1121
წლის
12 აგვისტოს საქართველოს მხედრობამ დავით აღმაშნებლის მეთაურობით სასტიკად დაამარცხა მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი რომელსაც ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი მეთაურობდა. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით მრავალი საკითხი იწვევს ინტერესს და დღემდე წარმოადგენს მეცნიერთა კვლევის საგანს. ამჯერად ჩვენ გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ორ კონკრეტულ საკითხზე: რა იყო კოალიციური ლაშქრის მიზანი და რა მარშრუტით მოძრაობდა ის? კითხვის პირველ ნაწილზე პასუხის გაცემა ერთი შეხედვით მარტივია, მიზანი ქართველთა დამარცხება იყო. აი თუ რა მარშრუტით მოძრაობდა კოალიცია, ამის გარკვევა რთულია, რადგან წყაროები მეტად მწირია და მათში დაცული ინფორმაციაც გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია.
ს. კაკაბაძე თვლიდა, რომ „თვითონ ილღაზი მთავარი ძალებით სირიიდან გაემართა არზრუმის მიმართულებით და იქიდან საქართველოსკენ. დაახლოებით 8 აგვისტოსთვის ეს ჯარი უკვე იმყოფებოდა თრიალეთ-მანგლის-კოჯრის გზაზე და თავს იყრიდა დიდგორების ძირობისკენ. მსვლელობისას ჯარს ეკავა გზა დაახლოებით 60-65 კილომეტრის სიგრძეზე. ვერეს წყლისი ხეობაზე გადასვლისას 30 ათასი ცხენოსნისგან შემდგარი ჯარი გაემართა დიღმის წყლის ხეობისკენ და გადავიდა დიღმის წყლის სათავიდან დიდგორზე, სადაც იყო გადასასვლელი ხეკორძის და ძეგვის მიმართულებით. სულთან მელიქ-თოღრულიც, ათაბაგ ქენ-თოღდისთან ერთად, ლაშქრით გაემართა (განძაზე გავლით) თბილისისკენ. მაგრამ მან, როგორც ამირა არსლანმა, დვინიდან მიაღწია თბილისს ნახევარი დღის სავალის მანძილზე (მაშასადამე, დაახლოებით 15 კილომეტრზე). როგორც ეტყობა, ამ ჯარმა აქ დაიცადა, სანამ არაბ-თურქთა მთავარი ძალები დიდგორის მიმართულებით გადმოვიდოდნენ. როდესაც ეს მოხდა, მაშინ ხსენებული ამირებიც დაიძრნენ, თბილისზე გავლით, დიდგორის ველისკენ“.1 ამრიგად, მეცნიერის აზრით, მუსლიმთა ერთი ნაწილი არზრუმიდან შემოვიდა საქართველოში, მერე ნაწილი განძიდან მოდიოდა და თბილისზე გაიარა, ხოლო მესამე ნაწილი დვინიდან გამოემართა.
შ. მესხია, მიმოიხილავს რა სხვადსხვა წყაროებში დაცულ ინფორმაციას და აანალიზებს სხვა მეცნიერთა მოსაზრებებს, ასკვნის „ივ.ჯავახიშვილის მიხედვით, ეს ლაშქარი ქართლში მანგლის თრიალეთის გზით არის შესული. ამ მხრივ სავსებით სწორია დავითის ისტორიკოსი.
უძველესი დროიდან შიდა ქართლში შესვლა სწორედ ამ გზით შეძლებოდა. ამ გზას არა მარტო იმ დოისათვის, არამედ შემდეგაც – XIX საუკუნეშიც დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ნ. ბერძენიშვილი მიუთითებს, „მანგლისს ფრიად ხელსაყრელი ადგილი უჭირავს, მანგლისის მხარე ეკვრის შიდა ქართლს, თბილისს, სომხით-საბარათიანოს და წალკა-ჯავახეთს. იმყოფება რა ალგეთის, თეძმის, კავთურას და ვერეს გამოსავლებში, მანგლისის ხეობა სტრატეგიულად ბატონობს აღნიშნულ მხარეზე ... სომხითიდან შიდა ქართლში, ჯავახეთიდან კახეთში უმოკლესი გზები სწორედ მანგლისზე გადიოდა.“ ამიტომ იყო, რომ ვინც კი ამ გზით ფიქრობდა საქართველოს დამორჩილებას, მანგლისზე გადმოვლით მოდიოდა. სწორედ აქედან უნდა იყოს შემოსული, ნ. ბერძენიშვილის ვარაუდით, „თურქ-სელჩუკთა კოალიცია დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ“. ლაშქრის თავმოყრა მანგლის-დიდგორში 1121 წლის აგვისტოს ათ რიცხვამდე უნდა მომხდარიყო“2. როგორც ვხედავთ შ. მესხია ფაქტობრივად ეთანხმება ნ. ბერძენიშვილის თვალსაზრისს.
რ. მეტრეველი წერს, „არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი დაწვრილებით გადმოგვცემს იმ გზას, რომელიც გაიარეს მუსლიმანთა კოალიციის ჯარებმა. ისინი შემოსულან მანგლისის მიდამოებში და თრიალეთის გზას დასდგომიან. დათქმული იყო, რომ მთელი ლაშქარი თბილისის შემოსასვლელთან შეყრილიყო. თრიალეთისა და დიდგორის შერჩევა შეკრების ადგილად არ იყო შემთხვევითი. აქედან მტერი ადვილად წამოვიდოდა თბილისისკენ, დიდგორი თბილისის ერთ-ერთი კარი იყო, საიდანაც შეიძლებოდა მცხეთის შემოვლით შიდა ქართლში შესვლა ... თრიალეთი მრავალრიცხოვანი ლაშქრის განსალაგებლად სრულიად ხელსაყრელი ადგილი იყო.“3 მეცნიერის მოსაზრება, ჩვენ ისე გვესმის, რომ კოალიციის წევრებმა შეკრება თბილისი შესასვლელთან ანუ მანგლის-დიდგორში დაიწყეს. აქამდე კი სხვადასხვა გზით მოვიდნენ.
გ. ჯაფარიძე წერდა, „დიარ-ბაქრიდან წამოსულმა ილ-ღაზმა არზრუმი და ყარსი გაიარა და თრიალეთ-მანგლისის გზით გაემართა თბილისისკენ.“4
ს. მარგიშვილმა დაწვრილებით განიხილა ყველა შესაძლო მარშრუტი და დაასკვნა, „1121 წლის ივნისის დასაწყისში, მარანდიდან საქართველოსკენ საკმაოდ დიდი არმიით დაიძრნენ ილ-ღაზი და დუბაისი. ისინი მივიდნენ ჯერ ერზრუმში, შემდეგ კი ყარსში, სადაც მათ შეუერთდა თუღან არსლანი (და შესაძლოა განძის არმიის გადარჩენილი ნაწილი). აქედან, კოალიციური არმია, ჯავახეთის გავლით შემოვიდა თრიალეთში და მიადგა მანგლის-დიდგორს, საიდანაც ის თბილისის მიდამოებში აპირებდა გასვლას, რაშიც მას ხელი დავით აღმაშენებელმა შეუშალა“.5
მუსლიმთა კოალიციური ლაშქრის მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ალ-ფარიკის ცნობას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოალიციის მონაწილეები გაერთიანდნენ და ისე შემოვიდნენ საქართველოს საზღვრებში. ამ მხრივ ს.მარგიშვილის მოსაზრება მართებულია. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ განძის ამირა არ მონაწილეობდა ამ ლაშქრობაში. ჩვენი აზრით, მუსლიმთა კოალიციური ლაშქარის შემადგენლობა შემდეგი იყო: ილ-ღაზი დაახლოებით 15-20 ათას კაცს სარდლობს, დუბაისი – 10 ათასს, განძის ამირა ქენ-თოღდი ასევე 10 ათასს, თუღან არსლან კუზიანი - 10 ათასს, თოღრული ასევე – 10 ათასს, სომხეთის ამირები – 5 ათასს. ამას ემატება 5-10 ათასი „ბედის მაძიებელი მოხალისე“. სულ გამოდის 65-75 ათასი კაცი6. მთელი ეს კოალიცია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან გაერთიანდა და იქიდან შემოვიდა. მაგრამ საკითხავია სად გაერთიანდა მუსლიმთა კოალიცია? არ გვგონი რომ ეს იყო ყარსი, როგორც ამას ს.მარგიშვილი ვარაუდობს.
მუსლიმთა კოალიციის მოძრაობის მარშრუტის დასადგენად და იმის გასაგებად, თუ რატომ აღმოჩნდა ილ-ღაზის მთელი ლაშქარი მანგლის-დიდგორში უნდა ვუპასუხოთ კიდევ ერთ კითხვას – რა იყო მუსლიმთა მიზანი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლოა დაგვეხმაროს ილ-ღაზის ლაშქრის მოძრაობის მარშრუტის დადგენაში. ცხადია მიზანი გარკვეულად განსაზღვრავდა კოალიციის მოძრაობის მარშრუტს. ვთქვათ, თუ მიზანი იქნებოდა ქუთაისის აღება მარშრუტი იქნებოდა სხვა და თუ მიზანი იქნებოდა კახეთ-ჰერეთის მორბევა – მაშინ სხვა.
შ. მესხია ეხება რა მუსლიმთა საქართველოში ლაშქრობის მიზანს წერს, „დიდგორის ბრძოლის ძირითადი და საერთო მიზეზი საქართველოს სამეფოს გაძლირება იყო. თურქ-დამპყროლებმა კარგად დაინახეს, რომ საქართველოს სახით ძლიერდებოდა ახალი და არანაკლებ საშიში ძალა, ვიდრე ჯვაროსნები და ბიზანტიელები იყვნენ. ეს ახალი ძალა წარმატებით ერეკებოდა თურქ-დამპყრობლებს არა მარტო საკუთარი, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. ასე რომ თურქები კარგავდნენ საქართველოსთან ერთად, სხვა მათ მიერ ამიერ-კავკასიაში დაპყრობილ, ქვეყნებსაც და საერთოდ პირველობასაც მახლობელ აღმოსავლეთში. ამის გარდა, სელჩუკების ბრძოლა ჯვაროსნების წინააღმდეგ, მომავალი იერიშები ანტიოქიასა და იერუსალიმზე პირველ რიგში საქართველოს დამარცხებასა და ამ გზით ზურგის უშიშროების უზრუნველყოფის გარეშე ვერ იქნებოდა გარანტირებული“.7
ქ. ჩხატარაიშვილის აზრით, „დიდგორის ომი შედეგი იყო არა თბილისისა და სხვა ქალაქების ელჩობისა, არამედ იმ საგარეო ვითარებისა, რაც სელჯუკთა სახელმწიფოებს დავით აღმაშენებლის მიერ ამიერკავკასიაში ძლიერი, ცენტრალიზებული და შესანიშნავად მოწყობილი სახელმწიფოს ჩამოყალიბებით შეექმნა და რაც, ჯვაროსანთა საქმიანობასთან ერთად, სელჯუკთა ძლიერებას სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა. თურქ-სელჯუკებს სხვა არაფერი რჩებოდათ გარდა იმისა, რომ ამიერკავკასიაში უძლიერეს ძალად ქცეულ საქართველოზე ელაშქრათ, რათა მისი მოსპობით საკუთარი ზურგი მეორე, სხვაზე არანაკლებ საშიში ფრონტიდან დაცული ჰქონოდათ და სირია პალესტინიდან ჯვაროსანთა გარეკვაში ხელი არ შეშლოდათ.8“
რ. მეტრეველის თვალსაზრისით, „დიდგორის ბრძოლის განმაპირობებლი ძირითადი მიზეზი იყო დავით აღმაშნებლის მიერ საქართველოდან თურქ-სელჩუკების განდევნა, დამოუკიდებელი ქალაქების დამორჩილებისთვის წარმატებული ბრძოლა და შექმნილი საგარეო ვითარება, რომელიც აიძულებდა მუსლიმანური სამყაროს მესვეურთ, ძლიერი საქართველოს სახელმწიფოს სახით თავიანთი დიდი მტერი დაენახათ და ერთად შეკავშირებულთ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოეცხადებინათ მისთვის“.9
ცხადია, მუსლიმთა მიზანი საქართველოს დამარცხება იყო, მაგრამ ჩვენ გავინტერესებს თავად ეს „დამარცხება“ კონკრეტულად რაში უნდა გამოხატულიყო? მარტო ერთ ბრძოლაში ქართველთა დამარცხებაში, მეფის მოკვლასა ან დატყვევებაში, საქართველოს ტერიტორიის რომელიმე ნაწილის დაპყრობაში თუ სხვა რამეში.
ნ. ბერძენიშვილის, ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას ავტორობით გამოსულ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს მიხედვით, „მტრის ჯარმა სწრაფად იარა. მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში, მხარმარჯვნვ დატოვა თბილისი და 1121 წლის 12 აგვისტოს მიადგა ქალაქ მანგლისს. თურქებს განზრახული ჰქონდათ ამ რაიონში გადაელახათ თრიალეთის ქედი და მოეწყვიტათ დავით მეფე დასავლეთ საქართველოში მდებარე მისი ძირითადი ბაზებისგან. შემოსევის მოულოდნელობამ ხელი შეუშალა დავითს სრულიად გამოეყენებინა თავის ძალები. მაგრამ დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და მეფემაც გადასწყვიტა დაესწრო მტრისთვის, შეეტია მისთვის მთიან-ტყიან ადგილებში, სადაც მისი ანგარიშით თურქ-არაბთა ცხენოსანი ლაშქრის სიმრავლეს უნდა დაებრკოლებინა მისი მოძრაობა და შეემცირებინა ბრძოლისუნარიანობა. დავითმა დიდი სისწრაფით ატარა თავისი სამოცათასიანი ლაშქარი და მანგლისის ჩრდილოეთით, დიდგორის მთაზე შეაგება იგი თურქებს“.10 აქ მხოლოდ ერთ რამეს აღვნიშნავთ, არ გვგონია, რომ მტრის შემოსევა დავით მეფისთვის მოულოდნელი იყო. ეს 1121 წელია, მეფეს ყველა რეფორმა გატარებული აქვს. სახელმწიფო აპარატი უკვე ჩამოყალიბებულია და მოქმედებს, მათ შორის მსტოვართა ინსტიტუტიც. შეუძლებელია დავითს არ ქონოდა ინფორმაცია მოწინააღმდეგის მოძრაობის შესახებ. ჩვენი აზრით, დავით აღმაშნებელს მუსლიმთა ლაშქრის საქართველოსთან მოახლოებისთანავე (თუ მანამდე არა) ჰქონდა ინფორმაცია მოწინააღმდეგის ჯარის მოძრაობის შესახებ.
თავის დროზე ნ.ბერძენიშვილი წერდა, „1121 წლის 12 აგვისტოს თურქთა დიდი კოალიციური ლაშქარი „მოვიდეს თრიალეთს, მანგლის(ს) და დიდგორთა“. მეფე დავითი 61 ათასი მეომრით შეება მომხდურთ 15 აგვისტოს და სასტიკად დაამარცხა ისინი. ამ ომში ორთავე მხრით, სულ მცირე, ასი ათასი მეომარი იღებდა მონაწილეობას. ომი დიდგორთა მოხდა. აშკარაა: მომხდურთა წინააღმდეგ დავით მეფეს ნიჩბისისა და თვალადის გზებით უნდა მიეყვანა თავისი ლაშქარი. თურქთა კოალიციას დიდგორთან მოსვლა, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ ყოფილა. მტკვრისა, ძამისა, ტანის თუ თეძმის ხეობები გაცილებით შორი, ღრმა, ვიწრო, ტყიანი და ამდენადვე „საჭირონი“ და სახიფათონი ჩანდნენ. ამიტომაც კოალიციურმა ლაშქარმა თავი მოარიდა მათ და უმოკლესი (და უკეთესი?) გზებით სცადა შიდა ქართლში შემოჭრა და მისი დაპყრობა“. 11 ამ სიტყვებიდან ისე ჩანს, რომ მეცნიერი ილ-ღაზის მიზნად შიდა ქართლის დაკავებას მიიჩნევდა.
