пятница, 10 сентября 2021 г.

მეფის სადროშოს და სარდლის სახელოს ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხისათვის (XV-XVIII სს.) მ. მიჩიტაშვილი

ერთიანი საქართველოს მონარქიის სამთავროებად დაშლის შედეგად მოიშალა ძველი სამხედრო ორგანიზაცია და იქმნება ქართლის სამეფოს სადროშოები, რომელიც სწორედ მსხვილ სათავადოებზე (საციციანო, სომხით-საბარათიანო და საამილახვრო) დაყრდნობით შეიქმნა. ცნობილია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი სადროშოების შექმნას კახეთში გიორგი VIII-ეს (1466-1476 წწ.) უკავშირებს, ქართლში კი XVI ს. დავით X-ის მეფობას. რაც შეეხება საკითხს, არსებობდა თუ არა XVI საუკუნის დამდეგამდე ქართლის სამეფოში სადროშოები, ა. კლიმიაშვილს მართებული მოსაზრება აქვს გამოთქმული,1 თუმცა არ ვეთანხმებით ვერსიას - მემარჯვენე სადროშოს XV ს. 70-იან წლებში შექმნასთან დაკავშირებით.
მეფის სადროშოში სარდლის სახელოს ძირითადად ციციშვილები იღებდნენ. დღემდე შეუსწავლელია მეფის სადროშოში სარდლის სახელოს ქრონოლოგიური რიგი და გასარკვევია როგორი იყო ფანასკერტელ-ციციშვილთა როლი მეფის სადროშოს შექმნაში. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ წყაროთა მიხედვით, მეფე ალექსანდრეს გამეფებისთანავე (1412-1442 წწ.) ფანასკერტელები საკმაოდ გავლენიანი თავადები და სამეფო კართან მოყვრობა-ნათესავობით დაკავშირებულნი არიან.
ჩემს მიერ წარმოებული კვლევით2 სინის მთის სულთა მატიანის მოსახსენებლის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების, საეკლესიო მუზეუმის #193 სვინაქსარის მინაწერის და გერგეტის სულთა მატიანის მოსახსენებელის შედარებითი ანალიზით შესაძლებელი გახდა თაყა ფანასკერტელისა და მისი მეუღლის, დემეტრე მეფის ასულის, რუსუდანის იდენტიფიცირება. ეს, ერთი მხრივ, პირდაპირ მიანიშნებს შიდა დინასტიური ქორწინების პოლიტიკურ საფუძველზე და, მეორე მხრივ, სამეფო კარის და ციციშვილების ინტერესთა თანხვედრაზე. დემეტრემ ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე, ალექსანდრე დიდისგან მიიღო საუფლისწულოდ „სამეფო დომენის“ მნიშვნელოვანი ნაწილი - „მტკვრის გაღმა მხარის“ სრული ბატონ-პატრონობა. ვახტანგ IV-ის (1442-1446 წწ.) უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით ლეგიტიმური უფლებები მეფობაზე ჰქონდა ვახტანგ IV-ის მომდევნო ძმას, კონსტანტინეს II-ის მამას, დემეტრე უფლისწულს, რადგან ცნობილია, რომ გიორგი VIII დემეტრეს უმცროსი ძმა იყო ალექსანდრე დიდის მეორე ქორწინებიდან. აშკარაა, სამეფო კარზე განხეთქილება სწორედ გიორგი VIII-ეს უნდა წამოეწყო და გამარჯვებულმა მძლავრობით იგდო ხელთ სამეფო ტახტი 1446 წელს. ასეთ ვითარებაში კანონიერი ტახტის მემკვიდრე დემეტრეს ისღა დარჩენოდა მამისაგან ბოძებულ მამულში გამაგრებულიყო, მოეპოვებინა ადგილობრივ ძლიერ თავადთა მხარდაჭერა, რაც ამ საგვარეულო სახლების შეუვალობის უფლებების დაცვის პირობებით ადვილად შეძლო და, მათ შორის, ფანასკერტელ-ციციშვილთა უძლიერეს საგვარეულო სახლის წინამძღოლ თაყას, თავის ასულს-რუსუდანს ცოლად აძლევს. ამ ქორწინებამ კიდევ უფრო დააახლოვა სამეფო კარისა და სათავადოს შიდა პოლიტიკური ინტერესები. მათი ალიანსი ცუდად ენიშნა მეფეს და ხელსაყრელ შემთხვევისთანავე ცდილობდა გაეტეხა, დაესუსტებინა ფანასკერტელ-ციციშვილთა სეპარატისტული მისწრაფებები, წაერთმია ციხე-სიმაგრეები, ყმა-მამული და დაემორჩილებინა ცენტრალური ხელისუფლებისათვის.3
1452 წ. მეფე დემეტრეს მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრის, კონსტანტინე II-ის მეფობის ლეგიტიმურობის უფლების მიუხედავად, იძულებულია ბიძის ხელყოფისაგან დაიცვას საუფლისწულო მამული, სწორედ მის მხარდამჭერ თავადებზე, ციციშვილებზე, ჯავახიშვილებსა და ბარათაშვილებზე დაყრდნობით. კონსტანტინე დემეტრეს ძე, თავის მხრივ, წყალობასა და მფარველობას არ აკლებს ერთგულ საგვარეულო სახლებს.4 ნაწყალობევი ყმა-მამული ამ ეპოქაში განიხილება, როგორც მემკვიდრეობითი ქონება. ფანასკერტელ-ციციშვილთა ერთგული სამსახური გაცემული წყალობის აუცილებელი პირობაა, იმავდროულად მიზეზიც და მეფის გაცხადებული მიზანიც. სწორედ ამ მოკავშირე ანგარიშგასაწევ ძალებით შეინარჩუნა ქართლის სამეფო ტახტი მეფე კონსტანტინემ 1463 წელს ჩიხორის ბრძოლის შემდეგ. სრულიად იმერეთის მეფე ბაგრატ VI (1466-1478 წწ.) ალექსანდრე დიდის ძმისწული, თავს ორივე ტახტის ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის კანონიერ მემკვიდრედ მიიჩნევდა, როგორც ჩანს, სამეფო საგვარეულოს გვერდითი შტოს ჩამომავლობა აძლევდა ქართლის სამეფო ტახტის დაუფლების ამბიციებს5.
„ორიანობის“ შეთანხმებულ მმართველობის პერიოდზე მიგვანიშნებს თვით მეფე კონსტანტინეს სიტყვები 1468 წლის დოკუმენტში: „ჩვენ, ორისავე ტახტისა და სახელმწიფოსა ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა ღვთივგვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან ბაგრატ და ძმამან ჩვენმან პატრონმან კონსტანტინე...“.6 1466-1468 წწ. მათი შეთანხმებული თანამეფობიდან გამომდინარე ვერ შეძლო გიორგი VIII-ემ ქართლში დამკვიდრება, რის გამოც იძულებული გახდა კახეთში გადასულიყო. თუმცა მშვიდობიანი თანამეფობა ბაგრატსა და კონსტანტინეს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა,7 „ხოლო გიორგიმ ზავ-ჰყო ბაგრატის თანა და დაიპყრნა კერძონი კახეთისანი...წელსა ხუთსა მათ შორის შფოთი. ვინაჲთგან კოსტანტინეს ეპყრა ტფილისი, მთიულ-მოჴევენი, სომხითი და ლორე, ხოლო ბაგრატს ქართლი და კახნი ერჩოდენ ნებასა მისსა, განათუ მეფენი არა იბრძოდენ, არამედ სპანი მარადის.“8 „სპანი მარადის“ - მიანიშნებს არა მარტო, მეფეთა სპის გამუდმებულ ურთიერთბრძოლას, არამედ ჯარის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაზეც. კახეთიდან საფრთხე მოითხოვდა საპასუხოდ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას ქართლის სამეფოს ტახტის დასაცავად. ასეთ ქმედითი ნაბიჯი სწორედ სადროშოების შექმნა უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება მტკვრის მარცხენა მხარეს, ბაგრატ VI ფლობდა მტკვრის ჩრდილო და მარცხენა სანაპიროს, ლიახვამდე. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ XV ს. 60-იან წლებიდან, მისი მოკავშირე და დასაყრდენი ძალა ზევდგინიძე-ამილახვრები არიან.9 მათთან მოკავშირეობა ბაგრატ VI-ემ გაამყარა შიდა დინასტიური ქორწინებით, ამაზე სამთავისის „მეორედ აღმშენებლის“ წარწერაც მიგვანიშნებს. თავისი და, გაიანე, ცოლად ჰყავს გორის მოურავ ამირინდო ზევდგინიძეს. უზუნ ჰასანის შემოსევისას 1477 წელს მეფე კონსტანტინეს ამირინდოსთვის გორის დაცვა უბრძანებია, მაგრამ, მისივე ძმების ნების გათვალისწინებით, მტერს ქალაქი დანებდა. ამ ღალატის გამო იძულებული გამხდარა კონსტანტინეს გარიდებოდა და ცოლ-შვილით სამცხეს გადახვეწილიყო, სადაც 1481 წელს კონსტანტინესა და მანუჩარ ათაბაგის ბრძოლისას დაიღუპა.10
მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, ქართლში ბაგრატ VI-ეს სხვა მომხრეებიც უნდა ჰყოლოდა, მათ შორის მოკავშირე იმ 7 დიდებულთაგან...რომლებიც თან ახლდნენ ბაგრატს უზუნ ჰასანთან ზავის დადებისას.11 ბაგრატის შორს მიმავალი გეგმებიც მიანიშნებდა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას მეფე კონსტანტინესგან, რასაც უზრუნველყოფდა სადროშოები. ჩვენ მიერ ზემოთ აღწერილი ზედგინიძე ამილახვართა და ბაგრატ VI-ის ურთიერთობა, საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრება, რომ ქართლის სამეფოში XV ს. 70-იან წლებში მემარჯვენე სადროშო, რომელიც ზემო ქართლს მოიცავდა, ამილახვრებით სათავეში ვერ შეიქმნებოდა.
ამ პერიოდში „გაღმა მხარის“ მეფის ერთგული, სტრატეგიული მდებარეობით გამორჩეული სათავადოებიდან, საციციანო ქმნის მეფის სადროშოს და სომხით-საბარათიანო კი მეწინავე სადროშოს, რაც შეეხება მემარჯვენე სადროშოს, სავარაუდოდ XV ს. 80-იანი წლებიდან ბაგრატის VI-ის გარდაცვალების შემდეგ უნდა შექმნილიყო. ისტორიული დოკუმენტებით12 ამ წლებიდან ჩანან ამილახვრები ქართლის მეფის მხარდამჭერნი და ახალ სამოკავშირეო ძალებთან, ციციშვილებთან მოყვრობა-ნათესაობით დაკავშირებულნი.13 ეს ქორწინება ამიერიდან ამილახვრების ქართლის მეფის ქვეშევრდომობის გაცხადებასაც მიანიშნებდა და მეფის მემარჯვენე სადროშოს სახელოს მიღება მათთვის სწორედ ამ პერიოდში იყო შესაძლებელი. შინაპოლიტიკური ვითარებით აიხსნება, რომ ქორწინება ამ პერიოდისათვის ერთგულების ერთგვარ გარანტად გადაქცეულა დასუსტებული სამეფო კარისთვისაც. ამ მხრივ საინტერესო და მრავლისმთქმელია მეფე კონსტანტინე მეორის სიტყვები მისი მემკვიდრის, დავით X-ის ბარათაშვილის ქალზე დაქორწინების შესახებ, რომელიც იმ ეპოქის რეალობის ანარეკლია: „ცოდვითა სიმრავლისა და სოფლის ვითარებისგან ცოდვისა საქმესა შეესწრა ჩუენი შვილი დავით და უხვედრი ბარათაშვილისა ასული შეირთო“-ო.14 ასეთივე კავშირით იყვნენ შეკრულნი ციციშვილები და ბარათაშვილები.15
ამრიგად, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ ძალთა ბალანსი, აიძულებდა მეფე კონსტანტინეს მოკავშირე თავადებთან და მათ შორის ფანასკერტელ-ციციშვილებთან სიმტკიცე შეენარჩუნებინა, თუნდაც შიდა დინასტიურ ქორწინებით. ფაქტიურად ამით წყდებოდა არა მარტო გაღმა მხრის თავადთა შეუვალობის და კონსტანტინეს მეფობის საკითხი, არამედ ქართლის სამეფოს ბედი.
XV საუკუნის 70-იან წლებში საგარეო პოლიტიკური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ანტიოსმალურ კოალიციაში 1474 წელს ევროპიდან რეალური დახმარების მიღება ვერ მოხერხდა. უზუნ ჰასანის „მოკავშირეობის“ საფრთხე აშკარად უფრო დიდი საშიშროების მომტანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის. ქართული და ევროპული წყაროთა ცნობები თითქმის იდენტურია 1477 წლის უზუნ ჰასანის საქართველოზე თავდასხმის გეგმასთან დაკავშირებით. უზუნ ჰასანი საკმაო სიფრთხილეს იჩენს და ასაიდუმლოებს საქართველოზე თავდასხმას. მხოლოდ კარგად მოფიქრებული მოულოდნელობის ტაქტიკით შეძლო დედაქალაქის აღება.16 როგორც ჩანს სათანადოდ აფასებდა კონსტანტინეს ძალებს და თბილისის აღების შემდეგ არჩია კიდეც დაზავებოდა მეფეს.
მიუხედავად მძიმე შიდაპოლიტიკური ვითარებისა აწარმოებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას ანტიოსმალური კოალიციის საკითხით დაინტერესებულ სახელმწიფოებთან ეგვიპტის მამლუქ მბრძანებელ ალ-აშრაფ საიდ ად-დინ კაიტბეისთან (1468-1496) ესპანეთის მეფესთან და რომის პაპთან.17
მისი მგზნებარე მამულიშვილობა, საბრძოლო პათოსი და საკუთარი ლაშქრით ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობის პირობა, საფუძველს ნამდვილად იძლევა ქართლში სადროშოების არსებობის შესახებ. ამდენად, სადროშოების შექმნის აუცილებლობას XV საუკუნის 70-იან წლებში ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობა მოითხოვდა.
მეფის სადროშოს საზღვრების შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაძლევს ვახუშტი ბატონიშვილი: „ხოლო არს მეოთხე სასპასპეტო ტფილისიდამ ვიდრე ტაშისკარამდე“. „აღმოსავლით ლილოს საზღვრით ...აღმოსავლეთ-სამჴრითკენ ლოჭინამდე... მუნით განვლის სამგორსა.. მიადგების... ჴევ-ძმარს, და ჴევ-ძმარი მტკვარს მოადგების, და მტკვრის კიდე მცხეთამდე. სამჴრით ლოჭინის-ჴევი და გამოღმართ კრწანისის გორა, შინდისისა და წავკისის გორა, და წყნეთის გორა, და სკჳრეთის ჩრდილოდ კერძი სხალ-დიდამდე, და სხალ-დიდიდამ დიდგორის მთამდე მიყოლით: ერიქალის მთა, კლდეკარი, ერჯევანი, თორის მთა და გაყოლით ნარიანის ხაზი ტბის-ყურამდე; ჩრდილოდ მტკვარი და დასავლით დამჩხერალოდამ სადგერსა და თორს შუა ბაკურიანის მთამდე და ტბის ყურამდე“.18 ე.ი. გუჯარეთი მეოთხე სასპასპეტოშია, რაშიც გვარწმუნებს აღწერა თბილისიდან მტკვრის მარჯვნივ მყოფი ხევებისა, რომელიც მთავრდება გუჯარეთის აღწერით: აღწერის დამთავრებისას მოკლედ შენიშნავს: „სამწყსონი კათალიკოზისანი“ არიანო.19
XVI ს. დასაწყისისათვის შავწყალას ხეობაში დაწინაურებული სადგერი მეფის სადროშოს სამხრეთ საზღვრებშია, ამაზე მიგვნიშნებს 1569-1578 წლის დაუთ-ხანის სიგელი ბოძებული სადგერის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზის გიორგის და მისი შვილებისადმი.20 ცნობა ოსმალთა მიერ, 1578 წელს ლალა ფაშას ლაშქრობაზე, „ქართლს ვერ ჩაუვიდეს და ამოსწყუიდეს სადგერი“.21 1595 წ. გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში თორი უკვე პეტრეს ლივად მოიხსენიება.
1647-1650 წ. საბუთით ქაიხოსრო ფანასკერტელ-ციციშვილი უშვილოდ დარჩენილებისა და გაურჯულოების შიშით პაატა გოგიბასშვილი თხოვს ქაიხოსრო ფანასკერტელ-ციციშვილს დახმარებას სადგერის დასაბრუნებლად: „...როსტომ ფაშის ჴელი ედვა. მოგახსენეთ და გალაპარაკეთ, როსტომ ფაშას მრავალი მიართვით, რომ სასყიდლად გაგჭირებოდა და კიდეც იყიდდი და სხვა ღონე არა გვქონდა და პატრონი... ვითაცა უშვილონი და უძეონი ვიყავი გათათრებისა და გაურჯულოებისა გვეშინოდაათ. თქვენის მაგდენი ქრთამითა და ჩვენის ხვეწნითა როსტომ ფაშისაგან ნება დავირთევით და მოგართვით ჩვენი მკვიდრი, უჩხუბარი და უცილობელი მამული სოფლათ სადგერი...გარშემო სოფლები და ნასოფლარები ...მოგენათვლივნენით და ჩვენი სული და ხორციცა თქვენს ჴელთ ჩამოვაგდევით.“22 რაც შეეხება ახალდაბას XVI ს. დასაწყისში 1526 წლიდან მეფის სადროშოს შემადგენლობაშია.23 ამაზე მიუთითებს „მესხური მატიანეც“24 და სიმონ მეფის 1591 წლის განჩინება25. მეფე თეიმურაზს 1747 წელს მიუცია ახალდაბა სარდალ ქაიხოსრო ორბელიანისათვის.26 ახალდაბასთან, ტაშისკარს ყოველთვის მნიშვნელოვან და კარგად გამაგრებული პუნქტს და საბაჟოს სამეფო კარი განაგებდა. აქედან ახალციხისაკენ მიმავალ გზას კორტანეთთან მდგარი სამეფოს მცველნი ამაგრებდნენ ხეობას.“ აქ კვეთდა ორი გზა ტაშისკარ-პატარა ახალდაბაზე მომავალი და მტკვრის ნაპირით კორტანეთზე“.27 სწორედ აქ გადიოდა საზღვარი მეორე და მეოთხე, სადროშოებს შორის. ვახუშტი ბატონიშვილი ხეობასა და სადგერს მეორე სასპასპეტოში აღწერს.
ეს ის პერიოდია, როცა ყველა სახელო ციციშვილებს დაკარგული აქვთ. დასტურლამალის მიხედვითაც: „მეფის მდივანი წავიდოდეს ზემო ქართლში, ჴეობას აქეთ, ნეძვი და კორტანეთი და ტაშისკარიც დავთარში ჩავარდების. იმას აქათაც საამილახვრომდი და ამილახორის მამულიც.28 რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში მეფის სადროშოს საზღვრები იცვლებოდა მეზობელ, მოწინავე და მემარჯვენე სადროშოების, სამეფო კართან და ციციშვილებთან დამოკიდებულების, ასევე ქართლის სამეფოში პოლიტიკური ვითარების მკვეთრი ცვლილებების შესაბამისად.
მეფის სადროშოში შედიოდა მცხეთის ეკლესიის სასარდლო ერთეულიც, რომლის სათავეში იდგა მეფისა და კათალიკოსის მიერ დადგენილი სამცხეთოს ყმათა სარდალი. სარდალი ემორჩილებოდა კათალიკოსსა და მეფეს.
სადროშოს უმთავრეს სამხედრო ფუნქციის გარდა, სარდალი ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში სარდლის გარეშე ზოგიერთი საქმე არ გაირჩეოდა, რადგან თავის მხრივ ვალდებული იყო მეფისთვის მოეხსენებინა თავის სადროშოში არამარტო საგვარეულო სახლის გაყრის, არამედ მიმდინარე სასამართლო საქმეების შესახებ: „რომლისაც დროშის კაცისა გაიყრებოდეს, და ან დიდი ბჭობა და სამართალი იქნებოდეს, თავისი სარდალი უნდა დაესწრებოდეს“.
სარდალი აწარმოებდა ხალხის აღწერას, რაც მიზნად ისახავდა მოლაშქრეთა და სახელმწიფო გამომღებთა სიის დადგენას. სწორედ სადროშოს სარდალს ეკისრებოდა პასუხისმგელობა ჩაეტარებინა სადროშოს აღწერა 7 წელიწადში ერთხელ. „საციციანოს მხარეს, სადგერს აქეთ, ბატონის დროშისა არის. ვისაც ბატონი უბრძანებს, ის წავა და ერთი მეფისა მდივანი წაჰყვება. მდივანი ასწერს და დავთარს დაიჭერს მეფის მდივანი. ეს სარდლები და მდივნები რომ წავლენ, ამათი რიგი და წესი ასრე არის: რომელსაც სოფელში რომ ჩადგებოდენ, იმ სოფელმან - საკომლომ ორი შაური და ბოგანომ ერთი შაური ასამწერლოდ უნდა გამოიღონ, და ეს სარდალმა და მდივანმა შუა უნდა გაიყონ-“ო.29 სარდალს ასევე ევალებოდა მეფის მოწოდებისთანავე საბრძოლო მზადყოფნა სადროშოდან ლაშქრის გამოყვანა, საზღვრის დაცვისა და სადაზვერვო ოპერაციები, მტრის ძალების გადაადგილებაზე რეაგირება, სახელმწიფო გადასახადების აკრეფა. ციხე-სიმაგრეთა საბრძოლო მდგომარეობასა და დაცვაზე პასუხისმგებლობა.
სარდლობა დიდად გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო სახელო იყო საციციანოს საგვარეულოსათვის. სარდლის ფუნქციებიდან და სარგოდან გამომდინარე, სარდალი იყო უძლიერესი მემამულე, გამორჩეული ყმა-მამულის სიმრავლით დიდი პოლიტიკური გავლენის და სამხედრო უფლებებით აღჭურვილი პირი სადროშოში. სარდლის დროშა მთავარ დროშად ითვლებოდა და მთელი სადროშოს ლაშქარი ერთიანდებოდა მის ქვეშ.
მეფის სადროშოს პირველი სარდალი საციციანოს წინამძღოლი, მეფის წყალობით გამორჩეული, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილია.30 მეფის ერთგულებით გამორჩეული არადეთის ცნობილ ბრძოლას სარდლობდა 1483 წ. სეპარატისტული ამბიციების მქონე, შეუპოვარ ყვარყვარე ათაბაგის წინააღმდეგ.31 ამის შემდეგ წყაროებში ჩანს საციციანოს წინამძღოლად ზაზა ციციშვილის უფროსი ვაჟი - ქაიხოსრო ციციშვილი, რაც მიანიშნებს, რომ თავიდანვე მეფის სადროშოს სარდლობა სამემკვიდრეო სახელოს წარმოადგენდა. იგი თავგანწირვით იბრძვის 1477 წ. უზუნ-ჰასანის და იაყუბყაენის 1486-1488 წწ. წინააღმდეგ ბრძოლებში.32 ამის შემდგომ პერიოდის დოკუმენტებში, მერაბ ციციშვილზე დაკისრებული სარდლის სახელოს ფუნქციები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ იგი მეფის სადროშოს სარდალია.33
XVI საუკუნის მეფის სადროშოსა და საციციანოზე ქართულ წყაროთა სიმწირეს ერთგვარად ავსებს სპარსულ წყაროთა ფრაგმენტული ცნობები. ირანელი დიდებულების, სევინდუქ ბეგისა და უსტაჯლუ შაჰ ყულუ ბინ ჰამზა მირზას მიერ არზრუმის გამგებლის, აიას ფაშასადმი მიწერილი წერილი, რომელიც დაახლოებით 1554 წ. უნდა იყოს დაწერილი, ჩვენი საკვლევი თემისთვის მეტად მნიშვნელოვანია. სპარსული პირველწყარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმერეთში ლაშქრობა მართალია ოსმალებმა ვეღარ გაბედეს, რადგან მიუხვდნენ მეფე ლუარსაბის ჩანაფიქრს, ირანისა და ოსმალეთის შესაძლო დაპირისპირებისა, სამაგიეროდ მეფის ერთგული ძალა - საციციანო დაულაშქრავთ და უძლიერესი ციხე-სიმაგრეები მიწასთან გაუსწორებიათ. შემთხვევითი არ არის, რომ პირველ რიგში მძოვრეთის ციხიდან – ციციშვილთა საგვარეულო რეზიდენციიდან იწყება მტრის პირველი შემოტევები, რომელსაც იმერეთში გადასვლამდე თავს ხშირად აფარებდა ლუარსაბ მეფე.34 ისქანდერ მუნში უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს საციციანოზე და მის წინამძღოლ ფარსადან ციციშვილზე: „პირველად მძოვრეთის ციხე გარემოიცვეს, ხსენებული ციხეების სიმტკიცით გათამამებული მეციხოვნენი ბრძოლაში ჩაებნენ. ძლევამოსილი ღაზიები ყოველი მხრიდან უტევდნენ ციხეს და შიგ მყოფნი შეავიწროვეს. ცუდი სარწმუნოების მქონე ქართველებმა დაინახეს თავიანთი სისუსტე და უვნებლობა ითხოვეს. ციხისთავი ფარსადან-ბეგი ციხიდან გამოვიდა და სიმაგრე[ყიზილბაშებს] გადასცა.
ხსენებული ციხის დაპყრობის შემდეგ გაემართნენ ატენის ციხისაკენ, რომელიც იქაურ ციხეთაგან უძლიერესი იყო. [ამ ციხეში] იმყოფებოდა ლუარსაბის დედა. ეს იყო ისეთი მაღალი და ძლიერი ციხე, რომ ფრინველსაც უჭირდა მასზე გადაფრენა.... ლუარსაბის დედა მრავალ აზნაურთან ერთად ტყვედ ჩავარდა... რამდენიმე სხვა ციხე და სიმაგრეც შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლის მეცადინეობით და მამაცობით იქნა დაპყრობილი... 30000-ზე მეტი ტყვე ჩაუვარდა ხელში ზღვასავით მქუხარე ჯარს. მათგან ისინი ვინც დიდებულთა, წარჩინებულთა და აზნაურთა ცოლები, ქალიშვილები და ვაჟები იყვნენ, „ხუთისთავის“ ანგარიშში შაჰის უკეთილშობილეს სარქარს მიაკუთვნეს.35 როგორც ჩანს, ფარსადან ციციშვილმაც იმ „ხუთისთავის“ ტყვეთა შორის ბედი გაიზიარა.
ჩვენამდე მოღწეული 1552 წ. დოკუმენტით ფარსადან ციციშვილი მეფეს ახლდა მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად, რაც სარდლის მოვალეობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. მეფე ლუარსაბის გვერდით ფარსადანი იხილავს ასევე საკითხს, „ბატონი კათალიკოზი და ბატონი წილკნელი მუხრანულსა სამზღუარზედ ირჩეოდეს გუჯარი...“36 ზემოთ აღნიშნული მნიშვნელოვანი სპარსული და ქართული წყაროებით თუ ვიმსჯელებთ, იგი მეფის სადროშოს სარდალი უნდა ყოფილიყო.
1558 წელს მცხეთის სიგელით ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი სიმონ მეფის სახლთუხუცესი37 და მეფის სადროშოს სარდალია. 1561 წ. ციხედიდთან ბრძოლაში ყიზილბაშების ტყვეობაში ჩავარდა მსხვილი თავადი ზაზა-ბეგი „საქართველოს ერთი პატივცემულ ამირათაგანი“, რამდენიმე აზნაურთან ერთად შაჰის კარზე გაგზავნეს.38 დატყვევებულ ქართველ დიდებულს ისქანდერ მუნში ჯაჯანა-ბეგად მოიხსენიებს: „ჯაჯანა ბეგი, გამოჩენილი ქართველი ამირი, დაეჭირათ და ქვეყნის საფარველ კარზე გაგზავნეს“.39 მას წყაროები შემთხვევით არ მოიხსენიებენ „დიდ ფანასკერტელად“. სვიმონ მეფის თავგანწირულმა საბრძოლო წარმატებებმა, ლორეს ციხის აღებამ და ოსმალთაგან გამაგრებული გორის ციხის ალყამ იმდენად შეაშფოთა ოსმალეთის სულთანი მეჰმედ III (1595-1603) რომ, საგანგებო მობილიზაციით საქართველოში მრავალრიცხოვან ჯარს აგზავნის 1599 წლის აპრილის შუა რიცხვებში ჯაფარ-ფაშას მეთაურობით. მის მიერ გამოცემული ფირმანით ნათელია, რამდენად საშიშ ძალად მიაჩნიათ სვიმონ მეფის დაწყებული ანტიოსმალური აჯანყებანი და მის მიერ ოსმალთათვის მიყენებული აუნაზღაურებელი დანაკარგი.40 ამ ბრძოლაში მეფის გვერდით აქტიურად იბრძვის საციციანო, რომლის წინამძღოლი და მეფის სადროშოს სარდალი წყაროების მიხედვით ფარსადან ციციშვილია.41 1599 წელს ფარსადან ციციშვილმა და სულხან თურმანიძემ მეფის დავალებით ციხის ასაღებად კიბეები დაამზადეს და ლაშქარიც საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. შეთანხმებისამებრ დათქმულ დროს ფარსადანმა გორის ციხის კედლებს ჯარი შეუმჩნევლად მიუახლოვა და კიბეებით ციხეში გადასვლაც სწრაფადვე შეძლეს. ოსმალებმა გვიან შეამჩნიეს ციხის შიგნით მებრძოლი ქართველები, რამაც გადაწყვიტა კიდეც ციხის აღების საკითხი.42
XVII საუკუნის დასწყისიდან მეფის სადროშოს სარდალ ზაზა ციციშვილს წყაროები გიორგი სააკაძის ბრძოლების ავანგარდში მოიხსენიებენ.43
როსტომის გამეფების შემდგომ (1632-1658 წწ.) ქვემო საციციანოს წინამძღოლი და სარდალი პაპუნა ციციშვილია.44 იგი ირანთან კომპრომისული პოლიტიკის მხარდამჭერია და შაჰის წყალობასაც უხვად იმსახურებს.45
XVII ს. 60-იან წლებში ქვემო ციციშვილები „სარდალსახლთუხუცესები არიან.“ მეფის სადროშოს სარდალი, კათალიკოს დომენტის დისწული ზაზა ციციშვილია-მუხრანბატონთა გვერდითი სამეფო შტოს გავლენიანი, უძლიერესი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც იმავდროულად შაჰ სულეიმანის ნდობითა და წყალობით სარგებლობდა,46 რაც გიორგი ბატონიშვილის მიერ, მისი მკვლელობის საფუძველი გახდა, ქართლის სამეფო კარის ანტისპარსული პოლიტიკური გეგმებიდან გამომდინარე.
XVIII ს. დამდეგიდან ქვემო საციციანო ვახტანგ VI-ის მიერ გაუქმებული იქნა. ციციშვილები კარგავენ არა მარტო სარდლის სახელოს, არამედ სხვა სამოხელეო თანამდებობებსაც. „ოსმალობის“ დროს სადროშოთა სისტემა მთლიანად მოიშალა. რაც შეეხება ყიზილბაშობის პერიოდს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებას ყიზილბაშობის დროს სადროშოთა სისტემის მოშლასთან დაკავშირებით ვერ გავიზიარებთ, რადგან, სპარსული და ქართული წყაროებით სადროშოები აღდგენილია, რაც მხოლოდ ნადირ შაჰის პოლიტიკური გეგმებით აიხსნება. 1736-37 წწ. დოკუმენტებით სარდლად ქაიხოსრო ედიშერის ძე ციციშვილი მოიხსენიება.47 ირანის შაჰების მიერ სარდლად დამტკიცება XVII ს. 30-იანი წლებიდან XVIII ს. მეორე ნახევრამდე ერთგვარ წესად გადაქცეული ჩანს და ქართლის მეფეს შაჰისაგან ნაბოძები სარდლობის ჩამორთმევა თავადისთვის არ შეეძლო. 1742 წლის 26 მაისის ფირმანით: „შაჰინ-შაჰური წყალობით დაიმედებული ქრისტიანობის ბურჯი ქაიხოსრო-ბეგი ხსენებული თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა... ის ქრისტიანობის ბურჯი ამიერიდან ვაქილობის საქმეში არ ჩაერიოს და... წესიერად იღვაწოს ჯარის მეთაურობის საქმეში.“48 ქაიხოსრო ციციშვილის მამა, ედიშერი 1717-1719 წწ.ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესია, ნასყიდობის ისტორიულმა დოკუმენტმა შემოგვინახა მისი შვილების სახელები: „ბატონსა ედიშერს, შვილსა თქვენსა ქაიხოსროს, ელისბარს, დავითსა, შვილთა და მამავალთა სახლისა თქ(ვე)ნისათა.“49 ვახტანგ მეფის სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ შევიწროებული ციციშვილები და მათ შორის ედიშერი თავს აფარებს კახეთის მეფეს, კონსტანტინე იმამყული ხანს. ჩვენს მიერ სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილი დოკუმენტიდან50 ცნობილია, რომ მისი სპარსეთის შაჰთან შუამავლობით მეფე კონსტანტინემ მიიღო ქართლის სამეფო ტახტი, რომლის შესანარჩუნებლად ერთგულად ემსახურებოდნენ მეფე თეიმურაზ II-ეს ედიშერ და ქაიხოსრო ციციშვილები. „ყიზილბაშობის“ დადგომისთანავე სპარსოფილი ედიშერის მემკვიდრის დანიშვნა სარდლად, ნადირ შაჰის საქართველოსა და ჩრდილო კავკასიისადმი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მისაღები კანდიდატურა უთუოდ იქნებოდა.
ციციშვილების სარდლის სახელოზე ყველაზე მეტი მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გვაქვს. თეიმურაზ II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალის აღწერისას 1745 წ. პ. ორბელიანი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ სადროშოები კვლავ აღადგინეს ძველი რიგის, ქართული ეროვნული დროშის და მეფედ კურთხევის ქართული ტრადიციის მიხედვით: „ბრძანა მეფემ დროშათა გაკეთება, გააკეთეს ვითაც ძველად რიგი ყოფილიყო, დროშა ოთხი ჯვარითა მოცული. ერთი უბოძა ორბელიანს ქაიხოსროს, მეორე-მუხრანბატონს კონსტანტინეს, მესამე ამილახორს დიმიტრის და მეოთხე ბატონის კერძო ვლიდა, გაემართნენ მცხეთას მეფენი ორნი...“.51 ე. თაყაიშვილს უნახავს კონსტანტინე მუხრანბატონისათვის გადაცემული თეიმურაზისეული დროშა. პ. უმიკაშვილს კი ორბელიანების სახლში 1745 წლის მეწინავე სადროშოს სარდლის დავით ორბელიანის დროშა. პაპუნა ორბელიანი არაფერს ამბობს მეფის მეუკანავე სადროშოს სარდლის შესახებ, მხოლოდ ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში მოიხსენიებს ალექსანდრე ციციშვილს. სამაგიეროდ XVIII საუკუნის 50-60-იანი წლების ისტორიული დოკუმენტები52 სარდლად სწორედ ალექსანდრე ციციშვილს მოიხსენიებენ.
მეოთხე სადროშოში იშვიათად, მაგრამ ვხვდებით ორი დიდი სახელოს გაერთიანების ფაქტს.53 1773 წ. დოკუმენტებში დავით ალექსანდრეს ძე ციციშვილი ქალაქის მოურავად იხსენიება.54 1776 წლიდან მემკვიდრეობით იღებს სარდლის სახელოსაც.55 1784 წელს ერეკლეს ბრძანებით, „ქალაქის მოურავის სარგოს გარიგების წიგნი“ განუახლებია იმ უთანხმოებასთან დაკავშირებით, რომელიც XVIII საუკუნის 80-იან წლებში ატეხილა. „ჩვენის სახასო ყმისაც და ქალაქში ვისაც ყმა ჰყავს, იმათი მოურავი სარდალ-ქალაქის მოურავი, ჩვენი სიძე დავით არის“, ეს მიანიშნებდა, რომ ამიერიდან მოსპო „მრავალმოურავიანობა“, მათ შორის საეკლესიო ყმამოქალაქეთა მოურავის დამოუკიდებლობის უფლებებიც. ეს იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ჩანს, ამ ნდობას იმსახურებდა მეფე ირაკლის ასულ ბატონიშვილ მარიამის მეუღლე დავით ციციშვილი, თუმცა ბოძებული სარდალ-მოურავის სახელოსაგან, მეფე საგანგებო 1784 წლის 25 თებერვლის სიგელით მოითხოვს: „ჩვენი ბრძანება არის ჩვენო სიძევ, ციცისშვილო... როგორადაც ბატონის პაპის ჩვენის მეფის ირაკლის დროს და მეფის ვახტანგის დროს და სანატრელის ბატონის მამის ჩვენის დროს ქალაქის მოურავები ყოფილან და ქალაქში უმოურავნიათ, ჩვენთვისაც იმავ წესით გვიბოძებია მოურავობა, იმ გზით და იმ რიგით იმოურავეთ. თავაზასა და ხათრს წესიერსა და კანონიერს საქმეზედ ნურავის შეუნახავთ ჭეშმარიტს სამართალსა...“.56 ამ სახელოს ვალდებულებებისა და სარგოს შესახებ, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გამოქვეყნებულ „ქალაქის მოურავის გარიგების“ წიგნების გარდა მეტად საინტერესოა პავლე ციციანოვისათვის გადაცემული დავით ციციშვილის ძის, ევსტათის მიერ შედგენილი დოკუმენტი, „ქალაქის მოურავის სარგოს“ შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი შესწორებებით და მანამდე უცნობი დეტალებით ავსებს და სრულყოფს ამ სახელოს სარგოს საკითხს.57 სარდლის, დავით ციციშვილის ფუნქციებზე მიუთითებს მეფე ერეკლე II-ის 1791 წ. მეტად საინტერესო წერილი „...ჩუენს სიძეს ბატონს სარდალ ქალაქის მოურავო დავითს... „საქუჱყნო საქმეები გვაქვს და ვინც თავადები გვყუანან დიდნი კაცნი, ყველანი დაშორებულნი არიან რომ ჩვენთან უნდა ჩამოვიდნენ და შენც ამასა გწერთ... ფერისცვალების მესამე დღეს აქ, ჩვენთან უნდა გამოსცხადდეთ ჰალბათ რომ შენი ჩამოუსვლელობა არ იქნება და ამ ვადაზე უნდა ჩამოხვიდე. მანდ რომ იასაულები გამოვგზავნეთ, იმისი გარიგების ბინა უნდა მისცე. ერთ-ერთი ძმა მანდ უნდა დააგდო, რომ ეგ გაარიგონ და ეგ საქონელი მოიკრიბოს და შენ კი უნდა წამოხვიდე. ჩვენი შვილის იულონისათვისაც მიგვიწერია, რომ ისიც ამ ვადაზედ წამოვა სხვა დიდი კაცნიც ჩვენთან შეიყრებიან და შენც აქ უნდა იყო, რომ უამისობა არ იქნება... მსუბუქი საქმე არ არის რა, დიაღ, კარგი მოდიდო საქმეები გვაქვს.“58
იულონ ბატონიშვილი 1790 წლის წყალობის სიგელში თავგანწირულ მებრძოლად და ერთგულებით გამორჩეულ სარდლად ახასიათებს: „...როგორც თანამდებობა გქონდა ისე მოიქეც და დიდ ერთგულად ირჯებოდი. ჩემზე და იმათგან გამოგზავნილი ჯაშუშებიც დაიჭირე და დაჭერილები მოგვგვარე და მათგან მრავალი ოხრება ჰქონდა ქართლსა... შენი განაყოფ ზაქარია გამოსძღოლოდნენ ოსმალოსა... ორიათას ხუთასი კაცი მოეყვანათ ატენის ხეობაზე... მცირე ჯარი გვყვანდა... ხუთას კაცი ძლივ ჳყავით ...იმათის სიმრავლისათჳნ, მრავალნი ვინმე იმ დღეს ომსა შლიდნენ...შენ არ დაიშალე და ჩვენც შენს რჩევას დავემოწმენით და ზედაველაზე წავედით... ვახსენეთ ღმერთი და შევებენით...სამს საათადინ ასეთ ომი იყო, რომ თოფს კომლისაგან კაცი არ გაირჩეოდა და შენ იმ დღეს ლომურად იყავ და ჩვენს წინ თოფიც მოგხვდა და კაცისაგან მეტობა აღარ იქნებოდა... გამარჯვების მიზეზი უფრო შენ იყავ....“59
ჩვენამდე მოღწეულია 1781 წლის მეფის სადროშოს აღწერის დავთარი, მიუხედავად იმისა, რომ თავ-ბოლო ნაკლულია, მეტად საყურადღებო წყაროა მე-18 ს. მეფის სადროშოს და დავით სარდალ-მოურავის „საჴელოსა“ და სარგოს შესახებ. დავთარში აღწერილია საციციანოს სოფლები: ქარელი, რუისი, თვალათუბანი, ქვახვრელი, დოესი, ხოვლე, ყარაღაჯი, გრაკალი, სასირეთი, ხანდაკი. გამოქვეყნებული დავთარი60 იწყება სოფელ ქარელის აღწერით, სადაც 57 კომლია. მამაკაცების, ანუ „თავების“ რაოდენობა - 74. მამაკაცია, რუისში - 66, თვალათ უბანში - 19, ქვახვრელში - 5, დოესში - 30, ხოვლეში - 39, ყარაღაჯში - 19, გრაკალში - 19, სასირეთში - 42, ხანდაკში - 19 კომლი მოსახლე ყოფილა. სულ 1781 წლის ნაკლული დავთრით, მეფის სადრო- შოში - 472 კომლი, თავია. აქედან სარდალ-მოურავს დავით ციციშვილს ყმები ჰყავს, რუისში – 38 თავი; თვალათუბანში სარდალ მოურავის ყმა - 16 თავი; დოესში - 20 თავი; სულ - 74; დავით ციციშვილის ადმინისტრაციული ფუნქციის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის დამოწმების, მორიგების და ნასყიდობის წიგნები.61
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო გადასახადები სადროშოების მიხედვით კი არ ნაწილდებოდა, არამედ სათავადოების და საერისთავოების მიხედვით. საციციანოს საქვეყნო ხარჯს, დამტკიცებულს ერეკლე მეორის მეფობის დროს პასუხისმგებლობას ამოღებაზე აკისრებდა სარდალს, დოკუმენტი თავნაკლულია, მეტად დაზიანებულია, თუმცა ირკვევა საციციანოს მხარის გადასახადი, „...საციციანოს მჴარეს სარდალ ქალაქის მოურავ...ს) ასარდლო[ს] შესწერდა ....სულ ჯამი გადასახადისა„ იქნა ქულუჯამი თეთრისა ნზჭფ (ორმოცდაჩვიდმეტთუმან-ნახევარი და ათი შაური). სხვა ხელით... ეს რომელიც საქვეყნო გაწერიათ, ეს ასე მთლად უნდა გამოიღოთ, ახლავ მოიტანოთ დათავილდარს მოაბაროთ მთლად...“.62 სარდალი პასუხისმგებელი ჩანს მდევრობის განწესებაზე, მეფისაგან მიღებული დავალების შესრულებაზე და სალეკო გადასახადის გადახდაზე. 1799 წლის სალეკოს გაწერის სიით სარდალ-მოურავის გიორგი ციციშვილის (მეფე გიორგი XII-ის სიმამრი) სასარდლოს გამოღმა მხარეს კომლზედ თოთხმეტი შაური სალეკო აქვს შეწერილი. დაანგარიშებული აქვს საერთო თანხა, თან ბრძანება ახლავს: „ამაში თარხნობა და პატივება არავისი იქნება... დაგვიანება არ იქნება. ახლავ, საჩქაროთ და უკლებრად აიღო, მოიტანოთ და მოაბაროთ, დაგვიანება არ იქნება, იცოდეთ.“63
საციციანოს სარდლის მიერ ჯარის გამოყვანაზე ზოგად წარმოდგენას გვიქმნის 1800 წლის დოკუმენტი, სადაც ვკითხულობთ: „ამ სიით გამოღმა მხარს სათარხნოს საციციანოს გიორგი სარდლის (სასა)რდლოს ჯარი შესწერდა და ასე უნდა გამოიყვანოთ.“ ჩამოთვლილია საციციანოს თავად აზნაურები, ვის რამდენი ყმა უნდა გამოეყვანა, სულ 49 კაცი. თან ახლავს ბრძანება მეფე გიორგის: „ქ. ბატონო სარდალმოურაო ციციშვილო გიორგი!... კარგი ჴელ-გამომღები კაცნი უნდა გამოიყვანოთ, თოფით, იარაღით გაწყობილნი და რომელსაც ცხენი ჰყვანდეს-ცხენითა, და რომელსაც ცხენი არა ჰყვანდეს, ქვევითათ წამოიყვანეთ. [ე]რთის თავის ნუზლითა და აქ ქალაქს უნდა შემოგვიყაროთ... დაგვაკლდა ვინმე, კაცზედ ორ თუმანს წავართმევთ და ორას ჯოხს დავკრამთ... რომელიც თავადისშვილი არის და აზნაურშვილი ძმიანი და შვილიანი, იმათის სახლიდამ ერთი უნდა წამოიყვანოთ. ეს ჯარი ლეკისთვის გვინდა. მადამდისინ ისინი ამოივლიდნენ, მაგათ რომ ჩამოუსწრონ, ისა სჯობს.“64 წარმოდგენილი ისტორიული მასალები ხაზგასმით აღნიშნავენ, ციციშვილების გარკვეულ როლს მეფის სადროშოს შექმნაში, ციციშვილთა საგვარეულო სახლის სარდლები, მიუხედავად თავადური მსოფლმხედველობისა, ერთგულად ემსახურებოდნენ სამეფო კარს და ქვეყნის ინტერესებს.
შენიშვნები
1. კლიმიაშვილი ა., მასალები XV-XVIII საუკუნეები ქართლისა და კახეთის სადროშოების ისტორიისათვის, კრ.: XIV-XVIII საუკუნეები რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964, გვ. 123.
2. მიჩიტაშვილი მ., საციციანოს დაარსების ისტორიიდან, გორის სახელმწიფო სასწ. უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის შრომათა კრებული, #4, გვ. 204-205.
3. ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. I, თბ., 1937, გვ. 51-52.
4. საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 1448, ს.64; კაკაბაძე ს., ისტ. საბუთები, III, ტფ., 1913, გვ. 21.
5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ-14903; ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. I, თბ., 1937, გვ. 43.
6. ქრონიკები და სხვა მასალა საქარველოს ისტორიისა და მწერლობისა. შევსებულია, ქრონოლოგიურად დალაგებული და ახსნილია თ. ჟორდანიას მიერ. ტ. II. ტფ. 1897, გვ. 280.
7. ქართლის ცხოვრება IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 383.
8. ქართლის ცხოვრება IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 384; კაკაბაძე ს., ისტ. საბუთები,. III, ტფ., 1913, გვ. 21.
9. ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XVსაუკუნეში, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. I, თბ., 1937, გვ. 14-15, 51.
10. მამისთვალიშვილი ე., ამილახვრები, თბ., 1996, გვ. 11.
11. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVIსს.) თბ., 2009, გვ. 92.
12. ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XVსაუკუნეში, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. I, თბ., 1937, გვ. 44.
13. ქრონიკები და სხვა მასალა საქარველოს ისტორიისა და მწერლობისა, შევსებულია, ქრონოლოგიურად დალაგებული და ახსნილია თ. ჟორდანიას მიერ, ტ. II, ტფ., 1897, გვ. 333, 356.
14. იქვე, გვ. 306.
15. იქვე, გვ. 325.
16. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVIსს.), თბ., 2009, გვ. 89-91.
17. იქვე, გვ. 97-98.
18. ქართლის ცხოვრება IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 333.
19. იქვე, გვ. 347.
20. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, შდ-479.
21. შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, თბ., 1961, გვ. 51,94.
22. კაკაბაძე ს., შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი, თბ., 1966, გვ. 63.
23. ქ ართლის ცხოვრება, ტ. II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1959, გვ. 493.
24. შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, თბ., 1961, გვ. 415.
25. ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ვლ. ფუთურიძე, ტექსტები დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ. ფუთურიძემ. თბ., 1955, გვ. 38-40.
26. ორბელიანი პაპუნა, ამბავი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა, თბ., 1981, გვ. 91,121.
27. ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი-თორი, ჯავახეთი, თბ., 1985, გვ. 55, 58.
28. ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ი. სურგულაძემ, თბ., 1970, გვ., 515.
29. იქვე, გვ. 516-517.
30. საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 1448, ს. 64.
31. ქართლის ცხოვრება, ტ. II. თბ., 1959, გვ. 484; ქართლის ცხოვრება ტ. IV, თბ., 1973, გვ. 391; ცხოვრება საქართველოსი (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980, გვ. 39.
32. ქართლის ცხოვრება, ტ. II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959, გვ. 346-347; ქართლის ცხოვრება ტ. IV, თბ., 1973, გვ. 387-389; მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.) თბ., 2009, გვ. 89-91.
33. ქრონიკები და სხვა მასალა საქარველოს ისტორიისა და მწერლობისა. შევსებულია, ქრონოლოგიურად დალაგებული და ახსნილია თ. ჟორდანიას მიერ. ტ. II. ტფ., 1897, გვ. 347, 349, 352; კაკაბაძე ს., ისტ. საბუთები, II, 1913, გვ. 29-31; კაკაბაძე ს., ისტ. საბუთები, III, ტფ., 1913, გვ. 56-57; Aდ №1410;
34. კაციტაძე დ., XVI-XVII საუკუნეთა სპარსული დოკუმენტური წყაროები საქართველოს ისტორიისათვის, კავკასიურ-ახლო აღმოსავლური კრებული, II, თბ., 1962, გვ. 214-215.
35. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვ. ფუთურიძემ, თბ., 1969, გვ. 21.
36. ქრონიკები და სხვა მასალა საქარველოს ისტორიისა და მწერლობისა. შევსებულია, ქრონოლოგიურად დალაგებული და ახსნილია თ. ჟორდანიას მიერ. ტ. II, ტფ. 1897, გვ. 395.
37. იქვე, გვ. 399.
38. ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვ. ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო რ. კიკნაძემ, თბ., 1966, გვ. 36.
39. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვ. ფუთურიძემ, თბ., 1969, გვ. 23.
40. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.) თბ., 2009, გვ.24,325.
41. ცხოვრება საქართველოსი (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980, გვ. 386, 393, 395.
42. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.) თბ., 2009, გვ. 325.
43. ქართლის ცხოვრება IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 422-423; ცხოვრება საქართველოსი (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980, გვ. 67-68.
44. საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 1448 წ ს. 2316; ფ. 1449,ს. 1055;
45. ცხოვრება საქართველოსი (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ. თბ., 1980, გვ. 107; საქართველოს სიძველენი III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910, გვ. 145.
46. სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, ტექსტები დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ. ფუთურიძემ, წიგნი 1, ნაკვეთი I2, თბ., 1962, გვ. 19-20, 40-42, 44-45.
47. საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 1448 ს.5715; ფ. 1448 ს. 5715; ფ. 1449, ს. 2225; კაკაბაძე ს., ისტ. საბუთები, V, ტფ., 1913; გვ.51.
48. სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, ტექსტები დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ. ფუთურიძემ, წიგნი 1, ნაკვ. 4 თბ., 1977, გვ. 68-69.
49. საქართველოს სიძველენი, II, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909; გვ. 298,301, 342.
50. საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 1448 ს. 5546.
51. ორბელიანი პაპუნა, ამბავი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა, თბ., 1981, გვ. 102.
52. საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 1448, ს.730; საქართველოს სიძველენი, II, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, გვ. 555; საქართველოს სიძველენი III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910, გვ.14; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1972, გვ. 436;
53. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ-1739
54. საქართველოს სიძველენი, III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910, გვ. 9, 10.
55. ქართული სამართლის ძეგლები ტ. IV, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1972, გვ. 9; საქართველოს სიძველენი III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910, გვ. 11.
56. საქართველოს სიძველენი, III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910, გვ. 9, 12.
57. მასალები ქართლ-კახეთის სამეფოს სამოხელეო წყობის შესახებ, მსკ ისტორიისათვის,შესავალი წერილი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო შ. მესხიამ, ნაკვ. I, (26), თბ., 1948, გვ. 91-92.
58. საქართველოს სიძველენი, III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910, გვ. 9.
59. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ-1818.
60. თაბუაშვილი ა., მეფის სადროშოს აღწერის დავთარი, XVIII საუკუნის II ნახევარი, თსუ შრომები V, თბ., 2012, გვ. 174-177.
61. საქართველოს სიძველენი III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910, გვ. 15-16, 17-18.
62. მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, წიგნი, III, 1955, გვ. 77-80.
63. საქართველოს სიძველენი, III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910, გვ. 258-260.
64. საქართველოს სიძველენი III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910, გვ. 260-262
დამოწმებანი:
ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. I, თბ., 1937;
ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი-თორი, ჯავახეთი, თბ., 1985;
თაბუაშვილი ა., მეფის სადროშოს აღწერის დავთარი, XVIII საუკუნის II ნახევარი, თსუ შრომები V, თბ., 2012;
ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვ. ფუთურიძემ, თბ., 1969;
კაკაბაძე ს., ისტ. საბუთები, II, 1913;
კაკაბაძე ს., ისტ. საბუთები,. III, ტფ., 1913;
კაკაბაძე ს., ისტ. საბუთები, V, ტფ., 1913;
კაკაბაძე ს., შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი, თბ., 1966;
კაციტაძე დ., XVI- XVII საუკუნეთა სპარსული დოკუმენტური წყაროები საქართველოს ისტორიისათვის, კავკასიურ-ახლო აღმოსავლური კრებული, II, თბ., 1962;
კლიმიაშვილი ა., მასალები XV-XVIII საუკუნეები ქართლისა და კახეთის სადროშოების ისტორიისათვის, კრ.: XIVXVIII საუკუნეები რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964;
მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.) თბ., 2009;
მამისთვალიშვილი ე., ამილახვრები, თბ., 1996;
მასალები ქართლ-კახეთის სამეფოს სამოხელეო წყობის შესახებ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა- თვის, შესავალი წერილი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო შ. მესხიამ, ნაკვ. I, (26), თბ., 1948;
მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, წიგნი, III, 1955;
მიჩიტაშვილი მ., საციციანოს დაარსების ისტორიიდან, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის შრომათა კრებული #4;
ორბელიანი პაპუნა, ამბავი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა, თბ., 1981;
საქართველოს სიძველენი, II, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909;
საქართველოს სიძველენი, III, თაყაიშვილის რედაქტორობით, 1910;
სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, ტექსტები დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ. ფუთურიძემ, წიგნი 1, ნაკვეთი I2, თბ., 1962;
სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, ტექსტები დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ. ფუთურიძემ, წიგნი 1, ნაკვეთი 4, თბ., 1977;
ქართლის ცხოვრება, ტ. II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959;
ქართლის ცხოვრება IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973;
ქართული სამართლის ძეგლები ტ. IV, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბ., 1972;
ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ი. სურგულაძემ, თბ., 1970;
ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ვლ. ფუთურიძე, ტექსტები დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ. ფუთურიძემ. თბ., 1955;
ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შევსებულია, ქრონოლოგიურად დალაგებული და ახსნილია თ. ჟორდანიას მიერ. ტ. II, ტფ., 1897;
ცხოვრება საქართველოსი (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980;
შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, თბ., 1961;
ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები, XIII-XIX, წ. II, თბ, 1974;
ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვ. ფუთურიძემ, შენიშვნები დაურთო რ. კიკნაძემ, თბ., 1966; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ -2118; Hდ - 1818; Hდ -1739; შდ 479; Aდ №1410;
საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფ. 1448, ს. 730; ფ. 1448 ს.2316; ფ. 1448, ს.64; ფ. 1449, ს. 1055; ფ. 1449, აღწ.1 ს.327; ფ. 1449, ს. 1055; ფ. 1449, ს. 2225;

Комментариев нет:

Отправить комментарий