суббота, 3 февраля 2018 г.

გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში ოცდაათზე მეტი გენერალი მსახურობდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჰქონდა ეს წოდება მეფის რუსეთის დროს მიღებული. მათ შორის იყო გიორგი მაზნიაშვილი. ამასთანავე, იგი შტაბის გენერალი არ ყოფილა, სამხედრო ნაწილებს უშუალოდ ფრონტის ხაზზე სარდლობდა და შესანიშნავი მცოდნე გახლდათ მეომართა ფსიქოლოგიისა. საშუალო ტანის, გამხდარი აღნაგობის გენერალი პრინციპულობით, ვაჟკაცური ხასიათითა და სამართლიანობით პატივისცემას იწვევდა, იმათ შორისაც კი, ვინც პოლიტიკურად არ ენდობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მკაცრი და უკარება ეგონა, საოცრად სენტიმენტალური და მიმნდობი ადამიანი იყო. ინიციატივიანი გახლდათ, პრობლემების მოგვარებისა და გადაჭრის მისწრაფება ჰქონდა, ფრონტის ხაზზეც ყველაფერს აკეთებდა დასახული სამხედრო ამოცანის შესასრულებლად.
„გენერალი მაზნიაშვილი მამაცი იყო. რამდენჯერმე ვნახე სროლების ქვეშ და შემიძლია დავამოწმო. მაშინაც მამაცურად იქცევა როცა სიტუაცია ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას რომ ზედმეტი სიმამაცისგან ზარალდება კიდეც. ის ხშირად რისკავს საკუთარი თავით, რამდენჯერმე შეიძლებოდა მისი დაკარგვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის“ - წერდა გენერალი გიორგი კვინიტაძე.
წლების შემდეგ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ვაჟი, სამამულო ომის ინვალიდი ბორის მაზნიაშვილი ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე აგზავნის მიმართვას და ითხოვს მამის, გიორგი მაზნიაშვილის საქმის გადახედვასა და რეაბილიტაციას:
„ვითხოვ, გადაიხედოს გიორგი მაზნიაშვილის საქმე და რეაბილიტირებულ იქნას იგი. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორც სამამულო ომის მონაწილისთვის და ასევე მისი შვილიშვილისთვის“…
ბორის მაზნიაშვილი მამის სიკვდილით დასჯას ლავრენტი ბერიას აბრალებს და აღნიშნავს, რომ ლავრენტი ბერიამ გენერალი მაზნიაშვილი სერგო ორჯონიკის მაკომპრომეტირებლად დააპატიმრა და დახვრიტა. „მამაჩემი სამხედრო მოსამსახურის შვილი იყო. მან იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოფიცრის წოდება მიიღო, 1905 წელს კი რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ წავიდა. 1914 წელს იმპერიალისტურ ომში მონაწილეობდა, რომლის დამთავრების შემდეგ მამა ოქროს იარაღით დააჯილდოეს და გენერლის წოდებაც უბოძეს. 1917 წელს გამოცემული დეკრეტის მიხედვით, ყველა მეომარი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და, შესაბამისად, მამაჩემიც საქართველოში ჩამოვიდა. მენშევიკურმა მთავრობამ გიორგი მაზნიაშვილი თავისი არმიის რიგებში მიიწვია. ამ პერიოდში მას ორჯერ მოუწია ბრძოლა ახალციხესა და ოზურგეთში თურქების წინააღმდეგ. გიორგი მაზნიაშვილი მენშევიკური მთავრობის რიგებში დიდი ნდობით არ სარგებლობდა, რადგან მენშევიკური პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.
საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ გენერალი მაზნიაშვილი თავის ერთგულ პირებთან ერთად ბოლშევიკების მხარეს გადავიდა და მეთერთმეტე არმიის კვალდაკვალ საქართველოს თურქი დამპყრობლებისაგან განმათავისუფლებელ ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ბათუმისა და მთელი აჭარის თურქებისაგან გათავისუფლებას სწორედ მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ ამხანაგმა ორჯონიკიძემ გენერალ მაზნიაშვილს დაავალა, თბილისში სასწრაფოდ დაბრუნებულიყო და საბჭოთა საქართველოს პირველი დივიზიის ფორმირებას შესდგომოდა. ორჯონიკიძის დავალებით მას საქართველოდან გაქცეული ყოფილი მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლებისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ. მენშევიკების რიგებიდან ერთ-ერთ დაკავებულს წერილი აღმოუჩინეს, რომელშიც ჩამოთვლილი იყო იმ ადამიანების გვარები, ვისზეც ყოფილი მენშევიკური მთავრობა იმედს ამყარებდა. ამ სიაში მამაჩემიც გახლდათ. იგი დააპატიმრეს, მაგრამ როგორც უდანაშაულო, მალევე გაათავისუფლეს.
1926 წელს მამა საზღვარგარეთ ოფიციალურად გაემგაზვრა, სადაც ორი წელი დაჰყო. სავარაუდოდ, სერგო ორჯონიკიძისგან, მას საგანგებო დავალება ჰქონდა. თუმცა ქართულმა ემიგრაციამ გიორგი მაზნიაშვილი არ მიიღო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1929 წელს იგი პენსიაზე გავიდა. 1937 წელს მამა და ძმა დამიპატიმრეს. მათი ბედის შესახებ კარგა ხანს ცნობილი არაფერი იყო. 1957 წელს ჩემი ძმა რეაბილიტირებულ იქნა. მიმაჩნია, გიორგი მაზნიაშვილი ლავრენტი ბერიას მოწოდებით დააპატიმრეს, რომელიც სერგო ორჯონიკიძის შესახებ მაკომპრომეტირებელ მასალებს აგროვებდა. გიორგი მაზნიაშვილს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ორჯონიკიძე ენდობოდა“. – ბორის მაზნიაშვილის ეს წერილი და მამის რეაბილიტაციის მოთხოვნა გახდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საქმის გადახედვის მიზეზი.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წლის 29 მარტს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. მამა, გლეხი ივანე მაზნიაშვილი სამხედრო პირი გახლდათ და მანგლისში მსახურობდა. რუსული პოლიტიკის თანახმად, მას გვარი გადაუკეთეს და მაზნიევად დაწერეს. წარმოშობით მათი გვარი მესხეთიდან ყოფილა, რასაც თურქების მიერ შედგენილი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარიც“ ადასტურებს. ამასვე ადასტურებს 1939 წლის საბჭოთა აღწერაც, რომლის მიხედვით ახალციხის რაიონის ფერსას თემის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები მაზნიაშვილები სხვა მესხ გვარებთან ერთად ოსმალური ბატონობის გამო დიდი ხნის გამაჰმადიანებულნი იყვნენ.
ხალხში კი ამ დროს გავრცელებულია მცდარი თქმულება, თითქოს: „აზნაურ დავით გლურჯიძეს ოთხი ქალი და ერთადერთი ვაჟი ჰყავდა - ფრიდონი, რომელიც სამხედრო საქმის  შესასწავლად პეტერბურგში გაგზავნა. ერთ მშვენიერ დღეს ოფიცერმა გლურჯიძემ სტუმრად ოფიცერი  ივანე მაზნიევი ჩამოიყვანა მაზნიევს დანახვისთანავე შეჰყვარებია ფრიდონის და ქრისტინე და ხელი უთხოვია- თუ შენს დას მომათხოვებ, ყველაფერს მივატოვებ და აქ დავსახლდებიო.  მაზნიევმა არა მარტო მოსკოვთან ახლოს მდებარე მამული და სამსახური მიატოვა, არამედ გაქართველდა და მაზნიაშვილად იქცა. ამ სიყვარულის ნაყოფი გახლავთ გიორგი მაზნიაშვილი, რომელსაც დეიდები ზრდიდნენ და „ვეფხისტყაოსანი“ და „ბიბლია“ განუყრელ წიგნებად უქციეს“.
ივანე მაზნიაშვილი შვილის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, რაც პატარა გიორგის სურვილიც ყოფილა. ამიტომ უმცროსი მაზნიაშვილი მშობლებმა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომლის დამთავრების შემდეგ მან მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. მაზნიაშვილმა, რომელსაც მეფის არმიაში გიორგი მაზნოვად იცნობდნენ, თავი გამოიჩინა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც დაიჭრა კიდეც. პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში ის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მოუნახულებია და იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ჯვარი საკუთარი ხელით მიუბნევია გულზე. გამოჯანმრთელებული მამაცი ჯარისკაცი სასახლეშიც მიუწვევიათ.
შემდეგ დაინიშნა ციმბირის პირველი მსროლელი პოლკის მეთაურად პოლკოვნიკის წოდებით. პოლკი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ დასავლეთის ფრონტზე. დაიჭრა ვარშავასთან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მაზნიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ორი ეროვნული დივიზია შექმნა. ამ დროს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას ყველა მხრიდან ცდილობდნენ. დასავლეთიდან ოსმალები და გერმანელები გვიტევდნენ, ჩრდილოეთიდან – რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსავლეთიდან – მუსავატისტები, სამხრეთიდან – დაშნაკები. მაზნიაშვილი ცდილობდა, ოთხივე მხრიდან დაეცვა სამშობლო.
მაზნიაშვილი იგონებს: „მე ჩამოვედი ტფილისში 1917 წ. სექტემბრის 20 რიცხვში, დასავლეთის ფრონტზე სადაც მე ვიყავი გამოვიდა ბრძანება რომ ვისაც სურს, შეუძლია დაბრუნდეს სამშობლოში ეროვნულ სამხედრო ნაწილების შედგენის მიზნით. ჩემთან ერთად ჩამოვიდა 60-მდე ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი. ჩვენ მხნედ და იმედიანად ვგრძნობდით თავს, ეროვნულ სამხედრო ნაწილების შედგენაზე ვამყარებდით დიდს იმედებს. მე დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ნაწილების შედგენას უკვე შეუდგნენ ჩვენში და ველოდი, რომ დღე-დღეზე მიმიწვევდნენ სამსახურში, მაგრამ აღმოჩნდა რომ საქმე ისე არ იყო, როგორც მოველოდი. არავითარი ეროვნული სამხედრო ნაწილი არ არსებობდა. ორი ქართული ლეგიონი, ერთი ქვეითი, ერთიც ცხენოსანი, რომლებიც შესდგა რევოლუციამდე, იმჟამად იმყოფებოდა ფრონტზე, ხოლო ეროვნულ ქართული სამხედრო ნაწილების შედგენა დავალებული ჰქონდა ქართულ სამხედრო კავშირს, რომელმაც ჯერ კიდევ აგვისტოში გაგზავნა თავისი წარმომადგენელი პეტროგრადში ქართული კორპუსის შედგენის ნებართვის გამოთხოვისათვის“. მაზნიაშვილი ინიშნება II ქართული დივიზიის ბრიგადის უფროსად და იწყებს დანაყოფების ფორმირებას თბილისის საწყობების სადარაჯოდ და წესრიგის დასამყარებლად.
1917 წლის ნოემბერში კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკან დამხევი რუსი ნაწილებისგან. თავის მოგონებებში მაზნიაშვილი აღწერს საქმის ვითარებას რომელიც კარგად ასახავს იმ პოლიტიკურ და სამხედრო მდგომარეობას რომელიც საქართველოში იყო სახელდობრ: რუსეთის ჯარი რომელიც იდგა კავკასიის ფრონტზე იმდენად გაიხრწნა რომ თვითნებურად დაიწყეს პოზიციების მიტოვება და დაიწყეს სვლა შინისაკენ ეს ყველაფერი კი მალე გადაიზარდა ქაოტურ წარმოდგენაში რომლის რეალური სახე შემდეგნაირი იყო: ლოკალური დეზერტირობა გადაიზარდა მასიურ დეზერტირობაში და უკვე დივიზიები იხსნებოდა ფრონტის წინა ხაზებიდან რომელთაც გზა საქართველოზე ჰქონდა სავალი, საქართველოს საფრთხე ორი მხრიდან ემუქრებოდა პირველი საფრთხე ეს გახლდათ ოსმალეთი რომლის სამხედრო შენაერთები ფეხდაფეხ მოსდევდნენ უკან დახეულ რუსულ სამხედრო დანაყოფებს და მალე საზღვარსაც გადმოლახავდნენ თუმცა მანამ ოსმალები მოაღწევდნენ ჩვენამდე, იქამდე რუსებმა „დახუთეს“ ქართული პოლიტიკური და სამხედრო სიტუაცია ვინაიდან უკან დახეული რუსი ჯარისკაცები ნავთლუღთან დაბანაკდნენ და როგორც ალყაშემორტმულ ქალაქს ისე გზავნიდნენ მოთხოვნებსა და პირობებს დედაქალაქისაკენ რომელსაც შეტევითა და განადგურებით ემუქრებოდნენ. მათი ერთერთი მოთხოვნა კი გახლდათ ტანსაცმელთან და სურსათ-სანოვაგესთან ერთად გახლდა ისიც რომ ამიერკავკასიის მთავრობა გადამდგარიყო და ხელისუფლება გადაებარებინა საოლქო ყრილობისათვის. ამ პერიოდში ქართული არმია არ არსებობდა როგორც შენაერთი, სწორედ ამიტომ გენერალი მაზნიაშვილი აყენებს წინადადებას იმის შესახებ რომ, ჯარის რიგებში მოწვეული ყოფილიყო მოსწავლე ახალგაზრდობა, მისი წინადადება მიღებულ იქნა და დივიზიის შტაბში თავი მოუყარეს ახალგაზრდობას რომლის ასაკიც 16-20 წლამდე მერყეობდა. სწორედ ეს იყო ახალგაზრდობა რომელმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ქართულ ახალგაზრდულ დივიზიას.
როგორც თავის მოგონებებში აღწერს გენერალი სამაგალითო ყოფილა ამ ახალგაზრდების მოწოდება და მონდომება რომელნიც ღირსეულად ეწეოდნენ სამხედრო ჭაპანს და სიხარულით ემორჩილებოდნენ სამხედრო დისციპლინას, დრო არ ითმენდა მაგრამ აღნიშნული სამხედრო შემადგენლობა არ იყო საკმარისი საფრთხის თავიდან ასაცილებლად სწორედ ამიტომ ხევსურეთში იგზავნებიან ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შალვა ქარუმიძე რომელთაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ხევსურეთში და მათ დაევალათ მოხალისე რაზმების შეკრება ხევსურეთში მოკლე ხანში მათ მიერ შეკრებილ იქნა ოთხასამდე ხევსური მოხალისე რომლებიც დააბინავეს თბილისის სამხედრო სკოლაში და დაუნიშნეს საკმაო რაოდენობის ოფიცრები რომელთაც უნდა მოემზადებინა ეს დანაყოფი საბრძოლო მოქმედებებისათვის, ამავე დროს მაზნიაშვილის მოწოდებით და კაპიტანი ჯაფარიძის მეთაურობით შედგა სტუდენტებისაგან ცალკე ათასეული რომელთა შექმნის მიზანსაც მაზნიაშვილის აზრით წარმოადგენდა ის რომ შემდგომში ისინი დივიზიებში წარმოდგენილები იქნებოდნენ როგორც კარგად მომზადებული უნტერ-ოფიცრები.
ხევსურების თბილისში ჩამოსვლისთანავე 303 ვერსზე თავი მოიყარა ფრონტიდან წამოსულმა 16 მძიმედ აღჭურვილმა ეშელონმა სწორედ ეს ეშელონები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას. მთავრობამ იგრძნო მოახლოებული საფრთხე ვინაიდან ქალაქზე გამოლაშქრება ყოველწუთს იყო მოსალოდნელი სწორედ ამიტომ მთავრობის სასახლეში მიიწვიეს გენერალი მაზნიაშვილი რომელსაც შეხვდა მთავრობის თავმჯდომარეს ევგენი გეგეჭკორს რომელიც დაინტერესდა რამდენად შეძლებდა გენერალი იმ ძალებით რომელიც მის ხელთ იყო დაეცვა ქალაქი იმ შემთხვევაში თუ ისინი დაიწყებდნენ შეტევას. გენერალი აცნობს გეგეჭკორს დივიზიაში და არსებულ მძიმე მდგომარეობას და დასძენს რომ მიიღებდა ყოველგვარ ზომას. ამის შემდეგ გენერალი შეუდგა ვითარების მოწყობას პირველ რიგში იგი გვევლინება სამხედრო ფსიქოლოგიის უბადლო ოსტატად ვინაიდან იგი როგორც ძველი მხედარი რომელსაც ამ დროისათვის ჰქონდა 30 წლიანი სტაჟი სამხედრო სამსახურისა კარგად იცნობდა იმ არმიის ხასიათს რომელიც ბრუნდებოდა სახლში რომელთაც ნაალაფარი პატარა სკივრებით მიჰქონდათ ოჯახებში და მაინცდამაინც არ ეხალისებოდათ დიდი ხნით შეყოვნება გზაზე ამიტომ მან მთავრობისაგან მოითხოვა ამ ნაწილებთან გაგზავნილიყო რამოდენიმე ორატორ-დელეგატი მოსალაპარაკებლად რომლებსაც უნდა გაეფრთხილებინა ეშელონები რომ იმ შემთხვევაში თუკი შეტევას დაიწყებდნენ ამის საშუალებას არ მისცემდა მათ ქართული არტირელია რომელიც ზარბაზნებით შეუტევდა მათ სტრატეგიული სიმაღლეებიდან.
ამის შემდეგ მაზნიაშვილი იწყებს არმიიის გადანაწილებას სტრატეგიული მნიშვნელობის გეოგრაფიულ წერტილებზე კერძოდ: იგზავნება ერთი ბატარეა მახათას მთაზე, ერთი ბატარეა კი სოღანლუღის ქედზე საიდანაც ხელისგულივით ჩანდა მოწინააღმდეგის საბრძოლო ეშელონები და ამ ბატარეებს მიეცათ დავალება დაუყოვნებლივ გაეხსნათ საარტირელიო ცეცხლი მოწინააღმდეგისათვის იმ შემთხვევაში თუკი ისინი დაიწყებდნენ საიერიშო მანევრირებას. ამის შემდეგ მაზნიაშვილი მიდის V ლეგიონის დისლოკაციის ადგილზე სადაც იდგა არტილერიის ახლად შექმნილი ბატარეა და ბრიგადის უბროსს აძლევს სათანადო განკარგულებას, ხოლო V ლეგიონის უფროსს მიეცა ბრძანება მიეყენებინა ბატარებისათვის სათანადო სადარაჯო რაზმები. თავდაცვის ხაზი მზად იყო და გენერალი მაზნიაშვილი გაემართა მთავრობის სასახლისაკენ, სადაც მთავრობის თავმჯდომარისათვის უნდა ეცნობებინა საქმის ვითარება.
