среда, 20 февраля 2019 г.

ტბელების წინააღმდეგ ბაგრატ III-ის ბრძოლის ისტორიიდან (ჯ. სამუშია)

აფხაზთა სამეფოში X საუკუნის შუა ხანებში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით კარგად ისარგებლა ფეოდალურმა არისტოკრატიამ და მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის დაიწყო ბრძოლა. ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება ავტომატურად იწვევდა ადგილობრივ დიდებულთა უფლებების ზრდას. ეს ერთგვარი კანონზომიერება დამახასიათებელია ფეოდალური საზოგადოებისთვის (და არა მხოლოდ მისთვის). მატიანე ქართლისა ავტორიც აღიარებს ამ რეალობას, როდესაც აღნიშნავს: განირყუნა ქვეუანა იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგება.1 როგორც ვხედავთ, მემატიანეს ზუსტად აქვს გაგებული მთელი ამ პროცესის პოლიტიკური არსი. მაშინ როცა ქვეყანა მოკლებულია სტაბილურ სახელისუფლებო აპარატს, სიმძიმის ცენტრი ინაცვლებს პროვინციებში და მიმდინარეობს დეზინტეგრაციის პროცესი.
სოციოლოგიის ერთ-ერთი კლასიკოსი ნორბერტ ელიასი აღნიშნავდა, რომ საზოგადოების დაძაბულობის სისტემა, რომელიც ამ ძლიერი დეზინტეგრაციით წარმოიქმნება, ამავე დროს შეიცავს იმპულსებს საწინააღმდეგო ბიძგის, ახალი ცენტრალიზებისკენ.2 თუმცა ეს უკანასკნელი პროცესი წარიმართება მაშინ, თუ სოციალურ ძალებს შორის ბალანსი ირღვევა. . ელიასის აზრით, ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის სოციალური ძალაკომპლექსური ფენომენია.3 იმ შემთხვევაში, თუ შუა საუკუნეებში ცენტრალური ხელისუფლება ახერხებდა სამეფო კარის ირგვლივ მძლავრი სოციალური ძალის ფორმირებას, მაშინ ეს ადეკვატურად აისახებოდა მეფის ხელისუფლების პოლიტიკური ძალაუფლების ზრდაზე, რაც თავისთავად ცენტრალიზაციის საფუძველია. ამდენად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ძალაუფლების სიმძიმის ცენტრი, გადანაწილებული სამეფო კარსა და პროვინციებს შორის.
აფხაზთა მეფისთეოდოს მწუხარეს დროს სამეფო კარზე არსებულმა ვითარებამ განაპირობა სახელმწიფო აპარატის მოშლა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი ღრმა კრიზისამდე არ მისულა. ამისათვის საჭირო იყო დრო, მაგრამ სამეფო კართან დაახლოებულმა ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა, იოანე მარუშისძის თაოსნობით, ეს კრიზისი დროზე შეაჩერა. ახალმა ხელისუფლებამ ახალი პოლიტიკური კურსი წარმოშვა, რომელიც საფუძველში ეწინააღმდეგებოდა წლების განმავლობაში აფხაზთა სამეფოში დამკვიდრებულ პოლიტიკურ რეალობას. სამეფო კარი თანდათან იკრეფდა ძალებს. მემატიანე ერთგან დასძენს, რომ ბაგრატ III-ისადმი ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილისა, გინა შიში უწესოებისათვი... აქუნდეს.4 როგორც ჩანს, ბაგრატ III- თავიდანვე გადაწყვიტა თავის წინამორბედ მეფეთაგან აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკის განხორციელება. განსხვავება კი მდგომარეობდა იმაში, რომ ბაგრატი უკვე აღარ ერიდებოდა ხელისუფლების მხრიდან რადიკალური, ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი და ხისტი ზომების გატარებას.
დასავლეთ საქართველოში ვითარების დარეგურილების შემდეგ ბაგრატ III-მ, დაახლოებით 980-981 წლებში, შიდა ქართლის საქმეების მოგვარება გადაწყვიტა.5 „მატიანე ქართლისაის“ ავტორი აღნიშნავს: „შემდგომად ამისსა, გარდამოვიდა ქართლს, რათა განაგნეს საქმენი დაშლილნი ქართლისანი. მოვიდა და დადგა თიღვას. ხოლო მას ჟამსა, აზნაურთა ქართლისათა, რომელთამე არა ენება გარდამოსვლა მისი, რამეთუ თვითეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გურანდუხტისასა“.6
მთელ ამ კონტექსტში კარგად ჩანს ის პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც ბაგრატ III-ის ქართლში გადმოსვლის წინა პერიოდში სუფევდა. შიდა ქართლი ამ დროს „დაშლილია“. ეს ნიშნავს, რომ ქართლის საერისთავოს უფლება-მოვალეობები მინიმუმამდე იყო დაკნინებული. მართალია, ქართლის აზნაურები „იყვნეს მორჩილებასა“ გურანდუხტისა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად ნომინალური. აშკარაა, რომ რეალურ ძალაუფლებას ადგილობრივი აზნაურები ფლობდნენ და ეს მემატიანესაც არ დარჩენია აღუნიშნავი: „თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა“.7 შესაბამისად, წლების განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლებისგან მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ ქართლის აზნაურებში პოლიტიკური ამბიციებიც გააჩინა. მათი საქციელი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ სურდათ საფუძველი ჩაეყარათ ახალი პოლიტიკური ერთეულისთვის, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა ქუთაისის ტახტისგან. ამ მოძრაობის ლიდერი აშკარად ქავთარ ტბელია, რომელიც ამ ეტაპზე იძულებულია აღიაროს უფლისციხეში მჯდომი გურანდუხტის ძალაუფლება, მაგრამ ქართლისთვის, თანამედროვე პოლიტიკური ტერმინით რომ ვთქვათ, ფართო ავტონომიის მოპოვების მომხრეა. ეს უნდა ყოფილიყო პირველი ეტაპი ქართლის სრული დამოუკიდებლობის გზაზე. და რომ ეს ყოველივე ასეა, კარგად ჩანს მემატიანის ცნობების ანალიზით.8 ის სამკუთხედი, რომელიც იკვეთება: ბაგრატ III – გურანდუხტი – ქართლის აზნაურები, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ქართლელ დიდებულებში ჯერ კიდევ სრულად არ იყო მომწიფებული დამოუკიდებლობის იდეა, თუმცაღა მათში ფართო ავტონომიისთვის საბრძოლველად გაერთიანების ტენდენციები ღრმადაა გამჯდარი. მათი განზრახვა აბსოლუტურად გასაგებია. ისინი მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ აფხაზთა მეფის ქართლში მოსვლით და აქაურ საქმეთა „განგებით“ უპირველესად მათი უფლებები იზღუდება. სწორედ ამიტომაცაა, რომ, ერთი მხრივ, ქართლის აზნაურები „იყვნეს მორჩილებასა შინა გურანდუხტისასა“ და, მეორე მხრივ, მათ „არა ენება გარდამოსვლა“ ბაგრატ III-ისა.9
ბაგრატ III-ს შიდა ქართლში მოწინააღმდეგეთა დიდი დასი ჰყავდა ტბელების მოთავეობით. ეს საგვარეულო შიდა ქართლში მნიშვნელოვან პუნქტებს ფლობდა. ამ საფეოდალოს ზუსტი საზღვრის დადგენა ჭირს, მაგრამ ძირითადად იგი მოიცავდა მდინარეების – პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის შუა წელს. ცენტრი შესაძლებელია ტბეთი ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, გვარის ზედწოდება ამ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას იძლევა.
ამჟამად სოფლის ჩრდილოეთით ორ კილომეტრზე შემონახულია დარბაზული ეკლესია, რომლის სამხრეთ შესასვლის ბალავრის ქვაზე ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „ქ. სახელითა-ღმრთისაითა ესე ბალაჰვარი მე, ტბელმან პატრიკმან ძემან ქავთარისამან დავდევ, სალოცველად სულისა ჩემისა და შვილთა ჩემთათვნ. ჟუარო ბორცოისაო, მეოხ მექმენ“.10 საერთოდ, სხვადასხვა თაობის ტბელების წარწერები შემონახულია ერედვის, ტბეთის, დოდოთის ეკლესიებში. გეოგრაფიულად ეს პუნქტები საკმაოდ ახლოს მდებარეობენ და არ არის გამორიცხული, ერთიან საფეოდალოს წარმოადგენდნენ. დღევანდელი გეოგრაფიული ნომენკლატურით, ეს არის ტერიტორია, რომელიც ქალაქ ცხინვალის გარშემო მდებარეობდა. ერედვი ცხინვალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კილომეტრზეა, ხოლო ტბეთი, დასავლეთით 4 კილომეტრში. სოფელი დოდოთი ცხინვალიდან ჩრდილო-დასავლეთით 9 კილომეტრში მდებარეობს. როგორც ჩანს, ტბელების მამული ამ ზონაში უნდა ვივარაუდოთ.
ტბელებს თავისი პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდათ. ჯერ ერთი, ისინი იბრძოდნენ შიდა ქართლის განსაკუთრებული სტატუსისთვის, რომელიც შესაძლებელია მოგვიანებით დამოუკიდებელი ერთეულის ფორმირებით დაგვირგვინებულიყო და, მეორე, მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებდათ – ტბელები დაკარგული უფლებების აღდგენას ცდილობდნენ. წარწერაში ერედვის ეკლესიის მშენებლობის შესახებ აღნიშნულია, რომ ტაძარი შენდებოდა „ქართლს შინა უფლობასა ტბელისა ივანესა“.11 იგივე პიროვნება დოდოთის ცხრაკარის ეკლესიის წარწერაში იხსენიება ერისთავად. „სახელითა ღმრთისათა ივანე ერისთავმან ტბელმან, აღაშენა ესე წმიდა ეკლესია სალოცველად მისთვიის და ხუთთა ძეთა მისთათუის“.12 ამრიგად, ივანე ტბელი ყოფილა არა მარტო უფალი (სენიორი), არამედ – ერისთავიც. სრულიად სამართლიანად აღნიშნავს ნ. შოშიაშვილი, რომ X საუკუნის დასაწყისში ტბელები აფხაზ მეფეთა ერისთავები იყვნენ ქართლში.13 ეს საკმაოდ საინტერესო დეტალია და ბაგრატ III-ისა და ტბელების დაპირისპირების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. IX საუკუნის მეორე ნახევარში, აფხაზთა სამეფოს მიერ შიდა ქართლის დაკავების შემდეგ, ამ რეგიონის მართვა ხორციელდებოდა ჩიხიდან (თანამედროვე ჭიათურის რაიონი, სოფელი ჩიხა), მაგრამ მოგვიანებით, კონსტანტინე (893-922) აფხაზთა მეფის დროს, ეს რეალობა იცვლება. X საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლისთვის ბრძოლა ახალი სიმწვავით გაჩაღდა. ამ რეგიონზე გავლენის გავრცელებას ცდილობდა მზარდი სომხეთის სამეფო, რომლის მეფე სუმბატმა უფლისციხეც კი აიღო.14 უნდა ვიფიქროთ, რომ „ქართლს ზედა“ ბრძოლისას ტბელებს აფხაზი მეფის მხარე ეჭირათ და შესაბამისად დასაჩუქრდნენ კიდეც. ისინი ქართლის ერისთავები გახდნენ. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ერედვისა და დოდოთის ეკლესიების წარწერები. ერედვი შენდებოდა 906 წლიდან, დაახლოებით, 914 წლამდე. ეს ემთხვევა კონსტანტინე III-ის მმართველობას. მან შიდა ქართლის ერისთავად განაწესა ივანე ტბელი. ეს უკანასკნელი ამ სტატუსით იხსენიება დოდოთის წარწერაში. X საუკუნის 20-30 წლებში ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა. აფხაზთ მეფე გიორგი II-მ (922-957) „მისცა ქართლი ძესა თვისსა უხუცესს. კონსტანტის“.15 ამიერიდან ქართლის მმართველებად მხოლოდ უფლისწულები ინიშნებოდნენ. რეალურად ამ რეფორმის შემდეგ ტბელებმა თავისი გავლენა და პატივი შიდა ქართლში დაკარგეს, თუმცა ამით ეს საგვარეულო არსებობას კვლავ განაგრძობდა და საკმაოდ გავლენიანი პოზიცია ეკავა კიდეც ქართლის დიდებულთა შორის. როგორც ჩანს, ქართლის ერისთავობის დაბრუნების იმედი ტბელებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც აფხაზთა მეფე თეოდოსი უმემკვიდროდ დარჩა. იოანე მარუშიძის დანიშვნით მათი ბოლო იმედიც დაინგრა, ამას მოჰყვა ბაგრატ უფლისწულის ქართლის ერისთავად და ტახტის მემკვიდრედ გამოცხადება. ქუთაისში ბაგრატის გამეფების შემდეგ შიდა ქართლს დედოფალი გურანდუხტი განაგებდა.
ტბელებმა ვერც ახალ რეალობაში მოახდინეს თავიანთი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილება. სამწუხაროდ, მათ ერთადერთ გზად დაკარგული პატივისა და გავლენის იარაღით დაბრუნება გადაწყვიტეს. ამ რადიკალური ნაბიჯით ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი პრივილეგია მიეღოთ ჯერ კიდევ გაძლიერებისა და ფორმირების პროცესში მყოფი ახალი ხელისუფლებისგან. „მატიანე ქართლისაის“ ავტორი ბაგრატ III-ისა და ტბელების დაპირისპირების გადამწყვეტ ეტაპს ასე აღწერს: „იწინამძღურეს ქავთარ ტბელი, მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა. იხილა რა ბაგრატ აფხაზთა მეფემან, აღუზახნა სპათა თვისთა, მივიდეს და შეებნეს“.16 როგორც ვხედავთ, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მისულა. ერთი რამ თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ტბელები თავიანთ გათვლებში შეცდნენ. მოღრისთან მათ წინაშე იდგა არა სუსტი აფხაზთა მეფის ლაშქარი, არამედ ძლიერი ნებისყოფისა და შეუპოვარი ბაგრატ III-ის მეომრები. ეს უკანასკნელი მიზნის მისაღწევად უკან არ დაიხევდა. მეფის ეს ხასიათი ამ დროს ყველასთვის ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო, მაგრამ, ფაქტია, ბაგრატის ტიპაჟი ახალგაზრდობიდანვე ყალიბდებოდა და ტბელების მიმართ მეფის ასეთი რადიკალური ღონისძიების გატარება აქედან უნდა მომდინარეობდეს.
შიდა ქართლში ბაგრატ III-ის გადმოსვლა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იყო მასშტაბური სამხედრო კამპანია, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, როდესაც ამ მოვლენას მემატიანე რამდენიმე წინადადებას უთმობს. „მატიანე ქართლისაის“ ცნობა ზემოთ უკვე დავიმოწმეთ, რეტროსპექტულად თვალი რომ გავადევნოთ ამ მოვლენებს, ასეთი სურათი იკვეთება: ბაგრატ III დასავლეთ საქართველოდან გადადის შიდა ქართლში, სადაც მას მოუწია მოღრისთან შეტაკება ქართლის აზნაურებთან, რომელთა დამარცხების შემდეგ უფლისციხეში ჩადის და დედისგან გადმოიბარებს ქალაქს.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ბაგრატ III-ის ქართლში გადმოსვლა შეფასებულია იმგვარად, თითქოს აფხაზთა მეფე უფლისციხეში მიდიოდა და მას ქავთარ ტბელის თაოსნობით ქართლის ერისთავებმა საშუალება არ მისცეს აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლისა და რომ მოღრისთან დახვდნენ და შეებნენ. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „ქართლის აზნაურები ქავთარ ტბელის წინამძღვრობით მეფეს მოღრისის თავს დაუხვდნენ და მისი ქართლში გადმოშვება არ სურდათ~.17 მსგავსი აზრი აქვს გამოთქმული ნიკო ბერძენიშვილსაც: „ბაგრატ მეფემ საქმეების მოსაწესრიგებლად აფხაზეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლა მოინდომა, მას ქართლის საზღვარზე დაუხვდნენ დიდგვარიანი აზნაურები ქავთარ ტბელის მეთაურობით და ომი აუტეხესო“.18 მარიამ ლორთქიფანიძე წერს: „ქართლში გადმოსული ბაგრატი თიღვას დადგა, იქვე ლიხის ქედის გადმოსასვლელთან, უფრო ღრმად შესვლა შეუძლებელი იყო, რადგან აქ მას დახვდნენ ქართლის აზნაურები ქავთარ ტბელის მეთაურობით. ბრძოლა იქვე ახლოს, მოღრისთან მოხდა“.19 ისტორიოგრაფიაში გამოთქმული ეს მოსაზრება თითქმის უცვლელადაა გამეორებული სხვა მკვლევართა ნაშრომებში.20 ამოსავალი ამგვარი ვარაუდის გამოთქმისა „მატიანე ქართლისაის“ ტექსტია. სწორედ მასშია აღნუსხული ბაგრატ III-ის თიღვას მისვლის ფაქტი, მოღრისთან ქავთარ ტბელისა და ქართლის აზნაურების სამხედრო რაზმების დგომა და ბოლოს ბრძოლის პერიპეტიები. მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მემატიანის მონათხრობს რეალურ გარემოში წარმოვიდგენთ, ანუ ვგულისხმობთ იმ გეოგრაფიულ გარემოს, სადაც განვითარდა მოვლენები, აბსოლუტურად სხვა სურათს მივიღებთ და, შესაბამისად, მოვლენათა შეფასებაც სხვაგვარი იქნება.
დავიწყოთ ერთი დეტალის გარკვევით: რა მარშრუტით მოემართებოდა გზები დასავლეთ საქართველოდან შიდა ქართლში. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ თიღვა და მოღრისი ლიხის გადმოსასვლელებთან არ მდებარეობს. ეს პუნქტები შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილშია, თუმცა ლიხის ქედიდან მოშორებით.
ამდენად, ბაგრატ III თიღვასთან მოსვლამდე კარგა ხნის გადმოსული იყო შიდა ქართლში, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მატიანისეული განცხადება, ბაგრატს ქართლის აზნაურები „მოეგებნესო“, არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ისინი მაინცდამაინც საზღვართან შეეგებნენ აფხაზთა მეფეს.
საერთოდ, დასავლეთ საქართველოდან შიდა ქართლში რამდენიმე გზა გადმოდიოდა. ყველა მათგანზე ცნობები არ გაგვაჩნია, მაგრამ მნიშვნელოვანი მაგისტრალების მიმართულების აღდგენა შესაძლებელია. ამ გადასასვლელთაგან შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი გზა. ერთი განშტოება იწყებოდა შორაპნიდან და ხარაგაული-წიფა-ფონას გავლით სურამთან ჩამოდიოდა, საიდანაც უფლისციხეში მოხვედრა შესაძლებელი იყო მდინარე მტკვრის პირას მიმავალი მაგისტრალით. ამ შემთხვევაში თიღვა-მოღრისი ხელმარჯვნივ რჩებოდა რამდენიმე ათეულ კილომეტრში.21 მეორე ძირითადი გზა იწყებოდა საჩხერე-ჩიხასთან (ეს უკანასკნელი პუნქტი ჩიხის ერისთავის რეზიდენციას წარმოადგენდა, საიდანაც მართავდნენ შიდა ქართლს აფხაზთა სამეფოს მეფეები), შემდეგ ეს გზა კორბოულის გავლით სოფელ ალზე გამოივლიდა22 და მდინარე მტკვრის გაყოლებაზე არსებულ მაგისტრალს უერთდებოდა. ამ შემთხვევაშიც თიღვა-მოღრისი ხელმარჯვნივ რჩებოდა. მესამე მიმართულება იწყებოდა ასევე საჩხერე-ჩიხასთან და მდინარე ყვირილის ხეობის სათავისკენ მიემართებოდა, საიდანაც პერანგას მთის გადასასვლელით შიდა ქართლში შემოდიოდა, აქედან ოჟორა-თიღვა-ატოცი-ბრეძა-აბის გავლით მდინარე მტკვრის ხეობაში ჩადიოდა.23 ჩვენი აზრით, ბაგარტ III-ს სწორედ ამ გზით უნდა ესარგებლა, როდესაც თიღვას მოვიდა. მაგრამ საკითხის შესწავლისას მთავარი ეს არ არის. შეუძლებელია აფხაზთა მეფეს არ სცოდნოდა ქართლის დიდებულთა განწყობა და მათ შორის ტბელებისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინცდამაინც იმ გზით სარგებლობს, რომელიც ტბელების მამულზე თუ არა, მის სიახლოვეს უცილობლად გადიოდა. თიღვა-მუღრისიდან ტბეთი, დაახლოებით, 15 კილომეტრში მდებარეობს. სწორედ ამიტომაც არ გამოვრიცხავთ, რომ ამ ტერიტორიაზე ტბელების საგვარეულო მამულები ყოფილიყო.
ყოველ შემთხვევაში, მოღრისის აღმოსავლეთ სექტორში დანამდვილებით სავარაუდოა ტბელების საუფლოს არსებობა. რა გამოდის? ტბელები სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე, ანუ მოღრისთან მისვლამდე საკუთარი სამფლობელოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. არსად ისინი მეფეს არ დახვედრიან. ბაგრატ III თავად მივიდა საკუთარი ჯარით ქავთარ ტბელის საუფლოს საზღვრებთან. ამ შემთხვევაში მეფეს წინასწარი განზრახვა რომ არ ჰქონოდა, შეეძლო სხვა გზით ესარგებლა და უფლისციხეში მშვიდობიანად ჩასულიყო.
ფრონეს ხეობა სამ მდინარეს მოიცავს: დვინისწყალს, ალისწყალს და ფცისწყალს. ხალხი მათ მოიხსენიებს, როგორც ფრონეს. ჩვენთვის საინტერესო მოვლენები განვითარდა ფცისწყლის ხეობაში. თიღვა და მოღრისი სწორედ ფცის ფრონეს შუა წელზე მდებარეობენ, თანამედროვე დარაიონებით ის შედის ზნაურის რაიონში (ამჟამად „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშაა). თიღვა ზნაურიდან 1,5-2 კილომეტრში მდებარებს დასავლეთით. სოფელი მაღლობზეა გაშენებული, მისი სავარგულები ფცის ფრონეს მარჯვენა ნაპირებამდე ვრცელდება. მოღრისი ანუ მუღრისი მდინარის მოპირდაპირე მარცხენა მხარეზეა გაშენებული. ზნაურიდან იგი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ერთ კილომეტრში. საბჭოთა პერიოდში მას სახელი შეუცვალეს და ახალსოფელი დაარქვეს.24
ახლა კი მემატიანის მონათხრობს მივყვეთ. თიღვასთან დაბანაკებულ მეფეს აშკარად უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, ვიდრე მხოლოდ უფლისციხეში ჩასვლა იყო. როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, იგი თიღვაში შემთხვევით არ შეჩერებულა. სხვათა შორის, ბაგრატ III-ს გზის გაგრძელება რომ სურვებოდა, მას ამის საშუალება ჰქონდა. თიღვადან მაგისტრალი მტკვრის ხეობისკენ სამხრეთით ეშვებოდა ატოცი-ბრეძას გავლით, მაგრამ მეფე საგანგებოდ შეყოვნდა თიღვაში თავის ლაშქართან ერთად. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ბაგრატის ასეთ საქციელში აშკარად სამხედრო მოქმედებათა დაწყება გამოსჭვივებს, სხვაგვარად გაუგებარია, რატომაა იგი თავისი ლაშქრით გაჩერებული იმ ზონასთან, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში ტბელების მამულები იწყებოდა. არ გამოვრიცხავთ, რომ მემატიანე ყველაფერს არ ამბობს. თიღვას მდგომი ბაგრატი ალბათ მოლაპარაკებასაც აწარმოებდა ტბელებთან, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ქავთარ ტბელმა დრო მოიგო და თავის მომხრეთა მობილიზაციაც შეძლო. იგი ქართლის აზნაურთა თანხლებით „თავსა ზედა მოღრისასა“ დაბანაკდა. მოწინააღმდეგეებს რამდენიმე კილომეტრი აშორებდათ ერთმანეთისგან. სხვათა შორის, გადამწყვეტი ბრძოლის ინიციატორიც ბაგრატ III გამოვიდა და იგი თავად გადავიდა შეტევაზე. „მატიანე ქართლისაის“ ავტორი მოგვითხრობს: „იწინამძღურეს ქავთარ ტბელი, მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა. იხილა რა ბაგრატ აფხაზთა მეფემან, აღუზახნა სპათა თBსთა, მივიდეს და შეებნეს. იოტნეს ქართველნი“. 25 მეფემ მიზანს მიაღწია. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ მთელი ეს სამხედრო მოქმედება წინასწარ დაგეგმილი კამპანია იყო ტბელთა წინააღმდედ და წარმოადგენდა მიზანმიმართულ აგრესიას შიდა ქართლის ურჩი აზნაურების მიმართ. ბაგრატ III-მ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ქავთარ ტბელი დაამარცხა და მასთან ერთად მთელი მისი მომხრეთა დასიც, რასაც მოჰყვა ამ რეგიონზე აფხაზ მეფეთა გავლენის აღდგენა.
როგორც ზემოთ ითქვა, ბაგრატ III-ს შეეძლო ისე გადმოსულიყო შიდა ქართლში, ტბელების საგვარეულო მიწებზე არც კი გამოევლო. ქართლის დიდებულები რომ დახვედროდნენ აფხაზთა მეფეს საომრად, მაშინ ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე მიღებულ მოსაზრებას არსებობის უფლება ექნებოდა, მაგრამ მეფის სამხედრო კამპანიის მიმართულება, როგორც ითქვა, ერთგვარ ეჭვს ბადებს. ჩვენი აზრით, ტბელები კი არ დახვდნენ ბაგრატს და მის ქართლში გადმოსვლას კი არ შეუშალეს ხელი, არამედ, პირიქით, ბაგრატ III-მ თავად განახორციელა სამხედრო აგრესია ურჩ დიდებულთა წინააღმდეგ.
აფხაზთა მეფის მიზანი არ იყო მხოლოდ უფლისციხეში მისვლა და ქართლის საქმეების მოწესრიგება. მისი უპირველესი საზრუნავი ურჩ წარჩინებულთა დამორჩილება გახლდათ, რადგანაც ამაზე იყო დამოკიდებული ქართლის საკითხის საბოლოოდ მოგვარება. ამდენად, თავად ამ დაპირისპირების ბუნება იცვლება. თუ აქამდე მიიჩნევდნენ, რომ უფლისციხეში მიმავალ მეფეს ქართლის დიდებულები წინ შემოეგებნენ და ბრძოლა გაუმართეს, ამჯერად ამ მიდგომის ერთგვარი გადაფასება უნდა მოვახდინოთ. ამ დაპირისპირების ინიციატორად ჩვენ ბაგრატ III გვესახება, რომელიც თავად გადავიდა შეტევაზე და შეეცადა ურჩ დიდებულთა დამორჩილებას, რომელთაც ქავთარ ტბელი თაოსნობდა.
შენიშვნები
1. მატიანე ქართლისა. ქართლის ცხოვრება. რ. მეტრეველის რედაქციით. თბ. 2008, გვ. 268.
2. ნ. ელიასი. ცივილიზაციის პროცესის შესახებ. ტ. II. თბ. 2008, გვ. 71.
3. ნ. ელიასი. ცივილიზაციის პროცესის შესახებ. ტ. II, გვ. 67.
4. მატიანე ქართლისაი, გვ. 269.
5. ივანე ჯავახიშვილი მოღრისთან ბრძოლას 980 წლით ათარიღებს. იხ. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. II. თბ. 1983, გვ. 126: ნ. შოშიაშვილისა და ვ. ცისკარისვილის აზრით, ბაგრატ III-ის შიდა ქართლში გადმოსვლა და ქავთარ ტბელთან შეტაკება 982-986 წლებში უნდა მომხდარიყო. იხ. ნ. შოშიაშვილი, ვ. ცისკარიშვილი. სოფელ დოდოთის ცხრაკარის ეკლესიის წარწერა. „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“. ტ. XIX-XX. თბ. 1957, გვ. 94: ზ. ალექსიძე ამ მოვლენას 982 წლით ათარიღებს. იხ. ზ. ალექსიძე. ატენის სიონის სომხური წარწერები. თბ. 1978, გვ. 56.
6. ნ. შოშიაშვილი, ვ. ცისკარიშვილი. სოფელ დოდოთის ცხრაკარის ეკლესიის წარწერა, გვ. 94: ზ. ალექსიძე. ატენის სიონის სომხური წარწერები, გვ. 56.
7. ნ. შოშიაშვილი, ვ. ცისკარიშვილი. სოფელ დოდოთის ცხრაკარის ეკლესიის წარწერა, გვ. 94: ზ. ალექსიძე. ატენის სიონის სომხური წარწერები, გვ. 56.
8. ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი. თბ. 1990. ქართველ აზნაურთა მისწრაფებებზე ზ. პაპასქირს საკმაოდ საინტერესო განმარტება აქვს: „ამ ბრძოლის მიზანი კი უნდა ყოფილიყო აფხაზეთისგან შიდა ქართლის ჩამოცილება და აქ თავიანთი მარიონეტული სამეფო ხელისუფლების შექმნა (იხ. ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა, გვ.70). ქართლის აზნაურთა ამ მისწრაფებებზე არ შეიძლება არ დაეთანხმო ავტორს, თუმცა ამ საქმეში ქავთარ ტბელისა და მისი დასის მოკავშირედ გურანდუხტ დედოფლის მიჩნევა, ჩვენი აზრით, უმართებულოა. აღნიშნულ საკითხზე იხ. ზ. ალექსიძე. ატენის სიონის სომხური წარწერები, გვ. 56-57: ზ. პაპასქირი, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა, გვ. 68-71. ეს საკითხი ვრცლადაა მიმოხილული ჩვენს წიგნში – ბაგრატ III, საქართველოს გამაერთიანებელი, რომელიც ახლო მომავალში იხილავს მზის სინათლეს. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ გურანდუხტ დედოფალი მართლაც შვილის წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, ბაგრატ III უფლისციხეს ასე ადვილად ვერ დაეუფლებოდა.
9. მატიანე ქართლისაი, გვ. 269.
10. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. ტ. I. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა. თბ. 1980, გვ. 180. სოფელ ტბეთში დღეისათვის შემონახულია შუა საუკუნეების კოშკი და რამდენიმე ეკლესიის ნანგრევები, მათ შორის ბორცვისჯვრის დანგრეული ტაძარი. იხ. ი. მეგრელიძე. სიძველეები ლიახვის ხეობიდან. ტ. II. თბ. 1997, გვ. 72-76. შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ცხინვალის რაიონი, 1981-1983 წლების ექსპედიციის მასალები. თბ. 2002, გვ. 172-176. რაც შეეხება ბორცვისჯვრის ეკლესიის წარწერებს, სულ ცნობილი იყო 10 წარწერა, რომლიდანაც შემორჩენილია მხოლოდ ერთი – ტბელ პატრიკ ქავთარის ძის. ეს წარწერა XX საუკუნის 20-ანი წლების დასაწყისში ნახა ვ. თოფურიამ, მოგვიანებით კი ი. მეგრელიძემ და რ. მეფისაშვილმა. იხ. ვ. თოფურია. შიდა ქართლში დაცული ზოგიერთ სიძველეთა წარწერები. „საისტორიო მოამბე“. წ. II. თბ. 1924, გვ. 134. ი. მეგრელიძე. სიძველეები ლიახვის ხეობიდან, გვ. 72-76. რ. მეფისაშვილი. ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი. „ქართული ხელოვნება“. ტ. IV. თბ. 1955, გვ. 144. დარჩენილი ერთადერთი წარწერიანი ქვის სახელმწიფო მუზეუმში ჩამოტანის მცდელობა ჰქონდათ ი. მეგრელიძეს, ვ. თოფურიას და ირ. სონღულაშვილს, მაგრამ ეს მხოლოდ 1954 წელს მოხერხდა. დანარჩენი ცხრა წარწერა დაიკარგა. ვ. თოფურიას ცნობით, 1923 წელს ტაძრისთვის პერანგი შემოუცლიათ და ამ ქვებით აბანო აუშენებიათ. 1929 წლის ერთი საბუთით წარწერიანი ქვები ცხინვალში ჩამოუტანიათ, მაგრამ მათი კვალი დაიკარგა. ი. მეგრელიძე. სიძველეები ლიახვის ხეობიდან, გვ. 73. ვ. თოფურია. შიდა ქართლში დაცული ზოგიერთ სიძველეთა წარწერები, გვ. 134. ასევე იხ. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. ტ. I, გვ. 178.
11. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. ტ. I, გვ. 172.
12. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. ტ. I, გვ. 176
13. იხ. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. ტ. I. ნ. შოშიაშვილის შესავალი წერილი, გვ. 59.
14. ამ პერიოდის აფხაზთა სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა საგანგებოდაა შესწავლილი რ. ხონელიას ნაშრომში. იხ. Р. Хонелия. Из истории политических взаимоотношений Абхазского и Армянского царств в начале X в. Լրաբեր Հասարակական Գիտությունների. 1966, № 2, გვ. 92-104. უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომში დაშვებულია უამრავი უზუსტობა, რაზეც ყურადღება გაამახვილა ა. აბდალაძემ. იხ. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში. თბ. 1988, გვ. 179-184. ამ საკითხზე იხ. ასევე, З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.). Сухуми 1959, გვ. 126-127.
15. მატიანე ქართლისაი, გვ. 259.
16. მატიანე ქართლისაი, გვ. 269.
17. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, გვ. 126.
18. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. წ. VI. თბ. 1973, გვ. 19.
19. მ. ლორთქიფანიძე. მეფე ბაგრატ მესამე. ქუთ. 2002, გვ. 32. იხ. ასევე. მ. ლორთქიფანიძე. ერთიანი ქართული სახელმწიფოს – საქართველოს წარმოქმნა, წგნ.: საქართველოს ისტორია. ტ. I. თბ. 2008, გვ. 258. მ. ლორთქიფანიძე. ქართული მონარქიის შექმნა შუა საუკუნეებში. წგნ. საქართველოს ისტორია. ტ. II. თბ. 2012, გვ. 246.
20. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), გვ. 166-167. გ. გაბუნია. ასე იწყებოდა დიდი საქართველო (ბაგრატიდან დავითამდე და ...). საქართველო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და XI საუკუნის დასაწყისში. ქუთ. 1996, გვ. 83-84. გ. მჭედლიძე. ბაგრატ III-ის საქართველო. ქუთ. 1996, გვ. 460-462.
21. ნ. ბერძენიშვილი. გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში. თბ. 1966, გვ. 36.
22. ნ. ბერძენიშვილი. გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, გვ. 34-35.
23. ნ. ბერძენიშვილი. გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, გვ. 31.
24. ალ. ღლონტი. ფრონეების ხეობის ტოპონიმია. ტოპონიმიური ძიებანი. ტ. VII, თბ. 1988, გვ. 36.
25. მატიანე ქართლისაი, გვ. 269.

Комментариев нет:

Отправить комментарий