вторник, 12 февраля 2019 г.

ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში (მ. ბახტაძე)

შესავალი
ქართველები იმ მცირერიცხოვან ხალხთა რიგს მივეკუთვნებით, რომლებმაც თავისი სახელმწიფო ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე შექმნეს. ჩვენ არ ჩამოვთვლით ყველა იმ ატრიბუტს, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს არსებობისათვის. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელია ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა და ადგილობრივი მმართველობის სისტემის არსებობა.
ქართული სახელმწიფოს არსებობის მანძილზე, მოყოლებული ძვ. წ. აღ-ის III საუკუნიდან, ვიდრე XV საუკუნის ბოლომდე, არ შექმნილა ადგილობრივი მმართველობის რაიმე სხვა სისტემა ერისთავობის ინსტიტუტის გარდა. საუკუნეების მანძილზე, ჯერ ქართლის სამეფოში, შემდეგ საერისმთავროში, ისევე როგორც VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბებული სამეფო-სამთავროებში და რა თქმა უნდა ერთიან ქართულ მონარქიაში არსებობდა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის მხოლოდ ერთი ფორმა _ საერისთავოები.
ერისთავობის ინსტიტუტი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ერისთავებს, როგორც ადგილობრივ მმართველებს დიდი ადგილი ეჭირათ სახელმწიფოს მართვა-გამგეობის სისტემაში. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ერისთავები უდიდეს როლს თამაშობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში. მათი მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდებოდა ვერც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი. აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ერისთავობის ინსტიტუტის შესწავლას.
ერისთავობის ინსტიტუტმა განვითარების ორი, თითქმის ერთნაირი ეტაპი გაიარა. ძვ. წ. აღ-ის III საუკუნეში ფარნავაზმა შექმნა ადგილობრივი მმართველობის სისტემა _ ერისთავობის ინსტიტუტი. ერისთავი იყო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის _ საერისთავოს მმართველი. საერისთავო იყო ერისთავისათვის დროებით სამართავად გადაცემული ტერიტორია. ე.ი. ერისთავი იყო მეფის მოხელე, რომლის გადაყენებაც მეფეს ყოველთვის შეეძლო. მაგრამ, თავიდანვე „ერისთავში ორი საწყისი იყო: მთავარი და მოსაკარგავე. ცენტრალური ხელისუფლების ცდა ის იყო, რომ ერისთავი მოხელე მოსაკარგავე ყოფილიყო ... მთავართა ტენდენცია კი ამის საწინააღმდეგო იყო“ (44:183). ბრძოლა სამეფო ხელისუფლებასა და ერისთავებს შორის ხანგრძლივი იყო და VI საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ერისთავთა გამარჯვებით დამთავრდა (ცხადია უცხო ძალის დახმარებით), მეფობა გაუქმდა, ერისთავები კი „გამთავრდნენ“, ანუ საერისთავოები მათ მემკვიდრეობით სამფლობელოებად იქცნენ. ფაქტობრივად მამულის სტატუსი მიიღეს. VI-VIII საუკუნეებში ერისთავები ფაქტობრივად მთავრები არიან, თუმცა კი ატარებდნენ ერისთავის ტიტულს.
ერისთავობის, როგორც ადგილობრივ მმართველთა ინსტიტუტის აღდგენა მოხდა VIII საუკუნის ბოლოს აფხაზთა სამეფოში ლეონ II-ის მიერ. მთელი საქართველოს მასშტაბით კი ეს ხდება ბაგრატ III-ის დროს. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, სამეფო ხელისუფლების დასუსტების პარალელურად, სოლ უფრო ძლიერდება ერისთავთა „გამთავრების“ ტენდენცია. XV საუკუნის ბოლოს ერისთავობის ინსტიტუტი არსებობას წყვეტს.
ერისთავობის ინსტიტუტის განვითარების საკითხი მონოგრაფიულად შესწავლილი არ არის. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა მეცნიერს, რომელთა კვლევის ინტერესშიც შედიოდა და შედის ზემოთ აღნიშნული პერიოდი, გამოთქმული აქვს თავისი მოსაზრება, როგორც ზოგადად ერისთავობის ინსტიტუტის შესახებ, ასევე კონკრეტულ ერისთავებთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივიც არის, რადგან შეუძლებელია განიხილო საქართველოს ისტორიის ნებისმიერი საკითხი და არ შეეხო ერისთავობის ინსტიტუტს. იმდენად დიდია ამ უკანასკნელის ადგილი და მნიშვნელობა, ნებისმიერი პრობლემის განხილვისას. ამიტომ საკითხის ისტორიოგრაფიის ცალკე განხილვა ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ. თავად ნაშრომში, თითოეულ კონკრეტულ საკითხზე საუბრისას განხილულია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა მკვლევარების მიერ გამოთქმული შეხედულებები და თვალსაზრისები.
ნაშრომის წყაროთმცოდნეობით ბაზას შეადგენს ნარატიული, ეპიგრაფიკუ-ლი და დოკუმენტური მასალა, რომელიც შესაძლებელი სისრულით არის გათვალისწინებული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წყაროებში დაცულ ცნობათა სიმცირის გამო (გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითოეული ერისთავი „მხოლოდ მაშინ არის ხოლმე დასახელებული, როდესაც რომელიმე ისტორიულ ამბავში მონაწილედ გამოვიდოდა, ამიტომ ამ ცნობებსაც შემთხვევითი ხასიათი აქვს და სრულად ვერ ჩაითვლება“ (263;333). ხშირად იძულებული ვართ მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ.
თავი I: ერისთავობის ინსტიტუტის შექმნა
ლეონტი მროველის მიხედვით ერისთავობის ინსტიტუტი შექმნა მეფე ფარნავაზმა. მეფის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმა იყო. მან „განაწესნა ერისთავნი რვანი და სპასპეტი. ერთი გაგზავნა მარგვს ერისთავად და მისცა მცირით მთითაგან რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღურადმდე ეგრისისა, რიონს ზემოთ; და გაგზავნა მეორე კახეთისა ერისთავად და მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი; მესამე გაგზავნა ხუნანისა ერისთავად და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანამდის, რომელ არს გარდაბანი; მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა სკვირეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე რომელი არს ტაშირი და აბოცი; მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად და მისცა ფარვანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტაანი; მეექუსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა; მეშვიდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად და მისცა არსიანითგან ზღუამდე და მერვე ქუჯი იყო ერისთავი ეგრისისა. ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგვითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა განაჩინნა სპასალარნი და ათასისთავნი და მათგან ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო. ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა“. (126:24-25). სანამ ლეონტი მროველის ამ ცნობას დაწვრილებით განვიხილავთ, გვინდა მოკლედ შევეხოთ იმ ვითარებას, რომელიც არსებობდა აღმოსავლეთ საქართველოში აზონის გამოჩენამდე. სამწუხაროდ ცნობები აქ შექმნილი მდგომარეობის შესახებ მეტად მწირია. უნდა დავეყრდნოთ კვლავ მხოლოდ ლეონტის, რომელიც აღნიშნავს _ „არა ვინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს და უსახელოვანეს, არამედ ადგილთ ადგილად თავადნი იჩინიან. ხოლო რომელიცა იყვის მცხეთას იგი იყვის ყოველთა მათ სხვათა ზედა და არცა სახელდებოდა მეფედ, არცა ერისთავად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდათ და იგი ყვის მაზავებელ და ბჭე სხუათა ქართლოსიანთა, რამეთუ ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო ყოველთასა და უწოდეს დედაქალაქად“.(126:11).
ამ მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ არსებობდა რამოდენიმე მცირე პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელთაც სათავეში მამასახლისები ედგნენ. მცხეთის მამასახლისი კი ითვლებოდა უზენაესად, მაგრამ მას მხოლოდ მომრიგებლის ფუნქცია ჰქონდა და მამასახლისებზე სხვა არანაირი გავლენა არ ჰქონდა. ასე ესმოდა ეს ცნობა ივ. სურგულაძეს, რომელიც აღნიშნავდა, რომ მცხეთის მამასახლისი მხოლოდ მაზავებელი, მრჩეველი,მომრიგებელი იყო და ამას იქით მისი უფლება დანარჩენ მამასახლისებზე არ ვრცელდებოდა(204;12).
შემდგომ ეტაპზე უკვე აზონი გამოჩნდა, დაიკავა მცხეთა და ქართლის პირველი მეფე გახდა. გ. ქავთარია წერს _ „მცხეთის სტრატეგიული მდგომარეობის გათვალისწინებით, აზონმა თავისი არჩევანი მცხეთაზე შეაჩერა და გაერთიანებული ქვეყნის სატახტოდ იგი აღიარა. მანამდე ცალკეულ ტომებს საკუთარი „დედაქალაქები“ ჰქონდათ, რომლებიც არ დათმობდნენ თავიანთ ამბიციებს და მცხეთის ხელისუფალს არ დაექვემდებარებოდნენ, როგორც რანგით თანაბარს. ეს ბარიერი აზონმა გადალახა. მცხეთის, როგორც ერთიანი საქართველოს დედაქალაქის დაკანონება აზონის ინიციატივით მოხდა“(220;32). ჩვენი აზრით, აზონის არჩევანი განაპირობა არა მარტო მცხეთის სტრატეგიულმა მდებარეობამ (რასაც ცხადია დიდი მნიშვნელობა ჰქონდა) არამედ იმანაც, რომ მცხეთის მამასახლისი სხვა პოლიტიკური წარმონაქმნების მეთაურებთან შედარებით ითვლებოდა უზენაესად. შესაძლოა მხოლოდ სიმბოლურად, მაგრამ მაინც გამორჩეული იყო. გ. მამულია აღნიშნავს, რომ „ქართლის სახელმწიფო წარმონაქმნის „თავი“ (უფალი, მამასახლისი) ქართლოსიანთა წილ მიწაწყალზე არსებულ დანარჩენ სახელმწიფო წარმონაქმნთა „თავთა“ შორის პრიმუს ინტერ პარეს-ად ითვლებოდა („ზენა უფალი“) და მონარქის პრეტენზიები მას უნდა ჰქონოდა“ (142:110). ჩვენი აზრით, აზონმა ყოველივე ეს გაითვალისწინა. მცხეთის დამორჩილებით, მცხეთელი მამასახლისების ადგილის დაჭერით, ის ფორმალურად უზენაესი მმართველი ხდებოდა და გარკვეულწილად ლეგიტიმურ უფლებას იძენდა _ სათავეში მოქცეოდა ერთიან ქართულ სახელმწიფოს. აზონი 24 წელი მართავდა ქართლის სამეფოს. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია უნდა ყოფილიყო „დაეძლია ერთიანი ხელისუფლების ძირითადი შემაფერხებელი მიზეზი, მამასახლისთა თანასწორობა“ (220;45).
რა ღონისძიებები გაატარა აზონმა, როგორ მართავდა ის სამეფოს ჩვენთვის უცნობია, შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოს შექმნისათვის აუცილებელ ყველა ღონისძიებას ლეონტი მროველი ფარნავაზს მიაწერს. ჯერ კიდევ ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა, რომ ფარნავაზი „აზოს მიერ შექმნილ სახლმწიფოს ეუფლება, რეფორმატორობს მხოლოდ და არა სახელმწიფოს ქმნის„(46:124).
ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულად ერთი საკითხი _ ერისთავების პრობლემა. მიგვაჩნია, რომ იმ სახით რა სახითაც ლეონტი გვიხატავს ადგილობრივი მმართველობის ამ ინსტიტუტს, ის ფარნავაზის შექმნილი უნდა იყოს. აზონის დროს იყოფოდა თუ არა სამეფო ადმინისტრაციულ ერთეულებად (ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ კი) ძნელი სათქმელია. წყაროები ამ საკითხის შესახებ არაფერს იუწყებიან.
ს. კაკაბაძის აზრით, ქართლის სამეფოს დაყოფა საერისთავოებად და სპასპეტის თანამდებობის შემოღება მოხდა ფარსმან ქვლის დროს „ფარნავაზის ცხოვრება, ერისთავების ინსტიტუტის შესახებ წარმოგვიდგენს IV-V საუკუნეების სურათს“(112:53).
დ. მუსხელიშვილი შენიშნავს, რამდენად სწორია ეს გადმოცემა ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, „ქართლის სამეფოს წარმოქმნა ამოდენა ტერიტორიაზე ერთდროული აქტის სახით შესაძლებელია არც იყოს მართალი“(166;50). საერისთავოების საკითხთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, „ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ლეონტი მროველის ეს ცნობა ერთგვარი მოდერნიზაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა არ არის გამორიცხული, იგი რეალურ-ისტორიული იყოს“ (166;61). ის რომ ცნობა რედაქტირებულია გვიანდელ ხანაში და გარკვეულ წილად განსხვავდება ფარნავაზის დროინდელი ვითარებისაგან ცხადია. ამას მოწმობს, თუნდაც, ტფილისის მოხსენიება. რა თქმა უნდა, ფარნავაზის დროს ტფილისი ვერ იქნებოდა, უბრალოდ, ლეონტი ცდილობს მკითხველს გაუადვილოს ორიენტირება და მისი დროისათვის ადვილად გასაგები გახადოს; ამიტომ ურთავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტფილისს. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ლეონტი მროველი სხვა რამესაც ცვლის და იმის დაშვებაც შეიძლება, რომ გვიანდელი (თუნდაც IV-V სს-ის, როგორც ს. კაკაბაძე თვლიდა) პერიოდის ამსახველი რეალური ვითარება გადააქვს ფარნავაზის ხანაში. ჩვენი აზრით, მაინც უნდა ვენდოთ ლეონტის. ჯერ ერთი _ ჩვენ არ გაგვაჩნია არც ერთი წყარო, რომელიც ლეონტი მროველთან დაცულ ცნობას გააბათილებდა; მეორეც _ როგორც ქვემოთ ვნახავთ, ფარნავაზს რეალურად შეეძლო განეხორციელებინა ადმინისტრაციული რეფორმა იმ სახით, რა სახითაც ლეონტი მროველთან არის აღწერილი. თუმცა როგორც ჩანს ვითარება წყაროში მცირედ შელამაზებულია.
„აზონი პირველი შეეხო ტომობრივ ტრადიციების ხელშეუხებლობას და ძალის გამოყენებით დაამსხვრია ბელადების (მამასახლისების) საუკუნოვანი პრივილეგიები“ (220;66). აქედან გამომდინარე, აზონის ყველაზე დიდი მტრები სწორედ მამასახლისები და მათი გვარის წევრები იქნებოდნენ. აზონის წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებას სათავეში მცხეთელი მამასახლისის (მამასახლისთა შორის უპირველესის) ძმისშვილი, ფარნავაზი ჩაუდგა. ჩვენ არ შევეხებით დაწვრილებით ამ ბრძოლის პერიპეტიებს, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი სათანადოდ არის განხილული ქართულ ისტორიოგრაფიაში და არც ჩვენი კვლევის ძირითად საგანს წარმოადგენს.
ჩვენ მხოლოდ ერთ მომენტს გამოვყოფთ. ბუნებრივია, რომ მამასახლისები თუ მათი შთამომავლები მხოლოდ მაშინ დაუჭერდნენ მხარს ფარნავაზს, თუ ეს უკანასკნელი მათ იმაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებდა, ვიდრე ეს აზონის მმართველობის ჟამს ჰქონდათ. ფარნავაზი, ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს ქმნიდა და მისთვის მიუღებელი იქნებოდა აზონამდლი ვითარების აღდგენა. მით უმეტეს, რომ „მამასახლისთა უფლებების შეკვეცით ან მათი განადგურებით, მოსამზადებელი სამუშაო აზონს ჰონდა შესრულებული“(220;63). თუმცა ცხადია, რომ მამასახლისები და მათი შთამომავლები დაკარგული გავლენის აღდგენას შეეცდებოდნენ. საჭირო იყო გარკვეული შუალედის მოძებნა, რომელიც დააკმაყოფილებდა ფარნავაზსაც და მამასახლისებსაც. ფარნავაზი ხომ აზონთან ბრძოლაში „ეყრდნობოდა საკუთარ საგვარეულოს და მასთან დაკავშირებულ სოციალურად პრივილეგირებულ, მაგრამ აზოს მიერ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ასპექტში დამცრობილ ქართლელ უფალთა ფენას. ფარნავაზს დახმარებას უწევდა ეგრისის პოლიტიკური ძალებიც“(78:49). „ოქროს შუალედის“ როლი, ჩვენი აზრით, ერისთავობის ინსტიტუტმა შეასრულა. გამარჯვების შემდეგ, ფარნავაზმა ქვეყანა დაყო რვა საერისთავოდ და მათ სათავეში ყოფილი მამასახლისები ან მათი შთამომავლები ჩააყენა, რომლებიც ამჯერად ერისთავის თანამდებობის მფლობელები გახდნენ.მართალია ერისთავები მეფის მოხელეები იყვნენ, მაგრამ საკუთარ საერისთავოში საკმაოდ დიდი უფლებები გააჩნდათ. სწორედ ამით უნდა დაკმაყოფილებულიყო ყოფილ „უფალთა“ პატივმოყვარეობა, მაგრამ როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა უჩვენა, ერისთავები
სრული დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდნენ. სრულიად მართებულია მოსაზრება, რომ „საერისთავოებს სათავეში ადრე მის ფარგლებში არსებული გაერთიანების უფალთა სახლის მამასახლისი იდგა. პროვინციული მმართველი სახლების ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი მაღალი იყო“ (78:51). ო. ლორთქიფანიძე შენიშნავს „წინა ელინისტური ხანის ქართლში არსებობდა აგრეთვე დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები, რომელნიც ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების მერე საერისთავოებად იქცნენ“ (140:15). დ. ბაქრაძე წერდა _ „ფარნავაზისაგან საქართველოს დაყოფა საერისთავოებად თუმცა სრულებით ეთანხმება ჩვენის ტომნათესავის გეოგრაფიულს და ეთნოგრაფიულს დანაწილებასა, მაგრამ ამ ბუნებითს თვისებაზე იყო ფარნავაზის წინათაც და შემდეგშიც დამყარებული საქართველოს პოლიტიკური დაყოფა“ (29;81).
აზონის დამარცხების შემდეგ, ფარნავაზმა თავისი სამეფო დაყო რვა საერისთავოდ: კახეთის, ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის, არგვეთისა და ეგრისის. მათსათავეში კი ადგილობრივ „უფალთა“, მამასახლისების შთამომავლები (შესაძლოა თავად მამასახლისებიც) ჩააყენა.
გარკვეულწილად ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება ლეონტი მროველის ცნობა, რომ ფარნავაზმა ყველა ერისთავი, ქუჯის გარდა _ „გაგზავნა“ კუთვნილ საერისთავოში (126:24). „გაგზავნა“ _ ამ ტერმინის ხმარება უფრო იმას ნიშნავს, რომ ერისთავები არ იყვნენ კუთვნილი „ქუეყნის~ მკვიდრნი და არ ეკუთვნოდნენ ადგილობრივ „უფალთა“ წრეს და ისინი იქ მეფემ მივლინა. ჩვენი აზრით, შესაძლოა, რომ აქ ლეონტი ოდნავ ცვლის რეალურ ვითარებას. მალავს რა იმას, რომ ერისთავები კუთვნილი საერისთავოების ძველ „უფალთა“ შთამომავლები იყვნენ და სიტუაციას ისე წარმოადგენს, რომ ერისთავები ამ „ქუეყნებში“ მეფემ მიავლინა. ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა, „ლეონტი თუმცა გვარწმუნებს რომ ... ყველა ეს ერისთავები ფარნავაზმა გაგზავნა საერისთავოზე და მისცა გარკვეული ქვეყნები ... აშკარაა, ფარნავაზი ამ თავის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მოღვაწეობით, ძველიდანვე არსებული ქვეყნების ე.ი. ეთნიკურ-ტერიტორიული წარმონაქმნების, მონათესავე ტომების პოლიტიკური გაერთიანების ფაქტიდან ამოდის“ (44:153). გ. ყორანაშვილის აზრით, „საღი პოლიტიკური აზრი მოითხოვდა, რომ საერისთავოები არ დამთხვეოდა ძველ პოლიტიკურ გაერთიანებებს. ჩანს უპირველესად აღნიშნული დაყოფაა ნაგულისხმევი „ცხოვრება მეფეთაში“(226;54). საღი პოლიტიკური აზრი შეიძლება, მართლაც მოითხოვდა აღნიშნულ გადაწყვეტას, მაგრამ რეალური ვითარება სხვანაირი იყო და ქვემოთ ჩვენ შევეცდებით ამის დასაბუთებას.
ის, რომ ერისთავები მამასახლისების შთამომავლები იყვნენ ნათლად ჩანს იმ აჯანყებიდან, რომელიც მათ მოაწყვეს საურმაგის წინააღმდეგ. ლეონტი მროველის მიხედვით, „ზრახვა ყვეს ერისთავთა და თქუეს: არა კეთილ არს ჩუენდა, რათამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყოთ ერთად და მოვკლათ ჩვენ საურმაგ და ვიყვნეთ ჩუენ თავისუფალ ვითარცა ვიყვენით პირველ და მივსცემდეთ ხარკსა ვინცავინ გამოჩნდეს მძლე“(126:26).აღნიშნულ გამოსვლასთან დაკავშირებით ო. ლორთქიფანიძე წერდა, „ეს მეტად საინტერესო ცნობა, კიდევ ერთი მოწმობაა, რომ ფარნავაზის მიერ ქვეყნის საერისთავოებად დაყოფა, არსებითად უკვე შექმნილი ვითარების ანუ ისტორიულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ერთეულების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანების იურიდიული აღიარება იყო“ (140:15).
ჩვენი აზრით ერისთავთა ეს ამბოხი ცალსახად მოწმობს, რომ ისინი ადგილობრივ „უფალთა“ შთამომავლები იყვნენ. ალოგიკურია ვიფიქროთ, რომ საურმაგს აუჯანყდნენ ის პირები, რომლებიც მამამისმა დააწინაურა და ერისთავებად დანიშნა. რაც მთავარია, ყურადღებას იქცევს მათი ნათქვამი _ „და ვიყვენით ჩვენ თავისუფალ,ვითარცა ვიყვენით პირველ და მივსცემდით ხარკსა ვინცა-ვინ გამოჩნდეს მძლე“. ამ სიტყვების თქმა შეეძლო მას, ვინც თავად იყო
ადრე „უფალი“, ან მისი წინაპრები იყვნენ ასეთები. ამ დებულებას არ წამოაყენებდა ის, ვინც ფარნავაზმა გახადა ერისთავი და მანამდე კი არანაირ „ქუეყანას“ არ ფლობდა.
აჯანყებულ ერისთავთა სიტყვები _ „არა კეთილ არს ჩუენდა რათამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა~ _ ჩვენ გვესმის როგორც, ერისთავების მიერ საურმაგის განხილვა მათ თანასწორად ე.ი. ისინი ერთი სოციალური წარმოშობისანი არიან. ყოველ შემთხვევაში ერისთავები ასე თვლიან. ჩვენი აზრით, ფარნავაზის მიერ დაწინაურებული პირები, ვერ განიხილავდნენ მის შვილს თავის თანასწორად. საურმაგი მცხეთელი მამასახლისების შთამომავალი იყო, ერისთავები კი _ სხვა ადგილობრივი მამასახლისებისა. ამდენად ისინი ერთი სოციალური წარმოშობისანი იყვნენ.
ჩვენი აზრით, სადავო არ არის, რომ ფარნავაზის მიერ დანიშნული ერისთავები ძველი მამასახლისები თუ არა მათი შთამომავლები მაინც იყვნენ. „შთამომავლობით გადაცემული პრივილეგიები სახელმწიფოს ახალ წესრიგს არ დაურღვევია. ცვლილებები გამოიწვევდა ტომობრივი ღირსების შელახვას. ამ მომენტს ანგარიშს უწევდა ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელილ და ხელოვნურად არ ამწვავებდა ისედაც სუსტად დაკავშირებული ტომების ურთიერთობას ... სხვა კუთხის წარმომადგენელთა დანიშვნა ერისთავად, ალბათ,არ მოხდებოდა“(218;98).
რა თქმა უნდა არაა აუცილებელი, რომ რადგან ფარნავაზმა რვა საერისთავო შექმნა მანამდეც მაინცდამაინც რვა მამასახლისი არსებობდა. კონკრეტულ რაოდენობას ამ შემთხვევაში შეიძლება დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარია პრინციპი, რომ ახალი ერისთავები ყოფილი მამასახლისები ან მათი შთამომავლები იყვნენ. მამასახლისთა რაოდენობა, ფარნავაზამდელ ხანაში შესაძლოა რვაზე მეტი იყო.
ფარნავაზის მიერ დადგენილი რვა ერისთავიდან, ჩვენ მხოლოდ ერთის სახელი ვიცით. ეს არის ქუჯი. ქუჯი, რომელიც ლეონტი მროველის მიხედვით ფარნავაზამდე განაგებდა იმ „ქუეყანას“ რომლის ერისთავადაც ის შემდგომ დაინიშნა (ანალოგიური ვითარება იქნებოდა სხვა საერისთავოებშიც). ქუჯი არის ფარნავაზის ერთადერთი თანამებრძოლი, რომლის სახელიც შემოგვინახა ისტორიამ. მ. ინაძის აზრით, „ფარნავაზის მიერ საერისთავოების შექმნა ეგრისში, ფაქტიურად გამოიხატა იმაში, რომ მან სცადა აქ ძველთაგანვე არსებული სკეპტუხიები თავის დასაყრდენ საგამგეო ერთეულებად ექცია“(95:161). გ. მელიქიშვილი თვლის, რომ „ეგრისს, მას ძველი ქართული ტრადიცია არ განიხილავს ფარნავაზის რიგით საერისთავოდ... ქუჯი ფარნავაზის მოკავშირე იყო ტახტის დაუფლებისა და აზოსთან ბრძოლის საქმეში. იგი ფარნავაზის მოხელე როდი იყო, არამედ ალბათ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც ჩვენ კოლხეთის მეფეებად ვვარაუდობთ“(147:145). გ. მელიქიშვილი შემდეგ აღნიშნავს, რომ ქუჯის „ფარნავაზისაგან როდი ჰქონდა ეგრისი სამართავად მიღებული“(147:178). ჩვენი აზრით, მართებულია გ.ქავთარიას თვალსაზრისი ქუჯისთან დაკავშირებით _ „ქუჯის დამსახურებისათვის, დანარჩენ ერისთავებთან შედარებით უპირატესობა არ მიუღია ... პირველი _ ქუჯი იყო ეგრისის მამასახლისი, ფარნავაზის სიძე და უახლოესი თანამებრძოლი, მაგრამ გარკვეულად განსხვავებული ეთნიკური ერთეულის წარმომადგენელი. უცხო გარემოში მისი მოხვედრა გამოიწვევდა უარყოფით რეაქციას. იგი დარჩა თავისი სამემკვიდრეოს ერისთავად, ეთნიკურ-ტომობრივი პრინციპებიდან გამომდინარე. მეორე _ ქუჯის აღზევება საფრთხეს შეუქმნიდა ფარნავაზის ერთპიროვნულ ბატონობას ... ქუჯის ეგრისის ერისთავად დაკანონებიდან გამომდინარა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დანარჩენი ერისთავებიც ადგილობრივი დინასტიებიდ იქნებოდნენ“(218;97). მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ „რაც შეეხება „ქართლის ცხოვრების“ ინფორმაციას კიდევ ერთი დასავლურ-ქართული საერისთავოს _ ეგრისი _ არსებობის შესახებ, მისი სიზუსტე ეჭვის ქვეშ არის დაყენებული“ (78:50).
ჩვენი აზრით, სრულიად დასაშვებია ეგრისის ყოფნა საერისთავოს სტატუსით ფარნავაზის სამეფოში. ეს მხარე ასევე დაპყრობილი ჰქონდა აზონს და ცხადია ქუჯიც მისი მოწინააჭმდეგე უნდა ყოფილიყო. ლეონტი მროველი წერს, რომ აზონმა „დაიპყრნა ქართლსა ზედა ეგრისიცა“(126:19). ასეთ ვითარებაში ფარნავაზი მოკავშირეობას სთავაზობს ქუჯის, აზონის ბატონობით უკმაყოფილო გავლენიან მამასახლისს (218; 75) და ეუბნება _ „და ვიყვნეთ ჩუენ ძმა და... გამოვუჩნდეთ ჩუენ მტერად აზონ ერისთავსა“ (126:22). ჩვენი აზრით, „ძმობის შეთავაზება“ იმას ნიშნავდა, რომ ფარნავაზი ქუჯის თავის თანასწორად განიხილავდა. ქუჯიმ აზონის წინააღმდეგ აჯანყების წინადადება მიიღო, მაგრამ უპასუხა _ „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი... და უკეთუ მოგუეცეს ძლევაშენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი“(126:22). ამ ფრაგმენტთან დაკავშირებით გ. მამულია შენიშნავს, „როგორადაც მწიგნობრული კონსტრუქციის გავლენით შექმნილად არ გამოიყურებიან ლეონტი მროველის სიტყვები ფარნავაზის შესახებ... ფარნავაზი ქართლის სახელმწიფო წარმონაქმნის „თავისი“ „თვისი“ იყო და კანონიერი „პრეტენზიები“ მონარქობაზე მხოლოდ მას შეიძლება ჰქონოდა~(142:110). ჩვენ სრულიად ვეთანხმებით გ. ქავთარიას მოსაზრებას, რომ ქუჯი ნებაყოფლობით შედის ფარნავაზის გამგებლობის ქვეშ.თუმცა არ ვიზიარებთ თვალსაზრისს, თითქოს ფარნავაზი ქუჯიზე დაბლა იდგა რანგით რადგან ეს უკანასკნელი მამასახლისი იყო, ხოლო ფარნავაზი მამასახლისის შვილი არ იყო (218;75). ფარნავაზი მართალია მამასახლისის ძმის შვილი იყო, მაგრამ არსებულ ვითარებაში ის სამარას ერთადერთი მემკვიდრე იყო და ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქუჯის თანასწორად. ამიტომაც სთავაზობს ფარნავაზი ქუჯის ძმობას. ლეონტი მროველის კონცეფციით, ფარნავაზი იყო ქართლოსის შთამომავალი და ცხადია მას პრეტენზია შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ქართლოსის წილზე, რომლის საზღვრებიც იყო; „აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთაშორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქვია ლიხი. და ამათ საზღუართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს“(126:4-5). ფარნავაზის რვა საერისთავოდან ექვსი სწორედ ამ ფარგლებში მოიაზრება. ესენია: კახეთის, ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის. არგვეთისა და ეგრისის საერისთავოები მდებარეობდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნოდა არა ქართლოსს, არამედ მის ძმას _ ეგროსს. „ხოლო ეგროსს მისცა (თარგამოსმა) ქუეყანა ზღვის ყურისა და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი; დასავლით ზღუა; ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა“(126:5). ლეონტის კონცეფციიდან გამომდინარე (ძვ. წ. აღ-ის III საუკუნის 80-70-იან წლებში არსებულ ვითარებას, მხოლოდ ლეონტი აღწერს. ამიტომ მის მიერ წარმოდგენილი მდგომარეობის ახსნა მხოლოდ მისივე კონცეფციით მიგვაჩნია საჭიროდ) ფარნავაზს არ ჰქონდა ლეგიტიმური უფლება ეგროსის წილი დაეკავებინა, ანუ ეგროსის შთამომავალი _ ქუჯი დაემორჩილებინა (ეგებ „ძმობის„ შეთავაზების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო). ფარნავაზს შეეძლო ეგრისი თავის სამეფოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეყვანა, თუ ქუჯი ნებაყოფლობით დაემორჩილებოდა მას. ლეონტის მიხედვით, ქუჯის არ ეკუთვნოდა არგვეთის საერისთავოს ტერიტორია (წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ფარნავაზი არ შექმნიდა ცალკე საერისთავოს). ეგრისის საერისთავო მოიცავდა ტერიტორიას _ „ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღვითაგან მთამდე; რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი“(126:24). არადა თავად ლეონტის მიხედვითაც, არგვეთის ტერიტორიაც ეგროსს ეკუთვნოდა. ჩვენი აზრით, აქ ლეონტი რეალური ვითარებიდან ამოდის და ითვალისწინებს იმას, რომ არგვეთისა და ეგრისის საერისთავოებში განსხვავებული ეთნიკურ-ტომობრივი სიტუაცია იყო (218;99). მართალია მისივე კონცეფციით, არგვეთი ფარნავაზის კუთვნილი ტერიტორია არ იყო, მაგრამ რეალურად არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ამ მხარეს მაინც მცხეთელი მამასახლისების შთამომავალს აკუთვნებს. ჩვენი აზრით, ამგვარად უნდა წარმოვიდგინოთ ფარნავაზისა და ქუჯის ურთიერთობა, დანახული ლეონტი მროველის კონცეფციის მიხედვით.
რეალური ვითარება დიდად განსხვავებული არ უნდა ყოფილიყო. ფარნავაზსა და ქუჯის პირველ რიგში აკავშირებდათ მტრობა აზონისადმი და სურვილი, გადაეგდოთ მისი უღელი. ფარნავაზი რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებოდა თუ ქუჯი მისი ქვეშევრდომი გახდებოდა. საკითხი შეიძლება სხვანაირადაც დაისვას _რატომ დაექვემდებარა ქუჯი ნებაყოფლობით ფარნვაზს და რატომ დასთანხმდა „რიგით“ ერისთავობას? აქ რამოდენიმე მომენტი უნდა გამოიყოს. პირველი _ აზონის წინააღმდეგ მოქმედი სამხედრო ძალის უდიდესი ნაწილი ალბათ ფარნავაზს ექვემდებარებოდა და ქუჯი კარგად ხვდებოდა, რომ ხელმძღვანელიც ფარნავაზი უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ აჯანყების იდეაც ფარნავაზს ეკუთვნოდა. მეორე _ ქუჯი, ალბათ იმასაც შესანიშნავად ითვალისწინებდა, რომ გამარჯვების შემდეგ შეუძლებელი იქნებოდა აზონამდელი ვითარების აღდგენა, როდესაც „ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინიან“ (126:11) და აუცილებელი იქნებოდა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. მეფობა კი ფარნავაზის პრეროგატივა იქნებოდა. მესამე _ ქუჯის შეეძლო ეცადა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული ჩამოეყალიბებინა, მაგრამ ეს ერთიანი ქართული იდეის ღალატი იქნებოდა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ მცირე პოლიტიკური ერთეულის დამოუკიდებელი არსებობა იმ დროს ძალიან ძნელი იქნებოდა და მას ადრე თუ გვიან მაინც ვინმე „ჩაყლაპავდა“. ქუჯიმ ყველაზე ჭკვიანური და ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. ის ნებაყოფლობით დაექვემდებარა ფარნავაზს. მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, რატომ არ მოითხოვა ქუჯიმ უფრო მეტი. ამასთან დაკავშირებით სრულიად მართებულია გ. ქავთარიას მოსაზრება, რომ ქუჯის მოხვედრა გარკვეულწილად უცხო გარემოში, გამოიწვევდა უარყოფით რეაქციას და თანაც შეიძლება საფრთხე შექმნოდა ფარნავაზის ერთპიროვნულ ძალაუფლებას (218;97).
თ. ბერაძის აზრით _ „ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზის ერთგულებისთვის ქუჯი ფაქტობრივად დაისაჯა. დამოუკიდებელი მფლობელისაგან იგი ქართლის პირველი მეფის ერისთავად გადაიქცა“. მკვლევარი აღნიშნავს, ამასთან ერთად, რომ ძალიან საეჭვოა ქუჯი ერისთავის არსებობა. „ძვ. წ. აღ-ის III საუკუნეში სამეფო კარის მთავარმა რეზიდენციამ დაბლობისა და მთაბორცვიანი რეგიონის გამყოფ ზოლში „ჯიხანქუჯში“ ანუ ციხე-გოჯში გადაინაცვლა. სწორედ ეს მოვლენა აისახა ლეონტი მროველის თხზულებაში ქუჯი ერისთავის სახით“ (33;93). ქუჯის სახელის მქონე რეალური პიროვნება შეიძლება არც არსებობდა. ჩვენი აზრით მთავარია ის, რომ ლეონტის კონცეფციის თანახმად ფარნავაზს ეხმარება ეგრისის მმართველი. რაც შეეხება ქუჯის „დასჯას“ _ ჩვენი აზრით, ქუჯის სამფლობელოც აზონს ჰქონდა დაპყრობილი და ის არ იყო დამოუკიდ-ებელი მმართველი.
ამრიგად, ჩვენი აზრით, ეგრისის შესვლა ფარნავაზის სამეფოს შემადგენლობაში მოხდა ნებაყოფლობით. სწორედ ამ კავშირის განმტკიცებისა და ქვეყნის ერთიანობის გაძლიერების მიზნით, ფარნავაზმა „მეორე დაი თვისი მისცა ქუჯის ცოლად“(126:24). ეგრისი საერისთავოს ყოფნა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში, დიდად იყო დამოკიდებული ეგრისის ერისთავის ლოიალურ დამოკიდებულებაზე მეფის მიმართ. სწორედ ამიტომ ცდილიბდა სამეფო დინასტია, რათა ნათესაური კავშირი ჰქონოდა ეგრისის ერისთავებთან. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზის ძემ საურმაგმაც თავისი ერთ-ერთი ასული „მისცა ძესა ქუჯისა, მამის დისწულსა თვისსა“(126:27). ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება მას შემდეგ, რაც მეფემ ჩრდილოეთ კავკასიელების სამხედრო ძალის გამოყენებით შესძლო აჯანყებულ ერისთავთა დამარცხება და ტახტის შენარჩუნება.
ქართულ ისტორიოგრაფიაში მართებულად არის აღნიშნული, რომ ეგრისის მსგავსად კიდევ ერთი საერისთავო არის გამოყოფილი თავისი სტატუსის გამო, ლეონტი მიერ. ეს არის კლარჯეთის საერისთავო(218;103). თუ ეგრისი თავისი ნებით შევიდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში, კლარჯეთის დამორჩილება ძალით გახდა საჭირო. აზონის დამარცხებისა და მისი ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ „ფარნავაზ... მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა“ (126:23). ლეონტი მროველი არც ერთ სხვა საერისთავოზე არ ამბობს, რომ ის ბრძოლით იქნა დამორჩილებული(218;103). კლარჯეთის ძალით დამორჩილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ „იგი აზონის სამფლობელო იყო. მისი მოსახლეობა „არიან-ქართლის მეფის ძის~ ერთგული დარჩა ბოლომდე და აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ფარნავაზს“ (218;103). კლარჯეთის დამორჩილების შემდეგ, ფარნავაზმა ალბათ აზონის სახლისშვილები ჩააყენა საერისთავოს სათავეში(21;50). ამ მხრივ საინტერესოა თ. დუნდუას მოსაზრება, რომელიც ემყარება მკვლევარის მიერ მიგნებულ მონეტას. თ. დუნდუა თვლის, რომ „ძვ. წ. III ს. II ნახევარში კლარჯეთის ერისთავმა ბაგრატ ფარნავაზიანმა მოჭრა მონეტა ამაყი ლეგენდით _ „ბაგარატი, ძე ბიურატისა, ღვთაებრივი მამასახლისი“. მკვლევარი შემდეგი სახის გენეალოგიას გვთავაზობს: აზო ბივრიტი ბაგრატი ბივრიტი სუმბატი. „ქართლის მეორე მეფეს, საურმაგს, საკუთარი ერისთავები აუჯანყდნენ. ბაგრატიც მათ შორის ხომ არ იყო?! ხომ არ აქცია მან საერისთავო „სამთავროდ“, ხომ არ არის მამასახლისი გვიანდელი მთავრის შესატყვისი?!“ (34;5). ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ამ თვალსაზრისს. ბაგრატმა ალბათ შესძლო, მცირე ხნით მაინც, გამხდარიყო დამოუკიდებელი მმართველი და ძველი ტრადიციისამებრ მამასახლისის ტიტული მიიღო.
ეგრისისა და კლარჯეთის საერისთავოები, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, როგორც ჩანს სამეფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდნენ. სწორედ ამიტომ, ფარნავაზი პირადად ჩადიოდა ამ საერისთავოებში და შექმნილ ვითარებას ეცნობოდა. ფარნავაზი „ჟამითი-ჟამად მივიდისს ეგრისს და კლარჯეთს და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი და განაგის ყოველი საქმე დაშლილი“ (126:25) _ წერს ლეონტი მროველი.
ლეონტი მროველის მიხედვით ფარნავაზმა შექმნა რვა საერისთავო. მიუხედავად ამისა ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ შიდა ქართლიც იყო საერისთავო. ს. კაკაბაძის აზრით, „შიდა ქართლის ერისთავი ითვლებოდა სპასპეტად და ის იყო სხვა ერისთავების უფროსი“(113:8). კ. გრიგოლია წერდა _ „ქართლის ერისთავთა შორის, შიდა ქართლის ერისთავი უპირატესი მდგომარეობის მქონე ჩანს. ერთდროულად ის იყო მეფის სპასპეტი“. „საკმარისია ჩვენ სპასპეტის წარმოქმნას, მის სამოქმედო ასპარეზს და ფუნქციონალურ მოქმედებას ოდნავ ჩავუკვირდეთ, რომ სპასპეტისა და ერისთავის იგივეობაში ადვილად დავრწმუნდეთ~ (71:172,174). ა. ბოგვერაძე თვლიდა, რომ „ქართული ეროვნული ტრადიცია, ერისთავობის შემოღებას ქართლში ფარნავაზ მეფეს მიაწერს, რომელსაც თითქოს თავისი ქვეყანა ცხრა საერისთავო ერთეულად დაუყვია“(49:187). ივ. ჯავახიშვილი, ლეონტი მროველის ცნობასთან დაკავშირებით წერდა _ ~მროველს აღნიშნული აქვს, ზღაპრული მეფის ფარნავაზის დროს ვითომც საქართველოში შემდეგი რვა ერისთავნი ყოფილიყვნენ: მარგუეთის, კახეთისა, ხუნანისა, სამშვილდისა, წუნდისა, ოძრხისა, კლარჯეთისა და ეგრისი ერისთავი. ამ სიაში დასავლეთ საქართველოს საერისთავოები ნაკლებად არის შეტანილი, ამას გარდა, უცნაურია, რომ ავტორს ქართლის ერისთავიც კი დავიწყებია. თუმცა ეს სია ... უეჭველია თვით ავტორის ხანის ახლო დროისა უნდა იყოს~ (263;333). როგორც ვხედავთ, ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ლეონტის არა მარტო ქართლის საერისთავო გამორჩა, არამედ დასავლეთ საქართველოს საერისთავოებიც და საერთოდ ვითარება არის ავტორის დროინდელი ე.ი. XI საუკუნის. ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ლეონტის ცნობა შესაძლოა რედაქტირებულია, მაგრამ ძირითადი მომენტები სწორი უნდა იყოს. საერისთავოების სიას ვერაფრით ვერ ჩავთვლით XI საუკუნისად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ დროს არ არსებობდა კახეთის, სამშვილდის, ხუნანის საერისთავოები. ეგრისის, წუნდის, ოძრხის საერისთავოების ტერიტორიაზე კი არსებობენ ანალოგიური ადმინისტრაციული ერთეულები. ოღონდ სხვა სახელით _ ოდიშის, ახალქალაქის, სამცხის და სხვა საზღვრებით. თუ ცოტა უფრო ადრინდელი ვითარებაა საგულისხმებელი ე.ი. IX-X საუკუნების, მაშინ არ არსებობდა არც წუნდის, ოძრხის და კლარჯეთის საერისთავობი. არ იყო არც კახეთის, სამშვილდის და ხუნანის საერისთავოები. ლეონტი მროველის სია ანალოგიას პოულობს მხოლოდ ჯუანშერის ცნობასთან, ვახტანგ გორგასლის დროინდელი საერისთავოების შესახებ. ამ საკითხს ჩვენ ცოტა ქვემოთ შევეხებით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლეონტის ცნობა ასახავს ფარნავაზის დროინდელ რეალურ ვითარებას. არ არის გამოტოვებული არც ერთი საერისთავო. სხვა საერითავოები იმ დროს არ არსებობდა (ჩვენი აზრით, სწორია ის მოსაზრება, რომ ფარნავაზმა აზონი დაამარცხა ძვ. წ.აღ-ის III საუკუნის 80-70-იან წლებში (35;50). რაც შეეხება შიდა ქართლს, ეს მხარე არ იყო საერისთავო. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას არ მართავდა ერისთავი და მის მმართველს ეწოდბოდა სპასპეტი. სპასპეტის სტატუსი განსხვავდებოდა ერისთავის სტაუსისაგან და მასზე მაღლა იდგა. სამეცნიერო ლიტერატურაში დამაჯერებლად არის ახსნილი თუ რატომ არ შეიძლებოდა ფარნავაზის ხანაში ეარსება ტერმინ „სპასპეტს“ (ის საშუალო სპარსული ფორმაა) (57:72). ივ. ჯავახიშვილი თვლიდა, რომ V-VI საუკუნეებში ჯარის უფროსის, სპასპეტის აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი „ერისთავი“, ხოლო მთელი სამეფოს სამხედრო ძალის მეთაური „ერისმთავართ-ერისმთავრად„ უნდო წოდებულიყო (263;165). გ. მელიქიშვილის აზრით, „სპასპეტის“ შესატყვისი უნდა ყოფილიყო „ერისმთავარი“ ან „ერისმთავართ-ერისმთავარი“(286;459). იმის გათვალისწინებით, რომ სპასპეტი „მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა~ (126:25) მას მართლაც შეიძლებოდა წოდებოდა „ერისთავთ-ერისთავი“. ეს ტერმინი თავისი შინაარსით სწორედ იმას გულისხმობს, რომ მის მფლობელს ემორჩილებიან ერისთვები. მაგრამ აქ აუცილებლად უნდად გავითვალისწინოთ, რომ ქართულ სინამდვილეში ტერმინი „ერისთავთ-ერისთავი“ ჩნდება VIII-IX საუკუნეებში (ტერმინი „ერისმთავართ-ერისმთავარი“ წყაროებში არ გვხვდება). თავისი ფუნქციებით, სპასპეტი მართლაც ერისთავთა მთავარი იყო, მაგრამ რა ეწოდებოდა ამ თანამდებობას ფარნავაზის დროს ძნელი სათქმელია (ვახტანგ გორგასლის დროს შიდა ქართლის მმართველი ალბათ მართლაც სპასპეტად იწოდებოდა და შესაძლოა ლეონტიც ამიტომ ხმარობს ამ ტერმინს).
თ. გამსახურდია აღნიშნავდა, რომ ტერმინი „პიტიახში“ ჩვენში შემოვიდა ფარნავაზის დროს და ის აღნიშნავდა მეფის შემდგომ მეორე პირს, რომელიც სტრაბონის მიხედვით იყო უზენაესი მსაჯული და მხედართმთავარი. თ. გამსახურდია იქვე მართებულად შენიშნავდა, რომ ეს `მეორე პირი~ მოგვაგონებს ლეონტისეულ სპასპეტს (57:72-74).
სტრაბონის მიხედვით, ქართლში ადამიანთა ოთხი გვარი იყო; „ერთი და პირველი, რომლისგანაც მეფეებს სხამენ მახლობლობისა და ასაკის მიხედვით უხუცესს, ხოლო მეორე [ამ გვარიდან] მოსამართლეობს და მხედართმთავრობს“ (223;129). ს. ჯანაშიას აზრით ეს ცნობა „სტრაბონის საკუთარი დაკვირვების ნაყოფი კი არ არის, არამედ სტრაბონის ერთ-ერთ წყაროს ეკეთვნის“ (218;137). ს. ჯანაშია ასევე შენიშნავდა, რომ „სტრაბონი აგვიწერს კონსტიტუციას, თეორიულ ნორმას, რომელთან შედარებითაც სინამდვილე გაცილებით უფრო შორს იყო წასული“(256;146). ო. ლორთქიფანიძემ დამაჯერებლად აჩვენა, რომ „сохранившееся у Страбона описание общественного строя Иберии восходит к 90-м годам Ш века до н. э. ... Сведения Страбона об общественном строе Иберий восходят к Эратосфену, а через него к Патроклу“ (282;371) (ეს უკანასკნელი სელევკოს I-სა და მისი ძის ანტიოქოს I-ის დროს იყო კასპიისპირა ოლქის მმართველი). ამ ბოლო დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ პატროკლედან მომავალი ეს ცნობა „უფრო ადრეულ ვითარებას ასახავს და ერთ-ერთ მცირე ადრეკლასობრივ გაერთიანებას შეეხება“ (78:51). ჩვენი აზრითაც, ეს ცნობა ფარნავაზამდელ ხანას შეეხება. ასევე სრულიად მართებულია ს. ჯანაშიას მოსაზრება, რომ სტრაბონი აღწერს მხოლოდ თეორიულ ნორმას. ფარნავაზის დროს ამ ნორმამ ალბათ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა _ დაკანონდა მეფობის გადასვლა პირდაპირი ხაზით მამიდან შვილზე. მეფის შემდგომ მეორე პირის ინსტიტუტი შენარჩუნდა, ოღონდ ალბათ ჩამოერთვა სასამართლო ფუნქცია და დარჩა მხოლოდ უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობა (ყოველ შემთხვევაში, სპასალარის სასამართლო ხელისუფლებაზე ლეონტი არაფერს იუწყება). როდესაც ლეონტი მროველი (თუ მისი წყარო) შიდა ქართლის მმართველს უწოდებს სპასპეტს, ალბათ იმიტომ, რომ ეს სახელწოდება ყველაზე უკეთ გამოხატავდა მის ფუნქციებს. სპასპეტი სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა სარდალს. შესაძლოა შიდა ქართლის მმართველს მართლაც ეწოდებოდა პიტიახში, როგორც ამას თ. გამსახურდია თვლიდა. ნ. შოშიაშვილის აზრით, „ქართლის სპასპეტი ანუ შიდა ქართლის ერისთავი, რომელიც ალბათ უნდა გავაიგივოთ ქართლის პიტიახშთან“ (235;69). ჩვენ სპასპეტის საკითხი იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც გასარკვევია, იყო ის შიდა ქართლის ერისთავი (როგორც ამას ზოგი მკმვლევარი თვლის) თუ მისი უფლებამოვალეობები განსხვავდებოდა ერისთავის ფუნქციებისაგან და მისთვის ამ ტიტულის მიკუთვნება არ შეიძლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შიდა ქართლის მმართველი არ იყო ერისთავი. ლეონტი მროველი ხომ პირდაპირ წერს „ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა“ (126:25). სპასპეტის ეს ფუნქცია (ერისთავთა მთავრობა) რამოდენიმეჯერ არის დადასტურებული, როგორც ლეონტისთან, ასევე ჯუანშერთან _ „შეკრბეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი... სპასპეტისა თანა~(126:62); `მოიყვანა ყოველნი ერისთავნი სპასპეტისა თანა“ (126:144). საინტერესოა გ. ქავთარიას მოსაზრება, რომ ფარნავაზმა პირველ სპასპეტად დანიშნა იმ „ჰრომთა“ რაზმის მეთაური, რომელმაც აზონს უღალატა და ფარნავაზს მიემხრო. მეფემ არ დააწინაურა არც ერთი ქართველი მამასახლისი და სპასპეტობა უცხოელს ჩააბარა(219;24). ჩვენი აზრით, შეიძლება ვთქვათ, რომ ფარნავაზის მიერ შექმნილი იყო რვა საერისთავო და შიდა ქართლის მმართველი არ შეიძლება მივიჩნიოთ ერისთავად.
გასარკვევია კიდევ ერთი საკითხი, კერძოდ საერისთავოს სტრუქტურა. ლეონტი მროველის მიხედვით, „ამათ ერისთავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა განაჩინნა სპასალარნი და ათასისთავნი და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო~ (126:25). ს. კაკაბაძის აზრით, ძველი ქართლისა და სპარსეთის სახელმწიფო წყობილებას შორის შეიძლება ბევრი ანალოგია ვიპოვოთ. სპარსეთში ათასისთავი (სომხური _ ჰაზარაპეტი) სამოქალაქო მმართველობის სათავეში იდგა. ამის მიხედვით, მეცნიერი თვლიდა, რომ „ერისთავებს ემორჩილებოდათ სპასალარები და ათასისთავები. პირველნი სამხედრო ძალების უფროსები იყვნენ, ხოლო მეორენი კი სამოქალაქო მმართველობის მოხელენი“(110:113). ს. კაკაბაძემ თავის სხვა ნაშრომშიც გაიმეორა ეს მოსაზრება, ოღონდ ოდნავი ცვლილებით. სპასალარი მან კვლავ ჯარის უფროსად მიიჩნია, ხოლო ათასისთავი გადასახადების ამკრეფად ე.ი. სამოქალაქო ნაწილის გამგედ(112:56). ლეონტი მროველის ზემოთ მოყვანილ ცნობასთან დაკავშირებით, ო. ლორთქიფანიძე წერდა _ „в данном сообщении речь идёт не только о делений страны на военные округа, но и также о разделений всей госудрственной земли на фискально-административные округи - „саатасистао“, откуда поступала царская подать. „Атасистави“ и подчинённые ему области соответствовали хилиархиам Селевкидской Сирии и элинистической Азий“ (283;325). გ. ყორანაშვილის აზრით, „საერისთავოს პოლიტიკური ორგანიზაცია ასეთი იყო: მას სათავეში ედგა მეფის მიერ დანიშნული ერისთავი, რომელიც ადგილზე განასახიერებდა უმაღლეს საერო და საჯარო ხელისუფლებას. შემდეგ მოდიოდნენ სპასალარი (მისი ფუნქციები გაურკვეველია) ათასისთავი და შესაძლებელია ასისთავნიც იყვნენ“(226;50). დ. მუსხელიშვილი აღნიშნავს _ „მთელი შიდა და ქვემო ქართლისათვის დამახასიათებელია ქართულ წყაროებში დამოწმებულ უძველეს ადმინისტრაციულ ერთეულებად „ხევებად“ დაყოფა... ხევებად დაყოფა დამახასიათებელია არა მხოლოდ ეთნოგრაფიული ქართლისათვის, არამედ მთელი აღმოსავლეთ საქართველოსათვის“(166;191). საერისთავოები რომ ხევებად იყოფოდა ეს ჩვენი აზრით ცხადია, მაგრამ ხევი იყო ალბათ ყველაზე მცირე ადმინისტრაციული ერთეულები. არსებობდა მათზე დიდი ერთეულებიც, რომლებიც ალბათ შესდგებოდა რამოდენიმა ხევისაგან. საინტერესოა ლეონტი მროველის შემდეგი ცნობები: „გაგზავნა მეორე კახეთის ერისთავად და მისცა ... რომელ არს კახეთი და კუხეთი ... მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა... რომელი არს ტაშირი და აბოცი; მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად და მისცა ... რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტაანი; მეექუსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ... რომელ არს სამცხე და აჭარა~ (126:24). როგორც ვხედავთ, კახეთის საერისთავოში შედიოდა კახეთი და კუხეთი, სამშვილდის საერისთავოში _ ტაშირი და აბოცი, წუნდის საერისთავოში _ ჯავახეთი, კოლა და არტაანი, ოძრხის საერისთავოში _ სამცხე და აჭარა. ჩვენი აზრით კახეთი, კუხეთი, ტაშირი, აბოცი, ჯავახეთი, კოლა, არტაანი, სამცხე, აჭარა იყო საერისთავოებში შემავალი უფრო მცირე ადმინის-ტრაციული ერთეულები, რომლებიც თავის მხრივ იყოფოდნენ ხევებად. შესაძლოა, სპასალარები სწორედ ასეთ ადმინისტრაციულ ერთეულებს ხელმძღვანელობდნენ. ქუჯის საერისთავოსთან დაკავშირებით, ლეონტი წერს „მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღვითაგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი“ (126:24). როგორც ვხედავთ, ეგრისის საერისთავოშიც ორი ერთეული გამოიყოფა, თავად ეგრისი და სვანეთი (ამ დროს, სვანეთი რამდენად რეალურად შედიოდა ეგრისის საერისთავოში და აქედან გამომდინარე ქართლის სამეფოში, ძნელი სათქმელია. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ლეონტის კონცეფციით ეგრისის საერისთავოც ორ უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფოდა). ლეონტი მროველი მხოლოდ არგვეთისა და ხუნანის საერისთავოების შესახებ არ იძლევა ინფორმაციას, მათში უფრო მცირე ერთეულების არსებობის შესახებ. ეს შეიძლება აიხსნას ან ლეონტის წყაროს ნაკლულობით ან ამ საერისთავოებში მართლაც ასეთი ვითა-რება იყო რეალურად. ჩვენი აზრით ერისთავს ექვემდებარებოდა ერთი ან რამოდენიმე სპასალარი.თავად სპასალარებს კი ექვემდებარებოდნენ ათასისთავები. აქედან გამომდინარე, სპასალარებსა და ათასისთავებს შორის უფლება-მოვალეობათა განაწილებას ადგილი არ ჰქონდა. ჩვენი აზრით, იმ დროისათვის სამხედრო და საერო _ სამოქალაქო ფუნქციები გამიჯნული არ უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ გაურკვეველია სპასალარის ფუნქციები, ჩვენი აზრით ეს არასწორი თვალსაზრისია. თავად სახელწოდებიდან _ „სპასალარი“ _ გამომდინარე აშკარაა, რომ მისი მთავარი ფუნქცია ჯარის სარდლობა იყო. სპასალარსა და ათასისთავს, როგორც ჩანს, ევალებოდათ ხარკის აკრეფაც. ლეონტი მროველი პირდაპირ აღნიშნავს _ „განაჩინა სპასალარნი და ათასისთავნი და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფეო და საერისთავო“ (126:25). ის რომ სპასალარები და ათასისთავები განაგებდნენ გარკვეულ ტერიტორიებს ე.ი. მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებს, ცხადია ლეონტის ცნობიდან, რომ „ერისთავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასისთავნი~ (126:25). ნათქვამი _ „ადგილთა და ადგილთა“ _ ჩვენი აზრით, სწორედ ამდაგვარად უნდა გავიგოთ.
თუ რა ფუნქციები გააჩნდა თავად ერისთავს, ლეონტი მროველი ამის შესახებ არავითარ ცნობას არ იძლევა. გარდა ზოგადი ფრაზისა, რომ ფარნავაზმა ამა და ამ ერისთავს ესა თუ ის ტერიტორია „მისცა“. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა უფლება-მოვალეობები უნდა ჰქონოდა ერისთავს. ქართულ ისტორიოგრაფიაში სრულიად მართებული მოსაზრებაა გამოთქმული, რომ „სპასპეტის, სპასალარის და ათასისთავის სახელოთა არსებობა იბერთა სახელმწიფო ორგანიზაციის მკვეთრად გამოკვეთილ სამხედრო ტიპზე მიუთითებს“(78:51). ამ სიაში უნდა შევიტანოთ ერისთავიც. მისი უმთავრესი მოვალეობა უნდა ყოფილიყო საერისთავოდან გამოყვანილი ჯარის სარდლობა. სულხან-საბა ორბელიანის განმერტებით, ერისთავი ნიშნავს ჯარის თავს (178;239). „დამახასიეთებელია, რომ მეზობელ ქვეყნებშიც (მაგალითად სომხეთში, კაპადოკიაში) ამგვარ ოლქებს ანტიკური მწერლები ქართულ „საერისთავოსთან“ მეტად ახლო მდგომი ტერმინით აღნიშნავდნენ _ „სტრატეგიას“ უწოდებდნენ(150:650). გ. ყორანაშვილის აზრით, თითოეულ საერისთავოს 10 ათასამდე მოლაშქრე გამოჰყავდა. აღნიშნული თვალსაზრისის დასამტკიცებლად, მკვლევარს მოჰყავს მაგალითი, რომ მეფე ამაზასპის დროს მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბა სპასპეტის მხედრობა და სამი ერისთავი. სულ 30 ათასი ქვეითი და 10 ათასი მხედარი ე.ი. თითო საერისთავოდან გამოდიოდა 10 ათასი მოლაშქრე (226;50,56). ანალოგიურ თვალსაზრისს გამოთქვამდა ივ. შაიშმელაშვილიც, რომელიც აღნიშნულ საკითხს განიხილავდა ვახტანგ გორგასლის ეპოქასთან დაკავშირებით(227;37). ჩვენი აზრით, საერისთავოდან გამომავალი ჯარის რაოდენობის ზუსტი დადგენა ძალიან ძნელია. ეს პირველ რიგში დამოკიდებული იყო საერისთავოს მოსახლეობის რაოდენობაზე, რაც სხვადასხვა საერისთავოში განსხვავებული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარუდეთ, რომ რაღაც ყველასათვის ერთი _ განსაზღვრული რაოდენობა საერისთავოდან გამომავალი ლაშქრისა არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ცნობაა დაცული ჯუანშერთან _ „დაუტევნეს ორნი ერისთავნი მხედრითა თორმეტი ათასითა ბრძოლად...“(126:160). აქედან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ერისთავს 6 ათასი მხედარი ემორჩილებოდა. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია,რომ ყველა საერისთავოსათვის დადგენილი ერთი განსაზღვრული რაოდენობა ჯარისა არ არსებობდა.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სპასალარებსა და ათასისთავებს ევალებოდათ ხარკის აკრეფა. ცხადია, მთელი საერისთავოს მასშტაბით ხარკის აკრეფა ერისთავს ექნებოდა მინდობილი. რა თქმა უნდა ერისთავი ახორციელებდა საერისთავოს ადმინისტრაციულ მართვას და გააჩნდა სათანადო უფლება-მოვალეობები. ვახუშტი ბატონიშვილი წერს _ „წესი ერისთავთა იყო, მეფისა მიერ განწესება ქუეყანათა მიმართ და მის მიერ მოურნეობა. სამართალი და ლაშკარნი მის ქუეყნისანი მის ქუეშევე იყვნენ და იგინი მოჰკრეფდნენ ხარკთა სამეფოთა“ (23;17). ძნელია იმის მტკიცება, რომ ვახუშტი აღწერს ფარნავაზის დროინდელი ერისთავების უფლება-მოვალეობებს. აქ ალბათ უფრო საქმე გვაქვს ერთიანი საქართველოს სამეფოს არსებობის დროინდელ ერისთავებთან. XII-XIII საუკუნეებში, ერისთავებს მართლაც გააჩნდათ ის ფუნქციები, რომლებსაც ვახუშტი აღწერს. აქ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერისთავობის ინსტიტუტი საკმაოდ მტკიცე გამოდგა. მან მრავალ საუკუნეს გაუძლო და თითქმის არ შეიცვალა თავდაპირველი სახე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვახუშტის ცნობა გარკვეულწილად ქართლის სამეფოს ერისთავების მიმართაც გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა აბსოლუტურად უცვლელი სახით ვერც ერთი სამოხელეო ინსტიტუტი ვერ გაძლებდა ესოდენ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ცხადია გარკვეული ცვლილებები ერისთავობის ინსტიტუტმაც განიცადა. ამ მხრივ საინტერესოა თუნდაც ერთი მომენტი _ თუ როგორ განსხვავდებოდა მათი სტატუსი სამეფო კარზე ქართლის სამეფოში და ერთიან ქართულ მონარქიაში. ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგ გორგასალმა ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობის წინ შეკრიბა ქართლის წარჩინებულები სათათბიროდ. მათ შორის იყვნენ ერისთავებიც _ „ვახტანგ ... მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა ... და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ სპასპეტი და ორნივე ეპისკოპოსნი დასხდეს საყდართავე და სხუანი ყუველნი ერისთავნი დასხდეს სელებითა“(126:147). XI-XIII საუკუნეებში ერისთავები დარბაზის შეკრებებს არ ესწრებოდნენ.ისინი არ იყვნენ დარბაზის წევრები.
ჩვენი აზრით, ფარნავაზის დროინდელ ერისთავებს თავისი საერისთავოების მიმერთ საკმაოდ დიდი უფლებები გააჩნდათ: სამხედრო, ადმინისტრაციული, ფისკალური და გამორიცხული არ არის, რომ სასამრთლო ხელისუფლებაც მათივე პრეროგატივა იყო. ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი ერისთავები მამასახლისების შთამომავლები იყვნენ. მამასახლისები კი გარკვეულ ტერიტორიებს განაგებდნენ და ალბათ მათდამი დაქვემდებარებული მოსახლეობის მიმართ საკმაოდ დიდი უფლებები გააჩნდათ. ს. კაკაბაძის აზრით, „ყოველი მამასახლისი თავდაპირველად ასრულებდა მრავალ სხვადასხვა მოვალეობას. ის იყო მოსამართლე, ომიანობის დროს წინამძღოლი და ქურუმიც“(110:91). მამასახლისის უფლება-მოვალეობებზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, მაგრამ ალბათ სადავო არ უნდა იყოს, რომ მათ დიდი უფლებები ექნნებოდათ. ფარნავაზმა ერთიანი ქართული სამეფოს შექმნის შემდეგ, ერისთავებს შეკვეცილი ფორმით დაუტოვა ალბათ მამასახლისთა უფლებები. შეკვეცილი ფორმით ვამბობთ იმიტომ, რომ ერისთავები ვალდებული იყვნენ საერისთავოები ემართათ არა თვითნებურად, არამედ უნდა დამორჩილებოდნენ მეფეს.
თავისი სამსახურისათვის ერისთავები იღებდნენ ალბათ გარკვეული სახის გასამჯელოს. შესაძლოა ეს იყო „ხარკი საერისთავო“. ლეონტი მროველის მიხედვით, სამეფოში იკრიფებოდა „ხარკი სამეუფეო და საერისთავო“(126:25). გ. მელიქიშვილს ეჭვი შეაქვს ლეონტის ამ ცნობის სისწორეში. „ნამდვილად იყო თუ არა ძველად ასე მკაცრად გამოცალკევებული ერთმანეთისაგან სახელმწიფო გადასახადების ეს ორი სახე... ძნელი სათქმელია“(150:653). თუმცა მეცნიერი არ უარყოფს, რომ მოსახლეობას დაკისრებული ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები ადგილობრივი მმართველობის მიმართ(286;467). ჩვენ ვეთანხმებით ო. ლორთქიფანიძის მოსაზრებას, რომ „ხარკი საერისთავო“ მეფის მიერ უნდა ყოფილიყო დაწესებული ერისთავთა სამსახურის ასანაზღაურებლად“(71:46). ამ საკითხის გადასაწყვეტად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერისთავები მამასახლისების მემკვიდრეები იყვნენ. ცხადია, რომ თავის დროზე მოსახლეობა გარკვეული სახის გადასახადს უხდიდა თავის „უფალს“ _ მამასახლისს. ფარნავაზმა, ალბათ შეუცვალა სახე ამ გადასახადს, გახადა რა ის ერისთავის „სარგოდ“.
აქ გვინდა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ერისთავი ყველა ერთნაირი არ იყო. გარდა იმ რვა-ცხრა ერისთავისა, რომლებიც ხშირად არიან წყაროებში მოხსენებული, იყვნენ უფრო მცირე ტერიტორიული ერთეულების მმართველებიც, რომლებიც ამა თუ იმ „დიდი ერისთავის“ საგანმგეოში შედიოდნენ“(48:86). მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ იბერიის ერისთავთა შორის მონაპირე ერისთავებიც არსებობდნენ (70:311). ქართლის სამეფოს არსებობის მანძილზე, წყაროებით არ ჩანს არც მონაპირე ერისთავების არსებობა (საერისთავოების უდიდესი ნაწილი საზღვრის პირას მდებარეობდა, მაგრამ ამის გამო მათი მმართველების მიჩნევა მონაპიერ ერისთავებად ჩვენ მართებულად არ მიგვაჩნია. მონაპირეს ჩვეულებრივ ერისთავთან შედარებით უნდა ჰქონდეს განსხვავებული ფუნქციები. როგორც ეს იყო XII-XIII საუკუნეებში. ქართლის სამეფოში კი ასეთი რამ არ დასტურდება), არც სხვა ერისთავის ხელქვეითი ერისთავების ყოფნა (ასეთი რამ ერისთავობის, როგორც სამოხელეო ინსტიტუტის არსებობის მანძილზე არასდროს არ ყოფილა დაფიქსირებული). ქართლის სამეფოში ყველა რისთავი ალბათ ერთნაირი უფლება-მოვალეობით სარგებლობდა (შესაძლოა, ოდნავ საპატიოდ ითვლებოდა სამშვილდის ერისთავობა, მაგრამ ამ საკითხს ჩვენ დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ).
ქართულ ისტორიოგრაფიაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომელიც პირველად ს. ჯანაშიამ წამოაყენა და რომლის მიხედვითაც ტერმინები „პიტიახში“ და „ერისთავი“ ერთი და იგივე შინაარსის მქონე იდენტური ტერმინებია (250). ამის შემდეგ, გ.წერეთელმა პირველმა გამოთქვა თვალსაზრისი: დიდი პიტიახშის, პიტიახშისა და მცირე პიტიახშის არსებობის შესახებ(246;40). ამ შეხედულების გაზიარების შემდგომ თავისთავად ჩნდება ვარაუდი, რომ ქართლის სამეფოში იყო ერისთავების სხვადასხვა კატეგორია. საკითხს, თუ რამდენად იდენტური ტერმინებია „ერისთავი“ და „პიტიახში“ და რამდენად შესაძლოა, რომ მათ აღენიშნათ ერთი და იგივე შინაარსის მქონე თანამდებობები (და საერთოდ არსებობდა თუ არა პიტიახშთა განსხვავებული კატეგორიები), ჩვენ საგანგებოდ განვიხილავთ სათანადო ადგილზე. აქ კი კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ქართლის სამეფოში სხვადასხვა რანგის ერისთავები არ არსებობდნენ.
ჩვენი თვალსაზრისიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ერისთავს ბევრი უფლებები ჰქონდა. ეს კი მას საშუალებას აძლევდა საკმაოდმყარად ეგრძნო თავი საკუთარ საერისთავოში, რაც თავისთავად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ერთიანი სახელმწიფოსათვის. ერისთავს შეეძლო ხელსაყრელი ვითარება გამოეყენებინა და მეფეს დაპირისპირებოდა. თუ ერისთავები საერთო ენის გამონახვას მოახერხებდნენ (რაც პირველად უკვე საურმაგის დროს მოხდა) მაშინ სამეფო ხელისუფლება მეტად მძიმე, შეიძლება ითქვას გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებოდა. ეს ბრძოლა მეფესა და ერისთავებს შორის, წითელ ზოლად გასდევს საქართველოს მთელს ისტორიას XV საუკუნის ბოლომდე, ვიდრე ერისთავობამ როგორც სამოხელეო ინსტიტუტმა საბოლოოდ არ შეწყვიტა არსებობა (VI საუკუნეში ერისთავებმა მოახერხეს დროებით ამ სამოხელეო ინსტიტუტის მოშლა, მაგრამ VIII საუკენის ბოლოს ის კვლავ აღდგა აფხაზთა სამეფოში). სრულიად მართებულად აღნიშნავდა ნ. ბერძენიშვილი _ „ძველიდანვე ერისთავში ორი საწყისი იყო; მთავარი და მოსაკარგავე. ცენტრალური ხელისუფლების ცდა ის იყო, რომ ერისთავი მხოლოდ მოსაკარგავე ყოფილიყო ... მთავართა ტენდენციაკი ამის საწინააღმდეგო იყო“(44:183).
ფარნავაზი ცხადია გრძნობდა იმ საფრთხეს, რასაც ერისთავობის ინსტიტუტი შეიცავდა თავის თავში და ცხადია შეეცდებოდა კიდეც კონტრღონისძიებები გაეტარებინა. ალბათ სპასპეტის თანამდებობის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სპასპეტი, რომელიც „სამეფო საგვარეულოს წევრი სეფეწული იყო“ (78:50). მეფის დასაყრდენს წარმოედგენდა და განაგებდა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონს. შიდა ქართლიდან გამომავალი ჯარი იყო სწორედ ის სამხედრო ძალა, რომელსაც ძირითადად უნდა დაყრდნობოდა სამეფო ხელისუფლება. რა თქმა უნდა ყოველივე ეს საკმარისი არ იყო ერისთავთა მორჩილებაში ყოლისათვის, როგორც ეს შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა უჩვენა. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ერისთავებისათვის რაც შეიძლება მცირე უფლებების მიცემა (ან თუნდაც სამხედრო და ადმინისტრციული ფუნქციების გამიჯვნა, როგორც ეს იყო აქემენიდთა იმპერიაში). აქ გასათვალისწინებელია, რომ ფარნავაზი მოქმედებდა რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე. მას არ შეეძლო ერისთავებისათვის, ამ ყოფილი მამასახლისებისა თუ მათი შთამომავლებისათვის უფლებების მკვეთრი შეზღუდვა. ასეთშემთხვევაში მას შეეძლო აზონის ბედი გაეზიარებინა. ფარნავაზი ალბათ იმედოვნებდა, რომ თავისი მეფობის მანძილზე მოახერხებდა ერისთავთა მტკიცედ დამორჩილებას და ეგებ მათთვის ნელნელა უფლებების ჩამორთმევასაც აპირებდა (სრულიად დასაშვებია, რომ მან ეს მოახერხა კიდეც დასწორედ ამიტომ აუჯანყდნენ მის ძეს ერისთავები).
ერისთავობის ინსტიტუტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გადასაწყვეტია და გასარკვევია კიდევ ერთი საკითხი. ლეონტი მროველი აღნიშნავს, რომ მთელი ეს ადმინისტრაციული რეფორმა ფარნავაზმა განახორციელა „მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა“(126:25). სპარსეთის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ან აქემენიდური ირანი ან სელევკიდების სამეფო, შესაძლოა ორივე ერთადაც კი. გ.ქავთარიას აზრით, „ფარნავაზი იცნობდა სელევკიდების იმპერიაში გაბატონებულ ნორმებს. მის დროს სპარსეთის სახელმწიფო, როგორც სატრაპია, სელევკიდების ქვეშევრდომობაში შედიოდა. ქართული წყაროსათვის ცნობილია, რომ სელევკიდებთან სპარსული სახელმწიფო წყობა არსებობდა. ამიტომაც წერს იგი, ფარნავაზმა „განაწესა... მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა“ და არა „მიმსგავსებულად“ ანტიოქოსის სამეფოსა„(218;97). ო. ლორთქიფანიძის აზრით _ „Государственному строю Иберий были приданы некоторые характерные черты Селевкидского государства, в свою очередь восходящего к государственному устройству Ахеменидского Ирана~(283;325).
აქემენიდთა სახელმწიფოს დაყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად _ სატრაპიებად, ჰეროდოტეს მიხედვით მოხდა დარიოს I-ის დროს. ქვეყანა დაიყო ოც სატრაპიად. „Сатрап пользовался неогроничненной гражданской властю. Во многих облостях продолжали существ вать прежние, местные правители: царьки, представители жреческой верхушки, родовые вожды, но они во всех гражданских делах подчинялись сатрапу. Военные силы сатрапий были подчинены военачальникам, которые были независимы о сатрапов ... военоначальники имели обычно под своим началом войска нескольких сатрапии (4 или 5). Одной из важнейших функции сатрапа был сбор податей“ (270;18). რაც შეეხება სელევკიდების სამეფოს „Царство было разде-лено на округа, которые носил персидское наименование сатрапий, сохранённое Александром и его преемниками“(136:184). რაც შეეხება თავად სატრაპს, სელევკიდების სამეფოში მას დიდი უფლებები ჰქონდა. „Сатрап был в своём округе наместником монарха. Он получал приказы непосредственно от царя, и все приказы касавшиеса провинции по видимому проходили через его руки. Он соединял гражданскую и военную власть. Это прямо вытекает из сообщения о мятежах сатрапов ... приказы верховного командованиа виойскам округа передавал сатрап“ (270;190). როგორც ვხედავთ, გარკვეული განსხვავება არსებობდა აქემენიდური ხანისა და სელევკიდების დროინდელ სატრაპებს შორის. კერძოდ, აქემენიდთა სახელმწიფოში, განსხვავებით სელევკიდების სამეფოსაგან, სატრაპს არ ემორჩილებოდა სამხედრო ძალა. ეს ცხადია ხელს უწყობდა იმას, რომ სატრაპები უფრო მორჩილნი ყოფილიყვნენ და აჯანყებისა და განდგომის საშუალება მათ ნაკლები ჰქონდათ.
ერისთავს ემორჩილებოდა საერისთავოს სამხედრო ძალა და ამით ის სელევკიდების სატრაპტან უფრო ახლოს დგას (აქემენიდურ ირანთან შედარებით, სელევკიდების სამეფო ნაკლებ ცენტრალიზებული იყო და სატრაპებს მეტი უფლებები ჰქონდათ. სელევკიდების სამეფოს ტერირორიულ-ადმინისტრაციული სისტემა საკმაოდ რთული იყო. არსებობდნენ მთელი რიგი ქალაქები და ხალხებიც კი, რომლებსაც გარკვეული ავტონომიური უფლებები გააჩნდათ. თუმცა საინტერესოა, რომ ისინიც ექვემდებარებოდნენ სატრაპს (270;131,193). რა საკვირველია, სელევკიდების ადმინისტრაციული წყობა აქემენიდების სახელმწიფოდან მოდიოდა და ლეონტის თავისუფლად შეეძლო, ფარნავაზის ადმინისტრაციული რეფორმის საფუძვლად „სამეფოსა სპარსთა“-ში არსებული წესწყობილება მიეჩნია. ამ მხრივ სრულიად მისაღებია გ. ქავთარიას მოსაზრება, მაგრამ ჩვენი აზრით, იმის დაშვებაც შეიძლება, რომ ლეონტი მროველის სიტყვები _ „მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა“ სელევკიდების სახელმწიფოსაც გულისხმობდეს.
რა თქმა უნდა, ფარნავაზს ავტომატურად არ გადმოუტანია სხვა სახელმწიფოში არსებული მოდელი თავის სამეფოში. მეფემ ალბათ. გარკვეული ცვლილებები შეიტანა მასში, მოარგო ადგილობრივად არსებულ ვითარებას და შეეცადა ცენტრალური ხელისუფლებისათვის მაქსიმალურად მისაღები ფორმა მიეცა. ამის ნათელი მაგალითია სპასპეტის თანამდებობის შემოღება, რომლის სრული ანალოგიაც არც აქემენიდების და არც სელევკიდების სამეფოში არ არსებობდა. სპასპეტი გარკვეულწილად წააგავს აქემენიდების ხანის სარდალს, რომელსაც რამოდენიმე სატრაპიის სამხედრო ძალა ემორჩილებოდა. მაგრამ განსხვავდება კიდეც იმით, რომ თავის პირად გამგებლობაში ჰქონდა ჩაბარებული ქვეყნის ერთ-ერთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული.
გამორიცხული ისიც არ არის, რომ უცხო ქვეყნის მაგალითის პარალელურად, ფარნავაზი იყენებდა უფრო ადრე არსებული სხვა ქართული სახელმწიფოს გამოცდილებასაც. ვგულისხმობთ კოლხეთის სამეფოს, რომელიც, სტრაბონის ცნობას თუ ვენდობით იყოფოდა სკეპტუხიებად. ბერძენი გეოგრაფის ამ ცნობასთან დაკავსირებით, ო. ლორთქიფანიძე წერს _ „можно пологать, что в сведениях Страбона о том, что Колхидские Цари, владеют разделённой на скептухий страной отражены мероприатия царской власти в связи с разделением Колхиды на определённые административно-территориальные единицы, управляемие „скептухами“ ... пологаю что разделение Колхиды на скептухии произошло с образованием Колхидского царства~ (283;224). რაც შეეხება „სკეპტუხისა“ და „სკეპტუხიის“ შინაარსს, ო. ლორთქიფანიძის აზრით,შეიძლება შემდეგი რამ ვივარაუდოთ _ სკეპტუხიები იყო „созданные по териториальному принципу административные единицы, в основе которых лежали историческй сложившиеся териториально-административные образова-ния. Они возгловлялись представителямы местной родовой аристократий на которых царская власть возлагала административные функций, как бы превращая их в служилую знать~ (283;225). „სკეპტუხისა“ და „სკეპტუხიის“ ო. ლორთქიფანიძისეული დახასიათება ძალიან ჰგავს ფარნავაზის ერისთავსა და საერისთავოს. საერისთავოც იყო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიული ერთეული, რომლის სათავეშიც ადგილობრივი „უფალი“ ან მისი შთამომავალი იდგა (2000 წლის 24 მაისს კავკასიოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას, ო. ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ სკეპტუხიის ანალოგიური იყო ქართული ერისთავი). „სკეპტუხი“ ბერძნული ტერმინია, თუ რა ეწოდებოდა ამ თანამდებობის მფლობელს კოლხეთის სამეფოში, უცნობია. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ მას შესაძლოა „ერისთავი“ ერქვა, ეს ტერმინი აშკარად აღმოსავლურ-ქართული წარმოშობისაა (თავად კოლხეთის მეფის სკეპტუხები, შესაძ-ლოა, გარკვეულწილად, მემკვიდრენი იყვნენ იმ მეფისნაცვლებისა _ „ლუირდი“ _ რომლებიც ჯერ კიდევ სარდურ II-ის წარწერებში(750-741 წწ.) არიან მოხსენიებული (283;220).
თავი II: ერისთავობის ინსტიტუტი ქართლის სამეფოში
პირველ თავში ჩვენ განვიხილეთ ერისთავობის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. მეორე თავში გვინდა ვნახოთ თუ განვითარების რა გზა გაიარა ამ ინსტიტუტმა ქართლის სამეფოში, მოყოლებყლი საურმაგიდან, ვიდრე მეფობის გაუქმებამდე ქართლში. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მეტად მწირი წყაროები გაგვაჩნია. მთელი ინფორმაცია ძირითადად თავმოყრილია ლეონტი მროველთან და ჯუანშერთან. უცხოური წყაროები მეტად მცირე დახმარებას გვიწევენ, რადგან ისინი თითქმის არ შეიცავენ ცნობებს ქვეყნის შიდა ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ.
პირველ რიგში გასარკვევია, თუ წყაროებში მოხსენიებული რომელი პიროვნება შეიძლება ჩაითვალოს ერისთავად და რომელი არა. ცხადია აქ საუბარი არ არის იმ შემთხვევებზე, როდესაც ესა თუ ის პიროვნება პირდაპირ არის მოხსანიებული ერისთავის ტიტულით. საქმე ეხება, მაგალითად მათ ვინც მოიხსენიება პიტიახშად. ამ ტიტულით მრავალი ისტორიული პირი არის მოხსენიებული წყაროებში. გასარკვევია, იყვნენ ისინი ერისთავები თუ მათ განსაკუთრებული, ერისთავისაგან განსხვავებული „ხელი“ ეპყრათ.
$1. პიტიახშისა და ერისთავის ურთიერთმიმართების საკითხი
ტერმინ პიტიახშის წარმოშობის შესახებ ისტორიოგრაფიაში არ არსებობს ერთიანი აზრი. მეცნიერები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ. თავად ტერმინი პირველად დაფიქსირებულია შაბურ I-ის 262 წლის ტრილინგვაში და ნერსეს პაიკულის ბილინგვაში(50:88). ის რომ პიტიახშობა საქართველოსა და სომხეთში ირანიდან შემოვიდა სადავო არ არის(273;196).
ფაქტია, რომ პიტიახშის ინსტიტუტის არსებობა ქართლის სამეფოში, წყაროებით დამოწმებულია უკვე I საუკუნიდან. მრავალი მეცნიერი შეეხო პიტიახშობის საკითხს თავის ნაშრომებში. ზოგიერთმა მათგანმა საგანგებო გამოკვლევაც კი უძღვნა ამ სამოხელეო ინსტიტუტს.
ივ. ჯავახიშვილი საგანგებოდ არ შეჩერებულა პიტიახშობის საკითხზე. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ მოხსენიებულ არშუშა პიტიახშთან დაკავშირებით, მეცნიერი შენიშნავს, რომ ქართლის პიტიახში „სპარსულ სახელს მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ სანაპირო თემის მმართველი იყო“ (263;167). შემდგომ, ეხება რა „ქართლის ცხოვრების“ ცნობას _ „მეფემან სპარსთამან ... მოუწოდა მთავართა სოფლებისათა პიტიახშთა და ერისთავთა სოფლებისათა(126:60) _ აღნიშნავს, რომ მთავარნი სოფლებისანი არის ქართული თარგმანი სპარსული ტერმინის „პიტიახში“. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ივანე ჯავახიშვილისთვის პიტიახში იყო ზოგადი ტერმინი, ქართული „მთავრის“ შესატყვისი.
ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად ს. ჯანაშიამ წამოაყენა მოსაზრება, რომ პიტიახში და ერისთავი ერთი და იგივე შინაარსის მქონე იდენტური ტერმინებია(250). ამ დებულებამ ფართო გავრცელება ჰპოვა ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში. ივ. სურგულაძის აზრით, „პიტიახშის შესატყვისი სახელი ქართულად ერისთავი ყოფილა“ (276;38). კ. გრიგოლიაც ეთანხმება თვალსაზრისს პიტიახშისა და ერისთავის იდენტურობის შესახებ (71:166,172). ა. აფაქიძეს მიაჩნია, რომ ქართულ ტერმინ „ერისთავს“ უცხოელები თავიანთ ენაზე _ „პიტიახშად“ თარგმნიდნენ, რადგან ეს ტერმინი მათთვის უფრო გასაგები იყო (19;139). გ. მელიქიშვილის მოსაზრების თანახმად, „პიტიახშის“ ადგილობრივი შესატყვისი „ერისთავი“ იყო (286;458). უცხოელ მეცნიერთა ნაწილიც იზიარებს ამ თვალსაზრისს (299;163).
„პიტიახშობის“ საკითხი, პირველად, ფრთოდ მიმოიხილა გ. წერეთელმა. მეცნიერის ძირითად მიზანს არ წარმოადგენდა ამ ინსტიტუტის სპეციალური შესწავლა, მაგრამ არმაზის ბილინგვის ტექსტის განხილვა შეუძლებელია „პიტიახშის“ რაობის დადგენის გარეშე. გ. წერეთელი შემდეგნაირად კითხულობდა ტექსტს: ბერძნულს _ „სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა პიტიახშისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძისა იოდმანგანისა, ივერთა დიდი მეფის ქსეფარნუგის მრავალთა გამარჯვებათა მომპოვებელი ეპიტროპისა...“ (246;17); არამეულს _ „მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა _ ძლევამოსილისა და მრავალ გამარჯვების მომპოვებელი ეზოის მოძღურისა ხსეფარნუგ მეფისა _ ძისა აგრიფა ეზოის მოძღვრისა ფარსმან მეფისა...“(246;16). გ. წერეთელი თვლიდა, რომ ზევახი არის მცირე პიტიახში და ქართლის სამეფოში უნდა არსებულიყო დიდი პიტიახშიც. დიდი პიტიახშის არსებობასთან დაკავშირებით, მეცნიერი იშველიებდა სომხეთის ანალოგიას, სადაც აღძინქის პიტიახში იწოდებოდა დიდ პიტიახშად. თუმცა აქ ალბათ გასათვალისწინებელია გ. ღაფანციანის მოსაზრება, რომ „у армян значение термина „питиахшат“ выступает в неськолько ином значений чем у персов и грузин“ (278;12). (2002 წელს, კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე, გ. გიორგაძემ წაიკითხა არმაზის ბილინგვის ტექსტისადმი მიძღვნილი მოხსანება. ამ მოხსენებასთან დაკავშირებით, პ. მურადიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში არ არსებობდნენ დიდი პიტიახშები). გ. წერეთლის აზრით, იყო პიტიახშების სამი კატეგორია: მცირე პიტიახში, პიტიახში და დიდი პიტიახში (246;36-40). ბილინგვის ტექსტის გ. წერეთლისეული წაკითხვიდან გამომდინარე, ზევახი მართლაც მცირე პიტიახშია. თ. ყაუხჩიშვილი მთლიანად იზიარებს გ. წერეთლის წაკითხვას (222;250).
მ. სანაძის აზრით, „მოგვიანებით, ორმეფობის ხანაში დაახლოებით ძვ. წ. 60 _ ახ. წ. 30 წწ. როდესაც სომხები უშუალოდ იქვემდებარებენ არმაზელ მეფეთა ტერიტორიას, ქართლის მეფეთა სომხეთზე დამოკიდებულების ხარისხისა და მეტნაკლები სუვერენული უფლებების შესაბამისად სომხები, როგორც ჩანს, განასხვავებდნენ ივერთა, ქართლის ანუ გუგარელთა დიდ და მცირე პიტიახშს, აქედან დიდი პიტიახში იყო მცხეთელი მეფე (მეტი სუვერენული უფლებების მქონე), ხოლო მცირე _ არმაზელი (საკუთრივ სომხეთის ფარგლებში შეყვანილი და შესაბამისად, ნაკლები სუვერენული უფლებების მქონე) ... ადვილი მისახვედრია, საიდან მომდინარეობს არმაზის ცნობილ ბილინგვაში სერაფიტას მამის ტიტული „მცირე პიტიახში“. ახ. წ. II საუკუნის ბოლოს ანუ ფარსმან III-ისა და ქსეფარნუგის ხანაში არმაზელთა ტერიტორია ანუ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ქართლი უკვე საუკუნეზე მეტი ხანი იყო, რაც ქართლის მეფეებს დაუბრუნდა, ხოლო ქართლის მეფეები კი კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში აღარ წარმოადგენდნენ სომხეთის მეფესთან მიმართებაში „დიდ პიტიახშებს“, თუმცა ტიტული „მცირე პიტიახში“ არმაზელ პიტიახშებს მაინც შერჩათ თავად ქართლის მეფის კარზე“ (192;75). ჩვენთვის, მ. სანაძის მოსაზრებაში რამოდენიმე მომენტი სადავოა. პირველ რიგში ძნელი სავარაუდოა, რომ ძვ. წ. აღ-ის 60-იან წლებში, ანუ პომპეუსთან განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ სომხეთის მეფეებს ჰქონდათ იმისი ძალა, რათა საკმაოდ დიდი ტერიტორია წაერთმიათ ქართლისთვის და ეს მაშინ, როცა ი. მანანდიანის აზრით, პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ ტიგრან II-ის მიერ შექმნილი სახელმწიფო დაიშალა და მან დაკარგა ყველა დაპყრობილი ტერიტორია (228;112) ჩვენ ვიზიარებთ ნ. ლომოურის მოსაზრებას, რომ „ძლიერი მეზობლების _ პონტოს სამეფოსა და დიდი არმენიის _ დაცემამ იბერიას ახალი პერსპექტივა გაუხსნა და თანდათან მის გაძლიერებას შეუწყო ხელი“(131:38). რაც შეეხება მ. სანაძის მოსაზრებას დიდი და მცირე პიტიახშების შესახებ, ჯერ ერთი სომხურ წყაროებში არსად არ გვხვდება ტერმინი „მცირე პიტიახში“. ასეთ ვითარებაში ცოტა ძნელი ასახსნელია, რომ სომხური სამყაროს დამოკიდებულება ქართლის სამეფოს მმართველი წრეებისადმი (როგორც ამას მ. სანაძე თვლის) არ აისახა სომხურ წყაროებში და დარჩა მხოლოდ ერთ წარწერაში არმაზის ბილინგვაზე. მით უმეტეს ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართლის სამეფო კარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, წარწერაში საკუთარ თავს მოიხსენიებს იმ ტიტულით, რომლითაც მას მოიხსენიებდნენ სხვა ქვეყნის _ უფრო ზუსტად დამპყრობელი ქვეყნის მეფეები. ჩვენი აზრით, მ. სანაძის მოსაზრება დიდი და მცირე პიტიახშების რაობის განსაზღვრის შესახებ არ არის სწორი.
არსებობს ბილინგვის ტექსტის წაკითხვის სხვა ვარიანტებიც. ს. ყაუხჩიშვილი ბერძნული ტექსტის ჩვენთვის საინტერესო ადგილს შემდეგნაირად კითხულობს _ „სერაპიტი, ასული ახლანდელის პიტიახშის ძევაქისა~(224;172). ნ. პაჭიკაშვილის აზრით, ეპითეტი „მცირე“ უნდა მივაკუთვნოთ ზევახს და არა პიტიახშს. მისი აზრით,წარწერა ასე უნდა წავიკითხოთ _ „მე, სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, პიტიახშისა ფარსმანისა მეფისა ...~(183;150). ა. შანიძე არამეული ტექსტის შემდეგი სახის თარგმანს იძლევა _ „Серапита, дочь зеваха. молодого питиахша царя Парсмана“; ბერძნულს _ „Серапита, дочь нового питиахша Зеваха“ (304;185). ბოლო ხანს, ბილინგვის არამეული ტექსტი ხელახლა გაშიფრა კ. წერეთელმა _ „მე, სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა, [რომელიც] იმარჯვებდა და ამრავლებდა [ადრე] გაკეთებულ საგმირო საქმეებს, [და არის] ეზოსმოძღვარი ქსეფარნუგ მეფისა, ძე აგრიპისა, ეზოსმოძღვარი ფარსმან მეფისა [რომელმაც] სძლია მძლეველნი, რაც ფარნავაზმა ვერ დაასრულა ...“ (247;48). უკანასკნელ ხანს გ. გიორგაძემაც გაიზიარა მოსაზრება, რომ სწორი ფორმაა ზევახ მცირე. ნ. შოშიაშვილს მიაჩნია, „არ არის მართებული მოსაზრება, რომ ქართლის სამეფოში იყვნენ „მცირე“, „დიდი“ და უბრალო პიტიახშები“ (235;69). ჩვენ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ წარწერაში უნდა ამოვიკითხოთ ზევახ მცირე და არა მცირე პიტიახში. აქედან გამომდინარე არც სხვადასხვა რანგის პიტიახშების არსებობაა სავარაუდო.
საინტერესო მოსაზრება პიტიახშის ინსტიტუტთან დაკავშირებით გამოთქვა პ.ინგოროყვამ. მისი აზრით, „პიტიახში ეს არის უმაღლესი ხელისუფალი მეფის შემდეგ, მოადგილე მეფისა რომელსამე პროვინციაში, მეფის ნაცვალი, ვიცე-მეფე“(98:293). იყენებს რა „ქართლის ცხოვრების“ ცნობას _ „მეფემან სპარსთამან... მოუწოდა მთავართა სოფლებისათა პიტიახშთა და ერისთავთა სოფლებისათა ...“ (126:60). მკვლევარი თვლის, რომ ამ ორ თანამდებობას შორის ის განსხვავებაა, რომ პიტიახში იყო მთავარი აღჭურვილი ისეთი უფლებებით, რომელიც რიგით ერისთავს არ ჰქონდა(98:295). საინტერესოა, რომ ამავე ცნობაზე დაყრდნობით გ. წერეთელი „პიტიახშსა“ და „ერისთავს“ სინონიმებად თვლიდა (246;39). ამავე დროს, პ. ინგოროყვა შენიშნავს, რომ პიტიახში ერისთავზე მაღლა იდგა არა მხოლოდ უფლებებით, არამედ შთამომავლობითაც _ „პიტიახშები, როგორც ირკვევა, ინიშნებოდნენ სამეფო გვარეულობიდან, ისინი იყვნენ სამეფო გვარეულობის წევრნი ... პიტიახშთა მთავრობას შთამომავლობითი საფუძველი ჰქონდა“ (98:295). მეცნიერის აზრით, საქართველოში იყო ოთხი საპიტიახშო; შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, ქართლ-მესხეთისა და კახეთის(98:267). „მთავარნი ცალკე ქვეყნებისა _ პიტიახშნი, ხოლო მათ შემდგომად ერისთავნი _ ცალკე მხარეების მმართველნი. იბერიის სამეფოს ამ ხელისუფალთა _ პიტიახშთა და ერისთავთა შორის, პირველი ადგილი ცხადია უნდა სჭეროდა საკუთრივ ქართლის (შიდა ქართლის) პიტიახშს, რომელიც იჯდა თვით სამეფოს დედაქალაქში მცხეთა-არმაზში“(98:299). პ. ინგოროყვა თვლის, რომ შიდა ქართლის პიტიახში არის ლეონტი მროველისეული სპასპეტი, მთავარსარდალი და უმაღლესი მსაჯული. რაც შეეხება თავად პიტიახშის ინსტიტუტის არსებობას, მეცნიერს მიაჩნია, რომ ის არსებობდა ძვ. წ. აღ-ის III საუკუნიდან ახალი წ. აღ-ის III-IV საუკუნეებამდე. ხოლო არმაზელ პიტიახშთა ინსტიტუტი, შეცვლილი სახით, თვით VI საუკუნემდეც კი(98:302). რაც შეეხება „ქართლის ცხოვრებაში“ დაცულ ცნობას ე. წ. „ორმეფობის შესახებ, პ. ინგოროყვა თვლიდა, რომ საქმე გვაქვს ერთი მხრივ მეფეებთან და მეორეს მხრივ გაძლიერებულ პიტიახშებთან. „ის გარემოება, რომ ქართული ნაციონალური საისტორიო წყაროები, არმაზელ პიტიახშებს მიაკუთვნბენ ტიტულს მეფე ... არ არის შემთხვევითი მოვლენა, არამედ უჩვენებს პიტიახშების ხელისუფლების აღზევებას... არაა გამორიცხული... ზოგიერთ არმაზელ პიტიახშს მიეტაცებინოს კიდეც მეფობის ტიტული“(98:309). ქართული წყაროები ხშირად ერთმანეთის გვერდით ხმარობენ ტერმინებს „პიტიახში~ და „ერისთავი“. პ. ინგოროყვას აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ „ერისთავი სახელწოდება იყო. ამიტომ შეიძლება პიტიახშიც მოეხსენებიათ ერისთავობით. ვარსქენი ერთგან იხსენიება ერისთავად“(98:294).
რაც შეეხება ვარსქენის მოხსენიებას ერისთავად, ის ჯუანშერს ერთხელ მართლაც ჰყავს მოხსენიებული ამ ტიტულით, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი _ წყაროს მიხედვით, ვარსქენი არის „ერისთავი რანისა“(265;216). „რანის ერისთავს“ „ქართლის ცხოვრება“ უწოდებს იმ ირანელ მოხელეებს, რომლებიც განაგებდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიას. „მოქცევაი ქართლისაის„ მიხედვით ისინი პიტიახშები არიან. მაგალითად: ბარზაბოდი, ვარაზბაკური (162;141, 150). ასე რომ ვარსქენის მოხსენიება ორივე ტიტულით, არ გამოგვადგება ქართლის სამეფოში არსებული შიდა ვითარების გარკვევისათვის.
თავის დროზე ა. ბოგვერაძემ აღნიშნა, რომ პ. ინგოროყვას მოსაზრება ოთხი საპიტიახშოს არსებობის შესახებ არ დასტურდება წყაროებით (22;67). ჩვენ მაინც შევჩერდებით მოკლედ ამ საკითხზე. ირანსა და სომხეთში ოთხი საპიტიახშოს არსებობა, რომელთა ანალოგიასაც იშველიებს პ. ინგოროყვა, თავისთავად ჯერ კიდევ არ ნიშნავს ანალოგიური ვითარების არსებობას ქართლშიც. მით უმეტეს რომ სომხეთში ოთხი საპიტიახშოს არსებობა სადავოა (57:52).
ქვემო ქართლში პიტიახშის სახელო რა თქმა უნდა არსებობს V-VI საუკუნეებში და სავარაუდოა, რომ უკვე IV საუკუნეშიც. ასევე ეჭვს გარეშეა არმაზელი პიტიახშების არსებობაც I-III საუკუნეებში, მაგრამ საეჭვოა კახეთისა და მესხეთის საპიტიახშოების არსებობა.
კახეთთან დაკავშირებით პ. ინგოროყვა იყენებს ცნობას „ნინოს ცხოვრებიდან„ _ „გარდავიდა ნინო დიდად კახეთად და დადგა სანატრელი იყო ქველ-დაბასა და მოიყვანნა მთავარნი, ამავე მეფეთა ნათესავნი და მონათლნა“. ამ ცნობაზე დაყრდნობით, მხოლოდ იმიტომ რომ არსებობენ კახეთის მთავარნი რომელნიც არიან მეფეთა ნათესავნი, ჩვენი აზრით ამ მხარეში საპიტიახშოს არსებობა ცოტა ძნელი სავარაუდოა. არც ერთი წყარო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დავუშვათ კახეთის საპიტიახშოს არსებობის ფაქტი რეალურად.
რაც შეეხება დასავლეთის საპიტიახშოს, რომელშიც პ. ინგოროყვას აზრით, შედიოდა სპერი-ტაო-კლარჯეთი და პიტიახშები იყვნენ ბაგრატიონები, მკვლევარი ეყრდნობა „ქართლის ცხოვრების“ შემდეგ ცნობას _ „პიტიახშნი ვინმე არა შეეშუნეს კლარჯეთს“ (265;244). აქ რამოდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი: ქართული წყაროს ეს ცნობა შეეხება არჩილის ხანას ე.ი. VIII საუკუნეს და ძნელი სათქმელია რამდენად შესაძლებელია მისი გამოყენება 400-500 წლის წინანდელი ვითარების გასაანალიზებლად; ამავე დროს სრულიად გაურკვეველია თუ რომელ პიტიახშებზე არის საუბარი და პირადად ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ „პიტიახში“ აქ ზოგად ტერმინად არის ნახმარი და მის უკან რაიმე კონკრეტულის დანახვა ჭირს. რაც მთავრია, ჯუანშერის მიხედვით სწორედ კლარჯეთში დასტურდება საერისთავოს არსებობა (265;57,186,204) და არა საპიტიახშოსი. ამასვე ადასტურებს ლეონტი მროველიც (126:57). იმ თვალსაზრისის გაზიერებით, რომლის მიხედვითაც „ერისთავი“ და „პიტიახში“ სინონიმები არიან, კლარჯეთში საერისთავოს არსებობა სრულებით არ გამორიცხავს საპიტიახშოს არსებობას ამ რეგიონში. თუმცა ჩვენი აზრით, რომლის დასაბუთებასაც ქვემოთ შევეცდებით, „პიტიახში„ და „ერისთავი„ სრულიად სხვადასხვა თანამდებობების აღმნიშვნელი ტერმინებია. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, დასავლეთის საპიტიახშოს არსებობაც ნაკლებ სავარაუდოა.
პ. ინგოროყვას მოსაზრებას, რომ „ორმეფობაში“ უნდა დავინახოთ ერთის მხრივ მეფეები და მეორეს მხრივ არმაზელი პიტიახშები, წინ ეღობება ქრონოლოგიური შეუსაბამობა. მეცნიერის აზრით, „ორმეფობა„ არსებობდა I-II საუკუნეებში (76 წლიდან 150-იან წლებამდე)(98:316). ბერძნული და რომაული წყაროების მიხედვით კი, ასეთი რამ ქართლის სამეფოში ამ დროს არ დასტურდება. გარდა ამისა, I-II საუკუნეებში მოღვაწე, ჩვენთვის ცნობილ პიტიახშთა სახელები არ ემთხვევა ლეონტი მროველთან და „მოქცევაი ქართლისაიში“ დაცულ „ორმეფობის“ დროინდელ სახელებს. პ. ინგოროყვას ცდა, გააიგივოს ეს სახელები ერთმანეთთან (მაგ. კაოსი _ პუბლიკიოს აგრიპასთან) არადამაჯერებლად გამოიყურება (98:302-309).
არმაზელ პიტიახშებთან დაკავშირებით, შევჩერდებით კიდევ ერთ მოსაზრებაზე, რომელიც გამოთქმულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. დ.აბაშიძის აზრით, „ქართლის ცხოვრების“ არმაზის სამეფო იგივე დიდი სომხეთის გოგარენის საპიტიახშოა, ხოლო არმაზის მეფე სომხური წყაროების გოგარენის პიტიახში _ ძვ. წ. აღ-ის II-I საუკუნეებში (1;144). თავად ტერმინ „პიტიახშის“ გაგებაში დ. აბაშიძე ეყრდნობა ადონცის მოსაზრებას _ „Бдешхи своего рода маленькие цари владеющие територией царств прежде самостоятельных, но со времени Тиграна великого признавших гегемонию армянских царей“(131:283) და ამატებს _ „ალბათ ძნელია ნ. ადონცის ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ უფრო თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა, ვიდრე „ქართლის ცხოვრების“ არმაზის სამეფოა და არმაზის მეფე“ (1;144). დ. აბაშიძის მოსაზრებას იზიარებს მ. სანაძეც, ოღონდ გვთავაზობს „ორმეფობის“ ახალ ქრონოლოგიურ ჩარჩოებს (192;96).
I-III საუკუნეებში მოღვაწე არმაზისხევის პიტიახშებს, აიგივებს გოგარენის პიტიახშებთან კ. თუმანოვიც(150:181). მისი მოსაზრების მცდარობა დამაჯერებლად უჩვენეს თ. გამსახურდიამ (57:68) და ნ. პაჭიკაშვილმა (183;147), ამიტომ ჩვენ მასზე აღარ შევჩერდებით. უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ I-II საუკუნეებში გოგარენა (გუგარქი) აშკარად ქართლის სამეფოს შემადგენლობაში უნდა ვიგულისხმოთ. პირადად ჩვენი აზრით, ძალიან საეჭვოა გუგარქის ბდეშხის გაიგივება არმაზში მჯდომ პიტიახშებთან.
მეტად საინტერესო ნაშრომი პიტიახშის ინსტიტუტის შესახებ ეკუთვნის თ. გამსახურდიას. მკვლევარი დაწვრილებით მიმოიხილავს პიტიახშობის საკითხს ირანსა და სომხეთში. რაც შეეხება ამ თანამდებობის ისტორიას საქართველოში, ავტორის აზრით ის ჩვენში შემოვიდა ფარნავაზის დროს და აღნიშნავდა მეფის შემდგომ მეორე პირს, რომელიც სტრაბონის მიხედვით იყო უზენაესი მსაჯული და მხედართმთავარი. თ. გამსახურდია მართებულად შენიშნავს, რომ სტრაბონისეული „მეორე პირი“ მოგვაგონებს ლეონტისეულ სპასპეტს (57:72-74).
არმაზისხევის პიტიახშთა გენეალოგიის დადგენას მიუძღვნა თავისი ნაშრომი ნ. პაჭიკაშვილმა (179).
პიტიახშობის საკითხს, V-VI საუკუნეებში, განიხილავს კ. გრიგოლია. მკვლევარი თვლის, რომ „არშუშა, ვარსქენი და არშუშა მთელი ქვეყნის _ ქართლის პიტიახშები არიან და არა მარტო მისი ერთი რომელიმე ნაწილისა“. ამავე დროს, კ. გრიგოლია იზიარებს მოსაზრებას პიტიახშისა და ერისთავის იდენტურობის შესახებ. მას მიაჩნია, რომ იყო პიტიახშების ორი კატეგორია: ერთი _ მაღალი ანუ მთელი ქვეყნის, ქართლის გამგე და მეორე ჩვეულებრივი (რიგითი). ამ უკანასკნელთა რიგს განეკუთვნებოდა ქვემო ქართლის პიტიახშიც (71:172-174). ა. ბოგვერაძის აზრით, არ არსებობდა მთელი ქვეყნის მმართველი პიტიახშის თანამდებობა, არც V-VI საუკუნეებში და არც ადრე. არშუშა II-ის მოხსენიება „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ ქართლის პიტიახშად არ ნიშნავს მთელი ქართლის ფლობას (49:62). მკვლევარის აზრით, ქვემო ქართლის მმართველთა ტიტული „პიტიახში“ მხოლოდ ტრადიციაზე იყო დამყარებული (49:65). ამასთანავე, ა. ბოგვერაძე აკეთებს ერთ, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან შენიშვნას, რომ ტერმინების _ „პიტიახში“ და „ერისთავი“ „ხმარება ერთმანეთის გვერდით, თითქოს პიტიახშის რამდენადმე განსხვავებულ სპეციფიკურ შინაარსზე უნდა მიგვითითებდეს“ (49:67).
კონკრეტული პიტიახშებისა თუ ზოგადად ამ ინსტიტუტის შესახებ, საკუთარი მოსაზრება სხვა მკვლევარებსაც ააქვთ გამოთქმული. ყოველ სათანადო ადგილზე, ჩვენ შევეხებით მათ თვალსაზრისს და საკუთარ დამოკიდებულებასაც გამოვხატავთ.
როგორც უკვე ვნახეთ, პიტიახშის ინსტიტუტთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ამიტომ პირველ რიგში ვნახოთ, თუ რა ინფორმაციას გვაწვდიან წყაროები ჩვენთვის საინტერესო საკითხზე. წყაროთა მონაცემები, პიტიახშების შესახებ, პირობითად შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: პირველი _ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ცნობები. ესაა წარწერები სტელებზე, ბეჭდებზე, სხვადასხვა ნივთებზე, რომლებიც ძირითადად გვაწვდიან ინფორმაციას I-III საუკუნეებში მოღვაწე პიტიახშებზე; მეორე _ ნარატიული წყაროების ცნობები V-VI საუკუნეების პიტიახშების შესახებ (აქვე შეგვიძლია შევიტანოთ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურული ძეგლებისა და სომხური წყაროების ცნობებიც); მესამე _ ცნობები რომლებიც დაცულია ქართულ ნარატიულ წყაროებში და რომლებშიც პიტიახშობით მოიხსენიებიან სასანიდური ირანის შაჰის მოხელეები. „მოქცევაი ქართლისაი“ ასახელებს რამოდენიმე ასეთ პიტიახშს: ქრამ ხუარ ბორზარდს, ვარაშს, ბარზაბოდს. „ქართლის ცხოვრება“ იცნობს რანის ერისთავებს: ბარზაბოდს, ვარაზ-ბაკურს.
ა. ბოგვერაძის აზრით, „ქართული წყაროების „რანის ერისთავი“ ალბანეთის მარზპანია და არა ჩრდილოეთის მხარის უფროსი ... ქრამ-ხუარ-ბორზარდი, ვარაში, ბარზაბოდი, ვარაზ-ბაკური, დარელი და სხვა „ქართლის პიტიახშები“ კი არ არიან არამედ ალბანეთის“. (49:59). ზემოთ დასახელებული პირები მართლაც არიან „ალბანეთის მარზპანები“თუ კავკასიის ქუსტაკის მმართველები, ამას ჩვენთვის ამჟამად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა ზემოთ დასახელებული პიროვნებები არიან ირანის შაჰის მოხელეები და ქართლის მეფის პიტიახშობასთან საერთო არაფერი არა აქვთ. ამიტომ მათ საკითხს ჩვენ აღარ შევეხებით. ჩვენი ინტერესის სფეროში რჩებიან I-III და V-VI საუკუნეებში მოღვაწე პიტიახშები.
ვნახოთ თუ ვინ არიან ისინი და რა უფლება-მოვალეობები გააჩნდათ მათ ქართლის სამეფოში.
არმაზისხევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენთვის ცნობილი არიან შემდეგი პიტიახშები: #1 სამარხში აღმოჩენილია ბეჭედი წარწერით _ „ასფაგურ პიტიახში“. ს. ყაუხჩიშვილმა წარწერა დაათარიღა I-III საუკუნეებით(224;169), თ. ყაუხჩიშვილმა I საუკუნით (222;261). თავად სამარხი „ზოგადად ახ. წ. აღ-ის II საუკუნის შუა წლებს ან მეორე ნახევარს უნდა მიეკუთვნებოდეს“(167;40). ნ. პაჭიკაშვილი ასფაგურს (ასპარუკს) II საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწედ მიიჩნევს (183;153).
#2 სამარხში ნაპოვნია თასი წარწერით _ „[. . .] პიტიახში ღვთაებრივი არდაშირისა, ღვთაებრივი(პაპაკის) ძისა~. სამარხი, მასში აღმოჩენილი მონეტების მიხედვით თარიღდება III საუკუნის მეორე ნახევრით (167;46). ლუკონინი თასის წარწერას შემდეგნაირად კითხულობს _ „Папа ка питиахша сына Арташира, сына ... Арташира, питиахша [собственность] Драхм серебрянных - 253 драхмы“ (284;61). მკვლევარის აზრით, თასის წარწერაში მოხსენიებული ფაფაკი არის იგივე ფაფაკი, რომელიც მოიხსენიება ნერსეს პაიკულის წარწერაში, ხოლო თუ როგორ აღმოჩნდა თასი საქართველოში, მისთვის უცნობია (284;63) მ.წოწელია თვლის, რომ „თასზე წარმოდგენილია ირანის III საუკუნის 90-იანი წლების წარჩინებული პიტიახში პაპაკი“ (248;124). თასის წარწერის განსხვავებულ წაკითხვას იძლევა შ. ამირანაშვილი _ „ფაფაკ პიტიახში ღვთაებრივი არდაშირისა, ღვთაებრივ ფაფაკის ძისა გურზან ქვეყნის პიტიახშს არზამესს უძღვნის“ (8;90). ასეთი წაკითხვის გაზიარების შემდეგ, ნ. პაჭიკაშვილი შენიშნავს _ „არის თუ არა არზამეს არმაზისხევის || ქართლის ხევის პიტიახში და ეკუთვნის თუ არა არმაზისხევის პიტიახშთა (ზევახის) გვარს, ძნელი სათქმელია“ (183;152). ჩვენ იმ მოსაზრებისაკენ ვიხრებით, რომ პაპაკი არის ირანელი პიტიახში და ამდენად მის საკითხს აღარ განვიხილავთ.
#3 სამარხში აღმოჩენილ თასს, შემდეგი სახის წარწერა აქვს _„მე მეფე ფლავიოს დადესმა ვაჩუქე [ეს ლანგარი] ბერსუმა პიტიახშს“ (86167 საქმე გვაქვს მეორად დამარხვასთან და როგორც ჩანს, უცხო ქვეყანაში დაღუპული ბერსუმა ამ დროს გადმოასვენეს სამშობლოში (167;59). პ. ინგოროყვა თასის ფსკერზე არსებულ ორ ნიშანს კითხულობდა როგორც ქართულ ასოებს: „ბ“-სა და „პ“-ს. აქედან გამომდინარე, იძლეოდა წაკითხვის ორ ვარიანტს: პირველი _ბერცუმ ქართლის პიტიახში; მეორე _ მისი აზრით უფრო მისაღები _ „ბერცუმ პიტიახში ქარძამის ძეი“ და თვლიდა მას უფლისწულად. მკვლევარი, ფლავიოს დადეს აიგივებდა `ქართლის ცხოვრების“ ქართამ მეფესთან, მიიჩნევდა რა ამ უკანასკნელს 76-96 წლების მოღვაწედ (99:411-417). ეს მოსაზრება ძნელი გასაზიარებელია, რადგან „ეს ორი ნიშანი ისეთია, რომ მათში არც სხვა დამწერლობის ასოების ამოკითხვა გაჭირდებოდა“(167;54). ს. ყაუხჩიშვილი აღნიშნავდა, რომ მეფის სახელი ქართულად იქნებოდა დადი, წარწერის დათარიღებაზე კი ის თავს იკავებდა(224;171). თ. ყაუხჩიშვილის აზრით, წარწერა II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისისაა (222;265). ნ. პაჭიკაშვილის აზრით, ბერსუმა პიტიახში III სა-უკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე იყო (183;153).
#4 სამარხში აღმოჩნდა სტელა, შემდეგი წარწერით _ „მეფე მიჰრიდატ, მეფე დიდი, ძე ფარსმან მეფისა დიდისა, მე შარაგასმა, ძემან ზევახ უფლისა, მე შარაგასმა პიტიახშმა მიჰრიდატ მეფისა სიტყვა და ასეთი საიტყვა ვთქვი (167;62). აშკარაა, რომ შარაგასი I საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეა.
არმაზისხევში აღმოჩენილი თასების მსგავსი თასი იქნა ნაპოვნი სოფელ ბორშიც, ისტორიული არგვეთის ტერიტორიაზე. მასზე მოთავსებულია შემდეგი სახის წარწერა _ „ბუზმიჰრ კეთილი პიტიახში“. შ. ამირანაშვილის აზრით, „პიტიახში ბუზმიჰრი ... ცხოვრობდა არა უგვიანეს პირველი საუკუნისა~ (7;118). ამავე დროს მეცნიერი აღნიშნავდა, რომ ბორის თასი და არმაზის თასები შესრულების ტექნიკითა და გამოსახულებითაც ენათესავება ერთმანეთს (7;113). ა. ბორისოვის აზრით, თასი განეკუთვნება IV საუკუნეს და მასში მოხსენიებული ბუზმიჰრი შესაძლოა გავაიგივოთ პეტრე იბერის ბაბუა ბუზმარიოსთან (271;10). გ. ცქიტიშვილმა, ბორის თასის წარწერაზე დაყრდნობით ივარაუდა არგვეთში, ქართლის სამეფოს საპიტიახშოს არსებობა. „ბორის თასის წარწერაში მოხსენიებული პიტიახში იბერიის ერთ-ერთ პიტიახშად ანუ ერისთავად ვიგულისხმოთ... ანტიკური დროის იბერიაშიც არსებობდნენ „მონაპირე“ პიტიახშები, მსგავსად სომხეთის პიტიახშებისა და ივანე ახალციხელისა ... ბორის პიტიახში ერთ-ერთი მათგანია“ (241;308-309). მკვლევარის აზრით, თასი ზოგადად I-IV საუკუნეებისაა. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეთანხმება გ. წერეთლის აზრს _ რომელსაც თასის წარწერა არმაზის ბილინგვაზე ძველად მიაჩნდა (241;300). შემდგომში გ. ცქიტიშვილი კიდევ ერთხელ შეეხო ბუზმიჰრის საკითხს და აღნიშნა, რომ „ანტიკური ხანის ქართლის სამეფოს ლომსიათ-ხევის საერისთავოს ცენტრი იყო შორაპანი. ბუზმიჰრ პიტიახში ფარსმან II-ის ერისთავია. ამ ერისთავის ერთ-ერთი რეზიდენცია და საგვარეულო სამარხავი შორაპნის სანახებში, ლომსიათ-ხევის ს. ბორში არსებულა, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ შორაპნის ერისთავების გვარი წარმოშობით ბორელია და ეს გვარი ახ. წ. აღ-ის I საუკუნეში დაწინაურდა“(242;95). გ. მელიქიშვილი საგანგებოდ არ საუბრობს თასის დათარიღებაზე, მაგრამ როგორც მისი მსჯელობიდან შეიძლება დავასკვნათ, მას თასი II საუკუნისად მიაჩნდა (149:527).
როგორც ვხედავთ, ბუზმიჰრის მოღვაწეობის პერიოდის განსაზღვრაში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.ამასთანავე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, თუ რას უნდა ნიშნავდეს არგვეთში იმ თასის აღმოჩენა, რომლის წარწერაშიც მოიხსენიება „პიტიახში“. ეს ფაქტი მიუთითებს მართლაც საპიტიახშოს არსებობას ამ მხარეში თუ რაიმე სხვა სახის მოვლენასთან გვაქვს საქმე. არგვეთის საერისთავოს არსებობა, როგორც ჩანს რეალური ფაქტია და ის მართლაც შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში. არაფერი იქნებოდა გასარკვევი, წარწერაში რომ იყოს ტერმინი „ერისთავი“. ჩვენ არ ვიზიარებთ იმ თვალსაზრისს, რომ „ერისთავი“ და „პიტიახში“ ერთი და იგივე თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინებია. ამდენად, არგვეთში საერისთავოს არსებობა, ჩვენი აზრით, ვერ ხსნის ამ მხარეში ტერმინ „პიტიახშის“ მოხსენიებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართლის სამეფოში იყო ერთი პიტიახში და ამიტომ არგვეთში „სანაპირო საპიტიახშოს“ არსებობა ნაკლებ სავარაუდოა. ამ მხრივ მეტად საინტერესოა. ბოგვერაძის თვალსაზრისი _ „თუ გავითვალისწინებთ იმ საკმაოდ ფეხმოკიდებულ მოსაზრებას, რომ მეფის შემდგომ მეორე ხელისუფალი ადრე იბერიაში პიტიახშის წოდებას ატარებდა, არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბორის ვერცხლის თასზე მოხსენიებული „ბუზმიჰრ კეთილი პიტიახში„ III საუკუნეში იყო სწორედ მეორე მეფის შემდგომ (ეს თასი, რომლის სიახლოვე არმაზისხევის სამაროვანის ნივთებთან და კერძოდ მისი მსგავსება ბერსუმა პიტიახშის თასთან უცილობელია, ცენტრიდან უნდა იყოს მოხვედრილი არგვეთის ერისთავის (?) კარზე)“ (53:31). ბორისა და არმაზისხევის თასების ძალზედ დიდი მსგავსება, რომელზეც შ. ამირანაშვილმა გაამახვილა ყურადღება (7;113) სადავო არ არის და გაზიარებულიცაა ისტორიოგრაფიაში (149:527). მათი მსგავსება მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს _ მათი პატრონები (ბერსუმა, ბუზმიჰრი) ერთი და იგივე სტატუსის მქონე პირები უნდა ყოფილიყვნენ. ბერსუმა არმაზისხევის პიტიახშთა ე.წ. „ზევახის გვარის“ წარმომადგენელი იყო (ამის შესახებ დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ). ეს უკანასკნელნი კი რიგითი ერისთავები როდი იყვნენ. ჩვენ ვიზიარებთ ა. ბოგვერაძის მოსაზრებას, რომ ბუზმიჰრი მეფის შემდგომ მეორე პირი იყო. შესაძლოა ისიც, რომ მისი კუთვნილი თასი აღმოჩნდა არგვეთის ერისთავის კარზე (ბუზმიჰრმა შესაძლოა ის აჩუქა ერისთავს). თუმცა ჩვენი აზრით, გამორიცხული არ არის ისიც, რომ ამ პროვინციაში გარკვეული ხნის მანძილზე იმყოფებოდა პიტიახში ბუზმიჰრი და ამიტომ არის აქ ნაპოვნი თასი მისი წარწერით. ქართლის სამეფო კარის ესოდენ მაღალი თანამდებობის პირის ყოფნა სასაზღვრო მხარეში, ალბათ გამოწვეული იყო ამ პროვინციის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობით გარკვეულ პერიოდში. სასაზღვრო მხარე საერთოდ ყოველთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, არგვეთში პიტიახშის ყოფნა მოსალოდნელია შემდეგი ორი მომენტის დროს: პირველი _ როცა ეს მხარე ახალი შემოერთებული ჰქონდა ქართლის სამეფოს და აქ მისი გავლენის განმტკიცება იყო საჭირო; მეორე _ ჩვენი აზრით უფრო მისაღები _ როცა ლაზთა სამეფო გაძლიერდა და სერიოზულად დაემუქრა ქართლის სამეფოს ამ ლიხს-იქითა პროვინციას და მისი დაცვა გახდა აქტუალური.
სამწუხაროდ წყაროთა მონაცემები მეტად მცირეა I-IV საუკუნეების პოლიტიკური ისტორიის შესახებ (ლეონტი მროველის მიხედვით, ეს მხარე ფარნავაზიდან მოყოლებული ყოველთვის ქართლის შემადგენლობაშია) და ზუსტი განსაზღვრა თუ როდის და სად გადიოდა ქართლის სამეფოს საზღვარი, საკმაოდ რთულია. პროკოფი კესარიელის მიხედვით, სკანდა და შორაპანი ლაზების მიერ არის აგებული _ „სკანდა და სარაპანი ... ეს ციხეები ლაზებს ძველად აუგიათ“ (185;155). ლეკვინაძის აზრით, სკანდის ციხის აშენების ქვედა ზღვარია IV საუკუნე, ხოლო შორაპნის ციხისა V საუკუნე (132:150). საინტერესოა და გასათვალისწინებელი, რომ VI საუკუნეში მოღვაწე პროკოფი კესარიელისათვის ორივე ციხე „ძველად არის აგებული“. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავეთანხმოთ ნ. ლომოურს, რომ IV სუკუნეში არგვეთი ქართლის სამეფოს აღარ ეკუთვნის და ლაზების ხელშია (128:386).
ცხადია ასეთ შემთხვევაში ამ მხარეში IV საუკუნის შემდეგ პიტიახშის არსებობა გამორიცხულია.
I საუკუნეში ქართლის სამეფო იწყებს გაძლიერებას, მაგრამ წყაროებში საუბარია ქართლის ექსპანსიაზე სამხრეთით. დასავლეთით საზღვრის გაფართოვებაზე არაფერია ნათქვამი. 131 წელს, ფლავიუს არიანეს მოგზაურობის დროს, ქართლის სამეფოს საზღვრის ერთი ნაწილი შავ ზღვამდე აღწევს (209;42). მართალია არგვეთის შესახებ ცნობები არ გვაქვს, მაგრამ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ქართლის სამეფოს ძლიერების ზენიტში ყოფნის დროს არგვეთიც მის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო.
ჩვენი აზრით, შესაძლოა დავუშვათ, რომ ქართლის სამეფომ არგვეთი შეიერთა I-II საუკუნეების მიჯნაზე (ფლავიუს არიანეს დროს ის უკვე ქართლს ეკუთვნის), ხოლო დაკარგა IV საუკუნეში (ცხადია ლაზები შემოერთებისთანავე დაიწყებდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მხარეში ციხის მშენებლობას). აქედან გამომდინარე, ბუზმიჰრის მოღვაწეობა უნდა განისაზღვროს ან I-II ანდა III-IV საუკუნეების მიჯნით. I-II საუკუნეებში მოღვაწეობდნენ: შარაგასი, ზევახ მცირე და ბუზმიჰრისთვის თითქოს ადგილი არც რჩება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბორისოვი თასს IV საუკუნით ათარიღებს (267;10), ხოლო ალთაიმი და შტილი III საუკუნით (306;88) სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ ბუზმიჰრის მოღვაწეობა III-IV საუკუნეების მიჯნაზე.
ორი პიტიახშის ვინაობას ვიგებთ არმაზის ცნობილი ბილინგვის ტექსტიდან. ესენი არიან: ზევახ მცირე და პუბლიკოს აგრიპა. ნ. პაჭიკაშვილი თვლის,რომ აგრიპას პიტიახშობა საეჭვოა, რადგან ეს უკანასკნელი ამ ტიტულით მოიხსენიება მხოლოდ ბერძნულ ტექსტში არამეულში კი ისიც და მისი ვაჟიც იწოდებიან ეპიტროპოსად ანუ ეზოსმოძღვრად (183;148). მართლაც, აგრიპა არამეული ტექსტით არის ეპიტროპოსი, ბერძნულით კი პიტიახში. გ. წერეთელი თვლიდა, რომ „შეიძლება აგრიპა ორივე თანამდებობას ასრულებდა ... მაგრამ შეიძლება ეს მწერლის დაუდევრობითაც აიხსნას“ (246;46). ამასთან დაკავშირებით მართებულად შენიშნავდა ა.შანიძე _ „არა ასეთ დაუდევრობას ვერ დავსწამებთ. თუ ვიტყვით, რომ დაუდევრობა იყო ამ შემთხვევაშიო, მაშინ ისიც დასაშვებია, რომ წარწერის შემდგენელი შეცდომით თარგმნიდა ტერმინს ერთი ენიდან მეორეზე~ (228;144). 2002 წელს, კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გ. გიორგაძემ წაიკითხა მოხსენება არმაზის ბილინგვის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მისი აზრით, ბილინგვის ბეძნულ ტექსტში შეცდომებია და უნდა დავეყრდნოთ ძირითად _ არამეულ ტექსტს. ჩვენი აზრით, შეცდომა გამორიცხულია. არამეული და ბერძნული ტექსტები განსხვავდებიან იმიტომ, რომ მათში აღწერილია სხვადასხვა პერიოდის ვითარება. არამეულში ფარსმანის დროინდელი მდგომარეობა, ბერძნულში კი ქსეფარნუგის დროინდელი. აგრიპას მოხსენიება ბერძნულ ტექსტში პიტიახშობით, ნიშნავს ამ უკანასკნელის მიერ ამ თანამდებობის ფლობას. აქვე შევეხებით ბილინგვასთან დაკავშირებულ ერთ, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს. თავის დროზე, გ. წერეთელი შენიშნავდა _ „სპეციალურ ლიტერატურაში გავრცელებულია აზრი, რომ პიტიახში ის მეორე პირია მეფის შემდგომ რომელიც მართლმსაჯულებისა და ომის საქმეებს განაგებდა და რომლის შესახებ სტრაბონი მოგვითხრობს. მაგრამ ჩვენი აზრით, ეს სწორი არ უნდა იყოს. ჩვენ უკვე გამოვარკვიეთ, რომ პიტიახში სომხეთშიც და საქართველოშიც რამდენიმე იყო და ყველას მათ არ შეეძლოთ ერთდროულად (მეფის შემდეგ) მეორე ადგილი სჭეროდათ. ამის მტკიცება არ შეიძლება თვით დიდი პიტიახშის შესახებაც“(246;41). დიდი და მცირე პიტიახშების საკითხს ჩვენ უკვე შევეხეთ და აღარ დავუბრუნდებით. ცხადია, პიტიახში რომ მივიჩნიოთ მეფის შემდგომ მეორე პირად, ამისთვის პირველ ყოვლისა აუცილებელია სამეფოში არსებობდეს ერთი პიტიახში. საკმარისია ერთდროულად იყოს თუნდაც ორი პიტიახში, რომ ამ ტიტულის ამდაგვარი გაგება თავისთავად გამოირიცხება. ამ მხრივ ბილინგვა ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, რადგან აქ ორი პიტიახშია დაფიქსირებული: ზევახ მცირე და პუბლიკოს აგრიპა. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი ცხადია, მაგრამ თუ დავუკვირდებით არამეულ და ბერძნულ ტექსტებს და ერთმანეთს შევადადრებთ, შეიძლება სულ სხვა სურათი დავინახოთ. არამეული ტექსტი გვამცნობს: „მე სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა ... ეზოსმოძღვარი ქსეფარნუგ მეფისა, ძე აგრიპისა... ეზოსმოძღვარი ფარსმან მეფისა...“(247;48). ირკვევა, რომ ზევახ მცირე არის ფარსმან მეფის პიტიახში. აგრიპა ამავე ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი. მისი ძე კი ქსეფარნუგ მეფის ეზოსმოძღვარი. ბერძნულ ტექსტში ვკითხულობთ _ „სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, პიტიახშისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძისა იოდმანგანისა, ივერთა დიდი მეფის ქსეფარნუგის მრავალთა გამარჯვებათა მომპოვებელი ეპიტროპისა ...“(246;17). დასტურდება, რომ იოდმანგანი ქსეფარნუგ მეფის ეზოსმოძღვარია (ეპიტროპოსი). ზევახ მცირე და აგრიპა პიტიახშები არიან, მაგრამ არაა მითითებული თუ რომელი მეფის. ორივე ტექსტის შედარების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ _ იოდმანგანი ქსეფარნუგ მეფის ეზოსმოძღვარია (ორივე ტექსტით); ზევახ მცირე ფარსმან მეფის პიტიახშია (არამეული ტექსტით); აგრიპა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარია (არამეული ტექსტით) და ამავე დროს პიტიახშადაც ჩანს (ბერძნული ტექსტით). მაგრამ არაა დასახელებული თუ რომელი მეფის პიტიახშია ის. ჩვენი აზრით, წარწერის შესრულების მომენტში აგრიპა არ შეიძლება მივიჩნიოთ ორივე თანამდებობის _ პიტიახში და ეზოსმოძღვარი _ მფლობელად, რადგან ამ დროს მისი ძეა ეზოსმოძღვარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აგრიპა არის ქსეფარნუგ მეფის პიტიახში. ფარსმან მეფის დროს, პიტიახშია ზევახ მცირე და ეზოსმოძღვარი აგრიპა. ქსეფარნუგის დროს პიტიახშია უკვე აგრიპა და ეზოსმოძღვარი მისი ძე იოდმანგანი. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, ცხადია, რომ პიტიახშობა უფრო დიდი პატივი იყო ვიდრე ეზოსმოძღვრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მამა (აგრიპა) თავის თანამდებობას არ დაუთმობდა შვილს (იოდმანგანს). თუ რატომ დაკარგა ზევახ მცირემ პიტიახშობა, ძნელი სათქმელია. შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ. გ. წერეთელი წერდა _ „ადვილი შესაძლებელია, რომ წარწერის შედგენის მომენტში ზევახი არც კი ყოფილიყო ცოცხალი“ (246;35). ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ აგრიპას პიტიახშობა მიუღია ზევახ მცირის გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ჩვენი აზრით, შესაძლოა ვივარაუდოთ მოვლენათა სხვაგვარი განვითარებაც. გ. მელიქიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ბილინგვაში მოხსენიებული არ არის ქსეფარნუგის მამა და ეს მაშინ როცა ყველა სხვა პირის მამა დასახელებულია. ამავე დროს, ბერძნულ ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები მეფე ფარსმანი. გ. მელიქიშვილი ყოველივე ამას უკავშირებს ლეონტი მროველთან დაცულ ცნობას, რომ ფარსმანი მოწამლეს და გამოთქვამს შემდეგ ვარაუდს _ „შეიძლება იგი (ფარსმანი _ მ.ბ.) მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა, რომლის შემდეგ ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედზემოხსენებულმა ხსეფარნუგმა“(149:534). ჩვენი აზრითაც, ქსეფარნუგი არ უნდა იყოს ფარსმანის ძე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ალბათ მართლაც აღნიშნული იქნებოდა ბილინგვის ტექსტში. თუ გავიზიარებთ თვალსაზრისს, რომ ეზოსმოძღვარი ხელმძღვანელობდა მეფის პირად დაცვას(147:648), მაშინ ცხადია, რომ აგრიპას გარეშე შეთქმულება ძნელად თუ განხორციელდებოდა. შესაძლოა, შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, ახალმა მეფემ აგრიპა პიტიახშობის ბოძებით „დაასაჩუქრა“. ეგებ ქორწინება სერაფიტასა და იოდმანგანს შორის პოლიტიკური მიზნებითაც შესდგა, რომ ამგვარად მომხდარიყო პიტიახშობის მფლობელი ორი საგვარეულოს _ ძველისა და ახლის დამოყვრება _ შერიგება.
ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ არმაზის ბილინგვა ცნობებს გვაწვდის არა ორი პიტიახშის ერთდროული არსებობის შესახებ, არამედ მათი თანმიმდევრული მოღვაწეობის შესახებ. ამდენად არმაზის ბილინგვა ხელს არ უშლის იმის მტკიცებას, რომ ქართლის სამეფოში იყო ერთი პიტიახში (შესაძლოა ის ითვლებოდა კიდეც მეფის შემდგომ მეორე პირად).
კიდევ ერთი პიტიახშის ვინაობას გვაცნობს, პარიზში დაცული ბეჭდის ბერძნული წარწერა. პ. ინგორიყვა შემდეგნაირად კითხულობს მას _ „უსა, პიტიახში ქართველთა (იბერთა) კარქედისაი„. მკვლევარს „კარ-ქედი“ მიაჩნია „კლდეკარის~ დამახინჯებულ ფორმად, თავად უშა კი წინაქრისტიანული ხანის მოღვაწედ (98:297). ექ. თაყაიშვილის აზრით, წარწერა შემდეგნაირად უნდა წავიკითხოთ: „უჩა პიტიახში იბერთა-ქართლელთა“. მისი აზრით, უჩა იყო პიტიახში იბერიისაც და ქართლისაც, მაშინ როცა არშუშა და ვარსქენი მხოლოდ ქართლის პიტიახშები იყვნენ (91:100). თაყაიშვილისეული წაკითხვა გაიზიარა ბ. კუფტინმა და აღნიშნა, რომ „არავითარი საფუძველი არაა სახელი გადავაკეთოთ აშუშა || არშუშად“ (127:318). მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სიტყვა KARXHDON (კარხედონ) გაგება. ყველაზე უფრო მისაღები ვარიანტი წარწერის წაკითხვისა ეკუთვნის კ. კეკელიძეს. მან სებეოსის ცნობის გათვალისწინებით, რომელიც სასანიდებს კარქედონელთა დინასტიად იხსენიებს (275;26), შემოგვთავაზა წაკითხვის შემდეგი ვარიანტი _ „აშუშა, სასანელთა იბერების პიტიახში“ ე.ი. „აშუშა, სპარსეთის იბერთა პიტიახში“(115:150). ასეთი წაკითხვა გაიზიარა ა. ბოგვერაძემაც (49:66). თუმცა ასეთი წაკითხვის შემთხვევაშიც არსებობს რამდენიმე დამაფიქრებელი მომენტიც. ჯერ ერთი რა საჭირო იყო სახელის შემოკლება უშა ფორმით და მეორეც, სპარსეთის იბერთა პიტიახში რატომ აკეთებს წარწერას ბერძნულად. კ. კეკელიძეს ეს იმის მიმანიშნებლად მიაჩნია, „რომ სპარსეთის იბერიის მოსახლეობას როგორც ქრისტიანულს, კულტურული და უნდა ვიფიქროთ, პოლიტიკური მიდრეკილება ბეძნებთან მეტი ჰქონდათ ვიდრე ირანთან“(115:154). სპარსეთის იბერიის ქვეშ, მეცნიერი გულისხმობს 369 წლის გაყოფის შემდეგ ირანის გავლენის ქვეშ დარჩენილ ნაწილს. აშუშა კი IV საუკუნის მოღვაწედ მიაჩნია (115:150,153). ჩვენ როგორც უკვე აღვნიშნეთ, კ. კეკელიძის მოსაზრება ყველაზე მისაღებად მიგვაჩნია. აშუშა კი მართლაც IV საუკუნის მოღვაწე უნდა იყოს. ამდენად მის საკითხს ჩვენ ოდნავ ქვემოთ შევეხებით და არ განვიხილავთ I-III საუკუნეების პიტიახშებთან ერთად.
I-III საუკუნეებში ჩვენთვის ცნობილი არიან პიტიახშები: ასფაგური, შარაგასი, ბერსუმა, ბუზმიჰრი, ზევახ მცირე და პუბლიკოს აგრიპა.
ნ. პაჭიკაშვილმა თავის ნაშრომში, რომელიც ეხება არმაზისხევის პიტიახშებს, სცადა დაედგინა მათი გენეალოგია. მან ამ საგვარეულოს პირობითად `ზევახის გვარი~ უწოდა და შემდეგი სახის გენეალოგიური სქემა შემოგვთავაზა:
ზევახი „უფალი“ I საუკუნე (მოიხსენიება მონოლინგვაში)
|
შარაგასი I საუკუნე (მონოლინგვა)
|
ზევახი „მცირე“ II საუკუნის 1-ლი ნახევარი (ბილინგვა, საპიტიახშო ქამრის ბალთა წარწერით „კარპაკი, ძევაქი ჩემი სიცოცხლეა“)
|
ასპარუკი II საუკუნის შუა წლები, მე-2 ნახევარი (ოქროს ბეჭედი)
|
ზევახი II საუკუნის მიწურული (ბეჭედი წარწერით „ძევაქი“)
|
ბერსუმა III საუკუნის 1-ლი ნახევარი (ვერცხლის ლანგარის წარწერა)
|
ზევახი III საუკუნის მე-2 ნახევარი (ბეჭედი წარწერით „ძ.ვ.ქ.“)
მკვლევარის აზრით, ეს საგვარეულო არსებობს I-III საუკუნეებში, ხოლო „IV საუკუნიდან პიტიახშის ხელს არშუშას გვარში ვხვდებით“. უნდა აღინიშნოს, რომ ზევახ „უფლის“ ასევე მესამე ზევახისა (მოიხსენიება #6 სამარხის ბეჭდის წარწერაში) და მეოთხე ზევახის (#2 სამარხის ბეჭდის წარწერა) პიტიახშობას ნ. პაჭიკაშვილი მხოლოდ ვარაუდობს (183;153).
ჩვენი აზრითაც, არც ერთი მათგანი პიტიახში არ არის. მიჰრიდატ მეფის მონოლინგვაში ვკითხულობთ _ „... მე შარაგასმა, ძემან ზევახ უფლისა, მე შარაგასმა პიტიახშმა მიჰრიდატ მეფისა ...“(167;62). ნ. პაჭიკაშვილის აზრით, ზევახის უფლად მოხსენიება არ გამორიცხავს მის პიტიახშობას, რადგან „ყველა პიტიახში ამავე დროს უფალიც იქნებოდა“(183;149). აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ყველა უფალი პიტიახში ვერ იქნებოდა. პ. ინგოროყვა, რომელიც ზევახისა და შარაგასის ნაცვლად კითხულობდა ჭევახოსსა და ჩარაგასს, წერდა _ „აღსანიშნავია, რომ ჭევახოს, მამა ჩარაგასისა, ჩვენ ძეგლზე არ მოიხსენიება პიტიახშის ტიტულით. როგორც ირკვევა, თვით ჭევახოს არ ყოფილა პიტიახში“(99:422). ზევახი პიტიახში რომ ყოფილიყო ის ამ ტიტულით იქნებოდა მოხსენიებული წარწერაში. ჩვენი აზრით, პიტიახშ შარაგასის მამის მოხსენიება უტიტულოდ უხერხულად ჩათვალეს და ამიტომ უწოდეს მას უფალი, რაც ძალიან ზოგადი ტერმინია. (მამაც კი შეიძლება ჩაითვალოს უფლად შვილის მიმართ). გ. ცქიტიშვილის აზრით, რადგან შარაგასის მამა არ არის პიტიახში, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ I საუკუნის შუა ხანებში ეს ინსტიტუტი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის (242;101). ჩვენ არ ვიზიარებთ ამ დასკვნას. თუ პიტიახში იგივე ერისთავია და გ. ცქიტიშვილი ამ მოსაზრებას იზიარებს, მაშინ ეს ინსტიტუტი სულ ცოტა ორნახევარი საუკუნის ისტორიას ითვლის. ჩვენი აზრით, ყველაზე რელურია ვივარაუდოთ, რომ შარაგასამდე პიტიახშის „ხელს“ რომელიღაცა სხვა საგვარეულო ფლობდა. რაც შეეხება ორ დანარჩენ ზევახს, ისინი ბეჭდებზე არსებულ წარწერებში მოიხსენიებიან ყოველგვარი ტიტულის გარეშე, მხოლოდ სახელით. ამის საპირისპიროდ შეიძლება აღინიშნოს, რომ ასფაგური და უშა (არშუშა) თავის ბეჭდებზე პიტიახშის ტიტულით არიან მოხსენიებულნი. ასე რომ, ჩვენი აზრით, ზევახების მოხსენიება მარტო სახელით, მათი პიტიახშობის საწინააღმდეგოდ უფრო მეტყველებს. საერთოდ ნ. პაჭიკაშვილის გენეალოგია „ზევახის გვართან„ დაკავშირებით სავსებით მისაღებიამ მაგრამ ყველა მათგანის ჩათვლა პიტიახშად არ მიგვაჩნია სწორად.
ამრიგად ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ექვსი პიტიახშის ვინაობა, რომელთა ქრონოლოგია შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:
შარაგასი I საუკუნის მე-2 ნახევარი, მითრიდატეს თანამედროვე
ზევახ მცირე II საუკუნის 1-ლი ნახევარი, ფარსმანის თანამედროვე
პუბლიკოს-აგრიპა II საუკუნის შუა ხანები, ქსეფარნუგის თანამედროვე
ასფაგური II საუკუნის ბოლო
ბერსუმა III საუკუნის 1-ლი ნახევარი
ბუზმიჰრი III საუკუნის მე-2 ნახევარი _ IV საუკუნის დასაწყისი
ამ ექვსი პიტიახშიდან ოთხი ნამდვილად ერთი საგვარეულოს წარმომადგენელია. პუბლიკოსაგრიპა აშკარად არ განეკუთვნება ამ საგვარეულოს. მან პიტიახშობა, ჩვენი აზრით, ქვეყნის შიდა პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლის შედეგად მიიღო. როგორც ჩანს, „ზევახის გვარმა“ კუთვნილი „ხელი“ მალევე დაიბრუნა, ალბათ ქსეფარნუგის მეფობის დამთავრებისთანავე. ბუზმიჰრის საგვარეულო კუთვნილება უცნობია, გამორიცხული არაა, რომ ისიც „ზევახის გვარს“ ეკუთვნოდეს. თუმცა პირადად ჩვენ ეს ნაკლებ სავარაუდოდ მიგვაჩნია. ბერსუმას მერე შესაძლოა ეს თანამდებობა სხვა გვარმა მიიღო (ბერსუმას ძე, ზევახი (IV) ნამდვილად არ არის ჩვენი აზრით პიტიახში).
I-III საუკუნეების შესახებ, „ქართლის ცხოვრებაში“ მოგვითხრობს ლეონტი მროველი. მასთან ხშირად მოიხსენიებიან სხვადასხვა მხარის ერისთავები, პიტიახში კი არც ერთი. საერთოდ, ამ ტერმინს ლეონტი მხოლოდ ერთხელ ხმარობს, როცა წერს _ „მეფემან სპარსთამან ... მოუწოდა მთავართა სოფლებისათა პიტიახშთა და ერისთავთა სოფლებისათა“(126:60). ჩვენი აზრით, ეს ცნობა უფრო ამ ტიტულების სხვადასხვა შინაარსზე მიუთითებს, ვიდრე მათ იგივეობაზე.
როგორც არა ერთხელ აღვნიშნეთ, თ. გამსახურდიამ შესაძლებლად ჩათვალა, პიტიახში მიეჩნია მეფის შემდგომ მეორე პირად, მაგრამ მკვლევარი ასეთებად არ თვლიდა არმაზისხევის პიტიახშებს. „გამორიცხული არ არის ტერმინ პიტიახშსაც სხვა შინაარსი ჰქონოდა ადრეულ ხანაში, განსხვავებული არმაზულ წარწერებში დამოწმებულლი მნიშვნელობისაგან“(57:75). შევნიშნავთ, რომ არმაზისხევის წარწერებში დაფიქსირებულია მხოლოდ ტერმინი, თავად მის შინაარსზე წარწერები არანაირ ინფორმაციას არ შეიცავენ. ა. ბოგვერაძე განიხილავს რა V-VI საუკუნეების პიტიახშების საკითხს და თვლის, რომ ამ დროს არ არსებობდა მთელი ქართლის მმართველი პიტიახში, იქვე შენიშნავს _ „არმაზული წარწერების პიტიახშებს ამ ხელისუფლების მატარებლებად ვერ მივიჩნევთ“(49:62). კედევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ წყაროები არანაირ ინფორმაციას არ შეიცავენ პიტიახშების უფლება-მოვალეობების შესახებ. შეიძლება მხოლოდ გარკვეული ვარაუდის გამოთქმა. ამასთანავე ყურადღება უნდა მივაქციოთ რამოდენიმე ფაქტს. აღსანიშნავია, რომ III საუკუნისის ბოლომდე ჩვენთვის ცნობილია ქართლის მეფის დაქვემდებარებაში მყოფი მხოლოდ ექვსი პიტიახშის ვინაობა, ცხადია, რომ ამავე პერიოდში ერისთავების რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ექვსი პიტიახშიდან ოთხი ერთი საგვარეულოს წარმომადგენელია. ეს მიუთითებს პიტიახშის „ხელის“ მემკვიდრეობითობაზე და მის დამკვიდრებაზე ერთი საგვარეულოს ხელში. თუ კი ეს გვარი კარგავდა ამ ტიტულს, მხოლოდ გარკვეული შიდა პოლიტიკური მოვლენების გამო (ვგულისხმობთ პუბლიკოს-აგრიპას შემთხვევას). ექვსი პიტიახშიდან, ხუთის რეზიდენცია ნამდვილად არმაზშია. ბუზმიჰრის ყოფნა არგვეთში კი ნაკარნახევია კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მდგომარეობით (ა. ბოგვერაძის აზრით, თავად ბუზმიჰრი არ იმყოფებოდა არგვეთში. უბრალოდ მისი თასი აღმოჩნდა არგვეთის ერისთავის კარზე). აშკარაა, რომ პიტიახშის რეზიდენცია არმაზისხევში მდებარეობდა. ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია რადგან ჩვენთვის ცნობილი არც ერთი საერისთავოს ცენტრი არ ლოკალიზდება არმაზისხევში. უფრო მეტიც, თავად არმაზისხევი, როგორც ჩანს არ შედიოდა არც ერთი საერისთავოს შემადგენლობაში. ჩვენი აზრით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არმაზისხევი არ იყო საერისთავო „ქუეყანა“ და ცხადია არც პიტიახშები იყვნენ ერისთავები. რა თქმა უნდა ჩვენ ვსაუბრობთ ზემოთ ნახსენებ ექვს კონკრეტულ პიტიახშზე, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სხვა პიტიახშები წყაროებით ჩვენთვის უცნობია. არის კიდევ ერთი მომენტი,რომელიც ჩვენი აზრით ანგარიშგასაწევია.
არმაზისხევის ცნობილ ბილინგვაზე დაყრდნობით ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ პიტიახში არის უფრო მაღალი „პატივი“ ვიდრე ცენტრალური აპარატის ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა, როგორიცაა ეზოსმოძღვარი (ეპიტროპოსი). არაფერი რომ არა ვთქვათ ადგილობრივ მმართველებზე _ ერისთავებზე.
ჩვენი აზრით, ქართლის სამეფო კარზე III საუკუნის ბოლომდე მაინც, არსებობდა ერთი პიტიახშის თანამდებობა. ის იყო ცენტრალრი სამოხელეო აპარატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვნი თანამდებობა, შესაძლოა მეფის შემდგომ მეორე პირიც კი. ცხადია ჩვენ ვერ გავიზიარებთ აზრს, პიტიახშისა და ერისთავის იდენტურობის შესახებ. ამიტომ, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ პირებს, რომლებიც წყაროებში მოიხსენიებიან მხოლოდ „პიტიახშობით“, ვერ მივიჩნევთ ერისთავებად. ამიტომ ჩვენი თემის კვლევის დროს მათზე აღარ შევჩერდებით.
ვნახოთ თუ რა ვითარებაა პიტიახშობის ინსტიტუტთან დაკავშირებით ქართლის სამეფოში IV-VI საუკუნეებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის შესახებ წყაროები უფრო მეტია ვიდრე ჩვენს მიერ უკვე განხილულ ხანასთან დაკავშირებით _ მათში ინფორმაცია კონკრეტული პიტიახშების შესახებ მაინც საკმაოდ ცოტაა. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ხუთი პიროვნება, რომლებიც წყაროებში მოიხს ენიებიან პიტიახშის ტიტულით. ესენი არიან:
უშა, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და აქ აღარ შევჩერდებით.
არშუშა (I) _ V საუკუნის შუა ხანების ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა მოიხსენიება როგორც ქართულ წყაროებში, კონკრეტულად იაკობ ხუცესთან. ასევე სომეხი მემატიანეების თხზულებებში: ლაზარ ფარპეცთან (252;218,226), მოვსეს ხორენაცთან (161;231).
ვარსქენი, ძე არშუშასი _ მისი პიტიახშობა გარდა „შუშანიკის მარტვილობისა“ დაფიქსირებულია „მოქცევაი ქართლისაიშიც“(162;94).
არშუშა (II) _ VI საუკუნის 40-იანი წლების მოღვაწე. იხსენიება მხოლოდ ერთგან, „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“(82:34).
არშუშა (III) _ VII საუკუნის დასაწყისის მოღვაწე. მისი პიტიახშობა დასტურდება „ეპისტოლეთა წიგნის“ მიხედვით (81:91)
ქართულ ისტორიოგრაფიაში არავის გაუხდია სადავოდ თვალსაზრისი, რომ არშუშა I, ვარსქენი, არშუშა II და არშუშა III იყვნენ ერთი და იგივე საგვარეულოს წარმომადგენლები. სავარაუდოა, რომ ამავე საგვარეულოს ეკუთვნოდა, როგორც ეს კ. კეკელიძემ აღნიშნა (115:153), IV საუკუნის მოღვაწე უშა (არშუშა).
მკვლევართა ნაწილი, V-VI საუკუნეების პიტიახშებს მიიჩნევს ირანის შაჰის მიერ დანიშნულ მოხელეებად და მისი პოლიტიკის გამტარებლებად (246;41). ეს მოსაზრება სამართლიანად გააკრიტიკა კ. გრიგოლიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ „ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემთხვევა სპარსელთა მიერ პიტიახშების დანიშვნისა. პირიქით, ვარსქენის მაგალითიდან აშკარაა _ პიტიახშობას ისინი მემკვიდრეობით იღებენ“ (71:167).
ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ ქვემო ქართლის პიტიახშები იყვნენ მირიანის სიძის _ ფეროზის შთამომავლები. ა. ბოგვერაძის აზრით, „სამშვილდის ერისთავების პიტიახშობა ფეროზის ნათესავობის შედეგიც იყო“(49:66). ასევე თვლიდა ს. კაკაბაძეც _ „ფეროზის სახლის შვილები შემდეგ იხსენიებიან პიტიახშებად. მათი ხშირი საგვარეულო სახელი იყო არშუშა“(110:108). საუბარია IV საუკუნეში მოღვაწე ფეროზზე, რომლის შესახებაც ლეონტი მროველი წერს _ „მირიან ... მოიყვანა სპარსეთით თვისი მისი, ნათესავი მეფეთა სახელით ფეროზ ... მისცა მირიან ასული თვისი ცოლად და მისცა ქუეყანა ხუნანითგან ბარდავამდე, მტკუარსა ორივე კერძი და დაადგინა იგი ერისთავად მუნ“(126:68). შემდგომში, ბაქარ მირიანის ძემ „გაუცვალა ქუეყანა ... ფეროზს, რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისაგან და მისცა მის წილ სამშვილდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა“(126:130). ჯუანშერი, არჩილთან დაკავშირებით წერს, რომ მან ერთ-ერთი თავისი ძმისწული „მისცა პიტიახშსა, ნათესავსა ფეროზისასა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს“(265;241). სამშვილდის სიონის მაშენებლები თავის თავს მოიხსენიებენ, როგორც „ნათესავით პიტიახშნი“(302;26-28). აშკარაა, რომ ამ მხარის მფლობელები VIII საუკუნეშიც თავს პიტიახშების, კერძოდ კი ფეროზის შთამომავლებად თვლიდნენ. მაგრამ აქ აუცილებლად უნდა შევეხოთ ლეონტის ერთ ცნობას _ „ერისთავმან სპარსთამან წარიყვანა ტყუედ შვილნი ფეროზისნი, ასულის წულნი მირიანისნი“(126:137). ამასთან დაკავშირებით ვ. გოილაძე შენიშნავს _ „ამის შემდეგ IV-VII საუკუნეებში ფეროზის შთამომავალნი მამაკაცის ხაზით წყაროებში აღარ იხსენიებიან“(69:48). ეს კი თითქოს უნდა გამორიცხავდეს ფეროზის შთამომავლების მფლობელობას ქვემო ქართლში. მაგრამ საინტერესოა იმავე ლეონტისთან დაცული კიდევ ერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ მეფე ფარსმანი დედის მხრიდან ფეროზის შთამომავალილ იყო (ფარსმანის მეფობა უფრო მოგვიანო პერიოდის ამბავია, ვიდრე ფეროზის შვილების დატყვევება სპარსელთა მიერ) (126:137). ამდენად ცხადია, რომ ფეროზის შთამომავლობიდან ვიღაცა გადარჩა. სავსებით დასაშვებია ასეთ შემთხვევაში იმის ვარაუდიც, რომ ქვემო ქართლის პიტიახშებიც ფეროზის შთამომავლები ყოფილიყვნენ, თუნდაც ქალის მხრიდან.
თავის დროზე ა. ბოგვერაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ფეროზის დანიშვნა უნდა მომხდარიყო 387 წლის შემდეგ და მან პიტიახშობა ქართლის მეფისაგან კი არ მიიღო, არამედ თან მოიტანა. მკვლევარი წერს _ „რანის ერისთავად ყოფნისას ფეროზი, ეჭვს გარეშეა, პიტიახშის ტიტულს ატარებდა ... ქვემო ქართლის მმართველთა ტიტული მხოლოდ ტრადიციაზე იყო დამყარებული. გარდა იმისა, რომ ამ საგვარეულოს დამაარსებელი ფეროზი პიტიახში იყო, ამ კუთხის ძველი (სომხური) ტრადიციაც, რომლის მიხედვითაც ამ მხარის მმართველები თავის დროზე „პიტიახშის“ (ბდეშხის) წოდებას ატარებდნენ, ვფიქრობთ, ხელს უწყობდა იმას, რომ ფეროზიანების მიმართ „პიტიახშის“ ტიტული დამკვიდრებულიყო“ (49:65-66).
შემდგომში ა. ბოგვერაძე კვლავ შეეხო ფეროზის საკითხს, ბოლნისის სიონის ცნობილი სააღმშენებლო წარწერის დათარიღებასთან დაკავშირებით. მეცნიერი აღნიშნავს, რომ ლეონტი მროველის ცნობებში ფეროზის შესახებ „ყველაზე სანდო და რეალური მისი მთავრობა ჩანს ქვემო ქართლში, მირიან მეფის მემკვიდრეების დროს. საფიქრებელია, რომ პეროზი ქვემო ქართლში 370-იანი წლების დასასრულს ან 380-იანი წლების დასაწყისში დამკვიდრებულიყო, როცა ორმეფობას ქართლში ბოლო მოეღო და მთელი სამეფო ირანის ქვეშევრდომ ასპაგურ მეფეს დარჩა. მანამდე ეს მხარე რომის ქვეშევრდომ საურმაგ მეფის სამეფოს უმთავრესი პროვინცია იყო და საეჭვოა, იმ დროს აქ გამგებლად ირანის სამეფო საგვარეულოს წევრი ყოფილიყო. საფიქრებელია რომ პეროზი ქვემო ქართლში, რომაელთა ერთგული საურმაგ მეფის ქვეყანაში შაჰის მიერ იყო დამკვიდრებული ქართლის სამეფოზე კონტროლის უზრუნველსაყოფად. გამორიცხული არაა, რომ მანამდე ის ალბანეთში ან მის მომიჯნავე ქვეყანაში პროვინციის გამგებელი ყოფილიყო და დაქორწინებული ქართლის სამეფო სახლის ერთ-ერთ წევრზე, მაგრამ გვიანდელ გადმოცემებში ის მირიან მეფის ერისთავად და უშუალოდ მის სიძედ ქცეულიყო. ჩემი შთაბეჭდილებით ერთ-ერთი წერილობითი წყარო, რომელმაც პეროზის შესახებ გადმოცემები ლეონტის დრომდე შემოინახა იყო სწორედ ბოლნისის სიონის საამშენებლო წარწერა.
საფიქრებელია, რომ სწორედ ამ გადმოცემებმა მისცა საფუძველი ლეონტი მროველს თვით მეფე მირიანიც ირანის სამეფო საგვარეულოს წევრად და ჩანს, ამ მართლა სასანიანი უფლისწულის „თვიისად“ და „ნათესავად“ მიეჩნია ...ლეონტის ცნობა, რომ ქართლის დამხარკველმა სპარსთა ერისთავმა დაატყვევა და წაიყვანა შვილნი პეროზისანი, თითქმის სიმართლეს უნდა შეეფარდებოდეს, რადგან 420-იანი წლებიდან ამ რეგიონში მმართველი საგვარეულო, ჩვენი აზრით, შეცვლილია არშუშა პიტიახშისა და მისი მემკვიდრეების სახით. ის ფაქტი, რომ არშუშას სახელი საუკუნეების განმავლობაში მეორდებოდა მათში, ხოლო პეროზისა არა, თანაც როგორც წესი ისინი პიტიახშები იყვნენ და არა ნახპეტები, იმაზე ლაპარაკობს, რომ პიტიახშთა ამ სახლის ფუძემდებელი იყო არშუშა. მართალია თვით „ქართლის ცხოვრებაში“ შემდეგ თითქოს ამ საგვარეულოებზე არსებული გადმოცემების შეერთებასთან გვაქვს საქმე, როცა არჩილ ერისმთავრის დროს ქვემო ქართლის ერისთავი სხვა ერისთავებისაგან განსხვავებით მოხსენიებულია, როგორც „პიტიახში“ და იმავდროულად „ფეროზის ნათესავიც“. შესაძლებელია, რომ ქვემო ქართლის ერისთავების სახლში დაცული იყო გადმოცემა, რაც „ქართლის ცხოვრებაშიც“ აისახა, რომ ისინი არა მარტო ჩვენთვის ცნობილი პიტიახშების მემკვიდრეები იყვნენ, არამედ თვით „მეფეთა ნათესავ ფეროზისაც“(52:89-90).
ჩვენი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ ფეროზი მართლაც ყოფილიყო მირიანის სიძე და მისი ერისთავი. რაც შეეხება ცნობას, სპარსთა მეფის ერისთავის მიერ ფეროზის შვილების ტყვედ წაყვანას როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას რომ ფეროზის შთამომავლების ნაწილი გადარჩენილიყო და დარჩენილიყო ქართლში. ვ. გოილაძე მართალია, როცა ხაზს უსვამს, რომ ამ მოვლენის მერე ფეროზის შთამომავალნი მამაკაცის ხაზით აღარ იხსენიებიან (69:48). სავარაუდოა, რომ დარჩა ნათესავობა ქალის მხრიდან (ერთ-ერთი მათგანი _ მეფე ფარსმანი ხომ ლეონტისთანაც მოიხსენიება). ჩვენი აზრით, შეიძლება ვივარაუდოთ მოვლენათა შემდეგი განვითარება: მას შემდეგ რაც აღარ დარჩა ფეროზის მემკვიდრე მამაკაცის ხაზით, განთავისუფლდა ქვემო ქართლის მმართველის თანამდებობა, რომელიც ატარებდა „პიტიახშის“ ტიტულს. აღნიშნული პატივი ებოძა არშუშას გვარს, რომლის პირველი წარმომადგენელიც იყო უშა (არშუშა), მოხსენიებული პარიზში დაცული ბეჭდის წარწერაში. არც ის არის გამორიცხული, რომ უშა (არშუშა) დაუნათესავდა ყოფილი „პიტიახშების“ საგვარეულოს, გახდა ფეროზის შთამომავლების სიძე. მოიყვანა რა ცოლად ფეროზის ერთ-ერთი მემკვიდრე ქალის ხაზით. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ არჩილის დროს ქვემო ქართლის მმართველები იწოდებოდნენ ფეროზის ნათესავებადაც.
რაც შეეხება თავად ფეროზის საკითხს _ ირანის შაჰის მოხელეებს ამიერკავკასიაში, რომლებსაც „ქართლის ცხოვრება“ „რანის ერისთავობით“ მოიხსენიებს, „მოქცევაი ქართლისაი“ პიტიახშებს უწოდებს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ბარზაბოდი (265;92 და 158;141). ასე რომ, ფეროზის პიტიახშობა საქართველოში მოსვლამდა დასაშვებია. მაგრამ, ჩვენი აზრით, ფეროზი ამ ტიტულს თან ვერ მოიტანდა. რადგან ეს არ იყო მისი პირადი ტიტული. ის გარკვეულ თანამდებობას უკავშირდებოდა და შაჰის მიერ იყო ნაბოძები. თანაც, ახლად გაქრისტიანებული ყოფილი ირანელი მოხელე, რატომ მოებღაუჭებოდა ირანულ ტიტულს. ჩვენ მოვლენათა შემდეგნაირ განვითარებას ვვარაუდობთ: ფეროზი მოდის ქართლში. მას აძლევენ ქვემო ქართლს და უბოძებენ პიტიახშობას. იმ პიტიახშობას, რომლის არსებობაც ქართლის სამეფოში დასტურდება I-III საუკუნეებში. პიტიახშობის ბოძებაში გარკვეული როლი ითამაშა იმანაც, რომ ქვემო ქართლის მმართველები, ამ მხარის სომხეთში ყოფნის დროს ატარებდნენ ბდეშხის (პიტიახშის) ტიტულს და ფეროზის მიერ „რანის ერისთავობის“ დროს ამ ტიტულის ფლობამაც. ამ მხრივ ა. ბოგვერაძის მოსაზრება სრულიად მისაღებია.
გასარკვევია ქრონოლოგიური საკითხი, თუ როდის უნდა მიეღო ქვემო ქართლი ფეროზს და როდის უშას (არშუშას). სანამ ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავდეთ, მოკლედ გვინდა შევეხოთ ამ რეგიონის კუთვნილების საკითხს სხვადასხვა პერიოდში და „გუგარქის ბდეშხის“ რაობას.
საყოველთაოდ ცნობილია სტრაბონის ცნობა, რომ ძვ.წ. აღ-ის II საუკუნის დასაწყისში სომხეთმა ქართლის სამეფოს ჩამოაჭრა სამხრეთის ტერიტორიები: პარიადრის მთები, ხორძენა და გოგარენა (223;214). აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გ.მამულია წერს _ „არტაშეს I-მა (189-161) იბერიას ჩამოაჭრა მიწა-წყალი სამხრეთი საზღვრის მთელ სიგრძეზე. მოკიდებული ჭოროხის ხეობის ზემო წელიდან გოგარენის ჩათვლით, ხოლო მოვსეს ხორენაცის ცნობით, მან იბერთა დაპყრობილ მიწა-წყალზე საპიტიახშო დააარსა“(142:117). მკვლევარი ასევე შენიშნავს რომ „აზონის ჩამომავალნი კლარჯეთის ერისთავთა სახლის შვილები, ქართლის მეფეს აუჯანყდნენ და არტაშეს I-ის მხარეზე გადავიდნენ“.
მეფემ ისინი თავის ნახარართა სიაში ჩარიცხა და კლარჯეთი უშუალოდ შეიერთა (142:145). რაც შეეხება მოვსეს ხორენაცის ნახსენებ ცნობას, იგულისხმება სომეხი მემატიანის თხზულებაში დაცული ინფორმაცია, რომ „ჩრდილოეთის გამგებლად დაადგინა დიდი და ძლევამოსილი გვარი, რომლის უფალთ _ გუგარელთა პიტიახშები დაერქვათ. ისინი იყვნენ შთამომავალნი დარეჰის ნახარარის მიჰრდატისა, რომელიც წამოიყვანა ალექსანდრემ და მთავრად დაუსვა ნაბუქოდონოსორის მიერ ტყვედ მოყვანილ ივერიელთა მოდგმას~ (161;106-107). (აღნიშნული ცნობის ანალიზი ამჯერად ჩვენი კონკრეტული კვლევის ფარგლებს სცილდება. ამასთან დაკავშირებით იხ. (148:13-14).
თ. დუნდუასა და ნ. სილაგაძის აზრით, არტაშესმა „იბერიას, აზოს ჩამომავლის, კლარჯეთის ერისთავთა სახლის მამასახლისის სუმბატ ბივრიტიანის (ბაგრატიონის) დახმარებით ზოგი სამხრეთი პროვინცია ჩამოაჭრა ... აღნიშნული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი ახლად შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულში _ გუგარქის საპიტიახშოში გართიანდა, რომლის სათავეში სუმბატი ჩააყენეს“(78:53).
გუგარქის დაბრუნება ქართლმა, როგორც ჩანს მხოლოდ I საუკუნეში მოახერხა. ტაციტუსის მიხედვით, ქართლის მეფე ფარსმანს რომაელებმა, მათთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ გადასცეს ქართლის მომიჯნავე ოლქები, რომლებიც მანამდე სომხეთის შემადგენლობაში შედიოდნენ (130:53). კონკრეტულად რა ოლქებზეა საუბარი არ ჩანს, თუმცა გამორიცხული არაა გოგარენაც იგულისხმებოდეს. ლეონტი მროველის მიხედვით, მეფეების აზორკისა და არმაზელის დროს _ „სომეხთა უკუმოსცეს საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი“(126:49). ნ. ლომოურის აზრით, ამ ცნობაში „აისახა იბერიის ბრძოლა არმენიასთან ძვ. წ. აღ-ის II საუკუნეში მისთვის წართმეული ოლქების უკან დაბრუნებისთვის, რაც პლინიუსის და სტრაბონის ცნობებით ახ. წ. აღ-ის I საუკუნისთვის ამ ოლქების ნაწილობრივ მაინც ქართლისათვის დაბრუნებით დაგვირგვინდა“(130:54). გ.მამულია თვლის, რომ იბერთა საპიტიახშოს გაუქმება მოხდა უფრო ადრე, კერძოდ ტიგრან II-ის (95-56) რომაელებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ (142:145).
ჩვენი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ I-II საუკუნეებში _ ქართლის სამეფოს აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოების პერიოდში, გუგარქი კვლავ დაბრუნებულიყო ქართლის შემადგენლობაში. ასეთ შემთხვევაში, აქ და ახლად დაბრუნებულ სხვა პროვინციებშიც უნდა აღმდგარიყო ტრადიციული, ქართული ადმინისტრაციული ერთეულები _ საერისთავოები, ერისთავებით სათავეში. „გუგარქის ბდეშხის“ თანამდებობა უნდა გაუქმებულიყო, რადგან ეს უკანასკნელი არ იყო ქართული სახელმწიფოებრიობისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტი. თავის დროზე ის შექმნილი იყო უცხო სახელმწიფოს _ სომხეთის ძალდატანებით და ემსახურებოდა ქართლის სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეს. ასეთი, ნახევრად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის არსებობა ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სასაზღვრო რეგიონში, რომელიც ამასთანავე ყოველთვის იყო ცილობის ობიექტი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან, არაფრით არ შედიოდა ქართლის სამეფოს ინტერესებში. ამიტომ ვთვლით, რომ ამ პროვინციის დაბრუნებისთანავე (ალბათ, I საუკუნეში ფარსმანის მეფობოს დროს) აქ უნდა გაუქმებულიყო ქართული სახელმწიფოსთვის საზიანო და მავნე პოლიტიკური წარმონაქმნი.
თავის დროზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რეალურად პიტიახშის ინსტიტუტი ქართლის სამეფოში დასტურდება I საუკუნიდან. პირველი პიროვნება, რომელიც ამ ტიტულით მოიხსენიება, არის შარაგასი. ის იყო მეფე მითრიდატეს (ფარსმანის ძის) თანამედროვე. დაახლოებით ამავე პერიოდში, უფრო ზუსტად ცოტა უფრო ადრე, უნდა მომხდარიყო ჩვენი ვარაუდით გუგარქის შემოერთება და აქ არსებული პიტიახშის „ბდეშხის“ თანამდებობის გაუქმება. ეს ქრონოლოგიური დამთხვევა _ „ბდეშხობის“ გაუქმება და პიტიახშობის პირველი რეალური დადასტურება არმაზისხევში _ შემთხვევითია თუ არა ძნელი სათქმელია. ჩვენ მაინც არ გვგონია, რომ ამ ორ ფაქტს შორის პირდაპირი კავშირი იყოს და ქვემო ქართლში პიტიახშის თანამდებობის გაუქმების საპირისპიროდ შექმნილიყო არმაზისხევის პიტიახშების „ხელი“. ჩვენი აზრით, გუგარქის პიტიახშის თანამდებობა ხელოვნურად იყო შექმნილი და უცხო იყო ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. ამის საპირისპიროდ, არმაზისხევის პიტიახშთა „ხელი“ სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი იყო და ის ალბათ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე არსებობდა ქართლის სამეფოში.
მთელი II საუკუნის მანძილზე, ცხადია ქართლი შეინარჩუნებდა დაბრუნებულ პროვინციებს. ქვემო ქართლის დაკარგვას (თუკი ასეთი რამ საერთოდ მოხდა) ადგილი უნდა ჰქონოდა III საუკუნის მეორე ნახევარში (235;67-68). IV საუკუნეში ქვემო ქართლი კვლავ იბერიის შემადგენლობაშია. მირიან მეფისა და მისი მემკვიდრეების მფლობელობა ქვემო ქართლში, ცალსახად დასტურდება ქართული წყაროებით და სადავო არ არის. ამ საკითხის განხილვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როგორც ეს არაერთხელ არის აღნიშნული ქართულ ისტორიოგრაფიაში (161;281 შენ. 9), რომ სომეხი მემატიანეები თავისი ტენდენციურობის გამო ქართლის მეფეს ზოგჯერ გუგარელთა პიტიახშად მოიხსენიებენ. ამის საილუსტრაციოდ ყველაზე კარგი მაგალითია, როდესაც მოვსეს ხორენაცი მირიან მეფეს უწოდებს ქართველთა წინამძღოლს და გუგარელთა პიტიახშს (161;184).
ამ მცირე ექსკურსის შემდეგ დავუბრუნდეთ ფეროზისა და უშას ქრონოლოგიის საკითხს. უშას საკითხი შედარებით ადვილი გადასაწყვეტია, მას ქვემო ქართლის მმართველობა და პიტიახშის ტიტული უნდა მიეღო IV საუკუნის ბოლოს, როდესაც, ჩვენი აზრით, ის ფეროზის მემკვიდრეების სიძე გახდა. თავის დროზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კ. კეკელიძე უშას გაპიტიახშებას ვარაუდობდა 369 წლის შემდეგ. როცა ქართლი გაიყვეს საურმაგმა და ასფაგურმა. ამიანე მარცელინე შემდეგნაირად აღწერს ქართლში შექმნილ ვითარებას: „სავრომაკი იბერიის სამეფოდან გამოძევებული, თორმეტი ლეგიონითა და ტერენციუსითურთ გაიგზავნა უკან. უკვე მდინარე კიროსს რომ მიუახლოვდა, ასფაგური შეევედრა მას,როგორც ნათესავებმა ერთად ვიმეფოთო; იმ მიზეზით, რომ არც გადადგომა შეეძლო და არც რომაელების მხარეს გადასვლა, რადგან მისი ძე ულტრა აქამდე მძევლის წესით სპარსელებს ჰყავდათ ... (იმპერატორი) დათანხმდა იბერიის გაყოფას ისე, რომ საზღვრად შუაში მდინარე კიროსი დადებულიყო და სავრომაკს არმენიისა და ლაზების მოსაზღვრე მხარე რგებოდა, ასფაგურს კი _ ალბანიისა და სპარსელების მომიჯნავე“(5;130). ჩვენ ვიზიარებთ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საურმაგს ერგო მდინარე მტკვრის მარჯვნივ მდებარე ტერიტორია, ასფაგურს (ქართული წყაროების ვარაზ-ბაკურს) კი _ მდინარე მტკვრის მარცხნივ მდებარე (253;80. 29;86. 127;236). ამ გაყოფის შედეგად, ქვემო ქართლი რომაელების მოკავშირე საურმაგს ერგო. ამიტომ ამ დროს `სპარსეთის იბერთა პიტიახში~ ამ რეგიონში ვერ იმოღვაწებდა. ცხადია, უშას პიტიახშობა ქვემო ქართლში შეეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც IV საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს აღდგა ქართლის სამეფოს ერთიანობა (253;80). როგორც ცნობილია, მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ქართლის სამეფოს ორად გაყოფა გრძელდებოდა V საუკუნის 20-იან წლებამდა (69:86). ამიანე მარცელინე წერს, რომ ირანის შაჰმა შაბურმა „განკარგულება მისცა სურენს, რომ ის, რაც სარდალ ვიქტორს და ურბიციუსს ჰქონდათ მიცემული, იარაღით დაებრუნებინა უკანვე, თუ ვინმე წინააღუდგებოდა; აგრეთვე სავრომაკის დასაცავად გამწესებული ჯარისკაცებისათვის რაც კი შეიძლებოდა უსასტიკესად ევნო. ეს განკარგულებანი სასწრაფოდ ასრულდა კიდეც და ვერც ვეღარაფერი ეშველა ამ საქმეს, ვერც დასჯილი იქნენ, ვინაიდან რომის სახელმწიფოს სხვა საფრთხეც დაატყდა თავს ... “(5;142). ვ. გოილაძის აზრით, შაბურის ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია (69:86). ჩვენი აზრით კი, ამიანეს სიტყვები _ „ეს განკარგულებანი სასწრაფოდ ასრულდა კიდეც და ვერც ვეღარაფერი ეშველა“ _ იმაზე მიუთითებს, რომ შაბურმა შესძლო რომაელებისა და ცხადია საურმაგის განდევნაც ქართლიდან. ჩვენ ვიზიარებთ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებას, IV საუკუნის 70-იან წლებში ქართლის სამეფოს ერთიანობის აღდგენის შესახებ (261;236. 249;83,92). ჩვენი აზრით, უშას პიტიახშობა უნდა მიეღო IV საუკუნის 80-90-იან წლებში.
ცოტა უფრო რთული განსასაზღვრია ფეროზის მიერ პიტიახშობის მიღების პერიოდი. ფეროზი თავდაპირველად მირიანმა მოიყვანა და „მისცა ასული თვისი ცოლად და მისცა ქუეყანა ხუნანიდან ბარდავამდე მტკუარსა ორივე კერძი და დაადგინა იგი ერისთავად მუნ“(126:68). შემდგომში, ბაქარ მირიანის ძემ გაუცვალა „ქუეყანა“ ფეროზსს და „მისცა მის წილ სამშვილდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა~(126:130). ეს ტერიტორია ძირითადად ემთხვევა ფარნავაზის დროინდელი სამშვილდის საერისთავოს და სწორედ ამ დროს უნდა მიეღო მას პიტიახშობა. ჩვენ არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ფეროზმა პიტიახშობა ქართლის მეფისაგან კი არ მიიღო, არამედ თან მოიტანა (49:65). ჩვენ ვთვლით, რომ მას მერე რაც ბაქარ მირიანის ძემ ფეროზს მისცა სამართავად სამშვილდის საერისთავო, ამავე დროს უბოძა პიტიახშობა. ის პიტიახშობა, რომელიც არსებობდა ქართლის სამეფოში და რომელსაც I-III საუკუნეებში ფლობდნენ ჩვენთვის ცნობილი პიროვნებები: შარაგასი, ზევახ მცირე და სხვა. პიტიახშობის ბოძებაში გარკვეული როლი ალბათ იმანაც ითამაშა, რომ ქვემო ქართლის მმართველები ამ მხარის სომხეთში ყოფნის დროს ატარებდნენ პიტიახშის ტიტულს და თავად ფეროზიც „რანის ერისთავად“ ყოფნის დროს იყო პიტიახში.
ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია. ცხადია, რომ ფეროზმა პიტიახშობა მიიღო ბაქარ მირიანის ძის დროს. მთავარი სირთულე არის ის, რომ რთული განსასაზღვრია თავად ბაქარის მეფობის პერიოდი. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ბაქარი მეფობდა 342-364 წლებში (23;95). ვ. გოილაძის აზრით, ბაქარი 334-356 წლებში იჯდა ქართლის სამეფო ტახტზე (69:78). გ. მელიქიშვილს, ბაკურის ზეობის ხანად IV საუკუნის 40-60-იანი ან 60-იანი წლები მიაჩნია (151:170). ისტორიოგრაფიაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, მირიან მეფისა და ამიანე მარცელინესთან მოხსენიებული მერიბანის გაიგივების შესახებ, რომელიც ისტორიკოსს 361 წლის ამბებთან დაკავშირებით ჰყავს მოხსენიებული (253;77. 257;235). ასეთ შემთხვევაში, ბაქარის მეფობა IV საუკუნის 60-იან წლებზე ადრე ვერ ივარაუდება. როგორც არ უნდა დავათარიღოთ ბაქარის მეფობა, ერთი რამ ფაქტია _ მისი მეფობის ზედა ზღვარი ვერ გასცდება IV საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს. 369 წელს აშკარად სხვა პირები ჩანან ქართლში. ჩვენ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ამიანე მარცელინესთან მოხსენიებული მერიბანი არ არის მირიანი არამედ არის მისი შვილიშვილი, ბაქარის ძე _ მირდატი (69:80-81). ამიტომ, ჩვენი აზრით, ბაქარ მირიანის ძეს უნდა ემეფა IV საუკუნის 40-50-იან წლებში.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, ფეროზის გაპიტიახშება უნდა მომხდარიყო IV საუკუნის 40-50-იან წლებში ან უკიდურეს შემთხვევაში 60-იანი წლების ბოლომდა (თუკი მერიბანი მართლაც მირიანია). აი აქ ჩვენ ვაწყდებით ერთ წინააღმდეგობას, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს.
საქმე ეხება V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ფავსტოს ბუზანდის ცნობას, რომლის მიხედვითაც _ სპარსელებთან დაზავების შემდეგ მუშელ მამიკონიანი, სომეხთა ცნობილი სარდალი, იწყებს იმ მხარეების დალაშქვრას, რომლებიც აუჯანყდნენ სომხეთის მეფეს _ „Потом спарапет Мушег пошёл на иверииского царя, жестоко притеснил и разгромил его, покорил всю иверскую страну, предал мечу всех азатов и все нахарарские роды, которых нашёл. Спарапет Мушег приказал распять на кресте Парнавазеанов в иверской стране, а бдешха гугарка, служившего раньше армянскому царю и под конец воставшего, схватив, обезглавил и истребил мужское поколение его рода, а женщин и дочерей увёл в плен. И вообще всех нахараров в этой стране, восставших против армянского царя, обезглавил, весь гавар вновь покорил и взял заложников, а остольних обложил данью. И заняв территорию до старой границы, которая была между Арменией и Иверией, то есть до большой реки Куры, вернулся от туда“(276;162). ფავსტოსის მიხედვით გამოდის, რომ მუშელმა დაიმორჩილა გუგარქი ანუ იგივე გოგარენა, ქვემო ქართლი და ამასთანავე დაიკავა მთელი ტერიტორია მდინარე მტკვრის სამხრეთით. ამ ცნობიდან ისიც გამომდინარეობს, რომ მუშელმა ფაქტობრივად ამოწყვიტა გუგარქის ბდეშხის ანუ იგივე ქვემო ქართლის პიტიახშთა საგვარეულო. ჩვენი ქრონოლოგიიდან გამომდინარე, ეს ფეროზის საგვარეულო უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში არა თუ გამორიცხულია უშას დანათესავება ფეროზის შთამომავლებთან, არამედ ლეონტის ცნობაც, ვარაზ-ბაქარის დროს სპარსელების მიერ ფეროზის შვილების დატყვევების შესახებ მცდარი გამოდის (არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ლეონტი მროველი და ფავსტოსი ერთსა და იმავე ლაშქრობაზე საუბრობენ. ჩვენ ეს მოსაზრება მცდარად მიგვაჩნია).
პირველ რიგში გასარკვევია თუ როდის მოხდა მუშელ მამიკონიანის ლაშქრობა. თავად ფავსტოსის მიხედვით ამის ზუსტი დადგენა ვერ ხერხდება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას ის, რომ ამ დროს სომხეთში პაპი მეფობს. თუ სომეხ მემატიანეს დავეყრდნობით, მოვლენათა განვითარების შემდეგ თანმიმდევრობას მივიღებთ _ ირანელებმა ტყვედ ჩაიგდეს სომხეთის მეფე არშაკ II. ეს მოხდა 367 წელს. სომხებმა დახმარება სთხოვეს რომის იმპერატორ ვალენტინიანს (364-375). ამ უკანსკნელმა სომხეთში გამოგზავნა ჯარი სარდალ ტერენციუსის მეთაურობით და სომხეთში გაამეფა არშაკის ძე პაპი. „Большую окозал помощь греческий царь, послав вместе с царём Папом в армянскую страну стрателата по имени Терентия и комита Адэ с шестью миллионами воиск“ (204;143). მოვსეს ხორენაციც ანალოგიურად აღწერს პაპის გამეფებას _ „დიდმა ნერსესმა (სომეხთა კათალიკოსი _მ.ბ.) შემწეობა ითხოვა თვითმპყრობელ თეოდოსისაგან. ამან გაამეფა პაპი, არშაკის ძე, რომელსაც რიცხვმრავალი ჯარით გამოაყოლა მამაცი სტრატელატი ტერენტიანოსი“(161;206). პაპი გამეფდა 369 წელს და ტახტი 374 წლამდე ეპყრა (266;428). ფავსტოსის მიხედვით, პაპის გამეფების შემდეგ კვლავ გრძელდება ომი სპარსელების წინააღმდეგ. ამ დროს ირანის შაჰია შა-ბურ II (309-379). სომეხთა და რომაელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა რამდენიმე ბრძოლა გამართა ირანელებთან და საბოლოოდ დაამარცხა კიდეც ეს უკანასკნელები. ირანელებს გარკვეული ხნის მანძილზე ბრძოლის წარმოების საშუალება აღარ ჰქონდათ და საომარი მოქმედებები შეწყდა. ამით ისარგებლა მუშელ მამიკონიანმა და დაიწყო იმ ნახარარების დამორჩილება, რომლებიც მეფეს განუდგნენ. სწორედ ამ დროს ლაშქრობს ის ქართლში. ამრიგად, მუშელის ლაშქრობა ქართლში იყო არა სპეციალურად, საგანგებოდ მომზადებული ოპერაცია _ არამედ მუშელის მიერ ნახარარების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი. საინტერესოა, რომ თუ ფავსტოსის მიხედვით ნახარარების დამორჩილება მოხდა ძალის გამოყენებით _ მოვსეს ხორენაცის თანახმად, პაპი და ნახარარები მშვიდობიანად შეარიგა კათალიკოსმა ნერსესმა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პაპი მეფობდა 369-374 წლებში. აქედან გამომდინარე, მუშელის ლაშქრობა სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო. ესაძლებელია ამ ქრონოლოგიური ჩარჩოს დავიწროება. დასადგენი მხოლოდ ის, თუ როდის გაიმართა ის დიდი ბრძოლა, რომლის შედეგადაც ირანმაãდროებით შეწყვიტა საომარი მოქმედებები. ფავსტოსთან ამ ბრძოლის თარიღის დადგენა ვერ ხერხდება. სამაგიეროდ აქ შეიძლება დავეყრდნოთ მოვსეს ხორენაცს. ამ უკანასკნელის მიხედვით, დიდი ბრძოლა მოხდა ძირავის ველზე. „ამის შემდეგ დაწყნარდა ჩვენი ქვეყანა და დაექვემდებარა პაპს... ომის დამთავრებისა და ქვეყნის დაწყნარების შემდეგ დიდმა ნერსესმა ერთმანეთს შორის პირობა დაადებინა პაპსა და ნახარარებს“(161;209). ჩვენი აზრით, თუკი მუშელმა მართლაც ძალით დაიმორჩილა ნახარარები, როგორც ფავსტოსი წერს, ეს უნდა მომხდარიყო ძირავის ველზე გამართული ბრძოლის შემდეგ. ბრძოლა კი გაიმართა 371 წელს. შესაბამისად, მუშელი ქართლში უნდა შემოჭრილიყო 371-374 წლებში.
ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მტკვრის სამხრეთით მდებარე ტერიტორია _ რომელიც, ფავსტოსის მიხედვით მუშელმა მოარბია _ საურმაგმა „დაიჭირა“ რომაელების დახმარებით. გამოდის, რომ მუშელმა საურმაგის „ქვეყანა“ მოარბია. ე.ი. დაუპირისპირდა რომაელთა მოკავშირეს. ასეთ შემთხვევაში გაურკვეველი ხდება თავად საურმაგის საკითხი. თუ მთელი ტერიტორია მდინარე მტკვრამდე დაიკავა მუშელმა, მაშინ სად მეფობს საურმაგი? მისთვის ტერიტორია აღარ რჩება, თუ რა თქმა უნდა არ დავუშვებთ, რომ საურმაგი გახდა პაპის ვასალი. ჩვენი აზრით ეს გამორიცხულია. აქ მთავარია კიდევ ერთი საკითხი _ სარეთოდ რამდენად არის შესაძლებელი, რომ მუშელს დაეკავებინა ფავსტოსის მიერ დასახელებული ტერიტორია. პირველ რიგში გასათვალისწინებელია IV საუკუნის 60-70-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. ამ რეგიონში ერთმანეთს უპირისპირდება ორი სახელმწიფო: რომი და ირანი. ორივეს ჰყავს მოკავშირეები. სომხები რომის მხარეს გამოდიან, ისევე როგორც საურმაგი. პაპი სომხეთში რომაელებმა გაამეფეს და ამ ოპერაციას ტერენციუსი ხელმძღვანელობდა. პაპის მეფობის მთელი ხნის მანძილზე, ტერენციუსი სომხეთშია და აქტიურად ეხმარება სომხებს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავის მხრივ, საურმაგის გამეფების ოპერაციას ქვემო ქართლში მეთაურობდა სწორედ ტერენციუსი. გამოდის, რომ რომაელების მოკვშირე მუშელ მამიკონიანი ლაშქრობს, ასევე რომაელების მოკავშირე საურმაგის წინაარმდეგ და იკავებს მის „ქვეყანას“. ეს ჩვენ ნაკლებ სარწმუნოდ გვეჩვენება. ამასთანავე, მუშელის ამგვარ ოპერაციას თავად რომის იმპერიაც უნდა აღდგომოდა წინ. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მუშელის მიერ ამგვარი ლაშქრობის მოწყობის შემდეგ, საურმაგი ირანელების მხარეზე გადასულიყო. ასეთი რისკის გაწევა კი შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში რომის იმპერიის მხრიდან ნაკლებად მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო.
შესაძლოა მუშელმა მართლაც დალაშქრა ქართლი, ოღონდ ის ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა ასფაგურს (ვარაზ-ბაკურს). ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას აეოხრებინა და მკაცრი რეპრესიები გაეტარებინა რომაელების მოკავშირე საურმაგის კუთვნილ ტერიტორიაზე. ქვემო ქართლი კი საურმაგის კუთვნილ სამეფოში შედიოდა. მუშელმა შესაძლოა მართლაც დაატყვევა რომელიმე ფარნავაზიანი სეფეწული, დაამარცხა ასფაგურის ქვეშევრდომი აზნაური, მაგრამ აბსურდია, რომ დაიკავა ტერიტორია მტკვრამდე. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ საურმაგი პაპის ვასალი გახდა. ეს კი ნაკლებ სავარაუდოა.
ჩვენ მაინც მოვლენათა სხვაგარ განვითარებას ვვარაუდობთ. ფავსტოსის მიერ აღწერილი ლაშქრობა ქართლში _ იმ სახითა და იმ დროს, როგორც ეს სომეხ მემატიანესთან არის დაფიქსირებული, არ უნდა შეესაბამებოდეს რეალობას. გასარკვევია, თუ რა მოვლენამ ჰპოვა ასახვა ფავსტოს ბუზანდთან.
ქართულ ისტორიოგრაფიაში, ფავსტოსის ზემოთ აღნიშნულ ცნობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრებაა გამოთქმული. ლ. ჯანაშიას აზრით, მუშელის ლაშქრობას ადგილი უნდა ჰქონოდა IV საუკუნის 60-70-იან წლებში. მკვლევარი ფავსტოსის ცნობას იყენებს მხოლოდ იმიტომ, რომ დაადასტუროს ფარნავაზიანთა საგვარეულოს მეფობა ქართლში IV საუკუნის მეორე ნახევარში. სხვა მხრივ ლ. ჯანაშია ფავსტოსის ცნობას არ შეხებია (253;61).
უფრო დაწვრილებით შეისწავლა სომეხი მემატიანის ცნობა ვ.გოილაძემ. მისი აზრით, ფავსტოსთან აისახა ის ფაქტი, რომ რომაელებმა, რომლებსაც ეხმარებოდნენ სომხებიც, 368 წლის ახლო ხანებში ქართლში გაამეფეს საურმაგი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მკვლევარი აქ გულისხმობს არა 369 წელს საურმაგის დასმას მეფედ ქართლის ერთ ნაწილში, არამედ ამის წინარე მოვლენას, რომლის დროსაც საურმაგი გახდა მთელი ქართლის მეფე (69:85).
ჩვენი აზრით, ვ. გოილაძე ნაწილობრივ არის მართალი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმე ეხება სწორედაც 369 წლის მოვლენებს. რომაელთა თორმეტ ლეგიონს ეხმარებოდნენ სომხებიც, როგორც მათი მოკავშირრეები. შესაძლოა ისინი ამ ლეგიონების შემადგენლობაშიც კი შედიოდნენ. ფავსტოს ბუზანდი, რომელიც აღნიშნული მოვლენების თანამედროვე არ არის და ერთი საუკუნის მერე მოღვაწეობს, უშვებს მცირე უზუსტობას. სამხედრო ოპერაციას, რომელშიც სომხები მხოლოდ მოკავშირეები იყვნენ, ფავსტოსი მიაწერს მხოლოდ მათ და არ მოიხსენიებს მთავარ ძალას _ რომაელებს. ესეც ბუნებრივია, ისტორიკოსი თავისი თანამემამულეების წარმოჩენას ცდილობს. მას ამავე დროს მოსდის ქრონოლოგიური შეცდომა. მომხდარი ფაქტი რამოდენიმე წლით შემდეგ გადააქვს. ჩვენი აზრით, ცხადია, რომ ფავსტოს ბუზანდი და ამიანე მარცელინე საუბრობენ ერთი და იმავე ტერიტორიის დაკავებაზე.
რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს _ ეპიზოდი გუგარქის ბდეშხის საგვარეულოს ამოწყვეტის შესახებ, არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. სომეხი მემატიანის ამ ცნობას ეწინააღმდეგება ქართული წყაროები. „ქართლის ცხოვრებით“, VIII საუკუნეში ერისმთავარმა არჩილმა თავისი ერთ-ერთი ძმისშვილი ცოლად მიათხოვა „პიტიახშსა, ნათესავსა ფეროზისასა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს“ (265;241). როგორც ვხედავთ, VIII საუკუნეში მოღვაწე პირი იწოდება ფეროზის შთამომავლად. ჩვენი აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ფეროზის შთამომავლობა მთლიანად არ ამოწყვეტილა და ფავსტოსის ცნობა ამ მხრივაც გარკვეულწილად არასწორია. ისტორიკოსმა შესაძლოა ეს სიუჟეტი საგანგებოდაც კი ჩართო თხრობაში, რათა: ჯერ ერთი კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, რომ გუგარქი იყო და არის სომხური სამეფოს ნაწილი; მეორეც _ გაემართლებინა სომხეთის პრეტენზიები ქვემო ქართლზე (თუნდაც მომავალში) იმით, რომ ეს მხარე „უპატრონოდ“ იყო დატოვებული, აჯანყებული ვასალის (გუგარქის ბდეშხის) საგვარეულოს „სამართლიანად“ დასჯის შემდეგ.
ჩვენი აზრით, ფეროზმა პიტიახშობა მიიღო ქვემო ქართლის, უფრო ზუსტად _ სამშვილდის საერისთავოს ბოძებასთან ერთად, ბაქარ მირიანის ძის დროს. 369 წელს ქართლის ორად გაყოფის შემდეგ, ფეროზის შვილები საურმაგის სამეფოში აღმოჩნდნენ და მას დაექვემდებარენ, რათა შეენარჩუნებინათ თავისი სამფლობელო. ე.ი. ისინი ფაქტობრივად გახდნენ რომის მოკავშირეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამიანე მარცელინეს მიხედვით, საურმაგი თავის დროზე მთელი ქართლის მეფე იყო და მხოლოდ შემდეგ გამოაძევა ის ასფაგურმა ირანელების დახმარებით. ამიანე წერს: „(შაბურმა) სავრომაკი გააძევა, რომელიც რომაელთა შემწეობით განაგებდა იბერიას და იმ ხალხის გამგებლობა ვინმე ასფაგურს გადასცა“(5;125). ასე რომ ფეროზის შვილები „კანონიერ“ მეფეს დაემორჩილნენ. სხვა საქმეა, რომ იმ დროს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში ეს რომის მოკავშირეობას ნიშნავდა. ქართლის ერთიანობის აღდგენის შემდეგ, IV საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, ფეროზის შვილები ასფაგურის გამგებლობაში მოექცნენ. მათ, როგორც ჩანს, არ აპატიეს რომაელთა მხარეზე ყოფნა და ამიტომ „წარიყვანა ტყვედ შვილნი ფეროზისნი“ ირანელთა სარდალმა (126:137).
ამის შემდეგ პიტიახში გახდა უშა, IV საუკუნის 80-90-იან წლებში რომელიც სიძედ შევიდა ფეროზის ოჯახში და გახდა ამ საგვარეულოს მემკვიდრე.
გასარკვევია კიდევ ერთი საკითხი _ პიტიახშობას IV-VII საუკუნეებში ჰქონდა რაიმე რეალური შინაარსი, როგორც I-III საუკუნეებში, თუ იყო მხოლოდ საპატიო ტიტული. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. კ. გრიგოლიას აზრით, „პირველ წყაროთა მითითებით არშუშა, ვარსქენი და არშუშა მთელი ქვეყნის ქართლის პიტიახშები არიან და არა მარტო მისი ერთი რომელიმე ნაწილისა“(71:172). ს. კაკაბაძე თვლიდა, რომ „ქართლის პიტიახშს დანარჩენ ქართლთან შეერთების შემდეგ, სხვა ერისთავებთან შედარებით ეჭირა პრივილეგიური მდგომარეობა“(112:65) ა. ბოგვერაძის თვალსაზრისით, ამ დროს პიტიახშები მხოლოდ ქვემო ქართლს ფლობდნენ (49:65). ანალოგიური შეხედულების იყვნენ ექ. თაყაიშვილი (91:96) და კ. კეკელიძეც (115:152).
ვნახოთ თუ რა ინფორმაციაა დაცული წყაროებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რა დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევიან ისისნი.
მირიანის სიძე ფეროზთან დაკავშირებით სადავო არაფერია. ლეონტი მროველი პირდაპირ განსაზღვრავს იმ ტერიტორიას რომელიც სამართავად მიეცა მას _ „სამშვილდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა“(126:130).
ანალოგიური ვითარებაა საგულისხმებელი, ჩვენი აზრით, უშასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება არშუშა I-ს მის შესახებ ყველაზე მეტი ცნობები დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, ლაზარ ფარპეცის თხზულებაში. როცა სომეხი მემატიანე საუბრობს, იეზდიგერდ II-სთან მისული ქართველი, სომეხი და ალბანელი დიდებულების შესახებ, ქართველთაგან ის გამოჰყოფს მხოლოდ არშუშას. ლაზარ ფარპეცი მხოლოდ მას მოიხსენიებს სახელით და უწოდებს ბდეშხს. „ხოლო ქართველთა ქვეყნიდან ბდეშხი აშუშა და ქვეყნის სხვა ტანუტერები“ (252;218). ის ფაქტი, რომ შაჰმა ქართველთაგან მძევლად დაიტოვა „ქართლის ბდეშხი“ არშუშა, მართლაც უნდა მიუთითებდეს მის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე სხვა დიდებულებთან შედარებით. მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს გამოწვეული იყო არა მისი ოფიციალური სტატუსით ანუ რაიმე განსაკუთრებული თანამდებობით, არამედ მისი პირადი ღირსებებით. ისიც არის მხედველობაში მისაღები, რომ ლაზარ ფარპეცი არშუშას კარზე იზრდებოდა და ცხადია თავისი პირადი კეთილგანწყობა ექნებოდა მის მიმართ. არშუშასთან დაკავშირებით, მართებულად შენიშნავდა ს. ჯანაშია _ „ქართლის პიტიახში მხოლოდ ერთი მთავართაგანი იყო“(256;277).
ცოტა უფრო გაურკვეველი სიტუაციაა მის ძესთან, ვარსქენთან დაკავშირებით. „შუშანიკის მარტვილობის“ იმ ცნობიდან გამომდინარე, სადაც საუბარია ვარსქენის მიერ საკუთარი სამფლობელოს შემოვლაზე, მართლაც შეიძლება დავასკვნათ, რომ მას ხელი მიუწვდებოდა მთელს ამ დიდ ტერიტორიაზე(96:22). მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ შაჰმა ვარსქენი დაასაჩუქრა გამაზდეანებისათვის და „წარმოგზავნა ... ერისთავად რანისა“(265;216). ამაში კი, როგორც ა. ბოგვერაძე თვლის _„ იგულისხმება ვარსქენის მიერ „ალბანეთის მარზპანობის მიღება“(49:64). მთელი ეს ტერიტორია, ქვემო ქართლის გარდა, ვარსქენს ემორჩილებოდა როგორც შაჰის წარმომადგენელსა და მოხელეს სამხრეთ კავკასიაში. „ვარსქენ არშუშას ძე ირანის შაჰის მოხელეა, მაგრამ მოხელეა არა როგორც „ქართლის პიტიახში“, არამედ როგორც რანის ერისთავი... როგორც ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენ არშუშას ძე ერთ-ერთი ქართველი ფეოდალია და ქართლის მეფის მოხელეა, მისი ერისთავია“(138:61). მართალია რეფორმა _ ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის ერთ ქუსტაკში გაერთიანების შესახებ მიეწერება ხოსრო ანუშირვანს (531-579), მაგრამ ქართული წყაროები ცალსახად მიუთითებენ ასეთი სახის მოხელეების არსებობაზე, რომლებსაც ხელი მთელს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაზე მიუწვდებოდათ. სავსებით მისაღებია მ. ლორთქიფანიძის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით „შესაძლოა V საუკუნეში ჯერ კიდევ არ არსებობს „რანის ერისთავის“ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ისეთი ხასიათის თანამდებობა, რომელსაც აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ადგილობრივი განმგებლები ემორჩილებოდნენ, მაგრამ დრო და დრო, საჭიროების შემთხვევაში, ირანელები ასეთი უფლებით აღჭურვილ პირებს აგზავნიდნენ აქ“(138:36). IX საუკუნის არაბი ისტორიკოსი ტაბარი წერს, რომ ხოსრო ანუშირვანმა ტახტზე ასვლის წინ ოთხი მაცნე გააგზავნა თავისი სამეფოს ოთხ კუთხეში. ამ ცნობაზე დაყრდნობით, ნ. ადონცი ვარაუდობდა, რომ ქუსტაკების მსგავსი ადმინისტრაციული ერთეულები არსებობდნენ ხოსრომდეც (266;214). ჩვენი აზრით, აშკარაა, რომ ვარსქენი _ როგორც ქვემო ქართლის პიტიახში, ქართლის მეფის ერთ-ერთი ერისთავთაგანი იყო და მას ხელი არ მიუწვდებოდა მთელს ქართლზე.
არშუშა II-ის შესახებ ჩვენ ერთადერთი ცნობა გაგვაჩნია, რომელიც დაცულია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ _ „... აღდგეს მთავარნი ქართლისანი და სამოელ ქართლისა კათალიკოზი და გრიგოლ ქართლისა მამასახლისი და არშუშა ქართლისა პიტიახში და სხუანი სეფეწულნი“(82:34). ა. ბოგვერაძე თვლის _ „სახელწოდება ქართლის პიტიახში არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მასში ქვეყნის ერთ-ერთი პროვინციის მმართველი, ამ შემთხვევაში ქვემო ქართლისა ვიგულისხმოთ“(49:62). მკვლევარის აზრით, გრიგოლ ქართლის მამასახლისი „უნდა იყოს სამეფო სახლის, სამეფო დომენის განმგებელი და ამავე საგვარეულოს უფროსი წევრი ანუ „მამასახლისი“ ამ სახლისა“. ამავე დროს ის იყო ქართლის ერთ-ერთი ერისთავთაგანი, „რომელიც ქართლის სხვა ერისთავებისაგან იმით გამოირჩეოდა, რომ იყო ქართლის სამეფო სახლის მამასახლისი“(53:68). ჩვენი აზრით, გრიგოლის თანამდებობა ნათლად არის მითითებული. ის არის მამასახლისი და არა ერისთავი. თუ პიროვნებების ჩამოთვლისას, უცნობი ავტორი, იცავს იმდროინდელ იერარქიას, როგორც ამას ა. ბოგვერაძე ვარაუდობს, მაშინ ცხადია, რომ პიტიახში მამასახლისის შემდგომ დგას. რაც შეეხება არშუშას მოხსენიებს სეფეწულად, ესეც ბუნებრივია. მისი გვარი ხომ თავს ფეროზის შთამომავლად თვლიდა. ფეროზი კი მირიან მეფის სიძე იყო.
არშუშა III წყაროებში ასევე ერთხელ მოიხსენიება, კერძოდ „ეპისტოლეთა წიგნში“. არა გვგონია, რომ მისი სტატუსი განსხვავებული ყოფილიყო წინამორბედი პიტიახშების სტატუსისაგან.
ჩვენ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ V-VII საუკუნეებში პიტიახშობა მხოლოდ საპატიო ტიტულია და მას რეალური შინაარსი არ ჰქონდა. ა. ბოგვერაძის აზრით, V-VI საუკუნეების პიტიახშებს პარალელურად სამშვილდის ერისთავებსაც უწოდებდნენ (49:65). ჩვენ დასაშვებად მიგვაჩნია, რომ ფეროზის შთამომავლების ოფიციალური თანამდებობა იყო სამშვილდის ერისთავობა, პიტიახშობა კი საპატიო ტიტული. როდესაც ბაქარ მირიანის ძემ ფეროზს მისცა სამშვილდის ერისთავობა, ეს არ იყო შემთხვევითი. საქმე იმაშია, რომ ქართლის სამეფოში სამშვილდის ერისთავობა სხვა ერისთავებთან შედარებით უფრო საპატიო ტიტული იყო (ამ საკითხს ჩვენ დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ). ამავე დროს ფეროზს მიენიჭა პიტიახშის საპატიო ტიტული, თუ რატომ, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ჩვენს მიერ გაზიარებული დებულების საწინააღმდეგოდ თითქოს ის ფაქტი მეტყველებს, რომ ვახტანგ გორგასლის დროს სამშვილდის ერისთავად იწოდება ადარნასე(265;185). ეს მაშინ, როცა V საუკუნის მეორე ნახევარში პიტიახშები არიან არშუშა და ვარსქენი ე.ი. შესაბამისად ისინივე ფლობენ სამშვილდის ერისთავობასაც. მ. ლორთქიფანიძის აზრით, ჯუანშერის თუ მისი წყაროს ცნობამ ნაგვიანევ ხანაში რედაქტირება განიცადა(138:58). დ. მუსხელიშვილს მიაჩნია _„ ჩვენ რომ ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის დეტალური თარიღები ვიცოდეთ, შესაძლებელია ეს შეუსაბამობაც მოხსნილიყო“(166;215). როგორც ცნობილია, აჯანყების დაწყების წინ, ვახტანგის ბრძანებით ვარსქენი მოკლეს. ჩვენი აზრით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მეფემ ახალი ერისთავი დანიშნა სამშვილდეში ვარსქენის მოკვლის შემდეგ. ეს ერისთავი უნდა იყოს ადარნასე. სწორედ ამიტომ მოიხსენიებს მას ჯუანშერი. ვახტანგის დამარცხებისა და დასავლეთ საქართველოში გადასვლის შემდეგ თუ არა, მეფის გარდაცვალების მერე მაინც „ფეროზინებს“ არ უნდა გასჭირვებოდათ ძველი „პატივის“ დაბრუნება. ჩვენი აზრით, პიტიახშის ტიტულს მხოლოდ სამშვილდის ერისთავები ატარებდნენ. IV-VII საუკუნეებში ქართლის სამეფოში შემდეგი კონკრეტული პიტიახშები იყვნენ: უშა, არშუშა I, ვარსქენი, არშუშა II და არშუშა III. სხვა პიროვნებები წყაროებით ჩვენთვის უცნობია.
ჯუანშერი (ჩვენ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ჯუანშერი მხოლოდ ვახტანგის ცხოვრების ავტორია) რამოდენიმეჯერ ხმარობს ტერმინ პიტიახშს. ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ შემთხვევას.
როდესაც ჯუანშერი საუბრობს თუ რატომ არ მიათხოვა ვახტანგმა თავისი და სპარსთა მეფეს, წერს _ „ხუარანძე ამისთვის არა მისცა, რამეთუ დაწინდებულ იყო სომეხთა პიტიახშისა“(265;185).
ისტორიკოსი შემდგომში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „დაი მისი ხუარანძე მისცა ბაკურს ცოლად, პიტიახშსა სომხითისასა“(265;199). ცხადია სომეხთა პიტიახშის მიჩნევა ქართლის მეფის ქვეშევრდომად არ შეიძლება.
ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგმა შემდეგი სიტყვებით მიმართა სომეხთა ლაშქარს: „ანუ თქუენ, მკვიდრთა მაგათ სომხითისათა არშაკუნიანთა, პიტიახშთა ბივრიტიანთა, არა გახსოვან საქმენი გრიგოლ პართეველისანი და წინააღმდგომთა მისთა, თრდატ მეფისა არშაკუნიანისა _ ვითარ დასცა ზუაობისაგან და იქმნა იგი ეშუად“(265;161). გ. მამულიას აზრით, „ჯუანშერის მიერ მოხსენიებული „პიტიახშთა ბივრიტიანთა“ ბაგრატიონ პიტიახშებს აღნიშნავენ“(142:137). მკვლევარის ვარაუდი შესაძლოა სავსებით მისაღები იყოს, მაგრამ ჩვენთვის ამჟამად მთავარია, რომ „პიტიახშნი ბივრიტიანნი“ სომეხთა ლაშქარში იმყოფებიან და მათი მიჩნევა ქართლის მეფის ხელქვეითად არ შეიძლება.
ვახტანგ მეფის ისტორიკოსი კიდევ ერთხელ ხმარობს ტერმინ პიტიახშს _ „განყო ვახტანგ ლაშქარი მისი სამად... ერთ-კერძო მოავლინნა პიტიახშნი და სპასპეტი“(265;202). აღსანიშნავია, რომ ჭალაშვილისეულ ნუსხაში გვაქვს მხოლობითი ფორმა _ პიტიახში (საერთოდ, გადაწერის დროს თავისუფლად შეიძლება მომხდარიყო მხოლობითი და მრავლობითი ფორმის შეცვლა და თანაც არა ერთხელ). ვინ „პიტიახშნი“ იგულისხმება აქ კონკრეტულად ძნელი სათქმელია. ვარაუდით კი სხვადასხვა რამის ვარაუდი შეიძლება. ჩვენი აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ „პიტიახშნი“ აქ ზოგადი მნიშვნელობით იყოს ნახმარი. საინტერესოა, რომ ამ ცნობაში, პიტიახში სპასპეტზე წინ არის დასახელებული. მაშინ როცა ერისთავები ყოველთვის სპასპეტის მერე მოიხსენებიან (126:64 და 261;144). ჩვენი აზრით, ესეც პიტიახშისა და ერისთავის სხვადასხვაობაზე უნდა მიუთითებდეს.
ჯუანშერის გამგრძელებელი, რომელსაც ეკუთვნის VI-VIII საუკუნეების ამბების თხრობა „ქართლის ცხოვრებაში“, ოთხჯერ ხმარობს ტერმინ პიტიახშს. ერთხელ, მურვან ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობის აღწერის დროს _ „ყოველნი მთავარნი და პიტიახშნი, ნათესავნი ერისთავთა და წარჩინებულთანი შეიმოტნეს კავკასიად“(265;234). ჩვენი აზრით, ეს წინადადება მთლიანად ზოგად ვითარებას აღწერს და აქ ვინმე კონკრეტული პიტიახშისა ან თუნდაც ერისთავის ძებნა არარეალურია. მემატიანე წერს, რომ მირსა და არჩილს თან ახლდა „სიმრავლე მცირედ ტაძრეულისა მათისა და ნათესავი ერისთავთა და პიტიახშთა“(265;237). აქაც, ჩვენი ვთვლით, რომ ზოგად ფრაზასთან გვაქვს საქმე. თუმცა საინტერესოა, რომ ავტორი განასხვავებს პიტიახშსა და ერისთავს. ქართულ წყაროში დაცულია კიდევ ერთი ცნობა, რომელშიც პიტიახშებზეა საუბარი. ეს ცნობაც არჩილის ხანას განეკუთვნება _ „მასვე ჟამსა პიტიახშნი ვინმე არა შეეშვნეს კლარჯეთს, სხუად წარვიდეს ნახევარი მათგანი და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსა ერქუა კალმახი დააღაშენეს ციხედ. ხოლო ნახევარი მოვიდეს კახეთად არჩილის თანა“(265;244). გ. მამულიას აზრით, აქაც „პიტიახშნი ვინმე“-ს ქვეშ, ბაგრატიონთა სახლი უნდა ვიგულისხმოთ (142:143). მემატიანემ არ იცის თუ ვინ არიან ეს პიტიახშნი. ვარაუდით კი შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებების გამოთქმა. ჩვენთვის, ჩვენი კვლევის კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია შემდეგი _ აშკარაა, რომ „პიტიახშნი“ აქ ნახმარია როგორც ზოგადი კრებსითი სახელი, რომლის ქვეშაც შესაძლოა უნდა ვიგულისხმოთ კონკრეტული საგვარეულოც ან თუნდაც ჯგუფი პიროვნებებისა, რომლებიც თავის თავს პიტიახშთა შთამომავლებად მიიჩნევდნენ. ჩვენი აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მატიანეში დაკონკრეტებული არ არის თუ საიდან მოდიან „პიტიახშნი ვინმენი“ და შესაძლოა ისინი ქვეყნის ფარგლებს გარედანაც მოდიოდნენ (თუ ბაგრატიონები არიან, მაშინ გ. მამულიას შეხედულების მიხედვით ისინი სომხეთიდან უნდა მოდიოდნენ).
არის კიდევ ერთი საინტერესო ცნობა _ „არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა და მისცა ძმისწულნი მისნი... მეორე მისცა პიტიახშსა, ნათესავსა ფეროზისასა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს~ (265;241). პიტიახში დასახელებული ერისთავთა შორის და ეს თითქოს მათ იგივეობაზე უნდა მიუთითებდეს. მაგრამ, ჩვენი აზრით, აქ სადავო არაფერია. თრიალეთი, ტაშირი და აბოცი ის ტერიტორია იყო, რომელიც სამშვილდის საერისთავოში შედიოდა. ლეონტი პირდაპირ მიუთითებს _ „მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად... რომელი არს ტაშირი და აბოცი“(126:24). სამშვილდის ერისთავების საპატიო ტიტული იყო პიტიახშობა. ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მემატიანის ცნობიდან აშკარაა, რომ პიტიახში განაგებს იმ მხარეს, რომელიც იყო სამშვილდის საერისთავო ე.ი. ის სამშვილდის ერისთავია. ისტორიკოსი მას მოიხსენიებს იმ საპატიო ტიტულით, რომელსაც ამ მხარის ერისთავები ატარებდნენ. ასე რომ ეს ცნობა არაფრით არ ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. თუ როდის მოღვაწეობდა ეს პიტიახში ძნელი სათქმელია, რადგან როგორც მართებულად აღნიშნავს ვ. გოილაძე _ ამ ცნობაში ერთად არიან თავმოყრილი V, VII და VIII საუკუნეების მოღვაწეები (70:49).
ა. ბოგვერაძე წერს, რომ ჯუანშერისთვის, არჩილის თანამედროვე ვარზმან ერისთავი „ნათესავით პიტიახშია“, ხოლო ბივრიტიანები სომხეთის პიტიახშები არიან. მკვლევარის აზრით, პიტიახშის ტიტულს სხვა ერისთავებიც ატარებდნენ, გარდა სამშვილდისა (49:67). ბივრიტიანები რომ სომხეთის პიტიახშები იყვნენ ეს არ უშლის ხელს იმის ვარაუდს, რომ ქართლის სამეფოში ერთი პიტიახში იყო. რაც შეეხება ვარზმანს, ჯუანშერის გამგრძელებელი წერს _ „მეხუთე მისცა ვარზმანს და მისცა კოტმანითგან ქურდის ხევამდე. იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა“(265;242). როგორც ვხედავთ, მემატიანე ვარზმანს არ მოიხსენიებს როგორც „ნათესავით პიტიახშსა“. ასეთად მას თვლის თავად ა. ბოგვერაძე რადგან ვარზმანი ბარზაბოდ პიტიახშის ნათესავი გამოდის, თუ წყაროს ვერწმუნებით. ვარზმანის მაგალითი არ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ ქართლის სამეფოში პიტიახშის ტიტულს სახვებიც ატარებდნენ თვინიერ სამშვილდის ერისთავთა (თანაც „ნათესავით პიტიახში“ ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ეს პიროვნება თავადაც პიტიახშია).
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:
1. პიტიახშობის ინსტიტუტი სავსებით შეასძლებელია რომ ჩვენში შემოვიდა ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, მაგრამ წყაროებით კონკრეტული პიტიახშები ჩანან მხოლოდ I საუკუნიდან.
2. I-III საუკუნეებში ქართლის სამეფოში არის მხოლოდ ერთი პიტიახში. ის ცენტრალური ხელისუფლების საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია (შესაძლოა მეფის შემდეგ მეორე პირიც). ამ დროს პიტიახშები არიან: შარაგასი, ზევახ მცირე, პუბლიკოს აგრიპა, ასფაგური, ბერსუმა და ბუზიჰრი.
3. IV-VII საუკუნეებში პიტიახშობა გახდა სამშვილდის ერისთავთა საპატიო ტიტული. პირველი სამშვილდის ერისთავი რომელმაც მიიღო ეს ტიტული იყო მირიან მეფის სიძე ფეროზი. მის შემდეგ პიტიახშები იყვნენ: უშა, არშუშა I, ვარსქენი, არშუშა II და არშუშა III.
4. წყაროთა მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პიტიახში შინაარსობრივად არ არის იგივე რაც ერისთავი. ეს დასკვნა ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან შემდგომში როცა ვისაუბრებთ საერისთავო „ქუეყნებისა“ და ერისთავობის ინსტიტუტის შესახებ, აღარ შევეხებით პიტიახშობასა და იმ პირებსაც რომლებიც მხოლოდ ამ ერთი ტიტულით არიან წყაროებში მოხსენიებული.
$2. საერისთავოები ქართლის სამეფოში
ძვ. წ. აღ-ის III საუკუნის 80-70-იან წლებში ფარნავაზმა ქართლის სამეფო დაყო რვა საერისთავოდ: არგვეთის, კახეთის, ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთისა და ეგრისის. მოყოლებული ამ დროიდან, ერისთავების მონაწილეობის გარეშე არ წყდებოდა არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი ქართლის სამეფოში. სრულიად მართებულად შენიშნავს ა. ბოგვერაძე, რომ „ლეონტი-ჯუანშერს ქართლის საგარეო-პოლიტიკური და საშინაო ისტორია ფაქტიურად მეფესა და ერისთავებს შორის დამოკიდებულების ფონზე აქვს განხილული“(53:190).
უკვე ფარნავაზის ძის, საურმაგის დროს ხდება ერისთავთა პირველი გამოსვლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. `მას ჟამსა შინა ზრახვა ყვეს ერისთავთა ქართლისათა და თქუეს: არა კეთილ არს ჩუენდა, რათამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყუეთ ერთად და მოვკლათ საურმაგ და ვიყვნეთ ჩუენ თავისუფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ და მივსცემდეთ ხარკსა ვინცა-ვინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ესრეთ ყოფითა უფრო განვისუენებთ. განამტკიცეს განზრახვა და მოკლვა საურმაგისი~(126:26). აზონისა და ფარნავაზის `თითქმის საუკუნოვანმა მმართველობამ, ერისთავთა ხსოვნიდან, გარდასულ ბედნიერ დროზე ფიქრი ვერ ამოშალა~(220;68). ლეონტი მროველის მიხედვით, საურმაგმა ძირითადად მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიელთა სამხედრო ძალის გამოყენებით შესძლო აჯანყების ჩახშობა. მემატიანე არ ასახელებს არც ერთ ერისთავს რომელიც მეფის ერთგული დარჩა (განსხვავებით მაგალითად ამაზასპის დროს მომხდარი აჯანყებისაგან). ლეონტის თანახმად მეფეს მხარს უჭერდნენ აზნაურები _ `მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი წარვიდეს და მივიდეს დურძუკეთსავე და რქუეს საურმაგს, დიდი კეთილი დგას ჩუან ზედა მამისა შენისა. ამისთვის ვართ ჩუენ მტკიცე ერთგულებასა შენსა~ (126:26). ლეონტისეული თეორია აზნაურთა წარმოშობის შესახებ ჩვენ ამჟამად არ გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია ის, რომ საურმაგს თავისი მომხრეები ჰყავდა ქართლის სამეფოშიც, მაგრამ ესენი არ იყვნენ ერისთავები.
გამარჯვებისა და მცხეთაში დაბრუნების შემდეგ საურმაგმა ორი კონკრეტული ღონისძიება გაატარა, რომლებიც დაკავშირებული იყო ერისთავებთან:
პირველი _ მან თავისი და ცოლად გააყოლა ეგრისის ერისთავს, ქუჯის ძეს. `და ერთი მისცა ძესა ქუჯისასა, მამის დისწულსა თვისსა~ (126:27). მართალია მემატიანე არ აღნიშნავს, რომ ქუჯის ძე ერისთავია, მაგრამ ჩვენი აზრით, ასეთი ვარაუდი სავსებით დასაშვებია, ცხადია, საურმაგის ეს ნაბიჯი გამოწვეული იყო სურვილით, კიდევ უფრო მტკიცედ _ ნათესაური კავშირის მეშვეობით (როგორც ეს ფარნავაზმა გააკეთა პირველად), შემოემტკიცებინა ეგრისის საერისთავო. საურმაგის წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებაში, ეგრისის ერისთავის მონაწილეობა, არ მონაწილეობაზე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვარაუდის სახით კი სრულიად საპირისპირო მოსაზრებების გამოთქმა შეიძლება. საურმაგის ნაბიჯიც კი _ დის გათხოვება ეგრისის ერისთავზე, შეიძლება მიუთითებდეს როგორც ერისთავის ერთგულებაზე (ამ ერთგულების გამო ის გახდა მეფის სიძე), ასევე მის მონაწილეობაზე აჯანყებაში (ასეთ შემთხვევაში, მეფემ მისი დაშოშმინებისა და შემორიგების მიზნით მიათხოვა და). ჩვენ გვიჭირს კონკრეტულად რაიმეს თქმა.
მეორე _ საურმაგმა გადააყენა სამშვილდის ერისთავი და ეს თანამდებობა თავის შვილობილ მირვანს, მომავალ მეფეს გადასცა. `არა ესუა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთისი, ნათესავითგან ცოლისა მისისა, დედის დისწული და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა ერქუა სახელი მირვან და მისცა ასული თვისი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთაო სამშვილდისა~ (126:27). გ. ქავთარიას აზრით, `სამშვილდის ერისთავი, ჩანს, აჯანყებაში აქტიურ როლს ასრულებდა და გამარჯვებულმა საურმაგმა თანამდებობა ჩამოართვა~(218;124). მკვლევარის ეს მოსაზრება სავსებით მისაღებია. თავისთავად მეტად საინტერესო ფაქტია, რომ მომავალი მეფე ხდება ერთ-ერთი საერისთავოს მმართველი (ასეთი პრაქტიკა როგორც ჩანს დამკვიდრდა ქართულ სინამდვილეში და ანალოგიური ფაქტები გვაქვს V საუკუნეში და თვით X საუკუნეშიც, როცა აფხაზთა მეფის ძეები გვევლინებიან შიდა ქართლის ერისთავებად). როგორც შემდგომი კვლევისას ვნახავთ, არსებობს მთელი რიგი ფაქტებისა, რომლებიც ჩვენი აზრით მიუთითებენ სამშვილდის ერისთავების შედარებით განსხვავებულ, შეიძლება ითქვას გარკვეულწილად `პრივილეგირებულ~ მდგომარეობაზე სხვა ერისთავებთან შედარებით. დასაწყისი ამ მოვლენას, ჩვენი აზრით, სწორედ საურმაგის დროს მიეცა, როცა ტახტის მემკვიდრე გახდა ამ მხარის ერისთავი. მირვანის გამეფების შემდეგ, საშვილდის ერისთავობის მიღება უკვე დიდ პატივად უნდა ჩათვლილიყო ნებისმიერი პიროვნებისათვის.
მირვანის მეფობისას, ლეონტი მხოლოდ ერთხელ მოიხსენიებს ერისთავებს და ისიც ზოგადად, როდესაც აღნიშნავს, რომ დურძუკების წინააღმდეგ საომრად მიმავალმა მეფემ `მოუწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა~ (126:28). ეს ცნობა კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ ერისთავთა მთავარი მოვალეობა ჯარის სარდლობა იყო. აქვე უნდა შევნიშნოთ ერთი რამ, ლეონტი მროველი ხშირად ახსენებს ერისთავებს, მაგრამ ძირითადად ზოგად კონტექსტში _ `ერისთავნი ქართლისანი~. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული ერისთავების დადგენა შეუძლებელია. კონკრეტულ ერისთავებს მემატიანე სულ რამოდენიმეჯერ მოიხსენიებს.
ქართლის მეოთხე მეფემ ფარნაჯომ `შეიყუარა სჯული სპარსთა ... მაშინ შეითქუნეს ერისთავნი ქართლისანი უმრავლესნი და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა ... ერისთავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები და გაცხადეს განდგომა ფარნაჯომისი ...~ (126:29). ჩვენთვის საინტერესოა წყაროში დაცული ფორმულირება _ `ერისთავნი ქართლისანი უმრავლესნი~, რაც თავის თავად გულისხმობს იმას, რომ ერისთავთა ნაწილი, `უმცირესნი~, ფარნაჯომის ერთგული დარჩა. როგორც ჩანს ერისთავთა სურვილები ყოველთვის არ იყო ერთნაირი და ზოგჯერ ისინი ერთმანეთსაც უპირისპირდებოდნენ კიდეც. ცხადია ამაში არაფერია განსაკუთრებული და ჩვენ მხოლოდ ფაქტი აღვნიშნეთ.
`ერისთავნი ქართლისანი~ მოიხსენიებიან ბარტომსა და მირვანს შორის მიმდინარე ბრძოლის დროს. ასევე ამ უკანასკნელის ძის _ არშაკის მეფობისას. ერისთავები კვლავ დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ კონკრეტული ერისთავების დადგენა ვერ ხერხდება. ლეონტი მროველს ერთი საინტერესო ფრაზა აქვს, მას შემდეგ რაც მირვანმა დაამარცხა ბარტომი _ `და დაიპყრა ყოველი ქართლი და რომელნი დაშთომილ იყვნეს ერისთავნი ქართლისანი ციხეთა და სიმაგრეთა შინა, მისცა ფიცი და აღთქმა და გამოიყვანნა ყოველნი~ (126:33). `რომელნი დაშთომილ იყვნეს~ _ ჩვენის აზრით იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ერისთავთა ნაწილი დაიღუპა ამ შინა ომის დროს. მათ ნაცვლად მეფემ ალბათ ახალი ერისთავები დაადგინა.
ერისთავთა შემდგომი მოხსენიება მეფე ადერკის ხანას განეკუთვნება. `ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერისთავნი მისნი და იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი და შერისხნა მეფე ადერკი ერისთავსა კლარჯეთისასა, რომელ მშვიდობით განუტევა ანდრია მოციქული~(126:42). ლეონტი მროველის მიხედვით, ადერკის მეფობის პირველსავე წელს იშვა `უფალი ჩუენი იესო ქრისტე ბეთლემს ურიასტანისასა~(126:35), ხოლო თავად ადერკიმ 57 წელი იმეფა. ქართველი მემატიანე ცდება, როდესაც ადერკის მეფობას 1-57 წლებით განსაზღვრავს. უცხოური წერილობითი წყაროები ცალსახად განსაზღვრავენ, რომ ამ დროს ქართლში მეფობენ მითრიდატე და მისი ძე ფარსმანი (151:155). გ. მამულიამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ლეონტის მიხედვით, ადერკი არის ქუჯის შვილიშვილის შვილი. ასევე გასათვალისწინებელია საურმაგ კაკაბაძის მოსაზრება _ ადერკისა და სომხეთის მეფე არტაშეს I-ის (189-161) თანამედროვეობის შესახებ (142:119).
გ. მელიქიშვილის აზრით, ადერკის ძეთა მეფობა ძვ. წ. აღ-ის 169 წელს ემთხვევა (151:160). აქედან გამომდინარე, ადერკი ვერაფრით ვერ იქნებოდა ქართლის მეფე ანდრია პირველწოდებულის მოსვლის ჟამს. შესაბამისად მცდარია ლეონტის ინფორმაცია, რომ ადერკიმ `წარავლინა ერისთავნი~ და შერისხა კლარჯეთის ერისთავი.
მოციქულების, ანდრიასა და სვიმონის ქართლში მოსვლის ჟამს მეფე უნდა იყოს ან მითრიდატე და ანდაც მისი ძე ფარსმანი. ლეონტი მროველის კონცეფციის მიხედვით, დასავლეთ საქართველო ყოველთვის ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედის. I საუკუნეში, მოციქულების მოსვლის ჟამს, დასავლეთ საქართველო ვერანაირად ვერ მოიაზრება ქართლის სამეფოს შემადგენლობაში და ვინც არ უნდა ყოფილიყო მეფე ის ვერ შეძლებდა `კვლავადვე მიექცია მეგრელნი~. რაც შეეხება, რომ მეფემ შერისხა კლარჯეთის ერისთავი, ეს დამოკიდებულია იმაზე, შედიოდა თუ არა კლარჯეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში. ეს საკითხი ძნელი გადასაწყვეტია, რადგან წყაროთა მონაცემები მცირეა და ქართლის სამეფოს საზღვრის ზუსტი დადგენა ამა თუ იმ პერიოდში ძნელია. თუ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ კლარჯეთი ეს სტრაბონისეული ხორზენეა (166;125), მაშინ შეიძლება დავუშვათ, რომ ქართლის სამეფომ ეს ტერიტორია დაიბრუნა I საუკუნეში. მაგრამ ეს დაბრუნება შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ 35 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც სომხეთის ტახტი დაიკავა ფარსმანის ძმამ _ მითრიდატემ (149:511). ჩვენი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ მოციქულების _ ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის მოსვლის ჟამს, კლარჯეთის საერისთავო ყოფილიყო ქართლის სამეფოს შემადგენლობაში. ტერიტორიულად შესაძლოა ის აღარ მოიცავდა იმ საზღვრებს, რომლებშიც ფარნავაზმა ჩამოაყალიბა ეს ადმინისტრაციული ერთეული, მაგრამ ამას ჩვენთვის ამჟამად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ააქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ I საუკუნის 30-40-იან წლებში შესაძლებელია კლარჯეთის საერისთავოს არსებობა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში.
შემდგომი მოხსენიება კონკრეტული ერისთავებისა, ლეონტი მროველის თხზულებაში, განეკუთვნება ე.წ. `ორმეფობის ხანას~. ` და იყო ოძრხეს ქალაქსა შინა ერისთავი მეფისა არმაზელისა, აზნაურთაგანი და იგი დადგრომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისსა და მას შეეწეოდეს მეგრელნი. ხოლო წუნდელნი და დემოთელნი შეეწეოდეს ერთმანეთსა და დაუცხრომელად იბრძოდეს. და უფროსი ბრძოლა მათი იყვის მდინარესა ზედა, რომელსა ჰქვიან ნოსტე. და იყო კლარჯეთს ერისთავი არზოკ მეფისა, აზნაურთავეგანი და იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა, ქუეყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაო და ვერავინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს. რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა და მკვიდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკვირცხნი და მხედარნიცა~ (126:47). გ. მელიქიშვილის აზრით, არზოკი და არმაზელი მოღვაწეობდნენ I საუკუნის 70-იან წლებში (151:155). საერთოდ ფარნავაზიან მეფეთა ქრონოლოგიის დადგენა ურთულესი საქმეა და მეცნიერთა შორის დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამ ქრონოლოგიის დადგენა არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა. რაც შეეხება ჩვენს მიერ მოყვანილ ცნობას, მასში მოხსენიებული არიან ოძრხისა და კლარჯეთის ერისთავები. ლეონტისთან დაცული ფორმა _ `წუნდელნი~ ალბათ უნდა მიუთითებდეს წუნდის საერისთავოს არსებობაზეც.
საინტერესო ცნობა ერისთავებთან დაკავშირებით, დაცულია ლეონტი მროველთან, ამაზასპის მეფობის პერიოდთან დაკავშირებით. ჩვენ ვიზიარებთ იმ თვალსაზრისს, რომ ამაზასპი არის შაბურ I-ის თანამედროვე (151:162. 145;566).
მემატიანე წერს, რომ ოსების შემოსევასთან დაკავშირებით `ამაზასპ მოუწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა. და მოვიდეს ერისთავნი აღმოსავალისანი: ერისთავი კახეთისა, ერისთავი ხუნანისა, ერისთავი სამშვილდისა. და შემოკრბეს მხედარნი სპასპეტისანი. და ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერისთავისა მოვიდეს ოვსნი ჩრდილოთ კერძოთა ქალაქისათა, რომელ არს მუხრანი~(126:55). ლეონტის ცნობიდან ირკვევა, რომ ქართლის სამეფოში არსებობდნენ `აღმოსავლეთის ერისთავები~ _ კახეთის, ხუნანისა და სამშვილდის. მათ გვერდით იყვნენ `დასავლეთის~ ერისთავებიც. აქვე კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სპასპეტს გააჩნდა თავისი, ერისთავებისაგან დამოუკიდებელი სამხედრო ძალა. თუ ვის გულისხმობს ლეონტი `დასავლეთის~ ერისთავებში, ეს ნათელი ხდება როდესაც მემატიანე საუბრობს ერისთავების აჯანყებაზე ამაზასპის წინააღმდეგ და აღნიშნავს _ `მაშინ განდგეს ერისთავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერისთავნი ეგრისისანი, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა~(126:57). ორი ეგრისის ერისთავი, უნდა ვიგულისხმოთ რომ არიან არგვეთისა და თავად ეგრისის ერისთავები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლეონტი მროველისთვის, ფარნავაზიდან მოყოლებული მთელი საქართველო ერთიან სამეფოდ არის წარმოდგენილი. ამიტომ ბუნებრივია, რომ მას ეგრისისა და არგვეთის საერისთავოები ქართლის სამეფოს შემადგენელ ნაწილებად მიაჩნია. რეალური ვითარება შესაძლოა სრულიად სხვაგვარი იყო.
არგვეთის საერისთავოს ყოფნა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში სავსებით დასაშვებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლაზების სამეფოს გაძლიერება და მისი საზღვრების გაფართოვება აღმოსავლეთით იწყება IV საუკუნეში (128:160). რაც შეეხება ეგრისის საერისთავოს, მისი დაქვემდებარება ქართლის მეფის ხელისუფლებისადმი საეჭვოდ მიგვაჩნია და ამ მხრივ ლეონტის ცნობაში უზუსტობა უნდა იყოს დაშვებული. ოძრხის, კლარჯეთისა და წუნდის საერისთავოები კი შესაძლებელია ყოფილიყვნენ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში. ძალიან საინტერესოა, რომ ლეონტი მროველი ქართლის სამეფოს ერისთავებს ყოფს ორ ჯგუფად _ აღმოსავლეთისა და დასავლეთის. ერისთავების ანალოგიური გამიჯვნა ხდება ჯუანშერთანაც, ვახტანგ გორგასლის დროს და ამ საკითხს კიდევ ერთხელ მაშინ დავუბრუნდებით.
ლეონტი მროველთან შემდგომი მოხსენიება ერისთავებისა განეკუთვნება მირიანის ხანას. მაგრამ მემატიანე ხმარობს ზოგად ფორმულირებას `ერისთავნი ქართლისანი~ და ამიტომ ზუსტი დადგენა თუ კონკრეტულად რომელ ერისთავებზეა საუბარი გაურკვეველია _ `შეკრბეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი... სპასპეტისა თანა~ ; `დაემოწნეს ყოველნი ერისთავნი ზრახვასა მაეჟან სპასპეტისასა“; `მიეგება მაეჟან ...და ყოველნი ერისთავნი ქართლისანი~ (126:62-64). სავარაუდოა, რომ ლეონტი გულისხმობს რვავე ერისთავს (მისთვის ხომ საქართველო ერთიანია), თუმცა რეალურად რამდენი ერისთავი უნდა ვიგულისხმოთ ძნელი სათქმელია. საინტერესოა ის მომენტი, რომ კვლავ ხაზგასმულიასპასპეტის უზენაესობა ერისთავებზე.
საინტერესოა ლეონტის ცნობა ფეროზთან დაკავშირებით _ `მირიან მოიყვანა სპარსეთით თÂსი მისი, ნათესავი მეფეთა სახელით ფეროზ ... მისცა მირიან ასული თÂსი ცოლად და მისცა ქუეყანა ხუნანითგან ბარდავამდე, მტკუარსა ორივე კერძი და დაადგინა იგი ერისთავად მუნ~ (126:69). გამოდის რომ მირიანმა შექმნა ახალი საერისთავო, ხუნანიდან ბარდავამდე და ერისთავად დანიშნა ფეროზი. ახალი საერისთავოს შექმნაზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ლეონტის მიერ აქამდე დასახელებულ რვა ერისთავთა შორის, არც ერთის საგამგებლო `ქუეყანა~ არ მოიცავდა ტერიტორიას `ხუნანითგან ბარდავამდე~. იყო ხუნანის ერისთავი, მაგრამ მას ემორჩილებოდა ტერიტორია `ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი~ (126:24). ლეონტის ცნობიდან, ერთი შეხედვით ისეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ მთელი ტერიტორია ბარდავამდე ეკუთვნის ქართლის მეფეს და მას შეუძლია მისი საერისთავოდ ბოძება. მაგრამ ასეთი რამ ნაკლებ სავარაუდოა. ქართლის სამეფო მირიანის დროს (და ალბათ არც სხვა პერიოდში) არ იყო ისე ძლიერი, რომ მის შემადგენლობაში ყოფილიყო ტერიტორია ბარდავამდე. აქ გასათვალისწინებელია ერთი რამ _ ლეონტი მროველის კონცეფციის თანახმად, მირიანი სპარსეთის შაჰის შვილია. მეფე ასფაგურის გარდაცვალების შემდეგ, შეწყდა ქართლის სამეფო დინასტია. `შეკრბეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა სპასპეტისა თანა~ და გადაწყვიტეს ირანის შაჰისათის ეთხოვათ მისი ერთ-ერთი ძე მეფედ. `ვითარცა შეიწყნარა მეფემან ქასრე ვედრება ქართველთა დაშეჰრთო ძესა მისსა მირიანს ასული ქართველთა მეფისა და მისცა ქართველთა მეფედ ძე მისი და დასვა მცხეთას და მისცა ქართლი, სომხითი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი~. მამის გარდაცვალების შემდეგ, მირიანი იწყებს ბრძოლას ტახტისათვის, თავისი ძმის ბარტამის წინააღმდეგ. ძმები შეთანხმდენ და ბარტამი გახდა სპარსეთის მეფე. `მირიანს გულის სადებად მისცეს ბარტამისაგან ჯაზირეთი, და შამის ნახევარი და ადარბადაგანი და ესე ყოველი ქართლსა, სომხითს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს ზედა მოურთეს~. ამის მერე მოჰყავს მირიანს ფეროზი, აძლევს მას ცოლად თავის ასულს და საერისთავოს ხუნანიდან ბარდავამდე(126:62-68). თუ ლეონტის მთელ მონათხრობს გავითვალისწინებთ და ვენდობით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ტერიტორია ხუნანიდან ბარდავამდე მირიანს ეკუთვნოდა არა როგორც ქართლის მეფეს, არამედ როგორც შაჰის ძეს. აქ მთავარი ის არის, რომ ლეონტის მთელი თხრობა მირიანის სპარსელობის შესახებ არ უნდა იყოს სწორი. გამოთქმულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც _ ქართლის მეფე ასფაგურის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის ერისთავები სპასპეტის მეთაურობით დაუზავდნენ ირანის შაჰ ნერსესს (293 _ 302). შაჰის რჩევით, მათ ქართლის ტახტზე დასვეს ფარნავაზიანთა გვერდითი შტოს წარმომადგენელი, მირიან რევის ძე და ცოლად შერთეს ასფაგურის ასული (235;75. 66;43). მირიანი თავის სიძე ფეროზს ვერ გადასცემდა საერისთავოდ ტერირორიას ხუნანიდან ბარდავამდე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს მხარე მას არ ემორჩილებოდა. ლეონტი მროველის მიხედვით, მირიანი შვიდი წლის იყო როცა ქართლში გამეფდა. ორმოცი წლისას გარდაეცვალა მამა. ამის მერე გადის კიდევ რამოდენიმე წელი და მხოლოდ შემდეგ აძლევს მირიანი ფეროზს ქვეყანას საერისთავოდ. გამოდის რომ ეს ფაქტი შეიძლება მომხდარიყო მირიანის გამეფებიდან 35-40 წლის შემდეგ. მირიანის ზეობის წლების შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ბოლოს ამ საკითხს შეეხო ვ. გოილაძე. მკვლევარის აზრით, მირიანი გამეფდა 257 წელს. მისი მცირეწლოვანების გამო სამეფოს მართავდა მისი მამა ქართლის სპასპეტ-პიტიახში რევი. მხოლოდ 297-298 წლებში იკავებს მირიანი რეალურად ქართლის ტახტს რომაელთა დახმარებით და იწყებს დამოუკიდებლად მეფობას (69:77). ლ. ჯანაშიას აზრით, მირიანი 296-297 წლებში გამეფდა (253;77). რა თარიღიც არ უნდა ავიღოთ მირიანის გამეფების წლად, მის მიერ ფეროზისათვის საერისთავო `ქვეყნის~ მიცემა მაინც ნიზიბინის ზავის მერე უნდა მომხდარიყო, თუკი ასეთ რამეს საერთოდ ჰქონდა ადგილი. 298 წელს დადებული ნიზიბინის ზავი რომსა და ირანს შორის არ დარღვეულა 338 წლამდე. (235;80). ლეონტის მიხედვით, მირიანმა _ ტერიტორია `ხუნანითგან ბარდავამდე~ _ მისცა ფეროზს ჯერ კიდევ თავის გაქრისტიანებამდე. მირიანის გაქრისტიანების თარიღად თუნდაც 337 წელი რომ ავიღოთ, გამოდის _ ფეროზს მირიანისაგან ერისთავობა უნდა მიეღო 298-337 წლებს შორის. ანუ იმ დროს როდესაც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა იყო და ეს რეგიონო რომსა და ირანს ჰქონდათ განაწილებული. ნიზიბინის ზავის თანახმად ქართლი და სომხეთი რომის იმპერიის გავლენის სფერო იყო. ამიტომ, ქართლის მეფე მირიანი ფეროზს ვერ მისცემდა იმ ტერიტორიას რომელიც მას არ ექვემდებარებოდა. ტერიტორია `ხუნანითგან ბარდავამდე~ ეს ფაქტობრივად არის რანი (ლეონტი თავად წერს, რომ ფეროზს `აქუნდა რანი) და ეს მხარე სავარაუდოა, რომ ირანის გავლენის ქვეშ დარჩა. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ვ. გოილაძის მოსაზრებას, რომ `ქართული წყაროს ცნობა, თითქოს ტერიტორია `ხუნანითგან ბარდავამდე~ ფეროზს მირიანმა მისცა, არაა სწორი. ეს ადგილი ტექსტში იმ დროს უნდა იყოს ჩასწორებული, როცა გვიანდელმა რედაქტორმა, ქართლის პირველი ქრისტიანი მეფისათვის დიდი წინაპრის გამოძებნის მიზნით, მირიანი მიჰრანთა გვარის მხევალი ქალისაგან ნაშობ სასანიან უფლისწულად გამოაცხადა. ჩამსწორებლის თვალსაზრისიდან გამომდინარე სასანიან უფლისწულსა და ქართლის მეფე _ მირიანს, რა თქმა უნდა, შეეძლო თავისი სიძისათვის სამფლობელოდ ალბანეთის ტერიტორია მიეცა. მით უმეტეს ჩამსწორებელს, მირიანი არა მარტო მთელი ამიერკავკასიის, ირანის იმპერიის თითქმის ნახევრის მფლობელადაც ჰყავს გამოცხადებული (70:114).
ჩვენთვის მთავარია, რომ ფეროზის მიჩნევა ამ ეტეპზე ქართლის მეფის ერისთავად ნაკლებად შესაძლებელია. აქედან გამომდინარე ძნელი სავარაუდოა, მირიანის მიერ ახალი საერისთავოს შექმნა. მაგრამ აქ გასარკვევია რისი ერისთავია ფეროზი. ჩვენი აზრით, ფეროზი ამ დროს `რანის ერისთავი~ იყო. მაშინ მას მართლაც მიუწვდებოდა ხელი ტერიტორიაზე `ხუნანითგან ბარდავამდე~. არც ის არის გამორიცხული, რომ ფეროზის სპარსელობა და მისი ერისთავობა `ხუნანითგან ბარდავამდე~ ისეთივე რეალობაა, როგორც მირიანის სპარსეთის შაჰის შვილობა და მის მიერ სომხეთის, რანისა და მოვაკანის ფლობა. მიზეზი ამ უზუსტობისა შეიძლება ყოფილიყო სურვილი _ ფეროზისა და აქედან გამომდინარე, ქვემო ქართლის პიტიახშების საგვარეულოს განდიდებისა. შესაძლოა, ასეთი ტრადიციული შეხედულება არსებობდა ფეროზიანების საგვარეულოში და ის დაფიქსირდა ლეონტის რომელიღაცა წყაროს მიერ. ფეროზი ქართლის მეფის ერისთავი ხდება ბაქარ მირიანის ძის დროს. ბაქარმა `გაუცვალა ქუეყანა... ფეროზს, რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისაგან და მისცა მის წილ სამშვილდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა~ (126: 130). ეს ფარნავაზისეული მეოთხე საერისთავოა _ სამშვილდის და ფეროზი გახდა სამშვილდის ერისთავი.
მირიანის მეფობის დროს მაინც ხდება ცვლილებები საერისთავოებთან დაკავშირებით. მეფემ `მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი და დასუა იგი უჯარმას~ (126:70). თუ ლეონტის ცნობა მართალია, გამოდის, რომ მირიანმა გააუქმა საერისთავო და მის ნაცვლად შეიქმნა საუფლისწულო დომენი. თავისთავად ამ ფაქტში არაფერია გასაკვირი და დაუჯერებელი.
მას შემდეგ, რაც მირიანმა მიიღო ქრისტიანობა, როგორც ცნობილია წმინდა ნინო გაემართა ქართლის მთიანეთში ქრისტიანობის საქადაგებლად. `მოქცევაი ქართლისაისა~ და თავად ლეონტის მიხედვითაც, წმინდა ნინოს თან გაჰყვა ერთი ერისთავი, რომელმაც შემდგომ კერპების შესამუსრად `მცირედ წარჰმართა მახვილი~. სამწუხაროდ ვერ ხერხდება დადგენა თუ რომელი მხარის ერისთავი გააყოლა მეფემ წმინდა ნინოს. ყველაზე რეალურია, რომ ეს ყოფილიყო თავად ამ მხარის ერისთავი. ანუ მთიულეთის ერისთავი, რომელსაც დაემორჩილებოდნენ წილკნელები, გუდამაყრელები, ჭართელები, ფხოველები. მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა. ამ მხარეში, ქართლის სამეფოს არსებობის არც ერთ პერიოდში არ ფიქსირდება საერისთავო `ქუეყანა~. იმის გათვალისწინებით, რომ წმინდა ნინო ქართლის მთიანეთის მოვლის შემდეგ გადავიდა კახეთში, შესაძლოა ერისთავის სამართავ `ქუეყნად~ კახეთი გვეგულისხმა. მაგრამ ამ ვარაუდს ხელს უშლის ის ფაქტი, რომ კახეთში ამ დროისათვის საერისთავო გაუქმებულია და უკვე საუფლისწულო არსებობს. ამდენად დადგენა თუ რომელი მხარის ერისთავი გააყოლა მირიანმა მთიულეთში წასულ წმინდა ნინოს ძნელია. გამორიცხული არაა, რომ აქ `ერისთავი~ იხმარება მხოლოდ როგორც სარდალი. ლეონტისთან მოხსენიებული რამოდენიმე ერისთავის ქვეშ, მართლაც შეიძლება მხოლოდ სარდალი დავინახოთ _ `(ფარნავაზს) მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოზისნი სომხითით~; `გამოგზავნა სპარსთა მეფემან ერისთავი სპითა დიდითა~ ; `ერისთავმან სპარსთამან წარიყვანა ტყუედ შვილნი ფეროზისანი~ (126:23,136,137). უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვა ქვეყნის მეფის მოხელეებთან. რაც შეეხება ქართლის სამეფოს შიგნით არსებულ მდგომარეობას, აქ ლეონტის ყოველი ერისთავის ქვეშ ამა თუ იმ მხარის მმართველი იგულისხმება. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს, რომ წმინდა ნინოს თანმხლები ერისთავის ქვეშ მხოლოდ ზოგადად სარდალი ვიგულისხმოთ. ყოველ შემთხვევაში ეს ცნობა არაფერს გვმატებს კონკრეტული ერისთავების დადგენის საქმეში.
მორიგი ცვლილება ქართლის სამეფოს ადმინისტრაციულ დაყოფაში ხდება ბაქარის დროს. მირიანის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ბაქარი. იწყება ბრძოლა მასა და მისი უფროსი ძმის _ მირის შთამომავლებს შორის. ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ბაქარი ინარჩუნებს ტახტს. შემდეგ მან `მოიყვანნა ძმისწულნი მისნი და მისცა კუხეთი და დასხნა რუსთავს ერისთავად~ (126:131). ვ. გოილაძე მართებულად შენიშნავს `ასე რომ, ბაკურს რევიანთა სამფლობელო საგრძნობლად შეუმცირებია. ამ დროიდან რევიანთა სამფლობელოს ცენტრი რუსთავი გახდა~ (69:80). რევიანების სამფლობელო არა მარტო შემცირდა, კახეთის დაკარგვით, არამედ მისი სტატუსიც შეიცვალა. თუ მირიანის დროს კახეთი და კუხეთი საუფლისწულო იყო, ბაქარის დროს კუხეთი საერისთავო გახდა. ასეთი სურათი იხატება, თუ ლეონტის რაიმე უზუსტობა არ მოსდის. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ლეონტის ინფორმაციების გასაკონტროლებელი და შესამოწმებელი წყაროები ძალია ცოტაა, თითქმის არაა. ვგულისხმობთ ერისთავობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ ლეონტის ან უნდა ვენდოთ ან არა. თუ არ ვენდობით და ყველა მის ცნობაში ეჭვს შევიტანთ, ფაქტობრივად არაფერი აღარ დაგვრჩება. ამიტომ იმ შემთხვევებში, როდესაც არარპირდაპირი მონაცემებიც კი არ გვაქვს ლეონტის ცნობების შესამოწმებლად, ჩვენ იძულებული ვართ ვენდოთ მას. კახეთი და კუხეთი ერთ საერისთავოს წარმოადგენდა. ბაქარმა კუხეთი ცალკე გამოყო. რა მოუვიდა კახეთს უცნობია. შეიქმნა იქ ახალი საერისთავო თუ სამეფო დომენის სტატუსი მიიღო, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.
ლეონტისთან და ჯუანშერთანაც, ცნობები ერისთავების შესახებ ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი. ისინი მოიხსენიებიან მხოლოდ მაშინ, როცა მონაწილეობას იღებენ რაიმე პროცესში. ამდენად, ერთიანი სურათის წარმოდგენა რთულია.
ერისთავობასთან დაკავშირებული შემდეგი ცნობა ეხება ვახტანგ გორგასლის მამას _ მირდატს. `მისცა მეფემან სამშვილდე ძესა თÂსსა საერისთოთა მისითა და მუნ დასხდეს მირდატ და საგდუხტ~ (126:142). ყურადღებას იქცევს სიტყვები _ `საერისთოთა მისითა~. ჩვენ მემატიანის სიტყვები შემდეგნაირად გვესმის _ მირდატს მიეცა სამშვილდე მთელს საერისთავოსთან ერთად. გამოდის რომ, მირდატი გახდასამშვილდის ერისთავი. ვარაუდის სახით შეიძლება დავუშვათ, რომ მირდატს კი გადაეცა ეს მხარე, მაგრამ ერისთავის თანამდებობა მას არ მიუღია. ანუ, მირდატს დაემორჩილა თავად სამშვილდის ერისთავი. ასეთ შემთხვევაში გაურკვეველი რჩება მირდატის სტატუსი. ჩვენ უფრო იმ მოსაზრებისკენ ვიხრებით, რომ მირდატი გახდა სამშვილდის ერისთავი. მაშინ გასარკვევია ერთი საკითხი. თავის დროზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სამშვილდის ერისთავები იყვნენ მირიანის სიძის ფეროზის შთამომავლები და IV საუკუნის ბოლოს ერისთავი იყო უშა. უშას შთამომავლები არიან V საუკუნეში მოღვაწე არშუშა და ვარსქენი. თუ მირდატი გახდა სამშვილდის ერისთავი, მაშინ გამოდის, რომ უშას შთამომავლობას გარკვეულ პერიოდში დაუკარგავს სამშვილდის ერისთავის `Ãელი~. პრინციპში, ასეთი რამ სრულიად დასაშვებია. მირდატის მეფობის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. გ. მელიქიშვილის აზრით, მირდატი (მეცნიერი მას მითრიდატეს უწოდებს) მეფობდა V საუკუნის შუა ხანებში (151:170). ნ. შოშიაშვილის მიაჩნდა, რომ მირდატი V საუკუნის 20-იან წლებში ფლობდა ქართლის ტახტს (235;83). ვ. გოილაძემ მირდატის მეფობა 426-438 წლებით განსაზღვრა (69:103-104). ჩვენც ვთვლით, რომ მირდატი V საუკუნის 20-30-იან წლებში მეფობდა. ცხადია, სამშვილდის ერისთავობა მას მანამდე ეპყრა. ანუ V საუკუნის 20-იან წლებამდე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშა სამშვილდის ერისთავი იყო IV საუკუნის ბოლოს. ამ საგვარეულოს შემდეგი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენთვის წყაროებითაა ცნობილი, არის არშუშა. არშუშა პირველად ჩნდება V საუკუნის შუა ხანებში, როდესაც იეზდიგერდ II თავისთან დაიბარა ქართველი, სომეხი და ალბანელი დიდებულები. ირანის შაჰის სურვილს _ მაზდეანობა გაევრცელებინა სამხრეთ კავკასიაში, როგორც ცნობილია მოჰყვა დიდი აჯანყება 450-451 წლებში. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არშუშა და სხვა კავკასიელი დიდებულები შაჰთან უნდა გამოცხადებულიყვნენ V საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს. ამავე პერიოდით უნდა განისაზღვროს არშუშას პირველი გამოჩენა. ამ დროისათვის არშუშა უკვე საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა. აქედან გამომდინარე მას სამშვილდის ერისთავობა და მასთან დაკავშირებული პიტიახშის საპატიო ტიტული უკვე საკმაო ხნის მიღებული უნდა ჰქონდეს. მაგრა ეს ხელს არ უშლის იმას, რომ V საუკუნის 20-იან წლებამდე სამშვილდის ერისთავად ვინმე სხვა პიროვნება მივიჩნიოთ. ჩვენს შემთხვევაში მირდატი.
   ჩვენი აზრით, მოვლენათა შემდეგი განვითარება შეიძლება ვივარაუდოთ _ V საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფე არჩილი სამშვილდის ერისთავად ნიშნავს თავის ძეს მირდატს. შესაბამისად უშას საგვარეულო ამ თანამდებობას კარგავს. წყაროთა არარსებობის გამო მეფის ამ ნაბიჯის ახსნა და მისი გამოიმწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელია. V საუკუნის 20-იან წლებში, არჩილის გარდაცვალების შემდეგ, მირდატი იკავებს ქართლის სამეფო ტახტს და შესაბამისად თავს ანებებს სამშვილდის ერისთავობას. ეს თანამდებობა უბრუნდება ძველ მფლობელთა საგვარეულოს და V საუკუნის შუა ხანებში სამშვილდის ერისთავად არშუშა გვევლინება. თუ როდის გახდა არშუშა ერისთავი ძნელი დასადგენია. შესაძლოა, ის მირდატის გამეფებისთანავე გახდა ერისთავი. ასეთ შემთხვევაში ის თითქმის ოცდაათი წელი ყოფილა ერისთავი. მსგავსი ფაქტები დაფიქსირებულია ჩვენს ისტორიაში (თუნდაც ლიპარიტ IV ბაღვაში).
   ლეონტი მროველთან და ჯუანშერთან დაცული ცნობები, თითქოს ხაზს უსვამენ სამშვილდის საერისთავოს შედარებით განსხვავებულ _ `პრივილეგირებულ~ მდგომარეობას სხვა საერისთავოებთან შედარებით. პირველ რიგში ვგულისხმობთ იმას, რომ ორჯერ სამშვილდის ერისთავის ტიტულს ატარებდნენ უფლისწულები _ მომავალი მეფეები. პირველი იყო საურმაგის შვილობილი მირვანი _`მისცა ... ქალაქი გაჩიანი და საერისთო სამშვილდისა~ (126:27). მეორე იყო ვახტანგ გორგასლის მამა მირდატი _`მისცა მეფემან სამშვილდე ძესა თვისსა საერისთოთა მისითა~ (126:142). კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სამშვილდე არის ერთადერთი საერისთავო რომლის მმართველებიც გარკვეულ პერიოდში იყვნენ უფლისწულები. სამშვილდის საერისთავოსთან დაკავშირებით საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი _ IV საუკუნეში მოღვაწე მეფე ფარსმანს, ვარაზ-ბაკურის ძეს `ზრდიდა ერისთავი სამშვილდისა~ (126:137). ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ წყაროებით ჩვენთვის არ არის ცნობილი სხვა შემთხვევა, როცა მომავალ მეფეს ზრდიდა ერისთავი. გვინდა მოვიყვანოთ კიდევ ორი ფაქტი, რომლებიც უშუალოდ საერისთავოსა და ერისთავს არ ეხება, მაგრამ გარკვეულწილად ავსებენ ჩვენს მიერ წარმოდგენილ სურათს. ლეონტი მროველის მიხედვით, მას შემდეგ რაც მეფე მირვანმა შინაომის დროს მოკლა წინამორბედი მეფე ბარტომი, მან `მძლავრობით გამოიყვანა ცოლი ბარტომისი სამშვილდით და შეირთო ცოლად~(126:33). ლეონტისვე ცნობით, როდესაც ქართლის ერისთავებმა მაეჟან სპასპეტის მეთაურობით მირიანი ითხოვეს მეფედ და ეს უკანასკნელი მოვიდა მცხეთაში, `მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფისა სამშვილდით, რომელსა ერქუა აბეშურა~ (126:64). ყურადღებას იქცევს, რომ ორივე დედოფალი სამშვილდის ციხიდან გამოჰყავთ. თავისთავად ეს ფაქტები შესაძლოა ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ ფაქტებთან ერთად, კიდევ ერთხელ მიუთითებს სამშვილდის საერისთავოს შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაზე.
   თუ რამდენად შეესაბამება ყოველი ზემოთ მოყვანილი ფაქტი სინამდვილეს, შესაძლოა სადავო იყოს (ჩვენი აზრით, მათში არაფერია დაუჯერებელი), მაგრამ მთავარია, რომ წყაროებში ასახულია სამშვილდის ერისთავთა განსხვავებული მდგომარეობა სხვებთან შედარებით. ეს კი არა გვგონია, რომ მხოლოდ მემატიანეთა ფანტაზიის შედეგი იყოს. ცხადია ამას რეალური საფუძველი უნდა ჰქონოდა.
   ჩვენი აზრით, სამშვილდის ერისთავობა სხვა მხარის ერისთავობასთან შედარებით, უფრო საპატიო თანამდებობა იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამშვილდის ერისთავს სხვებთან შედარებით რეალურად უფრო მეტი უფლებები ჰქონდა. ჩვენ თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ ამ მდგომარეობას შესაძლოა საფუძველი ჩაეყარა საურმაგის დროს. როდესაც მან სამშვილდის ერისთავობა უბოძა მირვანს. იქნებ სწორედ იმიტომ მისცეს ეს მხარე IV საუკუნეში ფეროზსს, რომ მისი მფლობელობა საკმაოდ საპატიო იყო.
   ძალიან საინტერესო ცნობაა დაცული ერისთავობის ინსტიტუტთან დაკავშირებით `მოქცევაი ქართლისაიში~ _`და მერმე მეფობდა მირდატ და მთავარ ებისკოპოსი იყო გლონოქორ და ესე მთავარ ებისკოპოსი ერისთავადცა იყო ბარზაბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს~ (162;92). ეს ცნობა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მკვლევართა შორის. ს. ჯანაშია ასე განმარტავს ამ ცნობას _ `ირანის მთავრობის ემისარი ქართლში, პიტიახში, ქართლის ეკლესიის მეთაურს თავის ერისთავად, საერო მოხელედ ნიშნავს~ (256;274). ს.ჯანაშიას მიხედვით გამოდის, რომ გლონოქორი იყო ირანელი პიტიახშის საერო მოხელე და არა ქართლის მეფის ერისთავი. ლ. ჯანაშიას აზრით, `გაურკვეველია რას აღნიშნავდა `ქართლისა და ჰერეთის ერისთავი~ ან როგორ უნდა ყოფილიყო ქართლის მთავარეპისკოპოსი ამ ქვეყნის ერისთავად, საერო გამრიგედ და მოსამართლედ. უფრო ბუნებრივი იქნებოდა, რომ გლონოქორისათვის ირანელებს დაეკისრებინათ არა ერისთავობა არამედ რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი ფუნქცია~. შემდეგ მკვლევარი აღნიშნავს, რომ სომხეთის კათალიკოსს ირანელებმა დააკისრეს ხარკის აკრეფა. გარდა ამისა, ლ. ჯანაშიას აზრით, რანის პიტიახშს ბარზაბოდს ამ დროისათვის ჯერ ხელი ვერ მიუწვდებოდა ქართლზე, რადგან ერთიანი `კავკასიის ქუსტაკი~ შეიქმნა მხოლოდ ხოსრო ანუშირვანის დროს (531-579).
   რაც შეეხება სამხრეთ კავკასიაში, ირანელთა მიერ ერთიანი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას, ამ საკითხს ჩვენ უკვე შევეხეთ. ჩვენ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ჯერ კიდევ ხოსრო ანუშირვანამდე უნდა ეარსება მსგავს ადმინისტრაციულ ერთეულს. მ. ლორთქიფანიძის აზრით, გლონოქორი შეიძლება გავაიგივოთ ბინქარანთან (138:77), რომლის შესახებაც ჯუანშერი წერს_`მაშინ ბარზაბოდ წარმოგზავნა ცეცხლის-მსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოსად ბინქარან~(265;145). ჩვენ არ ვიზიარებთ მოსაზრებას, გლონოქორისა და ბინქარანის გაიგივების შესახებ. უფრო მისაღებად მიგვაჩნია თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც გლონოქორი იყო ქართლის მთავარეპისკოპოსი (193;16). გლონოქორის ერისთავობასთან დაკავშირებით რამოდენიმე საკითხია გასარკვევი. ჩვენს ეჭვს პირველ რიგში იწვევს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ ქართლის ეკლესიის მეთაური ყოფილიყო მეფის მოხელე _ ერისთავი. ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია. ასევე გაურკვეველია ქართლისა და ჰერეთის ერისთავობა. ჰერეთის საერისთავო შეიქმნა ვახტანგ გორგასლის დროს, ამაზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ.რაც შეეხება ქართლის საერისთავოს, ასეთი საერისთავო არ არსებობდა ქართლის სამეფოს არსებობის მთელი ხნის მანძილზე. რაც მთავარია, `მოქცევაის~ ცნობაში აღნიშნულია, რომ გლონოქორი ერისთავად დადგენილი იყო ბარზაბოდ პიტიახშისაგან. ეს კი თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ გლონოქორი იყო ქართლის მეფის ერისთავი. ჩვენ არა გვგონია, რომ გლონოქორის მიჩნევა შეიძლება ჩვეულებრივ ერისთავად. ერთიანი ქართული მონარქიის არსებობის ჟამს, XI-XIV საუკუნეებში, იყო შემთხვევები როდესაც ერისთავებად გვევლინებოდნენ სასულიერო პირები. ტბეთის ეპისკოპოსი იყო შავშეთის ერისთავი. მაგრამ გლონოქორთან სულ სხვა ვითარებაა, იმ მომენტების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. ჩვენი აზრით, სავსებით მისაღებია ლ. ჯანაშიას მოსაზრება, რომ გლონოქორს ირანელების მხრიდან დაკისრებული ჰქონდა არა ჩვეულებრივი ერისთავობა, არამედ რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი საერო ფუნქცია. სწორედ ამ საერო ფუნქციის გამო, მოგვიანო პერიოდში მოღვაწე მემატიანემ გლონოქორს მიაწერა ერისთავობა.
   შედარებით მრავალრიცხოვანი ცნობები ერისთავებთან დაკავშირებით მოიპვება ჯუანშერის თხზულებაში და ცხადია განეკუთვნება ვახტანგ გორგასლის ხანას. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯუანშერთან კვლავ დასტურდება სპასპეტის უზენაესობა ერისთავებზე. ამ მხრივ როგორც ჩანს ვითარება არ შეცვლილა. ამას მოწმობს შემდეგი ცნობები: `მოიყვანა ყოველნი ერისთავნი სპასპეტისა თანა~; `ჯუანშერ სპასპეტი და ორნივე ეპისკოპოსნი დასხდეს საყდართავე და სხუანი ყოველნი ერისთავნი დასხდეს სელებითა და ათასისთავნი და ასისთავნი და ყოველი ერი წარმოდგეს ზე~(265;144,147). მეორე ცნობა საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ თუ როგორი იყო სამოხელეო იერარქია ვახტანგის დროს: მეფე, სპასპეტი, ერისთავი, ათასისთავი, ასისთავი. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზის მიერ შექმნილი იერარქია შემდეგი სახის იყო: მეფე, სპასპეტი, ერისთავი, სპასალარი და ათასისთავი (126:25). როგორც ვხედავთ, ჯუანშერი ჩვენს მიერ მოტანილ ცნობაში არ მოიხსენიებს სპასალარს. ეს თანამდებობა ვახტანგის დროს ნამდვილად არსებობს და ეს ცხადად ჩანს თავად ჯუანშერის შემდეგი ცნობიდან _ ვახტანგის და, მირანდუხტი `მოითხოვა საზრდოდ სპასალარმან კასპისამან~(265;143). გ. მელიქიშვილი, კასპის სპასალართან დაკავშირებით შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს _ `врядли под этим названием следует усмотреть другой термин, а не известный нам эристави~ (286;465). ჩვენი აზრით, კასპის სპასალარის წოდება არ უნდა ყოფილიყო ერისთავი. ის არის სპასალარი და სწორედ ამიტო მოიხსენიებს მას ჯუანშერი ამ ტიტულით. წინააღმდეგ შემთხვევაში მემატიანე მას სხვანაირად მოიხსენიებდა. რაც მთავარია კასპის საერისთავოს არსებობა არ დასტურდება წყაროებით.
    საინტერესოა ჯუანშერის შემდეგი ცნობა _ ვახტანგმა `მოუწოდა არტავაზს ძუძუმტესა მისსა და დაადგინა იგი ერისთავად და უბრძანა რათა ააგოს ციხე არტანუჯისა და უბრძანა გამონახოს ხევსა მას შინა ადგილი სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია~(265;117). ჩვენ ვეთანხმებით მ. ლორთქიფანიძის მოსაზრებას, რომ ეს ცნობა იძლევა `შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ერთეულის, ქართული საერისთავოს ტიპიურ სურათს~ (138:48). აშკარაა, რომ ერისთავის რეზიდენციის აუცილებელი ატრიბუტი იყო ციხე და ეკლესია. ერისთავებს რომ თავისი ციხეები ჰქონდათ, ამას ლეონტიც ადასტურებს.
   ჯუანშერთან დაცულ ცნობებს შორის, ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მისი თხზულების ის ადგილი სადაც ჩამოთვლილი არიან ვახტანგის ერისთავები _ `პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა; და დემეტრე ერისთავი კახეთისა და კუხეთისა; და გრიგოლ ერისთავი ჰერეთისა; და ნერსარან ერისთავი ხუნანისა; და ადარნასე ერისთავი სამშვილდისა; და სამნაღირ ერისთავი შიდა ეგრისისა და სუანეთისა; და ბაკურ ერისთავი მარგვისა და თაკუერისა ... არტავაზ ერისთავი კლარჯეთისა; და ნასარ ერისთავი წუნდისა; და ბივრიტიან ერისთავი ოძრხისა~ (265;185). მ. ლორთქიფანიძის აზრით, `ჯუანშერის საერისთავოების ეს სია თავთავისი ერისთავებითურთ იმდენად კონკრეტულია, რომ მასში ეჭვის შეტანა ძნელია. თუმცა ამასთან დაკავშირებით დგება საკუთრივ სამშვილდის საერისთავოს საკითხი ... ჯუანშერის თუ მისი წყაროს ცნობამ ნაგვიანევ ხანაში რედაქცია განიცადა~ (138:58). დ.მუსხელიშვილი წერს, `ეს სია თავისი კონკრეტული ხასიათით თითქოს იმაზე მიუთითებს, რომ იგი რეალური უნდა იყოს, თუმცა აქ მაინც ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ როგორც ცნობილია 60-80-იან წლებში ქართლის პიტიახში ცნობილი ვარსქენია, ხოლო მის წინ, 30-50-იან წლებში მისივე მამა არშუშა ჩანს. მაგრამ ჩვენ რომ ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის დეტალური თარიღები ვიცოდეთ, შესაძლებელია ეს შეუსაბამობაც მოხსნილიყო~. მკვლევარი იქვე აღნიშნავს, რომ ფარნავაზის დროისაგან განსხვავებით ვახტანგმა ორი ახალი საერისთავო დააარსა: ჰერეთისა და წუქეთის (166;215). სამშვილდის ერისთავის _ ადარნასეს საკითხი ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ პიტიახშის ინსტიტუტზე საუბრისას. აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი აზრით ჯუანშერი გვაწვდის ერისთავების სიას 482-484 წლების აჯანყების შემდეგ. ე.ი. იმ დროისათვის როდესაც ვარსქენი უკვე მოკლული იყო. მის ნაცვლად მეფეს თავისი მომხრე უნდა დაენიშნა სამშვილდის ერისთავად (სხვათა შორის, არც ის არის გამორიცხული, რომ ადარნასე იმავე საგვარეულოს წევრი იყოს რომელსაც ვარსქენი ეკუთვნოდა. თუმცა, ჩვენთვის ცნობილი წყაროების მიხედვით, სახელი ადარნასე ამ საგვარეულოში არ გვხვდება).
   ჯუანშერთან დაცული სია მართლაც ძალიან ჰგავს ლეონტისეულ სიას. ამასთან დაკავშირებით ნ. ბერძენიშვილი წერდა `როგორც ვხედავთ ფარნავაზის დროისა და ვახტანგის დროის საერისთავო ქვეყნები ძირითადში უცვლელნი დარჩენილან და ეს თითქოს რვაასი წლის მანძილზე! ეს კი იმის მოწმობა შეიძლება იყოს, რომ ეს საერისთავო ქვეყნები უფრო ძლიერ და მტკიცე მომენტს ეყრდნობიან, ვიდრე სახელმწიფოს მეთაურთა რაციონალისტური, ადმინისტრაციულ-სახელმწიფოებრივი ღონისძიება ე.ი. ემყარებიან ეთნიკურ-ტერიტორიულ წარმონაქმნობის მომენტს და რომ ეს მომენტი მტკიცე ტრადიციულ გამძლეობას იჩენს~ (44:154).
   შევადაროთ ერთმანეთს ლეონტისთან და ჯუანშერთან დაცული ერისთავთა სიები ერთმანეთს:
ლეონტის სია                         ჯუანშერის სია
1. არგვეთის ერისთავი        1. არგვეთისა და თაკვერის ერისთავი
2. კახეთის (კახეთისა და     2. კახეთისა და კუხეთის კუხეთის) ერისთავი ერისთავი
3. ხუნანის ერისთავი           3. ხუნანის ერისთავი
4. სამშვილდის ერისთავი   4. სამშვილდის ერისთავი
5 .წუნდის ერისთავი            5. წუნდის ერისთავი
6. ოძრხის ერისთავი             6. ოძრხის ერისთავი
7. კლარჯეთის ერისთავი    7. კლარჯეთის ერისთავი
8. ეგრისის ერისთავი           8. შიდა ეგრისისა და სვანეთის ერისთავი
9. ჰერეთის ერისთავი
   სამშვილდის, კახეთის, წუნდის, კლარჯეთის, ხუნანისა და ოძრხის საერისთავოები უცვლელად არის შენარჩუნებული. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფარნავაზიდან მოყოლებული ვიდრე ვახტანგ გორგასლამდე საერისთავოები არანაირ ცვლილებას არ განიცდიდნენ. ჩვენ უკვე შევეხეთ კახეთის საერისთავოს საკითხს მირიანის დროს, როდესაც საერისთავო გაუქმდა და მის ნაცვლად საუფლისწულო დომენი შეიქმნა. ვახტანგის დროს კვლავ არსებობს ეს საერისთავო. როგორც ჩანს გარკვეულ ეტაპზე მოხდა მისი აღდგენა. შესაძლოა ანალოგიური მდგომარეობა იყო სხვა საერისთავოებთან დაკავშირებითაც. ეს ეხება საზღვრისპირა საერისთავოებს, ისეთებს როგორებიც იყო მაგალითად: კლარჯეთი, სამშვილდე და სხვა. იმ რვა საუკუნის მანძილზე, რომელიც ერთმანეთისაგან აშორებს ფარნავაზისა და ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის ხანას, ქართლის სამეფოს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი ხშირად იცვლებოდა. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ საერისთავოს ტერიტორიაც ხან ქართლის სამეფოს შემადგენლობაში იყო და ხანაც არა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საერისთავოებს შეიძლება ეარსებათ მხოლოდ მაშინ როცა ეს ტერიტორიები ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. სამწუხაროდ წყაროების სიმცირის გამო ძნელი დასადგენია ქართლის სამეფოს საზღვარი ამა თუ იმ პერიოდში. მაგრამ გარკვეული სახის ინფორმაცია მატიანეებში მაინც დაცულია.
   ლეონტი მროველი წერს _`განდგეს კლარჯნი ვარაზ-ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვითაგან არსიანთამდე~ (126:137). ბრძოლას კლარჯეთის დასაბრუნებლად აწარმოებდა მეფე მირდატი _ `ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვარსა ქართლისასა~ (126:138). კლარჯეთის დაბრუნება მხოლოდ ვახტანგ გორგასალმა შეძლო და აღადგინა აქ საერისთავო. ჯუანშერი წერს _`(ვახტანგმა) იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი და მოუწოდა არტავაზს, ძუძუმტესა მისსა და დაადგინა იგი ერისთავად~ (265;177). ის მკვლევარებიც კი, რომლებიც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ჯუანშერის ცნობებს, რაელურად მიიჩნევენ კლარჯეთის საერისთავოს არსებობას ვახტანგ გორგასალის დროს. ნ. ლომოური წერს _`შედარებით უფრო რეალურად გამოიყურება ვახტანგ გორგასლის დროს კლარჯეთის უკან დაბრუნება ქართლისათვის ... მემატიანეს იმდენად ნიშანდობლივი ცნობები აქვს ვახტანგისა და მისი ერისთავის არტავაზდის კლარჯეთში მოღვაწეობის შესახებ, რომ ძნელია აქ ყველაფერი არარეალურად მივიჩნიოთ. აქაა არტანუჯის ციხის აშენება, ოპიზის მონასტრის, მერის, შინდობისა და ახიზის ეკლესიათა აგება, ახიზის ციხის განახლება და ბოლოს კლარჯეთში ახიზის საეპისკოპოსოს დაარსება. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ვახტანგ გორგასლის დროს კლარჯეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა~ (129:48).
   დ. მუსხელიშვილს მიაჩნია, რომ ვახტანგმა შექმნა ორი ახალი საერისთავო: ჰერეთისა და წუქეთის(166;215). ამ თვალსაზრისს იზიარებს მ. ლორთქიფანიძეც (138:51). ჰერეთის საერისთავოსთან დაკავშირებით სადავო არაფერია. ჯუანშერი პირდაპირ ასახელებს ჰერეთის ერისთავს, ეს არის გრიგოლი (265;185). წუქეთთან დაკავშირებით კი ცოტა უფრო რთულად არის საკითხი. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ჯუანშერი ერისთავების ჩამოთვლის დროს არ მოიხსენიებს წუქეთის ერისთავს. ჯუანშერი საერთოდ არ იცნობს ასეთ საერისთავოს. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ჯუანშერი V საუკუნის ავტორია და მას ეკუთვნის მხოლოდ ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღწერა (70:42-61). ცნობა ვახტანგ გორგასლის მიერ წუქეთში მმართველის დანიშვნის შესახებ, განეკუთვნება არჩილის ხანას და მისი ავტორი ჩვენი აზრით არ არის ჯუანშერი. მატიანეში ვკითხულობთ _` (არჩილმა) პოვა წუქეთს მთავარნი, რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო~ (265;243). ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ნ. ბერძენიშვილს. მეცნიერი წერდა _` V საუკუნეში ჰერეთი ქართლის სახელმწიფოში შემავალი ქვეყანა იყო და მის ერთ-ერთ საერისთავოს შეადგენდა ... სახელგანთქმული ვახტანგ გორგასლის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მოღვაწეობის შესახებ ჰერეთში ორი სხვადასხვა დროისა და წარმოშობის მოწმობა მოგვეპოვება. XI საუკუნის მწერალი მოწმობს, რომ ჰერეთი ვახტანგის სახელმწიფოში ერთ-ერთი საერისთავო იყო (ანასეული ქცა, ჯუანშერი, 125), ხოლო მეორე მწერალი (ანონიმი) აღნიშნავს, რომ VIII საუკუნეში ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (წუქეთს) ისხდნენ `მთავარნი რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი. და იყო მაშინ რომელი ერისთაობდა თუშთა და ღუნძთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო~ (ანასეული ქცა, გვ.125)~. (41;254). როგორც ვხედავთ, ნ. ბერძენიშვილი ორივეჯერ საუბრობს ვახტანგის მოღვაწეობაზე ჰერეთში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან წუქეთი ისტორიული ჰერეთის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი მხარე იყო.
   როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯუანშერთან საუბარია მხოლოდ ჰერეთის საერისთავოზე და წუქეთი ნახსენები არ არის. მეორეს მხრივ არც ჯუანშერის გამგრძელებლის ცნობაა უგულველსაყოფი, რომ წუქეთის `მთავრებისთვის~ ვახტანგ გორგასალს `მიებოძა წუქეთი~. ჩვენი აზრით საჭიროა ჯუანშერის გამგრძელებლის ცნობის დაწვრილებით განხილვა `ჰპოვა წუქეთს მთავარნი~ _ ეს განეკუთვნება არჩილს. `რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი~ _ აქ ცხადია V საუკუნეზეა საუბარი. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მემატიანე არ განსაზღვრავს თუ რა სტატუსით `მიუბოძა~ მეფემ ეს ტერიტორია. ცნობის შემდეგი ნაწილი თითქოს იმაზე მიუთითებს, რომ ერისთავობა უნდა იგულისხმებოდეს. `და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო. არა ინება მისგან წაღებად წუქეთი~. სიტყვები: `და იყო მაშინ~ ცხადია გულისხმობს არჩილის ხანას VIII საუკუნეს. ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ მემატიანე წერს, არჩილმა ჯერ პოვა მთავარნი და შემდეგ აღნიშნავს _ ერისთავობდა აბუხუასრო. გამოდის, რომ აბუხუასრო არის მთავარიც და ერისთავიც. ნომონალურად, მთავარს უფრო მაღალი სტატუსი აქვს, ვიდრე ერისთავს. მთავარი, უფრო მეტად, ნახევრად დამოუკიდებელი მმართველია. ერისთავი კი მხოლოდ მეფის მოხელეა. მაგრამ ქართულ წყაროებში, მთავარი ზოგჯერ იხმარება როგორც ზოგადი ტერმინი რომელიც აღნიშნავს წარჩინებულს და ამ მხრივ რა თქმა უნდა ერისთავიც მთავარია. მით უმეტეს, რომ არჩილის დროს ერისთავობა როგორც სამოხელეო ინსტიტუტი აღარ არსებობს და ერისთავები უკვე კარგა ხნის `გამთავრებულები~ არიან (ამ საკითხს დაწვრილებით სხვაგან შევეხებით). ასე რომ, აბუხუასრო რეალურად მთავარია, თუმცა შესაძლოა ატარებდა ერისთავის ტიტულსაც, რაც პირადად ჩვენ საეჭვოდ მიგვაჩნია. ჯუანშერის გამგრძელებლის ნათქვამი, რომ აბუხუასრო `ერისთავობდა~ _ გულისხმობს აბუხუასროს მმართველობას ამ რეგიონში და არა რეალურ ერისთავობას. ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ჩვენი აზრით ვახტანგ გორგასლის დროს წუქეთის საერისთავო არ უნდა არსებულიყო. მთავარი არგუმენტი მაინც ის არის, რომ ჯუანშერი ასეთ საერისთავოს არ იცნობს. ძნელი წარმოსადგენია, რომ მემატიანეს, რომელიც ყველა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულს ჩამოთვლის, მაინცდამაინც წუქეთი გამორჩა. ჩვენი აზრით, წუქეთი შედიოდა ვახტანგ გორგასალის დროს ქართლის სამეფოს შემადგენლობაში. ჯუანშერის გამგრძელებელზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეფემ წუქეთში მართლაც დანიშნა მმართველი, მაგრამ ის არ იყო ერისთავი. ანუ წუქეთი არ იყო დამოუკიდებელი საერისთავო. ის როგორც უფრო მცირე ადმინისტრაციული ერთეული შედიოდა დიდი ადმინისტრაციული ერთეულის _ ჰერეთის საერისთავოს შემადგენლობაში. ჯუანშერი კი ასახელებს ჰერეთის ერისთავს _ გრიგოლს.
   ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა, ვახტანგ გორგასლის დროს დასავლეთ საქართველოში საერისთავოების არსებობასთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვნახეთ, ჯუანშერი ასახელებს ორ საერისთავოს ამ მხარეში: შიდა ეგრისისა და სვანეთის, ერისთავია სამნაღირი; არგვეთისა (მარგვისა) და თაკვერის, ერისთავია ბაკური(265;185). ეს საერისთავოები ვახტანგმა აღადგინა, მას შემდეგ რაც თავისი გავლენა გაავრცელა დასავლეთ საქართველოზე. ჯუანშერის მიხედვით, ყოველივე შემდეგნაირად მოხდა _ ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობის შემდეგ, ვახტანგი ` სპითა დიდითა ქართლისათა წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა. სულგრძელად და უშიშრად იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა, რამეთუ მეფე ბერძენთა ლეონ დიდი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა და ვერშემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს. და სამ წელ წარტყვნნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე~ (265;157). ამის შემდეგ ვახტანგი ბრუნდება ქართლში, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, ირანის შაჰის ბრძანებით, კვლავ გაემართება ბიზანტიელთა წინააღმდეგ სალაშქროდ. საბოლოოდ ომი ზავით დამთავრდა. `უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვითაგან ვიდრე არსიანთამდე და ხევნი რომელნი მოსდგმანან ღადოთა. და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქვეყანა ზღვის პირსა, რომელ არს აფხაზეთი, და რქვა ესრეთ: ეგრისწყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისასა ესე საზღვარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან, რომელი აწ შენ მიგიღია მკვლავითა ჩუენგან. აწ იგი უკუმოგვეც და ოდეს წარიყვანებდე ცოლსა შენსა, ასულსა ჩემსა, მაშინ მოგცე მისგან ქუეყანა. და დაუწერა ეგრისწყალსა და კლისურას შუა ქუეყანა ზითვად. და სხუა აფხაზეთი უკუსცა ვახტანგ ბერძენთა~ (265;177).
   ვ. გოილაძის აზრით, `ომის შედეგად ეგრისის სამეფოს დიდი ნაწილი ვახტანგმა ირანს დაუმორჩილა. ყოველივე აღნიშნული, ვფიქრობ, კიდევ ერთი დადასტურებაა ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებისა V ს. 50-60-იან წლებში ეგრისის სამეფო ირანის ქვეშევრდომობაში რომ იყო~ (70:101).
    ნ. შოშიაშვილი თვლიდა, რომ `ბრძოლისა და დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა არგვეთის (მარგვის) საერისთავო, ხოლო განსაკუთრებული სტატუსით (როგორც ნამზითვი) _ საკუთრივ ეგრისი და სვანეთი~ (235;90).
    თ. ბერაძის აზრით, სამნაღირი `უნდა იყოს ეგრისის დღემდე უცნობი მეფე, რომელსაც ჯუანშერი ქართლის მეფის ვასალად თვლიდა. რაც შეეხება მარგვეთს, თაკვერს და სვანეთს ეს რეგიონები უეჭველად ემორჩილებოდა ვახტანგ გორგასალს, რომელიც როგორც ირანის ვასალი ბიზანტიელ ავტორებთან `სპარსელების~ სახით აღიქმებოდა~(39;106).
    მ. ლორთქიფანიძეს მიაჩნია _ `დასავლეთ საქართველოში ქართლის მეფეს ორი ერისთავი ჰყავდა: შიდა ეგრისისა და სვანეთის ერისთავი და არგვეთისა და თაკვერის ერისთავი. მაგრამ წერილობით წყაროებში არაფერია ნათქვამი დასავლეთ საქართველოში ვახტანგის მიერ ჩატარებული საამშენებლო საქმიანობის შესახებ, ამ მხარის გამაგრების მიზნით, ასევე V საუკუნის ქართლის ეპისკოპოსთა ნუსხაში არ არის წარმოდგენილი დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოები. ასეთ ვითარებაში იქნებ მართებული იყოს თვალსაზრისი, რომ V საუკუნის 60-70-იან წლებში, როდესაც ვახტანგ მეფე ახორციელებდა თავის ექსპანსიას დასავლეთ საქართველოში, ის მოქმედებდა როგორც შაჰის ვასალი, რომ ფორმალურად ეს იყო იმპერიის აქცია და დასავლეთ საქართველოს ორი საერისთავო ქართლის მეფეს, როგორც ირანის ვასალს ისე ექვემდებარებოდა ... დასავლეთ საქართველოს საერისთავოები მაინც განსხვავებული უფლებით ყოფილან შესული ქართლის სამეფოში, ქართლის მეფეს, ჩანს, იქ თავისი ინიციატივით არავითარი მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარება არ შეეძლო~ (138:53-54).
   დ. მუსხელიშვილის აზრით, ` V საუკუნის 60-70-იან წლებში, პეროზ შაჰის დროს, ირანი იმორჩილებს ეგრისის სამეფოს მთლიანად (აფხაზეთის გარდა). ეს ხდება ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის უშუალო მონაწილეობით თუ ინიციატივით. დამორჩილებული ეგრისის სამეფო შეუერთდა ქართლს და ამ უკანასკნელის საგამგეო ერთეულებად, საერისთავოებად დანაწილდა~ (166;211).
   ლ. ჯანაშია, განიხილავდა რა ლაზარ ფარპეცის ცნობას, რომ აჯანყების დამარცხების შემდეგ ვახტანგი გადავიდა ეგრისში, წერდა _ `ლაზარის თვალსაზრისით, ეგრისი ისეთივე ერთეულია როგორც ქართლი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ეგრისი აქ ქართლის ნაწილად არ იგულისხმება. სწორედ ამიტომ შეაფარა მას თავი ვახტანგმა, რომ ამ დროს ეგრისი ბიზანტიელების სამფლობელოში შედიოდა და სპარსელებს ხელი არ მიუწვდებოდათ მასზე~. შემდეგ მკვლევარი აღნიშნავს, `სომხები ხშირად აფარებდნენ თავს ტაოს, თუმცა ისიც ირანის სამფლობელოში შედიოდა, მაგრამ ტაო მთიანსა და მიუვალ მხარეს წარმოადგენდა და ეს იცავდა ლტოლვილებს, რაც ყოველ ასეთ შემთხვევაში აღნიშნული აქვთ კიდეც სომეხ ავტორებს. საფიქრებელია, რომ ლაზარიც აღნიშნავდა თუ რატომ შეაფარა ვახტანგმა თავი ეგრისს, ის რომ ქართლის მხარე ყოფილიყო~ (252;191).
   ნ. ლომოურიც არ იზიარებს მოსაზრებას, დასავლეთ საქართველოზე ვახტანგ გორგასლის ძალაუფლების გავრცელების შესახებ. ჯუანშერთან მოხსენიებული, დასავლეთ საქართველოში არსებული ორი საერისთავოს შესახებ, მკვლევარი აღნიშნავს, რომ `ცნობა დასავლეთ საქართველოს ერისთავთა შესახებ არ შეიძლება არგუმენტად გამოდგეს ეგრისის სამეფოს ქართლთან შეერთების მტკიცებისათვის~ (129:36). რაც შეეხება უცხოურ წყაროებს, ნ. ლომოური შენიშნავს `ვერც ერთი ბიზანტიური წყარო ვერ ადასტურებს ვახტანგ გორგასლის ხანაში ეგრისის ირანის ქვეშევრდომობაში და ამ გზით ქართლისადმი დაქვემდებარებაში გადასვლას~ (129:39). მკვლევარი ეხება რა ლაზარ ფარპეცის ცნობას, ვახტანგის დასავლეთ საქართველოში გადასვლის შესახებ, წერს _`ლაზარ ფარპეცის ეს ცნობა სწორედ იმის სამტკიცებლად უფრო შეიძლება გამოდგეს, რომ ეგრისი ამ დროს ირანის ქვეშევრდომი არაა, რის გამოც აქ აფარებს თავს ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის მეფე. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ლაზარ ფარპეცი ამ მოვლენების თანამედროვე და თვითმხილველია, ამ ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება~ (129:40). მეცნიერ თვლის, რომ `V საუკუნის მეორე ნახევარში არ მომხდარა დასავლეთ საქართველოს _ მთლიანად თუ ნაწილობრივ _ ქართლთან შეერთება და მაშასადამე დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმად გაერთიანება~ (129:47).
   როგორც ვხედავთ, მკვლევართა ნაწილი სრულიად უარყოფს, დასავლეთ საქართველოს ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ყოფნის ფაქტს. ნაწილი თვლის, რომ დასავლეთ საქართველო ვახტანგ გორგასალს ემორჩილებოდა როგორც ირანის შაჰის ვასალს. სხვათა აზრით, დასავლეთ საქართველო უშუალოდ შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ორი ადმინისტრაციული ერთეულის სახით.
   ჩვენთვის ცოტა გაუგებარია ფორმულირება, რომ დასავლეთ საქართველო ვახტანგს ემორჩილებოდა როგორც ირანის ვასალს. ამ მოსაზრების მიხედვით, დასავლეთ საქართველო არ შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში და ქართლის მეფეს ხელი არ მიუწვდებოდა ამ მხარეზე. ასეთ შემთხვევაში გასარკვევია თუ როგორ არსებობდნენ ამ მხარეში ქართლის სამეფოს საერისთავოები. თუ ვენდობით ქართულ წყაროს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთ საქართველოს რაღაც ნაწილი შედიოდა ქართლის სამეფოში და ემორჩილებოდა ქართლის მეფეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯუანშერი არ მოიხსენიებდა ორ საერისთავოს ამ მხარეში და არ დაასახელებდა მათ სხვა ადმინისტრაციული ერთეულების გვერდით. ჯუანშერი ერთად ჩამოთვლის ყველა საერისთავოს, რადგან ყველა მათგანის სტატუსი ერთნაირია და მათ შორის განსხვავება არ არსებობს. ჩვენი აზრით, დასავლეთ საქართველოს რაღაც გარკვეული ნაწილი ან უშუალოდ შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ან არა. რაღაც შუალედური სტატუსის არსებობა ნაკლებად შესაძლებელია. საკითხის საბოლოო გადაწყვეტა დამოკიდებულია იმაზე ვენდობით ჩვენ ქართულ წყაროს თუ არა. ჯუანშერის მიხედვით ყველაფერი ნათელია.
   ვნახოთ რა ცნობებია უცხოურ წყაროებში. ლაზარ ფარპეცი წერს: `ვახტანგ მეფემ დაინახა, რომ თავისიანებმა იგი მოატყუეს, მიატოვეს და ჰაზარავუხტთან მივიდნენ ... მივიდა (ვახტანგი) ეგრისის ქვეყნის მხარეებში~(252;264). აშკარაა, რომ ვახტანგი დასავლეთ საქართველოში მიდის იმიტომ, რომ ირანელებს ამ მხარეზე ხელი არ მიუწვდებათ. ჩვენი აზრით, ამის მიზეზია დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, პირველ რიგში ირანთან მიმართებაში. ვგულისხმობთ იმას, რომ ქართლიდან დასავლეთ საქართველოში გადასვლა რთული იყო (ირანელებს კი ეს მარშრუტი უნდა აერჩიათ, თუ ვახტანგის დადევნება და დაჭერა სურდათ). `დიდი ომიანობის~ დასაწყისშიც კი ირანელებმა ლიხის ქედი მხოლოდ თავად ლაზების დახმარებით გადაიარეს. ასე რომ მთავარი იყო გეოგრაფიული და ბუნებრივი ფაქტორი და არა დასავლეთ საქართველოს სტატუსი. რაც შეეხება ლ. ჯანაშიას შენიშვნას, რომ ლაზარ ფარპეცი ამას აუცილებლად აღნიშნავდაო, ჩვენი აზრით სწორედაც რომ არაა აუცილებელი _ სომეხ მემატიანეს ისევე დაწვრილებით აღეწერა უცხო ქვეყნის მეფის ამა თუ იმ მხარეში გახიზვნის მიზეზები, როგორც ამას თავისი თანამემამულეების შემთხვევაში აკეთებს. ყოველ შემთხვევაში, ლაზარ ფარპეცის ცნობა გადაჭრით არაფერს იუწყება დასავლეთ საქართველოს სტატუსის შესახებ. ვარაუდით კი სრულიად საპირისპირო მოსაზრებების გამოთქმა შეიძლება.
   ბიზანტიურ წყაროებთან დაკავშირებით, სრულიად მართებულია ნ. ლომოურის შენიშვნა, რომ მათში `ხსენებაც კი არ არის ვახტანგ გორგასლისა~. ამის შემდეგ მკვლევარი შემდეგი სახის დასკვნას აკეთებს _ `იმ დროს როდესაც ბიზანტიელ მწერლებს ლაზიკის მეფის ეპიზოდური განდგომაც კი არ გამოპარვიათ, დაუჯერებელია დასავლეთ საქართველოს მათთვის წართმევა არ ასახულიყო რამენაირად ბიზანტიურ ისტორიოგრაფიაში~ (129:41).
   ბიზანტიურ წყაროებში მართლაც არაფერია ნათქვამი დასავლეთ საქართველოში ქართლის მეფის ძალაუფლების გავრცელების შესახებ. მაგრამ ჩვენი აზრით შესაძლებელია ამ ვითარების ახსნა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ V საუკუნეში დაწერილი ისტორიული თხზულებები ჩვენამდე ძალიან ცოტაა მოღწეული და ისიც ფრაგმენტული სახით. შემდგომ საუკუნეებში მოღვაწე ისტორიკოსებს კი, არაა აუცილებელი ეს ფაქტი აღენიშნათ. მით უმეტეს, რომ ირანთან არსებული ხანგრძლივი საომარი და დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე, ამ ფაქტის აღნიშვნა მაინცდამაინც ბიზანტიის წისქვილზე არ ასხამდა წყალს. ირანელი ელჩები ისედაც ედავებოდნენ ლაზიკის საკითხზე ბიზანტიელებს. პროკოპი კესარიელთან დაფიქსირებულია ფაქტი, რომ ირანელმა ელჩმა სეოსმა `თქვა, რომ კოლხიდა, რომელსაც ახლა ლაზიკე ეწოდება ძველითაგანვე რომ სპარსელთა ქვეშევრდომი იყო, რომაელებს ძალით უჭირავთ, უსამართლოდ. რომაელები აღშფოთებით ისმენდნენ ამას, სპარსელები რომ ლაზიკესაც ეცილებოდნენ~ (185;47). იმავე პროკოპისთან დაცულია ლაზი ელჩების სიტყვაც _` კოლხები რომ ძველთაგანვე სპარსელების მოკავშირეები იყვნენ ... ამის წერილობითი საბუთები მრავალი გვაქვს ჩვენ და შენს სამეფო საგანძურში ახლაც არის დაცული, ხოლო შემდეგ ხანებში ჩვენს წინაპრებს მოუხდათ რომაელებთან კავშირი შეკვრა~ (185;76). შესაძლოა ამ განცხადებებს რეალური საფუძველი არც ჰქონდა, როგორც ამას დ. მუსხელიშვილი თვლის (166;209) და სწორია ნ. ლომოურის მოსაზრება, რომ `დიპლომატიური ურთიერთობა-მოლაპარაკების დროს სრულიად დასაშვებია და გასაგებია მხარეების მხრიდან სინამდვილის განზრახ დამახინჯება~ (129:37). მაგრამ განა ამ ფონზე დაუშვებელია, რომ ბიზანტიელ მემატიანეებს დაეფარათ მათთვის არასასურველი ფაქტი?
   ვახტანგ გორგასალმა, ირანელების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დამარცხების შემდეგ, რომ დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი სადავო არ არის. ამას პირდაპირ აღნიშნავს ლაზარ ფარპეცი(252;264). არადა ბიზანტიური წყაროები ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ, რომ დასავლეთ საქართველოში შეაფარა თავი ირანელების წინააღმდეგ მებრძოლმა ქართლის მეფემ. ეს ხომ მოწმობს იმას, რომ ბიზანტიურ წყაროებში ყვლაფერი არ არის დაფიქსირებული. ეს შესაძლოა დაბრალდეს ამ წყაროების ტენდენციურობას ან ნაკლულობას. ეგებ ეს წყაროები იმიტომ სდუმან ვახტანგ გორგასლის შესახებ, რომ ქართლის მეფემ თავი შეაფარა დასავლეთ საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც ბიზანტიელებს არ ემორჩილებოდა?
   V საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის, პრისკე პანიონელის ნაშრომმა ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია, მაგრამ მასში არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ერთი მომენტი _ საქმე ეხება დაპირისპირებას ლაზთა სამეფოსა და სვანებს შორის. ამ კონფლიქტში სვანებს ეხმარებოდნენ სპარსელები და იბერიელები (184;261). ამ ცნობაზე და ასევე მენანდრე პროტიქტორის თხზულებაზე დაყრდნობით დ. მუსხხელიშვილი თვლის, რომ სვანეთი გამოეყო ლაზიკას და დაექვემდებარა ქართლის სამეფოს (166;208). ნ. ლომოური აღნიშნავს, რომ მენანდრესთან იბერია საერთოდ არ არის ნახსენები, ხოლო პრისკესთან `მცირე მითითებაც კი არაა, რომ სვანეთი ამ ამბების შემდეგ ქართლს დაქვემდებარებოდა~ (129:36). მაგრამ პრისკესთან არც ისაა აღნიშნული, რომ ლაზებმა კვლავ დაიმორჩილეს სვანები. ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ბიზანტიელი ისტორიკოსი ამას აუცილებლად აღნიშნავდა. პრისკეს ცნობიდან აშკარაა ქართლის მეფის სამხედრო ნაწილების მონაწილეობა ამ კონფლიქტში. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ არაფერზე არ მიუთითებს, მაგრამ იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ მოვლენათა შემდგომი განვითარება. ჩვენი აზრით სავსებით მისაღებია დ. მუსხელიშვილის თვალსაზრისი. მით უმეტეს, რომ ამის საწინააღმდეგო მონაცემები არ გვაქვს.
   ჩვენი აზრით, სრულიად დასაშვებია _ ვახტანგ გორგასალს გარკვეული ხნის მანძილზე გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოს რაღაც ნაწილზე (შესაძლოა სწორედ ამიტომ სდუმან ბიზანტიური წყაროები). ჩვენ არ ვთვლით, რომ ქართლის მეფემ მთლიანად დაიმორჩილა ლაზთა სამეფო. ეს სამეფო ცხადია არსებობს მთელი V საუკუნის მანძილზე და მისი მეფეები აკი მოიხსენიებიან კიდეც ბიზანტიურ წყაროებში. ვახტანგმა უშუალოდ შემოიერთა (წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შექმნიდა ქართლის სამეფოს ადმინისტრაციულ ერთეულებს _ საერისთავოებს) დასავლეთ საქართველოს გარკვეული ნაწილი. კერძოდ: სვანეთი, თაკვერი და არგვეთი. ჩვენ მხოლოდ `შიდა ეგრისის~ საკითხი გვაეჭვებს. შესაძლოა ჯუანშერს მცირე უზუსტობა მოსდის ანდა ამ ცნობამ მართლაც რედაქტირება განიცადა მოგვიანო პერიოში. საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი აზრით სავსებით დასაჯერებელია ჯუანშერის ცნობა _ დასავლეთ საქართველოში ორი საერისთავოს არსებობის შესახებ.
   თავის დროზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ლეონტი მროველი ქართლის მეფის ერისთავებს ყოფს პირობითად ორ ჯგუფად: აღმოსავლეთისა და დასავლეთის. დაახლოებით ანალოგიური რამ ფიქსირდება ჯუანშერთანაც. მემატიანე წერს, რომ ვახტანგ გორგასალმა გარდაცვალების წინ `რქვა ძესა თვისსა დაჩის, შენ ხარ პირმშო შვილი ჩემი, შენდა მიმიცემია გვირგვინი მეფობისა ჩემისა. და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტასისკარითგან და წუნდითგან ვიდრე სომხითამდე და საბერძნეთამდე, საზღვარი აფხაზეთისა რომელი მოცემულ არს ეგრისწყალსა და კლისურას შუა, იგი თვით ძმათა შენთა დედისა არს იგი აქვნდეს მათ. და იყვნენ შენდა ერისთავად მორჩილებასა ქვეშე ნათესავისა შენისასა. და მოუწოდა ნასარს, ერისთავსა წუნდისასა და არტავაზს, ერისთავსა კლარჯეთისასა და ბივრიტიანს, ერისთავსა ოძრხისასა და მათ მიათვალა ცოლი თვისი ელენე და შვილნი მისნი, რომელთა ერქვა ლეონ და მირდატ ... და მოკვდა ვახტანგ ... და დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი. ხოლო ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი წარიყვანეს სამთა მათ ერისთავთა და დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა, რომელი მისცა ვახტანგ. და დასხდეს წუნდას ქალაქსა ზაფხულის და ზამთრის იყვნიან ოძრხეს. და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერისთავთა მთავრად და იყვნეს მორჩილებასა ძმისა მათისა დაჩი მეფისასა~ (265;203-204). საინტერესოა მემატიანის სიტყვები _`და არა ეწოდა მეფედა არამედ ერისთავთა მთავრად...~ ვახტანგ გორგასლის უმცროსი ძეების _ ლეონისა და მირდატის, თუ შეიძლება ითქვას იურიდიული სტატუსი იყო ერისთავთ-ერისთავობა. შინაარსობრივად ერისთავთ-ერისთავი გულისხმობს ხელქვეითი ერისთავების არსებობას. სხვა საკითხია, რომ საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე არ დასტურდება ერისთავთ-ერისთავის ხელქვეითი ერისთავების არსებობა (ერისთავთ-ერისთავობის საკითხს ჩვენ სათანადო ადგილზე განვიხილავთ). რაელურად, ლეონი და მირდატი ერისთავთ-ერისთავები არიან. ისინი ემორჩილებიან მეფეს და რაც მთავარია ჰყავთ ხელქვეითი ერისთავები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ესენი არიან: წუნდის, კლარჯეთისა და ოძრხის ერისთავები. მიუხედავად ამისა, მემატიანე მათ არ უწოდებს ერისთავთ-ერისთავებს არამედ ერისთავთა-მთავრად მოიხსენიებს. როგორც ჩანს, მან შესანიშნავად იცის, რომ იმ დროს (V-VI საუკუნეების მიჯნაზე) არ არსებობდა ერისთავთ-ერისთავობა. თავის მხრივ, ერისთავთა-მთავარიც ხომ შინაარსობრივად იგივეს ნიშნავს _ რამოდენიმე ერისთავის მეთაურს, მმართველს, გამგებელს. ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ვ. გოილაძის მოსაზრებას, რომ `ლეონი ჩქარა გარდაიცვალა და სავარაუდებელია მას არც შთამომავლობა დარჩა. ამიერიდან, ქართლის ამ ნაწილის პატრონად _ `ერისთავთა-მთავრად~ მირდატი და დედოფალი ელენე შეიქმნენ, თუმცა ისინი ქართლის მეფეს _ დაჩის ემორჩილებოდნენ~ (69:145). დედოფალ ელენეს გარდაცვალების შემდეგ _`მირდატს დაევაჭრა ძმა მისი დაჩი. მეფემან გაუცვალა ქუეყანა და აღიღო მირდატისაგან ეგრის-წყალსა და კლისურას შუა, მირდატის დედეული საზღვარი საბერძნეთისა და მისცა ნაცვლად ჯავახეთი ფარავნითგან მტკურამდე ... დაიპყრა მირდატ ძემან ვახტანგისამან, ფარავნითგან და ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა და ერისთავობდა მუნ და იყო მორჩილი დაჩი მეფისა, ძმისა თვისისა~ (265;205). თუ `ქართლის ცხოვრებაში~ დაცულ ამ ცნობას დავეყრდნობით, მაშინ საკმაოდ საინტერესო სურათს ვიღებთ. გამოდის, რომ როდესაც თავდაპირველად მირდატმა თავის ძმასთან _ ლეონთან ერთად სამფლობელოდ მიიღო `დასავლეთი ქართლი~ ანუ წუნდის, ოძრხისა და კლარჯეთის საერისთავოები, მათ გამგებლობაში არ შევიდა ჯავახეთი. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზის დროს, ჯავახეთიშედიოდა წუნდის საერისთავოში _`მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტაანი~ (126:24). როგორც ჩანს ვახტანგ გორგასალის დროს ან უკიდურეს შემთხვევაში დაჩის მეფობის პერიოდში, გარკვეულწილად შეცვლილი იყო საერისთავოების საზღვრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯავახეთი ისედაც მირდატისა და ლეონის საგამგებლოში უნდა შესულიყო მას შემდეგ, რაც მათ დაემორჩილა წუნდი საერისთავო.
   თავის თავად გასაკვირი არ არის, რომ საერისთავოების საზღვრებს გარკვეული ცვლილებები განეცადათ ხოლმე. როგორც ჩანს, სხვადასხვა პერიოდში ერთი და იმავე საერისთავოების საზღვრები შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო. სამწუხაროდ კონკრეტული საერისთავოების საზღვრების დადგენა ძალიან ძნელია. წყაროები თითქმის არ შეიცავენ მონაცემებს აღნიშნული საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, ფარნავაზის მიერ შექმნილი საერისთავოები უკვე ჩამოყალიბებული `ქუეყნები~ იყო საკმაოდ მდგრადი და განსაზღვრული საზღვრებით. მაგრამ ცხადია ეს საზღვრები გარკვეულ ცვლილებებს მაინც განიცდიდა საგარეო თუ საშინაო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
   ჩვენ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ მეფობა ქართლში არ გაუქმებულა 523 წელს და რომ პროკოპი კესარიელთან მოხსენიებული გურგენი `დასავლეთ ქართლის~ ერისთავთა მთავარი იყო (69:151). მეფობა ქართლში გაუქმდა VI საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს (69:157).
   მეფობის გაუქმებაში დიდი როლი ითამაშა იმ დაპირისპირებამ, რომელიც არსებობდა მეფესა და დიდაზნაურებს შორის. ამ უკანასკნელთა რიგებში კი უპირველეს ყოვლისა ერისთავები უნდა ვიგულისხმოთ. სამეფო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს ვერ შესძლო ერისთავთა მორჩილებაში ყოლა.
   ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის ერთ ერთი მთავარი ასპექტი იყო ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ. ირანელთა დამარცხება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იარსებებდა ძლიერი სამეფო ხელისუფლება. სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ვახტანგის საშინაო პოლიტიკა. ამასვე ემსახურებოდა კათოლიკოსობის დაწესება, ახალი საეპისკოპოსოების შექმნა. აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ მ. ლორთქიფანიძის მოსაზრებას _ `საეპისკოპოსოები, როგორც ცნობილია, დიდ ადმინისტრაციულ ერთეულებს, საერისთავოებს თანაემთხვეოდნენ~ (138:74). საერისთავოებისა და საეპისკოპოსოების საზღვრები ერთმანეთს თითქმის არასდროს არ ემთხვეოდა. არათუ ქართლის სამეფოში არამედ ერთიანი ქართული მონარქიის არსებობისასაც. ვახტანგის დროს სულ ცოტა თორმეტი საეპისკოპოსო მაინც იყო თუ უფრო მეტი არა. იმავე დროს საერისთავო მხოლოდ ცხრა იყო და აქედან ორი დასავლეთ საქართველოში. გამოდის, რომ იმავე ტერიტორიაზე სადაც სულ მცირე 12 საეპისკოპოსო იყო არსებობდა 7 საერისთავო. ცხადია, აქ მათი საზღვრების დამთხვევაზე საუბარი ზედმეტია.
   ბუნებრივია, რომ ვახტანგ გორგასალს თავისი დამოკიდებულება ექნებოდა ერისთავობის ინსტიტუტისადმი. სამწუხაროდ მასალები ამ დამოკიდებულების შესახებ ჯუანშერთან თითქმის არ არის დაცული. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ვახტანგი _ როგორც სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისათვის მებრძოლი მეფე, შეზღუდავდა ან ყოველ შემთხვევაში ეცდებოდა შეეზღუდა ერისთავთა ძალაუფლება.ჩვენ არ ვიცით გადააყენა თუ არა ვახტანგმა არასასურველი ერისთავები. არტავაზის მაგალითი არ გამოგვადგება, რადგან ვახტანგმა ის ერისთავად დანიშნა ბიზანტიელთა ბატონობისაგან განთავისუფლებულ ტერიტორიაზე (138:52). მაგრამ ამ მხარეში ერისთავად ძუძუმტეს დანიშვნა, აშკარაა, რომ მიზნად ისახავდა სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას. თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი მაგალითი, როცა მეფემ თავიდან მოიშორა არასასურველი ერისთავი _ `ვახტანგმა მოკლა ურჯულო ბდეშხი ვაზგენი~ (252;243). ჩვენი ვარაუდით, ვახტანგს უნდა მოეხერხებინა ერისთავების თვითნებობის შეზღუდვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აჯანყების დაწყება უაზრო იქნებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ერისთავთა სრული დამორჩილება ვერც მან შესძლო და ერისთავთა ნაწილი მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა. ვაჰან მამიკონიანის სიტყვები _ `ქართლი სუსტი ქვეყანაა და მხედრობით მცირე რიცხოვანი~(252;246) ჩვენი აზრით ამას ამტკიცებს. ვაჰანმა როგორც ჩანს იცოდა, რომ მეფესა და ერისთავებს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობდა და ერისთავების ნაწილი აჯანყების დროს მეფეს განუდგებოდა. ლაზარ ფარპეცის ცნობა, რომ ქართლში მისულ ჰაზარავუხტთან `შეიკრიბნენ ისინიც ვინც მეფეთა მეფის ერთგულნი იყვნენ თავიდანვე~ (252;263), აშკარად უჩვენებს, რომ აჯანყების დაწყებისთანავე ქართლის დიდებულების ნაწილი ირანის შაჰის მხარეზე იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ ვახტანგის ცენტრალისტური პოლიტიკა იყო.
   თავად აჯანყების მარცხი, გარკვეულწილად ცენტრალური ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებდა და კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს ერისთავთა გამთავრების პროცესს. სრულიად მართებულად აღნიშნავდა ს. ჯანაშია _ `ქვეყანაში ეხლა არ არსებობდა საკმაო ძალა, რომელსაც ეს ცენტრალიზმი შეიძლებოდა დაჰყრდნობოდა~ (256;289). ჩვენი აზრით, სავსებით მისაღებია ნ. ბერძენიშვილის მოსაზრება, რომ ვახტანგი დამარცხდა ერისთავებთან ბრძოლაში (44:163).
    VI საუკუნის ბოლოს, ქართლში სამეფო ხელისუფლებია გაუქმებით, დამთავრდა ერისთავობის ინსტიტუტის განვითარების ერთი დიდი ეტაპი. ამ დროიდან დაიწყო ახალი ეტაპი `ერისთავობის~ განვითარებაში. ეტაპი, რომლის დროსაც ერისთავები ფაქტობრივად დამოუკიდებელ მმართველებად იქცნენ და ცენტრალურ ხელისუფლებას მხოლოდ ნომინალურად ემორჩილებოდნენ. ერისთავები მთავრებად იქცნენ.
თავი III: ერისთავობა VI _ VIII საუკუნეებში
   ქართლში მეფობის გაუქმებას დიდად შეუწყო ხელი ერისთავების მიერ დაკავებულმა პოზიციამ. `ქართლის ცხოვრებაში~ პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ირანის შაჰის პიტიახშმა _ ქასრე ამბარვეზმა `უწყო ზრახვად ერისთავთა ქართლისათა; აღუთქუა კეთილი დიდი და დაუწერა საერისთოთა მათთა მამულობა შვილითი-შვილამდე ... და განდგეს ერისთავნი~ (265;217). ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა _`ერისთავი (ფეოდალი) სულ იმის ცდაშია, რათა ნაწყალობევი სამკვიდროდ აქციოს, მეფე სულ იმის ცდაშია, რათა სამკვიდრო ნაწყალობევად აქციოს. ჩვენში ეს ბრძოლა არასოდეს დამთავრებულა და ფეოდალიზმის პირობებში ის ვერც დასრულდებოდა~ (44:141). საერისთავო არ იყო, ერისთავისათვის მეფის მიერ ნაწყალობევი `ქუეყანა~. საერისთავო წარმოადგენდა, მეფის მიერ ერისთავისათვის დროებით სამართავად გადაცემულ ტერიტორიას. ნ. ბერძენიშვილი ძალიან ზუსტად განსაზღვრავს მეფესა და ერისთავებს შორის მიმდინარე ბრძოლის მიზეზს _ ერისთავებს სურდათ, სამართავად მიცემული ტერიტორია თავის მამულად ექციათ. ეს ბრძოლა მიმდინარეობდა ქართლის სამეფოს არსებობის მთელი ხნის მანძილზე.
   ნ. ბერძენიშვილი მართებულად აღნიშნავდა _` მიუხედავად იმისა, რომ ლეონტი (ჯუანშერიც) სულ იმას გვაუწყებენ, რომ ძველი ქართლის მეფეები (თვით ფარნავაზიდან მოკიდებული) სხვადასხვა ქვეყნების ერისთავებს ნებისმიერად სცვლიან და თითქოს ეს ასე გრძელდებოდა VI საუკუნემდე, როცა უცხო ძალების დახმარებით ერისთავებმა მკვიდრობა გაინაღდეს, მიუხედავად ამ დაჟინებისა ჩვენ გვგონია, რომ ქვეყნის ისტორიული განვითარება მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული წყობა ძირითადად საწინააღმდეგოდ ამისა ვითარდებოდა~ (44:140).
   როგორც ვნახეთ, ირანის სამეფო კარმა ერისთავებს სწორედ ის შესთავაზა, რის მოპოვებასაც ერისთავები მუდმივად ცდილობდნენ _ მათ საერისთავო `ქუეყნები~ თავის მამულებად აქციეს. ერისთავები მთავრები გახდნენ. ჩვენი აზრით, ტერმინი ერისთავი რა თქმა უნდა ისევ იხმარებოდა. ყოფილი ერისთავები და მათი შთამომავლები კვლავ იწოდებოდნენ ერისთავებად, მაგრამ ერისთავობა როგორც სამოხელეო ინსტიტუტი აღარ არსებობდა.
   მეფობის გაუქმების შემდეგ, ქართლს განაგებდა ირანელი მოხელე მარზპანი. მარზპანის მმართველობის პერიოდში, ერისთავებთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ მოგვეპოვება. `ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში~ _ ნაწარმოებში, რომელიც მარზპანობის პერიოდში დაიწერა _ ტერმინი ერისთავი საერთოდ არ მოიხსენიება. მაშინაც კი, როდესაც ჩამოთვლილი არიან ქართლის წარჩინებულები _`რაჟამს ამხედრდებოდა მარზპანი იგი, აღდგეს მთავარნი ქართლისანი და სამოელ ქართლისა კათალიკოზი და გრიგოლ ქართლისა მამასახლისი და არშუშა ქართლისა პიტიახში და სხუანი სეფეწულნი ...~ (82:34). ნიშანდობლივია, რომ ავტორი ხმარობს ტერმინს _ მთავარი. არშუშა სამშვილდის ერისთავია და ცხადია ის მოხსენიებულია მხოლოდ პიტიახშის საპატიო ტიტულით. რაც შეეხება გრიგოლ ქართლის მამასახლისს, ის ერისთავი არ უნდა იყოს. ა. ბოგვერაძე აღნიშნავს _`გრიგოლ ქართლის მამასახლისი ჩემი ვარაუდით უნდა იყოს ყოფილი სამეფო სახლის სამეფო დომენის განმგებელი და ამავე საგვარეულოს უფროსი წევრი ანუ `მამასახლისი~ ამ სახლისა ... ერთი ასეთი ერისთავთაგანი უნდა ყოფილიყო გრიგოლ ქართლის მამასახლისი, რომელიც ქართლის სხვა ერისთავებისაგან იმით განირჩეოდა, რომ იყო ქართლის სამეფო სახლის მამასახლისი~ (51:68). ჩვენი აზრით, შესაძლებელია გრიგოლი მართლაც სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი იყო და განაგებდა ამ საგვარეულოს ხელში არსებულ მიწებს. ასეთ შემთხვევაში, მით უფრო მიუღებელია მისი მიჩნევა ისეთ პიროვნებად რომელიც ატარებდა ერისთავის ტიტულსაც.
   VI საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ქართლში აღდგა ადგილობრივი, ქართული ხელისუფლება ერისმთავრის სახით. ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ერისმთავრის ხელისუფლების შინაარსის გარკვევა, ერისმთავართა გენეალოგიისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის დადგენა და განსაზღვრა ამჯერად სცილდება ჩვენი კვლევის საგანს. რა თქმა უნდა, ყოველთვის როდესაც ჩვენი კვლევისათვის საჭირო იქნება, ჩვენ განვიხილავთ კონკრეტული ერისმთავრების საკითხს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წყაროებში არ ხდება ტერმინების _ ერისმთავარი და ერისთავი _ მკვეთრი გამიჯვნა. ერთი და იგივე პირი იწოდება ერისმთავრადაც და ერისთავადაც. უფრო მეტიც, გიორგი მერჩულე ერთგან გაბრიელ დაფანჩულს ერისმთავარსაც უწოდებს (66:234). ერისმთავრები წყაროებში მოიხსენიებიან: ერისთავებად, ერისთავთა მთავრებად, დიდ ერისთავებად, ერისმთავრებად. სრულიად მართებულია ს. ჯანაშიას შენიშვნა _ `ყოველ შემთხვევაში, ტექნიკურად ჩვენ ვარჩევთ ტერმინს ერისმთავარს ჩვეულებრივ ერისთავისაგან განსასხვავებლად~ (258;107). ჩვენი აზრით, რეალურად უნდა არსებულიყო (ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც) ტერმინი ერისთავთა-მთავარი ანუ შემოკლებულად ერისმთავარი. სწორედ ამ ტიტულით არიან მოხსენიებული ვახტანგ გორგასლის ძეები: ლეონი და მირდატი _ `არა ეწოდა მათ მეფედ არამედ ერისთავთა-მთავრად~(265;204). ლეონი და მირდატი მეფეები არ იყვნენ, მაგრამ უფლებრივად ერისთავებზე გაცილებით მაღლა იდგნენ. ქართლში ადგილობრივი მმართველობის აღდგენის შემდეგ, ალბათ ამ მომენტის გათვალისწინებითაც ეწოდა ქვეყნის მეთაურს ერისთავთა-მთავარი.
   ადგილობრივი მმართველობის აღდგენისას, ერისთავთა მთავარი მოთხოვნა იქნებოდა, მათი მფლობელობის ხელშეუხებლობა და ეს ნათლად ჩანს წყაროებში დაცული მონაცემებითაც. როგორც ცნობილია, პირველი ერისმთავარი იყო გუარამი. `მოქცევაი ქართლისაის~ მიხედვით, `ნელადრე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერმე კურაპალატადცა~ (`ნელადრე შეკრბა ქართლი და ერისთავი განაჩინეს გუარამ დიდი. ესე იყო პირველი ერისთავი და მერმე კურაპალატადცა~) (162;95). `ქართლის ცხოვრების~ თანახმად _ `შეითქუნეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი ... და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნენ ერისთავნი იგი თვის-თვისსა საერისთოსა შეუცვალებლად~. ბიზანტიის იმპერატორმა თავისი არჩევანი შეაჩერა გუარამზე, `რომელი მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს... ამას გუარამს მოსცა კეისარმან კურაპალატობა~ (265;218). ჩვენი აზრით, `ერისთავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი~ _ ეს არინ ქართლის სამეფოში არსებული საერისთავოების ერისთავთა შთამომავლები. საინტერესოა მ. სანაძის მოსაზრება, რომ `ქართველთა ცნობიერებაში შემუშავდა მტკვარზე ქართლის ორად გაყოფის ტრადიცია: იმიერად და ამიერად; ზემოთ და ქვემოთ~ (192;65).
   ჩვენთვის მნიშვნელოვანია მემატიანესთან დაცული ცნობა, რომ გუარამი მთავრობდა კლარჯეთში და ჯავახეთში. ჩვენი აზრით ეს იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ გუარამის წინაპრები ამ მხარის ერისთავები იყვნენ. ლეონტის თანახმად, ჯავახეთი შედიოდა წუნდის საერისთავოს შემადგენლობაში, კლარჯეთი კი ცალკე არსებული საერისთავო იყო (126:24). ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგ გორგასლის დროს არსებობს კლარჯეთის საერისთავოც და წუნდის საერისთავოც. თუმცა მათ შემადგენლობაში შემავალი უფრო მცირე გეოგრაფიული მხარეები ჯუანშერს დასახელებული არ ააქვს (265;185). საერისთავოებს შორის არსებული საზღვრები შესაძლოა იცვლებოდა და ესა თუ ის მხარე სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვა საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა. მემატიანე შესაძლოა გარკვეულ უზუსტობას უშვებს (შესაძლოა ეს გადამწერის შეცდომაა) მხარეთა დასახელების დროს. თუმცა გუარამის წინაპართა ერისთავობა სადავო არ უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ სუმბატ დავითის ძის მიხედვით გუარამი ბაგრატიონია (ჩვენ ვეთანხმებით მკვლევარებს რომლებიც სუმბატის ამ ცნობას ჭეშმარიტად თვლიან), დასაშვებად მიგვაჩნია მისი წინაპრების ანუ ბაგრატიონების ერისთავობა კლარჯეთში. შესაძლოა, მეფობის გაუქმების შემდეგ, მათ გააფართოვეს თავისი სამფლობელოს საზღვრები და ჯავახეთსაც დაეუფლნენ (სამცხესთან ერთად). რაც შეეხება ტერმინს_`მთავრობდა~, ის ზუსტად გამოხატავს იმ რეალობას, რომელიც არსებობდა VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართლში. ამ დროს ყველა ერისთავი `მთავრობდა~ თავის საერისთავოში.
   მემატიანე აღნიშნავს, რომ გუარამმა `ერისთავნი ქართლისანი ვერ სცვალნა საერისთვოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკვიდრობისათვის საერისთვოთა მათთა, არამედ იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატის~(265;221).
   გუარამის შემდეგ ერისმთავარი იყო სტეფანოზ I. მემატიანე წერს, რომ მან `მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, არამედ ერისთავთა-მთავრად ხადოდეს~ (265;222). ჩვენი აზრით, მარტო ბერძენთა და სპარსელთა შიში არ იყო იმის მიზეზი, რომ სტეფანოზი მეფის ტიტულს ვერ იღებდა. არა ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ერისთავთა პოზიციასაც, რომელთათვისაც მიუღებელი იყო მეფის ინსტიტუტის აღდგენა. მეფე კვლავ მოინდომებდა მათ მოხელეებად _ ადგილობრივ მმართველებად გადაქცევას, ეს კი ერისთავთა ინტერესებში არ შედიოდა.
   `ეპისტოილეთა წიგნის~ მიხედვით, 604 წლისათვის ერისმთავარია ადარნასე. ამავე პერიოდისათვის, იმავე `ეპისტოლეთა წიგნის~ მიხედვით, მოღვაწეობს არშუშა (81:40,76). ჩვენი აზრით, ეს არის არშუშა III და ის სამშვილდის ერისთავობასთან ერთად ატარებს პიტიახშის ტიტულს. როგორც ცნობილია, ადარნასე იძულებული გახდა დაეტოვებინა ერისმთავრობა და კახეთში გახიზნულიყო. ზ. ალექსიძის აზრით, ეს მოხდა 614 ან 616 წელს (81:251). ადარნასე ერისმთავრობას იბრუნებს 628 წელს, ჰერაკლე კეისრის დახმარებით. `ქართლის ცხოვრების~ მიხედვით, `კეისარმან (იგულისხმება ჰერაკლე_მ.ბ.) მოუწოდა ძესა ბაკურისსა, ქართველთა მეფისასა, ნათესავსა დაჩისასა, ვახტანგის ძისასა, რომელი ერისთაობდა კახეთს, რომელსა ერქუა ადარნასე ... ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე... და მეფობისა სახელი ვერცა მან იკადრა. და ერისთავნი იგი თვის-თვისსა საერისთოსა შინა მკვიდრობდეს შეუცვალებლად~ (265;225-226). ზ. ალექსიძის აზრით, ადარნასე კახეთის ერისთავი იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ გახდებოდა ერისმთავარი (81:251). 604 წლამდე, ადარნასეს ერისთავობას კახეთში არ ადასტურებს არც ერთი წყარო. 628 წელს კი ის ნამდვილად კახეთიდან მოყავს ჰერაკლე კეისარს და თუ მემატიანეს ვენდობით, ადარნასე კახეთში ერისთავობდა. ცხადია, 614-616 წლებში თბილისიდან გაძევებული ადარნასე კახეთში წავიდოდა იმიტომ, რომ ამ მხარეში მას დასაყრდენი ჰქონდა. შესაძლოა ამის მიზეზი მართლაც ის იყო, რომ 604 წლამდე ადარნასე კახეთში ერისთავობდა. სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ადარნასე სტეფანოზ I-ის ძე იყო (203;314). ამასვე ადასტურებს მცხეთის ჯვრის წარწერები (234;35,157). თუმცა მკვლევართა ნაწილი, ადარნასეს არ თვლის სტეფანოზის ძედ (2;53). ჩვენი აზრით, სადავო არ უნდა იყოს, რომ ადარნასე სტეფანოზის ძეა. თავის მხრივ, სტეფანოზი გუარამის ძე იყო. გუარამი კი მანამ, სანამ ერისმთავარი გახდებოდა _ `მთავრობდა კლარჯეთსა და ჯავახეთს~. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ადარნასეს საკმაოდ კარგი დასაყრდენი უნდა ჰქონოდა სამხრეთ საქართველოშიც. მიუხედავად ამისა, თბილისიდან განდევნის შემდეგ, ადარნასე კახეთში წავიდა. შესაძლოა ის მართლაც ერისთავობდა კახეთში 604 წლამდე.
   საერთოდ გასარკვევია ერთი ზოგადი საკითხი _ ერისმთავრები ითავსებდნენ თუ არა რომელიმე მხარის ერისთავობას. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ გუარამი კლარჯეთსა და ჯავახეთს ფლობდა, ადარნასე კი კახეთს. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. წყაროებში სათანადო მონაცემები არ მოიპოვება. ჩვენი აზრით, შეიძლება დავუშვათ, რომ ერისმთავრები ინარჩუნებდნენ კუთვნილი ქვეყნის ერისთავობასაც.
   ადარნასეს შემდგომ, ვიდრე VII-VIII საუკუნეების მიჯნამდე, ჩვენ არ მოგვეპოვება ცნობები ერისთავების შესახებ. 685-711 წლებით თარიღდება აბასთუმნის წარწერა, რომელშიც მოიხსენიება `ქართველთა ერისთავი~ არშუშა _ „... ბრძანებითა ღმრთივ დაცულისა მამფლისა არშუშა პატრიკიოსისა და ნებითა ღმრთისაითა ქართველთა ერისთავისა~ (234;103). არშუშა აშკარად ერისმთავარია (191;142). ამაზე მიუთითებს არა მხოლოდ მისი ბიზანტიური ტიტული _ პატრიკიოსი, არამედ ქართული ტიტულიც _ ქართველთა ერისთავი. ასეთი ტიტული არ არსებობდა ქართლის სამეფოში და მას არ ატარებდა არც ერთი ადგილობრივი მმართველი_ერისთავი. ქართველთა ერისთავის ქვეშ აშკარაა, რომ უნდა ვიგულისხმოთ ქართველთა ერისმთავარი. თანაც, ტერმინი ერისთავი წარწერაში დაქარაგმებულია _ `ერთა~ და `ქართველთა ერისთავისა~-ს ნაცვლად შესაძლოა `ქართველთა ერისმთავრისა~-ც ამოვიკითხოთ. ერისმთავარი არშუშა, თავისი სახელის მიხედვით, უნდა ეკუთვნოდეს ქვემო ქართლის პიტიახშთა საგვარეულოს და შესაბამისად უნდა ფლობდეს სამშვილდის საერისთავოს, რადგან მისი წინაპრები საუკუნეების მანძილზე იყვნენ სამშვილდის ერისთავები და ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მიხედვით, მათ ეს თანამდებობა არასდროს დაუკარგიათ (ვახტანგ გორგასლის დროს ადარნასეს ერისთავობის შესახებ ჩვენ სათანადო ადგილზე ვისაუბრეთ).
   ჩვენთვის საინტერესო შემდეგი ცნობა თარიღდება 739 წლით და ეს არის სტეფანოზ მამფლის ცნობილი ფრესკული წარწერა ატენის სიონიდან. წარწერა პირველად გამოსცა თ. ბარნაველმა, თუმცა მან მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა წერწერის ამოკითხვა (25;13). წარწერა სრულად აღადგინა გ. აბრამიშვილმა და მისეული წაკითხვა თითქმის მთლიანად არის გაზიარებული ისტორიოგრაფიაში :
  [ქ: ზეობას]ა :კ:ა ღ(მრ)თ(ი)ვგვირგვინ[ოსანისა] [არჩილის კ](ე)თ(ი)ლად მსახო[რებასა ზ(ედ)ა] მ[ე]ფ[ის]ა ჩოენისასა ხელმწიფობასა [სა]რკინოზთასა :რ:კ:ა: აღესროლა კო[რ]თხეოლი მ(ამ)ფ(ა)ლი სტეფანოზ ღ(მრ)თ(ი)სა მ[იერ] ქ(არ)თ(ოე)ლ(თ)ა და მ(ე)გრ(ე)ლთა ერისთავე[რისთ](ა)ვსთა ო(ფა)ლი თ(ოვეს)ა ოკდომბერსა [:ი:დ:] დღესა ოთხშაბათსა ჟამს ა ღა[მისას]ა :ა: ამას ზ[ედ]ა წელსა დღისა მთ[ავრობ(ი)სა მ]ოხრდ(ი)ლი :კ:თ: (2;36).
   ნ. შოშიაშვილს მიაჩნდა, რომ წარწერა უნდა გადათარიღდეს დაახლოებით ერთი საუკუნით (234;43). მკვლევარის ეს მოსაზრება ისტორიოგრაფიაში გაზიარებული არ არის. წარწერა მართლაც 739 წლით უნდა დათარიღდეს (6;89).
   აღნიშნულ წარწერაში ჩვენთვის უმთავრესია სტეფანოზის ტიტული _ „ქართველთა და მეგრელთა ერისთავთერისთავსთა უფალი“. ეს არის ტერმინ ერისთავთერისთავის პირველი მოხსენიება წყაროებში. აქამდე ასეთი ტიტული ქართულ სინამდვილეში როგორც ჩანს არ არსებობდა. მაგრამ არის კი ამ წარწერაში ნამდვილად დაფიქსირებული ტერმინი _ ერისთავთერისთავი?
    მიუხედავად იმისა, რომ გ. აბრამიშვილი კითხულობს `ერისთავერისთავსთას~, მკვლევართა ნაწილი ამჯობინებს გამოიყენოს ტერმინი ერისთავი. გ. მამულია წერს _ „ატენის სიონის ფრესკულ წარწერაში მოხსენიებული ქართველთა და მეგრელთა ერისთავთა უფალი სტეფანოზი მთავრად და მამფლად იწოდება~. იქვე სქოლიოში მკვლევარი განმარტავს, `ჩვენი კვლევა-ძიებისთვის მნიშვნელობა არ ააქვს ერისთავთა უფალია, თუ ერისთავთერისთავთა უფალია“(143:27). ა. ბოგვერაძე აღნიშნავს _ „რითი უნდა აიხსნას ის ამბავი, რომ სტეფანოზი ატენის სიონის 739 წლის წარწერაში ქართველთა და მეგრელთა ერისთავთა უფლად არის მოხსენიებული? ... ჩანს რომ არაბების შიშით ეგრისში თავისი სახლობით გახიზნულ ქართლის ერისმთავარს ბიზანტიიის იმპერატორმა (ლეონ ისავრიელმა) მიანიჭა აგრეთვე ეგრისის ანუ ლაზიკის პატრიკიოსის ტიტულიც. რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართლის ერისთავს ამიერიდან გამგებლობაში ეძლეოდა ეგრისიც და ამასთან უნდა დამორჩილებოდა აფხაზეთის ერისთავიც. თუ ეს არა, სტეფანოზი შეუძლებელია ქართველთა და მეგრელთა ერისთავთა უფლად მოეხსენებინათ“ (51:99).
   მკვლევართა ეჭვს იწვევს წარწერაში დაფიქსირებული ფორმა ტერმინისა ერისთავთერისთავი _ „ერისთავერისთავსთა“. ბოლო ასო „ვ“ არ უნდა იყოს ამ ტერმინში. ფორმა „ერისთავსთა“ გრამატიკული შეცდომაა. აღსანიშნავია, რომ სიტყვაში _ ერისთავერისთავსთა _ ასოები „რისთ“ არ იკითხება და ისინი გ. აბრამიშვილმა აღადგინა. შემდეგი ასო _ „ა“ დაქარაგმებულია, ხოლო ბოლო ასოები (სწორედ ისინი სადაც იკითხება ზედმეტი ასო „ვ“) „ვსთა“ ნათლად იკითხება. ჩვენთვის საინტერესო წინადადება ეალურად შემდეგი სახით არსებობს _ ქთლა და მგრლთა ერისთავე[...]ვსთა (სიტყვა „ერისთავე“_ში მეორე ასო „ე“ ნაწილობრივ წაშლილია). ასეთ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ორი შესაძლებლობიდან უნდა დავუშვათ ერთ-ერთი: ან წარწერის შემსრულებელმა დაუშვა გრამატიკული შეცდომა და ეს ჩვენი აზრით ნაკლებ შესაძლებელია; ან წარწერაში ტერმინ „ერისთავერისთავსთას“ ნაცვლად სხვა რამეა ამოსაკითხი.
   დავუშვათ, რომ წარწერაში გრამატიკული შეცდომაა და ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი 739 წლისათვის ტერმინ ერისთავთერისთავის არსებობა. გ. აბრამიშვილის აზრით, „ატენის სიონის წარწერის მიხედვით ქვეყნის ასეთი სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია ჩანს: ცალკეულ სამთავროებს განაგებენ ერისთავთ-ერისთავები. ჩვენი წარწერის მიხედვით, ასეთებია ქართლისა და ეგრისის (მეგრელთა) ქვეყანა. ეს მსხვილი პოლიტიკური ერთეულები (ჩვენი წარწერით ქართლი და ეგრისი) მთავრის (მამფლის) ძალაუფლების ქვეშ ერთიანდება, ხოლო პოლიტიკურად მთლიანი ქვეყნის სათავეში დგას მეფე ... იმ ერისთავთა შორის, რომლებსაც არჩილ II-მ ქვეყანა „უბოძა“ (ამ საკითხს ჩვენ ცოტა ქვემოთ განვიხილავთ _მ.ბ.) სტეფანოზ მამფალი არ არის დასახელებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სტეფანოზი ერისთავ-ერისთავთა უფალია (მამფალი), რაც ერისთავ-ერისთავზე გაცილებით მაღალ სოციალურ მდგომარეობას გულისხმობს ... შეიძლება ითქვას, რომ ატენის სიონის წარწერის გათვალისწინებით 711 წელს სტეფანოზ მამფალია ქართლის ერისმთავარი ... როგორც ირკვევა, არჩილი მისი ზეობის მეთორმეტე წელს ჩამოდის ქართლში, რაც 730 წელზე მოდის. ვფიქრობთ, სტეფანოზ მამფლის მიერ ქართლის დამოუკიდებლად მმართველობის ხანა 711-730 წლებით უნდა განისაზღვროს ... საყურადღებოა წყაროს ის ცნობა, რომ არჩილმა ნერსე ნერსიანსა და ადარნასე ადარნასიანს, „ორთავე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი“. ეს რეფორმა არჩილს ქართლში ჩამოსვლამდე უნდა ჩაეტარებინა _ 719-729 წლებს შორის. ქართლის ბოძება ერთი შეხედვით ფორმალურ ხასისთს უნდა ატარებდეს, რადგან ჩვენი წარწერიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ მიჰრის მეფობისა თუ ერისმთავრობის დროს ქართლი სტეფანოზ მამფალს უპყრია. აღნიშნულის მიუხედავად, რეალერად გვეჩვენება ვიფიქროთ, რომ არჩილის მიერ ქართლის ბოძება (პოსტ ფაქტუმ) გარკვეული პოლიტიკური პროგრამის განხორციელებას ისახავდა მიზნად... სტეფანოზ მამფლის უფლებების შეზღუდვას გულისხმობდა ... ჯუანშერისა და ჩვენი წარწერის ცნობების თანახმად, მიჰრის ერისმთავრობისა თუ მეფობის დროს, ქართლის ერისთავთ-ერისთავები სტეფანოზ მამფალის მფლობელობაში შედიან ... ატენის სიონის წარწერიდან კი ვიცით, რომ სტეფანოზ მამფალი 739 წელს (და უფრო ადრეც) ქართველთა და მეგრელთა ერისთავთ-ერისთავთა უფალია და ქართლთან ერთად არჩილის საუხუცესო ქვეყნის ნაწილს _ ეგრისსაც განაგებს... ქართლში რეალური უფლების მოსაპოვებლად არჩილი გარკვეულ კომპრომისზე წასულა და ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიზნის მისაღწევად საუხუცესო მამული _ ეგრისი დაუთმია... 730 წლიდან უნდა გამხდარიყო სტეფანოზ მამფალი „ქართუელთა და მეგრელთა ერისთავერისთავსთა უფალი“, ხოლო არჩილ II _ „ყოველი ქართლის“ მეფე, რაც, ცხადია, რეალურ პოლიტიკურ ტიტულს არ უნდა გამოხატავდეს“ (2;36-40). გ. აბრამიშვილის თვალსაზრისის თანახმად, გამოდის, რომ სტეფანოზი იყო ერისმთავარი და მას ემორჩილებოდნენ ერისთავთ-ერისთავები. ამ უკანასკნელთა შორის, მკვლევარი მოიაზრებს იმ პირებს, რომლებსაც არჩილმა მიათხოვა თავისი ძმის ასულები და რომლებსაც „ქართლის ცხოვრება“ მხოლოდ ერისთავებს უწოდებს. ასეთი ერისთავთ-ერისთავები მეცნიერის აზრით არსებობდნენ ეგრისშიც. სამწუხაროდ, როდესაც გ. აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ ქართლის ერისთავთერისთავები ემორჩილებოდნენ სტეფანოზს, ის არ განმარტავს თუ რა ტერიტორიას გულისხმობს ქართლის ქვეშ. თუ საქმე ეხება შიდა ქართლს და ასეთი შთაბეჭდილება იქმნება იმ ადგილის მიხედვით, სადაც საუბარია ნერსე ნერსიანისა და ადარნასე ადარნასიანისათვის არჩილის მიერ ტერიტორიის ბოძებაზე, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ შიდა ქართლში საერისთავოები არ არსებობდა.
   გ. მამულიას აზრით _ „სტეფანოზ მამფალი ქართლის უზენაესი ხელისუფალი _ ერისმთავარი იყო, ქართლის ერისთავები კი სტეფანოზ მამფალ-ერისმთავრის მიმართ როგორც უმცროსნი ... შვილებად იწოდებოდნენ“(143:27).
   ნ. ასათიანის თვალსაზრისით, „VIII საუკუნისათვის საქართველოში ყოვლისმომცველად იქცევა ისეთი იერარქიული სისტემა, რომლის დროსაც აზნაურთა დიდი ნაწილი ყოფილი ერისთავის ან სხვა გამთავრებული აზნაურის მფარველობაში (ყმობაში) არის შესული. ეს უკანასკნელიც, თავის მხრივ, უფრო ძლიერი მთავრის პატრონობას ეძებენ. ასეთი მთავრებიც, თავის მხრივ, რომელიმე უფრო დიდი მთავრის ან მეფის პატრონობას (მფარველობას, უფლობას) აღიარებენ. ეს მთავრები ტრადიციით ისევ ატარებენ ერისთავის ან სხვა დიდმოხელის სახელს. ამ დროსვე შემოდის ერისთავებზე მაღალა მდგომი ერისთავთ-ერისთავის წოდებაც და „ერისთავთ-ერისთავთა უფლის“ ინსტიტუტიც. მაგალითად, ატენის სიონის წარწერაში, რომელიც VIII საუკუნით თარიღდება, მოიხსენიება „მამფალი სტეფანოზ, ღმრთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავთ-ერისთავთა უფალი“. აქ ჩანს მთელი იერარქია პატრონყმული ურთიერთობისა. სტეფანოზ მამაფალს ექვემდებარებიან ერისთავთ-ერისთავნი. ასეთები მას ჰყავს არა მარტო ქართლში, არამედ დასავლეთ საქართველოშიც. ერისთავთ-ერისთავებს, იგულისხმება, ყმობენ ცალკეული ერისთავები (გამთავრებული), რომლებსაც ასევე ყმებად უნდა ჰყავდეთ უფრო წვრილი აზნაურები. ესენი არიან ამ დროს წყაროებში დადასტურებული „წინაშემდგომელნი“ და „საკუთარნი“ (18;125).
    რა თქმა უნდა, ერისთავთ-ერისთავთა უფალს უნდა ექვემდებარებოდნენ ერისთავთ-ერისთავები. ერისთავთ-ერისთავს კი უნდა ჰყავდეს ხელქვეითი ერისთავები. ლოგიკურად, მართლაც ასეთი იერარქიული დამოკიდებულება უნდა არსებობდეს. ვნახოთ თუ რა ვითარება არსებობდა რეალურად და რა სახის სურათი იქმნება წყაროებზე დაყრდნობით.
    როგორც უკვე ვნახეთ, ქართლის სამეფოში არ არსებობდა ერისთავთ-ერისთავის თანამდებობა. სამეფო დაყოფილი იყო ადმინისტრაციულ ერთეულებად _ საერისთავოებად, რომელთა სათავეშიც ერისთავები იდგნენ. ერისთავები მეფის გარდა ექვემდებარებოდნენ სპასპეტსაც ლეონტი მროველი წერს _ „ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა“ (126:25). „ქართლის ცხოვრებაში“ სხვაგანაც არა ერთხელ არის ხაზგასმული სპასპეტის უზენაესობა ერისთავებისადმი მიმართებაში: „შეკრბეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა სპასპეტისა თანა“ (126:62); „მოიყვანა ყოველნი ერისთავნი სპასპეტისა თანა“ (265;144); „პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთერისთავთა“ (265;185). სპასპეტი შეიძლება მივიჩნიოთ ერისთავთ-ერისთავად, რადგან მას ჰყავს ხელქვეითი ერისთავები, მაგრამ არც ლეონტი მროველი და არც ჯუანშერი არ ხმარობენ ტერმინს ერისთავთ ერისთავი, რადგან ასეთი ტერმინი არ არსებობდა.
    ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ერისთავთ-ერისთავი შეიძლება ეწოდოს ვახტანგ გორგასლის ძეებს: ლეონსა და მირდატს, რადგან მათ ექვემდებარებოდნენ ოძრხის, წუნდისა და კლარჯეთის ერისთავები. ამ შემთხვევაშიც მემატიანე არ ხმარობს ტერმინს ერისთავთ-ერისთავი და ლეონსა და მირდატს ერისთავთა-მთავრად მოიხსენიებს. ალბათ იმიტომ რომ მათ მართლაც არ ეწოდებოდათ ერისთავთ-ერისთავები.
   ერისთავთ-ერისთავი შეიძლება ვუწოდოთ ერისმთავარსაც, რადგან ამ უკანასკნელს მართლაც ემორჩილებიან (შესაძლოა მხოლოდ ნომინალურად) ერისთავები. უფრო ზუსტად, გამთავრებული ერისთავები, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ მაინც ატარებენ ერისთავის ტიტულს. თუმცა ჩვენ სათანადო ადგილზე აღვნიშნეთ, რომ ერისმთავრის ხელისუფლების აღსანიშნავად წყაროებში იხმარება ტერმინები: ერისთავთა მთავარი, დიდი ერისთავი, ერისთავი და ერისმთავარი, მაგრამ არასდროს ერისთავთ-ერისთავი.
    ყველა ზევით ჩამოთვლილ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო გვევარაუდა ტერმინ ერისთავთ-ერისთავის ხმარება, მაგრამ ასეთი რამ არ დასტურდება. ჩვენ არ გვგონია, რომ გამთავრებულ ერისთავებს მიეღოთ ერისთავთ-ერისთავების ტიტული. ასეთი რამ შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ, თუ მათი ვასალი აზნაურები მიიღებდნენ ერისთავების ტიტულს. ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გაიზრდებოდა ერისთავთა რაოდენობა და ეს აუცილებლად აისახებოდა წყაროებში. ჩვენი აზრით, მოვლენათა ასეთი განვითარება ნაკლებ სავარაუდოა. ერისთავთ-ერისთავის აღმატებითი ტიტული შეიძლება მიეღო მხოლოდ მას, ვისაც გამთავრებულ ერისთავებზე მეტი უფლებები ჰქონდა (თუნდაც ნომინალურად) და რაც უმთავრესია, ვინც მათზე მაღლა იდგა სოციალური სტატუსით. ასეთი კი იყო მხოლოდ ერისმთავარი იყო. თუკი ქართლის სახელმწიფოს მეთაური იყო ერისთავთ-ერისთავი, მაშინ ვინ შეიძლება მივიჩნიოთ მის „უფლად“? ალბათ მხოლოდ მეფე. მაგრამ სტეფანოზ მამფალი მეფე არ არის (და საერთოდ საეჭვოა არსებობდა თუ არა მეფე VIII საუკუნის 30-იან წლებში).
   თუ სტეფანოზ მამფალს მართლაც ჰყავს ხელქვეითი ერისთავები, მაშინ დასადგენია: ვინ არიან ისინი? როდის მიიღეს მათ ეს ტიტული?
    ვინ არიან მათი ქვეშევრდომები? წყაროებში, ვერცერთ ამ კითხვაზე ჩვენ პასუხს ვერ ვიპოვით. ვარაუდით კი, რა თქმა უნდა, ყველაფრის ვარაუდი შეიძლება.
    არის კიდევ ერთი მომენტი. 739 წელს, ტერმინ ერისთავთ-ერისთავის არსებობა, ჩვენი აზრით, შემთხვევით და მოვლენათა განვითარებიდან ამოვარდნილ ფაქტად გამოჩნდება, თუ ერისთავის ინსტიტუტის განვითარების მთელ გზას გადავხედავთ. საქმე იმაშია, რომ 739 წელს დაფიქსირებული ტერმინი ერისთავთ-ერისთავი შემდგომში უკვალოდ ქრება. ის არც ერთ წყაროში აღარ ჩანს. მისი „ხელახალი“ გამოჩენა ხდება მხოლოდ IX საუკუნის 90-იან წლებში (891 წლის მერე) სამხრეთ საქართველოში, ტაო-კლარჯეთის სამეფოში. თუ სტეფანოზი მართლაც ერისთავთ-ერისთავთა უფალია, მაშინ ასახსნელია, რატომ ქრება ერისთავთ-ერისთავის საკმაოდ მაღალი და საპატიო ტიტული ისევე უცებ, როგორც ჩნდება და რატომ არ ჩანს ის მთელი ასორმოცდაათი წლის მანძილზე? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგავაჩნია.
    ჩვენი აზრით, სტეფანოზ მამფალი ნამდვილად ერისმთავარია. მას შესაძლოა მართლაც მიუწვდება ხელი დასავლეთ საქართველოზე. ის ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ ქართველთა და მეგრელთა ერისთავთა უფლად. მაგრამ ის არ შეიძლება იყოს ერისთავთ-ერისთავთა უფალი. ჩვენი ვთვლით, რომ ატენის სიონის 739 წლის წარწერაში ნაკლებ სავარაუდოა ტერმინ ერისთავთ ერისთავის ამოკითხვა.
    ერისთავობის ინსტიტუტის განვითარების ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ქართლის ცხოვრებაში“ დაცულ ცნობას, არჩილის მიერ თავისი ძმის _ მირის ასულების ერისთავებზე გათხოვების შესახებ. ქართული წყაროს მიხედვით, ერისმთავარმა მირმა გარდაცვალების წინ, არჩილს ანდერძად დაუბარა _ გაეთხოვებინა მისი ასულები ერისთავებზე. „მისხენ შვიდნი ქალნი... აწ მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვენ მათ ქუეყანანი ქართლისანი ნახევარი შენ და ნახევარი მათ. ხოლო საუხუცესოდ რომელი მქონდა, მომიცემია შენდა და გქონდეს საუხუცესოდ: ეგრისი, სუანეთი, თაკუერი, არგუეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა მთიულეთი მიეც ასულთა ჩემთა, რათა მუნ შინა იყვნენ ჟამთა ამათ ბოროტთა... ხოლო არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა და მისცნა ძმისწულნი მისნი: ერთი მისცა მამის ძმისწულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი; მეორე მისცა პიტიახშსა ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს; მესამე მისცა ნერსე ნერსიანსა, რომელი იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა; მეოთხე მისცა ადარნასე ადარნასიანსა და ორთავე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი; მეხუთე მისცა ვარზმანს და მისცა კოტმანითგან ქურდისხევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა; მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისთა და მისცა ჯუარი და ხერკი და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ხევი და ტფილისი ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა ამათ ხევთაგან და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებითურთ თვის-თვისად ადგილად“. თავად არჩილი კი „მოვიდა ... კახეთად და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნაურ ყვნა იგინი“ (265;241-243). მირის მეშვიდე ასული კი ცოლად გაჰყვა აფხაზთა ერისთავს ლეონ I-ს.
   „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მირი და არჩილი მურვან ყრუს თანამედროვენი არიან და სწორედ ისინი ამარცხებენ არაბებს ანაკოფიის ციხესთან. ქართულ ისტორიოგრაფიაში ძირითადად გაზიარებულია მოსაზრება, რომ მურვან ყრუს ლაშქრობა დაიწყო 735 წელს (136:179. 66;289). თუმცა მკვლევართა ნაწილი არ იზიარებს ამ თვალსაზრისს. გ. აბრამიშვილის აზრით, „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილი არაბთა ლაშქრობა უნდა მომხდარიყო არა მურვან ყრუს, არამედ მისი მამის _ მუჰამედ იბნ მურვანის დროს. ეს უკანასკნელი კი 716-717 წლებში უნდა შემოჭრილიყო საქართველოში (2;31).
    მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს თავად ერისმთავარ არჩილის მოღვაწეობის ხანაც. რა თქმა უნდა ისტორიაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამა თუ იმ თარიღის ზუსტად დადგენას. მაგრამ, ამჯერად ჩვენი თემის კვლევისას მაინცდამაინც აუცილებლად არ მიგვაჩნია ზუსტი წლების დადგენა. ჩვენთვის გაცილებით მთავარია იმის დადგენა თუ რა იგულისხმება ე.წ. „არჩილის რეფორმის“ ქვეშ და ათიოდე წლით ადრე მოხდა ეს თუ გვიან გადამწყვეტი არ არის. თანაც წყაროები არ იძლევა გადაჭრით რაიმე თარიღის მტკიცების საშუალებას. ზოგადად აღვნიშნავთ, რომ სავსებით მისაღებია დ. მუსხელიშვილის თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც არჩილი VIII საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეა (163;62).
   რაც შეეხება არჩილის მიერ განხორციელებულ ღონისძიებას, ნ. ბერძენიშვილის აზრით, „XI საუკუნეში მცხოვრები ჯუანშერი (თუ ის მართლა ამ დროს იყო) ამ ცნობას ვერ მოიგონებდა. არც რაიმე აზრი ჰქონდა მის შეთხზვას ამ დროს (ასეთი ცნობა, თუ ის წერილობითი სახის ცნობიდან არ აქვს ამოღებული ჯუანშერს, შეიძლება ზეპირად არსებულიყო და შეთხზულიყო IX-X საუკუნეში). წარმოდგენილი სახით ცნობა, უეჭველია, გარკვეულ „იდეოლოგიებს“ განიცდის და ამიტომაც მისი ისტორიული უეჭველობა სათუოა. მიუხედავად ამისა ეს ცნობა მეტად საინტერესოა და ისტორიულად გამოსაყენებელი ... ჯუანშერსჰქონია ცნობა, რომ მირის შვიდი ქალი ქართლის შვიდ მთავარს მიეცა ცოლად ... ეს ცნობა არის ფეოდალური წყობილების იდეოლოგიურ _ ისტორიული დასაფუძვლება. თუ აქამდის ერისთავები საერისთავოების უზურპატორები იყვნენ, თუ აქამდის მათ თავიანთი საერისთავოები სპარსელთ და ბიზანტიელთა მკვიდრობის სიგელების წყალობით ეჭირათ, როცა სამეფო სახლი შემცირებული იყო და მხოლოდ ამიტომ ითმენდა ერისთავთა კადნიერებას, ამიერიდან საერისთავოები მათ საშვილიშვილოდ უჭირავთ თვით მეფის ანდერძით, როგორც ამ მეფის ქალთა ნამზითვი ტერიტორია. მართალია, ეს მოხდა მეფის სახლის დამცირების გამო, მაგრამ ეს ამ აქტის კანონიერებას არ აქარწყლებს. ამ ცნობით ერისთავები უნდა მორჩილებდნენ მეფეს და ასეთი მორჩილების პირობებში მეფეს უფლება არა აქვს ერისთავობა წაართვას და საერისთავო ტერიტორია მიითვისოს. ამ ცნობით ყველა ერისთავს თანაბარი უფლებები აქვს _ ყველა სიძეა, მათ საერთო აქვთ საფრთხე _ მეფის ხელისუფლება და ამდენადვე მათი ინტერესები საერთოა. ეს იყო „ერისთავთა“ (და მათ ჩამომავალთა) იდეური გაერთიანება და მეფისადმი დაპირისპირება“ (45:45). „ჯუანშერის აზრთა მსვლელობა შემდეგია: არჩილმა განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლიტიკური ღონისძიება გაატარა: აქამდე მოხელე ერისთავები მემკვიდრე მფლობელებად აქცია“ (44:158). კონკრეტულად ჩამოთვლი ერისთავებთან დაკავშირებით კი, ნ. ბერძენიშვილი შენიშნავს _„თუ ქვეყნების ამ სიას შევადარებთ ჯუანშერისვე ქვეყნების სიას ვახტანგ გორგასლის დროინდელს, ჩვენ თვალსაჩინო განსხვავებას შევნიშნავთ ... ძველი სასპასპეტო ქვეყნის ნაცვლად ახლა ორი საერისთავო გაჩენილა ნერსესი და ადარნასესი. კლარჯეთისა და ჯავახეთის საერისთავოები ერთ საერისთავოდ არის გაერთიანებული. ჯუანშერ ჯუანშერიანის საერისთავო ხომ მთლად ნებისმიერად არის შედგენილი ... სამცხე არსად ჩანს ... ხოლო კახეთი არჩილმაო „მიუბოძა“ ტაძრეულთა მისთა ... ერთი სიტყვით დიდი რაღაც ამბები ხდება~ (44:155,158).
    დ. მუსხელიშვილს მიაჩნია, რომ `მთავარი ის კი არ არის, სწორად არის თუ არა გადმოცემული ამა თუ იმ ერისთავის სამფლობელოს კონკრეტული ფარგლები, არამედ საერთო ტენდენცია ისტორიულ-გეოგრაფიული ცვლილებებისა, ანუ ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიული განვითარებისა. ტენდენცია კი მიმართულია ისტორიულ-გეოგრაფიული და ადმინისტრაციული ერთეულების გამსხვილებისაკენ, რაც ქართლის ეკონომიკური და სოციალური აღმავალი განვითარების გარეგნული გამოხატულება იყო ... ქართველი მემატიანეების არჩილ „მეფე“ ფაქტიურად კახეთ-ჰერეთის მთავარი უნდა ყოფილიყო, რომლის უფლებების გავრცელება ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საეჭვოა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ გარკვეულ პერიოდში იგი ქართლის ერისმთავარიც ყოფილიყო“ (163;70,76). მკვლევარი თვლის, რომ „ქართლის ცხოვრებაში~ დაცული ცნობა „ასახავს სწორედ იმ ეპოქას, რომელსაც ის გულისხმობს, ე.ი. არჩილის მოღვაწეობის ხანას. არჩილი კი, ჩვენი აზრით, VIII ს. პირველი ნახევრის მოღვაწეა. რომ წყაროს ზემოხსენებული ჩვენება ჩვენთვის საინტერესო პერიოდს ეხება, ეს სხვათაშორის იქიდანაც ჩანს, რომ ქართლის დედაქალაქი თბილისი, ქართველთა მფლობელობაში იგულისხმება, ხოლო VIII ს. 40-იანი წლებიდან კი, როგორც სავარაუდოა, აქ არაბი ამირა მკვიდრდება“ (163;62).
    ა. ბოგვერაძის აზრით, „VIII საუკუნეში ერისთავებს მიტაცებული მიწა-წყალი კანონიერი საშუალებით, მეფე მირის სიძეობის გზით გაუფორმებიათ. არჩილმა თავისი ძმისწულები ძმის ანდერძის თანახმად, ერისთავებს ცოლად მიათხოვა და სახელმწიფოს მიწა-წყლის ნახევარი სიძეებს მზითვში გაატანა ... რეალური ვითარების გვიანი გამოხატულება იყო ის რეფორმა, რომელსაც ჯუანშერი არჩილს მიაწერს (VIII ს-ის 40-50-იანი წლები) ... აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ ერისთავები, ძირითადად, თავიანთ საგამგეო ქვეყნებს ღებულობენ უკან, მხოლოდ ახალ საფუძველზე თითქოს ... არჩილის რეფორმები ერისთავთა თვალსაზრისით მათი პრეტენზიების დაკმაყოფილების კანონიერი საშუალება უნდა ყოფილიყო. ამის გამო ადვილი შესაძლებელია, რომ XI საუკუნის ისტორიკოსს ამ შემთხვევაში თავის თხზულებაში მართლაც ერისთავთა წრეში შექმნილი ლეგენდა ჰქონდეს შემოტანილი. ერთი კი ცხადია, რომ VIII საუკუნის შუა ხანებში ქართლის ფეოდალური სახელმწიფო ერისმთავარსა და ერისთავებს შორის არსებული სამამულო ურთიერთობის ამ პრინციპზე მოეწყო“ (48:19,30).
    გ. მამულიას მიაჩნია, რომ „ნ. ბერძენიშვილი უდავოდ მართალი ჩანს, როდესაც არჩილ მეფის რეფორმების ლეგენდას გვიან, ბაგრატიონთა მეფობის ხანაში (X-XI) ერისთავთა წრეში შეთხზულად მიიჩნევს. ამ ლეგენდის მთავარი მიზანი _ ვახტანგ გორგასლის სახლის მემკვიდრეთა _ ქართლის „მეფეთა“ მირის და არჩილის სახლის სიძობით ერისთავთა მფლობელობის კანონიერების დამტკიცებაში მდგომარეობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაგრატიონთა სახლმა დინასტიური თვალსაზრისით ქართლის ერისმთავრობას IX საუკუნის დასაწყისში ვახტანგ გორგასლის ჩამომავალთა „სიძობის~ გზით მიაღწია, მაშინ რეალური საფუძველი ეძებნება ერისთავთა წრეში შექმნილ არჩილ „მეფის“ რეფორმების ლეგენდის წყაროსაც, რადგან ერისთავებიც ისევე „კანონიერად“ დაეუფლნენ თავის მიწაწყალს, როგორც თვით ბაგრატიონთა სამეფო დინასტია“ (143:120). თავად არჩილის შესახებ კი მკვლევარი წერს _„არჩილი არათუ „მეფე“ არამედ ქართლის ერისმთავარიც კი არ უნდა ყოფილიყო ... იმისად მიუხედავად, რომ არჩილის მეფობის ისტორია გვიან შეთხზული ლეგენდა არის, იმის თქმა მაინც შეიძლება გადაწყვეტით: არჩილი 739 წელს გარდაცვლილი ქართლის ერისმთავრის სტეფანოზის ძე იყო, არაბების შიშით გაიხიზნა დასავლეთ საქართველოში, მთავრობდა ჰერეთ-კახეთში და არაბების მიერ ეწამა VIII საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს“ (143:126).
    მ. სანაძის თვალსაზრისით, „აღნიშნული თხზულების ავტორი მზითვის წილების სახით მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოთა შორის ქართლის სამეფოს დანაწილების სავსებით რეალურ სურათს გვიხატავს“. შემდეგ მკვლევარი აღნიშნავს, „ქვემო ქართლის უდიდეს ნაწილს, გარდაბნის გარდა, ალგეთის ხეობის ქვემოთ, ამის გარდა აბოცს და თრიალეთს, ფეროზიანები ფლობდნენ. მათი მფლობელობა სამცხეშიც ვრცელდებოდა“. ვარზმანისათვის მიცემული „ტერიტორია კოტმანიდან ქურდის-ხევამდე, ხუნანიდან მდინარე დებედას ქვემო წელამდე, ფაქტიურად ქართლის სამეფოს ხუნანის საერისთავოს უდიდეს ნაწილს, ანუ ქართულ გარდაბანს წარმოადგენდა“ (191;20). რაც შეეხება ჯუანშერ ჯუანშერიანს, მ. სანაძე თვლის, რომ ის „ქართლის ერისმთავარია.
    სხვანაირად ის არ შეიძლება ფლობდეს თბილისს... ჩვენ გვაქვს უნიკალური ცნობა იმის შესახებ, თუ რა ტერიტორია იყო ქართლის ერისმთავართა უშუალო მფლობელობაში. გარდა მთიულეთისა, რომელიც ჩვენ რევიანთა საგვარეულო სამფლობელოდ გვესახება, როგორც ქართლის ერისმთავრის რანგში ჯუანშერი ფლობდა ხერკს, მანგლისის ხევს და ქართლის დედაქალაქ თბილისს. ეს სამი გეოგრაფიული პუნქტი აღნიშნავდა ერთიან ქვეყანას, რომელსაც უშუალოდ ფლობდა და განაგებდა ის, ვინც ქართლის ერისმთავრის ტიტულს ატარებდა (თავის საგვარეულო სამფლობელოსთან ერთად _ ამ შემთხვევაში „ყოველი მთიულეთი“). მკვლევარის აზრით, ჯუანშერი ერისმთავარი იყო 586-591 წლებში (192;161).
    ვ. გოილაძე წერს, „მირის შვიდი სიძიდან მხოლოდ ლეონ I ჩანს საქართველოში მურვან ყრუს ლაშქრობის თანამედროვე. დანარჩენი ექვსიდან სამი _ ჯუანშერ ჯუანშერიანი, ნერსე ნერსიანი და ადარნასე ადარნასიანი აშკარად ვახტანგ გორგასლის თანამედროვენი არიან. გუარამ კურაპალატის ძე და ვარზმანი VII ს. დამდეგს ცხოვრობდნენ. გაურკვეველია როდის ცხოვრობდა მირის მეშვიდე სიძე „ფეროზის ნათესავი“ (70:52).
    ჩვენი აზრით, არჩილის „რეფორმასთან“ დაკავშირებით გასარკვევია ორი საკითხი: პირველი _ რამდენად რეალურია იმ ტერიტურიული ერთეულების არსებება, რომლებიც ჩამოთვლილია „ქართლის ცხოვრებაში“; მეორე _ არიან თუ არა არჩილის თანამედროვენი ის პირები, რომლებიც დასახელებული ჰყავს უცნობ მემატიანეს.
    წყაროში საკმაოდ ზუსტად არის განსაზღვრული თითქმის ყველა ის „ქუეყანა“ რომელიც მზითვის სახით ერისთავებს დაუმტკიცა არჩილმა.
   გუარამ კურაპალატის ძეს მიეცა კლარჯეთი და ჯავახეთი. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ერისმთავრად გახდომამდე გუარამ კურაპალატი „მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს“ (265;218). როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეფობის გაუქმების შემდეგ, შესაძლოა მოხდა გარკვეული ტერიტორიული ცვლილებები ცალკეულ საერისთავოებთან დაკავშირებით. სრულიად მისაღებია ს. კაკაბაძის მოსაზრება, რომ „ერისთავებს შორის ადგილი ჰქონდა დროთა სიგრძეზე ტერიტორიის გადაჯგუფებას. ერთი ერისთავი უფრო ძლიერი ხდებოდა, მეორე კიდევ იძულებული იყო მას დამორჩილებოდა“ (112:59). ვახტანგ გორგასლის დროს ჯერ კიდევ არსებობს: წუნდის საერისთავო, რომელშიც ალბათ შედიოდა ჯავახეთი, კოლა და არტაანი; ოძრხის საერისთავო, სავარაუდოდ მასში შედიოდა სამცხე და ეგებ აჭარაც; კლარჯეთის საერისთავო. ასეთი ვითარება უნდა შენარჩუნებულიყო მეფობის გაუქმებამდე (ამ სამ საერისთავოში, რომელსაც ვახტანგ გორგასლის უმცროსი ძის შთამომავლები განაგებდნენ, ირანელთა ბატონობა უნდა დამყარებულიყო 523 წელს, გურგენის განდევნის მერე). ამის შემდეგ შესაძლოა ერისთავებს შორის წარმოებული ბრძოლის შედეგად, კლარჯეთის ერისთავებმა _ ბაგრატიონებმა _ მოახერხეს და გაზარდეს თავისი სამფლობელოს საზღვრები, შეიერთეს რა ჯავახეთი და ალბათ სამცხეც. გუარამ კურაპალატის მთავრობა კლარჯეთსა და ჯავახეთში ამის მანიშნებელი უნდა იყოს. არჩილის „რეფორმის“ შედეგად, გუარამ კურაპალატის ძეს დაუკანონდა სწორედ ის ტერიტორია, რომელსაც ფლობდა გუარამი და შესაბამისად მისი ძეც. ე.ი. მოხდა ფაქტობრივად არსებული ვითარების დაკანონება, რაც ერისთავთა უმთავრესი სურვილი იქნებოდა. ანალოგიური ვითარება უნდა ყოფილიყო სხვა „ქუეყნების“ მიმართაც.
   ფეროზის ნათესავს გადაეცა თრიალეთი, ტაშირი და აბოცი. ეს არის ზუსტად სამშვილდის საერისთავოს ტერიტორია. სამშვილდის ერისთავები კი IV საუკუნიდან იყვნენ ფეროზის შთამომავლები. აქაც მოხდა არსებული ვითარების დაკანონება. ჩვენ არ ვეთანხმებით მ. სანაძის მოსაზრებას, რომ ფეროზის ნათესავს ექვემდებარებოდა სამცხეც.
    სამაგიეროდ მისაღებია მ. სანაძის მოსაზრება ვარზმანისთვის მიცემულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. „ქუეყანა“ კოტმანითგან ქურდის-ხევამდე მართლაც უნდა იყოს ძველი ხუნანის საერისთავო.
   რაც შეეხება ნერსე ნერსიანს, ადარნასე ადარნასიანსა და ჯუანშერ ჯუანშერიანს, ს. კაკაბაძის აზრით, „ზენა სოფელი, რომელიც ძველად სპასპეტის ხელთ იყო, ეხლა უკვე სამი ერისთავის მფლობელობაშია“(112:59). ნერსე ნერსიანზე და ადარნასე ადარნასიანზე პირდაპირაა ნათქვამი, რომ არჩილმა მათ „განუყო ზენა სოფელი, რომელი არს ქართლი“. სასპასპეტო გაიყო ორად. რომ მომხდარიყო მისი სამად გაყოფა, მაშინ ეს აღნიშნული იქნებოდა და ზემოთ დასახელებულ ორ ერისთავთან ერთად იქნებოდა მოხსენიებული ჯუანშერ ჯუანშერიანიც. ასე რომ ჯუანშერის „წილი“ არ უნად იყოს ყოფილი სასპასპეტოს ნაწილი. ჩვენი აზრით, შესაძლოა დავუშვათ ჯუანშერის ერისმთავრობა. აქ ერთერთი მთავარი არგუმენტია ჯუანშერის მიერ თბილისის ფლობა. მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ თბილისის მფლობელი არ ყოფილიყო ერისმთავარი. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ მემატიანე შეცდა და ჯუანშერის სამფლობელო არასწორად მოგვცა. მაშინ სად არის იმის გარანტია, რომ სხვა სამფლობელოები ზუსტად არის აღწერილი? მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯუანშერს როგორც ერისმთავარს ეკუთვნოდა მხოლოდ თბილისი და ალბათ ჯუარი. დანარჩენი ტერიტორია: ყოველი მთიულეთი, ხერკი და მანგლისის ხევი (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მხარე მთიულეთისა და ხერკისაგან მოშორებით იმყოფება) ჯუანშერის საგვარეულო კუთვნილება უნდა ყოფილიყო.
    VI საუკუნის 40-იან წლებისთვის, როდესაც სამეფო ხელისუფლება უკვე გაუქმებულია, ერისთავები „გამთავრებული“ არიან თავ-თავის საერისთავოებში. ამ დროისათვის ერთადერთი დიდი „ქუეყანა“ რომელზეც ერისთავებს ჯერ ხელი ვერ მიუწვდებოდათ იყო შიდა ქართლი. მხარე, რომელსაც სპასპეტი განაგებდა. სპასპეტი იყო სამეფო ხელისუფლების დასყრდენი და მეფობის გაუქმების შემდეგ, საპასპეტის არსებობას აზრი არ ჰქონდა. ის მიუღებელი იქნებოდა როგორც ირანელებისთვის, ასევე და უფრო მეტად ერისთავებისთვის. ჩვენი აზრით, მეფობის გაუქმების შემდეგ, სპასპეტის თანამდებობაც უნდა გაუქმებულიყო. მაშინ გასარკვევია, თუ ვის ხელში აღმოჩნდებოდა შიდა ქართლი. ჩვენ ვთვლით, რომ მარზპანის ხელისუფლების არსებობის დროს შიდა ქართლის გამგებელი უნდა ყოფილიყო მამასახლისი (როგორც სათანადო ადგილზე აღვნიშნეთ, დაახლოებით ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ა. ბოგვერაძემ, რომ მამასახლისი იყო სამეფო დომენის გამგებელი. მაგრამ შიდა ქართლი არ იყო დომენი). სწორედ ასეთად მიგვაჩნია ჩვენ „ევსტათი მცხეთელის“ მარტვილობაში მოხსენიებული გრიგოლ ქართლის მამასახლისი. იქნებ, სწორედ იმ ტრადიციის გათვალისწინებით, რომ შიდა ქართლის მმართველი ერისთავებზე მაღლა იდგა _ უცნობი ავტორი ქართველი წარჩინებულების ჩამოთვლის დროს, პირველს სწორედ გრიგოლ მამასხლისს მოიხსენიებს, როგორც გარკვეულწილად სპასპეტის მემკვიდრეს.
    ერისმთავრობის შემოღების შემდეგ, მამასახლისის ხელისუფლება უნდა გაუქმებულიყო (ყოველ შემთხვევაში, როგორც შიდა ქართლის მმართველისა). შიდა ქართლის ფლობაზე ყველაზე დიდი პრეტენზია, ალბათ ერისმთავარს უნდა ჰქონოდა. ა. ბოგვერაძე შენიშნავდა _ „იყო თუ არა ერისმთავრობის დაწესება ქართლში სპასპეტის ხელისუფლების აღდგენა ახალ პირობებში? საკითხს სპეციალური შესწავლა ჭირდება და ამჟამად ვერაფერს ვიტყვით. ერთი კი ცხადია, რომ ერისმთავართა გვერდით სპასპეტის ხსენება აღარაა ... სპასპეტის საგამგეო ქვეყანა „ზენა-სოფელი“ ანუ შიდა ქართლი ორ ერისთავს, ნერსე ნერსიანსა და ადარნასე ადარნასიანს აქვთ ერთმანეთს შორის გაყოფილი“ (48:90).
    სპასპეტისა და ერისმთავრის ხელისუფლება მართლაც ჰგავს ერთმანეთს. იმ გაგებით, რომ ორივე მათგანი ერისთავებზე მაღლა იდგა. მაგრამ, ერისმთავარი იყო მხოლოდ „პირველი თანასწორთა შორის“. მაშინ როცა სპასპეტს ერისთავებზე რეალურედ მიუწვდებოდა ხელი. ყოველ შემთხვევაში მაშინ მაინც, როცა სამეფო ხელისუფლება ძლიერი იყო.
    ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლოა ერისმთავარს მართლაც ყველაზე მეტი უფლება ჰქონდა პრეტენზია განეცხადებინა ყოფილი სასპასპეტოს ტერიტორიაზე, მაგრამ შექმნილ მძიმე ვითარებაში _ როდესაც მისი ბედი დიდად იყო დამოკიდებული უცხო სახელმწიფოებზე და გამთავრებულ ერისთავებზე _ ამის განხორციელება, როგორც ჩანს შეუძლებელი აღმოჩნდა. შიდა ქართლი გაიყო ორ საგვარეულოს შორის.
    კახეთი და ჰერეთი როგორც ჩანს არჩილის უშუალო მფლობელობაში იყო. ჩვენი აზრით, `ქართლის ცხოვრებაში~ დაცული ცნობა ასახავს VIII საუკუნის რეალურ ვითარებას. კერძოდ, ქართლის სამეფოს დიდი ნაწილის დაყოფას მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოებს შორის. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს _ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მირის შვიდი სიძიდან VIII საუკუნის მოღვაწე მართლაც მხოლოდ ლეონ I-ია. ნერსე ნერსიანი და ადარნასე ადარნასიანი ვახტანგ გორგასლის ერისთავები უნდა იყვნენ. ჩვენი აზრით, ადარნასე ადარნასეიანი უნდა გავაიგივოთ სამშვილდის ერისთავ ადარნასესთან; ხოლო ნერსე ნერსიანი _ხუნანის ერისთავ ნერსარანთან (ნერსარან || ნერსე). ჯუანშერი, VI საუკუნის 80-იანი წლების მოღვაწე ჩანს. გუარამ კურაპალატის ძე და ვარზმანი კი _ VII საუკუნის. ფეროზის ნათესავის მოღვაწეობის ხანის განსაზღვრა კი ძალიან ძნელია.
   „ქართლის ცხოვრებაში“ არსებული სიუჟეტი, არჩილის „რეფორმის“ შესახებ, უნდა შექმნილიყო რამოდენიმე მოვლენისა და ფაქტის ერთად შერწყმის შედეგად. პირველი _ მეფობის გაუქმების შემდეგ, თანდათან მოხდა ქართლის სამეფოს ტერიტორიის დანაწილება მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოებს შორის და VIII საუკუნისთვის შეიქმნა წყაროში დაფიქსირებული სურათი; მეორე _ ლეგენდა ერისთავების სიძობის შესახებაშკარად ამ ფეოდალურ საგვარეულოებში შეიქმნა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მირის ქალიშვილი ან ქალიშვილები რეალურად გათხოვილიყვნენ რომელიმე საგვარეულოს წარმომადგენელზე. ლეონ I-ის სიძობა სავსებით დასაშვებია. ჩვენი აზრით, რეალურად მომხდარმა ფაქტმა საფუძველი მისცა ლეგენდის შექმნას. რომელშიც უკვე ყველა ერისთავზე განზოგადდა მირის სიძობის ფაქტი. ეს გადმოცემა შესაძლოა არსებობდა ზეპირი სახით და შეიძლება წერილობოთი ფორმითაც იყო დაფიქსირებული; მესამე _ უცნობი მემატიანის მიერ ჩამოთვლილი ყველა პიროვნება ისტორიულად არსებობდა და განაგებდა ან ფლობდა გარკვეულ ტერიტორიას, ოღონდ ისინი მოღვაწეობდნენ სხვადასხვა დროს. შემდგომ, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო (შესაძლოა ისტორიკიოსს რაიმე შეეშალა, შეიძლება მოხდა სხვადასხვა წყაროს ხელოვნური გართიანება, ან სხვა რამ) მოხდა სამივე (ან უფრო მეტი) მომენტის გაერთიანება და მივიღეთ იმ სახის ცნობა, რაც ამჟამად გვაქვს „ქართლის ცხოვრებაში“.
    არჩილის „რეფორმებთან“ დაკავშირებით, ჩვენთვის ყველაზე მთავარია ის, რომ VIII საუკუნეში ძირითადად კვლავ არსებობენ ყოფილი საერისთავოები და მათ სათავეში ისევ ის ძველი საგვარეულოები უდგანან. რა თქმა უნდა ერისთავები ფაქტობრივად „გამთავრებული“ არიან და სერისთავოებიც ნახევრად დამოუკიდებელ სამფლობელოებს წარმოადგენენ. გარდა ამისა შექმნილია ახლი სამფლობელოები (შიდა ქართლში). ატარებენ თუ არა მათი მფლობელები ერისთავის ტიტულს, როგორც ეს მოსალოდნელია ყოფილი საერისთავოების მმართველების შემთხვევაში, ძნელი სათქმელია. იმის გათვალისწინებით, რომ მემატიანე შიდა ქართლის ფლობას ვახტანგის ორ ერისთავს მიაწერს, შეიძლება დავუშვათ, რომ შიდა ქართლის ახალი მფლობელები ატარებდნენ ერისთავის ტიტულს. თანაც ისტორიკოსის სიტყვები _„არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა“ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ყველა ჩამოთვლილი პირი ერისთავია.
   VIII საუკუნეში მოღვაწეობდა კიდევ ორი პიროვნება, რომლებიც წყაროებში მოიხსენიებიან ერისთავობით. ერთი არის, ჩვენს მიერ ნახსენები ლეონ I, რომელიც აფხაზთა ერისთავი იყო.
   ჩვენ თითქმის მთლიანად ვეთანხმებით დ. ლეთოდიანის მოსაზრებას _ „ბიზანტიური და ქართული წყაროების ურთიერთშეჯერების საფუძველზე კარგად დგინდება, რომ ბიზანტიის ხელისუფლებამ თავისი ძალაუფლება უშუალოდ ჯერ ბიჭვინტის ჩრდილო-დასავლეთით გაავრცელა აბაზგიის და სანიგეთის გაერთიანებაში (VI ს-ის დასასრულისათვის), რომელსაც აბაზგია (აფხაზეთი) უწოდა, ხოლო VII ს-ის დასაწყისში ჰერაკლე კეისარმა (610-641 წწ.) თავისი მოხელის (ერისთავის _ არქონტის) რეზიდენციად ანაკოფია (ახალი ათონი) აქცია და უწოდა აფხაზთა ერისთავი და მისი ძალაუფლება სამხრეთ-აღმოსავლეთით ეგრისწყლამდე (ღალიძგამდე) მიიყვანა ... ასე რომ, აღნიშნული რეგიონი (კლისურიდან მდ. აქეუნტამდე) თუ უძველესი დროიდან კოლხიდის (ეგრისის), II-IV საუკუნეებში სანიგეთის, ხოლო IV-VI საუკუნეებში ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს სახელს ატარებდა, VII ს-ის დასაწყისიდან იწოდა აფხაზეთად. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის სახელის გავრცელება უშუალოდ ბიზანტიის პოლიტიკის შედეგია. ბიზანტიის უშუალო მმართველობა აფხაზეთად წოდებულ გაერთიანებაში VIII ს-ის 30-იან 40-იან წლებამდე გაგრძელდა. აფხაზეთი იმართებოდა ბიზანტიელი მოხელეების მეშვეობით, როგორც ვახუშტი იტყოდა, „ცვლილებითა“ და არა მემკვიდრეობის წესით. VIII ს-ის30-იან, 40-იანი წლებიდან, ჯუანშერის გადმოცემით, აფხაზთა ერისთავმა ლეონ I-მა ბიზანტიის იმპერატორისაგან მიიღო სამემკვიდრეოდ აფხაზთა ერისთავობა~ (125:140-142). ჩვენ მხოლოდ ერთი შენიშვნა გვაქვს, ერისთავობა ქართული სახელმწიფოსათვის, ქართული სამყაროსათვის დამახასიათებელი ტიტული იყო და არა გვგონია ის სხვა ქვეყნის მმართველს ებოძებინა ვინმესთვის. ბიზანტიის იმპერატორებს შეეძლოთ აფხაზეთის მმართველისათვის ებოძათ არხონტის ტიტული და ასეც იყო, მაგრამ არა ერისთავობა. ჩვენი აზრით, ლეონ I-ს ერისთავის ტიტული მიანიჭა ქართლის ერისმთავარმა მირმა, არაბთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის დროს. მართალია ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ „დასუეს ბერძენთა ერისთავი თვისი ანაკოფიას და უწოდეს აფხაზთა ერისთავად“(23;795) მაგრამ აქ ვახუშტის უნებლიე შეცდომა მოსდის იმის გამო, რომ VIII საუკუნეში აფხაზეთის მმართველები იწოდებოდნენ _ აფხაზთა ერისთავად. თანაც ბიზანტიური ტიტულის _ არხონტის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, ქართული შესატყვისი ერისთავიც არის.
    მეორე პიროვნება, რომელიც ასევე ერისთავის ტიტულით მოიხსენიება, არის ქართლის ერისმთავრის ნერსე II-ის დის ქმარი გუარამი. როდესაც ნერსე II ხაზარებთან გაიხიზნა, არაბებმა ის გადააყენეს და იოანე საბანისძის მიხედვით, ერისმთავრად დანიშნეს „სტეფანოზ, ძეი გურგენ ერისთავისაი, დისწული ნერსეისი, ნაცვლად დედისძმისა თვისისა“ (106:142). ძნელი განსასაზღვრია, თუ რომელი „ქუეყნის“ მფლობელია გურგენი. იმის გათვალისწინებით, რომ სახელი გურგენი უფრო მეტად გავრცელებული იყო ბაგრატიონთა საგვარეულოში (მართებულად შენიშნავს ნ. ლომოური, რომ გუარამი და გურგენი იდენტიური სახელებია), ისევე როგორც სახელი სტეფანოზიც, შეიძლება ვივარაუდოთ _ გურგენი შესაძლოა ბაგრატიონი იყო. ასეთ შემთხვევაში ის კლარჯეთისა და ჯავახეთის მფლობელი იყო. ისევე როგორც მისი წინაპრები.
    VIII საუკუნის ბოლოსა და IX საუკუნის დასწყისში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამოდენიმე სამეფო-სამთავრო და ერისთავობის ინსტიტუტის განვითარებაში დაიწყო ახალი ეტაპი, მოხდა ერისთავობის, როგორც სამოხელეო ინსტიტუტის აღდგენა.
თავი IV: ერისთავობის ინსტიტუტი IX-X საუკუნეებში
$1 ერისთავობის ინსტიტუტი აფხაზთა სამეფოში
    ერისთავობის, როგორც სამოხელეო _ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტის აღდგენა მოხდა აფხაზთა სამეფოში. ლეონ II-მ თავისი სამეფო დაყო რვა სერისთავოდ და მათ სათავეში ჩააყენა ერისთავები.
    როგორც ცნობილია, VIII საუკუნის ბოლოს `რა ჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა, სახელით ლეონ ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომლისადა მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი. ეს მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა და იპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელიდვა მეფე აფხაზთა~ (145:261).
    ცნობა ლეონ II-ის ადმინისტრაციული რეფორმის შესახებ დაცული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს _ `განყო ესე ეგრისი და აწ აფხაზეთი რვა საერისთოდ: დასუა აფხაზთა და მისცა აფხაზეთი, ჯიქეთი, ვიდრე ზღუამდე და ხაზართა მდინარემდე; დასუა ცხომს და მისცა ეგრის იქით ანაკოფია ალანითურთ; დასუა ბედიას და მისცა ეგრისის აღმოსავლეთი ცხენისწყლამდე; ვინაითგან ამასვე ლეონს მოერთნენ ოძრახოს წილნი, ჭოროხის სამხრეთისანი და განუდგნენ ოძრახოს ერისთავსა, უწოდა გურია დასუა მუნ ერისთავი თვისი; დასუა რაჭა-ლეჩხუმისა; დასუა სვანეთისა; შორაპნისავე, რიონისა და ხანის-წყლის აღმოსავლეთისა ლიხამდე სრულიად არგუეთისა; დასუა ქუთათისს ვაკისა, ოკრიბისა და ხანის-წყლის დასავლეთისა გურიამდე და რიონის დასავლით ცხენისწყლამდე~ (23;796).
    ეს არის წყაროებში დაცული ერთადერეთი ცნობა ლეონ II-ის მიერ აფხაზთა სამეფოს საერისთავოებად დაყოფი შესახებ. ასეთ შემთხვევაში ან უნდა ვენდოთ ვახუშტი ბატონიშვილს და ან არა. იმ დროს, როდესაც ვახუშტისთან დაცული ინფორმაციის საწინააღმდეგო არაფერი მოგვეპოვება და პირიქით, სხვა არაპირდაპირი ცნობები ამყარებენ მას, ჩვენი აზრით სავსებით დასაჯერებელია ლეონ II-ის მიერ ადმინისტრაციული რეფორმის გატარება. ვნახოთ რა სახის ინფორმაციაა დაცული სხვა წყაროებში.
    `მატიანე ქართლისაიში~, IX საუკუნის 80-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით _ როდესაც საუბარია, გუარამ მამფლის ძის, ნასრის ბრძოლაზე სხვა ბაგრატიონების წინააღმდეგ _ აღნიშნულია: `იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავარი ოვსი და ერისთავი აფხაზთა~ (145:261). ჩვენ ვიზიარებთ მ.ლორთქიფანიძის მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება კონკრეტულად აფხაზთა ერისთავი (132:187). თუმცა ჩვენთვის ამას ამჟამად პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. `აფხაზთა~ _ აქ მთლიანად დასავლეთ საქართველოს გაგებითაც რომ იყოს ნახმარი, მაინც ფიქსირდება აფხაზთა სამეფოში ერისთავის არსებობა, რაც თავისთავად მიუთითებს ერისთავობის ინსტიტუტის არსებობაზეც. აფხაზთა საერისთავო არსებობს ერთიანი ქართული მონარქიის დროსაც XI-XIII საუკუნეებში (XI საუკუნეში ერისთავია ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო, ხოლო XII საუკუნეში _ ოთაღო შარვაშიძე)(41;74). ამრიგად, აფხაზთა საერისთავოს არსებობა ჩვენი აზრით სადავო არ არის.
    იმავე `მატიანე ქართლისაიში~ IX საუკუნის 60-იანი წლების ამბების თხრობის დროს ვკითხულობთ, რომ აფხაზთა მეფე გიორგი I-მა ილაშქრა ქართლში. `მას ჟამსა გამოვიდა გიორგი აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი. დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას ძე დემეტრესი და ვითარ გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა ბაგრატ, რომელი იცნობების ექსორიაქმნილობით და ცოლმან გიორგი მეფისმან მოკლა ძე დემეტრესი, ერისთავი ჩიხისა~ (145:258). ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მხარის ერისთავია ბაგრატ დემეტრეს ძე. ივ. ჯავახიშვილს `მატიანეს~ აღნიშნული ცნობა მოაქვს ყოველგვარი კომენტარის გარეშე (262;100). ამიტომ გაურკვეველია თუ რა მოსაზრება გააჩნდა მეცნიერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
    მ. ლორთქიფანიძის აზრით, `გიორგი ეგრისაფხაზეთის მეფემ დაპყრობოლი ქართლი თავის სამეფოს შეუერთა და იქ ერისთავად თავისი ძმისწული ტახტის მემკვიდრე ბაგრატ უფლისწული დააყენა~ (132:517). ცხადია, რომ მეცნიერს ბაგრატი მიაჩნია ქართლის ერისთავად. ასევე ესმის მემატიანეს ეს ცნობა ზ.ანჩაბაძესაც (267;123).
    დ. მუსხელიშვილი, გიორგი I-ის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით წერს: `ქართლის ეს დაპყრობა არ ყოფილი მყარი, რაც თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ქართლის ერისთავი ჩიხაში (არგვეთის ქვეყანაში) ზის და არა უფლისციხეში, როგორც ეს სავარაუდოა X ს-ის უშუალო დასაწყისიდანვე~ (163;184).
   `მატიანე ქართლისაÁს~ ზემოთ მოყვანილ ცნობა, ნ. ბერძენიშვილის აზრით, თავისთავად ბადებს რამდენიმე კითხვას: `ჩიხის ერისთავი აქ ქართლის ერისთავად ხომ არ იგულიხმება?... მაგრამ საკითხავია, რატომ ჩიხას დაუტევა, თუ ის ქართლის მმართველად იგულისხმებოდა და არა უფლისციხეს? შეიძლება უფლისციხე არც აუღია გიორგი მეფეს და მან მხოლოდ ქართლის დასავლეთ ნაწილი დაიპყრო~ (44:354). ამავე ცნობასთან დაკავშირებით ნ.ბერძენიშვილი შენიშნავდა, რომ `ტექსტი უნდა გავიგოთ ასე: გიორგი აფხაზთა მეფემ, ლეონის ძემ და დიმიტრის ძმამ, ქართლი აიღო. შემდეგ უკუიქცა და ჩიხას ერისთავი დასვა ბაგრატ დიმიტრის ძე ... ასე რომ ეს ჩიხის ერისთავი არაა ქართლის ერისთავი არამედ არის არგვეთის ერისთავი~ (39;3).
    ჩვენ მართებულად მიგვაჩნია ნ. ბერძენიშვილის თვალსაზრისი, რომ გიორგი I-მა ბაგრატი დანიშნა არგვეთის ერისთავად. ალბათ მასვე დაევალა შიდა ქართლზე თვალყურის დევნება. მაგრამ `ქართლის ერისთავის~ თანამდებობა მას არ უნდა ჰქონოდა. ჩვენი აზრით, IX საუკუნის 60-იან წლებში ქართლის საერისთავო ჯერ კიდევ არ არსებობდა. სამაგიეროდ ნამდვილად არსებობდა არგვეთის საერისთავო. ამ საერისთავოს არსებობა დასტურდება XI-XIII საუკუნეებშიც.
    სვანეთში, ჩვაბიანის (მუჟალი) მაცხოვრის ეკლესიაზე (მაცხვარ) არის X საუკუნის II ნახევრის ორი ნაკაწრი წარწერა: `წმინდაო მაცხოვარო, შეიწყალე ვახდანგ ერისთავი~; `წმიდაო მაცხოვარო შეიწყალე ვახდანგ ერისთავი. მაშინ დავწერეთ ოდეს იოვანე ერისთავი სულკურთხეული გარდაიცვალა~ (198;400). ცხადია, იოვანე ერისთავი მოღვაწეობდა ვახტანგ ერისთავზე ადრე, რადგან მეორე წარწერაში ვახტანგ ერისთავი ცოცხლად არის მოხსენიებული, მაშინ როდესაც იოვანე უკვე გარდაცვლილია. აქედან გამომდინარე შეიძლება დავუშვათ, რომ იოვანე ერისთავი მოღვაწეობდა X საუკუნის შუა ხანებში. ამავე ეკლესიაზე არის ფრესკული წარწერა _ `სახელითა ღმრთისაითა ჩუენ, ამროლეანთა სამთა ძმათა ბენდეს, ამროლას და მიქაელს, მოგუცა ძალი ღმე-თმან უმჯობესად მამათა ჩუენთაისა და აღვაშენეთ წმიდაი ესე ეკლესიაი სალოცველად სულისა ჩუენისა და მოვწერეთ ზეობასა [. . .] აფხაზთა მეფისა, ქრისტე ადიდე ერისთავობასა [. . .]სსა ჰფარავდინ ღმერთი ...~ (198;63). სამწუხაროდ წარწერაში არ იკითხება არც მეფისა და არც ერისთავის სახელი. ვ. სილოგავას აზრით, ამ წარწერაში შეიძლება ამოვიკითხოთ მხოლოდ ორი მეფის სახელი: ლეონ III ან ბაგრატ III. საქმე იმაშია, რომ მეფის სახელი უნდა შესდგებოდეს ოთხი ასოსაგან, მეტის ადგილი იქ არარის. თუ სახელი დაქარაგმებული იყო, მაშინ ეს უნდა იყოს ბაგრატი _ ბგრტ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ წარწერაში არცერთი სახელი არ არის დაქარაგმებული. ასეთ შემთხვევაში ძნელი დასშვებია, რომ მაინცდამაინც მხოლოდ მეფის სახელი დააქარაგმეს. თუ სახელი დაქარაგმებული არ იყო და ჩვენი აზრით ასეც უნდა ყოფილიყო, მაშინ წარწერაში უნდა აღვადგინიოთ სახელი ლეონ. ვ.სილოგავა აღნიშნავს, რომ წარწერებში აფხაზთა მეფეები მოიხსენიებიან მხოლოდ მეფობით და ეს მიაჩნია სახელ ლეონის აღდგენის საწინააღმდეგო არგუმენტად (198;12). მკვლევარის ეს მოსაზრება მართლაც საკმაოდ ანგარიშგასაწევია. თუმცა ჩვენი აზრით სრულიად გამორიცხულია მეფის სახელის დაქარაგმება ვივარაუდოთ მაშინ როცა სხვა სახელები არ არის დაქარაგმებული. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ წარწერაში უნდა აღდგეს სახელი ლეონი და ჩვენთვის უცნობი ერისთავის მოღვაწეობის ხანა უნდა განისაზღვროს ლეონის მეფობის წლებით 957-967. ამრიგად, სავსებით რეალურია სვანეთში საერისთავოს არსებობა X საუკუნის შუა ხანებში. XI-XV საუკუნეებში სვანთა საერისთავოს არსებობა დასტურდება მრავალრიცხოვანი წყაროებით.
    ამრიგად, ვახუშტი ბატონიშვილის გარდა კიდევ სხვა წყაროებიც ადასტურებენ აფხაზთა სამეფოში არგვეთის, სვანთა და აფხაზთა საერისთავოების არსებობას. რაც ჩვენი აზრით, საფუძველს იძლევა რათა სავსებით რეალურად მივიჩნიოთ ლეონ II-ის მიერ თავისი სამეფოს საერისთავოებად დაყოფა.
    ვნახოთ თუ რა ვითარებაა დანარჩენ ხუთ საერისთავოსთან დაკავშირებით. რაჭის საერისთავოს არსებობა დასტურდება XI საუკუნის დასაწყისში, ბაგრატ III-ის დროს. ამ დროს ერისთავია ნიანია ნოველისიმოსი. ოდიშის საერისთავო უკვე არსებობს XI საუკუნის 40-იან წლებში. `მატიანე ქართლისაÁში~ მოხსენიებული ივანე დადიანი (რომელიც სხვა დიდებულებთან ერთად ანისიდან გამოიტყუა ლიპარიტ ბაღვაშმა), შ. მესხიამ სამართლიანად გააიგივა ერისთავთ-ერისთავ ივანე დადიანთან და მიიჩნია ოდიშის ერისთავად. ასევე დასტურდება ცხუმის საერისთავოს არსებობაც ერთიანი ქართული მონარქიის არსებობის პერიოდში. წყაროები ცალსახად მიუთითებენ, რომ რაჭის, ოდიშისა და ცხუმის საერისთავოები არ შექმნილან XI-XII საუკუნეებში. აქედან გამომდინარე, უნდა დავუშვათ, რომ ეს საერისთავოებიც ჩამოყალიბდა XI საუკუნემდე აფხაზთა სამეფოში და სავარაუდოა სწორედ ლეონ II-ის დროს.
    ვახუშტი ბატონიშვილთან დასახელებული რვა საერისთავოდან ექვსის არსებობა ეჭვს არ იწვევს. ესენია: აფხაზთა, სვანთა, არგვეთის, ოდიშის, რაჭისა და ცხუმის. ცნობები არ გვაქვს მხოლოდ ორი საერისთავოს შესახებ: გურიის და ქუთათისის ანუ სამოქალაქოსი. XI-XV საუკუნეებში ეს საერისთავოები ნამდვილად არ არსებობს. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ლეონ II-ს შეექმნა ეს საერისთავოები. მაგრამ შემდგომში ისინი გაუქმდნენ (ასეთი შემთხვევები დადასტურებული ქართულ სინამდვილეში).
    როდესაც რვა საერისთავოდან ექვსის არსებობა რეალურად დასტურდება ალბათ დასაშვებია, რომ დარჩენილი ორის არსებობაც ვივარაუდოთ. ჩვენი აზრით, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ლეონ II-ის მიერ საერისთავოების შექმნის შესახებ სწორი უნდა იყოს.
   გარდა ზემოთ დასახელებული რვა საერისთავოსი, აფხაზთა სამეფოში არსებობდა კიდევ სულ ცოტა ორი საერისთავო (სულ ცოტა იმიტომ, რომ შეიძლება არსებობდა სხვა საერისთავოებიც, რომელთა დაფიქსირება წყაროებში არ მოხდა. თუმცა ასეთი რამ ჩვენ თითქმის გამორიცხულად მიგვაჩნია). ესენი იყო ჯავახეთისა და ქართლის.
   ჯავახეთში საერისთავოს არსებობა დასტურდება X საუკუნის 60-იანი წლებიდან. კუმურდოს ტაძარზე არსებულ წარწერაში ვკითხულობთ _ `შეწევნითა ღმრთისაÁთა იოვანე ებისკოპოსმან დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაÁ ხელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაÁთა ლეონ მეფისა ზე ადიდენ ღმერთმან. ქრონიკონსა რპდ თუესა მაÁსსა ა დღესა შაფათსა ახალ მთუარისასა ერისთავობასა ზუიაÁსასა ესე ბალავარი მუნ დაიდვა. ქრისტე შეეწიე მონასა შენსა ამენ~ (234;264). როგორც წარწერიდან ირკვევა 964 წელს ჯავახეთში ერისთავია ზვიადი (სავარაუდოა, რომ მარუშიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი. როდის შეიქმნა საერისთავო ჯავახეთში ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ჯავახეთის (ახალქალაქის) საერისთავო არსებობდა ერთიანი ქართული მონარქიის შემადგენლობაშიც XI-XIV საუკუნეებში.
    აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართლის საერისთავო. IX-X საუკუნეებში, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუ ვის ხელში იქნებოდა შიდა ქართლი. ამ რეგიონში გაბატონებისათვის იბრძოდნენ ტაო-კლარჯეთის მეფეები, კახეთის ქორეპისკოპოსები, აფხაზთა მეფეები. ნელ-ნელა უპირატესობას `ქართლსა ზედა~ ბრძოლაში დასავლეთ საქართველოს მეფეები დაეუფლნენ. სწორედ აფხაზთა მეფეების პოლიტიკას უკავშირდება ქართლის საერისთავოს შექმნა.
     ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ შიდა ქართლის დაუფლების პირველი ცდა ჰქონდა გიორგი I-ს, IX საუკუნის 60-იან წლებში. მაგრამ აფხაზთა სამეფოში დაწყებული შინაომის შედეგად ქართლი დაიკარგა. ამ დროს ვერ მოხერხდა ქართლის საერისთავოს შექმნაც, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეულისა.
   X საუკუნის დასწყისში აფხაზთა მეფეები კვლავ ანახლებენ ბრძოლას შიდა ქართლის შემოსაერთებლად. 904 წელს შიდა ქართლი კონსტანტინე (893-922) აფხაზთა მეფემ დაიკავა. თუ ვინ არის მის დროს ქართლის მმართველი, ამის შესახებ ცნობები მოიპოვება ამ რეგიონში არსებული ეკლესია-მონასტრების ეპიგრაფიკულ წარწერებში. ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიაზე არსებულ წარწერაში ვკითხულობთ: ` ...ხელმწიფობასა ღმრთივდამყარებულისა წმინდისა კონსტანტინე მეფისასა ... ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა ...~ (234;172). რ. მეფისაშვილი წარწერას ათარიღებს 906 წლით და აღნიშნავს, რომ სიტყვები _ `ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა შეიძლება მხოლოდ ისე გავიგოთ, რომ ქართლის მთავრად ივანე იყო~ (160;114). ი. მეგრელიძის აზრით, უფალი ივანე ტბელი არის ეპისკოპოსი (146). ნ. შოშიაშვილი თვლის, რომ წარწერა 914 წლის ახლო ხანისაა (234;172). ჩვენ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. დაახლოებით ამავე პერიოდისაა დოდოთის ცხრაკარის ეკლესიის წარწერა _ `სახელითა ღმრთისაითა ივანე ერისთავმან ტბელმან აღაშენა ესე წმიდაი ეკლესიაი...~ (234;176). ჩვენი აზრით, ზემოთ მოყვანილ ორ წარწერაში საქმე გვაქვს ივანე ტბელის მოღვაწეობის ორ სხვადასხვა ეტაპთან. ერედვის წარწერაში ის ჯერ კიდევ არ ფლობს ქართლის ერისთავის თანამდებობას. დოდოთის წარწერაში კი ის უკვე ერისთავია. მართებული უნდა იყოს დ. მუსხელიშვილის მოსაზრება, რომ ივანე ტბელი ჯერ გახდა კონსტანტინეს ვასალი, შემდეგ კი მოხელე ერისთავი (163;217). ჩვენი აზრით, ტბელების დაწინაურება დაიწყო IX საუკუნის ბოლოს, როდესაც `იპყრობდეს ქართლს აზნაურნი~. ჩვენ ვთვლით, რომ ქართლის საერისთავო შეიქმნა კონსტანტინეს დროს, დაახლოებით 914 წელს და მისი პირველი ერისთავი იყო ივანე ტბელი.
   კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მის ძეებს: გიორგისა და ბაგრატს შორის დაიწყო ბრძოლა ტახტისათვის. ბაგრატი მალევე გარდაიცვალა და გამეფდა გიორგი II (923-957). `მატიანე ქართლისაის~ მიხედვით, `ხოლო გიორგი აფხაზთა მეფემან, მისცა ქართლი ძესა თვისსა უხუცესსა კოსტანტის~ (145:266). ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ეს მოხდა ადარნასე ქართველთა მეფის გარდაცვალების მერე, მალევე (23;134). ადარნასე კი გარდაიცვალა 923 წელს. ჩვენი აზრით, სწორია მ. ლორთქიფანიძე, როდესაც კონსტანტინეს მიერ ქართლის მიღებას ათარიღებს 923-924 წლებით (135:521). სამი წლის შემდეგ შვილი აუჯანყდა მამას. კონსტანტინეს მიემხრნენ `ტბელნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი~ (145:267). მეფემ მოახერხა განდგომილთა დამარცხება. ამრიგად, კონსტანტინეს მმართველობა ქართლში შეიძლება განვსაზღვროთ 924-927 წლებით. აქ გასარკვევია ერთი მომენტი _ მემატიანე არასდროს არ მოიხსენიებს კონსტანტინეს ერისთავობით. ამ მიმართებით საინტერესოა ჭალისუბნის წარწერა _ `სახელითა ღმრთისაითა ესე ჩუენ, ბერმან და გიორგი დავწერეთ ოდეს კონსტანტი ქართლის გამგებელი იყო, ჩუან ცხრაზმისხევის ხევისუფლად ვიყვენით~ (234;142). აქაც კონსტანტინე იწოდება გამგებლად და არა ერისთავად. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას ჰქონოდა ერისთავობა და ის ამ ტიტულით არ მოეხსენიებინათ. ალბათ, კონსტანტინე კი იყო ქართლის მმართველი, მაგრამ ქართლის ერისთავის ტიტულს ის არ ატარებდა. გიორგი II-მ, შესაძლოა, უფლისწულსა და ტახტის მომავალ მემკვიდრეს უფრო მეტი უფლებები მიანიჭა, ვიდრე ჩვეულებრივ მოხელე ერისთავს ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში, ქართლის ერისთავობა ან ისევ ტბელების ხელში იყო, ანდა მეფემ ეს თანამდებობა საერთოდ გააუქმა. შესაძლოა ტბელების განდგომის მიზეზი ესეც იყო და კონსტანტინე, თავისი გამეფების შემთხვევაში მათ ერისთავობის დაბრუნებას შეპირდა. ჭალისუბნის წარწერიდან ჩვენთვის ცნობილი ხდება მცირე ადმინისტრაციული ერთეულის მმართველის ტიტულიც _ ხევისუფალი.
   კონსტანტინეს მერე ქართლს მისი ძმა ლეონი განაგებს. `მატიანე ქართლისაი~ წერს _ `ლეონ იყო ერისთავად ქართლისა~ (145:268). უფროსი ძის აჯანყების შემდეგ, გიორგი II-მ ლეონს ეტყობა მხოლოდ მოხელეობა _ ერისთავობა აკმარა. ლეონი ერისთავად უნდა ყოფილიყო 957 წლამდე.
   გასარკვევია თუ ვინ გახდა ერისთავი მას შემდეგ, რაც ლეონი გამეფდა. ამ მხრივ საინტერესოა წორბისის მახლობლად ნაპოვნი წარწერა _ `სახელითა ღმრთისაითა ესე კონქი შექმნა ივანე ერისთავმან, სალოცველად მათდა~ (142). წარწერა პირველად წაიკითხა ი. მეგრელიძემ და დაათარიღა 880 წლით. ი.მეგრელიძის აზრით წარწერაში იკითხება ქრონიკონი _`რ~ რაც იძლევა სწორედ 880 წელს (780+100=880). ივანე კი გააიგივა დოდოთისა და ერედვის წარწერების ივანესთან. ო. ტყეშელაშვილმა წარწერა დაათარიღა 960 წლით, რადგან დაადგინა, რომ წარწერაში მითითებულია ქრონიკონი _`რპ~ (780+180=960) და ივანე მიიჩნია პატრიკ ტბელის ძედ და ქავთარ ტბელის მამად (281;71).
   ჯ. გვასალიას აზრითაც წარწერა 960 წლისაა, ხოლო ივანე არის საქართლიის ერისთავი. მკვლევარის აზრით, საქართლიის საერისთავოს ეკავა შუალედური (ბუფერული) მდგომარეობა არგვეთსა (ჩიხას საერისთავო) და უფლისციხეს შორის (272;66-67).
   ჩვენც მიგვაჩნია, რომ წარწერა არის 960 წლის. მაგრამ ივანე არ არის საქართლიის ერისთავი. ასეთი საერისთავო, ჩვენი აზრით, საერთოდ არ არსებობდა. ლაშა-გიორგის სიგელი ქვათახევისადმი, კი არ ამტკიცებს საქართლიის საერისთავოს არსებობას, როგორც ამას ჯ. გვასალია თვლის, არამედ პირიქით. სიგელში დამოწმებული რეალობა საეჭვოს ხდის საქართლიის საერისთავოს არსებობას.
   ჩვენი აზრით მართებულია იმ მკვლევართა მოსაზრებები, რომლებიც ივანეს მიაკუთვნებენ ტბელების საგვარეულოს. X საუკუნეში ჩვენთვის რამდენიმე ტბელია ცნობილი. ნ.შოშიაშვილს მათი გენეალოგია შემდეგი სახით აქვს წარმოდგენილი: ივანე ქავთარი პატრიკი ქავთარ II (234;60).
   ამ გენეალოგიაში გასარკვევია, ჩვენი აზრით, პატრიკის საკითხი. ის მოიხსენიება ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესიის წარწერაში _ `სახელითა ღმრთისაითა ესე ბალაჰვარი მე ტბელმან პატრიკმან ძემან ქავთარისამან დავდევ...~ (234;180). წარწერაში სიტყვა მოცემულია დაქარაგმებით _ პტკმნ. ვ.თოფურიამ სატყვა წაიკითხა როგორც `პატკანმან~ (94:42). რ. მეფისაშვილმა როგორც `პეტრიკმან~ და ჩათვალა, რომ ეს არის სახელი `პეტრიკი~ და არა ტიტული `პატრიკი~ (160;115). ნ. შოშიაშვილისა და ვ. ცისკარიშვილის აზრით, `პატრიკი, ივანე ტბელის (ერედვის წარწერის_მ.ბ.) ტიტულად უნდა მივიჩნიოთ, რაც საეჭვოდ ჩანს~. სქოლიოში კი მითითებული აქვთ _ `თუმცა ეს გამორიცხულად არ მიგვაჩნიაო~ (231;98). ქართული წარწერების კორპუსის გამოცემისას, როგორც ჩანს, ნ. შოშიაშვილს პატრიკი მიაჩნდა სახელად (234;60). მართებულად შენიშნავს მ. ლორთქიფანიძე _ `არც ტბელის პატრიკიოსობა უნდა იყოს გამორიცხული... ხომ არ არის ეს ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი დიპლომატიური სვლა, მიმართული გაძლიერებულ აფხაზთა მეფეების წინაარმდეგ~ (135:526-527).
   წარწერაში დაფიქსირებული ფორმა _ `ტბელმან პატრიკმან, ძემან ქავთარისმან~ _ თითქოს უფრო იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ საქმე გვაქვს სახელთან პატრიკი. ასეთ შემთხვევაში გასარკვევია მისი მოღვაწეობის პერიოდი. 960 წელს ერისთავად უკვე პატრიკის ძე ივანე ჩანს. ლეონ III აფხაზთა მეფე გახდა 957 წელს. ჩვენი აზრით, ლეონი გამეფებამდე ინარჩუნებდა ქართლის ერისთავობას. პატრიკი ერისთავი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ 957 წელს, როდესაც ლეონი გახდა მეფე და განთავისუფლდა ქართლის ერისთავის თანამდებობა. მხოლოდ გასარკვევია თუ რატომ მისცა ერისთავობა ლეონმა მაინცდამაინც ტბელებს. იმ ტბელებს, რომლებიც ებრძოდნენ მამამისს და მხარს უჭერდნენ კონსტანტინეს. ამ საკითხს ნათელი მოეფინება თუ გავითვალისწინებთ, რა პირობებში გამეფდა ლეონი. `მატიანე ქართლისაი~ წერს _ `გაგზავნა ლაშქარი თვისი (გიორგი II-მ _ მ.ბ.) და ძე მისი ლეონ უჩინა წინამძღვრად და მივიდა და მოწვა კახეთი. და მასვე ლაშქრობასა შინა მოართვეს ამბავი მიცვალება დიდისა და ღმრთისმოყვარისა გიორგი მეფისა ... შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თვისსა, რამეთუ მაშინვე შთავიდა აფხაზეთად~ (145:270). ლეონი წყვეტს ომს უზავდება კვირიკე ქორეპისკოპოსს და სასწრაფოდ მიდის დასავლეთ საქართველოში (შესაძლოა ეშინია ძმის, დემეტრეს მოცილეობისა და ტახტის დაკარგვის). ასეთ პირობებში ლეონს არ აწყობდა სიტუაციის გამწვავება ქართლში. მას კი შესანიშნავად უნდა სცოდნოდა, რომ ქართლის ერისთავობის მიცემა ნებისმიერი სხვა პირისათვის და არა ტბელებისათვის ნიშნავდა ამ უკანასკნელთა ამხედრებას მეფის წინააღმდეგ. ლეონმა სწორი გამოსავალი ნახა. ქართლის ერისთავობა პატრიკ ტბელს მისცა და ამით ეს ძლიერი საგვარეულო თავის მხარეზე გადაიბირა. ტბელებს ერისთავობა ლეონის გარდაცვალებამდე უნდა შეენარჩუნებინათ. პატრიკის ერისთავობა შეიძლება განვსაზღვროთ 957-960 წლებით. ხოლო მისი ძის ივანესი _ 960-967 წლებით.
   ლეონის მერე `დაჯდა დემეტრე მეფედ, ძმა ლეონისი, დაეუფლა ქართლს~ (145:270). საინტერესოა მემატიანეს სიტყვები _ `დაეუფლა ქართლს~. აქედან ისე გამოდის, რომ თითქოს ლეონს ეს მხარე დაკარგული ჰქონდა და დემეტრემ დაიბრუნა. მაგრამ ყოველივე ეს ნაკლებ სავარაუდოა. თავისი მეფობის ბოლო პერიოდში ლეონი კვლავ კახეთის დაუფლებას ცდილობდა. `ჩადგა არაგვის პირსა, ასწყვიდა მუხრანი, ხერკი და ბაზალეთი. და მასვე ლაშქრობასა დასნეულდა შეიქცა გარე და მოკვდა~ (145:270). შეუძლებელია, ლეონი მდგარიყო არაგვის პირას, ებრძოლა კვირიკეს წინააღმდეგ და ამ დროს ქართლი დაკარგული ჰქონოდა. ჩვენი აზრით, სიტყვები _ `დაეუფლა ქართლს~ _ იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ დემეტრემ აქ ახალი ერისთავი დანიშნა. 975 წელს გარდაიცვალა დემეტრე და გამეფდა უსინათლო თეოდოსი. `მაშინ მოვიდეს კახნი და მოადგეს უფლისციხეს და იყო მათ ჟამთა ერისთავი ქართლისა ივანე მარუშის ძე, კაცი ძლიერი და ერმრავალი~ (145:272). უსინათლო მეფეს არც იმის დრო ჰქონდა და არც, ალბათ, შესაძლებლობა ერისთავები ეცვალა. ამიტომ, ჩვენი აზრით, ივანე მარუშის ძე დემეტრე მეფის მიერ დანიშნული ერისთავი უნდა ყოფილიყო. თავის დროზე ჩვენ ვთვლიდით, რომ ივანე, ერისთავი უნდა ყოფილიყო 978 წლამდე. როგორც ჩანს, მართებულია გ. მელიქიშვილის მოსაზრება, რომ ივანე მარუშის ძე დასავლეთ საქართველოში გადადის უკვე 975 წელსვე, ბაგრატის უფლისციხეში დაჯდომის შემდეგ (152:9). ივანე მარუშის ძის ერისთავობა შეიძლება განვსაზღვროთ 967-975 წლებით.
    უაღრესად საინტერესოა ბიეთის სამების ეკლესიის წარწერა _ `ქრისტე მეუფეო ყოველთაო ადიდე ერისთავთ-ერისთავი იოანე ძე ბაკურ ყანჩაელისა...~ (234;193). რ. მეფისაშვილმა წარწერა დაათარიღა IX საუკუნით (287;46). ჯ.გვასალიას აზრით, IX საუკუნეში აღზევდნენ ყანჩაელები. მკვლევარი, ივანეს მიიჩნევს ქსნის ერისთავად, თუმცა არც მის ქართლის ერისთავობას გამორიცხავს (272;23). დ. მუსხელიშვილი წერს, `კონსტანტინე პორფიროგენეტის ჩვენებით ... შესაძლებელია IX ს-ში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი იოანე ბაკურ ყანჩაელის ძე ბაგრატიონთა მოხელე ქართლის ერისთავი იყო~ (163;216). მეცნიერ თვლის, რომ ბიზანტიის იმპერეტორის ცნობაში _ იბერიის კურაპალატის ოთხი ქვეშევრდომი არხონტის შესახებ _ `ვერიასახის~ არხონტი არის ზენა სოფლის ანუ შიდა ქართლის ერისთავი (163;182). მკვლევარის აზრით, პორფიროგენეტის ცნობა აღწერს IX საუკუნის 80-90-იანი წლების ვითარებას (163;185).
   ჩვენი აზრით, იოანე ყანჩაელი ქართლის ერისთავია. მაგრამ გასარკვევია მისი მოღვაწეობის თარიღი. პირველ რიგში, რაც შეეხება პორფიროგენეტის ცნობას, არხონტი არ ნიშნავს მაინცდამაინც ერისთავს (მით უმეტეს ერისთავთ-ერისთავს). ამასთანავე, მართებულია შ. ბადრიძის შენიშვნა, რომ თუ ყველა სახელი ქართულია, რატომ არის მაინცდამაინც ეს სახელი სომხურად (21;233). ამ ფაქტის დ. მუსხელიშვილისეული ახსნა, ჩვენი აზრით, არ არის დამაჯერებელი. შ. ბადრიძის აზრით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით, კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობაში ასახულია X საუკუნის 20-იანი წლების ვითარება (21;232). ამ დროს კი, როგორც მართებულად აღნიშნავს დ.მუსხელიშვილი `ქართლი აფხაზთა მეფეების ხელშია და აქ მათი მოხელე ერისთავი ზის~ (163;184). ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, იოანე ყანჩაელის მიჩნევა ბაგრატიონთა ერისთავად, ჩვენი აზრით, არამართებულია.
    ბიეთის წარწერას ნ. შოშიაშვილი ათარიღებს X საუკუნით (234;193). ჩვენც ვიზიარებთ ამ დათარიღებას. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ იოანე ყანჩაელი იწოდება ერისთავთ-ერისთავად. ეს არის ამ ტერმინის ერთადერთი მოხსენიება IX-X საუკუნეებში შიდა ქართლის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტიტული ერისთავთ-ერისთავი საერთოდ არ გვხვდება აფხაზთა სამეფოში. ეს ტიტული ჩნდება ტაო-კლარჯეთში IX საუკუნის ბოლოს. მას ატარებდნენ მხოლოდ ბაგრატიონები. მარტო X საუკუნის ბოლოს დავით კურაპალატის დროს ჩნდებიან არაბაგრატიონი ერისთავთ-ერისთავები: ხურსი და ჯოჯიკი. ჩვენი აზრით, აფხაზთა სამეფოში, ტიტული ერისთავთ-ერისთავი შედის ქართველთა სამეფოდან. მას მერე, რაც აფხაზთა მეფე ხდება ბაგრატ III აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ იოანე ერისთავთ-ერისთავი, იყო ქართლის ერისთავი X საუკუნის ბოლოს. როგორც ცნობილია, 978 წლის მერე, გარკვეული დროით ქართლს მართავდა გურანდუხტ დედოფალი. 980 წელს `ქართლის აზნაურებმა იწინამძღვრეს ქავთარ ტბელი~ და შეებრძოლენ ბაგრატს, მაგრამ დამარცხდნენ (145:275). ტბელების გამოსვლა მეფის წინააღმდეგ, თავისთავად გამორიცხავს მათ ერისთავობას. ცხადია, რომ ტბელების საგვარეულო, შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებდა პრეტენზიას. ბაგრატ III-ეს, არა გვგონია, დამარცხებულთა პრეტენზია დაეკმაყოფილებინა. ჩვენი აზრით, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დანიშნა ბაგრატ III-მ იოანე ბაკურ ყანჩაელი ძე ქართლის ერისთავად და ამასთანავე უბოძა ერისთავთ-ერისთავის საპატიო წოდება.
   საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ქართლის საერისთავო შეიქმნა X საუკუნის 10-იან წლებში და არსებობდა XV საუკუნის ბოლომდე. X საუკუნეში კი ქართლის ერისთავები იყვნენ:
ივანე ტბელი _ X ს-ის 10-იანი წლები
ლეონი _ 927-957 წლები
პატრიკ ტბელი _ 957-960 წლები
ივანე ტბელი _ 960-967 წლები
ივანე მარუშის ძე _ 967-975 წლები
იოანე ბაკურ ყანჩაელის ძე _ 980 წლის მერე
    ჩვენ ერთხელ უკვე აღვნიშნეთ და ამჯერად კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ერისთავობის, როგორც ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტი დამახასიათებელი იყო ქართული სახელმწიფოსა და ქართული სინამდვილისათვის. VI საუკუნის შემდეგ _ როდესაც ერისთავები გამთავრდნენ და ერისთავობამ, როგორც მოხელეობამ არსებობა შეწყვიტა _ მისი, როგორც ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტის აღორძინება მოხდა სწორედ აფხაზთა სამეფოში. წარმოუდგენელი, რომ ქართული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ინსტიტუტი აღდგენილიყო არაქართულ სამეფოში. ერისთავობის, როგორც ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტის არსებობა აფხაზთა სამეფოში, კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ლეონ II-ის მიერ შექმნილი სამეფო ქართული სახელმწიფო იყო.
$2 ერისთავობის ინსტიტუტი ტაო-კლარჯეთის სამეფოში
   ქართულ, ბიზანტიურ და სომხურ წყაროთა მონაცემებით, ტაო-კლარჯეთის სამეფოში მოღვაწე ერისთავები, პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: ბაგრატიონი ერისთავები და ისინი ვინც ამ საგვარეულოს არ ეკუთვნოდნენ. ბაგრატიონი ერისთავების შესახებ, ცხადია, ყველაზე მეტი ცნობები დაცულია სუმბატ დავითის ძესთან. თუმცა ამ მემატიანის ცნობებთან დაკავშირებით მართებულად შენიშნავდა ივ. ჯავახიშვილი, რომ `რანაირი დამოკიდებულება არსებობდა ამ ერისთავ-მამფალ-კურაპალატ-მეფეთა შორის ერთი სიტყვითაც არ არის ნათქვამი~ (262;113).
   ბაგრატიონთა შორის, პირველად ერისთავთ-ერისთავის ტიტულით მოიხსენიება აშოტ კუხი. მისი მამა, გურგენ კურაპალატი გარდაიცვალა 891 წელს და `დაუტევა ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ, რომელიც შემდგომად ერისთავთ-ერისთავად დასუეს~ (203;379). გამოდის რომ აშოტის ერისთავთ-ერისთავობა სავარაუდებელია 891 წლის მერე, ვიდრე 918 წლამდე _ აშოტის გარდაცვალებამდე. ეს არის ერისთავთ-ერისთავის ტიტულის პირველი რეალური დადასტურება წყაროებში. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აშოტ კუხს, როგორც ერისთავთ-ერისთავს არ ჰყავდა ქვეშევრდომი ერისთავები. ერისთავთ-ერისთავი თავიდანვე გაჩნდა როგორც მხოლოდ საპატიო ტიტული. როგორც ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ ტრადიციულად ერისთავები იყვნენ მხოლოდ მეფის მოხელეები და IX საუკუნის ბოლოსათვის ასეთი ერისთავები არსებობდნენ აფხაზთა სამეფოში _ აშოტ კუხისათვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო რიგითი ერისთავობა და მან ერისთავთ-ერისთავის საპატიო ტიტული მიიღო.
   სუმბატ დავითის ძის მიხედვით _ `ამის შემდგომად, გურგენ, ძმისწული მისი, ძე ადარნასესი დასუეს ერისთავთ-ერისთავად~ (203;380). ამრიგად, გამოდის, რომ გურგენმა ერისთავობა მიიღო თავისი ბიძის _ აშოტ კუხის გარდაცვალების შემდეგ ანუ 918 წლის მერე. ანალოგიურ ცნობას იძლევა გიორგი მერჩულეც _`მას ჟამსა გარდაიცვალა ღმრთის მსახური იგი ხელმწიფე (აშოტ კუხი -  მ.ბ.) ... ხოლო გურგენ, ძმისწული აშოტისი, დიდი იგი ხელმწიფეი ფრიადთა ნათესავთაი, ღმრთისა მიერ დაჯდა ერისთავთა ერისთავად~ (66:277). მაგრამ ამ ორივე ცნობას ეწინააღმდეგება სტეფანა მტბევარის მიერ დაწერილ `გობრონის მარტვილობაში~ ასახული რეალობა. ნაწარმოები იწყება შემდეგი სიტყვებით:
   `მე სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან დავწერე ბრძანებითა აშოტ ერისთავთა-ერისთავისაითა~ (201;172). აშკარაა, რომ მარტვილობის დაწერის მომენტში აშოტ ერისთავთ-ერისთავი ცოცხალია. წინააღმდეგ შემთხვევაში სტეფანე მტბევარი ამას აუცილებლად აღნიშნავდა. ამავე დროს, ამბის თხრობისას ირკვევა, რომ აბულ-კასიმის ლაშქრობის დროს _ 914 წელს _ ყველის ციხე გურგენ ერისთავთ-ერისთავის კუთვნილება ყოფილა. სტეფანე მტბევარი წერს: `მოვიდეს იგინი ციხესა მას ყველისასა, რომელი იყო გურგენ ერისთავთ ერისთავისაი~ (201;176). სტეფანე მტბევარი ყოველივეს თვითმხილველია და მისი ცნობები ყველაზე მეტად არის ანგარიშ გასაწევი. ასეთ შემთხვევაში კი გამოდის, რომ აშოტ კუხის სიცოცხლეშივე გურგენი უკვე იყო ერისთავთ-ერისთავი. ჩვენი აზრით, სუმბატ დავითის ძისა და ალბათ, გიორგი მერჩულეს შეცდომის მიზეზი გახდა ის, რომ აშოტ კუხის გარდაცვალების შემდეგ გურგენმა მემკვიდრეობით მიიღო მისი მიწები და ეს ბუნებრივიცაა, რადგან გურგენი იყო უშვილო ბიძის ერთადერთი მემკვიდრე. სუმბატმა და გიორგი მერჩულემ ალბათ ამ ფაქტს დაუკავშირეს გურგენის მიერ ერისთავთ-ერისთავობის მიღება. ჩვენ ვერანაირად ვერ გავიზიარებთ დ. მუსხელიშვილის მოსაზრებას, რომ გობრონის მარტვილობის დაწერის ჟამს აშოტ კუხი უკვე გარდაცვლილი იყო და სტეფანე მტბევარს დაავიწყდა ამის აღნიშვნა (163;180). ეპისკოპოსს არ შეიძლება დავიწყებოდა იმ პიროვნების გარდაცვალების აღნიშვნა, ვისი ბრძანებითაც დაიწყო ნაწარმოების წერა. შესაძლოა გურგენმა ერისთავთ-ერისთავობა მიიღო თავისი ძმის _ დავითის გარდაცვალების შემდეგ, 908 წელს. გურგენთან დაკავშირებით გასარკვევია ერთი საკითხი, ქართულ ისტორიოგრაფიაში გვხვდება ხან _ გურგენ, დიდი ერისთავთ-ერისთავი და ხანაც გურგენ დიდი, ერისთავთ-ერისთავი. ზოგჯერ ერთსა და იმავე ნაშრომშიც კი (255;79,82). ამას ხელს უწყობს სუმბატ დავითის ძის ცნობებიც. ერთგან ის წერს, `გურგენ რომელი შემდგომად, მერე დიდი ერისთავთ-ერისთავი იყო~ (203;380). მეორეგან კი აღნიშნავს _ `გარდაიცვალა დავით ერისთავი, ძმაი დიდისა გურგენისა~ (203;380). ჩვენი აზრით, ეპითეტი _ დიდი, უნდა დავუკავშიროთ თავად გურგენს და უნდა ვიხმაროთ გურგენ დიდი. მის ასეთ ზედწოდებას სრულიად ამართლებს მისი სუმბატისეული დახასიათებაც _ `გურგენ ... რომელმან უმეტესნი სიმხნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთა და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი~ (203;380). საინტერესოა ბოლნისის სიონის X საუკუნის წარწერა _ `სახელითა ღმრთისაითა, მადლითა წმიდისა გრიგოლისაითა, თევდორე ბოლნელ ეპისკოპოსმა გურგენ ერისთავთ-ერისთავისა შეწევნითა აღვაშენე ესე წმიდაი საყოფელი~ (234;253). ე. თაყაიშვილი ამ გურგენს აიგივებს 891 წელს გარდაცვლილლ გურგენ კურაპალატთან, გურგენ დიდის ბაბუასთან. დ.მუსხელიშვილის აზრით, ამ წარწერაში იგულისხმება არა გურგენ კურაპალატი არამედ მისი შვილიშვილი გურგენ ერისთავთ-ერისთავი (163;193). ჩვენც მიგვაჩნია, რომ წარწერაში მოიხსენიება გურგენ დიდი. წარწერა არის X საუკუნის და მისი შესრულების მომენტში გურგენი ცოცხალი უნდა იყოს. გურგენ კურაპალატი კი გარდაიცვალა 891 წელს. ამასთანავე, წარწერაში გურგენი მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავად. ამ ტიტულს ფლობდა გურგენ დიდი და არა მისი ბაბუა. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ გურგენ კურაპალატი შეეწირა ადარნასე ქართველთა მეფესთან ბრძოლას და არა გვგონია მას ბოლნისში სააღმშენებლო საქმიანობისათვის დრო ჰქონოდა. გურგენ დიდი კი მეტად აქტიური და ენერგიული პიროვნება იყო. როგორც ჩანს, ბოლნისი და ქვემო ქართლის ეს მხარე უშუალოდ მის სამფლობელოში თუ არ შედიოდა, როგორც ამას პ. ინგორიყვა თვლიდა (105:102), ესაზღვრებოდა მაინც (255;84). გურგენ კურაპალატი კი შავშეთსა და არტაანში ცხოვრობდა (203;379). გურგენ დიდს თავის დროზე სიგელი მიუცია მიჯნაძორის მონასტრისათვის (217;32). გურგენ დიდი გარდაიცვალა 941 წელს და ცხადია ის ბოლომდე ატარებდა ერისთავთ-ერისთავის ტიტულს.
   გურგენ დიდზე ადრე ერისთავთ-ერისთავი იყო მისი უფროსი ძმა დავითი. მათი მამა ადარნასე გარდაიცვალა 896 წელს და `დაუტევა ორნი ძენი მცირენი დავით ერისთავთ-ერისთავი და გურგენ~ (203;380). სუმბატ დავითის ძის ამ ცნობიდან გამომდინარეობს, რომ მამის გარდაცვალებისას, 896 წელს, მიუხედავად თავისი `სიმცირისა~ დავითი უკვე ერისთავთ-ერისთავი იყო. ეს ცოტა საეჭვოდ ჩანს, მაგრამ მემატიანე ასეთ ვითარებას აღწერს. ჩვენი აზრით, შესაძლოა სუმბატი მცირე უზუსტობას უშვებს და დავითი ერისთავთ-ერისთავი გახდა მამის გარდაცვალების შემდეგ. საინტერესოა, რომ როცა ბაგრატიონთა მეისტორიე საუბრობს 908 წელს დავითის გარდაცვალებაზე, მას მხოლოდ ერისთავობით მოიხსენიებს (203;380). შეუძლებელია დავითი ყოფილიყო ჯერ ერისთავთ-ერისთავი და მერე მომხდარიყო მისი დამცრობა ერისთავამდე.
    უფრო მოსალოდნელი, რომ დავითი იყო ჯერ ერისთავი და შემდეგ გახდა ერისთავთ-ერისთავი (ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირებულია ბაგრატიონთა შორის). მაგრამ ჩვენი აზრით, შესაძლოა საქმე გავქვს გადამწერთა შეცდომასთან და მეორედაც უნდა იყოს ერისთავთ-ერისთავი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სუმბატთან ტიტულები ძირითადად დაქარაგმებულად არის მოცემული: ერისთავთ-ერისთავი _ `ეე~ და ერისთავი _ `ეი~. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ გურგენი ალბათ ძმის გარდაცვალების შემდეგ გახდა ერისთავთ-ერისთავი.
   ერთადერთი პიროვნება, რომელსაც სუმბატ დავითის ძე მოიხსენიებს მხოლოდ ერისთავობით, არის ბაგრატ მამფლის ძე გურგენი (სუმბატ არტანუჯელის შვილიშვილი). გურგენ ერისთავი (თუ აქაც შეცდომა არაა) გარდაიცვალა 923 წელს. როდის გახდა ერისთავი უცნობია (203;380). აშოტ კუხთან დაკავშირებით ჩვენ აღვნიშნეთ, თუ რატომ უნდა მიეღო მას ერისთავთ-ერისთავის ტიტული. როგორც ჩანს, შემდგომში, თავად ბაგრატიონთა საგვარეულოს შიგნით არსებულმა იერარქიამ და სტატუსი ზუსტად განსაზღვრის აუცილებლობამ, გამოიწვია ერისთავის ტიტულის შემოღებაც.
    ერისთავთ-ერისთავია ამ გურგენის ბიძის, დავით მამფლის ძე _ სუმბატი. `გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ არტანუჯელისა მონაზონობასა შინა... და დუტევა ძე თვისი სუმბატ, რომელიცა იგი დასუეს ერისთავთ ერისთავად~ (203;381). სუმბატი ჯერ ნამდვილად იყო ერისთავი და მერეღა გახდა ერისთავთ-ერისთავი. 951 წლისათვის, გიორგი მერჩულე მას მხოლოდ ერისთავობით იხსენიებს(66:316). 973 წლის პარხლის სახარების მინაწერის მიხედვით კი ის უკვე ერისთავთ-ერისთავია (229;034). ამავე ტიტულით მოიხსენიება სუმბატი ბერთის სახარების მინაწერშიც (21;244). სუმბატ ერისთავთ-ერისთავი გარდაიცვალა 988 წელს.
   ზემოთ დასახელებული ხუთივე პიროვნება არტანუჯელი ბაგრატიონია, აშოტ კურაპალატის უფროსი ძის, ადარნასეს შთამომავალი. ტაოელი ბაგრატიონებიდან საუმბატ დავითის ძე სამ ერისთავთ-ერისთავს ასახელებს. 958 წელს გარდაიცვალა `სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა და დაუტევა ძენი ორნი: ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუეს, რეგუენი და ადარნასე კურაპალატი~ (203;381). ჩვენ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ბაგრატი 958 წელს, მამის გარდაცვალებისთანავე ხდება ქართველთა მეფე (134:475). მაშასადამე მისი ერისთავთ-ერისთავობა 958 წლამდეა სავარაუდებელი. უნდა გამხდარიყო კი ის ერისთავთ-ერისთავი 954 წელს (ამ საკითხს ცოტა ქვემოთ განვიხილავთ).
   სუმბატ დავითის ძის მიხედვით ერისთავთ-ერისთავები არიან ბაგრატ და დავით ადარნასეს ძეები (203;381). ძმები ერთად აშენებენ ოშკის ტაძარს და მოიხსენიებიან კიდეც როგორც ეპიგრაფიკულ, ასევე ფრესკულ წარწერებში (93:22,48,52). ოღონდ აღსანიშნავია, რომ ერისთავთ-ერისთავად იწოდება მხოლოდ ბაგრატი. დავითი კი მხოლოდ მაგისტროსად. შეიძლება ეს იმით არის გამოწვეული, რომ დავითმა ერისთავთ-ერისთავობა მიიღო ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ 966 წელს. თუმცა შესაძლოა ორივე ძმა იყო ერთდროულად ერისთავთ-ერისთავი. უბრალოდ დავითი მოიხსენიება მხოლოდ ბიზანტიური ტიტულით _ მაგისტროსი. ამ ტიტულის მიმართება ქართულ ერისთავთ-ერისთავთან და ერისთავთან ცოტა რთული გასარკვევია. პარხლის სახარების მინაწერის მიხედვით მაგისტროსობა თითქოს უფრო საპატიოა ტიტულია არის ვიდრე ერისთავთ-ერისთავობა. ამ მინაწერში მოიხსენიება ჯერ დავით მაგისტროსი და შემდეგ სუმბატ ერისთავთ-ერისთავი(229;034). სამაგიეროდ, გიორგი მერჩულესთან ჯერ მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავი და მერე მაგისტროსი (66:316).
   საერთოდ, ჩვენი აზრით, ქართულ და ბიზანტიურ ტიტულების შორის არ არსებობდა ოფიციალურად დადგენილი ურთიერთმიმართების სისტემა და ყველაფერი დამოკიდებული იყო კონკრეტულ პიროვნებსა და იმ დროს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. ქართველთა სამეფოში, როგორც ჩანს ერთმანეთის პარალელურად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდა ბიზანტიური და ქართული ტიტულები. ჩვენ ვთვლით, რომ ქართული ტიტულების შემოღება (ქართველთა მეფე, ერისთავთ-ერისთავი, ერისთავი) მოხდა ერთდროულად და ატარებდა აშკარად ანტიბიზანტიური პოლიტიკის ხასიათს.
    სხვა ბაგრატიონები, სუმბატ დავითის ძესთან ერისთავთ-ერისთავობითა და ერისთავობით მოხსენიებული არ არიან. ე. თაყაიშვილი შენიშნავდა _`პირველ ყოვლისა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები ერისთავის ხარისხს ატარებდნენ. ეს წოდება იგულისხმება იქაც, სადაც ზოგი მათგანი შემთხვევით ერისთავად არ არის მოხსენიებული~. მეცნიერის აზრით: `სუმბატი საერთოდ ხშირად როდი ჩამოთვლის ამა თუ იმ ბაგრატიონის ყველა პატივს~ (92:44,82).ამ მოსაზრებიდან გამოდინარე ე. თაყაიშვილი იმ ბაგრატიონებსაც ერისთავად თვლიდა, რომლებსაც სუმბატი ამ ტიტულით არ მოიხსენიებს. მაგალითად ადარნასე ქართველთა მეფის ძეს, ბაგრატს (92:ტაბII). ივ. ჯავახიშვილი ერისთავთ-ერისთავად მიიჩნევდა გურგენ ერისთავის ძმას დავითს (260;112). მეცნიერი როგორც ჩანს ეყრდნობოდა ვახტანგ VI-ის კომისიის მიერ აღდგენილ ტექსტს _ `გარდაიცვალა დავით ერისთავი, ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა და ძმა ადარნასე ყოფილ ბასილისა~. მაგრამ, როგორც სამართლიანად უჩვენა ე. თაყაიშვილმა ეს აღდგენა მცდარია (92:19). ს. ჯანაშიას აზრით, ერისთავთ-ერისთავია აშოტ კუხის ძმა ადარნასეც. `ქართლის ცხოვრების~ მარიამისეულ ნუსხაში ვკითხულობთ, რომ გურგენ კურაპალატმა `დაუტევა ორნი ძენი: ადარნასე ერისთავთა-ერისთავი შემდგომად გურგენ მამისა თვისისა... ~ (210;348). აშკარაა, რომ ტექსტი შერყვნილია და უნდა იყოს ისე როგორც არის თეიმურაზისეულში ორნი ძენი ადარნასე და აშოტ, რომელიცა შემდგომად ერისთავთა-ერისთავად დასუეს~ (210;348).
   ჩვენს მიერ ნანახ წყაროებში ორად ორი შემთხვევა ვნახეთ, როდესაც ესა თუ ის ბაგრატიონი, რომელიც სუმბატ დავითის ძეს ერისთავთ-ერისთავად თუ ერისთავად არ ჰყავს მოხსენიებული, სხვაგან ამ ტიტულებით არინ დასახელებული. ერთი ეს არის ადარნასე ქართველთა მეფის ძე სუმბატი, მამა ბაგრატ რეგუენისა. 951 წლისათვის, გიორგი მერჩულე მას ერისთავთ-ერისთავს უწოდებს _ `ხოლო იყო ... ერისთავთა ერისთავობასა სუმბატისასა, ძისა ადარნასე მეფისასა, მაგისტროსობასა ადარნერსესასა, ძისა ბაგრატ მაგისტროსისასა, ერისთავობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფლისასა~(66:316). ბაგრატიონთა მემატიანე, სუმბატს მხოლოდ კურაპალატობით მოიხსენიებს (203;381). სუმბატი კურაპალატი (და შესაძლოა ქართველთა მეფეც) უნდა გამხდარიყო 954 წელს, თავისი ძმის აშოტის გარდაცვალების შემდეგ. სწორედ ამის შემდეგ ერისთავთ-ერისთავობა უნდა გადასცემოდა სუმბატის ძეს ბაგრატ რეგუენს.
   მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავს 897 წლის ადიშის ოთხთავის მინაწერი _ `სალოცველად მეფეთა ჩუენთა ღმრთივ დიდებულისა ადარნასე კურაპალატისა და ღმრთივ ბოძებულთა ნაშობთა მათთა დავით ერისთავისა [. . .]~(229;014) შემდეგ ტექსტი ნაკლულია და დანარჩენი შვილების სახელები აღარ წერია. ე. თაყაიშვილის აზრით, ადარნასე არის, ჩვენთვის კარგად ცნობილი ადარნასე ქართველთა მეფე. დავითი კი მისი ძე, რომელიც მეფობდა 923-937 წლებში (297;17). ასეთი გაიგივების შემთხვევაში ასახსნელია თუ რატომ არ იწოდება ადარნასე ქართველთა მეფედ და რატომ არის მოხსენიებული მარტო ბიზანტიური ტიტულით. ე. თაყაიშვილი ამას იმით ხსნიდა, რომ ადარნასე ქართველთა მეფე გახდა 897 წლის მერე და არა 888 წელს, როგორც ამას ისტორიკოსთა უმუტესობა თვლის. თუ ე.თაყაიშვილის თვალსაზრისს გავიზიარებთ (ამ აზრს ემხრობოდა შ. ბადრიძე), წინააღმდეგობა მოხსნილი გამოდის. სხვა საკითხია, რომ სუმბატ დავითის ძესთან არც ადარნასე იწოდება კურაპალატად და არც დავითი ერისთავად. მაგრამ როგორც ვნახეთ, სუმბატი ზოგჯერ არ ასახელებს ამა თუ იმ პირის ყველა ტიტულს. უნდა აღინიშნოს, რომ IX-X საუკუნეების მიჯნაზე ჩვენ ვიცით კიდევ ერთი მამა-შვილი _ ადარნასე და დავითი. ესენი არიან გურგენ კურაპალატის ძე ადარნასე და მისი შვილი დავით ერისთავთ-ერისთავი (203;379).მაგრამ მათ გაიგივებას ადიშის სახარების ადარნასესა და დავითთან შეუძლებელს ხდის ის, რომ ადარნასე გურგენ კურაპალატის ძე გარდაიცვალა 896 წელს (203;379). ადიშის სახარების მინაწერის ადარნასე კი 897 წელს ცოცხალია. ასე რომ, ჩვენი აზრით, ე. თაყაიშვილისეული გაიგივება უფრო მისაღებია. ამრიგად ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი ერისთავი _ დავით ადარნასეს ძე. მისი ერისთავობა უნდა გაგრძელებულიყო 923 წლამდე. ამ წელს დავითი ქართველთა მეფე გახდა.
   ჩვენს მიერ ნანახი წყაროები საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ მოსაზრება, რომ ბაგრატიონთა საგვარეულოში ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები იყვნენ:
აშოტ კუხი, ერისთავთ-ერისთავი _ 891 წლის მერე 918 წლამდე
დავით ერისთავთ-ერისთავი _ 908 წლამდე
გურგენ დიდი, ერისთავთ-ერისთავი _ 908-941 წლებში
გურგენ ბაგრატ მამფლის ძე, ერისთავი _923 წლამდე
დავით ადარნასე მეფის ძე, ერისთავი _ 897-923 წლებში
სუმბატ დავით მამფლის ძე, ჯერ ერისთავი, მერე ერისთავთ-ერისთავი _ 988 წლამდე
სუმბატ ადარნასე მეფის ძე, ერისთავთ-ერისთავი _ 954 წლამდე
ბაგრატ რეგუენი, ერისთავთ-ერისთავი _ 954-958 წლებში
ბაგრატ ძე ადარნასე კურაპალატის, ერისთავთ-ერისთავი _966 წლამდე
დავით ძე ადარნასე კურაპალატის, ერისთავთ-ერისთავი _ შესაძლოა 966 წლის მერე
    ქვემოთ ჩვენ მოგვაქვს ბაგრატიონთა გენეალოგია, რომელშიც შევიყვანეთ ძირითადად ის პირები ვინც წყაროებში მოიხსენიებიან ერისთავთ-ერისთავებად და ერისთავებად.
აშოტ ბაგრატიონი (+826)
ადარნასე ბაგრატი (+876)
გურგენი სუმბატი დავითი (+891) (+889) (+881)
ადარნასე აშოტ კუხი ბაგრატ დავით ადარნასე ეე;(+918) მამფალი მამფალი ქართველთა მეფე (+909) (+943) (+923)
დავით;ეე გურგენ გურგენ სუმბატ დავითი ბაგრატ სუმბატ (+908) ეე(+941) ეი(+923) ეე(+988) ეი(+937) (+945) ეე(+958)
ადარნასე ბაგრატ;ეე (+961) (+994)
ბაგრატ;ეე დავით;ეე გურგენი (+966) (+1001) (+1008)
ბაგრატ III (978-1014)
    გასარკვევია, თუ რა იერარქიული დამოკიდებულება არსებობდა ქართველთა მეფესა, ერისთავთ-ერისთავსა და ერისთავს შორის. ივ. ჯავახიშვილის აზრით, გვარში უფროსს `ჯერ კურაპალატად ხოლო მერე მეფედ წოდებულს, სხვები ემორჩილებოდნენ ვითარცა ერისთავთ-ერისთავნი და ერისთავნი~(262;114). მეცნიერს როგორც ჩანს ბაგრატიონი ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები მიაჩნდა მოხელეებად.
    მ. ლორთქიფანიძის აზრით, ქართველთა სამეფოს ორგანიზაცია შემდეგ სახეს ატარებდა: `სამთავროს~ სათავეში დგას `კურაპალატი~ ან `ქართველთა მეფე~, `დიდი მთავარი~ (ტაოს ბაგარატიონები), არტანუჯელ-კლარჯი ხელმწიფეები კი ამ `დიდი მთავრის~ ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ. ტაოს შტოში შექმნილი განშტოებაც `მეფის~ ქვეშევრდომი უნდა იყოს. ესაა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფორმალური ვითარება ამ `დიდი მთავრის~, `მეფის~, `კურაპალატის~ ხელისუფლება, როგორც დანარჩენ ბაგრატიონთა მთავრის, სიუზერენისა სრულიად ნომინალურია~ (134:458).
    ნ. შოშიაშვილის აზრით, 888 წლამდე `უმაღლესი ქართული ტიტული ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებში იყო ერისთავთ-ერისთავი~. 888 წლის მერე კი შემდეგი სახის იერარქია შეიქმნა: ქართველთა მეფე, ერისთავთ-ერისთავი, ერისთავი. `ამავე დროს თითოეული ამ ტიტულის მატარებელი იყო მეფე ე.ი. უმაღლესი სიუზერენი. ვისაც აღნიშნული ტიტული არ ჰქონდა ის იყო არა მეფე არამედ მამფალი~ (234;56). აქ ერთადერთი შენიშვნაა გასაკეთებელი _ სუმბატ დავითის ძის მიხედვით პირველი ერისთავთ-ერისთავი არის აშოტ კუხი, რომელიც ამ ტიტულს იღებს 891 წლის მერე. ასე რომ 888 წლამდე ერისთავთ-ერისთავის ტიტული ტაო-კლარჯეთში არ არსებობდა.
    ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ქართული ტიტულები, ალბათ, ერთდროულად უნდა შემოსულიყო.
    შ. ბადრიძის აზრით, `მამფლობა, ქართველთა სახელმწიფოს აბსოლუტისაგან დამოუკიდებლობისა და ავტონომიური მთავრობისაკენ მისწრაფების გამომხატველი იყო. წინააღმდეგ `ერისთავობისა~ და `ერისთავთ-ერისთავობისა~, რომელნიც აბსოლუტისადმი დაქვემდებარებულ სამოხელეო თანამდებობას წარმოადგენდნენ~ (21;238). ჩვენს მიზანს არწარმოადგენს მამფლის რაობის დადგენა. ჩვენთვის ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარს ერისთავთ-ერისთავი და ერისთავი სამოხელეო თანამდებობებად მიაჩნია.
   ე. თაყაიშვილი თვლიდა, რომ `ერისთავი რომელსაც სხვა ერისთავი თუ ერისთავები ჰყავდა ვასალებად, ერისთავთ-ერისთავად იწოდებოდა. ეს იყო უდიდესი ხარისხი მეფის ხარისხის შემდეგ~ (92:44). მეცნიერისთვის მამაფალი იყო ერისთავთ-ერისთავზე დაბალი და ერისთავზე მაღალი პატივი და `საზოგადოდ უდრიდა მთავარს~. თვითონ ტერმინიდან _ ერისთავთ-ერისთავი _ გამომდინარე, მას მართლაც უნდა ჰყოლოდა ხელქვეითი ერისთავები. მაგრამ რეალურად მთელი ისტორიის მანძილზე არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, რომ ერისთავთ-ერისთავს ჰყოლოდა ხელქვეითი ერისთავები (ანალოგიურად, მეფეთ-მეფეს არ ჰყავდა ხელქვეითი მეფეები).
    მამფალი (მამაუფალი) ჩვენი აზრით, იყო ზოგადი ტერმინი, შესაძლოა მართლაც მთავრის შესატყვისი. ის ყველაზე დაბალი ტიტული უნდა ყოფილიყო და ენიჭებოდა იმ პირს, ვისაც სხვა არანაირი ტიტული არ ჰქონდა.
    რაც შეეხება ქართველთა მეფისა, ერისთავთ-ერისთავისა და ერისთავის ურთიერთმიმართებას, პირველ რიგში ყურადღებას იქცევს ერტი ფაქტი. როგორც მართებულად შენიშნავდა ნ. შოშიაშვილი, ძალიან ხშირად ბაგრატიონი ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები იწოდებიან მეფეებად. ამის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი არსებობს: ადიშის სახარების მინაწერი _ `სალოცველად მეფეთა ჩუენთა ღმრთივ დიდებულისა ადარნასე კურაპალატისა და ღმრთით ბოძებულთა ნაშობთა მათთა დავით ერისთავისა და [. . .]~ (229;014). ოშკის წარწერები _ `მონაÁ ღმრთისაÁ მეფეი ჩუენი ბაგრატ ერისთავთა ერისთავი ადიდენ ღმერთმან~; `მეფესა ჩუენსა ბაგრატ ერისთავთ ერისთავსა მეოხ ეყავ~ (234;50). პარხლის სახარების მინაწერი _ `სალოცველად მეფეთა ჩეუნთათვის ღმრთივ დიდებულისა ბაგრატ ქართველთა მეფისა, დავით მაგისტროსისა და სუმბატ ერისთავთ-ერისთავისა...~ (229;034). როგორც ვხედავთ, ტერმინი `მეფე~ იხმარება როგორც თავად ქართველთა მეფის მიმართ, ასევე იმ პირების მიმართ ვინც მხოლოდ ერისთავთ-ერისთავი ან ერისთავი არიან. უკვე ამ ფაქტიდან გამომდინარე ძნელია ვივარაუდოთ, რომ ქართველთა მეფესა ერთის მხრივ და ერისთავთ-ერისთავსა და ერისთავს შორის მეორე მხრივ იყო ისეთი იერარქიული დამოკიდებულება, როგორც მეფესა და მოხელეს შორის. ასეთი რეალური დაქვემდებარება რომ არ არსებობდა, იქნებ ამიტომაც არაფერს ამბობს ამ საკითხის შესახებ სუმბატ დავითის ძე _ რასაც ასე საყვედურობს მას ივ. ჯავახიშვილი. ჩვენი აზრით, სრულიად მისაღებია შ. ბადრიძის მოსაზრება, რომ `არა მხოლოდ ფაქტიურად არამედ იურიდიულადაც `ქართველთა მეფე~ განიხილებოდა არა როგორც აბსოლუტი, ყველაზე მაღლა რომ დგას იერარქიაში, არამედ როგორც პირველი მეფე უფლებით მასზე დაქვემდებარებულ მეფეთა შორის. არსებული განსხვავების მიუხედავად იერარქიის სხვა საფეხურზე მდგომნიც მისი თანასწორნი იყვნენ `სამეფო ხელისუფლებაში~ მონაწილეობის თვალსაზრისით~ (21;246).
    ვ. კოპალიანის აზრით: `კურაპალატის წოდების მატარებლის ბრძანება არ იყო სავალდებულო ბაგრატიონთა სხვა მმართველებისათვის. თვით დავით III კურაპალატის ბრძანებაც არ იყო სავალდებულო არტანუჯისა და ამიერ-ტაოს მმართველთათვის~ (122:114).
    ბაგრატიონი ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები რა თქმა უნდა გარკვეულ წილად ექვემდებარებოდნენ ქართველთა მეფეს (თუმცა ფაქტობრივად საკმაოდ ხშირად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და მეფეს არც კი ემორჩილებოდნენ) მაგრამ ეს არ იყო მოხელე-ერისთავის დაქვემდებარება მეფისადმი, არამედ მხოლოდ როგორც გვარის ნომინალური მეთაურისადმი.
   ამ საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი უმთავრესი მომენტი. როდესაც ერისთავი არის მოხელე _ ადგილობრივი მმართველი, მის საგამგეოს ეწოდება საერისთავო და ის არის დროებით მმართველობაში გადაცემული ტერიტორია. ერისთავი არ არის ამ `ქუეყნის~ პატრონი ის არის მხოლოდ მმართველი, ადმინისტრაციული მოხელე. მაშინ როცა სრულიად განსხვავებულია მისი სტატუსი თავისივე მამულის მიმართ. ამ შემთხვევაში ის გამოდის როგორც პატრონი. არც ერთი ბაგარატიონი ერისთავთ-ერისთავისა თუ ერისთავის კუთვნილი `ქუეყანა~ არ შეიძლება მივიჩნიოთ საერისთავოდ. ეს არ არის მათთვის დროებით სამართავად მიცემული ტერიტორია. ეს არის მათი მამული, მემკვიდრეობით მიღებული და რომელიც მათ ხელშეუხებლად ეკუთვნით, განსხვავებით საერისთავოსაგან. ერისთავები, რომელთაგან ზოგნი დიდი ხნის მანძილზე, თაობათა განმავლობაში ფლობდნენ ამა თუ იმ საერისთავოს, ხშირად თავის კუთვნილებად განიხილავდნენ მას. მაგრამ ასეთად არ თვლიდა საერისთავოს სამეფო ხელისუფლება, რომლისათვისაც საერისთავო ყოველთვის რჩებოდა მხოლოდ ადმინისტრაციულ ერთეულად, დროებით სამართავად რომ ჰქონდა ვინმეს გადაცემული (თუნდაც ბაღვაშების მაგალითი რომ ავიროთ _ ისინი შესაძლოა თავისად მიიჩნევდნე კლდეკარის საერისთავოს, მაგრამ წყაროებში ხაზგასმულია, რომ ბაღვაშთა მამული იყო კაცხი და არა კლდეკარი. ასეთი დამოკიდებულება არ შეიმჩნევა ბაგრატიონი ერისთავების `ქუეყნების~ მიმართ). თუკი არ არსებობს საერისთავო, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ცხადია ვერ იარსებებს ერისთავიც, როგორც მოხელე, ადგილობრივი მმართველი. ჩვენი აზრით, ბაგრატიონებში ერისთავთ-ერისთავი და ერისთავი იყო საპატიო ტიტული, რომელსაც რეალური სამოხელეო შინაარსი არ ჰქონდა.
   რაც შეეხება თავად ერისთავთ-ერისთავისა და ერისთავის ურთიერთმიმართებას. ცხადია, ბაგრატიონი ერისთავის ჩათვლა ბაგრატიონი ერისთვათ-ერისთავის ხელქვეით მოხელედ არ შეიძლება, ყოველივე ზემოთ თქმული არგუმენტების გამო. ყავდათ თუ არა ბაგრატიონ ერისთავთ-ერისთავებს მოხელე ერისთავები ძნელი სათქმელია, წყაროები ამის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ შეიცავენ (თუ კი ერისთავთ-ერისთავობა საპატიო ტიტული იყო, მაშინ მას ხელქვეითი ერისთავები არ უნდა ჰყავდეს). სამაგიეროდ გვაქვს საპირისპირო ხასიათის ცნობა.სტეფანე მტბევარი გვაწვდის შემდეგი სახის ცნობას _ `და მოვიდეს იგინი (არაბები-მ.ბ.) ციხესა მას ყველისასა, რომელი იყო გურგენ ერისთავთა ერისთავისა, რომელსა შინა იყვნეს აზნაურნი წარჩინებულნი და სანატრელი მოწამეი ქრისტეისი გობრონ მათ თანა~(201;176). თუკი გურგენ დიდს ჰყავდა ხელქვეითი ერისთავი თუ ერისთავები, ისინი სწორედ აქ უნდა ყოფილიყვნენ დასახელებულნი. მაგრამ სტეფანე მტბევარი ხმარობს ზოგად ტერმინს _ `აზნაურნი წარჩინებულნი~, რომლებშიც, რა თქმა უნდა შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში დავინახოთ ერისთავებიც (თავისი სოციალური წარმოშობით ისინიც აზნაურები იქნებოდნენ). მაგრამ ფაქტია, რომ ამ ამბების თანამედროვე ეპისკოპოსი, კონკრეტულად ერისთავს არ ასახელებს. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი იქ არავინ იყო. ჩვენი აზრით, ერისთავთ-ერისთავს ხელქვეითი ერისთავები არ ჰყავდა. ეს იყო საპატიო ტიტული როგორც ერისთავი, ოღონდ უფრო აღმატებითი ხარისხის.
    ჩვენი აზრით, ქართველთა სამეფოში არსებული ქართული ტიტულები: ქართველთა მეფე, ერისთავთ-ერისთავი, ერისთავი და მამფალი გამოხატავდა არა ადმინისტრაციულ იერარქიას, არამედ სოციალურ სტატუსსა და ურთიერთმიმართებას.
   როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტაო-კლარჯეთის სამეფოში გვხვდებიან არაბაგრატიონი ერისთავებიც. გიორგი მერჩულე თავის `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში~ გაბრიელ დაფანჩულს სხვადასხვანაირად მოიხსენიებს: აზნაური დიდებული, მთავარი, აზნაური, აზნაური მეფისაი (66:258-259), მაგრამ ერთხელ მას `ერისმთავარს~ უწოდებს (66:258-259, 261). ცხადია აქ არ შეიძლება ვიგულისხმოთ ერისმთავარი იმ გაგებით, რა გაგებითაც მიესადაგება ეს ტერმინი VI-VIII საუკუნეების ქართლის სახელმწიფოს მმართველებს. ჩვენი აზრით, ტერმინი `ერისმთავარი~ გიორგი მერჩულეს აქ ნახსენები აქვს ზოგადად, გაბრიელ დაფანცულის წარმოჩენის მოზნით. ამ ცნობის მიჩნევა იმის დამადასტურებლად, რომ გაბრიელი იყო აშოტ კურაპალატის ერისთავი, ჩვენი აზრით ნაკლებ სავარაუდოა.
    საინტერესოა ზარზმის მონასტრის ფერისცვალების ხატის წარწერა _ `სახელითა ღმრთისაითა შეიმოსა ხატი ესე მწედ მამისა გიორგისა უფალთა: ფარსმან ერისთავისა, ივანესა, პატრიკისა... მირიანისა, ფერისა, სულასა, ერისა მათისა. ქრისტეს მიერ მამასახლისობასა პავლესა ქორონიკონ რვ~ (93:67. 299;86) გამოდის რომ ხატი არის 886 წლის (780+106=886) (თუმცა კ. კეკელიძის აზრით _ "эта дата на 40 лет отодвигает вглубь деиствительное собитие~). ძნელი გასარკვევია, თუ ვინ არის ეს ფარსმან ერისთავი და რისი ერისთავია. ზარზმაში არის XI საუკუნის წარწერები რომლებშიც მოიხსენიება ასევე ვინმე ფარსმანი, რომელიც იყო ახალქალაქის ერისთავი და ეკუთვნოდა ხურსიძეთა საგვარეულოს. შესაძლებელია, IX საუკუნეში მოღვაწე ფარსმანიც ამავე საგვარეულოს წევრი იყო და სადღაც სამცხე-ჯავახეთში ერისთავობდა.
    საგულისხმოა, რომ ფარსმანი ერისთავად მოიხსენიება იმ დროს, როდესაც ჯერ კიდე არც ერთი ბაგრატიონი ამ ტიტულს არ ფლობს. როგორც ცნობილია, ზარზმა სამცხეში მდებარეობს. სამცხეში კი IX საუკუნის 80-იან წლებში დიდი მოვლენები განვითარდა. სუმბატ დავითის ძის მიხედვით _ `და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურატპალატისაი ქრონიკონსა რე (885 წელი). და ამისა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოთ და მოვიდა აფხაზეთს. და იყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ დისიძე ნასრისა და შესწია მან დიდითა ლაშქრითა მეფემან აფხაზთამან და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეიკრიბა სხუაცა ლაშქარი ურიცხვი. ხოლო ადარნასე ძე მოკლულისაი კურატპალატისაი, განვიდა ბრძოლად და მიჰყუა მის თანა შეწევნად ადარნასესაი გურგენ კურატპალატი და შვილნი მისნი და ყუეს ბრძოლაი და ომი დიდი ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს კერძთა და სძლიეს ნასრას, მეოტ ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ხევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას ქრონიკონსა რÀ (108)~ (203;382). ჩვენი აზრით, ნასრი სამცხეში მოდის მხოლოდ იმიტომ რომ ეს მისი კუთვნილი მხარეა. აქვე იკრიბება მისი ჯარი. `მატიანე ქართლისაÁს~ თანახმად, `და გამოიყვანა ბაგრატ აფხაზთა მეფემან ნასრა, ცოლის ძმა მისი, საბერძნეთით და მისცა ლაშქარი მისი. ხოლო ნასრა შეიპყრა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრხე, ჯვარისციხე და ლომსიანთა, გუარამისვე აღშენებული ... იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა~ (145:223). გუარამისვე აღშენებული ალბათ გულისხმობს გუარამ მამფლის აშენებულს. ე.ი. სამცხე გუარამის იყო (სხვანაირად ის აქ ციხეს არ ააშენებდა) და ცხადია ნასრსაც ეკუთვნოდა. ზუსტი დატარღება თუ როდის ბრუნდება ნასრი სამცხეში ძნელი განსასაზღვრია, მაგრამ ეს ხდება 885-888 წლებს შორის. სწორედ ამ დროს 886 წელს ერისთავია ფარსმანი. თუ გავიხსენებთ, რომ ნასრის მოკავშირეა აფხაზთა მეფე (ამ სამეფოში კი ერისთავები მოხელეები იყვნენ), ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფარსმანი აფხაზთა მეფის თუ არა ნასრის ერისთავი მაინც არის. ჩვენი აზრით, ფარსმანის ერისთავობა აფხაზთა სამეფოს გავლენის ზრდის შედეგია სამცხეში.
   კლარჯეთში არსებულ ოთხთა ეკლესიაზე არის X საუკუნის მიწურულის წარწერა, რომელშიც მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავი ხურსი (234;289). ამავე ეკლესიაზე არსებულ მეორე წარწერაში მოიხსენიება `დავით მეფე კურაპალატი~ (234;288). ხურსი ალბათ დავით კურაპალატის თანამედროვე ერისთავთ-ერისთავია. დავით კურაპალატის კიდევ ერთი ქვეშევრდომი მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავის ტიტულით. საქმე ეხება ცნობილ მოღვაწეს ჯოჯიკს. ათონის ივერთა მონასტრის ერთერთ, X-XI საუკუნეების ხელნაწერს აქვს შემდეგი სახის მინაწერი _ `ქრისტე ადიდე ჯოჯიკ ერისთავთა ერისთავი აწ და უკუნისამდე~ (212;126). ვ. კოპალიანი იმოწმებს ასოღიკეს, რომელიც ჯოჯიკს უწოდებს იშხანაც-იშხანაცს და აღნიშნავს, რომ `სომხეთის სამეფო კარზე მთავართა-მთავრის ტიტულს ატარებდა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მეფის წინაშე ყველა ვასალის შესახებ, მასვე ექვემდებარებოდნენ საგადასახადო მოხელეები და ის ნიშნავდა ციხისთავებს. შესაძლებელია ასეთ მოვალეობას ასრულებდა დავითის კარზე ჯოჯიკი~ (122:124). თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მთავართა-მთავარი უნდა იყოს ერთი. ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ იშხანაც-იშხანაცი არ ნიშნავს ერისთავთ-ერისთავს და ჯოჯიკსაც ვერ ჩავთვლით მთავართა-მთავრად. ამავე დროს ჩვენ ვიცით დავით კურაპალატის თანამედროვე მეორე ერისთავთ-ერისთავიც, ხურსი. ასე რომ ვ. კოპალიანის მოსაზრება ჩვენ ცოტა საეჭვოდ გვეჩვენება (ჩვენ რომ ხურსისა და ჯოჯიკის მოღვაწეობის ზუსტი წლები ვიცოდეთ, შესაძლოა საკითხი უფრო ნათელი გამხდარიყო). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერისთავთ-ერისთავი იყო საპატიო ტიტული და მას რეალური შინაარსი არასდროს არ ჰქონია. არა გვგონია, რომ ხურსისა და ჯოჯიკის შემთხვევაში სხვა ვითარება იყოს საგულვებელი. არც ერთი წყაროთი არ დასტურდება, რომ დავით კურაპალატის სამფლობელო საერისთავოებად იყო დაყოფილი. ჩვენი აზრით, დავით კურაპალატმა ხურსისა და ჯოჯიკს ერისთავთ-ერისთავობა მიანიჭა როგორც საპატიო ტიტული გარკვეული დამსახურების გამო (ჯოჯიკს შესაძლოა ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობის გამო). კიდევ ერთი მომენტია საინტერესო, ბოლო ბაგრატიონი ერისთავთ-ერისთავი სუმბატი გარდაიცვალა 988 წელს. ამის შემდეგ ხომ არ მიიღეს ხურსიმ და ჯოჯიკმა ერისთავთ-ერისთავობა? ჩვენთვის მთავარია ის, რომ ხურსის და ჯოჯიკის ერისთავთ-ერისთავობა საპატიო ტიტული იყო.
   გვინდა შევეხოთ ბაღვაშების საკითხსაც. ატენის სიონის X საუკუნის წარწერა გვაუწყებს _ `ქრისტე ადიდე ორსავე ცხორებასა ... რატ ერისთავი ძეი იგი ლიპარიტ ერისთავისაი~ (234;202). ფლავის ეკლესიის წარწერაში რატი დიდ ერისთავად იწოდება (234;228). დიდი ერისთავის ტიტული ოფიციალურად არ არსებობდა და ამ შემთხვევაში ალბათ, რატის განდიდების მიზნით იხმარეს. დაშბაშის წარწერაში რატი ერისთავთ-ერისთავად არის მოხსენიებული (234;244). აშკარაა, რომ X საუკუნეში მოღვაწე ბაღვაშები _ ლიპარიტ II და რატი ერისთავები არიან. გასარკვევია, როდის უნდა მიეღოთ ბაღვაშებს ერისთავობა. როგორც ცნობილია, IX საუკუნის ბოლოს, არგვეთიდან თრიალეთში გადმოსახლდა ლიპარიტ ბაღვაში. `მატიანე ქართლისაÁ~ წერს _ `შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისნი, აღაგო ციხე კლდეკართა და იპატრონა დავით ბაგრატის ძე~ (145:221). ჩვენ არ შევეხებით იმას, თუ რა შინაომი ატყდა ამის გამო ბაგრატიონთა სახლში. მართალი ლიპარიტ I წყაროებში ერისთავად არ მოიხსენიება, მაგრამ ჩვენი აზრით სწორედ ის იყო პირველი ერისთავი ბაღვაშთა საგვარეულოში. სავარაუდოა, რომ მას ერისთავობა მისცა დავით ბაგრატის ძემ, რომელიც იყო კურაპალატი და გვარში უფროსი. ჩვენი აზრით, შესაძლებელია მოვლენათა შემდეგნაირი განვითარება ვივარაუდოთ _ ლიპარიტ I იყო არგვეთის ერისთავი და აფხაზთა მეფეების მოხელე. ერისთავობის პარალელურად ის ფლობდა მამულს იმავე არგვეთში, კაცხში (ანალოგიური მაგალითი გვაქვს XII-XIII საუკუნეებში. სურამელები იყვნენ ქართლის ერისთავები და ჰქონდათ ასევე მამული ქართლში, კერძოდ სურამში). თრიალეთში დამკვიდრების შემდეგ, დავით კურაპალატმა ლიპარიტს უბოძა ერისთავობა, რადგანაც აფხაზთა სამეფოშიც ლიპარიტი ერისთავის ტიტულს ატარებდა. ოღონდ აქ არის ერთი მთავარი განმასხვავებელი მომენტი. თუ აფხაზთა სამეფოში ერისთავი მოხელე იყო, ტაო-კლარჯეთში განსხვავებული ვითარება სუფევდა. თანაც ლიპარიტი მოდის ისეთ დროს, როცა ჩვენი აზრით, ქართული ტიტულები ტაო-კლარჯეთში ჯერ კიდევ არ არსებობდა. ასეთ შემთხვევაში, მისი ერისთავობა მხოლოდ ფორმალობა იყო. დავითი 881 წელს მოკლა ნასრმა. ასე, რომ ლიპარიტი კლდეკარში 881 წლამდე უნდა დამკვიდრებუიყო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთელი X საუკუნის მანძილზე, ვიდრე ბაგრატ III-მ არ დაიმორჩილა რატი, კლდეკარის ერისთავები ფაქტობრივად დამოუკიდებელი მმართველები იყვნენ და თითქმის არანაირი შეხება ტაო-კლარჯეთის მფლობელებთან არ ჰქონდათ. ბაღვაშთა ერისთავობა X საუკუნეში, ნაკლებად გამოგვადგება ქართველთა სამეფოს შიდა ვითარების დასახასიათებლად. ისინი ამ დროს ბაგრატიონებს არ ემორჩილებოდნენ. თავისთავად საინტერესო ფაქტია, რომ რატი ბაღვაში სამ სხვადასხვა წარწერაში სხვადასხვანაირად მოიხსენიება: ერისთავი, დიდი ერისთავი და ერისთავთ-ერისთავი. არა გვგონია, რომ აქ რატის იერარქიულ აღმასვლასთან გვქონდეს საქმე. თუ ასეა, მაშინ დასადგენია ვინ აძლევდა რატის ამ ტიტულებს თანმიმდევრობით. წყაროების მიხედვით კი ასეთი არავინ ჩანს. რატის მოხსენიება სამი ტიტულით, ჩვენი აზრით, იმაზე მითითებს, რომ ამ ტიტულებს შორის კლდეკარის მფლობელისათვის, რეალური განსხვავება არ არსებობდა. ნიშანდობლივია, რომ `მატიანე ქართლისაÁ~ რატის მხოლოდ ერისთავობით მოიხსენიებს.
   აუცილებლად უნდა შევეხოთ კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობას, იბერიის კურაპალატის ოთხი არხონტის შესახებ. ბიზანტიის იმპერატორი წერს _ `იბერიის კურაპალატს ჰყავს ოთხი სხვა სამთავრო: ვერიასახის ერისთავს, იბერიაში; კარნატაის ერისთავს, იბერიაში; ყუელის ერისთავს, იბერიაში; აჭარის ერისთავს, იბერიაში~ (120:291). პორფიროგენეტი ხმარობს ტერმინს _ `არხონტი~, რაც არ ნიშნავს მაინცდამაინც ერისთავს. თავად ს. ყაუხჩიშვილი `არხონტს~ თარგმნის ხან ერისთავად, ხან კი მთავრად (120:243). ივ. ჯავახიშვილი წერს - `უკვე პირველ ქართველთა მეფეს თავის ხელქვეით ოთხი მთავარი ანუ ერისთავი ჰყოლია~ (262;114). შემდეგ მეცნიერი აღნიშნავს _ `თუმცა აშოტ დიდი კურაპალატის შთამომავლობა მრავალრიცხოვანი იყო ... მაგრამ ყველას თანასწორი უფლება არა ჰქონია და მათ შორის ერთი ყოველთვის სხვებზე უფროსად ითვლებოდა~(262;114). ამ სიტყვებიდან ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ ივ. ჯავახიშვილს ეს ოთხი არხონტი ბაგრატიონებად მიაჩნდა. თითქმის ანალოგიური მოსაზრება გააჩნდა შ. ბადრიძეს, რომელიც თვლიდა, რომ პორფიროგენეტის ცნობა ეხება X საუკუნის 20-იანი წლებს, ადარნასე ქართველთა მეფის ხანას. ამ დროს ყველის ციხე გურგენ დიდს ეკუთვნის. შ.ბადრიძის აზრით, ყველის არხონტი იბერიის აბსოლუტს რომ ექვემდებარებოდა არის სწორედ გურგენ ერისთავთ-ერისთავი. აჭარის არხონტად კი მკვლევარის აზრით, შეიძლება დავით მამფალი მივიჩნიოთ (21;232-233).
   დ. მუსხელიშვილის აზრით, `ტაო-კლარჯეთის სამთავრო გარდა საკუთრივ ტაოსა და კლარჯეთისა საერისთავოებისა შესდგებოდა ოთხი დიდი საერისთავოსაგან: ქართლისა, კოლა-არტაანისა, ყველისა (სამცხე-ჯავახეთისა?) და აჭარისა~. ამავე დროს, მკვლევარი თვლის, რომ პორფიროგენეტის ცნობა ასახავს IX საუკუნის 80-90-იანი წლების ვითარებას (163;184-185).
   ჩვენი მიგვაჩნია, რომ უფრო მართებულია შ. ბადრიძის მოსაზრება, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტთან ასახულია X საუკუნის 20-იანი წლების ვითარება. ამავე დროს ოთხივე არხონტი ბაგრატიონია: ყველის არხონტი ალბათ, მართლაც გურგენ ერისთავთ-ერისთავია, აჭარისა კი დავით მამფალი. რაც შეეხება დანარჩენ არხონტებს, სრულიად მისაღებია ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისი, რომ აქაც `მესხეთისავე სხვა თემების (ან შავშეთის, ან ტაოს, ან კოლას) რომელსამე ციხეების დამახინჯებული სახელები იქნებოდა~ (262;114).
   ჩვენი აზრით, კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობა გულისხმობს ქართველთა მეფის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხ ბაგრატიონ არხონტს, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ატარებდა ერისთავთ-ერისთავისა და ერისთავის ტიტულს. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ ბაგრატიონებში ორივე მხოლოდ საპატიო ტიტული იყო. ამ ცნობაში არ უნდა დავინახოთ ტაო-კლარჯეთის სამეფოში არსებული ოთხი საერისთავო.
    ტაო-კლარჯეთში, განსხვავებით აფხაზთა სამეფოსაგან, არ არსებობდა ისეთი ადმინისტრაციული ერთეულები, როგორიც იყო საერისთავო და ცხადია, არც ერისთავები ითვლებოდნენ ადგილობრივ მმართველებად.
$3 ერისთავობის ინსტიტუტი კახეთ-ჰერეთში
   ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, კვირიკე დიდმა (1014-1037) დაყო კახეთ-ჰერეთი შვიდ საერისთავოდ _ `შემდგომად ბაგრატ მეფის სიკუდილისა ამან კვირიკემ დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა. გარნა თუ ისხდნენ ერისთავნი ჰერეთს. არამედ ამან კვირიკე მეფემან უფროს განამტკიცნა და დასხნა სამი კახეთს და ოთხი ჰერეთს. და კახეთსა ერთი რუსთავს და მისცა სრულიად კუხეთი, რომელ არს ნაგები, ყარაია, ჩადივარ, სამგორი, უჯარმა, ლილო, მარტყოფი, გრდანი, ხერკი და თიანეთი, არაგვის კერძო ჟინვანამდე. მეორე დასუა კუეტერისა და მისცა უჯარმას ზემოთ ორთა მთათა შორის, რომელ არიანკახეთისა და კუხეთისა, ვიდრე კავკასამდე და გარდაღმად. ესე არს ერწო-თიანეთი, ფხოველნი, ძურძუკი და ღლიღვი. მესამე პანკისისა ანუ მარილისისა და მისცა ჰერეთის საზღვრის ზეით კავკასამდე და კახეთის მთამდე თუშეთითურთ.
   ხოლო ჰერეთს დასუა პირველი ხორნაბუჯს ანუ ხორანთას და მისცა ქისიყი და გარეთ-კახეთი კუხეთის საზღვრამდე, ალაზანსა და მტკუარს შიგნით და ჰერეთის მთისა. მეორე ვეჯინს და მისცა ქისიყის საზღვარს ზეით თურდოს ხევამდე და ალაზანსა და ჰერეთის მთის შიგნით, რომელ არს აწ შიგნით-კახეთი. მესამე მაჭისა და მისცა მაჭის წყლის ქუეით და ალაზნის აღმოსავლეთი შაკიხითურთ და ხუნზახითურთ. მეოთხე დასუა შტორისა და მისცა შტორის ხევიდამ მაჭის წყლამდე ალაზნის აღმოსავლეთი დიდოეთითურთ, რომელ არს აწ გაღმამხარი და ამანვე შეიერთა კახეთი და ჰერეთი~ (23;561).
   ვახუშტი ბატონიშვილის ეს ცნობა დადასტურებას პოულობს `მატიანე ქართლისაიში~. ბაგრატ IV-მ `შეიპყრნა სტეფანოზ ვარჯანის ძე პანკისისა ერისთავი; და ვაჩე ძე გურგენ ბერისა ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი დისწული გოდრძისა შტორის ერისთავი და მაჭელისა~ (145:298). `და ლაშქარი მისი წინა გაგზავნილი იყო ვეჟინის ერისთავისა თანა წირქუალელისა~ (145:308). ნ. ბერძენიშვილი წირქვალელს მიიჩნევდა ვეჟინის ერისთავად (41;130). დ. მუსხელიშვილის აზრით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს `ქართლის ცხოვრების~ ანა დედოფლისეულ ნუსხას, სადაც შტორის ნაცვლად `ტურის~ წერია. მკვლევარს მიაჩნია, რომ წინადადება შემდეგნაირად უნდა შესწორდეს _ `ჯედი, დისწული გოდერძისა, ტურის ერისთავი და მაჭელისა~ (163;107). ჩვენ ვიზიარებთ დ. მუსხელიშვილის აზრს, რომ ერისთავად გოდერძი უნდა ვიგულისხმოთ და არა ჯედი. გოდერძი ასევე მოიხსენიება: `მატიანე ქართლისაიში~ XI საუკუნის 40-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით _ `ისნის ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ და ერისთავთ-ერისთავი გოდერძი და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი~ (145:300); ალავერდის წარწერაში `წმიდაო გიორგი მწე-მფარველ ეყავ წინაშე ღმრთისა მონასა შენსა გიორგი აბაის, დისწულსა გოდერძი ერისთავთ-ერისთავისასა~. დ. მუსხელიშვილი თვლის, რომ ტიტულ ერისთავთ-ერისთავის `რეალურ შინაარს ვხედავთ ჩვენ `მატიანე ქართლისაის~ პირველ ცნობაში, რომლის მიხედვით გოდერძი ტურის და მაჭის ერისთავია ე.ი. ერისთავთ-ერისთავია~ (163;108).
   ის რომ XI საუკუნეში კახეთ-ჰერეთის სამეფო საერისთავოებად იყოფოდა ცხადია. გასარკვევია, არსებობდნენ თუ არა საერისთავოები და შესაბამისად ერისთავობის ინსტიტუტი კახეთსა და ჰერეთში მანამდე. ამ მხრივ წყაროებში პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება. მით უფრო საინტერესოა ვახუშტი ბატონიშვილთან დაფიქსირებული წინადადება _ `გარნა თუ ისხდნენ ერისთავნი ჰერეთს. არამედ ამან კვირიკე მეფემან უფროს განამტკიცნა და დასხნა სამი კახეთს და ოთხი ჰერეთს~. ამ ცნობიდან ჩვენ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ კახეთსა და ჰერეთში მანამდეც არსებობდნენ ერისთავები. კვირკე დიდმა შესაძლოა მხოლოდ გარკვეული ცვლილებები შეიტანა მანამდე არსებულ ვითარებაში _ შექმნა რამოდენიმე ახალი საერისთავო და გაზარდა ერისთავთა რაოდენობა.
   ჩვენი აზრით, შესაძლოა ვივარაუდოთ საერისთავოებისა და ერისთავობის ინსტიტუტის არსებობა კახეთსა და ჰერეთში. სამწუხაროდ წყაროთა სიმცირის გამო კონკრეტულად რაიმეს თქმა ჭირს.
თავი V: ერისთავთა ქრონოლოგიური ნუსხები XI-XV საუკუნეებში
$1. ქართლის საერისთავო
   აფხაზთა სამეფოზე საუბრისას ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ქართლის საერისთავო შეიქმნა X საუკუნის დასაწყისში, როგორც აფხაზთა სამეფოს შემადგენელი ნაწილი. როგორც ცნობილია, 975 წლისათვის ქართლის ერისთავია ივანე მარუშის ძე. მის შემდგომ, ვიდრე 1032 წლამდე ქართლის ერისთავთა ვინაობა უცნობია. წყაროები არ მოიხსენიებენ ქართლის ერისთავს.
   ამ პერიოდში ქართლის ერისთავის `Ãელის~ არსებობის დადგენისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ქართლში 980 წლისათვის. `მატიანე ქართლისაის~ მიხედვით 980 წლისათვის ბაგრატ III `გარდამოვიდა ქართლს, რათა განაგნეს საქმენი დაშლილნი ქართლისანი. მოვიდა და დადგა თიღუას. ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა რომელთა არა ენება გარდამოსვლა მისი, რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გურანდუხტისასა. იწინამძღურეს ქავთარ ტბელი. მოეგებნეს ბრძოლად ... იოტნეს ქართველნი ... (ბაგრატი) მოვიდა უფლისციხეს, აღიღო ციხე დედისაგან თვისისა, დაყვნა დღენი და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი ... და წარვიდა ქუეყანად აფხაზეთისა~ (145:276). მთელი ამ კონფლიქტის მანძილზე მემატიანე არსად არ მოიხსენიებს ქართლის ერისთავს. ეს შეიძლება მხოლოდ ორი მიზეზით აიხსნას: ან ამ დროს არ არსებობს ქართლის ერისთავის თანამდებობა; ან ეს უკანასკნელი იმდენად სუსტი ძალაუფლების მქონეა, რომ ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს მოვლენებზე და სწორედ ამიტომ არ მოიხსენიება მატიანეში. ნ. ბერძენიშვილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ `ქართლის ერისთავობა ბაგრატმა ჩანს გააუქმა (თუ იგივე ზვიად მარუშიანი არ იყო მისი დროის ქართლის ერისთავი)~ (44:95). გამოთქმულია მოსაზრება, რომ `ნომინალურად შიდა ქართლს ამ დროს ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი განაგებდა~ (190;154). გურანდუხტი რომ ქართლს განაგებს (მართლაც ნომინალურად, რადგან რეალური ძალაუფლება აზნაურებს აქვთ) ეს ცხადია, მაგრამ მატიანე შეიცავს ერთ საინტერესო ცნობას: მას შემდეგ რაც კახელებმა დავით კურაპალატის მოთხოვნით გაანთავისუფლეს დატყვევებული ბაგრატი, გურგენი და გურანდუხტი _ `ეპყრა უფლისციხე და ქართლი გურანდუხტ დედოფალსა~ (145:275). ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიზიარებთ ზ. პაპასქირის აზრს, რომ `დავით კურაპალატს, შესაძლოა, ერთგვარ დათმობაზე წასვლა მოუხდა ქართლის აზნაურებისა და მათი კახელი მფარველების მიმართ და იძულებული გახდა ქართლის მმართველად დაეტოვებინა არა უფლისწული ბაგრატი, არამედ მისი დედა გურანდუხტი~ (180;67). ატენის სიონის სომხურ წარწერაზე დაყრდნობით _ `ეს მე გერგიუმ ერჰასანის ძე, ვინც ამას კითხულობს, ღმრთის მქანდაკებელი მოიხსენიეთ, ბაგრატ აფხაზთა მეფე როცა დედოფალს ქართველთა შეედავა და სატახტო უფლისციხე დაიკავა~ (4;51) _ ზ. ალექსიძემ (4;57) და ზ. პაპასქირმა (180;69) სრულიად მართებულად აღნიშნეს, რომ ბაგრატი და გურანდუხტი სხვადასხვა ბანაკში არიან.
   ყოველივე ზემოთ თქმული ცხადყოფს, რომ 975-980 წლებში ქართლში საკმაოდ რთული ვითარებაა. ჩვენ გვაინტერესებს ქართლის ერისთავის საკითხი ამ პერიოდში. მას შემდეგ რაც ბაგრატმა `წარიყვანა დედა თვისი და წარვიდა ქუეყანად აფხაზეთისა ~, წყაროები არაფერს არ იუწყებიან თუ ვინ დატოვა მეფემ ქართლში მმართველად. მაგრამ ასეთი პიროვნება უნდა არსებულიყო და მას უნდა ჰქონოდა ქართლის ერისთავის „ხელი~. ქართლში საერისთავოს გაუქმება შეუძლებელი იყო. რადგან ასეთ შემთხვევაში ძალაუფლება გადავიდოდა ბაგრატის მოწინააღმდეგე აზნაურების ხელში. სწორედ ქართლის ერისთავი უნდა ყოფილიყო ის პიროვნება, რომელიც გაატარებდა ქართლში მეფის პოლიტიკასა და იქნებოდა ამ მხარეში მეფის დასაყრდენი. თვით გურანდუხტის მმართველობის ჟამსაც უნდა არსებულიყო ქართლის ერისთავობა, მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო მისი ძალაუფლება სუსტი იყო, რის გამოც ეს უკანასკნელი აქტიურად ვერ ერეოდა ქართლში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ ამიტომ არ მოიხსენიებს მას `მატიანე ქართლისაÁ~. მას შემდეგ რაც ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის აზნაურები და `განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი~, ქართლის ერისთავის ძალაუფლება უნდა გაძლიერებულიყო.
   სამწუხაროდ, უცნობია ბაგრატ III-ისა და გიორგი I-ის თანამედროვე ქართლის ერისთავის ვინაობა. ის ფაქტი, რომ 980 წელს ქართლის აზნაურებმა `იწინამძღვრეს ქავთარ ტბელი~ გამორიცხავს ამ უკანასკნელის ერისთავობას. ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ტბელების საგვარეულო `ამ დროს შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებდა პრეტენზიას~ (47:154), მაგრამ არა გვგონია ბაგრატ III-ს დამარცხებულთა პრეტენზია დაეკმაყოფილებინა. თუმცა, როგორც წყაროებიდან ირკვევა, ტბელების `მემკვიდრეებს~ _ აბაზასძეებს მოუხერხებიათ ქართლის ერისთავობის მიღება. ჩვენ ვეთანხმებით ისტორიოგრაფიაში არსებულ მოსაზრებას, რომ აბაზასძეები დაკავშირებულნი არიან ტბელების საგვარეულოსთან (234;59_60). 1032 წელს `ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ და შეიპყრეს~ (145:296). როდის გახდა ივანე ერისთავი, ან როდის გადავიდა ქართლის ერისთავობა აბაზასძეთა ხელში _ უცნობია. ივანე აბაზას ძეს ერისთავობა უნდა შეენარჩუნებინა მანამ, სანამ ბაგრატ IV-მ ერისთავობა ლიპარიტ ბაღვაშს არ გადასცა. `დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა, უბოძა მეფემან ქართლის ერისთავობა~ (145:298). ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეს უნდა მომხდარიყო `არა უგვიანეს 1047 წლისა, დაახლოებით 1044_1045 წლებში~ (262; 143). ლიპარიტის გაერისთავების წლად პირობითად ავიღოთ 1045 წელი. ამრიგად, აბაზასძეებს ქართლის ერისთავობა უნდა შეენარჩუნებინათ 1045 წლამდე.
   ლიპარიტ ბაღვაშის ერისთავობა ქართლში უნდა გაგრძელებულიყო 1057 წლამდე. ამ წელს `სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს და შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე... (ბაგრატ IV) აღიხუნა ლიპარიტეთაგან ციხენი არტანუჯი და ყუელი, უფლისციხე და ბირთვისი. ჩაიცუნა ჩოხანი ლიპარიტ~ (145:300_301). მართალია აქ არ წერია, რომ ლიპარიტი ქართლის ერისთავი იყო და მეფემ მას ეს `ხელი~ ჩამოართვა, მაგრამ უფლისციხის ჩამორთმევა, ჩვენი აზრით, ამას უნდა ნიშნავდეს. უფლისციხე იყო შიდა ქართლის და ე. ი. ქართლის საერისთავოს ცენტრი. დავით კურაპალატი უფლისციხეში ტოვებს ბაგრატს (145:274), თავად ბაგრატი 980 წელს უფლისციხეს იღებს `დედისაგან თვისისა~ (145:275); ატენის სიონის ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ წარწერაში უფლისციხე იწოდება `სატახტო უფლისციხედ~. ყოველივე ეს, ჩვენი აზრით, მიუთითებს, რომ უფლისციხე არის ქართლის მმართველის და შესაბამისად ქართლის ერისთავის რეზიდენცია. ლიპარიტისაგან უფლისციხის ფლობა ნიშნავს მის ქართლის ერისთავობას. მაგრამ აქ წამოიჭრება ერთი საკითხი. როგორც ცნობილია, 1048_1051 წლებში ლიპარიტი ტყვედ იყო ჩავარდნილი. ხომ არ ისარგებლა ამით ბაგრატმა და ხომ არ გადასცა ქართლის ერისთავობა ვინმე სხვას? `მატიანე ქართლისაი~-ს მიხედვით, მას შემდეგ რაც ლიპარიტი ტყვედ ჩავარდა `დიდებულთა ამის სამეფოსათა და შვილთა ლიპარიტისათა, ივანე და ნიანია, იძებნეს უშიშოება და გამოიყვანეს მეფე მეფედ. და კუალად მოირჭუნა და შეიპყრნა შვილნი ლიპარიტისნი, აიღო უფლისციხე და გამოუშუა ივანე~ (145:302). ბაგრატის მიერ უფლისციხის აღება ნიშნავს იმას, რომ მეფემ ქართლის საერისთავო თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა. ცხადია, მეფე ქართლში ახალ ერისთავს დანიშნავდა, რომლის ვინაობაც, სამწუხაროდ უცნობია. მაგრამ 1051 წელს განთავისუფლებული ლიპარიტი მალევე დაიბრუნებდა ქართლსაც და ქართლის ერისთავობასაც.
   ყველაზე გვიან _ 1054 წელს მაინც, როცა ბაგრატი ბიზანტიაში წავიდა და ლიპარიტი ფაქტიურად ქვეყნის მმართველი გახდა. ის რომ 1057 წელს ლიპარიტი ქართლს ფლობდა, როგორც ზემოთ ვნახეთ, უეჭველია. ამრიგად, ლიპარიტ IV ბაღვაშის ერისთავობა ქართლში შეიძლება პირობითად განვსაზღვროთ 1045_1048 და 1051_1057 წლებით.
   ვის გადასცა ბაგრატ IV-მ ქართლის ერისთავობა 1057 წლის მერე უცნობია. ყოველ შემთხვევაში ერისთავობა აბაზასზეებს აღარ დაბრუნებიათ. ეს უკანასკნელნიც მეფის მოწინააღმდეგეები იყვნენ. ბაგრატ IV-მ 1060 წელს შეიპყრო ხუთი ძმა აბაზასძეები (67:160). არა გვგონია, რომ 1057 წელს გამარჯვებულ ბაგრატს, ერთი ორგულისათვის ჩამორთმეული `Ãელი~ მეორე ორგულისათვის მიეცა.
   1059 წელს საქართველოში დაბრუნდა ბიზანტიაში გაქცეული ივანე ლიპარიტის ძე. მეფემ მას `უბოძა მამული არგუეთისა და ქართლისა...~ (145:301). ზ. პაპასქირის აზრით _ ივანემ `დაიბრუნა თავისი სამფლობელოები ქართლში და სპასალარადაც კი იქნა დანიშნული~ (180;208). ვ. კოპალიანი წერს, ივანემ ბაგრატისაგან მამისეულ სამფლიბელოებთან ერთად მიიღო სპასალარის თანამდებობაც (123:269). ის რომ ივანემ დაიბრუნა არგვეთი და გახდა სპასალარი სადავო არ არის. ჩვენ გვაინტერესებს, რა უნდა ვიგულისხმოთ `მამული ქართლისას~ ქვეშ? ნ. ბერძენიშვილი წერდა: `ივანეს მამული ქართლში სად იყო? უნდა ვიფიქროთ თრიალეთი~ (45:321). ჩვენ გვიჭირს ამ მოსაზრების გაზიარება. თრიალეთი იყო საერისთავო და არა ბაღვაშთა მამული. ჩვენი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ივანე გამხდარიყო ქართლის ერისთავი. ერთადერთი რაც შეიძლება ჩაგვეთვალა ამის საბუთად _ არის ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი ცნობა `მატიანე ქართლისაიდან~. მაგრამ ტერმინი `მამული~ გამორიცხავს ერისთავობას. შესაძლებელია მართალია ზ. პაპასქირი, როცა ეს ცნობა პირდაპირ ესმის და მიიჩნევს, რომ ივანემ დაიბრუნა სამფლობელოები ქართლში ( თუ ასეა, მაშინ უცნობი რჩება როდის მიიღეს ბაღვაშებმა სამფლობელოები ქართლში და რა ტერიტორიას მოიცავდა ის. თუკი ბაღვაშებს მართლაც ჰქონდათ მამულები ქართლში, ისინი მათ უნდა მიეღოთ გიორგი I-ის ან ბაგრატ IV-ის მეფობის დასაწყისში, როცა ისინი მეფის ერთგულები იყვნენ). ჩვენთვის ამჯერად მთავარია ქართლის ერისთავობის საკითხი და მიგვაჩნია, რომ ივანე ლიპარიტის ძე არ უნდა ყოფილიყო ქართლის ერისთავი.
   ნ. ბერძენიშვილი გამოთქვამდა თვალსაზრისს, რომ დავით აღმაშენებლის დროს ბაღვაშები იყვნენ ქართლის ერისთავები. `ასევე ერიდება ჩვენი ისტორიკოსი (იგულისხმება დავითის ისტორიკოსი _ მ.ბ.) ლიპარიტ ბაღვაშის ან რატის მოხსენიებას ქართლის ან კლდეკარ-თრიალეთის ერისთავად. მაშინ როცა უეჭველია, რომ `ლიპარიტ ამირა~ ქართლის ერისთავიც იყო და კლდეკარისაც~ (44:62) რ. მეტრეველის აზრით, `ლიპარიტის ამირობა არაბთა მფლობელობის დროიდან მომდინარე ტრადიციის მიხედვით ჯერ კიდევ არსებული `ქართლის ამირას~ სინონიმი უნდა იყოს და ქართლის ერთი ნაწილის ერისთავობას უნდა ნიშნავდეს~ (159:78). ნ. ბერძენიშვილი წერდა _ `თავდადებით მსახურებდა პატრონს ივანე ლიპარიტის ძე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთი ერთგულების სანაცვლოდ წყალობად მიიღო ივანემ ქართლის `ამირას~ პატივი მაშინ, როცა აფხაზთა მეფემ ტფილისის საამიროს ჩამოართვა ციხენი: რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლწმინდანი, ქავაზნი, ე. ი. თითქმის მთელი საამიროს ტერიტორია~ (44:24).
   ლიპარიტ V ბაღვაშის ქართლის ერისთავობა წყაროებით არ დასტურდება. რაც შეეხება მის მიერ ქართლის ერთი ნაწილის ერისთავობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შემდეგი აზრი გვაქვს _ ლიპარიტი შეიძლება მართლაც ფლობდა ქართლის რაღაც ნაწილს, მაგრამ არა გვგონია მას იქ ერისთავობა ჰქონოდა და მით უმეტეს რაიმე კავშირი ჰქონოდა ქართლის ერისთავობასთან (თუ ლიპარიტი რაიმეს ფლობდა ეს შეიძლება ყოფილიყო ის ციხეები, რომელთა მიცემა მისი მამა ივანესადმი ივარაუდა ნ. ბერძენიშვილმა). აქვე აღვნიშნავთ, ქართლის ერისთავობა არ გულისხმობს მთელი გეოგრაფიული ქართლის მმართველობას. (ჩვენს ამოცანას არ შეადგენს საერისთავოთა საზღვრების დადგენა, ეს სხვა უაღრესად რთული საკითხია). მართებულად შენიშნავდა ნ. ბერძენიშვილი _ `შეუძლებელია ქართლის ერისთავი იმთავითვე მთელი ქართლის სამხედრო-ადმინისტრაციული მმართველი ყოფილიყო. ამას არ ამართლებს ნაგვიანევი მასალაც კი. ქართლის ერისთავს ხელი ამ ნაგვიანევ დროსაც კი არ მიუწვდებოდა მთელ ქართლზე~ (45:116). ყოველივე ზემოთ თქმულიდან ჩვენ ერთი რამ გვინდა აღვნიშნოთ, ჩვენი აზრით არც ივანე ლიპარიტის ძე და არც მისი ვაჟი ლიპარიტ V არ იყვნენ ქართლის ერისთავები.
   1057 წლიდან ვიდრე 1177 წლამდე ჩვენთვის უცნობია ქართლის ერისთავის ვინაობა. 1177 წელს კი ერისთავია ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელი, ძმა ივანე ამირსპასალარისა. მაგრამ სანამ ორბელების საკითხს განვიხილავდეთ, დაწვრილებით გვინდა შევჩერდეთ იკორთის 1172 წლის წარწერაზე. ჩვენ გვაინტერესებს ორი წარწერა, რომლებიც ბოლოს პ. ზაქარაიას აქვს მოტანილი თავის წიგნში _ `ქართული ხუროთმოძღვრება XI_XVIII სს.~ პირველი წარწერა მოყვანილია თ. ჟორდანიასეული წაკითხვით _ „... ადიდე ორთავე შა ცხოვრებათა: ეე (ერისთავთ-ერისთავნი) სუ(ლა) ... რ ... და ბეშქენ ... ბჭესა ... გრდ ... ლეიარსა(?) ეეს (ერისთავთ-ერისთავს) მხლ (მიხეილ?) ... თ და ლოცვა ყავთ~ (83:41) თ. ჟორდანია წერდა `მოხსენიებულ პირთაგან ცნობილია ჭიაბერი ... სულა რატის ძე სურამელი ... ვარდან მეჭურჭლეთუხუცესი, ვარდან კოლონკელისძე ერისთავი, ვარდან დადიანი~ (187;260). რ. მეფისაშვილი და ვ. ცინცაძე აღნიშნავენ, რომ წარწერა მოიხსენიებს ერისთავთ-ერისთავებს: ვარდანს, არსენს, ჭიაბერსა და სხვებს (288;69). იკორთის წარწერები გვაინტერესებს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია მასში მოიხსენიებოდეს ქართლის ერისთავი. პ. ზაქარაია აღნიშნავს `თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევედეს, კერძოდ, სახელი ვარდანი. მაგრამ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ პირთა სახელებს შორის, იმ ხანაში, ისიც ქართლის შუაგულში, არც ვარდანი, არც არსენი არ გვხვდება. ჭიაბერი კი მართლაც იმ ხანის მოღვაწეა~ (83:41). ჩვენი აზრით, ამ დროს ქართლის ერისთავი არის ლიპარიტ ორბელი. ამიტომ, ვერც ერთი ზემოთ დასახელებული პირი ვერ იქნება ქართლის ერისთავი. განსაკუთრებით საინტერესოა სახელი _ სულა. ამ სახელში იკითხება მხოლოდ ორი პირველი ასო `სუ~, მომდევნო ორი _ `ლა~ აღდგენილია თ. ჟორდანიას მიერ. სახელი `სულა~ დაფიქსირებულია სურამელთა საგვარეულოში, მაგრამ ამ დროს სურამელები ჯერ კიდევ არ არიან ერისთავები. სულას მიჩნევა რატის ძედ, როგორც ამას თ. ჟორდანია ვარაუდობს, არ შეიძლება, რადგან სულა რატის ძე სურამელი იყო ლაშა-გიორგის თანამედროვე, ეს ნათლად ჩანს ლაშა-გიორგის სიგელიდან ქვათახევისადმი. ლაშას თანამედროვე ვერ იქნებოდა მოხსენიებული 1172 წლის წარწერაში. თუ თ. ჟორდანიას აზრს გავიზიარებთ, სულასთან დაკავშირებით, მაშინ გამოვა, რომ ჯერ მოღვაწეობდა შვილი (სულა) და მერე მამა (რატი). ეს კი წარმოუდგენელი რამ არის. XII საუკუნეში ჩვენ ვიცით ორი სურამელი: ბექა, გიორგი III-ის თანამედროვე, რომელიც მეფეს თან ახლდა, 1161_1163 წლებს შორის ანისისათვის მიმდინარე ბრძოლაში (186;9) და რატი, რომელიც წყაროებში პირველად მოიხსენიება 1170 წელს (217;68). რაც შეეხება იკორთის წარწერის `სულას~, აქ რამდენიმე შესაძლებლობაა: ან სახელის აღდგენაა არასწორი, ან სახელი `სულა~ გავრცელებული იყო სხვა საგვარეულოებშიც (მაგრამ ამგვარი რამ წყაროებით არ დასტურდება), ან ეს არის ჩვენთვის სხვა წყაროებით უცნობი სულა სურამელი. განვიხილოთ ბოლო ვარაუდი. თ. ჟორდანიას წაკითხვას თუ გავიზიარებთ, მაშინ სულა ერისთავთ-ერისთავია. ეს კი თავისთავად ბადებს კითხვას: რა მხარის ერისთავია სულა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება: მოყოლებული XII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII საუკუნის ბოლომდე სურამელები ქართლის ერისთავები არიან. ამას თუ იმასაც დავამატებთ, რომ იკორთა ქართლში მდებარეობს და წარწერაშიც სულა პირველი მოიხსენიება, დასკვნა შემდეგი შეიძლება იყოს _ სულა არის ქართლის ერისთავი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მისი ნათესაური კავშირის დადგენა ბექასა და რატისთან. რადგან რატის ვაჟს ერქვა სულა, იკორთის წარწერის სულა შეიძლება მივიჩნიოთ რატის მამად და შესაბამისად ბექას ძედ. ვიმეორებთ, ყოველივე ეს მისაღებია, თუ იკორთის წარწერის სულა მართლაც სურამელია და ქართლის ერისთავია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მსჯელობა საჭიროც კი არ არის.
   მაგრამ აქ არის რამდენიმე მომენტი, რომელიც ნაკლებ რეალურს ხდის ზემოთ გამოთქმულ ვარაუდს. როგორც სათანადო ადგილას აღვნიშნეთ, 1177 წელს ქართლის ერისთავია ლიპარიტ ორბელი. ეს ნათლად ჩანს `ისტორიანი და აზმანიდან~ (186;19). როდესაც ორბელთა აჯანყების დროს გიორგი III შემოადგა ლორეს ციხეს `მუნიდაღმან წარსულ იყვნეს სპარსეთს ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტ, მეჯინიბეთუხუცესი ქავთა ივანეს ძე~. თუ ჩვენი ვარაუდი სულასთან დაკავშირებით სწორია, მაშინ ქართლის ერისთავის `ხელთან~ დაკავშირებით იქმნება შემდეგი ვითარება: 1172 წელს ერისთავია სულა სურამელი, 1177 წელს _ ლიპარიტ ორბელი და 1184 წელს _ რატი სურამელი. რამდენად რეალურია ამგვარი სურათი? ის, რომ აჯანყების მერე ორბელები დაკარგავდნენ ერისთავობას, ეჭვს გარეშეა. ისიც უფრო რეალურია, რომ სწორედ ამ დროს მიეღო ერისთავობა რატი სურამელს. ამ უკანასკნელის ერისთავობა 1184 წელს დასტურდება `ისტორიანი და აზმანიდან~ _ ყულთუ არსლანის დასთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ გააგზავნა ხუაშაქ ცოქალიც, `დედა ქართლისა ერისთავთ-ერისთავისა რატისი~ (186;32). გასარკვევია, თუ რამდენად შესაძლებელია 1172 წელს სულას ერისთავობა. ჩვენ რომ ვიცოდეთ ზუსტად, თუ როდის გახდა ლიპარიტ ორბელი ქართლის ერისთავი, საკითხიც ადვილად გადაიჭრებოდა. შ. მესხიამ ნათლად უჩვენა, რომ ორბელთა დაწინაურება დავით აღმაშენებლის დროიდან იწყება (156:20). აქედან მოყოლებული, ვიდრე 1177 წლამდე, ორბელთა ძალაუფლება და გავლენა იზრდება. გამონაკლისს წარმოადგენს დავით V-ის მეფობის ხანა, მაგრამ მცირე ხნით დაკარგული გავლენა და თანამდებობები მათ `XII ს-ის 60-იანი წლებიდან ისევ დაიბრუნეს და შეინარჩუნეს 1177 წლამდე~ (156:18). ლიპარიტის გარდა არც ერთი ორბელი წყაროებში ქართლის ერისთავად არ იწოდება. ამდენად გაურკვეველია ქართლის ერისთავობა თავიდანვე ორბელთა ხელში იყო, თუ ლიპარიტი იყო პირველი ორბელი, რომელიც ამ `ხელს~ დაეუფლა. ლიპარიტის შესახებ დამატებით ვიცით ის, რომ XII საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ის ამირახორია (186;8). შ. მესხიას აზრით, ლიპარიტმა ამირახორობას `გარკვეული დროიდან, მიამატა ქართლის ერისთავობაც~ და ორივე ეს `ხელი~ აჯანყებამდე შეინარჩუნა (156:154). ი. ანთელავა კი თვლის, რომ `ამირახორ ლიპარიტ ორბელს მიუღია ქართლის ერისთავობა, ხოლო მისი ყოფილი თანამდებობა, ამირახორობა გადაუციათ მისივე ძმისწულისათვის~ (11;62). რომელი მკვლევარის აზრიც არ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენთვის მაინც უცნობი რჩება ლიპარიტ ერისთავის გაერისთავების დრო. ყოველივე ზემოთ თქმულს აზრი აქვს, თუ სწორია თ. ჟორდანიას წაკითხვა. მაგრამ არის კი ის მართებული?
   ჩვენთვის საინტერესო წარწერა 1848 წელს, თ ჟორდანიაზე ადრე ნახა მ. ბროსემ. ჩვენთვის მნიშვნელოვან ადგილს ბროსე შემდეგნაირად კითხულობს: `ადიდენ ორთავე შინა ცხოვრებათა ედგნ, სუ [. . .] და ბეშქენ~ (83:40). როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში `ეე~ ანუ ერისთავთერისთავი არ იკითხება. პ. იოსელიანი შემდეგნაირად კითხულობდა ამ წარწერას _ `ადიდენ ორთავე შინა ცხოვრებათა ეგურდან, სოლომონ და ბეშკენ . . .~ (274;73). იქ, სადაც თ. ჟორდანია ერისთავთ-ერისთავს კითხულობდა, პ. იოსელიანი კითხულობს სახელს _ ეგურდან, ხოლო სულას ნაცვლად კითხულობს სოლომონს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ იქ, სადაც თ. ჟორდანია ორ `ე~-ს, ე. ი. ერისთავთ-ერისთავს კითხულობდა, მ. ბროსე და პ. იოსელიანი კითხულობენ ორ სხვადასხვა ასოს: `ე~-სა და `გ~-ს. ეს კი გამორიცხავს ერისთავთ-ერისთავის აღდგენას. თუ გავითვალისწინებთ იმ მსგავსებას, რომელიც არის ასომთავრულ `ე~-სა და `გ~-ს შორის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თ. ჟორდანიას წაკითხვა არაზუსტია. ჩვენი აზრით, იკორთის წარწერაში შეიძლება, მართლაც სულა იხსენიება და ის, შეიძლება, მართლაც სხვა წყაროებით უცნობი სურამელია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოდ მიგვაჩნია სიტყვა ერისთავთ-ერისთავის ამოკითხვა. ეს კი ხსნის სულას ერისთავობის საკითხს (რაც შეეხება წარწერაში სხვა ერისთავების მოხსენიებას, ეს ადვილი ასახსნელია. ყველა მათგანი მონაწილეობას იღებდა მშენებლობაში).
   ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლიპარიტ ორბელს ქართლის ერისთავობა უნდა მიეღო 1177 წლამდე არა ხუთი წლით ადრე, არამედ უფრო მეტი ხნით ადრე, დაახლოებით XII ს-ის 60-იან წლებში, რაც გამორიცხავს 1172 წელს ვინმე სხვა პირის ერისთავობას ქართლში. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ორბელების გავლენა ძალიან დიდი იყო.
   ამრიგად, ჩვენი აზრით, XII საუკუნის 60-იანი წლებიდან, ვიდრე 1177 წლამდე ქართლის ერისთავი არის ლიპარიტ ორბელი. დემნა უფლისწულის აჯანყების შემდეგ, ბუნებრივია, რომ ერისთავობა ჩამორთმეოდა ლიპარიტს. სწორედ ამ დროიდან ვვარაუდობთ ჩვენ ქართლის ერისთავობის გადასვლას სურამელების ხელში. პირველი ერისთავი კი სურამელების საგვარეულოდან იყო რატი. რატის ერისთავობას `ისტორიანი და აზმანის~ გარდა ამტკიცებს ლაშა-გიორგის სიგელიც ქვათახევისადმი. მასში ვკითხულობთ: `სულა ქართლის ერისთავი, ძე ერისთავთ-ერისთავისა ქართლის ერისთავისა რატი სურამელისა~ (217;107). სურამელები ერისთავები იყვნენ XIII საუკუნის ბოლომდე, მაგრამ სანამ სურამელებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, გვინდა შევეხოთ აბულასანის საკითხს.
   ქართულ წყაროებში რამდენიმე ცნობაა დაცული აბულასანის შესახებ: `ისტორიანი და აზმანის~ მიხედვით ის იყო გიორგი რუსის ჩამოყვანის ერთ-ერთი ინიციატორი _ `ამირა ქართლისა და ტფილისისა, სახელით აბულასან და ჩუენდა მეტყუელმან თქუა, მე ვიცი შვილი ხელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა~ (186;36). აბულასანი მოიხსენიება ერთ-ერთი ხატის წარწერაშიც _ `ჩემგან ერისთავთ-ერისთავისა და მეჭურჭლეთუხუცესისაგან აბულასანისაგან იობის ძისა~ (293;70); და ბოლოს, აბულასანი მოიხსენიება ლურჯი მონასტრის წარწერაში _ `ძმისა ჩემისა, ერისთავთ-ერისთავისა ქართლისა, ამირთა-ამირასა რუისთÂსა და შÂდთა მთიულეთთა პატრონისა აბულასანისათვის~ (176;98). სწორედ ეს წარწერა იწვევს მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას. ივ. ჯავახიშვილი წერდა: `მთავარი სირთულე ის არის, თუ სად უნდა დაისვას მძიმე~ (262;337). აბულასანი შეიძლება იყოს ან ქართლის ერისთავთ-ერისთავი ან ქართლის ამირთ-ამირა.
   ჩვენ გვაინტერესებს, თუ რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ აბულასანი ქართლის ერისთავად. ივ. ჯავახიშვილი წერდა: `ძველი ქართული სინტაქსის მიხედვით უნდა ყოფილიყო~ ერისთავთ-ერისთავისა ქართლისა, ამირთა ამირისა~. მაგრამ XI და განსაკუთრებით XII ს-ში თამარ მეფის დროსაც უფრო მოსალოდნელია ... `ერისთავთერისთავისა, ქართლისა ამირთა ამირისა~... აბულასანს მისი ძმა ერისთავთ-ერისთავსა და ქართლის ამირთა ამირას ეძახის. როგორც ვნახეთ თვით აბულასანიც ამგვარადვე თავის თავს ერისთავთერისთავს
   უძახის სადაურობის აღუნიშნავად.~ (262;337). გ. ოთხმეზურის აზრით: `ჩვენ არ ვიცით თუ რომელი მხარის ერისთავთ-ერისთავია აბულასანი. (შეიძლება ერისთავთ-ერისთავობა მხოლოდ ტიტულია გამგებლობის გარეშე) ცხადია მხოლოდ ის, რომ აბულასანი არ შეიძლება იყოს ქართლის ერისთავთ-ერისთავი. რადგანაც ამ პერიოდში წყაროების მიხედვით ქართლის ერისთავთ-ერისთავია რატი სურამელი~ (141:64). აბულასანს ქართლის ამირთა ამირად თვლიან: ი. ცინცაძე (239;101 და 137), ი. ანთელავა (11;221), ქ. ჩხატარაიშვილი (236;91), ნ. შოშიაშვილი (213;44).
   დ. მუსხელიშვილის აზრით, ამირთა ამირა იყო მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი. ხოლო ქართლის ამირთა ამირად შეიძლება მარტო აბულასანი იწოდება. მკვლევარი თვლის, რომ როცა აბულასანი აღარაა ამირთ-ამირა და არის მეჭურჭლეთუხუცესი მას მაინც შენარჩუნებული აქვს ქართლის ერისთავობა. `თუმცა საკითხავია მისი ერისთავთ-ერისთავობა მაინც და მაინც ქართლს უკავშირდება?~
   აბულასანი ქართლის ერისთავად არის მიჩნეული `საქართველოს ისტორიის ნარკვევების~ III ტომში (22;118-120). ქართლის ერისთავად მიიჩნევს აბულასანს რ. მეტრეველი (159:188). შ. მესხიმა აღნიშნავდა `ტექსტის ასეთი წაკითხვიდან (იგულისხმება _ ერისთავთერისთავი, ქართლისა ამირთა ამირა _ მ. ბ.) არ ჩანს თუ რომელი კუთხის ერისთავთ-ერისთავია აბულასანი. წარმოუდგენელია რომ მას მხოლოდ ასეთი წოდება ჰქონოდა და ფაქტიურად არც ერთი კუთხის ერისთავად არ ყოფილიყო. ამის გარდა, წყაროებში მართალია გვხვდება ტერმინი `ქართლის ამირა~, მაგრამ არსად არ გვხვდება ქართლის ამირთა ამირა. ამირთა ამირა ძირითადად თბილისისა და აგრეთვე ზოგიერთ სხვა დიდი ქალაქების გამგებელთ ეწოდებოდათ და თვით ეს ტემინიც ამ დროისათვის მხოლოდ ქალაქის გამგებლობას გულისხმობდა და არა ქვეყნისა თუ მისი კუთხისა~ (154:133).
   ივ. ჯავახიშვილის მთავარ არგემენტს, იმის დასამტკიცებლად, რომ აბულასანი ქართლის ამირთ-ამირაა, წარმოადგენდა ის, რომ `უკვე XI საუკუნეში ძველი სინტაქსური წესის მაგიერ ახალი შემოდის და ხშირად განსამარტებადს სიტყვას განმარტება წინ მიუძღვის~ (262;337). თავის დროზე შ. მესხიამ აღნიშნა, რომ `XII საუკუნეშიც ხშირად შეგვხვდება უფრო ადრინდელი ქართულისათვის დამახასიათებელი სინტაქსური მოვლენები _ კერძოდ წინადადებები, სადაც განმარტება გასამარტებად სიტყვას მოსდევს~ (156:134). მკვლევარმა ეს დებულება სათანადო მაგალითებით განამტკიცა. რომელთა მოყვანასაც ჩვენ აქ არ ვაპირებთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მიერ ნანახ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვანთ. `იყო მათ ჟამთა ერისთავი ქართლისა ივანე მარუშის ძე~ (145:272). `იყო მას ჟამსა ერისათავად კლდე-კართა რატი~ (145:275). `მისცა ციხენი, ჩანჩახამან, ერისთავმან შავშეთისამან~ (145:385). `კახაბერი ერისთავი რაჭისა და თაკუერისა~ (97:27). `კახა ერისთავი ახალქალაქისა~ (97:239). ასე რომ სრულიად შესაძლებელია ლურჯი მონასტრის წარწერაში წავიკითხოთ _ ` ერისთავთ-ერისთავი ქართლისა~. კიდევ ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ აბულარსანი იყო ქართლის ერისთავთ-ერისთავი არის შემდეგი, როგორც ეს მართებულად შენიშნა შ. მესხიამ _ ამირთამირა იყო ქალაქის მმართველი და არა ამა თუ იმ მხარისა. ეს ნათლად ჩანს წყაროებიდან.
   დავით ქობაირელის მიხედვით, ორბელთა აჯანყების დროს თბილისის ამირაპეტი იყო ქურდი (141:264). ჩვენ ვეთანხმებით ა. ანთელავას, რომ ამირაპეტი სავსებით უდრის ქართულ ამირთამირას (11;220). ცხადია, რომ ქურდი უნდა მივიჩნიოთ თბილისის ამირთამირად.
   ჩვენთვის ცნობილია კარის ამირთამირაც. `ისტორიანი და აზმანის~ მიხედვით, კარის აღების შემდეგ მეფემ `დაუტევა კარის მცველად ახალციხელი ივანე, და აჩინა მონაპირედ, და უბოძა ათაბაგობა და ამირთა-ამირობა~ (97:92). ცხადია, რომ ივანე გახდა კარის ამირთა-ამირა.
   გარდა ამისა ამირთამირა გვხვდება ზოგიერთ გვიანდელ საბუთშიც: 1338 წლის გიორგი ბრწყინვალის წყალობის სიგელში: `აწ ვინცა ნახოთ ბრანებაი და სიგელი შემდგომად ჩუენსა მეფეთა და დედოფალთა, ერისთავ-ერისთავთა ტფილისისა ამირათ ამირათა~ (77:97). 1408 წლის კონსტანტინე მეფის სიგელი: `აწ ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენგან ბოძებული, კარისა ჩუენისა ვაზირთა, ერისთავთ ერისთავთა, მანდატურთუხუცესთა, დადიანთა, ათაბაგ-ამირსპასალართა, სვანთა ერისთავათა, გურიელთა, ქართლის ერისთავთა, დიდებულ აზნაურთა, ქალაქთა ჩუენთა ამირათ ამირათა~ (87:435). 1438 წლის ალექსანდრე მეფის სიგელი: `აწ ვინცა ნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი: შემდგომად ჩუენსა მომავალთა მეფეთა და დედოფალთა, ერისთავთა-ერისთავთა, და კარისა ჩუენისა ვაზირთა და მოურავთა, ქალაქისა ამირათ-ამირათა~ (77:125). 1460 წლის სიგელი:~... თავადნო ქართლისანო და ქალაქის ამირანო და ამირთა ამირანო...~ (87:278). ყველა ზემოთ მოყვანილი მაგალითი ცხადყოფს, რომ ამირთამირა ეწოდება ქალაქის მმართველს. ჩვენი აზრით ლურჯი მონასტრის წარწერა შემდეგნაირად უნდა წავიკითხოთ: ` ... ძმისა ჩემისა ერისთავთ-ერისთავისა ქართლისა, ამირთა ამირისა, რუისთვისა და შვიდთა მთიულეთთა პატრონისა აბულასნისათვის...~. ამრიგად, აბულასანი იყო ქართლის ერისთავთ-ერისთავი, რუსთავის ამირთა ამირა და შვიდი მთიალეთის პატრონი~.
   მაგრამ აქ არის ერთი მომეტი რომელსაც ყურადღება მიაქცია გ. ოთხმეზურმა. მკვლევარის აზრით აბულასანი არ შეიძლება იყოს ქართლის ერისთავი. იმიტომ, რომ ამ დროს ეს `ხელი~ რატი სურამელს აქვს. ერთი შეხედვით ეს სრულიად მართებული შენიშვნაა. მაგრამ ჩვენი აზრით ამ წინააღმდეგობის დაძლევა შეიძლება. ის რომ ყუთლუ-არსლანის გამოსვლის დროს ქართლის ერისთავი რატი სურამელია ცხადია. `ისტორიანი და აზმანი~ გვაუწყებს, რომ თამარმა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად გააგზავნა `ორი საპატიო დიოფალი~ კრავაი ჯაყელი და `ხუაშაქ ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთ-ერისთავისა რატისი~ (97:32). აბულასანი, რომ გამხდარიყო ქართლის ერისთავი, ამისათვის საჭირო იყო, რათა ერისთავობა ჩამორთმეოდა რატის. მართალია მეფეს ჰქონდა იმის იურიდიული უფლება, რომ ესა თუ ის `ხელი~ ჩამოერთმია ნებისმიერი პიროვნებისათვის ნებისმიერ დროს, მაგრამ რეალურად საქმის ვითარება სხვანაირი იყო. ფეოდალურ სახელმწიფოში `ხელის~ ჩამორთმევა პიროვნების `დამცრობას~ ნიშნავდა. ამისთვის კი სერიოზული მიზეზი იყო საჭირო. მაგალითად მეფის ორგულობა. რატი სურამელთან დაკავშირებით ამას ვერ ვიფიქრებთ. პირიქით, რატის დედას გარკვეული დამსახურება ჰქონდა მეფის ხელისუფლების წინაშე (ვგულისხმობთ ყუთლუს `დასელებთან~ მოსალაპარაკებლად მისვლას). ეს კი უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს იმისათვის, რომ ამ ამბიდან ერთი წლის მერე ვივარაუდოთ რატისთვის ერისთავობის ჩამორთმევა და მისი დამცრობა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ შიდაპოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც თამარის მეფობის პირველ წლებში მიმდინარეობდა შეიძლება მოვლენების სხვაგვარი განვითარება ვივარაუდოთ. თითქმის ყველა მკვლევარი, აბულასანის დაწინაურებას სამეფო კარზე უკავშირებს გიორგი რუსის ჩამოყვანას საქართველოში. ეს მოსაზრება სრულიად მართებულია. საკმარისია გავიხსენოთ, რომ აბულასანი იყო გიორგი რუსის საქართველოში ჩამოყვანის ერთ-ერთი ინიციატორი. ჩვენ ვიზიარებთ ი. ანთელავას აზრს, რომ `ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა, იური ანდრიას ძიის ჩამოყვანა და 1188 წლის ამბოხება, გიორგი III-ის პოლიტიკის (თუნდაც გარეგნულად) მომხრე დიდებულთა ერთი გავლენიანი ჯგუფის მოძრაობის სამი სხვადასხვა ფაზა იყო. ამ ჯგუფში ერთ-ერთი წარმმართველი ფიგურა უნდა ყოფილიყო კათალიკოსი მიქაელ მირიანის ძე. ყუთლუ-არსლანის დასის მარცხის შემდეგ... დასმა, როგორც ჩანს თავისი პოლიტიკური მიზანდასახულობის შესრულება ამჯერად თამარის დაქორწინების გზით მოინდობა და იური ანდრიას ძის კანდიდატურა წამოაყენა~ (10;221). ჩვენთვის ამჯერად მთავარია, რომ მკვლევარი ყუთლუ-არსლანის გამოსვლასა და გიორგი რუსის ჩამოყვანას ერთი დასის მოქმედებად მიიჩნევს. თუ გავითვალისწინებთ აბულასანის როლს გიორგი რუსის ჩამოყვანის საქმეში, ნათელი გახდება, რომ აბულასანიც ამ დასის აქტიური წევრი უნდა ყოფილიყო.
    გავიხსენოთ `ისტორიანი და აზმანის~ ცნობა, რომ თამარმა ყუთლუ-არსლანის მომხრეებთან მოსალაპარაკებლად გააგზავნა კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი. ცხადია ეს ორივე მანდილოანი მეფის მომხრე იქნებოდა. ხვაშაქ ცოქალი კი იყო რატი სურამელის დედა. ყოველივე ეს გვავარაუდებინებს იმას, რომ ქართლის ერისთავი რატი სურამელიც მეფის მომხრე იყო.
   1185 წელს გიორგი რუსის ჩამოყვანა და მისი თამარზე დაქორწინება იმ დასის გამარჯვება უნდა ყოფილიყო, რომელსაც ეკუთვნოდა აბულასანი (ამავე დასის ერთ-ერთი აქტიური წევრი უნდა ყოფილიყო ყუთლუ-არსლანიც). ჩვენი აზრით აბულასანი და რატი სხვადასხვა დასში უნდა ყოფილიყვნენ. 1185 წელს გაიმარჯვა იმ დასმა, რომლის წევრიც იყო აბულასანი. გამარჯვებულები შეეცდებოდნენ კიდევ უფრო გაეზარდათ თავისი გავლენა. ასეთ პირობებში სრულიად დასაშვებია, რომ რატი სურამელს, როგორც დამარცხებული დასის წევრს ჩამორთმეოდა ქართლის ერისთავობა და გადასცემოდა ერისთავობა გამარჯვებულთა ერთ-ერთ აქტიურ წევრს _ აბულასანს. ეს უკანასკნელი ქ. ჩხატარაიშვილის აზრით, იყო დიდებული _ წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან (236;93-99).
   1187 წელს გიორგი რუსის განდევნა იყო იმ დასის მარცხი, რომლის წევრიც აბულასანი იყო. როლები შეიცვალა. ამჯერად გამარჯვებული რატი სურამელი აღმოჩნდა, ხოლო დამარცხებული _ აბულასანი. შეიქმნა იმის ყველა პირობა, რომ რატის დაებრუნებინა ორი წლის წინ დაკარგული ერისთავობა.
   ყოველივე ზემოთ თქმული ცხადყოფს, რომ სრულიად დასაშვებია აბულასანის ერისთავობა ქართლში 1185-1187 წლებში. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა. დასავლეთ საქართველოს დიდებულთა ამბოხის დროს, ამბოხებულთა ნაწილი ქართლში გადმოვიდა, აქ მათ `მიერთნეს ვიეთნიმე ქართველნიცა და სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთეულობისა~ (97:53). ნ. ბერძენიშვილი წერდა: `საკითხს იმის შესახებ თუ რომელი მხარე ვის უჭერდა მხარს ძირითადად ის გარემოება წყვეტდა, თუ ამა თუ იმ ქვეყნის პატრონი (ერისთავთ-ერისთავი) ვის მხარეზე გამოდიოდა. თუმცა ამის საწინააღდეგო მოწმობაც მოგვეპოვება. ქართლის ერისთავი თამარის მხარესაა, ხოლო `ვიეთნიმე ქართველნიცა~ რუსის მხარეზე დგანა~ (44:171) სრულიად მართებულია ი. ანთელავას აზრი, რომ `სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთიულობისა~ _ `ადვილი ასახსნელია, რადგან იურის მოწვევის ინიციატორი აბულასანი, როგორც ცნობილია, `შვიდთა მთიულეთთა~ პატრონი იყო~ (10;224). აჯანყებაში ზოგიერთი ქართლელის მონაწილეობამ შეიძლება გვავარაუდებინოს, რომ ამ დროს ქართლის ერისთავი ისევ აბულასანია. მაგრამ ეს გამორიცხულია. `ისტორიანი და აზმანის~ მიხედვით _ `ზრახვა ყვეს რომელნი მყოფ იყვნეს მის წინაშე (იგულისხმება თამარი _ მ. ბ.) თვით ჭიაბერი მანდატურთუხუცესი, ჰერ-კახნი, დიდებულნი და აზნაურნი, თანადართვითა ყივჩაყთათა, და შეყრილთა ქართლისა ერისთავისა და ქართველთა დიდებულთა, წინაძღუანვითა დავით მეფისა~ (97:53). ცხადია, რომ აჯანყების დროს ქართლის ერისთავი მეფის ერთგულია. ეს ფაქტი კი გამორიცხავს აბულასანის ერისთავობას. ქართლის ერისთავი რატი სურამელია. `ვიეთნიმე ქართველთა~ მონაწილეობა აჯანყებაში, ჩვენი აზრი არის შედეგი ქართლში აბულასანის ორწლიანი ერისთავობისა.
    რატის შემდეგ ერისთავი უნდა გამხდარიყო მისი ვაჟი სულა. ეს უკანასკნელი მოიხსენიება ლაშა-გიორგის 1207-1222 წლების სიგელში _ `მოვიდა ჩუენსა წინაშე სულა ქართლის ერისთავი, ძე ერისთავთ-ერისთავისა ქართლის ერისთავისა რატი სურამელისა~ (217;107). სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია სულა სურამელის მოღვაწეობის ზუსტი წლები. პირობითად შეიძლება ვიგულისხმოთ XIII საუკუნის 10-იანი _ 30-იანი წლები.
   სულას შემდეგ ქართლის ერისთავობა გადავიდა მისი ძის გრიგოლის ხელში. ეს უკანასკნელი ერისთავად ჩანს 1242 წლის ახლო ხანებში. როდესაც რუსუდანი დაუზავდა მონღოლებს და აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა, შეგებებულთა შორის იყო `ქართლის ერისთავი სურამელი გრიგოლ~ (186;195). გრიგოლი სურამელთა საგვარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ის იყო დუმნისთავი, როდესაც მონღოლებმა საქართველო დუმნებად დაჰყვეს (186;208). ერისთავობასთან ერთად გრიგოლი იყო მსახურთუხუცესი (217;130 და 154). გრიგოლის ერისთავობა დასტურდება დოკუმენტებითაც. 1247-1250 წლების დაწერილში გრიგოლი შემდეგნაირად მოიხსენიებს თავის თავს _ `მე გრიგოლ ქართლის ერისთავსა... ძესა სულკურთხეულისა სულა ქართლის ერისთავთ-ერისთავისა~ (217;123). გრიგოლ სურამელის ბოლო მოხსენიება წყაროებში განეკუთნება 1260 წელს და ეხება დავით ულუს აჯანყების ფაქტს. ჟამთააღმწერელი წერს: `უმრავლესნი წარვიდეს ყაენს წინაშე: შანშეს ძე ივანე, და გრიგოლ სურამელი, და კახა ერისთავვი ახალქალაქისა~ (186;239). ამის შემდეგ გრიგოლი წყაროებში აღარ მოიხსენიება. მისი ერისთავობის პერიოდი შეიძლება დაახლოებით განისაზღვროს 1242-1260 წლებით.
   იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იყო `აღაპი ივანე ქართლის ერისთავის ძმისაი~ (158:107). ელ. მეტრეველის აზრით, თუ ივანე ქართლის ერისთავის სახელია, მაშინ ის შეიძლება იყოს ძაგან აბულეთის ძის მამა. ხოლო თუ ივანე არის ქართლის ერისთავის ძმის სახელი მაშინ მის ვინაობის დადგენა ძნელია, რადგან არ ჩანს თუ რომელი ერისთავის ძმას ერქვა ივანე. აღაპი დაწერილია XIII-XIV საუკუნეების ტაბულაზე. ძაგან აბულეთისძის 1259 წლის დაწერილში მართლაც მოიხსენიება მისი მამა ერისთავთ-ერისთავი ივანე (217;140); მაგრამ ივანეს ქართლის ერისთავობა გამორიცხულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მთელი XIII საუკუნის მანძილზე ქართლის ერისთავები სურამელთა საგვარეულოს წარმომადგენლები არიან. ჩვენი აზრით, აღაპი არის გრიგოლ სურამელის ძმის. ის, რომ გრიგოლის ძმა ჰყავდა, ეს ჩანს თავად მისივე დაწერილიდან _ `ჩემისა ძმისა და ღმერთშემოსილისა გრიგოლ ქართლისა ერისთავისა დაწერილისა... მე ივანე მეაბჯრეთუხუცესსა განაღამცა დამიმტკიცებია~ (217;124).
   გრიგოლის შემდეგ ერისთავია მისი ძე ბეგა. ცხადია, რომ ბეგა ერისთავი უნდა გამხდარიყო 1260 წლის შემდეგ. მაგრამ საინტერესოა 1247-1250 წლების დაწერილი, რომელშიც ბეგა უკვე ერისთავად მოიხსენიება _ `ვითა... მამასა ჩემსა უბრძანებია და დაუწერია... მეცა მათსა მიწასა და ძესა ბეგასა ქართლისა ერისთავსა განაღამცა დამიმტკიცებია~ (217;125). ამ ფაქტს, რომ მამა და შვილი ერთდროულად იხსენიებიან ერისთავებად ჩვენ სხვაგან განვიხილავთ და აქ მასზე აღარ შევჩერდებით. ბეგა სურამელი, რომელსაც მონღოლები სალინბეგას ეძახდნენ, იყო დავით ნარინთან `მცირედ თანაზრდილი~ (186;206). დავით ნარინი დაიბადა 1225 წელს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამავე ხანებში დაიბადა ბეგაც. ეს უკანასკნელი მამის მსგავსად ფლობდა ორ თანამდებობას: ქართლის ერისთავობასა და მსახურთუხუცესობას _ `მე მსახურთუხუცესმან ბეგამან, ძემან გრიგოლ სულკურთხეულისამან~ (217;165).
   წყაროებით ცნობილია, ბეგას სამი ვაჟი: ამადა, რატი (186;284), მიქელი (217; 194) და ერთი ქალი ხუაშაქი, რომელიც იყო ბედან დადიანის მეუღლე _ `მანდატურთუხუცესი ბედან დადიანი და ცოლი მათი ბეგაისა ქართლისა ერისთავისა ასული ხუაშაქი...~ (85:139) როგორც ჩანს ვაჟებს შორის უფროსი იყო ამადა, რადგან ის მოიხსენიება ერისთავად 1297-1298 წლების დავით VIII სიგელში _ `ღმრთისა სწორთა ბრძანებისა მოწამე ვარ მიწაი მსახურთუხუცესი და ქართლისა ერისთავი ამადა სურამელი~ (217;195). ამადაც, ბაბუისა და მამის მსგავსად ქართლის ერისთავობასათნ ერთად არის მსახურთუხუცესი. ამადას ერისთავად მოიხსენიებს ჟამთააღმწერელიც _ უღონო იქმნა ქუენიფნეველი და ევედრა სურამელსა მსახურთუხუცესსა და ქართლისა ერისთავსა ჰამადას, რათა იურვოს მეფის წინაშე.~ (186;307) ჩვენთვის საინტერესოა მემატიანეს შემდეგი ცნობა _ `ცნა (დავით VIII) არღარა მოცემა ცოლისა თვისისა ოლჯათისი, იქორწინა ქართლისა ერისთავისა ჰამადას ასული~ (186;309). ვახუშტი ამ ფაქტს 1302 წლით ათარიღებს (23;248-249). ამ ცნობას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ქვემოთ.
   ამადა სურამელი არის, წყაროებით ჩვენთვის ცნობილი, სურამელთა საგვარეულოს ბოლო წარმომადგენელი და ამავე დროს უკანაკნელი ქართლის ერისთავი. ამის შემდეგ ე.ი. XIV საუკუნის დასაწყისიდან წყაროები არ მოიხსენიებენ კონკრეტულად არც ერთ ქართლის ერისთავს. ამან შეიძლება წარმოშვას ვარაუდი, რომ ქართლის საერისთავო გაუქმდა. კერძოდ ამგვარი აზრი გამოთქმული აქვს დ. გვრიტიშვილს (65:68).
   გ. არახამია აღნიშნავს, რომ მართებული არ უნდა იყოს აზრი ქართლის საერისთავოს გაუქმების შესახებ. მკვლევარის აზრით ამას მოწმობს 1460 და 1470 წლების სიგელები, რომლებშიც იხსენიება ქართლის ერისთავი (15;133). ჩვენ ვიზიარებთ გ. არახამიას ამ აზრს. მართლაც 1460 წლის გიორგი VIII-ის სიგელში ვკითხულობთ _ `ქართლისა ერისთავნო და ერისთავთ-ერისთავნო და ყოელნო თავადნო ქართლისანო...~ (188;278) 1470 წლის შალვა ქვენიფნეველი სიგელი _ `აღმიშენებია მეფეთა, ერისთავთა, ქართლისა ერისთავთა და ყოველთა პატრონთა და ხელისუფალთაგან შეუვალი~ (77:141). ამას ჩვენ დავუმატებთ კიდევ ორ სიგელს: 1348 წლის სიგელი ანდრონიკე მეფისა წითლოსანისადმი _ `აწ ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩიუენი... ერისთავთა-ერისთავთა და ქართლის ერისთავთა...~ (77:99). 1408 წლის კონსტანტინე მეფის სიგელი _ აწ ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე... სუანთა ერისთავთა, გურიელთა, ქართლის ერისთავთა...~ (86:435) ჩვენი აზრით ამ დოკუმენტებში ქართლის ერისთავის მოხსენიება არ უნდა იყოს შემთხვევითი ან ძველი ტრადიციის შედეგი. როგორც ჩანს ქართვლის საერისთავო არსებობს XIV-XV საუკუნეებში.
   ჩვენ ვერ დავეთანხმებით გ. არახამისა აზრს, `ძეგლი ერისთავთაში~ მოხსენიებული სურამელის შესახებ. ჯერ ვნახოთ `ძეგლი ერისთავთას~ შესაბამისი ადგილი _ `მაშინ მთიულნი არაგვისა ზედაზნით დარიალამდისნი ყოველნი ერთად შეკრებით იყუნეს და უძღოდა მათ ერისთავი მათი სურამელი~ (77:117). ეს ამბავი ხდება 1404-1405 წლებში. ამ ცნობაზე დაყრდნობით გ. არახამია ვარაუდობს, რომ `სურამელები როგორც ქართლის ერისთავთ-ერისთავები უმაღლეს სამოხელეო იურისდიქციას ავრცელებენ არაგვის ერითავებზე (შაბურისძეებზე), როგორც ქართლის საერისთავთერისათვოს შიდა საერისთავოს გამგებლებზე, ამრიგად XIV-XV სს. მიჯნაზე სურამელები ქართლის ერისთავთ-ერისთავები არიან, ხოლო შაბურისძეები მათდამი დაქვემდებარებული არაგვის ერისთავები.~ (15;134) ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ არაგვის საერისთავოსთან დაკავშირებით, მაგრამ აქ აღვნიშნავთ შემდეგს _ არაგვის საერისთავო არ შედიოდა ქართლის საერისთავერისთავოს შემადგენლობაში. ასეთი რამ წყაროებით არ დასტურდება. რაც შეეხება `ძეგლი ერისთავთას~ სურამელს, ჩვენი აზრით ის ამ შემთხვევაში არის პიროვნების სახელი და საერთო არაფერი აქვს ქართლის ერისთავების გვართან. ის, რომ სახელი სურამელი არსებობდა ეს ჩანს 1457-1460 წლების დავით ბარათას ძე ქაჩიბაძის სიგელიდან _ `შვილთა ჩუნთა ლაპა, ბარათა, სურამელმან და ქავთარ...~ (188;271) საერთოდ XV საუკუნეში არის შემთხვევები, როდესაც პიროვნების სახელად გვევლინება წინა საუკუნეებში გავრცელებული გვარები. ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა 1487 წლის სიგელი `დაგიწერეთ ქავთარის ძესა საღვინის მოლარესა ახალციხელსა და თქვენთა ძმათა თორელსა, ეშიმასა... (65:301) ამრიგად, ჩვენი აზრით `ძეგლი ერისთავთას~ სურამელი არის პიროვნების სახელი და საერთო არაფერი აქვს ქართლის ერისთავ სურამელებთან.
   საინტერესოა, რატომ გაქრა წყარობიდან სურამელთა საგვარეულო და რატომ არ მოიხსენიებენ წყაროები XIV-XV საუკუნეების მანძილზე კონკრეტულ ქართლის ერისთავებს (ზოგადად, როგორც ვნახეთ ისინი მოიხსენიებიან). ამ საკითხში გარკვევისათვის, ჩვენი აზრით საჭიროა თვალი გადავავლოთ XIV საუკუნის დასაწყისის საქართველოს ვითარებას და გავიხსენოთ ცნობა იმის შესახებ, რომ 1302 წელს დავით VIII-მ ცოლად მოიყვანა ამადა სურამელის ასული. ჩვენ ვიზიარებთ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ აზრს, რომ `დავითს უფროსი ვაჟები _ მელქისედეკი და ანდრონიკე ოლჯათისაგან უნდა ჰყოლოდა... რაც შეეხება დავითის მესამე ვაჟს _ გიორგის, იგი მეფეს მეორე ცოლისაგან უნდა ჰყოლოდა. როგორც აღვნიშნე ქორწილს 1302 წ. ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია გიორგის დაბადება 1299 წ. ვივარაუდოთ~ (174;121). დავით VIII-ის მეორე ცოლი იყო ამადა სურამელის ასული, გამოდის რომ გიორგი მცირის ბაბუა იყო ამადა სურამელი. როგორც ცნობილია გიორგი VI მცირე მონღოლებმა გაამეფეს 1308 წ. ხოლო 1314 წ. ახლო ხანებში ხელმეორედ გაამეფეს (172;44) მართებულად შენიშნავს ვ. კიკნაძე, რომ `ამის შემდეგ, როგორც ტახტის კანონიერ მემკვიდრეს... გიორგი VI მცირეს უნდა ემეფა. მაგრამ მისმა ბიძამ გიორგი V-მ ბრძოლა დამთავრებულად არ ჩათვალა... და ცოტა ხნის შემდეგ თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა ტახტის ბედი... 1318 წლისათვის, კი როცა გიორგი V-მ ჩანს, თავისი კონკურენტი თავიდან მოიშორა (ამის ყველაზე თვალნათლივი მაჩვენებელია ჟამთააღმწერლის სიჩუმე და გიორგი VI-ის უეცარი გაქრობა მისი თხზულებიდან) და ყაენი ოლჯაითუც გარდაიცვალა, გიორგი დიმიტრის ძემ თავისას მიაღწია~ (111:57). ცხადია, რომ გიორგი მცირეს თავისი მომხრეებიც ეყოლებოდა. რომელთა შორის სურამელებიც უნდა ყოფილიყვნენ, ამადა სურამელი ხომ გიორგი მცირის ბაბუა იყო. გიორგი V რა თქმა უნდა შეეცდებოდა გიორგი VI-ის მომხრეების თავიდან მოცილებას. ალბათ ამ დროს დაკარგეს ერისთავობა სურამელებმა. არ გვგონია, რომ გიორგი V-ს თავისი მოწინააღმდეგებისათვის დაეტოვებინა ქართლის ერისთავობა.
    ვახუშტის მიხედვით, მას შემდეგ რაც 1327 წელს გარდაიცვალა ჩობან ნოინი, გიორგი V-მ ისარგებლა საილხანოში არსებული არეულობით და `განასხნა თათარნი საქართველოსაგან... მერმე მოიყვანა ყოველნი ამის ქუეყანის ერისთავნი და წარჩინებულნი, რეცა დარბაზობად ცივსა ზედა ჰერეთისასა და მოსწყვიდნა მუნ ურჩნი თვისისა მეფობისანი~ (23;256). არაა აუცილებელი, სურმელებიც `ცივის დარბაზობის~ მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. მაგრამ, ჩვენი აზრით მათი ერისთავობა ქართლში 1327 წლის შემდეგ ნაკლებ სავარაუდოა. ერთი რამ ცხადია, 1318 წლამდე ვიდრე მეფე იყო გიორგი მცირე სურამელებს ქართლის ერისთავობას ვერავინ წაარმევდა. ერისთავობა მათ, ალბათ, 1318-1327 წლებს შუა დაკარგეს.
   გიორგი V რა თქმა უნდა ქართლში დანიშნავდა ახალ ერისთავს. აკი ვახუშტიც _ `დაადგინნა ყოველთა ადგილთა წარვლინებულნი ერისთავნი თვისნი მორჩილებისანი და დაიპყრნა ამით უმეტეს ყოველნი~ (23;256). მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია კონკრეტული ერისთავების ვინაობა XIV-XV საუკუნეებში. აღნიშნული საუკუნეები არის, ერისთავობის, როგორც სამოხეოელ ინსტიტუტის მოშლის ხანა. ამავე პერიოდში ქართლში იქმნება სათავადოები (საამილახვრო, საციციანო და სხვ.). ყოველივე ამან ალბათ გამოიწვია ქართლის ერისთავის გავლენის შესუსტება და ეს უკანასკნელი ისე აქტიურად ვეღარ ზემოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. წყაროებიც ალბათ ამიტომ აღარ მოიხსენიებენ მათ.
   ქართლის საერისთავოს გაუქმების ზუსტი დრო უცნობია. ჩვენი აზრით საერისთავოს არსებობა უნდა შეეწყვიტა XV საუკუნის ბოლოს.
   ქართლის ერისთავების სია X საუკუნის ბოლოდან, ჩვენ შემდეგი სახით წარმოგვიდგენია:
ივანე მარუშის ძე (978 წლამდე)
ივანე აბაზას ძე (XI ს-ის 30-იანი წ. _ 1045)
ლიპარიტ IV ბაღვაში (1045-1048, 1051-1057)
ლიპარიტ ორბელი (XII ს-ის 60-იანი წ. _ 1177)
რატი სურამელი (1177-1185, 1187-XII ს-ის ბოლო)
აბულასანი (1185-1187)
სულა სურამელი (XIII ს-ის დასაწ. _ XIII ს-ის 30-იანი წ.)
გრიგოლ სურამელი (1242-1260)
ბეგა სურამელი (1260 _ XIII ს-ის 80-იანი წ.)
ამადა სურამელი (XIII ს-ის 90-იანი წ. _ XIV ს-ის 10-იანი წ.)
$2 კლდეკარის საერისთავო
   კლდეკარის საერისთავოც, ქართლის საერისთავოს მსგავსად, არსებობდა ბაგრატ III-ის გამეფებამდე. ბაღვაშები თრიალეთში დამკვიდრნენ IX ს-ის 80-იან წლებში.
   ბაგრატ III-ის დროს კლდეკარის ერისთავი იყო რატი I ბაღვაში. `იყო მას ჟამსა ერისთავად კლდეკართა რატი ... არა მორჩილებდა კეთილად ბაგრატ მეფესა~ (145:276). 988 წელს ბაგრატმა დაამარცხა ურჩი ერისთავი და ამ უკანასკნელმა `მისცა ციხე თვისი ბაგრატს და თვით დაჯდა მამულსა თვისაა არგუეთს~ (145:278). ამ ცნობაზე დაყრდნობით შეიძლება, თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ მეფემ რატის ჩამოართვა კლდეკარის ერისთავობა. სანამ განვიხილავდეთ საკითხს თუ ვინ გახდა ერისთავი 988 წლის მერე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ რატის ერისთავობა დასტურდება ეპიგრაფიკული ძეგლებითაც. რატი მოიხსენიება ატენის, შეპიაკის, დაშბაშის ეკლესიათა წარწერებში (234;202, 238, 244, 246).
   ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის გადასცა ბაგრატ III-მ კლდეკარის ერისთავობა 988 წლის მერე.
   ა. ბაქრაძის აზრით _ 988-1023 წლებში კლდეკარის ერისთავი იყო ზვიად მარუშიანი. მხოლოდ მისი დაჭერის მერე დაიბრუნეს ერისთავობა ბაღვაშებმა (30;60-61).
   ვ. კოპალიანის აზრით _ ზვიად მარუშიანი არასდროს არ იყო კლდეკარის ერისთავი. ამავე დროს მკვლევარი იზიარებს იმ აზრს, რომ ბაგრატმა 988 წელს ჩამოართვა ერისთავობა რატის (302;14).
   რ. მეტრეველის აზრით _ `ბაგრატ მეფემ კლდეკარის ერისთავად რატი ბაღვაშის ძე ლიპარიტი დასვა და ამ გზით ეს მხარე დაიმორჩილა (159:50).
   ნ. ბერძენიშვილი გამოთქვამდა შემდეგ თვალსაზრისს: რატი ბაღვაშმა თავისი სამფლობელო გადასცა ბაგრატ III-ს და თავად არგვეთში დასახლდა. `ჩანს პატრონი და ვასალი ისე მორიგდნენ, რომ რატი ხელს აიღებდა თრიალეთზე, მაგრამ ისე, რომ კლდეკარსა და თრიალეთს პატრონი რატის შვილს, ლიპარიტს უწყალობებდა ... ბაგრატმა კლდეკარელი ვასალი დაიმორჩილა და ლიპარიტ ბაღვაში ერისთავად დასვა~ (44:14-15).
   მტკიცება იმისა თუ ვის გადასცა მეფემ კლდეკარის ერისთავობა ძნელია. წყაროები ამის შესახებ არავითარ ცნობას არ გვაწვდიან. შეიძლება მხოლოდ დავეყრდნოთ არაპირდაპირ ცნობებს და გამოვთქვათ ესა თუ ის ვარაუდი.
   პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 1021 წლისათვის რატი ერისთავად იწოდება. შირიმნის ბრძოლასთან დაკავშირებით `მატიანე ქართლისაი~ წერს _ `მოკლეს ერისთავნი და დიდებულნი რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი~ (145:284), სუმბატ დავითის ძის მიხედვით _ `მოიკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი~ (203;383). ორივე მემატიანე ხმარობს მრავლობით ფორმას _ `ერისთავნი~ _ რაც იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ერისთავები არიან რატიც და ხურსიც. ამრიგად ცხადია, რომ XI საუკუნის ორი ისტორიკოსი რატი ბაღვაშს 1021 წლისათვის მიიჩნევს ერისთავად. აქ ჩვენი აზრით, ორი შესაძლებლობაა: ან მემატიანეები იმიტომ უწოდებენ რატის ერისთავს, რომ ის ერთ დროს (988 წლამდე) იყო ერისთავი, ანდა მათ იციან, რომ 1021 წლისათვის რატი რეალურად ფლობდა ერისთავის `ხელს~. ჩვენ ეს მეორე შესაძლებლობა უფრო სწორი გვგონია. ასეთ შემთხვევაში გასარკვევია თუ რომელი მხარის ერისთავია 1021 წელს რატი. თავის დროზე ნიკორწმინდის ხატის წარწერაზე დაყრდნობით ს. კაკაბაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბაგრატ III-მ დამარცხებულ რატის მისცა რაჭის ერისთავობა (111:105). ამ საკითხზე ჩვენ დაწვრილებით შევჩერდებით რაჭის საერისთავოსთან დაკავშირებით, აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ _ ბაღვაშებს რაჭის ერისთავობა უნდა მიეღოთ ბაგრატ IV-ის დროს. ბაგრატ III არ იყო ის მეფე რომელიც ორგულებს ახალ საერისთავოებს აძლევდა. ჩვენი აზრით რატის ერისთავობა რაჭაში გამორიცხულია. ჩვენი აზრით, რატი 1021 წლისათვის კვლავ კლდეკარის ერისთავია. ცხადია ეს შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ ბაგრატ III-ის გარდაცვალების მერე, 1014 წლის შემდგომ. ცნობილია, რომ ბაღვაშები, რომლებიც თითქმის განუწყვეტლივ ებრძოდნენ სამეფო ხელისუფლებას, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ პერიოდში სწორედ რომ სამეფო კარის ერთგულები არიან. ამ ერთგულების მიზეზი ჩვენი აზრით უნდა იყოს ის, რომ გიორგი I-მა მათ დაუბრუნა კლდეკარის ერისთავობა. ეს ალბათ მოხდა ბაგრატ III-ის გარდაცვალებიდან მალევე. პირობითად შეგვიძლია ავიღოთ 1016 წელი.
   რატი I-ის ერისთავობა შეიძლება შემდეგნაირად განვსაზღვროთ _ 988 წლამდე და 1016-1021 წლებში.
   ერთადერთი პიროვნება რომლის ერისთავობაზეც 988-1014 წლებში შეიძლება ვილაპარაკოთ, არის ზვიად მარუშიანი. ზვიადის საკითხს ჩვენ შევეხებით ჯავახეთის საერისთავოსთან დაკავშირებითაც. ამჯერად კი გვაინტერესებს მისი მიმართება კლდეკარის საერისთავოსთან დაკავშირებით. ზვიად მარუშიანი მოხსენიებულია თრიალეთის ტერიტორიაზე არსებულ ორ ეპიგრაფიკულ წარწერაში (ის მოიხსენიება `მატიანე ქართლისაიშიც~ და სუმბატ დავითის ძესთანაც, მაგრამ ამ წყაროებიდან არ ჩანს თუ რისი ერისთავია ის). ეს წარწერებია: ლივადის წარწერა _ ` ... შეიწყალე ვარდა ძე მონისა ზვიადისაი ერისთავთ-ერისთავისაი~ (28;59) და დიდი გომარეთის წარწერა _~ ... მას ჟამსა ოდეს ძლიერმან და უძლეველმან გიორგი აფხაზთა მეფემან შეიპყრნა ზვიად მარუშიანი, მაშინ ესე ბალავარი დაიდვა...~ (28;59). აშკარაა, რომ ზვიად მარუშიანს რაღაც კავშირი აქვს თრიალეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა მოხსენიებული ამ მხარეში არსებულ წარწერებში. რა თქმა უნდა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეფემ თრიალეთის ნაწილი მამულობით უბოძა ზვიადს და ის ამიტომ მოიხსენიება აქ. იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ ზვიადი იყო სამეფო დომენის გამგებელი თრიალეთში. ჩვენი აზრით, ყველაზე რეალურია მისი მიჩნევა კლდეკარის ერისთავად.
   მთელი XI საუკუნისის მანძილზე, წყაროებით არ დასტურდება თრიალეთში არც ფეოდალური მამულისა და არც სამეფო დომენის არსებობა. ჩვენი აზრით ბაგრატ III-მ 988 წელს კლდეკარის ერისთავობა გადასცა ზვიად მარუშიანს. როგორც დიდი გომარეთის წარწერიდან ირკვევა, 1023 წელს მეფემ შეიპყრო ზვიადი. ეტყობა გიორგი I-სა და ზვიად მარუშიანს შორის იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ალბათ საკმაოდ დიდიც რადგან საბოლოოდ ყველაფერი ზვიადის დაპატიმრებით დამთავრდა. არაა აუცილებელი რომ ეს წინააღმდეგობა მეფესა და ერისთავს შორის დაწყებულიყო მაინც და მაინც 1023 წელს. პირიქით, ეს დაპირისპირება ალბათ ადრევე არსებობდა. ჩვენი აზრით სწორედ ამ დაპირისპირების გამო ჩამოართვა მეფემ მას კლდეკარის ერისთავობა. ცხადია ეს არ მოხდებოდა ბაგრატის გარდაცვალებისთანავე. ზვიად მარუშიანი ეტყობა ბაგრატ III-ის უახლოესი თანამებრძოლი იყო. როგორც ცნობილია სწორედ მან `წამოიღო გუამი~ მეფისა და `დამარხა ბედიას~: (145:282). ზვიადისათვის ერისთავობის ჩამორთმევის და შესაბამისად ბაღვაშებისათვის ამ `Ãელის~ დაბრუნების წლად პირობითად შეიძლება ავიღოთ 1016 წელი. ცხადია ერთი რამ, 1021 წლისათვის მაინც ზვიადი აღარ არის კლდეკარის ერისთავი. ერისთავი ამ დროს რატი ბაღვაშია. ასეთ შემთხვევაში ახსნას მოითხოვს ის ფაქტი, რომ ზვიადი მოხსენიებულია 1023 წლის წარწერაში, ის ხომ ამ დროს აღარ არის ამ მხარის ერისთავი? პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ წარწერაში ზვიადი არ იწოდება ერისთავად. როგორც ჩანს წარწერის შემსრულებელმა კარგად იცის, რომ ამ დროს ე. ი. 1023 წელს ზვიადი აღარ არის კლდეკარის ერისთავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღნიშნავდა, რომ მეფემ შეიპყრო არა უბრალოდ ზვიად მარუშიანი, არამედ ერისთავი ზვიად მარუშიანი. ზვიადის შეპყრობის ფაქტი წარწერის ამომკვეთმა იმდენად მნიშვნელოვან ამბად მიიჩნია, რომ სწორედ ამ ფაქტს დაუკავშირა ბალავრის დადების დრო, ზვიადის ყოფილი საგამგეოს ტერიტორიაზე.
   ამრიგად ჩვენი აზრით, 988 წელს ბაგრატ III-მ კლდეკარის ერისთავობა ჩამოართავ რატის და გადასცა ზვიად მარუშიას. ამ უკანასკნელს თავის მხრივ ერისთავობა ჩამოართვა გიორგი I-მა (პირობითად ავიღოთ 1016 წელი) და დაუბრუნა ერისთავობა კვლავა რატის.
   1021 წელს რატის გარდაცვალების მერე ერისთავი გახდა ალბათ მისი ძე ლიპარიტ III-ს. ლიპარიტ III ერისთავად იხსენიება ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში. ამ მხრივ საინტერესოა შეპიაკის ეკლესიის წარწერა _ `აღვაშენე წმიდაი ესე ეკლესიაი ზეობასა, ადიდენ ღმერთმან, რატ ერისთავისა სალოცველად მზეგრძელობისა და სულისა მათისათუის და სალოცავად ძისა მათისა ლიპარიტ ერისთავისა~ (234;238) ლიპარიტ III ერისთავად მოიხსენიება გელათის სახარების ერთ-ერთ მინაწერშიც _ `სულსა მამისა ჩემისა ლიპარიტ ერისავთ-ერისთავისა ...~ (187;194). ზუსტი თარიღის დადგენა თუ როდემდე ერისთავობდა ლიპარიტ III ვერ ხერხდება. ცხადია მხოლოდ ის, რომ 1028 წლისათვის ერისთავია მისი ძე ლიპარიტ IV. ლიპარიტ III-ის ერისთავობა პირობითად შეიძლება განვსაზღვროთ 1021-1027 წლებით.
   ბაგრატ IV-ის გამეფების მეორე წელსვე საქართველოში შემოიჭრა ბიზანტიელთა ლაშქარი. ისინი მოვიდნენ `თრიალეთს, ციხესა ქუეშე კლდეკართასა, მას ჟამსა ჰქონდეს ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავსა ძესა ლიპარიტისასა~ (145:292). ლიპარიტ IV მოიხსენიება ეპიგრაფიკულ წარწერებშიც: იმერას წარწერაში _ `ქე ადიდე ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი ძე სულკურთხეულისა ლიპარიტისა~ (295;13), დიდი გომარეთის წარწერაში _ ` ... ადიდე ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი~ (28;61). ამბარლოს წარწერაში _ `მას ჟამსა მიწყია ოდეს შეიპყრა ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავმან ამირა~ (28;61). ლიპარიტი მოიხსენიება გელათის სახარების მინაწერშიც _ `ადიდენ ღმერთმან ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი და მაგისტროზი და ძენი მისნი რატ, ივანე და ნიანია~ (187;193). ლიპარიტ IV-ის ერისთავობა უნდა გაგრძელებულიყო 1057 წლამდე. ამ წელს `შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე ... ჩაიცუნა ჩოხანი ლიპარიტ და შეჰვედრა ძე თვისი ივანე მეფესა. დარჩა არგუეთის მამული ივანეს~ (145:300-301).
    გელათის სახარების მინაწერიდან ჩანს, რომ ლიპარიტ IV-ს ჰყავს სამი ვაჟი: რატი, ივანე და ნიანია. ამათგან უფროსი არის ალბათ რატი, რადგან ის პირველი მოიხსენიება. მაგრამ საინტერესოა, რომ 1057 წლის ამბებთან დაკავშირებით რატი არ ჩანს. ჩანან მისი ძმები ივანე და ნიანია, რომელიც ანისს გაიქცა. `მატიანე ქართლისაÁდან~ აშკარაა, რომ ლიპარიტ IV მემკვიდრედ ივანეს თვლიდა _ `შევედრა ძე თვისი ივანე მეფესა~ წერს ისტორიკოსი, არგვეთის მამულიც ხომ ივანეს დარჩა, სადაა რატი? ამ კითხვაზე შეიძლება ერთი პასუხი გაიცეს. ამ დროისათვის რატი აღარ არის ცოცხალი. საინტერესოა გოხნარის წარწერა, რომელშიც მოიხსენიება რატი ერისთავთ-ერისთავი და მისი ძმა ივანე (28;57 და 291;5). როდის შეიძლება ერისთვი ყოფილიყო ლიპარიტ IV-ის ძე რატი? როგორც ცნობილია 1048-1051 წლებში ლიპარიტ IV ტყვედ იყო თურქ-სელჩუკებთან. ჩვენი აზრით ამ დროს კლდეკარის ერისთავი უნდა ყოფილიყო რატი. გოხნარის წარწერაც ამ დროისა უნდა იყოს. ტყვეობიდან დაბრუნების მერე კი ერისთავი ალბათ კვლავ ლიპარიტი გახდა.
   1057 წელს ბაღვაშებმა კლდეკარის ერისთავობა დაკარგეს. ჩვენ ვიზიარებთ ნ. ბერძენიშვილის აზრს, რომ ლიპარიტის განდევნის მერე კლდეკარის ერისთავი გახდა მირიან თარხუნის ძე (39;38). მირიანი მოიხსენიება ბარმაკსიზის ხიდის წარწერაში _ `მე მირიან თარხონის ძემან აღვაშენე და ღირს ვიქმენ ეს ეკლესია ... აცოცხლენ ღმერთმან ბაგრატ მეფეთა მეფე სევასტოსი ამინ~ (162, 69). ის მოიხსენიება ასევე ვერეს წარწერაში _ `ადიდე ერისთავი მირიან და მეოხ ეყავ~ (16, 74). მირიანი ერისთავი უნდა ყოფილიყო 1059 წლამდე.
   1059 წელს ბიზანტიიდან დაბრუნდა ივანე და ბაგრატ IV-მ `უბოძა მამული არგუეთისა და ქართლისა და ჰმონებდა ერთგულობით და იყო ... სპასალარი საკეთითა მისითა~ (145:301). საინტერესოა კაცხის სახარების მინაწერი _ ` ... ესე ანდერძი მე ივანე პროედროსმან, ძემან ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავისამან პროედროსისა და პროტოარხონისამან დავწერე მას ჟამსა ოდეს ... აფხაზთა მეფემან ... კონსტანტინეპოლით მომიყვანა და მოვედი კაცხს, მამულას ჩუენსა~ (187;203). როგორც ვხედავთ ივანე თავის თავს მოიხსენიებს ბიზანტიური ტიტულით და არა ერისთავობით. მინაწერი გაკეთებულია ალბათ ივანეს დაბრუნებისთანავე და ცხადია მას ჯერ არა აქვს ერისთავობა მიღებული. რაც შეეხება `მატიანეს~ ცნობას არც აქ არის ნათქვამი რაიმე ივანეს ერისთავობის შესახებ. ვ. კოპალიანის აზრით მეფემ ივანეს ძველ სამფლობელოებთან ერთად უბოძა ქართლი და სპასალარის თანამდებობა (280;11). ჩვენი აზრით, ივანეს ამავე დროს ებოძა კლდეკარის ერისთავობაც. ნაკლებ რეალურად გვეჩვენება, რომ იმ დროს როცა მეფე მას უბრუნებს მამულებს და აძლევს სპასალარობას, ივანეს არ დაებრუნებინა კლდეკარის ერისთავობა. `ხელი~ რომელიც ტრადიციულად ბაღვაშთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ჩვენ ვთვლით, რომ ივანემ ერისთავობა დაიბრუნა 1059 წელს. ივანეს ერისთავობას ადასტურებს კლდეისის წარწერა _ `აღვაშენე ესე ეკლესია ... მე იოვანე ერისთავთ-ერისთავმან~ (28;62). ივანე რამოდენიმეჯერ განუდგა გიორგი II-ს. `მორიგი~ განდგომისას ის დამარცხდა. მეფემ კახელების დახმარებით დაამარცხა ის. ივანემ ერთგულება შეჰფიცა მეფეს და ამ უკანასკნელმა `დაიმტკიცა ივანე კლდე-კართა და სამშვილდესა ზედა~ (145:316). რ. მეტრეველის აზრით, ივანე `კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული~ (159:63). `მატიანე ქართლისაის~ ცნობიდან ცხადია, რომ მიუხედავად დამარცხებისა ივანემ შეინარჩუნა კლდეკარის ერისთავობა. მისი ერისთავობა უნდა გაგრძელებულიყო 1078 წლამდე. ამ წელს საქართველოში შემოიჭრა მალიქ-შაჰი. იგი `მოადგა სამშვილდესა და წარუღო სამშვილდე და ტყუე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილისშვილითა~ (145:317). ჩვენი აზრით გიორგი II-ს ერისთავობა, ნაცვლად დატყვევებული ივანესი, უნდა მიეცა მისი ძე ლიპარიტისთვის.
   სწორედ ლიპარიტია ერისთავი 1089 წელს, დავითის ტახტზე ასვლის ჟამს. მემატიანე წერს _ `ჰქონდეს თრიალეთი და კლდეკარნი და მიმდგომი მისი ქუეყანანი ლიპარიტს~ (71:325). როგორც ცნობილია დავით IV-მ ლიპარიტი ორგულობის გამო `შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ყო და საბერძნეთის გაგზავნა~ (71:326). რ. მეტრეველის აზრით ლიპარიტის გაძევება მოხდა 1096 წელს (159:80). ე. ი. მეფემ ლიპარიტი შეიპყრო 1094 წელს.
   ი. ანთელავა ეყრდნობა რა `ქართლის ცხოვრების~ ძველ სომხურ თარგმანს, სადაც ლიპარიტის ნაცვლად ყველგან წერია ივანე ლიპარიტის ძე, თვლის, რომ საჭიროა დავითის ისტორიკოსის თხზულების შესწორება. ყველგან სადაც წერია ლიპარიტი უნდა ჩავასწოროთ _ ივანე ლიპარიტის ძედ. `ივანე ლიპარტის ძე ტყვეობიდან დაბრუნებულა და სწორედ ის გაუძევებია დავით IV აღმაშენებელს~ (10;35). ი. ანთელავას ეს მოსაზრება უარყო ზ. პაპასქირმა. მისი აზრით, გაუმართლებელია სომხური თარგმანისათვის უპირატესობის მინიჭება, ქართულ ორიგინალთან შედარებით. `თავისთავად სავსებით დასაშვებია, რომ ივანე ლიპარიტის ძემ დროთა განმავლობაში, მართლაც, თავი დააღწია ტყვეობას და დაბრუნდა სამშობლოში. არაა გამორიცხული, რომ სელჩუკებმა, მას მერე რაც დაინახეს საქართველოს სამეფო ტახტზე მათთვის საშიში სახელმწიფო მოღვაწე _ დავით IV, მოინდომეს ბაღვაშთა საგვარეულოს გამოყენება მის წინააღმდეგ და სწორედ ამ მიზნით გაანთავისუფლეს ივანე ლიპარიტის ძე, მაგრამ ამ დროისათვის ეს უკანასკნელი, სავარაუდოა, ასაკოვანი იქნებოდა და ამის გამო დავითის წინააღმდეგ ომს მისი ვაჟი ლიპარიტი გაუძღვა~ (181;31). ჩვენი აზრითაც დავით აღმაშენებლის დროს კლდეკარის ერისთავი არის ლიპარიტ V, ძე ივანესი.
   რ. მეტრეველის აზრით, ლიპარიტის გაძევების მერე ერისთავი იყო მისი ძე რატი. `რაც შეეხება კლდეკარის საერისთავოს, მან კიდევ რამოდენიმე წელს იარსება, სათავეში ლიპარიტის ძე რატი ედგა ... (დავითმა) კლდეკარის საერისთავო გააუქმა და თავის სამფლობელოს შეუერთა 1103 წელს~ (159:80). ვ. კოპალიანის აზრითაც საერისთავო გაუქმდა რატის სიკვდილის მერე 1103 წელს (280;13). რატი ლიპარიტის ძე მართლაც 1103 წელს გარდაიცვალა, მაგრამ იყო ის ამ დროს ერისთავი თუ არა უცნობია. წყაროები მას ერისთავად არ მოიხსენიებენ. ჩვენი აზრით ბაღვაშებმა ერისთავობა დაკარგეს 1094 წელს, ლიპარიტ V-ის შეპყრობის მერე. არა გვგონია, რომ დავითს ერისთავობა კვლავ ბაღვაშების ხელში დაეტოვებინა.
   რაც შეეხება კლდეკარის საერისთავოს გაუქმებას, ჩვენი აზრით, ამგვარი რამ არ უნდა მომხდარიყო. არც ერთი წყარო არ ადასტურებს კლდეკარის საერისთავოს გაუქმების ფაქტს. დავითის ისტორიკოსი წერს _ `მოკუდა რატი ძე ლიპარიტისი ... და აღარავინ დაშთა საყოფელთა მათთა მკვიდრი ... და მამული მათი აღიღო მეფემან~ (71:326). შემდეგ მემატიანე წერს: `და მამული ლიპარიტეთი უმკვიდროდ დარჩენილ იყო, არამედ სხუათა მრავალთა და სამართლიანთა უსარზელ-მიუხუეჭელთა სოფელთა თანა მისცნა დედასა ღმრთისასა სამსახურებლად~ (71:330). სწორედ ამ ცნობაზე დაყრდნობით თვლიან, რომ დავითმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ის შესწირა გელათის მონასტერს (159:82). აღსანიშნავია, რომ მემატანე ყველგან ლაპარაკობს ბაღვაშთა მამულზე. იყო კი კლდეკარი მათი მამული? რა თქმა უნდა არა. მართებულად შენიშნავს ი. ანთელავა, რომ ლაპარაკია კაცხის მამულზე, რომელიც მეფემ ბეითალმანის უფლებით აიღო. `რაც შეეხება საერისთავოს გელათისათვის შეწირვას, საამისო მონაცემები არ ჩანს და არცაა მოსალოდნელი ვეებერთელა ადმინისტრაციული ერთეული მონასტრისათვის შეეწირათ, თუნდაც გელათისათვის~ (11;182).
   ბაღვაშთა მამული რომ არგვეთი იყო და არა კლდეკარი ეს ნათლად ჩანს წყაროებიდანაც. რატი I `დაჯდა მამულსა თვისაა არგუეთს~ (145:278). 1057 წელს ლიპარიტ IV-ის დატყვევების მერე `დარჩა მამული არგეუთისა ივანეს~ (145:301). თავად ივანეც ხომ წერს _ `მოვედი კაცხს, მამულსა ჩუენსა~ (187;203). შეუძლებელია მამულის ქვეშ ვიგულისხმოთ საერისთავო `ქუეყანა~. ჩვენი აზრით, დავით აღმაშენებელს კლდეკარის საერისთავო არ გაუუქმებია. მან მხოლოდ ჩამოართვა ერისთავობა ბაღვაშებს 1094 წელს. რატი კი 1103 წლამდე ფლობდა თავის მამულს არგვეთში.
   ჩვენი აზრით 1094 წელს დავით აღმაშენებელმა ერისთავობა გადასცა თევდორეს. მემატიანე წერს _ `თრიალეთი და კლდეკარნი ჰქონდეს თევდორეს, ჭყონდიდელის დისწულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა~ (71:331). კლდეკარის ფლობა თევდორეს მიერ სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა კლდეკარის საერისთავოს ერისთავობას. შევადაროთ მემატიანეს ნათქვამი თევდორეზე _ `თრიალეთი და კლდეკარნი ჰქონდეს თევდორეს~, იმავე მემატიანის ცნობას ლიპარიტ V-ის შესახებ _ `ჰქონდეს თრიალეთი და კლდეკარნი და მიმდგომი მისი ქუეყანა ლიპარიტს~ (71:325). როგორც ვხედავთ თევდორე იგივე ტერიტორიას ფლობს რასაც ლიპარიტი. გამონაკლისია მხოლოდ `მიმდგომი მისი ქუეყანა~, მაგრამ რა იგულისხმება მის ქვეშ უცნობია. კლდეკარის საერისთავოს ძირითად ნაწილს სწორედ `თრიალეთი და კლდეკარნი~ წარმოადგენდა. მართალია მემატიანე არ უწოდებს თევდორეს ერისთავს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის, რომ დავითის ისტორიკოსი საერთოდ არ ხმარობს ამ ტერმინს (თუ რატომ, ამას სხვაგან განვიხილავთ). ლიპარიტ V-ს ის უწოდებს ამირას და არ მოიხსენიებს მას ერისთავობით, თუმცა ლიპარიტს რომ ერისთავობა ჰქონდა უეჭველია. ამრიგად, ჩვენი აზრით, 1094 წლის მერე ერისთავია თევდორე. თევდორეს ერისთავად თვლის ი. ანთელავაც (11;182).
    ი. ანთელავას აზრით, დავითმა კლდეკარის საერისთავოს ნაწილი სამეფო დომენად აქცია, `მაგრამ საერისთავო ერთეული აქ მაინც ჩანს~ (11;182). შეიძლება სამეფო დომენად იქცა ის `მიმდგომი მისი ქუეყანა~, რომელსაც თევდორე აღარ ფლობს. ეპიგრაფიკულ მასალაზე დაყრდნობით ნათელია, რომ თრიალეთში XII საუკუნეშიც არის საერისთავო. ქვემო ჯინისის 1178-1185 წლების წარწერაში მოიხსენიება აფრიდონი. `მე ხოშაქსა, ერისთავთა-ერისთავისა მსახურთუხუცესისა აფრიდონის ცოლსა, ოსიყმის ასულსა ...~ (141:81). სწორედ ამ აფრიდონზე წერს `ისტორიანი და აზმანი~ _ `აზნაურისა ყმობისაგან მიიწია მსახურთუხუცესობამდის, თმოგვისა და სხვათა ციხეთა და ქუეყანათა პატრონობამდის აღზევებული~ (186;30). შ. მესხიას აზრით, თრიალეთის ერისთავი არის არა აფრიდონი არამედ ოვსიყმა (156:60). ოვსიყმას ერისთავობა არც ერთი წყაროთი არ დასტურდება. შეუძლებელია ის ყოფილიყო ერისთავი და ამ `ხელით~ არ ყოფილიყო მოხსენიებული წარწერაში. წარწერაში ერისთავად იწოდება აფრიდონი, რადგან ის არის ამ მხარის ერისთავი. აფრიდონს თრიალეთის ერისთავად თვლიდა ნ. ბერძენიშვილი (44:136). აფრიდონი ერისთავი გახდა 1178 წელს, ორბელთა აჯანყების მერე და შეინარჩუნა ეს თანამდებობა 1185 წლამდე.
   საინტერესოა ბეშთაშენის წარწერა _ `გურგენის ძეთა ავაგეთ, ერისთავისა ვახტანგის ბრძანებით~ (28;63). ჩვენი აზრით ვახტანგი ერისთავი უნდა ყოფილიყო აფრიდონამდე.
   XII საუკუნის მერე საერისთავო თრიალეთის ტერიტორიაზე აღარ ჩანს. როგორც ჩანს ამ მხარეში საერისთავო გაუქმდა. ა. ბაქრაძის აზრით, 1185 წლის მერე თრიალეთი გახდა სამეფო დომენი (28;77). ამას ნაწილობრივ ადასტურებს კიდეც გუნია-ყალის წარწერა.
  კლდეკარის საერისთავოს ერისთავების სია ჩვენ შემდეგნაირად წარმოგვიდგენია:
რატი I ბაღვაში (988 წლამდე, 1016-1021)
ზვიად მარუშიანი (988-1016)
ლიპარიტ III ბაღვაში (1021-1027)
ლიპარიტ IV ბაღვაში (1028-1048, 1051-1057)
რატი III ბაღვაში (1048-1051)
მირიან თარხუნის ძე (1057-1059)
ივანე ბაღვაში (1059-1073)
ლიპარიტ V ბაღვაში (1073-1094)
თევდორე (1094-XII ს-ის დასაწყისი)
ვახტანგი (XII ს-ის შუა ხანები)
აფრიდონი (1178-1185)
(რატი II-ს ჩვენ ვუწოდებთ ლიპარიტ IV-ის ძმას).
ჰერეთის საერისთავო
1008 წელს ბაგრატ III-მ „აღიღო ქუეყანა ჰერეთისა და განაჩინა მთავრად აბულალ“ (145:279). დ. მუსხელიშვილის აზრით: „ცხადია, რომ აბულალ ჰერეთის მთავარი იგივე ერისთავი თუ ერისთავთ-ერისთავია, რაც კვლავ მოწმობს, რომ ამ დროს არსებობდა ჰერეთის სამთავრო თუ ჰერეთის საერისთავო“ (165;99). თ. პაპუაშვილის აზრით, აბულალი მთავარია(182;204) მთავარი და ერისთავი, სამთავრო და საერისთავო _ სრულიად განსხვავებული, რომ არა ვთქვათ საწინააღმდეგო ტერმინებია. აბულალი ან მთავარი უნდა იყოს ან ერისთავი. ჩვენი აზრით აბულალი არ არის ერისთავი. ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ 1008 წელს ბაგრატმა მხოლოდ ჰერეთი შემოიერთა. „ჰერეთსა და აფხაზთა სამეფოს შორის კი მაშინ კახეთის სამთავრო იდო“ (165;69). სწორედ ამ მიზეზის გამო, აბულალს _ როგორც ჰერეთის მმართველად დადგინებულ პიროვნებას, ბაგრატ III მიანიჭებდა შედარებით უფრო მეტ უფლებებს ვიდრე „ჩვეულებრივ“ ერისთავებს. ამიტომ მართალია მემატიანე, როდესაც აბულალს უწოდებს მთავარს. მაგრამ აბულალის ყოფნა ჰერეთში დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. როგორც კი ბაგრატმა დატოვა ჰერეთი, დავით ქორესკოპოსმა დაიბრუნა ეს მხარე. 1010 წელს ბაგრატ III-მ საბოლოოდ დაიმორჩილა კახეთ-ჰერეთი და აქ თავისი ერისთავები დაადგინა. კახეთ-ჰერეთში რომ ერისთავები ზიან, ეს ნათელია „მატიანე ქართლისაის“ შემდეგი ადგილიდან _ „მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისა“ (145:279). კახეთ-ჰერეთში ერისთავების არსებობას ადასტურებს სუმბატ დავითის ძეც _ „ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, განუდგა მას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი“ (203;383). ამრიგად სრულიად დასაშვებია ჰერეთში საერისთავოს არსებობა 1010 წლიდან. სამწუხაროდ ერისთავის ვინაობა უცნობია.
მას შემდეგ, რაც 1014 წელს ტახტზე ავიდა გიორგი I, კახეთ-ჰერეთი გამოეყო ერთიან სამეფოს და მას სათავეში ჩაუდგა კვირიკე დიდი. ვახუშტის მიხედვით, კვირიკემ რანთა და კახთა სამეფო დაყო შვიდ საერისთავოდ. ამათგან ოთხი იყო ჰერეთში: „ხოლო ჰერეთს დასუა პირველი ხორნაბუჯს ანუ ხონანთას... მეორე ვეჯინს... მესამე მაჭისა... მეოთხე დასუა შტორისა“ (23;561). ვახუშტის ცნობა მართალი უნდა იყოს. ოთხივე საერისთავო მოიხსენიება „მატიანე ქართლისაიშიც“ _ „შეიპყრნა (ბაგრატ IV-მ) სტეფანოზ ვარჯანის-ძე პანკისისა ერისთავი, და ვაჩე ძე გურგენ ბერისა ხორნაბუჯის ერისთავი, და ჯედი დისწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა“ (145:298), _ „და ლაშქარი მისი წინა გაგზავნილ იყო ვეჟინის ერისთავისა თანა წირქუალელისა„ (145:308). ნ. ბერძენიშვილი წირქვალელს მიიჩნევდა ვეჟინის ერისთავად (44:130). დ. მუსხელიშვილის აზრით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ანასეული ვარიანტის კითხვასხვაობას, სადაც შტორის ნაცვლად „ტურის“ წერია. მკვლევარის აზრით წინადადება შემდეგნაირად უნდა შესწორდეს _ „ჯედი, დისწული გოდერძისა, ტურის ერისთავი და მაჭელისა“ (165;107). ჩვენ ვიზიარებთ დ. მუსხელიშვილის აზრს, რომ ერისთავად გოდერძი უნდა ვიგულისხმოთ და არა ჯედი. გოდერძის ერისთავობას ადასტურებს, როგორც „მატიანე ქართლისაი“ _ „ისნის ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ და ერისთავთ-ერისთავი გოდერძი და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი„ (145:300), ასევე ალავერდის წარწერა _ „წმიდაო გიორგი მწე-მფარველ ეყავ წინაშე ღმრთისა მონასა შენსა გიორგი აბაის, დისწულსა გოდერძი ერისთავთ-ერისთავისასა“ (26;12). დ. მუსხელიშვილი სწორედ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ გოდერძი ერისთავთ-ერისთავია. „ამ წოდების რეალურ შინაარს ვხედავთ ჩვენ „მატიანე ქართლისაის„ პირველ ცნობაში, რომლის მიხედვით გოდერძი ტურისა და მაჭის ერისთავია ე.ი. ერისთავთ-ერისთავია“ (165;108). ამრიგად თუ გავიზიარებთ დ. მუსხელიშვილის აზრს, გამოდის, რომ გოდერძი იყო ორი საერისთავოს _ ტურისა და მაჭის _ ერისთავის და ამიტომ იწოდება ერისთავთ-ერისთავად. ჩვენს მიერ დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა ერთი პიროვნება არის ორი საერისთავოს ერისთავი (მაგ. ლიპარიტ IV ბაღვაში), მაგრამ ერისთავთ-ერისთავობა არ გულისხმობს აუცილებლად ორი საერისთავოს ერისთავობას. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება გოდერძი მართლაც ორი საერისთავოს ერისთავია.
ხორნაბუჯის, ვეჟინის, შტორის (ტური), მაჭის საერისთავოები წყაროებში XI საუკუნის შემდეგ აღარ მოიხსენიებიან. მართალია გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხორნაბუჯი საერისთავო იყო XII-XIII საუკუნეებშიც (165;121), მაგრამ ჩვენი აზრით ეს მოსაზრება არასწორია. ხორნაბუჯი XII-XIII საუკუნეებში არის მახატლისძეთა მამული და არა საერისთავო. ამაზე მიგვანიშნებს „ისტორიანი და აზმანის“ ის ადგილი, სადაც საღირ მახატლისძე იწოდება პატრონად _ „... მაშინ ხორნაბუჯის პატრონმან საღირ მახატლის ძემან~ (97:231). ტერმინი „პატრონი“ გამორიცხავს ერისთავობას. გარდა ამისა, საღირ მახატლის ძის შთამომავლები იწოდებიან ხორნაბუჯელებად. ჟამთააღმწერელი წერს: „წარვიდა ხორნაბუჯელი“, „მივიდა ხორნაბუჯელიცა“, „მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა“, „ესვა შვილი ხორნაბუჯელსა სახელით შალვა“ (186;231). ყველგან ლაპარაკია ბერი ხორნაბუჯელზე, რომელიც შუამავლობდა დავით ულუსა და თორღვა პანკელს შორის. აღსანიშნავია, რომ „ფეოდალები გვარს იღებდნენ ადგილის სახელიდან იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი მათი სამემკვიდრეო სამფლობელო-მამული იყო და არა სამოხელეო ქვეყანა“ (80:33). ამრიგად, ჩვენვის საინტერესო პერიოდში ხორნაბუჯი აღარ არის საერისთავო ის არის მამული და სწორედ ამიტომ იწოდებიან მისი მფლობელები ხორნაბუჯელებად. გაუქმდა თავის დროზე ხორნაბუჯის საერისთავო, თუ ნელ-ნელა ერისთავებმა ის აქციეს თავის მამულად (ამგვარი სურვილი ერისთავებს ყოველთვის გააჩნდათ) ძნელი სათქმელია. ჩვენი აზრით, მას შემდეგ რაც დავით აღმაშენებელმა შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, აქ არსებული საერისთავოები მალევე უნდა გაუქმებულიყო და შექმნილიყო ისევ ორი საერისთავო _ ჰერეთისა და კახეთისა.
სამწუხაროდ, წყაროთა უქონლობის გამო, ჩვენთვის უცნობია ჰერეთის ერისთავთა ვინაობა გიორგი III-ის დრომდე. ჰერეთის ერისთავების სია გიორგი III-ის დროიდან მოყოლებული პ. ინგოროყვას შემდეგნაირად აქვს წარმოდგენილი: 1163 წლამდე ჰერეთის ერისთავია ვარდან კოლონკელისძე, რომელიც გადაყენებული იქნა სახელმწიფო ღალატის გამო. ერისთავობა მიეცა გრიგოლ (II) ასათის ძეს. ამ უკანასკნელმა ერისთავობა დაკარგა 1177 წელს, ორბელთა აჯანყებაში მონაწილეობის გამო. ერისთავი ამჯერად გახდა საღირ კოლონკელისძე, რომელსაც ჰერეთის ერისთავობა 1184-1191 წლებში მისტაცა ასათ გრიგოლის ძემ (103:162-172).
ვარდან კოლონკელისძე რომ ჰერეთის ერისთავი იყო ეს ცხადია. მას როგორც ჩანს მართლაც მოუვიდა კონფლიქტი გიორგი III-თან. „ისტორიანი და აზმანი“ წერს _ „ანტაკრა ექმნეს ვიეთნიმე დიდებულთაგანნი ვიდრე სადავეთაცა დაჭიდებამდე, ხოლო უფროსღა ვარდან კოლონკელისძე, რომელსა მას ჟამსა ერისთაობაცა ეპყრა ჰერეთს~ (97:12). ნ. ბერძენიშვილის აზრით, ვარდანს ერისთავობის გარდა სხვა „ხელიც“ უნდა ჰჰქონოდა (44:630). როგორც ვხედავთ მემატიანე არ წერს თუ როგორ მოეპყრა გიორგი II ვარდანს. ვარაუდით კი ნებისმიერი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება.
რაც შეეხება ორბელთა აჯანყებას. მემატიანე წერს _ „გაგზავნა (მეფემ) ლაშქარნი, რომელნი დარჩომილ იყვნეს ერთგულა მისად ... და მივიდეს ქუეყანასა ჰერეთისასა. და მუნით მოვიდეს ჰერეთის ერისთავი და ყოველნი ჰერნი ... და შეიქმნეს ომი ფიცუხელნი ... და გააქცივეს ჰერნი ... და გრიგოლ ასათის ძე, ფიცხლად დაიკარგა ომსა შინა, თვით ხრმლის დაკოდილობითა და გამოკლვითა ცხენისათა. შეიპყრნეს ივანე ვარდანის ძე, რომელი ითქმოდა პირველითგანვე მთხრებლად მთხრებლისადა და თანა შოთაცა ძე ართავაჩოისძისა“ (97:19). ჰერები და ჰერეთის ერისთავი, რომ აჯანყებულთა მხარესა ეს ცხადია. საკითხავი მხოლოდ ის, თუ ვინ არის ჰერეთის ერისთავი? მემატიანე თხრობისას ასახელებს სამ პირს: გრიგოლ ასათის ძეს, ივანე ვარდანის ძეს და შოთას. შოთას ერისთავობა გამორიცხულია, რჩება ორი პიროვნება გრიგოლი და ივანე. სანამ გავარკვევდეთ საკითხს, თუ რომელია მათ შორის ჰერეთის ერისთავი, გასარკვევია თავად ივანე ვარდანის ძის ვინაობა. შ. მესხიას აზრით, ივანე ვარდანის ძე „ჰერეთის ერისთავის ვარდან კოლონკელისძის შვილი და ორბელთა აჯანყების დროისთვის იქნებ ჰერეთის ერისთავიც“ არის (156:121). ამგვარ ვარაუდს გამოთქვამს ნ. შოშიაშვილიც (232;143) თავიდან ამ აზრს პ. ინგოროყვაც იზიარებდა (103:170). ჩვენი აზრითაც ივანე ვარდანის ძე არის ვარდან კოლონკელიძის შვილი. ამრიგად ცხადია, რომ აჯანყებაში მონაწილეობდნენ კოლონკელისძეთა წარმომადგენლებიც. თუ გავიზიარებთ პ. ინგოროყვას აზრს, გამოდის, რომ გიორგი III-მ ერისთავობა ჩამოართვა გრიგოლ ასათის ძეს, აჯანყებაში მონაწილეობის გამო და გადასცა ერისთავობა კოლონკელისძეებს, რომლებიც აგრეთვე მონაწილეობდნენ ამ აჯანყებაში. მართებულად თვლის შოთა მესხია, რომ ამგვარი მოქმედება გიორგი III-საგან ნაკლებ მოსალოდნელია. თითქოს მართებულია ის ვარაუდი, რომ გრიგოლისძეები ჰერეთის ერისთავები გახდნენ თამარის მეფობის დროს (156:120 და 228;143). მანამდე კი ერისთავები იყვნენ კოლონკელისძეები: ვარდანი, ივანე და საღირი. რაც შეეხება საღირ კოლონკელისძისა და საღირ მახატლის ძის გაიგივებას, როგორც ამას პ. ინგოროყვა ვარაუდობს (103:168) ჩვენ ვიზიარებთ დ. მუსხელიშვილის აზრს, რომ ეს შეუძლებელია; მკვლევარი დაწვრილებით შეეხო ამ საკითხს და დამაჯერებლად უჩვენა პ. ინგოროყვას მოსაზრების მცდარობა (165;96-98). ამიტომ ჩვენ ამ საკითხზე აღარ შევჩერდებით.
როგორც აღვნიშნეთ, კოლონკელისძეთ ერისთავობა თამარის მეფობის პირველ წლებამდე ეჭვს არ იწვევს. მაგრამ მაშინ ახსნას მოითხოვს ის ფაქტი, რომ გიორგი III-მ, რომელმაც მკაცრად დასაჯა აჯანყების მონაწილეები _ „შემსგავსებული საქმეთა მათთა მიაგო მისაგებელი“ (97:20). _ ხელი არ ახლო კოლონკელისძეებს. რატომ შეინარჩუნეს მათ ერისთავობა აჯანყებაში მონაწილეობის მიღების მიუხედავად? მით უმეტეს, რომ ეს არ იყო კოლონკელისძეთა პირველი „ურჩობა“. ვარდან კოლონკელისძის ქმედებამ თავის დროზე დიდად განაპირობა გიორგი III-ის მარცხი ელდიგუზ ათაბაგთან ბრძოლაში(156:120). რატომ აპატია გიორგი III-მ კოლონკელიძეებს ურჩობა ორჯერ? წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ ამ კითხვას ზუსტი პასუხი გავცეთ. წყაროებიდან ირკვევა მხოლოდ ერთი რამ, XII საუკუნისის 60-იან წლებში ჰერეთის ერისთავია ვარდანი, ხოლო შემდეგ საღირი.
ცნობილია, რომ „ისტორიანი და აზმანი“ ჰერეთის ერისთავად ასახელებს ასათ გრიგოლის ძეს. მემატიანე წერს _ „და ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს ... ჰერეთის ერისთავად გრიგოლის ძე ასათ, რომლმან მისტარცა მძლავრობით და მორევით საღირს კოლონკელისძესა. და მცირედჟამ ქონებასა შინა იაჯა არიშიანის ადგილას დაჯდომა სასთაულითა და ხელთუდვა შვილსა მისსა გრიგოლს ჰერეთის ერისთავობა“ (97:34). პ. ინგოროყვას აზრით გრიგოლისძეებმა ერისთავობა ხელში ჩაიგდეს 1192-1193 წლებში (103:116,168). ნ. შოშიაშვილის აზრით გრიგოლისძეები ჰერეთის ერისთავები გახდნენ 1191 წელს (232;143). დ. მუსხელიშვილის აზრით, როცა ისტორიკოსი ამბობს „ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს“, გულისხმობს 1184-1185 წლებს (165;93). ჩვენც ამ უკანასკნელ აზრს ვემხრობით. საქმე იმაშია, რომ მემატიანე ქრონოლოგიურად მოგვითხრობს თამარის მეფობის ამბებს. ერისთავთა სია კი მოცემულია იმ ზოგადი თხრობისას, რომელიც ეხება ამბებს ყუთლუ-არსლანის გამოსვლიდან _ გიორგი რუსის მოყვანამდე. ივ. ჯავახიშვილის აზრით, გიორგი რუსი უნდა მოეყვანთ 1185 წლის დამლევს (262;258). მართებულია დ. მუსხელიშვილის აზრი, რომ ასათ გრიგოლის ძე 1184-1985 წლებში უკვე ჰერეთის ერისთავია (165;96). მაინც როდის უნდა გამხდარიყო ასათი ჰერეთის ერისთავი? ზუსტი პასუხის გაცემა ჭირს, შეიძლება მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა.
შეიძლება გვევარაუდა, რომ გიორგი III-მ ერისთავობა ჩამოართვა კოლონკელისძეებს, ორბელთა მომხრეობის გამო და გადასცა ერისთავობა ასათს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ასათმა ისარგებლა იმით, რომ ჰერეთის ერისთავი იყო მეფის მოწინააღმდეგე და „მიიტაცა მძლავრობით“ ერისთავობა (მაშინ ამ დროს ერისათავად საღირი უნდა ვიგულისხმოთ). მეფემ კი დაუმტკიცა ეს „ხელი“. მაგრამ ამ ვარაუდს ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ აჯანყებაში მონაწილეობს გრიგოლ ასათის ძე, მამა თამარის თანამედროვე ასათისა (საინტერესოა, რომ არსებული წყაროების მიხედვით ჰერეთის ერისთავობა 1177 წლის მერე შეიძლება იყოს ან კოლონკელისძეების ან გრიგოლისძეების ხელში. ორივე ეს საგვარეულო კი მონაწილეობდა აჯანყებაში. როგორც არ უნდა გადაწყდეს ჰერეთის ერისთავის ვინაობის საკითხი, ცხადია ის იქნება აჯანყებაში მონაწილე საგვარეულოს წარმომადგენელი. ისევ იბადება კითხვა, რატომ დატოვა გიორგი III-მ ერისთავობა აჯანყების მონაწილე საგვარეულოთა ხელში? კოლონკელისძეთა შეცვლა გრიგოლისძეებით ან პირიქით, ამ კითხვას არ ხსნის ვინაიდან ორივენი აჯანყებაში მონაწილეობდნენ).
მემატიანე წერს, რომ ასათმა ერისთავობა „მისტაცა მძლვრობით და მორევით~. ცხადია, რომ ეს ფაქტი მოხდებოდა 1177-1185 წლებს შორის. ჩვენი აზრით ეს შეიძლება მოხდა 1184 წელს. სამეფო კარის ყურადღება მიმართული იყო ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლისაკენ. ამით ისარგებლა ასათმა და მისტაცა ერისთავობა „მძლავრობით და მორევით“ საღირ კოლონკელისძეს (ეს უკანასკნელი შეიძლება ყუთლუს მომხრეც იყო) „კარვისელთა“ გამოსვლის ჩახშობის შემდეგ სამეფო კარი აღმოჩნდა ფაქტის წინაშე და მანაც ერისთავობა დაუმტკიცა ასათს (1191 წელს ჰერეთის ერისთავი თამარის მომხრეა. ამ დროს ჰერეთის ერისთავობის მიტაცება, ასათს ჩააყენებდა აჯანყებულთა რიგში, რადგან მან ერისთავობა მეფის მომხრეს წაართვა. ასეთ ნაბიჯს, ჩვენი აზრით მას სამეფო კარი არ აპატიებდა).
„ისტორიული და აზმანიდან“ ირკვევა, რომ „მცირედ-ჟამის“ მერე ასათმა ერისთავობა თავის ძეს გრიგოლს დაუთმო, თავად კი „არიშიანის ადგილს“ დაჯდა (97:34). ზუსტად როდის მოხდა ეს ძნელი სათქმელია. გააჩნია თუ რამდენ წელს ვიგულისხმებთ „მცირედ-ჟამის“ ქვეშ _ ერთს, ორ თუ მეტს.
რამდენიმე სიტყვით გვინდა შევეხოთ არიშიანის საკითხს. ჩვენ არ ვიზიარებთ პ. ინგოროყვას აზრს, რომ არიშიანი იყო გვარი (103:101). არიშიანი არის პიროვნების სახელი. ამის ყველაზე ცხადი დასაბუთება არის ის, რომ სახელი არიშიანი დადასტურებულია ვარდანისძეთა საგვარეულოშიც. არიშიანი რომ სახელია ეს ნათლად ჩანს ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი აღაპიდან _ „განუწესეთ აღაპი იოანეს კოჯიხის ძესა ... ეკლესიასა შინა არიშიანისა ძმაი და თვისი იყო აწ ვინცა არიშიანისა თანა ხსენებაი ივანე კოჯიხის ძისა დააკლოს იგიმცა დააკლდების“ (3;253). არიშიანი, რომ სახელია ამას ამტკიცებს დავითის ისტორიკოსის თხზულების შემდეგი ადგილიც _ „აღსართან ... შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა არიშიანმან და ბარამ და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბარამისძემან„ (71:328). ნ. ბერძენიშვილის აზრით, „დავითმა ჰერეთ-კახეთი „ნებისმიერად“ მოაწყო ადმინისტრაციულად. პატრიოტულ საქმეზე თავდადებულობისათვის საქართველოს მეფემ განსაკუთრებული პატივი დასდო ჰერ დიდებულს ბარამ არიშიანს და არიშიანობა (არიშის მფლობელობა და მასთან დაკავშირებული სამხედრო და ადმინისტრარციული თანამდებობა) საქართველოს სახელმწიფო წყობილებაში ჩვეულებრივ ერისთავობაზე უპირატეს თანამდებობად აქცია“ (40;255). ჩვენ ვთვლით, რომ ბარამი არიშიანი კი არ არის, არამედ ბარამი და არიშიანი ძმები არიან (არიშიანი შეიძლება გავაიგივოთ დავით IV-ის სიგელში მოხსენიებულ არიშიანთან) დ. მუსხელიშვილის აზრით, „ცხადია ერთი რამ, არიშიანის ადგილსა დაჯდომა ნიშნავს უფრო მაღალი რანგის ხელისუფლებას, ვიდრე ჰერეთის ერისთავობაა და ვიდრე საერთოდ ერისთავობა ... ნიშნავს რომელიღაცა ქვეყნის მფლობელობას“. მკვლევარის აზრით ეს მხარე უნდა იყოს სანაპირო ქვეყანა. „სრულებით ცხადი უნდა იყოს, რომ გრიგოლისძეთა სანაპირო საერისთავო ანუ რაც იგივე საარიშიანოა _ უნდა ყოფილიყო შაქი, შაკიხი ანუ ჟამთააღმწერლის კაბალა“ (165;124-126). „არიშიანის ადგილსა დაჯდომა“ რომ უფრო მაღალი თანამდებობაა ვიდრე ჰერეთის ერისთავობა ეს ცხადია. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რატომ დაუთმო ასათმა ერისთავობა თავის შვილს. როცა ასათმა ერისთავობა დაუთმო გრიგოლს, მემატიანე წერს _ „ხელთ-უდვა შვილსა მისსა გრიგოლს ჰერეთის ერისთავობა“. დ. მუსხელიშვილი სვამს კითხვას, თუ ვინ დასვა გრიგოლი ერისთავად, თამარმა თუ ასათმა? მკვლევარის აზრით ერისთავობა გრიგოლს უბოძა ასათმა. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ „არიშიანის ადგილსა მჯდომს“ შეუძლია ერისთავის დანიშვნა ე.ი. ჰერეთის ერისთავი მისი ვასალია (165;124). ჩვენი აზრით ერისთავობის ბოძება მხოლოდ მეფის პრეროგატივაა და გრიგოლს ერისთავობა თამარ მეფემ ებოძა. ერისთავი შეიძლება ვინმეს ექვემდებარებოდეს და ექვემდებარებოდა კიდეც, მაგრამ ის ვერავის ვასალი ვერ იქნება. რადგან ერისთავობა ადმინისტრაციული სამოხელეო პატივია და არა სოციალური წოდება (232;133). დ. მუსხელიშვილის აზრით, არიშიანის ადგილზე მჯდომის პრივილეგიები სხვა არაფერია თუ არა „ძველთა მეფეთა ადგილსა ზედა ჯდომა“ (165;124). ჩვენი აზრით, ის უპირატესობა რაც „არიშიანს“ გააჩნია არ უნდა იყოს დაკავშირებული „ველთა მეფეთა ადგილსა ზედა ჯდომასთან“. მემატიანე ზუსტად აღნიშნავს თუ ვინ ზის „ძველთა მეფეთა ადგილსა ზედა“. ესენი არიან ზაქარია მხარგრძელი და გუზან ტაოელი. არიშიანის ადგილზე ჯდომაც რომ ამას ნიშნავდეს მემატიანე მას პირდაპირ აღნიშნავდა.
ჩვენი აზრით ჰერეთის ერისთავობა და „არიშიანობა“ ორი სხვადასხვა „ხელია“. ისინი შეიძლება სხვადასხვა საგვარეულოების ხელშიც კი ყოფილიყო („არიშიანობის“ საკითხს ჩვენ დაწვრილებით სხვაგან განვიხილავთ _ მ. ბ.).
ამრიგად, საღირ კოლონკელისძის მერე ერისთავი გახდა ასათ გრიგოლის ძე, ჩვენი აზრით ეს მოხდა 1184 წელს. ასათის მერე ერისთავობა ებოძა მის ძეს გრიგოლს. ამ უკანასკნელს რომ ერისთავობა XIII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში უკვე ნაბოძები აქვს, ჩანს „ისტორიანი და აზმანის“ შემდეგი ადგილიდან _ „უბრძან მეფემან ამირსპასალარსა მისაა ზაქარიას და მსახურთუხუცესსა ივანეს, ჰერეთის ერისთავსა გრიგოლს და სხუათა მოყმეთა ...“ (97:67).
გრიგოლის შემდეგ ერისთავად ჩანს შოთა, რომელიც ალბათ მისი ძეა. შოთა იხსენიება უკვე ჟამთააღმწერელთან _ „ჰერეთის ერისთავი შოთაი რომელსა მანისი ფერობისათვის კუპრობით უხმობდეს“ (186;192). რ. კიკნაძის აზრით, შოთა ერისთავობის გარდი იყო მეცხრე დუმნის _ ჰერეთის დუმნისთავი (118:95). ჩვენს მიერ ნანახ წყაროებში, შოთას მერე აღარ მოიპოვება ცნობები, რომლებიც პირდაპირ გვაუწყებდნენ ჰერეთის ერისთავთა ვინაობას.
საინტერესოა ჟამთააღმწერლის შემდეგი ცნობა _ „მოვიდეს ჰერკახნი დიდებულნი და აზნაურნი დავით მეფის (დავით VIII _ მ. ბ.) წინაშე, ერისთავი სამადავლა, კაცი ყოვლითა სამხედროთა ზნითა შემკობილი“ (186;301). ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით სამადავლა შაქისის ერისთავია (122:301). შაქის ერისთავს იხსენიებს ვარდან დიდიც. დ. მუსხელიშვილი გამოთქვამს ვარაუდს, ხომ არ ნიშნავს „შაქის ერისთავი“ ქართული წყაროების „ჰერეთის ერისთავს“ (165;126) თუ ეს ვარაუდი მისაღებია, მაშინ სამადავლა შეიძლება ჩაითვალოს ჰერეთის ერისთავად (მართალია ეს სახელი გრიგოლისძეებში არ გვხვდება, მაგრამ კონტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ სამადავლა კახეთ-ჰერეთიდან უნდა იყოს).
XIII საუკუნის შემდეგ ჰერეთის ერისთავებზე ცნობები აღარ მოგვეპოვება. ასევე უცნობია თუ როდემდე არსებობდა ჰერეთის საერისთავო (ყოველ შემთხვევაში საერისთავოს არსებობის ზედა ზღვარი XV საუკუნეს ვერ გადასცდება).
საბოლოოდ შეიძლება ითქვას შემდეგი: ჰერეთის საერისთავო შეიქმნა ბაგრატ III-ის დროს. ჩვენთვის ცნობილია ჰერეთისა შემდეგი ერისთავები:
ვარდან კოლონკელისძე (XII ს-ის 50-60-იანი წლები)
ივანე კოლონკელისძე (XII ს-ის 80-იანი წლები)
საღირ კოლონკელისძე (1184 წლამდე)
ასათ გრიგოლის ძე (XIII ს-ის ბოლო-XIII ს. პირ. ნახ.)
შოთა კუპრი (XIII ს-ის 40-50-იანი წლები)
სამადავლა (XIII ს-ის ბოლო)
კახეთის საერისთავო
კახეთის საერისთავო უნდა შექმნილიყო ერთდროულად ჰერეთის საერისთავოსთან ე. ი. ბაგრატ III-ის მეფობის დროს, 1010-1014 წლებში. კახეთ-ჰერეთში, რომ ბაგრატ III-ის მეფობის ბოლო წლებში ერისთავები ზიან ამას ადასტურებს როგორც „მატიანე ქართლისაი“ _ „მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისა“ (145:279), ასევე სუმბატ დავითის ძე _ „ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ განუდგა ამას ქუაყანა ჰერეთ-კახეთისა და ღადრობით აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი“ (203;383). ორივე წყარო ერისთავებს მოიხსენიებს მრავალობით რიცხვში _ „ერისთავთა“, „ერისთავნი“. ეს გვაძლევს იმის საფუძველს რომ ამ მხარეში ვივარაუდოთ სულ ცოტა ორი საერისთავოს არსებობა. ერთი უნდა ყოფილიყო ჰერეთის, ხოლო მეორე კახეთის.
ვახუშტის მიხედვით კვირიკე დიდმა რანთა და კახთა სამეფო დაყო შვიდ საერისთავოდ. ამ შვიდიდან სამი კახეთში იყო: „და კახეთისა ერთი რუსთავს... მეორე დასუა კუეტერას... მესამე პანკისისა ანუ მარილისისა“ (23;561). პანკისის ერისთავი იხსენიება „მატიანე ქართლისაიშიც“ _ „შეიპყრნა (ბაგრატ IV-მ _ მ.ბ.) სტეფანოზ ვარჯანის ძე პანკისის ერისთავი“ (145:298). მართალია რუსთავისა და კვეტერის საერისთავოები „მატიანეში“ არ მოიხსენიება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვახუშტის მიერ დასახელებული შვიდი საერისთავოდან, ხუთს „მატიანე ქართლისაიც“ ადასტურებს. ჩვენი აზრით, სავსებით დასაშვებია იმ ორი საერისთავოს არსებობაც. ჰერეთის საერისთავოსთან დაკავშირებით ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კვირიკეს მიერ შექმნილი საერისთავოები XI საუკუნის მერე წყაროებში აღარ მოიხსენიებიან. გააუქმა ისინი სამეფო ხელისუფლებამ, თუ ერისთავებმა საერისთავო „ქუეყნები“ მამულებად აქციეს უცნობია. ჩვენ მაინც უფრო იმ ვარაუდისაკენ ვიხრებით, რომ კახეთ-ჰერეთის შემოერთების მერე ეს საერისთავოები მალევე უნდა გაუქმებულიყვნენ. შეიქმნებოდა ისევ ორი საერისთავო: კახეთისა და ჰერეთისა.
თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრება. ბ. ლომინაძის აზრით, პანკისის საერისთავო არსებობდა XIII საუკუნისის მეორე ნახევარშიც. ეს მოსაზრება ემყარება ჟამთააღმწერლის შემდეგ ცნობას _ „კახეთიცა პანკელსა თორღუას შევედრა“ (186;230). ნ. ასათიანი ეყრდნობა რა 1479 წლის ალექსანდრე კახთა მეფის სიგელს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსანდრემ სვეტიცხოველს შესწირა „კახეთს ვეჟინის პირთა სოფელი ახალშენი მისითა მზღვრითა სამართლიანითა ... ესე ჩუენგან მტკიცედ და სამკუიდროდ მოხსენებული სოფელი ახალშენი არცა ვიზედ გაცემული ყოფილა მისთა დღეთა შიგან, რაგუარაცა ჩუენი კახეთისა უკუნისამდის ჩუენი სიმაგრე პანკისის ციხე არა გაგუიცემია აგრე ჩუენი საპანკისო სახასო ახალშენი თქუენთვის გუიკადრებია და მოგუიხსენიებია“ _ გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებას: „... ვეჯინი გამოდის როგორც ცენტრი რაღაცა ტერიტორიული ერთეულისა, ქვეყნისა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ამა თუ იმ პუნქტის მდებარეობა. ასევე უნდა ვიგულისხმოთ პანკისიც, როგორც „საპანკისო ქვეყნის“ ცენტრი. ბუნებრივია ასეთ ერთეულებად სწორედ ძველი საერისთავოები ვიგულისხმოთ. ამავე დოკუმენტით ჩანს, რომ ... „ვეჟინის პირთა“ სოფელი ახალშენი, ისე „საპანკისოს“ ცენტრი პანკისის ციხე პირადად ალექსანდრეს ეკუთვნის“ (17;211-212).
ის, რომ XI საუკუნეში რანთა და კახთა სამეფოში არსებობდა პანკისისა და ვეჟინის საერისთავოები (ისევე როგორც სხვა საერისთავოები) სადავო არ არის. პრობლემა მდგომარეობს იმაში, არსებოდნენ ეს საერისთავოები მომდევნო ხანაში თუ არა. პანკისი საერისთავო რომ XIII საუკუნის მეორე ნახევარში აღარ არსებობს ცხადია ჟამთააღმწერლის იმ ცნობიდან, რომელშიც თორღვა იწოდება პანკელად (186;230). გვარის ფორმა პანკელი შეიძლება იწარმოოს მხოლოდ მაშინ თუ პანკისის ციხე არის ფეოდალური მამულის ცენტრი და არა საერისთავო ქვეყნის, რადგან გვარი გეოგრაფიული პუნქტიდან იწარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პუნქტი არის კერძო ფეოდალური მამული და არამც და არამც საერისთავო. ამრიგად, გვარის ფორმა პანკელის არსებობა XIII საუკუნის მეორე ნახევარში თავისთავად გამორიცხავს ამავე დროს პანკისის საერისთავოს არსებობას. არა გვგონია რომ პანკისის საერისთავო აღდგენილი ყოფილიყო XIV-XV საუკუნეებში. ჩვენი აზრით 1479 წლის სიგელი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აუცილებლად ვამტკიცოთ პანკისისა და ვეჟინის საერისთავოების არსებობს XV საუკუნეში. ვეჟინისა და პანკისის ციხეები ალბათ მართლაც გარკვეული ქვეყნის ცენტრები არიან, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს ქვეყნები იყოს საერისთავოები. საქართველოში უამრავი ციხე არსებობდა თავისი „მიმდგომი ქუეყნებით“, მაგრამ ყველა მათგანის მიჩნევა საერისთავოდ არ შეიძლება. თავად ნ. ასათიანიც აღნიშნავს, რომ სიგელის დაწერის მომენტში ვეჟინისა და პანკისის ციხეები მეფის ხელში იმყოფება (17;211). ე. ი. ეს ციხეები არ არიან საერისთავოების ცენტრები (ამ დროს გიორგი მეფის რეფორმა უკვე ჩატარებულია და საერისთავოები გაუქმებული უნდა იყოს), მაგრამ არიან გარკვეული ქვეყნის ცენტრები. ეს ხომ თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის არსებობა თავისი ცენტრით ჯერ კიდევ არ ნიშნავს საერისთავოს არსებობას. ჩვენ მაინც ვთვლით, რომ კვირიკე დიდის მიერ შექმნილი საერისთავოები, კახეთ-ჰერეთის შემოერთების მერე უნდა გაუქმებულიყვნენ და აღდგენილი იქნებოდა ბაგრატ III-ის დროს შექმნილი კახეთისა და ჰერეთის საერისთავოები.
წყაროებში ძალიან ცოტა ცნობებია კახეთის ერისთავების შესახებ. ჩვენთვის უცნობია ერისთავთა ვინაობა ვიდრე თამარის მეფობამდე. თამარის მეფობის დასაწყისში კი კახეთის ერისთავია ბაკურ-ყმა ძაგანის-ძე (97:34).
„ისტორიანი და აზმანში“ არის ჩვენთვის საინტერესო ცნობა _ „ამასა შინა მიიცვალა გამრეკელ ამირსპასალარი ... და ქუემოთ წირქვალელნი, ზარტიბის ძენი, გრიგოლის ძენი, ჭიაბერის ძენი, და მახატლის ძენი და თავნი კახეთისანი თორღას ძენი შეიწყვლეს თვითოეული თვისითა წესითა: რომელნიმე ახლად დალოცვითა და რომელნიმე მომატებითა“ (114, 55). ხომ არ ნიშნავს „თავნი კახეთისანი“ იმას რომ ამ დროს ე.ი. 1191 წელს კახეთის ერისთავები არიან თორღასძეები? სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ მემატიანეს ნათქვამი „თავნი კახეთისანი“? გადაჭრით რაიმეს მტკციება ძნელია. თორღასძეების ერისთავობას კახეთში უნდა ეწინააღმდეგებოდეს ის ფაქტი, რომ XIII საუკუნის პირველ ნახევარში ერისთავობა ისევ ძაგანისძეების ხელშია. მაშინ უნდა დავუშვათ, რომ თამარის მეფობის დასაწყისში ერისთავები ძაგანისძეები არიან, 1191 წელს ეს პატივი თორღასძეებს აქვთ, ხოლო XIII საუკუნის პირველ ნახევარში ძაგანისძეები იბრუნებენ ერისთავობას. ერთი საგვარეულოსათვის (ძაგანისძეებისათვის) ერისთავობის ჩამორთმევა და მერე ისევ დაბრუნება ცოტა არარეალური რამ არის (მართალია ამგვარი რამ სურამელებთან დაკავშირებით ჩვენ ვივარაუდეთ 1185-1197 წლებში, მაგრამ ეს არის გამონაკლისი, რომელიც აიხსნება შექმნილი პოლიტიკური ვითარებით და აბულასანის მდგომარეობით გიორგი რუსის მომხრეთა შორის).
გვინდა შევჩერდეთ ეგარსლან ბაკურციხელის საკითხზე. ეგარსლანი მონღოლების მიერ დანიშნული იყო დუმნისთავად. მას „ხელთ უდვეს სპა ჰერეთისა და კახეთისა და კამბეჩიანისა“ (186;207). რ. კიკნაძე აღნიშნავდა, რომ „მონღოლები ძირითადად ითვალისწინებდნენ აქ უკვე არსებული პოლიტიკური ერთეულების შემადგენლობას და დუმნის სათავეში ადგილობრივ ერისთავებს აყენებდნენ“ (118:95). მაგრამ მართებულად შენიშნავს მ. ლოთქიფანიძე, რომ ეს წესი ყოველთვის არ სრულდებოდა (133:319). ამის ნათელი დადასტურებაა ცოტნე დადიანის მაგალითი. ცოტნე იყო დუმნისთავი, მაგრამ არ იყო ერისთავი. ასე რომ დუმნისთავობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ერისთავობას. ნ. შოშიაშვილი გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებას ეგარსლან ბაკურციხელთან დაკავშირებით _ ეგარსლანის მოხსენიება ბაკურციხელად ნიშნავს იმას, რომ ბაკურციხე არის ეგარსლანის მამული. თავის მხრივ სახელი ბაკურციხე ნიშნავს სხვას არაფერს თუ არა ბაკურის ციხეს. თავად ეს სახელი კი მომდინარეობს ამ ციხის დამაარსებლისაგან ვინმე ბაკურისაგან. მკვლევარს ასეთად მიაჩნია თამარის თანამედროვე კახენთის ერისთავი ბაკურ-ყმა ძაგანისძე. გამოდის, რომ ეგარსლანი არის ბაკურ-ყმა ძაგანისძის შთამომავალი და შესაძლოა კახეთის ერისთავიც. თუ ეს მოსაზრება სწორია, მაშინ ნაკლებ რეალურად ჩანს თორღას-ძეების ერისთავობა 1191 წელს.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ კახეთის ერისთავები იყვნენ აბულეთისძეები. ამ შემთხვევაში გულისხმობენ ივანე ერისთავთ-ერისთავს, რომელიც მოიხსენიება ძაგან აბულეთისძის 1259 წლის დაწერილში. დაწერილში ვკითხულობთ _ „მე, აბულეთისძემან ძაგან, ძემან ერისთავთ-ერისთავისა იოვანესმან ...“ (217;140). თავად ძაგანი თავის თავს არსად არ მოიხსენიებს ერისთავად. როგორც ჩანს მას ეს თანამდებობა არ ჰქონდა. რაც შეეხება მის მამას ივანეს, ის დაწერილის შედგენის მომენტში, როგორც ჩანს ცოცხალი არ არის. ამდენად მისი ერისთავობა უნდა ვივარაუდოთ 1259 წლამდე. აბულეთისძეები აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ. ამდანად ივანეს საერისთავო ქვეყანა აღმოსავლეთ საქარფთველოში უნდა მდებარეობდეს. ამ დროს აქ სამი საერისთავოა: ქართლის, ჰერეთის და კახეთის. ქართლის ერისთავი ამ დროს ან სულა სურამელია ან მისი ძე გრიგოლი. ჰერეთის ერისთავობა გრიგოლისძეების ხელშია. ყველაზე უფრო რეალურია, რომ ივანე იყო კახეთის ერისთავი. ასეთ შემთხვევაში მას ეს „ხელი“ უნდა მიეღო ეგარსლანის მერე, XIII საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს.
საინტერესო ცნობაა დაცული ჟამთააღმწერელთან _ „წავიდა მეფე (დავით ულუ) წინაშე ბათოსა ... და თვითოეული თემის-თემისა ადგილი თვითოეულსა კაცსა შევედრის, რომლისათვის კახეთიცა პანკელსა თორღუას შევედრა, და ამცნო რათა ბრძანებასა დედოფლისასა ერჩდეს“ (186;230). თორღვასათვის კახეთის „შევედრება“ ანუ ჩაბარება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ კახეთი სამართავად გადაეცა პანკელს. ე.ი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თორღვა პანკელი გახდა კახეთის ერისთავი. მაგრამ მისი ერისთავობა დიდხანს არ გაგრძელებულა. დაბრუნებულმა მეფემ შეიტყო, რომ თორღუამ „თვისად დაიჭირა კახეთი და არღარა მორჩილებდა დედოფალსა“. თორღუას ურჩობა იმით დამთავრდა, რომ ის „წარიყვანეს კლდე-კართა და გარდამოაგდეს“ (186;231).
პ. ინგოროყვას აზრით კახეთის ერისთავები 1255 წლიდან XIII საუკუნის ბოლომდე და იყვნენ უჯარმელნი, მათ მერე კი ბურსელნი (103:556). არც ერთი წყაროთი არ მტკიცდება პ. ინგოროყვას ეს მოსაზრება. ივანე ბურსელი კი მოიხსენიება ჟამთააღმწერელთან, მაგრამ არაფერი მიგვანიშნებს მის ერისთავობაზე. ჩვენი აზრით არც ბურსელნი და არც უჯარმელნი არ იყვნენ კახეთის ერისთავები. სამწუხაროდ მეტი ცნობებია კახეთის ერისთავების შესახებ წყაროებში დაცული არ არის.
ნ. ასათიანის აზრით: „ალექსანდრე I-მა თავისი შვილი უფლისწული გიორგი დაუპირისპირა ადგილობრივ ფეოდალთა მიერ გაჩენილ ხელისუფალს. ასეთი ხელისუფალი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ადგილობრივი ერისთავთაგანი დავითი, რომელიც სხვა წარჩინებულ ერისთავთა მხარდაჭერით გამთავრებას აპირებდა“ (16;116). ვახუშტის მიხედვით მას შემდეგ, რაც ბაგრატ VI-მ 1466 წელს დაიჭირა ქართლი. „შეიზრახნენ მაშინ ჰერკახთა წარჩინებულნი და ერისთავნი ... და გამოირჩიეს მუნვე მყოფი ერისთავთაგანი ... დავით და დასუეს ვითარცა მეფე“ (23;566-567). ვახუშტის მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ კახეთ-ჰერეთში რამდენიმე ერისთავია. ჩვენი აზრით ამ მხარეში ლაპარაკი შეიძლება ორ საერისთავოზე: კახეთისა და ჰერეთის. მეტი საერისთავოს არსებობა ამ მხარეში, XI საუკუნის მერე წყაროებით არ დასტურდება. დავითიც, თუ ის მართლა ერისთავი იყო ან კახეთის ერისთავი უნდა იყოს და ან ჰერეთის. მაგრამ არის კი დავითი მართლაც ერისთავი? დავითის ვინაობის საკითხს ბოლო დროს შეეხო დ. ნინიძე. მკვლევარის აზრით დავითი არის ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელი ის არის კონსტანტინე II-ის ძმა. რაც შეეხება დავითის სტატუსს, დ. ნინიძის აზრით დავითი შეიძლება მივიჩნიოთ „პროვინციის მეფედ“ (173;173-178). ჩვენი აზრით ეს მოსაზრება სავსებით მისაღებია.
ვახუშტის მიხედვით, მას მერე რაც გიორგი VIII კახეთში გამეფდა მან „მოსპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დასხნა მოურავნი“ (23;568). კახეთის საერისთავო შეიძლება მართლაც გიორგი VIII-ის დროს გაუქმდა.
ჩვენი აზრით, კახეთის საერისთავო შეიქმნა 1010-1014 წლებში და არსებობდა XV საუკუნის 60-იან წლებამდე. წყაროებით ცნობილია კახეთის შემდეგი ერისთავები:
ბაკურ-ყმა ძაგანისძე (XII ს-ის 80-იანი წლები)
ეგარსლან ბაკურციძელი (XIII ს-ის პირველი ნახევარი)
ივანე აბულეთისძე (XIII ს-ის 50-იანი წლები)
თორღუა პანკელი (XIII ს-ის 60-იანი წლები)
ქსნის საერისთავო
მთავარი პრობლემა რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ქსნის საერისთავოსთან დაკავშირებით, არის საერისთავოს შექმნის თარიღის განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. სანამ ამ პრობლემას განვიხილავდეთ გვინდა შევეხოთ ერთ საკითხს. ჩვენ ვეთანხმებით გ. არახამიას იმაში, რომ „ქვენიფნეველები ქსნის ერისთავებად იწოდებიან დაახლოებით XVII ს-ის შუა წლებიდან ... ხოლო მატიანეში (იგულისხმება „ძეგლი ერისთავთა“ _ მ. ბ.) აღწერილი პერიოდისათვის ისინი ცხრაზმის ერისთავები არიან“ (15;3) ჩვენ მაინც ვიხმართ ტერმინს ქსნის ერისთავი, რადგან ეს უფრო გავრცელებულია ისტორიოგრაფიაში.
დ. გვრიტიშვილის აზრით „ქსნის საერისთავო უნდა წარმოშობილიყო მაშინ როდესაც საერთოდ საერისთავოები წარმოიქმნენ საქართველოში. ქსნის საერისთავო საშუალო საუკუნეებში ქართლის საერისთავოში შედიოდა. მას შემდეგ, რაც გარკვეული შინაპოლიტიკური და საგარე ვითარების ცვლილების შედეგად ქართლის საერისთავო მოიშალა, ქსნის საერისთავო ქართლის საერისთავოს გამოეყო და დამოუკიდებლობას მიაღწია“ (63:68). აზრს, რომ ქსნის საერისთავო შედიოდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იზიარებს მ. ბერძენიშვილიც (22;361). ჯ. გვასალიას მიაჩნია, რომ „XIII ს-ის შუა წლებში, როდესაც მონღოლთა შემოსევების გამო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მძიმე საგარეო პოლიტიკურ ვითაროებაში აღმოჩნდა, კვლავ აქტიურდებიან სეპარატისტული ძალები, თავს იჩენენ ქსნის ხელისუფალნიც და იწყება მათი არნახული აღზევება, ამჯერად ცხრაზმის მეთაურობით ... XIII ს-ის მეორე ნახევრიდან დასტურდება ქსნის (უფრო ზუსტად ცხრაზმისხევის) ერისთავის არსებობა, რომელიც ადრეფეოდალური ხანის ცხრაზმისხევის ხევისუფლის პოლიტიკური მემკევიდრეა“ (272;70). უკანასკნელ ხანს ქსნის საერისთავოს წარმოქმნის საკითხს შეეხო გ. არახამია. მან განიხილა ყველა წყარო რომელიც ეხება ამ საკითხს და მივიდა დასკვნამდე, რომ ქსნის საერისთავოს წარმოშობის ქვედა ზღვარია 1207 წელი და ზედა ზღვარი 1250-იანი წლები (15;82-83).
ვნახოთ თუ რა სახის ცნობებია დაცული წყაროებში ქსნის საერისთავოს წარმოშობის შესახებ. „ძეგლი ერისთავთას“ მიხედვით, საერისთავო წარმოიშვა VI საუკუნეში. როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანიემ ერისთავობა უბოძა როსტომს (77:104). შალვა ქვენიფნეველის 1470 წლის სიგელში ვკითხულობთ _ „ისტვინიანესგან ბერძენთა მეფისა და თვითმპყრობელისა აღშენებული და ჩუენთა ჩამომავალთა ერისთავთა ნათესავთათვის საძვალედ ბოძებული...“ (77:140). ცნობა VI საუკუნეში ქსნის საერისთავოს შექმნის შესახებ, შემუშავებულია თავად ერისთავთა საგვარეულოში და არ ასახავს რეალურ სურათს. ქართულ ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია შემჩნეულია, რომ „ძეგლი ერისთავთა“ მეტად ტენდენციური ძეგლია და შექმნილია გარკვეული თვალსაზრისით. არც ერთი წყარო „ძეგლი ერისათვთას“ გარდა არ ასახელებს ქსნის საერისთავოს XIII საუკუნისის მეორე ნახევრამდე.
მაინც როდის შეიქმნა ქსნის საერისთავო? სანამ უშუალოდ ამ კითხვას გავცემდეთ პასუხს, უნდა აღვნიშნოთ ორი რამ. პირველი _ ქართლის საერისთავო არ მოშლილა XIII საუკუნის ბოლოს. ის არსებობდა XV საუკუნის ბოლომდე. ამდანად ქსნის საერისთავოს შექმნა არ არის დაკავშირებული ქართლის საერისთავოს მოშლასთან. მეორე _ ქსნის საერისთავო არასოდეს არ შედიოდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში, როგორც საერისთავო „ქვეყანა“. არ არსებობს ამის დამამტკიცებელი არც ერთი წყარო. გ. არახამიას მიაჩნია, რომ „XIII საუკუნემდე (საერისთავოს წარმოშობამდე) ცხრაზმისხევი ... ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა ... ჯერ სახევისუფლოს, ხოლო შემდგომში საციხისთავოს სტატუსით“ (15;122), ჯ. გვასალია წერს _ „XIII საუკუნემდე, რომ ქსნის ხეობა ქართლის საერისთავოში შედიოდა ამის შესახებ ცნობა ვახუშტის დაუცავს“ (60:44). ლაპარაკია ვახუშტის შემდეგ ცნობაზე _ „შემდგომად თამარ მეფისა ქართლისა ერისთავი სხვა, ქსნისა სხვა“ (23;382). ვახუშტის ამ ცნობაზე დაყრდნობით შეიძლება გამოვთქვათ შემდეგი ვარაუდი: თუ თამარ მეფის მერე ქართლის ერისთავი სხვაა და ქსნისა სხვა ე.ი. მანამდე ქართლისა და ქსნის ერისთავი იყო ერთიდაიგივე. ანუ ქართლის ერისთავის იურისდიქცია ვრცელდებოდა ქსნის ხეობაზეც. აქედან კი გამომდინარეობს, რომ ეს უკანასკნელი შედიოდა ქართლის საერისთავოში. ვახუშტის ცნობაზე დაყრდნობით ცხადია, რომ 1207 წლამდე შეუძლებელია ლაპარაკი ქსნის საერისთავოს არსებობაზე, როგორც სამართლიანად თვლის გ. არახამია. მაგრამ ვახუშტის ნათქვამი „შემდგომად თამარ მეფისა“ ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქსნის საერისთავოს წარმოშობა უშუალოდ თამარის გარდაცვალების შემდეგ მოხდა? ჩვენი აზრით არა. სანამ პასუხს გავცემთ კითხვას თუ როდის წარმოიქმნა ქსნის საერისთავო უნდა ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ წარმოიშვა ახალი ადმინისტრაციული ერთეული, ამ შემთხვევაში ქსნის საერისთავო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გავარკვევთ საერისთავოს წარმოშობის მიზეზს, უფრო გაგვიადვილდება განვსაზღვროთ თუ როდის წარმოიშვა ქსნის საერისთავო.
თუ მთელი წინა საუკუნეების მანძილზე (XI-XII სს.) ქსნის ხეობა შედიოდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში და არავითარი მიზეზი არ იყო იმისა, რომ შექმნილიყო ახალი ადმინისტრაციული ერთეული, რატომ გახდა ეს საჭირო XIII საუკუნეში? რამ გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ ქსნის ხეობაში შექმნილიყო ახალი ადმინისტრაციული ერთეული? სამწუხაროდ წყაროები ამის შესახებ არავითან ცნობებს არ შეიცავენ. შეიძლება მხოლოდ გამოვთქვათ ვარაუდი.
ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ე. ხოშტარია-ბროსე _ „თუ გავითვალისწინებთ ცხრაზმისხევში ქვენიფნეველთა დამკვიდრების ვითარებას, უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოში მონღოლთა შემოტევის პერიოდში თავდაპირველად ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა თავისი ძველი პოზიციები მთაში. კერძოდ, ამ შემთხვევაში ქსნის ხეობის ზემო ნაწილში, რითაც ისარგებლეს ახალმა ფეოდალურმა ძალებმა _ როსტომისა და მისი ძმების სახით და მოახერხეს აქ გაბატონება. მაგრამ დროთა ვითაბაში სამეფო ხელისუფლება ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენა ამ მხარეში, სადაც ამ დროისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო მომხდარი. ეს გამოიხატა ხელისუფლების სათავეში ახალი სოციალური ძალების მოქცევაში. სამეფო ხელისუფლებას ისღა დარჩენოდა, რომ ეცნო ეს ძალები და თავის სამსახურში ჩაეყენებინა ისინი“ (251;148). ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ ამ აზრს. ცხრაზმისზევში საერისთავოს წარმოშობა ჩვენ შემდეგნაირად წარმოგვიდგენია: მონღოლთა შემოსევის შედეგად დასუსტებული სამეფო კარი კარგავს თავის გავლენას ქართლის მთიანეთზე, მათ შორის ცხრაზმისხევზეც. ამით სარგებლობენ ახალი ძალები, ჩვენს შემთხვევაში როსტომი და მისი მემკვიდრეები და ახერხებენ გაბატონებას. იმისათვის, რომ სამეფო ხელისუფლებამ აღადგინოს თავისი გავლენა ამ მხარეში ის იძულებულია წავიდეს დათმობაზე. ამნაირ დათმობად ჩვენ გვესახება ერისთავობის ბოძება ცხრაზმისხევის ახალი მფლობელებისათვის. ე.ი. სამეფო კარი მიდის დათმობაზე და ქვენიფნეველებს აძლევს ერისთავობას, რაც ცხადია გულისხმობს საერისთავოს შექმნას. ჩვენი აზრით საერისთავოს შექმნა ცხრაზმისხევის ტერიტორიაზე არის იძულებითი ნაბიჯი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. რათა ამგვარად აღადგინოს თავისი ძალაუფლება ამ მხარეში.
მას შემდეგ რაც გავარკვიეთ საერისთავოს შექმნის მიზეზი გაცილებით ადვილია განვსაზღვროთ საერისთავოს წარმოქმნის ხანაც. როგორც ცნობილია მონღოლები საქართველოში მეორედ შემოიჭრნენ XIII საუკუნის 30-იან წლებში. ჩვენი აზრით, ამაზე ადრე საერისთავოს წარმოშობა გამორიცხულია. საინტერესოა იოანე ბაგრატიონთან დაცული ცნობა _ „უკანასნელ მეფისა რუსუდანისასა, იქმნა რა აღრეულობა საქართველოსა შინა და ბრძოლაი ნოინთაგან, მაშინ მოვიდნენ ეს აწ წოდებულნი, ერისთავთა წინაპარნი სამეფოსა ოსეთის ხეობითაგან ... მოვიდნენ ორნი მამანი, პირველსა ეწოდა ბიბილა, მეორესა რატი, რომელნიცა დაეშენენ ქსნისა ხეობასა შინა, წელსა ქრსტეს აქეთ 1235“ (15;52.61;61). როგორც ვხედავთ იოანე ბაგრატიონი ქვენიფნეველთა წინაპრების დამკვიდრებას ქსანზე 1235 წლისათვის ვარაუდობს. ე. ხოშტარია _ ბროსეს აზრით, „დავით VII-ის დროს ხდება როსტომისა და მისი რაზმის გადმოსვლა და დამკვიდრება ცხრაძმისხევში. ქვენიფნეველთა განდიდების დასაწყისი კი უფრო დემეტრე II-ის დროიდან უნდა ვიგულისხმოთ“ (251;146). ის რომ მონღოლთა ბატონობის დროს სამეფო კარმა დაკარგა გავლენა ქართლის მთიანეთზე, ეს ნათლად ჩანს „ძეგლის დადებიდანაც“ (76:103-104). ქვენიფნეველთა წინაპარი, „ძეგლი ერისთავთას“ მიხედვით როსტომი, შეიძლება მართლაც რუსუდანის მეფობისას მოვიდა, მაგრამ გამორიცხულია, რომ მაშინათვე მიეღო ერითვათობა.
საინტერესოა როდის უნდა დასუსტებულიყო ცენტრალური ხელისუფლება ისე, რომ ახლად მოსულებს მოეხერხებინათ ცხრაზმისხევში გაბატონება? ამ კითხვას ადვილად ვუპასუხებთ თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხრაზმისხევი შედიოდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში. იმისათვის რომ ახლად მოსულებს თავისი გავლენა დაემყარებინათ ცხრაზმისხევში, საჭირო იყო არა მარტო სამეფო ხელისუფლების დასუსტება, არამედ ქართლის ერისთავისაც. არა გვგონია ძლიერი ქართლის ერისთავი შეგუებოდა, თუ როგორ ამყარებდნენ სხვები თავის გავლენას მისი საერისთავოს ერთ-ერთ ხეობასა თუ ხევზე. ამრიგად, ქსნის საერისთავოს წარმოშობისათვის საჭირო იყო არა მარტო სამეფო ხელისუფლების სისუსტე, არამედ ქართლის ერისთავის ძალაუფლების შესუსტებაც. თუ პირველი შეიძლება ვივარაუდოთ მონღოლთა შემოსევის შემდეგ, ქართლის ერისთავის ძალაუფლებაზე შეიძლება ითქვას შემდეგი: ნაკლებ სავარაუდოა, გრიგოლ სურამელის დროს ქართლის ერისთავის ხელისუფლება ისე დასუსტებულიყო, რომ წინ ვერ აღდგომოდა ცხრაზმისხევში უცხო ძალის გაბატონებას. გრიგოლი ქართლის ერისთავი იყო 1260 წლამდე. ჩვენი აზრით ქსნის საერისთავოს წარმოშობა უნდა ვივარაუდოთ ბეგა სურამელის დროს. 1260 წელზე ადრე ქსნის საერისთავოს წარმოშობა ნაკლებ მოსალოდნელია.
რაც შეეხება ზედა ზღვარს _ „ძეგლი ერისთავთას“ გარდა, სხვა წყაროებში მოხსენიებული პირველი ქსნის ერისთავის არის შალვა. ის რამდენჯერმე იხსენიება ჟამთააღმწერელთან და როგორც ჩანს არის XIII საუკუნის მეორე ნახევრის, უფრო ზუსტად კი 90-იანი წლების მოღვაწე (186;301 ,307). ასე რომ შალვას ერისთავობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. საკითხავია, შალვა პირველი ერისთავია ქვენიფნეველთა შორის თუ არა. „ძეგლი ერისთავთა“ შალვამდე ასახელებს ოთხ ერისთავს. ესენია: როსტომი, ლარგველი, დიმიტრი და შალვას მამა ვირშელი. გ. არახამიას აზრით, როსტომი, ლარგველი და დიმიტრი არიან XIII საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეები (15;95). დასახელებული სამივე პირი შეიძლება მართლაც ცხოვრობდა XIII საუკუნის პირველ ნახევარში, მაგრამ მათი ერისთავობა გამორიცხულია. რაც შეეხება ვირშელს _ „ძეგლი ერისთავთას“ მიხედვით: „მაშინ დაჯდა მეფედ ადარნასე და მოკუდა ერისთავი ვირშელ, დაშთა ძე მისი შალვა სამისა წლისაი და აღზარდა იგი მეფემან პატივითა მამათა მათითაითა. და მოკუდა მეფე, დაშთა ძე მისი ვახტანგ ექუსისა წლისაი“ (77:105). ვახტანგის მამა ადარნასე, არის იგივე დემეტრე II. მართალია „ძეგლი ერისთავთა“ ტენდენციური წყაროა და ზოგჯერ არა სწორად ასახავს XIII საუკუნის ბოლოს მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ჩვენ ამჟამად გვაინტერესებს ის, რომ დემეტრეს ტახტზე ასვლისას შალვა იყო სამი წლის. ასევე ვარაუდობს გ. არახამიაც (15;93). აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ცხრაზმისხევში საერისთავოს შექმნა, იყო იძულებითი ნაბიჯი სამეფო კარის მხრიდან. თუ 1270 წ. ე.ი. დემეტრეს ტახტზე ასვლისას შალვა იყო სამი წლის, ცხადია სამეფო კარს სამი წლის ბავშვის მიმართ არავითარ დათმობაზე წასვლა არ მოუხდებოდა. მეფეს თავისუფლად შეეძლო არ მიეცა ერისთავობა შალვასთვის. აქედან შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა, ერისთავობა ქვენიფნეველთა გვარს მიღებული ჰქონდა დემეტრეს ტახტზე ასვლამდე. ე.ი. 1270 წლამდე და პირველი ერისთავი იყო ვირშელი.
ჩვენი აზრით ქსნის საერისთავო წარმოიშვა 1260-1270 წლებში. პირველი ერისთავი იყო ვირშელი, მერე კი მისი ვაჟი შალვა. საინტერესო ცნობებს ქსნის ერისთავების შესახებ გვაწვდის „ლარგვისის სულთა მოსახსენიებელი“ (188;19). მასში მოიხსენიებიან შემდეგი ერისთავები: „სულთა ქვენიფნეველისა ერისთავთ-ერისთავისა შალვაისასა ... ძისა მათისა ერისთავთ-ერისთავისა ლარგუელისასა ... სულსა ძისა მისისასა ერისთავთ-ერისთავისა ქუენიფნეველისასა. სულსა მათისა ძმისა ამირეჯიბისა და ერისთავთ-ერისთავისა იოვანესი ... სულსა ძისა მათისა ერისთავთ-ერისთავისასა ვირშელისასა“. ყველა ეს ერისთავი იხსენიება „ძეგლი ერისთავთაშიც“ (77:106-116). ამ უკანასკნელში ასევე მოიხსენიება წითლოსანი, რომელიც სულთა მოსახსენიებელში ნახსენები არ არის. „ძეგლი ერისთავთაში“ ის მოიხსენიება როგორც „წინამძღუარი ცხრაზმისხეველთა“ და არა ერისთავი (77:109). წითლოსანი, ვირშელ II-ის ძმა, 9 წელი მართავდა ცხრაზმისხეველთა. სანამ ვირშელ II-ის ვაჟი ქვენიფნეველი არ წამოიზარდა. გ. არახამია აღნიშნავს, რომ წითლოსანი არ ატარებდა ერისთავის ტიტულს და მცირეწლოვანი ძმისშვილის მეურვე იყო (15;127,94). ამ თვალსაზრისს მკვლევარი იმით ამაგრებს, რომ არც „ძეგლი ერისთავთაში“ და არც 1348 წლის სიგელში ის ერისთავად არ იწოდება (77:98-99). ჩვენ დავამატებთ იმას, რომ წითლოსანი არც სულთა მოსახსენიებელში არის ნახსენები. როგორც ჩანს ის მართლაც არ ატარებდა ერისთავის ტიტულს. „ძეგლი ერისთავთასა“ და „სულთა მოსახსენიებელზე“ დაყრდნობით შეიძლება დავადგინოთ ქსნის ერისთავების შემდეგი სია: შალვა I, იხსენიება ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში (157:106); იოვანე; ვირშელ III, ასევე იხსენიება ჯვრის მონასტრის აღაპში (157:96); აგრეთევე 1398 და 1400 წლების სიგელებში. ვირშელ III-ის მერე ერისთავი უნდა გამხდარიყო მისი შვილი ქვენიფნეველი, რომელიც მოიხსენიება 1466 წლის სიგელში _ „სულსა ერისთავთ-ერისთავისა ქვენიფნეველისასა შნ ღნ“ (188;253). ამავე სიგელში ერისთავად იხსენიება მისი ძე შალვა. შემონახულია შალვას შეწირულობის სიგელი ლარგვისის მონასტრისადმი, რომელიც თარიღდება 1470 წლით (77:139). 1498 წლის სიგელში ერისთავად ჩანს უკვე შალვას შვილიშვილი ქვენიფნეველი. რაც შეეხება შალვას შვილს რამაზს, ის არსად ერისთავად არ მოიხსენიება. მართებულად შენიშნავდა თ. ჟორდანია, რომ უცნობია იყო რამაზი ერისთავი თუ არა.
ვ. ღუნაშვილს დადგენილი აქვს, XIV ს-ის პირველ ნახევარში მოღვაწე ქსნის ერისთავების ზუსტი ქრონოლოგია: ლარგველი 1318-1320 წლები, ვირშელ II 1320-1335 წლები, წითლოსანი 1335-1344 წლები, (221;72-80). ჩვენი აზრით წყაროები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასე ზუსტად დავადგინოთ ერისთავობის თარიღები. ჩვენ თითქმის მთლიანად ვიზიარებთ და ვიყენებთ თ. ჟორდანიასა (188; 26) და გ. არახამიას მიერ დადგენილ თარიღებს, შალვა I-დან მოყოლებული.
ქსნის ერისთავების სია ჩვენ შემდეგი სახით წარმოგვიდგენია:
ვირშელ I (XIII ს-ის 60-იანი წლები)
შალვა I (XIII-XIV სს-ის მიჯნა)
ლარგველი (XIV ს-ის დასაწყისი)
ვირშელ II (XIV ს-ის პირველი ნახევარი)
წითლოსანი (საერისთავოს მმართველი. XIV ს-ის შუა ხანები)
ქვენიფნეველი I (XIV ს-ის 50-იანი წლები _ 1373)
იოვანე (1373-1390-იანი წლების პირველი ნახევარი)
ვირშელ III (XIV ს-ის ბოლო _ არა უგვიანეს 1422 წლისა)
ქვენიფნეველი II (XV ს-ის 20-30-იანი წლები)
შალვა II (XV ს-ის 40-70-იანი წლები)
რამაზი (იყო თუ არა ერისთავი უცნობია)
ქვენიფნეველი III (XV ს-ის ბოლო)
არაგვის საერისთავო
პირდაპირი ცნობები იმის შესახებ, თუ როდის წარმოიშვა საერისთავო არაგვის ხეობაში, წყაროებში დაცული არ არის. ვახუშტი ბატონიშვილი შემდეგი სახის ცნობას გვაწვდის _ „ხოლო ესე ნუგზარ იყო ერისთავი არაგვისა, რამეთუ პაპა ამისი იყო აზნაური ვანათელი ... ხოლო ოდეს შეიპყრეს ყიზილბაშთა მეფე სვიმონ, ამანვე მოიმწო ქსნის ერისთავი, დაესხა და მოსწყვიდნა თექთურმანიძე და ჭარმაული და დაიპყრა ბაზალეთი ... და დაიპყრა ნუგზარ ბაზალეთი, მერმე დაიმორჩილა მთიულეთი“ (23;424). ბერი ეგნატაშვილი ცოტა სხვანაირად აღწერს ამ ამბავს _ „ხოლო ესე ნუგზარ არაგვის ერისთავის მამა-პაპათა ამოსწყვიტეს პატრონი ხევისა თექთურმანისძე და დაიჭირეს ხევი, და მიერითგან მისცა მფეემან რომელთამე ხადა, რომელთამე მთიალეთი და რომელთამე დუშეთი და ანანური და იქმნეს ხევისა მისი ერისთავად~. ნარატიული წყაროები სხვა ცნობებს არაგვის საერისთავოს წარმოშობის შესახებ არ შეიცავენ. სამაგიეროდ მეტად საინტერესო ცნობაა დაცული 1439 წლის გერგეტის „სულთა მატიანეში“. მასში მოხსენიებული არიან ერისთავი შაბურისძეები: „სული ყოველთა ერისთავთა შაბურისძეთა კხლ იყავ უკუნისამდე, სული ერისთავთ-ერისთავისა ჭუჭაისი ... სული ერისთავთ-ერისთავისა ვარამისი ... სული ერისთავთ-ერისთავისა ვახტანგისი ... სული ერისთავთ-ერისთავისა მიქაისი“ (230;267). სწორედ შაბურისძეები იყვნენ არაგვის პირველი ერისთავები. როგორც ვნახეთ მათ არც ვახუშტი მოიხსენიებს და არც ბერი ეგნატაშვილი. შაბურისძეები კი იყვნენ არაგვის პირველი ერისთავები, მაგრამ საკითხავით თუ როდის წარმოიშვა არაგვის საერისთავო. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ჯ. გვასალიას აზრით, ქართლის საერისთავოს დაშლის შემდეგ, XIV საუკუნეში შეიქმნა არაგვის საერისთავო (61:62). დ. გვრიტიშვილი გამოთქვამდა შემდეგ მოსაზრებას _ „ასე თუ ისე შაბურისძეებამდე ჩვენ არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია და საერისთავოს ისტორიას ჩვენ XIII ს-ის დამლევიდან ან XIV ს-ის დასაწყისიდან ვიწყებთ“ (65:89). ამავე დროს მკვლევარს მიაჩნია, რომ „არაგვის საერისთავო, როგორც დამოუკიდებელი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული, ადრე არსებობდა და ქართლის საერისთავოში შედიოდა“ (65:95). მოსაზრება იმის შესახებ, რომ არაგვის საერისთავო შედიოდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში ფართოდ არის გავრცელებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამ აზრს იზიარებს მ. ბერძენიშვილი (205;361). ე. ხოშტარია-ბროსეს აზრით, ცალკე არაგვის საერისთავოს არსებობის ფაქტი დასტურდება XV საუკუნიდან, მანამდე კი ის ქართლის საერისთავოში შედიოდა (251;78-79). გ. არახამია თვლის, რომ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე ქართლის ერისთავები სურამელები არიან და ისინი თავის იურისდიქციას ავრცელებენ არაგვის ერისთავ შაბურისძეებზე (15;134). პირადად ჩვენ არ ვიზიარებთ აზრს არაგვის საერისთავოს ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში ყოფნის შესახებ. მაგრამ მივყვეთ ყველაფერს თავიდან.
პირველ რიგში გასარკვევია თუ როდის შეიქმნა არაგვის საერისთავო. როგორც ვნახეთ „სულთა მატიანეში“ მოხსენიებული არიან არაგვის შემდეგი ერისთავები: ჭუჭია, ვარამი, ვახტანგი და მიქაი. თუ ამ უკანასკნელს გავაიგივებთ 1398 წლის სიგელში ნახსენებ მიქაისთან _ „მე ერისთავი შაბურისძე მიქაი მოწამე ვარ“ (188;202) _ მაშინ ცხადია, რომ ჭუჭაი, ვარამი და ვახტანგი მოღვაწეობდნენ 1398 წლამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ აზრით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჭუჭაი მოღვაწეობდა XIV საუკუნის პირველ მეოთხედში მაინც. ე.ი. XIV საუკუნის პირველ მეოთხედში არაგვის საერისთავო უკვე არსებობდა.
ეხებოდა რა გერგეტის „სულთა მატიანეს“ ქრ. შარაშიძე აღნიშნავდა, რომ შესავალი და მეფეთა უძველესი ფენა დაწერილია XV საუკუნის პირველ ათეულში. მსგავსივე ხელითაა დაწერილი ერისთავთა მოსახსენიებელი, ამავე ძველი ხელის მსგავსი ხელით არის დაწერილი ერისთავ-ერისთავი ნუგზარისა და მისი ოჯახის წევრების მოსახსენიებელი (230;219). ლაპარაკია შემდეგ მოსახსენიებელზე _ „... სული ერისთავთ-ერისთავისა ნუგზარისი ... სული მათისა მეუღლისა დედისიმედისა ... სული ძეთა მათთა ლომისი და შაბურისი“ (230;268). თ. ჟორდანია გამოთქვამდა ვარაუდს _ ხომ არ მომდინარეობს გვარი შაბურისძე, ზემოთ დასახელებული შაბურისაგან (188;203).
XIV-XV საუკუნეების მანძილზე მოღვაწე და წყაროებით ჩვენთვის ცნობილ არაგვის ერისთავებს შორის არ გვხვდება სახელი შაბური, მაგრამ გვხვდება სახელი ნუგზარი. 1419 წლის მცხეთის სიგელში არაგვის ერისთავად იხსენიება ნუგზარ შაბურისძე (188;225). ამდანად შესაძლებელია მოსახსენიებელში მოხსენიებული ნუგზარი და 1419 წლის სიგელის ნუგზარი ერთი და იგივე პირები არიან. მაშინ მისი ძე შაბური გამოდის XV საუკუნისის მოღვაწე და ცხადია მას ვერ მივიჩნევთ გვარისათვის სახელის დამდებად. მაგრამ ამ ვარაუდს ეწინააღმდეგება ერთი ფაქტი _ მოსახსენიებლიდან ნათლად ჩანს, რომ ნუგზარს ყავს ორი ვაჟი: „სული ძეთა მათთა ლომის და შაბურისი“. მეტი შვილი როგორც ჩანს ნუგზარს არ ჰყავს. 1419 წლის სიგელში მოხსენიებულ ნუგზარს კი ჰყავს ძე შანშე. ეს ნათლად ჩანს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებიდან. შემონახულია აღაპი „ერისთავისა ნუგზარის შვილისა შანშასი“ (158:92). ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა _ მოსახსენიებლის ნუგზარი და 1419 წლის სიგელის ნუგზარი სხვადასხვა პირები არიან. მაშინ საინტერესოა, რა პერიოდის მოღვაწეები არიან ნუგზარი და მისი ძე შაბური? ჩვენი აზრით ისინი არიან XIII საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეები. თუ არა XIII საუკუნის მეორე ნახევარი, მათთვის სამოღვაწეო სხვა პერიოდი არ რჩება. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ჟამთააღმწერელთან დაცული ცნობა. ეხება რა 1297-1302 წლების ამბებს მემატიანე გვაუწყებს, რომ „შაბურის ძმის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად“ (186;308). ს. ყაუხჩიშვილი შენიშნავდა, რომ აქ შეიძლება ლაპარაკია არა „შაბურის ძმის ასულზე“, არამედ „შაბურის ძის ასულზე“. რ. კიკნაძემ ჩვენთვის საინტერესო ადგილი შემდეგნაირად აღადგინა _ „შაბურის ძის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად“ (173;201). ამჯარად ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს რა იქნება ტექსტში, „შაბურის ძმის“ თუ „შაბურის ძის“. თუ უნდა იყოს „შაბურის ძმის“, მაშინ გამოდის რომ შაბური ამ მოვლენებზე ადრე თუ არ ცხოვრობდა, ამ მოვლენების თანამედროვე მაინც უნდა იყოს. თუ „შაბურის ძის ასულზეა“ ლაპარაკი, მაშინ მით უფრო საფიქრებელია, რომ შაბური ამ მოვლენებზე ადრე ცხოვრობდა. ჩვენთვის მთავარია, რომ ორივე შემთხვევაში შაბური შეიძლება მივიჩნგიოთ XIII საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწედ.
ცხადია, რომ ასევე XIII საუკუნის მოღვაწე უნდა იყოს შაბურის მამა ნუგზარი. ეს უკანასკნელი კი „სულთა მატიანეში“ ერისთავთ-ერისთავად იწოდება. ასევე ერისთავთ-ერისთავად იწოდება თავად შაბურიც _ „... სულსა ერისთავთ-ერისთავისა შაბურისსა ...“ (230;269).
ჩვენი აზრით, არაგვის საერისთავო წარმოიქმნა XIII საუკუნისის მეორე ნახევარში და მისი პირველი ერისთავები იყვნენ ნუგზარი და მისი ვაჟი შაბური. ეს უკანასკნელი კი, როგორც ამას თ. ჟორდანია ვარაუდობდა არის შაბურისძეთა გვარისათვის სახელის დამდები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ დ. გვრიტიშვილი ვარაუდობდა ჟამთააღმწერლის ცნობასთან დაკავშირებით, „მართალია ჟამთააღმწერელი არ მიუთითებს, რომ აქ შაბურისძე ერისთავია, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ის შაბურისძე არაგვის ერისთავი უნდა იყოს“ (65:88).
როგორც უკვე აღვნიშნეთ ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ არაგვის საერისთავო შედიოდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში. ვნახოთ თუ რა წყაროებს ეყრდნობიან მკვლევარები. დ. გვრიტიშვილი წერს _ „უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართლის საერისთავოში შედიოდა არაგვის ხეობაც, თითქოს პირდაპირი მითითებაც გვაქვს ამის შესახებ. აბულასანი იყო ქართლის ერისთავთ-ერისთავი და ამირთ-ამირა, რომელიც ამავე დროს იყო „შვიდთა მთიულეთთა პატრონი“ (65:89). ცხადია აქ ლაპარაკია ლურჯი მონასტრის წარწერაში მოხსენიებულ აბულასანზე _ „... ძმისა ჩემისა ერისთავთ-ერისთავისა ქართლისა, ამირთაამირისაი რუისთავისა და შვიდთა მთიულეთთა პატრონისა აბულასნისათვის...“ (141:98). ჩვენი აზრით, დ. გვრიტიშვილის მიერ მოყვანილი წყარო სწორედ რომ საპირისპიროზე მეტყველებს. „შვიდი მთიულეთი“, რომ ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში ყოფილიყო, მაშინ აბულასანის ქართლის ერისთავთ-ერისთავობში თავისთავად იგულისხმებოდა „შვიდი მთიულეთის“ ფლობაც და ამის ცალკე აღნიშვნა საჭირო აღარ იქნებოდა. წარწერაში სწორედ იმიტომ არის აღნიშნული „შვიდთა მთიულეთთა პატრონი“, რომ ქართლის ერისთავთ-ერისთავობა არ ნიშნავს „შვიდი მთიულეთის“ ფლობას (თავი რომ დავანებოთ ტერმინების „პატრონი“ და „ერისთავი“ ურთიერთმიმარტების საკითხს) ეს კი მიუთითებს, რომ „შვიდი მთიულეთი“ არ შედიოდა ქართლის საერისთავოში.
გ. არახამიასა და ე. ხოშტარია-ბროსესათვის მთავარი წყაროა „ძეგლი ერისთავათა“, რომელშიც ნახსენებია ერისთავი სურამელი. ჯერ ვნახოთ „ძეგლი ერისთავთას“ შესაბამისი ადგილი _ „მაშინ მთიულნი არაგვისა ზედაზნით დარიალამდისნი ერთად შუკრებით იყუნეს და უძღოდა მათ ერისთავი მათი სურამელი“ (77:117). ორივე მკვლევარს სურამელი მიაჩნია ქართლის ერისთავად და ამ ცნობას იყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ არაგვის საერისთავოზე ხელი მიუწვდებოდა ქართლის ერისთავთ-ერისთავს ე.ი. არაგვის საერისთავო შედიოდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში. სურამელს ქართლის ერისთავად მიიჩნევდა ნ. ბერძენიშვილიც. საურმაგ კაკაბაძე ვარაუდობდა, რომ ქართლის საერისთავოს გაუქმების მერე სურამელები გახდნენ არაგვის ერისთავები. ეს მოსაზრება სამართლიანად გააკრიტიკა გ. არახამიამ და მასზე აღარ შევჩერდებით (15;132).
მაინც ვინ არის „ძეგლი ერისთავთაში“ 1404-1405 წლების ამბების თხრობისას ნახსენები ერისთავი სურამელი? ქართლის საერისთავოს განხილვისას ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ გიორგი V-ის ტახტზე ასვლის შემდეგ სურამელებს უნდა დაეკარგათ ქართლის ერისთავობა. ამდანად „ძეგლი ერისთავთას“ სურამელის მიჩნევა ქართლის ერისთავად არ შეიძლება. ჩვენ ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ არაგვის საერისთავო არ შედიოდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში და ცხადია არც „ძეგლი ერისთავთას“ სურამელი არის ქართლის ერისთავი.
ე. ხოშტარია-ბროსემ მართებულად შენიშნა „გერგეტის სულთა მატიანესთან„ დაკავშირებით ის გარემოება, რომ „სულთა მატიანე“ რომელიც მოიხსენიებს მეფეებს, ათაბაგებს არ იცნობს სურამელებს და მათ დამახასიათებელ სახელებსაც კი. სამაგიეროდ ერისთავებად შაბურისძეებს ხატავს (251;78). „გერგეტის სულთა მატიანე“ სწორედ იმიტომ არ იცნობს სურამელებს, რომ მათ არავითარი კავშირი არაგვის საერისთავოსთან არ ჰქონდათ. შაბურისძეები კი მართლაც არაგვის ერისთავები იყვნენ. სურამელებს ე.ი. ქართლის ერისთავებს თავისი იურისდიქცია მართლაც რომ ჰქონოდათ გავრცელებული არაგვის საერისთავოზე ანუ არაგვის საერისთავოს უზენაესი მმართველები ყოფილიყვნენ, რომლებიც შაბურისძეებზე მაღლა იდგნენ _ „სულთა მატიანე“ მათ აუცილებლად მოიხსენიებდა. ჩვენი აზრით სურამელთა მოუხსენიებლობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მათ არავითარი უფლება და გავლენა არაგვის საერისთავოზე არ ჰქონდათ. არაგვის საერისთავო მათ არ ემორჩილებოდა.
„გერგეტის სულთა მატიანეში“ მოხსენიებული ყველა შაბურისძე იწოდება ერისთავთერისთავად. ჩვენ ნაკლებ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ შაბურისძეებს არ ჰქონოდათ ერისთავთერისავის ტიტული და „სულთა მატიანეს“ ისინი მაინც მოეხსენიებინა ამ ტიტულით. ჩვენი აზრით შაბურისძეები რეალურად ფლობდნენ ერისთავთ-ერისთავის ტიტულს. ასეთ შემთხვევაში პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად შეიძლება ერთი ერისთავთ-ერისთავი (შაბურისძე) ემორჩილებოდეს მეორე ერისთავთ-ერისთავს (სურამელს)? ცხადია ამგვარი რამ გამორიცხულია. არ შეიძლება ერისთავთ-ერისთავის ხელქვეითიც ერისთავთ-ერისთავის ტიტულს ატარებდეს. ჩვენი აზრი შაბურისძეების მოხსენიება ერისთავთ-ერისთავად გამორიცხავს მათ დაქვემდებარებს რომელიმე სხვა ერისთავთ-ერისთავისადმი. შაბურისძეები არც ერთ სხვა ერისთავთ-ერისთავს არ ემორჩილებოდნენ და ცხადია არც მათი საერისთავო „ქვეყანა“ _ არაგვის ხეობა არ შედიოდა რომელიმე სხვა საერისთავოში.
ჩვენი აზრით არც ერთი წყაროთი არ მტკიცდება, ის რომ არაგვის საერისთავო შედიოდა ქართლის საერისთავოში. ცხადია არც „ძეგლი ერისთავთას“ სურამელი არის ქართლის ერისთავი. მას არავითარი კავშირი არა აქვს XIII საუკუნის ქართლის ერისთავებთან. „ძეგლი ერისთავთას“ შემთხვევაში სურამელი არის არა გვარი (როგორც ეს არის ქართლის ერისთავებთან დაკავშირებით) არამედ სახელი. ასეთი სახელის არსებობს XV საუკუნის საქართველოში დასტურდება 1457-1460 წლების სიგელიდან, რომელშიც ვკითხულობთ _ „... შვილთა ჩვენთვა ლაპა, ბარათა, სურამელმან და ქავთარ ...“ (188;271). თვით „ძეგლი ერისთავთას~ ტექსტიდანაც ნათლად ჩანს, რომ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ არაგვის ერისთავზე. მემატიანე სრულიად ნათლად წერს, რომ არაგვის მთიულებს უძღვოდა „ერისთავი მათი სურამელი“. „მათი ერისთავი“ უნდა ნიშნავდეს მხოლოდ არაგვის ერისთავს და არა ვინმე სხვას.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას შემდეგი, „ძეგლი ერისთავთას“ მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი ხდება XV საუკუნის დასაწყისის არაგვის ერისთავის ვინაობა. ეს არის სურამელ შაბურისძე. როგორც სათანადო ადგილას აღვნიშნეთ 1389 წელს ერისთავია მიქაი, ხოლო 1419 წელს ნუგზარი. ამრიგად სურამელ შაბურისძეს ერისთავობა უნდა ჰქონოდა მიქაისა და ნუგზარს შორის ე.ი. 1398-1419 წლებს შორის.
გვინდა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს არაგვის საერისთავოსთან დაკავშირებით. ლაპარაკია მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც არაგვის ხეობაში არსებობდა ორი საერისთავო. ეს თვალსაზრისი პირველად გამოთქვა დ. გვრიტიშვილმა (65:89,95). ვნახოთ თუ რა წყაროებზეა დამყარებული ამგვარი ვარაუდი.
ერთ-ერთი წყაროა „ძეგლის დადება“, რომელშიც არის ჩვენთვის საჭირო ორი ცნობა. პირველი _ „მოვედით მუხრანს ... შემოვედით ქალაქსა და შემოვიტანეთ თემისა და თემის ერისთავნი და ხევისთავნი და ხევისთავნი და ჰეროვანნი“ (76:103). დ. გვრიტიშვილი შენიშნავს, თუ სჯულმდებელი აქ არაგვსა და ქსანს არ გულისხმობს, თემისა და თემის ქვეშ, მაშინ გამოდის რომ არაგვის ხეობაში რამდენიმე საერისთავო იყო“ (65:89). ე. ხოშტარია-ბროსეს აზრით კი _ „ძეგლის მიხედვით არაფრით არ დასტურდება მთიულეთში რამდენიმე ერისთავის არსებობა, ამიტომ უფრო მართებულია ... რომ მოწვეული იყვნენ სხვა „თემის“ ერისთავებიც, თუნდაც ცხრაძმისხევის ერისთავი“ (251;75).
საინტერესოა სამართლის 42-ე მუხლი _ „ამიერნი ხევისბერნი და ჰეროვანნი იმიერთა ნუოდეს მიუდგების, ნუცა სალაშქროდ, ნუცა სასაუროდ ისაქმებენ ერთმანეთთანა თავის-თავისასა საერისთავოსაგან კიდე“ (76:117). ამ მუხლზე დაყრდნობით დ. გვრიტიშვილი ვარაუდობდა, „რომ ხევში ერთი საერისთავოა, ხოლო არაგვის ხეობაში მეორე“ (65:93). თუმცა მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ამიერი არაგვის ხეობაა და იმიერი _ ქსნის (251;75 და 287;105).
„ძეგლის დადების“ ამ ორი ადგილის ინტერპრეტაცია მართლაც სხვადასხვანაირად შეიძლება. ცალსახა დასკვნის გამოსატანად წყარო არ იძლევა სათანადო მასალას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ მკვლევარი როგორ ინტერპრეტაციას მისცამს ამ ცნობებს. მაგრამ განვიხილოთ სხვა წყაროებიც.
წილკნელის სარგოს წიგნში არის შემდეგი სახის ცნობა _ „ანანურს ზევით ხევს გარდა ისეე წილკნელის ათორმეტთაგანის მოქცეულ არს. რახან წმინდის ემბაზის შვილნი შექმნილიყვნენ იმათი ეპისკოპოზი ვინც ვინ წილკნელი ყოფილან, იმათ სამწყსო ყოფილა. მცირედ მცირედ ქრისტიანობა შემოუგდიათ, ხუცესი და დიაკონი დაუდგინებიათ, წმინდის ნათლისღების შვილობა გამრავლებულა. არაგვის ერისთავი არავინ ყოფილა იმის მოქცევაში ერისთავ თვინიერ შაბურიშვილის მეტი. იმას ჭერია დაბალი საერისთავო“ (238;23). წილკნელი ეს წიგნი 1669 წლისაა. დ. გვრიტიშვილს მიაჩნია, რომ „დაბალი საერისთავო“ გულისხმობს `მთის ერისთავის“ არსებობასაც. ხოლო წილკნელის წიგნიდან ცხადია, შაბურისძეები იყვნენ „დაბალი საერისთავოს“ ერისთავები (65:89). აზრს, არაგვის ხეობაში ორი საერისთავოს არსებობის შესახებ იზიარებს დ. მუსხელიშვილიც _ ბაზალეთი, ადრეფეოდალური ხანის უნდა იყოს იგივე გვიანდელი „დაბალი საერისთავო“ რაც გულისხმობს „მაღალი საერისთავოს“ არსებობასაც. საზღვარი ანანური უნდა ყოფილიყო“ (163;37). ე. ხოშტარია-ბროსე დაუშვებლად მიიჩნევს ცალკე „დაბალი საერისთავოს“ არსებობას. მისი აზრით „ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას ეს ტექსტი, ისტორიული პირობების გათვალისწინებით არ გვაძლევს, რადგან თვით ეს ტერმინოლოგია გვიანდელია ე.ი. დოკუმენტის შედგენის დროინდელია. „დაბალი საერისთავო„ აქ უპირისპირდება „მთას“, რომელიც ანანურს ზემოთ იწყება. ორივე ამ დროს კი არაგვის ერისთავის სამფლობელო იყო და გულისხხმობს ამ საერისთავოს დაბლობ და მთიან ნაწილს“ (251;79).
დ. გვრიტიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ XVII საუკუნის რუსი მოგზაურები არაგვის ერისთავებს მოიხსენიებენ „სონთა ერისთავებად“ _ „... потому, что ныне Иристов княз Сонской со мною не в миру ...“; „Грамота к Арситову князю Сонскому“ (269;34,421). მკვლევარი გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით ვარაუდს, რომ „სონთა ერისთავი“ ნიშნავს „სიონის ერისთავს“. სიონი იყო ხევის საერისთავოს ცენტრი და ამიტომაც საერისთავოს ეწოდება სიონის. ეს საერისთავო არსებობდა დამოუკიდელბად. შემდგომში ცნებამ „სიონის საერისთავო“ რეალური შინაარსი დაკარგა მაგრამ სახელი შერჩა (61.93). ნ. ბერძენიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერდა _ „ხევი მთიულეთისაგან გამოყოფილი ცალკე ადმინისტრაციული ერთეული უნდა ყოფილიყო. ეს ვგონებ „ძეგლის დებითაც“ არის საგულისხმებელი ... მას შემდეგ რაც არაგვის ერისთავმა ხელთ იგდო ხევის საერისთავოც, იქ ადგილობრივ და ჩრდილოეთის მეზობლებში მას ძველი სახელი სიონის ერისთავი შერჩა, საქართველოში კი ისევ არაგვის ერისთავი დარჩა“ (44:357).
როგორც ვხედავთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა ქართულ ისტორიოგრაფიაში. რაც გამოწვეულია წყაროთა სიმცირით. ის წყაროები კი რომელიც არსებობს, საფუძველს იძლევა სხვადასხვა მოსაზრებებისათვის. პირველ რიგში ჩვენ ვგულისხმობთ „ძეგლის დადებასა“ და წილკნელის სარგოს გარიგებს წიგნს.
რაც შეეხება „სიონის საერისთავოს“, შეიძლება მართალია ნ. ბერძენიშვილისა და დ. გვრიტიშვილის მოსაზრებები „სიონის საერისთავოსთან“ დაკავშირებით. მაგრამ ჩვენი აზრით არ არის აუცილებელი, რომ „князь“ ნიშნავდეს ქართულ ერისთავს. გარდა ამისა, საკითხავია, იყვნენ შაბურისძეები არაგვის ერისთავები იმ დროს როცა რუსი მოგზაურები მოიხსენიებენ „სიონის საერისთავოს“ თუ არა. ჩვენი აზრით არა. როგორც ჩანს, იმ დროს როცა ვახუშტისა და ბერი ეგნატაშვილის მიხედვით ნუგზარ ერისთავის წინაპრებმა დაიწყეს არაგვის ხეობაში გაბატონება აქ შაბურისძეები აღარ იყვნენ ერისთავები. სწორედ ამიტომ არ მოიხსნიებენ მათ არც ვახუშტი და არც ბერი ეგნატაშვილი. ეტყობა XVI საუკუნის მეორე ნახევარში (ამ ხანას განუკუთვნება ცნობები ნუგზარის წინაპრების მიერ არაგვის ხეობის დაკავების შესახებ) შაბურიძეები აღარ არიან არაგვის ერისთავები.
ბერი ეგნატაშვილის ცნობიდან, რომ ნუგზარ ერისთავის წინაპრებმა ამოსწყვიტეს ხევის პატრონი თექთურმანისძენი და გახდნენ ხევის ერისთავები, თითქოს ისე ჩანს რომ ხევს თავის პატრონი ჰყავს. დ. გვრიტიშვილის აზრით ხევის დაკავების შემდეგ ნუგზარის წინაპრებმა გაავრცელეს თავისი ძალაუფლება არაგვის საერისთავოს დანარჩენ ნაწილზე (65:95). შეიძლება ხევში მართლაც იყო ცალკე საერისთავო და მას მართლაც „სიონის საერისთავო“ ეწოდებოდა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ეს ყველაფერი ეხება XVI საუკუნის მეორე ნახევარს, როცა შაბურისძეები ერისთავები აღარ არიან.
შაბურისძეებმა, ჩვენი აზრით ერისთავობა დაკარგეს XVI საუკუნის პირველ ნახევარში. თუ რატომ მოხდა ეს ძნელი სათქმელია. წყაროები ამის შესახებ არაფერს იუწყებიან. შაბურისძეების ერისთავობის ჟამს არავითარი ორი საერისთავო არ არსებობდა. ამას ადასტურებს „ძეგლი ერისთავთას„ ცნობა _ „მთიურნი არაგვისა ზედაზნით დარიალამდისნი ყოველნი ერთად შეკრებით იყუნეს და ეძღოდა მათ ერისთავი მათი სურამელი“ (77:117). აშკარაა, რომ ზედაზნიდან დარიალამდე არის ერთი საერისთავო.
როგორც ზევით აღვნიშნეთ 1419 წლისათვის ერისთავია ნუგზარი. ნუგზარის შვილი შანშე ერისთავად აღარ იწოდება (158:92).
1465 წლის გუჯარში ერისთავად უკვე ვამიყ შაბურისძე იწოდება _ „ჩუენ შაბურისძეთა ერისთავმან ვამიყ და სარო და ძეთა ჩვენთა გიორგი, ომარ, მიქამან, ვარამ და ნუგზარ“ (188;285). ვამიყი ერისთავია 1474 წელსაც _ „მე ერისთავთ-ერისთავმან სახით ოდენ წოდებულმან ვამიყ შაბურისძემან ...“ (188;291). საინტერესოა სამცხეში მდებარე პატარა სმადას ეკლესიის წარწერა _ „ქრონიკონს რმიე (1467 წელი _ მ.ბ.) ამა ეკლესიის აღმშენებელსა ერისთავსა შაბურისძეს, მაწყვერელ ეპისკოპოსსა შიოს და მშობელთა მისთა შეუნდვენ ღმერთმან“ (35;177). ერსთავი შაბურისძე სხვა არავინ შეიძლება იყოს თუ არა არაგვის ერისთავი ვამიყ შაბურისძე (საინტერესოა, რომ ქართლის მეფის ერთ-ერთი ხელქვეითი არაგვის ერისთავი 1467 წ. ფარავნის ტბასთან მომხდარი ბრძოლიდან ორი წლის მერე, ეკლესიას აშენებს სამცხეში. როგორც ჩანს, შაბურისძეებს რაღაც ახლო კავშირი ჰქონდათ სამცხესთან და ჯაყელებთან. გავიხსენოთ, რომ გერგეტის სულთა მატიანეში მოიხსენიებიან სამცხის ათაბაგებიც. ჩვენი აზრით შაბურისზეებსა და ჯაყელებს შორის არსებობდა ნათესაური კავშირი. XIII საუკუნეში მოღვაწე ნუგზარ შაბურისძის მეუღლე იყო დედისიმედი. ეს სახელი კი გავრცელებული იყო ჯაყელებში. ჩვენი აზრით, არაგვის პირველი ერისთავის, ნუგზარის მეუღლე ჯაყელი იყო. XV საუკუნის ბოლოს საქართველოს დაშლის შემდეგ, ეგებ ჯაყელებთან ურთიერთობაც გახდა იმის ერთ ერთი მიზეზი, რომ შაბურისზეებმა დაკარგეს ერისთავობა).
წყაროებით ვამიყის არც ერთი შვილი ერისთავად არ იწოდება. ჩვენს მიერ ნანახი არც ერთი წყარო, XVI საუკუნისის დასაწყისიდან მოყოლებული შაბურისძეებს აღარ მოიხსენიებს.
ჩვენი აზრით არაგვის საერისთავო შეიქმნა XIII საუკუნისის მეორე ნახევარში და მისი ერისთავების სია ჩვენ შემდეგნაირად წარმოგვიდგენია:
ნუგზარი (XIII ს-ის მეორე ნახევარი)
შაბური (XIII ს-ის ბოლო)
ჭუჭაია შაბურისძე (XIV ს-ის პირველი ნახევარი)
ვარამ შაბურისძე (XIV ს-ის შუა ხანები)
ვახტანგ შაბურისძე (XIV ს-ის მეორე ნახევარი)
მიქაი შაბურისძე (XV ს-ის ბოლო)
სურამელ შაბურისძე (XV ს-ის დასაწყისი)
ნუგზარ შაბურისძე (XV ს-ის პირველი ნახევარი)
ვამიყ შაბურისძე (XV ს-ის მეორე ნახევარი)
სვანეთის საერისთავო
ჩვენი აზრით, სვანეთში საერისთავო უნდა შექმნილიყო ჯერ კიდევ ბაგრატ III-ის გამეფებამდე. X საუკუნეში სვანეთში საერისთავოს არსებობა, ცხადი ხდება ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიაზე არსებული ორი ნაკაწრი წარწერიდან _ „წმიდაო მაცხოვარო შეიწყალე ვახდანგ ერისთავი“ და „წმიდაო მაცხოვარო შეიწყალე ვახდანგ ერისთავი. მაშინ დავწერეთ ოდეს იოვანე ერისთავი სულკურთხეული გარდაიცვალა“ (198;400-401). ორივე წარწერას ვ. სილოგავა ათარიღებს X საუკუნის მეორე ნახევრით და აღნიშნავს, რომ არცერთი ეს ერისთავი სხვა წყაროებით ცნობილი არ არის (198;11). როგორც ცნობილია სვანთა ერისთავები საუკუნეების მანძილზე იყვნენ ვარდანისძეები. ზუსტი დროის განსაზღვრა თუ როდის გახდნენ ვარდანისძეები სვანთა ერისთავები ძალიან ძნელია. გაურკვეველია ჩვაბიანის ეკლესიის წარწერის ერისთავები თუ რომელ საგვარეულოს ეკთვნიან. მხოლოდ შეიძლება ერთი რამის აღნიშვნა, სახელი ივანე რამდენჯერმე დასტურდება ვარდანისძეთა საგვარეულოში. რა თქმა უნდა ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ვამტკიცოთ ჩვაბიანის ეკლესიის წარწერის ივანე ერისთავის ვარდანისძეობა. თუმცა არსებობს გარკვეული საფუძველი ამგვარი ვარაუდისათვის. ქართულ ისტორიოგრაფიაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება _ ვარდანისძეთა წარმომავლობის შესახებ მარუშიანთა საგვარეულგოდან. „ისტორიული წყაროების მიხედვით ვარდანისძეთა გვარის პირველი წარმომადგენელი და მისი დამფუძნებელი, ჩანს სვანთა ერისთავი ვარდანი, რომელიც მეფე გიორგი II-ის დროს მოღვაწეობდა. სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად ისიც განუდგა მეფეს“ (216;299) ვ. ცისკარიშვილი აღნიშნავს, „მარუშიანები რომ იგივე ვარდანისძეები არიან ... ამას ადასტურებს აგრეთვე ლივადის წარწერაში მოხსენიებული ზვიადის შვილის სახელი ვარდა ანუ ვარდანი“ (240;15).
ჩვენი აზრით ვარდანისძეები მართლაც მარუშიანებისაგან მომდინარეობენ. ამას ადასტურებს სახელ მარუშიანის არსებობა ვარდანისძეთა საგვარეულოში. ლეხაურის ხატის წარწერაში მოხსენიებულია ვარდანის-ძე მარუშიანი (30;99). ვარდანისძეთა დამფუძნელებს ცხადია ვარდანი უნდა რქმეოდა და შეიძლება სვანთა ერისთავიც იყო. მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია რატომ უნდა მივიჩნიოთ ასეთად გიორგი II-ის თანამედროვე ვარდანი. ნუთუ ამისათვის საკმარისია ის, რომ მას ჰქვია ვარდანი და არის სვანთა ერისთავი? ანალოგიური მიდგომით ვარდანისძეთა ფუძემდებლად თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ლაბეჭინის ეკლესიის ხატის წარწერის ვარდანი _ „წმიდაო ღმრთისმშობელო შეიწყალე ერისთავი ვარდანი“ (20;15) მართალია ექ. თაყაიშვილი ხატს ათარიღებს XIV საუკუნით, მაგრამ გ. ჩუბინაშვილისა და მ. ახალაშვილის აზრით ხატი XI საუკუნისაა (20;15). ზუსტი დადგენა იმ პირისა, ვინც იყო ვარდანისძეთა ფუძემდებელი ძალიან ძნელია წყაროთა სიმცირის გამო. თუმცა გარკვეული მოსაზრების გამოთქმისათვის საკმარისი მასალები არსებობს. ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, როდესაც დავადგენთ XI საუკუნის ერისთავების სიას.
შ. მესხიამ ლაბეჭინის ხატის წარწერაში მოხსენიებული ვარდანი გააიგივა ფაყის ხატის წარწერის ვარდანთან (156:124). ფაყის წარწერა თარიღდება X-XI საუკუნეებით _ „ვინებე მე მონამან მათმან ვარდან, სულკეთილისა ერისთავთ-ერისთავისა ბაკურის ძემან შექმნად ამის ხატმისად ...“ (156:16). ამრიგად X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისის სვანთა ერისთავებად შეიძლება მივიჩნიოთ ბაკური და მისი ძე ვარდანი (ამათზე უფრო ადრე, X საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდნენ ჩვაბიანის წარწერის ერისთავები: იოვანე და ვახდანგი. რა კავშირი აქვს ამ უკანასკნელებთან ბაკურ ერისთავს გაურკვეველია).
საინტერესოა, რომ ლაბეჭინის ხატის წარწერაში მოიხსენიება კიდევ ერთი ერისთავი _ „წმიდაო ღმრთისმშობელო შეიწყალე ერისთავი ჯინჯიხი“ (20;15). ვარდანისა და ჯინჯიხის წარწერები თანადროულია. ეს ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ სვანეთში იყო ორი საერისთავო. ამ საკითხთან დაკავშირებით ვ. სილოგავა წერს _ „... ეს მსჯელობა იქითკენ არის მიმართული, რომ X-XI საუკუნეებისათვის სვანეთში ორი ერისთავის არსებობა, ან ორი პირის ერთდროული ერისთავობა დასაშვებად მივიჩნიოთ ... იყო კი ეს მხარე როდესმე ერთი ადმინისტრაციული ერთეული? წყაროების მიხედვით აქ, თითქოს ასეთი ხანა არც ყოფილა. ნიშანდობლივია, რომ ეს მხარე ეკლესიურადაც სხვადასხვა ეპარქიებში შედიოდა“ (198;181). რა შეიძლება ითქვას ამ საკითხთან დაკავშირებით?
რა თქმა უნდა შესაძლებელია ვივარაუდოთ სვანეთში ორი საერისთავოს არსებობა, მაგრამ არც ერთი წყარო, ლაბეჭინის ხატის გარდა არ ასახელებს სვანეთში ერთდროულად ორ ერისთავს. არც ერთი წყარო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სვანეთში ვივარაუდოთ ორი საერისთავოს არსებობა.
ვ. სილოგავას აზრით, სვანეთში, სულ ცოტა, ორი „შედარებით რიგითი ერსთავი~ უნდა ყოფილიყო. ერთი ქვემო და ერთიც ზემო სვანეთში (198;182). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სვანთა ერისთავთ-ერისთავებს ვარდანისძეებს ჰყავდათ ქვეშევრდომი ერისთავები. მაგრამ ამგვარი ვარაუდი არც ერთი წყაროს მონაცემებით არ იქნება გამაგრებული. XI-XV საუკუნეების მანძილზე, წყაროები სვანეთის ტერიტორიაზე ასახელებენ მხოლოდ ერთ საერისთავოს და მისი ერისთავები იწოდებიან „სვანთა ერისთავებად“. ჩვენი აზრით, სვანეთში ორი საერისთავოს არსებობს წყაროებით არ დასტურდება.
წყაროებს შორის ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ლაბეჭინის ხატის წარწერა და ცხადია ეს გამონაკლისი მოითხოვს ახსნას. ჩვენთვის საინტერესო წარწერაში ერთდროულად დასახელებულია ორი ერისთავი. პირველ რიგში პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ნიშნავს თუ არა ერთდროულად ორი პიროვნების მოხსენიება ერისნთავად, მაინცდამაინც ორი საერისთავოს არსებობას? ლოგიკურად კითხვა დადებით პასუხს მოითხოვს. მაგრამ აქ გვინდა გავიხსენოთ გრიგოლ სურამელის დაწერილი. ამ საბუთში ერთდროულად ორი პიროვნება იხსენიება ქართლის ერისთავად. გრიგოლი _ „მე გრიგოლ ქართლის ერისთავი“, და მისი ვაჟი ბეგა _ „მეცა, მათსა მიწასა და ძესა ბეგასა ქართლისა ერისთავსა დამიმტკიცებია“ (217;124-125). აქედან ცხადია ვერ გამოვიტანთ დასკვნას, რომ ქართლში ორი საერისთავოა და ორივეს მმართველი იწოდება ქართლის ერისთავად. თუ რატომ იწოდება მამაცა და შვილიც ერთდროულად ერისთავად, ამის ახსნა სხვადასხვანაირად შეიძლება. ამ საკითხს დაწვრილებით ჩვენ სხვაგან განვიხილავთ და აქ მასზე აღარ შევჩერდებით. ამჯერად ჩვენთვის მთავარია, რომ ერთდროულად ორი პიროვნების მოხსენიება ერისთავად არ ნიშნავს, აუცილებლად ორი საერისთავოს არსებობას.
ანალოგიური ვითარებაა საგულვებელი ვარდანთან და ჯინჯიხთან დაკავშირებით. თუ ვარდანი და ჯინჯიხი ორი სხვადასხვა საერისთავოს ერისთავები არიან, რატომ ამკობენ ისინი ერთად ერთ ხატს? ჩვენი აზრით ვარდანი და ჯინჯიხი ერთი ოჯახის წევრები არიან და ამიტომ ამკობენ ხატს ერთად (შეიძლება ძმები არიან. ასეთ შემთხვევაში ვარდანი უფროსი უნდა იყოს). თუ ისინი სვანეთში არსებული ორი საერისთავოს „შედარებით რიგითი ერისთავები“ არიან, მაშინ რატომ არ მოიხსენებენ თავის ერისთავთ-ერისთავს?
ჩვენი აზრით, ნაკლებადაა შესაძლებელი სვანეთში ორი საერისთავოს არსებობა. თუ მაინც გვინდა ლაბეჭინის ხატის წარწერაზე დაყრდნობით ვივარაუდოთ ორი საერისთავოს არსებობა, ასეთი რამ დასაშვებია მხოლოდ XI საუკუნის დასაწყისში და არა მთელი XI-XV საუკუნეების მანძილზე.
ჩვენთვის საინტერესოა `მატიანე ქართლისაის~ შემდეგი ცნობა: „გამოიტყუვნე (ლიპარიტ IV-მ _მ.ბ.) ანისით დედოფლისაგან აბუსერი ერისთავი არტანუჯისა ... და ივანე ერისთავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის ძე ბეჭის ციხის პატრონი“ (145:300). ეს ცნობა ეხება XI საუკუნისის 40-იანი წლების ბოლოს. ტექსტიდან არ ჩანს თუ რომელი მხარის მმართველია ივანე ერისთავი. გარკვეული ვარაუდის საფუძველზე შეიძლება ამ „ქუეყნის“ დადგენა. როგორც ცნობილია საგვარეულოებში ძალიან ხშირად ერთი და იგივე, ტრადიციული სახელები ტრიალებდა. ვნახოთ, თუ XI საუკუნეში არსებულ რომელ საგვარეულოებში იყო გავრცელებული სახელი ივანე. ეს სახელი არსებობდა აბულეთისძეებში და ივანე აბულეთისძე ქართლის ერისთავიც იყო. მაგრამ ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ქართლის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაშია. ამდენად ივანე ერისთავის აბულეთისძეობა გამორიცხულია. ეს სახელი ბაღვაშებშიც იყო გავრცელებული, მაგრამ ივანე ერისთავის ბაღვაშობა გამორიცხულია. ამდენად ივანე ვერც ქართლის ერისთავი იქნება და ვერც კლდეკარის. მას ვერც ოდიშის ერისთავად მივიჩნევთ. ასეთად ამ დროისათვის ივანე დადიანი ჩანს. სახელი ივანე გვხვდება აბუსერისძეთა საგვარეულოშიც, მაგრამ ივანე ერისთავის აბუსერისძეობა გამორიცხულია. ამ დროს არტანუჯის ერისთავი აბუსერია. სახელი ივანე არ დასტურდება არც კახაბერისძეთა და არც შარვაშისძეთა საგვარეულოებში. სახელი ივანეს არსებობა დასტურდება ვარდანისძეთა და ჯაყელ-ციხისჯვარელთა საგვარეულოებში. ჩვენი აზრით ივანე ერისთავი ვარდანისძე უნდა იყოს. ეს ჩვენი ვარაუდი შემდეგ მოსაზრებას ემყარება _ მოსალოდნელია, რომ ივანე დადიანთან ერთად დასახელებული პირი უფრო დასავლეთ საქართველოდან იყოს ვიდრე სამხრეთიდან. ვიმეორებთ, რომ ივანე ერისთავის ვარდანისძეობა მხოლოდ ვარაუდია. რა თქმა უნდა შეიძლება ივანე ერისთავი რომელიმე სხვა მხარის ერისთავიც იყოს. მაგალითად ყველის (თუმა აღსანიშნავია, რომ ყველის ერისთავი იოანე XI საუკუნის 70-იანი წლების მოღვაწედ ჩანს).
თუ გავიზიარებთ ივანე ერისთავის ჩვენებურ იდენტიფიკაციას, მაშინ მის შემდგომ ერისნთავად უნდა მივიჩნიოთ გიორგი II-ის თანამედროვე ვარდანი. ამ უკანასკნელმა როგორც ცნობილია ნიანია ქუაბულისძესა და ივანე ბაღვაშთან ერთად „აუშალა ქუეყანა“ მეფეს. შ. მესხიამ ეს ვარდანი გააიგივა ჯუმათის ხატს წარწერის ვარდანთან (156:124). ჯუმათის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში იხსენიება ერისთავთ-ერისთავი ვარდან ვარადნის ძე (156:218). თუ გავიზიარებთ შ. მესხიას აზრს, ჩვენ კი მას ვიზიარებთ, მაშინ გვიჩნდება დამატებითი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ გიორგი II-ის თანამედროვე ვარდანი არ არის ვარდანისძეთა გვარის ფუძემდებელი. გიორგი II-ის თანამედროვე ვარდანი რომ იყოს ვარდანისძეთა საგვარეულოს დამფუძნებელი, ის წარწერაში არ იქნებოდა მოხსენიებული როგორც ვარდანისძე. ვარდანისძეებად მხოლოდ მისი შთამომავლები იქნებოდნენ მოხსენიებული. ვარდანის მოხსენიება ვარდანისძედ, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს გვარი არსებობდა ვარდანამდეც. ვ. სილოგავსა აზრით: ბაკურ ერისთავის ძე ვარდანი „ვარდანისძეთა გვარისათვის სახელის დამდებად თუ არა ამ საგვარეულოს წარმომადნელდა მაინც ვიგულისხმოთ“ (198;181). შ. მესხიაც ვარდანისძეთა საგვარეულოს მიაკუთვნებდა ბაკურ ერისთავის ძეს ვარდანს (156:124). ჩვენი აზრით, სვანეთის ერისთავების სია XI საუკუნეში შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: ბაკური, მისი ძე ვარდანი (I), ვარდანის ძე ივანე და მისი ვაჟი და ვარდან II. სწორედ ეს უკანასკნელია გიორგი II-ის თანამედროვე. ჩვენი აზრით ვარდან I-ის მიჩნევა, გვარისათვის სახელის დამდებად უფრო შეიძლება ვიდრე ვარდან II-ისა.
ვარდან II-ის მერე ერისთავი უნდა ყოფილიყო მისი ძე ივანე (II). ივანე მოიხსენიება, როგორც მესტიის ხატის წარწერაში _ „მე იოვანე ვარდანისძემან სუანთა ერისთავმან და მეჭურჭლეთუხუცესმან ...“ (20;34), ასევე ლაბეჭინის ხატის წარწერაში _ `მე ივანე ვარდანისძემან სუანთა ერისთავმან, მეჭურჭლეთუხეცესმან და პროტოსტრატორმან ...“ (20;32). რაც შეეხება ივანეს ბიზანტიურ ტიტულს, ამას ჩვენ სხვაგან განვიხილავთ. ორივე ხატის წარწერა თარიღდება XII საუკუნით. ჩვენი აზრით ივანე II იყო XI საუკუნის ბოლოსა და XII საუკუნის დასაწყისის მოღვაწე.
ივანე II-ის შემდეგ წყაროებში სვანთა ერისთავად იწოდება ბარამი. ეს უკანასკნელი მოიხსენიება „ისტორიანი და აზმანში“ _ „და ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს: ბარამ ვარდანისძე სუანთა ერისთავი ...“ (97:33). ბარამი ივანე II-ის შვილი თუ არა შვილიშვილი მაინც უნდა იყოს (რადგან თუ ერისთავთა სიაში ხარვეზია, ივანესა და ბარამ შორის ქრონოლოგიურად ერთ ერისთავზე მეტი ვერ მოთავსდება).
საინტერესოა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპი „სუანთ ერისთავისა ვარდანის ძისა მსახურთუხეცესისა არიშიანისა“ (158:92 აღაპი #145). აღაპის შინაარსიდან ჩანს, რომ არიშიან ვარდანისძემ მონასტერს შესწირა ათასხუთასი თეთრი. ელ. მეტრეველის აზრით, აღაპი გაჩენილი უნდა იყოს 1273-1301 წლებში. ჩვენი აზრით სრულიად დასაშვებია, არიშიანის მიჩნევა XIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIV საუკუნის დასაწყისის სვანთა ერისთავად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აღაპი არის ვარდანისძეთა პირველი მოხსენიება წყაროებში ბარამ ერისთავის შემდეგ. ე.ი. გვაქვს თითქმის ერთ საუკუნოვანი ხარვეზი.
ექ. თაყაიშვილი თავის ნაშრომში: „არქეოლოგიური მოგზაურობა ლეჩხუმ-სვანეთში“, ეყრდნობა რა მესტიის მაცხოვრის ეკლესიის მთავარანგელოზის ხატის წარწერას _ „წმიდაო მიქაელ შეიწყალე ერისთავთ ერისთავი კახაბერი“, გამოთქვამს ვარაუდს, რომ კახაბერი შეიძლება იყოს თამარის დროინდელი კახაბერ ვარდანისძე, მეჭურჭლეთუხუცესი (88:288). თუმცა ექ. თაყაიშვილი იქვე შენიშნავს, „ხელობა ხატისა უფრო მე-14 საუკუნეს მოგვაგონებს ვიდრე მეთორმეტეს“. ჩვენი აზრით კახაბერ ვარდანისძე ვერ იქნებოდა სვანთა ერისთავი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისთვის მეჭურჭლეთუხუცესობის ბოძების ჟამს, „ისტორიანი და აზმანი“ სვანთა ერისთავად ასახელებს ბარამ ვარდანისძეს (97:33). კახაბერი გავრცელებული სახელი იყო რაჭის ერისთავებში. შესაძლებელია კახაბერი რაჭის ერისთავია და ხატი მესტიაში გვიან არის მოხვედრილი. აქვე შევეხებით ექ. თაყაიშვილის ორ მოსაზრებას, გამოთქმულს ვარდანისძეთა შესახებ. პირველი _ ექ. თაყაიშვილიც თვლიდა, რომ ვარდანისძეები მომდინარეობენ გიორგი II-ის თანამედროვე ვარდანისაგან. ამ საკითხს ჩვენ უკვე შევეხეთ და მასზე აღარ გავჩერდებით. მეორე _ მკვლევარი, აიგივებდა ივანე ვარდანისძეს, პროტოსტრატორს, დემნა უფლისწულის აჯანყების მონაწილე ივანე ვარდანისძესთან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიზიარებთ შ. მესხიას აზრს, რომ 1177 წლის აჯანყების მონაწილე ივანე არის არა ვარდანისძე, არამედ ჰერეთის ერისთავის ვარდან კოლონკელისძის ძე (156: 121-123).
არიშიანის შემდეგ წყაროებში ვარდანისძეები აღარ ჩანან. როგორც ჩანს მათ დაკარგეს სვანთა ერისთავობა. ამ მხრივ საინტერესოა ვახუშტი ბატონიშვილთან დაცული ცნობა, რომ ბაგრატ V-ის „მეფობის მეორესა წელსა ... უკუ-დგნენ სუანნი, გარდამოვიდნენ, მოიტყუესვნეს ქუთათიი და მოწუეს... ხოლო იტყვიან მაშინ იყო ერისთავი სუანთა ვარდანისძევე. შეიპყრა იგი მეფემან და პატიმარ ჰყო. შემდგომათ რაოდენთამე ჟამთა შეიწყალა და მისცა გურია საერისთოდ და სუანთა ერისთავად დასუა სხუა, რომელსა იტყვიან გელოვანსა“ (23;261). ბაგრატ V გამეფდა 1360 წელს. ე.ი. ვახუშტის მიერ მოთხრობილი ამბავი უნდა მომხდარიყო 1361 წელს. ვახუშტის მიხედვით გამოდის, რომ 1361 წლამდე სვანთა ერისთავები იყვნენ ვარდანისძეები, ხოლო 1361 წლის შემდეგ გელოვანები. მართალია გელოვანების სვანთა ერისთავობა დასტურდება სასისხლო სიგელითაც, მაგრამ ვახუშტის მაინც აქვს დაშვებული მცირე უზუსტობა. ვახუშტი არაფერს იუწყება სვანეთში დადიანების ერისთავობის შესახებ.
პირველი დადიანი, რომელიც, ჩვენ მიერ ნანახი წყაროებით, შეიძლება მივიჩნიოთ სვანთა ერისთავად არის ხაჟიგი. შემონახულია მისი დაწერილი სეტის მთავარმოწამისადმი _ „გკადრეთ და მოგახსნეთ თქვენ, მთავარმოწამესა სეტისასა, მე ერისთავთ-ერისთავმან და მანდატურთუხუცესმან დადიანმან ხაჟიგ ...“ ამ დაწერილს ვ. სილოგავა ათარიღებს XIV საუკუნით. თუ სწორია ვახუშტის ცნობა, 1361 წლამდე ვარდანისძეთა ერისთაობის შესახებ, მაშინ ხაჟიგის ერისთავობა სავარაუდებებლია 1361 წლის შემდეგ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია დანიელ ცაიშელი მთავარეპისკოპოსის სიგელი ლაბსყელდაშისადმი, რადგან მასში იხსენიება დადიანი ოზბეგი. სიგელში ვკითხულობთ _ „ვაკურთხე მთავარანგელოზი ლაბსყელდაშისა, დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა ერისთავთ-ერისთავისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა და მოწმებითა“ (197;103-104). ექ. თაყაიშვილი საბუთს მიიჩნევდა XIII საუკუნისად (88:402). ი. დოლიძე საბუთს ათარიღებს 1271-1289 წლებით. რადგან სიგელში მოხსენიებულ დემეტრეს მიიჩნევს დემეტრე II-დ (75:172,1148). პ. ინგოროყვა საბუთს ათარიღებდა 1442-1452 წლებით (101:28). აღნიშნულ სიგელს ბოლოს შეეხო ვ. სილოგავა. მან იგი დაათარიღა 1445-1452 წლებით (197;103). ვ. სილოგავა შემდეგნაირად ასაბუთებს თავის დათარიღებას: პირველი _ საბუთი იწოდება სიგელად, ხოლო XI-XV საუკუნეებში „სიგელი“ ეწოდებოდა მხოლოდ მეფეთა მიერ გაცემულ დოკუმენტს. XV საუკუნიდან კი ეს ტერმინი ვრცელდება სხვა სახის საბუთებზეც; მეორე _ მკვლევარს მოჰყავს ცაიშის ეკლესიის საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, „სისხლითა შენითა მოგებულსა ნუ უგულებელს-მყოფ დღესა მას განკითხვისასა მე, დიმიტრი მეფეთა-მეფესა, ძესა ალსაქნდრესსა, რომელმან წარვუძღვანე ჯუარი ესე დანიელ ცაიშელსა“. ჯვარი დღეს დაკარგულია და მკვლევარს მოჰყავს თ. ჟორდანიასეული წაკითხვა. ვ. სილოგავა აიგივებს ჯვრის წარწერის დიმიტრისა და დანიელს, სიგელის, დიმიტრისთან და დანიელთან. დასკვნა თავისთავად ცხადია, სიგელის დიმიტრი არის არა დიმიტრი II, არამედ ალექსანდრე I-ის ძე. მესამე _ ვ. სილოგავა, პალეოგრაფიულად XIV-XV საუკუნეებით ათარიღებს ოზბეგ დადიანის საფლავის ქვის წარწერას (197;63-64). საფლავის ქვა აღმოჩენილი იქნა ს. ჭლოუს ეკლესიის ნანგრევებში და მასზე შესრულებული წარწერა შემდეგნაირად იკითხება: „ერისთავთ-ერისთავი მანდატურთუხუცესი, დადიან ოზბეგს შეუნდვენ ღმერთმან“. წარწერაში სახელი ოზბეგი მოცემულია სამი ასოთი „ო ბ ს“ (268; 25).
მაინც რა შეიძლება ითქვას ზემოთ მოყვანილ სიგელთან დაკავშირებით? ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ ვ. სილოგავას პირველ დებულებას. მაგრამ მთავარი მაინც არის დიმიტრი მეფის იდენტიფიკაციის საკითხი. თავის დროზე ამ საკითხს შეეხო ჯ. ოდიშელი. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ალექსანდრე I-ის ძე დიმიტრი მეფის ტიტულით უმტკიცებს შიომღვიმის მონასტერს მამულებს. 1450 წელს დიმიტრი მეფემ სოფლები უწყალობა სიონის ეკლესიას. 1445 წელს ზაქარია დარჩიბეგაშვილისადმი მიცემულ სიგელში დიმიტრი თავის თავს მეფეს უწოდებს. ცაიშის საწინამძღვრო ჯვრის წარწერაში იხსენიება მეფეთ-მეფე დიმიტრი ალექსანდრეს ძე. ჯ. ოდიშელი წერს: „ვახტანგ მეფესა და დიმიტრის შორის ურთიერთობას ზედგინიძეთა ერთ-ერთი საჩივრის წიგნი არკვევს _ „ოდეს ვახტანგ მეფობა დაიჭირა, წყალს იქით მისსა ძმასა პატრონსა დიმიტრის მიანება ...“ ამრიგად თუ გავითვალისწინებთ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას: ვახტანგის დროებით თანამოსაყდრეობას, შემდეგ ალექსანდრე მეფის ბერად შედგომას სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, იქმნება სრული საფუძველი ალექსანდრე მეფის ძე დიმიტრი „პროვინციის მეფედ“ მივიჩნიოთ (175;81-82). ჯ. ოდიშელის აზრით დიმიტრი პროვინციის მეფე იყო 1445-1452 წლებში (175;118). თავის დროზე ჯერ კიდევ დ. ფურცელაძეს აქვს აღნიშნული, რომ 1450 წელს დიმიტრიმ სიონის ეკლესიას შესწირა სოფლები და ამ სიგელში ის მეფედ იხსენიება. ხოლო 1451 წელს დიმიტრი მეფე შიომღვიმის მონასტერს უმტკიცებს მიწებს (290;52,97). მიუხედავად იმისა რომ ექ. თაყაიშვილი ცაიშის ჯვრის წარწერას სხვანაირად კითხულობს ვიდრე თ. ჟორდანია, ჩვენი აზრით მაინც საკმაო წყაროები რჩება რომლებშიც დიმიტრი ალექსანდრეს ძე მეფედ იხსენიება. ექ. თაყაიშვილი კი შემდეგნაირად კითხულობს ცაიშის ჯვრის წარწერას: „საისხლითა შენითა მოგებულსა ნუ უგულებელს მყოფ დღესა მას განკითხვისასა მე [პატრონსა] მეფეთა მეფასა ძესა ალექსანდრესა [ბაგრატს] რომელმან წარუძღვანე ჯვარი ესე დანიელ ჩაისელსა ამინ“ (85:180). ექ. თაყაიშვილი იქვე აღნიშნავს: „უნდა შევნიშნოთ, რომ ფრჩხილებში ჩასმული მეფის სახელი ბაგრატი უბრალო მოსაზრებაა და არავითარი დასამტკიცებელი საბუთი არა გვაქვს ამისი“.
ჩვენ გვინდა კიდეთ ერთი მოსაზრება წამოვაყენოთ იმის სასარგებლოდ, რომ სიგელში ნახსენები დიმიტრი არ შეიძლება იყოს დიმიტრი II. დავუშვათ რომ სიგელში მართლაც დიმიტრი თავდადებული არის მხსენიებული. მაშინ გამოდის, რომ სიგელში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი ოზბეგ დადიანი უნდა იყოს XIII საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწე. მაშასადამე ის უნდა იყოს ოდიშის ერისთავი, რადგან ამ დროისათვის დადიანები სხვაგან არსად არ ერისთავობენ. ჩვენ საკმარისი მასალა გაგვაჩნია იმისთვის, რომ დავადგინოთ ოდიშის ერისთავების სია XIII საუკუნის მეორე ნახევარში. ესენი არიან: ბედანი, გიორგი, შერგილი და ცოტნე. ოზბეგისათვის ადგილი არ ჩრება. ცხადია, რომ ოზბეგი ვერ იქნება XIII საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწე და ვერც სიგელის დიმიტრი მეფე იქნება დიმიტრი II. ჩვენი აზრით ოზბეგ დადიანი არის XV საუკუნის შუა ხანების სვანთა ერისთავი. იგი არის ხაჟიგი დადიანის შემდეგ მეორე დადიანი, რომელიც ფლობდა სვანთა ერისთავობას. დადიანების ერისთავობას სვანეთში ამტკიცებს სოფელ ლაილის ხატის წარწერა _ „წმიდაო მთავარანგელოზო მუხერისო, ხელთუქმარო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი და დადიანნი და დიდებულნი და ერთობილი საქართველო ...“ (20;65). წარწერაში დადიანების მოხსენიება მიუთითებს, რომ წარწერის შესრულების დროს სვანთა ერისთავები არიან დადიენები. წარწერა კი გასრულებული უნდა იყოს 1361 წლის შემდგომ.
დადიანების ერისთავობაზე სვანეთში ს. მარგიანი გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებას: „აღნიშნულ ხანაში (XIV-XV) დადიანები სვანეთის საერისთავოზე (ან მის ნაწილზე) გარკვეული პოლიტიკური უფლებით სარგებლობენ ... (ეს) არ უნდა გავიგოთ, როგორც სვანეთის საერისთავოს გაუქმება და ოდიშის საერისთავოში შესვლის ფაქტი. საფიქრებელია, რომ სვანეთი ამ დროსაც რჩება ცალკე საერისთავოდ, რომელიც დროებით დადიანების გავლენის ქვეშ მოექცა“ (144:215). რა თქმა უნდა სვანეთის საერისთავო ამ დროსაც ცალკე არსებობს. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ არც ხაჟმიგი და არც ოზბეგი არ ყოფილან ოდიშის მმართველები. განსხვავებით შამადავლა დადიანისაგან. ეს უკანასკნელი იყო ოდშის მმართველიც და სვანთა ერისთავიც (ჩვენი აზრით ეს გამონაკლისი შემთხვეაა). შამადავლა მოიხსენიება ხატის წარწერაში _ „წმიდაო მთავარანგელოზო მეოხ და მფარველ ექმენ დადიან-გურიელს, სვანთა ერისთავს, მანდატურთუხეცესსა შამადავლას“. ექ. თაყაიშვილის აზრით შამადავლას ტიტული „ტრადიციით მიუთვისებია ამ წარწერაში ... თორემ ის არც გურიელი ყოფილა, არც სვანთა ერისთავი და არც მანდატურთუხუცესი, ის იყო მხოლოდ დადიანი“ (88:393). შამადავლა მოიხსენიება „მცნებაი სასჯულოიშიც“ _ ღმრთივ გვირგვინოსანმან ბაგრატ და დიდმან ერითავთ-ერისთავმან დადიან-გურიელმან შამადავლა ...“ (75:221) დადიანები რომ ფლობდნენ სვანთა ერისთავობას ეს ცხადია. ამდენად შამადავლას სვანთა ერისთავობა, ჩვენი აზრით სავსებით დასაშვებია.
საინტერესოა, რომ სვანთა ერისთავებად იწოდებიან გურიელთა საგვარეულოს წარმომადგენლებიც. ექ. თაყაიშვილს მოჰყავს ზარზმის ეკლესიის ფრესკული წარწერა და აღნიშნავს, რომ ზარზმამ შემოგვინახა უფრო ადრეული პერიდის სვიმონ გურიელის პორტრეტი, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით. წარწერა შემდეგნაირად იკითხება _ „ერისთავთ-ერისთავი მსახურეთუხუცესი, სუანთა ერისთავი სუიმონ გურიელი“ (292;44-46). დ. ბაქრაძეს მოტანილი აქვს წარწერა, რომელიც მან ნახა ვერცხლის ფირფიტის ნამტვრევზე და რომელიც შემდეგნაირად იკითხება _ „ქ. ხატო ღმრთისმშობლისა მეოხ და მფარველ ექმენ ერისთავთ-ერისთავთ(ა)? და ს(ვა)ნთ(ა) ე(რის)თ(ავს)ა გურიელ[ს]ა კახაბერს“. დ. ბაქრაძის აზრით ამ წარწერის კახაბერი შეიძლება გავაიგივოთ 1352 წლის ლიხაურის ხატის წარწერის კახაბერთან. (30;129-130). ჯუმათის მთავრანგელოზის ხატის წარწერაში იხსენიება გიორგი გურიელი _ „ერისთავთ-ერისთავსა და სუანთ ერისთავსა გიორგი გურიელსა ...“ (30;220). საკითხავია რამდენად რეალური გურიელთა ერისთავობა სვანეთში? საკმაოდ ძნელია, მაშინ როცა საგვარეულოს სამი წარმომადგენელი იხსენიება „სვანთა ერისთავად“ გამოთქვა ვარაუდი, რომ სამივეს ეს ტიტული მითვისებული აქვს და რეალურად სვანეთში არც ერთი მათგანი არ ერისთავობდა. ჩვენ მაინც შევეცდებით გამოვთქვათ რამდენიმე მოსაზრება. ვახუშტის მიხედვით 1361 წლამდე სვანთა ერისთავები არიან ვარდანისძეები. ის რომ XIV საუკუნის დასაწყისში სვანთა ერისთავია არიშიან ვარდანისძე ეს ნათლად ჩანს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპიდან. ჩვენი აზრით, სწორია ვახუშტის ცნობა ვარდანისძეებთან დაკავშირებით. XIV საუკუნის ბოლოს ერისთავია ხაჟიგი დადიანი. XV საუკუნის შუა ხანებში ერისთავია ოზბეგ დადიანი, ხოლო 1470-1474 წლებში შამადავლა დადიანი. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში სვანთა ერისთავია აბესალომ გელოვანი. ჩვენი აზრით XI-XV საუკუნეებში ძნელია მოიძენოს ისეთი პერიოდი, როცა შესაძლებელი იქნებოდა სვანთა ერისთავობა ყოფილიყო გურიელების ხელში, სულ ცოტა სამი თაობის მანძილზე (ეს მაშინ თუ სვიმონი, კახაბერი და გიორგი არიან ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. თუ არადა მაშინ გამოდის, რომ გურიელების უფრო მეტ თაობას ჰქონია სვანთა ერისთავობა). რითი შეიძლება აიხსნას მაშინ მათი მოხსენიება სვანთა ერისთავებად? ჩვენი აზრით აქ ორი შესაძლებლობაა: პირველი _ ყველა ზემოთ დასახელებული გურიელი მოღვაწეობდა XV საუკუნის შემდგომ ხანაში და რეალურად იყვნენ სვანთა ერისთავები. მეორე _ და ეს ჩვენ უფრო შესაძლებლად მიგვაჩნია _ გურიელებს ეს ტიტული მითვისებული ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში იბადება კითხვა, რის საფუძველზე მიითვისეს მათ ეს ტიტული? შეიძლება გურიელებმა ეს ტიტული მიითვისეს იმის საფუძველზე, რომ იყვნენ ვარდანისძეთა განაყოფი და მათი შთამომავლები (30;225 და 191;314) საინტერესოა, რომ ვახუშტის მიხედვით, ბაგრატ V-მ ვარდანისძეებს საერისთავოდ მისცა გურია. შეიძლება სწორედ ამ მოვლენის შემდეგ მოხდა ტიტულის მითვისება.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, XV საუკუნის ბოლოს ერისთავია გელოვანი. ის მოიხსენიება ერთ-ერთ სასისხლო სიგელში _ „... ვისმინეთ აჯა და მოხსენება გელუანისა აბესალომისა, სვანისა ერისთავისა, მიუბოძეთ სასისხლო სიგელი ესე ...“ ექ. თაყაიშვილი სიგელს მიიჩნევს ბაგრატ იმერეთის მეფის გაცემულად, რომელსაც ამტკიცებს მისი ვაჟი ალექსანდრე. სიგელს კი ათარიღებს 1462-1510 წლებით. ბაგრატისა (1462-1478) და ალექსანდრეს (1484-1510) ზეობის წლებიდან გამომდინარე. საყოველთაოდ ცნობილია ივ. ჯავახიშვილის აზრი სასისხლო სიგელების შესახებ. მაგრამ, ჩვენი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სიგელში (თუნდაც ყალბში) მოხსენიებული ყოფილიყო არარეალური პიროვნება. ასეთ შემთხვევაში ხომ ყველასათვის ნათელი იქნებოდა სიგელის სიყალბე. შეიძლება სიგელის რაღაც ნაწილი მართლაც ნაყალბევი იყოს, მაგრამ არა გვგონია აბესალომ გელოვანი და მისი „სვანთა ერისთავობა“ მოგონილი რამ იყოს. მით უმეტეს, რომ ვახუშტისათანაც არის დაცული ინფორმაცია გელოვანთა ერისთავობის შესახებ. სიგელის დაწერის ქვედა ზღვარი უნდა იყოს 1474 წელი, რადგან ამ დრომდე ერისთავები დადიანები არიან.
ჩვენი აზრით სვანთა ერისთავები 1361 წლამდე იყვნენ ვარდანისძეები, შემდეგ დადიანები და XV საუკნის ბოლოს გელოვანები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ს. მარგიანის აზრს _ „სვანთა ერისთავებს საკუთარივ ერისთავობის გარდა უფრო ფართო პოლიტიკური კომპეტენცია და ფუნქციები გააჩნდათ. ამასთან იყო დაკავშირებული მათი დიდი როლი საქართველოს სამეფო კარის ცხოვრებაში“ (144:213). სვანთა ერისთავები ერისთავობასთან ერთად ზოგჯერ ფლობდნენ სხვა „ხელსაც“. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში. მათ როგორც ერისთავებს, ისეთივე ფუნქციები ჰქონდათ, როგორც სხვა ერისთავებს.
ჩვენი აზრით სვანთა ერისთავები XI-XV საუკუნეებში იყვნენ:
ბაკური (X ს-ის ბოლო _ XI ს-ის დასაწყისი)
ვარდანი I (XI ს-ის პირველი ნახევარი)
ივანე (XI ს-ის შუა ხანები)
ვარდანი II (XI ს-ის მეორე ნახევარი)
ივანე II (XII ს-ის პირველი ნახევარი)
ბარამი (XII ს-ის მეორე ნახევარი)
არიშიანი (XIII ს-ის ბოლო _ XIV ს-ის დასაწყისი)
ხაჟიგი დადიანი (XIV ს-ის მეორე ნახევარი)
ოზბეგ დადიანი (XV ს-ის შუა ხანები)
შამადავლა დალიანი (1470-1474)
აბესალომ გელოვანი (XV ს-ის ბოლო)
რაჭის საერისთავო
ვახუშტის მიხედვით ლეონ II-მ ერთი ერისთავი „დასუა რაჭა-ლეჩხუმისა“ (23;706). ვახუშტის ამ ცნობის სანდოობის საკითხს ჩვენ უკვე შევეხეთ და მასზე აღარ შევჩერდებით.
სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ ერისთავთა სიების დადგენაზე, გვინდა შევეხოთ ერთ საკითხს. ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგ გორგასლის დროს რაჭა, ლუჩხუმი და არგვეთი წარმოადგენდა ერთ საერისთავოს _ „... და ბაკურ ერისთავი მარგვისა და ოაკუერისა“ (265;185) საინტერესოა, ხომ არ იყო ანალოგიური მდგომარეობა XI-XV საუკუნეებშიც? ჩვენი აზრით არა. ის რომ „ისტორიანი და აზმანი“ ერთად მოიხსენიებს რაჭას, ლეჩხუმსა და არგვეთს არ ნიშნავს მაინც და მაინც ამ სამი „ქუეყნის“ ერთ საერისთავოდ გაერთიანებას. ანალოგიური მიდგომით ერთ საერისთავოდ უნდა ჩაგვეთვალა სვანეთი, ოდიში და გურია, რადგან „ისტორიანი და აზმანი“ მათ ერთად მოიხსენიებს _ „... სუან-მეგრელ-გურიელნი...“ (97:65). XI-XV საუკუნეებში ერთ საერისთავოდ გაერთიანებულია მხოლოდ რაჭა და ლეჩხუმი. ეს ცხადია არა მარტო ვახუშტის ცნობიდან, არამედ „ისტორიანი და აზმანიდანაც“ _ „კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა“ (97:27), „კახაბერი კახაბერისძე რაჭისა და თაკუერის ერისთავად“ (97:33). როგორც ვხედავთ ერთ საერისთავოდ გაერთიანებულია მხოლოდ რაჭა და თაკვერი (ლეჩხუმი). არგვეთი ამ დროს ცალკე საერისთავოა. ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინს რაჭის საერისთავოს, მაგრამ ვიგულისხმებთ მის ქვეშ თაკვერსაც, რადგან ეს ორი მხარე ერთი საერისთავო იყო.
დავუბრუნდეთ რაჭის ერისთავების საკითხს. ო. სოსელია ნიკორწმინდის ხატის წარწარაზე დაყრდნობით, რომელსაც ათარიღებს XI საუკუნის დასაწყისით, გამოთქვამს ვარაუდს _ ხატის მოჭედვის დროს ერისთავია რატი ძე კახაბერისა, რომელიც არის მესამე თაობის ერისთავი. აქედან გამომდინარე დასძენს, „ძველი დროის რაჭის ერისთავები ბაღუაშთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ ... კლდეკარის საერისთავოს დამაარსებელი ლიპარიტი და ძველი დროის რაჭის ერისთავები ერთი გვარისა იყვნენ“ (200;33-34). კახაბერისძეები რომ ბაღვაშთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ ამას ადასტურებს ჟამთააღმწერლის ცნობაც _ „... მოისპო ყოველი ნათესავი მისი, ბაღუაშთა კახაბერისძეთა„ (186;275). გასარკვევია თუ როდის გახდნენ კახაბერისძეები რაჭის ერისთავები. ო. სოსელიას მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ X საუკუნის ბოლოს მაინც რაჭის ერისთავობა „ბაღუაშთა კახაბერის-ძეთა“ ხელშია. ამ საკითხის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნიკორწმინდის ხატის წარწერას _ „მე კახაბერ ყოფილმან კირილე, ძემან სულკურთხეულისა ერისთავთ-ერისთავის რატისმან, მოვჭედე ხატი ესე ჯაურცმის ნუგეშის მცემელად და ცოდვილისა და სადღეგრძელებლად ძისა ჩემისა ერისთავთ-ერისთავის, რაჭის ერისთავისა რატისად“ (301;595). ს. კაკაბაძემ ხატის წარწერა დაათარიღა XI საუკუნის დასაწყისით და მასში მოხსენიებული კახაბერი მიიჩნია, ბაგრატ III-ის მიერ 988 წელს დატყვევებულ რატი ბაღვაშის შვილად. მკვლევარის აზრით კახაბერი არის რაჭის ერისთავთა პირველი წარმომადგენელი და გვარი კახაბერისძე სწორედ მისგან მომდინარეობს (111:105). ნიკორწმინდის ხატის წარწერას გ. ჩუბინაშვილი ათარიღებს XI საუკუნით (302;595). ხოლო გ. ბოჭორიძე XI საუკუნის დასაწყისით (58:292).
რა შეიძლება ითვას ს. კაკაბაძის მოსაზრების შესახებ. ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ იმ აზრს, რომ გვარი კახაბერისძე მომდიენარეოლბს ნიკორწმინდის ხატის წარწერაში მოხსენიებული კახაბერისაგან. რაც შეეხება იმას თუ ვისი შვილია ის, აქ ჩვენ განსხვავებული აზრი გაგვაჩნია. თავის დროზე ვ. კოპალიანმა შეისწავლა კლდეკარის საერისთავოს საკითხი და მასთან დაკავშირებით ბაღვაშთა გენეალოგიაც. მკვლევარის მიერ დადგენილი გენეალოგიური სიიდან ირკვევა, რომ რატი I-ს ჰყავდა ერთი შვილი ლიპარიტ III. (280;16). ამდანად ხატის წარწერის კახაბერი ვერ იქნება რატი I-ის ვაჟი. ჩვენი აზრით კახაბერი არის არა შვილი რატის, არამედ შვილიშვილ ე.ი. ის არის ლიპარიტ III-ის ძე და ლიპარიტ IV-ის ძმა. ის რომ ლიპარიტ IV-ის ჰყავდა ძმა რატი ნათლად ჩანს გელათის სახარების 1047 წლის მინაწერიდან _ „ღირს ვიქმენ მე ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი, სულკურხეულისა რატ ერისთავისა ძისა ლიპარიტის ძეი ლიპარიტ ... სალოცვკელად და მოსახსენებლად სულისა ძმათა ჩემთასა რატისა და ივანესი“ (187;191). ამრიგად ჩვენი აზრით, ნიკორწმინდის ხატის წარწერაში მოხსენიებული კახაბერ-ყოფილი კირილეს მამა არის ლიპარიტ III ბაღვაშის შვილი და რაჭის პირველი ერისთავის ბაღვაშთა საგვარეულოდან _ რატი (I).
გასარკვევია თუ როდის გახდა რატი რაჭის ერისთავი. გელათის სახარების მინაწერიდან ირკვევა, რომ 1047 წელს რატი უკვე გარდაცვლილია. ამაზე მიუთითებს ის, რომ ლიპარიტ IV ლაპარაკობს თავისი ძმის სულის ხსენებაზე _ „... მოსახსენებლად სულისა ... “. ამრიგად ცხადია, რომ რატის ერისთავობა უნდა მიეღო 1947 წელზე ადრე. რაც შეეხება გაერისთავების ქვედა ზღვარს, ეს შედარებით ძნელი დასადგენია. თავის დროზე ს. კაკაბაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბაგრატ III-მ 988 წელს შეპყრობილ რატის მისცა რაჭის ერისთავობა (111:105). ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. „მატიანე ქართლისაი“ წერს _ „(რატიმ) მისცა ციხე თვისი ბაგრატს და თვით დახდა მამულსა თვისაა არგუეთს“ (145:276). ცხადია, რომ მეფემ დამარცხებულ რატის დაუტოვა მხოლოდ მამული არგვეთში და არავითარი საერისთავოს მიცემაზე ლაპარაკი არ შეიძლება. შეუძლებელია ბაგშრატ III-ს რატისთვის სხვა „ქუეყანა“ მიეცა საერისთავოდ. ჩვენი აზრით ამგვარი რამ შეიძლება გაეკეთებინა გიორგი II-ს, მაგრამ არა ბაგრატ III-ს. ბაგრატი არ იყო ის მეფე, რომელიც ორგულ ქვეშევრდომებს ასაჩუქრებდა. მეფემ სწორედ იმიტომ ჩამოართვა კლდეკარის ერისთავობა რატის, რომ ის „არა მორჩილებდა კეთილად“. ასეთ შემთხვევაში რატისათვის ახალი საერისთავოს ბოძება ჩვენ გაუმართლებლად მიგვაჩნია. ბაღვაშებმა კლდეკარის ერისთავობა მხოლოდ გიორგი I-ის დროს დაიბრუნეს. 1021 წელს შირიმნის ბრძოლაში მოკლული რატი კლდეკარის ერისთავი იყო და არა რომელმე სხვა მხარისა. თუ როდის გარდაიცვალა რატი I-ის ძე ლიპარიტ III უცნობია. „მატიანე ქართლისაიდან“ ცხადია მხოლოდ ის, რომ 1028 წელს კლდეკარის ერისთავია ლიპარიტ IV. ჩვენი აზრით ლიპარიტ III-ის ვაჟს რატის მხოლოდ 1028 წლის მერე შეეძლო მიეღო ერისთავობა. სამ ძმას: ლიპარიტ IV-ს, რატისა და ივანეს შორის უფროსი იყო ლიპარიტი. ჩვენი აზრით შეუძლებელია რატის მიეღო რაჭის ერისთავობა მაშინ, როცა უფროს ძმას ლიპარიტს არ ჰქონდა ერისთავის ხელი. ლიპარიტ IV-ის ერისთავობა კი მხოლოდ 1028 წლის მერე დასტურდება. საბოლოოდ ჩვენ ვთვლით, რომ რატის ერისთავობა უნდა მიეღო XI საუკუნის 30-იან წლებში.
რატის (I) შემდეგ ერისთავობდა მისი ძე კახაბერი, ბერობაში კირილე. ჩვენი აზრით კახაბერის გაიგივება შეიძლება პატარა ონის წარწერის კახასთან _ „აღხოცენ ყოველნი ბრალნი მათნი ერისთავსა კახას“ (195;104). კახაბერის მერე ერისთავი უნდა ყოფილიყო მისი ძე რატი II.
ჩვენთვის საინტერესოა ნიკორწმინდის ტაძრის შემდეგი წარწერა _ „მეოხ ექმენ და მფარველ წინაშე ღმრთისა ნიანიას ერისთავთ-ერისთავსა და ნოველისიმოსს“ (195;101). ვ. სილოგავა წარწერას XI საუკუნით ათარიღებს. თავის დროზე გ. ბოჭორიძე წერდა _ „ნიანია ერისთავთ-ერისთავის ნოველისიმოსობა საეჭვოა, მაგრამ ბროსეს მიერ აღმოკითხული ტექსტი და წარწერიდან დარჩენილი კვალი გვაფიქრებინებს, რომ ამ ადგილას შესაძლებელია მართლაც წერებულიყო სიტყვა ნოველისიმოსი“ (54:201). XI საუკუნეში საქართველოში რამდენიმე ნიანიაა ცნობილი _ ლიპარიტ IV-ის ვაჟი ნიანია; ნიანია ქუაბულისძე, რომელმაც სხვებთან ერთად „აუშალა ქუეყანა“ გიორგი II-ს; ამ უკანასკნელის შვილიშვილი ნიანია კახაბერის ძე (ამ შემთხვევაში ნიანია კახაბერის ძედ იწოდება მამის სახელის გამო და არა გვარის) და დავით აღმაშენებლის სიგელში მოხსენიებული ნიანია გრიგოლ მაოხრებელის ძე. ვერც ერთ ამათგანს ვერ გავაიგივებთ ნიანია ნოველისიმოსთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ერთი მათგანი ერისთავი არ იყო. ცხადია, რომ ნიანია ნოველისიმოსი რაჭის ერისთავია. მაგრამ საინტერესოა, როდის ფლობდა ის რაჭის ერისთავობას?
XI საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩვენ გვაქვს ცნობები რაჭის ერისთავთა სამი თაობის შესახებ. ესენია: რატი I, კახაბერი და რატი II. ცხადია მათ შორის ნიანიას ვერ მოვათავსებთ. რჩება ორი ვარაუდი, ან ნიანია იყო XI საუკუნის დასაწყისის მოღვაწე და ერისთავობდა რატი I-მდე ე.ი. არ იყო კახაბერისძე, ან ის იყო XI საუკუნის მიწურულის მოღვაწე და აქედან გამომდინარე უნდა მივიჩნიოთ რატი II-ის ძედ (სახელი ნიანია რომ არსებობდა კახაბერისძეებში ეს ჩანს მღვიმის მონასტრის ფრესკული წარწერიდან), მაგრამ თუ გავიზიარებთ გ. ჭობორიძის აზრს, რომ ზემოთ მოყვანილი წარწერა არის ტაძრის აგების თანადროული ე.ი. XI საუკუნის დასაწყისის (1010-1014 წწ.) მაშინ დასკვნა თავისთავად ცხადია _ ნიანია ნოველისიმოსი არის XI საუკუნის დასაწყისის მოღვაწე და ის ერისთავობდა რატიმდე (რატიმ შეიძლება სწორედ ნიანიას მერე მიიღო ერისთავობა).
ჩვენ გვინდა შევეხოთ „ნიკორწმინდის დაწერილში“ ნახსენები მიქელ ერისთავთ-ერისთავის ვინაობას. დაწერილი თარიღდება 1071-1080 წლებით _ „მუნვე ზნაკუას ერისთავთ-ერისთავმან მიქელ წორბელისაგან და ვახტანგისაგან იყიდა მიწაი ტყიანი და მათ უბოძა ფასად ჯაჭვი ბ, და იგი მიწაი წმიდა ნიკოლაოზს შემოსწირა ... ერისთავთ-ერისთავმან მიქელ შემოსწირა წიგნი სვინაქსარი ა“ (217;40,43). დაწერილიდან არ ჩანს თუ რისი ერისთავია მიქელი. გამომდინარე იქიდან, რომ ზნაკუაცა და ნიკორწმინდაც რაჭაში მდებარეობენ, შეიძლება მიქელი რაჭის ერისთავი იყოს. მაშინ ის კახაბერისძეა, რადგან 1071-1080 წლებში რაჭის ერისთავობა კახაბერისძეთა საგვარეულოს ხელშია. მართალია სახელი მიქელი, წყაროებით კახაბერისძეთა საგვარეულოში დაფიქსირებული არ არის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია კახაბერისძეთა საგვარეულოში არსებულიყო ისეთი სახელი, რომელიც წყაროებში მოხსენიებული არ არის. მაგრამ შესაძლებელია სხვა ვარაუდის გამოთქმაც, შესაწირავის გაღება ნებისმიერ პირს შეეძლო და ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი მიქელი ყოფილიყო რაჭის ერისთავი. ის შეიძლება რომელიმე სხვა მხარის ერისთავი ყოფილიყო (მაგალითად, არაგვის ერისთავი ვამიყ შაბურისძე ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობდა სამცხეში). თავის დროზე თ. ჟორდანია აღნიშნვდა, „კირილეს (იგულისხმება ერისკაცობაში კახაბერი _ მ. ბ.) გიორგი II-ის მეფობაში აღუშენებია სამხრის ეკვდერი ნიკორწმინდისა, როგორც ამაზე მოგვითხრობს წარწერა იმავე ეკვდერისა“ (188; 44). ცხადია მას შემდეგ რაც კახაბერი ბერად აღიკვეცა ერისთავი მისი ძე რატი გახდებოდა. ამდანად სავარაუდოა რომ გიორგი II-ის მეფობის ჟამს რაჭის ერისთავი იყო რატი II. ასეთ შემთხვევაში 1071-1080 წლების დაწერილში მოხსენიებული მიქელი ვერ იქნება რაჭის ერისთავი, ასეთად ამ დროს რატი II ჩანს. მიქელი, როგორც ჩანს რომელიღაცა სხვა მხარის ერისთავია.
XI საუკუნიდან ვიდრე თამარის მეფობამდე ჩვენთვის უცნბია რაჭის ერისთავთა ვინაობა. თამარის დროს კი, „ისტორიანი და აზმანი“ რაჭისა და თაკვერის ერისთავად ასახელებს კახაბერ კახაბერისძეს (97:27,33). მისი მამა იყო კვირიკე. მართალია ის არსად ერისთავად არ იწოდება, მაგრამ რადგან მისი შვილი იყო ერისთავი და კახაბერისძეები საერთოდ რაჭის ერისთავები არიან, შესაძლოა კვირიკეს ერისთავობაც ვივარაუდოთ. თამარის თანამედროვე კახაბერის გაიგივება შეიძლება ნიკორწმინდის ტაძრის XII-XIII საუკუნეების წარწერასთან _ „მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა კახაბერსა და რატის ამინ~ (195;169). კახაბერის შემდეგ ერისთავი მისი ძე რატი უნდა გამხდარიყო. ჩვენი აზრით სწორედ რატი არის მოხსენიებული ნიკორწმინდის შემდეგ წარწერაში _ „.... მეოხ ექმენ ... დედოფალთ დედოფალსა ევფემიას, ასულსა სულკურთხეულისა ერისთავთ-ერისთავის რატისსა ამინ“ (195;170). როგორც ჩანს წარწერის გაკეთების დროს რატი უკვე გარდაცვლილია. ზემოთ მოყვანილი წარწერები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ რაჭის კიდევ ორი ერისთავი: კახაბერი (II) თამარის თანამედროვე და მისი ვაჟი რატი (III).
საინტერესოა სხვავას ჯვრის წარწერა _ „... მამკობსა შენსა რატის, რაჭის ერისთავსა და ძესა მისსა კახაბერს ...“ გ. ბოჭორიძე წარწერას ათარიღებს XIII საუკუნით და ასეთ შემთხვევაში რატი არის რატი III, ხოლო კახაბერი _ ჟამთააღმწერელთან ნახსენები კახაბერი. მაგრამ გ. ჩუბინაშვილი (302;490) და ექ. თაყაიშვილი (103:46) წარწერას ათარიღებენ XI საუკუნით. თუ გავიზიარებთ ჯვრის დათარიღებას XI საუკუნით მაშინ მასში მოხსენიებული რატი არის რატი I და კახაბერი კი _ კახაბერ I. თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ რატი იყოს რატი III და კახაბერი მისი ძე რომელიც სხვა წყაროებით უცნობია. ჩვენ გვიჭირს რაიმე კონკრეტულის თქმა, დათარიღების სადავოობისა და სხვა დამატებითი ცნობების უქონლობის გამო.
ჟამთააღმწერელი რაჭის ერისთავს იხსენიებს კოხტისთავის შეთქმულებისას და დავით ნარინის, დასავლეთ საქართველოში მეფედ დასმისას, მაგრამ სამწუხაროდ იხსენიებს ზოგადად _ „რაჭის ერისთავი“ (186;215,229) ერისთავის სახელს მემატიანე არ იუწყება. სამაგიეროდ იგივე ჟამთააღმწერელი XIII საუკუნის 60-70-იან წლებში უკვე კონკრეტულ ერისთავს ასახელებს. ეს არის კახაბერ (III) კახაბერისძე. კახაბერ III დავით ნარინის მოწინააღმდეგე იყო. XIII საუკუნის 70-იან წლებში ის გამოძევებული ჩანს თავისი საერისთავოდან. „რაჭის ერისთავი კახაბერი იყო ქართლს და აქუნდა ქუეყანა ატენისა ... შეიწრებული ევედრა მეფესა რათა შეიწყალოს და უბოძოს მამული მისი ... (დავით ნარინმა) მიუბოძა მამული მისი ყოველი და კუალად აგო მამულსა მიისა რაჭას. ხოლო ვითარ დაყო მცირედი ჟამი იწყო მათვე მამურ-პაპურთა კუალთა სვლავდ. შეიპყრა მეფემან და პირველ თუალი დასწუა და მერმე ერთი ხელი და ერთი ფერხი მოჰკუეთა ... შვილნი მისნი ... კოსტანტინეპოლს წარგზავნა ... ხოლო კახაბერი ... მოკუდა და მოისპო ყოველი ნათესავი მისი, ბაღუაშთა კახაბერის-ძეთა, არა დაშთა და აღიხოცა ნათესავი მისი და სახსენებელი მათი“ (186;275). ამ ცნობაში თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ არის რამდენიმე მომენტი, რომელიც ახსნას მოითხოვს. პირველი _ უცნობია თუ ვინ იყო რაჭის ერისთავი იმ დროს როცა კახაბერი ქართლში იმყოფებოდა. მეორე _ ჟამთააღმწერელთან ლაპარაკია იმაზე, რომ კახაბერი ითხოვს მამულის დაბრუნებას. ჟამთააღმწერელი ყველგან ხმარობს ტერმინ „მამულს“ და არსად „საერისთავოს“. ლაპარაკია მამულის დაბრუნებაზე და თან პარალელურად ირკვევა, რომ ეს მამული არის რაჭა. რაჭა იყო საერისთავო „ქუეყანა“ და საინტერესოა რატომ უწოდებს ჟამთააღმწერელი მას მამულს. მამული და საერისთავო ერთმანეთის გამომრიცხავი ტერმინებია. ჩვენი აზრით აქ რამდენიმე შესაძლებლობაა: პირველი _ რაღაც მომენტში კახაბერისძეებმა საერისთავო „ქუეყანა“ მამულად აქციეს, ეს იცის მემატიანემ და ამიტომ ხმარობს მამულს. მაგრამ ჩვენი აზრით ეს ნაკლებ სავარაუდოა. მართალია XIII საუკუნში უკვე არის საამისო ცდები (თორღვა პანკელი), მაგრამ ეს პროცესი უფრო XIV-XV საუკუნეებისათვის არის დამახასიათებელი. XIII საუკუნეში მეფის ხელისუფლება ჯერ კიდევ ახერხებს ამგვარი ტენდენციების ალაგმვას. მეორე _ კახაბერისძეები იმის გარდა რომ იყვნენ რაჭის ერისთავები შეიძლება ფლობდნენ მამულს რაჭაში (სურამელები იყვნენ ქართლის ერისთავები და მათი მამული იყო სურამი). ჩვენი აზრით ესეც შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ მამულის წართმევა საკმაოდ ძნელი იყო. ბაღვაშებს ბაგრატ III-მ და ბაგრატ IV-მ ერისთავობა კი ჩამოართვეს, მაგრამ მამული დაუტოვეს. დავით აღმაშენებელმაც კი კაცხის მამული მხოლოდ ბეითალმანის უფლებით აიღო.
ჩვენი აზრით, XIII საუკუნის მეორე ნახევარში ერისთავთა „გამთავრების“ პროცესი ისე შორს არის წასული, რომ ერისთავები აღარ ანსხვავებენ საკუთარ მამულსა და საერისთავოს ერთმანეთისაგან. ხდება ტერმინების აღრევა. ჟამთააღმწერელიც, ალბათ ამიტომ უწოდებს საერისთავო „ქუეყანას“ მამულს.
არავითარ ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია რაჭის საერისთავოს კახაბერისძეთა განდევნის შემდეგ ჟამთააღმწერელი არ იძლევა. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ „XIII ს-ის 80-იან წლებში გაუქმებული რაჭის საერისთავო მომდევნო საუკუნის მიწურულს იქნა აღდგენილი“ (200;36).
ს. კაკაბაძე მიიჩნევდა რა მღვიმის ფრესკულ წარწერებს XV საუკუნისად, ვარაუდობდა კახაბერისძეთა მიერ რაჭის ერისთავობის დაბრუნებას XIV საუკუნის მეორე ნახევარში (277;127-128). ს. კაკაბაძის ეს მოსაზრება თავის დროზე უარყო კ. გრიგოლიამ (200;35). ჩვენი აზრით კახაბერისძეებს რაჭის ერისთავობა არ დაბრუნებიათ. მაშინ ვინ არიან მღვიმის წარწერის კახაბერისძეები? წარწერა ასე იკითხება _ „ამა ეკლესიის აღმშენებელი რაჭის ერისთავი კახაბერიძე რატი. მეუღლე მათი რუსუდან. კახაბერიძე ნიანია“. გ. წერეთლის აზრით წარწერა XIII საუკუნისაა (299;95). დ. ბაქრაძე თვლიდა, რომ ფრესკაზა გამოსახული პიროვნებები XI-XII საუკუნეების რაჭის ერისთავთა ოჯახის წევრები არიან (279;62,145). ო. სოსელიას აზრით დ. ბაქრაძის დათარიღება უფრო სწორია რადგან ამას მხარს უჭერს ის, რომ ნიკორწმინდის ტაძრის XI საუკუნის წარწერაში იხსენიება რატი (200;36). როგორც ვნახეთ რატი იხსენიება XIII საუკუნის წარწერაშიც. ამდანად შეიძლება მართებულია გ. წერეთლის დათარიღება. ასეთ შემთხვევაში მღვიმის წარწერის რატი არის რატი III ნიანია კი მისი ძე და შესაბამისად კახაბერ III-ის მამა. ეს კია, რომ უცნობი რჩება იყო ნიანია ერისთავი თუ არა. თ. ბერაძის აზრით, კახაბერისძეთა დარჩენა უმემკვიდრეოდ არ არის სწორი. „ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია ერთი საბუთი, რომელიც XIV-XV ს.ს. ეკუთვნის. მასში მოთხრობილია იმ შეტაკებაზე, რომელიც ერისთავ მირიან ჭარელისძესა და გიორგი კახაბერიძეს შორის მოხდა“ (32;188). რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? ჟამთააღმწერელი საკმაოდ სანდო წყაროა და თითქოს არც სახელი გიორგი არის ტრადიციული კახაბერისძეთა საგვარეულოსათვის. თუმცა ანგარიშგასაწევია თ. ბერაძის არგუმენტიც. აქ მრავალი მოსაზრების გამოთქმა შეიძლება, მაგრამ ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით. ჩვენთვის, ამჯერად მთავარია ის, რომ არც ამ სიგელით არ მტკიცდება რაჭის ერისთავობის დაბრუნება კახაბერისძეთა საგვარეულოში (ამ სიგელში ერისთავად მირიან ჭარელისძე ჩანს).
საინტერესოა XII-XIII საუკუნეების ხვამლის წარწერა _ „წმიდაო გიორგი მეოხ და მფარველ ექმენ ერისთავთ-ერისთავსა ელარიონს სულითა და შვილთა მისთა მას დღესა განკითხვისასა ამინ“ (195;167). სახელიდან გამომდინარე ელარიონი კაჯაბერისძე არ უნდა იყოს. ის შეიძლება ერისთავობდა XIII საუკუნის ბოლოს კახაბერიძეთა განდევნის შემდეგ.
რაჭის საერისთავოსთან დაკავშირებით საინტერესო ცნობაა დაცული ვახუშტისთან _ „ბაგრატ მეფემან დასუა ერისთავად რაჭას ჩხეიძე შოშიტა და მისცა რომელნიმე სახასო დაბანი და ციხე მინდა. რამეთუ აქამომდე იყო რაჭა სამეფოდ და კუალად ჰყო საერისთოდ“. ვახუშტის მიხედვით ეს მოხდა 1584 წ. (23;811). ცნობა, კახაბერიძეთა განდევნის შემდეგ რაჭის საერისთავოს გაუქმების შესახებ დაცულია მარტო ვახუშტისთან. მისი შემოწმება სხვა წყაროებით ვერ ხერხდება. ვახუშტის ცნობას მხარს უჭერს თითქოს ის, რომ მთელი საუკუნის მანძილზე რაჭაში ერისთავი არ ჩანს. თუმცა თავისთავად ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს. ქართლისა და სვანთა საერისთავოსთან დაკავშირებითაც გვაქვს ერთ საუკუნოვანი ხარვეზი, წყაროები არ მოიხსენიებენ ერისთავებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამ მხარეებში საერისთავოები გაუქმდა.
სასისხლო სიგელები რაჭაში ერისთავებს ასახელებენ უკვე XIV საუკუნის ბოლოდან. საყოველთაოდ არის ცნობილი ივ. ჯავახიშვილის აზრი სასისხლო სიგელებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ ჯ. ოდიშელის აზრს, რომ „ყველა სასისხლო სიგელი ნატყუარიც რომ იყოს მათში დაცული ცნობები მაინც გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, გარკვეული სიფრთხილით. რამდენადაც ხელის მიხედვით მაინც სასისხლო სიგელები ძველადვეა შექმნილი და საბუთებში მოცემული ყველა მომენტი რომ არა სწორად იყოს წარმოდგენილი, მაშინ თვით ყალბისმქნელობა ყოველგვარ აზრს დაკარგავდა“ (176;209).
სხვა წყაროების უქონლობის გამო ჩვენ მაინც ვიყენებთ გარკვეულწილად სასისხლო სიგელების მონაცემებს. სასისხლო სიგელები მოიხსენიებენ შემდეგ ერისთავებს: XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში „რაჭის ერისთავი აღბუღა“ (108:19). 1432 წელს ციცი ჭარელიძე (107:9). ო. სოსელია აღნიშნავს, რომ გადმოცემით ცნობილია ერისთავი ქველი ჭარელიძე (200;36). მკვლევარის აზრით რაჭის ერისთავია ალექსანდრე I-ის სიგელში მოხსენიებული გიორგი ერისთავი (200;36) ჩვენთვის გაურკვეველია რის საფუძველზე შეიძლება გიორგის მიჩნევა რაჭის ერისთავად. XV საუკუნის 80-90-იან წლებში ერისთავები არიან: გიორგი აღბაჭელიძე (109:21). ივანე ჩხეტისძე (109:25), და მისი ძმა კახაბერი (109:67). ო. ოსელიას აზრით, ივანესა და კახაბერის დროიდან რაჭის საერისთავო ჩხეიძეთა საგვარეულოს ხელშია (200;36).
პირადად ჩვენში ეჭვს არ იწვევს ივანესა და კახაბერის ერისთავობა, რადგან ჩხეიძეთა ერისთავობა რაჭაში, XV საუკუნის მერე წყაროებით დასტურდება. ჩვენი აზრით ასევე დასაშვებია ციცი ჭარელიძის ერისთავობა. დანარჩენების საკითხი სადავოა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ვენდობით ჩვენ სასისხლო სიგელებს თუ არა.
რაჭის ერისთავების სია ჩვენ შემდეგი სახით წარმოგვიდგენია:
ნიანია ნოველისიმოსი (XI ს-ის დასაწყისი)
რატი I (XI ს-ის 30-40-იანი წლები)
კახაბერი I (XI ს-ის მეორე ნახევარი)
რატი II კახაბერისძე (XI ს-ის ბოლო)
კვირიკე (XI ს-ის I-ლი ნახევარი)
კახაბერი II კახაბერისძე (XII ს-ის ბოლო)
რატი III კახაბერისძე (XIII ს-ის პირველი ნახევარი)
ნიანია კახაბერისძე (იყო თუ არა ერისთავი უცნობია)
კახაბერის III კახაბერისძე (XIII ს-ის მეორე ნახევარი)
ელარიონი (XIII-XIV ს-ის მიჯნა)
აღბუღა (?) (XIV-XV ს-ის მიჯნა)
ციცი ჭარელიძე (XV ს-ის 30-იანი წლები)
გიორგი აღბაჭელიძე (?) (XV ს-ის 80-იანი წლები)
ივანე ჩხეტისძე (XV ს-ის 90-იანი წლები)
კახაბერი ჩხეტისძე (XV ს-ის ბოლო XV ს-ის დასაწყისი)
ოდიშის საერისთავო
ქართულ ისტორიოგაფიაში მართებულად არის აღნიშნული, რომ ოდიშის საერისთავო პირველად მოიხსენიება წყაროებში, თამარის დროს (14;12,18,149). იგულისხმება „ისტორიანი და აზმანის“ შემდეგი ადგილი _ „და ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს ... და ოდიშის ერისთავად ბედიანი“ (97:34). აღსანიშნავია, რომ მარიამ დედოფლისეულ ვარიანტში წერია არა ბედიანი, არამედ ბედანი (210;410). ჩვენი აზრით ეს ფორმა უფრო სწორია. რაც შეეხება იმას, რომ ვახუშტი ხმარობს ბედიელი-ს, ჩვენ ვიზიარებთ თ. ბერაძის აზრთ _ „ვახუშტის ბედიელი შეცდომათ უნდა ჩავთვალოთ ... ბედიელი როგორც ტიტული, ქართულ წყაროებში არა ერთხელ მოიხსენიება, მაგრამ როგორც წოდება ბედიის ეპისკოპოსისა“ (31;160). ასევე მართებულია თ. ბერაძის აზრი, რომ ვახუშტისეული და ბერი ეგნატაშვილისეული შანშე დადიანი შეცდომაა. მათ ტექსტის შინაარსი ვერ გაუგიათ და შადადიანების ნაცვლად შანშე დადიანი დაუწერიათ“ (31;153).
ცხადია, რომ ბედანი არ შეიძლება ჩაითვალოს ოდიშის პირველ ერისთავად. ოდიშის საერისთავო უნდა შექმნილიყო თამარის მეფობამდე. ზუსტი თარიღის განსაზღვრა თუ როდის შეიქმნა საერისთავო ძალიან ძნელია. ვახუშტის მიხედვით ლეონ II-მ ერთ-ერთი თავისი ერისთავი „დასუა ბედიას და მისცა ეგრისის აღმოსავლეთი ცხენის წყლამდე“ (23;796). რამდენად ზუსტია ვახუშტის ცნობა ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში X საუკუნის მერე მაინც ოდიშის საერისთავოს ცენტრი ბედიაში ვერაფრით ვერ იქნებოდა. რაც შეეხება საერისთავოს საზღვრებს, ეს საკითხი განხილული აქვს თ. ბერაძეს და მასზე ჩვენ აღარ შევჩერდებით.
პირველი დადიანი რომელიც წყაროებში მოიხსენიება არის ივანე. „მატიანე ქართლისაი“ XI საუკუნის 40-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით წერს _ „გამოიტყუვნა (ლიპარიტ IV-მ) ანისით დედოფლისაგან აბუსერი ერისთავი არტანუჯისა .... და ივანე ერისთავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის ძე, ბეჭის ციხის პატრონი“ (145:300). ჩვენი აზრით, შ. მესხიამ ივანე დადიანი სრულიად მართებულად გააიგივა XI საუკუნის ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებულ ივანესთან (156:149). მინაწერში ვკითხულობთ _ „მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა ... ერისთავთ-ერისთავსა იოვანე დადიანსა“ (90:95). ცხადია, რომ ივანე დადიანი არის, წყაროებით ჩვენთვის ცნობილი პირველი დადიანი, რომელიც იყო ოდიშის ერისთავი. ივანე დადიანი ბაგრატ IV-ის თანამედროვეა. ამიტომ ოდიშის საერისთავოს წარმოქმნის ზედა ზღვარი XI ს-ის 40-იან წლებს ვერ გადასცდება. ჩვენი აზრით ოდიშის საერისთავო დაახლოებით იმავე პერიოდში უნდა შექმნილიყო, როცა შეიქმნა სვანთა საერისთავო და რაჭის საერისთავო. ალბათ ეს აფხაზთა სამეფოში მოხდა და შეიძლება სწორედ ლეონ II-ის დროს.
თ. ჟორდანია პირველ დადიანებად თვლიდა მარტვილის ხატის ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებულ უდუს, ლელას, ზვიადის და გიორგის (188;132). ამასთან დაკავშირებით სრულიად მართებულად წერს თ. ბერაძე: „სანამ, დამატებითი რაიმე მასალა არ აღმოჩნდება, ხატის წარწერაში მოხსენიებული უდუ, ლელა და ზვიადი დადიანებად ვერ ჩაითვლებიან“ (31;161).
დადიანების წარმოშობის შესახებ, ქართულ ისტორიოგრაფიაში, რამდენიმე მოსაზრება არსებობს. პ. ინგოროყვას აზრით, გვარი დადიანი წარმოსდგება დადის-წყალზე მდებარე რეზიდენციის სახელის „დადის-ციხისაგან“. ხოლო მეორე რეზიდენციას _ ბედიას, უკავშირდება საგვარეულო სახელი ბედიანი (104:641). ეს აზრი თავის დროზე სამართლიანად გააკრიტიკა ნ. ბერძენიშვილიმა _ „... დასამტკიცებელია დებულება, იწარმოება თუ არა ქართულად ადამიანის გვარ-სახელი საგეოგრაფო პუნქტის სახელიდან „იან“, „ან“ სუფიქსით? თუ ამ სუფიქსის ქართულ ბუნებას გავითვალისწინებთ, ზემოთ დასმულ კითხვაზე უარყოფითად უნდა ვუპასუხოთ~ (40;342). თ. ბერაძე აღნიშნავს _ „1963 წელს მოვიარეთ ენგურის მარჯვენა ნაპირის სამეგრელო და არსად არ გვინახავს და ვერ ჩავიწერთ ტოპონიმი დადისწყალი და დადის-ციხე“. მკვლევარი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომელიც პირველად ნ. ბერძენიშვილმა გამოთქვა. თ. ბერაძე აღნიშნავს _ „დადიანი სვანური წარმოშობის გვარი უნდა იყოს და ნიშნავს დადის შთამომავლობას“ (31;152).
დ. ბაქრაძის აზრით: „როგორც გურიელები. ასევე დადიანების პირველი დინასტია წარმომავლობით ერთსა და იმავე ვარდანისძეების საგვარეულოს უნდა მივაკუთვნოთ“ (30;225).
უკანასკნელად დადიანების წარმომავლობის საკითხს შეეხო ი. ანთელავა. მკვლევარი ეყრდნობა რა სოლომონ I-ის წერილს ეკატერინე II-სადმი, სადაც არის ასეთი ადგილი _ „პირველთაგან დადიანი ჩვენი თავადი ყოფილა, გვარით საღიძე“ _ აღნიშნავს: „როგორც ჩანს, XVIII ს-ის დასავლეთ საქართველოში იყო წერილობითი თუ ზეპირი ტრადიცია, რომელიც ძველ დადიანთა საგვარეულოს „საღიძეთა“ გვარს უკავშირებდა“ (14;16). მკვლევარის აზრით საღიძე არის დამახინჯებული საღირისძე. საღირისძეები მართლაც ცნობილი გვარი იყო XII საუკუნში. ისინი მონაწილეობას იღებდნენ თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში _ „... და სრულ ყვეს მოხელეთა სვიანთა და დიდებულთა ვარდანის-ძეთა, საღირის-ძეთა და ამანელის-ძეთა მოღება და დადება ხრმლისა“ (97:27). ი. ანთელავას აზრით, რადგან ვარდანისძეები და ამანელისძეები ერისთავები არიან, ამიტომ „ამ ცნობილ საგვარეულოებთან საღირისძეთა მოხსენიება თვალნათლივ მოწმობს მათ როლს. საეჭვო არ უნდა იყოს ისიც, რომ ეს გვარი საერისთავო იყო ... ნინანდობლივია, რომ თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში ... არ ჩანს დადიანთა საგვარეულო ... ასეთ დაწინაურებულ საგვარეულოს არ შეიძლება საპატიო ადგილი არ სჭეროდა მეფის კურთხევაზე. ვფიქრობთ, მათი მოუხსენიებლობა იმით აიხსნება, რომ ისტორიკოსი დადიანებს „საღირისძეებში“ გულისხმობს ... გვაქვს საფუძველი სოლომონ I-ის წერილში დაცული ცნობა დადიანთა ძველი დინასტიის „საღიძეობის“ შესახებ რეალურად მივიჩნიოთ და დადიან _ „საღიძეები“ დავუკავშიროთ საღირისძეთა საგვარეულოს“ (14;16-17).
რა შეიძლება ითქვას აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით? პირველი _ დადიანთა მოუხსენიებლობა მეფედ კურთხევის დროს არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ისტორიკოსი მათ სხვა გვარში გულისხმობს. თამარის მეფედ კურთხევის დროს არც ერითსთავთ-ერისთავები შარვაშისძეები მოიხსენიებიან განა ეს იმას ნიშნავს რომ ისტორიკოსი მათაც სხვა გვარის ქვეშ გულისხმობს? რა თქმა უნდა არა. არაა აუცილებელი რომ „ხრმლის მოღების“ ცერემონიალში ყველა საგვარეულოს მიეღო მონაწილეობა. მეორე _ როგორც ზევით ვნახეთ პირველი დადიანი არის ივანე, რომელიც მოიხსენიება XI საუკუნის 40-იან წლებში. თამარის მეფედ კურთხევა, რომელშიც მონაწილეობენ საღირისძეები მოხდა 1184 წელს. თუ გავიზიარებთ ი. ანთელავას აზრს, რომ ისტორიკოსი დადიანებს საღირისძეებში გულისხმობს, მივიღებთ ძალიან საინტერესო სურათს. გამოდის, რომ „ისტორიანი და აზმანის“ ავტორი საღირისძეების ქვეშ გულისხმობს დადიანებს _ რომლებიც სულ ცოტა 150 წლის გამოყოფილები მაინც უნდა იყვნენ საღირისძეებისაგან. ასეთი რამ ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია. საერთოდ ჩვენთვის გაუგებარია როგორ შეიძლება ერთი გვარის ქვეშ ვიგულისხმობთ მეორე გვარი (თუნდაც თავის დროზე ამ გვარისაგან გამოყოფილი). „ისტორიანი და აზმანის“ ავტორი თამარის თანამედროვეა, მან კარგად იცის რასაც წერს. დადიანებს ის არ იხსენიებს იმიტომ, რომ ისინი „ხრმლის მოღებაში“ არ მონაწილეობენ. დადიანებს ამ ცერემონიალში მონაწილეობა რომ მიეღოთ, ისტორიკოსი ამას აღნიშნავდა და არ იგულისხმებდა, ამ მართლაც გავლენიან საგვარეულოს, საღირისძეების ქვეშ. მესამე _ სრულიად აშკარაა, რომ გვარი საღირისძე მომდინარეობს სახელიდან საღირი, დადიანი კი სახელიდან დადი. მათ შორის არავითარი კავშირი არ უნდა იყოს.
დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული წყაროები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გადაჭრით ვამტკიცოთ დადიანების წარმოშობის ამა თუ იმ მოსაზრების სისწორე. ჩვენი აზრით ცხადია მხოლოდ ერთი რამ, გვარი დადიანი წარმოსდგება სახელ დადისაგან (ალბათ დადი ვარდანისძე იყო ამ გვარისათვის სახელის დამდები).
ბაგრატ IV-ის თანამედროვე ივანეს შემდეგ წყაროები აღარ მოიხსენიებენ ოდიშის ერისთავებს XII საუკუნმდე. XII საუკუნის ბოლოს ერისთავია ბედან (I) დადიანი. საინტერესოა ზუგდიდის ეკლესიის წარწერა _ „სამებაო სამთვისებაო და ერთარსებაო, შემწე ეყავ ორსავე ცხორებასა შინა ერისთავთ-ერისთავთა გიორგი, იოვანე, იოვანე, შვილი მათნი ...“ (195;144). ა. ტუღუშს შესწორება შეაქვს ტექსტში და წარწერაში კითხულობს ბედან II დადიანის შვილების: გიორგის, ივანეს და ერშაჰრის სახელებს (208;48). ვ. სილოგავას აზრით „წარწერის ტექსტის შესწორებისათვის ჩვენ საფუძველი არა გვაქვს. ხოლო პელაოგრაფიული ნიშნებით წარწერა XII საუკუნეს განეკუთვნება“ (195;144). ასეთ შემთხვევაში გიორგი და ივანე უნდა მივიჩნიოთ XII საუკუნის ერისთავებად, რომლებსაც უნდა ემოღვაწევათ ბედან დადიანამდე.
თ. ბერაძის აზრით, XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის დასაწყისში ოდიშის ერისთავები იყვნენ: ბედიანი (I), ჯუანშერი, ბედიანი (II), გიორგი (გარდაიცვალა 1323 წელს) (31;159-160). ი. ანთელავა თვლის, რომ ბედან I, ჯუანშერი, ბედან II, გიორგი არიან დადიანების ერთი შტო, ხოლო ვარდანი, ცოტნე I, ვარდანი (II), შერგილი და ცოტნე II კი მეორე შტო (12;15). მკვლევარის აზრით ბედან I და ვარდანი ძმები არიან (14;17).
ათონის ივერთა მონასტრის აღაპებში მოხსენიებულია „ვარდან კოსტანტის ძე“ (3;258). თ. ჟორდანია და პ. ინგოროყვა (188;131 და 101;577) ვარდან კოსტანტის ძეს აიგივებენ ვარდან (I) დადიანთან. ცხადია ასეთ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ ი. ანთელავას აზრს, კოსტანტი ბედან I-ის მამადაც უნდა მივიჩნიოთ. ნ. შოშიაშვილი „ვარდან კოსტანტის ძეს“ მიიჩნევს რაჭის დიდგვაროვან ფეოდალად (232;127). უკანასკნელად ამ საკითხს შეეხო შ. მესხია. მკვლევარი შესაძლებლად მიიჩნევს, გავაიგივოთ „ვარდან კოსტანტის ძე“ ვარდან დადიანთან (აქ აღსანიშნავია ერთ მომენტი, სახელი კოსტანტი დადიანთა საგვარეულოში, ჩვენს მიერ დადასტურებული არ არის. ეს შეიძლება გაიგივებისათვის საწინააღმდეგო არგუმენტად გამოვიყენოთ). შ. მესხიას აზრით: „ვარდანი და მარუშიანი ძმები არიან“ (156:153). მკვლევარი გულისხმობს „ისტორიანი და აზმანში“ მოხსენიებულ მარუშიანს _ „და კუალად უბოძა მსახურთუხუცესობა ვარდანს დადიანსა, ჩუხჩარეხობა მარუშიანსა ძესა ჩუხჩარეხისასა“ (97:33).
ამ გენეალოგიურ საკითხებში გარკვევა საკმაოდ რთულია. ამჯერად ჩვენთვის მთავარია თუ რომელი დადიანი იწოდება ერისთავად და აქადენ გამომდინარე რომელი დადიანის მიჩნევა შეიძლება ოდიშის ერისთავად.
ბედან I ერისთავად იწოდება „ისტორიანი და აზმანში“ და ეს საკითხი ეჭვს არ იწვევს. ბედანის ვაჟი ჯუანშერი წყაროებში მხოლოდ ერთხელ იხსენიება, ჟამთააღმწერელთან _ „ეგრეთვე დადიანი ბედიანი, ჯუანშერის ძე დადგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისასა“ (186;243). მართალია ჯუანშერი ერისთავად არ იხსენიება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ერისთავები იყვნენ მისი მამა ბედან I და მისი ძე ბედან II, მართებული უნდა იყოს თ. ბერაძის აზრი, ჯუანშერის ერისთავობის შესახებ (31;160). ჯუანშერი შეიძლება მივიჩნიოთ XIII საუკუნის პირველი ნახევრის ოდიშის ერისთავად.
1242 წლისათვის ჟამთააღმწერელი უკვე ბედან II-ს მოიხსენიებს _ „მეფემან რუსუდან თანა წარიტანა ყოველნი მთავარნი ლიხთ იმერელნი დადიანი ცოტნე ... ბედიანი, რაჭის ერისთავი, გურიელი და ყოველნი წარჩინებულნი“ (186;195). ბედან II კიდევ მრავალჯერ არის ნახსენები ჟამთააღმწერლის თხზულებაში (186;215,229), მაგრამ მემატიანე მას არსად არ მოიხსენიებს ერისთავობით. ბედან II ერთხელ იხსენიება ჩვენთვის საინტერესო კონტექსტში _ „... ეგრეთვე დადიანი ბედიანი, ჯუანშერის ძე, დადგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისასა, რამეთუ იყო ესე ბედიანი კაცი წარმატებული ყოვლითა ზნითა ... ამან დააწყო ოდიში, რომელ მპარავი და ძვირის მოქმედი არა იპოვებოდა“ (186;243). ბოლო წინადადებიდან ცხადია, რომ ბედანი არის ოდიშის მმართველი ე.ი. ის არის ოდიშის ერისთავი. ბედანი მოიხსენიება რამდენიმე ხატის წარწერაშიც: ხობის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში _ „... მეოხ და მფარველ ეყავ გულისმოდგინედ მამკობსა ... ხატისა შენისს ერისთავთ-ერისთავსა, მანდატურთუხუცესსა ბედანსა დადიანსა და დიოფალ დიოფალსა ხუვაშაქსა“ (141:141). ხობის მაცხოვრის ხატის წარწერაში _ „... და მასვე პირველ შემამკობელსა ხატისა ამის შენისასა ნათელს თანა მარჯვენით შენსა მდგრმად დააწესე იგი და ძე მათი ვარდან დადიანი, მანდატურთუხუცესი ბედანი დადიანი და ცოლი მათი, ბეგაისა ქართლის ერისთავის ასული, ხუაშაქი და ძენი მათნი ერაშაჰრი, გიორგი და ივანე ...“ (85:139). მარტვილის ღვთიმსშობლის ხატის წარწერაში _ „... ახლად მამკობი კნინთა მიერ, უღირსი მანდატურთუხუცესი ბედანი დადიანი და მეუღლე, ვითხოვთ, მე უღირსი ხუაშაქი, ქართლისა ერისთავისა ასული ძითურთ გიორგით და ივანეთი გვიოხენ ...“ (85:49). როგორც ვხედავთ, უფროსი ძე ერაშაჰრი ამ წარწერაში არ მოიხსენიება. `ჩანს უფროსი ვაჟი ერაშაჰრი ადრე გარდაიცვალა და ... ხატის წარწერაზე ბედანს მხოლოდ მეუღლითა და ორი შვილით ვხედავთ“ (31;159).
ბედან II-ის მერე ერისთავი უნდა გამხდარიყო მისი ძე გიორგი. ეს ნათლად ჩანს წალენჯიხის ხატის წარწერიდან _ „მონდობილნი შენნი მანდატურთუხუცესი დადიანი ბედანი და მე ძე მათი მეორედ მამკობი დადიანი გიორგი, და მე დადიანი შერგილ და მეუღლე ჩემი ნათელ მესამედ მამკობნი ხატისა“ (85:227). ჟამთააღმწერელი ბედან II-ს უკანასკნელად იხსენიებს XIII საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში (186;243). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბედან II გარდაიცვალა XIII საუკუნის 60-იან წლებში და ცხადია აქედანვე უნდა ვივარაუდოთ გიორგის ერისთავობა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით გიორგი გარდაიცვალა 1323 წელს (23;901). თ. ბერაძე 1323 წელს გარდაცვლილ გიორგი დადიანს მიიჩნევს ბედან II-ის ძედ. ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, ამჯერად კი გვინდა შევჩერდეთ ვარდან დადიანის ერისთავობის საკითხზე.
ვარდან დადიანი რამდენიმეჯერ არის ნახსენები „ისტორიანი და აზმანში“. ის იყო ჯერ ჩუხჩარხი (97:25), მერე მსახურთუხუცესი (97:33). ვარდან დადიანი არსად არ მოიხსენიება როგორც ერისთავი. ვარდანი იყო გიორგი რუსის აჯანყების ერთ-ერთი ინიციატორი. მემატიანე წერს _ „ვარდან დადიანი, მსახურთუხუცესი, ლიხთ-აქით პატრონი ორბეთისა და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსამდის უცილობელად ქონებისა, და თვით ქუეშისა ციხესა მყოფი“ (97:49). დიდი ხანია ისტორიკოსთა ინტერესს იწვევს მემატიანის სიტყვები „ლიხთ-იქით ნიკოფსამდის უცილობლად ქონებისა“. თ. ბერაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერს: „რატომ არის ვარდანი ლიხთ იქით ნიკოფსამდე უცილობელი მფლობელი? მას თითქოს საერისთავო არ აქვს დასავლეთ საქართველოში ... ამავე დროს დასავლეთ საქართველოში მას დიდი უფლებები აქვს. შეუძლია მთელი ამ მხარის ჯარის შეკრება. მემატიანის გადმოცემით ... თითქოს თამარ მეფის ბრძანებით შეკრიბა დასავლეთ საქართველოს ლაშქარი. ეტყობა მას ამის უფლება ჰქონია, რაც გვაგულისხმებინებს რომ ვარდან დადიანი დასავლეთ საქართველოს სხვა ერისთავებზე უზენაესი იყო“ (31;155). შემდეგ მკვლევარი იზიარებს ივ. ჯავახიშვილის აზრს, რომ „ყველა ერისთავთ-ერისთავის საგამგეო ერთნაირი ღირსებისად არ ითვლებოდა. მათ შორის ზოგი უფრო საპატიოდ იყო ცნობილი, ზოგს კიდევ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. საერისთავთ-ერისთავოთა ანუ სამთავროთაგან ყველაზე უფრო მეტი ხარისხი ეპყრათ და უაღრესად საპატიოდ ისეთი ადგილები ითვლებოდნენ, რომელნიც წინათ მეფეთა საჯდომად და სამეფოებად იყვნენ“ (262;336). თ. ბერაძის აზრით: „აფხაზეთის სამეფოც დამოუკიდებელი ერთეული იყო ... ამიტომ, საგულისხმოა, აფხაზთა მეფეთა ადგილზე მჯდომი ერისთავთ-ერისთავიც უნდა ყოფილიყო ... რადგან ვარდან დადიანი გამოდის დასავლეთ საქართველოს ყველა ერისთავთა უზენაესი, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ იგი აფხაზთა მეფეთა ადგილზე მჯდომ ერისთავთ-ერისთავად და მის საპატრონო ქვეყანადა დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ვიგულისხმოთ“ (31;155). რა შეიძლება ითქვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? პირველი _ ვარდან დადიანის დასავლეთ საქართველოს ერისთავების შეკრების უფლება იმიტომ ჰქონდა, რომ, ჩვენი აზრით ის იყო ამ მხარის სპასალარი (ამ საკითხს დაწვრილებით ჩვენ სხვაგან განვიხილავთ) და არა იმიტომ, რომ იჯდა აფხაზთა მეფეთა ადგილზე (თვითონ ფაქტი, რომ ვარდანმა მოტყუებით შეკრიბა ჯარი, ჩვენ მემატიანის გამოგონილი გვგონია, რათა გაამართლოს აჯანყებულთა რიცხვმრავლობა. ერისთავები მართლაც მოტყუებით რომ ყოფილიყვნენ შეკრებილი, განა არ დაიშლებოდნენ მას მერე რაც ვარდან დადიანმა გიორგი რუსი მეფედ გამოაცხადა? განა ერისთავებისთვის ნათელი არ გახდებოდა თუ ვისი ბრძანებით შეკრიბა ისინი დადიანმა? მემატიანეს თხრობიდან კი ირკვევა, რომ დასავლეთ საქართველოში შეკრებილი ჯარი კი არ დაიშალა გიორგი რუსის მეფედ გამოცხადების მერე არამედ პირიქით _ აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. ცხადია ერისთავები თავიდანვე ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ). ზ. ანჩაბაძის აზრით, დასავლეთ საქართველოს ერისთავები უშუალოდ მეფეს არ ემორჩილებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ მსახურთუხუცესს, რომელიც იყო მეფის ნაცვალი დასავლეთ საქართველოში. მკვლევარის აზრით ასეთი მეფისნაცვალი იყო ვარდან დადიანი. ჩვენ არც ამ მოსაზრებას ვეთანხმებით. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი აზრით ვარდან დადიანი იყო დასავლეთ საქართველოს სპასალარი. მეორე _ რა თქმა უნდა სავსებით შესაძლებელია, რომ ერთი ერისთავთ-ერისთავის „ხელი“ უფრო საპატიო ყოფილიყო ვიდრე მეორისა. მაგრამ წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას რომ ვამტკიცოთ _ მეფეთა ადგილზე შეწყალებულ ერისთავთ-ერისთავებს, რეალურად უფრო მეტი უფლებები ჰქონდათ ვიდრე „ჩვეულებრივ“ ერისთავთ-ერისთავებს. წყაროებიდან არ ჩანს რომ გუზან ტაოელს უფრო მეტი უფლებები ჰქონდა, ვიდრე, ვთქვათ რატი სურამელს (თავი რომ დავანებოთ თავად გუზანის ერისთავობის საკითხს). მესამე _ არსებობდა კი XII საუკუნეში სამოქალაქოს საერისთავო და მისი ერისთავთ-ერისთავი? ერთადერთი წყარო, რომელიც ასახელებს სამოქალაქოს საერისთავოს არის ვახუშტი, რომლის მიხედვითაც, ლეონ II-მ მერვე ერისთავი „დასუა ქუთათისს ვაკისა, ოკრიბისა და ხანის-წყლის დასავლეთისა გურიამდე და რიონის დასავლით ცხენის წყლამდე“ (23;796). მთელი XI-XV საუკუნეების მანძილზე არც ერთი წყარო არ ასახელებს სამოქალაქოს ერისთავს, არც ერთი წყაროთი არ დასტურდება სამოქალაქოს საერისთავოს არსებობა. წარმოუდგენელია სამოქალაქოში მჯდარიყო ერისთავთ-ერისთავი, მით უმეტეს ისეთი უფლებებით, როგორსაც მას მიაწერს თ. ბერაძე და ის არც ერთხელ ხუთი საუკუნის მანძილზე წყაროებში ნახსენები არ იყოს. (მას „ისტორიანი და აზმანი“ მაინც მოიხსენიებდა, რადგან აქ მოხსენიებულია თამარის დროინდელი ყველა ერისთავთ-ერისთავი) პასუხი ერთია, სამოქალაქო არ იყო საერისთავო „ქუეყანა“ და ცხადია მას არც ერისთავთ-ერისთავი ეყოლებოდა. აქედან გამომდინარე ვერც ვარდან დადიანს მივიჩნევთ სამოქალაქოს ერისთავთ-ერისთავად. ჩვენი აზრით ვარდან დადიანის ერისთავობა არ დასტურდება წყაროებით. ვარდანს მრავალი „ხელი“ ჰქონდა სხვადასხვა დროს მაგრამ ერისთავობა არასოდეს (რაც შეეხება მის „ლიხს-იქით ნიკოფსამდის უცილობლად ქონებას“ _ ამ საკითხს ჩვენ სხვაგან განვიხილავთ).
ასევე არ იყო ერისთავი ცოტნე დადიანიც. არც ერთი წყარო მას არ მოიხსენიებს როგორც ერისთავს. მართალია ცოტნე იყო დუმნისთავი, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს ერისთავობას (დუმნის თავი იყო ვარამ გაგელიც. მაგრამ ის ერისთავი არასდროს არ ყოფილა).
არც ვარდან II იყო როდესმე ერისთავი. არც ერთი წყარო მას ამ პატივით არ მოიხსენიებს. სამაგიეროდ ერისთავი იყო შერგილ დადიანი. ამ ტიტულით ის მოიხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში _ „ერისთავთ-ერისთავის შერგილ დადიანის“ (158:90 აღაპი #102). ხობის ფრესკულ წარწერაში _ „ერისთავთ-ერისთავი შერგილ დადიანი, დედოფალთ დედოფალი ნათელა ძე მათი ცოტნე“ (85:134). ხობის მაცხოვრის ხატის წარწერაში _ „ხატო არსებისაო, უცვალებელ, მეოხ და მფარველ მექმენით აქა და საუკუნესა ერისთავთ-ერისთავი დადიანი შერგირ და მეუღლე ჩემით დეოფალ დეოფალი ნათელით, ძითურთ ჩემით ცოტნეთურთ“ (85:153).
ერისთავი იყო შერგილის ვაჟი ცოტნეც. ამას ადასტურებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპი _ „მანდატურთუხუცესისა და ერისთავთ-ერისთავისა ცოტნე დადიანისა“ (158:101 აღაპი #247).
თუ გავიზიარებთ თ. ბერაძის აზრს, რომ ბედან II-ის ძე გიორგი გარდაიცვალა 1323 წელს, მივიღებთ შემდეგ სურათს: XIII საუკუნის შუა ხანებიდან ოდიშის ერისთავები არიან ბედან II, გიორგი და მამია. ასეთ შემთხვევაში იბადება კითხვა თუ რისი ერისთავები არიან შერგილი და ცოტნე II? თ. ბერაძის აზრით: „გამოდის, რომ XII-XIII სს. დადიანის გვარეულობის რომელიმე წარმომადგენლის ერისთავთ-ერისთავობა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უსათუოდ ოდიშის ერისთავიც იქნებოდა“ (31;161).
ჩვენი აზრით თ. ბერაძის მოსაზრება არ უნდა იყოს მართებული. შერგილ დადიანის მოხსენიება ხობში და წალენჯიხაში სწორედ იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ შერგილი ოდიშის ერისთავია. კიდევ ერთხელ მოვიტანთ წალენჯიხის ხატის წარწერას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხის გადასაწყვეტად „... მონდობილნი შენნი: მანდატურთუხუცესი დადიანი ბედანი და მე ძე მათი მეორედ მამკობი დადიანი გიორგი და მე დადიანი შერგილ ... მესამედ მამკობნი ხატისა“ (85:227). წარწერიდან ცხადია, რომ მეორედ ხატი შეამკო ბედან II-ის ძემ გიორგიმ. გიორგის მერე ხატი შეამკო შერგილმა. გიორგი რომ იყოს 1323 წელს გარდაცვლილი გიორგი, მაშინ მესამედ ხატი უნდა შეემკო მის ძეს მამიას. მაგრამ ეს ასე არ არის. ხატს მესამედ ამკობს შერგილი. ე.ი. გიორგის შემდეგ ხატი აღმოჩნდა შერგილის ხელში. ეს კი ვერ მოხდებოდა გიორგი, რომ 1323 წელს გარდაცვლილიყო და ოდიშის ერისთავობა მამაიას ხელში გადასულიყო. თავად ის ფაქტი, რომ შერგილს აქვს ოდიშის ერისთავების ნაქონი ხატი, მოწმობს მის ოდიშის ერისთავობას. ჩვენი აზრით ბედან II-ის ძე გიორგი და 1323 წელს გარდაცვლილი გიორგი სხვადასხვა პირები არიან.
ბედან II-ის მერე ერისთავია მისი ძე გიორგი. გიორგის მერე ერისთავობა გადავიდა შერგილის ხელში. ის რომ შერგილი გიორგის ძე არა ეს ჩანს წალენჯიხის ხატის წარწერიდან. შერგილი, რომ გიორგის ძე იყოს ის ამას აღნიშნავდა ხატის წარწერაში, როგორც თავად გიორგი აღნიშნავს, რომ არის ბედანის ძე, ე.ი. გიორგის გარდაცვალების მერე ერისთავობა გადავიდა დადიანების მეორე შტოს ხელში (თუ რატომ მოხდა ეს ძნელი სათქმელია, წყაროები ამის შესახებ არაფერს იუწყებიან. ვარაუდით კი მრავალი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება).
შერგილის მერე ერისთავი იყო მისი ძე ცოტნე. საინტერესოა, რომ ცოტნე ერისთავთ-ერისთავობასთან ერთად იყო მანდატურთუხუცესი. როგორც თავის დროზე ბედან II. როგორც ჩანს ვარდან დადიანის შტომ ერისთავობის პარალელურად, მანდატურთუხუცესობაც მიიღო.
სწორედ ცოტნეს მერე ერისთავობდა ის გიორგი, რომელიც გარდაიცვალა 1323 წელს. გიორგის მერე „დაჯდა მის წილ ძე მისი მამია“ (23;801). ო. სოსელია თვლის, რომ `მამია პირველი დადიანია, რომელიც მთავრის ყველა ატრიბუტით აღიჭურვა. ამიტომ ჩვენ უფლება გვაქვს ვუწოდოთ მამის მთავარი, ხოლო მისი დროის ოდიშს სამთავრო~ (199;176). მას შემდეგ რაც გიორგი V-მ შემოიერთა დასავლეთ საქართველო, ცხადია მას მამია დადიანიც დაემორჩილებოდა. თუმცა, ნელნელა, დადიანების ურთიერთობა სამეფო კართან სულ უფრო და უფრო ნაკლებად ემსგავსებოდა ერისთავის ურთიერთობას მეფის ხელისუფლებასთან. მართალია XIV-XV საუკუნეებში (და მერეც) დადიანები იწოდებიან ერისთავებად, „მაგრამ დადიანის ამ ტიტულით მოხსენიება ამ დროს, მისი ოდესღაც მეფესთან დამოკიდებულების თეორიული მოგონება იყო და მას ახლა რეალური მნიშვნელობა აღარ ჰქონდა“ (199;182).
ჩვენ მაინც მოგვყავს აქ დადიანების სია XIV-XV საუკუნეების მანძილზე. ვახუშტის მიხედვით ეს სია ასე გამოიყურება: მამია (I), გიორგი (III), ვამიყი (I), მამია (II), ლიპარიტი (I), შამანდავლა, ვამიყი (II), ლიპარიტ (II) (23;802-808). ამათგან ზოგიერთი ცნობილია სხვა წყაროებითაც: გიორგი III და ვამიყ I მოიხსენიებიან ჯუმათის ხატის 1392 წლის წარწერაში „პატრონსა და ერისთავთ-ერისთავსა დადიანსა გიორგის და მეუღლესა მათსა რუსუდანს, ძეთა მათთა მანდატურთუხუცესსა და ვამეყს და გურიელსა კახაბერს“ (188;198); „როგორ ვხედავთ მამა „დადიანია“ შვილი კი „გურიალი“, აშკარაა საგვარეულო სახელწოდება აქ „დადიანში“ აღარა ჩანს, ისევე, როგორც არ ჩანს ის აქ გურიელში~ (40;340). ისინი მოიხსენიებიან ასევე ხობის წარწერაში _ „ერისთავთ-ერისთავმან და მანდატურთუხუცესმან დადიანმან ვამეყ მამისა მათისა პატრონისა ერისთავთ-ერისთავისა დადიანისა გიორგის შემდეგ მიუხდა ჯიქეთს ...“ (163;133). გიორგი III მოიხსენიება იერუსალიმის მონასტრის აღაპში (158:98). ვამეყ II მოიხსენიება წალენჯიხის ფრესკულ წარწერაში“ (85:211). ლიპარიტ I კი მოიხსენიება 1463 წლის სიგელში (87:435-437). თუმცა სიგელი, როგორც ჩანს ყალბია (176;221). „მცნებაი სასჯულოიში“ იხსენიება შამადავლა დადიანი (75:221).
ოდიშის საერისთავო არ გაუქმებულა ის ნელნელა გადაიქცა სამთავროდ, დადიანები კი მთავრები გახდნენ (ეს საკითხი განხილული აქვს ო. სოსელიას და ჩვენ მასზე აღარ შევჩერდებით (195).
ჩვენი აზრით ოდიშის ერისთავების სია XI-XV საუკუნეებში ესეთია: (მამია I-ის შემდეგ ქრონოლოგია აღებული ვახუშტის მიხედვით)
ივანე დადიანი (XI ს-ის 40-იანი წლები)
გიორგი I (XII ს-ის პირველი ნახევარი)
იოვანე II (XII ს-ის შუა ხანები)
ბედან I (XII ს-ის მეორე ნახევარი)
ჯუანშერი (XIII ს-ის პირველი ნახევარი)
ბედან II (XIII ს-ის 40-60-იანი წლები)
გიორგი II (XIII ს-ის 70-იანი წლები)
შერგილი (XIII ს-ის ბოლო)
ცოტნე (XIV ს-ის დასაწყისი)
გიორგი III (გარდაიცვალა 1323 წ.)
მამია I (1323-1345)
გიორგი IV (1345-1384)
ვამეყ I (1384-1396)
მამია II (1396-1414)
ლიპარიტ I (1414-1470)
შამადავლა (1470-1474)
ვამეყ II (1474-1482)
ლიპარიტ II (1482-1512)
ცხუმის საერისთავო
ცხუმის საერისთავოს შესახებ წყაროები ძალიან ცოტა ცნობებს შეიცავენ. „ქართლის ცხოვრებაში“ ცხუმის ერისთავი მხოლოდ ერთხელ მოიხსენიება, თამარის დროს. „ისტორიანი და აზმანის“ მიხედვით _ „ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს: ბარამ ვარდანისძე _ სვანთა ერისთავი, კახაბერი კახაბერისძე _ რაჭისა და თაკუერის ერისთავად, და ოთაღო შარვაშის-ძე _ ცხუმის ერისთავად, ამანელისძე _ არგუეთის ერისთავად“ (97:33-34) როგორც ცნობილია, სიტყვები „არგვეთის ერისთავად“ ტექსტში არ არის. ისინი აღადგინა კ. კეკელიძემ. მართალია ტექსტის კეკელიძისეული აღდგენა გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ არის სხვა მოსაზრებებიც. ი. ანთელავა თვლის, რომ ოთაღო არის აფხაზეთის ერისთავი, ხოლო ამანელისძე ცხუმის. მკვლევარის აზრით, „ისტორიანი და აზმანის“ ზემოთ მოყვანილი ადგილი შემდეგნაირად უნდა გასწორდეს _ „... კახაბერი კახაბერისძე _ რაჭისა და თაკუერის ერისთავად, და აფხაზთა ერისთავად ოთაღო შარვაშის-ძე, ცხუმის ერისთავად ამანელისძე, და ოდიშის ერისთავად ბედიანი“ (13;46). როცა მკვლევარი „ისტორიანი და აზმანის„ ტექსტში ამგვარ ცვლილებას გვთავაზობს, ის პირველ რიგში ემყარება ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებს. ვახუშტის მიხედვით, თამარ მეფის დროს ერისთავები იყვნენ: „... კახაბერი კახაბერის ძე რაჭისა, დოღათო შარვაშისძე აფხაზთა, ამუნელის ძე ცხომისა, ბედიელი ოდიშისა“ (23;172). ცხადია ვახუშტის რაღაც საფუძველი გააჩნდა როცა ამანელისძეს ასახელებდა ცხუმის ერისთავად, შარვაშისძეს აფხაზთა ერისთავადაა დასახელებული რამოდენიმე გვიანდელ ნუსხაშიც (კერძოდ ე;ბ;დ;ს ნუსხებში).
ვახუშტის მიხედვით VIII-ის ბოლოს, ლეონ II-მ „განყო ესე ეგრისი და აწ აფხაზეთი რვა საერისთოდ. დასუა აფხაზთა და მისცა აფხაზეთი, ჯიქეთი ვიდრე ზღუამდე და ხაზართა მდინარემდე, დასუა ცხომს და მისცა ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ“ (23;796) ცხუმის საერისთავო „აფშილთა ტომით დასახლებულ ტერიტორიაზე შეიქმნა“ (163;144). საინტერესოა „მატიანე ქართლისაის“ შემდეგი ცნობა _ „იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავრი ოვსი და ერისთავი აფხაზთა“ (145:261). ჩვენ ვიზიარებთ მ. ლორთქიფანიძის აზრს, რომ „ეს „აფხაზთა ერისთავი“ ადასტურებს ვახუშტის „აფხაზთა ერისთავის“ არსებობას“ (132:187). ჩვენი აზრით, აფხაზთა სამეფოში, აფხაზთა საერისთავოს არსებობის ფაქტი სრულიად დასაშვებია. მაგრამ ხომ არ შეიცვალა ვითარება ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის შემდეგ? ხომ არ გაუქმდა აფხაზთა საერისთავო? ზ. ანჩაბაძის აზრით აფხაზთა საერისთავო გაუქმდა და მისი ტერიტორია შეუერთდა ცხუმის საერისთავოს (267;177). ეს მოსაზრება არასწორია. თამარის დროს ორივე ეს საერისთავო არსებობს და ცხუმის ერისთავია ამანელისძე, ხოლო აფხაზთა _ შარვაშისძე.
ვახუშტი სხვა ადგილზეც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აფხაზთა ერისთავი სხვაა და ცხუმისა კი სხვა. „... მერმე აფხაზთა მეფისა ლეონისაგან განიყო და ცხომის ერისთავი სხუა, ბედიის სხუა, აფხაზთა სხუა თამარ მეფემდე ესრეთ. შემდგომდ რუსუდანისა _ ოდიშისა დადიანი, და ბედიელი მას აქეთისა არღარა ცხომისა“ (23;780). ამრიგად ვახუშტის მიხედვით, ლეონ II-დან თამარ მეფემდე აფხაზთა ერისთავი იყო სხვა, ცხუმის სხვა და ბედიის ანუ ოდიშის სხვა. რუსუდანის დროიდან კი დადიანი ოდიშის ერისთავია (აქ ვახუშტის შეცდომა მოსდის, რადგან დადიანები ოდიშის ერისთავები არიან XI საუკუნიდან მაინც). ცოტა გაურკვეველია ვახუშტის ფრაზა _ „ბედიელი მას აქეთით არღარა ცხრომისა“. ოდიშის საერისთავოსთან დაკავშირებით ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვახუშტისეული ფორმა _ ბედიელი სწორი არ არის. ბედიელი ეწოდებოდა ბედიის ეპისკოპოსს და სხვას არავის. ვახუშტის ბედიალის ქვეშ ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ სახელი ბედანი (ბედიანი), რომელიც გავრცელებული იყო დადიანთა საგვარეულოში. „ბედიელი მას აქეთისა არღარა ცხომისა“ შეიძლება გავიგოთ, როგორც ბედანი (ბედიანი) მას აქეთის არღარა ცხომისა. ე.ი. გამოდის, რომ ბედან დადიანი გარკვეულ პერიოდში ფლობდა ცხუმის საერისთავოს. აქ ალბათ უფრო მართებულია ვიფქროთ, რომ კონკრეტულად ბედანი კი არ ფლობდა ცხუმის საერისთავოს, არამედ ზოგადად დადიანები. ხოლო რუსუდანის დროს მათ იგი დაკარგეს („არღარა ცხომისა“). ძნელი სათქმელია ვახუშტის ცნობა მაინცდამაინც ასე უნდა გავიგოთ თუ არა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავად ვახუშტი ადასტურებს, XIV საუკუნეში დადიანების მიერ ცხუმის საერისთავოს ფლობას.
აფხაზთა საერისთავოს არსებობას ერთიანი ქართული სამეფოს შიგნით ადასტურებს „მატიანე ქართლისაის“ ერთი არაპირდაპირი ცნობა _ 1046 წელს, თბილისის ამირა ჯაფარის სიკვდილის მერე ტფილელი ბერები ეახლნენ ბაგრატ IV-ს, რომელიც ამ დროს ანაკოფიის ციხესფთან იდგა. ბერებმა „უქადეს ქალაქი და უხმეს სასწრაფოდ. წარმოვიდა და მოაყენა ანაკოფიას გარე ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა“ (145:299). მართალია ტერმინი აფხაზეთი ძალიან ფართე გაგებით იხმარებოდა და ზოგჯერ ის მთელ საქართველოსაც აღნიშნავდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვიზიარებთ ნ. ბერძენიშვილის აზრს _ „აქ აფხაზეთი საკუთრივ აფხაზეთის შინაარსითაა ნახმარი“ (44:585). ცხადია აფხაზეთის ლაშქარს უსარდლებდა აფხაზთა ერისთავი და არა სხვა ვინმე (ანაკოფიის დაბრუნებით, რომელსაც მემატიანე უწოდებს „თავადი ციხეთა აფხაზეთისა“, სხვა ერისთავებზე მეტად რა თქმა უნდა აფხაზთა ერისთავი იქნებოდა დაინტერესებული).
საინტერესოა ჟამთააღმწერლის ცნობა, რომ ლაშა-გიორგი „ნადირობდიის ცხუმს და აფხაზეთს“ (186;156). როგორც ვხედავთ მემატიანე აშკარად მიჯნავს ერთმანეთისაგან ცხუმსა და აფხაზეთს.
ჩვენი აზრით სრულიად დასაშვებია აფხაზთა საერისთავოს არსებობა. წყაროებით ცნობილია აფხაზთა ორი ერისთავი ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო და ოთაღო შარვაშისძე. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიზიარებთ იმ მკვლევართა აზრს, რომლებიც შარვაშისძეთა გვარს უკავშირებენ ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღოს (267;193).
დავუბრუნდეთ ისევ ცხუმის საერისთავოს საკითხს. ჩვენი აზრით თამარის მეფობის ჟამს ცხუმის ერისთავობა ამანელისძეთა საგვარეულოშია. ამანელისძეები რომ დასავლეთ საქართველოს ცნობილ საგვარეულოთა რიგს განეკუთვნებოდნენ ცხადია. ამაზე ნათლად მეტყველებს მათი მონაწილეობა თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში 1184 წელს (97:27).
ამის შემდეგ ცნობები ცხუმის საერისთავოს შესახებ დაცულია მხოლოდ ვახუშტისთან. მათი შემოწმება სხვა წყაროების მეშვეობით ვერ ხერხდება. ამიტომ ვახუშტის ცნობებს ან უნდა ვენდოთ ან არა. სხვა ცნობები ცხუმის საერისთავოს შესახებ, ვიმეორებთ, ჩვენ არ გაგვაჩნია. ამდენად ჩვენ ვითვალისწინებთ ვახუშტის ცნობებს.
ვახუშტის მიხედვით, XIV საუკუნის დასაწყისში, ისარგებლა რა კონსტანტინე და მიქაელ დავით ნარინის ძეებს შორის არსებული ურთიერთქიშპით „დადიანმან გიორგი .... მიიტაცა საერისთო ცხომისაცა და დაიპყრა თვით სრულიად ოდიში ანაკოფიამდე. ეგრეთვე შერვაშიძემ აფხაზეთი ...“ (23;801). დადიანი გიორგი არის გიორგი III, რომელიც გარდაიცვალა 1323 წელს.
ვახუშტის შემდეგი ცნობა, ცხუმის საერისთავოსთან დაკავშირებით ეხება გიორგი V-ის ხანას. გიორგი ბრწყინვალე გადავიდა დასავლეთ საქართველოში დაიმორჩილა ეს მხარე და „მისცა ცხომის საერისთო ბედიელს, ვითარც პირველ ცხომისა იყო ...“ (23;258). ბედიელის ქვეშ შეიძლება გვეგულისხმა სახელი ბედანი, მაგრამ იმავე ვახუშტის მიხედვით ამ დროს ოდიშის ერისთავის პატივი მამია I-ს აქვს. ჩვენი აზრით ბედიელის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ზოგადად დადიანი. ეხება რა ლეონ II-ის რეფორმას ვახუშტი აღნიშნავს, რომ მეფემ მესამე ერისთავი „დასუა ბედიას და მისცა ეგრისის აღმოსავლეთით ცხენის წყლამდე“ (23;796). ტერიტორია „ეგრისის აღმოსავლეთით ცხენის წყლამდე“ არის ოდიშის საერისთავოს ტერიტორია. ვახუშტის მიხედვით ამ საერისთავოს ცენტრია ბედია. სწორედ ამით არის გამოწვეული, ჩვენი აზრით, ის ფაქტი, რომ ვახუშტი ოდიშის ერისთავს ეწოდებს ბედიელს. ვახუშტის ცნობა, რომ გიორგი V-მ „მისცა ცხომის საერისთო ბედიელს“ უნდა გავიგოთ, როგორც ცხუმის საერისთვოს ბოძება ოდიშის ერისთავისათვის. ასეთად კი ამ დროს მამია II ჩანს. რაც შეეხება ცნობის მეორე ნაწილს _ „ვითარცა პირველ ცხომისა იყო“ _ ის უნდა მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ცხუმის საერისთავოს გარკვეულ პერიოდში დადიანები ფლობდნენ.
თუ ვახუშტის ვერწმუნებით, XIV საუკუნის ბოლოს გიორგი VIII-მ „დასუა მამია დადიანად. ამანვე მეფემან მიუბოძა საერისთო ცხომისა დადიანს მამიას“ (23;269). მამია დადიანი არის მამია II, რომელიც ოდიშს განაგებდა 1396-1414 წლებში.
ჩვენს მიერ ნანახი წყაროები მეტ ცნობებს ცხუმის საერისთავოს შესახებ არ შეიცავენ. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი _ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით, ჩვენი აზრით, არსებობდა ორი საერისთავო: ცხუმის და აფხაზთა. ორივე არსებობდა ჯერ კიდევ აფხაზთა სამეფოში. ცხუმის საერისთავომ, ჩვენი აზრით, არსებობა შეწყვიტა XIV საუკუნის მეორე ნახევარში და მისი ტერიტორია შეუერთდა ოდიშს. რაც შეეხება აფხაზთა საერისთავოს ის არ გაუქმებულა და ნელ-ნელა გადაიქცა სამთავროდ.
ამ საერისთავოების ერისთავების სია კი ჩვენ შემდეგნაირად წარმოგვიდგენია:
აფხაზთა ერისთავები
ქვაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო (XI ს-ის 40-იანი წლები)
ოთაღო შარვაშისძე (XII ს-ის 80-იანი წლები)
ცხუმის ერისთავები
ამანელისძე (XII ს-ის 80-იანი წლები)
გიორგი III დადიანი (XIV ს-ის დასაწყისი _ 1223 წ.)
მამია I დადიანი (XIV ს-ის 30-40-იანი წლები)
მამია II დადიანი (XIV ს-ის ბოლო)
(დადიანები შეიძლება ოფიციალურად არ ატარებდნენ ცხუმის ერისთავის ტიტულს, მაგრამ როგორც ჩანს რეალურად მართავდნენ ამ საერისთავოს. მამია II-ს მერე ალბათ ცხუმის საერისთავოს ტერიტორია ოფიციალურად შეუერთდა ოდიშს და საერისავომ არსებობა შეწყვიტა).
არგვეთის საერისთავო
არგვეთის საერისთავოს შექმნას ვახუშტი მიაწერს ლეონ II-ს. ვახუშტის მიხედვით ლეონმა, მეშვიდე ერისთავი „დასუა შორაპნისავე, რიონისა და ხანისწყლის აღმოსავლეთისა ლიხამდე სრულიად არგვეთისა“ (23;796).
XI საუკუნისის პირველი ნახევრით თარიღდება რგანის წარწერა _ „ქრისტე, შეიწყალე აბუნასრ ერისთავი და შვილნი მისნი და ყოველი ერი მისი“ (195;64). ი. ანთელავას აზრით, აბუნასრი განეკუთვნება იმ მცირე ერისთავთა რიცხვს, რომლებიც ემორჩილებოდნენ დიდ ერისთავს (11;195). წარწერიდან ირკვევა მხოლოდ აბუნასრის ერისთავობა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ერისთავი აბუნასრი ემორჩილება რომელიმე დიდ ერისთავს. წარწერა ასეთი ცალსახა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ვარაუდით მართლაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აბუნასრი ემორჩილება დიდ ერისთავს (ალბათ არგვეთისას), მაგრამ საპირისპიროს დაშვებაც შეიძლება. არაა აუცილებელი აბუნასრი ემორჩილებოდეს დიდ ერისთავს, ამის დასამტკიცებლად არ არის საკმარისი ის, რომ აბუნასრი იწოდება ერისთავად და არა ერისთავთ-ერისთავად. ერისთავად მოიხსენიება ერთ-ერთ წარწერაში (234;238) რატი I ბაღვაში, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ რატი ბაღვაში ემორჩილება რომელიმე დიდ ერისთავს? რა თქმა უნდა არა. ჩვენი აზრით, რგანის წარწერა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ცალსახად განვსაზღვროთ _ იყო აბუნასრი მცირე ერისთავი თუ არა, ემორჩილება ის სხვა დიდ ერისთავს თუ არა. რგანი მდებარეობს ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონში. აღსანიშნავია, რომ ზემო იმერეთში, ჭიათურისა და საჩხერის რაიონების ტერიტორიაზე, დადასტურებულია რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლი, რომელშიც იხსენიებიან ერისთავები და ერისთავთ-ერისთავები. ეს კი ჩვენ გვავარაუდებინებს ამ მხარეში საერისთავო „ქუეყნის“ არსებობას. რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის, რომ ყველგან სადაც კი მოიხსენიება ერისთავი ან ერისთავთ-ერისთავი ვიგულისხმოთ საერისთავოს არსებობა. ერისთავი თავისი ტიტულით შეიძლება მოიხსენიებოდეს არა მარტო საერისთავოში არამედ თავის მამულიც. ამის საუკეთესო მაგალითია ბაღვაშების მოხსენიება ერისთავისა და ერისთავთ-ერისთავის ტიტულებით მათ მამულში _ კაცხში (195;89). ამდანად, ზემო იმერეთის ტერიტორიაზე ერისთავების მოხსენიება, შეიძლება ნიშნავდეს აქ მხოლოდ მამულის არსებობას. თუმცა ჩვენ მაინც უფრო იქითკენ ვიხრებით, რომ ამ მხარეში საერისთავოს არსებობა ვივარაუდოთ (ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოხსენიებული პირები სხვადასხვა საგვარეულოებს განეკუთვნებიან. არა გვგონია ამ მხარეში ერთდროულად ყოფილიყო, ერისთავის „ხელის“ მქონე, ორი საგვარეულოს მამული).
ჩვენი აზრით ერთადერთი საერისთავო, რომელსაც შეეძლო მოეცვა ჩვენთვის საინტერნსო ტერიტორია უნდა ყოფილიყო არგვეთის საერისთავო (თუ ამ მხარეში არ არსებობდა არგვეთისაგან დამოუკიდებელი, წყაროებით ჩვენთვის უცნობი სხვა საერისთავო). ამდანად, ჩვენი აზრით, აბუნასრი შეიძლება მივიჩნიოთ არგვეთის ერისთავად და მისი ერისთავობა განვსაზღვროთ XI საუკუნის დასაწყისით.
საინტერესოა 1046 წლის, სავანეს წარწერა _ „მე გიორგი ერისთავთ-ერისთავმან ავაშენე ესე წმიდა ეკლესია სავანისა, სალოცველად სულისა ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა“ (195;59). ვ. სილოგავა თვლის, რომ სავანის წარწერის ხურსი და 1021 წლის შირიმნის ბრძოლაში მოკლული ხურსი ერთიდაიგივე პირები არიან (195;78). ხურსის მოიხსენიებს როგორც „მატიანე ქართლისაი“ _ „მოკლეს ერისთავნი და დიდებულნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი“ (145:284). ასევე სუმბატ დავითის ძე _ „მოკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი“ (203;383). თუ გავიზიარებთ ვ. სილოგავას აზრს, მაშინ გამოდის რომ 1021 წლამდე არგვეთის ერისთავი იყო ხურსი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ძმა გიორგი. ეს უკანასკნელი ერისთავთ-ერისთავად იწოდება კიდევ რამდენიმე წარწერაში (195;60,62).
რაჭის საერისთავოსთან დაკავშირებით ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნიკორწმინდის დაწერილში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი მიქელი შეიძლება იყოს არგვეთის ერისთავი. ეს ჩვენი ვარაუდი ძალიან პირობითია და ემყარება შემდეგ მოსაზრებას _ გამომდინარე იქიდან რომ ზნაკუაცა და ნიკორწმინდაც რაჭაში მდებარეობენ, ყველაზე უფრო რეალურია მიქელი იყოს რაჭის ერისთავი. მაგრამ ეს შეუძლებელია. ამ დროს რაჭის ერისთავია ან კახაბერი ან მისი ძე რატი II. ასეთ შემთხვევაში ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ მიქელი იყოს რაჭის საერისთავოს მოსაზღვრე რომელიმე საერისნთავოს ერისთავი. 1071-1080 წლებისათვის რაჭას ესაზღვრება სამი საერისთავო: სვანთა, ოდიშის და არგვეთის. მიქელი ვერ იქნება ვერც ვარდანისძე და ვერც დადიანი. ამიტომ ჩვენ ვვარაუდობთ, იქნებ მიქელი არგვეთის ერისთავია.
თავის დროზე გ. ცქიტიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 1103 წლის მერე არგვეთის საერისთავო აღარ არსებობს. რადგან ამ წელს დავით აღმაშენებელმა არგვეთი, ბაღვაშების მამული, შესწირა გელათის მონასტერს. „არგვეთი, როგორც საერისთავო არსებობს 1103 წლამდე ... არგვეთის საერისთავო რუსთაველის ხანაში აღარ არსებობს, არგვეთი სამეფო მონასტრის გელათის საფეოდალოა“ (243;226-227). აქედან გამომდინარე, მკვლევარის აზრით, ამანელისძის არგვეთის ერისთავობა გამორიცხულია.
ამანელისძეების საკითხი ჩვენ განხილული გვაქვს ცხუმის საერისთავოსთან დაკავშირებით და მასზე აქ აღარ შევჩერდებით. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ იმ მკვლევართა აზრს, რომლებიც ამანელისძეებს თვლიან ცხუმის ერისთავებად.
რაც შეეხება არგვეთის საერისთავოს, ჩვენ არ ვიზიარებთ მოსაზრებას ამ საერისთავოს 1103 წელს გაუქმების შესახებ. სრულიად სამართლიანად შენიშნავს ი. ანთელავა, რომ ბაღვაშების მამული იყო არა მთელი არგვეთი, არამედ კაცხი. სწორედ კაცხი შესწირა დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერს (13;44).
საინტერესოა 1187 წლის თამარ მეფის სიგელში მოხსენიებული დავით ერისთავის საკითხი _ „ქ. ამა თამარის ბრძანებასა მე, ნებითა ღმრთისაითა ერისთავი დავით ვამოწმებ და ვამტკიცებ“ (217;80). თავის დროზე ი. ანთელავამ დავით ერისთავი მიიჩნია დავით სოსლანად (9;130), მაგრამ მერე თავადვე უარყო ეს მოსაზრება (10;218). სიგელში თამარ მეფე ბრძანებს „ჰქონდეს არგუეთს ჭორვილაი, კავაის ძისა ცოლეული, წმიდასა ღმრთისმშობელსა ხახულისასა და მუნ შინა განჩენილსა ტრაპეზსა, მთითა, ბარითა, ტყითა, ველითა, წყლითა, წისქუილითა და ყოვლითა სამართლიანითა ზღვრითა და მიმდგომითა მისითა, სახმრითა და უხმრითა, მკუიდრად, თავისუფლად და შეუვალად ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან“ (217;78). სიგელის შინაარსიდან გამომდინარე, დავითი უნდა იყოს არგვეთის ერისთავი. თამარ მეფის ბრძანება ეხება იმ ტერიტორიას, რომელიც შედის არგვეთში და სრულიად ბუნებრივია, რომ სიგელის ერთ-ერთი დამმოწმებელი იყოს ამ მხარის ერისთავი. სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ ჩვენ, რომ დავითი არის არგვეთის ერისთავი. ამავე დროს ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით ი. ანთელავას _ „საინტერესოა თვით ფორმა `ნებითა ღმრთისაითა ერისთავი“. ერისთავის ამგვარი წოდება მეფის მიერ გაცემულ სიგელში უჩვეულოდ გვეჩვენება. ერისთავთა ამბიციები კარგადაა ცნობილი, მაგრამ ღვთის სწორი მეფის მერე ერისთავის ამგვარი მოხსენიება უცნაურია“ (9;129). მართალია „კურთხევა ერისთავისაში“ წერია _ „რაჟამს მიანიჭებდეს ღმერთი პატივსა ერისმთავრობისასა ...“ (77:54), მაგრამ მიუხედავად ამისა ფორმა „ნებითა ღმრთისაითა ერისთავი“ ძალიან უჩვეულოა. ეს არის ერთადერთი შემთხვევა როცა ერისთავი ასე მოიხსენიებს თავის თავს. ანალოგიურად თავის თავს ერისთავები თვით XV საუკუნეშიც კი არ მოიხსენიებენ. თუ რით არის გამოწვეული დავით ერისთავის ასეთი მოხსენიება ძნელი სათქმელია.
ჩვენთვის საინტერესოა დავით ნარინის სიგელი ხეფინისხეველთა და წაქველთადმი, რომელიც თარიღდება 1261-1262 წლებით. სიგელიდან ირკვევა, რომ მეფემ ხეფინისხეველები და წაქველები გაანთავისუფლა ყოველგვარი შესავლისაგან: „სახელმწიფოი, საერისთავთ-ერისთავოი და სახელისუფლოი“ (217;168). ცხადია, რომ ხეფინისხეველები და წაქველები ემორჩილებიან ერისთავთ-ერისთავს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა რატომ იხდიან ისინი საერისთავთ-ერისთავო გადასახადს. გასარკვევია, მხოლოდ თუ რომელი მხარის ერისთავს ემორჩილებიან ისინი.
მართალია ვახუშტი ხეფინისხევს ქართლში ვარაუდობს, მაგრამ იმავე ვახუშტისაგან ირკვევა, რომ ხეფინისხევი ლიხის ქედის დასავლეთით მდებარეობს (23;378-379). ლიხის ქედის დასავლეთით არის აღნიშნული ხეფისხევი ივ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ საქართველოს ისტორიულ რუკაზეც.
როგორც ცნობილია 1259 წელს დავით ნარინი აჯანყდა და გადავიდა დასავლეთ საქართველოში. ჟამთააღმწერელი ამასთან დაკავშირებით წერს: „მეფედ ყვეს დავით რუსუდანის ძე აფხაზთა, ვიდრე ლიხთამდე“ (186;229). ცხადია, რომ დავით ნარინს თავისი ძალაუფლება შეიძლება გაევრცელებინა მხოლოდ ლიხის ქედამდე. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხეფინისხევი მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთით. ყოველივე ზემოთ თქმულიდან ცხადი ხდება, ერთადერთი საერისთავო რომელშიც შეიძლება შედიოდეს ხეფინისხევი არის არგვეთის საერისთავო. ე.ი. ხეფისნისხეველები და წაქველები ემორჩილებიან არგვეთის ერისთავთ-ერისთავს. ამრიგად დავით ნარინის 1261-1262 წლების სიგელიდან ირკვევა, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არსებობს არგვეთის საერისთავო.
ვახუშტის მიხედვით, როდესაც გიორგი V გადავიდა დასავლეთ საქართველოში, მან დავით ნარინის შვილიშვილს, ბაგრატ მიქელის ძეს „მისცა საერისთო შორაპნისა და ჰყო მუნ ერისთავად“ (23;258). თუ აქვე გავითვალისწინებთ ვახუშტის იმ ცნობას, რომ ლეონ II-მ ერთი ერისთავი „დასუა შორაპნისავე ... სრულიად არგუეთისა“ (23;796), მაშინ გიორგი V-ის დროინდელი შორაპნის საერისთავო ეგებ შეიძლება მივიჩნიოთ არგვეთის საერისთავოდ.
უნდა აღინიშნოს, რომ ცნობები შორაპნის ერისთავების შესახებ მოიპოვება მხოლოდ ვახუშტისთან. ამ ცნობების მიხედვით შორაპნის ერისთავებად ჩანან ბაგრატ მიქელის ძე, ალექსანდრე ბაგრატის ძე (23;262). რაც შეეხება ამ უკანასკნელის ვაჟს დიმიტრის და მომავალი ქართლ იმერეთის მეფეს ბაგრატ VI-ს, ვახუშტი მათ მოიხსენიებს როგორც „იმერთა ერისთავებს“ (23;285). ვახუშტი ბაგრატს მიიჩნევს დიმიტრის ძედ და დავით ნარინის შთამომავლად. მაგრამ ვახუშტი აქ ცდება. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპიდან ირკვევა, რომ ბაგრატი არის ალექსანდრე I-ის ძმის, გიორგის შვილი და არა დავით ნარინის შთამომავლი (158:აღაპი #252). რაც შეეხება ალექსანდრე ბაგრატის ძის ძმებს: გიორგისა და კონსტანტინეს, ვახუშტი მათ მოიხსენიებს მეფობით და არა ერისთავობით (23;803). ამრიგად ვახუშტის ცნობების მიხედვით ერისთავებად შეიძლება ჩაითვალონ ბაგრატი, ალექსანდრე, დიმიტრი. ისინი შეიძლება გარკვეულ პერიოდში მართლაც ატარებდნენ ერისთავის ტიტულს, მაგრამ მათი მიჩნევა ადგილობრივ მმართველებად, ერისთავებად იმ გაგებით რა გაგებითაც ჩვენ გვაინტერესებდეს ეს ინსტიტუტი არ შეიძლება. ლიხთ-იქეთის ბაგრატიონთა საკითხი შესწავლილი აქვს დ. ნინიძეს. მკვლევარის აზრით ბაგრატი, ალექსანდრე და დიმიტრი „პროვინციის მეფეები“ არიან (173;132-137). ჩვენ ვიზიარებთ მკვლევარის ამ მოსაზრებას და ამიტომ ზემოთ დასახელებული პირები არ შეგვყავს ერისთავთა სიაში.
ცალკეა განსახილველი ბაგრატ VI-ის საკითხი. დ. ნინიძე თვლის, რომ „როცა გიორგი VIII-მ სამეფო ტახტი დაიკავა, თავის ბიძაშვილს მისცა ქუთაისის ერისთავობა“ (173;7). ეს სრულიად მისაღებია იმ პოლიტიკისათვის რომელსაც ატარებდა სამეფო კარი XIV-XV საუკუნეებში. კერძოდ, მეფე ცენტრალიზაციის შენარჩუნების მიზნით ურჩ მთავართა მაგივრად ნიშნავს სამეფო სახლის წევრებს. ცხადია, რომ ბაგრატს გაცილებით მეტი უფლებები ექნებოდა ვიდრე ჩვეულებრივ ერისთავს. სრულიად დასაშვებია, რომ რაღაც პერიოდში ბაგრატი ატარებდა ქუთაისის (იმერეთის) ერისთავის ტიტულს, მაგრამ ვიმეორებთ მისი მიჩნევა ჩვეულებრივ ადგილობრივ მმართველად არ შეიძლება. ამიტომ არც ბაგრატი შეგვყავს ჩვენ ერისთავთა სიაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქუთაისის ანუ სამოქალაქოს საერისთავოს არსებობა, XI-XV საუკუნეებში სხვა წყაროებით არ დასტურდება.
არგვეთის საერისთავოსთან დაკავშირებით, დასკვნის სახით შეიძლება აღვნიშნოთ შემდეგი _ არგვეთის საერისთავო არსებობდა ჯერ კიდევ აფხაზთა სამეფოში. ზუსტი თარიღის დადგენა თუ როდემდე არსებობდა ეს საერისთავო და რა ბედი ეწია მას ძნელი სათქმელია, წყაროთა სიმცირის გამო. ცხადია მხოლოდ, რომ XIII საუკუნის 60-იან წლებში ეს საერისთავო ჯერ კიდევ არსებობს. ერისთავთა სია კი ჩვენ შემდეგი სახით წარმოგვიდგენია:
აბუნასრი (XI ს-ის დასაწყისი)
გიორგი (XI ს-ის 10-იანი წლები _ 1021)
მიქელი (?) (XI ს-ის 70-იანი წლები)
დავითი (XII ს-ის 80-იანი წლები)
ჯრუჭის საერისთავო
წყაროებში ჯრუჭის საერისთავო მოიხსენიება მხოლოდ ერთხელ _ „[...] ჯრუჭისა ერისთავისა ხელმწიფობასა აღმართა ქუველ ჯუარი წმიდისა გიორგისი“ (195;155). ვ. სილოგავა წარწერას ათარიღებს XI საუკუნით (აღსანიშნავია, რომ საერისთავოს დასახელება _ ჯრუჭის, წარწერაში მოცემულია შემდეგი სახით „ჯჭსა“. ეს საფუძველს აძლევს ზოგიერთ მკვლევარს, რათა ეჭვი შეიტანოს წარწერაში „ჯრუჭის“ ამოკითხვაში. ჩვენი აზრით ვ. სილოგავას აღდგენა სწორია). წარწარეში თავიდან ალბათ ერისთავის სახელიც იხსენიებოდა, მაგრამ სამწუხაროდ წარწერა დაზიანებულია.
ი. ანთელავას აზრით, ჯრუჭის საერისთავო იმ მცირე საერისთავოთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებიც შედიოდნენ დიდი საერისთავოების შემადგენლობაში (11;195).
ჩვენს მიერ მოყვანილი წარწერიდან ცხადია მხოლოდ ის, რომ არსებობს ჯრუჭის საერისთავო და მას ჰყავს ერისთავი. მაგრამ წარწერა არაფერს ამბობს იმის შესახებ, შედის ჯრუჭის საერისთავო სხვა დიდი საერისთავოს შემადგენლობაში თუ არა. ჩვენი აზრით, საეჭვოა რომ ჯრუფის საერისთავო რომელიმე დიდი საერისთავოს შემადგენლობაში ყოფილიყო.
სამწუხაროდ წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ განვსაზღვროთ, თუ როდის წარმოიქმნა ეს საერისთავო, როდემდე არსებობდა და ვინ იყვნენ მისი ერისთავები.
ჯავახეთის (ახალქალაქის) საერისთავო
ჯავახეთის ტერიტორიაზე საერისთავოს არსებობა დასტურდება X საუკუნისის 60-იანი წლებისათვის. კუმურდოს ტაძრის 964 წლის წარწერაში ვკითხულობთ _ „... ხელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისათა, ლეონ მეფისა ზე ... ქრონიკონსა რპდ ... ერისთავობასა ზუიასა ესე ბალავარი მუნ დაიდვა“ (234;264). გამომდინარე იქიდან, რომ კუმურდო ჯავახეთში მდებარეობს, ზვიადი (ზუიაი) უნდა მივიჩნიოთ ჯავახეთის ერისთავად. უფრო ზუსტად ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებული საერისათვოს ერისთავად. რა ტერიტორიას მოიცავდა ეს საერისთავო? რა ეწოდებოდა მას? ემთხვეოდა იგი გვიანდელი ახალქალაქის საერისთავოს ტერიტორიას თუ არა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჭირს. წყაროები არავითარ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით არ შეიცავენ.
კუმურდოს წარწერიდან აშკარაა, რომ ზვიადი ლეონ III აფხაზთა მეფის ერისთავია. კუმურდოს ტაძარზე არის ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთი წარწერა _ „სახელითა ღმრთისაითა მე იოვანე ეპისკოპოსმან დავდევ დღე აღვსებისა აღაპად ვაჩე ერისთავისა“ (234;267). ვ. ცისკარიშვილი და გ. ოთხმეზური გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ვაჩე არის ზვიად ერისთავის ვაჟი (240;18 და 137;43).
ვ. ცისკარიშვილი „მატიანე ქართლისაიში“ მოხსენიებულ ბაგრატ III-ის და გიორგი I-ის თანამედროვე, ზვიად მარუშიანს მიიჩნევს ვაჩე ერისთავის შვილად და შესაბამისად ზვიად ერისთავის შვილიშვილად. „მატიანე ქართლისაი“ ორჯერ მოიხსენიებს ზვიად მარუშიანს: ერთხელ, ბაგრატ III-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით _ „წამოიღო გუამი მისი ზვიადმან ერისთავთ-ერისთავმან“ (145:283). მეორედ, 1021 წლის ამბებთან დაკავშირებით „წარავლინა (გიორგი I-მა) ზვიადი ერისთავი სპითა მისითა“ (145:287). ვ. ცისკარიშვილის აზრით, ზვიად მარუშიანი იყო „თრიალეთისა და სამცხის (და შესაძლოა ტაოსაც) გამგებელი“ (240;13). რაც შეეხება სამცხესა და ტაოს, ზვიადის ერისთავობა ამ მხარეებში გამორიცხულია. თრიალეთის საკითხს ჩვენ დაწვრილებით შევეხეთ კლდეკარის საერისთავოსთან დაკავშირებით. აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ზვიადი მართლაც მოიხსენიება თრიალეთის ტერიტორიაზე არსებულ ორ წარწერაში. ესენია ლივადისა და დიდი გომარეთის წარწერები. დიდი გომარეთის წარწერიდან ირკვევა, რომ 1023 წელა გიორგი I-მა შეიპყრო ზვიად მარუშიანი (30;59).
ამჯერად ზვიადის საკითხი ჩვენ გვაინტერესებს ჯავახეთთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ზვიადის მამაც და ბაბუაც იყვნენ ჯავახეთის ერისთავები, ხომ არ არის შესაძლებელი _ ზვიად II მარუშიანიც მივიჩნიოთ ჯავახეთის ერისთავადა? ჩვენ აზრით ამგვარი ვარაუდი შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში ზვიად II ჯავახეთის ერისთავი იქნებოდა 1023 წლამდე.
1023 წლის მერე ჯავახეთის ერისთავად ფარსმან თმოგველი ჩანს. ეს უკანასკნელი „მატიანე ქართლისაიში“ მოიხსენიება 1045-1047 წლების ამბების დროს _ „ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისასა, თვინიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა“ (145:298). ფარსმან თმოგველი რამდენიმე ეპიგრაფიკულ წარწერაში მოიხსენიება ერისთავად. ესენია: ზედა თმოგვის წარწერა „ქრისტე შეიწყალე სული ფარსმან ერისთავთ-ერისთავისა იოვანეს ძისა ჭიმჭიმელისა“ (62:241). სათხის წარწარა _ „ადიდენ ღმერთმან ფარსმან ერისთავთ-ერისთავი“ (240;37). მირაშხანის წარწერაზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ ფარსმან თმოგველი დაიღუპა 1065 წელს ახალქალაქში, ალფ-არსლანის შემოსევის დროს (59:9). ფარსმანი ერისთავობასთან ერთად იყო თმოგვის პატრონი და ამიტომ იწოდდება ის თმოგველად. ფარსმან თმოგველის ერისთავობა ჯავახეთში შეიძლება განისაზღვროს 1023-1065 წლებით.
გ. ოთხმეზურის აზრით, „როგორც ჩანს ბაგრატ IV-მ ღალატისათვის დასაჯა ფარსმან თმოგველი და ეს მხარე სამეფოდ აქცია“ (141:44). არც ერთი წყაროდან არ ჩანს, რომ ბაგრატ IV-მ დასაჯა ფარსმანი. ჩვენი აზრით მირაშხანის წარწარა იმაზე მიგვანიშნებს, რომ 1065 წლისათვის ფარსმანი კვლავ ერისთავია. რაც შეეხება ამ მხარის „სამეფოდ ქცევას“, სამეფო დომანი ჯავახეთში მართლაც არსებობდა, მაგრამ არსებობდა საერისთავო „ქუეყნის“ პარალელურად. სამეფო დომენის არსებობა არ გამორიცხავს ამ მხარეში საერისთავოს არსებობს.
ჩვენთვის საინტერესოა ზედა ვარძიის 1051-1057 წლების წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულია ლიპარიტ IV ბაღვაში. „ქ. დედაო ღმრთისაო, მეოხ ეყავ ერისავთ-ერისთავსა ლიპარიტს და შვილთა მისთა ...“ (240;35). გ. ოთხმეზურის აზრით, ზედა ვარძიის წარწერა ადასტურებს, რომ „ბაღვაშების ძალაუფლება ამ პერიოდში ჯავახეთშიც ვრცელდებოდა“ (141:43), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლიპარიტ IV ატარებდა ჯავახეთის ერისთავის თანამდებობას. ჩვენ ვიზიარებთ დ. ბერძენიშვილის აზრს, რომ „ლიპარიტი აღმოსავლეთ საქართველოს ფაქტიური პატრონი გახდა. მასვე ემორჩილებოდა როგორც ჩანს მთელი სამხრეთ საქართველოც 1057 წლამდე. ასეთ პირობებში ჯავახეთს თავისი ერისთავი ეყოლებოდა ფარსმან თმოგველის სახით. რომელიც ლიპარიტს, ვითარცა მთავარს ექვემდებარებოდა. ამ დროინდელია ზედა ვარძიის წარწერა, სადაც მხოლოდ ლიპარიტი იხსენიება“ (37;101).
1065 წლის მერე ერისთავობა გადავიდა თორელების ხელში. პირველი თორელი რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ახალქალაქის ერისთავად არის ვარაზ-ბაკურ გამრეკელი, რომელიც მოიხსენიება „მატიანე ქართლისაიში“ _ „მიგზავნა ბაგრატ მოციქულად დიდძალად ერისთავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი“ (203;307).
1152 წლის საორბისის წარწერაში მოიხსენიება კახა ერისთავი _ „ქ. წმიდაო გიორგი შეიწყალე ერისთავთ-ერისთავი კახა და შვილნი მათნი“. ცხადია, რომ კახა ახალქალაქის ერისთავია. კახას მოღვაწეობის ზუსტი პერიოდის განსაზღვრა ძნელია. „ისტორიანი და აზმანიდან“ თითქოს გამომდინარეობს, რომ 1177 წლისათვის კახა ერისთავი უკვე გარდაცვლილია (97:38).
სწორედ ამ კახას შვილია გიორგი III-ისა და თამარის თანამედროვე, ამილახორი და მერე ამირსპასალარი გამრეკელი. ნ. შოშიაშვილი თვლის, რომ გამრეკელი იყო ერისთავთ-ერისთავიც (233;49). მართალია გამრეკელი წყაროებში არ მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავობით, მაგრამ ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ გამრეკელი მოიხსენიება უფრო მაღალი თანამდებობებით. იმის გათვალისწინებით, რომ XI-XIII საუკუნეების მანძილზე ახალქალაქის ერისთავობა თორელების ხელშია, სავსებით შესაძლებელია, თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გამრეკელი ყოფილიყო ახალქალაქის ერისთავიც. მას შემდეგ რაც 1187 წელს გამრეკელი გახდა ამირსპასალარი მან შეიძლება ერისთავობა თავის ძეს, კახას დაუთმო. თუმცა გამორიცხული არ არის რომ გამრეკელი ითავსებდა ორ „ხელს“.
1187 წელს თუ არა, 1191 წელს მაინც, როცა გარდაიცვალა გამრეკელი, ახალქალაქის ერისთავი უნდა გამხდარიყო კახა II. ეს უკანასკნელი თამარ მეფესთან ერთად მოიხსენიება ჰამამლუს წარწერაში _ „ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე თამარ, ერისთავი კახა“ (141:90).
კახა II-ის ძე გამრეკელი (II) რამდენჯერმე მოიხსენიება წყაროებში. იგი იყო დუმნისთავი (186;209), მეჭურჭლეთუხუცესი (217;117), მაგრამ არსად ის არ მოიხსენიება ერისთავობით. აქაც უნდა გავიმეოროთ იგივე რაც ვთქვთი ზემოთ გამრეკელ II ამირსპასალართან დაკავშირებით (აქვე აღვნიშნავთ, რომ გამრეკელ I-ად ჩვენ ვთვლით აძიკვის წარწერაში მოხსენიებულ გამრეკელს. აძიკვის წარწერაში, რომელიც თარიღდება XII საუკუნის პირველი ნახევრით, მოხსენიებული არიან თორელები: შოთა, გამრეკელი, ბეშქენი და ვარაზ-ბაკური (39;280), მაგრამ უცნობია იყვნენ ამ დროს თორელები ერისთავები თუ არა. ხოლო თუ იყვნენ, მაშინ გაურკვეველია თუ რომელი მათგანი ფლობდა ერისთავობას). მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ერისთავები არიან გამრეკელ (III) მეჭურჭლეთუხუცესის მამა _ კახა II და მისი ვაჟი _ კახა III, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამრეკელ III იყო ახალქალაქის ერისთავი.
კახა III-ის ერისთავობა, XIII საუკუნის მეორე ნახევარში დასტურდება, როგორც ჟამთააღმწერელთან _ „... კახა ერისთავი ახალქალაქისა ...“ (186;239), ასევე 1260 წლის კახა თორელისავე დაწერილით. ე.წ. „რკონის დაწერილში“ კახა მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავობით _ „ესე ვითა ერისთავთ-ერისთავისა კახოის ... ხოვლე უყიდია“ (217;155). ამავე დაწერილიდან ირკვევა, რომ კახა ერისთავობასთან ერთად იყო მეჭურჭლეთუხუცესი (217;154).
ჟამთააღმწერელი მოიხსენიებს კახა III-ის ძეს გამრეკელს (186;317). მაგრამ ამ უკანასკნელის ერისნთავობა არც ერთი წყაროთი არ დასტურდება. როგორც ჩანს მართებულია ნ. შოშიაშვილის აზრი, რომ კახა III-ის მერე ერისთავობა გადადის თორელების განშტოების _ ღობიარების ხელში (239;48) იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებს შორის დაცულია აღაპი „ერისთავთ-ერისთავისა ღობიარისა გამრეკელისა“ (158:75). ნ. შოშიაშვილის აზრით, ღობიარის ერისთავობა XIV საუკუნის პირველ ნახევარს არ გასცილებია (239;49).
ჩვენთვის საინტერესოა კიმოთისმანის ერთი წარწერა, რომელშიც მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავი შალვა. ნ. ბერძენიშვილის აზრით ამ წარწერის შალვა არის XII-XIII საუკუნეების ცნობილი მოღვაწე შალვა ახალციხელი (39;232-233). თუ წარწერაში მართლაც შალვა ახალციხელი არის მოხსენიებული, გასარკვევია თუ რომელი „ქუეყნის“ ერისთავი უნდა იყოს ის (მართალია შალვა მონაპირე იყო, მაგრამ მონაპირეობა და ერისთავობა სხვადასხვა რამ არის). ყველაზე უფრო რეალურია მივიჩნიოთ შალვა ახალქალაქის ერისთავად. მართალია ამას გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ XII-XIII საუკუნეებში ერისთავები თორელები არიან. შ. მესხიას აზრით, შალვა ახალქალაქის ერისთავი იყო (156:62). შალვას ახალქალაქის ერისთავობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვივარაუდებთ, რომ კახა II-ის გარდაცვალების მერე ერისთავი გახდა არა მისი ძე გამრეკელი (რომელიც შეიძლება მცირეწლოვანი იყო), არამედ შალვა ახალციხელი. ასეთ შემთხვევაში შალვა ერისთავობას შეინარჩუნებდა 1225 წლამდე. მხოლოდ ამის მერე დაბრუნდებოდა ახალქალაქის ერისთავობა თორელთა ძირითადი შტოს ხელში და ერისთავი გახდებოდა გამრეკელი. თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ შალვა იყო რომელიმე სხვა მხარის ერისთავი.
ღობიარ გამრეკელის მერე, ჩვენს მიერ ნანახი წყაროები აღარ მოიხსენიებენ ახალქალაქის ერისთავებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საერისთავომ არსებობს შეწყვიტა. ჩვენი აზრით XIV საუკუნის მეორე ნახევარში ახალქალაქის საერისთავო გაუქმდა. ამის მიზეზი კი უნდა ყოფილიყო ჯაყელების სამფლობელოს ზრდა ჯავახეთის მიმართულებით.
ჩვენი აზრით, ჯავახეთის საერისთავო არსებობდა X-XIV საუკუნეებში და მისი ერისთავები იყვნენ:
ზვიადი (X ს-ის 60-იანი წლები)
ვაჩე (X ს-ის 70-იანი წლები)
ზვიადი II (?) (ერისთავია 1023 წლამდე)
ფარსმან თმოგველი (1023-1065)
ვარაზ-ბაკურ გამრეკელი (1065 _ XI ს-ის ბოლო)
კახა I თორელი (XII ს-ის შუა ხანები)
გამრეკელი II (ერისთავია 1191 წლამდე)
კახა II (1191 _ XIII ს-ის დასაწყისი)
შალვა ახალციხელი (?) (XIII ს-ის პირველი მეოთხედი)
გამრეკელი III (1225 _ XIII ს-ის შუა ხანები)
კახა III (XIII ს-ის მეორე ნახევარი)
ღობიარი გამრენკელი (XIV ს-ის პირველი ნახევარი)
შავშეთის საერისთავო
შავშეთის საერისთავოს წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია. ყოველ შემთხვევავში XI საუკუნემდე ეს საერისთავო წყაროებში არ მოიხსენიება.
როგორც ცნობილია 1028 წელს საქართველოში შემოიჭრა ბიზანტიელთა ჯარი. ამ შემოსევის დროს „წარვიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს“ (145:292). სუმბატ დავითის ძის მიხედვით ჩანჩახი შავშეთის ერისთავია _ „... ჩანჩახამან ერისთავმან შავშეთისამან მისცა ციხე წეფთისა და თვით წარვიდეს საბერძნეთს“ (203;385). აშკარაა, რომ 1128 წლამდე შავშეთის ერისთავია ჩანჩახ ფალელი. საკითხავია თუ ვინ უნდა გამხდარიყო ერისთავი ჩანჩახის მერე. ლ. მუსხელიშვილის აზრით, ჩანჩახის გაქცევის მერე შავშეთის საერისთავო უნდა გადასცემოდა იოვანე აბუსერს (181;19). აბუსერისძეების საკითხს ჩვენ ქვემოთ შევეხებით, მაგრამ აშკარაა, რომ მათ არტანუჯის ერისთავობის გარდა სხვა „ხელი“ არ ჰქონდათ.
1028 წელს ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლაში ბაგრატ IV-ს დიდი დახმარება აღმოუჩინა ტბეთის ეპისკოპოსმა საბამ, რომელმაც „ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა, დაიჭირა ქუეყანა შავშეთისა“ (145:292). ნ. ბერძენიშვილის აზრით, „ამ დროიდან იყო, რომ ტბეთის ეპისკოპოსი შავშეთის ერისთავიც იყო“ (44:166). ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს თ. ენუქიძეც (80:32). ჩვენი აზრითაც, 1028 წლის მერე შავშეთის ერისთავი გახდა საბა მტბევარი.
ტბეთის ეპისკოპოსი, რომ შავშეთის ერისთავი იყო ეს ნათლად ჩანს „ხელმწიფის კარის გარიგებიდანაც“. „მტბევარსა ზედა დარბაზს, მისსა საჯდომსა უკანით, მისსა მოლარეთუხუცესსა ფარი და ხმალი აქვს უკანით, ამად რომ ერისთავიც არის შავშეთისა“ (77:91). ჩვენ არა გვგონია, რომ „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ასახვა ჰპოვა სამი საუკუნის წინ არსებულმა რეალობამ. ჩვენი აზრით, „ხელმწიფის კარის გარიგების“ შექმნის მომენტშიც ტბეთის ეპისკოპოსი იყო შავშეთის ერისთავი. რა თქმა უნდა ძნელი სათქმელია, 1028 წლიდან XIV საუკუნემდე, მთელი ამ ხნის მანძილზე შავშეთის ერისთავობა სულ ტბეთის ეპისკოპოსებს ეპყრათ თუ არა; შავშეთის საერისთავოსთან დაკავშირებით საინტერესოა გუზან ტაოელის საკითხი. „ისტორიანი და აზმანი“ წერს, რომ გიორგი რუსს პირველად მიემხრო „გუზან პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა“ (97:49). თ. ენუქიძის აზრით, XII საუკუნეში შავშეთი, კლარჯეთი და ტაო სამეფო დომენია, რომელსაც განაგებს გუზანი (80:30). ზ. ხიდურების აზრით, შავშეთი, კლარჯეთი და ტაო სამეფო დომენია XII საუკუნემდე (249;278). ჩვენი აზრით, სამეფო დომენის არსებობა ხელა არ უშლის საერისთავოს არსებობას. ამის ნათელი მაგალითია ჯავახეთი. სადაც იყო: საერისთავო „ქუეყანაც“ (ახალქალაქის საერისთავო), ფეოდალური მამულიც (თმოგვი) და სამეფო დომენიც. რაც შეეხება გუზანის პატრონობას შავშეთში, ტერმინი პატრონი გამორიცხავს ერისთავობასა. ამდენად, გუზანს ვერ მივიჩნევთ შავშეთის ერისთავად. შავშეთის პატრონობა არ გულისხმობს მთელი შავშეთის ფლობას.
საინტერესო ცნობაა დაცული ჟამთააღმწერელთან. დაახლოებით 1264 წელს დავით ულუმ უბოძა სარგის ჯაყელს _ „საყდარი ტბეთისა შავშეთს სიგლითა სამამულოდ“ (186;247). გამოდის, რომ მეფემ სარგის სამამულოდ უბოძა ტბეთი. ტბეთი კი როგორც ცნობილია იყო საეპისკოპოსოს ცენტრი. საკმაოდ საინეტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ შავშეთის საერისთავისთან დაკავშირებით ეს ცნობა არაფერს იძლევა.
წყაროებში ცნობები შავშეთის საერისთავოს შესახებ საკმაოდ ცოტაა. უცნობია საერისთავოს შექმნის ხანა, უცნობია თუ როდემდე არსებოდა ის. ჩვენი აზრით, „ხელმწიფის კარის გარიგების“ შექმნის მომენტში საერისთავო ჯერ კიდევ არსებობს. შავშეთის ერისთავთაგან კი მხოლოდ ორის ვინაობა არის ცნობილი: ჩანჩახი ფალელი 1028 წლამდე და საბა მტბევარი 1028 წლის შემდეგ.
კალმახის საერისთავო
ბაგრატ IV-ის დროს მემატიანე რამდენიმეჯერ მოიხსენიებს კალმახის ერისთავს. დაახლოებით 1047-1048 წლებისათვის, „სულა ერისთავმან კალმახისამან და გრიგოლ ერისთავმან არტანუჯისამან ... უხმეს მეფესა ბაგრატს“ (145:301). როგორც ცნობილია არყის-ციხესთან გამართულ ბრძოლაში ლიპარიტმა გაიმარჯვა, მას სხვებთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა „სულა კალმახისა ერისთავი“ (145:302). მხოლოდ ერთგან, 1057 წლის ამბებთან დაკავშირებით იწოდება სულა კალმახელად _ „სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს ...“ (145:300). „კალმახელი“ ნიშნავს კალმახის მამულობით მფლობელს. კალმახის მამულობით ფლობა სულას მიერ გამორიცხავს, უფრო ზუსტად ეწინააღმდეგება ზემოთ მოყვანილ ცნობებს სულას ერისთავობის შესახებ. ამ საკითხის გარკვევაში ვერც ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი გამოგვადგება. მასში სულა იწოდება იშხნად. ეს ტერმინი კი არ ნიშნავს მაინცდამაინც ერისთავობას, თუმცა არც გამორიცხავს (211;227) ჩვენი აზრით მემატიანე უნებლიე შეცდომას უშვებს როცა სულას კალამხელად მოიხსენიებს. ეს ჩვენი აზრით გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ 1057 წლის შემდგომ, ლიპარიტის შეპყრობის მერე, კალმახი იქცა სულას მამულად. მემატიანემ იცოდა რა ეს ფაქტი (კალმახი რომ სულას მამულია), „მატიანე ქართლისაის“ წერის ჟამს სულა მოიხსენია კალმახელად.
იმ დახმარებისათვის, რაც სულამ გაუწია ბაგატ IV-ს ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეფემ „უბოძა სულას მამულობით ციხისჯუარი და ოძრხე ბოდო-კლდითურთ, და სხუაცა მრავალი საქონელი და სამღდელთ-მოძღურონი, და რაც უნდა“ (145:301). მართალია კალმახის ციხე ამიერ ტაოში მდებარეობს (163;162) და ზემოთ მოყვანილ ცნობაში მასზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო სიტყვებმა _ „რაც უნდა“. შეუძლებელია ერისთავს არ ნდომებოდა თავისი საერისთავოს ქცევა მამულად. ერისთავები ყოველთვის ამისკენ მიისწრაფოდნენ და ამის გამო ებრძოდა მათ მეფის ხელისუფლება. ჩვენ აზრი, სულა ხელიდან არ გაუშვებდა ასეთ შესაძლებლობას. ანალოგიური მოსაზრება გამოთქმული აქვს ზ. ხიდურელსაც (249;279).
კალმახი რომ მამულად იქცა, ცხადია სინას მთის ერთ-ერთი ხელნაწერიდან, რომელშიც მოიხსენიება დავით კალმახელი _ „სულსა დავით კალმახელისასა შეუნდოს ღმერთმან“ (259;245). კალმახელნი მოიხსენიებიან თამარ მეფის დროსაც (97:55). XVI საუკუნის დასაწყისში შედგენილ სამცხის „თავადთა ნუსხაში“ ვკითხულობთ _ „კალმახელი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა უზნასძეთა აქუს“ (75:244). მართალია ამ დროს კალმახელის მამული უზანაძეებს აქვთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ფაქტი, კალმახელის მამულის არსებობისა.
ვახუშტის მიხედვით, გიორგი V-მ ერისთავი დასვა კალმახშიც. ჩვენი აზრით ეს ცნობა არასწორია. ამ დროს კალმახი უკვე ფეოდალური მამულია.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი, წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას რომ გავარკვიოთ საერისთავოს წარმოშობის დრო. ჩვენი აზრით კალმახის საერისთავო არსებობდა 1057 წლამდე, ვიდრე ის ბაგრატ IV-მ მამულობით არ მისცა სულას. კალმახის ერისთავთაგან კი ცნობილია მხოლოდ ერთის ვინაობა, ეს არის სულა.
თუხარისის საერისთავო
თუხარისის ერისთავი მოიხსენიება „მატიანე ქართლისაიში“ _ „... ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთაუფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისასა, თვინიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა თუხარისისა ერისთავისა“ (145:298). მემატიანეს ეს ცნობა ეხება 1045-1047 წლების ამბებს. ეს არის ერთადერთი მოხსენიება თუხარისის საერისთავოსი წყაროებში. თუხარისის ციხე, რომელიც იყო საერისთავოს ცენტრი მდებარეობდა ამიერ ტაოში კლარჯეთის საზღვარზე. ბეშქენ ერისთავთ-ერისთავი იხსენიება აგარის მონასტრის წარწერაში _ „ერისთავთ ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე, ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზისა ამისა“ (196;276), მაგრამ რამდენად შეიძლება მისი გაიგივება თუხარისის ერისთავ ბეშქენთან ძნელი სათქმელია. ვ. სილოგავა აგარის მონასტრის წარეწას XI-XII საუკუნეებით ათარიღებს.
XII საუკუნეში ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი ბეშქენ ჯაყელი, დავით აღმაშენებლის თანამედროვე. 1118 წელს დავით აღმაშენებელს „მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკვლისა“ (71:334). ეს ბეშქენი ალბათ არის XI საუკუნეში მოღვაწე ბეშქენის შვილიშვილი, მაგრამ არის თუ არა ის ერისთავი უცნობია. ნ. ბერძენიშვილი დასაშვებად მიიჩნევდა მის ერისთავობას (43:64).
XIV საუკუნის დასაწყისში თუხარელნი მოხსენიებულნი არიან „სამცხის თავადთა ნუსხაში“ _ „თუხარელნი, სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა“ (75:244). ცხადია, რომ XIV საუკუნის დასაწყისში თუხარისის საერისთავო აღარ არსებობს. თუხარისი ფეოდალური მამულია და მისი მფლობელები თუხარელებად იწოდებიან. როგორც ჩანს გარკვეულ პერიოდში თუხარისის საერისთავო იქცა ფეოდალურ მამულად.
სამწუხაროდ უცნობია როგორც თუხარისის საერისთავოს წარმოშობის, ასევე მისი მამულად გადაქცევის დროც. თუხარისის ერისთავთააგნ კი დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ ერთის ვინაობა. ეს არის XI საუკუნის მოღვაწე ბეშქენ ჯაყელი.
ყველის საერისთავო
დ. ბერძენიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბაგრატ IV-ის დროს იხსენიება ყველის ერისთავი მურვან ჯაყელი. ბაგრატ IV-ის დროსვე მოღვაწეობს ფარსმან თმოგველი. მკვლევარის აზრით „ცხადია, ზემო და ქვემო ჯავახეთის პუნქტებში მოხსენიებული ფარსმან თმოგველი მთელი ჯავახეთის ერისთავია, რაც მურვან ჯაყელისთვის ჯავახეთში ადგილს არ ტოვებს და გვაფიქრებინებს, რომ იგი ყველის ციხიანად სხვა მხარის ერისთავი უნდა ყოფილიყო“ (37;91).
ჩვენი აზრით, მურვან ჯაყელი არის ყველის საერისთავოს ერისთავი და საჭირო არ არის მისი საერისთავო ქვეყნის ძებნა. „მატიანე ქართლისაი“ XI საუკუნის 60-იანი წლების ამბების თხრობისას მოიხსენიებს ყველის ერისთავს _ „გამოგზავნა (ბაგრატ IV-მ _ მ. ბ.) ხილვად ივანე ძე ლიპარიტისი და ნიანია ძე ქუაბულისა და მურვან ჯაყელი ერისთავი ყუელისა“ (145:310). ჩვენს მიერ ზემოთ, თუხარისის საერისთავოსთან დაკავშირებით, მოყვანილ აგარის წარწერაში მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავი მურვანი. ვ. სილოგავას აზრით აგარის წარწერაში ნახსენები პირები შეიძლება გავაიგივოთ კორიდეთის სახარების მინაწერ საბუთებში მოხსენიებულ პირებთან (196;275). აგარის წარწერიდან აშკარაა, რომ ბეშქენი და მურვანი თანამედროვეები არიან. იმის გათვალისწინებით, რომ ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდნენ ბეშქენ და მურვან ჯაყელები, იქნებ შესაძლებელი იყოს აგარის მონასტრის წარწერის ბეშქენის და მურვანის გაიგივება, „მატიანე ქართლისაიში“ მოხსენიებულ პირებთან.
საინტერესოა ყველის ციხიდან წამოღებულ ქვის სვეტზე არსებული წარწერა _ „საყდარი იოვანე ერისთავისა ...“ იოვანე ალბათ ყველის ერისთავია. ნ. შოშიაშვილი წარწერას ათარიღებს IX საუკუნით (234;136). ექ. თაყაიშვილის აზრით წარწერა არის არა უგვიანეს XI საუკუნისა და იოვანე არის გიორგი II-ის თანამედროვე (294;6). ა. ბაქრაძისა და ს. ბოლქვაძის აზრით წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XI საუკუნეს არ სცილდება (194;16).
XI საუკუნის შემდეგ ყველის საერისთავო წყაროებში აღარ მოიხსენიება. რა ბედი ეწია საერისთავოს, გააუქმა ის სამეფო კარმა თუ გადაიქცა მამულად უცნობია. სამწუხაროდ წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს საერისთავო.
არტანუჯის საერისთავო
განსხვავებით სხვა საერისთავოებისაგან, შედარებით ადვილი განსაზღვრია არტანუჯის საერისთავოს წარმოქმნის დრო. არტანუჯის ციხე, როგორც ცნობილია, კლარჯი ბაგრატიონების ხელში იმყოფებოდა. „ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ხელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი. .. დარბაზობად ... და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიხუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი“ (203;382). სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ბაგრატ III-ის მიერ სუმბატისა და გურგენის შეპყრობა მოხდა 1008-1011 წლებს შორის.
1028 წლის ამბებთან დაკავშირებით კი „მატიანე ქართლისაი“ წერს _ „ციხე არტანუჯისა ჰქონდა იოვანეს ერისთავსა აბუსერსა“ (145:293). სრულიად მართებულად, ჯერ თ. ჟორდანიამ და შემდეგ ლ. მუსხელიშვილმა იოვანე აბუსერი მიიჩნიეს არტანუჯის ერისთავად (188;192 და 165;19).
ამრიგად, გამოდის რომ არტანუჯის საერისთავო უნდა წარმოქმნილიყო 1008-1028 წლებს შორის. ჩვენი აზრით საერისთავოს წარმოქმნა უნდა მომხდარიყო უფრო ბაგრატ III-ის დროს, 1008-1014 წლებში.
როგორც ვნახეთ არტანუჯის პირველ ერისთავად უნდა მივიჩნიოთ იოვანე. სანამ გავაგრძელებდეთ საუბარს არტანუჯის საერისთავოსა და მისი ერისთავების შესახებ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აბუსერისძეთა გენეალოგიური სია თავის დროზე დაადგინეს ჯერ თ. ჟორდანიამ და შემდეგ ლ. მუსხელიშვილმა (188;122-123 და 165;19). ორივე სია ძირითადში ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ ლ. მუსხელიშვილის მიერ დადგენილ სიას, ოღონდ გაგვაჩნია განსხვავებული მოსაზრება აბუსერისძეთა ერისთავობის შესახებ XII-XIII საუკუნეებში. ამ საკითხს ჩვენ ცოტა ქვემოთ შევეხებით დაწვრილებით.
იოვანეს მერე ერისთავი უნდა გამხდარიყო მისი ძე აბუსერი. ეს უკანასკნელი „მატიანე ქართლისაიში“ იხსენიება XI ს-ის 40-იანი წლების ამბების დროს _ „და გამოიტყუვნა (ლიპარიტ IV ბაღვაშმა) ანისით დედოფლისაგან აბუსერი ერისთავი არტანუჯისა, და ხიხათა და ციხის-ჯუარისა და აწყურის ციხის პატრონი ...“ (145:300). ალბათ ამ ცნობაზე დაყრდნობით არის გამოთქმული მოსაზრება, რომ აბუსერისძენი XI საუკუნიდან იყვნენ არტანუჯისა და ხიხათას ერისთავები (213;47). ჩვენი აზრით ეს მოსაზრება არასწორია. კონტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ აბუსერი არის არტანუჯის ერისთავი _ ხოლო ხიხათას, ციხის-ჯუარისა და აწყურის ციხეთა პატრონი. აბუსერი არის ამ ციხეთა პატრონი და არა ერისთავი. აბუსერი წყაროებში ბოლოჯერ მოიხსენიება სასირეთის ჭალაში გამართული ბრძოლის დროს _ „შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისა ... და ომსა ამასვე შეიპყრნეს აბუსენი და სხუანიცა დიდებულნი“ (145: 301). არყის-ციხესთან გამართული ბრძოლის დროს არტანუჯის ერისთავად უკვე გრიგოლი ჩანს _ „... სულა ერისთავმან კალმახისამან, გრიგოლ ერისთავმან არტანუჯისამან ... უხმეს მეფესა ბაგრატს ... და შეკრბეს არყის-ციხეს“ (145:301). როგორც ჩანს სასირეთის ბრძოლაში დატყვევებული აბუსერის ნაცვლად, რომელიც ალბათ ლიპარიტმა ტყვედ დაიტოვა, ბაგრატ IV-მ არტანუჯის ერისთავობა უბოძა აბუსერის ვაჟს გრიგოლს (თუ რა ბედი ეწია დატყვევებულ აბუსერს უცნობია).
ის რომ გრიგოლი აბუსერის ძეა ნათლად ჩანს „მატიანე ქართლისაის“ შემდეგი ადგილიდან _ „მასვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსერისი, და სთხოვეს არტანუჯი ... და მისცა“ (145:302). როგორც ვხედავთ შვილიც ტყვედ ჩავარდა და იძულებული გახდა არტანუჯის ციხე ლიპარიტისთვის დაეთმო. ამრიგად „ლიპარიტმა თავის ვრცელ სამფლობელოს არტანუჯიც მიუმატა“ (121: 264). ლიპარიტმა არტანუჯი 1057 წლამდე შეინარჩუნა, სანამ ის მეფემ არ ჩაიგდო ტყვედ. ამ დროისათვის, ლიპარიტი რომ არტანუჯის ციხეს ფლობდა, ამას ადასტურებს „მატიანე ქართლისაი“ _ „მეფემ აღიხუნა ლიპარიტეთგან ციხენი არტანუჯი და ყუელი, უფლისციხე და ბირთვისის“ (145:301). ჩვენი აზრით, მთელი ათი წლის მანძილზე ლიპარიტი მხოლოდ ფლობდა არტანუჯის ციხეს, მაგრამ არ ატარებდა არტანუჯის ერისთავის „ხელს“. არა გვგონია ბაგრატს მისთვის ოფიციალურად მიეცა არტანუჯის ერისთავობა.
ჩვენი აზრით გრიგოლ აბუსერის ძე არის მოხსენიებული ათონის ივერიის მონასტრის ერთ-ერთ მინაწერში _ „თუესა იანვარსა კთ აღაპად განგვიწესებია გრიგოლ ერისთავთა ერისთავისა აბუსერის ძისათვის“ (3;225).
საინტერესო ცნობებია დაცული აბუსერისძეთა შესახებ, აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანეში, რომელიც ტბელი აბუსერისძის თხზულებას მოსდევს _ „სულსა პატრონისასა ხუაშაისასა, ერისთავთ-ერისთავით მისით ქმნით გრიგოლითურთ, რომელნი იყვნეს მშობელნი აბუსერისნი, პაპისა ჩუენისანი და პატრონით ერისთავთ-ერისთავით, ბიძაით ჩუენით გრიგოლითურთ“ (169;69). „აბუსერიძე ტბელი, ძე ერისთავთ-ერისთავისა ივანესი... ძმაი ერისთავთ-ერისთავთა აბუსერისი და ვარდანისი“ (169;66).
ტბელის დიდი პაპის _ გრიგოლის მოღვაწეობის ხანას, ლ. მუსხელიშვილი დაახლოებით განსაზღვრავდა 1130-1180 წლებით. აბუსერისძეთა მოღვაწეობის ზუსტი ქრონოლოგიის დადგენა შეუძლებელია. მიახლოებით მათი ქრონოლოგია დადგენილი აქვს ლ. მუსხელიშვილს. ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ მკვლევარის მიერ დადგენილ ქრონოლოგიას და ვიყენებთ მას.
რაც შეეხება გრიგოლი ძეს, ტბელის პაპას, აბუსერს _ მისი ერისთავობის საკითხი სადავოა. ტბელი აბუსერისძე ორჯერ მოიხსენიებს თავის პაპას, მაგრამ არც ერთხელ ერისთავთ-ერისთავობით, მაშინ როცა საგვარეულოს სხვა წევრები სწორედ ამ პატივით მოიხსენიებიან.
ტბელის მამა ივანე მოხსენიებული არის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში (83:83). როგორც ჩანს ივანეს მერე ერისთავობა გადავიდა მისი ძმის, გრიგოლის ხელში. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ერისთავი ივანეს უფროსი ვაჟი აბუსერი. როგორც ტექსტიდან ჩანს, ტბელი აბუსერისძე ორივე თავის ძმას მოიხსენიებს ერისთავთ-ერისთავად (ტექსტში ნახმარია მრავლობითი ფორმა). მართალია, წყაროებში დადასტურებულია შემთხვევა, როცა ორი პირი ერთდროულად იწოდება ერისთავად (მაგ. გრიგოლ და ბეგა სურამელები), მაგრამ არა გვგონია აქაც ანალოგიური მოვლენა იყოს. შეიძლება, ნაწარმოების დაწერის მომენტში _ 1233 წელს, აბუსერი უკვე გარდაცვლილია და ერისთავობა მისი ძმის ვარდანის ხელშია. სწორედ ამიტომ იხსენიება ორივე ძმა ერისთავთ-ერისთავად.
თუ ყველა ზემოთ მოყვანილი წყაროს მონაცემებს გავაანალიზებთ, ადვილად დავადგენთ, რომ არტანუჯის ერისთავების სიაში ხარვეზი გვაქვს. არ ვიცით ერისთავის ვინაობა ბაგრატ IV-ის თანამედროვე გრიგოლიდან (I) ვიდრე ტბელის დიდ პაპამდე, გრიგოლამდე. ლ. მუსხელიშვილი აქ ორ თაობას ვარაუდობს (169;19).
ჩვენი აზრით, ამ ხარვეზის შევსებაში შეიძლება დაგვეხმაროს ვერნების ეკლესიის წარწერა _ „ქრისტე ადიდენ ერისთავთ-ერისთავნი გრიგოლ და აბუსერი და გიორგი და შვილნი მათნი: გიორგი, ზაქარია“. ლ. მუსხელიშვილი წარწარას ათარიღებს XII-XIII საუკუნეებით და აღნიშნანვს, რომ უცნობია თუ სად უნდა მოექცნენ გენეალოგიურ სიაში, ვერნების წარწერაში მოხსენიებული პირები (169;23). თუ წარწერას მართლაც XII-XIII საუკუნეებისად მივიჩნევთ, უთუოდ გაგვიჭირდება მასში მოხსენიებული პირების გაიგივება ჩვენთვის სხვა წყაროებით ცნობილ აბუსერისძეებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გ. ოთხმეზური წარწერას ათარიღებს XI საუკუნით (141:115). მაშინ, ვერნების წარწერაში ნახსენები გრიგოლი შეიძლება გავაიგივოთ ბაგრატ IV-ის თანამედროვე გრიგოლთან. ასეთ შემთხვევაში საშუალება გვეძლეოვა შევავსოთ არსებული ხარვეზი.
ვერნების წარწერაში მოხსენიებულია, გრიგოლ I-ის მომდევნო თაობის ორი წარმომადგენელი: გიორგი და ზაქარია. გიორგი ალბათ უფროსია რადგან ის მოიხსენიება პირველი. თუ ვისი შვილები არიან გიორგი და ზაქარია უცნობია, რადგან მითითება _ „შვილნი მათნი“ ძალიან ზოგადია. ცხადია მხოლოდ ერთი რამ, გრიგოლ I-ის მერე ერისთავობა უნდა გადასულიყო მომდევნო თაობაზე. ჩვენი აზრით ერისთავად უნდა ვიგულისხმოთ გიორგი, როგორც უფროსი. გიორგი შესაზლოა არის გრიგოლ I-ის ძე. ხოლო გიორგის ვაჟი შეიძლება არის ტბელი აბუსერისძის დიდი პაპა გრიგოლი. ჩვენი აზრით არტანუჯის ერისთავთა სია XI საუკუნის მეორე ნახევარსა და XII საუკუნის პირველ ნახევარში შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგი სახით: გრიგოლ I, მოიხსენიება „მატიანე ქართლისაიში“, მისი ძე გიორგი I, მოიხსენიება ვერნების ეკლესიის წარწერაში და ამ უკანასკნელის ვაჟი გრიგოლ II, მოიხსენიებს ტბელი აბუსერისძე. ყოველივე ზემოთ თქმული მხოლოდ ვარაუდია, დამყარებული ვერნების ეკლესიის წარწერის ჩვენებურ ინტერპრეტაციაზე.
ასეა თუ ისე, XII საუკუნის შუა ხანებიდან მაინც, ჩვენთვის ცნობილია არტანუჯის ერისთავთა სია. მაგრამ არიან კი ამ დროს აბუსერისძეები არტანუჯის ერისთავები? ლ. მუსხელიშვილის აზრით, ლიპარიტ IV ბაღვაშის შეპყრობის მერე, ბაგრატ IV-მ არტანუჯი აღარ დაუბრუნა აბუსერისძეებს. მეფემ არტანუჯი თავისთვის წაიღო. მკვლევარის აზრით აბუსერისძეებს მხოლოდ აჭარაღა დარჩათ. „ამას გვიდასტურებს ჩვენი ძეგლიც. აქ არ ჩანს, რომ XII-XIII სს-ის აბუსერისძეებს სხვა რაიმე სჭეროდეთ გარდა აჭარისა, თუმცა ისინი ერისთავთ-ერისთავად იწოდებიან. ეს წოდება ამ დროს, ცხადია, გადმონაშთიღა არის ამ საგვარეულოს ოდინდელი ხანმოკლე დიდებისა“ (169;19).
ჩვენი აზრით აბუსერისძეებს არ დაუკარგიათ ერისთავობა. ამ მხრივ საინტერესოა 1281-1282 წლების ნიკოლოზ ქართლის კათალიკოსის დაწერილი არვანბეგ საბაისძისადმი. ჩვენთვის საინტერესოა ამ დაწერილის ერთი ადგილი, რომელიც აქ მოგვყავს _ „მათ ჟამთა შინა, ოდეს ღმრთისა სწორი დავით მეფე ამა ჟამთა ძნელბედობისა და მიჭირვებულობისაგან სიმაგრეთა კლარჯეთისათა მოჰმართა და თქუენ მათისა სამსახურისათვის თავი დასდევით და მცხეთისა მკუიდრი მოვედით და ყოველნივე საქონებელნი მცხეთისანი მოვიკლენით და შეუბანიც დავიჭირეთ. და თქუენ მოხუედით და ღმრთის სწორთა სიგელნიც მოიხუენით სამამულოდ ბოძებისანი და შეუბანსა აბუსერეთ საერისთავო და ბეგარი ზედა სდებოდა და იგი მათგან გეყიდა“ (217;177-178). დაწერილიდან ირკვევა, რომ მეფემ შეუბანი უწყალობა არვანბეგ საბაისძეს იმ სამსახურისთვის, რაც ამ უკანასკნელმა გაუწია მეფეს. დაწერილიდან ასევე ირკვევა, რომ ყოველივე უნდა მომხდარიყო კლარჯეთში, რადგან მეფე ამ დროს კლარჯეთში იყო შეფარებული. ამავე დროს დაწერილიდან ირკვევა, რომ სოფელ შეუბანს აკისრია „აბუსერეთ საერისთვო და ბეგარი“. „აბუსერეთ საერისთავოი“, ჩვენი აზრით ნიშნავს აბუსერისძეთა საერისთავო გადასახადს. გამოდის, რომ სოფელ შეუბანს აკისრია აბუსერისძეთა საერისთავო გადასახადი. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სოფელი შეუბანი შედის აბუსერისძეთა საერისთავოს შემადგენლობაში (საყურადღებოა, რომ დაწერილში ლაპარაკია საერისთავო გადასახადზე ე.ი. შეუბანი აბუსერისძეებს გადასახადს უხდის არა იმიტომ რომ აბუსერისძეები მისი პატრონები არიან, ასეთი არვანბეგ საბაისძეა, არამედ იმიტომ, რომ ისინი ერისთავები არიან). თუ გავითვალისწინებთ, რომ შეუბანი კლარჯეთის სოფელია, ცხადი ხდება _ კლარჯეთი აბუსერისძეთა საერისთავო „ქუეყანაა“. კლარჯეთის საერისთავო „ქუეყანა“ კი სხვა არაფერია თუ არა არტანუჯის საერისთავო.
ჩვენი აზრით, დაწერილიდან ირკვევა, რომ XIII საუკუნის მეორე ნახევარში აბუსერისძეები არტანუჯის ერისთავები არიან.
ჩვენ ვთვლით, რომ აბუსერისძეებს არტანუჯის ერისთავობა არ დაუკარგიათ. ისინი XI საუკუნის 10-იანი წლებიდან მოყოლებული იყვნენ ერისთავები. თუმცა არის ერთი საკითხი, რომელიც მოითხოვს გადაწვეტას. ცნობილია, რომ თამარ მეფის დროს გუზან ტაოელი იყო „პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა„ (97:49). როგორ შევათავსოთ ეს ცნობა იმ ფაქტთან, რომ XII-XIII საუკუნის მანძილზე არტანუჯის ერისთავები აბუსერისძეები არიან, არტანუჯი ხომ კლარჯეთში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია თვალსაზრისი, გუზანის კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავობის შესახებ (47: 312). პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გუზანი ვერ იქნება კლარჯეთის ერისთავი, რადგან მემატიანე მას უწოდებს „პატრონს“. „პატრონობა“ კი გამორიცხავს ერისთავობას.
ახლა რაც შეეხება თავად „კლარჯეთის პატრონობას“ _ ჩვენი აზრით შესაძლებელია კლარჯეთის ტერიტორია გაყოფილი იყო ორ ნაწილად. ერთი ნაწილი იყო საერისთავო „ქუეყანა“ _ არტანუჯის საერისთავო, მეორე კი იყო ფეოდალური მამული. თამარის დროს ამ მამულის მფლობელი იყო სწორედ გუზანი და ამიტომ უწოდებს მას მემატიანე კლარჯეთის პატრონს (კლარჯეთში ჯავახეთის ანალოგიური მდგომარეობაა. როგორც ცნობილია ჯავახეთში იყო ახალქალაქის საერისთავოც და ფეოდალური მამულიც _ თმოგვი). ჩვენი ვარაუდის გასამაგრებლად, კლარჯეთის ორ ნაწილად გაყოფის შესახებ, იქნებ ისიც გამოდგეს, რომ ვახუშტი ბატონიშვილი თითქოს ერთმანეთისაგან მიჯნავს კლარჯეთსა და არტანუჯს. ვგულისხმობთ ვახუშტის ცნობას, რომ გიორგი V-მ „დასხნა ერისთავნი თვისნი კლარჯეთს, სპერს, კალმახს, არტანუჯს“ (23;258). სხვა საკითხია რამდენად რეალურია ცნობა ყველა ამ მხარეში ერისთავის დასმის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, არტანუჯის საერისთავოს არსებობა წარმოუდგენელი რამ არ არის. შეიძლება საერისთავო ამ დროს ჯერ კიდევ არსებობს.
მაგრამ როგორც ჩანს იმავე XIV საუკუნეში არტანუჯის საერისთავომ არსებობა შეწყვიტა. ამ მხრივ საინტერესოა ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი, რომელიც თარიღდება 1392 წლის 1 დეკემბრით. მასში მოიხსენიება _ „არტანუჯის ციხე და მისი შესავალი“ (75:178). გამოდის, რომ 1392 წლისათვის არტანუჯის ციხე მცხეთის საკათალიკოსო მამულების რიცხვში შედის. ეს კი გამორიცხავს არტანუჯის საერისთავოს არსებობას, რადგან წარმოუდგენელია საერისთავოს ცენტრი, ერისთავის რეზიდენცია საკათალიკოსო მამული ყოფილიყო.
XIV საუკუნეში რომ არტანუჯის საერისთავო აღარ არსებობს, ეს მტკიცდება სხვა წყაროებითაც. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არსებობდა აღაპი „სარგისის შვილისა შაშიასი არტანუჯელისა„ (158:93). ექ. თაყაიშვილმა ვანის სახარებაზე ამოიკითხა შემდეგი შინაარსის მინაწერი _ „პატრონმან ნათიამან... მისისა მეუღლისა ბექაისა შალვა არტანუჯელისა შვილისათუის ...“ (84:17). როგორც ვხედავთ ორ წყაროში არის დადასტურებული გვარის ფორმა _ არტანუჯელი. ეს ფაქტი კი იმაზე მიგვანიშნებს რომ ამ დროს ე.ი. XIV საუკუნეში არტანუჯი მამულია და არა საერისთავო „ქუეყანა“. ე. მეტრეველი აღაპს მიიჩნევდა XIV საუკუნის მეორე ნახევრისად, ხოლო ექ. თაყაიშვილის აზრით მინაწერი არის XIII-XIV საუკუნეების. ჩვენი აზრით ვანის სახარების მინაწერი არის XIV საუკუნის. რადგან XIII საუკუნეში არტანუჯი ჯერ კიდევ საერისთავოა, ხოლო საერისთავო „ქუეყნიდან“ ვერ იწარმოება გვარის ფორმა არტანუჯელი. გვარი იწარმოება მხოლოდ მამულიდან. არტანუჯის საერისთავო, როგორც ჩანს XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან აღარ არსებობს. წყაროები არავითარ ინფორმაციას არ იძლევიან თუ რატომ იქცა საერისთავო „ქუეყანა“ ფეოდალურ მამულად.
ჩვენი აზრით არტანუჯის საერისთავო შეიქმნა ბაგრატ III-ის დროს 1008-1014 წლებში და ის არსებობდა XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე. არტანუჯის ერისთავების სია კი ჩვენ შემდეგნაირად წარმოგვიდგენია:
იოვანე (XI ს-ის 10-20-იანი წლები)
აბუსერი (I) (XI ს-ის 30-იანი _ 1047 წ.)
გრიგოლი (I) (XI ს-ის 50-70-იანი წლები)
გიორგი (XI ს-ის ბოლო _ XII ს-ის ადსაწყისში)
გრიგოლი (II) (XII ს-ის შუა ხანები)
აბუსერი (II) (XII ს-ის 70-90-იანი წლები)
ივანე (XIII ს-ის დასაწყისი)
გრიგოლი (III) (XIII ს-ის 10-იანი წლები)
აბუსერი (III) (XIII ს-ის 20-იანი წლები)
ვარდანი (ერისთავია 1233 წლისათვის)
სამცხის სამთავრო
პირველი ცნობა სადაც პირდაპირ მოიხსენიება სამცხის ერისთავი დაცულია „ისტორიანი და აზმანში“. უცნობი მემატიანე, თამარის დროინდელი ერისთავების ჩამოთვლის დროს ასახელებს სამცხის ერისთავსაც: „და სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“ (97:34). ერისთავობა და სპასალარობა ეს ორი სხვადასხვა „ხელი“ იყო. მემატიანეს სიტყვები ისე უნდა გავიგოთ, რომ ბოცო ჯაყელი ერთდროულად იყო სამცხის ერისთავიც და სპასალარიც. რა თქმა უნდა ორი ხელის“ ფლობა ახალი რამ არ იყო იმ დროინდელი საქართველოსათვის. მაგრამ გასარკვევია რატომ იწოდება სამცხის მმართველი ერისთავადაც და სპასალარადაც. ი. ანთელავას აზრით _ სპასალარი, დიდი ერისთავის იდენტური ტერმინია. მკვლევარი წერს: „ეს ადმინისტრაციული ერთეული (იგულისხმება საერისთავო _ მ.ბ). დიდი ერისთავის, სპასალარის საგანმგეოში იგულისხმება“ (11;201). მართლაც შესაძლებელია, რომ სპასალარს ერისთავები ემორჩილებიან, მაგრამ ვერ გავიზიარებთ იმ აზრს, რომ სპასალარი და დიდი ერისთავი ერთი და იგივეა. მითუმეტეს, რომ როგორც ირკვევა, ჯაყელები იყვნენ არა უბრალოდ სპასალარები, არამედ სამცხის სპასალარები. ჩვენ ქვემოთ მოვიტანთ რამდენიმე ცნობას წყაროებიდან, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ საკითხში გარკვევისას. „ისტორიანი და აზმანში“ არის შემდეგი სახის ცნობა _ „... აქით ბოცო სამცხისა სპასალარი“ (97:49). ბასილი ეზოსმოძღვარი წერს _ „რომელთა შინა იყო ყუარყუარე სამცხისა სპასალარი ჯაყელი„ (27;129). ჟამთააღმწერელთან ჯაყელები რამდენჯერმე მოიხსენიებიან სამცხის სპასალარად: „ამანვე ერისთავმან, სამცხის სპასალარმან ყუარყუარე“ (186;213), „მოუწოდა სარგის ჯაყელსა ციხისჯვარელსა, რომელსა აქუნდა პატივი სამცხისა სპასალარობისა“ (186;239), „განდევნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს“ (186;273), „... წარუვლინა ძე თვისი პირმშო სამცხის სპასალარი სარგის„ (186;297). საფარის მონასტრის ფრესკულ წარწერაში, სარგის II იწოდება სამცხის სპასალარად _ „სარგის სამცხისა სპასალარს...“ (35;51). ასევე მოიხსენიება სარგისი XIII _ საუკუნისის დაწერილშიც _ „მე, ბექამან... შვილთა ჩუენთა სამცხის სპასალარმან სარგის, ყუარყუარე და შალვა“ (217;192). სამცხის სპასალარი მოიხსენიება „ხელმწიფის კარის გარიგებაშიც“ (77:94).
ზემოთ მოყვანილი ცნობები აშკარად მიუთითებენ, რომ არსებობდა სამცხის სპასალარის თანამდებობა. გამოდის, რომ ჯაყელები იყვნენ სამცხის სპასალარები და სამცხის ერისთავებიც. ჯაყელთა ერისთავობას ადასტურებს ჟამთააღმწერელიც _ „ამანვე ერისთავმან სამცხისა სპასალარმან ყუარყუარე...“ (186;213). მემატიანეს ეს ცნობა იმ იშვიათ ცნობათა რიგს განეკუთვნება რომლებშიც ჯაყელები ერისთავადაც იხსენიებიან. ჯაყელები უმრავლეს შემთხვევაში იწოდებიან სამცხის სპასალარებად. ამიტომ, ჩვენი აზრით სავარაუდოა, რომ სამცხის სპასალარობა უფრო დიდი პატივი იყო ვიდრე სამცხის ერისთავობა. სწორედ ამ მიზეზის გამო იხსენიებაინ ჯაყელები უფრო ხშირად სამცხის სპასალარობით. ძალიან საინტერესოა თუ რა დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო ამ ორ „ხელს“ შორის. თავის დროზე ნ. ბერძენიშვილმა საკმაოდ საინტერესო კითხვა დასვა _ „საინტერესოა სპასალარობის ინსტიტუტი ხომ არ გააძლიერა დავით აღმაშენებელმა და ხომ არ სცადა მათი დაპირისპირება ერისთავებისადმი“ (43:70). სამწუხაროდ ამ კითხვაზე ზუსტი, ამომწურავი პასუხის გაცემა ჭირს, წყაროთა სიმცირის გამო. მაგრამ გარკვეული ვარაუდისათვის საკმარისი მასალა გაგვაჩნია.
საინტერესო ცნობა არის დაცული ვახუშტისთან. ეხება რა თამარის დროინდელი ერისთავების ვინაობის საკითხს, ვახუშტი აღნიშნავს _ „ერისთავნი ესენი ... ბოცო ჯაყელი სამცხისა და სპასალარი მუნებურთა სხვათა ერისთავთა“ (23;172). ამ ცნობიდან აშკარაა, რომ სპასალარს რამდენიმე ერისთავი ემორჩილებოდა. ვახუშტის ამ ცნობას გარკვეულწილად ავსებს და განმარტავს ჟამთააღმწერლის შემდეგი ცნობა _ „მაშინ აღიძრნეს საბერძნეთს მყოფნი თურქმანნი ... წარმოემართნეს საქართველოსა. ვითარ ესმა მყოფთა ტაოსათა, შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა, განკრთეს და წარმოავლინეს კაცი სამცხეს, ყუარყუარე ციხისჯვარელ-ჯაყელსა თანა, რათა შეეწიოს. ხოლო მან მოუწოდა ყოველთა მესხთა ერისთავთა და ტაძრეულთა“ (186;213) ჟამთააღმწერლის ეს ცნობა ეხება უმეფობის ხანას, 1245-1247 წლებს. ჩვენი აზრით ჯაყელები სამცხის ერისთავობის გარდა იყვნენ სამცხის სპასალარებიც. მათ როგორც სამცხის სპასალარებს (და არა სამცხის ერისთავებს) ხელი მიუწვდებოდათ „ყოველთა მესხთა ერისთავთა“ განმგებლობაზე. სამცხის ერისთავი ალბათ თავადაც სამცხის სპასალარს ემორჩილებოდა. მართალია ლეონტი მროველის მიხედვით სპასალარები ემორჩილებოდნენ ერისთავებს, მაგრამ ეტყობა XII საუკუნისათვის ვითარება შეიცვალა და ეხლა სპასალარობა უფრო დიდი თანამდებობა იყო ვიდრე ერისთავობა. ეს ნათლად ჩანს ჯაყელების მაგალითზე, რომლებიც სპასალარობით უფრო ხშირად მოიხსენიებიან ვიდრე ერისთავობით. ჩვენს მოსაზრებას გარკვეულწილად ადასტურებს ბასილი ეზოსმოძღვრის შემდეგი ცნობა _ „... ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი“ (27;119). აშკარაა, რომ სამეფო კარზე რამდენიმე სპასალარი იყო და არა ერთი. ამავე დროს სპასალარების მოხსენიება ერისთავებზე წინ, იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ სპასალარობა უფრო დიდი „პატივია“ ვიდრე ერისთავობა. სპასალარობის ასეთი დაწინაურება შეიძლება მართლაც დავით აღმაშენებლის დროს მოხდა, როგორც ნ. ბერძენიშვილი ვარაუდობდა.
საინტერესოა თუ ვინ უნდა ვიგულისხმოთ „ყოველთა მესხთა ერისთავთა“ ქვეშ? თავის დროზე ა. კიკვიძემ გამოთქვა საინტერესო მოსაზრება: „უეჭველია, სპასალარობა სამცხის მფლობელისა აერთიანებდა მთელი სამცხის, შავშეთ-კლარჯეთის და არტაან-კოლა-კარნიფორის სამხედრო ძალებს“ (116:73). საინტერესოა, რომ ყვარყვარეს დახმარებისათვის მიმართეს „ტაოსათა, შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა„. ცხადია, რომ მათ ყვარყვარეს მიმართეს როგორც მათ უშუალო სარდალს. ამდენად ა. კიკვიძის აზრი ჭეშმარიტებასთან ახლოს უნდა იყოს. როგორც ცნობილია სამხრეთ საქართველო მეწინავე სადროშო იყო და მისი სარდალი, როგორც ჩანს სამცხის სპასალარად იწოდებოდა. ჯაყელთა სამცხის სპასალარობა სწორედ მათ მიერ მეწინავე სადროშოს სარდლობას ნიშნავს.
ჩვენი ყურადღება მიიქცია ჟამთააღმწერლის თხზულების ერთმა ადგილმა. ეს ადგილი ს. ყაუხჩიშვილის მიერ გამოცემულ „ქართლის ცხოვრებაში“ შემდეგნაირად იკითხება _ „სადაც იგი დიდიცა ივანე ათაბაგი, სამცხისა სპასალარი, ძლით ცოცხალი განერა და მეჭურჭლეთუხუცესის შვილი ბექაი მოიკლა“ (186;165). ცნობა ეხება დაახლოებით 1220 წლის ამბებს. გამოდის რომ ამ დროს სამცხის სპასალარი არის ივანე მხარგრძელი. ასეთ შემთხვევაში ეს ცნობა დამატებითი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ სამცხის სპასალარობა და სამცხის ერისთავობა ორი სხვადასხვა თანამდებობაა. სამცხის სპასალარობა არ გულისხმობს სამცხის ერისთავობას და პირუკუ. ივანე მხარგრძელი ხომ არასდროს სამცხის ერისთავი არ ყოფილა. მაგრამ ზემოთ მოყვანილ ცნობას სხვანაირად კითხულობს რ. კიკნაძე _ „სადა იგი დიდიცა ივანე ათაბაგი ძლით ცოცხალი განერა და სამცხის სპასალარის, მეჭურჭლეთუხუცესის ყუარყუარეს შვილი ბექაი მოიკლა“ (119:51). რ. კიკნაძემ ტერმინი სამცხის სპასალარი დაუკავშირა ყვარყვარე ჯაყელს, გამომდინარე ალბათ იქიდან რომ ამ „პატივით“ წყაროები მხოლოდ ჯაყელებს მოიხსენიებენ. შეიძლება მართლაც სწორია რ. კიკნაძისეული შესწორება. მაგრამ თუ გავიზიარებთ მოსაზრებას _ სამცხის სპასალარობისა და სამცხის ერისთავობის, როგორც ორი სხვადასხვა „ხელის“ არსებობის შესახებ, მაშინ იმის დაშვებაც შეიძლება, რომ ივანე მხარგრძელს თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჰქონოდა სამცხის სპასალარის თანამდებობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამცხის საერისთავო და მისი ერისთავი წყაროებში პირდაპირ მოიხსენიება მხოლოდ ერთხელ, თამარის მეფობის დასაწყისში. უფრო ზუსტად ორი წყარო ასახელებს ამ დროს სამცხის ერისთავის ვინაობას: „ისტორიანი და აზმანი“ და ვახუშტი. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამცხის საერისთავო არ არსებობდა თამარის მეფობამდე.
ზუსტი თარიღის განსაზღვრა თუ როდის წარმოიშვა ეს საერისთავო ძნელია, წყაროთა სიმცირის გამო. შეიძლება მხოლოდ მიახლოებითი განსაზღვრა.
სამცხის ერისთავად შეიძლება მივიჩნიოთ ალის მონასტრის წარწერაში მოხსენიებული ბოცო _ „ადიდენ ღმერთმან ერისთავთერისთავი ბოცოი [...] იოვანე და ბეშქენ“ (294;6). ექ. თაყაიშვილის აზრით წარწერა არის XI საუკუნის და ბოცო არის მარზპანი. წარწერის დათარიღება XI საუკუნით გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში (196;20). რაც შეეხება ბოცოს მარზპანობას, გელათის სახარების 1053 წლის ერთ-ერთ მინაწერში მართლაც მოიხსენიება მარზმანი ბოცო ჯაყელი _ „... არსენი ეპისკოპოზისასა ბოციოსა მაპზმანისა ჯაყელის ძისასა“ (187;194).
ალის მონასტრის წარწერში მოხსენიებული ბოცოს შთამომავალია ალბათ, თამარის თანამედროვე ბოცო ჯაყელი. 1191 წელს, გიორგი რუსის აჯანყებაში მონაწილეობის გამო მან დაკარგა თავისი თანამდებობები. სამცხის სპასალარობა და სამცხის ერისთავობა, როგორც ჩანს გადაეცა ყვარყვარე ჯაყელს. ყვარყვარე ჯაყელი წყაროებში უკანასკნელად მოიხსენიება 1245-1246 წლების ამბებთან დაკავშირებით _ ყიასდინ სულთნისაგან დაბრუნებულ ულუ დავითს სხვა დიდებუოებთან ერთად შეეგება ყვარყვარე ჯაყელიც (186;219).
ყვარყვარეს მერე მისი თანამდებობები გადაეცა მის შვილიშვილს სარგისს. როგორც ცნობილია, ყვარყვარეს ძე ბექა ადრევე დაიღუპა. ჯაყელთა ერისთავობაზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ 1266 წლამდე. რადგან `ხასობის~ მიღების მერე ჯაყელები აღარ შეიძლება მივიჩნიოთ ერისთავებად, ისინი უკვე მთავრები არიან. იქნებ მათი გამთავრება მონღოლების დახმარებასთან ერთად, იმანაც განაპირობა, რომ ჯაყელებს როგორც სამცხის სპასალარებს ხელი მიუწვდებოდათ მთელს სამხრეთ საქართველოზე.
მართალია გიორგი V-მ შემოიერთა სამხრეთ საქართველოც, მაგრამ ამის მერეც ჯაყელების მიჩნევა სამცხის ერისთავებად ჩვენ გვიჭირს. ჯერ ერთი ისინი სამცხის ერისთავებად არც ერთ წყაროში აღარ მოიხსენიებიან და რაც მთავარია, ჯაყელების ურთიერთობა სამეფო კართან არ გავდა ერისთავის ურთიერთობას სამეფო ხელისუფლებასთან. ჯაყელები ფაქტობრივად დამოუკიდებლად მართავდნენ სამხრეთ საქართველოს. ეს ძალიან კარგად ჩანს ვახუშტის ცნობიდანაც: როდესაც გიორგი ბრწყინვალემ „დასხნა ერისთავნი თვისნი კლარჯეთს, სპერს, კალმახს, არტანუჯს და სამცხეს არტანისა და წუნისა ... და იყვნენ ესენი მორჩილებათა ათაბაგისასა“ (23;258).
სამცხის საერისთავოსთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი: საერისთავოს წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ XI საუკუნეში საერისთავო უკვე არსებობს. საერისთავოს არსებობის ზედა ზღვრად უნდა მივიჩნიოთ 1266 წელი. ერისთავების სია კი ჩვენ შემდეგნაირად წარმოგვიდგენია:
ბოცო (I) ჯაყელი (XI საუკუნე)
ბოცო (II) ჯაყელი (XII ს-ის 80-იანი წლები _ 1191 წ.)
ყვარყვარე ჯაყელი (1191-1245)
სარგის ჯაყელი (1245-1266)
ტაოს საერისთავო
დ. ბერძენიშვილის აზრით, ბაგრატ IV-ის დროს „ტაოში უკვე ერისთავიც ჩანს. ბიზანტიიდან შინ დაბრუნებულ ბაგრატს სხვებთან ერთად ეგებებიან _ დიდებულნი, ერისთავნი, აზნაურნი ტაოელნი“ (36;99). მკვლევარი იქვე გამოთქვამს ვარაუდს, ხომ არ არის ვაჩე კარიჭის ძე ტაოს ერისთავი. ჩვენი აზრით „მატიანე ქართლისაიში“ დაცული ცნობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ საერისთავოს არსებობა ტაოში ამ დროს. მოვიტანოთ „მატიანე ქართლისაის“ ცნობა მთლიანად _ „... მიგებებულ იყვნენ წინა: დიდებულნი, ერისთავნი და აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართველნი„ (145:298) როგორც ვხედავთ ამ ცნობაში ლაპარაკია არა მარტო ტაოელებზე, არამედ მესხებზეც და ქართლელებზეც (ქართველნი). მემატიანეს მიერ ნახსენები „დიდებულნი, ერისთავნი და აზნაურნი“ ერთნაირად ეკუთვნის, როგორც ტაოელებს, ასევე მესხებსა და ქართლელებს. რაც შეეხება ვაჩე კარიჭის ძეს, „მატიანე ქართლისაიც“ და სუმბატ დავითის ძეც მას მოიხსენიებენ მხოლოდ ტაოელ აზნაურად (145:291.199;385). არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ვაჩე კარიჭის ძე მივიჩნიოთ ტაოს ერისთავად. მით უმეტეს, რომ თავად ტაოს საერისთავოს არსებობის ფაქტი ამ პერიოდში საეჭვოა.
XI საუკუნეში, როგორც ირკვევა ტაო არის მეფის მამული ანუ სამეფო დომენი. „მატიანე ქართლისაი“ წერს _ „მორაიწია მარიამ დედოფალი მამულსა ძისა თვისისა, ქუეყანასა ტაოს“ (145:295). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აღნიშნავს _ „და წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს“ (71:319). სუმბატ დავითის ძის მიხედვით _ 1008 წელს გარდაიცვალა გურგენი და „დაუტევა ძე ესე თვისი ბაგრატ აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, და ეუფლა ტაოს მამულსა თვისაა“ (203;382). ტაო რომ სამეფო დომენი იყო, იცის ვახუშტიმაც, რომლის მიხედვითაც _ ბაგრატ IV მოვიდა „მამულსა თვისაა ტაოს“ (23;143). სამეფო დომენს არ არის აუცილებელი მოეცვა მთელი ტაოს ტერიტორია, რადგან თუხარისი ციხე ტაოში მდებარეობდა და ცხადია თუხარისის საერისთავოც, რომლის არსებობა XI საუკუნეში დასტურდება, სწორედ ტაოს ტერიტორიაზე იარსებებდა. როგორც ჩანს, საკუთარივ ტაოს საერისთავო XI საუკუნეში ჯერ კიდევ არ არსებობს.
თამარის მეფობის დროისათვის ვითარება შეიცვალა. როგორც ცნობილია, თამარის მეფობის პირველ პერიოდში მოღვაწეობდა „გუზან აბულასანის ძე ტაოელი“ (97:38). ყურადღებას იქცევს ის, რომ მემატიანე გუზანს მოიხსენიებს ტაოელად. ეს კი იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ გუზანს აქვს მამული ტაოში და სწორედ ამიტომ იწოდება ის ტაოელად. ალბათ გუზანის მამული იყო არა მთელი ტაო, არამედ მისი რაღაც ნაწილი. უფრო სავარაუდოა რომ მისი მამული იყო ტაოსკარი და მისი „მიმდგომნი ქუეყანანი“ (97:55). ამ მხრივ საინტერესოა, რომ ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე გუზანს მოიხსენიებს ტაოსკარელად.
ჩვენი აზრით, არც თამარის მეფობის პირველ პერიოდში, 1191 წლამდე მაინც, არის სავარაუდებელი ტაოს საერისთავოს არსებობა.
პირველი ცნობა, რომელშიც პირდაპირ არის დასახელებული ტაოს ერისთავი, დაცულია ჟამთააღმწერელთან და განეკუთვნება ბექა მანდატურთუხუცესის მოღვაწეობის ხანას (უფრო ზუსტად XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისს). ამ დროისათვის მოიხსენიება „ერისთავი ტაოსა თაყა ფანასკერტელი“ (186;311).
ფანასკერტელები წყაროებში პირველად მოიხსენიებიან XII საუკუნის 90-იან წლებში. პირველი ფანასკერტელი, რომლის ვინაობაც ჩვენთვის ცნობილია, არის „ისტორიანი და აზმანში“ მოხსენიებული ზაქარია _ „მოეგებნეს წინა ზაქარია ფანასკერტელი და ძინელნი, კალმახელნი ყრმანი კარგნი და პატრონისაგან შეწყალებულნი“ (97:55). ბასილი ეზოსმოძღვარი არ იცნობს ზაქარია ფანასკერტელს, მაგრამ სამაგიეროდ ის ასახელებს ზაქარია ასპაანის-ძეს. „შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთის ღადოთა შინა გამოჩნდა კაცი ასპაანის-ძე, გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა ღმერთო, უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი“ (27;130). დ. ბერძენიშვილის აზრით, ზაქარია ფანასკერტელი და ზაქარია ასპაანის-ძე ერთი და იგივე პიროვნებები არიან (36;101). შემდეგ მკვლევარი წერს: „განსაკუთრებით საინტერესოა ამ ცნობის პირველი სიტყვები „შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო“. რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვიცით, რომ შავშეთიდან სპერამდე კლარჯეთი იყო და ტაო, ისტორიკოსს კი სამივე ეს საერისთავო ფანასკერტად აქვს გამოცხადებული. გუზანის ერისთავთ-ერისთავობაში თითქოს ეს ასე არ ჩანს. იგი ტაო-შავშეთ-კლარჯეთის პატრონი იყო. ზაქარია კი ფანასკერტელია ე.ი. ფანასკერტის მფლობელი, გუზანის წინაამდეგ ბრძოლით წინაურდება და იგი დამარცხებული ერისთავთ-ერისთავის ადგილს იკავებს ... ახლა ზაქარიაც ტაო-შავშეთ-კლარჯეთის პატრონია, მისი საჯდომი კი ფანასკერტია“ (36;101-102).
ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ზაქარია წინაურდება გუზანის წინააღმდეგ ბრძოლით. მაგრამ ვერ გავიზიარებთ, რომ გუზანი ერისთავთ-ერისთავია, ეს არც ერთი წყაროთი არ დასტურდება. რაც შეეხება გუზანის პატრონობას შავშეთ-კლარჯეთში ჩვენ ეს საკითხი სათანადო ადგილას განვიხილეთ და მასზე აქ აღარ შევჩერდებით. რაც ყველაზე მთავარია, მემატიანე, ზემოთ მოყვანილ ცნობაში, ლაპარაკობს მონაპირეებზე და სანაპირო მხარეებზე. ზაქარია მონაპირეა. მას როგორც მონაპირეს შეიძლება მართლაც ემორჩილება „ქუეყანა“ შავშეთიდან სპერამდე და ამ სანაპირო მხარის ცენტრი ალბათ ფანასკერტია. მაგრამ ყოველივე ეს არაფერს ამბობს ზაქარიას ერისთავობის შესახებ. მონაპირეობა და ერისთავობა განსხვავებული თანამდებობებია. მონაპირეობა არ გულისხმობს აუცილებლად ერისთავობას (ამ საკითხს ჩვენ დაწვრილებით სხვაგან შევეხებით _ მ.ბ.) თუ ზაქარიას ერისთავობაზე ვილაპარაკებთ, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ტაოს მიმართ არა მთელი იმ ტერიტორიის მიმართ, რომელიც არის შავშეთიდან სპერამდე.
როგორც ვნახეთ, XIII საუკუნის ბოლოს ფანასკერტელთა ერისთავობა ტაოში ეჭვს არ იწვევს. გასარკვევია თუ როდის უნდა მიეღოთ ეს „ხელი“ ფანასკერტელებს. ჩვენი აზრით, ამისათვის საუკეთესო დრო უნდა ყოფილიყო XII საუკუნის 90-იანი წლები. გუზანის დამარცხების მერე მისი სამფლობელოების ერთი ნაწილი, კონკრეტულად ტაოს მამული უნდა გადასცემოდა ზაქარიას. მაგრამ გადაეცა არა მამულობით, არამედ საერისთავოდ. ამრიგად ტაოს საერისთავო უნდა შექმნილიყო XII საუკუნის 90-იან წლებში. ის ისევე, როგორც თავის დროზე გუზანის მამული არ მოიცავდა მთელი ტაოს ტერიტორიას. ეს ჩვენი აზრით მტკიცდება ჟამთააღმწერლის შემდეგი ცნობიდან _ „ბექამან ... მოუწოდა ... მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა და უმრავლესთა ტაოელთა, რამეთუ მას აქუნდა ესე ყოველი ქუეყანა“ (186;312). ცხადია, რომ ბექა ჯაყელს ემორჩილება ტაოს დიდი ნაწილი, მაგრამ არა მთელი ტაო. ტაოს ის ნაწილი რომელიც მას არ ემორჩილება უნდა იყოს სწორედ ტაოს საერისთავო თაყა ფანასკერტელით სათავეში, როგორც ამას მართებულად თვლის დ. ბერძენიშვილი (36;103). ამრიგად ის, რომ XIII საუკუნის ბოლოს ტაოს საერისთავო არ მოიცავს მთელი ტაოს ტერიტორიას ცხადია. არა გვგონია დიდად განსხვავებული ვითარება ყოფილიყო ამაზე ერთი საუკუნით ადრე ე.ი. საერისთავოს შექმნის მომენტში.
მაგრამ არის კი ზაქარია ფანასკერტელი იგივე ზაქარია ასპაანის-ძე? ამას თითქოს ეწინააღმდეგება ის, რომ „სამცხის თავადთა ნუსხაში“ ცალკე არიან დასახელებული ფანასკერტელები და ცალკე ასპანისძეები (75:243-244). მართალია ამ უკანასკნელთა მამული XVI საუკუნის დასაწყისში „სფირიდოსნ აქუს“, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ფანისკერტელთა და ასპანისძეთა გვარების ცალ-ცალკე არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც თითქოს უნდა გამორიცხავდეს მათ ერთი და იგივეობას. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ზაქარია ასპაანის-ძე (ასპანისძე) და ზაქარია ფანასკერტელი ერთი და იგივე პირები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფანასკერტში ერთდროულად ზის ორი ზაქარია. ერთი _ ფანასკერტელი ე.ი. ფანასკერტის მამულობით მფლობელი და მეორე _ ასპაანის-ძე მონაპირე, რომლის სანაპირო მხარის ცენტრიც არის ასევე ფანასკერტი. გამოდის რომ ფანასკერტი ერთდროულად არის ფეოდალური მამულის ცენტრიც და სანაპირო მხარის ცენტრიც. ეს კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ამ ფეოდალური მამულის მფლობელი ამავე დროს არის ამ მხარის მონაპირე. ე.ი. ზაქარია ფანისკერტელი არის იგივე ზაქარია ასპაანის-ძე.
ჩვენი აზრით მოვლენათა განვითარება შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: XII საუკუნის 90-იან წლებში ზაქარია ასპაანისძემ ერთგულებისათვის მიიღო ფანასკერტი მამულობით და ამავე დროს გახდა მონაპირეც (შეიძლება ტაოს ერისთავიც). სწორედ ამიტომ არის სანაპირო მხარის ცენტრიც ფანასკერტი. როგორც ფანასკერტის მამულობით მფლობელი ის გახდა ფანასკერტელი და მისი შთამომავლებიც ასევე იწოდებიან. ასპანისძეთა სხვა წარმომადგენლებმა (ალბათ ზაქარიას ძმა ან ძმები) კი შეინარჩუნეს თავისი ძველი გვარი და განაგრძეს დამოუკიდებლად არსებობა. ფანასკერტელი გახდა ასპაანისძეთა მხოლოდ ერთი წარმომადგენელი _ ზაქარია და არა ამ გვარის ყველა წარმომადგენელი. სწორედ ამით აიხსენება ამ ორივე გვარის ცალ-ცალკე მოხსენიება „სამცხის თავადთა ნუსხაში“.
ჩვენს მიერ ნანახ წყაროებში ტაოს ერისითავების შესახებ ცნობები აღარ მოიპოვება ვიდრე XV საუკუნემდე. ვაჩე-ძორის მღვიმის XV საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ საბუთში მოიხსენიება ზაზა ფანასკერტელი. „ქ. თქუენ პატრონსა ნათელსა და თქუენთა შვილთა მეჭურჭლეთუხუცესსა ერისთავთ-ერისთავსა ფანასკერტელსა ზაზას და თქუენსა ძმასა ციცის კადრეს ესე წიგნი და პირი ...“ (89:62). ზაზა ალბათ ტაოს ერისთავია. 1442 წლისათვის მოიხსენიება თაყა ფანასკერტელი, რომლის დაც ცოლად შეირთო ვახტანგ IV-მ, მაგრამ იყო თუ არა თაყა ერისთავი უცნობია.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოიხსენიებიან ფანასკერტელები: გრიგოლი, თაყა, ამირღამბარი, ზაქარია, არირღამბარი (II). მაგრამ არცერთი მათგანი არ მოიხსენიება ერისთავობით, ამიტომ მათი მიჩნევა ტაოს ერისთავებად ძნელია.
ტაოს საერისთავო ალბათ არსებობდა XV საუკუნისის 60-იან წლებამდე. ამ დროს, ვახუშტის მიხედვით, სამცხეში „ბრძოდენ ერისთავთა, რომელნი არა ერჩდნენ ყუარყუარეს. მაშინ ვიეთნიმე მოსრნეს, ვიეთნიმე დაიმორჩილეს და ვიეთნიმე ილტოდნენ, ვითარცა ზაზა ფანასკერტელი წარვიდა ქართლს წინაშე გიორგი მეფისა“ (23;705). ფანასკერტელთა ერთი შტო ალბათ მაინც დარჩა სამცხეში. ამას ადასტურებს მათი მოხსენიება „სამცხის თავადთა ნუსხაში“. მაგრამ ცხადია ერისთავობა მათ აღარ ექნებოდათ.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას შემდეგი: ტაოს საერისთავო არსებობდა XII საუკუნის 90-იანი წლებიდან ვიდრე XV საუკუნის 60-იან წლებამდე. ჩვენთვის ცნობილი არიან ტაოს შემდეგი ერისთავები:
ზაქარია ფანასკერტელი (XII ს-ის ბოლო)
თაყა ფანასკერტელი (XIII ს-ის ბოლო _ XIV ს-ის დასაწყისი)
ზაზა ფანასკერტელი (XV საუკუნე).


*   *   *
      XI-XV საუკუნეებში, წყაროებით დასტურდება ჩვენს მიერ ზემოთ განხილული საერისთავოების არსებობა. შეიძლება არსებობდნენ სხვა საერისთავოებიც, მაგრამ ისინი წყაროებში არ მოიხსენიებიან. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრებები სხვა საერისთავოების არსებობის შესახებაც. ამ მოსაზრებათა ნაწილი ჩვენ უკვე განვიხილეთ, კონკრეტული საერისთავოების განხილვის დროს. რამდენიმე მოსაზრებას კი ქვემოთ შევეხებით.
ქ. ჩხატარაიშვილის აზრით, „XI საუკუნიდან გურის ერისთავებად იჯდნენ ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII-XIV სს. გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ-ერისთავები გახდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები“ (215;314). XI საუკუნეში გურიაში ვარდანისძეთა არსებობა არც ერთი წყაროთი არ დასტურდება. ვახუშტის მიხედვით ვარდანისძეები გურიაში დამკვიდრდნენ XIV საუკუნეში (23;261). ზ. ხიდურელის აზრით, გურია არ იყო საერისთავო „ქუეყანა“. ის იყო სამეფო დომენი და XIV საუკუნეში გადაეცა ვარდანისძეებს სამამულოდ; აქედან გაჩნდნენ გურიელები (249;282-283). გურიაში საერისთავოს არსებობა არცერთი წყაროთი არ დასტურდება. ბაგრატ IV-ის დროს მოიხსენიებიან „გურიელნი აზნაურნი“ (145:299), მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს საერისთავოს არსებობას. დაახლოებით 1242 წლისათვის მოიხსენიება გურიელი _ „მეფემან რუსუდან თანა წარიტანა ყოველნი მთავარნი ლიხთ იმერელნი დადიანი ცოტნე ... ბედიანი, რაჭის ერისთავი, გურიელი და ყოველნი წარჩინებულნი“ (186;195). ეს არის გურიელის პირველი მოხსენიება წყაროებში. როგორც ჩანს მთელი გურია არ იყო სამეფო დომენი. მისი რაღაც ნაწილი იყო ფეოდალური მამული და მისი მფლობელი იწოდებოდა გურიელად. გურიელად ვერავითარ შემთხვევაში ვერ იწოდებოდა გურიის ერისთავი, რადგან გვარი იწარმოება მხოლოდ მამულიდან და არა საერისთავო ქვეყნიდან. ამრიგად ვერც XIII საუკუნეში ვივარუადებთ გურიაში საერისთავოს არსებობას. რაც შეეხება იმას, რომ XIV საუკუნეში გურიელთა წარმომადგენლები იწოდებიან ერისთავად, ჩვენ ამ საკითხს უკვე შევეხეთ სვანთა საერისთავოსთან დაკავშირებით და მასზე აღარ შევჩერდებით. ჩვენი აზრით, გურიაში საერისთავოს არსებობა წყაროებით არ დასტურდება.
შ. მესხია ვარაუდობდა სამშვილდის საერისთავოს არსებობას. თავის დროზე ექ. თაყაიშვილმა გამოსცა სამშვილდის ერთ-ერთ ეკლესიაზე აღმოჩენილი ორი წარწერა. მკვლევარის აზრით, ერთში მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავი ვაჩე და მისი მეუღლე დარეჯანი, მეორეში კი ერისთავთ-ერისთავი და ოპერტიმოსი ავაგ ხურციძე (293;44-46). ექ. თაყაიშვილს ორივე წარწერა მიაჩნდა დავით აღმაშენებლის თანადროულად. სწორედ ამ ორ წარწერას ეყრდნობოდა შ. მესხია. მკვლევარი აღნიშნავს, რომ სამშვილდე დავითმა გაანთავისუფლა 1110 წელს. 1128 წელს კი, სტეფანოზ ორბელიანის ცნობით სამშვილდე ებოძათ ორბელებს. ამრიგად ავაგ ხურციძის წარწერა შესრულებულია 1110-1123 წლებს შორის, „როცა მას შეიძლება ჰქონდა სამშვილდის მხარის ერისთავობა“ (156:61-62). რაც შეეხება ვაჩეს, შ. მესხია მას აიგივებს გუნია-ყალის წარწერის ვაჩესთან და მასაც სამშვილდის ერისთავად მიიჩნევს. რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? ამა თუ იმ გეოგრაფიულ პუნქტში ერისთავის მოხსენიება რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ნიშნავს ამ მხარეში საერისთავოს არსებობას. ვიმეორებთ, რომ ძალიან ხშირად მაგრამ არა ყოველთვის. მაგალითად კაცხის წარწერაში იხსენიება ერისთავთ-ერისთავი ივანე (195;89). მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კაცხი იყო ბაღვაშთა საერისთავო. რა თქმა უნდა არა. კაცხი იყო ბაღვაშთა მამული და ამიტომ მოიხსენიება იქ ივანე. ანალოგიური მდგომარეობაა შეიძლება ავაგ ხურციძესთან დაკავშირებით. არა გვგონია დავით აღმაშენებელს 1110 წელს სამშვილდე ექცია საერისთავოდ და სულ რაღაც 13 წელიწადში თავისივე შექმნილი საერისთავო გაეუქმებინა. თუ მეფე საერისთავოს შექმნიდა მას ასე მალე არ გააუქმებდა. უფრო სავარაუდოა, რომ სამშვილდე იყო ავაგის მამული. ხოლო თუ რომელი მხარის ერისთავის ავაგი ეს გაურკვეველია. რაც შეეხება ვაჩეს _ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ექ. თაყაიშვილი ამ წარეწერასაც დავით IV-ის თანადროულად თვლიდა. ცხადია ასეთ შემთხვევაში ვაჩეს გაიგივება გუნია-ყალის წარწერის ვაჩესთან არ შეიძლება. ჩვენთვის საინტერესო წარწერა ხელახლა წაიკითხეს ვ. სილოგავამ და გ. გაფრინდაშვილმა. მათაც წარწერა, პალეოგრაფიული ნიშნებით დაათარიღეს XII საუკუნის პირველი მეოთხედით. ერისთავთ-ერისთავის სახელი მათ ვერ ამოიკითხეს, თუმცა თვით ტერმინ ერისთავთ-ერისთავის ამოკითხვა დაადასტურეს. იქ სადაც ექ. თაყაიშვილი კითხულობად „ვაჩემან“, მათ ამოიკითხეს _ „ჩემსა“ (24;25). როგორც ვხედავთ ვაჩეს წაკითხვა სადავოა. მაგრამ ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ ამ წარწერაშიც მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავი (თუ ის ვაჩე არაა, იქნებ აქაც ავაგ ხურციძე უნდა ვიგულისხმოთ). ჩვენი აზრით დამატებითი მასალის აღმოჩენამდე, სამშვილდის საერისთავოს არსებობს XI-XV საუკუნეებში სადავოა. თუ საერისთავო მაინც არსებობდა ამ მხარეში, მას უნდა ჰქონოდა ხანმოკლე და ეპიზოდური ხასიათი.
ასევე არ ვიზიარებთ, ჩვენ მოსაზრებას მხარგრძელთა ერისთავობის შესახებ. ეს საკითხი დაწვრილებით აქვს განხილული შ. დარჩიაშვილს და მასზე ჩვენ აღარ შევჩერდებით. მხოლოდ აღვნიშნავთ, ვიზიარებთ მკვლევარის მოსაზრებას, რომ თვალსაზრისი სომხურ მხარეებში საერისთავოების დაარსებისა და მხარგრძელთა ერისთავთ-ერისთავობის შესახებ წყაროებით არ დასტურდება (72: 188).
გვინდა შევჩერდეთ კიდევ ერთ საკითხზე. წყაროებით ცნობილია რამდენიმე ერისთავის ვინაობა, მაგრამ მათი საერისთავო „ქუეყნის“ განსაზღვრა შეუძლებელია. 1172 წლის იკორთის წარწერაში მოიხსენიებიან ერისთავთ-ერისთავები: ვრდა (ვარდა, ვარდანი), არსენი, ჭიაბერი, ბასილი, (187;259). გაურკვეველია თუ რომელი მხარის ერისთავები არიან ისინი? და არიან კი ყველანი ერისთვები? ცხადია, მხოლოდ რომ ქართლის ერისთავი მათ შორის არ არის. ქართლის ერისთავი ამ დროს ლიპარიტ ორბელია (ვარდანი შეიძლება ვარდან კოლონკელისძეა).
ვანის ეკლესიის XII-XIII საუკუნების წარწერაში მოიხსენიება ერისთავი ზვიადი. „გუიოხე წინაშე ხმრითსა ღოლაისძეთა: ერისთავთ-ერისთავისა ზვიადს და უღირსსა გიორგის“ (195;159). გაურკვეველია თუ რომელი მხარის ერისთავია ზვიადი. სახვა წყაროებით ის უცნობია. შეიძლება ვანი არის მისი მამული. რადგან საერისთავოს არსებობა ვანის ტერიტორიაზე არ დასტურდება.
თავის დროზე ექ. თაყაიშვილმა ბარმაკსიზის ხიდზე ამოიკითხა წარწერა, რომელიც მისი აზრით შემდეგნაირად იკითხება _ „მამადმთავარი წურწყაბელი ერისთავი გრიგოლ ...“ (295;72). მკვლევარის აზრით, გრიგოლი არის არა მარტო წურწყაბელი, არამედ ერისთავიც. სამწუხაროდ ვერაფერს ვიტყვით თუ ვინ არის გრიგოლი და რომელი მხარის ერისთავია ის.
მდინარე ტორნისხევის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ჯიგრაშენთან ნაპოვნი იყო თავის დროზე შემდეგი სახის წარწერა _ „ნიკოლოზ ერისთავი ძე“ (194;30). დ. ბერძენიშვილის აზრით, ნიკოლოზ ერისთავი პირველ ყოვლისა ტორნისხევის გამგებელი უნდა ყოფილიყო (38;17). ტორნისხევში საერისთავოს არსებობაზე სხვა არცერთი წყარო არ მიუთითებს. შეიძლება ამ მხარეში მართლაც არსებობდა მცირე საერისთავო. მაგრამ შეიძლება აქ იყო ჩვენთვის საინტერესო პიროვნების მამული.
ასევე ძნელი გასარკვევია თუ რისი ერისთავია „ვაჰანის ქუაბთა“ განგების ერისთავთ-ერისთავი მხარგრძელ თმოგველი. ყველაზე სავარაუდოა მისი ახალქალაქის ერისთავობა, მაგრამ ამ პერიოდში ახალქალაქის ერისთავები თორელები არიან. ყოველ შემთხვევაში გადაჭრით თქმა თუ რომელი მხარის ერისთავია მხარგრძელი გვიჭირს.
თავი II. ერისთავობის ინსტიტუტი XI-XV სს. საქართველოში
1. ერისთავთ-ერისთავისა და ერისთავის ურთიერთმიმართების საკითხისათვის
ერისთავობის ინსტიტუტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია, ერისთავთ-ერისთავისა და ერისთავის ურთიერთმიმართება. ქართულ ისტორიოგრაფიული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
ივ. ჯავახიშვილი გამოთქვამდა თვალსაზრისს, რომ „ერისთავთ-ერისთავს მრავალი ქვეშეთი მოხელე ხელისუფალიც კი ჰყავდა, მათ შორის რასაკვირველია იყვნენ მისი თემის ერისთავნი“ (263;331).
დ. გვრიტიშვილის აზრით: „შინაარსობრივად ერისთავთ-ერისთავი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მისი ქვეშეთი მოხელენი ერისთავნიც არიან. ერისთავთ-ერისთავების ტერიტორია უფრო დიდი სამხედრო ადმინისტრაციული ერთეულია. საერისთავო ერისთავთ-ერისთავების ტერიტორიის ნაწილია“ (65:67).
მ. ბერძენიშვილის აზრით: „საერისთავთ-ერისთავოს განაგებდა ერისთავთ-ერისთავი“, ხოლო თავად საერისთავთ-ერისთავო შესდგებოდა რამდენიმე საერისთავოსაგან“ (205;360).
განსხვავებული მოსაზრება გააჩნია ი. ანთელავას _ „დიდ ერისთავს (ერისთავთ-ერისთავს) ემორჩილებიან უფრო მცირე ერისთავები. მაგრამ ... ოფიციალური ადმინისტრაციული დაყოფით, როგორც ჩანს, არ არსებულა საერისთავერისთაო და არც ერისთავთ-ერისთავის თანამდებობა. ეს უკანასკნელი დიდი საერისთავოს გამგებლის სპასალარ-ერისთავის საპატიო წოდებულებად მიჩანს“ (11;191-192). მკვლევარის ამ მოსაზრებას ჩვენ დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით, აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ დიდი საერისთავოს გამგებელს სპასალარ-ერისთავი არ ეწოდებოდა. ამგვარი ტერმინი არც ერთ წყაროში არ არის დადასტურებული. სპასალარი და ერისთავი ეს ორი განსხვავებული თანამდებობაა. სამცხის სპასალარის „ხელის“ არსებობა ამ შემთხვევაში შესადარებლად არ გამოგვადგება, როგორც ამას ი. ანთელავა თვლის (11;192). სამცხის სპასალარის საკითხი ჩვენ უკვე განვიხილეთ სამცხის საერისთავოსთან დაკავშირებით და მასზე აღარ შევჩერდებით.
ნ. შოშიაშვილის აზრით: „XI-XV სს. საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში ერისთავთ-ერისთავები მეფის მოხელეები იყვნენ, მათ ხელქვეითი ერისთავები არ ჰყავდათ და ამდენად ერისთავთ-ერისთავის პირდაპირი მნიშვნელობა რეალურ ვითარებას არ ასახავს“ (216;191).
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ საკითხის ზუსტ გარკვევას ართულებს ერთი დეტალი, ძალიან ხშირად წყაროები ერთსა და იმავე პირს მოიხსენიებენ ხან ერისთავთ-ერისთავად და ხანაც ერისთავად. საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ერთი მაგალითი; ვნახოთ როგორ მოიხსენიება წყაროებში რატი I ბაღვაში. ფლავის წარწარა _ „... ასულმან რატისმან დიდისა ერისთავისმან ...~ (234;228), ატენის 982-989 წლების წარწერა _ „... რატი ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისა“ (234;202), დაშბაშის წარწერა _ „ადიდენ ღმერთმან ერისთავთ-ერისთავი რატ“ (234;246). აქვე აღვნიშნეთ, რომ ტერმინი დიდი ერისთავი სულ რამდენიმეჯერ გვხვდება წყაროებში და როგორც ჩანს, ოფიციალურად ასეთი ტერმინი არ არსებობდა. ეპითეტი დიდი ალბათ წარწერის შემსრულებელმა იხმარა ერისთავის განდიდების მიზნით. სხვათაშორის სუმბატ დავითის ძე გურგენ ბაგრატიონს უწოდებს დიდ ერისთავთ-ერისთავს (203;380). არა გვგონია რატი I-თან დაკავშირებით საქმე გვქონდეს მისი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდთან. რატი ბაღვაში არ არის გამონაკლისი. მრავალი შემთხვევა მოგვეპოვება როცა პიროვნება მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავადაც და ერისთავადაც. ეს კი ცხადია ართულებს საკითხის გარკვევას.
დ. გვრიტიშვილი მართებულად აღნიშნავდა, რომ შინაარსობრივად ერისთავთ-ერისთავი გულისხმობს ხელქვეითი ერისთავების არსებობას. ვნახოთ თუ რა სახის ცნობებს შეიცავენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წყაროები და მხოლოდ შემდეგ გავცეთ პასუხი ჩვენს მიერ დასმულ კითხვას.
ი. ანთელავას აზრით, „მცირე ერისთავებად ჩანან პატარა ონის წარწერიდან კახა ერისთავი, რგანის წარწერიდან აბუნასრ ერისთავი, „ჯრუჭის ერისთავი“. ამგვარი ვითარება საგულვებელია ყველა დიდი საერისთავოში“ (11;195). თავის დროზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კახა არის რაჭის ერისთავი, აბუნასრი კი არგვეთისა. თუნდაც რომ დავუშვათ რომ ისინი არიან „ცოტაი ერისთავები“ მაინც გაურკვეველი რჩება ემორჩილებიან ისინი დიდი ერისთავს თუ არა. წყაროები ამგვარ ცნობებს არ შეიცავენ, ვარაუდით კი სრულიად საპირისპირო მოსაზრებების გამოთქმა შეიძლება. ანალოგიური ვითარებაა ჯრუჭის საერისთავოსთან დაკავშირებით. წყაროთი მხოლოდ ფიქსირდება ასეთი საერისთავოს არსებობის ფაქტი. შედიოდა თუ არა ის დიდ საერისთავოში, ეს უკვე ვარაუდის სფეროს განეკუთვნება. ჩვენის აზრით ი. ანთელავას მიერ მოყვანილი მაგალითები არ გამოდგენბა იმის დასამტკიცებლად, რომ დიდ ერისთავებს ემორჩილებოდნენ „ცოტაი ერისთავები“.
მ. ბერძენიშვილის აზრით, ქართლის საერისთავთ-ერისთავოში შედიოდა ქსნისა და არაგვის საერისთავოები (205;361). ჯ. სტეფნაძის აზრით, ქართლის საერისთავთერისთავოში ქსნისა და არაგვის საერისთავოების გარდა ასევე შედიოდა ქართლის საერისთავო (202;178). გ. არახამიას აზრითაც, არაგვის საერისთავო შედის ქართლის საერისთავთერისთავოს შემადგენლობაში. ქსნისა და არაგვის საერისთავოების განხილვის დროს აღვნიშნეთ, რომ არც ერთი წყარო არ ადასტურებს, ქსნისა და არაგვის საერისთავოების ქართლის საერისთავთერისთავოს შემადგენლობაში ყოფნას. ქსნისა და არაგვის საერისთავოები არ შედიოდნენ ქართლის საერისთავერისთავოს შემადგენლობაში.
ვ. სილოგავა ვარაუდობს სვანეთში ორი საერისთავოს არსებობს (198;181). სვანთა საერისთავოსთან დაკავშირებით ჩვენ განვიხილეთ მკვლევარის ეს მოსაზრება და აღვნიშნეთ, რომ იგი ემყარება არაპირდაპირ ცნობას, რომელიც თარიღდება XI საუკუნის დასაწყისით. მოგვიანო ხანისათვის კი ასეთი ცნობაც არ გაგვაჩნია. სვანეთში ორი საერისთავოს არსებობა ნაკლებ სავარაუდოა.
ერთადერთი ანგარიშ გასაწევი წყარო, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვამტკიცოთ, ერისთავთ-ერისთავის ქვეშევრდომი ერისთავის არსებობის ფაქიტი, არის ლაშა-გიორგის სიგელი ქვათახევისადმი. ი. ანთელავა თვლის, რომ ამ სიგელიდან ირკვევა `დიდი ერისთავის, ქართლის ერისთავის მმართველობის ქვეშ მყოფი საქართლის ერისთავსი არსებობაც~ (11;194). მკვლევარი ამგვარ დასკვნას აკეთებს სიგელის შემდეგ ადგილებზე დაყრდნობით. „ქართლის სოფელი სუელნეთი ... საქართლის ერისთვუისაგანმცა გამოვიღეთ“, „გამოგუიღია საქართვლის ერისთავოისაგან ...“ (217;108). ი. ანთელავა საქართლის საერისთავოს არსებობის დასამტკიცებლად ასევე იმოწმებს ვახუშტის ცნობას, რომ `წორბისს ზეით, ამ წყალზედ, მთასა შინა არს ციხე საქართვლისა მაგარი“ (23;375). ჯ. გვასალიას აზრით _ „ადრეფეოდალური ხანის დასასრულს, მდინარე ფრონეს აუზში ყალიბდება საქართლის საერისთავო, რომელიც შედის ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში. საერისთავოს ცენტრი კი არის საქართლის ციხე“ (272;66-67).
ლაშა-გიორგის სიგელიდან გამომდინარე, თითქოს აშკარაა, საქართლის საერისთავოს არსებობის ფაქტი. მაგრამ შევხედოთ ამ წყროს კრიტიკულად. ი. ანთელავას აზრით სოფელი სუელნეთი სურამელებს მიცემული ჰქონდათ „სახარაჯოდ“ და არა სამამულოდ. სიგელიდან მართლაც ირკვევა, რომ სოფელი სუელნეთი სულა სურამელს მიცემული ჰქონია მეფისაგან. ასევე ცხადია, რომ ეს სოფელი მიცემული ჰქონიათ სულას მამასა და პაპას _ ბექასა და რატის, გიორგი III-საგან. „ქართლის სოფელი სუელნეთი, რომელი პაპისა ჩუენისაგან პაპასა და მამასა მისსა ჰქონებოდა და ჩუენგან მასა ქვათახევს შევსწირეთ“ (217;108). თუ მართალია ი. ანთელავას მოსაზრება სუელნეთის „სახარაჯოდ“ ბოძების შესახებ, მაშინ იბადება კითხვა, რატომ უნდა ყოფილიყო ქართლის ერისთავების „სახარაჯო“ სოფელი სხვა, თუნდაც ქვეშევრდომი, ერისთავის ტერიტორიაზე. გარდა ამისა არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც საკმაოდ ანგარიშგასაწევია. როგორც ცნობილია „საქართველოს ადმინისტრაციულ დაყოფას ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები ედო საფუძვლად“ (47:359). თითოეული საერისთავო განსაკუთრებით პატარა, მოიცავდა განსაზღვრულ გეოგრაფიულ რეგიონს. ვნახოთ თუ რა ვითარებაა ამ მხრივ საქართლის საერისთავოსთან დაკავშირებით. ლაშა-გიორგის სიგელიდან ირკვევა, რომ სოფელი სუელნეთი შედის საქართლის საერისთავოს შემადგენლობაში (დავუშვათ მცირე ხნით ამგვარი საერისთავოს არსებობის ფაქტი). ახლა გავარკვიოთ თუ სად მდებარეობს სუელნეთი და სად საქართლის საერისთავოს ცენტრი, საქართლის ციხე. ჯ. გვასალიას მიხედვით საქართლის ციხე მდებარეობს მდინარე ფრონეს ხეობაში, თანაც საკმაოდ მაღლა ამ ხეობაში თითქმის ლიხის ქედთან (272;50,67 ასევე 23;375). რაც შეეხება სოფელ სუელნეთს, ვახუშტი მას არ მოიხსენიებს, მაგრამ ვახუშტისთან მოხსენიებული არის „სუელნეთის ფშანი“. ცხადია რომ სოფელიც იქვე ახლოს არის საგულვებელი. ვახუშტი წერს _ „გორს ზეით ბერდუკს, ერთვის მეჯვდას სველნეთის ფშანი“ (23;368). როგორც ვხედავთ სოფელი სველნეთი მდებარეობს მდინარე მეჯუდას აუზში. გამოდის, რომ საქართლის ციხე და სოფელი სველნეთი ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულები არიან. გარდა ამისა საკმარისისა დავხედოთ რუკას და ცხადი გახდება, ისინი მდებარეობენ ერთმანეთისაგან საკმაოდ გამიჯნულ რეგიონებში. საქართლის საერისთავოს შეიძლება მოეცვა მთელი მდინარე ფრონეს ხეობა, როგორც ამას ჯ. გვასალია ვარაუდობს. მაგრამ მას არ შეეძლო ასევე მოეცვა მდინარე მეჯუდას აუზიც. შეუძლებელია ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში შემავალ პატარა საერისთავოს მოეცვა ამხელა ტერიტორია (ასეთ შემთხვევაში საკითხავია რაღა რჩება თავად ქართლის საერისთავოს ტერიტორიად). ჩვენი აზრით სოფელი სველნეთი ვერაფრით ვერ იქნებოდა საქართლის საერისთავოს ტერიტორიაზე, თუ კი ასეთი საერისთავო მართლაც იყო. არადა ლაშა-გიორგის სიგელიდან აშკარაა, რომ სველნეთი შედის საქართლის საერისთავოში. ამ წინააღმდეგობის გადალახვა ადვილი შესაძლებელია თუ მივიჩნევთ, რომ არავითარი საქართლის საერისთავო არ არსებობს. სიგელში ლაპარაკია არ საქართლის საერისთავოზე, არამედ ქართლის საერისთავოზე (სა-ქართლის) ამრიგად, ჩვენი აზრით, ლაშა-გიორგის სიგელიდან არ მტკიცდება, ქართლის ერისთავის ხელქვეითი საქართლის ერისთავის არსებობა. საქართლის საერისთავო როგორც ჩანს არ არსებობდა.
რაც შეეხება იმას რომ ვახუშტი მოიხსენიებს საქართლის ციხეს, ეს თავისთავად არაფერს არ ამტკიცებს. ციხის არსებობს ჯერ კიდევ არ ნიშნავს საერისთავოს არსებობს. შეუძლებელია ყოფილიყო იმდენი საერისთავო რამდენი ციხეც არსებობდა საქართველოში. ასე რომ საქართლის ციხის არსებობს ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქართლის საერისთავოს არსებობას.
ჩვენს მიერ ნანახი არცერთი წყარო არ შეიცავს ისეთ ცნობას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება დაგვემტკიცებინა ერისთავთ-ერისთავის ხელქვეითი ერისთავის არსებობის ფაქტი. ყველა ცნობა რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში მოყვანილია ამ მოსაზრების დასასაბუთებლად, ჩვენი აზრით ან საერთოდ არ არსებობს ან გაგებულია არა სწორად ან ძალიან საეჭვოა.
სამაგიეროდ უეჭველია ფაქტი, რომ არსებობდნენ ერისთავთ-ერისთავები, რომლებსაც არ ჰყავდათ ქვეშევრდომი ერისთავები. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ქსნის ერისთავთ-ერისთავები არიან.
„ძეგლი ერისთავთას“ მიხედვით _ „დაჯდა მეფედ დავით ბაგრატიონიანი. ამან ფრიად განადიდა ქუენიფნეველი ლარგუელი და სახელ-სდვა ერისთავთ-ერისთავად და მისცა მთავრობა ყოველთა დიდებულთა და აზნაურთა“ (77:104).
წყარო არაფერს ამბობს ჰყავდა ერისთავთ-ერისთავ ლარგველს ხელქვეითი ერისთავები თუ არა. ალბათ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში მემატიანე, რომელიც ყოველნაირად ცდილობს ქსნის ერისთავთა განდიდებას, ამგვარ ფაქტს უსათუოდ აღნიშნავდა. ამრიგად, ამ კონკრეტული შემთხვევიდან ცხადია, რომ „მოხელე-გამგებელი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულისა, რომელიც მხოლოდ ერთ საერისთავოს შეადგენს, ღებულობს ერისთავთ-ერისთავის ტიტულს, ხოლო საგამგებლო ერთეული იგივე რჩება ანუ ერისთავთ-ერისთავის ტიტული არ გულისხმობს რამოდენიმე ერისთავის დაქვემდებარებას“ (15;130).
თუკი ერისთავთ-ერისთავი არ გულისხმობს რამდენიმე ერისთავის გამგებლობას, მაშინ იბადება კითხვა აბა რა განსხვავებაა ერისთავთ-ერისთავსა და ერისთავს შორს? თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი თავის ნაშრომში „ქართული სამართლის ისტორია“ წერდა _ ერისთავს დიდებულზე ხელი არ მიუწვდებოდა. მათ მთავრად შეიძლება ყოფილიყო და იყო კიდეც ერისთავთ-ერისთავი“ (263;330). ეს დასკვნა ივ. ჯავახიშვილმა გამოიტანა „ძეგლი ერისთავთას“ შემდეგი ორი ადგილის შედარების მერე: პირველი _ როდესაც იუსტინიანე იმპერატორმა ერისთავობა უბოძა როსტომს, მან ერისთავს „მიუბოძნე შვიდნი ესე ხევნი განსაგებელად, ეკლესიანი და ყოველნი აზნაურნი მკვიდრნი მას შინა“; მეორე _ როდესაც ლარგველი გახდა ერისთავთ-ერისთავი, მას მეფემ „მისცა მთავრობა ყოველთა დიდებულთა და აზნაურთა“ (77:104).
გ. არახამია არ იზიარებს ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებას. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ერისთავს რომელიც მეფის პიროვნებას განასახიერებს და მისი სახელით მოქმედებს არ შეიძლება არ გაევრცელებინა თავისი სამოხელეო უფლება დიდებულზე. არსებულ სხვაობას კი „ძეგლი ერისთავთას“ ზემოთ მოყვანილ ორ ადგილს შორის გ. არახამია ხსნის მემატიანეს თხრობის მეტნაკლები სისრულითა და კონკრეტულობით (15;130). სანამ გავაგრძელებდეთ საუბარს აღნიშნულ საკითხზე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიდებულთა ნაწილი არ ემორჩილებოდა არც ერისთავთ-ერისთავს. მათი მამულები არ შედიოდნენ არც ერთი ჩვენთვის ცნობილი საერისთავოს შემადგენლობაში. ასე რომ ჩვენი აზრით მართებულია გ. არახამიას შენიშვნა, რომ დიდებულის მორჩილება, არ მორჩილების საკითხი არ არის ერისთავთ-ერისთავსა და ერისთავს შორის არსებული განსხვავების მიზეზი.
თავის მხრივ გ. არახამიამ ყურადღება მიაქცია „ძეგლი ერისთავთას“ შემდეგ ადგილს _ „ყოველთა უბრძანა რაითა შემდგომად მეფისა იყუნენ მორჩილ და თანამოლაშქრე ერისავთ-ერისთავისა“ (77:104). მკვლევარის აზრით ერისთავთ-ერისთავსა და ერისთავს შორის ის განსხვავებაა, რომ ერისთავთ-ერისთავი ემორჩილება პირადად მეფეს, მაშინ როცა ერისთავსა და მეფე შორის დგას ერისთავთ-ერისთავი, ერისთავზე უფრო მაღალი რანგის მოხელე. გ. არახამიას აზრით კი ლარგველთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმება, „ცხრაზმის ერისთავის გამოსვლა უფრო დიდი მოხელის კონკრეტულად ქართლის ერისთავთ-ერისთავის იურისდიქციიდან და უშუალოდ მეფისადმი დაქვემდებერება ... ძეგლის ცნობით ცხადი ხდება ისიც, რომ საერისთავოთა გაერთიანების ერისთავთ-ერისთავისა და რიცხვით ერთი საერისთავოს ერისთავთ-ერისთავის უფლებრივი მდგომარეობა სამოხელეო იერარქიაში თანასწორია“ (15;130-131).
მკვლევარი ფაქტობრივად იმეორებს ივ. ჯავახიშვილის აზრს, ერისთავთ-ერისთავის ქვეშევრდომი ერისთავის არსებობის შესახებ. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ „ერისთავთ-ერისთავის ტიტული ყოველთვის არ გულისხმობს რამდენიმე საერისთავოს გაერთიენებას“ (15;131). გ. არახამიას მიხედვით გამოდის, რომ ზოგ ერისთავთ-ერისთავს არ ჰყავს ხელქვეითი ერისთავები, ზოგს კი ჰყავს. სამაგიეროდ ყველა ერისთავს უნდა ჰყავდეს ერისთავთ-ერისთავი. ჩვენ ვერ გავიზიარებთ გ. არახამიას მოსაზრებას, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი აზრით, წყაროებით არ დასტურდება არც ერთი შემთხვევა ერისთავთ-ერისთავის ქვეშევრდომი ერისთავის არსებობის შესახებ. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, არ არის დაფიქსირებული შემთხვევა, როცა ერისთავს ეყოლებოდა ერისთავთ-ერისთავი. ცხადია ასეთ შემთხვევაში ერისთავი, ერისთავთ-ერისთავობის მიღების მერე ვერ გამოვა მანამდე მისი მმართველი ერისთავთ-ერისთავის იურისდიქციიდან, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის არასოდეს არ ექვემდებარებოდა ერისთავთ-ერისთავს. რაც შეეხება კონკრეტულად ლარგველის მაგალითს _ არც ლარგველი ექვემდებარებოდა ქართლის ერისთავთ-ერისთავს, წყაროებით არ დასტურდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქსნის საერისთავო შედიოდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში. ამდანად ცხადია, ერისთავთ-ერისთავობის მიღების მერე ის ვერ გამოვიდოდა იმის იურისდიქციიდან ვისაც ის არასოდეს არ ექვემდებარებოდა.
გარდა ამის, ჩვენი აზრით, შეუძლებელია ერისთავთ-ერისთავი დაქვემდებარებოდა პირდაპირ მეფეს და არ დამორჩილებოდა თუნდაც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელსა და ამირსპასალარს. „ძეგლი ერისთავთას“ ავტორის მიზანს არ წარმოადგენს, უჩვენოს ზუსტი იერარქიული დამოკიდებულება მეფესა და ერისთავთ-ერისთავს შორის. მას, რომელიც ცდილობს ერისთავთა განდიდებას, შეიძლება თვალი დაეხუჭა რეალურად არსებულ იერარქიულ დამოკიდებულებაზე და დაექვემდებარებინა ერისთავთ-ერისთავი უშუალოდ მეფისათვის. გარდა ამისა გასათვალისწინებელია, როგორც თავად გ. არახამია აღნიშნავს, მემატიანეს თხრობის მეტანაკლები სისრულე და კონკრეტულობა.
იქნებ მართებულია ი. ანთელავას მოსაზრება, რომ ერისთავთ-ერისთავობა საპატიო ტიტულია და მეტი არაფერი? მკვლევარს მოჰყავს რა ლაშა-გიორგის სიგელის შემდეგი ორი ადგილი _ „მოვიდა ჩუენთან სულა ქართლის ერისთავი ძე ერისთავთ-ერისთავისა ქართლის ერისთავისა რატის ურამელისა ...“; „... ვისმინეთ ჰაჯაი და მოხსენება ერისთავთ-ერისთავისა სულა ქართლის ერისთავისა“ (217;107-108). _ ასკვნის, რომ რატისა და სულას ოფიციალური თანამდებობა არის ქართლის ერისთავობა, ხოლო ერისთავთ-ერისთავობა მათი საპატიო წოდებაა (11;192). აღსანიშნავია, რომ რატისა და სულას მსგავსი ვითარება გვაქვს გრიგოლ სურამელთან დაკავშირებითაც _ „... ესე ვითა ერისთავთ-ერისთავსა ქართლის ერისთავსა გრიგოლს ... დაუწერია“ (217;126), ასევე რატი კახაბერისძესთან დაკავშირებით _ „ერისთავთ-ერისთავსა რაჭის ერისთავსა რატისად ...“ (302;595). საბოლოოდ ი. ანთელავა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ქართლის ერისთავი, რაჭის ერისთავი და სხვა დიდი საერისთავოებია, რომლებშიც მცირე საერისთავოებიც შედიან, მათი მმართველების ოფიციალურ წოდებას „ერისთავს“ ცალკე ემატება „ერისთავთ-ერისთავის“ წოდებულება“ (11;193). თავი რომ დავანებოთ დიდ საერისთავოებში მცირე საერისთავოების არსებობის ფაქტს, რომელიც წყაროები არ დასტურდება. ასახსნელია თუ რატომ იწოდებიან ერისთავთერისთავებად ტერიტორიულად უფრო მცირე საერისთავოთა ერისთავები. ერისთავთ-ერისთავებად იწოდებიან: კლდეკარის ერისთავები ლიპარიტ IV და მისი ძე ივანე. ჯავახეთის ერისთავი ფარსმან თმოგველი. ახალქალაქის ერისთავი კახა თორელი. ხომ ნაკლებ სავარაუდოა კლდეკარისა და ახალქალაქის საერისთავოებში კიდევ უფრო მცირე საერისთავოების არსებობა. ასევე ქსნის ერისთავებს არ ჰყავთ ხელქვეითი „ცოტაი ერისთავი“, არადა იწოდებიან ერისთავთ-ერისთავებად.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, წყაროებში ძალიან ხშირად ერთიდაიგივე პირი იწოდება ხან ერისთავად და ხანაც ერისთავთ-ერისთავად. ამის საილუსტრაციოდ ჩვენ მოვიყვანეთ რატი I ბაღვაშის მაგალითი. აქ გვინდა მოვიყვანოთ რატი სურამელის მაგალითი: ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის ჟამს რატი იწოდება ერისთავთ-ერისთავად (97:32), ცოტა მოგვიანებით კი ერისთავად (97:34). თუ რატი ბაღვაშთან დაკავშირებით შეიძლება გვეთქვა რომ საქმე გავაქვს მისი მოღვაწეობს ორ პერიოდთან (ჯერ იყო ერისთავი და მერე გახდა ერისთავთ-ერისთავი, ამიტომ იწოდება ორივე ტიტულით წყაროებში), რატი სურამელთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვით (რადგან მაშინ გამოდის, რომ რატი იყო ჯერ ერისთავთ-ერისთავი და მერე ის „დაემცრო“ და გახდა ერისთავი). ჯ. სტეფნაძე შენიშნავს, რომ თამარის ისტორიკოსს ერისთავი და ერისთავთ-ერისთავი თანაბარი მნიშვნელობით ესმის (205;176). არა მარტო თამარის ისტორიკოსი, არამედ XI-XIII საუკუნეების სხვა ისტორიკოსებიც როგორ ჩანს, ვერ ხედავენ განსხვავებას ერისთავთ-ერისთავსა და ერისთავს შორის.
როგორ შეიძლება, პიროვნება იყოს ერთდროულად ერისთავიც და ერისთავთერისთავიც? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ ერისთავობა იყო ოფიცალური თანამდებობა, ერისთავთერისთავობა კი საპატიო ტიტული. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, არანაირი იერარქიული დამოკიდებულაბა ერისთავთერისთავსა და ერისთავს შორი არ იყო. ერისთავთერისთავს არ ყავდა ქვეშევრდომი ერისთავები.
ჩვენი აზრით, ოფიციალურად არსებობდა ერისთავის თანამდებობა. ერისთავთერისთავობა კი იყო საპატიო წოდება, ტიტული. თუ რა დამსახურების გამო ენიჭებოდათ ეს ტიტული, ძნელი სათქმელია. წყაროები არ იძლევიან პირდაპირი და ცალსახა პასუხის გაცემის საშუალებას. ვარაუდით კი მრავალი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება (მაგალითად, შესაძლოა ერისთავთერისთავობა ეძლეოდა ისეთ ერისთავს, რომელიც ერისთავობასთან ერთად ფლობდა რაიმე სხვა „ხელსაც“).
დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული მასალების ანალიზის შედეგად, ჩვენ იმ მოსაზრებისაკენ ვიხრებით, რომ არ არსებობდა ერისთავთერისთავობის ბოძების ერთი დადგენილი წესი. ერისთავთერისთავის საპატიო ტიტული ერისთავებს ეძლეოდათ სხვადასხვა მიზეზისა თუ დამსახურების გამო.
გვინდა შევჩერდეთ ერთ კონკრეტულ საკითხზე. თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი ეწრდა: „მხოლოდ ორგან მროველისა და თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულებაშია ერისთავთ-ერისთავების სრული სია ჩამოთვლილი ... თამარ მეფის ისტორიკოსის ცნობა კი მართლაც მხოლოდ მაშინდელ ერისთავთ-ერისთავების სრულ სიას შეიცავს“ (263;333). დ. გვრიტიშვილი აღნიშნავდა _ „რა თქმა უნდა აქ დასახელებული ერისთავები (იგულისხმება თამარ მეფის ისტორიკოსთან დაცული ცნობა _ მ.ბ.) ჩვეულებრივი ერისთავები კი არ არიან, არამედ ერისთავთ-ერისთავები არიან“ (64:92). ჩვენი აზრითაც, თამარ მეფის ისტორიკოსთან დაცული ცნობა არის სრული სია ერისთავთ-ერისთავებისა 1185 წლისათვის. თუ ამ სიაში ვინმე ერისთავი არ არის მოხსენიებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დროს მეტი ერისთავთ-ერისთავი (და არა ერისთავი) არ იყო. მარიამისეულ ნუსხაში, „ისტორიანი და აზმანის“ ჩვენთვის საინტერესო ადგილი შემდეგნაირად წერია: „და ეთევნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს ...“ (210;410). სიტყვა „ეთევნი“ ნიშნავს არა ერისთავნი, არამედ ე[რისთავ]თე[რისთა]ვნი. ტექსტი უნდა წავიკითხოთ შემდეგნაირად: „და ერისთავთერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს ...“. ის რომ მერე ტექსტსი ტერმინი ერისთავი წინააღმდეგობას არ ქმნის. დასახელებულ პირთა საპატიო ტიტული ერისთავთერისთავობა კი არის, მაგრამ მათი ოფიციალური თანამდებობა ერისთავობაა.
2. მონაპირეთა და ერისთავთა ურთიერთმიმართებისათვის
ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მონაპირე არის იგივე ერისთავი, ოღონდ მას ემატება ერთი ფუნქცია _ საზღვრის დაცვა. „მონაპირე ერისთავი თავის საგამგეოში ისეთივე ერისთავი იყო, როგორც ყველა დანარჩენი. მაგრამ მას სხვებისაგან განსხვავებით ემატებოდა სამხედრო-საომარი ფუნქცია. მონაპირე საერისთავოები ... ქვეყნის განაპირა, საზღვრისპირა რაიონებში არსებობდა“ (47:362). თუმცა გამოთქმული არის სხვა მოსაზრებაც. ჯ. სტეფნაზე თვლის, რომ მონაპირე ერისთავს ჰგავდა, მაგრამ ერისთავი არ იყო (205;184).
ვნახოთ თუ რამდენად სწორია მოსაზრება, რომ მონიპირე „ისეთივე ერისთავი იყო როგორც ყველა სხვა“. თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, სამხედრო-საომარი ფუნქცია იყო ერისთავის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა და ის ვერ იქნებოდა მონაპირის განმასხვავებელი ფუნქცია.
ერთადერთი წყარო, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას მონაპირეთა შესახებ არის ბასილი ეზოსმოძღვარი. მემატიანე ასახელებს შემდეგ სანაპირო მხარეებსა და მონაპირეებს: „პირველ ქუემოთი სანაპირო გაგი იყო, რომელი ჰქონდა ზაქარიას მხარგრძელსავე, ვარამის მამასა და ესენი მუნ მონაპირობდეს ... ამოღმარტ ძორაკეტი იყო და ტაშირი, სადა ზაქარია და ივანე დაიწყეს პირველად ბრძოლა ლომურად ზემოთ და ქუემოთ და ყოველსა ადგილსა და ზემოთ ჯავახეთი, სადაც სარგის მხარგრძელივე თმოგველი და შალვა თორელი მონაპირობდეს. ზედათ არტაანი, სადა მესხნი მონაპირობდეს, რომელთა შორის იყო ყუარყუარე, სამცხისა სპასალარი ჯაყელი .. შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთის ღადოთა შინა გამოჩნდა კავი ვინმე ასპაანისძე ... ამას ზაქარია ერქუა ... ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის-ძენი და უფროსღა ტბელი და მახატლის-ძენი მონაპირობდეს“ (27;129). ამ სიას უნდა დავუმატოთ ივანე ახალციხელი, რომლის სესახებაც „ისტორიანი და აზმანი“ წერს _ „დაუტევა კარის მცველად ახალციხელი ივანე და აჩინა მონაპირედ ... “ (97:92).
პირველ რიგში განვიხილოთ გაგის საკითხი. მართალია არსებობს მოსაზრება რომლის თანახმადაც გაგი იყო საერისთავო „ქუეყანა“ (163;135), მაგრამ პირადად ჩვენ ვიზიარებთ იმ მკვლევართა მოსაზრებას, რომლებიც თვლიან, რომ გაგი იყო მხარგრძელთა გვერდითი შტოს _ გაგელების მამული (215;611). ჩვენს მიერ ნანახი არც ერთი წყარო არ გვაძლევს საშუალებას, რათა გაგის ტერიტორიაზე ვივარაუდოთ საერისთავოს არსებობა. თავად გვარის ფორმა _ გაგელი, მიუთითებს, რომ ეს მხარე იყო ფეოდალური მამული. გვარი იწარმოება ადგილიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ადგილი წარმოადგენს მამულს. ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემთხვევა, როდესაც გვარი ნაწარმოებია საერისთავო „ქუეყნიდან“. ამიტომ გვარი გაგელიც ვერ იწარმოებოდა საერისთავოდან. გაგი არ იყო საერისთავო და არც ვარამ გაგელი იყო ერისთავი. ის არსად არ მოიხსენიება ერისთავობით. მიუხედავად იმისა, რომ ვარამ გაგელი იყო მონაპირე და გაგი სანაპირო მხარე, არც ვარამი იყო ერისთავი და არც გაგი საერისთავო.
ამრიგად, თუნდაც გაგის მაგალითზე ცხადია, რომ არ შეიძლება ყველა მონაპირის მიჩნევა ერისთავად.
ასევე საინტერესოა ჯავახეთის საკითხიც. მემატიანე ამ მხარეში ორ მონაპირეს ასახელებს: შალვა ახალციხელსა და სარგის თმოგველს. თუ შალვას ერისთავობა სრულიად დასაშვებია, ამას ვერ ვიტყვით სარგის თმოგველის შესახებ. სარგის თმოგველი არასდროს არ ყოფილა ერისთავი და არც თმოგვი იყო საერისთავო.
ერისთავი არც ივანე ახალციხელი იყო, რომელიც ქალაქ კარის მონაპირედ დანიშნა თამარ მეფემ.
როგორც ვხედავთ არ არის აუცილებელი, რომ მონაპირე იყოს ერისთავი. მონაპირეობა და ერისთავობა ორი სხვადასხვა თანამდებობა იყო.
რა თქმა უნდა არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ზოგ შემთხვევაში მონაპირედ გვევლინებიან ერისთავებიც. გრიგოლისძეები ჰერეთის ერისთავები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს იყვნენ მონაპირეებიც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონაპირეობა და ერისთავობა ერთი და იგივე რამ იყო. ამ შემთხვევაში, როგორც ეს თავის დროზე აღნიშნა ჯ. სტეფნაძემ, საქმე გვაქვს იმ დროინდელ საქართველოში ფართოდ გავრცელებულ მოვლენასთან _ ერთი პირის ხელში ორი თანამდებობის გაერთიანებასთან. ჩვენის კონკრეტულ შემთხვევაში, გრიგოლისძეები ერთდროულად ფლობდნენ ორ თანამდებობას: ჰერეთის ერისთავობასა და მონაპირეობას.
ამრიგად, ჩვენი აზრით, მონაპირე არ არის ერისთავი. მონაპირეობა და ერისთავობს ორი სხვადასხვა „ხელი“ იყო. მონაპირე ამავე დროს შეიძლება ერისთავიც ყოფილიყო (მაგალითად გრიგოლისძეები), მაგრამ შესაძლოა არც ყოფილიყო (მაგალითად ვარამ გაგელი ან სარგის თმოგველი). ანალოგიურად, სანაპირო მხარე შეიძლება ყოფილიყო საერისთავოც (ჰერეთი) და ფეოდალური მამულიც (გაგი, თმოგვი). ამ ორ თანამდებობას შორის არსებულ განსხვავებაზე, ნათლად მიანიშნებს მათი ფუნქციების სხვადასხვაობა. ბასილი ეზოსმოძღვრის მიხედვით, „მონაპირეთა მონახიან საქმე, ანუ ციხე ასაღებელი, ანუ თურქმანნი შემოდგომილნი, ანუ ქალაქი განსატეხელი, ანუ ქუეყანა მოსარბეველი, მოახსენიან თამარს და მან განსაჯოს საქმე იგი ...“ (27;130). მონაპირეთა ფუნქციას შეადგენდა საზღვრის დაცვა და თვალყურის დევნება მოსაზღვრე ტერიტორიებისათვის. მაშინ როცა ერისთავს სამხედრო საომარი ფუნქციის გარდა გააჩნდა: სასამართლო, ადმინისტრაციული და ფისკალური ფუნქციებიც.
რაც შეეხება საკითხს, საქართველოსი მონაპირეთა ინსტიტუტის შექმნის დროის შესახებ, ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილი წერდა: „მარზპანისა და მონაპირეს მნიშვნელობათა მსგავსების გამო საკითხი იბადება, ეს ორი სახელი სხვადასხვა თანამდებობის აღმნიშვნელი იყო, თუ ერთისა და იმავესი“ (259:340).
შ. მესხიას აზრით, საზღვრის დაცვა დავით აღმაშენებლის დროს ევალებოდა მარზპანს. „სამოხელეო ტერმინი მარზპანი, ანუ ქართული ნაპირთმჭირავი XII საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათან შეცვალა ქართულმა მონაპირემ“ (155:32).
ი. ანთელავას თვალსაზრისით, „დავით აღმაშენებელთან და თამართან დაკავშირებით შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი სანაპირო საერისთავოების შექმნაზე და არა მონაპირე ერისთავის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე“ 911;205). მკვლევარი ამას იმით ამტკიცებს, რომ 1053 წლის ერთ-ერთ მინაწერში მოიხსენიება მარზპანი ბოცო ჯაყელი (187;194), ხოლო ვანანა-ვანქის 1022 წლის წარწერაში დემეტრე მარზპანი (149)317). ვანანა-ვანქის წარწერას თ. ჯორდანია 1122 წლით ათარიღებდა (187;243).
ტერმინი მარზპანი შეიძლება მართლაც შეცვალა ქართულმა მონაპირემ XII საუკუნეში. მაგრამ ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბება იმ სახით, რა სახითაც ის დაცულია ბასილი ეზოსმოძღვართან, უნდა მომხდარიყო დავით აღმაშენებლის დროს. ამჯერად ჩვენთვის მთავარია არა ის თუ როდის ჩამოყალიბდა მონაპირეთა ინსტიტუტი, არამედ ის, რომ მონაპირეობა და ერისთავობა ორი სხვადასხვა თანამდებობა იყო. მათ განსხვავებული მოვალეობები ჰქონდათ დაკისრებული. მონაპირეს ერისთავთან ამსგავსებდა ის, რომ ორივე თანამდებობას დაკისრებული ჰქონდა სამხედრო-საომარი ფუნქცია. მონაპირეობა თავისთავდ ჯერ კიდევ არ ნიშნავს ერისთავობას. ყველა მონიპირე არ იყო ერისთავი.
3. ერისთავობის საკითხი დავით IV აღმაშენებლის ცენტრალისტურ პოლიტიკაში
ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ დავით IV აღმაშენებელი იბრძოდა ერისთავობის ინსტიტუტის წინააღმდეგ. ამის საილუსტრაციოდ მოყვანილია ბაღვაშებისა და ძაგან, ზედაზნის ციხის პატრონის მაგალითები. „ჩანს გრძელდება .. საქართველოს გაერთიანებისთანავე დაწყებული პროცესი ძველ ადმინისტრაციულ ერთეულთა, საერისთავოთა გაუქმებისა“ (139:213)
კლდეკარის საერისთავოს საკითხი ჩვენ უკვე განვიხილეთ სათანადო ადგილზე და მასზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ დავით აღმაშენებელს კლდეკარის საერისთავო არ გაუუქმებია. მის დროს ამ მხარეს მართავდა თევდორე. მართალია ისტოტიკოსი მას არ მოიხსენებს ერისთავობით, მაგრამ დავითის ისტორიკოსი საერთოდ არ ხმარობს ამტერმინს მაშინაც კი როდესაც სუბრობს პიროვნებაზე, რომლის ერისთავობაც სადავო არ არის. ამის მაგალითია ლიპარიტ V, რომელიც ნამდვილად იყო ერისთავი. მემატიანე კი მას ამ „ხელით“ არ მოიხსენიებს. „დავით IV აღმაშენებლის ღონისძიებანი ლიპარიტისძეთა წინააღმდეგ არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საერთოდ ერისთავობის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლად. იგივე შეიძლება ითქვას ძაგანისა და მოდისტოსის შესახებ“ (11;183).
ერთადერთი წყარო რომელიც გვაქვს ძაგანისა და მისი ძმის მოდისტოსის შესახებ, არის დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი (217;54). ანდერძში ძაგანი არსად არ მოიხსენიება ერისთავად. ანდერძიდან ირკვევა, რომ ძაგანი ფლობდა ზედაზნის ციხესა და მუხრანს. დავით აღმაშენებელმა, როგორც ცნობილია დამარცხებულ ფეოდალს ჩამოართვა ყველა სამფლობელო (არსებობს მოსაზრება, რომ ანდერძის დაწერის მომენტში ძაგანი ცოცხალი იყო და გარკვეული სამფლობელც ჰქონდა (10;109). ანდერძიდან არ ჩანს არც ძაგანის ერისთავობა და სხვათაშორის არც მისი აბულეთისძეობა. ორივე ეს მოსაზრება შეიძლება მხოლოდ ვარაუდად ჩაითვალოს, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ.
ვნახოთ თუ რამდენად შესაძლებელია ძაგანის ერისთავობა. 1103 წლამდე ზედაზნის ციხე კახეთ-ჰერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ამ წელს „მოსცა ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კვირიკეს ციხე ზედაზენი. ქრონიკონი იყო სამასოცდასამი“ (71:326). ი. ანთელავას აზრით, „1103 წელს, როდესაც დავითმა კვირიკეს ზედაზენი წაართვა, ამ ციხეს ძაგანი ფლობდა, კახეთის მეფის მოხელე და ვასალი. დავითს უცდია მისთვის ციხის ჩამორთმევა, მაგრამ გიორგი II-ს კვლავ ძაგანისთვის დაუტოვებია ციხე“ (10;109). თუ ძაგანმა ციხე 1103 წლის შემდგომ მიიღო (ჩვენი აზრით ეს ნაკლებადაა შესაძლებელი), ეს არ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ დავით აღმაშენებელი აუქმებდა საერისთავოებს. რადგან თუ მეფე ებრძოდა ერისთავობის ინსტიტუტს (დავუშვათ ერთი წუთიტ ასეთი რამ), ცხადია ის ძაგანს ზედაზნის ციხეს „ერისთავობით“ არ მისცემდა.
ჩვენი აზრით, ძაგანს ზედაზნის ციხე უნდა მიეღო 1103 წლამდე. ამ შემთხვევაში ძნელია ძაგანის მიჩნევა ერისთავად. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, კახეთ-ჰერეთის სამეფოში იყო შვიდი საერისთავო: რუსთავის, პანკისის, კვეტერის, შტორის, მაჭის, ხორნაბუჯისა და ვეჟინის (23;561). სხვა ცნობები რანთა და კახთა სამეფოში საერისთავოების არსებობის შესახებ ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ ძაგანი ერისთავი იყო, მისი საერისთავოს ცენტრი უნდა ყოფილიყო ზეწდაზნის ციხე. მაგრამ ვერც ერთ ზემოთ დასახელებულ საერისთავოს ვერ გავაიგივებთ „ზედაზნის საერისთავოსთან“. ჩვენი აზრით, ზედაზნის ციხესა და მუხრანს ვერ მივიჩნევთ საერისთავო „ქუეყნად“. აქედან გამომდინარე ძნელია ზაგანის მიჩნევა ერისთავად. ძაგანი არ იყო ერისთავი და მისთვის ზედაზნის ციხის ჩამორთმევის ფაქტი არ გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, რომ დავით აღმაშენებელი აუქმებდა საერისთავოებს და ებრძოდა ერისთავობის ინსტიტუტს.
„დავით აღმაშენებლის ბრძოლა ერისთავობასთან, როგორც ინსტიტუტთან არც ერთი წყაროთი არაა დადასტურებული“ (11;180).
დავუშვათ დავით აღმაშენებელი იბრძოდა ერისთავობის ინსტიტუტის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში, გაუქმებული ადმინისტრაციული ერთეულების _ საერისთავოების ნაცვლად უნდა შეექმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეულები. სახელმწიფო ვერ იარსებებს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების გარეშე. შეუძლებელია, დავით აღმაშენებელს საერისთავოების გაუქმების შემდეგ „შექმნილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ვაკუუმი არ შეევსო“ (11;180). მ. ლორთქიფანიძის აზრით, საეისთავოების ნაცვლად შექმნილ ერთეულად საკარგავი უნდა მივიჩნიოთ. „საკარგავი კი გვესმის როგორც სამსახურის სანაცვლოდ მიღებული პირობითი მფლობელობა“ (139:214) საკარგავის ასეთი გაგება თავისთავად გამორიცხავს იმის საშუალებას, რომ ის მივიჩნიოთ საერისთავოს ნაცვლად შექმნილ ინსტიტუტად. მოსაკარგავე არის პირობითი მფლობელი ე.ი. პატრონი გარკვეული ტერიტორიისა. მართალია პირობითი და დროებითი, მაგრამ მაინც მფლობელი ანუ პატრონი. ამ შემთხვევაში, მფლობელი თავის თავში სოციალურ შინაარს გულისხმობს. მოსაკარგავე საკარგავის მიმართ განიხილება როგორც მფლობელი, პატრონი ანუ სენიორი. ის მოსახლეობა რომელიც ცხოვრობს საკარგავის ტერიტორიაზე ხდება მისი ვასალი. შესაძლოა დროებით, სანამ მოსაკარგავე ფლობს ამ ტერიტორიას, მაგრამ მაინც ვასალი.
განსხვავებული დამოკიდებულებაა ერისთავსა და მისი საერისთავის მცხოვრებთა შორის. ერისთავი არის საერისთავოს დროებითი მმართველი. საერისთავოს მოსახლეობა არ არის მისი ვასალი. ის მას ემორჩილება როგორც მოხელეს და არა როგორც სენიორს, პატრონს. საერისთავო და საკარგავი სულ სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობებზე არიან აგებული. საკარგავი ეს არის პატრონისა და ყმის ურთიერთობა, მართალი დროებითი, პირობითი, მაგრამ მაინც პატრონ-ყმული ურთიერთობა. საერისთავის ამგვარი რამ არ ახასიათებს. საერისთავო ადმინისტრაციული ერთეული, საკარგავი კი არა. სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ჩავთვლით ჩვენ საკარგავს საერისთავოს ნაცვლად შექმნილ ინსტიტუტად.
მართალია „ქართულ ისტორიოგრაფიაში საკარგავი სამსახურის სანაცვლოდ მიღებული სამფლობელოს, ხოლო მოსაკარგავე მსახურეული აზნაურის მნიშვნელობით იხმარება“ (129:52), მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც საკარგავის შესახებ.
ზ. რატიანის აზრით, `საკარგავი ნებისმიერი ობიექტია, რომელზეც ნებისმიერი გარიგება ხდება ორ სუბიექტს შორის და ეს გარიგება მხოლოდ ამ ორ სუბიექტზე ვრცელდება“ (189;179). ცხადია საკარგავის ასეთი გაგება გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საკარგავს შეეცვალა ადმინისტრაციული ერთეული _ საერისთავო.
შ. მესხიას აზრით, „საკარგავი ნიშნავდა როგორც სამოხელეოდ, საგამგეოდ, სამართავად გადაცემულ ტერიტორიას, ქალაქს; ასევე სარგოს ფულად გასამჯელოს ... მოსაკარგავეობაც თავისთავად ორბუნება იყო _ იგი ერთი მხრივ მოხელეობას ნიშნავდა, ხოლო მეორე მხრივ ისეთ მოხელეობას, რომელიც უმთავრესად სარგოთი ნაზღაურდებოდა“ (157:365). თუ საკარგავი სამართავად გადაცემული ტერიტორია იყო, განა ასევე სამართავად გადაცემული ტერიტორია არ იყო საერისთავო? საერისთავო ხომ იყო ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც დროებით სამართავად ეძლეოდა პიროვნებას. ერისთავი მეფის სამსახურში იდგა და თავისი საქმიანობისათვის გარკვეულ გასამჯელოსაც იღებდა. ასეთად მიგავაჩნია ჩვენ წყაროებში დამოწმებული: „კერძი საერისთავო“, „შესავალი საერისთავო“, „შესავალი საერისთავთ-ერისთავო“. ერისთავობა იყო მოხელეობა, რომელის ანაზღაურებაც გარკვეული გასამჯელოთი ხდებოდა. რომც მივიღოთ საკარგავის შ. მესხიასეული განმარტება, ასეთ შემთხვევაშიც კი საკარგავი ვერ ჩაითვლება იმად, რასაც უნდა დაეკავებინა საერისთავოების ადგილი მათი გაუქმების შემდეგ. რადგან დიდ განსხვავებას შ. მესხიასეულ საკარგავსა და საერისთავოს შორის ჩვენ ვერ ვხედავთ.
თავისი მოსაზრება საკარგავის შესახებ გამოთქმული აქვს ი. ანთელავასაც. მკვლევარის აზრით, „საკარგავი და მოსაკარგავე იგივეა რაც საურავი და მოურავი. ტერმინი საკარგავი აღნიშნავს სამართავად, საგამგებლოდ გაცემულ მიწა-ადგილს, ქვეყანას, ქალაქსა თუ სახელოს, დიდი იქნება ის თუ მცირე. ასევე თანამდებობის აღსრულებისათვის განსაზღვრულ გასამჯელოს _ „სარგოს“, საერთოდ ფულად საზღაურს“ (10;145). როგორც ვხედავთ, მკვლევარი გარკვეულ წილად იმეორებს შ. მესხიას მოსაზრებას. აღსანიშნავია, რომ თავად ი. ანთელავა არ იზიარებს მოსაზრებას _ დავით აღმაშენებლის მიერ საერისთავოების გაუქმებისა და მათ ნაცვლად საკარგავის ინსტიტუტის შემოღების შესახებ (11;180).
ჩვენი აზრით, საკარგავი არ იყო ის, რასაც შეეძლო საერისთავოების შეცვლა. ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ ი. ანთელავას მოსაზრებას _ „განა გასაკვირი არაა, რომ თითქოს დავით IV აღმაშენებლის დასაყრდენ ძალას ერისთავების წინააღმდეგ, „მოსაკარგავეებს“, მისივე ისტორიკოსი, დავითის პოლიტიკის უერთგულესი პროპაგანდისტი „მოსაკარგავე მაჭირვებლებად“ იხსენიებს?! თუ მიწა-მამულის გამკვიდრების ტენდენციაზე წავა საქმე, განა „მოსაკარგავე აზნაურთათვის“ უცხო იქნებოდა ეს ტენდენცია?!“ (11;180-181). ჯერ კიდევ ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა, რომ „დავითის მოსაკარგავენი უმალ მემამულეობის ტენდენციას ამჟღავნებდნენ“ (43:236).
ბრძოლა ერისთავობის ინსტიტუტის წინააღმდეგ და საერისთავოების გაუქმება, ნიშნავდა უზარმაზარი ადმინისტრაციული რეფორმის ჩატარებას. დავითის ისტორიკოსი, რომელიც აღწერს მეფის მთელ საქმიანობას, არაფერს ამბობს ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის საქმეში მომხდარი ცვლილებების შესახებ. შეუძლებელია დავით აღმაშენებელს გაეტერებინა მსგავსი ღონისძიება და მემატიანეს ამის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა.
დავით IV აღმაშენებელი იბრძოდა არა მთლიანად ერისთავობის ინსტიტუტის, არამედ კონკრეტული ურჩი ერისთავების წინააღმდეგ. „დავითის დროს ქვეყნის მართვა-გამგეობას ადგილებზე ერისთავები ახორციელებდნენ“ (42:45).
4. საერისთავოები მონღოლთა ბატონობის ხანაში
1245-1247 წლებში მონღოლებმა სცადეს თავისი ადმინისტრაციული სისტემა დაენერგათ საქართველოში. მათ ქვეყანა დუმნებად დაყვეს. „ამ ღონისძიების გატარების დროსისინი, რასაკვირველია, ძირითადა ითვალისწინებდნენ საქართველოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ერთეულების შემადგენლობას. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მონღოლებს ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი მოსაზრებით არ შეეტანათ ცვლილებები ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფაში“ (133:319). ზოგიერთი მკვლევარის აზრით იყო რვა დუმანი (22;553). რ. კიკნაძე თვლი, რომ იყო ცხრა დუმანი (118:95-97). თავად ჟამთააღმწერელი ასახელებს შვიდ დუმანს (186;31). ჩვენ მიზანს არ წარმოადგენს იმის გარკვევა თუ რამდენი დუმანი იყო საქართველოში. ჩვენ გვაინტერესებს საერისთავოების მიმართება დუმნებთან. ზოგიერთ დუმანში იყო ერთი საერისთავო. მაგალითად მეოთხე დუმანში იყო მარტო ქართლის საერისთავო. სამაგიეროდ დასავლეთ საქართველოში ორი დუმანი იყო, მაშინ როცა ამ მხარეში სულ ცოტა ექვსი საერისთავო მაინც იყო: აფხაზთა, ცხუმის, სვანთა, რაჭის, ოდიშისა და არგვეთის. ასე რომ დუმნებში საერისთავოთა რაოდენობა სხვადასხვანაირი იყო. დუმნისთავი შეიძლება ყოფილიყო როგორც ერისთავი ასევე არაერისთავი. ერისთავი დუმნისთავები იყვნენ: გრიგოლ სურამელი, რაჭის ერისთავი, გამრეკელ თორელი, ეგარსლან ბაკურციხელი. სამაგიეროდ დუმნისთავები იყვნენ და ერისთავის „ხელს“ არ ფლობდნენ: ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, შანშე მხარგრძელი. დუმნისთავობა არ ნიშნავდა აუცილებლად ერისთავობას და პირიქით. მართებულად შენიშნავდა რ. კიკნაძე, რომ ქვეყნის დაყოფა დუმნებად იყო მონღოლების ცდა თავიანთი ადმინისტრაციული წყობა დაენერგათ საქართველოში (118:89). უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ცდა მარცხით დამთავრდა და საქართველოში შენარჩუნებულ იქნა საერისთავოების სისტემა.
5. ერისთავად კურთხევის წესი, ერისთავთა ფუნქციები, საერისთავოს ადგილი ფეოდალური მიწათმფლობელობის სისტემაში
ჩვენამდე მოაღწია რამოდენიმე ხელნაწერმა, რომლებიც შეიცავენ ერისთავად კურთხევის წესს. ამ ხელნაწერთაგან უძველესი XVI საუკუნის არის. კ. კეკელიძის აზრით, „ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვით წესიც ამ დროიდან ჩნდება პრაქტიკაში. ჩვენ ვიცით, რომ მე-17 საუკუნის ხელნაწერში ამ წესთან ერთად მოთავსებულია აგრეთვე მეფის „დადგინების წესიც“, რომელიც როგორც გარკვეულია ... წარმოშობით მე-13 საუკუნეზე უგვიანესი არაა. ბუნებრივია თუ ვიფიქრებთ, რომ მეფის დადგინების წესთან ერთად ჩამოყალიბდა აგრეთვე მსხვილ მოხელეთა „დადგინების წესიც“ (117:157-158). ი. დოლიძეც „ერისთავთა დადგინების“ წესს XIII საუკუნით ათარიღებდა. აღსანიშნავია, რომ ივ. ჯავახიშვილი მეფის „დადგინების წესს“ XV საუკუნით ათარიღებდა. დ. მუსხელიშვილის აზრით, ერისთავთა კურთხევის წესი VII-VIII საუკუნეებში არის შექმნილი (55:153).
საინტერესოა, რომ ტექსტში ერისთავობა განიხილება, როგორც ღვთისაგან მონიჭებული პატივი. „რაჟამს მიანიჭებდეს ღმერთი პატივსა ერისმთავრობისასა“; „შენ ღმერთმან ყოველთა ძალთამან და უფალმან ყოველთა განგებულებათამან, ჰბრძანე განწესება ქუეყანისა და სოფლის მპყრობელთაი და დაადგინენ ერისმთავარნი ერისა შენისანი“ (77:55-56). ღვთისაგან მონიჭებულად ითვლებოდა მეფობა და არა ერისთავობა _ „რიგითი“ მოხელეობა. თუკი ერისთავობა ღვთისაგან მინიჭებული პატივია, მაშინ რა უფლება აქვს მეფეს გადააყენოს ერისთავი? ცხადია, რომ იდეა ერისთავობის, როგოორც ღვთისაგან მონიჭებული პატივის შესახებ, მიმართულია სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. თავად ტექსტში მეფე მხოლოდ ერთხელ არის ნახსეხები _ „(ერისთავი) შეიმოსოს სამოსელი ვითარცა შვენის მეფეთა“ (77:54). XIII საუკუნეში სამეფო კარი არ დაუშვებდა ისეთი წესის შექმნას, რომელშიც მინიშნებულიც კი არ იქნებოდა, რომ ერისთავი მეფის მოხელეა და მისი ბრძანებების აღმსრულებელი.
შესაძლოა სწორია დ. მუსხელიშვილის მოსაზრება, მაგრამ ერისთავად კურთხევის წესმა, ალბათ სერიოზული რედაქტირება (და ცვლილებაც კი) განიცადა XVI საუკუნეში და ჩამოყალიბდა იმ სახით რა სახითაც დღეისათვის არის ჩვენთვის ცნობილი.
კ. კეკელიძე აღნიშნავს, რომ ერისთავთა დადგინება არის სამი ხარისხის (117:158). როგორც კ. კეკელიძის გამოცემაში ასევე ქართული სამართლის ძეგლების II ტომში, მოცემულია: „კურთხევა ერისთავისა“, „ლოცვა დადგინებისა ერისთავთ-ერისთავისა“, „კურთხევა ცოტაისა ერისთავის დადგინებისასა“ (77:54-57).
ერისთავად კურთხევის წესი დაცულია მხოლოდ ხუთ ხელნაწერში. „ხუთსა ხელნაწერში გვაქვს „კურთხევა ერისთავისა“, რომელიც ორი ლოცვისაგან შედგება. მეორე ლოცვას ოთხ ხელნაწერში აწერია სატაურად _ „სხუა ლოცვა დადგინებასა ერისთავისასა“. მხოლოდ ერთ, XVII საუკუნის ხელნაწერში აწერია სათაურად _ „ლოცვა დადგინებისა ერისთავთ ერისთავისასა“ (117:158). კ. კეკელიძის აზრით, „ამ წესის შემდგენელი არ ანსხვავებს ერისთავის ინსტიტუტს ერისთავთ-ერისთავის ინსტიტუტისაგან და ორივესათვის ერთი და იმავე წესს ადგენს ... ასეთი გაიგივება ამ ორი ინსტიტუტისა D ხელნაწერის (ამ ხელნაწერშია სათაური _ „ლოცვა დადგინებისა ერისთავთ ერისთავისასა“ _მ.ბ.) გადამწერს თუ მის წყაროს უხერხულად და შეუფარებლად უცვნია ... მთლიანად დამოუკიდებელი წესის შედგენა ამ შემთხვევისათვის მას ვერ მოუხერხებია, ამიტომ ერისთავის დადგინების წესის ორი ლოცვიდან ერთი ერისთავისათვის მიუკუთვნებია, მეორე კი ერისთავთ-ერისთავისთვის“ (117:158-159). როგორც ვხედავთ, სათაური შემდგომი „ლოცვა დადგინებისა ერისთავთ ერისთავისასა“ ჩანამატია და იყო ის თავდაპირველად ტექსტში თუ არა ძნელი სათქმელია.
რაც შეეხება „ცოტაი ერისთავის“ საკითხს, აქაც გვაქვს მხოლოდ ლოცვა, რომელიც თითქმის იგივეა რაც „კურთხევა ერისთავისას“ პირველი ლოცვა. `თუ მხედველობაში არ მივიღებთ უმნიშვნელო სიტყვიერს და არა აზრობრივს მათ შორის განსხვავებას“ (117:161). ჩვენი აზრით, სათაური „კურთხევა ცოტაისა ერისთავის დადგინებისასაი უფლისა მიმართ ვილოცოთ“, გვიანდელი ჩანამატი უნდა იყოს. მით უმეტეს, როგორც კ. კეკელიძე მართებულად აღნიშნავს, ჩვენ არ ვიცით არც ერთი ისტორიული პირი რომელიც წყაროებში მოიხსენიებოდეს „ცოტაი ერისთავად“. კ.კეკელიძის აზრით, „თავდაპირველად გადმოკეთებულია ბერძნულიდან „მთავართა დადგინების წესი“, რომლის პირველი ლოცვა გამოყენებულია ამის შემდეგ შედგენილს „ცოტაი ერისთავისა“ და „ერისთავის დადგინების წესებში“ (117:161).
ჩვენი აზრით, თავდაპირველად ტექსტში არ იყო არც „ლოცვა დადგინებისა ერისთავთ-ერისთავისა“ და არც „კურთხევა ცოტაისა ერისთავის დადგინებისასაი უფლისა მიმართ ვილოცოთ“. ეს სათაურები გვიანდელი ჩანამატები უნდა იყოს. თავდაპირველად ალბათ იყო მხოლოდ „კურთხევა ერისთავისა“, რომელიც ორი ლოცვისაგან შედგებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტერმინები: ერისთავთ-ერისთავი და ცოტაი ერისთავი, ტექსტში არ გვხვდება. ისინი არიან მხოლოდ სათაურში. ტექსტში იხმარება ტერმინები: ერისმთავარი და ერისთავი.
„კურთხევა ერისთავისა“ შეიცავს საინტერესო ცნობებს ერისთავობის ინსტიტუტთან დაკავშირებით. „კურთხევა ერისთავისას“ მიხედვით, `რაჟამს მიანიჭებდეს ღმერთი პატივსა ერისმთავრობისასა, განიბანოს გუამი ყოველი და შეიმოსოს სამოსელი ვითარცა შვენის მეფეთა და ჰრეკონ ჟამსა სამხრისასა, წარმოადგინონ ერისთავი იგი აღსავალსა საკურთხევლისასა, ტაბატაი დაუფინონ და ხელთ აქუნდეს კეროვანი აღნთებული. დაუდგნენ მღვდელნი და დიაკონნი მარჯუენით და მარცხენით და კათალიკოზმან ანუ მიტროპოლიტმან აკურთხოს“ (77:54). ამ ცნობას ნაწილობრივ ავსებს და ადასტურებს „ძეგლი ერისთავთა“. ამ უკანასკნელის მიხედვით, იუსტინიანე კეისარმა როსტომი „შემოსა სამოსელითა მით, რომელი ემოსა მაშინ მეფესა და შეაცუა ბეჭედი და საყური და სარტყელი თვისი, საჭურველი და ცხენი თორნოსანი, დროშა და შუბი“ (77:104). გ. არახამიას აზრით, „ერისთავის გარეგნული ნიშნები იმის აშკარა მოწმობაა, რომ ერისთავი თავის საგამგებლოში მეფის პიროვნებას განასახიერებს და სახელმწიფოს გარკვეულ ტერიტორიაზე თავის ხელისუფლებას მეფის სახელით ახორციელებს“ (15;126).
კ. კეკელიზე აღნიშნავდა, რომ „ლოცვებში ასე თუ ისე ნაჩვენებია „დასადგენ“ პირთა ფუნქცია მოვალეობები ... ერისთავი რესპ ერისთავთ-ერისთავი ... არის გამგე, მოსამართლე და მხედართმთავარი“ (117:162).
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „წესი ერისთავთა იყო მეფისა მიერ განწესება ქუეყანათა მიმართ და მის მიერ მოურნეობა. სამართალი და ლაშკარნი მის ქუეყნისანი მის ქუეშე იყვნენ და იგინი მოჰკრეფდნენ ხარკთა სამეფოთა“(23;17). ამ ცნობიდან გამომდინარეობს, რომ ერისთავს ევალებოდა საერისთავოს მართვა, ჯარის გამოყვანა, მოსამართლეობა და ხარკის აკრეფა.
ერისთავის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო საერისთავოდან ჯარის გამოყვანა და მისი სარდლობა. თვითონ ტერმინი ერისთავი, საბას განმარტებით ნიშნავს ჯარის სარდალს (178;239). ერისთავის სამხედრო ფუნქცია ხაზგასმულია „კურთხევა ერისთავისაის“ ტექსტშიც _ „მოეც ძლიერებაი მტერთა ზედა დღედ ბრძოლისა. დაადგ თავსა მისსა ჩაფხუტი დიდებისაი, რათა შენითა შეწევნითა არცხუენდეს მტერთა, დღეთა ბრძოლისათა“(77:56). საერისთავოდან გამოყვანილ ჯარს რომ ერისთავი სარდლობს, ეს ჩანს „ძეგლი ერისთავთადანაც“ _ „ამათ ყოველთა უბრძანა რაითა შემდგომად მეფისა იყუნენ მორჩილ და თანამოლაშქრე ერისთავთ-ერისთავისა“(77:104). „ძეგლის დადების“ მე-19 მუხლიდან აშკარაა, რომ საერისთავოში ჯარის შეყრის ბრძანებას ერისთავი იძლეოდა _ „... ქუეყანა და თემი აწვივნეს ბრძანებითა ერისთავმან და განმგებელმან ... “(77:111).
ერისთავს სასამართლო ფუნქციაც გააჩნდა. ეს ნათლად ჩანს კუღტხევის წესიდანაც _ „... რათა გლახაკთა და ნაკლულევანთა ყოველსა საქმესა მოწყალებისასა აჩუენებდეს და სასჯელსა სიმართლისასა ჰყოფდეს უქრთამოდ“ (77:55). გრიგოლ სურამელის დაწერილში არის ჩვენთვის საინტერესო ცნობა _ „თუ ჩვენი კაცი და მღუიმისა ჩამოიკიდნენ, ჩუენისა კაცისაგან სამართალი მამასახლისმან ჩუენმან აიღოს ... თუ საქმე რამე დავარდეს სასაურო მღუიმისა და ჩუენთა კაცთა შუა, მამასახლისმან და მღუიმისა ხელისუფალმან მართლითა სამართლითა დაუურვონ“(217;122). მართალია აქ კონკრეტულად მამასახლისზე არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მამასახლისი მხოლოდ უშუალოდ ახორციელებს ერისთავის სასამართლო ფუნქციას.
საინტერესო ცნობებია დაცული ერისთავის უფლებათა შესახებ „ძეგლის დადებაში“. 27-ე მუხლიდან ჩანს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ერისთავს უფლება ჰქონდა გაეცა ბეითალმანად დარჩენილი მამული _ „ბეითალმანად რაც პარტახი და მამული დარჩეს ... თუ დარბაზის მისისა ბოძებისა უღირსი იყოს ერისთავმან და განმგებელმან მისცენ“(76:113). ერისთავის სასამართლო ფუნქციებზე მიუთითებს 28-ე მუხლი _ „კაცსა ვინმე სხუა კაცთანა საქმე ედვას ... ესე საქმე ერისთავსა მოახსენონ, განმგებელმან და მან კაცმან“ (76:115). 44-ე მუხლი _ „კაცსა რომ მოეპაროს ვისგან რამე ... სადაც ახლოს ერისთავი იყოს მასცა აცნობონ“ (76:118). მე-5 მუხლიდან ირკვევა, რომ პიროვნების ხევისბერად დანიშვნა ერისთავს არ შეეძლო. მას უფლება ჰქონდა სათანადო კანდიდატურა წარედგინა. ერისთავს არ ჰქონდა უფლება გაძევებული ხევისბერისათვის დაებრუნებინა მამული, მას შეეძლო მხოლოდ ვაზირებთან ეშუამდგომლა (76:105-106). ერისთავის სასამართლო და ადმინისტრაციულ უფლებებზე მიუთითებენ „ძეგლის დადების“ მე-7, მე-9, მე-17 და მე-18 მუხლები (76:106-110).
ივ. ჯავახიშვილი ეყრდნობოდა რა ლეონტი მროველის ცნობას _ „ამათ ერისთავთა ქუეშე ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასისთავნი და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო“ (126:25) _ ასკვნიდა, რომ ერისთავს გადასახადების აკრეფაზე თვალყურის დევნება ეკისრებოდა. თუმცა იქვე შენიშნავდა, „შესაძლებელია ... შემდეგში გადასახადების აკრეფა განსაკუთრებულ მოხელეთა ხელში იყო“ (263;330). ნ. ბერძენიშვილის აზრით, „სამხედრო მოხელე (ერისთავი) სახელმწიფო ხარკს არ კრეფს. ეს საქმე სხვა მოხელეთა ხელშია“ (44:123). დ. გვრიტიშვილს მიაჩნდა, რომ „ერისთავთ-ერისთავი არა მარტო სამხედრო ხელისუფალი იყო ... არამედ იგი გადასახადებსაც ჰკრეფდა“ (64:92). ჩვენი აზრით, ვახუშტის ცნობაზე დაყრდნობით, რომ ერისთავნი „მოჰკრეფდნენ ხარკთა სამეფოთა“ (23;17) _ შეიძლება ვივარაუდოთ ერისთავების მიერ ხარკის აკრეფა.
ნ. ბერძენიშვილი ეხებოდა რა საბაჟოს საკითხს, აღნიშნავდა „რა თქმა უნდა ადგილებზე საბაჟონი ერისთავების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდნენ, მაგრამ ეს საბაჟონი სამეფონი იყვნენ და არა საერისთავონი“ (44:121).
მართებულად შენიშნავს ნ. შოშიაშვილი, რომ `როდორც ცნობილია ერისთავთ-ერისთავობა სოციალური წოდება კი არ არის ამ დროისათვის, არამედ სამოხელეო პატივი, რომელიც მეფეს შეეძლო მიენიჭებინა დაბალი წარმომავლობის პირისათვისაც“ (232;133). ასე რომ მცდარია შეხედულება, თითქოს „ნიკორწმინდის დაწერილში“ მოხსენიებული მიქელის სოციალური მდგომარეობაა ერისთავთ-ერისთავობა (238;81). ეს არის მისი საპატიო ტიტული. თანამდებობა არის ერისთავობა. ხოლო მისი სოციალური მდგომარეობა წყაროდან არ ჩანს. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. ნ. ბერძენიშვილი წერდა _ „ერისთავი მოხელეა, ის შეიძლება ამ ქვეყნის მკვიდრი არც იყოს, არამედ მეფის მიერ მოყვანილი და საერისთავოზე დასმული“ (44:173).
საინტერესოა „ძეგლის დადების“ პირველი მუხლი, რომელიც ერისთავის მოკვლას ეხება _ „ერისთავის სიკუდილი აროდეს კადრებულა, აგრე ნუმცა ვისგან იკადრების. და თუ ვის ღმერთი შერისხდეს და შეცდომა აზომ დიდი დემართოს და მოკლას ერისთავი, ვითა უმსგავსო არის და უსაზომო შეცოდება, აგრევე დამატებული დიდი პატიჟი და გარდახდევინება დარბაზით ეკითხოს; გარდახუეწა, მამულის წაღება და სისხლი მის გუარსა ზედა დაიურვოს და გარდაიხუეწოს ...“ (76:104). ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი ადგილი მუხლისა _ „სისხლი მის გუარსა ზედა დაიურვოს“. ცხადია, აქ ლაპარაკია მოკლულის ე.ი. ერისთავის სისხლზე. ჩვენი აზრით, პირველი მუხლიდან გამომდინარეობს, რომ ერისთავის მოკვლის შემთხვევაში გადასახდელი სისხლის რაოდენობა დამოკიდებული იყო ერისთავის „გუარზე“ ანუ ერისთავის სოციალურ მდგომარეობაზე. წინასწარ განსაზღვრული სისხლის რაოდენობა დადგენილი არ იყო. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მეფეს ერისთავებად შეეძლო დაენიშნა სხვადასხვა სოციალური მდგომარეობისა და წარმოშობის პირები. ვ. ითონიშვილის აზრით, 30-ე მუხლიდან თითქოს ჩანს, რომ ერისთავის სისხლი იყო 12000 თეთრი. მკვლევარი იქვე აღნიშნავს, რომ ბექა-აღბუღას სამართლის მიხედვით ეს არის დამცრობილი აზნაურის სისხლი (100:64-65). 30-ე მუხლი არ ადგენს ერისთავის მკვლელობისათვის განსაზღვრული სისხლის რაოდენობას. ასეთი გადასახადის ზუსტი თანხა რომ ყოფილიყო დადგენილი ეს ასახული იქნებოდა პირველივე მუხლში. თანაც არ გვგონია, რომ ერისთავის სისხლი გატოლებოდა დამცრობილი აზნაურის სისხლს.
„ხელმწიფის კარის გარიგებაში“ დაცული არის საინტერესო ცნობა, რომელსაც ყურადღება პირველად ივ. ჯავახიშვილმა მიაქცია _ „მტბევარსა ზედა დარბაზსს მისსა საჯდომსა უკანით მისსა მოლარეთუხუცესსა ფარი და ხმალი აქუს უკანით ამად რომ ერისთავიც არის შავშეთისა“ (77:91). საინტერესო ფაქტია, სასულიერო პირი, ტბეთის ეპისკოპოსი ამავე დროს არის შავშეთის ერისთავი.
გ. არახამია ეყრდნობა რა „ძეგლი ერისთავთას“ ცნობებს, აღნიშნავს _ „ერისთავის ტიტულს „სახლის“ მხოლოდ ერთი წევრი ატარებს, ხოლო ერისთავის ოჯახის სხვა წევრები (ძმები, შვილები) ერისთავებად არ იწოდებიან“ (15;127). ეს უმრავლეს შემთხვევაში ასეც არის და ამაში არაფერია გასაკვირი. ერისთავობა არის თანამდებობა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ერთ კაცს. თუმცა არის გამონაკლისებიც. 1247-1250 წლების გრიგოლ სურამელის დაწერილში ერისთავად იხსენიებიან გრიგოლიც და მისი ძე ბეგაც. „ესე ყოველი ჩემითა ნებითა დამიწერია ... მე გრიგოლ ქართლისა ერისთავსა“; „ესე ვითა ... მამასა ჩემსა უბრძანებია ... მეცა მათსა მიწასა და ძესა ბეგასა ქართლისა ერისთავსა განაღამცა დამიმტკიცებია“ (217;123,125). ანალოგიური შემთხვევა გვაქვს რატი I და ლიპარიტ III ბაღვაშებთან დაკავშირებით _ „აღვაშენე წმიდაი ესე ეკლესიაი ზეობასა, ადიდენ ღმერთმან რატ ერისთავისა სალოცველად მზეგრძელობისა და სულისა მათისათუის და სალოცავად ძისა მათისა ლიპარიტ ერისთავისა“ (194;238). ჩვენი აზრით, ეს ფაქტები მიუთიტებენ იმ ტენდენციაზე, რომელიც არსებობდა ერისთავთა წრეში _ ერისთავობა მიაჩნდათ სამემკვიდრეო თანამდებობად და აქედან გამომდინარე თუ მამა ერისთავია, ერისთავია მისი ძეც (შესაძლოა ანალოგიური ვითარებაა ვარდან და ჯინჯიხ ერისთავებთან დაკავშირებით სვანეთშიც).
საინტერესოა, რომ ზოგიერთი ერისთავი ატარებდა ბიზანტიურ ტიტულებს: XI საუკუნის დასაწყისში რაჭის ერისთავი ნიანია _ „მეოხ ექმენ ... ერისთავთ-ერისთავსა და ნოველისიმოსს“ (195;101); ლიპარიტ IV ბაღვაში _ „ერისთავთ-ერისთავი და მაგისტროზი“ (187;193); მისი ძე ივანე _ „ესე ანდერძი მე ივანე პროედროსმან, ძემან ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავისამან პროედროსისა და პროტოარხონისამან დავწერე“ (121:276); XII საუკუნეში სვანთა ერისთავი ივანე ვარდანის ძე _ „მე ივანე ვარდანისძემან სუანთა ერისთავმან, მეჭურჭლეთუხუცესმან და პროტოსტრატორმან“ (20;32). როგორც ვხედავთ ბიზანტიურ ტიტულებს ატარებდნენ არა მარტო მეფეები არამედ ერისთავებიც და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მაღალი ტიტულის მფლობელი იყო (ნიანია ნოველისიმოსის ტიტულს ფლობდა, მაშინ როცა ბაგრატ III „მხოლოდ“ კურაპალატი იყო).
სათანადო ადგილზე ჩვენ უკვე შევეხეთ ერისთავის ფუნქციებს. ბუნებრივია, რომ ერისთავი მარტო ვერ შესძლებდა ამ მოვალეობების შესრულებას. მას ჰყავდა თავისი ხელქვეითი მოხელეები.
ი. ანთელავას აზრით, `სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, საერისთავოს მმართველი ერისთავის მერე, უმაღლეს მოხელედ განმგებელი ჩანს ... საფიქრებელია, რომ „ძეგლის დადებაში“ გამგებლად წოდებული მოხელე, ზოგ სხვა წყაროში „ნაცვლის“ სახელით უნდა იხსენიებოდეს“ (11;195). ტერმინი გამნმგებელი, მართლაც გვხვდება მხოლოდ „ძეგლის დადებაში“. „ძეგლის დადებიდან“ ნათლად ჩანს, რომ განმგებელი ერისთავის შემდეგ მეორე პირია საერისთავოში. მაგრამ საკითხავია, რამდენად შესაძლებელია ამ ვითარების გავრცელება მთელს საქართველოზე? ტერმინი განმგებელი სხვა არც ერთ წყაროში არ გვხვდება და რაც მთავარია, „ძეგლის დადება“ დაწერილი არის ქართლის მთიანეთისათვის. მაშასადამე ის ასახავს საქართველოს შედარებით ჩამორჩენილ კუთხეს, ამიტომ „ძეგლის დადება“ არ არის გამომხატველი მაშინდელი საქართველოს ფეოდალური წყობილებისა საერთოდ“ (205;68). მიუხედავად იმ განსხვავებისა, რომელიც იყო მთასა და ბარს შორის, ჩვენ არ გვგონია, რომ ასევე განსხვავებული ყოფილიყო მთისა და ბარის საერისთავოთა სტრუქტურა.
რაც შეეხება განმგებლისა და ნაცვლის იგივეობას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი: „ტერმინი ნაცვალი ძალზედ გავრცელებულია სულ სხვადასხვა მდგომარეობისა და თანამდებობის პირის აღსანიშნავად“ (11;195). ტერმინი ნაცვალი მრავალ წყაროში არის დაფიქსირებული, მათ შორის მეფეთა სიგელებშიც _ „აწ ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ... ერისთავთ-ერისთავთა, ერისთავთა, აზნაურთა ოთხმიზდურთა, ნაცვალთა ...“ (217;79); „აწ ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი: ერისთავთ-ერისთავთა, ოთხმიზდურთა, ნაცვალთა ...“ (217;106). აქ მოხსენიებულ ნაცვალთა მიჩნევა მაინც და მაინც ერისთავის ნაცვლებად ცოტა ძნელია. შეიძლება აქ ლაპარაკია ზოგადად ნაცვლებზე. ი. ანთელავას აზრით, სხვავას ჯვრის წარწერაში მოიხსენიება სწორედ ერისთავის ნაცვალი (11;196). წარწერა შემდეგი სახისაა _ „... მამკობსა შენსა რატის რატის ერისთავსა და ძესა მისსა კახაბერს და ააშენენ აზნაურნი ეკლესიასა შენსა შემავალნი და მოხევენი და ხევნი და ეკლესიისა შვილნი. ქ. წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, შეიწყალე ვახტანგ [...]ის ძე. მოიჭედა მისსა ნაცვლობასა შიგან“ (58:292). ჩვენი აზრით აქ შეიძლება მართლაც ერისთავის ნაცვალი მოიხსენიება.
მაგრამ „გამგებელთან“ დაკავშირებით არის სხვა მოსაზრებაც. ი. ვეშაპიძის აზრით, „ხევისთავისა და განმგებლის სახით ერთი და იმავე თანამდებობის აღმნიშვნელ ორ სხვადასხვა ტერმინთან უნდა გვქონდეს საქმე ... ხევისთავთა ინსტიტუტი განმგებელთა ინსტიტუტად გარდაუქმნიათ. ძველი ხევისთავებისათვის მომავალში განგებლები უწოდებიათ და ამიტომ საკოდექსო ძირითად ნაწილშიც სწორედ განმგებელთა შესახებაა ლაპარაკი“ (100:101-102). ი. დოლიძე განმგებელ განმარტავს, როგორც ხევის მმართველს (76:125). ეს ჩვენი აზრით არ არის სწორი. საერისთავოში რამდენიმე ხევი იყო და ცხადია რამდენიმე ხევის მმართველიც. განმგებელი კი საერისთავოში ერთი იყო. ასე რომ ჩვენ განმგებელს ვერ მივიჩნევთ ხევის მმართველად.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას შემდეგი _ „ძეგლის დადებიდან“ ცხადია, რომ საერისთავოში არის ერთი განმგებელი და ის არის ერისთავის შემდგომ მეორე პირი. ალბათ ყველა საერისთავოში იყო თანამდებობა, რომლის მფლობელიც ცვლიდა ერისთავს მისი არ ყოფნის დროს და ითვლებოდა ერიშტავის შემდგომ მეორე პირად. თუ მას განმგებელი ერქვა, რატომ გვხვდება ეს ტერმინი მარტო „ძეგლის დადებაში“? თუ ნაცვალი ერქვა, რატომ ჰქონდა ორი განსხვავებული სახელწოდება ერთსა და იმავე თანამდებობას? წყაროთა სიმცირის გამო ძნელია რაიმეს გადაჭრით მტკიცება. ყველაზე მისაღებია, ალბათ, გავაიგივოთ განმგებელი და ნაცვალი, როგორც ამას ი. ანთელავა ვარაუდობს.
ივ. ჯავახიშვილის აზრით, ერისთავს ჰყავდა თავისი მწიგნობართუხუცესი, მოლარეთუხუცესი და მრავალი მსახური (263;331). „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ წერია _ „მტბევარსა ზედა დარბაზსს მისსა საჯდომსა უკანით მისსა მოლარეთუხუცესსა ფარი და ხმალი აქუს უკანით ამად რომ ერისთავიც არის შავშეთისა“(77:91). მოლარეთუხუცესი რომ შავშეთის ერისთავისაა და არა ტბეთის ეპისკოპოსისა, ჩანს იქიდან, რომ სწორედ მას უკავია ერისთავის ინსიგნიები: ფარი და ხმალი. ცხადია ეისთავს მოლარეებიც ეყოლებოდა. „მატიანე ქართლისაი“ 1057 წლის ამბებთან დაკავშირებით წერს _ „ხოლო კლდეკარნი მტკიცედ ეპყრნეს ციხოვანთა, რამეთუ მუნ შიგან დგა ანამორ, მწიგნობართუხუცესი ლიპარიტისა~ (145:301). მწიგნობართუხუცეს უნდა ჰყოლოდა ხელქვეითი მწიგნობრები. საინტერესო ცნობაა დაცული ერისთავის ხელქვეითი მოხელეების შესახებ გრიგოლ სურამელის დაწერილში _ „სხუაი ყოველი ამიხდია ჩუენი ბეგარაი და გაგუიშვია: ნუც ჩუენს დაჭირებასა რას ჟამსა და ნუც ლხინს ნუ რათ შეუვალს: ნუ მამასახლისი, ნუ ციხისთავი, ნუ გზირი, ნუ მსახური“ (217;123). ყველა ეს მოხელე როგორც ჩანს ერისთავს ემორჩილება.
ი. ანთელავას აზრით, საერისთავოს შინაგანი სტრუქტურა შეიძლება შემდეგი სახით წარმოვიდგინოთ: „ერისთავი, ნაცვალი (გამგებელი), ციხისთავი, ხევისუფალი (ხევისთავი, ხევისბერი), ასისთავი“ (11;201). გამგებლის საკითხს აღარ შევეხებით. ციხისთავი რომ ერისთავს ემორჩილება ეს ცხადია გრიგოლ სურამელის დაწერილიდანაც და „ძეგლის დადებიდანაც“. არსებობდა „შესავალი საციხისთავო“ (217;36, 83, 150). მეფეთა სიგელებში ციხისთავი მართლაც ხევისუფალზე წინ მოიხსენიება, მაგრამ „ძეგლის დადების“ მიხედვით, ხევისბერი ციხისთავზე უფრო წინ დგას. საერისთავო შესდგებოდა უფრო მცირე ადმინისტრაციული ერთეულებისაგან _ ხევებისაგან. გავიხსენოთ, რომ როსტომ ბიბილურს მიუბოძეს „შვიდნი ესე ხევნი“ (77:104). ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ხევისუფალი ციხისთავზე წინ უნდა დავაყენოთ.
რაც შეეხება ასისთავს, ის მოიხსენიება ერთადერთ წყაროში. ეს არის ზემო კრიხის წარწერა _ „მოიხატა წმიდაი ესე ეკლესიაი დეკანოზობასა გიორგი კორცანაისძისა ასისთავობასა ინე ლომაისძისა და ინე დევისძისა“ (55:239). გ. ბოჭორიძე წარწერას ათარიღებს XI საუკუნით. ი. ანთელავას აზრით, XI საუკუნეში დამოწმებული გვაქვს ასისთავობა, როგორც ადმინისტრაციული ხელისუფლება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ერთეულის ასეულის არსებობას (11;200). განსხვავებული აზრი ასისთავის შესახებ გამოთქმული აქვს ვ. სილოგავას. მკვლევარის აზრით, „იმ ხელისუფლებს, რომლებიც უძველესი დროიდან XIII ს-ის ჩათვლით ხევისუფლის სახელით იყო ცნობილი XIII-XIV საუკუნეებისათვის შეიძლება ამაზე ცოტათი ადრეც, შეენაცვლა ასისთავის ინსტიტუტი ... დასკვნები საქართველოს მხოლოდ მთიანეთისათვის ჩანს მისაღები. რა ვითარება იყო ამ მხრივ ბარში, ეს ცალკე კვლევის საგანია“ (197;197). ვ. სილოგავა ზემო კრიხეს წარწერას XIII-XIV საუკუნეებით ათარიღებს.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ არა გვგონია განსხვავებული ადმინისტრაციული სტრუქტურა ყოფილიყო ბარისა და მთის საერისთავოებში. ასევე არა გვგონია, რომ ასისთავს შეეცვალა ხევისუფალი.
ჩვენი აზრით, საერისთავოს სტრუქტურა შეიძლება შემდეგი სახით წარმოვიდგინოთ: ერისთავი, გამგებელი (ნაცვალი), ხევისუფალი (ხევისბერი, ხევისთავი), ციხისთავი, ასისთავი.
ერისთავი მეფის მოხელე იყო, ის მეფის სამსახურში იდგა და ბუნებრივია, რომ თავისი სამსახურისათვის გარკვეულ ანაზღაურებას იღებდა. საინტერესო ცნობაა დაცული გრიგოლ სურამელის დაწერილში _ „თუ ნაპარევი შეჰხვდეს მღუიმისა კაცსა, მღუიმის ხელისუფალმან თავნი ხელთ მისცეს და შუიდეული წმიდისდა შიოსდა შემიწირავს, სმნ ჩემი კერძია საერისთავო“ (217;123). 1281-1282 წლების ნიკოლოზ კათოლიკოსის დაწერილში არის შემდეგი ადგილი _ „და შეუბანს აბუსერეთ საერისთვოი და ბეგარი ზედა სდებოდა~ (217;178). „აბუსერეთ საერისთვოი“ ალბათ საერისთავო გადასახადია. დავით ნარინის სიგელში მოიხსენიება _ „შესავალი საერისთავთ-ერისთავო“ (217;168). „შესავალი საერისთავო“ დადასტურებულია ბაგრატ IV-ის (217;36), გიორგი II-ის (217;47), გიორგი III-ის (217;68) და სხვა მეფეთა სიგელებშიც.
ჩვენი აზრით, „კერძი საერისთავოი“, „შესავალი საერისთავო“, „შესავალი საერისთავთ-ერისთავო“ იყო ის, რასაც ერისთავი იღებდა ანზღაურების სახით. დაკონკრეტება იმისა , თუ რა სახის იყო ეს ანაზღაურება ვერ ხერხდება. ამავე დროს ჩვენ ვიზიარებთ ი. ანთელავას მოსაზრებას, რომ ერისთავი „გარკვეულ მიწა-წყალსაც იღებდა თავისი მოვალეობისა და თანამდებობის აღსასრულებლად ... სამწუხაროდ სათანადო მასალა ჯერ არ ჩანს და რაიმეს თქმა აქ არ შეიძლება“ (11;189).
ივ. ჯავახიშვილი წერდა: „ყველა ერისთავთ-ერისთავის საგამგეო ერთნაირი ღირსებისად არ ითვლებოდა. მათ შორის ზოგი უფრო საპატიოდ იყო ცნობილი, ზოგს კიდევ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. საერისთავთ-ერისთავოთა ანუ სამთავროთაგან ყველაზე უფრო საპატიო ხარისხი ეპყრათ და უაღრესად საპატიოდ ისეთი ადგილები ითვლებოდნენ, რომელნიც წინათ მეფეთა საჯდომად და სამეფოებად იყვნენ“. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თამარის ისტორიკოსი ორ ასეთ პიროვნებას ასახელებს: ზაქარია მხარგრძელს და გუზანს (263;336). თ. ბერაძის თვალსაზრისით, ასეთივე იყო აფხაზთა მეფეთა ადგილზე მჯდომი, სამოქალაქოს ერისთავთ-ერისთავი ვარდან დადიანი (31;155). დ. მუსხელიშვილი თვლის, რომ „არიშიანობა იყო სხვა არაფერი თუ არა ძველთა მეფეთა ადგილსა ზედა ჯდომა“ (165;124).
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ არც გუზანი და არც ზაქარია მხარგრძელი ერისთავები არ იყვნენ. არც არიშიანობა იყო ერისთავობის სინონიმი. ამავე დროს, წყაროები არ ადასტურებენ XI-XV საუკუნეებში სამოქალაქოს საერისთავოს არსებობას. ასეთი საერისთავო ამ დროს არ არსებობდა და ვერც ვარდან დადიანი იქნებოდა ერისთავი. ვარდანის ერისთავობა არც ერთი წყაროთი არ დასტურდება. თანც თამარ მეფის ისტორიკოსი ნათლად ასახელებს მხოლოდ ორ პიროვნებას, რომელიც „მეფეთა ადგილსა ზედა იჯდა“. ასეთები რომ სხვებიც ყოფილიყვნენ მემატიანე მათაც დაასახელებდა. რა თქმა უნდა ცხადია, რომ ვარდან დადიანს დიდი გავლენა ჰქონდა დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ამის მიზეზი არ იყო „მეფეთა ადგილსა ზედა ჯდომა“.
სამცხის საერისთავოსთან დაკავშირებით ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სამცხის სპასალარს, როგორც მეწინავე ჯარის სარდალს, ემორჩილებოდნენ სამხრეთ საქართველოს ერისთავები. როგორც ცნობილია ქართული ფეოდალური ლაშქარი იკრიბებოდა საქართველოს ცალკეული კუთხეების მიხედვით. მეწინავე ჯარი იკრიბებოდა მესხეთში. დანარჩენი ნაწილები იკრიბებოდა: დასავლეთ საქართველოში, კახეთ-ჰერეთსა და ქართლში. ყუველივე მათგანს ეყოლებოდა თავისი სარდალი, მსგავსად სამხრეთ საქართველოდან გამომავალი ჯარისა. ხომ არ იყო ვარდან დადიანი დასავლეთ საქართველოს ჯარის სარდალი, ხოლო ასათ გრიგოლის ძე _ კახეთ-ჰერეთის ჯარის სარდალი? ის რომ საქართველოსი რამდენიმე სპასალარი იყო ცხადია ბასილი ეზოსმოძღვრის სიტყვებიდან _ „... შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი ...“ (27;119). ჩვენი აზრით, ვარდან დადიანი იყო დასავლეთ საქართველოს სპასალარი, ასათი კი კახეთ-ჰერეთისა. მართალი ლეონტი მროველისა და ჯუანშერის მიხედვით სპასალარები ემორჩილებოდნენ ერისთავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა და ერისთავები დაემორჩილენ სპასალარებს. ეს საკითხი ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ სამცხის საერისთავოსთან დაკავშირებით და მასზე აღარ შევჩერდებით.
ი. ანთელავას აზრით, საერისთავო შედიოდა დიდი ერისთავის, სპასალარის საგანმგეოში. ეს უკანასკნელი კი ამირსპასალარს ემორჩილებოდა (11;201). ჩვენი არ ვთვლით, რომ სპასალარი და დიდი ერისთავი ერთი და იგივეა. დიდი ერისთავის თანამდებობა ოფიციალურად არ არსებობდა. ჩვენ ვთვლით, რომ ერისთავები ემორჩილებოდენ სპასალარს, ხოლო ეს უკანასკნელები კი ამირსპასალარს. თუმცა ერისთავის დაქვემდებარება სპასალარისა და ამირსპასალარისადმი ალბათ უფრო სამხედრო სფეროს განეკუთვნებოდა. ერისთავებზე ხელი მიუწვდებოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელსაც, რადგან ეს უკანასკნელი „ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უმისოდ არ იქნების“ (77:82). ჩვენ არ ვხმარობთ ტერმინს ერისთავთ-ერისთავი, რადგან ეს იყო საპატიო ტიტული. ოფიციალური ადმინისტრაციული იერარქიით კი არსებობდა მხოლოდ ერისთავის თანამდებობა. მართებულად შენიშნავს ი. ანთელავა, რომ ფეოდალური იერერქია „ცალკეა ჩამოყალიბებული და ადმინისტრაციულ იერარქიას როდი ემთხვევა“ (11;202).
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ერისთავი თანამდებობით თავისთავად სულაც არ ეკუთვნოდა „დარბაზის ერში“ შემავალ კატეგორიას“ (10;146).
ფეოდალურ სახელმწიფოში მთავარი არის მიწის საკითხი _ თუ ვის ეკუთვნის მიწა. ამდენად საინტერესოა, რა ადგილი ეჭირა საერისთავოს იმ დროს საქართველოში არსებული მიწათმფლობელობის სისტმაში. გასარკვევია, თუ რა სახის მიწები შედიოდა საერისთავოს შემადგენლობაში. ზ. ხიდურელის აზრით, „მიწის უმაღლესი მესაკუთრე ფეოდალურ მონარქიაში, როგორც ცნობილია, მეფეა. ის იმდენად არის სახელმწიფოს მეთაური, რამდენადაც სახელმწიფო მიწების უზენაესი მესაკუთრეა. ის აძლევს სხვა ფეოდალებს მიწას“ (249;268). მკვლევარის აზრით, XI-XV საუკუნეებში არსებული მიწის ფონდი ძირითადად დანაწილებულია: მეფეს, საერო ფეოდალებსა და ეკლესიას შორის (249;271). განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს ი. ანთელავა, რომელიც თვლის, რომ „უფრო სწორი იქნება ვიფიქროთ, რომ სახელმწიფოს მიწის ფონდი შედგება მეფის „სახლის“ დომენისაგან ... საერო ფეოდალებისა და ეკლესიის საკუთრებისა და მფლობელობისაგან და მიწებისაგან, რომლებზეც თავისუფალი მწარმოებელი ცხოვრობს, რაც საერისთავოს არსებობის საფუძველს წარმოადგენს“ (10;75). მკვლევარის აზრით, საერისთავოს შემადგენლობაში შედის მხოლოდ ის მიწები, რომლებიც ეკუთვნის თავისუფალ მწარმოებელს. „საერისთავოს არსებობა ... მდიბიურ-მოლაშქრეს, თავისუფალ მწარმოებელს გულისხმობს“ (10;80). ჯ. სტეფნაძის აზრით, „საერისთავოს მიწებზე ჯერ კიდევ ბატონყმობის უღელქვეშ მოუქცეველი საზოგადოება ცხოვრობს“ (205;24). ი. ანთელავა შენიშნავს, „უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია, სულ სხვადასხვა იურიდიული რეჟიმის მქონე სამფლობელოების ჩათვლით, საერისთავოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში იყო მოქცეული. წყაროებიდან არ ჩანს, რომ მთელს სახელმწიფოში გაფანტული სამეფო დომენები ტერიტორიულად საერისთავო ერთეულების გარეთ იყო განლაგებული. იგივე ითქმის ფეოდალური სახლების კერზო მამულებზე. ყველა ეს მამული საერისთავოს სიგნით მდებარეობს“. თუმცა მკვლევარი იქვე აღნიშნავს _ „სამეფო დომენები ამოღებული იყო ერისთავის იურისდიქციიდან და მას ცალკე მმართველობა ჰყავდა“ (11;184). ჩვენთვის ცოტა გაურკვეველია, თუ დომენი ამოღებული იყო ერისთავის იურისდიქციიდან და მას ცალკე მმართველობა ჰყავდა, როგორ იყო ის „საერისთავოში მოქცეული“? თუ დომენი არ ემორჩილებოდა ერისთავს, გამოდის, რომ ის მართლაც „საერისთავოს გარეთ იყო განლაგებული“. შეუძლებელია ტერიტორია იყოს საერისთავოს შემადგენლობაში და არ ემორჩილებოდეს ერისთავის მმართველობას. ზ. ხიდურელის აზრით, „წყაროები მოწმობს, რომ ამ პერიოდში, როგორც სამეფო დომენი ისე ფეოდალური მამულები გამოთიშული იყო საერიათავოებისაგან და უშუალოდ სამეფო კარს ექვემდებარებოდა“ (250;23).
ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ სამეფო დომენი არ შედიოდა საერისთავოს შემადგენლობაში. დომენს ცალკე მმართველობა ჰყავდა და მას საერთო არაფერი ჰქონდა ერისთავთან და საერისთავოსთან. არ არსებობს არც ერთი წყარო, რომელიც დაადასტურებს, რომ დომენი შედიოდა საერისთავოს შემადგენლობაში და ემორჩილებოდა ერისთავს. მართალია გამოთქმულია მოსაზრება, რომ სამეფო დომენს განაგებდნენ ერისთავები (141:63), მაგრამ ეს მოსაზრება არ არის სწორი. წყაროები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ. „ერისთავი სახელმწიფო ტერიტორიის გამგებელი მოხელე იყო და არა მეფის დომენის მოურავი“ (10;75). სამეფო დომენის მმართველს ერისთავი არ ეწოდებოდა.
ასევე ამოხებული უნდა ყოფილიყო ერისთავის იურისდიქციიდან საეკლესიო მიწებიც. შორს რომ არ წავიდეთ მაგალითის ძებნაში, ამის ნათელი დადასტურებაა სოფელი სუელნეთი. მას შემდეგ, რაც სოფელი სუელნეთი გადაეცა ქვათახევის მონასტერს ის ამოღებულ იქნა ქართლის ერისთავის იურისდიქციიდან (217;108). მართალია არსებობს საპირისპირო მაგალითიც _ 1470 წლის შალვა ქვენიფნეველის სიგელიდან ირკვევა, რომ „ერისთავი საზღვრავს მონასტრის სამფლობელოს იურიდიულ რეჟიმს, მის იურისდიქციასა და სხვას“ (206;35). მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ლარგვისის მონასტერი ქსნის ერისთავების საგვარეულო მონასტერი და მათი საძვალე იყო. ლარგვისის მონსტრის პატრონები ქსნის ერისთავები იყვნენ და სწორედ ამიტომ განსაზღვრავს შალვა ქვენიფნეველი მონასტრის იურიდიულ რეჟიმს.
ჩვენი აზრით, სამეფო დომენი და საეკლესიო მიწები ამოღებული იყო ერისთავის იურისდიქციიდან. ჩვენ ვგულისხმობთ იურიდიულ ნორმას, თორემ ფაქტიურად დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება ყოფილიყო გადახვევები იურიდიული ნორმიდან. ამის ნათელი მაგალითია გრიგოლ სურამელის დაწერილი. საბუთიდან ირკვევა, რომ გარკვეულ პერიოდში ქართლის ერისთავმა სამეფო მონასტრის კუთვნილ სოფელს დაუწესა „ბეგარა უსამართლო“. მართალია შემდგომში ერისთავი `შეაწუხა სვინდისმან~ და სოფელი გაანთავისუფლა გადასახადისაგან, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ ერისთავმა ხელი დაადო სამეფო მონასტრის კუთვნილ სოფელს (217;122).
უფრო რთულად არის საკითხი კერძო მამულებთან დაკავშირებით. ის მცირე წყაროებიც კი, რომელიც გაგვაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით, საპირისპირო ცნობებს იძლევა. „ძეგლი ერისთავთაში“ გვაქვს შემდეგი სახის ცნობა _ როდესაც ლარგველი გახდა ერისთავთ-ერისთავი მას მიეცა „მთავრობა ყოველთა დიდებულთა და აზნაურთა“ (77:104). აქედან გამომდინარეობს, რომ ლარგველს ემორჩილებოდნენ დიდებულებიც. ე.ი. მათი მამულები შედიოდა ცხრაზმისხევის საერისთავოში. სხვანაირად გაუგებარია, როგორ უნდა დამორჩილებოდნენ დიდებულები ლარგველს. მეორეს მხრივ, ისეთი მამულები როგორებიც იყო: გაგი, თმოგვი, თორი და სხვა არ შედიოდნენ არც ერთ საერისთავოში. არც ერთი წყაროდან არ ჩანს, რომ გაგელები ან თმოგველები ემორჩილებოდნენ რომელიმე ერისთავს.
როდესაც ბასილი ეზოსმოძღვარი ჩამოთვლის სანაპირო მხარეებს, ის წერს: „ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის ძენი და უფროსღა ტბელი და მახატლის ძენი მონაპირობდეს ...“ (27;130). გასათვალისწინებელია, რომ მემატიანე აღწერს რეალურად არსებულ ვითარებას. ისტორიკოსის ცნობა ჩვენ შემდეგნაირად გვესმის _ ოფიციალურად მონაპირეები იყვნენ გრიგოლისძეები და სანაპირო მხარე იყო ჰერეთის საერისთავო. პრაქტიკულად კი საზღვარს იცავდნენ (მონაპირეობდნენ) ტბელი და მახატლისძეები. ეს ჩვენი აზრით მიუთითებს იმაზე, რომ მახატლისძეების მამული შედიოდა ჰერეთის საერისთავოში. მახატლისძეები ემორჩილებოდნენ გრიგოლისძეებს როგორც მეფის მოხელეებს და არა როგორც სენიორებს (პატრონებს). გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მახატლისძეები არ იყვნენ ისეთი დიდი ფეოდალები, როგორც გაგელები, თმოგველები, თორელები. შეიძლება დავასკვნათ, რომ საერისთავოს ფარგლებში არ შედიოდა დიდ ფეოდალთა მამულები. სამაგიეროდ საერისთავოების შემადგენელი ნაწილი იყო საშუალო და წვრილი ფეოდალების მამულები (არვანბეგ საბაისძის კუთვნილი სოფელი იხდიდა საერისთავო გადასახადს ე.ი. არვანბეგ საბაისძის მიწები საერისთავოს შემადგენლობაში იყო და თავად არვანბეგ საბაისძეც ემორჩილებოდა ერისთავს (217;79-80). ზ. ხიდურელის აზრით, საერისთავოების შემადგენლობაში არ შედიოდა შემდეგი მამულები: თორი, გაგი, თმოგვი, ანისი, ლორე, ბიჯნისი, სურამი, ახალციხე, ფანასკერტი (250;23). ჩვენი აზრით, მას შემდეგ რაც ერისთავები გახდნენ სურამელები და ფანასკერტელები, შესაძლოა სურამი და ფანასკერტი მოექცა მათივე საერისთავოების შემადგენლობაში.
თუ დავუშვებთ, რომ ფეოდალთა მამულები საერთოდ არ შედიოდა საერისთავოების შემადგენლობაში, ასეთ შემთხვევაში გაურკვეველია _ რის საფუძველზე უნდა ეარსება საერისთავოებს. გამოდის, რომ საერისთავოებში შედიოდა მხოლოდ ის მიწები, რომლებზეც თავისუფალი მწარმოებლები ცხოვრობდნენ. მართებულად შენიშნავს ქ. ჩხატარაიშვილი, `საერისთავოთა სისტემა ბატონობდა XIV-XV საუკუნეებშიც ... თუ ყველა ამ ერისთავს თავისუფალ, ბატონყმობის უღელში მოუქცეველ გლეხთა გამგებლად ვიგულისხმებთ, როგორი სახით წარმოგვიდგება ჩვენ XIV-XV სს. საქართველოს სოციალური განვითარების დონე?` (237;31). მართალია მკვლევარი ლაპარაკობს XIV-XV საუკუნეებზე, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას XI-XIII საუკუნეების შესახებაც. XI-XV საუკუნეებში საქართველოში საკმაოდ ბევრი საერისთავო იყო. ზოგი მათგანი საკმაოდ დიდ ტერიტორიასაც მოცავდა და არა გვგონია განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში, თავისუფალ მწარმოებელთა ასეთი დიდი რაოდენობა ყოფილიყო ქვეყანაში (არ ვგულისხმობთ მთის რეგიონებს).
ამრიგად, ჩვენი აზრით, საერისთავოების შემადგენლობაში არ შედიოდა და შეაბამისად ერისთავის იურისდიქციიდან ამოღებული იყო: სამეფო დომენი, საეკლესიო მიწები და დიდ ფეოდალთა მამულები.
ერისთავი იყო მოხელე. საერისთავოს მოსახლეობა მას ემორჩილებოდა როგორც მეფის მოხელეს და არა როგორც სენიორს (პატრონს). „სხვაგვარი იყო ვითარება ერისთავისა და მისი სახლის პატრიმონიალურ მამულში, სადაც ერისთავის, როგორც საჯარო ხელისუფლების მოხელისა და კერძო ფეოდალის პრეროგატივები ერთმანეთს ემთხვეოდა“ (11;185). საკუთარ მამულში ერისთავი პატრონი იყო. მაგალითად _ სურამელები თავის მამულში პატრონები იყვნენ. სურამის მოსახლეობა მათ ემორჩილებოდა, პირველ რიგში როგორც პატრონს და მერე როგორც ერისთავს. საერისთავოს მოსახლეობა კი სურამელებს ექვემდებარებოდა როგორც მეფის მოხელეს, ადგილობრივ მმართველს და არა როგორც პატრონს. მართებულად შენიშნავს გ. ძიძიგური: „მოხელის საკუთრებაში არსებული მიწები არ ემთხვეოდა მისსავე საგამგეო-ტერიტორიულ ერთეულს. ერთი და იგივე პირი გარკვეულ ტერიტორიაზე ახორციელებს პოლიტიკურ უფლებას, ამავე ტერიტორიის ერთი რომელიმე ნაწილის მიმართ კი გამოდის როგორც მიწის მესაკუთრე“ (244;124). მართალია მკვლევარი ამას ამბობს ადრეფეოდალური ხანის შესახებ, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ერისთავებისა და საერისთავოების შესახებ XI-XV საუკუნეებშიც. „საკუთარი მიწიდან ფეოდალი იღებს რენტას, საგამგეოდან _ გადასახადს“ (245;17). ჩვენ ვიზიარებთ ი. ანთელავას აზრს, რომ „ვინაიდან ერისთავის საჯარო და კერძო ფუნქციები შერეული იყო, უეჭველია იგი ხშირად იყენებდა თავისი კერძო საქმისათვის სახელმწიფო აპარატს, ხოლო საჯარო ხელისუფლების გადასაწყვეტი საქმისათვის კერძო სამოხელეო აპარატს. საჯარო და კერძო საწყისების ამგვარი დიფუზია, საერთოდ დამახასიათებელია ფეოდალური ხანისათვის“(11;202).
ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ზოგჯერ ერისთავებად მიჩნეული არიან ისეთი პირები, რომლებიც წყაროებში მოიხსენიებიან „პატრონად“. კონკრეტული შემთხვევები ჩვენ ყველგან განვიხილეთ სათანადო ადგილზე და აქ აღარ შევჩერდებით. ჩვენ მხოლოდ ზოგადად შევეხებით ამ საკითხს. XI-XV საუკუნეებში ტერმინ „პატრონს“ სოციალური დატვირთვა ჰქონდა და არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო იმ დამოკიდებულების აღსანიშნავად რომელიც იყო ერისთავსა და საერისთავოს მოსახლეობას შორის. მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს წყაროებიდან: „გუარამ გოდერძის ძე ბეჭის ციხის პატრონი“ (145:300) _ ცხადია ვერ ვიგულისხმებთ, რომ არსებობდა ბეჭის ციხის საერისთავო; „ვარდან დადიანი ... პატრონი ორბეთისა და კაენისა“ (97:49), „ივანე ვარდანის ძე პატრონი გაგისა, მაყა პატრონი კაიწონისა“ (97:51). არ არსებობდა ორბეთის, გაგის, კაენის და კაიწონის საერისთავოები; „ზაქარია მხარგრძელსა ... პატრონსა ლორისასა“ (97:55). ლორე ეძლეოდათ „სახარაჯოდ“ ამირსპასალარობისათვის და ცხადია ის საერისთავო არ იყო. გრიგოლ სურამელის დაწერილში, გრიგოლის ძე _ ბეგა მამას პატრონად მოიხსენიებას (217;125). აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში პატრონი აღნიშნავს იმ სოციალურ ურთიერთობას, რომელიც არის მამასა და შვილს შორის. „პატრონის“ ამგვარი ხმარება ხშირად გვხვდება წყაროებში. 1259 წლის ძაგან აბულეთის ძის დაწერილში ვკითხულობთ _ „თეძმის პატრონთა ...“ (16;140). რა თქმა უნდა არ არსებობდა თეძმის საერისთავო. „მამული ჩემი მკუიდრი, პატრონთაგან ბოძებული“ (217;143). აქაც პატრონი სოციალური შინაარსის მქონეა. დავით VIII-ის სიგელში ვკითხულობთ: „სოფელი ლაუში გამოვიღეთ ... ჟინოვნისა პატრონთა და ამირათაგან“ (217;183). არც აქ შეიძლება პატრონის ქვეშ ერისთავი ვიგულისხმოთ. ორ შემთხვევაში პატრონად იწოდებიან ბეგა და მიქელ სურამელები (217;135,195). ეს ფაქტები არ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ ერისთავი საერისთავოს პატრონი იყო. პირველ შემთხვევაში ქართლის ერისთავია გრიგოლი და არა ბეგა. მეორე შემთხვევაში კი, მიქელს პატრონს უწოდებს მისივე მეუღლე ქანანა. ამ შემთხვევაშიც „პატრონი“ სოციალურ დატვირთვას ატარებს. სამაგიეროდ არასდროს არ გვხვდება: პატრონი რაჭისა, პატრონი კახეთისა, პატრონი ქართლისა, პატრონი სვანეთისა. ერისთავი საერისთავოში მოხელეა და არა მემამულე. პატრონი კი გულისხმობს მემამულეობას. საკუთარ მამულში ერისთავი პატრონია, მაგრამ ასეთად მისი მიჩნევა, საერისთავოსთან დაკავშირებით შეუძლებელია. ი. ანთელავა განიხილავს რა დავით ნარინის 1261-1262 წლების სიგელს ხეფინისხეველთა და წაქველთადმი, სრულიად მართებულად აღნიშნავს _ „ამ ხევებს არ ჰყავთ პატრონი“ (10;73), მაგრამ მათ ჰყავთ ერისთავი. ეს მაგალითიც ცხადყოფს, რომ ერისთავი არ შეიძლება განვიხილოთ საერისთავოს მიმართ პატრონად.
იმ პირთა მიჩნევა ერისთავებად, რომლებიც წყაროებში მოიხსენიებიან მხოლოდ „პატრონობით“, თუ კი სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს, არ მიგვაჩნია სწორად.
6. ერისთავობის როგორც სამოხელეო ინსტიტუტის მოშლა
ძალიან ზუსტად შენიშნა ნ. ბერძენიშვილმა, რომ „ძველიდანვე ერისთავში ორი საწყისი იყო: მთავარი და მოსაკარგავე“(45:183). თუ რომელი საწყისი გაიმარჯვებდა, ეს ძირითადად დამოკიდებული იყო სამეფო ხელისუფლების სიძლიერეზე. VI საუკუნეში სამეფო ხელისუფლება გაუქმდა ქართლში და ეს გარკვეულ წილად ერისთავთა გამარჯვება იყო. მათ სამემკვიდრეოდ დაისაკუთრეს ის მიწები, რომლებიც სამართავად ჰქონდათ მიცემული.
ერისთავობის, როგორც ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტის აღდგენა ხდება VIII საუკუნის ბოლოს აფხაზთა სამეფოში. ერთიანი საქართველოს მასშტაბით კი ამას აკეთებს ბაგრატ III. დავით აღმაშენებლის დროს ცენტრალური ხელისუფლება მინიმუმამდე ზღუდავს ერისთავთა ძალაუფლებას. ამავე პოლიტიკის გაგრძელებას ცდილობდნენ დავითის მემკვიდრეებიც.
ვითარება მკვეთრად იცვლება მონღოლთა ბატონობის დამყარების შემდეგ. დასუსტებული სამეფო ხელისუფლება ვეღარ ახერხებს მორჩილებაში იყოლიოს ერისთავები. უმეფობის ხანამ (1245-1247) და ქვეყნის დაყოფამ დუმნებად დიდი ბიძგი მისცა ერისთავთა „გამთავრების“ ტენდენციას. ყველა თავის საერისთავოში ჩაიკეტა _ „ქუეყანა სამეფო, საყდარნი და მცხეთა და მისი მიმდგომი ქუეყანა და მონასტერნი არავისაგან იცვებოდის, რამეთუ წარჩინებულნი ამის სამეფოსანი თვისისა ქუეყნისათვის ზრუნვიდეს“ (186;224).
ერისთავობის ინსტიტუტში მომხდარ ცვლილებას კარგად ასახავს ის ფაქტიც, რომ ჟამთააღმწერელი ზოგჯერ ერისთავებს მთავრებს უწოდებს. „შეკრბეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტას თავს ... ეგარსლან, ცოტნე, ყუარყუარე, სარგის თმოგველი, კუპრი შოთა“ (186;215). ყვაყვარეცა და შოთა კუპრიც ერისთავები არიან. „მეფემან რუსუდან თანა-წარიტანა ყოველნი მთავარნი ლიხთ იმერელნი დადიანი ცოტნე ... ბედიანი, რაჭის ერისთავი, გურიელი ... (186;195). მემატიანე მთავართა შორის აქაც ორ ერისთავს ასახელებს: რაჭისა და ოდიშის. მიუხედავად იმისა, რომ „მთავარი და ერისთავი სხვადასხვა წარმოშობისანი არიან“ (45:173) ჟამთააღმწერლისათვის `ნიშანდობლივი განსხვავება მთავარსა და ერისთავთერისთავს შორის არ შეიმჩნევა. სწორედ ესაა ჩვენი ავტორის დროისათვის დამახასიათებელი“ (44:177). ნ. ბერძენიშვილი იქვე შენიშნავს _ „XIII საუკუნის ეს მთავრები არც ძველი მთავრებია ადრეფეოდალური ხანისა და არც ჩიხის გამარჯვების დროის მთავრები და თავადები, ესენი შუაზედ არიან“ ა. კიკვიძე წერდა „თუ კი XII საუკუნეში ერისთავები ისმებოდა, როგორც ფეოდალური ხელისუფლების რწმუნებული სხვადასხვა კუთხეში და ფეოდალური ცენტრის გარეშე მათ არ შეეძლოთ ემოქმედნათ, XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე ფეოდალური ცენტრის გარეშე ისმება ერისთავი მემკვიდრეობის საფუძველზე“ (116:63).
ერისთავობის ხელის დამკვიდრება ერთ საგვარეულოში XII საუკუნეშიც ხდებოდა და XI_შიც. საკმარისია გავიხსენოთ: დადიანები, ვარდანისძეები, კახაბერისძეები და სხვა. ერისთავობის დამკვიდრება ერთ საგვარეულოში ჯერ კიდევ არ ნიშნავს ერისთავის „გამთავრებას“, თუმცა როგორც გ. მელიქიშვილი აღნიშნავს, შეიძლება ჩაითვალოს ამ პროცესის დასაწყისად (152:104). ერისთავის გამთავრება მაშინ იწყება, როცა მეფე ვერ ახერხებს მის გადაყენებას. იურიდიულად მეფეს ყოველთვის შეეძლო ერისთავის გადაყენება, XIV საუკუნეში და თვით XV-შიც. მთავარია რამდენად შეუძლია სამეფო ხელისუფლებას პრაქტიკულად განახორციელოს ის რისი იურიდიული უფლებაც აქვს. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ამის გაკეთება ძნელდება, თუმცა შეუძლებელი ჯერ კიდევ არ იყო. ამ მხრივ საინტერესოა თორღვა პანკელთან დაკავშირებული ამბავი. ყაენთან მიმავალმა დავით ულუმ „თვითოეული თემის-თემისა ადგილი თვითოეულსა კაცსა შევედრის. კახეთიცა პანკელსა თორღუას შევედრა ... ჰგონა თორღუამან არღარა მოსვლა მეფისა, უკუდგა პანკისის ციხესა და თვისად დაიჭირა კახეთი“ (186;230). შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ისარგებლა ფეოდალმა მეფის არყოფნით და სცადა საგამგეოდ მიცემული „ქუეყანა“ თავისად გაეხადა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ მართალია მაინც მოახერხა განდგომილის შეპყრობა და დასჯა, მაგრამ საინტერესოა თავად ფაქტი _ აშკარად ხდება სახელმწიფო მიწის მითვისება.
თუმცა უკვე მონღოლების დროს ყოველთვის როდი ხერხდებოდა ურჩი ერისთავების დასჯა. ნორმალურ სიტუაციაში დავით ულუს თავისუფლად უნდა შესძლებოდა ყველა იმ ერისთავის გადაყენება, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს მას 1260 წელს, აჯანყების დროს. ცხადია, დამარცხებული მეფე ვერაფერს დააკლებდა მონღოლების მხარეზე გადასულ ერისთავებს. მონღოლები ყოველნაირად მხარს უჭერდნენ ერისთავთა „გამთავრების“ ტენდენციას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მონღოლები მეფის ხელისუფლებას საშუალებას არ აძლევდნენ დაესაჯა და დაემორჩილებინა ურჩი ერისთავები. აკი პირდაპირ წერს მემატიანე „... მთავარნი და ერისთავნი ვერ სცვალნის შიშისათვის ყაენისა“ (186;256); „ერც დავით მეფემ სწუართნა ერისთავნი შიშისათვის ყაენისა“ (186;268). სწორედ მონღოლების შემწეობით გახდა სამცხე ხასინჯუდ. სამცხის ერისთავი „გამთავრდა“ და დაიმორჩილა მთელი სამხრეთ საქართველო „ტასისკარითგან ვიდრე ბასიანამდე“. ერისთავთა „გამთავრება“ ასუსტებდა სამეფო ხელისუფლებას და ეს სასურველი იყო ყველა დამპყრობლისათვის, მათ შორის მონღოლებისთვისაც.
საინტერესოა კახაბერ კახაბერისძის მაგალითიც. რაჭის ერისთავი რამდენჯერმე გამოვიდა დავით ნარინის წინააღმდეგ. საბოლოოდ მეფემ ის შეიპყრო და დასაჯა, რაჭის საერისთავო კი ჩამოართვა კახაბერისძეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ჟამთააღმწერლის თხზულების შემდეგი ადგილი _ „რაჭის ერისთავი კახაბერი იყო ქართლს ... ევედრა მეფესა, რათა შეიწყალოს და უბოძოს მამული მისი ... მეფემან ... მიუბოძა მამული მისი ყოველი და კუალად აგო მამულსა მისსა რაჭას~ (186;275). მემატიანე ხმარობს ტერმინს _ მამული. თხრობიდან ჩანს, რომ ეს მამული არის რაჭა. საქმე გვაქვს საინტერესო ფაქტთან, მემატიანე კახაბერისძეთა საერისთვო „ქუეყანას“ _ რაჭას უწოდებს მამულს. საერისთვოს გაიგივება მამულთან, კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რა შორს არის წასული ერისთავთა „გამთავრების“ პროცესი. ნელნელა ხდება საერისთავოსა და მამულს შორის არსებული სხვაობის წაშლა. ერისთავები საერისთავოში ისევე იქცევიან, როგორც თავის მამულში.
კარგი ასპარეზი მიეცათ ერისთავებს „გამთავრებისათვის“ დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ. მისმა მემკვიდრეებმა ურთიერთშორის დაიწყეს ბრძოლა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „იხილა დადიანმან გიორგი ესე ვითარება მათ შორის (მიქელი და კონსტანტინე _ მ.ბ.) მაშინ მიიტაცა საერისთო ცხომისაცა და დაიპყრა თვით სრულიად ოდიში ანაკოფიამდე. ეგრეთვე შარვაშიძემ აფხაზეთი და გურიელმან გურია და სუანთა ერისთავმან სუანეთი და განიმკვიდრეს თვისად და არღარა ეგდენსა მორჩილებასა შინა იყვნენ მეფეთასა“ (23;801). 1323 წელს მოკვდა გიორგი დადიანი „და დაჯდა მის წილ ძე მისი მამია“. ო. სოსელიას აზრით, „მამია პირველი დადიანია, რომელიც მთავრის ყველა ატრიბუტით აღიჭურვა. ამიტომ ჩვენ უფლება გვაქვს ვუწოდოთ მამიას მთავარი, ხოლო მისი დროის ოდიშს სამთავრო“ (199;176). ჩვენი აზრით ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას აფხაზეთისა და სვანეთის მიმართაც. საინტერესო ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი დავით ნარინის ძის მიქელის შესახებ _ მიქელმა „იღუაწა კუალად შეერთებად და დამორჩილებად პირველისაებრ მათ მთავართა და ერისთავთა. არამედ წართმევითა და ცვალებითა ვერღარა შეძლო. გარნა დაიმორჩილნა კუალად ხარკის მიცემითა და მოლაშკრეთ თვისად“ (23;801). მეფეს ყოველთვის უნდა შეეძლოს თავისი მოხელის გადაყენება და შეცვლა. მიქელს ამის საშუალება აღარ ააქვს. მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ ერისთავები დათანხმდნენ ხარკის გადახდას და ჯარის გამოყვანას. ეს კი უფრო ყმადნაფიცობის პირობას ჰგავს, ვიდრე მოხელის მორჩილებას მეფისადმი.
1318 წელს ტახტზე ავიდა გიორგი V ბრწყინვალე. იმ პოლიტიკისათვის, რომელსაც მეფე ატარებდა შეუთავსებელი იყო „გამთავრებული“ ერისთავების არსებობა. მეფემ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ურჩ ერისთავებს. მონღოლები უკვე იმდენად იყვნენ დასუსტებული, რომ გიორგის ხელს ვერ შეუშლიდნენ და მანაც რადიკალური ღონისძიებები გაატარა ურჩთა მიმართ _ „მოიყვანა ყოველნი ამის ქუეყნის ერისთავნი და წარჩინებულნი, რეცა დარბაზობად ცივსა ზედა ჰერეთისასა და მოსწყვიდნა მუნ ურჩნი თვისისა მეფობისანი და დაადგინა ყოველთა ადგილთა წარვლინებულნი ერისთავნი მორჩილებისანი და დაიპყრნა ამით უმეტეს ყოველნი“ (23;256).
მას შემდეგ რაც მეფე გადავიდა დასავლეთ საქართველოში, ვითარება შეიცვალა ამ მხარეშიც. ვახუშტი აღნიშნავს, რომ გიორგიმ „დასხნა ერისთავნი თვისნი“ (23;258). ჩვენი აზრით აქ ლაპარაკია არა ახალი ერისთავების დანიშვნაზე, არამედ „გამთავრებული“ ერისთავების დამორჩილებაზე. ვახუშტის შემდგომი თხრობიდან ირკვევა, რომ მამია დადიანი, სვანთა ერისთავი, შარვაშიძე ისევ თავს ძველ ადგილებზე არიან და ისინი არავის არ გადაუყენებია. გამონაკლისს წარმოადგენდა შორაპნის ერისთავი ბაგრატი (თუ კი ასეთი მართლაც იყო), რომელიც მართლაც გიორგიმ დანიშნა ერისთავად.
გიორგი ბრწყინვალემ სამცხეც შემოიერთა. ათაბაგობა სარგისის ძეს ყვარყვარეს უბოძა და „დასხნა ერისთავნი თვისნი კლარჯეთს, სპერს, კალმახს, არტანუჯს და სამცხეს არტაანისა და წუნისა და ამ საერისთოთაგან რომელიმე მიუბოძა ბიძათა და ბიძის ძეთა ყუარყუარე ათაბაგისათა და იყვნენ ესენი მორჩილებასა ათაბაგისასა“ (23;258).
ჩვენი აზრით, გიორგი V-მ შესძლო შეეჩერებინა ერისთავთა „გამთავრების“ პროცესი, მაგრამ მათი სრული დამორჩილება _ ისე როგორც იყო XII საუკუნეში _ მაინც ვერ მოხერხდა. ვახუსტი ბატონიშვილი წერს: „მოკუდა დადიანი მამია და მიუბოძა მეფემან გიორგი ძესა მისსავე გიორგის დადიანობა“ (23;259). ამ ცნობასთან დაკავშირებით ო. სოსელია შენიშნავს _ „მართალია, დადიანობის წართმევა და ცვალება მეფეს არ შეუძლია, მაგრამ დადიანად დასმის აქტი ფორმალურად მაინც მეფის სანქციით ხდება“ (199;178). ა. კიკვიძის აზრით, „სამეფო ხელისუფლებისაგან პატივის ბოძების დამოუკიდებლად, მამული ხდის ერისთავის შვილს თანამდებობით ახალ ერისთავად. სამეფო ხელისუფლებას დარჩენია მხოლოდ სცნოს თანამდებობით ახალი ერისთავი და დაუმტკიცოს მას პატივი“ (77:63). შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ერისთავებს ჯერ კიდევ არ შესწევთ სრული „გამთავრება“, თუმცა მეფის ხელისუფლებასაც არ ააქვს ძალა ბოლომდე დაიმორჩილოს ისინი. თუმცა ზოგჯერ მეფე მაინც ახერხებდა ურჩი ერისთავის გადაყენებას. როდესაც 1361 წელს „უკუდგნენ სუანნი, გარდამოვიდნენ, მოსტყუვნეს ქუთათისი და მოწუეს“ (23;261), ბაგრატ V-მ შეიპყრო სვანთა ერისთავი ვარდანისძე, ჩამოართვა მას ერისთავობა და სხვას გადასცა. მაგრამ ერისთავის გადაყენების ეს ფაქტი უკვე გამონაკლისს წარმოადგენდა.
XV საუკუნის დასაწყისში დაიწერა ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“. „ასეთ მატიანეთა წერის ტრადიციის გამომუშავებისათვის ხელსაყრელ პირობებს ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების პერიოდები ჰქმნიან. როდესაც ... ცალკეული ფეოდალები მათი განდიდების ისტორიულ გენეზისს არა მეფის წყალობაში, არამედ წინაპართა ბრწყინვალე საქმიანობაში ჰხედავენ“ (207;220). „ძეგლი ერისთავთას“ მთავარი მიზანია უჩვენოს, რომ ცხრაზმისხევის ერისთავებს ერისთავობა საქართველოს მეფეებისაგან არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე საქართველოს მეფეებს არ ააქვთ უფლება წაართვან მათ ერისთავობა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს „ხელი“ მათ არ უბოძებიათ. მემატიანე ყოველნაირად ცდილობს განადიდოს ერისთავები. ამის საილუსტრაციოდ ერთი მაგალითიც იკმარებს _ „ხოლო საქმე ერისთავისა იოვანესი ვითარ გაუწყო: მეფენი შემოხვეწილ სახლსა შინა მისსა მათგან ითხოვიდიან მეფობასა და მისცეს, რომლისაცა ენების“ (77:112).
ამავე ძეგლში დაფიქსირებულია საინტერესო ფაქტი _ სამხედრო შეტაკება ცხრაზმისხეველებსა და „მთიულთა არაგვისათა“ შორის (77:108). ე. ი. დაპირისპირება ცხრაზმისხევისა და არაგვის საერისთავოების მცხოვრებთა შორის. მართებულად შენიშნავდა ნ. ბერძენიშვილი _ „ერისთავს, როგორც ერისთავს, არ შეიძლება მტრობა ჰქონდეს, როგორც წესი სხვა ერისთავთან. საერთოდ სამოხელეო ქვეყანა ამის საფუძველს არ იძლეოდა. და მართლაც ჩვენ არც გვაქვს ერთი მაგალითიც კი ერისთავებს შორის ბრძოლისა, ვიდრე ეს ერისთავნი მოხელენი რჩებოდნენ. მხოლოდ იმდროიდან და რამდენადაც ერისთავები მთავრები ხდებიან, ანუ რამდენადაც საერისთავო ქვეყანა სამთავროდ იქცეოდა ე.ი. რამდენადაც ერისთავი პოლიტიკურ ხელისუფლებას მიიტაცებდა, დასაშვები არის ასეთი მტრობა ამ სენიორებს შორის“ (44:169).
თემურ ლენგის შემოსევებმა კიდევ უფრო დაასუსტეს მეფის ხელისუფლება. ალექსანდრე I-მა სცადა გამოესწორებინა მდგომარეობა. „დაიპყრა ყოველნი ციხენი და ექსორია-ჰყვნა ურჩნი და რომელნიმე უმკვიდრო-ჰყვნა და დასხნა ერისთავნი თვისნი“ (23;279). ალექსანდრე მეფეს უკვე აღარ შეეძლო და ძალაც აღარ ჰქონდა შეეჩერებინა ერისთავობის, როგორც სამოხელეო ინსტიტუტის გადაგვარების ტენდენცია. „ვინაითგან განმკვიდრებულ იყვნენ მთავარნი, ვითარცა ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სუანთა„ (23;279).
საინტერესოა ალექსანდრე I-ის დროინდელი სასისხლო სიგელი მიცემული თოფურისძეთადმი _ „... ამისნი მოწამენი არიან ... შიოშ ფალავანდიშვილი, ფარნაოზ ფალავანდიშვილი, ბაგრატ ბარათაშვილი, თეიმურაზ ლამისშვილი, მამის მამა კუჭაიძე, ყელგრძელი ჩხეტიძე, გიორგი ერისთავი, კახაბერი ლომინაძე, როსტომ ჩივჯავაძე ...“ (86:37). მთელს ამ ნაწყვეტში ჩვენთვის ყველაზე მთავარია გიორგი ერისთავის მოხსენიება. ეს პიროვნება ისეთ კონტექსტშია მოხსენიებული, რომ - ერისთავი - გვარი უნდა იყოს და არა თანამდებობა. სიგელი სასისხლოა და შეიძლება ყალბიც იყოს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ მისი ავტორისათვის _ ერისთავი უკვე გვარია და არა სამოხელეო თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინი. „ერისთავის“ ხმარება გვარის მნიშვნელობით, ფაქტობრივად ნიშნავს ერისთავობის როგორც სამოხელეო ინსტიტუტის მოშლას.
ჩვენი აზრით, ძირითადი მიზეზი, რომელიც იწვევდა ერისთავთა „გამთავრებას“ იყო სამეფო ხელისუფლების სისუსტე. რა თქმა უნდა არსებობდა სხვა მიზეზებიც და ჩვენ მათ განვიხილავთ, მაგრამ მთავარი მაინც იყო ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე. ჩვენ შესავალში აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ ერისთავობის ინსტიტუტმა თავისი განვითარების ორი, თითქმის ერთნაირი ეტაპი გაიარა.
პირველი ეტაპი დაიწყო ფარნავაზის დროს, როდესაც საერთოდ შეიქმნა ეს ინსტიტუტი და დამთავრდა VI საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ერისთავებმა სათავისოდ დაისაკუთრეს ერთ დროს სამართავად გადაცემული ტერიტორიები. მეორე ეტაპი იწყება VIII საუკუნეში, როდესაც ლეონ II-მ თავისი სამეფო ასევე დაყო საერისთავოებად და ერისთავები იყვნე მხოლოდ მეფის მოხელეები. ერთიანი საქართველოს მასშტაბით ერისთავობის, როგროც სამოხელეო ინსტიტუტის აღდგენა ხდება ბაგრატ III-ის დროს. ეს ეტაპი თავდება XV საუკუნეში. თავდება ისევე როგორც პირველი ეტაპი _ ერისთავობა როგორც ადგილობრივი მმართველობის სისტემა უქმდება.
ერისთავთა „გამთავრებას“ დიდად განაპირობებდა თავად ამ ინსტიტუტის ხასიათი, რაც ასე კარგად აღნიშნა ნ. ბერძენიშვილმა. ერისთავში არსებული ორი საწყისიდან _ მთავარი და მოსაკარგავე _ თუ რომელი გადასძლევდა, ძირითადად დამოკიდებული იყო სამეფო ხელისუფლების სიძლიერეზე.
ერისთავთა უფლებები საერისთავოს მცხოვრებთა მიმართ საკმაოდ დიდი იყო: ერისთავს გამოჰყავდა ჯარი საერისთავოდან, კრეფდა გადასახადებს, გააჩნდა სასამართლო და ადმინისტრაციული ფუნქციები. განა ნებისმიერ თავადს, თავისი სათავადოს მცხოვრებთა მიმართ ამაზე ბევრად მეტი უფლებები გააჩნდა? არა გვგონია. მართალია იყო ერთი დიდი განსხვავება _ თავადი სენიორი, პატრონი იყო სათავადოში მცხოვრებთა მიმართ; ერისთავი კი იყო მოხელე და არა პატრონი. ჩვენი აზრით, ერისთავის „გამთავრების“ პროცესში საერისთავოს მაცხოვრებლებს ეს განსხვავება მკვეთრად არ უნდა ეგრძნოთ. ისინი „გამთავრებამდეც“ ერისთავს უხდიდნენ გადასახადს (მართალია ეს გადასახადი ერისთავის „მეშვეობით“ ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიდიოდა, მაგრამ მოსახლეობისთვის გადასახადის ამკრეფი ხომ მაინც ერისთავი იყო) და მერეც მასვე გადაუხდიდნენ; „გამთავრებამდეც“ ერისთავს გაჰყავდა ისინი სალაშქროდ და მერეც; სასამართლო ფუნქცია „გამთავრებამდეც“ ერისთავის ხელში იყო და მერეც. მოსახლეობისათვის დიდად არაფერი იცვლებოდა და საწყის ეტაპზე შესაძლოა მათ ცხოვრებაში არაფერიც არ შეცვლილიყო. ამიტომ საერისთავოს მოსახლეობისთვის ერისთავის „გამთავრება“ გარკვეულწილად შეუმჩნეველი იქნებოდა და ისინი წინააღმდეგობასაც არ და ვერ გაუწევდნენ ერისთავის ამ სურვილს. ერისთავს თავიდანვე დიდი უფლებები ჰქონდა საერისთავოს მიმართ. ასეთ პირობებში რჩებოდა ერთადერთი ძალა, რომელიც წინ უნდა აღდგომოდა ერისთავთა სურვილს „გამთავრებულიყვნენ“ _ ეს იყო ცენტრალური ხელისუფლება, სამეფო კარი. როგორც კი მეფის ხელისუფლება სუსტდებოდა, ერისთავები იმწუთასვე თავს წამოყოფდნენ. შეიძლება მართალი იყო ნ. ბერძენიშვილი როდესაც აღნიშნავდა, რომ „გაერთიანებულ ქვეყანაში ერისთავი უკვე ძველის გადმონაშთი იყო და ახალი ვითარებისათვის შეუფერებელი“ (44:39), მაგრამ ერთიან ქართულ ფეოდალურ მონარქიაში არ შექმნილა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების მართვის რაიმე სხვა ინსტიტუტი ერისთავობის გარდა.
ნ. ბერძენიშვილი წერდა; „დიდაზნაურობა იყო სოციალური საფუძველი ერისთავების გამთავრებისა. ერისთავი თუნდაც უგვარო, უმალ ყველა სააუგო ზრახვებს გამოეკიდებოდა, როგორც გასუქდებოდა, უმალ ივიწყებდა პატრონის (მეფის) კეთილისყოფას“ (45:181). ერისთავად მეფეს შეეძლო ნებისმიერი პირი დაენიშნა, მაგრამ პრაქტიკულად ამ თანამდებობას ყოველთვის დიდაზნაურები ფლობდნენ. ერთადერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ერისთავი გახდა „უგვარო“ _ ეს იყო თრიალეთის ერისთავი აფრიდონი. ცხადია, რომ ერისთავად ახლად დანიშნული „უგვარო“ უფრო მეტად იქნებოდა დამოკიდებული მეფეზე, ვიდრე დიდაზნაური რომლის საგვარეულოც რამდენიმე თაობის მანძილზე ფლობდა ერისთავობის „ხელს“.
ერისთავობის, როგორც სამოხელეო ინსტიტუტის მოშლას ხელს უწყობდა, როგორც ამას ი. ანთელავა აღნიშნავს _ იმუნიტეტის განვითარებაც. „იმუნიტეტის „სივრცეში“ გაფართოვება ბუნებრივად იწვევდა საჯარო ხელისუფლების, მეფისა და მისი მოხელეების, პირველ რიგში ერისთავის იურისდიქციის გადასვლას იმუნისტის ხელში, რამაც საბოლოოდ დეგრადაციამდე და გაქრობამდე მიიყვანა ერისთავის უძველესი ინსტიტუტი ბარის საქართველოში“ (87:175).
როგორც ცნობილია საერისთავოთა ნაწილი სამთავროდ იქცა (ოდიშის, აფხაზთა, სვანთა), ნაწილი სათავადოდ (ქსნის, არაგვის, რაჭის), ნაწილი კი საერთოდ გაუქმდა (ქართლის, კახეთის, ცხუმის და სხვა). „XV საუკუნის დამახასიათებელი ნიშანია ახალი საგვარეულოების გამოსვლა ასპარეზზე, მამულების გადანაწილების საფუძველზე ახალი სენიორიების შექმნა ... სენიორიამ მთლიანად დაიკავა ... სამხედრო-ადმინისტრაციული და ფისკალური ერთეულის „საერისთავოს“ ადგილი“ (87:44).
XIII საუკუნის შუა ხანებიდან, მეფის ძალაუფლების შესუსტების პარალელურად, სულ უფრო და უფრო ძლიერდება ერისთავთა„გამთავრების“ ტენდენცია. მთელი ორი საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა ბრძოლა მეფის ხელისუფლებასა და ერისთავებს შორის. XV საუკუნეში ეს ბრძოლა დამთავრდა იმით, რომ საერისთავოები გაუქმდა და ერისთავობის ინსტიტუტმაც არსებობა შეწყვიტა. მართალია XV საუკუნის შემდგომაც გვხვდება ტერმინი „ერისთავი“, თვით XVIII საუკუნეშიც კი არსებობენ: ქსნის, არაგვისა და რაჭის საერისთავოები _ მაგრამ ისინი ჩვეულებრივი სათავადოები არიან და არაფერი აქვთ საერთო საერისთავოებთან, როგორც ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებთან და ერისთავობასთან, როგორც ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტთან.
გამოყენებული წყაროებისა და ლიტერატურის სია
1. დ. აბაშიძე, ორმეფობა ძველ ქართლში. `ცისკარი~ #11 1988 წ. თბ.
2. გ. აბრამიშვილი, სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა 1977 წ.თბ.
3. ათონის ივერიის მონასტრის 1047 წლის ხელნაწერი აღაპებით 1901 წ.
4. ზ. ალექსიძე, ატენის სიონის სომხური წარწერები 1978 წ. თბ.
5. ზ. ალექსიძე გ. აბრამიშვილი, ქართული წარწერების კორპუსი. ფრესკული წარწერები I. 1989 წ. თბ.
6. ამიანე მარცელინი, გეორგიკა I. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ.გამყრელიძემ და ს.ყაუხჩიშვილმა 1961 წ. თბ.
7. შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია ტ.I 1944 წ. თბ.
8. შ. ამირანაშვილი, არმაზისხევში გათხრების დროს ნაპოვნი ადრე სასანური ეპოქის ვერცხლის თასი. კრ. „თბილისი 1500“ 1958 წ. თბ.
9. ი. ანთელავა, თამარ მეფის 1188 წლის სიგელის ზოგიერთი მონაცემისათვის ჟურნალი „ცისკარი“ #1 1972 წ.თბ.
10. ი. ანთელავა, XI-XV სს. საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები 1980 წ. თბ.
11. ი. ანთელავა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XII საუკუნეების საქართველოში 1983 წ.თბ.
12. ი. ანთელავა, დადიანთა საგვარეულოს გენეალოგიიდან XIII ს-ში. ჟურნალი „დროშა“ #7 1986 წ.თბ.
13. ი. ანთელავა, XI-XIV სს. ქართული საისტორიო წყაროები 1988 წ.თბ.
14. ი. ანთელავა, ლევან II დადიანი 1990 წ.თბ.
15. გ. არახამია, ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები 1988 წ.თბ.
16. ნ. ასათიანი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან. თსუ შრომები #78 1963 წ.თბ.
17. ნ. ასათიანი, სახელმწიფოებრივი რეფორმების საკითხისათვის XV ს-ის კახეთის სამეფოში. ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან 1976 წ.თბ.
18. ნ. ასათიანი, საქართველოს ისტორია 1999 წ. თბ.
19. ა. აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში 1968წ.თბ.
20. მ. ახალაშვილი, X-XV სს. წარწერები სვანეთის ჭედური ხელოვნების
ძეგლებზე 1987 წ.თბ.
21. შ. ბადრიძე, ქართველთა სამეფოს პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები #113 1965 წ.
22. შ. ბადრიძე, საშინაო პოლიტიკური ვითარება თამარის მეფობაში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ III 1979 წ.თბ.
23. ბაგრატიონი ვახუშტი _ აღწერა სამეფოსა საქართველოსა.
24. ა. ბარამიძე, სამშვილდის წარწერის დარეჯანი. მრავალთავი X 1983 წ.თბ.
25. თ. ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები 1957 წ. თბ.
26. თ. ბარნაველი, კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები 1962 წ.თბ.
27. ბასილი ეზოსმოძღვარი _ „ცხოვრება მეფეთ მეფე თამარისა“.
28. ა. ბაქრაძე, თრიალეთისა და ატენის ეპიგრაფიკული ძეგლები, როგორც ისტორიული წყარო. მუზეუმის „მოამბე“ XX-B ნაკ.35 1959 წ.თბ.
29. დ. ბაქრაძე, ისტორია საქართველოსი. უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე 1889 წ.
30. დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში 1987 წ.თბ.
31. თ. ბერაძე, ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული III. 1967 წ.თბ.
32. თ.ბერაძე, რაჭა ფეოდალურ ხანაში. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული V. 1975 წ.თბ.
33. თ. ბერაძე, ეგრისი ძველი და ახალი ერის მიჯნაზე. სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში. ი.ანთელავას რედაქციით 1999 წ. თბ.
34. თ. ბერაძე, ოდიში V ს-ში. სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში ი.ანთელავას რედაქციით 1999 წ. თბ.
35. ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება 1955 წ.თბ.
36. დ. ბერძენიშვილი, ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული I 1960წ.
37. დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან 1985
38. დ. ბერძენიშვილი, წარწერები სოფელ ცხნარიდან. „ძეგლის მეგობარი“ #43-44 1976-1977 წ.თბ.
39. ნ. ბერძენიშვილ, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.I 1964 წ.თბ.
40. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.II 1965 წ.თბ.
41. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.III 1966 წ.თბ.
42. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.VI 1973 წ.თბ.
43. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.VII 1974 წ.თბ.
44. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.VIII 1975 წ.
45. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ. IX 1979 წ.
46. ნ. ბერძენიშვილ , საქართველოს ისტორიის საკითხები 1990 წ. თბ.
47. მ. ბერძნიშვილი, სახელმწიფო წყობილება. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ III 1979 წ.თბ.
48. ა. ბოგვერაძე, ქართლის ადრეფეოდალური ურთიერთობების ისტორიიდან 1963 წ. თბ.
49. ა. ბოგვერაძე, ქართლის პიტიახშთა ხელისუფლებისა და ვინაობის საკითხისათვის. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის #35 1963 წ. თბ.
50. ა. ბოგვერაძე, პიტიახში. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.VIII
51. ა. ბოგვერაძე, ქართლის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური განვითარება IV-VIII სს-ში 1979 წ. თბ.
52. ა. ბოგვერაძე, საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები I
53. ა. ბოგვერაძე, 369 წელს ქართლის ორ სამეფოდ გაყოფის ხანგრძლივობის საკითხისათვის. საისტორიო მოამბე #69-701997 წ. თბ.
54. გ. ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები. სახ. მუზეუმის მოამბე ტ V 1928
55. გ. ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები. სახ. მუზეუმის მოამბე ტ VII 1931
56. გ. ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები. სახ. მუზეუმის მოამბე ტ VIII 1933
57. თ. გამსახურდია, პიტიახშის ინსტიტუტის საკითხისათვის. მაცნე ისტ. არქ. ეთნ. და ხელოვნებათმცოდნეობის სერია #6 1970 წ. თბ.
58. გ. გაფრინდაშვილი, ახალი ნავარძიევის წარწერა. „მეცნიერება და ტექნიკა“ #9 1953 წ.თბ.
59. გ. გაფრინდაშვილი, ისტორიული ჯავახეთის გამოქვაბულები. „ძეგლის მეგობარი~ #3 1964 წ.თბ.
60. ჯ. გვასალია, ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული III 1967წ.თბ.
61. ჯ. გვასალია, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები 1983 წ.თბ.
62. რ. გვერდწითელი, თმოგვის წარწერა. მუზეუმის „მოამბე“ XIV 1947 წ.თბ.
63. დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთუბის
ისტორიიდან 1955 წ.თბ.
64. დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან I 1962 წ.თბ.
65. გ. გიორგაძე, არმაზის ბილინგვა: ფარნავაზი თუ ფარნავაზიანი. `მნათობი~ #10 1986 წ. თბ.
66. გიორგი მერჩულე _ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები I
67. გიორგი მცირე _ „ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა“ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები II 1967 წ.თბ.
68. ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია. 1990 წ. თბ.
69. ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი 1991 წ. თბ.
70. კ. გრიგოლია, V-VI საუკუნეთა ქართლის პიტიახშები. „მნათობი“ #4 1959 წ. თბ.
71. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, „ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა“.
72. შ.დარჩიაშვილი, სომხური ლაპიდარული წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო (XII-XIII ს-ის პირველი მესამედი) დისერტაცია.
73. ი. დოლიძე, გიორგი ბრწყინვალის სამართალი 1957 წ.თბ.
74. ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები ტ II 1964 წ. თბ.
75. ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები ტ III 19 წ.თბ.
76. გ. დუნდუა, ე.წ. ქართულ სასანური მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები. მაცნე. ისტ. არქ. ეთნ. სერია #3 1976 წ. თბ.
77. თ. დუნდუა, ბაგრატ ძე ბივრატისა 2001 წ. თბ.
78. თ. დუნდუა, ნ. სილაგაძე, საქართველოს ისტორია. თემატური თუ ქრონოლოგიური პრინციპი? 2000 წ. თბ.
79. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა _ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები წ. I. დასაბეჭდად მომზადდა ი. აბულაძის ხელმძღვანელობით 1963 წ. თბ.
80. თ. ენუქიძე, ტბეთის სულთა მატიანე 1977 წ.თბ.
81. ეპისტოლეთა წიგნი _ თარგმანი, შენიშვნები და კომენტარები დაურთო ზ.ალექსიძემ 1968 წ. თბ.
82. ი. ვეშაპიძე, ხევისთავი, განმგებელი და ხევისბერი ქართული სამართლის ძეგლებში. თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები ტ.25 1984 წ.თბ.
83. პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს. 1990 წ.თბ.
84. ექ. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები წ.I 1907 წ.
85. ექ. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები წ.II 1914 წ.
86. ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი ტ.II 1909 წ. თბ.
87. ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი ტ.III 1910 წ. თბ.
88. ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს. 1937 წ. პარიზი.
89. ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს. 1938 წ. პარიზი
90. ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში 1919 და 1920 წლებში. 1963 წ.თბ.
91. ექ. თაყაიშვილი, როდის შეიცვალა იბერთა სახელმწიფო ქართველთა სახელმწიფოდ. „მნათობი“ #8 1948 წ. თბ.
92. ექ. თაყაიშვილი, სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის #27 1949 წ. თბ.
93. ექ. თაყაიშვილი, 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1960 წ. თბ.
94. ვ. თოფურია, შიდა ქართლის წარწერები. საისტორიო მოამბე I 1924წ
95. მ. ინაძე, ეგრისისა და ქართლის ურთიერთმიმართებისათვის. „მნათობი“ #8 1989 წ. თბ.
96. იაკობ ცურტაველი _ შუშანიკის წამება. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები I
97. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“.
98. პ. ინგოროყვა, ძველი ქართული მატიანე „მოქცევაი ქართლისაი“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია. სახ. მუზეუმის მოამბე XI-B 1941 წ. თბ.
99. პ. ინგოროყვა, ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის „მოამბე“ ტ. X 1941 წ. თბ.
100. ვ. ითონიშვილი, მოსახლეობის სოციალური შემადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. „მაცნე“ #2 1980 წ.თბ.
101. პ. ინგორიყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები ტ II 1941 წ.თბ.
102. პ. ინგორიყვა, გიორგი მერჩულე 1954 წ. თბ.
103. პ. ინგორიყვა, რუსთველიანა თხზ. ტ I. 1963 წ.თბ.
104. პ. ინგორიყვა, რუსთველიანას ეპილოგი თხზ. ტ I. 1963 წ.თბ.
105. იოანე დრასხანაკერტცი. თარგმნა, შენიშვნები და კომენტარები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა 1965 წ.
106. იოანე საბანის ძე, „ჰაბოს წამება“ _ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები წ. I. დასაბეჭდად მომზადდა ი. აბულაძის ხელმძღვანელობით 1963 წ. თბ.
107. ს. კაკაბაძე, ვახტანგ უცნობი XV ს-ის აფხაზეთ-იმერეთის მეფეთაგანი და მისი მეკვიდრე მეფე გიორგი 1912 წ.
108. ს. კაკაბაძე, გენეალოგია დიდის ალექსანდრე მეფისა 1913 წ.თბ.
109. ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ.საისტორიო მოამბე II 1924 წ.თბ.
110. ს. კაკაბაძე, ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისი საკითხები. საისტორიო მოამბე I 1924 წ.
111. ს. კაკაბაძე, წინასწარი ცნობა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ეპიგრაფიკული მასალის შესახებ. საისტორიო კრებული IV 1926
112. ს. კაკაბაძე, ძიებანი ქართველთა IV-VII სს-ის ისტორიის შესახებ საისტორიო კრებული II 1928 წ.
113. ს. კაკაბაძე, ვახტანგ გორგასალი 1955 წ. თბ.
114. კ. კეკელიძე, მთავართა და ერისთავთა დადაგინების წესი ძველ ქართულ მწერლობაში. ეტიუდები III 1955წ.თბ.
115. კ. კეკელიძე, აშუშა პიტიახშის ბეჭდის წარწერის გაგებისათვის. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან ტ. I 1956 წ. თბ.
116. ა. კიკვიძე, სამცხის სამთავროს წარმოშობა საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში. თსუ შრომები #37 1949 წ.თბ.
117. ვ. კიკნაძე, საქართველო XIV საუკუნეში 1989 წ.თბ.
118. რ. კიკნაძე, საქართველოში მონღოლთა მფლობელობის ისტორიიდან. ახლოაღმოსავლური კრებული 1983 წ.თბ.
119. რ. კიკნაძე, ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე 1987 წ.თბ.
120. კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები საქართველოს შესახებ. გეორგიკა IV ნაკ.II 1952 წ. თბ.
121. ვ. კოპალიანი, ბაგრატ IV და ლიპარიტ ლიპარიტია ძის ურთიერთობიდან. თსუ შრომები #45 1951 წ.თბ.
122. ვ. კოპალიანი, ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები # 61 1956 წ. თბ.
123. ვ. კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში. 1969 წ.თბ.
124. ბ. კუფტინი, საქართველოს ძველი ეთნო და ტოპონიმიკის ზოგიერთ გაურკვეველ შემთხვევაზე უცხო წყაროებით. საქ. მეც. აკადემიის „მოამბე“ ტ. X #6 1949 წ. თბ.
125. დ. ლეთოდიანი, აფხაზეთის (აბაზგიის) საკითხი ბიზანტია-ეგრისის ურთიერთობაში (VI-VIII საუკუნეებში). ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ.
126. ლეონტი მროველი, „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“.
127. ნ. ლომოური, დასავლეთ საქართველო (ეგრისი) IV-V სს-ში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. II 1973 წ. თბ.
128. ნ. ლომოური, საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.II 1973 წ. თბ.
129. ნ. ლომოური, საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა V საუკუნეში 1989 წ. თბ.
130. ნ. ლომოური, ბიზანტია-ირანის წინააღმდეგობების გამწვავება VII საუკუნის 20-იან წლებში და ბიზანტიის იმპერიის გავლენის დამყარება ქართლში. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.
131. ნ. ლომოური, ქართული პოლიტიკური სამყარო საერთაშორისო არენაზე ძვ.წ. I და ახ.წ. II საუკუნეებში. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ.I 1998 წ. თბ.
132. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება 1963 წ. თბ.
133. მ. ლორთქიფანიე, რამდენიმე შენიშვნა პ.ინგოროყვას „რუსთველიანას“ და „რუსთველიანას ეპილოგის“ გამო. მაცნე #6 1964 წ.თბ.
134. მ. ლორთქიფანიძე, ტაო-კლარჯეთის სამეფო. საქართველოს ისტორიის ნარკვევები თ.II 1973 წ. თბ.
135. მ. ლორთქიფანიძე, ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნა. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. II 1973 წ.
136. მ. ლორთქიფანიძე, არაბთა სახალიფოს გავლენის დამყარება ქართლში. ქართულ-არაბული ურთიეთობები VII-VIII საუკუნეებში. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I 1998 წ. თბ.
137. მ. ლორთქიფანიძე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.II 1973 წ.თბ.
138. მ. ლორთქიფანიძე, ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში 1978 წ.თბ
139. მ. ლორთქიფანიძე, საქართველო XI ს. ბოლოსა და XII ს. პირველ მეოთხედში. დავით IV აღმაშენებელი. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.III 1979 წ.თბ.
140. ო. ლორთქიფანიძე, ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო 1968წ.
141. გ. მაისურაძე, ერთი სომხური წყარო დემნა უფლისწულის აჯანყების შესახებ. კრებული: საქართველო რუსთაველის ხანასი 1966 წ.
142. გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება 1979 წ. თბ.
143. გ. მამულია, პატრონყმობა 1987 წ. თბ.
144. ს. მარგიანი, სვანეთის საერისთავოს ისტორიისათვის. გულანი 1989 წ.თბ.
145. მატიანე ქართლისაი
146. ი. მეგრელაძე, ყორნისს ზეით წორბისს. გაზეთი „კომუნისტი“ 1981 წ.
147. გ. მელიქიშვილი, საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის საკითხისათვის 1955 წ.
148. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხი 1965 წ.
149. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახალი წელთაღრიცხვის I-III სს-ში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. I 1970 წ.
150. გ. მელიქიშვილი, ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების ქართლის სოციალ-ეკონომიკური და სახელმწიფო წყობილების საკითხები. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. I 1970 წ. თბ.
151. გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის საკითხისათვის. ისტორიის ინსტიტუტის შრომები ტ.IV 1958
152. გ. მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი 1973წ.
153. ლ. მელიქსეთ-ბეგი, ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა. თსუ შრომები #108 1964 წ.თბ.
154. შ. მესხია, საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში 1962 წ.თბ.
155. შ. მესხია, ძლევაÁ საკვირველი 1972 წ. თბ.
156. შ. მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში 1973 წ.თბ.
157. შ. მესხია, საკარგავი. საისტორიო ძიებანი I 1982 წ.თბ.
158. ე. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონის ისტორიისათვის 1962 წ.თბ.
159. რ. მეტრეველი, შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში 1973წ.თბ.
160. რ. მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი. ქართული ხელოვნება IV 1955 წ. თბ.
161. მოვსეს ხორენაცი _ სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა შესავალი და შენიშვნები დაურთო ა.აბდალაძემ 1984 წ. თბ.
162. მოქცევაი ქართლისაი _ ძველი ქართული აგიოგრავიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I დასაბეჭდად მომზადდა აბულაძის ხელმძღვანელობით 1963 წ. თბ.
163. დ. მუსხელიშვილი, აღჯაყალა-გაგის ციხე. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული I 1960 წ.თბ.
164. დ. მუსხელიშვილი, თბილისის ამირთ-ამირობის ინსტიტუტისთვის. კრებულში საქართველო რუსთაველის ხანაში 1966 წ.თბ.
165. დ.მუსხელიშვილი, კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII- XIII სს. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული III 1967 წ.თბ.
166. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები ტ. 1 1977 წ. თბ.
167. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები ტ. 2 1980 წ. თბ.
168. დ. მუსხელიშვილი, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციისათვის. მაცნე #2 1980 წ.თბ.
169. ლ. მუსხელიშვილი, აბუსერიძე ტბელი 1941 წ.თბ.
170. ლ. მუსხელიშვილი, თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა. მუზეუმის `მოამბე~ XIV 1947 წ.თბ.
171. მცხეთა I. არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1955 წ. თბ.
172. დ. ნინიძე, XIV ს-ის დამდეგის საქართველოს ისტორიის რამდენიმე
ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხი. თსუ შრომები #283 1989 წ.
173. დ. ნინიძე, შინაპოლიტიკური ბრძოლის ისტორიიდან XV საუკუნეში. თსუ შრომები #310 1992 წ.თბ.
174. დ. ნინიძე, მ. სანაძე, ჰოვჰანავანქის მონასტრის წარწერა და ალასტანელ „პროვინციის მეფეთა“ ისტორიის ზოგიერთი საკითხი. მაცნე #3 1990 წ.თბ.
175. ჯ. ოდიშელი, აღ. საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან 14-17 სს. კრებული:14-18 სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი. 1964 წ.თბ.
176. ჯ. ოდიშელი, ქართული დიპლომატიკის ისტორიიდან. მაცნე #4 1966 წ.თბ.
177. გ. ოთხმეზური, XII-XIII სს. მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო 1981 წ.თბ.
178. ორბელიანი სულხან-საბა _ ლექსიკონი ქართული ტ. I 1966 წ. თბ.
179. დ. პაიჭაძე, ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო 1989 წ.თბ.
180. ზ. პაპასკირი, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი 1990 წ. თბ.
181. ზ. პაპასკირი, შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე 1991 წ. თბ.
182. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო 1982 წ.თბ.
183. ნ. პაჭიკაშვილი, არმაზისხევის პიტიახშთა საგვარეულო სახლი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები # 283 1989 წ. თბ.
184. პრისკე პანიონელი _ გეორგიკა I. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ.გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა 1961 წ. თბ.
185. პროკოპი კესარიელი _ გეორგიკა II. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ და განმარტებები ს. ყაუხჩიშვილისა 1965 წ. თბ.
186. ჟამთააღმწერელი 
187. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი,ახსნილი. წიგნი I 1892 წ.თბ.
188. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი,ახსნილი. წიგნი II 1897 წ.თბ.
189. ზ. რატიანი, საკარგავი. მაცნე #3 1978 წ.თბ.
190. ლ. რჩეულიშვილი, თრიალეთის საერისთავოს X ს-ის ერთი ძეგლი. ქართული ხელოვნება 1963 წ.თბ.
191. მ. სანაძე, ქართლის სამეფო VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე. კრ. მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა 2000 წ.
192. მ. სანაძე, ქართლის ცხოვრება~ და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი 2001 წ. თბ.
193. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები_რედაქტორი რ. მეტრეველი 2000 წ. თბ.
194. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი 1953 წ.თბ.
195. ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორპუსი II. ნაკ. I 1980 წ.თბ.
196. ვ. სილოგავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ. მრავალთავი X 1983 წ.თბ.
197. ვ. სილოგავა, სვანეთის წერილობითი ძეგლები ტ. I 1986 წ. თბ.
198. ვ. სილოგავა, სვანეთის წერილობითი ძეგლები ტ. II 1988 წ. თბ.
199. ო. სოსელია, სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის. მიმომხილველი II 1951 წ.თბ.
200. ო. სოსელია, რაჭის სათავადო. საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები I. 1970 წ.თბ.
201. სტეფანე მტბევარი _ გობრონის წამება. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერეტურის ძეგლები წ.I 1963 წ. თბ
202. ჯ. სტეფნაძე, საქართველო XIIს. და XIII ს-ის პირველ მეოთხედში 1985 წ.თბ.
203. სუმბატ დავითის ძე _ „ცხოვრება ბაგრატიონთა“.
204. ივ. სურგულაძე, სახელმწიფოს წარმოშობა საქართველოში 1951 წ.თბ.
205. ივ. სურგულაძე, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის 1959 წ.თბ.
206. ივ. სურგულაძე, ნარკვევები საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიიდან 1966 წ.თბ.
207. ირ. სურგულაძე, ძეგლი ერისთავთა~ და მისი მნიშვნელობა საქართველოში სახელმწიფოს წარმოშობის ზოგიერთი საკითხისათვის. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის „მოამბე“ XIII 1943 წ.თბ.
208. ა. ტუღუში, XIII-XIV სს. მიჯნის უცნობი წარწერა. ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ #45 1977 წ.თბ.
209. ფლავიუს არიანე _ მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. თარგმნა, კომენტარები დაურთო ნ. კეჭაღმაძემ 1961 წ. თბ.
210. ქართლის ცხოვრება _ მარიამ დედოფლის ვარიანტი. ექ. თაყაიშვილის რედაქციით 1906 წ. ტფ.
211. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ი.აბულაძის რედაქციით
212. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ტ I (ათონური კოლექცია).
213. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ I 1975 წ.თბ.
214. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ II 1977 წ.თბ.
215. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ III 1978 წ.თბ.
216. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ IV 1979 წ.თბ.
217. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი I 1984 წ. თბ.
218. გ. ქავთარია, ფარნავაზი 1998 წ. თბ.
219. გ. ქავთარია, ქუჯი 2000 წ. თბ.
220. გ. ქავთარია, აზონი 2000 წ. თბ.
221. ვ. ღუნაშვილი, ცხრაზმის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია XIV ს-ის 20-50-იან წლებში. მაცნე #4 1992 წ.თბ.
222. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში 1951 წ. თბ.
223. თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია 1957 წ. თბ.
224. ს. ყაუხჩიშვილი, არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები. მეც. აკად. „მოამბე“ ტ.II #1-2 1941 წ. თბ.
225. გ. ყორანაშვილი, კლასებისა და სახელმწიფოს წარმოშობა საქართველოში. „საბჭოთა სამართალი“ #3 1974 წ. თბ.
226. გ. ყორანაშვილი, საქართველოში სახელმწიფოს წარმოშობის საკითხი 2000 წ.
227. ივ. შაიშმელაშვილი, უჯარმისა და მარაბდის ბრძოლები 1978 წ. თბ.
228. ა. შანიძე, რეცენზია გ.წერეთლის „არმაზის ბილინგვაზე“. „მნათობი“ #9 1942 წ.
229. ა. შანიძე, ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია 1945 წ. თბ.
230. ქ. შარაშიძე, საქართველოს ისტორიის მასალები XV-XVIII სს. კრებული: მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის ნაკ.30 1954 წ.თბ.
231. ნ. შოშიაშვილი ნ. ვ. ცისკარიშვილი ვ. _ სოფელ დოდოთის ცხრაკარის ეკლესიის წარწერა. სახ. მუზ. მოამბე XIX და XXI 1957 წ.
232. ნ. შოშიაშვილი, XII-XIV სს. საქართველოს სახელმწიფო სამართლის ისტორიისა და რუსთველოლოგიის ზოგიერთი საკითხი. ჟურნალი „ცისკარი“ #9 1965 წ.თბ.
233. ნ. შოშიაშვილი, თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი 1966 წ.თბ.
234. ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი თ. I 1980 წ. თბ.
235. ნ. შოშიაშვილი, ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკა III საუკუნიდან V საუკუნის პირველ ნახევრამდე. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები თ.I 1998 წ.თბ.
236. ქ. ჩხატარაიშვილი, აბულასან იობის ძის წარწერა წებელდიდან და მისი ისტორიული მნიშვნელობა. კრებულში: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები VI. 1990 წ.თბ.
237. ქ. ჩხატარაიშვილი, თავისუფალნი ფეოდალურ საქართველოში 1991 წ.თბ.
238. შ. ჩხეტია, წილკნელის სარგოს გარიგების წიგნი 1669 წლისა. საისტორიო მოამბე II 1925 წ.თბ.
239. ი. ცინცაძე, ძიებანი რუსეთ საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1956 წ.
240. ვ. ცისკარიშვილი, ჯავახეთის ეპიგრაფიკა 1959 წ.თბ.
241. გ. ცქიტიშვილი, იბერიის საპიტიახშოს საკითხისათვის ლიხთ-იმერეთში. ისტორიის ინნსტიტუტის შრომები I 1955 წ.
242. გ. ცქიტიშვილი, ანტიკური ხანის შორაპნის საერისთავოს საკითხისათვის საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული II 1964 წ. თბ.
243. გ. ცქიტიშვილი, „ისტორიანი და აზმანის„ ერთი ადგილის წაკითხვისათვის. 222 კრებული: საქართველო რუსთაველის ხანაში 1966 წ.თბ.
244. გ. ძიძიგური, ზოგიერთი საკითხი საქართველოში ფეოდალური რენტის გენეზისის ისტორიიდან. საისტორიო კრებული VII 1977 წ.თბ.
245. გ. ძიძიგური, საკუთრებისა და ექსპლოატაციის ფორმები ფეოდალურ საქართველოში 1988 წ.თბ.
246. გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის „მოამბე“ XIII 1942 წ.
247. კ. წერეთელი, შენიშვნები არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტზე 1992 წ. თბ.
248. მ. წოწელია, კიდევ ერთხელ პიტიახშ პაპაკის თასის შესახებ. მაცნე ისტ. არქ. ეთნ. სერია #1 1980 წ. თბ.
249. ზ. ხიდურელი, სამეფო დომენის საკითხისათვის XI-XV სს. საქართველოში საისტორიო კრებული VII 1977 წ.თბ.
250. ზ. ხიდურელი, ფეოდალური მიწათმფლობელობა XV-XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში
251. ე. ხოშტარია, „ძეგლი ერისთავთას“ ზოგიერთი რეალიის გაგებისათვის მრავალთავი
252. ლ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ 1962 წ. თბ.
253. ლ. ჯანაშია, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V სს-ში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. I 1970 წ. თბ.
254. ს. ჯანაშია, საქართველოს ძველი ისტორიის ძეგლები. გაზეთი „კომუნისტი“ #127 1941 წ. თბ.
255. ს. ჯანაშია, კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები #18 1941 წ. თბ.
256. ს. ჯანაშია, საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე. შრომები ტ. I 1949 წ. თბ.
257. ს. ჯანაშია, ფეოდალურ ურთიერთობათა წარმოშობა საქართველოში შრომები ტ. II 1952 წ. თბ.
258. ს. ჯანაშია, ფეოდალური რევოლუცია საქართველოში. შრომები ტ. II 1952 წ. თბ.
259. ივ. ჯავახიშვილი, სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა
260. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. წ.II 1965 წ. თბ.
261. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. თხზ. 12 ტომად ტ. I
262. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. თხზ. 12 ტომად ტ.II 1983 წ. თბ.
263. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია. წიგ.II ნაკ.Iთხზ. 12ტომად
ტ. VI 1982 წ.თბ.
264. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია. წიგ.II ნაკ.II თხზ. 12 ტომად ტ. VII 1984 წ.თბ.
265. ჯუანშერი_ ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა.
266. Н. Адонц , Армениа в эпоху Юстиниана 1908 г. С-П.
267 .З. Анчабадзе, Из историй средневековой Абхазий 1959 г. Сух.
268. Бгажба, Из историй письмености в Абхазии 1967 г.
269. С. Белокуров, Сношения Росий с Кавказом 1889 г. С-П.
270. Э. Бикерман, Государство Селевкидов 1985 г. М.
271. А. Борисов, Надписи на серебряной чаше из Бори. Сообщения Государственного
Эрмитажа IV 1947 г. Лен.
272. Д. Гвасалиа, Историческая география Восточной Грузии 1991 г. Тб.
273. М. Дияконов , Очерки истории Древнего Ирана 1961г. М.
274. П. Иоселиани, Икортский Монастыр в Картли. Грузинский духовный вестник 1865г.
275. История эпископа Себеоса. Перевод С.Малхасянца 1939 г. Ер.
276. История Армений Фавстоса Бузанда. Перевод и коментарий Геворкяна
М.А. под редаксией Еремяна С.Т. 1953 г. Ер.
277. С. Какабадз, Мелкие известия и заметки. Известия кавказского историко-
археологического института в Тифлисе т. IV 1926 г.
278.Г. Капанцян, О двух социально-политических терминах древного ближнего
востока. Вестник древней историй №3 1949 г. М.
279. Н. Кондаков, Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях
Грузии. 1890 г. С-П.
280. В. Копалиани, Клдекарское эриставство 1949 г.
281. В. Леквинадзе, Материалы по монументальному строительству в Лазике .სახ. მუზეუმის „მოამბე“ XXII-В 1961 г.
282. О. Лордкипанидзе, Сообщение Страбона о первом геносе населения
Иберий. Сообщения АН ГССР т.XVIII №3 1957 г.
283. О. Лордкипанидзе, Наследие древней Грузий 1989 г. Тб.
284. В. Луконин, Иран В эпоху первых Сасанидов 1961 г. М.
285. Я. Манандян, Тигран II и Рим. 1943 г. Ер.
286. Г. Меликишвили, К историй древней Грузий 1959 г. Тб.
287. Г. Меписашвили, Полупещерный памятник IX века в селе Биети. ქართული
ხელოვნება 6-А 1963 г.
288. Р. Меписашвили, В Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинций Грузии шида Картли
289. Н. Пигулевская, История Ирана с древнейших времён до конца XVIII века.
290. Д. Пурцеладзе, Грузинские церковные гуджари (грамоти) 1881г.
291. Д. Пурцеладзе, Уложение Георгия V-го Блистательного 1988 г.
292. Э. Такаишвили, Археологические экскурсий, разискания и заметки.
Книга I 1905 г.
293. Э. Такаишвили, Археологические экскурсий, разискания и заметки.
Книга II 1905 г.
294. Э. Такаишвили, Археологические экскурсий, разискания и заметки.
Книга III 1907 г.
295. Э. Такаишвили, Археологические экскурсий, разискания и заметки.
Книга IV 1913 г.
296. Э. Такаишвили, Материалы по археологий Кавказа
297. О. Ткешелашвили, Предворительный отчёт о работе Цорбиской экспе-
диций. Полевые археолгические иследования в 1981
году. 1984 г.
298. А. Фрейман, Несколько замечаний к Армазской билингве Г.В. Церетели.
Известия АН СССР т.V вып. 2 1946 г.
299. Г. Церетели, Археологическая экскурсия по квирильскому ущелью. Материалы по археологии Кавказа. вып.VII 1898 г. Москва
300. Г.В. Церетели, Эпиграфические находки в Мцхета - древней столице
Грузий. Иустник Древней Историй №2 1948 г. М.
301. Г. Чубинашвили, Архитектура Кахети 1959 г.
302. Г. Чубинашвили, Грузинское чеканное искуство 1965 г. Тб.
303. Н. Чубинашвили, Самшвилдскй Сион
304.А. Шанидзе, Данные греческо-пехлевской билингви из Армази. მეცინერებათა აკადემიის „მოამბე“ ტ.II # 1-2 1941
305. Toumanoff G. - Studies in Christian Caucasian Histori. Georgetovn Universiti Press. 1963.
306. Altheim F. und Stiehl R. - Suplemantum aramaicum. Baden-Baden 1957.

Комментариев нет:

Отправить комментарий