воскресенье, 17 февраля 2019 г.

ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შედეგების შესახებ (მ. ბახტაძე)

ყუთლუ-არსლანისა და მისი მომხრეების გამოსვლის საკითხი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა მკვლევართა შორის. მრავალი ნაშრომი ეძღვნება აღნიშნულ პრობლემას. ქართველ მეცნიართა შორის არ არის ერთიანი აზრი არც იმაზე, თუ რას მოითხოვდა ყუთლუ-არსლანი და არც თავად მის წარმომავლობაზე და მისი დასის სოციალურ შემადგენლობაზე. ჩვენ არ შევჩერდებით ამ საკითხებზე რადგან ამ დასის გამოსვლასთან დაკავშირებით სულ სხვა პრობლემა გვაინტერესებს. რა შედეგით დამთავრდა ყუთლუ-არსლანის გამოსვლა? თუმცა სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებდეთ მოკლედ აღვნიშნავთ, ჩვენ იმ მკვლევართა მოსაზრებას ვიზიარებთ, რომლებიც ყუთლუ-არსლანს ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლად მიიჩნევდნენ. მიზანი ამ გამოსვლისა კი, როგორც ეს .ანთელავამ მართებულად მიიჩნია, სახელმწიფო მმართველობის სისტემის სრულყოფა უნდა ყოფილიყო. კერძოდ, სასახლისა და ცენტრალური მმართველობის (სახელმწიფო) მოხელეების გამიჯვნა. ყუთლუ-არსლანის დასის პროგრამა ითვალისწინებდა არა პარლამენტის შემოღებასა და ხელისუფლების დანაწილებას, არამედ ცენტრალური მმართველობის გამოყოფას მეფის კარისაგან. ამ დაწესებულების გადაწყვეტილებებს კანონის სახე უნდა მიეღოთ მაშინ, როცა მეფე დაამტკიცებდა.1
. ანთელავა თვლიდა, რომ ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა მარცხით დასრულდა. მას არ გამოუღია არავითარი შედეგი.2
ივ. ჯავახიშვილი თვლიდა, რომ სამეფო კარსა და ყუთლუ-არსლანის მომხრეთა შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო ის, რომ მეფეს დარბაზის განგებულების სრულქმნის მოვალეობის მაგიერ, დამტკიცების უფლება მიუღია3. ასევე დარბაზის თანადგომა და ერთნებობა წესად შემოსულა... შეიძლება ითქვას, რომ თამარის მეფობის დროს საქართველოში .. შეზღუდული მონარქია დამყარებულა4. მეცნიერის ეს მოსაზრება ფართოდ გავრცელდა ქართულ ისტორიოგრაფიაში. .აბაშმაძის აზრით, ყუთლუ-არსლანი მოითხოვდა იმ ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოებრივი ხელისუფლების დანაწილებას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებად, რომელსაც მანამდე განუყოფლად ახორციელებდა მეფე.5
მკვლევარის აზრით, ყველაფერი კომპრომიშით დასრულდა. ეს კომპრომისი საერთოდ იმაში გამოიხატა, რომ მეფე ამიერიდან ქვეყანას მართავდა ერთნებაობითა და თანადგომითა.6
. რატიანის აზრით, ყუთლუ-არსლანი დაახლოებით ისეთსავე როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში, როგორც ინგლისის ისტორიაში სიმონ დე მონფორომ ითამაშა... ინგლისშიც და ჩვენშიც საქმე კომპრომისით დამთავრდა და წოდებათა წარმომადგენლობითი მონარქია შეიქმნა... გაფართოვდა დარმაზის უფლებები.7
ჩვენი აზრით, მართებულად შენიშნავდა . მესხია,8 ფორმულირება ერთნებობითა და თანადგომითა, თამარ მეფემდეც არსებობდა და შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით სამეფო კარი არავითარ დათმობაზე არ წასულა. სრულიად მისაღებია . სოსელიას დასკვნა, რომ ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდეგაც სახელმწიფო დარბაზი თავისი სოციალური შემადგენლობის მხრივ უცვლელი რცება. იგი ფეოდალთა ორგანოს წარმოადგენს სამეფო კარზე. სხვა წოდების წარმომადგენლებს იქ ადგილი არა აქვთ. არ შეცვლილა სახელმწიფო დარბაზი ყუთლუ-არსლანის გამოსვლის შემდეგ კომპენტენციის მოცულობის მხრივაც.9
არავითარი დარბაზის უფლებების გაფართოება არ მომხდარა. ყუთლუ-არსლანის გამოსვლამდე და მერეც, დარბაზი მხოლოდ სათათბირო ორგანო იყო. მეფეს ყოველთვის შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება და დარბაზის აზრი არ გაეთვალისწინებინა. რ. მეტრეველის აზრით, „ამ გამოსვლამ ვერ შეძლო თავისი პოლიტიკური პროგრამის განხორციელება, ვერ მოახერხა სახელმწიფო ძალაუფლების მეფესთან გაყოფა. ამის მიზეზი, როგორც ჩანს ის იყო, რომ ყუთლუ-არსლანის დასს პროგრამის განსახორციელებლად არ გააჩნდა თავისი მოქმედების კონკრეტული, მიზანდასახული გეგმა... სამეფო კარის დიპლომატიამ აჯანყებულებზე გაიმარჯვა... არც თვით აჯანყებულები იყვნენ ბოლომდე მტკიცენი და თავისი მოთხოვნების ერთგულნი. ყუთლუ-არსლანის იოლად დაჭერის ფაქტიც იმაზე მიუთითებს, რომ არც ამ გამოსვლის ბელადს და არც მის დასს ჰქონდათ ნავარაუდევი მეფის ხელისუფლების მხრიდან სათანადო წინააღმდეგობის გაწევა... მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკურ გამოსვლას გარკვეული შედეგი მოჰყვა, რაც „დარბაზის“ უფლების ერთგვარ გაფართოებასა და მის შემადგენლობაში მოქალაქეთა ზედაფენების წარმომადგენელთა შეყვანაში გამოვლინდა“.10
დარბაზის უფლებების გაფართოებაზე ჩვენი მოსაზრება უკვე გამოვთქვით. რაც შეეხება დარბაზის შემადგენლობაში მოქალაქეთა ზედაფენის წარმომადგენელთ შეყვანას, არც ასეთი რამ უნდა მომხდარიყო. აბულასანი, რომელიც მეცნიერთა ნაწილს სწორედ მოქალაქეთა ზედა ფენის წარმომადგენლად მიაჩნია, როგორც ქ. ჩხატარაიშვილმა გაარკვია ფეოდალი იყო, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან.11
რაც შეეხება რ. მეტრეველის სხვა მოსაზრებებს, ჩვენი აზრით, ყუთლუ-არსლანსაც და მის დასელებსაც ზუსტად ქონდათ წარმოდგენილი რას სურდათ და საკმაოდ კარგად ორგანიზებულ ჯგუფსაც წარმოადგენდნენ. მართებულად შენიშნავდა ნ. ბერძენიშვილი, რომ „კარავისელები სრულიადაც რაღაც ბრბო არ იყვნე. ეს პოლიტიკურად მომწიფებული დასი იყო და კარგად ესმოდა თუ რა რიგ დანაშაულს შცადიოდნენ... კარავისელები არც აგრე მარტივად დანებებიან მეფეს. მეფემ მათ ფიცი მისცა და მათაც ფიცი მისცეს. ეს თავისთავად არაა პატრონყმული ან, კიდევ უფრო, ხელმწიფესა და ქვეშევრდომთა შორის ეთიკეტი. ეს უფრო თანასწორთა შორის შესაქმებაა“. რაც შეეხება ამ გამოსვლის შედეგს, მეცნიერი წერდა, „საქმე კომპრომისით დასრულდა, ყუთლუ დამარცხდა, მისი პროგრამა არ განხორციელდა... მას ვინ გაიმარჯვა? გაიმარჯვა დიდაზნაურთა საშუალო ფენამ. „გუარიანმა“ და „ერთგულთა“ სახლებმა (ჭიაბერი, მხარგრძელები, თორელები). საფიქრებელია, ესენი არ იყვნენ თავწამკვდარი კარავისელები და მოლაპარაკებისას ადვილად დათანხმდნენ კომპრომისულ გამოსავალს. ამით შეასუსტეს ოპოზიციური ბანაკი და რეაქციული ფრთაც იძულებული შეიქმნა კომპრომისულ მოდუსს დათანხმებოდა და პროგრამა მაქსიმუმი დაეთმო“.12
ჩვენი აზრით, ნ. ბერძენიშვილმა ყველაზე ზუსტად განსაზღვრა თუ რა შედეგით დამთავრდა „კარავისელთა“ გამოსვლა  თანამდებობებზე ახლად დანიშნულ პირთა შორის ყუთლუ-არსლანის დასელებიც იყვნენ. თუმცა ჩვენ ცოტა განსხვავებული მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ამაზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. დაახლოებით მსგავსი მოსაზრება ჰქონდა შ. ბადრიძესაც. მეცნიერის აზრით, თამარ მეფემ „თანამდებობებზე დაამტკიცა უმეტესად თავისი ორიენტაციის მომხრე პირები სარგის მხარგრძელი, ჭიაბერი და სხვ“.13
„დაამტკიცა უმეტესად“ გულისხმობს, რომ რაღაც თანამდებობებზე მეფის ოპონენტები დაინიშნენ. სამწუხაროდ წყაროები ძალიან ცოტა ცნობებს შეიცავენ ამ გამოსვლის შესახებ. მართებულად შენიშნავდა ს. მაკალათია, „ჩვენ არ ვიცით, თუ რა პირობებში მოხდა თამარსა და მემაბოხეთა შორის შეთანხმება, ამის შესახებ ქართველი მემატიანე სდუმს“.14
უცნობია მრავალი დეტალი, მათ შორის მოლაპარაკების მიმდინარეობაც. არადა ეს პროცესი მეტად საინტერესო უნდა ყოფილიყო. მოლაპარაკების წინ შემდეგი ვითარება იყო, ყუთლუ-არსლანი და მისი მომხრეები „კარვის“ დაარსებას მოითხოვდნენ. ამავე დროს მათ იმდენი ძალა ყავდათ, რომ სამეფო კარს შეიარაღებული გამოსვლით დაემუქრნენ და ამ მუქარის სერიოზულობას ისიც ადასტურებს, რომ მეფემ მათი მეთაური პატიმრობიდან გათავისუფლა (ს. კაკაბაძე წერდა, „დიდებულთ მაინც ვერ მოახერხეს ისნის ციხის აღება, ისინი დამარცხდნენ. თამარმა არჩია საქმის გამწვავებას მორიდებოდა. თამარმა და დიდებულთ ერთმანეთს შერიოგების პირობა მისცეს და ქვეყანაც დროებით დაწყნარდა. ამ გვარად დიდებულნი გარეგნულად მაინც დამარცხდნენ“.15