საჭირო ზომების მიღებისა და დელეგაციის ულტიმატუმის დროზე წარდგენის გამო ეშელონები დაკმაყოფილდნენ იმით რომ მიიღეს საკმაო რაოდენობის ტანსაცმელი, საკვები და გასწიეს ბაქოსკენ, მაგრამ მთავრობა შიშობდა რომ შესაძლოა მომხდარიყო ეშელონების მობილიზება მოხდებოდა ფოიოს ხიდთან და თბილისზე განახორციელებდნენ შეტევას, ამიტომ მოწვეულ იქნა საჩქარო კრება რომელიც ნოე რამიშვილმა მოიწვია, კრებაზე გადაწყდა რომ კახეთიდან გამოიწვევდნენ აფხაზავას ჯავშნოსანი მატარებელი რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა და წინ გაჰყოლოდა 16 ეშელონს რომლისთვისაც არ უნდა მიეცა საშუალება გადმობარგებისა და მატარებლებიდან გადმოსხმისა, შემდგომში აღნიშნული ეშელონები განადგურებულ იქნა სადგურ შამქორთან, სადაც დაიღუპა აფხაზავაც და მისი ორი უახლოესი თანაშემწეც: მაკარაშვილი და მაყაშვილი. ამგვარად ტფილისი გადარჩა ხიფათს. შემდეგ ხანებშიც შეინიშნებოდა პატარ პატარა ჯგუფებით ეშელონების გადმონაცვლება ფრონტის ხაზიდან თბილისისაკენ თუმცა მათი რაოდენობისა და მოცულობის გამო ვერ ბედავდნენ ქალაქის და მთავრობის მიმართ ულტიმატუმების წამოყენებას და უფრო მეტიც შეტევის განხორციელებას.
შემდეგ მაზნიაშვილი დანიშნეს ქართული ლაშქრის მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, სადაც იმუშავა 1918 წლის მარტამდე და მისი ამოცანა დანაფტული სამხედრო ქონების თავმოყრა, აღრიცხვა და დაცვა იყო.
1918 წელსვე რუსეთმა, ბრესტის ზავით, თურქეთს ქართული მიწები, მათ შორის აჭარა გადასცა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. საფრთხე დაემუქრა ოზურგეთს.
1918 წლის 30 მარტს მაზნიაშვილი დანიშნეს ე.წ. „შემოვლითი კოლონის“ მეთაურად, რომელსაც უნდა დაეცვა ბათუმის ფორტები, მაგრამ თურქების სწრაფი წინსვლის გამო დაევალა ჩოლოქთან ფრონტის ორგანიზება და თურქების შეტევის შეჩერება.
30 მარტსვე თბილისიდან სამტრედიაში მატარებლით ჩადის ნოე ჟორდანია რომელიც იმ დროისათვის იყო ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე მას თან ახლავს კავკასიის არმიის მთავარსარდალი ლებედინსკი შტაბის უმაღლეს მოსამსახურეთა თანხლებით. ამავე დროს ბათუმიდან სამტრედიაში ჩადის ბათუმის ციხის კომენდანტი გენერალი მდივანი. თათბირი გაიმართა ჟორდანიას რონოდაში. გენერალმა მდივანმა წაიკითხა მოხსენება ციხის, პორტებისა და გარნიზონის მდგომარეობის შესახებ აღნიშნულ სხდომას არ ესწრებოდა გენერალი მაზნიაშვილი ვინაიდან იგი არ ყოფილა მიწვეული. ის სხდომის დამთავრობის შემდეგ მიიწვიეს რონოდაში და გენერალმა მდივანმა მაზნიაშვილს გადასცა მთავარსარდლის ბრძანება რომ იგი დანიშნული იყო შემომვლელი რაზმის უფროსად, რომელსაც ევალებოდა სადგურ „ჩაქვიდან“ გაევლო ხეობა ასულიყო მაღლობზე, რომელიც მიდის სამების პორტისაკენ და ყოველგვარი ღონისძიებით შეეშალა ხელი ოსმალებისათვის რათა მათ ხელში არ ჩეგდოთ სამების პორტი. მაზნიაშვილის კითხვაზე თუ ვისგან შედგებოდა ეს რაზმი მდივანმა უპასუხა რომ რაზმი შედგებოდა რეზერვებიდან, „სადგურ სამტრედიაში“ დაბანაკებული სამხედრო ნაწილებიდან და ათასეულებიდან რომელიც დაბანაკებულია სადგურ ჩაქვის რაიონში. ამ გეგმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამიტომ ბათუმის ბედი დამოკიდებული იყო იმაზე თუ რამდენად სწრაფად მოიყვანდა აღნიშნულ გეგმას მოქმედებაში გიორგი მაზნიაშვილი.
იგი დაუყოვნებლის შეუდგა რაზმის დაკომპლექტებას. დროის იმ გაანგარიშებით რომ 31 მარტს ჩასულიყო ჩაქვში და გამთენიისას დაეკავებინა სამების პორტი. სამტრედიაში იმ დროისათვის იმყოფებოდა მხოლოდ ერთი პარტიზანული რაზმი ფედერალისტი არჩილ ფურცელაძის მეთაურობით, რაზმი შედგებოდა 90 შეიარაღებული კაცისაგან და რომელთაც აგრეთვე გააჩნდათ 4 ტყვიამფრქვევი. იყო აგრეთვე ერთი ბატარეა კაპიტანი სერგო კარგარათელის უფროსობით (ჯამში ფედერალისტები და იმერელი მოხალისეები 180 კაცი იყო). გიორგი მაზნიაშვილის დახასიათებით იგი გულადი და მცოდნე არტირელისტი იყო, ომის მთელი ხანა კი დასავლეთის ფრონტზე ჰქონდა გატარებული, გენერალმა მაზნიაშვილმა უბრძანა კარგარეთელს და ფურცელაძეს ჩამსხდარიყვნენ მატარებელში და ამგვარად გამზადებული უცდიდა დაპირებულ რეზერვებს თბილისიდან რომელიც მარსად ჩანდა, მას ჩაქვიდანაც მოუვიდა შეტყობინება აქ არავითარი ათასეული არ დგასო.
იერიშის მიტანა მარტოოდენ არტილერიით რომელსაც დამცველი ქვეითი რაზმი არ ყავდა შეუძლებელი იყო არადა საქმის ვითარება წუთობრივად იცვლებოდა ყოველ საათში ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდნენ მატარებლები მთლიანად გადაჭედილები ფრონტიდან გამოქცეული ქართველი ჯარისკაცებით, რომლებიც ირწმუნებოდნენ რომ ისინი მივლინებულები იყვნენ თავიანთი ნაწილებიდან წამოღებული ქონების დასაცავად.
„სადგურ სამტრედიის“ კომენდანტს გენერალი მაზნიაშვილი ყოჩაღს და საქმის კარგ ამსრულებელს უწოდებს. კაპიტანი შენგელია ბევრს ცდილობდა შეეჩერებინა გამოქცეული ჯარისკაცები გაეჩერებინა მაგრამ ვერაფერი გააწყო რადგან ამისათვის საკმაო ძალები არ ჰყავდა, გამოქცეულები კი გარბოდნენ საკუთარ სოფლებსა და სახლებში თან კი სახაზინო ტანსაცმელი იარაღი და მოკაზმულობა მიჰქონდათ. 31 დეკემბერს გენერალ მაზნიაშვილს მისდის ცნობა რომ ბათუმი მთელი თავისი გარნიზონით ჩაბარდა ოსმალებს, IV ქვეით ლეგიონმა თავისი ნებით მიატოვა პოზიციები და გაიქცა ოზურგეთში, II ქართული ლეგიონი რომელიც იდგა ბათუმის აღმოსავლეთით მშვიდობით გამოვიდა ბათუმიდან და დაბანაკდა ქობულეთთან. იმავე საღამოს მაზნიაშვილი დაიბარა ჟორდანიამ და შემდეგი ამოცანა მისცა რომ დაუყოვნებლივ წასულიყო სადგურ ნატანებში და ხელი შეეშაალა ოსმალებისათვის რომ მდინარე ჩოლოქს არ გადმოსცილებოდნენ. ამასთან ერთად ჟორდანია დაჰპირდა გენერალს რომ მიიღებდა საჭირო ზომებს და მიაშველებდა საჭირო ძალებს. ამ დროს ტრაპიზონში იმყოფება ქართული დელეგაცია რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს ოსმალეთის სარდლობასთან რომ ოსმალები მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ბრესტ ლიტოვსკის ხელშეკრულების ძალით „ბათუმის ოლქის“ სრულად გადაცემას.
ბათუმში დაბანაკებული ქართული საჯარისო დანაყოფები თითქმის მთლიანად ფრონტზე მყოფი ძველი ჯარისკაცებისაგან შედგებოდა, რომელთა მოვალეობა და დისციპლინა არ სწამდათ და ვერ გაეაზრებინათ რომ საშიში მტერი მარტო ბათუმს არ დასჯერდებოდა, წამოიწევდა წინ გადმოლახავდა მთელ საქართველოს და ხელს გაუწვდიდა თანამორწმუნე აზერბაიჯანს. ოფიცრები ცდილობდნენ აეხსნათ აღნიშნული სიტუაცია ჯარისკაცებისათვის თუმცა ყურს არავინ იბერტყავდა.
მთავრობის წევრები მიდიოდნენ ბათუმში პოზიციების დასათვალიერებლად, მაგრამ იმის ნაცვლად ჯარისკაცებისათვის აეხსნათ საქმის მართებული ვითარება მართავდნენ მიტინგებს და ჯარისკაცებს რევოლუციის მონაპოვარზე ესაუბრობდნენ რომელიც ისედაც გაზეპირებული ქონდა თითოეულ მათგანს და აღარავითარ შთაბეჭდილებას ახდენდა მათზე. ცხადი იყო ერთი იმ დროინდელი ქართული არმია გახლდათ ძლიერ უდისციპლინო რისი შედეგიც გახლდათ ის რომ ქართული ჯარი რამდენჯერმე ნაკლებ მტერს შეუშინდა, უბრძოლველად მიატოვა პოზიციები, ნაწილი გაიქცა ნაწილი კი მტერს ჩაუვარდა ტყვედ. ნოე ჟორდანიას ბრძანების შესრულება მეტად არარეალური იყო თუმცა ჩემი აზრით ბოროტმოქმედება იქნებოდა თუ მტერს წინ არ გადავეღობებოდი და საშუალებას მივცემდი გადაელახა ჩვენი სამშობლო და გაენადგურებინა ჩვენი ქალაქები და სოფლები აღნიშნავს გიორგი მაზნიაშვილი.
მაზნიაშვილი ჩადის ნატანებში და იწყებს 40 კილომეტრიანი ფრონტის გამაგრებას გურული მოხალისეებით, ბათუმიდან გამოქცეული არმიის II და IV პოლკის ნარჩენებით და ხაშურის მაზრის მოხალისეთა მსხვილი შენაერთით.
ცხადი იყო რომ ერთი მუჭა ქართველ მეომრებისა, პოზიციებისა რეზერვებისა და სხვა საჭირო სამხედრო ორგანოების წინასწარვე მოუმზადებლობის გამო ვერ გაუძლებდა ოსმალების იერიშს და უმიზნოდ უბრალოდ დაიღუპებოდა, ამიტომ გენერალმა გადაწყვიტა გზა გადაეჭრა მტრისათვის და გამაგრებულიყო მდინარე ჩოლოქისა და ნატანების ნაპირებზე. სამხედრო ტაქტიკის მიხედვით ეს პოზიცია არამც თუ არაფერს არ წარმოადგენდა არამედ საზარალოც იყო, რადგან იგი ხელის გულივითაა გადაშლილი წინ წაწევა და კინტრიშის პიზიციის დაჭერა სახიფათო იყო რადგან რაზმი მეტად მცირერიცხოვანი ყავდა მაზნიაშვილს და თუ ვინიცობაა უკან დახევა მოუხდებოდა მტერს საშუალება მიეცემოდა დაეკავებინა საჯავახო და გადმოსულიყო რიონის ველზე. ჩოლოქის პოზიცია წარმოადგენდა დროებით გამაგრებულ ადგილს მაგრამ დაპირებული ჯარის მოსვლისთანავე შესაძლებელი იქნებოდა დაკავებულ ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი პოზიცია მთის ქედზე რომელიც მიდიოდა რკინიგზიდან ნასაკირალის უღელტეხილამდე და შემდეგ სოფელ შემოქმედამდე.
5 აპრილს გენერალმა მაზნიაშვილმა მიიღო სადაზვერვო ცნობა რომლის მიხედვითაც მოიწევდა 2 წყებად ერთი წყება მოდიოდა გზატკეცილით ოზურგეთზე ხოლო მეორე რკინიგზის ლიანდაგით და რომ ეს უკანასკნელი შენაერთი გაცილებით მეტი იყო პირველზე, საერთო რიცხვის გაგება კი მზვერავებმა ვერ შეძლეს ვინაიდან ოსმალთა არმია ძალზედ მრავალრიცხოვანი იყო.
დაახლოვებით საღამოს 8 საათისათვის გენერალს აცნობეს რომ ტელეგრაფის სააპარატოში იხმობდნენ, ტელეგრაფმა კი გენერალს შეატყობინა რომ იყო ოზურგეთის ფოსტა ტელეგრაფის მოხელე და რომ ოზურგეთი მთლიანად მიატოვეს ქართულმა სამხედრო შენაერთებმა და ჩოხატაურისაკენ დაიხიეს უკან. გათენების სამ საათზე გენერალი იღებს ცნობას რომ მტერი უახლოვდება ოჩხამურის ხიდს, ქართულმა არტილერიამ აუტეხა სროლა ზარბაზნები დაუშინეს გზატკეცილსა და რკინიგზის ლიანდაგს თხრილებში მყოფი ჯარის ნაწილები სასტიკად იყვნენ გაფრთხილებულნი არ ესროლათ თოფი მანამ მტერი არ ამოიშლებოდა მინდორზე რომელიც მდებარეობდა ტყესა და მდინარე ჩოლოქის შუაში, რაც შეეხება ჯავშნოსან მატარებელს (მეთ. ვ. გოგუაძე), მას ნაბრძანები ჰქონდა გათენებისას გამოსულიყო ჩიხიდან მიახლოვებოდა ოჩხამურის ხიდს და დახმარება გაეწია ტყვიამფრქვევებით თხრილებში მყოფი ჯარის ნაწილებისათვის. მაზნიაშვილმა გასცა განკარგულება რომ რკინიგზის მთელ ხაზზე გამოეშვათ ეშელონები რომლებიც მის განკარგულებაში იქნებოდა. ოსმალები აშკარა ბრძოლას ერიდებოდნენ და თავი შეაფარეს ოჩხამურისა და ჩოლოქის შუა მდებარე ტყეს. ამასობაში თხრილებში მატარებლის გრიალი მოისმა რომელიც გეგმის მიხედვით მოქმედებდა გამოვიდა მთავარ ხაზზე წაიწია წინ, მაგრამ მტერმა დროზე შეამჩნია იგი და წინ დასახვედრად გამოუშვეს დრეზინა, რადგანაც იმ ადგილს გზა თავდაღმართი იყო გაქანებული დრეზინა დაეტაკა წინ მებრძოლ რონოდას იმ დროს როდესაც მატარებელი გავიდა ჩოლოქის ხიდზე და გაიარა ასიოდე მეტრი დრეზინა დაეჯახა და რონოდის ქვეშ მოექცა. რონოდა გადასცდა ლიანდაგს და მატარებელი გაჩერდა. ბრძანების მიხედვით სანგრებში ჯარისკაცები ბრძანებისამებრ წყნარად ისხდნენ, ჯავშნოსანი მატარებელიც სდუმდა. ოსმალები ნაწილობრივ გამოვიდნენ ველზე იფიქრეს ქართველმა ჯარმა თხრილები მიატოვა და მოუახლოვდნენ მატარებელს. როდესაც კი ველზე საკმაოფ გამოიფინა ოსმალო ასკერები მატარებელმა მოულოდნელად აუტეხა სროლა ტყვიამფრქვევებიდან რამდენი კი იყო მატარებელში იმავე დროს თხრილებიდანაც ატყდა საშინელი სროლა ოსმალებმა უკან ტყისაკენ დაიხიეს რა დაინახეს ქართველ ჯარისკაცებმა გაქცეული ოსმალები ამოვიდნენ სანგრებიდან გავიდა მდინარეზე ფონით და დაედევნა მტერს, რომელსაც ოჩხამურამდე სდია.
შუადღის 4 საათზე ქართული საბრძოლო დანაყოფები დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს, ჯავშნოსანი მატარებელი კი ადვილად დააბრუნეს რელსებზე. ამ ბრძოლაში ქართული არმიის დანაკარგს წარმოადგენდა 4 მოკლული ჯარისკაცი და 30 დაჭრილი. სამაგიეროდ ოსმალები ძალიან დაზარალდნენ. გენერლის გადმოცემის თანახმად მთელი ველი მდინარის პირას მოფენილი იყო მოკლული ასკერებით.
5-6 აპრილის ჩოლოქის ბრძოლებისას თურქეთის არმიამ მარჯვენა ფრთაზე დაკარგა 600 მოკლული და 1000 დაჭრილი, მიატოვა ბრძოლის ველი და გაიქცა. მაზნიაშვილის დაჯგუფების დანაკარგი მხოლოდ 20-მდე მოკლული და 60 დაჭრილი იყო. მაგრამ მარცხენა ფრთაზე IV პოლკმა უბრძოლველად მიატოვა სანგრები და მტერმა დაიკავა ოზურგეთი. ამრიგად ფრონტის ხაზი დასტაბილურდა და გერმანელების გამოჩენის შემდეგ თურქებს აღარც უცდიათ წინ წაწევა. 11 აპრილს სახალხო გვარდიის და მესაზღვრეთა ქვედანაყოფებმა შეუტიეს ოზურგეთს და აიღებდნენ კიდეც რომ არა სამშვიდობო შეთანხმება. ბრძოლა შეწყდა. მაზნიაშვილი შეუდგა პირველი პოლკის და ცხენოსანი ესკადრონის ფორმირებას და ამგვარად სრულად დააკომპლექტა თავისი დივიზია. ივნისის შუა რიცხვებში დივიზიამ უბრძოლველად დაიკავა ოზურგეთი.
მაზნიაშვილმა ბრძოლოს შედეგი კორპუსის მეთაურს გენერალ ვასილ გაბაშვილს აცნობა რომელიც მეორე დღესვე თავისი შტაბით ჩავიდა სადგურ ნატანებში და მთავრობის სახელით მიულოცა მაზნიაშვილს გამარჯვება და გამოუცხადა რომ სახედრო მინისტრის ბრძანებით იგი ინიშნებოდა პირველი დივიზიის მეთაურად.
