რამსესიდების ეპოქიდან ერთი
უაღრესად საინტერესო დოკუმენტი შემოინახა [1, 275-80], სადაც მსოფლიო ისტორიაში დღეისათვის ცნობილი უძველესი გაფიცვა - უფრო
სწორად კი გაფიცვების სერიაა დაფიქსირებული.
გაფიცვაში თებეს ნეკროპოლისის მომსახურე პერსონალი იყო
ჩართული. ნეკროპოლისი ეგვიპტური ქალაქის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა, სადაც უამრავი ადამიანი მსახურობდა - ქვის და ხის
მჭრელები, მხატვრები, მშენებლები, მრეცხავები, წყლის მზიდავები და
სხვ., რომლებიც ჩვეულებრივ ნეკროპოლისის ტერიტორიაზე ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ.
ჩვენთვის საინტერესო თებეს ნეკროპოლისში მომსახურე პერსონალი ორ
გუნდად იყო გაერთიანებული. თვითეულს თავისი უფროსი ჰყავდა, რომლებიც ნეკროპოლისის მთავარი გადამწერის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულნი, ეს უკანასკნელი დასავლეთ თებეს მმართველის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, რომელიც, თავის მხრივ, სამხრეთ ეგვიპტის ვეზირის წინაშე აგებდა პასუხს.
ნეკროპოლისის პერსონალი მთლიანად სახელმწიფო სამსახურში ითვლებოდა და
ანაზღაურებას ფარაონის ხაზინიდან იღებდა. რამსეს III მეფობის 29-ე წლის
ზამთარში მათ გასამრჯელო ერთი
თვით დაუგვიანეს. მეორე თვის
მეათე დღეს ნეკროპოლისის მთელი პერსონალი ანებებს თავს
სამუშაოს. თავიანთ ოჯახებთან ერთად ისინი დასხდნენ თოტმეს III ტაძრის უკანა კედელთან მოთხოვნით, რომ
მათთვის გაეცათ კუთვნილი ანაზღაურება. უფროსების დაპირების მიუხედავად, რომლებიც ფარაონის სიტყვასაც იშველიებდნენ, ისინი ისხდნენ მთელი დღის
განმავლობაში და მხოლოდ ღამე დაბრუნდნენ სახლებში, მაგრამ მეორე დღეს
ისევ გააგრძელეს თავიანთი „მჯდომარე გაფიცვა“. მესამე დღეს, როცა
სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, მათ
გაფიცვა წმინდათა წმინდა ადგილას - რამსეს II სულის მოსახსენიებელ ტაძარში გააგრძელეს, სადაც მხოლოდ გარკვეული რანგის ქურუმებს შეეძლოთ შესვლა. ამ
ვითარებამ შეაშფოთა ნეკროპოლისის მმართველობა, და ხაზინიდან ერთი
თვის გასამრჯელო გაიცა. მაინც უკმაყოფილო ხალხი მეორე დღეს
ისევ შეიკრიბა და მიმდინარე თვის
გასამრჯელო მოითხოვა. პოლიციის უფროსმა მათი მოთხოვნა მოსამართლეს გააცნო, სთხოვა სახლში წასულიყვნენ, და
შეპირდა, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მეორე დღეს
ის თავად გაუძღვებოდა მათ
და ნებას დართავდა დამსხდარიყვნენ თოტმეს III ტაძართან. ბოლოს და
ბოლოს, გაფიცვის მერვე დღეს,
მიმდინარე თვის გასამრჯელოც გაიცა. მაგრამ როცა
შემდეგი თვის პირველ რიცხვში გასამრჯელომ კვლავ დაიგვიანა, ყველაფერი ისევ
თავიდან განმეორდა.
