понедельник, 13 сентября 2021 г.

ათენელი მეტოიკოსები (თ. თოდუა)

ძველ საბერძენთში უცხოელი მოქალაქეები „ქსენოსებად“ და „მეტოიკოსებად“ იწოდებოდნენ, მაგრამ ეს ტერმინები არსობრივად ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. ქსენოსში, კონკრეტულად, ამა თუ იმ პოლისში დროებითი მცხოვრები, ხოლო მეტოიკოსში ემიგრანტები და მუდმივად მოსახლე პირები იგულისხმებოდნენ.
მეტოიკოსის მსგავს ფორმას, me-ta-ki-ta-ს სახით, ჯერ კიდევ მიკენურ ტექსტებში ვხვდებით. ისინი არსობრივადაც თითქმის იდენტური ტერმინებია. მეტაკიტაც „ჩამოსახლებულს“, ემიგრანტს ნიშნავდა.1
არქაული და კლასიკური ეპოქის საბერძნეთში კი ტერმინი მეტოიკოსი პირველად ძვ.წ. 510 წლის ერთ-ერთ წარწერაში ფიქსირდება,2 ხოლო ნარატიულ წყაროებში ძვ. წ. V საუკუნეში იხსენიება.
ათენურ სოციუმში მეტოიკოსები უკვე სოლონის დროს ფიგურირებენ. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პლუტარქეს ერთი მრავალმხრივ საინტერესო ცნობა. აი ისიც: „დიდ სიძნელეს წარმოადგენს სოლონის იმ კანონის კარგად გაგება, რომელიც ათენის მოქალაქედ უცხოელის აღიარებას ეხება. სოლონი ათენის მოქალაქის უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმას, ვინც სამუდამოდაა გამოძევებული სამშობლოდან და იმ პირსაც, რომელიც მთელი ოჯახით გადმოსახლდება ათენში, რათა აქ ხელი მიჰყოს ხელოსნობას. ამბობენ, სოლონმა ასეთი კანონი სხვა უცხოელების თავიდან მოშორების მიზნით კი არ გამოსცა, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ზემოხსენებული პირნი დაემკვიდრებინა ათენში. ესენი, მისი აზრით, მტკიცე მოქალაქენი გახდებოდნენ და ერთგულებიც იქნებოდნენ _ ერთნი საკუთარი სამშობლოს იძულებითი დაკარგვის გამო, მეორენი კი იმიტომ, რომ თავიანთი მხარე ნებით მიატოვეს“.3
პლუტარქეს ეს ვრცელი ამონარიდი ორ დამოუკიდებელ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი ნაწილი უშუალოდ უცხოელებისათვის ათენის მოქალაქეობის მინიჭების სოლონისეულ კანონს ეხება, ხოლო მეორე სოლონის თანამედროვეებისა თუ პოსტსოლონისეული თაობის კომენტარებს აღნიშნული კანონის თაობაზე. პირველი ნაწილიდან ჩანს, რომ მეტოიკოსებად მხოლოდ ათენში იძულებითი ან მთელი ოჯახით გადმოსახლებული პირები ითვლებოდნენ. თანაც, კანონი სწორედ ამ კატეგორიის უცხოელებს ანიჭებდა მოქალაქის სტატუსს და არა იმ პირებს, რომლებიც ეკონომიკური თუ სხვა მოტივაციებით ინდივიდუალურად, თვითნებურად იყვნენ ათენში გახიზნულები. აღნიშნული ნაწილიდან ისიც ჩანს, რომ ათენის საპატიო მოქალაქეობა ხელოსნობის განვითარებას ეწირებოდა. სოლონი ათენში ხელოსნობის აღორძინებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მან ათენის ეკონომიკური გაძლიერებისათვის სპეციალური კანონი გამოსცა. ამ კანონის მიხედვით, შვილი არ იყო ვალდებული ერჩინა მამა, თუ იგი რაიმე ხელობას არ შეასწავლიდა.4
ასე რომ, სოლონი ათენის მრეწველობის განვითარების უზრუნველყოფისათვის ისეთ უკიდურეს დათმობაზე მიდიოდა, როგორიც მეტოიკოსებისათვის ათენის მოქალაქეობა იყო, ვინაიდან მის სრულუფლებიან მოქალაქეებად მხოლოდ მკვიდრი ათენელები ითვლებოდნენ.
მართალია, სოლონი მეტოიკოსებს მოქალაქეობას პირდებოდა, თუმცა, იმ პირობით, თუ ისინი ხელოსნობაში დასაქმდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ამ სფეროში დასაქმებული მეტოიკოსები ათენის სრულუფლებიან მოქალაქეებად მაინც არ ჩაითვლებოდნენ, რადგანაც ამგვარ სტატუსს მხოლოდ მიწისმესაკუთრეები ფლობდნენ. მეტოიკოსებს კი მიწისმფლობელობა კანონით აკრძალული ჰქონდათ.
