XII–XIII საუკუნეების საქართველოს სამეფოს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდნენ ფეოდალური საგვარეულოები: ორბელები, ვარდანისძეები, დადიანები, კახაბერისძეები, გრიგოლისძეები, თორელები, ჯაყელები, მხარგრძელები, ამანელისძეები, შერვაშიძეები, კოლონკელისძეები, საღირისძეები და სხვ. ამ საგვარეულოთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ სურამელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლებსაც.
სურამელები XII საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩნდებიან პოლიტიკურ ასპარეზზე და XIV საუკუნის 10-იან წლებამდე ინარჩუნებენ მაღალ თანამდებობებსა და ბუნებრივია დიდ გავლენასაც.
წყაროებით ჩვენთვის ცნობილი სურამელთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი გიორგი III-ის თანამედროვე ბექა (I) იყო.
თავად საგვარეულოს წარმოშობის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვით, რადგან სათანადო მასალები არ გაგვაჩნია. ცხადია, რომ მათი გვარი დაკავშირებული იყო დაბა სურამის სახელთან. გეოგრაფიული ადგილის მიხედვით გვარის წარმოშობა ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი ამ საგვარეულოს მამულს წარმოადგენდა.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სურამი სურამელთა მამული იყო და ამავე დროს მათ რეზიდენციასაც წარმოადგენდა. ნ. შოშიაშვილის აზრით, სურამელები X საუკუნეში მოღვაწე ქართლის დიდგვაროვან ფეოდალთა – ფავნელთა მემკვიდრეები და შთამომავლები იყვნენ (22:59). სამწუხაროდ მეცნიერი არ მიუთითებდა, თუ რომელ წყაროს ეფუძნებოდა მისი ეს ვარაუდი. შესაძლოა ასეთ წყაროდ მივიჩნიოთ გრიგოლ სურამელის დაწერილი შიომღვიმის მონასტრისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ „გავაზელნი სოფელი ფავნელთაგან გეყიდნეს ძუელთაგანვე და დაწერილიცა გაქუს ფავნელთაგან მონასყიდობისაი და თავისუფლობისაი და ჩუენგანაცა მოგართუ უბადოთა ხელისუფალთაგან ქმნილი შესავლად, რომელნი გავაზელთაგან სახმარსაც მოჰკრეფდეს, სამუშაოცა უწერია და შეწუხებულნი იყვნეს წმიდანი მამანი. მე დაწერილი ესე დაგიწერე და მოგეც თავისუფლობისაი გავაზელთა სოფლისაი ყოველთა კრებულთა მღუიმისასა, ვითა ფავნელთაგან გიყიდია და მოსყიდულები მათ თავისუფლად დაეწერა, მე შემიწირავს თავისუფლად და შეუვალად ყოვლისა შესავლისაგან და არა ეთხოვებოდეს“ (21:122).
ჩვენთვის ცნობილი ვერც ერთ სხვა წყაროში ვერაფერი ვნახეთ ისეთი, რაც მიგვანიშნებდა, რომ სურამელები ფავნელთა შთამომავლები და მემკვიდრეები იყვნენ. თავად გრიგოლ სურამელის დაწერილში არსებული ინფორმაციაც არაფერს იძლევა ფავნელთა და სურამელთა შორის არსებული ურთიერთკავშირის დასადგენად. დაწერილიდან მხოლოდ ის ირკვევა, რომ სოფელი გავაზელნი თავის დროზე შიომღვიმის მონასტერს უყიდია ფავნელთაგან და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობდა (შესაძლოა ეს არის ე.წ. ფავნელის დაწერილი – მ.ბ.). თავისთავად ეს ინფორმაცია არაფერს იძლევა ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია რომ ნებისმიერი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. პირადად ჩვენ, ამ ეტაპზე მაინც, თავს ვიკავებთ სურამელების ფავნელთა შთამომავლებად მიჩნევაზე. ბექა I სურამელი წყაროებში პირველად მოიხსენიება 1161 წლისათვის. ამ წელს საქართველოს წინააღმდეგ, გიორგი III-ის მიერ ანისის დაკავებით შეშფოთებულ მუსლიმ მმართველთა დიდი კოალიცია შეიქმნა. კოალიციის მონაწილეები ქართველთა დამარცხებას აპირებდნენ და საქართველოს მეფემაც მტრის დასახვედრად მზადება დაიწყო. გიორგი III-მ ლაშქრის შეკრება ბრძანა და „მოუწოდა ამირახორსა მისსა სუმბატის ძესა ლიპარიტს, ბექასა სურამელსა, ქირქიშს აბულეთის ძესა ...“ (10:167). ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. ცხადია, რომ ამ დროისათვის ბექა სურამელი უკვე ცნობილი პიროვნება და მეფის ერთგული თანამებრძოლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მემატიანე მას, ალბათ, არ გამოყოფდა. მაგრამ უკავია თუ არა ბექას რაიმე ოფიციალური თანამდებობა სამეფო კარზე, უცნობია. გიორგი IV-ის მიერ ქვათახევის მონასტრისადმი მიცემული სიგელიდან ირკვევა, რომ გიორგი III-ს ბექა სურამელისათვის სოფელი სუელნეთი უწყალობებია. „სახელითა ღმრთისაითა გიორგისგან ბაგრატუნიანისა ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით-მპყრობელისა. აწცა მოვიდა ჩუენს წინაშე სულა ქართლის ერისთავი, ძე ერისთავთ-ერისთავისა, ქართლისა ერისთავისა რატი სურამელისა. გუეჰაჯა და მოგუახსენა, რაითამცა შევიწყალეთ და ქართლის სოფელი სუელნეთი, რომელი პაპისა ჩუენისაგან პაპასა და მამასა მისსა ჰქონებოდა და ჩუენგან მასა ჰქონდა ... მონასტერსა მისსა ქვათახევს შევსწირეთ“ (21:108). გიორგი IV-ის პაპა გიორგი III იყო, ხოლო სულა სურამელის პაპა კი – ბექა I. შესაძლოა მართებულია ვარაუდი, რომლის თანახმადაც გიორგი III-მ ბექა სურამელს სოფელი სუელნეთი, 1161 წელს მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის, სამადლობლად უბოძა (6:15). XII საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისის შემდეგ ბექა სურამელი წყაროებში აღარ მოიხსენიება.
ბექას ვაჟი, რატი სურამელი, წყაროებში პირველად 1170 წელს ჩნდება. ის გიორგი III-ის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი ბოძებულ სიგელშია მოხსენიებული – „კობალი (სოფელია – მ.ბ.) რაიც რატი სურამელისაგან შემოწირულია“ (21:68). სამწუხაროდ დოკუმენტის ტექსტიდან გამომდინარე ძნელი განსასაზღვრია, თუ როდის შესწირა სოფელი კობალი რატი სურამელმა შიომღვიმის მონასტერს, 1170 წელს თუ უფრო ადრე. ალბათ ცოტა უფრო ადრე. შეიძლება ერთი რამ ვივარაუდოთ – სოფლის მონასტრისათვის შეწირვის მომენტში, საგვარეულოს მეთაური უკვე რატია. პირობითად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რატი სურამელი მოღვაწეობას 1170 წლისთვის იწყებს. სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ რატი სურამელის შესახებ, გვინდა იკორთის 1172 წლის წარწერაზე შევჩერდეთ.
ჩვენ ორი წარწერა გვაინტერესებს, რომლებიც ბოლოს პ. ზაქარაიამ გამოაქვეყნა თავის წიგნში – „ქართული ხუროთმოძღვრება XI–XVIII სს“. პირველი წარწერა მოყვანილია თ. ჟორდანიასეული წაკითხვით – „... ადიდე ორთავე შა ცხოვრებათა: ეე (ერისთავთ-ერისთავნი) სუ(ლა) ... რ ... და ბეშქენ ... ბჭესა ... გრდ ... ლეიარსა(?) ეეს (ერისთავთ-ერისთავს) მხლ (მიხეილ?) ... თ და ლოცვა ყავთ“ (8:41) თ. ჟორდანია წერდა „მოხსენიებულ პირთაგან ცნობილია ჭიაბერი ... სულა რატის ძე სურამელი ... ვარდან მეჭურჭლეთუხუცესი, ვარდან კოლონკელისძე ერისთავი, ვარდან დადიანი“ (19:260). რ. მეფისაშვილი და ვ. ცინცაძე აღნიშნავდენ, რომ წარწერა მოიხსენიებს ერისთავთ-ერისთავებს: ვარდანს, არსენს, ჭიაბერსა და სხვებს (26:69). იკორთის წარწერები იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც შესაძლოა მათში სულა მოიხსენიებოდეს, რომელიც თ. ჟორდანიამ რატი სურამელის შვილად მიიჩნია. პ. ზაქარაია შენიშნავდა „თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევდეს, კერძოდ, სახელი ვარდანი. მაგრამ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ პირთა სახელებს შორის, იმ ხანაში, ისიც ქართლის შუაგულში, არც ვარდანი, არც არსენი არ გვხვდება. ჭიაბერი კი მართლაც იმ ხანის მოღვაწეა“ (8:41). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენთვის ამ შემთხვევაში საინტერესოა სახელი – სულა. ამ სახელში იკითხება მხოლოდ პირველი ორი ასო – „სუ“, მომდევნო ორი – „ლა“ თ. ჟორდანიას მიერ არის აღდგენილი.
სახელი „სულა“ მართლაც არსებობდა სურამელთა საგვარეულოში, მაგრამ ამ დროს, როგორც ჩანს, სურამელები ჯერ კიდევ არ იყვნენ ერისთავები. ყოველ შემთხვევაში ისინი ამ ტიტულით არსად არ მოიხსენიებიან. ეს არც არის გასაკვირი. მართალია სურამელები ქართლის ერისთავები იყვნენ, მაგრამ 1177 წლამდე ქართლის ერისთავობა ორბელთა საგვარეულოს ხელში იყო.
სულას მიჩნევა რატის ძედ, როგორც ამას თ. ჟორდანია ვარაუდობს, არ შეიძლება, რადგან სულა რატის ძე სურამელი ლაშა-გიორგის თანამედროვე იყო. ეს ნათლად ჩანს ლაშა-გიორგის სიგელიდან ქვათახევის მონასტრისადმი. ლაშა-გიორგის თანამედროვე კი ვერ იქნებოდა მოხსენიებული 1172 წლის წარწერაში. თუ თ. ჟორდანიას აზრს გავიზიარებთ სულასთან დაკავშირებით, მაშინ გამოვა, რომ ჯერ მოღვაწეობდა შვილი (სულა) და მერე მამა (რატი). ეს კი წარმოუდგენელი რამ არის. XII საუკუნეში ჩვენ ვიცით ორი სურამელი: ბექა, გიორგი III-ის თანამედროვე, რომელიც მეფეს თან ახლდა, 1161–1163 წლებს შორის ანისისათვის მიმდინარე ბრძოლაში (18:9) და რატი, რომელიც პირველად წყაროებში 1170 წელს მოიხსენიება (21:68).
რაც შეეხება იკორთის წარწერის „სულას“, აქ რამდენიმე შესაძლებლობაა: ან სახელის აღდგენაა არასწორი; ან სახელი „სულა“ გავრცელებული იყო სხვა საგვარეულოებშიც; ან ეს არის ჩვენთვის სხვა წყაროებით უცნობი სულა სურამელი.
განვიხილოთ ბოლო ვარაუდი. თ. ჟორდანიას წაკითხვას თუ გავიზიარებთ, მაშინ სულა ერისთავთ-ერისთავია. ეს კი თავისთავად ბადებს კითხვას: რომელი მხარის ერისთავია სულა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება: მოყოლებული XII საუკუნის 80-იანი წლებიდან, ვიდრე XIV საუკუნის 10-იანი წლების ბოლომდე სურამელები ქართლის ერისთავები იყვნენ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იკორთა ქართლში მდებარეობს და წარწერაშიც, პიროვნებების ჩამოთვლისას სულა პირველი მოიხსენიება, დასკვნა შემდეგი შეიძლება იყოს – სულა ქართლის ერისთავია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მისი ნათესაური კავშირის დადგენა ბექასა და რატისთან. რადგან რატის ვაჟს სულა ერქვა, იკორთის წარწერის სულა შეიძლება მივიჩნიოთ რატის მამად და შესაბამისად ბექას ძედ. ამრიგად, ჩვენთვის ცნობილი ხდება XII საუკუნეში მოღვაწე სამი სურამელი: ბექა I, სულა I და რატი I. ვიმეორებთ, ყოველივე ეს მისაღებია, თუ იკორთის წარწერის სულა მართლაც სურამელთა საგვარეულოს ეკუთვნის და ქართლის ერისთავია.
თუმცა აქ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი, რომლებიც ნაკლებად რეალურს ხდიან ზემოთ გამოთქმულ ვარაუდს. 1177 წელს ქართლის ერისთავი ლიპარიტ ორბელია. ეს ნათლად ჩანს „ისტორიანი და აზმანიდან“. როდესაც ორბელთა აჯანყების დროს გიორგი III ლორეს ციხეს შემოადგა, „მუნიდაღმან წარსულ იყვნეს სპარსეთს ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტ, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე“(18:19). თუ ჩვენს მიერ ზემოთ გამოთქმული ვარაუდი სწორია, მაშინ ქართლის ერისთავის „ხელთან“ დაკავშირებით შემდეგი ვითარება იქმნება: 1172 წელს ერისთავია სულა სურამელი, 1177 წელს _ ლიპარიტ ორბელი და 1184 წელს – რატი სურამელი. რამდენად რეალურია ამგვარი სურათი? ის, რომ 1177 წლის აჯანყების მერე ორბელები დაკარგავდნენ ქართლის ერისთავობას, ეჭვს გარეშეა. ისიც რეალურია, რომ სწორედ ამ დროს უნდა მიეღო ქართლის ერისთავობა რატი სურამელს. ამ უკანასკნელის ერისთავობა 1184 წლისათვის დასტურდება იმავე „ისტორიანი და აზმანიდან“ – ყუთლუ-არსლანის დასთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ ხუაშაქ ცოქალიც გაგზავნა, რომელიც იყო „დედა ქართლისა ერისთავთ-ერისთავისა რატისი“ (18:32). ამდენად, გასარკვევია მხოლოდ ერთი საკითხი – შესაძლებელია თუ არა, რომ 1172 წელს სულა სურამელი ქართლის ერისთავი ყოფილიყო.
ჩვენ რომ ზუსტად ვიცოდეთ, თუ როდის გახდა ლიპარიტ ორბელი ქართლის ერისთავი, საკითხიც ადვილად გადაიჭრებოდა. შ. მესხიამ ნათლად უჩვენა, რომ ორბელთა დაწინაურება დავით აღმაშენებლის დროიდან იწყება (13:20). აქედან მოყოლებული, ვიდრე 1177 წლამდე, ორბელთა ძალაუფლება და გავლენა იზრდება. გამონაკლისს დავით V-ის მეფობის ხანმოკლე პერიოდი წარმოადგენდა, მაგრამ მცირე ხნით დაკარგული თანამდებობები და გავლენა ორბელებმა „XII ს-ის 60-იანი წლებიდან ისევ დაიბრუნეს და შეინარჩუნეს 1177 წლამდე“ (13:18). ასეთ ვითარებაში კი ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ორბელთა საგვარეულოს ქართლის ერისთავის თანამდებობა დაეკარგა. ეს თავისთავად გამორიცხავს სულას ქართლის ერისთავობას, იკორთის ტაძრის აგების დროს.
თეორიულად შესაძლოა, რომ სულა რომელიმე სხვა მხარის ერისთავი ყოფილიყო და არა მაინც და მაინც ქართლის. მაგრამ ასე ნებისმიერი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება.
ჩვენთვის საინტერესო წარწერა 1848 წელს, თ. ჟორდანიაზე ადრე ნახა მ. ბროსემ. წარწერის ჩვენთვის მნიშვნელოვან ადგილს ბროსე შემდეგნაირად კითხულობს: „ადიდენ ორთავე შინა ცხოვრებათა ეგდნ სუ [. . .] და ბეშქენ“ (8:40). როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში „ეე“ ანუ ერისთავთერისთავი არ იკითხება. პ. იოსელიანი შემდეგნაირად კითხულობდა ამ წარწერას – „ადიდენ ორთავე შინა ცხოვრებათა ეგურდან სოლომონ და ბეშკენ ...“(25:73). იქ, სადაც თ. ჟორდანია ერისთავთ-ერისთავს კითხულობდა, პ. იოსელიანი აღადგენს სახელს – ეგურდან, ხოლო სულას ნაცვლად კითხულობს სოლომონს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ იქ, სადაც თ. ჟორდანია ორ „ე“-ს, ე. ი. ერისთავთ-ერისთავს კითხულობდა, მ. ბროსე და პ. იოსელიანი კითხულობენ ორ სხვადასხვა ასოს: „ე“-სა და „გ“-ს. ეს კი თავისთავად გამორიცხავს ერისთავთ-ერისთავის აღდგენას. თუ გავითვალისწინებთ იმ მსგავსებას, რომელიც არის ასომთავრულ „ე“-სა და „გ“-ს შორის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თ. ჟორდანიას წაკითხვა არაზუსტია. რაც შეეხება სახელ სოლომონის ამოკითხვას, ჩვენი აზრით ამ შემთხვევაში პ. იოსელიანის წაკითხვა არა სწორია. მ. ბროსე და შემდეგ თ. ჟორდანია კითხულობდნენ ორ ასოს „სუ“. ეს კი უფრო სახელ სულას უნდა ნიშნავდეს, ვიდრე სოლომონს (თანაც XII-XIII საუკუნეებში ჩვენა სახელი სოლომონი არ გვხვდება არც ერთ ჩვენთვის ცნობილ ფეოდალურ საგვარეულოში).
ჩვენი აზრით, იკორთის წარწერაში შეიძლება, მართლაც სულა იხსენიება და ის, შეიძლება, მართლაც ჩვენთვის სხვა წყაროებით უცნობი სურამელია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოდ მიგვაჩნია სიტყვა ერისთავთ-ერისთავის ამოკითხვა. ეს კი თავისთავად ხსნის სულას ერისთავობის საკითხს. არის თუ არა სულა სურამელთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ძნელი სათქმელია. შეიძლება მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა. სახელი სულა, სურამელთა საგვარეულოში რეალურად მხოლოდ ერთხელ ფიქსირდება (ვგულისხმობთ რატი I-ის ძეს – მ.ბ.). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს სახელი სხვა საგვარეულოშიც არსებობდა. საკმარისია გავიხსენოთ სულა კალმახელი. თუმცა ქართლში მოღვაწე საგვარეულოებს შორის სახელი სულა მხოლოდ სურამელების საგვარეულოში ფიქსირდება.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იკორთის 1172 წლის წარწერაში მოხსენიებული სულა სურამელთა საგვარეულოს წარმომადგენელია. შესაძლოა ის ბექას უმცროსი ძმა და შესაბამისად რატის ბიძა იყო (ცხადია, შესაძლებელია სხვადასხვა ვარაუდების გამოთქმა. თუნდაც იმის, რომ სულა რატის მამა და ბექას ძე იყო; ან _ ბექას უმცროსი ძე და შესაბამისად რატის უმცროსი ძმა).
