воскресенье, 17 февраля 2019 г.

მოწინააღმდეგეთა ჯარების რაოდენობა დიდგორის ბრძოლაში (მ. ბახტაძე)

1121 წლის 12 აგვისტოს ქართველებმა დავით აღმაშენებლის მეთაურობით უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს სელჩუკთა კოალიციურ ლაშქარზე. მრავალი მეცნიერი შეეხო თავის ნაშრომებში დიდგორის ბრძოლას. მიუხედავად ამისა, ამ ბრძოლასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი კვლავაც იწვევს დავას მკვლევართა შორის. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია მოწინააღმდეგეთა ჯარების რაოდენობის საკითხი. ამ ბრძოლის შესახებ რამდენიმე მემატიანე მოგვითხრობს, თუმცა მათი მონაცემები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულება, რამეთუ ავტორი მეფესთან საკმაოდ დაახლოებული პირი იყო. მით უფრო გასაოცარია, რომ მემატიანე ძალიან მოკლედ აღწერს ბრძოლის მიმდინარეობას და საერთოდ არაფერს ამბობს მოწინააღმდეგეთა ძალების რიცხოვნების შესახებ. მასთან დაცულია მხოლოდ ზოგადი ცნობა სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის შესახებ, რომშეითქუნეს და შეიმტკიცნეს სიმრავლითა, ვითარცა ქვიშა ზღსა, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანა და აგვისტოსსა ათორმეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თვით ფეხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“.1
ისტორიკოსი მიგვანიშნებს, რომ მუსლიმთა ლაშქარი ძალიან მრავალრიცხოვანი იყო. კიდევ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ მემატიანე საერთოდ არაფერს ამბობს დავითის მხედრობის რაოდენობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დიდგორის ბრძოლის შემდგომი პერიოდის აღწერისას დავითის ისტორიკოსი ორჯერ ასახელებს მეფის ლაშქრის რაოდენობას და ორივეჯერ დაახლოებით ერთნაირს. პირველად, როდესაც საუბრობს 1123 წელს სულთნის შემოჭრაზე შირვანში – „ხოლო ესმა რა ესე მეფესა, მსწრაფლ ხმა-უყო ყოველთა სპათა თვისთა და უმყის სიტყვისა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა; ყივჩაყნი ოდენ აღთუალულ იყვნეს მაშინ და იპოვა შემბმელი კაცი ორმეოცდაათი ათასი“.2
მეორედ, 1124 წელს ანისის გათავისუფლებასთან დაკავშირებით – „და აგვისტოსსა კ მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მყის წიგნები წუევისა მიმოდაისრბოლა და მესამესა დღესა სამოცი ათასი მხედარი წინაშე უდგა. წარემართა და მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად, და სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი“.3
დავით აღმაშენებლის თანამედროვე ისტორიკოსი, რომელიც, და ეს მნიშვნელოვანია, ძალზედ დაახლოებული იყო მეფესთან, წერს რომ 1123-1124 წლებში მეფეს 50-60 ათასი კაცისაგან შემდგარი ლაშქარი ყავდა. ცხადია, დავით აღმაშენებელი ბრძოლაში ყველა მეომარს არ წაიყვანდა. მათი ნაწილი აუცილებელი იყო გარნიზონებში და საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე. ამიტომ, ალბათ, შეგვიძლია დავასკვნათ, საქართველოს მეფის სრული სამობილიზაციო რესურსი 60 ათასზე მეტი იქნებოდა. აქ დგება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რამდენად სანდოა მემატიანეს ცნობები? მეცნიერ-მკვლევართა ნაწილი სკეპტიკურად (ზოგი ძალიან სკეპტიკურადაც კი) უყურებს შუა საუკუნეების ისტორიკოსთა ცნობებს ჯარების რაოდენობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ დამოკიდებულებას აქვს სერიოზული საფუძველი. შუა საუკუნეების მემატიანეები ხშირად მართლაც არარეალურ რიცხვებს ასახელებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათი ყველა ინფორმაცია მცდარია და ყოველთვის გაზვიადებულია ჯარების რაოდენობა. თუ არ ვენდობით მემატიანესთან დაცულ ცნობას ლაშქრის რაოდენობის შესახებ, მაშინ გვრჩება ერთადერთი გამოსავალი – ცალკეული დაშვებებისა და ვარაუდების საფუძველზე თავად ჩავატაროთ გამოთვლა და ასე გავარკვიოთ ეს საკითხი. თუმცა ამ გზით მიღებული შედეგი თავადაც საკმაოდ პირობითია, რადგან გამოთვლა ხდება პირდაპირი თუ არაპირდაპირი ცნობების, მათი ინტერპრეტაციისა და სხვადასხვა დაშვების გამოყენებით და ერთი მათგანის შეცვლაც კი ცვლის საბოლოო შედეგს.ამრიგად, გვაქვს ორი გზა: პირველი – ვენდოთ მემატიანეს; მეორე – თავად ჩავატაროთ გამოთვლა.ჩვენი აზრით, შუა საუკუნეების ისტორიკოსებთან დაცული ცნობები ჯარების რაოდენობის შესახებ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ კვლევას საჭიროებს. შესაძლოა ერთიდაიმავე მემატიანესთან დაცული ერთი ცნობა გაზვიადებული იყოს, მეორე კი რეალური. რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან დაკავშირებით? ჩვენი დაკვირვებით, ერთი შემთხვევის გარდა, ქართველი მემატიანე რეალურ რიცხვებს ასახელებს. ეს ერთი შემთხვევა ეხება დავითის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში შემოჭრილი სელჩუკების განადგურებას 1110 წელს, სამშვილდის ციხის აღების შემდეგ. „ოდეს სამშვილდე და ძერნა აიღეს მას წელსა მოვიდა ძალი სულტანისა და ყოველი თურქქმნილობა, კაცი ვითარ ასი ათასი, უგრძნეულად სიმარჯვითა. ხოლო მეფე დგა ნაჭარმაგევს ტაძრეულითა. ცნა რა მიმწუხრი მოსლვა მათი თრიალეთს, ღამე ყოველ წარვიდა მისეულითა კაცითა ათას ხუთასითა, რამეთუ ესეოდენნი დახუდეს მას წინაშე“.4
თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართლის ცხოვრების“ ძველ სომხურ თარგმანში დასახელებულია 10 ათასი კაცი – „იმ დროს ილაშქრა ათი ათასიოდე თურქმა თრიალეთს, ხოლო დავითი ნაჭარმაგევს იყო“,5 საქმე აშკარად გვიანდელი გადამწერის შეცდომასთან გვაქვს და თავდაპირველად ქართულ ტექსტშიც 10 ათასი უნდა ყოფილიყო (საინტერესოა, რომ რიგ ნუსხებში 200 ათასიც კი წერია). ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენ ვენდობით დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობებს. ამიტომ სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია ვარაუდი დავით მეფის მიერ ამა თუ იმ კონკრეტული ბრძოლისთვის 60 ათასიანი ჯარის შეკრების შესაძლებლობის შესახებ. არ გვგონია, რომ საქართველოს სამობილიზაციო რესურსი განსხვავებული ყოფილიყო 1121 (ამ დროისთვის სამხედრო რეფორმა უკვე დამთავრებულია) და 1123-1124 წლებში. გასათვალისწინებელია, რომ მეფე ბრძოლაში ყველა მეომარს არ წაიყვანდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიღაც უნდა დარჩენილიყო საგარნიზონო სამსახურის აღსასრულებლად და საზღვრების დასაცავად.დავითის ლაშქრის რაოდენობის დადგენა შედარებით უფრო ადვილია. გაცილებით რთულია მუსლიმთა კოალიციური ჯარის რაოდენობის გან-საზღვრა. დიდგორის ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა რაოდენობის განსაზღვ-რასთან დაკავშირებით ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ცხა დია, ამას მნიშვნელოვანწილად წყაროებში არსებული მონაცემების მრავალ ფე-როვნება განაპირობებს.ივ. ჯავახიშვილი მუსლიმთა კოალიციური ჯარის შემადგენლობას 300 ათასი კაცით განსაზღვრავდა.6
რაც შეეხება იბნ ალ-ასირთან დაცულ ინფორ მაციას, რომ მუსლიმთა ლაშქარი 30 ათას კაცს მოითვლიდა, ამასთან დაკავშირებით მეცნიერი შენიშნავდა, „არაბულს დედანში ნათქვამია მხოლოდ ათასი, ხოლო ათასის რაოდენობა აღნიშნული არ არის. დეფრემერის 30 000 აბულ ფარაჯისდა მიხედვით აქვს აღდგენილი. მაგრამ თავდაპირველს იბნ ალასირის დედანში იქნებ 300 000 ან 400 000 იყო, როგორც მათე ურჰაელსა აქვს მოხსენიებული“.7
რაც შეეხება ქართულ ჯარს, ივ. ჯავახიშვილი თვლიდა, რომ დავით მეფეს 61 ათასი კაცი ყავდა: 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 5 ათასი ალანი და 1 ათასი ფრანგი.8
ივ. შაიშმელაშვილი სელჩუკთა ჯარს დაახლოებით 200 ათასი კაცით განსაზღვრავდა.9
შ. მესხია, დავითის მხედრობის რაოდენობას მათეოს ურჰაეცის ცნობის თანახმად განსაზღვრავს, თუმცა აქვე საუბრობს 200 ფრანგზე.10
რაც შეეხება მუსლიმთა კოალიციას, მეცნიერი თავად რაიმე კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს, მხოლოდ მოჰყავს ივ. ჯავახიშვილის მოსაზრება 300 ათასიანი ლაშქრის შესახებ.11
საინტერესოა, რომ შ. მესხია, ეთანხმება ცნობას, რომლის მიხედვითაც პირადად დუბაისს 10 ათასი კაცი ყავდა.12
იბნ ალ-ასირის ცნობასთან დაკავშირებით კი შენიშნავს, „თხზულების არაბულ დედანში მხოლოდ „ათასი“ წერია, მაგრამ რამდენი ათასი, აღნიშნული არ არის. ზოგი მკვლევარი იბნ-ალ-ასირის ამ ნაკლულ ტექსტს, ალ-ჯაუზის მიხედვით, 30 000-ით აღადგენს, ზოგი კიდევ 300 000-ით“.13
მ. ლორთქიფანიძე ეთანხმება შ. მესხიას მოსაზრებებს მოწინააღმდეგე ძალთა რაოდენობის შესახებ.14
რ. მეტრეველი დავით აღმაშენებლის დაქვემდებარებაში მყოფი მეომრების რაოდენობის განსაზღვრისას მთლიანად ეყრდნობა მათეოს ურჰაეცის ცნობას. სელჩუკთა კოლიციასთან დაკავშირებით კი შენიშნავს, რომ ძალიან გადაჭარბებულია მათეოს ურჰაეცისა და გოტიეს ცნობები და მოჰყავს ივ. ჯავახიშვილის აზრი სელჩუკთა 300 ათასიანი ლაშქრის შესახებ.15
ა. გოგოლაძე საქართველოს სამეფოს ლაშქრის განსაზღვრისას მათეოს ურჰაეცის ცნობას ეყრდნობა, სელჩუკთა კოალიციას კი 300 ათასზე მეტით განსაზღვრავს.16
ა. მიქაბერიძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ დავით აღმაშენებელს 56 ათასი მებრძოლი ყავდა (ცხადია, ეყრდნობა მათეოს ურჰაეცის ცნობას). სელჩუკთა ლაშქრის რაოდენობასთან დაკავშირებით კი მოკლედ აღნიშნავს, რომ თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში მუსლიმთა ჯარს ძირითადად 100-250 ათასი მეომრით განსაზღვრავენ.17
გ. გვინჩიძე დავითის მხედრობაში 55 600 მეომარს ვარაუდობს, ხოლო სელჩუკთა ჯარზე წერს, რომ ზოგი ცნობით ის 560-600 ათასი კაცისაგან შედგებოდა.18
ს. მარგიშვილის მიხედვით, „დავით აღმაშენებლის არმია შედგებოდა ფეოდალური ლაშქრისგან, მეფის პირადი გვარდიისა და მოქირავნეთა კონტინგენტისგან, რის გათვალისწინებითაც მისი საერთო რაოდენობა დიდგორის ბრძოლა დროს, შეიძლებოდა ყოფილიყო მაქსიმუმ 20-25 ათასი მეომარი (15-20 ათასი ფეოდალური ლაშქარი, რამდენიმე ათასი გვარდია და მოქირავნეები), საიდანაც გარკვეული ნაწილი (ალბათ, 5-7 ათასი) სტრა-ტეგიული მნიშვნელობის ციხე-სიმაგრეებისა და სხვა პუნქტების დასაცავად, საპატრულოდ, კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად და ა.შ. იქნებოდა გამოყოფილი, ხოლო საველე არმიის სიდიდე, რითაც დავით აღმაშენებელი უნდა დაპირისპირებოდა მუსლიმური კოალიციის 30 ათასიან არმიას, მაქსიმუმ 15-18 ათასი მეომრის ფარგლებში უნდა ყოფილიყო მოქცეული“.19
