пятница, 10 сентября 2021 г.

ევგენი ვეიდენბაუმი აჭარის შესახებ (ო. გოგოლიშვილი)

ევგენი ვეიდენბაუმს საპატიო ადგილი უჭირავს იმ ისტორიკოსებს შორის, რომლებიც კავკასიას იკვლევდნენ. იგი თარგმნიდა შრომებს, მონაწილეობდა ცნობილი მეცნიერის პეტრე უსლარის წიგნის „ძველი თქმულება კავკასიაზე“ რედაქტირებაში. მანვე გამოსაცემად მოამზადა კრებული, რომელშიც შესულია ინგლისელი პალგრევის ანგარიშები აჭარაზე. ე. ვეიდენბაუმის თაოსნობით გამოქვეყნდა ფრანგი ლ. გრანჟეს და სხვათა მასალები, რომლებიც აჭარას ეხება. ვეიდენბაუმმა არაერთი გამოკვლევა უძღვნა საქართველოს. ზოგიერთი მათგანი შეიტანა კრებულში „კავკასიის ეტიუდები“. საყურადღებოა მოგზაურული ჩანაწერები „ბათუმიდან ართვინამდე“, რომელიც პირველად 1878 წელს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა. ასევე აჭარის შესახებ საინტერესო ცნობებია მოცემული მის უაღრესად საყურადღებო ნაშრომში „კავკასიის გზამკვლევი 1888 წლისათვის“.
1878 წლის 31 ოქტომბერს გემ „რიონით“ ვეიდენბაუმი ბათუმს ეწვია. ნავსადგურში დახვდა რუსეთის ხომალდები „კოცებუ“, „რედუტ-კალე“, „ჩიხაჩევი“ და სხვა, აგრეთვე უამრავი ფელუგა, რომლებიც სიმინდით, ყურძნითა და თიხის ჭურჭლით დაეტვირთათ. ბათუმი წარმოშვა მდინარე ჭოროხმა, რომელმაც დროთა განმავლობაში მოზიდა ქვა-ღორღი, სილა და ამოავსო ნაპირი, – შენიშნავს ვეიდენბაუმი. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც ნავსადგურის ტალღებისაგან დასაცავად წყალში სპეციალური კედელი გაიყვანეს. ამან უფრო შეაკავა ხრეში და სილა, რის გამო ბულვარი მაშინ თუ ზედ ზღვაზე იყო, 1902 წლისათვის ზღვა ასი საჟენით დაშორდა ნაპირს და ბათუმელებს საშუალება მიეცათ ბულვარისათვის კიდევ ორი ხეივანი მიემატებინათ. ბათუმის კონცხი ჭოროხის ნალექებით შეიქმნა – წერს გ. წერეთელი.1
ბათუმი გამოირჩეოდა სწორი და სიცოცხლით სავსე ქუჩებით. ზღვისპირა ქუჩას ამშვენებდა ერთ-ორსართულიანი ქვის სახლები მაღაზიებით, აგრეთვე სასტუმროები და ყავახანები. გამოირჩეოდა სასტუმრო „მოსკოვი“. პარალელური ქუჩები ბაზარს ეკავა, აქა-იქ ქვაფენილიც დაეგოთ. ქალაქში ანტისანიტარია არ ყოფილა, რადგან სილა და ქვიშა წყალს ადვილად ატარებდა. სასმელი წყალი ურეხის მთიდან მოედინებოდა. წყალსადენის მოსაწყობად სამების ტაძარი დაეშალათ. ბათუმს იცავდა ზღვისპირას აგებული სამი საარტილერიო ბატარეა ქვის ყაზარმებით. მათ შესანიღბავად უამრავი მცენარე დაერგოთ.
ყველაზე დიდი პრობლემა მაშინ საცხოვრებელი ბინის ნაკლებობა იყო. ამის მიუხედავად მშენებლობა მაინც მიმდინარეობდა, თუმცა ნელა. აგური და კრამიტი ადგილზე შეიძლება დამზადებულიყო, მაგრამ საშენი ხის მასალა ძალიან ცოტა იყო. მიზეზი ამისა კი ის გახლდათ, რომ ტყე ადრე გაჩეხეს და ევროპაში გაზიდეს. ამიტომ ხე-ტყე ხერსონიდან და ქერჩიდან შემოაქვთ, - აღნიშნავს ისტორიკოსი.2
მშენებლობის დაბალი ტემპის მიზეზი იყო აგრეთვე მერყევი პოლიტიკური ვითარებაც. 1879 წლის გაზაფხულისათვის გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ თურქეთი ახალ ომს იწყებს რუსეთის წინააღმდეგო. ამის გამო შემცირდა ვაჭრობა. გაჩერდა მრეწველობა. ბათუმი ერთ დიდ სამხედრო ბანაკად არის გადაქცეული და თუ ახალი ომი ისევ დაიწყება, მაშინ აზრი არა აქვს საქმის კეთებას – აცხადებდნენ ბათუმში მოღვაწე ვაჭარ-მრეწველები. ეს იქნება კაპიტალის წყალში გადაყრაო. ასევე, ამის გარდა ბათუმში ძალიან ცუდი ქუჩები იყო. წვიმის დროს, რომელიც ხშირი იყო, ქალაქი თითქმის პარალიზებული გახლდათ.
ვეიდენბაუმი ობიექტურად აშუქებს პორტო-ფრანკოს საკითხს, რომელიც ბათუმში 1878 წელს შემოიღეს ბერლინის კონგრესზე ინგლისელების დაჟინებით და მან 1886 წლამდე იარსება. პორტოს-ფრანკოს – თავისუფალი ნავსადგურის შემოღებით, ბევრს ეგონა იაფ ევროპულ საქონელს მიიღებდნენ, ამიტომაც აქეთკენ გამოსწიეს, მაგრამ ადგილობრივი პროდუქტებისა და მარსელის ლიქიორის მეტი არაფერი დახვდათ. უკეთესი ხარისხის საქონელი იმიტომაც არ შემოჰქონდათ, რომ მყიდველი ცოტა იყო. ახლო სოფლებიდან თუ მოდიოდნენ გლეხები. ამასთან ლიქიორის, რომისა და ასანთის გარდა, სხვა საქონლის გატანა შეუძლებელი ყოფილა.
პორტო-ფრანკო ემსახურება არა ვაჭრობის განვითარებას, არამედ ადგილობრივ მცხოვრებთა შევიწროებას. მათ მართლაც მოაქვთ პროდუქტები გასაყიდად, იძენენ ქსოვილს. მაგრამ საკორდონო დაცვა, არ ვიცი ინსტრუქციის საფუძველზე, თუ გაუგებრობით, შეიძლება რომელიღაც სხვა მიზეზის გამო, ხშირად მათ აკავებს და ბაჟის გადახდას ითხოვს იმის გამო, რომ ქალაქიდან საჭირო საქონელი გააქვთ. გლეხებს რომ საქონელი გასაყიდად გაჰქონდეთ, მაშინ შეიძლება გაგვემართლებინა კორდონის მოქმედება, მაგრამ პირადი მოხმარებისათვის შეძენილ საქონელზე არ შეიძლება მოვითხოვოთ ბაჟი და, საერთოდ, განა ღირს ბაჟის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება გამოვიწვიოთ, – ამბობს ვეიდენბაუმი. შემდეგ იგი კვლავ უბრუნდება პორტო-ფრანკოს საკითხს და ამბობს, რომ მაჭახლელებს ევროპული საქონელი წინათაც ბათუმიდან გაჰქონდათ, მაგრამ ბაჟს არ იხდიდნენ, როგორც ეს პორტოფრანკოს შემოღების შემდეგ ხდებაო. იგი გაბედულად ამხელს იმათ, ვინც ყოველმხრივ ავიწროვებდა ხალხს, ვინც არათუ აზიარა ისინი ახალი ხელისუფლების სიკეთეს, არამედ აიძულა ოსმალეთში გადახვეწილიყო.
ვეიდენბაუმმა ციხისძირიც მოინახულა. მან აღნიშნა, რომ ციხისძირს გამაგრებული პოზიცია უჭირავს და ამიტომაც იყო, რომ მისი აღება გაუჭირდა რუსის ჯარს, როგორც 1829 წელს, ასევე 1877 წლის 11 ივნისსო. ვეიდენბაუმი ის პიროვნებაა, რომელმაც ციხისძირი ძველ სიმაგრე პეტრად მიიჩნია. ციხისძირის ტერიტორიაზე მას ეკლესიის ნანგრევებიც უნახავს. ახლოს მოჩუხჩუხებდა წყაროს წყალი. 1883 წელს რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით აქაურობა გადათხარეს, ააფეთქეს, ქვები კი ჯებირების მშენებლობაზე გამოიყენეს, რის გამოც ციხე-სიმაგრემ დაკარგა პირვანდელი სახე, არემარე გაუვალ ტყეებს დაეფარა.3
1878 წლის 4 ნოემბერს მოგზაურმა თანმხლებ ოსებთან ერთად ართვინისაკენ აიღო გეზი. კახაბრის დაბლობი იალანუზის მთებიდან (თურქეთშია) მოსულ ქურთებსა და 1886 წელს გადმოხვეწილ აფხაზებსაც ეკავათ. აქ მცირე სიღრმეზე დაესაფლავებინათ 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული 12 ათასი თურქი ჯარისკაცი, რის გამოც უამრავი ტურა მოყრილიყო. აქ ხელისუფლებას გაეყვანა გზატკეცილი, რომლის კიდეებზე ქვები დაეწყო, აეგო ხიდები. ყველგან სიმინდი ეთესა. ვეიდენბაუმი და მისი თანმხლები პირები მალე მიადგნენ სადგურ კაპანდიდს, ანუ იმ ადგილს, სადაც ახლა მახოს ხიდია. აქ იწყებოდა გზა მდინარე ჭოროხის აყოლებით. საამისოდ იყენებდნენ ნავებს – კაიუკებს. ისინი ბათუმს ართვინთან აკავშირებდნენ. სამი-ოთხი მენავე ოსტატურად მართავდა მათ. თითოეული მგზავრი ათ მანეთს იხდიდა. ყოველ კაიუკს ასი ფუთი ტვირთი გადაჰქონდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გზით 1876 წელს იმოგზაურა ისტორიკოსმა ლუკა ისარლოვმა, 1909 წელს კი რუსმა პროფესორმა ალექსი კისელმა.
კაპანდიდში ვეიდენბაუმმა სიმინდითა და თიხის ჭურჭლეულით სავსე კაიუკები ნახა. აქ გაცვლითი ვაჭრობა გაეჩაღებინათ. მდინარეებისა და გზების შესაყარში გაეკეთებინათ ქვის ხელოვნური სადინარები, რომ წყალს არ ჩაერეცხა გზები. იქ, სადაც აჭარისწყალი ჭოროხს ერთვის, ორივე მხარეზე უნახავს ქვის ხიდის მაღალი საყრდენები. ქვითკირით ნაგები ხიდი ამ ცოტა ხნის წინ წაულეკია მდინარესო – აღნიშნავს ვეიდენბაუმი. შემდეგ მას გაუვლია სოფელი მირვანა, რომელიც ჭოროხის მარჯვენა ნაპირზეა შეფენილი. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ სოფელს მირვანას სახელით იხსენიებს ისარლოვი და სხვა მოგზაურებიც. რუკაზე კი ეს სოფელი აღნიშნულია სიმორისის სახელით. მარადიდის უბნის უფროსს ახმედ ეფენდის განუმარტავს ვეიდენბაუმისათვის, რომ ამ სოფელს სიმონეთი ჰქვიაო. შემდეგ ვეიდენბაუმი მისულა სოფელ მაჭახელაში, სადაც მას დახვედრია სოფლის მეჯლისის თავმჯდომარე და სხვა წარჩინებული პირნი. ვეიდენბაუმი ამბობს, რომ აქ ლაპარაკობენ ქართული ენის იმ კილოთი, როგორითაც აჭარის სხვა კუთხეშიო. ვეიდენბაუმი ცივად იხსენიებს მაჭახლის უბნის უფროსს – წერეთელს (აკაკის ძმას). უბნის უფროსი განაწყენებული ყოფილა იმით, რომ გლეხები მასთან მისვლამდე თავიანთ ბეგებს ეთათბირებოდნენ. ვეიდენბაუმი აქვე შენიშნავს: „აბა რა ქნას ხალხმა. თურქები მათ უმტკიცებს, რომ საზღვარი მალე აჭარისწყალზე გავა, ე.ი. თქვენ ისევ ჩვენს ხელში მოხვდებით და მაშინ ნახეთ მოღალატეებს რას გიზამთო“. მოსახლეობის მერყეობა ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დასაგმობი არაა. მთავარი მაინც ისაა, რომ ისინი ქართულად ლაპარაკობენ და დადებითად მიიღეს ახალი ხელისუფლება. ამიტომაც იყო, რომ ვეიდენბაუმი წერეთელს არ ეწვია ოჯახში. აქვე შევნიშნავ, რომ უბნის უფროს წერეთელს არცთუ ისე თბილად იხსენიებს ზაქარია ჭიჭინაძეც. იგი ამბობს, რომ: „ამ ბატონი თავადის გამგეობის პერიოდში, ფეხი მოიკიდა მუჰაჯირობამო“.4
ვეიდენბაუმს მაჭახელასა და ჭოროხის შესართავში დაუთვალიერებია ქვის ხიდის ნანგრევები. ქვედა მარადიდში ნახა, თუ როგორ ოსტატურად აგებდნენ კაიუკებს. ეს სოფელი გემთმშენებლობის ძველი ცენტრია, – შენიშნავს იგი. აქ მას დახვდა უბნის უფროსი ახმედ ეფენდი, რომელიც, ვეიდენბაუმის თქმით, გამოირჩეოდა „ტიპიური ქართული ცხვირით, ქართული ლაპარაკით, ოხუნჯობითა და სტუმარმასპინძლობით. მიუხედავად თურქულის დიდი ზეგავლენისა, მასში არ ჩახშობილოყო ქართული სისხლი“. ახმედ ეფენდიმ სტუმრები ოჯახში მიიპატიჟა, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ეწვივნენ მას. ახმედ ეფენდი დაეხმარა მათ ტოპონიმების დადგენაში. მან კელასურის წყალთან ციხისა და ეკლესიის ნანგრევები უჩვენა, რაც რუკაზე აღნიშნული არ ყოფილა. ჭოროხის ქვემო წელის ერთი სოფელი ვეიდენბაუმმა კამურენის სახელით მოიხსენია, ამაზე უბნის უფროსს უთქვამს, რომ მისი ნამდვილი სახელი წითურეთიაო. ახმედის გვარს ვეიდენბაუმი არ ასახელებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს პიროვნება ახმედ ხალვაში უნდა იყოს. ამ ვარაუდის შესახებ ისევ მინდა მოვიყვანო ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვები. იგი 1892 წლის შემოდგომაზე ახმედის სტუმარი იყო. აი, რას წერს ზაქარია ჭიჭინაძე: „დიდმა მოჭირნახულემ, საქართველოს სიყვარულით დამწვარმა ახმედ ხალვაშმა ჯერ კიდევ 1875 წელს, თბილისიდან გამოიწერა ქართული წიგნები...… 1878 წელს მარადიდის ხოჯა ქადაგებდა აჭარლების თურქეთში გადასახლებას, რის გამოც ახმედმა კინაღამ ციმბირში გადაასახლებინა იგი. თავის ხარჯზე ააგო სკოლის შენობა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სკოლაში გამოგზავნეს ქართულის არმცოდნე მასწავლებელი, რაზეც უარი განაცხადეს – ქართულის მცოდნე მასწავლებელი გვჭირდებაო. ასეც მოხდა.“ სკოლის გახსნას შემდეგშიც აპირებდნენ, მოხელე ანდღულაძის დახმარებით. ეს მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა. ამ მოხელემ შეძლო ყველა პრობლემის მოგვარება და სკოლის გახსნა.
ვეიდენბაუმი აჭარის მოსახლეობის შესახებ ამბობს: „აჭარლები ფეხმარდნი არიან. ერთ ხელში კალათა და ინგლისური წარმოების იარაღი, მეორეში – ქოლგა უჭირავთ... თურქებმა ომის წინ 14 ათასი ცალი იარაღი დაარიგეს, რომ მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ აემხედრებინათ, მაგრამ ამაოდ“.5
რუსეთის მოხელე მეფისაშვილს, რომელიც აჭარის მმართველ ხიმშიაშვილებს თანამემამულეებთან და რუს გენერლებთან აკავშირებდა, მოგზაურისათვის უცნობებია, რომ აჭარლებს დღემდე ჩვეულებად აქვთ, მივიდნენ თავიანთი წინაპრების ეკლესია-ტაძრების ნანგრევებთან და აანთონ სანთელი. შემდეგ ვეიდენბაუმი ამბობს: „აჭარლები ქართველები არიან, ქართულად ლაპარაკობენ, მშობლიური ენა თურქების მიერ მიტაცებული ქართული კუთხეებიდან, სუფთად მხოლოდ აქ შემოინახა.“ შემდეგ ვეიდენბაუმი რუსული შოვინისტური ხელისუფლებისაგან განსხვავებით აკეთებს იმ დროისათვის მეტად თამამ და პროგრესულ დასკვნებს. კერძოდ, ის ამბობს, რომ: „აჭარლებისათვის ოფიციალური ენა ქართული უნდა გახდეს. მშობლიური ენა დააახლოებს მათ თანამემამულეებთან, საშუალებას მისცემს ზნეობრივად ილტვოდნენ ერთიანი სამშობლოსაკენ, რითაც დაირღვევა კავშირი მუსლიმანურ იდეასთან. ხელისუფლებამ კი ამ ხალხს ქართულად უნდა მიმართოს“. შემდეგ ვეიდენბაუმი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და თანაც აფრთხილებს, რომ: „ისე არ მოგვივიდეს, როგორც 1829 წელს ახალციხის შემოერთებისას. მაშინ მოსახლეობას უდიერად მოვექეცით, რითაც სულ დავავიწყეთ მშობლიური ენა, ხელი ავაღებინეთ ქართველობაზე. ასე რომ არ მოხდეს აუცილებლად საჭიროა აჭარაში გავხსნათ მხოლოდ ქართული სკოლები... აქ ხოჯა-მოლები ცოტანი არიან, ამასთან ბავშვებს თითქმის არ ასწავლიან ყურანს“.
1888 წელს თბილისში გამოცემული ვეიდენბაუმის მეორე წიგნი „კავკასიის გზამკვლევი“ შეიცავს ცნობებს იმის შესახებ, რომ ბათუმის ოლქის მოსახლეობა 1887 წელს 117873 კაცამდე აღწევდა. 1886 წელს გაუტანიათ 14,5 მილიონი მანეთის მარცვლეული და ნავთობი. შემოუტანიათ მხოლოდ 4 მილიონი მანეთის საქონელი. მაშინ ბათუმში 1088 გემი მოსულა, აქედან 473 – საკაბოტაჟო.
ვეიდენბაუმი აღნიშნავს, რომ: „ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ივლის-აგვისტოში, აჭარის ზღვისპირეთში მძვინვარებდა ციებ-ცხელება. ამას ისიც განაპირობებდა, რომ წვიმებისას მთებიდან მომდინარე წყალი ზღვას ვერ აღწევდა, რადგან არ იყო არხები. ამიტომ წარმოიქმნებოდა ჭაობები, ტბორები. სინესტეს ხელს უწყობდა აგრეთვე გაუვალი მცენარეული საფარველი, ხელოვნური საგუბარები, რომლებიც ბრინჯის ნაკვეთების მოსარწყავად მოეწყოთ“.
ვეიდენბაუმი წერს: „არა უგვიანეს ორასი წლისა ე.ი. მე-17 საუკუნეში, ქართული ენა ბატონობდა მთელი ჭოროხის ხეობაში, ახლა კი მხოლოდ აჭარაში შემორჩა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აჭარლები ქართველები არიან, საერთო აქვთ ენა, ზოგიერთები კი უცოდინარობის გამო ცდებიან“.6 ასეთი მოსაზრებები კი ნამდვილად ცხადყოფს ვეიდენბაუმის პროგრესულობასა და მის კარგ დამოკიდებულებას ადგილობრივი მოსახლეობისადმი.
შენიშვნები
1. გ. წერეთელი, პუბლიცისტიკა, თბ., 1974, გვ. 141.
2. Е. Вейденбаум, Кавказоведение, т. I, Тиф., 1901, стр, 110.
3. Е. Вейденбаум, Путеводитель по Кавказу, Тиф., 1888, стр. 303- 305.
4. ზ. ჭიჭინაძე, მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში, თბ., 1914, გვ. 199-200.
5. Е. Вейденбаум, Кавказоведение, Т. I. Тиф., 1901, стр. 128.
6. Е. Вейденбаум, Кавказоведение, Т. I. Тиф., 1901, стр. 128.
დამოწმებანი:
1. გ. წერეთელი, პუბლიცისტიკა, თბ., 1974.
2. Е. Вейденбаум, Кавказоведение, т. I, Тиф., 1901.
3. Е. Вейденбаум, Путеводитель по Кавказу, Тиф., 1888.
4. ზ. ჭიჭინაძე, მუსლიმანიქართველობადამათისოფლებისაქართველოში, თბ., 1914.

Комментариев нет:

Отправить комментарий