воскресенье, 4 февраля 2018 г.

იაჰია ანტიოქიელი (975-1066): ცნობები საქართველოს შესახებ

დავით კურაპალატისა და გიორგი I-ის ბასილი II კეისართან დაპირისპირებაზე 7 წყარო მოგვითხრობს. ორი ქართული: „მატიანე ქართლისა“ და „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“; ბერძენი გიორგი კედრენე, სომხები: არისტაკეს ლასტივერტეცი, მათე ურჰაეცი და ვარდან ვარდაპეტი (არეველცი) და არაბია იაჰია ანტიოქიელი.
    იბნ საიდ იბნ იაჰია ალ-ანტაქი (973–1066), იყო ქრისტიანი არაბი ისტორიკოსი და ექიმი. იგი ცხოვრობდა ჯერ ეგვიპტეში, 1013 წელს კი ხელისუფლებისგან დევნილი გადასახლდა ბიზანტიის სამფლობელო ანტიოქიაში, საიდანაც მიიღო მეტსახელი.
    მან შეადგინა თავისი ნათესავ ალექსანდრიის პატრიარქ ევტიხის (ერობაში საიდ იბნ ბატრიკი, გ. 939) „მსოფლიო ისტორიის მატიანის გაგრძელება“ („თარის აზ-ზაილი“). თხზულება ორ ტომად არის დაწერილი და მთავრდება 1066 ამბებით. ნაშრომი წარმოადგენს პირველწყაროს ჩრდ. აფრიკის, სირია-მესოპოტომიისა და ბიზანტიის ისტ. შესასწავლად. მასში აღწერილია საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა კეისარ ბასილ II-ის (976–1025) დროს. კერძოდ, დავით III-ის კურაპალატად დანიშვნა; ტაოს გადასვლა ბიზანტიის ხელში, 1019 გიორგი I-ის მიერ ამ ტერიტორიის დაბრუნება; ქართველთა მეფის კავშირი ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაქიმთან ბიზანტიის წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობის მოსაწყობად, ამ მოლაპარაკების ჩაშლა; ბასილის ლაშქრობა საქართველოში 1020, გიორგი I-ის დამარცხება და საქართველოს აწიოკება; ხელახალი ლაშქრობისათვის კეისრის მზადება 1022, გიორგი მეფის დამარცხება, ბაგრატ გიორგის ძის დაბრუნება კონსტანტინოპოლიდან, მისი გამეფება საქართველოში,   ბასილის მიერ მიტაცებული ტერიტორიების მოთხოვნა და კონსტანტინე კეისრის სარდლის ლაშქრობა საქართველოში.
დავით ტაოელის დახმარება ბარდა ფოკასადმი
    და გაგზავნა ბარდა ფოკამ ნიკიფორე მეამბოხე დავითთან, ალ-ჯურზანის მალიქთან (ქართველთა მეფესთან), ქალაქ ულთას (ოლთისი) საჰიბთან (მფლობელთან), რომ ეთხოვა დახმარება მისთვის ტარონიტის (გრიგორი) წინააღმდეგ. და გაუგზავნა დავიდმა მას ერთი თავისი მსახური 1000 მხედრით და მათთან ერთად წავიდნენ პატრიკის, ალ-ხალდიატის მფლობელის ბაკრატის ორივე ძე (ტარონის უკანასკნელი მთავრის აშოტ III-ის სიკვდილის შემდეგ 966-7 წელს ტარონი ბიზანტიამ შეიერთა და მისი ძეები გრიგორი და ბაგარატი ჩადგნენ იმპერიის სამსახურში. გრიგორი სარდალი გახდა მაგისტროსის წოდებით, ბაგრატის ძეები კი მოგვიანებით აჯანყებას მიემხრნენ), 1000 მხედრით და შეებრძოლნენ ტარონიტს და დაამარცხეს იგი. და მოვიდა ამ დროს მათთან ხმა მეფე ბასილის გამარჯვებისა ბარდა ფოკას წინააღმდეგ ქრისოპოლთან ზღვაზე (989 წ. 13 აპრილს). და დაბრუნდა დავიდ ქართველის მსახური თავისი ხალხით და აგრეთვე ბაკრატის ორივე ძე შინ და იმართლებდნენ თავს, რომ მთ შეასრულეს ის რასაც მათგან ითხოვდა, რომ მათ დაამარცხეს ტარონიტი...
    შენიშვნა: ფოკას აჯანყება დაიწყო 987 წლის 14 სექტემბერს და დასრულდა 989 წლის 13 აპრილს ფოკას სიკვდილით (მსახურმა მოწმლა, ან ტავი მოკვეთეს). ბ. სილაგაძის გამოკვლევით დავით კურაპალატის სამფლობელოს ცენტრი არა ოლთისი, არამედ ტაოსკარი უნდა ყოფილიყო.
ბასილი კეისრის შეთანხმება დავით ტაოელთან
    ბარდა ფოკას აჯანყების ჩაქრობის შემდეგ მეფე ბასილმა შერისხა დავითი, მალიქ ალ-ჯურზანი (ქართლის მეფე), ალ-თაის (ტაოსკარი) მფლობელი და ალ-ხალიდიატის მფლობელ ბაკრატის ორივე ძე, იმის გამო, რომ ისინი დაეხმარნენ ფოკას, და გაგზავნა მათ წინააღმდეგ ლაშქარი ერთი პატრიკის ჯაკ-რუსის სარდლობით. და წავიდა იგი ბაკრატის ძეების წინააღმდეგ და მოკლა უფროსი და გაასახლა უმცროსი. და ქართველთა მეფე დავითმა თხოვა მეფე ბასილს პატიება და შეწყალება და დაჰპირდა მორჩილებას და რომ მის სამფლობელოებს მისი სიკვდილის შემდეგ დაუტოვებდა მის (ბასილის) სახელმწიფოს, რადგან თვითონ ის ძლიერ მოხუცია და არ ჰყავს არც ძე და არც სხვა მემკვიდრე, და თხოვა მეფეს გამოეგზავნა თავისი წარჩინებულნი მის (დავითის) კარზე, რომ მეფემ შეძლოს მათ წინაშე ფიცის დადება და მიიღოს ვალდებულებები მათი მხრიდან, რომ ისინი (დავითის მეციხოვნეები) ჩააბარებენ ქალაქებს მათი ხელმწიფის სიკვდილისთანავე. და მოეწონა მეფე ბასილს მისი ქცევა და გადახა იგი კურაპალატად და გაუგზავნა მას კაბა ძვირფასი მორთულობით. და ჩაიცვა მან იგი და ბრძანა თავის ქვეყანაში ელოცათ მეფე ბასილისსათვის, და გაგზავნა ქართველთა კათალიკოსი მეფის კარზე ბევრ წარჩინებულთან ერთად. და დაურიგა მეფემ მათ ტიტულები და წყალობა უყო მათ და დაბრუნდნენ ისინი დავითთან.
დავითის სიკვდილი
    389 (999) წელს ბასილი მუსლიმანური ქვეყნების დასალაშქრავად გაემართა. 20 სექტემბერს ჯისრ ალ-ჰადიდს მიადგა, 28 ოქტომბერს ხანგრძლივი ალყის შემდეგ დაეუფლა შაიზარს, აგრეთვე ჰისნ აბუ კუბაისს, ჰისნ მასიატს, რაფანიუსს და ჰიმსს; 6 დეკემბერს ტრიპოლს მიადგა, მაგრამ 13 დეკემბერს იქ დამარცხდა და შაბათს, 5 მუჰარემს იმავ წლის (17 დეკემბერი 999 წ.) გაემართა მეფე ანტიოქიაში. და იმყოფებოდა იგი მუსლიმთა მიწებზე ჯისრ ალ-ჰადიდში მოსვლიდან ტრიპოლისიდან წასვლამდე 2 თვე ერთი დღის გარეშე. და დანიშნა მან ანტიოქიის მმართველად მაგისტრი ნიკიფორე; ეს არის ის ალ-ფ-ტ-ლ-ს, რომელიც მან გაგზავნა ადუდ-ალ-დაუში ფანა-ხორსში ბაღდადში, როცა მასთან მივიდა სკლიაროსი. და დარჩა მეფე თავისი მეომრებით მასისისა და ტარსუსის ოლქებში 6 თვე, გეგმავდა დაბრუნებულიყო ისლამის ქვეყნებში. და მივიდა მასთან ცნობა ქალაქ ალ-თაიში ქართველთა მეფის დავით კურაპალატის სიკვდილის შესახებ (ე.ი. დავითი მოკვდა 1000 წლის მაისში). და წავიდა მეფე იქ და გაჰყვა მას მაგისტრი, ანტიოქიის მმართველი მეომრებით. და მიიღო მეფემ ქართველთა ყველა მხარე და დაუნიშნა მათ მმართველებად ბერძნები.
გიორგი აფხაზის ომი ბასილი კეისართან
    „რაც შეეხება იმას, თუ რა შეემთხვა ბასილს ბულგარეთის აღების შემდეგ. როდესაც იგი დაკავებული იყო იქ, ებრძოდა რა მათ (ბულგარელებს) მთელი ძალით (1014-1018 წლებში), გიორგი, აფხაზთა მეფემ განიზრახა ზიანი მიეყენებინა მისი სამფლობელოების მეზობელი ოლქებისათვის. დაეუფლა ციხე-სიმაგრეებსა და ოლქებს, რომლებიც ბიძამისმა დავით კურაპალატმა დაუთმო ბასილი კეისარს. ბულგარეთში მიზნის მიღწევის, მისი დაპყრობისა და კონსტანტინეპოლში ბასილი კეისრის დაბრუნებისასაც ამ გიორგიმ, აფხაზთა მეფემ, არ სცნო საჭიროდ გამოესწორებინა თავისი შეცდომა, თავი შეეკავებინა მოქმედებისაგან და მამამისისა და ბიძამისივით გამოეცხადებინა მისთვის ერთგულება. მეტიც იგი ყოყლოჩინობდა და ჯიუტობდა, მიუხედავად თავისი შეცდომისა. მისწერა ალ-ჰაქიმს (აბუ ალი ალ-მანსურ იბნ ალ-აზიზი, ეგვიპტის ხალიფა 996-1021 წლებში) მასზე, რომ ერთად გამოსულიყვნენ საომრად მის წინააღმდეგ და ყოველი მათგანი გამართულიყო თავისი ქვეყნიდან.
    ამან მიაღწია ბასილი კეისრამდე და იგი აივსო მრისხანებით მის მიმართ. გაემართა კონსტანტინეპოლიდან ფილომილს (ქალაქი პისიდიაში, დღევ. აკ-შეჰრი), ისე, რომ არავის შეატყობინა, თუ რა ჰქონდა გუნებაში. აგრეთვე გამოაცხადა მზადება საბრძოლველად სირიის ოლქებში. გაამზადა სურსათი, ალაფი და იარაღი ანტიოქიაში გასაგზავნად საომრად მზადების ნიშნად. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ იგი გაემგზავრებოდა სირიაში. მაშინ როცა ბასილი კეისარი იმყოფებოდა ფილომილს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ალ-ჰაქიმი (1021 წლის 13 თებერვალს), და იგი გაემართა აფხაზთა წინააღმდეგ სალაშქროდ.
    ამ ამბის გაგებისას აფხაზმა შეკრიბა თავისი ლაშქარი და დასახმარებლად მოიწვია ვინც კი შეეძლო, უცხოელები. გამოვიდა თავისი სამფლობელოების განაპირას წადილით შეხვედროდა კეისარს და შებრძოლებოდა მას. როდესაც კეისარი მიუახლოვდა და წარსდგა მის წინაშე თავისი ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარით, აფხაზი უბრძოლველად გაიქცა. დაედევნა მას კეისარი, ვიდრე გამაგრდებოდა იგი მდინარის მეორე ნაპირზე, რომლის გადალახვა ბიზანტიელთა ლაშქარს არ შეეძლო. კეისარმა გადაწვა მისი მიწა-წყალი, მიიტაცა სურსათი, დაატყვევა, მოკლა და დააბრმავა 200000 ქვეშევრდომი ადამიანი. გადაიარა ქვეყა მისი ოლქი და რაიონი, გარდა მდინარის იქით მდებარე ადგილებისა, სადაც იგი ეძიებდა თავშესაფარს და ლაშქარმა ვერ შეძლო მისვლა.
    ამასობაში დადგა ზამთარი და ბასილი კეისარი დაბრუნდა ტრაპიზონს, რათა იქ დაებანაკებინა ლაშქარი გამოსაზამთრებლად და მერე დაბრუნებოდა ლაშქრობას. ამ დროს, სენაქერემმა (არწრუნი, მეფე 1003-1021, გიორგი მეფის სიმამრი), ვასპურაკანის მეფემ, გადასცა ყველა თავისი ციხე-სიმაგრე და მთელი ვასპურაკანი ბასილი კეისარს. მეზობელმა იბნ ად-დაირანიმაც (სენაქერიმის ძმა და თანამმართველი) გადასცა ციხე-სიმაგრეები. ყველა ისინი კეისარმა შეუერთა თავის სამეფოს. ციხე-სიმაგრეების რაოდენობა 40-ზე მეტი იყო. კეისარმა აქცია ისინი ცალკე საკატაბანიოდ, ჩაასახლა ციხე-სიმაგრეებში მეომრები და დაუნიშნა მათ უფროსები. სენაქერემს, იბნ ად-დაირანის, მათ ოჯახებსა და ნათესავებს სანაცვლოდ მისცა ვრცელი მამულები (სენაქერიმს გადასცა სებასტია თავისი ოლით), დიდძალი ფული და მაღალი ტიტულები.
    ტრაპიზონში ჩამოსვლისთანავე კეისარმა იწყო მზადება ფლოტის გასაგზავნად ზღვით ამ აფხაზის ქვეყანაში. მაშინ მოვიდა მასთან წარგზავნილი მათი (აფხაზთა) მეფისა გიორგისა, რომელიც თხოვდა მას შეწყნარებას და პატიებას იმის გამო, რაც მან მოიმოქმედა, და პირობას იძლეოდა, რომ გადასცემდა მას ციხე-სიმაგრეებსა და ყველა იმ დასახლებას, რომელნიც ბიძამისის დავით კურაპალატის იყო, აგრეთვე თავის შვილს მძევლად, არ შეიცვლებოდა და დარჩებოდა მუდამ მისი მონა-მორჩილი და მოკავშირე. ბასილი კეისარი დაეთანხმა თხოვნას და მიიღო მისი პირობა, გაგზავნა მის წარგზავნილთან ერთად წარჩინებულებისა და ყადიების ჯგუფი. მათ მოთხოვეს გიორგი აფხაზს, კათალიკოსს, ქვეყნის სამღვდელოების მეთაურს, ყველა ეპისკოპოსს, სხვა წარჩინებულებსა და მაღალი მდგომარეობის ქვეშევრდომებს მტკიცე ფიცი დაპირებულისა და მოლაპარაკებულის თაობაზე. კეისარმა აიღო მათგან საგარანტიოდ ისეთი ფიცი, როგორსაც ირებენ ხოლმე სხვადასხვა რელიგიების მორწმუნეთაგან. მხოლოდ მაშინ გაემგზავრა კეისარი, რათა მიეღო ციხე-სიმაგრეები და დასახლებები, რომლებსაც მას დაპირდა აფხაზი, და აეყვანა მისი შვილი მძევლად.
ამ დროს მიიღო ბასილი კეისარმა ამბავი იმის შესახებ, რომ ნიკიფორე პატრიკიოსი, ცნობილი სახელით ქსიფიასი, ანატოლიკის გამგებელი, დაუკავშირდა ნიკიფორე კისერმოღრეცილს, ძეს ბარდა ფოკასი, და შეთანხმდნენ აჯანყებულიყვნენ მის წინააღმდეგ. სახელდობრ, ქსიფიასს იმედი ჰქონდა მეფობაზე და ფოკასთან მოლაპარაკება იწყო მასთან შესაერთებლად. მან იცოდა, რომ მრავალი ბიზანტიელი კეთილად იყო განწყობილი ფოკას მიმართ, ვინაიდან მათ უყვარდათ მისი წინაპრები. რომ ორივენი დახმარებოდნენ ერთმანეთს, ერთად ემოქმედათ ასეთ ვითარებაში, გამოეყენებინათ ბასილი კეისრის არყოფნა ბიზანტიაში და ის, რომ იგი დაკავებული იყო ომით იმ აფხაზთან. თითოეულ მათგანს საიდუმლოდ ჰქონდა განზრახვა ემოქმედა მეორის წინააღმდეგ. როცა საბოლოოდ გაირკვეოდა წამოწყებული საქმე, და ხელთ ეგდო მეფობა.
ბასილი კეისარმა, როგორც კი გაიგო მათი განზრახვა, სასწრაფოდ გაგზავნა დოლასენე თეოფილაქტე, პროტოსპატარიასი, დრუნგარი, ანატოლიკს, რათა გაერკვია მასთან მიღწეული ამბის სინამდვილე და მოხდენილად დაეგო მათთვის მახე. კეისარმა გადასცა მას ანატოლიკის ოლქი და გაატანა ჯარისთვის საჭირო თანხა საჯაროდ. ეს მან დაუმალა ყველას. ანატოლიკს ჩასვლისას თეოფილაქტე დოლასენე დარწმუნდა ამ ამბის სინამდვილეში და წააწყდა მრავალ წარჩინებულ და მდაბიო ბერძენს, რომლებიც უერთდებოდნენ და მიილტვოდნენ მათკენ. პირიქით, მრავალი მათგანი, ვინც ბასილი კეისართან ერთად ლაშქრობდა, გაირყვნა, როცა გაიგო ვითარება და გადაწყვიტა გაქცევა მათთან თავისი სახლ-კარისა და ნათესავების დასაცავად შიშით, რომ ისინი დაიპყრობდნენ და ხელთ იგდებდნენ მათ. ყველა, ვინც მათთან მიდიოდა, მიემართებოდა განსაკუთრებით ფოკასკენ. როდესაც ქსიფიასმა ეს დაინახა, აივსო შურით, განიზრახა ფოკას მოკვლა და გაუგზავნა წერილი შეტყობინებით შეხვედროდნენ, რომ მოელაპარაკებინათ იმაზე, რაც ჩაიფიქრეს. ფოკა მოუმზადებლად სასწრაფოდ გაეგზავრა ჯორით. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს, დაემშვიდობნენ და დასცილდნენ ერთმანეთს, რათა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ადგილებზე. გამგზავრებისას ქსიფიასის ერთ-ერთმა მსახურმა დაარტყა ფოკას მოკაუჭებული ჯოხი იმ ნიშნის თანახმად, რომელიც ქსიფიასმა მისცა მას, ისე, რომ იგი გადმოვარდა ჯორიდან. მას თავი მოჰკვეთეს, და ეს იყო ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ჯუმადა I-ის 413 წელს (1022/1023).
როცა მოკლულ იქნა ფოკა, ხალხი, რომელიც მათთან შეიკრიბა, მთლიანად გაიქცა, სხვანი მიმოიფანტნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს. ქსიფიასი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, დაკარგა იმის მიღწევის იმედი, რასაც გეგმავდა, თვითონაც უტია, აგრეთვე გაიქცა, წაიღო ფოკას თავი, გაუგზავნა იგი ბასილი კეისარს და თავს იმართლებდა მასთან, რომ როცა მან გაიგო ფოკას განზრახვა აჯანყების შესახებ მის წინააღმდეგ, მოაჩვენა თითქოს სურდა მონაწილეობა მიეღო მის ჩანაფიქრში, ვიდრე არ შეიპყრო და უზრუნველყო თავისთავი მის მიმართმა.
როდესაც აფხაზმა გაიგო აჯანყების შესახებ ბიზანტიაში, თავი ძლიერად იგრძნო და უარი თქვა დადებულ პირობაზე. ფოკას თავის მიღებისთანავე ბასილ კეისარმა სასწრაფოდ გაუგზავნა იგი გიორგი აფხაზს, რომ გაეგებინებინა მისთვის მისი აზრის სიბილწე. მაშინ ცხადი გახდა კეისრისათვის, რომ აფხაზის ყველა მოქმედება და მასთან მოლაპარაკება იყო მხოლოდ სიცრუე. სახელდობრ, მისმა ვეზირმა, სახელად ზვიადმა, ურჩია გიორგის, რომ გამოეყენებინა მას ფიცი და ვალდებულება ღვთის სახელით როგორც ისეთი რამ, რომელიც ხაფანგში მოამწყვდევდა ბასილი კეისარს.
კეისარმა, აფხაზის ფიცით დადებული კეთილი აზრისა კეთილი აზრისა და მის ქვეყანაში გამგზავრების შემდეგ დაპირებული ოლქებისა და ციხე-სიმაგრეების მისაღებად. აგრეთვე მისი შვილის ასაყვანად (მძევლად), მხოლოდ იმიტომ სძლია, მას, რომ თან წაიყვანა მამაცი და გულადი მეომრები იმდენი, რამდენიც სცნო საჭირო აფხაზის ძალით დამორჩილების შემთხვევაში, თუკი იგი უარს იტყოდა შეთანხმებაზე და არ შეასრულებდა მას. აფხაზმა გაიფიქრა, რომ დადგა დრო მოქმედებისა და, როცა კეისარი მიუახლოვდა მას, თავს დაესხა კეისრის ლასქარს იმ მიზნით, რომ უკუეგდოი და გაენადგურებინა. კეისარი შეებრძოლა, დახოცა აფხაზის მოლაშქრენი და დაატყვევა მრავალი ხალხი. აფხაზი, მისი ვეზირი და მიმდევარი ქვეშევრდომნი გაიქცნენ უკანმოუხედავად. კეისრის ლაშქარმა ხელთ იგდო აფხაზის დიდძალი ქონება, სურსათ-სანოვაგის მარაგი და გარდა ამისა ახლობლების ბარგი-ბარხანა. ბერძნებმა გარეკეს საჯდომი და საპალნის პირუტყვი.
მაშინ დაბრუნდა აფხაზი, დაიმცირა თავი და დაემორჩილა რა კეისარს. იგი ცდილობდა მასთან დაახლოებას იმით, რომ მან აიყვანა მისი შვილი მძევლად და მიიღო ზემოთაღნიშნული ციხე-სიმაგრეები და მამულები და შეუთანხმდა მას იმაზე, რომ დაჰყოფა მისი შვილი კეისრის დედაქალაქში ორ წელიწადს და შემდეგ დაუბრუნდებოდა მას. კეისარი გაემართა აფხაზის ქვეყნიდან რუმის ქვეყნის მიმართულებით. ეს იყო მისი მეფობის 48-წელს. ესაა 414 წელი (1023/1024).
კეისარმა ფოკას მოკვლის შემდეგ დაიჭირა აჯანყების ყველა მონაწილე, ჩამოართვა მამულები, ზოგი მოკლა, ზოგი დააბრმავა და ზოგიც დაატუსარა. ქსიფიასი ბერად აღკვეცა და მიუჩინა ერთ-ერთი მონასტერი კონსტანტინეპოლს გარეთ. მხედველობაში მიიღო რა მისი ძველი სამსახური მასთან ბულგარეთში ლაშქრობის დროს, აგრეთვე ის, რომ მასში ზოგჯერ ჭარბობდა შავი ნაღველი, რის გამო იგი დროდადრო ვარდებოდა მელანქოლიაში, შეიწყალა, მაგრამ ჩამოართვა მამულები და ქონება“.
ბაგრატის მეფობის დასაწყისი და მეფე კონსტანტინე
სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე მეფე ბასილმა გაუშვა აფხაზთა მეფე გიორგის ძე ბაკრატი უკან თავის მამასთან. და მისი მისვლის შემდეგ მოკვდა გიორგი, მისი მამა კონსტანტინეს მეფობის დროს, და გამეფდა მისი ძე, ბაკრატი. და იყო მაშინ იგი კვლავ ახალგაზრდა, არასრულწლოვანი და საქმეებს განაგებდა მისი დედა, ასული სენაქარიბისა, რომელმაც დაუთმო მეფე ბასილს ასფარაგანი. და წარუდგინეს მას, მისმა დიდებულებმა მომგებიან საქმედ მოეთხოვა მისთვის იმ ციხე-სიმაგრეთა დაბრუნება, რომელიც მისმა მამამ დაუთმო მეფე ბასილს, და დაეკავებინა ისინი. და გაგზავნა მეფე კონსტანტინმა თავისი მსახური ნიკოლოზ პარაკიმომენი აფხაზეთში მისი მეფობის მესამე წელს. და მან გაანადგურა იგი და დაწვა და დახოცა და ტყვედ გარეკა იქიდან უამრავი ადამიანი. და გადარჩნენ დანარჩენნი მიუღწეველ მთებში და გამაგრებულ ადგილებში, სადაც მეომრები ვერ აღწევდნენ. და მივიდნენ მასთან ბევრი მათი მეთაური. და ითხოვდნენ დედოფალი, სენაქარიბის ასული, და მისი ძე ბაკრატი პატიებას მომხდარისა და პირდებოდნენ მორჩილებას და გულწრფელ ერთგულებას მეფე კონსტანტინესა, და რომ ისინი ყოველთვის შეასრულებენ მის სურვილებს და რომ არცერთი მათგანი არ იმოქმედებს მის წინააღმდეგ. და დასრულდა საქმე საყოველთაო კმაყოფილებით და დაბრუნდა ნიკოლოზ პარაკიმომენი.


Комментариев нет:

Отправить комментарий