пятница, 10 сентября 2021 г.

იესე მეფის შთამომავალთა ბრძოლა ქართლის ტახტის დასაბრუნებლად 1730-40-იანი წ-ში (ნ. ჯავახიშვილი)

წინამდებარე გამოკვლევაში შევეცადეთ შეგვესწავლა ბაგრატიონთა დინასტიის ცალკეულ განშტოებათა მიერ ქართლის სამეფო ტახტის დასაუფლებლად გაჩაღებული ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი, კერძოდ, მეფე იესეს შთამომავალთა ბრძოლა ქართლის სამეფო ტახტის დასაბრუნებლად, რაც XVIII საუკუნის 30-40-იანი წლების საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ, ნაკლებად გამოკვლეულ მოვლენას წარმოადგენს.
სამეფო ლეგიტიმიზმის (მომდინარეობს ლათინურად სიტყვიდან ლეგიტიმუს, რაც კანონიერს, მართლზომიერს ნიშნავს) საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ მონარქის ტახტის კანონიერი მემკვიდრეა იმავე მეფის უფროსი ძე. თუ ეს უკანასკნელი ცოცხალი აღარ არის, მაშინ მისი უფროსი ძე. თუ ცოცხალი არც ის არის, მაშინ მისი მომდევნო ძმა. იმ შემთხვევაში, თუ ტახტის მემკვიდრე ქმედუუნაროა, კერძოდ, იმყოფება ტყვეობაში ან სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ ახერხებს თავის სამშობლოში დაბრუნებას, მაშინ მის კუთვნილ ტახტზე შეიძლება ავიდეს მისივე მომდევნო ძმა, ან ძმისწული, ან, უკიდურეს შემთხვევაში, უახლოესი ნათესავი მამრობითი ხაზით. ღოდესაც ცოცხალია მონარქის თუნდაც ერთი შთამომავალი მამაკაცი (მამრობითი ხაზით), მას ტახტზე მეტი უფლება გააჩნია, ვიდრე მდედრობითი ხაზის წარმომადგენელს. სწორედ აღნიშნულ პრინციპს ეყრდნობოდა ქართული სამართალიც უძველესი დროიდან _ XIX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით.
ქართული სამართლის ყველაზე გვიანდელ, საკოდიფიკაციო ძეგლში _ „სამართალი ბატონისშვილის დავითისა“ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავით ბაგრატიონი (1767-1819) აღნიშნავდა: „ვინათგან მეფის ძენი არიან პირველნი წევრნი სამეფოსანი და მათგან შედრგების ღირსებაი მეფობისა, ამისთვის ხამს, რათა იყვნენ იგინი პატივცემულ ყოველთა მიერ და აქვნდესთ, შემდგომადმეფისა პატივისცემა უპირველესი ყოველთა საზოგადოობათაგან... უპირველესი პატივისცემა მათ შორის აქვნდეს უპირველესსა ძესა, ვინათგან არს იგი მემკვიდრე ტახტისა. ხოლო ესე მემკვიდრეობა ტახტისა უპირველესსა ძესა ადრიდგანვე არს შემოღებულ საქართველოსა შინა ამისთვის... მარადის უპირველესნი ძენი იქმნებოდიან მეფედ; და უკეთუ მოკვდეს იგი და დაუშთის ძე, ძე მისი იქმნებოდის, და არა ძმანი. ხოლო წეს-დებულება ესე არაოდეს შეცვლილ არს, ვიდრე დღევანდელ დღემდე. და უკეთუ პირველსა შვილსა არა დაუშთეს მემკვიდრე, შემდგომი იქმნების; და თუ მასცა არა დაურჩების შვილი, _ შედგომი, და ესრეთ შორს იხილე. ხოლო ძეთანი ასულთანი გამორიცხულ არიან ამა ღირსებასაგან“1.

1. სამართალი ბატონისშვილის დავითისა. ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო დავით ფურცელაძემ, თბ. 1964, გვ. 218-219.
XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან ქართლელი ბაგრატიონები, კერძოდ, მეფე ვახტანგ VI-ისა და მისი უმცროსი ძმის მეფე იესეს _ შთამომავლები, აქტიურად ცდილობდნენ მათი კუთვნილი სამეფო ტახტის დაბრუნებას. ამ მიზნით, მათი ნაწილი ვარაუდობდა როგორც შინაური ძალების, ასევე გარეშე ძალთა (რუსეთის, სპარსეთის, ასევე ჩრდილოკავკასიელი მთიელების) გამოყენებას1.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მეფე ვახტანგ VI-ისა და მისი შთამომავლობის რუსეთში გადახვეწისა (1724 წ.) და მეფე იესეს გარდაცვალების (1727 წ.) შემდეგ, ქართლის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრენი იყვნენ ამ მონარქების ძენი (უფროს-უმცროსობის მიხედვით).
ხსენებულ პერიოდში საქართველოში შემორჩენილ ქართლის სამეფო ტახტის ლეგიტიმურ პრეტენდენტთა შორის ყველაზე ანგარიშგასაწევ ფიგურას წარმოადგენდა ბაგრატიონთა ქართლური შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ ბატონიშვილი (1720-1788). მისი მამა იყო ვახტანგ VI-ის ძმა _ იესე, ხოლო დედა _ ელენე-ბეგუმი (1687-1750), ასული მეფე ერეკლე I-ისა (ნაზარალი-ხანისა), ანუ ნახევარი და მეფე თეიმურაზ II-ისა.
აქვე დავსძენთ, რომ იესე ორჯერ მეფობდა ქართლში, პირველად _ 1714-1716 წლებში, როგორც შიიტი მუსლიმი _ ალი-ყული-ხანი, ხოლო მეორედ _ 1724-1727 წლებში, როგორც სუნიტი მუსლიმი _ მუსტაფა-ფაშა. ამდენად, უფლისწული თეიმურაზ იესეს ძე (მომავალში _ კათოლიკოსპატრიარქი ანტონ I) იმ დროისათვის ქართლის სამეფო ტახტის სრულიად კანონიერ პრეტენდენტად მოიაზრებოდა.

1. ნ. ჯავახიშვილი. ნარკვევები ქართველი და ადიღელი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან. თბ. 2005, გვ. 139-142.

ქართლის სამეფო ტახტის დაუფლება სურდა კახეთის მეფეს _ თეიმურაზ II-ს, როგორც სიძეს ვახტანგ VI-ისას, კერძოდ, მისი ასულის _ თამარ ბატონიშვილის მეუღლეს. ამასთან დაკავშირებით მამია დუმბაძე მართებულად მიუთითებდა: „თეიმურაზის „უფლებებს“ ქართლის ტახტზე სუსტი საფუძველი ჰქონდა. მისი მეუღლე თამარი, მართალია, ვახტანგ VI-ის ასული იყო, მაგრამ ვახტანგს, ისევე როგორც მის ძმას იესეს, რომელიც ვახტანგის ირანში ყოფნის დროს მეფედ იყო, ვაჟიშვილი მემკვიდრეები ჰყავდა“1.
საგულისხმოა, რომ საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად, თეიმურაზ II-მ ფრიად მოხერხებულად ჩამოიცილა გზიდან საშიშ კონკურენტად ქცეული თავისივე დისწული _ თეიმურაზ იესეს ძე, რომელიც ბერად აღიკვეცა. ამის თაობაზე ვრცლად ვწერთ ჩვენს სტატიაში2.
მართალია, ანტონი ბერად აღიკვეცა, მაგრამ რუსეთის სენატის იმდროინდელი დასკვნით, საეჭვო ჩანდა, რომ მას მუდმივად მონასტერში ეცხოვრა3. ამრიგად, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ანტონს გაეხადა ბერის სამოსელი და კვლავ საერო ცხოვრებას დაბრუნებოდა. ამას თეიმურაზ II-ც კარგად ხვდებოდა.
1744 წელს სრულიად ახალგაზრდა თეიმურაზ იესეს ძე კათოლიკოს-პატრიარქი გახდა და ცნობილია ანტონ I-ის სახელით. ამის ინიციატორად მოგვევლინა მისი ბიძა თეიმურაზ II, რომლის ვარაუდითაც ამ უმაღლესი სასულიერო თანამდებობით დაკმაყოფილდებოდა ანტონის ამბიცია და იგი მოეშვებოდა ქართლის სამეფო ტახტის დაკავებაზე ფიქრს. თეიმურაზ II შემდგომშიც ეჭვობდა, რომ კათოლიკოსპატრიარქად აღზევებული მისი დისწული მაინც ვერ შეელია მეფობაზე ოცნებას, რის გამოც მისი სამშობლოდან გაძევების მიზეზს ეძებდა.

1. მ. დუმბაძე. ქართლ-კახეთის განთავისუფლება ირანის ბატონობისაგან. წიგნში: „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“. ტ. IV. თბ. 1973, გვ. 608.
2. ნ. ჯავახიშვილი. აფშართა დინასტიის წარმომადგენლებზე ქართველთა ქორწინებების ისტორიიდან. წელიწდეული „საისტორიო კრებული“. ტ. I. თბ. 2011, გვ. 75-82.
3. მ. ქავთარია. XVIII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან. თბ. 1977, გვ. 15.

1755 წლის 16 დეკემბერს გამართულ საეკლესიო კრებაზე ანტონ I-ს კათოლიციზმში დასდეს ბრალი და მის მიერ დაკავებული მაღალი თანამდებობიდან გადააყენეს. თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ დაამტკიცეს საეკლესიო კრების განჩინებაში დადებული აღთქმა, რომ ანტონ I-ს არასდროს აღარ აღადგენდნენ ძველ უფლებებში1. განჩინებაში ვკითხულობთ: „ჩვენ, ცხებულმან მეფემან საქართველოსამან თეიმურაზ და ძემან ჩვენმან, მეფემან კახეთისამან ირაკლიმ ესე აღთქმა და პირი დავამტკიცეთ და უცვალებლად დავდევით კრებასა შინა, ვპოეთ ანტონი კათალიკოზი რომაელთა სარწმუნოებათა აღმსარებლად და და ჩვენთა სარწმუნოებათა შეურაცხ მქნელად, ამას ზედა შევიკრიბენით საბრძანებელთა შინა ჩვენთა ქართლისა და კახეთისა მიტროპოლიტნი და ეპისკოპოსნი, არქიმანდრიტნი და წინამძღვარნი, აგრე ორთავე სამეფოთა მთავარნი და დარბაზის ერნი. მიუვლინეთ მოციქულნი. ვკითხეთ და ვამხილეთ მისი ბოროტი ცთომილება. ხოლო მან საანჯმნოდა აღიარა ჩვენისა სარწმუნოებისაგან მიდრეკა და ლათინთა სარწმუნოებისა აღსარება დაამტკიცა. ესე აწ შეკრებულმან წმინდამან კრებამან უგულებელ ჰყო და ანტონი კათალიკოზი სამოციქულოსა საყდრისა და კათოლიკე ეკკლესიისაგან ჯეროვნად აღვხვრათ და კათოლიკოზობისაგან განვაყენეთ.
აწ ესე პირი დავამტკიცეთ, უკეთუ სამეოხოთა სიტყვითა რომელმანმე ჩვენ მეფე თეიმურაზ, ანუ ძემან ჩვენმან მეფე ირაკლიმ და ყოველთა საქართველოთაგან ანუ მთავარმა ქენებითა ანუ რომლითამე მიზეზითა ესე აღთქმული შევცვალოთ და კუალად წმიდისა და ერთარსისა სამებისასა და ყოველთა მგმობართა თანა დაიწესების ცხოვრება ჩვენი და წმიდათა დიდთა მსოფლიოთა კრებათაგან ხვებულად შეჩვენებითამც აღვიხოცებით“2.

