ქართულ ისტორიოგრაფიაში ფართოდ არის გავრცელებული, თავის დროზე ივ. ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ XIII საუკუნის 40-იან წლებში მონღოლებმა საქართველო რვა დუმნად დაყვეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერი წერდა, „დაპყრობილ ქვეყნებში მონღოლებს იმაზე მეტი სახელმწიფოებრივი სიბრძნის მიტანა, რაც თითონ გააჩნდათ, რასაკვირველია, არ შეეძლოთ და საქართველოც მათ ამის გამო ასევე დუმნებად დაჰყვეს და დუმნების, ანუ „ბევრის“, 10 000 მოლაშქრის უფროსები დანიშნეს, რომელთაც მონღოლური სახელმწიფო წესწყობილებისამებრ ყოველგვარი სათანადო უპირატესობა უნდა მიეღოთ. ქართველი ჟამთააღმწერელის ცნობით, მთელი საქართველო მონღოლებს სულ 8 დუმნად გაუყვიათ: აღმოსავლეთითგან რომ დავიწყოთ, პირველ დუმნად შამახიის მთებითგან მოყოლებული ტფილისამდე გადაჭიმული მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე მთელი ფართობის – ჰერეთის, კახეთისა და კამბეჩიანის თემების სპა გამოუყვიათ. ამ დუმნის უფროსად მათ ეგარსლან ბაკურციხელი დანიშნეს. მეორე დუმნის სათავეში მანდატურთუხუცესი შანშე მხარგრძელი ჩააყენეს და მას მისი და ავაგ მხარგრძელის საგამგეოს ე.ი. უმთავრესად სომხეთის თემების სპა დაექვემდებარა. მესამე დუმანს, საქართველოს სახელმწიფოს მტკვრის სამხრეთით მდებარე აღმოსავლეთის სანაპიროს ლაშქარი შეადგენდა. ეს დუმანი მთელი ამ ქვეყნის მმართველს, ვარამ გაგელს ჰქონდა დაქვემდებარებული. მეოთხე დუმნად ქართლის ჯარი იყო გამოყოფილი, რომელიც მთლად ქართლისავე ერისთავთერისთავს გრიგოლ სურამელს მისცეს. მეხუთე დუმანს ჯავახეთის სამხედრო ძალა შეადგენდა, რომელიც გამრეკელ-თორელს ჩაჰბარდა. მეექვსე დუმანი სამცხისა და მესხეთის დანარჩენი ანუ კარნუ-ქალაქამდე გადაჭიმული, თემების მოლაშქრეთაგან შედგებოდა, რომლის მერთაურობაც ციხისჯვარელს ჯაყელს მიენდო. მეშვიდე და მერვე დუმნებად დასავლეთ საქართველოს თემების ჯარი ყოფილა გამოყოფილი, რომლის სათავეშიც ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი იქნენ ჩაყენებული“ (8;44).
ანალოგიური თვალსაზრისი
ჰქონდა ნ.
ბერძენიშვილსაც: „უმეფოდ დარჩენილი
საქართველო მონღოლებმა
თავიანთი წესის
მიხედვით მოაწყვეს
და დაპყრობილი
ქვეყანა დაანაწილეს.
მთელი საქართველო
რვა დუმნად
(ათათასეულად) იქნა
დაყოფილი. პირველ
დუმანს ჰერეთ-კახეთი
და მის
აღმოსავლეთით მდებარე
თემები (ვიდრე
თვით წყლამდე,
შამახიის მთებამდე)
შეადგენდნენ და
ამ დუმნის
უფროსად ეგარსლან
ბაკურციხელი დაინიშნა.
მეორე დუმანს
შეადგენდა ქვემო
ქართლი და
მის აღმოსავლეთით
მდებარე თემები
(ვიდრე შამქორამდე).
მის უფროსად
მსახურთუხუცესი ვარამ
გაგელი ითვლებოდა.
მესამე დუმანში
სომხური თემები
შედიოდა და
მისი უფროსი
შანშე მანდატურთუხუცესი
იყო. მეოთხე
დუმანი, შიდა
ქართლი, გრიგოლ
სურამელს ექვემდებარებოდა.
მეხუთე დუმანი,
ჯავახეთი გამრეკელ
თორელის საგამგეო
იყო. მეექვსე
დუმანს შეადგენდა
დანარჩენი მესხეთი
(არზუმამდე) და
იგი ყვარყვარე
ჯაყელს ემორჩილებოდა,
დასავლეთ საქართველო
მონღოლებმა ორ
დუმნად გაჰყვეს
და დუმნის
თავებად ცოტნე
დადიანი და
რაჭის ერისთავი
გააჩინეს. ამ
დუმნის თავების
საზრუნავი მონღოლთა
წინაშე იყო
მათი თანამოლაშქრეობა
და ყოველწლიურად
ხარკის განაწილება-შეკრება“ (2;105).
ი. ჯავახიშვილისა
და ნ.
ბერძენიშვილის მოსაზრებები
თითქმის უცვლელად
არის გაზიარებული
საქართველოს ისტორიის
ნარკვევებში (5;553), ქართულ
საბჭოთა ენციკლოპედიაში
(7;651) და სხვა
არაერთ საცნობარო
თუ სამეცნიერო
ხასიათის ლიტერატურაში.
თავის დროზე
განსხვავებული მოსაზრება
გამოთქვა რ.
კიკნაძემ. მან
გამოიყენა ფარსადან
გორგიჯანიძესთან დაცული
ცნობა, საქართველოში
ცხრა დუმნის
არსებობის შესახებ
– „და ღმერთმან
რუსუდანს გარდაახდევინა.
თვისივე სიცოცხლეში
შვილი ჩინეთს
დაეკარგა და
თვითანც შვილის
ნაღვლით მიიცვალა
და შევიქმენით
უპატრონოთ და
ცხრათ გაგვყვეს
ჩინგიზიანთ და
თითოსა თითო
ნოინი თავადა
გვიჩინეს“.
ყურადღება მიაქცია,
იმავე ფარსადან
გორგიჯანიძესთან, საქართველოს
მოხსენიებას, როგორც
„დოყუზ
თუმან გურჯისტან“-ად
(თურქულად ნიშნავს,
„საქართველოს
ცხრა დუმანი“) და
ასევე გაითვალისწინა
მონღოლთა აღწერის
შედეგები, სადაც
საწყისად აიღო
ინფორმაცია საქართველოდან
90 ათასი მეომრის
გამოყვანის შესახებ.
ყოველივე აქედან
გამოდინარე რ.
კიკნაძემა საქართველოში
ცხრა დუმნის
არსებობა ივარაუდა.
მეცხრე დუმნად
ჰერეთი გამოყო,
შოთა კუპრით
სათავეში (3;93-94). 90 ათასი
მეომრის საკითხს
ჩვენ ქვემოთ
განვიხილავთ. რაც
შეეხება ფარსადან
გორგიჯანიძის ცნობას
ცხრად გაყოფის
შესახებ, ჩვენი
აზრით, XVII საუკუნეში
მოღვაწე მემატიანემ
ამ შემთხვევაში
სწორედ 90 ათასი
მეომრის გამოყვანის
ფაქტიდან გამოდიოდა
და აქედან
ანგარიშობდა ცხრა
დუმანს (როგორც
რ. კიკნაძე).
90 ათას მეომარსვე
უნდა უკავშირდებოდეს
„დოყუზ
თუმან გურჯისტან“-იც.
პირველ რიგში
ვნახოთ თუ
რა ინფორმაციაა
დაცული წყაროებში.
საქართველოს დუნებად
დაყოფის შესახებ
მოგვითხრობენ ჟამთააღმწერელი
და ვახუშტი
ბატონიშვილი. ეს
უკანასკნელი ძირითადად
თავისი წინამორბედი
მემატიანის ინფორმაციას
იმეორებს, თუმცა
თხრობისას გარკვეულ
უზუსტობას უშვებს.
ამდენად თავისუფლად
შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ერთადერთ
წყაროს, XIV საუკუნეში
მოღვაწე ჟამთააღმწერელი
წარმოადგენს, რომლის
მიხედვითაც „და განაჩინეს
თათართა ბევრის
მთავარი, რომელსა
დუმნის თავად
უწოდეს, და
გამოარჩივნეს მთავარნი,
პირველად ეგარსლან
ბაკურციხელი, კაცი
ღრმად მოუბარი,
ხოლო არა
ნიჭთა მქონებელი
სახმართა და
მას ხელთ
უდვეს სპა
ჰერეთისა და
კახეთისა და
კამბეჩიანისა ტფილისითგან
და აღმართ
ვითარ მთამდე
შამახისა და
ან ეს
ხელთ უდვეს
მამული მისი
და ავაგისი.
ვარამ გაგელს
ხელთ უდვეს
ყოველი სომხითი,
გრიგოლ სურამელსა
ქართლი და
გამრეკლესა თორელსა
მსგავსად ეგარსლანისა
საჭაბუკოთა შინა,
ხელთ უდვეს
ჯავახეთი, სამცხე
და აღმართ
ვიდრე კარნუქალაქამდე.
ხოლო ცოტნე
დადიანსა და
რაჭის ერისთავს
ყოველი იმერი
სამეფო“
(6;207-208). ვახუშტი ბაგრატიონი
ორ შეცდომას
უშვებს, როდესაც
საქართველოს დუმნებად
დაყოფაზე საუბრობს
– „ეგარსლან ბაკურციხელსა
მიათუალეს ლაშკარი
ჰერ-კახთა
ტფილისიდამ შამახიის
მთამდე. შანშესა
მამული თვისი
და ავაგისა.
ვარამ გაგელს
ყოველი სომხითი.
გრიგოლ სურამელს
ქართლი. თორელს
გამრეკელს ჯავახეთი;
სამცხე კარნუქალაქამდე
ცოტნე დადიანს.
ხოლო რაჭის
ერისთავსა ყოველი
ლიხთ-იმერი“ (1;208). ვახუშტი
ბატონიშვილმა, ტერიტორია
სამცხიდან კარნუქალაქამდე
ცალკე დუმნად
გამოყო და
დუმნისთავად ცოტნე
დადიანი დაასახელა.
აქედან გამომდინარეობს
ისტორიკოსის მეორე
შეცდომაც – დასავლეთ საქართველოში
მარტო ერთი
დუმნისთავის დასახელება.
რეალურად, ცოტნე
დადიანის დუმანი
დასავლეთ საქართველოში
მდებარეობდა და
არ მოიცავდა
ტერიტორიას სამცხიდან
კარნუქალაქამდე.
ჟამთააღმწერლის მიხედვით,
დუმნისთავებად დასახელებული
არიან: ეგარსლან
ბაკურციხელი, შანშე
მხარგრძელი, გრიგოლ
სურამელი, გამრეკელ
თორელი, ცოტნე
დადიანი და
რაჭის ერისთავი,
მაგრამ არა
ყვარყვარე ჯაყელი,
რომელიც ქართულ
ისტორიოგრაფიაში გავრცელებული
მოსაზრების თანახმად,
ასევე დუმნისთავი
იყო. სამწუხაროდ
ი. ჯავახიშვილი
არ წერს
თუ რა
მონაცემების საფუძველზე
მიიჩნია მან
ყვარყვარე ჯაყელი
იმ დუმნის
მეთაურად რომელშიც
შედიოდა „სამცხე და
მესხეთის დანარჩენი,
კარნუქალაქამდე გადაჭიმული
თემები“.
ჩვენი აზრით,
მეცნიერმა ამგვარი
დასკვნა შესაძლოა
ორი წყაროს
ურთიერთშედარებით მიიღო.
პირველი არის
ვახუშტი ბატონიშვილი,
რომლის მიხედვითაც
სამცხე კარნუქალაქამდე
ცალკე დუმანია.
მეორე წყარო
არის ჟამთააღმწერელის
ცნობა სადაც
მოთხრობილია, თუ
როგორ დაამარცხა
ყვარყვარე ჯაყელმა
საქართველოში შემოჭრილი
მცირე აზიელი
თურქები. „აღიძრნეს საბერძნეთს
მყოფნი თურქმანნი
და სულტანი
ეზინკისა და
სხვათა ქალაქთა
შინა მყოფნი
ამირანი. და
შეკრბა სიმრავლე
ურიცხვი და
წარმოემართნეს საქართველოსა.
ვითარ ესმა
მყოფთა, ტაოსთა,
შავშ-კლარჯთა
და კოლა-არტან-კარნიფორელთა,
განკრთეს და
წარმოავლინეს კაცი
სამცხეს, ყვარყვარე
ჯაყელს-ციხისჯვარელს
თანა, რათა
შეეწიოს. ხოლო
მან მოუწოდა
ყოველთა მესხთა
ერისთავთა და
ყოველთა ტაძრეულთა“. ყვარყვარემ
10 ათასი კაცი
შეკრიბა (6;213-214). ჟამთააღმწერლისა
და ვახუშტი
ბატონიშვილის ცნობის
ერთგვარი გაერთიანებით
ირკვევა, რომ:
პირველი – ტერიტორია სამცხიდან
კარნუქალაქამდე და
ეს არის
სწორედ: თავად
სამცხე, ტაო,
შავშ-კლარჯეთი
და კოლა-არტან-კარნიფორა,
ცალკე დუმანი
იყო. მეორე
– ამ
ტერიტორიაზე მტრის
შემოჭრას ყვარყვარე
ჯაყელს ატყობინებენ
და ის
იწყებს საპასუხო
ზომების გატარებას.
მესამე – ყვარყვარე ჯაყელმა
10 ათასი კაცი
შეკრიბა. ჩვეულებრივ
კი, 10 ათასი
კაცი ერთ
დუმანს შეადგენდა.
კიდევ ერთხელ
გვინდა ხაზი
გავუსვათ, რომ
სურვილის შემთხვევაში,
ჩვენს მიერ
ზემოთ მოტანილი
წყაროების გარკვეული
ინტერპრეტაცია, საშუალებას
მოგვცემას ყვარყვარე
ჯაყელი მესხეთის
(გარდა ჯავახეთისა)
დუმნისთავად მივიჩნიოთ.
მაგრამ მაშინ
ჩნდება კითხვა,
რატომ არ
ასახელებს ჟამთააღმწერელი
ყვარყვარეს დუმნისთავად?
ყვარყვარე ჯაყელი
არ იყო
დუმნისთავი.
შევეცდებით გარკვეული
არგუმენტები მოვიხმოთ
ჩვენი მოსაზრების
განსამტკიცებლად.
პირველი – ჟამთააღმწერელს,
რომელიც XIV საუკუნეში
მოღვაწეობდა არა
გვგონია, რომ
რომელიმე დუმნისთავი
გამორჩენოდა. მით
უმეტეს ყვარყვარე
ჯაყელი და
არა მარტო
ამ უკანასკნელის
პიროვნების როლისა
და დაკავებული
თანამდებობის გამო,
არამედ იმიტომაც,
რომ მემატიანე
ძალიან ვრცელ
ცნობებს იძლევა
სწორედ ჯაყელებთან
დაკავშირებით (მეცნიერთა
ნაწილი ამას
იმით ხსნის,
რომ XIV საუკუნეში
მოღვაწე ისტორიკოსი
მესხეთიდან იყო.
თ. ჟორდანიას
აზრით ის
ვარძიელი ბერია
და იყენებს
სარგის და
ბექა ჯაყელების
მიერ დაწერილ
ისტორიას, კ.
გრიგოლიას აზრით
კი, მემატიანე
აწყურის ეპისკოპოსი
იყო). არა
გვგონია, რომ
პიროვნებას, რომელიც
მეტად კარგად
იყო ინფორმირებული
ჯაყელთა საგვარეულოს
შესახებ, გამორჩენოდა
ყვარყვარე ჯაყელის
დუმნისთავობა.
მეორე – საერთოდ
მონღოლთა დუმანი
მართლაც 10 000 მეომარს
ითვლიდა, მაგრამ
არ არის
აუცილებელი, რომ
ასე ყოფილიყო
საქართველოშიც. ჩვენში
არსებული დუმნები
მხოლოდ ადმინისტრაციული
ერთეულები იყო
და თითოეული
მათგანიდან სხვადასხვა
რაოდენობის ჯარი
გამოდიოდა. შეუძლებელია,
რომ 10 000 კაცი
გამოსულიყო მარტო
ჯავახეთიდან და
ამდენივე მთელი
დანარჩენი მესხეთიდან.
ანდა მოლაშქრეთა
ერთიდაიგივე რაოდენობა
შეკრებილიყო კახეთ-ჰერეთ-კამბეჩოვანსა
და მხოლოდ
შიდა ქართლში.
აქ გასათვალისწინებელია,
თუ როდის
დაყვეს მონღოლებმა
საქართველო დუმნებად.
ეს მოხდა
არ აღმოსავლეთ
საქართველოს დაპყრობისთანავა
და არც
ზავის დადების
მომენტში (რაც
პრინციპში ყველაზე
საუკეთესო პერიოდი
იყო ამისთვის,
თუკი მონღოლებს
საერთოდ თავიდანვე
განზრახული ჰქონდათ
საქართველოს დუმნებად
დაყოფა), არამედ
დაახლოებით 1245-1247 წლებში,
როდესაც საქართველოში
უმეფობა იყო.
რუსუდან მეფე
გარდაცვლილი იყო,
მისი ძე
და თანამოსაყდრე
დავით VI კი
ჯერ კიდევ
ყარაყორუმში იმყოფებოდა.
სანამ საქართველოში
მეფე იყო,
მონღოლთა წინაშე
არ იდგა
ქვეყნის მართვის
პრობლემა. ამას
მეფე ახორციელებდა.
როდესაც გარკვეული
მიზეზების გამო
საქართველო მეფის
გარეშე დარჩა,
აი სწორედ
მაშინ დადგა
მონღოლთა წინაშე
ქვეყნის მართვის
პრობლემა. როგორ
უნდა გაეკეთებინათ
ეს? როგორც
მართებულად შენიშნავდა
ი. ჯავახიშვილი,
„დაპყრობილ
ქვეყნებში მონღოლებს
იმაზე მეტი
სახელმწიფოებრივი სიბრძნის
მიტანა, რაც
თითონ გააჩნდათ,
რასაკვირველია, არ
შეეძლოთ“
და როდესაც
იძულებული გახდნენ
თავისი მმართველობის
სიტემა დაენერგათ,
„საქართველოც
მათ ამის
გამო ასევე
დუმნებად დაჰყვეს“. მონღოლთა
მხრიდან ეს
იძულებითი და
თანაც დროებითი
ნაბიჯი იყო,
სანამ მეფე
არ დაბრუნდებოდა
და არა
წინასწარი განზრახვა,
თავის ადმინისტრაციული
მოწყობის სისტემა
დაენერგათ საქართველოში
(თუ ეს
„თავისთავად“ გამოვიდოდა
ცხადია წინააღმდეგი
არ იქნებოდნენ).
სწორედა ამან
განაპირობა, რომ
„ამ
წყობილების არსებობა
საქართველში, ეტყობა,
მეტად ხანმოკლე
ყოფილა“
და „დუმან-ნოინის
წოდებულება და
თვით ტერმინი
დუმანიც კი
იმდროინდელ ქართულ
საბუთებში... ჯერ
არსად ჩანს“ (8;45). ყოველივე
ზემოთ თქმულიდან
გამომდინარე, შეიძლება
ვივარაუდოთ, საქართველოს
დუმნებად დაყოფისას,
მონღოლებს საფუძვლად
არა აუღიათ
ის პრინციპი,
რომ თითოეული
დუმნიდან მაინცდამაინც
10 000 მეომარი გამოსულიყო.
საქართველოში არსებული
დუმნებში სხვადასხვა
რაოდენობის ჯარი
იკრიბებოდა. ეს
კი იმაზე
მითითებს, რომ
ყვარყვარეს მიერ
10 000 კაციანი ლაშქრის
შეკრებას არაფერი
აქვს საერთო
მის დუმნისთავობასთან.
მესამე – მონღოლები
დუმნის თავებად
ალბათ მათდამი
ლოიალურად განწყობილ
პირებს დანიშნავდნენ.
რატომ ჩააბარებდნენ
ერთერთ ყველაზე
დიდ და
მნიშვნელოვან დუმანს
იმ პიროვნებას,
რომელმაც ერთადერთმა
ქართველ ფეოდალთა
შორის, მათ
სერიოზული წინააღმდეგობა
გაუწია?
მეოთხე – რაც
შეეხება დუმნების
რაოდენობის დადგენის
საქმეში, მონღოლთა
მიერ საქართველოს
აღწერის შედეგების
გამოყენებას. რადგან
საქართველოდან 90 ათასი
მეომარი გამოდიოდა,
დუმნების რაოდენობაც
ცხრა უნდა
ყოფილიყო. როგორც
უკვე აღვნიშნეთ,
საქართველოში არსებული
დუმნებიდან სხვადასხვა
რაოდენობის ჯარი
გამოდიოდა. ამიტომ
90 000 მეომარი, ავტომატურად,
ცხრა დუმანს
არ გულისხმობს.
გარდა ამისა,
გასათვალისწინებელია თუ
როდის დაყვეს
მონღოლებმა საქართველო
დუმნებად და
როდის ჩაატარეს
აღწერა. პირველი
1245-1247 წლებში მოხდა,
მეორე კი
– 1254-1256 წლებში.
შეუძლებელია დუმნებად
დაყოფის პერიოდში
მონღოლებს ცოდნოდათ
თუ რა
რაოდენობის ჯარის
გამოყვანა შეეძლოთ
საქართველოდან. ამდენად,
90 ათასი მეომრის
გამოყვანა, სურვილის
შემთხვევაში, შეიძლება
მივიჩნიოთ ცხრა
დუმნის არსებობის
დამადასტურებელ ფაქტად
მხოლოდ 1254-56 წლების
აღწერის შემდეგ
და არა
ათი წლით
ადრე. მაგრამ
მონღოლთა მიერ
1254-1256 წლებში ჩატარებულ
აღწერასთან დაკავშირებით,
არის კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი
საკითხი – როდის აჯანყდა
დავით ნარინი.
ქართულ ისტორიოგრაფიაში
გავრცელებული იყო
მოსაზრება, რომ
დავით VI ნარინის
აჯანყება, შემდგომ
მისი დასავლეთ
საქართველოში გადასვლა
და ერთიანი
სამეფოს ორად
გაყოფა 1259 წელს
მოხდა. თუმცა
ნ. ასათიანმა
გამოთქვა მოსაზრება,
რომ ყოველივე
ზემოთ თქმული
1249 წელს მოხდა
(4;145). ჩვენი აზრითაც,
დავით ნარინის
აჯანყების თარიღად
1259 წლის მიჩნევა
არა სწორია.
ის გაცილებით
უფრო ადრე
აჯანყდა, შესაძლოა
მართლაც 1249 წელს.
ყოველ შემთხვევაში,
დავით VI-ის
აჯანყება, მონღოლთა
მიერ საქართველოს
აღწერამდე უნდა
იყოს მომხდარი.
ასეთ შემთხვევაში
მონღოლები დასავლეთ
საქართველოს ვერ
აღწერდნენ და
90 000 მეომარი მხოლოდ
აღმოსავლეთ და
სამხრეთ საქართველოდან
გამოდიოდა. ეს
კი თავისთავად
გამორიცხავს აღწერის
შედეგების დაკავშირებას
ჟამთააღმწერლის მიერ
დასახელებული დუმნების
რაოდენობასთან.
ჩვენი აზრით,
1245-1247 წლებს შუა
პერიოდში მონღოლებმა
საქართველო შვიდ
დუმნად დაყვეს:
1. ჰერეთი,
კახეთი და
კამბეჩოვანი – დუმნისთავი ეგარსლან
ბაკურციხელი.
2. სომხითი
– დუმნისთავი
შანშე მხარგრძელი
3. ქვემო
ქართლი – დუმნისთავი ვარამ
გაგელი
4. ქართლი
– დუმნისთავი
გრიგოლ სურამელი
5. მესხეთი
– დუმნისთავი
გამრეკელ თორელი
6. დასავლეთ
საქართველოს ნაწილი
– დუმნისთავი
ცოტნე დადიანი
7. დასავლეთ
საქართველოს ნაწილი
– დუმნისთავი
რაჭის ერისთავი
კახაბერისძე.
გამოყენებული წყაროებისა და ლიტერატურა
1. ბაგრატიონი
ვახუშტი, აღწერა
სამეფოსა საქართველოსა.
2. ნ.
ბერძენიშვილი, საქართველოს
ისტორიის საკითხები
ტ. VI 1973 წ.
თბ.
3. რ.
კიკნაძე, საქართველოში
მონღოლთა მფლობელობის
ისტორიიდან. ახლოაღმოსავლური
კრებული 1983 წ.
თბ.
4. საქართველოს
ისტორია ნაწ.
II 2008 წ. თბ.
5. საქართველოს
ისტორიის ნარკვევები
ტ. III 1979 წ.
თბ.
6. „ქართლის
ცხოვრება“, ტექსტი
დადგენილი ყველა
ძირითადი ხელნაწერის
მიხედვით ს.
ყაუხჩიშვილის მიერ
ტ. II 1959 წ.
თბ.
Комментариев нет:
Отправить комментарий