როგორც ვხედავთ, დიდგორის ბრძოლაში საქართველოს მხედრობის რაოდენობის განსაზღვრისას მეცნიერ-მკვლევართა უდიდესი ნაწილი სომეხი ისტორიკოსის მათეოს ურჰაეცის ცნობას ეყრდნობა (მნიშვნელოვანია, რომ ურჰაეცი დიდგორის ბრძოლის თანამედროვეა). ამ უკანასკნელის თანახმად, 1121 წელს განძის ამირამ 30 ათასიანი ჯარით ილაშქრა საქართველოში, მოარბია გარკვეული ადგილები, ტყვედ ჩაიგდო მოსახლეობა და უკან გაბრუნდა. საპასუხოდ დავით მეფემ შეკრიბა თავისი ლაშქარი, დაედევნა მტერს და სასტიკი მარცხი აგდა დაატყვევეს მათი ცოლ-შვილი, ხელთ იგდეს დიდი ქონება. გადარჩენილ თურქთა ერთმა ნაწილმა დახმარება სულთანს სთხოვა, მეორე ნაწილმა კი – ილ-ღაზს. ბიზანტიის აღმოსავლეთით მდებარე მიწებზე, ქირმანის ჩათვლით ილ-ღაზმა 150 ათასი კაცი შეკრიბა. თუმცა ჩათვალა, რომ ჯარის ეს რაოდენობა საკმარისი არ იყო და ელჩები გაგზავნა სამხრეთში, არაბთა ქვეყნებში დუბაის სადაყის ძესთან. ეს უკანასკნელი 10 ათასი კაცით შეუერთდა ილ-ღაზის ჯარს. ამასობაში განძის სულთანმა მალიქმა შეკრიბა 400 ათასი კაცი და ასევე შეუერთდა ილ-ღაზს. ისინი საქართველოში იმ გზით შეიჭრნენ რომელზეც, დიდგორის გავლით, ქალაქი თბილისი მდებარეობს. დავით მეფემ შეიტყო რა მტრის შემოჭრა, 40 ათასი კაცით გაემართა საბრძოლველად. მათ გარდა მეფეს ყავდა 15 ათასი ყივჩაღი, 500 ალანი და 100 ჯვაროსანი.20
სმბატ სპარაპეტის მიხედვით, 1121 წელს განძის ამირამ საქართველოში ილაშქრა, თუმცა დავით მეფემ დაამარცხა შემოჭრილი მტერი. ამ ბრძოლისას განძის მმართველმა 40 ათასი კაცი დაკარგა. ამის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილებმა დახმარებისათვის სულთანს მიმართეს. ამ უკანასკნელის ბრძანებით შეიკრიბა 150 ათასი კაცი, რომლებიც საქართველოში თბილისის მხრიდან შევიდნენ. დავით მეფემ შეკრიბა თავისი ჯარი და დასახმარებლად იხმო 40 ათასი ყივჩაღი, 18 ათასი ალანი, 10 ათასი სომეხი, 500 ფრანკი. ბრძოლა ქრისტიანთა გამარჯვებით დამთავრდა.21
ძალიან მოკლე ინფორმაციას იძლევიან სხვა სომეხი მემატიანეები. ვარდან არეველცის მიხედვით, გაძლიერებულმა დავით მეფემ დაამარცხა განძაკის სულთანი.22
მხითარ აირავანცის თანახმად კი, დავით მეფემ დაამარცხა ილ-ღაზი და მელიქი.23
იბნ ალ-ასირის ცნობების გათვალისწინებით მოვლენათა განვითარება შეიძლება ზოგადად შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: საქართველოს მე-ზობ ლად არსებული სახელმწიფოების ამირები შეთანხმდნენ და ერთად შეგროვდნენ. მათ შორის იყვნენ ილ-ღაზი, დუბაის სადაყის ძე, თოღრულ მუჰამედის ძე, ათაბაგი ქენ-თოღდი. ამის შემდეგ ისინი დაიძრნენ ქართველებისკენ და მიადგნენ თბილისს. მუსლიმთა მხარეს დიდი მხედრობაემა მას. ქართველებმა მოკლეს 30 ათასი სელჩუკი  იყო, დაახლოებით 30 ათასი24 კაცი. მოწინააღმდეგე არმიები საბრძოლველად განლაგდნენ. ამ დროს წინ გამოვიდა ორასი ყივჩაღი. მუსლიმებმა ჩათვალეს, რომ ყივჩაღები დანებებას აპირებდნენ და თავდაცვისათვის საჭირო ღონისძიებები არ გაატარეს. მოულოდნელად დაწყებულმა ბრძოლამ მუსლიმთა ჯარი არია. უკან მდგომებმა ჩათვალეს, რომ დამარცხდნენ და წინმდგომებმა უკვე გაქცევა დაიწყეს. ამიტომ თავადაც გაიქცნენ. დაიწყო დიდი ჭყლეტა, რის გამოც ბევრი დაიღუპა. 4 ათასამდე კაცი ტყვედ ჩავარდა.25
ალ-ფარიკი მოკლედ აღწერს დიდგორის ბრძოლას. არ ასახელებს მოწინააღმდეგეთა ჯარების რაოდენობას. თუმცა საინტერესოა არაბი ისტორიკოსის ცნობა, რომ სელჩუკთა სარდლები სხვადასხვა გზით მოდიოდნენ: ილ-ღაზი კარიდან თრიალეთის გავლით, თოღრული განძის მხრიდან, ხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინის მხრიდან. სავარაუდოდ სელჩუკები საქართველოს საზღვართან გაერთიანდნენ, მაგრამ მემატიანე ამას არ წერს. ამიტომ თეორიულად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს საზღვრებშიც სელჩუკთა სარდლები ცალ-ცალკე მოძრაობდნენ. ალ-ფარიკის თანახმად დავით მეფე დასავლეთის მხრიდან გადავიდა შეტევაზე, დემეტრე უფლისწულმა კი მთის თხემიდან შეუტია ქვემოთ მყოფ მოწინააღმდეგეს.26
ალ-ჯაუზის მიხედვით, დავით აფხაზთა და ქართველთა მეფისაგან შევიწროებულმა თბილისელმა მუსლიმებმა დახმარება სთხოვეს ჯერ არანის ბატონს თოღრულს. შემდეგ კი ნეჯმ ად-დინსა და თუღანს, არზანისა და ბადლისის ბატონს. ჯარების შეკრების ადგილად დათქმული იყო თბილისის კარი. ნეჯმ ად-დინი ამ ადგილიდან ნახევარი დღის სავალზე შეჩერდა. მასთან ერთად იყო დუბაისი. დასახმარებლად სხვა არავინ მოვიდა. დავით მეფე მთიდან დაეშვა დიდი ჯარით და ნეჯმ ად-დინი და დუბაისი დაამარცხა.27
ანტიოქიის კანცლერ გოტიეს მიხედვით ილ-ღაზს 600 ათასი, დავით მეფეს კი 80 ათასი მეომარი ყავდა.28
მიხეილ სირიელის თანახმად, 1121 წელს ხორასნის სულთანმა გაგზავნა 100 ათასი კაცი და ისინი საქართველოში შეიჭრნენ, იქ გაბატონების განზრახვით. ქართველთა მეფემ დაიკავა მათ უკან გასასვლელები და ყველანი მახვილით გაანადგურა.29
რა განსაზღვრავს ქვეყნის სამობილიზაციო რესურსს? ძირითადად ორი ფაქტორი: მოსახლეობის რაოდენობა და ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების დონე. რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაოდენობა მთავარია, მაგრამ მნიშვნელოვანია მეორე ფაქტორიც. თუ ქვეყანა ეკონომიკურად განუვითარებელია, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღარიბია. ღარიბ ადამიანს კი არ აქვს საშუალება შეიძინოს იარაღი. ცხადია ადამიანების ფიწლებითა და წალდებით შეიარაღებაც შეიძლება, მაგრამ საკითხავია რამდენად ბრძოლისუნარიანი იქნება ამ სახით შეიარაღებული ლაშქარი? XII საუკუნეში, როდესაც ომი და ბრძოლა პროფესიონალთა საქმე იყო (ევროპაში, აღმოსავლეთში და საქართველოშიც), მეომრის შეიარაღებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.ვნახოთ რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში 1121 წლისათვის. დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად სამეფო ხელისუფლება გაძლიერებულია, სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბებული და აწყობილია. ამიტომ ადმინისტრირების პრობლემა არ დგას. უკვე დაახლოებით ოცი წელია შეწყვეტილია სელჩუკთა თარეში. მოსახლეობა დაბრუნებულია თავის საცხოვრებელ ადგილებზე და მისდევს მეურნეობის ტრადიციულ დარგებს. ეს ცხადია ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებასა და შემდგომ განვითარებას იწვევს. ამიტომ, ჩვენი აზრით, მეორე ფაქტორი – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე – არ შეუშლიდა ხელს საქართველოში სამობილიზაციო რესურსის გაზრდას. რაც შეეხება უმთავრეს ფაქტორს – მოსახლეობის რაოდენობას, ამ მხრივ რაიმე კონკრეტულის თქმა მეტად რთულია. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ჩვენ თითქმის არ გაგვაჩნია არანარი მონაცემი რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს სამეფოს მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა. ერთადერთი გამონაკლისის გარდა, ესაა ინფორმაცია მონღოლთა მიერ ქართველებზე დაკისრებული სამხედრო ბეგარის შესახებ (ერთი მეომარი ცხრა ოჯახზე და ასე შეკრებილი 90 ათასი კაცი). რამდენი იყო საქართველოს მოსახლეობა 1121 წლისთვის უცნობია და აქ ვარაუდის გამოთქმაც კი არასერიოზულად მიგვაჩნია.ამიტომ ჩვენ ცოტა სხვა გზით გვინდა წავიდეთ. 978 წელს დავით კურაპალატმა 12 ათასი კაცი გაუგზავნა ბასილი კეისარს დახმარების სახით, აჯანყებული ბარდა ფოკას წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ამ ციფრის სისწორეში ეჭვი არავის შეაქვს, მათ შორის ძალზედ კრიტიკულად განწყობილ ისტორიკოსებსაც კი. ს. მარგიშვილის მიხედვით, „დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ დავით კურაპალატს შეეძლო 12-15 ათასიანი არმიის ფორმირება, მაშინ როდესაც მისი თანამედროვე სხვა ქართული თუ სომხური სახელმწიფოების პოტენციალი, ძირითადად, 5-10 ათას მეომარს შეადგენდა“.30
ჩვენც ვთვლით, რომ ეს რაოდენობა რეალურია. სავარაუდოდ, დავით კურაპალატის მიერ გაგზავნილ მხედრობაში იყვნენ არა მხოლოდ ტაოს, არამედ სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებიც,31 მაგრამ, რა თქმა უნდა, უმრავლესობა სწორედ დავითის სამფლობელოდან იქნებოდა. დავით კურაპალატის დროინდელი ტაო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქართული სამთავრო იყო. სამობილიზაციო რესურსიც ალბათ მაღალი ქონდა. ტერიტორიის ფართობის მიხედვით თუ შევადარებთ, დავით კურაპალატის სამფლობელო 1121 წლისათვის არსებული ერთიანი საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 1/10 მაინც იყო. ავტომატურად თუ გადავიანგარიშებთ გამოვა, რომ ერთიანი საქართველოს მეფეს დავით კურაპალატზე 10-ჯერ მეტი მოლაშქრის გამოყვანა შეეძლო, ეს კი 120 ათასი კაცია. ცხადია ასე პირდაპირ, მხოლოდ მათემატიკური ოპერაციის ჩატარება სწორი არაა. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (დანაკარგი ბიზანტიასთან და სელჩუკებთან ომების დროს, სელჩუკთა ლაშქრობების შედეგად მოსახლეობის შემცირება, სამხრეთ საქართველოსთან შედარებით დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვე და აქედან გამომდინარე სიმცირე, მთაში მოსახლეობის სიმცირე და სხვა.) ეს ციფრი ალბათ 1/2-ით უნდა შევამციროთ. ჩვენ ვთვლით, რომ 1121 წლისთვის, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ერთიანი საქართველოს მეფის სრული სამობილიზაციო რესურსი შესაძლოა 60 ათასი მეომარი ყოფილიყო. ეს ყივჩაღთა გარეშე. ძალიან საინტერესოა ყივჩაღთა საკითხი. დავითის ისტორიკოსის მიხედვით, 1118 წელს, როდესაც მეფემ ყივჩაღები გადმოასახლა, ისინი „დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმეოცი ათასი. ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთ ათას კაც, ყოველნი ქრისტეანე-ქმნილნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმხნითა. და თვით ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტეანე იქმნებოდეს“.32
მემატიანე პირდაპირ აღნიშნავს, რომ ყივჩაღთაგან გამოდიოდა 40 ათასი კაცი. ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ყივჩაღთა ერთი ოჯახიდან ერთი მეომარი გამოდიოდა.33 ამიტომ ივარაუდება ორმოცი ათასი ოჯახის გადმოსახლება, ეს კი დაახლოებით 160-200 ათასი კაცია (ერთ ოჯახში 4-5 კაცს თუ ვიგულისხმებთ). მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ყივჩაღთა ასეთი რაოდენობა ათრაქა შარაღანის-ძის ურდოში უბრალოდ ვერ იქნებოდა.34
საინტერესოა, რომ მემატიანესთან საუბარია 40 ათასი მეომრის გამოყვანაზე, მაგრამ რა პრინციპით იკრიბებოდნენ მოლაშქრეები, ეს უცნობია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრინციპი ერთი ოჯახიდან – ერთი მეომარი არასწორია. თავისუფლად შეიძლება, რომ ერთი ოჯახიდან მინიმუმ ორი მებრძოლი მაინც გამოსულიყო (ასეთ შემთხვევაში ორჯერ შემცირდება ჩამოსახლებულ ყივჩაღთა რაოდენობაც). შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველად ტექსტში საუბარი იყო 40 ათას ჩამოსახლებულ ყივჩაღზე და შემდგომ გადამწერ-რედაქტორთა „წყალობით“ ყველაფერი შეიცვალა. ასეთ შემთხვევაში ყივჩაღთა სამხედრო ძალა 8-10 ათასით უნდა განვსაზღვროთ. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ეს მოსაზრება ცოტა საეჭვოდ მიგვაჩნია. ალბათ, მაინც უნდა ვენდოთ დავითის ისტორიკოსს, მით უმეტეს რომ ის ყოველივეს თვითმხილველია. ერთი რამ არის კიდევ, 40 ათასი ალბათ არის ის თეორიული მაქსიმუმი, რაც ყივჩაღთაგან შეიძლება გამოსულიყო სრული მობილიზაციის პირობებში. რეალურად კი ალბათ გამოდიოდა 25-30 ათასი. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1121 წლისთვის დავით აღმაშენებელს სავარაუდოდ შეეძლო გამოეყვანა დაახლოებით 60 ათასი ქართველი და 25 ათასი ყივჩაღი. ამიტომ მათეოს ურჰაეცის ცნობა, ვფიქრობთ რეალობას ასახავს.
სხვა საკითხია, რატომ მხოლოდ 15 ათასი ყივჩაღი? ჩვენი აზრით, დავით აღმაშენებელს ბრძოლის ველზე არ მოუყვანია მთელი ჯარი, არც ქართველები და არც ყივჩაღები. ჯარის ნაწილი საჭირო იყო არა მარტო ქალაქებისა და ციხეების და საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთების დასაცავად, არამედ გზების გადასაკეტადაც და შესაძლო დამარცხების შემთხვევაში ბრძოლის გასაგრძელებლადაც. გარდა ამისა, ჩვენი აზრით, ყივჩაღთა რაზმები გამოყენებულ იქნა მოწინააღმდეგესთან პირველი შეტაკებისას. როდესაც ქართულმა მხედრობამ „მარცხი გაითამაშა“, ბრძოლის ადგილიდან გაიქცა და მტერი შემოიტყუა. ქართველების მიერ ამ სამხედრო ხერხის გამოყენებას ადასტურებს ქემალ ად-დინი – „მუსულმანებმა, რომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ისინი, მისდიეს მტერს ბილიკებით და მოქცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე. შემდეგ ქართველები გზაზე შემოუბრუნდნენ მათ და დაამარცხეს მუსულმანები“.35
მსგავსი ინფორმაციაა დაცული იბნ ალ-კალანისთანაც. ამ უკანასკნელის მიხედვით, ქართველები თავს დაესხნენ თოღრულს, რომელმაც დახმარება სთხოვა ილ-ღაზსა და დუბაისს. ქართველთა ჯარი შეშინებული გაიქცა და მუსლიმები მათ დაედევნენ. მაგრამ მოულოდნელად ქართველები მობრუნდნენ, მუსლიმებს შეუტიეს და დაამარცხეს.36
ასევე, ძირითადად ყივჩაღთა მსუბუქ კავალერიას უნდა განეხორ-ციელებინა ბრძოლის ველიდან გაქცეული მოწინააღმდეგის დევნა. ჩვენი, აზრით ამას სწორედ ის ყივჩაღები გააკეთებდნენ, რომლებიც ბრძოლაში არ მო ნაწილეობდნენ (უშუალოდ ბრძოლაში მონაწილე მხედრების მიერ გაქ-ცეული მოწინააღმდეგის სამდღიანი დევნა ცოტა საეჭვოდ მიგვაჩნია). უფრო რთულია სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის რაოდენობის განსაზღვრა. ცხადია, მტერი მრავალრიცხოვანი იყო. ამას ადასტურებს დავითის ისტორიკოსიც, როცა წერს „შეითქუნეს და შეიმტკიცნეს სიმრავლითა, ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანა... მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თვით ფეხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“.37
თავის დროზე ივ. შაიშმელაშვილმა მემატიანეს ეს ცნობა შემდეგნაირად განმარტა: „მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორს“ რას გაუსვა მან ხაზი, „ქვეყანა“ შემოფარგლა, რომელიც ვეღარ იტევდა მტრის ლაშქარს, თუ თურქებმა მართლაც სამად გაანაწილეს თავისი უზარმაზარი ლაშქარი და ბრძოლაც ასეთ პოზიციაში მიიღეს? დიაღ, ასე, სხვა გადაწყვეტილებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა: თურქების ლაშქარი ამ სამ რაიონში უნდა დაჯგუფებულიყო, სამივე ეს გეოგრაფიული მიკრორაიონი ძველთაგანვე ერთიანი დიდი სტრატეგიული მიმართულების ამოსავალ პოზიციას წარმოადგენდა“.38
მემატიანეს ეს ცნობა ჩვენ სხვანაირად გვესმის. ისტორიკოსი წერს, რომ მტერი მოვიდა თრიალეთში და მერე აკონკრეტებს კონკრეტულად თრიალეთის რა ადგილზე. ასეთი კონკრეტული ადგილებია მანგლისი და დიდგორი. ვფიქრობთ, რომ სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი თავისი მრავალრიცხოვნების გამო ბრძოლის წინ გაჭიმული და დაბანაკებული იყო მანგლისიდან დიდგორამდე. ვნახოთ, თუ ვინ იყვნენ კოალიციის მონაწილეები და რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლო თითოეულ მათგანს. ცხადია, ყველა ეს გათვლა გარკვეულწილად პირობითია. მათეუს ურჰაეცის მიხედვით, დუბაისს თავად ყავდა 10 ათასი მეომარი. შ. მესხიას ეს ციფრი რეალურად მიაჩნდა. გ. ჯაფარიძე შენიშნავს, რომ დუბაის ბ. სადაკას საუკეთესო შემთხვევაში შეეძლო შეეკრიბა 10 ათასი ქვეითი და 15 ათასი მხედარი.39
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დუბაისი საქართველოს წინააღმდეგ თავისუფლად გამოიყვანდა 10 ათას კაცს. ჩვენ არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ განძის ამირა არ შედიოდა კოალიციაში. განძის ამირას მონაწილეობას სელჩუკთა ლაშქრობაში ადასტურებენ დავითის ისტორიკოსი, მათეოს ურჰაეცი, იბნ ალ-ასირი, არაპირდაპირ – ალ-ფარიკიც (მისი ინფორმაციით თოღრულ მუჰამედის ძე საქართველოს განძის გავლით მოადგა. სავარაუდოა რომ მასთან ერთად იქნებოდა განძის ამირაც). რამდენი კაცის გამოყვანა შეეძლო განძის მმართველს? მათეოს ურჰაეცი წერს, რომ როდესაც განძის ამირამ დიდგორის ბრძოლამდე საქართველოში ილაშქრა 30 ათასი კაცი ყავდა. სმბატ სპარაპეტი კი წერს, რომ საქართველოში ლაშქრობისას ამირამ 40 ათასი კაცი დაკარგა. ციფრები აშკარად გაზვიადებულია. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი წყარო, რომელშიც საუბარია განძის ამირას სამობილიზაციო შეაძლებლობაზე. მართალია ეს ცნობა დიდგორის ბრძოლიდან ასი წლის შემდეგ მომხდარ ამბავს ეხება, მაგრამ გარკვეული ვარაუდის საფუძველს მოგვცემს. ჟამთააღმწერლის მიხედვით, როდესაც ლაშა-გიორგიმ განძაზე ილაშქრა, ალყაშემორტყმულ ქალაქში მინიმუმ 10 ათასი კაცი იყო. ქართველი ისტორიკოსი წერს, „ინება მეფემან გარეშემოვლა ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და ვითარ მოვლიდა მტკურისაკენ ქუემოთ, ცნეს ესე განძის მყოფთა, ყოველნივე აღიჭურნეს, კაცი ჭურვილი ვითარ ათი ათასი. ხოლო მეფესა ჰყვა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი“.40
ჩვენი აზრით, 1121 წელს განძის ამირას არ უნდა გასჭირვებოდა 10 ათასი კაცის გამოყვანა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ განძის მმართველი (რომლის სამფლობელოსაც უშუალოდ ესაზღვრებოდა გაერთიანებული და გაძლიერებული საქართველო) ყველაზე მეტად იქნებოდა დაინტერესებული ლაშქრობის წარმატებით. ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენებდა თავის სამხედრო პოტენციალს.კოალიციის სარდალი ილ-ღაზი იყო. რა თქმა უნდა, უმთავრესად ეს განპირობებული იყო მისი პიროვნული თვისებებით. სავარაუდოა, რომ მას კოალიციის სხვა მონაწილეებზე მრავალრიცხოვანი ჯარიც უნდა ჰყოლოდა. შესაძლოა, ნაწილობრივ ამანაც განაპირობა მისი დანიშვნა კოალიციის მთავარსარდლად. კრიტიკულად განწყობილი მკვლევრებიც ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ 1119 წელს ანტიოქიის მთავართან ბრძოლაში ილ-ღაზს 40 ათასიანი არმია ყავდა: „ეს აშკარად იყო ყველაზე დიდი არმია, რომლსაც ილ-ღაზი ოდესმე მეთაურობდა“.41
გ. ჯაფარიძე თვლის, რომ „თავად ილ-ღაზს 1121 წლამდე ყველაზე დიდი ჯარი – 20-40 ათასი თურქმანი ბალატის ბრძოლაში ყავდა“. მეცნიერი იქვე აღნიშნავს, რომ „როგორც ჩანს 20 ათასი მეომრის გამოყვანა დიარ ბაქრის თურქმანებიდან სავსებით რეალური იყო“.42
ჩვენი აზრით, 1121 წელს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა სელჩუკთათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე 1119 წელს ანტიოქიის სამთავროსთან ბრძოლა. ილ-ღაზისთვის კი ეს დამატებით საკუთარი ავტორიტეტისა და გავლენის გაზრდის შანსი იყო. ამიტომ სელჩუკი სარდალი მაქსიმალურად შეეცდებოდა საკუთარი სამობილიზაციო რესურსის გამოყენებას. პირობითად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 15-20 ათასი კაცის შეკრებას მაინც შეძლებდა. როგორც ალ ფარიკის ცნობის განხილვისას ვნახეთ, ის მიუთითებს, რომ კოალიციის მონაწილეები სხვადასხვა გზით მოდიოდნენ საქართველოსკენ. არის ერთი მომენტი. იბნ ალ-ასირი ჩამოთვლის კოალიციის ოთხ მონაწილეს (ილ-ღაზს, დუბაისს, თოღრულს და ათაბაგ ქენ-თოღდის) და მერე ასახელებს ჯარის რაოდენობას, რაც თითქოს იმაზე მიუთითებს, რომ საუბარია ოთხივე სარდლის გაერთიანებულ ჯარზე. ალ ფარიკის თანახმად, თოღრული ცალკე მოდიოდა განძის გავლით. ცხადია განძაში მას ქენ-თოღდიც შეუერთდებოდა თავისი ლაშქრით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იბნ ალ-ასირთან დასა-ხელებული კოალიციის ოთხი მონაწილე საქართველოსკენ სხვადასხვა გზით მოემართებოდნენ: თოღრული და ქენ-თოღდი ერთად მოდიოდნენ განძის მხრიდან, ხოლო ილ-ღაზი და დუბაისი ასევე ერთად კარის მხრიდან. ამას არაპირდაპირ თითქოს ალ-ჯაუზის ცნობაც ადასტურებს, როდესაც ის ილ-ღაზსა და დუბაისს ერთად ასახელებს (ილ-ღაზისა და დუბაისის ტანდემზე საუბრობს ალ-კალანისიც). შესაძლოა, როდესაც იბნ ალ-ასირი მუსლიმთა ჯარის რაოდენობაზე წერს, გულისხმობს მხოლოდ თავად ილ-ღაზისა და დუბაისის გაერთიანებულ ლაშქარს. მით უმეტეს, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მათ ერთად თავისუფლად შეეძლოთ ამ 30 ათასიანი ჯარის გამოყვანა.კოალიციის წევრები იყვნენ ასევე თუღან არსლან კუზიანი და თოღრულ მუჰამედის ძე. ალ-ფარიკის მიხედვით თუღან არსლანი, დვინზე გავლით, სხვათაგან დამოუკიდებლად ცალკე მოდიოდა საქართველოსკენ თავის ლაშქართან ერთად (შესაძლოა აქ შეუერთდნენ მას „სომხეთის ამირანი“). სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს არც მის, არც თოღრულის დაქვემდებარებაში მყოფი მეომრების რაოდენობის შესახებ. ს. მარგიშვილი მართებულად შენიშნავდა, რომ „საგრძნობი რაოდენობის არმიის მოგროვება უნდა შესძლებოდათ კოალიციის დანარჩენ მონაწილეებს თოღრულსა და თუღან არსლანსაც, რომელთა მფლობელობაშიც საკმაოდ დიდი ტერიტორიები იყო მოქცეული“.43
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თითოეულ მათგანს დუბაისზე ნაკლები მეომარი არ უნდა ყოლოდა. პირობითად მათი ლაშქარი 20 ათასი კაცით (თითოეულს 10 ათასი) უნდა განვსაზღვროთ. თოღრულის ლაშქრის რაოდენობაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ „მოგვიანებით არანისა და აზერბაიჯანის გაცილებით ძლიერ გამგებელს ათაბაგ შამს ად-დინ ილ-დენიზს გამოჰყავდა 50 ათასი მეომარი“.44
ჩვენი აზრით, თოღრული შამს ად-დინ ილ-დენიზს ლაშქრის მეხუთედის გამოყვანას მაინც შეძლებდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით კოალიციურ ლაშქარში შედიოდნენ ასევე „ყოველთა სომხითისა ამირათა“45 სამხედრო რაზმებიც. ეს ამირებიც, განძის მმართველის მსგავსად ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებული ქართველთა მეფის დამარცხებით და მაქსიმალურად გამოიყენებდნენ თავის სამობილიზაციო რესურსს. ესეც, პირობითად, კიდევ 5 ათასი კაცი.საინტერესოა მათეოს ურჰაეცის ერთი ცნობა, რომელიც ეხება ილ-ღაზსა და ანტიოქიის მთავარ როჟერს შორის მომხდარ ბრძოლას. სომეხი მემატიანეს თანახმად ილ-ღაზს 80 ათასი კაცი ყავდა, ხოლო როჟერს – 600 რაინდი, 500 სომეხი მხედარი, 400 ქვეითი და სასწრაფოდ შეკრებილი 10 ათას კაციანი ბრბო.46
ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა სწორედ ეს 10 ათას კაციანი ბრბო. შესაძლოა ციფრი გადამეტებული, მაგრამ ცხადია, რომ როჟერს ყავდა შემთხვევითი ხალხი, რომელთა საბრძოლო პოტენციალიც საკმაოდ დაბალი უნდა ყოფილიყო. წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი მოემართება საქართველოსკენ (ჩვენ ვთვლით, რომ სელჩუკი სარდლები საქართველოს საზღვრებამდე სხვადასხვა გზით მოდიოდნენ. ამას ალ-ფარიკის ცნობაც ადასტურებს). მათ გამარჯვების იმედი აქვთ. შესაძლოა ადვილი გამარჯვებისაც, რომლის შედეგადაც მათ ხელში აღმოჩნდებოდა უზარმაზარი ალაფი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მრავლად გამოჩდებოდნენ ისეთები, რომლებსაც „ხელის მოთბობა“ და ნადავლის ხელში ადვილად ჩაგდება მოუნდებოდათ.47 მათ შორის აუცილებლად საგულისხმებელია მომთაბარე თურქმანთა მრავალი მოთარეშე რაზმი. მათ მონაწილეობას ისიც განაპირობებდა, რომ როგორც მართებულად შენიშნა გ. ჯაფარიძემ, ვაჭრებთან ერთად სულთანს დახმარებისთვის თურქმანებმაც მიმართეს – „ესე-ვითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე.“ რა თქმა უნდა ამ „მოხალისეების“ ბრძოლისუნარიანობა დაბალი იქნებოდა, მაგრამ ჯარის რაოდენობას გაზრდიდნენ. რამდენი იქნებოდა ასეთი „მოხალისეების“ რაოდენობა ძნელი სათქმელია. პირობითად შეგვიძლია ავიღოთ 5-10 ათასი კაცი.ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი. ქართული წყაროს მიხედვით, სელჩუკთა კოალიციის შექმნა იმან გამოიწვია, რომ „ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთა-მე პირნი, და რომელთა-მე ხელები, და რომელნი-მე სრულიად; და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა“48 და ითხოვეს დახმარება. ამიტომ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯების ნაწილიც სწორედ ამ ვაჭრებმა გაიღეს. ეს კი კოალიციის მონაწილეებს ჯარის დაქირავებაში ძალიან დაეხმარებოდა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ვიღებთ შემდეგ ვითარებას: ილ-ღაზი დაახლოებით 15-20 ათას კაცს სარდლობს, დუბაისი – 10 ათასს, განძის ამირა ქენ-თოღდი ასევე 10 ათასს, თუღან არსლან კუზიანი – 10 ათასს, თოღრული ასევე – 10 ათასს, სომხეთის ამირები – 5 ათასს. ამას ემატება 5-10 ათასი „ბედის მაძიებელი მოხალისე“. სულ გამოდის 65-75 ათასი კაცი. ერწუხის ბრძოლასთან დაკავშირებით დავითის ისტორიკოსი პირდაპირ წერს და საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მეფეს მტერზე მცირერიცხოვანი ჯარი ყავდა – „ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ხმა-განსმენილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრითა და განწილულითა ერითა დახოცნა სულტანისა იგი სპანი ურიცხუნი; ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა ქუეყანისა ერი, მტერთავე თანა გარე-მოდგომილი ჩუენთა“.49
ამავე დროს მემატიანე ხაზს უსვამს, რომ ეს იყო „დიდი ძლევა“. დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებით კი ისტორიკოსი არაფერს წერს თუ როგორი იყო მოწინააღმდეგეთა რიცხობრივი შეფარდება. არსად არ აღნიშნავს, რომ მეფის მხედრობა გაცილებით ნაკლები იყო სელჩუკთა ლაშქართან შედარებით. ალბათ იმიტომ, რომ რეალურად არ იყო დიდი განსხვავება მოწინააღმდეგეთა ჯარების რაოდენობაში და ეს კარგად იცის მეფესთან დაახლოებულმა მემატიანემ. სამაგიეროდ, დავით აღმაშენებლის ცხოვრების აღმწერი გამოყოფს მეფის სტრატეგიულ და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, ხაზს უსვამს დავითის მხედართმთავრულ ნიჭს – „ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა-განაწყო სპა თვისი და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად და უშფოთველად, გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო“.50
ჩვენი აზრით, აშკარაა, რომ მემატიანე ქართველთა გამარჯვებას უმთავრესად მეფის ბრწყინვალე მხედართმთავრულ ნიჭს მიაწერს და ეს სრულიად მართებული მოსაზრებაა. ჩვენი აზრით, დიდგორის ბრძოლაში დავითის 55 ათასიანი მხედრობა სელჩუკთა 65-75 ათასიან ლაშქარს დაუპირისპირდა.
შენიშვნები
1. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მ. შანიძემ (თბილისი 1992), 190.
2. იქვე 194
3. იქვე 197.
4. იქვე 178
5. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, გამოსცა ილ. აბულაძემ (თბილისი, 1953), 242.
6. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, II (თბილისი, 1983), 354.
7. იქვე, 202.
8. იქვე, 203.
9. ქ. ჩხატარაიშვილი, ივ. შაიშმელაშვილი, დიდგორის ბრძოლა (თბილისი, 1973), 86.
10. შ. მესხია, ძლევაი საკვირველი (თბილისი, 1972), 105.
11. იქვე, 103.
12. იქვე, 100.
13. იქვე, 103.
14. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III (თბილისი, 1973), 239.
15. რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი. თამარ მეფე (თბილისი, 2002), 220-1
16. ა. გოგოლაძე, „დავით IV აღმაშენებელი“, საქართველოს მეფეები , რედ. რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე (თბილისი, 2007), 127.
17. ალექსანდერ მიკაბერიდზე, „ბატტლე ოფ დიდგორი“. 
[http://www.armchairgeneral.com/miraculous-victory-battle-of-didgori-1121.htm/2]
18. გ. გვინჩიძე, „დიდგორის ბრძოლის მიმდინარეობის საკითხისთვის“, ცისკარი, 5 (1979), 145.
19. ს. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ (თბილისი, 2006), 121.
20. Матеос Урхаеци, Хронография. 
[http://www.vostlit.info/Texts/rus3/Matfei_II/frametext32.htm]
21. Смбат Спарапет, Летопись (Ереван, 1974), 84-5.
22. ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს ნ. შოშიაშვილმა და ე. კვაჭანტირაძემ; შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო ე. კვაჭანტირაძემ (თბილისი, 2002), 139.
23. Хронографическая история, составленная отцом Мехитаром, вардапетом Айриванкским (СПб, 1869), 411
24. გ. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მართალია „ამ რიცხვის ათეულები (30) აღდგენილია, მაგრამ ისინი კარგად იკითხება მის ერთ-ერთ უძველეს 1287 წ. ნუსხაში. ამდენად სკეპტიციზმი იბნ ალ-ასირის ცნობისადმი უსაფუძვლოა“. გ. ჯაფარიძე, „ნეჯმ ად-დინ ილღაზი“,
დავით აღმაშენებელი, რედ. რ. მეტრეველი (თბილისი, 1990), 224.
25. Материалы по истории Азербайджана из Тарих-ал-камиль (полного свода истории) Ибн-ал- Асира, пер. П. К. Жузе (Баку, 1940), 124-5.
26. Ахмед ибн Лютфуллах (Мунадджим-Баши), „Джами ад-Дувал“; Ибн ал-Азрака ал-Фарики из “Истории Майяфарикина,” Труды института истории, Том XII (Баку, 1957), 223-4.
27. ო. ცქიტიშვილი, „ალ-ჯაუზის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ“,
თსუ შრომები , 118 (1967), 205.
28. ზ. ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან  (თბილისი, 1989), 45-6.
29. “Из хроники Михаила Сирийца,” пер. Р. А. Гусейнова,  Письменные памятники Востока (Москва, 1979), 41
30. ს. მარგიშვილი, შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პო ლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში  (თბილისი, 2012), 421.
31. ამას უნდა ადასტურებდეს ივანე სულას ძის წარწერა ზარზმიდან, „მე ივანე ძემან სულასმან აღვაშენე წმიდა ეგუტერი. მას ჟამსა ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან. უშუელა წმიდათა მეფეთა და ჩუენ ყოველნი ლაშქარს წარგუავლინნა. სკლიაროსი გავაქციეთ“. ქართული წარწერების კორპუსი , I (თბილისი, 1980), 280-1.
32. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი , 184.
33. საქართველოს ისტორიის ნარკვევები , III, 226; მეტრეველი, დავით აღმაშენებელი. თა-მარ მეფე, 198; გოგოლაძე, „დავით IV აღმაშენებელი“, 126.
34. „ალბათ უფრო რეალური იქნება, თუ საქართველოში ჩამოსულ ყივჩაღ მეომართა რაოდენობას 5 ათასის, ხოლო ოჯახებიანად, სადღაც 25 ათასით ვივარაუდებთ, რაც სავსებით შესატყვისი ციფრი იქნებოდა ეპოქის მასშტაბებთან“. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 98
35. გ. კუტალია, „ქემალ ად-დინის ცნობები დიდგორის ბრძოლის შესახებ“, მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 74, #2 (1974), 104.
36. Гамильтон Гибб, Дамасские хроники крестоносцев (Москва, 2009), 119; პირველ შეტაკებაში ქართველთა მარცხსა და უკუქცევაზე საუბრობს იბნ ალ-ადიმიც. ჯაფარიძე, „ნეჯმ ად-დინ ილღაზი“, 223.
37. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი , 190
38. ჩხატარაიშვილი, შაიშმელაშვილი, დიდგორის ბრძოლა, 78.
39. ჯაფარიძე, „ნეჯმ ად-დინ ილღაზი“, 224.
40.  ქართლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი (თბილისი, 2008), 524.
41. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 84.
42. ჯაფარიძე, „ნეჯმ ად-დინ ილღაზი“, 224
43.  მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 87.
44. ჯაფარიძე, „ნეჯმ ად-დინ ილღაზი“, 224.
45. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი , 190.
46. Матеос Урхаеци, Хронография 
[http://www.vostlit.info/Texts/rus3/Matfei_II/frametext32.htm]
47. ს. მარგიშვილიც ვარაუდობს კოალიციაში მოქირავნეთა და რელიგიურ მოხალისეთა რაზმების არსებობას. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 87.
48. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი , 189
49. იქვე, 172.
50. იქვე, 190.
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий