ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის XVII საუკუნის ირანული წყარო შაჰ აბას I-ის (1587-1629) მმართველობის პერიოდს მოიცავს და წარმოადგენს ფაზლის დაკარგულად მიჩნეული ქრონიკის, „აფზალ ალთავარიხის“ (მშვენიერი ისტორია) მესამე ნაწილს. თხზულების აკადემიური ტექსტი 2015 წელს გამოიცა.
წარმოშობით ისფაჰანელი ფაზლი ბეგ ხუზანი ირანული ბიუროკრატიის მაღალ წრეს მიეკუთვნებოდა. მის ნათესავებს ძირითადად მაღალი თანამდებობები ეკავათ. ფაზლის კარიერაც თავიდანვე კავკასიასთან და, კერძოდ, საქართველოსთანაც იყო დაკავშირებული. 1608 წელს შაჰ აბასმა ბარდავის მმართველად დანიშნა ფეიქარ ბეგი, (იგივე ფეიქარ ხანი, კახეთის მმართველი (1616-1625) რომლის ვეზირი გახდა ფაზლის უფრო ძმა, მუჰამად ბეგი. ფაზლი ხუზანიმ თექვსმეტი წლის ასაკში ფეიქარ ბეგის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი თავად გახდა ფეიქარ ბეგის ვეზირი. ეს თანამდებობა მას ათი წლის განმავლობაში ეკავა (1616-1625). ფაზლის საკმაოდ დეტალურად აქვს აღწერილი შაჰ აბასის მმართველობის პერიოდი და, განსხვავებით ისქანდერ ბეგ მუნშისგან, ნაკლებად პანეგირიკულია შაჰ აბასთან მიმართებით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზემოთ დასახელებული ქრონიკების ავტორი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანი ყიზილბაშების ბატონობის პერიოდში (1616-1625) კახეთის მმართველის, ფეიქარ ხანის ვეზირი გახლდათ. სწორედ ამიტომ, როგორც სეფიანთა ირანისა და საქართველოს იმდროინდელი მოვლენების დიდი ნაწილის თვითმხილველი, ქართველების შესახებ მრავალი ცნობის ავტორადაც გვევლინება.
„აფზალ ალ თავარიხი“ არის მნიშვნელოვანი წყარო არა მხოლოდ სეფიანთა ირანის პერიოდისა (1501-1722), არამედ საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის ისტორიის შესასწავლად.
ზემოთდასახელებული თხზულება სრულიად ახლებურად გვიხატავს XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიპეტიებს.
თხზულებაში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიისთვის დღემდე უცნობი არაერთი ფაქტი. იგი მოიცავს ისეთ პასაჟებს, რომლებიც ინფორმაციულად ავსებს და განსხვავებული კუთხით გვაჩვენებს საქართველოს ისტორიისთვის უკვე ნაცნობ მოვლენებსაც.
ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, სამეცნიერო წრისთვის გაგვეცნო ამ წყაროში არსებული რამდენიმე ეპიზოდის შესახებ5
ვაგრძელებთ მუშაობას ამ წყაროს ქართული თარგმანისა და მისი სამეცნიერო შესწავლის კუთხით. ამჯერად წარმოგიდგენთ ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანისეულ ვერსიას, რომელიც ასახავს, თუ როგორ მოკლა კონსტანტინე მირზამ მამამისი, კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1605) და, ასევე, ცნობას თავად კონსტანტინეს მოკვლის შესახებ.
ის, რომ კონსტანტინე მირზამ საკუთარი მამა და ძმა მოკლა, საქართველოს ისტორიისთვის ცნობილი ფაქტია, თუმცა ეს სრულიად სხვაგვარადაა აღწერილი ფაზლი ხუზანი ესფაჰანისთან. ამ კონკრეტულ თავში ავტორი გადმოგვცემს კონსტანტინე მირზას, მამამისის, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ისა (1574-1601, 1602-1605) და მისი ძმის, გიორგის შეხვედრის ამბავსა და მათ შორის გამართულ დიალოგს. წამოწეულია ამ კონფლიქტის ის მიზეზები, რომლებიც დღემდე უცნობია საქართველოს ისტორიისთვის; ვერ ვხვდებით ამგვარ ცნობას ვერც ისქანდერ მუნშის წყაროში, მაშინ, როდესაც ამ პერიოდის ყველაზე ვრცელი ირანული ქრონიკა ირანსაქართველოს ურთიერთობების შესახებ სწორედ რომ ისქანდერ ბეგ მუნშის ეკუთვნის და რომ არა ისქანდერ ბეგ მუნშის „ალემ არაიე აბასის“ („ქვეყნის დამამშვენებელი აბასის ისტორია“) ქართული თარგმანი,6 უცნობი იქნებოდა ძალიან ბევრი ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ XVI სის მეორე ნახევრისა და XVII საუკუნის პირველი ნახევრის ირანსაქართველოს ურთიერთობებიდან, არამედ ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის მთელი რიგი საკითხების შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფაზლის შაჰ აბასის ქრონიკა თავისი მოცულობითაც მნიშვნელოვანია („აფზალ ალ თავარიხში“ საქართველოს 50 თავი ეძღვნება) და ცნობებიც საქართველოს შესახებ გაცილებით მეტია, ვიდრე ისქანდერ ბეგ მუნშის „ალემ არაიე აბასიში“.
