VIII საუკუნის
დასაწყისში, დასავლეთ
საქართველოს ტერიტორიაზე
ძველი ეგრისის
სამეფოს მაგივრად
ახალი პოლიტიკური
ერთეული „აფხაზთა
სამეფო“ ჩამოყალიბდა. „აფხაზთა“
ერისთავმა ლეონ
II (753-786 წწ. – ერისთავი, 786-798 წწ. – მეფე), როგორც
საისტორიო წყარო
„მატიანე ქართლისა“
გვამცნობს: „დაიპყრა
აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე
ლიხამდე, სახელ-იდვა
მეფე აფხაზთა“ [11,251]. ქართულ
ისტორიოგრაფიაში მყარად
არის დამტკიცებული,
რომ ამ
დასავლურქართულ სახელმწიფოს „აფხაზთა“
სამეფო მისი
მმართველი დინასტიის
აფხაზეთიდან წარმომავლობის
გამო ეწოდა
და ეს
ყველა ასპექტით
ქართული პოლიტიკური
ერთეული იყო.
რადგან „აფხაზთა“
სამეფომ ყოფილი
ეგრისის სამეფოს
ტერიტორია მოიცვა,
ქართულ ისტორიოგრაფიაში
ხშირად ეგრისაფხაზეთის
სამეფოდ მოიხსენიებენ,
ხოლო ქართული
თუ უცხოური
საისტორიო წყაროები,
ჩვეულებრივ, „აფხაზთა სამეფოს“ სახელწოდებით
იცნობენ, ხოლო
მათ მონარქებს „აფხაზთა“
მეფეების სახელით.
ხშირად ამ
მეორე ტერმინით
გაერთიანებული საქართველოს
მეფეებსაც მოიხსენიებდნენ
და ეს
მათი სამეფო
ტიტულატურის დასაწყისშიც აისახა.
დასავლეთ საქართველოს
ანუ ეგრის-აფხაზეთის
მეფეების სტრატეგიულ
ამოცანას იმთავითვე
აღმოსავლეთ საქართველოს,
უპირველეს ყოვლისა
შიდა ქართლის
მიერთება წარმოადგენდა.
ამიტომ, ამ
მიზნის მისაღწევად ძალისმიერი პოლიტიკის
გატარებასთან ერთად,
დასავლეთ საქართველოს
ხელისუფალნი ლეგიტიმური
უფლებების დამკვიდრებასაც
ცდილობდნენ. ერთ-ერთ
ასეთ კანონიერ უფლებად შეიძლება
ჯერ კიდევ
VIII საუკუნის I ნახევარში
„აფხაზთა“ ერისთავ
ლეონ I-ის
ქართლის ერისთავებთან:
მირთან და
არჩილთან დამოყვრება
ჩაითვალოს. თუმცა „აფხაზთა“
მეფეების მიერ
ქართლის შეერთება უმალვე ვერ
განხორციელდა და
ეს პროცესი
დროში ხანგრძლივად
გაიწელა. IX საუკუნის
მიწურულიდან X საუკუნის 70-იანი
წლების დასაწყისამდე
ქართლში გაბატონებისათვის
ბრძოლა ინტენსიურად
მიმდინარეობდა, რაშიც დასავლეთ
საქართველოს მმართველებს
ხელს აქტიურად
უშლიდნენ პირველ
რიგში ქართლის
დიდაზნაურები, ტბელთა
ფეოდალური სახლის
მეთაურობით, მერე კი სხვა
პოლიტიკური ერთეულები
(ქვემო ქართლის,
იგივე ტაშირ-ძორაკეთის
სამეფო, თბილისის
საამირო, კახეთის სამეფო).
ეგრის-აფხაზთა
სამეფოს ხელისუფალთა
სწრაფვა გარკვეული
ლეგიტიმაციის გზით
ქართლში დამკვიდრებისათვის,
ჩვენი აზრით,
ასახულია საისტორიო
წყარო მატიანე
ქართლისას შემდეგ
მონაკვეთში: „მას
ჟამსა გამოვიდა
გიორგი, აფხაზთა
მეფე, ძმა
თეოდოსესი და დემეტრესი, ძე
ლეონისი; დაიპყრა
ქართლი და
დაუტევა ერისთავად
ჩიხას ძე
დემეტრესი, და
ვითარ გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა
მეფე, დარჩა
ძე დემეტრესი
მცირე, რომელსა ერქუა
ბაგრატ, რომელი
იცნობების ექსორიაქმნილობით.
