„სპარსეთის ლომის“ სახელით ცნობილ-შაჰ აბას I-ის ზეობის დროს, სეფიანთა ირანის კარზე მოღვაწე კავკასიელი ხალხის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. XVII საუკუნის იტალიელი მოგზაური ჯუსტო პრატო აღნიშნავდა: „დღეს მთელი სპარსეთი სავსეა ქართველებით, რომლებმაც შეიცვალეს სჯული, მათ ხელშია ყველა დიდი თანამდებობა“. შაჰ-აბასის კარზე მოღვაწე ქართველებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ალავერდი-ხან უნდილაძე.
ირანში ალავერდი-ხან უნდილაძის მოღვაწეობის შესახებ ვრცელ ინფორმაციებს გვაწვდის სპარსული, სომხური, ევროპული და ქართული წყაროები. თუმცა, სამწუხაროდ, მცირე ცნობები გვაქვს ალავერდი-ხან უდილაძის საქართველოში ცხოვრების პერიოდის შესახებ. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ალავერდი-ხან უნდილაძის წარმოშობის საკითხი.
უნდილაძეთა გვარის ცნობილი წარმომადგენლის ალავერდი-ხანის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ისქანდერ მუნშის საისტორიო თხზულება „თარიხ-ი ალემარა-ი აბასი“. ამ წყაროს მიხედვით, ალავერდი-ხანი ქართველი იყო, შაჰაბასის ერთ-ერთი სამხედრო კამპანიის დროს ირანში ტყვედ წაყვანილი და გამაჰმადიანებული.
დონ ხუანი - გაკათოლიკებული ირანელი აღნიშნავდა, რომ „შაჰმა ალავერდი-ხანი 12000 ქართველის (მეომრის) სათავეში დააყენა, რადგან თვითონ იგი ქართველი რენეგატი იყო“. შესაბამისად, ამით ხაზი ესმება ალავერდი-ხან უნდილაძის ქართულ წარმომავლობას. წმინდა ავგუსტინეს ორდენის ბერი ამბროზიო დუშ ანჟუში 1614 წლის 16 იანვარს მადრიდში გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ ალავერდი-ხანი გამაჰმადიანებული ქართველი იყო. რომის პაპთან ელჩად წარგზავნილი ანტონი შერლეის თანმხლები პირის ჩანაწერების თანახმად, ალავერდი-ხან უნდილაძე იყო ქართველი ქრისტიანი. ასე მოიხსნებიებდნენ მას ამ დელეგაციის სხვა წევრებიც.
არსებობს მეორე მოსაზრება, რომლის თანახმადაც ალავერდი-ხანი განიხილება ქრისტიან სომეხად. ამ მოსაზრებას იზიარებდნენ დ. ლენგი, ვ. მინორსკი. ი. პეტრუშევსკი, მ.ივანოვი. ეს მოსაზრება მომდინარეობდა იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელა ვალეს ჩანაწერებიდან. იგი წერდა, რომ „იმამყული ხანის მამა ალავერდი იყო. იგი იყო საქართველოში მცხოვრები სომეხი.“ მკვლევერთა აზრით, შესაძლებელია დელა ვალემ „სომხითი“ „სომხეთად“ თარგმნა და სწორედ ამან გამოიწვია ამგვარი აზრის არსებობა.
ისტორიული წყაროებით დგინდება, რომ საქართველოში ცხოვრებისას ალავერდი-ხანს სხვა სახელი ჰქონდა. ფაზლის ცნობით, 1603 წელს ალავერდი-ხანი შეხვდა ებრაჰიმ ხანს, რომელიც დაინტერესდა მისი საქართველოში მშობლებისგან მიღებული სახელით. ალავერდი გააოცა ამ შეკითხვამ. მან უპასუხა, რომ მისი პირვანდელი სახელი ხოსროვი იყო. სეფიანთა პერიოდის ქართულ საბუთებში ძალაინ ხშირად ვხვდებით სახელ ხოსროვს, ზოგჯერ ქაიხოსროს ფორმითაც. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ალავერდი-ხანის ქართულ წარმომავლობას.
ისტორიკოს ჯუანშერ ვათეიშვილის თქმით, შაჰის ტახტზე აბას I-ის ასვლას ხელი შეუწყო გამუსლიმებულმა ქართველმა გიორგი უნდილაძემ, შემდეგში შაჰის სიძემ (დის ქმარმა), რომელიც ირანში ალავერდი-ხანად იწოდებოდა. ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის მოსაზრება, რომ ალავერდი-ხან უნდილაძე ქართველი იყო. 1625 წელს აჯანყებულმა ქართველებმა იმამყული ხანის ქალიშვილი დ სიძე (ანდუყაფარ ამილახვარი) დაატყვევეს. მათ გადასარჩენად შაჰ აბასმა დიდი ჯარი გამოგზავნა. ქართველებმა შეიტყვეს თუ არა ეს ფაქტი, მაშინვე გაუგზავნეს იმამყული-ხანის ქალიშვილოი და სიძე „აბდ ალ-გაფარ ბეგის [=ანდუყაფარის] ნათესავებსა და ალავერდი-ხანის ოჯხას ბარათილიდან“. ეს უკანასკნელი ტერმინი კი აღნიშნავს საბარათიანოს. ამ ცნობის თანახმად, ალავერდისა და მისი მემკვიდრეების წარმომავლობა ქვემო ქართლის დიდებულებს უკავშირდებოდა. ეს გვარი ქართულ ისტორიოგრაფიაში 1260 წლიდან იხსენიება. XIII-XV საუკუნეებში დიდ გავლენით სარგებლობდნენ, თუმცა XV საუკუნის შუა ხანებიდან მათი ძალაუფლება სუსტდება და მათი კვალი მალევე უჩინარდება საისტორიო ფურცლებიდან.
ამ ფაქტს უკავშირდება ალავერდიხანისა და მისი ოჯახის ირანში გადასახლების მიზეზიც. უნდილაძეთა გვარის დაკნინების პროცესი მათ საბოლოო გაქრობამდე მივიდა. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილ ალავერდსა და მის სახლეულებს სხვა გზა არ დარჩათ, გარდა უცხო ქვეყანაში გადახვეწისა. საუკეთესო ვარიანტი ირანი აღმოჩნდა, რადგან უნდილაძეებს მანამდეც ჰქონდათ შაჰის კართან კავშირები. მეორე ვერსიით, ალავერდიხანი ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს. ძნელია სეფიანთა კარზე მისი ჩასვლის ზუსტი თარიღის განსაზღვრა.
ალავერდი-ხანი პირველად 1588 წელს იხსენიება, ეს არის მეორე წელი შაჰაბასის ტახტზე ასვლიდან. ამ წელს აბასმა თავიდან მოიშორა დიდი მოხელე – მურშიდ ყული-ხანი, რომელიც მას ხელს უშლიდა. ამ საქმეში, შაჰის გვერდით მოქმედებდა ალავერდი-ხანიც. თავდაპირველად, ალავერდი-ხან უნდილაძეს საკმაოდ დაბალი თანამდებობა ეკავა, კერძოდ, იყო ოქრომჭედელთა უფროსი, ანუ ზარგარბაში. აქედან მოყოლებული, მისი კარიერა ისე წარიმართა, რომ 1595 წელს ცენტრალური ირანის პროვინციის – ფარსის ბეგლარბეგი გახდა. 1556 წელს კი ქუჰ გილუე მიუმატა თავის სამფლობელოს. 1601 წელს დაიკავა ლარის ვილაიეთი ომანის ზღვის სანაპირო ზოლთან და ბაჰრეინის კუნძულებთან ერთად. მოგვიანებით კი, ყულის ჯარის უფროსი, ანუ, ყულარაღასი გახდა. მან თავი გამოიჩინა პორტუგალიელებთან ბრძოლის დროს. სწორედ მისი დახმარებით აიღო შაჰ-აბასმა კ. ორმუზი. გაწეული სამსახურისთვის შაჰმა იგი ფარსისტანისა და უმდიდრესი შირაზის პროვინციების მფლობელად დანიშნა.
1603-1612 წლებში ირან-ოსმალეთის ბრძოლის დროს ალავერდი-ხანმა გამოავლინა მხედართმთავრული ნიჭი. მან რამდენიმე დიდი გამარჯვება მოიპოვა ოსმალეთის არმიაზე. იგი იყო სეფიანთა ირანის პირველი მთავარსარდალი.
ალავერდი-ხანმა თავი გამოიჩინა ვანის ტბასთან გამართულ ბრძოლაში, 1605 წელს. ეს ბრძოლა იმდენად მძიმე იყო, რომ შაჰი უკან დახევაზეც კი ფიქრობდა. ამ დროს ჯარის მეთაურობა ხელში აიღო ალავერდი-ხანმა და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. 1598 წელს ალავერდი-ხანმა, როგორც სარდალმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა უზბეკი ტომებისაგან ჰერათის გათავისუფლებაში. ამ გამარჯვების შემდეგ შაჰის ბრძანებით ყიზილბაში ემირი ფარჰად-ხან ყარამანლი სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ, ალავერდი-ხანი ირანის იმპერიის მეორე ადამიანი გახდა შაჰის შემდეგ.
თანდათან იზრდებოდა ალავერდიხან უნდილაძის ავტორიტეტი შაჰის კარზე. ევროპელი მოგზაურები და დიპლომატები მას ,,ირანის ვიცე-მეფეს“ უწოდებდნენ. პორტუგალიელი ანტონიო გოვეას გადმოცემით, მისთვის ერთხელ შაჰს უთქვამს: “მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი-ხანს ვემორჩილებიო”. ნასროლა ფალსაფი წერს: „შაჰ-აბასი ალავერდი-ხანს ყველა სხვა დიდ სარდლებზე უფრო მეტად აფასებდა და დიდ პატივს სცემდა, რადგან ის ხანდაზმული კაცი იყო, შაჰი მას მამას ეძახდა“.
აღნიშვნის ღირსია ალავერდი-ხან უნდილაძის რეფორმატორული მოღვაწეობა სეფიანთა ირანში. მისი ხელმძღვანელობით გატარდა სამხედრო რეფორმა, ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისგან რეორგანიზდა არმია, შემცირდა ყიზილბაშთაგან გამოსული ჯარის რაოდენობა. ალავერდი-ხანის მოღვაწეობა მარტო სამხედრო საქმეებით არ შემოიფარგლებოდა. უნდილაძეებს ირანში აშენებული ჰქონდათ ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები, გზები. მისი დამსახურებაა ისპაჰანში – მაშინდელ დედაქალაქში მდინარე ზაიანდე–რუდზე, რომელიც ქართულად „დედა მდინარეს“ ნიშნავს, ოცდაცამეტთაღიანი ხიდის აშენება. იგი ამჟამადაც ფუნქციონირებს და ალავერდი ხანის სახელს ატარებს. უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის 33 თაღი შესაბამება ქართული ანბანის 33 ასოს და თითოეულ თაღზე თითი ქართული ასოა გამოსახული. ალავერდი–ხან უნდილაძის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქ შირაზში გრანდიოზული სკოლისა და ქარვასლის მშენებლობა. ცენტრალურ ირანში ძალიან ცუდი გადასავლელი გზები ყოფილა და ალავერდი–ხანის მეუღლის თაოსნობით მოუგვარებიათ ეს პრობლემა. გადმოცემის მიხედვით, უნდილაძეთა მიერაა აშენებული ჩეჰერ სუთუნის სასახლე. იგი ფრესკებით იყო მოხატული, აქვე ყოფილა ქართული წარწერები, რომელიც შემდეგ მოუშლიათ, რადგან ირანისთვის მიუღებელი ყოფილა.
1613 წლის 3 ივნისს მოულოდნელად გარდაიცვალა ალავერდი-ხან უნდილაძე. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. გავრცელებული ვერსიის თანახმად, იგი შაჰ-აბასმა მოაწამვლინა. როგორც ვიცით, შაჰ-აბასმა 1613 წლის ოქტომბერში განიზრახა საქართველოზე გალაშქრება, რაზეც უარი მიიღო ალავერდი-ხან უნდილაძისგან (ნათელია, რომ ყულარაღაზს არ უნდა თავისი სამშობლოს აწიოკება. ანუ, კიდევ ერთხელ ესმება ხაზი მის ქართულ წარმომავლობას). ამაზე განრისხებულმა შაჰმა მისი დასჯა გადაწყვიტა და ვერაგულად მოაწამვლინა. ამ მოსაზრებას ადასტურებს ი. ტაბაღუას მიერ საფრაგეთიდან ჩამოტანილი თარგმანები. შაჰ აბას I-ის ბრძანებით, პირველი ყულარაღასი, ალავერდიხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში.
Комментариев нет:
Отправить комментарий