ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის წარმომადგენელ სახელოვან მონარქთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია მეფე არჩილ ვახტანგის ძე ბაგრატიონს (1647-1713), რომელსაც გასულ წელს დაბადებიდან 370 წელი შეუსრულდა.
წინამდებარე გამოკვლევაში, ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად არის დასმული საკითხი მეფე-პოეტ არჩილის რიგითი ნომრის დასადგენად. აქვე მოკლედ არის მოთხრობილი მისი მშობლების, და-ძმის შესახებ და ასევე წარმოდგენილია ჩვენი ვარაუდი იმის თაობაზეც, თუ რატომ მეფობდა ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელი უფლისწული და სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე არა ქართლში, არამედ დანარჩენ ქართულ სამეფოებში _ იმერეთსა და კახეთში. ნაშრომი სამი ქვეთავისაგან შედგება.
I. მეფე არჩილის მშობლები და და-ძმა
ქართველ მწიგნობარ ხელმწიფეთა ბრწყინვალე კოჰორტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი _ არჩილი იყო უფროსი ვაჟი და მემკვიდრე ქართლის გვირგვინოსან ვახტანგ V-ისა, იგივე შაჰნავაზ I-ისა, რომელიც 1658-1676 წლებში მეფობდა და დედოფალ როდამისა, რომელიც გახლდათ ასული თავად ყაფლან ბარათაშვილისა.
მომავალი მეფე-პოეტი დაიბადა 1647 წელს. 11 წლამდე იგი იზრდებოდა მუხრანში, თავის მამაპაპისეულ მამულში, ხოლო მამამისის ქართლში გამეფების (1658 წ.) შემდეგ _ თბილისში, სამეფო კარზე.
უფლისწულ ვახუშტი ვახტანგის ძე ბაგრატიონის (1696-1756) თხზულებაში “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” აღნიშნულია, რომ არჩილი იყო “ახოვნებითა, შუენიერებითა, სიმხნითა და ყოვლისა სამხედრო-სანადიმო ზნითა სრული... შემმართებელი, ძლიერი, ლაღი და ამაყი, მონადირე და მოასპარეზე წარჩინებული და საღმრთოთი აღმატებული”1.
არჩილი მრავალშვილიან ოჯახში აღიზარდა. მას ათი და-ძმა ჰყავდა. არჩილის უმცროსი ძმები იყვნენ უფლისწულები: გიორგი, მომავალში მეფე გიორგი XI, რომელიც ქართლში ორჯერ (1676-1688 და 1703-1709 წლებში) მეფობდა, ლევანი (გარდაიცვალა 1709 წელს), ალექსანდრე (საისტორიო წყაროებში ჩანს 1666-1697 წლებში), ლუარსაბი (გარდაიცვალა 1698 წელს) და სოლომონი (გარდაიცვალა 1703 წელს)2.
უფლისწულ არჩილის მომდევნო ძმის _ მეფე გიორგი XI-ის ავღანეთში დაღუპვის (1709 წ.) შემდეგ, ქართლის მეფე გახდა მისი მომდევნო ძმის, იმავე წელს გარდაცვლილი ლევანის უფროსი ვაჟი _ ქაიხოსრო I, რომელიც 1711 წელს ასევე ავღანეთში, ყანდაართან მომხდარ ბრძოლაში დაიღუპა.
მეფეების გიორგი XI-ისა და ქაიხოსრო I-ის სპარსეთში ყოფნის გამო, 1703 წლიდან ქართლს ჯანიშინის რანგში განაგებდა არჩილის ძმისწული _ უფლისწული ვახტანგ ლევანის ძე (1675-1737), იგივე მეფე ვახტანგ VI.
არჩილს ჰყავდა დები: ანუკა (საისტორიო წყაროებში ჩანს 1660-1668 წლებში), თამარი, იგივე გაიანე (გარდაიცვალა 1694 წელს) და კიდევ ორი და3, რომლებიც როგორც ჩანს, მცირეწლოვანნი გარდაიცვალნენ და ამიტომ მათი სახელები უცნობია.
საგულისხმოა, რომ არჩილის უფროსი და – ანუკა ბატონიშვილი 1660 წელს ცოლად გააყოლეს სპარსეთის შაჰინშაჰს4 – აბას II-ს (აბას I-ის შვილთაშვილს), სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელს, რომელიც 1642-1666 წლებში მეფობდა5. ანუკა ბატონიშვილის გათხოვების შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გვამცნობს: „მოითხოვა ყეენმან ასული ვახტანგ მეფისა ანუკა ცოლად, მოვიდნენ საჭურისნი ყეენისანი და წარიყვანეს დიდითა დიდებითა”6.
აბას II-ის სიკვდილის შემდეგ, მისმა ვაჟმა _ შაჰინშაჰმა სულეიმან I-მა, იგივე სეფი II-მ (მეფობდა 1666-1694 წლებში), თავისი გარდაცვლილი მამის ქვრივი _ ანუკა, მისივე მამასთან, ვახტანგ V-სთან შეთანხმებით, 1668 წელს ცოლად გააყოლა თავის ერთგულ ქვეშევრდომს – შაჰვერდიხანს. დაქვრივებული ანუკას მეორედ გათხოვების შესახებ მემატიანე მოგვითხრობს: „შაჰსულეიმან ინება გათხოვება შაჰაბაზის ცოლ-ყოფილის ანუკასი ასულისა მეფისა, და მოინება შიხალიხან იგი ცოლად და ლორისტანის ხანმან. ჰკითხა ესე ყეენმან შანაოზ მეფესა, რომლისა უნებს მიცემად. ხოლო მეფემან არა ინება შიხალიხან, არამედ ლორისხანი, და მისცეს მას. ამისთვის აღუდგა მტრად შიხალიხან და მტერობდა მეფეს“7.
არჩილის უმცროსი და – თამარ ბატონიშვილი გაათხოვეს გორის მოურავზე, თავად გივი ამილახვარზე (1636-1700). აქვე დავსძენთ, რომ სწორედ მათი შვილთაშვილი იყო ალექსანდრე დიმიტრის ძე ამილახვარი (1750-1802)8 – ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე.
II. რატომ მეფობდა არჩილი არა ქართლში, არამედ _ იმერეთსა და კახეთში
ქართლის მეფის ვახტანგ V-ის მიერ გაცემულ სიგელებში დასახელებულ მის ვაჟებს შორის უფროსი ძე _ არჩილი იხსენიება პირველ ადგილზე, როგორც პირმშო და სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწული, ხოლო შემდეგ ჩამოთვლილნი არიან მისი მომდევნო ძმები. მაგალითად, ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) მიერ 1662 წელს გაცემული დოკუმენტის „შეწირულების წიგნი შაჰნავაზისა სვეტიცხოველისადმი“ დასაწყისში ვკითხულობთ: „ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან შაჰნავაზ, თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმა..., პირმშომა და სასურველმა ძემა ჩუენმა პატრონმან არჩილ, პატრონმან გიორგიმ და პატრონმან ლევან, სუეტის ცხოვლის ბატონის კათალიკოზის საქმე ამ რიგად გავარიგეთ...”9.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართლის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე უფლისწული – არჩილ ვახტანგის ძე, მთელ რიგ მიზეზთა გამო, მეფობდა არა ქართლში, არამედ დანარჩენ ქართულ სამეფოებში _ იმერეთსა და კახეთში. კერძოდ, კახეთში იგი მეფობდა 1664-1675 წლებში, ხოლო იმერეთში _ 1661-1663; 1678-1679; 1690-1691; 1695-1696 და 1698 წლებში, თანაც _ დროგამოშვებით.
ვფიქრობთ, რომ ამ ფრიად საყურადღებო ფაქტს შემდეგი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: ვახტანგ V-მ, თავისი შტოდან _ მუხრანელ ბაგრატიონთაგან პირველმა მიიღო ქართლის სამეფო ტახტი თავისი შორეული ნათესავისა და მამობილის _ მეფე როსტომისაგან, რომელიც 1658 წელს გარდაიცვალა. ამიტომ, ვახტანგ V-ს სურდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ემეფა, რათა მის გენეტიკურ შთამომავლობას ქართლის სამეფო ტახტი მშვიდობიანად და ლეგიტიმურად გადასცემოდა. იმავდროულად, მას უნდოდა, რომ უფროსი ვაჟი და მემკვიდრე _ არჩილი გაემეფებინა თავის სიცოცხლეშივე, რათა თვითონ დახმარებოდა მართვა-გამგეობაში. არჩილის გამეფებით იმერეთსა და კახეთში, მის გვირგვინოსან მამას სურდა, რომ მოემზადებინა ნიადაგი საქართველოს გაერთიანებისათვის. აქედან გამომდინარე, ვახტანგ V-ის ამოძრავებდა სრულიად პრაგმატული ჩანაფიქრი, რაც, საერთო ჯამში, საქართველოსთვისაც სასარგებლო იყო10.
III. მეფე-პოეტ არჩილის რიგითობის დადგენისათვის
არჩილ ვახტანგის ძე, რომელიც XVII საუკუნის 60-90_იან წლებში დროგამოშვებით მეფობდა იმერეთსა და კახეთში, თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში იხსენიება არჩილ II-ის სახელით11, რაც ჩვენ სადავოდ მიგვაჩნია. ჩვენი შეხედულებით, ზემოხსენებული მეფე უნდა მოვიხსენიოთ, როგორც _ არჩილ I. ქვემოთ შევეცდებით დავასაბუთოთ ჩვენი მოსაზრება. თუ საქართველოს ისტორიაში არჩილ I-ად ჩვენ მივიჩნევთ ქართლის (იბერიის) მონარქს _ არჩილს, რომელიც V საუკუნეში მეფობდა, მაშინ, არჩილ II გამოდის ვაჟი ქართლის ერისმთავარ სტეფანოზისა და ძმა მირისა _ არჩილი, რომელიც VIII საუკუნეში ერისმთავრობდა.
მკვლევართა ნაწილის ვარაუდით, ზემოხსენებული პირველი არჩილი მეფობდა დაახლოებით 433-467 წლებში და მისი შვილიშვილი იყო ვახტანგ გორგასალი12.
ახლა, რაც შეეხება მეორე არჩილს. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, VIII საუკუნის ათიანი წლების შუა ხანებში, ანაკოფიაში, არაბებთან მომხდარ ბრძოლაში დაჭრილი ერისმთავრის _ მირის დაღუპვის შემდეგ, ერისმთავრობა მარტომ განაგრძო მისმა ძმამ _ არჩილმა13. მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ჯერ ეგრისში _ 718-719 წლებში14, ხოლო შემდეგ, კერძოდ _ 745 წლამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად კახეთ-ჰერეთში15.
მკვლევართა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ქართლისა და ეგრისის პატრიკიოსთა უფალის“ _ სტეფანოზ III-ის (მეფობდა 717-738 წლებში) ერთი ვაჟი _ მირი იყო ეგრისის პატრიკიოსი, რომელიც ამ მხარეს განაგებდა ჯერ მამასთან ერთად (717-738), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ _ დამოუკიდებლად (738-740). სტეფანოზ III-ის მეორე ვაჟი _ არჩილი იყო ქართლის პატრიკიოსი, რომელიც სამეფოს მართავდა ჯერ მამასთან ერთად (718-738), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ _ დამოუკიდებლად (738-762). ძმისწულის _ ევსტათეს მირის ძის მოწამებრივი სიკვდილის (738) შემდეგ, არჩილმა ეგრისის პატრიკიოსად თავისი უფროსი ვაჟი _ იოანე დატოვა, თვითონ კი უმცროს შვილთან _ ჯუანშერთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნდა. ვინაიდან იმხანად თბილისი, ისევე როგორც ქართლი, იავარქმნილი იყო, არჩილმა კახეთში გადაინაცვლა. 762 წელს შემოჭრილმა არაბმა დამპყრობლებმა წამებით მოკლეს ქართლის პატრიკიოსი არჩილი, რომელმაც მაჰმადიანობის მიღებაზე უარი განაცხადა16. ქართულმა ეკლესიამ არჩილი წმინდანად შერაცხა.
ჯუანშერის თხზულებაში “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა” ქრისტიანობისათვის თავდადებული და წმინდანად შერაცხული მეფე არჩილი იხსენიება როგორც “მეფე არჩილ, ძე სტეფანოზ მეფისა და ძმა მეფისა მირისა, ხოსროიანი”17, ხოლო ლეონტი მროველის თხზულებას ეწოდება: “წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი იყო მეფე ქართლისა”18. ასე, რომ ორივე ზემოხსენებულ თხზულებაში არჩილი მეფედ იხსენიება.
აქვე უნდა ითქვას, რომ ზემოთ დასახელებული არჩილ მირდატის ძე “ქართლის ცხოვრების” I ტომის საძიებლებში მოხსენიებულია როგორც _ არჩილ I, ხოლო არჩილ სტეფანოზის ძე იმავე საძიებლებში იხსენიება როგორც არჩილ II19.
აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოცემულ “ქართლის ცხოვრებაში” გარკვეულ და სავსებით სწორად გადაწყვეტილ აღნიშნულ საკითხს, როგორც ჩანს, ბოლო დრომდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა და მეფე არჩილ სტეფანოზის ძე _ რიგითი ნომრის გარეშე მოიხსენიებოდა20.
უკანასკნელ პერიოდში გამოცემულ ნაშრომებში, აღნიშნული ვითარება შეიცვალა და ორივე მეფე არჩილი სათანადო რიგითი ნომრით მოიხსენიება21.
ამდენად, ფაქტი ფაქტად რჩება: უდავოა არსებობა ორი არჩილისა, რომლებიც ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ეპოქაში, დაახლოებით სამი საუკუნის დაშორებით მეფობდნენ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მეფე-პოეტი არჩილი, რომელიც დროგამოშვებით მეფობდა იმერეთსა და კახეთში _ ჩვენი შეხედულებით, ვერანაირად ვერ ჩაითვლება არჩილ II-დ.
ისმის კითხვა: მაშ რომელი რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს მეფე-პოეტ არჩილს?
აქ უნდა გავიხსენოთ ის უდავო ფაქტი, რომ ქართლის მონარქთა და ტაო-კლარჯეთის ბაგრატოვან ხელმწიფეთა ნუმერაცია გააგრძელეს: 1) გაერთიანებული საქართველოს ხელმწიფეებმა, ამ სამეფოს დაშლის (1466 წელი) შემდეგ, 2) ქართლის მეფებმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანების (1762) შემდეგ _ 3) ქართლ-კახეთის მეფეებმა, რომელთა რეზიდენციაც მდებარეობდა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დედაქალაქში _ თბილისში.
მაგალითად, ქართლის მეფე არჩილ I-ის სახელოვანი შვილიშვილი _ ვახტანგ გორგასალი ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილია როგორც მეფე ვახტანგ I, ხოლო ვახტანგ II-ის სახელით იხსენიება დავით VI ნარინის ვაჟი, რომელიც 1289-1292 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში მეფობდა. შესაბამისად, ვახტანგ III-ის სახელით იხსენიება დემეტრე II თავდადებულის ვაჟი, რომელიც ერთიან საქართველოში 1298 და 1302-1308 წლებში მეფობდა. ამ სახელის მქონე მომდევნო ხელმწიფე _ ვახტანგ IV _ ერთიან საქართველოში 1442-1446 წლებში მეფობდა. იმავე სახელის მქონე მომდევნო ხელმწიფე _ ვახტანგ V (იგივე _ შაჰ ნავაზი) ქართლში 1658-1675 წლებში მეფობდა. იმავე სახელის მქონე მომდევნო ხელმწიფე იყო მისი შვილიშვილი, ქართლის სჯულმდებელი მეფე _ ვახტანგ VI (1675-1737).
ქართულ ისტორიოგრაფიაში ასევე დადგენილია, რომ ტაო-კლარჯეთის ბაგრატოვანი ხელმწიფის, “ქართველთა მეფის” ტიტულის მფლობელი დავით III კურაპალატის გარდაცვალებიდან (1001 წელი) 88 წლის შემდეგ გამეფებული ამავე სახელის მქონე მომდევნო მონარქი იყო _ დავით IV (1073-1125), რომელიც ერთიან საქართველოში მეფობდა და ცნობილია სახელით _ “დავით აღმაშენებელი”.
ახლა, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დანარჩენი ქართული სამეფოების _ კახეთისა და იმერეთის ბაგრატოვან ხელმწიფეებს. როგორც ქართულ ისტორიოგრაფიაშია დამკვიდრებული, საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ ტახტდაკარგული და 1466 წლიდან კახეთში გადახვეწილი მეფედყოფილი გიორგი VIII უკვე იხსენიება კახთა მეფე გიორგი I-ის სახელით. იგი კახეთში 1466-1476 წლებში მეფობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კახეთში გამეფებული მისივე ვაჟი იხსენიება როგორც _ ალექსანდრე I (მეფობდა 1476-1511 წლებში), ხოლო ამ უკანასკნელის ძე, როგორც _ გიორგი II (მეფობდა 1511-1513 წლებში) და ა.შ. რაც შეეხება აღნიშნული გიორგი II-ის მოსახელე მის პირდაპირ შთამომავალ მონარქს _ მომდევნო გიორგის, რომელიც 1798-1800 წლებში მეფობდა, იგი ცნობილია არა როგორც _ გიორგი III, არამედ როგორც _ გიორგი XII, ვინაიდან იგი მეფობდა არა კახეთში, არამედ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში, რომლის სატახტო ქალაქს წარმოადგენდა თბილისი _ ერთიანი საქართველოს სამეფოს ყოფილი დედაქალაქი.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ასევე დამკვიდრებულია, რომ იმერეთის მეფეებმა გააგრძელეს არა ერთიანი საქართველოს ხელმწიფეთა ნუმერაცია, არამედ _ დასავლეთ საქართველოს, იგივე ლიხთ-იმერეთის მონარქებისა. ამ სამეფოს საფუძველი ჩაეყარა მონღოლთა ბატონობის პერიოდში, როდესაც დამპყრობელთაგან განდგომის (1259) შემდეგ, თბილისიდან გაქცეულმა საქართველოს მეფემ დავით VI ნარინმა თავი შეაფარა ლიხთ-იმერეთს და იქ განაგრძო მეფობა. ასე გამოეთიშა ეს მხარე ერთიან საქართველოს. დავითის გარდაცვალების (1293) შემდეგ, მისი შთამომავლები ლიხთ-იმერეთში მანამდე მეფობდნენ, სანამ გიორგი V ბრწყინვალემ ხელახლა არ გააერთიანა საქართველო.
1462 წელს სამოქალაქოს (ქუთაისის ოლქის) ერისთავი ბაგრატი განუდგა თავისივე ნათესავს _ საქართველოს მეფე გიორგი VIII-ს და მომდევნო წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა. 1466 წელს ბაგრატმა ქართლიც დაიმორჩილა, თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა და ქართლ-იმერეთში გარდაცვალებამდე (1478) მეფობდა. ამის შემდეგ ქართლში გამეფდა კონსტანტინე II, რომლის პირდაპირი შთამომავლობაც ამ სამეფოს ორ საუკუნე-ნახევარზე მეტხანს განაგებდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა ზემოხსენებული ბაგრატი იყო ერთიანი საქართველოდან 1462 წელს გამოყოფილი იმერეთის პირველი მეფე (1466 წლამდე), იგი ქართულ ისტორიოგრაფიაში იხსენიება როგორც ბაგრატ II, ვინაიდან ბაგრატ I-ად მიჩნეულია შორაპნის ერისთავი, რომელიც ამ მხარეს 1329-1372 წლებში განაგებდა. ისიც საგულისხმოა, რომ ქართლის შეერთების შემდეგ, იგივე ბაგრატი იხსენიება როგორც _ ბაგრატ VI, ვინაიდან ამ შემთხვევაში მან გააგრძელა ნუმერაცია ერთიანი საქართველოს მეფეებისა, კერძოდ, მოგვევლინა მემკვიდრედ და მოსახელედ ბაგრატ V-ისა, რომელიც 1360-1393 წლებში მეფობდა. რაც შეეხება ამ სახელის მქონე მომდევნო მეფეს იმერეთში, იგი იყო შვილიშვილი ზემოხსენებული ბაგრატ II-ისა და შესაბამისად ცნობილია როგორც _ ბაგრატ III, რომელიც მეფობდა 1510-1565 წლებში22. ანუ მან, როგორც მხოლოდ იმერეთის ხელმწიფემ, გააგრძელა ნუმერაცია ამ სამეფოს მონარქებისა და არა ერთიანი საქართველოს, ანდა ქართლ-იმერეთის მეფეებისა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად კანონზომიერად გვესახება მეფე-პოეტ არჩილის მოხსენიება სახელწოდებით _ არჩილ I, ვინაიდან იგი მეფობდა იმერეთსა და კახეთში. იმ შემთხვევაში, კი თუ ხსენებული პიროვნება იმეფებდა ქართლში, მაშინ ის სახელდებული იქნებოდა, როგორც _ არჩილ III, ვინაიდან ასეთივე სახელის მქონე მონარქი ამავე სამეფოში წარსულში უკვე ორჯერ მეფობდა.
შენიშვნები
1. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: “ქართლის ცხოვრება”, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი, 1973, გვ. 602.
2. ბაგრატიონები, სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა, სამეცნიერო სტატიების კრებული, გენეალოგიური ნუსხებითურთ, როინ მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 2003, ნუსხა #4.
3. С. Думин, П. Гребельский, Дворянские роды Российской империи, т. III, под редакцией С. Думина, Москва, 1998, стр. 43.
4. С. Думин, П. Гребельский, Дворянские роды Российской империи, т. III, под редакцией С. Думина, Москва, 1998, стр. 42.
5. Н. Сычев, Книга династий, Москва, 2006, стр. 598.
6. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: “ქართლის ცხოვრება”, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი, 1973, გვ. 449.
7. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: “ქართლის ცხოვრება”, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი, 1973, გვ. 454.
8. С. Думин, П. Гребельский, Дворянские роды Российской империи, т. IV, Князья Царства Грузинского, под редакцией С. Думина и Ю.Чиковани, Москва, 1998, стр. 106-107.
9. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, საერო საკანონმდებლო ძეგლები (XIU-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბილისი, 1965, გვ. 224.
10. ნიკო ჯავახიშვილი, ცხოვრება და ღვაწლი მეფე არჩილისა, ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი”, თბილისი, 2017, #7 (79), გვ. 12-13.
11. საქართველოს მეფეები, ავტორთა კოლექტივის ნაშრომთა კრებული აკადემიკოსების მარიამ ლორთქიფანიძისა და როინ მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 2000, გვ. 222-223.
12. მანანა სანაძე, ქართველთა ცხოვრება, წიგნი III, ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან _ აშოტ კურაპალატამდე), თბილისი, 2016, გვ. 464.
13. საქართველოს მეფეები, ავტორთა კოლექტივის ნაშრომთა კრებული აკადემიკოსების მარიამ ლორთქიფანიძისა და როინ მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 2000, გვ. 51-53.
14. გურამ აბრამიშვილი, სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბილისი, 1977.
15. დავით მუსხელიშვილი, უჯარმა, თბილისი, 1966.
16. მანანა სანაძე, ქართველთა ცხოვრება, წიგნი III, ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან _ აშოტ კურაპალატამდე), თბილისი, 2016, გვ. 458-466.
17. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა, წიგნში: “ქართლის ცხოვრება”, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 241.
18. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა, წიგნში: “ქართლის ცხოვრება”, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 245.
19. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა, წიგნში: “ქართლის ცხოვრება”, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955, გვ. 392.
20. საქართველოს მეფეები, ავტორთა კოლექტივის ნაშრომთა კრებული აკადემიკოსების მარიამ ლორთქიფანიძისა და როინ მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 2000, გვ. 51-53.
21. მანანა სანაძე, ქართველთა ცხოვრება, წიგნი III, ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან _ აშოტ კურაპალატამდე), თბილისი, 2016, გვ. 482.
22. გურამ აბრამიშვილი, სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბილისი, 1977, გვ. 232-236.
დამოწმებანი:
1. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: “ქართლის ცხოვრება”, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი, 1973.
2. ბაგრატიონები, სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა, სამეცნიერო სტატიების კრებული, გენეალოგიური ნუსხებითურთ, როინ მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 2003.
3. С. Думин, П. Гребельский, Дворянские роды Российской империи, т. III, под редакцией С. Думина, Москва, 1998.
4. Н. Сычев, Книга династий, Москва, 2006.
5. С. Думин, П. Гребельский, Дворянские роды Российской империи, т. IV, Князья Царства Грузинского, под редакцией С. Думина и Ю.Чиковани, Москва, 1998.
6. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, საერო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთი ისიდორე დოლიძემ, თბილისი, 1965.
7. ნიკო ჯავახიშვილი, ცხოვრება და ღვაწლი მეფე არჩილისა, ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი”, თბილისი, 2017, #7 (79).
8. საქართველოს მეფეები, ავტორთა კოლექტივის ნაშრომთა კრებული აკადემიკოსების მარიამ ლორთქიფანიძისა და როინ მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 2000.
9. მანანა სანაძე, ქართველთა ცხოვრება, წიგნი III, ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარნავაზიდან _ აშოტ კურაპალატამდე), თბილისი, 2016.
10. გურამ აბრამიშვილი, სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბილისი, 1977.
11. დავით მუსხელიშვილი, უჯარმა, თბილისი, 1966.
12. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა, წიგნში: “ქართლის ცხოვრება”, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბილისი, 1955.
Комментариев нет:
Отправить комментарий