суббота, 24 февраля 2018 г.

ქელეშ-ბეი შარვაშიძის პოლიტიკური მოღვაწეობის პირველი პერიოდი. 1774-1800 წლები (დ. ზაქარაია)

XVIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისისათვის, აფხაზეთის სამთავრო, სხვა დასავლურ-ქართული პოლიტიკური ერთეულების მსგავსად, ცდილობდა რუსეთ-თურქეთის 1768-74 წლების ომი გამოეყენებინა თურქეთის ბატონობისაგან გასათავისუფლებლად. აფხაზეთის მთავარი ზურაბ შარვაშიძე და სამურზაყანოს მფლობელი ლევან შარვაშიძე სათავეში ჩაუდგნენ აფხაზეთში ანტიოსმალურ აჯანყებას. აჯანყებულებმა სოხუმის ციხე-სიმაგრიდან თურქი მეციხოვნეები განდევნეს.1 მიღწეული გამარჯვების შენარჩუნება შეუძლებელი გახდა ლევან და ზურაბს შორის ატეხილი შუღლის გამო. რაინეგსის მიხედვით, რომელიც სპეციალური დავალებით საქართველოში გამოაგზავნეს, როგორც რუსეთის საქმეთა რწმუნებული (ის ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული ჯარის სარდლის გენერალ-პორუჩიკ პავლე სერგის ძე პოტიომკინის თანაშემწედ ითვლებოდა), „გამარჯვებულები ოსმალებს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდნენ შეერთებული ძალითა და ქვეყნის საიმედო მდებარეობის მეშვეობით, რომ არ გათიშულიყვნენ ძმების ლევან შარვაშიძესა და ზურაბ-ბეის შორის ამტყდარი ჩხუბისა და უთანხმოების გამო“.2 ლევანს და ზურაბს, ასევე ძმებად მოიხსენიებს, ტორნაუ3. . პახომოვის მოხსენებით ბარათში ლევანი ზურაბის ძმად არ არის მოხსენიებული4.
ზურაბი იძულებული გახდა, სოხუმის ციხე-სიმაგრე სამურზაყანოს მფლობელ ლევან შარვაშიძისათვის დაეთმო. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ შარვაშიძე აფხაზეთის მთავრად ითვლებოდა, აფხაზეთის სამთავრო ერთიანი მონოლითური პოლიტიკური ერთეული არ იყო.5 ამ დროისათვის აფხაზეთის მთავარი უშუალოდ განაგებდა ტერიტორიას მდ. გუმისთასა და მდ. ბზიფს შორის.6 ლევან შარვაშიძეს კი, რაინეგსის ცნობით, „რამდენიმე სოფელი და სოხუმი შერჩა“.7
ზოგიერთი მკვლევარის (. ხორავა, . წურწუმია) მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ლევან შარვაშიძემ თურქებს სოხუმის ციხესიმაგრე მიჰყიდა, სინამდვილეს არ შეეფერება8. აღნიშნული მკვლევარები აპელირებენ დიუბუა დე მონპერეს ცნობით, რაც მთლად გამართლებულად არ გვეჩვენება. დიუბუა დე მონპერე მართლაც წერს, რომ: „…они (ზურაბ და ლევან შარვაშიძეები) смогли бы утвердить свою независимость, но они были обессилены раздорами и Леван вынужден был продать туркам крепость Сухуми-Кале за двадцать турецких мешков, или десять тысяч пиастров (24000 франков)“, შემდეგ აღნიშნავს: „Так рассказывает об этом событии Рейнегс, и я ему охотно верю“.9 მაგრამ ამის დადასტურებას . რაინეგსთან ვერ ვპოულობთ.
ჩვენ გადავამოწმეთ . რაინეგსის თხზულებათა გამოცემები და მათში მხოლოდ ასეთი ცნობა აღმოვაჩინეთ: „ლევან შარვაშიძე შეუთანხმდა თურქებს და წლიური საზღაურის, ოცი ქისა (ექვსი ათასი მანეთი) - ფასად გადასცა იანიჩრების სოხუმის ციხე: ამ ციხისათვის უკეთ რომ ეპატრონათ, იგი იქნებოდა გასაღები დასავლეთ კავკასიისა, მით უმეტეს, რომ დაცულია და გამაგრებული აგუა ანუ აკუა-თი, ესაა მტკიცე პუნქტი, რომელიც საფეხურის ფორმის ყავისფერ ტრაპისებურ კლდეზე ძევს“.10 .. საქმე გვაქვს არა გაყიდვასთან, არამედ დროებით გადაცემასთან. ამასვე ადასტურებს დიუბუა დე მონპერეს თანამედროვე ოფიცერი . ტორნაუც, „პირველი აფხაზური ექსპედიციისხელმძღვანელი, რომელიც თავის მოგონებებში აღნიშნავს: “ლევანმა, ზურაბთან უთანხმოების გამო, თურქებს კვლავ გადასცა სოხუმი“. 11 აქ გასათვალისწინებელია, რომ . ტორნაუ წერილობით წყაროებს საერთოდ არ ეყრდნობოდა და თავის მოგონებებს 1856 . ვენაში წერდა.
თავის დროზე ირ. ანთელავასა და . ძიძარიას ყურადღება არ გაუმახვილებიათ ამ ფაქტზე. ისინი მხოლოდ აღნიშნავდნენ, რომ თურქებმა, გამოიყენეს რა ძმებს შორის შუღლი, იოლად ჩაიგდეს ხელში სოხუმის ციხე-სიმაგრე.12
ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ რაინეგსის ცნობას, ვინაიდან ის იყო ამ მოვლენების თანამედროვე, და მიგვაჩნია, რომ ლევანმა ყოველწლიური საზღაურის ფასად სოხუმის ციხე-სიმაგრე უბრალოდ გადასცა თურქ მეციხოვნეებს. ეტყობა, ამ ნაბიჯისკენ მას უბიძგა ზურაბთან კონფრონტაციამ. ლევანი ამ გზით ცდილობდა სოხუმის ციხე-სიმაგრის შენარჩუნებას. რაინეგსის ცნობით, თურქებს სოხუმის ციხე-სიმაგრემხოლოდ სამი წელი ეკავათ და მიატოვეს როგორც მათთვის გამოუსადეგარი პუნქტი“.13 ამ ფაქტს ადასტურებენ დიუბუა დე მონპერე და ტორნაუც.14 მაგრამ, როგორც ჩანს, რაინეგსის ცნობა იმის შესახებ, რომ თურქებმა მიატოვეს სოხუმის ციხე-სიმაგრე, სინამდვილეს არ უნდა შეეფერებოდეს. მას შემდეგ, რაც, ლევან შარვაშიძემ სოხუმის ციხე-სიმაგრე ყოველწლიური საზღაურის ფასად თურქებს გადასცა, მისი ავტორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობაში მკვეთრად დაეცა. აფხაზებმა ამის შემდეგ დაიწყეს განუწყვეტელი თავდასხმები სოხუმის ციხე-სიმაგრეზე.
ამ თავდასხმების უკან, ეტყობა, თვით ზურაბ შარვაშიძე იდგა. ამის შესახებ წერს ტორნაუ: „…турки держались в нем (სოხუმის ციხე-სიმაგრეში) после того (1771 წლიდან) не более трех лет утомленные бесспрерывным нападением Абхазцев“.15 ლევან შარვაშიძემ, მიტოვებულმა თავის მფარველ ბატონთაგან და ხალხისაგან შეძულებულმა, საჭიროდ დაინახა ანაკლიაში გაქცევა.16 ამ დროს, ანაკლიის ციხეში თურქი მეციხოვნეები იდგნენ.
თურქების მიერ ანაკლიის ციხის ხელმეორედ დაკავება 1772 წლიდან მომხდარა, რადგან ამ წელს საქართველოში მყოფი გერმანელი მეცნიერის იოჰან გიულდენშდედტის (1745-1781) ცნობით, ანაკლია ფორმალურად აფხაზეთის მთავრის სამფლობელოს საზღვრებში ყოფილა მოქცეული.17 სწორედ, ანაკლიაში ნახა თავშესაფარიხალხისგან შეძულებულმალევან შარვაშიძემ. ღაინეგსიმფარველი ბატონებისქვეშ ალბათ გულისხმობს იმ თურქ მეციხოვნეებს, რომელიც მან მოიწვია სოხუმის ციხე-სიმაგრეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი იქნება, როგორღა ნახა მან თავშესაფარი ანაკლიაში, თუ საერთოდთურქეთის მიერ იყო მიტოვებული“.
ანაკლია ხომ ოსმალეთის იყო. თუ რატომ წავიდა ლევან შარვაშიძე ოსმალეთის ანაკლიაში და არა სამურზაყანოში, ალბათ განპირობებული იყო ოდიშის მთავარ კაცია დადიანთან არსებული დამოკიდებულებით.
   ისტორიოგრაფიაში აქამდე ეს ფაქტი ყურადღების მიღმა რჩებოდა. მკვლევარებს ლევან შარვაშიძე დახასიათებული ჰყავთ როგორცპროქართული ორიენტაციის პიროვნება“, ანტიოსმალურ ღონისძიებების აქტიური მონაწილე და რუსეთთან დაახლოვების ინიციატორი აფხაზეთის სამთავროში.18 ჩვენი მოსაზრებით, ლევან შარვაშიძის ცალმხრივი შეფასება გაუმართლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ტრანსფორმაციააჯანყებულთა ლიდერიდან“ „თურქეთის ქვეშევრდომობამდეშემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო და ამას საფუძვლად ედო აფხაზეთის მთავარ ზურაბ შარვაშიძესთან კონფრონტაცია. წყაროების სიმწირის გამო შეუძლებელია იმის თქმა, უჭერდა თუ არა ოსმალეთი მხარს ლევან შარვაშიძეს, მაგრამ ცნობილია, რომბრწყინვალე პორტანებისმიერ საშუალებას იყენებდა აფხაზეთის სამთავროზე კონტროლის დასამყარებლად.
    ლევან შარვაშიძემ, რაინეგსის მიხედვით, ანაკლიაში გაიგო, „სამწუხარო ცნობა, რომ ქელეშ-ბეის დაეკავებინა ეს (სოხუმის) ციხე“.19 ეს მომხდარა 1774 წელს. . . გამოდის, რომ 1771 წლიდან 1774 წლამდე სოხუმის ციხე ლევანის სამფლობელოდ ითვლებოდა. 1774 წლიდან აფხაზეთის სამთავროში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებს ქელეშ-ბეი შარვაშიძე.
     წყაროების სიმწირის გამო ჩვენთვის უცნობია, რა გარემოებაში დაიკავა ქელეშ-ბეიმ სოხუმის ციხე-სიმაგრე. რაინეგსი აღნიშნავს მხოლოდ, რომ ქელეშ-ბეი შარვაშიძემ ლევანის მიერმიტოვებულისოხუმის ციხე-სიმაგრე დაიკავა.20 . ტორნაუ თავის მოგონებებში წერს, რომმაშინ ქელეშ-ბეიმ სოხუმი დაიკავა და აფხაზები დაიმორჩილა“.21 სხვა წყაროების უქონლობის გამო არ არის ცნობილი, თუ რას გულისხმობდა ავტორიაფხაზების დამორჩილებისქვეშ. ისტორიკოსი . წურწუმია წერს, რომ: „ოსმალებმა სოხუმის (აყუს) ციხე მთავრის ძმისწულს, გამაჰმადიანებულ შარვაშიძეს, ქელაიშ აჰმედ ბეგს ჩააბარეს“.22 ამასთან დაკავშირებით ავტორი უთითებს ირ. ანთელავას ნაშრომს. პროფ. ირ. ანთელავა (ასევე . ძიძარია, ხორავა და სხვ.), მართალია, ხაზს უსვამს ქელეშ-ბეისმართლმორწმუნე მაჰმადიანობასდა აფხაზეთის მთავრის მემკვიდრედ მის დანიშვნას,23 მაგრამ არაფერს ამბობს ოსმალების მიერ სოხუმის ციხის ქელეშ-ბეისთვის ჩაბარებაზე. ის მხოლოდ ქელეშ-ბეის მიერ სოხუმის ციხე-სიმაგრის ფლობის ფაქტს აფიქსირებს.24
    მიგვაჩნია, რომ ზურაბ შარვაშიძემ ქელეშ-ბეი ბათუმიდან ჩამოიყვანა. მისი ჩამოყვანით აფხაზეთის მთავარმა საბოლოოდ მოუსპო სამურზაყანოს მფლობელ ლევან შარვაშიძეს სოხუმის ციხე-სიმაგრის და მიმდებარე ტერიტორიის დაუფლების სურვილი.
      საისტორიო წყაროებში არ მოიპოვება კონკრეტული ინფორმაცია ქელეშ-ბეი შარვაშიძის ვინაობასთან დაკავშირებით. მაგალითად, დიუბუა დე მონპერე, რაინეგსზე დაყრდნობით (მათი ცნობები ერთმანეთს არ ეთანხმება) აღნიშნავს: „ამტკიცებენ, რომ ვიღაცა ქელეშ-ბეი, რომელმაც სოხუმის ციხე-სიმაგრე დაიკავა შარვაშიძეთა საგვარეულოს ეკუთვნის“.25 . ტორნაუ თავის მოგონებებში ქელეშ-ბეი შარვაშიძის ვინაობაზე საერთოდ არ საუბრობს და უბრალოდ მიუთითებს, რომ მან დაიკავა სოხუმი26. ისტორიკოსთა უმრავლესობა ქელეშ-ბეი შარვაშიძეს მიიჩნევს აფხაზეთის ყოფილი მთავრისა და იმჟამად ბათუმის ფაშის, მანუჩარ შარვაშიძის შვილად.27
      არის ცნობები, რომ ქელეშ-ბეი ჩაჩბების საგვარეულოს ბათუმური შტოს წარმომადგენელია. „თურქი მეომრისშვილის (ხალილ ატალაგ იფას) გადმოცემით, „ის (იგულისხმება ქელეშ-ბეი) ბათუმური ჩაჩბებიდან წარმომავლობით ამაყობდა“.28
     აფხაზეთის მთავარმა ზურაბ შარვაშიძემ ქელეშ-ბეი ძიაფშიფების ასულზე დააქორწინა.29 ამით აფხაზეთის მთავარმა 60-იან წლებში გაძლიერებული ძიაფშიფები დააშოშმინა.
ქელეშ-ბეი შარვაშიძემ, პირველ რიგში, სოხუმის ციხე გაამაგრა. მან მანუჩარს (ბათუმის ფაშა) ბათუმში ხუტუნია მარშანია, ვიღაც ანჩაბაძე და ერთი ზვანბაია გაუგზავნა. ქელეშ-ბეი მამას სთხოვდა ხელოსნების, განსაკუთრებით ქვისმთლელების, გამოგზავნას. ისინი მანუჩარის თაოსნობით ოსმალეთიდან მოიწვიეს.
სოხუმის გამაგრების გარდა ქელეშ-ბეიმ მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეული სახლები აღადგენინა.30 1775 . აფხაზეთის სამთავროში ინგლისელი კაპიტანი თომას რეინი იმყოფებოდა, რომლის ცნობის თანახმად, “ოსმალეთი მთელი მონდომებით ცდილობდა და ცდილობს აფხაზი ხალხის მიმხრობას, მაგრამ უშედეგოდ”.31
ქელეშ-ბეიმ, ზურაბთან შეთანხმებით, დააკმაყოფილა ბათუმის ფაშის მანუჩარ შარვაშიძის ჰარემის უფროსის, ქობულეთელი შირვან შარვაშიძის (. პახომოვის მოხსენებით ბარათში ის სამცხელი წვრილი აზნაურის მემკვიდრედ არის გამოცხადებული) შვილის ბექირის თხოვნა, მისი აფხაზეთის სამთავროში მიღებასთან დაკავშირებით. ის გააგზავნეს სოფ. კვიტოულში. მას უფლება მიეცა მთავრის ქვეშევრდომებისგან აკრეფილი ბეგარით ეცხოვრა, რათა შიმშილით არ მომკვდარიყო.32 . დადიანის მიხედვით კი, „ფლობდა შვა-სოფელად წოდებულს აყუს საზღვრიდამ ვიდრე ღალიძგამდე ძმისწული ზურაბისა ბექირ-ბეგ“.33 ბექირბეის ზურაბის ძმისწულად მიიჩნევენ ისტორიკოსები . ძიძარია, ირ. ანთელავა და სხვ.34 თუმცა, ცნობილია ისიც, რომ შარვან (ისტორიკოსები, ზოგჯერ, მას შირვანისაც უწოდებენ) შარვაშიძეს შვილი არ ჰყოლია.35
1780 წელს ქელეშ-ბეი აფხაზეთის მთავარ ზურაბ შარვაშიძესა და სამურზაყანოს მფლობელ ლევან შარვაშიძესთან ერთად მონაწილეობდა რუხის ბრძოლაში თურქების მხარეს, სამეგრელოს მთავარ კაცია დადიანისა და სოლომონ I-ის წინააღმდეგ. რუხის ბრძოლაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა ბექირ-ბეი. ცნობილი პოეტის ბესარიონ გაბაშვილის (1750-1791წწ.) ცნობით, ქელეშბეი და ლევან შარვაშიძეებმააღძრესბექირ-ბეი და ზურაბი (“ბექირ-ბეგს ასტეხს ქელეშ-ბეგ; და ზურაბს აღძრავს ლევანი”).36 ოსმალები აფხაზებს შეუთანხმდნენ (“აფხაზნი და თურქნი ურთიერთს შეითქვნენ”).37 აფხაზნი, ჯიქნი და ჩერქეზნი ახალციხის ფაშამ ოქროთი მოისყიდა. ოსმალებმამისცეს ბევრი ოქრო მათ და მოიმტკიცნეს მათნი თავადნი”.38 ლიტერატურული წყაროს ცნობით, “ოთხ ძმათა შარვაშიძეთა, შური შეექმნათ მრავლად, ქელეშ-ბეის, ზურაბს, ბექირ-ბეგს და ერთს უხმობენ ლევანად”.39 ნიკო დადიანის მიხედვით: “განუდგნენ დადიანსა სამფლობელო თვისი, აფხაზეთნი, სამურზაყანოდ წოდებული, და მიერთვენ მათ ხსენებულთა შარვაშიძეთა”.40 ამრიგად, ქელეშ-ბეის, ზურაბს და ბექირ-ბეის არ გასჭირვებიათ ლევანის მიმხრობა. . დადიანის ცნობით, “ამათ (აფხაზებმა) შეიკრიბნეს ჯიქნი, ალანნი, ზიხუა და მაზუმა და წარმოემართნენ დადიანსა ზედა”.41 ამ ლაშქრობას, . დადიანის ცნობით, ქელეშ-ბეი სარდლობდა (“თანაგამზრახად, ლაშქართა სარდლად, ქელაიშ-ახმედბეგ ხელში უჭირავს”).42 შარვაშიძეების მიერ შეგროვებული ლაშქარი ორმოცი ათას ადამიანს შეადგენდა. სხვა მონაცემებით: “აფხაზი, ჩერქეზი, თათარი თერთმეტი ათასი კაცი იყო”.43 აფხაზჯიქთა კოალიციამ მდ. ენგურთან დაიბანაკა. “მცნობმან ამისმან დადიანმა შეკრიბა სპანი თვისნი ოდიშ-ლეჩხუმისა და სვანეთისა და დაებანაკა რუხს კიდესა ზედა ეგურისასა”.44
აფხაზ-ჯიქთა მრავალრიცხოვნობის გამო, კაცია დადიანი იძულებული გახდა, დახმარებისათვის იმერეთის მეფე სოლომონ I-ისთვის მიემართა. სოლომონ I-მა, ნ. დადიანის ცნობით, “მსწრაფლ ბრძანა შეკრება იმერთ სპისა და წარმოემართა სახელოვნად და მოვიდა დადიანისა თანა”.45 კაცია დადიანი, “ათასი კაცის რჩეულით”, სოლომონ მეფეს მიეგება და “დაებანაკნენ მახლობელ ერთმანეთისა (სოლომონ მეფე და კაცია დადიანი). შემდგომად რაოდენიმესა ჟამისა მოვიდენ აფხაზნი და მიურიდებლად გამოვიდნენ ენგურს და დასდგენ პირისპირ მათისა”.46 მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. კაცია დადიანს მტრის დასაზვერავად ადრე გაგზავნილი ჰყოლია ოთარ აფაქიძე.47 შარვაშიძეებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა სოლომონ I-ის გამოჩენა, რამაც გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია აფხაზჯიქთა ლაშქარში. ბექირ-ბეიმ აცნობა ქელეშ-ბეის: “მტერნი ლხინობენ, მომატებიათ ძალია”.48 ამის შემდეგ, შარვაშიძეებმა თათბირი გამართეს. ლიტერატურული წყაროს ცნობით: “რა მოისმინა ქელეშ-ბეგ თქვა თვისი მცონარებითა, “ძმანო, თათბირი დავაწყოთ” ფერი ჰკრთა მთრთოლარებათა, კოჩი გავგზავნოთ მეფისად, მან უთხრას მძრწოლარებითა, და შერიგება გვსურს, თუმცა უნდა იფიქროს თვისის კრებითა”.49
ქელეშ-ბეის ამ თათბირზე გეგმა წამოუყენებია, რომლის თანახმად:
“ამისთვის ჰსჯობს რომ წარვგზავნოთ ელჩი წინასწარ მდგომელა,
შევნიშნოთ ოდეს მეფესთან იქმნეს აფხაზი მდგომელა,
მოუწყოთ მათ ზარბაზნი, მათისა სისხლთა მწვდომელა,
და ვესროლოთ, ვიქმნეთ მეფისა და დადიანის მკვდომელა.
თუმცა მოვკალით დადიანი და მეფე მისი სტუმარი,
უთავობითა ყოველნი დაშთებიანმცა მდუმარი,
ჯართ აღვხოცთ, აკვრებთ, შევიპყრობთ, შეიქმნებიან უხმარი
და რამე თუ ჰსჯობდეს თქვენა სთქვით, მე შევიქმნები მჩუმარი”.50
წარმოდგენილ გეგმას დაეთანხმნენ ლევან და ზურაბ შარვაშიძეები: “ლევან და ზურაბ იტყვიან: “დავასკვნათ ესე რჩევაო”.51 მათი აზრით, სოლომონ მეფესთან და კაცია დადიანთან ვიღაც უჩარდია უნდა გაეგზავნათ. ეს გეგმა ბექირ-ბეი შარვაშიძემ არ მოიწონა. ბექირ-ბეის აზრით, მამაცისთვის მიუღებელია “მუხთლობით მიზნის მიღწევა” (“არც არის პატიოსნება მტრისა მუხთლობით მკვლელობა”). მან მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ორმოცათასიანი ლაშქრით ბრძოლის ველზე სრულიად შესაძლებელი იყო გამარჯვება.52
ქელეშ-ბეი თავიდან არ დაეთანხმა ბექირ-ბეის წინადადებას (“გარნა მე გთხოვ დამიჯერო, სიმხნითა განლაღებულმან; და დავასკვნათ ჩემი თათბირი, თავი წარწყმიდოს რებულმან”),53 მაგრამ შემდგომ, როგორც წყაროდან ჩანს, პრაქტიკულად ბექირ-ბეის გეგმით მოქმედებდა.
ქელეშ-ბეიმ, ერთი მხრივ, უჩარდია გაგზავნა დადიანთან და ბრძანა, “მოიღონ ზარბაზანი ბაშლაყუთ თავზედ მქონეთა”.54 მეორე მხრივ, მან ლაშქარი შეყარა, ომის მოლოდინში: ბექირ-ბეი მარცხენა ფლანგზე განაწესა, მარჯვენა ფლანგის მეთაურობა ზურაბსა და ლევანს დააკისრა, თვითონ კი, ცენტრის ხელმძღვანელობა იკისრა.55 განსხვავებული ცნობების მიხედვით, “ქელეშ-ბეის ათასი მცველი ახლავს. თითო რაზმს ოთხ-ოთხი ზარბაზანი აქვს და თითო ზარბაზანს ხუთ-ხუთი კაცი ახლავსო: “მეწინავე” ჯარს ბექირ-ბეგი (ზ. მოლაშხია შეცდომით იხსენიებს ბექირ-ბეის ქელეშ-ბეის ძმად) სარდლობდა, რომელიც სამი ათასიანი ჯარით მოდიოდა; მემარჯვენეს წინ უძღოდა “ყაბარდოს ხანი?”, ხოლო “მემარცხენეს” - ვინმე ბარძივი უძღვის ჯიქეთის ხალხის მთავარი პირი”.56
შარვაშიძეთა ელჩი, უჩარდია, შეყოვნების შემდეგ, სოლომონ I-მა და კაცია დადიანმა მიიღეს. ამ დროს ი. გეგეჭკორის მიხედვით:
“ზარბაზანი გასწყვეტს მისის ნებისა მქნელობას,
და ხმა, დიდი ქუხვა და ბგერა ლაშქართა მისცემს მშლელობასა
ოთხის და ხუთის მომკვლელი ტყვია მეფის წინ დავარდა,
მხილველი ამის მგზებარე მეფე მკვირცხლად ავარდა”.57
ამრიგად, ქელეშ-ბეის პირველი გეგმა ჩავარდა. ამის შემდეგ, იმერ-ოდიშართა მხედრობამ შეუტია მარჯვენა ფლანგს. მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯიქ-აფხაზნი ზურაბ და ლევან შარვაშიძეების მეთაურობით გაიქცნენ. ამ დღეს, მეფის და მთავრის მეწინავე მხედრობას, “ორმოცი მკვდარი, ასი დაჭრილი” დაჰკლებია.58
მარჯვენა ფლანგის ბედი გაიზიარა ცენტრში მდგომმა ქელეშბეის რაზმაც.59 ქელეშ-ბეი ძლივს გადაურჩა დატყვევებას.60
ჯერი მიდგა მარცხენა ფრთაზე. აქ იმერ-ოდიშარებს სოლომონ I-ის მეთაურობით, მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ბექირ-ბეი. ის იძულებული გახდა, პოზიციები დაეტოვებინა და ზურაბის მიერ მიტოვებულ მარჯვენა ფლანგზე გადაენაცვლა. ამ დროისათვის ჯიქ-აფხაზთა უმეტესი ნაწილი შარვაშიძეებთან (ზურაბი, ლევანი, ქელეშ-ბეი) ერთად უკან იხევდა. ბრძოლის ველზე მხოლოდ ბექირ-ბეი დარჩა. დ. დადიანის ცნობით, ბრძოლაში “მძიმედ დაიჭრა” “გმირი” ბექირ-ბეგი,61 ხოლო ი. გეგეჭკორის თქმით:
“აირივნენ აფხაზები, ძალა არ ჰქონდათ მეტია,
აღარ ვახსენებ ქელეშ-ბეგს, ზურაბ და ლევანს მეტია
ბექირ-ბეგ ბრძოლით იწევა, ვით ვეფხვი სისხლის მხვრეტია
და მეფე იძახის: “ვა მაგას” მტერთა გაქცევის მჭვრეტია”.62
ქელეშ-ბეი შარვაშიძე ი. გეგეჭკორს უარყოფით პერსონად გამოჰყავს.63 ეს მაშინ, როცა ბექირ-ბეი გმირად და მამაცადაა გამოცხადებული.64 ქელეშ-ბეი და ბექირ-ბეი ხომ ერთი ბანაკის (ჯიქ-აფხაზთა) წარმომადგენლები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ამ წყაროს ტენდენციურობა აშკარაა. ამის გარდა, ზოგიერთი ისტორიკოსი (ბ. ხორავა, ზ. წურწუმია), დ. დადიანზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ჯიქ-აფხაზთა ლაშქრობას სარდლობდა ქელეშ-ბეი და ამაზე სწორედ თურქებმა დაითანხმეს.65 დასახელებული წყაროებიდან (დ. დადიანის “რუხის ომის” ჩათვლით) ქელეშბეი მოვლენების ცენტრში გვევლინება. ბრძოლის დროს ზურაბზე და ლევანზე რომ არაფერი ვთქვათ, ქელეშ-ბეის თავი არაფრით გამოუჩენია. იგივე წყარო პირდაპირ ამბობს: „ქელეშ-ბეგ უკან იწევა, ის დედაბერი მხთალია“.66 ეს მაშინ, როცა „ბექირ-ბეგ ბრძოლით იწევა, ვით ვეფხვი სისხლის მხვრეტია“.67
რუხის ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, აფხაზეთის მთავარ ზურაბ შარვაშიძესა და ქელეშ-ბეის შორის ურთიერთობა გამწვავდა. წყაროების სიმწირის გამო, არსებული უთანხმოების მიზეზი უცნობია. ისტორიკოსების ნაწილს (ირ. ანთელავა, ბ. ხორავა, ზ. წურწუმია და სხვ.) ურთიერთობის გამწვავების ინიციატორად ქელეშ-ბეი ჰყავთ გამოყვანილი, “ოსმალთა წაქეზებით, ქელეშ-ბეი შეეცადა ზურაბ შარვაშიძის ტახტიდან ჩამოგდებას”.68
ასევე უცნობია ამ მოვლენის ზუსტი თარიღი. ნ. დადიანი ზურაბსა და ქელეშ-ბეის შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებას 1781-1784 წლებს შორის ათავსებს. მისი თქმით, “შემდგომად რამოდენისამე ხანისა (1780 წ. მარტში გამართული რუხის ბრძოლის შემდეგ) სიყვარულისა დასამტკიცებლად მოვიდა მეფე (სოლომონ I) სალხინოს დადიანისა თანა, მონათლა ასული დადიანისა მარიამ”. ამას მოსდევს ცნობა ზურაბსა და ქელეშ-ბეის შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების შესახებ, რის შემდეგაც მოთავსებულია ცნობა ჩაქვის ბრძოლის შესახებ, რომელიც 1784 წ. 9 მარტს გაიმართა.69
ნ. დადიანის მიხედვით, “დროსა ამას (1781-1784წ. მარტამდე) შეიშურვენ ურთიერთისადმი შარვაშიძე ზურაბ, რომელი ფლობდა ზუფუს, და ძმისწული მისი ქელაიშ-აჰმედ-ბეგ, რომელი ფლობდა აყუს და მიმდგომსა მისსა”.70 ზურაბი იძულებული გახდა, სამეგრელოს მთავარ კაცია დადიანისათვის დახმარება ეთხოვა. დადიანმა “…შეიკრიბა სპანი თვისნი, აჩინა მხედართმთავრად ძმა თვისი გიორგი და წარგზავნა აფხაზეთად”.71
როგორც ჩანს, აფხაზეთის მთავარს არ შესწევდა ძალა, თავისი ძალისხმევით ქელეშ-ბეის მომხრეები დაემორჩილებინა. “მივიდნენ რა აფხაზეთს, - წერს ნ. დადიანი, - ურჩნი ზურაბისანი მოსწვეს, მოსწყვიდეს და შემდგომად მოადგენ ცხომის ციხეს, სადაც მამაცად ბრძოდენ ციხით გამო მეციხოანენი ქელაიშ-აჰმედ-ბეგისანი”72. როგორც ცნობიდან ჩანს, აქ საუბარია სოხუმის (აყუს) ციხის შემოგარენზე. მეციხოვნეების მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად (ამ დროს ქელეშ-ბეი სოხუმის ციხეში არ იმყოფებოდა), გიორგი დადიანმა “სიმხნე მამაცობითა საქებელითა აღიღო ციხე იგი… და მოიქცა გამარჯვებული კვალად ოდიშადვე”.73 ქელეშ-ბეი, ამის მიუხედავად, 1786 წლისთვის სოხუმის ციხის მფლობელად იხსენიება.74
“შემოდგომად ემზახლნენ ერთმანეთს კაცია დადიანი და ზურაბ შარვაშიძე, და ასული ზურაბ შარვაშიძისა, რუსუდან მოუყვანა დადიანმა მეუღლედ ძესა თვისსა მანუჩარს”.75 ბ. ხორავას მართებული შენიშვნით, კაცია II დადიანი დაუმოყვრდა არა ზურაბ შარვაშიძეს, არამედ ლევანს – სამურზაყანოს მფლობელს. კაცია დადიანის ძემ - მანუჩარმა შეირთო ლევან შარვაშიძის ასული ელისაბედი (განსხვავებული სახელი - რუსუდანი - მოცემულია ნ. დადიანთან).76 თანაც, ცნობილია ისიც, რომ ზურაბს შვილები არ ჰყავდა.77 ამით ოდიშის მთავარს სამურზაყანოს მფლობელის (რომელიც რუხის ომში ზურაბ, ქელეშ-ბეი და ბექირ-ბეი შარვაშიძეებთან ერთად ჯიქ-აფხაზთა ბანაკში იმყოფებოდა) დამორჩილება სურდა.78
1785 წელს ქელეშ-ბეი შარვაშიძე სტამბოლში იმყოფებოდა. მისი შუამდგომლობით, ბერი წულუკიძემ (ქუთაისის მოურავი და იმერეთის სამეფოს ბოქაულთუხუცესი) სამხედრო დახმარება სთხოვა ხონთქარს (ოსმალეთის სულთანს). ქელეშ-ბეი, თავის მხრივ, დაპირდა ბერი წულუკიძეს, რომ დავით მეფეს (დავით გიორგის ძე, სოლომონის ბიძის გიორგის ვაჟი, რომელიც იმერეთის სამეფოში სოლომონ I სიკვდილის შემდეგ 1784 წ. 23 აპრილს გამეფდა) ტახტიდან ჩამოაგდებდა, აჯანყებულ იმერეთს დაუმორჩილებდა და ხარკსაც დააკისრებდა. თურქეთის მთავრობამ წულუკიძის თხოვნა დააკმაყოფილა და თვით მეფის წინააღმდეგ გაგზავნა.79 საფიქრებელია, რომ ქელეშ-ბეის სტამბოლში ჩასვლა აფხაზეთის მთავართან კონფრონტაციის შემდეგ მომხდარიყო. როგორც ჩანს, ის სულთანის კარზე მიღებული პირი ყოფილა და შესაბამის საქმიანობასაც ეწეოდა.
1786 წლიდან ქელეშ-ბეი აფხაზეთის სამთავროში იმყოფებოდა. ნ. დადიანის ცნობით, “ჟამსა ამას (ავტორი აქამდე აღწერს, 1786 წ. 15 იანვრის წულუკიძის და პაპუნა წერეთლის ლაშქრობას 500 ლეკსა და 1000 თურქთან ერთად, რაჭის მორბევას და 26 იანვარს დავით გიორგის ძის მიერ მათ დამარცხებას) …ფლობდნენ აფხაზეთს დადიანის საზღვარს იქით შარვაშიძე ზურაბ, ზუფუს და აყუს ციხესა შინა იყო ქელაიშ-აჰმედ-ბეგი და ეპყრა მახლობელნი მისნი და ფლობდა შუა-სოფლად წოდებულს აყუს საზღვრიდამ ვიდრე ღალიძგამდე ძმისწული ზურაბისა, ბექირ-ბეგ”.80 როგორც ჩანს, სამურზაყანოს მფლობელი ამ დროისთვის აფხაზეთის სამთავრო კარის გავლენიდან გამოსული იყო. ცნობიდან ისიც ჩანს, რომ ბექირ-ბეის ზურაბის მხარდაჭერით მდგომარეობა გაუმყარებია – მისთვის აბჟუის ოლქი ჩაუბარებიათ.81
ქელეშ-ბეი შარვაშიძე 1789 წლისთვის უკვე აფხაზეთის მთავარი იყო. რასაც ადასტურებს ნიკო დადიანი, რომელიც წერს: “იქმნა მეფედ იმერთა ზედა სოლომონ (დავით არჩილის ძე, რომელიც 1789 წლის 12 ივლისს გაამეფეს) ძე არჩილისა, და დაიპყრა ყოველი იმერეთი… ხოლო ჟამსა მას მთავრობდა… აფხაზთა შორის ქელაიშ აჰმედ-ბეგ შარვაშიძე”.82
ქელეშ-ბეი შარვაშიძე აფხაზეთის მთავარი 1786-89 წლებს შორის უნდა გამხდარიყო. მოყვანილი ქრონოლოგიის ქვედა ზღვარს გვავარაუდებინებს რაინეგსისეული მინიშნებები. კერძოდ, როცა ავტორი საუბრობს 1771 წ. შექმნილ ვითარებაზე და ლევანსა და ზურაბს შორის არსებულ უთანხმოებაზე, შემდეგ აღნიშნავს: „ეს უკანასკნელი, რომელიც ყველა აფხაზს უყვარს, ახლაც სრულიად დამოუკიდებელია და მშვიდობიან ურთიერთობაშია თავის მომხრეებთან”.83 გარდა ამისა, როცა ქელეშ-ბეიმ 1774 წ. ლევან შარვაშიძის მიერ მიტოვებული სოხუმის ციხე-სიმაგრე დაიკავა, აღნიშნულია: „იგი (ქელეშ-ბეი) ამჟამად საკმაოდ მშვიდობიანად ფლობს მას (სოხუმის ციხე-სიმაგრეს)”.84 რაინეგსისეულ „ახლაც” და “ამჟამად”-ში იგულისხმება 1784-86 წლები.
რაინეგსის შემორჩენილი ხელნაწერები, რომელთა ერთი ნაწილი შარდერმა 1796-97 წლებში გამოსცა85 და ეკატერინე II-სადმი მიძღვნილი ხელნაწერი (იგი 1784-86 წლებს შორის უნდა იყოს დაწერილი). ამ ხელნაწერის გამომცემლის, გ. გელაშვილის მოსაზრებით, “ქვედა ზღვარს გვავარაუდებინებს ტექსტში მოცემული რაინეგსისეული მითითება, რომ სოლომონ I დიდი ხანი არაა, რაც გარდაიცვალა. ეს კი 1784 წ. აპრილში მოხდა”.86 თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნ. დადიანი 1786 წელს ქელეშ-ბეის მხოლოდ სოხუმის (აყუს) ციხის მფლობელად იხსენიებს, ხოლო შემდგომში, 1789 წლისთვის, უკვე აფხაზეთის მთავრად, აქედან გამომდინარეობს, რომ ქელეშ-ბეი აფხაზეთის მთავარი 1786-89 წლებს შორის გამხდარა.
მკვლევარები (გ. ძიძარია, ბ. ხორავა, ზ. წურწუმია) თვლიან, რომ ქელეშ-ბეი აფხაზეთის მთავარი გახდა 1780 წლის დასაწყისში.87 პროფ. ირ. ანთელავას აზრით, ქელეშ-ბეის გამთავრება XVIIIს. 80-იან წლებში მომხდარა.88
აღსანიშნავია, რომ წყაროების სიმწირის გამო უცნობია, თუ რა გარემოებაში გამთავრდა აფხაზეთში ქელეშ-ბეი. ზურაბ შარვაშიძეს მემკვიდრეები არ ჰყოლია. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ზურაბი იძულებული იქნებოდა აფხაზეთის მთავრის ტახტი თავისი ძმისწულისთვის, ქელეშ-ბეისთვის გადაეცა. ქელეშ-ბეისათვის აფხაზეთის სამთავროს გადაცემა ზურაბს თურქეთთან შეთანხმების გარეშე არ შეეძლო. მიგვაჩნია, რომ ამ გარემოებაზე მიუთითებს ა. ჩერეპოვი, რომლის თანახმად: “ზურაბმა ბათუმიდან ქელეშ-ბეი მოიწვია და, თურქეთის ნებართვით, აფხაზეთის სამთავრო მას გადასცა”.89
ისტორიკოსთა (ირ. ანთელავა, გ. ძიძარია, ნ. ბერძენიშვილი, ბ. ხორავა, ზ. წურწუმია) მოსაზრებით, ქელეშ-ბეიმ ოსმალთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო ზურაბ შარვაშიძე და თვითონ გამთავრდა.90
ქელეშ-ბეის აფხაზეთში გამთავრების დროს სოხუმში თურქი მეციხოვნეები იდგნენ. გამბას მიხედვით, 1787 წლისთვის სოხუმში მცხოვრებთა რაოდენობა 3000 ადამიანს აღწევდა.91 ადგილობრივი მოსახლეობა თურქ მეციხოვნეებს მუდმივად თავს ესხმოდა.
1785 წ. რუსეთის საგანგებო ელჩი სტამბოლში ი. ბულგაკოვი ეკატერინე II-ს ატყობინებდა: “აფხაზები, ოსმალებს არ ემორჩილებიან და ყოველდღე თავს ესხმიან მათ, ამის გამო თურქი მეციხოვნეები, ოსმალეთიდან სამხედრო შენაერთის გამოგზავნას ითხოვენ აფხაზებისაგან თავდასაცავად. ცოტა ხნის წინ აქ გამოგზავნილმა ასმა თურქმა მეციხოვნემ ვერ შეაღწია სოხუმის ციხე-სიმაგრეში”.92
აფხაზეთის მთავარს ამ დროს სამურზაყანო არ ემორჩილებოდა. სამურზაყანოს მფლობელები ოდიშის სამთავროში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ ჩართულნი. 1788 წ., კაცია II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, სამურზაყანოელები გამოვიდნენ ახალი მთავრის - გრიგოლ კაციას ძე დადიანის წინააღმდეგ. ისინი დაუკავშირდნენ იმერეთის მეფე დავით გიორგის ძეს და შესთავაზეს, სამეგრელოს მთავრის ტახტზე გრიგოლის ნაცვლად მისი ძმა, ლევან შარვაშიძის სიძე მანუჩარ დადიანი დაესვათ. ამასთან, ლევან შარვაშიძემ მზადყოფნა გამოაცხადა, ეცნო იმერეთის მეფის უზენაესობა.
ქელეშ-ბეის მმართველობა ასევე არ ვრცელდებოდა ანაკლიაზეც. 1787 წლით დათარიღებული ერთი თურქული მოხსენებიდან ირკვევა, რომ ანაკლიის თურქულ ციხიონს ოდიშის მთავარიკაცია დადიანიც კი დახმარებია ციხის გამაგრებაში. “ანაკლიის ციხეში ოდიშის მელიქმა კაცია დადიანმა ხისგან აშენებული ბურჯების გარდა ამჟამად ორი სართულის სიმაღლეზე ხის მტკიცე კედელი ააგო. ამ კედლის შუა ადგილები ქვითა და თიხით აავსებინა”, - ვკითხულობთ ამ მოხსენებაში. ამავე მოხსენების მიხედვით, კაცია დადიანს თურქი მოხელისათვის განუცხადებია: “თუ მე თურქეთის მორჩილი ვარ, ამ ციხის კედლებისა და ბურჯების აშენება ჩემი მოვალეობა არისო, რადგან მე არ მსურსო “სხვა ვინმე მტერი მოვიდეს და დაიპყროსო”. ა. ტუღუშის მმართებული შენიშვნით, ამ “სხვა ვინმე მტერში”, აფხაზეთის მთავარი ქელეშ-ბეი იგულისხმება. ფორმალურად, ანაკლია ლევან შარვაშიძის სამფლობელოში შედიოდა.93
ქელეშ-ბეიმ მთავრად გახდომის შემდეგ, პოლიტიკური მოსაზრებით, რეზიდენცია ლიხნიდან სოხუმის ციხე-სიმაგრეში გადაიტანა. მის მიერ მიღებული ზომები სოხუმის ციხე-სიმაგრის გასამაგრებლად ხელს უწყობდა სამთავროს გაერთიანებას და აფხაზეთის მთავრის ხელისუფლების გაძლიერებას.94 ქელეშ-ბეის ამ პოლიტიკას მაქსიმალურად უჭერდა მხარს ოსმალეთი. ამას ადასტურებს ს. ბრონევსკის ცნობა: „Келеш-бек, который вступил в наследственные права отца своего (შევნიშნავთ, რომ ავტორი ქელეშ-ბეის მამად შეცდომით იხსენიებს ზურაბს) также с согласия Порты. Имея около себя до 10,000 вооруженных абхазцев он мало заботился о выполнений фирманов от Порты насылаемых. Однакожъ во удовлетворение гордости дивана называл свой войска „Турецкими“. Расширяя таким образом свою власть и владение, он сделался наконец повелителем всей полуденной Абхазии“.95
ბრონევსკის მიერ მოყვანილი მასალა გვაფიქრებინებს, რომ ქელეშ-ბეი ვერ მიიღებდა მონაწილეობას 1790 წ. მეფე-მთავრებს შორის დადებული “ივერიელთა ერთობის ტრაქტატში”. სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ინიციატორებს, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ეს და იმერეთის მეფე სოლომონ II-ეს და მის წევრებსოდიშის მთავარ გრიგოლ დადიანსა და გურიის მთავარ სიმონ გურიელს, ერთი მიზანი ამოძრავებდათ - ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლა.96 ამ დროისათვის ქელეშ-ბეი ახალი გამთავრებული იყო აფხაზეთში. ჩვენი აზრით, სამთავროს შიგნით არსებული პარატიკულარიზმი (ცალკეული სათავადოების, მაგალითად, ძიაფშიფების, აბჟუის ოლქის მფლობელ ბექირბეის და სამურზაყანოს მფლობელთა ურჩობა) და მერყევი მდგომარეობა სამთავრო ტახტზე (თურქეთი ამის გამო მას მთავრის ტახტიდან გადააყენებდა) ფაქტობრივად გამორიცხავდა ქელეშბეის მონაწილეობას ანტიოსმალურ ღონისძიებებში. გარდა ამისა, ქელეშ-ბეი მენტალურად “ქართულ სულიერებას” მოწყვეტილი იყო და ეს გარემოება არ მისცემდა უფლებას, მართლმადიდებლურ სამყაროში ეპოვა ადგილი.
პროფ. ირ. ანთელავას მოსაზრებით, ქელეშ-ბეიმ შეგნებულად არ დაუჭირა მხარი ამ პროგრესულ წამოწყებას - ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც მკაფიოდ იყო გამოხატული 1790 წ. “ივერიელთა ერთობის ტრაქტატში”.97
ქელეშ-ბეი შარვაშიძემ თავისი გავლენა აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - საძებითა და უბიხებით დასახლებულ ტერიტორიაზე განამტკიცა. მან ასევე წებელდის მფლობელი მარშანიები და მდ. კოდორის მიღმა მცხოვრები ანჩაბაძეები დაიმორჩილა. აფხაზეთის მთავარმა დრანდის მოურავად აზნაური (“აამსტა”) ლომკაც ზვანბაია დანიშნა.100
ქელეშ-ბეი შარვაშიძემ თავის დროზე ზურაბ შარვაშიძის მიერ დანიშნული აბჟუის აფხაზეთის მფლობელი ბექირ-ბეი შარვაშიძე შეავიწროვა. მან ბექირ-ბეის წინასწარ გამიზნულად შერთო ნაბაკეველი ახტაულ ანჩაბაძის ასული, რომ მას შემდგომში ეთამაშა შირმის როლი ქელეშ-ბეისა და ბექირ-ბეის შორის. ნაბაკეველ ანჩაბაძეებთან და ეშერელ ძიაფშიფებთან თანხმობით ის აფხაზეთის მთავარ ქელეშ-ბეი შარვაშიძის გავლენისაგან თავის დაღწევას აპირებდა.101 ქელეშ-ბეიმ უმალვე ალყა შემოარტყა ბექირ-ბეის თავის “სიმაგრეში”, სოფ. ათარაში, რის შედეგადაც იგი იძულებული შეიქნა, დანებებოდა. აფხაზეთის მთავარმა ბექირ-ბეის აბჟუის აფხაზეთის მმართველობა დაუტოვა, მაგრამ ის იმდენად დააუძლურა, რომ გასაქანის საშუალებას არ აძლევდა.102 იარაღის ძალით ქელეშ-ბეიმ დაიმორჩილა აგრეთვე ჯიქები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე სახლობდნენ. მას, სულ მუდამ, მზად ჰყავდა 400-500 კაციანი შეიარაღებული გაწვრთნილი რაზმი და გალერები (საბრძოლო ნავი). მისი ასევე ეშინოდათ ზღვისპირა მცხოვრებლებს გელენჯიკის ყურიდან თითქმის ბათუმამდე.103
ქელეშ-ბეი კარგად შეიარაღებულ საზღვაო კატარღებს განაგებდა, ხოლო სოხუმის ციხე-სიმაგრესთან ახლოს გემთსაშენი ჰქონდა.104 აქ, ისტორიკოს ზ. წურწუმიას მოსაზრებით, 1791-99 წლებს შორის, ოსმალო მოხელე გულშენ-ბეის “მეცადინეობით აიგო გემი”, დასახელებით “კილიდ ულ ბაჰირ”. მისი სიგრძე 40 მეტრს შეადგენდა. ხომალდის კორპუსი ბრინჯაოს ფირფიტებით იყო შეჭედილი.105 “კილიდ ულ ბაჰირ”-ის შეიარაღება 28 ქვემეხისგან შესდგებოდა და მასზე 300 მეზღვაური და ჯარისკაცი მსახურობდა. დოკუმენტში არ იხსენიება ქელეშ-ბეი. ამ ხომალდის აშენების შემდეგ ოსმალეთის ხელისუფლებამ სოხუმში გემთმშენებლობის შეწყვეტის განკარგულება გასცა. თურქულ დოკუმენტში ეს გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით: სოხუმის გემთსაშენი იმპერიის ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული, გართულებულია და დროზე არ სწარმოებს გემის მშენებლობისთვის აუცილებელი მასალების მიწოდება, არ არის საკმარისი რაოდენობით მუშახელი და გემთმშენებლობის სპეციალისტები.106
ქელეშ-ბეიმ, აფხაზეთის სამთავროში მომძლავრების შემდეგ, ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა ეშერელ თავად ძიაფშიფებთან.107 თანამმართველად მან გვერდით დაიყენა საფარ-ბეი, რომელიც მუდმივად ლიხნში ცხოვრობდა.108 აღსანიშნავია ისიც, რომ საფარ-ბეის დედა – ლეიბას ქალი, სოფ. მუგუძირხვიდან (გუდაუთის რაიონი), გლეხური (“ანჰაიუ”) წარმომავლობის იყო.109
ა. პახომოვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ქელეშ-ბეის საფარ-ბეი ტყვე ჯიქისგან ეყოლა.110 ქელეშ-ბეიმ თავის შვილის საფარ-ბეის აღზრდისათვის ბეჟან მარღანიას სოფ. ეშირხვა და აბაალოუადგილი, მიწით და გლეხებითურთ აჩუქა.111
ქელეშ-ბეი შარვაშიძის გავლენა სამურზაყანოში 1794 წლიდან იგრძნობოდა. აქამდე, 1792 წ., როცა გრიგოლ დადიანი ჩამოაგდეს ტახტიდან, მან თავი სამურზაყანოს შეაფარა. როგორც ამ მოვლენის თანამედროვე ნ. დადიანი აღნიშნავს: “შეკრბენ სამურზაყანო-აფხაზნი შესაწევნელად გრიგოლ დადიანისა, ვინათგან იხილეს მფლობელი მათი განძებული უსამართლოდ”.112 ე.ი, აშკარაა, რომ ამ დროს (1792 წ.) სამურზაყანოელი აფხაზები თავიანთ მფლობელად გრიგოლ დადიანს მიიჩნევდნენ.
1794 წ. ქელეშ-ბეი შარვაშიძემ, ისარგებლა რა სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის იმერეთის მეფესთან გართულებული მდგომარეობით, უშუალოდ დაამყარა კონტროლი სამურზაყანოზე. ამაზე მეტყველებს ნ. დადიანის ცნობა: “გრიგოლი რა შთავიდა ოდიშს, სთხოვა შეწევნა ქელაიშ-აჰმედ-ბეგსა შარვაშიძესა, რომელსა ეპყრა ყოველი აფხაზეთი, ვიდრე ღალიძგამდე და მძლავრებდაცა დადიანის სამფლობელო სამურზაყანო-აფხაზეთსა”.113
1794 წ. იმერეთის მეფეს სოლომონ II-ს დაუპირისპირდა დავით გიორგის ძე, რომლის დასახმარებლად იმერეთისკენ გაეშურა გრიგოლ დადიანი “სამურზაყანოელი აფხაზების” თანხლებით. დავით გიორგის ძისა და გრიგოლ დადიანის კოალიციას აფხაზეთის მთავარი ქელეშ-ბეი შარვაშიძეც შეუერთდა.114 ქელეშბეი აფხაზთა ლაშქრით ოდიშში გადავიდა და ხიბულაში დაბანაკდა. ამ დროს სოლომონს მოუვიდა ერეკლე მეფის გამოგზავნილი დამხმარე ჯარი ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით. სოლომონი 24 ოქტომბერს შეტევაზე გადავიდა და დაამარცხა დავით გიორგის ძე, რის შემდეგაც გრიგოლ დადიანისა და ქელეშ-ბეის ბანაკისკენ გაემართა. ქელეშ-ბეიმ თავი აარიდა იმერეთის მეფესთან ბრძოლას და აფხაზეთში გაბრუნდა.115
აფხაზეთის მთავარი სამთავროს ცენტრალიზაციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებში ეყრდნობოდა წვრილი თავადაზნაურობასა და ასევე “ანჰაიუ”-გლეხებს, რომელთა წარმომადგენლებს ის ხშირად აწინაურებდა. მსახურულ თავადაზნაურობას ჯამაგირი ეძლეოდა უშუალოდ მთავრისგან. ამან კი საფუძველი შეუქმნა “აშნაყმების”, როგორც სოციალური ფენის ჩამოყალიბებას. “აშნაყმებმა”, რომელთა რაოდენობა მცირე იყო, ნაწილობრივ შეითავსეს აზნაურის და თავადის უფლებები და გაცილებით მაღლა იდგნენ “ანჰაიუებზე” – გლეხებზე. შინაყმები თავადის ბრძანების შემსრულებლები იყვნენ და მათ მომსახურე პერსონალს წარმოადგენდნენ.116 ამ “აშნაყმებში” ს. ესაძე ხედავდა მსგავსებას ივანე მრისხანის “ოპრიჩნიკებთან”.117
აფხაზეთის სამთავროში, როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა პოლიტიკურ ერთეულებში, ხშირი იყო ანტიოსმალური გამოსვლები. თურქი ისტორიკოსი ჯემალ გიოკჩე აღნიშნავს, რომ აფხაზები პერიოდულად ესხმოდნენ ოსმალებს სოხუმის ციხე-სიმაგრეში.118 ცნობილი ფაქტია ისიც, რომ 1789 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის (1787-1791 წწ.) დროს აფხაზეთის მთავარმა გარკვეული როლიც კი ითამაშა ჰუსეინ ბათალ-ფაშას კორპუსის განადგურებაში.119 1793 წ., როცა თურქმა მოხელემ ფეიზულ-დერვიშმა ქელეშ-ბეი შარვაშიძეს სულთან სელიმ III-ის ფირმანი გადასცა, რომლითაც ის დახმარებას ითხოვდა, აფხაზეთის მთავარი თურქებს არ დახმარებია.120
ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთის სამთავროს იმგვარი გაძლიერება, როგორც აფხაზეთის მთავარს სურდა, თურქეთისათვის სასიკეთო არ იქნებოდა. ამიტომ თურქეთმა ადრიდანვე სცადა ქელეშ-ბეი შარვაშიძის ჩამოშორება აფხაზეთიდან.
ტრაპეზუნტის ფაშის, მახმუდ თაიარის განმარტებით ბარათში, რომელიც მან თეოდოსიის გენერალ-გუბერნატორ ჰერცოგ დე რიშელიეს 1806 წ. მიართვა, აღნიშნულია, რომ „неизвестно по какимъ причинамъ, съ воли Султана принято было убить Келеш-бея. Онъ, узнавши о том предварительно принялъ к защищению себя осторожность; с того времени получения жалованья прекратилось и повеления султана не исполнял управляя своим народомъ“.121
ქელეშ-ბეისა და სულთნის ხელისუფლებას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე ასევე ყურადღებას ამახვილებდა აკად. ნ. ბერძენიშვილი: “როგორ მოხდა ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ოსმალეთის სულთანსა და ქელეშ-ბეის შორის ძველი ურთიერთობა დარღვეულია, სულთანს ეს თავისი მოხელე (ქელეშ-ბეი შარვაშიძე ორთუღიანი ფაშა იყო) სასიკვდილოდ გაუწირავს, მაგრამ ქელეშ-ბეის თავის დროზე შეუტყვია სულთანის გადაწყვეტილება და თავდაცვის ზომაც მიუღია. ის სოხუმის ციხე-სიმაგრეში გამაგრებულა, მაგრამ არც აშკარად სულთანს ასჯანყებია”.122
ამ ფაქტს ადგილი უნდა ჰქონოდა 1794-1802 წლებს შორის. ქელეშ-ბეი შარვაშიძე, ერთი მხრივ, ებრძვის ცალკეულ ფეოდალებს (ძიაფშიფები, მარშანიები, სამურზაყანოელი და აბჟუელი შარვაშიძეები), ხოლო მეორე მხრივ, იჩენს ურჩობას “ბრწყინვალე პორტასადმი”. ეს კი, ცხადია, თურქეთს იმის საბაბს აძლევდა, რათა ქელეშ-ბეი ისევე მოეშორებინათ აფხაზეთის სამთავროდან, როგორც ზურაბ და მანუჩარ შარვაშიძეები, ან თავად ქელეშ-ბეი, სულ მცირე, სულთანის ყურმოჭრილი ვასალი გაეხადა.
ქელეშ-ბეი შარვაშიძემ, ისარგებლა რა სამეგრელოს სამთავროს იმერეთის მეფესთან გართულებული მდგომარეობით, ანაკლიის ციხე-სიმაგრე მიმდებარე ტერიტორიით დაიკავა. ს. ბრონევსკი მიუთითებს, რომ “1799 წ. სამეგრელოს მთავარი იძულებული შეიქნა აფხაზეთის მთავრისთვის, ქელეშ-ბეი შარვაშიძისათვის ანაკლიის ციხე-სიმაგრე, მიმდებარე ტერიტორიით, დაეთმო”.123 მსგავსი ცნობები გააჩნია ასევე ისტორიკოს ნ. დადიანს: “წარვიდა რიკხოფ (გენ. რიკგოფი, რომელმაც 1805 წ. აპრილში ანაკლია აიღო, რის შემდეგაც ქელეშ-ბეი შარვაშიძემ გრიგოლ დადიანის ძე ლევანი გაათავისუფლა ტყვეობიდან _ დ.ზ.) თვისითა მხედრებითა და მისთანა სპანი ოდიშ-ლეჩხუმისანი და მივიდა ანაკლიას ციხესა ზედა, რომელი მას ჟამსა შინა მძლავრებით ეპყრა ქელაიშ-აჰმედ ბეგსა”.124
1804 წელს საქართველოს მთავარმმართებლის მიერ დასავლეთ საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის შესწავლის მიზნით წარმოგზავნილმა ლიტვინოვმა, ანაკლიის ციხე-სიმაგრეზე აღნიშნა: “ანაკლია, რომელიც მდებარეობს ენგურის მარცხენა მხარეს, გადავიდა აფხაზეთის მთავრის ქელეშ-ბეის ქვეშ არა უმეტეს ოთხი წლისა (ე.ი. დაახლ. 1800 წ.)”.125
ა. ტუღუშის მოსაზრებით, “1780 წელს დაბრუნებული ანაკლია ოდიშის მთავარმა 1792 თუ 1794 წელს კვლავ დაკარგა. ის ისევ აფხაზთა მთავრის გამგებლობაში გადავიდა, მაგრამ მალე ისევ დაიბრუნა, თუმცა რომელ წელს ძნელი სათქმელია, 1799 წელს ანაკლია უკვე მერამდენედ, აფხაზეთის სამთავროს საზღვრებშია მოქცეული”.126
საფიქრებელია, რომ 1787 წლის შემდეგ (ამ დროს აქ თურქული ციხიონი დგას) ოდიშის მთავარმა ანაკლია დაიბრუნა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სამურზაყანოს მფლობელები 1794 წლამდე ოდიშის მთავრის ქვეშევრდომები იყვნენ, მაშინ სარწმუნოდ ჩანს დადიანის მიერ ანაკლიის ციხე-სიმაგრის ფლობის ფაქტი. 1799 წ. კი აფხაზეთის მთავარმა ანაკლიის ციხე-სიმაგრე საბოლოოდ დაიკავა.
ანაკლიის მმართველობა ქელეშ-ბეიმ თავის შვილს მეჰმედბეის უბოძა, რომელსაც მისცა უფლება, ანაკლიის შემოგარენში მცხოვრებთაგან აეკრიფა ფულადი ბეგარა, ასევე მიეღო ანაკლიის ნავსადგურის შემოსავალი. აქედან გაჰქონდათ ხე-ტყე, სხვადასხვა ტყავეული, ხორცის ნაწარმი, სიმინდი, ლობიო. შემოჰქონდათ მარილი, რკინა და სხვ. ანაკლიიდან ფართოდ წარმოებდა ადამიანებით ვაჭრობა.127 შემორჩენილი ცნობების მიხედვით, აქ 500-მდე სახლი და 2000 მცხოვრები იყო.128
აფხაზეთის მთავარი ასევე მონაწილეობდა 1802 წელს დასავლეთ საქართველოში იმერეთის მეფე სოლომონ II-ისა და სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანს შორის მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში. ოდიშის მთავარმა ქელეშ-ბეი შარვაშიძეს დახმარება სთხოვა. აფხაზეთის მთავარმა მძევალი მოითხოვა. ამის შემდეგ ქელეშ-ბეი თავისი ლაშქრით (20000 მეომრითა და 3 ზარბაზნით) ოდიშში გადმოვიდა და აბედათში დაბანაკდა. სოლომონ II ოდიშში შეიჭრა. ქელეშ-ბეიმ მეფესთან შებრძოლება ვერ გაბედა.129 აფხაზეთის მთავარმა სოლომონ II-ს თავისი ნათესავი, სამურზაყანოს ერთ-ერთი მფლობელი ბეჟან შარვაშიძე მიუგზავნა. ქელეშ-ბეი სოლომონ II-ს სთხოვდა, აფხაზეთის სამთავროს შიდა საქმეებში არ ჩარეულიყო, სანაცვლოდ კი მას ჰპირდებოდა, რომ მომავალში დადიანთან ერთად იმერეთის მეფის წინააღმდეგ არ გამოვიდოდა.130
XVIII საუკუნის ბოლოსათვის აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეი შარვაშიძემ თავის შვილებს აფხაზეთის სამთავრო “დაუნაწილა”: გიორგი შარვაშიძეს ბზიფის ოლქი გადასცა; ჰასანბეის, ქელეშ-ბეის უმცროს შვილებთან (თაიარ-ბეი, ბათალ-ბეი, როსტომ-ბეი) ერთად, ჩააბარა ტერიტორია მდ. შიცკუარასა და მდ. კოდორს შორის, კელასურით ცენტრში (სხვა ცნობების მიხედვით, ბათალ-ბეის და თაიარ-ბეის გამგებლობაში სოფ. მერხეულიც იყო); სამურყაზანოს აფხაზეთი კი მეჰმედ-ბეის (ანაკლიის ციხეში მისი ადგილსამყოფელი იყო) ერგო.131
აბჟუის ოლქის და სამურყაზანოს ადგილობრივი მფლობელები იმდენად დაკნინებულან, რომ მათ შესახებ ცნობები არ მოიპოვება, რადგან XVIII საუკუნის ბოლოსათვის აფხაზეთის სამთავრო ერთიანი, მონოლითური პოლიტიკური ერთეული იყო.
ქელეშ-ბეი შარვაშიძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრებაა გამოთქმული. გენერალი გ. ფილიპსონი, რომელიც იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლის შტაბის მეთაური, მას ახასიათებს, როგორც ძლიერ, პოპულარულ და დადებით მოღვაწეს.132
ამგვარადვე ახასიათებდა ქელეშ-ბეი შარვაშიძეს ისტორიკოსი სიმონ ესაძე.133 საქართველოს მთავარმმართებელი გენერალი ა. ერმოლოვი ერთ-ერთ თავის ოფიციალურ წერილში ქელეშბეის ახასიათებს, როგორც “დამოუკიდებელ მთავარს”, რომელიც ხანდახან თურქეთის მფარველობით სარგებლობდა.134 ასევეა შეფასებული მისი მოღვაწეობა XIX საუკუნის 20-იან წლებში.135
ქელეშ-ბეის მოღვაწეობას განსხვავებულად აფასებს პროფ. .ირ. ანთელავა, რომლის აზრით, ის დასავლეთ საქართველოს მთავრებს შორის ყველაზე რეაქციული ელემენტი იყო (ნაგულისხმევია “ივერიელთა ერთობის ტრაქტატში” არმონაწილეობა, დასავლეთ საქართველოს შიდა ომებსა და ადამიანებით ვაჭრობაში ქელეშ-ბეის მონაწილეობა), ხოლო მის ღონისძიებებს, რომელიცმიმართული იყო სამთავროს გაერთიანებისაკენ, ირ. ანთელავა ხსნის თურქეთის ინტერესებით რეგიონში,136 თუმცა მისი ნაშრომის ადრეულ გამოცემაში ავტორი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.
ქელეშ-ბეი აქ წარმოდგენილია თურქეთის წინააღმდეგ აქტიურ მებრძოლად. ის, ირ. ანთელავას აზრით, თურქეთისავე ძალას იყენებდა თურქეთის დასამარცხებლად. ქელეშ-ბეის მთავრობის დროს ადამიანებით ვაჭრობაც შემცირდა.137
პროფ. მ. დუმბაძეც თვლიდა, რომ ქელეშ-ბეი შარვაშიძე დასავლეთ საქართველოს მთავართა შორის რეაქციულობით გამოირჩეოდა. მეცნიერის აზრით, XIX ს. დამდეგს აფხაზეთში ცენტრალური სამთავრო ხელისუფლება უმთავრესად ოსმალეთის სამხედრო ძალასა და მხარდაჭერას ეყრდნობოდა. მთავარი ამ დროს იყო უფროსი თანასწორთა შორის. მ. დუმბაძის დაკვირვებით, ოსმალეთის პოლიტიკური ბატონობის გავლენა აფხაზეთის სამთავროს კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე შეიმჩნეოდა იმაშიც, რომ მთავარს ორი ბეჭედი ჰქონდა – ერთი ქართულია და მეორე ოსმალური.38
აკად. ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებით, “ქელაიშ-ბეგები ეს აფხაზეთის ათასწლოვანი ისტორიის უარყოფაა, ქართველობისაგან გამოთიშვაა, ოსმალეთის სამსახურში ყოფნაა”.139 ავტორი ასევე აღნიშნავს სულთნის ხელისუფლებასა და ქელეშ-ბეის შორის არსებულ უთანხმოებას და სვამს კითხვას: “ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ მოხდა უთანხმოება ქელეშ-ბეისა და სულთანს შორის?”140
როგორც ვხედავთ, ზემოთ დასახელებული მკვლევარები აფხაზეთის სამთავროში გაერთიანების ტენდენციას ამჩნევდნენ, მაგრამ აქვე მიუთითებდნენ თურქეთის განმსაზღვრელ ინტერესებზე რეგიონში.
პროფ. გ. ძიძარია მეტ პოზიტიურს ხედავდა ქელეშ-ბეის მოღვაწეობაში და აღნიშნავდა მის დამსახურებას იმაში, რომ ის არ დაეხმარა თურქებს XVIII საუკუნის 90-იან წლებში რეგიონში თავისი პოლიტიკის გატარებაში. მეცნიერი ქელეშ-ბეის მიერ გატარებულ ცენტრალიზაციის პოლიტიკას დადებითად აფასებდა.141
პროფ. ზ. პაპასქირის მიხედვით, აფხაზეთზე ოსმალეთის გავლენის გაძლიერების მიუხედავად, იმდროინდელი აფხაზეთი სულაც არ იყო ამოვარდნილი საერთო-ქართული პოლიტიკური სამყაროდან.142 ჩვენი მოსაზრებით, ქელეშ-ბეი შარვაშიძის ამ პერიოდის მოღვაწეობა მიზნად ისახავდა აფხაზეთის სამთავროს გაერთიანებას. ამას მოწმობს ზემოთ მოყვანილი ფაქტები: ქელეშ-ბეის მიერ საძების, უბიხების, მარშანიების, აბჟუის ოლქის მმართველის, ბექირ-ბეის შევიწროვება, სამურზაყანოზე გავლენის მოპოვება, XVIII ს. ბოლოს ანაკლიის ციხის ხელში ჩაგდება, ძიაფშიფებთან კავშირის გაწყვეტა, თანამმართველად არა ძიაფშიფების ასულისგან ნაშობი შვილის, ასლან-ბეის143, არამედ მეორე ცოლისგან ნაშობი საფარბეის დანიშვნა, თურქეთის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში არმონაწილეობა, სულთნისადმი დაუმორჩილებლობა. XVIII ს. ბოლოს ოსმალეთთან გართულებული მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ შეუძლებელია, ეს ოსმალეთის ინტერესებში ყოფილიყო. ხოლო რაც შეეხება ტყვეებით ვაჭრობას, ეს მაშინდელ დასავლეთ საქართველოში მასობრივად გავრცელებული მოვლენა იყო. ამიტომ არ არის მართებული ქელეშ-ბეი შარვაშიძის დასავლეთ საქართველოს მთავართა შორის ყველაზე რეაქციულ მთავრად გამოცხადება. და ბოლოს, ქელეშ-ბეი შარვაშიძე, 1786 წლიდან მოყოლებული დასავლეთ საქართველოში რუსეთის გამოჩენამდე, იღწვოდა სამთავროს ცენტრალიზაციისათვის და მის მიერ გატარებული ღონისძიებები ღიად არ უპირისპირდებოდა თურქეთის მიზნებს რეგიონში, მაგრამ თურქეთის გავლენას აფხაზეთში ფარულად ზღუდავდა. ასეთი პოლიტიკური სიტუაცია გრძელდებოდა რუსეთის გამოჩენამდე. ამის შემდეგ კი იწყება ქელეშ-ბეი შარვაშიძის მოღვაწეობის ახალი ეტაპი.
შენიშვნები
1. ი. რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთო გია გელაშვილმა. თბ., 2002, გვ. 109; Ф. Ф. Торнау. Воспоминания Кавказского офицера. М., 2000, გვ. 34; Г. А. Дзидзария. Присоединение Абхазии к России. – Труды, I. Сухуми, 1988, გვ. 17.
2. ი. რაინეგსი. მოგზაურობა.., გვ. 17, 109.
3. Ф. Ф. Торнау. Воспоминания.., გვ. 34.
4. А. Пахомов. Записка об имениях князя Шервашидзе. – იხ.: ირ. ანთელავა, გ. ძიძარია. მასალები აფხაზეთის სამთავროს ისტორიისათვის. – „საისტორიო მოამბე“, ტ. 7. თბ., 1953, გვ. 243, 292.
5. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII вв. Сухуми, 1951, გვ. 80; З. В. Анчабадзе. Очерк этнической истории абхазского народа. Сухуми, 1976, გვ. 71-72; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII სს. თბ., 1996, გვ. 164.
6. И. Г. Антелава. Очерки.., გვ. 80.
7. ი. რაინეგსი. მოგზაურობა.., გვ. 110.
8. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 161; ზ. წურწუმია. აფხაზეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი თურქულ ისტორიოგრაფიაში. – „საისტორიო ძიებანი“, 5, 2002, გვ. 128.
9. Ф. Дюбуа де Монпере. Путешествие вокруг Кавказа. Т. I. Сухуми, 1937, გვ. 117.
10. Dრ. ჟაცობ ღეინეგგს. Aლლგემეინე ჰისტორისცჰ-ტოპოგრაპჰისცჰე Bესცჰრეიბუნგ დეს Kაუკასუს. II. Hილდესცჰეიმ უნდ შტ. Pეტერსბურგ, 1797, გვ. 7, 8; ი. რაინეგსი. მოგზაურობა.., გვ. 110. ხაზგასმა ჩვენია _ დ.ზ.
11. Ф. Торнау. Воспоминания Кавказского офицера. 1835 год. Ч. I. М., 1864, გვ. 6.
12. Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 17-18; И. Г. Антелава. Очерки.., გვ. 79.
13. ი. რაინეგსი. მოგზაურობა.., გვ. 110.
14. Ф. Дюбуа де Монпере. Путешествие.., გვ. 117; Ф. Ф. Торнау. Воспоминания.., 2000წ. გამოც., გვ. 34.
15. Ф. Ф. Торнау. Воспоминания.., 2000წ. გამოც., გვ. 7, 34.
16. ი. რაინეგსი. მოგზაურობა.., გვ. 110.
17. Иоганн Антон Гильденштедт. Путешествие по Кавказу в 1770-1773гг. С.-П., 2002, გვ. 228; ა. ტუღუში. ანაკლიის ისტორია. ზუგდიდი, 1999, გვ. 15.
18. И. Г. Антелава. Очерки.., გვ. 79; Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 16.
19. ი. რაინეგსი. მოგზაურობა.., გვ. 110.
20. ი. რაინეგსი. მოგზაურობა.., გვ. 110.
21. Ф. Ф. Торнау. Воспоминания.., 2000წ. გამოც., გვ. 34.
22. ზ. წურწუმია. აფხაზეთის.., გვ. 128.
23. Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 22; გვ. 113; ბ. ხორავა, ოდიშაფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 161.
24. И. Г. Антелава, Очерки.., გვ. 80.
25. Ф. Дюбуа де Монпере. Путешествие.., გვ. 117.
26. Ф. Ф. Торнау. Воспоминания.., 2000წ. გამოც., გვ. 34.
27. Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 22; И. Г. Антелава, Очерки.., გვ. 82.
28. სსცა. ფ. 416, აღწ. 4, ს. 1032.
29. А. Пахомов. Записка.., გვ. 231.
30. А. Пахомов. Записка.., გვ. 292.
31. Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 18.
32. А. Пахомов. Записка.., გვ. 293.
33. ნ. დადიანი. „ქართველთ ცხოვრება“. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევები, კომენტარები, საძიებელი და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962, გვ. 184.
34. И. Г. Антелава. Очерки.., გვ. 80; Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 27.
35. А. Пахомов. Записка.., გვ. 292.
36. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა. _ `აია~, სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული ჟურნალი, II. თბ., 2002, გვ. 11.
37. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 162.
38. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა, გვ. 11.
39. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა ანუ ცხოვრება დიდის მეფისა სოლომონისა თქმული იოანე გეგეჭკორისგან. გამოცემა ზ. ჭიჭინაძისა. ტფ., 1895, გვ. 5-6.
40. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
41. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
42. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა, გვ. 11.
43. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა, გვ. 11.
44. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
45. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
46. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
47. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა, გვ. 14.
48. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 7.
49. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 8.
50. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 8.
51. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 8.
52. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 9.
53. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 9.
54. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 11.
55. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 11.
56. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა, გვ. 14.
57. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 12.
58. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა, გვ. 15.
59. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება. გვ. 180.
60. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა, გვ. 16.
61. ზ. მოლაშხია. რუხის ბრძოლა, გვ. 15; ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 14.
62. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 14.
63. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 7, 14, 15.
64. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 14.
65. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 162; ზ. წურწუმია. აფხაზეთის.., გვ. 129.
66. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა, გვ. 14.
67. ი. გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა.., გვ. 14.
68. И. Г. Антелава, Очерки.., გვ. 82; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 164; ზ. წურწუმია. აფხაზეთის.., გვ. 129.
69. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180; მ. რეხვიაშვილი. იმერეთი XVIII საუკუნეში. თბ., 1982, გვ. 170.
70. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 180.
71. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 181.
72. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 181.
73. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 181.
74. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 188.
75. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 181.
76. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 181.
77. А. Пахомов. Записка.., გვ. 292.
78. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 164.
79. მ. რეხვიაშვილი. იმერეთი.., გვ. 195; ნ. ბერძენიშვილი. საანგარიშო მოხსენება მოსკოვ-ლენინგრადში სამეცნიერო მივლინებისა (1946წ.). _ წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. IV. თბ., 1967, გვ. 167.
80. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 183-184.
81. А. Пахомов. Записка.., გვ. 293.
82. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 185.
83. ი. რაინეგსი. მოგზავრობა.., გვ. 109.
84. ი. რაინეგსი. მოგზავრობა.., გვ. 110.
85. Dრ. ჟაცობ ღეინეგგს. Aლლგემეინე ჰისტორისცჰ-ტოპოგრაპჰისცჰე Bესცჰრეიბუნგ დეს Kაუკასუს („კავკასიის საყოველთაო ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერა“). I. Gოტჰა უნდ შტ. Pეტერსბურგ 1796; II. Hილდესცჰეიმ უნდ შტ. Pეტერსბურგ, 1797.
86. ი. რაინეგსი. მოგზავრობა.., გვ. 5-28.
87. Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 22; ზ. წურწუმია. აფხაზეთს.., გვ. 129.
88. И. Г. Антелава. Очерки.., გვ. 82.
89. Записка А. П. Черепова о сословиях и взаимных отношениях жителей Бзыбского округа. _ სსცა. ფ. 416, აღწ. 4, ს. 1032 (1866წ.).
90. И. Г. Антелава, Очерки.., გვ. 82; Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 22; ნ. ბერძენიშვილი. საქართველო XIX ს-ის I მეოთხედში. _ წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. II, თბ., 1965, გვ. 400; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 164; ზ. წურწუმია. აფხაზეთის.., გვ. 128.
91. ჟ. ფ. გამბა. მოგზაურობა ამიერკავკასიაში. ფრანგულიდან თარგმნა მზია მგალობლიშვილმა. თბ., 1987, გვ. 82.
92. Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 20.
93. ა. ტუღუში. ანაკლიის.., გვ. 13-14.
94. Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 22.
95. С. Броневский. Новейшие географические и исторические известия о Кавказе. Ч. I. М., 1823, გვ. 347.
96. ვ. მაჭარაძე. ივერიელ მეფეთა და მთავართა 1790 წლის შეთანხმება. – „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული, II. თბ., 1995, გვ. 235-255.
97. И. Г. Антелава, Очерки.., გვ. 87.
98. А. В. Фадеев. Краткий очерк истории Абхазии. Ч. I. Сухуми, 1934, გვ. 143.
99. А. Пахомов. Записка.., გვ. 292-293; А. В. Фадеев. Краткий.., გვ. 134;
100. А. Пахомов. Записка.., გვ. 284.; А. В. Фадеев. Краткий.., გვ. 184; И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии XVII-XVIIIвв. Сухуми, 1949, გვ. 146.
101. А. Пахомов. Записка.., გვ. 146.
102. Г. Д. Краевич. Очерки устройства общественно-политического быта Абхазии и Самурзакано. _ Сборник сведений о Кавказских горцах, вып. III. Тифлис, 1870, გვ. 20.
103. Краткие исторические сведения об Абхазии. – Газ. „Тифлиские ведо- мости“, 1830-1831, №3.
104. С. Броневский. Новейшие.., გვ. 226-227.
105. ზ. წურწუმია. აფხაზეთის.., გვ. 131-132.
106. ზ. წურწუმია. აფხაზეთის.., გვ. 131-132.
107. А. Пахомов. Записка.., გვ. 231.
108. А. Пахомов. Записка.., გვ. 232; Г. А. Дзидзария. Народное хозяйство и социальный строй дореформенной Абхазии. – Труды, I . Сухуми, 1988, გვ. 224.
109. И. Г. Антелава, Очерки.., გვ. 155.
110. А. Пахомов. Записка.., გვ. 231.
111. სსცა. ფ. 416, აღწ. 3, ს. 1014, ფურც. 36-37.
112. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 186-187.
113. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 192.
114. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 192.
115. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 192; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 167-168.
116. А. В. Фадеев. Краткий.., გვ. 143; Г. А. Дзидзария. Народное.., გვ. 242.
117. „Тифлисский листок“, 10 ноября 1904 года.
118. Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 26.
119. П. Г. Бутков. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803. Ч. II. СПб, 1869, გვ. 208-209; Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 21.
120. П. Г. Бутков. Материалы.., ч. III, გვ. 245.
121. Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею (შემდგომში АКАК). Под. ред. А. Берже. Т. III. Тифлис, 1869, გვ. 191.
122. ნ. ბერძენიშვილი. საქართველო XIX ს. პირველ მეოთხედში. _ წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. II, თბ., 1965, გვ. 400.
123. С. Броневский. Новейшие.., გვ. 297, 348.
124. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 194. ხაზგასმა ჩვენია _ დ.ზ.
125. АКАК, т. II, Тифлис, 1868, გვ. 405-413.
126. ა. ტუღუში. ანაკლიის.., გვ. 17.
127. Г. Д. Краевич. Очерки.., გვ. 20.
128. ნ. ბერძენიშვილი. საქართველო.., გვ. 401-402.
129. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 192; ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 169.
130. АКАК, т. I. Тифлис, 1866, გვ. 578.
131. А. Пахомов. Записка.., გვ. 231; Г. А. Дзидзария. Народное.., გვ. 224.
132. Г. Филипсон. Воспоминания Кавказского офицера. М., 1885, გვ. 154.
133. „Тифлисский листок“, 10 ноября 1904 года.
134. АКАК, т. 6, ч.1. Тифлис, 1874, გვ. 656.
135. Внешняя политика России XIX и нач. XX века. Документы. Серия II, т. 6 (14). М., 1985, გვ. 509.
136. И. Г. Антелава, Очерки.., გვ. 88-91.
137. И. Г. Антелава, Очерки.., 1949წ. გამოც., გვ. 74, 79-80.
138. მ. დუმბაძე. საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში. თბ., 1957, გვ. 129-131.
139. ნ. ბერძენიშვილი. მცირე შენიშვნა დიდი საკითხის გამო. _ წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. III, თბ., 1966, გვ. 285.
140. ნ. ბერძენიშვილი. მცირე შენიშვნა.., გვ. 283; ნ. ბერძენიშვილი. საქართველო.., ტ. II, გვ. 400.
141. Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 18-21.
142. З. В. Папаскири. О национально-государственном облике Абхазии/Грузия. Тб., 2003, გვ. 38.
143. საარქივო მასალის მიხედვით, ქელეშ-ბეის ჰყავდა ხუთი ცოლი და ექვსი შვილი: მეჰმედი, ასლანი, საფარი, ბათალი, თაირი, ჰასანი იხ.: სსცა. ფ. 416, აღწ. 3, ს. #1113.

Комментариев нет:

Отправить комментарий