წინასიტყვაობა
ახ.წ. III საუკუნე რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, ისტორიული კოლხეთის ხანგრძლივი ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდია. ეს არის რომის იმპერიის მწვავე პოლიტიკური კრიზისის, დეცენტრალიზაციის, „ბარბაროსულ“ სამყაროსთან პერმანენტული ომების, სოციალურ-ეკონომიკური დაცემისა და საყოველთაო სტაგნაციის ხანა. ამ პერიოდში რომის სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებმა დიდი გავლენა მოახდინა იმპერიის პოლიტიკურ სისტემაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის, კოლხეთის ისტორიულ განვითარებაზე და ეს უკანასკნელი, რომისა და მისი მოწინააღმდეგე მძლავრი გეოპოლიტიკური ძალების უშუალო კონფრონტაციისა და გლობალური პოლიტიკური კატაკლიზმების არეალში მოექცა. ამდენად, რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. III ს. მჭიდროდ უკავშირდება მსოფლიო ისტორიის მასშტაბით ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიც იყო რომის დაპირისპირება ირანის სახელმწიფოსთან და გერმანულ „ბარბაროსულ“ ტომებთან. რომაულ-კოლხური პოლიტიკური კონტაქტების შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც რომის, ასევე საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით. ამასთან, დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული ცვლილებების პირობებში, რომაულ სამყაროსთან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობის შესწავლა, საერთაშორისო სისტემაში ქართული პოლიტიკური გაერთიანებების როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა, წმინდა მეცნიერულთან ერთად, დიდ პოლიტიკურ ინტერესსაც იწვევს და განსაკუთრებით აქტუალურია.
ქართული ისტორიოგრაფია მუდამ დიდ ინტერესს იჩენდა ქართულ-რომაული ურთიერთობების შესწავლისადმი. ამ პრობლემით მეცნიერ-სპეციალისტთა დაინტერესება ბუნებრივია, რამდენადაც გვიანანტიკური ხანის საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხების სრულყოფილი შესწავლა შეუძლებელი იყო რომთან ურთიერთობის გათვალისწინების გარეშე. რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის კონტაქტებს თავის დროზე ეხებოდნენ ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი. ამ ურთიერთობათა ფართო სპექტრის, მათ შორის, ჩვენთვის საინტერესო ეპოქის (III ს.) რომაულ-კოლხური პოლიტიკური კონტაქტების ძირითადი საკითხები განხილულია გ. მელიქიშვილის, მ. ინაძის, გ. ლორთქიფანიძის, თ. თოდუას და სხვ. ნაშრომებში. რომაულ-ქართული ურთიერთობების შესწავლაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ნ. ლომოურის ღვაწლი. მკვლევარმა მონოგრაფიულად შეისწავლა ამ ურთიერთობათა ისტორია მათი არსებობის მთელ მანძილზე. მის ნაშრომში „საქართველო-რომის დამოკიდებულება“, III ს. რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობებიც საკმაოდ ვრცლად არის განხილული.1 ასე რომ, რომაულ-კოლხური ურთიერთობათა ისტორიის არაერთი საკითხი საფუძვლიანადაა დამუშავებული და გამოკვლეული. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პრობლემის შემდგომი შესწავლა დასრულებულად ჩაითვალოს და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამეა საკვლევი და დასაზუსტებელი. გამონაკლისს არ წარმოადგენს ჩვენი საკვლევი პერიოდიც. მით უფრო, რომ რომის ურთიერთობა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთთან კრიზისის ხანაში მონოგრაფიულად ჯერ არ ყოფილა შესწავლილი.
ახ.წ. III საუკუნეში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომთან ურთიერთობის კვლევა, წყაროების სიმცირის გამო, გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. მართალია, პრობლემის შესახებ გაგვაჩნია როგორც წერილობითი წყაროები, ასევე არქეოლოგიური, ეპიგრაფიკული და ნუმიზმატიკური მასალები, მაგრამ მათი მონაცემები ძირითადად საკმაოდ მშრალი, სქემატური ხასიათისაა და საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებების იმპერიასთან ურთიერთობის შესახებ ცნობები ერთობ მცირეა. ამდენად, დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული წყაროთა მონაცემები არ გვაძლევს ზოგიერთი პოლიტიკური მომენტის დაზუსტებისა და ზუსტი ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენის საშუალებას. თუმცა, ამ მონაცემების კომპლექსური შესწავლა, იმ დროს რომაულ სამყაროში მიმდინარე დესტაბილიზაციისა და აღმოსავლეთში შექმნილი ახალი პოლიტიკური ვითარების ჭრილში, იძლევა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ცალკეული, რომის „მეგობარი და მოკავშირე“ პოლიტიკური გაერთიანებების მათ სიუზერენთან ურთიერთობის ძირითადი ასპექტების აღდგენის საშუალებას.
წინამდებარე ნაშრომში, პირველად ისტორიოგრაფიაში, სხვადასხვა სახის წყაროების კომპლექსური ანალიზისა და თვისობრივად ახლებური ინტერპრეტაციის საფუძველზე, სათანადო საისტორიო ლიტერატურის გათვალისწინებით, მონოგრაფიულადაა შესწავლილი რომის ურთიერთობა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთთან III საუკუნეში, იმპერიის კრიზისის ხანაში.2 ამასთან, ეს საკითხი განხილულია მთლიანად რომაულ სამყაროში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონტექსტში. ნაშრომში ნაჩვენებია იმპერიაში მიმდინარე მწვავე სოციალურ-პოლიტიკური კრიზისისა და ტოტალური სტაგნაციის გავლენა კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული გაერთიანებების რომთან ურთიერთობაზე, მათ პოლიტიკურ ცხოვრებაზე; გაშუქებულია ამ გაერთიანებების მდგომარეობა რომის სასანიდურ ირანთან და გოთებთან ერთდროულად დაპირისპირების შედეგად რეგიონში შექმნილ ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურაში; ახლებურადაა გაანალიზებული რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობის ცალკეული საკითხები.2 ჩვენ შევეცადეთ ამგვარად გამოგვეკვლია რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. I-II საუკუნეებში, პრინციპატის ხანაში და ამ საკითხს ცალკე მონოგრაფიაც მივუძღვენით (იხ. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. პოლიტიკური ურთიერთობები, თბ., 2005). ამდენად, წინამდებარე ნაშრომში ფაქტობრივად ვაგრძელებთ რომაულ-კოლხური ურთიერთობის პრობლემატიკის კვლევას მომდევნო ეპოქაში.
შესავალი
რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, ისტორიული კოლხეთის მრავალსაუკუნოვანი ინტენსიური ურთიერთობები სათავეს ძვ.წ. 65 წლიდან იღებს, როდესაც პომპეუსის აღმოსავლური ლაშქრობის შედეგად კოლხეთი, ისევე, როგორც მთელი ამიერკავკასია, რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. გარკვეული დროის მანძილზე კოლხეთი ცალკე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა და უშუალოდ ექვემდებარებოდა რომს.3 კოლხეთს განსაზღვრული ადგილი ეჭირა რომაულ გეოპოლიტიკაში. პართია-რომის პერმანენტული დაპირისპირების შედეგად ძვ.წ. I ს. 50-იანი წწ. მიწურულიდან აზიაში შექმნილი „პოლიტიკური დუალიზმის“ პირობებში,4 აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს რომისათვის უნდა უზრუნველეყო მტკიცე ზურგი და შეესრულებინა პლაცდარმის როლი პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში.5 გარდა ამისა, კოლხეთს გარკვეული საკომუნიკაციო მნიშვნელობა ჰქონდა ბოსფორის მიმართაც.
ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონის რომთან დამოკიდებულებაზე, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენდა საერთო-პოლიტიკური სიტუაცია მახლობელ აღმოსავლეთში და ძვ.წ. I – ახ.წ. II სს. კოლხეთის მდგომარეობა ხშირად იცვლებოდა იმპერიის აღმოსავლური პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესაბამისად. ძვ.წ. 35/33 წ. მარკუს ანტონიუსმა კოლხეთი რომის აღმოსავლეთ საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მის მიერვე აღდგენილი პოლემონიდური პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შეიყვანა,6 რის შემდეგაც ხანგრძლივი დროის მანძილზე კოლხეთი პონტოს განუყოფელი ნაწილი იყო. ავგუსტუსის მმართველობის პერიოდიდან (ძვ.წ. 27 – ახ.წ. 14 წწ.) რომი ცდილობს ძლიერი ანტიპართიული პლაცდარმის შექმნას.7 ამ მიზნის განსახორციელებლად რომაელი იმპერატორები საკუთარი შეხედულებისამებრ, კონკრე-ტული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ცვლიან მცირე აზიის პოლიტიკურ რუკას. იწყება აღმოსავლეთის სასაზღვრო რეგიონებში მმართველობის სისტემის ხშირი რეორგანიზაცია, რომსა და პართიას შორის არსებული ვასალური, ე.წ. „ბუფერული“ სამეფოების გაერთიანება-გამსხვილება, ან პირიქით, მათი დაშლა და გაუქმება. ასეთი არათანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე, პონტოსა და მასთან ერთად, კოლხეთის პოლიტიკური სტატუსი რამდენჯერმე შეიცვალა. ახ.წ. 63 წ. კი ნერონმა (54-68 წწ.) საბოლოოდ გააუქმა პონტოს სამეფო და მისი ტერიტორია კოლხეთთან ერთად გალატიის პროვინციას შეუერთა,8 ხოლო კოლხეთის უმნიშვნელოვანეს ზღვისპირა პუნქტებში – აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლისში რომაული სამხედრო ნაწილები განალაგა, რითაც იწყება პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვით სისტემის ფორმირება.9 თუმცა, საბოლოოდ რომაულმა პროვინციული მმართველობის სისტემამ კოლხეთში ვერ გაამართლა10 და II ს. დასაწყისში იმპერატორმა ტრაიანემ (98-117 წწ.), დიდი აღმოსავლური ლაშქრობისათვის მზადების პერიოდში, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ცალკეულ ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებათა მმართველებს მისცა ფორმალური დამოუკიდებლობა,11 რითაც საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე ცალკეულ „სამეფოებს“ და კოლხეთის რომზე დამოკიდებულების ახალ პოლიტიკურ ფორმას – ვასალურ-სამოკავშირეო ურთიერთობას.12
ასე გაჩნდნენ II ს. დასაწყისში კოლხეთის ერთ დროს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებები – მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების „სამეფოები“. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ პერიოდში კოლხეთის ზღვისპირეთის ერთი ნაწილი იბერიის სამეფოს კონტროლს ემორჩილება. ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175 წწ.) ცნობით, მაკრონ-ჰენიოხებსა და ლაზებს შორის მოსახლე ზიდრიტები ფარსმანის ქვეშევრდომნი ყოფილან.13 როგორც ირკვევა, იბერიის ძალაუფლება კოლხეთის ზღვისპირეთის ამ სექტორზე 117-129 წწ. შორის უნდა გავრცელებულიყო.14
რომსა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ცალკეულ „სამეფოებს“ შორის II ს. დასაწყისიდან ჩამოყალიბებული ურთიერთობა ორივე მხარისათვის ხელსაყრელი და მისაღები იყო. რომის „მეგობარ და მოკავშირე“ კოლხეთის ტერიტორიულ გაერთიანებათა მმართველების ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა ადგილებზე წესრიგის დამყარება, საჭიროების შემთხვევაში რომაული არმიისათვის სამხედრო დახმარების გაწევა, მისი სურსათით მომარაგება და რომაულ გარნიზონებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის იმპერიისადმი მორჩილების უზრუნველყოფა.15 რომაული გარნიზონების კოლხეთის სანაპიროზე ყოფნა და იმპერიასთან გარკვეული პოლიტიკური დამოკიდებულების შენარჩუნება, თავის მხრივ, ხელსაყრელი იყო ამ ახალი გაერთიანებების მმართველებისთვისაც, რადგანაც თავისი სამსახურის სანაცვლოდ ამ „მეფეებს“ შეეძლოთ საჭიროების შემთხვევაში რომის დახმარების იმედი ჰქონოდათ თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად16 და, რაც მთავარია, რომაული გარნიზონების დახმარებით შეეკავებინათ აგრესიული იბერიის სამეფოს ტერიტორიული გაფართოება კოლხეთის ზღვისპირეთში და დაეცვათ ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელები.17 სამხედრო თვალსაზრისით, კოლხეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ყველა ეს „სამეფო“ ჩართული იყო რომის აღმოსავლეთის საზღვრების ერთიან სასაზღვრო-თავდაცვით სისტემაში და კაპადოკიის მთავარსარდლობას ემორჩილებოდა.18
რომაელთა უშუალო მფლობელობაში მოქცეული იყო კოლხეთის სანაპირო ზოლი, ქვეყნის შიდა რაიონებში კი მათ სამხედრო-სტრატეგიული პუნქტები არ გააჩნდათ. ახ.წ. II ს. ყველაზე ძლიერი რომაული გარნიზონი იდგა მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე, აფსაროსის ციხესიმაგრეში, სადაც დამხმარე ჯარის ნაწილებთან ერთად დისლოცირებული იყო ლეგიონური შენაერთებიც, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 900-1000 ჯარისკაცს შეადგენდა.19 აფსაროსში ასეთი სერიოზული ძალის თავმოყრა განპირობებული იყო მისი სტრატეგიული მდებარეობით. აფსაროსის რომაული კასტელუმის ძირითადი ფუნქცია იყო კავკასიის გადმოსასვლელების კონტროლი და უკვე ზიდრიტთა ოლქში დამკვიდრებული იბერიის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის შეჩერება.20 პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვით სისტემაში ჩართული იყვნენ აგრეთვე ფასისი და სებასტოპოლისი, ხოლო II ს. შუახანებიდან კი პიტიუნტიც. II ს. მეორე ნახევრიდან, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პიტიუნტი რომაელთა მფლობელობის უკიდურესი ფორპოსტის როლს ასრულებდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში და აქ თავმოყრილი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში განლაგებული რომაული სამხედრო ნაწილების, ვექსილაციების ბირთვი.21 პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა II ს. ბოლოს. სებასტოპოლისსა და პიტიუნტში იწყება ახალი კასტელუმების მშენებლობა. მათ მისადგომებთან აგებულ იქნა საგუშაგო კოშკები.22 გამაგრებათა მთელი სისტემა იქმნება აფსაროსისა და ფასისის გარშემო.23 აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ციხესიმაგრეთა სისტემის მეშვეობით რომი მთელი II ს. მანძილზე წარმატებით ახერხებს ადგილობრივი ტომებისა და ჩრდილო კავკასიელი ნომადების გაკონტროლებას, საზღვაო ვაჭრობისა და კავკასიის გზების უსაფრთხოების დაცვას.24
კოლხეთის ახალი პოლიტიკური გაერთიანებებიდან რომისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“, რაც განპირობებული იყო მისი გეოგრაფიული მდებარეობით. მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ ეჭირა თანამედროვე ჭანეთის ნაწილი ცენტრით დაახლოებით ქ. ათინასთან.25 მას სამხრეთიდან უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული სანების ტერიტორია ესაზღვრებოდა, ხოლო ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხრიდან ემეზობლებოდა იბერიისა და არმენიის ძლიერი სამეფოები და დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა იმ გარკვეული პოლიტიკური ბალანსის პირობებში, რომელიც არსებობდა რეგიონში რომსა და ამ სამეფოებს შორის მეტოქეობის შედეგად. მაკრონ-ჰენიოხთა მმართველ წრეებს კარგად ესმოდათ, რომ იმპერიის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ამიტომ ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ რომაელთა კეთილგანწყობის მოპოვებას და აქტიურად ეხმარებოდნენ მათ პართია-სომხეთთან ომებში.26
კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური გაერთიანებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო ლაზების „სამეფო“. ლაზებს ეჭირათ კოლხეთის ცენტრალური ნაწილი. ფლავიუს არიანეს ცნობით, მათი ტერიტორია ვრცელდებოდა ზიდრიტთა ოლქის ჩრდილოეთით აფსილთა მიწა-წყლამდე.27 ლაზთა „სამეფოს“ საზღვარი აფსილთა „სამეფოსთან“ მდ. ეგრისწყლამდე, ანუ თანამედროვე მდ. ღალიძგამდე აღწევდა,28 აღმოსავლეთით კი იბერიის სამეფოსთან დაახლოებით სკანდა-შორაპნის ხაზზე გადიოდა.29
ლაზების ჩრდილოეთით აფსილების, ხოლო შემდეგ აბაზგებისა და სანიგების „სამეფოები“ მდებარეობდა.30 აფსილებისა და აბაზგების გაერთიანებები ტერიტორიულად ძალზე მცირე და, როგორც ჩანს, იმდენად სუსტი იყო, რომ რომის ხელისუფლებას მათი მორჩილებაში ყოლის გარანტად არც სჭირდებოდა უშუალოდ ამ გაერთიანებათა ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილების ყოფნა.31 აფსილებსა და აბაზგებს ეჭირათ საკმაოდ ვიწრო სექტორი სანაპირო ზოლში მდ. ეგრისწყლიდან სებასტოპოლისამდე. ეს უკანასკნელი კი, არიანეს ცნობით, სანიგთა მიწა-წყალზე მდებარეობდა,32 რომლის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი მდ. აქეუნტზე33, ანუ დღევანდელ მდ. შახეზე გადიოდა.34 კოლხეთის ტერიტორიაზე ახლადჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ერთეულებსა და რომს შორის თითქმის მთელი II ს. მანძილზე გრძელდებოდა მშვიდობიანი ურთიერთობა და მტკიცე „მეგობრობა-მოკავშირეობა“, მხოლოდ II ს. მიწურულს, აღმავლობის გზაზე მდგარმა და შინაგანი პოტენციით ყველაზე ძლიერმა ლაზების „სამეფომ“, რომელსაც, როგორც ჩანს, უკვე ხელს უშლიდა რომზე დამოკიდებულება, ისარგებლა 193-197 წწ. რომში მიმდინარე სამოქალაქო ომით და სცადა იმპერიის გავლენისაგან გათავისუფლება. მაგრამ კონკურენტებთან ბრძოლაში გამარჯვებულმა იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა (193-211 წწ.) იარაღის ძალით მოახერხა მისი დამორჩილება.35 ლაზეთის, ე.ი. კოლხეთის ცენტრალური ნაწილის დამორჩილების შემდეგ, ვფიქრობთ, რომის პოლიტიკური გავლენა უფრო გაძლიერდებოდა მთლიანად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. თუმცა ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა და III ს. იმპერიაში დაწყებული კრიზისის შედეგად, პოლიტიკური სიტუაცია, როგორც რეგიონში, ასევე საერთოდ რომაულ სამყაროში რადიკალურად შეიცვალა.
თ ა ვ ი I. რომაული სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი.
ცვლილებები მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკურ ვითარებაში III საუკუნეში III ს. დასაწყისიდან საერთო-პოლიტიკური სიტუაცია მახლობელ აღმოსავლეთში მკვეთრად შეიცვალა. რეგიონში პოლიტიკური ატმოსფეროს განმსაზღვრელი ორივე მთავარი ძალის – რომისა და პართიის ისტორიაში დგება მნიშვნელოვანი მომენტი, რომის სახელმწიფოში იწყება სოციალურ-ეკონომიკური სტაგნაციისა და მძაფრი პოლიტიკური კრიზისის ხანა, ხოლო პართიის სამეფოში მოხდა ეპოქალური ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მახლობელი აღმოსავლეთის შემდგომი პოლიტიკური განვითარება.
რომში სევერუსების დინასტიის მმართველობის (193-235 წწ.) დროიდან იწყება არმიის აშკარა ბატონობისა და რომაული საზოგადოების მილიტარიზაციის პერიოდი. ავგუსტუსის მიერ შემოღებული პრინციპატის სისტემა, რომელმაც განვითარების კულმინაციას II ს-ში, ანტონინუსების მმართველობის „ოქროს საუკუნეში“ მიაღწია, შინაგან წინააღმდეგობათა გამწვავების, საგარეო საფრთხის გაძლიერებისა და იმპერატორის ძალაუფლების ზრდის გამო, სულ უფრო და უფრო კარგავდა რესპუბლიკურ თვისებებს.36 იმავდროულად რომის სახელმწიფოში შეინიშნებოდა ერთი შეხედვით უცნაური წინააღმდეგობა – იმპერატორის აბსოლუტიზმის ზრდასთან ერთად ძლიერდებოდა დეცენდეცენტრალიზაციამ,37 არმიისა და ბიუროკრატიის თვითნებობამ კულმინაციას მიაღწია სევერუსების მმართველობის შემდგომ, ჯარისკაცთა იმპერატორების ხანაში (235-284 წწ.) რომაულ საზოგადოებაში მიმდინარე მძაფრი პოლიტიკური ანარქიისა და სოციალურ-ეკონომიკური დეგრადაციის დროს, რაც საერთო ჯამში გამოწვეული იყო მონათმფლობელური წყობილების კრიზისით, რომელმაც თავისი შესაძლებლობები ამოწურა. III ს. კრიზისი გამოირჩეოდა თავისი სიძლიერით, ხანგრძლივობით და მან სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. მიწები დაცარიელდა, ვაჭრობა-ხელოსნობა დაეცა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ფულის მიმოქცევა მოიშალა. ნიადაგის გამოფიტვის გამო ხშირი იყო შიმშილობები, მძვინვარებდა ეპიდემიები. ხმელთაშუა ზღვაში კვლავ დაიწყო მეკობრეობა. ყველაფერ ამას დაემატა ბუნებრივი კატაკლიზმებიც – პროვინციებში გახშირდა მიწისძვრები.38 უკიდურეს გაჭირვებამდე მისული მონები და კოლონები მასობრივად გარბოდნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან, ერთიანდებოდნენ რაზმებად და იწყებდნენ ძარცვა-ყაჩაღობას.39 მიწათმოქმედი მოსახლეობის დიდი გამოსვლები იწყება პროვინციებშიც. აფრიკაში, გალიაში, დუნაისპირეთსა და მცირე აზიაში აჯანყებულებმა დაიწყეს იმპერიის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ, რომთან კონფრონტაციაში მყოფ ხალხებთან დაკავშირება.40
საერთო ეკონომიკურმა დაცემამ და სოციალურმა კრიზისმა გამოიწვია პოლიტიკური კრიზისიც. სახელმწიფო ხელისუფლებამ სტაბილურობა დაკარგა. საზოგადოების ცალკეულ ფენებსა და ინსტიტუტებს შორის არსებული პოლიტიკური კავშირი გაწყდა, გამწვავდა წინააღმდეგობები სენატორულ არისტოკრატიას, მსხვილ მიწათმფლობელებსა და იმპერატორის ხელისუფლებას შორის. სხვადასხვა ჯგუფები და სოციალური ფენები ცდილობდნენ იმპერატორის ტახტზე საკუთარი კანდიდატის აყვანას, რომელიც მათი პროგრამის შესაბამისად იმოქმედებდა და დაიცავდა მათ ინტერესებს.41
პოლიტიკურმა ანარქიამ მოიცვა არმიაც. ლეგიონებში სამხედრო დისციპლინა დაეცა და მისი აღდგენის ყოველი ცდა დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა. ცალკეული ლეგიონები თვითნებურად ნიშნავდნენ იმპერატორებს, რათა იმპერიაში პრივილეგირებული მდგომარეობა მოეპოვებინათ. III ს. რომაული არმიის დიდი ნაწილი წარმოადგენდა ფაქტობრივად დემორალიზებულ მასას, მუდმივი შფოთისა და ამბოხების წყაროს.42 მონათმფლობელური სისტემისა და იმპერიული ხელისუფლების უკიდურესი კრიზისი ყველაზე ნათელ გამოხატულებას იმპერატორთა საოცრად სწრაფ ცვლაში პოულობს. 192-284 წწ. რომის ტახტზე 29 იმპერატორი შეიცვალა, იმათ გარდა, ვინც პროვინციებში იქნა გამოცხადებული იმპერატორად, მაგრამ ვერ მოახერხეს მთელ იმპერიაზე თავისი ძალაუფლების გავრცელება და სენატის თანხმობის მიღება, რაც იმპერატორის კანონიერად ცნობისათვის აუცილებელი იყო.43
იმპერიის შინაგანმა დასუსტებამ თითქმის ყველა საზღვარზე მისი მტრების გააქტიურება გამოიწვია. დაიწყო ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლები „ბარბაროსებთან“– რეინსა და დუნაიზე, ევფრატის სასაზღვრო ხაზზე, აფრიკასა თუ ბრიტანეთში. განსაკუთრებით გაძლიერდა გერმანელ ტომთა ზეწოლა დუნაისა და რეინის საზღვრებზე. იმპერიის ჩრდილოეთით მოსაზღვრე „ბარბაროსულ“ სივრცეში ისტორიის ასპარეზზე გამოდიან ტომთა ახალი გაერთიანებები. გერმანული ტომების ერთმა ნაწილმა – გოთებმა, ვანდალებმა, ბურგუნდებმა და ლანგობარდებმა, რომლებიც ბალტიის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, სამხრეთისაკენ გადაადგილება დაიწყეს. გზადაგზა მათ სხვა ტომებიც უერთდებოდნენ და საბოლოო ჯამში, „ბარბაროსთა“ ეს უზარმაზარი, მოძრავი მასები რომის საზღვრებში შეიჭრა.44 III ს. დასაწყისიდან ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში შემოღწევას იწყებენ გოთები, რომლებიც III ს. შუახანებში გაბატონდნენ რა ყირიმსა და ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთში, დიდი ძალებით მიადგნენ დუნაის ქვემო წელს და დაიწყეს გამანადგურებელი თავდასხმები დუნაისპირეთის, ბალკანეთისა და მცირე აზიის პროვინციებზე. ბევრი მათგანი (მეზია, თრაკია, მაკედონია, პანონია) სასტიკად იქნა აოხრებული. არანაკლებ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა რეინის საზღვარზე, სადაც ამ დროისათვის ჩამოყალიბდა ფრანკებისა და ალემანების ძლიერი გაერთიანებები, რომლებიც არა მარტო სასაზღვრო პროვინციებს (ზემო და ქვემო გერმანიას) აოხრებდნენ, არამედ ღრმად იჭრებოდნენ იმპერიის საზღვრებში და თავს ესხმოდნენ გალიასა და ჩრდილოეთ ესპანეთს.45 გერმანელთა თავდასხმების პარალელურად ბრიტანეთში იჭრებიან საქსები, აფრიკაში მავრები, ეგვიპტეში – მომთაბარე ბლემიები, სირიისა და მესოპოტამიის საზღვარზე განსახლებას იწყებენ არაბული ტომები.46 ევფრატის საზღვარზე სულ უფრო და უფრო ძლიერდება ირანის ზეწოლა. 244 წ. მესოპოტამიაში ლაშქრობის დროს დაიღუპა იმპერატორი გორდიანე III (238-244). იმპერატორების – ვალერიანესა (253-260) და გალიენეს (253-268) მმართველობისას იმპერია კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ალემანებმა ააოხრეს გალია და შეიჭრნენ იტალიაში. დაკიის პროვინცია დაიკარგა. გოთებმა სასტიკად ააოხრეს საბერძნეთი, მაკედონია, აზია და პონტო. კვადებმა და სარმატებმა გაანადგურეს პანონია. ფრანკთა ლაშქარი ესპანეთში შეიჭრა. სპარსელებმა დაიკავეს მესოპოტამია და სირიის დაპყრობა დაიწყეს,47 260 წ. ედესასთან ბრძოლაში კი სასტიკად დაამარცხეს რომაელები, ხოლო თვით იმპერატორი ვალერიანე ტყვედ ჩაიგდეს.
ვალერიანეს დატყვევებამ კიდევ უფრო გააძლიერა პოლიტიკური კრიზისი და ანარქია. გალიენეს მმართველობისას დეცენტრალიზაციამ რომის სახელმწიფოში კულმინაციას მიაღწია. სხვადასხვა პროვინციებში მდგომმა რომაულმა ლეგიონებმა იმპერატორებად საკუთარი სარდლები გამოაცხადეს, რომლებიც კმაყოფილდებოდნენ თავიანთ პროვინციებში მმართველობით, იმპერიის ცენტრალურ ხელისუფლებაზე პრეტენზიას არ აცხადებდნენ და რომი თითქმის არც კი აინტერესებდათ.48
ამგვარად, III ს. მეორე ნახევრისათვის იმპერია უკიდურეს კრიზისში აღმოჩნდა. სოციალურ-ეკონომიკურ დაცემას მოჰყვა პოლიტიკური გართულებები და განუწყვეტელი ომები. ბრძოლები ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე წარმოებდა. ომები ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა უზურპატორთა გამოჩენისათვის. პოლიტიკური ანარქიის პირობებში გაიზარდა პროვინციების სეპარატისტული ტენდენციები, იმპერიის სხვადასხვა ნაწილებში საკუთარ იმპერატორებს ირჩევდნენ, აჯანყებები და უზურპაციები განუწყვეტლივ არყევდნენ იმპერიას. ცენტრალური ხელისუფლების არასტაბილურობის, „ბარბაროსთა“ ზეწოლის გაძლიერების, ცალკეული უზურპატორების ხანგრძლივი ბატონობის, არმიის მიერ იმპერატორების გაუთავებელი არჩევისა თუ მათი ჩამოგდების, იმპერიაში ხშირად რამდენიმე იმპერატორის ერთდროულად მმართველობის, პოლიტიკური კრიზისის, საყოველთაო სტაგნაციისა და ტოტალური დეპრესიის ფონზე რომის სახელმწიფომ რღვევა დაიწყო. იმავე გალიენეს მმართველობის დროს გალია, ესპანეთი და ბრიტანეთი ჩამოშორდა იმპერიას და იმპერატორად გამოაცხადეს პოსტუმუსი.49 სხვა ადგილებში ხელისუფლების ლოკალური უზურპაციებისაგან განსხვავებით, ამ დამოუკიდებელმა „გალიის იმპერიამ“, 15 წელიწადს იარსება და რომი იძულებული იყო შერიგებოდა მის არსებობას.50 ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა აღმოსავლეთშიც. სირიაში ჩამოყალიბდა პალმირას სამეფო, რომლის მმართველმა ოდენატემ რამდენჯერმე დაამარცხა სპარსელები და ხელთ იგდო მთელი მესოპოტამია.51 მისმა ქვრივმა, ზენობიამ (267-272 წწ.) კი უარი თქვა რომის ფორმალურ მორჩილებაზეც და დაიპყრო ეგვიპტე და მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი.52 ასე რომ, ამ პერიოდში რომაული აღმოსავლეთი, ისევე, როგორც დასავლეთში „გალიის იმპერია“, ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა.53
როგორც აღვნიშნეთ, რომში პოლიტიკურმა კრიზისმა და დეცენტრალიზაციამ კულმინაციას გალიენეს მმართველობის დროს მიაღწია. გალიენეს მმართველობა რომის იმპერიის არსებობის საფუძვლების შერყევის პერიოდი იყო. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ იმპერატორის მიერ გატარებულმა სამხედრო და ადმინისტრაციულმა რეფორმამ შეუწყო ხელი იმპერიის მდგომარეობის გაუმჯობესებას54 და კლავდიუს II-ის (268-270 წწ.) მმართველობის დროიდან თანდათანობით იწყება იმპერიის მთლიანობის აღდგენა.55 კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელი იყო სეპარატიზმის ძალისმიერი ჩახშობითა და ანტირომაული კოალიციების განადგურებით. გარდა ამისა, სახალხო გამოსვლებით შეშინებული მსხვილი მიწათმფლობელები გამოსავალს კვლავ იმპერატორის ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებაში ხედავდნენ და მასთან შერიგებას იწყებენ. კლავდიუს II-ისა და ავრელიანეს (270-275 წწ.) მიერ მოპოვებული დიდი გამარჯვებების შედეგად რომი თანდათანობით იბრუნებს დაკარგულ პროვინციებს, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. 274 წლისათვის იმპერიის პოლიტიკური მთლიანობა აღდგენილ იქნა.56 „ბარბაროსთა“ წინააღმდეგ ბრძოლას წარმატებით განაგრძნობდნენ ავრელიანეს მემკვიდრეებიც. III ს. ბოლოსათვის რომის სახელმწიფოს კრიზისი თანდათანობით შესუსტდა. განვლილმა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელმაც იმპერია საფუძველში შეარყია, ნათლად აჩვენა, რომ რომის ადრეულმა იმპერიამ – პრინციპატმა, თავისი შესაძლებლობები ამოწურა. მას არ შეეძლო თუნდაც დროებით დაერეგულირებინა სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობანი და იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) მმართველობის პერიოდიდან იწყება ახალი, რომის იმპერიის ისტორიის უკანასკნელი ეტაპი – დომინატი, იმპერიის ერთგვარი განმტკიცების ხანა. დომინატმა, როგორც საიმპერიო პოლიტიკური წყობილების ახალმა ფორმამ, მისმა აბსოლუტურ-მონარქიულმა შინაარსმა, მხოლოდ დროებით შეაჩერა მონათმფლობელური სისტემის კრიზისი. დიოკლეტიანესა და მოგვიანებით, კონსტანტინეს (306-337 წწ.) მიერ გატარებულმა რეფორმებმა, იმპერია ჩიხიდან გამოიყვანა, საზღვრებზე მდგომარეობა რამდენადმე სტაბილური გახდა, დროებით აღდგენილ იქნა რომის ძველი პოლიტიკური ძლიერება.57 თუმცა, იგი ამ სტაბილიზაციის პერიოდშიც, I-II სს. ადრეულ იმპერიასთან შედარებით, ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც საგრძნობლად იყო შესუსტებული.
რომის სახელმწიფოს პოლიტიკური კრიზისი და საერთო დაუძლურება, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნო-ტერიტორიული გაერთიანებებისათვის. III ს. კრიზისის დროს, ამ ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებს უფრო მეტი დამოუკიდებლობისათვის უნდა მიეღწიათ, ვიდრე მათ ჰქონდათ II ს-ში, ანტონინუსების მმართველობის პერიოდში. თუმცა, რომაული სამყაროს მწვავე კრიზისი და საყოველთაო სტაგნაცია, რომლის შედეგადაც იმპერიის პოზიციები აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად შეირყა, არც თუ ისე სასარგებლო აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოს ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებებისათვის, რამდენადაც რეგიონში დაირღვა ის პოლიტიკური ბალანსი, რომელიც არსებობდა I-II სს. რომსა და აზიის სხვა სახელმწიფოებს შორის და კოლხეთის გაერთიანებებს დაემუქრათ რეალური საფრთხე აღმოსავლეთიდან, პართიის სამეფოს ნანგრევებზე აღმოცენებული ძლიერი და აგრესიული სასანიდური ირანისაგან.
III ს. დასაწყისისათვის პართიის ერთ დროს ძლევამოსილ სახელმწიფოში პოლიტიკურმა კრიზისმა და დეცენტრალიზაციამ კულმინაციას მიაღწია. განუწყვეტელი შეთქმულებებისა და შინაომების, სახელმწიფოს შიგნით არსებული ფაქტობრივად დამოუკიდებელი ცალკეული პოლიტიკური ერთეულების მმართველთა მუდმივი ცენტრიდანული მისწრაფებების, მმართველ წრეში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გაუთავებელი დაპირისპირებების, რომის იმპერიასთან პერმანენტული რამდენიმესაუკუნოვანი ომების შედეგად, ნაკლებ ცენტრალიზებულმა არშაკიდების მონარქიამ58 ამოწურა თავისი შესაძლებლობები. იმავდროულად, ირანის სამხრეთ-დასავლეთში, ფარსის (ბერძნ. პერსიდა) პროვინციაში თანდათანობით იწყება ახალი პოლიტიკური ცენტრის გაძლიერება. არშაკიდთა ბატონობით უკმაყოფილო ფარსის არისტოკრატია დაირაზმა ფარსის ერთ-ერთი ცენტრის – ისთახრის (ბერძნ. პერსეპოლისი) ზოროასტრული ტაძრის ქურუმების, სასანიდთა საგვარეულოს გარშემო, რომლის წარმომადგენელმა არდაშირმა მოახერხა მთელი ფარსის გაერთიანება, დაიპყრო ირანის დასავლეთი და ცენტრალური რაიონები და 224 წ. სასტიკად დაამარცხა უკანასკნელი არშაკიდი მეფე არტაბან V, რომელიც ბრძოლის ველზე დაიღუპა. 226 წ. არდაშირმა აიღო ქტეზიფონი და თავი „შაჰან-შაჰად“ („მეფეთა-მეფედ“) გამოაცხადა.59 მეფედ კურთხევის შემდეგ არდაშირმა გააგრძელა დაპყრობითი პოლიტიკა, დაიმორჩილა არშაკიდთა მფლობელობაში მყოფი ყველა ტერიტორია60 და საფუძველი ჩაუყარა სპარსეთის ახალ სახელმწიფოს სასანიდთა დინასტიით სათავეში.
სასანიდების მიერ ირანში მმართველი არშაკიდთა დინასტიის შეცვლა არ იყო უბრალოდ სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალება. სასანიდთა მიერ გატარებული რეფორმების შედეგად შეიქმნა ერთიანი, ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელშიც ადგილობრივმა მმართველებმა ძველი დამოუკიდებლობა დაკარგეს და მთლიანად დამორჩილდნენ შაჰან-შაჰის ხელისუფლებას. რეორგანიზაცია განიცადა არმიამაც. პართული, თითქმის მთლიანად ვასალთა მიერ გამოყვანილი რაზმებით არმიის დაკომპლექტების არქაული წესი, მიუღებელი გახდა სასანიდებისათვის და უკვე არდაშირ I-ის დროიდან დიდ მნიშვნელობას იძენს დაქირავებული ჯარები, რომლებიც ხელფასს უშუალოდ შაჰან-შაჰისაგან იღებდნენ და ამდენად, მისი ერთგულნი იყვნენ. ამასთან, შეიქმნა უშუალოდ შაჰის განკარგულებაში მყოფი სამეფო – „უკვდავთა“ გვარდიაც, რომლითაც შაჰან-შაჰს საშუალება მიეცა, მორჩილებაში ჰყოლოდა დანარჩენი ჯარები და უზრუნველეყო მათი ერთგულება.61
ქვეყნის ცენტრალიზაციას ხელს უწყობდა რელიგიური რეფორმაც. არშაკიდი მეფეების ელინისტური ტენდენციების ნაცვლად სასანიდები რელიგიის სფეროშიც ძველი, აქემენიდთა ხანის ტრადიციების გამგრძელებლად გვევლინებიან. ირანში გავრცელებული სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობებიდან პრიორიტეტული გახდა და სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა ირანელთა უძველესი რელიგია – ზოროასტრიზმი, რომელიც სწორედ ამ ეპოქაში ჩამოყალიბდა შემტევი, მებრძოლი იდეოლოგიის სახით და სასანიანთა აგრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცა.62
პართიის სამეფოს ნანგრევებზე ძლიერი სასანიდური სამეფოს წარმოქმნამ საგრძნობლად შეცვალა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია მახლობელ აღმოსავლეთში. მართალია, სასანიდთა საგარეო-პოლიტიკური კურსი არსებითად არ განსხვავდებოდა არშაკიდთა პოლიტიკისაგან, მაგრამ სასანიდები ამ პოლიტიკას უფრო ენერგიულად ატარებდნენ და წარმოადგენდნენ უფრო ამბიციურ და პრეტენზიულ ძალას აღმოსავლეთში. სასანიდები, რომლებმაც ააღორძინეს ძველი სპარსული ნაციონალური ტრადიციები, თავიდანვე გამოდიოდნენ აქემენიდთა დინასტიის მემკვიდრეებად და პრეტენზიას აცხადებდნენ დარიოსის მთელ სამფლობელოებზე ეგვიპტის, სირიისა და მცირე აზიის ჩათვლით. ასე რომ, დიდმა აღმოსავლურმა ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს მოითხოვა რომთან სრული თანასწორუფლებიანობა – მსოფლიო მხოლოდ რომაელთა კუთვნილება არ უნდა ყოფილიყო.63 არშაკიდების სამეფოს დაცემა იმთავითვე მიჩნეულ იქნა ძალაუფლების პართელებისაგან სპარსელთა ხელში გადასვლად, ე.ი. იმ ისტორიული სიტუაციის აღდგენად, რომელიც აღმოსავლეთში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობამდე არსებობდა.64 სასანიდთა სურვილმა, გაეფართოებინათ თავიანთი საზღვრები ევფრატის დასავლეთით და დაებრუნებინათ „აქემენიდთა მემკვიდრეობა“, გამოიწვია ომების მთელი სერია რომთან, რომელშიც ირანი ძირითადად აქტიურ, შემტევ პოლიტიკას ახორციელებდა.
უკვე პირველმა სასანიდმა მეფემ არდაშირმა (226-241 წწ.) რომაელებს მოსთხოვა მათ გამგებლობაში მყოფი აქემენიდთა ტერიტორიების, ე.ი. მთელი აზიის დაცლა. უარის მიღების შემ-დეგ კი, 230 წ. სპარსელთა უზარმაზარი ლაშქარი შეიჭრა მესოპოტამიაში, სირიასა და მცირე აზიაში.65 მართალია, იმპერატორმა ალექსანდრე სევერუსმა (222-235 წწ.) მოახერხა რომაული სამფლობელოების დაცვა და სპარსელთა უკუგდება,66 მაგრამ არ-დაშირის მემკვიდრის შაბურ I-ის (242-272 წწ.) დროს სპარსელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს რომთან ბრძოლაში. 244 წ. საომარი მოქმედებების დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მესოპოტამიაში დაიღუპა იმპერატორი გორდიანე III (238-244). 252/253 წ. სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი, რის შემდეგაც შეიჭრნენ სირიაში, კილიკიაში, კაპადოკიასა და მცირე არმენიაში, ხოლო 260 წ. კი ედესასთან მომხდარ ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს თვით იმპერატორი ვალერიანე.67 თუმცა, ირანელთა ეს გამარჯვება უფრო რომაელთა სისუსტით უნდა აიხსნას, ვიდრე სპარსელთა სიძლიერით, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ უკანმობრუნებული შაბური სასტიკად დაამარცხა პალმირას მმართველმა ოდენატემ, რომელმაც გადალახა ევფრატი, წაართვა სპარსელებს ნიზიბისი, კარა და ქტეზიფონამდე მიაღწია.68 ცალკეული წარუმატებლობების მიუხედავად, შაბურ I-მა შეძლო მნიშვნელოვნად გაეძლიერებინა ახალგაზრდა სახელმწიფოს პოზიციები მახლობელ აღმოსავლეთში.
თ ა ვ ი II. გოთების ლაშქრობები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში
ახ.წ. III საუკუნეში იმპერია უკიდურეს კრიზისში აღმოჩნდა და მას თითქმის ყველა საზღვარზე კატასტროფული მდგომარეობა შეექმნა. როგორც ზემოთ ვნახეთ, რომისათვის განსაკუთრებით საშიში იყო გერმანელ „ბარბაროსთა“ და სპარსელთა ზეწოლა. რომაული სამყაროს მწვავე პოლიტიკურ კრიზისსა და დეცენტრალიზაციას, შავი ზღვის აკვატორიაში გერმანელ ტომთა, ხოლო აღმოსავლეთში სპარსელთა გააქტიურებას, არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. რომის იმპერიისათვის საშიშმა ორივე ამ ძალამ ასახვა ჰპოვა რომი-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობაზე და ეს უკანასკნელი, III ს. 50-იანი წლებიდან აღმოჩნდა როგორც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ბარბაროსულ ტომთა, ასევე სპარსელთა შეტევების ობიექტი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) მმართველობისას, იმპერიას მოუხდა იარაღის ძალით ლაზეთის „სამეფოს“ დამორჩილება. ამის შემდეგ ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა პოლიტიკური ურთიერთობები რომსა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ცალკეულ გაერთიანებებს შორის III ს. პირველ ნახევარში. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პერიოდში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომთან დამოკიდებულებაში არსებით ცვლილებებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა. წერილობით წყაროებში არაფერია ნათქვამი დასავლურ-ქართული ტომების იმპერიისგან განდგომის ან მათი უკმაყოფილების შესახებ. თავის მხრივ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ იმპერიას არ შეეძლო რადიკალური ცვლილებები შეეტანა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთთან ურთიერთობაში და მათ შორის, 26 როგორც ჩანს, გრძელდებოდა ის სამოკავშირეო-მეგობრული დამოკიდებულება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ახ.წ. II ს-ში. ამასთანავე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სევერუსების მმართველობის (193-235 წწ.) შემდგომ, იმპერიაში მძაფრი პოლიტიკური კრიზისისა და სტაგნაციის პირველ წლებში, იმპერატორის ხელისუფლების დასუსტებისა და მწვავე დეცენტრალიზაციის პირობებში, სანამ ეს კრიზისი უშუალოდ არ შეეხო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს, აქ არსებულ ცალკეულ ეთნოპოლიტიკურ გაერთიანებებს უნდა შექმნოდათ ხელსაყრელი სიტუაცია შემდგომი განვითარებისათვის და მათ რამდენადმე უნდა შეემცირებინათ რომზე დამოკიდებულების ხარისხი. მაგრამ, ასეთი ვითარება შეიძლება გაგრძელებულიყო სულ 15-20 წლის მანძილზე, III ს. 30-იანი წლებიდან 50-იან წლებამდე, ე.ი. მანამდე, სანამ ეს კრიზისი და რომის სახელმწიფოს კატასტროფული მდგომარეობა, როგორც აღვნიშნეთ, უშუალოდ შეეხო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს და იგი იმპერიის მტრების თავდასხმების არეალში მოექცა.
სანამ გადავიდოდეთ III ს. 50-იან წლებში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და „ბარბაროსთა“ ლაშქრობების განხილვაზე, გვინდა შევჩერდეთ ერთ ფაქტზე, რომლის დაკავშირებაც აღნიშნულ ლაშქრობებთან სცადა ს. მაკალათიამ. 1931 წ. აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში, მდინარე აბაშის პირას, აღმოჩენილ იქნა რომაული მონეტების განძი, რომელშიც თავმოყრილია ტრაიანედან დაწყებული ალექსანდრე სევერუსით (222-235) დამთავრებული, 12 იმპერატორის მიერ მოჭრილი 450 ცალი ვერცხლის მონეტა, რაც საშუალებას იძლევა, სეფიეთის ეს განძი მიეკუთვნოს III ს. დასაწყისს, ალექსანდრე სევერუსის დროს.69
საინტერესოა, რომ იმავე ზონაში, ცხაკაიას (ახლანდ. სენაკი) რაიონის სოფ. ეკშიც აღმოჩნდა დიდი რაოდენობით (სულ 907 ცალი) რომაული მონეტები, რომლებიც მოჭრილია იმპერატორების სახელით, ნერვადან (96-98 წწ.) მოყოლებული ალექსანდრე სევერუსის ჩათვლით. ამდენად, ამ განძის ყველაზე გვიანდელი მონეტაც მოჭრილი უნდა იყოს 222 წ. ან მის ახლო ხანებში. ასე რომ, განძი 222 წლის შემდგომ ჩაუფლავთ.70 რამდენადაც სეფიეთის განძის გვიანდელი მონეტაც მოჭრილია ალექსანდრე სევერუსის სახელით, ე.ი. ეს განძი, ისევე როგორც ეკის განძი, ჩამარხულია 222 წ. ან მის შემდგომ ხანებში.71 განძის პუბლიკატორების აზრით, თარიღების დამთხვევა შემთხვევითი არ უნდა იყოს და აშკარად მიგვანიშნებს, რომ ამ განძთა დამარხვა ერთი მიზეზით არის გამოწვეული. როგორც ჩანს, ამ მიდამოებს ერთსა და იმავე დროს სამხედრო საშიშროება დამუქრებია.72
ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნული განძის დამარხვა სამხედრო საშიშროების გამო ყოფილიყო გამოწვეული, თუმცა ასეთ მიზეზად ვერ ჩავთვლით სკვითებისა და ირანელების შემოტევას, როგორც ამას ს. მაკალათია მიიჩნევს. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, სოფ. სეფიეთი მოქცეულია ძველი ლაზიკის სატახტო ქალაქის, არქეოპოლისის (ნოქალაქევის) მიდამოში, რომლის გარშემო დიდი ბრძოლები წარმოებდა რომსა და ირანს შორის III-V სს. მანძილზე,73 ამასთანავე „III საუკუნეში (222-260) ლაზიკასა და მთელი შავი ზღვის სანაპიროს შესევიან სკვითები, რომლებსაც ამოუხოცავთ იქ მდგარი რომის ჯარი და ლაზიკისათვის დიდი ზიანი მიუყენებიათ. ამის გამო იმპერატორი ალექსანდრე სევერი იძულებული იქნებოდა სკვითებისა და ირანელების შემოტევისაგან დაეცვა მისი პროტექტორატის ქვეშ მყოფი ლაზიკის სამეფო და იქ გაეგზავნა მაშველი ჯარი“.74 ამიტომ, ს. მაკალათიას აზრით, „შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ამ ისტორიულ ამბებთან დაკავშირებით ალექსანდრე სევერის ლაშქრის ერთი ნაწილი, რომელიც იცავდა არქეოპოლისის მიდამოს, მდგარიყო დღევანდელი სეფიეთის მიდამოში და აქ აღმოჩენილი რომაული ფულის ეს განძიც ამ მოლაშქრეთა საკუთრებას თუ შეადგენდა“.75 მაგრამ, ნოქალაქევ-არქეოპოლისში რომაული რაზმის დგომის რაიმე საბუთი ს. მაკალათიას არ მოაქვს და ასეთი არც არსებობს.76 ჯერ ერთი, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე ჩრდილოელ „ბარბაროსთა“ და სპარსელთა შემოსევას ადგილი არ ჰქონდა ალექსანდრე სევერუსის მმართველობის დროს. ეს მოვლენები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მოგვიანებით III ს. 50-იან წწ. მოხდა, ამდენად ალექსანდრე სევერუსს არ დასჭირდებოდა „სკვითებისა და ირანელების შემოტევისგან დაეცვა... ლაზიკის სამეფო და იქ გაეგზავნა მაშველი ჯარი“. თანაც, სპარსელთა ლაშქრობები ამ დროს (III ს. შუახანებში) მხოლოდ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ შეეხო, ხოლო საკუთრივ არქეოპოლისის მიდამოში III-V საუკუნეებში არავითარ დიდ ბრძოლებს რომსა და ირანს შორის ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესო ხანაში (III ს.) არქეოპოლისი ჯერ კიდევ არ ჩანს ლაზიკის სატახტო ქალაქი და იგი ლაზიკის (ეგრისის) დედაქალაქი უფრო მოგვიანებით, IV ს-ში გახდა.77 ამასთან ერთად, სკვითების შემოსევის ტალღამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 255-256 და 257 წლებში, გადაუარა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სანაპირო ზოლს და ქვეყნის შიდა რაიონებს იგი არ შეხებია. ყოველივე ამის გამო, არავითარი საფუძველი არ არსებობს ვივარაუდოთ, რომ ალექსანდრე სევერუსის ლაშქრის ერთი ნაწილი, რომელიც არქეოპოლისს იცავდა, დღევანდელი სეფიეთის მიდამოში იდგა და „აქ ყოფილიყო მოქმედი ლაშქრის ბანაკი, საიდანაც სწარმოებდა სამხედრო ხასიათის ოპერაციები“,78 როგორც ამას ს. მაკალათია მიიჩნევს.
სეფიეთისა და ეკის განძი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილება უნდა ყოფილიყო,79 შესაძლებელია მართლაც ჩაეფლათ სამხედრო საშიშროების გამო. ასეთ საშიშროებას კი, ალბათ, წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულთა შორის ის გააფთრებული შეტაკებები, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, დაიწყო II ს. და დასრულდა ლაზთა სამეფოს დაწინაურებით.80
როგორც აღვნიშნეთ, III ს. 50-იან წლებში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ჩართულ იქნა იმ პოლიტიკურ კატაკლიზმებში, რომელსაც განიცდიდა რომაული სამყარო და იგი მოექცა იმპერიის ყველაზე საშიში მტრების – გოთებისა და სპარსელების თავდასხმების არეალში. კოლხეთის შავიზღვისპირა ცენტრებს – პიტიუნტსა და ფასისს თავს დაატყდა გოთების ძლიერი თავდასხმები, ხოლო ყველაზე სამხრეთით მდებარე მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ სპარსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა.
გოთების გერმანული ტომი, სხვა ბარბაროსული ტომების მსგავსად, რომლებიც მონაწილეობდნენ ხალხთა დიდ გადასახლებაში, რომის იმპერიასთან უშუალო შეხებამდე, საუკუნეების მანძილზე იმყოფებოდა ანტიკური ცივილიზაციის პერიფერიაში. გოთებმა, ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროდან და ვისლისპირეთიდან, II საუკუნის ბოლოს სამხრეთისაკენ, აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებისაკენ დაიწყეს გადასახლება.81 ამ მიგრაციის დროს გოთებს უერთდებოდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და ბარბაროსების ეს უზარმაზარი მოძრავი მასა, რომელიც II ს. ბოლოსა და III ს. დასაწყისში მიადგა იმპერიას დუნაის საზღვრების ჩრდილოეთით, იწყებს რომის საზღვრებში შეჭრას და გამანადგურებელ ლაშქრობებს როგორც ხმელეთზე – ქვემო დუნაის მხრიდან, ასევე ზღვით – შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროდან.82 გოთების საშიშროების გამო ჯერ კიდევ იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი იძულებული გახდა იმპერიის დუნაის ჩრდილოეთით გამავალი საზღვრები გაემაგრებინა და განსაკუთრებული ყურადღება ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ქალაქებისათვის – იმ ბარიერისათვის მიექცია, რომელსაც შეეძლო შეეკავებინა გოთების შემოტევა. დუნაის საზღვარზე რეორგანიზებულ იქნა ლიმესის სისტემა, გადასროლილ იქნა ახალი სამხედრო ქვედანაყოფები. ჩრდილოეთის საზღვრების უსაფრთხოების უკეთ დასაცავად და რეგიონში რომის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გასამყარებლად, სეპტიმიუს სევერუსმა ქ. ოლბია შეუერთა პროვინცია ქვემო მეზიას.83 III ს. 20-30-იან წწ. გოთები ინტენსიურად იწყებენ შეჭრას ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში.84 ბარბაროსები ფართო ფრონტით უტევდნენ. გოთებმა დალაშქრეს ოლბია, ტირა, 238 წ. გადალახეს მდინარე დუნაი და სასტიკად ააოხრეს რომაული სამფლობელოები. ქვემო მეზიის მმართველი, ბარბაროსთა შეტევების შესაჩერებლად, იძულებული გახდა ყოველწლიურ გადასახადზე დათანხმებულიყო.85
III ს. 40-იან წწ. გოთები და მათი მოკავშირე ტომები შეტევაზე გადავიდნენ რომის მთელ ჩრდილოეთ საზღვარზე. დუნაის არმიის გაძლიერების მიზნით, რომელიც ვერ უმკლავდებოდა ბარბაროსთა ზეწოლას, რომი იძულებული გახდა თავისი ჯარები გაეყვანა ყირიმიდან, რის შედეგადაც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი ფაქტობრივად გოთი-ბორანების ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა. ამ დროიდან ბოსფორი, რომელიც ადრე აკავებდა იმპერიის საზღვრებისაკენ მოძრავ ბარბაროსებს, რომზე მოლაშქრე გოთების ბაზად იქცა. ბოსფორის ხელისუფლებაში მოსულმა ანტირომაულმა წრეებმა, რომლებსაც ბარბაროსებისათვის წინა-აღმდეგობის გასაწევად ძალა არ შესწევდათ, მომთაბარეებთან შეთანხმება დადეს. ამ შეთანხმების თანახმად, გოთებმა აზოვის ზღვიდან შავ ზღვამდე თავისუფლად გადაადგილების უფლება მიიღეს. ამასთან, ბოსფორი ვალდებული იყო საკუთარი ფლოტით უზრუნველეყო მათი ტრანსპორტირება.86 ამან ბარბაროსებს საშუალება მისცა მოეწყოთ მარბიელ ლაშქრობათა მთელი სერია კავკასიის სანაპიროზე, მცირე აზიასა და დასავლეთ შავიზღვისპირეთში. რომთან ბრძოლის ამ ახალი ფორმის განვითარებას ხელი შეუწყო იმ დიდმა წარმატებებმა, რომელსაც მიაღწიეს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტომებმა რომთან ბრძოლაში.87 250 წ. ბოლოსა და 251 წ. დასაწყისში გოთებმა გადალახეს მდ. დუნაი და დაიწყეს მეზიისა და თრაკიის აოხრება. ბარბაროსების წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა იმპერატორი დეციუსი (249-251 წწ), მაგრამ ქ. აბრიტთან მომხდარ ბრძოლაში რომაელები სასტიკად დამარცხდნენ, თვითონ იმპერატორი კი ბრძოლის ველზე დაიღუპა. მოლაპარაკების შედეგად დადებულ იქნა იმპერიისათვის სამარცხვინო ზავი, რომლის თანახმადაც რომაელები ბარბაროსებს დაუბრკოლებლად უშვებდნენ მთელი ნადავლითა და ტყვეებით, ხოლო მათი შემდგომი თავდასხმების თავიდან ასაცილებად ყოველწლიურ გადასახადს კისრულობდნენ.88 250-251 წწ. ომის დროს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტომებმა სასტიკად ააოხრეს უმნიშვნელოვანესი დუნაისპირა პროვინციები, გაანადგურეს მათი თავდაცვითი ხაზი დუნაის საზღვარზე და უზარმაზარი ზარალი მიაყენეს რომის ცოცხალ სამხედრო ძალას.89 რომაელების მარცხი აბრიტთან იყო ის ზღვარი, რომლის შემდეგაც იწყება III ს. კრიზისის უკიდურესი გამწვავება. დუნაიზე გამარჯვებებმა კიდევ უფრო გააქტიურა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტომების ბრძოლა რომის წინააღმდეგ და დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც მეზობელ გერმანულ ტომებში, ასევე სპარსელებში. იმპერიის სისუსტე ყველამ აშკარად დაინახა და მას ერთდროულად შეუტიეს გერმანელებმა, „სკვითებმა“ და სპარსელებმა.90
ასე რომ, რომის იმპერიის საშინაო და საგარეო მდგომარეობა III ს. 50-იან წლებში ხელს უწყობდა რომთან ბრძოლის ახალი ფორმის – საზღვაო ლაშქრობების განვითარებას. იმპერიის თითქმის მთელი რეგულარული ძალები რეინსა და ევფრატზე იმყოფებოდა, რომელსაც იმპერია თვლიდა უზარმაზარი ომის მთავარ ფრონტებად, ხოლო მცირე აზიასა და ბერძნულ პროვინციებს ძირითადად ადგილობრივი, არადისციპლინირებული და ნაკლებადბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთები იცავდა.91 გარდა ამისა, რომის სახელმწიფოს მწვავე სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა თავისი გავლენა მოახდინა რომაულ ფლოტზეც, რომელიც ერთ დროს შავ ზღვაზე ერთპიროვნულად ბატონობდა. მართალია, III ს. შუახანებისათვის რომაული ფლოტი ზღვის დასავლეთ რაიონებში, მაგრამ მას თავი არ გამოუჩენია ხანგრძლივი ბრძოლების დროს და ამ დროისათვის შავ ზღვაში რომაული ფლოტი, როგორც რეალური ძალა, უკვე აღარ არსებობდა.92 ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა რომის წინააღმდეგ საზღვაო ექსპედიციების წარმატებას. ბარბაროსების მიერ ომების ხმელეთიდან ზღვაზე გადატანა რომაულ სამფლობელოებზე შეტევისათვის გეოგრაფიული თვალსაზრისითაც უფრო ეფექტური იყო. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს ხმელეთზე ასობით კილომეტრი აშორებდა იმპერიის დუნაის საზღვრებს, ხოლო მცირე აზიისაგან მთიანი კავკასია ყოფდა. სამხედრო მოქმედებების ხმელეთიდან ზღვაზე გადატანა კი, ამ გეოგრაფიულ სიშორეს არა მარტო ანეიტრალებდა, არამედ ბარბაროსებს ახალი, ბრწყინვალე პერსპექტივების წინაშე აყენებდა.93
აზოვის ზღვიდან შავ ზღვაზე პირველი ექსპედიცია 255/256 წ. მოეწყო.94 V-VI სს. ავტორის ზოსიმეს ცნობით, ბოსფორელებმა შიშის გამო მისცეს სკვითებს* გასასვლელი გზა აზიაში და საკუთარი ხომალდებითაც კი გადაიყვანეს ისინი.95 შავ ზღვაში შესულმა გოთებმა გეზი კავკასიის სანაპიროსაკენ აიღეს და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელთა უკიდურესი საყრდენი პუნქტის – პიტიუნტის რაიონში გადასხდნენ. „როდესაც სკვითებმა დაიწყეს მოოხრება ყველაფრისა, რაც გზაში ხვდებოდათ, პონტოს სანაპიროს მცხოვრებლები გაიქცნენ შიდა ხმელეთში და გამაგრებულ ადგილებში, ხოლო ბარბაროსები, პირველ ყოვლისა, თავს დაესხნენ ბიჭვინტას, რომელიც შემოზღუდული იყო უზარმაზარი კედლით და რომელსაც ჰქონდა კარგად მოწყობილი ნავსადგური. ადგილობრივი ჯარის სათავეში იდგა სუკესიანუსი, მან მთელი თავისი ძალებით შეუტია ბარბაროსებს და გარეკა ისინი“.96 გოთები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც კამპანიის დასაწყისში, შავი ზღვის სანაპიროზე გადმოსვლისას, იმდენად დარწმუნებული იყვნენ თავიანთ წარმატებაში, რომ ბოსფორელთა ხომალდები უკან დააბრუნეს.97 პიტიუნტთან მარცხის შემდეგ „სკვითებმა იმის შიშით, რომ სხვა სიმაგრეების მცველებმაც არ გაიგონ და არ შეუერთდნენ ბიჭვინტის ჯარებს და საბოლოოდ არ გაგვანადგურონო, – აი ამის შიშით ხელთ იგდეს ხომალდები რაც კი შეეძლოთ და ძალიან შეშინებულებმა მოჰკურცხლეს შინისაკენ, ისე რომ, ბიჭვინტასთან ბრძოლებში ბევრი თავისი მეომარი დაჰკარგეს“.98
* ზოსიმე ამ ბარბაროსულ ტომებს კრებით სახელს – „სკვითებს“ უწოდებს, მაგრამ მათ შორის ცალკეულ გოთურ ტომებსაც – ბორანებს, კარპებს, ურუგუნდებს იხსენიებს.
მაგრამ პირველმა წარუმატებლობამ ვერ დააფრთხო მეოტიდის ტომები. როდესაც იმპერატორმა ვალერიანემ სუკესიანუსი გაიწვია პიტიუნტიდან, სკვითები კვლავ გამოჩნდნენ.99 მეორე ექსპედიცია 257 წ. შემოდგომაზე მოეწყო და იგი უფრო ფართო ხასიათისა ყოფილა. მასში ბორანებთან ერთად მონაწილეობდნენ ოსტგოთებიც.100 გაითვალისწინეს რა წინა ლაშქრობის შედეგები, აზიაში გადმოსულმა გოთებმა ბოსფორელებს ხომალდები აღარ დაუბრუნეს და არც ისინი გაუშვეს შინ. ამჯერად ბარბაროსებმა პირველი იერიში ქ. ფასისზე მიიტანეს და სცადეს იქ მყოფი არტემიდას საკურთხევლის აღება, მაგრამ უშედეგოდ, რის შემდეგაც კვლავ პიტიუნტისაკენ აიღეს გეზი. გოთებმა სასტიკად დაარბიეს პიტიუნტი. რომაული გარნიზონი, რომელსაც უკვე აღარ ხელმძღვანელობდა სუკესიანუსი, მთლიანად ამოწყვიტეს და იშოვეს რა დიდი რაოდენობით ხომალდები, დასვეს მათზე ნიჩბების ხმარების მცოდნე ტყვეები, გაემართნენ სამხრეთისაკენ და ილაშქრეს ტრაპეზუნტის წინააღმდეგ; აიღეს იგი, საშინლად გაძარცვეს, ომის შიშით ქალაქს შემოხიზნული მოსახლეობაც ხელთ იგდეს და უამრავი ხომალდით ისევ უკან დაბრუნდნენ.101
ზოსიმეს ამ მონათხრობში ყურადღებას იქცევს რამდენიმე გარემოება: ჯერ ერთი, გოთების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ჩანს, რომაელებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობაც, რასაც მოწმობს ტრაპეზუნტის აღების ფაქტი, სადაც თავი მოეყარა „თითქმის ყველა გარშემო მცხოვრებთ“,102 ბარბაროსებისაგან ქალაქის დასაცავად.103 როგორც ტრაპეზუნტში, ასევე პიტიუნტში, ზოსიმეს ცნობით, გოთებმა ხელთ იგდეს უამრავი ტყვე. პიტიუნტში ეს ტყვეები აშკარად მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები იქნებოდნენ.104 რამდენადაც ზოსიმე მიუთითებს, რომ რომაული გარნიზონი სკვითებმა მთლიანად გაწყვიტეს, ხოლო მეხოფეებად გამოიყენეს ტყვეები, ეს უკანასკნელნი ბიჭვინტის მიდამოების ძველთაგანვე კარგ ნაოსნებად ცნობილი მცხოვრებლები უნდა ყოფილიყვნენ.105 ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ჩანს, მონაწილეობდა ფასისის დაცვაშიც.
გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გოთებმა, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ შავი ზღვის მთელ აკვატორიას, ვერ მოახერხეს ფასისის აღება, მაშინ, როცა აიღეს პიტიუნტი, ტრაპეზუნტი, ხოლო 258 წ. გაზაფხულზე, ფასისზე ლაშქრობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ფაქტობრივად ერთმანეთის მიყ-ლებით გაანადგურეს მცირე აზიის ქალაქები – ქალკედონი, ნიკომედია, ნიკეა, აპამეა და სხვ.106 მკვლევართა აზრით, ერთი შეხედვით გაოცებას იწვევს ის, რომ გოთები, რომლებმაც თითქმის დაუბრკოლებლად აიღეს ძლიერი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი გარნიზონებით დაცული ქალაქები, უკუიქცნენ ფასისიდან, რომელსაც მცირერიცხოვანი გარნიზონი იცავდა.107 როგორც პროფ. თ. თოდუა აღნიშნავს, მართალია, ფასისის გარნიზონი რჩეული ლეგიონერებისგან შედგებოდა და არტილერიითაც იყო შეიარაღებული, მაგრამ დამხმარე ძალების გარეშე იგი მაინც ვერ შეძლებდა გოთების უკუგდებას. ასეთ „დამხმარე ძალებში“ კი, პირველ რიგში, უნდა ვიგულისხმოთ რომაელი ვეტერანები. ფასისის დაცვაში მათთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო, აგრეთვე, ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობასაც, კერძოდ ლაზებსაც. ლაზების მეფეს ხომ რომის იმპერატორი ნიშნავდა და ისინი ლოიალურ დამოკიდებულებაში უნდა ყოფილიყვნენ რომაული გარნიზონების მიმართ, მით უმეტეს, რომ თვით ლაზებიც დაინტერესებული იყვნენ მომთაბარეთა თარეშის აღკვეთით.108
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით მკვლევარს იმაში, რომ მხოლოდ მცირერიცხოვანი რომაული გარნიზონით, დამხმარე ძალების გარეშე, ფასისის დაცვა შეუძლებელი იყო, მაგრამ ასეთ „დამხმარე ძალად“, პირველ რიგში, ვერ მივიჩნევთ რომაელ ვეტერანებს. ჩვენ არ უარვყოფთ მათ მონაწილეობას გოთების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ, ჩვენი აზრით, ფასისის რომაელ ვეტერანთა დასახლება არ უნდა ყოფილიყო დიდი და არიანეს მიერ მოხსენიებული, იქ მცხოვრები „სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირებიც“109 არ უნდა ყოფილიყვნენ მრავალრიცხოვანი.110 ასე რომ, ფასისში მცხოვრები რომაელი ვეტერანები, ჩვენი აზრით, არ წარმოადგენდნენ რაიმე სერიოზულ, რეალურ სამხედრო ძალას და მათ არ შეეძლოთ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა გოთებისათვის ქალაქის დაცვის დროს. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მათ აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღოთ გოთების წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი დახმარების გარეშე ფასისის დაცვა მხოლოდ მცირერიცხოვანი რომაული გარნიზონით შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, ლაზები ლოიალურ დამოკიდებულებაში უნდა ყოფილიყვნენ რომაული გარნიზონების მიმართ. შავიზღვისპირეთში იმ დროს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ რომაელებისა და ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის ინტერესები ერთმანეთისაგან განსხვავებული ყოფილიყო. რომაული გარნიზონები ამ პერიოდში უმთავრესად ჩრდილოელი ტომების შემოსევებისათვის წინააღმდეგობის გაწევის იარაღად იქცნენ და რამდენადაც ამ უკანასკნელის საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომისა და ადგილობრივი პოლიტიკური გაერთიანებების კავშირი ორივე მხარისათვის აუცილებელ საჭიროებად იქცა.111 ასე რომ, ფასისის დაცვის დროს, რჩეული მეომრებით დაკომპლექტებულ, სამხედრო მანქანებით აღჭურვილ რომაულ გარნიზონთან ერთად, გოთების წინააღმდეგ აქტიურად უნდა გამოსულიყო ადგილობრივი მოსახლეობაც, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოადგენდა მრავალრიცხოვან და რეალურ სამხედრო ძალას. გოთების დამარცხება ფასისთან, პიტიუნტსა და ტრაპეზუნტში მათი წარმატების ფონზე, როგორც სამართლიანად აღნიშნავს გ. მელიქიშვილი, შეიძლება იყოს მოწმობა ლაზეთის სამეფოს გაზრდილი ძლიერებისა.112 მართლაც, ძნელი საფიქრებელია, რომ ფასისში უფრო ძლიერი რომაული გარნიზონი მდგარიყო, ვიდრე ტრაპეზუნტში, რომელსაც ზოსიმეს ცნობით, ადგილობრივი ჯარის გარდა, კიდევ ათი ათასი სხვა ჯარისკაციც იცავდა.113 ასე რომ, გოთების მარცხი ფასისთან, პირველ რიგში, სწორედ ადგილობრივი სახელმწიფოს – ლაზეთის სამეფოს ძლიერებით უნდა იქნეს ახსნილი.114
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გოთების ლაშქრობის კვალი ნათლად ჩანს პიტიუნტის არქეოლოგიურ მასალებში. ნაქა-ლაქარის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ძლიერი ნგრევისა და ხანძრის კვალი.115 პიტიუნტის განადგურების სურათი კარგად აისახა ნუმიზმატიკურ მასალაშიც. ბიჭვინთაში III ს. პირველ ნახევარზე მოდის 276, ხოლო მეორე ნახევარზე მხოლოდ 107 მონეტა.116 მართალია, ზოსიმე არაფერს ამბობს გოთების მიერ კოლხეთის სხვა ქალაქების აღების შესახებ, მაგრამ, როგორც მიიჩნევენ მკვლევარები, ბარბაროსთა შემოსევების შედეგად პიტიუნტის ბედი გაიზიარეს აფსაროსმა117 და სებასტოპოლისმა. აფსაროსის სტრატიგრაფიაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ციხეს III ს. მიწურულს დროებით შეუწყვეტია ფუნქციონირება. ამ პერიოდის კულტურულ ფენებს ემჩნევა ნგრევის კვალი.118 ნახანძრალი ფენები ფიქსირდება სოხუმის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეც.119
256-257 წწ. მოვლენებს, როგორც მიიჩნევენ მკვლევარები, ალბათ მოჰყვა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელთა ბატონობის ფაქტობრივი დაცემა,120 ხოლო პონტო-კავკასიის რომაულმა სასაზღვრო-თავდაცვითმა სისტემამ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა.121
რომსა და გოთებს შორის III ს-ში მიმდინარე პერმანენტულ ომებში, 257 წ. საზღვაო ექსპედიციას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან ძლიერი დარტყმა მიაყენა რომაელთა საყრდენ პუნქტებს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბარბაროსებმა ხელთ იგდეს უზარმაზარი სიმდიდრე, უამრავი ტყვე, დიდი რაოდენობით ხომალდები და, რაც მთავარია, ამ რეიდმა მეოტურ ტომებს აჩვენა საზღვაო ლაშქრობების შესაძლებლობა და დიდი ეფექტურობა, რის შემდეგაც დაიწყო გოთების უფრო მასშტაბურ ლაშქრობათა მთელი სერია შავი ზღვის სანაპიროს ამ მხარეს და გავრცელდა მცირე აზიის პროვინციებზეც.122 მაგრამ, რომის სახელმწიფოს სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობის კატასტროფული შერყევა და იმპერიაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის გავლენა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთზე მხოლოდ ჩრდილოეთის ბარბაროსულ ტომთა შემოსევებით არ შემოიფარგლა. გოთების ლაშქრობების პარალელურად, კოლხეთის ერთი ნაწილი, მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების ტერიტორია, იმპერიის ძლიერი და ყველაზე საშიში მტრის – აღმავლობის გზაზე მდგარი სასანიდური ირანის* შეტევების არეალში მოექცა.
* ინგლისელი მკვლევარის ა. ჯონსის აზრით, სპარსეთი რომის იმპერიისათვის წარმოადგენდა უფრო საშიშსა და ძლიერ მტერს, ვიდრე ერთად აღებული ყველა გერმანული „ბარბაროსული“ ტომი.
თავი III. რომი-ირანის ომები და მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“
III ს. 20-იან წლებში სუსტი, დეცენტრალიზებული და რომთან კონფრონტაციით დაუძლურებული პართიის სამეფოს ნანგრევებზე ახალი, ძლიერი სასანიდთა სამეფოს წარმოქმნამ საგრძნობლად შეცვალა ძალთა ბალანსი და სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია მახლობელ აღმოსავლეთში. იმ ცვლილებებმა, რომლებიც ირანში სასანიდთა ხელისუფლებაში მოსვლამ გამოიწვია, დიდი გავლენა მოახდინა ამიერკავკასიის პოლიტიკურ ვითარებაზეც და, კერძოდ, თითქმის მთლიანად რომზე ორიენტირებულ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოზე“. იმპერიის ამ ერთგული მოკავშირის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას, როგორც აღინიშნა, წარმოადგენდა აგრესიული მეზობლებისაგან რომის მხარდაჭერით თავის დაცვა და იგი გარკვეულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა იმ განსაკუთრებული პოლიტიკური სიტუაციის პირობებში, რომელიც არსებობდა აღმოსავლეთში რომისა და სხვა სახელმწიფოების მეტოქეობის შედეგად. ამიტომ, როგორც კი შეიცვალა ძალთა თანაფარდობა ირანის სასარგებლოდ და მისი ზეწოლა რომაულ სამფლობელოებზე გაძლიერდა, მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ სპარსეთის მეფის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ამის შესახებ ჩვენ ვიგებთ მეორე სასანიანი მეფის, შაბურ I-ის (242-272) ცნობილი სამენოვანი (პართულ-ფალაური, სასანურ-ფალაური და ბერძნული) წარწერიდან, რომელიც აღმოჩენილ იქნა 1936 წ. პერსეპოლისის მახლობლად, ნაკშ-ი რუსტამში მდებარე ზოროასტრის ტაძრის, ე.წ. „ზოროასტრის ქააბის“ კედელზე.123 ეს წარწერა წარმოადგენს შაბურ I-ის მეფობის პირველი ოცწლეულის შედეგების თავისებურ აღწერას. მასში ლაპარაკია რომის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლებზე, სირიის, კილიკიის, კაპადოკიის ლაშქრობებზე და იმ ქვეყნებსა და ხალხებს შორის, რომლებიც შაჰან-შაჰს უხდიან ხარკს, დასახელებულია: პერსიდა, პართია, ხუზისტანი, მეშანი, ასურეთი, ადიაბენა, არაბეთი, ატრუპატაკანი, არმენია, იბერია, მახელონია (ფალაური ტექსტის შესაბამის ადგილას ქვეყანა – Syk´n), ალბანია, ბალასკანი ვიდრე კავკასიის მთებამდე და ალანთა კარამდე.124
სამეცნიერო ლიტერატურაში გარკვეულია, რომ ბერძნული „მახელონია“ და ფალაური ტექსტის ქვეყანა „სიკან“ (Syk´n) იდენტურია მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოსი“.125 ამდენად, „ზოროასტრის ქააბის“ წარწერის თანახმად, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“, ისევე როგორც ამიერკავკასიის სხვა ქვეყნები, შაბურ I-ის ქვეშევრდომობაში მოქცეულა. ჩვენ არ ვიცით, თუ როგორი იყო მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების ირანზე დამოკიდებულების რეალური ხასიათი, ან იყო თუ არა იგი ნამდვილად დაპყრობილი შაბურის მიერ.126 საქმე ისაა, რომ „Ka´bai zardošt“-ის წარწერაში ირანის მოხარკეთა შორის დასახელებულია ზოგჯერ ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც შაბურს უშუალოდ არ დაუპყრია, არამედ ბრძოლაში დაუმარცხებია ან დაულაშქრავს.127 მაგ., იბერია, ადიაბენა და ქირმანი წარწერაში შაჰან-შაჰის ხელქვეით ქვეყნებადაა დასახელებული, მაგრამ, როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, ისინი სინამდვილეში ირანის მოკავშირე ქვეყნებს წარმოადგენდნენ.128 გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ „ზოროასტრის ქააბის“ წარწერაში ირანის შაჰის მოხარკეთა შორის და-სახელებულია რომის იმპერატორი ფილიპე არაბიც, რომელმაც, მართალია, სპარსელებს კონტრიბუცია გადაუხადა, მაგრამ, ცხადია, იგი ირანის მოხარკე არ გამხდარა, ხოლო მთელი ქუშანი, რომლის მხოლოდ ნაწილი იყო ირანის მიერ დაპყრობილი, მთლიანად შაჰის საკუთრებადაა გამოცხადებული, ცხადი ხდება, რომ წარწერის პანეგერიკული ხასიათიდან გამომდინარე, მასში განდიდებულია შაბურის დამსახურებები და მის ქვეშევრდომთა ჩამონათვალში ის ქვეყნებიცაა შეტანილი, რომლის დაპყრობასაც შაბური აპირებდა ან მასთან ბრძოლაში რაიმე წარმატებისთვის მიუღწევია.129
ამდენად, „ზოროასტრის ქააბის“ წარწერა, თავისი ხოტბითი, განმადიდებელი ხასიათის გამო, ყოველთვის ზუსტად არ ასახავს ამა თუ იმ ქვეყანასთან ირანის დამოკიდებულების ნამდვილ შინაარსს.130 მაგრამ, რაც შეეხება ირანის მიერ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ დაპყრობას, წარწერის სისწორე ამ შემთხვევაში საეჭვო არ უნდა იყოს, რადგანაც შაბურ I-ის მეფობის დროს, რომაულ სამფლობელოებზე ირანის შეტევების გაძლიერებისა და მისი დიდი წარმატებების ფონზე, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ დამორჩილება ირანისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. თანაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საომარი მოქმედებები შაბურსა და რომს შორის ძირითადად მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში, კერძოდ, მცირე არმენიაში, უშუალოდ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ მეზობლად მიმდინარეობდა. ამიტომ, ძნელია ვიფიქროთ, რომ იგი მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ არ შეეხო.131 ამასთან, როგორც ჩანს, მისმა „მეფემ“, რომის ერთგულმა მოკავშირემ, დაკარგა თავისი ძალაუფლება და მაკრონ-ჰენიოხების გაერთიანება დაპყრობილი და უშუალოდ დაქვემდებარებული იქნა ირანის შაჰისადმი. ასეთი დასკვნის საშუალებას, ჩვენი აზრით, გვაძლევს შემდეგი გარემოება: იმავე წარწერის მეორე ნაწილში, ჩამოთვლილია სასანიდური ირანის უმაღლესი სახელმწიფო მო-ხელეები, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფიან: 1) ისინი, ვინც ძალაუფლება მიიღო არდაშირის მამის – პაპაკისაგან; 2) ვინც ძალაუფლება მიიღო არდაშირ I-ის დროს და, ბოლოს, 3) დიდმოხელეები, რომლებმაც ძალაუფლება მიიღეს თვითონ შაბურისაგან. ამ უკანასკნელთა შორის, ადიაბენის, ქირმანის მეფეებსა და Nešān dastkirt Šāpōr-ის დედოფალ დენაკეს შემდეგ იხსენიება „ამაზასპი, მეფე იბერიისა“. ამაზასპის შემდეგ აქ დასახელებულნი არიან უფლისწულები, ირანის უძველესი და უძლიერესი საგვარეულოების – სურენებისა და კარენების წარმომადგენლები, პიტიახშები და ხაზარაპეტები, სატრაპები და სამეფოს სხვა დიდმოხელეები. ყველა მათთვის, მათ შორის იბერიის მეფე ამაზისპისათვის, შაბური გარკვეულ მსხვერპლშეწირვას აწესებს.132 გამომდინარე იქედან, რომ იბერიის მეფეს სასანიანთა კარის იერარქიაში მაღალი ადგილი უჭირავს, გ. მელიქიშვილის აზრით, ამაზასპის სახით საქმე გვაქვს არა იარაღის ძალით დამორჩილებულ მმართველთან, არამედ ირანის შაჰის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოკავშირესთან.133 ვ. ლუკონინის აზრითაც, რამდენადაც იბერიას, ადიაბენას და ქირმანს მართავდნენ ადგილობრივი დინასტები, ისინი უფრო ირანის მოკავშირე ქვეყნები იყვნენ და შედიოდნენ ირანთან კონფედერაციაში.134
ამდენად, ადიაბენის, ქირმანისა და მეზობელი იბერიისაგან განსხვავებით, რომლებიც ნებით თუ ძალდატანებით იყვნენ შესული ირანის მოკავშირეთა სიაში135 და მათ მართავდნენ ადგილობრივი დინასტები, „ზოროასტრის ქააბის“ წარწერაში იმ მეფეთა, ან უფრო დაბალი რანგის მოხელეთა, თუნდაც პიტიახშთა და სატრაპთა ჩამონათვალში, რომლებმაც ძალაუფლება მიიღეს შაბურისაგან, მაკრონ-ჰენიოხთა „მეფის“ მოუხსენებლობა, ჩვენი აზრით, იმის მაჩვენებელია, რომ იგი დაპყრობილი იყო ირანის მიერ, და თუ იბერიის დამოკიდებულება ირანზე საკმაოდ ფორმალური ხასიათისა იყო,136 მაკრონ-ჰენიოხთა პოლიტიკური გაერთიანება უშუალოდ ირანის შაჰს ემორჩილებოდა.
ამრიგად, შაბურ I-ის (242-272) მმართველობის დროს მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“ ირანის ქვეშევრდომობაში მოქცეულა. კონკრეტულად როდის უნდა მომხდარიყო მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების დამორჩილება შაბურის მიერ? რამდენადაც ამიერკავკასიის ქვეყნებიდან სპარსეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არმენიას ჰქონდა და თანაც ეს უკანასკნელი უშუალოდ ემიჯნებოდა მის ტერიტორიას, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ დაპყრობას შაბურ I მხოლოდ არმენიის დამორჩილების შემდეგ შეძლებდა.
როგორც ცნობილია, შაბურ I-მა რამდენჯერმე ილაშქრა რომაელებზე და დიდ გამარჯვებებსაც მიაღწია. ჯერ კიდევ მამამისის, არდაშირის მეფობის დროს, 237 წ. შაბური მეთაურობდა ირანის არმიას, რომელიც წარმატებულ ომს ეწეოდა რომაელთა წინააღმდეგ და მან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა სტრატეგოსმა.137 მაგრამ, ამ დროს სამხედრო მოქმედებებს ირანის დასავლეთ საზღვარზე რეგულარული ხასიათი არ ჰქონდა და ძირითადად მესოპოტამიის, სირიისა და სომხეთის მნიშვნელოვან ქალაქებზე მოულოდნელი თავდასხმებით შემოიფარგლებოდა. ამდენად, არდაშირის მეფობის ბოლოსათვის ირანელებს დასავლეთის საზღვარზე ჯერ კიდევ არ ჰქონდათ რაიმე მტკიცე ტერიტორიული მონაპოვარი და არმენიაშიც ამ დროისათვის სასანიდებს რეალური ძალა არ გააჩნდათ.138 შაბურის ტახტზე ასვლის შემდეგ ირანელთა შეტევები რომის აღმოსავლეთ საზღვარზე გაძლიერდა. როგორც უკვე აღინიშნა, 242-244 წწ. საომარი მოქმედებების დროს, რომელიც თავდაპირველად რომაელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მესოპოტამიაში, ქ. მესიხასთან მომხდარ ბრძოლაში, დაიღუპა იმპერატორი გორდიანე III (238-244). ახალმა იმპერატორმა ფილიპე არაბმა (244-249) სასწრაფოდ დადო ზავი ირანელებთან, მათ დიდი კონტრიბუცია გადაუხადა და დაუთმო მესოპოტამია და არმენია. მაგრამ ზავის ასეთმა დამამცირებელმა პირობებმა ისეთი აღშფოთება გამოიწვია რომის მმართველ წრეებში, რომ ფილიპე არაბმა ზავის პირობები არ შეასრულა და მესოპოტამიასა და არმენიაში გარნიზონები დატოვა.139 ასე რომ, 244 წ. ზავის პირობების მიუხედავად, არმენია რეალურად არ გადასულა სპარსელების ხელში და შაბურ I-მა მისი დაპყრობა მოგვიანებით, მხოლოდ 252 თუ 253 წწ. შეძლო.140 არმენიის დაპყრობის შემდეგ, როგორც აღწერილია შაბურ I-ის წარწერაში, სპარსელები შეიჭრნენ სირიაში. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ევფრატის შუა წელზე მდებარე ციხესიმაგრე ბარბალისასთან, სადაც რომაელები სასტიკად დამარცხდნენ.141 ბარბალისასთან ბრძოლას მკვლევარები 254 ან 255 წლით ათარიღებენ.142 ბარბალისასთან გამარჯვების შემდეგ სპარსელებმა სასტიკად ააოხრეს სირია, ხოლო შემდეგ შეიჭრნენ კილიკიაში, კაპადოკიასა და მცირე არმენიაში. სპარსელებმა აიღეს 37 ქალაქი და ციხესიმაგრე – სელევკია, ანტიოქია, დურა-ევროპოსი, კაპადოკიის მთელი რიგი ქალაქები.143 „ზოროასტრის ქააბის“ წარწერაში, შაბურ I-ის მიერ აღებული და დანგრეული ქალაქების ჩამონათვალში, იხსენიება მცირე არმენიის ქალაქებიც, მათ შორის სატალა.144 აღმოსავლეთის საზღვრების გადასარჩენად გაემართა თვით იმპერატორი ვალერიანე (253-260), რომელმაც მოახერხა სირიიდან სპარსელების გაძევება, მაგრამ ამ ომის ბოლო ეტაპი რომაელთათვის კატასტროფული აღმოჩნდა. 260 წ. ედესასთან მომხდარ ბრძოლაში რომაელები სასტიკად დამარცხდნენ, ხოლო თვითონ იმპერატორი ტყვედ ჩავარდა.145
როგორც ვნახეთ, 254 თუ 255 წ. ბარბალისასთან ბრძოლის შემდეგ სპარსელებმა დალაშქრეს კაპადოკია და მცირე არმენია, კერძოდ ქალაქი სატალაც, რომელიც უშუალოდ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ მეზობლად მდებარეობდა. ასე რომ, ამ ხანგრძლივი ომის მსვლელობისას, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ დამორჩილებისათვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია შაბურს სწორედ ამ დროს შეექმნა.146 ამასთან, ნაკშ-ი რუსტამის ერთ-ერთი რელიეფის ანალიზით ვ. ლუკონინმა გაარკვია, რომ 256 წ. ირანსა და რომს შორის დაიდო დროებითი ზავი. რამდენადაც სხვა წყაროებში ამ ზავის შესახებ ცნობები შენახული არ არის, მისი პირობები ჩვენთვის უცნობია.147 მაგრამ, როგორც ნ. ლომოური აღნიშნავს, ბარბალისასთან გადამწყვეტი მარცხის და შაბურის სირიაში, კილიკიაში, კაპადოკიასა და მცირე არმენიაში ძლევამოსილი რეიდის შემდეგ, რომს უნდა ეცნო ირანის დაპყრობათა დიდი ნაწილი. უნდა ვიფიქროთ, რომ 256 წ. რომი იძულებული იყო ეცნო არმენიის გადასვლა ირანელთა ქვეშევრდომობაში და სწორედ ამ დროს უნდა მომხდარიყო ირანის დამკვიდრება მახელონიაშიც.148
ამრიგად, 255-256 წლებისათვის, ე.ი. იმავე ხანებში, როდესაც ცენტრალური და ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის სანაპირო ქალაქებს თავს დაატყდა გერმანელ ბარბაროსთა ძლიერი თავდასხმები, კოლხეთის სამხრეთი ნაწილი და იქ არსებული მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ ირანის ქვეშევრდომობაში მოექცა. ჩვენ არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოში“ მისი ირანის მფლობელობაში მოქცევის შემდეგ. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა ბედი ეწია მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ ტერიტორიაზე არსებულ რომაულ ციხესიმაგრე აფსაროსს, სადაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, დისლოცირებული იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველაზე ძლიერი რომაული გარნიზონი. ჩვენ არ ვიცით, ჩაენაცვლა თუ არა აფსაროსის რომაულ გარნიზონს სპარსელთა სამხედრო ქვედანაყოფები შაბურის მიერ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ დაპყრობის შემდეგ, თუ იგი კვლავ რომაელთა მფლობელობაში დარჩა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს მოსაზრება, რომ გოთების თავდასხმის შედეგად დანგრეულა აფსაროსიც,149 ყოველ შემთხვევაში, აფსაროსის III ს. მეორე ნახევრის კულტურულ ფენებს აშკარად ეტყობა ნგრევის კვალი. გოთების თავდასხმების დროისათვის კი მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“ უკვე ირანელთა ქვეშევრდომობაში იყო მოქცეული, ამიტომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, თუ ვის ხელში იყო აფსაროსი გოთების შემოსევის დროს. თუმცა, წერილობით წყაროებში არავითარი მინიშნება არ არის ამის შესახებ და გადაჭრით რაიმეს თქმა ძალზე ძნელია, მაგრამ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდისათვის აფსაროსი სპარსელთა ხელშიც რომ ყოფილიყო, ამ ფაქტს ხელი არ უნდა შეეშალა გოთებისათვის, მოეხდინათ მასზე თავდასხმა. ყოველ შემთხვევაში, ამ მოვლენების შესახებ არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია და დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები არ იძლევა კონკრეტულად რაიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას.
როგორც ჩანს, მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების ტერიტორია ირანის მფლობელობაში დიდხანს არ დარჩენილა. შაბურ I-ის (242-272 წწ.) გარდაცვალების შემდეგ, ირანის სამეფო კარზე დაწყებული გართულებების გამო,150 ირანსა და რომს შორის ბრძოლა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიმდინარეობდა. III ს. 80-იანი წლების დასაწყისში სპარსელებმა არმენიაზეც კი დაკარგეს კონტროლი. მკვლევართა აზრით, ამ დროისათვის, თუ უფრო ადრე არა, ირანი დაკარგავდა მისგან უფრო დაშორებულ მახელონიას.151 როგორც ცნობილია, იმპერატორმა კარუსმა (282-283 წწ.) წარმატებით ილაშქრა ირანში. რომაელებმა დაიპყრეს მესოპოტამია, აიღეს სელევკია და ქტეზიფონი. კარუსმა გადალახა ტიგროსი და ტრაიანეს მსგავსად აპირებდა ირანის შუაგულში შეჭრას, მაგრამ იგი მოულოდნელად დაიღუპა. 283 წ. ზავით კი ირანმა დაკარგა არმენია,152 ხოლო 298 წ. დადებული ნიზიბინის ზავის თანახმად, ირანმა რომის მფლობელობაში ცნო არმენია, მესოპოტამიის ნაწილი და ტიგროსის ზემო წელზე მდებარე ხუთი ოლქი.153 ნიზიბინის ზავმა დააწესა რომაელთათვის ხელსაყრელი, სტრატეგიულად მომგებიანი საზღვრები იმპერიასა და ირანს შორის და საგრძნობლად განამტკიცა რომის აღმოსავლეთის საზღვარი. ცხადია, რომ ასეთ პირობებში ირანი ვერ შეძლებდა მცირე აზიასა და სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიაში თავისი სამფლობელოების შენარჩუნებას. როგორც მიიჩნევენ მკვლევარები, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ დროს, III ს. 80-90-იან წლებში, რომმა დაიბრუნა მახელონიაც.154
ამდენად, აღმოსავლეთში იმპერიის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სომხეთის რომის გავლენის სფეროში დაბრუნების შემდეგ, ირანს კონტროლი უნდა დაეკარგა მახელონიაზეც. თუმცა, ჩვენი აზრით, გამორიცხული არ არის, რომ მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე თავისი გავლენა რომს უფრო ადრეც, III ს. 70-იან წლებშიც აღედგინა. ასეთი ვარაუდის საფუძველს, ჩვენი აზრით, გვაძლევს 275 წ. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და მცირე აზიაში განვითარებული მოვლენები.
როგორც ცნობილია, იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270) მმართველობის დროიდან თანდათანობით იწყება იმპერიის მთლიანობისა და სამხედრო ძლიერების აღდგენა.155 269 წ. მეზიაში, ნაისასთან ბრძოლაში კლავდიუსმა სასტიკად დაამარცხა გოთები,156 ხოლო მისმა მემკვიდრემ ავრელიანემ (270-275) თავისი ხუთწლიანი მმართველობისას არა მარტო უკუაგდო ბარბაროსთა მძლავრი თავდასხმები, არამედ მოახერხა განდგომილი პროვინციების დამორჩილება და იმპერიის მთლიანობის აღდგენა.157 გალიისა და ესპანეთის დამორჩილებისა და დასავლეთში რომაელთა ბატონობის აღდგენის შემდეგ, ავრელიანემ აღმოსავლეთისაკენ გადაინაცვლა. 272 წ. რომაელებმა ზენობიას ჯარები მცირე აზიიდან და სირიიდან გააძევეს და პალმირა დაიპყრეს.158 მალე ავრელიანემ დაიმორჩილა ეგვიპტეც.159 მცირე აზია, სირია და ეგვიპტე კვლავ რომის პროვინციები გახდა. 274 წლისათვის იმპერიის პოლიტიკური ერთიანობა აღდგენილ იქნა.160 275 წ. ავრელიანემ აღმოსავლეთში, სასანიდთა წინააღმდეგ დიდი ლაშქრობა დაიწყო, მაგრამ საომრად მიმავალი იმპერატორი გზაში შეთქმულებმა მოკლეს.161 მართალია, III ს. 70-იანი წწ. დასაწყისში ავრელიანემ სასტიკად დაამარცხა გოთები დუნაისპირეთში და იმპერიას დროებით ააცილა გოთების შემოჭრის საფრთხე, მაგრამ 275 წ. შემოდგომაზე, როგორც კი გავრცელდა ხმა ავრელიანეს მოკვლის შესახებ, აზოვის ზღვიდან მოეწყო კიდევ ერთი, მკვლევართა აზრით, ალბათ უკვე უკანასკნელი დიდი ექსპედიცია მცირე აზიაში.162 ბარბაროსები (ძირითადად ჰერულები და ოსტგოთები)163 შეიკრიბნენ და მცირე აზიაში გადმოვიდნენ იმ საბაბით, თითქოს ისინი ავრელიანეს მიერ მოხმობილი იყვნენ სპარსელთა წინააღმდეგ საბრძოლველად.164 ზოსიმეს ცნობით, გოთები ფასისის შესართავთან გადმოვიდნენ და აქედან შავი ზღვის სანაპიროს გავლით შეესივნენ გალატიასა და კილიკიას.165 გოთების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა იმპერატორი ტაციტუსი (275-276), რომელმაც დაამარცხა ბარბაროსები და მათი ერთი ნაწილი ამოხოცა. თუმცა, შემდეგ მათ წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და გოთების საბოლოო დამარცხება თავის ძმას ფლორიანუსს დაავალა, თვითონ კი ევროპაში გაემგზავრა, მაგრამ გზაში შეთქმულების მსხვერპლი გახდა.166 ტაციტუსის სიკვდილის შემდეგ (276 წ.) იმპერატორი გახდა ფლორიანუსი, რომელმაც განაგრძო წარმატებული ბრძოლა გოთებთან, მაგრამ გახელმწიფებიდან სულ რაღაც ერთი თუ ორი თვის თავზე, მის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო პრობუსმა, რომელმაც თავი იმპერატორად გამოაცხადა, ფლორიანუსი კი საკუთარმა ჯარისკაცებმა მოკლეს.167 ამ არეულობით ისარგებლეს გოთებმა და მათმა დარჩენილმა რაზმებმა 276 წ. შემოდგომაზე მოახერხეს ჩრდილოეთში გაბრუნება.168
275-276 წწ. მცირე აზიაში განვითარებული მოვლენები და გოთების ეს ლაშქრობა ჩვენთვის მრავალმხრივ არის საყურადღებო. ჯერ ერთი, საინტერესოა ის გარემოება, რომ შავ ზღვაში შემოსული გოთები მდ. ფასისთან გადმომსხდარან, მაგრამ ზოსიმე არაფერს ამბობს ფასისის აღების შესახებ და, როგორც ზემოთ ვნახეთ, აღნიშნავს, რომ აქედან გოთები სანაპიროს გავ-ლით გადავიდნენ პონტოში, ხოლო შემდეგ შეესივნენ გალატიას და კილიკიას.169 აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც ფასისთან გადმოსულ გოთებს თვით ამ ადგილებში არაფერი მოუმოქმედი-ათ და სამხრეთისაკენ, მცირე აზიაში წასულან. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს გ. მელიქიშვილის ზემოთ მოტანილ მოსაზრებას, რომ ფასისიდან გოთების უკუქცევა (257 წ. კამპანიის დროს) ლაზთა სამეფოს ძლიერების ზრდის მაჩვენებელია. საფიქრებელია, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთ რეალურ ძალას კავკასიასა და მცირე აზიაში, რომელსაც შეეძლო ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა გოთებისათვის, აღმავლობის გზაზე მდგარი ლაზეთის სამეფო წარმოადგენდა.170
275 წ. ბარბაროსთა ლაშქრობასა და მათი ექსპედიციის მარშრუტში, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფასისიდან გოთები შავი ზღვის სანაპიროს გავლით გაემართნენ პონტოსაკენ. ასეთ შემთხვევაში, მათ აუცილებლად უნდა გაევლოთ მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების მიწა-წყალი, სხვანაირად ისინი პონტოში ვერ მოხვდებოდნენ. ფასისიდან წამოსულ, სამხრეთისაკენ მოძრავ გოთებს, ყველა შემთხვევაში უნდა გაევლოთ ზღვისპირეთის ის ნაწილი, რომელიც შედიოდა მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების შემადგენლობაში და აქ არსებული ციხესიმაგრე აფსაროსი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 255-256 წლიდან მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“ სპარსეთის დაქვემდებარებაში იყო მოქცეული. წყაროებში არავითარი ცნობა არ არის იმის შესახებ, თუ ვის ხელში იყო აფსაროსი შაბურის მიერ მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ და გადავიდა თუ არა იგი სპარსელთა ხელში. მაგრამ, სპარსელთა ყოფნა აფსაროსში არაფრით არ დასტურდება და ძნელი სავარაუდოცაა.
უფრო საფიქრებელია, რომ ირანელთა მიერ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ დაპყრობის მიუხედავად, აფსაროსი, სადაც დისლოცირებული იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი რომაული გარნიზონი, მაინც რომაელთა მფლობელობაში დარჩა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს მოსაზრება, რომ გოთების შემოსევის შედეგად აფსაროსი დანგრეულა. ამ ფაქტს ადგილი ხომ არ ჰქონდა სწორედ ამ დროს, 275 წელს?
ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ ციხესიმაგრეთა სისტემის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ერთგვარი კონტროლის დაწესება და ამ მხრიდან, „მეოტიდა-კოლხეთის“ გზით მცირე აზიის რომაულ სამფლობელოებში ბარბაროსთა მოუ-ლოდნელი შემოჭრის აღკვეთა.171 კავკასიაზე სტრატეგიული მეთვალყურეობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი მდებარეობა აფსაროსის ციხესიმაგრეს ჰქონდა, ამიტომ სწორედ იქ იყო თავმოყრილი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ძალები, რომლებსაც კონტროლი უნდა გაეწიათ რეგიონისათვის.172 გარდა ამისა, აფსაროსში მრავალრიცხოვანი რომაული გარნიზონის განლაგება განპირობებული იყო მდ. აკამფსისის (ჭოროხი) ძალზე მნიშვნელოვანი ხეობის სიახლოვითაც, რომელიც შორს, რომაული სამფლობელოების შიდა რაიონებისაკენ მიემართებოდა.173 ჭოროხის შესართავთან მდებარე აფსაროსის რომაული ციხესიმაგრე კოლხეთის დაბლობიდან აღმოსავლეთ მცირე აზიის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების საკვანძო გზაჯვარედინს წარმოადგენდა იქ დისლოცირებული ჯარები ერთდროულად კეტავდნენ სანაპირო ზოლს და სხვა კასტელუმებთან ერთად, ზღვასაც აკონტროლებდნენ.174 ამდენად, აფსაროსის ძირითად დანიშნულებას სწორედ ჩრდილოეთის მომთაბარეთა შეკავება და მცირე აზიის რომაულ პროვინციებზე მათი შემოსევის თავიდან აცილება წარმოადგენდა.175
ამრიგად, 275 წ. ფასისთან გადმომსხდარ და მცირე აზიაში სალაშქროდ მიმავალ ბარბაროსებს წინ უნდა აღდგომოდა რომაული ციხესიმაგრე აფსაროსი, რომელმაც შესაძლოა წინააღმდეგობა გაუწია გოთებს და ამ თავდასხმის დროს დაინგრა კიდეც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია და სრულიადაც არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ აფსაროსის რომაულ გარნიზონს არც შეესრულებინა თავისი პირდაპირი ფუნქცია, არ გადაეკეტა გზა მცირე აზიისაკენ მიმავალი გოთებისათვის და მათაც მშვიდობიანად აევლოთ გვერდი აფსაროსის ციხესიმაგრისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების ტერიტორია რაღაცნაირად მაინც იყო ჩართული იმ კოლიზიებში, რომელიც განვითარდა აღმოსავლეთში გოთების ამ ლაშქრობის დროს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გოთების წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში იმპერატორი ტაციტუსი ჩაუდგა, რომელმაც დაამარცხა ბარბაროსების ერთი ნაწილი, მათი საბოლოო განადგურება თავის ძმას ფლორიანუსს დაავალა, თვითონ კი ევროპისაკენ გაემართა, მაგრამ გზაში დაიღუპა.176 ტაციტუსის დაღუპვის გარემოებები ზუსტად არ არის ცნობილი და წყაროები მისი გარდაცვა-ლების მიზეზებსა და ადგილს სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ. მაგ., ევტროპიუსისა და ავრელიუს ვიქტორის ცნობით, ტაციტუსი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა,177 ხოლო ზოსიმესა და ზონარას მიხედვით, იგი ჯარისკაცებმა მოკლეს.178 ფლავიუს ვოპისკუსი კი, ტაციტუსის გარდაცვალების მიზეზს არ აკონკრეტებს და მიუთითებს, რომ „იგი დაიღუპა მმართველობის მეექვსე თვეს, ერთნი ამბობენ ჯარისკაცების მუხანათობის შედეგად, ხოლო სხვები ავადმყოფობის გამო“.179 წყაროებში სხვადასხვა ვერსია არსებობს იმის შესახებაც, თუ სად დაიღუპა ტაციტუსი. წყაროთა ნაწილი ტაციტუსის დაღუპვის ადგილად მიიჩნევს კაპადოკიის ქალაქ ტიანას,180 ნაწილი კი – ჭანეთს. იოანე მალალას (491-578 წწ.) ცნობით, „იმავე ტაკიტეს მეფობის დროს მოხდა ომი პონტოში და თვით მეფე გაემართა იქ საომრად, და ის მოკლულ იქმნა პონტოს ერთ ქვეყანაში, ჭანიკეში; ის იყო 75 წლისა“.181 ანალოგიური ცნობა V ს. სომეხ ავტორთან მოვსეს ხორენაცთანაც არის დაცული: „ტაციტუსი თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანეთში, ე.ი. ხალდეთში“.182 ამ ცნობის კონტექსტში საინტერესოა ერთი გარემოებაც. ხორენაცი არაფერს ამბობს ტაციტუსის გოთებთან ბრძოლაზე. მისი ცნობით, იმპერატორი პონტოში სპარსელებს ებრძვის: „ტაციტუსი იძულებული გახდა გაელაშქრა არტაშირის წინააღმდეგ პონტოს მხარეებში... არტაშირმა შეუტია ტაციტუსს და ააოტა იგი“.183 ხორენაცი სწორედ ამის შემდეგ საუბრობს ტაციტუსის სიკვდილზე. რამდენად შეეფერება სინამდვილეს ხორენაცის ეს მონათხრობი, საიდანა აქვთ აღებული იოანე მალალასა და მოვსეს ხორენაცს ცნობა ტაციტუსის ჭანეთში მოკვლის შესახებ და აქვს თუ არა ამ ცნობას რაიმე რეალური საფუძველი და ისტორიული გამართლება?
საერთოდ, ხორენაცის „სომხეთის ისტორია“ არც თუ ისე სანდო წყაროდაა მიჩნეული და ცხადია, მისი გამოყენებისას სათანადო სიფრთხილეა საჭირო. მოვსეს ხორენაცის ცნობები ხშირად ტენდენციურია, იგი ყოველთვის არ იყენებს პირველწყაროებს, მის თხზულებაში ისტორიულ ფაქტებთან, არც თუ ისე იშვიათად, შერწყმულია ლეგენდები და მითები.184 როგორც ალ. აბდალაძე აღნიშნავს, ხორენაცის თითქმის ყველა ცნობა საქართველოს შესახებ, ტენდენციურია, ზოგიერთი ამ ცნობათაგან, მეტისმეტად ბუნდოვანიცაა. საზოგადოდ ხორენაცისეულ მასალებში ერთმანეთთან შერწყმულია სულ სხვადასხვა წარმოშობის მონაცემები და ავტორისეული შეხედულებები. ამდენად, ძალიან ჭირს იმ ჭეშმარიტების მარცვლების ამოკრება, რომლებიც ხორენაცის „ისტორიაში“ უთუოდ მოიპოვება.185 თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხორენაცის ცნობების გამოყენება შეუძლებელია. „სომხეთის ისტორია“ შედგენილია ანტიკურ ავტორთა მონაცემების საფუძველზე, მასში ფართოდ არის გამოყენებული სხვადასხვა წყაროები და მრავალ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს.186 რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას, თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ „სომხეთის ისტორიის“ ამ ქვეთავში (II, 76) ხორენაცი ფართოდ იყენებს სხვადასხვა ავტორთა ცნობებს და თითქმის ზუსტად გადმოგვცემს რომის პოლიტიკურ ვითარებას ამ პერიოდში. ჩვენთვის საინტერესო ცნობის გაანალიზებისათვის მოვიყვანთ ვრცელ ფრაგმენტს აღნიშნული თხზულებიდან: „იგივე ფირმილიანოსი [კაპადოკიის კესარიის ეპისკოპოსი, ორიგენეს მოწა-ფე, ცხოვრობდა ახ.წ. III ს. ბოლოსა და IV ს. დასაწყისში.] აღნიშნავს, რომ ხოსროვის მკვლელობის შემდეგ სომეხმა ნახარარებმა გადაწყვიტეს მოეშველიებინათ ფრიგიაში მყოფი ბერძენთა ჯარი... და წინააღმდეგობა გაეწიათ სპარსელთათვის. ამის შესახებ მათ დაუყოვნებლივ აუწყეს ვალერიანოს კეისარს (იმპერატორ ვალერიანეს – კ.ფ.), მაგრამ რადგან [მტრის] რაზმებმა გადმოლახეს მდინარე დუნაი და ტყვედ წაასხეს მრავალი კუთხის მცხოვრებნი, დაარბიეს კიკლადის კუნძულები და ამასთანავე ვალერიანოსსაც დიდხანს აღარ უცოცხლია, ამიტომ მან ვერ მოახერხა გადაგვფარებოდა ჩვენ. ვალერიანოსის შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა კლავდიოსმა, მერმე, სულ მალე, ავრელიანოსმა. მომდევნო თვეებში გამეფდნენ ძმები კიუნტოსი (იგულისხმება რომის იმპერატორი კვინტილიუსი (270 წ.) – კ.ფ.), ტაციტუსი და ფლორიანუსი. ყოველივე ამის შემდეგ არტაშირი გაკადნიერდა და თავს დაგვესხა; აოტა ბერძენთა ჯარი და ააოხრა ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი, დაატყვევა მოსახლეობა. სომეხი ნახარარები, არშაკუნებთან ერთად, ხელიდან გაუსხლტნენ მას და თავი შეაფარეს საბერძნეთს. ერთ-ერთმა მათგანმა არტავაზდ მანდაკუნიმ წაიყვანა ხოსროვის ვაჟი, თრდატი და კეისრის კარს მიაშურა. ტაციტუსი იძულებული გახდა გაელაშქრა არტაშირის წინააღმდეგ პონტოს მხარეებში; ამავე დროს თავისი ძმა ფლორიანოსი მან კილიკიაში გაგზავნა სხვა რაზმით. არტაშირმა შეუტია ტაციტუსს და აოტა იგი. ტაციტუსი თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანეთში, ე.ი. ხალდეთში. ოთხმოცდარვა დღის შემდეგ მისი ძმა ფლორიანოსიც [დაიღუპა] ტარსონში“.187
ამგვარად, მოვსეს ხორენაცის მიხედვით, სომხეთის მეფის ხოსროს მოკვლის შემდეგ ირანელები სომხეთში შეიჭრნენ და დაიპყრეს იგი. სომეხმა ნახარარებმა, ხოსროს ვაჟთან თრდატთან ერთად, თავი შეაფარეს „საბერძნეთს“, ე.ი. რომს. სპარსელთა წინააღმდეგ გაილაშქრა იმპერატორმა ტაციტუსმა, მაგრამ იგი დამარცხდა და სომხეთი ირანის ძალაუფლების ქვეშ დარჩა. ამის შემდეგ კი, მოვსეს ხორენაცი მოგვითხრობს, რომ ახალმა იმპერატორმა პრობუსმა ზავი დადო არტაშირთან, „მათ გაიყვეს ჩვენი ქვეყანა და გაიყვანეს სასაზღვრო თხრილები“.188
პირველი შეხედვისთანავე აშკარაა, რომ ხორენაცის ამ მონათხრობში დარღვეულია ისტორიული პერსპექტივა. ჯერ ერთი, შაჰი არდაშირი, ხორენაცის თხზულების ამ ფრაგმენტში იმპერატორების – ვალერიანეს, კლავდიუს II, ავრელიანეს, ტაციტუსის და პრობუსის თანამედროვეა, საერთოდ კი, „სომხეთის ისტორიის“ მიხედვით, არდაშირს ამ იმპერატორების გარდა, ურთიერთობა ჰქონია ფილიპე არაბთან, დეციუსთან, გალუსთან, კარუსთან, მის დროსვე იღუპება ნუმერიანე და ტახტზე ადის დიოკლეტიანე.189 გარდა ამისა, ხორენაცს ირანელთა მიერ სომხეთის დაპყრობა და ხოსროს ვაჟის, თრდატის კეისრის კარზე წასვლა გადატანილი აქვს ტაციტუსის ხანაში. რეალურად კი, აღნიშნულ მოვლენას ადგილი ჰქონდა იმპერატორ ვალერიანეს დროს. სომხეთის მეფის ხოსროს მოკვლის შემდეგ, 252 ან 253 წელს, როგორც ზემოთ ვნახეთ, შაბური შეიჭრა არმენიაში, გააძევა იქიდან რომაული ჯარები და მოახდინა სომხეთის ანექსია.190 ხოსროს ვაჟი თრდატი სომხეთიდან გაიქცა და თავი რომს შეაფარა.191 ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კი ხორენაცი არაფერს ამბობს. როგორც ცნობილია, ირანელთა მიერ სომხეთის ანექსიის შემდეგ, რადგან თრდატმა და სომეხმა ნახარარებმა კეისრის კარს მიაშურეს, რომი არ კარგავდა სომხეთში თავისი პოზიციების აღდგენის შესაძლებლობას და ყოველნაირად ცდილობდა იქ თრდატის გამეფებას, რასაც საპასუხოდ მოჰყვა ირანელთა ახალი თავდასხმა რომაულ სამფლობელოებზე და ჩვენს მიერ ზემოთ განხილული დიდი ომი რომსა და სპარსეთს შორის, ირანელთა ძლევამოსილი ლაშქრობა სირიაში, ბარბალისასთან რომაელთა მარცხი და შაბურის შეჭრა კილიკიაში, კაპადოკიასა და მცირე არმენიაში. ხორენაცი კი, როგორც აღვნიშნეთ, არაფერს ამბობს ამ ომის შესახებ და პირდაპირ გადადის იმპერატორ ტაციტუსის სპარსელთა წინააღმდეგ ლაშქრობაზე.
ამგვარად, ხორენაცის ამ მონათხრობში რამდენადმე დარღვეულია ისტორიული პერსპექტივა. საერთოდ, ხორენაცის თხზულებაში, როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, რომისა და სპარსეთის ისტორიის ურთიერთშეჯერებისას აშკარად თვალშისაცემია დიდი ანაქრონიზმი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხორენაცთან რომში მომხდარი მოვლენები, როგორც წესი, სამი-ოთხი ათეული წლით წინ უსწრებს სპარსულს. მაგ., დიოკლეტიანე ტახტზე ადის არდაშირის (226-241 წწ.) მმართველობის ბოლოს და ა.შ.192 როგორც ჩანს, ჩვენს კონკრეტულ ეპიზოდშიც ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აქ დარღვეულია მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიური ხაზი, ტაციტუსის დროისათვის არდაშირი უკვე აღარ იყო ირანის შაჰი193 და მისი სახელით რეალურად ირანის შემდგომი მეფეები ფიგურირებენ,194 ერთი რამ ცხადია – ხორენაცი საკმაოდ ზუსტად გადმოგვცემს რომის პოლიტიკურ მდგომარეობას, დასავლეთის საზღვარზე „ბარბაროსთა“ ზეწოლის გაძლიერებას, გოთების მიერ მდ. დუნაის გადალახვას, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია აღმოსავლეთში ირანელთა გააქტიურება და „არტაშირის გაკადნიერება“. აღსანიშნავია ისიც, რომ ხორენაცი სწორად გადმოგვცემს რომის მმართველთა თანმიმდევრობას ამ რთულ, იმპერატორთა ხშირი ცვლის ეპოქაში და ზუსტად იცავს მათ ქრონოლოგიას.* ამასთან, იგი სწორად ასახავს ფლორიანუსის ხანმოკლე იმპერატორობას, ტაციტუსის მიერ მის გაგზავნას კილიკიაში და მისი დაღუპვის ადგილს.195 ხორენაცმა ისიც იცის, რომ ფლორიანუსის შემდეგ იმპერატორმა პრობუსმა ზავი დადო სპარსელებთან.196 ყველა ეს ცნობა ემთხვევა რომაელ ავტორთა მონაცემებს. ამდენად, მოვსეს ხორენაცი ისე ზუსტად გადმოგვცემს რომის იმპერატორთა თანმიმდევრობასა და რომის პოლი-ტიკურ ვითარებას ამ პერიოდში, რომ მისი წყაროების სანდოობაში ეჭვის შეტანა ძნელია. ხორენაცის წყაროს კი, „სომხეთის ისტორიის“ ამ ნაწილში, როგორც თვითონ აღნიშნავს, წარმოადგენს კაპადოკიის კესარიის ეპისკოპოსის – ფირმილიანოსის თხზულება, რომელშიც აღწერილი ყოფილა სომხეთში მომხდარი ამბები ხოსროს სიკვდილის შემდეგ თრდატის გამეფებამდე.197 ამასთან, როგორც ხორენაცი აღნიშნავს, „ამბებს დაუდევრად, უგულისყუროდ კი არ ვჩმახავთ და როგორც მოგვეპრიანება ისე კი არ ვურთავთ შიგ მცდარ ცნობებს, არამედ ბერძნების სიძველთსაცავთა მატიანეების მიხედვით ვწერთ“.198 ხორენაცის ეს განცხადება კი საკმაოდ საფუძვლიანია. ყოველ შემთხვევაში, „სომხეთის ისტორიის“ ჩვენთვის საინტერესო ნაწილის განხილვისა და მისი სხვა ანტიკურ წყაროებთან შედარებისას, როგორც ვნახეთ, ხორენაცის ცნობები ძირითადად ემთხვევა რომაელ ავტორთა მონაცემებს და აშკარაა, რომ სომეხი ისტორიკოსის მონათხრობში ბევრი ისტორიული ფაქტი აისახა.
* თუმცა ხორენაცი იმპერატორთა ქრონოლოგიურ რიგში უშვებს ზოგიერთ შეცდომასაც. მისი ცნობით, კლავდიუსის მერე სამეფო ტახტი დაიკავა ავრელიანოსმა, „მომდევნო თვეებში გამეფდნენ ძმები კიუნტოსი (კვინტილიუსი – კ.ფ.), ტაციტუსი და ფლორიანოსი“. სინამდვილეში კი ავრელიანეს მმართველობა გრძელდებოდა 5 წელიწადს (270-275 წწ.). მისი ტახტზე ასვლის დროს თავი იმპერატორად გამოაცხადა კვინტილიუსმა, იგი სენატმაც კი ცნო, მაგრამ სულ მალე, იმპერატორად გამოცხადებიდან მეჩვიდმეტე დღეს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რაც შეეხება ტაციტუსსა და ფლორიანუსს, ისინი მოგვიანებით, შესაბამისად 275 და 276 წწ. ავიდნენ ტახტზე. გარდა ამისა, ძმები იყვნენ ტაციტუსი და ფლორიანუსი, ხოლო კვინტილიუსი იყო იმპერატორ კლავდიუს II-ის ძმა.
ამრიგად, მოვსეს ხორენაცი საკმაოდ ზუსტად გადმოგვცემს რომის პოლიტიკურ ვითარებას III ს. 50-70-იან წლებში და ამ ეპოქის იმპერატორთა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას. ხორენაცის თხრობა ძირითადად ემთხვევა სხვა წყაროთა მონაცემებს და იგი მათ მსგავსად აგვიწერს ძმების – ტაციტუსისა და ფლორიანუსის მოღვაწეობას, ტაციტუსის მიერ ფლორიანუსის კილიკიაში გაგზავნას, ფლორიანუსის დაღუპვას და მისი დაღუპვის ადგილს. ხორენაცმა ისიც იცის, რომ ახალმა იმპერატორმა პრობუსმა ზავი დადო სპარსელებთან. განსხვავება იმაშია, რომ ხორენაცი არაფერს ამბობს ტაციტუსის გოთების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ხორენაცის ცნობით, ტაციტუსი აღმოსავლეთში ებრძვის სპარსელებს და უკან მობრუნებული იღუპება არა კაპადოკიაში, როგორც ამას მიიჩნევენ სხვა წყაროები, არამედ ჭანეთში. ანალოგიური ცნობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაცულია VI ს. ავტორთან იოანე მალალასთანაც.
რამდენად შეეფერება სინამდვილეს აღნიშნული ცნობა და გააჩნია თუ არა მას რაიმე რეალური საფუძველი? ფაქტია, რომ ტაციტუსი მცირე აზიაში ებრძოდა გოთებს, ამდენად უკვე აქედან გამომდინარე, ხორენაცის ცნობის სისწორე თითქოს გამორიცხული უნდა იყოს. მაგრამ, არის რამდენიმე საყურადღებო გარემოება, რომელიც, ჩვენი აზრით, ხორენაცის ცნობის ცალსახად და გადაჭრით არასწორად მიჩნევის საშუალებას არ იძლევა. ჯერ ერთი, როგორც ვნახეთ, ხორენაცის ცნობები ამ პერიოდის შესახებ, ძირითადად სარწმუნოა. ამიტომ, ძნელი დასაშვებია, რომ ხორენაცის მონათხრობში, რომელიც საკმაოდ რეალურად ასახავს III ს. 70-იან წლებში შექმნილ მდგომარეობას, მაინცდამაინც ეს ეპიზოდი იყოს გამოგონილი და ხელოვნურად ჩართული, თანაც ისეთი ეპიზოდი, რომელსაც არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია სომხეთის ისტორიის თვალსაზრისით. ასე რომ, ხორენაცს, რომლისთვისაც უცხო არ არის თავისი ხალხის წარმატებების გაზვიადებით გადმოცემა და ისტორიული ფაქტების დამახინჯება, ამ შემთხვევაში სუბიექტურობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. ამდენად, ხორენაცის მიერ ტაციტუსის აღმოსავლეთში ლაშქრობის ფაქტის სპეციალურად დამახინჯება გამორიცხულია.
გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებით იმასაც, რომ საკუთრივ რომაული და შემდგომ უფრო გვიანდელი ბიზანტიური წყაროებიც განსხვავებით გადმოგვცემენ ტაციტუსის სიკვდილის გარემოებებს, მაშინ, ჩვენი აზრით, უფრო სარწმუნო უნდა იყოს მოვსეს ხორენაცის ცნობა, რადგანაც, როგორც ვნახეთ, იგი ეყრდნობა III ს. ბოლოსა და IV ს. დასაწყისში მოღვაწე ავტორის, ე.ი. ამ ამბების თანამედროვის, ფირმილიანოსის თხზულებას. ფირმილიანოსი, გარდა იმისა, რომ იყო ტაციტუსის თანამედროვე და მისი მცირე აზიაში ლაშქრობის მომსწრე, გახლდათ კაპადოკიის კესარიის ეპისკოპოსი. ამდენად, მას ნამდვილად უკეთ ეცოდინებოდა თუ სად დაიღუპა იმპერატორი ტაციტუსი – იქვე, კაპადოკიაში, კესარიის ახლოს მდებარე ქალაქ ტიანაში, თუ უფრო მოშორებით – ჭანეთში.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ხორენაცი არაფერს ამბობს ტაციტუსის გოთების წინააღმდეგ ბრძოლაზე და, მისი ცნობით, იმპერატორი „პონტოს მხარეებში“ ებრძვის სპარსელებს, შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: როგორც ცნობილია, ირანელთა მიერ სომხეთის ანექსიის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერატორებს დასავლეთის საზღვრებზე გართულებების გამო, არ შეეძლოთ აღმოსავლეთში აქტიური პოლიტიკის გატარება და არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ მასშტაბური სამხედრო ღონისძიებები გაეტარებინათ სომხეთში ირანელთა აგრესიის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, აქ ლოკალური ბრძოლები მაინც მიმდინარეობდა. როგორც მიიჩნევენ მკვლევარები, შაბურ I-ის მემკვიდრეების დროს, 297 წლამდე, სომხეთი ხანმოკლე შესვენებებით ან სპარსელთა ბატონობის ქვეშ იყო მოქცეული ან წარმოადგენდა განხეთქილების ობიექტსა და ცილობის საგანს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ორ უძლიერეს სახელმწიფოს შორის.199 ამდენად, ჩვენი აზრით, გამორიცხული არ არის, რომ იმპერატორ ტაციტუსის მმართველობისას აღმოსავლეთში, მცირე აზიაში რომაელებსა და გოთებს შორის მიმდინარე გრანდიოზული ომის დროს, ადგილი ჰქონოდა რომაელებსა და სპარსელებს შორის დაპირისპირებასაც; შეიძლება გოთების შემოსევით ისარგებლა სპარსეთის შაჰმა და კვლავ შეუტია რომაულ სამფლობელოებს, რომაულმა წყაროებმა კი შემოგვინახეს ცნობები იმ უფრო მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ომის შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა რომაელებსა და გოთებს შორის, და ამ გრანდიოზული ომის ფონზე მათ გამორჩათ, ან ყურადღება არ გაუმახვილებიათ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ბრძოლაზე სპარსელებთან, რაც, ეტყობა, არ გამორჩენია ფირმილიანოსს. რაც შეეხება ხორენაცს, რომელიც კარგად იცნობდა წყაროებს და, მათ შორის, ფირმილიანოსის თხზულებასაც, რომელშიც უნდა ყოფილიყო, როგორც ჩანს, დაცული ცნობა რომსა და გოთებს შორის 275-276 წწ. მიმდინარე ომისას ირანსა და რომს შორის მომხდარი ბრძოლის შესახებ, მეტი ყურადღება გაამახვილა ამ უკანასკნელ მოვლენაზე და არჩია თავის „სომხეთის ისტორიაში“ შეეტანა უფრო ნაკლები მასშტაბის, მაგრამ სომხეთის სახელმწიფოსათვის უფრო მნიშვნელოვანი და სომხეთის ისტორიის თვალსაზრისით უფრო საყურადღებო და საინტერესო ფაქტი – ირანსა და რომს შორის მომხდარი ბრძოლა.
ტაციტუსის მმართველობის დროს რომსა და ირანს შორის ომს ნამდვილად რომ ჰქონდა ადგილი, მოწმობს ისიც, რომ ტაციტუსის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა იმპერატორმა პრობუსმა (276-282) ზავი დადო სპარსელებთან. როგორც ზემოთ ვნახეთ, იმავე ხორენაცის ცნობით, პრობუსი დაუზავდა „არტაშირს“.200 აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობა დაცულია რომაელ ავტორთან ფლავიუს ვოპისკუსთანაც, რომლის თანახმად, სპარსელებმა დიდი ელჩობა და მდიდარი ძღვენი გაუგზავნეს პრობუსს და ითხოვეს მშვიდობა. იმპერატორმა ძღვენი არ მიიღო, თუმცა დაზავებაზე დათანხმდა.201
ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ჩვენი აზრით, ხორენაცის ცნობა იმპერატორ ტაციტუსის სპარსელებთან ბრძოლისა და მისი ჭანეთში დაღუპვის შესახებ, უსაფუძვლო არ უნდა იყოს და მასში, როგორც ჩანს, რეალური ისტორიული ფაქტია ასახული.∗
∗ რაც შეეხება სხვა წყაროებში დასახელებულ კაპადოკიის ქალაქ ტიანას, არიანეს ცნობით, ტიანა დამახინჯებული ფორმაა და ამ ქალაქს თურმე წინათ ერქვა თოანა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჭანეთს ბერძნულ წყაროებში – თიანიკეს უწოდებენ, მაშინ ადვილი დასაშვებია, რომ რომაელ ავტორებს, თუნდაც იმავე ავრელიუს ვიქტორს, წყაროზე მუშაობის დროს თიანა, თიანიკე ანუ ჭანეთი მიეჩნიათ მათთვის უფრო ცნობილ კაპადოკიის ქალაქ ტიანად, პირიქით კი გამორიცხულია, რადგანაც ძნელი წარმოსადგენია, რომ კაპადოკიის კესარიის ეპისკოპოსს ფირმილიანოსს კაპადოკიის სამიტროპოლიტო ცენტრი ქ. ტიანა არეოდა ჭანეთში. ამდენად, ჩვენთვის საინტერესო წყაროებს შორის ეს სხვაობა სიტყვათა მსგავსების – ტიანა/თოანა/თიანიკე – გამო დაშვებულ შეცდომას უნდა მიეწეროს.
ამრიგად, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, 275-276 წწ. აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შემდეგნაირად გვესახება: 275 წ. სპარსეთის წინააღმდეგ საომრად მიმავალი იმპერატორის ავრელიანეს დაღუპვის შემდეგ, აზოვის ზღვიდან მოეწყო ბარბაროსთა დიდი ექსპედიცია მცირე აზიაში. მეოტური ტომები შეიკრიბნენ და აზიაში გადმოვიდნენ იმ საბაბით, რომ თითქოს ისინი ავრელიანეს მიერ მოხმობილი იყვნენ სპარსელთა წინააღმდეგ გრანდიოზულ ომში მონაწილეობის მისაღებად და რომაელთათვის დახმარების გასაწევად. გოთები გადმოსხდნენ მდ. ფასისთან და აქედან სანაპიროს გავლით ჩავიდნენ პონტოში, ხოლო შემდეგ შეიჭრნენ გალატიასა და კილიკიაში. გოთების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა იმპერატორი ტაციტუსი, რომელმაც დაამარცხა გოთების ერთი ნაწილი, მაგრამ შემდეგ მათ წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება თავის ძმას ფლორიანუსს დაავალა, თვითონ კი უკან გამობრუნდა. ამ ომის მსვლელობისას, როგორც მოვსეს ხორენაცის ცნობის ანალიზი ცხადყოფს, ადგილი უნდა ჰქონოდა რომისა და ირანის დაპირისპირებასაც. როგორც ჩანს, სპარსეთმა ისარგებლა რომის გართულებული მდგომარეობით, მისი გოთებთან ბრძოლით და კვლავ შეუტია რომაულ სამფლობელოებს, რის გამოც „ტაციტუსი იძულებული გახდა გაელაშქრა არტაშირის წინააღმდეგ პონტოს მხარეებში... არტაშირმა შეუტია ტაციტუსს და აოტა იგი. ტაციტუსი თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანეთში“.202
275-276 წწ. აღმოსავლეთში განვითარებულ ამ პოლიტიკურ პროცესებში, ჩვენი აზრით, ჩართული აღმოჩნდა მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანებაც. როგორც აღინიშნა, მაკრონ-ჰენიოხებს ეჭირათ თანამედროვე ჭანეთის ნაწილი ცენტრით დაახლოებით ქ. ათინასთან,203 ხოლო სამხრეთის მხრიდან მათ უშუალო მოსაზღვრე ჭანების (სანების) ტომს, არიანეს ცნობით, მეფე არ ჰყავდა204 და ისინი უშუალოდ რომის პროვინციულ მმართველობას ექვემდებარებოდნენ.205 ამდენად, „პონტოელთა ჭანეთი“ (იოანე მალალას მიხედვით კი „პონტოს ერთი ქვეყანა ჭანიკე“), ალბათ, ნიშნავს ჭანეთის იმ ნაწილს, რომელიც შედიოდა პროვინცია კაპადოკიის პონტოს შემადგენლობაში. ასე რომ, იმპერატორ ტაციტუსის მკვლელობა მომხდარა მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების უშუალო სიახლოვეს, ჭანეთში და რამდენადაც ეს უკანასკნელი ჩართული აღმოჩნდა იმ ბატალიებში, რომელიც განვითარდა აღმოსავლეთში, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ეს მოვლენები რამენაირად შეეხო კიდეც მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანებასაც. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, მეოტურ ტომთა მიერ 275 წ. მოწყობილი ექსპედიციის დროს, მდ. ფასისთან გადმოსულ და სამხრეთისაკენ, მცირე აზიის შიდა რაიონებისაკენ მიმავალ ბარბაროსებს აუცილებლად უნდა გაევლოთ მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების მიწა-წყალი, რომელიც ამ დროისათვის სპარსელთა ქვეშევრდომობაში იყო მოქცეული. სპარსელთა კონტროლის ქვეშ მყოფ მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე გოთების, რომლებიც ამ ექსპედიციის დასაწყისში თავს რომაელთა მოკავშირეებად და აზიაში სპარსელთა წინააღმდეგ საომრად მოსულებად აცხადებდნენ, გავლის შემდეგ რამდენად იყო შესაძლებელი, რომ სპარსეთს ამ გაერთიანებაზე შეენარჩუნებინა თავისი გავლენა? ამასთან ერ-თად, როგორც ხორენაცი გადმოგვცემს, „არტაშირმა შეუტია ტაციტუსს და აოტა იგი“. „აოტებული“, უკანდახეული და დამარცხებული ტაციტუსისათვის, როგორც ჩანს, ჭანეთი იყო უსაფრთხო ზურგი და სპარსელთა შეტევებისათვის მიუწვდომელი ადგილი. ჭანეთი კი ასეთ ადგილად ვერ ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ იქვე ახლოს, მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორია კვლავ სპარსელთა კონტროლქვეშ იქნებოდა მოქცეული. ამდენად, იმპერატორ ტაციტუსის და მასთან ერთად „აოტებული“ რომაული სამხედრო ძალების ჭანეთში ყოფნა, ხომ არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ამ დროისათვის (ე.ი. 276 წლისათვის, მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე გოთების გავლის შემდეგ) სპარსელებს უკვე დაკარგული ჰქონდათ გავლენა მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანებაზე?
ამრიგად, ჩვენი აზრით, გამორიცხული არ არის, რომ სპარსეთს მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე კონტროლი III ს. 70-იან წლებში, გოთების მცირე აზიაში ლაშქრობისა და „პონტოს მხარეებში“ მიმდინარე ბატალიების დროს დაეკარგა. თუმცა, ეს მხოლოდ სავარაუდო მოსაზრებაა და აღნიშნული პერიოდის მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების ისტორიაში ბევრი რამ არის გაურკვეველი. საინტერესოა, თუნდაც იმავე აფსაროსის ბედი. უცნობია, თუ რა როლი ითამაშა მან შაბურის მიერ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ ანექსიის, ხოლო შემდეგ 275 წ. ამ ტერიტორიაზე გოთების გავლის დროს. ამდენად, მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების სპარსელთა ქვეშევრდომობაში ყოფნის 20, მაქსიმუმ 30 წლიან პერიოდში მომხდარ მოვლენებზე, კონკრეტული ცნობების უქონლობის გამო, გადაჭრით რაიმეს თქმა ძალზე ძნელია. მაგრამ ერთი რამ ცხადია, თავისთავად ფასისთან გადმომსხდარი გოთების მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე გავლის, იმპერატორ ტაციტუსის ჭანეთში ყოფნის და მისი იქ დაღუპვის ფაქტი, იმ დროს რეგიონში მიმდინარე რთული კოლიზიების კონტექსტში, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ ისტორიის თვალსაზრისით უდავოდ საყურადღებოა და გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული პერიოდის ისტორიის შემდგომი კვლევა-ძიებისას.
ყოველ შემთხვევაში კი, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანება დიდხანს არ დარჩენილა სპარსეთის ქვეშევრდომობაში, და თუ 275-276 წწ. მოვლენების დროს სპარსეთმა მაინც მოახერხა მასზე კონტროლის შენარჩუნება, III ს. 80-იანი წლების დასაწყისში, იმ დროს, როდესაც იმპერატორ კარუსის ლაშქრობის შედეგად სპარსეთმა დაკარგა სომხეთი, იგი დაკარგავდა მახელონიასაც, რომელიც კვლავ რომაელთა გავლენის სფეროში უნდა მოხვედრილიყო. მაგრამ ამჯერად რომაელებმა, როგორც ჩანს, მიზანშეწონილად არ ჩათვალეს თავიანთი ძველი მოკავშირის დამოუკიდებლობის აღდგენა და ყოფილი მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ ტერიტორია უშუალოდ თავიანთ სამფლობელოებს შეუერთეს. IV ს. მეორე ნახევრის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინეს ცნობით, როდესაც 368 წ. შაბურ II-მ (309-379) დაიპყრო არმენია და დაატყვევა მისი მეფე არშაკ II, ამ უკანასკნელის შვილმა პაპმა და მისმა კარისკაცებმა, „რაკი ვერსაიდან ვერ ხედავდნენ შველას, სცადეს შეეფარებინათ თავი მაღალ მთებში, რომლებიც ჩვენს მიწებს (ე.ი. რომაელთა მიწებს – კ.ფ.) ლაზიკისაგან ჰყოფენ. იქ ხუთ თვეს იფარავდნენ თავს უღ-რან ტყეებსა და დახლაკნილ სერებში და თავს აღწევდნენ მეფის მრავალ ცდას მათი დაჭერისათვის“.206 ამდენად, IV ს. 60-იანი წლებისათვის ლაზიკის სამეფოს რომაული სამფლობელოებისაგან მხოლოდ „მაღალი მთები“ ყოფდა. აქ, როგორც ჩანს, ჭოროხის შესართავის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მაღალი მთიანეთი იგულისხმება.207 მაშასადამე, ლაზეთის სამეფოს სამხრეთი საზღვარი უკვე ამ მთებს (ჭანეთის მთები) უნდა მისდგომოდა.208
ამდენად, IV ს. 60-იანი წლებისათვის შექმნილი სურათი ნათელია: ლაზეთის სამეფო უშუალოდ ესაზღვრება რომაულ სამფლობელოებს, მახელონია კი უკვე აღარ ეკუთვნის ირანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლაზიკასა და რომაულ მიწებს შორის შეჭრილი იქნებოდა ირანის ქვეშევრდომი ტერიტორია, სომეხი უფლისწული პაპი კი თავს ვერ შეაფარებდა უშუალოდ ირანის სამფლობელოს მოსაზღვრე მთებს.209 ამასთან, თუ ამიანე მარცელინეს ამ ცნობას შევადარებთ ფლავიუს არიანეს მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში აღწერილ სურათს, აშკარაა, რომ აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები მომხდარა. თუ II ს. 30-იან წლებში რომაულ სამფლობელოებსა და ლაზეთის „სამეფოს“ შორის მდებარეობდა ჯერ მაკრონ-ჰენიოხთა, ხოლო შემდეგ იბერიის ქვეშევრდომი ზიდრიტების ტერიტორია,210 IV ს. 60-იანი წლებისათვის ისინი უკვე აღარ იხსენიებიან. მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორია რომმა უშუალოდ თავის პროვინციულ მმართველობას დაუქვემდებარა, ხოლო იბერიის სამეფო ამ დროისათვის უკვე გაძევებულია ზღვისპირეთიდან. სავარაუდოა, რომ ზიდრიტთა ოლქი იბერიამ მაშინ დატოვა, როცა ირანმა დაიპყრო მისი მეზობელი მახელონია.211 შემდგომში კი, ზიდრიტთა მიწა-წყალი, როგორც ჩანს, აქეთკენ გაფართოებულ ლაზეთის სამეფოს საზღვრებში მოექცა.212 რამდენადაც, ამიანე მარცელინეს ცნობაში, რომისა და ლაზეთის სამფლობელოების საზღვრად დასახელებულ „მაღალ მთებში“, უეჭველია, იგულისხმება ჭანეთის მთები, რომელიც მდებარეობდა ჭოროხის შესართავის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ცხადია, რომ ლაზეთის სამეფოს სამხრეთ საზღვარი იმ დროს დაახლოებით ჭოროხის შესართავის რაიონს აღწევდა. ამდენად, ზიდრიტთა ოლქი, რომელიც მდებარეობდა ამ სექტორის ჩრდილოეთით, შევიდა ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაში.213 ლაზეთის სამხრეთ საზღვრის ჭოროხის შესართავის რაიონამდე გავრცელება შემდგომი ხანის წყაროებითაც დასტურდება.
ამრიგად, III ს. 70-იან წლებში დაწყებული იმპერიის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, მისი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერებისა და აღმოსავლეთის საზღვრის თითქმის მთლიანად აღდგენის პროცესი აისახა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც, პირველ რიგში, იმ მხრივ, რომ მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიიდან გაძევებულ იქნა სპარსეთის სამეფო. თუმცა, რომი-ირანის დაპირისპირება თვითონ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოსათვის“ ძალზე მძიმე შედეგით დასრულდა და მან საბოლოოდ დაკარგა დამოუკიდებლობა.
თ ა ვ ი IV. სარმატთა ლაშქრობა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. კოლხეთი რომის პოლიტიკურ სისტემაში III ს. მიწურულს
III საუკუნეში რომის სახელმწიფოს კრიზისმა და აღმოსავლეთში საერთო-პოლიტიკური სიტუაციის შეცვლამ, როგორც ვნახეთ, დიდი საფრთხე შეუქმნა კოლხეთის ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებებს. ჩვენ არ გაგვაჩნია კონკრეტული ცნობები ამ პერიოდის კოლხეთის ცალკეული „სამეფოების“ რომთან უშუალო დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის გრძელდებოდა ის „სამოკავშირეო-მეგობრული“ ურთიერთობები, რომელსაც საფუძველი II საუკუნეში ჩაეყარა. ყოველ შემთხვევაში, III ს. შავიზღვისპირეთში შექმნილ მძიმე სიტუაციაში, ორივე მხარე დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ამ ურთიერთობის შენარჩუნებით და ძნელი წარმოსადგენია, რომ „ბარბაროსთა“ მხრიდან საერთო საფრთხის პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და რომის ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავებული ყოფილიყო. კოლხეთის ცალკეული გაერთიანებები, ყოველ შემთხვევაში, აფსილების, აბაზგების და სანიგების „სამეფოები“, დაინტერესებულიც იქნებოდნენ რომაული გარნიზონების გაძლიერებით, თუმცა, სხვა საქმეა იმპერიის ხელისუფლება თუ როგორ ახერხებს ამას. შედარებით უფრო ძნელია მსჯელობა, ლაზეთის სამეფოს შესახებ. რა თქმა უნდა, ლაზების მმართველებიც დაინტერესებული იქნებოდნენ რომთან გარკვეული კავშირის შენარჩუნებით, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლაზთა „სამეფო“ ჯერ კიდევ II ს. ბოლოს აპირებდა გათავისუფლებას რომის გავლენისაგან და III საუკუნეში მას უკვე გარკვეული პრეტენზიები უნდა ჰქონოდა დასავლეთ საქართველოში ჰეგემონობაზე. სიმპტომატურია ისიც, რომ III საუკუნეში ლაზთა სამეფო უფრო ძლიერდება და ახერხებს გოთების შემოსევის უკუგდებას, ხოლო III ს. ბოლოდან, დასავლეთ საქართველოს სხვა „სამეფოებისაგან“ განსხვავებით, თანდათანობით იწყებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის მქონე ერთეულად ჩამოყალიბებას. მაგრამ, III ს. ბოლოს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს, ლაზეთის სამეფო მაინც ვერ ასცდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტომთა მიერ დალაშქვრას. მართალია, კლავდიუს II-მ სასტიკად დაამარცხა გოთების ტომთა კავშირი, რის შემდეგაც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ბარბაროსთა ბრძოლა რომის წინააღმდეგ თანდათანობით დაღმავლობისაკენ მიდის, მაგრამ გააფთრებული ომები დუნაიზე გრძელდებოდა დიოკლეტიანეს მმართველობის დროსაც და იგი მხოლოდ III ს. ბოლოს მიწყნარდა.214 თუმცა, მეკობრული თავდასხმები საბოლოოდ არ შემწყდარა. დიოკლეტიანეს დროს დუნაიზე განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდნენ სარმატები, რომლებიც რომაელებმა არაერთგზის დაამარცხეს.215 სარმატულ ტომებს ამ პერიოდში მოუწყვიათ დიდი ექსპედიცია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებითაც, დაუპყრიათ ლაზთა სამეფო და შეჭრილან მცირე აზიაშიც. X ს. ბიზანტიელი იმპერატორისა და ისტორიკოსის კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, რომელიც რომელიღაც ლიტერატურული წყაროდან უნდა იყოს აღებული, რომში დიოკლეტიანეს იმპერატორობის დროს ბოსფორელთა მეფემ სავრომატე კრისკონორეს ძემ შეკრიბა მეოტიდის ტბასთან მცხოვრები სარმატები და ილაშქრა რომაელების წინააღმდეგ; მან ჯერ ლაზთა ქვეყანა დაიპყრო, ეომა იქაურ მცხოვრებლებს და შემდეგ მდინარე ჰალისამდეც (აწინდ. ყიზილ-ირმაკი – კ.ფ.) კი მივიდა. დიოკლეტიანემ რომ გაიგო ბარბაროსთა მიერ ლაზეთისა და პონტოს მხარის აოხრების შესახებ, გაგზავნა სარმატთა წინააღმდეგ ჯარი ეგზარქოს კონსტანციუსის მეთაურობით. კონსტანციუსმა შეძლო სარმატების მდ. ჰალისთან შეჩერება, მაგრამ რომაელებს ძალები არ ეყოთ მათ დასამარცხებლად და რომაული სამფლობელოებიდან გასადევნად. მაშინ კონსტანციუსმა და დიოკლეტიანემ ბოსფორს შეუსიეს ხერსონესელები, რომლებმაც ბოსფორი აიღეს, შემდეგ კი სავრომატესთან მოლაპარაკება დაიწყეს და აიძულეს იგი უკან დაბრუნებულიყო.216
კონსტანტინე პორფიროგენეტის ეს მოთხრობა, თ. მომზენის გავლენით, მკვლევართა დიდი ნაწილის მიერ არასანდოდ იყო მიჩნეული,217 მაგრამ შემდგომში დამტკიცებულ იქნა (ს. შესტაკოვი, გ. მანოილოვიჩი, რ. ჯენკინსი), რომ ეს ცნობა კონსტანტინეს აღებული ჰქონია ხერსონესის ძველი ქრონიკიდან, რომელიც გაგზავნილი ყოფილა იმპერატორისათვის ხერსონესის მმართველის მიერ. ქრონიკის ხასიათი, კერძოდ აღწერის დეტალურობა მიუთითებს, რომ ეს ქრონიკა დაწერილი უნდა იყოს მომხდარი მოვლენების შემდეგ ახლო ხანებში და, ცხადია, იგი მაღალხარისხოვან და სანდო წყაროს წარმოადგენს.218 ჩვენთვის საინტერესო საკითხს სპეციალურად შეეხო ი. ჰარმატა, რომელმაც ახალი წყაროს – სასანური ხანის პაიკულის წარწერის მოშველიებით კიდევ ერთხელ დაადასტურა კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობის რეალურობა და სარმატთა ლაშქრობის დროს გან-ვითარებული მოვლენები შემდეგნაირად აღადგინა: 291 წ. ბოსფორის მეფე თოთორსი (კონსტანტინეს მიხედვით სავრომატე)∗ ლაზიკაში შეიჭრა. ლაზიკის დაპყრობის შემდეგ, 292 წ. სარმატებმა დალაშქრეს პონტო და მდ. ჰალისამდე მიაღწიეს. იმავე დროს თოთორსის ვაჟი ვახნამი მოქმედებს არმენიაში და ერევა სასანური დინასტიის ტახტისათვის ბრძოლაში.
∗ როგორც ი. ჰარმატამ აჩვენა, ხერსონესულ ქრონიკაში სავრომატე იყო საერთოდ ბოსფორის მეფეთა საზოგადო სახელი, ხოლო ბოსფორის მონეტებიდან ირკვევა, რომ ამ დროს მეფე იყო თოთორსი (286-308 წწ.).
ხერსონესელთა ბოსფორზე თავდასხმამ თოთორსი აიძულა რომაელებთან ზავი დაედო და 293 წ. ბოსფორში გაბრუნდა, მისი ვაჟი ვახნამი კი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.219
ამრიგად, სარმატთა ამ ლაშქრობის ძირითადი ასპარეზი ლაზეთის სამეფო და პონტოს პროვინცია გამხდარა. თვითონ სავრომატე-თოთორსი კი ამ ექსპედიციის დროს, როგორც ჩანს, ლაზეთში დამკვიდრებულა და აქედან აწარმოებდა მოლაპარაკებას რომაელებთან.220 გ. მელიქიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ამ ცნობაში არაფერია ნათქვამი რომაელთა მიერ ლაზეთის დაცვის შესახებ და სავრომატე აქ მხოლოდ ლაზებს ებრძვის.221 ყველაფერი ეს, მკვლევარის აზრით, ლაზიკაში რომაული გარნიზონების არარსებობაზე მიუთითებს, თუმცა ფორმალურად დასავლეთ საქართველო ამ დროსაც, უეჭველია, რომის გავლენის სფეროდ ითვლებოდა.222
ჩვენი აზრით, გ. მელიქიშვილის ეს მოსაზრება ამ დროს ლაზეთში რომაული გარნიზონების არარსებობის შესახებ მხოლოდ კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობაზე დაყრდნობით, ნაკლებად საფუძვლიანი ჩანს. ჯერ ერთი, მართალია, კონსტანტინეს მოთხრობის მიხედვით სავრომატე „ეომა იქაურ მცხოვრებლებს“,223 ე.ი. ლაზებს, მაგრამ კონტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ ლაზეთი რომის სამფლობელოდაა მიჩნეული და ლაზთა ქვეყნის დაპყრობა კონსტანტინე პორფიროგენეტს რომაელთა წინააღმდეგ ლაშქრობად მიაჩნია: სავრომატემ... „ილაშქრა რომაელების წინააღმდეგ: ჯერ მან დაიპყრო ლაზთა ქვეყანა... და ჰალისის მდინარემდეც კი მივიდა“.224 ამასთან, დიოკლეტიანემ სარმატთა წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა არა მხოლოდ პონტოს დალაშქვრის, არამედ ლაზეთის დაპყრობის გამოც.225 გარდა ამისა, დიოკლეტიანეს დროს რომაულ აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა და საზღვრების განახლება-განმტკიცების მიზნით რომაელთა მიერ გატარებული ღონისძიებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პერიოდში ლაზეთის სამეფოს ტერიტორიაზე რომაული გარნიზონების არყოფნა ვივარაუდოთ, და ჩვენი აზრით, ამ დროს დასავლეთ საქართველო არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ფაქტობრივადაც რომის გავლენის სფეროდ ითვლებოდა.
როგორც ცნობილია, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროიდან იწყება რომის სახელმწიფოს სტაბილიზაციისა და ერთგვარი განმტკიცების ხანა. დიოკლეტიანეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა იმპერია ჩიხიდან გამოიყვანა, საზღვრებზე მდგომარეობა რამდენადმე სტაბილური გახდა და დროებით აღდგენილ იქნა რომის ძველი პოლიტიკური ძლიერება. დიოკლეტიანეს დროს რომის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა აღმოსავლეთშიც. რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს სომხეთსა და მესოპოტამიაში შემოჭრილი შაჰი ნარსე (293-302) და 298 წ. ნიზიბისში დადებული ზავის თანახმად, ირანმა რომის მფლობელობაში სცნო არმენია და მესოპოტამიის ნაწილი. რომის პროტექტორატის ქვეშ მოექცა იბერიაც.226 ნიზიბინის ზავმა დააწესა რომაელთათვის ხელსაყრელი, სტრატეგიულად მომგებიანი საზღვრები იმპერიასა და ირანს შორის და ამ ზავის შედეგად საგრძნობლად განმტკიცებულ იქნა რომის აღმოსავლეთის საზღვარი.227 დიოკლეტიანეს დროს გაძლიერდა ბოსფორის დამოკიდებულებაც რომზე.228 გარდა ამისა, დიოკლეტიანეს მიერ რომის სახელმწიფოში გატარებული ეპოქალური მნიშვნელობის რეფორმებიდან ერთ-ერთი მთავარი იყო რომის საზღვრების სტაბილიზაციისა და მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებები. არმიის გაძლიერებასთან ერთად, დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა ბარბაროსთა ხანგრძლივი თავდასხმების შედეგად ძალზე დაზიანებულ იმპერიის სასაზღვრო-თავდაცვით სისტემასაც, აშენებულ იქნა ახალი ფორტები და კასტელუმები, გაიყვანეს ახალი გზები.229 დიოკლეტიანეს მიერ წარმატებით დაწყებული და დიდად ეფექტური სამხედრო რეფორმა დასრულებულ იქნა კონსტანტინეს (306-337 წწ.) მიერ, რის შედეგადაც საზღვრებზე მდგომარეობა სტაბილური გახდა და ამაღლდა არმიის ბრძოლისუნარიანობა.230 საზღვრების გამაგრების მიზნით დიდი სამუშაოები ჩატარდა აღმოსავლეთშიც. გარკვეული ღონისძიებები გატარდა შავიზღვისპირეთშიც. დიოკლეტიანეს მმართველობის დროს რომაელებმა მოახერხეს აღედგინათ თავიანთი გავლენა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთზე. აქ კვლავ გამოჩნდა მეზიის ფლოტი და მისი ბაზა გახდა ხერსონესი,231 რომელიც მთელი IV ს. მანძილზე წარმოადგენდა რომის სამხედრო-სტრატეგიულ ცენტრს ყირიმში.232 III ს. ბოლოდან რომაელებმა ტრაპეზუნტში ჩააყენეს ლეგიონი I Pontica,233 რომლის ცალკეული ნაწილებიც, შესაძლოა, შეყვანილ იქნა დასავლეთ საქართველოშიც.234 დიოკლეტიანეს მმართველობისას რომაული სასაზღვრო ნაწილების გაძლიერებისა და მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის განსაკუთრებული ღონისძიებების გატარების დროს, კონკრეტულად შავიზღვისპირეთში რომის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცების პირობებში, შეუძლებელია, რომ რომაული გარნიზონები არ მდგარიყო ლაზეთში. ამასთან, არქეოლოგიური მასალების თანახმად, იმპერიის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად იწყება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ ციხესიმაგრეთა ქსელის განახლება-განმტკიცება.235 მართალია, არქეოლოგიური მასალები საკუთრივ ლაზეთის ტერიტორიიდან, ფასისის ციხესიმაგრიდან, არ გაგვაჩნია, მაგრამ პიტიუნტსა და დასავლეთ საქართველოს სანაპიროს სხვა ქალაქებში ცხოვრებამ ახალი ძალით სწორედ III ს. ბოლოს და IV ს. დასაწყისიდან იფეთქა.236 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გოთების თავდასხმის შედეგად პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემა საგრძნობლად დაზიანდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო და მისი არეალი არა თუ აღდგა, არამედ გაფართოვდა კიდეც.237 იწყება ფართომასშტაბიანი სამშენებლო საქმიანობა, აგებულ იქნა გრანდიოზული თავდაცვითი ნაგებობები.238 გაფართოვდა პიტიუნტის კასტელუმიც, რაც მისი გარნიზონის რიცხობრივ გაზრდაზე მიუთითებს. აქაურ ნაგებობათა მასშტაბებიდან გამომდინარე, პიტიუნტში შესაძლებელია თავმოყრილი ყოფილიყო რომაული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარსარდლობის რეზიდენცია.239 ამავე პერიოდში ხდება სებასტოპოლისის ციხის განმტკიცება-გამაგრება. III ს. ბოლოსა და IV ს. დასაწყისში შენდება უფრო დიდი 2,0-2,5 ჰა ფართობის კასტელუმი.240 კასტელუმის მისადგომებს აკონტროლებდა ოთხკუთხა ფორმის სადარაჯო კოშკი, რომელიც კასტელუმიდან 2 კმ-ით იყო დაშორებული და ფუნქციონირებდა III-IV საუკუნეებში.241 III ს. ბოლოს ან IV ს. დასაწყისში უნდა აღდგენილიყო აფსაროსის ციხესიმაგრეც.242 ამავე ხანებში იქნა აგებული აფსაროსის ავან-პოსტი – პეტრა-ციხისძირი.243
ასე რომ, III ს. ბოლოსა და IV ს. დასაწყისში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში კვლავ ჩვეული ძალით ამოქმედდა „ბარბაროსთა“ მიერ დაზიანებული რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა, რომლის ფუნქციონირებაც გრძელდებოდა IV ს. მეორე ნახევრამდე.
დასკვნა
ახ.წ. III ს. დასავლეთ საქართველო ჩართული იყო იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა რომაულ სამყაროში. რომის სახელმწიფოს მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა და საყოველთაო სტაგნაციამ ასახვა ჰპოვა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ ვითარებაზეც და იგი მოექცა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ბარბაროსულ ტომთა, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან სპარსელთა შეტევების არეალში. III ს. კრიზისმა ყველაზე მძიმე შედეგები დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებებიდან მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ მოუტანა. იგი ჯერ ირანის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა, რომის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი, კვლავ იმპერიის გავლენის სფეროში იქნა დაბრუნებული, თუმცა, ამჯერად უკვე საბოლოოდ დაკარგა დამოუკიდებლობა და გაქრა ისტორიის ასპარეზიდან. რაც შეეხება აფსილების, აბაზგებისა და სანიგების პოლიტიკურ გაერთიანებებს, ამ პერიოდში მათი რომზე დამოკიდებულების შესახებ კონკრეტული ცნობები არ არსებობს, მაგრამ ამ „სამეფოების“ რომთან ურთიერთობა ისევე უნდა წარმართულიყო, როგორც II საუკუნეში, რა თქმა უნდა იმ კრიზისის გათვალისწინებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა რომაულ სამყაროში III საუკუნეში: მათ სანაპირო ქალაქებში იდგნენ რომაული გარნიზონები, რომლებიც განიცდიდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტომთა თავდასხმებს. ყოველ შემთხვევაში, ამ პატარა პოლიტიკური ერთეულების უშუალოდ რომთან ურთიერთობაში რაიმე მკვეთრი ტეხილი არ შეინიშნება.
და ბოლოს, რაც შეეხება ლაზეთის სამეფოს, რა თქმა უნდა, მან იმპერიაში მიმდინარე კრიზისისა და პოლიტიკური ანარქიის გარკვეული უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება ვერ შეძლო. 257 წ. მას თავს დაატყდა გოთების თავდასხმის ძლიერი ტალღა, მაგრამ ლაზეთის სამეფომ მოახერხა მისი მოგერიება. როგორც ჩანს, რომის სახელმწიფოს დეცენტრალიზაციისა და იმპერატორის ხელისუფლების შესუსტების პერიოდში, აღმავლობის გზაზე მდგარ ლაზეთის სამეფოს ხელსაყრელი პირობები შეექმნა შემდგომი განვითარებისათვის. ნიშანდობლივია, რომ 275 წ. ფასისთან გადმომსხდარმა გოთებმა კვლავ ვერაფერი გააწყვეს ამ მიდამოებში და სამხრეთისაკენ წავიდნენ. ფაქტია, რომ რომაული სამყაროს კრიზისიდან ლაზეთის სამეფო გაძლიერებული გამოდის და თანდათანობით იწყებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის მქონე ერთეულად ჩამოყალიბებას. მართალია, III ს. ბოლოს ლაზეთის სამეფო მაინც ვერ გადაურჩა მეოტურ ტომთა მიერ დაპყრობას, მაგრამ ეს მაინც ეპიზოდური ხასიათის მოვლენა იყო და, როგორც ჩანს, მას გამოუსწორებელი შედეგები არ მოუტანია ლაზეთისათვის. ყოველ შემთხვევაში, სარმატთა ამ ლაშქრობას ხელი არ შეუშლია ლაზეთის სამეფოს გაძლიერება-აღმავლობის იმ უმნიშვნელოვანესი პროცესისათვის, რომელიც IV საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს ჩამოყალიბებით დასრულდა.
შენიშვნები
1. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 266-285.
2. ჩვენ შევეცადეთ ამგვარად გამოგვეკვლია რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. I-II საუკუნეებში, პრინციპატის ხანაში და ამ საკითხს ცალკე მონოგრაფიაც მივუძღვენით (იხ. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. პოლიტიკური ურთიერთობები, თბ., 2005). ამდენად, წინამდებარე ნაშრომში ფაქტობრივად ვაგრძელებთ რომაულ-კოლხური ურთიერთობის პრობლემატიკის კვლევას მომდევნო ეპოქაში.
3. კ. ფიფია, კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან. – საისტორიო ძიებანი, I, თბ., 1998, გვ. 23; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские взаимоотношения, გვ. 115-116.
4. ამ პრობლემის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია, პართია-რომის ურთიერთობა ძვ.წ. I ს. შუახანებში და „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის შექმნა წინა აზიაში. – კავკასიის მაცნე, XII, თბ., 2005, გვ. 67-70.
5. კ. ფიფია, რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. I-II სს., საკანდიდატო დისერტაცია, /ხელნაწერის უფლებით/, თბ., 2004, გვ. 27, 37; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские взаимоотношения, გვ. 105-106.
6. კ. ფიფია, ანტონიუსის აღმოსავლური პოლიტიკა და კოლხეთი. – „საისტორიო ძიებანი“, VII, თბ., 2004, გვ. 203-210; С.Ю. Сапрыкин, Понтийс-кое царство, М., 1996, გვ. 312-313.
7. კ. ფიფია, ავგუსტუსის აღმოსავლური პოლიტიკა და პოლემონიდური პონტოს სამეფო. – კავკასიის მაცნე, XII, თბ., 2005, გვ. 71-74.
8. ახ.წ. I ს-ში კოლხეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია, დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა რომთან ახ.წ. I საუკუნეში. – საისტორიო ძიებანი, II, თბ., 1999, გვ. 11-25.
9. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 52-53, 68-80.
10. იხ. კ. ფიფია, კოლხეთი რომის იმპერიის პროვინციულ სისტემაში. – საისტორიო ძიებანი, VI, თბ., 2003, გვ. 193-198. 7
11. კ. ფიფია, რომის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროის საკითხისათვის. – საისტორიო ძიებანი, III, თბ., 2000, გვ. 66-74.
12. კ. ფიფია, ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, თბ., 2005, გვ. 36-38.
13. Arr., PPE, 11.
14. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 110-113.
15. М.П. Инадзе, К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии). Автореферат кандидатской диссертации, Тб., 1953, გვ. 14; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968, გვ. 36-37; მისივე, დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II-III საუკუნეებში. – ქართული დიპლომატია, 6, 1999, გვ. 80; Д. Браунд, Римское присутствие в Колхиде и Иберии. – ВДИ, 1991, №4, გვ. 48.
16. Д. Браунд, Римское присутствие в Колхиде и Иберии, გვ. 48-49.
17. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, თბ., 1970, გვ. 552-553; Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, Тб., 1959, გვ. 369, 379.
18. Т. Моммзен, История Рима, V, М., 1949, გვ. 365.
19. კ. ფიფია, მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ – რომის მოკავშირე აღმოსავლეთში. – საისტორიო ძიებანი, IV, თბ., 2001, გვ. 57-58. იქვე იხ. ლიტერატურა.
20. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 36; Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 376-377; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские взаи-моотношения, გვ. 229; მ. შპაიდელი, კავკასიის საზღვარი. II ს. გარნიზონები აფსაროსში, პეტრასა და ფასისში. – მაცნე, ისტორიის..., სერია, 1985, #1, გვ. 136; М.П. Спейдел, Древнейший манускрипт с территории СССР. Письмо из римской крепости Апсар. – ВДИ, 1985, №4, გვ. 177-178.
21. გ. ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნაქალაქარი, თბ., 1991, გვ. 91.
22. თ. თოდუა, სებასტოპოლისის გამაგრების სისტემა (ახ.წ. I-VI სს.). – ძეგლის მეგობარი, #4(111), 2000, გვ. 20-21; ო. ლორთქიფანიძე, ინკიტის ტბის მიდამოებში ჩატარებული სადაზვერვო-არქეოლოგიური მუშაობის წინასწარი ანგარიში. – მსკა, III, 1963, გვ. 97-106; М.М. Трапш, Труды, т. II, Сухуми, 1969, გვ. 313-317.
23. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე, რომაული ტვიფრიანი აგური სოფ. მოედნიდან. – გურია, მხარის კვლევა-ძიების შედეგები, II, თბ., 1997, გვ. 110-111; შ. მამულაძე, ე. კახიძე, მ. ხალვაში, რომაელები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. – კის., X, 2001, გვ. 170-172.
24. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 150.
25. ს. ჯანაშია, თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი. – შრომები, ტ. III, თბ., 1959, გვ. 22-23.
26. იხ. კ. ფიფია, მაკრონ-ჰენიოხების სამეფო..., გვ. 50-69. 11
27. Arr., PPE, 11.
28. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბ., 1977, გვ. 106-113; ნ. ლომოური, ძველი აფხაზეთის ეთნო-კულტურული ისტორიიდან, თბ., 1998, გვ. 8; მისივე, დასავლეთ საქართველოს ეთნო-პოლიტიკური სურათი ახ.წ. II საუკუნეში. – საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნარკვევები, VII, 2001, გვ. 6.
29. გ. ცქიტიშვილი, იბერიის საპიტიახშოს საკითხისათვის ლიხთიმერეთში. – იიშ, ტ. I, 1955, გვ. 303-311; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 30-31; Г. А. Меликишвили, К истории..., გვ. 352-357.
30. Arr., PPE, 11.
31. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 144-145.
32. Arr., PPE, 11.
33. Arr., PPE, 18; Anon., XLII, 15.
34. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 10; მისივე, დასავლეთ საქართველოს ეთნო-პოლიტიკური..., გვ. 6. 12
35. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 157-160.
36. ვ.ს. სერგეევი, ძველი რომის ისტორიის ნარკვევები, II, თბ., 1941, გვ. 732.
37. ვ.ს. სერგეევი, ძველი რომის..., გვ. 749.
38. Treb. Poll., Vita Gallieni, V, 6; С. И. Ковалев, Е. М. Штаерман, Очерки истории древнეго Рима, М., 1956, გვ. 265; Н. А. Машкин, История древнეго Рима, М., 1948, გვ. 537-540; История древнего Рима, под редакцией В. И. Кузищина, М., 1981, გვ. 277-278; В. И. Кузищин, И. Л. Маяк и др., История древнего Рима, М., 2000, გვ. 318-320; Древний Рим, составитель Л.С. Ильинская, М., 1997, გვ. 408.
39. ვ.ს. სერგეევი, ძველი რომის..., გვ. 754; С. И. Ковалев, Е. М. Штаерман, Очерки истории..., გვ. 270; Н. А. Машкин, История древнего Рима, გვ. 539.
40. А. Д. Дмитриев, Буколы, из истории аграрного движения в Римском Египте. – ВДИ, 1946, №4, გვ. 92-100; მისივე, Движение Багаудов. – ВДИ, 1940, №3-4, გვ. 101-104; С. И. Ковалев, Е.М. Штаерман, Очерки истории..., გვ. 270-271. 15
41. С.И. Ковалев, Е.М. Штаерман, Очерки истории..., გვ. 272-273.
42. Н.А. Машкин, История древнего Рима, გვ. 537.
43. С.И. Ковалев, Е.М. Штаерман, Очерки истории..., გვ. 272-273; В.И. Кузищин, И. Л. Маяк, История древнего Рима, გვ. 315. 16
44. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 205-206; История Европы, т. I, М., 1988, გვ. 598-599; А.Х.М. Джонс, Гибель античного мира, Ростов-на-Дону, 1997, გვ. 20; К. Крист, История времен римских императоров от Августа до Константина, т. II, Ростов-на-Дону, 1997, გვ. 294-298.
45. История древнего Рима, под редакцией В. И. Кузищина, გვ. 276-277.
46. იქვე. 17
47. Eutr., Brev., IX, 8,2; Aur. Vict., De Caes., XXXIII, 3.
48. В. И. Кузищин, И. Л. Маяк, История древнего Рима, გვ. 317. 18
49. Eutr., Brev., IX, 9, 1; Treb. Poll., Vita Gallieni, IV, 4-5, Post., III, 1-11.
50. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 148-149.
51. Treb. Poll., Vita Gallieni, I, 1; III, 3; X, 1,6; Vita Oden., XV, 1-4; ვსარგებლობთ SHA-ს უახლესი გამოცემით – იხ. Властелины Рима. Биографии римских императоров от Адриана до Диоклетиана, (перевод С.П. Кондратьева, послесловие М. Л. Гаспарова), М., 1999. იქვე იხ. კომენტარები, გვ. 906, შენ. 2; შენ. 4; Zonar., XII,13.
52. Treb. Poll., Zenob., XXX, 2-3; Aur. Vict., De Caes., XXXIII, 3.
53. Treb. Poll., Vita Gallieni, III, 3; X, 1; Oden., XV, 1-2; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 391-393; Всемирная история, т. II, გვ. 737. 19
54. С.И. Ковалев, Е.М. Штаерман, Очерки истории..., გვ. 283; К. Крист, История времен..., გვ. 331.
55. Treb. Poll., Vita Claud., V, 1-2; Aur. Vict., De Caes., Claud., XXXIV, 5.
56. Flav. Vop., Vita Aurel., XXXII, 4; Eutr., Brev., IX, 13, 1; Aur. Vict., De caes., Aurel., XXXV, 2-5; С. И. Ковалев, Е. М. Штаерман, Очерки истории..., გვ. 282-283; История древнего Рима, под редакцией В. И. Кузищина, გვ. 281. 20
57. История древнего Рима, под редакцией В. И. Кузищина, გვ. 307; Е.П. Глушанин, Военные реформы Диоклетиана и Константина. – ВДИ, 1987, №2, გვ. 51, 63; А.Х.М. Джонс, Гибель античного мира, გვ. 47-48, 298-305. 21
58. პართიის სამეფოს არქაული პოლიტიკური ორგანიზაციის შესახებ იხ. М.М. Дьяконов, Очерк истории древнего Ирана, М., 1961, გვ. 192-193; Р.Н. Фрай, Наследие Ирана, М., 1972, გვ. 260-261; В.И. Гаибов, Н.А. Кошеленко, З.В. Сердитых, Эллинистический Восток. – Эллинизм: Восток и Запад, М., 1992, გვ. 43-48; А.Н. Бадер, О некоторых особенностях исторического развития Парфии. – Боспорский сборник, вып. 6, М., 1995, გვ. 62-66.
59. ვ. გაბაშვილი, სასანური ირანის სახელმწიფო. – ნარკვევები მახლო-ბელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957, გვ. 22-27; М.С. Иванов, Очерк истории Ирана, М., 1952, გვ. 23; N.C. Debevoise, A Political History of Parthia, Chicago – Illinois, 1938, გვ. 268-269.
60. Н. В. Пигулевская, А. Ю. Якубовский и др., История Ирана с древнейших времен до конце ХVIII века, Л., 1958, გვ. 39-40; М. М. Дьяконов, Очерк истории..., გვ. 258; В. Г. Луконин, Иран в эпоху первых Сасанидов, Л., 1961, გვ. 5-6. 22
61. М. М. Дьяконов, Очерк истории..., გვ. 289-290.
62. ვ. გაბაშვილი, სასანური ირანის სახელმწიფო, გვ. 24-25; История Ирана, под редакцией М.С. Иванова, М., 1977, გვ. 106-108. 23
63. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 376.
64. История Ирана, под редакцией М.С. Иванова, გვ. 106.
65. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 378.
66. იქვე, გვ. 378-379; Н.А. Машкин, История древнეго Рима, გვ. 527; 24
67. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 387; Истории აрмянского народа, ч. I, под редакцией К.Г. Кафадаряна и М.Г. Нерсисяне, Ереван, 1944, გვ. 68; М.М. Дьяконов, Очерк истории..., გვ. 261.
68. М.М. Дьяконов, Очерк истории..., გვ. 263. 25
69. ს. მაკალათია, სეფიეთში აღმოჩენილი რომაული ფულების განძი. – სსმმ, XII-ВB, თბ., 1944, გვ. 217-218. 27
70. გ. დუნდუა, ვ. წირღვავა, ეკის განძი. – ძეგლის მეგობარი, 27/28, 1971, გვ. 42.
71. გ. დუნდუა, ვ. წირღვავა, ეკის განძი, გვ. 43-44.
72. იქვე, გვ. 44.
73. ს. მაკალათია, სეფიეთში აღმოჩენილი..., გვ. 217.
74. იქვე, გვ. 218. 28
75. ს. მაკალათია, სეფიეთში აღმოჩენილი..., გვ. 218.
76. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 61.
77. იხ. პ. ზაქარაია, ნ. ლომოური, ციხეგოჯი, არქეოპოლისი, ნოქალაქევი, თბ., 1988, გვ. 3-5. 29
78. ს. მაკალათია, სეფიეთში აღმოჩენილი..., გვ. 217-218.
79. გ. დუნდუა, ვ. წირღვავა, ეკის განძი, გვ. 44.
80. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 552; Г. А. Меликишвили, К истории..., გვ. 379.
81. Всемирная история, т. II, М., 1956, გვ. 777; С. И. Ковалев, Е. М. Штаерман, Очерки истории..., გვ. 278; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 206; А. Р. Корсунский, Р. Гюнтер, Упадок и гибель Западной Римской империи и возникновение германских королевств, М., 1984, გვ. 30; А.Х.М. Джонс, Гибель античного мира, გვ. 20. 30
82. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 206; А. Р. Корсунский, Р. Гюнтер, Упадок и гибель Западной..., გვ. 30; Г. А. Цветаева, Боспор и Рим, М., 1979, გვ. 19; В. М. Зубарь, Северное Причерноморье и Септимий Север. – ВДИ, 1993, №4, გვ. 35-37.
83. В. Ф. Гайдукевич, Боспорское царство, М.-Л., 1949, გვ. 440; Г. А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 19; В. М. Зубарь, Северное Причерноморье.., გვ. 35-40.
84. В. Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 440-441; История Европы, т. I, გვ. 612.
85. В. Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 441; Г. А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 20; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 207; 31
86. Zosim., Hist. Nova, I, 31; Всемирная история, II, გვ. 777-778; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 443-444; Г.А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 20; И.Т. Кругликова, Боспор в позднеантичное время, М., 1966, გვ. 16-17.
87. А.М. Ременников, Борьба племен Северного Причерноморья с Римом в III веке, М., 1954, გვ. 91; H. Wolfram, Geschichte der Goten, München, 1979, გვ. 10-15. 32
88. А.М. Ременников, Борьба племен.., გვ. 48-52; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 441-442.
89. А.М. Ременников, Война между Римской империей и племенами Северного Причерноморья в 250-251 гг. н. э. – ВДИ, 1951, №2, გვ. 210.
90. А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 50-51.
91. იქვე, გვ. 92. 33
92. А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 92; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царствო, გვ. 446.
93. А. М. Ременников, Борьба племен..., გვ. 91-92.
94. В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 444; А. М. Ременников, Борьба племен..., გვ. 93; И.Т. Кругликова, Боспор в позднеантичное время, გვ. 17; Г.А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 20.
95. Zosim., Hist. Nova, I, 31; ზოსიმე, ახალი ისტორია. – გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1961, გვ. 266-267; В.В. Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе. – ВДИ, 1948, №4, გვ. 276-277. 34
96. Zosim., Hist. Nova, I, 32.
97. იქვე, I, 31.
98. იქვე, I, 32.
99. იქვე, I, 32.
100. იქვე, I, 32-33; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 445; А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 93; И.Т. Кругликова, Боспор в позднеантичное время, გვ. 17. 35
101. Zosim., Hist. Nova, I, 32-33.
102. იქვე, I. 33.
103. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 554
104. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 276.
105. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 42; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 276. 36
106. იხ. В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 446-447; А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 99.
107. თ. თოდუა, რომაული სამყარო და კოლხეთი, თბ., 2003, გვ. 32.
108. თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, სადოქტორო დისერტაციის ხელნაწერი, თბ., 1995, გვ. 66; მისივე, რომაული სამყარო და კოლხეთი, გვ. 32. 37
109. Arr., PPE, 9.
110. იხ. კ. ფიფია, რომაული კოლონიზაცია და ლაზეთის „სამეფო“. – ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, VI, თბ., 2003, გვ. 16-20.
111. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 553; Г. А. Меликишвили, К истории..., გვ. 379. 38
112. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 554; Г. А. Меликишвили, К истории..., გვ. 380.
113. Zosim., Hist. Nova, I, 33.
114. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 42; Н. Ю. Ломоури, Грузино-римские.., გვ. 277.
115. რ. ფუთურიძე, ბიჭვინტის შიდაციხის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური გათხრების შედეგები. – დიდი პიტიუნტი, I, თბ., 1975, გვ. 142-143.
116. გ. დუნდუა, სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი ბიჭვინტაში ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით ძვ.წ. II – ახ.წ. IV სს. – დიდი პიტიუნტი, I, თბ., 1975, გვ. 352.
117. გ. ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 52. ჩვენი აზრით, გოთების მიერ აფსაროსის დალაშქვრას ადგილი უნდა ჰქონოდა მოგვიანებით, 275 წ. ექსპედიციის დროს. ამ პრობლემას ჩვენ დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ.
118. ე. კახიძე, მ. ხალვაში, გონიო-აფსაროსი წერილობითი წყაროებისა და უახლესი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით (I-IV სს). – კის, V, 1998, გვ. 29; მ. ხალვაში, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გვიანანტიკურსა და ადრეშუასაუკუნეების ხანაში (კერამიკული ტარა გონიო-აფსაროსიდან), საკანდიდატო დისერტაცია, თბ., 2000, გვ. 12; შ. მამულაძე, აჭარისწყლის ხეობა უძველესი დროიდან გვიან შუასაუკუნეებამდე (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა), სადოქტორო დისერტაცია, /ხელნაწერი/, 2002, გვ. 158.
119. Ю.Н. Воронов, Диоскуриада – Себастополис – Цхум, М., 1980, გვ. 83.
120. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 554; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 380.
121. თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 67-68.
122. А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 95.
123. M. Sprengling, Third Century Iran. Sapor and Kartir, Chicago, 1953, gv. 7; E. Ho-nigmann et A. Maricq, Recherches sur les Res gestae divi Saporis, Bruxelles, 1953, გვ. 3-4, 11-17.
124. M. Sprengling, Third Century..., გვ. 7; E. Honigmann et A. Maricq, Recherches..., გვ. 11.
125. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 560-561; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 388-390; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 266-273. იქვე იხ. წარწერის გარშემო არსებული მთელი ლიტერატურა.
126. ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიიდან, თბ., 1975, გვ. 14.
127. იქვე, გვ. 14. 43
128. В.Г. Луконин, Завოевание Сасанидов на Востоке и проблема кушанской абсолютной хронологии. – ВДИ, 1969, №2, გვ. 32; მისივე, Культура Сасанидского Ирана, М., 1969, გვ. 128; მისივე, Древний и раннесредневековый Иран, М., 1987, გვ. 219; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 393-394; გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 567.
129. В.Г. Луконин, Завოевание Сасанидов..., გვ. 31-32; მისივე, Культура Сасанидского Ирана, გვ. 126-128; მისივე, Древний и раннесредневековый Иран, გვ. 219; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 254-255.
130. ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის სამეფოს..., გვ. 36.
131. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 560; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 388.
132. წარწერის შინაარსი მოგვაქვს გ. მელიქიშვილის მიხედვით: იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 566-567.
133. იქვე, გვ. 567; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 393-394. 45
134. В.Г. Луконин, Завоевание Сасанидов..., გვ. 92; მისივე, Культура Сасанидско-го Ирана, გვ. 128; მისივე, Древний и раннесредневековый Иран, გვ. 219.
135. ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის..., გვ. 38; მისივე, Грузино-римское..., გვ. 256.
136. ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის..., გვ. 40; გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ. წ. I-III საუკუნეებში, გვ. 568. 46
137. В.Г. Луконин, Культура Сасанидского Ирана, გვ. 52.
138. В.Г. Луконин, Культура Сасанидского Ирана, გვ. 52.
139. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 380; История армянского народа, ч. I, გვ. 68; ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის..., გვ. 28-31.
140. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 387; История აрмянского народа, ч. I, გვ. 68. 47
141. В.Г. Луконин, Культура Сасанидского Ирана, გვ. 57; М.М. Дьяконов, Очерк истории древнего Ирана, გვ. 261.
142. E. Honigmann et A. Maricg, Recherches..., გვ. 131-135; В.Г. Луконин, Завоевание Сасанидов..., გვ. 33-34.
143. В.Г. Луконин, Культура Сасанидского Ирана, გვ. 57.
144. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 560; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 388.
145. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 387; История древнего Рима, под редакцией В.И. Кузищина, გვ. 277.
146. ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის..., გვ. 35. 48
147. В. Г. Луконин, Культура Сасанидского..., გვ. 57-58.
148. ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის..., გვ. 34-35.
149. გ. ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 52; ე. კახიძე, მ. ხალვაში, გონიო-აფსაროსი წერილობითი წყაროებისა და უახლესი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით (I-VI სს.), გვ. 29; ე. კახიძე, რომის იმპერია და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ახ.წ. I-V სს., საკანდიდატო დისერტაცია, /ხელნაწერის უფლებით/, თბ., 2002, გვ. 96.
150. М. М. Дьяконов, Очерк истории..., გვ. 263-264; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 397-398, შენ. 2; В.Г. Луконин, Иран в III веке, М., 1979, გვ. 59-73.
151. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 561; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 390. 50
152. Flav. Vop., Vita Car., VIII, 1-7; Eutr., Brev., IX, 18, 1; Aur. Vict., De Caes., XXXVIII, 3; М.М. Дьяконов, Очерк истории..., გვ. 263.
153. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 399; Истории Ирана, под редакцией М.С. Иванова, გვ. 112.
154. ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის..., გვ. 14; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 274.
155. Flav. Vop., Vita Car., VIII, 1-7; Eutr., Brev., IX, 18, 1; Aur. Vict., De Caes., XXXIV, 5; История древнего Рима, под редакцией В.И. Кузищина, გვ. 279.
156. Treb. Poll., Vita Claud., V, 1-2; Aur. Vict., De Caes., Claud., XXXIV, 5; Eutr., Brеv.,IX, 11,2; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 213-214. 51
157. Flav. Vop., Vita Aur., XXXII, 4; Eutr., Brev., IX, 13,1; Aur. Vict., De Caes., Aurel., XXXV, 2-5; История древнего Рима, под редакцией В.И. Кузищина, გვ. 279; А.М. Ременников, Борьба племен Подунавья с Римом в 70-х годах III в. н. э., – «Античное общество», М., 1967, გვ. 188-192.
158. Flav. Vop., Vita Aur., XXV, 2-4; XXVIII, 1-4; Eutr., Brev., IX, 13,2; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 393-396; История древнего Рима, под редакцией В.И. Кузищина, გვ. 280-281.
159. Flav. Vop., Vita Aur., XXXII, 2-3; Н.А. Машкин, История древнეго Рима, გვ. 535; История древнეго Рима, под редакцией В.И. Кузищина, გვ. 281.
160. С.И. Ковалев, Е.М. Штаерман, Очерки..., გვ. 282-283; История древнего Рима, под редакцией В.И. Кузищина, გვ. 281.
161. Н.А. Машкин, История древнეго Рима, გვ. 536; История древнего Рима, под редакцией В.И. Кузищина, გვ. 281.
162. В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 448; Г.А. Цветаева, Боспор и Рим., გვ. 21.
163. Zosim., Hist. Nova, I, 63-64, 2; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 448; Властелины Рима, გვ. 919, შენ. 36.
164. Flav. Vop., Vita Tac., XIII, 2-3.
165. Zosim., Hist. Nova, I, 63-64; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 448-449; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 42; მისივე, Грузино-римские..., გვ. 277.
166. Zosim., Hist. Nova, I, 63; Zonar., XII, 28; Flav. Vop., Vita Tac., XIII, 5.
167. Aur. Vict., De Caes., XXXVI, 2, XXXVII, 1; Zosim., Hist. Nova, I, 64; Eutr., IX, 16; Flav. Vop., Vita Tac., XIV, 1-2. Vita Prob., X, 8.
168. Zosim., Hist. Nova, I, 71; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 449. 53
169. Zosim., Hist. Nova, I, 63-64; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 448-449; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 42; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 277.
170. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 277. 54
171. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს..., გვ. 37; მისივე, Грузино-римские..., გვ. 237; გ. ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნალაქალაქარი, გვ. 50.
172. М.П. Спейдел, Древнейший манускрипт..., გვ. 178.
173. იხ. Д. Браунд, Римское присутствие в Колхиде и Иберии, გვ. 38-39. 55
174. Д. Браунд, Римское присутствие в Колхиде и Иберии, გვ. 39.
175. აფსაროსის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია, მაკრონ-ჰენიოხების სამეფო..., გვ. 56-62.
176. Zosim., Hist. Nova, I, 63; Zonar., XII, 28; Flav. Vop., Vita Tac., XIII, 5.
177. Aur. Vict., De Caes., XXXVI, 2; Eutr., Brev., IX, 16.
178. Zosim., Hist. Nova, I, 63,2; Zonar., XII, 28. 56
179. Flav. Vop., Vita Tac., XIII, 5.
180. Aur. Vict., De Caes., XXXVI, 2; იხ. აგრეთვე, გეორგიკა, ტ. III, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბ., 1936, გვ. 262, შენ. 1.
181. Ioann. Mal., Chron., XII. – გეორგიკა, III, გვ. 262.
182. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ, თბ., 1984, გვ. 162.
183. იქვე. 57
184. М. Абегян, История древнеармянской литературы, Ереван, 1948, გვ. 233.
185. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 28.
186. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 17-28, 250.
187. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 161-162. 59
188. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 162.
189. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 158-164.
190. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 387; История армянского народа, ч. I, გვ. 68.
191. История армянского народа, ч. I, გვ. 68. 60
192. Г. Х. Саркисян, О хронологической канве «Истории Армении» Мовсеса Хоренаци, М., 1960, გვ. 2.
193. ტაციტუსის თანამედროვე ირანის შაჰები იყვნენ: ბაჰრამ (ვარაჰრან) I (273-276 წწ.) და ბაჰრამ II (276-293). – იხ. М.М. Дьяконов, Очерк истории..., გვ. 263; Н.В. Пигулевская, А.Ю. Якубовский, И.П. Петрушевский и др., История Ирана с древнеиших..., გვ. 43.
194. ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის..., გვ. 18; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 250.
195. Sdr. Aur. Vict., De Caes., XXXVI, 2, XXXVII, 1; Zosim., Hist. Nova, I, 63-64; Eutr., Brev., IX, 16; Flav. Vop., Vita Tac., XIV, 1-2, Vita Prob., X, 8.
196. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 162. შდრ. Flav. Vop., Vita Prob., XVII, 4-6; XVIII, 1.
197. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 161. 62
198. იქვე. 63
199. История армянского народа, ч. I, გვ. 69. 65
200. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 162.
201. Flav. Vop., Vita Prob., XVII, 4-6, XVIII, 1.
202. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 162.
203. ს. ჯანაშია, თუბალ-თაბალი..., გვ. 22-23.
204. Arr. PPE, 11.
205. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 7.
206. Amm. Marc., Res ges., XXVII, 12, 11. – გეორგიკა, ტ. I, გვ. 128.
207. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 555; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 381.
208. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს..., გვ. 67; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 273-274.
209. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს..., გვ. 69; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 273.
210. Arr., PPE, 11. 70
211. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 274.
212. იქვე; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს..., გვ. 68; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 382.
213. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 274. 71
214. А.М. Ременников, Борьба племен Северного..., გვ. 143.
215. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 215. 73
216. Const. Porphyr., De adm. imp., LIII, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვ. II, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბ., 1952, გვ. 288.
217. თ. მომზენი კონსტანტინე პორფიროგენეტის ამ ცნობას მიიჩნევდა ფანტასტიკურად, რომლის სერიოზულად მიღება შეუძლებელია – იხ. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 270, შენ. 1.
218. С.П. Шестаков, По поводу новейших трудов по истории и топографии Xерсонеса Таврического, Казань, 1908, გვ. 35-36; Я. Харматта, К истории Xерсонеса Таврического и Боспора. – Античное общество, Труды конференции по изучению проблем Античности, М., 1967, გვ. 205.
219. Я. Харматта, К истории Xерсонеса..., გვ. 305-308.
220. გეორგიკა, ტ. IV, ნაკვ. II, გვ. 289, შენ. 1.
221. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 554; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 381.
222. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 554; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 381.
223. Const. Porphyr., De adm. imp., LIII. 75
224. Const. Porphyr., De adm. imp., LIII.
225. Const. Porphyr., De adm. imp., LIII.
226. Petr. Pat., Exc., XIV; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 399; История Ирана, под редакцией М.С. Иванова, გვ. 112; М. М. Дьяконов, Очерк истории..., გვ. 264.
227. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 399; К. Крист, История времен..., გვ. 380.
228. И.Т. Кругликова, Боспор в позднеантичное время, გვ. 17-18; Г.А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 21.
229. Е.П. Глушанин, Военные реформы Диоклетиана и Константина, გვ. 51-63; А.Х.М. Джонс, Гибель აнтичного мира, გვ. 47-48, 298; M.P. Speidel, The Roman Road to Dumata and the Frontier Strategy of Praetensione Colligare. – Historia, Bd. XXXVI, 2, 2, Stuttgart, 1987, გვ. 213-221.
230. Н.А. Машкин, История древнего Рима, გვ. 545; История древнего Рима, под редакцией В.И. Кузищина, გვ. 296-302; А.Х.М. Джонс, Гибель античного мира, გვ. 29-47, 298-305; Е.П. Глушанин, Военные реформы Диоклетиана и Константина, გვ. 51-65.
231. Н.И. Репников, О характере римской оккупаций южного берега Крыма. – СА, VII, 1941, გვ. 126-127. 77
232. Г.А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 21.
233. T.B. Mitford, Some inscriptions from the Cappadocian Limes. – JRS, LXIV, 1974, გვ. 164.
234. თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 62-63.
235. იქვე, გვ. 67-70.
236. М.П. Инадзе, Причерноморские города древней Колхиды, Тб., 1968, გვ. 256.
237. თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 67.
238. М.П. Инадзе, Причерноморские города древней Колхиды, გვ. 256.
239. თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 70.
240. В.А. Леквинадзе, Оборонительные сооружения Себастополиса. – CA, I, 1966, გვ. 203-210; О.Д. Лордкипанидзе, Наследие древней Грузии, Тб., 1989, გვ. 340.
241. М.М. Трапш, Труды, II, 1969, გვ. 313-314.
242. გ. ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 52.
243. ნ. ინაიშვილი, ციხისძირის ახ.წ. I-VI სს. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993, გვ. 114.
Комментариев нет:
Отправить комментарий