აფხაზი სეპარატისტების გააქტიურება შეინიშნებოდა უკვე 1917 წლის შემოდგომიდან. 1918 წლის თებერვალში აფხაზეთის სახალხო საბჭომ საქართველოს ეროვნულ საბჭოს შესთავაზა საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის მოგვარების საკუთარი პროექტი. აფხაზეთის სახალხო საბჭო თვლიდა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის უნდა დამყარებულიყო კეთილმეზობლური ურთიერთობა, როგორც ორ თანასწორ მხარეს შორის. ქართულმა მხარემ ეს პროექტი უარყო. 1918 წლის 9 თებერვალს თბილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთი რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში. ამასთან, აფხაზეთს ენიჭებოდა შინაურ საქმეებში ფართო ავტონომია. საქართველო ვალდებულებას იღებდა დახმარებოდა აფხაზეთს იმ ტერიტორიის (გაგრის რაიონი და სხვ.) დაბრუნებაში, რომელიც 1904 წელს სოხუმის ოკრუგს ჩამოაცილეს და შავი ზღვის გუბერნიას შეუერთეს. ცხადია, საკითხის ასეთმა გადაწყვეტამ არ დააკმაყოფილა არც აფხაზი სეპარატისტები და არც საბჭოთა რუსეთი. 1918 წლის მარტში სოხუმის ოკრუგში რუსეთის მხარდაჭერით გააქტიურდნენ აფხაზი ბოლშევიკები. მათ მოითხოვეს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და აფხაზეთის საბჭოთა რუსეთთან შეერთება. აფხაზი სეპარატისტები კი აფხაზეთის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საბჭოთა რუსეთის დახმარებით აფხაზმა ბოლშევიკებმა შექმნეს აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, ჩამოაყალიბეს წითელი რაზმი, დაიკავეს სოხუმი და აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციურმა კომიტეტმა დახმარება სთხოვა საბჭოთა რუსეთს. აფხაზეთში შევიდა ყუბანელ კაზაკთა 2000-იანი წითელი რაზმი. კაზაკებმა გუდაუთასთან დაამარცხეს ქართული ჯარის ნაწილები და სოხუმში შევიდნენ.
აფხაზმა სეპარატისტებმა ისარგებლეს 1918 წლის აპრილ-მაისში აჭარაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით. მაშინ, როდესაც ბათუმის დაკარგვის შემდეგ ქართული ჯარი და სახალხო გვარდია ძლივს აკავებდა თურქეთის ჯარების შემოტევას მდინარე ჩოლოქზე, აფხაზი სეპარატისტები აძლიერებდნენ ბრძოლას საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფისათვის. ბათუმში თავს იყრიდა თურქეთის დესანტი, რომელიც აფხაზეთში უნდა გადაესხათ. 1918 წლის მაისში საქართველოს სახალხო გვარდიამ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით სამურზაყანოდან (ოჩამჩირის რაიონიდან) სოხუმს შეუტია და აფხაზ სეპარატისტებსა და მათ დასახმარებლად ბათუმიდან მოსულ თურქეთის დესანტს სასტიკი მარცხი აგემა. აფხაზმა სეპარატისტებმა ჯერ გუდაუთისაკენ, ხოლო შემდეგ გაგრისაკენ დაიხიეს. სახალხო გვარდიას შეეძლო განევითარებინა შეტევა, მაგრამ საქართველოს ეროვნული საბჭო ზედმეტ სისხლისღვრას მოერიდა. თანაც ცნობილი გახდა, რომ ტუაფსეში საბჭოთა რუსეთმა დიდ ძალებს მოუყარა თავი.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ცდილობდა აფხაზეთის საკითხი სისხლისღვრის გარეშე გადაეჭრა. 1918 წლის 8 ივნისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს: 1) საქართველოს მთავრობაში მოწვეული იქნებოდა აფხაზეთის წარმომადგენელი – აფხაზეთის საქმეთა მინისტრი; 2) აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის (თვითმმართველობის) ფუნქცია ეკისრებოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს; 3) წესრიგის დაცვისა და ხელისუფლების განმტკიცების მიზნით აფხაზეთში უნდა გაგზავნილიყო საქართველოს სახალხო გვარდიის ნაწილები; 4) აფხაზეთში სოციალურ რეფორმებს გაატარებდა აფხაზეთის სახალხო საბჭო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით; 5) აფხაზეთის სახელმწიფოებრივ სტატუსს განსაზღვრავდა აფხაზეთის სახალხო ყრილობა, რომელიც, რაც შეიძლებოდა მალე უნდა მოეწვიათ.
აფხაზი სეპარატისტებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა 1918 წლის 8 ივნისის შეთანხმება. აფხაზეთის სახალხო საბჭოს ლიდერებმა აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობის მოპოვება განიზრახეს. ამდენად, აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებელი გახდა. საომარი მოქმედებები განახლდა.
18 ივნისს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს თბილისიდან შეატყობინეს, რომ იგი დანიშნულია აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და იმავდროულად, საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის ჯარების სარდლად. მისი ბრძანებით ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საქართველოს რეგულარული საარმიო ნაწილები, კერძოდ, პირველი მსროლელი დივიზია, გუდაუთისაკენ გაიგზავნა, 19 ივლისს სოხუმში ჩავიდა თვით მაზნიაშვილიც. გენერალი სოხუმში ჩავიდა III პოლკის 350 ქვეითით და არტილერიის ერთი ბატარეით, ადგილზე დახვდა სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონი. მალე მათ შეუერთდნენ მესანგრეთა ასეული და 300 აფხაზი ცხენოსანი. მანამდე, 1918 წლის აპრილში მაზნიაშვილთან აფხაზების დელეგაცია მივიდა, რომელმაც სთხოვა, მტრისგან გაეთავისუფლებინა აფხაზეთი.
22 ივნისს, კარგად მომზადებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მტრისაგან გათავისუფლდა გუდაუთა, 28 ივნისს – გაგრა, გადაილახა მდინარე მეხადირი, საქართველოს სამხედრო ნაწილები შევიდნენ პილენკოვოში (დღევანდელი განთიადი) და მიადგნენ მდინარე ფსოუს – სოჭის ოლქის საზღვარს.
სოჭის მიმართულებით ბრძოლებს არ ჰქონია ძლიერი შეტაკების ხასიათი. აქ იყო უფრო მოწინავე რაზმების ბრძოლა. მოწინააღმდეგე სხვა რაღაცა მოსაზრებით შეტაკებას გაურბოდა და ქართული საარმიო დანაყოფების მიახლოვებისთანავე უკან იხევდა ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეზე. როდესაც ქართული ნაწილები მიადგნენ სოფელ პილენკოვს და მახადირთან რად წაიწიეს და რატომ შევიდნენ შავი ზღვის გუბერნიაში რომლის ტერიტორია არ ეკუთვნოდა საქართველოს და ეს ფაქტი გაუგებრობას იწვევდა მაშინდელ საზოგადოებაში, თუმცა ეს აიხსნებოდა შემდეგით გენერალ მაზნიაშვილს პირდაპირი კავშირი ჰქონდა თბილისის სამეთაურო შტაბთან რომელთანაც იგი იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე და აგზავნიდა პირდაპირ ყოველდღიურ ცნობებს თითოეულ დღესთან და სამხედრო მანევრთან დაკავშირებით ასე რომ მაშინდელმა მთავრობამ და სამხედრო სამინისტრომ მშვენივრად იცოდა ყველაფერი.
რაც შეეხება მაზნიაშვილს მას თავისი მისია დასრულებული ეგონა როდესაც დაიკავა სოფელი პილენკოვი თუმცა მან მიიღო ცნობა თბილისიდან სადაც მისგან წინ წაწევას და სოჭის დაკავებას ითხოვდნენ რის მიზეზადაც ასახელებდნენ იქაური ქართული მოსახლეობის თხოვნას.
გიორგი მაზნიაშვილის მოგონებებიდან: „როგორც თბილისიდან, ისევე აფხაზეთის ეროვნული საბჭოსაგან მივიღე ბრძანებები – წამეწია წინ და დამეჭირა სოჭი. მიზეზი, როგორც გადმომცეს ტელეგრაფის პირდაპირი მავთულით, თხოვნა-მუდარა იყო სოჭში მცხოვრები ქართველებისა, ხოლო აფხაზთა ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთს ეკუთვნოდა არათუ სოჭი, არამედ აფხაზეთის საზღვრები უძველეს დროში ანაპამდეც კი მიდიოდაო. ამ ბრძანების შემდეგ მთელი ერთი კვირა წინ არ მივდიოდი, მაგრამ ნელ-ნელა მზადებას შევუდექი სოჭის ასაღებად… გვეუბნებოდნენ, რომ იქ მცხოვრები ქართველები მოუთმენლად ელიან ქართული ჯარის მისვლასო… გარდა ამისა, სანამ სოჭში ბოლშევიკები იქნებოდნენ, მათი შემოსევისა და პროვოკაციების საფრთხე მუდმივად იარსებებდა“.
აქვე საინტერესოა ერთი დოკუმენტი მოვიხმოთ: – „აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა რა მიმდინარე პოლიტიკური მომენტი და ითვალისწინებს, რომ პირველი – აფხაზეთში არსებული სამთვიანი ბოლშევიკური ანარქია უმთავრესად სოჭისა და ტუაფსეს ოლქებიდან იმართება და მეორე – ბოლშევიკური განწყობა ძირითადად თვითონ კომუნისტებმა შექმნეს, სურსათის ნაკლებობის გამო, ტუაფსეს სავაჭრო ნავსადგურის დაკავების შემდეგ, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კავკასიიდან შავიზღვისპირეთში და საქართველოში ხორბლის იმპორტი შეწყდა.
აქედან გამომდინარე, საბჭო ადგენს: 1) აფხაზეთში მტკიცე წესრიგის დასამყარებლად და სურსათის კრიზისის აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია სოჭისა და ტუაფსეს ოლქების დაკავება, ტუაფსეს ნავსადგურის ჩათვლით; 2) ეს დადგენილება ეცნობოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და საქართველოს ჯარების სარდალს გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილს“. დადგენილებას ხელს აწერს აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ვ. შერვაშიძე.
29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხარე ბრძოლების შემდეგ დაიკავეს ადლერი. აქ მტერმა 400 კაცი დაკარგა.
მიუხედავად ამისა, ქართული ჯარების ზურგში ვითარება სერიოზულად გართულდა – აფხაზეთში თურქებმა შეიარაღებული დესანტი გადმოსხეს, მათი განადგურება მოხერხდა და მთელი ძალები ისევ სოჭისკენ იქნა მიმართული. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა, 6 ივლისს კი შევიდნენ საოლქო ცენტრში – ქალაქ სოჭში.
1916-17 წლებისათვის ქალაქში მუდმივად ცხოვრობდა დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი, მათ შორის, ექვსი ათასამდე რუსი, ორი ათასამდე ქართველი, შემდეგ რაოდენობრივად – სომხები, ესტონელები, ბერძნები, ებრაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. რაც შეეხება სოჭის ოლქის მოსახლეობას, 35 ათასი მცხოვრებიდან 4 ათასამდე ქართველი იყო. სოჭის ახლოს მდებარეობდა უმეტესად ქართველებით დასახლებული სოფლები – პლასტუნკა და სხვები. სოჭის ოლქის ფართობი 3304 კვადრატული ვერსი იყო.
საქართველოს მთავრობამ სოჭის ბრძოლებში მოპოვებული წარმატებისათვის ბევრი მებრძოლი წაახალისა და ოფიცრებს სამხედრო წოდებები მოუმატა, ხოლო თვით გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი, როგორც თბილისში გამომავალი გაზეთი „ვოზროჟდენიე“ 1918 წლის 11 ივლისს იუწყებოდა, შავი ზღვის ნაპირების გათავისუფლებისა და ქალაქ ადლერისა და სოჭის დაჭერის გამო, მთავრობის საგანგებო დადგენილებით დაჯილდოვდა სტანისლავის I ხარისხის ორდენითა და ხმლით (იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს სახელმწიფო ორდენები).
26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ ბოლშევიკები გარეკეს ქალაქ ტუაფსედანაც. „მტერი სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევდა და თითოეული გორაკის აღება ბრძოლით გვიხდებოდა. დავატყვევეთ მრავალი, ხელთ ვიგდეთ 4 ზარბაზანი, 18 ტყვიამფრქვევი, უამრავი ყუმბარა და ტყვია-წამალი, გემები, ავტომობილები, ორთქლმავლები და ვაგონები… ჩვენი ზარალი უმნიშვნელოა. მტერი ტუაფსედან არმავირისაკენ გაიქცა“ – ატყობინებდა გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრს.

 1918 წლის ოქტომბერში სოჭიდან დაბრუნებული მაზნიაშვილი გებულობს რომ მისი ბინა გაჩხრიკეს სახელმწიფო სამსახურებმა. იგი მივიდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და სთხოვა, რომ იგი სრულიად გაეთავისუფლებინა სამსახურიდან, თუმცა ნოე ჟორდანიამ მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა, თანაც ღრმა მწუხარება გამოთქვა გენერალსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის მომხდარ უთანხმოებაზე. აღნიშნულ შეხვედრაზევე მიიღო გენერალმა მაზნიაშვილმა შეთავაზება ნოე ჟორდანიასაგან რომ იგი დანიშნულიყო თბილისის და მისი მიდამოების გენერალ გუბერნატორად. ამასთან ერთად ნოე ჟორდანიამ გენერალთან საუბარში დასძინა, რომ ვინაიდან მოსალოდნელი იყო მეზობელ სომხეთთან ვითარების გართულება სასურველი იქნებოდა მაზნიაშვილი თბილისთან ახლოს ყოფილიყო. ქვეყნის მესვეურების ასეთ უნიათობაზე გულგამწყრალმა გენერალმა მიიღო აღნიშნული წინადადება იმ პირობით რომ მას აღარავითარი კავშირი ჰქონოდა ნოე რამიშვილთან რომელთანაც პირადი უთანხმოება ჰქონდა, მასზედ, რომ ნოე რამიშვილმა რამოდენიმეჯერ მოატყუა ის და არმია ტყუილი დაპირებებით. ამასთან გამოცხადებულიყო გაზეთში რომ გაჩხრეკის დროს მის ბინაზე არ აღმოჩნდა არავითარი სახაზინო ქონება. მთავრობის თავჯდომარემ პირობა აღუთქვა გენერალს რომ ამ ყველაფერს მოაგვარებდა.
თბილისის გენერალ გუბერნატორად და მეორე დივიზიის მეთაურად იგი ირიცხებოდა მხოლოდ 1918 წლის 1 დეკემბრამდე. ამ მცირე პერიოდში მაზნიაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას რომ მან ქალაქში ჩაატარა მილიციის რეორგანიზაცია რითაც გაჯანსაღდა ქალაქის ადმინისტრაცია და შიდა სტრუქტურული მდგომარეობა.
1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავს დაესხა მეზობელი სომხეთის ჯარები. 17 დეკემბერს მაზნიაშვილი დანიშნეს საქართველოში შემოჭრილი სომხეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედი შულავერ-სადახლოს მიმართულების სარდლად. 18 დეკემბერს გამთენიისას გენერალი მატარებელით მხოლოდ შტაბით და ცხენოსანი ესკდარონით (სულ 250 ჯარისკაცი) ჩადის მდინარე ხრამზე - სანდარაში, სადაც მას ხვდება ლორეს ხეობიდან გამოსული ჯავშანმატარებელი და ჯარისკაცების ერთი ასეული. აქ მოახსენეს მაზნიაშვილს რომ მტერს უკვე დაეკავებინა სოფელი შულავერი. სანდარადან დაიგზავნა დეპეშები დივიზიის ლეგიონების სახელზე, სადაც მათ მოუწოდებდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი სასწრაფოდ დაეძრათ ათასეულები და ტყვიამფრქვევები, რომლებიც სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. თბილისში დაბანაკებული არტილერია დაიძრა სანდარისაკენ. გენერლის მთავარ საზრუნავს პირველ რიგში მტრის შეყოვნება წარმოადგენდა იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ ის ყოველწუთში ელოდა მაშველი ძალის გამოჩენას.
დილის 4 საათზე ჯავშნიანი მატარებლის ესკადრონი მივიდა მდინარე ხრამთან და გათენებისთანავე შეებრძოლა მტერს. სომხებმა იფიქრეს ქართული ჯარის უმთავრესი ძალა მოვიდაო და უკან პატარა შულავერისაკენ დაიხიეს. ქართულმა ჯარის ნაწილებმა შეტევა განახორციელეს რკინიგზის ხაზზე. უკან დახეულმა მტრის რაზმებმა შულავერის მთების მაღლობები და სტრატეგიული ადგილებიც მიატოვეს და შეჯგუფდნენ შულავერსა და პატარა შულავერში. დილის 8 საათისათვის ქართული არმია სრულიად აკონტროლებდა შულავერის გარშემო არსებულ ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს. 10 საათისათვის ქართულმა ჯავშნოსანმა მატარებელმა ზარბაზნების ცეცხლის საშუალებით მტერი გამოდევნა შულავერის ბაღებიდან. ქართული შეიარაღებული ძალების სანაპირო რაზმები კი გავიდნენ ხრამზე და დაიკავეს პატარა შულავერი.
18 დეკემბრის საღამოს წინა ხაზზე გამოცხადდა თელავის VI მსროლელ ლეგიონის ერთი ათასეული ტყვიამფრქვევებით და სახალხო გვარდიის რამდენიმე ცალკე რაზმები, რომლებიც მაშინვე იქნა გაგზავნილი მაღლობების დასაკავებლად, რომლებიც ჰყოფენ აშღა-სერალს შულავერისაგან. მტერს დაკავებული ჰქონდა გორაკი შულავერის ჩრდილოეთით, რომელიც გაამაგრეს და დააყენეს ორი ასეული ოთხი ტყვიამფრქვევით. ეს გარნიზონი განთავსდა მაღლობზე, რომელიც დასცქეროდა შულავერის მიდამოებს. მაზნიაშვილს შეუერთდა აგრეთვე თბილისის V პოლკი, ოფიცერთა საგანგებო ბატალიონი, ქართული ლეგიონი, მთიულების ბატალიონი, სახალხო გვარდიის და მოხალისეთა დანაყოფები.
25 დეკემბერს აღნიშნული სიმაღლეები განეიტრალებულ იქნა მაზნიაშვილის მიერ, ხოლო 28 დეკემბერს შულავერში თითქმის სრულებით გაანადგურა მან სომხეთის არმია.
ქართველებმა იერიშით აიღეს ქალაქი შულავერი და 31 დეკემბერს გავიდნენ სადახლო-აირუმის სექტორში. მაზნიაშვილი პირადად მეთაურობდა დანაყოფებს და იმყოფებოდა წინა ხაზზე სანგრებში. რეზერვებით გაძლიერებულმა მაზნიაშვილმა დაგეგმა ლორეს მაზრის განთავისუფლების ოპერაცია, რაც უსათუოდ წარმატებით დასრულდებოდა და შესაბამისი მანევრიც დაწყებული იყო, რაც სომხეთის უკუქცეული არმიის ლორეს ხეობაში ჩაკეტვას ისახავდა მიზნად, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმებამ შეაჩერა ქართული არმიის შეტევა და ლორე ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. 10 იანვარს დივიზიის შტაბი თბილისში დაბრუნდა.
მაზნიაშვილის საჯარისო შენაერთებს შეეძლოთ აეღოთ ერევანი, როდესაც უკან დახეულ მტერს ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ თუმცა 31 დეკემბერს ნოე ჟორდანიას მთავრობამ ინგლისის თხოვნით ომი შეწყვიტა.
  1919 წლის 3 თებერვალს გენერალი მაზნიაშვილი იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად და მესხეთის საარმიო დაჯგუფების მეთაურად აჯანყებული მუსულმანური მოსახლეობის (მეთ. სერვერ ბეგის) და ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის“ ჯარების წინააღმდეგ სამოქმედოდ. იანვრის ბრძოლაში ქართული ნაწილები დამარცხდნენ და უწესრიგოდ აირივნენ. მაზნიაშვილი დაინიშნა იმ პირობით, თუ მას 5000 ჯარისკაცს მიახმარდნენ, თუმცა დენიკინის არმია შეიჭრა აფხაზეთში და მესხეთისთვის გათვალისწინებული ჯარები მაზნიაშვილის თანხმობით აფხაზეთისკენ გაუშვეს. 4-5 თებერვლის ბრძოლაში IV პოლკის დანაყოფებმა უწესრიგოდ დაიხიეს ახალციხისკენ, როდესაც მაზნიაშვილი მათ შეკავებას ცდილობდა, ახალციხის შტაბი და გარნიზონი თვითნებურად მოიხსნა და აწყურისკენ წავიდა, რამაც მთლიანად მოშალა ფრონტი. საბოლოოდ დაჯგუფებამ თავი ბორჯომში მოიყარა. 16 თებერვალს მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს და მის ნაცვლად კვინიტაძე დაინიშნა.
   1919 წლის ზაფხულში მაზნიაშვილს წაუყენეს ახალციხის დატოვების ბრალდება და აღძრეს საქმე. გენერალი იძულებული გახდა დროებით დაეტოვნებინა სამხედრო სამსახური. საქმის წარმოება გაჭიანურდა და 1920 წლის 6 ოქტომბერს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც მაზნიაშვილი გაამართლეს ყველა პუნქტში.
   1920 წლის 7 ოქტომბერს მაზნიაშვილი დანიშნეს თბილისის გარნიზონის სარდლად. რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო იგი ამაგრებს პოზიციებს კოჯორიდან-ვაზიანამდე და 10 თებერვლის ჩათვლით აცნობდა მათ არმიის ოფიცერთა შემადგენლობას.
   1921 წლის 15 თებერვალს საქართველოს ახალი მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე მაზნიაშვილს ნიშნავს ფრონტის ცენტრალური უბნის მეთაურად რომელიც გადაჭიმული იყო ორხევიდან თითქმის ტაბახმელამდე. 16 თებერვალს უბნის შემადგენლობაში იყო არმიის IX ბატალიონის ნაწილი, მესაზღვრეთა თბილისის ბატალიონი, სახალხო გვარდიის ორი ბატალიონი (გორი და ხაშური), არტილერიის 5 ბატარეა, ჯავშანმატარებელი და დაჯავშნულ ავტომობილთა რაზმი. 18-19 თებერვლის ფონიჭალის ბრძოლაში მაზნიაშვილის დაჯგუფებამ მოიგერია მტრის შეტევა, თავად გადავიდა კონტრშეტევაზე, მთლიანად გაანადგურა რუსების 58-ე ქვეითი ბრიგადა (დაიღუპა 500-ზე მეტი ოკუპანტი და ტყვედ ჩავარდა 1500-ზე მეტი). მტრის ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ ამ უბანზე რუსებს აღარ შემოუტევიათ, მხოლოდ 24 თებერვალს აიღეს შავნაბადას მონასტერი, მაგრამ კონტრშეტევის შემდეგ დატოვეს სიმაღლე. 25 თებერვალს ცენტრალური ფრონტის ჯარები ჟორდანიას წინა დღის ბრძანების თანახმად უბრძოლველად მოიხსნენ ფრონტიდან და მცხეთასთან შეერივნენ უკანდახეულ ჯარებს.
   გენერალი ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა იძულებული გამხდარა, მთავრობის ნებას დამორჩილებოდა. გენერალი მაზნიაშვილი ამ ამბავს ასე იხსენებდა: „იმ კრებაზე, სადაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამცთუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელნიც ფრონტს თვალით დავყურებდით და კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის და ჩვენი ძალები, არამედ არც შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც კი არ ინებეს“.
   ამონარიდები გენერლის წიგნიდან საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებულ მოვლენებზე:
1920 წლის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმები, რომ ომი ბოლშევიკებთან აუცილებელია. უკვე ენკენისთვეში სამხედრო მინისტრის კანცელარიამ შეადგინა ვრცელი მოხსენება, რომელიც წარუდგინა მთავრობის თავმჯდომარეს. ეს მოხსენება ამბობდა, რომ ბაქოში სდგება ცალკე მე-11 არმია, რომელსაც სათავეში უდგას გეკერი, და ამ არმიის მიზანი და დანიშნულება არის საქართველოსკენ წამოსვლა (მოხსენება ეკუთვნოდა სამხედრო მინისტრის ამხანაგს).
XI არმია რომ სდგებოდა ბაქოში, ამას აცნობებდა აზერბაიჯანის მთავრობასთან დანიშნული ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელიც. უნდა ვიფიქროთ, რომ სამხედრო მინისტრის ამხანაგის მოხსენებისა და ბაქოში ჩვენი წარმომადგენლის განცხადებების შემდეგ, მთავრობას უნდა მიეღო საჭირო ზომები თავდასაცავად და უნდა ებრძანებინა სათანადო ორგანოებისათვის, მზად ყოფილიყვნენ ყოველგვარ მოსალოდნელ ხიფათის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო არავითარი ზომები… ნოემბრის დასაწყისში საინჟენერო ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა, ჩემი თხოვნით დაათვალიერა თბილისის აღმოსავლეთის საზღვრები და შეადგინა გეგმა თბილისის მიდამოებში დროებითი სიმაგრეების მოსაწყობად, სახელდობრ: საგარეჯოსთან, ფოილოს ხიდის რაიონში და სამხრეთ-აღმოსავლეთით იაღლუჯის მაღლობებზე. ეს გეგმა წარედგინა ჯერ სამხედრო მინისტრს, ხოლო მისგან მთავრობას. მაგრამ საამისოდ ფულის გაღებაზე მთავრობამ უარი განაცხადა. ხიფათი კი თანდათან აშკარავდებოდა.
ცხადი იყო, რომ მთავრობა ეყრდნობოდა რაღაც სხვას, რადგან თუ ამით არა, სხვა არაფრით აიხსნება მთავრობის უარი დროებითი სიმაგრეების მოწყობაზე და სხვა სათანადო ზომების მიუღებლობაზე. და ამ „რაღაცა სხვას“ მთავრობა ჩვენ, ჯარის უფროსებს გვიფარავდა და არ გვიხსნიდა. ავიაციის საქმეც მეტად ცუდ მდგომარეობაში იყო. მთავრობამ, მართალია, შეიძინა იტალიაში რამდენიმე აეროპლანი, მაგრამ ავიაციის უფროსის მოხსენებიდან სჩანს, რომ მას არ ჰქონდა ამ აეროპლანებისთვის საკმაოდ ბენზინი, და შიშობდა, რომ თუ ხიფათი თავს დაგვატყდებოდა, მას არ ეყოფოდა ბენზინი და ზეთი.
ავიაციის უფროსმა რამდენჯერმე მიმართა თითქმის ყველას, ვინც კი მთავრობაში იყო და დაჟინებით მიუთითებდა ბენზინისა და ზეთის მარაგის საჭიროებაზე, მაგრამ ყური არავინ ათხოვა…
მარტო ამით რომ თავდებოდეს ამ ხნის ყველა უბედურებანი, შესაძლებელია ხიფათისათვის თავი დაგვეხწია. მაგრამ მთავარი უბედურება ჯერ კიდევ არ ვიცოდით…
დამფუძნებელ კრებასთან არსებობდა სამხედრო კომისია, რომლის ფუნქციებში შედიოდა სამხედრო სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტების გადასინჯვა, რომლებიც დამფუძნებელ კრებას უნდა დაემტკიცებინა.
დეკემბერში, თუ იანვრის დასაწყისში (როცა მთავრობა დღე-დღეზე ელოდა წითელ არმიელთა თავდასხმას) ამ კომისიამ სხდომაზე მოიწვია გენერლები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, გრიგოლ ლორთქიფანიძემ, რომელიც სამხედრო კომისიის თავმჯდომარეც იყო, კრებას წარუდგინა დასამტკიცებლად გვარდიის მთავარი შტაბის მოთხოვნილება, რომ „დათხოვნილ იქნას უვადო შვებულებაში ყველა ჯარისკაცი, რომელმაც იმსახურა ჯარში ორი წელიწადი და მეტი … გენერალმა ოდიშელიძემ და მის შემდეგ გენერალმა გედევანიშვილმა მოახსენეს კრებას, რომ თუ ეს ჯარისკაცნი დათხოვნილ იქნებიან, ჯარი დარჩება უუნტერ-ოფიცრებოდ, რაც ძალიან დასწევს ჯარის ბრძოლის უნარს, და რადგანაც ომი მოსალოდნელი იყო, ამიტომ სამხედრო მინისტრის ორივე ამხანაგმა უარჰყვეს გვარდიის წინადადება. მაგრამ მთავრობამ, პირადათ ნ. რამიშვილმა, მხარი დაუჭირა გვარდიის მთავარი შტაბის წინადადებას და ამგვარად, გამოცხადდა ბრძანება “ძველი გამოცდილი, მცოდნე ჯარისკაცთა დათხოვნის შესახებ“. მაგრამ არც ეს კმარა. 1921 წლის იანვრის დასაწყისში ბაქოდან ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი გაბო ხუნდაძე, რომელმაც მთავრობას მოხსენება წარუდგინა და დაადასტურა, რომ ბაქოში დამთავრდა XI არმიის შედგენა, რომლის მიზანია საქართველოს მიმართ ოპერაციების დაწყება. მაგრამ არც ამ განცხადებამ იქონია გავლენა მთავრობაზე……ომის დაწყების პირველ დღეებიდან თბილისის დაცლამდე, მებრძოლ რაიონებს მოწინააღმდეგის შესახებ შტაბი არავითარ ცნობებს არ აწვდიდა… ჩემს განკარგულებაში არ იყო კავალერიის არცერთი ნაწილი, რომ შეძლება მქონოდა გამეგზავნა მტრის ბანაკის დასაზვერად……ჩემს განკარგულებაში არ იყო არცერთი ცხენოსანი კაცი, რომელიც შემეძლო გამეგზავნა მოხსენებით შტაბში, თუ ვინიცობაა ტელეფონის ქსელი გაფუჭდებოდა, ამ დროს კი შტაბში გარდა ცხენოსან ორდინარცებისა იდგა რამდენიმე ავტომობილი……ლაშქრის შტაბმა, არ ვიცი რა მიზეზით, საჭიროდ არ ჩათვალა გამოეგზავნა ჩემთვის კავალერიის ერთი ესკადრონი მაინც, ცხენოსანი ჯარი კი იდგა იმ დროს სოფელ ლილოსთან სრულიად უსაქმოდ……მაშინ, როდესაც დ. ჭავჭავაძე რეკვიზიციის სახით ჰკრებდა დანჯღრეულ უნაგირებს ქუთაისში და სამტრედიაში, ნავთლუღის საწყობებში იყო თურმე რამდენიმე ათასი საკავალერიო ახალი უნაგირი და ცხენის სხვა მრავალი მოწყობილობა.
შემდეგში საპატიმროში, პირადათ გოგუას და მთავრობის ზოგიერთ დარჩენილ წევრთ ხშირად ვეკითხებოდი: როგორ მოხდა, რომ საწყობებში დაგროვილი იყო აუარება ქონება, მთარობას კი პოზიციებზე გამოჰყავდა ცუდად ჩაცმული ჯარისკაცები, ხოლო სამობილიზაციო პუნქტებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ საჭირო საგნების გაცემაზე? მთავრობის წევრნი, ჩემს შეკითხვაზე მომეტებულ შემთხვევაში სდუმდნენ, ხანდახან კი იტყოდნენ: შემდეგში, როდესაც ისევ ხელისუფლებას დავიბრუნებთ, ამგვარი რამ აღარ განმეორდებაო.ასეთივე პასუხს იძლეოდა კალისტრატე გოგუა: „ვცდილობდით ეს ქონება შეგვენახა, რომ დიდხანს გვყოფნოდაო“.
თბილისის უბრძოლველად დატოვების ბრძანებამ ძალიან გამაკვირვა და გამაოცა. 12-საათამდე დარჩენილი იყო რამდენიმე წუთი. რამდენიმე წუთის შემდეგ გუდა-ნაბადი უნდა აგვეკრა და გავქცეულიყავით თბილისიდან.
ჯერ კიდევ 24 თებერვალს საინტენდანტო და საარტილერიო საწყობებმა მოზიდეს ჩემს რაიონში სანოვაგისა და ვაზნების უამრავი მარაგი და… უცბად უკან დახევა სატახტო ქალაქიდან! ეს საშინელება იყო. რა მოხდა? რაში იყო საქმე?
ყველაზე მეტად მე ერთი გარემოება მაოცებდა: თბილისის დაცლა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მოჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ვერ ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზედაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით, რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობილება, არამედ არცკი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენა არცკი ინებეს. ქალაქიდან ოთხივე ფრონტი დაშორებული იყო, ზოგი ორ ვერსზე, ზოგი სამზე და ზოგი ხუთზე. ძნელი იყო ჩვენი დაბარება? ავტომობილებით ხომ ოთხივე ფრონტის უფროსი 5-წუთში მოვიდოდით შტაბში!“

1921 წლის 28 თებერვალს მაზნიაშვილი დანიშნეს მესამე დივიზიის მეთაურად, დაევალა სოფელ ოსიაურთან შეედგინა დაჯგუფება და კონტრშეტევით გაენადგურებინა რუსების მეწინავე კოლონა. რათა საქართველოს მთავრობა მშვიდობიანად გადასულიყო დას. საქართველოში. გენერალმა დაიქვემდებარა რამდენიმე დანაყოფი და კონტრშეტევისთვის მოემზადა (სულ 5000 ქვეითი და 300 ცხენოსანი), თუმცა კარგად დაწყებული საქმე ჩაშალა სახალხო გვარდიამ, რომელიც წარმატებული შეტევის დროს (რუსებმა არტილერია მიატოვეს და გარბოდნენ) თვითნებურად მოიხსნა ფრონტიდან და სურამისკენ წავიდა.
1921 წლის 5 მარტს უკვე დანიშნეს სენაკის ფრონტის მეთაურად და წარმატებით ფარავს ქუთაისიდან წამოსულ ძირითად ძალებს. რუსებმა ვერ შეძლეს ფრონტის გარღვევა და მთავრობის ევაკუაციისთვის ხელის შეშლა. მაზნიაშვილის ხელქვეით თავი მოიყარეს გურულმა მოხალისეებმა და შეიარაღებული ძალების იმ ნაწილებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ბოლომდე ებრძოლათ. 15 მარტისთვის საჯავახოს ფრონტზე 9800 ჯარისკაცი იდგა, ხოლო რუსები აღარ გვიტევდნენ.
17 მარტს მან აჭარამდე ჩააცილა მთავრობა, მაგრამ მას ემიგრაციაში არ გაჰყვა, რადგან ამ დროს მას კომუნისტებმა შეატყობინეს, რომ დაზავების შედეგად ომი შეწყდა, ხოლო ბათუმში თურქები შემოვიდნენ. ამ დროს საქართველოში არსებული მდგომარეობით თურქეთს ესარგებლა. ქიზიმ-ბეის ჯარის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ბათუმის ოლქი მთლიანად დაიკავეს. ქიზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საბჭოთა საქართველოდ გამოცხადდა, გენერალმა მაზნიაშვილმა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა კვლავ ქვეყნის ინტერესები დააყენა. ის დათანხმდა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების თხოვნას, დახმარებოდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა: „როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს“. მაზნიაშვილმა უპასუხა: „მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ“.
18 მარტს გენერალმა გადაწყვიტა თავად ჩასულიყო ბათუმში და ენახა მთავრობის წევრები. მას თან ახლდა 50 კახელი მოხალისე და ჯავშანმატარებელი. კომუნისტებმა და იმ გენერლებმა რომლებმაც არ დატოვეს საქართველო, მაზნიაშვილს შესთავაზეს ბათუმის განთავისუფლების ოპერაციის ხელმძღვანელობა და საქართველოს წითელი არმიის სარდლობა. გენერალმა სწრაფად მოაგვარა ყველა საორგანიზაციო საკითხი. მაზნიაშვილის არმიაში წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ცნობილია სიტყვა, რომელიც მან სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა: „მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ… ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ… ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!“
გენერალმა მაზნიაშვილმა გარს შემოიკრიბა ბათუმში მყოფი ქართველი მხედრები - აჭარელთა ლეგიონი რომელსაც ასლან ბეგ აბაშიძე ხელმძღვანელობდა და 18 მარტს თურქეთის სარდლობას მოსთხოვა ბათუმის 1 საათში დაცლა. თურქებმა უპასუხოდ დატოვეს ქართველი გენერლის ულტიმატუმი. 
 თურქებთან ბრძოლა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმში, ბარცხანასთან, შემდეგ კი კახაბერის ველზე 20 მარტს მაზნიაშვილის ჯარმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. თურქების გარნიზონი სრულად განადგურდა. ამ ბრძოლაში დაიღუპა 84 ქართველი ჯარისკაცი, ყველაზე მეტი, რაც მაზნიაშვილის მეთაურობის დროს დაღუპულა. გაქცეულ თურქებს მაზნიაშვილმა ტრაპიზონამდე სდია.
1921 წლის 22 მარტს მაზნიაშვილმა დაიწყო ქართული წითელი არმიის დანაყოფების ფორმირება აჭარაში. 29 მარტს ფორმირება დასრულდა და თბილისში გამოიწვიეს.
6 აპრილს დანიშნეს საქართველოს წითელი არმიის დივიზიის მეთაურად. ივლისში დივიზია შტატების შემცირების გამო იშლება და მაზნიაშვილი ინიშნება ქვეითი ჯარის ინსპექტორად.
მიუხედავად თანამშრომლობისა, 1921 წლის 6 სექტემბერს ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს. სექტემბერში საგანგებო კომისიამ მას კონტრრევოლუციონერობის და ბანდიტიზმის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. მოგვიანებით გენერალს საბოლოო განაჩენი პატიმრობით შეუცვალეს. ორწელიწად-ნახევრის შემდეგ თურქებთან ბრძოლაში მისი ღვაწლი გაითვალისწინეს და 1923 წლის 20 მაისს იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ქვეყანას 5 წლით დატოვებდა.
1923 წლის 16 სექტემბერს მაზნიაშვილმა საქართველო დატოვა და ერთხანს ირანში ცხოვრობდა, სადაც მას პატრონობდა ქართველი მეწარმე და ქველმოქმედი ე. ხოშტარია. 1923 წლის დეკემბერში გენერალი უკვე პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთის და საქართველოს მთავრობებს წარუდგინა კავკასიის აჯანყების გეგმა. დევნილობაში მყოფმა მთავრობამ მცირე პენსია, 500 ფრანკი დაუნიშნა. ერთჯერადად საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის კი 1200 ფრანკი გამოუყვეს. თავად მაზნიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი პენსია უდრიდა დაახლოებით 50 მანეთს. „ეს ფული ეყოფა პარიზში ადამიანს ისე, რომ არც მოკვდეს და არც ცოცხალი დარჩეს“, - წერდა იგი. თავის გასატანად იგი მაწონს ჰყიდდა.
პარიზული პერიოდი გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იგი, ძირითადად, ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკოსთა გარემოცვაში ჩნდებოდა, თუმცა კავშირები ჰქონდა საქართველოს მთავრობის წევრებთანაც. საქართველოს ემიგრაციული მთავრობის დავალებით, გიორგი მაზნიაშვილი საფრანგეთის გენერალურ შტაბთან და გენერალ ფურნესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა ფრანგების სამხედრო დახმარებით საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება აღედგინათ. ამავე დროს ირაკლი წერეთელი ინგლისის მთავრობასთან ცდილობდა მოლაპარაკებას, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. საფრანგეთისა და ინგლისისგან ქართველებმა სამხედრო დახმარების თაობაზე უარი მიიღეს. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში აჯანყება ჩაახშო.
1924 წლის აჯანყების დაწყება მაზნიაშვილმა და ქართველ ემიგრანტთა ნაწილმა რამდენიმე დღის დაგვიანებით შეიტყვეს. ნოე ჟორდანიას ინიციატივით გიორგი მაზნიაშვილი 1924 წლის 19 სექტემბერს სტამბოლში გამოემგზავრა, რათა იქიდან მოეხერხებინა საქართველოში შეღწევა, თუმცა თურქეთში ყოფნისას გენერალი დარწმუნდა, რომ აჯანყება განწირული იყო და საქართველოში ჩასვლას აზრი არ ჰქონდა. მაზნიაშვილი ლტოლვილის სტატუსის მიღების სამზადისს შეუდგა. სწორედ ამ დროს შეიტყო გენერალ ა. ჭავჭავაძისგან, რომ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისას „პარტიულ კომიტეტში“ ევროპიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა მოსაზრება, რომ „რიზესა და ხოფას შუა დგანან იარაღითა და სურსათით დატვირთული გემები დესანტების თანხლებით გენერალ მაზნიაშვილისა და ნოე რამიშვილის მეთაურობით“. ბუნებრივია ა. ჭავჭავაძის ამ ინფორმაციამ კიდევ უფრო დაძაბა მაზნიაშვილსა და სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას შორის ურთიერთობა. ამას დაემატა კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი - თბილისში გავრცელდა ხმა, თითქოს პარიზში ბოლშევიკებს აჯანყების გეგმა გიორგი მაზნიაშვილმა გადასცა. შეურაცხყოფილმა გენერალმა 1925 წლის 18 იანვარს მიმართა ნოე ჟორდანიას წერილით, სადაც ითხოვდა მთავრობისგან, ოფიციალური განცხადებით დაედასტურებინა (იგი უნდა გამოქვეყნებულიყო ემიგრანტების გაზეთში), რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენდა ჭორს და რომ გენერალმა მაზნიაშვილმა არამცთუ არ იცოდა აჯანყების შესახებ, არამედ პირიქით, წინააღმდეგი იყო ამგვარი გამოსვლისა. „… საქართველოში გავრცელდა ხმა, თითქოს მე გადამეცეს ბოლშევიკებისათვის გეგმა შეიარაღებული აჯანყებისა და ეს გარემოება ყოფილიყოს მიზეზათ დამარცხებისა. ამ ხმების გავრცელება დაადასტურეს საქართველოდან გადმოხვეწილებმაც და ამ სისაძაგლეს იმეორებდნენ ზოგიერთნი უკვე პარიზში. მე არავითარ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ ეს ხმები მარტო აქ, პარიზში ვრცელდებოდეს, რადგანაც აქ ყველასათვის ცხადია პროვოკაციული ხასიათი ამ ხმებისა; მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში: იქ იმყოფება ჩემი ოჯახი, ნათესავნი და ნაცნობები და ადვილად წარმოსადგენია, რა უსიამოვნო და მძიმე წუთები უნდა განიცადოს ჩემმა ცოლ-შვილმა, თუ მამა მათის ღალატის შესახებ გაიგეს რამე და ეს იმ დროს, როდესაც მამა იმათმა თავის სამშობლოს სამსახურს შესწირა, რაც ძალი შესწევდა და ეხლაც უცხოეთში მარტო იმ ფიქრებით სულდგმულობს, რომ რითიმე დაეხმაროს მას ამ განსაცდელში. …ამიტომ, ეხლა თვითვე ვხდები იძულებული, მოგმართოთ თქვენ ამ განცხადებით და შემდეგი თხოვნით: თქვენ, რასაკვირველია, უკეთესად მოგეხსენებათ, რომ მე არამც თუ არ ვიცოდი გეგმა აჯანყებისა (ასეთი გეგმა აქ არც კი არსებობდა), არ ვიცოდი ისიც კი, რომ აჯანყება მოხდებოდა და როდესაც პირველი ცნობები ამ აჯანყების დაწყების შესახებ მიიღო საქართველოს ლეგაციამ, იგი იმდენათ მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე ამ ცნობის სიმართლე არ მჯეროდა. მე გთხოვთ თქვენ, დაუყონებლივ მისწეროთ საქართველოში და საგანგებო ფურცლებით აუწყოთ ქართველ ხალხს, რომ ამ ხმებს მხოლოდ მისი ბოროტი მტრები ავრცელებენ, გიორგი მაზნიაშვილი უმალ თავს მოაჭრევინებს, ვიდრე თავის სამშობლოს უღალატოს…,“.
ამ განცხადების პასუხად 26 იანვარს მაზნიაშვილს მიუვიდა კ. კანდელაკის წერილი.
ბატონ ი მაზნიაშვილს!
დღეს, 26 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, განხილულ იქნა თქვენი განცხადება და დაადგინეს: გამოგეცხადოთ თქვენ სრული ნდობა და ამასთან ერთად ეცნობოს საქართველოს ყველა ჩვენ ორგანიზაციას, რომ ხმები და ჭორები, რომელიც ტრიალებს თქვენი სახელის გარშემო, არის განზრახ მოგონილი ცილისწამება. მთავრობის მდივანი კ. კანდელაკი“.
ნაწილობრივ მაზნიაშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა მთავარი, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში უნდა ჩასულიყო, არ შესრულდა. არავინ იზრუნა იმისთვის, რომ მთავრობის განცხადება მიეწოდებინათ საქართველოში, იატაკქვეშ არსებული ორგანიზაციებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში სჯეროდათ, რომ მაზნიაშვილმა საბჭოთა დაზვერვასთან ითანამშრომლა და მას 1924 წლის აჯანყების გეგმა გადასცა. პარიზში ყოფნისას გენერლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მის მოგონებებში არაერთგზისაა აღნიშნული, თუ რა მძიმე ყოფაში უწევდა ცხოვრება მის ოჯახს თბილისში. იმავდროულად, ემიგრაციაში დისკომფორტს გრძნობდა. 
სასოწარკვეთილი გენერალი წერდა: „დავკარგე სრული იმედი და რწმენა მენშევიკების პარტიის ლიდერებისა… გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შევერთებოდი ჩემ ორ მილიონ მოძმეს და მათთან ერთად გამეზიარებინა ბედნიერებაცა და უბედურებაც და აგრეთვე ხმამაღლა მეთქვა, ყველა ქართველის გასაგონად, რომ რამიშვილისა და მისი დამქაშების ავანტურაში და დონკიხოტობაში მე არავითარი წილი არ მიდევს. მმართველი პარტიის ხელში ვემსგავსებოდი სათამაშოს, რომელსაც პარტიის რომელიმე წევრი თავის სურვილისამებრ ათამაშებს, ყოველგვარ ექსპერიმენტს აკეთებინებს და არაფერს ანგარიშს არ უწევს, რადგან არსაიდან დასჯას არ მოელის“.
საბოლოოდ, გიორგი მაზნიაშვილმა მიიღო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება და მოლაპარაკება დაიწყო ბოლშევიკებთან სამშობლოში დაბრუნების უფლების მისაღებად. ამით, აშკარად გაიყო გზები მასსა და ემიგრაციის დიდ ნაწილს შორის. გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში 1925 წელს დაბრუნდა, თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც დევნილ გენერალს უდიდესი სულიერი ტკივილი მიაყენა. ქართველ მხედართა კრებამ გიორგი მაზნიაშვილს აყარა გენერლის პატივი. ამ სხდომის ოქმს ხელს აწერს ოთხი ქართველი სამხედრო პირი, გენერლები: გ. კვინიტაძე და ალექსანდრე ერისთავი, ასევე პოლკოვნიკი მ. წერეთელი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი.
ქართველ უფროსს მხედრების კრების დადგენილება.
2 იანვარი 1926 წელიწადს.
„გენ. მაზნიევი მსახურობდა საქართველოს ჯარში დღიდან მისი დაარსებისა. მიიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ომებში და 1921 წ. იმ მტრის წინააღმდეგ, რომელიც ეხლაც მეფობს ჩვენს ქვეყანაში.
როდესაც 1921 წ. 18 მარტს საქართველოს მთავრობა ზოგიერთ სამხედრო პირების თანხლებით გამოემგზავრა უცხოეთში, გენ. მაზნიევი დარჩა საქართველოში და საბჭოთა ხელისუფლებისაგან მიიღო მთავარსარდლის თანამდებობა. მერე გენ. მაზნიევი ამ თანამდებობიდან იყო გადაყენებული და დაპატიმრებულიც.
1923 წ. იგი იყო განდევნილი ჩვენი სამშობლოდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ და სპარსეთით ჩამოვიდა პარიზში, სადაც ცხოვრობდა საბჭოთა უფლების მხარეზე გადასვლამდე.
1924 წ. ქართველი ხალხის აჯანყების დროს გაემგზავრა სტამბოლში სამშობლოში ჩასასვლელად, მაგრამ ვერ ჩავიდა რადგან აჯანყება ჩაქრობილი იყო ჩვენი მტრის მიერ. 
1925 წ., დაახლოებით ენკენის თვეს გაისმა ხმა, რომ გენერალ მაზნიევს აქვს რაღაც მოლაპარაკება საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებთან პარიზში.
ქართველ სამხედრო უფროსნი პირნი გენ. კვინიტაძის თავმჯდომარეობით შეეკითხნენ მას ამის გამო საქართველოს ლეგალიზაციის შენობაში, რისთვისაც ის საგანგებოთ იყო იქ გამოწვეული. მან ამ შეკითხვაზე განაცხადა, რომ მართლაც ერთხელ იყო ფორუმოვთან, საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელთან და ითხოვა ნებართვა თავისი შვილების ჩამოყვანისა საფრანგეთში და მხოლოდ ეს იყო საგანი მისი მოლაპარაკებებისა. 
მან იქვე აღიარა თავისი შეცდომა. ის გარემოება, რომ ჩვენ სამხედრო პირებს ეს თავის დროზე არ შეგვატყობინა და დაგვპირდა, რომ უჩვენოდ არავითარ მოლაპარაკებას არ გააგრძელებდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჩვენ გადმოგვეცა და ჩვენს დაუკითხავად არაფერს უპასუხებდა. 
მიუხედავად ამ დაპირებისა, როგორც ჩანს, მან არათუ ეს მოლაპარაკება განაგრძო და გადავიდა ჩვენი მტრის ბანაკში, არამედ მან გამოაქვეყნა თავისი მოწოდება ქართველ მხედართა მიმართ, სადაც გმობს საქართველოს ეროვნულ მთავრობას, 1924 წლის ჩვენი ერის აჯანყებას და მოგვიწოდებს, ჩვენც გადავიდეთ ჩვენი მტრის ბანაკში, 26 ქრისტესშობის თვეს 1925 წ. და 2 იანვარს 1926 წ. უფროსს მხედართა კრებას, გენ. კვინიტაძის თავმჯდომარეობით, ჰქონდა მსჯელობა გენ. მაზნიევის საქციელისა და მისი საერთო ყოფაქცევისა გამო საფრანგეთში ყოფნის დროს. კრებამ დაადგინა: გენ. მაზნიევი განრიცხულ იქმნას სამხედრო წრიდან და აღიძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა მას აეყაროს გენერლის და საერთოთ სამხედრო სახელწოდება და განრიცხულ იქნას სამხედრო უწყებიდან სამუდამოდ.
ამასთანავე, რადგანაც გენ. მაზნიევი პარიზში ყოფნის დროს არაერთხელ ასრულებდა მთავრობის დავალებებს, ჩაითვალოს როგორც მსახური პირი.
მაშასადამე, აღიძრას მთავრობის წინაშე შუამდგომლობა, რათა გენ. მაზნიევი დაუყოვნებლივ მიცემულ იყოს სასამართლოში, როგორც მოღალატე ჩვენი სამშობლოსი.
დედანს ხელს აწერენ:
გენ. კვინიტაძე
გენ. ალექსანდრე ერისთავი
პოლკ. ს. წერეთელი
ქაქუცა ჩოლოყაშვილი
დედანთან სწორია გენ. კვინიტაძე
ეს მკაცრი გადაწყვეტილება მოგვიანებით, 1926 წლის 22 იანვარს გადაეცა საქართველოს მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენელს საფრანგეთში, აკაკი ჩხენკელს, შესაბამისი წერილის თანხლებით. ამ დოკუმენტს ხელს აწერს გენერალი გ. კვინიტაძე. თავისი შინაარსით ეს წერილი საინტერესოა და მასაც აქვე ვაქვეყნებთ.
საქართველოს მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენელს საფრანგეთში ბატ. ა. ჩხენკელს
ამასთანავე გაახლებთ ქართველ უფროსს სამხედრო პირების დადგენილებას და გთხოვთ წარუდგინოთ მთავრობას თანახმად სამხედრო ადათებისა, როდესაც ოფიცერი არღვევს თავის საქციელით პატიოსნებას, იგი უნდა იქმნას მიცემული პატიოსნების სასამართლოში, რომლის წევრები არიან ამორჩეულნი სამხედრო ამა თუ იმ ნაწილის საზოგადოებიდან. თუ ოფიცერი არის გენერალი, ამ შემთხვევაში ინიშნება უფროსის მიერ საგანგებო სასამართლო, რომელსაც აქვს მსჯელობა ამ პირის საქციელის შესახებ. გენ. მაზნიევის საქციელი და საერთოდ მისი ყოფა-ქცევა პარიზში ყოფნის დროს ისეთი არაჩვეულებრივია და მოხდა ასეთ განსაკუთრებულ პირობებში, რომ მე საჭიროთ ვნახე თითონ მეკისრა თავმჯდომარეობა ჩემს მიერ დანიშნულ პატიოსნობის დამცველთა საგანგებო სასამართლოში.
გენ. მაზნიევის საქციელში გახლავს ორი მხარე: ერთი ზნეობრივი, მეორე - დანაშაულობა თავისი სახელმწიფოს წინაშე. პირველის დასჯა ეკუთვნის პატიოსნობის დამსჯელ სასამართლოს; მეორესი კი სახელმწიფო სასამართლოს. 
ამ ზნეობრივი მხარეების გარჩევა ეკუთვნის სამხედრო პირების უფლებას და სამხედრო პირებმა დაადგინეს, რომ გენ. მაზნიევი იყოს გარიცხული სამხედრო წრიდან.
თანახმად სამხედრო წესდებებისა, განრიცხული ამა თუ იმ ნაწილიდან ან წრიდან სამხედრო პირი უნდა იქმნას განრიცხული სამხედრო უწყებიდან სამუდამოდ. ამისთანა განრიცხვა შეადგენს სამხედრო უწყების თავში მდგომ პირის უფლებას.
რადგანაც ამისთანა პიროვნება არ არსებობს, მაშასადამე, გენ. მაზნიევის სამხედრო უწყებიდან განრიცხვა შეადგენს თვით მთავრობის უფლებას. 
ამიტომაც ქართველ უფროსს მხედართა კრება სთხოვს მთავრობას გამოიტანოს გენ. მაზნიევის შესახებ დადგენილება სამხედრო უწყებიდან მისი გამორიცხვისა. რაც შეეხება გენ. მაზნიევის მიცემას სახელმწიფო სასამართლოში შექმნილი მდგომარეობის ძალით, ეს შეადგენს აგრეთვე მთავრობის უფლებას.
გენ. მაზნიევი საქართველოს აღდგენიდან, 1918 წ. 26 მაისიდან გახლდათ მსახური ჩვენი მთავრობისა, იმ მთავრობისა, რომელიც აქამდის ცნობილია საფრანგეთის მიერ. 
გენ. მაზნიევი გადავიდა სამსახურში იმ მთავრობასთან, რომელსაც იგი არ სცნობდა და ამით უღალატა ჩვენ მიერ ცნობილ მთავრობას და აგრეთვე ქართველ ერს, რომელმაც გაღებული მსხვერპლით და აჯანყებებით მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ იგი არ იტანს ძალით დაყენებულ საბჭოთა ხელისუფლებას და შემოყვანილ უცხო ძალას. 
გენ. მაზნიევი საფრანგეთში ყოფნის დროს არაერთხელ ასრულებდა ჩვენი მთავრობის დავალებებს და თავის საქციელით არა მხოლოდ უღალატა მთავრობას, არამედ იგი მოუწოდებს ქართველ მხედრობას, რათა გადავიდნენ მტრის ბანაკში.
ამ მოქმედებით გენ. მაზნიევი გადაუდგა კანონიერ მთავრობას და შეუდგა ამით აჯანყების მოწყობას.
ამისთანა საქციელისათვის გენ. მაზნიევი უნდა დასჯილ იქნას სასტიკად. 
სასამართლოს დანიშვნა და ამ სასამართლოს განაჩენის გამოტანა არის ჩვენი შინაური საქმე და მე მიმაჩნია ამის მოხდენა არ არის შეუძლებელი. 
გენ. კვინიტაძე
თანდართულია ქართველ უფროს მხედართა კრების დადგენილების ასლი.
საქართველოში დაბრუნებული გენერალი საკუთარ სოფელში, სასირეთში დასახლდა და ხელი მიჰყო გლეხურ მეურნეობას. სამშობლოში მაზნიაშვილს უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილმა გენერალმა სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. 30-იან წლებში, როცა უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ, მოხუცებულ გენერალს ახლობლები და მეგობრები მალავდნენ. თუმცა 1937 წელს იგი მაინც დააპატიმრეს და შუათანა შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან (იგი 6 მაისს დააპატიმრეს) ერთად გასამართლების გარეშე დახვრიტეს. უმცროსი ბორისი კი საქართველოდან გადაიხვეწა და დიდხანს ბაქოში ცხოვრობდა.
გიორგი მაზნიაშვილი 1937 წლის 5 მაისს, ბ. ლეჟნევის ჩვენების საფუძველზე, დააპატიმრეს და 7 სექტემბერს კი დახვრეტა მიუსაჯეს. სასჯელის აღსრულების წინ 9 სექტემბერს ჯალათმა უთხრა გენერალს, რომ მისი შვილი უკვე დახვრიტეს, - ივლისის თვეში.
მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. იგი პოლკოვნიკ თუხარელთან ერთად წითელი არმიელებისა და კომუნისტების დახვრეტას ხელმძღვანელობდა. გიორგი მაზნიაშვილის მთავარ საქმეში ინახება აგენტურული ცნობა, რომელშიც მოყვანილია გენერლის ანტისაბჭოური მოსაზრებები.
საქმის მსვლელობის პროცესში დადგინდა, რომ გიორგი მაზნიაშვილი რუსეთის იმპერიის არმიის გენერალი იყო. იგი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების წინადადებით, საქართველოს მსროლელთა დივიზიის ფორმირებას შეუდგა, პარალელურად კი კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც გენერალი მაზნიაშვილი 1921 წლის 6 ოქტომბერს დააპატიმრეს და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა დახვრეტა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს, საბოლოოდ კი, ამინისტიის შედეგად, იგი 1923 წელს გაათავისუფლეს.
გიორგი მაზნიაშვილი ციხეში და გათავისუფლების შემდეგაც კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა. ამიტომაც გენერალი კვლავ დააპატიმრეს და კვლავ დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა დახვრეტას მაზნიაშვილი ამჯერადაც გადაურჩა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, იმავე წლის მაისში, გენერალი ბაქოს გავლით თეირანში გაემგზავრა. მაზნიაშვილმა ვერ მოახერხა თეირანში სამსახურის დაწყება და ამიტომაც წერილით პარიზში ემიგრაციაში მყოფ სპირიდონ კედიას დაუკავშირდა. მალევე გიორგი მაზნიაშვილმა პარიზში გასამგზავრებლად საფრანგეთის საელჩოს დახმარებით ვიზა, პასპორტი და 2000 ფრანკი მიიღო. ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ საფრანგეთში ჩასული გენერალი დიდი პატივით მიიღო. მას 1000 ფრანკი გადასცეს და ასევე ხელფასის სახით ყოველთვიურად 500 ფრანკი დაუნიშნეს.
პარიზში ყოფნის დროს, საქართველოს ემიგრაციული მთავრობის დავალებით, გიორგი მაზნიაშვილი საფრანგეთის გენერალურ შტაბთან და გენერალ ფურნესთან ეწეოდა მოლაპარაკებებს სამხედრო დახმარებისთვის, რათა საქართველოში კვლავ აღედგინათ ლეგიტიმური ხელისუფლება.
მაზნიაშვილის პარალელურად ირაკლი წერეთელი ინგლისის მთავრობასთან ცდილობდა მოლაპარაკებას, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. საფრანგეთსა და ინგლისიდან ქართველებმა სამხედრო დახმარების შესახებ უარი მიიღეს. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება ჩაახშო.
საქართველოდან გაქცეული ამბოხებულების დასახვედრად და დასახმარებლად გიორგი მაზნიაშვილი თურქეთში გაემგზავრა. თუმცა მანამდე იგი პარიზში დიდ მთავარ ნიკოლოზ რომანოვს შეხვდა, რომელმაც ამბოხებულების დასახმარებლად 10000 ფრანკი გადასცა. „დიდებულმა თავადმა გაიგო რა საქართველოში მომხდარი ამბები, ჩემთან ნდობით აღჭურვილი პირი გამოგზავნა და მთხოვა, თურქეთში გამგზავრებამდე მასთან შემევლო. ამილახვართან ერთად ნიკოლოზ რომანოვთან მივედი. იგი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კარგად იყო ინფორმირებული… მეორე დღესვე ნიკოლოზ რომანოვმა ამილახვრის ხელით 10000 ფრანკი გამომიგზავნა საქართველოდან გამოქცეული მეომრების დასახმარებლად. თურქეთში გასამგზავრებლად მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებმა თურქეთის ვიზა, 2000 ფრანკი გადმომცეს და გამაფრთხილეს, ამბოხებულთათვის ვიზებს ელჩ კოწია გვარჯალაძის სახელზე გამოგზავნიდნენ“… – დასძენს გიორგი მაზნიაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.
მისი ჩვენებიდან ასევე ირკვევა, რომ რამდენიმე დღეში მიიღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დეპეშა, რომელიც თავის რაზმთან ერთად დახმარებას ითხოვდა. პარიზიდან ელჩ კონსტანტინე გვარჯალაძეს 200 ვიზა და 10000 ფრანკი გაუგზავნეს, მაგრამ ეს თანხა გიორგი მაზნიაშვილის თანხასთან ერთად საკმარისი არ აღმოჩნდა აჯანყებულთა შესამოსად და საფრანგეთში გასამგზავრებლად. ამიტომაც გიორგი მაზნიაშვილის ორგანიზატორობით საქართველოდან დევნილთა დასახმარებლად კომიტეტი შეიქმნა, რომელიც მსურველთაგან შემოწირულობებს შეაგროვებდა. კომიტეტმა 123 დევნილი მიიღო, მათ შორის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის რაზმელებიც.
„საქართველოდან პირველად 40 ადამიანი მივიღეთ. ამის შემდეგ კი ელმავლით ჩოლოყაშვილის რაზმი და აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილები ჩამოვიდნენ. ყოველი მათგანი შემოგლეჯილი ტანსაცმლითა და უსახსროდ იყო. საჭირო გახდა ამ ჯგუფის ევროპულ სამოსში გამოწყობა და მარსელში გამგზავრება. თითქმის ერთი თვე მომიწია სტამბულში დარჩენა. პატარ-პატარა ჯგუფებად, როგორც იქნა, ჩამოაღწიეს დევნილებმა, ამის შემდეგ მეც დავბრუნდი პარიზში“. – ვკითხულობთ მაზნიაშვილის ჩვენებაში.
1925 წელს გიორგი მაზნიაშვილმა პარიზში საბჭოთა კავშირის საელჩოდან შუამდგომლობა მოითხოვა საქართველოში დასაბრუნებლად. მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და გენერალი მაზნიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.
საქართველოში გამომგზავრებამდე გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენლებს – რამიშვილს, გეგეჭკორს, ერაძეს შეხვდა. გიორგი მაზნიაშვილს ამჯერადაც საგანგებო დავალება ჰქონდა: საბჭოთა კავშირზე ევროპის რომელიმე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში გენერალი თავის სამხედრო ძალასთან ერთად ბათუმში განლაგდებოდა და ბათუმიდან ეცდებოდა თბილისზე შეტევას. ეს გეგმა შემდგომში ვერ განხორციელდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი მაზნიაშვილი 1937 წელს დააპატიმრეს.
სხვა ბრალდებებთან ერთად „ჩეკამ“, მისი პიროვნების დისკრედიტაციისთვის, ეროვნულ გმირს ბრალი, როგორც აფხაზეთის გენერალგუბერნატორს, მარადიორობასა და ქალების გაუპატიურებაშიც წაუყენა და აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემებიც მიაწერა.
„ეროვნული გვარდიის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ის გენერალ მაზნიაშვილის დივიზიამ შეცვალა და ამ წუთიდან იწყება აფხაზეთის ტრაგედია. მაზნიაშვილის დივიზია განსაკუთრებული სიმკაცრითა და შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა. დივიზიის წევრები აფხაზეთის მშვიდობიან სოფლებში იჭრებოდნენ, ძარცვავდნენ მოსახლეობას და აუპატიურებდენენ ქალებს“…
ამგვარი ინფორმაცია დევს მაზნიაშვილის საქმეში.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საქმის ხელახალი გადახედვისას შემდეგი სახის დასკვნა დაიდო: გიორგი მაზნიაშვილი იყო სამეფო და მენშევიკური ხელისუფლების გენერალი; ბოლშევიკების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ეწეოდა; მაზნიაშვილი საფრანგეთში გაქცეული ყოფილი მენშევიკური მთავრობის სამსახურში იდგა ყოველთვის; საბჭოთა ხელისუფლების დამხობას ცდილობდა და ამ მიზნით საფრანგეთის გენერალურ შტაბთან თანამშრომლობდა; მოლაპარაკებებს ეწეოდა აგრეთვე რუსეთის იმპერიის წარმომადგენელ ნიკოლოზ რომანოვთან; საბჭოთა საქართველოს მტრები სწორედ გიორგი მაზნიაშვილის მიერ იქნა შეფარებული და საფრანგეთში გამგზავრებული; გიორგი მაზნიაშვილმა პირობა მისცა საქართველოს ყოფილი მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებს, რომ სამხედრო ინტერვეციის შემთხვევაში, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა. ამ ბრალდებებიდან გამომდინარე გენერალ გიორგი მაზნიაშვილს „ჩეკამ“ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენიც სისრულეში მოიყვანა.
რაც შეეხება გიორგი მაზნიაშვილის ვაჟის მოთხოვნას, მამის საქმის გადახედვის შესახებ, მას 1979 წლის 3 აპრილს ეცნობა, რომ გიორგი მაზნიაშვილი 1937 წელს დასაბუთებულად იქნა სიკვდილით დასჯილი და გაპროტესტების საფუძველი არ არსებობდა… – ამ დასკვნას ხელს პროკურორი ა. ბარაბაძე აწერს.


მასალები გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფიიდან (ჯაბა სამუშია)
გიორგი მაზნიაშვილი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას არ უყვარდა და არ სწყალობდა. გენერალიტეტი აფასებდა, მაგრამ ყველა უცნაურ ადამიანად მიიჩნევდა. ბოლშევიკებს ებრძოდა 1921 წლის თებერვალში, მაგრამ იმავე წლის მარტიდან საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა, დაინიშნა წითელი ქართული დივიზიის უფროსად. ბოლშევიკებთან მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო, ოქტომბერში დააპატიმრეს და ორწელიწადნახევრიანი ტუსაღობის შემდეგ გაათავისუფლეს იმ პირობით, თუ ქვეყანას დატოვებდა. ემიგრაციაში ვერ გაძლო და კვლავ საქართველოში დაბრუნდა, შეეცადა, წყნარად ეცხოვრა სამშობლოში, მაგრამ 1937 წელს კომუნისტებმა, როგორც ხალხის მტერი, დააპატიმრეს და დახვრიტეს. ასეთი ცხოვრების გზა განვლო გიორგი მაზნიაშვილმა 1917 წლის შემდეგ, როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა და გადაწყვიტა თავისი ქვეყნის სამხედრო სფეროს მშენებლობაში მიეღო აქტიური მონაწილეობა.

გენერალი მაზნიაშვილი შტაბის გენერალი არ ყოფილა, ის სამხედრო ნაწილებს უშუალოდ ფრონტის ხაზზე სარდლობდა და შესანიშნავი მცოდნე იყო მეომართა ფსიქოლოგიისა. საშუალო ტანის, გამხდარი აღნაგობის გენერალი თავისი პრინციპულობით, ვაჟკაცური ხასიათით, სამართლიანობით ადამიანებში პატივისცემას იწვევდა, მათ შორის იმათშიც კი, რომლებიც პოლიტიკურად არ ენდობოდნენ მას. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მკაცრი და უკარება ეგონა, საოცრად სენტიმენტალური და მიმნდობი ადამიანი იყო. ინიციატივა, საკითხის, პრობლემის მოგვარებისა და გადაჭრის სურვილი მისი სტიქია გახლდათ. ფრონტის ხაზზეც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დასახული სამხედრო ამოცანა შეესრულებინა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მაზნიაშვილის ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკულად წარიმართა. თავიდან, თითქოს საბჭოთა რეჟიმი მოწყალების თვალით უყურებდა „მეფის რუსეთისა და მენშევიკების მთავრობის“ გენერალს, მაგრამ მალე ეს წყალობა რადიკალურად შეიცვალა და იგი, სხვა პატრიოტთა მსგავსად, მეტეხის ციხეში აღმოჩნდა.
ბოლშევიკების მიერ გენერალ მაზნიაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოდან გასახლების საკითხისათვის
1921 წლის შემდეგ გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფიის დეტალები დღემდე არ არის დაზუსტებული. მისი „მოგონებებიდან“ ისე ჩანს, თითქოს 1921 წლის 6 სექტემბერს, დაპატიმრების შემდეგ მან ციხეში ორ წელიწადნახევარი გაატარა და 1923 წლის 20 მაისს გათავისუფლდა (თარიღები მითითებული გვაქვს გ. მაზნიაშვილის მოგონებების მიხედვით). თუმცა, უნდა ითქვას, რომ მაზნიაშვილი სისხლის სამართლის საქმის #8374-59-ის მიხედვით ვითარება ოდნავ განსხვავბულადაა წარმოდგენილი. მართალია, 1992-1993 წლების მოვლენებისას მაზნიაშვილის საქმე #8374-59 განადგურდა, მაგრამ ჩვენამდე მოაღწია 1977-1978 წწ. საქართველოს სსრ პროკურატურაში რეაბილიტაციის მუხლით დაწყებული გამოძიების მასალებმა, ე. წ. „საზედამხედველო წარმოებამ“, სადაც ამონარიდების სახით მოცემულია ციტატები 1937 წელს შექმნილი საქმიდან. 1977 წელს გამოძიების დაწყება განაპირობა გიორგი მაზნიაშვილის ვაჟის, ბორისის, წერილმა, რომელიც მან 1977 წლის 14 ნოემბერს გაუგზავნა კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს ლეონიდ ბრეჟნევს. ამის საპასუხოდ, სასწრაფო წესით საქართველოში დაიწყო მაზნიაშვილის საქმის გადახედვა. რესპუბლიკის პროკურორმა ლ. თალაკვაძემ გამოძიება დაავალა იუსტიციის მრჩეველს, საქართველოს სსრ პროკურორის უფროს თანაშემწეს, გ. სვანიშვილს. დასკვნით დოკუმენტში შევიდა ამონარიდები ძველი საქმიდან და სწორედ ამის წყალობით გადარჩა გ. მაზნიაშვილის საქმიდან რამდენიმე პასაჟი. გენერალი მაზნიაშვილი საბჭოთა ხელისუფლებას დაუპატიმრებია 1921 წლის 6 ოქტომბერს (და არა 6 სექტემბერს), მიუსჯიათ სასჯელის უმაღლესი ზომა, რომლებიც მოგვიანებით შეუცვლიათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. რამდენიმე თვეში იგი საერთოდ გაუთავისუფლებიათ. სწორედ ამავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს საბჭოთა საქართველოს სამხედრო კომისარ თენგიზ ჟღენტისადმი გაგზავნილი გ. მაზნიაშვილის წერილი.
დოკუმენტიდან ჩანს, რომ გენერალი ჯერ კიდევ ციხეშია. იგი აღნიშნავს: „ჩემი ბრძოლა საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ“. ეს ფაქტი ცნობილია, ამას არ უნდა ფიცი, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ – ეს ხომ მრავალგზის ნაპატიები მქონდა, უწინარეს ყოვლისა, დეკრეტით და მერე თქვენი და ს. ორჯონიკიძის სიტყვებით. ამგვარად, არ არის დანაშაულის ელემენტები ჩემს დასასჯელად“. ეს წერილი სამხედრო კომისარიატში გატარებულია 1922 წლის 14 დეკემბრით. მას ადევს ორი რეზოლუცია: 1. მამია ორახელაშვილისა და ფილიპე მახარაძის – „პატიმრობა შეეცვალოს შემდეგში გადასახლებით“ და 2) სერგო ორჯონიკიძის – „გათავისუფლებულ იქნას“. როგორც ჩანს, პარტიულ ლიდერთა პოზიცია მაზნიაშვილის საქმეზე გაიყო. ორახელაშვილი-მახარაძე უფრო რადიკალურები იყვნენ, მაშინ როცა ორჯონიკიძე უფრო `წყალობდა~ დაპატიმრებულ გენერალს. ეს გასაგებიცაა და ამის შესახებ აქცენტი წერილში რამდენჯერმეა გაკეთებული. 1921 წლის თებერვალ-მარტში მაზნიაშვილსა და ორჯონიკიძეს შორის ოფიციალური თუ სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა ხელშეუხებლობის შესახებ. ბათუმში თურქთა წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის წარმართვა, წითელი არმიის ფორმირებაში მონაწილეობა, სწორედ ორჯონიკიძის დასტურით მოხდა. ამიტომაც გასაგებია ეს უკანასკნელი უფრო მეტ „პასუხისმგებლობას“ გრძნობდა გენერლის მიმართ. 1977 წლის სისხლის სამართლის საქმიდან ჩანს, რომ გიორგი მაზნიაშვილი ჯერ გაათავისუფლეს და მალევე ხელახლა დაიჭირეს. საქართველოს სსრ პროკურატურის დასკვნაში აღნიშნული იყო: „1923 წლის იანვარში მაზნიევი გ. ი. ხელახლა იქნა დაპატიმრებული საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების და სხვა დანაშაულებების ბრალდებით, რისთვისაც საქართველოს საგანგებო კომისიის კოლეგიის 19 იანვრის დადგენილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, თუმცა განაჩენი შეიცვალა საქართველოდან 5 წლით გაძევებით“.
გიორგი მაზნიაშვილს თავის წიგნში მოტანილი აქვს 1923 წლის 20 მაისს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის განაჩენი. ამ დოკუმენტში ზემოთ აღწერილი რეალობა კარგად იკითხება, თუმცაღა ისტორიოგრაფიაში ამას არ აქცევდნენ ჯეროვან ყურადღებას. საქართველოს საგანგებო (ჩეკა) კომისიის განაჩენის ტექსტში ვკითხულობთ: „ქვემოდ ჩამოთვლილ პირების შესახებ, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ სამხედრო ცენტრისა და ბანდიტიზმის ორგანიზაციის გამო საქართველოს ს.ს. რესპუბლიკის საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დაადგინა შემდეგი: 1. მაზნიაშვილი გიორგი ივანეს ძეს, 51 წლის, ყოფილი აზნაური, ყოფილი გენერალი, 1921 წელს კონტრრევოლუციისათვის მისჯილი ჰქონდა საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ გამოსასწორებელ სახლში ჯდომა 5 წლით, შემდეგ გათავისუფლებული იყო ამინისტიის გამო. როგორც გამოძიებიდან გაირკვა, ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე, საქართველოს წითელი არმიის დივიზიის უფროსობის დროს, ის დაეთანხმა ნაციონალ დემოკრატების ცეკა ნაციონალ დემოკრატების სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიღებაზე. კავშირი ჰქონდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამხედრო ორგანიზაციასთან. მიესაჯოს მას უმაღლესი სასჯელით, მაგრამ იმ დამსახურების გამო, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს გასაბჭოების დროს, შეეცვალოს უმაღლესი სასჯელი 5 წლის ვადით საქართველოს საზღვრებიდან გადასახლებით“. როგორც ვხედავთ, 1923 წ. 20 მაისის განაჩენშიც აღნიშნულია გ. მაზნიაშვილის ორჯერ დაპატიმრების ფაქტი. პირველად იგი ამნისტიის ძალით გათავისუფლდა, ხოლო მოგვიანებით სამხედრო ორგანიზაციასთან კავშირის გამო კვლავ დააპატიმრეს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში მითითებულ 19 იანვარს, როდესაც გენერალს მიუსაჯეს დახვრეტა, ეს უნდა იყოს მეორედ 1923 წელს დაპატიმრების შემდეგ გამოტანილი სასჯელის უმაღლესი ზომა, რომელიც 20 მაისს შეუცვალეს ქვეყნიდან გასახლებით.
