воскресенье, 24 февраля 2019 г.

ბაგრატ III-ის ლაშქრობა განძის საამიროს წინააღმდეგ (ჯ. სამუშია)

არაბთა სახალიფოს დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური რუკა ერთობ ჭრელი აღმოჩნდა. X საუკუნის დასაწყისში რეგიონში თითქმის ორ ათეულამდე სამეფო-სამთავრო-საამირო ჩამოყალიბდა.1 თავიდანვე ასეთი მრავალფეროვნება ნამდვილად არ უქადდა კავკასიას სტაბილურობას. როგორც ყოველთვის ხდებოდა, ამჯერადაც, ძლიერმა თანდათან დაიწყო სუსტი პოლიტიკური ერთეულების შთანთქმა და უკვე XI საუკუნის დასაწყისში რეგიონში გამოიკვეთა ძირითადი მოთამაშეებიაფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა სამეფო, განძის ამირა ანუ არანის პატრონი, ანისის სამეფო, ტაშირ-ძორაგეტის სამეფო. ამას გარდა, კავკასიაში არსებობდა შედარებით მცირე პოლიტიკური ერთეულები, რომელთაც მოკრძალებული ამბიციები ჰქონდათ და სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ერთიანდებოდნენ.
ასეთი იყო რეალობა XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც აფხაზთა და ქართველთა სამეფომ შეიერთა კახეთ-ჰერეთი და თავისი საზღვარი კიდევ უფრო გადასწია აღმოსავლეთით.2 ამ მოვლენამ ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა წარმოქმნა კავკასიაში. თუ აქამდე განძის საამირო და აფხაზთა და ქართველთა სამეფო უშუალო მეზობლები არ იყვნენ, ამიერიდან ამ ორ პოლიტიკურ ერთეულს საერთო საზღვარი გაუჩნდა. არანის ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საზღვარი, ხოლო ჰერეთის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საზღვარი მდინარე მტკვარზე გადიოდა.
განძის ამირას, ფადლონს, თავისი აგრესიული პოლიტიკით შეწუხებული ჰყავდა კავკასიის სახელმწიფოები. როგორც ჩანს, კახეთ-ჰერეთში ახალი ხელისუფლების დამკვიდრებას სათანადო ანგარიში არ გაუწია „არანის“ გამგებელმა და ისევ განაგრძო ამ პროვინციების რბევა. „მატიანე ქართლისას“ ავტორი საგანგებოდ მიუთითებს, რომ „მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად ადგილითი-ადგილად. ხოლო იხილა რა დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერება მისი, დიდად შეძრწუნდა და აღივსო შურითა...“3 მემატიანის ეს ცნობა ყოვლისმთქმელია. შემთხვევითი არ არის, რომ განძის ამირა ქართული პროვინციების დასაპყრობად მასშტაბურ სამხედრო აქციას კი არ ახორციელებდა, არამედ მხოლოდ „მეკობრეობდა“. ფადლონი, როგორც ჩანს, ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ დაპყრობაზე განძას საბოლოოდ უარი უნდა ეთქვა და მხოლოდ ასეთი „ჟამითი-ჟამად... პარვით რბევად“ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მთლიანად მოკვლევის ანალიზი გვიჩვენებს, რომ განძის ამირა, მიუხედავად ამისა, აშკარად ძველი პოლიტიკური რეალობით მოქმედებდა. მას ახალი ვითარება მაინცდამაინც კარგად არ ჰქონდა წარმოდგენილი. დასუსტებული კახეთ-ჰერეთის ნაცვლად 1008-1010 წლებიდან მისი მეზობელი გახდა კავკასიაში ყველაზე დიდი სახელმწიფო.
ბაგრატ III-ის მიერ კახეთისა და ჰერეთის შემოერთების შემდეგ ამ რეგიონში მიმდინარე პროცესები უკვე ერთიანი საქართველოს ხელისუფალთა ინტერესების ქვეშ მოექცა. ამიტომაც აშკარა შეცდომა იყო განძელთა მხრიდან წლების წინათ აღებული სამხედრო-პოლიტიკური კურსის გაგრძელება. სულ მცირე, რაც ფადლონს უნდა გაეკეთებინა, კორექტივები უნდა შეეტანა „აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა„ სამეფოსთან ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში, ახალი რეალობა ამის საწინდარი უნდა გამხდარიყო. მაგრამ, ჩვენი აზრით, ფადლონი სხვა რამის გამო იყო ასე რადიკალურად განწყობილი ბაგრატ III-ისადმი. მის მიერ მოწყობილ მარბიელ ლაშქრობებში უნდა დავინახოთ კახეთ-ჰერეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის გამო გამოწვეული ერთგვარი პროტესტი. არანში ხვდებოდნენ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ განძისა და საქართველოს ინტერესები უცილობლად გადაიკვეთებოდა. ამიტომაც ფადლონმა ერთგვარ პრევენციას მიმართა. ისიც უნდა ითქვას, რომ 1010-1011 წლებისთვის ასეთი დაპირისპირება ყველაზე მეტად ბაგრატ III-ისთვის არ იყო ხელსაყრელი. მას ჯერ კიდევ კახეთ-ჰერეთში ჰქონდა საქმეები დასალაგებელი და ამ მნიშვნელოვან მოვლენას განძაზე ნაუცბადევ ლაშქრობას არ გადააყოლებდა. ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ განძაზე ლაშქრობის ინიციატივა ქართული მხრიდან არ წამოსულა. მემატიანესთანაც სწორედ ისე ჩანს, რომ კონფლიქტის კატალიზატორი ფადლონია, რაზეც ბაგრატ III-მ სათანადო პასუხი გასცა. აქვე მოვლენებს გავუსწრებთ და იმასაც ვიტყვით, რომ ამ ლაშქრობის შედეგები ქართულმა მხარემ მშვენივრად გამოიყენა. ბაგრატ III საკმაოდ გამჭრიახი პოლიტიკოსი იყო და კარგად ესმოდა, რომ კახეთ-ჰერეთს ვერ შემოიერთებდა საბოლოოდ, თუ განძის ამირას ამ მარბიელ ლაშქრობებს არ ამოძირკვავდა. ამ ორი ქართული პროვინციის მცხოვრებთ ერთიან საქართველოში ცხოვრების სიკეთე პირდაპირ უნდა დაენახათ. ასეთი ვითარება რომ გაგრძელებულიყო, ეს ბაგრატ III-ს მაიცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ ჩააყენებდა. რა გამოდიოდა? კახეთ-ჰერეთს არბევდნენ და ცენტრალური ხელისუფლება ამაზე აქტიურ ქმედებებს არ ახორციელებდა. ამ რეალობის შენარჩუნება ბაგრატ III-ის ოპონენტების წისქვილზე ასხამდა წყალს. ის ფეოდალები, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ კახეთისა და ჰერეთის „აფხაზთა და ქართველთა“ სამეფოსთან შეერთებით, ამ ფაქტს მშვენივრად გამოიყენებდნენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ განძელთა „ასეთ ქმედებაზე ბაგრატ III-ის მყისიერი რეაგირება იმით უნდა იყოს ნაკარნახევი, რომ მას სურდა სამაგალითოდ დაესაჯა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კახეთსა და ჰერეთს ავიწროებდა და ამით, უპირველესად, ჰერელებისა და კახელებისთვის ეჩვენებინა, რომ მათ ძლიერი პატრონი გამოუჩნდათ“.
ასეთი იყო ის რეალობა, რომელიც განძის საამიროს წინააღმდეგ ლაშქრობას უძღოდა წინ. ამ ერთგვარი შესავლით მოვლენებს თითქოს გავუსწარით. სანამ სამხედრო მოქმედებებს აღვწერთ, მოკლედ მიმოვიხილავთ განძის საამიროსა და შადადიანების ისტორიას.
ქალაქი განძა – ანუ თანამედროვე გეოგრაფიული ნომენკლატურით – განჯა დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, არც ისე შორს საქართველოს საზღვრიდან. საბაჟო-გამშვები პუნქტიდან განჯამდე 130 კილომეტრამდეა, მაგრამ განძის საამიროსთან საქართველოს საზღვარი გაცილებით ახლოს გადიოდა. დღესაც კი დედოფლისწყაროს რაიონთან (ისტორიული ჰერეთი) განჯას 30-40 კილომეტრი აშორებს. განჯა საკმაოდ მოზრდილ ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს, რომლის მოსახლეობა 350 ათასს აღემატება. მაგრამ ეს ახალი დასახლებაა. ძველი ქალაქი ოდნავ მოშორებითაა, ჩრდილო-აღმოსავლეთით 6-7 კილომეტრში.4 გეოგრაფიული მდებარეობით განძა ოდითგანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამხრეთ კავკასიის ვაჭრობაში, იგი ირანისკენ და შემდეგ შუა აზია-ინდოეთჩინეთისკენ მიმავალ მაგისტრალზე მდებარეობდა. განძა არანის პროვინციის მთავარ ქალაქს წარმოადგენდა. ეს რეგიონი მდინარე მტკვრის სამხრეთით მდებარეობდა და მოიცავდა ისეთ ქალაქებს, როგორიც იყო განძა, შამქორი, ბარდავი.5
კავკასიაში არაბთა ბატონობის პერიოდში განძა სახალიფოს ერთ-ერთ ქალაქს წარმოადგენდა, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ ეჭირა გამორჩეული ადგილი. მისი დაწინაურება უფრო სახალიფოს დაშლისა და კავკასიაში ადგილობრივი ნახევრად დამოუკიდებელი საამიროების წარმოქმნას ემთხვევა. ცნობილი რუსი აღმოსავლეთმცოდნე ვ. ბარტოლდი მიიჩნევს, რომ საერთოდ ამ ქალაქის დაწინაურება დაიწყო 943-944 წლებში არანზე რუსთა შემოსევის შემდეგ, რომელსაც შეეწირა ამ რეგიონის მთავარი ქალაქი ბარდავი და რომლის ადგილიც მოგვიანებით დაიკავა განძამ.6
მთელი VIII-IX საუკუნეების განმავლობაში არაბი ხალიფას წარმომადგენელი ჯერ დვინში, ხოლო მოგვიანებით ბარდავში იჯდა.7 IX საუკუნიდან დვინს ფლობდნენ საჯიანები და სალარიანები. 951-952 წლებში დვინი ხელში ჩაიგდო ქურთული წარმოშობის დინასტიის, შადადიანების წარმომადგენელმა მუჰამედ ბ. შადადმა. ეს იყო პირველი შადადიანი, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს, თუმცა მისი ცხოვრება ტრაგიკული აღმოჩნდა.8 მან ვერ მოახერხა დვინის შენარჩუნება და სიცოცხლე დევნილობაში გაატარა. მუჰამედს სამი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც მამის გარდაცვალების შემდეგ სხვადასხვა საამიროს მმართველთა სამსახურში ჩადგნენ.
X საუკუნის შუა ხანებში შადადიანები განძაში ჩადიან და ადგილობრივი გამგებლის, ალი ალ-თაზის სამსახურში დგებიან. სომეხი მემატიანე ვარდანი მოგვითხრობს, რომ „...(შადადიანები) დაუნათესავდნენ განძაკის ამირა ალაზიზს (იგივე ალი ალ-თაზი), მოკლეს ის, აიღეს განძაკი და გაბატონდნენ იქ“.9 პავლე თოფურია არაბულ წყაროზე დაყრდნობით დაწვრილებით აღადგენს განძაში შადადიანების დამკვიდრების ისტორიას. როგორც ირკვევა, დასაწყისში შემდგარა ფარული მოლაპარაკება განძის მოსახლეობასა და შადადიანებს შორის. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა ქალაქის ცნობილი რაისი, აბრეშუმით მოვაჭრე იუსუფ ალ-ყაზაზი, რომელიც თავისი მომხრეებით აქტიურ როლს ასრულებდა განძის საქალაქო ცხოვრებაში. შემუშავებული გეგმის მიხედვით, როგორც კი შადადიანები განძას მიადგებოდნენ, იუსუფ ალ-ყაზაზი და მისი მიმდევრები გააღებდნენ ქალაქის კარს, დააპატიმრებდნენ ქალაქის ვალს და გადასცემდნენ განძას შადადიანებს. ასეც მოხდა. რაისმა იუსუფ ალ-ყაზაზმა მოუწოდა ქალაქის ფითიანებს. მათაც არ დააყოვნეს, აისხეს იარაღი, მიადგნენ მმართველის სახლს, შეიპყრეს იგი და განძა ალ-ლაშქარი ბ. მუჰამედ შადადიანს გადასცეს. ეს მოხდა 860-971 წლებში.10 სამხრეთ კავკასიის საამიროებთან ბრძოლაში შადადიანებმა მოახერხეს ქალაქის შენარჩუნება. 978 წლამდე განძას მუჰამედის ერთ-ერთი ვაჟი, ალ ლაშქარი, მართავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტი დაიკავა შუათანა ძმამ, მარზუბან ბ. მუჰამედმა, რომელიც მემატიანის დახასიათებით, არ გამოირჩეოდა გონიერებითა და მისი მმართველობა მძიმე ტვირთად აწვა ქალაქის მოსახლეობას. ამან გამოიწვია დაპირისპირება მარზუბანსა და განძის მმართველ ელიტას შორის. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთა პოზიცია დაიკავა მარზუბანის უმცროსმა ძმამ ფადლი ბ. მუჰამედმა. შეთქმულებმა განძის ამირა ნადირობისას მოკლეს. წყაროები ყოველივე ამის წარმმართველად სწორედ ფადლონს ასახელებდნენ.11 ეს მოხდა დაახლოებით 985 წელს. აქედან მოყოლებული, ფადლი ბ. მუჰამედი თითქმის 46 წელი, 1031 წლამდე, მართავდა განძის საამიროს.
ფადლონი თავიდანვე გამოირჩეოდა ენერგიულობითა და შემართებით. იგი საამიროს გაფართოება-განმტკიცებისთვის დაუცხრომლად იბრძოდა და, ფაქტობრივად, განძის საამირომ მისი მმართველობის დროს შეეძლო არა მარტო არანის, არამედ სხვა მეზობელ სახელმწიფოთა ტერიტორიების დამორჩილება.12 994 წელს მან დაიკავა ქალაქები – ბაილაკანი და ბარდავი, რითაც საზღვარი კიდევ უფრო აღმოსავლეთით გადაიწია. მოგვიანებით ხელთ იგდო დვინიც. განძის ამირას გაძლიერებით შეწუხებული იყო მეზობელი სახელმწიფოები, „აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფე ბაგრატ III, ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით I „უმიწაწყლო“ (989-1048 წწ.), ანისის მეფე გაგიკი (გარდ. 1017 წ.). ყველა მათგანთან ფადლი ბ. მუჰამედს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა.
განძის ამირას წინააღმდეგ სამხედრო კოალიციის შექმნა კახეთისა და ჰერეთის მიმართულებით წარმოებული მარბიელი ლაშქრობები, მართალია, თავისი მასშტაბებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამის უყურადღებოდ დატოვება, როგორც ითქვა, არ შეიძლებოდა. ბაგრატ III საკმაოდ რეალურად აფასებდა არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით მოწინააღმდეგის, განძის ამირას, შესაძლებლობებს. ამიტომაც, ქართველთა მეფემ არ იჩქარა და რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარების სათავისოდ გამოყენება სცადა. მან დამოუკიდებლად კი არ დაიწყო განძის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ დასაწყისში ფადლონის მტრების გაერთიანება სცადა. `მატიანე ქართლისას‘‘ ცნობა გვაფიქრებინებს, რომ განძაზე ლაშქრობას წინ უძღოდა დიდი დიპლომატიური სამუშაო. მემატიანე მოგვითხრობს: „ხოლო იხილა რა დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერება მისი, დიდად შეძრწუნდა და აღივსო შურითა. განემზადა ყოვლითა სპითა მისითა, წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა, სომეხთა მეფისა; აწვია, რათა იძიოს შური ფადლონისგან. ხოლო მან განიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თვისთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა“.13
განძის ამირას წინააღმდეგ კოალიციის შექმნას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა. ჩანს, ფადლონს გამორჩა ქართულ-სომხური ფარული მოლაპარაკება, ყოველ შემთხვევაში, მისი მხრიდან რაიმე აქტიური მოქმედება ლაშქრობის წინ არ ჩანს.
გაგიკ შაჰინშაჰის მონაწილეობა სამხედრო კოალიციაში აბსოლუტურად გასაგებია. X საუკუნის II ნახევრიდან ფადლონის დარტყმის ობიექტი სომხური მიწები იყო. მათ შორის ის პროვინციები, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდნენ ანის-შირაკის მეფეები. განძის ამირა ჯერ კიდევ X საუკუნის მიწურულს აქტიურად იბრძვის ფარისოსის პროვინციის შემოერთებისთვის.14 ჯერ კარგი ურთიერთობა დაამყარა მმართველ ფილიპესთან, ხოლო შემდეგ შეიპყრო იგი და პროვინციის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა.15 აშკარაა განძის ამირას სურვილი, გაეფართოვებინა თავისი სამფლობელოს საზღვრები სამხრეთ-დასავლეთით, სადაც იგი ანისის მეფეთა ინტერესებს ეჯახებოდა. აი, სწორედ ამიტომაცაა გაგიკი შაჰინშაჰი ბაგრატ III-ის მოკავშირე. სომეხი მემატიანე ვარდანი საინტერესო ცნობას იძლევა: ფადლონი „ამგვარად გაძლიერდა და დაეუფლა ხაჩენს, გოროზს, სევორდელებს, თავს დაესხა ძორაგეტის მეფე გაგიკს, ალბანთა მეფე კვირიკეს და ქართველთა მეფე ბაგრატს და შეავიწროვა ისინი, დაეუფლა აგრეთვე დვინს და დაადო სომხებს ხარკი“.16 ტექსტიდან ისე ჩანს, რომ ეს გაგიკი „ძოროგეთის მეფეა“, ამ დროს კი ამ სახელის მონარქი ტაშირ-ძორაგეთში არ ჩანს. ზოგიერთ მკვლევარს შეცდომით მიაჩნია, რომ ეს „გაგიკ ძორაგეთის მეფე“, შესაძლებელია, ერთი ლოკალური, მცირე სამფლობელოს მმართველი იყო.17 მაგრამ თუ ამ გაგიკის სახით ანისის მეფეს ვიგულისხმებთ, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. შესაძლებელია, მატიანის ეს მონაკვეთი გვიანდელი ხანის გადამწერების მიერ იყოს შერყვნილი და რაღაც აკლდეს. ფადლონს მტრული ურთიერთობა ჰქონდა გაგიკ შაჰინშაჰთან, ბაგრატ III-სთან და ტაშირ-ძორაგეტის მეფე გურგენთან (978-989), რომელსაც ზოგჯერ კვირიკესაც უწოდებდნენ. „მატიანე ქართლისა“ არაფერს ამბობს ამ კოალიციაში მესამე სუბიექტის არსებობაზე. არადა, მოვლენების თანამიმდევრობა გვაფიქრებინებს, რომ ბაგრატ III-ისა და გაგიკ I-ის გვერდით ამ სამხედრო კამპანიაში მონაწილეობა უნდა მიეღო ტაშირ-ძორაგეტის მეფესაც, მაგრამ ქართული წყაროს ამ დუმილს თავისი ახსნა მოეძებნება.
X საუკუნის II ნახევარში ტაშირ-ძორაგეტი ანისის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. სომეხმა ბაგრატუნებმა ქვემო ქართლის ანექსია ჯერ კიდევ IX საუკუნეში მოახერხეს. 977 წელს ანისის მეფის, აშოტ III-ის, გარდაცვალების შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა სუმბატ II-მ. ამ დროს სამეფო ჯერ კიდევ ერთიანობას ინარჩუნებდა, მაგრამ მალე სუმბატს განუდგა მისი ძმა, ტაშირის ოლქის გამგებელია გურგენი და თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ტაშირ-ძორაგეტის ბაგრატუნების საგვარეულოს.18
ანისის მეფეები არ ეგუებოდნენ ტაშირ-ძორაგეტზე თავისი გავლენის დაკარგვას. 989 წელს გურგენ-კვირიკე ბერად აღიკვეცა. ტაშირ-ძორაგეტის მეფე მისი უფროსი ვაჟი, დავითი გახდა, მეტსახელად „ანჰოღინი“ (უმიწაწყლო).19 ამავე წელს ანისის სამეფოშიც მოხდა ცვლილება. სუმბატ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა გაგიკ I (989-1017 წწ.). ამ უკანასკნელმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა და, უპირველესად, ქვეყნის ერთიანობის შესანარჩუნებლად 1001 წელს დავით „უმიწაწყლოს“
წინააღმდეგ გაილაშქრა და სამი თვე დაჰყო ტაშირ-ძორაგეტში. იგი თავს დაესხა სამშვილდეს და „ქართველთა ველს“. ეს ტერიტორია დავითის სამფლობელოში შედიოდა. ბიძა-ძმისწულს შორის მოლაპარაკება პატრიარქმა სარქისმა წარმართა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ დავითი გაგიკს უნდა დამორჩილებოდა.20 ამდენად, განძის ამირას წინააღმდეგ სამხედრო კოალიციის შედგენისას დამოუკიდებელი ტაშირ-ძორაგეტის სამეფო აღარ არსებობდა. ეს მხარე ანის-შირაკის ბაგრატუნთა სამფლობელოს წარმოადგენდა. ამიტომაც წყაროში არ იხსენიება დავით „უმიწაწყლო“. ქართველი მემატიანე მშვენივრად ერკვევა მიმდინარე მოვლენებში. მიუხედავად იმისა, რომ დავითი ამ დროს ცოცხალი იყო, კოალიციას ორი თანასწორი პარტნიორი ჰყავდა – გაგიკ I და ბაგრატ III. სხვათა შორის, ნიშანდობლივია ერთი ფაქტი. მოგვიანებით ბაგრატ IV-ის მეფობის დასაწყისში განძის ამირას ფადლონის წინააღმდეგ კიდევ ერთი კოალიცია შედგა, რომლის ინიციატორები იყვნენ ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზასძე. მოკავშირეებში დასახელებულნი არიან „დიდი კვირიკე, რანთა და კახთა მეფე“, „დავით სომეხთა (ტაშირ-ძორაგეტის) მეფე“ და „ჯაფარ ამირა ტფილელი“.21 ამ შემთხვევაში დავითის დასახელება გასაგებია. 1017 წელს, გაგიკ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ტაშირ-
ძორაგეტის მეფეებმა დამოუკიდებლობას მიაღწიეს და ამ სამეფოს მმართველები ცალკე სუბიექტად გვევლინებიან. ბაგრატ III-ის დროს კი არ გამოვრიცხავთ დავით „უმიწაწყლოს“ მონაწილეობას განძის წინააღმდეგ კოალიციაში, თუმცა მას ცალკე სტატუსი არ ჰქონდა, მისი ლაშქარი ანის-შირაკის ერთიანი მხედრობის ნაწილი იყო და მისი მოუხსენიებლობაც ამით უნდა აიხსნას. ყოველივე ზემოთქმულს ის გვაფიქრებინებს, რომ მოკავშირეთა შეკრების ადგილი ძორაგეტია, რომელიც უშუალოდ დავით „უმიწაწყლოს“ გავლენის ქვეშ მყოფი პროვინცია იყო. ამიტომაც შეუძლებელია დავითი ამ
პროცესების მიღმა დარჩენილიყო, მით უმეტეს, რომ ფადლონი მის სამფლობელოსაც უქმნიდა საფრთხეს.
სამხედრო მოქმედებათა დასაწყისი და შამქორის გარემოცვა
„მატიანე ქართლისას“ ცნობით, ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის და ანისის მეფის გაგიკ I-ის შეხვედრის ადგილი ყოფილა ძორაგეტი. ქართული ლაშქარი სამხრეთ საქართველოში უნდა შეკრებილიყო, საიდანაც ქვემო ქართლის გავლით ძორაგეტში ჩავიდოდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს შეკრების ადგილად ამ პროვინციის არჩევაც. ძორაგეტიდან პირდაპირი გზა იდო ფარისოსის გავლით განძისკენ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ფარისოსი ამ დროს ფადლონის გავლენის ქვეშაა, უკვე ადვილი ასახსნელია სამხედრო კამპანიის დარტყმის მიმართულება.
მოკავშირეებმა გეზი განძისკენ აიღეს. ამირა ფადლონს დასაწყისში უცდია წინ აღდგომოდა ქართულ-სომხურ კოალიციას, მაგრამ „ვითარ იხილა ძალი მათი უძლეველი, შეშინდა, წარვიდა და მიმართა სიმაგრეთა შესლვად“.22 დასაწყისშივე უპირატესობა მიღწეული იყო. განძის ამირამ ბრძოლაზე უარი განაცხადა და აქტიურ თავდაცვით პოლიტიკას მიმართა. მართალია, „მატიანე ქართლისა“ შამქორის ციხე-ქალაქამდე არც ერთ გამაგრებულ ადგილს არ ასახელებს, რომელიც კოალიციამ აიღო, მაგრამ ფაქტია, მოკავშირეები 150 კილომეტრზე მეტ მანძილს უბრძოლველად ვერ გაივლიდნენ. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დარტყმის მთავარი ობიექტი გახდა შამქორის ციხე. აშკარაა, ქართველებისა და სომხების გაერთიანებული ლაშქარი არანს დასავლეთიდან უტევდა. თანამედროვე გეოგრაფიული რეალობა რომ გავითვალისწინოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ჯარს უნდა ემოძრავა ძორაგეტიდან ქალაქ იჯევანისკენ, შემდეგ კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ყაზახის ან ქალაქ თაუზის მიმართულებით. ამ შემთხვევაში კოალიციას მართლაც ჯერ შამქორი უნდა გარემოეცვა, ხოლო შემდეგ გეზი აეღო განძისაკენ, რომელიც სულ რაღაც 25 კილომეტრით იყო დაშორებული შამქორს აღმოსავლეთის მიმართულებით. ქართველი მემატიანე მოგვითხრობს: „ამან, დიდმან და ყოვლითურთ ძლევაშემოსილმან მეფემან ბაგრატ, წარმოტყუენა ქუეყანა რანისა, მოადგა ქალაქსა შანქორს, დაუდგნა ფილაკავანნი და მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი“.23 ვფიქრობთ, ეს პასაჟი სათანადო კომენტარს საჭიროებს. დავიწყოთ საკუთრივ ქალაქ შამქორის მდებარეობის აღწერით. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებობს რაიონული ცენტრი შამქორი, მაგრამ მისი არსებობის ისტორია რამდენიმე ათეულ წელს მოიცავს. ისტორიული შამქორის ციხე-ქალაქთან მას, სახელის გარდა არაფერი აკავშირებს. ახალი და ძველი შამქორი 9-10 კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან. ძველი ციხე-ქალაქი მდინარე შამქორისწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. იგი შედგება დედაციხისა და საკუთრივ ქალაქისგან. შედარებით კარგადაა შემონახული დედაციხე, რომლის გალავანი და ბურჯები მნახველს ადვილად შეუქმნის წარმოდგენას შამქორის ფორტიფიკაციაზე. დედაციხე მდინარე შამქორისწყალს გადაჰყურებს, აქვეა ცნობილი შამქორის ხიდი, რომელზეც გადიოდა ასევე ცნობილი თბილისი-განძა-ბარდავის მაგისტრალი. უშუალოდ ციხე-ქალაქი ამ გზის დასაცავად იყო შექმნილი. დედაციხის დასავლეთით, ასევე გაშლილ მინდორზე მდებარეობდა საკუთრივ ქალაქი, რომელიც მძლავრი გალავნით იყო შემოსაზღვრული. დღეს შამქორის კედელი, რომელიც თავის დროზე ბაგრატ III-მ შელეწა, მიწითაა დაფარული, ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს ქალაქს ბორცვი შემოუყვება. აქა-იქ ამ მიწაყრილში ძველი გალავნის ნაშთები მოჩანს. შამქორის ციხე-ქალაქი ჩრდილოეთიდან სამხრეთით 585 მეტრია, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით – 540 მეტრი. ციხე-ქალაქს საკმაოდ დიდი ხანდაკი ჰქონდა შემოვლებული, რათა მტერს იერიშით პირდაპირ გალავანთან მისვლა არ მოეხერხებინა. მისი ნაშთები დღესაც განირჩევა.
მიუხედავად ასეთი მასშტაბური ფორტიფიკაციისა, შამქორს ჰქონდა ერთი სუსტი მხარე, მე ვიტყოდი უმთავრესი: იგი გაშლილ ველზე მდებარეობდა და მისი აღება არც ისე ძნელი იყო. როდესაც „მატიანე ქართლისას“ ზემოთ დამოწმებულ ცნობას ვაანალიზებთ, ნათელი ხდება, რომ საქართველოს მეფეს ზუსტად განუსაზღვრავს შამქორის სუსტი და ძლიერი მხარეები. ბაგრატ III-მ ქალაქზე ცოცხალი ძალით იერიშს კი არ მიმართა, არამედ შამქორს მოუძებნა სუსტი წერტილი. გარემოიცვა და მისი ქვის სასროლი მანქანებით დაბომბვა დაიწყო.24 სხვათა შორის, „მატიანე ქართლისს“ ეს პასაჟი იმითაცაა საინტერესო, რომ აქ აღწერილია „ფილაკავანებით“ ანუ ქვის სასროლი მანქანებით ქალაქის აღების ეპიზოდი, რაც ესოდენ იშვიათია „ქართლის ცხოვრებაში“. ივანე ჯავახიშვილის მითითებით, „ფილაკავანნი“ არაბული სიტყვაა და ისეთი იარაღის აღსანიშნავად იხმარებოდა, რომელსაც იყენებდნენ ციხესიმაგრეებისა და ზღუდეების დასანგრევად.25 სამწუხაროდ, ქართული წყაროებიდან კარგად არ ჩანს, რა ტიპის ქვის სასროლი მანქანა იგულისხმება „ფილაკავანის„ ქვეშ. შუა საუკუნეებში, ყოველ შემთხვევაში, XI საუკუნემდე აქტიურად გამოიყენებოდა ქვის სასროლი მანქანის ორი ტიპი. პირველი ეს იყო ანტიკური პერიოდის ქვის სასროლი ონაგრის მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელშიც ჯერ კიდევ გამოიყენებოდა ცხოველის ძარღვების ან თმის დაგრეხვით წარმოქმნილი ენერგია.26 კონაში, რომელიც იგრიხებოდა, ვერტიკალურად მაგრდებოდა ბერკეტი, რომელიც საგანგებოდ აგებულ ხის კონსტრუქციას ებჯინებოდა. სროლის შემთხვევაში დაგრეხილ კონაში მყოფ ბერკეტს თოკებით ჭიმავდნენ და იგი ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე მიჰყავდათ. ამის შემდეგ ბერკეტის თავზე მიმაგრებულ შურდულში (რომელიც ძირითადად ტყავისგან მზადდებოდა) ათავსებდნენ ქვას ან ქვებს და სასხლეტის მეშვეობით ბერკეტი მოძრაობაში მოჰყავდათ. ვერტიკალურ მდგომარეობამდე მისული, იგი ხის კონსტრუქციას ეჯახებოდა. ეს იყო გვერდებზე საგანგებოდ დამაგრებული კოჭი, რომლის ის მონაკვეთი, სადაც ბერკეტი ხვდებოდა, ცხოველის ტყავით იყო დაფარული, რათა დარტყმისგან ქვის სასროლი მანქანის ელემენტები არ დაზიანებულიყო. ციხესიმაგრის გარემოცვისას ონაგრის ტიპის იარაღი საკმაოდ მძიმე დარტყმას აყენებდა მოწინააღმდეგეს. საშუალოდ 5-10-კილოგრამიანი ქვის ბირთვი მას შეეძლო მიზანში მოერტყა 150-200 მეტრზე, 30-კილოგრამიანი ბირთვი კი 100 მეტრზე.27 ეს არის თანამედროვე რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული მონაცემები, თუმცა შუა საუკუნეებში ასეთი სამხედრო იარაღის დამზადებისთვის გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნები ჰყავდათ, ვიდრე დღეს არიან ამ საქმის მოყვარულნი. ამიტომ იმდროინდელი ქვის სასროლი იარაღი შედარებით სრულყოფილი იქნებოდა.
არ გამოვრიცხავთ, რომ ფილაკავანი იყო არა ერთი რომელიმე კონკრეტული იარაღის სახელწოდება, არამედ ერთგვარი კრებსითი სახელი. ასეთი შემთხვევები შუა საუკუნეებში ბევრია. მაგალითად, ბიზანტიელები როგორც ონაგრს, ასევე ტრებუშეტს იხსენიებდნენ მანგანიკა//მანგანონის სახელით, რომელიც უკავშირდება ირანულ-არაბულ „ალ-მანჯანიკს“. ეს უკანასკნელი ასევე ქვის სასროლი იარაღის ზოგადი სახელი იყო აღმოსავლეთში. ზემოთ ჩვენ ვახსენეთ ტრებუშეტი. ჩვენი აზრით, „მატიანე ქართლისაში“ მოხსენიებული ფილაკავანი სწორედ ამ ტიპის სასროლ იარაღს უნდა გულისხმობდეს. თავისი მოწყობილობით იგი საფუძვლიანად განსხვავდებოდა ონაგრისგან. ტრებუშეტში სროლისას გამოყენებული იყო არა დაგრეხვის შედეგად დაგროვებული ენერგია, არამედ ბერკეტის ცალ მხარეს არსებული საპირწონის სიმძიმე.28 ამ სახის იარაღი ჯერ კიდევ ჩინეთში შექმნეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. შემდეგ ის არაბებმა და ბიზანტიელებმა აითვისეს. როგორც ჩანს, არაბების წყალობით ის ევროპელთათვისაც გახდა ცნობილი. ბაგრატ III-ის ეპოქაში ჯერ კიდევ მარტივი ტრებუშეტები იყო ცნობილი, რომელშიც ძირითადად ადამიანის ძალა გამოიყენებოდა. ეს ქვის სასროლი მანქანა იმითაც იყო მოსახერხებელი, რომ მას გაცილებით მეტი სიხშირით შეეძლო ქვის ბირთვის სროლა. იგი შედგებოდა საყრდენი ჩარჩოსგან, რომლის გვერდით ვერტიკალურ ბოძებს სიმაგრისათვის ბიგები ჰქონდა მიდგმული. ჩარჩო ზემოთ ერთიანდებოდა ღერძით, რომელზეც დამაგრებული იყო სასროლი ბერკეტი, რომლის თითქმის ორი მესამედი ცალ მხარეზე იყო მიქცეული. სწორედ ამ ნაწილში ბერკეტის თავზე საკმაოდ გრძელი შურდული იყო მიბმული. შედარებით მოკლე მხარეზე დამაგრებული ჰქონდათ თოკები და მისი მოჭიმვით რამდენიმე მეომარს იარაღი მოქმედებაში მოჰყავდა. მოგვიანებით ტრებუშეტი დაიხვეწა და ბერკეტის ცალ მხარეს საპირწონე დაამაგრეს. სროლის წინ ჩაკეტილი ბერკეტი ისე მაგრდებოდა, რომ საპირწონე ჰაერში იყო ჩამოკიდებული. სასხლეტის მეშვეობით ბერკეტი თავისუფლდებოდა და, შესაბამისად, მასზე მიბმული შურდული მოძრაობაში მოდიოდა საპირწონის დაქაჩვის საშუალებით. რამდენადაც მძიმე იყო საპირწონე, იმდენად შორს ისროდა ეს იარაღი, თუმცა XI საუკუნეში, ძირითადად, ტრებუშეტის ის სახეობა გამოიყენებოდა, რომლის ბერკეტი მოქმედებაში ადამიანის ძალას მოჰყავდა.29 „მატიანე ქართლისას“ ფილაკავანი სწორედ ტრებუშეტის ტიპის იარაღი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამის გადაჭრით მტკიცება ჭირს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბიზანტიელები ამ სახის საომარ მანქანებს IX-X საუკუნეებში უკვე აქტიურად იყენებდნენ, გვაფიქრებინებს, რომ ბაგრატ III-ს, შესაძლებელია, ამ სახის ქვის სასროლი არტილერია მიეყენებინა შამქორის ციხე-ქალაქისთვის.
შამქორის საზავო შეთანხმება
ძირითადად ქართულ-სომხური კოალიცია შამქორს გარემოიცავდა ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში. სწორედ აქედან უნდა დაეწყოთ კიდეც ქალაქის დაბომბვა. მემატიანე ამ ეპიზოდს დაწვრილებით აღწერს და სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ბევრი ფაქტოლოგიური ინფორმაციის არსებობას. როგორც ჩანს, შამქორელებს, თავდაპირველად კოალიციის წინადადებაზე, დანებებულიყვნენ, უარი შეუთვლიათ. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მოგვიანებით ბაგრატ III-ის განრისხების მიზეზიც, რომელიც ბოლო მომენტამდე მომხრე იყო ციხე-ქალაქის ძალით აღებისა. მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა „მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი“,30 ქალაქის მესვეურთა სიჯიუტე გატყდა. ქართველები და სომხები მეორე დღეს იერიშისთვის ემზადებოდნენ. შესაძლებელია, ეს დღე გადამწყვეტიც აღმოჩენილიყო, მაგრამ ღამით ბაგრატ III-ის ბანაკში ფადლონის მოციქული მივიდა და ზავი ითხოვა. შეთანხმების პირობები მხოლოდ შამქორის ციხე-ქალაქის მომავალს არ მოიცავდა. არანის გამგებელმა „აღუთქუა დღეთა შინა სიცოცხლისა მისისათა მსახურება, გაუკუეთა ხარაჯა და დაუწერა თავისთავითა ლაშქრობა მტერთა მისთა ზედა“.31 დამეთანხმებით, მართლაც მიმზიდველი და ყოვლისმომცველი წინადადება იყო. ზავის პირობები მოიცავდა:
1. ფადლონი აღიარებდა უზენაესობას (როგორც ჩანს, აქ იგულისხმება საქართველოს მეფის უზენაესობა).
2. ის კისრულობდა ხარაჯას.
3. თანახმა იყო საქართველოს მხარეზე ებრძოლა, ანუ აღიარებდა სამხედრო მოკავშირეობას.32
მიუხედავად ამისა, ბაგრატ III ბრძოლის შეწყვეტის მომხრე არ იყო. მემატიანესთან კარგად ჩანს ეს დეტალი. ყურადღებით დავუკვირდეთ მემატიანის ცნობას და შევეცადოთ აღვადგინოთ სტრიქონებს შორის ჩაკარგული მოვლენები. დასაწყისში ერთი რამაა გასარკვევი, ქართულ წყაროში შამქორის მოვლენათა გადმოცემისას არსად ნახსენები არ არის სომეხი მოკავშირეები. ვფიქრობთ, ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. გამორიცხულია, კოალიცია მხოლოდ დასაწყისში არსებულიყო და შემდეგ ანისის მეფე თავისი მხედრებით უკან გაბრუნებულიყო. ამას ჩვენი ისტორიკოსი უთუოდ აღნიშნავდა. თანაც გაგიკ I-ის ასეთ ქმედებას არავითარი ლოგიკური ახსნა არ ექნებოდა. საქმე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო მიყვანილი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ფადლონის მოციქული მოლაპარაკებას ბაგრატ III-სთან წარმართავს, ეს დეტალი ადვილი ასახსნელია. ჯერ ერთი, შესაძლებელია, ამ მომენტში მთელი ლაშქარი შამქორთან არ ყოფილიყო თავმოყრილი და სომეხთა მეფე სხვა მიმართულებით მოქმედებდა, და მეორეც, ეს ასეც რომ იყოს, შამქორის ვრცელ ველზე ქართველთა და სომეხთა მეფეს ერთი ბანაკი არ ექნებოდა. ისინი ქალაქის მიდამოებში სხვადასხვა ნაწილში იქნებოდნენ დაბანაკებული. ფადლონის ელჩი კი, ბაგრატ III-სთან მივიდა, ვინაიდან განძის ამირამ შესანიშნავად იცოდა, ვინ იყო ამ კოალიციის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი. ამდენად, მოციქულის მისვლის შემდეგ ბაგრატ III-მ „უბრძანა და შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა; უბრძანა პირველად, რათა დაიჭირონ ქალაქი იგი ძალითა მათითა. იხილეს და განიცადეს და მოახსენეს, რომელ ვერ ვის ძალ-ედვა, და უფროს ამისთვის, რომელ სხუათა ყოველთა სალაშქროთა საქმეთაგან უცალო იქმნებოდეს“.33 როგორც ვხედავთ, მეფე არ ცხრება და მას ქალაქის აღების სურვილი უწინდებურად ამოძრავებს. ამიტომაცაა, რომ პირველად უბრძანა „დაიჭირონ ქალაქიო“. დიდებულების პასუხში საინტერესო რეალობა გამოსჭვივის. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას გააკეთებენ და იერიშით აიღებენ შამქორს, სხვა „სალაშქროთა საქმეთაგან უცილო იქნებოდეს“. აშკარაა, რომ კოალიცია მხოლოდ ერთ ციხე-ქალაქს არ იყო შემომდგარი და ლაშქრის ერთი ნაწილი სხვა მიმართულებითაც მოქმედებდა.34 სწორედ ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ გაგიკ I შეიძლება შამქორთან საერთოდ არ ყოფილიყო და მას განძის საამიროს სხვა ციხეები ჰქონოდა გარემოცული. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, ბაგრატ III-ს საკუთარმა დიდებულებმა თუ კოალიციის საერთო სარდლობამ გადააფიქრებინეს ქალაქის გარემოცვა და იერიში. მათ მეფე აიძულეს ზავის პირობები მიეღო. ბაგრატ III-ს კომპრომისზე წასვლა მაინცდამაინც არ ახასიათებდა, მაგრამ არსებული რეალობა აიძულებდა თავისი გეგმებისთვის გადაეხედა.
ბოლოს და ბოლოს, ბაგრატ III-მ ფადლონის ზავის პირობები მიიღო. სომხურ ისტორიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ გაგიკ I-მა ამ სამხედრო კამპანიის ჟამს თავისი გავლენა გაავრცელა ფარისოსის პროვინციის დიდი ნაწილზე, რომელიც მანამდე ფადლონს ჰქონდა მიტაცებული.35 მოგვიანებით ეს მხარე ტაშირ-ძორაგეტის მეფეთა სამფლობელოში ექცევა. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც გაგიკ I და ფადლონი მრავალი წელი იბრძოდნენ ფარისოსში გაბატონებისთვის და კოალიციის ლაშქრობის შემდეგ სომეხთა მეფეს იმის შესანიშნავი შანსი ეძლეოდა, საბოლოოდ შემოეერთებინა ეს პროვინცია. ანის-შირაკის მეფის ინტერესები გასაგებია, მაგრამ რა მიიღო ამ სამხედრო კამპანიისგან ბაგრატ III-მ? ნუთუ ქართველთა მეფე მხოლოდ იმ პირობებს დათანხმდა, რაც ფადლონის მოციქულმა წარუდგინა და არავითარი ტერიტორიული პრეტენზია ქართველებს განძელთათვის არ წაუყენებიათ? ამ საკითხზე, სამწუხაროდ, მხოლოდ ვარაუდით უნდა შემოვიფარგლოთ. შეიძლება დავუშვათ, რომ ბაგრატ III განძის ამირასგან მოითხოვდა კახეთ-ჰერეთსა და არანს შორის მომიჯნავე ტერიტორიაზე კონტროლს, რათა ამით აღეკვეცა „მეკობრეობა“. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფე დაზღვეული არ იყო, რომ შამქორიდან უკან გამობრუნების შემდეგ ფადლონი ისევ არ განაგრძობდა ქართული პროვინციების რბევასა და შევიწროებას. არავითარი გარანტია ამისა არ არსებობდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაგრატ III-ს ან რაიმე ღონიძიება უნდა გაეტარებინა, რათა ზავის პირობები დაცული ყოფილიყო და დარღვევისას მყისიერი რეაგირება მოეხდინა, ან არადა ქართველი მონარქი სიტყვაზე უნდა მინდობოდა ფადლონს. თავის დროზე პ. თოფურიამ ყურადღება მიაქცია „მატიანე ქართლისას“ ავტორის ერთ ცნობას, რომელშიც საუბარია დაახლოებით 1029-1030 წელს განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ ასევე დიდი კოალიციის შექმნის მიზეზებზე. მემატიანე მოგვითხრობს: „...და დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა. და ვიდრე ყრმაღა იყო ბაგრატ, შეკრბეს ლაშქარნი ამის სამეფოსანი, იპირნეს ლიპარიტ და ივანე აბაზას ძე; მოვიდა დიდი კვირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით, სომეხთა მეფე, და ჯაფარ, ამირა ტფილელი“.36 პ. თოფურია დასძენს: „ქართული წყაროს ციტირებულ ცნობაში ყურადღებას იპყრობს ფრაზა: „დიდი ფადლონ... სწუნობდა ყოველთა მოთაურთა ამას (ბაგრატის) სამეფოსათა“. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის განმარტებით, „მოთაური თავად მყოფია“. ვინ იყვნენ ეს „მოთაულები“, რაიმე ძალაუფლება ჰქონდათ ფადლონის ქვეყანაზე და ამიტომ „სწუნობდა“ მათ განძის ამირა? ხომ არ უკავშირდება ეს მომენტი ბაგრატ III-ისა და ფადლონის ზავის პირობებს? ყველა ეს კითხვა პასუხს ელის“.37 ქართული გარნიზონის დატოვება განძის ამირას ზოგიერთ ციხეში ვფიქრობთ, ლოგიკას არ უნდა იყოს მოკლებული. ეს ერთგვარი გარანტია იქნებოდა ზავის პირობების დაურღვევლობისა. ის, რასაც ფადლონი ჰპირდებოდა ბაგრატ III-ს, იყო მომავალი ურთიერთობის ფორმა, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო და შეიძლება არა. ნაკლებად დასაჯერებელია, მარტოოდენ ამით შემოფარგლულიყო ქართველთა მხარე. ამიტომ „მატიანე ქართლისას“ ზემოთ დამოწმებული ციტატა ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. ვფიქრობთ, არანში ბაგრატ III-მ დატოვა „მოთაულნი“ ანუ არანის „თავადმყოფი“ კაცნი. რა ფუნქციას ასრულებენ ისინი, ამის დადგენა ჭირს. შესაძლებელია, ეს იყო ორი პოლიტიკური ერთეულის საკონტაქტო ზონაში არსებული ციხესიმაგრეების გარნიზონები, რომლებიც აკონტროლებდნენ მნიშვნელოვან სავაჭრო მაგისტრალებს და თვალყურს ადევნებდნენ განძის ამირას საქმიანობას. მათი არსებობა XI საუკუნის 20-30-იან წლების მიჯნაზე მეტად მძიმედ მიაჩნდა ფადლონს და ამიტომაც „სწუნობდა“. ყოველ შემთხვევაში, ეს ცნობაც რომ არ ყოფილიყო, პოლიტიკური რეალობა გვავარაუდებინებდა, რომ იმ ზავის პირობების გარდა, რომელზეც წყაროშია საუბარი, კიდევ იქნებოდა რაღაც, რაც მემატიანეს აღუნიშნავი დარჩა. შეუძლებელია, ბრძოლით მიღწეული წარმატებისას საქართველოს მეფე მხოლოდ სიტყვიერ პირობებს დასჯერებოდა და ამ შეთანხმების სათანადო დაზღვევა არ მოეხდინა. რა ფორმით გამოიხატა ეს, ამის დაზუსტება ჭირს და, სამწუხაროდ, მხოლოდ ვარაუდის დონეზე უნდა შემოვიფარგლოთ.
ასე დასრულდა არანზე ლაშქრობა. ამიერიდან საქართველოს მეფის გავლენა აღმოსავლეთით საკმაოდ შორს გავრცელდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სამხედრო კამპანიამ აჩვენა, თუ ვინ იყო სამხრეთ კავკასიაში დომინანტი სახელმწიფო.
შენიშვნები
1. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI-XII საუკუნეში. თბ. 1975, გვ. 19-32.
2. მ. ლორთქიფანიძე. მეფე ბაგრატ მესამე. ქუთ. 2002, გვ. 47; ა. ბოგვერაძე. ბაგრატ III-ის მიერ ჰერეთისა და კახეთის შემოერთების ისტორიიდან. კრებ.: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. თბ. 1991, გვ. 189-198; Г. Г. Мкртумян. Грузинское феодалъное княжество Кахети в VIII-XI вв. и его взаимоотношения с Арменией. Ер. 1983, გვ. 104-106.
3. მატიანე ქართლისა. წიგნ.: ქართლის ცხოვრება. თბ. 2008, გვ. 272.
4. М. М. Альтман, Исторический очерк города Ганджи. Часть I. Баку 1949, გვ. 8.
5. არანის ისტორიული გეოგრაფია განხილულია თ. პაპუაშვილის მონოგრაფიაში – ჰერეთის ისტორიის საკითხები. თბ. 1970, გვ. 218-221. В. Бартольд. Арран. Собрание сочинений в 9 томах. Т. III. М. 1965, გვ. 334-335.
6. В. Бартольд. Ганджа, გვ. 405.
7. პ. თოფურია, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები, გვ. 55.
8. ვ. მინორსკი. სტუდიეს ინ კაუკასიან ჰისტორი. კამბრიჯე უნივერსიტი პრესს. 1957, გვ. 33-35; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები, გვ. 56-57.
9. ვარდან არეველცი. მსოფლიო ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ. შესავალი, კომენტარები და საძიებელი დაურთო ეკა კვაჭანტირაძემ. თბ. 2002, გვ. 123.
10. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები, გვ. 63.
11. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები, გვ. 66.
12. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები, გვ. 66.
13. მატიანე ქართლისა. ქართლის ცხოვრება, გვ. 272.
14. ფარისოსი ანუ მიაფორი – ისტორიული გავარი სომხეთში. IX საუკუნიდან შედიოდა
ანის-შირაკის სამეფოში. ითვლებოდა ალვანთა კათალიკოსის რეზიდენციად. ვარდან არეველცი. მსოფლიო ისტორია, გვ. 216; К. Н. Юзбашян. Армянские государство эпохи Багратидов и Византия. IX-XI вв. М. 1988, გვ. 72. შენ. 13.
15. ვარდან არეველცი. მსოფლიო ისტორია, გვ. 123-124.
16. ვარდან არეველცი. მსოფლიო ისტორია, გვ. 124.
17. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები, გვ. 192-193.
18 ქ. ქუთათელაძე. ქვემო ქართლი. პოლიტიკური ისტორიის საკითხები. თბ. 2001, გვ. 89-99.
19. ქ. ქუთათელაძე. ქვემო ქართლი, გვ. 101.
20. ქ. ქუთათელაძე. ქვემო ქართლი, გვ. 103-104.
21. მატიანე ქართლისა, გვ. 280.
22. მატიანე ქართლისა, გვ. 272.
23. მატიანე ქართლისა, გვ. 272.
24. გურამ გაბუნია თვლის, რომ ამ დროს ფადლონი შამქორის ციხეში იმყოფებოდა. იხ. გ. გაბუნია. ასე იწყებოდა დიდი საქართველო. ქუთ. 1996, გვ. 122. მაგრამ ეს მოასზრება არ დასტურდება. მოგვიანებით, შამქორელთა ელჩების ბაგრატთან მისვლა არ ნიშნავს იმას, რომ ფადლონი უცილობლად შამქორში იყო იმ მომენტში. ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, მაშინ საქართველოს მეფე ზავს კი არ დადებდა, არამედ, პირიქით, ქალაქის აღებას შეეცდებოდა, რათა განძის ამირა ჩაეგდო ხელთ და ეს ლაშქრობა სრული გამარჯვებით დაესრულებინა.
25. ივ. ჯავახიშვილი. მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისთვის. III-IV. საომარი საჭურველი და სამხედრო საქმე. თბ. 1962, გვ. 243.
26. ჟიმ ბრადბური. თჰე მედიევალ სიეგე. ლონდონ 1996, გვ. 250-253.
27. ანტიკური პერიოდის სასროლი ბირთვების სიდიდის შესახებ იხ. Дункан Б. Кэмпбелл. Искусство осады. Знаменитые штурмы и осады античности. М. 2008, გვ. 118. ზოგადად ამ ტიპის ქვის სასროლი იარაღის შესახებ იხ. К. Носов. Осадная техника античности и средневековья. СПб. 2003, გვ. 162-166.
28. К. Носов. Осадная техника античности и средневековья, გვ. 183-191.
29. არ არის მართებული სოსო მარგიშვილის მტკიცება, რომ ტრებუშეტი (ავტორი მას იხსენიებს როგორც ტრებუჩეტი) მცირე აზიურ სამყაროში სელჩუკებმა შემოიტანეს, რომელთაგანაც XI საუკუნის II ნახევარში შევიდა ბიზანტიაში, ხოლო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობების დროს გავრცელდა ევროპულ არმიებში. იხ. ს. მარგიშვილი. შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში. ნაწ. I. თბ. 2008, გვ. 98. უნდა აღინიშნოს, რომ ტრებუშეტის ტიპის სასროლი მანქანები ჩინელებისგან XI საუკუნემდე დიდი ხნით ადრე შეითვისეს არაბებმა და ბიზანტიელებმა.
30. მატიანე ქართლისა, გვ. 272.
31. მატიანე ქართლისა, გვ. 272.
32. „მატიანე ქართლისას“ ავტორი ბაგრატ III-სა და ფადლონის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ განძის ამირამ „დაუწერა თავისთავითა ლაშქრობა“ ქართველთა მეფეს. როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს დიპლომატიური შეთანხმების გაფორმებასთან, რომელსაც შუა საუკუნეებში მხარეები „დაწერილის“, სიგელის ფორმით გასცემდნენ. მაგალითად, ასეთი „დაწერილი“ უნდა გაეგზავნა გიორგი I-ს ბასილ II-ისთვის შირიმნის ბრძოლის შემდეგ. ასეთი „დაწერილი“ ანუ წერილობითი იურიდიული დოკუმენტი იდებოდა ბიზანტიასა და ქართულ-სომხურ სამეფოებს შორის (ტარონი, იმიერ ტაო, ვასპურაკანი, ანისი, ყარსი), რომლის ძალით მოგვიანებით იმპერიამ ეს პოლიტიკური ერთეულები შეიერთა. ტერმინ „დაწერილისთვის“ იხ. ნ. ბერძენიშვილი. მიწათმფლობელობის ფორმებისათვის ფეოდალურ საქართველოში. წგნ.: „საქართველოს ისტორიის საკითხები“. წ. III. თბ. 1966, გვ. 232-248; ასევე იხ. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები, გვ. 190.
33. მატიანე ქართლისა, გვ. 272.
34. გიორგი მჭედლიძეს მიაჩნია, რომ ბაგრატ III-ს შამქორის შემოერთებაში ხელი შეუშალეს საკუთარმა დიდებულებმა (იხ. გ. მჭედლიძე. ბაგრატ მესამის საქართველო. ქუთ. 1996, გვ. 487-488). ასეთი პოზიცია ჩვენ არ მიგვაჩნია მართებულად. შამქორის აღება არ ნიშნავდა არანის დაპყრობას. ფადლონის საზავო პირობები შეიცავდა იმ მაქსიმუმს, რისი მიღწევა იმ მომენტში შეეძლო ქართულ მხარეს. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა განძაზე ლაშქრობის გაგრძელებაც და მთლიანად არანის დამორჩილებაც, მაგრამ ეს დამატებით რესურსებს მოითხოვდა. შეეძლო საქართველოს იმ კონკრეტულ მომენტში ასეთი მასშტაბის ლაშქრობის განხორციელება? ვფიქრობთ, რომ ბაგრატ III-ს საქართველო ჯერ კიდევ არ იყო მზად ასეთი სამხედრო კამპანიისათვის. თვით ფადლონის წინააღმდეგ ლაშქრობისას ბაგრატის მხრიდან კოალიიციის შექმნა იმის მანიშნებელია, რომ ქართული მხარე ერიდებოდა დამოუკიდებლად ასეთი მოქმედებების განხორციელებას.
35. Г. Г. Мкртумян. Грузинское феодалъное княжество Кахети в VIII-XI вв. и его взаимоотношения с Арменией, გვ. 106.
36. მატიანე ქართლისა, გვ. 280.
37. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები, გვ. 193.



Комментариев нет:

Отправить комментарий