ფაზლი ხუზანი ასევე ვრცლად მოგვითხრობს თავად კონსტანტინე მირზას მკვლელობის ამბავსაც, რომელშიც ნათლად ჩანს ქეთევან დედოფლის როლი საქართველოს ისტორიისთვის ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენაში (იგულისხმება ქართველთა შეთქმულება კონსტანტინეს წინააღმდეგ).
XVI საუკუნის დამდეგიდან გაჩაღებული ირანოსმალეთის ომის მთავარ ასპარეზს ამიერკავკასია წარმოადგენდა. ალექსანდრე II ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და ცდილობდა, მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა ირანსა და ოსმალეთთან. იგი იყო ირანის ვასალი; ასევე, ოსმალეთის ვასალი 1578 წლიდან, ხოლო 1589 წელს მან რუსეთის მეფისაგან მიიღო მფარველობის ოფიციალური დადასტურება , იგივე “წყალობის სიგელი.
ბუნებრივია, შაჰს აბას Iს ხელს არ აძლევდა რუსეთისა და კახეთის დაახლოება, მაგრამ, რადგანაც ოსმალეთთან ბრძოლაში რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, მისდამი მტრობას არ ამჟღავნებდა; მიუხედავად ამისა, ფარულად კახეთზე გადამწყვეტ თავდასხმას ამზადებდა და ალექსანდრე IIის კარზე ინტრიგასაც აღვივებდა. „შაჰაბასი, გასაგებია, კახეთის საკითხში ერანის უფლებების შელახვაზე „მეგობართან“ სიტყვის ჩამოგდებას ეხლა მოერიდებოდა. და მოსკოვიც არ იყო უკმაყოფილო შაჰის ასეთი პოზიციით (თუმცა რუსეთკახეთის აქტის იურიდიულად ცნობას ერანის შაჰის მხრით მოსკოვი ამის შემდეგაც დაჟინებით ცდილობდა, მაგრამ ასეთ ცნობას ასეთივე დაჟნებით გაურბოდა შაჰაბასი ...)“.
საქართველოს ისტორიიდან ცნობილია (ამასვე წერს ისქანდერ მუნში), რომ ალექსანდრე IIს, რომელსაც შაჰისათვის ერთგული სამსახურისა და მორჩილების პირობა ჰქონდა მიცემული, თავისი ვაჟი კონსტანტინე ბავშვობიდან შაჰის კარზე ჰყავდა გაშვებული. კონსტანინე შაჰ აბასის ერთგული მსახური იყო. შაჰ აბასი მას შირვანის ბეგლარბეგობას დაჰპირდა. როგორც მუნშისთან ვკითხულობთ, შირავანზე გასალაშქრად კონსტანტინეს მამამისის, ალექსანდრეს დახმარება სჭირდებოდა და ამ მიზნით იგი საქართველოში, მამასთან წამოვიდა; ალექსანდრე კი დახმარებაზე ფეხს ითრევდა. არ უნდოდა დახმარება ასევე არც კონსტანტინეს ძმას, გიორგის. მუნში წერს, მას არ სურდა, რომ კონსტანტინეს მის მეზობლად ჰქონოდა ძალაუფლებაო. განსხვავებით ქართველი მემატიანეებისგან, მუნშისთან არაა ნახსენები, თითქოს კონსტანტინე კახეთში კახეთის ტახტის ხელში ჩასაგდებად ჩამოვიდა.
ქართულ წყაროებში ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ვკითხულობთ:
ბერი ეგნატაშვილი: შაჰ აბასმა კონსტანტინე გამოაგზავნა საქართველოში. გამოატანა ხალათი ალექსანდრესთვის (მამამისისთვის) და უთხრა: „დავით ხომ მომკუდარა და სხუა აღარავინ დარჩომილა მამის შენის მეტი, წადი და მოკალ მამაშენი და ძმაშენი, და კახეთიც შენ დაიჭირე”... „დღესა ერთსა აწვია თვისსა კარავსა მამაცა და ძმაცა თვისი და უთხრა ესრეთ, ვითარმედ: „ყაენის საქმე მაქვს“, და დაითხოვნა კაცნი და წარვიდენ კარვად თვისად, და დარჩა მას თანა რუსთველი და ძმა მისი. და რაჟამს ესრეთ დაახელა, მაშინ დაპირებული ჰყვანდა ყიზილბაშის ჯარი და შემოცვივდენ კარავშია და უღალატა და დახოცეს“
ვახუშტი ბატონიშვილი: „მომკუდარ არს დავით ძმა შენი და არს მამა შენი მოხუცებული და ძმა შენი გიორგი, აწ ვინაითგან ხარ შენ რჯულისა ჩემისა მტკიცედ და მეფობისა ჩემისა სარწმუნო, მოგცნე სრულიად სპანი შირვანისანი შემწედ, ხალათი და ნიჭი მამისათვის, წარვედ და მოჰკალ ორნივე და შენ დაიპყარ კახეთი და ჰყავ მაჰმადიან“. „ხოლო დღესა ერთსა ეტყოდა კონსტანტინე მამასა: „მაქუს სიტყუა თავისწინაობასა შინა ბრძა ნებული ყეენისა“. ალექსანდრემ დამსწრეებს გასვლა უბრძანა, ამ დროს „გამოვიდნენ პაემნით მობირებულნი სპანი და მოურთნეს მახვილნი და მოკლეს მეფე ალექსანდრე და ძე მისი გიორგი...“
ფარსადან გორგიჯანიძესთან ვკითხულობთ, რომ ყაენი ალექსანდრეზე ნაწყენი იყო იმის გამო, რომ იმან განჯის ბეგლარბეგი შეიპყრო და ხელბორკილებით ხონთქარს გაუგზავნა. კონსტანტინეს უთხრა: „მე მამის შენისა დიდი ჯავრი მაქვსო. რა შირვანი დაიჭირო, მამა შენი მოკალო და კახეთიც შენთვის მამიციაო“... „გაუწყრა ღმერთი კონსტანტილეს, სწვალა მამაშვილობა, მამაც მოკლა და ძმაცა“. მამისა და ძმის მოსაკლავად უშვებს შაჰი კონსტანტინეს არაქელ დავრიჟეცის თხზულების მიხედვითაც.
მუნში ამგვარად აღწერს ამ ამბავს: ერთ დღეს კონსტანტინემირზა ამირებთან ერთად თავისი ბანაკიდან გამოვიდა ცხენით და მამისის სადგომში მივიდა. მან ძმაც იხმო, შირვანზე გალაშქრების შესახებ დაუწყო ლაპარაკი და მკვახე [სიტყვებით მიმართა მათ]. თუმცა ამგვარად ელაპარაკებოდა (ე.ი. ასეთი კატეგორიული ლაპარაკი ჰქონდა), მაგრამ ალექსანდრე ხანმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა და ის (კონსტანტინე) ქართველებში დატოვა, თვითონ კი თავის ოთახში წავიდა. გიორგიმირზაც მამის მსგავსად მოიქცა და თავისი სადგომისკენ გაემართა. კონსტანტინეხანმა მათი ასეთი ქცევა და უყურადღებობა ვეღარ აიტანა, ძმას დაედევნა და როცა დაეწია, დაუწყო ქართულად ლანძღვა. ის გაჩერდა და ძმას ამ სიტყვებზე პასუხი გასცა. კონსტანტინე მასთან ახლო მივიდა, „სისხლისმღვრელი მახვილი იშიშვლა შურისძიების ქარქაშიდან“, დაჰკრა მას და თვალის დახამხამებაში გაათავა. იქიდან გამობრუნდა და მამის ოთახში (ხალვათხანაში) წავიდა. ამირებიდან შაჰმირხანი და ალიხან მოვაფეყი მასთან ერთად შევიდნენ ხალვათხანაში. ბექთაშსულთან მოვსილუ თორქემანი ყიზილბაშების ერთი ჯგუფით გარეთ იდგა. მან (კონსტანტინემ) მამას ქართულად დაუწყო ლაპარაკი. მამა უგუნურად მის ლანძღვას მოჰყვა. ამ დროს შეიტყო მან გიორგიმირზას [მოკვლის] ამბავი, ყვირილი ასტეხა და ქართველ აზნაურებს უბრძანა, დაეხოცათ ყიზილბაში ამირები. ალიხან მოვაფეყი ხმლით ეცა მას, შაჰმირხანმა კი ბოლო მოუღო.“
როგორც ვხედავთ, მუნშისგან განსხვავებით, ქართულ წყაროებში შაჰი პირდაპირ მამის მოსაკლავად უშვებს კონსტანტინეს, ხოლო მუნშისთან – მამის დასაყოლიებლად. მუნშისთან ცხადად ჩანს, რომ შაჰს ალექსანდრე შირვანზე გასალაშქრებლად სჭირდება.
მუნშის მსგავსად, თუმცა უფრო მოკლედ აქვს აღწერილი ეს ეპიზოდი ჯალალ ადდინ მოჰამად იაზდის და ანალოგიურად აღწერს ამავე ეპიზოდს აჰმად ჰუსაინ ხალიფა თავის თხზულებაში, რომლის ხელნაწერის აკადემიური ტექსტი ახლახან გამოიცა. წყაროს მიხედვით „საზიზღარმა კონსტანტინემ უხეშად მიმართა მამას და ლანძღავდა მას“, შემდეგ კი სცენა ვითარდება ზუსტად ისე, როგორც მუნშისთან.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიდევ უფრო განსხვავებულად და ვრცლად აღწერს ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანი ამ ამბავს: „კონსტანტინე ხან ქართველი მამამის ალექსანდრე ხანთან და სულთნებთან ერთად გურჯისთანის ველაიათში წავიდა. შეთანხმება იყო ასეთი, რომ ნოურუზის შემდეგ შეკრებდა ლაშქარს და სულთნებთან ერთად შირვანისკენ წავიდოდა. კონსტანტინე მირზამ პატივისცემით შეუთვალა თავის დიდებულ მამას, აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ქვეყანა ვმართო, გამომდინარე თქვენი მსახურებიდან მისი უდიდებულესობისადმი [და პირობისგან], თუკი ქართველების რაზმს მოგვცემთ, შაჰის ხალხიც საქართველოს გასათავისუფლებლად აღდგება, რათა ჩვენ შევძლოთ, ოსმანთა ტომს სული ამოვხადოთ. ალექსანდრე ხანი დროს გან- ზრახ აჭიანურებდა. ერთი თვის შემდეგ, კონსტანტინემ სულთნებს უხმო და თავისი მამისა და ძმის უმადურობის შესახებ უამბო.“ თუმცა კონსტანტინე ხანისთვის ცნობილი ხდება, რომ : „[როგორც ჩანს] წინასწარ შუტყვიათ რა ამბავი მისი უდიდებულესობისა და ჯაღალისგან, გამარჯვების კვალის მა- ტარებელი ლაშქარი შეაყოვნეს“ და ფაზლის მიხედვით, სწორედ ამის შემდეგ იღებს იგი ძმისა და მამის მოკვლის გადაწყვეტილებას. „და [კონსტანტინემ] საკუთარი მამისა და ძმის მოკვლა გადაწყვიტა“, წერს ფაზლი.
დილით კონსტანტინემ ალექსანდრე ხანი, შაჰმირ ხანი, (კონსტანტინე ხანის ხელქვეითი ამირა, რომელიც წარმოშობით შაქის ველაიათის ძველ ვალიებს ეკუთვნოდა) ალი ხან სოლთანი და მამამისის მაჯლესის სხვა წევრები შეკრიბა, რათა დალაპარაკებოდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე უზრდელად ელაპარაკებოდა მამამისს, ეს უკანასკნელი მშვიდად დაჰპირდა მას: „ალაჰის შეწევნით ლაშქარს მოვუხმობ და გამოგიგზავნიო“, თუმცა კონსტანტინე მირზა მაინც ძალიან აღელვებული იყო და უხეშად ელაპარაკებოდა მამამისს. გორგინ მირზა [უფლისწული გიორგი], შეეწინააღმდეგა ძმას და ქართულად უთხრა: „ნეტავ სულ არ დაბადებულიყავიო“, რის მერეც კონსტანტინემ იგი ხმლით აკუწა. ამის შემდეგ, მივიდა მამასთან და შაჰმირ ხანსა და ალი ხან სოლთანს, რომლებიც ალექსანდრე ხანის მახლობლად ისხდნენ, თბილად ესაუბრებოდნენ მას [ალექსანდრეს] და საბრძოლო საკითხებს განიხილავ- დნენ, უთხრა: „რას დამდგარხართ, მოკალით ეს ბებერი ურჯულო და მისი ორგულობის სასჯელი აჩვენეთ! მე მოვუღე ბოლო გორგინ ხანს!“ და მაშინათვე შაჰმირ ხანმა გადაუგდო რა ხმალი ალი ხან სოლთანს, ამ უკანასკნელმა ბოლო მოუღო ალექსანდრეს“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფაზლის თხზულებაში დაწვრილებითაა აღწერილი მიზეზები, დიალოგი, მთელი რიგი წინაპირობები, რაც წინ უძღოდა კონსტანტინეს მიერ მამისა და ძმის მოკვლას. ასევე, ამ ეპიზოდის დეტალური აღწერაა, რაც ნამდვილად აკლია არა თუ ქართულ და სხვა ირანულ წყაროებს, არამედ თვით ისქანდერ მუნშისაც კი.
კონსტანტინე მამისა და ძმის განძს დაეპატრონა და საქართველოს სრულუფლებიანი მბრძანებელი გახდა. მალევე კახელები აჯანყდნენ, ხოლო კონსტანტინე ტახტის შენარჩუნებას შეეცადა. ქართული წყაროების მიხედვით, კონსტანტინემ თავისი ძმის ცოლს, ქეთევანს, დაქორწინება შესთავაზა: “რამეთუ ჯერ არს სჯულსა მაჰმადისა შერთვა რძლისა და აწ მე დავიპყარ კახეთი ნებითა ყეენისათა, შემირთევ და იყავ კუალადცა დედოფალი და, უკეთუ არა ინებო, მე ძალით ვყო ესე“ „შეგირთავ ცოლად და შენცა მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისა“ ამასვე წერს ფარსადან გორგიჯანიძე.
ისქანდერ მუნშის მიხედვით, კონსტანტინე ხანმა ქეთევან დედოფალთან კაცი გაგზავნა და შეუთვალა, რომ გარდა რამდენიმე კაცისა, რომელთაც ჩემი მოკვლა მოინდომეს, სხვას არავის ვავნებო. წყალობასა და სიკეთეს დაჰპირდა ეს უკანასკნელი ასევე სამეფო ოჯახის წევრებსაც. დედოფალიც „კეთილად მოეპყრა და თავაზიანად შეხვდა“ კონსტანტინეს მიერ გამოგზავნილ კაცს, თუმცა შაჰისგან თავისი არზის პასუხს ელოდა და, როგორც კი შეიტყო, რომ შაჰი კონსტანტინეზე გაბრაზებულია და „მისი ცდა იმ ქვეყანაში გაბატონებისა შაჰის მიერ მოწონებული არ ყოფილა“, შემოიკრიბა მომხრეები და „კონსტანტინესთან ბრძოლა და ჭიდილი იწყეს.“ მუნშის აღწერილი აქვს, თუ როგორ მოკლეს კონსტანტინე, როდესაც თავისი ღოლამის, ღარჩიღა სულთნის დასახმარებლად „მოუთმენლად სიმამაცის ცხენი გააჭენა“. კონსტანტინე რამდენიმე ქართველს უცვნია, ის არ გაქცე ულა და ასე მოუკლავთ. მუნში ასევე აღნიშნავს, რომ ქეთევან დედოფალი „სახელმწიფო საქმეების მთავარი გამგებელი იყო“.
კონსტანტინეს წინააღმდეგ ქართველთა შეთქმულების შესახებ, კერძოდ, კონსტანტინე მირზას მოკვლის ამბავს უფრო ვრცლად და განსხვავებულად მოგვითხრობს ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანი და, ასევე, ხაზს უსვამს ქეთევან დედოფლის როლს საქართველოს ისტორიისთვის ამ ესოდენ მნიშ- ვნელოვან მოვლენაში. დედოფალს ავტორი შემდეგი ეპითეტებით ამკობს: „მისი უდიდებულესობის ფრთის ქვეშ მყოფი საქართველოს მნიშვნელოვანი მმართველი, ქეთევან დედოფალი“; „იმ დროის ყველაზე ბრძენი ქალი, ქეთევან დედოფალი. აფზალ ალ თავარიხის მიხედვით, ქეთევანის შვილები ელენე და თეიმურაზი შაჰის კარზე იმყოფებოდნენ. თავად დედოფალს მორჩილებისა და სიმშვიდის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენოდა და ქმრის ძმას (კონსტანტინეს) დამორჩილდა. თუმცა, შეკრიბა ის ქართველები, რომლებისთვისაც მუსლიმი მეფე მიუღებელი იყო და „და რომლებიც დავითის ტახტზე მორასა გვირგვინით შემკულს დასვამდნენ ქალს იმ შემთხვევაში, თუკი არ ეყოლებოდათ მამაკაცი მეფე“.... დედოფალი მიხვდა, რომ [შესაძლოა] ხანს [კონსტანტინეს] ამეფებდნენ, მის წინაშე დაიჩოქა, როგორც ამას ეტიკეტი მოითხოვდა და [მას] პატივი და მორჩილება აღუთქვა“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუკი ისქანდერ ბეგ მუნშისთან ნახსენებია ქართველების (და ცხადია, ქეთევან დედოფლის) მიერ შაჰ აბასთან გაგზავნილი წერილი („რომელშიც ისინი მრავალ ცუდ საქციელს უჩიოდნენ კონსტანტინეხანს“), ფაზლი ბეგ ხუზანისთან, სავარაუდოდ, იმავე წერილის ვრცელ შინაარსსაც ვკითხულობთ: „[კონსტანტინეს] მმართველობის შემდეგ, საქართველოსა და შირვანის ველაიათებში, გარემოება შეიცვალა. დიდგვაროვნები, რომლებიც მას გვერდში ედგნენ, ნაცვლად სიკეთის გამომჟღავნებისა, მოიძულა. თვლის რა თავის თავს ამ ველაიათის ბატონპატრონად, ხშირად შეურაცხყოფასაც აყენებს მათ! თავისი ძლიერი და მკაცრი ხელი დაატყო რა იმ ველაიათს, მოსახლეობისგან უამრავ საჩუქარს იღებს დაახლოებით ათას თუმანს, ათ ხარვარ (წონის საზომი ერთეული, რომელიც 300 კგ-ის ტოლია.) აბრეშუმს, ოცი ხარვარის რაოდენობის მოსავალს35. ამგვარი ვითარების გამო, შემახას ციხის აღების შემდეგ, უკვე ამბოხის სუნი დადგა. ის ვეღარ იქნება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მისმა უდიდებულესობამ შეიყვარა, ახლობლად მიიჩნია და სიკეთე აჩვენა”. ფაზლი წერს, რომ კონსტანტინეს მიერ ქართველი დიდებულებისადმი გამოხატულმა უნდობლობამ გააბრაზა ეს უკანასკნელნი და ქეთევან დედოფალი. ისინი არ ენდობოდნენ რა კონსტანტინეს, „და დედოფალმა, რომელსაც ეშინოდა, ლუარსაბ ხანის და დავითის მოდგმის დინასტია არ დამარცხებულიყო, თავისთან იხმო ალექსანდრე ხანის ეშიკაღასი ბაში (თურქ. ობერ ცერემონმაისტერი) ქაიხოსრო ბეგი, გვარამის ძე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოსი იყო, ალავერდის მღვდლები, აზნაურები, მოურავები და მხარის ქედხოდები.(სპარს. მამასახლისი, უბნის უფროსი, გვარის ან ტომის მეთაური) მათ ერთმანეთთან მოითათბირეს [თქვეს], რომ, თანახმად დავით წინასწარმეტყველისა, რომლის წინასწარმეტყველებასაც მიაწერენ თავიანთი [ბაგრატიონთა] სამეფო შტოს წარმოშობას, არ შეიძლება, კახეთის მეფე მუსლიმი იყოს, თანახმად უფლისა, რომელსაც ისინი ღმერთს უწოდებენ, მამისა და უფროსი ძმის მკვლელი არ ეგების, გამეფდესო!“ ამის შემდეგ ქეთევან დედოფალმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა ერთხმად გადაწყვიტეს კონსტანტინე მირზას მოკვლა.
ფაზლის თხზულების მიხედვით, კონსტანტინე ხანისთვის შეთქმულების შესახებ შეუტყობინებიათ. უთქვამთ, გემდურიან იმის გამო, რომ ფულს ართმევდი მათ და ავიწროებდიო და მისთვის გარკვეული ხარჯის გაღება ურჩევიათ. ხანიც დათანხმებულა, თუმცა მისი მოკვლა უკვე გადაწყვეტილი იყო და, როგორც ეს ქართველებს სჩვევიათ, ყიჟინით შეცვენილან ხანის კარავში. ფირი ბეგ ჩაქერლუმ, (მოლაზემი ყარაბირი – ასეა ნახსენები ეს პიროვნება ისქანდერ მუნშისთან) რომელიც მის უდიდებულესობას ხანის ამბის გასაგებად გამოეგზავნა, შეიტყო რა ეს ამბავი, მივიდა ხანის კარავში და ალი ხანის (ალი ხან მოვაფეყი) კარავში გადაიყვანა იგი [კონსტანტინე]. ალი ხანი რუმელი (თურქი) იყო და მის უდიდებულესობასთან ერევანში მსახურობოდა. როდესაც ყიზილბაშებმა ქართველები დაინახეს, იფიქრეს, თურქების მხარეს გადავიდნენო, ქარნას დააძახეს და ხანი ცხენზე შესვეს. ქართველებმა რომ ქარნას ხმა გაიგონეს, მიხვდნენ, რომ ხანი ცოცხალია და დაიქსაქსნენ. დედოფალი და თავადები საქართველოს გზას გაუდგნენ. ხანმა მათ მთელი ღამე სდია უკან, მაგრამ ვერ დაეწია... დილით ხანი ქართველებს დაეწია. ქართველებმა უთხრეს, ჩვენი დევნა კარგს არაფერს მოგიტანს, სანამ კიდევ ერთი კაცი მაინცაა ცოცხალი ჩვენგან, უკან არ დავიხევთო! სულთნებიც, მიხვდნენ რა, რომ ვერ შეებრძოლებოდნენ, გაბრუნდნენ, ‒ წერს ფაზლი.
აფზალ ალ თავარიხის მიხედვით, შაჰი კონსტანტინეს აღარ მიეშველა, რა დგან აღარ ენდობოდა მას. როდესაც კონსტანტინე შაჰმა თავისთან იხმო, იგი მას არ ეახლა მას. ფაზლი წერს, რომ კონსტანტინეს შერცხვა თავისი საქციელის გამო.
ქართული წყაროების მიხედვით, შაჰაბასი თეიმურაზს კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ უშვებს კახეთში. ამგვარად გვიამბობს არაქელ დავრიჟეციც. ისქანდერ მუნში წერს, რომ შაჰმა შეარჩია ბედნიერი საათი, თავისთან იხმო სახელმწიფოს დიდებულები და მოაწყო მეფური ზეიმი, სადაც თეიმურაზს ხანობა უბოძა.
შაჰ აბასის მიერ თეიმურაზის საქართველოში გამოშვების ეპიზოდს განსხვავებულად აღწერს ფაზლი: “დედოფალმა და ქართველმა დიდებუ- ლებმა გლოვის შემდეგ მისი უდიდებულესობის სახელზე არზა დაწერეს, აზნაურ ფარამარზ ბეგს გაატანეს და თეიმურაზ ხანის ჩამოყვანას სთხოვდნენ [შაჰს]…. კონსტანტინე ხანი, რომელმაც ქართველების დახოცვა და ამ მხარის დაპყრობა გადაწყვიტა, იორს გადმოვიდა და საქართველოში შემოვიდა. ქართველებს ეშინოდათ მისი, თანაც არც მისი უდიდებულესობისგან მოსულიყო პასუხი. ამასობაში ფარამარზ ბეგი მისი უდიდებულესობისგან დაბრუნდა. [შაჰმა] თეიმურაზ ხანს ხანობა და ოლქის მმართველობა უბოძა. ქართველებმა კონსტანტინესთან შებრძოლება გადაწყვიტეს. როდესაც პატივმოყვარე ხანმა ძმისშვილის მოსვლის ამბავი შეიტყო, გაბრაზდა და გრემის ველზე საბრძოლველად დაბანაკდა. ყარჩიღა ბეგს (კონსტანტინეს ღოლამი, იგივე ყარჩიღა სულთანი.), რომელსაც იგი ძალიან ენდობოდა, ავანგარდი ჩააბარა და გარკვეული რაოდენობის ყიზილბაშებიც მიაშველა. იმის გამო, რომ [კონსტანტინე] მისი უდიდებულესობის ნებართვის გარეშე მოვიდა, შაჰმირ ხანი, ალი ხან სოლთანი და დანარჩენი სულთნები გაბრაზდნენ და განუდგნენ მას. ყარჩიღა ხანსა და მის ჩარხჩიებს (ცხენოსანი მეომარები, თურქ., ავანგარდი) ნაძირალა ქართველებიც შეუერთდნენ, რომელთაგანაც ქვეითი ჯარი შეიქმნა...
ყურადსაღებია, რომ ფაზლის ქრონიკის მიხედვით, ქეთევან დედოფალი არათუ თავად მიუძღოდა ქვეით ჯარს, არამედ კონსტანტინეს მოკვლის ბრძანებაც მანვე გასცა. ფაზლი წერს, რომ კონსტანტინე არ ნებდებოდა ქართველებს და აგინებდა კიდეც დედოფალს. ბოლოს ერთერთმა ცხენზე ამხედრებულმა გმირმა აზნაურმა ხანი შებოჭა და, რადგანაც ამ უკანასკნელს არავინ მიეშველა, ყიზილბაშთა ლაშქარიც გატყდა. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ, ფაზლის მიხედვით, ხანის მოკვლის შემდეგ ქეთევან დედოფალმა მუსლიმებსა და ქართველებს ერთმანეთის ხოცვა აუკრძალა. „ვისაც ნახავდნენ ქართველები, გააშიშვლებდნენ და ასე ტოვებდნენ. ხოლო თავად [დედოფალი] თეიმურაზთან ერთად კონსტანტინეს [ცხედრისთვის] წავიდა. იქ მყოფმა რამდენიმე მუსლიმმა და ხოჯა ზია ედდინმა, რომელიც იმ დროს მისი მრჩეველი იყო, ხანის ცხედარი კუბოში ჩადო და არდებილის გზას გაუყენა.“
ის, რომ აღმოსავლური წყაროების ავტორთა სტილი ტროპული მეტყველებით გამოირჩევა, ყველასთვის ცნობილია. გამონაკლისი არც ფაზლის წყაროა. მხატვრული აზროვნებისთვის დამახასიათებელი ლიტერატურულ ხერხებს არა მხოლოდ ტექსტის აქსესუარის ფუნქცია აკისრიათ, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წყაროთმცოდნეობითი საკითხების კვლევის თვალსაზრისითაც. ამა თუ იმ პასაჟის დეტალიზაცია თუ ბელეტრიზირება ტექსტს აზუსტებს და მათ სანდოობასაც კი ჰმატებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამისი ნათელი მაგალითია ფაზლის თხზულებაში დაწვრილებით აღწერილი კონსტანტინეს მიერ მამისა და ძმის მოკვდინების არა მხოლოდ წინაპირობები თუ მიზეზები, არამედ მათ შორის გამართული დიალოგებიც. ხაზგასასმელია, რომ ასეთი დეტალიზაცია უცხოა არა მარტო ჩვენთვის ცნობილი ქართული თუ ირანული და სხვა უცხოური წყაროებისთვის, არამედ ისქანდერ მუნშის ინფორმატიულად დატვირთული ტექსტისთვისაც კი. ფაზლის ქრონიკაში ასევე ვხედავთ ისტორიკოსის მიერ პიროვნების როლის წინა პლანზე წამოწევის მცდელობას. ავტორი ხშირად ახასიათებს ისტორიულ პირებს, რაც ხელს უწყობს ამა თუ იმ საკითხის ზედმიწევნით დაზუსტებას.
ჩვენ მიერ განხილულ კონკრეტულ თავში ნათლად ჩანს ქართული სამეფო ოჯახის ქალი წარმომადგენლის (ამ შემთხვევაში ქეთევან დედოფლის) როლი პოლიტიკაში როგორც საქართველოს, ასევე სეფიანთა კარზე.
არსებული ინფორმაცია ავსებს ჩვენს ცოდნას იმ პერიოდის კახეთის მმართველობის სტრუქტურისა და სოციალური ურთიერთობების შესახებ.
ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის ქრონიკაში არსებული საქართველოსადმი მიძღვნილი თავები საკმაოდ მდიდარია ახალი და, შეიძლება ითქვას, უნიკალური ცნობებით, რომლებიც შაჰაბასის მმართველობის პერიოდის ირანსაქართველოს ურთიერთობების ამ უაღრესად მნიშვნელოვან და საინტერესო ხანას ჩვენთვის აქამდე უცნობი ცნობებით ავსებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий