суббота, 24 февраля 2018 г.

ერთი საკითხი ოდიშისა და ცხუმის საერისთავოების ისტორიიდან (ა.ჩიქობავა)

ოდიშის სამთავრო ცხუმისა და ოდიშის საერისთავოების ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, მანამდე ეს ორი ადმინისტრაციული ერთეული ერთმანეთისგან მეტნაკლებად დამოუკიდებლად არსებობდა.
წყაროთა სიმცირის მიუხედავად, ცხუმის საერისთავოს არსებობა ეჭვს არ იწვევს, ის ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ლეონ II აფხაზთა მეფის რეფორმის შედეგად შეიქმნა. ლეონმა: `განყო ესე ეგრისი და აწ აფხაზეთი რვა საერისთავოდ. დასუა აფხაზთა და მისცა აფხაზეთი.., დასუა ცხომს მისცა ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ~.
`ისტორიანი და აზმანის~ ტექსტში თამარ მეფის დროინდელ ერისთავებზე ვკითხულობთ: `ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს ბარამ ვარდანისძე – სუანთა; კახაბერ კახაბერის-ძე რაჭის და თაკუერის ერისთავად; და ოთაღო შარვაშის-ძე ცხუმის ერისთავად; ამანელის-ძე [არგუეთის ერისთავად] და ოდიშის ერისთავად ბედანი~. უნდა აღინიშნოს, რომ `ამანელის-ძე [არგუეთის ერისთავად]~, ტექსტის ძირითად ხელნაწერში არ წერია და ის შემდგომში აღდგენილია. ჩვენ ვიზიარებთ ილია ანთელავასეულ აღდგენას `ცხუმის ერისთავად ამანელის-ძე~, ასევე ვახუშტის ნაშრომში შესაბამის ადგილას ვკითხულობთ: `დაღათო შარვაშისძე აფხაზთა; ამანელის ძე ცხომის~.
წყაროთა ანალიზის შედეგად უნდა ითქვას, რომ თამარ მეფის ზეობის პერიოდში ცხუმს ამანელისძეების განაგებენ. ზურაბ ანჩაბაძეს `ისტორიანი და აზმანის~ ტექსტზე დაყრდნობით აფხაზეთისა და ცხუმის საერისთავოები ერთ მთლიან ერთეულად წარმოუდგენია და მის მმართველად შარვაშისძე მიაჩნია, თუმცა ჟამთააღმწერელის თხზულებიდან ნათლად ჩანს, რომ ცხუმი და აფხაზეთი ცალკეულ ერთეულებს წარმოადგენენ, რადგან ლაშა-გიორგი `ნადირობდის ცხუმს და აფხაზეთს~.
XIV საუკუნეში ოდიშის ერისთავები ცდილობენ ცხუმის საერისთავო საკუთარ სამფლობელოს შემოუერთონ, რასაც ახერხებენ კიდეც. 1293 წელს, იმერეთის ტახტზე ადის დავით ნარინის ძე კონსტანტინე, რომელსაც თავისი ძმა, მიქელი დაუპირისპირდა. ოდიშის ერისთავმა გიორგი I დადიანმა ისარგებლა შექმნილი არეულობით და `მოიტაცა საერისთო ცხუმისაცა და დაიპყრა თვით სრულიად ოდიში ანაკოფიამდე~.
გიორგი I დადიანის მიერ ცხუმის საერისთავოს მიერეთების ფაქტი ზურაბ ანჩაბაძემ თავისებური ინტერპრეტაციით ახსნა. მისი აზრით, ცხუმის მიერთებით დადიანებმა აფხაზეთის სამხრეთი ნაწილი დაიპყრეს.8 უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერის ეს მოსაზრება ყოველგვარ არგუმენტაციას არის მოკლებული, რადგან არ არსებობს არანაირი წყარო, რომელიც, რაიმე ინფორმაციას გვაწვდიდეს შარვაშიძეთა მიერ ცხუმის საერისთავოს ფლობის შესახებ.
მიქელ დავით ნარინის ძის გარდაცვალების შემდეგ, 1330 წლისთვის, გიორგი V-მ ერთიანი სამეფო აღადგინა, დასავლეთ საქართველოში გადასული: `ჩავიდა ოდიშს, იქიდამ აფხაზეთს, განაგნა იქაურნი და დაიპყრა ციხენი თBსად და მისცა ცხომის საერისთო ბედიელს, ვითარცა პირველ ცხომისა იყო~. აქ, ბედიელის ქვეშ, მამია I დადიანი (1323-1345 წწ.) უნდა ვიგულისხმოთ. გიორგი V-ის მიერ `ცხუმის ბოძება~, ბეჟან ხორავას აზრით, უნდა გავიგოთ, როგორც გიორგი I დადიანის მიერ `მოტაცებული~ ტერიტორიის დაკანონება.
რას ნიშნავს ვახუშტისეული ფრაზა: `მისცა საერისთო ბედიელს, ვითარცა პირველ ცხუმისა იყო~? ჩვენი აზრით, ამას ეხმიანება ვახუშტისვე ცნობა, რომ `აფხაზთა მეფის ლეონიგან განიყო (აფხაზეთი – ა.ჩ) და ცხომის ერისთავი სხუა, ბედიის სხუა, აფხაზთა სხუა, თამარ მეფემდე ესრეთ. შემდგომად რუსუდანისა ოდიშისა დადიანი, და ბედიელი მას აქეთისა, არღარა ცხომისა~. კონკრეტული ცნობის მიხედვით, ჩვენ ვიზიარებთ მიხეილ ბახტაძის მოსაზრებას, რომ შესაძლებელია დადიანები ფლობდნენ ცხუმის საერისთავოს და რუსუდანის მეფობისას კი დაკარგეს. ზემოთ მოყვანილი ცნობა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად, თამარის მეფობის გარკვეულ პერიოდში, ოდიშს და ცხუმს სხვადასხვა ერისთავი განაგებს, როგორც წყაროებიდან ჩანს, ოდიშს – დადიანი (ბედიანი), ცხუმს – ამანელისძე. შემდგომ ეტაპზე, ცხუმი დადიანებს უნდა გადასცემოდათ, რუსუდანის დროს კი კვლავ ჩამოერთვათ.
რა გვაძლევს ამის ვარაუდის საფუძველს, გარდა ზემოთხსენებული კონკრეტული ცნობისა?
`ისტორიანი და აზმანში~ გიორგი რუსის ამბოხთან დაკავშირებით ვკითხულობთ: `ვარდან დადიანი, მსახურთუხუცესი, ლიხთაქათ პატრონი ორბეთისა და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსამდის უცილობლად ქონებასა... წავიდა და მოვიდა გეგუთს, რეცა პატრონისა წადილითა შეყარა ყოველი სუანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი და არგუეთი~. ვარდან დადიანმა, რომელიც სავარაუდოდ დასავლეთ საქართველოს ამირსპასალარი იყო, შეკრიბა იქაური ლაშქარი და ჩამოთვლილია დასავლეთის ყველა საერისთავო, გარდა ცხუმისა (არადა ცოტა ხნით ადრე ცხუმის ერისთავი თამარის მეფედ კურთხევისას ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა), რაც ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ცხუმი, გიორგი რუსის პირველი ამბოხის დროისთვის (დაახლოებით 1187 წელი) ოდიშის შემადგენლობაშია მოქცეული, რასაც ოდიშის მიმართ ფორმა `საეგროის~ გამოყენება გვავარაუდებინებს, რადგან ეგროსის წილი კლისურამდე სწორედ ცხუმის საერისთავოს ნაწილსაც მოიცავს. ასევე, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცხუმი ვარდან დადიანს გადასცემოდა საკარგავად, როგორც მსახურთუხუცესს?
`შემდგომად რუსუდანისა ოდიშისა დადიანი, და ბედიელი მას აქეთისა, არღარა ცხომისა~.
თამარის მეფობისას გადაცემულ ცხუმის საერისთავოს დადიანები რუსუდანის დროს კარგავენ. რას უნდა გამოეწვია ეს ცვლილება?
ამ დროისთვის პოლიტიკური მდგომარეობა შემდეგია: ჯალალ ედ-დინის და მონღოლთა ლაშქრობები – რუსუდანის მიერ თბილისის დატოვება და დასავლეთ საქართველოში გადასვლა – რუსუდანის მიერ თითქმის რევოლუციური ვერცხლის სამონეტო რეფორმა.
რუსუდანის სამონეტო რეფორმით ახალი ეტაპი იწყება ქართულ სივრცეში:
1. შეწყდა ე.წ. უწესოდ მოჭრილი ემისიები და 2. `ვერცხლის კრიზისის~ შემდეგ კვლავ იჭრება ვერცხლის ფული.
1) რუსუდანის ვერცხლის მონეტა. წონა 2,35 _ 2,70 გრამი.
შუბლი: ქრისტეს წელზევით შარავანდედიანი გამოსახულების ირგვლივ რკალი, რომლის გარეთ ასომთავრული ზედწერილია: `სახელითა ღვთისაითა იჭედა ქორონიკონსა 450~ (= 1230).
ზურგი: რთული ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში, რომელიც მოგვაგონებს თამარ მეფის 1200 წლით დათარიღებულ მონეტაზე ამოკვეთილ ნიშანს, ჩაწერილია ასომთავრული – რსნ – ე.ი. `რუსუდანი~.
2) რუსუდანის ვერცხლი. წონა 2,50 გრამი.
შუბლი: `სახელითა ღვთისაითა ჭედაი ვერცხლი ქორონიკონსა 450, (=1230).
ზურგი: `სრული დაწერილობით რუსუდან~.
რუსუდანის აღნიშნული ემისიები ნიკიფორე III ბოტანიატეს მონეტის აშკარა ტიპოლოგიაა. XIII საუკუნის დასავლეთ საქართველოში სამონეტო პროდუქცია ძირითადად ვერცხლია, ხოლო სასისხლო სიგელებში ნახსენები `ცხუმური თეთრი~ 1261 წლისათვის ძველია, თეთრი აქ საანგარიშო ერთეულია,
თ. დუნდუას აზრით, `ცხუმური თეთრი~ = ბოტინატურს, ანუ `ცხუმური თეთრი~ = რუსუდანის მონეტას, ანუ რუსუდანი აღნიშნულ ფულს სავარაუდოდ ცხუმში ჭრის.
1230 წლისთვის თბილისი ოკუპირებულია, კონკრეტულ ემისიებს დასავლეთ საქართველოში გახიზნული რუსუდანი ახორციელებს, რომელიც გეგუთის სასახლეში იმყოფება, ანუ ქუთაისში. მაშინ რატომ ჭრის მონეტას ცხუმში?
1. ეს შეიძლება უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებული ზომებით იყოს ნაკარნახევი და 2. როგორც ვიცით, თამარ მეფე: `ზამთარს დურს იყვის და ზაფხულს _ კოლას და ცელის ტბასა, ზოგჯერ გარდავისის აფხაზეთს: გეგუთს და ცხომს~. ანუ სამეფო რეზიდენცია გეგუთთან ერთად ცხუმშიც იყო, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ თბილისიდან გახიზნულ რუსუდანს, რომელიც `იყო რა ქუთაისს და ყოველსა აფხაზეთსა~ ცხუმში მოეჭრა მონეტა.
ჩვენი აზრით, რუსუდანის მიერ ცხუმში მონეტების მოჭრას უნდა უკავშირდებოდეს ვახუშტის ფორმულა – `შემდგომად რუსუდანისა ოდიშისა დადიანი, და ბედიელი მას აქეთისა, არღარა ცხომისა~, ანუ თამარის დროს დადიანებისათვის გადაცემული ცხომის საერისთავო რუსუდანის დროს სწორედ რომ სამონეტო საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა ჩამორთმეოდათ. აღდგა თუ არა ცხუმში ამანელისძეთა საგვარეულოს მმართველობა წყაროებიდან უცნობია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რუსუდანის ძეს – დავით ნარინს – ცოლად ჰყავდა თამარ ამანელისძე, ანუ სამეფო სახლთან ამანელისძეთა სიახლოვე აშკარაა.


Комментариев нет:

Отправить комментарий