მაზნიაშვილი და ქართული ემიგრაცია
საქართველოს დატოვების შემდეგ გიორგი მაზნიაშვილი ერთ ხანს ირანში ცხოვრობდა, სადაც მას პატრონობდა მეწარმე და ქველმოქმედი ე. ხოშტარია. ამ პერიოდში ხოშტარიას გართულებული ჰქონდა სპარსეთის მთავრობასთან ურთიერთობა და ამიტომაც მაზნიაშვილმა გადაწყვიტა ევროპაში გამგზავრება და ქართველ ემიგრანტთა დიდ ჯგუფთან შეერთება. 1923 წლის დეკემბერში გენერალი უკვე პარიზში ჩავიდა, სადაც დევნილობაში მყოფმა მთავრობამ მცირე პენსია 500 ფრანკი დაუნიშნა. ერთჯერადად საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის კი 1200 ფრანკი გამოუყვეს. თავად მაზნიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი პენსია „უდრიდა დახლოებით 50 მანეთს. ეს ფული ეყოფა პარიზში ადამიანს ისე, რომ არც მოკვდეს და არც ცოცხალი დარჩეს“.
პარიზული პერიოდი გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იგი, ძირითადად, ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკოსთა გარემოცვაში ჩნდებოდა, თუმცა კავშირები ჰქონდა საქართველოს მთავრობის წევრებთანაც. 1924 წლის აჯანყების დაწყება მაზნიაშვილმა და ქართველ ემიგრანტთა ნაწილმა რამდენიმე დღით დაგვიანებით შეიტყვეს. გენერალი იგონებს: „31 აგვისტოს, დაახლოებით შუადღის სამ საათზე, პატარა ჯგუფი ემიგრანტებისა ვისხედით კაფეში და მიმდინარე ამბების შესახებ ვბაასობდით, უცბად კაფეში შემოიჭრა სანდრო ქუთათელაძე და გულამოვარდნით გვითხრა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჩხენკელმა მიიღო რადიო დეპეშის ასლი, რომელიც დაიჭირა ეიფელის კოშკის სადგურმა. რადიო-დეპეშაში იყო სულ სამი სიტყვა: „საქართველოში დაიწყო აჯანყება“. მე, ს. კედია, ალ. ასათიანი და ი. გობეჩია მაშინვე წავედით ჩხენკელთან ამ ამბის გასაგებად. ჩხენკელმა გვაჩვენა რადიო-დეპეშა, მაგრამ ვერაფერი ახსნა-განმარტება ვერ მოგვცა. რადგან, მისი სიტყვით, ეს ამბავი მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ამ ამბავმა თავზარი დასცა ყველა ემიგრანტს და მღელვარებაში და შფოთში ჩააგდო. გასაკვირველი აქ არა იყო რა. ყველა ჩვენთაგანს სამშობლოში დარჩა ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და სხვა. მათი ბედ-იღბალი ყველას გვაწუხებდა“.
გიორგი მაზნიაშვილი თავიდანვე წინააღმდეგი იყო საქართველოში აჯანყების მოწყობისა. მას ეს პოზიცია არაერთგზის დაუფიქსირებია კიდეც ემიგრანტთა წრეებში. 1924 წლის დასაწყისში მაზნიაშვილმა მიიღო ცნობა საქართველოში მოსალოდნელი აჯანყების მოწყობასთან დაკავშირებით. გენერალმა ეს ინფორმაცია გადასცა აკაკი ჩხენკელს და ნოე რამიშვილს. ამ შეხვედრას იხსენებს გ. მაზნიაშვილი: „იმ წუთში მივედი მთავრობის წევრებთან და ჩხენკელსა და რამიშვილს, რომლებიც იმ დროს იქ იყვნენ, ვაცნობე ეს ამბავი და ვკითხე, მართალია ეს-მეთქი თუ არა? ორივემ ერთხმად მიპასუხეს, რომ ამის შესახებ მათ არაფერი არ იციან, რომ არავითარი იარაღი მათ არ გაუგზავნიათ და ამასთან დამარწმუნეს, რომ ეს ცნობები ძველია... რის აჯანყება, რა იარაღის გაგზავნაო – მითხრეს ორივემ – სად არის ამისთვის ფული? ჩვენი ისე ვართ გაჭირვებულნი, რომ აღარ ვიცით, შემდეგ თვეში ჯამაგირები როგორ დავარიგოთო“. საქართველოს მთავრობის წევრების სიტყვები წინააღმდეგობაში მოდიოდა რეალობასთან. ცნობილია, რომ ნოე ჟორდანიას გარემოცვამ იცოდა, რაც ხდებოდა საქართველოში და კომუნიკაცია ჰქონდა „პარიტეტულ კომიტეტთან“. რატომღაც გიორგი მაზნიაშვილთან ისინი საგულდაგულოდ მალავენ ამ ინფორმაციას. არ გამოვრიცხავთ, რომ ნაწილი ემიგრანტებისა ეჭვის თვალით უყურებდა დევნილ გენერალს. თბილისში მის გათავისუფლებას 1923 წელს ათასი მითქმა-მოთქმა მოჰყოლია, რასაც მაზნიაშვილი თავადაც არ მალავდა. ამ ჭორებს, რომელსაც ავრცელებდნენ „რუსთაველის პროსპექტზე უსაქმოდ მოხეტიალე ვაჟბატონებში (ეს მისი სიტყვებია – ჯ.ს.)“ პარიზამდეც ჩაუღწევია და მთავრობის წევრთა სიფრთხილეც ამით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.
ნოე ჟორდანიას ინიციატივით, გიორგი მაზნიაშვილი 1924 წლის 19 სექტემბერს სტამბულში გაემგზავრა, რათა აქედან მოეხერხებინა საქართველოში შეღწევა, თუმცა თურქეთში ყოფნისას გენერალი დარწმუნდა, რომ აჯანყება განწირული იყო და საქართველოში ჩასვლას აზრი არ ჰქონდა. მაზნიაშვილი ლტოლვილების მიღების ორგანიზებას შეუდგა. სწორედ ამ დროს შეიტყო გენერალ ა. ჭავჭავაძისაგან, რომ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისას „პარიტეტულ კომიტეტში“, ევროპიდან მიღებული ცნობის საფუძველზე მუსირებდა აზრი, რომ „რიზესა და ხოფას შუა დგანან იარაღით და სურსათით და დესანტით დატვირთული გემები გენერალ მაზნიაშვილისა და ნ. რამიშვილის მეთაურობით“. ბუნებრივია, ა. ჭავჭავაძის ამ ინფორმაციამ კიდევ უფრო დაძაბა მაზნიაშვილსა და სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას შორის ურთიერთობა. ამას დაემატა კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი – თბილისში გავრცელდა ხმები, თითქოს პარიზში ბოლშევიკებს აჯანყების გეგმა მაზნიაშვილმა გადასცა. 1925 წლის 14 იანვარს მან მიმართა ნ. ჟორდანიას წერილით, სადაც ითხოვდა მთავრობისგან, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებს ოფიციალური განცხადებით დაედასტურებინათ გენერალ მაზნიაშვილის უდანაშაულობა. ამ განცხადების პასუხად 26 იანვარს მაზნიაშვილს მიუვიდა კ. კანდელაკის წერილი.
„ბ. გიორგი მაზნიაშვილს
დღეს 26 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, განხილულ იქნა თქვენი განცხადება და დაადგინეს: გამოგეცხადოთ თქვენ სრული ნდობა და ამასთან ერთად ეცნობოს საქართველოს ყველა ჩვენ ორგანიზაციებს, რომ ხმები და ჭორები, რომელიც ტრიალებს თქვენი სახელის გარშემო, არის განზრახ მოგონილი ცილისწამება. მთავრობის მდივანი კ. კანდელაკი“.
ნაწილობრივ მაზნიაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თუმცა მთავარი, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში უნდა ჩასულიყო, არ შესრულდა. არავინ იზრუნა იმისთვის, რომ მთავრობის განცხადება მიეწოდებინა საქართველოში არსებულ იატაკქვეშა პარტიული ორგანიზაციებისთვის. დიდი ხნის მანძილზე საქართველოში სჯეროდათ, რომ მაზნიაშვილმა საბჭოთა დაზვერვასთან ითანამშრომლა და 1924 წლის აჯანყების გეგმა გადასცა. პარიზში ყოფნისას გენერალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მის მოგონებებში არაერთგზისაა აღნიშნული, რა მძიმე ყოფაში უწევდა ცხოვრება მის ოჯახს თბილისში.
იმავდროულად, ემიგრაციაში დისკომფორტს გრძნობდა. თავადვე აღიარებს, რომ „მმართველი პარტიის ხელში ვემსგავსებოდი სათამაშოს, რომელსაც პარტიის რომელიმე წევრი თავის სურვილისამებრ ათამაშებს, ყოველგვარ ექსპერიმენტებს აკეთებინებს და არაფერს ანგარიშს არ უწევს, რადგან არსაიდან დასჯას არ მოელის“. საბოლოოდ გიორგი მაზნიაშვილმა მიიღო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება და მოლაპარაკება დაიწყო ბოლშევიკებთან სამშობლოში დაბრუნების უფლების მიცემასთან დაკავშირებით. ამით აშკარად გაიყო გზები მასსა და ემიგრაციის დიდ ნაწილს შორის.
გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში 1925 წელს დაბრუნდა. იგი არასდროს არ ყოფილა საბჭოთა რეჟიმის მოტრფიალე, აშკარა შეცდომას უშვებენ ის მკვლევარები, რომლებიც მაზნიაშვილის საქციელში პრობოლშევიკურ ნაბიჯს ხედავენ. მაზნიაშვილი გენერლობის მიღმა ჩვეულებრივი ადამიანი იყო, თავისი სისუსტეებით. მას ენატრება სამშობლო, ოჯახი, ნათესავები. მის ამ ნაბიჯში ადამიანური გრძნობები უფრო ჩანს, ვიდრე კარგად მოფიქრებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. მას პარიზში უსაგნო ხეტიალს ერჩივნა საბჭოთა რეჟიმთან ლოიალურ დამოკიდებულებაში ყოფნა და საქართველოში ცხოვრება. ამიტომაც იყო კიდეც, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სოფელში დასახლდა და საერთოდ გაერიდა აქტიურ პოლიტიკურ თუ სამხედრო საქმიანობას. მას ეს ანიჭებდა სულიერ სიმშვიდეს და სიამოვნებას. ასე რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია, არც დაბრუნდებოდა. ან ვინ აიძულებდა მას პარიზიდან თბილისში ჩამოსვლას? ერთადერთი დანაშაული მაზნიაშვილისა, თუ ამას დანაშაული შეიძლება ვუწოდოთ, არის ის, რომ მან დაუჯერა საბჭოთა პროპაგანდას და იმას, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას არავინ ახლებდა ხელს. მაგრამ სამშობლოსადმი ნოსტალგიით შეპყრობილი ბევრი ადამიანისთვის ეს გზა ემიგრაციის მძიმე და მარტოობით აღსავსე ყოველდღიურობიდან თავის დახსნის ერთგვარი საშუალება იყო. მაზნიაშვილს ბოლშევიკებთან გარკვეულ დათმობებზე წასვლა, მაგრამ ეს გამოწვეული იყო გენერლის სურვილით, ყოფილიყო სამშობლოში და თავის უახლოეს ადამიანთა გარემოცვაში.
ქართულმა ემიგრაციამ, განსაკუთრებით უცხოეთში გადახვეწილმა სამხედროების ნაწილმა, მას ვერ და არ აპატია ეს ადამიანური სისუსტე. ქართველ მხედართა კრებამ გიორგი მაზნიაშვილს აყარა გენერლის პატივი. ამ სხდომის ოქმს ხელს აწერს ოთხი ქართველი სამხედრო პირი, გენერლები: გ. კვინიტაძე და ალექსანდრე ერისთავი, ასევე, პოლკოვნიკი მ. წერეთელი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი.
„ქართველ უფროსს მხედრების კრების დადგენილება 2 იანვარი 1926 წელიწადს.
გენ. მაზნევი მსახურობდა საქართველოს ჯარში დღიდან მისი დაარსებისა, მიიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ომებში და 1921წ. იმ მტრის წინააღმდეგ, რომელიც ეხლაც მეფობს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც 1921წ. 18 მარტს საქართველოს მთავრობა ზოგიერთ სამხედრო პირების თანხლებით გამოემგზავრა უცხოეთში, გენ. მაზნევი დარჩა საქართველოში და საბჭოთა ხელისუფლებისაგან მიიღო მთავარსარდლის თანამდებობა. მერე გენ. მაზნევი ამ თანამდებობიდან იყო გადაყენებული და დაპატიმრებულიც. 1923წ. იგი იყო განდევნილი ჩვენი სამშობლოდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ და სპარსეთით ჩამოვიდა პარიზში, სადაც ცხოვრობდა საბჭოთა უფლების მხარეზე გადასვლამდე. 1924 წ. ქართველი ხალხის აჯანყების დროს გაემგზავრა სტამბოლში სამშობლოში ჩასასვლელად, მაგრამ ვერ ჩავიდა, რადგან აჯანყება ჩაქრობილი იყო ჩვენი მტრის მიერ.
1925 წ. დაახლოებით ენკენის თვეს გაისმა ხმა, რომ გენერალ მაზნევს აქვს რაღაც მოლაპარაკება საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებთან პარიზში. ქართველ სამხედრო უფროსნი პირნი გენ. კვინიტაძის თავმჯდომარეობით შეეკითხნენ მას ამის გამო საქართველოს ლეგალიზაციის შენობაში, რისთვისაც ის საგანგებოთ იყო იქ გამოწვეული. მან ამ შეკითხვაზე განაცხადა, რომ მართლაც ერთხელ იყო ფორუმოვთან, საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელთან და ითხოვა ნებართვა თავისი შვილების ჩამოყვანისა საფრანგეთში და მხოლოდ ეს იყო საგანი მისი მოლაპარაკებებისა. მან იქვე აღიარა თავის შეცდომა, ის გარემოება, რომ ჩვენ სამხედრო პირებს ეს თავის დროზე არ შეგვატყობინა და დაგვპირდა, რომ უჩვენოდ არავითარ მოლაპარაკებას არ გააგრძელებდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჩვენ გადმოგვეცა და ჩვენ დაუკითხავად არაფერს უპასუხებდა. მიუხედავად ამ დაპირებისა, როგორც ჩანს, მან არა თუ ეს მოლაპარაკება განაგრძო და გადავიდა ჩვენი მტრის ბანაკში, არამედ მან გამოქვეყნა თავისი მოწოდება ქართველ მხედართა მიმართ, სადაც გმობს საქართველოს ეროვნულ მთავრობას, 1924 წლის ჩვენი ერის აჯანყებას და მოგვიწოდებს ჩვენც გადავიდეთ ჩვენი მტრის ბანაკში. 26 ქრისტესშობის თვეს 1925წ. და 2 იანვარს 1926წ.
უფროსს მხედართა კრებას, გენ. კვინიტაძის თავმჯდომარეობით, ჰქონდა მსჯელობა გენ. მაზნევის საქციელისა და მისი საერთო ყოფა ქცევისა გამო საფრანგეთში ყოფნის დროს. კრებამ დაადგინა: გენ. მაზნევი განრიცხულ იქმნას სამხედრო წრიდან და აღიძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა მას აეყაროს გენერლის და საერთოთ სამხედრო სახელწოდება და განრიცხულ იქნას სამხედრო უწყებიდან სამუდამოდ.
ამასთანავე, რადგანაც გენ. მაზნევი პარიზში ყოფნის დროს არა ერთხელ ასრულებდა მთავრობის დავალებებს, ჩაითვალოს როგორც მსახური პირი. მაშასადამე, აღიძრას მთავრობის წინაშე შუამდგომლობა, რათა გენ. მაზნევი დაუყოვნებლივ მიცემულ იყოს სასამართლოში, როგორც მოღალატე ჩვენი სამშობლოსი.
დედანს ხელს აწერენ: გენ. კვინიტაძე; გენ. ალექსანდრე ერისთავი; პოლკ. ს. წერეთელი; ქაქუცა ჩოლოყაშვილი. დედანთან სწორია გენ. კვიტინაძე“.
ეს მკაცრი გადაწყვეტილება მოგვიანებით, 22 იანვარს 1926 წლისა, გადაეცა საქართველოს მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენელს საფრანგეთში, აკ. ჩხენკელს, შესაბამისი წერილის თანხლებით. ამ უკანასკნელ დოკუმენტს ხელს აწერს გენერალი გ. კვინიტაძე. თავისი შინაარსით ეს წერილი საინტერესოა და მასაც აქვე ვაქვეყნებთ.
„საქართველოს მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენელს საფრანგეთში ბატ. ა. ჩხენკელს
ამასთანავე, გაახლებთ ქართველ უფროსს სამხედრო პირების დადგენილებას და გთხოვთ, წარუდგინოთ მთავრობას თანახმად სამხედრო ადათებისა, როდესაც ოფიცერი არღვევს თავის საქციელით პატიოსნებას, იგი უნდა იქმნას მიცემული პატიოსნობის სასამართლოში, რომლის წევრები არიან ამორჩეულნი სამხედრო ამა თუ იმ ნაწილის საზოგადოებიდან. თუ ოფიცერი არის გენერალი, ამ შემთხვევაში ინიშნება უფროსის მიერ საგანგებო სასამართლო, რომელსაც აქვს მსჯელობა ამ პიროვნების საქციელის შესახებ. გენ. მაზნევის საქციელი და საერთოდ მისი ყოფა-ქცევა პარიზში ყოფნის დროს ისეთი არაჩვეულებრივია და მოხდა ასეთ განსაკუთრებულ პირობებში, რომ მე საჭიროთ ვნახე მე თითონ მეკისრა თავმჯდომარეობა ჩემს მიერ დანიშნულ პატიოსნობის დამცველთა საგანგებო სასამართლოში.
გენ. მაზნევის საქციელში გახლავს ორი მწარე: ერთი ზნეობრივი, მეორე – დანაშაულობა თავის სახელმწიფოს წინაშე. პირველის დასჯა ეკუთვნის პატიოსნობის დამსჯელ სასამართლოს; მეორესი კი სახელმწიფო სასამართლოს. ამ ზნეობრივი მხარეების გარჩევა ეკუთვნის სამხედრო პირების უფლებას და სამხედრო პირებმა დაადგინეს, რომ გენ. მაზნევი იყოს განრიცხული სამხედრო წრიდან. თანახმად სამხედრო წესდებებისა, განრიცხული ამა თუ იმ ნაწილიდან ან წრიდან სამხედრო პირი უნდა იქმნას განრიცხული სამხედრო უწყებიდან სამუდამოდ. ამისთანა განრიცხვა შეადგენს სამხედრო უწყების თავში მდგომ პირის უფლებას. რადგანაც ამისთანა პიროვნება არ არსებობს, მაშასადამე, გენ. მაზნევის სამხედრო უწყებიდან განრიცხვა შეადგენს თვით მთავრობის უფლებას. ამიტომაც ქართველ უფროსს მხედართა გარიცხვას სთხოვს მთავრობას გამოიტანოს გენ. მაზნევის შესახებ დადგენილება სამხედრო უწყებიდან მისი გამორიცხვისა. რაც შეეხება გენ. მაზნევის მიცემისა სახელმწიფო სასამართლოში შექმნილ მდგომარეობის ძალით, ეს შეადგენს აგრეთვე მთავრობის უფლებას.
გენ. მაზნევი საქართველოს აღდგენიდან 1918წ. 26 მაისიდან გახლდათ მსახური ჩვენი მთავრობისა, იმ მთავრობისა, რომელიც აქამდის ცნობილია საფრანგეთის მიერ.
გენ. მაზნევი გადავიდა სამსახურში იმ მთავრობასთან, რომელსაც იგი არ სცნობდა და ამით უღალატა ჩვენ მიერ ცნობილ მთავრობას და აგრეთვე ქართველ ერს, რომელმაც გაღებული მსხვერპლით და აჯანყებებით მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ იგი არ იტანს ძალით დაყენებულ საბჭოთა ხელისუფლებას და შემოყვანილ უცხო ძალას.
გენ. მაზნევი საფრანგეთში ყოფნის დროს არა ერთხელ ასრულებდა ჩვენი მთავრობის დავალებებს და თავის საქციელით არა მხოლოდ უღალატა მთავრობას, არამედ იგი მოუწოდებს ქართველ მხედრობას, რათა გადავიდნენ მტრის ბანაკში.
ამ მოქმედებით გენ. მაზნევი გადაუდგა კანონიერ მთავრობას და შეუდგა ამით აჯანყების მოწყობას.
ამისთანა საქციელისათვის გენ. მაზნევი უნდა დასჯილ იქნას სასტიკად. სასამართლოს დანიშვნა და ამ სასამართლოს განაჩენის გამოტანა არის ჩვენი შინაური საქმე და მე მიმაჩნია ამის მოხდენა არ არის შეუძლებელი.
გენ. კვინიტაძე
თანდართულია ქართველ უფროს მხედართა კრების დადგენილების ასლი“.
როგორც ვხედავთ, გიორგი მაზნიაშვილი ემიგრაციაში მყოფმა სამხედრო პირებმა გარიცხეს თავისი რიგებიდან და აღძრეს შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, ჩამოერთმიათ მისთვის გენერლის წოდება. ნ. ჟორდანია და მისი მთავრობა მოერიდა ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმას, თუმცა უნდა ითქვას, რომ სამხედრო პირისთვის იმ მომენტისათვის მაზნიაშვილი მო- ღალატე და ბოლშევიკებთან შეკრული პირი იყო. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ ამ ორივე დოკუმენტში გენერალი მაზნიაშვილის გვარი მაინცდამაინც რუსული ფორმით – „მაზნიევით“ იხსენიება. ქართულ ემიგრაციაში მისი საქციელი დასაგმობი იყო და ამ წერილების ტონიც ამით უნდა იყოს განპირობებული. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ გენერალი თავისი სამშობლოსა და ოჯახის სიყვარულის გამო დაბრუნდა საქართველოში, არავითარი სხვა განზრახვა მას გულში არ ედო. სამშობლოში ჩამოსვლისთანავე ის ჩვეულებრივ ცხოვრებას შეუდგა, დიდ პერიოდს საერთოდ სოფელში ატარებდა. 1937 წლის მაზნიაშვილი დახვრიტეს. მან, საქართველოში სიკვდილი არჩია ევროპაში მშვიდად ყოფნას.
გიორგი კვინიტაძე, მართალია, ამ წერილის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი იყო, მაგრამ მოგვიანებით მისავე შექმნილ მოგონებებში არაერთგზის იხსენებს მაზნიაშვილს, თუმცა „ქართველ უფროსს მხედრობის კრების დადგენილებას“ კვინიტაძე აღარ ახსენებს. ამ მემუარების წერა გენერალმა, მართალია, 1922 წელს დაიწყო, მაგრამ მისი გამოქვეყნება სიცოცხლეში ვერ მოასწრო. ამასთანავე, „მოგონებებს“ მოგვიანებით რამდენჯერმე გაუკეთდა რედაქცია. ამ წიგნის წინასიტყვაობა საერთოდ 1961 წელს დაიწერა, ხოლო უშუალოდ მოგონებები 1985 წელს გამოიცა. ამდენად, გიორგი კვინიტაძეს ჰქონდა დროც და საშუალებაც, გარკვეული შესწორებები გაეკეთებინა თავის მოგონებებში და, მასში, 1921 წლის შემდგომი მოვლენებიც აესახა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე ადგილას ასეთი გვიანდელი სარედაქციო ჩარევის კვალს ვხედავთ კიდეც. ამ რეალობის გათვალისწინებისას თვალში საცემია ერთი დეტალი, კვინიტაძე არსად თავის ჩანაწერებში მაზნიაშვილზე აუგს არ ამბობს, მითუმეტეს, ერთი სიტყვითაც კი არ აღუნიშნავს მას „ქართველ უფროსს მხედრობის კრების“ გადაწყვეტილება. გენერალი კვინიტაძის „მოგონებებში“ მაზნიაშვილი თითქმის ყველგან დადებით კონტექსტშია დახასიათებული.
ამ ყოველივეს გაცნობის შემდეგ მკითხველს ერთადერთი კითხვა შეიძლება დაებადოს – რატომ სდუმს გენერალი კვინიტაძე მაზნიევის-მაზნიაშვილის საქმეზე 1926 წელს გამოტანილ განაჩენზე? ამასთანავე, მოგონებებში არსად ჩანს ის პათოსი, როგორც წერილშია. ჩვენი აზრით, ამას თავისი ახსნა აქვს. ემიგრაციაში მოგვიანებით საფუძვლიანად მოხვდა მაზნიაშვილის საბჭოთა კავშირში დაბრუნების გადაფასება. იმავდროულად, არ გამოვრიცხავთ „ქართველ უფროსს მხედრობის კრების“ „განაჩენი“ „ცხელ გულზე“ ყოფილიყო მიღებული, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა სრულიად საწინააღმდეგო დაანახა ევროპაში დარჩენილ ემიგრაციას. 1937 წელს, როდესაც მაზნიაშვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს, ემიგრანტ პოლიტიკოსთა თუ სამხედროთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც თავის დროზე თანაუგრძნობდნენ „ქართველ უფროსს მხედრობის კრების“ გადაწყვეტილებას, საღ-სალამათი იყო და პარიზისა თუ ევროპის სხვა ქალაქების ქუჩებში დასეირნობდა. ბოლშევიკების ტერორს კი შეეწირა მხცოვანი გენერალი, მისი შუათანა ვაჟი – ივანე (ვანო), ხოლო უმცროსი ბორისი საქართველოდან გადაიხვეწა და დიდი ხნის მანძილზე ბაქოში ცხოვრობდა. გენერლის ოჯახის ტრაგედია, ბუნებრივია, ემიგრაციაშიც ეცოდინებოდათ, ამიტომაც მოგვიანებით არავის გახსენებია გენერალ მაზნიაშვილის „ღალატი“.
გიორგი მაზნიაშვილის განკულაკება
საქართველოში გიორგი მაზნიაშვილის მდგომარეობა ბოლშევიკების მმართველობისას სავსე იყო რისკით. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ახალ ხელისუფლებას შური ეძია მასზე, როგორც მეფის რუსეთისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალზე, მაგრამ იმდენად დიდი იყო მაზნიაშვილის სურვილი, ეცხოვრა სამშობლოში, რომ იგი ამ საფრთხეს არაფრად აგდებდა.
დღეისთვის ძნელი არის იმის თქმა, მაზნიაშვილი წარმოიდგენდა თუ არა თავისი ცხოვრების ასეთი გზით განვითარებას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ის იმედოვნებდა საბჭოთა რეჟიმის კეთილგანწყობას, მაგრამ იგი არც იმდენად გულუბრყვილო იყო, რომ ასე ადვილად დაეჯერებინა საბჭოელთა დაპირებებისათვის. ვინ, თუ არა მან, კარგად იცოდა, როგორ გაუსწორდებოდნენ ბოლშევიკები 1921-1924 წლებში პოლიტიკურ ოპონენტებს. ამდენად, გიორგი მაზნიაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მართლაც იყო ნაკარნახევი სამშობლოში დაბრუნების სურვილით. სხვა მიზანი მაზნიაშვილს ამ ნაბიჯში არ იკითხება.
საქართველოში ცხოვრების პირველი წლები შედარებით მშვიდად მიდიოდა. გენერალი თავის სოფელში დასახლდა და ოჯახურ გარემოში ატარებდა წლებს.
საბჭოთა კავშირში 1928 წლიდან დაიწყო კოლექტივიზაციის პროცესი. სტალინის ამ წამოწყებას სოფლად ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომლებიც ბოლშევიკების რეჟიმმა მტრებად გამოაცხადა. მათ საგანგებო სახელით, „კულაკებით“ იხსენიებდნენ. თავიდან კულაკების მიმართ შედარებით შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებდა სტალინის რეჟიმი, მაგრამ 1929-1930 წლებში სოფლად მცხოვრები შეძლებული მოსახლეობის პირდაპირი დევნა დაიწყო. 1930 წლის 30 იანვარს პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება კულაკების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით და, ფაქტობრივად, ამით საფუძველი დაუდო პირველ ტერორს. საქართელოს რაიონებშიც გაიშალა „კულაკთა წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანია. გიორგი მაზნიაშვილი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა იმ ადამიანთა სიაში, რომლებიც საშიში იყვნენ საბჭოთა რეჟიმისათვის.
1930 წლის 26 იანვარს კასპის რაიაღმასკომის სხდომაზე „ოქმი #1“ განიხილეს რაიონიდან კულაკებისა და თავადაზნაურების გასახლების საკითხი, მათ შორის მაზნიაშვილის. დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: „მაზნიევი გიორგი ივანეს ძე არის ყოფილი პომეშჩიკი, მეფის და მენშევიკების დროინდელი მთავარსარდალი, რომელსაც შემოჰქონდა ნაქურდალი საქონელი თბილისიდან მენშევიკების დროს და ჰყიდდა ორმაგ ფასად გლეხობაზე. არის ყოფილი ემიგრანტი. წარმოადგენს გლეხობაში და მთავრობისათვის საშიშროებას, მიწებს ამუშავებს დაქირავებული შრომით.
ამის განსახლების სანქცია ეთხოვოს გორის ოლქ აღმასკომს. გიორგი მაზნიაშვილი განაკულაკეს, თუმცა სხვა მკაცრი სასჯელი მისთვის არ მიუსჯიათ. ამჯერად, გენერალი და მისი ოჯახი გადარჩა დაპატიმრებას და გადასახლებას, თუმცა საბჭოთა რეჟიმმა იგი „შავ სიაში“ შეიყვანა, რომელიც მალე ტრაგედიად ექცა მასსა და მის შვილებს.
გიორგი მაზნიაშვილისა და მისი ვაჟის – ივანეს დახვრეტა 1977 წელს საქართველოს სსრ-ს პროკურატურაში შექმნილი მაზნიაშვილის „საქმეში“ დაცულია ბორის მაზნიაშვილის წერილის საფუძველზე წარმოებული გამოძიების შედეგად გამოტანილი „დადგენილებისა“ და „დასკვნის“ ტექსტი, ასევე შემონახულია სამეულის (ტროიკის) მიერ მაზნიაშვილის გასამართლების ოქმი. ამ დოკუმენტებიდან ვგებულობთ, რომ გიორგი მაზნიაშვილი დაუპატიმრებიათ 1937 წლის 5 მაისს. საგამომძიებლო საქმეში მითითებული იყო, რომ დაპატიმრებას საფუძვლად დაედო ბ. ა. ლეჟნევას ჩვენება, რომლის საფუძველზეც 1937 წლის 26 აპრილს აღიძრა საქმე. შესაბამის ორგანოებს უწარმოებიათ „გამოძიებაც“, რომელსაც დაუდგენია მაზნიაშვილის კავშირი კონტრევოლუციურ დაჯგუფებასთან. საქმე განუხილია „ტროიკას“ – აქვსენტი რაფავას, შალვა წერეთლისა და ილარიონ ტალახაძის შემადგენლობით. „სასამართლოზე“ მოხსენებით წარმდგარა ვინმე კოვალევი.
ოქმში მოკლედაა ჩამოყალიბებული მაზნიაშვილის გასამართლების საფუძვლები: „1925 წელს სსრკ-ში დაბრუნებისას მიიღო დავალება (ჟორდანიას მთავრობისაგან – ჯ.ს.) საქართველოში აჯანყების მოსაწყობად. მჭიდროდ იყო დაკავშირებული კონტრევოლუციური, სამხედრო, ჯაშუშური, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებთან პ. აღნიაშვილთან და გ. თუხარელთან“. სამეულმა დახვრეტის განაჩენი გამოიტანა 1937 წლის 7 სექტებერს. დადგენილების ნაწილში მიწერილია – «Расстрелять».
ერთი თვის შემდეგ დახვრიტეს გენერლის ვაჟი – ივანე მაზნიაშვილი, რომელიც ასევე დაპატიმრებული იყო „ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის“. როგორც საგამომძიებლო საქმიდან გახდა ცნობილი, თავდაპირველად ივანე მაზნიაშვილი თავს არ ცნობდა დამნაშავედ და უარყოფდა მის ყოველგვარ კავშირს კონტრევოლუციურ ორგანიზაციასთან, რომელიც ვითომდა შექმნილი იყო პოლკოვნიკ თუხარელის მიერ. 1937 წლის 10 ოქტომბერს დაკითხვაზე ივანე მაზნიაშვილმა „აღიარა“ დანაშაული და დაადასტურა, რომ თავის დროზე თუხარელმა გადაიბირა და ჩაითრია საიდუმლო სამხედრო ორგანიზაციაში.
1937 წლის 11 ოქტომბერს ივანე მაზნიაშვილს სამეულმა მიუსაჯა დახვრეტა. 1957 წლის 28 ივნისს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალმა გააუქმა 1937 წლის განაჩენი, რის საფუძველზეც მოხდა ივანე გიორგის ძე მაზნიაშვილის რეაბილიტაცია.
***
ერთგან გიორგი კვინიტაძე ასეთ შეფასებას აძლევს თავის თანამებრძოლს გენერალ მაზნიაშვილს: „გენერალი მაზნიაშვილი მამაცი კაცია; რამდენჯერმე მინახავს ტყვიის ზუზუნში და გადაჭრით შემიძლია ამის თქმა. ერთობ არასასურველ ვითარებაშიც მამაცია. მაგრამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ესაა მისი ნაკლი – მოჭარბებული სიმამაცე; ხშირად გადადებდა ხოლმე თავის; ხშირად მოქცეულა ისე, რომ შეიძლებოდა თავი წაეგო და ხელიდან გამოგვცლოდა ისეთი კაცი, რომლის დაკარგვაც დიდ ზიანს მოგვიტანდა“ (იხ.: გ. კვინიტაძე. მოგონებები. ტ. I, გვ. 77). ოდნავ ქვემოთ იგი კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს იხსენებს მაზნიაშვილის ბიოგრაფიიდან. ახალციხისკენ შეტევის განვითარების წინ მაზნიაშვილს სერიოზული უსიამოვნება მოუვიდა თავის ხელქვეით სამხედროებთან, რის გამოც მთავრობამ გადაწყვიტა მისი მოხსნა და კვინიტაძის დანიშვნა. ამ მოვლენას გენერალი გიორგი კვინიტაძე ასე იგონებს: „ხაშურში... სამხედრო მინისტრთან შევედი ვაგონში. ვუთხარი, ვიცი მაზნიაშვილის თაობაზე გაგზავნილი თქვენი დეპეშის ამბავი და დაბეჯითებით გთხოვთ, ამას ნუ იზამთ-მეთქი. მიპასუხა, ბორჯომში მაზნიაშვილის ავტორიტეტი ძალიან შელახულია, ხელქვეითებთან უსიამოვნება აქვს, აღარ სჯერათ მისი და ამიტომაც აჯობებს მისი გამოწვევაო. მე ჩემსას არ ვიშლიდი და ვეუბნებოდი, მე და მაზნიაშვილი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ, როგორც საქართველო-სომხეთის ომში იყო; მე, როგორც შტაბის უფროსი, მაზნიაშვილსა და საჯარისო უფროსებს შორის ჩავდგები, სადავო აღარაფერი ექნებათ და ყველაფერი კარგად დასრულდება-მეთქი; ბოლოს, კიდევ ერთხელ დაჟინებით ვთხოვე მაზნიაშვილის დატოვება. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თხოვნას შემისრულებდა, თუმცა არაფერს არ დამპირებია. შტაბში ღამით ჩავედი. გენერლებს მაზნიაშვილსა და სუმბათაშვილს ეძინათ; მათი გაღვიძება არ დავანებე. საქმის ვითარება გამაცნო პოლკოვნიკმა ჯინჯიხიამ, რომელიც შტაბის უფროსი გახლდათ და ის-ის იყო მე-4 პოლკის მეთაურად დაინიშნა. მერე, ვახშმობისას, შტაბის ოფიცერი გავიცანი. მეორე დღეს ნაცნობი სურათი გამეორდა. მაზნიაშვილმა საწერ მაგიდასთან დამსვა და მითხრა: „აჰა, რუქა, ფანქრები, ქაღალდი, მელანი; აბა, შენ იცი“. მეორე დღეს პოზიციები დავათვალიერე და საქმეს შევუდექი. მაზნიაშვილმა მითხრა, შეიძლება მეც წამოგეწიოო. მართლაც გამოსულა, ოღონდ, როცა მარჯვენა ფლანგზე გავიდა, მე იქაურობის დათვალიერება დასრულებული მქონდა და უკვე მარცხენაზე ვიყავი. ღამით დავბრუნდი. ოთახში შესვლისთანავე თვალში მეცა, რომ რაღაცეებს ფუთავდნენ და ალაგებდნენ. მეგონა, მაზნიაშვილი სხვა ბინაში გადადიოდა. უკან დაბრუნებისას გავიგე, მარჯვენა ფლანგზე მაზნიაშვილი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩაო. თურმე ჩვენი სანგრების იქით გადასულა და მოწინააღმდეგისკენ გაუწევია. 200 ნაბიჯი ექნებოდა გავლილი, რომ ცეცხლი გაუხსნეს. მადლობა ღმერთს, უვნებელი გადარჩა. უკან დაბრუნებულმა მეგობრულად ვუსაყვედურე, როგორ შეიძლება თავის ასე გაწირვა, თან არაფრის გამო, ეშმაკს არ არ სძინავს-მეთქი. მითხრა, წაიკითხე ერთი ეგ დეპეშა, საწერ მაგიდაზე რომ დევსო. წავიკითხე. ეს იყო ბრძანება, მაზნიაშვილი გაწვეულ
იქნას მისი დივიზიის მობილიზაციის დასაჩქარებლად; ახალციხის ფრონტის სარდლად და ამავე მაზრის გუბერნატორად კი კვინიტაძე დაინიშნოსო. ჩემი თხოვნა არ შეასრულეს. თურმე მაზნიაშვილი სადგურში წასასვლელად ემზადებოდა. დავიწყე დათათბირება, რომ დარჩენილიყო და ვუთხარი, უკვე ვთხოვე, ეს არ ექნათ და ალბათ მოვახერხებ, რომ ბრძანება გააუქმონ-მეთქი. მაზნიაშვილმა არ დაიშალა და წავიდა“ (გ. კვინიტაძე. მოგონებები. ტ. I, გვ. 106-107).
























Комментариев нет:

Отправить комментарий