суббота, 24 февраля 2018 г.

ოდიშ-აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფია XV-XVII საუკუნეებში (ა. ჩიქობავა)

$1. ზოგადი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა
ოდიშის სამთავრო გვიან შუასაუკუნეებში მდ. ფირცხასა და ცხენისწყალს შორის ტერიტორიას მოიცავდა. დღეს ოდიშის სამთავროს ნაწილი სახელწოდებით „სამეგრელო“ კოლხეთის დაბლობზე, დასავლეთ საქართველოს ცენტრალურსა და დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი დღევანდელი საზღვრებია: აღმოსავლეთით – მდ. ცხენისწყალი, დასავლეთით მდ. ენგური და მდ. რიონი, ჩრდილოეთით ეგრისის ქედი, სამხრეთით მდ. რიონი. სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრია ზუგდიდი. სამეგრელო 1995 წლიდან ზემო სვანეთის მხარის ძირითადი ნაწილია.
სამეგრელოში წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო, ბარში განვითარებული იყო მევენახეობა, ასევე, მეცხოველეობა. ოდიშის (სამეგრელო) სამთავროს ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებდა საზღვაო ვაჭრობა, განვითარებული იყო ნაოსნობა, რისთვისაც ძირითადად მდინარეები ხობი და რიონი გამოიყენებოდა, ასევე სხვა დიდი მდინარეები (ენგური, მოქვი და ა.შ.). XVI-XVII საუკუნეებში ბაზრობები იმართებოდა ილორსა და წიფურიაში (სოფ. თაგილონი, გალის რაიონი). ოდიშში ბარი ეკონომიკურად ბევრად განვითარებული იყო, ვიდრე მთა.
აფხაზეთი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოიცავს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს. მისი დღევანდელი საზღვრებია: ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთით – შავი ზღვა, აღმოსავლეთით – სვანეთ-აფხაზეთის ქედი და მდ. ენგურის ქვემო დინება, ჩრდილოდასავლეთით – მდინარე ფსოუ.
გვიან შუასაუკუნეებში აფხაზეთში ეკონომიკურად მთა უფრო დაწინაურებული იყო ვიდრე ბარი და ოდიშის სამთავროსთან შედარებით ვაჭრობა და ეკონომიკა გაცილებით დაბალ დონეზე იდგა. ლამბერტის თქმით, „ეს ხალხი (აფხაზები) მოქალაქეობას და ვაჭრობას მოკლებულია, და არც ფული გააჩნია...“.
სახელწოდებას „სამეგრელო“ პირველად მაქსიმე აღმსარებლის ქართულ კიმენურ რედაქციაში ვხვდებით, რომელიც ექვთიმე ათონელის კალამს ეკუთვნის და XI საუკუნის I ნახევრით თარიღდება.
სამეგრელო ამ პერიოდში, როგორც მთელ დასავლეთ საქართველოს, ასევე ვიწრო ეთნიკური გაგებით იხმარება. სახელწოდება „ოდიში“ პირველად „ანდრია სალოსის ცხოვრების“ XI საუკუნის ხელნაწერის ანდერძში გვხვდება. „ოდიში“ ასევე ნახსენებია XVIII საუკუნის ერთერთ მინაწერზე.
ოდიშის საერისთავო კი პირველად თამარის ისტორიკოსის თხზულებაში „ისტორიანი და აზმანის“ ტექსტში ჩნდება: `და ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს ბარამ ვარდანისძე – სუანთა ერისთავი; კახაბერ კახაბერისძე – რაჭისა და თაკუერის ერისთავად; და ოთაღო შარვაშისძე ცხუმის ერისთავად; ამანელისძე – [არგვეთის ერისთავი]; და ოდიშის ერისთავად ბედანი“.
აღსანიშნავია, რომ XII-XVIIII საუკუნის თხზულებებში და სხვადასხვა სახის საბუთებში სახელწოდება „სამეგრელო“ არ ჩანს და მხოლოდ „ოდიში“ გვხვდება.
სახელწოდება „ოდიშის“ შესახებ უამრავი მოსაზრება გამოითქვა, თუმცა ამათგან ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი დასკვნა არც ერთი არ არის.
ევროპელები ოდიშს მენგრელიას უწოდებენ, უცხოურ რუკებზე ხან სახელწოდება მენგრელია ხან კი „რეინო დ'ოდიში“ გვხვდება. რუსი ელჩები კი ამ მხარეს იცნობენ სახელწოდებით Мингрелиа და Дадианская земля – სახელწოდება „ოდიში“ სამეგრელოს XIX საუკუნემდე შემორჩა.
$2. ოდიშისა და აფხაზეთის ურთიერთობა XV საუკუნეში
XV საუკუნის დასაწყისში ოდიშის საერისთავოს მართავს მამია II დადიანი (1396-1412), მისი მმართველობის პერიოდში თავი იჩინა აფხაზეთის ერისთავის სწრაფვა განკერძოებისკენ. შარვაშიძეები ცდილობენ თავი დააღწიონ დადიანთა გავლენას და უშუალოდ დაემორჩილონ საქართველოს მეფეებს. მამია დადიანმა „ინება დამორჩილება აფხაზთა“ და 1412 წელს შეიჭრა აფხაზეთში, მაგრამ დამარცხდა და თვითონაც ბრძოლაში დაიღუპა. ამავე წელს (1412) საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ალექსანდრე I დიდი. იგი მაშინათვე გადავიდა დასავლეთ საქართველოში. ოდიშის ერისთავად დაღუპული მამიას ვაჟი ლიპარიტი დასვა, შემდეგ მასთან ერთად გადავიდა აფხაზეთში, დადიანი და შერვაშიძე შეარიგა, „განაგნა“ იქაური საქმეები და უკან გაბრუნდა.
XV საუკუნის დასაწყისში ოდიშსა და აფხაზეთში იმოგზაურა გერმანელმა რაინდმა შილტბერგერმა, რომელიც ოდიშს „მიგრილს“ უწოდებს, აფხაზეთზე კი აი, რას წერს: „არის ქვეყანა, რომელსაც აბკაზ ჰქვია. მის დედაქალაქს ცუხუმ“. ამ „მოგზაურობის წიგნის“ სხვადასხვა გამოცემაში წერია „ზუხტიმ“, „ზუხტუმ“, თუმცა ერთერთი გამომცემელი ნოიმინი აღნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს „სუპპ“, ე. მამისთვალაშვილის აზრით კი „ცუხუმ“ უნდა შეესაბამებოდეს ცხუმს.
ბ. ხორავას დაკვირვებით, შილტბერგერის მიერ მოხსენიებული „ცუხუმ“ უნდა იყოს დღევანდელი ლიხნის ძველი სახელწოდება ზუფუ. იმის გათვალისწინებით, რომ XV საუკუნეში ცხუმი აფხაზეთის შემადგენლობაში არ შედიოდა, ბ. ხორავას მოსაზრება მისაღებად მიგვაჩნია.
XV სის II ნახევრიდან საერთაშორისო ვითარება თანდათან დაიძაბა, 1453 წლის 29 მაისს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და ბიზანტიის იმპერია დაეცა. ოსმალების საქართველოსთან მოახლოება დიდ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს.
ოსმალები საქართველოს სანაპიროებთან პირველად 1454 წელს გამოჩნდნენ, დაესხნენ სოხუმს და გაძარცვეს. ამ თავდასხმის შესახებ ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი, თუმცა ის ამ ფაქტს 1451 წლით ათარიღებს. აი რას წერს: „შემდგომად წელსა ქსა ჩუნა ქართულსა რლთ გამოვიდნენ ორმოცდა ათნი კატარღანი სავსე სპითა სულთან მურადისა, მაჰმადის ძისა, და აღაოხრნენ და მოსწყვიდეს ცხომი და აფხაზეთი და ზღვის პირნი. უკუიქცნენ და წავიდნენ“. ეს თავდასხმა მოხდა არა მურად II-ის მმართველობისას, როგორც ვახუშტი აღნიშნავს, არამედ მეჰმედ II-ის დროს.
ოსმალთა თავდასხმიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ 1455 წლის 28 ივლისს ცხუმმა ახალი თავდასხმა განიცადა, ამ ამბებთან დაკავშირებით ცხუმის მაშინდელი კონსულის გერარდო პინელის წერილში ვკითხულობთ: „მე ჩავიბარე სევასტოპოლისის კონსულობა... დავყავი იქ მცირე ხანი... მოულოდნელად მას თავს დაესხნენ ავოგაზები და მოსახლეობა ერთიანად გაიქცა თავის გადასარჩენად, მეც მათსავით მოვიქეცი. ავოგაზებს სურდათ მოსახლეობის დიდი ნაწილის დატყვევება“. აქ ნახსენები „ავოგაზები“ ზ. ანჩაბაძის აზრით, აფხაზები უნდა იყვნენ, ხოლო მათი ცხუმზე თავდასხმა უნდა გავიგოთ, როგორც აფხაზთა აჯანყება გენუელთა წინააღმდეგ.
ე. მამისთვალიშვილის აზრით, იმისდა მიუხედავად, „ავოგაზებში“ ვიგულისხმებთ ჯიქებს თუ აფხაზებს, შეუძლებელია აქ აჯანყებულთა შურისძიება დავინახოთ, რადგან აშკარაა „უცხოტომელთა მიერ ნადავლისა და ტყვეების ხელში ჩაგდების მიზნით ქალაქის აკლება“. ბ. ხორავა არ იზიარებს ზ. ანჩაბაძის მოსაზრებას აჯანყების შესახებ, თუმცა „ავოგაზებში“ ისიც აფხაზებს გულისხმობს.
ცხუმი რომ ოდიშის შემადგენლობაშია და მასზე დადიანის გავლენა ვრცელდება, მიუთითებს XV საუკუნის იტალიელი მოგზაური იოსტაფო ბარბარო. ის წერს: „ამ ქვეყნის (ოდიშის) მმართველს ჰქვია ბენდიანი. მას ხსენებულ ზღვასთან აქვს ორი ციხესიმაგრე, ერთს ჰქვია ვატი და მეორეს სევასტოპოლი. ამათ გარდა კიდევ აქვს სხვა მრავალი კოშკი და გამაგრებული ადგილი“. ანალოგიურ ცნობას გვაწვდის XV ს-ის ბიზანტიელი ავტორი ლაონიკე ხალკოკონდილე, ის წერს: „ზღვის სანაპიროზე მდებარე სებასტოპოლისი მეგრელებისა დადიანის მბრძანებლობის ქვეშ, მამია და სამადავლა და გურია, და სხვა ზღვისპირა ქალაქები“. ხალკოკონდილე არა მარტო დადიანის გავლენას აფიქსირებს ცხუმ-სებასტოპოლისზე, არამედ იქაურ მცხოვრებთა ეთნიკურ სახესაც გადმოგვცემს „სებასტოპოლისი მეგრელებისა“.
ასევე, ძალზე საინტერესოა XV ს-ის იტალიური რუკის მონაცემები, სადაც მდ. კელასურის შესართავთან ფიქსირდება, სამეგრელოს პორტი – პორტო მენგრელლო, მენგრელლო და გოლფო დი სავასტოპოლი. აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნის ერთერთ იტალიურ რუკაზე, დასავლეთ საქართველოს სანაპიროებთან შავი ზღვა „მარე მენგრალიაე“ „სამეგრელოს ზღვად“ იწოდება.
ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ და ბიზანტიის დაცემამ მთელი ქრისტიანული სამყარო შეაშფოთა. ევროპის ქვეყნები შეეცადნენ შეექმნათ ანტიოსმალური კოალიცია. სამხედრო დახმარების მისაღებად საქართველოში ორჯერ იმოგზაურა ფრანცისკანელმა ბერმა, დიპლომატმა ლუდოვიკო ბოლონიელმა.
1459 წლის საქართველოს მეფის გიორგი VIII-ის წერილიდან ირკვევა, თუ ვის უნდა მიეღო მონაწილეობა ანტიოსმალურ კოალიციაში ქართველთაგან: „მე თვითონ პირადად (გიორგი VIII) 40000 კაცით უნდა წავიდე. დავით ტრაპეზუნტის იმპერატორი შეგვპირდა და მზათ აქვს 30 ხომალდი 20000 კაცით; სამეგრელოს მეფე ბენდია მზად არის მთელის თავისი ჯარით; ყვარყვარე საქართველოს მთავარი თვით მოდის 20000 ცხენოსნით; ანაკოსისის მთავარი რაბია (ფაბია) შემოგვპირდა წამოსვლას თავისი ძმებით, თავადებით და მთელი თავისი მხედრობით“.
მეორე წერილიდან ირკვევა, რომ მონაწილეობას მიიღებენ „პანკრატიუსი – იბერთა, რომელებიც ახლა გიორგიანებად იწოდებიან. მანია გარიის მარკიზი“.
ზემოთ მოყვანილ წერილში ნახსენები „სამეგრელოს მეფე ბენდია“, 1460 წლის ყვარყვარეს წერილიდან ირკვევა, რომ ეს არის ლიპარიტ I დადიანი (1412-1470) „ბენდიანს, ხანს ლიპარიტს, მთელი სამეგრელოს ბატონს“. ის ასევე 1460 წლის სხვა წერილში იხსენიება, როგორც „ბენდია აფხაზეთისა და სამეგრელოს მეფე“.
რაც შეეხება რაბია (ფაბია) ანოკასიის მთავარს – ივ. ჯავახიშვილის აზრით, დუქს ანოკაციაე ნაცვლად უნდა ყოფილიყო – ანაკოპიაე ანუ ანაკოფიის ერისთავი. მ. თამარაშვილმა ანოკასიას ფრჩხილებში აფხაზეთი მიუთითა. ზ. ანჩაბაძემ ანოკასიას თავისთვის შესაფერისი ჟღერადობა მისცა და ანოკასია, აპოკასიად აქცია, აქედან აფხაზეთი.
ჩვენთვის ყველაზე მისაღებია ე. მამისთვალიშვილის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რაბია დუქს ანაკასიაე, იყო ჯიქეთის მთავარი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ წერილში რაბია, მისი ძმები და ჯიქები ცალ-ცალკე არიან მოხსენიებული.
უკანასკნელ ხანებში რაბიას ვინაობის გარკვევას შეეხო ვ. სილოგავა. გუდავის (გალის რ-ნი) ეკლესიის ერთერთ წარწერაზე, რომელიც XV სის შუა ხანებით თარიღდება, ვკითხულობთ:
„სულსა რაბ(ი)ა[სა], I შ(ეუ)ნდ(ო)ს ღ(მერთმა)ნ; და მეუ(ღლე)სა მის(ს)ა ნოგამწირას, შ(ეუ)ნდ(ო)ს ღ(მერთმა)ნ“.
ვ. სილაგავა წარწერაში მოხსენიებულ „რაბ(ი)ა[სა]“, აიგივებს ანოკასიის მთავარ რაბიასთან და მ. თამარაშვილზე დაყრდნობით ის აფხაზეთის მთავრად მიაჩნია.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რაბიას გავიგებთ აფხაზეთის თუ ჯიქეთის მთავრად, წარმოუდგენელია, ოდიშის სამთავროს ტერიტორიაზე (სოფ. გუდავაში) აფხაზეთის მთავრის წარწერა არსებულიყო, რადგან ეს ტერიტორია ორგანულად სამეგრელო (ოდიში) იყო და მასზე დადიანთა გავლენა ვრცელდებოდა. ამიტომ არასწორად მიგვაჩნია სოფ. გუდავის ეკლესიის წარწერის რაბიასა და ანტიოსმალური კოალიციის მომხრეთა მხარდამჭერი რაბიას ერთმანეთთან გაიგივება.
ახლა, რაც შეეხება წერილებში მოხსენიებულ მანია გარიის მარკიზის ვინაობას. ივ. ჯავახიშვილმა ის სამართლიანად მიიჩნია გურიის ერისთავად. დ. პაიჭაძე აღნიშნავს, რომ გურიის დამოუკიდებელ მთავართა შორის პირველი მამია XVI ს-ში იხსენიება, ხოლო XV ს-ის გურია კი ან იმერეთის მეფის ან კიდევ დადიანის ვასალი უნდა იყოს.
აქ ნახსენები მამია გურიელი არის ლიპარიტ I დადიანის ძე, ის გურიას მართავდა 1459-1463 წწ. ერთ-ერთ წერილში, რომელიც ბურგუნდის ჰერცოგს ტრაპიზონის კეისარმა გაუგზავნა, ვკითხულობთ: „ბენდიანი, სამეგრელოს მეფე თავისი ვაჟით გამოიყვანს 60000 კაცს, რაც მისთვის იოლი იქნება“. იმის გათვალისწინებით, რომ წერილში გურია არ იხსენიება, ჩვენი აზრით სამეგრელოს მეფის ვაჟის ქვეშ, მამია გურიელი უნდა ვიგულისხმოთ.
ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ XV ს. დასაწყისში არსებობდა პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც საბედიანო ერქვა. ეს მოსაზრება პირველად აკად. ივ. ჯავახიშვილმა გამოთქვა. საბედიანოს შესახებ მოსაზრება შემდეგ გაიზიარა ზ. ანჩაბაძემ, მისი აზრით ის XIV ს. ბოლოდან არსებობდა.
ამ ბოლო დროს საბედიანოს შესახებ მოსაზრება განავითარა გ. კალანდიამ თავის ნაშრომში „ოდიშის საეპისკოპოსოები“, სადაც მკვლევარი წყაროთა არასწორი ინტერპრეტაციით მისთვის სასურველ დასკვნებს აკეთებს და რიგ შემთხვევებში შეცდომა მოსდის.
თ. ბერაძემ უარყო მოსაზრება XV ს-ში საბედიანოს არსებობის შესახებ. ის აღნიშნავს, რომ არ არსებობდა არანაირი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ოდიშს, გურიასა და აფხაზეთს მოიცავდა.
ჩვენ ვემხრობით მოსაზრებას იმის შესახებ, რომ XV ს-ში არ არსებობდა პოლიტიკური გაერთიანება სახელწოდებით საბედიანო.
წყაროთა ანალიზიდან ირკვევა, რომ XV ს-ში ოდიშის ერისთავს თავისი გავლენა ჰქონდა გავრცელებული აფხაზეთსა და გურიაზე.
ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ იოსტაფო ბარბარო სამეგრელოს მთავრის ქალაქებად გვისახელებს სოხუმსა და ბათუმს. ეს ცნობა მისაღებად მიაჩნია ქ. ჩხატარაიშვილს, რადგან ბათუმი გურიის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო გურიაში ოდიშის ერისთავის შვილები სხედან. დადიანები გავლენას ავრცელებენ გურიის საერისთავოებზე. ხალკოკონდინეც ხომ აღნიშნავს, რომ „სებასტოპოლისი მეგრელებისა დადიანის მბრძანებლობის ქვეშ, მამია და სამადავლა და გურია, და სხვა ზღვისპირა ქალაქები“.
თ. ბერაძემ სამართლიანად უარყო XV ს-ში პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდებით საბედიანოს არსებობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოდიშის მმართველები მაინც ავრცელებდნენ თავიანთ გავლენას აფხაზეთსა და გურიაზე, ზოგ შემთხვევაში – სვანეთზეც.
1470 წელს გარდაიცვალა ლიპარიტ I დადიანი და ოდიშის ერისთავი გახდა მისი ძე შამადავლა დადიანი (1470-1475). ის წყაროებში იხსენიება, როგორც დადიან-გურიელი, სვანთა ერისთავი და მანდატურთუხუცესი.
ექვ. თაყაიშვილი არ იზიარებს შამადავლას გურიელობას და სვანეთის ერისთავობას. ის აღნიშნავს, რომ შამადავლას ეს ტიტულები ტრადიციით მიუთვისებია. შამადავლა დადიან-გურიელად მოიხსენიება „მცნებაი სასჯულოშიც“.
დადიანთა გავლენა სვანეთის საერისთავოზე წყაროებიდან აშკარად ჩანს. ამიტომ ჩვენ ვემხრობით იმ მეცნიერთა მოსაზრებას, რომლებსაც შამადავლას სვანთა ერისთავობა დასაშვებად მიაჩნია, ხოლო რაც შეეხება გურიელის ტიტულით მოხსენიებას, ვიზიარებთ ქ. ჩხატარაიშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შამადავლა დადიანი, როგორც გურიის ერისთავის კახაბერ გურიელის (1463-1483) უფროსი ძმა იწოდება „დადიან-გურიელად“.
შამადავლა დადიანის დროს შეიქმნა საეკლესიო დოკუმენტი „მცნება სასჯულო“. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ სწორედ ამ დროს შეიმჩნევა აფხაზთა „გაუცხოების“ კვალი (რაც გამოწვეული იყო მთის მიწოლით). ჯ. გამახარიამ და ანანია ჯაფარიძემ გამოთქვეს მოსაზრება, რომ „აფხაზეთი ქრისტიანობისაგან სრულიად მოდრეკილი იყვნენ“ და „აფხაზთა გარყვნეს სჯული“. აქ აფხაზეთი არა საკუთრივ აფხაზეთის საერისთავოს გაგებით, არამედ დასავლეთ საქართველოს გაგებითაა ნაგულისხმევი.
ისტორიოგრაფიაში მიღებული იყო მოსაზრება, რომ შამადავლა დადიანი 1474 წ. გარდაიცვალა, რაც უმთავრესად ვახუშტი ბატონიშვილზე დაყრდნობით იყო მიღებული. გ. არახამიას აზრით, შამადავლა 1475 წ. ივლისში უნდა გარდაცვლილიყო, რადგან ამბროზინო კონტარინი 1475 წ. 22 ივლისისათვის „ბენდიანის“ გარდაცვალების გამო მომხდარ არეულობაზე მოგვითხრობს. ამბროზინო კონტარინი გადმოგვცემს, რომ „1475 წლის ივლისში, სამეგრელოს საზღვართან შეხვდა ბაგრატ მეფის ჯარს, რომელიც სამეგრელოდან ბრუნდებოდა – ბენდიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოების გამო“.
ვახუშტის ცნობით, შამადავლას გარდაცვალების შემდეგ ოდიშის ტახტზე ბაგრატ მეფის დასტურით ადის მისი ბიძა ვამეყ II დადიანი (1475-1482). შამადავლას ჰყავდა ვაჟი, რომელიც იხსენიება ლაბსყალდის მთავარ ანგელოზის ეკლესიის ერთერთი ხატის წარწერაში, ის ოდიშის ერისთავი მხოლოდ ვამეყ II გარდაცვალების შემდეგ ხდება. კონტარინის ცნობა, სადაც საუბარია „ბენდიანის გარდაცვალების გამო მომხდარ არეულობაზე, თუ უთანხმოებაზე“, ხომ არ შეიძლება გავიგოთ, როგორც ვამეყ II-ის მიერ ოდიშის ტახტის უზურპაციის ფაქტი?
ვამეყ II დადიანი ტახტზე ასვლიდან მალევე განუდგა ბაგრატ VI და „უწყო კირთება“, მაგრამ ბაგრატმა ის დაამარცხა და მორჩილების ფიცი მიაღებინა.
ბაგრატ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლის ტახტზე ავიდა კონსტანტინე II (1478-1505), რომლის დროსაც საქართველოს სამეფო საბოლოოდ დაიშალა სამთავროებად. ბერი ეგნატაშვილის ცნობით, საქართველოს დაშლის შემდგომ „შარვაშიძე მორჩილებდა ყოველსა ბრძანებასა დადიანისასა“. თუ აფხაზეთის საერისთავო უშუალოდ კი არ შედიოდა ოდიშის საერისთავოში, არამედ ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.
ჩვენ ვემხრობით ე. მამისთვალიშვილის მოსაზრებას, რომ ოდიშის საერისთავოს საზღვრები XIV-XV საუკუნეებში არა მდ. ბზიფზე, არამედ მდ. ფსოუმდე (მზიმთა) ვრცელდებოდა და მთელი აფხაზეთი ოდიშის საერისთავოში შედიოდა.
$3. გენუელთა სავაჭრო ფაქტორია სოხუმში XIII-XV საუკუნეებში
XIII საუკუნეში შავი ზღვის სანაპიროებზე გენუელებმა სავაჭრო ფაქტორიები დააარსეს, რის შედეგადაც საქართველოს სამეფო აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში. თავის დროზე კ. კუდრიავცევმა და ა. ფადეევმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ თანამედროვე აფხაზეთის სანაპიროებზე გენუელებს შვიდი სავაჭრო ფაქტორია გააჩნდათ, შემდეგ ეს მოსაზრება გაიზიარა ზ. ანჩაბიძემ. უკანასკნელ ხანებში იგივე თვალსაზრისი გაიზიარეს ისტორიკოსებმა ე. მამისთვალიშვილმა და ზ. პაპასქირმა.
ზემოთ აღნიშნულ მეცნიერთა თვალსაზრისით, გენუელთა კოლონიები იყო: 1. გაკარყ – გაგრა; 2. სანტასოფია – ალახაძე; 3. ბეზონდა – ბიჭვინთის ყურე; 4. კავო დი ბუხო – გუდაუთის მხარეში; 5. იკოფფა – ახალი ათონი; 6. სევასტოპოლი – სოხუმი და 7. სანტაგელო – მდ. ენგურის შესართავთან.
თ. ბერაძის აზრით, მეცნიერები, რომლებიც პირველები შეეხნენ გენუელთა ფაქტორიების არსებობის საკითხს თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხელმძღვანელობდნენ XIII-XV სს.
იტალიური საზღვაო რუკებით. მათ ყოველი პუნქტი, რომელიც რუკაზე აფხაზეთის სანაპიროებთან იყო აღნიშნული, გენუელთა ფაქტორიებად მიიჩნიეს, თ. ბერაძის აზრით, კი გენუელებს საქართველოს სანაპიროზე მხოლოდ ერთი სავაჭრო ფაქტორია სევასტოპოლისში (ცხუმი) გააჩნდათ. ამასთან დაკავშირებით გვინდა ყურადღება მივაქციოთ 1318 წელს შედგენილ პეტრუსა ვესკონტეს რუკას. შავი ზღვის, საქართველოს მონაკვეთზე აღნიშნულია შემდეგი პუნქტები:
1. ფაქსო – ფაზისი – მდ. რიონი
2. ლაქსო პოტომ – მდ. ენგური
3. მერკულა – მეგრულა;
4. კორენბედია – იგივე გურბედია, აფხ. აგუბედია, რაც შუა ბედიას ნიშნავს;
5.კარანჩა – სკურჩა;
6. საუასტოპოლი – სევასტოპოლი – სოხუმი;
7. ნიკოფფა – ანაკოფია;
8. კავო დი ბუხო – ბზის ნავსადგური;
9. პეზონდა – პეცონდა – ბიჭვინთა;
10. ლაიაზო – პ. ინგოროყვა ამ პუნქტს ქ. ტუაფსესთან აიგივებს;
11. გაკარა – გაგრა;
12. ავოგაზია – აფხაზეთი – ბ. ხორავა ამ პუნქტს არაბი ისტორიკოსის ალ. მუჰინის მიერ ნახსენებ „აბხას“-თან აიგივებს.
სწორედ ამ და სხვა რუკებზე დაყრდნობით ფიქრობენ მეცნიერები, რომ გარდა ცხუმ-სებასტოპოლისისა, საქართველოს სანაპიროებთან სხვა ფაქტორებიც არსებობდა. ამ უკანასკნელ ხანებში ნ. ჯიქიამ გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სებასტოპოლისი იყო ერთერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი გენუელთა ფაქტორია საქართველოს სანაპიროზე. ჩვენთვის ყველაზე მისაღებია თ. ბერაძის მოსაზრება, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი.
XIV ს-დან ცხუმში უკვე იყვნენ გენუის რესპუბლიკის კონსულები. ცხუმის პირველი კონსული 1354 წლიდანაა ცნობილი წყაროებით, ეს იყო ამბროჯო დე პიეტრო. ცხუმში ასევე კათოლიკე ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო. პირველი ეპისკოპოსი 1318 წელს უნდა დანიშნულიყო. 1330 წელს კი ეპისკოპოსად ჩანს პეტრე გერალდი, რომელიც წერილს უგზავნის კენტერბერის არქიეპისკოპოსს.
გენუელების ანალებიდან ირკვევა, რომ სებასტოპოლის ფაქტორიაში გენუის მთავრობა დადიანთან შეთანხმებით ნიშნავდა კონსულებსა და სხვა მოხელეებს. სებასტპოლისის ადმინისტრაციული მმართველობა შემდეგნაირად გამოიყურება: კონსული, ნოტარიუსი. სასამართლოს სათავეში კონსული იდგა და გენუის კანონებით იმართებოდა (კანონი მხოლოდ გენუელებზე ვრცელდებოდა). კონსული საკუთარ დოტაციაზე ინახავდა ნოტარიუსს, თარჯიმანსა და კურიერს.
კონსტანტინოპოლის დაცემამ გავლენა იქონია ბიზანტიის მეზობელ ქვეყნებზე. 1454 წ. ოსმალები ცხუმს დაეცნენ და ქალაქი აიკლეს. მ. მახარაძის აზრით, ოსმალეთის მიზანი არა ცხუმის დაპყრობა, არამედ გენუელთა სავაჭრო ფაქტორიის გაუქმება იყო.
1454 წ. 23 ოქტომბერს გენუაში ცხუმის კონსულად აირჩიეს ფილიპო კლავერენცა. თუმცა კონსულმა ცხუმში გამგზავრებაზე უარი განაცხადა და ხელახლად კონსულად არჩეულ იქნა გერარდო პინელი, სწორედ მის დროს 1455 წ. 28 ივლისს დაესხნენ ცხუმს „ავოგაზები“. ამ საკითხს ჩვენ შესაბამის ადგილას შევეხეთ, ამიტომ არ დავკონკრეტდებით.
1456 წ. 6 თებერვალს გენუაში არჩეულ იქნა ცხუმის კონსული ფრანჩესკო ლომელინო, თუმც მანაც უარი განაცხადა მოვალეობის შესრულებაზე და 23 თებერვალს ახალი კონსული კასპარე დე კოლუნუ აირჩიეს, მაგრამ ჩვენთვის უცნობია დაიკავა თუ არა მან აღნიშნული თანამდებობა.
XV ს-ის შუა ხანებიდან ურთიერთობა გამწვავდა ოდიშის ერისთავსა (ბენდიანი) და გენუელებს შორის. გენუელები ყოველნაირი ხერხით ცდილობდნენ „ბენდიანის“ კეთილგანწყობის დაბრუნებას. როგორც ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, გენუელებმა მოახერხეს შერიგებოდენ ოდიშის ერისთავს: „Мы доволны тем, что так уладилось дело с Бендиано, князем Мингрелии“.
სებასტოპოლისის (კოლონიის) ფაქტორიის გაუქმება შავ ზღვაზე ოსმალების სამხედრო მოქმედებების პირდაპირპროპორციული უნდა ყოფილიყო. ზ. ანჩაბაძის აზრით, გენუელებმა ცხუმი კაფას დაცემამდე (1475) ორი წლით ადრე დატოვეს ე.ი. 1473 წ. თუმცა ამავე წელს ცხუმის კონსულად ვხვდებით ქრისტეფორო დე კანევალს, ამიტომ ე. მამისთვალიშვილის აზრით, ცხუმის გაუქმება 1475 წელს უნდა მომხდარიყო. ცხუმის ფაქტორიის გაუქმების თარიღად თ. ბერაძეც თავის ნაშრომში 1475 წელს ასახელებს, რაც კაფას დაცემას უკავშირდება.
საქართველოს შავიზღვისპირეთისა და იტალიის (გენუა) ქალაქების ეკონომიკურმა ურთიერთობებმა სავარაუდოდ დიდი შემოსავალი მოუტანა სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი ოდიშის მმართველებს. წყაროებით ცნობილი ცხუმ-სებასტოპოლის კონსულთა სია:
1. ამბროჯო დე პიერტო 1354 წ;
2. ფილიპო კლავერენცა 1454 წ. (უარი თქვა);
3. გერარდო პინელი 1455 წ;
4. ფრანჩესკო ლომელინო 1456 წ. (უარი თქვა);
5. კასპარე დე კოლუნუს ალბერტი 1456 წ;
6. ქრისტეფორო დე კანევალე 1473 წ.
საუბარი შეიძლება სებასტოპოლისის საკონსულოს ადმინისტრაციის კიდევ ერთ წევრზე. „გენუელთა ანალებში“ მოიძებნება ერთი ცნობა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო პერიოდს ეხება. გენუის მოქალაქე ვინმე მატეო დე ნეგროს, რომელსაც სასამართლო დავა ქონდა ქონებასთან დაკავშირებით, გენუიდან გაიქცა. სასამართლო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატეო დე ნეგროს უნდა დანიშნოდა კურატორი, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა გენუაში თუ გენუელთა სხვა ფაქტორიაში. დოკუმენტში შემდეგს ვკითხულობთ: „13 июня Джорджо Спинола из Севастополи (Сухуми), глашатай, передал декрет брату Маттео Кристофоро де негро и передал его затем в руку жене Матео в его доме“. 1467 წლის ჩანაწერი. ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ჯორჯო სპინოლა „глашатай“ი, ანუ მაცნეა, შუამავალი, ამიტომ ის, ჩვენი აზრით, სებასტოპოლისის კონსულის დაქვემდებარებაში მყოფი კურიერი უნდა იყოს. ეს კურიერი მატეო დე ნეგროს ოჯახს დეკრეტს სავარაუდოდ იმიტომ გადასცემს რომ მის ქონებრივ დავას გარკვეული სახით კავშირი უნდა ქონდეს სოხუმის სავაჭრო ფაქტორიასთან. ამრიგად წყაროს მიხედვით სახეზეა სებასტოპოლისის გენუელთა ფაქტორიის მმართველობითი რგოლის აქამდე ჩვენთვის უცნობი წარმომადგენელი ჯორჯო სპინოლა.
ოდიშის ერისთავ დადიანებს, ჩვენი აზრით, ამანელისძეთა საგვარეულოსთან გარკვეული კავშირი ჰქონდათ, ამის საფუძველზე ისინი ცხომის საერისთავოზე ერთგვარ გავლენას ავრცელებდნენ, რაც რუსუდანის მეფობისას უნდა დაეკარგათ. სავარაუდოდ ეს ცვლილება ცხუმში ვერცხლის მონეტის მოჭრას უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც 1230 წელს მოიჭრა და ჩვენი ვარაუდით, ის დავით ნარინის თანამოსაყდრედ გამოცხადებას უნდა უკავშირდებოდეს. XIV საუკუნის დასაწყისში გიორგი I (გარდ. 1323) დადიანის დროს აღადგინეს ძველი უფლება ცხუმის საერისთავოზე და ამის შემდეგ ეს ტერიტორია სამეგრელო/ოდიშის ორგანული ნაწილი იყო პოლიტიკურად და ეთნიკურად, სანამ XVI-XVII საუკუნეებში აფხაზთა მიერ არ მოხდა ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის მიტაცება. ოდიშის საერისთავოს საზღვრები XIV-XV საუკუნეებში არა მდ. ბზიფზე, არამედ მდ. ფსოუმდე (მზიმთა) ვრცელდებოდა და მთელი აფხაზეთი ოდიშის საერისთავოში შედიოდა.
თავი II
ოდიშისა და აფხაზეთის ურთიერთობა XVI საუკუნეში
$1. ოდიშის სამთავროს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის
XVI საუკუნეში ოდიშის სამთავრო ერთერთი ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო დასავლეთ საქართველოში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოდიშის მმართველი თავის პოლიტიკურ გავლენას ავრცელებს აფხაზეთზე.
მამია III დადიანის (1503-1533) ერთერთ წყალობის სიგელში, ბიჭვინთისადმი, ვკითხულობთ: „...მოგახსნეთ ჩუენ დადიანმან პატრონმან მამიამან და ძემან ჩუენმან პატრონმან ლეონ დადიანმან და ძეთა ჩუენთა დადიანმან პატრონმან გიორგი და დადიანმან პატრონმა მამია, თქუენ, საშინელსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელისა... ბიჭვინტის გარემო სოფელი აითარნე, არუხა და რაბიწა, აითარნეს მთა ზეთის ხელოვანი“.
ისტორიოგრაფიაში სამართლიანადაა გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მამია დადიანი ვერ შეწირავდა ბიჭვინთის გარშემო არსებულ სოფლებს, თუ მას ამ სოფლებზე რაიმე უფლება არ გააჩნდა, ასევე აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენებ სიგელს ხელახლა ამტკიცებენ მამია III დადიანის შემდგომი ოდიშის მთავრები ლევან I (1533-1572), გიორგი III (1572-1583) და მამია IV (1582-1590), რაც იმის მიმანიშნებელია, რომ XVI საუკუნის ბოლოსაც აფხაზეთი ოდიშისადმი გარკვეულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.
XVI საუკუნეში დადიანთა გავლენა აფხაზეთზე რომ ვრცელდება, მიგვანიშნებს ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის წარწერა, სადაც ვკითხულობთ: „ქრისტე შეიწყალე სულთა დადიანი მამია და მეოხ ეყავ საუკუნოდ და ძე მისი დადიანი ლეონ ადიდე ღმერთო ორთავე შინა ცხოვრებათა ამინ“. ხატი მოჭედილია აფხაზეთის კათალიკოსის ევდემონ ჩხეტიძის პერიოდში 1568 წ. (სნვ), თ. ქორიძე სამართლიანად შენიშნავს, რომ ევდემონ ჩხეტიძე მის მიერ მოჭედილ ხატში იმიტომ იხსენიებს მამია III დადიანს და ლევან I დადიანს, რომ ოდიშის მთავართა გავლენა ვრცელდება აფხაზეთზე, სადაც მდებარეობს ბიჭვინთის საკათალიკოსო ტაძარი.
XVI საუკუნეში ოსმალთა იმპერია აქტიურად იბრძვის მთელი კავკასიის დაპყრობისათვის. ისინი ჯიქების მეშვეობით, ჩრდილო-დასავლეთიდან ხშირად აწყობდნენ თავდასხმებს საქართველოზე, რაც აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის სანაპირო სოფლების აწიოკებით სრულდებოდა.
XVI საუკუნის 20-30-იან წლებში ოსმალეთი დაპყრობით ომს აწარმოებდა ევროპაში, 1533 წ. ოსმალთა ჯარი ვენას მიადგა, ვენის ალყა ივნისამდე გაგრძელდა.
1533 წლის იანვარში ბაგრატ III-ის თაოსნობით გურიისა და ოდიშის მთავრებმა მამია III დადიანმა და მამია I გურიელმა (1512-1534) ზღვით ჯიქეთში ლაშქრობა მოაწყვეს. თ. ბერიძის აზრით, ლაშქრობის დრო, იანვარი, საგანგებოდ უნდა ყოფილიყო შერჩეული, რადგან იმ დროს ზამთრობით შავ ზღვაზე ნაოსნობა წყდებოდა და იანვარში ჯიქები სავარაუდოდ ქართველთა თავდასხმას არ მოელოდნენ, თუმცა მოულოდნელობის ტაქტიკამ არ გაამართლა და ოდიშ-გურიის ლაშქარი დამარცხდა.
ამ ლაშქრობის შესახებ „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ქორონიკონსა სკა: დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად ზღვით ნავებითა, და შეიბნეს თვესა იანვარსა ოცდაათსა. პირველსა დღესა ამათ გაემარჯუა; მეორე დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშართა, უღალატეს და გამოექცნეს, დადიანი და გურიელის ლაშქარი დაუტევეს; მოეტევნეს ჯიქნი და შეიბნეს: მრავალი დახოცეს დადიანმან, გურიელმან და გურიელის ლაშქართა. მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურისშვილნი. დაღალული ომისაგან შეჩუენებულმან ცანდია ინალდიფითა გაინდვა, დადიანი გააშიშვლეს, სრულიად შიშველი დაჭრეს. გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ეპისკოპოზნი, და მისნი ლაშქარნი ტყვე ყვეს“.
აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ტექსტის ერთი ადგილი: „ცანდია ინალდიფითა გაინდვნა“, თ. ჟორდანია ტექსტის ამ ნაწილს ფრჩხილებში უთითებს – ინალიფა? გ. ალასანიას ესმის როგორც „ნდობით გადაიბირა“, პ. ინგოროყვას „ცანდია“ ცანების თემის მეთაური ჰგონია, ხოლო ბ. ხორავა აღნიშნავს, რომ „ცანდია ინალდიფითაში“ კონკრეტული პიროვნება იგულისხმება, რადგან მას უსწრებს მიმართვა „შეჩვენებულმან“. მისი აზრით, ცანდია არა სახელი, არამედ ინალიფას სატომო კუთვნილების აღმნიშვნელი უნდა იყოს.
მაშასადამე, თუ ინალიფა ცანდია, ის სავარაუდოდ ოდიშის ლაშქრის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს, ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ოდიშის გავლენას აფხაზეთზე. აქ ასახული უნდა იყოს აფხაზთა მოვალეობა, მოლაშქრეობა ოდიშის მთავრის სასარგებლოდ.
ტექსტიდან ირკვევა, რომ ოდიშის მთავარი თავისი ლაშქრის ნაწილმა ბრძოლის ველზე მიატოვა, რასაც ინალიფას ღალატი დაერთო, რის შედეგადაც ოდიშისა და გურიის ლაშქარი დამარცხდა. მამია III დადიანი ბრძოლაში მოკვდა, ასევე ბრძოლაში დაეცა გურიელის შვილი გიორგი, ტყვედ ჩავარდნილები აფხაზეთის კათალიკოზმა მალაქიამ გამოისყიდა.
XVI საუკუნის 30-იან წლებში ვითარება დაიძაბა იმერეთის სამეფოში. მურჯახეთის (1535) ბრძოლის შემდეგ ბაგრატ III-ზე ნაწყენი ლევან I დადიანი მას არ ემორჩილებოდა. 1545 წელს საქართველოს ოსმალთა ლაშქარი შემოესია საქართველოს. ბაგრატ III-მ უხმო დადიანს, მაგრამ ის არ გამოცხადდა მეფის წინაშე, რაც აშკარა განდგომას ნიშნავდა, ბაგრატ III-მ სცადა განდგომილი „ერისთავის“ დამორჩილება და ის 1546 წელს სადარბაზოდ ხონის ჭალაში მიიწვია, სადაც დაატყვევა კიდეც, თუმცა მალევე ქაიხოსრო ათაბაგის მიერ მოსყიდულმა ხოფილანდრე ჩხეიძემ დადიანი ახალციხეში გააპარა, საიდანაც ოდიშში ჩავიდა და ოდიშის ტახტი დაიბრუნა. ამ დროიდან ოდიშის სამთავრო საბოლოოდ გამოეყო იმერეთის სამეფოს და დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა, ლევან I დადიანი კი დამოუკიდებელი „ხელმწიფე“ გახდა.
XVI საუკუნის II ნახევარში ოსმალეთი მთელი დასავლეთ საქართველოს დასაპყრობად აქტიურ შეტევაზე გადადის. ერთი ცნობის მიხედვით, 1554 წელს რიონის შესართავთან ოსმალეთისა და ოდიშის ჯარების მცირე შეტაკება მომხდარა, სადაც ოსმალები დამარცხებულან. ამავე პერიოდში კვლავ გახშირდა ჯიქების თავდასხმები აფხაზეთზე, რის გამოც დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მესვეურნი იძულებულნი გახდნენ აფხაზთა კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში (დაახლოებით 1545-1569 წლებს შორის) გადაეტანათ.
1557 წლის თებერვალში ლევან I დადიანი სტამბოლში ჩადის. უნგრელი ელჩი, ანთალ ვერანჩიჩი მას „მეფე სრულიად სამეგრელოსად“ იხსენიებს. მისი თქმით, დადიანმა ეს ტიტული ახლახან მიიღო. ვერანჩიჩის ცნობაში ლევან I დადიანის „გახელმწიფების“ ფაქტი არის ასახული. ოდიშის მთავარი, სტამბოლში „ჩერქეზების“ (ე.ი. ჯიქების) წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სათხოვნელად ჩასულა.
XVI საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში დადიანსა და გურიელს შორის ურთიერთობა გამწვავდა, ორივე მათგანი დასავლეთ საქართველოში ჰეგემონობისათვის იბრძოდა. ლევან I დადიანის ძემ, გიორგიმ, როსტომ გურიელის გარდაცვალების შემდეგ, მისი ასული, რომელიც დადიანს ესვა, გააგდო და ბიძამისის, ბათულის ცოლი შეირთო. გიორგი II გურიელმა (1564-1583) ლევან I დადიანის ასული ითხოვა ცოლად, თუმცა მალევე „განუტევა“ და იმერეთის მეფის გიორგი II-ის ქვრივი შეირთო ცოლად.
1572 წელს ლევან I დადიანი გარდაიცვალა და ოდიშის ტახტზე მისი მემკვიდრე გიორგი III ავიდა. იმერეთის მეფე დაუმოყვრდა დადიანს, რადგან მისი და თავის ვაჟს ბაგრატს შერთო. ამით უკმაყოფილო გიორგი გურიელმა დადიანის ძმა მამია გურიაში მიიპატიჟა და თავისი და შერთო ცოლად. გურიელმა და მამია დადიანმა მალევე (1573) ჩამოაგდეს გიორგი III დადიანი და ოდიშის მთავარი მამია IV დადიანი (1573-1578) გახდა. გიორგი III დადიანი აფხაზეთში გაიქცა, სადაც „იშოვა ნიჯადი... აფხაზნი, ჯიქნი და ჩერქეზნი და მოვიდა ოდიშს... იძლია კვლავ გიორგი და წავიდა აფხაზეთს“. 1578 წელს გიორგი III დადიანი და გიორგი II გურიელი იმერეთის მეფემ შეარიგა. დადიანმა გურიელის დის დატოვებისთვის საფასურში დროებით ხობი მისცა. გიორგი III კვლავ ოდიშის მთავარი გახდა, მამია კი მას დაექვემდებარა.
ჩვენი აზრით, გიორგი III დადიანის მიერ გურიელისათვის „ხობის“ გადაცემას ეხმაურება ერთ-ერთი სიგელი, სადაც საუბარია გურიელის მიერ აფხაზეთის საკათალიკოზოსათვის სოფელ ხიბულას შეწირვის შესახებ. სოფელი ხიბულა დღეს ხობის რაიონის შემადგენლობაში შედის, ჩვენი ვარაუდით გიორგი III დადიანმა, გიორგი II გურიელს ხობის გარშემო სოფლები მისცა, რომელიც სავარაუდოდ ხობის საეპისკოპოსოს კუთვნილება იყო.
გიორგი იმერთა მეფის მეშვეობით დასავლეთ საქართველოში სამეფო-სამთავროთა შორის დროებითი მშვიდობა დამყარდა.
$2. ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლის II ომი და სოხუმის საბეგლარბეგოს საკითხი
XVI საუკუნის 60-იან წლებიდან ოდიშისა და ოსმალეთის ჯარებს შორის მცირე შეტაკებები ხდება. 1560 წელს სამეგრელოს მთავრის 15 ნავი თავს დასხმია გონიოს ციხეს. 1571 წელს სამეგრელოს კატარღები კვლავ გამოჩნდნენ გონიოს ციხესთან. ამ თავდასხმის შესახებ ცნობები შემორჩა მოხსენებით ბარათში, სადაც საუბარია დადიანის და მისი ვაჟების თავდასხმაზე 15 ნავით. იმავე წელს თავდასხმა კვლავ განმეორდა. ამ თავდასხმაში „სამეგრელოს მთავრის ვასალი აფხაზი მეკობრეებიც იღებდნენ მონაწილეობას“. გარდა მეგრელთა და ოსმალთა შეტაკებებისა, ამ დოკუმენტმა შემოინახა ცნობა აფხაზეთის სამეგრელოსადმი დამოკიდებულების შესახებ.
XVI საუკუნის 70-იან წლებში ოსმალეთმა საზღვაო ბლოკადა გამოუცხადა სამეგრელოსა და აფხაზეთს, აკრძალული იყო სავაჭრო გემების მათ სანაპიროებთან გაჩერება, რათა სამეგრელოში საბრძოლო იარაღი არ შეეტანათ. ბლოკადა 1571-1578 წლებში გაგრძელდა.
ირან-ოსმალეთის პირველი ომი (1514-1555), როგორც ვიცით, 1555 წლის 29 მაისს ამასიის ზავით დასრულდა. დამპყრობლებმა ამიერკავკასია გაინაწილეს, მათ შორის საქართველოც. თურქეთს – „ერგო“ დასავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგოს ნაწილი, ირანს კი – ქართლისა და კახეთის სამეფოები, და სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამასიის ხელშეკრულება მხოლოდ იურიდიული შეთანხმებას წარმოადგენდა და გადანაწილებული ტერიტორიები ჯერ კიდევ დასაპყრობი იყო.
ოსმალეთთან შედარებით ირანი სუსტი სახელმწიფო იყო და 1555 წელს ამასიის ზავის პირობათა დაცვას ცდილობდა, ოსმალეთი კი მთელი კავკასიის და კასპიის ზღვის სანაპიროთა დაპყრობისთვის იბრძოდა. 1578 წელს ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ირანში სალაშქროდ გამზადებული ჯარის სარდლად მუსტაფა ლალა ფაშა დაინიშნა.
ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლებში ომის დასაწყისში ოსმალეთი ირანის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა შავი ზღვის ნავსადგურებს – ტრაპიზონსა და ბათუმს. ოსმალეთმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დაუპყრობელი ადგილების დამორჩილება სცადა. ამ მიზნით მან ფოთი და სოხუმი დაიკავა და აქედან შეტევის განვითარებას დაუკავშირა მთელი დასავლეთ საქართველოს დაპყრობა, მაგრამ ეს ცდები იმ დროს მარცხით დასრულდა.
ოსმალთა მიერ სოხუმის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. სავარაუდოდ ისინი იმედოვნებდნენ, ამ გზით, ჯიქებისა და აფსუების მეშვეობით ოდიშზე შეტევის განხორციელებას, ამიტომაც ოსმალებმა სოხუმის საბეგლარბეგო დააარსეს. სოხუმის საბეგლარბეგოს დაარსების თარიღად პროფ. თ. ბერაძე 1578 წელს ასახელებს, მ. სვანიძე კი 1579 წელს, ის ასევე იმოწმებს ალის „ნუსრეთნამეს“ სოხუმის საბეგლარბეგოს დაარსების შესახებ. თუმცა თვითონვე აღნიშნავს, რომ უფრო ზუსტი და დაწვრილებითი ინფორმაცია მასში არ მოიპოვება. ჩვენ ვიზიარებთ თ. ბერიძის თარიღს სოხუმის საბეგლარბეგოს დაარსების შესახებ, რადგან დიუბუა დე მონპერე და პეისონელი, როდესაც აღწერდნენ სოხუმს, ციხის აგებას თურქებს მიაწერენ და 1578 წლით ათარიღებდნენ. ამათგან ორივემ იმოგზაურა სოხუმში, სავარაუდოდ, მათ რაიმე ინფორმაცია გააჩნდათ 1578 წელს სოხუმში თურქების გამოჩენასთან დაკავშირებით.
თურქი ისტორიკოსის ქირზიოღლუს ნაშრომში „ოსმანლილარინ კაფკას ელლერინი ფეტჰი“ ვკითხულობთ: „1578 წლის მაისში სტამბოლიდან გასული და გურჯისტანის სანაპიროებთან მისული ხუთი საბრძოლო ხომალდით გზას გაუდგა ადრე ბათუმის სანჯაყბეგი ჩერქეზი ჰაიდარ ბეგი და ამ დროს პირველად შექმნილი „სოხუმის (აბაზას) ეიალეთის ბეგლარბეგობა ებოძა და თავისი მოვალეობის [შესრულებას] შეუდგა“, ლალა მუსტაფა ფაშას მიერ 1578 წელის სექტემბერში არეშიდან სტამბოლში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია სოხუმის საბეგლარბეგოს („სოხუმის ქვეყანა“) შექმნის ფაქტი – გაგრის, ბიჭვინთისა და სოხუმის სანჯაყებით.
ერთ-ერთ თურქულ ჰუქმში, რომელიც თარიღდება 987 წლის საფარას თვით, ე.ი. 1579 წლის 13 აპრილით, საუბარია ფოთის და ანაკლიის დანგრეული ციხეების აღდგენის შესახებ. ჩვენი აზრით, 1578 წელს სოხუმში ციხე აგებული და საბეგლარბეგო დაარსებული რომ არ ყოფილიყო, ამ ჰუქმში ჰპოვებდა ასახვას, სულ მცირე ანაკლიასთან და ფოთთან, სოხუმის ციხის შეკეთების აუცილებლობაზე მაინც მიუთითებდნენ.
ჰეიდარ ფაშა სოხუმში, სავარაუდოდ, თავისი ახლობლებისაგან შემდგარ მრავალრიცხოვან ჯგუფთან ერთად ჩავიდა. როგორც ბ. ხორავა ფიქრობს, შემთხვევითი არ უნდა იყოს სოხუმის ბეგლარბეგად წარმოშობით ჩერქეზის დანიშვნის ფაქტი. სავარაუდოდ, ოსმალები ცდილობდნენ აფხაზთა (აფსუა) მონათესავე ფაშას მეშვეობით მათი გულის მოგებას და მათი მეშვეობით ოდიშზე თავდასხმების განხორციელებას, რაც ადრე ჯიქების მეშვეობით ხდებოდა. 1578 წლის სექტემბერში ლალა მუსტაფა ფაშას მიერ სტამბოლში გაგზავნილი, ორი თვის მანძილზე წარმოებული ლაშქრობის ამსახველ წერილიდან ვიგებთ, რომ როცა ის (ლალა ფაშა) კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე მივიდა, კასპიის სამხრეთ რაიონებში ახალი ოსმალური ეიალეთები შეუქმნია, ესენია: 1. შირვანი (დაპყრობის გზით), 2. თბილისის (ქართლის, დაპყრობის გზით), 3. გურჯისტანის (მორჩილებით), 4. სოხუმის საბეგლარბეგო, რომელიც მამაცობით ცნობილ ჰეიდარ ფაშას გადასცეს.
წერილში ყოველი ეიალეთის შექმნის წინაპირობაა მოცემული: ზოგი დაპყრობით შეიქმნა, ზოგი მორჩილების გზით, სოხუმზე კი არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. სავარაუდოდ, ოსმალები აქაც ძალით მოქმედებდნენ. თურქულ არქივებსა და საცავებში არ შემონახულა არც ერთი „დევტერი“ XVI საუკუნის აფხაზეთის ან სოხუმის შესახებ, ამიტომ თ. ბერაძე ფიქრობს, რომ ოსმალთა ძალაუფლება მხოლოდ სოხუმსა და მის შემოგარენში ვრცელდებოდა.
1578 წელს დაარსებული სოხუმის საბეგლარბეგო უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ რუკებზე აღნიშნულ ესხისუმუნის, რაც თურქულად „ძველ სოხუმს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება რუკებზე სავარაუდოდ სოხუმის საბეგლარბეგოს გაუქმების შემდეგ დააქვთ, რადგან ადრეულ რუკებზე სოხუმი სებასტოპოლი ან სავატოპოლითაა აღნიშნული.
სოხუმის კონცხთან, მდ. გუმისთას მარჯვენა ნაპირზე ტერიტორიას XX საუკუნის 20-იან წლებში ადგილობრივი მაცხოვრებლები „ძველ სოხუმს“ (Старый Сухум) უწოდებდნენ, იქ იდგა ციხის ნანგრევები, რომელიც ოსმალების მიერ აგებული ციხე უნდა იყოს. ჩვენი აზრით, სოხუმში არსებული ტოპონიმი „Старый Сухум“-ი და ევროპული რუკების ესხისუმუნი ერთი და იგივე პუნქტი უნდა იყოს. მასზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.
სავარაუდოდ, სახელწოდება „სუხუმ“ 1578 წლიდან უნდა ჩანაცვლებოდა „ცხუმს“. „სუხუმ“ თურქიზებული ფორმაა „ცხუმ“ სიტყვისა, რადგან თურქულში „ცხ“ კომპლექსი არ არსებობს. არაბულ და ოსმალურ წყაროებში „ცხუმ“ ფორმის ნაცვლად გვხვდება მისი არაბული „სუხუმუ“ და თურქული „სუხუმ“ ვარიანტები. თურქული ვარიანტისაგან არის მიღებული რუსული „სუხუმ“ (ჩухум), საიდანაც გვაქვს ახალი ქართული ფორმა სოხუმი.
ჰეიდარ ფაშას გარდა, ჩვენი აზრით, სოხუმს სხვა ბეგლარბეგიც უნდა ჰყოლოდა, თუმცა მისი სახელი ჩვენთვის უცნობია. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს იტალიელი მოგზაურის ბუსარდოს ცნობა. Iს წერს: „დიდი უფლებებითა და ღირსებით აღჭურვილი სინან ფაშა 1580 წლის 25 აპრილს თავისი ლაშქრით კონსტანტინოპოლიდან ანატოლიაში გადავიდა. მან მიაღწია საქართველოს საზღვრებს, ...მან (სინან ფაშამ) ქართველი იბერიელების დამოუკიდებლობის ასალაგმავად ბათუმსა და სოხუმში თავისი ბეგლარბეგები და დევთერდარები დააყენა“. როგორც ჩანს, ლალა ფაშას მაგივრად დანიშნულმა სინან ფაშამ გადააყენა ჰეიდარ ჩერქეზი და სოხუმში „თავისი ბეგლარბეგი“ დანიშნა (ბუსარდოს ამ ცნობაში ჯ. გამახარიამ ყურადღება სხვა ფაქტს მიაქცია, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი).
1580 წ. სექტემბრის დასაწყისში, აღმოსავლეთის ლაშქრობის ახალი სარდლისადმი, დიდვეზირ სინან ფაშასადმი სტამბოლიდან გაგზავნილ ჰუქმში აღნიშნულია: „წარსულში ბათუმის სანჯაყბეგი კეთილშობილი ემირ ულუმერა ჰაიდარი მუდამ ბედნიერი იყოს – გამოსადეგი, მოამაგე და გამოცდილი მოხუცდა. წარსულში მას სოხუმის საბეგლარბეგო ეწყალობა. იგი ხსენებულ საბეგლარბეგოდან მოცილებული იქნა. ერთი ხანობა ბედნიერების კარში (სტამბოლში) როცა მსახურობდა. ახლა იმ მხარეში (თბილისის) თავდასხმის სურვილი არსებობს, ვბრძანებ, რომ, როცა მიაღწევს, შესაფერისად მიჩნეულ სამსახურში იქნეს გამოყენებული, საბეგლარბეგო თუ იქნება მას ებოძოს“.
ჰუქმში აღნიშნული `მოცილებული~ სწორედ, რომ ჰეიდარ ფაშას მოხსნის ფაქტს უნდა ნიშნავდეს. სოხუმს მოცილებული ჰაიდარ ფაშა კვლავ ბათუმის ბეგლარბეგად ინიშნება, რადგან 1587 წლის ამბებთან დაკავშირებით გორის ციხის დაცვა ტრაპიზონის (ბათუმის) ბეგლარბეგს (წარსულში სოხუმის ბეგლარბეგს) ჩერქეზ ჰეიდარ ფაშას დაევალა. სოხუმის საბეგლარბეგო 1580 წ. უნდა გაუქმებულიყო. თ. ბერაძის აზრით სწორედ ამ დროს უნდა დაეტოვებინათ ქალაქი თურქებს და შემდეგ აფხაზთა ხელში გადადის და ამ პერიოდიდან გამოდის ისინი დადიანთა გავლენიდან. ამ დასკვნისათვის უფრო მყარი არგუმენტებია საჭირო, თუმცა გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ აფხაზეთი ამის შემდგომაც ემორჩილებოდა ოდიშის მმართველთ გარკვეულ დრომდე.
ქირზიოღლუს თქმით, სოხუმის საბეგლარბეგოს ადმინისტრაციული მმართველობა იმის გამო გაუქმდა, რომ შემოსავალი მცირე იყო და ძველებურად, როგორც ყმის (მონა) ოლქი, საკუთარ მდგომარეობაში იქნა დატოვებული. იგივე ნაშრომში მე-19 გვერდზე ვკითხულობთ, სოხუმის საბეგლარბეგო გაუქმდა, რადგანაც ადგილობრივები გადასახადს არ იხდიდნენ, ქურდობითა და ცოლშვილის გაყიდვით ირჩენდნენ თავს, რის გამოც სახელმწიფოს (ე.ი. ოსმალეთს) სიძნელეები შეექმნა. იქაური ქრისტიანები და ადგილობრივი ველური მოსახლეობა ძველებურ ყოფას დაუბრუნდა.
ჩვენი აზრით, ქრისტიანებში ქართველი (მეგრელი) მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ჯ. გამახარიას დაკვირვება ბუსარდოს ცნობაზე, სადაც საუბარია „ბათუმისა და სოხუმის ქართველ იბერიელებზე“. აქედან გამოდის, რომ XVI სის მიწურულს სოხუმის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქართველი (მეგრელი) ქრისტიანები იყვნენ, ხოლო რაც შეეხება სოხუმის „ძველებურ ყოფაზე დაბრუნებას“, უნდა ვიგულისხმოთ დადიანთა გავლენის აღდგენა. აფხაზური მოსახლეობის დამკვიდრება სოხუმში, ჩვენი აზრით, სწორედ აქ თურქების გამოჩენას უნდა უკავშირდებოდეს. ამასთან დაკავშირებით ყურადღება გავამახვილეთ XIX სის არქეოლოგის ვ. სიზოვის ერთერთ ცნობაზე. ვ. სიზოვი ეხება რა სოხუმის ციხეს, აღნიშნავს, რომ ეს ციხე მაინცდამაინც თურქების აგებული უნდა იყოს, ამ ადგილს, იგივე „Стари Сухум“ს, აფხაზები „Ашашля“ს ე.ი. სისხლისმიერ უფროს ძმას (Старший брать, кровный) უწოდებენ. „Ашашля“ უფროსი ძმა არის სოხუმის ძირითად ციხესთან მიმართებაში, ვ. სიზოვი ასკვნის: „Следовательно, обозначение абхазцами относительной древности и родства одной крепости по отношению к другой безъ всякого сомнения относится только к истории турецкаго владычества в этихъ иестъ. До появления турок, абхазцы как будто забыли о существовании настоящего Сухума, как будто бы он возникъ толко благадаря туркам, переселившимся сюда из старого Сухума“.
დასკვნა ლოგიკურია, ჩრდილო-დასავლეთიდან მომავალი აფსუები, სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მხარეში დაფუძნდებოდნენ. ციხე, რომელიც პირველი შეხვდათ, უფროსი იქნებოდა იმ ციხესთან შედარებით, რომელშიც მოგვიანებით გადასახლდნენ. XVII ს. 30-იან წლებშიც კი ჯოვანი ლუკას თქმით, აფხაზთა მთავარის პუტოს ქვეყანაშია ქალაქი სკისორნუმი, ესკისუმენი.
სოხუმის საბეგლარბეგო, რომელიც 1578-1580 წწ. არსებობდა, 1579 წ. აგებულ ფოთის ციხესთან ერთად მთელი დასავლეთ საქართველოს დასაპყრობად უნდა გამოეყენებინათ ოსმალებს, თუმცა იმ პერიოდში და შემდგომშიც ამის განხორციელება ვერ მოხერხდა, სამაგიეროდ უარყოფითად იმოქმედა ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობაზე და ამ პერიოდიდან ორი სამთავროს საერთო საზღვარი მდ. ფსირცხადან სამხრეთ-დასავლეთისაკენ იწყებს მონაცვლეობას.
XVI ს-ის მიწურულს ოსმალეთსა და ოდიშის სამთავროს შორის ურთიერთობა შედარებით მოწესრიგდა, რადგან 80-იანი წლების დამლევს სტამბოლში ოსმალეთის სასულთნო კარს ეახლნენ სამეგრელოს მთავარი დადიანი (მამია IV) და ტრაპიზონის სანჯაყბეგი (ჰეიდარ ფაშა?). დადიანს სულთნისათვის უძვირფასესი აზარფეშა მიურთმევია, თავის მხრივ, სულთანსაც დიდი პატივით მიუღია სამეგრელოს მთავარი.
XVI ს-ის მიწურულს სოხუმის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქართველი (მეგრელი) ქრისტიანები იყვნენ.
1580 წ. თურქთა მიერ სოხუმის დატოვებისა და საბეგლარბეგოს გაუქმების შემდეგ იქ კვლავ დადიანის გავლენა აღსდგა. აფხაზ-აფსუათა ძირითადი მასის სოხუმში გამოჩენა 1578 წ. თურქთა მიერ სოხუმის საბეგლარბეგოს დაარსების დროს ხდება.
თავი III
ოდიშსა და აფხაზეთის ურთიერთობა XVII საუკუნეში
$1. ლევან II დადიანი
1590 წ. მამია IV დადიანი გარდაიცვალა და ოდიშის სამთავროს ტახტზე ავიდა მისი ვაჟი მანუჩარ დადიანი (1590-1611). მისი მმართველობის პერიოდში ოდიშის სამთავროს უპირატესობა დასავლეთ საქართველოში ჰეგემონობისათვის ბრძოლაში აშკარა გახდა. მანუჩარ დადიანი დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა შორის ყველაზე ძლიერი მმართველი იყო. ოდიშის მთავრის გავლენა იმერეთის სამეფოზე საგრძნობი გახდა. აფხაზები კი კვლავინდებურად დადიანებს თავიანთ სიუზერენებად თვლიდნენ.
აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის თარიღთან დაკავშირებით ისტორიოგრაფიაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ნ. ბერძენიშვილის აზრით, აფხაზეთის სამთავრო XVII ს-ში ჩამოყალიბდა. ირ. ანთელავას აზრით, ეს მოხდა XVII ს-ის დასაწყისში, ზ. ანჩაბაძე, კი აფხაზეთის სამთავროს წარმოქმნის ე.ი. დადიანთა გავლენიდან გამოსვლის თარიღად XVII ს-ის 10-იან წლებს ფიქრობს, როდესაც ოდიშის სამთავროს ურთიერთობა გაუფუჭდა ოსმალეთიდან.
XVII ს-ის დასაწყისს ემხრობიან დ. გვრიტიშვილი, ს. მაკალათია, გ. ჯამბურია. ბ. ხორავას აზრით, ეს მოხდა XVII ს-ის 10-იან წლებში. თ. ბერაძის აზრით, კი აფხაზეთი 1580 წლიდან გამოდის დადიანთა გავლენიდან. ზ. პაპასქირი იზიარებდა მოსაზრებას აფხაზთა სამთავროს XVII ს-ის დასაწყისში წარმოქმნის შესახებ, თუმცა თავის უკანასკნელ ნაშრომში გამოთქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთის უდიდესი ნაწილი ლევან II დადიანის დროს ოდიშის შემადგენლობაში შედიოდა. აბ. ტუღუში მიიჩნევს, რომ XIX საუკუნემდე არავითარი აფხაზეთის სამთავრო არ არსებობდა.
უკანასკნელ პერიოდში ნ. ჯიქიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთის სამთავროს ცალკე პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბება XV ს-ის 70-იან წლებში დაიწყო და XVII სში დასრულდა. ილ. ანთელავას აზრით, აფხაზეთის სამთავროს გამოყოფა დაახლოებით XVII ს-ის დასაწყისში მოხდა.
1611 წ. ოდიშის მთავარი გახდა ლევან II დადიანი (1611-1657). მისი მცირეწლოვნების დროს, ოდიშის სამთავროს განაგებდა მისი ბიძა გიორგი ლიპარტიანი. მისი მმართველობის დროს ოდიშის სამთავრო კეთილმეზობლურ პოლიტიკას ადგა და ოდიშშიც მშვიდობა სუფევდა.
XVII ს. დასაწყისში ოდიშის სამთავროსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დადიანებმა ოსმალეთს ხარკის მიცემა შეუწყვიტეს. ოსმალეთმა მალევე მოიცალა დასავლეთ საქართველოსთვის და ოდიში საზღვაო ბლოკადაში მოაქცია, რის შემდეგაც 1615 წ. თებერვალში ლევან II დადიანმა სოფ. მერკულაში ხელი მოაწერა შეთანხმებას ოსმალეთთან.
დაახლოებით 1613-1614 წლებს შორის ლევან II დადიანი ოფიციალურად გახდა ოდიშის მთავარი და გიორგი ლიპარტიანის რეგენტობის ხანა დასრულდა. მეზობლებთან კავშირის განმტკიცების მიზნით 1615 წ. ლევან II დადიანმა ცოლად შეირთო აფხაზთა მთავრის სეტემან შერვაშიძის ასული. მეორე მხრივ, ლევანმა დინასტიური კავშირი დაამყარა გურიის მთავართან. 1621 წ. ლევანის და მარიამი მამია გურიელის ვაჟმა სიმონმა შეირთო.
ლევან II დადიანის მოძლიერებაში, თავისთვის საფრთხეს ხედავდა იმერეთის მეფე გიორგი, ამიტომ მან მზადება დაიწყო, თუმცა დადიანმა დაასწრო და აფხაზ-ჯიქთა დახმარებით იმერეთში შეიჭრა. ბრძოლა მოხდა გოჭოურასთან 1622 წ. სადაც იმერეთის მეფე დამარცხდა და გაიქცა. ამ გამარჯვებით ლევან II დადიანი დასავლეთ საქართველოში უპირველესი და ყველაზე ძლიერი მმართველი გახდა.
1622 წ. ლევან II დადიანი გაეყარა თავის ცოლს, აფხაზთა მთავრის ასულს, რომელსაც ღალატი დასწამა და სასტიკად დასაჯა. სეტემან შერვაშიძე შეურაცხყოფას ვერ შეურიგდებოდა და ამიტომ ლევანმა დასწრება გადაწყვიტა. ის მოულოდნელად შეიჭრა აფხაზეთში, იქაურობა მოარბია და ოდიშში დაბრუნდა, ცოლი კი იქ დატოვა. იქიდან დაბრუნებულმა ბიძამისს გიორგი ლიპარტიანს ცოლი წაჰგვარა და თვითონ შეირთო. ოდიშის სამთავროში ვითარება დაიძაბა. ლამბერტის თქმით: „როგორც ერთის მხრით, ისე მეორის მხრით ამზადებდნენ იარაღს“.
დადიანის ვეზირი პაპუნა ანჯაფარიძე, რომელსაც მთავრის ცოლის საყვარლობა დაბრალდა, სიკვდილის დასჯას გადაურჩა და გურიაში გაგზავნეს პატიმრობაში. გიორგი ლიპარტიანი მალევე გარდაიცვალა და სამთავრო შინა ომს გადაურჩა.
1625 წელს სიმონ გურიელმა მოკლა საკუთარი მამა და გურიის ტახტზე ავიდა. დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები ლევან II დადიანის გაძლიერებაში თავიანთთვის საფრთხეს ხედავდნენ, ამიტომ მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა გადაწყვიტეს. მათი მიზანი ლევანის მოკვლა და მისი ძმის იოსების გამთავრება იყო. ლევანის მოკვლა ასეთ საქმეებში გამოცდილ აფხაზებს დაავალეს. „აფხაზი თვალს ადევნებდა მთავარს და ყველგან დასდევდა მას“, ლევანის წინააღმდეგ მისი მერიქიფეც იქნა ჩართული. მან აფხაზს გაუმხილა, რომ როდესაც მთავარი ვახშმობდა, საყრდენს, რომელსაც მთავარი ეყრდნობოდა, ტიხარი ჰქონია და ასეთი გზით მისი მოკვლა გაადვილდებოდა. ერთხელაც აფხაზმა დადიანს ჩაჰკრა მახვილი, მაგრამ დადიანი მსუბუქად დაიჭრა, აფხაზი კი ცხენით გაიქცა. მერიქიფე შეიპყრეს და შეთქმულებაც გამჟღავნდა. ლევან II დადიანმა სასტიკად დასაჯა შეთქმულები. თავის ძმას თვალები დასთხარა, ვეზირი ზარბაზნით გაისროლეს, სიმონ გურიელი დაატყვევა და თვალები დასთხარა, გურიის სამთავრო ტახტი კი აფხაზეთის კათალიკოსს მალაქიას ჩააბარა. ამის შემდეგ გურიის სამთავრო ლევან II დადიანის ჰეგემონიის ქვეშ მოექცა, გურიის პოლიტიკურ გეზს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ლევან II დადიანი წარმართავდა.
გურიის შემდეგ ჯერი აფხაზეთზეც მიდგა. ლამბერტის თქმით: „დადიანმა რომ ამგვარად თავისი საქმე შეასრულა და სამთავროს საქმეები მოარიგა, მაშინ განიზრახა აფხაზეთის დამორჩილება“, ლევან დადიანმა შეყარა ლაშქარი და აფხაზეთში შეიჭრა – „განინყო სპანი და მოიწყნა აფხაზნი, ვიდრე დაპყრობამდე. განმდიდრდა ფრიად რამეთუ შემუსრნა ნავნი ზღვანისანი“. ოდიშის მთავარს აფხაზებისთვის ხარკი დაუდია მწევრებისა და სანადირო ფრინველების სახით. ამ ლაშქრობით დადიანმა აფხაზეთში რომ თავისი გავლენა განიმტკიცა, ჩანს ბერი ეგნატაშვილის თხზულებიდან, სადაც წერია: „და იყო დადიანი მდიდარ ფრიად და მორჩილებდნენ სრულიად აფხაზნი და შარვაშიძენი ყმობდნენ და ულაშქრებდნენ დადიანსა“. როგორც ჩანს, აფხაზებს ოდიშის სასარგებლოდ „ლაშქრობა“ მართებდათ, ამიტომ ლევან II დადიანის მმართველობის დროს უნდა გამოვრიცხოთ აფხაზეთის ცალკე სამთავროს არსებობის ფაქტი.
ოდიშის მთავარს აფხაზებზე გამარჯვების აღსანიშნავად ილორის წმ. გიორგის ხატზე წარწერა გაუკეთებია, სადაც წერია: „მას ჟამსა ოდეს მიუხედეთ შერვაშიძესა ზუფუს, მუწუს წყალსა აქათ ავაოხრეთ, კიდევ მიუხედით ზუფუს კაპოეტის წყალს აქათ, სრულებით დავსწვით და ავაოხრეთ და სადაცა სიმაგრე იყო ავიღეთ და გავაცუდეთ და კაპოეტის წყალზე შემოგუებნეს ზუფუარი და სიხუარი მარშანიები და გაგვემარჯუა და დავხოცეთ, ზოგი ხელთ დაგურჩა და გამარჯვებულნი მოვედით“.
წარწერაში მოხსენიებული „ზუფუარი და სიხუარი მარშანიები“ ზ. ანჩაბაძეს ესმის როგორც ზუფუარი მარშანია და სიხუარ მარშანია. მათში ისტორიკოსი კონკრეტულ პირებს გულისხმობს. როგორც ვიცით, ზუფუ მეგრულად ადრე მთელი აფხაზეთის აღსანიშნავად იხმარებოდა, ამიტომ ბ. ხორავას „ზუფუარი“ და „სიხუარი“ ესმის როგორც სადაურობის აღმნიშვნელი სახელი და აღნიშნავს, რომ ლევან II დადიანს ბრძოლა მოუხდა ზუფუელ და ჯიქ (სიხუარ, ზუფუარ) მარშანიებთან.
წარწერაში მოთხრობილი ლაშქრობიდან არც ერთი არ უნდა იყოს ლევან II დადიანის პირველი გალაშქრება აფხაზეთში, ეს ლაშქრობები უნდა მომხდარიყო – პირველი 1628 წელს, მეორე კი 1634 წ. ახლო ხანებში.
აფხაზები მიუხედავად დადიანის სამხედრო ოპერაციებისა, არ ცხრებიან და აგრძელებენ თავდასხმებს ოდიშზე, რაც დადიანთა გავლენის შესუსტებას ისახავდა მიზნად, თუმცა ლევან II დადიანი ახერხებდა თავისი გავლენის გავრცელებას აფხაზეთზე: „აფხაზეთი დაუჭირავს ხარაჯისა მოსართმევლად; ზაფხულ ზუფუს მივიდოდის, იგი იყვს ხანდაზმულად, ჯიქისა და ალანისა დაუდგომლად სისხლის მღვრელად...“.
აბ. ტუღუშის თქმით, როგორც შაჰნავაზიანის ამ ნაწყვეტიდან ჩანს, ლევან II დადიანი აფხაზეთში, როგორც სხვის საბატონოში კი არ ჩადიოდა, არამედ როგორც ამ კუთხის ბატონი ზაფხულს ზუფუში ატარებდა. ჩვენი აზრით, შაჰნავაზიანის ამ ცნობას ეხმაურება ნ. დადიანის ცნობა, სადაც ვკითხულობთ: „ხოლო დადიანმა ლეონმა, სიმდიდრითა აღმატებულმან, აღაშენა თავისად განბრწყინებულნი სასახლენი 12 ოდიშსა შინა და აფხაზეთსა ყოვლითა თავისითა განწყობილებით“.
ზუფუს ე.ი. აფხაზეთს ჩასული ლევან II დადიანი თავის მიერ აშენებულ სასახლეში ისვენებდა!? მიუხედავად აფხაზთა ცდებისა თავი დაეღწიათ დადიანთა გავლენისგან, ლევან II დადიანის დროს ისინი კვლავ ოდიშის სამთავროს ყმები რჩებიან.
$2. ოდიში და აფხაზეთი XVII საუკუნის II ნახევარში
1657 წ. ლევან II დადიანი გარდაიცვალა. ოდიშის ტახტზე ასვლა მისმა ბიძაშვილმა ვამეყ ლიპარტიანმა მოინდომა და დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. ალექსანდრე III-მ (1639-1660) გაილაშქრა ოდიშში და ვამეყი მთავრად დასვა.
ვამეყ (დადიანის) ლიპარტიანის გამთავრებამ შინააშლილობა გამოიწვია ოდიშის სამთავროში, მას დაუპირისპირდა ლევან II დადიანის ძმისშვილი ლიპარიტი, თუმც ლიპარიტი დამარცხდა და სტამბოლში გაიქცა. ამ ბრძოლის შესახებ ცნობა დაცულია ბიჭვინტის სახარების მინაწერში: „ქ. პატიოსანო დიდო ბიჭვინტის ღმთის მშობელო თქვენ შეავედრეთ და შეწევნითა თქვენითა მეფესა და დადიანს წინ გავიმარჯვეთ გურიელსა და ლიპარი დადიაზედა...“, როგორც ჩანს, ვამეყ III დადიანს (1657-1661) აფხაზეთზეც გაევრცელებინა თავისი გავლენა და აფხაზები მის მხარეზე იბრძოდნენ.
კიდევ ერთი, აჭის წმ. გიორგის ხატის წარწერიდანაც ირკვევა, რომ ვამეყ დადიანის გავლენა აფხაზეთზე ვრცელდებოდა, გურიას შესეული ვამეყ დადიანის ლაშქარში სხვებთან ერთად იხსენიება ანჩაბიძე.
XVII ს-ის 60 წლები დასავლეთ საქართველოში ეს არის ფეოდალური ანარქიის პერიოდი. ვამეყ დადიანი იმერელი თავადების დახმარებით იმერეთის სამეფოს ტახტზე დაჯდა, თუმცა აღმ. იმერეთი ვახტანგ შაჰნავაზს დარჩა. მალე ვამეყი ამას არ დაჯერდა და მთელი იმერეთის მეფობა მოინდომა. მაშინ ვახტანგ V მოვიდა, იმერეთიდან განდევნა დადიანი და ქუთაისი დაიკავა, ვამეყი კი სვანეთში გაიქცა, ამის შემდეგ ვახტანგ V-მ ოდიშშიც გაილაშქრა.
აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ოდიშის მიმართ, ასახავს „შაჰნავაზიანის“ კიდევ ერთი ტაეპი, სადაც ავტორი ვახტანგ V-ს ვამეყზე ათქმევინებს:
„ოდიში ჰქონდა საკუთრად, მართებდა მისი ჯერობა;
აფხაზი ახლდა თავადთა იწყინა მისი ფერობა.“
შაჰნავაზმა ოდიშის ციხეები დაიკავა და ოდიშის მთავრად შამადავლა იოსების ძე დასვა.
ზუგდიდში მისულ მეფეს (ვახტანგ V) შერვაშიძე ეახლა, აფხაზებს მეფისათვის უთხოვიათ:
„ჰკადრეს: „სფაადო გიაჯით, გუამყოფო
თქუენსა სეფესა; ან მიგუეც ლევანს
ვმსახუროთ, ამა სახლისა მჩქეფესა,
ერთგულთა გუიყოს წყალობა, უქებდეთ სიიფესა“.
შაჰნავაზმა აფხაზეთი ისევ დადიანს ჩააბარა:
„მეფემ ბრძანა: ოდიშარნი რადგან მივეც მემკვიდრესა
აფხაზეთი ვით წავართვა, სახელმწიფო დაიმცრესა!
თქუენ მსახურეთ ხელიერთად
ძველთაგანვე ვითა წესია“.
შაჰნავაზიანის XXVII თავის სათაურში ვკითხულობთ: შაჰნავაზმა შამადავლა (ლევან III) დადიანს „მისცა საპატრონო იგი და სახელი ეწოდა ლევან და ამორჩილა ეგრი, მეგრი და აფხაზნი“.
ლევან III დადიანი უუნარო მმართველი გამოდგა და თავადების ხელში სათამაშოდ იქცა. მის დროს დაწინაურდა ჩიქვანთა გვარი ოდიშის სამთავროში, რაც მალე ძველ დადიანთათვის საბედისწერო აღმოჩნდა.
1672 წ. სექტემბერში ახალციხის ფაშა შეიჭრა იმერეთის სამეფოში, ოსმალებმა ბაგრატ IV დაამარცხეს და ტყვეთ იგდეს. ჯერი ოდიშზე მიდგა. ახალციხის ფაშას ლევან III-ის ტახტიდან ჩამოგდება სურდა. ტახტზე ოსმალეთში გაზრდილი პრეტენდენტის დასმა უნდოდა. ოდიშის მთავარმა აფხაზებს მიმართა დახმარებისათვის, აფხაზები მართლაც მოვიდნენ ოდიშში, თუმცა დახმარების ნაცვლად დაარბიეს და ააწიოკეს ოდიშის მოსახლეობა. ამ ყველაფრის თვითმხილველი ფრანგი მოგზაური შარდენიც გამხდარა.
ვითარების გამო ლევან III დადიანი იძულებული გახდა რუხის ციხეში ჩაკეტილიყო, ოსმალებმა მთავრად ლევან II დადიანის შვილიშვილი დასვეს, თუმცა ნაწილი მაინც ლევან III-ის ერთგული დარჩა. ოდიშის სამთავროში შექმნილი არეულობით ისარგებლეს აფხაზებმა და კვლავ განაახლეს თავდასხმები სამეგრელოზე. ახლა უკვე აფხაზები არა მარტო ზღვისპირა სოფლებს არბევდნენ, არამედ სიღრმეშიც აღწევდნენ, რაზედაც ანიკა ქორთოძის მიერ ცაიშის სახარების გადანახვა მიგვითითებს.
XVII სის 60-იან წლებში აფხაზებს ცაიშამდეც კი მიუღწევიათ. ოდიში სასტიკად ყოფილა აოხრებული აფხაზთა მიერ, რაზედაც იტალიელი მისიონერი ძანპის წერილი მოგვითხრობს, სადაც წერია: „სამეგრელო სამეგრელო აღარ არის, რადგან ომების გამო უკანასკნელ სიგლახაკეშია ჩავარდნილი... მუდამ აფხაზების დაცემის შიშია...“.
სამეგრელოს აოხრებაზე იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსიც მოგვითხრობს: „...დადიანი ისეთი უძლური იყო, რომ აფხაზებმა მისი სამფლობელო გაანადგურეს. სოხუმიდან ცხენისწყლამდე და ფაზისამდე“.
XVII ს. 60-70-იან წლებში აფხაზების თავდასხმებს ოდიშზე ხელმძღვანელობს აფხაზთა მთავარი საუსტან შარვაშიძე.
1681 წ. რუხში გარდაიცვალა დადიანი. ლევანის მემკვიდრე მანუჩარი მძევლად ჰყავდა გიორგი III გურიელს, ის კი მძევლის გათავისუფლებას არ აპირებდა, ამიტომ ოდიშის მმართველი კაცია ჩიქოვანი იყო, თუმცა საუსტან შერვაშიძის ვაჟმა სორეხმა ოდიშის ტახტზე პრეტენზია განაცხადა, გაილაშქრა ოდიშში და თავი მთავრად გამოაცხადა. ბ. ხორავას აზრით, სორეხს, სავარაუდოდ, გარკვეული პრეტენზია გააჩნდა ოდიშის ტახტზე. მას დედა უნდა ჰყოლოდა დადიანი, თუმცა სორეხს მთელი ოდიში კი არ ჰქონდა გამგებლობაში, არამედ მისი გარკვეული ტერიტორია.
სორეხის მიერ ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის მიტაცების მიუხედავად, ეს მხარე აფხაზეთს არ შეერთებია, იგი სამეგრელოდ, სორეხი კი ოდიშის მთავრად იწოდებოდა. მას ცუდი ურთიერთობა ჰქონია აფხაზთა მთავართან, რადგან მას არ ემორჩილებოდა. თუმცა მალე ოდიშის მთავარი გახდა ლევან IV დადიანი (1683-1691), მაგრამ ოდიშს მაინც გიორგი ლიპარტიანი განაგებდა.
ლევან IV დადიანი იყო უკანასკნელი მთავარი ძველი დადიანების გვარიდან. მის შემდეგ ოდიშის მთავრები ჩიქვანები ხდებიან. მათი მმართველობის ხანა ოდიშში ცალკე საკითხია და ამიტომ ჩვენ ნაშრომში არ შევეხებით.
მოგვიანებით, როგორც ვიცით, ზენგაყ შარვაშიძის სიკვდილის შემდეგ ტერიტორია მდ. ბზიფსა და მდ. ენგურს შორის მისმა სამმა ვაჟმა გაინაწილა. რაც შეეხება ტერიტორიას მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის, რომელსაც მისი პატრონის მურზაყან შარვაშიძის სახელიდან სამურზაყანო ეწოდა, ამ სამფლობელოზე ოდიშის მთავრებმა თავისი გავლენა აღადგინეს.
ჩვენი აზრით, როდესაც მდ. ღალიძგას გაღმა ტერიტორია სრულიად გამოვიდა დადიანთა გავლენიდან, სწორედ ეს უნდა იყოს აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის დრო. ლევან II დადიანის მმართველობის დროს აფხაზები ჯერ კიდევ ოდიშის მთავრის გავლენას ექვემდებარებიან, „აფხაზნი და შარვაშიძენი ყმობდნენ და ულაშქრებდნენ დადიანსა“, ამიტომ XVII ს-ის I ნახევარში აფხაზეთის სამთავროს არსებობის ფაქტი ნაკლებად მოსალოდნელია.
XVII სის 60-იან წლებშიც ვამეყ III-ისა და ლევან III-ის პერიოდში აფხაზეთი კვლავ რჩება დადიანთა გავლენის ქვეშ, და მათ სუვერენობას ცნობენ. XVII სის 80-იან წლებში აფხაზთა მთავრებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ტერიტორია მდ. ენგურამდე, რომელიც სამად განაწილდა, თუმცა ტერიტორიაზე მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის (სამურზაყანო), მიუხედავად იქ შარვაშიძეთა გვერდით შტოს მმართველობისა, მაინც ოდიშის მთავართა გავლენა ხორციელდება; XVII სის 80-იანი წლებიდან აფხაზთა მთავრები სრულიად გამოდიან ოდიშის მთავართა გავლენიდან და ყოველგვარი ვასალური დამოკიდებულებისაგან თავისუფლდებიან, ამიტომ სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელი აფხაზეთის სამთავრო.
თავი IV
ოდიშ-აფხაზეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიული გეოგრაფია
$1. ოდიშის სამთავროს საუფლისწულოები
XV-XVIII საუკუნეების საქართველოში გაბატონებული იყო მიწის მფლობელობის თავადური ანუ სამამულო (საგვარეულოსამემკვიდრეო) ფორმა. თვით სათავადოში კი ფეოდალური საკუთრების 3 ფორმა გვხვდება: 1) „სახასო“ (საერთო მამული); 2) „საუფლისწულო“ და 3) „სათავისთავო“ (პირადი ქონება, ნასყიდი, მზითვი და ა. შ.).
სათავადოთა წარმოშობა საქართველოში ფეოდალური „დაჩიხულობის“ შედეგია. XIV-XVI საუკუნეებში „ფეოდალიზმის კრიზისმა“ ევროპაში „ახალი ხანის“ წარმოშობა განაპირობა. ამის პარალელურად საქართველოში „ჩიხია“, რაც „ფეოდალიზმის კრიზისის“ საპირისპირო მოვლენაა.
სათავადო დასავლეთ საქართველოში, ისე როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, მსხვილ ფეოდალურ სამფლობელოს წარმოადგენდა, თუმცა პროფესორ ო. სოსელიას აზრით, სათავადო დასავლეთ საქართველოში პოლიტიკურ-ორგანიზაციულად უფრო სრულყოფილი, გამოკვეთილი და ცენტრთან უფრო სუსტად დამოკიდებული ფეოდალური სამფლობელო იყო, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში.
ოდიშის სამთავროში „სალიპარტიანოს“ სახელწოდებით არსებობდა დიდი სათავადო, რომელიც ოდიშის მთავართა გვერდით შტოს სამფლობელოს ანუ საუფლისწულოს წარმოადგენდა. ჩვენი აზრით, სალიპარტელიანო XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე უნდა წარმოქმნილიყო, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი.
სალიპარტიანოს წარმოშობისა და განვითარების ისტორიას თავის დროზე შეეხნენ: ექვ. თაყაიშვილი, თ. ბერაძე, შ. ჯღარკავა და ო. სოსელია. ასევე გარკვეული ადგილი დაუთმო ილ. ანთელავამ თავის წიგნში „ლევან II დადიანი“. ნაშრომში განვიხილავთ სალიპარტიანოს წარმოქმნის საკითხს, მის საზღვრებს და თვით ლიპარტიანთა სტატუსს.
ვახუშტი ბატონიშვილი სალიპარტიანოს ასე გვისახავს: „და არს ჭყონდიდიდამ უნაგირამდე მთის ძირი სალიპარტიანო (აშიაზე ღსალიპარიტიანო). არიან ამ ადგილთა შინა მოსახლენი მთავარნი და აზნაურნი. და არს ქუეყანა ესე მზგავსი ვაკისა და უმეტეს ნაყოფიანი და ტყიანი“.
სალიპარტიანო ჩვენ გვესახება, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული „ქვეყანა“. ანალოგია შეიძლება მოიძებნოს „სავახტანგოსა“ და „სამუხრანბატონოსთან“ (ეს სამივე „ქვეყანა“ საუფლისწულოს წარმოადგენს, თუმცა მათი წარმოქმნა ჩვენი აზრით სხვადასხვა მიზეზებმა განაპირობა. ამაზე იხ. ქვემოთ). აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილსაც სალიპარტიანო ისტორიულგეოგრაფიულ „ქვეყანად“ წარმოუდგენია, მისი თქმით ის არის „ჭყონდიდის ქვეყანა“ და ნაადრევი „ონოგურისის ქვეყანა“.
პირველი ლიპარტიანი, რომელიც წყაროებში იხსენიება, ეს არის შამადავლა ლიპარტიანი, ის მოხსენიებულია თოფურიძეთა სასისხლო სიგელში, ის საქართველოს მეფის ალექსანდრე I (1412-1442) დიდის თანამედროვეა. ყველა, ვინც კი სალიპარტიანოს საკითხს შეეხო, ამ ცნობას ეჭვით უყურებს,რადგან საქმე გვაქვს სასისხლო სიგელთან. ჩვენი აზრით, ამ ცნობის უარყოფა იმ მოტივით, რომ ის სასისხლო სიგელშია მოცემული, არაარგუმენტირებულია და ვერ გავიაზრებთ. ჩვენ ვემხრობით იმ მეცნიერთა მოსაზრებებს, რომელთათვის გარკვეული ცნობები „სასისხლო სიგელებში“ ეჭვს არ იწვევს.
ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას მივაგენით ქ. სიგუას სადისერტაციო ნაშრომში „ოდიშის სამთავრო XVI საუკუნის მეორე ნახევარში“. დისერტანტი როდესაც ეხება „სალიპარტიანოს“ საკითხს, ყველაზე ადრინდელ ლიპარტიანად მას დასახელებული ჰყავს აბ. ტუღუშის მიერ მარტვილის ტაძრის ერთ ახალ წარწერაში ნახსენები „ოზბეგ ლიპარტიანი“ (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ აბ. ტუღუშს, მისი თქმით ეს წარწერა ფრესკული ხასიათისაა). ავტორი „ოზბეგ ლიპარტიანს“ აიგივებს წყაროებში ცნობილ ოზბეგ დადიანთან, რომლის საფლავის ქვა აღმოჩენილია სოფელ ჭლოუში (ოჩამჩირის რ-ნი), შესაბამისი წარწერით:
„ერისთავთა ერისთავი მანდატურთუხუცესი დადიან, ოზბეგს, შეუნდვენ ღმერთმან“.
იგივე ოზბეგ დადიანი იხსენიება დანიელ ცაიშელის მიერ გაცემულ საბუთში (ლაბსყალდის) დემეტრე მეფესთან ერთად. აღნიშნული საბუთი პროფ. ვ. სილოგავამ 1445-1452 წლებით დაათარიღა და დემეტრე მეფე მისი აზრით უნდა იყოს ალექსანდრე I (1412-1442) დიდის ვაჟი. პროფ. დ. ნინიძის აზრითაც, ზემოთ აღნიშნული დემეტრე, პროფ. ვ. სილოგავაზე დაყრდნობით უნდა იყოს ალექსანდრე I (1412-1442) -ის ვაჟი, „წყალს იქითის“ მეფე. ჩვენი აზრით, სათუოა ის ფაქტი, რომ „წყალს იქითის“ „მეფეს“ რაიმე პრეტენზია ჰქონოდა სვანეთზე, ამიტომ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ წყაროებში ნახსენები დემეტრე არ უნდა იყოს ლიხთ იქით ერისთავისა და „მეფის“ ალექსანდრეს ვაჟი დემეტრე, მისი მოღვაწეობა მოდის 1414-1455 წლებზე. ასევე 1414-1455 წლებზე უნდა მოდიოდეს ოზბეგ დადიანის (ლიპარტიანის) მოღვაწეობა. ეს ოზბეგი, პროფ თ. ბერაძეს და მ. ბახტაძეს სვანეთის ერისთავად მიაჩნიათ.
ჩვენი აზრით, ოზბეგი, ლიპარიტ I (1412-1470) დადიანის ძმაა. შამადავლა დადიანის (მთავრობა 1470-1475) მცირეწლოვანების პერიოდში სავარაუდოდ ის იყო „სალიპარტიანოს“ მფლობელი და გამგებელი, შამადავლას „გალიპარტიანების შემდეგ ოზბეგი სვანეთის ერისთავი უნდა გამხდარიყო, რადგან დადიანებს სვანეთზე გარკვეული პრეტენზიები გააჩნდათ (გავიხსენოთ საჟიგ დადიანი სვანთა ერისთავი)“.
შემდეგი წარმომადგენელი ლიპარტიანებისა იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილთან, თუმცა უსახელოდ. იმერეთის მეფე გიორგი II-ს უღალატა თავისმა ბიძაშვილმა ქაიხოსრო ვახტანგის ძემ, რომელმაც მოიმხრო „დადიანი და იმან იშუელა ჭილაძე ვარაზა ლიპარტიანით ოდიშრით“. ბრძოლა მოხდა იანეთს 1568 წელს, სადაც გიორგი მეფემ გაიმარჯვა.
ცაიშის ერთერთ გულანში მოხსენიებულია ვინმე მანა ლიპარტიანის ასული, ის გულანის გადამწერია. მანა XVI ს. 70-იანი წლების მოღვაწე უნდა იყოს, თ. ბერაძეს, ის ვახუშტისთან მოხსენიებული უსახელო ლიპარტიანის ქალიშვილად მიაჩნია.
ამის შემდეგ მოხსენიებული ლიპარტიანი არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი, გიორგი ლიპარტიანი, ლევან II (1611-1657) დადიანის ბიძა, რომელიც ლევანის მცირეწლოვანობის პერიოდში განაგებდა ოდიშის სამთავროს.306 სამეგრელოში მცხოვრები იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი გიორგი ლიპარტიანზე აღნიშნავს: „კაცი ფრიად სამართლიანი და სახელმწიფო საქმეებში კარგად გამოცდილი. ეს გიორგი განაგებდა ყველაფერს ფრიად ერთგულად და ისე მიჰყავდა საქმეები, რომ მისი გამგეობის დროს კოლხიდაში არავითარი არეულობა და აჯანყება არ მომხდარა“.
გიორგი ლიპარტიანი რომ ლევან II (1611-1657) დადიანის ბიძა იყო, დასტურდება ერთი წარწერითაც: „ლიპარტიანი ბატონი გიორგი, ძმა ხელმწიფისა მანუჩარისა. ბიძა დიდისა ხელმწიფისა ბატონისა ლევანისა დადიანისა და ძე დიდისა ხელმწიფისა მამია დადიანისა“. ამ გიორგი ლიპარტიანს სამი ცოლი უნდა ჰყოლოდა – თაჯი ამილახორის ასული, დადიანის ასული ანა და ნესტან-დარეჯან ჭილაძე. გიორგი ლიპარტიანს ჰყავდა ორი ვაჟი, ვამეყი და გიორგი, რომელიც აჭის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში იხსენიება: „გიორგი შოუსტანი დადიანის (ე.ი. ვამეყის) ძმა ლიპარტიანი“.
ნესტან-დარეჯან ჭილაძისაგან გიორგი ლიპარტიანს შვილი არ ჰყოლია. გიორგი ლიპარტიანს უნდა ჰყოლოდა კიდევ ორი ქალიშვილი, თამარი და ხორეშანი. ეს თამარი უნდა იყოს ქართლის მეფე ლუარსაბ II-ს (1606-1615) დედა, რომელსაც ვახუშტი314 და ბერი ეგნატაშვილი მარიამს უწოდებენ („ქალი ლიპარტიანისა“ – ვახუშტი; „ასული ლიპარტიანისა“ – ბერი ეგნატაშვილი).
გიორგი ლიპარტიანს რომ სხვა ლიპარტიანებიც უსწრებდნენ, დასტურდება „აფხაზეთის სავათალიკონო დიდი იადგარის“ ერთი მინაწერით, სადაც გიორგი ლიპარტიანის შეწირულ მამულზეა ლაპარაკი. აი, რას ვკითხულობთ: „იმ ადგილას ძველი ლიპარტელიანებისგანაცა ქონდა ხატს შეწირული კაცები“.
ჩვენ მოკლედ გავეცანით წყაროებში ნახსენებ ლიპარტიანებს, ახლა კი „სალიპარტიანოს“ წარმოშობის საკითხს შევეხოთ.
ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი წყაროებში პირველად ნახსენებ შამადავლა და ოზბეგ ლიპარტიანებზე, რომლებიც XV საუკუნის I ნახევრის მოღვაწეები არიან, ანუ ამ პერიოდში „სალიპარტიანო“ უკვე შექმნილი უნდა იყოს.
ვახუშტი ბატონიშვილი სამეგრელოს (ოდიში) აღწერს: მის საზღვრად აღმოსავლეთით მდ. ცხენისწყალს დებს, ჩრდილოეთით ეგრისის ქედს, სამხრეთით მდ. რიონს, დასავლეთით შავ ზღვას, ხოლო ჩრდილო დასავლეთით „ანაკოფის მცირე“ მთას. პროფ. თ. ბერაძემ სამართლიანად შენიშნა, რომ ვახუშტი ამ შემთხვევაში XV საუკუნის II ნახევრის საზღვრებს გვაძლევს, როდესაც საქართველოს სამეფო დაიშალა სამეფო-სამთავროებად. შემდეგ ვახუშტი იქვე აღნიშნავს, რომ უნაგირას მთას „მზღვრიდნენ ოდესმე იმერთა და ოდიშთა საზღვრად. და არს ჭყონდიდიდამ უნაგირამდე მთის ძირი სალიპარტიანო“. ანუ გამოდის, რომ სალიპარტიანოს პერიოდი, თუ მთლიანად არა, ნაწილი ადრე იმერეთის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო შემდგომ ოდიშის შემადგენლობაში, მფლობელობაში გადავიდა.
როდის უნდა მომხდარიყო ეს?
შ. ჯღარკავას აზრით, ეს უნდა მომხდარიყო XV საუკუნის დასაწყისში, ო. სოსელიას აზრით, უნდა მომხდარიყო XIII საუკუნის 20-იან წლებში, XV საუკუნის დასაწყისში ვარაუდობს ასევე თ. ბერაძე. ჩვენთვის ყველაზე მისაღები ექვ. თაყაიშვილის მოსაზრებაა, რომლის მიხედვითაც სალიპარტიანოს პირველი მფლობელი ლიპარიტ I დადიანი იყო, და მისი სახელიდან უნდა მოდიოდეს სახელწოდება „სალიპარტიანო“. თაყაიშვილს მოყავს დავით I დადიანის (ოდიშის მთავარი ჩიქვანთა დინასტიიდან 1840-1853) ცნობა თუ გადმოცემა, რომ სალიპარტიანოში „ოდესმე უცხოვრია რომელსამე ლიპარიტს, დადიანების წინაპრებად წოდებულს: შემდეგ სამეგრელოს მთავრის შთამომავალი, რომელიც იქ ბატონობდა, იწოდებიან ლიპარტიანებად“.
როგორ გვესახება სალიპარტიანოს წარმოშობა:
ჩვენთვის ცნობილია, რომ XIV საუკუნეში აქტიურობას იწყებენ „ლიხთიმერეთის მეფეები“, რომლებიც განკერძოებისაკენ მოისწრაფვიან და ერთიანი საქართველოს მეფეებს არ ემორჩილებიან.
ასეთ ვითარებაში ოდიშის ერისთავი დადიანები ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გამოდიან და ებრძვიან იმერეთის „მეფეებს“. პროფ. თ. ბერაძეს დასაშვებად მიაჩნია, რომ ოდიშის საერისთავოს ცალკე სამთავროდ გამოყოფის დროს დადიანების უნაგირას აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია მიეტაცებინათ, სადაც შემდგომ სალიპარტიანო შეიქმნა. ჩვენ ვეთანხმებით კონკრეტულ შენიშვნას.
უნაგირას აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის შემოერთება ოდიშის ერისთავის მამია II (1396-1412) დადიანის დროს უნდა მომხდარიყო. ლიხთიმერეთის „მეფეთა“ მოწინააღმდეგე დადიანების მიერ, „მეფეთა“ მფლობელობაში მყოფი ტერიტორიის შემოერთება ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა. Aმ შემთხვევაში დადიანებისა და საქართველოს მეფეთა ინტერესი ერთიანდებოდა ლიხთიმერეთის „მეფეების“ წინააღმდეგ. გადავავლოთ თვალი XIV-XV საუკუნეების მიჯნათა „ლიხთ იმერეთს“, რა ხელისშემწყობი პოლიტიკური ვითარებაა დასავლეთ საქართველოში „სალიპარტიანოს“ შემოერთებისათვის.
1396 წელს იმერეთში „გამეფდა“ კონსტანტინე, ამავე დროს ოდიშის ერისთავი ხდება მამია II (1396-1412) დადიანი. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდგომ ტახტზე ადის მისი ძმისწული დიმიტრი, რომელიც ცდილობს თავის გავლენას დაუმორჩილოს მამია დადიანი. მათ შორის ბრძოლები 1401 წლამდე გრძელდებოდა, ამ დროს დასავლეთ საქართველოში გადმოდის გიორგი VII, რომელმაც 1401 წელს მამია დადიანის დახმარებით შეიპყრო დიმიტრი და იმერეთში ერთიანი საქართველოს მეფობა აღადგინა.
სწორედ დიმიტრისთან ბრძოლის პერიოდში შეეძლო მიეთვისებინა მამია II (1396-1412) დადიანს უნაგირას აღმოსავლეთ ტერიტორია – დიმიტრის შემპყრობი ერისთავისათვის გიორგი VII-ეს შეიძლება ეს ტერიტორია დაეკანონებინა.
მამია II (1396/7-1412) დადიანს ჰყავდა ვაჟი ლიპარიტი (მთავრობისას ლიპარიტ I – 1412-1470). ვიზიარებთ რა ექვ. თაყაიშვილის მოსაზრებას, სწორედ ლიპარიტი მიგვაჩნია სალიპარტიანოს პირველ მფლობელად. ამ შემთხვევაში შემოერთებულ ტერიტორიას ის სავარაუდოდ საუფლისწულო სტატუსით განაგებდა. აქ კი ჩვენი აზრით, საინტერესო ტენდენცია იკვეთება, ოდიშის მთავართა მიერ შემოერთებულ ტერიტორიაზე თავისი ძმის, შვილის ან ბიძის დასმისა უფლისწულობის სტატუსით, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი.
წერილობითი წყაროების სიმცირის გამო გვიძნელდება დავადგინოთ თუ რა ტერიტორიას მოიცავდა სალიპარტიანო, თუმცა ზოგადი საზღვრების მოხაზვა მაინც შეიძლება. ზემოთ გვქონდა საუბარი ვახუშტის მიერ სალიპარტიანოს ლოკალიზების შესახებ: „და არს ჭყონდიდიდამ უნაგირამდე მთის ძირი სალიპარტიანო“, ანუ ვახუშტის ეს მდინარე ტეხურსა და აბაშას შორის წარმოუდგენია.
წყაროებიდან ირკვევა, რომ სალიპარტიანოს ცენტრი სოფელ ტერჩულში იყო. ერთერთი ხატის წარწერაზე ვკითხულობთ: „დადიანმან პატრონმან ლევან... მოვაჭედინეთ ხატი ესე სახისა თქვენისა და შევამკევით თვალითა და მარგალიტითა და დავასვენეთ ტარჩულს ლიპარტიანისა სასახლესა კარის ეკლესიასა“. თ. ბერაძის აზრით, ეს ტარჩული ნოქალაქევთან მდებარე ტოპონიმი ტარჩელი უნდა იყოს, გ. ელიავას მიხედვით ტარჩუ.
გიორგი ლიპარტიანს სავარაუდოდ ეკუთვნოდა ყმები სოფელ ობუჯსა და ოკალიკეში. მისივე საკუთრება უნდა ყოფილიყო სოფელი ნაგვაზაუ და ბომბოთი. შ. ჯღარკავას აზრით სოფელი ხუნწი სალიპარტიანოს შემადგენლობაში უნდა შევიყვანოთ, რადგან ამ სოფელს გიორგი ლიპარტიანი ხონის საყდარს წირავს. ჩვენი ყურადღება მიიქცია მარტვილის ხატის ერთერთმა მინაწერმა, სადაც ვკითხულობთ: „დავასახლეთ ჭაქვიჯს მეჯოგეთ გოშართია შენგელია და დავაყენეთ სააღაპოთ... აწე ვინცა ეს ჩვენგან გაჩენილი აღაპი მოშალოს ანუ ლიპარტიანმა ანუ სხვა მებატონემ“... და შემდეგ წყევლა-კრულვა მოსდევს. წარწერის შინაარსიდან გამომდინარე ლიპარტიანს ჭაქვიჯზე ან იქ მოსახლე რომელიმე გვარზე, როგორც „მებატონეს“ რაღაც უფლება გააჩნდა.
სალიპარტიანოს ტერიტორიის ძირითადი ბირთვი ასე უნდა წარმოგიდგინოთ: დასავლეთით ის აღწევდა მთის იმ ზოლს, რომელიც მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირს მიუყვება, სამხრეთით ჭილაძეთა სამფლობელოს ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთით კი მას საზღვრავდა საჭყონდიდლო მამულები. თუმცა სავარაუდოდ ლიპარტიანებს საზიარო მამულიც ჰქონდათ, ჭაქვინჯისა (ჭაქვინჯი) და ხუნწის მაგალითზე ეს ნათლად ჩანს. ჭაქვინჯი დღევანდელი ზუგდიდის რაიონია, ხოლო სოფელი ხუნწი მდინარე ცხენისწყლის პირას მდებარეობს.
სალიპარტიანო, როგორც სათავადო, ტიპურ სენიორიას წარმოადგენდა. გიორგი ლიპარტიანის შეწირულობის წიგნიდან ვიგებთ, რომ მას ჰყოლია: მოურავი სეხნია ნემსაძე (ნეუსაძე), კარის მესტუმრე ივანე რევია და წინამძღვარი ზებედე. ასევე ვიგებთ, რომ ლიპარტიანს სხვა მოხელეებიც ჰყავდა: „ამისა მოწამენი არიან... სხვანი კარისა ჩვენისა ხელის მქონებელნი“.
ახლა რაც შეეხება ლიპარტიანის სტატუსს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გიორგი ლიპარტიანი ლევან II (1611-1657) დადიანის მცირეწლოვანობის ჟამს ოდიშის მმართველი იყო. თ. ბერაძეს ლიპარტიანობა, ცაიშის დიდი ჯვარცმის ხატზე არსებულ წარწერაზე დაყრდნობით, ტიტულად მიაჩნია. ჭარწერის შინაარსი შემდეგში მდგომარეობს: „მოიჭედა და შეიმკო ხატი ესე ბატონობასა მანუჩარის ძის ბატონისა ლევანისსა და ლიპარტიანობასა ბატონისა ბიძისა მისისა ბატონის გიორგისა. ღმერთმა ადიდნეს ორთავე შინა ცხოვრებასა“. ანუ მისი თქმით, „ლიპარტიანობა“ დადიანის (მთავრის) შემდეგ მეორე მოხელის ტიტულია.
ჩვენი აზრით, „ლიპარტიანობა“ ნიშნავს სალიპარტიანოს ფლობას. აქვე ვიზიარებთ პროფესორ ილ. ანთელავას მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ლიპარტიანთა ასეთი დაწინაურება არა მათი მოხელეობით, არამედ სამთავროს სახლის უმცროსი შტოს წარმომადგენლობით უნდა აიხსნას. თუმცა გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ ლიპარტიანებს, როგორც სამთავრო სახლის გვერდითა შტოს წარმომადგენლებს, ოდიშის სარდლის ფუნქცია უნდა შეეთავსებინათ.
ზემოთ გვქონდა საუბარი იანეთის ბრძოლაზე, სადაც გიორგი II იმერთა მეფეს ქაიხოსრო ვახტანგის ძე (თავისი ბიძაშვილი) აუჯანყდა, რომელმაც დადიანი მოიმხრო, ხოლო დადიანმან „იშველა ჭილაძე ვარაზა ლიპარტიანით ოდიშრით“. როგორც ვხედავთ, დადიანმა დაიხმარა ჭილაძე და ლიპარტიანი კი ოდიშრით.
1614 წელს შაჰაბასი პირველად შემოესია ქართლკახეთს, როგორც ზებედე მღვდელმონაზონის ანდერძიდან ირკვევა: „გაილაშქრა მეფის თეიმურაზის საშუელად ძემან კურთხეულისა დადიანისა მანუჩარისამან... პატრონმას ლეონ და ბიძამან ლიპარტიანმან ბატონმან გიორგი“. შ. ჯღარკავას გიორგი ლიპარტიანი ამ ლაშქრობის (ოდიშის ლაშქრის) სარდლად მიაჩნია.
დადიანთა პირველი შტოს შემდეგ ოდიშის მთავრის ტიტული, როგორც ვიცით, ჩიქვანთა ხელში გადადის, ხოლო მანამდე კაცია ჩიქვანი ლიპარტიანობას იღებს. იგი იხსენიება წარწერებში, როგორც „ოდიშის თავი და სარდალი“. ასევე ერთი სიგელიდან ირკვევა, რომ ლიპარტიანის (სავარაუდოდ გიორგი III ლიპარტიანი) პრეროგატივა ყოფილა „ლაშქრად წაბრძანება“.
ჩვენ გამოვთქვამთ ფრთხილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლიპარტიანების პირველ შტოს ოდიშის სარდლის მოვალეობა ჰქონდა, ხოლო სალიპარტიანოს ჩიქვანთა ხელში გადასვლის შემდგომ ეს „ხელი“ მათ უნდა მიეღოთ.
ახლა კვლავ დავუბრუნდეთ სალიპარტიანოს შექმნის საკითხს და საუფლისწულოთა წარმოქმნის თავისებურებებს ოდიშის სამთავროში. მოვიყვანთ გარკვეულ პარალელებს.
„საუფლისწულო“ ეს არის სამამულო საკუთრების ფორმა, რომელიც უფლისწულს (ბატონიშვილს) მიეცემა საერთო, „სახასო“ ქონების ნაწილიდან. ქართლის სამეფოში არსებული ყველაზე დიდი საუფლისწულოები გვიან შუა საუკუნეებში ეს არის სამუხრანბატონო და სავახტანგო. შამუხრანბატონო ესაა ბაგრატიონთა (როგორც სავახტანგო) გვერდითი შტოს საგანმგეო, რომელიც უშუალოდ სამეფო მამულებისაგან წარმოიქმნა.
ჩვენი დაკვირვებით, ოდიშის სამთავროში „საუფლიწულო“ შემოერთებულ ტერიტორიაზე წარმოიქმნება, როგორც ეს „სალიპარტიანოს“ მაგალითზე მოხდა. სამთავრო სახლისათვის უფრო სასურველი იქნებოდა, ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე თავისი ერთგული პირი დაესვათ. ღოგორც ჩვენს შემთხვევაში ჩანს, ესენი მთავართა ძმები, შვილები, ბიძაშვილები ან ბიძები არიან. მოგვყავს მაგალითები:
1) ვახუშტის თქმით, გიორგი იმერთა მეფემ მოკლა ჯავახ ჭილაძე „რამეთუ მიმდგომიცა იყო დადიანისა და დაიპყრა მამული ჯავახ ჭილაძისა“. ამით შეშფოთებულმა დადიანმა და გურიელმა გაილაშქრეს იმერთა მეფის წინააღმდეგ და „არა აუფლებდნენ გიორგი მეფესა მამულსა ზედა ჭილაძისას. არამედ ნახევარი დაიპყრა დადიანმან და ნახევარი გურიელმან“.
ჭილაძეებს ეჭირათ „დიდი მხარე გურიისა“ და სამეგრელოს შუა. გურიაში მათი სამფლობელო საერისთავომდის მიდიოდა, ესე იგი მათ ეჭირათ მთელი ეხლანდელი მხარე გურიისა, რომელსაც ჰქვია საჯავახო, სამეგრელოს მხრით მათი სამფლობელო, როგორც ირკვევა ეხლა, ბანძამდის მიდიოდა. ამ საზღვრებში შედიოდა, გარდა საჯავახოისა და ორპირი სამტრედია, ეხლანდელი საჭილაო, აბაშა და სეფიეთი.
ჭილაძეთა სათავადოს საზღვარი დაახლოებით ასეთი უნდა ყოფილიყო: აღმოსავლეთით, ნაფაღაურ-ნაჩხეტაური, დასავლეთით – სოფელი ბანძა თუ მდინარე ნოღელა, სამხრით – თავად მაჭუთაძეთა სამფლობელო ნიგოეთი, ქვიანი და გურიის საერისთავო, ჩრდილოეთით – ქოლობანი და გუგუნაყანათი.
აი, ასეთი ვრცელი ტერიტორია გაიყვეს დადიანმა და გურიელმა. შემდგომ დადიანის კუთვნილ ჭილაძეთა მამულს დათულია დადიანი განაგებს, სავარაუდოდ მას ეს ტერიტორია საუფლისწულოდ მიეღო, როგორც ეს მოხდა „სალიპარტიანო“ს – უნაგირას აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის შემოერთების შემთხვევაში.
რა გვაძლევს საფუძველს დათულია დადიანი ჭილაძეთა მამულის, დადიანის წილის „მფლობელად“ მივიჩნიოთ? – ლევან I (1533-1557 ერისთავი, 1557-1572 ოდიშის I მთავარი „ხელმწიფე“) დადიანის შემდგომ ოდიშის სამთავრო ტახტზე ადის მისი ვაჟი გიორგი III (1572-73, მეორედ 1578/9-1582) დადიანი. მას ტახტს ეცილება ძმა მამია IV (1573-1578/9. მეორედ 1582-1590) დადიანი. საბოლოოდ გიორგი იმერთა მეფემ შეარიგა გიორგი III დადიანი და ძმა მისი მამია, მთავრად კი გიორგი ავიდა მეორედ 1578/9-1582 წლებში. როცა გაიგო ძმების შერიგების ამბავი მათმა ბიძამ დათულიამ „შეიყარა საჯავახოელნი და წამოვიდა საღალატოდ გიორგი დადიანისა“, რადგან დათულია და გიორგი დადიანი მტრობდნენ ერთმანეთს, ამ უკანასკნელმა მას ცოლი წაართვა და თვითონ შეირთო. გიორგიმ დაასწრო ლაშქრის შეკრება და დათულია უკან გაბრუნდა საჯავახოს.
როგორც ვხედავთ, დათულია საჯავახოს მფლობელი ჩანს, ამასთან დაკავშირებით შევადარეთ ვახუშტის, ბერი ეგნატაშვილისა. „ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი და ნიკო დადიანისეული „ქართველთ ცხოვრება“.
ვახუშტისთან ვკითხულობთ „ბათულამ, შიმამან დადიანისამან შემოიკრიბა საჯავახო, რამეთუ მას ეპყრა იგი (ხაზი ყველგან ჩვენია – ა. ჩ.) და მოიბირნა ვინამენიცა მეგრელნი“.
ბერი ეგნატაშვილთან: უკუქცეული დათულია „წავიდა თვისად საჯავახოდ“.
ნიკო დადიანთან: „და ამ ბათულიას ეპყრა საჯავახო, მიცემული წილად დადიანისაგან“.
ო. სოსელიას აზრითაც, ბათულია ფლობდა საჯავახოს, რადგან იოანე ბატონიშვილს ის გვართა სიაში ჰყავს შეყვანილი და „ჯავახოს თავადს“ ეძახის.
ვისგან უნდა მიეღო დათულიას „საჯავახო“?
სავარაუდოდ „საჯავახო“ დათულიამ თავისი ძმის ლევან I (1533-1572) დადიანისაგან მიიღო, გიორგი III (1572-1573, მეორედ 1578/9-1982) დადიანის დროს ეს ვერ მოხდებოდა, რადგან ისინია როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთმანეთს მტრობდნენ. ბოლოს დათულია ტრაგიკულად ამთავრებს თავის ცხოვრებას.
2) გიორგი II-სა და მამია IV დადიანებს შორის უთანხმოების შემდეგ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი იმერთა მეფემ გიორგიმ შეარიგა: „გიორგი დასვეს დადიანადვე, ხოლო მამიას მისცეს ჭილაძისა და რევაზის მამულნი“. ბერი ეგნატაშვილთან კი ვკითხულობთ „მამია დადიანს ლომკაცი ჭილაძისეული და რევაზისეული დაანებეს“.360 „ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტში კი წერია: `მაშინ მამია დადიანს მისცეს სარჩოდ ლომკაცის ჭილაძისეული და რევანოზისეული“.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ დათულია დადიანი მამიასათვის ჭილაძისეული მამულის გადაცემამ აღაშფოთა, რადგან მასაც ჭილაძის ნაქონი „ეპყრა თუისად“. თუმცა შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მამიას კუთვნილ მიწას არაფერი აქვს საერთო ბათულიას საკუთრებასთან.
აქ გამოიკვეთა კიდევ ერთი „საუფლისწულოს“ საკითხი, რომელიც მამია IV დადიანს გადაეცა. ისმის კითხვა, ვინ არიან ლომკაც ჭილაძე და რევაზი ან რევანოზი. ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელში მოხსენიებულია ლომკაც ჭილაძე, ის მამია დადიანისა და ალექსანდრე მეფის გვერდით იხსენიება. აქ მოხსენიებული ალექსანდრე უნდა იყოს „პროვინციის მეფე“ ლიხთიქითისა 1478-1484, ხოლო შემდგომ იმერეთის მეფე 1484-1510 წწ.364 მამია დადიანი კი რიგით მამია III 1503-1533 წწ. აქედან გამომდინარე ლომკაც ჭილაძე დაახლოებით 1503-1510 წწ. მოღვაწე უნდა იყოს. ლომკაც ჭილაძე ასევე იხსენიება მოქვის ომფორის წარწერაზე: „სულსა ლომკაცისა ჭილაძისა და მეუღლისა მისსა კონდაკეს შნს შეუნდვენი ღნ-ან“. აქ ასევე იხსენიებიან მამია და ლიპარიტ დადიანები.
კიდევ ერთი ლომკაც ჭილაძე იხსენიება 1629 წლის შეწირულობის წიგნში, სადაც საუბარია ლომკაცის მიერ აფხაზეთის საკათალიკოზოსათვის შეწირულ ეკში (სენაკის რ-ნი) მცხოვრებ იოანე გუნიასა და თვალთალეი გენიას შესახებ.
თ. სოსელიას ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელში ნახსენები ლომკაცი და 1629 წელს შემწირველი ერთი და იგივე ადამიანი ჰგონია. ჩვენი აზრით, ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელში მოხსენიებული ლომკაც ჭილაძე და მოქვის ომფორის წარწერაზე ნახსენები პიროვნება ერთი და იგივე პირია, ხოლო მას და 1629 წელს შემწირველ ლომკაც ჭილაძეს შორის შუალედი დიდი გამოდის, ასევე პირველის მეუღლეს ჰქვია კანდაკე, მეორისას კი ასტანდარ, ამიტომ ჩვენი აზრით ჭილაძეთა გვარში პირობითად ლომკაც I და ლომკაც II უნდა ყოფილიყო, ხოლო მამია დადიანისთვის კი ლომკაც I-ის (პირობითად 1503-1510) მამული უნდა მიეცათ.
მამიასათვის ასევე მიუციათ რევაზისეული მამული. ჩვენი აზრით ეს რევაზი თუ რევაზონიც ჭილაძე უნდა იყოს. ვანიჭებთ რა უპირატესობას „ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტში ნახსენებ რევანოზს, მას ვაიგივებთ წყაროებში ცნობილ როვანოზ ჭილაძესთან: „შეიწყალე და აცხოვნე სული როვანოზ ჭილაძე თანამეცხედრე მათი უტანდარ ჩხეტიძის ქალი“. ეს როვანოზი უნდა იყოს ლევან II (1611-1657) დადიანის სიმამრი, ნესტანდარეჯან ჭილაძის მამა.
დადიანთა ხელში ჭილაძეთა მამულის გადასვლაზე მიგვითითებს კიდევ ერთი ფაქტი, შხეფის ციხის წარწერა, რომელიც ასე იკითხება: „კოშკი ესე კარისთუალი შედან აღაშენა, შეუნდოს ღმერთმან ამინ; ვინცა სთქუა, შეგინდოს ღმერთმან“.
თ. ბერაძემ უარყო წარწერაში ნახსენები შედანის კავშირი შედან (ბედან) დადიანთან და ის ჭილაძეთა გვარის წარმომადგენლად მიიჩნია, და გააიგივა XVI საუკუნის გამოჩინებულის წარწერაში ნახსენებ „ჯავახ და შედანთან“. ვ. სილოგავა შხეფის წარწერის შედანს ზემოთ ნახსენებ ჯავახისა და შედანის მამად მიიჩნევს, ხოლო შხეფის წარწერას XVI საუკუნის II ნახევრით ათარიღებს. როგორც ვხედავთ, შხეფის ციხე XVI საუკუნის II ნახევარში ჭილაძეთა ხელშია, ხოლო 1532 წელს, როდესაც გიორგი III დადიანი კვდება, ტახტზე ადის მისი ძმა მამია IV ( 1582-1590) დადიანი. გიორგის დარჩა მცირეწლოვანი ძე, რომელიც მამიამ შხეფის ციხეში გამოკეტა, სადაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ასევე შხეფის ციხეში დაამწყვდია მამია IV დადიანმა იმერთა მეფე ლევანი, სადაც გარდაიცვალა კიდეც. აქედან დასკვნა: მამია დადიანს ეკუთვნის ადრე ჭილაძეთა ხელში მყოფი შხეფი, სავარაუდოდ მან ეს ადგილები მიიღო უფლისწულობის პერიოდში, როდესაც „სარჩოდ“ მიიღო „ლომკაც ჭილაძისეული და რევანოზისეული“. უფრო მოგვიანო პერიოდში ვახუშტი შხეფის ციხეს ასე მოიხსენიებს: „არს შხეფს ციხე დიდნაშენი და სასახლე დადიანისა“. აქ უკვე აშკარად ჩანს, რომ შხეფი დადიანთა ხელშია.
3) დადიანთა მიერ შემოერთებულ ტერიტორიაზე გვერდითი შტოს დასმის პარალელურად ისინი ასეთივე ხერხს მიმართავენ იმ ტერიტორიების (ჩვენს შემთხვევაში სვანეთის საერისთავო და გურიის საერისთავო) მიმართ, რომელზეც რაიმენაირი პრეტენზია აქვთ/ჰქონდათ. წყაროებში გურიელები იხსენიებიან, როგორც დადიანთა ძეები. ორალალიძეთა და კვიტაშვილთა სასისხლო სიგელში, რომელიც ბოძებულია გიორგი IXის მიერ, მოხსენიებული არიან „დადიანი ლიპარიტ და ძე მისი გურიელი მამია“.
ასევე ერთ-ერთი ხატის წარწერაში ვკითხულობთ: „დადიანს გის და მეუღლესა მთსა რუსუდანს ძეთა მთთა მანდატურთხუცესა ვამეყს და გურიელსა კახაბერს“.
აქ ნახსენები გიორგი დადიანი XIV საუკუნის მოღვაწეა. ის ოდიშის ერისთავია 1345-1384 წლებში, ვამეყი კი მისი ძეა, ის ერისთავად იჯდა 1384-1396 წლებში. როგორც ვხედავთ, გიორგის ძე და ვამეყის ძმა კახაბერი გურიელის ტიტულს ატარებს.
გურიის მმართველი ორი კახაბერია ცნობილი, კახაბერ I გურიელი გიორგი დადიანის ძე, სწორედ ეს გიორგი და კახაბერი არიან მოხსენიებული ზემოთ აღნიშნული წარწერაში.
ორალალისძეთა-კვიტაშვილთა სასისხლო სიგელში მოხსენიებული მამია გურიელი არის ოდიშის ერისთავის ლიპარიტ I (1412-1470) დადიანის ძე, მისი მმართველობა გურიაში მოდის 1459-1463 წლებზე.
მის შემდგომი გურიელია მისი ძმა, ასევე ლიპარიტ I დადიანის ძე, კახაბერ II გურიელი, ის ერისთავად 1463-1483 წლებში ზის. კახაბერ II-ის შემდგომ გურიას მართავს მისი ძე გიორგი I გურიელი, რომლის მოღვაწეობის წლებია 1483-1512.
მამია გურიელისა და კახაბერ II გურიელის ძმაა ოდიშის ერისთავი შამადავლა (1470-1475) დადიანი. იმის გათვალისწინებით, რომ გურიაში ლიპარიტ I (1412-1470) დადიანის ძეები მმართველობენ, ხოლო ლიპარიტიანად ოდიშში შამადავლა დადიანია, უფრო დამაჯერებელი ჩანს მოსაზრება ოზბეგ დადიანის სვანთა ერისთავობის შესახებ. ჩვენ ოზბეგ დადიანი ლიპარიტ I (1412-1470) დადიანის ძმად მივიჩნიეთ.
ნიშანდობლივია, რომ მის შემდგომ სვანთა ერისთავად მისი ძმისშვილი, ოდიშის ერისთავი შამადავლა (1470-1475) დადიანი უნდა ყოფილიყო.
კახაბერ II გურიელი იმდენად კარგი მმართველი ყოფილა, რომ მის შესახებ ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილა ცნობები, როგორც საუფლისწულოს მფლობელისა. ის სავარაუდოდ თავისი ძმის მამია გურიელის მმართველობის (1459-1463) დროს გურიაში უფლისწულის სტატუსით მოღვაწეობდა.
ოდიშის სამთავროში საუფლისწულოთა წარმოქმნის თავისებური ფორმა არსებობდა. გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში ოდიშის მმართველები, თავისი მეზობლების მიწების ხარჯზე აფართოებენ თავიანთ სამფლობელოს. ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე დადიანები თავის ერთგულ პირებს, კონკრეტულ შემთხვევაში თავის ძმას ან შვილს სვამენ. მათ ეს ტერიტორია უფლისწულობის სტატუსით გადაეცემოდათ, როგორც ეს მოხდა `სალიპარტიანოს~ შემთხვევაში.
პარალელურად იკვეთება ანალოგიური ტენდენცია იმ ტერიტორიების მიმართ (სვანეთი, გურია), რომელზედაც დადიანებს რაიმე პრეტენზია გააჩნიათ, აქაც ისინი თავის ძეებს ან ძმას აუფლებენ; წყაროთა ანალიზით გამოიკვეთა, რომ დადიანების პირველი შტოს მმართველობის პერიოდში სალიპარტიანოს გარდა სხვა საუფლისწულოებიც არსებობდა.
ბათულია დადიანის, რომელიც შემოერთებულ ტერიტორიას (აქაც იკვეთება ოდიშის სამთავროში საუფლისწულოს წარმოქმნის თავისებურება) საჯავახოს ფლობდა. პირობითად მას „საბათულიო“ ვუწოდეთ.
ასევე არსებობდა მამია IV დადიანის საუფლისწულოები, რომელიც ჭილაძეთა მამულებისაგან უნდა შექმნილიყო.
$2. ოდიშის სამთავროს ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურა
XVII საუკუნეში ოდიშის სამთავრო ცალკე, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს – „სახელმწიფოს“ წარმოადგენდა. აწარმოებდა დამოუკიდებელ საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ოდიშის მთავარი თავის სამთავროს „ხელმწიფის“ სტატუსით განაგებდა. ოდიშის სამთავროში კარგად იყო მოწყობილი ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის სამოხელეო აპარატი, რომელიც განსხვავდებოდა აღმოსავლეთ (ქართლი, კახეთი) საქართველოს სამეფოების სტრუქტურისაგან, რადგან ამ უკანასკნელში აღმოსავლური (ირანული) გავლენა იგრძნობოდა.
ოდიშის სამთავროს ადგილობრივი მმართველობის უმთავრეს მოხელეს წარმოადგენდა მოურავი. დასავლეთ საქართველოს დღემდე შემორჩენილ სამართლის ძეგლებში, საეკლესიო საბუთებსა თუ სასისხლო სიგელებში, რომელიც ოდიშის სამთავროს შეეხება, მოურავი მხოლოდ ვამეყ III (1658-1661) დადიანის დროინდელ საბუთებში მოიხსენიება. თუმცა არის გამონაკლისი – გიორგი I ლიპარტიანის შეწირულობის წიგნი, სადაც ვინმე მოურავი სეხნია ნეუსაძე იხსენიება, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის იყო სათავადოს „სალიპარტიანოს ქუეყნის“ მოურავი და არა ოდიშის სამთავროს მოურავი.
1633 წელს იტალიელი მისიონერები დონ არქანჯელო ლამბერტი და დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი გორიდან სამეგრელოში წავიდნენ, ლევან II (1611-1657) დადიანმა ისინი კეთილად მიიღო და საცხოვრებელიც მიუჩინა. მისიონერებს წიფურიაში (დღევანდელი სოფელი თაგილონი (გალის რნი) და სოფელ შამგონის ნაწილი (ზუგდიდის რნი) ერთი ცარიელი ეკლესია მოსწონებიათ და ეს ეკლესია მთავრისათვის იმ მხარის „გოვერნადორე“-ს პირით უთხოვიათ. მ. თამარაშვილი „გოვერნადორე“-ს თარგმნის, როგორც მოურავი.
ზემოთ აღნიშნული „გოვერნადორე“ არის თუ არა მოურავი, ჩვენ არ ვიცით, თუმცა ერთი რამ ნათელია: წიფურიას მხარეს თავისი გამგებელი ჰყავს, სავარაუდოდ ეს მხარე უშუალოდ სამთავრო დომენში შედის, რადგან მისიონერები წიფურიას ეკლესიას რომელიმე მღვდელმთავარს ან თავადს კი არ თხოვენ, არამედ უშუალოდ მთავარს.
ოდიშის სამთავროში არსებობდა როგორც მთავრის და თავადის, ასევე საკათალიკოზო მოურავები, რომელსაც უშუალოდ მთავარი ნიშნავდა.
ვამეყ III (1658-1661) დადიანის ერთერთ შეწირულობის წიგნში ვკითხულობთ: „თქუენ კზს ბატონს ზაქარიას ასრე და ამ პირსა [ზედა], რომე სენაკის საყდარი გვთხოვეთ და მოგეცით მისის შეწირულის მამულითა და სასახლეებითა... აგრეთვე საკათალიკოზოს საქმეზედ დაგველაპარაკნეთ სხვა და სხვა მოურავი იდგა და ანუ არც ამ სენაკზედ და არც საკათალიკოზოს მამულზედ მოურავი არ დაგიყენოთ თქვენთ უნებლიეთ“.
შეწირულობიდან ჩანს, რომ სენაკში მთავრის მოურავი იჯდა, ასევე მთავრის მოურავი იჯდა საკათალიკოზო მამულში სავარაუდოდ საკათალიკოზო მოურავთან ერთად, რადგან საუბარია „სხვადასხვა მოურავზე“. საინტერესოა, რომ მთავარი პირობას დებს, რომ საკათალიკოზოსთვის შეწირულ სენაკზედ და საკათალიკოზო მამულში კათალიკოზის დაუკითხავად მოურავს არ დანიშნავს.
საკათალიკოზო მამულში კათალიკოზის მოურავთან ერთად მთავრის მოურავი რომ იჯდა, მიუთითებს ვამეყ III დადიანის კიდევ ერთ შეწირულობის წიგნი, სადაც ვკითხულობთ: ასრე რომე, საკათალიკოზო მამულები სადაც იყო, ყველგან ვინ გინდა ვის სახელით ქონდა საბატიოს კაცებსა ბატონო კათალიკოზო, თქვენ მოინდომეთ და დაგვეაჯენით. და ჩვენ გისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გარდაგვიგდია საკათალიკოზოს მამულზედა და ალაგებზედ ყოველგან მოურავი ჩვენს საბატონოში (ე. ი. ოდიში). ასრე რომე, ჩვენმა შემდგომმა ბატონმა და დედოფალმა და კათალიკოზმან ბიჭვინტისა ღმრთისმშობლის მამულსა და ალაგებზე თუ არ იმავ ხატის ყმა, სხვა კაცი მოურავად არ დავსვათ და არცა ვის სახელოდ მივსცეთ.
საბუთებიდან ვერ ვარკვევთ, კონკრეტულად რა მოვალეობა ჰქონდა მოურავს ოდიშის სამთავროში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ოდიშის სამთავროშიც ანალოგიური ფუნქციები ეკისრებოდა.
ლევან II (1611-1657) დადიანის დროინდელი ოდიშის სამთავროს ადმინისტრაციული მოწყობის თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს ერთი ფიცის წიგნი, რომელშიც ვკითხულობთ: „ესე აუარებელი ფიცი, წიგნი და პირი დაგიწერეთ და მოგახსენეთ ჩვენ შანგულია ქაიხოსრო და (უნდა იყოს – ჯოღერია ზარიამ)390 თქუენ დადიანსა ბატონსა ლევანს ასრე და ამ პირსა ზედან, რომე საკზე და საცაიშლო მამულზედან, სახევისთაოზედან, და სათქუენოს საქმეზედან ვყარყაშობთით და აწე თქვენ გაგვარიგეთ“.
აქ ჩვენი ყურადღება მიიქცია ტერმინმა „სახევისთაოზედან“, როგორც ჩანს, ლევან II დადიანის დროს ოდიშის სამთავროს ადმინისტრაციული მოწყობის ერთერთ ერთეულს „სახევისთავო“ წარმოადგენდა. თუ რა შინაარსს შეიცავდა ეს ტერმინი ოდიშის სამთავროში, ჩვენთვის უცნობია, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ „სახევისთავო“ საკმაო ტერიტორიას მოიცავდა, რადგან მოხსენიებულია „საკათალიკოზო და საცაიშელო~ მამულთან ერთად. აქვე ისმის კითხვა, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „სახევისთავო“ საეკლესიო მამულებისაგან შედგებოდა?
„სახევისთავოს“ სავარაუდოდ „ხევისთავი“ განაგებდა. დ. მუსხელიშვილის აზრით, აღმ. საქართველოს „ხევისთავები“ არიან იმ ტერიტორიის მოხელეები, რომელიც ადრეფეოდალურ ხანაში ცალკე ისტორიულ-გეოგრაფიულ ერთეულებს – „ხევებს“ წარმოადგენდნენ. თუმცა მისივე თქმით, „ხევისთავი“ არა წინაფეოდალური ხანის „ხევის“ გამგებელი, არამედ ჩვეულებრივი ფეოდალი იყო, თუმცა ადრეული პერიოდის შემდეგაც „ხევები“, საკუთრების სხვა ფორმებთან ერთად (გვერდით) პირველყოფილთემური ტრადიციების მატარებელნი იყვნენ.
ჩვენ ფიცის წიგნში ნახსენებია „ბატონი კათალიკოზის მოხელე“ და „იქაური მოხელე“. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „იქაური მოხელე“ სწორედ „სახევისთავოს“ გამგებელია.
„ძეგლის დადების“ მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფალთა იერარქიაში „ხევისთავი“ მეორეა, ერისთავის შემდეგ, თუმცა სრული წარმოდგენა მისი „ხელის“ შესახებ ამ ძეგლით ვერ დგინდება.
ძველ საქართველოში „ხევისთავი“ საბატონიშვილოში დანიშნული მოსამართლე იყო, რომელიც მეფის ან ბატონიშვილის მიერ ინიშნებოდა. „დასტურლამალის“ მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში „ხევისთავს“ საპოლიციო, სასამართლო „ხელი“ გააჩნია. ტექსტში ვკითხულობთ: „ატენის მოურავისა სძეს: ხევისთავობა მოურავისა არის“ და „ატენის ხევზედ არაოდეს სხვა ხევისთავი არ შესულა და მურავს უსამართლების“. ატენის ხეობაში „ხევისთავობა“ ატენის მოურავს შეუთავსებია, ასევე დიღმის მოურავის სარგო ყოფილა „ხევისთავობა“.
1770 წლის სიგელიდანაც ირკვევა, რომ ცალკეულ შემთხვევაში „ხევისთავთა“ უფლებები საეკლესიო ყმებზეც ვრცელდებოდა.
ზემოთ აღვნიშნეთ, ოდიშის სამთავროს ადგილობრივი მმართველობის უმთავრესი მოხელე იყო მოურავი. გარდა მთავრის მოურავებისა, იყვნენ საკათალიკოზო და „სათავადო“ მოურავები. ბ. კვარაცხელიას აღნიშვნით, თუკი თავადი ან აზნაური თავის მოურავს თვითონ ნიშნავს, საეკლესიო მოურავს თვითონ მთავარი ნიშნავდა, ოღონდ ის „იმავ ხატის ყმა“ უნდა ყოფილიყო. ამ დასკვნამდე ის ვამეყ III დადიანის მიერ კიდევ ერთი შეწირულობის წიგნის საფუძველზე მივიდა, სადაც ვკითხულობთ: „გარდაგვიგდია საკათალიკოზოს მამულზედა და ალაგებზედ ყოველგან მოურავი ჩვენს საბატონოში (ე.ი ოდიშში). ასე რომე, ვერამ ჩვენმა შემდგომა ბატონმა და დედოფალმა და კათალიკოზმან ბიჭვინტისა ღმრთისმშობლის მამულსა და ალაგებზე, თუ არ იმავ ხატის ყმა, სხვა კაცი მოურავად არ დავსვათ და არც ვის სახელოდ მივსცეთ“.
საინტერესო ფაქტია, რომ იმერეთში „თემის უფროსად“ იმ საყდრის დეკანოზი ინიშნებოდა, რომლის მრევლსაც ეს თემი შეადგენდა, ასევე ხომ არ შეიძლება პარალელი გავავლოთ ორ სხვადასხვა ფორმულირებას შორის: 1) „ატენის ხევზედ არაოდეს სხვა ხევისთავი არ შესულა და მურავს უსამართლებია“ და 2) „თუ არ იმავ ხატის ყმა, სხვა კაცი მოურავად არ დავსვათ და არცა ვის სახელოდ მივსცეთ“.
იმის გათვალისწინებით, რომ „სახევისთავო“ ფიცის წიგნში საკათალიკოზო და საცაიშელო (ანუ საეპისკოპოსო) მამულებთან ერთადაა მოხსენიებული, გამოვთქვამთ ფრთხილ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ „სახევისთავო“ თავის თავში საეკლესიო მამულებში შემავალ სოფლებსაც აერთიანებდა და მას კონკრეტული საზღვრები არ გააჩნდა. ჩვენი აზრით, „ხევისთავის“ ფუნქცია მთავრის მიერ დანიშნულ, რომელიმე მოურავს უნდა შეესრულებინა, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ „ხევისთავი“ს „ხელი“ ოდიშის სამთავროში დამოუკიდებლადაც არსებობდა.
ო. სოსელიას დეისმა ჯაიანი ხორგას მოურავად მიაჩნია, რადგან დადიანის „სათხოვარი“, „გარდასახადი“ და „სხვა რამე სათემო საქმე“ ხორგაში დეისმას „საქმეა“. ჯაიანები ოდიშის ერთ-ერთი ძლიერი თავადები იყვნენ. როგორც ვიცით, მათ ხელში იყო ხორგაც, თუმცა ხორგაში საკათალიკოზო მამულიც იყო და კათალიკოზს ხორგაში მოსული ნავებისაგან ბაჟი ერგებოდა.
დეისმა ჯაიანს, როგორც მოხელეს ხორგის საკათალიკოზო მამულზეც რაღაც მოვალეობა ეკისრა: „დღეის ამას იქით ჩვენგან ამ ხორგას რომელიც თქვენი ყმა იყოს, ან აზნაურის შვილი, ან მსახურისა, ან გლეხი ქალად და უსამართლოდ ჩვენგან და ჩვენის შვილებისაგან და ჩვენის მორჩილი ყმისაგან, არა წაერთმეოდეს რა“. ასევე ნაქურდალის საქმის გარჩევა მისი საქმე ყოფილა. „დასტურლამალი“-ს მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოში ნაქურდალის საქმეს „ხევისთავი“ განაგებს.
რაც შეეხება ტერმინ „ხევს“ და მის მიმართებას დასავლეთ საქართველოსადმი.
დ. მუსხელიშვილს „ხევი“ ესმის, როგორც სოციალური ტერმინი. იმერეთის სამეფოში ადმინისტრაციულტერიტორიული დაყოფის აღმნიშვნელ ტერმინად XVIII საუკუნემდე „ხევი“ იხმარებოდა. ის შემდეგ „თემით“ შეიცვალა. ჩვენი აზრით კონკრეტული შემთხვევის „სახევისთავო“ უნდა იყოს თემთა კრებული, თემი კი საკუთრივ სხვადასხვა სოფლებისაგან შედგებოდა.
სამეგრელოში თემის არსებობის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან რუსი ელჩები: „ноября в 20 де пошли из Джуари; тово же числа пришли в тое же волость в другую деревню“ ან `Марта в 1 де из летчихи (ლეჯიქე) пошли того же числа пришли другую деревню тое же волости“. როგორც ვხედავთ, რუსი ელჩების თქმით, სოფელი ლეჯიქე სხვა სოფელთან ერთად შედის ერთ „волость“-ში ანუ თემში, ასევე სოფელი ჯვარი. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში შემორჩენილია ტერმინი „ერთობითი თემი“, ანუ თემთა კრებული, ჩვენი აზრით იგივეა, რაც „სვანეთის საისტორიო კრებულში“ დადასტურებული „სრულიად სვანეთის ხევი“, „ერთობლივი ხევი“. ნ. ბერძენიშვილის აზრით „ერთობლივ ხევში შედიან სხვადასხვა ხევები“.
რას წარმოადგენს „ერთობლივი ხევი“?
ის წარმოადგენდა ხევთა კავშირს, გარკვეული ურთიერთვალდებულების საფუძველზე ამ კავშირში შემავალი პირი უნდა დაქვემდებარებოდა საერთო კანონებს, ხეობაში გაერთიანებული ხევები უნდა დახმარებოდნენ ერთმანეთს, საჭიროების შემთხვევაში მათი მოვალეობა იყო საერთო ლაშქრობა.
სვანეთის „ერთობული ხევი“ სეტის ხევის და მის ეკლესიის გარშემო ერთიანდებოდა, „ერთობლივი ხევი“ დაახლოებით ისეთივე ფენომენია, როგორიცაა გერმანული „გემეინდე“ – კომუნა, ერთობა.
სამეგრელოში, კერძოდ კი მთიან სამეგრელოში თემი წარმოადგენს სხვადასხვა მონოგენური უბნების ანუ სოფლების გაერთიანებებს, რომელსაც საერთო სათემო სალოცავი, საერთო სათემო მმართველობის სისტემა და საერთო სათემო შესაკრები ადგილი გააჩნია. ის სტრუქტურულად დაახლოებით ისეთივე გაერთიანებაა, როგორიც „ერთობლივი ხევი“. ყულიშკარის თემის მაგალითზე, სამეგრელოში, თითოეული უბნის შიგნით ან სოფლის შიგნით იქმნება მეზობლური გაერთიანება „სამოხიო“. მეგრული „სამოხიო“ მსგავსებას ამჟღავნებს გურიის მაგალითზე ცნობილ უბნის ან კუთხის სახელწოდება „სახევისკაცოსთან“ – ანუ „სახეისკაცოსთან“.
დ. ჭითანავას აზრით, ტერმინ „სამოხიო“ში უნდა გამოიყოს პრეფიქსი „სა“ და ფუძე „მოხ“ ანუ „სამოხიო“ გარკვეულ ტერიტორიის განმსაზღვრელია, მისი აზრით, „სამოხიო“ შეიძლება აღდგეს „სამოხევოს“, „სახეოს“ მნიშვნელობით და უკავშირებს ხევს და ხეობას. ამის თაობაზე ჩვენ განსხვავებული აზრი გაგვაჩნია, თუმცა მკვლევარის მოსაზრება სამეგრელოს თემში არსებული „სამოხიო“ ხევს დაუკავშიროს, გვაფიქრებინებს, რომ ოდიშის სამთავროში „სახევისთავო“ სწორედ რომ თემთა გაერთიანებას წარმოადგენდა და უპირატესად თავისთავში სოციალურ ფუნქციას გულისხმობდა.
„თემი“ სოფლისაგან შედგება, ასევეა „ხევიც“. „ამანვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვასა საეპისკოპოსო, შეწირა სოფელნი მრავალთა ყოველთა ხევთა და ადგილთა“.
გვაქვს თუ არა დასავლეთ საქართველოში „ხევი“?
აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი და დავით მუსხელიშვილი დასავლეთ საქართველოში „ხევს“ ვერ ხედავენ. ნ. ბერძენიშვილის აზრით, არის, თუმცა იშვიათია, რადგან მას დასავლეთ საქართველოში დასახლება „სერებად“ წარმოუდგენია, მისივე თქმით, „ხევი“, „ხევობა“ – „ხეობა“ უპირველეს ყოვლისა სამეურნეო მთლიანობას ემყარებოდა და მისი შედეგი იყო, კერძოდ კი მორწყვაზე დამყარებული მეურნეობის შედეგი“. „ხევნი დასავლეთ საქართველოს მიმართ – „მხარე“ – კუთხე“ (სიმონ ყაუხჩიშვილის ლექსიკონის მიხედვით).
ნ. ბერძენიშვილი სვამს კითხვას: „ხევებს“ ადგილობრივად ხევები ერქვათ თუ ეს მწერლის ენაა? ბედიას საეპისკოპოსოს შექმნისას ბაგრატ III-მ `შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ხევთა და ადგილთა“. ავტორს ეს ქვეყანა ხევებად წარმოუდგენია. ბედიის საეპისკოპოსო გვიან ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედის, ანუ ოდიშში „ხევები“ არსებობს. მეგრულში, მეგრულჭანურში არსებობს ხევის აღმნიშვნელი სიტყვა რუბაორუბა (ჭან) და რობუ (მეგრ). იგივე მდინარე (овраг, ушелье, река), თუმცა ჩვენი აზრით, ტერმინ „ხევს“ უნდა შეესაბამებოდეს „მუხური“, ცნობილია, რომ სამეგრელოში „მუხურებად“ ანუ მხარეებად იყო დასახლება.
ი. ყიფშიძის განმარტებით: მუხური – край, угалокъ, островъ, страна: რაც უნდა მოდიოდეს სიტყვა „ოხორი“ – სახლი, ან „ხორუა“ – სამოსახლოდან, აქედან „მახორუ“, „მოოხურუუ“, „მახორო“. სამეგრელოში მრავლადაა სოფლები სახელწოდებით „მუხური“. შამუგიაშ მუხური – შამუგიას კუთხე, ზუგდიდის რნი, შოშიაშ მუხური – შოშიას კუთხე, სათიბი სოფელ დარჩელში, ზუგდიდის რაიონი, განარჯიას მუხური, იგივე განმუხური – რაც განარჯიას კუთხეს ნიშნავს, ხუტუშმუხური – ხუტუს მხარე...
„ვაი, უი, მო ოფერე საელიოშ მუხურსია
ელსაბედი დუუქოსუ ალექსი დგებია პუხუსია“.
„ვაი, უი, რა მომხდარა საელიოს კუთხეშიო (მუხურსია),
ელსაბედი გაუქრია ალექსი დგებუაძე კუზიანსა“... (ა. ჩ.).
აქაც, როგორც ვხედავთ, „მუხური“ მხარეს – კუთხეს ნიშნავს. ჩვენი აზრით, სიტყვა „მუხურ“ (მხარე, კუთხე) ან „ხურუ“-დან უნდა მოდიოდეს ტოპონიმი „მოხერისი“.
ნ. ბერძენიშვილი სვამს კითხვას: „მუხურში“ ხომ არ იყო ბერძნული მოხერისის საფუძველი? ის გამოყოფს მუხურიშიხურ, ხორუა. იქვე ასკვნის: „ქუთათიში არაა საფიქრებელი რომ ყოფილიყო. ამ „ში“-ს ქართული ისეთივე შითი შემოინახავდა, როგორიც შემოინახა კულაში, ჯიხაიში, ჩხენიში“.
აქ ჩვენი აზრით, ამოსავალი უნდა იყოს მეგრული, მეგრულში კი ქუთაისს – ქუთეში ჰქვია. ამ შემთხვევაში ქუთაისიც და მოხერისიც ლაზიკის მხარეა, სადაც სავარაუდოდ მეგრულჭანური ენა იყო გავრცელებული, ამიტომ სავსებით შესაძლებლად მიგვაჩნია ყოფილიყო „მუხურში“, რაც მხარის, კუთხის აღმნიშვნელი იყო.
ჩვენი ყურადღება მიიქცია დეისმა ჯაიანის ფიცის წიგნმა, რომელიც ჩვენი აზრით, საინტერესო ცნობას შეიცავს ოდიშის/სამეგრელოს ისტორიულ-გეოგრაფიული შესწავლის თვალსაზრისით. „...არც ის დაგაკლოთ და რომელიც წესი ყოფილიყოს, ნავიცა ისიცა მოვაბაროთ თქვენს მოხელეს, ამ ხორგის ქვეყანას. თქვენს ყმაში არა გასავალი, არა გამოსავალი, არა სათხოვარი მაგისთანა, თუ რამე მოხდეს, ცუდს სათხოვრის ჩამოისად არა გარდასახადი თქვენის მოხელეს უკითხავად, ან ჩვენის ნებით არა ვისაქმოთ რა, და გასათავებლად თავდებად მოგვიცემია თავად ღმერთი და ყოველნი მისნი წმინდანი, ზეცისანი, ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი არიან მისი შუამავალნი და მოწამენი თავს ცაიშელი მაქსიმე, გენათელი გრიგოლი, ჯოლია ხახუ, ზებედე. ამ ზემოთ წერილთ მადლმან ხელიცა გულისა მა (რთლითა) ჩაგვრთავს, რომ ამისი გამთავე ვიყო...“ ამის მერე ტექსტს აკლია.
დეისმა ჯაიანი, როგორც ვნახეთ, ხორგას „ქვეყანა“ს უწოდებს, რაც ისტორიული გეოგრაფიის თვალსაზრისით ძალზე საინტერესო ფაქტია. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „ფოთის ჩრდილოთ კერძ შესდის ზღუას ხორგის წყალი. მოიგო სახელი დაბის ხორგისაგან, ზღუის კიდესა ზედა შენისა, სადაცა არს სასახლე აფხაზთა კათალიკოზისა“.
პროფესორმა თ. ბერაძემ ყურადღება გაამახვილა ვახუშტი ბატონიშვილის ამ ცნობაზე და შენიშნავს, რომ „ხორგის წყალი“ ამგვარი სახელწოდების მდინარე აქ არსებობს, სოფელი ხორგა კი მდებარეობს მდინარე ხობისწყლის ორსავე ნაპირზე, არა ზღვასთან, არამედ 15 კილომეტრის მოშორებით, ხოლო ვახუშტის „ხორგის წყალი“ მდინარე ხობი უნდა იყოს, ხორგაში ნამდვილად რომ იყო აფხაზთა კათალიკოზის სასახლე, ეს ნათლად ჩანს ზემოთ აღნიშნული დეისმა ჯაიანის ფიცის წიგნიდანაც.
„ხორგის ქვეყანა“ რომ შემოსავლიანი მხარეა, ამაზე მიუთითებს ის ბაჟი, რომელიც აქ მოსულმა ნავებმა უნდა გადაიხადონ.
ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ო. სოსელიას დეისმა ჯაიანი ხორგას მოურავი ჰგონია, რადგან მისი საქმეა „სათხოვარი“, „გარდასახადი“ და „სხვა რამე სათემო საქმე“. საერთოდ ჯაიანებს ეკუთვნოდათ ხორგას მნიშვნელოვანი ნაწილი (ო. სოსელია ეყრდნობა ვინმე არტემონ და ივლიანე ჯაიანების ცნობას, ასევე ბ. ჯაიანის ნაშრომს), რაც დეისმას ფიცის წიგნში აისახა.
მერაბ ჯაიანი, რომელიც 1696-1750 წლებში მოღვაწეობდა, 1733 წელს გრიგოლ კათალიკოზს ხორგაში, საკუტალიოში აფშილავას ცოლშვილით სწირავს. იგი, ო. სოსელიას აზრით, დეისმას მემკვიდრე უნდა იყოს.
1696-1742 წლების პირობის წიგნში ვკითხულობთ: „ესე მტკიცე... წიგნი მოგართვი თქვენ კზს ბატონს გრიგოლს ჩვენ ჯაიანმა მერაბ, ასე რომ ჩვენი ქვეყანა თათრის ხელად შეიქმნა და მერე ამ ხელი კაცი ვარ და იქ აღარ გვედგომებოდა და მოვედი, შემოგეხვეწნეთ და წყალობა გვიყავით და ჩვენს სიცოცხლეში დაგვაყენეთ და ჯიქთუბანს სამი მოსახლე გლეხი გვიბოძეთ“. აქაც მერაბ ჯაიანი ხორგას „ქვეყანად“ მოიხსენიებს.
ჩვენ ზემოთ გამოვთქვით მოსაზრება, რომ შესაძლებელია დეისმა ჯაიანს, როგორც ხორგას მოურავს „ხევისთავის“ სახელოც შეეერთებინა. დღეს ხორგა სამი სოფელია: გამოღმა პირველი ხორგა, შედის პირველი ხორგის სოფლის საკრებულოში; გამოღმა შუა ხორგა და გაღმა შუა ხორგა შედის შუა ხორგის თემის საკრებულოში და მდინარე ხობის ორსავე ნაპირზეა განლაგებული. შულხან-საბას განმარტებით, ხევი – ეს არის მდინარის ნაპირზე ჩამწკრივებული სოფლები, რომლებიც ამ მდინარით ირწყვება.
ნ. ბერძენიშვილის თქმით „ხევი“ იგივე „ქვეყანაა“. მაგრამ ქვეყანა ყოველთვის ხევი არაა, ყოველი ხევი ქვეყანაა, მაგრამ ყოველი ქვეყანა არაა ხევი. „ხევი ტოპოგრაფიული ნიშნიდან ამოდის, ქვეყანა კი ასეთ ნიშანს მოკლებულია“. „ქვეყანა“ სალიპარტიანო არ შეიძლება იყოს ხევი, რადგან ის ტოპონიმიკური ნიშნიდან არ ამოდის და მთისა და ბარისაგან შესდგება, რამდენადაც ეს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი სამეგრელოშია შესაძლებელი.
შესაძლებელია „ხორგის ქვეყანა“ უფრო (ფართო) ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა ვიდრე დღევანდელი სოფელი ხორგა. ის სავარაუდოდ მისი მიმდგომი ტერიტორიებისაგან შედგებოდა და ცენტრი სოფელი ხორგა უნდა ყოფილიყო, ქვეყანა უცენტროდ წარმოუდგენელია, ისევე როგორც ცენტრი უქვეყნოდ არ შეიძლება არსებობდეს. ხორგაში საკათალიკოზო მამულთან ერთად ჯაიანებსაც ჰქონიათ მამულები.
„ხორგის ქვეყანა“, რა თქმა უნდა, უნდა გავიგოთ როგორც „მიკრო ქვეყანა“, „ქვეყანა“ ისტორიული პროვინციის სამეგრელოს (ოდიში) შიგნით. ნ. ბერძენიშვილი თავის ნაშრომში ერთ ადგილას აღნიშნავს „ქვეყანა, ხევი, მხარე“. აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს „ხორგის მხარე“. ჩვენი აზრით, ტერმინი „მუხური“, რომელიც ხევის“ აღმნიშვნელ ტერმინად დავსახეთ მეგრულჭანური მოსახლეობის არეალში, სავსებით შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ „ქვეყნის“ აღსანიშნავადაც.
ოდიშის სამთავროში ლევან II (1611-1657) დადიანის დროს არსებობდა ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი „სახევისთავო“, რომელიც თავის თავში სოციალურ დატვირთვას ატარებდა. ის, ჩვენი აზრით, აერთიანებდა სასოფლო თემებს, მათ შორის, საკათალიკოზო და საეპისკოპოსოში შემავალ თემებს და კონკრეტულ საზღვრებში არ იფარგლებოდა. „ხევისთავის“ ხელი, ჩვენი ფრთხილი ვარაუდით, მოურავს უნდა შეეთავსებინა; „ხორგის ქვეყანა“, რომელიც სავარაუდოდ სოფელ ხორგის მიმდგომი ტერიტორიებისგან შედგებოდა და ერთმანეთში აერთიანებდა როგორც საკათალიკოზო მამულებს, ასევე ჯაიანთა მფლობელობაში მყოფ სოფლებსაც. „ქვეყნის“ ცენტრი კი სოფელი ხორგა უნდა ყოფილიყო; „ხევისთავის“ სახელოს სავარაუდოდ ოდიშის სამთავროში, ზოგიერთ შემთხვევაში მოურავი ფლობდა. იმის გათვალისწინებით, რომ დეისმა ჯაიანი ხორგის მოურავია და საკათალიკოზო მამულზეც მიუწვდება ხელი, მიგვაჩნია, რომ „სახევისთავო“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ხორგის ქვეყნის“ შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო;
ჩვენ ვერ გავიზიარებთ ისტორიოგრაფიაში არსებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში „ხევი“ არ არსებობდა; დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი მეგრელ-ლაზთა განსახლების არეალში ტერმინ „ხევს“ უნდა შეესაბამებოდეს მეგრული სიტყვა „მუხური“, „მოხევეს“ – კი „მოხურუ“ – სადაც ძირი უნდა იყოს „ხორ“ (სვანურად „ქორ“ – სახლს ნიშნავს) ან „ხურ“, რაც სამოსახლოს და დასახლებას ნიშნავს; ტერმინი „მუხური“ ასევე უნდა შეესაბამებოდეს ტერმინ „ქვეყანას“, რადგან მეგრული სიტყვა „ქიანა“ (ქვეყანა) ზოგადად მსოფლიოს ძველი გაგებით „სოფელს“ აღნიშნავს;
$3. „ორი აფხაზნა“
აფხაზეთის სამთავრო არ წარმოადგენდა მკაცრად ცენტრალიზებულ პოლიტიკურ ერთეულს. ის დანაწევრებული იყო და რამდენიმე მთავარი ჰყავდა. მათ შორის ერთი იყო უფროსი, რომელსაც აფხაზურად „აჰ“ (მთავარი) ერქვა. მთავარს ანუ „აჰს“ ეკუთვნოდა უმაღლესი სამხედრო და ადმინისტრაციული ხელისუფლება. წვრილი სამფლობელოები მთავარს ნომინალურად ემორჩილებოდა, „აჰ“-ი იყო „უფროსი თანასწორთა შორის“. მთავართან ანუ „აჰთან“ უფლებრივად თითქმის გათანაბრებული იყვნენ მისი ძმები, რომლებიც საუფლისწულოებს განაგებდნენ და მთავრებად იწოდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აფხაზთა მთავრის ტიტული ძმიდან ძმაზე გადადიოდა.
საინტერესოა თუ რა ტერიტორიას ფლობდა აფხაზთა მთავარი?
ვახუში ბატონიშვილი XV საუკუნის აფხაზეთის საზღვრებს ასე წარმოგვიდგენს: ანაკოფიის დასავლეთით არს აფხაზეთი პირველად წოდებული ეგრეთვე ეგრისი, რამეთი ვინაითგან წილი ეგროსისა არს ზღუამდე, მის გამო ეწოდა ეგრევე. არამედ შემდგომად განდგომისა, დაიპყრეს რა ბერძენთა, მათ უწოდეს აბას, ხოლო ქართველთა აფხაზეთი. გარნა უმეტეს საგონებელ არს. ძეთაგან ანუ ძის ძეთაგან ეგროსისათა ეწოდა სახელი ესე. ხოლო საზღვარი აფხაზეთისა არს აღმოსავლით ანაკოფიის დასავლეთით მცირე მთა, კავკასიდამ ჩამოსული ზღუამდე; დასავლით ზღუა და კაპოეტის მდინარე. არამედ სხუანი მზღვრის მთა კავკასი, სამხრით ზღვა შავი. ვახუშტი ბზიფამდე ათავსებს, თუმცა ჩრდილო-დასავლეთით აფხაზეთი უფრო შორსაც მიდიოდა. „ზუფი მცირე ქალაქისებრი (მიერთვის ჩრდილოდამ ზღუას) სახლი და საყოფელი შარვაშიძისა, რომელი მპყრობელობს აფხაზთა, არავის მორჩილებასა შინა მყოფი. ბერი ეგნატაშვილის თქმით კი „შერაშიძე მორჩილებდა არაყოველსა ბრძანებასა დადიანისასა“. თუმცა ისტორიოგრაფიაში სამართლიანად არის მიჩნეული, რომ გარკვეულ დრომდე აფხაზეთი უშუალოდ ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა.
XVI საუკუნის I მეოთხედის ერთი თურქი მზვერავის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: „იმის (გურიის) იქით სოხუმამდე დადიანის ქვეყანაა. იგი (სოხუმი) ძველ დროში ნავსადგური ყოფილა. მასთან ეშვება იალბუზის მთის კალთა. იმის იქით კი არის აფხაზეთის ქვეყნები“. დოკუმენტის გამომცემელი ცისანა აბულაძე ამ ცნობასთან დაკავშირებით შენიშნავს, რომ აფხაზეთი წყაროებში „აბაზა, აბაზას ქვეყანა“ ფორმითაა ნახსენები. აქ კი „აფხაზეთის ქვეყნები მხარეები წერია“.
წყაროდან ირკვევა, რომ XVI საუკუნის დასაწყისში აფხაზეთი რამდენიმე „ქვეყნისაგან“ შედგებოდა, მათ სავარაუდოდ თავიანთი „მთავრები“ ჰყავდათ. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა იტალიელი მისიონერის ჯოვანი ჯულიანო და ლუკას ცნობა, რომ: „აფხაზები („აბასკა“, „აბაკა“) ცხოვრობენ მთებში, რომლებიც გადაჭიმულია ჩერქეზეთამდე. მათ მარჯვნივ შავი ზღვის სანაპიროა, აღმოსავლეთით სამეგრელოა. ეს ქვეყანა (აფხაზეთი) ემორჩილება ორ მთავარს, რომელთაგან ერთს ჰქვია პუზო (პუსო), ხოლო მეორეს – კარაბეი“.
პუტოს რეზიდენცია იყო ქალაქ „სკისორნუმში“. ესკისუმენი თურქულად ნიშნავს „ძველ სოხუმს“. მისი აგება დაკავშირებულია 1578 წელს სოხუმში საბეგლარბეგოს დაარსებასთან და ის ევროპულ რუკებზე აღინიშნება წარწერით: „ესხისუმუნი“. კარაბეი კი სავარაუდოდ ბზიფის აფხაზეთს განაგებს.
1630 წლის 19 მაისს ჯოვანი ლუკა „მაკალაში, ანუ კარაბეიში“ ჩასულა, საინტერესოა, რომ კარაბეის ქვეყანაში ერთ ეკლესიაში მღვდელი ქართველი აღმოჩნდა. 21 მაისს კი ლუკა უკვე სოხუმში იყო, პუტოს რეზიდენციაში. პუტოს ჯოვანი ლუკასათვის დარჩენა უთხოვია და უთქვამს: „მე ქრისტიანი ვარ ისევე როგორც მთელი ჩემი სამთავრო“. პუტოს ჰყოლია ძმა, რომელთანაც ლუკა ერთ ლოგინში დაუწვენიათ.
იტალიელ მისიონერს კასტელს ერთერთ თავის დაუხატავ სურათზე ასეთი მინაწერი გაუკეთებია:
„სამი ძმის სურათი“, „ეს არის აფხაზეთის მთავრის სამი ძმის სურათი, უფროსს ჰქვია დონ ბესლაკუსი, მეორეს – სალამონი, მესამეს და უკანასკნელს სეტემანი“.
ასევე დაუხატავ ქაღალდზე ვკითხულობთ: „ეს სამი რაინდი აფხაზეთის მთავრებია, რომელთაც მოგვცეს გამოყენებული ორი ეკლესია“... „აფხაზეთის ქვეყნის მცხოვრებლები იმ ზომამდე უკმეხები არიან, რომ მათ ვერ უვლის მთავარი, ხოლო მეორე უნარიანი ბატონი ბესლაკო შარაშია ხანი უფროსი და უფრო დიდი თანამდებობისაა მათ ქვეყანაში, ამიტომაც მას მმართველობაც შეუძლია“ (სურათი №544). ყურადღებას იქცევს არქანჯელო ლამბერტის ფორმულირება, რომ ლევან დადიანმა „შეირთო ცოლად აფხაზების მთავრის („აფხაზების მთავრის“ და არა აფხაზეთის მთავრის) შარაშიას ქალი“.
კასტელთან მოხსენიებული ბესლაკო შარაშია ბზიფის აფხაზეთს განაგებს – ის ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ჯვარისმამობის (1643-1649) დროინდელი მოღვაწეა. სეტემანი კი ლევან II (1611-1657) დადიანის სიმამრია (სურათი №16). 1664-1666 წლებში ანტიოქიის პატრიარქ მაკარიოსთან ერთად იმოგზაურა მისმა ვაჟმა პავლე ალეპოელმა, რომელიც აფხაზეთზე აღნიშნავს: „აფხაზნა ორი სახელმწიფოა; ერთი სახელმწიფო ემორჩილება დადიანს სამეგრელოს და ქრისტიანებად იხსენიებიან, თუმცა მონათლულები არ არიან. ეთაყვანებიან წმინდა ხატებს და ეკლესიას. მოუნათლავები იმიტომ არიან, რომ არ ყავთ მოძღვრები და მღვდლები. მეორე სახელმწიფო არის წარმართული და მათ მახლობლად ცხოვრობენ ალანები, ავაზგები, ჯიქები, ჩერქეზები, ლეკები, სვანები და ისინი არიან მტრები სამეგრელოსი და იტაცებენ და ატყავებენ მათ“.
1640-1647 წლებს შორის აფხაზეთში იმოგზაურა ევლია ჩელებმა, მას აფხაზეთში თხუთმეტი ტომი ჰყავს დასახლებული.
1) ჩაჩების ტომი – ერთმანეთში მეგრულადაც ლაპარაკობენ. აქ ჩაჩბა-შარვაშიძეთა ქვეშევრდომები უნდა იგულისხმებოდეს.
2) არლანის ტომი – მათ ნავსადგურს ეწოდება ლაჩიღა.
3) ჩანდების ტომი – ბეგები ჰყავთ. მათ ნავსადგურს ეწოდება კაკრ – გაგრა.
4) დიდი ჩანდების ტომი, მეხუთეა ართის ტომი, მეექვსეა კამაშ, სოჩას ტომი, ჯების ტომი, ბუზედუკის ტომი, უსუვიშის ტომი, აშღილის ტომი, სოფელ ათმას ტომი, სოუკ სუს ტომი, კუთასის ტომი, ასევე ნახსენები ჰყავს „მთებში მოსახლე აბაზას ტომები. ფუშრხი მეგრელებთან ახლოა, ახჩფსი, ბსლბ, მქლიე, ვაი ფიღა, ალავარიშ, ჩმაკურს, მაჯარ და იახარშ“.
ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთმა ფაქტმა – წყაროებში ნახსენები აფხაზთა ერთი ნაწილი ქრისტიანები არიან და უშუალო კავშირში არიან ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროსთან. ჯოვანი ლუკა როდესაც პუტოსთან იყო, სნეულებს კურნავდა. პუტოს კარი გარკვეულ კავშირში რომ იყო ოდიშის სამთავროსთან, ნათლად ჩანს ლუკას მონათხრობიდან, როდესაც ის სამეგრელოში ჩასულა. სკურჩაში მას დრანდელი ეპისკოპოსი დახვედრია: „არქიეპისკოპოსის დრანდელს გაუგია თავად პუტოს ერთერთი მსახურისაგან, დახმარება რომ აღმოვუჩინე პუტოს ოჯახს, მოვიდა გემთან, ჩემი ვინაობა იკითხა და მთხოვა გავყოლოდი მეგობართან, რომელიც ავად ჰყავდა და დახმარება აღმომეჩინა“.
როგორც ვნახეთ, დრანდელს ინფორმაცია ჰქონია, თუ რა ხდებოდა პუტოს ოჯახში. იმის გათვალისწინებით, რომ პუტო ქრისტიანია და ჯვარს ატარებს, ხოლო მისი ქვეყანა „კოდორსა და ანაკოფის შორისაა“ ანუ დრანდელი ეპისკოპოსის სამწყსოა, მას როგორც მღვდელმთავარს აფხაზეთის იმ ნაწილზე, რომელსაც პუტო განაგებს გარკვეული უფლებები ექნებოდა.
ასევე საინტერესოა პავლე ალეპოეულის ცნობა, რომ აფხაზთა ერთი ნაწილი ქრისტიანია და დადიანს ემორჩილება, ხოლო ევლია ჩელებისთან მოხსენიებული ჩაჩები კი მეგრულადაც ლაპარაკობენ. აქედან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად აფხაზთა გაუცხოებისა და აფსუათა ჩამოსახლებისა, ოდიშის სამთავრო, როგორც ქართული პოლიტიკური ერთეული აფხაზთა ერთ ნაწილზე პოლიტიკურთან ერთად კულტურულ გავლენასაც ინარჩუნებს.
XVII საუკუნის 80-იან წლებში ზეგნაყ შარვაშიძესთან ერთად აფხაზეთის ნაწილს განაგებს სორეხ შერვაშიძე, სორეხის გარდაცვალების შემდეგ კი მის კუთვნილ ტერიტორიასაც ზეგნაყი შეიერთებს.
ზეგნაყ შარვაშიძის სიკვდილის შემდგომ აფხაზეთი სამ სამფლობელოდ დაიშალა. ტერიტორია მდინარე ბზიფსა და კოდორს შორის ერგო ზეგნაყის უფროს ვაჟს, როსტომს, მასვე მიუღია აფხაზთა მთავრის ტიტული (რეზიდენცია – ლიხნში – ზუფუ); მდინარე კოდორსა და მდინარე ღალიძგას შორის ტერიტორია „აბჟუა“ ისტორიული „შუა სოფელი“ ერგო შუათანა ძეს ჯიქეშიას, ხოლო მდინარე ღალიძგას და მდინარე ენგურს შორის ტერიტორია მიიღო უმცროსმა ძემ ყვაპუმ, ყვაპუს გარდაცვალების შემდეგ კი ეს მიწები ერგო მის ვაჟს მურზაყანს, აქედან სახელწოდება სამურზაყანო. ბ. ხორავას თქმით მრავლისმთქმელია, რომ სამურზაყანო ქართულადაა გაფორმებული და სახელწოდება ფაქტობრივად არ იცვლება აფხაზურადაც „Самырзакан“.
ზ. ანჩაბაძის მოსაზრებით „სამერზაყანო“სა და „აბჟუა“ს მფლობელნი ნომინალურად ექვემდებარებოდნენ „ზუფუს“ მფლობელს.
დაყოფილი აფხაზეთი გეოგრაფიულად ასეთ საზღვრებში გაფორმდა: ბზიფი (მდ. ბზიფსა და გულისთას შორის), საძენი (მდინარე ბზიფსა და მდინარე მზიამთას შორის), გუმა (მდინარე გუმისთასა და მდინარე კოდორს შორის), „აბჟუა“ (მდინარე კოდორსა და ღალიძგას შორის) და „სამურზაყანო“ (მდინარე ღალიძგასა და ენგურს შორის.
თავი V
ზოგადი სახელწოდებანი და საზღვრების სრული მიმოხილვა
$1. ოდიშისა და აფხაზეთის საზღვრები XIV-XVII საუკუნეებში
„ყოველ საფეხურს საზოგადოების ცხოვრებისას თავისი გეოგრაფია აქვს, ისტორიული გეოგრაფია ისტორიასთან ერთად იცვლება“. ისტორიული ტერიტორია გარკვეულ არეალში, საზღვრებში წარმოჩინდება. ყოველ ისტორიულ ეპოქას თავისი შესაბამისი საზღვრები გააჩნია, საზღვარი ისტორიული კონიუნქტურიდან გამომდინარე მოძრავია.
საზღვარი ისტორიულ-გეოგრაფიული გაგებით არის ქვეყანა, ტერიტორია, რომელიც გარკვეული საზოგადოების მფლობელობაში იმყოფება. ნ. ბერძენიშვილის თქმით: „ქვეყანა მხოლოდ საზღვრებში წარმოდგინდება. უსაზღვრო ქვეყანა უაზრობაა“. არსებობს ცნებები – პოლიტიკური ე.ი. სახელმწიფო საზღვრები, ეთნიკური საზღვრები და კულტურული საზღვრები. ისინი შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად არსებობენ და ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ამასთან ერთად არსებობს ისტორიული საზღვრები, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის წარსულში არსებული საზღვრების აღმნიშვნელია და ისტორიულ მეხსიერებაშია შემორჩენილი (ზეპირად ან წერილობით).
საქართველოს ისტორიული პროვინციები სამეგრელო/ოდიში და აფხაზეთი სხვადასხვა დროს სხვადასხვა საზღვრებში თავსდებოდა, დღევანდელი სახე მათმა საზღვრებმა დაახლოებით XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში მიიღო.
ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში ნათლად გვისახავს ოდიშისა და აფხაზეთის საზღვრებს, პროფ. თ. ბერაძის აზრით, ვახუშტი ბატონიშვილი აქ XV საუკუნის II ნახევრის რეალობას გადმოგვცემს, თუმცა ჩვენი აზრით, ვახუშტის მიერ მოცემულ საზღვრებში ოდიში და აფხაზეთი XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე უნდა ჩამოყალიბებულიყო (იხ. შესაბამისი თავი, „საუფლისწულოები“).
ჩვენთვის უცნობია თუ რა საზღვრებში არსებობდა ოდიშის საერისთავო, თუმცა ერთი ნათელია, რომ ოდიშის სამთავროს ტერიტორია ბევრად აღემატებოდა საერისთავოს. ოდიშის საერისთავოს ჩრდილო-დასავლეთით არსებობდა ცხუმის საერისთავო, რომელიც ჩვენი აზრით, ეთნიკურად ქართველი (მეგრელი) მოსახლეობით იყო დასახლებული. ვახუშტის გადმოცემით: „დადიანმან გიორგიმ... მოიტაცა საერისთო ცხომისაცა და დაიპყრა თვით სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ეს გიორგი არის გიორგი III დადიანი, რომელიც 1323 წელს გარდაიცვალა. მოგვიანო პერიოდში გიორგი V ბრწყინვალემ `მისცა ცხომის საერისთო ბედიელს, ვითარც პირველ ცხომისა იყო~. ამ ბედიელის ქვეშ ვახუშტი უნდა გულისხმობდეს ოდიშის ერისთავს მამია I (1323-1345) დადიანს.
ვახუშტისავე ცნობით, გიორგი VII-მ მამია II (1396-1412) დადიანს `მიუბოძა საერისთო ცხომისა, თუმცა ბ. ხორავას აზრით, წყაროებიდან არ ჩანს, რომ ოდიშის ერისთავებს დაეკარგათ ცხუმის საერისთავო, გიორგი VIIის ჟესტი კი წყალობის განახლებას უნდა ნიშნავდეს.
ამრიგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოდიშის საერისთავოს ჩრდილოდასავლეთი საზღვარი მდ. ფსირცხაზე, ვახუშტით ანაკოფიის წყალზე XIV საუკუნის I ნახევარში გაფორმდა.
ვახუშტი ბატონიშვილი სამეგრელოს (ოდიში) აღწერისას აღნიშნავს: „ტეხურის დასავლის კიდურსა რიონიდამ წარმოსდევს მცირე მთა კავკასიამდე, ტყიანი და ნადირიანი. ამას უწოდებენ უნაგირას. ამ მთას მზღვრიდან ოდესმე იმერთა და ოდიშთა საზღვრად“. თ. ბერაძის აზრით, ვახუშტი ცდება უნაგირას აღწერილობაში, რადგან ეს ქედი არ აღწევს რაიონამდე და არც ყველგან მიუყვება ტეხურს, ის მდ. ტეხურს სოფელ ნოქალაქევთან ჰკვეთს. როგორც ვხედავთ XIV საუკუნეში ოდიშის საერისთავოს აღმოსავლეთის საზღვარი მდ. ტეხურაზე გადიოდა და არა ცხენისწყალზე, როგორც ეს მოგვიანო პერიოდშია. ჩვენი აზრით, უნაგირას აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიას შემოერთება ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში მამია II (1396-1412) დადიანის დროს უნდა მომხდარიყო, სადაც შემდგომ საუფლისწულო „სალიპარტიანო“ ჩამოყალიბდა, ეს ტერიტორია 1401 წლისათვის უკვე შემოერთებული უნდა იყოს (იხ. შესაბამისი თავი, „საუფლისწულოები“).
XV საუკუნეში, ვახუშტის ცნობით, ოდიშის საზღვრები ასე გამოიყურებოდა: „საზღვარი ოდიშისა არს ცხენისწყალი და ხაზი ისულეთამდე, მეორე თაკვერსა და ოდიშს შორის მთა, კავკასიდამ ჩამოსული სამხრით და კვლავ თაკუერიდამვე წარსული კავკასი ჩდილოთ, ვიდრე ეგრისის სათავემდე, ოდიშსა და სუანეთს შორისი: სამხრით მდინარე რიონი, გურია-ოდიშს შორისი, და კვლავ ეგურის მდინარის შესართავს დასავლეთი შავი ზღვა; დასავლით ზღუა შავივე და კვლავ ანაკოფიის მცირე მთა, კავკასიდამ ჩამოსული სამხრით ზღუამდე; ჩრდილოთ კავკასის მთა. ხოლო ცხენისწყლის დასავლეთის კერძო რომელი დავსწერეთ ოდიშისა არს“, ე.ი. ოდიშის საზღვარი აღმოსავლეთით არის მდ. ცხენისწყალი, ჩრდილოეთით ეგრისის ქედი, სამხრეთით მდ. რიონი, დასავლეთით შავი ზღვა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით „ანაკოფიის მცირე“ მთა.
ანაკოფიის წყალი, დღევანდელი მდინარე ფსირცხა, კავკასიონის ქედიდის ერთერთი განშტოების – ხიცმის მთის სამხრეთ ფერდობზე იღებს სათავეს. ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზე მთის კალთა ემიჯნება შავ ზღვას. სწორედ ეს უნდა იყოს „ანაკოფიის დასავლით მცირე მთა კავკასიდამ ჩამოსული“, რომელიც ვახუშტის თქმით, ოდიშს აფხაზეთისაგან გამოყოფს. აქვე აღვნიშნავთ, რომ მდ. ესირცხა იყო ეთნიკური საზღვარი ოდიშსა და აფხაზეთს შორის, თორემ პოლიტიკურად ოდიში მთელ აფხაზეთსაც მოიცავდა.
ჩვენი აზრით, დადიანთა გავლენა სვანეთის საერისთაოზეც ვრცელდებოდა, XIV საუკუნის II ნახევრის მოღვაწე ხაჟიგ დადიანი სვანთა ერისთავად იხსენიება წყაროებში, ასევე წყაროებში ცნობილი ოზბეგ დადიანი, პროფ. მ. ბახტაძეს და თ. ბერაძეს სვანთა ერსთავად მიაჩნიათ. ჩვენი აზრით, ეს ოზბეგი უნდა იყოს მამია II (1396-1412) დადიანის ძე და ლიპარიტ I (1412-1470) დადიანის ძმა, რომელიც სვანთა ერისთავობამდე ოდიშის სამთავროში „ლიპარიტად“ ზის. ეს ოზბეგი არის XV საუკუნის შუა ხანების მოღვაწე. შამადავლა (1470-1475) დადიანი მ. ბახტაძეს სვანეთის ერისთავად მიაჩნია.
ჩვენი ყურადღება მიიპყრო ჯაფარიძეთა სასისხლო საბუთმა, სადაც ჯაფარიძეები ალექსანდრე (1484-1510) იმერთა მეფეს წასასვლელად გზას თხოვენ, შუამავლად კი მამია III (1503-1533) დადიანი გამოდის, რომელსაც სვანები „პატრონად“ მოიხსენიებენ. აღსანიშნავია, რომ სიგელში (საბუთში) არ არის მოხსენიებული გელოვანი, რომელიც ამ დროს წესით სვანეთის ერისთავი უნდა იყოს, რაც გვაფიქრებინებს, რომ XIV საუკუნის დასაწყისში სვანთა ერისთავის ტიტულს მამია III (1503-1533) დადიანი ატარებს.
ამრიგად, დადიანებს თავიანთი პოლიტიკური გავლენა სვანეთზეც გაუვრცელებიათ. მსგავსი სურათი გვაქვს გურიის საერისთავოს მიმართებაშიც, სადაც ერისთავებად მთელი XV საუკუნის II ნახევრის განმავლობაში ლიპარიტ I (1412-1470) დადიანის ძმები, კახაბერ II (1463-1483) გურიელი და მამია (1459-1463) გურიელი სხედან, კახაბერ II გურიელის შემდგომ კი მისი ძე გიორგი I (1483-1512) გურიელის მმართველობს.
ახლა რაც შეეხება აფხაზეთს, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით XV საუკუნეში ასე გამოიყურება: „ხოლო ანაკოფიის დასავლეთ არს აფხაზეთი, პირველად წოდებული ეგრეთვე ეგრისი, რამეთუ ვინათგან წილი ეგრისისა არს ზღუდემდე, მის გამო ეწოდა ეგრივე. არამედ შემდგომად განდგომისა, დაიპყრეს რა ბერძენთა, მათ უწოდეს აბას ხოლო ქართველთა აფხაზეთი, ... ხოლო საზღვარი აფხაზეთისა არს აღმოსავლეთით ანაკოფიის დასავლით მცირე მთა, კავკასიდამ ჩამოსული ზღუამდე; დასავლით ზღუა და კაპპეტის მდინარე. არამედ სხუანი მზვრიან ჯიქეთის დასავლეთის ზღუამდე; ჩრდილოთ მზვრის მთა კავკასი, სამხრით ზღუა შავი“.
საქართველოს ერთიანი სამეფოს შემდგომი პერიოდის ოდიშ-აფხაზეთის საზღვრებზე პირობით ცნობას გვაწვდის ბერი ეგნატაშვილი: „დადიანს ეპყრა ცხენისწყალის ჩაღმართი, ლეჩხუმს წყემოთი, სუანეთის მთის გარდმოღმართი, აფხაზეთის ზემოთი და აფხაზეთი ჯიქეთამდის შარვაშიძეს ეპყრა და ესე შარვაშიძე მოორჩილებდა არაყოველსა ბრძანებასა დადიანსასა. კუალად ეპყრა დადიანს ზღვის შემოღმართი და რიონის გაღმართი“.
ზემოთაღნიშნული ცნობიდან გამომდინარე, შარვაშიძე დადიანისადმი გარკვეულ ვასალურ დამოკიდებულებაშია. როდესაც ბერი ეგნატაშვილი თავის ნაშრომს წერდა, საზღვარი ოდიშსა და აფხაზეთს შორის უკვე ენგურზე გადიოდა, ამიტომ „აფხაზეთის ზემოთი“ უნდა იყოს მდინარე ფსირცხასაგან სამხრეთდასავლეთით მდებარე ტერიტორია, რადგან ის XV საუკუნის მიწურულის კონიუნქტურას გადმოგვცემს, ხოლო იმ დროს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოდიშსა და აფხაზეთს შორის საზღვარი სწორედ მდ. ფსირცხაზე ან მის ჩრდილოდასავლით მდებარე ქედზე გადიოდა.
XVI საუკუნის 20-30იან წლებშიც ოდიშაფხაზეთის ეთნიკური საზღვარი უცვლელია და მდ. ფსირცხას მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქედს მიუყვება. ერთი თურქი მზვერავის მონაცემებით „სოხუმამდე დადიანის ქუეყანაა ... მასთან ეშვება იალბუზის მთის კალთა. იმის იქით კი არის აფხაზეთის ქვეყნები“.
თ. ბერაძის აზრით, თურქი მზვერავის „მთის კალთა“, რომელიც აფხაზეთს ოდიშისაგან გამოყოფს, უნდა იყოს ვახუშტის „ანაკოფიის დასავლით“ მდებარე „მცირე მთა“.
XVI საუკუნის 70-იანი წლების მიწურულიდან, როდესაც 1578 წელს სოხუმში საბეგლარბეგო დაარსდა, ეთნიკურმა საზღვარმა მდ. ფსირცხადან სამხრეთდასავლეთით იწყო მოძრაობა.
XVII საუკუნის 30-იანი წლების I ნახევარში ჯოვანი ჯულიანო და ლუკას ცნობით, საზღვარი ოდიშსა და აფხაზეთს შორის მდ. აბსილზე გადიოდა. ისტორიკოსმა ბ. ხორავამ მართებულად მიიჩნია მდ. აბსილი ბესლეთად, ამის შემდეგ კი საზღვარმა მდ. კელასურზე გადმოინაცვლა, თუმცა უცხოელი მოგზაურები და მისიონერები ტრადიციის გავლენით ოდიშაფხაზეთის საერთო საზღვარს მდ. კოდორზე ავლებენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ეთნიკურ საზღვარზე აფხაზეთსა და ოდიშს შორის. ეთნიკური საზღვრის მონაცვლეობა ხშირად არ ემთხვევა პოლიტიკურ საზღვარს.
იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც ოდიშის სამთავროში 1633-1653 წლებში ცხოვრობდა, ასე გვისახავს ოდიშის საზღვრებს: „კოლხიდა მდებარეობს იმერეთსა (აგრეთვე ბაშიაჩუქად წოდებულს) და აფხაზეთს შუა. იმერეთი აღმოსავლეთით აქვს და აფხაზეთი – ჩრდილოეთით. იმერეთისაგან მას ჰყოფს სახელგანთქმული მდინარე ფაზისი, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება რიონად. ეს მდინარე გამოდის კავკასიის მთებიდან. მას შეერთვის მეორე მდინარე, სახელად ცხენისწყალი, რომელსაც ძველი ბერძნები ჰიპპოსად (ცხენი) უწოდებენ. რიონი ჰყოფს აგრეთვე სამეგრელოსა და გურიას და ბოლოს წყნარად შეერთვის ზღვას სებასტოპოლის მახლობლად, ...კოლხიდის საზღვარია აფხაზების ანუ აბაშების მხრით მდინარე, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება კოდორად და ჩემის აზრით კი ძველთა კორაქსია. დასავლეთის მხრით კოლხიდის საზღვარია შავი ზღვა ანუ ევქსინუსი, რომლის უკიდურესი ნაპირი, სტრაბონის სიტყვით, სწორედ აქ არის. ჩრდილეთ-დასავლეთით იწყება კავკასიის მთების ზურგი“.
ასევე საინტერესოა მეორე იტალიელი მისიონერის ქრისტოფორე კასტელის ცნობა: „კოლხეთის მხარე მდებარეობს ქვეყნის ერთ ნაწილში, ე. ი. აზიაში, სხვანაირად პონტოდ წოდებულ ზღვასთან, ამ შემთხვევაში ეს არის ევქსინის ზღვა. სამხრეთაღმოსავლეთით ზემოხსენებულ ნაწილს ესაზღვრება თითქმის ორივე იბერია. დასავლეთიდან შემოსაზღვრულია კორაჩეს, აკუს მთით, ... კოლხეთის ჩრდილოეთით მდებარე მთას უწოდებენ კორაქსს, აღმოსავლეთითა და სამხრეთიდან მას ნახევარ წრედ კრავს კავკასიონი“.
ბ. ხორავას აზრით, კასტელის „აკუს მთა“ გვიანდელი აყუ (აყუა) სოხუმი ანუ „სოხუმის მთა“ უნდა იყოს. მდ. ბესლეთის მარჯვენა ნაპირზე სანაპირომდე ჩამოდის მთის განშტოება, რომელსაც სოხუმის მთას უწოდებენ. ამ მთის პირვანდელი სახელწოდება უნდა იყოს „საამთააახუ“. ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთმა ტოპონიმმა: სოხუმის დასავლეთ უბანს, იგივე შუქურას რაიონს „აყუააკრას“ უწოდებდნენ, რაც აფხაზურად სოხუმის ჩამკეტს – მის კარიბჭეს აღნიშნავს.
იტალიელი მისიონერების ცნობა ოდიშ-აფხაზეთის საზღვრად კოდორის თაობაზე რომ სინამდვილეს არ შეესაბამება, მიგვითითებენ სხვა წყაროებიც. ქათიბ ჩელები თავის აღწერილობაში საქართველოსა და კავკასიის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის. ის აღნიშნავს, რომ: „აფხაზეთის საზღვარი „სოჭიდან მდინარე კოდორს აღწევს. იმ ადგილს სოხუმს უწოდებენ“, აქ ქათიბ ჩელები კელასურს უნდა გულისხმობდეს, რადგან სოხუმი არ შეიძლება კოდორთან მდებარეობდეს. აღსანიშნავია, რომ მის ცნობაზე დართულ „ჯიჰან ნუმას“ რუკაზე ოდიშ-აფხაზეთის საზღვარი სწორედ მდ. კელასურზე გადის.
1639-1640 წლებში სამეგრელოში იმყოფებოდნენ რუსეთის მეფის მიხაილ რომანოვის ელჩები, ფეოდოტ ელჩინი და პაველ ზახარიევი, ისინი სამეგრელოს აღწერილობაში, რომელიც მეფისადმი მოხსენებას წარმოადგენდა, იხსენიებენ ბედიას, მოქვის, ილორისა და დრანდის მონასტრებს, აგრეთვე მოხსენიებული აქვთ სოფელი ფშაფი (Пшехапе), რომელიც ბ. ხორავას შენიშვნით, მდ. კოდორიდან ათიოდე კილომეტრზე, სოხუმიდან კი 56 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამ ცნობის მიხედვით, საზღვარი მდინარე კელასურზე უნდა გადიოდეს, რადგან ფშაფს იქით ტერიტორიას რუსი ელჩები ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში არ ათავსებენ, რაც ლოგიკურია.
ლევან II (1611-1657) დადიანი აფხაზთა გამუდმებული თავდასხმების პერიოდში იძულებული გახდა აეგო საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც მას აფხაზთაგან დაიცავდა. ვახუშტის თქმით: „ანაკოფიის, აღმოსავლეთით ზღვიდან მთებამდე შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმან აფხაზთა გადმოუსვლელობისათვის, გარნა აწ უქმად არს“.
აი, რას წერდა ლამბერტი: „ზღვის მხრით ზოგან არც ტყე არის და არც ჭაობი და იქიდან მტერი ადვილად შესძლებდა შემოსვლას. ამ ადგილების დასაცველად აუშენებიათ რამდენიმე ხის ციხე, სადაც თოფით შეიარაღებული მცველები დგანან. ასეთივე საშუალება აქვთ ნახმარი მთების მხრიდანაც: რადგან ერთ ადგილას, რომელსაც ოლუშე ჰქვია. მთები გაშლილია და მტერს ადვილად შეეძლო აქედან შემოსვლა და ქვეყნის აოხრება, – დიდის ხარჯით ამოუყვანიათ კედელი სიგრძით სამოცი ათასი ნაბიჯი და კედელში აქაიქ აუშენებიათ კოშკები, რომლებშიც თოფით შეიარაღებული მცველებია“.
ეს კედელი დატანილია ლამბერტისა და კასტელის რუკებზე, ლამბერტის სამეგრელოს რუკაზე ის დატანილია წარწერით: „მურუს სექსგინტა მილიჰუს პასუმ ად კოევენდოს აბასკორუ ინკურსუს“, ხოლო კასტელის რუკაზე: „მურაილე დე სოისანტე მილეს პუღ არესტერ ლეს ინკურციონს დეს აბბასას“, რაც ნიშნავს „აფხაზთა თავდასხმის საწინააღმდეგო 60 ათასი ნაბიჯის კედელი“.
ლევან II (1611-1657) დადიანის ეპოქის ოდიშაფხაზეთის საერთო საზღვარი რომ წარმოვიდგინოთ, უნდა მივყვეთ კელასურის კედელს. კედელი მდ. კელასურის მარცხენა ნაპირზე, ზღვის შესართავთან იწყებოდა, მიუყვებოდა კელასურის ხეობას, შემდეგ უხვევდა აღმოსავლეთისაკენ. გადაკვეთდა მდინარეებს – მაჭარასა და კოდორს (კოდორის ხეობის ზემო ნაწილი აფხაზეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა), აქედან მიუყვებოდა ფანავის ქედს, გადაკვეთდა მდ. მოქვს და მდ. ღალიძგამდე აღწევდა. კედელი უწყვეტი არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად, სადაც კლდე ან რაიმე ბუნებრივი ზღუდე იყო აღმართული, იქ რაიმეს აგების საჭიროება არ იყო. ვორონოვის აზრით, კელასურის კედელის საერთო სიგრძე 100 კილომეტრს აღწევს. კელასურის კედლის გამოვლენილ კოშკებს შორის, სულ 279, 275 კელასური-ტყვარჩელის მონაკვეთზე მოდის, რაც ნათლად მიუთითებს საშიშროებას ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. კოშკებს შორის მანძილი საშუალოდ 40-დან 120 მეტრამდეა. იქ, სადაც კედელი არ იყო, ბუნებრივი პირობების გამო დაშორება ზოგჯერ 300-დან 500 და 1000 მეტრამდე აღწევდა. კოშკი ოთხკუთხა ფორმის იყო 7×8 ან 8×9 სიმაღლე კი 46 მეტრს აღწევდა.
ამდენად, ზემოთ განხილული ფაქტების გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ ლევან II (1611-1657) დადიანის მმართველობის დროს საზღვარი აფხაზეთსა და ოდიშს შორის მდ. კოდორზე გადიოდა, რაც ამ ბოლო დროს განავითარა ნ. ბერულავამ, არამედ საზღვარი ჯერ მდინარე ბესლეთზე, მოგვიანო პერიოდში კი მდინარე კელასურზე გადიოდა.
ზოგადად კი XVII საუკუნის I ნახევარში ოდიშის სამთავრო შემდეგ საზღვრებში თავსდებოდა: ჩრდილო-დასავლეთით საზღვარი მდ. კელასურის მარცხენა ნაპირზე გადიოდა და ზემოთ ფანავის ქედს მიუყვებოდა. ჩრდილოეთით სვანეთისაგან ეგრისის ქედი გამოყოფდა, სადაც სადადეშქელიანო სვანეთს ესაზღვრებოდა. ოდიშის სამთავროს უკანასკნელი პუნქტი ენგურის ხეობაში იყო სოფელი ხუდონი. აღმოსავლეთით იმერეთისაგან ცხენისწყალი ყოფდა, გურიასა და ოდიშს შორის საზღვარი მდ. რიონზე გადიოდა, თუმცა იმერეთისა და გურიის გარკვეული სოფლები ოდიშის მმართველს მიტაცებული ჰქონდა.
1664-1666 წლებში საქართველოში იმოგზაურა ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიოსმა. აი, რას წერს იგი თავის ცნობებში: „როდესაც მოქვის საეპისკოპოში ჩავედით, ჩვენი ჩამოსვლის ამბავი ყურს ესმა ერთ მდიდარ ქალს, რომელიც აქედან ახლოს, დრანდაში ცხოვრობდა. ეს ქალი შვიდჯერ ყოფილა გათხოვილი და ქმრების უმეტესობა მისი ბიძაშვილები ყოფილან, ...ჩვენი შიშით ამ ქალმა ხელი მოჰკიდა თავის მეშვიდე ქმარს და მასთან ერთად აფხაზთა ქვეყანაში გაიქცა“. როგორც ვხედავთ, XVII საუკუნის 60-იან წლებშიც კი საზღვარი ოდიშსა და აფხაზეთს შორის არ შეიძლება მდინარე კოდორზე გადიოდეს, რადგან დრანდა ჯერ კიდევ ოდიშის სამთავროში შემოდის, ის კი კოდორის მარჯვენა ნაპირზე მდებარებს.
XVII საუკუნის 70-იან წლებში ოდიშაფხაზეთის საზღვარმა მდ. ღალიძგაზე გადმოინაცვლა, XVII საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს კი მდ. ენგურზე გადმოინაცვლა. მალე ეს ტერიტორია ზეგნაყ შარვაშიძის სამ შვილს შორის გადანაწილდა. საბოლოოდ, ადმინისტრაციული საზღვარი ოდიშსა და აფხაზეთს შორის მდ. ენგურზე გაფორმდა, ეთნიკური საზღვარი კი მდ. ღალიძგაზე.
$2. ტოპონიმიკა და ჰიდრონიმია
გარკვეულ ისტორიულგეოგრაფიულ გარემოში არსებული ტოპონიმიკა და ჰიდრონიმია წარმოიშობა იმ საზოგადოების სამეტყველო ენის წიაღში, რომელიც კონკრეტული ტერიტორიის (ქვეყნის) ავტოქტონურ მოსახლეობას წარმოადგენს, ამიტომაც ხშირად ტოპონიმიკას „მიწის ენას“ უწოდებენ.
ოდიშისა და აფხაზეთის ადრინდელი ტოპონიმიკისა და ჰიდრონომიის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან XVI-XVII საუკუნეების სხვადასხვა სახის საბუთები და უცხოელ ავტორთა აღწერილობები და რუკები.
უცხოელ ავტორთა აღწერილობებიდან მასალის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესოა იტალიელი მისიონერის დონ არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ და მასზე დართული სამეგრელოს რუკა. ლამბერტის ნაშრომი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მან სამეგრელოში 20 წელი იცხოვრა და ბევრი რამ თავისი თვალით იხილა.
ლამბერტი თავის „სამეგრელოს აღწერაში“ შემდეგ მდინარეებს ჩამოთვლის: ფაზისი, ცხენისწყალი, აბაშა, ტეხური, ხოფი, ჭანისწყალი, ენგური, ხეთა, ოქუმი, ერისწყალი, მოქვისწყალი და კოდორი ანუ კორაქსი. ლამბერტი აღნიშნავს, რომ ფაზისი ფოთთან ზღვას შეერთვის, სადაც თურქებს 1578 წელს ციხე აუგიათ. ფაზისის შემდგომ მოდის მდ. ცხენისწყალი, ლამბერტის თქმით, ცხენისწყალი შეერთვის ფაზისს, მდინარე აბაშასთან და ტეხურთან ერთად. მდ. აბაშას ის სტრაბონის გლავკოსთან აიგივებს, ხოლო ტეხურზე შენიშნავს, რომ ის ჩაუდის ადგილს, რომელსაც სენაკს ეძახიან.
ტეხურის შემდეგ ასახელებს მდინარე ხობს (ხოფი) და ჭანისწყალს (ჩიანოე), ეს უკანასკნელი შეერთვის მდ. ხობისწყალს. ლამბერტი ჭანისწყალის ეტიმოლოგიურ ახსნას ცდილობს და ამბობს, რომ „ეს სახელი (ჩიანეო) იმიტომ ეწოდა მდინარეს, რომ მასთან მოდის სავაჭროდ ... ხალხი, რომელსაც ჰქვია ჭანი“.
ლამბერტის ჭანისწყლის შემდგომ დასახელებული აქვს ენგური და ხეთი, ხეთი იგივე ერისწყალია, შემდეგი მდინარეები კი არის ოქუმისწყალი, იგივე ტარსუა, ეგრისი, იგივე ღალიძგა, მოქვისწყალი და კოდორი იგივე კორაქსი.
სამეგრელოს რუკაზე, რომელიც ერთვის ლამბერტის „სამეგრელოს აღწერას“, ეს მდინარეები შემდეგი წარწერებითაა დატანილი: მდ. რიონი – ფასსო ფლ, ცხენისწყალი – ჰიპპუს ფლ. აკკოლის შენიშარი, აბაშა – კლოუკუს ფლ. აკოლის აბასკია, ტეხური – სიგამენ ფლ: ჰოდი ტაჩურ, ხობი – კობუს ფლ; კობუს აკოლიც კოპი, ჭანისწყალი – ჩიანეუს ფლ ინკოლის ჩიანის, ენგური – ასტელფურ ფლ. ინკოლის ენგურ, ერისწყალი – ჰეტისკარი ფლ, ოქუმი – ოქუმს ფლ. ოლიმ ტარსურა, ტარსურა ფლ; შემდეგ მოდის პატარა მდინარე, რომელსაც აწერია გიობასცკარი – ჯობაწყარო, სახელწოდება ჭაობთან უნდა იყოს კავშირში, მდინარე მოქვი – მოქვის – მოქვისცკარი ფლ, მარმარისწყალი – მარმარსცკარი, კოდორი – კოდდორ ფლ ოლიმ. ოქუმისწყალსა და მოქვისწყალს შორის მოთავსებულია ეჩალის ფლ – იგივე ღალიძგა, ეგრისწყალი.
ეს მდინარეები ასეთივე სახელწოდებითაა კასტელის 1654 წლის ე.წ. „ლათინურ რუკაზე“, მხოლოდ ერისწყალი, ლამბერტისაგან (ჰეტისკარი) განსხვავებით სწორი – ერისცარი ფორმითაა მოცემული.
აქვე გვინდა შევეხოთ ერთი მდინარის სახელწოდებას, რომელიც ოჩამჩირის რაიონში ჩამოედინება.
ჩვ. წ. აღ. II საუკუნის მოღვაწის ფლავიუს არიანეს მოგზაურობის წიგნს უკან დართული აქვს ჩვ. წ. აღ. V საუკუნის ანონიმი გეოგრაფის ცნობები, სადაც ვკითხულობთ: „ძიგანისიდან (ე. ი. ტეხური) მდინარე ტარსურამდე (ახლა რომ მოხე ეწოდება – მოქვი) ას ოცი სტადიონია, თექვსმეტი მილი. მდინარე ტარსურიდან მდინარე ჰიპოსამდე (ახლა რომ ლაგუმფსა ეწოდება) ას ორმოცდაათი სტადიონია, ოცი მილი“. ჩვენი ყურადღება მიიქცია მდინარის სახელწოდებამ „ჰიპოს“ ე.ი. ცხენისწყალი, ეს მდინარე, ზემოთ აღნიშნული ნაშრომის გამომცემელს ნ. კეჭაღმაძეს მდ. კოდორი ჰგონია, ს. კაკაბაძეც ამ მდინარეს კოდორთან აიგივებს.
პევტინგერის რუკა (ტაბულა პეუტინგერიანა), რომელიც XII სის ბოლოსა და XIII სის დასაწყისშია შექმნილი, ახ. წ. III საუკუნეების რეალობებს ასახავს. ამ რუკის მიხედვით ნახაზები აღადგინეს პროფესორებმა ელმოუცკმა და მილერმა. სწორედ ამ რუკაზე და მის ნახაზებზე ვხვდებით მდინარე ჰიპოსს (Гупп), ერთი მათგანი ისკურიასთანაა, მეორე კი სოხუმის (სებასტოპოლის) სამხრეთით. ჩვენ არ ვემხრობით მოსაზრებას, რომ V სის ანონიმი გეოგრაფის „ჰიპოსი“, იგივე ცხენისწყალი, მდ. კოდორს შეესაბამება.
ამიერკავკასიის სამხედრო რუკაზე მდ. მოქვისწყლის მარჯვენა მხარეს ჩამოედინება მდინარე სახელწოდებით „ЦхенисЦкали“. იქვეა პუნქტი „ЦхенисЦкали“, 1958 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობის მიხედვით, სოფელი ცხენისწყალი ორადაა გაყოფილი და ოჩამჩირის რაიონის, კოჩორას და ცაგერას სოფლის საბჭოში შედის.
ჩვენი აზრით, ძველი ცნობების „ჰიპუსს“ და დღევანდელი მდინარე ცხენისწყალი ერთი და იგივე ჰიდრონიმი უნდა იყოს, როგორც ვნახეთ, ამ ჰიდრონიმმა ახ. წ. დასაწყისიდან დღემდე შემოინახა თავისი სახელწოდება, რაც ნათლად მიგვანიშნებს, თუ ვინ იყო ოჩამჩირის რაიონის, და საერთოდ, ენგურს გაღმა ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეობა.
ლამბერტის სამეგრელოს რუკაზე უამრავი ტოპონიმიაა მოცემული, განსაკუთრებით აღსანიშნავია ენგურსა და კოდორს შორის აღნიშნული ქართული (მეგრული) ტოპონიმია, თუმცა რუკის აღწერას აღმოსავლეთით მდ. ცხენისწყალსა და რიონს შორის მოცემული პუნქტებით დავიწყებთ. მდ. რიონის მარცხენა მხარესაა ფოთი სახელწოდებით სებასტოპოლი, იქვეა მეგრული შესატყვისი პუტი, ჩარასოპალალი – უნდა იყოს სოფ. გორა, ჩოტალის ეპ – ქუთაისის საეპისკოპოსო. რიონსა და ცხენისწყალს შორის მოცემულია: პანდარი (პანდარი), ეგარი და ეხალი (ეხალი), სამიქელაო (სამიქელოს), გეგუთი (გუტი?) და ხონის საეპისკოპოსო (კონი ეპ.), იმის გათვალისწინებით, რომ ლევან II დადიანის დროს იმერეთის ზოგიერთი სოფელი ოდიშის მთავრის მფლობელობაში იყო, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ლამბერტმა გეგუთი ჩოტალის ეპ. და ჩონი ეპ სამეგრელოს შემადგენლობაში აღნიშნა. შემდეგ მოდის გორდი (გორდი), დოქტობინა იგივე დიდღვაბუნა უნდა იყოს.
ცხენისწყალსა და აბაშას შორის: დტურეტ აღდგენა ვერ ხერხდება, თზილორს – უნდა იყოს სულორი, ილორი (ილორს), რობა (რობას), ჟინათი (გინატა), იკორი (იკორი), ბანძა (პანსას), ჭყონდიდი, საეპისკოპოსო ცენტრი (ჩკონდიდი ეპ). ლეკმ – ლეხაინდრაო.
აბაშასა და ტეხურს შორის: ზანა (ზანნატი), ზიხური (ზიკური), ნოქალაქევი (ნოქალაქენს), საჯიჯაო ან საჯიჯიანო (საგიგიანი), მარსილი – მარსილი უნდა იყოს ვახუშტის რუკის სახარია, მუხურჩა (მუხურკე).
ტეხურსა და ხობს შორის: ხორგა (გორგას), თეკლათი (თეატი), ხობი, საეპისკოპოსო ცენტრი (კოპის ეპ.), ქვაშხირი (თხუაგიოხორ,), სენაკი (სენაგჰი), ჯიხუ (სიკუ) კირცხი (კურზხი), ზენა (ზენნა), კოსცის – აღდგენა ვერ ხერხდება.
ხობსა და ჭანისწყალს შორის: სუჯუნა (კუდონატ), ძველი ხიბულა (ხიბულას), ზუბი (ძუბის), წალენჯიხა (სცალინგიხას), ლემესხიე (ლემესხე), ჯგალი (სგალი), სქური (სქუროლი).
ჭანისწყალსა და ენგურს შორის პირველი რაც გვხვდება, არის ეკლესია, რომლითაც რუკაზე საეპისკოპოსო ცენტრი აღინიშნება. თუმცა აქ არაფერი არ აწერია. ბ. გოგიას მიერ გამოცემულ ლამბერტის რუკაზე ეს პუნქტი აღინიშნება, როგორც ციაის ეპ. ცაიში, საეპისკოპოსო ცენტრი.
ენგურის შავ ზღვასთან შეერთების ადგილას მდინარის ორივე მხარეს გაშენებული ყოფილა ანაკლია. რუკის მიხედით ანარგჰია ოლიმ ჰერაკლეა. აქ ანაკლია მეგრული ფორმითაა მოცემული – ანარგჰია. შემდეგ მოდის განმუხური (მუხურ), ამუსს და პაზხარეტი აღდგენა ვერ ხერხდება, ზუგდიდი (ძუგდიდი), კორცხელი (კორზხენ), რუხი (რუხი) აღნიშნულია ციხე სიმაგრით, ბაში (ბასცის), ლაკადა? (ლაკქუა).
ენგურსა და ერისწყალს შორის: ლეტაიში (ლეტჰაის), რაც მეგრული ტალახიდან (ლეტა) უნდა მოდიოდეს; ბარღები (ბარგჰებს), დღეს ზემო, ქვემო და შუა ბარღები (გალის რ-ნი), ნაბაკევი (ნაობლახია), კადარი (კადარს) დღეს სოფ. კოკის ერთ-ერთი უბანია (ზუგდიდის რ-ნი) და ენგურის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, წიფურია (კიპპურიას) მისიონერთა რეზიდენცია, რომელზეც ქვემოთ დაწვრილებით შევჩერდებით, წამხარი (ზამხარ), დღეს სოფელ თაგილონის ერთერთი უბანია, სიდა (სუდდას), გენათი (გემიატი), ხვითი (ქუიტი) შეშელეთი (შიასკიალეტი), გალი (გოგიელი), სათანჯო (სატანგო) – აღნიშნულია კოშკით. სათანჯო მეგრულად საორიენტაციოს ნიშნავს. ცეიშ (თცჰეის) შდრ. ცაიში – მეგრული ფორმაა „ცეიშ“. სუჯონა (სუგიონა), ნიშნავს ცუროვანს.
ერისწყალსა და ოქუმს შორის: გუდავა (გუდას), გაგიდა (გაგჰიდა), ჩიამური (გაგჰიდა), პაპაითი (პაპატის) დაკავშირებულია მღვდელთან – მეგრულად პაპა. არმენი (არმენი), კავშირშია რუხში ჩასახლებულ სომხებთან, რუკაზეც არასწორადაა დატანილი. წარჩე (თარჰცე) და ჩხორთოლი (შცორტოლი).
ჩხორთოლსა და წარჩეს შორის მოცემულია პუნქტი არცჰამა (არკამა). ლამბერტი ამ პუნქტზე შენიშნავს: „იმ მთაზე, რომელიც არკამას (არკამა) დასცქერის, მოიპოვება მეორე ნაირი ქვა ნაცრის ფერი. ეს ქვა ძირს ჩამოაქვს მდინარეს, რომელიც ჩამოდის ხსენებული მთიდან“.
ლამბერტის რუკაზე მდინარე, რომელიც არკამას (არკჰამა) ჩაუდის და სათავეს ჩხორთოლთან (სცორტოლი) იღებს, არის წარჩე. სახელწოდება აიხსნება მეგრულად „წყარჩე“ – „თეთრი წყალი“. იმის გათვალისწინებით, რომ ჩხორთოლის მიდამოები კირქვიანია, ხოლო ჩხორთოლი მთის ძირას (ჩვენი აზრით ეს უნდა იყოს ის მთა, რომელიც არკამს დასცქერის) მდ. წარჩეს სათავეებთან მდებარეობს, ჩვენი აზრით, არკჰამა უნდა იყოს, ჩხორთოლის ერთ-ერთი ადგილის „არკვანაარკვანი“ს დამახინჯებული სახელწოდება, ხოლო წარჩეს თავისი სახელი (თეთრი წყალი) მის მიერ ჩამოტანილი ქვების, უმეტესად კირქვის შეფერილობის გამო უნდა მიეღო.
ჩხორთოლის ზემოთ მოცემულია პუნქტი ჟირპიჯი (გირპიგი). პ. ცხადაიას აზრით, ჟირპიჯი ნიშნავს ხერთვისს, ორწყალს, ორპირს და იმ ადგილს უნდა შეესაბამებოდეს, სადაც დღეს ტერიტორიას ჟირღალი/ჟირთომი ეწოდება. რუკაზეც გირპიგი სწორედ რომ ხერთვისთან მდებარეობს.
წარჩესა და ოქუმს შორის: სანარი (სანნაარ), საჩინო (საკკინ), ბედია, საეპისკოპოსო ცენტრი (ბედიას ეპ).
ოქუმისა და ღალიძგას შორის: ლეგიონი (ლეგიონი), ნაუგილერი (ნაუგილერს), აპერზოლი (აპერსოლი), სუბეიში (სუბეის), ლიმორი (ლიმორ), ფუწყური (პაზცუორ), მარცხული (მარზხული), ოლუშე (ოლუსე).
უკანასკნელ პუნქტ ოლუშეზე ლამბერტი თავის აღწერილობაში აღნიშნავს: „რადგან ერთ ადგილას, რომელსაც ოლუშე ჰქვია, მთები გაშლილია და მტერს ადვილად შეეძლო აქედან შემოსვლა და ქვეყნის აოხრება, – დიდის ხარჯით ამოუყვანიათ კედელი სიგრძით სამოცი ათასი ნაბიჯი,“. ლამბერტის რუკაზე ოლუშე სწორედ იმ საფორტიფიკაციო სისტემათა ქსელის ქვეშაა მოცემული, რომელსაც აწერია „აფხაზთა თავდასხმის საწინააღმდეგო სამოცი ათასი ნაბიჯის სიგრძის კედელი“. სიტყვა ოლუშე გასასვლელს ნიშნავს, ნაწარმოებია მეგრულზანური სიტყვისაგან „ოლუ“ – წასასვლელი. ოლუშე მდებარეობს ოჩამჩირის ზემოთ, მთებში. ტოპონიმი ჩაიწერეს ავ. თორდიამ და გუძა აფაქიძემ. ავ. თორდიას თქმით, ამ ადგილს დღეს, იქაური მცხოვრებლები ულისეს უწოდებენ.
ღალიძგასა და მოქვისწყალს შორის: ილორი (ილორი), მერგულა, იგივე მერკულა (მერგულლას), ღალიძგა (ეხალისგას). ეს პუნქტი ნახსენებია ლევან II დადიანის შეწირულობის წიგნში, სადაც დადიანის სასახლე ყოფილა, ღალიძგა ნიშნავს „კიდე მდინარისა“. თავდაპირველად უნდა ყოფილიყო პუნქტი, შემდეგ დაერქვა მდინარესაც.
შემდეგ მოდის მოქვი, საეპისკოპოსო ცენტრი (მოქუის. ეპ) და თილითი (ტილიხ), ეს არის დღევანდელი სოფელი თხინას მიდამოებში არსებული ტყე და ციხის ნანგრევი, რომელსაც „ტლიტ აბა“ ეწოდება.
მოქვისწყალსა და მარმარისწყალს შორის: თურქების სავაჭრო ცენტრი (თურცჰარუ ემპორიუმ) იგივე, ისკურია, ან ტყაურუ, თუმცა შეცდომითაა დატანილი რუკაზე, უნდა იყოს მდ. კოდორის მარცხენა ნაპირზე. ტყაურუ მეგრულად ნიშნავს „ყრუ ტყე“-ს, იქვეა დღვანა (თგუანას), პიტაური (პიტაურო) იგივე კვიტაული და გიორირდე ან ჟიორირდე (გიორირდე).
მარმარიწყალსა და კოდორს შორის: ტამიში (სატამისცია), სიტყვა მოდის „თამაში“, „სათამაშოდან“; ტამიში კი აფხაზური ფორმაა. წყურგილი (სგურღილი) მეგრულად ნიშნავს ცივ წყაროს, ამჟამად შედის აძიბჟუის სოფლის საბჭოში. ფშია (ფსცია) იგივე ფშაური მარმარისკარი იგივე დღევანდელი მარმალაბაა, აფხაზურად ითარგმნება როგორც მარმარილოს ნაგებობა, აგუ (აგუ), თითქოს ერთადერთი აფხაზური (აფსუური) ტოპონიმია, ითარგმნა როგორც გული ან ზღვის ნაპირი, თ. ბერაძის აზრით, უნდა იყოს ოჩამჩირის რაიონის სოფ. აგუაა, კ. ოკუჯავა კი ამ ტოპონიმს სვანურ სიტყვა „აგ“ს უკავშირებს, რაც სადგომს ნიშნავს. იქვეა პუნქტი ტკვაჯია (ტგუაჯია), რაც მეგრულად ითარგმნება, როგორც ხის კიბე. ბ. ხორავას აზრით, ეს პუნქტი დღევანდელ ტყვარჩელს შეესაბამება. პ. ინგოროყვა ტყვარჩელს ხსნის, როგორც „დაფენილ ხის კიბეს“. თ. გვანცელაძემ უარყო აქამდე არსებული ეტიმოლოგიური ახსნა და ტყვარჩელს განმარტავს, როგორც ყოჩივარდებით მოფენილ ადგილს. ტყვარჩელია მეგრულად ყოჩივარდას აღნიშნავს. კოდორის მარჯვენა ნაპირზეა დრანდა, საეპისკოპოსო ცენტრი (დანდრას ეპ.).
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ენგურის მარჯვენა ნაპირზე აღნიშნულ პუნქტ წიფურიას ცალკე შევეხებოდით. წიფურია (ჭიპურია, წიფია, სიპია), როგორც ვიცით, ლევან II დადიანის (1611-1657) დროს ძალზე დაწინაურებული პუნქტი იყო ოდიშის სამთავროში. აქ მოღვაწეობდნენ იტალიელი მისიონერები, ასევე იყო სავაჭრო და საგანმანათლებლო ცენტრი. უცხოელი მოგზაურები წიფურიას ოდიშის საეპისკოპოსოთა შორის იხსენიებენ, წიფურიელით სათავეში, თუმცა წყაროებით არ დასტურდება, რომ წიფურიაში საეპისკოპოსო ცენტრი იყო.
ჩვენ მიერ ნანახ უამრავ რუკათა შორის მხოლოდ ერთადერთ, 1723 წლის, საქართველოს ფრანგულ რუკაზე წიფურია, წარწერით: „სიპიას“ საეპისკოპოსოს ნიშნით, ჯვრითაა აღნიშნული და მდ. ენგურის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.
1633 წელს სამეგრელოში ჩადიან არქანჯელო ლამბერტი და ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი წიფურია მათ თავიანთი საქმიანობისათვის მხოლოდ 1635 წელს გადაეცათ. საინტერესოა, თუ სად მდებარეობდა XVII საუკუნის I ნახევარში ოდიშის სამთავროში დაწინაურებული პუნქტი წიფურია?
სოფელ თაგილონში (გალის რაიონი), ენგურის ნაპირზე, ნიკოლოზ ადამიას სახლის მახლობლად, გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიუთითებდნენ „წიფურიას“ ადგილსამყოფელს, სადაც ნაგებობათა და სასაფლაოს ნაშთები მდ. ენგურს ჰქონდა მიტაცებული, სადაც შემორჩენილი ყოფილა რიყის ქვით ნაგები გალავნის ნაშთი 11,5 მეტრი სიმაღლის, მის შიგნით კი ეკლესიის ნაშთები, ამ ადგილს მოსახლეობა დღესაც კი წიფურიას ეძახის. შამგონა-კახათის (ზუგდიდის რაიონი) ქვემო უბანში, სადაც ენგურის მეორე შტო გადის, ქვის ნაგებობათა ძველი ნაშთებია, ამ ადგილს სოფელ შამგონას მოსახლეობა წინაპართა გადმოცემით „წიფიას“ უწოდებს, თაგილონის „წიფურიასა“ და შამგონას „წიფიას“ შორის მანძილი 3 კმია. თ. ყალიჩავას აზრით, ეს ორივე „წიფურია“ და „წიფია“ ერთი და იგივე სავაჭრო ცენტრი უნდა იყოს.
წიფურია რომ მართლაც თაგილონში უნდა ვივარაუდოთ, მიგვანიშნებს სოფლიდან 1,5 კმის მანძილზე არსებული ადგილი „შაბათერის ციხე“. სავარაუდოდ, ეს შარდენის „საბახტარის ციხეა“, რომელსაც მან წიფურიაში აფხაზთა თავდასხმის საშიშროებისას შეაფარა თავი.
არქანჯელო ლამბერტის რუკაზე ჩიპპურიასთან მოსაზღვრე პუნქტები წამხარი (ზამხარ) და კადარი (კადარს), დღესაც არსებობს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წამხარი სოფელ თაგილონის ერთერთი უბანია, კადარი კი – სოფელი კოკის.
ჩვენი აზრით, XVII საუკუნეში თაგილონი და შამგონა ერთიან სოფელს წარმოადგენდა, დღეს ეს სოფლები შუაზე იყოფა მდ. ენგურის მარჯვენა დეტალით. თავის მხრივ შამგონა დღეს კუნძულს წარმოადგენს. ტოპონიმი წამხარი, რომელიც სოფელი თაგილონის შემადგენლობაში შედის, აქ ნაეკლესიართან თორიების საგვარეულო სასაფლაოა. გადმოცემით აქ უწინ სოფელ შამგონის სასაფლაოც ყოფილა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ თაგილონი და შამგონა ოდესღაც ერთი სოფელი იყო, რადგან შეუძლებელია ერთი სოფლის სასაფლაო მეორე სოფელში ყოფილიყო. სავარაუდოდ, თაგილონი და შამგონა მდ. ენგურმა მას შემდეგ გაყო, რაც კალაპოტი იცვალა. მისი კალაპოტის ცვალებადობაზე კი მიუთითებს სოფ. თაგილონში არსებული ტოპონიმი „ნაინგრ“ (მეგრ.), ქართულად – ნაენგურალი, ასევე ტოპონიმი კადარი. ის ლამბერტის რუკაზე ენგურის მარჯვენა ნაპირზეა, დღეს კი მარცხენაზე. ადრე სოფელი კოკი სახელწოდებით ბარბალო ყვაპუ შერვაშიძის მამული იყო ბედიასთან და ფახულანთან ერთად, სწორედ ამ კოკის უბანია დღეს კადარი. 1840 წელს ოდიშის სამთავროსა და სამურზაყანოს საზღვრად მდ. ენგურის ახალი კალაპოტის მარჯვენა ტოტი დადგინდა, რითაც ბეჟან შერვაშიძის კუთვნილი სოფლები დიდი და პატარა კოკი დავით დადიანმა მიითვისა.
როგორც ვნახეთ, ენგურის კალაპოტის ცვლილებამ სოფ. კოკი ენგურის მარცხენა ნაპირზე მოაქცია, ასეთ კალაპოტის ცვლილებას თავისი კვალი უნდა დაეტოვებინა წიფურიაზეც (თაგილონი-შამგონა). ვიზიარებთ რა თ. ყალიჩავას მოსაზრებას, ჩვენ გვგონია, რომ სოფელი თაგილონის „წიფურია“ და შამგონას „წიფია“ ერთად ქმნიდნენ შუა საუკუნეების „წიფურიას“ (ციპპურიას).
ქრისტოფორო კასტელს თავის ალბომში მოცემული აქვს ვინმე შამონო გელას პორტრეტი, მისიონერების მსახურ თებორასთან ერთად. სურათზე ასეთი წარწერა არის გაკეთებული: „ჩვენი კეთილისმყოფელის, სამეგრელოში განთქმული ღვინის დიდ მსმელის, შამონო გელას პორტრეტი“. ვ. ზუხბაიამ ეს სურათი შეიტანა თავის ნაშრომში „თაგილონი“, რომელშიც სოფლის ისტორია და იქ მცხოვრებთა გვარები. ამ პორტრეტმა მიიქცია ჩვენი ყურადღება და გამოვთქვამთ მოსაზრებას თაგილონისა და შამგონას ერთ „წიფურიაში“ გაერთიანების შესახებ. თვითონ ტოპონიმი შამგონა პროფ. პ. ცხადაიამ შეიტანა თავის ნაშრომში „ათასი მეგრული ტოპონიმი“, სადაც ვკითხულობთ: „შამგონა სოფელი, საკრებულო ენგურის ნაპირას (ზუგდიდის რნი), შამგუ, შანგულა ყოფილა ყურძნის ჯიში, ჩამოუტანია შანგუ გოროზიას“. ანალოგიური თქმულება ჩვენც მოსმენილი გვქონდა სოფ. სამგონაში, ამიტომ ხელმეორედ გადავამოწმეთ 2007 წლის იანვარში. უხუცესთა თქმით, მათ სოფელში ვიღაც შამგულს თუ შანგუს ვაზი ჩამოუტანია, იქ გაუშენებია და ამიტომაც მის საპატივსაცემოდ სოფელს შამგონა ეწოდა. დიდია ცდუნება კასტელის პორტრეტის შამონო გელა და სოფ. შამგონას მცხოვრებთა თქმულებაში ასახული შამგუ თუ შანგული (ორივე ფონეტიკურად ჰგავს ერთმანეთს, თან ორივეს სახელი ღვინოსთან და ყურძენთანაა კავშირში), ერთ პიროვნებად წარმოვიდგინოთ. ასეთ შემთხვევაში, თაგილონისა და შამგონას ერთად „წიფურიაში“ გაერთიანების მოსაზრება მეტ არგუმენტს შეიძენდა.
წყაროებიდან ნათლად ჩანს, რომ მდინარეების – ენგურსა და კოდორს შორის მდებარე ტოპონიმიკა და ჰიდრონომია მთლიანად ქართულია (მეგრული, სვანური) და უსაფუძვლოა აფხაზ ისტორიკოსთა მტკიცება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორია დღევანდელ საზღვრებში მათი განსახლების არეალი იყო.
ამასთან დაკავშირებით მაგალითისათვის მოვიყვანთ XVII ს-ის რამდენიმე საეკლესიო საბუთში დადასტურებულ ენგურს გაღმა მცხოვრებთა გვარებს.
აფხაზეთის საკათალიკოზო გამოსავალი მოსაკრებლის დავთარში ჩამოთვლილია შემდეგი გვარები:
ნაჟანეულში: უჩია, ჯაკობია, დიდია, კოდია, ჯგუბერია, ბუბუტია, შუშანია, კუატარა, მჭითანაა (ჭითანავა?), აბრამიასშვილი, ძაძუა, სამელია, გოგილაა, გოგილა (გოგილავა), მატოფია, მარკოზია, ჯომნია (ჯომინავა?), ციკუტია (ციკუტანია), გვანიშაი ბაგუძელა, ღრუბალია, გურუა, ხისტარია, მესტუმრია, ცისტარია, ლოგუა, მარსალია, ელიშია, კონჯარია, გვიტიშია, ფიოლია, კოტარია, კონტარია.
ხიორში: დიდია, ჩაგუა, ლასურია, მეზურგნია, მამამულია, ქუნია, ჯიტა, გრიგოლია, ჯიქია, ბიჭვა (ბეჭვაია?), დამაკოჩია, ამბალია, ჯომინა (ჯომინავა?), კაკუა, ქურია, ჯაკობია, კოსტაია, გამრეკვალია, ხარგუა.
მუხურში: კიტია, პერტია, ძღირუა, გავაშელი, ქორჩოლუა, ჯაკონია, ღუაჯაგია, მახუტია, არტონია, ხვინგია, მიქელია, ბიგუა, ჯიმია, ღუაჯაგია, ქშია.
თელითში: თიფშუა, მარტიშია, ცქურია, შენია, გულუა, სთევანესკირი, ჟვანესკირია (ჟვანია?), მომარდია, ბულია, თუთაშხია, ფაჟა (ფაჟავა?), კირჩხელი, ხუხუა, ზარქუა, შანტია, შარინავა, ცისკარავა, მალურავა, მარხალია, ჩხირუა, გირგოლავა, გირგოლა.
ხაჟუელში: ვარდანია, ვართანგია, ფარსმანია, ბაგია მითანაფი, გინძია, ჩოქუა, კუკაა (კუკავა?), წებელარია, ხალიბესშვილი, გირდია, სალატია, დუშია.
გუფუში: ვარდანია, შონია, ხვიტია მისერია, ნისერია, შარინა, მაჭიხულია.
ტყაურუში: შამბია, ჭუჭურია, დათია.
ჭალაში: გოგორდავა, ჩაგალია, ბიშხუფლია, ჭანია, ფილია, გიჭორდი ჰკა, მარღია, ბიბილია.
დავთარში ერთი და იმავე გვარის მატარებელი რამდენიმე პირია ჩამოთვლილი, ამიტომ ჩვენ მხოლოდ თითო გვარი ამოვწერეთ.
დასავლეთ ევროპული რუკებისა და ქართული საეკლესიაო საბუთების მონაცემები ნათლად წარმოაჩენენ იმ ტოპონიმიკურ რეალობას, რომელიც დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო გვიანშუასაუკუნეებში, ამიტომ უსაფუძვლოა ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრება, რომ ტოპონიმები აფხაზურად წარმოაჩინონ, რითაც თითქოს ხაზს უსვამენ ამ ტერიტორიაზე აფხაზ-აფსუათა უწყვეტ განსახლებას.
თავი VI
XV-XVIII საუკუნეების დასავლეთ ევროპული რუკები აფხაზ-აფსუათა თავდაპირველი სამშობლოს ლოკალიზების დასადგენად
ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველი მონოგრაფიული ნაშრომი, რომელიც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზების (აფსუების) ეთნიკური წარმომავლობის საკითხს შეეხო, არის პ. ინგოროყვას „გიორგი მერჩულე“, რომელშიც უარყოფილია აფხაზების (აფსუების) აბორიგენობა აფხაზეთში და ხაზგასმულია მათი ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლება.
აღსანიშნავია, რომ XVIII-XIX სსის უცხოელი ავტორები აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთით აბაზას ტომის განსახლებაზე მიგვითითებენ, ასევე მოგვეპოვება ცნობები აბაზების ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრების შესახებ.
აფხაზების (აფსუების) თავდაპირველი საცხოვრებლის გარკვევისას თ. გვანცელაძემ ყურადღება გაამახვილა „ისტორიანი და აზმანის“ ერთ მონაკვეთზე, სადაც წერია: „თვით მეფე დაჯდა სიხარულად და განსუენებლად და ნადირობად. ოდესმე, ჟამსა ზამთრისასა, გარდავიდეს ლიხთიმერეთს და მიუწიის ზღუად პონტოსა, მოიწიის და მოინადირის ალანთა ქუეყანა, რომელ არს აფხაზეთი, ოდესმე გურგენის ზღუამდე“.
ციტატის ანალიზის შედეგად თ. გვანცელაძე ასკვნის, რომ XII ს-ის II ნახევარში ეთნიკური აფხაზეთი მდებარეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, მდ. ყუბანის აუზში და შედიოდა ალანთა ანუ ყარაჩაელ-ბარყარელთა პოლიტიკურ გაერთიანებაში.
ისმის შეკითხვა: „ისტორიანი და აზმანის“-ს ავტორი „აფხაზეთში“ გულისხმობს ვიწრო, ეთნიკურ მხარეს, თუ ფრაზაში „ალანთა ქუეყანა, რომელ არს აფხაზეთი“, ხაზგასმული აქვს აფხაზეთის ე.ი. საქართველოს პოლიტიკური გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაზე, კერძოდ ოსეთზე (ალანიაზე).
თ. გვანცელაძეს თავისი არგუმენტების გასამყარებლად მოაქვს მის მიერ მიკვლეული, ჯაკოპო გასტალდის, 1561 წლის რუკა, რომელზეც აფხაზეთი (აბცვას რეგი) და პუნქტი აყვა (აკვა), დღევანდელი სოხუმის აფხაზური (აფსუური) სახელწოდება, მდ. ყუბანის აუზშია დატანილი. გასტალდის რუკის მონაცემებს ეხმაურება ჰონდიუსის (ჰონდიუს) XVII საუკუნის ერთერთი რუკა, რომელიც პროფ. დ. ნინიძემ მოგვაწოდა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ.
აღნიშნული რუკა პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში. რუკაზე საქართველო აღნიშნულია წარწერით „გეორგურია“, ზემოთ აქვს წარწერა „პეტიოგორსკი“, რაც რუკის შემდგენელის შეცდომა უნდა იყოს. პუნქტები წითლადაა აღნიშნული. შავ ზღვასთან დატანილია პუნქტი „დიოსკურიას“ ე.ი. სოხუმი. ზემოთ ტერიტორიას, სადაც მდინარეა დახატული (ჩვენი აზრით, მდინარე ყუბანი) აწერია „ჩირკაას“ (ჩერქეზეთი). იქვე მდინარესთან აღნიშნულია პუნქტი „აკუა“ სოხუმის ამჟამინდელი აფსუური სახელწოდება, იქვეა პუნქტი „ზინგის“, რაც სატომო სახელ ჯიქთან უნდა იყოს კავშირში. რუკაზე, საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნულია პუნქტი „ციპიცე“, რომელიც, ჩვენი აზრით, თბილისი უნდა იყოს.
ინგლისელი მოგზაურის, ჯონ მანდევილის 1375 წლის ცნობით, საქართველო „იწყება მაღალ მთასთან, რომელსაც ჰქვია აბსონ, იქ ცხოვრობს საოცარი ხალხი, უწოდებენ ალონ. თ. გვანცელაძის აზრით, აბსონ უნდა იყოს აფხაზეთის აფსუური სახელწოდება „აბსნე“, ხოლო „ალონ“ – ალანი. მისი აზრით, მანდევილის ცნობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება აფხაზების ეთნიკური სამშობლოს ჩრდილოეთ კავკასიაში ლოკალიზება, კერძოდ ალანთა გაერთიანებაში.
აფხაზეთის რუკებზე ლოკალიზების შესახებ ზოგადი სურათის შესაქმნელად, მოგვაქვს რამდენიმე რუკის მონაცემები, აქედან ორი (I, II) პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში XVII საუკუნის მოღვაწე კარტოგრაფის პიერ დიუ ვალის 1660 წლის რუკა. რუკაზე სამეგრელო წარწერით „მინგრელიე“ ჯიქეთამდის ვრცელდება, იქვეა პუნქტები „საუასტოპოლი“ – იგივე სოხუმი და „ესხისუმუნი“, რაც თურქულად „ძველ სოხუმს“ ნიშნავს და 1578 წ., ოსმალთა მიერ სოხუმში აგებულ ციხეს უნდა შეესაბამებოდეს. ასევე სამეგრელოშია „ფაზო“ – ფოთი. თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზის აღმნიშვნელი (ან აფხაზეთის) ტერმინი არ გვხვდება, სამაგიეროდ კავკასიონის ქედს გადაღმა მდ. ყუბანის აუზში მთის ძირას, რომელსაც „ალანს“ (ალანები) აწერია, აღნიშნულია ტერიტორია წარწერით „სონჩა აბასას“ ე. ი. აბაზები (აფხაზები).
სახელწოდება „სონჩა აბასას“, ჩვენი ვარაუდით უნდა შეესაბამებოდეს ევლია ჩელების მიერ მოხსენიებულ აფხაზურ-აბაზურ ტომთან, რომელსაც ჩელები „სოჩა“-ს უწოდებს. ტოპონიმი „სოჩა“ მომდინარეობს უბიხური თემის „საჩა“-ს სახელწოდებიდან. თუ „სონშა აბასას“ და ევლიასეული აბაზური ტომი სოჩა ერთი და იგივეა, მაშინ ოდესღაც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები (სოჩა) ტომი, XVII ს-ში უკვე შავი ზღვის ნაპირებთან გვხვდება. იქვეა პუნქტები „ზინგის“ და „ზინგურს“, პირველი ასევე ყუბანის პირასაა ჩვენ მიერ ზემოთ აღნიშნულ ჰონდიუსის რუკაზე, პუნქტ „აკუა“ს გვერდით.
1667 წლის რუკა, სახელწოდებით „კოლხეთი, იბერია, ალბანეთი“. რუკა შედგენილია ძველი (IV სს.) რეალობის გათვალისწინებით. ძველი კოლხეთის ტერიტორიას აწერია და დაყოფილია შემდეგ ერთეულებად: ჰენიოხ-მახელონია, ლაზიკა, დღევანდელი სამეგრელოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მდ. რიონსა და მდ. კოდორს შორისაა აფშილეთი და ორი აბაზგია, მთებშია აღნიშნული სვანეთი და კავკასიის ქედს გადაღმაა ლეჩხუმი.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, სავარაუდოდ მდ. ყუბანის აუზში მითითებულია ტერიტორია წარწერით „შიდა აბასგია“, თუმცა ის კოლხეთის შემადგენლობაშია შეყვანილი. საინტერესო ფაქტია, რომ რუკის ავტორს სამეგრელოს ტერიტორიაზე (შეცდომით) აბაზგების აღნიშვნის მიუხედავად, კიდევ ერთი აბაზგია ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოუდგენია. თვით ეპითეტი „შიდა“ აშკარად მიგვანიშნებს ჩრდილოეთ კავკასიაზე. მდ. კოდორს გაღმა არიან კორაქსები, სანიგები, ჰენიოხები იგივე სან-ჰენიოხები, ჯიქები, ასელები და ჩერქეზები.
ინგლისის სამეფო გეოგრაფის ეროუსმიტის XVIII საუკუნის დასასრულის რუკა, სახელწოდებით „ევროპა“, მისი მოკლე მიმოხილვა გამოქვეყნებულია პროფ. დ. ნინიძის მიერ. რუკაზე სამეგრელო დატანილია წარწერით, მის ჩრდილოეთ-დასავლეთ, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ვხვდებით წარწერას, კიდევ ერთი ჩრდილოეთ კავკასიაშია დატანილი.
როგორც ვხედავთ, სხვადასხვა დროის მოღვაწე სხვადასხვა კარტოგრაფს აფხაზეთი ჩრდილოეთ კავკასიაში უმეტესად ჩერქეზებთან და ალანებთან სიახლოვეს წარმოუდგენიათ, ამიტომ თ. გვანცელაძის მოსაზრება აფხაზების (აფსუების) ეთნიკური სამშობლოს ალანთა (ყარაჩაელ-ბალყარელთა) გაერთიანებაში ლოკალიზაციის შესახებ დასაშვებად მიგვაჩნია.
ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, თითქოს აბაზები ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლებული აფხაზები არიან, თითქოს ისინი XVII საუკუნის დასაწყისიდან იწყებენ მიგრაციას, თუმცა ასეთ მოსაზრებას არანაირი წყაროთმცოდნეობითი საფუძველი არ აქვს (ამგვარი ცნობა არ ჩანს არცერთ წერილობით წყაროში), სამაგიეროდ არსებობს XVI საუკუნეში ჯაკოპო გასტალდის (1561) და მერკატორის (1595) რუკები, რომლებზეც აფხაზეთის ოლქი და სოხუმის აფსუური სახელწოდება „აკუა“ ყუბანისპირეთში გვხვდება.
აღსანიშნავია, რომ XVI საუკუნის II ნახევარიდან თურქულ ოფიციალურ დოკუმენტებში (ენაში) ტერმინი „აფხაზ“ი შეცვალა კრებითმა სახელმა „აბაზამ“. ც. აბულაძის აზრით, აფხაზ/აბაზა ტერმინთა დადასტურების ქრონოლოგიას თითქმის დოკუმენტური მტკიცება აქვს თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსუათა მოსახლეობის შესახებ.
აფხაზების (აფსუების) ჩრდილო კავკასიიდან მიგრაციის დადასტურების თვალსაზრისით საინტერესოა „ნართების ეპოსის“ აფხაზური ვერსია. ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეპოსი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: 1. როდესაც მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება და 2. თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობას მოგვითხრობს, რაც გვიანდელი პერიოდის ამსახველი უნდა იყოს.
ამჯერად „ნართების ეპოსიდან“ ორ (ძირითად) თქმულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
1) „თქმულება აფხაზეთის მთავარზე“. აქ საუბარია ბერძენ მთავარზე, რომელსაც შვილი შეეძინება თუ არა, უკვდება. ერთხელ მას მთის გადაღმელი (ქედსგადაღმელი) აჩბა ეწვევა, ვაჟს მოსტაცებს და თვითონ გაზრდის, ხოლო როცა ბიჭი წამოიზრდება, მამას მოუყვანს, ამის სანაცვლოდ აფხაზეთში დასახლებას მოითხოვს თავის სამ ძმასთან ერთად. ამის მერე ერთი სოჩასთან ახლოს სახლდება, მეორე სოფელ აჭანდარაში, მესამე ლიხნში და მეოთხე აბჟუაში. ამ ცნობაში ნათლად შეგვიძლია დავინახოთ აფხაზების (აფსუების), ამ კონკრეტულ შემთხვევაში აჩბების (ანჩაბაძე) მიგრაციის ფაქტი ჩრდილოეთ კავკასიიდან.
2) თქმულება სასარიყვაზე. ნართების თქმულების ერთერთი მთავარი გმირი არის სასარიყვა. ის ქვიდან არის გაჩენილი. მწყემს ზართიჟვის მიერ მდინარე ყუბანის გაღმიდან ნატყორცნი „ბობალი“ ლოდს მოხვდა და ზედ ადამიანის სახე დაიხატა. ამ კაცის სახელოდს, სათანეი გვაშა ცხრა თვე მარჯვენა იღლიის ქვეშ ამოდებული ატარებდა და ბოლოს აინარმჭედელს ამოაყვანინა ქვიდან ბავშვი. სასარიყვაზე დედამისი სათანეი გვაშა თავის სხვა შვილებს (ვაჟებს) ეუბნება: „თქვენსავით ის არ უშვია დედას, ის გაჩნდა ქვიდან, განგების ძალით, იქ სად ჩამოდის ყუბანის წყალი“.
როგორც ვხედავთ, აფხაზების (აფსუების) თქმულებაში მათი ერთერთი გმირი მდ. ყუბანის პირას ჩნდება, რაც ჩვენი აზრით, პირდაპირ მიუთითებს მათ თავდაპირველი საცხოვრისის (სამშობლოს) ლოკალიზებაზე. იგივე „ნართების ეპოსის“ მიხედვით, პირდაპირი ცნობა მოგვეპოვება ნართი მწყემსების მიერ თავიანთი საქონელის ზღვისპირეთში ჩამოყვანის შესახებ, თუმცა ისინი მაინც მდ. ყუბანის ველზე ბრუნდებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ „ნართების ეპოსის“ აფხაზური ვერსია, რომელიც აფსუათა საზოგადოების წიაღში იშვა, პირდაპირ მიგვანიშნებს აფხაზების (აფსუების) ჩამოსახლებაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე.
აფხაზების (აფსუათა) თავდაპირველი სამშობლო რომ ყუბანისპირეთი იყო, ამის შესახებ პირდაპირ მიგვანიშნებს როგორც „ნართების ეპოსი“, ისე კარტოგრაფიული მონაცემები. ასევე აფხაზთა ყუბანის პირას განსახლებაზე ცნობას გვაწვდის XVI საუკუნის გერმანელი მოგზაური (ელჩი) ჰერბერშტაინი. აი, რას წერს ის: „მეოტიდის ჭაობიდან და პონტოდან მდ. ყუბანის გაყოლებაზე ცხოვრობენ აფხაზები, ... ხოლო ყუბანის შემდგომ მდებარეობს სამეგრელო (მენგარლია)“. აქვე მოგვაქვს XVIII საუკუნის მოღვაწის ვ. ტატიშჩევის ცნობა (ციტირებულია ბ. ხორავას ნაშრომიდან), რომ: „აფხაზეთი სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილია, რომელიც ამჟამად მეტწილად ყუბანელებითაა დასახლებული“.
აფხაზმა ისტორიკოსმა ს. ბასარიამ, რომელიც გამტარებელი იყო აფხაზთა ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლების თეორიისა, იმოგზაურა ჩრდილოეთ კავკასიაში და ვერც ერთ ცნობას ვერ მიაკვლია აბაზების თანამედროვე აფხაზეთიდან გადასახლების შესახებ. მას მხოლოდ სამურზაყანოელი უხუცესის ცნობა მოჰყავს. ამასთან დაკავშირებით საინტერესო შენიშვნას აკეთებს ს. ბასარია, ამიტომაც მოგვყავს ციტატა: „Сами абазины считают, что все они бесспорно выходцы из Абхазии, среди нашего (იგულისხმება თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები) населения на этот счёт существуют разные мнения: есть, даже, которые утверждают, что абазины всегда жили на с. Кавказе, и что, наоборот, мы – абхазы – оттуда перекочевали сюда“. როგორც ვხედავთ, მიუხედავად აფხაზი მკვლევარების მცდელობისა, აფხაზები (აფსუები) აბორიგენ მოსახლეობად გამოიყვანონ, აფხაზებში XX საუკუნის დასაწყისში მაინც ცოცხლობდა ცნობები მათი ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლების შესახებ.
რუსი მკვლევარი ლ. ლავროვი თავის დროზე შეეხო რუსულ ხელნაწერებში, მატიანეებში მოხსენიებულ ობეზების ვინაობის საკითხს, თუმცა დღეს დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ რუსული მატიანეების „обезы“ უნდა გავიგოთ როგორც ქართული „აფხაზის“ ტოლფარდი, რადგან იგი ფართო მნიშვნელობიოთ იხმარება და ზოგადად ქართველის აღმნიშვნელია. გ. პაიჭაძის წიგნი „Обезы русских летописей“, ამჯერად ჩვენ ამ საკითხს არ შევეხებით, უბრალოდ გვაინტერესებს ლ. ლავროვის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ ლიტერატურაში არ მოიძებნება არც ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ აბაზები თანამედროვე აფხაზეთიდან გადასახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, ლ. ლავროვი უარყოფს რა აფხაზთა მიგრაციის პროცესს სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, აკრიტიკებს ს. ტალის მოსაზრებას, თითქოს აფხაზები იმ გადასასვლელებით სარგებლობდნენ, რომლებიც ადლერისა და ლაზერევსკოეს რაიონებში მდებარეობს. ის აღნიშნავს, რომ თუ დავაკვირდებით, ამ რაიონების მიდამოებში ცხოვრობდნენ არა აფხაზები, არამედ უბიხები და აბაზები“.
წერილობითი წყაროების, სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალის ანალიზის საფუძველზე უფრო დამაჯერებელი და არგუმენტირებული ჩანს მოსაზრება აფხაზების (აფსუების) ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ, ყუბანისპირეთიდან ჩამოსახლების შესახებ.
აქვე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ „ისტორიანი და აზმანის“ ერთ ადგილზე, სადაც დასახელებულია გიორგი IV-ის მეტსახელი „ლაშა“. იქ აღნიშნულია, რომ ეს სახელი „ითარგმნა აფსართა ენითა“, გაზიარებულია მოსაზრება, რომ ეს ადგილი რედაქტირებულია და ის XVII საუკუნემდე შედგენილ არც ერთ ხელნაწერში არ გვხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რედაქტორი აფსართა ენაში თანამედროვე აფხაზ-აფსუების ენას გულისხმობს, რომლებიც თ. გვანცელაძის აზრით, XII საუკუნის II ნახევარში ალანთა გაერთიანებაში შედიოდნენ.
იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი IV ლაშას მამა, დავით სოსლანი ალანი იყო, ვვარაუდობთ, რომ აფსუა-აფსართა ენაში განმანათლებლის აღმნიშვნელი სიტყვა „ლაშა-ალაშა“, გიორგი IV-ს დაარქვეს მის ალანურ კავშირზე ხაზგასასმელად, რაც ბ. ხორავას აზრით, ქართულ-კავკასიური პოლიტიკური კავშირის განმტკიცებას ემსახურებოდა.
XVII ს-ში კოდორსა და ენგურს შორის მოსახლეობა ქართულია (მეგრული), აფხაზ-აფსუები მხოლოდ XVII ს-ის II ნახევარში იწყებენ დასახლებას ამ ტერიტორიაზე.
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მონაცემების და კარტოგრაფიული მასალის ანალიზის საფუძველზე უფრო დამაჯერებელი და არგუმენტირებული ჩანს მოსაზრება გვიანშუასაუკუნეებში მოსახლე აბხაზ-აფსუათა ჩრდილოეთ კავკასიიდან. კერძოდ ყუბანისპირეთიდან ჩამოსახლების შესახებ.
დასკვნები
1. ოდიშის ერისთავ დადიანებს, ჩვენი აზრით, ამანელისძეთა საგვარეულოსთან გარკვეული კავშირი ჰქონდათ, ამის საფუძველზე ისინი ცხომის საერისთავოზე ერთგვარ გავლენას ავრცელებდნენ, რაც რუსუდანის მეფობისას უნდა დაეკარგათ. სავარაუდოდ ეს ცვლილება ცხუმში ვერცხლის მონეტის მოჭრას უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც 1230 წელს მოიჭრა და ჩვენი ვარაუდით, ის დავით ნარინის თანამოსაყდრედ გამოცხადებას უნდა უკავშირდებოდეს. XIV საუკუნის დასაწყისში გიორგი I (გარდ. 1323) დადიანის დროს აღადგინეს ძველი უფლება ცხუმის საერისთავოზე და ამის შემდეგ ეს ტერიტორია სამეგრელო/ოდიშის ორგანული ნაწილი იყო პოლიტიკურად და ეთნიკურად, სანამ XVI-XVII საუკუნეებში აფხაზთა მიერ არ მოხდა ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის მიტაცება;
2. ოდიშის საერისთავოს საზღვრები XIV-XV საუკუნეებში არა მდ. ბზიფზე, არამედ მდ. ფსოუმდე (მზიმთა) ვრცელდებოდა და მთელი აფხაზეთი ოდიშის საერისთავოში შედიოდა;
3. XVI ს-ის მიწურულს სოხუმის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქართველი (მეგრელი) ქრისტიანები იყვნენ;
4. 1580 წ. თურქთა მიერ სოხუმის დატოვებისა და საბეგლარბეგოს გაუქმების შემდეგ იქ კვლავ დადიანის გავლენა აღსდგა;
5. აფხაზ-აფსუათა ძირითადი მასის სოხუმში გამოჩენა 1578 წ. თურქთა მიერ სოხუმის საბეგლარბეგოს დაარსების დროს ხდება;
6. ლევან II დადიანის მმართველობის დროს აფხაზები ჯერ კიდევ ოდიშის მთავრის გავლენას ექვემდებარებიან, „აფხაზნი და შარვაშიძენი ყმობდნენ და ულაშქრებდნენ დადიანსა“, ამიტომ XVII ს-ის I ნახევარში აფხაზეთის სამთავროს არსებობის ფაქტი ნაკლებად მოსალოდნელია;
7. XVII სის 60-იან წლებშიც ვამეყ III-ისა და ლევან III-ის პერიოდში აფხაზეთი კვლავ რჩება დადიანთა გავლენის ქვეშ, და მათ სუვერენობას ცნობენ;
8. XVII სის 80-იან წლებში აფხაზთა მთავრებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ტერიტორია მდ. ენგურამდე, რომელიც სამად განაწილდა, თუმცა ტერიტორიაზე მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის (სამურზაყანო), მიუხედავად იქ შარვაშიძეთა გვერდით შტოს მმართველობისა, მაინც ოდიშის მთავართა გავლენა ხორციელდება;
9. XVII სის 80-იანი წლებიდან აფხაზთა მთავრები სრულიად გამოდიან ოდიშის მთავართა გავლენიდან და ყოველგვარი ვასალური დამოკიდებულებისაგან თავისუფლდებიან, ამიტომ სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელი აფხაზეთის სამთავრო;
10. ოდიშის სამთავროში საუფლისწულოთა წარმოქმნის თავისებური ფორმა არსებობდა. გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში ოდიშის მმართველები, თავისი მეზობლების მიწების ხარჯზე აფართოებენ თავიანთ სამფლობელოს. ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე დადიანები თავის ერთგულ პირებს, კონკრეტულ შემთხვევაში თავის ძმას ან შვილს სვამენ. მათ ეს ტერიტორია უფლისწულობის სტატუსით გადაეცემოდათ, როგორც ეს მოხდა „სალიპარტიანოს“ შემთხვევაში;
11. პარალელურად იკვეთება ანალოგიური ტენდენცია იმ ტერიტორიების მიმართ (სვანეთი, გურია), რომელზედაც დადიანებს რაიმე პრეტენზია გააჩნიათ, აქაც ისინი თავის ძეებს ან ძმას აუფლებენ;
12. წყაროთა ანალიზით გამოიკვეთა, რომ დადიანების პირველი შტოს მმართველობის პერიოდში სალიპარტიანოს გარდა სხვა საუფლისწულოებიც არსებობდა;
13. ბათულია დადიანის, რომელიც შემოერთებულ ტერიტორიას (აქაც იკვეთება ოდიშის სამთავროში საუფლისწულოს წარმოქმნის თავისებურება) საჯავახოს ფლობდა. პირობითად მას „საბათულიო“ ვუწოდეთ;
14. ასევე არსებობდა მამია IV დადიანის საუფლისწულოები, რომელიც ჭილაძეთა მამულებისაგან უნდა შექმნილიყო;
15. ოდიშის სამთავროში ლევან II (1611-1657) დადიანის დროს არსებობდა ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი „სახევისთავო“, რომელიც თავის თავში სოციალურ დატვირთვას ატარებდა. ის, ჩვენი აზრით, აერთიანებდა სასოფლო თემებს, მათ შორის, საკათალიკოზო და საეპისკოპოსოში შემავალ თემებს და კონკრეტულ საზღვრებში არ იფარგლებოდა. „ხევისთავის“ ხელი, ჩვენი ფრთხილი ვარაუდით, მოურავს უნდა შეეთავსებინა;
16. „ხორგის ქვეყანა“, რომელიც სავარაუდოდ სოფელ ხორგის მიმდგომი ტერიტორიებისგან შედგებოდა და ერთმანეთში აერთიანებდა როგორც საკათალიკოზო მამულებს, ასევე ჯაიანთა მფლობელობაში მყოფ სოფლებსაც. „ქვეყნის“ ცენტრი კი სოფელი ხორგა უნდა ყოფილიყო;
17. „ხევისთავის“ სახელოს სავარაუდოდ ოდიშის სამთავროში, ზოგიერთ შემთხვევაში მოურავი ფლობდა. იმის გათვალისწინებით, რომ დეისმა ჯაიანი ხორგის მოურავია და საკათალიკოზო მამულზეც მიუწვდება ხელი, მიგვაჩნია, რომ „სახევისთავო“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ხორგის ქვეყნის“ შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო;
18. ჩვენ ვერ გავიზიარებთ ისტორიოგრაფიაში არსებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში „ხევი“ არ არსებობდა; დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი მეგრელ-ლაზთა განსახლების არეალში ტერმინ „ხევს“ უნდა შეესაბამებოდეს მეგრული სიტყვა „მუხური“, „მოხევეს“ – კი „მოხურუ“ – სადაც ძირი უნდა იყოს „ხორ“ (სვანურად „ქორ“ – სახლს ნიშნავს) ან „ხურ“, რაც სამოსახლოს და დასახლებას ნიშნავს;
19. ტერმინი „მუხური“ ასევე უნდა შეესაბამებოდეს ტერმინ „ქვეყანას“, რადგან მეგრული სიტყვა „ქიანა“ (ქვეყანა) ზოგადად მსოფლიოს ძველი გაგებით „სოფელს“ აღნიშნავს;
20. XVII ს-ში კოდორსა და ენგურს შორის მოსახლეობა ქართულია (მეგრული), აფხაზ-აფსუები მხოლოდ XVII ს-ის II ნახევარში იწყებენ დასახლებას ამ ტერიტორიაზე;
21. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მონაცემების და კარტოგრაფიული მასალის ანალიზის საფუძველზე უფრო დამაჯერებელი და არგუმენტირებული ჩანს მოსაზრება გვიანშუასაუკუნეებში მოსახლე აბხაზ-აფსუათა ჩრდილოეთ კავკასიიდან. კერძოდ ყუბანისპირეთიდან ჩამოსახლების შესახებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий