вторник, 12 февраля 2019 г.

1918 წელს ოსმალთა მიერ ბათუმის ოკუპაცია და ქართველი მწერლები (ა. ნიკოლეიშვილი)

როგორც ცნობილია, გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან 1918 წლის 3 მარტს ბრესტში გაფორმებული სეპარატისტული ზავის შედეგად საბჭოთა რუსეთმა ოსმალეთს საქართველოსთან და სომხეთთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე გადასცა ისტორიულად მათთვის კუთვნილი ისეთი რეგიონები, როგორებიცაა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის (არტაანის) ოლქები. ეს მაშინ, როცა რუსეთში იმხანად განვითარებულ მოვლენათა შედეგად, ამიერკავკასია ამ იმპერიის იურისდიქციას უკვე აღარ ემორჩილებოდა, რაც 1918 წლის 10 თებერვალს ოფიციალურადაც გააფორმა ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ მოწვეულმა სეიმმა, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩეული ამიერკავკასიელი დეპუტატები შედიოდნენ. შეიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასია დამოუკიდებელ დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად გამოცხადდა, რომლის შემადგენლობაშიც გაერთიანდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებამ ბრესტის საზავო შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის შემდეგ, 1918 წლის 10 მარტს, უკვე ოფიციალურად მოითხოვა ამ ზავით გათვალისწინებული პირობის სასწრაფოდ შესრულება და მისთვის ხსენებული რეგიონების გადაცემა. მაგრამ 11 მარტს მოწვეულმა ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის ხელისუფლების ეს მოთხოვნა უარყო და დაადგინა, დიპლომატიური გზით ეცადა თურქეთთან წარმოქმნელი ამ კონფლიქტური სიტუაციის მოგვარება.
14 მარტს ოსმალეთისა და ამიერკავკასიის სახელისუფლებო დელეგაციებს შორის ტრაპიზონში მართლაც დაიწყო ამგვარი მოლაპარაკება, თუმცა ჩვენი წარმომადგენლობის მცდელობას, როგორმე მოეხერხებინათ სადავოდ ქცეული ტერიტორიების თუნდაც ნაწილობრივ მაინც შენარჩუნება, შედეგი არ მოჰყოლია.
ამიერკავკასიის სეიმის მიერ ბრესტის საზავო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო თურქეთის არმიამ 1918 წლის 9 აპრილს საქართველოს საზღვრები გადმოლახა და 15-21 აპრილს ბათუმი, ოზურგეთი და თითქმის მთელი მესხეთი დაიკავა ბორჯომამდე. თურქეთის შეჩერება ქართულმა ჯარმა მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე შეძლო.
ამ ტრაგიკულ მოვლენას, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ჰკარგავდა ისტორიულად კუთვნილ დიდმნიშვნელოვან ქართულ რეგიონებს, ქართველი მოსახლეობის უმწვავესი რეაქცია და პატრიოტულ გრძნობათა კიდევ უფრო მეტად გამძაფრება მოჰყვა. ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება მაინც ოსმალთა მიერ ბათუმის დაკავებამ გამოიწვია. აჭარისა და მისი მთავარი ქალაქის ხელმეორედ დაკარგვის რეალურმა საშიშროებამ მაშინ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი შეაკავშირა და აღანთო ამ ძირძველი ქართული მხარისადმი სიყვარულის უმძაფრესი გრძნობით. ეროვნული შეკავშირების ეს უძლეველი სულისკვეთება ჩვენმა საზოგადოებამ არა მარტო მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული მასობრივი დემონსტარციებით გამოხატა, არამედ მტრის წინააღმდეგ მებრძოლი სახალხო რაზმების ჩამოყალიბებითაც, რომლის შემადგენლობაში მრავალი მოხალისე ეწერებოდა საკუთარი ნება-სურვილით.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული აქტიურობა მაშინ ქართველმა მწერლებმაც გამოიჩინეს. როგორც ბევრი მათგანის შემოქმედებითაც და ბიოგრაფიითაც ნათლად ჩანს, ქართული მწერლობის არაერთი წარმომადგენელი იმხანად არა მარტო თავისი ნაწერებით გამოეხმაურა ოსმალთა მიერ ბათუმის ხელმეორედ დაპყრობის ტრაგიკულ ფაქტს, არამედ პირადადაც ჩაეწერა ქალაქის განსათავისუფლებლად შექმნილ სახალხო ლაშქარში. ნათქვამისათვის მეტი სიცხადის მისაცემად გავიხსენებ კონკრეტულ ეპიზოდებს მათი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან. დავიწყებ დავით კლდიაშვილით (1862-1931 წწ.).
როგორც ცნობილია, დავით კლდიაშვილი პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე ოფიცერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იგი უკვე პენსიაში იმყოფებოდა, ამ ომში მაინც გაიწვიეს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბათუმის დასაცავად გამართულ საბრძოლო ოპერაციებში. გარდა ფართოდ ცნობილი მისი მემუარებისა, ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო ცნობებს ვხვდებით 1920 წელს გამოქვეყნებულ კრებულში „დავით კლდიაშვილის საიუბილეოდ“. თავად მწერლის მონათხრობის მიხედვით, 1918 წლის 3 მარტს 600 ჯარისკაცის თანხლებით იგი ჯერ სოფელ აჭარისწყლის საგუშაგოზე გაუმწესებიათ, შემდეგ ქედაში გაუგზავნიათ „აჭარლებთან მოსალაპარაკებლად,“ 31 მარტის ტრაგედიის პერიოდში კი ბათუმის დასაცავად გამართულ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას და ბარცხანაში ყოფნისას კინაღამ ოსმალოს მიერ ნასროლი ტყვიის მსხვერპლი გამხდარა.
31 მარტის ბათუმის ტრაგედიასთან და დ. კლდიაშვილთან დაკავშირებით მეტად საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ამ ტრაგიკული მოვლენის ერთ-ერთი თვითმხილველი, ოფიცერი ი. ყიფიანი ზემოთ ხსენებულ კრებულში გამოქვეყნებულ წერილში _ „ძველი ჭრილობა,“ რომელშიც ქალაქის იმდღევანდელი მდგომარეობა ასეა აღწერილი: „შეწყდა ზარბაზნების გრიალი და ტყვიის მფრქვეველთა სასიკვდილო ცეკვა. ქალაქმა ოდნავ დაისვენა. მხოლოდ სამების (ახალშენის) ფორტიდან კიდევ გაისმოდა დაგვიანებული ზარბაზნის ხმა. იქ ჩვენი ახალგაზრდობა იდგა და მტერს ებრძოდა. ანარიის (ურხის) ფორტზე დილიდანვე ჩვენ დახოცილ მოძმეთა თავზე ოსმალთა დროშა ფრიალებდა.“
ნავსადგურიდან რკინიგზის სადგურისაკენ ავტომობილით მიმავალ ი. ყიფიანს ქუჩაში დ. კლდიაშვილი დაუნახავს, მანქანა გაუჩერებია, მისთვის შიგ ჩაჯდომა შეუთავაზებია და უთქვამს: „გადის უკანასკნელი მატარებელი, წამი წამზე ოსმალებს ველით, ბატონო დავით, უსათუოდ უნდა გაყვეთ ამ მატარებელს... ბათუმის ბედი გადაწყვეტილია. თქვენ მას ეხლა უკვე ვერ იხსნით. თუ საჭირო იქნება, აქ ჩვენ დავრჩებით, თქვენ კი იქიდან დაგვეხმარეთ!“ მაგრამ შექმნილი მდგომარეობით უაღრესად შეწუხებულ და აღშფოთებულ მწერალს ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი უთქვამს და თავისი ეროვნული გულისტკივილი ამ სიტყვებით გამოუხატავს: „სირცხვილი, სირცხვილი! განა მეტი საშინელება და დამცირება იქნება?“ ი. ყიფიანს მაშინ იქ მყოფი სხვა ოფიცრებიცა და ჯარისკაცებიც მიშველებიან და ცრემლმორეული მწერალი ძალით ჩაუსვამთ მატარებელში, რომელსაც ასკერთა რაზმების შემოჭრამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუტოვებია ქალაქი. დიდი მწერლის ბიოგრაფიიდან ნაკლებად ცნობილ და უაღრესად მნიშვნელოვან ამ მონათხრობს მისი ავტორი საბოლოოდ ამ სიტყვებით ამთავრებს: „გული გაიყინა, ჰაერი დამძიმდა, სულში ათასი ყორანი ჩაფრინდა, და სასიკვდილო ჩხავილი დაიწყო. ვუყურებდი მხოლოდ ერთ ბრწყინვალე ვარსკვლავს, დავითის ცრემლს“.1

1. დავით კლდიაშვილის საიუბილეოდ (კრებული), ტფ. 1920, გვ. 13.

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, თურქული აგრესიისაგან ბათუმის დაცვასა და საერთო-სახალხო პატრიოტულ მოძრაობაში იმდროინდელი ჩვენი მწერლობის ბევრი წარმომადგენელი იღებდა აქტიურ მონაწილეობას. „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის _ შალვა აფხაიძის გადმოცემით, როცა 1918 წელს თურქი ასკერების შემოტევის შედეგად ბათუმს დაკარგვის რეალური საფრთხე დაემუქრა, მაშინ მის დასაცავად გამართულ ბრძოლაში `ქუთაისში მცხოვრებმა პატრიოტულად განწყობილმა, მაგრამ სრულიად მოუმზადებელმა ახალგაზრდებმაც (იგულისხმებიან „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული დაჯგუფების წარმომადგენლები, _ ა. ნ.) მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ რაზმს მეთაურობდა ჩვენი სასიქადულო მწერალი დავით კლდიაშვილი. რაზმი იდგა ხულოსთან. თუ მეხსიერება არ მღალატობს, სწორედ ეს მომენტი აქვს აღბეჭდილი მხატვარ კროტკოვს სურათზე (ის იყო ჩვენი ხატვის მასწავლებელი რეალურ სასწავლებელში, კაცი ფრიად განათლებული და ახალგაზრდობის მოყვარული), რომელიც ოფიცრობამ დ. კლდიაშვილს იუბილეს დროს მიუძღვნა. დავითი გახარებული იყო ახალგაზრდობის პატრიოტული აღგზნებით. მაგრამ, როგორც მხედარმა, ისიც კარგად იცოდა, თუ რისი მაქნისი ვიყავით. მალე ჩვენი რაზმი შეცვალა ჯარის პატარა ნაწილმა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ბათუმი დაეცა“.1
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1918 წლის 31 მარტს თურქი ასკერების მიერ ბათუმის აღებას პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე იმავე დღეებში დაწერილი ლექსებითაც გამოეხმაურნენ. მაგალითად, ფრაგმენტი პაოლოს ლექსიდან:2
„უკვე იწყება მრისხანე წამი,
წამი, რომელიც ძვლებს დაახვავებს;
უკვე შეირხა ზღვასთან ლერწამი, _
ბათომის ცაზე მე ვუმზერ ყვავებს...
ბრძანება ისმის და სმენა ჩქარა,
გაშალეთ მზეზე კრიალა ხმლები,
ან დავიბრუნოთ ჩვენი აჭარა,
ანდა ბათომთან დავტოვოთ ძვლები“.
რაც შეეხება ტ. ტაბიძეს, ბათუმის დაკარგვით ჩვენი ქვეყნისთვის თავსდატეხილი ეროვნული ტრაგედია მან იმავე დღეებში დაწერილი ამ სტრიქონებით გამოხატა:3
„ბათომი მისცეს და ორპირზე მოდის თათარი,
ატმის ყვავილით სისხლიანი სტირის აპრილი.
ყვითელ სატურნის უბედობით ავად გამხდარი,
პოეტის სულიც საქართველოს კუზად დახრილა...
საკუთარ თავის და სამშობლოს ახალ შერცხვენის
ტანჯული ფიქრით სამუდამოდ მოვიქანცები.
ახ, მეგობრებო, ჩემი სული ჭვარტლია სხვენის,
ცრემლით სავსეა ჩემი წილი ჩვენი ყანწების.“

1. აფხაიძე შ., მახსოვს მარადის... თბ., 1988, გვ. 23.
2. იაშვილი პ., პოეზია, პროზა, თარგმანები, თბ., 1965, გვ. 106.
3. ტაბიძე ტ., ლექსები, პოემები, პროზა, წერილები, თბ., 1983, გვ. 83.

აღნიშნული მოვლენა ტ. ტაბიძემ 1927 წელსაც გაიხსენა ლექსში „...და გარიბალდის წითელი ქუდი“.1 პოეტი დაუცხრომელი მწუხარებით იხსენებს 1918 წლის აპრილს და თურქების მიერ ბათუმის დაპყრობის ფაქტს ჩვენს ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს. ტიციანის გულისტკივილს კიდევ უფრო ამძაფრებდა გახსენება იმისა, რომ ქართველ პატრიოტთა სურვილი მტერზე რევანშის აღებისა, იმხანად წარუმატებელი ოცნება აღმოჩნდა.

1. ტაბიძე ტ., ლექსები, პოემები, პროზა, წერილები, თბ., 1983, გვ. 150.

როგორც სათანადო მასალებიდან თვალნათლივ ჩანს, ოსმალთა აგრესიისაგან ბათუმის, აჭარისა და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონების დასაცავად გამართულ საბრძოლო ოპერაციებში, გარდა ზემოთ დასახელებული მწერლებისა, სხვებსაც მიუღიათ მონაწილეობა. მათ შორის ყოფილა კონსტანტინე გამსახურდიაც. აი, რა ინფორმაციას გვაწვდის ამასთან დაკავშირებით გაზეთ „სახალხო საქმის“ 1918 წლის 1 (13), 5 (18) და 10 (23) აპრილის ნომრებში კ. გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ წერილების სერიაზე _ „ტფილისიდან ბათომამდის“ დაყრდნობით მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარი სოსო სიგუა: „მარტში კონსტანტინე ქართულ ლაშქარში მოხალისედ ჩაეწერა, რათა ებრძოლა თურქი ასკერების წინააღმდეგ, რომელთაც ბოლშევიკურმა რუსეთმა, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად, გადასცა სამხრეთი საქართველო. კონსტანტინემ აიღო კარაბინი, ჩაიცვა სამხედრო ფორმა და თბილისიდან ბათუმში მატარებელს გაჰყვა... ბათუმში რომ შევიდა, ქალაქში ყუმბარები ცვიოდა. დამფრთხალი ხალხი აქეთ-იქით აწყდებოდა. არც თავად იცოდა, რა გაეკეთებინა. თავისი თავი ლევ ტოლსტოის დაბნეულ პიერ ბეზუხოვს აგონებდა. ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო _ ბათუმის სწრაფი დაცემის გამო“.1
როგორც მემუარული ლიტერატურიდან ჩანს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის 1918 წელს გამართულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა ტერენტი გრანელსაც მიუღია. კერძოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ტ. გრანელის თანამედროვე ალექსანდრე გაბესკირიას მკვლევარ გივი ცქიტიშვილისთვის ასეთი პასუხი გაუცია: „იყო ასეთი სამხედრო ნაწილი, ე.წ. მეშვიდე ათასეული, რომელსაც გენერალი ვაჩნაძე მეთაურობდა. მე კი კაპიტან გურამიშვილის ნაწილში ვირიცხებოდი. იქ შევიტყვე რომ ტერენტი ჯარში იყო გრიგოლ ცეცხლაძესთან, აკაკი ვასაძესთან, ჰერკულეს ყანჩელთან ერთად. ჩემს ნაწილში კი სიმონ ჩიქოვანი, კოლია ჩაჩავა და გრიშა ორაგველიძე იბრძოდნენ. მაშინ ყველა ახალგაზრდა, 16 წლის მოსწავლეებიც კი, ჯარში გაიწვიეს. ჯარი ორგვარი იყო _ სახალხო, ანუ ეროვნული გვარდია, რომელსაც ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა და წვევამდელებისა, ანუ ჩვეულებრივი. მე და ტერენტი წვევამდელთა ჯარში ვირიცხებოდით... გამიგონია კი, რომ ტერენტი აქტიურად მონაწილეობდა ბათუმიდან თურქი ასკერების განდევნაში“.2

1. სიგუა ს., მარტვილი და ალამდარი, 1, თბ., 2011
2. ცქიტიშვილი გ., „ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების,“ თბ., 1990, გვ. 212.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, საქართველოში იმხანად არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტური მასალებით ისიც დასტურდება, იმჟამინდელი მოვლენებისადმი მაშინდელ ჩვენს საზოგადოებას ერთგვაროვანი დამოკიდებულება რომ არ ჰქონია და მისი გარკვეული ნაწილი მათდამი საკმაოდ გულგრილად და ინერტულად ყოფილა განწყობილი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არსებობდა ჯარში, რომლის დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიაში იმხანად განვითარებულ მოვლენათა შედეგად სრულიად დემორალიზებული იყო და ფაქტობრივად არაფერს აკეთებდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
აი, რა ინფორმაციას გვაწვდის ამასთან დაკავშირებით გენერალი გიორგი მაზნაიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო თურქი ასკერების წინააღმდეგ გამართული საომარი ბატალიებისა: „ქართული ჯარების შესადგენად პირობები ვერ იყო კარგი... არსებული სამხედრო ნაწილები ჯერ კიდევ წინად იყვნენ გახრწნილნი და, რომ დაინახეს ეროვნული ჯარების მოწყობა, კიდევ უფრო გაიხრწნენ. ჟარისკაცები სამსახურის მაგივრად დადიოდნენ მიტინგებზე, ქეიფობდნენ და პირად საქმეებს აწყობდნენ. ყაზარმებში დადიოდნენ მხოლოდ დასაძინებლად. ქალაქი გატენილი იყო მოხეტიალე ჯარისკაცებით... ახლად შემდგარი ეროვნული ნაწილები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ წილს იგდებდა ხელში სახელმწიფოს ქონებიდან. ოფიცერთა შემადგენლობაც ვერ იდგა სასურველ სიმაღლეზე“.1
მთავარსარდლის ბრძანებით, სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში დაინიშნა გ. მაზნიაშვილი იმ სამხედრო რაზმის უფროსად, რომელიც სადგურ ჩაქვიდან ბათუმისაკენ უნდა გადაადგილებულიყო და „ყოველი ღონისძიებით შეეშალა ხელი ოსმალებისთვის, რომ მათ არ დაეჭირათ სამების ფორტი.“ თუმცა, გ. მაზნიაშვილის ინფორმაციით, რაზმი, რომლის უფროსობაც მას დაევალა და რომლის მიერაც განსახორციელებელი გეგმის სასწრაფოდ და წარმატებით შესრულებაზეც ბათუმის ბედი იყო დამოკიდებული, რეალურად არ არსებობდა. ქვეითი ჯარის დაუხმარებლად, მარტოოდენ არტილერიით, კი მტერზე იერიშის მიტანა შეუძლებელი იყო.

1. მაზნიაშვილი გ., მოგონებანი, ბათუმი, 1990, გვ. 4

„საქმის ვითარება საოცარი სისწრაფით ვითარდებოდა და რთულდებოდა. ყოველ საათში ერთი-ერთმანეთზე მოდიოდნენ მატარებლები, დატვირთული მოტაცებული ქონებით, და ეს მატარებელი გარედან და შიგნით მთლად გაჭედილი იყო ფრონტიდან გამოქცეული ქართველი ჯარისკაცებით... სადგურ სამტრედიის კომენდანტი ბევრსა სცდილობდა შეეჩერებინა გამოქცეული ჯარისკაცები, მაგრამ ვერას აწყობდა, რადგან ამისთვის საკმაო ძალები არა ჰყავდა. გამოქცეულები გარბოდნენ თავიანთ სოფლებსა და სახლებში და თან მიჰქონდათ სახაზინო ტანისამოსი, იარაღი და მოკაზმულობა. 31 მარტს გათენებისას გამოირკვა, რომ ბათუმი უნდა დაცემულიყო. მართლაც, პატარა ხანის უკან მოვიდა ცნობა, რომ ბათუმი ჩაბარდა ოსმალებს“.1
სამწუხაროდ, გ. მაზნიაშვილის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია სიმართლეს რომ წარმოადგენს და იმჟამინდელი ქართული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც რომ არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ სახელმწიფოებრივ მოვალეობას, ამას სხვა ავტორებიც ადასტურებენ.
ყოველივე ზემოთქმულის ნათელსაყოფად და ბათუმში იმხანად შექმნილი ურთულესი მდგომარეობის მეტი სიცხადით წარმოსაჩენად რამდენიმე სიტყვა ალექსანდრე ქუთათელის (1897-1982 წწ.) ისტორიული რომანის _ „პირისპირ“ _ იმ ეპიზოდებზეც მინდა ვთქვა, სადაც დოკუმენტური სიმართლითაა ასახული ბათუმში 1918 წლის 31 მარტს დატრიალებული ტრაგედია.

1. მაზნიაშვილი გ., მოგონებანი, ბათუმი, 1990, გვ. 24.

ეს ტრაგიკული მოვლენა ალ. ქუთათელის რომანში ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული ორი კუთხიდანაა დანახული _ ერთის მხრივ, იმ უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი საქციელის ჩვენებით, რაც ბათუმის დასაცავად მიმდინარე საომარი ბატალიების მონაწილე ჯარისკაცების უდიდესმა ნაწილმა გამოიჩინა მაშინ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს და, მეორეს მხრივ, ამ მებრძოლთა მცირე ნაწილისა და ფართო საზოგადოების პატრიოტული თვითშეგნების წარმოჩენით.
ალ. ქუთათელის რომანის ერთ-ერთი პერსონაჟის _ ბათუმის დასაცავად გამართული საომარი ოპერაციის აქტიური მონაწილის, კაპიტან ჯიბო მაყაშვილის მონათხრობის მიხედვით, „ბათუმის გარნიზონის უმეტესობა თურქების შემოტევამდე წავიდა და განაცხადა: რახან ამიერკავკასიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა საბჭოთა მთავრობის ცნობაზე, ჩვენ ვტოვებთ ბათუმს და რევოლუციის დასაცავად მივდივართო. ამაოდ ცდილობდნენ ოფიცრები და აგიტატორები, აეხსნათ მათთვის, თუ რა უდიდესი საფრთხე მოელოდა საქართველოს“.1
ჯარისკაცთა მიერ საბრძოლო პოზიციების მიტოვების პროცესმა კიდევ უფრო მასშტაბური ფორმა მიიღო უშუალოდ საომარი ოპერაციის დაწყებისთანავე და ფრონტზე დარჩენილებმაც „ჯგუფ-ჯგუფად დაიწყეს გაპარვა. გაპარვამ მასობრივი ხასიათი მიიღო... მსოფლიო ომში ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებსაც აღარ შერჩენოდათ წინანდელი სიმამაცე და დისციპლინა. ყველანი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა“.2

1. ქუთათელი ა., პირისპირ. რომანი ოთხ წიგნად, წიგნი I-II, თბ., 1967, გვ. 208.
2. ქუთათელი ა., პირისპირ. რომანი ოთხ წიგნად, წიგნი I-II, თბ., 1967, გვ. 211.
ბათუმის დამცველი გარნიზონიდან იმხანად გამოქცეულ ჯარისკაცთა ამგვარმა ქმედებამ არა მარტო ქალაქში თურქ ასკერთა უპრობლემოდ შემოჭრას შეუწყო ხელი, არამედ მთელ ქვეყანაში შექმნა ქაოსური ვითარება. ნათქვამის დასტურად გავიხსენოთ შესაბამისი ეპიზოდი ა. ქუთათელის რომანიდან: „ბათუმიდან განუწყვეტლივ მოდიოდნენ ჯარისკაცებითა და ლტოლვილებით შეკუნწლული მატარებლები. გამოქცეულნი ვაგონებში ვერ ეტეოდნენ, ბაქანზე, სახურავებზე ისხდნენ, კიბეზე ეკიდნენ. ყველას ნადავლი, დატაცებული სახაზინო ქონება, ჩემოდნები, კალათები, ვეება ფუთები და ბარგი-ბარხანა მოჰქონდა. ფრონტი ირღვეოდა... ჯარისკაცები შინისკენ გარბოდნენ... რა ზომები უნდა მიგვეღო? ჯარის რომელი ნაწილი უნდა დაგვეპატიმრებინა და გაგვერეკა ფრონტზე, როდესაც ბათუმის თითქმის მთელი გარნიზონი გამორბოდა? გადამღობი რაზმის ერთ ჯარისკაცზე ასი მოდიოდა. სამტრედიის სადგურის კომენდანტი და მისი რაზმი თავგამოდებით მუშაობდნენ; მაგრამ რომელი ერთი დეზერტირი უნდა დაეპატიმრებინათ? სადგურთან ზღვა ხალხი ტორტმანობდა. ვაჭრები, სპეკულანტები და ჩარჩები იქვე ყიდულობდნენ ჯარისკაცებისგან საწყობებში დატაცებულ ტანისამოსს, ფეხსაცმელსა და იარაღსაც. დილიჟნები და ეტლები მახლობელ სოფლებში დეზერტირების გადაზიდვას ვერ აუდიოდნენ“.1

1. ქუთათელი ა., პირისპირ. რომანი ოთხ წიგნად, წიგნი I-II, თბ., 1967, გვ. 209.

მიუხედავად იმისა, რომ ალ. ქუთათელის რომანი საბჭოთა პერიოდის პარტიული იდეოლოგიით განმსჭვალულ ნაწარმოებს წარმოადგენს, მწერალი, რამდენადაც იმჟამინდელი ცენზურული პოლიტიკა ამის შესაძლებლობას აძლევდა, არა მარტო მენშევიკური ხელისუფლების ანტიეროვნულ საქმიანობას აკრიტიკებდა, არამედ ბოლშევიკებისაც. მაგალითად, მისი ხაზგასმით, ნაცვლად იმისა, რომ ბათუმიდან ჯარისკაცთა მასობრივად გაქცევის პროცესი როგორმე შეეჩერებინათ და ამით თურქი დამპყრობლების აგრესიას წინ აღდგომოდნენ, „ბოლშევიკები სახელდახელო მიტინგებს მართავდნენ, ჯარისკაცებს ფრონტის მიტოვებისაკენ მოუწოდებდნენ და „რევოლუციის გასაღრმავებლად“ და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად შინ იარაღით დაბრუნებას უქადაგებდნენ“.1
მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ბათუმის ფრონტიდან გამოქცეული ჯარისკაცების ამგვარ მოღალატეობრივ ქმედებათა პარალელურად, ალ. ქუთათელის რომანში სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირვით მებრძოლ ქართველ მეომართა გმირობაცა და მაშინდელი ჩვენი საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთებაცაა წარმოჩენილი. პირველ ყოვლისა, სწორედ ამ სულისკვეთების წიაღიდან მომდინარე ეროვნული შურისძიების გრძნობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ბათუმში განცდილი სამარცხვინო მარცხიდან რამდენიმე დღის შემდეგ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით მობილიზებულმა სახალხო ლაშქარმა და ქართულმა ჯარმა ჩოლოქთან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და მტერი უკუაქცია.

1. ქუთათელი ა., პირისპირ. რომანი ოთხ წიგნად, წიგნი I-II, თბ., 1967, გვ. 209.

1918 წლის 31 მარტის ბათუმურ ტრაგედიას უაღრესად საგულისხმო შეფასება მისცა პოეტმა კოლაუ ნადირაძემაც (1895-1990 წწ.) თავის ერთ-ერთ ბელეტრისტულ ჩანაწერში _ „ნადირობის დროს მოყოლილი ამბები.“ ნათქვამის ნათელსაყოფად გავიხსენებ ფრაგმენტებს დასახელებული ოპუსიდან. სანადიროდ წასული სამი მეგობრიდან ერთ-ერთის თქმით, როცა ბრესტის ხელშეკრულების ძალით ოსმალებმა ბათუმის მათთვის გადაცემა მოითხოვეს, `ჩვენ იძულებული გავხდით, ბათუმი იარაღით დაგვეცვა... ყველას გახსოვთ ის წვიმიანი და უმხიარულო დღე ქუთაისში _ ზარების რეკვა და მქუხარე სიტყვები ბაღში! გიმნაზიელით დაწყებული და გათავებული ჩვეულებრივი ვაჭრით, რომლის ყოველდღიურ ბედნიერებას სავსებით უზრუნველყოფდა მოგების ერთი მეათედის მწვანე ბაზარზე დახარჯვა, ყველა გაიძახოდა: _ ვუშველოთ ბათუმს! _ დავიხსნათ ბათუმი! _ დავეხმაროთ ბათუმს!
არ დარჩენილა არც ერთი ახალგაზრდა, რომელიც არ ჩაწერილიყო რაზმში, რომელსაც სურვილი არ განეცხადებინოს ბათუმის დასაცავად წასვლაზე. ყველა ხედავდა და დარწმუნებული იყო, რომ ბათუმის დაკარგვა საქართველოსთვის დიდი უბედურება იქნებოდა, რომ უბათუმოდ წარმოუდგენელი იყო მისი არსებობა.
ეს იყო საერთო ენთუზიაზმი, რომელმაც, მართალია, ვერ გადაარჩინა ბათუმი, მაგრამ შეაკავშირა მრავალი და ნათლად დაანახა ყველას, რომ მხოლოდ ენთუზიაზმით შესაძლებელია გამარჯვების მოპოვება...
მე მახსოვს ხალხით გაჭედილი ქუთაისის ბაღი, ქუთაისის ქუჩები. მეც ქუჩაში ვიყავი ხალხში გარეული. სხვებთან ერთად ჩავეწერე მოხალისეთა რაზმში და მოუთმენლად მოველოდი იმ წუთს, როცა წაგვიყვანდნენ ბათუმში მტრის წინააღმდეგ. მე ვერ წარმომედგინა ისეთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც არ აენთებოდა ბრძოლის წყურვილით და ქვეყნის დაცვისათვის არ მიატოვებდა თავის სახლს, თავის ცოლ-შვილს და დედ-მამას“.1

1. ნადირაძე კ., რაც ლექსად ვერ ვთქვი, თბ., 1984, გვ. 129.

სამწუხაროდ, ამ საერთო ეროვნულ ენთუზიაზმს მაშინ წარმატება არ მოჰყოლია და ამ სახალხო რაზმების მებრძოლებს მტერმა დაასწრო ბათუმის აღება. ასე რომ, ომში წასვლა მათ უკვე არა ქალაქის დასაცავად და შესანარჩუნებლად მოუხდათ, არამედ მის უკან დასაბრუნებლად.
კ. ნადირაძის ხსენებული პუბლიკაციის პერსონაჟები გულისტკივილით იმაზეც საუბრობენ, რომ ოსმალთა ჯარი მაშინ მხოლოდ ბათუმის დაუფლებით არ დაკმაყოფილებულა და იგი ჩვენი ქვეყნის სხვა ადგილების დასაპყრობადაც აქტიურად მოიწევდა წინ. ქართველი მებრძოლები თუ უკვე გურიაში შემოჭრილ მტერს იქაური უღელტეხილებისა და ბუნებრივი სიმაგრეების გადმოლახვის შესაძლებლობას მისცემდნენ, მაშინ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი გახდებოდა და ოსმალეთა ჯარი ორიოდე დღეში ქუთაისსაც დაეუფლებოდა.
კ. ნადირაძის დოკუმენტური ნოველის პერსონაჟები უდიდესი გულისტკივილით უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას მაშინ „ისეთი მთავრობა, ან ისეთი პიროვნება არ ჰყავდა,“ რომელიც სამშობლოს დასაცავად გულანთებული საზოგადოების ზემოთ მოხსენიებული ნაწილის პატრიოტულ სულისკვეთებას, ინიციატივასა და ენთუზიაზმს „მტკიცე ხასიათს მისცემდა“ და წინ წარუძღვებოდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ „ჩვენი ჯარი _ თუკი მას შეიძლებოდა ეს სახელი წოდებოდა _ შედგებოდა ცუდად გაწვრთნილი, ცუდად შეიარაღებული ახალგაზრდებისგან, რომელთაც აკლდათ საჭმელი და ყოველივე ის, რაც საჭიროებას წარმოადგენს. დისციპლინას ჩვენ თავად ვქმნიდით. ნამდვილად კი ის არ არსებობდა. ხელმძღვანელობის უმრავლესობა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ რამე მოეპარა“.1

1. ნადირაძე კ., რაც ლექსად ვერ ვთქვი, თბ., 1984, გვ. 133.

ოსმალეთის წინააღმდეგ გამართულ ამ ომში დამარცხების განმაპირობებელ მიზეზებზე საუბრისას, კ. ნადირაძის ხსენებული ნოველის პერსონაჟები იმ გარემოებასაც უსვამენ ხაზს, ზემოთ აღნიშნული პატრიოტული სულისკვეთებით სინამდვილეში საზოგადოების მხოლოდ ნაწილი რომ იყო გულანთებული, ქვეყნის მართვა-გამგებლობის სათავეებთან მდგარი ელიტის უმეტესობა კი ამგვარ ტრაგიკულ ეროვნულ მოვლენებს გულგრილად ადევნებდა თვალს.
მაგალითად, აი, რას ათქმევინებს მწერალი ხსენებული ნოველის ერთ-ერთ პერსონაჟს ამასთან დაკავშირებით: „ჩემის ღრმა რწმენით, ამ საშინელ მომენტში მთელი ჩვენი თავადაზნაურობა ფრონტზე იყო. ეს მე მჯეროდა აბსოლუტურად. არავითარ ძალას არ შეეძლო ამ რწმენის შერყევა. ჩემი ოცნება ხედავდა მათ იარაღში ჩამსხდართ და ხმლით ხელში იარაღით გაქროლილთ მტრებზე.“
თუმცა რეალურად არსებული მდგომარეობის უნებურმა ხილვამ კ. ნადირაძის პერსონაჟის ეს რომანტიკული პატრიოტული წარმოსახვა ერთბაშად დაამსხვრია, რითაც მწერალმა თავისი ნოველის პერსონაჟთა მიერ გამოხატულ ეროვნულ სკეპტიციზმს განზოგადების ფართო მასშტაბები შესძინა. ნათქვამის დასტურად დავიმოწმებ შესაბამის ფრაგმენტს ნაწარმოებიდან: ფრონტიდან მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დაბრუნებული ერთ-ერთი პერსონაჟი, ღამით ქალაქში სეირნობის დროს, გასართობ კლუბში მოხვდა და, მისდა მოულოდნელად, სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდა: მის წინ „მხიარული და უდარდელი სახეებით იდგნენ ჩვენი თავადები _ ჩოხებში გამოწყობილნი და ჩვეულებრივად თამაშობდნენ კარტს... ისმოდა მათი ოხუნჯობა, სიცილი, დარბაისლური ლაპარაკი... ჯარისკაცის დანახვაზე გაიკვირვეს, მათმა სახემ უსიამოვნო გამომეტყველება მიიღო... მე საჩქაროდ შემოვბრუნდი და ჩქარი ნაბიჯით გავეშურე კიბისაკენ. უკან დარჩა თავადების სიცილი, თამბაქოს კვამლი, მხიარული სახეები, კარტის შრიალი. არ მახსოვს, როგორ ჩამოვედი კიბეზე, როგორ მოვედი სახლში. ჩემში უეცრად რაღაც გაწყდა; თითქოს ვიღაცამ სილა გამაწნა, თითქოს ვიღაცამ გათელა ჩემი ბავშვური სიყვარული, ჩემი ბავშვური ოცნება“.1
სამწუხაროდ, მწერლის მიერ ესოდენი ემოციური სიმძაფრით გამოხატული ეს პატრიოტული გულისტკივილი განზოგადებული ფორმითაც რომ წარმოაჩენს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის ეროვნულ ინდიფერენტიზმსა და გულგრილ დამოკიდებულებას ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემებისადმი, აფხაზეთში განვითარებული ქართულ-რუსული სისხლიანი კონფლიქტის დროსაც ნათლად გამოჩნდა. ჩვენდა სავალალოდ, ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლების პერიოდში ქართველთა გარკვეული ნაწილი მაშინაც მხოლოდ პიროვნულ მიწიერ კეთილდღეობაზე ზრუნვით უფრო მეტად იყო დაკავებული და უცხო ქვეყნების გასართობ ცენტრებში დადიოდა დროის ფუქსავატურად გასატარებლად. 1918 წლის 31 მარტის ტრაგედია გამონაკლისი არ ყოფილა და ბათუმსაც და მთელ აჭარასაც ამ დროიდან მოყოლებული 1921 წლამდე სხვა დროსაც დამუქრებია დედასამშობლოსგან ფიზიკურად მოწყვეტის საფრთხე. თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის მოწინააღმდეგეთა ყველა ეს მცდელობა საბოლოოდ მათი სრული კრახით დამთავრდა და ბათუმიცა და აჭარაც უკვე სამუდამოდ დამკვიდრდა ჩვენი ქვეყნის ღვიძლ და განუყოფელ ნაწილად. 1. ნადირაძე კ., რაც ლექსად ვერ ვთქვი, თბ., 1984, გვ. 137.

დამოწმებანი:
აფხაიძე შ., მახსოვს მარადის... თბილისი, 1988. დავით კლდიაშვილის საიუბილეოდ (კრებული), ტფილისი, 1920.. იაშვილი პ., პოეზია, პროზა, თარგმანები, თბ., 1965. მაზნიაშვილი გ., მოგონებანი, ბათუმი, 1990. ნადირაძე კ., რაც ლექსად ვერ ვთქვი, თბ., 1984. სიგუა ს., მარტვილი და ალამდარი, 1, თბ., 2011. ტაბიძე ტ., ლექსები, პოემები, პროზა, წერილები, თბ., 1983. ქუთათელი ა., პირისპირ. რომანი ოთხ წიგნად, წიგნი I-II, თბ., 1967. ცქიტიშვილი გ., „ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების,“ თბ., 1990.

Комментариев нет:

Отправить комментарий