და ცოლმან
გიორგი მეფისამან
მოკლა ძე დემეტრესი, ერისთავი
ჩიხისა. და
მცრუა იგი
ივანე მთავარსა
შავლიანსა, და
შთააგდეს ბაგრატ
ზღუასა. ხოლო ღმერთმან
განარინა იგი,
და მიიწია
ქალაქად კონსტანტინეპოლედ.
და მოჰგუარა
მეფემან იოვანე
ძესა თვისსა
ადარნასეს ცოლი,
ასული გუარამ
აშოტის ძისა. და მოკუდა
იოვანე, მეფე
აფხაზთა, და
მეფობდა მის
წილ ძე
მისი ადარნასე...
ხოლო ბაგრატ,
ძე აფხაზთა
მეფისა დემეტრესი,
შესრულ იყო
საბერძნეთად, კონსტანტინოპოლედ,
და მოსცა
ბერძენთა მეფემან
ლაშქარი, და მოგზავნა ზღვითა
და ნავითა
შემოვიდა აფხაზეთად,
და მოკლა
ადარნასე, ძე
იოვანესი, და
დაიპყრა აფხაზეთი,
და შეირთო
ცოლი მისი
ცოლად, ასული
გუარამისი“ [11,258].
ამ ცნობის
მიხედვით, ეგრის-აფხაზეთის
მეფე გიორგი I-მა
(861-868 წწ.) ქართლი
დალაშქრა, შემდეგ
ჩიხაში დასვა
ერისთავად თავისი
ძმისშვილი, ეგრის-აფხაზეთის წინა მეფის
დემეტრეს (825-861) ძე.
გიორგი I-ის
გარდაცვალების შემდეგ,
დაქვრივებულმა დედოფალმა
ჩიხას ერისთავი
მოაკვლევინა, ხოლო
შემდეგ მან
და იოანე შავლიანმა დემეტრე
II-ის უმცროსი
ძე, ბაგრატი
ზღვით კონსტანტინოპოლში
გააძევეს. იოანე
შავლიანი ეგრისაფხაზეთის
მეფე გახდა.
მის შემდეგ
მეფობდა მისი
შვილი ადარნასე,
რომელსაც ცოლად
გუარამ აშოტის
ძე ბაგრატიონის
ასული ჰყავდა.
ადარნასეს მეფობისას
ბიზანტიის იმპერატორმა
(სავარაუდოდ, ლეონ
VI ბრძენი, 886-912 წწ.) კონსტანტინოპოლში
გაძევებაში მყოფ
უფლისწულს სამხედრო
დახმარება აღმოუჩინა.
ბაგრატმა ბიზანტიის საზღვაო ფლოტისა
და სამხედრო
დესანტის დახმარებით მოკლა ადარნასე
და სამეფო
ტახტი დაიკავა.
მანვე შეირთო ცოლად ადარნასე
შავლიანის მეუღლე
და ამით კლარჯეთის ბაგრატიონთა
სამეფო სახლს
დაუმოყვრდა. შემდგომში ბაგრატმა
თავის ცოლისძმა
ნასრ გუარამის ძესთან სამხედრო-პოლიტიკური
კავშირიც შეკრა.
ისტორიოგრაფიაში გიორგი
I-ის მიერ
ჩიხაში ერისთავად
დანიშნულ პირად,
რატომღაც, ბაგრატი
იყო მიჩნეული.
ზ. ანჩაბაძეს
ჩიხაში მჯდარი
ბაგრატი ქართლის ერისთავად მიაჩნდა
[2,123]. ეს პოზიცია
გაიზიარა მ. ლორთქიფანიძემაც
[6,517]. ნ. ბერძენიშვილმა
ბაგრატის ჩიხაში
ყოფნა არა
ქართლის, არამედ,
არგვეთის ერისთავობას
დაუკავშირა [2,6]. ასეთივე
შეხედულებას იზიარებს დ. მუსხელიშვილი,
რომელიც გიორგი
I-ის ქართლში მტკიცედ დამკვიდრებას
ეჭვქვეშ აყენებს,
რადგან „ქართლის
ერისთავი ჩიხაში (არგვეთის
ქვეყანა) ზის
და არა
უფლისციხეში“ [8,184]. მ.