ჩვენი აზრით, მოვლენათა განვითარების ცოტა არა სწორი შეფასებაა, როცა ნათქვამია, რომ „კარავისელებმა“ „ვერ მოახერხეს ისნის ციხს აღება“. მათ ეს აღარც ცადეს, რადგამ მეფე დათმობაზე წავიდა და მათი ლიდერი გაათავისუფლა). გასათვალისწინებელი ისიც, რომ ყუთლუ-არსლანი თავისთვის ამირსპასალარობას ითხოვდა. რა ვითარებაა მოლაპარაკების შემდეგ? ყუთლუ-არსლანს არა თუ ამირსპასალარობა არ მისცეს, არამედ ის საერთოდ გაქრა პილიტიკური ასპარეზიდან. არავითარი „კარავი“ არ შეიქმნა. დარბაზის უფლებები არ გაფარტოებულა. მოქალაქეთა ზედაფენის წარმომადგენლები დარბაზის შემადგენლობაში არ შეუყვანიათ. აშკარაა, რომ „ისტორიანი და აზმანის“ ავტორი ყველაფერს არ წერს. ძალიან ძნელი სავარაუდოა, რომ სამეფო კარმა არაფერი არ დათმო და ყუთლუს დასელებმა ყველა თავის მოთხოვნაზე უარი თქვეს. ასეთი რამ დასაშვები იქნებოდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი სამეფო კარი ძალას გამოიყენებდა და „კარავისელებს“ ამ გზით დაიმორჩილებდა (ესე მოხდა 1189 წელს გიორგი რუსის აჯანყების დროს. ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად გიორგი რუსის მომხრეთა აჯანყება 1191 წელს მოხდა. ჩვენი აზრით სრულიად მართებული იყო ი. ანთელავას თვალსაზრის, რომ ეს აჯანყება 1188-1189 წლებში უნდა მომხდარიყო16). ჩვენს ხელთ არსებული ცნობებიდან აშკარაა, რომ მეფეს ძალა არ გამოუყენებია. მაშინ რატომ დათმეს „კარავისელებმა“ ყველაფერი? სამეფო კარს შეეძლო მოლაპარაკებები იმ მიზნით ეწარმოებინა, რომ დასელთა ერთი, ყველაზე გავლენიანი ნაწილი თავის მხარეზე გადმოებირებინა. ანუ ცალკეული პიროვნებებისთის შეეთავაზებინა თანამდებობები, მამულები და ამგვარედ „ეყიდა“ მათი ერთგულება. დაახლოებით მსგავს რამეს ვარაუდობდა ნ. ბერძენიშვილი როდესაც აღნიშნავდა, რომ „გაიმარჯვა დიდაზნაურთა საშუალო ფენამ. „გუარიანმა“ და „ერთგულთა“ სახლებმა (ჭიაბერი, მხარგრძელები, თორელები). საფიქრებელია, ესენი არ იყვნენ თავწამკვდარი კარავისელები და მოლაპარაკებისას ადვილად დათანხმდნენ კომპრომისულ გამოსავალს“. თუმცა ჩვენ არა გვგონია, რომ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით წასულიყო და აი რატომ. როდესაც ყუთლუ-არსლანი დააპატიმრეს მისი დასელები „შეიყარნეს და უკუდგეს თამარს, დაადგინეს ახალი სიმტკიცე ყუთლუ-არსლანის გაშვებულობისა და არა მიშვებისა ვნებად მისსა“.17 ანუ მათ შესაშური ერთსულოვნება გამოიჩინეს, რაც გვაფიქრებინებს რომ სამეფო კარს კარგად ორგანიზებული და მტკიცედ შეკრული პოლიტიკური გუნდი უპირისპირდებოდა და არა თანამდებობის მოპოვების მსურველ პირთა შემთხვევითი გაერთიანება. თუმცა ამის საპირისპიროდ შეიძლება „ისტორიანი და აზმანის“ ის ადგილი გავიხსენოთ სადაც აღნიშნულია, რომ ყუბასარისა და აფრიდონის გადაყენების შემდეგ დიდებულებმა „ბრძოლამყოფთა ხელისუფლობისა და დიდებისათვის ურთიერთს დაუწყეს ზიდვა“.18
პირადად ჩვენ, ეს ფრაზა მეფის მომხრე ისტორიკოსის შეფასებად მიგვაჩნია, რომელიც რეალურ ვითარებას არ ასახავს და რომლის მიზანიც მეფის მოწინააღმდეგეთა დამცირება და უარყოფითად წარმოჩენაა. მეფის მომხრე ისტორიკოსის მხრიდან რეალური ვითარების შელამაზება და სამეფო კარისათვის სასურველ ჭრილში წარმოჩენა, სავსებით ბუნებრივია. ამ მხრივ ერთ მაგალითს მოვიყვანთ. გიორგი რუსის აჯანყებასთან დაკავშირებით მემატიანე წერს, „ვარდან დადიანი, მსახურთუხუცესი, ლიხთ-აქით პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსამდის უცილობლად ქონებასა და თვით ქვეშისა ციხესა მყოფი, მაგარსა და მტერთაგან უვნებელსა. ესე მცირედისა რასმე წავიდა და მივიდა გეგუთს. რეცა პატრონისა წადილითა შეყარა ყოველი სვანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკვერი და არგვეთი. მომრთველმან სანიგთა და ქეშიგთამან აფიცა რუსისა გამეფებისა და მისის მეფე ყოფისათვის დიდებულნი და ლაშქარნი ქვეყანისანი“19.
ისტორიკოსი აღნიშნავს, ვარდანმა დასავლეთ საქართველოს ფეოდალები ფეოდალები მოტყუებით შეკრიბაო, მაგრამ ეს მოსაზრება სწორი არ უნდა იყოს. მეფის მომხრე მემატიანე ცდილობს ამბოხებულთა სიმრავლე ვარდან დადიანის ტყუილს დააბრალოს. დავუშვათ, რომ დასავლეთ საქართველოს ფეოდალები ვარდანმა მართლაც მოტყუებით შეკრიბა, ვითომდა მეფის ბრძანებით. შეკრებისა და გეგუთში გიორგი რუსის მეფედ კურთხევის შემდეგ, ხომ ყველასათვის ცხადი უნდა გამხდარიყო ვარდან დადიანის განზრახვა. მიუხედავად ამისა, დასავლეთ საქართველოს დიდებულები არა თუ არ დაიშალნენ, არამედ პირიქით, აქტიურ მოქმედებაზე გადავიდ ნენ. ვარდან დადიანის მიერ შეკრებილმა ფეოდალებმა სვანეთიდან, აფხაზეთიდან, ოდიშიდან, გურიიდან, იმერეთიდან, რაჭიდან და თაკვერიდან თავიდანვე იცოდნენ თუ რის გამო იბარებდა მათ მსახურთუხუცესი. „კარავისელთა“ გამოსვლასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია და ძალზედ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი, რომლის გარეშეც ამ პრობლემის გადაწყვეტა რთულ ყუთლუ-არსლანის გამოსვლა იყო თუ არა კავშირში 1184-1189 წლებში საქართველოში განვითარებულ სხვა შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან. ჩვენ ი. ანთელავას მოსაზრებას ვიზიარებთ, რომ „უგვაროთა“ გადაყენების მოთხოვნა, ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა, გიორგი რუსის საქართველოში ჩამოყვანა და 1189 წლის აჯანყება ერთიდაიგივე პოლიტიკური ჯგუფის მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპები იყო20. ეს ჯგუფი დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ფეოდალებისაგან შედგებოდა. ჩვენ შეგვიძლია ამ ჯგუფის კონკრეტულ წევრთა დადგენაც, მაგრამ ამაზე დაწვრილებით უფრო ქვემოთ ვისაუბრებთ. დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს, რა რეალური შედეგით დამთავრდა კრავაი ჯაყელისა და ხვაშაქ ცოქალის მოლაპარაკება „კარავისელებთან“? ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ორივე მხარე დათმობაზე წავიდა. სამეფო კარისთვის უმთავრესი იქნებოდა „კარვის“ შექმნა არ შექმნის პრობლემა და არა გვგონია, რომ ცენტრალური ხელისუფლება ამ მმართულებით წასულიყო დათმობაზე. ამ მხრივ დათმობაზე ალბათ „კარავისელები“ წავიდნენ. ცხადია ეს მათთვისაც პრინციპული მოთხოვნა იყო და სანაცვლოდ რაღაც სერიოზული კომპენსაცია უნდა მიეღოთ. ჩვენი აზრით, ასეთი კომპენსაცია „კარავისელთა“ მაღალ თანამდებობეზე დანიშვნა უნდა ყოფილიყო. მოლაპარაკების ერთ-ერთი შედეგი იყო ისიც, რომ ყუთლუ-არსლანი პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოცილდა. ცხადია ესეც სამეფო კარის მოთხოვნა იქნებოდა.
რა გვაძლევს მსგავსი ვარაუდის საფუძველს? „ისტორიანი და აზმანის“ მიხედვით, 1184-1185 წლებში, ანუ ყუთლუ-არსლანისა და მისი მომხრეების გამოსვლის შემდეგ, ვიდრე გიორგი რუსის ჩამოყვანამდე დიდი ცვლილებები ხდება სამოხელეო აპარატში. იცვლებიან მთელი რიგი თანამდებობის პირები და მათ შორის ვაზირებიც. ქართველ მეცნიერთაგან თითქმის ყველა სრულიად სამართლიანად თვლის, რომ ამ ცვლილების მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო. ცოტა განსხვავებულად უყურებდა ამ საკითხს ნ.ბერძენიშვილი. იგი აღნიშნავდა „გამოცვალეს ზოგი რისა და რის გამო: ყუბასარი ავადმყოფობისა და დიდებულთა მოთხოვნის გამო, აფრიდონი  ნებითა და თნევიტა ლაშქართათა, მწიგნობართუხუცესი მიქაელი იმის გამო, რომ მეფის სანდო არ იყო. ყუთლუ-არსლანი იმის გამო, რომ გაფიცულთა მეთაური იყო და მეფის ორგულობა გამოამჟღავნა, ჩუხჩარეხი იმის გამო, რომ მიმყოვრებულქმნილ იყო (მოხუცებულიყო). ასევე მოხუცებული იყო ვარდან დადიანის მამა, რომელსაც როგორც ჩანს მსახურთუხუცესობა ჰქონდა, ვიდრე გიორგი მეფე აფრიდონს გაამსახურთუხუცესებდა“.21
ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ამდენი თანამდებობის პირის ერთდროული შეცვლა რაღაც სერიოზულმა მიზეზმა განაპირობა. ასეთ მიზეზად კი მოლაპარაკების დროს მიღწეული შეთანხმება მიგვაჩნია. რა თქმა უნდა წყაროში მოხსენიებული ყველა პირი „კარავისელი“ ვერ იქნებოდა. (აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი აზრით, ეს ცვლილებები არ შეხებია ყველა ერისთავს. მათი უმეტესობა, ალბათ გარდა ბოცო ჯაყელისა, მანამდეც ფლობდნენ თავის თანამდებობებს. ბოცოსთან დაკავშირებით კი წერის რომ ის „აჩინეს“. ჩვენი აზრით ამ შემთხვევაში ბოცოსთვის სპასალარის თანამდებობის მიცემა უნდა იგულისხმებოდეს.) სამეფო კარი ამას არ დაუშვებდა. ყველა თანამდებობაზე პოლიტიკური ოპონენტების დანიშვნა, სამეფო კარისათვის „კარვის“ შექმნაზე უფრო სახიფათო იქნებოდა. „კარავისელები“ ახლად დანიშნულთა მხოლოდ ერთ ნაწილს შეადგენდნენ. პირველ რიგში ვნახოთ თუ რა წერია წყაროში. მემატიანე წერს „პირველად გარდაცვალებასა [ქართლისა კათალიკოსისა, ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცესისა მიქაელ მირიანის ძისსა და ამირსპასალარისა გამრეკელისა თორელისსა] და გამორჩევასა შინა ორთა ვაზირთა და სპასპეტთა, თანადგომითა და ერთნებაობითა შვიდთავე სამეფოთა დიდებულთა ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდლად და მწიგნობართუხუცესად და ვაზირად ანტონ... განაჩინა ამირსპასალარი სარგის მხარგრძელი... და განაჩინა და უბოძა ჭიაბერსა მანდატურთუხუცესობა... და კვალად უბოძა მეჭურჭლეთუხუცესობა დიდსა და გვარიანსა კაცსა კახაბერს ვარდანისძესა. და მასხურთუხუცესობა ვარდანს დადიანსა, ჩუხჩარეხობა მარუშიანსა... ამილახორობა გამრეკელსა თორელსა... და ერისთავთერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს: ბარამ ვარდანისძე  სვანთა ერისთავი, კახაბერი კახაბერისძე  რაჭისა და თაკუერის ერისთავად, და აფხაზთა ერისთავად ოთაღო შარვაშის-ძე, ცხუმის ერისთავად ამანელისძე, და ოდიშის ერისთავად ბედიანი. ლიხთა ამერთ ქართლის ერისთავად რატი სურამელი, და კახეთის ერისთავად ბაკურ-ყმა ძაგანისძე, და ჰერეთის ერისთავად გრიგოლ ასათის ძე... და სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“.22
მეცნიერთა შორის დიდ დავას იწვევს ფრაზა  „პირველად გარდაცვალებასა... და გამორჩევასა შინა ორთა ვაზირთა და სპასპეტთა“. გაურკვეველია ვის გარდაცვალებაზეა საუბარი. თავის დროზე ს. ყაუხჩიშვილმა გაიზიარა ივ. ჯავახიშვილის მოსაზრება და „ქართლის ცხოვრების“ ტექსტში ჩაამატა სიტყვები  „ქართლისა კათალიკოსისა, ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცესისა მიქაელ მირიანის ძისსა და ამირსპასალარისა გამრეკელისა თორელისსა“. ეს ტექსტის მეტად თავისუფალი აღდგენა და ამავე დროს არასწორი. მიქაელი 1184-1185 წლებში არ გარდაცვლილა ისევე როგორც არც გამრეკელ თორელი. მემატიენე თავად წერს, რომ ზუსტად ამ დროს გამრეკელ თორელს ამირახორობა ებოძა სარგის მხარგრძელის შემდგომ სწორედ ის გახდა ამირსპასალარი. პ.ინგოროყვამ ტექსტში მხოლოდ მიქაელ მირიანისძის გარდაცვალების ჩამატება მიიჩნია სწორად.23
შ. მესხიამ მიიჩნია რომ აქ ერთი პირის გარდაცვალებაზე და ორი ადამიანის „გამორჩევაზეა“ საუბარი და ტექსტში ჩაამატა სიტყვები „გარდაცვალებასა [ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესისა ყუბასარისა] და გამორჩევასა შინა ორთა“.24
„ქართლის ცხოვრების“ ტექსტის ამ მონაკვეთში რომელი პირის სახელიც არ უნდა ჩავამატოთ, ეს აღდგენა მაინც პირობითი იქნება და მარჩიელობას აზრი არ ააქვს. თუ გავიზიარებთ, რომ 1184-1189 წლებში განვითარებული მოვლენები ერთი პოლიტიკური ჯგუფის მოღვაწეობის შედეგი იყო, მაშინ ადვილი განსასაზღვრია თუ „კარავისელთა“ გამოსვლის შემდეგ დანიშნულ პირთაგან ვინ იყო მათი პოლიტიკური ჯგუფის წევრი. რა თქმა უნდა გამორიცხული არაა, რომ დროთა ვითარებაში ამა თუ იმ პიროვნებას თავისი პოლიტიკური ორიენტაცია შეეცვალა. ამიტომ ჩვენი დასკვნები გარკვეულწილად ცხადია პირობითია. კონკრეტულად განვიხილოთ ყველა პირის საკითხი. „ისტორიანი და აზმანის“ მიედვით, ყუთლუ-არსლანის გამოსვლის შემდეგ თამარმა „თანადგომითა და ერთნებაობითა შვიდთავე სამეფოთა დიდებულთათა ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდლად და მწიგნობართუხუცესად და ვაზირად ანტონი, გაზრდილივე მამისა მათისა, ბრძენი და გონიერი, პატრონთათვის სვიანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა“.25
მანამდე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ქართლის კათოლიკოსი მიქაელ მირიანიძე იყო. გამოდის, რომ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა მიქაელს ჩამოერთვა და ანტონ გლონისთავისძეს გადაეცა. მაგრამ ამ ცნობას ეწინააღმდეგება ბასილი ეზოსმოძღვართან დაცული ინფორმაცია. კათოლიკოს-პატრიარქი, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი მიქაელ მირიანის ძე თამარ მეფესთან დაპირისპირებული იყო. ბასილი ეზოსმოძღვრის მიხედვით, თამარის მეფობის დასაწყისში მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება, რომელსაც მიქაელი კათოლიკოსობიდან უნდა გადაეყენებინა. კრების მონაწილეებმა „არა ინებეს შორის მათსა ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კათოლიკოსი, რამეთუ წინაუმკო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისატა და ჭყონდიდელ-მაწყვერელობა და მწიგნობართუხუცესობა მოევერაგა უფლისაგან. არამედ ვერა განაყენეს, დაღაცათუ ფრიად იღვაწეს“.26
იმავე მამტიანეს მიხედვით, გიორგი რუსის აჯანყებამდე „მოკვდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, ქართველი, მირიანის ძე მიქაელ, რომელსა აქვნდა სამთავისიცა და არავინ შეწუხნა მისთვის, არცა დიდი და არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს“. ამის შემდეგ მეფემ „მოიყვანა ანტონი გლონისთავისძე გარეჯით, რომელი პირველ ჭყონდიდელ იყო და მიქაელ კათალიკოსმან მას მისტაცა მოძმაცვითა ვიეთმე მეფისა განზრახვისათა... ესე დასვეს ვაზირად, მისცეს ჭყონდიდი, სამთავისი, კისისხევი და მწიგნობართუხუცესობა“.27
ერთი წყაროს მიხედვით მიქაელმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა, მეორეს მიხედვით კი ეს თანამდებობა „კარავისელთა“ გამოსვლის შემდეგ დაკარგა. აქედან გამომდინარე განსხვავებული მეცნიერთა მოსაზრებებიც. ერთნი თვლიან, რომ მართალია ბასილი ეზოსმოძღვრის ინფორმაცია და მიქაელი გარდაცვალებამდე ანუ 1190/1191 წლამდე იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი28, მეორენი „ისტორიანი და აზმანის“ ცნობას ეთანხმებიან და მიქაელის მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობას მხოლოდ 1184-1185 წლებში ვარაუდობენ.29
მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ მიქაელი 1187 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ბოლომდე შეინარჩუნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა.30
არსებობს თვალსაზრისი, რომ მიქაელი გარდაიცვალა თამარის დავით სოსლანზე ქორწინების ახლო ხანებში ე.ი. 1188 წელს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბრუნა ანტონ გლონისთავისძემ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა.31
ყველაფერია იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ წყაროს ვენდობით (ნებისმიერ შემთხვევაში გამოდის, რომ ერთ-ერთი წყაროს ავტორი ცდება). ბასილი ეზოსმოძღვარი არაფერს წერს ყუთლუ-არსლანის გამოსვლის შესახებ. თავის მხრივ „ისტორიანი და აზმანში“ არაფერია ნათქვამი იმ საეკლესიო კრების შესახებ, რომელზეც მიქაელის საკითხი განიხილებოდა (ამის გამო ვერ დავადგენთ თუ ამ ორი მოვლენიდან რომელი რომლის წინ იყო). ბასილი ეზოსმოძღვარი საკმაოდ ზუსტად და შესაძლოა ითქვას დეტალურადაც აღწერს ამ საეკლესიო კრებას და აღნიშნავს, რომ მიქაელი „ვერა განაყენეს“. ჩვენი აზრით, მიქაელს თავის მრავალრიცხოვანი თანამდებობებიდან (კათოლიკოსი, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, სამთავნელი, მაწყვერელი) ერთი მაინაც რომ დაეკარგა, ან კრებაზე ანდა კრებიდან ძალიან მალევე, მემატიანე ამას აუცილებლად აღნიშნავდა. საეკლესიო კრებაზე მიქაელს მწიგნობართუხუცესობას ალბათ ვერ ჩამორთმევდნენ, მაგრამ ჭყონდიდელობის, სამთავნელობის ანდა მაწყვერელობის ჩამორთმევა თავისუფლად შეეძლოთ. შ. მესხიას აზრით, „საეკლესიო კრებამ არსებითად მოამზადა ნიადაგი მიქაელის ვაზირობიდან გადასაყენებლად“.32
საეკლესიო კრებამ მიქაელის წინარმდეგ ვერაფერი გააწყო. ჩვენ იმ მოსაზრებას ვიზიარებთ, რომ მიქაელ მირიანისძემ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა სიცოცხლის ბოლომდე დაახლოებით 1187/88 წლამდე შეინარჩუნა. საინტერესოა ის საკითხიც, თუ კონკრეტულად როდის „მოევარაგა უფლისაგან“ მიქაელმა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა. მკვლევართა ნაწილი ამ „უფლის“ ქვეშ თამარის მამიდა რუსუდანს გულისხმობს,33 ნაწილი კი თავად თამარს34. არსებობს მოსაზრებაც, რომ მიქაელმა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა გიორგი რუსის მოყვანის მერე მიიტაცა.35
პ. ინგოროყვა თვლიდა, რომ მიქაელის მწიგნობართუხუცესად დაინიშვნა და სარგის მხარგრძელისთვის ამირსპასალარობის ბოძება თანადროული მოვლენებია36. ეს კი „კარავისელთა“ გამოსვლის შემდეგ ხდება. ჩვენი აზრითაც, მიქაელმა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა „კარავისელთა“ დასის გამოსვლის შემდეგ მიიღო. მემატიანე კი იმიტომ წერს „მოევარაგა“, რომ სამეფო კარს ამის სურვილი არ ქონდა, მაგრამ იძულებული იყო ამ დათმობაზე წასულიყო. „კარავისელთა“ გამოსვლის შემდეგ ამირსპასალარობა სარგის მხრაგრძელს ებოძა. სარგისი 1187 წელს გარდაიცვალა. მისი წინამორბედი ყუბასარი იყო. ნ.ბერძენიშვილის აზრით, „ყუბასარ-აფრიდონის თანამდებობანი (ამირსპასალარობა, მანდატურთუხუცესობა და მსახურთუხუცესობა) ვაკანტური რჩებოდა, ვიდრე ყუთლუს გამოსვლის ჩათავების შემდგომ მთელი სავაზიროს ახლად გამორჩევა არ მოხდა“.37 დაახლოებით ანალოგიური თვალსაზრისი ჰქონდა შ. მესხიასაც.38
მხარგრძელები ყოველთვის თამარის უერთგულესი პირები და მთავარი დასაყრდენი იყვნენ. მათი მამის „კარავისელობა“ ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა თუ სარგისის პოლიტიკურ წარსულს გავიხსენებთ, როცა ჯერ ორბელთა მომხრე იყო, შემდეგ კი გიორგი III-ის მხრეს გადავიდა, გამარიცხული შეიძლება არაფერი იყოს. გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, ივანე ორბელის მაგალითიდან გამომდინარე, სამეფო კარი ალბათ არ დაუშვებდა სამხედრო უწყების პოლიტიკური ოპონენტების ხელში გადასვლას. ანალოგიური მიდგომა იქნებოდა მანდატურთუხუცესისა და ამილახორის თანამდებობების მიმართაც. 1184/85 წელს მანდატურთუხუცესად დანიშნული ჭიაბერი, რომელიც მანამდე მეჯინიბეთუხუცესი იყო გიორგი რუსის აჯანყების დროს იგივე თანამდებობაზეა და მეფის მომხრეთა შორის მოიხსენიება39. ჩვენი აზრით ის თავიდანვე თამარის ერთგულია ერთგულია და „კარავისელებს“ არ ეკუთვნოდა. მეჭურჭლეთუხუცესი კახაბერ ვარდანისძე წყაროებში სხვა დროს არ მოიხსენიება და ეს საკითხის გადაწყვეტას ართულებს. არაპირდაპირი ინფორმაციები უნდა გამოვიყენოთ. ვარდან დადიანის მირ გიორგი რუსის მეფედ კურთხევაზე მყოფთა შორის მემატიანე სვანებსაც მოიხსენიებს. ნ. ბერძენიშვილი წერდა, „საკითხს იმის შესახებ, თუ რომელი მხარე ვის უჭერდა მხარს ძირითადად ის გარემოება წყვეტდა, თუ ამა თუ იმ ქვეყნის პატრონი (ერისთავთ-ერისთავი) ვის მხარეზე გამოდიოდა, თუმცა ამის საწინაღმდეგო მოწმობებიც მოგვეპოვება“.40 (საწინააღმდეგოში მეცნიერი ქართლის საკითხს გულისხმობდა, მაგრამ ქართლთან დაკავშირებით სპეციფიკური ვითარება იყო41) სვანთა ერისთავები ვარდანისძეები იყვნენ. სავარაუდოა, რომ 1184-1185 წლებში ისინი თამარის ოპოზიციონერთა შორის იყვნენ. აქედან გამომდინარე მათივე საგვარეულოს წევრი, მეჭურჭლეთუხუცესი კახაბერი ჩვენი აზრით „კარავისელი“ იყო. მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი გიორგი რუსის მეფედ კურთხევის ინიციატორი და აჯანყების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი იყო. მისი „კარავისელობა“ ალბათ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მსახურთუხუცესობა მან „კარავისელთა“ გამოსვლის შემდეგ მიიღო. მანამდე ჩუხჩარეხი იყო. ჩუხჩარეხი მარუშიანი, ვარდან დადიანის ძმა იყო.42
ასე რომ ისიც „კარავისელად“ უნდა ჩავთვალოთ. ბასილი ეზოსმოძღვრის ინფორმაციას თუ ვენდობით, ამილახორი გამრეკელ თორელი გიორგი რუსის აჯანყების დროს ცოცხალი არ არის43. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის 1189 წელს გარდაიცვალა.44
გიორგი რუსის აჯანყების დროს თორელები თამარის ერთგულნი იყვნენ. ალბათ ასეთივე ვითრება იყო ყუთლუ-არსლანის გამოსვლის დროსაც. გამრეკელ თორელი „კარავისელი“ არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი აზრით ამავე დროს ებოძა ბოცო ჯაყელს სამცხის სპასალარობა. ბოცო, 1191 წლის აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, სავარაუდოდ „კარავისელთა“ შორის იყო. ჩვენი აზრით, სამეფო კარსა და „კარავისელებს“ შორის მიმიდინარე მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა: ა) „კარავი“ არ შეიქმნებოდა ბ) ყუთლუ-არსლანი ჩამოშორდებოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას, სამაგიეროდ მას არ დასჯიდნენ. გ) „კარავისელები“ დაინიშნებოდნენ გარკვეულ თანამდებობეზე. კერძოდ მათ ებოძათ: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის, მსახურთუხუცესის, მეჭურჭლეთუხუცესის, ჩუხჩარეხის, სამცხის სპასალარის თანამდებობები. მოლაპარაკების შედეგიდან გამომდინარე სამეფო კარი მაინც უფრო მოგებული გამოვიდა. თუნდაც იმიტომ, რომ მთავარი იდეა, „კარავის“ შექმნა არ განხორციელდა. რატომ დათანხმდნენ ამას „კარავისელები“? ალბათ იმიტომ, რომ ისინი რეალურად აფასებდნენ ვითარებას და ხვდებოდნენ, რომ მეტის მოთხოვნას აზრი არ ქონდა. წინააღმდეგობის გამწვავების შემთხვევაში კი შინაომი გარდაუვალი იყო. ეს არავის არ აწყობდა. „კარავისელები“ იმ ეტაპზე სახელმწიფო მართველობის ინსტიტუციონალურ ცვლილებას მოითხოვდნენ თორემ ქვეყნის მოღალატეები კი არ იყვნენ (ეს ხომ ის ხალხი იყო ვინც გიორგი III-ის დროს, ორბელთა აჯანყების შემდეგ დაწინაურდა ანუ მეფის ერთგულებით გამოიჩინა თავი45) როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო ისინი ნელ-ნელა, მეთოდურად ატარებდნენ ცხოვრებაში თავის გეგმას. შეიარაღებული აჯანყება კი მას მერე დაიწყეს, რაც მიხვდნენ, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად სხვა საშუალება უკვე აღარ არებობდა.
რეზიუმე
რთული დაბეჯითებით იმის მტკიცება თუ რა შედეგით დამთავრდა ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა. შეიძლება მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა. ჩვენ გავიზიარეთ მოსაზრება, რომ „უგვაროთა“ წინააღმდეგ გამოსვლა, ყუთლუ-არსლანის დასის მოქმედება, თამარის დაქორწინება იური ანდრის ძეზე და ბოლოს 1189 წლის აჯანყება ერთიდაიგივე პოლიყიკური ჯგუფის მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპები იყო. აქედან გამომდინარე, წყაროთა ანალიზის შედეგად ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სამეფო კარსა და ყუთლუ-არსლანის მოხრეთა შორის მიმიდინარე მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა:
ა) „კარავი“ არ შეიქმნებოდა
ბ) ყუთლუ-არსლანი ჩამოშორდებოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას, სამაგიეროდ მას არ დასჯიდნენ.
გ) „კარავისელები“ დაინიშნებოდნენ გარკვეულ თანამდებობეზე. კერძოდ მათ ებოძათ: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის, მსახურთუხუცესის, მეჭურჭლეთუხუცესის, ჩუხჩარეხის, სამცხის სპასალარის თანამდებობები.
შენიშვნები
1. ანთელავა ი. XI-XV სს. საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები 1980 წ. გვ. 192
2. იქვე გვ. 207
3. ჯავახიშვილი ი. ქართული სამართლის ისტორია. თხზ. ტ. VII 1984 წ. თბ. გვ. 138
4 ჯავახიშვილი ი. დასახ. ნაშრომი 140
5. აბაშმაძე ვ. ნარკვევები საქართველოს პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიიდან 1969 წ. თბ. გვ.431
6. აბაშმაძე ვ. დასახ. ნაშრომი გვ. 443
7. რატიანი პ. ქართული ისტორიოგრაფიის პრობლემები მარქსისტულ ლენინური მოძღვრების შუქზე ტ. I 1976 წ. თბ. გვ. 108
8. მესხია შ. საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში 1973 წ. გვ. 63-70
9. სოსელია. გ. ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური პროგრამის შესახებ. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები ტ. X-XI 1958 წ. სოხ. გვ. 97
10. მეტრეველი რ. დავით აღმაშენებელი მეფე თამარი. 2002 წ. თბ. გვ 498
11. ჩხატარაიშვილი ქ. აბულასან იობის ძის წარწერა წებელდიდან და მისი ისტორიული მნიშვნელობა. კრებულში: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები VI. 1990 წ.თბ. გვ. 93-99
12. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.VII 1974 წ. თბ. გვ.147-148
14. ბადრიძე შ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III 1973 წ. თბ. გვ. 311
13. მაკალათია ს. თამარ მეფე 1942 წ. თბ. გვ. 17
14. კაკაბაძე ს. თამარ მეფე და მისი მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში 1912 წ. ტფ. გვ. 10
15. ანთელავა ი. დასახ. ნაშრომი გვ.
16. ქართლის ცხოვრება ტ. II გვ.
17. ქართლის ცხოვრება ტ. II გვ.
18. ქართლის ცხოვრება ტ. II გვ. 48-49
19. ანთელავა ი. დასახ. ნაშრომი გვ. 221
20. ბერძენიშვილი ნ. დასახ. ნაშრომი გვ.150-151
21. ქართლის ცხოვრება ტ. II გვ. 32-34
22. ინგოროყვა პ. რუსთველიანას ეპილოგი თხზ. ტ. I გვ. 565
23. მესხია შ. დასახ. ნაშრომი გვ. 93
24. ქართლის ცხოვრება ტ. II გვ.
25. ქართლის ცხოვრება ტ. II გვ.
26. ქართლის ცხოვრება ტ. II გვ.
27. ჯავახიშვილი ი. თხზ. ტ. VII გვ. 118; მეტრეველი რ. დასახ. ნაშრომი გვ. 670
28. მესხია შ. დას. ნაშრომი გვ. 95; ანთელავა ი. დასახ. ნაშრომი გვ. 214
29. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები 2000 წ. თბ. გვ. 52-53
30. ოთხმეზური გ. XII-XIII სს. მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო 1981 წ. თბ. გვ. 53
31. მესხია შ. დასახ. ნაშრომი გვ. 88
32. ჯავახიშვილი ი. დასახ. ნაშრომი გვ. 114;
33. მესხია შ. დასახ. ნაშრომი გვ. 85;
34. ანთელავა ი. დასახ. ნაშრომი გვ. 215
35. ცინცაძე ი. ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.) 1956 წ. თბ. გვ. 124-125
36. ინგოროყვა პ. დასახ. ნაშრომი გვ. 629
37. ბერძენიშვილი ნ. დასახ. ნაშრომი გვ.151
38. მესხია შ. დასახ. ნაშრომი გვ. 93
39. ქართლის ცხოვრება ტ. II გვ.
40. ბერძენიშვილი ნ. დასახ. ნაშრომი გვ.171
41. ბახტაძე მ. ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში 2003 წ. თბ. გვ.
42. ბახტაძე მ. დასავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულობის ისტორიიდან (XI-XIII სს). 2008 წ. თბ. გვ.
43. ქართლის ცხოვრება ტ. II გვ.
44. შოშიაშვილი ნ. ენციკლოპედია „საქართველო“ ტ. I თბ. გვ. სტატია  ამირსპასალარი.
45. ანთელავა ი. დასახ. ნაშრომი გვ. 210-211.

Комментариев нет:

Отправить комментарий