ს. კაკაბაძე აღნიშნავდა, „თურქების სარდლობას მიზნად ჰქონდა დასახული თრიალეთ-მანგლისის მხარედან შეჭრილიყო შიდა ქართლში და ამით სასიკვდილო ლახვარი ჩაეცა აღმოსავლეთ საქართველოსთვის. მაგრამ რადგანაც არ იყო ცნობილი, თუ სად დაარტყამდნენ თურქები, ამიტომ ქართველების სამართებოს (შტაბს, როგორც ახლა ვიტყვით) თავისი ჯარის მეტი ნაწილი გაშლილი ჰყავდა დიდგორის ქედზე“.12
ს. მარგიშვილი თვლიდა, „ელემენტარული ლოგიკით სტრატეგიული ამოცანა შეიძლებოდა ყოფილიყო სამი სხვადასხვა სახის: საქართველოს სამეფოს ოკუპაცია და მისი მიერთება სელჯუკთა სამფლობელოსადმი; დავით აღმაშენებლის მიერ დაკავებული ტერიტორიების (სამშვილდე და ა.შ.) უკან დაბრუნება და თბილისისა და სხვა მუსლიმური რეგიონების გათავისუფლება საქართველოს ზეწოლისგან (ანუ მალიქ-შაჰის დროინდელი სტატუს-ქვოს აღდგენა ხარკის გადახდით ან მის გარეშე); დავით აღმაშენებლის გაძლიერებისა და შემდგომი წინსვლის შეჩერება“13.
ჩვენ ვეთანხმებით ს. მარგიშვილის მიერ გამოთქმულ თვალსაზრისს, რომ კოალიციის მიზანი სამშვილდე-ლორეს ტერიტორიების დაბრუნება და თბილისისა და განძის საამიროების საქართველოს სამეფოს ზეწოლისაგან გათავისუფლება იყო14. არ ვეთანხმებით მეცნიერის მოსაზრებას, რომ კოალიციური ლაშქარი საქართველოში ორი მხრიდან აპირებდა შემოჭრას. თუმცა სრულიად ვიზიარებთ მის დასკვნას, რომ „საქართველოს სამეფოს საზღვართან კონცენტრირებული არმია სტრატეგიულ საფრთხეს შეუქმნიდა სხვადასხვა რეგიონებს. მუსლიმები თბილისის მიდამოებიდან ერთდროულად დაემუქრებოდნენ როგორც კახეთსა და შიდა ქართლს, ასევე სამშვილდესა და სომხითს. ასეთი დისპოზიციიდან მათ შეეძლოთ ერთდროული მარბიელი ლაშქრობების ორგანიზება სხვადასხვა მიმართულებით“. ანუ ილ-ღაზისთვის სტრატეგიულად ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, პირველ ეტაპზე, თბილისში და მის სანახებში დაბანაკება. რაც შეეხება ს. მარგიშვილის შემდგომ მსჯელობას, „სამხედრო თვალსაზრისით ასეთი სტრატეგიული ამოცანა პირველ ეტაპზე არა ტერიტორიების დაკავებასა და და ციხე-სიმაგრეთა აღებას გულისხმობდა, არამედ მოწინააღმდეგის იძულებას, მისთვის არახელსაყრელ პირობებში ბრძოლის მიღებასა მისი ცოცხალი ძალის განადგურების მიზნით, რაც როგორც ერთბაშად (ე.ი. გენერალური ბრძოლით), ასევე თანმიმდევრულად (ე.ი. მარბიელი ლაშქრობებით) შეიძლება განხორციელებულიყო“15, ცოტა განსხვავებული მოსაზრება გვაქვს.
თბილისის, დმანისისა და განძის დაცვას მუსლიმები მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუ დავით მეფის სამხედრო პოტენციალს სერიოზულ დარტყმას მიაყენებდნენ. მარბიელი ლაშქრობებით ამის გაკეთება რთული იქნებოდა. უცნობ ქვეყანაში, პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკით (და ქართველებს შეეძლოთ ბრძოლის ასეთი ხერხი აერჩიათ) მოქმედი მოწინააღმდეგის განადგურება ძნელი ამოცანაა. ილ-ღაზს სამშვილდე, რუსთავი და თბილისი მახლობლად არსებული სხვა ციხეები რომც აეღო ეს საბოლოო ჯამში რეალურად ბევრს არაფერს ნიშნავდა, თუ ქართველთა სამხედრო ძალის თუნდაც ერთი დიდი ნაწილი არ განადგურდებოდა. ყოველთვის იქნებოდა საფრთხე, რომ კოალიციის წასვლის შედეგ (და ადრე თუ გვიან მას წასვლა მოუწევდა) დავით მეფე კვლავ დაიბრუნებდა ამ ციხეებს და ისევ შეუქმნიდა საფრთხეს მუსლიმთა მფლობელობას საქართველოს ამ ნაწილში. მართებულად წერდა ივ.შაიშმელაშვილი, „მათ ამჯამადაც შეეძლოთ ძველებურად აეღოთ თავი და პირდაპირ შედგომოდნენ ქართული პროვინციების რბევა-ოხრებას, რაც არც ისე დიდი ხნის წინათ მათი ველური ბრბოების აღფრთოვანების უმთავრეს წყაროსა და ერთგვარ გასართობსაც კი წარმოადგენდა ... ჯერ გზიდან უნდა ჩამოეშორებინათ ქართული სახელმწიფოს მკლავმაგარი გუშაგი – დავით აღმაშენებლის არმია, ე.ი. არმიას აუცილებლად უნდა შებმოდნენ და გაეტეხათ მისი ძლიერება. ამიტომ გარკვეული აზრით მომავალი ბრძოლის ასპარეზის არჩევანი ქართველთა ხელში იყო“.16
ილ-ღაზი გამოცდილი სარდალი იყო და ალბათ ერჩივნა ერთ გენერალურ ბრძოლაში დაემარცხებინა ქართველები, მათი სამხედრო ძლიერება გაეტეხა და შემდეგ შემოსდგომოდ ციხეებს. ამიტომ სავარაუდოდ ის უფრო იყო დაინტერესებული დიდი ბრძოლის გამართვაში, ვიდრე დავით აღმაშენებელი. რა თქმა უნდა თუ ქართველები ბრძოლას არ მიიღებდნენ, თბილისთან დაბანაკებულ ილ-ღაზს შეეძლო მაერბიელი რაზმები გაეშვა შიდა და ქვემო ქართლის, ასევე კახეთ-ჰერეთის მიმართულებით და ეს მხარეები აეოხრებინა. ისიც ცხადია, რომ ეს საქართველოს სამეფოს სერიოზულ ზიანს მიაყენებდა (მოსახლეობის განადგურება, სახნავ-სათესი სავარგულების აოხრება და სხვ.). თუმცა მთავარი ამოცანა მაინც გადაუჭრელი დარჩებოდა, ქართველთა სამხედრო ძალა არ განადგურდებოდა. შეიძლება პირიქითაც მომხდარიყო, მარბიელი რაზმები ქართველებს ცალ-ცალკე დაემარცხებინათ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ჩვენ ვეთანხმებით ს. მარგიშვილის თვალსაზრისს, რომ ილ-ღაზის მიზანი თბილისი, დმანისისა და განძის დაცვა იყო. ამისთვის კი ორი რამ უნდა გაკეთებულიყო: მუსლიმებს ქართველებისთვის ამ რეგიონში მდებარე ციხე-სიმაგრეები უნდა წაერთმიათ და საქართველოს სამხედრო პოტენციალი სერიოზულად დაესუსტებინათ. სხვა საკითხია როდის ერჩივნა ილ-ღაზს მთავარი ბრძოლის გამართვა, თბილისის სანახებში მოსვლის შემდეგ თუ მანამდე. აქ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეიძლება და ორივე მოსაზრებას არსებობის თანაბარი უფლება აქვს. ძნელი სათქმელია რა ერჩივნათ მუსლიმებს, ჯერ ციხე-სიმაგრეები აეღოთ და მერე ბრძოლაში ქართველთა მხედრობა დაემარცხებინათ. თუ ჯერ ბრძოლა გაემართათ და შემდეგ შემოეწყობოდნენ ციხე-სიმაგრეებს. ალბათ მათთვის მეორე ვარიანტი უმჯობესი იყო, რადგან ციხე-სიმაგრეების ალყა იმ დროს როდესაც ქართველთა ძალა დაუმარცხებელი იყო და თავისუფალი მომქმედების საშუალება ქონდა სარისკო გადაწყვეტილება იქნებოდა.
გასათვალისწინებელია, რომ ილ-ღაზს მეგზურობას გაუწევდნენ თბილელ-დმანელი ვაჭრები, რომლებსაც კარგად ეცოდინებოდათ არა მარტო თბილისთან მისასვლელი გზები, არამედ ზოგადად არსებული ვითარებაც.
რომელ გზას ურჩევდნენ მეგზურები მუსლიმთა სარდალს და თავად ის რა მიმართულებას აირჩევდა? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ვარაუდის სფეროს განეკუთვნება.
სავსებით სწორად შენიშნავდა ნ. ბერძენიშვილი, „ქუეყანა თრიალეთისანი“ საქართველოს ისტორიულ წარსულში განსაკუთრებული მნიშვნელობის პროვინცია იყო. გეოგრაფიული ცენტრი, უმაღლესი ზეგანი, ოთხივე მხრით წყალგამყოფი ტერიტორია მის გარშემო მდებარე ქვეყნებს (ზემო, შიდა და ქვემო ქართლს) ბუნებრივად ჰყოფდა და აკავშირებდა. გასაგებია თუ „ქუეყანა თრიალეთისანი“ – ეს ბუნებრივი გზასაყარი – უძველეს დროიდანვე გზებით დაიქსელა ... თრიალეთზე მიდიოდნენ სავაჭრო ქარავნები, ქართველთა ლაშქარი და უცხო დამპყრობელნი ოთხივ მხრით ... თრიალეთს დგებიან ლაშქრით ქართველი თუ უცხო დამპყრობელნი, საიდანაც ოთხივ მხრით უმარჯვესი გზები მიდიან. თრიალეთს დადგა XI საუკუნის 60-იან წლებში ალფ-არსლანი. უმოკლეს ხანში აქედან მისმა მარბიელმა მთელი საქართველო მოიცო. აქ იდგა 1124 წელს დავით აღმაშენებელი, აღმოსავლეთით, სამხრეთით თუ დასავლეთით თურქთა წინააღმდეგ საბრძოლველად გამზადებული. აქედან ჩაატარა მან შესანიშნავი თავისი სისწრაფით საქართველოს ლაშქრის მობილიზაცია „წიგნები წუევისა მიმოდაისრბოლა და მესამესა დღესა სამოცდა (ათი) ათასი მხედარი წინაშე უდგა“.17 ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე თრიალეთს მოსვლა სავსებით შესაძლებელია თავად ილ-ღაზის თავდაპირველი გეგმაც ყოფილიყო.
დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა ძალიან ხშირად წყაროებში დაცული ინფორმაციის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. ეს კი ცხადია სხვადასხვა მოსაზრებების არსებობას იწვევს. ძნელია მტკიცება, რომ რომელიღაც ერთი თვალსაზრისია ჭეშმარიტი და სხვა ყველა კი მცდარი. ყველა მოსაზრებას თავისი არგუმენტაცია გააჩნია. ჩვენ საკუთარი შეხედულება გვაქვს დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ვახდენთ იმდროინდელი ვითარების აღდგენას.
მუსლიმთა კოალიციის მოძრაობის მარშრუტის დასადგენად რამდენიმ საკითხია გასარკვევი.
პირველი – კოალიციის მონაწილეები ცალ-ცალკე შემოვიდნენ საქართველოში თუ უკვე აქ გაერთიანდნენ, ვთქვათ თრიალეთში? ალ-ფარიკი მართალია წარეს, რომ მუსლიმთა სარდლები სამი მიმართულებიდან იწყებენ საქართველოსკენ მოძრაობას (ილ-ღაზი ყარსიდან, თოღრული – განძიდან, თუღან არსლან კუზიანი – დვინიდან), მაგრამ მისი შემდგომი თხრობიდან თითქოს ისე ჩანს, რომ ყველანი საქართველოს საზღვრებში შემოსვლამდე თუ არა, შემოსვლიდან მალევე გაერთიანდნენ18. ჩვენი აზრით, მუსლიმთა კოალიცია თრიალეთში უკვე გაერთიანებული ძალებით მოვიდა.
მეორე – სად გაერთიანდა მუსლიმთა ლაშქარი? ალ-ფარიკის მიხედვით ილ-ღაზი მოვიდა ყარსში და იქიდან გამოემართა საქართველოსკენ. ყარსში ალბათ მართლაც შეჩერდა ილ-ღაზი, მაგრამ აქედან პირდაპირ საქართველოსკენ გამემართა თუ არა ეს დანამდვილებით უცნობია. აქ უნდა ერთი საკითხი დავაზუსტოთ – რა ერჩივნა ილ-ღაზსს, თავიდანვე შემოსულიყო საქართველოს საზღვრებში (ვთქვათ ყარსიდან ჯავახეთის მიმართულებით ემოძრავა, როგორც ს.მარგიშვილი ვარაუდობს) და ქართველთა მუდმივი თავდასხმის საფრთხის ქვეშ ყოფილიყო, თუ რაც შეიძლება გვიან გადმოელახა საქართველოს საზღვარი? ჩვენ მეორე მოსაზრება უფრო მისაღებად მიგვაჩნია. ილ-ღაზის მიზანია მიაღწიოს თბილისამდე და თუ გზაში საშუალება ექნება გამართოს გენერალური ბრძოლა. ჩვენი აზრით, ილ-ღაზი ყარსიდან ანისში მივიდოდა (გასათვალისწინებელია, რომ კოალიციაში სომხეთის ამირებიც იყვნენ) და მცირე ხანს იქ შეჩერდებოდა კიდეც. შესაძლოა ამას ისიც ადასტურებდეს, რომ მარცხის შემდეგ კოალიციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა ანისის მიმართულებით გაქცევა არჩია, ანუ ისევ ნაცნობი გზით წავიდნენ.19 სად იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური ანისიდან, დვინიდან და განძიდან მომავალი მუსლიმური ჯარების გაერთიანება? ალბათ სადღაც ქვემო ქართლში. ანისიდან და დვინიდან წამოსული ძალები სავარაუდოდ უფრო ადრე გაერთიანდნენ და შემდეგ შეუერთდა მათ განძიდან გამოსული ლაშქარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოალიცია სადღაც დმანისთან უნდა გაერთიანებულიყო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დმანისი მუსლიმთა ხელში იყო და დმანელი ვაჭრები, ტფილელ და განძელ ვაჭრებთან ერთად იყვნენ წასული დახმარების სათხოვნელად სულთანთან.
მესამე – ქვემო ქართლიდან, დმანისიდან რა მიმართულებით შეეძლო ემოძრავა ილ-ღაზს თბილისისკენ? „თბილისიდან ქვემო ქართლისკენ გზები კოჟრისა და კარის კარით გადიოდა. პირველი კოჟრის კარიდან ტაბახმელამდის თბილისი მანგლისის გზას მიყვებოდა ... მეორე გზა თბილისიდან სამხრეთისკენ მარნეულს განშტოვდებოდა ... ორივე ეს გზა ძველთაგანვე მჭიდროდ დასახლებულ კულტურულ რაიონებს აკავშირებდა. ისინი დიდი ეკონომიკური მნიშვნელობისანი იყვნენ. ამავე დროს საქართველო ამ გზებით თავის სამხრეთის მეზობლებს უკავშირდებოდა და ამდენადვე ხსენებულ მარშრუტებს საშინაოს გვერდით საგარეო მნიშვნელობაც ჰქონდათ.“20 თუმცა ნ. ბერძენიშვილი იქვე აღნიშნავდა, რომ „ორივე გზა ვიწრო და გრძელი ხეობებით მიდიოდა და მათი ჩაკეტვა საჭიროების დროს დიდ სიძნელეს შეამთხვევდა შემოსევის მსურველს. მოხერხებულ ადგილებზე მაგარი ციხეები უპირველესად ამ მიზნებს ემსახურებოდა“. მიუხედავად ნ. ბერძენიშვილის შენიშვნისა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დმანისი-ნახიდური-მარნეული21 და შემდეგ თბილისი, ის მიმართულება იყო რომლითაც წესით ილ-ღაზს უნდა ემოძრავა, მაგრამ ის თრიალეთში „აღმოჩნდა“.
მეოთხე – თუ მუსლიმთა კოალიცია ქვემო ქართლში გაერთიანდა რატომ მივიდა კოალიციური ლაშქარი „თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა“? შესაძლოა ორი მოსაზრების გამოთქმა: პირველი – ილ-ღაზს თავიდანვე ურჩიეს მანგლის-დიდგორის გზით წამოსვლა; მეორე – მუსლიმთა სარდალს სხვა გზა შესთავაზესს, მაგრამ ქართველებმა აიძულს თრიალეთის გზა აერჩია. ცხადია ზუსტი და ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. ვფიქრობთ, რომ ქართველებმა სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. ჩვენი აზრით, საქართველოში დმანისის მხრიდან შემოსული მუსლიმთა კოალიციური ლასქარი დავით აღმაშენებელმა აიძულა სწორედ ისეთი მარშრუტი აერჩია, რომელიც ქართველთა მეფეს აწყობდა. დავითმა ილ-ღაზი აიძულა ბრძოლა იქ მიეღო სადაც ეს ქართველთათვის იყო სასურველი და არა მუსლიმთათვის. სწორედ ამაშია დავით აღმაშენებლის სამხედრო გენია. მეფის ისტორიკოსი საკმაოდ ზოგად ცნობებს იძლევა დიდგორის ბრძოლის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, „ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ თვისნი სპანი დაიცვნა უვნებელად, ამათ ყოველთათვის არა ჩვენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედა-მიწევნით ყოველსავე“22. ვფიქრობთ, რომ ამ სიტყვებში არა მხოლოდ უშუალოდ 12 აგვისტოს მომხდარი ბრძოლა უნდა იგულისხმებოდეს, არამედ წინა პერიოდიც, როდესაც დავით მეფემ თავის გეგმის მიხედვით წარმართა ყოველივე და ილ-ღაზი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
დიდგორში ბრძოლის გამართვა ილ-ღაზისთვის იძულებითი ნაბიჯი იყო. ქ. ჩხატარაიშვილი აღნიშნავს, „საომარი ადგილის შერჩევითა და ბრძოლის თავისი გეგმის მტრისთვის თავზე მოხვევით დავით აღმაშენებელმა თავისი ბრწყინვალე სამხედრო ნიჭი გამოავლინა ... დიდგორთან მოსულ თურქებს ისეთი გამოცდილი სარდალი ჰყავდათ, რომ მისი შეცდომის ახსნა მხოლოდ ორი რამით შეიძლება: 1) ილ-ღაზი იძულებული იყო ბრძოლაში ჩაბმა ეჩქარა, რათა შორიდან მოყვანილი, ერთმანეთთან ორგანულად დაუკავშირებელი სამხედრო რაზმების ერთიანობა შეენარჩუნებინა და მათი ბრძოლისუნარიანობა დროულად გამოეყენებია; 2) ილ-ღაზის სიფხიზლე მოადუნა თრიალეთში თავმოყრილი ჯარების სიმრავლემ, რასაც ერთხმად აღნიშნავენ იმდროინდელი უცხოელი და ქართველი მემატიანეები.“23
ივ.შაიშმელაშვილი თვლიდა, „თურქ-სელჩუკთა მიერ წამოწყებული ეს დიდი ლაშქრობა მათ სასარგებლოდ მხოლოდ მაშინ დასრულდებოდა, როცა ქართულ არმიას პირისპირ ბრძოლაში დაამარცხებდნენ ... მათ ამჯამადაც შეეძლოთ ძველებურად აეღოთ თავი და პირდაპირ შედგომოდნენ ქართული პროვინციების რბევა-ოხრებას, რაც არც ისე დიდი ხნის წინათ მათი ველური ბრბოების აღფრთოვანების უმთავრერს წყაროსა და ერთგვარ გასართობსაც კი წარმოადგენდა ... ჯერ გზიდან უნდა ჩამოეშორებინათ ქართული სახელმწიფოს მკლავმაგარი გუშაგი – დავით აღმაშენებლის არმია, ე.ი. არმიას აუცილებლად უნდა შებმოდნენ და გაეტეხათ მისი ძლიერება. ამიტომ გარკვეული აზრით მომავალი ბრძოლის ასპარეზის არჩევანი ქართველთა ხელში იყო. სადაც არ უნდა დაჯგუფებულიყო იგი, თურქები იქ უნდა შებმოდნენ მას ... დიდგორის ბრძოლა, რომ სახელდობრ დიდგორში მოხდა, ამის უპირველეს მიზეზად დავით მეფის გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს“.24
რა თქმა უნდა, დიდგორში ბრძოლის გამართვა დავით აღმაშენებლის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ სადაც არ უნდა დაჯგუფებულიყო ქართველთა ჯარი, თურქები იქ უნდა შებმოდნენ მას. ილ-ღაზი ცხადია ქართველებთან გენერალური ბრძოლის გამართვას გეგმავდა, მაგრამ ნებისმიერ ადგილზე გამართავდა კი? ასეთი გამოცდილი სარდალი თავისი ნებით ისეთ ადგილს, რომელიც მას არ აწყობდა და დიდგორი სავარუდოდ არ აწყობდა, არ აირჩევდა. საჭირო იყო მისი იძულება, რათა ბრძოლა იქ მიეღო სადაც არ სურდა.
როგორ აიძულა ქართველთა უპირველესმა მეფემ გამოცდილი ილ-ღაზი დაეშვა შეცდომა (შეცდომებიც კი), ცხადია ზუსტად უცნობია. შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რამდენიმე მუსლიმი ისტორიკოსის ცნობა, რომ თავდაპირველად ქართველები დამარცხდნენ და გაიქცნენ. მუსლიმები მათ დაედევნენ, ხოლო შემდეგ მოულოდნელად მობრუნებულმა ქართველებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს.
ქემალ ად-დინის თანახმად, „სელჯუკთა მეფემ ტოღრულმა ქართველებისა და მათი მეფის დავითის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა ილ-ღაზი ორთოკის ძეს, რომელიც გაემართა მისკენ მრავალრიცხოვანი არმიით. მას თან ახლდა დუბეის სადაკას ძე. მუსულმანებმა, რომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ისინი, მისდიეს მტერს ბილიკებით და მოქცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე. შემდეგ ქართველები გზაზე შემოუბრუნდნენ მათ და დაამარცხეს მუსულმანები. მისდევდნენ რა, ქართველები ხოცავდნე და ტყვედ იგდებდნენ მათ. დუბეისი, რომლისგანაც წართმეულის ღირებულება შეადგენდა 300 000 დინარს, ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზისთან ერთად გაემართა მარდინში უვნებლად“25. მართებულად შენიშნავს გურამ კუტალია, რომ ეს დავით მეფის სამხედრო ხრიკი იყო და მოწინააღმდეგის შეტყუებას ითვალისწინებდა.
ქართველთა თავდაპირველი მარცხისა და შემდგომ მათი გამარჯვების შესახებ მოგვითხრობს იბნ ალ-კალანისთანაც. ამ უკანასკნელის მიხედვით, ქართველები თავს დაესხნენ თოღრულს, რომელმაც დახმარება სთხოვა ილ-ღაზსა და დუბაისს. ქართველთა ჯარი შეშინებული გაიქცა და მუსლიმები მათ დაედევნენ. მაგრამ მოულოდნელად ქართველები მობრუნდენ, მუსლიმებს შეუტიეს და დაამარცხეს. „В этом году также сообщалось о появлении грузин из Дурубы и их нападении на территории князя Тогрыла. Последний попросил помощи у эмира Наджм аль-Дина иль-Гази, сына Ортука, правителя Алеппо, а также у туркмен и эмира Дубайс бен Садак бен Мазияда. Они откликнулись на его просьбу и вышли к нему на помощь с большим войском. Армия грузин в панике бежала, а мусульмане преследовали их и осадили в Дурубе, но тут грузины атаковали мусульман, обратили их в бегство и убили многих. После этого они пошли на город Тифлис, с боем взяли его и казнили его жителей.“26
პირველ შეტაკებაში ქართველთა მარცხსა და უკუქცევაზე საუბრობს იბნ ალ-ადიმიც.27
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაზე დაყრდნობით, მუსლიმთა კოალიციასთან გამართულ ორ ბრძოლაზე საუბრობს ს.კაკაბაძე. თუმცა მეცნიერი თვლის, რომ პირველი ბრძოლაც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. „ყოფილა ორი ომი – პირველი ომი, სადაც აგრეთვე თურქებმა ვერ შეძლეს „წინადადგომა“ და დამარცხდნენ და მეორე კიდევ ის სადაც თვითონ დავითი ხელმძღვანელობდა „წინგაწყობას“ მთელი სამი საათის მანძილზე, თურქების საბოლოო დამარცხებამდე. პირველი ომი იგულისხმება დიდგორის ქედზე დავითის ხელმძღვანელობით, ძეგვის ხევისა და დიღმის წყლის სათავეებს შუა (საწკეპელას ზეგანზე) და მეორე კიდევ – მთავარი ომი – მის აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრზე დიდგორწინაზე, დავითისავე განკარგულებით“.28
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოწინააღმდეგის უკვე საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან გამოჩენისთანავე აწვდიდნენ მსტოვრები დავით მეფეს საჭირო ცნობებს. მეფემ გამოიცნო ილ-ღაზის ჩანაფიქრი, თბილისის სანახებში მოსვლა და მას საკუთარი გეგმა დაუპირისპირა. მეფემ არაპირდაპირი მოქმედების სტრატეგია აირჩია, „არაპირდაპირი მოქმედების გზით მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის მოშლა, მისი მდგრადობის დარღვევა და ომის წარმოებისათვის მისი ნების პარალიზება.“29 გეგმის მთავარი იდეა მტრის ისეთ ადგილზე შეტყუება იყო სადაც ის თავის რიცხობრივ უპირატესობას ვერ გამიყენებდა. თვიდანვე შეიძლება ითქვას, რომ მეფემ ეს ჩანაფიქრი ბრწყინვალედ შეასრულა. „დავითმა გააკეთა ის რასაც ლიდელ-ჰარტი ელასტიურ ქმედებას უწოდებს: აიძულა მოწინააღმდეგე გაეკეთებინა ისეთი მოძრაობა, რომელზეც დაიჭირა და მისი ძალისხმევა მის წინააღმდეგვე გამოიყენა.30“
გ. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „ჩანს დავითმა გამოიყენა ის ტაქტიკური ხერხი, რომელიც საერთოდ უცხო არ იყო აღმოსავლეთის სამხედრო ხელოვნებაში, დამარცხების იმიტაციით გაათამამა მტერი და შეიტყუა იქ, სადაც გენერალური ბრძოლის გამართვა მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო“.31
მოწინააღმდეგის შეტყუებაზე საუბრობს ს. მარგიშვილიც. მეცნიერის აზრით ეს „მარცხი“ და შემდეგ შეტყუება მიზნად ისახავდა მტრის დიდგორის ქედისკენ გატყუებას და ჩასაფრებაში შეყვანას.32
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დმანისის სანახებში მოხდა პირველი შეტაკება მუსლიმთა კოალიციურ ლაშქართან და „მარცხის“ გათამაშება. აქედან მოხდა მათი შეტყუება თრიალეთის მიმართულებით. ანუ სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ჩვენი აზრით, გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, ილ-ღაზი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაედევნებოდა „დამარცხებულ და გაქცეულ“ ქართულ მხედრობას თუ დარწმუნდებობდა, რომ მის წინააღმდეგ იბრძოდა ქართველთა არა უმნიშვნელო ნაწილი, არამედ დავითის ჯარის უმეტესობა. დავით აღმაშენებელს ისე უნდა წარმოეჩინა ვითარება, თითქოს დმანისის სანახებში ბრძოლის გამართვა მისი უმთავრესი გადაწყვეტილება იყო და მისი მხედრობის ძირითადი ნაწილიც აქ იყო თავმოყრილი. ამიტომ ვფიქრობთ, შესაძლოა დმანისთან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო საბრძოლველად შეკრებილი საქართველოს მხედრობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა. პირობითად 10-15 ათასმა კაცმა. ქართველები დმანისის სანახებში მყოფ მოწინააღმდეგეს დაესხნენ თავს. ბრძოლა ალბათ გაგრძელდა საათი, საათნახევარი და შემდეგ დათქმულ ნიშანზე ქართველებმა ბრძოლის ველი მიატოვეს და სწრაფად დაიხიეს უკან ჩრდილოეთით, თრიალეთის ქედის მიმართულებით. გარკვეული ხნის შემდეგ იმავე მიმართულებით დაიძრნენ მუსმლიმებიც. უკანდახეულ ქართველთა დევნისას მუსლიმთა კოალიციას შემოაღამდა და ბანაკი დასცა მანგლისსა და დიდგორს შორის. კოალიციური ლაშქრის მეწინავე ნაწილი, ილ-ღაზისა და დუბეისის სარდლობით დიდგორის მიდამოებში დაბანაკდა. ჯარის დანარჩენი ნაწილი კი – მანგლისამდე არსებულ ტერიტორიაზე.
ნ. ბერძენიშვილის, ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას ავტორობით დაწერილ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში ერთი საინტერესო მოსაზრებაა – „მტრის ჯარმა სწრაფად იარა. მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში, მხარმარჯვნივ დატოვა თბილისი“.33 დიდგორისკენ მოძრაობისას თბილისის მხარმარჯვნივ დატოვება შეიძლება იმ შემთხვევებში თუ მიემართები სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. წარმოუდგენელია თბილისის მხარმარჯვნივ დატოვება სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მოძრაობისას (ასე იმოძრავებდა კოალიციური ლაშქარი თუ ის ჯავახეთიდან შემოვიდა თრიალეთში).
ილ-ღაზი გამოცდილი სარდალი იყო და მას ნებისმიერი მიმართულებით ვერ შეიტყუებდი (ვთქვათ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით). მუსლიმთა კოალიციის შესატყუებლად საჭირო იყო ისეთი ადგილის შერჩევა, რომელიც ილ-ღაზის თავდაპირველ ჩანაფიქრს ძალიან არ შეცვლიდა და ამავე დროს ეჭვიც არ გაუჩენდა ქართველთა სამხედრო ხრიკთან დაკავშირებით. თრიალეთი სწორედ ასეთი ადგილი იყო34. კიდევ ერთხელ მოვიტანთ ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებას, რომ „ქუეყანა თრიალეთისანი“ საქართველოს ისტორიულ წარსულში განსაკუთრებული მნიშვნელობის პროვინცია იყო. გეოგრაფიული ცენტრი, უმაღლესი ზეგანი, ოთხივე მხრით წყალგამყოფი ტერიტორია მის გარშემო მდებარე ქვეყნებს (ზემო, შიდა და ქვემო ქართლს) ბუნებრივად ჰყოფდა და აკავშირებდა“35. თრიალეთიდან შეიძლებოდა შეტევა თბილისი მიმართულებითაც და შიდა ქართლის მიმართულებითაც. ამას მეგზურები ალბათ ეტყოდნენ მუსლიმთა სარდალს. თუ ილ-ღაზი თრიალეთისკენ (მანგლის-დიდგორისკენ) უკანდახეულ ქართველთა მხედრობას დაეწეოდა და დაამარცხებად მას გზა ხსნილი ექნებოდა ორივე მხარეს. მტრის შეტყუება ფრიად მნიშვნელოვან სტრატეგიულ რეგიონში ძალიან თამამი, თუმცა ამავე დროს სახიფათო გადაწყვეტილება იყო და რაც მთავარია ალბათ სრულიად მოულოდნელი ილ-ღაზისთვის.
იყო სავარაუდოდ მეორე მომენტიც. დმანისიდან თბილისისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი ქონდა ქართულ მხედრობას. ისიც გავიხსენოთ, რომ სამშვილდე და რუსთავი ქართველებს ეპყრათ უკვე კარგა ხანია. ილ-ღაზს სურდა საქართველოს ჯართან დიდი ბრძოლის გამართვა, მაგრამ ალბათ არა ქართველთა მიერ წინასწარ გამზადებულ და გამაგრებულ პოზიციებზე.
შესაძლოა გვეფიქრა, რომ თრიალეთისკენ დაძვრის შემდეგ ეგებ ილ-ღაზმა თავდაპირველ გეგმაში ცვლილება შეეტანა და შიდა ქართლის დაკავება სცადა, როგორც ამას ქართველ მეცნიერთა ნაწილი თვლის. მით უმეტეს თრიალეთიდან შიდა ქართლში რამდენიმე გზა გადადიოდა. „თრიალეთის მთებიდან გამოსული მდინარეები: ძამა, ტანა, თეძამი, კავთურა და ნიჩბისის წყალი მათი შენაკადებით ქმნიდნენ ხეობებს, რომლებიც შიდა ქართლს ბუნებრივად აკავშირებდნენ თორ-თრიალეთ-მანგლისთან. თორ-გუჯარეთი, თრიალეთი და მანგლისი კი გზასაყარი ქვეყნები იყვნენ, საიდანაც არაერთი მარშრუტი შიდა ქართლში შედიოდა სწორედ ამ ხეობებით ... თრიალეთ-მანგლისიდან შიდა ქართლსი თეძმის ხეობით მომავალი გზები სამი სხვადასხვა პუნქტიდან გამოდიოდა: თეძმის სათავიდან, კლდეკარიდან და მანგლისიდან. პირველი მათგანი გამოივლიდა ჭვარებს, დედაციხეს, ხევღრმის მონასტერს, რკონის მონასტერს, რკონის ციხის რაიონში შემოდიოდა. მეორე მარშრუტი კლდეკარიდან სალომია-სამაჭალოზე ჩამოვლით რკონის ციხესვე ჩამოდიოდა. მანგლისიდან მესამე მიმართულება „გოსტიბის თავს“ გამოივლიდა და იმავე რკონის ციხის რაიონში აღმოჩნდებოდა. ხეობიდან გასავალს ამ გზას „მაღალსა კლდესა ზედა, მაგარი, მდინარესა ზედა თეძმისასა“ ზენადრის ციხე უდარაჯებდა. აქედან გზა ხსნილი იყო დოესის მინდვრით გორისკენ (ქვახვრელი-უფლისციხისკენ) ან კიდევ ახალქალაქით თბილისისკენ. მეორე გზა რკონის რაიონიდან, ეს „ქვენადრის გზა“ იყო. ის მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე იკვ-ჩაჩუბეთი-ქვენადრისზე გამოივლიდა და ერთაწმინდა-ახალქალაქში შემოდიოდა. თეძმის მარცხენა ნაპირით ფიცეს-საორბისზე მესამე გზა მიდიოდა ... შიდა ქართლიდან მანგლისისკენ გზები რამდენიმე მიმართულებით მიდიოდა. 1. ახალქალაქ-ცხირეთზე 2. მდინარე კავთურას ხეობით (თვალადი-წინარეხი-ბოტისიან, თვალადი-წინარეხი-ქვათახევი-ციხე კავთა). ნიჩბისის ხევით (ოხერა-ნიჩბისი-ციხე კავთა) და ძეგვის ხევით (ძეგვი-ხეკორძი-კოშკი). ციხე კავთა როგორც ჩანს კონტროლს უწევდა მანგლისიდან შიდა ქართლში მიმავალ მთავარ გზებს ნიჩბისზე და თვალადზე“.36 ჩვენი აზრით, ილ-ღაზს საკუთარი თავდაპირველი განზრახვა არ შეუცვლია თრილალეთში შემოსვლის შემდეგ შიდა ქართლისკენ არ აუღია გეზი. კოალიციური ლაშქრის მოძრაობის მარშრუტი მანგლისიდან დიდგორისკენ, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ილ-ღაზს ჯარი თბილისისკენ მოყავდა. მას თრიალეთიდან შიდა ქართლში გადასვლა რომ ნდომებოდა ეს მანგლისთან უნდა გაეკეთებინა და თეძმის თუ არა კავთურას ან ნიჩბისისწყლის ხეობის მიმართულებით უნდა ემოძრავა, ანუ ჩრდილოეთისკენ წასულიყო და არა აშკარად აღმოსავლეთისკენ.
დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს, „მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა“. როგორ უნდა გავიგოთ მისი სიტყვები? ივ. შაიშმელაშვილი თვლიდა რომ საუბარია სამ პუნქტზე: თრიალეთზე, მანგლისზე და დიდგორზე. „თურქების ლაშქარი ამ სამ რაიონში უნდა დაჯგუფებულიყო, სამივე ეს გეოგრაფიული მიკრორაიონი ძველთაგანვე ერთიანი დიდი სტრატეგიული მიმართულების ამოსავალ პოზიციას წარმოადგენდა“37. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მემატიანეს სიტყვები შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: მტერი მოვიდა თრიალეთში, კუნკრეტულად კი მანგლისსა და დიდგორში. მანგლისიცა და დიდგორიც თრიალეთის „ქვეყანაში“ მდებარეობს.
ჩვენი აზრით, მუსლიმთა კოალიციის მოსვლა თრიალეთში მოხდა ილ-ღაზის თავდაპირველი გეგმის საწინააღმდეგოდ. ის დავითმა იძულებული გახადა თრიალეთში მისულიყო. აქედან ილ-ღაზს ნამდვილად შეეძლო შიდა ქართლში გადასვლა. რა მოხდებოდა თუ ის შიდა ქართლში გადავიდოდა? ააოხრებდა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ და ეკონომიკურად დაწინაურებულ მხარეს. დაიღუპებოდა მოსახლეობის ნაწილი და ზოგიც ტყვედ ჩავარდებოდა. თუმცა შეგვიძლია დავუშვათ, რომ მოსახლეობის უმთავრესი ნაწილი გახიზვნასა და დამალვას მოასწრებდა. გადაჭრიდა საკომუნიკაციო გზებს. ცხადია ეს სერიოზული ზარალი იქნებოდა საქართველოს სამეფოსთვის, მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა მაინც ვერ შეძლებდა თავისი მთავარი ამოცანის შესრულებას, თბილისისათვის საფრთხის მოხსნას. დავითს შეეძლო ბრძოლა არც მიეღო. რამდენი ხანი იქნებოდა ილ-ღაზი შიდა ქართლში? ადრე თუ გვიან მოუწევდა თბილისისკენ წამოსვლა. უბრალოდ დროს დაკარგავდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თრიალეთში მყოფმა ილ-ღაზმა უარი თქვა შიდა ქართლში გადასვლაზე და პირდაპირ თბილისისკენ დაიძრა. მუსლიმთა კოალიცია დასავლეთიდან უახლოვდებოდა თბილისს, ანუ მოძრაობდა მანგლისიდან თბილისისკენ, დიდგორის გავლით.
რა თქმა უნდა შესაძლებელია დავითის ისტორიკოსის სიტყვების – „მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა“ – განსხვავებული ინტერპრეტაცია. შესაძლოა მტერი ერთდროულად მოვიდა მანგლისში და დიდგორში. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მემატიანე გულისხმობს კოალიციური ლაშქარის ყოფნას მანგლისიდან დიდგორამდე არსებულ ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, რომ თბილისიკენ მოძრაობისას ილ-ღაზმა ბანაკი მანგლისა და დიდგორს შორის დასცა. ლაშქრის ავანგარდი კი, რომელსაც თავად ილ-ღაზი სარდლობდა დიდგორში იდგა.
რაც შეეხება ქართველთა ლაშქარს, ის მანგლის-დიდგორის სანახებში შიდა ქართლიდან უნდა ასულიყო მდინარეების: ნიჩბისიწყლის, კავთურასა და შესაძლოა თეძამის ხეობების გავლით. ნიჩბისიდან თითქმის პირდაპირ დიდგორზე გავიდოდნენ, ხოლო კავთურადან – მანგლისზე.
„ალეპოს 1097–1146 ისტორიის“ ავტორ ქემალ ად-დინ ალეპოელის (1192-1262) ცნობა დიდგორის ბრძოლის შესახებ
...„სელჯუკთა მეფე ტოღრულმა ქართველების და მათი მეფის დავითის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა ილ-ღაზი ორთოკის ძეს, რომელიც გაემართა მისკენ მრავალრიცხოვანი არმიით; მას თან ახლდა დუბეის სადაკას ძე. მუსულმანებმა, რომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ისინი, მისდიეს მტერს ბილიკით და მოექცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე. შემდეგ ქართველები გზაზე შემოუბრუნდნენ მათ და დამარცხდნენ მუსულმანები. მისდევდნენ რა, ქართველები ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მათ. დუბეისი, რომლისგანაც წართმეულის ღირდებულება შეადგენდა 300000 დინარს, ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზისთან ერთად გაემართა მარდინში უვნებლად“...
შენიშვნები
1. ს. კაკაბაძე, დიდგორის ბრძოლა თბ. 1982 გვ. 100
2. შ. მესხია, ძლევაჲ საკვირველი. თბ. 1972 გვ. 104
3. რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი. თბ. 2002 გვ. 223
4. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში თბ. 1995 წ. გვ. 49
5. ს. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშნებლის მეფობის შესახებ (ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ). თბ. 2006 გვ. 150.
6. მ. ბახტაძე, მოწინააღმდეგეთა ჯარების რაოდენობა დიდგორის ბრძოლაში. საისტორიო კრებული ტ.4 2014. თბ. გვ. 107
7. შ. მესხია, ძლევაჲ საკვირველი. თბ. 1972 გვ. 91
8. ქ. ჩხატარაიშვილი ივ.შაიშმელაშვილი, დიდგორის ბრძოლა. თბ. 1973 გვ. 10
9. რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი. თბ. 2002 გვ. 217
10. ნ. ბერძენიშვილი, ივ.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია, საქართველოს ისტორია ნაწ. I თბ. 1950 გვ. 184
11. ნ. ბერძენიშვილი, გზები რუსთაველი ეპოქის საქართველოში. თბ. 1966 გვ. 50-51
12. ს. კაკაბაძე, დიდგორის ომი. თბ. 1982 გვ. 106
13. ს. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშნებლის მეფობის შესახებ (ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ). თბ. 2006 გვ. 151.
14. ს. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშნებლის მეფობის შესახებ (ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ). თბ. 2006 გვ. 152.
15. ს. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშნებლის მეფობის შესახებ (ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ). თბ. 2006 გვ. 153.
16. ქ. ჩხატარაიშვილი ივ.შაიშმელაშვილი, დიდგორის ბრძოლა. თბ. 1973 გვ. 80-81
17. ნ. ბერძენიშვილი, გზები რუსთაველი ეპოქის საქართველოში. თბ. 1966 გვ. 66
18. Ибн ал-Азрака ал-Фарики, „Истории Майяфарикина“. Труды института истории АН Азербайджанской ССР. Том XII. Баку. 1957 გვ. 222-223; (http://www.vostlit.info/Texts/rus17/Achmed–Dede/text2.phtml?id=12780)
19. ლ. დავლიანიძე, მათე ურჰაეცის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ. კრებულში, საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ. 1966 გვ. 246-247
20. ნ. ბერძენიშვილი, გზები რუსთაველი ეპოქის საქართველოში. თბ. 1966 გვ. 73-74
21. ნ. ბერძენიშვილი, გზები რუსთაველი ეპოქის საქართველოში. თბ. 1966 გვ. 75-76
22. ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისა, ტექსტი გამოსაცემად მომაზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მ.შანიძემ. თბ. 1992 გვ. 190-191
23. ქ. ჩხატარაიშვილი ივ. შაიშმელაშვილი, დიდგორის ბრძოლა. თბ. 1973 გვ. 18
24. ქ. ჩხატარაიშვილი ივ. შაიშმელაშვილი, დიდგორის ბრძოლა. თბ. 1973 გვ. 80-81
25. გ. კუტალია, ქემალ ად-დინის ცნობები დიდგორის ბრძოლის შესახებ. მეცნიერებათა აკადემიის „მოამბე“ 1974 წ. ტ. 74 № 2 გვ. 104;
26. Гамильтон Гибб, Дамасские хроники крестоносцев. Москва. 2009 ст. 119 (http://www.vostlit.info/Texts/rus3/Kalanisi–2/text13.phtml?id=12830)
27. გ. ჯაფარიძე, ნეჯმ ად-დინ ილღაზი, კრებულში დავით აღმაშენებელი თბ. 1990. გვ. 223
28. ს. კაკაბაძე, დიდგორის ბრძოლა თბ. 1982 გვ. 105
29. კ. კაციტაძე, სტრატეგიის საფუძვლები. თბ. 2007 გვ. 340
30. კ. კაციტაძე, სტრატეგიის საფუძვლები. გვ. 352
31. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში თბ. 1995 წ. გვ. 49
32. ს. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშნებლის მეფობის შესახებ (ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ). თბ. 2006 გვ. 166
33. ნ. ბერძენიშვილი, ივ.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია, საქართველოს ისტორია ნაწ. I თბ. 1950 გვ. 184
34. ჩვენ არ ვეთანხმებით ს. მარგიშვილს, რომ გათამაშებული მარცხის შემდეგ შეტყუება მოხდა კონკრეტულად დიდგორის ქედისკენ. ჩვენი აზრით ეს „მარცხი“ მოხდა უფრო ადრე და ითვალისწინებდა მოწინააღმდეგის თრიალეთში შეტყუებას.
35. ნ. ბერძენიშვილი, გზები რუსთაველი ეპოქის საქართველოში. თბ. 1966 გვ. 66
36. ნ. ბერძენიშვილი, გზები რუსთაველი ეპოქის საქართველოში. თბ. 1966 გვ. 42; 48; 50.
Комментариев нет:
Отправить комментарий