ბახტაძის აზრითაც, ბაგრატი არგვეთის
ერისთავია, მას
შიდა ქართლზე
კონტროლი ევალებოდა
მაგრამ ქართლის
ერისთავობა არ ჰქონდა, რადგან
IX საუკუნის 60-იან
წლებში ქართლის ერისთავობა საერთოდ
არ არსებობდა,
ხოლო არგვეთის საერისთავოს არსებობა
XII–XIII საუკუნებში დასტურდება [1,127]. შ.
გლოველმა თავის
ნაშრომში – „აფხაზთა სამეფო“, ამ
პოლიტიკური ერთეულის
ისტორია, სტუქტურა,
მეფეთა ქრონოლოგიური
რიგი და
სხვა პრობლემატიკური
საკითხები გამოიკვლია.
მან ჩიხას
საერისთავოს და
მის ერისთავად
ბაგრატის არსებობა
მართებულად მიიჩნია
[4,78].
ამ საკითხთან
დაკავშირებით, მეტად
საყურადღებოა ვახუშტი
ბაგრატიონის ნაშრომში
დაცული ცნობა, რომელიც ეგრის
აფხაზეთის სამეფოს
პოლიტიკური ისტორიის
ამ მონაკვეთს
ეხება. ვახუშტი
მოვლენებს თითქმის
ისე გვამცნობს,
როგორც „მატიანე
ქართლისა“, მაგრამ მას
ერთი მნიშვნელოვანი
სიახლე შემოაქვს: „შემდგომად
თეოდესე მეფისა
დაჯდა ძმა
ამისი გიორგი მეფედ. ამან
გიორგიმ დაიპყრა
ქართლი და
დასუა ჩიხას ერისთავად ტინენ,
ძე დიმიტრისა
ძმისა თვისისა,
და შემდგომად
კეთილმეფობისა მოკუდა
გიორგი მეფე.
ხოლო გიორგი
მეფისა შემდგომად
მეფე იქმნა
ძე მისი
იოანე. არამედ დედოფალმან
დედამან იოანე
მეფისამან განიზრახა უმეტეს დამტკიცება
მეფობა ძისა
თვისისა და,
ვინაითგან მომკვდარ
იყოცა ძმა
თეოდოსე და
გიორგი მეფისა დიმიტრი, ამისთვის
შეიპყრა ძე
დიმიტრისა ერისთავი ჩიხისა ტინენ
და მოკლა
იგი და
უმრწემესი ძე დიმიტრისვე ბაგრატ
მცირე ჰასაკითა
ექსორია ჰყო
და მოგზაური
ბაგრატ შთააგდეს
ზღუასა შინა.
არამედ ღმერთმან
განარინა იგი
და მიიწია
კონსტანტინოპოლეს. ხოლო მეფემან
იოანე მოგუარა
ძესა თვისსა
ადარნასეს ცოლი,
ასული გურამ
აშოტ კურადპალატისა
ძისა და აქორწინა“
[3,797]. ამრიგად, თუ
არ ჩავთლით
ორიოდე უზუსტობას,
თეოდოსის მეფობას
დემეტრე II მაგივრად და იოანე
შავლიანის გიორგი
I-ის შვილად
ჩათვლას, ვახუშტი ჩიხას
ერისთავის სახელად
ტინენს ასახელებს, ოღონდ მის
წყაროს ქართლის
ცხოვრების მარიამისეული ნუსხა უნდა
წარმოადგენდეს, სადაც
ეს ტინენია
ნახსენები.
ვახუშტის ცნობაზე
დაყრდნობით ზ.
პაპასქირმა მთელი
ეს ფრაგმენტი
ასე აღადგინა:
„მას ჟამსა
გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე,
ძმა თეოდოსესი
და დემეტრესი,
ძე ლეონისი,
დაიპყრა ქართლი
და დაუტევა
ერისთავად ჩიხას ძე დემეტრესი
ტინენ. და
ვითარ გარდაიცვალა
გიორგი აფხაზთა
მეფე, დარჩა
(სხუა) ძე
დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა
ბაგრატ, რომელი
იცნობების ექსორიაქმნილობითა.
და ცოლმან
გიორგი მეფისამან
მოკლა ძე დემეტრესი ტინენ,
ერისთავი ჩიხისა.
და ეცრუა
იგი ივანე მთავარსა შავლიანსა,
და შთააგდეს
ბაგრატ ზღუას.
ხოლო ღმერთმან
განარინა იგი,
და მიიწია
ქალაქად კონსტანტინოპოლედ“
[9,68].
ამრიგად, ჩიხას
ერისთავი არა
ბაგრატი, არამედ
მისი უფროსი
ძმა უნდა
იყოს, რომელსაც,
თუ ქართლის
ცხოვრების მარიამისეულ
ნუსხას, ვახუშტი
ბაგრატიონს და
ზ. პაპასქირის გამართულ
ტექსტს დავეყრდნობით,
ტინენი ერქვა.
ჩიხაში ერისთავად
გამწესებული ეს
უფლისწული, თავის დროზე,
ზ. ანჩაბაძემ
მართებულად ჩათვალა
ქართლის ერისთავად.
ასევე სწორია
ნ. ბერძენიშვილისა
და დ.
მუსხელიშვილის დაეჭვება
გიორგი I-ის
მიერ ქართლის მიერთების თაობაზე,
რადგან ამ
შემთხვევაში, ქართლის ერისთავად დანიშნულის
რეზიდენცია უფლისციხეში
უნდა ყოფილიყო.
ეგრის-აფხაზეთის
მეფემ ქართლი
დალაშქრა, მაგრამ მისი
მიერთება ვერ
მოახერხა. თუმცა,
ამ მნიშვნელოვან
რეგიონზე პრეტენზია
უკან არ
წაუღია და ტახტის მემკვიდრე
ქართლის ერისთავად
ჩიხაში დასვა, მიუხედავად იმისა,
რომ ამ
ერისთავს რეალურად
თავის საგამგეო
მხარეზე ხელი
არ მიუწვდებოდა. მაგრამ სამომავლოდ
ქართლის დასაკავებლად
გაცხადებული პოზიცია გააჩნდა. ზუსტად
ამიტომ, როგორც
კი გიორგი
I გარდაიცვალა, დაქვრივებულმა დედოფალმა
იერში პირველ რიგში ჩიხაში
მჯდომ ქართლის
ერისთავზე მიიტანა, რომელიც ტახტის
კანონიერი მემკვიდრე
იყო, და
ის მოაკვლევინა.
ხოლო შემდეგ,
მან და
იოანე შავლიანმა რიგით მეორე
ტახტის კანონიერი
პრედენდენტი, მოკლული უფლისწულის უმცროსი
ძმა ბაგრატი
გააძევეს.
ჩიხას საერისთავო
არ არსებობდა.
ასეთ საერისთავოს საისტორიო წყაროები
არ იცნობენ.
ჩიხა ზემო
იმერეთში, საჩხერესთან ახლოს
მდებარე სოფელია,
სადაც შემორჩა ციხე-დარბაზის
ფრაგმენტები. ასევე,
დღემდე მოაღწია ჩიხაში მდებარე
ეკლესიის X საუკუნის
წარწერამ, რომლის
მიხედვით შ.
გლოველი ფიქრობს,
რომ აქ
მოხსენიებული შერაზატი
და მისი
მამა ივანე
შესაძლებელია ჩიხას ერისთავები იყვნენ
[4,33]. თუმცა, წარწერა
მათ ერისთავობას
არ გვამცნობს.
შეიძლება ეს
სულაც ქტიტორული წარწერაა. ზემო
იმერეთი, რომელიც
დღეს საჩხერის
და ჭიათურის
მუნიციპალიტეტებს მოიცავს,
ისტორიოგრაფიაში არგვეთის
საერისთავოდ არის
მიჩნეული. ამ
ხანაში, აქ ბაღვაშთა
დიდი ფეოდალურ
სახლს ჰქონდა
მამული, რომელთა რეზიდენცია
და საძვალე
კაცხში (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) იყო.
ბაღვაშები კი
„მატიანე ქართლისას“
მიხედვით, იოანე
შავლიანის გამეფებისთანავე აღმოსავლეთ საქართველოში,
თრიალეთში გადაიხვეწნენ [11,258]. ასე
რომ, ამ
მიკრო რეგიონში
რამდენიმე ადმინისტრაციული
ერთეულის არსებობა
მოსალოდნელი არ
არის.
საინტერესოა აგრეთვე
„აფხაზ მეფეთა
დივანის“ ცნობა გიორგი I-თან
დაკავშირებით: „გიორგი
მეფობდა, რომელს საუფლისწულოდ აღწუფი
ჰქონდა და
ამისთვის ეწოდა
მას გიორგი
აღწუფელი“ [5,46-47]. ეს
ცნობა „მატიანე
ქართლისას“ ტექსტის
ჩანართშიც მოგვეპოვება.
უეჭველია, ეს „აღწუფი“
დასავლეთ საქართველოშია
საძებნი, რადგან აღმოსავლეთ საქართველოში
გიორგი I-ს
უფლისწულობისას ხელი
არ მიუწვდებოდა.
„მატიანე
ქართლისაში“ ეგრის-აფხაზეთის
სამეფოს ტახტის
მემკვიდრები უმრავლეს
შემთხვევაში ქართლის ერისთავები არიან,
მიუხედავად იმისა,
რეალურად ფლობენ თუ არა
მათ საგამგეო
ტერიტორიას. ზემოთ
მიმოხილულის გარდა,
ქართლის ერისთავია
ეგრის-აფხაზეთის მეფის გიორგი
II-ის (922-957 წწ.)
უფროსი ძე
კონსტანტინე, რომელიც
მამას უფლისციხიდან
აუჯანყდა. იგი ამისთვის მკაცრად
დაისაჯა და
ქართლის ერისთავობა
და შესაბამისად,
ტახტის მემკვიდრეობა
მის უმცროს
ძმა ლეონზე
გადავიდა [1,267-268]. ლეონ
III-ის (957-967 წწ.) გარდაცვალების
შემდეგ, მისი
ძმა დემეტრე
III (967-975წწ.): „დაჯდა
დემეტრე მეფედ...
დაეუფლა ქართლსა“ [11,270]. მართალია
მისთვის ლეონს
III-ს თავის სიცოცხლეში ქართლის
ერისმთავრობა არ
უბოძებია. მაგრამ დემეტრესთვის
„ქართლის ფლობა“
მეფობისთვის აუცილებელი
წინაპირობაა. უფრო
ადრე, X საუკუნის დასაწყისის საისტორიო
დოკუმენტ „დაწერილი
ფავნელისა მღვიმისადმის“
ავტორი მიქაელ
მემღვიმე წერს:
„.... გარდავე
ლიხთ-იმერით
და მოვიღე
თავისუფლობის ბრძანება
კონსტანტინესი და
ბაგრატისი“ [12,16-19]. აქ მოხსენიებული ეგრის-აფხაზეთის
მეფე კონსტანტინე
III (893-922)
და მისი
უმცროსი ძე
ბაგრატი, შ.
გლოველის მოსაზრებით,
მამაშვილი თანამეფეები
არიან [4,50]. მაგრამ უფრო სავარაუდოა,
რომ ბაგრატი
მამის გადაწყვეტილებით ქართლის ერისთავია
და შესაბამისად
ტახტის მემკვიდრე. ბაგრატი „აფხაზ
მეფეთა“ ნუსხაში
არ იხსენიება. (კონსტანტინე
III-მ როგორც
ჩანს არჩევანი
უმცროსი შვილის
სასარგებლოდ გააკეთა,
რასაც უფროსი
ვაჟი – გიორგი II მამის
გარდაცვალების შემდეგ
არ შეეგუა
და ბოლომდე
იბრძოლა ტახტის
დასაკავებლად – პ.გ).
ასევე, ჭალისუბნის წარწერაში
ნახსენებია „კონსტანტინე
ქართლის გამგებელი“
[13,142]. ქართლის ამ
გამგებელის, ანუ ერისთავის გაიგივება
შეიძლება როგორც
კონსტანტინე გიორგის
II-ის ძესთან,
ასევე კონსტანტინე
III-სთან, რომელიც,
ალბათ, უფლისწულობის
პერიოდში ქართლის
ერისთავი იყო.
ასე რომ,
გიორგი I უფლისწულობის
პერიოდში შეიძლება
ქართლის ერისთავის
თანამდებობას ფლობდა,
თუმცა რეალურად
მას ქართლზე
იმ დროს
ხელი არ
მიუწვდებოდა და
მისი რეზიდენცია
აღწეფში მდებარეობდა.
რადგან ზემო
იმერეთის ტერიტორია
ანტიკური პერიოდიდან
მოყოლებული, ქართლთან
უფრო მჭიდრო
კავშირში იყო,
ვიდრე დასავლეთ
საქართველოს დანარჩენი
სხვა რეგიონები,
სავარაუდოა, რომ
აღწეფიც ჩიხას
მსგავსად ზემო
იმერეთში მდებარეობდა.
აქ გასათვალისწინებელია
ლიხის ქედზე
გამავალი ხელსაყრელი
გზის მნიშვნელობა,
რომელიც აღმოსავლეთ
და დასავლეთ
საქართველოს დღემდე
აკავშირებს. ანტიკურ
ხანასა და
შუა საუკუნეებში
ლიხის ქედის
ამ მონაკვეთზე
გადასვლა ბევრად
უფრო მოსახერხებელი
და ადვილი
იყო. შესაბამისად,
საქართველოს დასავლეთ
და აღმოსავლეთ
ნაწილების დამაკავშირებელ
ამ გზას
უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულსაკომუნიკაციო
დატვირთვა გააჩნდა.
ტოპონიმი „აღწუფი“
მსგავსების გამო
შეიძლება რამდენიმე
სოფელთან გავაიგივოთ.
საფიქრებელია, რომ
აღ- თავსართი
დროთა განმავლობაში
ტოპონიმს ჩამოშორდა,
რადგან აღწეფის
სახელის მატარებელი
პუნქტი დღეს
არ გვხდება.
ხოლო წიფა
სოფელია ხარაგაულის
მუნიციპალიტეტში, ზედ
ლიხის ქედზე,
ქართლის მოსაზღვრედ
მდებარეობს. ასევე,
ბაზალეთის თემში
(ხარაგაული) შედის
კიდევ ერთი
სოფელი წიფი.
თუმცა ვფიქრობთ,
რომ არც
ერთი ეს
დასახლება არ
უნდა ყოფილიყო
აღწუფი, რადგან
ისინი ზემო
იმერეთში არ
მდებარეობენ. მაგრამ
ჭიათურის მუნიციპალიტეტში
არის დასახლება
ცოფა, ჭიათურასთან
ახლოს, მდინარე
ყვირილას მარჯვენა
მხარეს. იქვე
მეზობლად მდებარეობს
სოფელი მღვიმევი
თავისი ცნობილი
მონასტრით. შესაძლებელია,
დღევანდელი ცოფა
იყოს ისტორიული
აღწეფის შემოკლებული
და სახეცვლილი
სახელწოდება. თუ
გავითვალისწინებთ იმ
ფაქტს, რომ
ეგრის-აფხაზეთის
მეფეები ზემო
იმერეთის მხრიდან
ცდილობდნენ ქართლის
დაკავებას, პირველ
რიგში შიდა
ქართლის, ლოგიკური
იქნებოდა დასავლურ
ქართული სამეფოს
ქართლის ერისთავებს
(ტახტის მემკვიდრეებს),
სანამ ისინი
მათვის გამოყოფილ
საერისთავოში რეალურად
დამკვიდრდებოდნენ, რეზიდენცია
ქართლთან ოდითგანვე
მჭიდრო კავშირში
მყოფ ამ
მხარეში ჰქონოდათ.
ვფიქრობთ, ჩიხაში
ანუ ზემო
იმერეთში ქართლის
ერისთავის რეზიდენციის
განთავსება გამონაკლისი
არ უნდა
ყოფილიყო. ამასთან
დაკავშირებით, საინტერესოა
გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრებაში მოხსენიებული
ბაგრატ შაროელი,
რომელიც ეგრის-აფხაზეთის
ხელმწიფედ იწოდება.
მისი ასული
ბევრელი, მონაზვნობაში
ანასტასია ცოლად
აშოტ კურაპალატის
ძეს, ადარნასეს
ჰყავდა [7]. შეიძლებოდა,
ბაგრატ შაროელი
ეგრისაფხაზეთის მეფე
ბაგრატ I-ად
ჩაგვეთვალა, მაგრამ
მათ შორის
ქრონოლოგიური სხვაობა
ასეთ ნათესაურ
კავშირს გამორიცხავს.
IX საუკუნის შუა
ხანისთვის ბაგრატ
I მცირეწლოვანი იყო.
ბაგრატ შაროელი
ეგრის-აფხაზეთის
მეფეთა ნუსხაში
არ გვხდება.
შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ ის
ეგრის-აფხაზეთის
სამეფოში ქართლის
ერთ-ერთ
ერისთავად იყო
დანიშნული. ამას
გვაფიქრებინებს მისი
შაროელად მოხსენიება.
შაროელს თუ
კუთვნილებით ელ – ბოლოსართს მოვაშორებთ
მივიღებთ ხორონიმ
„შარო“-ს.
მსგავსი დასახლება
დღეისთვის არ
არსებობს, მაგრამ
ზემო იმერეთში,
საჩხერის მუნიციპალიტეტში,
ჭალის თემში
შემავალ სოფელ
სპეთში არის
მთა შარითავი
[10,13], რომელიც ამ
ტერიტორიის ძველი
სახელწოდება უნდა
ყოფილიყო.
ვფიქრობთ, რომ
ეგრის-აფხაზეთის
სამეფოში ტახტის
მემკვიდრე უფლისწულები
ქართლის ერისთავებად
ინიშნებოდნენ, მიუხედავად
იმისა, რეალურად
შედიოდა თუ
არა საქართველოს
ეს უმნიშვნელოვანესი
რეგიონი ამ
დასავლურ ქართულ
სახელმწიფოში. თავდაპირველად,
როდესაც ქართლზე
ეგრის-აფხაზეთის
მეფეებს ჯერ
კიდევ არ
ჰქონდათ კონტროლი
დამყარებული, ასეთი
ერისთავების რეზიდენცია
ზემო იმერეთის
სხვადასხვა ადგილას
მდებარეობდა. ქართლის
დაკავების შემდეგ
კი რეზიდენცია
უფლისციხეში გადავიდა.
წყაროები და
ლიტერატურა
1. მ.
ბახტაძე, ერისთავობის
ინსტიტუტი საქართველოში,
თბ., 2003.
2. ნ.
ბერძენიშვილი, საქართველოს
ისტორიის საკითხები,
I, თბ., 1964.
3. ვახუშტი
ბატონიშილი, ქართლის
ცხოვრება.
4. შ.
გლოველი, ,,აფხაზთა
სამეფო”, საკანდიდატო
დისერტაცია, თბ.,
2004.
5. ექ.
თაყაიშვილი, ძველი
საქართველო, ტფ.,
1913.
6. მ.
ლორთქიფანიძე, ფეოდალური
საქართველოს პოლიტიკური
გაერთიანება (IX-Xსს.),
თბ., 1963.
7. გიორგი
მერჩულე, ცხოვრება
გრიგოლ ხანძთელისა,
თბ.
8. დ.
მუსხელიშვილი, აღჯაყალა-გაგის
ციხე, საქარ-თველოს
ისტორიული გეოგრაფიის
კრებული, I, თბ.,
1960
9. ზ.
პაპასქირი, ვინ
იყო „ერისთავი
ჩიხისა“, ქართული
წყაროთმცოდნეობა, XI, თბ.,
2006.
10. საქართველოს
სსრ ტოპონიმია
(მასალები), ტ.
I, ზემო იმერეთი,
თბ.
11. ქართლის
ცხოვრება, ტექსტი
დადგენილი ყველა
ძირითადი ხელნაწერის
მიხედვით ს.
ყაუხჩიშვილის მიერ,
ტ. I. თბ.,
1955.
12. ქართული
ისტორიული საბუთები
IX–XIII სს., შეადგინეს
და გამოსაცემად
მოამზადეს თ.
ენუქიძემ, ვ.
სილოგავამ, ნ.
შოშიაშვილმა, თბ.,
1984
13. ქართული
წარწერების კორპუსი,
ლაპიდარული წარწერები,
I, აღმოსავლეთ და
სამხრეთ საქართველო
(V-X სს.), შეადგინა
და გამოსაცემად
მოამზადა ნ.
შოშიაშვილმა, თბ.
1980.
14. З.
Анчабадзе, из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959.
Комментариев нет:
Отправить комментарий