ოსმალეთის მე-14 სულთნის აჰმედ I-ის (ოსმ. آحمداول - Âhmed-i evvel, თურქ. Birinci Ahmet;) გარდაცვალების შემდეგ, 22 ნოემბრიდან სახელმწიფოში დაიწყო მმართველობის ახალი ფორმა, რომელიც იმ დროისთვის ახალმა პოლიტიკურად მნიშვნელოვანმა ფიგურამ, რეგენტმა - ვალიდე-ი მუაზამმა მაჰფეიქერ ქოსემ სულთანმა დაამყარა. ოფიციალურად, ქოსემმა რეგენტის ტიტული 1623 წელს მიიღო, როდესაც თავისი შვილი მურად IV (ოსმ. مرادرابع - Murâd-ı râbi‘, თურქ. Dördüncü Murat; 1623-1640) — სამეფო ტახტზე ავიდა. რადგანაც ახალგაზრდა მურადი მაშინ თავისი მცირეწლოვნების გამო სახელმწიფოს მართვისთვის მზად არ იყო, ეს ტვირთი სწორედ ვალიდე ქოსემ სულთანმა იკისრა და სახელმწიფოს 10 წლის განმავლობაში უძღვებოდა.
ქოსემი პირველად „დიდი ვალიდე“ საფიე სულთნის (Safiye Valide Sultan) ბრძანებით მოიტაცეს საბერძნეთიდან, კერძოდ სალონიკიდან და სულთან აჰმედს, საფიეს - შვილიშვილსა და მეჰმედ III-ის (1595-1603) ვაჟს, თოფქაფის სასახლეში საჩუქრად მიუყვანეს. ის დაბადების სახელით ცნობილია როგორც ანასტასია, ხოლო, როცა თოფქაფის სასახლეში მიიყვანეს, სახელი შეუცვალეს და ჰათიჯე დაარქვეს. მოგვიანებით, მისი სახელი კიდევ შეიცვალა, ამჯერად, ის საფიე სულთანმა შეურჩია და მისი სილამაზის მიხედვით მაჰფეიქერი (მამაცი, მთვარის მსგავსად ლამაზი და ნათელსახიანი) დაარქვა, რომელიც მომავალში კიდევ ახალმა სახელმა, ქოსემმა (kösem - გზის მაჩვენებელი) შეცვალა.
სულთან აჰმედს საკმაოდ მძიმე დაავადება, ოსპა შეეყარა. სამწუხარო ინფორმაციამ მალე გამოაღწია სასახლის გარეთ და გამოიწვია სტამბულის მშვიდობიანი მოსახლეობის აჯანყება (1604). მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქოსემმა მოახერხა აჯანყებულების დარწმუნება, რომ მათ სულთანს არაფერი სჭირდა და სახელმწიფო უპატრონოდ არ დარჩენილა. მაჰფეიქერს სიკვდილამდე 20 შერჩა სახელი „ქოსემი“ და მას ოსმალურ წყაროებში მაჰფეიქერ-ქოსემ სულთნის სახელით ვიცნობთ. მეუღლის, სულთან აჰმედ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ქოსემს უზარმაზარი იმპერიის ტახტი, წესით, აჰმედის უფროსი ვაჟისთვის _ უფლისწულ ოსმანისთვის (1618–1622 წლებში) უნდა დაეთმო, მაგრამ მან ტახტზე ასვლის ნება აჰმედის ძმას _ უფლისწულ მუსტაფას მისცა, რომელიც ჯერ-კიდევ ახალგაზრდობაში კაფეზეში (ოთახი, სადაც სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმების შემდეგ სულთნები თავიანთ ძმა-უფლისწულებს აპატიმრებდნენ) ტყვეობისგან ფსიქიურად იყო დაავადებული. მუსტაფას მმართველობამ ორ წელს გასტანა. ის და მისი ოჯახი (დედა _ ჰალიმე სულთანი, მისი და _ დილრუბა სულთანი და სიძე _ ქარა დავუდ ფაშა (დილრუბას ქმარი)) აქტიურად ესხმოდნენ თავს ქოსემსა და მის შვილებს, რაც მათივე კრახით მთავრდებოდა. სახელმწიფო, ფაქტობრივად, ჰალიმე სულთნის ხელში აღმოჩნდა, რადგან მუსტაფას მისი მართვის უნარი არ გააჩნდა, ამიტომაც ქოსემმა მუსტაფა იანიჩართა აჯანყებით ტახტიდან ჩამოაგდო და უკვე ოფიციალურად ოსმანი გამოაცხადა სახელმწიფოს მმართველად.
ოსმანი ქოსემის შვილი არ იყო. მისი დედა, მაჰფირუზ ჰათიჯე სულთანი (1590-1620/21 წ.წ), აჰმედის პირველი ფავორიტი მხევალი იყო, რომელიც გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა 1620 წელს. მაჰფირუზ სულთანი, შესაძლოა, უფრო ადრე, 1615 წელსაც მომკვდარიყო, რადგან ამ წელს საფიე სულთანმა მოაწყო სტამბოლში დიდი აჯანყება და ჰარამხანის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ამოწყვიტა. მათ შორის, დაღუპულთა სახელებში მოიხსენიება „უფროსი შეჰზადეს დედა“. არსებობს მეორე წყაროც, რომლის მიხედვითაც მაჰფირუზ სულთნის გარდაცვალება მძიმე დაავადებამ გამოიწვია, ამიტომაც რთულია მისი ზუსტი გარდაცვალების თარიღის დადგენა.
მუსტაფა I-ის მმართველობის მსგავსად, ხანმოკლე და ქაოტური იყო ოსმანის მოღვაწეობა სამეფო ტახტზე: ხოტინის ბრძოლიდან (1621) ერთი წლის შემდეგ, 1622 წელს სულთანი შეთქმულთა ორგანიზებულ აჯანყებას ემსხვერპლა, რომელიც, სავარაუდოდ, მუსტაფა I-ის დედის, ჰალიმე სულთნისა (1570-1623წ.წ. წარმოშობით აფხაზი) და ქარა დავუდ ფაშას (თურქ. Kara Davut Paşa;) მოწყობილი იყო. აჯანყებაში დიდი როლი ითამაშეს: იანიჩარებმა, სიფაჰებმა და მშვიდობიანმა მოსახლეობამ, რომლებმაც ოსმანზე ფიზიკური თავდასხმა განახორციელეს და პირველად ოსმალთა იმპერიაში დაამხეს სულთანი. მათ სულთანი ოსმანი გამოათრიეს თოფქაფის სასახლიდან და სტამბოლის ბაზარი ვირზე უკუღმა ამხედრებულს შემოატარეს. წყაროების თანახმად, სიწმინდის ნიშნად მას თავზე სუფთა ჩალმა დაახურეს. ფადიშაჰის ტიტული ქარა დავუდ ფაშამ კვლავ მუსტაფას (მუსტაფა I) უბოძა.
მოსახლეობის უმრავლესობას ახალი ხელისუფლების დამყარება აღარ მოეწონა, რადგან ხმა გავარდა, რომ მუსტაფა გონებაშეზღუდული იყო და სახელმწიფოს სადავეები ხელში ისევ ჰალიმე სულთანს ეჭირა. 1622 წლის 20 მაისს იედიყულეს ციხესიმაგრეში (Yedikule Zindanları; Yedikule Hisarı/ „შვიდკოშკიანი ციხესიმაგრე“) დავუდ ფაშამ ოსმანი აწამა და სქელი თოკით მოახრჩო, ამან ქოსემ სულთნის გაღიზიანება გამოიწვია: მან შეკრიბა 21 ულემები, ვეზირები, მისი მომხრე იანიჩრები, სიფაჰები, ყადიები და სხვა სახელმწიფო მოხელეები. ქოსემმა სახელმწიფო მმართველობა მთლიანად თავის თავზე აიღო. 1622 წლის 13 ივნისს ქარა დავუდ ფაშა შეიპყრეს და იედიყულეს ციხესიმაგრეში, სადაც თავისი შვილობილი სულთანი აწამეს, მოაკვლევინა. გადმოცემის თანახმად, ოსმანისთვის ქარა დავუდს ყური მოუჭრია და ამით შეულახავს მისი ტიტული. 1623 წელს განხორციელდა სასიკვდილო თავდასხმები ვალიდე ჰანდან სულთანსა და მის ქალიშვილზე, დილრუბა სულთანზე, რომელიც ქარა დავუდის მეუღლე იყო. იმავე წლის 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვალიდე სულთანმა სახელმწიფო მოხელეებსა და ჯარს წარუდგინა ახალი, 11 წლის სულთანი მურადი (მურად IV/ 1623-1640) და თავი რეგენტად გამოაცხადა. 1623 წლიდან - 1632 წლამდე მიმდინარეობდა მისი პირველი რეგენტობა იმპერიაში მანამ, სანამ მურადმა არ გააუქმა ორ-მმართველობა იმპერიაში და ერთპიროვნული მმართველობა შემოიღო. აქედან დაიწყო დედა-შვილს შორის დაპირისპირება.
ქოსემი ვერ ეგუებოდა თანამდებობის დაკარგვას და სახელმწიფოს საქმეებში ჩუმად ერეოდა. მას ოსმალეთის მართვაში მისივე დაარსებული ვაკფიც ეხმარებოდა და მალულად აქ ხვდებოდა სახელმწიფო მოხელეებს. არც მურადი თმობდა ტიტულს, თანაც, ეს პერიოდი დაემთხვა იეზუიტთა ორდენის დაფინანსებით შიდაოსმალურ აჯანყებებს, რომლებიც 22 მურადის წინააღმდეგ რამდენჯერმე მოეწყო. ერთ-ერთი იეზუიტი მოღალატე ფადიშაჰის დივანის სხდომაზეც კი იყო შემოპარული. მოღალატეობაში ამხილეს დიდი ვეზირი და მურად IV-ის სიძე, გევერჰან სულთნის ქმარი, თოფალ ფაშა.
1632 წელს სტამბოლში იფეთქა იანიჩარების აჯანყებამ, რომელსაც შეეწირა დიდი ვეზირი ჰაფიზ აჰმედფაშა (თურქ. Müezzinzade Hafız Ahmed Paşa; 1564-1632 10/II). სულთანმა ჰაფიზ აჰმედის ნაცვლად ვეზირის თანამდებობა უბოძა თავის სიძეს, თოფალ რეჯეფ-ფაშას, თუმცა რამდენიმე თვეში ამხილა იეზუიტთა ორდენის წარმომადგენლად, ბრალი დასდო იმპერიის წინაშე ღალატში და სიკვდილით დასაჯა. მურადმა იმპერიაში შემოიღო ახალი, მკაცრი კანონები, რომლის მიხედვითაც, აიკრძალა ალკოჰოლი, ოპიუმი და სიგარა. დაიკეტა ტავერნები და ღვინის სავაჭრო ცენტრები. ამან გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება. ქოსემმა ახალი კანონები მიიჩნია იმპერიის დაკნინების დასაწყისად და სულთნის ნებართვის გარეშე, თოფქაფის სასახლის დივანის სხდომაზე შეკრიბა ვეზირები და მკაცრი ბრძანება გასცა გაეუქმებინათ დედაქალაქში სულთნის ფირმანით მიღებული კანონები. მურადმა ეს შეიტყო და ქოსემი ძველ სასახლეში (Eski saray) გააძევა.
1634 წელს მურადმა განაახლა ომი სეფიანთა ირანთან. ის გაემართა ირანისკენ და ბაღდადიც დაიკავა. ირან-ოსმალეთს შორის 1639 წლის 17 მაისს დაიდო „ქასრ-ი შირინ“-ის, ანუ ზოჰაბის ზავი, რომლის ქვეპუნქტებშიც განხილული იყო ამასიის ზავის (1555 წლის) პირობები, კერძოდ, ქართლთან დამოკიდებულებაში. დასავლეთ საქართველო და სამცხე საათაბაგო ოსმალეთის იმპერიის ხელში აღმოჩნდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო - სეფიანთა ირანის ხელში. მურადს ირანში ყოფნისას ღვიძლის დაავადება (ციროზი) აღმოაჩნდა, რომელიც საკუთარი აკრძალვებისდა მიუხედავად ღვინისგან იყო გამოწვეული.
გამარჯვებული ფადიშაჰი იმპერიაში ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით დაბრუნდა. ის ჯოხის გარეშე ვეღარ გადაადგილდებოდა და 1640 წელს ლოგინად ჩავარდა. როდესაც სტამბულის მოსახლეებმა ფადიშაჰის ავადმყოფობის ამბავი გაიგეს, სასახლისკენ დაიძრნენ, რადგან სახელმწიფოს უპატრონოდ დარჩენის 23 შეეშინდათ. ისინი მიიჭრნენ თოფქაფის სასახლის მთავარ კარიბჭესთან. მათ წინაშე ვალიდე მაჰფეიქერ ქოსემ სულთანი წარსდგა. ისარგებლა რა თავისი შვილის მძიმე მდგომარეობით, უკვე მეორედ თავი იმპერიის დამცველად და რეგენტად გამოაცხადა, რამაც მოსახლეობა დაამშვიდა, მაგრამ მთავარი პრობლემა სულთან მურადის გადაწყვეტილება გახდა: მას აღარ დარჩა შვილი/უფლისწული, რომელიც დინასტიას სათავეში ჩაუდგებოდა. მისი ძმაც, ქასიმიც, მისივე ბრძანებით 1638 წელის 17 თებერვალს სიკვდილით დასაჯეს ჯალათებმა. დარჩა მხოლოდ ერთი ძმა - იბრაჰიმი, რომელიც ქოსემის ხალხმა გადამალა და იმპერიის გადარჩენის ბოლო იმედად შემოინახა. მურადს მისი სიკვდილით დასჯა ჰქონდა ნაბრძანები და სიცოცხლის ბოლომდე მკვდარი ეგონა. შესაბამისად, სჯეროდა, რომ აღარავინ იყო ოსმანთა წარმომადგენელი და ტახტის მემკვიდრედ ყირიმელი უფლისწული დაასახელა გირეის გვარიდან. (გირეის წარმომადგენელი ქალთა სასულთნოს დასაწყისამდე იყო სულეიმან I-ის (1520-1566) — დედა აიშე ჰაფსა ვალიდე სულთანი (1479-1534). ქოსემმა ყირიმელი უფლისწულის მოკვლის ბრძანება თავის ქეთხუდებს (მარჯვენა ხელს/გამყოლს/ერთგულებს) ქემანქეშ მუსტაფა ფაშასა (თურქ. Kemankeş Kara Mustafa Paşa. 1592-1644) და დელი ჰუსეინ ფაშას დაავალა (თურქ. Gazi Hüseyin Paşa; 1610-1659), რომლებმაც წარმატებით შეასრულეს დაკისრებული მისია. ჯერ კიდევ, მურადის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, ქოსემმა უკვე მეორე გადატრიალება მოაწყო სტამბულში და 1640 წლის 8 თებერვალს მან სულთნად თავისი უმცროსი ვაჟი იბრაჰიმ I გამოაცხადა, თვითონ კი დივანის სხდომაზე ვეზირების ხელმოწერა მიიღო მეორე რეგენტობის დასადასტურებლად (1640-1648).
იბრაჰიმის ტახტზე ასვლამდე, 1639 წელს დივანის ვეზირად (დიდი ვეზირი/სადრაზამი-Osmanlı Türkçesi: صدراعظم ;sadr-ı âzam(ya da vezîr-i âzam وزيراعظم (დაინიშნა ქემანქეშ მუსტაფა ფაშა, რომელიც ქოსემ სულთნის ქეთხუდა და უკვე, ფადიშაჰის გამეფების წლებში, მისი თანამოაზრეც იყო იმპერიის მართვის საკითხებში. სულთან იბრაჰიმს ბავშვობიდანვე სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ისტორიკოსები მას ხშირად ბიძამისს, მუსტაფა I-ს ადარებენ, რადგან ფსიქიური აშლილობებით ისიც ხასიათდებოდა.
ახალი სასულთნოს ეპოქის დასაწყისში ჰარამხანაში გამოჩნდა თურჰან ჰატიჯე სულთანი, რომელიც იბრაჰიმს ქოსემ სულთანმა შეურჩია ხარჭად. იგი შემდგომში მისი მეუღლე, უფლისწულ მეჰმედის დედა და მთავარი ჰასეკი (ცოლი/ ჰარამხანაში იერარქიულად მესამე წოდება) სულთანი გახდა. ქოსემს ის ძალიან უყვარდა, შეიძლება ითქვას, მისი აღზრდილიც კი იყო. ვალიდე სულთანი თურჰანსაც ანდობდა ჰარამხანისა და სახელმწიფო საქმეებს. მან იმდენად შეისწავლა სახელმწიფოს საქმეები, რომ ქოსემ სულთანის ზურგს უკან დაიწყო მოქმედებები. ეს პერიოდი ვალიდე ქოსემის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა, რადგან მას მოუწია მეორე შვილთან დაპირისპირება, მიზეზად კი ის სახელდება, რომ იბრაჰიმმა დიდი ვეზირი აზამი ქემანქეშ მუსტაფა ფაშა, ქოსემის მეგობარი და მრჩეველი სიკვდილით დასაჯა. მის სულელურ მმართველობას უკვე საზღვარი აღარ ჰქონდა. ბოლო პერიოდში ის