1. ს. ავალიანი. ანტონ პირველი (ბაგრატიონი). თბ. 1987, გვ. 12- 17; 33.
2. მ. ქავთარია. XVIII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან, გვ. 17-18.
3. ს. ავალიანი. ანტონ პირველი (ბაგრატიონი), გვ. 33-35; 75-76.

აქვე უნდა ითქვას, რომ ფიცის ქვეშ დადებული ეს პირობა ერეკლე II-მ თავისი მამის გარდაცვალებისთანავე (1762 წლის იანვარი) დაარღვია. მისი მოწვევით, 1763 წლის 20 მარტს ანტონი საქართველოშიდაბრუნდა და კათოლიკოს-პატრიარქის უფლებებშიც აღდგა3.
ქართლის ტახტისმაძიებელთა შორის იყო ასევე მეფე იესეს ძე, უფლისწულ თეიმურაზის (იგივე ანტონ I-ის) უფროსი ნახევარძმა, მხევლისაგან ნაშობი არჩილ ბატონიშვილი (გამაჰმადიანების შემდეგ _ აბდულა-ბეგი). მას ცოლად ჰყავდა ერეკლე I-ის მხევლისაგან ნაშობი ასული, თეიმურაზ II-ის ნახევარდა _ ქეთევანი. სპარსეთის ხელისუფლებამ აბდულა-ბეგი სხვადასხვა დროს დანიშნა: ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის ნაიბად ანუ გამგებლად (1735 წ.), ხოლო 40-იანი წლების დამდეგს _ თბილისში მჯდომი სპარსელი ხანის მრჩევლად. 1744 წელს მას საუფლისწულო მამულად ქვემო ქართლი გადასცეს. მან გააფართოვა და გააძლიერა სამშვილდის მიუვალი ციხე-სიმაგრე.
1747 წელს, როდესაც ნადირ-შაჰის ბრძანების შესაბამისად, თეიმურაზ II ისპაჰანს გაემგზავრა, მან ქართლის მმართველობა გადასცა თავის ძეს _ კახეთის მეფე ერეკლე II-ს, ხოლო მის დამხმარედ აბდულა-ბეგი დანიშნა. ამ უკანასკნელმა გამეფება მოინდომა და ერეკლე II-ს დაუპირისპირდა. აბდულა-ბეგის მოკავშირენი იყვნენ: დაღესტნელი ბელადები, ბორჩალოს სულთანი, მომთაბარე ელების ტომი, თბილისის ციხე-სიმაგრეში მდგარი ყიზილბაშთა გარნიზონი, ნადირ-შაჰის პოლიტიკით უკმაყოფილო ყიზილბაში სარდლები და სპარსეთის ტახტის ერთ-ერთი მაძიებელი, რომელმაც აბდულა-ბეგს „ქართლის ვალის“ (ანუ გუბერნატორის) ტიტულიც უბოძა. ყოველივე ამის გამო, მის საბოლოოდ დასამარცხებლად ერეკლე II-ს ერთწლიანი ბრძოლის წარმოება დასჭირდა1.
ქართლის სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად ისწრაფვოდა ასევე მეფე იესეს ძე, აბდულა-ბეგის უმცროსი ძმა, მაჰმადიანი ბატონიშვილი _ ისაყ-ბეგი, რომელიც XVIII საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ქართლის ნაიბი ანუ გამგებელი იყო. 1742 წელს არაგვის საერისთავოში მომხდარი გლეხთა აჯანყებისას, მან იქ გაბატონება სცადა, მაგრამ თეიმურაზ II-მ მისი განდევნა მოახერხა. 1744 წლიდან ისაყ-ბეგი იყო ქართლის ჯანიშინი ანუ მეფისნაცვალი, თუმცა თავისი ძმის _ აბდულა-ბეგის მხარდაჭერისათვის, იგი მალევე გადააყენეს.

1. მ. დუმბაძე. ქართლ-კახეთის განთავისუფლება ირანის ბატონობისაგან. წიგნში: „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“. ტ. IV. თბ. 1973, გვ. 607-608; დ. მეგრელაძე. აბდულა-ბეგი (არჩილი). ენციკლოპედია „საქართველო“. ტ. I. თბ. 1997, გვ. 26.

1750 წელს ისაყ-ბეგი ქრისტიანულად მოინათლა და ალექსანდრედ იწოდა. მან ქვემო ქართლში საუფლისწულო მამული მიიღო. 1759 წლიდან იგი რუსეთში გადასახლდა1.
აქვე დავსძენთ, რომ ამ ალექსანდრეს შვილიშვილი იყო სახელგანთქმული მხედართმთავარი, ინფანტერიის გენერალი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1765-1812).
აბდულა-ბეგის (იგივე არჩილის) ვაჟი _ დავითი უშუალოდ მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის ვაჟის _ უფლისწულ პაატას შეთქმულებაში, რომელიც 1765 წელს გამჟღავნდა2, მაგრამ ეს საკითხი უკვე სცილდება ჩვენი წინამდებარე გამოკვლევის ქრონოლოგიურ ჩარჩოს.
ამრიგად, XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ქართლის შტოს წარმომადგენლები, კერძოდ, მეფე იესეს შთამომავლები აქტიურად ცდილობდნენ მათი ლეგიტიმურად კუთვნილი სამეფო ტახტის დაბრუნებას. ამ მიზნით, მათი ნაწილი ვარაუდობდა როგორც შინაური ძალების, ასევე გარეშე ძალთა (რუსეთის, სპარსეთის, ასევე ჩრდილოკავკასიელი მთიელების) გამოყენებას.

1. ლ. ტუხაშვილი. რუსეთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ. 1983, გვ. 100.
2. ნ. ჯავახიშვილი. 1765 წლის შეთქმულების მონაწილეთა იდენტიფიკაციისათვის.
თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის „შრომები“. ტ. VII. თბ. 2013.

დამოწმებანი:
1. სამართალი ბატონისშვილის დავითისა. ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო დავით ფურცელაძემ, თბ. 1964, გვ. 218-219.
2. ნ. ჯავახიშვილი. ნარკვევები ქართველი და ადიღელი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან. თბ. 2005, გვ. 139-142.
3. მ. დუმბაძე. ქართლ-კახეთის განთავისუფლება ირანის ბატონობისაგან. წიგნში: „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“. ტ. IV. თბ. 1973, გვ. 608.
4. ნ. ჯავახიშვილი. აფშართა დინასტიის წარმომადგენლებზე ქართველთა ქორწინებების ისტორიიდან. წელიწდეული „საისტორიო კრებული“. ტ. I. თბ. 2011, გვ. 75-82.
5. მ. ქავთარია. XVIII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან. თბ. 1977, გვ. 15.
6. ს. ავალიანი. ანტონ პირველი (ბაგრატიონი). თბ. 1987, გვ. 12-17; 33.
7. მ. ქავთარია. XVIII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან, გვ. 17-18.
8. ს. ავალიანი. ანტონ პირველი (ბაგრატიონი), გვ. 33-35; 75-76.
9. მ. დუმბაძე. ქართლ-კახეთის განთავისუფლება ირანის ბატონობისაგან. წიგნში: „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“. ტ. IV. თბ. 1973, გვ. 607-608; დ. მეგრელაძე. აბდულაბეგი (არჩილი). ენციკლოპედია „საქართველო“. ტ. I. თბ. 1997, გვ. 26.
10. ლ. ტუხაშვილი. რუსეთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ. 1983, გვ. 100.
11. ნ. ჯავახიშვილი. 1765 წლის შეთქმულების მონაწილეთა იდენტიფიკაციისათვის. თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის „შრომები“. ტ. VII. თბ. 2013

Комментариев нет:

Отправить комментарий