რაც შეეხება პლუტარქეს ზემომოტანილი ცნობის მეორე ნაწილს, ის როგორც აღინიშნა, სოლონის დროინდელი ან გვიანდელი პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეების, შესაძლოა მეტოიკოსების, კომენტარებია. თუმცა ამ ნაწილშიაც გარკვევით არ ჩანს, თუ რა ხარისხის მოქალაქეობის სტატუსს ანიჭებდა სოლონი ათენში გადმოსახლებულ მეტოიკოსებს. მოგვიანებით, მეტოიკოსები კლისთენეს რეფორმების არეალში მოექცნენ. არისტოტელეს ცნობით, ათენის მოქალაქეთა რიცხვის გაზრდის მიზნით, კლისთენემ „ფილეებში მრავალი უცხოელი, მონები და მეტოიკოსები ჩართო“.5
არისტოტელეს ეს ცნობა მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მ. კუტორგას მიხედვით კლისთენემ ფილეების წევრი გახადა „მრავალი მეტოიკოსი უცხოელი და მრავალი მეტოიკოსი მონა“.6
მაგრამ ამგვარი გაგება კლისთენემდე მეტოიკოსების, როგორც განსაკუთრებული წოდების, არსებობის მცდარ მოსაზრებაზეა დაფუძნებული. ათენელი მეტოიკოსები, როგორც წოდება, პირველად ძვ.წ. 460-იან წლებში იხსენიება.7
კ. მატიეს აზრით კი კლისთენემ ფილეებში მრავალი უცხოელი ჩართო, ხოლო მონები მეტოიკოსები გახადა,8 მაგრამ მის ჰიპოთეზას ზოგიერთი გრამატიკული შეუთანხმებლობა აუფერულებს. მ. ჰიგნეტის მოსაზრებით, არისტოტელესეულ ტერმინს „მონებიმეტოიკოსები“ აბუჩად აგდების ელფერი დაჰკრავდა და ჰექტემორებს განეკუთვნებოდა.9
ვფიქრობთ, საეჭვოა, რომ არისტოტელეს თავის თეორიულ ნაშრომში ისინი ამგვარი დამამცირებელი ტერმინოლოგიით მოეხსენიებია, თუმცა „მონები-მეტოიკოსები“ IV საუკუნის ბერძნული ენისათვის ჩვეულებრივი იყო. გ. ბიკნელის ვარაუდით, „ქსენოსები“ ტირანთა მოქირავნეებია, რომლებმაც ტირანიის დამხობის შემდეგ დიაპსეფისის შედეგად, მოქალაქეობა დაკარგეს, ხოლო მერე კლისთენეს მხარი დაუჭირეს და მოქალაქის სტატუსი ხელმეორედ მიენიჭათ10. ამგვარი მოსაზრება ძალზე ჰიპოთეზურია და წყაროებში არ დასტურდება. მართალია, არისტოტელეს თანახმად კლისთენეს რეფორმების დროს ათენის მოქალაქე მრავალი უცხოელი გახდა, მაგრამ მას ეს აქტი რეფორმატორის მთავარ მიზნად არ მიაჩნდა. არისტოტელეს აზრით, ეს აქცია იყო არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი მექანიზმი პოლისის ცენტრალიზაციის განმტკიცებისათვის.11 მართალია ისიც, რომ, არისტოტელეს ზემოაღნიშნული ცნობა არცთუ ისე ნათელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არა რეფორმების ტექსტის ჩანაწერიდან, არამედ ატიოდოგრაფიული ტრადიციებიდან გამომდინარეობდა. ნიშანდობლივია, რომ კლისთენესეული რეფორმებით ათენის მოქალაქეთა რიცხვის ზრდის ტენდენცია უფრო ნათლადაა ასახული არისტოტელეს თეორიულ ნაშრომში _ „პოლიტიკაში“, ვიდრე ისეთი პრაქტიკული ხასიათის თხზულებაში, როგორიც „ათენის პოლიტია“ იყო. ეს მომენტი იმით აიხსნება, რომ ფილოსოფოსი ამ შემთხვევაში ამოდიოდა მოქალაქეთა რიცხვის გაზრდის ხარჯზე სახელმწიფოს დემოკრატიზაციის თეორიებიდან, ხოლო მისი ცნობა კლისთენეს დროს ახალი მოქალაქეების მიღების შესახებ განიხილებოდა, როგორც ამ სიტუაციის ილუსტრაცია.12
მართლაც, ძვ.წ. IV საუკუნეში დემოკრატიულ გარდაქმნებს თან სდევდა მოქალაქეთა რიცხვის ზრდა, თუმცა VI-V საუკუნეებისათვის ეს არ იყო დამახასიათებელი. ამის მკაფიო ილუსტრაციაა პერიკლეს დროს მოქალაქეთა სიების გადახედვა-შემოწმება. ამიტომაც, არისტოტელესეული ცნობა _ მეტოიკოსებისათვის ფართო მასშტაბით მოქალაქეობის მინიჭება _ ძალზე საეჭვოა. უცნაური ჩანს ის ფაქტი, რომ თუკი ძვ.წ. 510 წელს სახალხო კრებამ მოქალაქეთა რიცხვის შემცირების საკითხი მოიწონა,13 მომენტალურად შეცვალა პოზიცია და ნეოპოლიტების მასობრივ მიღებას დაუჭირა მხარი. ძვ.წ. VI საუკუნეში მოქალაქეობის უფლება პრივილეგია იყო, რომელიც `უცხოელებზე~ უხალისოდ ვრცელდებოდა.
ვფიქრობთ, კლისთენეს დროს ნეოპოლიტების მიღების შესახებ არისტოტელესეული ცნობის საფუძველი იყო ის მომენტი, როდესაც ძვ.წ. 510 წელს ატიკის სოფლის მოსახლეობის გარკვეულმა კატეგორიამ ტირანიის დროს დაკარგა მოქალაქეობის სტატუსი და შემდეგ ის კვლავ დაიბრუნა. შესაძლოა, მეტოიკოს-ემიგრანტების გარკვეულ ჯგუფსაც მიეღო მოქალაქეობა. აქვე იმასაც დავძენთ, რომ კლისთენეს რეფორმების მიზანი ახალი მოქალაქეების მიღება და მათი ადაპტაცია როდი იყო, თუმცა მათ თან ახლდა სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ზრდაგანვითარება.
პერიკლეს დროს მეტოიკოსებს მოქალაქეობის მიღება კიდევ უფრო უნდა გართულებოდათ, ვინაიდან პერიკლეს კანონით, ათენის მოქალაქე უნდა ყოფილიყო ის, ვინც დედით და მამით ათენელი იყო. სამაგიეროდ, პერიკლეს რეფორმები მეტოიკოსებს ათენში შრომით საქმიანობას არ უზღუდავდა. პირიქით, მის დროს მეტოიკოსები აქტიურად ჩანან ჩართულნი ხელოსნობაში. წარმოების ამ დარგში მეტოიკოსების ადგილის, მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი კოეფიციენტების შესახებ ერთობ მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციის შემცველია ერეხთეიონის სამშენებლო ანგარიშები, ეპიგრაფიკული დოკუმენტები, რომლებიც ძვ. წ. 409-407 წლებში, ტაძრის მშენებლობის ბოლო ეტაპზე შედგა.14
აღნიშნული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერეხთეიონის მშენებლობაში სხვადასხვა პროფესიისა და სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები მონაწილეობდნენ. შედარებით უფრო მრავალრიცხოვან მასას ქვისმთლელები შეადგენდნენ. როგორც აღინიშნა, ხსენებული ანგარიში მშენებლობის ბოლო ფაზას განეკუთვნება, როდესაც ტაძრის კედლები უკვე ამოყვანილი იყო და მხოლოდ ჭერის გადახურვა და კოლონების კანელურება რჩებოდა.15 ერეხთეიონის სამშენებლო ანგარიშში დაფიქსირებულია თოთხმეტი ქვისმთლელი მეტოიკოსი, რომლებიც რაოდენობრივად ჩამორჩებოდნენ მონებს (16), ხოლო აღემატებოდნენ ქვისმთლელ მოქალაქეებს (9). ქვისმთლელი მეტოიკოსი ათენელი მოქალაქეების მსგავსად, კოლონების კანელურებით იყვნენ დაკავებულნი, რაც მათ მაღალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს. მონები კი ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებდნენ.
ერეხთეიონის მშენებლობაში ხითხუროებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. ამ სფეროში შვიდი მეტოიკოსი, ხუთი მოქალაქე და ოთხი მონა იყო დასაქმებული. შვიდი მეტოიკოსიდან ორი ტაძრის სახურავისათვის ხის კესონებს ამზადებდა, სამი მათგანი ხეზე კვეთით იყო დაკავებული, დანარჩენი კი მოდელების დამზადებით. მეტოიკოს ხუროებს სანარდო ხელფასი ეძლეოდათ.
ერეხთეიონის მშენებელთა შორის ფიგურირებენ ასევე სკულპტორები. ანგარიშის მიხედვით, მშენებლობაში რვა მოქანდაკე იყო დაკავებული. სამი მათგანი მოქალაქე, ხუთი კი მეტოიკოსი იყო, რაც მათ მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს. სკულპტორები ასაკოვანი მამაკაცის ფიგურის დამზადებისათვის 60 დრახმას, ხოლო მოზარდის ფიგურისთვის 30 დრახმას იღებდნენ. ერეხთეიონის ანგარიშებში მშენებლობისათვის უჩვეულო პროფესიის მეტოიკოსებიც გვხვდება. ერთი მეტოიკოსი დიონისოდორი მხატვარი იყო, რომელმაც კიმატიები მოხატა; მეორე მეტოიკოსი სისიფოს მელიტელი კი მოომქროვებელი.16 მას როზეტები მოუვარაყებია. სისიფოსი, შესაძლოა, არც ყოფილიყო პროფესიონალი მომვარაყებელი. იქნებ ის მხატვარი ან ოქრომჭედელი იყო. ამ პროფესიის ხელოსანი მეტოიკოსები დღიურად ორი დრახმის ოდენობით ჯამაგირს იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ერეხთეიონის ანგარიშებში მეტოიკოსი არქიტექტორი არ არის წარმოდგენილი. აქ მხოლოდ ორი ათენელი მოქალაქე არქიტექტორი ფიგურირებს და თანაც ისინი მუდმივად დღეში ერთ დრახმას იღებდნენ.17
როგორც ჩანს, აღნიშნული პროფესია მხოლოდ ათენელი მოქალაქეების პრეროგატივა იყო.
მთლიანობაში ერეხთეონის მშენებლობის ბოლო ფაზაში დასაქმებული 106 ხელოსნიდან 24 ადამიანი მოქალაქე იყო, 43 მეტოიკოსი, 22 მონა, ხოლო 17 გაურკვეველი სოციალური სტატუსის პირი, ე.ი. ჩვენთვის ცნობილი 89 სოციალური სტატუსის პირთაგან 27% ათენელი მოქალაქეა, 48,3% მეტოიკოსი, 24,7% კი მონა.18 როგორც ჩანს, ერეხთეიონის მშენებელთა შორის პროცენტულად მეტოიკოსები ჭარბობდნენ. მართალია, ისინი ხარისხობრივი კოეფიციენტით ათენის სრულუფლებიან მოქალაქეებს ჩამოუვარდებიან, მაგრამ მეტოიკოსები საკმაოდ მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ხელოსნები იყვნენ.
როგორც ცნობილია, მეტოიკოსები არა მარტო ხელოსნობაში, არამედ სავაჭრო ოპერაციებში მასობრივად მონაწილეობდნენ. აღნიშნულ წარწერიან სტელაზე სხვადასხვა პროფესიის ვაჭარ-მეტოიკოსები ფიგურირებენ. ესენი იყვნენ: ზეთით მოვაჭრენი, თხილის, ხახვის, შალის, ყურძნის, ფქვილის, ტყავის, პურის გამყიდველები;19 მეტოიკოსები აქტიურად მონაწილეობდნენ ასევე საბანკო ოპერაციებში. ათენის ტრაპეზიტთა უმრავლესობას ბანკირი მეტოიკოსები შეადგენდნენ. პოლისური კანონმდებლობით, მეტოიკოს ტრაპეზიტებს, ხელოსნებსა და ვაჭრებს მოქალაქეობის, მიწის გირავნობის, უძრავი ქონების შეძენის, მაღაროების არენდით აღების უფლებები ეკრძალებოდათ.20 ამგვარი უფლებები, ათენის სახალხო კრების დადგენილებით, მხოლოდ ცალკეულ პირებს ენიჭებოდათ პოლისის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
მეტოიკოსებს ათენის სამხედრო სამსახურშიც იწვევდნენ, თუმცა ისინი, როგორც წესი, დამხმარე ფუნქციას ასრულებდნენ და უპირატესად ატიკის საზღვრების დაცვა ეკისრებოდათ. ექსტრემალური სიტუაციისას მეტოიკოსების სამხედრო შენაერთები აქტიურ საბრძოლო ოპერაციებშიც მონაწილეობდნენ. ამგვარ შემთხვევას ადგილი ჰქონდა პელოპონესის ომის დროს, როდესაც, თუკიდიდეს ცნობით, `ათენელები, პერიკლეს მეთაურობით, მთელი თავისი ძალებით, მოქალაქეებითა და მეტოიკოსებით მეგარიდაში შეიჭრნენ~.21
მეტოიკოსები ზოგჯერ ათენის პოლიტიკურ ავანსცენაზეც ჩანან. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ათენის აკროპოლისზე აღმოჩენილი სტელის ფრაგმენტზე წარმოდგენილი დეკრეტის ტექსტი `ოცდაათი~ ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ათენელი დემოკრატების მომხრეთა დაჯილდოების შესახებ.22
როგორც ცნობილია, მეტოიკოსებს ათენის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ ექსტრემალური სიტუაციისას ათენელი პოლიტიკოსები მათ მხარდაჭერას საჭიროებდნენ. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მუნიხიასთან ბრძოლის დროს დემოკრატების ლიდერი თრასიბულე ყველას `ისოტელიას~ პირდებოდა, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებდა.23 ამ მოწოდებამ გამოხმაურება პოვა, ვინაიდან თრასიბულეს მომხრეთა რიცხვი მომენტალურად გაიზარდა.
ქსენოფონტის ცნობით, თრასიბულემ 70-კაციანი რაზმით ფილეოსი დაიკავა; მალე მისი სამხედრო შენაერთები 700 გახდა.24 `ოცდაათი~-ს ტირანიასთან დემოკრატების გამარჯვებისა და მათი ათენში დაბრუნების შემდეგ, თრასიბულე შეეცადა, თავისი თანამებრძოლებისათვის მოქალაქეობა ებოძა. თრასიბულეს კანონპროექტი სახალხო კრებამ მოიწონა, მაგრამ დემოკრატების მეორე ლიდერმა, არხინოსმა, გააპროტესტა.25 ძველი ავტორები არაფერს გვამცნობენ იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია თრასიბულეს პროექტს. მაგრამ როგორც აღნიშნული დეკრეტის ტექსტიდან ირკვევა, თრასიბულეს თანამებრძოლი მეტოიკოსების ნაწილი მოქალაქეობის უფლებით დააჯილდოვეს. დაჯილდოებულ მეტოიკოსთა რაოდენობის დადგენა არ ხერხდება. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მათი რიცხვი 300 კაცამდე აღწევდა,26 ზოგი კი 400 კაცამდე ვარაუდობს.27 ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, დემოკრატების არმიაში არაათენელ მეტოიკოსთა წილი საკმაოდ დიდი ჩანს. ეს გასაგებიცაა. ათენის დემოკრატიული მთავრობა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ვაჭრობისა და წარმოების განვითარებას, მეტოიკოსებს ყოველმხრივ იზიდავდა და სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობისათვის ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა.28 დემოკრატები მეტოიკოსების უფლებებს უზრუნველყოფდნენ.
ცხადია, ხელისუფლების სათავეში ოლიგარქოსების დარჩენა მეტოიკოსების პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებს გააუარესებდა. ამიტომაც, მეტოიკოსების მთელი მასა, ერგასტერიუმების მფლობელები, ემპორები, ტრაპეზიტები, ხელოსნები, მოიჯარენი ოლიგარქოსებთან ბრძოლაში დემოკრატებს თანაუგრძნობდნენ.
ათენის სახელმწიფოს ძნელბედობის დროს მეტოიკოსებმა დემოკრა ტებს ქმედითი დახმარება გაუწიეს. პელოპონესის ომში მეტოიკოსები ათენელთა არმიაში ჰოპლიტებად მსახურობდნენ, რაც უფრო საშიშ და რთულ პროფესიად ითვლებოდა, ვიდრე კავალერიაში სამსახური.
ათენის სამხედრო ფლოტის ეკიპაჟის მნიშვნელოვან ნაწილს ღარიბი მეტოიკოსები შეადგენდნენ. მეტოიკოსები ათენის ერთგულნი დარჩნენ მაშინაც კი, როდესაც სპარტელები მათ მაღალ ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ.29 სამოქალაქო ომშიც მეტოიკოსები დემოკრატებს აქტიურად უჭერდნენ მხარს. მაგალითად, ძვ.წ. 411 წელს ოლიგარქოსების ლიდერის, ფრინიხოსის, წინააღმდეგ შეთქმულებაში მეტოიკოსებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს. მოგვიანებით, ძვ.წ. 409 წელს მათ მაღალი ხარისხის ჯილდოები ებოძათ. ერთ მეტოიკოსს მოქალაქეობის სტატუსი მიენიჭა, ხოლო დანარჩენებმა უძრავი ქონების შეძენის უფლება მოიპოვეს.30 ძვ.წ. 404-403 წლებშიც მეტოიკოსები შეძლებისდაგვარად დემოკრატიას იცავდნენ. როდესაც დემოკრატებმა `ოცდაათის~ მმართველობასთან ბრძოლა გააჩაღეს, მათ მრავალი მეტოიკოსი მიემხრო. ისინი დემოკრატებს ფულით და იარაღით ეხმარებოდნენ.31
სამწუხაროდ, ძვ.წ. 401-400 წლებში, აღნიშნული დეკრეტის ცუდი დაცულობის გამო, დაჯილდოებულთა ზუსტი რიცხვის დადგენა არ ხერხდება. სამაგიეროდ, ათენის აკროპოლისისა და ეგინური დეკრეტების ფრაგმენტებით შესაძლებელია დემოკრატების მხარდაჭერისთვის დაჯილდოებულ მეტოიკოსთა სოციალური შემადგენლობის განსაზღვრა.
როგორც წარწერებიდან ირკვევა, დაჯილდოებულთა შორის ჭარბობენ მცირე და საშუალო შეძლების მეტოიკოსები, რომლებიც ხელოსნობით, დაქირავებული შრომით თუ ვაჭრობით თავს ირჩენდნენ. წარწერებში იხსენიებიან მიწის მუშაკები, დაქირავებული მუშები, ვაჭრები, დურგლები, მთელავები, ხაბაზები, მეწაღეები.32 დასაჩუქრებულთა შორის იყვნენ ვაჭრებიც, მაგრამ დაჯილდოებულთა უმრავლესობას მცირე მეწარმეები შეადგენდნენ. დაჯილდოებულთა სიაში საკმაოდ სოლიდური რაოდენობითაა წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის მუშაკები. ტექსტში მოხსენიებულ 69 კაციდან, 19, ე.ი. 25% მეურნეა. ისმის კითხვები: 1. რით შეიძლება აიხსნას სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მეტოიკოსთა მაღალი პროცენტი, მაშინ როცა მათ უძრავი ქონების შეძენის უფლება არ ჰქონდათ; 2. რატომაა, რომ ჩვენამდე მოღწეულ სიაში დემოკრატების მხარდამჭერთა შორის ნაკლებად ფიგურირებენ მდიდარი მეტოიკოსები, რომლებიც დემოკრატიის პირობებში მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობდნენ? რაც შეეხება პირველ კითხვას, ვფიქრობთ, ეს იმით უნდა აიხსნას, რომ ფილეში მის მოსაზღვრე დემებიდან ადვილად შეიძლებოდა შეღწევა.
ნიშანდობლივია, რომ არხინოსის დეკრეტში ფილეებისა და მათი მეზობელი დემების მრავალრიცხოვანი მოსახლეა დაჯილდოებული. მეურნე მეტოიკოსები მიწისმფლობელები კი არ იყვნენ, არამედ არენდატორები, ვინაიდან დაჯილდოებული მუშები განსაკუთრებით აღინიშნებიან. მიწის არენდირების უფლება კი მეტოიკოსებს ჰქონდათ.
რაც შეეხება არამოქალაქეთა შორის ღარიბი მეტოიკოსების სიჭარბეს, ვფიქრობთ, დემოკრატიულ მოძრაობაში სწორედ ამ კატეგორიის მეტოიკოსები მონაწილეობდნენ, მაშინ როცა მდიდარი მეტოიკოსები ამგვარი ქმედებებისაგან თავს იკავებდნენ და დემოკრატებს მხოლოდ ფულადი სახსრებით ეხმარებოდნენ. ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ცნობილი ორატორის ლისიასისა და მისი ძმის პოლემარხოსის თავგადასავალი. ისინი დემოკრატიულ წრეებთან იყვნენ დაკავშირებულნი და ათენი მანამ არ დატოვეს, სანამ პოლემარხოსი არ დააპატიმრეს, ხოლო ლისიასმა გაქცევით უშველა თავს.33 მდიდარი მეტოიკოსები, რომლებიც მონებსა და ერგასტერიუმებს ფლობდნენ, ათენის დატოვების შემთხვევაში თავიანთ ქონებას კარგავდნენ და ამიტომ მოცდა ამჯობინეს, სანამ ათენში სიტუაცია უკიდურესად არ დაიძაბებოდა. რაც შეეხება მეტოიკოს ემპორებს, ნავკლერებსა თუ ტრაპეზიტებს, მათ ადვილად შეეძლოთ გამგზავრება და თავიანთი ქონების სხვა, მშვიდობიან ქალაქში გადატანა.
ღარიბი მეტოიკოსები კი თავს ვერსად შეაფარებდნენ. მართალია, დევნა-შევიწროება პირველ რიგში შეეხო მდიდარ მეტოიკოსებს, რომელთა ქონების ჩამორთმევასაც ოლიგარქოსები ცდილობდნენ, მაგრამ ტერორი გავრცელდა ღარიბ მეტოიკოსებზეც, რომლებიც პროდემოკრატიული ორიენტაციით იყვნენ ცნობილნი.
ასე რომ, მეტოიკოსების ყველა სოციალური კატეგორიის ფენები თავიანთ ბედს დემოკრატიას უკავშირებდნენ. აი, სწორედ, ამიტომაც მიიღეს მათ აქტიური მონაწილეობა დემოკრატიულ მოძრაობაში, რისთვისაც მეტოიკოსებმა სხვადასხვა ხარისხის ჯილდოები დაიმსახურეს: ზოგმა ფულადი პრემია მიიღო, ზოგს მოქალაქეობის სტატუსი ებოძა, ხოლო ზოგიერთმა უძრავი ქონების შეძენის უფლება მოიპოვა.
ძვ.წ. V საუკუნის დასასრულს, ათენში დემოკრატიის რესტავრაციის შემდეგ, მეტოიკოსების მიმართ უწინდელი პოლიტიკა აღდგა. ამიერიდან მოქალაქეობისა და უძრავი ქონების უფლება ნაკლებად გაიცემოდა. ამ მხრივ, ვითარება რამდენადმე შეიცვალა ძვ.წ. IV საუკუნიდან, როდესაც ათენში პოლისური სისტემის კრიზისი დაიწყო.
ძვ.წ. 360 წელს ათენში, ვ. ერენბერგის გაანგარიშებით, 25-50 ათასი,34 ხოლო ძვ.წ. 313 წელს, ა. გომის თანახმად, 10 ათასი მეტოიკოსი ცხოვრობდა.35 მათი აბსოლუტური უმრავლესობა წინანდებურად ხელოსნობავაჭრობასა და საბანკო ოპერაციებში იყვნენ დასაქმებულნი. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი პოლისურ სტრუქტურებს დიდ საფრთხეს უქმნიდა, რადგან პოლისის ფინანსები არამოქალაქეების, მეტოიკოსებისა თუ ქსენოსების ხელში აღმოჩნდა. ათენის ძლიერების დროს, პოლისის ადმინისტრაცია მის განეიტრალებას მეტოიკოსებზე დაწესებული ლიტურგიების, საგანგებო გადასახადების გზით ახერხებდა და მათ არაწარმოებით სფეროში აბანდებდა. IV საუკუნიდან კი, ათენის ადმინისტრაციული სისტემის მოშლასთან ერთად საკუთრების ახალი ფორმა ვითარდება. ამის შესახებ ჯერ კიდევ ბერძენი მოაზროვნეები მიანიშნებდნენ. მაგალითად, არისტოტელე იოკონომიკოსსა და ქრემასტიკოსს ერთმანეთისაგან მიჯნავდა.36
საკუთრების ძველი, ტრადიციული ფორმა ჯერ ერთი, მოქალაქეობის სტატუსს უკავშირდებოდა, ხოლო მეორე, ეს, უწინარეს ყოვლისა, მიწისმფლობელობაა. საკუთრების ნოვაციური ფორმა კი კერძო საკუთრება იყო. ის არანაირად არ უკავშირდება მოქალაქეობის სტატუსს და პირველ რიგში წარმოადგენდა საკუთრებას ფულსა და მონებზე, რომლებსაც IV ს-ში ძირითადად მეტოიკოსები ფლობდნენ.
ვფიქრობთ, ამგვარმა პროცესმა პოლისის ბედზე სერიოზული ზეგავლენა იქონია, რაც პოლისური სისტემის კრიზისით დასრულდა. პოლისური სტრუქტურების კრიზისის გაღვივებასა და ათენის სოციო-ეკონომიკურ სფეროში მეტოიკოსების როლის ზრდის მიმანიშნებელია ასევე ის ფაქტი, რომ IV საუკუნეში ათენის მიწათმფლობელობის სისტემაში მეტოიკოსები ეტაპობრივად მკვიდრდებოდნენ. თუმცა, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მეტოიკოსები მიწის დასაკუთრებას არ ცდილობდნენ, ვინაიდან მათი საქმიანობის ძირითადი სფერო ვაჭრობა და ხელოსნობა იყო.37 მართალია, ვაჭრობა და ხელოსნობა უფრო შემოსავლიანი ჩანდა, ვიდრე მიწათმოქმედება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, მიწისმფლობელობა მაინც მეტოიკოსებისათვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ათენში მიწის შეძენის უფლების მოპოვება ჯილდოდ ითვლებოდა.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მეტოიკოსები შესაძლოა საზოგადოებრივი მიწის არენდატორებიც ყოფილიყვნენ,38 რაც, ჩვენი აზრით, ეჭვსიწვევს, რადგან, ჯერ ერთი, ეპიგრაფიკული მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ მეტოიკოსები უპირატესად ქალაქის დემებში ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ჩვენამდე მოღწეული 30 არენდატორთა შორის არც ერთი მეტოიკოსი არ ფიქსირდება. ასე რომ, მეტოიკოსები პრაქტიკულად საზოგადოებრივი მიწის ნაკვეთების საარენდო პროცესში არ მონაწილეობდნენ. აქ, მხოლოდ ათენელი მოქალაქეები ფიგურირებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტოიკოსები კერძო მიწების საარენდო პროცესშიც ნაკლებად მონაწილეობდნენ.
ძვ.წ. IV საუკუნეში ათენის პოლიტიკურ და ეკონომიკის ზოგიერთ სფეროში მეტოიკოსებისა და მოქალაქეთა უფლებების გათანაბრება ხდება. მაგალითად, პირველად ათენის სასამართლო პრაქტიკაში მეტოიკოსისა და მოქალაქის უფლებები გათანაბრდა.39 აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ეპოქაში, მეტოიკოსებსა და მოქალაქეებს შორის სოციალური კონტაქტები გაფართოვდა, რაც ტრადიციული სამოქალაქო სოციუმისთვის უცხო იყო. მოქალაქეებსა და მეტოიკოსებს ერთობლივად შეეძლოთ კრედიტირება. ათენელი მოქალაქე საკრედიტო ოპერაციების დროს მეტოიკოსების შუამავლებად ან თავდებებად გვევლინებიან;40 საბანკო ოპერაციებს კი მხოლოდ მეტოიკოსები აწარმოებდნენ. კარგადაა ცნობილი, თუ რა როლი შეასრულეს IV საუკუნის ბერძნულ პოლისებში ბიზნესმენ-ტრაპეზიტებმა, რომლებმაც მიმოქცევაში ჩართეს არა მარტო თავიანთი, არამედ მეანაბრეთა სახსრები. ჩვენთვის ცნობილი IV საუკუნის 26 ათენელი ტრაპეზიტიდან ორი ათენელი იყო, 14 არაათენური წარმომავლობის, თანაც 11 მათგანი მეტოიკოსი, ხოლო ერთი მეტოიკოსის ვაჟიშვილი.41
მეტოიკოსების აქტიური მონაწილეობა საზღვაო ვაჭრობის საკრედიტო ოპერაციებშიც არ დასტურდება. ეს გასაგებიცაა, რადგან ტრაპეზიტები მეანაბრეთა ფულით სარგებლობდნენ და ეს საკმაოდ რისკიანი ოპერაცია იყო. ამიტომაც, ტრაპეზიტების საქმიანობა ძირითადად შიდა ათენური ოპერაციებით შემოიფარგლებოდა. ზოგიერთმა მათგანმა ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ ათენის სახელმწიფოს მატერიალურად ეხმარებოდნენ და მეტოიკოსისათვის მაღალი ჯილდო _ ათენის მოქალაქეობის სტატუსი დაიმსახურეს. ზოგიერთი მკვლევარი მიანიშნებს, რომ ელინისტური ხანის ათენში მიმდინარეობდა მდიდარი მოქალაქეებისა და მდიდარი მეტოიკოსების შერწყმის პროცესი, რაც მათი საერთო სოციოეკონომიკური ინტერესების თანხვედრით იყო განპირობებული.42
ძვ.წ. IV საუკუნიდან ათენის მოქალაქე არაერთი მეტოიკოსი გახდა.43 მიუხედავად ამისა, არც ამ დროს და არც წინა საუკუნეებში მეტოიკოსები ათენის სრულუფლებიანი მოქალაქეები არ გამხდარან. ისინი მუდამ ახალ მოქალაქეებად, `ახალ ათენელებად~ ითვლებოდნენ. შესაბამისად მათი უფლებებიც შეზღუდული ჩანს. მეტოიკოსებს არასოდეს ხელი არ მიუწვდებოდათ ათენის სახელმწიფოს მაღალ თანამდებობაზე, მათ ათენის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ; მეტოიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას მიწის შეძენის, გირავნობის და მადნეულის წარმოების უფლებაც არ ჰქონდათ. ასე რომ, ათენის `მოქალაქე~ მეტოიკოსთა უფლებები გარკვეულწილად შეზღუდული იყო. ამ მხრივ, ისინი ემსგავსებიან თანამედროვე, ე.წ. `ნატურალიზებულ~ მოქალაქე ემიგრანტებს, რომლებიც
მოქალაქეობას მთავრობის რეკომენდაციით იღებენ. ამგვარსტატუსიან მოქალაქეებს იმდენი უფლებები არა აქვთ, რაც მკვიდრ მოქალაქეებს გააჩნიათ. მთელ რიგ ქვეყნებში ნატურალიზებულ მოქალაქეებს აკრძალული აქვთ პრეზიდენტობაზე კენჭი იყარონ, ან პოლიტიკური პარტიები ჩამოაყალიბონ (აშშ, გერმანია, ეგვიპტე და სხვ.); ზოგიერთ ქვეყანაში კი (ავსტრია, მექსიკა, ესპანეთი და სხვ.) ნატურალიზებულ მოქალაქეებს, სასამართლოს წესით, შეიძლება მოქალაქეობა გაუუქმდეს.44
როგორც ჩანს, ემიგრანტებისათვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი მუდამ აქტუალური და პრობლემური იყო. მოქალაქე ემიგრანტები, როგორც ანტიკურ, ასევე ზოგიერთ თანამედროვე სახელმწიფოში შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ. მიუხედავად ამისა, ისინი, თავიანთი `მეორე სამშობლოს~ სოციოეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. სწორედ, ამგვარი როლი შეასრულეს მეტოიკოსებმა ძველი ათენის განვითარებაში, თუმცა მეტოიკოსთა ამგვარმა აქტივობამ პოლისური სტრუქტურების დეფორმაცია გამოიწვია, რაც საბოლოოდ ძვ.წ. IV საუკუნეში ათენის სახელმწიფოებრივი სისტემის კრიზისით დასრულდა.
შენიშვნები
1 რ. გორდეზიანი, ძველი ისტორიის ნარკვევები (თბილისი, 2009), გვ. 212.
2 D. M. Whitehead, The Ideology of the Athenian Metic (Cambridge 1977), p. 64.
3 Plutarchus, Solo: 24.
4 Plutarchus, Solo:22.
5 Aristoteles, Politica:1275 b.
6 Ì. Ñ. Êóòîðãà, Èçáðàííûå ñî÷èíåíèÿ, ò. I (Ñàíêò-Ïåòåðáóðã, 1894), ñ. 229.
7 Inscriptiones Graecae: I, 188, 52.
8 citirebulia a. dovaturis wignidan: Ïîëèòèêà è ïîëèòèè Àðèñòîòåëÿ (Ìîñêâà-Ëåíèíãðàä, 1965), ñ. 355.
9 C. B. Hignett, A History of the Athenian Constitution to the End of the Fifth Century B. C. (Oxford, 1952), p. 133.
10 P. Bicknell, Athenian Politics and Genealogy, Historia 23/2 (1974), p. 146.
11 M. C. Broadbent, Studies in Greek Genealogy (Leiden, 1968), p. 165-167.
12 J. M. Day, M. C. Chambers, Aristotle’s History of Athenian Democracy (Berkeley, 1962), p. 111.
13 Aristoteles, Athenaion Politeia : 13, 5.
14 IG: I2 , 372.
15 R. Randall, The Erechtheion Workmen, American Journal of Archaeology, 57 (1953), p. 202-203.
16 IG: I2 , 374. 99.
17 IG: I2 , 374. 109.
18 Â. Êóçíåöîâ, Ñòðîèòåëè Ýðåõòåéîíà, Âåñòíèê Äðåâíåé Èñòîðèè, 4 (1990), ñ. 38.
19 IG: II2 , 2404
20 Àíòè÷íàÿ Ãðåöèÿ, ò. 1 (Ìîñêâà, 1983), ñ. 240, 277.
21 Thucydides, Historia: II, 31, 1.
22 IG: II2 , 10.
23 Xenophontis, Hellenica : I, 4, 25.
24 Xen., Hell., II, 4, 25.
25 Arist., Athen., Pol. 40, 2.
26 A. W. Gomme, The Population of Athens (Oxford, 1933), p. 46.
27 Ë. M. Ãëóñêèíà, Ïðîáëeìû ñîöèàëüíî-ýêîíîìè÷åñêîé èñòîðèè Àôèí IV â. äî í. ý. (Ëåíèíãðàä, 1975), ñ. 73.
28 Plut., Solo : 24; Arist., Polit., III, 1, 10.
29 Thuc., I, 143.
30 Sylloge Inscriptionum Graecarum3 : 108.
31 Lysias, Oratio, XIII, 54.
32 IG: II2 , 2403.
33 Lys., XXXI, 8-9.
34 V. M., Ehrenberg. The Greek State (London, 1969), p. 78-79.
35 A. W. Gomme, dasax., naSromi, gv. 224.
36 Arist., Pol., I, 3, 11,-17, 1256-1257a.
37 D. M. Whitehead, dasax. naSromi, gv. 73-75.
38 Ë. Ãëóñêèíà, Àðåíäà çåìëè â Àòòèêå IV â. äî í. ý., Âåñòíèê Äðåâíåé Èñòîðèè, 2 (1968), ñ. 42-43.
39 P. N. Gauthier, Sumbola (Nancy, 1972), p. 93-94.
40 Demosthenes, Oratio, XXXII, 2, 8.
41 Àíòè÷íàÿ Ãðåöèÿ, ò. 2 (Ìîñêâà, 1983), ñ. 41.
42 R. Padgug, Classes and society in classical Greece, Arethusa VIII/1 (1975), p. 208.
43 Hypereides, Demosthenes: 2, 13, 14.
44 T. Todua, saxelmwifo marTva: istoria, Teoria, praqtika (Tbili si, 2008), gv. 168-169.
ბიბლიოგრაფია
References Ancient Greece, t. 1-2 (Moscow, 1983) (in Russian).
P. Bicknell, Athenian Politics and genealogy, Historia 23/2 (1974).
M. C. Broadbent, Studies in Greek Genealogy (Leiden, 1968).
Day J. M., Chambers M. C., Aristotle’s History of Athenian Democracy (Berkeley, 1962).
A. I. Dovatur, Politics and Politica of Aristotle (Moscow-Leningrad, 1965) (in Russian).
V. M. Ehrenberg, The Greek State (London, 1969).
P. N. Gauthier, Sumbola (Nancy, 1972).
L. M. Gluskina, The Problems of Economic and Social History of Athens in the Fourth Century (Leningrad, 1975) (in Russian).
L. M. Gluskina, Land Rent in the Fourth Century Attica, Vestnik drevnei Istorii, 2 (1968) (in Russian).
A. W. Gomme, The Population of Athens (Oxford, 1933).
L. R. Gordeziani, Studies in Ancient History (Tbilisi, 2009) (in Georgian).
C. B. Hignett, A History of the Athenian Constitution to the End of the Fifth Century B.C. (Oxford, 1952 ).
M. S. Kutorga, Collected Works, t. I (Sankt-Peterburg, 1894) (in Russian).
V. D. Kuznetsov, The Builders of the Erechtheion, Vestnik Drevnei Istorii, 4 (1990) (in Russian).
R. Padgug, Classes and Society in Classical Greece, Arethusa, VIII/1 (1975).
R. Randall, The Erechtheion Workmen, American Journal of Archaeology, 57 (1953).

Комментариев нет:

Отправить комментарий