შესავალი
მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოს დასავლურ ორიენტაციას, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების დაინტერესებას საქართველოს საკითხით, ხანგრძლივი ისტორია აქვს. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველო იმთავითვე მოექცა მსოფლიო მოვლენების ორბიტაში, რაც ხელს უწყობდა მის ეკონომიკურ და კულტურულ დაწინაურებას. მეორე მხრივ, იმავე ფაქტორის გამო, საქართველო ოდითგან იყო მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა მისწრაფებებისა და ინტერესთა რეალიზაციის ასპარეზი. ძვ.წ. I ს. ქართული პოლიტიკური ერთეულები – იბერია და კოლხეთი რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ დროიდან რომსა და საქართველოს შორის საფუძველი ეყრება მრავალსაუკუნოვან ინტენსიურ ურთიერთობებს და ხანგრძლივი დროის მანძილზე საქართველო წარმოადგენდა რომაული სამყაროს ვრცელი აღმოსავლური ოიკუმენეს ნაწილს. შესაბამისად, რომის ინტერესები საქართველოს მიმართ იმპერიის ე.წ. „აღმოსავლური პოლიტიკის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაწილად გაიაზრება.
ცალკეულ ქვეყნებს შორის კულტურულ-ეკონომიკურმა და პო-ლიტიკურმა კონტაქტებმა გაიარა ჩამოყალიბების რთული ისტორიული პროცესები და საფუძვლად დაედო თანამედროვე სახელმწიფოთა ურთიერთობების განსხვავებულ ფორმებს. ამდენად, ამ ურთიერთობათა ისტორიის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მნიშვნელობა ერთიორად იზრდება, როცა საქმე ეხება რომის იმპერიას – განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი, სხვადასხვა ისტორიული წარსულისა და კულტურის მქონე ხალხებისა და ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ კონგლომერატს. პატარა პოლისიდან უზარმაზარ მედიტერანულ იმპერიად ტრანსფორმირებულმა რომმა თავისი აღმავლობისა და აყვავების პერიოდში ხელი შეუწყო მის შემადგენლობაში შემავალი ხალხების კულტურულ-ისტორიულ ინტეგრაციას, სხვადასხვა ცივილიზაციების დაახლოებას. ასეთ ვითარებაში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ პარტნიორთან – რომთან ურთიერთობის შესწავლას, დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც ამ კონტაქტების გააზრება გასაგებს ხდის საქართველოში მიმდინარე მოვლენების არსს. თანამედროვე ეტაპზე, როდესაც მკვეთრად შეიცვალა საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მაჩვენებლები, მსოფლიოში ძალთა ახალი ბალანსის, გლობალიზაციის, ევროპის პოლიტიკური გაფართოებისა და საქართველოს მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციის პირობებში, თანამედროვე ევროპის წინამორბედთან – რომის იმპერიასთან ქართული პოლიტიკური ერთეულების ურთიერთობის შესწავლას, ამ ურთიერთობათა ნებისმიერ ეტაპზე, წმინდა შემეცნებითთან ერთად პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს და განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება წარმოვაჩინოთ საქართველოს საერთაშორისო პოტენციალი, მისი როლი და ისტორიული მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე.
ქართულ ისტორიოგრაფიაში საფუძვლიანადაა შესწავლილი გვიანანტიკური ხანის ლიტერატურაში შემორჩენილი ცნობები ქართული პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. მკვლევარები, ხედავდნენ რა არსებული მასალების სიმწირეს, დიდ ყურადღებას აქცევდნენ საქართველოს შესახებ წყაროებში დაცულ ყველა ცნობას და ცდილობდნენ ერთი შეხედვით უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანი მასალისაგან მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია. ყველა მკვლევარი, ვინც გვიანანტიკური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხებზე მუშაობდა, აუცილებლად ეხებოდა რომის იმპერიასთან ურთიერთობებსაც. ამიტომაც ეს პრობლემა მეტ-ნაკლები სისრულით შესწავლილიცაა. ქართული პოლიტიკური ერთეულების რომაულ სამყაროსთან კონტაქტებს თავის დროზე საკმაოდ ვრცლად შეეხნენ ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი. რომაულ-ქართულ ურთიერთობათა ძირითადი ასპექტები განხილულია გ. მელიქიშვილის, მ. ინაძის, გ. ლორთქიფანიძის, თ. თოდუას და სხვ. ნაშრომებში. საქართველო-რომის ურთიერთობის შესწავლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ნ. ლომოურმა. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართულ-რომაული პოლიტიკური კონტაქტების მონოგრაფიული შესწავლა მათი არსებობის მთელ მანძილზე.
მიუხედავად ზემოთ დასახელებულ მკვლევართა ღვაწლისა, ქართულ-რომაულ ურთიერთობათა ბევრი ასპექტი არ არის სათანადოდ შესწავლილი და ჯერ კიდევ ვრცელია საკითხთა წრე, რომელიც შემდგომ კვლევა-ძიებასა და დაზუსტებას მოითხოვს. საკითხთა ასეთ რიგს მიეკუთვნება იმპერატორ ტრაიანეს (98-117 წწ.) მმართველობის პერიოდში რომაულ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობის საკითხი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ეპოქა (II ს. დასაწყისი) რომაულ-ქართულ ურთიერთობათა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პერიოდია. თუმცა, ეს არცაა გასაკვირი, რამდენადაც თავად ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა არც თუ ისე კარგადაა შესწავლილი.
ტრაიანეს დაპყრობითი ომები, განსაკუთრებით კი მისი პართია-სომხეთში ლაშქრობა (114-117 წწ.), წარმოადგენს ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენას ანტიკური სამყაროს ისტორიაში. იგი დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას, რამაც ასახვა ჰპოვა როგორც რომის ისტორიის შესახებ საერთო, განმაზოგადებელ ნაშრომებში, ასევე ამ ლაშქრობისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოკვლევებში. მიუხედავად იმისა, რომ ტრაიანეს აღმოსავლური კამპანიის შესახებ არსებობს საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა, ამ პრობლემის ბევრი ასპექტი ბოლომდე გარკვეული არ არის, რაც გამოწვეულია წყაროთა სიმცირითა და ფრაგმენტულობით. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს რომთან ურთიერთობებზე მომუშავე სპეციალისტებისათვის და შეიძლება ითქვას, რომ ქართულ-რომაულ ურთიერთობათა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ არსებული წყაროთა არც თუ ისე დიდი არჩევანის ფონზეც კი, ჩვენთვის საინტერესო ეპოქა – ტრაიანეს მმართველობის ხანა, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად მწირია. ფაქტობრივად, ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკის კონტექსტში ქართული პოლიტიკური გაერთიანებები სულ რამდენჯერმე მოიხსენიება. აქედან, სხვებთან შედარებით ღირებულად შეიძლება ჩაითვალოს XIX ს. 90-იან წწ. რომში აღმოჩენილი წარწერა-ეპიტაფია, სადაც საუბარია იბერიის მეფის მითრიდატეს ძმის, ამაზასპის ნიზიბისში დაღუპვაზე,1 რომელიც, როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, იბერთა ლაშქართან ერთად მონაწილეობდა ტრაიანეს აღმოსავლურ ლაშქრობაში და დიონ კასიოსის (დაახლ. 153-235 წწ.) ცნობა, სადაც ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის კონტექსტში იხსენიება მაკრონ-ჰენიოხთა მეფე ანქიალე.2 გარდა ამისა, ჩვენ გაგვაჩნია IV ს. კომპილატორების – ევტროპიუსის, ფესტუსისა და ევსევი კესარიელის,3 ფაქტობრივად ერთმანეთის იდენტური ცნობები, რომელთა ამოსავალს აშკარაა, რომ რომელიღაც უფრო ადრინდელი, საერთო წყარო წარმოადგენს. და ბოლოს, ფლავიუს არიანეს ცნობილ „პერიპლუსში“, 131 წ. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოგზა-ურობის ოფიციალურ ანგარიშში, შემონახულია ასევე ძალზე მშრალი და სქემატური ცნობა, რომლის თანახმადაც ტრაიანეს „მეფედ“ დაუმტკიცებია აფსილთა მმართველი იულიანე.4
ფაქტობრივად ამით ამოიწურება ჩვენს ხელთ არსებული ცნობები ტრაიანეს მმართველობის პერიოდში საქართველო-რომის ურთიერთობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის შესწავლა დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული და იგი ჯერ არ გამხდარა სპეციალური შესწავლის ობიექტი. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამგვარი კვლევის აუცილებლობა აშკარაა, რადგანაც სწორედ ამ გზით შეიძლება წარმოვაჩინოთ საქართველოს როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებში.
სწორედ ამ ხარვეზის ნაწილობრივ გამოსწორებას ისახავს მიზნად წინამდებარე ნაშრომი. მასში ჩვენ შევეცადეთ, ისტორიოგრაფიაში პირველად, მონოგრაფიულად შეგვესწავლა ქართული პოლიტიკური გაერთიანებების – იბერიისა და კოლხეთის ურთიერთობა რომთან ტრაიანეს ხანაში; ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკის ორბიტაში და 114-117 წწ. აღმოსავლეთში მიმდინარე გლობალურ ბატალიებში წარმოგვეჩინა საქართველოს როლი და გვეჩვენებინა მისი მდგომარეობა ამ ურთულეს პოლიტიკურ პერიპეტიებში; თავი მოგვეყარა და გაგვეანალიზებინა თანამედროვე საისტორიო ლიტერატურაში არსებული მოსაზრებები ჩვენთვის საინტერესო საკითხებთან დამოკიდებულებაში; II ს. დასაწყისში მიმდინარე მსოფლიო მოვლენების კონტექსტში, წყაროთა თვისობრივად ახლებური ინტერპრეტაციის საფუძველზე, შეგვესწავლა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ცალკეული საკითხები.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებული წყაროების სიმცირის გამო, შეუძლებელია ზოგიერთი პოლიტიკური მომენტის დაზუსტება და მოვლენათა განვითარების კონკრეტული სურათის აღდგენა, ამ მონაცემების კომპლექსური განხილვა, იმ დროის რომის აღმოსავლური პოლიტიკისა და რეგიონში შექმნილი საერთო-პოლიტიკური ვითარების ჭრილში, იძლევა ქართული პოლიტიკური გაერთიანებების რომთან ურთიერთობის ძირითადი ასპექტების რეკონსტრუქციის საშუალებას.
რომაულ ქართული ურთიერთობების ისტორიისათვის ძვ.წ. I - ახ.წ. I სს.
ძვ.წ. I ს. დასაწყისიდან მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური როლის შესრულებას იწყებს რომის სახელმწიფო. რომის გვიანდელი რესპუბლიკის გლობალური საგარეო ექსპანსიის შედეგად, მახლობელი აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა რომის პოლიტიკური გავლენის სფეროში და რომაული ცივილიზაციის არეალში მოექცა. ამ დროიდან რომი მახლობელი აღმოსავლეთის სივრცეში ახალი პოლიტიკური წესრიგის დამფუძნებლად გვევლინება, ხოლო მისი აღმოსავლური პოლიტიკა ორიენტალური სამყაროს კულტურულ-ისტორიული განვითარების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა.
მძლავრი გარეშე გეოპოლიტიკური ძალების უშუალო შეხების წერტილში მდებარე კავკასია და კერძოდ, საქართველოც ჩართული აღმოჩნდა აღმოსავლეთში მიმდინარე ამ პოლიტიკურ პროცესებში. რომის გეოსტრატეგიული ინტერესები საქართველოს მიმართ ძვ.წ. I ს. 60-იან წწ. პონტო-რომის დაპირისპირების ფონზე წარმოიშვა, როდესაც რომაელთა ექსპანსიამ აღმოსავლეთში კულმინაციას მიაღწია და ბრძოლა აზიაში ჰეგემონობისათვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ძლიერი პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად, რომელიც მოჰყვა პომპეუსის დაპყრობებს მახლობელ აღმოსავლეთში, ქართული პოლიტიკური ერთეულები – იბერია და კოლხეთი, საკუთარი სურვი-ლის წინააღმდეგ, ჩართულ იქნენ რომის პოლიტიკურ სისტემაში.5
საქართველოს განსაზღვრული ადგილი ეჭირა რომაულ გეოპოლიტიკაში. საქართველოს, და საერთოდ ამიერკავკასიის ქვეყნებს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ იმპერიისათვის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგრამ, რომს საქართველოში უპირველესად სამხედრო-სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებდა. აღმოსავლეთში შექმნილი „პოლიტიკური დუალიზმის“, რომსა და პართიას შორის განუწყვეტელი დაპირისპირების პირობებში, საქართველოს იმპერიისათვის უნდა უზრუნველეყო მტკიცე ზურგი და შეესრულებინა პლაცდარმის როლი პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში, რომლის პრობლემაც რომის საგარეო პოლიტიკაში წინა პლანზე იდგა მთელი ადრეული იმპერიის მანძილზე. გარდა ამისა, რომს, რა თქმა უნდა, აინტერესებდა ჩრდილოეთ კავკასიის საუღელტეხილო გადასასვლელების, განსაკუთრებით კი იბერიის ტერიტორიაზე არსებული დარიალის გაკონტროლება, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო იმიერკავკასიელი მეომარი ნომადების მოძრაობის დარეგულირება და, საჭიროების შემთხვევაში, მრავალრიცხოვანი დამხმარე სამხედრო ძალების გადმოყვანა. და ბოლოს, დასავლეთ საქართველოს, კოლხეთს დიდი საკომუნიკაციო მნიშვნელობა ჰქონდა ბოსფორის მიმართაც.6
რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონის რომთან დამოკიდებულებაზე დიდ გავლენას ახდენდა საერთო-პოლიტიკური სიტუაცია აღმოსავლეთში. აქედან გამომდინარე, ქართული პოლიტიკური ერთეულების რომთან ურთიერთობის ხასიათი და ინტენსივობა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა იყო და იცვლებოდა როგორც რომის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციის, ასევე იბერია-კოლხეთის შინაგანი განვითარებისა და ინტერესების შესაბამისად. თუმცა, რომის აღმოსავლურ და დასავლურქართულ პოლიტიკურ ერთეულებთან – იბერიასა და კოლხეთთან დამოკიდებულების ხასიათი მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. თუ რომის გავლენა იბერიაზე ცვალებადი და არამყარი იყო, დასავლეთ საქართველო, კოლხეთი საკმაოდ სტაბილურად დაექვემდებარა რომს. მართალია, პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ იბერია „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“ გამოცხადდა, რაც ფაქტობრივ ვასალობას ნიშნავდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რომაელთა ამიერკავკასიაში შემოჭრა იბერიისათვის ობიექტურად სასარგებლოც კი აღმოჩნდა.7 პომპეუსის ლაშქრობების შედეგად მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკა რადიკალურად შეიცვალა. თითქმის მთელი მცირე აზია რომაელთა ხელში გადავიდა. პონტოს სამეფოს ტერიტორია რომის პროვინციად გამოცხადდა.8 ტიგრან II-ის ვრცელი და ძლიერი „დიდი არმენია“ დაიშალა9 და იგი „რომის მეგობარ და მოკავშირე“ ქვეყნად იქნა გამოცხადებული. ასე რომ, პომპეუსის ლაშქრობის შედეგად სომხეთი მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ იქცა. ძვ.წ. I ს. 50-იანი წწ. ბოლოდან აღმოსავლეთში რომსა და პართიას შორის დაპირისპი-რების დაწყებისა და „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის ჩამოყა-ლიბების შემდეგ კი, სომხეთის ისტორიაში იწყება ყველაზე მძიმე პერიოდი. არმენია გახდა ე.წ. „ბუფერული“ სამეფო, რომსა და პართიას შორის გაუთავებელი და სისხლისმღვრელი ომების ძირითადი ასპარეზი.10
არმენიისა და პონტოს ძლიერების პერიოდში იბერია გარკვეულწილად მათი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მისი პოლიტიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო. მძლავრი მეზობლების დაცემამ კი იბერიას ახალი პერსპექტივები გაუხსნა და მის გაძლიერებას შეუწყო ხელი. სწორედ პომპეუსის ლაშქრობის შედეგად აზიაში შექმნილი ახალი პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში, იწყება იბერიის სამეფოს აღმავლობა და იგი თანდათანობით მახლობელ აღმოსავლეთში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება.11
გარდა ამისა, როგორც ეს შემდგომი მოვლენებიდან ჩანს, იბერიის მეფეები ყოველმხრივ ცდილობდნენ თავი აერიდებინათ ვასალური მოვალეობებისათვის, ძირითადად ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას და მხოლოდ ფორმალურად აღიარებდნენ „რომაელი ხალხის მეგობრობა-მოკავშირეობას“.12 ახ.წ. I საუკუნიდან იბერიის სამეფო რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს. იბერიის მზარდი ამბიციები და პოლიტიკური გავლენის გაძლიერება განპირობებული იყო მისი გეოსტრატეგიული მდებარეობით. იბერია, როგორც აღვნიშნეთ, აკონტროლებდა დარიალის გადმოსასვლელს და შეეძლო ჩრდილო-კავკასიელ მომთაბარეთა გადმოყვანა. აღმავლობის გზაზე მდგარი იბერია საკმაოდ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ხშირად არ ემთხვევა რომის აღმოსავლურ პოლიტიკას (მაგ., ახ.წ. I ს. 30-იან წწ., მეფე ფარსმან I-ის დროს). იბერიის მმართველები თავიანთ სამოკავშირეო ვალდებულებებს ძირითადად მხოლოდ მაშინ ასრულებდნენ, თუ ეს მათ საკუთარ ინტერესებშიც შედიოდა, მოგვიანებით კი რომთან კონფრონტაციასაც არ ერიდებიან. აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის, იბერიის პართიასთან სიახლოვისა და არმენიასთან უშუალო მეზობლობის გამო, რომაელი იმპერატორები ცდილობდნენ გაეთვალისწინებინათ იბერიის მმართველი წრეების ინტერესები, შეენარჩუნებინათ მათთან მშვიდობიანი სამოკავშირეო ურთიერთობა, რათა ეს უკანასკნელი არ მიმხრობოდა პართიას და მხარი არ დაეჭირა ანტირომაული ტენდენციებისათვის სომხეთში.13
მაგრამ, თუ ახ.წ. I ს. იბერია გამოდის როგორც დამოუკიდებელი და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის მებრძოლი სახელმწიფო, განსხვავებული მდგომარეობაა კოლხეთში. ძვ.წ. 65 წ. პომპეუსის ლაშქრობის დროისათვის, ცალკეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად, ე.წ. „სკეპტუხიებად“ დაშლილი კოლხეთი მითრიდატე VI ევპატორის (ძვ.წ. 120-63 წწ.) ვრცელი სამეფოს ფარგლებში იყო მოქცეული.14 გარკვეული დროის მანძილზე კოლხეთი უშუალოდ ექვემდებარებოდა რომს. მაგრამ, რამდენადაც რომაელები კოლხეთს პონტოს სამეფოს ნაწილად მიიჩნევდნენ, მარკუს ანტონიუსის მიერ აღმოსავლეთში გატარებული მმართველობის სისტემის რეორგანიზაციის დროს, ძვ.წ. 35-33 წწ. იგი ჩართულ იქნა ანტონიუსის მიერვე აღდგენილი ვასალური სამეფოს – პოლემონის პონტოს შემადგენლობაში,15 რის შედეგადაც ხანგრძლივი დროის მანძილზე კოლხეთის დამოკიდებულება რომზე ამ სამეფოს მეშვეობით ხორციელდებოდა. აქედან გამომდინარე, ახ.წ. I ს-ში რომის არათანმიმდევრული და ცვალებადი აღმოსავლური პოლიტიკის შედეგად პონტოს პოლიტიკური სტატუსის ყველა ცვლილება და მის მიმართ იმპერიის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება ავტომატურად ვრცელდებოდა კოლხეთზეც. მაგ., ავგუსტუსის (ძვ.წ. 27-ახ.წ. 14 წწ.) ხანაში კოლხეთი ხანმოკლე დროით, ჯერ გაერთიანებული პონტო-ბოსფორის სამეფოს ნაწილია (ძვ.წ. 14-8 წწ.), შემდეგ კი, ძვ.წ. 3/2 - ახ.წ. 17 წწ. პონტო-კაპადოკიის ერთიანი სამეფოს შემადგენლობაში შედის.16
ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ, იულიუს-კლავდიუსებისა და ფლავიუსების ეპოქის რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში არ შეიმჩნევა ერთიანი, კარდინალური მიმართულება და ცალკეული იმპერატორები კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე წყვეტენ ამა თუ იმ ვასალური სამეფოს ბედს თუ აღმოსავლეთში შექმნილ სხვა პრობლემებს. ტიბერიუსისათვის (14-37 წწ.) მიუღებელი გახდა ავგუსტუსის მიერ აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა და პონტო-კაპადოკიის გაერთიანებული სამეფოს არსებობა. მისი ბრძანებით პონტო-კაპადოკიის დროებითი ერთიანობა დაიშალა. კაპადოკიის სამეფო გაუქმებულ იქნა, ხოლო პონტო ახ.წ. 22/23 წწ. სამეურვეო ქვეყნად („სეკვესტრად“) გამოცხადდა და მისი ტერიტორია, კოლხეთთან ერთად, უშუალოდ რომის პროტექტორატის ქვეშ მოექცა.17 ახ.წ. 38 წ. გაიუს კალიგულამ (37-41 წწ.) პონტოს სამეფო კვლავ პოლემონიდებს გადასცა.18 ნერონმა (54-68 წწ.) კი უარყო წინამორბედ იმპერატორთა აღმოსავლური – რომსა და პართიას შორის ბუფერულ სამეფოებზე დაყრდნობის პოლიტიკა და ხელი მიჰყო მათ ლიკვიდაციას. 63წ. გაუქმებულ იქნა პოლემონიდური პონტოს სამეფო. მისი ტერიტორია გალატიის პროვინციას შეუერთდა.19 იგივე ბედი გაიზიარა კოლხეთმაც. კოლხეთის სანაპირო პუნქტებში – აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლისში ჩაყენებულ იქნა რომაული გარნიზონები.20 ვესპასიანეს (69-79 წწ.) მმართველობისას, 72 წ. კოლხეთი ჩართულ იქნა ე.წ. „კაპადოკიურ კომპლექსში“, რომელიც შეიქმნა პროვინციების – გალატიისა და კაპადოკიის გაერთიანებით და რომლის შექმნის მიზანი იყო რომის აღმოსავლური საზღვრების უსაფრთხოების ამაღლება.21 მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახ.წ. I ს. ბოლოს რომი საგრძნობლად თმობს პოზიციებს დასავლეთ საქართველოში და დომიციანეს (81-96 წწ.) დროს მისი გავლენა კოლხეთზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.22 თუმცა, ამ დროს კოლხეთი კვლავ ხდება რომის პროვინციული პოლიტიკის კიდევ ერთი ცვალებადობის ობიექტი. დომიციანეს, როგორც ჩანს, შეეშინდა პონტო-კაპადოკიის გაერთიანებული პროვინციის ერთი მმართველისათვის გადაცემა და მისი ბრძანებით „კაპადოკიური კომპლექსი“ კვლავ გალატიისა და კაპადოკიის პროვინციებად დაიშალა. კოლხეთი კაპადოკიის პროვინციის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი.23
ამდენად, კოლხეთისა და რომის ურთიერთობა ახ.წ. I ს. იცვლებოდა ძირითადად რომის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესაბამისად და კოლხეთი საკმაოდ სტაბილურად ექვემდებარებოდა რომს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კოლხეთი რომის საგარეო ინტერესებს ერთი შეხედვით თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემორჩილება, რომი მაინც ვერ ახერხებს საბოლოოდ მის პროვინციად გადაქცევას, რაც განპირობებული იყო იმ ფაქტორებით, რომ კოლხეთში არ არსებოდა ბერძნული ქალაქ-პოლისები და მოსახლეობის ელინიზირებული ფენები, რომლებიც გამოდიოდნენ აღმოსავლეთში რომაელთა ბატონობის ძირითად საყრდენად.24 გარდა ამისა, I ს. ბოლოდან ძლიერდება კოლხეთის ტომობრივ-ტერიტორიული წარმონაქმნების, „სკეპტუხიების“ ცენტრიდანული ტენდენციები. ყველაფერი ეს რომისა და დასავლეთ საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვან გარდატეხას იწვევს და ახ.წ. II ს. დასაწყისიდან რომი იძულებულია ცნოს კოლხეთის ცალკეულ ტომობრივ-პოლიტიკურ გაერთიანებათა გარკვეული სუვერენიტეტი.
ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობა და საქართველო
II ს. დასაწყისიდან საქართველოსა და რომის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება, რაც დაკავშირებული იყო ისტორიულ ცვლილებებთან კოლხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რომის პერიფერიული სასაზღვრო ოლქის, კაპადოკიის პროვინციის შემადგენელი ნაწილის – კოლხეთის ტერიტორიაზე გაჩნდნენ ახალი ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებები – მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების „სამეფოები“.25 სანამ გადავიდოდეთ რომი-დასავლეთ საქართველოს ურთიერთობის ახალი ფორმის ჩამოყალიბების დროისა და პირობების განხილვაზე, მოკლედ გვინდა შევეხოთ II ს. დასაწყისში აღმოსავლეთში შექმნილ საერთო-პოლიტიკურ სიტუაციას, რამდენადაც კოლხეთის რომზე დამოკიდებულების ახალ ფორმას, სამოკავშირეო-ვასალურ ურთიერთობას, საფუძველი ჩაეყარა სწორედ ამ დროს, აღმოსავლეთში მომხდარი დიდი პოლიტიკური ძვრებისა და კატაკლიზმების ეპოქაში, კერძოდ, იმპერატორ ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობისათვის მზადების პერიოდში.
ახალი საუკუნის დასაწყისი ახალი პოლიტიკური მოვლენებით აღინიშნა არა მარტო საქართველოს, არამედ რომის იმპერიის უზარმაზარ ოიკუმენეშიც. იმპერიის სათავეში ტრაიანეს (98-117 წწ.) მოსვლის შემდეგ ტრანსფორმაციას განიცდის რომის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ავგუსტუსიდან მოყოლებული ძირითადად თავდაცვით ხასიათს ატარებდა. ტრაიანემ მოახერხა რომაულ სამყაროში ახალი პოლიტიკური ატმოსფეროს შექმნა, პრინციპატის ჩიხიდან გამოყვანა, განუზომელი ავტორიტეტის მოპოვება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში და იულიუს-კლავდიუსებისა და ფლავიუსების დინასტიების დროს შენელებული ექსპანსიონისტური პოლიტიკის აღორძინება.
შედარებით მყარმა და სტაბილურმა საშინაო მდგომარეობამ, არმიისა და სენატის სრულმა მხარდაჭერამ, ტრაიანეს საშუალება მისცა ფართო შეტევითი ოპერაციები დაეწყო თითქმის ყველა მიმართულებით.26 აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე გადასვლა ნაკარნახევი იყო შეცვლილი საგარეო ვითარებით, რაც გამოიხატა რომის საზღვრებთან იმპერიისადმი მტრულად განწყობილი „ბარბაროსული“ სახელმწიფოებრივი გაერთიანებების ჩამოყალიბება-გაძლიერებაში.
რომის საგარეო პოლიტიკაში წინა პლანზე იდგა დუნაის საზღვართან არსებული დაკიის სამეფოს პრობლემა. ტრაიანემ მოახერხა დომიციანეს (81-96 წწ.) დროს შელახული რომაული იარაღის ავტორიტეტის აღდგენა. 101-102 და 105-106 წწ. დაკიის წინააღმდეგ ძლევამოსილი ლაშქრობების შედეგად დაკიის სამეფომ არსებობა შეწყვიტა. იგი რომის პროვინციად გამოცხადდა.27
დუნაიზე წარმატებების შემდეგ ტრაიანემ დაიწყო მზადება დიდი აღმოსავლური ლაშქრობისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა რომის ისტორიული მტრის – პართიის სამეფოს დამხობასა და აღმოსავლეთში რომსა და პართიას შორის განუწყვეტელი დაპირისპირების შედეგად შექმნილი ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის საბოლოოდ მოსპობას. ჯერ კიდევ ტრაიანეს მმართველობის დასაწყისშივე, დაახლ. 100 წ. რომზე დამოკიდებული იუდეის მეფის აგრიპას გარდაცვალების შემდეგ, მისი სამფლობელოები სირიის პროვინციას შეუერთეს,28 ხოლო 106 წ. რომაელებმა დაიპყრეს არაბეთში, ბოსტრასა და პეტრას რაიონებში არსებული ნაბატეელთა სამეფო, რომელიც არაბეთის პროვინციად გამოცხადდა.29 ნაბატეელთა სამეფოს ანექსიით ლიკვიდირებულ იქნა უკანასკნელი ვასალური სამეფო რომის აღმოსავლეთის საზღვარზე და უზრუნველყოფილ იქნა რომაული პროვინციების – სირიისა და ეგვიპტის უსაფრთხოება სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან.
ტრაიანეს აღმოსავლური კამპანიის წარმატებით დამთავრებისათვის ზედმიწევნით ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა თვითონ პართიის სამეფოში არსებული კრიზისული მდგომარეობა. ქვეყნის შიგნით მიმდინარე დეცენტრალიზაციის მწვავე პროცესს, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა I ს. დასასრულსა და II ს. დასაწყისში, საგარეო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებაც დაერთო. შუა აზიაში ძლიერდება პართიის მეზობელი ქუშანის სამეფო, რომელიც მკვლევართა აზრით, თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდებოდა პართიასა და რომს.30 ქუშანის სამეფო სწორედ ამ პერიოდში, მეფე ქანიშკას (78-123 წწ.) მმართველობის დროს აღწევს ძლიერების ზენიტს.31 ქანიშკა აწარმოებს წარმატებულ ომს პართიის წინააღმდეგ32 და ელჩობასაც აგზავნის რომში,33 რამაც გარკვეული სტიმული მისცა ტრაიანეს. თანაც, ქუშანის ელჩი იმ დროს გამოჩნდა რომში, როცა ტრაიანე ძლევამოსილი დაბრუნდა დაკიიდან.34
პართიის სამეფოს სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დეტალურად გაცნობის, ასევე რომის აღმოსავლურ პროვინციებში შექმნილი ვითარების ადგილზე საფუძვლიანად შესწავლისა და მომავალი ომებისათვის დიდი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ,35 ტრაიანემ იმპერიის აღმოსავლეთის საზღვრებისაკენ ჯარების გადას-როლა დაიწყო. ომის საბაბიც მალე გამოჩნდა და იგი კვლავ პართია-რომის ურთიერთობაში ყველაზე პრობლემატური – სომხეთის საკითხი გახდა. დაახლ. 110 წ. პართიის სამეფო ტახტზე პაკორ II-ის ნაცვლად ავიდა ხოსრო,36 რომელმაც სომხეთის მეფობა ტრაიანეს მიერ დამტკიცებულ აქსედარს წაართვა და მის ნაცვლად ტახტზე თავისთვის სასურველი კანდიდატი პართამასირისი აიყვანა.37 საპასუხოდ, ტრაიანემ, რომელმაც ეს აქცია 63 წ. კომპრომისული ხელშეკრულების დარღვევად ჩათვალა, 113 წ. ოქტომბერში დატოვა რომი და აღმოსავლეთისაკენ გაემართა.38 იმავდროულად ევფრატის საზღვრისაკენ დაიძრნენ დუნაის ლეგიონები.39 აღმოსავლეთში კონცენტრირებულ იქნა უზარმაზარი სამხედრო ძალა, 11 თუ 13 ლეგიონი და მოკავშირეთა დამხმარე ჯარები, რომელთა საერთო რაოდენობა 140-150 ათასს აღწევდა.40
როგორც ხოსრომ, ასევე პართამასირისმა კარსმომდგარი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სცადეს და ტრაიანეს ელჩობა გაუგზავნეს, მაგრამ უშედეგოდ.41 ტრაიანემ უარი განაცხადა დაზავებაზე და 114 წ. დასაწყისში ანტიოქიაში მივიდა. აქედან კი სწრაფი მარშით დაიძრა ჩრდილოეთისაკენ და მდ. ევფრატის მახლობლად მდებარე ქ. არსამოსატას უბრძოლველად აღების შემდეგ, მცირე არმენიის ქ. სატალაში მივიდა, სადაც გულუხვად დაასაჩუქრა მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე ანქიალე.42
სატალადან იმპერატორმა გეზი პირდაპირ სომხეთის დედაქალაქის – არტაშატისაკენ აიღო. გზაში, ქ. ელეგეიაში, მასთან გამოცხადდა პართამასირისი, რომელმაც მოიხსნა სამეფო დიადემა და დემონსტრაციულად დაუდო ტრაიანეს ფეხებთან. მაგრამ ტრაიანემ განაცხადა, რომ სომხეთში მეფობას აუქმებდა და პართამასირისს უბრძანა სასწრაფოდ დაეტოვებინა რომაელთა ბანაკი, რის შემდეგაც პართამასირისი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.43 არტაშატი აღებულ იქნა, სომხეთი კი პროვინციად გამოცხადდა.44
მომდევნო წელს კი რომაელებმა კვლავ გააგრძელეს ტრიუმფალური სვლა სამხრეთისაკენ, ახლა უკვე პართიის სამეფოს ტერიტორიაზე და ხელთ იგდეს ადიაბენა, ბაბილონი, სელევკია და პართიის სამეფოს დედაქალაქი – ქტეზიფონი. 115 წ. მიწურულს მესოპოტამიაც რომის პროვინციად გამოცხადდა,45 მაგრამ ალექსანდრე მაკედონელობაზე მეოცნებე იმპერატორი ამითაც არ დაკმაყოფილდა და საომარი მოქმედებები დამთავრებულად მხოლოდ შუამდინარეთის უკიდურესი სამხრეთი რაიონების დაპყრობისა და სპარსეთის ყურეზე გასვლის შემდეგ გამოაცხადა. თუმცა დიდების ზენიტში მყოფი ტრაიანეს სამხედრო წარმატებები მხოლოდ გარეგნულად ეფექტური, სინამდვილეში კი ძალზე არამყარი აღმოჩნდა. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაფანტული რომაული არმიის ზურგში იფეთქა მძლავრმა აჯანყებამ, რომელიც სწრაფად გავრცელდა არა მარტო ახლადდაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ კირენაში, კვიპროსსა და ეგვიპტეში,46 რის შედეგადაც ასე წარმატებით დაწყებული აღმოსავლური კამპანია ჩაიშალა და 117 წ. ზაფხულში რომაელები იძულებული გახდნენ დაეცალათ მთელი შუამდინარეთი, ხოლო უკანმობრუნებული ტრაიანე კილიკიაში გარდაიცვალა.47
აღმოსავლეთში მიმდინარე ამ მნიშვნელოვან მოვლენებს არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა საქართველოსა და რომის ურთიერთობაზეც. როგორც აღვნიშნეთ, ტრაიანეს აღმოსავლური კამპანიის შესახებ წყაროთა მონაცემები არც თუ ისე მდიდარია, თუმცა ამ პერიოდის საქართველო-რომის ურთიერთობის შესახებ რამდენიმე ცნობა არსებობს, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ქართული პოლიტიკური ერთეულების პოზიციაზე, მათ მდგომარეობაზე აღმოსავლეთში მიმდინარე ამ გრანდიოზული პროცესების დროს. დიონ კასიოსის თანახმად, 114 წ. აღმოსავლური კამპანიის დასაწყისში, მცი-რე არმენიის ქალაქ სატალაში მისულ იმპერატორს გულუხვად დაუსაჩუქრებია ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების - მაკრონ-ჰენიოხების „მეფე“ ანქიალე.48
ანქიალეს ყოფნა სატალაში და იმპერატორის მიერ მისი დასაჩუქრება მიუთითებს, რომ მაკრონ-ჰენიოხთა დამხმარე ძალები ერთგულ მოკავშირეობას უწევდნენ რომაულ არმიას.49
ტრაიანეს აღმოსავლური კამპანიის დროს რომაელებს მოკავშირეობას უწევდნენ იბერიელებიც, რასაც მოწმობს იბერიის მეფის მითრიდატე III-ის ძმის, ამაზასპის საფლავის ქვის წარწერა,50 რომლის თანახმადაც, პართელთა წინააღმდეგ საბრძოლველად მისული ამაზასპი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სათავეში ედგა იბერთა ლაშქარს, ქ. ნიზიბისთან დაღუპულა.51
გარდა ამისა, დასავლეთ საქართველო, ისტორიული კოლხეთი ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის კონტექსტში რამდენჯერმე ფიგურირებს ბერძნულ-რომაულ წყაროებში. დიონ კასიოსის ზემომოყვანილი ცნობის გარდა, რომელიც ეხებოდა ტრაიანესა და მაკრონ-ჰენიოხთა მეფის შეხვედრას სატალაში და რომელსაც დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ, გაგვაჩნია IV ს. ისტორიკოსების – ევტროპიუსის, ფესტუსისა და ევსევი კესარიელის ერთმანეთის იდენტური, ფრაგმენტული ხასიათის ცნობები, რომელთა ამოსავალს აშკარაა, რომ რომელიღაც საერთო წყარო წარმოადგენს. ევტროპიუსის ცნობით, ტრაიანემ „სომხეთი, რომელიც პართელებს ჰქონდათ დაკავებული გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მოკლა მისი მმართველი პართამასირისი, ალბანელებს მისცა მეფე, ხოლო იბერების, სავრომატების, ბოსფორელების, არაბების, ოსდროენებისა და კოლხების მეფეები ქვეშევრდომობაში მიიღო“52
ფესტუსის ცნობაც, როგორც აღვნიშნეთ, ევტროპიუსის ცნობის თითქმის ანალოგიურია, მხოლოდ რომის ქვეშევრდომთა შორის არ არიან დასახელებული სავრომატები, არაბები და ოსდროენები: „ტრაიანემ წაართვა პართელებს სომხეთი... ალბანელებს მისცა მეფე, იბერები, ბოსფორელები და კოლხები კი რომაელთა ქვეშევრდომობაში მიიღო“.5 ევსევი კესარიელის (260-340) ცნობით კი, „ტრაიანემ დაამარცხა რა მეფე დეცებალე, დაკია აქცია რომის პროვინციად და თავისი მფარველობის ქვეშ მიიღო იბერები, სავრომატები, ოსროენები, არაბები, ბოსფორელები და კოლხები“.54
რომის აღმოსავლური პოლიტიკის განხილვისას თუ ამიერკავკასიის ქვეყნების ამ პერიოდის ისტორიის გადმოცემისას, მკვლევარები ჩვეულებრივ ითვალისწინებენ ამ ცნობებს, მაგრამ ზოგიერთ მკვლევართან, ევტროპიუსისა და დიონ კასიოსის ცნობებზე დაყრდნობით, ჩვენთვის საინტერესო რეგიონში ამ დროს შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია სხვადასხვაგვარად არის გაშუქებული. მაგ., პროფ. ა. ბოქშჩანინი თავის ნაშრომში „პართია და რომი“, ეყრდნობა რა დიონ კასიოსისა და ევტროპიუსის ცნობებს, აღნიშნავს, რომ „109 წ. რომის ჯარებმა შორს წაიწიეს აღმოსავლეთისაკენ, კავკასიის ქედის სამხრეთ კალთების გასწვრივ და აიძულეს კოლხების ბელადები, იბერებისა და სარმატების მეფეები ეცნოთ რომის ბატონობა. იმავდროულად ბოსფორის მეფეებიც იძულებული გახდნენ კვლავ ეღიარებინათ იმპერატორის უზენაესობა“.55
ეს მოსაზრება გამეორებულია 1981 წ. გამოცემულ „ძველი რომის ისტორიის“ სახელმძღვანელოშიც,56 სადაც რომის ისტორიის ამ პერიოდის ავტორი ა. ბოქშჩანინია, და ასევე გაზიარებულია რომის ისტორიის ერთ-ერთი უახლესი გამოცემის ავტორთა მიერ.57
პროფ. ა. ბოქშჩანინის აზრით, ამ ექსპედიციებით რომაელებმა არა მარტო უზრუნველყვეს მომავალი სამხედრო ასპარეზისათვის მარცხენა ფლანგის უსაფრთხოება, არამედ სომხეთში შესაჭრელად ხელსაყრელი პლაცდარმი შექმნეს, რის შედეგადაც სომხეთი რამდენიმე მიმართულებიდან, როგორც უშუალოდ რომაული ტერიტორიიდან (კაპადოკიიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან), ასევე ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდანაც (იბერიიდან) დარტყმის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.58
სავსებით ლოგიკურია, რომ ტრაიანეს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პართიასა და სომხეთზე ლაშქრობას და გულმოდგინედაც ემზადებოდა ამ კამპანიისათვის, ეზრუნა მომავალი ოპერაციების მარცხენა ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუნდაც სამხედრო ექსპანსიის გზით კოლხეთსა და იბერიაში, მაგრამ ევტროპიუსის ზემომოტანილი ცნობა არ იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას. ტრაიანეს მიერ კოლხებისა და იბერების მფარველობაში მიღება, როგორც ეს ევტროპიუსთან არის დაცული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომაული ჯარების მიერ კოლხეთისა და იბერიის მიმართ სამხედრო აქციის განხორციელებას და მათ მიერ ამ ქვეყნების ძალით დამორჩილებას. გარდა ამისა, პროფ. ა. ბოქშჩანინი იბერია-კოლხეთის დამორჩილებას რომაელთა მიერ 109 წლით ათარიღებს. რომაული ჯარების იბერიასა და კოლხეთში გადაადგილების უსაფუძვლობის გარდა, ევტროპიუსის ცნობის ასე დათარიღებაც არასწორია. ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის გადმოცემისას, ევტროპიუსი კოლხეთისა და იბერიის რომის ქვეშევრდომობაში მიღებაზე საუბრობს პართამასირისის სიკვდილისა და სომხეთის ანექსიის შემდგომ. მკვლევართა უმრავლესობაც ამ ფაქტს ევტროპიუსთან დაცული თანმიმდევრობით გადმოგვცემს59 და ამ მოვლენას ჩვეულებრივ 114 ან 115 წწ. ათარიღებს.60
მართალია, ზემომოტანილი განცხადებისას ა. ბოქშჩანინი ეყრდნობა დიონ კასიოსის ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ ფრაგმენტსაც (Dio cass., LXVIII, 19), მაგრამ ამ ცნობაშიც არაფერია ნათქვამი რომაელთა ექსპანსიაზე „კავკასიის ქედის სამხრეთ კალთების გასწვრივ“, თანაც დიონ კასიოსის „რომის ისტორიის“ ამ თავში აღწერილია არა 109 წლის, არამედ მხოლოდ 114 წლის ამბები. ასე რომ, ტრაიანეს მმართველობისას, რომაული ჯარების აგრესია კოლხეთსა და იბერიაში, ჩვენს ხელთ არსებული წყაროებით არ მტკიცდება, ხოლო რომაელთა მიერ კოლხების „ქვეშევრდომობაში მიღების“ თარიღის გარკვევას, ევტროპიუსთან ერთად სხვა წყაროების დახმარებით, ჩვენ ქვემოთ, შესაბამის ქვეთავში შევეცდებით. აქვე გვინდა შევეხოთ პროფ. ა. ბოქშჩანინის მიერ გამოთქმულ კიდევ ერთ მოსაზრებასაც. როგორც აღნიშნავს მკვლევარი, პართამასირისის სიკვდილის შემდეგ ტრაიანემ რომაული არმიის ძირითადი ძალებით გაიარა სამხრეთ და ცენტრალური არმენია და არტაშატი აიღო. იმავე დროს იმპერატორმა თავისი ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი ლუციუს კვიეტუსი ჯარის საგანგებო ნაწილებით ვანის ტბის აღმოსავლეთ რაიონში მცხოვრები ტომის – მარდების დასაპყრობად გაგზავნა. რომაელებმა მარდები დაამარცხეს, ხოლო პრეტორიანულმა გვარდიამ, რომელიც გადაადგილდა ლაზებისა და საგინების ოლქში, თითქმის „კასპიის კარებს“ მიაღწია.61
ამ განცხადებისას ა. ბოქშჩანინი ეყრდნობა არიანეს ცნობას,62 სადაც მართლაც იხსენიება „კასპიის კარები“, თუმცა მკვლევარის მიერ ამ რაიონში ლაზებისა და საგინების (სანიგების– კ.ფ.) ტომების „ორიგინალური“ ლოკალიზაცია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ახლა კი, გვინდა კვლავ ევტროპიუს-ფესტუსის ცნობის საფუძ-ველზე გამოთქმულ კიდევ ერთი მოსაზრება განვიხილოთ. ალბანეთის ისტორიის კვლევისას, ჩვენთვის საინტერესო საკითხს შეეხო კ. ტრევერი. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, რომს თანაბარი უფლებე-ბით დამორჩილდნენ ამიერკავკასიის ქვეყნებიდან – იბერია და კოლხეთი, ხოლო შავიზღვისპირეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებიდან – ბოსფორელები და სავრომატები,63 ხოლო რაც შეეხება ალბანეთს, „ყურადღებას იქცევს ის, რომ ალბანეთი ცალკეა გამოყოფილი დანარჩენი, „რომის ქვეშევრდომობაში მიღებული“ ხალხებისაგან. როგორც ჩანს, რაღაც მოსაზრების გამო, ის რომზე დაქვემდებარებულ ქვეყნად არ იქნა გამოცხადებული. „ალბანეთს მისცა მეფე“, ე.ი. სამეფოს სათავეში დასვეს რომის მიერ არჩეული მმართველი, რომელიც აღიარებს მის (ე.ი. რომის – კ.ფ.) უზენაესობას“.64
მკვლევარის აზრით, თუ ევტროპიუსისა და ფესტუსის ეს ცნობები სწორია, მაშინ მთელი კავკასია, ალბანეთის გარდა, მოყვანილ იქნა რომის მორჩილებაში.65
ზემოთ მოტანილი მსჯელობა ჩვენთვის სრულიად გაუგებარია. გაუგებარია, თუ რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს „ალბანელებისათვის მეფის მიცემას“ და ალბანელების რომზე დაქვემდებარებულ ხალხთა ჩამონათვალში მოუხსენებლობას იმ დასკვნის გამოსატანად, რომ ალბანეთი კავკასიის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მართალია, I-II სს. მიჯნაზე რომის მიმართ ალბანეთს განსხვავებული პოზიცია ეკავა, ვიდრე მის მეზობელ იბერიას,66 მაგრამ ტრაიანეს დროს ალბანეთი რომთან ისეთივე დამოკიდებულებაში იქნებოდა, როგორც იგივე იბერია ან ბოსფორი. რაც შეეხება „ალბენელებისათვის მეფის მიცემას“, ამ ფაქტში რომის მიერ ვასალური სამეფოს ტახტზე ახალი კანდიდატის აყვანა იგულისხმება, ხოლო ალბანელები იმიტომ არ არიან მოხსენიებული სხვა ხალხთა გვერდით, რომ უბრალოდ, ამ დროს ტრაიანეს მიერ მოხდა ალბანეთის ტახტზე ცვლილება და ევტროპიუსმა და ფესტუსმა (უფრო სწორად მათმა საერთო წყარომ) საჭიროდ ჩათვალეს ამ აქტის ცალკე აღნიშვნა. ან, როგორც გ. მელიქიშვილი მიიჩნევს, „იბერები იმათ შორის მოიხსენიებიან, ვინც ჩანს, ნებაყოფლობით აღიარებდა რომის ხელისუფლებას, ალბანელებისათვის კი, ეტყობა, საჭირო შეიქმნა „მეფის მიცემა“, ე.ი. რომისათვის სასურველი მმართველის (ძალით?) დაყენება“.67
ასე რომ, ალბანელებისათვის დანიშნული ახალი მეფე, რომელიც, როგორც თვითონ კ. ტრევერი აღიარებს, ცნობდა რომის უზენაესობას,68 გაუგებარია თუ რატომ განაპირობებს იმას, რომ ალბანეთი განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან (მაგ., იბერია, ბოსფორი)69 არ იყო რომზე დაქვემდებარებული ქვეყანა. თავისი ძალაუფლებით, სტატუსითა და რომზე დამოკიდებულების ხარისხით ალბანელების დანიშნულ მეფესა70 და ევტროპიუსის ცნობაში მოხსენიებულ, იმავე ხანებში ან უფრო ადრე, რომის ქვეშევრდომობაში მიღებულ სხვა მეფეებს (მაგ., მითრიდატე – იბერიაში, სავრომატე – ბოსფორში, აბგარი – ოსროენაში) შორის ფაქტია, რომ არავითარი განსხვავება არ იყო და ალბანეთისათვის დანიშნული მეფე, თუ მეტად არა, ისევე იქნებოდა დამოკიდებული რომზე, როგორც სხვა მეფეები. გარდა ამისა, ზემოთ მოტანილი განცხადებისას, მკვლევარი აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან. იგი ჯერ აცხადებს, რომ ალბანეთი არ იქნა გამოცხადებული რომზე დაქვემდებარებულ (დამორჩილებულ-подчиненной) ქვეყნად, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ალბანეთის სათავეში რომაელებმა დასვეს მმართველი, რომელიც აღიარებდა იმპერიის უზენაესობას(!). ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ კ. ტრევერის მსჯელობა ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის დროს ამიერკავკასიასა და შავიზღვისპირეთში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ გაუგებარია. მკვლევარის ზემოთ უკვე განხილული მოსაზრების შემდეგ ასევე გაუგებარი რჩება მისი შემდეგი განცხადება, რომ „მთელი კავკასია, ალბანეთის გამოკლებით დაემორჩილა რომს, მაგრამ ეს მორჩილება გრძელდებოდა მხოლოდ 117 წ. ტრაიანეს გარდაცვალებამდე, ე.ი. 2-3 წელიწადს და მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებდა(!)“.71 კ. ტრევერის ეს მოსაზრება გაზიარებულია ალბანეთის ისტორიის სხვა მკვლევართა მიერაც.72
თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რამდენად შეესაბამება კავკასიის რომზე ნომინალური მორჩილება კ. ტრევერისავე ჩვენს მიერ ზემოთ დაწვრილებით განხილულ თვალსაზრისს, როგორ შეიძლება ამ პერიოდში მთელი კავკასია რომზე მხოლოდ ნომინალურად ყოფილიყო დამოკიდებული, როცა ჯერ ერთი, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, ისტორიული კოლხეთი, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობისაგან გამოსვლის მიუხედავად, მთლიანად იმპერიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, და გარდა ამისა, რაც მთავარია, ამ დროს მთელი სომხეთი ოკუპირებულია რომაელთა ჯარების მიერ და მისი ტერიტორია გამოცხადებულია რომის პროვინციად. სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ დასავლეთ საქართველოს, კოლხეთის პოლიტიკური ვითარების და მისი რომთან ურთიერთობის განხილვაზე, გვინდა შევჩერდეთ კოლხეთისა და ევტროპიუსთან ჩამოთვლილი რომის ქვეშევრდომობაში მიღებული სხვა ხალხების რომთან დამოკიდებულების ხარისხზე. ევტროპიუსის ცნობაზე დაყრდნობით, მკვლევართა უმრავლესობა კოლხეთს, იბერიას, ბოსფორს და სხვა პოლიტიკურ ერთეულებს რომის მფარველობის ქვეშ მოქცეულ თანაბარუფლებიან ქვეყნებად განიხილავს. მაგ., თ. მომზენი აღნიშნავს, რომ „კავკასიელ ხალხთა – ალბანელების, იბერების, ასევე შავ ზღვასთან მცხოვრები აფსილების, კოლხების, ჰენიოხების, ლაზებისა და სხვა ხალხების, თვით იმიერკავკასიელი სარმატების მთავრებიც კი რომის ვასალებად იქნენ გამოცხადებული, ან პირველად აღიარეს რომზე დამოკიდებულება“.73
ასევე მიიჩნევს გერმანელი ისტორიკოსი კ. კრისტი: – ტრაიანემ დიპლომატიური კავშირები დაამყარა კავკასიაში, კოლხეთის, იბერიისა და ალბანელების მეფეებთან და უზრუნველყო რომის გავლენა შავი ზღვის აღმოსავლეთ რაიონებში.74
კ. ტრევერის თვალსაზრისი ჩვენთვის ცნობილია. მისი აზრით, რომს თანაბარი უფლებებით დამორჩილდნენ იბერია და კოლხეთი, შავიზღვისპირეთისა და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხებიდან კი ბოსფორელები და სავრომატები. რა თქმა უნდა, რომის ისტორიის განმაზოგადებელ ნაშრომებში თუ კავკასიის ცალკეული, კონკრეტული ქვეყნის ისტორიის კვლევისას, საქართველოს რომთან დამოკიდებულების ხარისხი და მისი უფლებამოვალეობანი სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვერ გახდებოდა მკვლევარების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი და ისინი ეყრდნობიან რა ევტროპიუს-ფესტუსის ცნობას, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ღებულობენ მას. ქართულ ისტორიოგრაფიაშიც, ევტროპიუს-ფესტუსის ცნობებზე დაყრდნობით, მიღებულია თვალსაზრისი, რომ ტრაიანეს დროს დასავლეთ საქართველოს დამოკიდებულება რომზე ისეთივე ფორმას იღებს, როგორსაც იბერია-რომის ურთიერთობა. მაგ., გ. მელიქიშვილის აზრით, ანიკეტის აჯანყების შემდგომ რომმა დაინახა, რომ შეუძლებელი იყო ისტორიული კოლხეთის მოსახლეობის დამორჩილება, ამიტომ იგი ურიგდება იმას, რომ კოლხეთშიც, ისევე, როგორც იბერიაში, მოკავშირული ურთიერთობით მოუწევს დაკმაყოფილება და შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ტრაიანეს დროს კოლხეთი რომაულ წყაროებში იბერიასთან ერთნაირ კონტექსტში იხსენიება.75
გ. მელიქიშვილის ეს მოსაზრება გაზიარებულია მკვლევართა დიდი ნაწილის მიერ.76 ფაქტია, რომ ტრაიანეს დროს რომისა და კოლხეთის ურთიერთობაში თვისობრივად ახალი ეტაპი იწყება. უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, დიდი პოლიტიკური ძვრების შედეგად, რომთან ახლებურ პოლიტიკურ დამოკიდებულებაში ექცევა, რასაც ადასტურებს ფლავიუს არიანეს „პერიპლუსი“. ამ საკითხს დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით, აქ გვინდა მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ ჩვენი აზრით, კოლხეთისა და იბერიის ევტროპიუსთან ერთნაირ კონტექსტში მოხსენიება არ იძლევა იმის საშუალებას მივიჩნიოთ, რომ ტრაიანეს დროს კოლხეთსაც ისეთივე ურთიერთობა დაემყარებინა რომთან, როგორიც მეზობელ იბერიას. მართალია, ტრაიანეს დროს იბერიაში, ისევე, როგორიც მთლიანად კავკასიაში, შესაძლებელია, გაძლიერდა რომის გავლენა და ეს ლოგიკურიცაა, რადგანაც აღმოსავლური კამპანიის ერთ-ერთ ძირითად ასპარეზს იბერიის უშუალო მეზობელი სომხეთი წარმოადგენდა. ტრაიანეს მიერ აღმოსავლური კამპანიის დაწყება კი, როგორც აღვნიშნეთ, საფუძვლიანად და ზედმიწევნით საგულდაგულოდ იყო მომზადებული და რომის პოზიციები იბერიაშიც საგრძნობლად განმტკიცდებოდა. მაგრამ, როგორც პროფ. ნ. ლომოური აღნიშნავს, ტრაიანეს დროს ადგილი უნდა ჰქონოდა იბერიასა და რომს შორის მხოლოდ სამოკავშირეო ხელშეკრულების განახლებას და არა იმპე-რიის მიერ იბერთა მეფის დამორჩილებას.77
გარდა ამისა, იბერიის მმართველებს, რომლებიც პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში რომაულ ჯარებს ემხრობოდნენ, ამოძრავებდათ არა მარტო სამოკავშირეო მოვალეობანი, არამედ საკუთარი ინტერესებიც.78
სხვა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დომიციანეს დროს რომის გავლენა კოლხეთზე საგრძნობლად შესუსტდა,79 მაინც ძნელი დასაჯერებელია, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში მას რომისაგან მიეღო ფაქტობრივი დამოუკიდებლობა და ისეთივე სამოკავშირეო ურთიერთობა დაემყარებინა იმპერიასთან, როგორიც იბერიას, რომელიც მართლაც რომ მხოლოდ ნომინალურად იყო რომზე დამოკიდებული და ხშირად მის საწინააღმდეგო პოლიტიკასაც ატარებდა. გარდა ამისა, ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთში რომაული სამხედრო ძალების კონცენტრაციის პირობებში, როდესაც მთელი კავკასია მის უზენაესობას აღიარებს, იმპერია რატომ უნდა დაკმაყოფილებულიყო კოლხეთის მოკავშირეობით, ე.ი. ფაქტობრივი დამოუკიდებლობით, როცა კოლხეთის ტერიტორია უკვე თითქმის 50 წლის მანძილზე უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში იყო ჩართული, მის ძირითად ციხესიმაგრეებში და ზღვისპირა ქალაქებში რომაული გარნიზონები იდგნენ, და თანაც, რომაელთა მიერ კოლხეთი თავიდანვე დაპყრობილ ტერიტორიად იყო მიჩნეული და, როგორც ზემოთ ვნახეთ, მას თავიანთი სურვილის მიხედვით უცვლიდნენ პოლიტიკურ სტატუსს. ასე რომ, კოლხეთისა და იბერიის ფაქტობრივი მდგომარეობა რეალურად არ არის ასახული ევტროპიუს-ფესტუსის ცნობებში და მათი თხზულებების ხასიათიდან გამომდინარე, ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს. სწორხაზოვანი, ხშირად ძალზე ლაკონური „ბრევიარიები“ წარმოადგენს რომის ისტორიის ზედაპირულ კომპილაციას,80 რომის საგარეო პოლიტიკის შესახებ მოკლე საცნობარო ხასიათის შრომას. ევტროპიუსის „ბრევიარიებში“ კონსპექტის სახით, სულ 75 გვერდზე აღწერილია ის ომები, რასაც რომი უძველესი დროიდან ახ.წ. IV ს. 60-იან წლებამდე აწარმოებდა.81
ამის გამო, მკვლევართა ნაწილი არასწორად მიიჩნევს ამ ცნობებზე მთლიანად დაყრდნობას და, რო-გორც ნ. ლომოური აღნიშნავს, ევტროპიუსისა და ფესტუსის ერთ ლაკონურ ფრაზაში მექანიკურად არის გაერთიანებული ყველა, ვინც კი ტრაიანეს პართელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა.82
გარდა ამისა, ევტროპიუს-ფესტუსის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში იმ დროს არსებული პოლიტიკური ერთეულისა და, მის სათავეში მდგომი მმართველის, შესაბამისად, კოლხეთად და კოლხეთის მეფედ მოხსენიება არ შეესაბამება II ს. დასაწყისში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რეალურად შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და იგი უფრო ძველი ტრადიციის ინერციით გაგრძელებას წარმოადგენს. მაგრამ, ერთი რამ ცხადია, ევტროპიუსის ამ ცნობაში ზედაპირულად აისახა კოლხეთის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ძველი კოლხეთის რომზე დამოკიდებულების ახალი პოლიტიკური ფორმა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა იმპერატორ ტრაიანეს დროს და რომლის შესახებაც უფრო ვრცელ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ფლავიუს არიანეს „პერიპლუსი“.
ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და ცალკეული „სამეფოების“ წარმოქმნა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე
II ს. დასაწყისიდან პოლიტიკური სიტუაცია დასავლეთ საქართველოში, როგორც აღვნიშნეთ, მკვეთრად შეიცვალა. ისტორიული კოლხეთის სახელმწიფოებრივ სივრცეში, რომელიც თავის ერთიანობას ინარჩუნებდა რომის მიერ დაპყრობის შემდეგაც, ჯერ პოლემონის პონტოს სამეფოს, ხოლო შემდეგ უშუალოდ რომაული პროვინციის – კაპადოკიის შემადგენლობაში, გაჩნდნენ ახალი ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებები – მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების „სამეფოები“. აღნიშნული პოლიტიკური ერთეულები რომის პროვინციული მმართველობისაგან გამოსვლის შემდეგ, რომთან გარკვეულ პოლიტიკურ ურთიერთობას ამყარებენ, იმპერიისაგან ფორმალურ დამოუკიდებლობასაც იღებენ და საკუთარი „მეფეებით“ სათავეში იწყებენ აქტიური როლის შესრულებას დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. რომის მოკავშირე კოლხეთის ახალ ეთნო-პოლიტიკურ გაერთია-ნებათა მმართველების ძირითადი დანიშნულება იყო ადგილებზე წესრიგის დამყარება, საჭიროების შემთხვევაში რომაული არმიისათვის სამხედრო დახმარების გაწევა და მეკობრეობა-ყაჩაღობის წინააღმდეგ ბრძოლა83. კოლხეთის პოლიტიკურ გაერთიანებათა „მეფეები“ ხელისუფლების ნიშნებს რომის იმპერატორისაგან იღებდნენ. ადგილობრივ მმართველთა რომზე რეალური დამოკიდებულების გარანტიას კი წარმოადგენდნენ კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებში დისლოცირებული რომაული გარნიზონები, რომლებიც გამოდიოდნენ რომაული პოლიტიკის გამტარებლად რეგიონში და მკვიდრი მოსახლეობის იმპერიისადმი მორჩილებას უზრუნველყოფდნენ84. სამხედრო თვალსაზრისით, კოლხეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ყველა ეს „სამეფო“ ჩართული იყო რომის აღმოსავლეთის საზღვრების ერთიან თავდაცვით სისტემაში და ემორჩილებოდა კაპადოკიის მთავარსარდლობას85. კოლხეთის ტერიტორიაზე ახლადჩამოყალიბებული ცალკეული პოლიტიკური ერთეულების შესახებ პირველხარისხოვანი ცნობები შემონახულია კაპადოკიის პროვინციის პროკონსულის, ცნობილი ისტორიკოსის ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175 წწ.) მიერ 131წ. შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული სამსახურებრივი მოგზაურობის ოფიციალურ ანგარიშში - ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“, რომელიც დართული ჰქონია იმპერატორ ადრიანესადმი გაგზავნილ ლათინურ წერილს. არიანეს ცნობით, უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობის ქვეშ მოქცეული სანების „გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები. მათი მეფე ანქიალეა. მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები - ძიდრიტები ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან... სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი“.86
აღნიშნულ პოლიტიკურ ერთეულთა წარმოშობის მიზეზები დიდი ხანია იპყრობს მკლევართა ყურადღებას და ამ პრობლემის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენიმე მოსაზრება არსებობს, სადაც რომის როლი და მისი პოლიტიკური აქტივობის ხარისხი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული „სამეფოების“ წარმოქმნის პროცესში სხვადასხვანაირად არის გააზრებული.87
ჩვენ აქ არ შევუდგებით მათ გაანალიზებას, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ არიანეს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკური გაერთიანებები წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფოში შემავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, ე.წ. „სკეპტუხიების“ მემკვიდრეებს და სწორედ „სკეპტუხთა“ აღზევების შედეგია არიანეს მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაფიქსირებული სურათი.88
როგორც ცნობილია, კოლხეთის სამეფო ჩამოყალიბების დროიდანვე მრავალტომიანი ქვეყანა იყო და მის შემადგენლობაში შემავალი ცალკეული ტომები ყოველთვის ინარჩუნებდნენ გარკვეულ დამოუკიდებლობას. ამ სატომო ორგანიზაციათა საფუძველზე წარმოქმნილი ადმინისტრაციული ერთეულები, „სკეპტუხიები“ ყოველთვის იჩენდნენ ადმინისტრაციული ერთეულიდან ცალკე სამთავროდ გადაქცევის ტენდენციას.89
ახ.წ. I ს. ბოლოს, ამიერკავკასიასა და მეზობელ ქვეყნებში შექმნილი საერთო-პოლიტიკური სიტუაციის პირობებში, „სკეპტუხიების“ ცენტრიდანული ტენდენციები კიდევ უფრო ძლიერდება90 და, როგორც აღვნიშნეთ, დომიციანეს მმართველობის დროს, კოლხეთი ფაქტობრივად გამოდის რომის კონტროლიდან. რომის მმართველ წრეებს კი, პართიასთან პერმანენტული დაპირისპირების პირობებში, არ შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ თავიანთი გავლენისათვის ამიერკავკასიაში, კერძოდ, კოლხეთში და ისინი, კოლხეთზე ფაქტობრივი სიუზერენობისა და პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად აქ არსებულ ცალკეულ ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებათა მეთაურებს აძლევენ ფორმალურ დამოუკიდებლობას, გარკვეულ თვითმმართველობას საშინაო საქმეებში, რაც სრულიად მისაღები იყო რომაული პოლიტიკისათვის.91
ცალკეულ „სკეპტუხიათა“ მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემით და ადგილობრივი, ეფემერული „სახელმწიფოებრიობის“ აღდგენით, რომის მრავალნაცადმა დიპლომატი-ამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მოახერხა დასავლეთ საქართველოს კვლავ იმპერიის გავლენის სფეროში დაბრუნება და მასზე დაკარგული კონტროლის აღდგენა.
