საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის შესწავლა საბჭოთა კავშირის პერიოდში თავისუფლად ვერ მიმდინარეობდა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ყველა იმ მკვლევრისათვის, ვინც აღნიშნული პერიოდით დაინტერესებულა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ საკითხის კვლევა აკრძალული იყო, ან ბოლშევიკური პროპაგანდის ელფერი გასდევდა და მხოლოდ მისი გაკრიტიკებით შემოიფარგლებოდა. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, აფერხებდა სამეცნიერო კვლევების წარმოებას 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის შესახებ.
ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო, ჩვენი კვლევისათვის საინტერესო საკითხიც რთულად საკვლევ თემატიკაში შედიოდა, ვინაიდან ქართულ-ოსური კონფლიქტის საფუძვლები სწორედ 1918-1921 წლებში ჩაისახა. 1920 წლის ოსი ბოლშევიკების აჯანყება ყველაზე გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობით და მოთხოვნების თვალსაზრისით, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიიდან შიდა ქართლის ნაწილის, ცხინვალის რეგიონის (დღეს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“) გამოყოფას და რუსეთისათვის შეერთებას.
საქართველოს ტერიტრიული მთლიანობის საკითხი, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია. ამიტომ საინტერესოა ამ კონფლიქტის საწყისი პერიოდის განხილვა. ჩვენი კვლევის საგანს კი შეადგენს 1920 წლის ოსი ბოლშევიკების აჯანყების ჩახშობის დროს ქართული სამხედრო შენაერთების მეთაურის ვინაობის დადგენა. ერთი შეხედვით ეს არც ისე რთული უნდა ყოფილიყო და ყველაფერს ნათელი აქამდეც უნდა მოჰფენოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მეცნიერებას საშუალება მიეცა 1918-1921 წლების თემატიკა თავისუფლად ეკვლია. თუმცა ქართული ჯარის მეთაურობის საკითხის საბჭოთა კავშირის დროს მაშინდელი პოლიტიკით იმართებოდა და, როგორც ჩანს, ოსი მოსახლეობისათვის მტრის შესაქმნელად იმ ადამიანის სახელს გამოიყენებდნენ, რომელმაც ოსები ბოლშევიკების მიერ მანამდე არსებული აჯანყებების ჩახშობას უმეთაურა. სავარაუდოდ, ამიტომ 1920 წლის აჯანყების ჩახშობაც ამავე პიროვნებას, ანუ სახალხო გვარდიის გენერალს, ვალიკო ჯუღელს მიეწერა.
საბჭოთა კავშირის დროს არსებულ სამეცნიერო კვლევებში, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო თემატიკას ეხებოდა, საკმაოდ უარყოფითად იყო წარმოჩენილი ვალიკო ჯუღელის პიროვნება და სწორედ მას მიეწერებოდა პასუხისმგებლობა ყველა იმ სიმკაცრეზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1920 წლის ოსი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლისას.
მართლაც და საინტერესოა, თუ ვინ იყო ის ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობასაც წარმოადგენდა აღნიშნული აჯანყების ჩახშობა და რეალურად საქართველოს ბედის წარმართვაც, ვინაიდან ამ დაპირისპირებებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს უახლესი პერიოდის ისტორიაში.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ვალიკო ჯუღელის გვერდით კიდევ ერთი გენერლის სახელი გამოჩნდა, თუმცა ისიც შეცდომით. საუბარი გვაქვს გენერალ გიორგი მაზნიაშვილზე, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იყო ასახული ქართული ჯარის მეთაურის ვინაობა, ანუ, იმას, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოსი ბოლშევიკების აჯანყების ჩახშობას 1920 წელს, არც თუ ისე მცირე რაოდენობის ნაშრომიდან შეიძლება მოვახდინოთ ციტირება. იმისათვის, რომ ჩვენი ნაშრომი ციტირებებით არ გადაიტვირთოს, საილუსტრაციოდ რამდენიმე მათგანს მოვიყვანთ, რომლებიც კარგად გვიჩვენებს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დღევანდელობამდე ჩვენთვის საინტერესო საკითხის ასახვას.
ერთ-ერთ ასეთ ნაშრომს წარმოადგენს 1969 წელს გ. თოგოშვილის მერ გამოცემული მონოგრაფია სახელწოდებით: „ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა“. მასში გაკრიტიკებული ქართული ჯარის მოქმედება და გენერალი ვალიკო ჯუღელი „არქიბანდიტად“ არის მოხსენიებული.1 ანუ ის სწორედ იმ ნორმებში ჯდება, რომელსაც საბჭოთა კავშირის პოლიტიკა ატარებდა და ვალიკო ჯუღელისგან მტრის ხატის შექმნით ცდილობდა 1918-1921 წწ. საქართველო ხალხის მჩაგვრელ სახელმწიფოდ წარმოედგინა.
1. გ. თოგოშვილი – ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1969, გვ. 123.
მსგავი პათოსი იგრძნობა 1972 წელს გამოცემული „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ მეექვსე ტომშიც, სადაც ქართული სამხედრო შენაერთების მოქმედება ოსი ხალხის მიმართ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯად აღიქმება: „მენშევიკების სამხედრო ძალებმა, რომლებიც ორი ცხენოსანი პოლკის, ქვეითი ბატალიონისა, ორი სამთო ბატარეისა და გვარდიელთა რაზმებისადან შედგებოდა, ვ. ჯუღელის მეთაურობით 9 ივნისს დაიწყეს ცხინვალზე შეტევა. ეს იყო მთელი საშინაო ოსეთის აწიოკება“.1 აქაც აჯანყების ჩახშობის ხელმძღვანელად ვალიკო ჯუღელი არის მოხსენიებული.
შემდეგი წლების განმავლობაშიც გამოქვეყნებულ ნაშრომებშიც აჯანყების ჩახშობის ხელმძღვანელად ვალიკო ჯუღელი მოიხსენიება. ეს გრძელდება საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც. თუმცა 90-იანი წლების შემდეგ გამოქვეყნებულ სამეცნიერო მონოგრაფიებსა თუ სტატიებში უკვე ხდება რადიკალური გადახვევა თვითონ მოვლენების შეფასების კუთხით. ამ პერიოდიდან უკვე საბჭოთა პოლიტიკის კონტროლი გაქრა და შესაბამისად შეფასებებიც უკვე მეცნიერის საკუთარი მოსაზრებების მიხედვით დაწერა გახდა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გამოცემულ სამეცნიერო პუბლიკაციებში აჯანყება შეფასებულია არა უკვე როგორც ოსი ხალხის თვითგამორვევის მცდელობად და სამართლიან მოთხოვნად ტერიტორიული გამოყოფისა, არამედ როგორც ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებად, რომელიც რუსების მიერ იყო ინსპირირებული.
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. VI, გამომცემლობა `საბჭოთა საქართველო“, 1972, გვ. 680.
რაც შეეხება ზემოთ ნათქვამ კიდევ ერთ პიროვნებას, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს. მისი ვინაობის მიბმა 1920 წლის აჯანყებასთან გვხვდება დოდო ჭუმბურიძის ნაშრომში „ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში (1918-1921 წლებში)“. ნაშრომში აღნიშნულია: „ოსეთის აჯანყება“ სასტიკად ჩაახშეს გიორგი მაზნიაშვილმა და ვალიკო ჯუღელის ხელმძღვანელობით ქართული გვარდიის ნაწილებმა“1.
2012 წელს გამოქვეყნდა სულხან ალექსიას მონოგრაფია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტების ანატომია“, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი მისი სადოქტორო დისერტაცია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები და მათი დარეგულირების პრობლემები“. ორი ნაშრომში 1920 წლის ოსი ბოლშევიკების აჯანყების ჩახშობის ხელმძღვანელად ვალიკო ჯუღელია მოხსენიებული: „აღნიშნული აჯანყება 1920 წელს საქართველოს სახალხო გვარდიამ ჩააქრო. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ვალიკო ჯუღელი“.2
1. დ. ჭუმბურიძე - ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში (1918-1921 წლებში), გამომცემლობა „მემატიანე“, 2003, გვ. 324.
2. ს. ალექსია - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტების ანატომია, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2012, გვ. 153; ს. ალექსია - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები და მათი დარეგულირების პრობლემები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013, გვ. 77.
2014 წელს კი გამოიცა მორიგი ნაშრომი რომელიც საქართველოში არსებულ შიდა კონფლიქტებს ეხება. საუბარია ბორის კვარაცხელიას ნაშრომზე: „რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ (აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“) და საერთაშორისო თანამეგობრობა“. მასშიც გიორგი მაზნიაშვილი და ვილიკო ჯუღელი ქართული სამხედრო შენაერთების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი: „ოსეთში დაწყებული აჯანყების ჩასახშობად გაიგზავნა საქართველოს შეიარაღებული ნაწილები გიორგი მაზნიაშვილისა და ვალიკო ჯუღელის მეთაურობით“1
მოდით ჯერ განვიხილოთ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საკითხი. მისი დაკავშირება 1920 წლის ოსი ბოლშევიკების აჯანყებასთან უცნაურია, რადგან მას შეხება არ ჰქონია არც ამ და არც წინამორბედ აჯანყებებთან, რომლის ორგანიზატორებიც ოსი ბოლშევიკები იყვნენ. 1919 წელს გიორგი მაზნიაშვილი ინიშნება ახალციხე-ახალქალაქის გენერალ გუბერნატორად, ხოლო 1920 წლის ოქტომბრიდან გადადის თბილისის გარნიზონის უფროსად. შესაბამისად, 1920 წლის ივნისში განვითარებულ სამხედრო მოვლენებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
რაც შეეხება ვალიკო ჯუღელის საკითხს. ნაშრომების უმეტესობაში იგი მოხსენიებულია აყანჯების ჩახშობის მეთაურად, ხოლო როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატა გვიჩვენებს, „საქართველოს ისტორიის ნარკვევებში“, სწორედ მას მიეწერება ცხინვალზე იერიშის მიტანაც. მოდით მივყვეთ მოვლენებს და წყაროებს.
1920 წლის ქართულ-ოსური დაპირისპირების საკვლევად გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი წყარო. ერთი, ესაა საარქივო მასალა (ქართული და რუსული), მეორე, - აღნიშნული მოვლენების უშუალო ხელმძღვანელთა მოგონებები (საუბარია გიორგი კვინიტაძისა და ვალიკო ჯუღელის მოგონებებზე), გვაქვს ასევე მოვლენების თანადროული პრესაც, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება მისგან.
1. ბ. კვარაცხელია - რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ (აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“) და საერთაშორისო თანამეგობრობა, გამომცემლობა „ირიდა“, 2014, გვ. 77.
რაც შეეხება ვალიკო ჯუღელის მოგონებებს, ის თავადვე ამბობს, რომ მას ებარა მხოლოდ მარჯვენა ფლანგის ხელმძღვანელობა. ამასთან ერთად კი ამ ფლანგს დგებუაძე და კარგარეთელი ხელმძღვანელობდნენ.1 ხოლო ცხინვალის აღება კი მოხდა არა მარჯვენა ფლანგის მიერ, რომელსაც ჯუღელი ხელმძღვანელობდა, არამედ ცენტრალური ფლანგის მიერ.2 შესაბამისად, მხოლოდ ჯუღელის მოგონებებიც რომ ავიღოთ, უკვე კარგად ჩანს რომ ხელმძღვანელი ის არ ყოფილა და არც მას მოუხდენია შეტევა ცხინვალზე. იგივე ინფორმაციას გვაწვდის გიორგი კვინიტაძეც, რომელიც რეალურად იყო ქართული სამხედრო შენაერთების მიერ ოსი ბოლშევიკების აჯანყების ჩახშობის ხელმძღვანელი და ეს კარგად ჩანს მის მემუარებში, როდესაც ის ჯარის ხელმძღვანელობის საკითხის გადანაწილებასა და სტრატეგიის დაგეგმვაზე საუბრობს.3
კვინიტაძისა და ჯუღელის მოგონებები რომ შევაჯერთ, ასევე გენშტაბის ოფიციალური ცნობებიც გავითვალისწინოთ, სამხედრო მართველობის გადანაწილება 1920 წლის ოსი ბოლშევიკების ჩახშობის დროს, ქართული მხრიდან ასეთი გამოდის: რაზმის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი კონიაშვილი, მთლიან ოპერაციას კი თვითონ კვინიტაძე ხელმძღვანელობდა. იქნებოდა მარჯვენა და მარცხენა კოლონა და ასევე ცენტრალური შემტევი ძალა, რომელიც ასევე ორ კოლონად, ცენტრალურ მარჯვენა და ცენტრალურ მარცხენა კოლონად დაიყოფოდა. ცენტრალურ კოლონებს ცხინვალის აღება ჰქონდათ დავალებული. მარჯვენა კოლონის ხელმძღვანელებად ვალიკო ჯუღელი და ალექსანდრე დგებუაძე დაინიშნენ, ცენტრალურ მარჯვენა კოლონას გენერალი კონიაშვილი უხელმძღვანელებდა, მარცხენა კოლონას პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი, ხოლო ცენტრალურ მარცხენას, რომელსაც ყველაზე სუსტად აღიარებდა კვინიტაძე და მის ფუნქციად მხოლოდ მარცხენა კოლონასთან დაკავშირება მიაჩნდა, თავად კვინიტაძე ხელმძღვანელობდა. მარცხენა კოლონაზე ასევე მიმაგრებული იყო გვარდიის შტაბისა და დამფუძნებელი სათათბიროს წევრი ზაქარია გურული.
როდესაც ქართულმა სამხედრო ნაწილებმა ცხინვალი აიღეს, ამის შემდეგ გიორგი კვინიტაძემ ჯარის ხელმძღვანელად გენერალი კონიაშვილი დატოვა, თვითონ კი თბილისში დაბრუნდა. ამის შემდეგ უკვე კონიაშვილი ატყობინებდა გვარდიის მთავარ შტაბს, მოვლენების განვითარების შესახებ.4 შესაბამისად, ჯუღელი არც კვინიტაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ გამხდარა საბრძოლო ოპერაციის ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, მისი როლი აღნიშნულ სამხედრო მოქმედებებში დიდი იყო და სამხედრო შტაბის სხომებზეც მას მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმოდა, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოს ბოლშევიკებთან შეტაკებებში მხოლოდ სახალხო გვარდიის შენაერთები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მთავარი ხელმძღვანელი არ ყოფილა, როგორც ის სამეცნიერო ნაშრომებშია მოხსენიებული.
ძირითადი სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ, როდესაც ქართულმა მხარემ აჯანყება ჩაახშო და სტრატეგიული ადგილები დაიკავა, ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად იქ მაინც იყო მცირე რაოდენობით ჯარი, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფდა. ამ სამხედრო შენარეთებს კი, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში, კარლო ინასარიძის პირად არქივში, დაცული ცნობა იტყობინება, პოლკოვნიკი ინწკირველი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, არც აჯანყების ჩახშობის შემდეგ დარჩენილა ვალიკო ჯუღელი ადგილზე ხელმძღვანელად.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: ჩატარებული კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ ქართულ სამხედრო შენაერთებს ხელმძღვანელობდა გენერალი გიორგი კვინიტაძე და არა ვალიკო ჯუღელი, როგორც ეს აქამდე იყო დამკვიდრებული ქართულ სამეცნიერო პუბლიკაციებში. გენერალ ვალიკო ჯუღელს კი თავისი მნიშვნელოვანი როლი ეკავა 1920 წლის სამხედრო მოვლენების დროს, ოღონდ, როგორც მარჯვენა ფლანგის ხელმძღვანელს.
1. В. Джугели. Тяжёлый крест (Записки народногвардейца), „Типографиа Правительства“, 1920, ст. 229.
2. იქვე, გვ. 229.
3. გ. კვინიტაძე – მოგონებები. საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1917-1921, წ. 1., გამომცემლობა „ლომისი“, 1998, გვ. 233.
4. გაზეთი „ერთობა“, 1920 წ., №133.
დამოწმებანი:
1. თოგოშვილი გ. ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1969.
2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.VI, თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1972.
3. ჭუმბურიძე დ. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში (1918-1921 წლებში), თბილისი, გამომცემობა „მემატიანე“, 2003.
4. ალექსია ს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტების ანატომია, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2012.
5. ალექსია ს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები და მათი დარეგულირების პრობლემები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2013.
6. კვარაცხელია ბ. რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ (აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“) და საერთაშორისო თანამეგობრობა, გამომცემლობა „ირიდა“, 2014 წ
7. გაზეთი „ერთობა“, 1920 წ., №133.
8. კვინიტაძე გ. მოგონებები, თბილისი, „ლომისი“, 1998, წ.1.
9. ლორთქიფანიძე გრ. ფიქრები საქართველოზე, თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1995.
11. Борьба за победу Советской власти Грузии: Документы и материалы (1917-1921гг.), Тбилиси, „Сабчота Сакартвело“, 1958.
12. ბახტაძე უ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა და მისი სამართლებრივი მდგომარეობა, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1968.
13. ბენდიანიშვილი ალ. საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ.), თბილისი, „მემატიანე“.
14. ბლუაშვილი უ. ქართულ-ოსური კონფლიქტი: ვინ და რატომ დაიწყო იგი?, თბილისი, „ცის ნამი“, 2005.
15. ვადაჭკორია შ. დამოუკიდებელი საქართველო და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა 1918-1921 წლებში, თბილისი, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული
შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის კარტოგრაფიული ცენტრი“, 2010.
16. ვადაჭკორია შ. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე), თბილისი, „მემატიანე“, 2003, წიგნი 1.
17. ვადაჭკორია შ. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე), თბილისი, „მემატიანე“, 2006, წიგნი 2.
18. ვადაჭკორია შ. ოსური მითი და ქართული სინამდვილე (პასუხად ოს ისტორიკოსებს), თბილისი, გამომცემლობა „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“, 2012.
19. თოიძე ლ. როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თბილისი, „მეცნიერება“, 1991.
20. ითონიშვილი ვ. უცხოტომელთა ავაზაკობა საქართველოში, თბილისი, „მემატიანე“, 2005.
21. ითონიშვილი ვ. ქართველთა გოდება გაპარტახებულ სამშობლოში, თბილისი, „მემატიანე“, 2007.
22. მენთეშაშვილი ა. ოსური სეპარატიზმი 1918-1920 წლებში, კრებული: ოსთა საკითხი, თბილისი, „პითაგორა“, 1996.
23. მენთეშაშვილი ა. სამხრეთ ოსეთის 1920 წლის მაისივნისის შეიარაღებული აჯანყება, გაზ. „სახალხო განათლება“ 1989, №95.
24. ჟორჟოლიანი გ. თოიძე ლ. ლეკიშვილი ს. მატარაძე ლ. ხოშტარია-ბროსე ე. ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიული და პოლიტიკური ასპექტები და მისი მოგვარების გზები, თბილისი, „სამშობლო“, 1992.
25. საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში, თბილისი, „პალიტრა L“, 2012, ტ. IV.
26. სონღულაშვილი ა. სამხრეთ ოსეთი საქართველოში?!, თბილისი, „უნივერსალი“, 2009.
27. ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან,თბილისი, „სამშობლო“, 1991.
28. ხუციშვილი ნ. შიდა ქართლი-ისტორია და თანამედროვეობა (საარქივო დოკუმენტები გვამცნობენ. გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1990, 20 იანვარი.
„ატენის-წყალს მოერთვის აღმოსავლეთიდამ ვერეს ხევი. აქა არს ციხე მაღალსა კლდესა და ხეობა ესე არს ვენახოვან-ხილიანი; ვერეს დაბის დასავლით არს, დანახვისის მთის ძირს, მონასტერი კეთილშუენიერი ყოვლადწმიდისა“. ვახუშტი ბატონიშვილი.
ვერის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში, ქალაქ გორიდან სამხრეთაღმოსავლეთით 15 კმ-ის მანძილზე, სოფ. ატენის უბან _ გარდატენიდან ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთით 5,5 კმ-ის დაშორებით, მდ. ტანის მარჯვენა შენაკად ვერის ხევის მარცხენა ნაპირზე. მას დასავლეთით ჩამოუდის ათრევის ხევი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მონასტრის ხევსაც უწოდებს. იმავე მხრიდან 16-18 მ-ის დაშორებით ეკლესიას ეკვრის მთიდან ჩამორეცხილი ნიაღვრების შედეგად შექმნილი ხევი. მისი ფსკერის ნიშნული ბევრად უფრო მაღლა მდებარეობს ეკლესიის იატაკისა და ეზოს თავდაპირველ ნიშნულთან შედარებით1. ამ გარემოების გამო მონასტრის ტერიტორიაზე პერიოდულად მთის ფერდობებიდან ჩამოსულმა სელურმა მასამ, XX ს-ის 20-იან წლებში, ეს ანსამბლი განადგურებამდე მიიყვანა. ტაძრის შიდა ნაწილი ამ დროისათვის სელური მასით ამოვსებული ყოფილა ნავების გამყოფი სვეტების კაპიტელების დონემდე.
ტაძარმა XIX ს-ის 40-იან წლებში მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. იგი მოინახულა ფრანგმა ორიენტალისტმა და ქართველოლოგმა მარი ბროსემ2, რომლის მოგზაურობა გორის შემოგარენში არ სცილდებოდა ატენს და მას წინასწარ ჰქონდა მონიშნული ენახა დანახვისისა და ნათლისმცემლის ეკლესიები. მხილველთა რჩევითა და ვახუშტი ბატონიშვილის აღწერის გათვალისწინებით, მკვლევარს მარშუტი შეუცვლია და პირველ ქართველ არქეოლოგთან – დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილთან ერთად გამგზავრებულა ვერეს მონასტერში, რომლის კედლებზედაც უნახავს სამი ძალზე საინტერესო წარწერა. მათ თანმიმდევრობას მკვლევარი თავის პუბლიკაციაში ლათინური ანბანის რიგით აღნიშნავს. წარწერის ტექსტის გადმოსაცემად გამოყენებული აქვს ასომთავრული შიგ ქარაგმების გასახსენებლად ჩართული მხედრული შრიფტით.
მ. ბროსე პირველ წარწერას ასე კითხულობას: წმიდაო ღვთის მშობელო შეიწყალე მეორე სტრიქონის ბოლო ოთხი გრაფემის წაკითხვას მხოლოდ ფრანგულ თარგმანში იძლევა როგორც „მიქელ დიდებული“3.
მ. ბროსეს მეორე წარწერა ასეთი სახით აქვს მოტანილი: „წმიდაო ღვთ ის მშობელო ვერისაო ადიდე ერისთავი მირან და მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა“. მკვლევარი ვერის ეკლესიის წარწერაში მოხსენიებულ ერისთავ მირიანის სახელს აიგივებს ატენის სიონის ვრცელ წარწერაში მოხსენიებულ ქართლის ერისთავთ ერისთავ მირიანთან.4
მესამე წარწერის ყველა სტრიქონს, მკვლევარის აზრით, საწყისი გრაფემა კლებია: „წმიდაო ღვთის მშობელო შეიწყალე გრიგოლ ციხის თავი და მეოხ ყავ დიდსა მას დღესა სასჯელი სასა წინაშე ძისა შენი სა ქ ყ ყ ი (ბატონ დიმიტრის წარმოდგენილი ასლით)“.5
1. ეს სხვაობა დაახლოებით 4 მ შეადგენს. ლ. ახალაია. ვერეს ეკლესიაზე 1990 წელს ჩატარებული საველე არქეოლოგიური კვლევის ანგარიში. მანქანაზე ნაბეჭდი. გვ. 5.
2. M. Brosset. Voyage archeologique. St. Peterbourg. 1851. Rapp. VI. p.29-31.
3. M. Brosset. Voyage archeologique. St. Peterbourg. 1851. Rapp. VI. p.29
4. M. Brosset. Voyage archeologique … p. 29-30.
5. იქვე გვ. 30.
მ. ბროსე ციხისთავის სახელს კითხულობს გრიგოლად და იძლევა მის იდენტიფიკაციას: „ეს გრიგოლ ციხისთავი ხომ არ არის ასევე ატენის დიდ წარწერაში მოხსენიებული ციხისთავი, რომელიც ცხოვრობდა მეფე ბაგრატ IV სევასტოსის დროს“. წარწერის ბოლოს ცალკე სტრიქონად მოტანილ ოთხ ასო-ნიშანს არაბული ციფრებით გამოხატულ თარიღად მიიჩნევს. თუმცაღა, მათი მოხაზულობის სისწორეში ეჭვი ეპარება, რადგან, მისი თქმით, ამ სტრიქონის გადმომწერი ყოფილა ისეთი ადამიანი, რომელიც მსგავს სამუშაოს პირველად ასრულებდა და არ იცოდა მნიშვნელობა ნიშნებისა, რომელსაც იწერდა.1 ვფიქრობთ, ამ სტრიქონის გასწვრივ ფრჩხილებში მოტანილი განმარტებიდან - „ბატონ დიმიტრის წარმოდგენილი ასლით“ – ჩანს, რომ ეს სამუშაო დ. მეღვინეთხუცესისშვილს შეუსრულებია.
მ. ბროსე ქუთაისის ბაგრატის ტაძრის წარწერის გათვალისწინებით, რომელშიც ქორონიკონი არაბული ციფრებითაა (223=1003) აღნიშნული, შესაძლებლად მიიჩნევს ვერის წარწერაშიც თარიღის იგივე წესით გამოხატვას. მკვლევარს აშკარად გასჭირვებია ამ წარწერის გარჩევა და აღნიშნავს: „ნიშნები, რომლებსაც აქ ვხედავთ, მე მეჩვენება, რომ არაბულია, რადგან ისინი ქართული არ არის“2. პირველ გრაფემას (ქ) მიიჩნევს ერთდროულად წარწერის საწყისადაც და ქორონიკონის შემოკლებადაც. მეორესა და მესამეს არაბულ ციფრ 6-ად თვლის, მეოთხეს – 1-ად, საიდანაც ღებულობს თარიღს – 661. იგი ასეთ რიცხვით მნიშვნელობას უშედეგოს უწოდებს, რამდენადაც საქართველოში გავრცელებული არც ერთი ქრონოლოგიური სისტემა არ იძლევა მეფე ბაგრატ IV ხანას. ბოლო შემოთავაზებული ვარიანტით ქორონიკონის ნიშანს აცილებს არაბულ ციფრებს და ისე ღებულობს პასქალურ 221. აქედან გამოითვლის 1001 წელს (221+780=1001). ამ თარიღს მიიჩნევს ტაძრის მშენებლობისა და, შესაბამისად, წარწერების შესრულების ხანად. თუმცა, ამ წარწერის ხელახალ საფუძვლიან შემოწმებას მოითხოვს.3
ექ. თაყაიშვილს ვერის ეკლესია არ მოუნახულებია. მის ხელთ არსებულ ფოტოებზე აღბეჭდილი ტექსტებით მოგვცა მხოლოდ მირიანისა და ციხისთავის წარწერების წაკითხვა. ექ. თაყაიშვილს შესწორებები შეაქვს მ. ბროსეს წაკითხვაში და ციხისთავის სახელს ხსნის როგორც გურგანელი. იგი იზიარებს ბროსეს შემოთავაზებულ თარიღს – 1001 წელს. ექ. თაყაიშვილის დაკვირვებით, გურგანელის წარწერის მხოლოდ ზედა ოთხ სტრიქონს ჰკლებია საწყისი გრაფემა, რომელთაც მკვლევარი ოთხკუთხა ფრჩხილებში აღადგენს.4
გ. ჩუბინაშვილს ვერის ეკლესიის 1915, 1922 და 1925 წლებში მონახულებისას5 ტაძრის კუთვნილი სამი წარწერიდან, 1915 წელს ერთი ჯერ კიდევ ადგილზე დახვედრია, 1922 წელს კი მისგანაც მხოლოდ ნახევარი უნახავს. სამწუხაროდ, რომელ წარწერაზეა საუბარი და ტაძრის რომელ ფასადზე იყო იგი განაწილებული ამის შესახებ არაფერს ამბობს. მკვლევარმა ვერის ეკლესიაში ორი სამშენებლო პერიოდი გამოყო. უძველესი VII ს-ით განსაზღვრა. ტაძარზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები ეკლესიის კუთვნილი წარწერების გათვალისწინებით XI ს-ის 60-იან წლებს _ ატენის ციხისთავ გურგანელის სახელს დაუკავშირა.6
1. იქვე.
2. M. Brosset. Voyage archeologique … p. 30.
3. იქვე. გვ. 30-31.
4 .Е. Такаишвили.Археологическიя екскурсии, разыскания и заметки. ИКОИМАО.вып III.Тифлис.1913. С.70-71.
5. Н.ЧуБинашвили. Церовани. Храмы сводчатой архитектуры с конструктивно-декоративными нишами на восточном фасаде. Тбилиси.1976. с.43.
6. გ. ჩუბინაშვილი. ქართული ხელოვნების ისტორია. თბილისი. 1936. გვ. 202-204. სქოლიო 4.
ნ. ჩუბინაშვილმა ტაძრის კონსტრუქციულ-დეკორატიულ გადაწყვეტაში ნათლად დაინახა ადრეული ტრადიციებისა და X ს-თვის დამახასიათებელი თავისებურებების თანაარსებობა.1
ხოვლეს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ ნ. ბერძენიშვილის მითითებით 1959-1961 წწ. თეძმის, ხოვლესა და ატენის ხეობებში ჩატარებული ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვების დროს ექსპედიციას ვერის ეკლესიიდან ჩამოყრილ ორნამენტირებულ ფრაგმენტთა შორის უნახავს ციხისთავ გურგანელის ძლიერ ნაკლული, ექვსსტრიქონიანი ასომთავრული წარწერის ნაწილი. დ. ბერძენიშვილი მ. ბროსეს გამოცემის მიხედვით აღადგენს სრულ ტექსტს წარწერისას: „1. [წმინდა ღვთის მ]შ(ო)ბ[ელო შეიწყალე 2. გრგნლ ციხი]სთ(ა)ვი დ(.) 3. [მეოხ ეყავ დი]დსა მ(ა)ს 4. [დღესა სა]სჯ(ე)ლი 5. [სასა წინაშე] ძისა 6. [შენისა]“.
დ. ბერძენიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ბროსეს მიერ გამოცემული ამ ეკლესიის კუთვნილი სამი წარწერიდან არც ერთი ადგილზე აღარაა საყდრის ძლიერი დაზიანების გამო. დაკარგულია ის ნიშნებიც წარწერის ბოლოს, რომლებიც ბროსეს თარიღის მაჩვენებელ არაბულ ნიშნებად მიუჩნევია.2
1. Н.ЧуБинашвили. Церовани. ც. 43-44.
2. დ. ბერძენიშვილი. ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვები თეძმის, ხოვლესა და ატენის ხეობებში 1959-61 წწ. (ანგარიში). თბილისი. 1962. ხელნაწერი. დამატება. I. ეპიგრაფიკული ძეგლები. #6. ვერის მონასტერყ (ათრევას ხევი, ტანა). დაკარგული წარწერის ფრაგმენტი.
ვერის ღმრთისმშობლის ეკლესიიდან 1972 წლის 5 სექტემბერს აღმოსავლეთი სარკმლის მოსართავ-ჩუქურთმიან, მოწითალო ფერის ქვის რვა ფრაგმენტთან ერთად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამოტანილ იქნა ასევე მოწითალო ფერის ქვაზე (80×58×26 სმ) ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა, გატეხილი სამ ნაწილად.1
ვერის ეკლესიასა და მის წარწერებს ატენის სიონთან ერთად დიდი როლი ენიჭება ატენის „ქვეყნის“ ისტორიის კვლევის საქმეში.2 ამ გარემოებამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა გ. აბრამიშვილის ინტერესი ვერის ეკლესიისადმი, რადგან იგი ატენის სიონის პრობლემატიკასთან დაკავშირებით გამოწვლილვით იკვლევდა აღნიშნული რეგიონის ისტორიას. მკვლევარი ამ პრობლემაზე მუშაობის დროს დაინტერესდა ვერის ეკლესიის დაკარგული წარწერების მოძიებით, რაც მონასტრის ტერიტორიაზე სპეციალური არქეოლოგიურ-გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებდა. ატენის მუდმივმოქმედი ექსპედიცია უსახსრობის გამო იძულებული გახდა იმხანად თავი შეეკავებინა ამოცანის განხორციელებისაგან. დასახული ამოცანის შესრულებაზე ზრუნვა არ შეუნელებია გორის „საზოგადო საკრებულო“-ს თავმჯდომარე ომარ ჩუბინიძეს. მან 1988 წელს დიდი ყურადღება დაუთმო ამ მნიშვნელოვანი ძეგლის გაწმენდა-აღდგენის ღონისძიებათა ორგანიზებას.3
1. იგი ფიქსირებულია ძშწ. #8855 და ძქხ. დავთარი „დ“ #1103. ჩანაწერში წარწერის ტექსტი ასახული არ არის. ქვის კვადრი ასომთავრული წარწერით თავდაპირველად განთავსებული იყო მუზეუმის ეზოში. ახალი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით ქვის ფონდის ძლიერ შემჭიდროების გამო ამ წარწერასთან მისვლა ჯერჯერობით ვერ შევძელი.
2. ეს წარწერები, როგორც წყარო განიხილეს ს. ბარნაველმა ატენის ახალი წარწერები. მოამბე. ტ. VII. 1-2. თბილისი. 1945. გვ. 85-86, ა. ბაქრაძე, თრიალეთისა და ატენის ეპიგრაფიკული ძეგლები, როგორც ისტორიული წყარო. სსმმ. ტ. XX-B. თბილისი. 1959. გვ. 74.
1. ძეგლზე შეფობა აიღო გორის რაიონის მეურნეობათაშორისი საბინაო-კომუნალურმა გაერთიანებამ (დირექტორი რ. მიხანაშვილი), რომელმაც გაიღო თანხა ძეგლის შესწავლისა და მეცნიერულად დასაბუთებული აღდგენისათვის. იკისრა დაცვითი ღონისძიებების – სელამრიდი კონსტრუქციებისა და საყრდენი კედლების მშენებლობის წარმოება. ლ. ახალაია. ვერის ეკლესიაზე 1990 წელს ჩატარებული..…გვ. 4.
1990 წლის ივლის-ოქტომბერში ჩატარდა ძეგლის ძირითადი არქეოლოგიური კვლევა-ძიება,1 დარჩენილი სამუშაოები კი 1991 წელს საბოლოოდ დასრულდა. მაღალ პროფესიულ დონეზე წარმოებული არქეოლოგიურ-გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დასავლეთი კარიბჭის სახურავზე ტაძრის საპირე ქვებთან ერთად, მიწის ზედაპირიდან 170 სმ-ს სიღმეზე, აღმოჩნდა სამი ქვა ასომთავრული წარწერით. ამათგან ერთი შირიმისაა და ზომით დანარჩენ ორ მოღვინისფრო-მოიისფრო ტონალობის კვადრს აღემატება. შირიმის კვადრი (126X85 სმ.) ტაძრის დასავლეთ სარკმლის ქვედა, მარჯვენა კუთხესთან ყოფილა გამართული. ამაზე მიგვანიშნებს 9X26 სმ მართკუთხად ჩამოჭრილი მარცხენა, ზედა კიდე. კარგად გათლილი წინაპირის ზედა არეზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა ორ სტრიქონად (სურ. I): „წო ღთს მშბ 1. წ(მიდა)ო ღ(მრ)თ(ი)ს მშ(ო)ბ(ე)ლო შე მ ქ დბ 2. ლო შ(ეიწყალ)ე მ(ი)ქ(ელ) დ(იდე)ბ(ული)“2
1. ლ. ახალაია. ვერის ეკლესიაზე 1990 წელს ჩატარებული... გვ. 4. სქოლიო 3. ე. კავლელაშვილი. ვერის ღმრთისმშობლის ეკლესიის წარწერები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ნარკვევები. X. თბილისი. 2005. გვ. 102.
2. M. Brosset. Voyage archeologique … p. 29.
წარწერა მოიცავს 36×123 სმ ფართობს. გრაფემების H – 18|12 სმ. განკვეთილობის ნიშანი არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთს არაა დაცილებული. ქარაგმის ნიშანი – განივი სქელი ხაზი, ზემოთ აზიდული კიდეებით. კვადრი გატეხილია სამად (58/3×65 სმ.; 11/20×3/13/9 სმ.; 100/54×85 სმ.), რის გამოც პირველსა და მეორე სტრიქონში დაცული „ონი“ ნაკლულია, საწყისი გრაფემა „წ“ ორ ნაწილადაა გაყოფილი. წარწერა მოცემულ ფართობზე მჭიდროდაა განთავსებული. ოსტატი ითვალისწინებს მართკუთხად ჩაჭრილ კიდეს და პირველ სტრიქონს ოდნავ შიგნით იწყებს. მეორე სტრიქონი კი პირის კიდემდე გადმოაქვს, რომლის საწყისი გრაფემის ჰორიზონტალური ხაზის სისხოს ამცირებს ჩაკვეთილი კუთხის წიბოზე დამთხვევის გამო. ორივე სტრიქონის დამაბოლოვებელი ასო-ნიშნები კვადრის საპირისპირო კიდეზეა მიბჯენილი, მაშინ როდესაც ფართობის 2/3 თავისუფალია.
წარწერის განაწილების ასეთი წესიდან ნათლად ჩანს, რომ კვადრის ზედაპირი მთლიანად ყოფილა გათვალისწინებული ტექსტისათვის, რომელიც ვერ დაუმთავრებიათ. მეორე მოღვინისფრო-მოიისფრო კვადრის (80X54) წმინდად გათლილ წინა პირზე ჩაკვეთილია ხუთსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა: „წო ღთს მშ[ო] 1. წ(მიდა)ო ღ(მრ)თ(ი)ს მშ(ო)ბლო ვრსო ად 2. ბ(ე)ლო ვ(ე)რ(ი)ს(ა)ო ად(იდე) ერსთვი მრა 3. ერ(ი)სთ(ა)ვი მ(ი)რ(ი)ან და მხ ყ ვ წე 4. ნ და მ(ეო)ხ ყ(ა)ვ წ(ინაშ)ე ძსა1 შ ნი სა 5. ძისა შ(ე)ნისა“.
წარწერა მოიცავს 75×52 სმ. ფართობს. შესრულებულია არათანაბარი გრაფემებით (უდიდესი H_ 11,5 სმ; უმცირესი - 4,5სმ.). განკვეთილობის ნიშანი არ ახლავს. ქარაგმის ნიშანი – ტყუპწვეტოვანი განივი ხაზი. სიტყვები ერთმანეთს არ არის დაცილებული. დაზიანებულია ქვის კვადრის ზედა მარჯვენა კუთხე, რის გამოც, წარწერის I, II და III სტრიქონების დამაბოლოვებელი გრაფემები ნაკლულია.
მესამე მოღვინისფრო-მოიისფრო მოცრო ზომის (55×52 სმ) კვადრის ცენტრალური ეზო (35,5×33,5 სმ.) საგანგებოდაა ჩაკვეთილი და შემოზღუდულია ფართო ზოლებიანი ჩარჩოთი, რომელიც ეზოს ირიბად დაქანებული ფერდებით ებჯინება. სახატეს ცენტრალურ არეზე ჩაკვეთილია სამგრაფემიანი წარწერა: ნ ი ნ „ნინ“. მოიცავს 26×22 სმ. ფართობს. შესრულებულია არათანაბარი გრაფემებით (H-16,5 | 10,5 სმ). ქარაგმის ნიშანი –ტყუპწვეტოვანი განივი ხაზი. დამთავრების და განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. წარწერა, ქვის გროვიდან ამოღებამდე გადაღებული ფოტოდან, პირველმა წაიკითხა ვ. სილოგავამ: „||ღ| მერთმა|ნ||“ ან „|| უ|ფალმა|ნ||“.1 დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ წარწერაში „ღ“ და „უ„ გრაფემების არ არსებობა სიტყვის ასეთნაირი გახსნის შესაძლებლობას არ იძლევა.
1. ლ. ახალაია. ვერეს ეკლესიაზე 1990 წელს ჩატარებული... გვ.12.
სამგრაფემიანი წარწერის პატივით შემკობა მოწმობს, რომ იგი დაქარაგმებულ სახელს ან რიცხვითს მნიშვნელობას უნდა გადმოსცემდეს. აქ რიცხვითი მნიშვნელობა არ უნდა იგულისხმებოდეს, რამენადაც „ნ ი ნ“ გრაფემების ასეთი სახის თანმიმდევრობა (ნ=50; ი=10) ვერავითარ ციფრს ვერ გვაძლევს. რჩება ერთი ახსნა. აქ განყენებულად მდგომი ისეთივე დაქარაგმებული სახელი უნდა დავინახოთ, როგორიცაა კუმურდოს ეკლესიაზე – მმ „მ(არია)მ“ (X საუკუნის II ნახ.).1 მაშინ დაქარაგმებული ,,ნინ” გრაფემების ჯგუფს ბოლო ისეთივე დაუმთავრებელი უნდა ჰქონდეს, როგორც ეს ვერის ეკლესიისავე წარწერაში მქ გრაფემებით გადმოცემულ მიქელის სახელთან გვხვდება. შესაბამისად, „ნინ“ გრაფემების ჯგუფი ბოლოკვეცილ ქარაგმიან სახელად უნდა ჩაითვალოს.
მასალის შესწავლამ გვაჩვენა, რომ ნ ი ნ ბოლოკვეცილი ქარაგმით სახელი ნიანია შეიძლებოდა გადმოეცათ და სამგრაფემიანი სახელი ნ ი ნ უნდა გაიხსნას, როგორც „ნი(ა)ნ(ია)“. აქედან გამომდინარე, იგი ნიანიას მოსახსენებელს უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც ეს დასტურდება კუმურდოში მარიამის წარწერასთან.
ხელოვნების მუზემში 1972 წლის 5 სექტემბერს ვერის ღმრთისმშობლის ეკლესიიდან გადმოტანილი წარწერიანი ქვის ფერი (მოწითალო) და ზომა (80×56 სმ) კარგად შეესაბამება ამავე ტაძრის დასავლეთ მინაშენის სახურავზე მიკვლეულ მირიან ერისთავის წარწერიანი ქვის ფერსა და ზომას (80×54 სმ.). ეს იმაზე მეტყველებს, რომ მუზეუმში გადმოტანილი წარწერა მირიან ერისთავის თანამედროვის, სამეცნიერო ლიტერატურაში კარგად ცნობილი, ატენის ციხისთავ გურგანელის წარწერას უნდა წარმოადგენდეს, რომელიც ჯერ მ. ბროსემ, შემდეგ ექ. თაყაიშვილმა გამოსცეს. ექ. თაყაიშვილის წაკითხვით, წარწერა ასეთი სახისაა: [წ]ო ღთ მშბლო შე გრგ „[წ](მიდა)ო ღ(მრ)თ(ის) მშ(ო)ბ(ე)ლო შ(ეიწყალ)ე გ(უ)რგ(ა) [ნ]ლი ცხს თვი და [ნ](ე)ლი ც(ი)ხ(ი)ს თ(ა)ვი და [მ]ხ ყვ დდსა მს [მ](ეო)ხ ყ(ა)ვ დ(ი)დსა მ(ა)ს [დ]ღსა სსჯლი [დ]ღ(ე)სა ს(ა)სჯ(ე)ლი სსა წე ძისა ს(ა)სა წ(ინაშ)ე ძისა შენსა შენ(ი)სა“2
1. ლაპიდარული წარწერები. I. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V_X სს) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა. თბილისი. 1980. ტაბ. 103.3.
2. Е. Такаишвили. Археологическიя екскурсии... ც.70-71.
ზემოთ ვნახეთ, რომ მ. ბროსეს ამ წარწერის ბოლოს მოტანილი აქვს ოთხგრაფემიანი სტრიქონი, რომელსაც არაბული ციფრებით გამოხატულ ქორონიკონად მიიჩნევს და მისი გამოანგარიშების საფუძველზე ვერის ტაძრის მშენებლობასა და წარწერების თარიღს 1001 წლით განსაზღვრავს. ექ. თაყაიშვილი თავის გამოცემაში საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მ. ბროსეს პუბლიკაციაში მითითებული არაბული ციფრებით გამოხატული თარიღი მის ხელთ არსებულ ფოტოსურათზე ასახული არ ყოფილა. იგი არც 1959 წ. თეძმის, ხოვლეს და ატენის ხეობათა ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვების დროს უნახავთ. დ. ბერძენიშვილი ვერის ეკლესიასთან მიკვლეულ ციხისთავ გურგანელის ერთადერთი წარწერის ფრაგმენტის განხილვისას საგანგებოდ აღნიშნავს: „დაკარგულია ის ნიშნებიც წარწერის ბოლოს, რომლებიც ბროსეს თარიღის მაჩვენებელ არაბულ ნიშნად მიუჩნევია“.1
1. დ. ბერძენიშვილი. ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვები თეძმის, ხოვლესა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოთხგრაფემიანი სტრიქონი გურგანელის წარწერის კუთვნილი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექ. თაყაიშვილის ხელთ არსებულ ფოტოზე უდავოდ აისახებოდა. მაშინ ეს წარწერა ცალკე ფილაზეა საგულვებელი. თუმცაღა, არაბული ციფრებით გამოხატული თარიღიანი ქვის ფილა არც ვერის ტაძარსა და მის ირგვლივ 1990-1991 წწ ჩატარებულ გაწმენდით-არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლენილა და არც ხელოვნების მუზეუმში გადმოტანილი ფრაგმენტების სიაშია დამოწმებული. ასევე, არც ერთი მკვლევრის პუბლიკაციაში არ დასტურდება არქეოლოგიური გათხრების დროს ტაძრის დასავლეთ მინაშენის სახურავზე მირიანისა და მიქელის წარწერებთან ერთად მიკვლეული სამგრაფემიანი დაქარაგმებული წარწერა.
ვერის ეკლესიის წარწერები სრული სახით მხოლოდ მ. ბროსეს და დ. მეღვინეთხუ-ცესიშვილს აქვს ნანახი. მ. ბროსე წარწერებს სამ პუნქტად ჰყოფს. მეოთხე წარწერაზე არაფერს ამბობს. სანაცვლოდ, მესამე პუნქტში ციხისთავ გურგანელის წარწერის შემდგომ მოტანილ ოთხ გრაფემას ურთავს სათანადო განმარტებას: „ბატონ დიმიტრის წარმოდგენილი ასლით“. ამავე დროს, გურგანელის წარწერისა და ამ სტრიქონის ფრანგული თარგმანიც ერთმანეთისაგან განცალკევებით აქვს მოტანილი.1 ყყოველივე ეს მიგვანიშნებს, რომ ოთხგრაფემიანი სტრიქონი გურგანელის წარწერის შემადგენელი ნაწილი არ ყოფილა. იგი დამოუკიდებლად უნდა ყოფილიყო, რომელიც მ. ბროსეს თქმით გადმოუწერია საქმეში ჩაუხედავ კაცს. მ. ბროსეს წარწერის გადმოწერის სისწორეში ეჭვი ეპარება და მოითხოვს წარწერის ადგილზე ხელახალ შემოწმებას. მ. ბროსესეულმა ასეთმა შეფასებამ, ვერეს წარწერების ჩვენი პირველი პუბლიკაციის დროს გვაფიქრებინა, რომ ეს დამატებითი სტრიქონი შესაძლებელია ყოფილიყო არასწორად გადმოწერილი „ნინ“ გრაფემების ჯგუფი ქარაგმის ნიშნითურთ2.
უკანასკნელ ხანებში ქართულ სამეცნიერო წრეებში დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის ღვაწლისადმი განსაკუთრებულმა დაინტერესებამ შესაძლებელი გახადა სამზეოზე გამოტანილიყო მეღვინეთხუცესიშვილის შეკრებილი ფაქტობრივი მასალა3. ამ გარემოებამ სრულად გააბათილა ჩვენი „ნინ“ გრაფემებთან დაკავშირებით გამოთქმული თვალსაზრისი.
1. M. Brosset. Voyage archeologique. St. Peterbourg. 1851. Rapp. VI. p. 29-31.
2. ე. კავლელაშვილი. ვერის ღმრთისმშობლის ეკლესიის წარწერები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ნარკვევები. X. თბილისი. 2005. გვ. 102.
3. ი. ალიმბარაშვილი. დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის შიდა ქართლში მოგზაურობა (პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაცული მასალების მიხედვით). გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. ელდარ მამისთვალაშვილი – 75. გამომცემლობა „ჯეოპრინტი“. 2015. გვ. 446-491.
მარი ბროსემ, როგორც ცნობილია, საქართველოში ყოფნის დროს (1847 წლის აგვისტოს ბოლო - 1848 წლის 23 აგვისტო) გორის სიძველეები და მისი მიმდებარე ტაძრები, რომელთა რიცხვში ვერეს ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიაც შედიოდა, 1848 წლის აპრილის (7-12) თვეში დაათვალიერა დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილთან ერთად1. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაცული დღიურების „აღწერა გორის უეზდსა შინა ეკლესიებთა და მონასტერთა ზედა ღირსსახსოვარ წარწერათა სრულიად, ხოლო მდებარეობათა მათთა შემოკლებით ღუბერსკის სეკრეტარის და კავალერის დიმიტრი კოსტანტინეს ძის მეღვინეთხუცესოვის მიერ, დროსა მოგზაურობისას თვისსა 1848 წელსა“2 მიხედვით დ. მეღვინეთხუცესიშვილს ვერეს ეკლესიის ფასადებიდან წარწერები გადმოუღია და ტაძრის გრაფიკული ჩანახატი შეუსრულებია მარი ბროსეს თბილისიდან პეტერბურგში გამგზავრებიდან (1848 წ. 23|VIII) ორთვენახევრის (1848 წლის 16 ნოემბერის) შემდეგ3. იგი დღიურებს იწყებს ვერეს ეკლესიის ჩანახატით4, რომელსაც დართული აქვს სათანადო წარწერა: „ვერე. ყდ წისა მონასტერი. დ. მეღვინეთხუცეს“.5 შემდეგ იძლევა ვერეს ეკლესიის წარწერებს განმარტებით: „ვერე. მონასტერი ყდ წისა დანახვისის მთის ძირსა. ვახუშტი გ. 200“.6
1. ე. კავლელაშვილი. ვერის ღმრთისმშობლის ეკლესიის წარწერები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ნარკვევები. X. თბილისი. 2005. გვ. 102.
2. ИВР РАН. Н-78, 76 ვ. ი. ალიმბარაშვილი. Dდიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის...… გვ. 463-489.
3. ი. ალიმბარაშვილი. დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის... დანართი. გვ. 447.
4. ი. ალიმბარაშვილი. დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის... დანართი. გვ. 447.
5. ИВР РАН. Н-78, 77 რ. დ. მეღვინეთხუცესიშვილისეული ვერეს ეკლესიის ჩანახატის და წარწერების ფოტოპირები მომაწოდა გორის უნივერსიტეტის პროფესორმა ი. ალიმბარაშვილმა, რაზედაც დიდ მადლობას მოვახსენებ.
6. ИВР РАН. Н-78, 79 რ.
დ. მეღვინეთხუცესიშვილი ვერეს ეკლესიის წარწერებს ფურცლის სიგანეზე ანაწილებს ორ სვეტად. დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ მკვლევარი ასეთი ხერხით წარწერებს ფასადების მიხედვით აჯგუფებს. ფორმატს პირობითად გავლებული ვერტიკალური ხაზით ორ ნაწილად ყოფს. მარჯვენა მხარეს ტაძრის დასავლეთ ფასადის წარწერებს ათავსებს ერთმანეთის ქვეშ თანმიმდევრობის დაცვით. თავში - მიქელ დიდებულის, შემდგომ მირიან ერსთავის და ბოლოს ნიანიას სამგრაფემიან წარწერას, რომელიც მ. ბროსეს თავის პუბლიკაციაში გამოტოვებული აქვს. მას რატომღაც არ განიხილავს და მისი არსებობის შესახებ არავითარ ცნობას არ იძლევა. ფორმატის მარცხენა მხარე უკავია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე განაწილებულ ატენის ციხისთავ გურგანელის წარწერას. იგი ორი სხვადასხვა ვარიანტითაა მოცემული: ზემოთ წარწერის თავბოლონაკლული ოთხი სტრიქონია დატანილი, რომელიც შემდგომ მსუბუქად გადაუხაზავს; მის ქვემოთ კი წარწერის სრული ტექსტია გადმოტანილი მცირე ცვლილებებით (ბროსეს თავის პუბლიკაციაში ეს უზუსტობები გასწორებული აქვს). მარცხენა სვეტს ამთავრებს სრულიად მკაფიოდ გამოხატული ქართული ასომთავრული ოთხი გრაფემისაგან შედგენილი, დაქარაგმებული დამოუკიდებელი სტრიქონი, რომელიც ასე იკითხება: ქ ყ ჟ ე. ასონიშნების ასეთი თანმიმდევრობა შესაძლებლობას იძლევა აქ ქართული გრაფემებით გამოხატული რიცვითი მნიშვნელობა დავინახოთ: „ქ 895“, რომელსაც შესრულების პერიოდის თვალსაზრისით არაფერი აქვს საერთო XI საუკუნის ატენის ციხისთავ გურგანელის წარწერასთან. ფორმატზე გრაფემების გურგანელის წარწერის შემდგომ მოტანა იმის მაჩვენებელი ჩანს, რომ ისინიც გურგანელის წარწერის მსგავსად აღმოსავლეთის ფასადზე უნდა ყოფილიყვნენ განაწილებულნი, ისე, როგორც ეს დასტურდება ფორმატის მარჯვენა მხარეს, სადაც მკვლევარი დასავლეთ ფასადის წარწერებს უყრის თავს. ვფიქრობთ, „ქ ყ ჟ ე“ გრაფემები დამოუკიდებელ ქვის ფილაზეა საგულისხმებელი, რომელიც ჩვენამდე ჯერჯერობით მოღწეული არ ჩანს.
მ. ბროსესა და დ. მეღვინეთუცესიშვილის 1848-1849 წწ მიმოწერაში ნათლად იკვეთება ვერეს ღმრთისმშობლის და სოფ. ხცისის მახლობლად მდებარე წვიმოეთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიების წარწერები, რომლებშიც მ. ბროსე არაბული რიცხვებით გამოხატულ თარიღებს ვარაუდობს და მეღვინეთხუცესიშვილს სთხოვს მათ მეორედ შემოწმებას.1 დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ მეღვინეთხუცესიშვილისეულ ჩანახატებში ვერეს ეკლესიის ოთხგრაფემიანი სტრიქონის მსგავსად არც წვიმოეთის ეკლესიის წარწერაში, კერძოდ მის ქოროიკონის აღმნიშვნელ მონაკვეთშია არაბული ციფრები. გრაფემები, რომელთაც მ. ბროსე არაბულ ციფრებად ფიქრობს მკვეთრად გამოხატული ქართული ასომთავრული „ყარ“-ი და „ვიე“-ა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ წვიმოეთის წარწერებს იმთავითვე ყურადღება მიაქცია თ. ჟორდანიამ და მოგვცა ტექსტის სრული წაკითხვა, სადაც ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი, სრულიად მართებულად, გახსნილი აქვს ასე: „ქრნკნი იყო: სკბ“ (222+780=1002). მკვლევარი აქვე კრიტიკულად აფასებს მ. ბროსეს წაკითხვას2.
ამდენად, მ. ბროსეს პუბლიკაციაში გურგანელის წარწერის შემდეგ მოტანილი ოთხგრაფემიანი სტრიქონი დ. მეღვინეთხუცესიშილს მ. ბროსესადმი გაგზანილ პირველ დღიურში ნათლად გამოხატული ქართული ასომთავრული გრაფემებით აქვს გადმოტანილი და იგი არ შეიცავს არაბული ციფრებით გამოხატულ თარიღს – 1001 წელს, როგორც ამას მ. ბროსე მიიჩნევს. შესაბამისად მ. ბროსეს მიერ შემოთავაზებული ტაძრის მშენებლობის ზუსტად განსაზღვრული დრო - 1001 წელი, რომელსაც ექ. თაყაიშვილიც ითვალისწინებს, რეალურ სურათს არ შეესაბამება.
ვერეს ეკლესიაზე დაცული მიქელ დიდებულის, ერისთავ მირიანის, ნიანიას და ციხისთავ გურგანელის წარწერები თარიღს არ შეიცავენ. მათი შესრულების ხანის განსაზღვრაში პალეოგრაფიულ თავისებურებებთან ერთად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იქ მოხსენიებულ პირთა იდენტიფიკაციას.
1. ხეც. მარი ბროსეს პირადი სარქივო ფონდი. წერილი #9; წერილი #12.
2. თ. ჟორდანია. ქრონიკები. I. არტანუჯი. 2004. Gგვ. 143. Р. Шмерлиег. Древний Цвимоэтский храм близ село Хциси. ქართული ხელოვნება. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის შრომები. 4. თბილისი. 1955. გვ. 154-155. ტაბ. 54.
მ. ბროსე და ექ. თაყაიშვილი იყვნენ ის პირველი მკვლევარები, რომელთაც ვერის წარწერებში მოხსენიებულ პირთა იდენტიფიკაცია მოგვცეს.
ზემოთ ვნახეთ, რომ მ. ბროსემ იმთავითვე მიაქცია ყურადღება ვერის წარწერებში მოხსნიებულ ერისთავ მირიანს და ცისისთავ გურგანელს, რომელსაც გრიგოლად კითხულობს. ისინი, სრულიად მართებულად, ატენის სიონის სამხრეთ ფასადზე განაწილებულ ქალაქმშენებლობის ვეცელ წარწერაში მოხსენიებულ მირიან თარხუნის ძედ და ატენის ციხისთავ გურგანელად მიიჩნია. ატენის სიონის ქალაქმშენებლობის წარწერის თარიღი მასში მოხსენიებული მეფე ბაგრატ IV სევასტოსისა და მისი ვაჟის – გიორგი კურაპალატის ტიტულების გათვალისწინებით XI საუკუნით განსაზღვრა1. ექვ. თაყაიშვილის დაკვირვებით, ბარმაქსიზის მახლობლად, მდ. ქციაზე აგებული ხიდის მშენებლობის დროს მეორედ გამოყენებული წმ დიმიტრის ეკლესიის კუთვნილ წარწერასა და მანგლისის მახლობლად ბარტოლომეის მიერ მიკვლეულ წარწერაში მოხსენიებული მირიანი, აგრეთვე ვერის ეკლესიასა და ატენის სიონის სამრეთ ფასადის ქალაქმშენებლობის წარწერაში დასახელებული მირიან თარხუნის ძე და ატენის ციხისთავი გურგანელი ერთი და იგივე პიროვნებაა.2
სამეცნიერო ლიტერატურაში ვერის ეკლესიის წარწერები ერთი პერიოდის ძეგლებადაა მიჩნეული. მათი თარიღის ამოსავლად გათვალისწინებულია ისეთი ისტორიული პირების იდენტიფიკაცია, როგორიცაა სამხრეთ საქართველოს ერისთავი მირიან თარხუნის ძე და ატენის ციხისთავი გურგანელი. ნიანიასა და მიქელის იდენტიფიკაციაზე ჯერ არაფერია ნათქვამი. ამჯერად, ნიანიას წარწერას განვიხილავთ, რადგან იგი პალეოგრაფიული თავისებურებებითა და ქვის კვადრის ტონალობით ახლოს დგას მირიანის წარწერასა და მისი კვადრის ფერთან.
1. M. Brosset. Voyage… p. 30.
2. Е. Такаишвили. Археологическiя екскурсии... c. 68-72.
ნიანიას მოსახსენებელი წარწერა კუთხოვანია და შესრულებულია კიდურწვეტოვანი დამწერლობით. ოსტატი ღალატობს ასომთავრულის პრინციპებს და არათანაბარი ზომის გრაფემებს იყენებს. ასეთი უკიდურესად კუთხოვანი მოხაზულობით წარწერა IX-XI სს-ის ნუსხა-ხუცურს ემსგავსება, მაგრამ მისგან განსხვავებით მარჯვნივ გადახრილი არ არის. მის გრაფემებს ოდნავ მარცხნივ გადაქნეული დაწერილობა აქვს, რითაც იგი ემსგავსება ატენის წმ. გიორგის ეკლესიის ჩრდილო კედელთან 1945 წელს მიკვლეულ მირიან თარხუნის ძის წარწერას, რომლის მე-7 სტრიქონის ნიშნები მოცემულია მარცხნივ გადახრილი.1
ნიანიას ხაზგასმულად კუთხოვანი გრაფებები მოხაზულობით, პროპორციული შეფარდებითა და ოდნავ მარცხნივ გადახრილი მდებარეობით დიდ მსგავსებას პოულობს დარკვეთის ეკლესიის სამშენებლო წარწერის (XI ს.) მეორე სტრიქონში მოცემულ ნნი გრაფემების ჯგუფთან2, სადაც ნ და ი ასო-ნიშნების ურთიერთმიმართება და პროპორციული შეფარდება ისეთივეა, როგორსაც ვხვდებით ვერის წარწერის ნ და ი გრაფემებთან. მსგავსი დაწერილობის მქონე ნ გვხვდება აგრეთვე დარკვეთის ლიპარიტისა და გოდობრილის (XI ს.)3 რგანის ეკლესიის სამშენებლო4 და აბუნასრ ერისთავის1 წარწერებში (XI ს.). XI ს-ზე მიუთითებს ნიანიას წარწერის კიდურწვეტოვანი შემკულობაც.
1. ს. ბარნაველი. ატენის ახალი წარწერები. გვ. 83, 84 (მონახაზი).
2. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. II. დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვეთი I (IX_XIII სს). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ. თბ., 1980. გვ.76. #60.
3. იქვე. გვ. 79. ##61, 62.
4. იქვე. გვ. 63. #42.
ამდენად, ნიანიას წარწერა მირიანის წარწერის მსგავსად XI ს-ში იკავებს ადგილს. ამას გვიმოწმებს ამ ორ წარწერას შორის არსებული პალეოგრაფიული მსგავსებაც, რაც გამოხატულია იდენტური ფორმის ნიშნებში, აგრეთვე მირიანის წარწერის პირველი სტ-რიქონის მ-სა და ნიანიას წარწერის პირველი ნ კიდურწვეტოვანი სამკაულის ანალოგიურობაში. ყოველივე ეს ამ წარწერებს ქრონოლოგიურად ერთმანეთთან აახლოებს. აღნიშნული მსგავსების მიუხედავად ეს წარწერები ერთი და იმავე წლებში ერთი და იმავე ამქრის მიერ შესრულებული ძეგლები არ ჩანს. მირიანის წარწერიანი ქვის კვადრის შემომსაზღვრელი აბრისი სადა და დახვეწილია, რომელსაც კარგად მიესადაგება ერთიანად და ზედმიწევნით ფაქიზად დამუშავებული ფონი. მასზე ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა თავისუფლად და მაღალმხატვრულადაა განაწილებული.
ნინიას წარწერიანი ქვის კვადრის შემომსაზღვრელი აბრისი, მართალია, სწორხაზოვანია, მაგრამ იგი ისეთი დახვეწილი მოხაზულობით არ გამოირჩევა, როგორც ამას მირიანის წარწერიან კვადრთან ვხვდებით. იმისთვის, რომ ნიანიას წარწერას უფრო მეტი საზეიმო იერსახე მიანიჭოს, ოსტატი წარწერას სპეციალურად ჩაკვეთილ ეზოზე წარმოადგენს. მირიანის წარწერისაგან განსხვავებით აქ არაერთგვაროვანია ფონის დამუშავების წესი. ოსტატი უდიდეს ყურადღებას უთმობს ცენტრალურ ნაწილს და წარწერის ფონს გულმოდგინედ ამუშავებს, ხოლო ჩარჩოს ფართო ზოლებისა და ეზოსაკენ დაქანებული ფერდების ზედაპირი მოკლებულია მსგავს მიდგომას, რის შედეგადაც მასზე ხეხვის შემდგომ დარჩენილი ირიბი ზოლები აისახება.
1. იქვე. გვ. 63. # 43.
ამდენად, ვერის ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთ კედელზე ნიანიასა და მირიანის წარწერები ამოუკვეთიათ ერთმანეთის ახლო ხანებში სხვადასხვა ოსტატის ხელით. ქართული წერილობითი წყაროებიდან ნათლად ჩანს, რომ ნიანია ფართოდ გავრცელებული სახელია XI ს-ის საქართველოს დიდგვაროვანთა შორის. ვერის ეკლესიის დასავლეთ მინაშენის სახურავზე აღმოჩენილი წარწერებიდან ორი – მიქელისა და მირიანის წარწერები დიდებულების კუთვნილია. მათ გვერდით ნიანიას მოსახსენებელი წარწერის დამოწმება იმის მაჩვენებელია, რომ მასში დასახელებული პიროვნებაც დიდგვაროვანია. „მატიანე ქართლისაი“ XI ს-ში მოღვაწე ორ ნიანიას იცნობს: ნიანია ლიპარიტის ძე-სა (ქც. 1955. 302-304) და ნიანია ქუაბულის ძეს (ქც. 1955. 310, 315, 316). ასევე ორ ნიანიას ასახელებს დავით აღმაშებლის ისტორიკოსიც. ერთია 1080 წ. მიწისძვრის შედეგად თმოგვის ციხის დანგრევის დროს დაღუპული კახაბერის მამა ნიანია (ქც. 1955. .323), ხოლო მეორე _ მისი შვილიშვილი ნიანია კახაბერის ძე (ქც. 1955. 324). ეს ორი უკანასკნელი გიორგი II (1072-1089) და დავით აღმაშენებლის (1089-1125) თანამედროვენი არიან.
თმოგვის ციხის მფლობელ ამ ფეოდალურ სახლს ხელი არ მიუწვდებოდა ატენის ქვეყანაზე, რადგან ამ პერიოდში მას ბაღვაშთა ფეოდალური სახლი ფლობს. ამ გარემოებათა გამო, ცხადია, ვერც ერთი ვერ აისახებოდა ვერის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის ჩვენთვის საინტერესო წარწერაში. წერილობითი წყაროების შესწავლამ გვაჩვენა, რომ ვერის ეკლესიის წარწერაში მოხსენიებული ნიანია – ნიანია ლიპარიტის ძეა. ამ დიდ ფეოდალს თავისი მოსახსენებელი წარწერა ვერის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის დასავლეთ კედელზე 1054-1057 წლებში უნდა განეთავსებინა, როდესაც ლიპარიტი თავისი ძლიერების ზენიტშია, მთელ ქართლს და სამხრეთ საქართველოს ფლობს.1
შირიმის კვადრზე შესრულებული მიქელ დიდებულის წარწერა ყველაზე არქაულია დანარჩენ წარწერათა შორის. მიქელის წარწერა კიდურწვეტოვანებისაკენაა მიდრეკილი და მასში ეს პროცესი ჩამოყალიბებული არ არის. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება X ს. II ნახევარში (989 წლამდე) შესრულებული შეპიაკისა და დაღეთის ეკლესიების წარწერებისაგან2, სადაც ყველა გრაფემა კიდურწვეტოვანია. მიქელის წარწერაში მხოლოდ ცალკეული გრაფემები (ო, თ, მ, ე, დ) იმკობა ამ დეკორატიული ელემენტებით, რომელთა აბრისი მოკლებულია იმ რაფინირებულ გამომსახველობას, რასაც 989 წლამდე შესრულებულ შეპიაკის ეკლესიის წარწერებში ვხვდებით. ამ ნიშნებით შეპიაკის წარწერებს მიქელ დიდებულის წარწერა დროის თვალსაზრისით წინ უსწრებს. შესაბამისად მისი შესრულების ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი X ს. შუა ხანებით მაინც უნდა განისაზღვროს. წარწერაში მიქელის მდგომარეობა საგანგებოდაა ხაზგასმული. იგი დიდებულია. ამიტომ მიქელი X საუკუნის ატენის მფლობელ დიდებულებს შორისაა დასაძებნი. ატენის ქვეყანას, რომელშიც ვერეც შედიოდა, X ს-ში ბაღვაშთა უძლიერესი ფეოდალური სახლი ფლობს48.. გ. აბრამიშვილმა ატენის სიონის წარწერების შესწავლის შედეგად გაარკვია, რომ ატენის მფლობელ ბაღვაშთაგან მიქელია პირველი, რომელმაც ეს ქვეყანა 940 წელს სიგელით მიიღო ბაგრატ I-გან (937-945). ამ ფეოდალმა 945 წელს თავისი დაფინანსებით ატენის ტაძარს ზღუდე აუშენა. მისი ქტიტორული გამოსახულება ატენის სიონის სამხრეთ ფასადზე ორფიგურიან ქტიტორულ რელიეფზეა დაცული3. ის გარემოება, რომ ბაღვაშებს 940 წლიდან 989 წლამდე ეპყრათ ატენის ქვეყანა, ხოლო ვერის ეკლესიის კუთვნილი მიქელის წარწერა 989 წლამდე შედგენილი შეპიაკის წარწერაზე უფრო ადრეული ხანის პალეოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდება, გვიმოწმებს, რომ ამ წარწერაში მოხსენიებული მიქელი, რომელიც დიდებულის ეპითეტის მატარებელია, მხოლოდ ბაღვაში შეიძლებოდა ყოფილიყო. მაშინ, ცხადია ეს მიქელი ატენის წარწერებში დამოწმებული მიქელ ბაღვაშია. ასეთ იდენტიფიკაციას მხარს უჭერს ამ პიროვნების სახელის ბოლოკვეცილი დაქარაგმებაც, რომელიც ატენის სიონის რელიეფზე ერთი გრაფემით მ, ხოლო გელათის ღმრთისმშობლის ხატზე4 და გომარეთის წმ გიორგის ეკლესიაზე6 ვერის წარწერის მსგავსად ორი გრაფემით – მქ გადმოიცემა.
მიქელ ბაღვაშის მიერ 945 წელს ჩატარებული ატენის სიონის ზღუდის სამშენებლო სამუშაოები გვიმოწმებს, რომ ვერისა და გომარეთის ეკლესიებზე აღდგრნითი სამუშაოები მიქელს X საუკუნის 40-იან წლებში ან მის მომდევნო ახლო ხანებში უნდა ეწარმოებინა.
1. ამის შესახებ ვრცლად იხილეთ: ე. კავლელაშვილი. ვერის ღმრთისმშობლის ეკლესიის.. გვ. 107-114.
2. ა. ბაქრაძე. თრიალეთის და ატენის..…გვ. 56-57. Lაპიდარული წარწერები. I. გვ. 236-8. ტაბ.91\1,2.
3. გ. აბრამიშვილი. მიქელ, რატი და ლიპარიტ ბაღვუაშთა ქტიტორული ქანდაკებები (იდენტიფიკაციის ცდა). ნარკვევები. VIII. თბ. 2003. გვ. 24. ლ. რჩეულიშვილი. ატენის მცირეგუმბათიანი ეკლესია. ქხ. I. თბ., 1941. გვ. 201-209.
4. Е. Такаишвили. Археологическიя... ც.81.
5. Е. Такаишвили.Археологическიя... ც.81. ე. კავლელაშვილი. Vერის ღმრთისმშობლის. გვ.118-121.
ამდენად, ვერის ღმრთისმშობლის ეკლესიის წარწერების შესწავლის საფუძველზე ირკვევა შემდეგი:
1. ტაძრის ფასადზე XIX სა-ის 40-იან წლებში ოთხი წარწერა ყოფილა განთავსებული. ამათგან ერთი (გურგანელის) _ აღმოსავლეთის, ხოლო სამი (მიქელის, ნიანიას და მირიანის) წარწერა დასავლეთის ფასადს ამკობდა.
2. ორსტრიქონიან წარწერაში მოხსენიებული მიქელ დიდებული ბაღვაშია. იგი ატენის ქვეყანასა (რომელშიც ვერეც შედიოდა) და თრიალეთთან ერთად ფლობს ზურტაკეტსაც. 945 წელს ატენის ზღუდის მშენებლობის შემდეგ აწარმოებს სარესტავრაციო–აღდგენით სამუშაოებს ვერის ღმრთისმშობლის და გომარეთის წმ. გიორგის ეკლესიებში.
3. ერთსტრიქონიან წარწერაში მოხსენიებული ნიანია ლიპარიტის ძეა, რომელსაც თავისი წარწერა ვერის ეკლესიაზე 1054-1057 წლებში უნდა განეთავსებინა, როდესაც ლიპარიტ ბაღვაში ძლიერების ზენიტშია და ქართლთან ერთად ფლობს მთელ სამხრეთ საქართველოს.
4. მეფის ერთგულ დიდმოხელე მირიან თარხუნის ძის ბრძანებით ატენის ციხისთავ გურგანელს ვერის ეკლესიაში აღდგენითი სამუშაოები უწარმოებია არა უადრეს 1058 და არა უგვიანეს 1065 წლისა.
დამოწმებანი:
1. აბრამიშვილი გ. მიქელ, რატი და ლიპარიტ ბაღვუაშთა ქტიტორული ქანდაკებები (იდენტიფიკაციის ცდა). ნარკვევები. VIII. თბ. 2003.
2. ალიმბარაშვილი ი. დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის შიდა ქართლში მოგზაურობა (პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაცული მასალების მიხედვით). გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. ელდარ მამისთვალაშვილი – 75. გამომცემლობა „ჯეოპრინტი“. 2015
3. ახალაია ლ. ვერეს ეკლესიაზე 1990 წელს ჩატარებული საველე არქეოლოგიური კვლევის ანგარიში. მანქანაზე ნაბეჭდი.
4. ბარნაველი ს. ატენის ახალი წარწერები.მოამბე. ტ. VII. 1-2. თბილისი. 1945.
5. ბაქრაძე ა. თრიალეთისა და ატენის, პიგრაფიკული ძეგლები, როგორც ისტორიული წყარო. სსმმ. ტ. XX-B. თბილისი. 1959.
6. ბერძენიშვილი დ. ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვები თეძმის, ხოვლესა და ატენის ხეობებში 1959-61 წწ. (ანგარიში). თბილისი. 1962. ხელნაწერი. დამატება. I. ეპიგრაფიკული ძეგლები. #6. ვერის მონასტერი (ათრევას ხევი, ტანა) (ხელნაწერი)
7. კავლელაშვილი ე. ვერის ღმრთისმშობლის ეკლესიის წარწერები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ნარკვევები. X. თბილისი. 2005.
8. ლაპიდარული წარწერები. I. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V_X სს) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა. თბილისი. 1980.
9. რჩეულიშვილი ლ. ატენის მცირეგუმბათიანი ეკლესია. ქხ. I. თბ. 1941.
10. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. II. დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვეთი I (IX_XIII სს). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ. თბ., 1980.
11. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. თბილისი. 1936.
12. Brosset M. Voyage archeologique. St. Peterbourg. 1851. Rapp. VI.
13. Такаишвили Е. Археологическiя екскурсии, разыскания и заметки.ИКОИМАО.вып. III. Тифлис. 1913.
14. Чубинашвили Н. Церовани. Храмы сводчатой архитектуры с конструктивно-декоративными нишами на восточном фасаде. Тбилиси.1976.