რაც შეეხება საკითხს, თუ როდის გახდნენ სურამელები ქართლის ერისთავები, აქ ცალსახა პასუხის გაცემა შეიძლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლიპარიტ ორბელს ქართლის ერისთავობა დაახლოებით XII საუკუნის 60-იან წლებში უნდა მიეღო. 1177 წელს დემნა უფლისწულის აჯანყების შემდეგ, ბუნებრივია, რომ ერისთავობა ჩამორთმეოდა ლიპარიტს. სწორედ ამ დროიდან ვვარაუდობთ ჩვენ ქართლის ერისთავობის სურამელთს საგვარეულოს ხელში გადასვლას. სურამელთა სახლის აღზევება ორბელთა აჯანყების ჩახშობისა და ამ საგვარეულოს დამცრობის შემდეგ იწყება.
სურამელების საგვარეულოდან პირველი ერისთავი კი რატი იყო. რატის ერისთავობას „ისტორიანი და აზმანის“ გარდა ლაშა-გიორგის მიერ ქვათახევის მონასტრისადმი მიცემული სიგელიც ამტკიცებს, სადაც აღნიშნულია: „სულა ქართლის ერისთავი, ძე ერისთავთ-ერისთავისა ქართლის ერისთავისა რატი სურამელისა“ (21:107). რატი სურამელი, როგორც ქართლის ერისთავი პირველად „ისტორიანი და აზმანი შარავანდეთაში“ მოიხსენიება, ყუთლუ-არსლანის გამოსვლასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, თამარ მეფემ ყუთლუ-არსლანის მომხრეებთან მოსალაპარაკებლად ორი მანდილოსანი გაგზავნა „ერთი ხუაშაქი ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთ ერისთავისა რატისი და ერთი კრავაი ჯაყელი, დედა აწ მყოფთა სამძივართა“ (10:32).
ამ ცნობის საფუძველზე, გ. მელიქიშვილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ სურამელები ყუთლუ-არსლანის მომხრეები იყვნენ (12:124). ე. გვარაძის აზრით, „ისტორიული წყაროებით არ შეგვიძლია დავადასტუროთ, თუ რომელ ბანაკში იყო რატი სურამელი“ (6:16). ჩვენ ვფიქრობთ, რომ რატი სურამელი და საერთოდ სურამელთა მთელი საგვარეულო მეფის ერთგული იყო. ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ დედა მეფის მომხრე იყო, ხოლო შვილი მეფის მოწინააღმდეგე. სანამ ამ საკითხზე საუბარს გავაგრძელებთ გვინდა აბულასანის პრობლემას შევეხოთ.
ჩვენ ვთვლით, რომ 1185–1187 წლებში რატი სურამელმა დაკარგა ქართლის ერისთავობა და ეს „ხელი“, გიორგი რუსის ჩამოყვანის ერთ-ერთ ინიციატორს, აბულასანს გადაეცა. გ. ოთხმეზურის აზრით აბულასანი არ შეიძლება ქართლის ერისთავი იყოს, რადგან ამ დროს ეს „ხელი“ რატი სურამელს აქვს. ერთი შეხედვით ეს სრულიად მართებული შენიშვნაა, მაგრამ ჩვენი აზრით ამ წინააღმდეგობის დაძლევა შეიძლება. ის, რომ ყუთლუ-არსლანის გამოსვლის დროს ქართლის ერისთავი რატი სურამელია, ცხადია. „ისტორიანი და აზმანი“ გვაუწყებს, რომ თამარმა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად „ორი საპატიო დიოფალი“ გაგზავნა კრავაი ჯაყელი და „ხუაშაქ ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთ-ერისთავისა რატისი“ (10:32). აბულასანი, რომ ქართლის ერისთავი გამხდარიყო, ამისათვის საჭირო იყო, რათა ერისთავობა ჩამორთმეოდა რატის. მართალია მეფეს ჰქონდა იურიდიული უფლება, რომ ესა თუ ის „ხელი“ ჩამოერთმია ნებისმიერი პიროვნებისათვის ნებისმიერ დროს, მაგრამ რეალურად საქმის ვითარება სხვანაირი იყო. ფეოდალურ სახელმწიფოში, „ხელის“ ჩამორთმევა პიროვნების „დამცრობას“ ნიშნავდა. ამისთვის კი სერიოზული მიზეზი იყო საჭირო. მაგალითად მეფისა და სახელმწიფოს ორგულობა. რატი სურამელთან დაკავშირებით ამას ვერ ვიფიქრებთ. პირიქით, რატის დედას გარკვეული დამსახურება ჰქონდა სამეფო ხელისუფლების წინაშე (ვგულისხმობთ ყუთლუ-არსლანის „დასელებთან“ გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებას). ეს კი უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს იმისთვის, რომ ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ რატისთვის ერისთავობის ჩამორთმევა და მისი დამცრობა ვივარაუდოთ.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ შიდაპოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც თამარის მეფობის პირველ წლებში მიმდინარეობდა, შეიძლება მოვლენების სხვაგვარი განვითარება დავუშვათ. თითქმის ყველა მკვლევარი, სამეფო კარზე აბულასანის დაწინაურებას გიორგი რუსის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირებს. ეს სრულიად მართებული მოსაზრებაა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ აბულასანი საქართველოში გიორგი რუსის ჩამოყვანის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო. ჩვენ ვიზიარებთ ი. ანთელავას აზრს, რომ „ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა, იური ანდრიას ძის ჩამოყვანა და 1188 წლის ამბოხება, გიორგი III-ის პოლიტიკის (თუნდაც გარეგნულად) მომხრე დიდებულთა ერთი გავლენიანი ჯგუფის მოძრაობის სამი სხვადასხვა ფაზა იყო. ამ ჯგუფში ერთ-ერთი წარმმართველი ფიგურა უნდა ყოფილიყო კათალიკოსი მიქაელ მირიანის ძე. ყუთლუ-არსლანის დასის მარცხის შემდეგ ... დასმა, როგორც ჩანს თავისი პოლიტიკური მიზანდასახულობის შესრულება ამჯერად თამარის დაქორწინების გზით მოინდომა და იური ანდრიას ძის კანდიდატურა წამოაყენა“ (1:221). ჩვენთვის ამჯერად მთავარია, რომ მკვლევარი ყუთლუ-არსლანის გამოსვლასა და გიორგი რუსის ჩამოყვანას ერთი დასის მოქმედებად მიიჩნევს. თუ გავითვალისწინებთ აბულასანის როლს გიორგი რუსის ჩამოყვანის საქმეში, ნათელი გახდება, რომ აბულასანიც ამ დასის აქტიური წევრი და ალბათ ერთ-ერთი მეთაურიც კი უნდა ყოფილიყო. გავიხსენოთ „ისტორიანი და აზმანის“ ცნობა, რომ თამარ მეფემ ყუთლუ-არსლანის მომხრეებთან მოსალაპარაკებლად კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი გაგზავნა. ცხადია ეს ორივე მანდილოსანი მეფის მომხრე იქნებოდა. ხვაშაქ ცოქალი კი რატი სურამელის დედა იყო. ყოველივე ეს გვავარაუდებინებს, რომ ქართლის ერისთავი რატი სურამელიც მეფის მომხრე იყო.
1185 წელს, გიორგი რუსის ჩამოყვანა და მისი თამარზე დაქორწინება იმ დასის გამარჯვება უნდა ყოფილიყო, რომელსაც აბულასანი ეკუთვნოდა (ამავე დასის ერთ-ერთი აქტიური წევრი უნდა ყოფილიყო ყუთლუ-არსლანიც). ჩვენი აზრით, აბულასანი და რატი სხვადასხვა დასში უნდა ყოფილიყვნენ. 1185 წელს იმ დასმა გაიმარჯვა, რომლის წევრიც აბულასანი იყო. გამარჯვებულები შეეცდებოდნენ კიდევ უფრო გაეზარდათ თავისი გავლენა. ასეთ პირობებში სრულიად დასაშვებია, რომ რატი სურამელს, როგორც დამარცხებული დასის წევრს ქართლის ერისთავობა ჩამორთმეოდა და ეს „ხელი“ გამარჯვებულთა ბანაკის ერთ-ერთ აქტიურ წევრს – აბულასანს გადასცემოდა. ეს უკანასკნელი, ქ. ჩხატარაიშვილის აზრით, დიდებული იყო, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან (23:83).
1187 წელს გიორგი რუსის განდევნა უკვე იმ დასის მარცხს მოასწავებდა, რომლსაც აბულასანი ეკუთვნოდა. როლები შეიცვალა. ამჯერად გამარჯვებული რატი სურამელი აღმოჩნდა, ხოლო დამარცხებული – აბულასანი. შეიქმნა იმის ყველა პირობა, რომ რატის ორი წლის წინ დაკარგული ქართლის ერისთავობა დაებრუნებინა.
ყოველივე ზემოთ თქმული ცხადყოფს, რომ სრულიად დასაშვებია 1185–1187 წლებში აბულასანის ერისთავობა ქართლში. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა. დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს დიდებულთა აჯანყების დროს, ამბოხებულთა ნაწილი ქართლში გადმოვიდა, აქ მათ „მიერთნეს ვიეთნიმე ქართველნიცა და სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთეულობისა“ (10:53). ნ. ბერძენიშვილი წერდა: „საკითხს იმის შესახებ თუ რომელი მხარე ვის უჭერდა მხარს ძირითადად ის გარემოება წყვეტდა, თუ ამა თუ იმ ქვეყნის პატრონი (ერისთავთ-ერისთავი) ვის მხარეზე გამოდიოდა. თუმცა ამის საწინააღმდეგო მოწმობაც მოგვეპოვება. ქართლის ერისთავი თამარის მხარესაა, ხოლო „ვიეთნიმე ქართველნიცა“ რუსის მხარეზე დგანა“ (5:171) სრულიად მართებულია ი. ანთელავას აზრი, რომ „სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთიულობისა“ – „ადვილი ასახსნელია, რადგან იურის მოწვევის ინიციატორი აბულასანი, როგორც ცნობილია, „შვიდთა მთიულეთთა“ პატრონი იყო“ (1:224). აჯანყებაში ზოგიერთი ქართლელის – „ვიეთნიმე ქართველნიცა“ – მონაწილეობამ შეიძლება გვავარაუდებინოს, რომ ამ დროს ქართლის ერისთავი ისევ აბულასანია. მაგრამ ეს გამორიცხულია. „ისტორიანი და აზმანის“ მიხედვით – „ზრახვა ყვეს რომელნი მყოფ იყვნეს მის წინაშე (იგულისხმება თამარი – მ. ბ.) თვით ჭიაბერი მანდატურთუხუცესი, ჰერ-კახნი, დიდებულნი და აზნაურნი, თანადართვითა ყივჩაყთათა, და შეყრილთა ქართლისა ერისთავისა და ქართველთა დიდებულთა, წინაძღუანვითა დავით მეფისა“ (9:53). ცხადია, რომ აჯანყების დროს ქართლის ერისთავი მეფის ერთგულია. ეს ფაქტი კი გამორიცხავს აბულასანის ერისთავობას ქართლში. ქართლის ერისთავი ამ დროს რატი სურამელია. რაც შეეხება „ვიეთნიმე ქართველთას“ მონაწილეობას აჯანყებაში, ეს ჩვენი აზრით, ქართლში აბულასანის ორწლიანი ერისთავობის შედეგი იყო.
ამდენად, ცხადია, რომ რატი სურამელი ყოველთვის სამეფო ხელისუფლების ერთგული იყო. XIII საუკუნის დასაწყისიდან წყაროებში უკვე რატის ვაჟი – სულა მოიხსენიება.
ბუნებრივია, რომ რატის შემდეგ ქართლის ერისთავი მისი ვაჟი სულა უნდა გამხდარიყო. სულა, 1207–1222 წლების ლაშა-გიორგის სიგელში მოიხსენიება – „მოვიდა ჩუენსა წინაშე სულა ქართლის ერისთავი, ძე ერისთავთ-ერისთავისა, ქართლის ერისთავისა რატი სურამელისა“ (21:107). სულა სურამელმა ქვათახევის მონასტერს სოფელი სუელნეთი შესწირა. სიგელში ყურადღებას შემდეგი სიტყვები იქცევს – „აწცა მოვიდა ჩუენს წინაშე სულა ქართლის ერისთავი, ძე ერისთავთ-ერისთავისა ქართლისა ერისთავისა რატი სურამელისა. გუეჰაჯა და მოგუახსენა, რაითამცა შევიწყალეთ და ქართლის სოფელი სუელნეთი, რომელი პაპისა ჩუენისაგან პაპასა და მამასა მისსა ჰქონებოდა და ჩუენგან მასა ჰქონდა საქართლის ერისთვუისაგანმცა გამოვიღეთ და მონასტერსა მისსა ქვათახევს შევსწირეთ“. „მონასტერსა მისსა ქვათახევს“ – ხომ არ ნიშნავს, რომ ქვათახევი სურამელების საგვარეულო მონასტერი იყო? ამ მხრივ საინტერესოა გრიგოლ სურამელის დაწერილის რამდენიმე ფრაგმენტი. პირველი – „გარეთ ვინც მაწყინარი გამოჩნდეს მღუიმისა გლეხთაი, მამასახლისი ჩუენი ესე იურვოდეს, ვითა ქვათახევისა გლეხთა“ (21:123); მეორე – „აწ გრიგოლ ქვათახევს წინაშე ხატსა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისასა მჯდომარემან, მისითა თავსმდებობითა და წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისათა ესე ზემოთ დაწერილი დამიწერეს მან და ძმამან მისმან ივანე და შვილმან მისმან ბეგამან“ (21:128). ნიშანდობლივი ისიც, რომ მიქელ სურამელის მეუღლე ქაქანა, ქვათახევის მონასტერს სწირავს სოფელ ნოსტეს (21:195). სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია სულა სურამელის მოღვაწეობის ზუსტი წლები. პირობითად შეიძლება ვიგულისხმოთ XIII საუკუნის 10–30-იანი წლები.
სულას შემდეგ ქართლის ერისთავობა და საგვარეულოს მეთაურობა მისი უფროსი ძის, გრიგოლის ხელში გადავიდა. გრიგოლი, სურამელთა საგვარეულოს ყველაზე უფრო გამოჩენილი და ცნობილი წარმომადგენელი იყო. იგი 1242 წლის ახლო ხანებში უკვე ერისთავად მოიხსენიება. როდესაც რუსუდანი მონღოლებს დაუზავდა და აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა, შეგებებულთა შორის, სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელიც იყო. „გარდამოვიდა თვით მეფე და ... წინა მიეგებნეს შანშე და ავაგ, შოთა კუპარი, გაგელი ვარამ, ქართლის ერისთავი სურამელი გრიგოლ, სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი ყვარყვარე ციხისჯვარელი, თორელნი, თმოგველნი, შავშ-კლარჯნი და ტაოელნი“. (18:195).
რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, მონღოლებმა საქართველოში არსებული უმეფობით ისარგებლეს და ქვეყანა დუმნებად დაყვეს. მათ გრიგოლი დუმნისთავად დანიშნეს. გრიგოლის გამგებლობაში მოქცეული დუმანი, ტერიტორიულად შიდა ქართლს მოიცავდა და თითქმის ემთხვეოდა ქართლის საერისთავოს ტერიტორიას (18:208).
ქართლის ერისთავობასთან ერთად, გრიგოლი მსახურთუხუცესის მაღალ თანამდებობასაც ფლობდა. ამ თანამდებობით მოიხსენიება იგი შიომღვიმის მონასტრის კრებულის დაწერილში – „მოგახსენეთ ჩუენ სრულად მღუიმისა კრებულმან ... სურამელსა გრიგოლ მსახურთუხუცესსა“ (21:130). საინტერესოა, რომ ამავე საბუთში გრიგოლი მოიხსენიება ეპითეტით – დიდი. „ესე ვითა წმიდათა და ღმერთ-შემოსილთა მამათა მემღუიმეს და სხუათა ძმათა დიდის მსახურთუხუცესის გრიგოლ სურამელის და მისთა მომავალთათუის სალოცავად საუკუნოდ დაწერილი ესე დაუწერია ...“ (21:132). დიდი მსახურთუხუცესის თანამდებობა არ არსებობდა. ცხადია, რომ ეპითეტი დიდი ეკუთვნის პირადად გრიგოლს და მისი დიდი გავლენისა და ავტორიტეტის მანიშნებელი უნდა იყოს. გრიგოლ სურამელის წინაპრებიდან არავინ არ მოიხსენიებოდა მსახურთუხუცესობით. მისი მამა და ბაბუა მხოლოდ ერისთავთ-ერისთავებად და ქართლის ერისთავებად იწოდებოდნენ. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ გრიგოლი პირველი იყო სურამელთა საგვარეულოში, რომელმაც მსახურთუხუცესის მაღალი თანამდებობა მიიღო და თავის საგვარეულოში დაამკვიდრა. გრიგოლის შემდეგ მისი მემკვიდრეები ასევე ფლობდნენ მსახურთუხუცესის „ხელს“. გრიგოლის ერისთავობა დასტურდება არა მარტო ნარატიული, არამდე დოკუმენტური წყაროებითაც (21:123).
გრიგოლ სურამელი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა XIII საუკუნის 40–50-იანი წლების საქართველოს ცხოვრებაში. მართალია, ჟამთააღმწერელი გრიგოლ სურამელს არ ასახელებს კოხტისთავს შეკრებილ დიდებულთა შორის, მაგრამ ჩვენი აზრით, ქართლის ერისთავი აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას შეთქმულებაში. მემატიანე ზოგადად ჩამოთვლის – „ჰერ-კახნი, ქართველნი, მესხნი და ტაოელნი“. ქართველთა შორის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართლელები იგულისხმებიან. საინტერესოა, რომ ლაშქრის შეკრების ადგილად ქართლი დათქვეს – „დაამტკიცეს ომი და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა“ (18:). ძნელი წარმოსადგენია, რომ შეთქმულებს ქართლი აერჩიათ შეკრების ადგილად და ამ დროს, ქართლის ერისთავი შეთქმულების მონაწილე არ ყოფილიყო. ჩვენი აზრით, ყოველივე ზემოთ თქმული შეთქმულებაში გრიგოლ სურამელის მონაწილეობაზე მიუთითებს. ალბათ, გრიგოლიც, სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად, ტყვედ ჩაუვარდა მონღოლებს. სხვებთან ერთად გრიგოლიც ანისში წაიყვანეს, მასაც ტანზე თაფლი წაუსვეს და მოედანზე დააგდეს, თაკარა მზის ქვეშ. ქართლის ერისთავის სიცოცხლეც ცოტნე დადიანის ვაჟკაცურმა და გმირულმა საქციელმა იხსნა.
XIII საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში შექმნილი ვითარებით, კერძოდ კი მეფის არ არსებობით ეგარსლან ბაკურციხელმა ისარგებლა და დიდებულთა შორის პირველობის მოპოვებას შეეცადა. მისმა მოწინააღმდეგე ფეოდალებმა გადაწყვიტეს მეფობის ახალი კანდიდატი, დავით ლაშა-გიორგის ძე, ჩამოეყვანათ საქართველოში. ამ ჯგუფში შედიოდა გრიგოლ სურამელიც. „შეკრბეს მთავარნი ამერის საქართველოსანი: შანშე, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი კაცი მეცნიერი და ფილოსოფოსი და რიტორი, სურამელი გრიგოლ, ქართლის ერისთავი გამრეკელი, თორელი, ორბელნი და მრავალნი ერისმთავარნი და ძებნა ყვეს ლაშას ძისა დავითისა“ (18:). როდესაც დავით ლაშა-გიორგის ძე რუმიდან საქართველოში დაბრუნდა, სხვებთან ერთად მას ქართლის ერისთავიც დახვდა. „მიეგებნეს (დავითს – მ.ბ.) ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი: შანშე და ძე მისი ზაქარია ამირსპასალარი, კაცი სიკეთით აღმატებული, ყვარყვარე ჯაყელი, სურამელი გრიგოლ ქართლისა ერისთავი, ორბელი, გამრეკელი, შოთა კუპარი და ყოველნი მთავარნი, თვინიერ ეგარსლანისა“ (18:). საინტერესოა, რომ ამ დროს გრიგოლის ძე ბეგა, დავით რუსუდანის ძესთან ერთად საყაენოში იყო წასული. ჩვენი აზრით, ეს ფაქტი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ქართველ პოლიტიკოსებს დავით რუსუდანის ძე და მისი თანმხლები პირები დაღუპულები ეგონათ. წინააღმდეგ შემთხვევაში გრიგოლ სურამელი მხარს არ დაუჭერდა დავით გიორგის ძის კანდიდატურას, იმ დროს როცა მისი შვილი დავით რუსუდანის ძის ამალაში იყო.
მონღოლთა ბატონობის პერიოდში ქართველებს ხშირად უხდებოდათ დამპყრობთა ბრძანებით სალაშქროდ წასვლა. სად არ ომობდნენ ქართველები ამ დროს: ერაყსა და სირიაში, ეგვიპტესა და ირანში. გრიგოლსაც რამდენჯერმე მოუწია სალაშქროდ წასვლა. აკი თავადაც აღნიშნავდა ამ ფაქტს, როცა წერდა „მე გრიგოლ ქართლის ერისთავი, მიმავალი მეოთხედ წარმართთა თათართა შიგან ქრისტეს სჯულისა და ერისა და ეკლესიათა დაცვისათვის“.
გრიგოლ სურამელიც მონაწილეობდა ალამუთის ციხისათვის წარმოებულ იმ ბრძოლაში, როდესაც ღვთისმშობელმა სასწაულებრივ იხსანა ქართველთა მხედრობა უდიდესი განსაცდელისაგან. ყოველივე კი შემდეგნაირად მოხდა: უკვე მეშვიდე წელი იყო, რაც მონღოლთა ლაშქარი მიუვალი და აუღებელი ალამუთის ციხის დაუფლებას ცდილობდა. ალამუთის ციხე ისმაილიტთა სექტის (ევროპელები მათ ასასინებს ეძახდნენ, ქართველები კი მულიდებს) ცენტრი და მათი მეთაურის რეზიდენცია იყო. მრავალნი ცდილობდნენ ამ ციხე-სიმაგრის აღებას, მაგრამ ალამუთი შეუვალი იყო საუკუნეების მანძილზე. აი ახლა, XIII საუკუნის 50-იან წლებში მონღოლები იდგნენ ალამუთის კედლებთან და მათთან ერთად ქართველი მეომრებიც მონაწილეობდნენ ციხის ალყაში (ქართველთა ჯარი ორა ნაწილად იყოფოდა. ერთ წელს ერთი ნაწილი ომობდა, მეორე წელს მეორე). ერთ დილას, მონღოლებმა თავისი ერთ-ერთი სარდალი, ჩაღატა ნოინი, კარავში მოკლული ნახეს. მონღოლებმა ეჭვი თავიდანვე ქართველებზე მიიტანეს – „ვინათგან ქართველნი დიდსა შინა ჭირსა არიან ჩვენ მონღოლთაგან, შურით ქართველთა მიერ მოიკლა“. მათ ყური არ ათხოვეს თავისი ერთ-ერთი მეთაურის ჩარმაღან-ნოინის სიტყვებს – ქართველებს წესად არა აქვთ კაცის მალულად მოკვლა და ჩაღატა მათი მოკლული არ იქნებაო – და ქართველთა დასჯა განიზრახეს. ამ ამბავმა ქართველთა ბანაკამდეც მიაღწია. ქართველი სარდლები შეიკრიბნენ და ბჭობა გამართეს, თუ რა ექნათ. გრიგოლ სურამელმა შემდეგი რჩევა მისცა თანამოძმეებს: „არა არს ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირე ვართ და უკეთუ ვებრძვით, დიდით მცირემდის მოგვწყვედენ და თუ არ ვებრძვით, ჩვენ წარჩინებულთა ოდენ ვგონებ მოკვდინებად. და უმჯობეს მიჩანს, რათა ჩვენ მოვიკლნეთ და არა ყოველი ესე ძალი. გარნა შევრდომა ღმრთისა ჯერ არს, რამეთუ არავინ არს მხსნელი ჩვენი, თვინიერ იესო ქრისტესი, ძე ღმრთისა და ყოვლადწმიდა მშობელი მისი, მარადის ქალწული მარიამ, რომელი მარადის მცველი არს მოსავთა ძისა მისისათა და უმეტეს ჩვენ ქრისტეანეთა. აწ ყოველთა მუხლი მოიდრიკეთ შევრდომით ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა მიმართ და რომელთა უწყით, თქვით შესხმა ესე მისი: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო“ და შემდგომი“ (18:). ქართველები ასეც მოიქცნენ და როდესაც მონღოლები ქართველთა ბანაკს მიუახლოვდნენ, მათ იხილეს არა საომრად გამზადებული, იარაღასხმული და საჭურველში ჩამჯდარი მხედრობა, არამედ დაჩოქილი ქართველობა, რომელიც გულმხურვალედ ლოცულობდა. სანამ მონღოლები ფიქრობდნენ, თუ რას ნიშნავდა ქართველთა ეს საქციელი და თავადაც ვერ გადაეწყვიტათ როგორ მოქცეულიყვნენ, მოულოდნელად ჭაობის მიმდებარე ლელქაშიდან კაცი გამოვიდა, ხმამაღლა დაიძახა „მან ქუშტად ჩაღატა“ (მე მოვკალი ჩაღატაო) და უკან შევარდა. მონღოლები დაედევნენ და მალევე შეიპყრეს გაქცეული, რომელიც ციხიდან გამოსული მულიდი აღმოჩნდა. მას საიდუმლო დავალება ჰქონდა, მოეკლა მონღოლთა სარდლები და ერთ-ერთი მათგანი გამოასალმა კიდეც სიცოცხლეს. მაშინ მონღოლება დაინტერესდნენ, თუ რატომ გამოვიდა დამალული მულიდი თავისი საფრიდან, მაშინ როცა მონღოლებმა მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მულიდმა განაცხადა, რომ ის თავისი საფრიდან ადევნებდა თვალს ყველაფერს რაც ქართველების ბანაკში ხდებოდა. დაინახა მონღოლთა მხედრობის მოსვლაც. სწორედ ამ დროს ჭაობში მოულოდნელად ქალი გამოჩნდა. მან მულიდს მიმართა – არა გრცხვენია აქ საფარში ჯდომა, იმ დროს როცა შენს ნაცვლად მრავალი უდანაშაულო ადამიანი უნდა დაიღუპოსო. სწორედ მისი სიტყვების შემდეგ მიატოვა მულიდმა თავისი სამალავი და გარეთ გამოვიდა. თავისი თხრობა კი მულიდმა შემდეგი სიტყვებით დაამთავრა, როგორც კი დავიძახე, რომ მე მოვკალი ჩაღატა, ის ქალი მაშინვე გაქრაო. ვერ გავიგე, ან საიდან მოვიდა ან საიდ წავიდაო. მონღოლებმა მულიდი სიკვდილით დასაჯეს, ქართველებს კი ცხადია თავი დაანებეს. ასე იხსნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, ალამუთის ციხესთან ალყად მდგომი ქართველთა მხედრობა.
გრიგოლ სურამელის ბოლო მოხსენიება წყაროებში 1260 წელს განეკუთნება და დავით ულუს აჯანყების ფაქტს ეხება. ჟამთააღმწერელი წერს: „უმრავლესნი წარვიდეს ყაენს წინაშე: შანშეს ძე ივანე, და გრიგოლ სურამელი, და კახა ერისთავი ახალქალაქისა“ (18:239). ამის შემდეგ გრიგოლი წყაროებში აღარ მოიხსენიება. მისი ერისთავობის პერიოდი შეიძლება დაახლოებით 1242–1260 წლებით განისაზღვროს. რაც შეეხება გრიგოლის პოზიციას, როდესაც მან მხარი არ დაეჭირა აჯანყებულ დავით ულუს, ამას შეიძლება მრავალგვარი ახსნა ჰქონდეს. პირველი – ეს ალბათ აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულებთა საერთო პოზიცია იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალქალაქის ერისთავი კახა თორელი, რომელიც სხვებზე მეტად აქტიურობდა დავით ულუს წინააღმდეგ ბრძოლის დროს (ეგებ ეს განპირობებული იყო დავით ულუს მხარეზე სამცხის ერისთავის, სარგის ჯაყელის ყოფნით. შესაძლოა ახალქალაქისა და სამცხის ერისთავები სამხრეთ საქართველოში – მესხეთში პირველობისთვის იბრძოდნენ), გრიგოლ სურამელის სიძე იყო. მეორე – გრიგოლის ვაჟი ბეგა, რომელსაც მონღოლები სალინბეგას (ანუ კარგ ბეგას) ეძახდნენ, დავით ნარინთან „თანაზრდილი“ იყო (18:206). დავით ნარინი 1225 წელს დაიბადა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამავე ხანებში დაიბადა ბეგაც, რომელიც დავით ნარინთან დაახლოებული პირი უნდა ყოფილიყო. ბეგა თან ახლდა დავით რუსუდანის ძეს ურდოში და აჯანყების მერე დასავლეთ საქართველოშიც კი გადაჰყვა. თუ გავითვალისწინებთ იმ ურთიერთობას რომელიც იყო დავით რუსუდანის ძესა და დავით გიორგის ძეს შორის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გრიგოლ სურამელისთვის დავით ულუ მაინცდამაინც ახლობელი და მისაღები კანდიდატურა არ უნდა ყოფილიყო. გრიგოლს ჰყავდა ძმა – ივანე, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოიხსენიება. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაწესებული იყო „აღაპი ივანე ქართლის ერისთავის ძმისაი“. ელ. მეტრეველის აზრით, თუ ივანე ქართლის ერისთავის სახელია, მაშინ ის შეიძლება ძაგან აბულეთის ძის მამა იყოს. ხოლო თუ ივანე ქართლის ერისთავის ძმის სახელია, მაშინ მისი ვინაობის დადგენა ძნელია, რადგან არ ჩანს თუ რომელი ერისთავის ძმას ერქვა ივანე (12:107). აღაპი დაწერილია XIII–XIV საუკუნეების ტაბულაზე. ძაგან აბულეთისძის, 1259 წლის დაწერილში, მართლაც მოიხსენიება მისი მამა – ერისთავთ-ერისთავი ივანე (21:140). ივანე აბულეთისძის ქართლის ერისთავობა გამორიცხულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მთელი XIII საუკუნის მანძილზე ქართლის ერისთავები სურამელთა საგვარეულოს წარმომადგენლები არიან. ასე რომ ივანე აბულეთისძე რომელიღაცა სხვა მხარის ერისთავი იყო. ჩვენი აზრით, აღაპი გრიგოლ სურამელის ძმას ეკუთვნის. გრიგოლს რომ ჰყავდა ძმა ივანე, ეს თავად მისივე დაწერილიდან ჩანს – „ჩემისა ძმისა და ღმერთშემოსილისა გრიგოლ ქართლისა ერისთავისა დაწერილისა ... მე ივანე მეაბჯრეთუხუცესსა განაღამცა დამიმტკიცებია“ (21:124). როგორც ვხედავთ გრიგოლის ძმაც საკმად მნიშვნელოვან თანამდებობას ფლობდა.
წყაროებით ცნობილია გრიგოლის ორი შვილი: ვაჟი ბეგა და ასული ხათუთა. ეს უკანასკნელი კახა თორელის მეუღლე იყო. რაც ნათლად ჩანს კახა თორელის, 1260 წლის დაწერილიდან – „ესე ვითა ღმერთშემოსილსა სიძესა ჩემსა და დასა ჩემსა ხათუთასა დაუწერია და ხოვლე სასოებით რკონისა ღმრთისმშობლისადმი შეუწირავს, მეცა ბეგასა დამიმტკიცებია და მოწამეცა ვარ. ესე ვითა ღმერთშემოსილსა სიძესა ჩემსა და ძმისწულსა ხათუთასა და ხოვლე რკონისა ღმრთისმშობლისადმი შეუწირავს, მე ივანეცა დამატკიცებელი და მოწამე ვარ“ (21:154). თუ გავითვალისწინებთ, რომ გრიგოლ სურამელი მსახურთუხუცესი და ქართლის ერისთავი, ხოლო კახა თორელი მეჭურჭლეთუხუცესი და ახალქალაქის ერისთავი იყო, ცხადია რომ საქმე გვაქვს იმ დროინდელი საქართველოს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ძლიერ პოლიტიკოსთა წყვილთან. კახა თორელის 1260 წლის დაწერილს გრიგოლ სურამელის ხელრთვაც აქვს – „მეჭურჭლეთუხუცესისა კახოსაგან დაწერილსა მე გრიგოლ მსახურთუხუცესი სურამელი მამტკიცებელი და მოწამე ვარ“ (21:154).
გრიგოლის შემდეგ ერისთავია მისი ძე ბეგა. ცხადია, რომ ბეგა ერისთავი 1260 წლის შემდეგ უნდა გამხდარიყო. ეს უკანასკნელი მამის მსგავსად ორ თანამდებობას ფლობდა: ქართლის ერისთავობასა და მსახურთუხუცესობას – „მე მსახურთუხუცესმან ბეგამან ძემან გრიგოლ სულკურთხეულისამან“ (21:165). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბეგა დავით ნარინთან დაახლოებული პირი იყო. როდესაც რუსუდანმა თავისი ვაჟი ურდოში გაგზავნა, მეფედ დასამტკიცებლად, მას თან ბეგა სურამელიც გააყოლა. „წარვიდა ნარინ დავით და თანა წარატანა მეფემან რუსუდან მცირედ თანაზრდილნი მისნი – ქართლისა ერისთავის სურამელის გრიგოლის შვილი ბეგაი, გურკლელი მახუნჯაგის ძე, ამირეჯიბი ბეშქენ“ (18:). დავით VI-სთან ბეგას სიახლოვეზე ისიც მიუთითებს, რომ როდესაც დავით ნარინმა დასავლეთ საქართველოში გადასვლე გადაწყვიტა, თან ბეგაც გაიყოლა. „წარვიდა რუსუდანის ძე ორითა ოდენ კაცითა, რომელი იყო გურკლელი ამირეჯიბი და სურამელი ბეგაი რომელსა თათარნი სალინბეგობით უხმობდეს ესე იგი არს კარგი ბეგაი“ (18:). ცხადია, რომ ბეგა სურამელი დავით ნარინის უახლოესი მეგობარი უნდა ყოფილიყო. როდის ბრუნდება ბეგა აღმოსავლეთ საქართველოში, ძნელი სათქმელია. ასევე ძნელი განსასაზღვრია ბეგას მოღვაწეობის ზუსტი ქრონოლოგია და საერთოდ მისი მოღვაწეობის დეტალების დადგენაც ვერ ხერხდება წყაროთა სიმცირის გამო.
წყაროებით ცნობილია, ბეგას ოთხი შვილი. სამი ვაჟი: ამადა, რატი (18:284), მიქელი (21:194) და ერთი ასული ხუაშაქი, რომელიც მანდატურთუხუცესისა და ოდიშის ერისთავის, ბედან დადიანის მეუღლე იყო. ეს ნათლად ჩანს, როგორც ხობის მაცხოვრის ხატის წარწერიდან – „... მანდატურთუხუცესი ბედან დადიანი და ცოლი მათი ბეგაისა ქართლისა ერისთავისა ასული ხუაშაქი ...“ (9:139), ასევე მარტვილის ღვთისმშობლის ხატის წარწერიდან – „... მანდატურთუხუცესი ბედანი დადიანი და მეუღლე ვითხოვთ მე უღირსი ხუაშაქი ქართლისა ერისთავისა ასული ...“ (9:49). როგორც ვხედავთ, სურამელთა საგვარეულო თორელების გარდა, დადიანებთანაც იყო დანათესავებული. აქაც გრიგოლ სურამელისა და კახა თორელის მსგავსი სიტუაციაა – მსახურთუხუცესი და ქართლის ერისთავი ბეგა სურამელი და მანდატურთუხუცესი და ოდიშის ერისთავი ბედან დადიანი.
როგორც ჩანს ვაჟებს შორის უფროსი ამადა იყო, რადგან სწორედ ის მოიხსენიება ერისთავად, 1297–1298 წლების დავით VIII-ის სიგელში – „ღმრთისა სწორთა ბრძანებისა მოწამე ვარ მიწაი მსახურთუხუცესი და ქართლისა ერისთავი ამადა სურამელი“ (21:195). ამადაც, ბაბუისა და მამის მსგავსად, ქართლის ერისთავობასათნ ერთად მსახურთუხუცესის „ხელსაც“ ფლობდა.
როგორც ცნობილია, XIII საუკუნის ბოლოს, ისარგებლეს რა საქართველოს სამეფო ხელისუფლების დასუსტებითა და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, ოსებმა ქალაქი გორი დაიკავეს. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ქართლის ერისთავის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა ყოფილიყო. წყაროებში არ ჩანს, ამ მიმართულებით ბეგასა და ამადა სურამელების აქტიურობა. სამაგიეროდ აღწერილია ბეგას ვაჟისა და ამადას ძმის, რატის რამდენიმე შეტაკება მოწინააღმდეგესთან. ჟამთააღმწერელი წერს: „აქვნდათ მტრობა ქართველთა და ოვსთ. ესოდენ გარდაეკიდნენ ერთმანეთსა, რომელ რომელიცა მძლე ექმნის, მოკლის. მაშინ წარვიდეს ქალაქსა ოვსნი ვაჭრობად და ვითარ მოიქციეს, იხილეს გლახაკი. და მისცეს ქველის საქმე ოვსთა, რომელსა უპირველესსა ეწოდა სათხისა და მეორესა – უზურაბეგ და რქვეს: გლახაკო, ევედრე ღმერთსა, რათა დღეს ჩვენი და სურამელის ბეგას შვილის ხრმალი ერთგან შეიყარნენ. და ვითარ წარვლეს მცირედ, დახვდა ნადირობასა შინა მყოფი რატი მცირითა კაცითა, უსაღურვლო. მყის ზედა მოეტევნეს. აღიღო ფარი და დაუდგა სივიწრესა წყლის გასავალსა. და პირველ სათხეს უხეთქა მუზარადსა, განუპო და ჩამოაგდო და მოკვდა. მერმე უზურაბეგ მოუხდა. ჰკრა მასცა მხარსა ჯაჭვიანსა, განუკვეთა მხარი და ჩამოაგდო და ყრმათა რატისათა მოაკვდინეს. იხილეს სხვათა ოვსთა და ივლტოდეს“ (18:). როგორც ამ ცნობიდან ჩანს, რატი სურამელი კარგი ვაჟკაცი და საუკეთესო მებრძოლი უნდა ყოფილიყო.
ჟამთააღმწერელთან დაფიქსირებულია რატისთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეპიზოდი. „შეკრბეს ვინმე უწესონი და ცუდნი კაცნი და მტერნი ქრისტეანეთანი, რომელ ქრისტიანია კაცის სიკვდილი დიდად ღვაწლად უჩნდეს ... უღმრთო იგი კრებული შეკრბა და სადაცა პოებდეს ქართველსა ერთსა, გინა ორსა მოკლვიდვიან. ცნა ესე სურამელის ბეგას შვილმან რატი, რამეთუ ყრმა იყო და წარვიდა სამოცითა ოდენ კაცითა და პოვნა მთასა რასამე მაგარსა შინა მყოფნი, კაცი სამასი ოდენ. ზედა მიეტევა და იქმნა ბრძოლა ფიცხელი და პირველსავე შეკრებასა მეოტ იქმნეს და უმრავლესი მათი მოსწყდა და სხვანი მოიყვანნა წინაშე მეფისა (იგულისხმება მეფე დავით VIII – მ.ბ.), რომლისათვისაც დიდად პატივ სცა მეფემან და მრავალი ნიჭი უბოძა“. სამოცი კაცით სამასის დამარცხება მართლაც დიდად დასაფასებელი საქმეა(18:).
შემორჩენილია ამადასა და რატის ძმის, მიქელის, მეუღლის ქაქანას დაწერილი ქვათახევის მონასტრისადმი _ „დაწერილი დაგიწერე და მოგახსენე თქუენ ყოვლად ძლიერსა ღმრთისმშობელსა, მე სურამელის ბეგაის შვილის მიქელის ცოლმან ქაქანამან სოფელი ნოსტე მიწობლისძეთაგან შემოწირული. და ვითა მათგან ხელმოხსნით შემოწირულსა მართებდა, იყო უსაქმოი და საქმეუდებელი. სურამელთა და ჟამთა სიავისაგან უდები დასდებოდა და უსაქმოი სასაქმოდ შექმნილიყო მათთა ხელოსანთაგან. და დავხედენ ესე, რომე არცა სასულიეროდ და არცა სახორციელოდ არა სჯობდა, სურამელთა სახლისა მათისა, არცა მრთელთა და არცა მიცვალებულთათუის. და შევაწუხე და მოვახსენე ჩემსა ქმარსა მიქელს და გამოვიღე ჩემითა ხელით ნაქმარი საფასი თეთრი და მოვახსენე იგი და გამოვიღე ნოსტე სრული სრულიად, უსაქმოდ და შეუვალად სურამელთა და მათთა ჩამომავალთაგან, ვითა არია ვის რაი საქმე სდებია ქვათახევის ღმრთისმშობლისაგან კიდე ... ჟამსა სწირვიდნენ და აღაპი გარდაიხდებოდეს სრული და უკლები, სურამელთა ცოვხალთა და მიცვალებულთა სალოცავად და ჩემ ცოდვილისა სულისა სალოცავად“ (21:195).
XIII საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში მეტად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. აჯანყებულ დავით VIII-ს მონღოლებმა მისივე ძმები დაუპირისპირეს. ჯერ გიორგი V, ხოლო შემდეგ ვახტანგ III. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთ პირობებში განხეთქილება მოხდა ქართველ დიდებულთა შორისაც. არაგვის ხეობაში თავშეფარებულ დავით VIII-ს მხარს უჭერდა ქართლის ერისთავი ამადა და ალბათ სურამელთა მთელი საგვარეულო. ქსნის ერისთავმა შალვა ქვენიფნეველმა კი უღალატა დავითს. „ხოლო მეფე დავით დადგა ხადას. მაშინ ქვენიფლეველი შალვა გამოექცა მეფესა ... და დადგეს ერთგულობასა მეფისასა სურამელი აჰმადა და ამირეჯიბი აბაზას ძე ჭილა და აზნაურნი ქართველნი და სომხითარნი და დიდი ერთგულობა აჩვენეს“ (18:306). დავით VIII-ემ ქსნის ერისთავის დასჯა გადაწყვიტა და „ჩამოდგა ცხრაზმისხევსა მეფე დავით და აოხრებდა მამულსა შალვა ქვენიფნეველისასა ორგულობისათვის. მაშინ უღონო იქმნა ქვენიფნეველი და ევედრა სურამელსა მსახურთუხუცესსა და ქართლისა ერისთავსა ჰამადას, რათა იურვოს მეფეს წინაშე. მოახსენა მეფესა და არა ინება მისთვის დაჭირვა, არამედ მიუბოძა ჰამადას. გარდაიყარა თავსა ნაცარი შალვა და იტყოდა: ესემცა არს მისაგებელი ორგულთა მეფეთასა და შეუნდო მეფემან შალვას“ (18:307).
ქართლის ერისთავი ეტყობა დავით VIII-ის უერთგულესი და უახლოესი თანამებრძოლი იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მეფემ ცოლად ამადას ასული მოიყვანა. „ცნა (დავით VIII-მ – მ.ბ.) არღარა მოცემა ცოლისა თვისისა ოლჯათისი, იქორწინა ქართლისა ერისთავისა ჰამადას ასული“ (18:309). ვახუშტი ბატონიშვილი ამ ფაქტს 1302 წლით ათარიღებს (4:248–249). ამ ცნობას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ქვემოთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ მართალია ჟამთააღმწერელი ქართლის ერისთავს აჰმადას სახელით მოიხსენიებს, მაგრამ ჩვენი აზრით უფრო სწორი ფორმაა ამადა.
ამადა სურამელი, წყაროებით ჩვენთვის ცნობილი, სურამელთა საგვარეულოს ბოლო წარმომადგენელია და ამავე დროს უკანაკნელი ქართლის ერისთავიც, რომლის კონკრეტული ვინაობა და სახელი ვიცით. ამის შემდეგ ე. ი. XIV საუკუნის დასაწყისიდან წყაროები არ მოიხსენიებენ კონკრეტულად არც ერთ ქართლის ერისთავს. სანამ ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავდეთ, გვინდა შევეხოთ „ძეგლი ერისთავთაში“ მოხსენიებული სურამელის საკითხს. ჯერ ვნახოთ „ძეგლი ერისთავთას“ შესაბამისი ადგილი – „მაშინ მთიულნი არაგვისა ზედაზნით დარიალამდისნი ყოველნი ერთად შეკრებით იყუნეს და უძღოდა მათ ერისთავი მათი სურამელი“. ეს ამბავი ხდება 1404-1405 წლებში. ამ ცნობაზე დაყრდნობით გ. არახამია ვარაუდობს, რომ „სურამელები როგორც ქართლის ერისთავთ-ერისთავები უმაღლეს სამოხელეო იურისდიქციას ავრცელებენ არაგვის ერითავებზე (შაბურისძეებზე), როგორც ქართლის საერისთავთერისათვოს შიდა საერისთავოს გამგებლებზე, ამრიგად XIV–XV სს. მიჯნაზე სურამელები ქართლის ერისთავთ-ერისთავები არიან, ხოლო შაბურისძეები მათდამი დაქვემდებარებული არაგვის ერისთავები“. არაგვის საერისთავო არ შედიოდა ქართლის საერისთავთერისთავოს შემადგენლობაში. ასეთი რამ წყაროებით არ დასტურდება. რაც შეეხება „ძეგლი ერისთავთას“ სურამელს, ჩვენი აზრით ამ კონკრეტულ შემთხვევაში – სურამელი – არის პიროვნების სახელი და საერთო არაფერი აქვს ქართლის ერისთავების გვართან. ის, რომ სახელი სურამელი არსებობდა ჩანს 1457–1460 წლების დავით ბარათას ძე ქაჩიბაძის სიგელიდან – „შვილთა ჩუნთა ლაპა, ბარათა, სურამელმან და ქავთარ...“ (20:271) საერთოდ XV საუკუნეში არის შემთხვევები, როდესაც პიროვნების სახელად გვევლინება წინა საუკუნეებში გავრცელებული გვარები. ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა 1487 წლის სიგელი „დაგიწერეთ ქავთარის ძესა საღვინის მოლარესა ახალციხელსა და თქვენთა ძმათა თორელსა, ეშიმასა...“ ამრიგად, ჩვენი აზრით „ძეგლი ერისთავთას“ სურამელი არის პიროვნების სახელი და საერთო არაფერი აქვს ქართლის ერისთავ სურამელებთან.
საინტერესოა, რატომ გაქრა წყარობიდან სურამელთა, ერთ დროს საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი, საგვარეულო. ამ საკითხში გარკვევისათვის, აუცილებელია თვალი გადავავლოთ XIV საუკუნის დასაწყისში საქართველოში შექმნილ ვითარებასა და გავიხსენოთ ცნობა იმის შესახებ, რომ 1302 წელს დავით VIII-მ ცოლად მოიყვანა ამადა სურამელის ასული. ჩვენ ვიზიარებთ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც „დავითს უფროსი ვაჟები – მელქისედეკი და ანდრონიკე ოლჯათისაგან უნდა ჰყოლოდა ... რაც შეეხება დავითის მესამე ვაჟს – გიორგის, იგი მეფეს მეორე ცოლისაგან უნდა ჰყოლოდა“ (16:121). დავით VIII-ის მეორე ცოლი კი სწორედ ამადა სურამელის ასული იყო. გამოდის, რომ ამადა სურამელი გიორგი VI მცირის ბაბუად უნდა მივიჩნიოთ. როგორც ცნობილია გიორგი VI მცირე მონღოლებმა 1308 წელს გაამეფეს. ხოლო 1314 წლის ახლო ხანებში ხელმეორედ დასვეს ტახტზე (15:44) მართებულად შენიშნავს ვ. კიკნაძე, რომ „ამის შემდეგ, როგორც ტახტის კანონიერ მემკვიდრეს ... გიორგი VI მცირეს უნდა ემეფა. მაგრამ მისმა ბიძამ გიორგი V-მ ბრძოლა დამთავრებულად არ ჩათვალა ... და ცოტა ხნის შემდეგ თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა ტახტის ბედი ... 1318 წლისათვის, კი როცა გიორგი V-მ ჩანს, თავისი კონკურენტი თავიდან მოიშორა (ამის ყველაზე თვალნათლივი მაჩვენებელია ჟამთააღმწერლის სიჩუმე და გიორგი VI-ის უეცარი გაქრობა მისი თხზულებიდან) და ყაენი ოლჯაითუც გარდაიცვალა, გიორგი დიმიტრის ძემ თავისას მიაღწია“ (11:57). ცხადია, რომ გიორგი მცირეს თავისი მომხრეებიც ეყოლებოდა. რომელთა შორის, ჩვენი აზრით სურამელებიც უნდა ყოფილიყვნენ. ამადა სურამელი ხომ გიორგი VI მცირის ბაბუა იყო. გიორგი V რა თქმა უნდა შეეცდებოდა გიორგი VI-ის მომხრეების თავიდან მოცილებასა და საკუთარი პოზიციების განმტკიცებას. ასეთ ვითარებაში მისთვის მიუღებელი იქნებოდა მსახურთუხუცესად და ქართლის ერისთავად სურამელთა საგვარეულოს წარმომადგენლების დატოვება. ალბათ სწორედ ამ დროს დაკარგეს სურამელებმა ერისთავობა და ცხადია მსახურთუხუცესობაც. არ გვგონია, რომ გიორგი V-ს თავისი მოწინააღმდეგეებისათვის დაეტოვებინა ესოდენ მნიშვნელოვანი და გავლენიანი თანამდებობები.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, მას შემდეგ რაც 1327 წელს ჩობან ნოინი გარდაიცვალა, გიორგი V-მ ისარგებლა საილხანოში არსებული არეულობით და „განასხნა თათარნი საქართველოსაგან ... მერმე მოიყვანა ყოველნი ამის ქუეყანის ერისთავნი და წარჩინებულნი, რეცა დარბაზობად ცივსა ზედა ჰერეთისასა და მოსწყვიდნა მუნ ურჩნი თვისისა მეფობისანი“ (4:256). რა თქმა უნდა არაა აუცილებელი, რომ სურმელებიც „ცივის დარბაზობის“ მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. მაგრამ, ჩვენი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა 1327 წლის შემდეგ მათი ერისთავობა ქართლში. ერთი რამ ცხადია, 1318 წლამდე ვიდრე მეფე გიორგი VI მცირე იყო სურამელებს ქართლის ერისთავობას ვერავინ წაარმევდა. ერისთავობა მათ, ალბათ, 1318–1327 წლებს შუა დაკარგეს. ამის შემდეგ ეს საგვარეულო კარგავს თავის გავლენას (თუ კი საერთოდ გადაურჩა მეფის რისხვას) და წყაროებში აღარ მოიხსენიება.
რაც შეეხება ზოგადად ქართლის ერისთავის თანამდებობას, შეიძლება ითქვას შემდეგი – გიორგი V რა თქმა უნდა ქართლში ახალ ერისთავს დანიშნავდა. აკი ვახუშტიც წერს: „დაადგინნა ყოველთა ადგილთა წარვლინებულნი ერისთავნი თვისნი მორჩილებისანი და დაიპყრნა ამით უმეტეს ყოველნი“ (4:256). მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია კონკრეტული ერისთავების ვინაობა XIV–XV საუკუნეებში. აღნიშნული საუკუნეები არის, ერისთავობის, როგორც სამოხეოელ ინსტიტუტის მოშლის ხანა. ამავე პერიოდში ქართლში იქმნება სათავადოები (საამილახვრო, საციციანო და სხვ.). ყოველივე ამან ალბათ გამოიწვია ქართლის ერისთავის გავლენის შესუსტება და ეს უკანასკნელი ისე აქტიურად ვეღარ ზემოქმედებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. წყაროებიც ალბათ ამიტომ აღარ მოიხსენიებენ მათ.
გამოყენებული წყაროებისა და ლიტერატურის სია
1. ი. ანთელავა, XI–XV სს. საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები 1980 წ. თბ.
2. ი. ანთელავა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XII საუკუნეების საქართველოში 1983 წ. თბ.
3. გ. არახამია, ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები 1988 წ. თბ.
4. ბაგრატიონი ვახუშტი – აღწერა სამეფოსა საქართველოსა.
5. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.VIII 1975 წ. თბ.
6. ე. გვარაძე, სურამელთა სახლი. სტუდენტური ძიებანი I 2001 წ. თბ.
7. დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან I 1962 წ. თბ.
8. პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება XI–XVIII სს. 1990 წ. თბ.
9. ექ. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები წ. I 1907 წ. ტფ.
10. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“.
11. ვ. კიკნაძე, საქართველო XIV საუკუნეში 1989 წ. თბ.
12. გ. მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი 1973 წ.
13. შ. მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში 1973 წ. თბ.
14. ე. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონის ისტორიისათვის 1962 წ. თბ.
15. დ. ნინიძე, XIV ს-ის დამდეგის საქართველოს ისტორიის რამდენიმე ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხი. თსუ შრომები #283 1989 წ. თბ.
16. დ. ნინიძე, მ. სანაძე, ჰოვჰანავანქის მონასტრის წარწერა და ალასტანელ „პროვინციის მეფეთა“ ისტორიის ზოგიერთი საკითხი. მაცნე #3 1990 წ.თბ.
17. გ. ოთხმეზური, XII–XIII სს. მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო 1981 წ. თბ.
18. ჟამთააღმწერელი.
19. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი I 1892 წ. ტფ.
20. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი II 1897 წ. ტფ.
21. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი I 1984 წ. თბ.
22. ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი I 1980 წ. თბ.
23. ქ. ჩხატარაიშვილი, აბულასან იობის ძის წარწერა წებელდიდან და მისი ისტორიული მნიშვნელობა. კრებულში საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები VI 1990 წ. თბ.
24. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. თხზ. 12 ტომად ტ. II 1983 წ. თბ.
25. П. Иоселиани, Икортский Монастыр в Картли. Грузинский духовный вестник 1865г.
26. Р. Меписашвили, В Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинций Грузии шида Картли
Комментариев нет:
Отправить комментарий