ამდენად, არიანეს მიერ დასახელებული ახალი პოლიტიკური ერ-თეულების ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი ითამაშა ადგილობრივმა პროცესებმა – „სკეპტუხიების“ გააქტიურებამ და მათმა სწრაფვამ დამოუკიდებლობისაკენ, მაგრამ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ადგილობრივი საფუძვლები, აშკარაა, რომ რომის სანქციის, გარკვეული მხარდაჭერისა და, შესაძლოა, ინიციატივის გარეშე, ეს „სამეფოები“ ვერ წარმოიქმნებოდა.92
კონკრეტულად როდის და რა პირობებში უნდა მომხდარიყო რომის მიერ კოლხეთის ცალკეულ ტომობრივ-პოლიტიკურ გაერთიანებათა ოფიციალური ცნობა, ე.ი. ადგილობრივ მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა? როგორც ვნახეთ, ფლავიუს არიანეს ცნობით, ლაზების, აბაზგებისა და სანიგების „მეფეებმა“ ძალაუფლება მიიღეს ადრიანესაგან (117-138 წწ.), ხოლო აფსილების მმართველმა იულიანემ - წინამორბედ იმპერატორ ტრაიანესაგან (98-117 წწ.). არიანე არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვისგან ჰქონდა ხელისუფლება მიღებული მაკრონ-ჰენიოხთა „მეფე“ ანქიალეს, მაგრამ დიონ კასიოსის ცნობიდან ირკვევა, რომ 114 წ. დიდი აღმოსავლური ლაშქრობის წინ, ქ. სატალაში იმპერატორ ტრაიანესთან გამოცხადებულ ანქიალეს უკვე ჰქონდა „მეფის“ ტიტული.93
არიანეს ცნობებზე დაყრდნობით გამოითქვა მოსაზრება, რომ ლაზების, აბასგებისა და სანიგების „მეფეთა“ წინამორბედებსაც შესაძლებელია თავისი ძალაუფლება ტრაიანესაგან, ან უფრო ადრე, სხვა იმპერატორისაგან მიეღოთ94. მაგრამ ტრაიანეს მმართველობამდე არც ერთ წყაროში მინიშნებაც არ არის კოლხეთის ტერიტორიაზე „სამეფო“ ხელისუფლების არსებობაზე, ტრაიანეს დროიდან კი დასახელებულ „მეფეებს“ ერთბაშად რამდენიმე ავტორი აფიქსირებს (არიანე, დიონ კასიოსი, ევტროპიუსი). თანაც, დომიციანეს (81-96 წწ.) მმართველობის პერიოდში, მართალია, რომის გავლენა კოლხეთზე ძალიან შესუსტდა და იგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროს დაიშალა ე.წ. „კაპადოკიური კომპლექსი“ და კოლხეთი ოფიციალურად პროვინცია კაპადოკიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი. დომიციანეს შემდგომ, იმპერატორ ნერვას (96-98 წწ.) ხანმოკლე მმართველობისას აღმოსავლეთში არავითარი ცვლილება არ მომხდარა და, ამდენად, რომის მიერ კოლხეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა ცნობა და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა ტრაიანეს მმართველობამდე გამორიცხულია. გარდა ამისა, ვერ დავეთანხმებით გ. მელიქიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ „სამეფო ხელისუფლება“ ყველაზე ადრე აფსილთა გაერთიანების მეთაურს მოუპოვებია და იმპერიის მიერ „მეფედ დამტკიცების“ პრაქტიკა დამკვიდრდა აფსილების მიმართ შედარებით ადრე - ტრაიანეს მმართველობის დროს, ხოლო დანარჩენთა მიმართ - ადრიანეს ხანაში95. ჩვენი აზრით, აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების ცნობა და მათი მმართველებისათვის „სამეფო“ ხელისუფლების გადაცემა უნდა ყოფილიყო ერთდროული აქტი და იგი უნდა განხორციელებულიყო ტრაიანეს მიერ რეგიონში წარმოქმნილი გაერთიანებებიდან თუ ყველას არა, რამდენიმეს მიმართ მაინც ერთდროულად. ყოველ შემთხვევაში, მაკრონ-ჰენიოხებისა და ლაზების გაერთიანებების მიმართ ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მაკრონ-ჰენიოხების შესახებ ჩვენ გაგვაჩნია დიონ კასიოსის ზემოთ უკვე აღნიშნული ცნობა, რომლის თანახმადაც 114-115 წწ. ტრაიანეს აღმოსავლეთში ლაშქრობისას მათ უკვე ჰყავთ საკუთარი „მეფე“ ანქიალე, რომელიც აქტიურ დახმარებას უწევს რომაელებს და იმპერატორისაგან საჩუქრებსაც იღებს. ანქიალე „მეფედ“ სწორედ ტრაიანეს მიერ იქნებოდა დამტკიცებული, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრაიანეს მმართველობამდე აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების ოფიციალური ცნობა რომის მიერ გამორიცხულია. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალზე საყურადღებოა, რომ ევტროპიუსის ცნობაში, ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის კონტექსტში, 115 წ. ამბებში სხვა მეფეთა შორის იხსენიება „კოლხების მეფე“. ისტორიულ-რეალურად ვინ უნდა ყოფილიყო ეს „კოლხების მეფე“? თვითონ კოლხების პატარა ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც ამ დროისათვის უკვე დაკარგული ჰქონდა ძველი დიდება და პოლიტიკური მნიშვნელობა, მოსახლეობდა ტრაპეზუნტის მახლობლად96. მათ სამეფო ხელისუფლება არ გააჩნდათ და ისინი უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი97.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში „სამეფო ხელისუფლება“ ტრაიანეს დროს, წყაროთა პირდაპირი მოწმობით, როგორც ვნახეთ, მიღებული ჰქონდათ მაკრონ-ჰენიოხებისა და აფსილების მმართველებს. მაგრამ ევტროპიუსისეულ „კოლხების მეფეში“ არ შეიძლება რომელიმე მათგანი იგულისხმებოდეს. მაკრონ-ჰენიოხების გაერთიანება რომაელების ერთგული მოკავშირე და „რომაული წესრიგის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო აღმოსავლეთში და ის ამ პერიოდის რომაელ ავტორთათვის კარგად იყო ცნობილი. ამდენად, გამორიცხულია, რომ ევტროპიუსს მაკრონ-ჰენიოხების „მეფე“ „კოლხების მეფედ“ მოეხსენიებინა. ასევე, ძალზე ძნელია, ტრაიანეს მოკავშირე „კოლხების მეფედ“ აფსილთა გაერთიანების მეთაურის მიჩნევა. მართალია, აფსილები მოსახლეობდნენ ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე და მათ ჰყავდათ ტრაიანეს მიერ დამტკიცებული „მეფე“, მაგრამ, ჯერ ერთი, ისინი არც ერთ წყაროში არ გამოდიან კოლხების სახელით და, მეორეც, საეჭვოა, რომ აფსილების „სამეფოს“, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებათა შორის ყველაზე სუსტი იყო98, ისეთი მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია ტრაიანესათვის99, რომ იგი ევტროპიუსს თავის ძალზე ლაკონურ და სწორხაზოვან, რომის საგარეო პოლიტიკის შესახებ მოკლე, საცნობარო ხასიათის ნაშრომში – ე.წ. „ბრევიარიებში“ დაეფიქსირებინა. ევტროპიუსის „კოლხების მეფე“ რეალურ-ისტორიულად ლაზების „მეფე“ უნდა იყოს, რადგანაც ლაზები გვიანანტიკურ მწერლობაში კოლხების მემკვიდრეებად არიან მიჩნეული და ტერმინი „კოლხიდა“ და „ლაზიკა“ ერთმანეთის იდენტურია100. ასე რომ, ევტროპიუსის მიერ ლაზთა „მეფის“ „კოლხების მეფედ“ მოხსენიება უფრო ძველი ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს, ვიდრე IIს. დასაწყისში დასავლეთ საქართველოში რეალურად შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ასახვას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევტროპიუსის ამ ცნობაში ზედაპირულად აირეკლა კოლხეთის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი – „კოლხების მეფის“, ე.ი. რეალურად ლაზების „მეფისა“ და ახალი პოლიტიკური გაერთიანების – ლაზების „სამეფოს“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა. ასე რომ, ევტროპიუსის ცნობის თანახმად, 115 წ. ე.ი. იმპერატორ ადრიანეს მიერ ლაზების „მეფე“ მალასასათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემამდეც, ლა-ზებს ჰყავდათ ტრაიანეს მიერ დამტკიცებული „მეფე“, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, ისტორიამ არ შემოგვინახა. ამრიგად, II ს. დასაწყისში, ტრაიანეს მმართველობის ეპოქაში, ანტიკური წყაროები აფიქსირებენ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზებისა და აფსილების „მეფეებს“, რომლებსაც „სამეფო ხელისუფლება“ სწორედ ხსენებული იმპერატორისაგან ჰქონდათ მიღებული. კონკრეტულად რომელ წლებში უნდა მომხდარიყო ტრაიანეს მიერ აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების ცნობა და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა? როგორც ვნახეთ, 114-115წწ. კოლხეთი ევტროპიუსის ცნობაში რომის მოკავშირე სხვა სამეფოებთან ერთნაირ კონტექსტში იხსენიება და ამ დროისათვის კოლხებს (ე.ი. რეალურ-ისტორიულად ლაზებს) უკვე ჰყავთ საკუთარი „მეფე“, რომელსაც ტრაიანე სხვა მეფეებთან ერთად ღებულობს ქვეშევრდომობაში.101
ამდენად, 114-115 წწ. ლაზების მმართველისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა უკვე მომხდარი ფაქტია. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებათა მმართველებს „სამეფო ხელისუფლება“ რომ 114 წლამდე ჰქონდათ მიღებული, მოწმობს ისიც, რომ როცა პართია-სომხეთზე სალაშქროდ მიმავალ ტრაიანესთან ქ. სატალაში გამოცხადდა მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების მეთაური ანქიალე, იგი უკვე ფლობდა „მეფის“ ტიტულს102. ასე რომ, ტრაიანეს მიერ დასავლეთ საქართველოს ეთნო-პოლიტიკურ ერთე-ულთა ოფიციალური ცნობა და მათი მმართველების „მეფედ“ დანიშვნა-დამტკიცება უნდა მომხდარიყო 114 წლამდე, დიდი აღმოსავლური ლაშქრობის დაწყებამდე. კოლხეთის ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებათა მმართველებისათვის იმპერიის მიერ „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის კონკრეტული თარიღის დადგენა, ჩვენი აზრით, შესაძლებელი ხდება იმ დროს რომაულ აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებისა და ტრაიანეს საგარეო პოლიტიკის გაანალიზების შედეგად. როგორც ცნობილია, რომის სახელმწიფოს სათავეში ტრაიანეს მოსვლისთანავე ძირითადი ყურადღება და იმპერიის ექსპანსიონისტური მისწრაფებები გადატანილ იქნა დუნაის საზღვარზე, სადაც რომაელებმა დაკიის სამეფოს წინააღმდეგ 101-102 და 105-106 წწ. სისხლისმღვრელი ომები გადაიხადეს. ამ პერიოდში ტრაიანე მთლიანად დაკავებული იყო იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების დაცვით და რომაული აღმოსავლეთის, მით უმეტეს, კოლხეთის ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებათა სტატუსის საკითხისათვის მას ნამდვილად არ ეცალა. მართლაც, თავისი მმართველობის პირველ წლებში ტრაიანეს არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეუტანია აღმოსავლეთთან ურთიერთობაში103, თუ არ ჩავთვლით რომაელთა მიერ 100წ. ვასალური იუდეის სამეფოს104, ხოლო 106 წ. არაბეთში, ბოსტრასა და პეტრას რაიონებში არსებული, ასევე რომზე დამოკიდებული ნაბატეელთა სამეფოს ლიკვიდაციას105. ამ უკანასკნელი ფაქტიდან გამომდინარე კი, ტრაიანესა და მის გარემოცვას თუნდაც მიექცია ყურადღება დასავლეთ საქართველოს საკითხისათვის, საეჭვოა, რომ ამ ეტაპზე, ე.ი. აღმოსავლეთში რომზე დამოკიდებული სამეფოების გაუქმებისა და მათი ანექსიის პირობებში, მოეხდინა, მართალია, არც თუ ისე მორჩილი, მაგრამ ოფიციალურად მაინც რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული კოლხეთის ტერიტორიულ-ტომობრივი გაერთიანებების გარკვეული დამოუკიდებლობის ცნობა და ამ პოლიტიკურ ერთეულთა მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა.
ამრიგად, II ს. დასაწყისში რომაულ სამყაროში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და ანტიკური წყაროების მონაცემების გაანალიზების შედეგად შესაძლებელი ხდება ტრაიანეს მიერ დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ-ტერიტორიულ ერთეულთა მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროის როგორც ქვედა, ასევე ზედა ქრონოლოგიური ზღვარის დადგენა და ეს წლებია, შესაბამისად, 106 და 114 წწ. სწორედ ამ წლებს შორის უნდა მომხდარიყო რომის მიერ კოლხეთის ტერიტორიულ-ეთნიკურ გაერთიანებათა გარკვეული დამოუკიდებლობის აღიარება და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა. 106 წლიდან იწყება რომის საგარეო პოლიტიკის რადიკალური შემობრუნება აღმოსავლეთის საკითხისაკენ და 106-114 წწ. შორის ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთში გატარებული პოლიტიკურ-სტრატეგიული ღონისძიებები, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, კიდევ ერთ დამატებით საბუთს წარმოადგენს ჩვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის სასარგებლოდ. ამასთან, 106 წლიდან 114 წლამდე აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხილვა საშუალებას იძლევა კიდევ უფრო დაკონკრეტდეს ჩვენთვის საინტერესო პოლიტიკური აქტის თარიღი. 106 წ. შემდეგ, დუნაისპირეთიდან რომში ტრიუმფალური გამარჯვებით დაბრუნებისთანავე, ტრაიანემ დიდი აღმოსავლური ლაშქრობისათვის დაიწყო მზადება, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, პართიის სამეფოს დამხობასა და ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის საბოლოოდ მოსპობას ისახავდა მიზნად. ტრაიანე დიდი მონდომებით ემზადებოდა პართიასთან ომისათვის, ყურადღებით აანალიზებდა მომავალი ოპერაციის როგორც სამხედრო-ტექნიკურ მხარეს, ასევე მორალურ-პოლიტიკურ სიტუაციასაც არა მარტო მოწინააღმდეგის ქვეყანაში, არამედ იმპერიის აღმოსავლური პროვინციების მოსახლეობაშიც106. ტრაიანე და მისი გარემოცვა ხანგრძლივი დროის მანძილზე ემზადებოდა პართია-სომხეთში შესაჭრელად, ისინი გულდასმით სწავლობდნენ პართიის საზღვრებთან შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. ტრაიანეს კავშირი ჰქონდა პართიის აღმოსავლეთის მეზობელ და მეტოქე ქუშანის სამეფოსთან, გათვალისწინებული ჰქონდა პართიის ჩრდილოეთის საზღვრების დაუცველობა ალანთა მუდმივმოქმედი საფრთხის წინაშე107. დიდი სამუშაოები ჩატარდა მომავალი სამხედრო ასპარეზის მარჯვენა ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც. რომაელებმა დიდი სამხედრო ბანაკები ააგეს ბოსტრასა და დანავეში (პალმირასა და დამასკოს შორის), აშენებულ იქნა ახალი კასტელუმები, გაიყვანეს სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების გზები108. მომავალი ფართომასშტაბიანი ომისათვის ასეთი საფუძვლიანი მომზადების პირობებში, ტრაიანეს, გამორიცხულია, არ გაეთვალისწინებინა რომაელთა პოზიციების სისუსტე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, რომელსაც დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სომხეთის მიმართ. კოლხეთს არა მარტო ამ პერიოდში, არამედ მისი რომთან ურთიერთობის დაწყების დროიდანვე სრულიად განსაზღვრული ადგილი ეკავა რომაულ გეოპოლიტიკაში, როგორც უსაფრთხოზურგსა და ხელსაყრელ სტრატეგიულ პლაცდარმს სწორედ პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დომიციანეს დროიდან კოლხეთზე რომის გავლენა ფაქტობრივად დაკარგული იყო და იგი აქ მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. კოლხეთის რომის გავლენის სფეროში დაბრუნების შემდეგ კი, ტრაიანეს, საჭიროების დროს, შეეძლო აქედანაც განეხორციელებინა სამხედრო ღონისძიებანი სომხეთის წინააღმდეგ და ასეთ შემთხვევაში სომხეთი აღმოჩნდებოდა თითქმის ყველა მიმართულებიდან: დასავლეთიდან – კაპადოკიის, სამხრეთ-დასავლეთიდან – ჩრდილოეთ სირიის, ხოლო ჩრდილოეთიდან – კოლხეთის მხრიდან, რომაული ჯარების დარტყმების საშიშროების წინაშე. სწორედ მომავალი საომარი ასპარეზისათვის ჩრდილოეთის ფლანგების გამაგრების და ახალი დამხმარე ძალების მოზიდვის მცდელობად მიგვაჩნია ტრაიანეს მიერ დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ-ტომობრივ ერთეულთა მმართველებთან ახალი, სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება და მათთვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა.
ამრიგად, აღმოსავლური კამპანიის მზადების პერიოდში, აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის დეტალურად გაანალიზებისა და მომავალი ოპერაციებისათვის ფლანგების გამაგრების მიზნით, დიდი სამხედრო-საკომუნიკაციო ღონისძიებების გატარების დროს, ტრაიანემ გაითვალისწინა ისიც, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთზე იმპერიის კონტროლი ფაქტობრივად დაკარგული იყო და ამ რეგიონის კვლავ რომის გავლენის სფეროში დაბრუნებას შეეცადა. კოლხეთის პოლიტიკურ-ტომობრივ ერთეულთა მმართველების მიმხრობის მიზნით ტრაიანემ დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და ამ ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებებს მისცა ფორმალური დამოუკი-დებლობა, ხოლო მათ მმართველებს – „სამეფო ხელისუფლება“, რითაც უზრუნველყო პართიასთან მომავალ დაპირისპირებაში მათი მო-კავშირეობა. ტრაიანეს მიერ ხელდასმულ და რომაული გარნიზონებით ზურგგამაგრებულ „მეფეს“ უკეთ შეეძლო სამოკავშირეო დამხმარე ჯარებისათვის კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება და, ამდენად, უფრო ქმედითი სამხედრო დახმარების გაწევა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, ტრაიანეს ამ ნაბიჯმა გაამართლა კიდეც და 114-115წწ. მას აქტიურ დახმარებას უწევენ მაკრონ-ჰენიოხებისა109 და ლაზების „მეფეები“110.
რაც შეეხება ტრაიანეს მიერ აღნიშნული ტომობრივი გაერთიანებების მეთაურებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროს, ჩვენი აზრით, ამ აქციას ადგილი უნდა ჰქონოდა ტრაიანეს მიერ აღმოსავლური კამპანიისათვის მზადების საწყის ეტაპზევე. როგორც ცნობილია, ტრაიანემ, რომელიც საფუძვლიანად ემზადებოდა მომავალი გრანდიოზული ომებისათვის, 108წ. პირადად იმოგზაურა აღმოსავლეთის პროვინციებში, რათა ადგილზე გაცნობოდა იქ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას111. სავარაუდოა, რომ ამავე წელს, ტრაიანეს აღმოსავლეთში ყოფნის დროს მომხდარიყო მის მიერ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზებისა და აფსილების ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მეთაურების „მეფედ“ დამტკიცება თუ დანიშვნა. შედარებით უფრო ძნელია მსჯელობა აბაზგებისა და სანიგების გაერთიანებათა შესახებ. როგორც ზემოთ ვნახეთ, არიანეს ცნობით, მათ „მეფეებს“ – რესმაგასა და სპადაგას ძალაუფლება ადრიანესაგან ჰქონდათ მიღებული112, მაგრამ, მოვლენათა განვითარების საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ ამ „მეფეთა“ წინამორბედებსაც თავისი ხელისუფლება ასევე ტრაიანესაგან მიეღოთ, თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ ტრაიანეს 108 წ. ნაკლები ყურადღება მიექცია კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებული აბაზგებისა და სანიგების გაერთიანებებისათვის, რამდენადაც მათი ტერიტორია უფრო მოშორებული იყო მოვლენათა ერთ-ერთ ძირითად ეპიცენტრს - სომხეთს და, აქედან გამომდინარე, ამ გაერთიანებათა მეთაურების „მეფედ“ დამტკიცების პრაქტიკა მოგვიანებით, ადრიანეს დროიდან დაწესებულიყო.113
ტრაიანეს მიერ კოლხეთის ტომობრივ-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემამ საფუძველი ჩაუყარა ცალკეულ „სამეფო“-სამთავროებს და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომზე დამოკიდებულების ახალ პოლიტიკურ ფორმას – ვასალურ-სამოკავშირეო ურთიერთობას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია დასავლეთ საქართველოს შემდგომ ისტორიულ განვითარებაზე. ახლა რაც შეეხება კოლხეთის ტერიტორიულ-ტომობრივი გაერთიანებებისა და მათი მმართველების რეალურ პოლიტიკურ სტატუსს, ამ „მეფეების“ ძირითადი დანიშნულება, როგორც აღვნიშნეთ, იყო ადგილებზე წესრიგის დამყარება და რომისათვის სამხედრო სამსახურის გაწევა. მათ თავიანთი ხელისუფლება მემკვიდრეობით კი არ ერგოთ, არამედ, როგორც ხშირად იმეორებს არიანე, მიღებული ჰქონდათ რომის იმპერატორებისაგან – ტრაიანესა და ადრიანესაგან114 და ეს არ იყო მხოლოდ ფორმალური მხარე.115
ამ „მეფეთა“ გამგებლობაში მყოფი პოლიტიკური გაერთიანებები იმპერიას უხდიან ხარკს,116 მათი ტერიტორია შედის რომაელთა აღმოსავლური ერთიანი თავდაცვის სისტემაში და სამხედრო თვალსაზრისით ემორჩილება კაპადოკიის მთავარსარდლობას, ხოლო კოლხეთის მკვიდრი მოსახლეობა მათ სანაპირო ქალაქებში დისლოცირებული რომაული გარნიზონების კონტროლქვეშ იმყოფება.
ამდენად, რომის „მეგობარი და მოკავშირე“ კოლხეთის ცალკეულ გაერთიანებათა „მეფეების“ რეალური უფლება-მოვალეობანი დიდად არ განსხვავდებოდა რომის პროვინციის მოხელეთა ფუნქციებისაგან, ხოლო მათ დაქვემდებარებაში მყოფი „სამეფოები“ რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული ქვეყნებისაგან. ყოველივე ამასთან ერთად, ეს „სამეფოები“ ტერიტორიულად ძალიან მცირეა. მაგ., მდ. ღალიძგიდან სებასტოპოლისამდე სულ რაღაც 50-60 კმ-იან ზღვისპირა ზოლში ორი პოლიტიკური ერთეული – აფსილებისა და აბასგების „სამეფოები“ არსებობდა. ასეთ ვითარებაში, ცხადია, ამ პოლიტიკურ გაერთიანებათა არავითარ სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება.117 ამდენად, არიანესთან დასახელებული ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა „ბასილევსები“ არსებითად რომის იმპერიის ადმინისტრატორები იყვნენ,118 რომელთაც რომაულ გარნიზონებთან კავშირში უნდა უზრუნველეყოთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ტომების მორჩილება რომისადმი, მათი რეალური უფლებები ძალზე შეზღუდული იყო და ისინი ადგილებზე რომის, კერძოდ კაპადოკიის პროვინციის რომაული ადმინისტრაციის კონკრეტული ინტერესების გამტარებლები იყვნენ.119
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ „სამეფოთა“ მმართველების რეალური უფლებამოსილება მხოლოდ საშინაო საქმეებში გარკვეული თვითმმართველობის ფარგლებს რომ არ სცილდებოდა და თვითონ ამ „სამეფოთა“ წარმოქმნაც გარკვეულწილად რომის ინიციატივა იყო, ამის დამადასტურებელ ფაქტად შეიძლება ჩაითვა-ლოს ის გარემოება, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ერთეულთა „დამოუკიდებლობის“ აღიარება და მათი მეთაურებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა ხდება ტრაიანეს დროს, აღმოსავლეთში რომაული ჯარების კონცენტრაციის პირობებში, როდესაც ტრაიანემ არა მარტო გააუქმა რომზე დამოკიდებული იუდეისა და ნაბატეის სამეფოები, არამედ ზედიზედ დაამხო სომხეთისა და თვით პართიის სახელმწიფოები და მათი ტერიტორიები პროვინციებად გამოაცხადა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა არალოგიკური იქნებოდა, რომ ტრაიანეს კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული წვრილ-წვრილი პოლიტიკური ერთეულებისათვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინა. ტრაიანესათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა კოლხეთის დამორჩილება, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, დომიციანეს დროიდან ფაქტობრივად გამოსული იყო რომის გავლენის სფეროდან, მაგრამ დასავლეთ საქარველოში რომის პოზიციების სამომავლო პერსპექტივისათვის შორსმჭვრეტელმა იმპერატორმა უფრო ხელსაყრელად მიიჩნია ადგილობრივი ეფემერული „სახელმწიფოებრიობის“ აღდგენა და რეგიონში იმპერიის ინტერესების დასაცავად მთლიანად რომის მიერ მართვადი „მეფეების“ გამოყენება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრაიანემ დიდი აღმოსავლური ლაშქრობისათვის მზადების პერიოდში, სომხეთის მიმართ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე კოლხეთის კვლავ რომის კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად აქ არსებულ ცალკეულ ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებებს მისცა ფორმალური დამოუკიდებლობა, ხოლო მათ მმართველებს „სამეფო ხელისუფლება“, რითაც შეინარჩუნა მათზე ფაქტობრივი სიუზერენობა. დასავლეთ საქართველოს ტომობრივ გაერთიანებათა პოლიტიკური სტატუსის საკითხის ასე გადაწყვეტა, ჩვენი აზრით, შემდეგი გარემოებებით იყო განპირობებული: ჯერ ერთი, როგორც ჩანს, აღნიშნულ პერიოდში კოლხეთში რომს არ ჰქონდა არსებითი მატერიალური დაინტერესება და იმპერიას აქ ეკონომიკური ინტერესები ნაკლებად ამოძრავებდა, მისთვის მთავარი იყო კოლხეთის გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჩრდილოეთ კავკასიის გადასასვლელების დაცვა, რასაც ადგილობრივი „მეფე“, რეალურად რომის მიერ მართვადი მმართველი რომაული გარნიზონების დახმარებით უფრო ეფექტურად განახორციელებდა. მეორე, ადგილობრივ მმართველს, რომელიც რომაელთა მიერ „მეფედ“ იქნებოდა დანიშნული, უკეთ შეეძლო ადგილებზე წესრიგის დამყარება, მეკობრეობის აღკვეთა, სამოკავშირეო ჯარის ნაწილებში თანამემამულეთა გაწვევის ორგანიზება და, ამდენად, მომავალ ომებში რომაელთათვის უფრო ქმედითი დახმარების გაწევა, რაც დაადასტურა შემდგომმა მოვლენებმა და 114-115 წწ. ტრაიანეს აქტიურ მოკავშირეობას უწევენ მაკრონ-ჰენიოხთა და ლაზების მეფეები. და მესამე, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც დასავლეთ საქართველოს ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა განაპირობა, ეს იყო ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო. კოლხეთის ბარი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოქცეულია კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა მასივებს შორის, ხოლო აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია ლიხის ქედით. ასე რომ, კოლხეთი თითქმის ყველა მხრიდან, გარდა დასავლეთისა, ზღვის მიმართულებიდან, ძნელად მისასვლელი იყო. კოლხეთის ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა და მისი შემომსაზღვრელი მაღალი მთები ხელს უწყობდა იმას, რომ კოლხეთი ყოფილიყო პონტოური სამყაროს კუთვნილება და აქედან გამომდინარე, ბერძნული თუ რომაული გავლენის სფეროს ნაწილი, განსხვავებით იბერიისაგან, რომელიც აღმოსავლეთიდან „ღია“ იყო, ხოლო, როცა საუბრობენ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან იბერიისაკენ მიმავალ „მოკლე გზაზე“, ამ შემთხვევაში „მოკლე“ იმავდროულად ნიშნავს „ძნელსაც“.120
ასე რომ, კოლხეთი ორგანულად იყო დაკავშირებული რომაულ სამყაროსთან. მისი იმპერიასთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირისა და გეოგრაფიული სიახლოვის გამო არ არსებობდა იმის საშიშროება, რომ ადგილობრივ მმართველებს, გარკვეული დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, კავშირი გაეწყვიტათ რომთან და მთლიანად საკუთარი პოლიტიკა გაეტარებინათ. ამრიგად, ახ.წ. I ს. ბოლოს დასავლეთ საქართველოს რომაული კონტროლისაგან გამოსვლის შემდეგ, იმპერიამ, მიუხედავად იმისა, რომ ტრაიანეს დროს შეეძლო სამხედრო გზით მდგომარეობის გამოსწორება, ხელი შეუწყო ადგილობრივი ეფემერული „სახელმწიფოებრიობის“ აღდგენას და ადგილობრივ მმართველებს გადასცა „სამეფო ხელისუფლება“, რათა უფრო ეფექტურად განეხორციელებინა სამოკავშირეო-დამხმარე ჯარებისათვის სამხედრო კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება, ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელების დაცვა, მეკობრეობის აღკვეთა შავ ზღვაზე, საკაბოტაჟო ნავიგაციისა და ვაჭრობის უსაფრთხოების დაცვა. ადგილობრივ „მეფეთათვის“ ძალაუფლების გადაცემა კი ამ რეგიონის დაკარგვის საფრთხეს არ ქმნიდა, რამდენადაც, ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გამო, იმ პერიოდში კოლხეთი არსებითად რომაულ, პონტოურ სამყაროს მიეკუთვნებოდა. ყოველივე ამის შემდეგ, ამ პოლიტიკურ ერთეულთა სახელმწიფოებრიობაზე საუბარი ზედმეტია და ისინი უნდა განვიხილოთ როგორც მთლიანად რომის გავლენის ქვეშ მოქცეული, გარკვეული თვითმმართველობის მქონე გაერთიანებები. არიანეს დროინდელი მაკრონ-ჰენიოხების, აფსილთა, აბასგთა და სანიგთა „ბასილევსები“ მოგვიანებით ამ ფორმალურ წოდებასაც კარგავენ და მხოლოდ ლაზეთი (ეგრისი) იძენს საკუთარი სახელმწიფოებრიობის ნიშნებს და ერთიან დასავლურ-ქართულ სამეფოდ ყალიბდება. რა თქმა უნდა, რომის მიერ კოლხეთის ცალკეულ ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა თუნდაც ფორმალური დამოუკიდებლობის აღიარება, პროვინციულ სისტემაში ყოფნასთან შედარებით, კოლხეთის ისტორიაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ბევრად შეუწყო ხელი ადგილობრივ ძალთა შემდგომ წინსვლა-განვითარებას. მაგრამ, რომის მიერ განხორციელებული ამ აქციით კოლხეთის ცალკეულ გაერთიანებებს არ მიუღიათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა. მართალია, ისინი რომის ვასალურ „სამეფოებად“ მიიჩნევიან, მაგრამ რომთან მათი „მეგობრობა-მოკავშირეობა“ არ იყო ისეთი ხარისხისა, როგორიც, დავუშვათ, მეზობელი იბერიის სამეფოს რომზე დამოკიდებულება, და მათი ფორმალური „მოკავშირეობა“ ძირითადად რომის პოლიტიკური ინტერესების დაცვაში გამოიხატებოდა. კოლხეთის პოლიტიკურ ერთეულთა დამოუკიდებლობა იყო სრული ფიქცია, რადგანაც მიუხედავად მათი კაპადოკიის პროვინციის შემადგენლობიდან ოფიციალური გამოსვლისა, ისინი მთლიანად რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, წარმოადგენდნენ რომის ერთიანი თავდაცვითი ზონის შემადგენელ ნაწილს და ისეთივე გეოსტრატეგიული და სამხედრო-საკომუნიკაციო ფუნქციები ეკისრებოდათ, როგორც უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში თუ პოლემონის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში ყოფნისას. ამას მოწმობს კოლხეთის სანაპირო ქალაქებში რომაული სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნა და თვით კაპადოკიის პროვინციის პროკონსულის ფლავიუს არიანეს საინსპექციო ვიზიტი, რომლის ძირითადი მიზანიც იყო მოეხსენებინა იმპერატორისათვის ამ ქვეყნის რომაული ფორპოსტების მდგომარეობა. ერთი სიტყვით, კოლხეთის მდგომარეობაში სინამდვილეში ბევრი რამ არც შეცვლილა, ერთგვარი დამოუკიდებლობის თხელი შირმის მიღმა კვლავ მკვეთრად იკითხებოდა რომის გეოსტრატეგიული ინტერესები ამ ქვეყანაში.
დიონ კასიოსის ერთი ცნობის დაზუსტებისათვის
ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობა დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც აღვნიშნეთ, ამ პრობლემის ბევრი ასპექტი ბოლომდე გარკვეული არ არის და ჯერ კიდევ ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც მეტი სიცხადის შეტანას და დაზუსტებას მოითხოვს. საკითხთა ასეთ რიგს მიეკუთვნება ტრაიანეს აღმოსავლური კამპანიის ქრონოლოგია და ტოპოგრაფია. მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ტრაიანეს არმენია-პართიაში მოძრაობის მარშრუტი და მისი გადაადგილების ქრონოლოგია. თუმცა, წყაროთა სიმცირისა და ფრაგმენტულობის გამო, ეს პრობლემები მეცნიერ-სპეციალისტთა შორის დავასა და აზრთა დიდ სხვადასხვაობას იწვევს. როგორც ზემოთ ვნახეთ, დიონ კასიოსი საკმაოდ დაწვრილებით აგვიწერს ტრაიანეს ლაშქრობას სომხეთსა და მესოპოტამიაში და მისი მოძრაობის მარშრუტს ანტიოქიიდან დაწყებული ვიდრე ამ კამპანიის დასასრულამდე. აქ გვინდა შევჩერდეთ დიონ კასიოსის თხზულების ერთ ფრაგმენტზე. როგორც ზემოთ ვნახეთ, აღმოსავლური კამპანიის საწყის ეტაპზე, არმენიის ქალაქ არსამოსატას აღების შემდეგ121 ტრაიანე სომხეთის შუაგულისაკენ კი არ დაიძრა, არამედ კვლავ გამობრუნდა რომის გამგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე და გეზი აიღო აღმოსავლეთში რომაელთა მფლობელობის უკიდურესი ჩრდილოეთ ფორპოსტის ქ. სატალასაკენ, სადაც მან საჩუქრებით დააჯილდოვა მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე. აღნიშნულ გარემოებას პირველად ყურადღება პროფ. ნ. ლომოურმა მიაქცია, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრაიანე მხოლოდ ანქიალეს დასაჩუქრების მიზნით არ წავიდოდა სატალაში, არამედ იგი აქ უნდა შეხვედროდა მოკავშირეთა ჯარებს და კერძოდ, მაკრონ-ჰენიოხთა რაზმებს.122
როგორც ჩანს, სატალა წარმოადგენდა რომაელთა ჯარების თავშეყრის პუნქტს და, ჩვენი აზრით, აქ კონცენტრირებული იყო არა მხოლოდ მოკავშირეთა დამხმარე რაზმები, არამედ რომაელთა აღმოსავლური კამპანიის მონაწილე ძირითადი ძალები – რეგულარული ჯარის ნაწილები, მათ შორის, რაც მთავარია, დუნაისპირეთიდან გადმოყვანილი, ყველაზე ბრძოლისუნარიანი ლეგიონები, რაც განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით. სატალა წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ფორპოსტს და რომის ძლიერების ერთ-ერთ საყრდენს აღმოსავლეთში.123
სატალას ციხესიმაგრე მდებარეობდა მაღლობზე, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას. იგი კონტროლს უწევდა დიდი არმენიიდან მცირე არმენიისაკენ მიმავალ გზებს124 და, როგორც თ. მითფორდი აღნიშნავს, წარმოადგენდა ყოველგვარი თავდასხმებისა და გამოსვლების ძირითად მაკონტროლებელ პუნქტს სომხეთსა და კავკასიაში.125
გარდა ამისა, სატალა აღმოსავლეთში, სხვა რომაული ლეგიონების ბანაკებთან შედარებით გეოგრაფიულადაც ყველაზე ახლოს იყო სომხეთის დედაქალაქ არტაშატთან. რაც შეეხება სატალაში კონცენტრირებულ რომაულ ჯარებს, აქ ვესპასიანეს (69-79 წწ.) დროიდან დისლოცირებული იყო ერთი ლეგიონი, ხოლო ტრაიანეს მიერ პართია-სომხეთთან საომრად მზადების პირობებში სატალაში, ჩვენი აზრით, თავმოყრილ იქნა იმპერიის სხვადასხვა პროვინციებიდან აღმოსავლეთში გადაყვანილი ლეგიონების ერთი ნაწილიც. თუ ვასალური ნაბატეის სამეფოს გაუქმების შემდეგ (106 წ.), რომის აღმოსავლეთის საზღვრებზე განლაგებული იყო 7 ლეგიონი,126 მათ შორის 2 დისლოცირებული იყო კაპადოკიაში – სატალასა (Legio XVI Flavia Firma) და მელიტენეში (Legio XII Fuliminata),127 ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთისაკენ სამხედრო ნაწილების გადაადგილების შემდეგ, ამ შვიდ ლეგიონს იმპერიის სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი ექვსი ლეგიონი დაემატა.128 მათ შორის იყვნენ დუნაისპირეთიდან გადმოყვანილი სამხედრო ნაწილებიც – ზემო პანონიიდან XV Apollinaris129 და XXX Ulpia, ზემო მეზიიდან VII Claudia-ს, ხოლო დაკიიდან XIII Gemina-ს ვექსილაციები.130
აღმოსავლეთში ახალგამოჩენილი ლეგიონებიდან თუ მათი ცალკეული ვექსილაციებიდან, სატალაში, ჩვენი აზრით, თავმოყრილ იქნა სწორედ დუნაისპირა პროვინციებიდან გადმოსროლილი, ზემოჩამოთ-ვლილი სამხედრო ნაწილები. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის გარემოება, რომ ტრაიანეს ლაშქრობის შემდგომ, სატალაში Legio XVI Flavia-ს ნაცვლად დგას სწორედ ზემო პანონიიდან ახლად გადმოყვანილი Legio XV Apollinaris. 131
გარდა ამისა, დუნაისპირეთიდან გადმოსროლილი ჯარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სადისლოკაციო პუნქტი, როგორც სტრატეგიული, ასევე საკომუნიკაციო თვალსაზრისით, სწორედ სატალა იყო, რადგანაც ამ დროს ფუნქციონირებდა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც ქვემო მეზიაში იწყებოდა და კალატის-ტომი-ისტრია-ტირასის გავლით ტავრიკის ხერსონესისაკენ, ხოლო აქედან კი ტრაპეზუნტისა და არტაშატისაკენ მიემართებოდა.132
რა თქმა უნდა, ტრაიანე დუნაისპირეთიდან აღმოსავლეთში ლეგიონების გადასაყვანად სწორედ ამ გზას გამოიყენებდა, მით უმეტეს, რომ ამ მაგისტრალის ბოლო პუნქტი, სომხეთის დედაქალაქი – არტაშატი წარმოადგენდა კიდეც მისი ლაშქრობის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს. ტრაპეზუნტში მისული დუნაის ჯარებისათვის უახლოესი სასაზღვრო-სადისლოკაციო პუნქტი სატალა იყო. ტრაპეზუნტიდან არტაშატისაკენ მიმავალი გზაც სწორედ სატალაზე გადიოდა და ეს გზა რომაელთა მიერ, ჯერ კიდევ ვესპასიანეს დროიდან საგანგებოდ იყო გამაგრებული.133
ასე რომ, ტრაიანეს სომხეთზე გალაშქრების წინ, სატალა რომის აღმოსავლური ციხესიმაგრეებიდან ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს და საკომუნიკაციო პუნქტს წარმოადგენდა სომხეთის მიმართ. მისი სომხეთის დედაქალაქთან სიახლოვე და მათ შორის არსებული კომუნიკაციები ხელსაყრელი იყო რომაელთა მრავალრიცხოვანი ჯარების სწრაფი მანევრირებისათვის, რაც გამოიყენა კიდეც ტრაიანემ. გარდა ამისა, სატალა იყო რომაული ვექსილაციების ძირითადი გამანაწილებელი ბაზა კავკასიაში134 და, ამდენად, იგი ამ რეგიონის ერთგვარ სამხედრო ცენტრსაც წარმოადგენდა. ყოველივე ამასთან ერთად, დასავლეთ შავიზღვისპირეთიდან აღმოსავლეთში მიმავალ უმნიშვნელოვანეს მაგისტრალზე მდებარეობამ განაპირობა ის, რომ ტრაიანეს მიერ სატალაში კონცენტრირებულ იქნა როგორც მეზობელი რეგიონების მოკავშირეთა დამხმარე ძალები, ასევე რომის რეგულარული ჯარების ისეთი საუკეთესო ნაწილები, როგორიც იყო მთელი იმპერიის სამხედრო ძალებში გამორჩეული, მკაცრად დისციპლინირებული და სასტიკ ბრძოლებში გამოწრთობილი დუნაის ლეგიონები. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ევტროპიუსის, ფესტუსისა და ევსევი კესარიელის ზემოთ დაწვრილებით განხილული ცნობების გააზრება. ამ ცნობებში, როგორც აღვნიშნეთ, რეალურად დასახელებული არიან რომის მოკავშირეები. დასავლელი მკვლევარები, ევტროპიუს-ფესტუსის ცნობებზე დაყრდნობით კიდევ უფრო აკონკრეტებენ იმ დროს აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციას და მიიჩნევენ, რომ ამ ცნობებში ჩამოთვლილია რომის ის მოკავშირეები და ვასალები, რომლებიც ტრაიანემ 114 წ. გაზაფხულზე სპეციალურ შეკრებაზე მოიწვია. რ. საიმის აზრით, ეს შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო სატალაში,135 ა. ბოსვორთის აზრით კი, არმენიის ქალაქ ელეგეიაში.136
რუსი მკვლევარი ვ. ლამზინი ერთგან აღნიშნავს, რომ ტრაიანემ თავისი კავკასიელი ქვეშევრდომები მიიწვია სატალაში,137 თუმცა, შემდეგ იმავე ფაქტს იმპერატორის ელეგეიაში ყოფნას უკავშირებს138. ჩვენი აზრით, სატალის სტრატეგიულ-გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უფრო დამაჯერებელი ჩანს მოსაზრება, რომ ტრაიანეს ევტროპიუსის, ფესტუსისა და ევსევი კესარიელის ცნობებში ჩამოთვლილი ალბანელების, იბერების, სავრომატების, ბოსფორელების, არაბების, ოსდროენებისა და კოლხების მეფეები მოეწვია სატალაში, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ წარმოადგენდა რომაული ჯარების ძირითად თავშეყრის პუნქტს. ამასთან, უფრო სავარაუდოა, რომ ტრაიანე თავის მოკავშირეებს მოიწვევდა საომარი მოქმედებების დაწყებამდე, უშუალოდ არმენიის ტერიტორიაზე შეჭრამდე. ამ მოსაზრების სისწორეს გარკვეულწილად ადასტურებს რომის ერთ-ერთი მოკავშირის – მაკრონ-ჰენიოხთა „მეფის“, ანქიალეს ყოფნა სატალაში, რომელიც, მართალია, არ იხსენიება ევტროპიუსისა და ფესტუსის ცნობებში, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მათ ცნობებში დაცულ მეფეთა ჩამონათვალს ავსებს დიონ კასიოსი. ასე რომ, ტრაიანეს, რომელმაც პართია-სომხეთში სალაშქროდ მიმავალ ძირითად რომაულ ძალებს თავი მოუყარა სატალაში, გამო-რიცხული არ არის, რომ სწორედ აქ მოეწვია თავისი ქვეშევრდომი მეფეები, რათა მათ, უშუალოდ გადამწყვეტი სამხედრო მოქმედებების დაწყების წინ, კიდევ ერთხელ ოფიციალურად ეცნოთ რომის უზენაესობა. და ბოლოს, გვინდა შევეხოთ მაკრონ-ჰენიოხთა „მეფის“ ანქიალეს სატალაში ყოფნის საკითხს. სატალაში ანქიალეს ყოფნა და იმპერატორის მიერ მისი დასაჩუქრება მიუთითებს, რომ მაკრონ-ჰენიოხთა დამხმარე ძალები ერთგულ მოკავშირეობას უწევდნენ სომხეთში შესაჭრელად გამზადებულ ძირითად რომაულ არმიას. ანქიალეს, რა თქმა უნდა, არ აწყობდა სომხეთის ტახტზე პართიის მომხრე პართამასირისის დამტკიცება, რაც, ფაქტობრივად, სომხეთის პართიისადმი დამორჩილებას ნიშნავდა139. მას ისედაც გართულებული ჰქონდა მდგომარეობა იბერიის სამეფოს გაძლიერებისა და ამ უკანასკნელის კოლხეთის ზღვისპირეთში, ზიდრიტთა ოლქში შეღწევის სურვილის გამო 140, პართელების სომხეთში დამკვიდრება კი ანქიალეს ახალ გართულებებს უქადდა. ასე რომ, ანქიალეს მონაწილეობა პართია-სომხეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში, განპირობებული იყო არა მარტო მისი სამოკავშირეო ვალდებულებით, არამედ საკუთარი ინტერესებითაც. სავარაუდოა, რომ ანქიალემ თავისი ერთგულება რომაელებს ჯერ კიდევ ტრაიანეს აღმოსავლეთში სალაშქროდ ჩამოსვლამდე დაუმტკიცა, რის გამოც იმპერატორმა საჭიროდ ჩათვალა მისი დაჯილდოება, ხოლო დიონ კასიოსმა – ამ ფაქტის სპეციალურად აღნიშვნა141. ახლა ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ რაში გამოიხატა ანქიალეს ერთგულება და კონკრეტულად რა დახმარება გაუწია მან რომაელებს იმპერატორის ჩამოსვლამდე, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაკრონ-ჰენიოხების „მეფე“, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ რომაული ჯარების გადაადგილების დროს, უშუალოდ მისი „სამეფოს“ მეზობლად მდებარე ქ. სატალაში კონცენტრირებულ რომაულ ლეგიონებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა პროვიანტით, მით უმეტეს, რომ რომაული ჯარებისათვის სურსათის მიწოდება მის სამოკავშირეო ვალდებულებაში შედიოდა. გამორიცხული არ არის ისიც, რომ სატალაში ჩასულ იმპერატორს იმიტომაც დაეჯილდოებინა მაკრონ-ჰენიოხების „მეფე“, რომ ანქიალეს მიერ მოყვანილი დამხმარე რაზმები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ძალას და ტრაიანე კმაყოფილი დარჩა სომხეთზე სალაშქროდ მიმავალი არმიის რეალური სამხედრო ძალით გაძლიერების გამო. როგორც ჩანს, რომსა და მაკრონ-ჰენიოხების „სამეფოს“ შორის სწორედ ამ პერიოდიდან ეყრება საფუძველი განსაკუთრებულ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას. ტრაიანეს ეპოქიდან დაწყებული, მთელი II ს. მანძილზე, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“ გამოდის რომის ერთგულ მოკავშირედ და იმპერიის პოლიტიკის აქტიურ გამტარებლად რეგიონში.142
მაკრონ-ჰენიოხთა ახალჩამოყალიბებული „სამეფოს“ მმართველი წრეების ძირითად პოლიტიკურ ორიენტირს წარმოადგენდა ძლიერი რომის იმპერია და აქტიურ დახმარებას უწევდნენ მას აღმოსავლეთში წარმოებულ ომებში, რადგანაც, კარგად ესმოდათ რა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, თავიანთი „სამეფოს“ შემდგომი განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობად მიაჩნდათ რომის პოზიციების გამყარება და „რომაული წესრიგის“ კიდევ უფრო განმტკიცება აღმოსავლეთში.
შენიშვნები
1. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ., 1951, გვ. 236-237; А.И. Амиранашвили, Иберия и римская экспансия в Азии. - ВДИ, 1938, #4, გვ. 164; G. Kaibel, IGIS, B., 1890, №1372; R. Cagnat, IGRP, I, №192.
2. Dio Cass., LXVIII, 19,2; დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნ. ლომოურმა, თბ., 1966, გვ. 82.
3. Eutr., VIII, 3; Fest., XX. იხ. В.В. Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе. – ВДИ, 1949, #3, გვ. 281; Римские историки IV века, под редакцией М.А. Тимофеева, М., 1997, გვ. 55-60; იხ. ევსევის სინქრონული ტაბულა – В.В. Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе. – ВДИ, 1948, #3, გვ. 228.
4. Arr., PPE, 11; ფლავიუს არიანესა და მისი თხზულების შესახებ იხ. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, – თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმაძისა, თბ., 1961; ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, V, – ძველი ბერძნულიდან თარგმნა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1983, გვ. 94-116, 153-160.
5. რომაელთა აღმოსავლეთში ლაშქრობის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია, რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. I-II სს., საკანდიდატო დისერტაცია, თბ., 2004, გვ. 25-32; მისივე, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., (პოლიტიკური ურთიერთობები), თბ., 2005, გვ. 26-35; Н.Ю. Ломоури, Грузино - римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 99-117.
6. ს. ჯანაშია, ადრეული ფეოდალიზმი, შრომები, II, თბ., 1952, გვ. 181-182; მ. ინაძე, კასპიის კარი (დარიალი, დარუბანდი) ახ.წ-ის I-IV საუკუნეთა საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში. – ქართული დიპლომატია, 3, თბ., 1996, გვ. 49-54; კ. ფიფია, რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის..., გვ. 27, 37; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 105-106.
7. ნ. ლომოური, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სათავეებთან. – ქართული დიპლომატია, I, თბ., 1994, გვ. 52; Н.Ю. Ломоури, Грузино - римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 115.
8. App., Мithr., 118.
9. იქვე, 114.
10. Манандян Я. А., Тигран второй и Рим, Ереван, 1943, გვ. 202-215; История армянского народа, ч. I, под редакцией Б.Н. Аракеляна и А.Р. Иоаннисяна,Ереван, 1951, გვ. 50-55.
11. ნ. ლომოური, საქართველოს საგარეო..., გვ. 52; Н.Ю. Ломоури, Грузино - римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 115.
12. ნ. ლომოური, საქართველოს საგარეო..., გვ. 52; Н.Ю. Ломоури, Грузино - римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 112.
13. იბერია-რომის ურთიერთობის შესახებ დაწვრ. იხ. მ. ინაძე, იბერიისა და რომის ურთიერთობა II საუკუნის პირველ ნახევარში. – იიშ, ტ. I, 1955, გვ. 313-316; ნ. ლომოური, რომისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ურთიერთობისათვის ახ.წ. I საუკუნეში. – თსუ შრომები, ტ. 77, 1959, გვ. 127-154; გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970, გვ. 500-537; Г.А. Меликишвили, к истории древней Грузии, Тб., 1959, გვ. 337-363; Н.Ю. Ломоури, Рим и Иберия. - ВИ, 1973, #1, გვ. 213-217; მისივე, Грузино-римские..., გვ. 99-180.
14. კ. ფიფია, რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის..., გვ. 25-26.
15. კ. ფიფია, კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან, – საისტორიო ძიებანი, I, თბ., 1998, გვ. 25-26; Н.Ю. Ломоури, Восточное Причерноморье и Рим в Iв. н. э., - Историко-филологические разыскания, I, 1980, გვ. 133; Т.Т. Тодуа, Колхида в составе Понтийского царства, Тб., 1990, გვ. 74-75; С. Ю. Сапрыкин, Понтийское царство, М., 1996, გვ. 312-313.
16. კ. ფიფია, რომისა და აღმოსავლეთ..., გვ. 37-40.
17. თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993, გვ. 102-116; კ. ფიფია, რომისა და აღმოსავლეთ..., გვ. 40-45; С.Ю. Сапрыкин, Понтийское царство, გვ. 328-335; Reinach Th., L´histoire par les Monnaies, Paris, 1902, გვ. 145-147.
18. Dio Cass., L IX, 12,2.
19. Tac., Hist., III, 47; Suet., Nero, 18; Magie D, Roman rule in Asia Minor, vol. I-II, Princeton, New Jersey, 1950, t. I, gv. 561-562; t. II, gv. 1417-1418, Sen. 62; The Cambridge Ancient History, vol. X. Cambr., 1963, გვ. 774.
20. კ. ფიფია, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაული გარნიზონების ჩადგომის დროის საკითხისათვის. – სოხუმის უნივერსიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 1999, გვ. 129-133;
Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 364; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 209.
21. კ. ფიფია, დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა რომთან ახ.წ. I საუკუნეში. – საისტორიო ძიებანი, II, თბ., 1999, გვ. 23; О.В. Кудрявцев, Провинция Каппадокия в системе римской восточной политики (17-72). - ВДИ, 1955, №2, გვ. 69-71.
22. М. П. Инадзе, К историй Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии). Автореферат диссертации, представленной на соискание ученой степени кандидата исторических наук, Тб., 1953, გვ. 13-14.
23. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III სს., გვ. 538; კ. ფიფია, დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა..., გვ.
24. О.В. Кудрявцев, Провинция Каппадокия..., გვ. 69-70.
25. Arrian., PPE, 11.
26. ვ.ს. სერგეევი, ძველი რომის ისტორიის ნარკვევები, ნაწ. II, თბ., 1941, გვ. 591-592;
Н.А. Машкин, История древнего Рима, Л., 1948, გვ. 437; Luttwak E., The Grand Strategy of the Roman Empire from the First century A.D. to the Thind, Baltimore - London, 1976, გვ. 98-110; თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი კი პირიქით, რომის საგარეო პოლიტიკაში ექსპანსიონისტური კურსის გაძლიერების მიზეზად იმპერიის მზარდ სამეურნეო-ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს მიიჩნევს, რომლის გადაჭრაც ტრაიანემ დაპყრობითი ომების საშუალებით სცადა. თუმცა, ამ პოლიტიკამ საბოლოო ჯამში ვერ გადაწყვიტა ძირეული ამოცანა (იხ. С.И. Ковалев, История Рима, Л., 1986, გვ. 549).
27. И.Т. Кругликова, Дакия в эпоху римской оккупации, М., 1955, გვ. 64-72; Т.Д. Златковская, Мёзия в I и II вв. н. э., М., 1951, გვ. 71-84; Н.А. Чаплыгина, Римляне на Дунае (I-III века н. э.), Кишинев, 1990, გვ. 42-53.
28. Т. Моммзен, История Рима, V,М., 1949, გვ. 359, 428, 453, 482; The Cambridge Ancient History, vol. XI, Cambr., 1954, გვ. 237.
29. Amm., Marc., XIV, 8,13; Т. Моммзен, История Рима, т. V, გვ. 359, 428; А. Г. Бокщанин, Парфия и Рим, ч. II , М., 1966, გვ. 230-231.
30. С.П. Толстов,По следам древнехорезмийской цивилизации, М.-Л., 1948, გვ. 151; Б.Г. Гафуров, Кушанская эпоха и мировая цивилизация, М., 1968, გვ. 10.
31. История Таджикского народа, т. 1, под редакцией Б. Г. Гафурова и Б.А. Литвинского, М., 1963, გვ. 356-357; С.П. Толстов, По следам..., გვ. 151.
32. Л.С. Васильев, Бань Чао в Западном Крае.- ВДИ, 1955, №1, გვ. 121-122.
33. Dio cass., LXVIII, 15.
34. იქვე.
35. ტრაიანეს მიერ გატარებული აღმოსავლური ლაშქრობის მოსამზადებელი სამხედრო-სტრატეგიული და საკომუნიკაციო ღონისძიებების შესახებ დაწვრილებით იხ.А.Г. Бокщанин, Парфия и Рим, ч.II, გვ. 226-235.
36. N.C. Debevoise, A Political History of Parthia, Chicago-Illinois, 1938, გვ. 216.
37. Dio cass., LXVII, 17.
38. Arr., Parthica, fr. 34; Malala, Chron., fr. 270.
39. IGRP, ed. R. Cagnat, vol. III, Parisiis, 1906, #173; К. Крист, История времен римских императоров от Августа до Константина, т. I, Ростов на Дону, 1997, გვ. 406.
40. А.Г. Бокщанин, Парфия и Рим, ч. II, გვ. 234;К. Крист, История времен..., გვ. 406.
41. Dio Cass., LXVIII, 17-19.
42. Dio Cass., LXVIII, 19,2.
43. Dio Cass., XVIII, 19-20; Eutr., VIII, 3; Arr., Part., 37.
44. Dio Cass., LXVIII, 21; Eutr., VIII, 3;
45. Dio Cass., LXVIII, 24, 26; Eutr., VIII, 3; Malala, Chron., 10, 274.
46. Dio Cass., LXVIII, 29-32; Euseb., Hist., IV, 2.
47. Dio Cass., LXVIII, 33; LXIX, 1; Ell. Spart., Hadr., 4; ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის შესახებ დაწვრილებით იხ.А.Г. Бокщанин, Парфия и Рим, т. II, გვ. 233-248; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 359-364; R.P. Longden, Notes on the Parthian campaigns of Trajan. – JRS, vol. XXI, London, 1931; J. Guey, Essai sur la guerre parthique de Trajan (114-117), Bucharest, 1937; F.A. Lepper, Trajani‘s Parthian War, London, 1948; N.C. Debevoise, A Political History of Parthia, გვ. 210-232.
48. Dio cass., LXVIII, 19,2.
49. იხ. კ. ფიფია, მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ – რომის მოკავშირე აღმოსავლეთში. – საისტორიო ძიებანი, IV, თბ., 2001, გვ. 53-55.
50. წარწერაში ნათქვამია: „მეფის სახელოვანი ძე ამაზასპი, მითრიდატე მეფის ძმა, რომლის მშობლიური მიწაც არის კასპიის ბჭესთან, იბერი იბერის ძე, აქ მარხია წმინდა ქალაქთან, რომელიც ააგო ნიკატორმა მიგდო-ნის ზეთისხილოვან მდინარესთან. გარდაიცვალა თანამგზავრი ავზონთა წინამძღოლი მეუფისა, მოსული პართიელებთან საბრძოლველად. [გარდაიცვალა] უწინ, ვიდრე გაისვრიდა ხელს (ვაი-რომ ძლიერ ხელს) მტრის სისხლში, შუბსა, მშვილდსა და მახვილის პირზე, [იყო] ქვეითიცა და მხედარიც, თვით მორცხვი ქალწულების მსგავსი“. – იხ. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები..., გვ. 236-237.
51. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III სს., გვ. 524-525; А.И. Амиранашвили, Иберия и римская экспансия в Азии. - ВДИ, 1938, №4, გვ. 164-165; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские ..., გვ. 23-24, 185-186; N.C. Debevoise, A political..., გვ. 222; F.A. Lepper, Trajani‘s Parthian..., გვ. 170.
52. Eutr., Brev., VIII, 3.
53. Fest., XX.
54. იხ. ევსევის სინქრონული ტაბულა – В.В.Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе. - ВДИ, 1948, №3, გვ. 228.
55. А.Г. Бокщанин, Парфия и Рим,т. II, გვ. 234-235.
56. История древнего Рима, под редакцией В. И. Кузищина, М., 1981, გვ. 220.
57. История древнего Рима, Минск, 1998, გვ. 404.
58. А.Г. Бокщанин, Парфия и Рим, გვ. 235.
59. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 361; К. Крист, История времен..., გვ. 406-407; მართალია, ეს მკვლევარები არ იმოწმებენ ევტროპიუსს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ცნობას ეყრდნობიან; N.C. Debevoise, A Political History..., გვ. 219-221.
60. Т. Моммзен, История Рима, V, გვ . 360-361; В.В. Латьшев, Известия..., გვ. 228, შენ. 2; К.В. Тревер, Очерки по истории и культуре Кавказской Албании, М. - Л., 1959, გვ. 129-130; В.И. Ламзин, Вопросы хронологии и топографии восточных походов Траяна (114-117 гг.). – ВМУ, серия VIII, История, 1, 1977, გვ. 53-54; N.C. Debevoise, A Political History..., გვ. 221; A.B. Bosworth, Arrian and the Alani - HSCP, 1977, 81, gv. 227; R. Syme, Hadrian and the Vassal Princes. – Athеnaeum, 59, 1981, გვ. 273; R. Syme, Roman Papers, III, Oхford, 1984, გვ. 1436.
61. А.Г. Бокщанин, Парфия и Рим..., გვ. 237.
62. Arrianus, parthica, ფრ. 6.
63. К.В. Тревер, Очерки..., გვ. 129.
64. იქვე.
65. К.В. Тревер, Очерки..., გვ. 129.
66. Г.А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 352; გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III სს., გვ. 524.
67. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III სს., გვ. 524.
68. К.В. Тревер, Очерки по истории..., გვ. 129.
69. აქ ჩვენ სპეციალურად არ ვასახელებთ კოლხეთს, რომლის რომზე დამოკიდებულებაც მართლაც რომ განსხვავებული ხასიათისა იყო. ამ საკითხს დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით.
70. ამ მეფის სახელი წყაროებმა არ შემოგვინახეს.
71. К.В. Тревер, Очерки по истории..., გვ. 129.
72. К. Алиев, Античная Кавказская Албания, Баку, 1992, გვ. 181.
73. Т. Моммзен, История Рима,V, გვ. 361.
74. К. Крист, История времен...,გვ. 407.
75. Г.А. Меликишвили, К истории древней Грузии,
გვ. 369; გ. მელიქიშვი-ლი, საქართველო ახ.წ. I-III სს., გვ. 543.
76. З.В. Анчабадзе, История и культура древней Абхазии, М., 1964, გვ. 190; თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1995, (ხელნაწერი), გვ. 33.
77. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 185.
78. იქვე.
79. М.П. Инадзе, К истории Грузии античного периода, გვ. 13-14.
80. В.С. Дуров, Художественная историография древнего Рима, СПб., 1993, გვ. 119.
81. ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები, თბ., 1998, გვ. 276-278.
82. Н.Ю. Ломоури, Грузино-Римские..., გვ. 185.
83. М. П. Инадзе, К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии), გვ. 14; Д. Браунд, Римское присутствие в Колхиде и Иберии,– ВДИ, №4, 1991, გვ. 48.
84. М. П. Инадзе, К истории.., გვ. 14; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968, გვ. 36-37; ნ. ლომოური, დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II-III საუკუნეებში. - ქართული დიპლომატია, „წელიწდეული“, 6, 1999, გვ. 80.
85. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 365.
86. Arr., PPE, §11. ქართული თარგმანი მოყვანილია ნ. კეჭაღმაძის ზემოთ აღნიშნული გამოცემის მიხედვით: ფლავიუს არიანე, მოგზაურობა.., გვ. 42-43.
87. იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თბ., 1951, გვ. 174; ს. ჯანაშია, საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, შრომები, I, თბ., 1949, გვ. 207-212; მისივე, ეგრისის სამეფოს წარმოშობა, შრომები, II, თბ., 1952, გვ. 307-313; გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III სს., გვ. 538-548; Г.А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 364-367; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 7-23.
88. ნ. ლომოური, დასავლეთ საქართველოს ეთნო-პოლიტიკური სურათი ახ.წ. II საუკუნეში. - საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნარკვევები, VII, 2001, გვ. 8
89. მ. ინაძე, კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიათა საკითხისათვის. – სმამ, 1961, ტ. XXVI, #6, გვ. 785-789; მისივე, ანტიკური ხანის კოლხეთსა და თრაკიაში სახელმწიფოს წარმოქმნა-განვითარების ისტორიული პარალელები. – კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, VI, თბ., 1980, გვ. 140; მისივე, ძველი კოლხეთის საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი საკითხი. - მაცნე, ისტორიის..., სერია 1987, #4, გვ. 45-67; მისივე, ძველი კოლხეთის საზოგადოება, თბ., 1994, გვ. 73-74, 182-183;
90. იხ. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 22-23; მისივე, დასავლეთ საქართველო..., გვ. 75-76; Н. Ломоури, Грузино- римские..., გვ. 219-220.
91. რომის პოლიტიკურ სისტემაში ჩართული ხალხების კონტროლისა და მართვის მექანიზმების შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი..., გვ. 113-121.
92. ნ. ლომოური, დასავლეთ საქართველო..., გვ. 75.
93. Dio cass., LXVIII, 19,2, მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს წარმოქმნის დროის შესახებ დაწვრ. იხ. - კ. ფიფია, რომის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროის საკითხისათვის. - საისტორიო ძიებანი, III, 2000, გვ. 62-64.
94. Г. А. Меликишвили, К истории.., გვ. 372; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 12.
95. Г. А. Меликишвили, К истории.., გვ. 372; გ. მელიქიშვილი, ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
96. Arr., PPE., 11.
97. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 7.
98. Г. А. Меликишвили, К истории.., გვ. 372; გ. მელიქიშვილი, ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
99. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევტროპიუსის ამ ერთ ლაკონურ ფრაზაში გაერთიანებულია ყველა, ვინც ეხმარებოდა ტრაიანეს პართელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
100. ნ. ლომოური, საქართველოს სახელწოდებანი ბიზანტიურ წყაროებში. - კრ. „საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია“, თბ., 1993, გვ. 73-78.
101. როგორც ზემოთ ვნახეთ, ევტროპიუსის ამ ცნობის თითქმის იდენტურია ასევე IV ს. ავტორების ევსევი კესარიელისა და ფესტუსის ცნობები. თუმცა, მათთან არ არის დაფიქსირებული კოლხების „მეფე“, მაგრამ ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც „კოლხების რომაელთა ქვეშევრდომობაში მიღება“ და მათი იბერების, ბოსფორელებისა და ალბანელების გვერდით დასახელება, ჩვენი აზრით, აშკარად მიუთითებს, რომ კოლხები უკვე აღარ ემორჩილებიან უშუალოდ რომის პროვინციულ მმართველობას და რომ მათაც საკუთარი „მეფე“ ჰყავთ, რაც უფრო ზუსტად არის დაფიქსირებული ევტროპიუსის მიერ, როდესაც ის საუბრობს „კოლხების მეფის“ რომის ქვეშევრდომობაში მიღებაზე.
102. Dio cass.., XVIII, 19, 2.
103. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 359.
104. იქვე, გვ. 359, 428, 453, 482; თჰე The Cambridge Ancient History, vol. XI, გვ. 237.
105. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 359, 428; А. Г. Бокщанин, Парфия и Рим, ч.II, გვ. 230-231.
106. А. Г. Бокщанин, Парфия и Рим, ч. II, გვ. 227.
107. იქვე, გვ. 225-226, 233.
108. იქვე, გვ. 231-234.
109. Dio cass., LXVIII, 19, 2.
110. Eutr., VIII, 3; Fest., XX. ევტროპიუსისა და ფესტუსის ამ ცნობებში ტრაიანეს მოკავშირეთა შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასახელებულია „კოლხების“, ე. ი. რეალურად ლაზების „მეფე“.
111. The Cambridge Ancient History, vol. XI, გვ. 241, შენ. 2; А. Г. Бокщанин, Парфия и Рим, ч. II, გვ. 232-233.
112. Arr., PPE, 11.
113. აბაზგებისა და სანიგების მმართველთა დანიშვნის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია, რომის მიერ აღმოსავლეთ..., გვ. 72-74
114. Arr., PPE, 11.
115. ნ. ლომოური, დასავლეთ საქართველო..., გვ. 80.
116. თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 206-207; Д. Браунд, Римское присутствие..., გვ. 47-48.
117. ნ. ლომოური, დასავლეთ საქართველო..., გვ. 80.
118. ნ. ლომოური, ძველი აფხაზეთის ეთნოკულტურული ისტორიიდან, თბ., 1998, გვ. 41-42; Н.Ю. Ломоури, Абхазия в античную и раннесредневе-ковую эпохи, Тб., 1997, გვ. 27.
119. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 117-118.
120. Д. Браунд, Римское присутствие..., გვ. 37.
121. იხ. დიონ კასიოსის ცნობები... გვ. 82, შენ. 2, გვ. 135; Н.Ю. Ломоури, Грузино- римскиე взаимоотношения, გვ. 227, შენ. 59; В.И. Ламзин, Вопросы хронологии..., გვ. 53.
122. დიონ კასიოსის ცნობები..., გვ. 135-136; Н.Ю. Ломоури, Грузино- римскиე..., გვ. 183-184, 227.
123. იხ. კ. ფიფია, მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ - რომის მოკავშირე აღმო-სავლეთში, გვ. 53-54; მისივე, რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის..., გვ. 76-78.
124. Акопян А.П., Римская система укреплений на границе Малой и Великой Армении.- ИФЖ, 4(115), 1986, გვ. 155; T.B. Mitford, Billioti´s excavations at Satala.- AS, XXIV, 1974, გვ. 210-222; მისივე, Some inscriptions from the Cappadocian Limes. - JRS, LXIV, 1974, გვ. 165.
125. T.B. Mitford, Some inscriptions., გვ. 165.
126. А.Г. Бокщанин, Парфия и Рим, გვ. 233, შენ. 81.
127. კ. ფიფია, რომისა და აღმოსავლეთ..., გვ. 75-76; А.Г. Бокщанин, Парфия и Рим,გვ. 233, შენ. 81; T.B. Mitford, Some inscriptions..., გვ. 164-168.
128. А.Г. Бокщанин, Парфия и Рим, გვ. 234; N.C. Debevoise, A political history.., გვ. 220; The Cambridge Ancient History, vol. XI, გვ. 242.
129. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ლეგიონი XV Apollinaris თავიდანვე იდგა სატალაში (იხ. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 358, შენ. 1), თუმცა მკვლევართა უმრავლესობის მიერ ეს მოსაზრება უარყოფილია და დოკუმენტურად დასტურდება, რომ XV ლეგიონი აღმოსავლეთში გადმოყვანილ იქნა ტრაიანეს მიერ პართია-სომხეთში ლაშქრობის დაწყების წინ (ამ პრობლემის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია, რომისა და აღმოსავლეთ..., გვ. 75-76; О.В. Кудрявцев, Провинция Каппадокия..., გვ. 70, შენ. 3; O.В. Кудрявцев, Исследования по истории Балкано-Дунайских областей в период Римской империи и статьи по общим проблемам древней истории, М., 1957, გვ. 185, შენ. 37; Максимова М.И., Античные города Юго-Восточного Причерноморья, М.-Л., 1956, გვ. 312; Т.В. Мitford, Some inscriptions..., გვ. 164-168).
130. O.В. Кудрявцев, Исследования..., გვ. 185, შენ. 37.
131. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XV Apollinaris საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა სომხეთზე ლაშქრობაში და იგი იმთავითვე სატალის დასაცავად იქნა დატოვებული (იხ. O.В. Кудрявцев, Исследования..., გვ. 182-183; Т.В. Мitford, Some inscriptions..., გვ. 168).
132. T.Д. Златковская, Мёзия..., გვ. 104-105; F. Cumont, Fragment de bouclier portant une liste d´etapes. - Syria, VI, 1925, გვ. 17
133. თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 49; მისივე, რომაული სამყარო და კოლხეთი, თბ., 2003, გვ. 12-15; Ф.Е. Кюмон, Научно- археологическое путешествие в Понт и Малую Армению, Понтийское исследование, II, перевод и комментарии А. Ташяна, Вена, 1919, გვ. 370-371; М.И. Максимова, Античные города..., გვ. 313; Т.В. Мitford, Billioti´s excavations..., გვ. 211-220.
134. კ. ფიფია, რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის..., გვ. 76-77
135. R. Syme, Hadrian and ..., გვ. 273; მისივე, Roman Papers, III, გვ. 1436.
136. A.B. Bosworth, Arrian and..., გვ. 227.
137. В.И. Ламзин, Вопросы хронологии..., გვ. 54.
138. იქვე, გვ. 55.
139. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 136; Н. Ю. Ломоури, Грузино- римские.., გვ. 228.
140. Н. Ю. Ломоури, Грузино- римские.., გვ. 228, შენ. 61.
141. იქვე, გვ. 228.
142. იხ. კ. ფიფია, მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“..., გვ. 48-67.
Комментариев нет:
Отправить комментарий