მარტო ჰარამხანითა და ძვირფასი ბეწვეულით 24 იყო დაინტერესებული. ქოსემმა მისი შვილის უგუნურობის გამო, 1648 წლის 12 აგვისტოს გასცა ბრძანება, რათა სატამბოლის იანიჩართა ორტის შენაერთები სასახლეში შემოიჭრილიყვნენ, რასაც საბოლოოდ იბრაჰიმის ტახტიდან ჩამოგდება მოჰყვა. გადაყენებული სულთანი კაფეზეში ჩაკეტეს. ხოლო იმავე წლის 18 აგვისტოს, იანიჩრებმა დედამისის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. სულთნად თურჰან ჰატიჯე სულთნისა და იბრაჰიმ I-ის ვაჟი მეჰმედ IV აირჩიეს. ეს მოხდებოდა იმ პირობით, თუ ვალიდე ქოსემი განაგრძობდა თავის რეგენტობას იმპერიაში. ვეზირთა სხდომამ ეს წინადადება მიიღო და ვექსილსაც (მეორედ) მოაწერეს ხელი, სადაც სახელმწიფო მოხელეებმა წერილობით დაადასტურეს „დიდი ვალიდე“ ქოსემ სულთნის სამუდამოდ რეგენტის ტიტულის გაგრძელება („დიდი ვალიდე“ და რეგენტი 1648-1651 წლებში / მე-3 რეგენტობა). ხოლო, ახალგაზრდა თურჰანს, ვინაიდან ის სულთნის დედა იყო უმცროსი ვალიდე სულთნის ტიტული მიენიჭა. თურჰანმა რამდენჯერმე სცადა ქოსემის რეგენტობის გაუქმება თავისი შვილისა და დიდი ვეზირის ქუფრიულუ მეჰმედ ფაშას დახმარებით. ერთხელ, როდესაც ფადიშაჰის დივანზე სხდომა მოიწვიეს, რათა ქოსემის ძალაუფლებისთვის ბოლო მოეღოთ, ეს სხდომა ვალიდე-ი მუაზზამა (ყველაზე მაღალი ტიტული იმპერიაში, ეს ტიტული მან მესამე რეგენტობისას მიიღო) ქოსემ სულთანმა ჩაშალა და ვეზირები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ კიდევ თუ ეცდებოდნენ იგივეს, სახელმწიფო უმცროსი ვალიდე სულთნისა და ფადიშაჰის გარეშე დარჩებოდა. ეს, რა თქმა უნდა, მმართველი დინასტიის სიცოცხლეზე თავდასხმის მუქარა იყო.
1651 წელს ქოსემმა გადაწყვიტა თავისი შვილიშვილი ჩამოეცილებინა ოსმალთა სახელმწიფოს ტახტისგან და მის ნაცვლად მეორე შვილიშვილი _ სულეიმანი (ისტორიაში ის მართლაც გახდა სულთანი სულეიმან II-ის სახელით) აიყვანა ტახტზე. ამავე წლის 2 სექტემბერს ქოსემის ბრძანებით მეოთხე გადატრიალების მცდელობა დაიგეგმა. იანიჩრები უნდა შემოსულიყვნენ სასახლეში, მათ უნდა მოეკლათ სულთან მეჰმედ IV და მისი დედა თურჰან ვალიდე სულთანი, მაგრამ თურჰან სულთანმა ეს ჩანაფიქრი შეიტყო და სახელმწიფო მოხელეები, ვეზირები, ყადიები, ულემები და სხვა რელიგიური პირები გააფრთხილა და მათაც იანიჩრებს წინააღმდეგობა გაუწიეს. თოფქაფის სასახლეში სისხლისმღვრელი ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. ვალიდე-იმუაზზამა ქოსემ სულთანი უკვე მე-4 რეგენტობისთვის ემზადებოდა, მაგრამ თურჰანის ხალხმა გაიმარჯვა და 1651 წლის 2 სექტემბერს დედა სულთანი საკუთარ ოთახში სულეიმან აღამ, ვალიდე თურჰანის მსახურმა, თოკით მოახრჩო (ქოსემი ის ერთადერთი ვალიდე სულთანია ოსმალეთის იმპერიაში, ვისზეც ხელი აღმართეს და სასტიკად მოკლეს). მისი ნეშტი ძველ სასახლეში წაიღეს, ხოლო იქიდან თავისი ქმრის სულთან აჰმედის მეჩეთში (Sultan Ahmet Camii-ლურჯ მეჩეთში) გადაასვენეს. მის გარდაცვალებას ოსმალეთის იმპერია 3 დღე გლოვობდა. ქოსემ სულთანს ოსმალეთის იმპერიაში მოიხსენიებენ როგორც „ბრწყინვალე დედას“ („valide-i Muazzama“), „მოკლულ დედას“ („valide-i Maḳtūle“) და „წამებული დედას“(„valide-i Şehīde“). 25 ვალიდე-ი მუაზზამა ქოსემის სიკვდილით დასჯა (1651 წლის 2/IX) საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ვალიდე ქოსემის მმართველობა ოსმალეთის იმპერიაში ერთ-ერთი უძლიერესი ეტაპია, რომლის დროსაც „ქალთა სასულთნომ“ თავის დიდების მწვერვალს მიაღწია.
Комментариев нет:
Отправить комментарий