მარქსიზმის კრიტიკის მთავარი ობიექტი _ ბურჟუაზიაა. ამ მოძღვრების მიხედვით ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის არასოდეს შეიძლება ჰარმონიული ურთიერთობა, რომ პროლეტარიატი _ ბურჟუაზიის მესაფლავეა, რომელიც მას დაასამარებს. ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ბურჟუაზიამ „არა მარტო გამოჭედა ის იარაღი, რომელიც მას სიცოცხლეს გამოასალმებს, მან ის ადამიანებიც წარმოშვა, რომლებიც ამ იარაღს მიმართავენ მის წინააღმდეგ, _ ე.ი. თანამედროვე მუშები, პროლეტარები“.2
მარქსიზმის კლასიკოსები იმასაც მიუთითებდნენ, რომ „როდესაც პროლეტარიატის განვითარების ყველაზე ზოგად ფაზებს აღვნიშნავდით, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებოდით მეტნაკლებ ფარულ სამოქალაქო ომს არსებული საზოგადოების შიგნით იმ მომენტამდე, როდესაც იგი აშკარა რევოლუციად იფეთქებს და როდესაც ბურჟუაზიის ძალდატანებითი დამხობის გზით პროლეტარიატი თავის ბატონობას დაამყარებს“2.
ფ. ენგელსმა გეგმაც კი მოხაზა, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა გამარჯვებულ პროლეტარიატს თავისი კლასობრივი მტრის _ ბურჟუაზიის ექსპროპრიაცია: 1) მოხდება კერძო საკუთრების შეზღუდვა: პროგრესული ხარკი, მაღალი ხარკი მემკვიდრეობაზე; გაუქმება მემკვიდრეობისა გვერდითი ხაზით (ძმების, ძმისწულების და ა.შ., იძულებითი სესხები და ა.შ.; 2) თანდათანობითი ექსპროპრიაცია მიწის საკუთრებისა, ფაბრიკანტებისა, რკინიგზებისა და საზღვაო გემების მფლობელებისა ნაწილობრივ კონკურენციის გზით სახელმწიფო მრეწველობის მხრით, ნაწილობრივ უშუალოდ ასიგნატების გამოსყიდვის გზით, 3) ყველა იმ ემიგრანტთა და მეამბოხეთა ქონების კონფისკაცია, რომლებიც აჯანყდნენ ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ; .... 5) ერთნაირი იძულებითი შრომა საზოგადოების ყველა წევრთათვის კერძო საკუთრების გაუქმებამდე. სამრეწველო არმიების შექმნა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისათვის. 6) საკრედიტო სისტემისა და ფულით ვაჭრობის ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში სახელმწიფო კაპიტალით აღჭურვილი ეროვნული ბანკის მეშვეობით. დახურვა ყველა კერძო ბანკის და საბანკირო კანტორებისა.“3
ამრიგად, მარქსიზმმა თეორიულად სცადა დაესაბუთებინა, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში კაპიტალიზმმა როგორც სოციალურ-ეკონომიკურმა სისტემამ, ბურჟუაზიამ _ როგორც კლასმა დასავლეთ ევროპაში ამოწურა თავისი პროგრესული ფუნქცია საზოგადოების განვითარებაში და პროლეტარიატის ვალია მისი ლიკვიდაცია როგორც კლასის _ მატერიალურადაც და თუ საჭირო გახდება ფიზიკურადაც. შეხედულება, რომ ბურჟუაზიამ ამოწურა თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობები, როგორც ეკონომიკის განვითარების ძირითადმა მამოძრავებელმა, რომელსაც უნარი შესწევს ალღო აუღოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მოთხოვნებს, მცდარი აღმოჩნდა, რაც მთლიანად დაადასტურა მე-20 საუკუნის მსოფ¬ლიო ეკონომიკურმა განვითარებამ სწორედ დასავლეთის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, სადაც ეკონომიკური წინსვლა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი განსაკუთრებით მაღალი იყო იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც გეგმური მეურნეობა და მართვის ცენტრალიზებული სისტემები იყო დანერგილი.
ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ვ. ი. ლენინმა და ბოლშევიკებმა ბურჟუაზიის ექსპროპრიაცია ძირითად საპროგრამო ამოცანად დაისახეს: „განუხრელად განაგრძოს და ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული და მთავარსა და ძირითადში უკვე დამთავრებული ექსპროპრიაცია ბურჟუაზიისა, წარმოებისა და მიმოქცევის საშუალებათა გადაქცევა საბჭოთა რესპუბლიკის საკუთრებად, ე.ი. ყველა მშრომელის საერთო საკუთრებად“ _ ხაზგასმით მითითებულია კომუნისტური პარტიის მეორე პროგრამაში.4
მართალია, საქართველოს ძალმომრეობით გასაბჭოების შემდეგ ვ. ი.ლენინი ქართველ კომუნისტებს მოუწოდებდა არ გამოეყენებინათ ბრმად „რუსული შაბლონი“ და წვრილი ვაჭრების მიმართ განეხორციელებინათ ლოიალური პოლიტიკა, მაგრამ მსხვილი მრეწველობის ნაციონალიზაცია საქართველოში სწრაფად განხორციელდა, რამაც ქართველი ბურჟუაზია კაპიტალის გარეშე დატოვა. ქონებაჩამორთმეულთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი მრეწველები, როგორიცაა ა. ხოშტარია, ენფიანჯიანცი, სეილანოვი, ძმები ზლატოგორსკები, მ. ქუთათელაძე, ს. სირაძე და მრავალი სხვა ქართველი თუ არაქართველი კაპიტალისტი. 1921 წელს 30 ივნისს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით მთელ საქართველოში 76 მსხვილი და საშუალო სამრეწველო საწარმო იქნა ნაციონალიზებული, მათ შორის თბილისში _ 51.5 ექსპროპრირებულ თბილისელ მრეწველთა შორის ქართველი იყო მხოლოდ 8. განხორციელდა მარგანეცის მრეწველობის ნაციონალიზაცია, სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა თამბაქოს მრეწველობაც. საწარმოები ჩამოართვეს ბოზარჯიანცს, ქუთაისში მეძმარიაშვილს, ქავთარაძეს და სახამბერიძეს და ა.შ.6
სპეციალური დეკრეტით მოხდა ლიტო-ტიპოგრაფიების (მათ შორის მესხიშვილის ტიპოგრაფიის) ნაციონალიზაციაც. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა _ კომუნისტურმა სახელმწიფომ უკვე კონტროლი დააწესა ბეჭდვითი სიტყვის თავისუფალ გავრცელებაზე.
საქართველოს ბურჟუაზიას ამ ნაციონალიზაციით დიდი ეკონომიკური დარტყმა მიაყენეს, მაგრამ მარტო ამას არ დასჯერდნენ _ დაიწყო მათი ბინების კონფისკაცია. საბჭოთა ხელისუფლების პირველსავე დღეებში საცხოვრებელი ბინა ჩამოართვეს ა. ხოშტარიას, ძმებს ზუბალაშვილებს და სხვ. თბილისის სოლოლაკის უბანში, რომელიც ადგილობრივი ბურჟუაზიის საცხოვრებელი ადგილი იყო, თითქმის ყველა ბინა გადაეცა სპეციალურად შექმნილ „მუშათა ყოფის გაუმჯობესების კომისიას“, რომელსაც დაევალა თბილისის ბურჟუაზიის საცხოვრებელი ბინების ხარჯზე დაეკმაყოფილებინა მუშები და ქალაქის განაპირა უბნებიდან ისინი სწრაფად გადმოეყვანა ქალაქის ცენტრში. სპეციალურად შექმნილი „სამეულები“ პრაქტიკულად ახორციელებდნენ ბინების ათვისებას, ბინის კანონიერ მესაკუთრეს უტოვებდნენ ერთ-ორ ოთახს და მის ნების საწინააღმდეგოდ მასში ასახლებდნენ ან ღარიბი მუშების ოჯახებს, ან რუსეთის საოკუპაციო ჯარის მეთაურებს, ან კომუნისტური პარტიის ლიდერებს.7
ქართველი შემოქმედი ინტელიგენციის გულისმოსაგებად, ხელოვანთა სასახლის მოსაწყობად, 3 მარტს, თბილისის ინტელიგენციასთან შეხვედრის დროს, შ. ელიავამ ა. ხოშტარიას სახლი ახალი საბჭოთა ხელისუფლების სახელით მათ საზეიმოდ გადასცა.8
ასეთივე ბედი ეწიათ ცნობილი თბილისელი მრეწველების ადელხანოვის, ენფინჯიანცის, სეილანოვის და სხვა ბიზნესმენების საცხოვრებელ ბინებს. ძმები ზუბალაშვილების ბინაზე პრეტენზიას სომხეთის გრიგორიანული ეკლესია აცხადებდა და ა.შ.
საერთოდ ძალიან ჭირს, მასალის ნაკლებობის გამო, აღდგეს საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში საქართველოს მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სრული სურათი. საბჭოთა ისტორიოგრაფია ამ საკითხით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არასდროს დაინტერესებულა. ითვლება, რომ სხვა პრივილეგირებულ კლასებთან ერთად (თავადაზნაურობა, კულტის მსახურები) მათ პირველად იწვნიეს კომუნისტური ტერორის სუსხი. მაგრამ, როგორც ბოლოდროინდელი აღმოჩენები მიუთითებენ, ეს მთლად ასე არ ჩანს.
ამას გარკვეულად ხელი შეუწყო იმან, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება ახალ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად შემოვიდა და თანაც, რკპ (ბ) ახალი, მეორე პროგრამა, მრეწველობაში დასაქმებული სპეციალისტების მიმართ გარკვეულ შეღავათებს აწესებდა, როცა მიუთითებდა, რომ პარტია „ოდნავ პოლიტიკურ დათმობაზეც არ უნდა წავიდეს ხსენებული ბურჟუაზიული ფენის მიმართ და ულმობლად (ხაზგასმა ჩვენია _ ა.დ.) დათრგუნოს მისი ყოველგვარი კონტრრევოლუციური ზრახვები, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე ულმობლად ებრძოლოს ვითომ რადიკალურ... წარმოდგენას, თითქოს მშრომელებს შეეძ-ლოთ ბურჟუაზიული წყობილების დაძლევა, თუ არ ისწავლიან ბურჟუაზიულ სპეციალისტებთან, არ გამოიყენებენ მათ, არ გაივლიან მათ გვერდით მუშაობის ხანგძლივ სკოლას“.9
საქართველოს ბურჟუაზიის ბევრი წარმომადგენელი თავისი საქმის პროფესიონალი იყო: უკვე გარდაცვლილი დავით სარაჯიშვილი _ ქიმიის მეცნიერების დოქტორი, მიტროფანე ლაღიძე _ ჩინებული გამომგონებელი ნოვატორი, ტყავისა და ფეხსაცმლის წარმოების მაგნატი ადელხანოვი უმაღლესი პროფესიონალი იყო, საინჟინრო განათლება ჰქონდა გ. იარალოვს _ თბილისის ერთ-ერთი მექანიკური ქარხნის დამაარსებელს, რომელმაც ჯერ კიდევ მეფის ხელისუფლების დროს წარმატებული სააქციო საზოგადოება შექმნა და ა.შ.
და მართლაც, საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში, კაპიტალისტების ერთი ჯგუფი გვხვდება თავიანთ საწარმოებში „სპეცებად“, მომმარაგებლებად. მაგალითად, არის ცნობა, რომ ადელხანოვი თავის ფეხსაცმლის საწარმოში მუშაობას განაგრძობდა მისი ნაციონალიზაციის შემდეგ და საწარმოს ნედლეულის შესაძენად არა ერ¬თხელ იმყოფებოდა შუა აზიაში.
საყურადღებოდ გვეჩვენება, რომ ამიერკავკასიის კომუნისტური ხელმძღვანელობა, უდავოდ, მოსკოვთან შეთანხმებით, ცდილობს თბილისელი კაპიტალისტების გამოყენებას საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსკოვი 1921-1923 წლებში აქტიურად ცდილობდა რევოლუციის ექსპორტს აღმოსავლეთის ქვეყნებში: თურქეთში, სპარსეთსა და ავღანეთში. სწორედ ამ თვალსაზრისს ადასტურებს რკპ (ბ) კავბიუროს 1921 წლის 4 ივნისის სხდომაც, სადაც მოისმინეს ადელხანოვის მოხსენება ირანის შესახებ.10 ინფორმაცია ოქმში არ დევს. დადგენილებაც ლაკონურია – „დაევალოთ ორჯონიკიძეს და ნარიმანოვს დახმარება გაუწიონ მუშაობაში“.
ინფორმაციის ნაკლებობას ავსებს იმავე სხდომაზე განიხილული მეორე საკითხი _ „სპარესეთში მუშაობის შესახებ“. კავბიურომ მიიღო დადგენილება ირანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დაშლის შესახებ და შექმნა საორგანიზაციო კომიტეტი საგანგებო ყრილობის მოსაწვევად. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სპეციალურ შესწავლას მოითხოვს – რა უფლება ჰქონდა რკპ (ბ) კავბიუროს დაეშალა ან შეექმნა ირანის კპ ცენტრალური კომიტეტი. აქ ჩვენ ინტერესს იწვევს დადგენილების ის ნაწილი, სადაც მინიშნებულია: „ეთხოვოს ადელხანოვს, რომ აქტიურად ითანამშრომლოს საორგანიზაციო კომიტეტთან“.11
უკვე აშკარაა, რომ ადელხანოვი მონაწილეობდა საბჭოთა მთავრობის საგარეო პოლიტიკურ თამაშში.
მაგრამ ყველა მოლოდინს აჭარბებს მოსკოვის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში ჩვენ მიერ აღმოჩენილი ერთი დოკუმენ, რომლის მიხედვით ჩანს, რომ ქართული ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენლებით დაინტერესებული იყო თვითონ რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო. 1923 წლის 1 მარტს პოლიტბიუროს სხდომაზე მე-12 პუნქტად განიხილეს საკითხი _ „მოქალაქე ხოშტარიასთან ხელშეკრულების დადების შესახებ.“12
საკითხის სერიოზულობაზე მიგვანიშნებს განხილვაში მონაწილეთა პოლიტიკური მნიშვნელობა და მათი გავ¬ლენა პარტიაში _ პიატაკოვი, კრასინი, კარახანი, ჩიჩერინი, უნშლიხტი. პიატაკოვი კომუნისტური ხელისუფლების მთავარი გეგმური ორგანოს _ „გოსპლანის“ ხელმძღვანელის მოადგილე და 1923 წლიდან სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, უნშლიხტი _ „ვჩკ-გპუ“ თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სამი დანარჩენი _ ჩიჩერინი, კარახანი და კრასინი _ საგარეო საქმეთა უწყებას წარმოადგენდნენ, ორი პირველი _ საგარეო საქმეთა კომისარი და მისი მოადგილე იყო, ხოლო უკანასკნელს _ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის პოსტი ეკავა.
ამრიგად, ხოშტარიასთან ხელშეკრულების გაფორმებას ჰქონია საგარეო ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკური და დაზვერვით-საიდუმლო მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა დადგენილების მხოლოდ ეს ტექსტი, ჯერჯერობით დეტალურ მასალებს ვერ მივაკვლიეთ, ამიტომაც ჩვენ არ ვიცით რატომ, როგორ გავიდა ხოშტარიაზე საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური ორგანო, ვინ შესთავაზა მისი კანდიდატურა, რატომ არ ესწრებოდნენ ამ ხელშეკრულებაზე მსჯელობას საქართველოს, ან ამიერკავკასიის კომუნისტური ხელისუფ¬ლების წარმომადგენლები. ეს, რა თქმა უნდა, მომავალში კვლევის გაგრძელებას გულისხმობს. რამდენადაც ეს ხელ¬შეკრულება ცნობილი არ არის ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჩვენ მას მთლიანად მოვიტანთ:
„12. მოქალაქე ხოშტარიასთან ხელშეკრულების დადების შესახებ (პიატაკოვი, კრასინი, კარახანი, ჩიჩერინი, უნშლიხტი)
ა) ჩაითვალოს მიზანშეწონილად ხოშტარიასთან ხელშეკრულების დადება იმ საფუძველზე, რაც მოგვახსენა ამხ. პიატაკოვმა.
ბ) დაევალოს მთავარკონცესკომს დეტალურად გაინხილოს ხელშეკრულება და შეიტანოს მასში შემდეგი ცვლილებები:
ხელშეკრულებაში აღინიშნოს: 1) სპარსელი ხალხის უფლებების აღიარება და ამ უფლებების აღიარება უკვე ორგანიზებული საზოგადოების მიერ; 2) შერჩევა მოსამსახურეების ზემოდან ქვემოთ მოხდეს მხოლოდ გამგეობის უმრავლესობის ნებართვით; 3) რუსეთის მთავრობა წინასწარ აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ის არ გაუწევს არავითარ დახმარებას იმ კონცესიების აღდგენის საქმეში, რაც ანულირებულია რუსეთ-სპარსეთის ხელშეკრულებით; 4) აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ეცნობოს ამხ. შუმიაცკის სახელმძღვანელოდ.“13
როგორც ვხედავთ, ხელშეკრულება, დოკუმენტების სიმცირის გამო, ბევრ კითხვას ბადებს: საქმე ეხება ხოშტარიასათვის სპარსეთში ეკონომიკურ საქმიანობაზე ნებართვის მიცემის საკითხს, რომელითაც ერთობლივად არის დაინტერესებული სამი საბჭოთა უწყება. როგორც ჩანს, ამ უწყებათა ხელმძღვანელობამ ისეთი არგუმენტები წარუდგინა პოლიტბიუროს, რომ ის თანახმაა მხარი დაუჭიროს მათ წინადადებას. აქედან დასკვნა: 1) მოქალაქე ხოშტარია, მიუხედავად იმისა, რომ ის კაპიტალისტია, კრემლის ლიდერების ნდობას იმსახურებს, 2) მას შეუქმნია რაღაც საზოგადოება, ან შეიძლება შეუქმნეს და ის სათავეში ჩააყენეს (ესეც შესაძლებელია), 3) ორგანიზაციის ასპარეზია საქართველოს საზღვრებთან მდებარე სახელმწიფო _ სპარსეთი, ანუ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყანა, რომლის მიმართ ბოლშევიკურ რუსეთს დასავლეთ ევროპაში რევოლუციური ენთუზიაზმის შენელების შემდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ძალუმად გაუჩნდა. ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ ესწრებოდა და პროექტის შესახებ საკუთარი დადებითი აზრი გამოთქვა „ვჩკ-გპუ“-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. აშკარაა, რომ ეკონომიკური ფირნიშის ქვეშ საბჭოთა სახელმწიფო ირანში კომუნისტური ექსპორტის რეალიზაციას თუ არა, ამ ქვეყანაში ვითარების დაზვერვას მაინც შეეცდებოდა.
თვითონ ხოშტარია ამ სხდომას არ ეწრებოდა. მას ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს გარკვეული ეკონომიკური ინტერესები სპარსეთშიც ჰქონდა. საერთოდ, წარსულში თბილისელ კაპიტალისტებს ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ სპარსეთში და გარკვეულ პროგრამებსაც წარმატებით ახორციელებდნენ. ა. ხოშტარია ცნობილი იყო თავისი ენერგიული ეკონომიკური პროექტებით. მენშევიკების ხელისუფლების დროს მან რამდენიმე ეკონომიკური პროექტი წარუდგინა მთავრობას, მაგრამ დაუწუნეს. როგორც ჩანს, მოსკოვს მისი გამოცდილების გამოყენება მოუნდა. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწია ამ ხელშეკრულებას, არავითარი კვალი მისი რეალიზაციისა ჯერჯერობით არ იძებნება. ამ ეტაპზე აქ მთავარი ჩვენთვის ერთია _ თვალსაჩინო კაპიტალისტები წინააღმდეგნი არ არიან, გარკვეული პირობებით, ჩადგნენ ახალი ტოტალიტარული სახელმწიფოს სამსახურში, ცენტრალური ხელისუფლებაც ენდობა მათ და იყენებს მათ შესაძლებლობებს.
საერთოდ, რამდენი კაპიტალისტი-ფაბრიკანტი შემორჩა საქართველოს 1921 წლის შემდეგ? ამ კითხვაზე გარკვეულ პასუხს გვაძლევს მოსახლეობის 1926 წლის აღწერის მონაცემები. აქ მითითებულია, რომ საქართველოში მრეწველობაში არსებობდნენ „მექარხნე-მეფაბრიკენი“ _ თვითმოქმედნი 35 კაცი, არათვითმოქმედნი _ 228. აქედან 137 იყო ქალი. სოფლის მეურნეობაში კერძო კაპიტალის წარმომადგენლები ანუ „პატრონები სოფლის მეურნეობაში“ _ უფრო მრავალრიცხოვანია. თვითმოქმედი „პატრონი“ არის 14 388, საიდანაც 3578 ქალია, მათ შორის ქართველია 8845, საიდანაც 2837 ქალია. კერძო ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ შინამრეწველნი და ხელოსნები. მათი რაოდენობაა _ თვითომქმედი 2166, არათვითმოქმედი 5500.14
მეტად საინტერესოა, რომ მეფაბრიკე-მექარხნეთა კატეგორიაში არიან „თვითმოქმედები“ _ ეს გულისხმობს კერძო ბიზნესს საკუთარი ოჯახის წევრთა სამუშაო ძალის გამოყენებით. ეს გულისხმობს „მინი“ ფაბრიკა-ქარხნებს, სინამდვილეში კი ინდივიდუალურ სახელოსნოებს, მეტად მერყევი ეკონომიკური შესაძლებლობებით, თანაც აღწერის მონაცემებით ამ ტიპის სულ საქართველოში 35 „ფაბრიკა-ქარხანა“ ყოფილა.
უფრო შთამბეჭდავია დაქირავებული შრომის გამომყენებელი მეწარმეების რიცხვი _ 228. ყველა კატეგორიის მეწარმე (ფაბრიკანტი) 1926 წელს საქართველოს მრეწველობაში უდრის 263 კაცს. ჩვენ არ ვიცით მათი შიდასოციალური სტრუქტურა, შესაძლებლობები. ამის გაგების შესაძლებლობას სტატისტიკური კრებული არ იძლევა, ამის დადგენას ჩვენ სხვა საშუალებებით შევეცდებით ქვემოთ.
სამაგიეროდ „მეპატრონეები“ საკმაოდ ბევრია სოფლის მეურნეობაში და განსაკუთრებით საყურადღებოა არათვითმოქმედი მეპატრონის კატეგორია, ე.ი. მეპატრონე, რომელიც იყენებს დაქირავებულ შრომას _ მათი რიცხვი უდრის 34690 კაცს. უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტ-ეკონომიკურ ცნებაში „კულაკი“, 20-იანი წლების დასასრულს, საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობა სწორედ ამ სოციალური კატეგორიის წარმომადგენლებს გააერთიანებდა.
რა საქმიანობას ეწეოდნენ ტოტალიტარული რეჟიმის პირველ ეტაპზე საქართველოს „ბურჟუები“ და „ნეპმანები“? (ასე უწოდებდნენ ნეპის პერიოდში იმ პირებს, რომლებმაც შეძლეს საბჭოთა შეღავათებით სარგებლობა და კერძო ბიზნესი განავითარეს).
ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად სახალხო მეურნეობის უმაღლესმა საბჭომ კერძო პირებზე იჯარით გასცა საკმაოდ ბევრი „ფაბრიკა და ქარხანა“. სინამდვილეში ეს იყო ძირითადად 2-3 კაციანი საწარმოები. მაგალი¬თად, ასეთი იყო ზლატოგორსკის ბამბის „ქარხანა“, რომელშიც ხუთი მუშა იყო დასაქმებული. არუთინოვების საპნის ქარხანაში მხოლოდ 2 კაცი მუშაობდა. თბილისში მოქმედებდა ოგანეზოვის ლიმონათის ქარხანა, მილიანცისა და კაზარიანცის ფეხსაცმლის სამკერვალო, ჯანაშვილის ჯაგრისის სახელოსნო, ვერგელიანცის საფეიქრო სა-ხელოსნო და სხვა საწარმოები.15
ბათუმში 21 ნავთის ჩამომსხმელი სადგური იყო, რომელთაც უამრავი რეზერვუარი ჰქონდათ. ეს სადგურები ეკუთვნოდა ძმებს ნობელებს, მანთაშოვს, რუსეთ-კავკასიის საზოგადოებას, ბრიტანეთ-ბაქოს საზოგადოებას და სხვა ორგანიზაციებს. ამათ გარდა, ქალაქში იყო კაპლანის მექანიკური ქარხანა, ძმები არვანტიდების თუნუქის ყუთების საწარმო და ა.შ.16 კერძო მცირე საწარმოები იყო გორში, თელავში, ახალციხესა და სხვა ქალაქებსა და დასახლებებში.
კერო ბიზნესი, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, მთლიანად იყო რეგლამენტირებული და მისი თავისუფლება მოჩვენებითი იყო: სახელმწიფოს ეკონომიკური ბერკეტები მკაცრად ბოჭავდა ნებისმიერ მეწარმეს. ეკონომიკური თავისუფლება არ ვრცელდებოდა საკრედიტო-ფულად ურთიერთობებზე, საბანკო სისტემა მთლიანად სახელმწიფოს ხელში იყო, გადასახადების სისტემით ის არეგულირებდა კერძო სექტორს. კერძო მეწარმე, ასეთ ვი¬თარებაში ცდილობდა რაც შეიძლება მეტი მოგება მიეღო. დასტურდება, რომ „ნეპმანები“ ცდილობდნენ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგება მიეღოთ.
მცირერიცხოვან საწარმოებში შრომის კანონმდებ¬ლო¬ბის ყველა მუხლის დაცვა ძნელდებოდა, მით უფრო, რო¬გორც ზემოთ აღინიშნა, ქვეყანაში მიმდინარე ინფლა¬ცი¬ური პროცესები ერთნაირად ამწვავებდნენ ეკონომიკურ ფონს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. კერძო მეწარმე რთულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში ცდი¬ლობდა რაც შეიძლება მეტი მოგება დაეგროვებინა, რომ შეექმნა ზედმეტი კაპიტალი წარმოების გასაფართოებლად, პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს ბევრ სააწარმოში ადგილი ჰქონდა კა¬პიტალის პირველადი დაგროვებისათვის დამახასიათებელ მოვლენებს: იყო ზღვარგადასული ექსპლოატაცია, მუშათა უფლებების შებღალვა. ეს მუშების უკმაყოფილებას იწ¬ვევ¬და. ამიტომაც დამოკიდებულება მუშებსა და `ნეპმანებს~ შო¬რის ხშირად დაძაბული იყო. საბჭოთა რეჟიმის პირო¬ბებში, როცა შრომითი დავა კერძო საწარმოში მუდამ მუ¬შის სასარგებლოდ წყდებოდა, მუშა არ ეპუებოდა საწარ-მოს მფლობელს, ადგილი ჰქონდა კონფლიქტებს. ასეთი ფაქტები კომუნისტურ პრესას მუდამ სააშკარაოზე გამოჰ¬ქონდა და ქმნიდა `ნეპმანების~ მიმართ უარყოფით საზო¬გა¬დოებრივ აზრს. მაგალითად, შრომითი კონფლიქტი მოხ¬და ვინმე პეტროსიანის ფურნეში. მეპატრონის თვით¬ნე¬ბო¬ბით შეწუხებულმა მუშა ავაქ მურადიანმა იჩივლა შრომის ინსპექტორთან. ამ ფაქტით აღშფოთებულმა საცხობის მეო¬რე მუშამ სასტიკად სცემა მურადიანი _ `ხაზეინს~ რა¬ტომ უჩივლეო.14 ეს აქცია განხორციელდა თუ `ნეპმანის~ წაქეზებით არა, მისი გულის მოგების სურვილით მაინც, რაც მიუთითებს, რომ კერძო საწარმოებში ზოგჯერ კერძო ინტერესი ჭარბობდა პროლეტარიატის კლასობრივი სოლი¬და¬რობის გრძნობას.
იყო სხვა შემთხვევებიც: ვინმე კუსიანის ფურნეში მომუშავე მუშამ გამოიყენა კუთვნილი შვებულება, მაგრამ მე¬წარმემ უკან დაბრუნებული მუშა სამსახურში აღარ მი¬იღო15, ვინმე ორჯონიკიძის საპნის ქარხანაში მუშები ისეთ საშინელ ექსპლოატაციას განიცდიდნენ, რომ ამის მომ¬სწრე მუშკორი მოითხოვდა მეპატრონის მიმართ აშკარად რეპრესიული ზომების გატარებას.17
შრომის პირობები ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მძიმე იყო. მაგალითად, თბილისის #4 აგურის ქარხანაში მუსე¬ბი მუშაობდნენ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, კვირა და უქმე დღეებშიც. მშრომელთა 90 პროცენტი მალარიით იყო ავად. მუშათა საცხოვრებელში საშინელი ანტისანიტარია იყო გამეფებული, საქონელი და ადამიანი ერთ ჭერქვეშ ათენებდა. ხშირი იყო სიკვდილიანობის შემითხვევებიც. სა¬ქართველოს ბევრ კერძო საწარმოში შრომის ხან¬გძლი¬ვობა 12-14 საათი იყო. იმჟამინდელი ოფიციოზის, გაზეთ `კომუ¬ნის¬ტის~ აღიარებით საქართველოს მრეწველობაში ყვე¬ლა¬ზე თვალშისაცემი დარღვევები იყო: სამუშაო დროის გა¬დი¬დება, მოზარდის შრომის ზედმეტი ექსპლოატაცია, მუ¬შისადმი უდიერი მოპყრობა, მუშაობის ანტისანიტარული პი¬რობები, დაზღვევის თანხის გადაუხდელობა, მუშა-მო¬სამსახურეთა სამსახურში მიღება შრომის ბირჟის ჩარევის გარეშე, ხელფასის ვადების უხეში დარღვევები და ა.შ.
კერძო ბიზნესი, რა რთულ ვითარებაშიც არ უნდა ყო-ფილიყო ის, იმდენ მოგებას კი იძლეოდა, რომ ახალ `მე-წარმეებსა~ და `ნეპმანებს~ რიგით მუშებზე უკეთ ეცხოვრათ. 20-იანი წლების შუა ხანებიდან ხდება ეკო¬ნომი¬კური ცხოვრების სტაბილიზაცია, თბილისში საქა¬ლაქო ცხოვრება მოწესრიგდა, გაიხსნა ბევრი კერძო რეს¬ტორანი. მეწარმეები და მათი ოჯახის წევრები უკეთესად იცვამდნენ, ეტანებოდნენ `ცხოვრების სიამეებსაც~. `ჩეკას~ ინფორმაციით: `...მუშათა განწყობილებაზე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს მკვეთრად თვალში საცემი შედეგები ახა¬ლი ეკონომიკური პოლიტიკისა და ბურზუაზიის ზღაპ¬რული სიმდიდრე. როგორც აღინიშნა, მუშების ნაწილი ხანგძლივად არ იღებს ხელფასს და ულუფას, მაშინ როცა ადგილობრივი ბურჟუაზია კაფე-რესტორნებში ფანტავს უზარმაზარ თანხებს~.18
სპეციალური ორგანოები ბურჟუაზიის ფარულ გან-წყობილებებზეც მიანიშნებდნენ: `მსხვილი ბურჟუაზია მენ-შევიკურად განწყობილ ინტელიგენციასთან ერთად კონტ¬რ-რევოლუციურად არის შემართული, თუმცა გარეგნულად თავი უჭირავს: `Тише - воды, ниже - травы~.19
მსგავსი ინფორმაცია მიდიოდა კომუნისტური პარტი¬ის ლიდერების ყურამდეც, სოციალური ვითარება 1924-1925 წლებში ქვეყანაში ისე შეიცვალა, განსაკუთრებით სოფ¬ლის მეურნეობაში, რომ ალაპარაკდნენ სოფლის ბურ¬ჟუა¬ზიის _ კულაკების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე, ამ¬ტკიცებდნენ რომ მოხდა მათი ეკონომიკური შესაძ¬ლებ¬ლობების არნახული ზრდა, რაც მალე პოლიტიკურ მოთ¬ხოვნებშიც გადაიზრდებოდა, ბევრს საუბრობდნენ ნეპის შეწყვეტაზე, ზეინდუსტრიალიზაციაზე, კულაკების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებაზე.
ამ ტენდენციების მატარებელი და იდეოლოგი გახდა ლ. ტროცკი, ცოტა მოგვიანებით მას შეურთდნენ გ. ზი¬ნო¬ვიევი, და ლ. კამენევი _ რკპ (ბ) ცკ პოლიტბიუროს წევ¬რები. ისინი ს. სტალინს, ნ. ბუხარინს და მათ მომხრეებს `თერ¬მიდორში~ ანუ მმართველი ბირთვის ბურჟუაზიულ გადაგ¬ვარებაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც ვერ ხედავ¬დნენ კერძო ბიზნესის საფრთხეს, კულაკურ საფრთხეს. დაპირისპირებამ (უფრო სწორედ თუ ვიტყვით, ბძოლამ ძა¬ლაუფლებისათვის) კომუნისტური პარტიის ზედა ეშელო¬ნებ¬ში უკიდურესი ხასიათი მიიღო. ლ. ტროცკის მხარი ბევ¬რმა დაუჭირა, მათ შორის საქართველოშიც. შემთხვე¬ვი¬თი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს სსრ სახკომ-საბჭოს ყო¬ფილი თავმჯდომარე, ძველი რევოლუციონერი და სტა-ლინის პირადი მეგობარი სერგო ქავთარაძე იმ 83 ტროც¬კისტს შორის იყო, რომელმაც ხელი მოაწერა რკპ(ბ) ცენ¬ტრალური კომიტეტისადმი გაგზავნილ სპეციალურ მი¬მარ¬თვას (ე.წ. `83-ის განცხადება~), სადაც ხაზგასმულია ის საშიშროება, რაც ნეპის ლაგამამოუდებელ განვითა¬რებას შეეძლო მოეტანა საბჭოთა ხელისუფლებისათვის _ საბჭო¬თა კავშირში გამოეწვია კაპიტალიზმის რესტავრაცია.20
საქართველოს პარტიულ ხელმძღვანელობაში მაშინ იყო რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის გენერალური ხაზის (ი. ბ.სტალინის ხაზის) გამტარებელი დაჯგუფება _ მ. კა¬ხი¬ანი, ლ. ღოღობერიძე, შ. ელიავა და სხვები, რომლებსაც დაუპირისპირდნენ ს. ქავთარაძე, კ. ცინცაძე, მ. ოკუჯავა და სხვები. საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის თერ¬მი¬დორულ გადაგვარებაზე საქართველოშიც ალაპა¬რაკ¬დნენ.
სწორედ ამ დაპირისპირების შედეგი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის დავა¬ლებით სპეციალურმა კომისიამ 1926 წელს საიდუმლოდ შეისწავლა კერძო ბიზნესი საქართველოში, მისი რეალური მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. ეს მა¬სა¬ლები დღემდე სამეცნიერო ბრუნვაში არ იყო შემოტანილი და ამ ინფორმაციას არ ფლობდა საქართველოს საზოგა¬დოებ¬რიობა. შედეგები კი მართლაც საინტერესო და და¬მა¬ფიქრებელია. ჩვენს მიერ შესწავლილი დოკუმენტი იმითაც არის სანდო, რომ, როგორც მისი შემდგენლები ამ¬ტკი¬ცებენ, კერძო ბიზნესის განვითარების პარამეტრები მათ შეისწავლეს შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით: 1. ერძო კა¬პი¬ტალის მონაწილეობა საბაზრო ბრუნვაში, 2. საქართვე-ლოში არსებული სავაჭრო წარმომადგენლობების (კავში¬რე¬ბის) და ადგილობრვი სახელმწიფო სავაჭროების ბრუნ¬ვა¬ში კერძო პირების მონაწილეობის დამადასტურებელი მასალა, საშინაო ვაჭრობის კომისარიატის მიერ 1924-1925 წლე¬ბის დასაწყისში საცალო ვაჭრობის შერჩევითი მეთო¬დით გამოკვლევის დოკუმენტები, სასოფლო-სამეურნეო პრო¬დუქ¬ციის რეალიზაციის შედეგების მასალები, ფინან¬სური ინსპექციის 1924-1925 წლების ცნობები სავაჭრო ბრუნვაში კეოძო კაპიტალის მონაწილეობის შესახებ. ამ მა¬სალის შეჯამების შედეგად დადგინდა, რომ 1924-1925 წლებში საბირჟო ოპერაციებში (ბრუნვაში) კერძო ბიზ¬ნესის მონაწილეობა უდრიდა 1 339 ათას მანეთს (ფულის ახა¬ლი კურსი), რაც ბირჟის საერთო ბრუნვის 18 პროცენ¬ტი იყო. ვაჭრობაში კერძო პირების მონაწილეობა აღწევდა 8 პროცენტამდე. ამავე პერიოდში სახელმწიფო სავაჭრო ორგანიზაციები კერძო პირებზე ყიდდნენ დაახლოებით მილიონი მანეთის პროდუქციას (აღირიცხა 24 ძლიერი ორ¬განიზაცია). 1924-1925 წლებში კერძო პირებმა ბირჟაზე გაყიდეს 650 ათასი მანეთის საქონელი.
საყურადღებოა კერძო კაპიტალის აქტივობა სასოფ¬ლო-სამეურნეო სექტორში. ოფიციალური ინფორმაციით 1924-1925 წლებში 5 მილიონი ვედრო ღვინიდან მხოლოდ 700 ათასი იყო სახელმწიფო კოოპერციული ორგანი¬ზა¬ცი¬ების, დანარჩენი კერძო პირებს ეკუთვნოდათ. 800 ათასი ვედრო ღვინო კერძო პირებმა გაყიდეს ადგილობრივ ბა¬ზარ¬ზე. გატანილია 1 მილიონი ვედრო ღვინო. ასევე წამ¬ყვა¬ნია კერძო ბიზნესის წვლილი მეხილეობის დარგში _ მათ მსხვილ პარტიებად გაყიდეს დაახლოებით ნახევარი მი¬ლიონი ფუთი ხილი. ასევე ლიდერობდა კერძო ბიზნესი ხორ¬ცის, თხილის, რძის პროდუქციის წარმოებაში.21
როგორც ვხედავთ, საბჭოთა ლიდერებს გარკვეული შეშფოთების საფუძველი უნდა ჰქონოდათ _ მარტო საქარ¬თვე¬ლოს მაგალითი მიუთითებს, რომ მიუხედავად რეპრე¬სი¬ებისა, დრაკონული საგადასახადო კანონებისა და უამრავი შეზღუდვისა, კერძო კაპიტალი 20-იანი წლების შუა ხანებ¬ში მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოად¬გენ¬და ეკონომიკაში, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო წარ¬მოებაში.
გამოკვლევის შედეგად შესწავლილია კერძო მხვილი საწარმოები, რომელშიც საქართველოს სინამდვილეში მო-იაზრებოდნენ ფაბრიკა-ქარხანები 20 კაციანი კოლექტივით. არსებობს თბილისში არსებული კერძო საწარმოების საქ¬მიანობის შესასწავლად დეტალური მასალა, რაც შემდეგ სურათს წარმოაჩენს: 1926 წლის თებერვალში 10-20 კაცი¬ანი კერძო საწარმო თბილისში იყო 636, რომელშიც და¬საქ¬¬მებული იყო 1379 კაცი. ამავე წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა გახდა 688, დასაქმებული იყო 1453 კაცი. აქე¬დან გამორჩეულად მხვილი კატეგორიის იყო _ 22 საწარ¬მო (261 კაცით). კერძო საწარმოების რაოდენობა საან¬გა¬რი¬შო პერიოდში გაიზარდა 8%, მსხვილი საწარმოების _ 70%-ით. მუშების რაოდენობა სულ გაიზარდა 5,5 პროცენ¬ტით, მსხვილ საწარმოებში _ 40 პროცენტით. დარგების მი¬ხედვით ეს ზრდა უფრო თვალშისაცემია _ მაგალითად, გე¬მო-კვების საწარმოებში ზრდის მაჩვენებელი 13,8 პრო¬ცენ¬ტია. თებერვალში იყო 177 ობიექტი, ოქტომბერში გახ¬და 201. ხე-ტყის დამუშავების სფეროში იყო 35, გახდა 44 (ზრდაა 26%). ყველაზე დიდი ზრდა შეინიშნებოდა მეტა¬ლოდამუშავებაში _ იყო 55 საწარმო, გახდა 110 (ზრდაა 100%).22
უფრო სუსტად ვითარდებოდა კერძო ბიზნესი არასამ-რეწველო სფეროში _ ზრდა აქ 2 პროცენტია. მუშათა ზრდის მაჩვენებელიც დაბალია _ 1%.
მეტად საყურადღებოა შემდეგი ფაქტიც _ შემოწ¬მე¬ბის დროს გაირკვა, რომ ყველა კერძო საწარმოში ხელ¬ფა¬სი საშუალოდ 15 პროცენტით მეტი იყო შესაბამის სა¬ხელმწიფო საწარმოსთან შედარებით. ზოგიერ საწარმოში ეს განსხვავეაბა დაახლოებით 30 პროცენტი იყო. კონ¬ტროლიორებმა ისიც დააფიქსირეს, რომ არის ხშირი შემ¬თხვევები, როცა სახელმწიფო საწარმოებიდან მუშები გა¬დადიოდნენ კერძო სექტორში. მოტანილია მაგალითი, რომ მექანიკური სახელოსნოს, `ლითონის~ ყველა მუშა გადა¬ვიდა კერძო საწარმოში, რადგან მათი ხელფასი სახელ¬მწიფო საწარმოში იყო 50 მანეთი, კერძო სტრუქტურაში გა¬დასვლის შემდეგ გახდა 84 მანეთი.
დაფიქსირებულია მეტად საინტერესო შემდეგი სიტუ¬ა¬ციაც _ მუშებს კერძო საწარმოებში აღნიშნული ხელფა¬სები არ აკმაყოფილებთ, მაგრამ პრეტენზიებს `ხაზეინებს~ არ უყენებდნენ. ამ საწარმოებში ძირითადად დაცული იყო 8 საათიანი სამუშაო დღე. იყო ცალკეული დარღვევები, მაგრამ მათ ფარული ხასიათი ჰქონდათ (მაგალითად, მირ¬ზა-ოღლის კანფეტების ფაბრიკაში). ზეგანაკვეთური მუ¬შაო¬ბისათვის მუშები არ იღებდნენ ანაზღაურებას. რევი¬ზო¬რების მტკიცებით, მუშების საყვედურები ექსპლოა¬ტა¬ციაზე იმ შემთხვევაშიც კი არ არის, როცა ასეთი ფაქ-ტები თვალშისაცემია (მაგალითად, მირზა-ოღლის ფაბ¬რი¬კაში). მეტად საგულისხმოა კონტროლიორთა მიერ ამ მოვ¬ლენის ახსნა _ `მეპატრონეებთან შეჯახების ერთეული ფაქტია~, რაც მათი აზრით აიხსნება ამ საწარმოებში და¬საქ¬მებული მუშების არასათანადო კლასობრივი შეგნებით, იმით, რომ მეპატრონე გარკვეული პრინციპებით არჩევს მუშებს და ზრუნავს კიდეც მათზე. ასეთ საწარმოებში შე¬სამ¬ჩნევი იყო მუშათა შერჩევა ნაციონალური ნიშნით, შეიმ¬ჩნევა `პანი-ბრატული~ დამოკიდებულება. ვინმე გოზა¬ლო¬ვის ფაბრიკაში ებრაელ ქალებს შაბათის დასვენების უფ¬ლება ჰქონდათ, ვინმე ბენდუქიძის მექანიკურ სახელოს¬ნოში მუშები მეპატრონის ბინაში ცხოვრობდნენ და არ იხდიდნენ ბინის ქირას. ბევრი მეპატრონე დადიოდა მუ¬შების სახლში, ილხენდა მათთან ერთად, აძლევდა ავანსს. ბევრი კი თვითონაც მუშებთან ერთად მუშაობდა, სა-წარმოში მათი ცოლებიც კი მუშაობდნენ. კონტროლიო¬რე¬ბი ასკვნიან, რომ `კერძო საწარმოების გამორკვევის დროს მუშებისაგან მათი `ხაზეინების~ კრიტიკა არ გა¬უგი¬ათ.
ასევე საგულისხმოა აღიარება, რომ `მუშების შრო¬მის-ნაყოფიერება კერძო საწარმოებში უახლოვდება ომამ¬დელ დონეს. ზოგიერთში _ მასზე მაღალია~.
რევიზორებს შეუსწავლიათ მეპატრონეთა ფსიქოლო¬გიური განწყობილებებიც და დაფიქსირებულია მათი სურ¬ვილი გაზარდონ წარმოება, თუ ხელს არ შეუშლიან. მაგა¬ლითად, მექანიკური სახელოსნო `ლითონის~ მეპატრონე, თუ კი მას ნაციონალიზებულ საწარმოს დაუბრუნებდნენ, ის მუშათა რაოდენობას 13 კაციდან 100 კაცამდე გაზ¬რდიდა. იგივე აზრი დაფიქსირდა ცინკოგრაფიაშიც.
თბილისის კერძო საწარმოები სრულად იყვნენ დატ-ვირთულნი, ზოგიერთი საწარმო ორ ცვლაში მუშაობდა. ადგილობრივ ბაზართან ერთად, ფიქსირდება ქართული ბიზნესის აქტივობა სომხეთში, სხვა რესპუბლიკებში.
მეტად საყურადღებოა რევიზორების დასკვნა:
1. შეიმჩნევა კერძო საწარმოების, განსაკუთრებით მსხვი¬ლი საწარმოების ზრდა;
2. მუშებსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობაში კონ¬ფლიქ¬ტი არ შეიმჩნევა;
3. შრომისნაყოფიერება მაღალია _ უდრის ომამდელ დო¬ნეს;
4. წესები და კოლექტიური ხელშეკრულებები დაცულია;
5. ხელფასი სახელმწიფო სექტორთან შედარებით 15 პრო¬-ცენტით მაღალია;
6. კულტურული დონე _ დაბალია;
7. პროფკავშირული მუშაობა _ სუსტია და ა.შ.
როგორც ჩანს, რევიზორები შეაშფოთა კერძო ბიზ¬ნესის ზრდის ტენდენციებმა, რაც მათ რეკომენდაციებშიც აისა¬ხა: უნდა დადგეს საკითხი პარტიული და საბჭოთა ორ¬განოების წინაშე, რომ არ შეიძლება თანაბარ პირო¬ბებ¬ში მიეცეს შეკვეთები კერძო საწარმოებს; უნდა გან¬ხორ¬ცი¬ელდეს ღონისძიებები, რომლებიც კონკურენციას გაუწევ¬დნენ კერძო წარმოებას, აღიძრას საკითხი ~ერკოოპის~ ხელ¬მძღვანელობის წინაშე სასწრაფოდ შექმნან კანფეტე¬ბი¬სა და ხალვის საწარმო, რათა მომარაგდეს ბაზარი ამ პროდუქციით; დაევალოს თბილისის საქალაქო საბჭოს აღ¬მასკომს, რომ არ შეიქმნას საჭიროება ცინკოგრაფიის საქ¬მეში კერძო სექტორის მომსახურების გამოყენების და ა.შ.
ამრიგად, როგორც დასტურდება, საქართველოში ტო-ტალიტარული რეჟიმის პირველ ეტაპზე კერძო ბიზნესი, შეზღუდვების მიუხედავად, ახერხებს ეკონომიკურ ცხოვ¬რებაზე მნიშვნელოვანგ ზეგავლენას.
ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში ბურჟუაზიის კლა¬სის ერთი ნაწილი, თავისი საუკეთესო წარმომად¬გენ¬ლებით, რომლებიც რიგ შემთხვევაში ახერხებენ საკუთარ საწარმოში მუშაობას (ადელხანოვი, სიხარულიძე და სხვ.), ხოლო ზოგიერთი მათგანის (მაგალითად, ა. ხოშტარია, ადელხანოვი) ეკონომიკური უნარისა და შესაძლებ¬ლობე¬ბის გამოყენებას თავის საგარეო პოლიტიკურ ზრახვებში არ ერიდებიან რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტ¬ბიურო, მისი ადგილობრივი ორგანიზაციები, რაც მიუთი¬თებს მათ შორის შესაძლო ურთიერთსარგებლიან კავშირ-ურთიერთობას. ეს ფაქტები დამატებით შესწავლას სა¬ჭი-რო¬ებენ.
აშკარაა, რომ 20-იანი წლების პირველ ნახევარში, `ნეპის~ პირობებში, კერძო სექტორმა საქართველოში აშკა¬რად დაჯაბნა სახელმწიფო სექტორი თავისი მობილურო¬ბით, შრომის უკეთესი ორგანიზაციით, ეკონომიკური შე¬საძ¬ლებლობებით და ხელფასის დონით.
საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი კერძო სექტორის ასეთ გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ვერ დაუშვებდა და 20-იანი წლების მეორე ნახევარში ვითარება რადიკალურად შეიცვალა _ მოხდა `ნეპის~ ლიკვიდაცია.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:
1. კ. მარქსი, ფ. ენგელსი, კომუნისტური პარტიის მანიფეს¬ტი, იხ. კ. მარქსი, ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები, ტ. I, თბ., 1975, გვ. 135.
2. იქვე. გვ. 141
3. იქვე, გვ. 104-105
4. სკკპ... რეზოლუციებში, თბ., 1954, გვ. 536.
5. რევკომები, სოხუმი, 1963, გვ. 224-227.
6. იქვე, გვ. 217
7. საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ. 14, აღ. 1, ს. 143, ფურც. 51.
8. კომუნისტი, 1921 წ. 6 მარტი.
9, სკკრ ... რეზოლუციებში, თბ., 1954, გვ. 539.
10. ГАСПИ РФ, ф. 64, оп. 1, д. 1, с. 82.
11. იქვე.
12. ГАСПИ РФ, ф. 17, оп. 3, д. 338, с. 3.
11. მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა, თბ., 1930, გვ. 36-37.
12. ა. დაუშვილი, თბილისი _ 1937, თბ., 1997, გვ. 19.
13. ა. დაუშვილი საეროვნებათაშორისო ურთიერთობა სა¬ქარ-თველოში 1921-1941 წწ. თბ., 2000, გვ. 17
14. გაზ. `კომუნისტი~, 1922, 12 აგვისტო.
15. გაზ. `კომუნისტი~, 1922, 30 სექტემბერი.
16. გაზ. `კომუნისტი~, 1922, 22 აგვისტო.
17. საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ. 14. აღ. 1, ს. 212, ფურც. 108.
18. იქვე, ს. 37, ფურც. 124.
19. ტროცკის არქივი, ტ. 3, მოსკოვი 1990, გვ. 71.
20. საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ. 14, აღ. 3, ს. 110, ფურც. 44.
21. საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ. 14, აღ. 3, ს. 165, ფურც. 3
22. საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ. 14, აღ. 3, ს. 165, ფურც. 9.
Комментариев нет:
Отправить комментарий