იოსებ თბილელი, გვარად სააკაძე (1620–1688) იყო ქართველი საეკლესიო მოღვაწე, პოეტი, თბილისის მიტროპოლიტი 1662 წლიდან. წარმოშობით იგი დიდი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის გიორგი სააკაძის ძმისწული იყო. ბავშობიდან იზრდებოდა ქვათახევის მონასტერში, იქვე ბერად აღიკვეცა და წავიდა იმერეთში სადაც დროთა განმავლობაში აყვანილი იქნა ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსის ხარისხში. მალევე როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თხოვნით გადაყვანილი იქნა სამცხე-საათაბაგოში აწყურის მთავარეპისკოპოსად, სადაც რეგიონის მმართველად იყო მისივე ნათესავი როსტომ-ფაშა. მეფე-დედოფალს ჰქონდა იმის იმედი, რომ აღნიშნული ნათესაური კავშირებით შესძლებდნენ მორღვეული ქრისტიანული ეკლესიის აღდგენას სამცხეში. მაგრამ იმედები არ გამართლდა და როსტომ-ფაშამ ის გამოაძევა ახალციხიდან. მაშინ მეფემ იოსებს უბოძა თბილისის სამიტროპოლიტო ტახტი.
იოსები აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად. დაიღუპა როგორც გიორგი XI-ის მომხრე განდგომილ არაგვის ერისთავთან ბრძოლაში. მის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს – პოემა „დიდმოურავიანს“ (1681–1687), რომელიც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ამსახველი გმირული ეპოპეაა. იოსებ თბილელმა ხოტბა შეასხა დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს; ამავე დროს გამოკვეთა საზოგადოებრივი აზრი საქვეყნო გასაჭირზე. ერის ტკივილი და საწუხარი საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანა. „დიდმოურავიანი“ შეიცავს XVII ს. გმირის და სახელმწიფო მოღვაწის – გიორგი სააკაძის თავგადასავალს, მის აპოლოგიას, უკეთ მის რეაბილიტაციას შთამომავლობის წინაშე. „დიდმოურავიანი“ მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროცაა. პოემაში თვით სააკაძის პირით ავტორისგან მოთხრობილია საქართველოს ისტორიული ვითარება 1609–1629 წლების მანძილზე.
პროლოგი
1. მეფესა ქართლის ცხორება ებძანა გალექსულობით,
ზოგი რუსთვლისა ბაასი, კახთ მეფის საქმე სრულობით,
ხან ლხინი, შვება, სიამე, ხან ვარდი დანასრულობით:
და სიბრძნე, ხმალი და ომები, სიკვდიდმდე აღსასრულობით.
[მეფის არჩილისადმი]
2. მეფევ, სიბრძნით აღსავსეო, ხელმწიფეთა პირმშოვ შვილო,
ღრმის სიტყვისა ამომცნობი და ძნელისა გამადვილო;
„ცოტა სიტყვა განმიმარტე“, გებრძანა თუ: „ჩემო ჩრდილო,
და შენ, სიბრძნისა ვერ მიმწთომო, მაგრა რიტორთ კაცთა ზრდილო!“
3. ამ ამბისა განმარტებით არა გქონდა მოხსენება,
ვით გაუწყრა მოურავსა, მეფეს ანუ ვით ენება;
საქართველოს დასუსტებას მით ბელიარ ექენება;
და ამ ქვეყნისა შიგნით რევას ზოგს ოცნებით ეჩვენება!
4. ქრცხილვანს იდგა მეფე შვებით, მას გვერც ახლდა მოურავი,
იშვებენ და იხარებენ, ქარი უქრის მათ არავი,
მტერი ყველგნით შეაშინა, ომის იყვნენ არ მზარავი,
და ავი ენა ამათ გაჰყრის, ქვეყნისათვის ეს არ ავი.
5. სამნი კაცნი მოურავთან მოვლენ სიტყვის მოხსენებად,
პირველ ჰკადრეს: „სახელისა ჩვენ შენისა ვართო ქებად,
გაგიცხადებთ ხვაშიადსა, პირთა ჭირზე მოსავსებად,
მაგრა ფიცს გთხოვთ, არვის უთხრა, არ შევიქმნათ გაცხადებად“
6. მან მიუგო: „რას ფიცსა მთხოვთ, ან რისა ხართ ნეტარ მთქმელი?
გამიცხადეთ, თუ რა მოჰხდა, ახლარამ თუ ანუ ძველი,
კარგს მეტყვით თუ საზიანოს, ლხინით ვარ თუ ცრემლთა მღვრელი,
და გულში არა ჩამაჩნია, მეფის მტრის ვარ მე მომსვრელი!“
7. მათ უთხრეს, თუ: „ვერ გიამბობთ, თუ არ მოგვცე მართლა ფიცი.
წიგნი მოგვეც საფიცრისა, დაბეჭდე და დაამტკიცი,
თვარემ გითხრათ, მიგვცე ხელთა: „ამან მითხრა, მე ეს ვიცი“!
და ჩვენ დაგვხოცონ, თუ გარდავრჩეთ, ვერ ვიშოვნოთ ანამტკიცი“!
8. დაღონდა, გულში ესე თქვა: „ნეტარ შევჰფიცო რისათვი,
წიგნი მიმეცეს ფიცისა ცუდის სიტყვისა თქმისათვი,
მეფე ხომ არას მიწყრება, არც მოყვრის, არცა ძმისათვი.
და ეგება მე სულ შორს ვიყო, მეუბნებოდენ სხვისათვი“.
9. ბევრი ეუბნა, არ უთხრეს, ვირემ არ მისცა ფიცია,
მაშინღა ჰკადრეს: „სიკვდილი შენი ხვალ დანამტკიცია!“
ერთმან თქვა: „მოღალატენი უთუოდ მართლა ვიცია!“
რა მესმა, იქივ შევსწუხდი, მე თავსა ხელი მიცია.
10. ჰკითხო „ნეტარ რასთვის მამკვლენ, ანუ ჩემგან რა მომხდარა“
კაცს რომ ბევრი კარგი უყო, ჭირნახული ქვე წამხდარა,
რომ არ აგყვე, სიზმრის ნახვა ბევრჯელ სადმე კვლავ ამხდარა,
და მზე ჭაბუკ და გმირი როსტომ ღალატითა გარდამხდარა!
11. ზოგს ყმას გაენდო, ზოგზოგთან კაცი გაგზავნა მალები,
ქაიხოსროს და იესეს უთხრა: „გული გაქვთ სალები,
რასათვის მამკლავს, გასინჯეთ, თქვენგნით მქონია ძალები,
და კარგისთვის კარგი ეს არის, იცით, რა დავსდევ ვალები?!“
12. მათ უთხრეს: „ნუ დაიჯერებ, არა გავს სიტყვის მსგავსება,
ზოგთ უნდა გარდაკიდება, ქართლის ჩხუბითა ავსება;
შენ რომ არ იყო, დღეს ქართლსა მიხვდება სანთლის დავსება.
ხდა მთვარე დაცხრების ჩვენ კერძი, აღარ ყოს პირის გავსება!“
13. კვლავე ნახა ისივ კაცნი, იმავ სიტყვას მეტყველებდეს,
მოახსენეს: „დაიჯერე, ვირ შენს შუქსა დაავსებდეს,
მოგკვლენ, სისხლსა დაგიღვრიან, ზოგნი თასსა აავსებდეს,
და რაკი მოგკვლენ, სოფელს გავლი, სიკვდილს შენსას ვინ ეძებდეს?“
14. თქვა: „ვერ ვხედავ ამ საქმესა ჩემთვის რასმე კარგა მხედად,
სამსახურის საპასუხოდ მე ეს მამცა ეტლმან ბედად,
შვილიშვილის დასადგინად, სანატრელად ან იმედად,
და აწ რაცა ხამს, მე იმას ვიქ, თქვენ რა გითხრა სიტყვა ყბედად!“
15. ჰკითხა კიდევ: „რა სიტყვა თქვეს, რად სწრაფობენ ჩემად მკვლელად?
მათ უთხრეს თუ: „ის შეიქნა ლურსაბის სისხლთა მღვრელად;
კვლავ: მან ჯარი დაიხვია, არ ეტევის მინდორს ველად;
და თავს არ გვიდებს საპატრონყმოდ, წყალობისა არ მადლმხდელად“.
16. თქვა: „მამაცისგან ცუდია, თუ მუდამ რაცხავს შიშებსა,
ვინც რომე უწინ მირჩივა, ვიცი, მამლებს იშებსა,
მითხრეს, გონიას რას ეძებ, შერთვია ზღვათა ქვიშებსა,
და კაცს განუცდელსა სოფელი, იცით, რომ არ გაუშვებსა?“
17. მეფემ შეგვიტყო ჩურჩური, გაყენ და გამოყენება;
ებძანა: „რა გაქვთ საქმენი, სიტყვას არ უნდა ყენება!“
ვჰკადრე: „ამჟამად არვისგან მკვდარი არ აეყენება,
და თავს ღალატითა ვერ მოვჰკლავ ამისი ნუ გაქვს წყენება!
18. მეფევ, თქვენ იცით, ტარიელს რამაზის სიტყვის თქმანია,
მან მოარჩინა სიკვდილსა, თვარ იყო დასანთქმანია,
რა წიგნი მისცა მას კაცსა, პირობა, რა აღთქმანია,
და მეც მითხრეს ჩემი სიკვდილი, აწ რაღა უკუთქმანია?“
19. ავალიშვილი დომენტი, ჭკვიანი კაცი, მროელი...
მას ვჰკადრე, „თქვენ დაისაჯე, მეფესთან ამას მოველი,
ეს ჰკადრე: „რა დავაშავე, ვიყავ ხლმით ბევრის მშოველი,
და თქვენც კარგა მაპატივებდი, – ცა წყალობითა მთოველი!“
20. მივიდა, მეფეს შეჰკადრა: „ნუ გაქვს სიტყვისა წყინება,
მეფეო, ის ვჰქენ საქმენი, რაც თქვენმან გულმან ინება,
რისთვის გამხადე მტერთ გულად, რად მეც ცრემლისა დინება?
და შენთვის რამდენჯერ ხლმის ვადა გლახ ჩემან ხელმან ინება!
21. მეფემ ბძანა: „ეგე საქმე არ გავლია ჩემსა გულსა,
ვინ მოგკვლევდა, რასა ჰქვიან, მომდგომსა და ჩემს ერდგულსა,
ნამსახურსა თავგაწირვით, კვიპაროზსა სწორად რგულსა,
და ვინც რომ გითხრა ეგ ტყუილად, შევიქ დამწვარ დადაგულსა!
22. მაგის მთქმელი არ იქნების, იგი კაცი თუ არ მამცე,
მამული და სამყოფელი სრულ უკლებლად ახლავ გავსცე,
იავარ ვჰყო სამყოფთაგან, თავსა ზარი მაშინ დავსცე,
და შენით მინდა მე ლაშქრობა, ნაღარას და საყვირსა ვსცე!“
23. ესე სიტყვა მოუტანა, მეფე მართლობს მეტად თავსა!
„დამიჯერე, ასრე შორს არს, ვით არ შევა სპილო ნავსა“!
ერთხან ჩავჰყევ, არ დავჰკარგავ, ჩემს ჭირნახულს შევიქ ზავსა,
და იგი კაცნი კვლავ მოვიდეს, მე მეტყოდეს სხვას იგავსა.
24. მითხრეს: „ერთხელ კიდევ მორჩი სიკვდილსა და ღალატობას,
ჩვენ ნუ გაგვცემ, თვარ დაგვხოცენ, შენ მიხვდები ფიცის გმობას,
დაგვიჯერე, ნუ მოელი მეფისაგან ხვალ დანდობას,
და ლუარსაბის სიკვდილს გადებს, სულ ამას იქს სიტყვის თხრობას“.
25. კიდევ გავგზავნე მროელი, ვაახელ მოციქულები:
„მე მთქმელთა კაცთა ვერ მოგცემ, გინდა რომ შეუქნა წყლულები,
ლუარსაბ მეფის სისხლს მადებთ, გაქვთ სადმე სიტყვა თქმულები,
და მაგრა თავიდამ შეგკადრო, თუ თქმადღა შემრჩეს სულები!“
26. მეფეს ებძანა: „აწ გითხრა სიტყვა უცთურად მთელია,
ქვეყანამ იცის, შენ იყავ მისის სისხლისა მღვრელია,
მაგრა მას მიხვდა სუფევა, ანგელოზნი ჰყავს მცველია;
და ამჟამად ისრე არვინარს წამების გარდამხდელია!
27. მაგრა მე მის სისხლს არ ვეძებ, შენ იყავ შენთვის მჯდომარე!“
რა ესე მესმა, შევიგენ, ვჰთქვი: „არის ჩემზე მწყრომარე,“
მოციქულთ უთხარ: „ვყოფილვარ მე სადმე ცუდათ მმრომარე,
და მეფეთ ტახტისა მაქცევი, არა თუ შემამკობარე“!
28. შევსთვალე: „მეფევ, ისმინე ეს სიტყვა გათავებამდი,
მეფეს ლუარსაბს როს ვახლდი, ვით ვიყავ მისად ქებამდი;
ოცის წლის მამამ მიმართვა, ის იყო ცამეტებამდი,
და უწინაც მაპატივებდა, სამუდმოდ გვერცა ხლებამდი.
29. ხანი რამ გაჰხდა, მოვიდა ამბავი ლაშქართ ყრისანი,
თათარხნის შემოგროვება, თრიალეთს გარდმოსვლისანი,
მან იარალის უბძანა: „შენ იცი შეყრა გზისანი,
და თან ზაქარია წამოგყვეს, ყმანი არ გინდა სხვისანი!
30. გზანი დაცევით, თქვენ ქენით კარგრიგად ყარაულობა,
თუ ჯარი ნახოთ, – გვაცნობეთ, ნუმცა ჰქნათ თავის წყლულობა!“
მათ ვერა უგრძნეს ლაშქართა, ქნეს სხვას გზას გაპარულობა,
და ბოლოს მათგანვე მოიკლნეს, ქრისტეს შესწირეს სულობა!
31. მათ თრიალეთი გარდმოვლეს, თან აჰყვნენ მანგლისელები,
ზოგნი ნამგლითა მოსდევდეს, ზოგთ ხელთა ჰქონდა ცელები;
კველთა, ოძისი დადაგეს, არა ჰყვა შემნახ მცველები,
და მეფის სვიმონის ხლმის ქნევა, თურმე, არ ახსონსთ ძველები!
32. კველთას თევდორე შეიპყრეს, მცოდნე და კარგი მღდელია,
ლახტითა სცემდეს: „წაგვიძეხ, გზა რომელ გარდამსვლელია?“
ერიქალზედან ავიდნენ, ხუცესი წინწინ მვლელია;
და აწ ნახეთ, როგორ მოუა, რის ჭირის გარდამხდელია!
33. გოსთიბის თავს რომ მოვიდეს, ჯერ არ ჩაევლოთ სულებით,
უთხრეს: „მეფეზე მიგვიძეხ, უკან მოგყვებით სულებით.“
ორს კაცს ეჭირა მხარ შეკვრით, ხელი ხელზედან სულ ებით,
და მღდელმან გულში თქვა: „მე მამკლან, არ დავიკარგვი სულებით!“
34. ეს განიზრახა: „მეფეზე მიუძღვე ჩემის შიშითა,
თან დავიდევნო ლაშქარი, უმრავლე ზღვისა ქვიშითა;
ესენი ფაფარუჭობდენ გახარებით და იშითა,
და არვინ დავრჩებით უკვდავათ, ვინც რომ დედითგან ვიშვითა!“
35. ერთაწმინდაზე ჩაუძღვა, გზა ჩავლო ქვენადრისანი,
ცხირეთზედ დიაღ შორს დარჩა, მყარი ვლო სხვის სამძღვრისანი,
მღდელს თავი გააგდებინეს, წამებით სისხლთა ღვრისანი,
და მაშინ ერთ კაცად კმარიყო, რაც ვნახე ჩემის ძმისანი!
36. მეფე ცხირეთს ბძანდებოდა უგრძნაულად, მოსვენებით,
მეც გვერც ვახლდი, იგ მწყალობდა სიკეთით და თავის ნებით.
გარდმოვეხდე, სულ მოიცვეს დაბლა მხარი, ვიქმენ ვებით,
და გულსა უთხარ: „მე ქართველნი მათ შევაბა კაის ცნებით!
37. მეფეს ვჰკადრე: „ნუ დაიძვრი, დამაცალე შვიდს ჟამს ჯერე,
რაცა გკადრო, ის ისმინე, სიტყვა ჩემი დაიჯერე,
შენს წინ მოვჰკვდე უსაცილოდ, ფიცი ჩემი ეს იჯერე,
და სარდრობით და კაის საქმით, ნახავთ, ვითა შევაჯერე“!
38. დამიჯერა, მეფე დადგა, მე კავთისხევს ვიწყე რბენა,
ბარათიანთ ვის შეეტყო, მათ დაიწყეს კვლავ მოდენა,
ვინც ვიპოვე შევაგროვე, ოთხასი ვჰთქვა ან რამდენა? –
და ღვთით მოხდომა დავანახო, მათ ცოლთა ქნან ცრემლთ მოდენა!
39. დელუმაჰმადხანს ვაცნობე: „წამოდი, მალე ირები,
მალ მოგვეშველე, შეგვექნა დღე რამე გასაჭირები,
ნუ გაგვიდრკები, აქამდი ჩვენ ერთად გვქონდა პირებით“!
და არვინ დავაგდე, საომრად მოდიან ჯოხით გზირები.
40. მეშვიდეს საათს მეფესთან მოველ, მოვხვივე ჯარია,
აწ ნახავთ, როგორ შევიქმენ თავისა გამსაჯარია,
ზაზა ციციშვილს იცნობდით, როგორ გულ სრული არია,
და მას გვერც ვიახელ, მრავალი კაცი შეჰვქმენით მკვდარია!
41. ნიაბთ ბოლოს სხერტა ჰქვიან, არის რამე მცირე ჭალა,
ზაზას ვახლდი, იქ წინ დავხვდით, გული გვაქვს და მცირე ძალა,
ზაქარიას იარალი მასთან მოსდევს, მოვლენ მალა,
და მორწყულს ხნულში შემოცვივდეს, სისხლი მათი იქ გამშრალა!
42. ისინი ორნივ დახოცეს, ჩვენ დავრჩით, იყო ველია;
შუბებსა ხელი ვამაგრეთ, მოგვგონდა საქმე ძველია;
ჯიღოსანთ კაცთა უტყუბეთ, წინ იყვნენ, არ ჰყვა მშველია,
და ზაზასი მიკვირს იმ დღესა, თუ რას საქმისა მქნელია!
43. ფაშები იყვნეს, რომ ვჰხოცეთ, გარდახლტა, მოსჭრა თავია,
სისხლით შეღება დოლბანდი, კაბა მწვანე თუ მავია,
მათ მოგვატანეს რაზმითა, არ ჰქონდა ჩვენზე ზავია,
და წვერით კბილს თავი მიიცა, ცხენსა მოახლტა: „ჰაია!“
44. მაშინ მტკვარი მდიდროობდა, ჟამი იყო თიბათვისა,
მუხრანთ მპყრობს და ერისთვებსა ვჰკადრეთ: „გვინდით ამისთვისა!
ამილახორს მოახსენეთ, მტერი ცეცხლზე დაერთვისა“!
და მალ ავლევით ზემო ქართლი, სად ფრონენი მტკვარს ერთვისა.
45. დელუმაჰმადხან მოვიდა, შვიდასი კაცი ხლებოდა,
გულსრულობასა ჩემობდა, მამაცად რასმე დგებოდა,
„მგლის, ტყაოსანთა“ შევებნეთ, ომი მწვე შეგვეძლებოდა;
და ვიცი, რომ ხმალთა ჩვენთაგან მათ გული დალებებოდა!
46. აიყარნენ წასასვლელად, მათ პირი ქნეს ყარაღაჯით,
კაცი კარგად მოაგვარებს დიდს ლაშქარზე კარგის გარჯით!
მეფეს ვჰკადრე: „აწ ქართველნი მე ავავსო მათის ხარჯით,
და ბძანება ქენ, ნურვინ არჩენს შეხვეწნით და ნურას აჯით.“
47. წყნარა მიდიან რაზმ წყობით, ჩვენ უკან მივსდევთ ნელაო,
მათი შებმა და შეტევა არავინ გაიძნელაო,
მე სადავენი შევტაცი, ვინ შუბი წაიგრძელაო,
და სამოციათასს კაცზედა როგორ არ გვინდა შველაო?
48. ერთი ტერტერა გორიდამ მოვა უგრძნულად გზაზედა;
დოესის ბოლოს წინ დახვდეს, გულს ელდა ეცა მაზედა;
გაფრინდა, ხიდის ფიცრები მან გარდიყარა წყალზედა,
და თუ არ ენახა ტერტერას, ხიდს გაივლიდენ მზაზედა!
49. გმირთ ზღაპრულს წიგნში სწერია ჯეონის გავლა ადვილად,
მდევრისა ვეღარ მიწევა, ვერც ჯავრთ ამოყრა ადვილად.
გივისგან ქაიხოსროსი მორჩენა კარგა წადილად;
და მათ დავაშხამებ ხვალ დილას, რაც რომ მომზადონ სადილადI
50. იმ ღამეს მართლმორწმუნენი იყვნეს სულ ღამე თევითა,
ზოგნი ხშირ-ხშირად ვდგებოდით, ზოგნი აქა-იქ თევითა,
ღირსნი კაცები გვიახლნეს, ვესევდით ჩვენ მათევითა,
და არ იყო მათში ცთუნება გველისგან იმათ ევითა.
51. დილა გათენდა, ვახსენეთ ღმერთი და წმინდა ყოველი:
მარიამ დედა ქალწული და მერმე ძელი ცხოველი,
კვართი და მკლავი მარჯვენა, ღვთივ ქმნული სვეტიცხოველი:
და თქვენ დაგვიფარეთ, დაგვცევით, რა წყალში ვიქმნეთ სოველი!
52. გაღმა მტრის შიში არა გვაქვს, წყალს ხმალი არსით ეკვრისა,
ტანსა ჩავიცვით ჯაჭვები, ტალიკით აღარ ეკრისა,
ჩვენი სიკვდილი აღარ გვჩნდა იოტად, ანუ კეკრისა,
და გზები შეუკარ კორტანეთს, შალვა უფროსი მეკრისა!
53. შევედით, წყალსა გავედით, გვეგონა თავი მცურავი,
ცხენები წყალში ფრტვინვიდა, უკუღმა აღარ მბრუნავი,
იმიერ ნაპირს გავედით უბე და კალთა მწურავი,
და აწ თათარხნისას გაცნობებ, ვით შევჰქნა მოსამდურავი!
54. წყალს უზიანოდ გავედით, ეს დიდი სასწაულობა!
ივნისში მტკვარს ვინ გასულა, არ მიხდომოდეს რჩულობა?
არ მოგვრჩობია ერთიცა, იმდენი ერთა სულობა,
და ცხენთ ცურვა გაუადვილდა, გასვლა თუ გამოსულობა.
55. სურამის ბოლოს მოვიდნენ, ქართველნი შევიყარენით,
იმათაც დიდად იამა, ჩვენ ხომ მწვედ გავიხარენით,
ომსა ბედევდეს ყველანი, არვინ არ დავიზარენით,
და ღმერთო, მოგვხედე, თათარხნის რომ სისხლი ხარბად ვღვარენით!
56. რჩევა შეგვექნა ომისა: რას დროს შევებნეთ, რაგვარა,
დაშურება სჯობს, სიჩქარე, ვირემდის აიბარგარა,
ხანძრად მოვედვნეთ, როგორაც ბალახი ცეცხლმან დაგარა,
და ქართველთ ხმალს ქვეშე, ღვთის ძალით, თათრებმან ვერ იმაგარა.
57. ზოგმან თქვა: ახლავ მიუხდეთ, თავს გარდვადინოთ მტვერია!
რაღას უდგავართ უომრად, რა ახლო ვნახეთ მტერია?
ზოგმან თქვა: „ზეით მოუხდეთ, შეიქნან გასაშტერია,
მათ დავანანოთ აქ მოსვლა, არ ჰყვანდეს პატრონ ტერია!“
58. ნუგზარ თქვა: „ღამით დავესხნეთ, მთის კაცთ ეს მიყვეს რჩევანი;
მრავალჯერ გაგვმარჯვებია, ასრე გვაქვს ომის ჩვევანი!“
სხვათა თქვეს: „დილას მიუხდეთ, შევქნათ ბედისა წყევანი,
ერთს წარექციოს ასი და ასს ათასისა ძლევანი!
59. მე ვჰთქვი: „ძმანო, დამიჯერეთ, ესე ომი მე დამდევით,
ჩემი საქმე დღეის უკან ანდაზად და ხიდათ დევით;
გული მტკიცედ დაიმყოვრეთ, მართლა თავი გარდადევით,
და თვალი მიგდეთ ზოგზოგებმან, მათში ვიქმნე, როგორ დევით!
60. დილაზედა რაზმი ვაწყოთ, მათკენ ვიქმნეთ ჩვენ წახრილი,
სადაც დგანან, აქეთ ნაპირს წაუვლია იმათ თხრილი,
იმას ასრე გარდავიდეთ, არვინ იქმნას გან გახრილი,
და გარ მოვიგზნათ დახოცილი, როგორც დოლაბს ედვას ხრილი!“
61. ერთი კაცი წამოსლოდათ, ნიაბის თავს დაეჭირა,
მოსვლა მისი, გამოპარვა, ჩვენთვის ლხინი, მათთვის ჭირ ა!
ვჰკითხე: „ომსა როგორ ბედვენ, შებმისა აქვს საეჭვი რა?“
და მითხრა: „უმძიმს მათ გარდმოსვლა, გზა და წასვლა გაეჭირა!"
62. ესე თქვა თუ: „გროვდებიან, ქვიშას რასმე პარკს ჩაჰყრიან,
ხან ისრებსა შესჭიდებენ, ხან ქურუმნი რამლსა ჰყრიან,
მესტროლაბე სტროლაბსა შლის, მიმსვლელს უკან უკუჰყრიან,
და მოსწყენიათ უცხოთ რასმე, ვეჭობ, ყურებს ჩამოჰყრიან!“
63. ეს გავიგონე მათგანვე, თქვეს: „საქმე მოგვდის მარცხისა,
რაცა ნიშნები ვიცოდით, აღარ დგას, წყალი გარცხისა,
სრულ ჩამოცვივდა ბურჯები, ეტლებმან ქვე დანარცხისა,
და თილისმთ ნაქნარი დაშალეს, რკინა ჰქონდათ თუ რაც ხისა“!
64. ესე ამბავიც გვიამა, ღმერთი უწყრების თუ რევდა,
იმ კაცსა ვჰკითხეთ, საბრძოლი მათში რა უფრო ურევდა?
გვითხრა თუ: მშვილდით იბრძვიან, ფოლადი ისრის პირევდა,
და თოფი და შუბი არა აქვთ, საყალნო მწვე ქვითკირედა.“
65. თხრილის პირს ჩვენ მიუყენეთ მეთოფე, ქამანდარები,
– ესროლეთ, თოფის კომლითა ვერ დაინახონ დარები!
აქათ ესენი ესროდეს, ზეით გზა განაკარები,
და რა თოფის სროლა გათავდა, შუბთა ქნეს ჯაჭვზე ჩხარები!
66. რომე ვიწონეთ ჩვენზედა უფროსნი ექვსის ზომითა,
ვთქვით: „გამარჯვება ჩვენია, გავძღებით მათის ომითა!“
რაზმი გავაწყევ, მივმართე მკლავითა დაუშრომითა,
და სისქეს ჯარს პირველ მიუხე, სისწრაფე, დიდის ნდომითა.
67. მეფე გულსრულად მობძანდა, შექნა შუბისა ძგერება,
ვისაც მიუხდის თამამად, იგ მისგან გაიმტვერება!
ფიცხად იბრძოდეს ქართველნი, რაღაა უფრო მტერება,
და ხნაშა ხნუშისა ხმა არის, იმათ ვინ მიეფერება!
68. ომი გახშირდა, შეუქმნეს ცხენ-კაცთ თოფისა სროლანი,
ზოგი ბორდღევდა ცხენს ქვეშე, ზოგთა აქვს მკვდართან წოლანი;
დარბაისელნი იბრძვიან, მეფისა კაამყოლანი,
და ომში ისინიც მოგვესწრნეს, ვის ექმნა უკან ყოლანი.
69. ჩემი რა ვჰთქვა, დიდად მძულდა ტრაბახი და ცუდი კვეხა,
ვეღარ დადგის უნაგირზედ, ვისაც ჩემი შუბი ეხა!
სად მივმართო შევაძრწუნი, ლახტის თქვიან, არის ჭეხა!
სული მეც ხომ ამოვართვი, რას უზმიდა მეტსა მეხა?
70. ვჰხოცდით გულმყოვრად, ვიბრძოდი, სწორად რაზმს შუა ვბრუნევდი,
რომელსაც სისქეს ჯარს მოვხვდი, ერთმანერთს შიგ აურევდი,
რომელიც ჯიღით წამოდგის, იმის სისხლს უფრო ვსურევდი,
და სიცხემან ძალი დამმართა, ოფლსა არ მოვიწურევდი!
71. ფიცით შეგკადრო, მეფეო, სამი გავსტეხე შუბია;
მასუკან ლახტით ვიბრძოდი, სისხლით ავავსი უბია,
ლახტიც რომ გატყდა, ხმალს ხელი მივჰყავ, ვაყენე გუბია!
და პატრონსა ჩემსა სხვა მტერი ნიადაგმც ასრე უბია!
72. იბრძვიან ერთპირ ქართველნი, ხმა ისმის ჩახა-ჩუხისა,
თათარხნის ჯარი გაწყვიტეს, მებრძოლნი შეაწუხისა,
მეფისთვის თავს ვინ დაზოგავს, ტანსარო გულად უხვისა?
და მრავალთ აბჯრისა ცემისგან თქვეს თუ: „ხმა არის ქუხისა!“
73. ჩვენი ბრძოლა შუბით არის, მათი ფარ-ხმალ ისარია;
სითაც მეფემ ცხენი იგდის, დააშვენის ის არია;
ვისაც თავსა ლახტი დაჰკრის, არ ეგონის ი სარია,
და ღმერთო, მიეც გამარჯვება, ვინ რომ რაზმი ის არია!
74. დილას შებმულთა ცხრას ჟმამდი ჰქონდათ სისხლისა დენანი,
მაშინდელს გამარჯვებასა მართლად ვერ მოსთვლის ენანი,
კვრისა და ცემის ხმა იყო, სხვისა არ გვქონდა სმენანი,
და მწარეს გვესროდეს ისარსა საყალნო ან სარჩენანი!
75. ზოგს მოკლე შუბი ეჭირის, მარჯვედ ხმარობდეს სროლითა,
ვის დაგვაცდენდენ, მაშინღა მიუხდით ჩვენ ოროლითა,
ავს ჯაჭოსანსა ვის ჰკრიან, შექნიან ცხენს ქვეშ წოლითა;
და თორმეტი მარტო მე მამხვდა, ვერა მქნეს ჩამოყოლითა!
76. ისრის სიხშირე რა გკადრო, თუ რამდენი რომ მამესო,
ჯაჭვშიგან მამხვდის ნამტვრევი, სადაც რომ ხელი მამესო,
ომი მწყუროდა მას დღესა, მწადს მათი სისხლი მამესო,
და ამ ჭირნახულის მოქმედსა ბოლოდ აღარა მამესო!
77. გაგვემარჯვა, ამოვსწყვიტეთ, დავიპყრენით, დავჰხოცენით!
რაც მეფეს და ქართლს უჯობდა, ყველაკაი ისრე ვჰქენით,
თავი მოდის მეფეს წინა, თუ რამდენი, ვით ვჰთქვა ენით,
და სხვა მისებრივ გამარჯვება არ მინახავს, არც ვარ სმენით!
78. მეფემ ბძანა: დღეს, ქართველნო, ვით გმართებდა ჰქენით ბრძოლა,
ვჰფიცავ, რომე ჩემისთანა არვისა ჰყავს ყმისა ყოლა,
თავნი ყაენს გაუგზავნოთ, გარასპიმ ქნას თან მიყოლა,
და ძმათ და შვილად მიმიჩნიხართ, უფროსნი ხართ კაამყოლა!
79. ვინრომ ტყეში შემძვრალიყო, მესამეს დღეს მოჰყავთ კრული,
რახტ-უნაგირ ვერცხლოსანი, ზოგი ოქრო გარდაკრული,
მე არ გავჰყვი საშოვარსა, ვინ ვჰქნი ხმლისა შემოკრული,
და ვინც გამყარა მე მეფესა, არსმცა წყეულ, დასაკრული!
80. ომი გარდასწყდა, ვამოყვსეთ ხელი და გული ლხინებსა,
კვირით კვირამდი სმა იყო, ნეტარ ვინ მოიწყინებსა?
ყირმიზს ღვინოსა სურები თასზედან მოადინებსა,
და რა ზარხოშობა შეგვექნის, ხან ხელი მივჰყვით მინებსა.
81. ხანი გარდაჰხდეს, ამაში მე დავხატოო მეფესა,
იგ მხიარულად მეწვია დარბაზსა, კარგსა სეფესა,
უხვსა, გულტკბილსა, ჯომარდსა, ნიადაგ ვარდთა მკრეფესა,
ბოლოს გესმოდესთ, რას უზმენ ამა ამბისა მყეფესა!
82. მესამეს წელსა გავმართე მე ლხინი, ერთა ჭამება,
და მყვანდა – ტურფა, შვენებით მჭრეტელთა გულის ამება,
მეფემ თურ თვალი მიაპყრა, შექნა იმისთვის წამება!
და გამარჯვება და ლხინთ ნახვა ყველა შემექმნა შხამება!
83. არს გარიგება კარგვარი მის მის ალაგსა დასხმანი,
ვის ღვინომ თავი მოსტაცა, შეექნა გარეთ გასხმანი.
მეფემან ბძანა ჩემის დის, მწადს მისგან ღვინის დასხმანიI“
და მე უთხარ: „ღვინო დაუსხი, ვეჭობ, ქნა არ გარდასხმანი!“
84. მეფემ თურ თვალი შემსჭვალა, მან მოინდომა მრუშება,
დედაჩემს თურმე აცნობეს, შექნა ვაი და უშება,
მეფემ შინ კაცი შეგზავნა, დაუწყო ქალს დაშუშება,
და რასაც ეს საქმე გარდმახდევს, ვის ძალუც წყლულ დაშუშება!
85. რა შევიგენ, მე ესე ვჰთქვი: „არ მყოლოდა ნეტამც მე და!
რომე მეფემ ესე მიყოს, გამოვდგებით ისი მე და?
წყალობას რომ მპირდებოდა, თურმე იყო ეს იმედა?
და შერცხვენა და ხლმის შემოხსნა ნეტარ როგორ გამიბედა?"
86. მეფეს კაცი მიუგზავნე: „ეს არ იყო თქვენგან ქნანი!
რომ ჩემი და გავაბოზო, სიტყვა ნუ გაქვს ამის თქმანი,
ნუ მიჰყვები ბოროტს საქმეს, ნუ გაქვსთ ცუდი გულის თქმანი,
და თვარემ თავი მოგაკვლიო, არ მაქვს სიტყვის უკუთქმანი!
87. ეს მინდოდა, შვილისათვის მე დამეგდო ხმლის სახელი,
აწ ესე თქვან: „მოურავის სახლი გახდა საბოზველი?“
ამ საქმესა ჩამომეხსნა, მე წყალობად ამას ველი,
და რად დაგვიწყდა, აღარ გახსონს ომი შარშანწინანდელი?
88. მეფემ ფიცი შეუთვალა: „მაგას მე შენ არ გკადრებდი,
მაბრა ცოლად იგ შევირთო, მხიარული ვიხარებდი,
ქართლს დაგიჯდეს და დედოფლად, გაიხარე, მით იშვებდი“.
და შევსთვალე თუ: „ნუ დამკარგავ, აგრე ადვილ ნურც დამთმობდი!
89. როდეს გნახვენ დიდნი კაცნი, შეგიკვეთენ დაგდებასა,
ჩემსა ცუდათ დაჭერასა და სუბუქად აგდებასა,
შადიმან არს ჩემი ქიშფი, გეტყვის სიკვდილს, გაგდებასა.
და ახლავ მიჯობს ჩამომეხსნა, ბოლოს ჭირში ჩაგდებასა!
90. შადიმან ამად დამქიშფდა, აქვს მამაცობის ძრახვანი,
ერთხელ ეს უთხარ: ‘შენს ხმალსა, არა აქვს კვეთა, ახვანი!“
თურმე შეექნა გულშია სევდა, კვნესა და ახვანი,
და სხვას რას დამაკლებს ენითა, არამც მომიდგას მახვანი!
91. იმავ სიტყვას მოგახსენებ, ხემწიფესა ზესთა ზესა,
ჭკვიანსა და გონიერსა, სხვათ ძალგულთა უფრო მხნესა,
სვიმონ მეფის შვილისშვილსა – ნუ მიჰყვები ნდომის ზნესა,
და თქვენც ის ქენით, მამაპაპათ, რომ მიპყრობა სითაც ქნესა!
92. კახთ მეფისა, ეს მეც ვიცი, არ გხდებისრა შესართავათ,
სხვა ბატონი ვინც არიან, თავმამწონე გვარათ, თავათ,–
სიხარულით ქალს მოგცემენ, ტკბილის სიტყვის დასაზავათ,
და ჩამომეხსენ, დას ვერ მოგცემ, სულ ნუ შემიქ გასათავათ!
93. ებძანა თუ: „არას საქმით არ დავიშლი მაგის შერთვას.
ნეტარ რასთვის მიზარდები მოცემას და ნების შერთვას?
თუ ბოროტი მე რამ ვსძრახე, ახლა ხედავ წაღმა შერთვას?
და ნუ უპირებ ცრემლთა ჩემთა ზღვათა შიგან სადმე შერთვას!"
94. მეფის დედას, დედოფალსა, შევეხვეწე მუდარებით:
„თქვენი შვილი ჩემს დასა მთხოვს, მე არ ვაძლევ ჩემის ნებით;
არა ვღირსვარ, დაუშალე გამორჩევის კაის ცნებით,
და ძმა, შვილი და თავი ჩემი იმსახურე გვერცა ხლებით!“
95. ებძანა თუ: „არას მიჯერს, თვარ ვმოყრობდი დადიანსა;
შენ ხომ მაშინც ერდგული ხარ, ჩვენთვის დასდებ თავს და ჯანსა,
რომელიც სწადს, მაგან იცის, ნუ შემამთხვევთ ცუდს გარჯანსა,
და ვეფხვსა ადვილ ვინ შეიპყრობს, ან ვინ შესწვდა ცას მარჯანსა!“
96. კვლავ მოვახსენე: „მოყრობა თქვენგან დიდთ კაცთა წესია,
თქვენი ყმა არვინ არ არის სხვა ჩემგან უმრწემესია,
ჩემი და გაუთხოვებლად არ დამირჩების, ესია;
და გაგემარჯვების, დამეხსენ, ნუ შემქმენ სევდით მკვნესია!“
97. გაჯავრდა, ესე ებძანა: „შეხოცა გინდა, ვიცია!“
მერმეღა ვკადრე: „მეფეო, მიბოძე მართლა ფიცია,
რომ არ დამიგდო მასუკან, ეს სიტყვა დაამტკიცია;“
და მან საფიცარი მიბოძა: „არ მოვშლი, თუცა ვიცია!“
98. აღარ აგრძელა, მაშინვე იმან გაპირა ქორწილი,
სიხარულისა დღისაგან სევდა მაქვს უფრო ორწილი,
ზრუნვა და ფიქრი ბედისა ჩემი შეიქნა მოწილი,
და ქალი პირ ბროლი შვენებით, ბაგე-კბილ ტურფა ძოწილი.
99. მეფე ქვათახევს წაბძანდა, ნოსტიდამ ახლო არია,
ჩემი დაც თან წაიყვანა, დღე ჰქონდა გასახარია;
წინ მოეგება მაზარით ნასიძე წინამძღვარია,
და მან თქვა: ქვათახევს ქორწილი მეფეთა გასაკმარია!“
100. მღდელი იქ დახვდა მცოდინე, იოსებ კანდელაკია,
მისგან იკურთხა გვირგვინი, არ თქვა თუ დღე რამ ნაკია!
სრულ შინა ყმანი მირბიან, აღმართია თუ ვაკია,
და ვინ იცის, დილა რასა შობს, თქმულა, თუ ღამე მაკია?
101. ხანი გამოჰხდა, შეიქნა თვები ხუთად თუ ექვსადო...
კავთისხევს დადგნენ, რაცა ქნეს,სრულ ვერ გაუველ ლექსადო,
შემოკრბეს, უთხრეს მეფესა: „საცოლედ შენ ვინ, ეგ სადო?
და არ გიზამთ, ეგ არ იქნების, ნუ შეგვიქ ქართველთ მკვნესადო!“
102. ჩემს მოყვრებს მწვე უხაროდათ, სხვანი ჩურჩურით მჩხუბევდეს,
მაშინღა უთხრის სუფრაჯმა, როდესაც მეფე სუბევდეს;
მე საფიცარი ხელთ მქონდა, შენახვით კარგა უწევდეს,
და თუ მე უცილოდ შემეტყო, სუფრაჯის სისხლი გუბევდეს!
103. წავკისის თავს მეფე იდგა, რომ მაისი გახდა ოცათ.
მეფეს წიგნით დავებარე: „მოდი, ვიქმნეთ ნადირთ მხოცათ,
ყარაია ვინადიროთ, მშვილდი ჩვენ ვჰყოთ ხელთა მოცათ!“
და შიგნით ღალატს მიპირებდეს, მზანი ექმნა გარეთ მოცვათ!
104. მეფე სიტყვით მოეტყუათ, მათ რჩევაზედ ჩაეყოლა,
ერთხელ ეთქვა: „მაგის მეტად ნუღარ მეტყეით მაგას ყოლა,
ნეტარ ყმაღა ამისთანა სხვას მეფესა ვის ეყოლა?“
და დიდს ომსა და გაჭირებას, ნეტარ ვინღა წამეყოლა?
105. მეფემ უბძანა: „ამ სიტყვას არავის გეტყვი ფერობით,
მან მამარჩინა სიკვდილსა მძლავრს ლაშქარს გასაშტერობით,
მე რომ იმისი და მედგას, თქვენ რა გრჯისთ იმის მტერობით?
და თუ მცოდებს, დასაც დაუგდებ, მას გავჰხდი მიწა-მტერობით!“
106. დაუჟინეს თუ: „რას გარგებს, აბა გყვანდეს მარტო ისი,
გვერცა არვინ მოგიდგებით, შემოგძარცოთ ძმა და თვისი!
თქმულა: „სიტყვა სასარგებლო უკეთ იცის სხვამან სხვისი,
და ერთი კაცი ქვეყნისათვის წახდეს კარგი, თუნდა მქისი!“
107. ბოლოს ეთქვა: „იმის დასა მე გაუშვებ, გავირიდებ.“
იმათ ეთქვა: „არ იქნების, თუ არ მოჰკლავ თავს არიდებ,
იმას ცოცხალს დას დაუგდებ, ჩვენსა დღესა ხომ აბინდებ,
და არ იქნების, თუ არ მოჰკლავ, მართლა გულს არ გაიწმინდებ!“
108. დაესკვნათ ჩემი სიკვდილი, რა დილამ შექნას თენება;
ბააკა ხერხაულიძის მაქვს ფარეშთ ხუცის ხსენება,
მან გაიგონა: „ხვალ მოვჰკლათ“, – ეს თურე ღმერთსა ენება;
და გამომიარა, მან მითხრა: „აჩქარდი, გიჯობს ცხენება!“
109. ფიცით მითხრა: „უსაცილოდ ასერ მოვლენ ჯარი მკვლელად!“
ახალუხზე ხმალი ვირტყე, ცხენისაკენ ვიქმენ მვლელად,
სახურვიანს ცხენს მოვახლტი, უძოსაკენ ვიქმენ მსვლელად,
და უგრძნეს, მიმძიმს, ფარეშთ ხუცესს მას ცხვირისა ექმნეს მჭრელად.
110. სამადლო გარდმოვირბინე, გამოველ კლდესა ნეგოსა,
ლაშქარი უკან მომდევდა, ხელი ხმალს მაგრა ეგოსა.
შადიშან მოდგა კლდეს გაღმა, შემძახა: „მართებს ეგოსა.“
და დავბრუნდი, უთხარ: „მობძანდი, ვნახოთ, ვინ დაიბეგოსა?“
111. რბევით მოველ იმა კლდესა, სად რომ ჰქვიან გელიყარა,
იქ ქვეითი კაცი დამხვდა, თავი დაბლა დაეყარა,
ჩამოვხე და გამოვართვი, მშვილდ-ისარი აეყარა,
და ჩახჩურს ვაძლევ ფეხიდამე, ქალმან-წინდა წაეყარა.
112. სახურვიანს ცხენსა ვიჯე, მაგრამ იყო დიაღ კარგი,
მშვილდისარმაც გული მამცა, ვჰთქვი: „ეგებ არ დავიკარგი?
თუ ცოლ-შვილი გარდვახვეწე, მე არ მინდა სხვა რამ ბარგი.
და ნოსტეს ლეღვი აღმოვსთხარე, თაო ჩემო, სხვაგან დარგი!“
113. დიდგორი გარდმოვიარე, გზა ჩავდე გოსთიბისანი,
ცოლშვილი ტყეში ავასწარ, მე არ ვინაღვლე სხვისანი,
ცოტა რამ ყმათ წამოეღო ოქრო, თვალ-მურასისანი,
და ასრე მომიხდა ქორწილი, მეფის რთვა ჩემის დისანი!
114. მთიდამ დავხედე, დაიწყო ქვეშედამ ჯარმა დინება,
სასახლეს ცეცხლი შეუდვეს, მით უფრო მამეწყინება;
ვინ ქიშფათ იყო ჩემზედა, გულსა მიეცა ლხინება,
და აიფორაქეს ქონება, გარეთ იყო თუ შინ ება!
115. მამის განძიც ბევრი მქონდა, უფრო ჩემი ნაშოვარი,
ყველამ ერთ დღეს ჩაიარა, მას მოუხდა გრიგალ ქარი!
მაშინ დავგმე ეს სოფელი, ვჰთქვი თუ: „რა მწვე ცუდი არი,
და გუშინ მქონდა სიხარული, დღეს ტირილი შესაზარი!“
116. მძებნიდეს მთასა, მაღნარსა, ჰქონდათ ყოველგან ჩხრეკანი,
დამაგდებინეს საყდრები, ვეღარ მესმოდა რეკანი,
კლდეებში ბორდღვა, სლვისაგან ფერხთ აღარ შემრჩა მე კანი;
და გულსა ვეტყოდი: „გამაგრდი, ამ დღეს არ უნდა დრეკანი!“
117. ექვსი ყმა შემომეყარა, მარჯვე და ჩემი ზრდილია,
მითხრეს თუ: „სითაც აპირებ, გზის წასვლა სიადვილია,
კაცი ხარ მწვე ჭირნახული, ბევრს ომში გამოცდილია;
და ზოგჯერ მზის შუქი მოგხედავს, ზოგჯერ დაგფარავს ჩრდილია!“
118. გზები შემიკრეს ყოველგან სამცხის მთისა და ბარისა,
კაცნი ჩავგზავნე შუადამ, თქვენ ნუ გაქვთ შიში ჯარისა,
მათ შვიდი ცხენი დაჰპარეს, ჩვენთვის სასხდომად კმარისად,
და უნაგრიანად მამისხეს, ვჰთქვი თუ: „ეს კარგი არისა!“
119. წავკისს რომ ვიდექ, პაპუნა ჩივაძე თანა მხლდებოდა,
ჯაჭვი და შუბი ეტაცა, ერთი თვით იმას სცმებოდა,
მომძებნა, მპოვა, მამართვა, მას სწადდა, მეცა მნებოდა,
და იმხელი კაცი სიმარჯვით მართ უკეთ არ იქნებოდა!
120. გოსთიბეს იყო სხვა ჩემი ძოვნად ულაყი ცხენია,
ზოგ ზოგი თოხარიკები, ზოგსა აქვს საფიცხენია.
გულსა მდაღევდა სახმილი, ალისა მე სიცხენია,
და ვაი სიკვდილი, დაკარგვა და საქმე შესარცხვენია!
121. ყმათ მითხრეს: „სითკენ წავიდეთ, ერთი გვხამს გასაბედია!
მე უთხარ: „ყველგნით მაღონებს ჩემი წერა და ბედია,
გზები დავსჩსრიკო, სით მიჯობს, არა მყავს მოაბედია;
და წავალ, ვინც დამხვდეს შევაკვდე, დავიწვა ვით აბედია!“
122. მე არსით აღარ მეგონა უკვდავად გავლა გზებისა;
ცეცხლი მამიდვეს გარშემო ყოველგნით ანაგზებისა!
ყმათ უთხარ: „დიდგორს მივმართოთ, ვირ მოსვლა იყოს მზებისა.“
და თავს ვეტყვი: „ნეტარ რა მოჰხდა გაწყრომა მიზეზებისა?!“
123. ქალი და კაცნი ვინცა ვართ, შევკრბით, დღემ რომ ქნა ბინდება.
რასათვის წავჰხე უბრალო? ცრემლი ამისთვის მდინდება!
მთის თავს ვჰთქვი: „ჩემთან მყოფელსა გული ნუ შეუშინდება,
და ჩემთ მკვიდრთა ჩემთან სიკვდილი დასთმეთ, ნურავინ ჭმუნდება!“
124. იმ ღამეს წავლეთ დიდგორი, უგზოთ მთათ ბალახიანთა,
კოშკის თავს გზა გარდუქცივეთ, ჩავედით მაღნარს მთიანთა,
შენობას თავს წავადეგით, ვერ გვიგრძნეს თელავნიანთა,
და ტყეში შევბრუნდით, სულ დგმული ვერავინ გვნახავს ხმიანთა.
125. თელავნის თავსა ხშირს ტყეში მცირე დგა ტბისა გუბენი,
იქ გაგვითენდა, დავდექით, ვჰთქვით: ვართო მცირე სუბენი,
ცოტა რაც გვქონდა თან გვახლავს, ყველას სავსე გვაქვს უბენი,
და გულს უთხარ: „ნეტარ აქ რა ვჰქნა, არ მოიხმარვის შუბენი!“
126. ფეხის მიწყნარვის დრო მოჰხდა. ღამეა მგონ ძილპირისა;
ჩემს სიკვდილს მსწრაფლ მოელიან, ცოლშვილი ამად ტირისა.
უთხარ: „ნუგეშისთ, ღმერთია მამალხენელი ჭირისა,
და კიდევ წყალობით მომხედავს კვერთხი იესეს ძირისა!“
127. უთხარ: „წავიდეთ, ახლავ სჯობს, საქმენი მინაშურია,“
კარსანის თავი წავლევით, სად ახალქალაქურია,
ჩაველ, იქ საყდარს ჩამოვჰხე, ჩემთან მყოლთ ლოცვა სურია;
და იქ მყოფნი არვინ დაგვიხვდა, მონათა ჭამეს პურია.
128. საყდარსა ღვთის მშობლისასა ჩვენ შევეხვეწეთ მუდარათ:
„ამ შეჭირვების მგზავრობას შენ ნუ გვიქ გასაცუდარათ,
გზა მოგვეც იორდანისა, ვინც რომ ხარ ნავთ საყუდარათ,
და დამხსენ რყევას და სარჯელსა, ვიქმნე სამ დასაყუდარათ!“
129. იქიდამ კაცი ჩავგზავნე ხიდის გზის შემტყობარია:
„დავედრე ხიდის მცველები, ნახე, არ არის–არია?
მართლად გასინჯე, შეიტყევ, გზის მცველი ბევრჯელ მცდარია,
და ეგების ძილსა შეეპყრან, მით თავსა დავსცეთ ზარია!“
130. ხიდზე ჩავიდა, გასინჯა, სამოცი კაცი ფთხილობდა;
მითხრა თუ: „დგანან ფეხზედა, ერთიცა არა ძილობდა;
ერთი ეშუღლის მეორეს, სხვა თქვენს დაჭირვას ცდილობდა;
და „რომ არ შევიპყრა, არ მოჰხდეს“ – ამას ის უსაცილობდა.
131. რა ეს მესმა, „ამისთანა, ვჰთქვი, მიქნია ონარები?!
ამათ დავჰხოც უსაცილოდ, აღარ მინდა ფონარები!
გავლოთ ხიდი, იარაღთა მათთა ვიქმნეთ მშონარები,
და მომყევით და ნუ გადრკებით, ნუ შექნილვართ მცონარები!“
132. ყმათ მითხრეს თუ: „ზოგთა დაჰხოც, ზოგთ გარდიგდო6 ფიცარია!
იმათ რა ქნან, ბძანება აქვთ, მეფის დანაფიცარია;
ხმას დაჰყრიან ძახილითა, გარეშემო ვინც არია,
და ვეჭვ, არ შერჩეს მეზობელთა, სახლი შენი, ვინც არია!"
133. ერთი თასი სქლად მოდიდო ვჰქმენ სვეტს ცხოველს შესაწირად,
არც მწვე ბევრის ფასის იყო, სამოც მარჩილ იგ საღირად, –
შევეხვეწე სვეტს ცხოველსა: „გამიყვანე შენ ნაპირად,
და ცოლშვილთ ცოდვას ნუ მაჩვენებ, დღე შემქნია გასაჭირად!“
134. რა შევსხედით წყნარა-წყნარა, ხიდის ბოლოს ჩაველ ნელა,
მტკვარი ნახეს, მდედრებრ შეკრთეს, ქალთა გასვლა გაუძნელა.
უთხარ: „გულსა შიში ნუ გაქვს, ღმერთი არის ჩვენი მშველა!“
და ცხენს მივეცით სადავენი, უბე-კალთა დაგვესველა!
135. ცხენნი ცურვით წყალს გავიდეს, მე ჩავიგდე სასწაულად;
ხიდის მცველთა ვერა იგრძნეს, ვერც შეიტყვეს ვერცა სულად,
ქალთ ღმერთს დიდი მადლი მისცეს,რა რომ იქნენ წყალს გასულად!
და შენ დაგვიხსენ, შემოქმედო, მოწურვილნი აღსასრულად!
136. წავედით ნელა, მივედით მცხეთის სამრეკლოს ძირამდის,
გარდავჰხე, თასი ავიღე, მე შევაწივე შინამდის;
პირჯვარი გამოვისახე, აღარ ვარ მოსაწყინამდის,
და ცრემლი დავსთხივე ვედრებით, საყელოს ჩამომდინამდის!
137. კარიბრჭეშიგან ვილოცე, საყდარი დაკლიტულია,
თასი კარს წინა დაუდგი, მას შევევედრე სულია:
„გმონო, გმსახურო, მუნამდის ვიქმნე სულ ამოსულია!“
და არვინ მაცალა მის მკობად, სხვაგნით მქნეს მე წასულია!
138. გამოველ, შევჯე, წავედით, მივედით მისაქციელსა:
ნუგზარ მოვიდა კარგ სიტყვით, უყურეთ მისაციელსა,
მითხრა თუ: „ჩემს თავს რას ვაქნევ, ქვეყანა მისაქციელსა,
და ჩემის ქვეყნიდამ თუ მეტყვი, აღარ გყოფ მისაქციელსა!“
139. დილაზე თვითან წაბძანდა, მივიდა ახალუბანსა;
იმ დღეს იქ დავშრით, ქალებსა ვერვის ვნახევდით უბანსა.
მე ისევ გაღმა მეძებდეს, მაღნართა უბან-უბანსა;
და ლხინი შემექმნა ტირილად, ზარსა სოფელი უბანსა!
140. წავედით, დუშეთს მივედით, ვიჩივლე ჩემი ჭირები,
ნუგზარ ერისთავს უამბე, როგორც მითავეს პირები,
მან მისი ქალი რა ნახა ცრემლითა ანატირები,
და მითხრა თუ: „საქმე გავხადო მეც შენთან გასაჭირები!“
141. მითხრა თუ: „ყმისგან პატრონის მოყვრობა არის ავები,
ბეზღობას ვერ ასცილდება, საქმე არს გასათავები,
შენ ხომ ზედ უნდა წააკვდე, მისთვის მოიჭრა თავები,
და ან აგრე მოვა გულისა სევდითა დასაწვავები!
142. თვარე მეც შენთან მოვჰკვდები, რასაც იქ, მეც ვარ მქნელია,
„სჯობს საყვარელსა მოყვარე“ – ესე ნათქვამად ძველია.
დასდგები აქა-გახლავარ, წახვალ, – ვარ წამომსვლელია,
და შენთან სიკვდილს და გვერც ხლებას არვინ მყავს მე დამშლელია!“
143. ვჰკადრე თუ: „დავსდგე, რას ხელს მყრი, სადამდი შემინახევდე?
ყმათ ხომე არც თქვენ მიახლებ, მუდმად სევდითა ვახევდე,
ჩემსა სახლსა და მამულსა თვალით ვერ დავინახევდე,
და ჩემსა ბედსა და წერასა ვგმობდე და ავად ვძრახევდე!“
144. მოვახსენე: „ერანისა ხემწიფესთან მე ვარ წამსვლელ,
სიკვდილს მაშინც გარდავრჩები, შევეხვეწო, ვიქმნე ჩამსვლელ,
უსამართლოდ მაბეზღართა ვეღარ ვექმენ თავის ამსვლელ,
და აქანამდის შუქით ვიყავ, აწ, მზევ, იქმენ ჩემთვის ჩამსვლელ!
145. წასასვლელად მოვემზადე, აღარა ვარ დასაღონად,
მითხრეს: „ჩახვალ შენ იმათგან, შეიქნები მოსაწონად,
რაღას გარგებს სიმძიმილი, რომ გაჰხადო ცრემლი ფონად?
და წავალ, რაღაც მომევლინოს, მოვიჭირვებ მე ამდონად.
146. ნუგზარ მითხრა ერისთავმან: „თქვი, თუ ჩემსას რასა ბძანეთბ? –
მეც წამოგყვე უსაცილოდ, წავიდეთ და ნუ ახანებ;
მეფესა და სულ ქართველთა არას ვაწყენ, არას ვავნებ,
და დიდს ხემწიფეს შევისწავლი, ჯავრსა არას არ ვათავნებ!“
147. მე უთხარ: „მე წაუიდე, აწ სხვაცა დამებრალევდეს!“
მან მითხრა: „შენ წაგახდინეს, მე ვინღა შემიბრალევდეს?
იქიდამ დავრჩეთ ორნივე, ნება იყოს თუ ძალევდეს,
და ისრევ გაწითლდეს სპილენძი, რაგინდ რომ ხშირად ჰკალევდეს!“
148. რაღას ვაგრძელებ, წავედით, მე ცოლშვილითა ვიარე;
გზა წავლეთ საგურამოსი და არე მათი ვიარე,
ლილოს პირს ჩავლე, ლოჭინის ხევები დაუტიარე,
და ყურყუთას ფონი თხლად იყოს, ჩვენ დაგხვდა დასათქმიარე!
149. ესენი ღამე ჩავლევით, გათენდა იაღლუჯასა;
შეკაზმული ვარ, მივდივართ, თავი მოსწონდა ლურჯასა,
იტყოდეს ჩვენნი მნახავნი: გვანანო მაგარს ბურჯასა!
და მე ეს დამმართა სოფელმან, ნეტარ ვის უშვებს ურჯასა?
150. ეს რა ვიცოდი, ცუდმუდი მე კაცი შემომბედევდა;
კოლოტაური წინ დამხვდა, თურმე ფონს გასვლას მხედევდა,
ადვილ შეპყრობა ინება, დავ გამოთხოვით მედევდა,
და მან არ იცოდა სრულობით, ძალ გული როგორ მედევდა!
151 მან შემომძახა: „არ იქნა, ვეღარ ხარ ჩემგნით წასული!“–
უკან მამდევდა წყალს აქეთ, არ ვიქმენ ფონსა გასული.
მითხრა: „არ იქნა, ვერ წახვალ, მზე იქმნა შენთვის დასული,
და ვჰთქვი: „ეტლსა მოსძაგებია, სოფლით არს გაღმა გასული!“
152. გავჰკვირდი, უთხარ: „რას მამდევ შენ რა გაქვს ჩემთან დავია?
ბატონიშვილმან გიბრძანა, ვინ არის მუხრანთ თავია?
იგი არ მმტერობს, არ მამდევს, ჩვენ მოყვრობით გვაქვს ზავია,
და ეს ჰკადრე, იცი, პატრონზე არა ვარ დამნაშავია!
153. როგორ? მე და შენებრ კაცი დასაჭერლად უკან მდევდეს,
ჩემსა ბჭობდეს დაჭერასა, ახლოს მოსვლას გაბედევდეს,
ჩემთვის ისარს მომახევდეს და სასროლად მშვილდსა ზევდეს?–
და მე რომ ხელიც არ შევახო, ცხენზე როგორ გარდამზევდეს?!“
154. დავბრუნდი, ცხენი შევჰქუსლე, არა ვჰკარ შუბის პირია!
იგი დიბლიგით გარდვაგდე, ვარქვი: „თავს უყავ ჭირია“!
მას მამის სული უხსენე: „მორბოდი, აწ რას სტირია?“
და ორგნით გვერდები დაემტვრა, გათხარა ძეძვის ძირია!
155. ვჰთქვი: „მოვჰკლევდი, მაგრა ეს სჯობს, დამიგდია დაბნედილი,
ამაღამე აქა ეგდოს, გაუთენდეს თუ რა დილი!
გავს, ტარიელ სად ტიროდა, წყაროსთან დგა ხისა ჩრდილი,
და წავა, მიმწევთ გზაზე დაჰხოცს, ვეღარ მისწვდა ავთანდილი!
156. ჩემგან სიკვდილს და დაბნედას ნურც ცახედ ნურას ჰკვირაო,
შენს ცოლთან დაგიკვეხნია, მოურავს დავიჭირაო!
წადი და სახლი მომზადე, როგორაც გაგიპირაო,
და ვეჭვ, რომ თავბედი იტირო, დღენი გაქვს გასაჭირაო!“
157. ამისთანანი კაცები საჭერლად დამდევნებიან!
ბატონის წყრომა ძნელია, თვარ მამწევს უფრო ვნებიან.
გაძლების მეტი რაღა ხამს, რაც ჭირნი გარდამხდებიან!
და მეც დავაკლდები ქვეყანას ბოლოჟამ, თვარ მიხვდებიან!
158. ჩვენ არჯაყალას მივედით, სხვა არვინ დაგვხვდა გზაზედა,
რაც ნივთი იყო სარჩოსი, ჩვენ დაგვაყენეს მხაზედა;
ორს კვირას იქ მომიცადეთ, იყვნენ ჩვენს სიტყვის თქმაზედა,
და ჩვენს მერიქიფეს უბძანით: „წამოდექ ღვინის სმაზედა!“
159. ასრე მოგვეპყრნენ, გვმსახურეს, როგორაც ჩვენნი მონები,
რაცა ვინებით, გვანებეს, ძალი არ გვიყვეს ჩვენები,
ზოგი გრძნებითც რამ ივარგეს, უცხო რამ მოსაჩვენები;
და ჩვენც ჩვენის ქვეყნით დაგვკარგეს, დასუსტდა გამომდევნები!
160. მათ მივაბარე ცოლშვილი, დადგნენ კარგ გარიგებითა,
წავედით, გზაზე მივდივართ ამოდ და ჩვენის ნებითა,
ესე მეც ვიცი, იქ წასვლა ვერა ვჰქენ კაის ცნებითა;
და დგომა და წასვლა ორივე შემქნია ბოლოს ვსებითა!
161. თურმე შაჰაბაზ ხემწიფე იყო მისვლისა მდომელი.
მიველ, დამიხვდა კეთილად, არა გუნებით მწყრომელი,
ხანი რო დავჰყავ, მიბოძის, რისაც არ ვიყავ [მდომელი];
და მაგრამ სევდა მწვავს სახლისა, მით ვიყავ ცრემლთა მშრომელი!
162. მერმე ყანდაარს წაბძანდა, მტრად გამოუჩნდა ინდია;
თან წავჰყევ, კარგა ვიბრძოლე, მათ დღენი დაუბინდია!
გამარჯვებული დაბრუნდა, აწ ცრემლო, ნუღარ მდინდია;
და მაშინც მოვჰკვდები, ბოლოჟამ, ნეტარ, რას შეუშინდია?!
163. ბაღდადს წაბძანდა, თან ვახლდი, აღება ბძანა ციხისა,
ძმა მყავდა გულ სრულ, მამაცი, ხმის ამომღები, რიხისა,
მან ერთი კაცი საბრძოლად ადვილად არ შეიხისა, –
და ის იქ მომიკლეს ომშიგან, კაცება შექმნეს თიხისა!
164. დაბრუნდა, ტახტზე მიბძანდა, რა ხანმა გავლო მცირენი,
მერმე ბძანება გამოჰხდა ქართლს წასვლის დასაპირენი,
წამობძანდა და წამოვჰყევ, ჯარნი შეექმნეს ხშირენი;
და არ დამიჯერებთ, მოსვლისთვის გული მაქვს ასატირენი!
165. უწინ კახეთსა მობძანდა, იცით, რომ იქმნა რაები?
მეორედ ქართლსა მოვიდა, არვინ ჰყო შესაძრავები,
ორნივ მეფენი იქმენით სამკვიდროთ დასაძრავები,
და თქვენ გარდაბძანდით იმერეთს, მე რა ვჰქენ დასაშავები?!
166. მოციქულები გაახლათ მოსვლის და შერიგებისა;
თქვენ არ მობრძანდი, იცოდით მათი წყენა და რგებისა!
მეფე ლუარსაბ მობძანდა, აწ სიტყვა არ ეგებისა,
და ვინც მოიყვანა, ამოდ ზის, ლახვარი არ ეგებისა! –
167. შადიმან გარდმოიყვანა ტკბილის სიტყვით და ენითა,
მან საჯილდოო იშოვნა, თქვა თუ: „ეს კარგა ვჰქენითა!“
იგ თავის უფლად შეიქნა, მე ვარ აწ ცრემლთა დენითა,
და მისწილ მე ვჰკვდები, შექნილვარ ლახვართა დასაშენითა!
168. [თუ] სჯობდა, თქვენც რად არ მოხველ, არა ჰქენ შემოყრილობა,
თუ ის წყალობას ელოდა, თქვენც რად არ იდევ წილობა?
ის ერანელთა შეიპყრეს, თქვენ ჰქენით მოსვლის შლილობა,–
და თან წაიყვანა ხემწიფემ, ქართლში მოჰფინა ჩრდილობა!
169. მეც ისევ თან წამიყვანეს, ძალი იყო თუ განება,
გულსა ვეტყოდი: „სოფელმან თავი აროდეს განება!
სრულად მოწამლეს ერანი, სიგრძე სად იყო, განება!
და ვეღარ დავეხსენ ადვილად, თავი მახესა განება!“
170. დღეს ერთს ლხინად ჯდა ხემწიფე, უხვს თავი ჰქონდა ლაღება,
მიბძანა: „გამხიარულდი, გულს ცეცხლი ნუ გწვავს, დაღება,
თეთრს მოგცემ ამდენს, კარამდი ვერ შესძლო მიტან წაღება,
და სხვის წყალობითაც დაგმართო სევდათა კარის გაღება!“
171. მოატანინა, დააწყვეს ტახტის პირს თეთრის გუდები,
მიბრძანა: „ადეგ, აიღე, ნუ ხარ მცონარად, უდები.“
ტახტის პირს მიველ, თეთრს ჰქონდა სულ ახალახალ ბუდები;
და წინ დამაჩოქეს, არ ითქმის აწ ტყუილი და მრუდები!
172. გულს უთხარ ცოტას ავიღებ – დამძრახვენ: არ აქვს ძალები;
ბევრი ავიღო, არამც თქვან: „ხარბად შემსჭვალა თვალები!“
ვჰთქვი თუ: „მიძრახონ სიხარბე, გული მაქვს კლდეებ სალები;“
და ბევრის აღებას ვეცადე, მით გავიმაგრე ძვალები!
173. თვითო მხარზედან გარდვიგდე, ერთი თავზედ ვჰქენ დებული,
თვითო ღლიასა შევიგდე, ორი ვჰქენ ხელ კიდებული,
ერთი კბილშიგან მივიეც, მით ვიქმენ აზიდებული,
და ავდეგ, კარამდის წავიღე, არვისგან არ რიდებული!
174. ბძანა: „ნუ მოჰკლავთ ჯაშუშსა, მის კაცთა მიუბარეთა!
მე ჩემნი ყმანი დამიხვდეს კართან რომ მიველ, გარეთა,
ოთხასის თუმნის წამღებთა ვერ ვხედავ დამაზარეთა;
და გვერცავ დამისვა ხემწიფემ, ბძანა თუ: „გაიხარეთა!“
175. ხოსრო მირზა მე გავჰხადე ხემწიფესთან გამოჩენით;
მოვახსენე: „შეიწყალე, თქვენ სიუხვე მაზედ ქენით!“
ვეხმაროდი, ბევრს ვაძლევდი, შევიტკბობდი ტკბილის ენით;
და გავამდიდრე, მე ჩამოვხსენ ღარიბობას ცრემლთა დენით!
176. ამად ვჰქენი, მამით იყო ბაგრატოვანთ თესლი, გვარი,
დედას ვინღა იკითხევდა, გლეხი იყო თუ რა გვარი?
მე ხემწიფე ყურს მიპყრობდა, სიტყვა მქონდა მით მაგარი.
და ყველგან წახდა ჭირნახული, ჭკუა მექმნა წასაგვარი!
177. ჩემთვის დარმა მოიღრუბლა, აღარ არის მზიანია,
ვიზედაც რომ კარგი ვჰქენი, მე შემექმნა ზიანია!
კლდე, კაპანი მტრით შეკრული მე გავჰხადი გზიანია! –
და ვერვინ რა ქნის ჩემზე მეტი თავის გასაზვიანია!
178. ბევრი რამ საქმე გამოჰხდა, ყველას აქ ვინ იქს წერასა?!
მასუკან ბრძანა ქართლზედა: „მართლად ვერა ვიქ მზერასა! –
ყარჩიხანს წინ გაგიძღვანებ, სინჯე თუ იქსო მზე რასა?“
და რაც მაშინ მოჰხდა, ამბითაც გული შეიქსო ძგერასა!
179. მოვიდა, ეს ვთქვი, ქვეყნისას ეს აოხრებას ბედავსა?!
ზურაბს გავენდევ, ერისთავს, უთხარ თუ ვერვინ ხედავსა,
ჩემის ხელითა ეკალსა მოგლეჯს, მიძახდე: ბედ ავსა! –
და ვირემ დაგვხოცდენ, მე დავჰხოც, ვიტვირთებ სისხლსა ქედავსა!“
180. ისიც დამპირდა მოსვლასა, ჩვენ პაემანი დავდევით,
ქვეყანა იმ დღეს დადგინდა, ეს კაი ხიდი გავდევით!
მე ჯარში დავდეგ, ჯაჭვები არ ამოვიღეთ, ჩავდევით, –
და ქართლი ჩვენის ხლმით დამაგრდა, ჩვენ ესე დავიქადევით!
181. ქართლისათვის რა ძე დავსთმე, როგორ ტურფა, სასურველი,
ჩემთვის ვარდი მაისისა, აღარვინ ჰყავს მას იქ მშველი,
წასვლის ღონე არსით ჰქონდა, ბევრი ჰყვანდა ჯაშუშ-მცველი,
და იქ პაატა დამიკარგავს, აქ არა მყავს გამკითხველი!
182. მაშინ ზურაბ ბევრი მიმხრო, კაცა არის გამბედავი,
კაის ჯარით მამეშველა მტერთ შემუსრე და მედავი,
ომის დღესა წინ წამდგომი, დამშლელთ უთხრის: – დამე დავი!“
და მოყვარე და ჩემთვის მკვდარი, ის ეტლ სრული, მე ბედ ავი!
183. მან ცოლი დასთმო, ჩაიგდო სირცხვილად სრულად არათა!
ვჰკადრე: „უკეთესს შეირთავ შენთვის მწვე გასახარათა,
ხმალსა და სახელს აქ ჰპოებ, კვლავ მზე მოგფინო დარათა, –
და ლურსაბ მეფის დის შერთვა, შენთვის არს ეს საკმარათა!
184. ლოჭინის ბოლოს ქორითა დავიწყე ნადირობანი.
ერთი შათირი მორბოდა, „აქ მოდი“, – უყავ ხმობანი;
არ მამეწურა, ესე თქვა: „არა მაქვს თქვენი ცნობანი:“
და ძალად შევიპყარ, იმ დღესა დასწყივა მისი შობანი!
185. გავჩხრიკეთ, თავ დაბეჭდული წიგნი უპოვეთ უბითა,
ეწერა: „ქართლი აჰყარეთ, კაცთაგან დაასუბითა!
ერთპირად გამომიგზავნე, მკლავებს საბელი უბითა,
და მოურავს თავი მოჰკვეთეთ, ვეღარა ქნას რა შუბით!“
186. შათირი მოვჰკალ, ის წიგნი იქავე შევჰქენ ხეულად,
დავბრუნდი გაჯავრებული, ნახავთ რასა ვიქ წლეულად?
ლაშქარი ვიხმე, მოვიდეს, ჯარი გავხადე სნეულად;
და სამკვიდროსაგან უმკვიდროდ ვიქმენ დაკარგულ, ეულად!
187. მარტო მე რაც ვჰქენ იმ დღესა, თუ ის შეეძლოს გმირებსა?
ჩემის შუბის წვერს ყარჩიხან გაწონით გულს იგმირებსა;
იმან ვერდიბეგ, მისი ძე აეგო შუბის პირებსა!
და სისქეს რაზმს შიგან ვბრუნევდი, არა თუ განაპირებსა!
188. ქართველნი გვიან მოვიდეს, რაგინდ რომ ფიცხლად ვლიდიან.
რა შემოვიდეს ჯარშია, სისხლსა უწყალოდ ღვრიდიან;
ქონებას ძვირფასს იღებენ, ცუდმუდსა გარდაჰყრიდიან, –
და მაშინ ვინც მნახის, სასალმოდ ყველანი თავსა ხრიდიან!
189. ის გამარჯვება გარდასწყდა, ვჰქენ ქალაქს ციხის აღება.
საშოვარი და ქონება მრავალი სხვაგნით წაღება;
ვინ გაგვიმაგრდა, მას მიხვდა საყელოს სისხლთა დაღება,
და მაღლა ვინც მზერდეს ზვაობით, ასრე ხამს თავის დაღება!
190. მე ოთხი საქმე ერთს დღეს ვჰქენ, რა გესმას, ბრძანოთ „იშია“!
ყარჩიხანს რომე შევები, მის ჯარს რა დავსდევ შიშია,
იქ ახალციხე ავიღე, ქალაქს ვჰქენ იერიშია;
და კახეთს რა ჯარი დავჰხოცე, სიმრავლით ვითა ქვიშია!
191. კაცს ამისთანა ყმა ჰყვანდეს, პატრონს რა უყოს მეტია!
მას აბიზღებდენ ცუდმუდი კაცი შმაგი და რეტია,
იგ მუდამ შენთვის კვდებოდეს შენის მტრის სისხლის მხვრეტია,
და პატრონისაგან საკვდავად, ვით ადვილ გასამეტია?!
192. ეს ყველა მისთვის გავბედე, რომ მწადდა თქვენი დიდება,
კრძალვა და სათნო მწვე მჭირდა მე პატრონყმობის რიდება;
თქვენს გარდაისად ავად ქნეს სხვათ ჩემი გარდაკიდება,
და თუ ჩემს უკეთესს ყმას ჰპოვებთ, თქვენც გმართებს ხელის კიდება!
193. თქვენ ყველა იცით, რად მართებს ამბისა წვრილად ხსენება.
სად ბძანდებოდი, რას საქმით, ან გქონდა რა მოსვენება,
ვით მოგიყვანე, ხემწიფევ, ან გკადრე რამ მოხსენება;
და ერთპირად კახნი მის ალაგს მივასხი, როგორც ენება!
194. რა ყორჩიბაში მოვიდა, თქვენ იყავ მეფედ მჯდომია;
შებმა დავშალე მე მათი, არ სჯობდა მაშინ ომია,
არ დაიშალეთ, ომისა წილი მეც რამე მხდომია:
და ცხენი მამიკლეს თოფითა, შევიქენ გარდამხდომია!
195. ცხენით გარდახლტა, მამართვა ლომმან ჩრდილევნის ძემან და
მითხრა თუ: „მე ეს მიქნია, ეგ შენი ცხენი ძე მანდა;
შევჯე, მეთოფეს გაუდეგ, უთხარ: „მიცადე მე მანდა!“
და მივეწივე და გარდვაგდე, ვერ მიდგა, როგორც ბზე მანდა!
196. მე მისი ცხენი მოვგვარე, მაზე ლომი ვჰქენ შესმული,
იმა ცხენისა პატრონი შეიქნა შუბის შესმული,
მას ვეღარ არგებს მუმია, ანუ წამალი შესმული,
და ცუდათ დარჩების მოკვდავსა გარედამ ცხება შესმული!
197. იარაღს თავსა დავადეგ, მე ზარად პირაკეცილი,
შევხსენ, ავაჭერ რახტითურ, არათუ კარგ დაკეცილი,
მტერს არ დამარჩენ, არიან ჩემგან დაჭრილი, კვეცილი,
და სისქეს რაზმს სადაც მივმართე, შეიქნენ მუხლ ჩაკეცილი!
198. ტყუილს არ ვიტყვი, თქვენებრივ მერმისი ვნახე ბრძოლება,
ხან მამაშორვის ცემამან, ხან ახლოს გიყვი ყოლება,
შუბის და ხმლისა გატეხა, ლახტის ტარ ხელთა ქონება,
და გაბაადურდი იმ დღესა, სიტყვა ეს იყო ხო ნება.
199. რა მარცხი მოვა კაცზედა, ვის შეუძლია ბრუნება? –
ძლევა მათ მიხვდა, უფალმან ჩვენზედ ივიწყა ბუნება,
აღარ მოგვშორდა ის ცოდვა, რომ თან გვდევს გველის ცთუნება,
და ჭმუნვა და სევდა გარდგვერთხა, გული მით შემეძრწუნება!
200. წამოვედით, გამოვრიდეთ, ავკეთის თავს დავივანეთ,
ოღონ ძლევა იმათ დარჩა, თვარემ ჩვენცა ბევრი ვავნეთ:
ავთანდილ და დავით ორნივ იმა დღესა ვერ ვიპოვნეთ,
და რაღას ვაქნევ საქონელსა, პირველს ომში რაც ვიშოვნეთ!
201. მეორეს დღესა მოვიდეს, გაევლოთ იქით რაზმია,
ზურაბს ძმა შემოეყარა, მე შვილი მონაკაზმია;
მე გკადრე: გახსომს, მეფეო, თქვენ აქ ხანი რამ დაზმია?
და ჩემსა ჭკუას და ძალგულსა, გაცნობებ მონახაზმია.“
202. სამოცის კაცით წამოველ, არ ვერიდები ღამებსა,
თხილოვნას მოველ, ვაცნობე გაბაანთ შვილს და ძმანებსა.
ქალაქით ჯარი გამოდგა, ვეჭვ, შოვნას დაიშხამებსა,
და აწ მოურავი გასინჯეთ, აწყენს თუ რას აამებსა?!
203. დათხარეს ლის, წოდორეთი, დაწვეს, ცეცხლს უყვეს კიდება,
რა მინდვრათ ჩამოვიცადე, მეც უყავ განაკიდება,
ფიცხელსა ომსა შევასწარ, ვეჭვ, უმძიმსთ გარდაკიდება,
და მათ ნაშოვარი მოსძაგდათ, გაყარეს ანაკიდება.
204. შვიდას კაცს თავი მოვჰკვითე, გავსწყვიტე მე სამოცითა,
მკლავი დაგვიშვრა ხლმის ქნევით, გარდაყრითა და ხოცითა,
ხან შევიბმოდი ოცდათით, ხან ცოტას ჯარის, ოცითა,
და ათს დღეს ლაშქარი დაგუბდა, ქართლი ვეღარ ყვეს მოცვითა!
205. ყველგნით წავიდა ხიზანი, რადგან ჩვენ გვექნა მარცხია,
რა ლისის ომი მოესმათ, საქმე ქნეს აღსარაცხია;
ქვა არსად არის ქართლშია, რომ ჩემი სისხლი არ სცხია,
და სხვას კაცს კი არ შევიდარებ, თქვენი არა ვარ ნარცხია!
206. ცოლშვილსა კაცი უჩინე, სამცხის გზას უყავ კეთება,
ვჰთქვი: ერთხელ კიდევ დავხვდები, ხმალმა ეგებ ქნას მკვეთება?
ღართის კარს დავხვდი, სახმილი ჩემგან მათ წაეკეთება,
და კარგიც რომ კაცმა ბევრი ქნას, – მტერს მაშინც არ ეკეთება.
207. წიწამურის თავს დავხერგე, შეუკარ ღართის კარია,
თხრილი უწინვე წამევლო და გზები განაკარია,
სადავ ვიწონი, ვიბრძოდი, მათ აჩნდა დანაკარია,
და ავჭალით ახალციხემდი შეკრეს არაგვი, მტკვარია.
208. სიმრავლითა მოგვერივნეს, რადგან მიხვდა პირველ ძლევა,
შუბი გატყდის, ხელი მივჰყვით, მაშინ შევჰქნით ხლმისა ქნევა.
იმ დღეს თავი ვინ დაზოგოს, ისიმც კაცი დაიწყევა,
და რა გასჭირდის, უკეთ შევსძლო, ასრე მქონდა ომის ჩვევა!
209. რა იარაღი დავლიეთ, მაშვრალთ მიგვჭირდა ომია,
წეროვნისაკენ უკუვდეგ მოღალულ-დანაშრომია.
კარგად მიგდებდა პატრონი, – მეფე არ იყვის მწყრომია,
და მუხრანში დადგა ლაშქარი, სიმრავლით უსაზომია!
210. ავკეთს მიველ, იქივ დამხვდა მამაცი და მეფე ბრძენი.
მიბრძანა თუ: „როგორ მოჰხდა, ვინღა შეგრჩა, ან რა ჰქენი?“
„ზოგნი ცოლშვილთ მიეშველნეს, ზოგნი მახლავს კიდევ მხნენი,
და მაგრა თქვენი წასვლის დროა,“ – ეს სიტყვანი მე ვით ვთქვენი!
211. მე დავდეგ, ხალხი გავგზავნე, შევიქენ ჯართგან სუბანი;
სამოცი კაცი კიდევ მყვა, გვეცვა შალისა ჯუანი,
ზოგი მშვილდ-ისარ-თოფითა, ოცსა გვაქვს ცხენზე შუბანი,
და კიდევ გიამბობ, ქსანზედა ვადინე სისხლის გუბანი!
212. სპარსთ ზურაბს სიტყვა აჰკიდეს: „მოგვეც მართალი პირია,
არშიდან ქალს გამოვიყვანთ, მოგვცე, არ გიყო პირია; –
ხემწიფის შვილი, თვის ტომი, ძვირად და დიდ საღირია,
და თვალად ტურფა და კეკლუცი, თმა მოგრძე, ამბარ ხშირია!
213. ერისთავმა თქვა ფიცითა: „აქვს ჩემგან დაუშავება!“
ჯარი გაგზავნეს მრავალი, ზურაბ თქვა: „არა შევება!“
გიორგი გულში ამბობდა: „ხვალ ბევრი მე მეშოვება“. –
და მეორეს დღესა ლაშქარმან, იცით, თუ რა იშოვება?!
214. მთიულნი ავლეს, არშასა მივიდნენ შიშნეულობით;
მათ ქალი გამოიყვანეს, წამოვლენ, ვით სნეულობით.
ქსნის გზაზე გამოემართნეს, შეიქნეს არეულობით,
და რაც მოჰხდეს, ახლა ისმინეთ, დღეითგან აწ წასულობით!
215. მათ ქალი მოჰყავს, გარდმოვლეს უწყინრად ხევი ხადანი,
უკან გიორგი მოსდევდა, – ვალს უნდა გარდახადანი; –
მეც მიველ, წინ გარდაუდეგ, ვიყავ იასეს ხადანი,
და რომელსაც მოვხვდი, გუდურებ უყვი ტყავისა ხადანი!
216. მე ხუთი ქეში ისარი დავლიე მათზე სროლითა,
გზის ასაქცევი არ ჰქონდათ, ქარჩოხით, არც ისროლითა,
ამოვსწყვიტეთ და დავჰხოცეთ, ქსანს სისხლი შევასწორითა,
და ალაგს და უადგილოსა კაცი ეყარის გორითა!
217. სისხლი რუდ მოდის კაცისა, ქსნის წყლისა არის მდებელი.
როდეს ისარი დავლივე, ხლმისა ვარ ამომღებელი;
რაც რომე იმათ დათესეს, თავს ექმნა გამომღებელი,
და კარგს იარაღთ და ცხენების ვიქმენით წამომღებელი!
218. ქსანი შეიქნა ორს კვირას სრულად სისხლისა ფერადო.
ხევები მძორით აივსო, კაცი ვერ მორჩა ვერადო,
რომელიც მორჩა ცოტა რამ, შეიქნენ გასაშტერადო:
და უკვირდათ ჩემი საქმენი, ვის თვალნი ჰქონდა მზერადო!
219. ყაზახის ხანი შევიპყარ, არ მოგჰკალ, იქ დავაბია,
სამი სულთანი მასთანა ერთმანერთს გარდავაბია,
მათად სასროლად გსმენია, მშვილდსა თუ სად ავაბია,
და ოქრო შეკაზმულს ცხენს შევჯე, მაგარი სადავაბია.
220. აბა მიბძანეთ, სხვის კაცის ეს სამსახური მეფეთა,
ხლმის განაკვეთსა სინჯევდით, თუ ხორცი როგორ მეფეთა!
გზას დამიგდებდეს მებრძოლნი, პირისპირ ვერვინ მეფეთა,
და ლხინს და გაცემას, ალერსსა, მიქებდეს სიიეფეთა!
221. უხვი მით მქვიან, ერთს დღესა ვარ ქართლ-კახეთის გამცემი,
საქონლის დაუშურვალი, მტერთა ლახვრისა გამცემი;
ძალს იგი მაძლევს, ვინ არის ყოველთა უხვად მამცემი,
და ერთის ათასად გამხდელი და ბევრეულთა მამცემი!
222. სრულად ერანი მოვიდა, ქართლის ქვეყანა აივსო,
კაცს და ტყვეს ვერა ავნეს-რა გლეხთ სარჩო დიაღ დაივსო;
მეც ავიყარე, გაბრუნდენ, ნახავთ რა უყო ჩაისო,
და წლეულად ესე მივნია, ზოგი მიყურეთ გაისო!
223. მე სამძიმარი რაც მქონდა, ვსდევ თიკნაბერას ციხესა,
კაი მცველები დაუგდე, ხელი ვერავინ მიხესა,
იქ მდგომნი ყველა მიძრწოდა, მონებდეს ჩემსა რიხესა,
და ვერვინ შეუა მებრძოლი, კარები ჩაიმიხესა.
224. ალ, სურამი გავამაგრე, არ არს ადვილ ასაღები,
ფთხილობდეს და გუშაგობდეს, არ არიან სულ დამღები,
ადვილ ძალად ვერ წაართმენ, ვერ არიან ბარგთ წამღები;
და უთხარ: „ადრე მოელოდეთ, მალ გეწვევა სისხლთა მღები!“
225. ქართლიდამ წაველ, ცოლშვილი მივასხი ახალციხესა,
მესხთ ბძანეს: „იმა ლაშქართა შენგან ლახვარი იხესა,
ჩვენს მოდგომასა გაცნობებთ, ბაქსა, ძალსა და რიხესა,
და ამხანაგს, ვისც არ უნდოდე, მეფენიმც გაირისხესა!"
226. ზოგ-ზოგი ბარათიანი თან წამყვეს ცოლშვილიანად,
გიორგი ქავთარიშვილი, გერმანოზ მსახურ ყმიანად.
სხვა მსახურ მარჯვე კაცები, მსვლელნი არა თუ გვიანად,
და იმ თემის აზნაურშვილნი მოვლენ თამამად, ხმიანად!
227. ახალციხე და აწყვერი, ხერთვის და ფარავანია,
ყიზილბაშთ ჰქონდა ციხენი, შიგ ჭანი ან საკანია;
ზოგი მე ძალად წავართვი, ვიხმარე კარგ რაკანია,
და ზოგი იმათვე გაუშვეს, გასცვივდა თეთრ, დრაჰკანია.
228. გიორგი ქავთარიშვილი სიტყვა-პასუხის მთქმელია,
ხვანთქართან ამად გავგზავნე: „თქვენ იყავ ჩვენი მშველია!
ეს ციხეები ავიღე, თქვენ გამოგზავნეთ მცველია;“
და ხელმწიფემ ბძანა: „საქმენი უქნია კარგ საქნელია!“
229. ბძანა თუ: „ვერვინ წამართმევს, ჩემია სრულ სამცხენია!“
ხალათი გამოეგზავნა, კარგ ბედაური ცხენია!
ემბრი ებოძა: „გამაგრდი, არ გქონდეს სიმარცხენია.“
და გიორგის ბევრი ეშოვნა ქონება ურაცხენია.
230. მეფემან პირად არ ბძანა, გულშიგან შექნა წყენანი:
„როდესაც არის, იქნების ამის სისხლისა დენანი;
მე – მეფე, ამას – სახელი, ხვანთქართან თავის ჩენანი,
და ქართველთა ასრე დახვევა, ზოგთ ზავთით შესაშენანი!“
231. როსიტა გედევანის ძე, – ერდგულა, თავდადებული,
დემეტრე საგინაშვილი, – იყო ჩემთანა ხლებული;
მათარსი შიხაიდრის ძე, – ჭკუისა მქონე, ცნებული,
და პაპუნა ვაშაყაშვილი, – ჩემთვის მკვდარ თავწამებული!
232. სხვანიც ხომ ბევრნი მიახლნეს, ესენი გაუყრელია,
საათაბაგოს მივედით, მესხნი კარგ შესაყრელია,
მათი სიტკბო და სიამე სევდისა უკუმყრელია,
და რომელიც გაწვევს სალხინოდ, ხელის ხელ ჩასაყრელია!
233. დაუთ-ბეგ გოგორიშვილსა მკვიდრად აქვს ციხისჯვარია,
მითხრა: „ხელთ მოგცემ ციხესა“, მან დაიფიცა ჯვარია.
აფიეთს დავდეგ, მე მახლდა კიდევ კარგა რამ ჯარია;
და მესხნი ყოფილან მოყვრისთვის თავისა გამსაჯარნია!
234. ფარად ფაშა ხომ სიძედ მყვა, თავდადებ, ჩემთვის მკვდარია,
თანუნა დიასამიძე, კაცი ბრძენი და წყნარია;
მან მითხრა: „თრიალეთისკენ ასპინძა ახლო არია,
და ყმა და ამბავი მოგწვდების, ავი თუ გასახარია!“
235. ხალხი ციხეში ავასხი, მე დაბლა – ძირსა ვდგებოდი;
რა იქ სადგურად დავდგინდი, მწადდა რომ მეფეს ვხლებოდი!
ვნადირობდი და ვიშვებდი, ხან მთაზე ვიარებოდი,
და სევდასა მოვიქარვებდი, კაეშანს გავეცლებოდი!
236. სრულ მესხნი ტკბილად მომეპყრნეს, ჩემთანა სადგურობდიან,
უფროსნი მიალერსებდენ, უმცროსნი კარგა მძღნობდიან;
რა ამბავს თავი ახსნიან, ხან ჩემს ქებასაც ჰხმობდიან,
და მათაც წყალობა უყვიან, ერდგულნი ვინც მე მყმობდიან!
237. შალიკაშვილი როსტომ და ელისბარ თაქთირიძეო,
ყაენთან სწორად ვიყავით, ერთი ძმა, სხვა კი ვიძეო;
როსტომ თქვა: „იცი, აჭარას კარგა მამული მიძეო;
და იქ დადეგ, რადგან ქართლითგან ჯერხანად გამოიძეო!“
238. მე ვჰკადრე: „იმერეთს ჩავალ, გიორგი მეფეს მნახაო,
მათსა საქმესა ყველასა გულშიგან გამოესახაო,
მასუკან იქით გარდმოვალ, ლხინი მაქვან თუ „ვახაო!“
და ცდას არ დავაკლებ საქმისას, ქართლს კიდევ დავინახაო!“
239. მე ყიზილბაშნი მეგონა, გავლიდეს ჩვენსა ზღუდებსა,
რიდი არ მქონდა მტერისა, თავს მოვიხდიდი ქუდებსა,
ხან ზარმზამდისი ავიდი, ხან ჩამოვიდი უდებსა,
და ამაში ჯარი მოგვიხდა, ვნახავთ, თუ ცეცხლს ვინ უდებსა?!
240. მე მთაზე ვიყავ სათოფეთ, ციხეს ვთქვი ასვლა ძისანი,
დავხედე, არე მოიცვეს საფარა, ასპინძისანი,
დიასამიძის დახდომა, ომი თქვეს ორთავ ძმისანი,
და გავჰკვირდი, ნეტარ რა უნდათ კაცისა განაძისანი!
241. რა მოვიდენ, კარგა დავხვდით, ვეღარ გვიყვეს იმათ ბრძოლა,
დავჰხოცეთ და ამოვსწყვიტეთ, მათ შეექმნა ცხრო და თრთოლა,
ვინც ითავა, მანც ავად ქნა, ან ვის ექმნა წამოყოლა,
და გზის ბელადი, ასრე გვესმა, მთას გარდვიდეს, ჩაექოლა!
242. ასპინძამდი ასრე ვდივეთ, მათ ეგონათ ხევი ვაკეთ,
ნაშოვრისა დანაცვივნით ჩემს ყმას კიდევ კარგა ვაკეთ;
ჩვენს სევდასა უკუ ვიყრით, მათთვის ცეცხლსა უგზებ, ვაკეთ;
და იმ თვის ჩვენთვის მათი მოსვლა არ შეიქნა მოკლე, ნაკეთ.
243. ბეჟან მითხრა, თაქთირიძემ: „იმერეთს ვარ ბევრჯელ მსვლელი,
მეცა თანა წამოგყვები, მეფესთან ხარ თუ მიმსვლელი!“
მიველ, მეფის სიკეთისა ვერ ვარ თავის მე ამსვლელი;
და რაც მიბძანოს, იმას ვჰყოფდი, ვინ არს მცნების გარდამსვლელი?
244. დამხვდა კარგა, თავდაბლურებ, მან შემიწყო ტკბილად ხელი,
პურადად და გულ-კეთილად მწვე გასლოდა მას სახელი;
დადიანსაც ეს ებძანა: „მეც ვარ მკვიდრად კაცი ძველი,
და მიმცემი და მოალერსე, დაჭირებულთ კაცთ მიმშველი.“
245. მეფემ მიბოძა დასტური, ვლე არე ოდიშისანი,
იგიცა კარგა დამიხვდა, ქება არ ძალმიც თქმისანი;
ყმათ ორთავ მომიპრიანეს, ვეღარ ვჰქენ ყმობა სხვისანი,
და ისევ მეფესა ვიახელ, დამხვდა, არ თქმულა ძმისანი!
246. სულ იმერელნი მომაკრფეს მეგობარ ამხანაგებად,
მომგონდა ჯერნის სროლანი, როდეს ჩავიდი ნაგებად;
ცეცხლი მამედვის წყენისა, შემექნის გულსა დაგებად, –
და რაც რომ სახლები დამექცა, როდისღა შევსძლო აგებად?!
247. მეფესა ვსთხოვე დასტური, გარდმოვლე მთანი ოცხეო.
მთას აქათ წყალი გაუდის, დიაღ ცხელი და მოცხეო;
გულს უთხარ: „ისრევ გამაგრდი, ხმალს კიდევ სისხლი მოსცხეო;
და გამოძებული რას ვარგხარ, ან იცხე, ან შემოსცხეო!“
248. ინაშვილი მყვა მსახური, მის დროს მტრის კარგა მცემელი,
ნახშირის გორით მოვიდა ციხისა გამომცემელი,
მიამა, შევჯე, წამოველ, არ ნაღარათა მცემელი,
და სხალნარში მოველ დაფარვით, არ მაღლა გარდამცემელი.
249. ქალაქს ჯაშუში ჩავგზავნე, მწადდა ციხისა აღება,
შიგ მყოფთა ყველას დახოცა და საქონლისა გაღება;
გუშაგთა გვიგრძნეს, შეგვიტყვეს, ვეღარა ვჰქენ რა წაღება,
და წაველ იშ ზამთარ სამცხესვე, იქ დავჰყავ მარხვა, აღება!
250. გაზაფხულ ქართლში ჩამოველ, მეფევ, ქვენც ჩამობძანდია,
როგორ გმსახურე, გაამე, ტახტზედა რა დაბძანდია,
თუ მაშინ ყმადა გყოლოდი, ხვანთქართან არ წაბძანდია!
და მზას დაგახვედრე ქვეყანა, გკადრე, თუ მალ მობძანდია!
251. რაც ქართლისათვის მე ვჰქენი, ცოტა რამ გკადრო მცრობილი,
ტყუილს ვერ ვიტყვი, ამისთვის არს ბევრი კაცი სწრობილი;
მეც მემკვიდრე ვარ ამ ალაგს, არ შემოსწრებით ხმობილი,
და ზოგჯერ უქნელი საქმე ვჰქნი, გავჰტეხი რაზმი წყობილი!
252. ეს ასრე იქნა, რაც მოჰხდა, თქვენ ყველა იცით სრულებით;
ვისცა ვხლებივარ პატივით, ზვერვა ვსჯდომივარ სრულებით;
ჩემნო მებრძოლნო, შეგიპყრობ, აღარ აგიშვებ, სრულ ებით,
და მე თუ გარდავჰხდე პატრონო, თქვენმცა ნუ დაესრულებით!
253. თქვენთვის ვსძრევდი მე, მეფეო, თავსა, ხელსა, გულსა, ტანსა,
შამხალამდი მივაწივე, მე მიუხე დაღისტანსა,
მოვარბევდი ქვეყანასა, მოვიღებდი მოსატანსა,
და უშიშარად მტერს ვებრძოდი, მაგრა უდეგ მე სატანსა!
254. ხმლითა გავჰტეხე ოსეთი, ავიღე მაგარ ციხები,
უფროსნი კაცნი გავბეგრე, გაუშვი ზავთი, რიხები,
ჩემის შიშითა შეწუხდეს, დაისვეს გულსა მიხები;
და მტერნო, თქვენც იცით, ჩემის ხლმით მრავალჯერ დაიწნიხები!
255. მე შევაშინე, შეშინდეს სულა ქვეყანა ოსისა,
ვახტანგ რომ მოკლა თარაყან, ბაღათარ ორნივ დროსისა.
ვინ მომივიდნენ, ხალათით აივსნენ სრულად მოსისა,
და ვით ისრაელთა არ შერჩა გარდაკიდება მოსისა.
256. პაპუნა ვაშაყაშვილი, თამაზ, ვინ ქარციძეობდა,
წინა მიმიძღვეს მამაცად, არ ვიც, რომელი ზეობდა,
კაცები დარჩა დიდგვარი, ესენი მათზე მძლეობდა,
და თამაზს მაჩაბელს ისარი მიკრეს, ვინ მშვილდსა ზეობდა!
257. მელიქ ათაბეგ მჩხუბევდა, ენას ჰხმარობდა გველადო,
ლორის სიმაგრეს შემიდგნენ, ვერ მოვიხელე გულადო,
მელიქს და ზაქუმს ჯაშუში მე დავაყენე მცველადო,
და მიუხე, ვეღარ დამაგრდა, კლდეს ექმნა შიგ გამძვრელადო.
258. საქონელი და ცოლშვილი ყველა ხელთ დამრჩა სულობით,
იგი გარდმეჭრა, წავიდა, იარებოდა სულობით,
ვეჭვ, მათი ხმალი დაჟანგდეს, პირი წაუხდეს სულ ობით,
და შევსთვალე: „ძებნე ცოლშვილი, როდეს მოხვიდე სულობით!“
259. ქაიხოსროს ჰყვა მოყვარედ როსტომხან სპასალარია.
მრავალჯერ გამოუგზავნა ოქრო, ვერცხლი და ლარია,
მაგრას იმათგან შოვება ბოლოჟამ ერთობ მწარია,
და არ დაადგრების სამკვიდროდ, აღუტყდეს სითმე ქარია!
260. ხუთასი კაცი მეთოფე მან გამოგზავნა ბირთვისსა,
ამან ციხეში შეუშვა, თვითან გარ კაზმით ირთვისა;
იმათგან ამან ფეშქაში თავთავად კვლავ მიირთვისა,
და გარ მოდგომილის მტრისაგან ადვილად არ წაირთვისა!
261. შემოუთვალე: „ნუ გვიზამ, ქართლს ნუ მოსტეხე ზურგია!“
ეს ეთქვა: „მათ მეტს სხვას ჩემთვის ნეტარ თუ ვის რა ურგია?“
ვჰთქვი: „სასახლეში მოვნახავ, სად რომე ცაცხვი ურგია,
და რად გვიშვებს ამხანაგებსა, სამანი გარდაურგია?“
262. გორიდამ წაველ საღამოს, ტბისს მიველ, რომე ინათა;
სასახლეს გარ შემოვერტყი, გალავანს გარ და შინათა,
გარ გამოვიდა დილაზე ულვაშღებული ინათა;
და შევსძახე: „კარგა დაგვიხვდი, ღვინო დაგვისხი მინათა!“
263. კვლავ უთხარ: „რაღას უშველის ხელისა გამოღებანი?
მოდი, შევრიგდეთ, ერთადვე ვჰქნათ ხმისა ამოღებანი;
ციხე კარგვარად ამართვი, ვჰქნა იქ მდგომთ სისხლთა ღებანი,
და იგინი მამეც, საქონლის შენვე ქენ კვლავ წაღებანი!“
264. რა ღონე ჰქონდა არ ექნა იმ დღესა ჩემი ნებანი?
გამოიტყუა ერთპირად, იხმარა კარგი ცნებანი;
თოფები ყველას წავართვი, უყავ ერთს ადგილს დებანი!
და მათ მოუიდა იმ დღესა დღე აღსასრულის, ვებანი!
265. სულ გამოვასხი ერთ პირად, სიმაგრე დავაგდებინე.
ხუთასსა კაცსა იმ დღესა მე თავი გავაგდებინე,
ციხეს მეთოფე შეუშვი, მათ კარი მოვაგდებინე,
და მძორები ხევში ჩავჰყარე, თავები გარდვაგდებინე!
266. იქ დავიჭირე ხოსია, არ უყავ ტკბილად ხმობანი,
თიკნაბერასა დავაბი: „იყავ, ვირ მოვლენ ცნობანი!“
მეფიცებოდეს ყოველნი: „აწყა ვჰქნათ მწვე დანდობანი,
და აღარ გავიტეხთ ნამუსსა, თუ გვწამს აღდგომა, შობანი!“
267. სისხლის და ცოდვის, – ორისავ მწვე დიდად ვიყავ კრძალული,
მაგრა ქართლისა მინდოდა რგება და მწვე სიხარული!
მათ მოჰფენოდა კეთილად, მზეს ემზო დარი დარული,
და მათთან სიკვდილსა ვჯერვიყავ, როს ვიყავ გაუმწარული.
268. ქველს წერეთელსა ებძანა ადვილად ჩემი მუქარა;
მიუხე, დავსწვი, დავდაგე, ადვილ წაუხდა რუქა რა.
წამოველ, უკან მამდივა, ნიავმან ვეღარ უქარა,
და შევსძახე: „ცუდათ გაგიცვდა გლახ შენი ბაქი-ბუქარა!“
269. ახლოს მომმართა საბრძოლად, იყო კარგისა ბედისა,
ორი ისარი გულსა ვჰკარ, ხსენება შექნა დედისა,
მამაცი იყო, გულსრული, საომრად შემომხედისა,
და ისივ გაბრუნდა, შეტყორცა რა ნახა ზედიზედისა!
270. სად მოვსთვალო ჩემი ბრძოლა, ანუ ომთა ჭირნახული?!
მე, მეფეო, შენთვის დავდე თავგაწირვით ტკბილი სული,
რაღას მარგებს ცრემლთა დენა, ანუ საქმე გარდასული,
და რას არგებდა მაბიზღართა ჩემი მოკვლა, აღსასრული?!
271. არვის მივსცემ თავს საკვდავად, რაცა გწადდა იგი ქენით,
ამ საქმეთა გამბედავი როგორ მოვჰკვდე ცუდის ენით,
ერთს აზნაურს ვის უქნია ჩემოდენი ხლმისა შენით!
და რად გამხადე ვალდებული მუდამ სისხლის ცრემლის დენით?
272. მე მეფეთა ორგულობა არა მთქმია არვისაგან,
რაცა შევსძლი, ერთს არ ძალუც, არ გამოვა არვისანან;
ლომთა ვიყავ მე მებრძოლი, არა გვარი არვისაგან,
და შუბის წვერთა რკინა ექმნის, გული ჩემი არვისაგან!
273. თუ სიკვდილი ჩემი გწადდა, რასთვის მტერსა არ მისივე,
მათ მოვეკალ, ხემწიფეო, იქნებოდი თქვენ ისივე,
ლაპარაკი, ცუდი ენა, ჭორის სიტყვა ამისივე,
და გამიცუდე ნამსახური, ჯავრით გული გამისივე!
274. მეფემ შესთვალა: „რაც გითქვამს, სრულ მართალია ყოველი,
მაშინვე გითხარ ფიცითა, როს მოგეგზავნა მროელი,
არც არას სისხლსა გადევებ, არც რას ავს შენგან მოველი,
და თავდებათ მოგცე, არ მოგკლა, უცილოდ ძელი ცხოველი!“
275. აღარად მოჰხდა, არ იქნა შეწება, ცუდად რიგება,
გაყრა შეექნათ, ვეღარ ქნეს ერთად სიტყვისა მიგება;
რა მოიშალა, ვინ იცის, რა წყობა, რა გარიგებ?
და ვინ მოაშორვა, მის გულსა ლახვარიმც ადრე იგება!
276. ბძანება არის ბატონზე ყმასა არ გამარჯვებია,
ბატონი რომე ტყუოდეს, ისრევ ყმას დამარცხებია,
თვარ უხლმოდ როგორ დავდგები, რომ ვიყო სრულ ნარცხებია,
და ბევრთა მებრძოლთა თავები მიწათა მინარცხებია!
277. რაცა დაწერეს პირველად, იქნების, არ ასცილების,
პატრონის შებმა არა ხამს, ყმას ხმალი გაუცვილდების;
რაგინდ ყმას ბევრი ჯარი ჰყვეს, ცრემლი იმასვე სდინდების, –
და ესე მსმენია, ამისთვის ცეცხლი წვად გამიხშირდების!
278. გამარჯვება ხომ მას ხვდების, ეს სიტყვა მწვე მართალია,
მამაცი არის, უებრო, არვინ არს ნაათალია;
ეგებ მაბეზღარს კაცს შევხვდე, ხმალმა ქნას სამართალია,
და ბატონისას კი არ ვღირსვარ, სხვა მტერთ ვაჩვენო ძალია!
279. ზოგთ ბაგრატოვანთ ასრე სჭირს, არ ახსონს სამსახურია;
რაგინდ რომ ბევრი აამო, ბოლოს არ გიგდონ ყურია,
მაბეზღარს სიტყვას უსმენენ, ვის ვისთვის რომ აქვს შურია!
და ვის რა გაოდა, ქართლშია მეც რომ მეჭამა პურია?!
280. როს ყმა გარდაჰყვეს პატრონსა, მსახუროს ღარიბობასა,
პატრონისათვის კვდებოდეს, იქმოდეს სახლის თმობასა.
მამულს და ალაგს განშორდეს, თვისა ტომსა და ძმობასა,
და მასზედან მისი პატრონი რად არ იქს იაფობასა?!
281. რა მეფე სვიმონ შეიპყრეს, კაცი მხნე, სახელ დიდითა,
ქართლს ხმალი იმან შეარტყა, მტერნი გახადა კიდითა,
სხვანი მებრძოლნი ყველანი თავს მდაბლად მოუხრიდითა, –
და მას აქათ, თათარხნამდისი ომით სისხლს არვინ ღვრიდითა!
282. კაცი რომ ავად გახდების, აქიმს უქადებს მრავალსა,
უთუოდ მოგცემ, დამჯერდი, როს ფეხზედა მყოფ მავალსა,
მუდმად თავს შენთვის ვამყოფებ, მეც რასმე დაგდებ კვლავ ვალსა,
და დამიხსენ სალმობისაგან, ნუ მყოფ სულ ამომავალსა!
283. აგრევ კიდევე, ვის სადმე, რომ ჰქონდეს დაპირებანი,
რგებას გაჰპირებ მაშინვე, დაგიწყოს შესხმა, ქებანი,
გეტყვის: „ვირემდის ვსცოცხალვარ, ვჰქნა შენი სიამებანი,
და ბოლოჟამს დაავიწყდების საქმისა გარიგებანი.“
284. აბა, რა ვჰქენი, მეფეო, რა დავსდევ თქვენზე ვალები?
თქვენისა ერდგულობისთვის ნება ვჰქენ, ზოგი ძალები,
რა შენ პატრონად შეგმზერდი, გამხიარულდის თვალები,
და სადაც მიბრძანი გახევა, გული მიმქონდის სალები!
285. ესეცა თქმულა, რომელიც კაცი თუ მართლა კაცდება,
ხდალი, უღონო, რომელიც მიიწევს, მას ვერ ასცდება,
იარაღ მოშლილ ჯაბანი რას ესვრის, ყველა დასცდება,
და მამაცს და პურადს უძრახავს, იტყვის: „შალურებ გაცვდება!“
286. ამხანაგთ მისთვის მაბიზღეს, იტყოდეს: „კაცი ვარგია!“
ქართლ კახეთისა მამრჩენი, მიკვირს, რად დავიკარგია?
პატრონის შემმატებელი, ამხანაგთათვის მარგია,–
და გვერც გისხდენ მაბეზღარები ჩემთვის ეს როგორ კარგია?
287. ზურაბს შევსთვალე: „რაც იცი, სრულ ჩემი ნასწავლებია,
ოსტატის არ ჰხამს ჭიდება, ვისაც შეგირდი ხლებია,
როდესაც მე დავიკარგო, გაჩნდების, ვით დასდგებია!
და ორთავე სწადდათ სიკვდილი, აწ მარტო გარდაჰხდებია.
288. მოყვარე ხარ გულითადი, რა მიქნია შენზედ თავი!
მამათქვენმა რა ქნა ჩემზედ, ვით გარდადვა საკვდად თავი!
მიკვირს, შენ რად გამიმეტე, რამ მოშალა ჩვენში ზავი?
და მეც დამკარგავ, საქმეც ჰქენი შენის დღისაც გასათავი!
289. ვირ ცოცხალ ვიყო, შენც გქონდეს იმედი სიცოცხლისაო,
ესე სიტყვანი გახსოვდეს სიძის მონახულ ბრძნისაო,
ვირემ სული მითქს, სიკვდილი შენი სხვამ ვერ იგრძნისაო,
და შენ სადავე საკვდავად ჩემზედა ნუმც იძვრისაო!
290. რა მე მამკვლენ, ან დამკარგვენ, დაგიწყებენ მიზეზებსა,
სიტყვით თავსა ვერ აუხვალ, პასუხისას შეჰკვრენ გზებსა.
ახლა მგონი მუხრანს გაძლევს, შეიშურვებს მთას და ზეგსა,
და როდესაც რომ გიხელთებენ, აბნელებენ შენთვის მზესა!
291. ზურაბს ეთქვა: „მოყვარეც ხარ, მერმე კარგი ამხანაგი,
ჩვენსა შუა არ ყოფილა წყენა რამე, ერთი დანგი,
მაგრა ბატონს მოვდგომივარ, რაც რომ ძალ მიც, მე ვარ მარგი
და მზის მამას რომ არ უშველო, მე რას მეტყვის პირი მანგი?
292. ზურაბს რაღას შეუთვლიდი, ის მიუდგა მაგრა, ბურჯად,
ცოტას ხნისა სიძე არის, შეიტყობთ, თუ იქნას ურჯად,
დაუწყებენ ბეზღობასა, სისხლს წითლად ჰქმენ, ხორცსა ლურჯად;
და ავსა კაცს ავი სიტყვა და ბეზღობა უჩანს უნჯად!
293. სპარსთ ვეღარ ვნახავ, მათზედა, იცით, ვარ დამნაშავია.
როდეს ლუარსაბ დამმოყვრდა, ისიმც დღე არის შავია!
კეისრის ტახტსა მივმართო, კარგი მექნას თუ ავია,
და შუა ნუღარვინ ჩამოვა, აღარ მოჰხდების ზავია!
294. თაო ჩემო, ვით გასრულო, სევდიანო, როგორ წყლულო,
საქართველოს რჯულისათვის ათას ფერად წამებულო,
მეფეთათვის რა ნასაჯო, ნამსახურო, რა ერდგულო,
აღარ შეგრჩა ნოსტეს ლხინი, ალაბ, სტამბოლს დაკარგულო!
295. ვაი, დაგაგდებ სახლ სამყოფო, სად კარგო და სად ავებო?
შორგვარ დავრჩი მეზობელთა, ვისთანც ვიყავ სა დავებო:
ავჟანდათა სიმაგრენო, მე სად გძრევდი სადავებო?
და რამდენს მოვრჩი ძნელს ბადესა, ახლა კიდევ სად ავებო?
296. ვინ იცის, თუ შენ რამდენჯერ მტერი შენი განაბია,
რომელიც რომ იწადინი, აღარ მოჰკლი, გან აბია;
ლხინობდი და იხარებდი, ხელთ გეჭირის განა ბია,
და თუ გავარდი სამყოფთაგან, ქვეყნის სიგრძეს განაბია!
297. თაო ჩემო, სად მოჰკვდები, ანუ ვისსა სამარებსა,
რას დალახავ ქვეყანასა, იარები სამ არებსა;
მოშორდები მოყვარეთა; შენ ხარ ვისსა სამარებსა? –
და სამყოფთაგან გააბეზრდი, კარსა გავლი გასარებსა!
298. ეს სოფელი ასეთია, არ დაინდობს კაცსა აროს,
ვინც იყვენით, ძნელი საქმე მაშინ უყავ იცით აროს;
აწ მეფეთა გაწყრომილმან თავმან ჩემმან სითკენ აროს?
და მე წავიდე, დავიკარგო, მტერმან ამით გაიხაროთ!
299. ვინ მაბეზღებს ენა ყბედი, მოაგონდა იმას ის რით,
რა მე მეფეს მომაშორვებს, მას დაამცრობს იმას ის რით?
ჩემნო მტერნო, თქვენი გადის, რაც რომ გინდა, იმას ისრით,
და თუ ჩემიც რამ გავიდოდეს, სცნობთ, რას უზამ იმას ისრით!
300. ქართლს მოვავლე გალავანი, აწ ვინ აქცევს ზღუდეებსა,
ჩემად ნაცვლად ჩემს სამკვიდროს ვინ დაიდგამს ბუდეებსა;
ვერ მიფერებს ვერას საქმეს, თავსა გაიცუდაებსა,
და მეფეს ტყუილს მოახსენებს, უმგზავსოს და მრუდაებსა'!
301. აქ სხვა სიტყვა შემოვიღო, ნუ გამკიცხავთ, მიგდეთ ყური:
კაცობასა მოვდგომოდი, გულში მქონდა არვის შური.
თუ ქორი ზედ აღარა ზის, კაცს რას არგებს მარტო თური,
და ვერ დავსწყვიტე ცრემლთა მილი, თვალთა ჩემთა მონაწური.
302. რაც დავსწერე, მომიგონდეთ, განა თუ ვსთქვი საკვეხნელად,
რად მოვიკლა ცუდათ თავი, ანუ სისხლი იქცეს ველად,
რაღას მარგებს, მოყვარეთა ღაწვი შექნან ცრემლით სველად,
და რა ღალატით სიკვდილს ვესწრა, ვინ იქმნების ჩემად მშველად?
303. ნაბოთე მოკლეს უბრალოდ, ექმნეს სისხლისა მხვრეტადო,
იოსებ ძმათა გაყიდეს, თორმეტ ჰქმენ მეთერთმეტადო.
რაქ[ა]ელ შვილსა სტიროდა, რომ აღარ არის მჭვრეტადო, –
და აგრევ დედა ჩემს მოუვა ტირილი მეტის-მეტადო!
304. ყოვლთ ხემწიფეთა უდიდე, ვინ რომ არს კეისარადო,
მაკედონელის ტახტსა ზის, ციხენი აქვან სარადო;
მებრძოლნი იცით, ვერ გავლის ახლო ან იმის არადო,
და თუ წყენა ვინმე გაბედა, იტყვიან – იასარადო:
305. ჯაზაირ, ვლახი, ბუღდანი, – უჭირავს – იამანია,
ურუმელი და მისრეთი, შავი და თეთრი ზღვანია,
ბასრა, ბაღდადი, მადინა, მაქა, აზრუმ და ვანია,
და ვერ ავნებს, რომე დაცოცხლდენ ამირან ძმობილ-ძმანია!
306. დასავლეთი და სამხრეთი არს სრულად იმის ხელადო;
ყაენიც. დიდი ხემწიფე, მაგრამ ეს უფრო ძველადო, –
ინდოთ საზღვრამდი ის იპყრობს, სად მზეა ამომსვლელადო,
და მათი პატრონი, მეგონა, არსო ბაქაჯარ ქველადო!
307. სულთან მურად და შააბაზ ერთჟამად იყვნეს მჯდომია,
ორთავ გიახელ, გარდამხდა მათთან ლხინი და ომია,
მაპატივებდეს, მაძლევდეს, რისაც რომ ვიყავ მდომია;
და რიცხვს ვინ იქს, რაც რომ ომშია მე კაცი შემომკდომია?!
308. ესენი მისთვის ვახსენე, გასინჯოთ ჩემი თქმულები,
სიტყვის მალამა მიძებნოთ და გამიმთელოთ წყლულები;
კაცი ვინ იყოს, მიბძანეთ, ორისავ შესწავლულები,
და ორთავ პატივმცეს უღირსად, მათ გამიემრთეს გულები!
309. ორთავ ახლდეს დიდი კაცნი: კახები თუ ქართველები;
ვინ გამოჩნდეს ჩემად სწორად, სიტყვით დამდვან იმათ ლები;
რა შააბაზს მე ვიახელ, არ გამიყვის ნატალები,
და რა მობოძის, რა მიბძანოს ტკბილის სიტყვის სათქმელები!
310. მათი დავსთმე სიტკბოება, შენთვის დავსდევ თავი სულა,
შვილი პირმშო საყვარელი, სიცოცხლე და ჩემი სულა;
ბედმან მიყო, რაღა გკადრო, აწ თქმის ჟამი გარდასულა.
და სადაური სად ძოჰვკვდები, ეტლი ჩემი სად წასულა?
311. რა უკუღმა ჩარხი გადრკა, წაღმა აღარ დაბრუნდების,
რა დოვლათი კაცს მიადგა, აღარსაით გაბრუნდების,
მე რომ მესმის, თქვენი გული ჩემზე აღარ მობრუნდების,
და გზა კაპნად მაქვს, ჩემი ფეხი დაღმა ვეღარ ჩაბრუნდების.
312. უჩემობით მებრალები, ვაიმე, ქართლო, სუსტობისთვის:
გალავანი დაგექცევა, გადგებიან ზოგნი თვისთვის;
ეგზომ ჩემი ჭირნახული აწ დავაგდო როგორ სხვისთვის?
და ოდეს მტერი წამოგატყდეს, მომიგონდეთ ამა თქმისთვის!
313. ბრძოლა, ომი, ჯაჭვი, ზუჩი, შუბი, ლახტი, ხმალი, მკვეთი,
მით მიყვარდა, ბევრჯელ შევჰქმენ მტერი შუა განაკვეთი,
ამხანაგს და მიღმა მბრძოლსა ბევრჯელ სადმე მე ვეკვეთი,
და გავამდიდრე სულა ქართლი, უღონო ვჰქმენ განაკეთი!
314. სად მიუხდი, სად ვებრძოდი, რას მთებს ვიქმნი გარდასული,
გაცემა და ლხინთა ნახვა აწ რა იქმნა გარდასული;
არ მინდოდა წასახდენად ხორცსა კიდევ გარდა სული;
და სისხლს დავღვრიდი, ანგელოზნი რომ მომრტყმოდა გარ დასული!
315. თავს ვეტყოდი ქართლისათვის მოკვდი, წინ გიც ა, წამება,
ვინ სჯულს რყვნიდენ, გვისუსტებდენ, მათთვის მშვილდი ა წამება,
მათგან ბევრი დავასუსტე, ავხსნი ზოგი აწ ამება, –
და ბოლოს ნახეთ ჩემი ბედი, თუ რა მამხვდა აწ ამება?!
316. მე არ მაკლდა ორღანონი, ბობღანი და წინწილები;
ახლა მაბამს ეს სოფელი, უწინ დამდვა წინ წილები,
კაცობის და სახელისა კარგად მამხვდა წინ წილები,
და აწ აეშვით, ჩემნო მტერნო, ვინ რომ ჩემგან წინ წილ ები!
317. რაც რომ მრუდი ვსთქვა სიტყვანი, გამკიცხეთ, ნურვინ მაქებსა.
მწადდა წამება, სისხლთა ღვრა, არ თაყვანება მაქებსა;
ბატონს რა ვჰკადრო, თვარ მტერთა ადრე მოუშლი მაქებსა!
და გამოვსცდი მათსა ძალ გულსა და თავსა კარგად საქებსა!
318. ვის რას ვაბრალებ. ეს ყველა ჩემი წერა და ბედია;
უღთოთ არავის არ ძალუც გასწყვიტოს სუსტი მკედია,
დავსცადო, კიდევ გამაგრდეს ჩემი ავჟანდის ღვედია, –
და პატრონზედ ხმალი არ გაჰკვეთს, ამით ვარ უიმედია!
319. როდეს გასჭირდეს, საქმისა კაცი ხამს გამაბედავად,
საქმეს მოახდენს კეთილად, თუ სულ არ არის ბედ ავად;
არც ნამეტნავად ის ვარგა, მირბოდეს დაუხედავად,
და ლაღობით წახდეს ბოლო ჟამ, მტერს ვეღარ ექმნას მედავად.
320. კაცი რომ იყოს სიმაღლით გოლიათ, დიდად გორებით,
მრავალთ მებრძოლთა თავები მას ექმნას განაგონები თ;
კიდევ მაშინც სჯობს საქმენი ჭკუით და მოსაგონებით,
და თქმულა: მოცდა ხამს ჟამისა, არა თუ განაგორებით.
321. თუ კაცი იტყვის გულშია: „მტერს რომ შევება ომებად,
ვაი თუ იმან მაჯობოს, მე ვიყო ცუდათ მშრომებად,
ის არის სპითა მრავლითა, მე ცოტა გვარ და ტომებად,“ –
და ვერ ვემოწმები, იცოდეთ, არ არის ომის მდომებად!
322. მას ვემოწმები, რომელიც იტყვის: „გავსწიროთ თავი და!
დღეს უომარი არ დავდგე, კარგი მოჰხდეს თუ ავი და;
ანუ მტერს ვსძლიო, შევმუსრო, ან ვიქმნე გასათავი და!
და კარგს კაცს ვეძებდე საომრად, რომელმაც მთხოოს დავი და!“
323. კაცობა გწადს, მზასა გქონდეს მიწყივ შენი საომარი,
რა ხმა გესმას რაზმთ წყობისა, მით არ იქმნა შესაზარი!
სიკვდილს ვერვინ ასცილდების, რომ არ ექმნას მოთქმა, ზარი,
და ავს სიცოცხლეს სახელი სჯობს, გინდა ეპყრას რომ ხაზარი!
324. ზოგი კაცი დაღონდების, ვერ გაბედავს ვერას ვერა;
ვირემ მტერი არ წაახდენს, კაცთა რჩევას არას ჯერა.
რა რომ მტერი კარს მოგადგეს, ნუღარა გაქვს გულის ძგერა,
და მას კაცობა ხელთ შერჩების, ვის აქვს მტრისა მალ შეძგერა!
325. გული ჩემი სევდით სავსე შეჭირვებას გავს ებასა,
მთვარე ბადრად აღარა ზის, აღარც ელის გავსებასა,
დაშრტა სანთელთ სინათლენი, მიეწურა გავს ებასა,
და ქართლის ბაღი მოიკრიფა, აღარ ვეჭობ გავს, ებასა!
326. უჩემობა დააჩნდების, ბაღი იქმნას აბაღება,
ცრემლმან ჩემმან ღაწვი ჩემი ჩამოღვარა, აბა, ღება;
მძლავრს მტერზედა გაგიჩნდების, ვის გაქვს ხმლისა აბა, ღება;
და მარხვა მწადდა ვედრებითა, ლხინით მექმნა აბაღება!
327. მე მეფეთა გაწყრომამან, ნეტარ ვით არ დამასულა,
ბედმა მიყო უკუღმართმა, მერმე ჩემა დამა სულა;
ეტლი წაღმა აღარ წადგა, დახვანჯულა, დამასულა;
და ქართლს შენახვა როგორც უნდა, გაგიჩნდებისთ დამა სულა!
328. აქანამდი სად მკვიდრობდი, თაო, აწ სად ილალები,
გახსონს, თავზედ ჯიღა გქონდის, ალმასი და ი ლალები,
შენ და შენი ამხანაგნი, ზოგ-ზოგები ილალები,
და დაიჩაგვრი დანასული, დაილევი, ილალები!
329. სულ ქართველთა კარგად იცით, ქვეყნისათვის რა მიქნია:
ოთხგნით მტერი შევაშინე, ზოგი ფეხით გამიქნია;
დუშმანთ გული გაუტეხე, ხლმის ქნევითა ამიქნია,
და ვერ დაუდეგ მეფის წყრომას, რადგან თავი დამიქნია!
330. აქამდის მტერთა ვერ მჯაბნეს, იგინი ჩემგან სულ ება;
ზოგთ გაქცეულთა მივსდევდი, ზოგთ ამოვართვი სულება,
მტერს როდეს რიხით შევსძახი, მან მე ვერ მითხრის ნულება,
და პატრონსა ვსჭვრეტდი ერდგულად, მაზედა მქონდის სულება!
331. გული არ მაძლევს უთქმელად, თვარ მწადს დუმილი ბაგისა,
მუდამ სახმილი მედების, ალი მეხვევის დაგისა,
მას უხარიან, რომელმაც ჩემი დაკარგვა აგისა,
და წავალ, მივმართო სადგურად, სად თემი ათაბაგისა!
332. მას უნდა დიდად გარდაჰხდეს, ვინც ჩემი თავი წაგყარა,
არ მოაგონეს გარჯანი, მე მემსახურა რა გვარა,
ვეჭობ, დავაკლდე ბოლოჟამ, ვინ მე ჯარიდამ გამგვარა,
რადგან მათ დამთმეს, მოყვასნო, თქვენ ჩემი ნურა გაგვა რა!
333. მშვიდობით, თვისნო, მოყვრებო, გამოვესალმო სალამით,
მეგობარო და შემცნენო, ცრემლი დავსთხიოთ სალამით,
თქვენ ნუ დაიჩნევთ გაყრასა, გული შემქნია სალა მით,
და ვინ გაირჯების სიმხნითა, მან შეიდაროს სალა მით.
334. ყველას რამ გარგე, თქვენც იცით, ვირ ვიყავ თქვენი მჭვრეტია,
კარ კაცობა და ნამუსი, ვისაც გიქნიათ მეტია,
იგი შემოგზღავს, ვინ მოსეს უძღვანა ნათლის სვეტია,
და გული მწვე ღონობს გაყრასა და თვალნი განარეტია!
335. თქვენსა ვერ ვიტყვი, მოყვასნო, ძვირსა და ძრახვას ამ ენით,
რადგან მე დავრჩი შორ გვარად თქვენ ხემწიფესა ამენით,
თუ ჩემთვის კარგი ვინმე თქვას, თქვენცა იყვენით ამ ენით,
და ლხინსა ნახევდით, ღვინოსა, თქვენ მიიღებდით ა მენით.
336. გაგიჩნდებისთ ქვეყნისა გაწყობა და გარიგება,
თქვენცა იცით, ჩემის გარჯის ანგარიში არ იგება,
რაცა დამრჩა უშენონი, ჩემგან ახლა არ იგება,
და თუ კაცი კაცს აღარა სჭვრეტს, მტრისგან იში არ იგება!
337. რად, სოფელო, სამუდამოთ ჩემზედა იქ ას ავსავით?
არ დააცხრო ცთომის გველმან, კიდევ ენა ასავსავით,
ჭირნი ჭირსა დამისართა კვლავ დამიწყო, ასავსა ვით.
და დამიშრიტა ბრწყინვალება და ნათელი ა სავსავით!
338. დამემოწმე, თუ მართლა ვჰთქვა, თქვენცა ბძანე,–ეგ არია,
შინ რომ კაცი გამოარჩევს, არ მოჰხდების, ე გარია,
რადგან უკვდად არვის გინდი, დაუტეო ეგ არია!
და ვარდი დაჭკნეს, ჩამოცვივდეს, რაც დარჩების – ეგ არია!
339. ერთს ალაგს, რომ ერთი კაცი გამოვიდეს ჭირთა მხდელი,
რა გაგვათ, რომ მტერს შეაკლათ, ან ჰყოთ მისი სულთა მხდელი?
ინაპიროს, გარ გიაროს, ველთა იყოს ჩამომხდელი,
და თავს ეხუროს მუზარადი, ძვირად იყოს პირ ამხდელი.
340. უმტრო კაცი არ იქნების, რომ არ ჰყვანდეს არა სითმე,
მემუქარეს ხამფოლადად მიპყრა ხამს და არა სითმე,
ჯაბანს კაცსა გულოვანი გაჰხდის, გვანდეს არა სითმე!
და გულსა სევდით შეპყრობილსა აწ დამიჭრის დანა სითმე!
341. არ მომიგონებთ, რას იტყვით, როს მუზარადი ელევდეს,
რაზმი გასწორდეს დროშებით, ორგნითვე ჯარი ღელევდეს,
ცემა და საყვირთ ხმა იყოს, ცხენნი კაცთ ფეხით ქელევდეს,
და მაშინ რას აქნევთ გიორგის, თუ მისებრ მოგეშველევდეს?
342. ჩემს ჭირნახულსა ქართლზედა მიკვირს, ვერავინ ხედავსა,
რაც საქმე შევსძელ ქვეყნისთვის, თქვით, თუ ვის გაუბედავსა?
ქართველნი დავხსენ მოსპოლვას, მით მიზმენ ზედიზედ ავსა,
და რაგინდ რომ თავი ვაწამო, მეტყვიან კიდევ ბედ ავსა!
343. გული მქონდა მტერთ უშიში, გეგონა თუ მიდგა ისო,
სამსალასა, საწდეველსა, პირი ჩემი მიდ გაისო,
გულმან ხელმან, სევდიანმან, აწ ლახვარი მიდგა ისო,
და თქვენ უჩემოდ რასაც შესძლებთ, მეცა ვნახავ მიდ გაისო!
344. ლხინი, ზმა, სიტყვის გაგონა, მქონდა მუდამად პურობა,
ამხანაგთ კარგ მეგობრობა, მიცემა, დაუშურობა;
კარგ კაცთა წყობა, ალერსი, მდიდართა მე უშურობა,
და ვეჭვ, ზოგს თავადსაც მოსწადდეს ჩემებრივ აზნაურობა!
345. რა ცისკრის ლოცვა გარდასწყდის, ვნახი მფრინველი ცხენია,
შევჯდი, მფრინვლით და ძაღლითა შევექცი, ვირ სიცხენია;
მოვიდი, წირვა ვისმინო, ან ლოცვით ცრემლთა მრცხენია,
და დავჯდი და ლხინსა ვემოყვსი, არ მქონდა სიმარცხენია!
346. როს მოვიცალო მტერთაგან მიყვარდა ნადირობანი.
ვის სამართალს ქვეშ დაუჯდი, მჭირს უთვალღებო ბჭობანი,
ადრე ვიცოდი შეტყობა, კარგის კაცისა ცნობანი;
და დაბალს კაცს ბევრი შევმატო, არ უყვი დიაღ მცრობანი;
347. ვის რომ რამ კარგი შევატყვი, კაცობის ჰქონდის ხალისი,
ცხენ იარაღით შევამკვი, ძველი ქნის მან ახალ ისი,
დღეს ერთი გამოვაჩინი, მოვჰკაზმი, მერმე ხვალ ისი,
და კაცობის სწავლას ევლტოდეს, ვით ოქრო დავახალისი!
348. ვისაც სიჯაბნე შევატყვი, მასცა შევმატი გულია,
მემკვიდრე მკვიდრზედ მოვიდეს, ვინ იყვნეს დაკარგულია,
სიხარულისა დღე გვქონდის, ვით წყლისპირს ალვა რგულია,
და ამ დღეებისა შემსწრობი სევდით ვარ დადაგულია!
349. ჩემს სახლში იყვის მუდამად: წირვა, ლოცვა და გალობა,
უღონოთ ღონე, იმედი, გლახაკთ მიცემა, წყალობა,
ყმის სამსახური სამართლით, არავის სჭირდა ძალობა,
და აწყა დამიგზო სახმილი, სოფელმან შექნა ალობა!
350. სტუმართა სუფრა წინ ედგის, მის მის დროს აუღებელი,
ვინ დამეთხოვის, წავიდის, არ დარჩის წაუღებელი,
მომღერალთ ლხინი, თამაში იყვის სულ დაალებული, –
და აწ რასთვის ვჰკვდები, ამისი მე ვარ კვალ გაუღებელი!
351. ქართლში უფროსნი ვინც იყვნეს, ითქმევდეს თავადობასა,
ყველა მოყვრად მყვის ბძანებდეს ჩემს მეგობრობა-ცნობასა,
მეცა მივდევდი, მომდევდეს, ვიქმოდით კარგსა ძმობასა,
და ბედსა ვემდურვი და მერმე, ვაი, ჩემის დისა შობასა!
352. ყველამ იცით რომე ქართლი ჩემის ხლმითა დახსნილია,
თვარ შეიტყობთ ამას უკან, მტერი ისევ ახსნილია,
ჩემის ხლმისას ნაშოვრისას გუდის პირი წახსნილია;
და ქვეყნის გზას ხომ ვერ შემიკრავთ, ჩემთვის მაშინც გახსნილია!
353. ერთი სიტყვა მამაგონდა, – არ ვსთქვამ ამას საკვეხელად;
სად რომ საქმე გაგვიჭირდის, ამხანაგთა ვიყვი მშველად;
მე იმათ თან ვერ მივიწევ, რომ მასმია კაცნი ძველად,
და ერთის კაცის მემუქარის თავს სისხლის ვარ გარდამსხმელად!
354. ბაზალეთის ომსა შიგან მე მამეპყრა ედიშ ავით,
ამაყობდა იგ თამამად, შემომძახა: „მოდი, შავით!“
მას გაუპე თავი შუა, გინებით არს დამნაშავით,
და მის ცოლს უთხრას დედამთილმან: „აწ მიბძანდი, შედი შავით!“
355. სხვაგან წერა დამწერელმან ხვანთქართანა წასვლა მისი,
სოხტაების ამწყვეტა, სისხლთა დენა, ყათლა ვისი,
ბევრი ბრძოლა, ციხის რთმევა, ნებად, არა წართმევისი,
და ან მოყვრების გამოჩენა, შესწავლილი ზოგან თვისი;
356. ხვანთქრისაგან როგორ ცნობა, ანუ დიდად პატივცემა,
მტერთ გავლენის დამადლება, წყალობა და კვლავ მიცემა,
მის დუშმანთა ამოწყვეტა, მისხის მისხალ, რა მიცემა,
და იტყოდა თუ: „სად მოჰვკვდები, ლახვრისა მაქვს სად მიცემა?“
357. ვით გაუძლებ კაეშანსა, გულო, ლახვრის აბა სმითა,
ყოფა ჩემი ჩრდილად იქცა, იგ შეიქნა აბასმითა,
გახსონს, ოდეს ნოსტეს იყავ, ცაცხვს ქვეშ იჯდი აბა სმითა!
და უხვად გასცი საბოძვარი, წაიღებდენ აბაზს მითა!
358. ვინ იცის, თუ სოფლისაგან რა ლახვარი დამეშენა:
მიჯობდა, თუ სულისათვის გლახ სამყოფი დამეშენა,
ვინ მიმადლის ქვეყნისათვის, თუ რა მტერნი დამეშენა,
და ვინ რომ ჩემთან ვერ შეიბა, ნურას მეტყვი და მე შენა!
359. თუ რამდენნი ჭირი შევსძლო, სოფლის მახე ამედგა რით,
სახლსამყოფი სავანენი ჩემნი იყვნეს ამედგა რით.
ლხინში, გულო, მეფეთ მონე და მსახურე, ამედგარით,
და კიდევ ხმალი მოიგონე, უშიშ, გულ-სრულ ა მედგარით!
360. ოდეს ლხინსა დავემოყვსი, აწ ეს სევდა მას არევდა,
ჭმუნვა მრჯის და სევდა მაწვევს, მუშაკობს და მასარევდა,
ბოროტი და ავი ენა წყალს მღვრევს წმინდას, მას არევდა,
და რაც სოფელმან ეტლად მამცა, ჩემთვის კიდევ მას არევდა!
361. უბრალოდ ჭირსა არ მიმცეს, მე ეტლსა ამას ველია,
თვალთა ნაკადი მომადლოს, ღაწვნი მით ამასველია,
მკლავნი რომ ცუდათ არ დაშვრეს, ფეხს ჰქონდეს ამასველია,
და მართალი ვიყო, ნუ დამსჯის, მუხლს არ ხვდეს, ამას ველია!
362. ჩემთა სასჯელთა აღრიცხვა ენას ვით ძალუც აგება,
ცუდათ შვრებიან მშენენი, ხელოვანთ ვისრ აქვს აგება,
მარტო რას ვმდურობ სოფლისგან, ვეჭვ სხვანიც ვინმე აგება,
და რამდენს კაცს მიხვდა, ვერ ვრიცხავ, ჩემის შუბისა აგება?!“
363. ვინც მიცნობთ, ბძანეთ, თუ ვიყავ ერთის კაცისა დარული?
ლხინი და შვება უღრუბლო მქონდა, მის შუქი დარული,
განსვენება და სიამე, სმა, ჭამა, ძილი და რული,
და აწ ცრემლთა რად მდის ნაკადი, ღვარნი არ გასწყდა დარული.
364. ბრწყინვალება და ნათელი, თვალნო, სევდითა დაგევსა,
შენთვის სახმილი აღტყინდა, გულსა სამუდმოდ დაგევსა;
სიტკბო გამწარდა სოფლისა, სამსალა სასმლად დაგევსა,
და გულო, ვით გასძლებ სევდასა, ან პირსა ნიადაგევსა?!
365. თავსა ვეტყოდი, სამუდმოდ ვის გვერც ახლავხარ, მას ამე!
ერთი არ მამეც, სოფელო, ჭირი, მიორე, მასამე,
სევდა მიმატე წყენისა, აღარ მალხინე, მას ამე,
და ვერსით გაგისწარ, დამაბი, გარ შემომხვიე მასა მე!
366. ხანდახან მამცა სოფელმან, საწუთრო მიქმნა დარადა,
ზოგჯერ მიმუხთლა, მიხვია, იქით და აქათ დარადა,
ზოგნი მე მჯობდეს, ზოგზოგნი იტყოდეს: „ვექმნათ დარადა,“
და ბედსა ვეტყოდი: „სოფელმან ნეტარ შენ მოგცა და რადა?!“
367. ეტლმა მამცა ბედკრულობა, ნეტარ ყურსა ესმას ვისა,
ლხინი დამრჩეს განშორებით, აწ უყურებ ესმას ვისა? –
არა მქონდა გარიდება მე ლახვრისა, ესმას ვისა,
და რამინისებრ შევებრალდე, ჭირნი ჩემნი ესმას ვისა!
368. თუ გსმენოდესთ, მე ლახვარი თუ რამდენი დამეცა რა!
ბედი წაღმა წაგრეხილი აწ უკუღმა დამეცარა,
ვაი, სოფელო, უხანოო, დრონი აღარ დამეც, არა,
და ჩემთვის იქმენ გამომცდელი, ვით ბელიარ დამეცა რა!
369. ამდენს ხანს ხომ ვეღარ გავსძლებ, რაც ხანი მაქვს განასული,
არ დავზოგე ქართლისათვის ძმა, ძენი და გან ასული,
თავი დავდევ საწამებლად, ხორცი საკვდად, გან ასული?
370. თუ ამ სასჯლებს მოველოდი, მიმძიმს ჩემი დაბადება,
გლახ უბრალოდ განსაცდელი, სოფლისაგან ცეცხლთა დება,
რაები ვჰქენ ქვეყნისათვის, საკვდად თავის გარდადება;
და თავი არვის მოვაკვლიო, არც ვჰქნა ხმლისა ჯერ დადება!
371. მეფეთ წინა სამსახური მე მინდოდის ყოვლთვის დიდად,
ამხანაგთა ვსათნოობდი, ვიყავ კრძალვით, მომარიდად;
მიღმა წყენა არვის ვჰკადრი, ვმთავდადლობდი მყუდროდ,მშვიდად,
და მე ეს მიყო ამ სოფელმან, თქვენცა გექმნას ბარგის მზიდად!
373. წახდა ჩემი კარკაცობა, დაისწავლა არვინ არა,
როგორ დავგმო ამასწინათ მეფეთათვის ვინც მამკვდარა,
მოწმად მყვანან ბევრი სული, ჩენს თავს თუ რა გარდამხდარა,
და წაღმა სხენან ჟამნი დღეთა, მზე ჯერ სრულად არ დამხდარა!
374. ვერსით მოვრჩები სიკვდილსა, დღეს მოვა ხვალე ისევ და;
უბრალოდ უნდა გარდაჰვხდე, ამით მაწუხებს ი სევდა,
თაო, ღალატად ვინ მოგკლავს, ცუდს კაცებს რასთვის ისევდა!
და მან წამახდინა თავიდგან, აწ მომაგონდა ისევ და!
375. სოფელს სჭირს პირველ სიამე, საწუთროს პყრობა, შვებანი,
რასაც ინებებ, განებებს, იტყვი თუ: „მიყო ნებანი,“
მაგრა არა ქნეს მიყოლა, ვის ჰქონდა ჭკვა და ცნებანი!
და მივჰყევ სოფელს და სახელსა, კარგთ კაცთა მქონდა ხლებანი.
376. ხედავთ კაცთა დაბადებულს, არვისა აქვს ერთი სახე,
მე სოფელმან ოთხის კუთხით დამაბა და მიდგა მახე,
არ გავიდა სამსახური, რაგინდ ბევრი ჭირი ვნახე,
და ცუდად წახდა გარჯილობა, ბედი ამად გავიჩმახე!
377. მეც შემეძლო ამხანაგთა მაბეზღართა მტერობანი,
მაგრამ დავსთმი, ყველას უყვი მიცემა და ფერობანი,
ამისთვის ვჰქენ, მე მინდოდა აოხრებულთ შენობანი,
და მაგრა ყველამ მოიჭირვა ჩემი გაჭრა, ხელობანი!
378. ერდგულობა – ეს მგონია პატრონზედა სამსახური,
რომ ინდომო ამხანაგი, არა გქონდეს კარგთ კაცთ შური,
არ დაჰკარგო მეგობარი, არ ჰყო მეფის მოსამდური,
და ჩემი იცით, ყველას გახსონსთ, რას ოფლთა ვარ მონაწური!
379. თუ გინდოდეს თავი შენი, შენც ინდომე ამხანაგი,
ცეცხლი მისთვის მოდებული აგრევ იყოს შენთვის დაგი,
ამოსწოდო მისთვის ხმალი, არ თუ ქარქაშს ადრე აგი,
და თუ გაიჭრა სამყოფთაგან, თავი მისთვის გარდააგი!
380. რაც თვისთვის სწადდეს, მოყვსისთვის კვლავე მას აჯობინევდეს,
ცრემლთანა ცრემლი დაღვაროს, მოხარულთანა ლხინევდეს,
სწყურობდეს მანცა იწყუროს, თუ დათვრეს – ისიც ღვინევდეს,
და ჭირთანა ჭირნი იტვირთოს, სევდასთან მოიწყინევდეს!
381. კაცმა კაცს გული მიანდოს ერთ პირად დასანდობელად,
მას მისთვის ცრემლი სდიოდეს უწყვეტლად, გაუშრობელად,
მისთვის ხმალს ხელი ანებოს მტერზედა დასაშრობელად,
და თავი გასწიროს საკვდავად, სანთლურებ დასადნობელად!
382. ჩემნი ჭირნი სხვათა საქმეს, არ ვეჭვ, ვისმეს გან არევდეს,
სად დავჰთესე კარ კაცობა, ახლა ისიც განარევდეს,
ვიცი, რომე სხვათა ძალი დღეს ჩემს მკლავსა განა რევდეს,
და გახსონსთ, ოდეს ჩემნი ხმანი, თუ ჯარს როგორ განარევდეს?
383. მე ქვეყნისათვის რამდენჯერ ვჰქენ თავის გაწირვანია,
მოწამედ მყვანან მრავალნი, არა თუ შვიდი, რვანია,
არა მაქვს ჟამი სიტყვისა, საჩივრის ცუდი თქმანია,
და მაგრა მართლისა სიტყვის თქმა ჩემგან რა უკუთქმანია?
384. ბატონს ჰყვანდეს ერთგული ყმა, სიამოვნით თავს უდებდეს,
მტერს ებრძოდეს, დავსებულსა ცეცხლსა კიდევ აუნთებდეს,
რაც უჯობდეს იმას ბჭობდეს, მებრძოლს მიღმა გაუგდებდეს,
და საჭურჭელსა წარმოცლილსა სალაროსა დაუდებდეს!
385. რაცა სწადდეს, ის აამოს, დაერიდოს საწყინარსა.
ძმას და შვილსა თვით ხედვიდეს, მისთვის სთმობდეს ორსავ
მკვდარსა,
მებრძოლს მიღმა მიეგებოს, იგ ჰხმარობდეს ხმალს და ფარსა,
და დაფანტულსა წინ უძღოდეს, უგროებდეს კარგსა ჯარსა;
385. პატრონის წყენა წყენად სჩნდეს, ლხინისთვის გაიხარევდეს;
სახელსა გამოაჩენდეს, უკადრის საქმეს ჰფარევდეს,
საკვდავად თავი გარდადვას, როდეს რაზმშიგან გარევდეს,
და რაგინდ სხვა რამ თქვან, მაშინცა მისსა ქებასა წარევდეს!
386. ცოტა მიცემა დიდად სჩნდეს, მწვედ იყოს მადრიელადო.
თუ საწყენი რამ შეატყოს თვალნი ქნას ცრემლით სველადო,
გასჭირდეს – ადრე ინაღვლოს, მსწრაფლ იქმნას მისაშველადო, –
და ასრე მასმია პატრონის მე სამსახური ძველადო!
387. არ დაიშურო რაც გქონდეს, შენ იყო მის მიმრთმეველი,
ცოტაც გიბოძოს – ხარობდი, მით იყავ გამომრთმეველი,
უსამართლოთ და ურიგოთ არვისი არ წამრთმეველი,
და საწყენის წყენის რიდება, არრა ჰქნა უმართეველი!
388. პატრონყმობა განა ჩვენგან, იცით, ზეცით დასახულა,
სოლომონ და დავით – ორნივ თვალით მეფედ კვლავ ნახულა,
როგორც ყმისა სამსახურთ ყმა პატრონთგან შენახულა,
და უბრალოს ყმის წახდენანი პატრონზედაც მწვე ძრახულა! –
389. ეს ყველა მჭირდა, ისმინეთ, მეფეთა ერდგულობანი,
დიდად შევმატი, ვარგებდი, ვისიც რომ მქონდა ყმობანი,
ადრე მივმართი ბძანებას, სადაც მიყვიან ხმობანი,
და აწ მეფე ცუდათ გამიწყრა, ან მე აღარ მაქვს ცნობანი!
390. სად წავიდე, სად დავლახო აწ ქვეყნისა კიდით კიდე,
დედა-წულნი, საუნჯენი წავიღო და რას ავჰკიდე, –
მეფის მტერსა მე რამდენჯერ გულ მესისხლედ წავეკიდე,
და ვადა რყეულს ხმალს ნუ აგდებ, თაო, ხელი კიდევ ჰკიდე!
391. რადგან წახდა გარჯილობა, რადღა მმართებს თავის ტკენა,
რად ვიუბნა ძველი საქმე, ვით დავაშრო თქმადღა ენა,
აღარ მმართებს საჩივარი, ანუ ცუდად ცრემლთა დენა,
და ვით მიქნია ერდგულობით მტერთა სისხლის გარდადენა!
392. რომ წამიხდა სამსახური, ცრემლი თვალთა მისთვის მდინდა,
ან სოფელმან ჩემი კერძი შუქი რასთვის დააბინდა,
გახსონსთ, უწინ მტერნი თქვენნი ჩემს ხმალს როგორ შეუშინდა?!
და გაყრა მიმძიმს, თვარემ დავრჩე, მე რომ ვიყო, სადაგინდა!
393. არა მშურდა სასიკვდილოდ მე გარდმედვა თქვენთვის თავი
აწ რად იქმენ ხემწიფეო, დღეთა ჩემთა გასათავი;
რა გერგების, ეს არ ვიცი, მომიშალოთ რომ სათავი?
და ეტლმან ჩემმან მე მამგვარა ბედკრულობა ასათავი!
394. რომ მასმია, ასრე თქმულა პატრონისა კვლავ სიამე,
რაც უბძანოს – აღასრულოს, არ იკვნესოს, არც თქვას: „ვამე“!
მოახსენოს: „ხემწიფეო, შენთვის დღენი გამიწამე,
და რაც მიბძანო სამსახური, წავაკვდე და წავე წამე!“
395. გვმართებს, რომე მეფეთათვის სიმხნითა ვჰქნათ კვერთხის რგვანი,
სად გვიბძანოს, მივესივნეთ, სიგრძის გზა ვვლოთ, ანუ განი,
თავს საზღვარი ეს დაუდვა, ვერვინ იყოს ჩემი მგვანი,
და არ ავმაღლდეთ თავმდაბალნი, სიტყვა არ ვთქვათ შეუგვანი!
396. რაც გვიბრძანოს, თავს შევიდვათ, ადრე გვმართებს დაჯერება,
მას ვმონებდით, არ გარდვიგდოთ პირიდამე მისი ქება,
წაუწყმედლად ყოვლის გზითა გავათაოთ პატრონთ ნება,
ღა მეფის მტერთ რომ მე დავმართე, ნეტამც თქვენგანც ისრე ება!
397. სოფლის ჩარხთ ბრუნვა, ეტლთ ქცევა ხანდახან მოვა, ხან არა,
ხან ხელი ვარდით ავავსი სოფელმან, ზოგჯერ ხან არა,
დაყმუნდა, აღარ მომართა, ჩემზე განაგრძო, ხანა რა,
და მტერმან იშები მამიგეს გულისა მოსაფხანარა!
398. ახლა მარყევს ეს სოფელი, უწინ მამცა, მაშინება,
მძლავრმან მტერმან ვერსად მიყო, იცით, გსმია მა შინება?
მეფის, ქვეყნის უნებელნი ავხსნი, ზოგი მაშინ ება,
და სჭვრეტდეს თვალნი უდუხჭიროდ, კამკამებით მაშინ ება!
399. მიმძიმს ამხანაგთ მოშორვა, გულსა მაქვს მუდამ ზრუნვანი,
შეჭირვება და ოხრანი, მწუხარება და ურვანი;
სამკვიდროს გაცლა ძნელია, ვინც დადგეს შესაშურვანი,
და თუ რამდენრიგად მამიხდა სისხლის ცრემლისა წურვანი!
400. ვინ რომ ფეხსქვეშ მელახოდეს, აწ მათ მე მქნეს დაცემული;
მაბეზღარნი უწინ მე მყვეს დატუქსული, დაცემული,
ზოგნი იყვნე განაკეთნი, ზოგნი ბევრის მიცემული, –
და შენვე მიგაქვს, ეტლო ჩემო, რაც შენგნით მაქვს მოცემული!
401. სად მეგონა დამკვიდრება, აწ სადით ვარ განა ჭერით,
მეფეს ტკბილად ვეღარ ვნახავ, თვარ არ ვრიდობ განაჭერით,
ვის მომწევენ, შეიქმნების გაკვეთილ და განაჭერით,
და ბედო, კრულო, უკუღმართო, თავი ჩემი განაჭერით!
402. ზოგს კაცს რომე გაუჭირდეს, უსუსურად დაღონდების,
ვინც რას ეტყვის, – არას ჯერა, კარგს რჩევასა გარდაჰხდების;
ვირემ კაცი ცოცხალიყოს, ადვილ მტრისგან ნუ წახდების,
და ბედი, სვე და გამარჯვება იქნას, კაცზე რაც მოჰხდების!
403. გაჭირების დროს კაცს უნდა, რომ შერჩეს ჭკვა და გონება,
ვისაც რომ ახლდეს უტყუვრად სიამე, ტკბილად მონება,
რომ მოშლით იყოს, ცუდია, რას არგებს მწვე დაღონება?
და აღარ დაზოგოს მის დროსა სალარო, ანუ ქონება!
404. კაცი გაბედავს საქმესა, თუ კარგს კაცთან აქვს ზრდილობა,
მეც მქონდა დარბაზს წინ დგომა და ამხანაგთა წილობა,
მე არა მჭირდა ტყუილი, არც ცუდი სიტყვის ცილობა;
და აწყა სოფელმან ნაკადი და მამცა ცრემლთა მილობა!
405. ზოგჯერ მეც მითქვამს თავისა, თუ რასთვის დავიბადეო,
ანუ მტერები გარშემო ვიხვივე, რად ვიბადეო,
მაშ ხომე ცუდათ გაქრების, მაქვს რამე ან ვიბადეო,
და გულმკრთალნი მტერნი, ჯაბანნი რასათვის აიბადეო?
406. ყველამ გასინჯეთ შეტყობით, თქვენ ჩემნი სამართლობანი,
როგორ ვჰქენ თავის დადება, მეფის ტახტისა მკობანი,
აწ ვისღა უთხრა ლიქნითა, ფერობით სიტყვის ლმობანი,
და ზოგნი შევფრფინავთ სოფელსა, ზოგთა დავსწყივეთ შობანი!
407. რომე კაცმა ბევრი რამ თქვას, ხოტბა გრძელი, სიტყვის თხრობა,
თვისტომს თავსა მოაძაგებს მას მიხვდების ცუდი შრობა,
არც ის ვარგა, არვინა თქვას კარგის კაცის გარჯილობა,
და გოდოლშიგან დაფარულსა, დაგულვას სჯობს გახსნილობა!
408. ვჰთქვა, არა ვჰთქვა ერთი საქმე, ორსავ ვღონობ დიაღ ძნელად,
პატრონის ხამს გამარჯვება, პირველვე ვჰთქვი სიტყვა ძველად;
ბევრი კაცი მოვიხმარე მწედ, იმედად, ჩემად მშველად;
და მაგრა მევე დამიმარცხდა, მით შევიქმენ ცრემლით სველად!
409. ლაშქრად მამყვეს იმერელნი, მამეხმარნეს ზოგნი სამცხით,
ზოგს ქართველთაც გვერც ვიახელ კაის ჯარის აღსარაცხით,
მაგრა ეტლმა6 არ გვიბედა, მით ვიქმენით იმ დღეს მარცხით,
და გამარჯვება მეფეს მიხვდა, ზოგი ჩვენც ვჰქნით მიწას ნარცხით!
410. შეწეულთა ლაშქართ მიყვეს, ვერ უჭერდი იმა თავსა,
სტუმართა და თვით მოსრულთა, რას ვეტყოდით იმათ ავსა,
დგომასა და გაძლებასა მე ვჰკადრებდი თუ მეთავსა,
და ზოგმა მეც მწვე დამიმარცხა, მათი სახლი ავა თავსა!
411. ეგრე მითხრეს: „ან შეგვაბი, ან გაგვიშვი ჩვენსა, შინა!“
მე მათ დაბლა მოველოდი, მას ვზრახვიდი გულსა შინა;
ვჰკადრე: „ომსა გაპოვნინებ, თქვენთან არც მე შემეშინა,“
და შუბი გატყდა, ედიშასა, იცით, ხმალი ვით ეშინა?
412. ბაზალეთის ომი მოჰხდა, მეფეს მიხვდა გამარჯვება,
იმათ დიდი გახარება, ჩვენ ჭმუნვა და ბევრი ვება;
ბატონიშვილს გვერც ვიახელ, ერისთვისაც მქონდა ხლება,
და უღონობას ღონევე სჯობს, ცდა საქმისა ბევრ შეძლება!
413. რაცა მოჰხდა სრულ ვიცოდი, არ მინდოდა ესე ომი,
ყმა არ უნდა პატრონისა ბრძოლისა და შებმის მდომი!
თავს მოღალავს, ან მოკვდების, ცუდათ არის მკლავის მშრომი;
და ქვეითი ხომ მუხლს დადაღავს ვერც იქნების ცხენს შემჯდომი!
414. სამცხეს წაველ, წამოვიდნენ ესე კარგნი დიდებულნი,
ყველაკასა მრავლად მივეც, რაცა მქონდა მუნ დებულნი,
საქონელნი, ბარგნი ჩემნი, არ დავჰკარგე6 კიდებულნი,
და გაეხარდათ მაბეზღართა, ვინც მყვეს გარდაკიდებულნი!
415. ცოლშვილი სამცხეს დავაგდე, მოყვრები მიიბარევდეს,
ბატონიშვილსა მე ვახლდი, იესე ჩემი მარევდეს,
ხვანთქრის კარზედან წავედით, გზად ჩვენთვის დარნი დარევდეს,
და ყაზახ მეკობრე, ჯალალი, ჩვენს ვერას მოიპარევდეს!
416. ადრევ ვაცნობეთ ვეზირსა ხემწიფის ტახტს წინ რებანი,
ყაფუჩი ბაში ებოძა, მით ექო ჩვენნი ცნებანი,
გვითხრა ხემწიფემ: „იცოდეთ, თქვენ გიყოს გულის ნებანი;“
და მე უთხარ: „მის ხმალს მოვენდევ, მით ვჰქენ შორის გზით რებანი!“
417. ჩვენ მიგვიყვანეს, ებძანათ: „მოჰფინეთ კარგა სახლები;“
ასრე გვსმენია ეგენი, არიან კარგი სახლები!
ჩვენთან მოვიდეს ფაშები, აქვსთ ფართოდ ტყავის სახლები,
და ძველით ვერავის ვნახევდით, ტანს ეცვა ყველას ახლები!
418. ულუფა მრავლად გვიბოძეს, სიუხვე ჰქონდა ზღვებისა,
ურჩისგან ხმლით და ძალითა, მას არა არ ეზღვებისა;
არვის არ ძალუც ძალითა გარდავლა იმის მზღვრებისა,
და მასწინ არ ძალუც მთქმელებსა, ამხანაგთ დაბეზღებისა.
419. მეორეს დღესა მიგვასხეს, შეგვავლეს კარნი სრისანი,
გავჰკვირდით მორთულობასა, – ნეტარ ქნილია რისანი?
ხელმწიფეს მუხლსა ვაკოცე, სიტყვა მიბძანა თქმისანი, –
და ვჰკადრე: „თქვენს ხმალსა მოვენდევ, ყმობა ვერა ვჰქენ სხვისანი“!
420. მიბძანა: „ჩემი წყალობა შენზედა უშურველია,
სამცხეს რაც ციხე აიღე, მთქმია, არც ხანი ძველია,
რაცა გწადს, იმას დაგმართებ, მე ვით ვარ შენი მშველია,
და მოგცე ციხე და ქალაქნი, ქვეყანა აზრუმელია!
421. რაც ხანი დავჰყავ, მამაპყრა პატივი დიდ საფერია,
ცხენსა შებძანდის, გვიბძანის, შევსხდით, ჩვენც ვნახით ერია;
მიბრძანოს: „ნუ შეგწყინდებათ, აქ არვინა გყავსთ მტერია,“
და ვკადრი: „რომ გიჭვრეტთ, ის გვალხენს, ვართ თქვენი ფეხთა მტვერია!“
422. ენგიჩარ აღას უბძანა, აჩვენე თოფხანანია, –
წაგვიძღვა, ყველა დაგვავლო, რა უცხო, რა ხანანია!
გვითხრა: „ხემწიფე გაგიშვებს, გამოვა რა ხანანია,
და აწ ვისღა ახსონს, რა ვნახეთ, ბეგლარბეგ, რა ხანანია?
423. თიქმატაშ, აისოფიო, გვიჩვენა ზღვისა ზღუდები,
ზღვის პირს ალაგი არსად ჩნდა ზარბაზნებისგან უდები,
მათ კაცთ ყაუხი ეხურა ბერძენთა, ჩვენებრ ქუდები,
და მისსა მებრძოლსა შიშითა, როგორ არ ჰქონდეს რიდები?
424. ბევრი რამ უცხო გვაჩვენეს, – ლომ-ვეფხთა სადგურიაო,
გასინჯეთ, ვისცა გენახოს, სად ისი, სად გურიაო?
სრულ მარმარილოთ ნაშენი, არსად ჩნდის აგურიაო,
და ზოგს კარგს სახლებსა მივადგით, გვეტყოდეს აგურიაო!
425. პატრიაქთანა მივიდით, ვისმენდით წირვა ლოცვასა,
ერი მოვიდის ურიცხვი, ალაგს ჰყოფდიან მოცვასა;
იქ ღირსნი კაცნი დაგვხედონ, იქმოდენ ცრემლთა ხოცასა,
და ლიტრაპოლიტნი გვერც უდგნენ, ხან უფრო, ხან ვჰთქვამ ოცასა.
426. ხანი დავჰყავით ზამთრისა, ზაფხული იქცა ჟამებად,
ხემწიფემ ბძანა: „თქვენ თავი არა გშურსთ ჩემთვის წამებად,
ერთი ქვეყანა სოხტათა აქვს, არ არიან ამებად,
და მაზედ გაგისევ, შარბათი თქვენ შეუქმენით შხამებად!
427. კარგად უნდა მოაგვაროთ, ნურც ადვილ გჩანსთ მათი ბრძოლა;
ქვეყანა აქვთ მწვე მაგარი და მეომართ კარგთა ყოლა;
მწვე ფთხილობენ ღამე თევით, სრულ არა აქვთ მუდმად წოლა,
და გუშაგები იძახიან, როგორც მწუხრს და ცისკარს მოლა!
428. თემს თქვენ მოგცემ ოჯახობით, გარეშემოც თქვენი იყოს,
მათი განძი, საქონელი, არა მშურს რა ვინც გაიყოს;
ჩემი ყმა რომ გამიმაგრდეს, ნეტარ რა ვჰქნა, ეს რა იყოს?"
და აწ გიორგიმ ძველ ნაქნევსა კიდევ ხმალსა ხელი მიჰყოს!
429. სხვაც გვიბოძა მამულები, სარჩო კარგი სანჯახები,
საქონელი აურაცხი, ხმალ, ლახტ, აფთ და ნაჯახები,
მაგრა ვისაც მიგვისივა, იგ არიან ანჯახები,
და მტრისა ადვილ წინ მიმგები, შემძგერი და დამჯახები!
430. წამოვედით, ყაფუჯები ჩვენ თან მოგვდევს მთად და ბარათ;
სადაც მოგვცეს მამულები, ჩვენად საყმოდ, მოსაბარათ,
რადგან კაცი თან გვიახლა, შენ რას გაქნევ წიგნობარათ,
და ვის სამძღვარზედ ბრძოლა შევჰქენ, გამისინჯეთ თქვენ აბა რათ?
431. მოვედით სოხტას, გვითხრობდეს თუ: „სახლი შვიდ ათასია,
სახლი ასეთი არ არის, არ ჰქონდეს სურა, თასია;
მათ ყარაულად გარ უვლის სამუდმოდ კაცი ასია;
და ზოგთ მითხრეს: „რომ დავიხოცნეთ, რა ვჰპოოთ თავის ფასია?“
432. ვჰთქვი, ჭკუით საქმე მოგვარდეს, სარდლობა ამას ჰქვიანო,
დავდგეთ აქ, ყური მიუგდოთ, რაც რომ იმათა თქვიანო,
ფრთხილობას გარდაიგდებენ, უფრო და უფრო გვიანო,
და თვარემ თუ ახლავ შეუტევთ, მებრძოლნი დადაგვიანო!
433. ბოლოს დავდექით, დავიწყეთ ჩვენ მათში ვაჭრობანია,
ზოგნი მეგობრად ვიჩემეთ, ზოგთ ძმობილ, ვითა ძმანია,
დაწყნარდეს, იარებოდეს მათში სულ ჩვენი ყმანია,
და მიხდომის აზრი გარდაგდეს, არ დავიყარეთ ხმანია;
434. ხესა ფურცელი გასცვივდა, მთაზე თოვლმან ქნა დებანი,
ხემწიფეს წიგნი ებოძა: „მაქვს შენგან იმედებანი,
ნუღარა ჰყოვნი, მიუხე, ქენ თავის გარდადებანი!
და ჯავრს ნუ შემარჩენ მაგათსა, ცეცხლურებ უყავ დებანი!“
435. იგი კაცი გავისტუმრე, მე ესენი დავამაშე,
პირველს ღამეს შევეკაზმე, მშვილდს აუბი, თოფი ვმაშე.
დავის სიტყვა გაუთავე, გულსა ჩვენსა „ვაშა, ვაშე“!
და მე დავიპყარ, დავიმონე, იქ აღარვინ გავაფაშე!
436. შეუხედით დანდობილთა, ოთხგნით გზანი შეუკარით,
გარდუედით სიმაგრესა გალავნისა ციხის კარით,
მხრით თეძოსა ხმალი ვასვით, ვინ ფეხ დადგმივ შემოვჰკარით,
და ვირემდისი არ გავსწყვიტეთ, განძს არვინ ვჰყავ მინაკარით!
437. შიგ დავდეგით, იქ ვიზამთრეთ, საქონლითა ავივსენით.
ხემწიფესა მოვახსენეთ წიგნითა და კაის ენით:
სიტყვა თქვენი გავათავეთ, რაც გვიბძანეთ, ისე ვჰქენით,
და განდგომილნი ამოვსწყვიტეთ, ჩვენ შევჰქენით სისხლთა დენით!
438. ოცს არაბაზე დავაწყევ იქ თოფი ნაშოვარია.
ხემწიფეს წინა გავგზავნე: „ამათი მჭერი მკვდარია!
ქვეყანა გაუტიალე, აღარ აქვთ მოსაფარია,
და დავჰხოცე, ზოგი დავჰფანტე, ვეღარ შეგროვდენ ჯარია!“
439. წყალობის წიგნი ებოძა მწვე დიდად განათებისა:
არ გაგაკეთო დიდებით – ჩემგან ეგ არ იქნებისა!
ხალათი კარგი ებოძა, ტკბილ სიტყვა, ენა ქებისა;
და „ჩემნი მტერნი და ორგულნი ყველანიმც აგრე კვდებისა!
440. შენ ყოფილხარ მამაცურად, მოგხდომია გამარჯვება,
ეგრე თქმულა, ზეცასა რბის, მეფეთათვის ვინცა კვდება;
რასაც კაცი პატრონზედ იქს, სადაც წავა, წინ დახვდება,
და კარგსა კარგი არ ასცილდეს, ავსა ავად გარდაჰხდება!“
441. დავისადგურეთ იმ ზამთარ, ჩვენ ლხინი გვქონდეს ამონი,
ვლხინობდით გამარჯვებულნი, რომ გვეპყრა ალაბ შამონი:
მებრძოლთ გაუხდა შარბათი სასმელად მწარე შხამონი,
და შეიტყვეს ჩვენთა მებრძოლთა, არა ვართ უთამამონი?
442. თქვენცა იცით სამუდამოდ, არ მინდოდა აქა ყოფა,
მამული და სამყოფელი რა კაცს შუა გაეყოფა, –
კაცის გული ვერ გაძღება, ბევრი ვის აქვს, – არ ეყოფა,
და ცოტას ქონა მწვე მერჩივნა, რაც რომ მქონდა უწინ ყოფა!
443. თუ კაცი დასჯერდებოდეს იგ მისსა საყოფინარსა,
მას უმადლებდეს რაც მისცეს, პირველ ქვეყანა ვინ არსა,
იგია მიმცემ წამრთმევი, სხვა იმას გარე ვინ არსა,
და ვინ ცხოველად ჰყოფს მომკვდავსა, ანუ ვინ შეიქს მძინარსა!?
444. რანი მამიხდეს, ვინ იცის სოფლისა საცთურებია,
რამდენჯერ გახდის დალებით ჯაჭვისგან ბეჭი, მხრებია,
ხან მარტო დავრჩი სადაგინდ, ხან მყვანდეს მე მომხრებია,
და სამყოფინარი გამიხდეს ვერანად, ნაოხრებია!
445. რაცა გარდამხდეს სოფლისგან, ყველას ვერ ვიტყვი მა სულა!
მას ვმონებ, ვაქებ, ვადიდებ, ვინ რომე მიწა შასულა,
სრულ განსაცდელმან შემიპყრა, მახე მამხვია, მასულა,
და მიწითგან ცხოვლად შემზილა, ისრევე იმან მა სულა!
446. შურითა მოჰხდა, ცთომისთვის სამოთხეს შევა გველია,
პირველმან მამამ უსმინა, ჩვენ შვება ამად გველია,
მან ძველმა6 მტერმან მიუთხრა: „არ მოგცე მე ეგ ველია!
და ცეცხლი აანთო სასარჯლო ხორცისა დამდაგველია!
447. იმავ შურმა გამოჰხადა სამოთხიდამ მამა ჩვენი,
სარჯლად მოგვცა ეს სოფელი, სარკის მსგავსად მააჩვენი,
კაცთა ბოლოს არ გამთავი, დასაგმობ და შესაჩვენი,
და სწრაფლ წაგვართვა ფეროვნება და ნათელი თვალთა მჩენი!
448. ეს სიტყვები რად მოვიღე, გასინჯეთ და ყურად იღეთ,
კარგნო კაცნო, საანდაზოდ ჩემი საქმე გარდაიღეთ!
ჩემგან ქნილი რაცა სჯობდეს, ზოგნი დევით, ხან აიღეთ,
და ავი შორად განუტევეთ, კარგი თქვენკენ წამოიღეთ!
449. აწ გიამბო ჩემზე შურით, თუ რა მოჰხდა გულის ზრახვა;
რაც სახელი მე სადმე ვჰქენ, შექნეს კვნესა, ზოგთა ახვა:
ზოგთა კარგა შეიწყნარეს, ზოგთა შექნეს ჩმახვით ძრახვა,
და ვჰთქვი, დავჰკარგე სამკვიდრონი, აღარ მამხვდა თვისთა ნახვა!
450. ვეზირ ასიმი ხემწიფის თავს დაიწერდის სიძობით,
სულთან მურადას და ედგა, არ მეყვისობდა ბიძობით,
ქალთან ქებინის დალოცვით, ართუ მრუშობა მსიძობით,
და ვეზირსა ცოლმან მოსწერა: „მეფეთგან თქვენ გაიძობით!“
451. ცოლს მოეწერა ვეზირთან: „სად არის შენი სახელი?
აქ მოურავის ქება არს, თქვენნი არიან მძრახველი!
ხემწიფე ბძანებს: „ყმა არ მყავს უკეთეს, ან მის მსახველი,
და მაგას რამ საქმე უგვარე, თუ თვალნი გქონდეს სახელი!“
452. ის იაზაბელ შეექნა, ნაბოთეს ბაღის წამღები,
ან იროდიას ემსგავსა, სისხლთ ნათლის მცემლის დამღები,
ევდუქსიასა ტახტს იჯდა, ეროდეს კარის გამღები,
და რჯულისა შემარყეველი, მრავლის ცოდვისა წამღები!
453. ვეზირმან თქვა: „სხვათ აქებდენ, მე სახელი გამიქარდეს,
ჩემი საქმე არ გამოჩნდეს, სხვის სახელზე მეფე ხარდეს!
სიკვდილი და ხმლის გაბედვა მისი მეცა დიაღ მხარდეს,
და თუ ეს ბედი წაღმა მესხნეს, ვჰთქვი: „მიწათა რად გამზარდეს?“
454. კაცი ვნახე, რომ მოვიდა ჩემთან წიგნით ვეზირისა,
ებრძანა თუ: „შეგვეყარე, აქ ჰაერი კარგი ქრისა!
ტკბილად ვნახოთ ერთმანეთი, არ სიტყვა ვჰთქვათ მუქარისა“!
და ხმობა, შეყრა, ალერსობა, ვერ შევიტყვე, იყო რისა?
455. მე შევჰთვალე: „უხემწიფოდ ვერა გნახავ, არ იქნება!
ხემწიფე თუ წიგნს მიბოძებს, ძალია თუ ან იქ ნება,
მაშინ გვერცა გიახლები, მტერი ფეხსქვეშ გაიქნება.
და ხემწიფეზე დამნაშავე ასო-ასოდ აიქნება!
456. რა არ ვნახე, მწვე ეწყინა, გულში იქნა ნაღვლიანად,
შემოსტუქსა მოციქული პირქუშად და ჯავრიანად:
„ჩემს ხმას მონებს საკეისრო, სიგრძე სად აქვს განიანად!
და მე არ მნახა მოურავმა, ესე იყოს, თქვა, ჯერხანად!“
457. ხემწიფესთან ჩაფრად კაცი მან გაგზავნა მეტად ჩქარად,
ცოლს მისწერა: „შენ მაცნობე აწ ამბები დასაფარად;“
მან მოსწერა: „ეს ხემწიფე შენზედ არის გულში მწარად,
და მოურავის გამარჯვება მწვედ იამა გასახარად!“
458. მოსწერა თუ: „ორისაგან ერთი წინ გიც, იყავ მქნელი!
მოურავის ხმლით სიკვდილი, გვესმის, არის დიაღ ძნელი,
ან შეაკვდი, თავი დადევ, შენს ლაშქართა იყავ მსვრელი,
და ან მოკალ და მოერიე, მისის სისხლით იყავ მსვრელი!
459. შენს ხელთ იყოს მისრ ბაღდადი, ალაბ-შამი ბასრამდისა,
ისპა ოღლანს, რაც უბძანო, ენგინჩარნიც იქ მიდისა;
ნილოსს მყოფნი შენ გიძრწიან ანუ შადი სადა დისა,
და შენს ხელთ არის ვეზირობა და ქმარი ხარ მეფის დისა!
460. ვეზირმა6 თქვა: „მოურავთან მე არა მაქვს მტერობანი,
მაგრა რა ვჰქნა, ხემწიფის დის მმართებს სიტყვის ჯერობანი,
რაცა ბძანოს, – მე ისი ვჰქნა, მას დაუწყო ფერობანი,
და მაგრა მიკვეთს ბორცვ გორათა, შენ ქენიო ძგერობანი!“
451. კიდევ წიგნი გაუგზავნა, შიკრიკს მისცა, მალე ვლიდე!
მიეწერა: „ხემწიფისას წყალობასა ვერ დავსთვლიდე,
მაგრა ძნელსა საქმეს მიკვეთ, თავი ამად გავაფლიდე,
და რა ღონე მაქვს, ამა სოფლით ან ის გავა, ან გავლიდე?
462. ეს გასინჯე, ყური უბყარ, იყავ კარგი მომსმენელი,
მტერნი მყვანან ხემწიფესთან, იქნებიან დამსმენელი,
ხმა გამოვა მოურავის სიკვდილისა გამსმენმლი,
და რა ხემწიფე გაიწყრომოს, რაღა უთხრა მასმენელი?
463. ხემწიფესა დიდადა სჩანს, მისთვის არის დიდად კარგი,
ხაზინადარ სიძეთა ჰყავს, ხემწიფისა დიდად მარგი,
რომ შევაკვდე, ანუ მოვჰკლა, ვის მივართვა მისი ბარგი?
და ბძანეთ, რომე ჩამომეხსნა, მშვიდობისა მორჩი დარგი!“
464. მან მოსწერა: „სიჯაბნითა ვერ აპირებ მორევასა,
მაგით უფრო ჩავარდები სიღრმის უფსკრულს, მორევასა,
ერიდები ქვეყნისასა აშლასა და მორევასა,
და მე გვერც აღარ მოგეწურვი, მალმალ გეტყვი მორევასა!“
465. ხემწიფის დობით თამამობს, თვარ როგორ სტუქსოს ქმარია?
ცოლმა ქმარს: „მოკვდი!“ – ეს უთხრას, იგ მიწას დასანთქმარია!
ვეჭობ, რომ სძულდეს ვეზირი, ომარე ვჰთქვათ, რა საქმარია?
და ამ რჩევა-ვეზირობისთვის საკვდავი ასაქმარია!
466. ცოლმან კვლავ კიდევ მოსწერა სიტყვა ცხარი და მწარია:
„ერთის ქართველის კაცისა სახელი დიდათ არია!
შენი ხსენება დადუმდა, თქვეს: „ცოცხლივ ანუ მკვდარია?“
და მწვე გაუჭირდა ვეზირსა, საქმე აქვს შესაზარია!
467. ვეზირის გულსა დამკვიდრდა რჩევითა ღალატობანი,
თუ მათი საქმე სადმე სჯობს, არა აქვს კაცთა ნდობანი,
ერთს კაცსა არვის შეეძლო საქმენი ჩემოდნობანი,
და მე უყვი მტერთა მრავალჯერ დაწვა და ჩამოდნობანი!
468. რა მოვა კაცზედ განგება, ეტლი არ ბრუნავს ბედადო,
შუქურ მასკვლავი დახვდების პირდაპირ შემომხედადო!
ჩარხებსა ფრთანი დასცვივის, ზე მყოფი იქმნას ქვედადო,
და დღე მოეწურვის სმისაგან, გახდების უიმედადო!
469. ამა სოფელმან მაბრძოლა აღმოსვლით დასავლეთამდი,
ბაბილოვანს და სამხრეთსა ბრძოლილ მყო ხლმისა კვეთამდი;
ჩრდილოთ ლეკთა და ოსეთსა, კიდით სრულ ჩერქეზეთამდი,
და ლხინიც მამცა და წუხილი, ურვა და სევდა კვნესამდი!
470. კაცსა გასცდის და აღორებს სოფლისა ნივთთა წესია:
ხან იშვებს, იტყვის, „რა მიშავს“, ხან ტირის ცრემლთა მოესია;
ხან ეს გონია „უკვდავ ვარ“, ხან სნეულ არს და მკვნესია,
და თუ სულსა რამე უღვაწოთ, ყველას ეს უკეთესია!
471. რაც მე გარდამხდა სოფლისგან, წერით ვინ გაათავებსა?
ანაზდათ კაცთა გვიმუხთლებს, მოშლის კარგს ტანს და თავებსა,
არ შეგვიწყალებს სიკვდილი, ძოწეულს შეიქს შავებსა,
და არ მოგვცემს დროსა ჟამამდი, არცა გვთხოვს დასაზავებსა.
472. ბევრი მსაჯა, სად წამავლო, მამიყვანა სადამდისა;
სად მმართებდა მე ტირილი, აწყა ცრემლი სადა მდისა?
ცეცხლმან კვამლი შემომხვია, აწ უყურეთ, სად ამდისა,
და მეფემან და სიძემ მკარგა, მდურვა მქონდეს სად ამ დისა?
473. ყანდაარს ბრძოლა და ბაღდადს, მე ვინ მიწურვა მოსრისა,
სტამბოლს ხანისა დაყოფა, ნახვა, გასინჯვა მისრისა;
არაბისტნისა ჭაბუკნი მაჯამან ჩემან მოსრისა,
და აწყა სევდისა ლახვარი გულსა მიწყლულებს, მისრისა!
474. გავათავე ჩემი სიტყვა, წავალ თქვენგან სალამითა,
ვისცა გესმას ჩემი გავლა, ცრემლი ქენით, სალა მითა;
უკანასკნელს ანდერძს მოგცემ, საქმე იმას ალამითა,
და აწ საფლავად თან მამყევით, მამაყარეთ სალა მითა!
475. ნათესავ მოდგამ გვარ ტომმან მისმან ეს ვიწყე წერებად,
ამად მეშინის მოშურნე პირველივე მყავს მტერებად,
რომ უქმი სიტყვა მამხადოს, არ იყოს ჩემზე ფერებად,
და ვინ არს ცოდვილთა შემწყნარე, ვედრივარ, მექმნას ტერებად!
476. ქართლის ცხორება სხვათა თქვეს, მე ამის ვიქმენ ბრალევად,
რომ დამეკარგა ამბავი, ქნილიყო შესაბრალევად!
წყარო ტკბილი და ამონი ქნილიყო გასამშრალევად;
და ეგებ ვერ მეთქვას გაწყობით, მაშინც ნურვინ ხართ მწყრალევად.
477. სიკვდილი ამად არ ვსწერე, არ ვაჯობინე ხოცანი,
ვის გესმისთ მისი დაკარგვა, იქნებით ცრემლთა მხოცანი,
ნაქნარსა მისსა გასინჯავთ, ჰთქვათ, ცხადია თუ ოცანი,
და რაც ექნა, ვეჭვ ძლივ დავსწერე, ათისთავად ვჰთქვა ოცანი!
478. თქვენ გევედრები, ვინცა ხართ, სიტყვისა გამსინჯავია,
სიტყვა ყბედ ძრახვა არა ხამს, რაგინდ რომ მეთქვას ავია,
სოფლის ზღაპრისა წერისთვის შევიქმენ დამნაშავია!
და მას დარჩა ჭკუის საუნჯე, ვინც ცრემლით ავსო ნავია!
479. უქმი სიტყვა ცუდსა ჰქვიან, მეც ვარ მუდმად უქმის მთქმელი,
კაცი რომე უქმს ამბობდეს, ვით მორჩების დაუნთქმელი?
ჭკვა მათ ჰპოვეს, საღთოს წიგნის ვინცა იყვნეს გარდამთქმელი,
და მე შევიქმენ ენა ყბედი, სოფლის სიტყვის სამ წამთქმელი!
480. ესეთი სიტყვა არა ხამს, თუ ბერი წესზე ბერევდეს,
სინანულისა სვიფონსა საკუთრად მისთვის ბერევდეს,
ჭაბუკნი მხეცთა ერთოდეს, მხცე გასრულებით ბერევდეს,
და ვინ სწვრთიდეს, ყურსა უპყრობდეს, არა თუ გულსა ბერევდეს!
481. მე სოფლისა საქმეს მივჰყევ, მე ვინა და ამის წერა?
ის მიჯობდა, მოციქულთა რაც თქვეს, ყველა დამეჯერა,
სულის ღვწით და სინანულით ანგელოზნი შემეჯერა,
და თაო ჩემო, შენთვის რა ჰქენ, ანუ კარგად გასინჯე რა?!
[მეფის არჩილისადმი]
484. ეს არის ლექსად ნათქვამი, მნატრე ვინ თქვენის ხლებისა,
ზოგი რამ საღმთოც დავსწერე, სიტყვა ვჰთქვი წმინდათ ქებისა,
საღთოს ქებისა მთარგმნელი სული რჯას აღარ ებისა,
და მე ამის წერით მეშინის, ვაითუ ხმა მესმას ვებისა?!

კარი პირველი

კარი მეორე

კარი მესამე

კარი მეოთხე

კარი მეხუთე

კარი მეექვსე

კარი მეშვიდე

კარი მერვე

კარი მეცხრე

კარი მეათე

კარი მეთერთმეტე

ე პ ი ლ ო გ ი

Комментариев нет:
Отправить комментарий