დოკუმენტში აღწერილია რამოდენიმე ასეთი სიტუაცია, რომლებსაც ადგილი ჰქონდა თებეს ნეკროპოლისში მომდევნო 50 წლის
განმავლობაში, და ყველა შემთხვევაში ჩანს,
რომ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, თებეს მმართველი, ამონის მთავარი ქურუმი, სამხრეთ ეგვიპტის ვეზირის მდივანი და ხანდახან თავად სამხრეთ ეგვიპტის ვეზირი ყოველმხრივ მონდომებულნი არიან, როგორმე მოაგვარონ ეს
პრობლემა. ვილსონი ამ დოკუმენტს იყენებს, როგორც რამესიდების პერიოდის ეგვიპტის არცთუ ისე
სახარბიელო ეკონომიური მდგომარეობის ამსახველ საბუთს, მაგრამ ჩემი ყურადღება მან სრულიად განსხვავებული მიზეზით მიიპყრო. ეკონომიური მდგომარეობის გარდა, დოკუმენტი ამჟღავნებს რიგითი ეგვიპტელების შეგნებას, რომ
მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ის, რაც
კანონით ეკუთვნით, და თანამდებობის პირების აშკარა შეშფოთებას იმით,
რომ მათ არ
შეუძლიათ შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ამ დოკუმენტში არის ის,
რომ ვერც ერთმა მოხელემ ვერც
კი წარმოიდგინა პრობლემის მოგვარება ძალის გამოყენებით. ამის
მიზეზი იყო ეგვიპტური სახელმწიფოს თვისება, რომელიც ბევრ
ტექსტში იკითხება - ადამიანის ღირსების დაფასების უნარი. ერთ-ერთ ზღაპარში ფარაონ ხეოფსს მოჰგვრიან ჯადოქარს, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. „მართალია, რომ შენ
ძალგიძს მოკვეთილი თავის სხეულთან შეერთება?“ - კითხულობს ფარაონი. „შემიძლია, თქვენო უდიდებულესობავ“ - პასუხობს ჯადოქარი. ამის შემდეგ ფარაონი გასცემს ბრძანებას, რომ
მოიყვანონ სიკვდილმისჯილი დილეგიდან, მაგრამ ჯადოქარი გაკადნიერდა და შეჰბედა ღვთაება-ფარაონს: „ადამიანზე არა, თქვენო უდიდებულესობავ. არ
შეიძლება ჩაიდინო ადამიანზე ასეთი რამ“
[2, 30-31]. განრისხების ნაცვლად, ხეოფსი ნებდება და ბრძანებს ბატის და
ხარის მოყვანას.
შესაძლოა, ადამიანის პატივისცემა და
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანის დაფასება მისი
სოციალური წარმოშობისაგან დამოუკიდებლად ეგვიპტეში ერთგვარად მისი მეფეების გაღმერთებამ განაპირობა. ეს
იყო ერთ-ერთი,
რაც ეგვიპტეს სხვა თანადროული ცივილიზაციებისაგან განასხვავებდა. „სხვა კულტურებში მეფე
მართავდა ქვეყანას ღმერთებისათვის და არა
როგორც ღმერთი. ეგვიპტეში ფარაონი მართავდა ქვეყანას, როგორც ღმერთი, რომელიც იყო დედამიწაზე მოკვდავთა შორის“ [1, 45].
ამგვარად, ფარაონ-ღვთაებისაგან განსხვავებით, ყველა ადამიანი, სოციალური წარმოშობისაგან განურჩევლად, მოკვდავი და
ამდენად რაღაც გადასახედიდან ერთნაირი იყო.
ეს ვითარება განსაკუთრებით საგრძნობია I-IV დინასტიების დროს, როცა
ფარაონის „ღვთაებრიობის ხარისხი“ თანდათან იზრდება და კულმინაციას ხეოფსის დროს
აღწევს. ამ დროისათვის ფარაონი ფაქტიურად რიტუალური ფიგურა გახდა, იშვიათად სცილდება სასახლეს და
მისი ნახვა მოკვდავთაგან ძალიან შეზღუდულ წრეს
შეუძლია. ამ პროცესმა, რომელიც ქვეყნის ჩამოყალიბების დროს
დაემთხვა, ბიძგი მისცა ისეთი ვითარების ჩამოყალიბებას, როცა
ღვთაება-ფარაონის ქვეყანაში სიტუაციას რეალურად რიგითი ადამიანები ფლობდნენ. სწორედ მათ მიერ
აშკარად ხდება იმის
გააზრება, რომ ქვეყნის სიდიადე ნიჭიერ, განსწავლულ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომელთა გარეშე შეუძლებელია როგორც გადასახადების აღწერა და წარმატებული ექსპედიციების ჩატარება, ასევე გრანდიოზული ნაგებობების აგება. ზეღვთაება-ფარაონის სახელმწიფოს არსებობა და
ფუნქციონირება შეუძლებელი იყო მრავალი ენერგიული ადამიანის ძალისხმევის გარეშე. ფასეული ხდება ადამიანის სიცოცხლე [3, 36]. წერა-კითხვის და განათლების მიღება სატაძრო სკოლებში შეუძლია ყველას, განურჩევლად სოციალური წარმოშობისა და
შემდგომ ამ ადამიანების დასაქმება და
კარიერული წინსვლა მათი უნარის შესაბამისად ხდება. ეგვიპტის ჩამოყალიბების პერიოდში განსაკუთრებით იზრდება „არა არისტოკრატიული“ წარმოშობის მოხელეთა რიცხვი. სწორედ ასეთი წარმოშობის იყო
პირველი პირამიდის არქიტექტორი იმხოტეპი, რომელსაც შემდეგი თაობების ეგვიპტელები უფრო დიდ
პატივს მიაგებდნენ, ვიდრე ბევრ
ფარაონს და ღვთაებადაც კი
შერაცხეს. როგორც ჩანს, ადამიანებიც იაზრებდნენ თავიანთ მნიშვნელოვან ადგილს ქვეყნის მშენებლობაში, რადგან მათ უჩნდებათ პიროვნული თვითშეგნება და
თავიანთი „მეს“ გამოხატვის სურვილი, რაც
ეგვიპტის ერთ-ერთ
გასაოცარ ფენომენში - ავტობიოგრაფიული ჟანრის ჩამოყალიბებაში გამოიხატა, რომლის პირველი ნიმუშები უკვე ჯოსერის დროს
(III დინ.) ჩნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ
დღეს პრაქტიკულად არაფერია ცნობილი ამ პერიოდის ფარაონების შესახებ ალბათ იმიტომ, რომ
პირადად მათი ისტორია „ღვთაებრიობის სფეროს“ განეკუთვნებოდა. ძველი სამეფოს, განსაკუთრებით მისი
პირველი ნახევარის ისტორიის რეკონსტრუქცია დღეს კერძო პირების ავტობიოგრაფიების და
წარწერების საშუალებით არის შესაძლებელი. შესაძლოა, სწორედ ამ დროს
ჩამოყალიბდა ეგვიპტური სახელმწიფოს ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი თვისება - ადამიანის სიცოცხლე, უნარი და
ნიჭი მისთვის რეალურ ფასეულობას წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ მიგვანიშნებს, რომ
რომ ეგვიპტური საზოგადოება თავისი დროისათვის სახელმწიფოებრივი და ინტელექტუალური განვითარების გასაოცრად მაღალ საფეხურზე იდგა.
ასეთი შეფასების სასარგებლოდ მეტყველებს ასევე ქალის ადგილი ეგვიპტეში. უძველესი დროიდან ქალი
იურიდიულად მამაკაცის თანასწორი იყო ყველა სფეროში, გარდა ტახტის მემკვიდრეობისა (თუმცა ფარაონი-ქალი
ეგვიპტელებს უკვე არქაული პერიოდის დროს
ჰყავდათ). ქალი სარგებლობდა თანაბარი უფლებებით მემკვიდრეობის გაყოფისას და
შესაბამისად გააჩნდა უძრავი ქონების ფლობის და განკარგვის უფლება (უკვე
III დინ. დროს ერთ-ერთი
ავტობიოგრაფიის ავტორი მეჩენი გვამცნობს, რომ მან
გარკვეული მიწები დედის ანდერძის თანახმად მიიღო) [4, 147]. ქალს
შეეძლო აღეძრა სარჩელი როგორც ქონებრივ დავაზე, ასევე განქორწინებაზე და
თავად დაეცვა თავი სასამართლოში (გავიხსენოთ, რომ
ანტიკურ საბერძნეთშიც კი ქალის სასამართლოში გამოცხადება შეზღუდული იყო და
მის უფლებებს მისი წარმომადგენელი იცავდა).
ძველი ეგვიპტე, რომლის ისტორია ოთხ
ათასწლეულს მოიცავს, ბევრი ახლოაღმოსავლური ცივილიზაციის ჩამოყალიბებისა და
გაუჩინარების მოწმე გახდა. მისი
გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა მრავალჯერ არის აღნიშნული. რასაკვირველია, ამა
თუ იმ ცივილიზაციის ხანგრძლივობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ჩემი აზრით ეგვიპტის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ
ეგვიპტელებმა შექმნეს თავისი დროისათვის საოცრად პროგრესული საზოგადოება და სახელმწიფო, რომლისთვისაც ადამიანი ფასეულობას წარმოადგენდა და რომელიც გასაოცარი მოქნილობით იცვლებოდა ისტორიით და
ცხოვრებით ნაკარნახები ცვლილებების შესაბამისად. სწორედ განვითარებული საზოგადოების ფაქტორი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომ სხვა
თანადროული ცივილიზაციებისაგან განსხვავებით, რომლებიც ქრებოდნენ პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ეგვიპტემ შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა და სახე
და მისმა კულტურამ იცოცხლა პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საოცრად ხანგრძლივი დროის - თითქმის ათასზე მეტი
წლის განმავლობაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий