воскресенье, 4 февраля 2018 г.

დიდგორის ბრძოლა (შ. მესხია)

საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა დიდგორის ბრძოლის წინ
ა) ურთიერთობა ბიზანტიასთან
XI ს. მიწურულს საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას ბიზანტიასთან ურთიერთობის მოწესრიგება შეადგენდა. გიორგი I-ის დროიდან მოკიდებული ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გიორგი I-ის შეიარაღებულ ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, უკვალოდ არ ჩაუვლია. ბიზანტიის საიმპერატორო ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს მიმართ თავისი პოლიტიკა შეეცვალა და ამიერიდან საქართველოს საშინაო საქმეებში აშკარად ჩარევის მაგიერ უფრო შენიღბული მეთოდებისათვის მიემართა: სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ადგილობრივი (ქართველი) ფეოდალების მხარდაჭერით (იარაღით, ლაშქრით, ფულით) კიდევ უფრო დაესუსტებინა საქართველოს მეფე. ასეთი ხერხით ბიზანტიამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია კიდეც, განსაკუთრებით მის მიერ მხარდაჭერილი ლიპარიტ კლდეკარის ერისთავისა და ბაგრატ IV-ეს შორის გამართულ ბრძოლაში.
მაგრამ მალე ბიზანტია იძულებული გახდა ასეთი მოქმედებაც შეეწყვიტა - XI საუკუნეში, განსაკუთრებით 50-იანი წლებიდან, პაჭანიკების გამუდმებულმა თავდასხმებმა, ხოლო შემდეგ თურქ-სელჩუკთა გამოჩენამ თვით მას მრავალი საზრუნავი გაუჩინა საგარეო ურთიერთობაში და ამიერკავკასიის ქვეყნებთან გონივრულ დამოკიდებულებას ამ გართულებულ საგარეო ურთიერთობის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყივჩაყების მიერ შევიწროებული პაჭანიკების განუწყვეტელი შემოტევები ბიზანტიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებზე მძიმე დღეში აყენებდა ბერძნებს. ბიზანტიის იმპერიამ დიდი ენერგია შეელია პაჭანიკების წინააღმდეგ ბრძოლას. დიდმა ქართველმა მოღვაწემ გრიგოლ ბაკურიანმა, ბიზანტიის ჯარების დასავლეთის დომესტიკოსმა (მთავარსარდალმა) არაერთი გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა პაჭანიკებს და არაერთხელ ასახელა ბიზანტიის იარაღი. მაგრამ ბიზანტიას ამ დროს მარტო პაჭანიკები როდი ებრძოდნენ. კიდევ უფრო დიდი საშინელება ხდებოდა სამხრეთით - თურქ-სელჩუკთა გამანადგურებელ ლაშქრობათა წყალობით.
სწორედ ასეთი მძიმე საგარეო ვითარების დროს ბიზანტიის პოლიტიკოსებმა დიდი შორსმჭვრეტელობა ვერ გამოიჩინეს და სომხეთის სამხედრო ძლიერებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოშლით საკუთარი ხელებითვე მოსპეს თურქების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერები - სომხური დამოუკიდებელი სამეფოები. საქართველო კიდევ თვით აწარმოებდა მძიმე ბრძოლებს საკუთარ ტერიტორიაზე და ბიზანტიის უშუალო აქტიური მოკავშირე ვერ იქნებოდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ძალით მოკავშირეობას კი ამჯერად იმპერია საქართველოს ვეღარ უკარნახებდა: ასე რომ, ბიზანტია თურქ-სელჩუკების პირისპირ აღმოჩნდა და 1071 წ. აგვისტოს მანასკერტის მახლობლად გადამწყვეტ ბრძოლაში კიდევაც განიცადა დიდი მარცხი.
მანასკერტის ბრძოლა იყო მნიშვნელოვანი გარდატეხის ეტაპი არა მარტო მახლობელი აღმოსავლეთის, არამედ, რამდენადმე, თვით მსოფლიო ისტორიის თვალსაზრისითაც. ზოგი მკვლევარის მიხედვით, ამ დროს გაირკვა საბოლოოდ მახლობელ აღმოსავლეთში ძირითადი დომინირებული ძალის საკითხი: ასეთ ძალას, ამ დროიდან მოკიდებული საკმაო ხნის მანძილზე, თურქ-სელჩუკები წარმოადგენდნენ. ამას გარდა, მანასკერტის შემდეგ ბიზანტია იძულებული გახდა გამოთხოვებოდა ამიერკავკასიაში შეჭრისა და კერძოდ კი, საქართველოში თავისი გავლენის განმტკიცების გეგმებს. ასე რომ, მანასკერტი კიდევ ერთი საფეხური იყო ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ამიერიდან საქართველოს შეეძლო დამშვიდებული ყოფილიყო და ბიზანტია ჩაეთვალა ისეთ ძალად, რომელსაც უკვე აღარ შეეძლო გამოემჟღავნებინა აგრესიული ზრახვები საქართველოს მიმართ. ამიტომ საქართველოს სამეფო ხელისუფლება ცდილობდა „დიდი თურქობის“ მძიმე დროსა და დავითის მეფობის პირველ წლებში, ბიზანტიასთან ადრევე არსებული ურთიერთობა შეენარჩუნებინა და საქართველოს მეფეებს ისევე მიეღო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ბაგრატ III-ისა თუ ბაგრატ IV-ის დროს. ამით აიხსნება, რომ არა მარტო გიორგი II, არამედ დავით IV-ც ერთხანს ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულებს ატარებდა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გამეფებამდე, 1085 წლამდე, როგორც ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერიდან ჩანს, დავით გიორგის ძე „სევასტოსად~ იწოდებოდა, ხოლო თვით მამა, გიორგი კი _ კესაროსად. ამგვარივე _ სევასტოსის _ ტიტული შერჩა დავითს ერთხანს, გამეფების შემდეგაც. ხოლო შემდეგ, 1091-1092 წწ. იგი უკვე „პანიპერსევასტოსად~ არის მოხსენიებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს დავითის უკანასკნელი უმაღლესი ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული. სხვა, უფრო მაღალი ტიტული, შემდეგ წლებში მიკუთვნებული, ჩვენთვის უცნობია. როგორც ჩანს, XI ს. 90-იან წლებში არსებითად დასრულდა ბიზანტიის იმპერატორების მიერ საქართველოს მეფეებზე მფარველობის ხელის დადების მაუწყებელი სამოხელეო საკარისკაცო ტიტულების მინიჭების პერიოდი.
სწორედ ამ დროს ბიზანტია ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ალექსი კომნინოსი იძულებული გახდა მისთვის საძულველ „ლათინებისაგან“ დახმარება ეთხოვა. 1092 წელს ალექსი კომნინოსი (1081-1118), გრაფ რობერტ ფლანდრიელისადმი გაგზავნილი წერილით, ფაქტობრივად, იწვევდა ევროპელ რაინდებს კონსტანტინოპოლის გასაძარცვად და დასაპყრობად: „წმინდა იმპერია... დიდად შევიწროებულია პაჭანიკებისა და თურქების მიერ. ისინი ყოველდღიურად ძარცვავენ მას და ართმევენ ოლქებს. ქრისტიანთა შეურაცხყოფა და ხოცვა, უბედურება, რომელიც მას თან სდევს, აღურიცხველია... გეხვეწებით თქვენ, ქრისტეს მებრძოლნო... იჩქაროთ ჩემი და ქრისტიანი ბერძნების დასახმარებლად... თქვენ გნებდებით ჩვენ, გვირჩევნია ვიყოთ თქვენი, ვიდრე წარმართთა ბატონობის ქვეშ; დაე, კონსტანტინოპოლი იყოს თქვენი, ვიდრე თურქებისა და პაჭანიკებისა... აქ არის ძვირფასი წმიდა ნაწილები ღვთისა. კონსტანტინოპოლის ერთი ეკლესიის საგანძური საკმარისი იქნებოდა მსოფლიოს ყველა ეკლესიათა მოსართავად“... როგორც არ უნდა იყოს გადაკეთებული თვით ჯვაროსნების მიერ ამ წერილის ლათინური ტექსტი, აშკარაა, რომ XI ს. 90-იან წლებში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზანტია დახმარებისათვის მიმართავდა ევროპელ მთავრებს.
ბიზანტიის ასეთი მდგომარეობა ხელსაყრელი იყო საქართველოსათვის. დავით აღმაშენებელმა, როგორც ჩანს, შექმნილი ვითარებით ისარგებლა და საბოლოოდ უარი თქვა ბიზანტიის ვასალობის მაუწყებელ ყოველგვარ საკარისკაცო ტიტულებზე. ასე რომ, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში გაბატონების მოსურნე ბიზანტიის იმპერიას ამიერიდან მის თანატოლ და იქნებ კიდევ უფრო მეტის პრეტენზიების მქონე სახელმწიფოსთან _ საქართველოსთან _ უნდა ჰქონოდა საქმე. მაგრამ ამასთანავე, თურქ დამპყრობთაგან ენერგიულად მებრძოლ ქვეყანას ბიზანტიასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება და მასთან კავშირის განმტკიცება სჭირდებოდა. სწორედ ამან, ასეთმა საგარეო პოლიტიკურმა ინტერესებმა უკარნახა დავით IV-ს თავისი ერთ-ერთი ქალიშვილი _ კატა _ 1118 წელს ბიზანტიის საიმპერატორო სახლზე გაეთხოვებინა. ერთ-ერთი ბიზანტიელი ისტორიკოსის ცნობით, კატა უნდა გათხოვილიყო იმდროინდელი იმპერატორის ალექსის უფროსი ქალიშვილის ანას რძლად, ე.ი. ანა კომნინოსისა და მისი მეუღლის, ნიკიფორე ვრიენიოსის უფროს ვაჟიშვილზე, ალექსიზე. ბიზანტიის ისტორიის მკვლევარები იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი ამ ცნობის სისწორეში, რომ დავით აღმაშენებლის ქალიშვილის მეუღლედ ანასა და ნიკიფორეს ვაჟიშვილს, ალექსის მიიჩნევდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სწორი არ არის. კატა იქნებ, მართლაც, იყო ანას რძლად გათვალისწინებული, მაგრამ მისი ქორწინება ალექსიზე არ მომხდარა. როგორც მასალებიდან ირკვევა და როგორც ეს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე (ო. ლორთქიფანიძე, ვ. კოპალიანი) აღინიშნა, დავით აღმაშენებლის ქალიშვილი კატა 1118 წელს სწორედ იმ დროს, როცა ბერძენთა იმპერატორი ალექსი კომნინოსი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, მიათხოვეს მის ყველაზე უმცროს ძეს ისააკს.
ქართველი მხედრობა, რომელიც თან ახლდა საქართველოს მეფის ასულს, დედაქალაქში სწორედ იმ დღეებში აღმოჩნდა, როცა უნდა გადაწყვეტილიყო ბიზანტიის ტახტის მემკვიდრის საკითხი; ამას გარდა, ეს მხედრობა სწორედ იმ პარტიის მხარეზე იყო, რომელსაც ისააკი ედგა სათავეში და, რომელიც, წინააღმდეგ იმპერატორის მეუღლის ირინეს, ქალიშვილის ანასა და სიძის ნიკიფორე ვრიენიოსის პარტიისა, ალექსის უფროსი ვაჟის, იოანეს გამეფებისათვის იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხედრობა იყო აგრეთვე პირველი, რომელმაც მიულოცა მანგანის სასახლიდან გამოსულ იოანეს გამარჯვება და მამის მემკვიდრეობის დასაკუთრება. როგორც ჩანს, კატა და მისი მხლებლები, ქართველთა მხედრობა, არა მარტო საქმის კურსში იყვნენ, არამედ აქტიურადაც მონაწილეობდნენ ბიზანტიის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტაში. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ისააკისა და კატას ქორწინება მაინცდამაინც 1118 წელს, სწორედ ტახტისათვის ბრძოლის გადამწყვეტ წელს დაემთხვა. სავარაუდებელია, რომ ქართველთა მხედრობა, მეფის ასულის მხლებელი, საგანგებოდ იყო ჩაყვანილი კონსტანტინოპოლში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი ძალა იოანესა და ისააკის მომხრეებისა, იოანეს გამეფებისათვის ბრძოლაში. სიძის, ისააკის ძმის იოანეს ტახტზე აყვანა, ზოგი არაპირდაპირი მასალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს მეფისათვისაც ხელსაყრელი იყო და ჩანს, ამიტომაც მონაწილეობდნენ თითქოს საქორწილოდ ჩასული ქართველებიც ტახტისათვის ბრძოლაში.
ყველა ზემოთ დასახელებულმა მოვლენამ მისცა, ალბათ შესაძლებლობა დავითის ისტორიკოსს ეთქვა, რომ საქართველოს მეფისათვის ამიერიდან „მეფე ბერძენთა იყო ვითარცა სახლეული (სახლის წევრი) თვისი~. მართლაც, დავით IV-ს უფლება ჰქონდა კატას, მისი მეუღლის ისააკისა და ქართველთა ლაშქრის დახმარებით გამეფებული იოანე მიეჩნია თავის სახლეულად, სახლის წევრად, ახლობლად.
საქართველოს სამეფოს ბიზანტიასთან ურთიერთობის ეს ხაზი არ შეუცვლია დავითის მეფობის უკანასკნელ წლებამდე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეფის სიძე ისააკი ამის შემდეგ იმავე ძმის უკვე მოწინააღმდეგეთა მხარეზე აღმოჩნდა და მას სიცოცხლის მანძილზე ებრძოდა კიდეც. დამახასიათებელია, რომ ისააკი ყველგან ეძებდა თავისი ძმის სამტრო ძალებს _ აზიის ქრისტიან თუ მუსლიმ ხელმწიფეებთან: იკონიის სულთანთან, ტრაპიზონის დუკასთან, კილიკიის სომხეთის მთავართან, სირიასა და პალესტინაში, მაგრამ არა საქართველოში. როგორც ჩანს, ისააკი ამ მიზნით საქართველოში არ ჩამოსულა, ან კიდევ, ქართულ-ბერძნულ წყაროებში ამის შესახებ ცნობები არ შემონახულა. როგორც ირკვევა, დავით IV, გარკვეულ წლებში მაინც, საჭიროდ არ მიიჩნევდა იოანეს დაპირისპირებოდა, თუნდაც თავისი სიძის ინტერესებისათვის.
ამრიგად, დავით აღმაშენებელმა ბიზანტიასთან დამყარებული უმთავრესად კეთილმეზობლური ურთიერთობით არსებითად უზრუნველყო თავისი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის, ბიზანტიასთან დამაკავშირებელი საზღვრების უშიშროება. თუმცა ბიზანტიასა და საქართველოს საზღვრები ამ დროს, თურქ დამპყრობთა წყალობით, ყოველთვის უშუალოდ როდი ემიჯნებოდა ერთიმეორეს.

ბ) ურთიერთობა ჩრდილოეთის ქვეყნებთან და ხალხებთან

ჩრდილოეთის ხალხები და ქვეყნები ადრიდანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესთა სფეროში, მაგრამ ახალი ეტაპი საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხების ურთიერთობაში, როგორც ეს აღნიშნულია ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში, დავით აღმაშენებლის დროს დაიწყო.

დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, რომელსაც საქართველო თურქების წინააღმდეგ აწარმოებდა და აგრეთვე საერთო მტრის წინააღმდეგ კავკასიის ხალხთა კონსოლიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო ჩრდილო კავკასიის ხალხებს, განსაკუთრებით კი ოსებსა და ყივჩაყებს.
ოსებთან საქართველოს ურთიერთობა XI საუკუნეში კეთილმეზობლური იყო: გაერთიანებული საქართველოს მეფეები ოსეთთან ასეთ ურთიერთობას მათთან დამოყვრებით (გიორგი I, ბაგრატ IV) კიდევ უფრო ამტკიცებდნენ. დავით აღმაშენებლის დროს კი, როცა მკვეთრად დაისვა ყივჩაყთა საქართველოში გადმოყვანის საკითხი, ოსებთან საქართველოს ურთიერთობის ახალი ფორმების შემუშავების საჭიროებაც დადგა.
ყივჩაყებს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ოსებთან და თუკი ოსეთი საქართველოს მეფის ნება-სურვილის შემსრულებელი არ იქნებოდა, იმ გზებსა და გადასასვლელებზე, რომელსაც ამჯერად ისინი უწევდნენ კონტროლს, საქართველოს მეფე ყივჩაყებს ვერ გამოატარებდა. საჭირო იყო ოსეთის მორჩილებაში მოყვანა, მაგრამ არა იარაღის წყალობით, არამედ მშვიდობიანი გზით. დავით IV-მ საამისო ნიადაგი ადრევე მოამზადა. ამ მიზანს ისახავდა, როგორც ჩანს, საქართველოს სამეფო სახლის დამოყვრება ოსეთის სამეფო დინასტიასთან. თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავით IV-ის ერთ-ერთი ქალიშვილი ოსეთს ყოფილა გათხოვილი. საქართველოს ისტორიის მკვლევარებს _ მ. ბროსესა და სხვებსაც _ ეს სარწმუნოდ მიაჩნიათ, თუმცა საკუთრივ დავითის ისტორიკოსს ასეთი რამ არ მოეპოვება და არსაიდან ჩანს, რომ დავითს მესამე ქალიშვილიც ჰყოლოდა. თამარის პირველი ისტორიკოსის მიერ ეს ცნობა იქნებ ხელოვნურად იყოს შექმნილი დავით სოსლანის ბაგრატიონობის დასამტკიცებლად კიდევ ერთი ზედმეტი საბუთის მოშველიების მიზნით; მაგრამ იგი მაინც ანგარიშგასაწევია _ თუ საკუთრივ დავითის ასული არა, სამეფო სახლის რომელიღაც წევრი მაინც უნდა იყოს ამ დროს ოსეთში გათხოვილი. თუმცა ასეთი მოყვრობა ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი ოსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალი საფეხურის შესაქმნელად. ამიტომ იყო, რომ დავით IV, თავისი ვაზირის გიორგი ჭყონდიდელის თანხლებით, თვით „წარემართა ოვსეთს“. ისტორიკოსის სიტყვით, დავითს „მოეგებნეს ოვსთა მეფენი და მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა“.
მეფემ უღალატო ერთგულების საწინდრად ოსებისაგან მძევლები აიყვანა, ასევე ყივჩაყებთანაც შეარიგა ისინი, „ყო შორის მათსა სიყუარული და მშვიდობა, ვითარცა ძმათა~. ამის შემდეგ კი, დავითმა თვითვე აიღო დარიალის, საერთოდ კავკასიისა და ოსეთის ყოველი გადასასვლელის (კარების) ციხეები. ამ დროიდან ოსეთი საქართველოს ყმადნაფიც (ვასალურ) ქვეყანად იქცა და საქართველოს გავლენაც ოსეთზე დიდად გაიზარდა. ასე დაიბრუნა დავით აღმაშენებელმა საქართველოს უძველესი გადასასვლელები და ციხეები და, როგორც ისტორიკოსი წერს, „შექმნა გზა მშვიდობისა~ ჩრდილოეთისაკენ, რუსეთის, ვოლგისპირეთისა და სხვა ქვეყნებისაკენ. ამას კი იმ დროის საქართველოსათვის უაღრესად დიდი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა.
სწორედ ამ გზით დაამყარა დავითმა ურთიერთობა ყივჩაყებთან და კიდევ უფრო შორსაც, ძველი კიევის რუსეთთანაც. თურქული მოდგმის ტომებმა, შუააზიელმა მომთაბარე ყივჩაყებმა თანდათან დაიჭირეს სამხრეთ რუსეთის სტეპები და დიდი საფრთხე შეუქმნეს კიევის რუსეთსა და მის მიწაწყალს. მათ შეძლეს რუსული მიწებისათვის ჩამოეგლიჯათ ტმუტარაკანი, ძველი რუსული სახელმწიფოებრივი გაერთიანება სამხრეთში. კიევის რუსეთის მთავრების, კერძოდ, ვლადიმირ მონომახის მიერ ყივჩაყთა წინააღმდეგ გამართული ბრძოლებით შევიწროებულმა მომთაბარეთა ერთმა ნაწილმა თანდათან ჩრდილო კავკასიაში გადმოინაცვლა და კავკასიის ბარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. ამან კი ოსებსა და ყივჩაყებს შორის უთანხმოება და კონფლიქტი გამოიწვია.
მომთაბარე და კარგი მეომარი ყივჩაყები საფრთხეს უქმნიდნენ ამიერკავკასიის ხალხებსაც, კერძოდ, საქართველოსაც; მათთან ურთიერთობის დამყარებამდე ოსების ბრძოლა ყივჩაყების წინააღმდეგ და ოსების მიერ ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასიაში გადასასვლელების ჩაკეტვა საქართველოსათვის სასარგებლო ჩანდა. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ამიტომ დავით აღმაშენებელმა თვითვე გადაწყვიტა უშუალო კავშირი დაემყარებინა ყივჩაყებთან. დავით IV-მ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით, ყივჩაყებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით, ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი შეირთო. ეს სწორედ ის ათრაქაა (იმდროინდელი რუსული წყაროები მას ოტროკს უწოდებენ), რომელიც სათავეში ედგა ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე მოთარეშე ყივჩაყებს. აღსანიშნავია, რომ დავითის ისტორიკოსის ცნობით, გურანდუხტის საქართველოს დედოფლად ჩამოყვანა გაცილებით ადრე („მრავალთა წელთა მიერ“) მოხდა, ვიდრე დავითი თვით ყივჩაყებს საქართველოში გადმოასახლებდა.
როგორც ჩანს, ყივჩაყებთან ურთიერთობის მოგვარებას და მათი გადმოყვანის მომზადებას დავით IV ადრიდანვე შედგომია. ყივჩაყებთან ჯერ კეთილმეზობლური, ხოლო შემდეგ საყმადნაფიცო ურთიერთობის დამყარების აუცილებლობამ დავით აღმაშენებლის სახელმწიფო კიევის რუსეთთან და მის იმდროინდელ მთავართან, ვლადიმირ მონომახთან დააკავშირა.
როგორც ირკვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყივჩაყთა საქართველოში გადმოსახლების საკითხი დადგა, საქართველოს მეფის მიერ მათ გადმოსაყვანად საგანგებოდ „წარვნელინი კაცნი სარწმუნონი“ არა მარტო ყივჩაყეთში, არამედ კიევში მის მთავართანაც უნდა მისულიყვნენ. ყივჩაყებთან ურთიერთობის დამყარება და შემდეგ მათი საქართველოში გადმოსახლება შეუძლებელია კიევის რუსეთის დიდ მთავართან სათანადო მოლაპარაკების გარეშე მომხდარიყო. ცხადია, ეს უკანასკნელი, რომელიც ათეული წლების მანძილზე ებრძოდა ყივჩაყებს, საქართველოს მეფის ყივჩაყებთან დაკავშირების ცდას მის საწინააღმდეგო მოქმედებად მიიჩნევდა, თუკი სათანადო ცნობები წინასწარ არ ექნებოდა.
ჩვენს ამგვარ მოსაზრებას მხარს უჭერს, მართალია, გვიანდელი, მაგრამ თავისთავად საინტერესო ცნობა XII ს. პირველი მეოთხედის რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ეს ცნობა ეკუთვნის XVII ს. მოღვაწეს, ანტიოქიის პატრიარქის შვილს პავლე ალეპოელს. რუსეთის იმდროინდელ ხელისუფალთა თხოვნით, პავლე ალეპოელმა საქართველოშიც იმოგზაურა და შეადგინა XVII ს. საქართველოს აღწერილობა, სადაც აქა-იქ, გაკვრით, მოიპოვება ზოგი ცნობა ადრინდელი ხანის საქართველოს შესახებაც. ეს ცნობები განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს იმის გამოც, რომ იგი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ისეთ პერიოდს შეეხება, რომელიც ქართულ თუ რუსულ წყაროებში მეტად მწირად, ან კიდევ სრულებით არ არის წარმოდგენილი. XII ს. პირველი მეოთხედი, საქართველოსა და კიევის რუსეთის ურთიერთობის ის ხანაა, როცა ორივე ქვეყნის იმდროინდელი ობიექტური პირობები ასეთი კავშირის არსებობას უსათუოდ გულისხმობს.
სწორედ ასეთი კავშირის არსებობის კვალი უნდა იყოს ასახული პავლე ალეპოელის ჩვენთვის საინტერესო შემდეგ ცნობაში: „საქართველოში არსებულ ეკლესიებსა და მონასტრებს შორის ასეთი სიგრძე-სიგანის და სიდიდის ქვით ნაგები ქმნილების მსგავსი მონასტერი და ტაძარი არც ერთი არ არის. ეს სავანე (იგულისხმება გელათი) დავით საქართველოს მეფემ ააგო, როგორც ამას ძველი წიგნები წერენ. როდესაც უწმინდურებმა საქართველოს დაპყრობა მოიწადინეს, მაშინ მეფე დავითი რუსეთში მოვიდა, თაყვანისცემით დახმარება ითხოვა და მისცეს რა დიდი ძალა, წავიდა და უწმინდურნი თავის სამფლობელოდან განდევნა და გაათავისუფლა მისგან“.
როგორც ვხედავთ, პავლე ალეპოელის მიხედვით თვით მეფე დავითი (ცხადია, იგულისხმება გელათის მშენებელი მეფე, ე.ი. დავით IV აღმაშენებელი) ჩასულა რუსეთში და დახმარება უთხოვია. მსგავსი რამ სხვა წყაროებში არ მოიპოვებოდა და ალეპოელის ეს ცნობა ამ შემთხვევაში სხვა მასალით არ დასტურდება, მაგრამ მას მაინც რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს. არ არის გამორიცხული, რომ ყივჩაყეთს მისულ დავით მეფის „სარწმუნო კაცებს“, მეფის დავალებით, გზა რუსული სამთავროსკენაც გაეგრძელებინათ. მით უფრო, რომ ამ დროს „ყივჩაყთა მიწა“ უშუალოდ ემიჯნებოდა რუსულ სამთავროთა საზღვრებს. დავითის „სარწმუნო კაცთა“ მისვლა კიევის მთავართან კი, როგორც აღვნიშნეთ, ყივჩაყთა საქართველოში გადმოსახლების შესახებ სათანადო ცნობის მიწოდების მიზნით, აუცილებელიც იყო. დავითის „სარწმუნო კაცთა“ მოლაპარაკება კიევის მთავართან უნდა ჰქონდეს მხედველობაში პავლე ალეპოელს, როცა იგი დავითის რუსეთში წასვლისა და იქ „დახმარების თხოვნის“ შესახებ მოგვითხრობს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამა თუ იმ პირის „თაყვანისცემით“ მისვლა მეორესთან სრულებით არ ნიშნავს ერთის ყმობას მეორისადმი. „თაყვანისცემა“ ან, როგორც რუსები იტყოდნენ, „ჩელობიტიე“ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობაში საყოველთაოდ მიღებული ტერმინი იყო და სრულებით არ გამოხატავდა „თაყვანისმცემელის“ დამოკიდებულ მდგომარეობას.
პავლე ალეპოელის ცნობის მიხედვით, დავითისა თუ მის „სარწმუნო კაცთათვის“ რუსეთში დიდი დახმარება აღმოუჩენიათ, მიუციათ დამხმარე ძალა და საქართველოში გაუსტუმრებიათ. როგორც ჩანს, იმ დიდ „დამხმარე ძალაში“, რომელიც, პავლეს სიტყვით, რუსებს ქართველებისათვის მიუციათ, საქართველოში გადმოსახლებულ ყივჩაყთა დიდი რაოდენობა უნდა იგულისხმებოდეს. საინტერესოა, რომ ძველი რუსი მემატიანეები ვლადიმირ მონომახს მიაწერენ ყივჩაყების განდევნას „რკინის კარებს“ იქით, საქართველოში და არა საქართველოს მეფეს, რომელმაც ეს ღონისძიება ფაქტობრივად გაატარა და ურომლისოდაც, ცხადია, კიევის დიდი მთავარი ამ მხრივ ვერაფერს გააკეთებდა. მაგრამ რუსი მემატიანის ასე კატეგორიული ცნობა მონომახის მიერ ყივჩაყთა „რკინის კარებს“ იქით, საქართველოში განდევნის შესახებ სწორედ იმაზე უნდა მიგვითითებდეს, რომ ამ აქტში (ყივჩაყთა საქართველოში გადმოსახლებაში) კიევის მთავარს, მართლაც, რამენაირი მონაწილეობა უნდა მიეღო, რაც, რა თქმა უნდა, კიევის მთავრისა და დავითის „სარწმუნო კაცთა“ მოლაპარაკებისა და შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო. უამისოდ, მართლაც, შეუძლებელი იქნებოდა ასე დიდი საქმის წარმატებით დაგვირგვინება.
კიევის მთავარსა და საქართველოს მეფის „სარწმუნო კაცთა“ შორის ყივჩაყების საქართველოში გადმოსახლების შესახებ შეთანხმება ადვილად იქნებოდა მიღწეული. ვლადიმირ მონომახს ამის საწინააღმდეგო რა შეიძლებოდა ჰქონოდა: ჯერ ერთი, კიევის მთავარი „უწმინდურთა“ (თურქ-სელჩუკთა) წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს დამხმარედ გამოდიოდა (ყოველ შემთხვევაში, ვლადიმირ მონომახი და მისი დროის საზოგადოებაც ასეთ განმარტებას აძლევდა ყივჩაყთა განდევნას) და ამავე დროს კიევის რუსეთი ყივჩაყთა 40000 ოჯახის საქართველოში გადასახლებით თავიდან იშორებდა დაუძინებელი მტრის ერთ დიდ ნაწილს. ასე რომ, კიევის მთავარი ყივჩაყთა საქართველოში გადასახლებით თვითონაც დიდად იქნებოდა დაინტერესებული; ასეთ ვითარებაში, მთავარი ვლადიმირი კი არა, დავით მეფე გამოდიოდა ყივჩაყთა წინააღმდეგ მებრძოლი კიევის რუსეთის დამხმარედ. ასეც იყო. ყივჩაყთა ერთი დიდი ნაწილის თავიდან მოშორებისთანავე კიევის მთავარმა მის ნარჩენთა წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. 1120 წელსვე, როცა ყივჩაყთა საქართველოში გადმოსახლება დამთავრდა, კიევის მთავარმა ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ერთხელ კიდევ გაილაშქრა ყივჩაყების წინააღმდეგ დონს იქით. მაგრამ ყივჩაყთა უკვე ძალიან შეთხელებულ და დასუსტებულ ნარჩენებს ბრძოლისათვის თავი აურიდებიათ, უკან დაუხევიათ, ისე რომ, რუსებს ვერც უნახავთ ისინი. ამრიგად, ყივჩაყთა საკითხში მიღწეული შეთანხმება ორივე ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოსათვის _ კიევის რუსეთისა და საქართველოსათვის _ სასარგებლო და სხვადასხვა გზით მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი შეთანხმება იყო.
აღსანიშნავია, რომ ძველ რუსეთში, როგორც ეს პავლე ალეპოელის ცნობიდან ჩანს, კარგად სცოდნიათ, თუ როგორ განდევნა დავით მეფემ „უწმინდურნი თავის სამფლობელოდან და განთავისუფლდა მათგან~. დავითის ასეთ გამარჯვებას კიდევ უფრო უნდა განემტკიცებინა კიევის რუსეთის კავშირი ერთმორწმუნე საქართველოსთან. გაძლიერებულ საქართველოსთან ძველ რუსეთს ამჟამად კავშირი თვით სჭირდებოდა, მით უფრო, რომ ამ დროს ყივჩაყები და ოსები უკვე საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ და ყივჩაყთა თავდასხმების აცილება და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრებზე სიმშვიდის უზრუნველყოფა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებით იყო შესაძლებელი.

გ) საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის მეზობლები და ურთიერთობა მათთან

თურქ-სელჩუკების შემოსევებმა დიდად დააზიანა საქართველოს სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მეზობლები _ სომხეთი და შირვან-არანი, მათი ტერიტორიები თურქ-დამპყრობთა სათარეშოდ იქცა. სომხეთი, ბიზანტიის ოცწლიანი ბატონობის წყალობით, არსებითად განიარაღებული შეხვდა ახალი დამპყრობლის შემოჭრას. ბიზანტიის მმართველი წრის წარმომადგენლები ყოველნაირად ხელს უწყობდნენ სომხური მოსახლეობის განსახლებას მცირე აზიასა და იმპერიის სხვადასხვა ტერიტორიაზე. ამავე დროს, მათვე გაიყვანეს სომხური ლაშქარი ქვეყნიდან და ამით სომეხ ხალხს მოუსპეს შესაძლებლობა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა.

ამრიგად, თვით სომეხი მკვლევარების სიტყვით რომ ვთქვათ, სომხეთი თურქთა შემოსევის წინ მოკლებული იყო თავდაცვის თითქმის ყოველგვარ შესაძლებლობას. ამიტომ იყო, რომ წვრილმა სომხურმა სამეფოებმა ან მწარე დამარცხება განიცადეს თურქებთან ბრძოლაში, ან კიდევ ზედიზედ უბრძოლველად დამორჩილდნენ თურქების სულტანს (ლორე, სივნიეთი). ქვეყნის ზოგიერთ რაიონში კი - წარმოიქმნა სელჩუკური საამიროები; მათ შორის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო დვინის, ანისისა და ასევე შაჰ-არმენების საამიროები.
სომხეთის მოსაზღვრედ მდებარე განძა, რომელიც თურქებმა 1068 წელს დაიპყრეს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლაცდარმად იქცა თურქ-სელჩუკთა აგრესიისა ამიერკავკასიაში, აქედან ეწყობოდა გამუდმებული ლაშქრობები საქართველოსა და სომხური სამეფოების წინააღმდეგ, რაც ზიანს აყენებდა მათ. განძის აღებით დაიწყო არსებითად თურქ-სელჩუკთა გაბატონება არანში. ასევე თურქთა სულთანმა მელიქ-შაჰმა აიძულა შირვან-შაჰი ფარიბურზ I თურქთა სასარგებლოდ ერთდროულად 70000 დინარი გადაეხადა, ხოლო შემდეგ ყოველწლიურად სელჩუკთა ხაზინაში 40000 დინარი შეეტანა. ასე მოექცა შირვანიცა და არანიც თურქ დამპყრობელთა უღლის ქვეშ.
ამრიგად, საქართველოს სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით, უძველესი დროიდან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად მჭიდროდ დაკავშირებული, მოძმე ხალხების მაგივრად, ახალი ძლიერი აგრესორი გაუმეზობლდა.
სომხეთსა და შირვან-არანში თურქთა გაბატონება საქართველოს თავდაცვის უნარს ძლიერ ასუსტებდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მორღვეული საზღვრები ფართოდ უხსნიდა გზას თურქ-სელჩუკებს ჩრდილო-დასავლეთისაკენ, საქართველოსაკენ. და მართლაც, ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ საქართველოში „დიდი თურქობა“ დაიწყო და საქართველომაც XI ს. 80-იანი წლებიდან ყოველწლიური სათურქო გადასახადი იკისრა.
XI ს. 70_80-იანი წლები მახლობელ აღმოსავლეთში თურქთა ძლიერების წლებია. 1071 წელს მათ აიღეს იერუსალიმი, 1089 წელს ბიზანტიას წაართვეს ანტიოქია, ამავე დროს მათ დაიპყრეს დამასკოსა და სირიის სხვა ქალაქებიც. თურქთა მფლობელობაში შევიდა სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილი. მათვე მცირე აზიაში შექმნეს მეტ-ნაკლებად მყარი სახელმწიფოებრივი ერთეული _ რუმის სასულთნო, ცენტრით ჯერ ნიკეაში, შემდეგ კი კონიაში. XI ს. 90-იანი წლების დამდეგს კი თურქებმა თვით კონსტანტინოპოლსაც შეუტიეს და ბიზანტიას მძიმე საფრთხე შეუქმნეს. ალექსი კომნინოსმა ძლივს იხსნა თავი მძიმე განსაცდელისაგან.
ამრიგად, მახლობელ აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკები უმთავრეს გაბატონებულ ძალად იქცნენ. თურქ-სელჩუკებს, როგორც ეს ერთ-ერთმა ფრანგმა მეცნიერმა უჩვენა, არ ახასიათებდათ ფანატიკური რელიგიური შეუწყნარებლობა; თურქთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში (სირიაში, პალესტინაში, სომხეთსა და საქართველოში) ქრისტიანული მოსახლეობის მდგომარეობა ამ მხრივ არ გაუარესებულა. არ წარმოებდა მათი რელიგიური დევნა-შევიწროება... ანტიოქია ისევ ისე რჩებოდა მართლმადიდებელი პატრიარქის რეზიდენციად. კიდევ მეტი, ზოგი მკვლევარის აზრით, სელჩუკთა გაბატონება მცირე აზიასა, სირიასა და პალესტინაში ნიშნავდა ზოგი ქრისტიანული რწმენის (მონოფიზიტები, ნესტორიანები) ხალხთა დახსნას ბიზანტიის ეკლესიის რელიგიური და ფისკალური შემოტევებისაგან... სელჩუკთა გაბატონებას მახლობელ აღმოსავლეთში არ გამოუწვევია აგრეთვე აღმოსავლეთის დასავლეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტა.
მაშ, რაში მდგომარეობდა თურქთა ბატონობის სიმძიმისა და უარყოფითი შედეგების მიზეზები? პირველ რიგში, სამეურნეო ცხოვრების იმ სისტემაში, რომელსაც თურქები მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ნერგავდნენ. თურქ დამპყრობთა გაბატონება განვითარებულ ფეოდალურ ქვეყანაში ნიშნავდა ნახევრად პრიმიტიული მომთაბარული მეურნეობის გაბატონებას.
ფეოდალურ საქართველოსა და საერთოდ, ამიერკავკასიაში თურქ-სელჩუკთა გაბატონება ნიშნავდა ამ ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური წყობის არსებით შეცვლას, მის არა მარტო დაქვეითებას, არამედ შემოტრიალებას დაღმავალი ხაზით, პატრიარქალური მეჯოგეობისა და საოჯახო მონობისაკენ. მსოფლიო ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ დამპყრობლებს მაღალი განვითარების ქვეყნები დაცემის იმ დონემდე მიუყვანიათ, რომ საჭირო გამხდარა ყველაფრის თავიდან დაწყება. ასეთივე საფრთხის წინაშე დააყენეს განვითარებული ფეოდალური ქვეყანა მომთაბარე მეურნეობის მეტად დაბალი სისტემის მქონე თურქ-სელჩუკებმა. ამიტომ იყო, რომ თურქი დამპყრობლების შემოსევა და ბატონობა არსებითად განსხვავდებოდა ყველა იმ დამპყრობელის ბატონობისაგან, რომელნიც მანამდე ფეოდალურ საქართველოს ენახა ბიზანტიელებისა თუ არაბების სახით. თურქ-სელჩუკები დაპყრობილ ქვეყნებში მთელი თავიანთი ოჯახებითა და ჯოგებით მიდიოდნენ და, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ინტენსიური სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებულ მიწებს საძოვრებად იჭერდნენ. დამპყრობლებმა ქართლ-კახეთისა და მესხეთის ჭალები ჯოგების საზამთრო საძოვრებად აქციეს, ხოლო მთიანი ზონები _ იალაღებად. „ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდე, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აივსო თურქითა“, _ წერდა ამ ამბების მომსწრე ისტორიკოსი. ამით კი განვითარებულ ფეოდალურ მეურნეობას მთლიანად ეცლებოდა საფუძველი _ მიწა _ დარღვევისა და გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა. განვითარების მაღალ დონეზე ასული ფეოდალური მეურნეობის მაგივრად თანდათან პრიმიტიული მომთაბარული მეჯოგეობა და საოჯახო მონობა ბატონდებოდა, რომელიც ქვეყანას რეგრესისაკენ მიაქანებდა.
თურქთა გაბატონების, „დიდი თურქობის“ მძიმე შედეგებმა საინტერესო ასახვა პოვა გვიანდელი ხანის ქართველ ისტორიკოსთა თხზულებებშიც. აი, რას მოგვითხრობს ამის შესახებ იოანე ბატონიშვილი: „ჟამთა წინაპართა ამა (დავით) მეფისათა მოვიდნენ საქართველოსა შინა აგარიანნი (იგულისხმება თურქები), სახლეულითურთ თვისით, ვიდრე სამასი ათასი მოსახლე კაცნი და დაიპყრეს საქართველო, და დაეშვნენ სამთა მდინარეთა სანაპიროთა ზედა, ესე იგი მტკვარსა, ალაზანსა და იორსა ზედა. სახითა ამით, რომელ მათ ელისა (მომთაბარეთა) მთავართა განიყვეს ამ სახით ადგილნი ესე: ერთი მთავართაგანი ასიათასისა კომლისა კაცითა დაესახლა მტკვრის კიდესა ზედა ამიერ და იმიერ, სურამიდგან ვიდრე განჯამდის; მეორე მთავარი დაესახლა ასი ათასისა კაცითა იორის მდინარის კიდესა ზედა თიანეთიდგან ვიდრე ალაზნის შესართავადმდე, რომელიცა ერთვის მახლობელ სამუხისა. ხოლო მესამე მთავარი დაესახლა ასიათასისა კომლისა კაცითა პანკისიდგან ალაზნის სანაპიროს ზედა, ვიდრე ივრისა შესართავადმდე, მახლობლად სამუხისა და დაიპყრეს სახითა ამით ქართლი და კახეთი და დაუწყეს დევნა, ტყვეობა და აოხრება ქართლსა და კახეთსა შინა მცხოვრებთა. და ესრეთ ცარიელ ჰყვნეს ადგილნი ესე, რომელ თუ არა მთათა და სიმაგრეთა შინა, არღა იპოებოდენ მცხოვრებნი ერნი ქართველთანი“.
ჩვენ არ ვიცით რა წყაროთი სარგებლობდა ამ შემთხვევაში იოანე ბატონიშვილი და საიდან აქვს მას აღებული ცნობა ქართლ-კახეთში ჩამოსახლებულ თურქთა ასეთი რაოდენობისა და ან კიდევ, მათი ას-ას ათასად მტკვარსა, იორსა და ალაზანს განსახლების შესახებ, მაგრამ, ცხადია, რომ ყველაფერი ეს საფუძველს მოკლებული არ არის; მართლაც, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ნოყიერი სანაპირო ზოლები მეტად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო მომთაბარე მეჯოგეებისათვის; სწორედ ეს რაიონები იყო აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური მეურნეობის ყველაზე წამყვანი რაიონები და ცხადია, აქ მესაქონლე თურქთა ასე დიდი რაოდენობით განსახლება მძიმე საფრთხეს უქმნიდა ფეოდალურ ეკონომიკას, მას გადაშენებას უქადდა. ფეოდალური მეურნეობის საფუძვლების მოშლა, თავის მხრივ, ნიშნავდა ყველაფერ იმის გადაშენებას, რაც ქართველ ხალხს საუკუნეთა მანძილზე შეექმნა.
მეურნეობის სისტემის ცვლილების შესაბამისად იცვლებოდა სოციალური და სახელმწიფოებრივი წყობაც. ფეოდალური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი, საუკუნეობით განმტკიცებული საზოგადოებრივი, სოციალური კლასებისა და ფენების მაგიერ პრიმიტიული წყობილებისათვის შესაფერისი დაყოფა შემოდიოდა; მათი წარმოდგენით დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობა არსებითად ორ მთავარ ნაწილად იყოფოდა: ერთსა და პირველს თვით დამპყრობელნი, სამხედრონი შეადგენდნენ, ხოლო მეორეს _ ყველა დანარჩენი რაიათები (მათი დაპყრობილი ქვეშევრდომები). ყოველივე ამას შეესაბამებოდა მათი სახელმწიფოებრივი ხელისუფლებაც, რომელიც არსებითად დაპყრობილი ხალხების დაუნდობელი ძარცვის ძლიერ აპარატს წარმოადგენდა.
ერთი სიტყვით, თურქ-სელჩუკების სამეურნეო, სოციალური თუ სახელმწიფოებრივი წყობა სავსებით საწინააღმდეგო, გამომრიცხველი იყო ყველაფერ იმისა, რაც ამ დროისათვის საქართველოში და საერთოდ, ამიერკავკასიაში არსებობდა, რეგრესული ძალები უპირისპირდებოდა პროგრესულ, აღმავლობის გზაზე შემდგარ ქვეყნებს. ეს კარგად ესმოდათ იმ დროის მოღვაწეებს. დავითის ისტორიკოსმა, როგორც ეს ზემოთ მივუთითეთ, ასახა კიდეც ის უბედურება, რაც თურქ-სელჩუკების მომთაბარულ მეურნეობას მოჰქონდა განვითარებული ქართული ფეოდალური მეურნეობისათვის.
ამრიგად, არა მარტო საქართველო, არამედ არსებითად მთელი ამიერკავკასია დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამიერკავკასიის ხალხთა და მისი მმართველი ზედაფენის ერთ უპირველეს ამოცანას თურქთა ბატონობისაგან თავის დახსნა და ქვეყნების ნორმალური განვითარების, პროგრესის გზისაკენ შემობრუნება წარმოადგენდა. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან, მაგრამ ასევე მეტად რთულ _ კავკასიის ხალხთა ძალების კონსოლიდაციის, გაერთიანებისა და ერთი საერთო მიზნისაკენ წარმართვის ამოცანას _ აყენებდა.
ს. ჯანაშია სავსებით მართებულად მიუთითებდა, რომ ისტორიის ობიექტურმა მსვლელობამ კავკასიის ხალხების წინაშე დააყენა მეტად რთული ამოცანა _ ტომობრივ და ეკლესიურ-რელიგიური თვალსაზრისით ჭრელ და აღრეულ, მრავალენოვან კავკასიაში, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელ ურთიერთ შეუთავსებლობისა და მოუთმენლობის ვითარებაში ერთიანი კავკასიური მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნისა. მისივე მტკიცებით, ასეთი ტენდენცია და პირველი ცდები კავკასიაში მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნისა ჯერ კიდევ X საუკუნეში შეინიშნება. ასეთი ტენდენციის მატარებელი იყო იმდროინდელი სომხეთი, მაგრამ X ს. დასასრულიდან ისედაც დაქუცმაცებული სომხეთი კიდევ ნაწევრდება უფრო მცირე ერთეულებად, რომელნიც ბიზანტიელ თუ თურქ აგრესორთა წყალობით ზედიზედ კარგავენ თავიანთ დამოუკიდებლობას XI საუკუნეში ისე რომ, არათუ საგარეო პოლიტიკური, არამედ საკუთრივ შინაგანი გაერთიანების, ერთიანი სომხური სამეფოს შექმნის გეგმებიც კი განუხორციელებელი იყო. კავკასიაში ქვეყანა, რომელიც ამგვარსავე ტენდენციას ასევე ადრიდანვე ამჟღავნებდა, საქართველო იყო, რომელმაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, X ს. მიწურულსა და XI საუკუნეში, მიუხედავად არახელსაყრელი საგარეო ვითარებისა, შეძლო პირველი რიგის ამოცანის გადაწყვეტა _ შინაგანი გაერთიანება, ერთიანი საქართველოს შექმნა... მოვლენების შემდგომმა განვითარებამ კიდევ ნათლად უჩვენა, რომ კავკასიაში მრავალეროვანი ერთიანი სახელმწიფოს შექმნაც ამჯერად შეეძლო თავის თავზე აეღო მხოლოდ საქართველოს.
კავკასიაში მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნის საჭიროება კიდევ უფრო მძაფრად დააყენა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ კავკასიის ხალხების კონსოლიდაციის აუცილებლობამ. ასე რომ, საქართველოს მეთაურობით კავკასიის ხალხთა გაერთიანების ტენდენციამ დასრულებული სახე დავით აღმაშენებლის ეპოქაში მიიღო. ერთ დროს უძლეველად მიჩნეული თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ამიერიდან მახლობელ აღმოსავლეთში, საქართველოს სამეფოს სახით, უძლიერესი სახელმწიფო იდგა. იგი უცხო დამპყრობთაგან ამიერკავკასიის ხალხთა განმათავისუფლებლის როლში გამოდიოდა. მისი წარმატებების ერთი უმთავრესი საფუძველიც ეს იყო _ ამიერკავკასიის ხალხები მისი დროშის ქვეშ ერთიანდებოდნენ თურქ-სელჩუკთა უღლისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაში.

ჯვაროსნები და საქართველო

„ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია~. „ფრანგნი“, რომელთა გამოჩენის შესახებაც ასე საგანგებოდ მიუთითებს დავითის ისტორიკოსი, ევროპელი ჯვაროსნები იყვნენ; ასე უწოდებდა მთელი მაშინდელი აღმოსავლეთი ევროპელ ფეოდალებსა და რაინდებს, რომელნიც აქ „ქრისტეს საფლავის“ გასათავისუფლებლად მოდიოდნენ. „ფრანგების“ ანუ ჯვაროსნების გამოჩენა მახლობელ აღმოსავლეთში მართლაც დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო შუა საუკუნეების მსოფლიოში, და ცხადია, ეს ფაქტი მხედველობიდან არ შეიძლებოდა გამოპარვოდა ამ ამბების თანამედროვე ქართველ ისტორიკოსს.
ღარიბ-ღატაკთა პირველი ჯვაროსნული რაზმები, როგორც ცნობილია, კონსტანტინოპოლის მისადგომებთან 1096 წ. ივნისში გამოჩნდნენ, მათ ფეოდალთა რაზმებიც მიჰყვა, ხოლო 1097 წ. ივნისში ნიკეაზე გამართულ ბრძოლაში ჯვაროსნებმა და მისმა მოკავშირეებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს, თუმცა ევროპელ ფეოდალებს ამ გამარჯვებიდან მხოლოდ მცირე ნადავლი ერგოთ. მალე ჯვაროსნებმა დიდი წარმატებები მოიპოვეს _ 1098 წ. ზაფხულში, დიდი ხნის ბრძოლისა და ალყის შემდეგ, ანტიოქია აიღეს, 1099 წელს კი იერუსალიმი... სწორედ აქ, იერუსალიმის აღების დროს, ყველაზე უფრო კარგად გამოჩნდა „ქრისტეს საფლავის“ და სხვა „წმინდა ადგილთა~ „უწმინდურთაგან“ გასათავისუფლებლად მოსულ ევროპელ ფეოდალთა ნამდვილი სახე. ჯვაროსნები ძარცვავდნენ აღმოსავლეთის არა მარტო მუსლიმურ მოსახლეობას, მათ ქალაქებსა და ქვეყნებს, არამედ ქრისტიანულსაც. ისე რომ, „ქრისტეს მებრძოლების“ მიერ შევიწროებული და გაძარცული საკუთრივ ქრისტიანული მოსახლეობა არაერთხელ აჯანყებულა ჯვაროსნების წინააღმდეგ (მაგ., კილიკიის სომხების აჯანყება 1098 წელს) და დახმარებისათვის სელჩუკებისათვის მიუმართავთ... მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯვაროსანთა ლაშქრობებს, მათ ბრძოლას თურქსელჩუკების წინააღმდეგ მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თურქების მიერ დაპყრობილი ხალხების განმათავისუფლებელი ბრძოლის შემდგომი წარმატებისათვის. შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი აღმოსავლეთში „ფრანგთა გამოსვლას“, როგორც ზემოთ ვნახეთ, უკავშირებდა დავითის მიერ სათურქო ხარკის შეწყვეტას, ქვეყნის მოშენებასა და გაძლიერებას. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეცდომა იქნებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ ამ დროს მოპოვებული წარმატებების მიზეზები ჯვაროსნების გამოსვლასა და მათ მიერ თურქების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში გვეძებნა, როგორც ამას საქართველოს ისტორიის ზოგი მკვლევარი ვარაუდობს.
ამას გარდა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ და მის მიერ მოპოვებული გამარჯვებები განმათავისუფლებელ ომში, რომელსაც თურქ-სელჩუკთა ძალების შესუსტება მოჰყვა, ცხადია, ხელს უმართავდა ჯვაროსან-დამპყრობლებს ახლო აღმოსავლეთში, მათ ხშირ შემთხვევაში საკმაოდ შეთხელებულ და დაქსაქსულ ძალებს გაძლიერებისა და თავმოყრის შესაძლებლობას აძლევდა. ამიტომ ბუნებრივია, თუ ჯვაროსნული ლაშქრობის მომწყობი სახელმწიფოები და აღმოსავლეთში ჯვაროსანთა მიერ დაარსებული სამეფო-სამთავროები დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოს თავიანთ მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მის მიერ ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯს ყოველნაირად გამოეხმაურებოდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ ჯვაროსნული ომების დასავლეთევროპელი ისტორიკოსები თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ დავითის ლაშქრობებს სათანადო ყურადღებას უთმობენ და ჯვაროსნების ბრძოლებთან ერთ სიბრტყეში განიხილავენ.
საქართველოსა და ჯვაროსნების ასეთი ურთიერთსასარგებლო მოქმედება ახლო აღმოსავლეთში აუცილებელს ხდიდა მათ შორის სათანადო კავშირის დამყარებას. მაგრამ, რაკი მათი მიზნები თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში სულ სხვადასხვაგვარი იყო, ეს ურთიერთობა-კავშირიც არ შეიძლებოდა მტკიცე და მუდმივი ყოფილიყო. ჟვაროსნები აღმოსავლეთში მიდიოდნენ, როგორც დამპყრობლები, ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები და ნადავლი ეგდოთ ხელთ, ფართოდ გაეხსნათ გზები ევროპის ქალაქებისათვის და მეტი სიმდიდრე გაეზიდათ აღმოსავლეთიდან. ჯვაროსნებისათვის მხოლოდ საფარი იყო მათი ლოზუნგი _ „ბრძოლა ქრისტეს საფლავის დასაცავად~, „ურჯულოთა განდევნა წმინდა ადგილებიდან“. ნამდვილად კი ისინი ახალი მიწა-წყლის ხელში ჩასაგდებად და აღმოსავლეთის ხალხების დასამორჩილებლად მოდიოდნენ და ამიტომ არა მარტო „ურჯულოთა (არაქრისტიანთა), არამედ, როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთის თვით ქრისტიანული სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლასაც კი არ ერიდებოდნენ. საქართველოც ხომ აღმოსავლეთში ივარაუდებოდა და ამ ქვეყნის ქრისტიანობა ჯვაროსნებს ხელს არ შეუშლიდა საჭირო შემთხვევაში მის წინააღმდეგაც გაელაშქრათ.
სულ სხვა მიზნებს ისახავდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ბრძოლა. საქართველოს სახელმწიფო, ჯვაროსნების მსგავსად, მუსლიმობას კი არ ებრძოდა საერთოდ, არამედ იმ თურქ დამპყრობლებს, რომლებმაც საქართველოს დამორჩილება და ქართველი ხალხის გადაშენება მოინდომეს.
საქართველო თავისი თვითმყოფობის შენარჩუნებისათვის იბრძოდა, დამპყრობლებს ერეკებოდა თავისი ქვეყნიდან და არა მაჰმადიანებს, მუსლიმებს. მუსლიმობა კავკასიაში და საქართველოშიც საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილობრივ მოვლენას წარმოადგენდა. ქართველებს დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ მუსლიმებთან ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა; ამ ურთიერთობის გაწყვეტა, მისი უარყოფა დიდ ზიანს მოუტანდა საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებასაც. ეს კარგად ესმოდათ იმდროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეებს და ამიტომაც არც საქართველოს ტერიტორიაზე, არც მის მეზობლად მოსახლე მაჰმადიანებისათვის „ჯვაროსნული ომი“ არასოდეს გამოუცხადებიათ; პირიქით, თუ იმდროინდელი წყაროების მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოში მოსახლე მაჰმადიანები აქ საკმაოდ კარგად გრძნობდნენ თავს, ზოგ შემთხვევაში უფრო უკეთაც, ვიდრე თავიანთ ქვეყანაში.
საქართველოს სამეფოს, რომელიც თავის თავს აღმოსავლეთში ქრისტიანობის ბურჯად აცხადებდა, მუსლიმების მიმართ ასეთი პოლიტიკის გატარებას უკარნახებდა საშინაო და საგარეო პირობები, მისი მჭიდრო ურთიერთობა მაჰმადიანურ სამყაროსთან და არა რომელიმე მეფის პიროვნული, კეთილი სურვილები, ან კიდევ, მუსლიმების დიდი გავლენა საქართველოზე, როგორც ამას ზოგი მკვლევარი ფიქრობს. ცხადია, ასეთ ვითარებაში საქართველოს სახელმწიფოსა და ევროპელი ჯვაროსნების ინტერესები ახლო აღმოსავლეთში არ შეიძლებოდა ერთმანეთს დამთხვეოდა და ამიტომაც მათი კავშირი მხოლოდ დროებითი, იმ მომენტისათვის შექმნილი პოლიტიკური ვითარებით იყო გაპირობებული.
სავსებით ბუნებრივია, რომ თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთგზის გამარჯვებული საქართველო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მომწყობ სახელმწიფოებსა და პიროვნებებს თავიანთ ბუნებრივ მოკავშირედ მიაჩნდათ და ამიტომაც მასთან უშუალო კავშირს ეძიებდნენ; პირველ რიგში, აღმოსავლეთის ჯვაროსნული სამეფო-სამთავროები. ყოველივე ზემოხსენებული იმაზე მიგვითითებს, რომ ჯვაროსნებსა და საქართველოს შორის, თუ უფრო ადრე არა, „ფრანგების აღმოსავლეთში გამოჩენის“ დროიდან მაინც გარკვეული ურთიერთობა უნდა დამყარებულიყო.
მიუხედავად ამისა, იმდროინდელ ქართულ წყაროებს, კერძოდ, დავითის ისტორიკოსს, ამ მხრივ თითქმის არავითარი ცნობა არა აქვს დაცული. მაგრამ ამ ნაკლს ნაწილობრივ მაინც ავსებენ შემდეგდროინდელი (მაგ., თამარისა და შემდეგი ხანის) ქართული და ასევე ევროპული წყაროები. ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესწავლის თვალსაზრისით, ყურადღებას იქცევს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესის, მეფსალმუნის, XII ს. პირველ მეოთხედში იერუსალიმში მყოფი ანსელუსის წერილი და მასში დაცული ცნობა საქართველოსა და მისი მეფის დავითის შესახებ. ანსელუსის წერილს მკვლევარები 1108_1109 წლებით ათარიღებენ, მაგრამ, როგორც მისი შინაარსიდან ირკვევა, იგი უფრო დავითის გარდაცვალების შემდეგ უნდა იყოს შედგენილი, როგორც ამაზე თავის დროზე მიუთითებდა ს. ჯანაშია.
ანსელუსის წერილი მოგვითხრობს საქართველოს მეფის, დავითის მეუღლის (წყაროს მიხედვით, ქვრივის) მიერ იერუსალიმში ჩატანილი ჯვრის შეძენისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მისი გაგზავნის შესახებ. წერილის მიხედვით, ანსელუსს ეს ჯვარი თვით დავითის ქვრივისაგან შეუძენია და, სათანადო წერილითურთ, დიდი პატივით გაუგზავნია პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის საკრებულოსათვის.
ანსელუსის წერილი, როგორც ამ ჯვრის დიდი ღირსების მაუწყებელი დოკუმენტი, ჯვართან ერთად დღემდე დაცულია პარიზის ხსენებულ ტაძარში. იგი არაერთხელ გამოქვეყნებულა ევროპაში, როგორც ლათინურ, ფრანგულ, ასევე ქართულ ენაზედაც. ჩვენ ამჟამად ამ ჯვრის თავისთავად საინტერესო ისტორია და მასთან დაკავშირებული საკითხები კი არ გვაინტერესებს, არამედ ის, თუ როგორ ვრცელდებოდა ცნობები ევროპაში საქართველოსა და მისი იმდროინდელი მეფის შესახებ. ანსელუსი თავის წერილში იტყობინებოდა: „ამ ჯვარს დავით, მეფე ქართველთა, სანამ იცოცხლა, უაღრეს თაყვანისცემას და სიყვარულს უძღვნიდა, ის დავითი, რომელსაც მისი წინაპრებით, კასპიის კარი _ გოგსა და მაგოგს რომ ზღუდავს _ ეჭირა და ედარაჯნა, რასაც შვილი მისი აქამომდე ასრულებს, ვისი ქვეყანა და სამეფო მიდიელთ და სპარსთა წინააღმდეგ ჩვენი, ასე ვთქვათ, წინა ბურჯია. დავითის სიკვდილისა და მისი შვილის გამეფების შემდგომად, მეუღლემ მისმა, უფრო სიწმინდისა ვიდრე გვარიშვილობისათვის სათაყვანომ, თავი გადაიკრიჭა, სარწმუნოების სამოსელი ინება და მცირეოდენი მხლებლით იერუსალიმს მივიდა ამ ჯვარითა და ბევრი ოქროთი. და მისი წადილი იყო შინ დაბრუნება კი არა, არამედ აქ მშვიდობასა და მყუდროებაში სიცოცხლის დასრულება. იმ წამოღებულ ოქროთგან წმიდა ქალაქის მონასტრებს წილი დაურიგა, აგრეთვე გლახაკთა და მგზავრთა მისაცემიც გაიღო და შემდგომად ამისა... იერუსალიმში ქართველ დედათა მონასტერში შევიდა... და წმიდა სამოსელი მოლოზნობისა მიიღო. ბოლოს წამოღებული ოქრო სულ დაერიგა, გაეცა და მონასტრის საჭიროებისათვის დაეხარჯა. და ოდეს შიმშილობამ ჩვენი ქვეყანა შეაწუხა... იძულებული გახდა მონასტრის მოთხოვნილებისათვის... ჯვარი გაეყიდა. ამას საკუთარი ხორციელი საჭიროებისათვის არას გზით არ გააკეთებდა. ამრიგად, ის ჯვარი ვერავითარი ფასის შესადარი, ამ მიზეზით ფასად იქცა და აჰა გამოგიგზავნეთო“.
როგორც ვხედავთ, წერილში ბევრი საინტერესო მასალაა დაცული, განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის მეუღლის, ყივჩაყთა მთავრის ასულის, გურანდუხტის (ალბათ, მისი ყივჩაყური, მდაბიური წარმოშობა აქვს მხედველობაში ანსელუსს, როცა დავითის მეუღლის უფრო სულიერ სიწმიდეს უსვამს ხაზს, ვიდრე მის გვარიშვილობას) უკანასკნელი დღეების შესახებ. მაგრამ ამჯერად ჩვენ უფრო გვაინტერესებს ამავე წერილში დაცული ცნობები საკუთრივ დავითისა და მისი ქვეყნის შესახებ.
როგორც ვხედავთ, ევროპელმა ჯვაროსნებმა კარგად იცოდნენ საქართველოში იმ დროს არსებული ვითარება და რაც მთავარია მისი მნიშვნელობა როგორც ჩრდილოეთის, „კასპიის კარის“ დამცველისა და ასევე „მიდიელთა სპარსთა (იგულისხმება თურქ-სელჩუკთა) წინააღმდეგ ბრძოლის „წინა ბურჯისა“, ზღუდისა. რა თქმა უნდა, ანსელუსს საქართველოსათვის არ შეეძლო ეწოდებინა „ჩვენი (ე.ი. ჯვაროსანთა) წინა ბურჯი“, რომ დავითის დროინდელ საქართველოსა და ჯვაროსნებს შორის მართლაც კავშირი არ ყოფილიყო, რომ მათ ერთმანეთი კარგად არ სცოდნოდათ. როგორც ჩანს, ჯვაროსნები საქართველოს იმედის თვალით უყურებდნენ, როგორც „წინა ზღუდესა და ბურჯს“ თავიანთი საქმიანობის წარმატებისათვის აღმოსავლეთში. საქართველოს მნიშვნელობა ევროპელ ჯვაროსანთა თვალში განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც დავით აღმაშენებელმა დიდ წარმატებებს მიაღწია თურქ დამპყრობლებთან ბრძოლაში, კერძოდ კი, XII ს. პირველ ორ ათეულ წელს, როცა თურქები არსებითად გარეკა საქართველოს საზღვრებიდან.
დავით აღმაშენებლისა და აღმოსავლეთის ევროპელ სახელმწიფოთა მთავრებისა და მეფეების ურთიერთობის შესახებ მოგვეპოვება, მართალია, გვიანდელი, მაგრამ თავისთავად ძალიან საინტერესო ქართული ცნობაც. იგი ეკუთვნის იოანე ბატონიშვილს და დაცულია მის თხზულებაში _ „კალმასობა“. იოანეს მიხედვით, ლორეს აღების მეორე წელს „მოვიდა დაფარვით, დავრიშის სახით, მელიქშას შვილი ტანღან მელიქ სულთანი გამსტრობად ივერიისა და ხილვად მეფისა დავითისა, და აგრეთვე ამავე სახედ ბერძენთა მეფე ალექსანდრე (იგულისხმება, ალბათ, ალექსი), ხოლო ამავე რიცხვსა შინა იყო ბალდვოინ იერუსალიმის მეფე, რომელმანცა მრავალი ძლევა მიიღო სარიცინელთა ანუ არაბთა ზედა. და ესე ბალდვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა... და ვერა რომელთამე ქართველთა სცნეს ამათი იდუმალ მოსლვა და უკუიქცნენ მასვე წელსა შინა“.
როგორც ვხედავთ, მრავალმხრივ საინტერესო ცნობასთან გვაქვს საქმე დავით IV-სთან „დაფარვით“, „იდუმალ“ არაერთი იმ დროის დიდი პოლიტიკური მოღვაწე მოსულა. ძოგი მათგანის მიზანი, დავითის ნახვასთან ერთად, „ივერიის გამსტრობა“, ე. ი. დაზვერვა იყო, ზოგს კიდევ სამშვიდობო, სამოკავშირეო მოლაპარაკების გამართვა სურდა. ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იოანეს ცნობა აქ იერუსალიმის მეფის „ბალდვოინის~ მოსვლის შესახებ. როგორც ჩანს, მხედველობაში უნდა ჰქონდეს იერუსალიმის მესამე მეფე ბალდუინ II (1119-1131 წწ.). იოანე ბატონიშვილი გარკვევით მიუთითებს, რომ ცნობა ბალდუინის ქართლში მოსვლის შესახებ მას თავის „კალმასობაში“ შეუტანია „მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა“, ე.ი. სხვა ხალხების, ალბათ, თვით ჯვაროსნების ქრონიკებიდან, ისტორიიდან. მიუხედავად ასეთი კატეგორიული მითითებისა, ჩვენ დღემდე არ ვიცით იოანეს ამ ცნობის უშუალო წყარო. Mმაგრამ ზემომოტანილ ცნობაში დაუჯერებელი არაფერია. ჯერ ერთი, ლორეს აღების მეორე, ე.ი. 1119 წელი ის დროა, როცა დავითმა ძირითადად მოამთავრა თურქებთან ბრძოლა საქართველოს შიგნით და დაიწყო შეტევები ქვეყნის საზღვრებს გარეთ; ამასთანავე, დავითის არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებები თურქებზე, სამშვილდესთან, ლორესთან თუ სხვაგან, უკვე საკმაოდ ფართოდ იყო „ხმაგანსმენილი~ და შეუძლებელია ჯვაროსნებამდე ვერ მიეღწია ამ ხმებს.
ამას გარდა, 1119 წელი მძიმე იყო თვით ჯვაროსნებისათვის; 1119 წ. ზაფხულში თურქების სახელგანთქმულ სარდალთან, ილღაზთან ბრძოლაში დაიღუპა ანტიოქიის მთავარი როჟერი და მასთან ერთად არაერთი ევროპელი რაინდი. იერუსალიმის მეფე ბალდუინ II მაშინვე დაიძრა ანტიოქიისაკენ და თვით იკისრა დაობლებული ანტიოქიის მმართველობაც და მის შესანარჩუნებლად ბრძოლაც. მან თავი მოუყარა ილღაზის წინააღმდეგ ყველა რაინდსა და მოლაშქრეს, რომელთა შეკრებაც კი იმ დროისათვის შესაძლებელი იყო. მართალია, ჯვაროსნებმა შეძლეს ანტიოქიის შენარჩუნება, მაგრამ ძლიერ დაზარალდნენ და ილღაზმაც არაერთი მწარე დამარცხება აგემა მათ. ასეთ მძიმე წელს, საეჭვოა, რომ ბალდუინ II-ეს საქართველოში ჩამოსასვლელად მოეცალა, მაგრამ, ფაქტია, რომ 1119 წლის მაგალითი, ჯვაროსნების მარცხი ილღაზთან ბრძოლაში, მოსვენებას არ მისცემდა ჯვაროსნებს და აიძულებდა მათ მოკავშირეები ეძებათ არა მარტო თავიანთ სამთავროებსა და საგრაფოებში, არამედ სხვაგანაც, ქრისტიანულ ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში.
ამრიგად, შექმნილი ვითარების ზემომოტანილი განხილვა სავსებით გვარწმუნებს, რომ აღნიშნულ ცნობებში, მართლაც, არაფერი უნდა იყოს საეჭვო და დაუჯერებელი _ როგორც ჯვაროსნებს, ასევე საქართველოსაც ერთმანეთთან კავშირი ამ მომენტში აუცილებლად სჭირდებოდათ. ჯვაროსნებს საქართველო, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, სურდათ თურქების წინააღმდეგ გამოეყენებინათ, საქართველოსა და მის მეფეს კი ჯვაროსნების ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ მდგომარეობას უმსუბუქებდა და დამპყრობლებზე გამარჯვებისათვის ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა. ამიტომ ამ ხელსაყრელი საგარეო პირობების შექმნაში თვით დავითის მონაწილეობა არ არის გამორიცხული. ამას გარდა, იერუსალიმის მეფეებსა და დავით IV-ის ურთიერთობის შესახებ იოანე ბატონიშვილის ზემომოტანილი ცნობის სისწორე დასტურდება ზოგი სხვა წყაროს მონაცემებითაც. მაგ., ერთი ლათინური ქრონიკის მიხედვით, დავით IV, „აფხაზთა მეფე“ იერუსალიმის მეფეს ბალდუინს (იგულისხმება ბალდუინ პირველი) საჩუქრებს უგზავნიდა.
იერუსალიმის მეფეებისა და საქართველოს მეფის ამგვარ ურთიერთობაზე უნდა მიგვითითებდეს აგრეთვე ერთი საინტერესო ცნობა, რომელიც თავის დროზე ზ. ავალიშვილმა მოიტანა და მანვე ეჭვი შეიტანა მის სისწორეში: 1136 წელს ერთს, ნორმანდიაში მყოფ მწერალს თავის ქრონიკაში ჯვაროსან რაინდთაგან გაგონილი შემდეგი ცნობა შეუტანია: 1123-1124 წწ. დავით ქართველთა მეფეს და კილიკიის მთავრის ძმას თოროსს ერთ-ერთ სულთანთან ტყვედ მყოფი რაინდები დაუხსნიათ და მათ სახლში, ანტიოქიაში წაუყვანიათ.
როგორი საეჭვოც არ უნდა იყოს ეს ცნობა, იგი მაინც საინტერესოა. ჯერ ერთი, XII ს. პირველი ნახევრის ევროპელი ქრისტიანები უკვე კარგად იცნობდნენ დავით ქართველთა მეფეს და მის შესახებ ცნობები შეჰქონდათ თავიანთ თხზულებებში. ამას გარდა, ეს მეფე, მათივე წარმოდგენითა და ცნობებით, გამოდის ევროპელ რაინდთა ტყვეობიდან დამხსნელად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ ამ წლებში, რომელზედაც ნორმანდიელი მწერალი მიგვითითებს, არაერთი სახელგანთქმული რაინდი ჩაუვარდათ ტყვედ სელჩუკებს, ხოლო 1123 წელს თვით იერუსალიმის მეფე ბალდუინ II აღმოჩნდა მათს ტყვეობაში. ვინ იცის, იქნებ დავით IV-მ მართლაც მიიღო მონაწილეობა თავისი მოკავშირის, ბალდუინ II-ის და სხვა რაინდების გამოსყიდვასა და გათავისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში, ნორმანდიელი ქრონისტის ცნობაში აშკარად იგრძნობა იმ ურთიერთობის ანარეკლი, რომელიც იმდროინდელ საქართველოს მეფესა და აღმოსავლეთის ევროპელ მეფე-მთავართა შორის არსებობდა.
საქართველოსა და ჯვაროსნების ამგვარ ურთიერთობაზე მიგვითითებს ზოგი ქართული წყაროც. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ შეიძლება იყოს, რომ დავითის ისტორიკოსს იმ „მეფეთა და ხელმწიფეთა“ შორის, რომელნიც „დავითის აჩრდილსა (საფარველს ქვეშ, მფარველობაში) შეკრებილი იყვნეს“, დასახელებული ჰყავს „მეფენი და ხელმწიფენი ფრანგეთისანი“, ცხადია, აღმოსავლეთის „ფრანგებისა“, ჯვაროსნებისა.
ქართული წყაროებით, კერძოდ, თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავით აღმაშენებელი თავისი ლაშქრით იერუსალიმისათვის ბრძოლებშიც კი იღებდა მონაწილეობას; თამარის ისტორიკოსი წერდა: „ახლისა დავითისნი (ე.ი. დავით აღმაშენებლის) წყობათა დავითისათა იერუსალემს ერთობდესო“, ე.ი. დავით აღმაშენებლის ჯარები იერუსალიმში დავით წინასწარმეტყველის რაზმებთან გაერთიანებული იყვნენ. როგორც თავის დროზე კ. კეკელიძემ განმარტა, დავით წინასწარმეტყველის რაზმებად აქ ალეგორიულად იგულისხმებიან ჯვაროსნები, რომელთაც თითქოს მიზნად ჰქონდათ დავით წინასწარმეტყველის სატახტო ქალაქის, იერუსალიმის განთავისუფლება „ურჯულოთაგან“. თამარის ისტორიკოსს, რომელიც დავითის დროიდან ერთი საუკუნის შემდეგ ცხოვრობდა, ეს ცნობა ძველი წყაროებისა, ან კიდევ, გადმოცემების მიხედვით ექნებოდა შეტანილი თავის საისტორიო თხზულებაში. ასეთი ცნობა მისთვის შეეძლოთ მიეწოდებინათ თვით ჯვაროსნებსაც, რომელნიც, მისივე სიტყვით, დავითის შვილიშვილის, გიორგი მესამისა (1156-1184 წწ.) და თამარის დროსაც აგრძელებდნენ კავშირურთიერთობას საქართველოს სახელმწიფოსთან. თამარის ისტორიკოსს იმ მეფეთა შორის, რომელნიც გიორგი მესამესთან ძმობდნენ და მას „სძღვენობდეს“ (ე.ი. ძღვენს უგზავნიდნენ), მხსენებული ჰყავს მეფენი „იერუსალიმს ალამანთანი“ („ალმანებს“ ანუ „ალემანებს“ ფრანგები უწოდებდნენ გერმანელებს). ასე რომ, ქართველი ისტორიკოსის ამ ცნობაში იერუსალიმის გერმანელი (ევროპელი) ფეოდალ-მეფეების საქართველოს მეფესთან ურთიერთობის შესახებ არის საუბარი.
თამარის ისტორიკოსის ზემომოტანილ ცნობას უნდა ემყარებოდეს საქართველოს ისტორიის XIX ს. ცნობილი მკვლევარი პ. იოსელიანი, რომელიც სავსებით გარკვეულად მიუთითებდა დავით აღმაშენებლის მიერ ლაშქრის არაერთხელ გაგზავნის შესახებ „ქრისტეს საფლავისა“ და სხვა „წმინდა ადგილთა“ გათავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. პ. იოსელიანის მიხედვით, დავითის მიერ ამ მიზნით გაგზავნილი სახელოვანი ქართველი მებრძოლების პირველი რაზმები შავმა ზღვამ შთანთქა. მაგრამ არც ამას შეუშინებია საქართველოს მეფე და მეორედ გაუგზავნია „ქრისტესთვის მებრძოლთა“ დიდი ლაშქარი, რომელმაც, პლ. იოსელიანისავე მოწმობით, ამჯერად მშვიდობიანად ჩააღწია დანიშნულ ადგილს და შეუერთდა სირიის ქრისტიანებსა და დასავლეთის მხედართმთავრების დროშის ქვეშ გაერთიანებულ სომხებს. პლ. იოსელიანის ეს ცნობა, რომლის სხვა წყარო ჩვენთვის უცნობია, შემდეგ გაიმეორეს საქართველოს ისტორიის სხვა მკვლევარებმაც (პოტო, ნ. ურბნელი და სხვ.). შესაძლებელია პლ. იოსელიანის ცნობები რეალურ ვითარებას ზუსტად ვერ ასახავენ, მაგრამ ჩვენ მიერ ზემომოტანილი მასალებიდან კარგად ირკვევა, რომ დავით IV-სთან ჯვაროსნებს ურთიერთობა დაუმყარებიათ და რომ ეს ურთიერთობა ორივე მხარის მიერ თავიანთი ინტერესების შესაბამისად და სასარგებლოდ იყო გამოყენებული.
ასეთი იყო საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა XII ს. 20-იანი წლებისათვის, დიდგორის ბრძოლის წინ.

დიდგორის ბრძოლის მიზეზები
საგარეო მდგომარეობის ზემომოტანილი მიმოხილვიდან კარგად ჩანდა, რომ საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს ამოცანად რჩებოდა თურქ-სელჩუკთა საკითხის გადაწყვეტა. სამეფო ხელისუფლების სხვა საგარეო პოლიტიკური მიმართულებანი ძირითადად ამ უმთავრესი ამოცანისადმი იყო დაქვემდებარებული; ამან განაპირობა არსებითად საქართველოს ურთიერთობათა ზემოგანხილული ფორმები ბიზანტიასთან, ძველ რუსეთთან, ოსებსა და ყივჩაყებთან, ამიერკავკასიის ხალხებთან თუ აღმოსავლეთის ჯვაროსნულ სამეფო-სამთავროებთან. მაგრამ თურქებთან ურთიერთობა ამავე დროს იყო საქართველოს სამეფოს საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხიც. არაერთი საშინაო ღონისძიება გატარდა სამეფო ხელისუფლების მიერ თურქი დამპყრობლების პრობლემის გადაჭრის დაჩქარების მიზნით. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თურქები და მათი სამეურნეო, ეკონომიკური სისტემა, როგორც ზემოთ ითქვა, გადაშენებით ემუქრებოდა ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ წყობასა და, მაშასადამე, ყველაფერ იმას, რაც ამ წყობაზე იყო აღმოცენებული, ე.ი. ყოველივე ქართულსა და ქართველურს.
ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელმა გამეფების პირველი წლებიდანვე, ჯერ კიდევ მცირე რაზმებით, ბრძოლა გამოუცხადა თურქ დამპყრობელთა მოთარეშე გუნდებს, რასაც XII ს. დამდეგიდან უფრო ფართო ხასიათი მიეცა, განსაკუთრებით ერწუხის ზემოგანხილული ბრძოლის შემდეგ.
თურქების დიდი მარცხი იყო საქართველოში ქართველთა ლაშქრის მიერ, გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის უშუალო ხელმძღვანელობით, ციხე-ქალაქ სამშვილდის აღება 1110 წელს. სამშვილდის აღებას ქვემო ქართლის უმრავლეს ციხეთა გათავისუფლებაც მოჰყვა: „ცნეს რა თურქთა აღება სამშვილდისა, უმრავლესი ციხენი სომხითისანი დაუტევნესო“ _ წერს დავითის ისტორიკოსი. თურქ დამპყრობთათვის ასეთი მარცხი მოულოდნელი იყო და, როგორც ჩანს, მდგომარეობის გამოსწორება მათ დიდი ლაშქრის გამოგზავნით სცადეს. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, სულტანმა ამ დროს ქართლში გამოისტუმრა „ყოველი თურქობა, კაცი ვითარ ასი ათასი“. როგორც ჩანს, თურქთა ასეთი დიდი რაოდენობით და ისიც ასე სწრაფად და ფარულად (უგრძნეულად) შემოსვლა ქართველებისათვის მოულოდნელი იყო. მეფე ამ დროს ნაჭარმაგევს მდგარა თავის მხლებლებითურთ, მას შეღამებისას აცნობეს საქართველოს საზღვრებზე თურქთა გამოჩენა, ცისკრისას კი უკვე თრიალეთთან შეეგება იგი მტერს და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. ეს იყო საქართველოს ლაშქრის პირველი დიდი გამარჯვება თურქებთან ბრძოლაში და ამ უკანასკნელთა ასევე პირველი დიდი მარცხი საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთანავე, არაბული წყაროს ცნობით, 1110 წელს დავითმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია _ განძა დალაშქრა და აიღო. დავითის წარმატებებმა, თურქთა ასიათასიან ლაშქარზე გამარჯვებამ საბოლოოდ გაფანტა მითი თურქთა უძლეველობის შესახებ და კიდევ უფრო განამტკიცა გათავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველთა რწმენა გამარჯვებისადმი. ამას გარდა, სამშვილდისათვის ბრძოლამ და თურქთა ასიათასიანი ლაშქრის დამარცხებამ თურქ-სელჩუკებს დაანახვა ის ქვეყანა, რომელიც მათ წინააღმდეგ ახალ ძლიერ ძალად აღიმართა მახლობელ აღმოსავლეთში. თურქების წინაშე ამიერიდან, ჯვაროსნების პრობლემასთან ერთად, საქართველოს პრობლემაც დადგა.
თურქების დიდი ლაშქრის დამარცხებას სამშვილდესა და თრიალეთთან მოჰყვა ახალ-ახალი გამარჯვებები. თრიალეთის ბრძოლის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ ისევ გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით, ქართველებმა ქ. რუსთავი აიღეს. ეს 1115 წელს იყო. ამის შემდეგ, დავით აღმაშენებელმა გაილაშქრა ტაოში ვიდრე ბასიანამდე „უშიშრად გულდებითა მსხდომარეთა“ თურქთა წინააღმდეგ და „მოსრეს სიმრავლე მათი ურიცხვი“. კახეთში ციხე გიშის აღების შემდეგ კი ბრძოლა თურქების წინააღმდეგ ფაქტობრივად გასცილდა საქართველოს საზღვრებს. დავითის ძემ დემეტრემ შირვანს გაილაშქრა, უფლისწულმა „ქმნნა ომი საკვირველნი“ და ქალაძორის ციხეც აიღო. შირვანის შემდეგ ჯერი თურქთა მიერ დაპყრობილ ყოფილ სომხურ წვრილ სამეფოებზე მიდგა.
1118 წელს დავით აღმაშენებელმა ლორე თურქებს წაართვა და საქართველოს შემოუერთა. ამიერიდან, საქართველოს სამეფო თურქთა მიერ დაპყრობილი სომხური ტერიტორიების გამათავისუფლებლად და დამცველად გამოდიოდა. ლორეს გათავისუფლებასა და შემოერთებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: იგი სომხეთთან და სამხრეთის ქვეყნებთან დამაკავშირებელ ძირითად გზებზე მდებარეობდა.
სამშვილდის, რუსთავის და ლორეს აღებით თბილისი საქართველოს მეფის მიერ შემოერთებული და შემომტკიცებული ქალაქებისა და ციხე-სიმაგრეების ალყაში ექცეოდა. ღკალი თბილისის ირგვლივ თანდათან ვიწროვდებოდა, მაგრამ თბილისის შემოერთებას დავით IV არ ჩქარობდა _ ჯერ კიდევ საჭირო იყო ქვეყნის შიგნით რეფორმების დასრულება და თურქების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება საქართველოს საზღვრებს გარეთ. ორიოდე წლის შემდეგ, როცა დავითმა დაამთავრა ყივჩაყთა გადმოყვანა და ახალი ლაშქრის ორგანიზაცია, კიდევ უფრო ფართო ხასიათი მიიღო თურქების წინააღმდეგ ბრძოლამ. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ საქართველოს სამეფომ ფართო მასშტაბით თურქების წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ იმ დროს განაახლა, როცა თურქებმა, ილღაზის სარდლობით, წარმატებები მოიპოვეს ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს 1119 წ. მიწურული და 1120 წ. დამდეგი იყო.
სწორედ 1120 წ. თებერვალს დავით მეფე თავს დაესხა თურქებს ბორტიაში და მუსრი გაავლო მათ. აქედან ღანხუას მისულმა ქართველთა ლაშქარმა შირვანში გაილაშქრა და ქალაქი ყაბალა აიღო. შემდეგ მეფე ერთხანს ქართლში შემობრუნდა, „მსწრაფლ შეკრიბა სპა“ და მაისის დამდეგს ისევ შირვანში გაილაშქრა და დაარბია თურქები „ლიჟათით ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე“. ლიჟათი ანუ ლიზანი“, როგორც ეს დღეს გარკვეულია, მდებარეობდა შირვანის ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის მთების სამხრეთ კალთებზე, შემახიიდან ჩრდილო-დასავლეთით სულ 30 კმ მანძილზე. აქვე, შემახიასა და ლიზანს შორის, იყო ქურდევანიც.
როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებელს აღმოსავლეთით თურქებისა და თურქული ორიენტაციის ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წარმატებებისათვის მიუღწევია. მაგრამ ეს კიდევ არ ჩანდა საკმარისი შირვანში საქართველოს მეფის პოზიციების განსამტკიცებლად. სწორედ იმ დროს, როცა საქართველოს მეფე შირვანში უტევდა, დარუბანდელებმა შირვანშაჰის, აფრიდონის წინააღმდეგ გაილაშქრეს და შირვანშაჰი დაღუპეს კიდეც; ეს საქართველოს მეფის მონაწილეობის გარეშე არ უნდა მომხდარიყო _ დავითმა, როგორც ჩანს, თავიდან მოიშორა თურქული ორიენტაციის აფრიდონი და მის ადგილზე, სანამ მისი სიძე, მანუჩარი ტახტს დაიჭერდა, საქართველოს მეფისათვის სასურველი კანდიდატი გაამეფა, შირვანი თურქულ ორიენტაციას ჩამოაშორა და სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაითრია. ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იყო თურქული გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აღმოსავლეთ საზღვრებზე პოზიციების შედარებით განმტკიცების შემდეგ დავით აღმაშენებელმა სამხრეთით გააგრძელა შეტევები _ „იწყო რბევად _ სპარსეთისა... და სომხეთისა დიდისა“, ისე რომ, მისი თავდასხმები ამ მხრივ ზოგჯერ უშუალოდ მსხვილ მაჰმადიან მფლობელთა ქვეყნების საზღვრებამდე ვრცელდებოდა. მაგ., 1120 წ. მიწურულს, დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „წარვიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურქმენთა, მოსრნა და იავარყვნა“. აშორნია კი, სადაც დავითს ამ დროს გაულაშქრია, არც ისე დაშორებული იყო ილღაზის სამფლობელოებს _ მარდინსა და მაიაფარიკინს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი აღმოსავლური წყაროს მიხედვით, დიდგორის ომის წინა ხანებში ქართველებს გაულაშქრიათ სირიაშიც, რომელიც მათ ადრეც მოურბევიათ. ღოგორც ირკვევა, XII ს. 20-იან წლებში დავითის ბრძოლა თურქების წინააღმდეგ რამდენიმე ფრონტზე მიზნად ისახავდა თურქების განდევნას არა მარტო საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ თურქთა ძალების შესუსტებას საერთოდ მახლობელ აღმოსავლეთში. ეს კი თავისი შედეგებით, ცხადია, სავსებით ეხმაურებოდა იმ მოლაპარაკებებს, რომელიც საქართველოში სწორედ ამ ამბების წინ გაიმართა დავით IV-სა და ბალდუინ II-ს შორის.
დავით IV-მ თურქების წინააღმდეგ ბრძოლითვე დაიწყო 1121 წ. ზამთარიც, აფხაზეთიდან სწრაფად მობრუნებულმა მეფემ დამპყრობელთაგან გაწმინდა ხუნანი, ხოლო შემდეგ ბარდავშიც ილაშქრა. ამ განუწყვეტელ ომებს ერთგვარი შემოსავალიც მოჰქონდა სამეფო ხაზინისათვის. Iსტორიკოსის სიტყვით, ნადავლითა და ალაფით აივსო ქვეყანა. გაუთავებელი ომებით მიყენებულ ზარალს მეფის ხელისუფლება, ნაწილობრივ მაინც, ამ ალაფითა და ნადავლით ფარავდა. ამასთან, უკვე აშკარა იყო, რომ ქართველი ხალხი წარმატებით აწარმოებდა ბრძოლას თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ და რომ მას არა მარტო საქართველოდან, მოსაზღვრე ქვეყნებიდანაც ერეკებოდა. ამავე დროს, საქართველოს მეფე თავს ესხმოდა თვით მაჰმადიან მფლობელთა ქვეყნებს და მახლობელ აღმოსავლეთში თურქული გავლენისა თუ თურქ-სელჩუკთა გაბატონებული მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა. აი, სწორედ ეს გახდა, დავითის ისტორიკოსის სიტყვით, დიდგორის ომის ძირითადი მიზეზი.
20-იან წლებში მოწყობილმა ზემოაღნიშნულმა ლაშქრობებმა, ისტორიკოსის გადმოცემით, ფრიად შეავიწროვა თურქი დამპყრობლები: „ამათ ესევითართა ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი... წარვიდენ სულტანსა წინაშე“ დახმარების სათხოვნელადო.
საქართველოს მეფის მიერ თურქების წინააღმდეგ წარმატებით წარმოებულ ბრძოლებს დიდგორის ომის მიზეზად თვლის სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელიც, ოღონდ მას ამ ბრძოლის უშუალო საბაბად კი დავითის მიერ 1121 წელს თურქთა დიდი ლაშქრის დამარცხება მიაჩნია: „იყო ვინმე ამირა განძაკის ქვეყნიდან, სახელად ხაზი, კაცი სისხლისმღვრელი, ურცხვი და საშინელი ავაზაკი. იგი იყო მოსაზღვრე ქართველთა ქვეყნისა და სიყვარულით მორჩილებდა ქართველთა მეფეს დავითს. ამ (1121) წელს მან განიზრახა ბოროტება, ხაზიმ მიიღო სამი ბევრი (30000) თურქთა ჯარი, შევიდა ქართველთა ქვეყანაში, ერთი ნაწილი ტყვედ წაასხა... წავიდა და დაბანაკდა თავის ადგილას. როდესაც ეს გაიგო ქართველთა მეფემ დავითმა, გაგზავნა ქართველთა ქვეყნის ჯარები. ისინი ჩუმად მივიდნენ და თავს დაესხნენ თურქთა ჯარებს. მან მათგან ამოწყვიტა ოცდაათი ათასი კაცი და ყველა მათი ცოლები, მათი ძენი და ურიცხვი ცხვრისა ფარა ტყვედ წაასხა. მრავალი და აურაცხელი ნადავლი წაიღო ქართველთა ქვეყანაში. მაშინ თურქთა ჯარიდან დარჩენილებმა დიდი საფრთხის გამო შეიღებეს თავიანთი სამოსი, თავზე მიწა დაიყარეს და შავი ტანსაცმლით და თავდაუხურავნი გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან, ქალაქ განძაკში, მელიქთან ტაფარის ძესთან და ტირილით ჩიოდნენ მის წინაშე თავიანთ დაღუპვას; ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმიანის ქვეყანაში ამირა ღაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მათს მომხდარ დაღუპვას“ და ამ უკანასკნელმა კიდევ ომის თადარიგი დაიჭირაო.
ასე რომ, მათე ურჰაელის ცნობით, ომის უშუალო მიზეზი განძის ამირას ავაზაკური საქციელი _ 30000-იანი ლაშქრით საქართველოზე თავდასხმა და დავითის მიერ ამ ლაშქრის დამარცხება იყო. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ დავითის ისტორიკოსს, რომელიც საერთოდ დეტალურად აღწერს დავითის ომებს, დიდგორის ბრძოლის წინ ქართველთა მიერ განძის ამირას ასე დიდი ლაშქრის დამარცხების შესახებ არაფერი აქვს ნათქვამი. ამ ომს არ იხსენიებს არც სხვა წყარო. ყველაფერი ეს კი მათე ურჰაელის ამ ცნობას საეჭვოს ხდის. მაგრამ ფაქტია, რომ დავითის შეტევითი ომების წყალობით, თურქები მართლაც დიდ განსაცდელში აღმოჩენილან და საერთო ძალით უცდიათ მისი შეჩერება. ამას გარდა, შემთხვევითი არ იყო აგრეთვე ისიც, რომ სწორედ განძა, ერთი პირველთაგანი, თბილისთან და დმანისთან ერთად, ჩაუდგა სათავეში დავითის წინააღმდეგ კოალიციის მოწყობის საქმეს; ასე რომ, დიდგორის ომის წინ შექმნილ საერთო ვითარებას მათე ურჰაელიც, როგორც ჩანს, სწორად ასახავს.
მაჰმადიან ისტორიკოსს იბნ ალ-ასირსაც დიდგორის ბრძოლის მიზეზად ქართველების შემოსევებით მუსლიმების შევიწროება მიაჩნია. მისი აზრით, ამან აიძულა მუსლიმი ამირები გაერთიანებულიყვნენ და საქართველოს წინააღმდეგ გამოელაშქრათ. ასეთ ზოგად საფუძველს გარდა, დიდგორის ბრძოლას უფრო კონკრეტული მიზეზებიც გააჩნდა. ეს იყო დავით აღმაშენებლის პოლიტიკა, მისი დამოკიდებულება საქართველოს ქალაქებთან, საერთოდ, და კერძოდ, თბილისთან. ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სამეფო ხელისუფლება ქალაქებს, მისი მოსახლეობის ზედაფენას ოპოზიციური დიდგვაროვნების წინააღმდეგ იყენებდა. ქვეყნის გაერთიანება და ძლიერი სამეფო ხელისუფლება ქალაქებსაც სჭირდებოდათ, ამიტომ გარკვეულ დროს ქალაქებიც გამოდიოდნენ მეფის მოკავშირეებად ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლაში. მაგრამ მათი ასეთი კავშირი დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი გაძლიერდა საქართველოს მეფის ხელისუფლება, რომელმაც დაამარცხა მოწინააღმდეგე საეკლესიო და საერო ფეოდალები და შექმნა ძლიერი, ცენტრალისტური ხელისუფლება, თანდათან დაიწყო ბრძოლა თვით ქალაქების მორჩილებაში მოსაყვანადაც, მათ შემოსამტკიცებლად და სამეფო ქალაქებად გადასაქცევად. ქალაქების დამორჩილებისათვის ბრძოლის პირველი ეტაპი დავით აღმაშენებელმა XII ს. 20-იანი წლებისათვის დაასრულა. მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო შემოერთებული საქართველოს უდიდესი ქალაქი თბილისი და აგრეთვე დმანისიც.
დავით IV თბილისის მიმართ განსაკუთრებულ ფრთხილ და მოქნილ პოლიტიკას აწარმოებდა. მას ქალაქისათვის ერთბაშად არ შეუტევია, რადგან თბილისს ამ დროს დამოუკიდებელი თვითმმართველობა ჰქონდა, არავის ემორჩილებოდა, არავის უფლებას არ სცნობდა _ იგი ქალაქ-რესპუბლიკას, ქალაქ-კომუნას წარმოადგენდა. ამასთანავე, დავითს კარგად ესმოდა თბილისის მნიშვნელობა იმდროინდელი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ცხოვრებაში და ყოველნაირად ცდილობდა ეს დიდი ძალა გონივრულად გამოეყენებინა. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მეფე გადამწყვეტ ბრძოლებს აწარმოებდა საშინაო და საგარეო მტრების წინააღმდეგ, როცა იგი დიდმნიშვნელოვან რეფორმებს ატარებდა და განსაკუთრებით სჭირდებოდა ქალაქების, კერძოდ კი, თბილისის მხარდაჭერა. მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დავით IV-მ ძლიერი, თვითმპყრობელური ხელისუფლება და ერთიანი, ცენტრალიზებული მონარქია შექმნა. ამიერიდან იგი თავის ტერიტორიაზე ვეღარ მოითმენდა ქალაქ-რესპუბლიკების, დამოუკიდებელი ერთეულების არსებობას. გაძლიერებულ სამეფო ხელისუფლებას უკვე შეეძლო თავისი ძველი მოკავშირის დამორჩილებაზეც ეფიქრა. ეს ასეც მოხდა: დაიწყო ქალაქებისადმი დამოკიდებულების მეორე ეტაპი _ ბრძოლა ქალაქ-რესპუბლიკების, კომუნების გაუქმებისათვის, დამორჩილებისათვის.
დავით აღმაშენებელმა თბილისის შევიწროება და მისი შემოერთებისათვის ნიადაგის მომზადება უკვე 1120 წლიდან დაიწყო. ქალაქის დამოუკიდებლობას რეალური საფრთხე შეექმნა; თბილისის იმდროინდელმა ხელისუფლებამ, „ქალაქის უხუცესებმა~, მათმა საბჭომ და „ქალაქის თავადმა~ კარგად იგრძნეს ეს საშიშროება და ყოველნაირად შეეცადნენ თავიდან აეცდინათ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე. საამისო დამხმარე ძალების ძიება თბილისის თავკაცებმა საქართველოს მეზობელ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებში დაიწყეს. ამ მხრივ ფრიად საინტერესო ცნობა აქვს დაცული ჩვენ მიერ ზემოხსენებულ არაბ ისტორიკოსს ალ-ფარიკს: „მეფე დავითი, მეფე ქართველთა და აფხაზთა, ძლიერ ავიწროებდა მას (თბილისს). მაშინ ისინი (თბილისელები) წავიდნენ სულთან თოღრულთან, რომელიც მაშინ იმყოფებოდა განძასა და არანში (გამგებლად). და მან მისცა მათ (თბილისელებს) შიჰნა (ნაცვალი). საქართველოს მეფის მიერ თბილისელთა შევიწროება მაინც არ წყდებოდა. მაშინ ისინი (თბილისელები და მეფე) შეთანხმდნენ, რათა (ქალაქს მეფისათვის) ყოველწლიურად გადაეხადა ათი ათასი დინარი და რომ თბილისში ყოფილიყო (მეფის) ნაცვალი ათი მხედრით. და დარჩნენ ამ პირობით ცოტა ხანს“.
როგორც ამ ცნობიდან ჩანს, თბილისელები, განძისა და არანის გამგებლის შემწეობით, მის მიერ თბილისზე მფარველობის ხელის დადებით ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და თავიდან აეცდინათ საქართველოს მეფის შემოტევა, მაგრამ გაძლიერებულ საქართველოს მეფეს სულთან თოღრულის მოქმედებამ უკან ვერ დაახევინა და დავითი თბილისის შევიწროებას ისევ განაგრძობდა. თბილისის თავკაცები იძულებული გამხდარან ეღიარებინათ მეფის მფარველობა, რისი სიმბოლური ნიშანიც თბილისში მეფის ნაცვლისა და მისი ათი მხედრის გამოგზავნა იყო, მაგრამ ქალაქი ინარჩუნებდა შინაგან დამოუკიდებლობას და ამის საფასურად მეფისათვის ყოველწლიურად საკმაოდ დიდ თანხას _ 10000 დინარს _ იხდიდა. ამრიგად, თბილისმა იმჟამად ფაქტობრივად იყიდა საქალაქო საქმეების გამგებლობაში დამოუკიდებლობა.
ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიება იყო. ასეთი პირობა არ აწყობდა არც საქართველოს მეფეს და არც თბილისის გამგებლებს. ამ პირველი ნაბიჯის შემდეგ დავითი, ცხადია, ქალაქის სრული დამორჩილებისათვის სამზადისს შეუდგებოდა. თბილისის მმართველი ზედაფენა ხედავდა ამას და ცდილობდა გათავისუფლებულიყო მეფის მფარველობისა და აქედან გამომდინარე, დაკისრებული ვალდებულებისაგან. ურთიერთობა ქალაქსა და მეფეს შორის სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა. ამიტომაც თბილისის უხუცესებმა, საქართველოს მეფესთან შეთანხმების მიუხედავად, ისევ დაიწყეს ახალი მფარველის ძიება. ალ-ფარიკის სიტყვით, მათ 1121 წელს თხოვნით მიმართეს ისევ მაჰმადიან მფლობელს, მარდინისა და მაიაფარიკინის პატრონს ნეჯმ ად-დინ ილღაზის, რათა მოსულიყო და ქალაქი ჩაებარებინა. ამ უკანასკნელმაც დიდძალი ლაშქარი შეკრიბა და თბილისისაკენ დაიძრა. შემდეგ ალ-ფარიკი უკვე დიდგორის ბრძოლის ამბებს გადმოგვცემს.
როგორც ვხედავთ, ალ-ფარიკის მიხედვით, დიდგორის ომის უშუალო მიზეზად იქცა საქართველოს მეფის ბრძოლა თბილისის შემოსაერთებლად. ამას არსებითად ადასტურებს და ავსებს დავითის ისტორიკოსის ცნობებიც. მისი მონაცემებით, დიდგორის ბრძოლა გამოიწვია მარტო თურქ-სელჩუკთა საერთო შევიწროებამ, არამედ საქართველოს მეფის ცდამაც თბილისისა და სხვა ქალაქების ხელში ჩასაგდებად. ამიტომ დავითის ისტორიკოსი დახმარების მაძიებლებად აცხადებს არა მარტო „ჭირთაგან შეიწრებულ თურქმანთ“, არამედ განძელ, თბილელ და დმანელ თავკაცებსაც, რომელთაც იგი ამ ქალაქების ვაჭრებად იხსენიებს. ისტორიკოსი წერს: „ამგვარი გასაჭირით შევიწროებულნი თურქმანნი და აგრეთვე განძელ-დმანელნი ვაჭარნი წარვიდნენ სულტნის წინაშე და ყოველ სპარსეთში, შეიღებეს შავად ზოგმა პირი, ზოგმა ხელები, ზოგმა კიდევ სრულიად და ამგვარად მოუთხრეს ყოველი გასაჭირი, მათზე მოწეული, რათა წყალობა აღმოეჩინათ მათთვის და შეიქმნა დიდი გლოვა მათ შორისო“. ამის შემდეგ დავითის ისტორიკოსიც, ალ-ფარიკის მსგავსად, მოგვითხრობს კოალიციური ლაშქრის შედგენისა და დიდგორის ბრძოლის ამბებს.
ასე რომ, დავითის ისტორიკოსის ცნობითაც, დიდგორის ბრძოლა გამოუწვევია საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ქალაქთა გამგებლების ელჩობას სულთნის წინაშე. ზემოხსენებული ცნობიდან ჩანს, რომ საქართველოს მეფე ქ. დმანისის მიმართაც ისეთსავე პოლიტიკას ახორციელებდა, როგორსაც თბილისის მიმართ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ქალაქების დასახმარებლად მასთან კავშირში აღმოჩენილან მეზობელი ქვეყნის ქალაქებიც, ამ შემთხვევაში ქ. განძა (დღევანდელი განჯა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა). დავითის ისტორიკოსის ცნობის მიხედვით, თვითმპყრობელი მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდნენ არა მარტო საქართველოს მეფის მიერ საერთოდ შევიწროებული და ქვეყნიდან გაძევებული თურქ-სელჩუკები, არამედ დამოუკიდებელი ქალაქი-კომუნები, მათი კავშირი _ „ქალაქთა კავშირი“. ეს გახდა დიდგორის ბრძოლის უშუალო მიზეზი, ასეთი ბრძოლა ქალაქებს, მათ კავშირებსა და მეფის ხელისუფლებას შორის არაერთი იცის შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ისტორიამ.
ქალაქ-რესპუბლიკების გაერთიანებული ძალები მაინც საკმარისი არ ჩანდა საქართველოს მეფის შემოტევისაგან თავდასაცავად და ამიტომ სთხოვეს მათ დახმარება მეზობელ ქვეყნებს, კერძოდ იმას, ვინც ისედაც უპირისპირდებოდა ძლიერების გზაზე განუხრელად შემდგარ საქართველოს სამეფოს. თურქთა სულთანს საქართველოს მეფესთან თავისი ანგარიშებიც ჰქონდა და საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრების ასეთ ხელსაყრელ მომენტს, როცა ქვეყნის შიგნით ძლიერი ქალაქები მის მომწვევად და დამხმარეებად გამოდიოდნენ, ცხადია, ხელიდან არ გაუშვებდა. სწორედ ამან, ასეთმა ხელსაყრელმა დრომ შემოაბრუნა ილღაზი, როგორც ჩანს, ანტიოქია-იერუსალიმიდან დიდგორისაკენ. სწორედ ამან აიძულა იგი და მისი ვაჟი სულეიმანი, ათარიბის ციხის გამგებელი, „ფრანგების“ წინააღმდეგ ამჯერად (1121 წ. მაისში) პირისპირ ბრძოლას მორიდებოდნენ და მიუხედავად ზავის მძიმე პირობებისა, საზავო მოლაპარაკება გაემართათ ალეპოს დასაპყრობად გამზადებულ ჯვაროსნებთან.
როგორც ვხედავთ, დიდგორის ბრძოლის ძირითადი და საერთო მიზეზი საქართველოს სამეფოს გაძლიერება იყო. თურქმა დამპყრობლებმა კარგად დაინახეს, რომ საქართველოს სახით ძლიერდებოდა ახალი და არანაკლებ საშიში ძალა, ვიდრე ჯვაროსნები და ბიზანტიელები იყვნენ. ეს ახალი ძალა წარმატებით ერეკებოდა თურქ დამპყრობლებს არა მარტო საკუთარი, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. ასე რომ, თურქები კარგავდნენ, საქართველოსთან ერთად, სხვა მათ მიერ ამიერკავკასიაში დაპყრობილ ქვეყნებსაც და საერთოდ, პირველობასაც მახლობელ აღმოსავლეთში. ამას გარდა, სელჩუკების ბრძოლა ჯვაროსნების წინააღმდეგ, მომავალი იერიშები ანტიოქიასა და იერუსალიმზე, პირველ რიგში, საქართველოს დამარცხებისა და ამ გზით ზურგის უშიშროების უზრუნველყოფის გარეშე ვერ იქნებოდა გარანტირებული. ამრიგად, ახლო აღმოსავლეთში ორი დიდი ძალა უპირისპირდებოდა ერთმანეთს _ მზარდი საქართველო და თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო. ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო მათი სამეურნეო, სოციალური თუ სახელმწიფოებრივი წყობა. ამ ორ ქვეყანას შორის ბრძოლა არსებითად იყო ბრძოლა ორ განსხვავებულ სამეურნეო სისტემას შორის _ განვითარებულ ინტენსიურ მეურნეობასა და ჯერ კიდევ ნახევრადპატრიარქალურ, ექსტენსიურ, მომთაბარე-მეჯოგურ მეურნეობას შორის. საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობისა და პროგრესისათვის იბრძოდა, დიდ ხელისშემშლელ დაბრკოლებად იქცეოდა ახლო აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკთა პოლიტიკის წარმატებისათვის. ამიტომაც თურქებს პირველობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა უკარნახებდა გზიდან ჩამოეცილებინათ საქართველო, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოთ მისთვის.
ასეთი საგარეო სიტუაცია, როგორც ჩანს, კარგად ჰქონდათ შემჩნეული ამ ამბების თანამედროვეებს. გოტიე თავის ქრონიკაში დიდგორის ომის მიზეზად სწორედ ამას, იმ დროისათვის შექმნილ საგარეო ვითარებას ასახელებს. მისი სიტყვით, მაჰმადიანთა გაერთიანებულმა ძალამ ილღაზის მეთაურობით იმიტომ გაილაშქრა საქართველოში, „რათა მისი (დავითის) დაღუპვის ან განდევნის შემდეგ თავისუფლად და დაუბრკოლებლად შეუდგეს ანტიოქიის დამორჩილებას და ქრისტიანების ამოწყვეტას“. როგორც ჩანს, თურქ-სელჩუკებს სურდათ საქართველოს დამარცხებით მახლობელი აღმოსავლეთი გაეწმინდათ ძლიერი და საშიში მეტოქისაგან; ისინი საამისო ხელსაყრელ ამინდს ელოდებოდნენ და ასეთი ამინდიც მალე დადგა: თვით საქართველოს შიგნით აღმოჩნდნენ ისეთი ძალები, რომელნიც თურქებს დახმარებისათვის იწვევდნენ საქართველოს სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ესენი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ქალაქები იყვნენ, რომელნიც ძლიერი მეფის დამარცხებით ფიქრობდნენ თავიანთი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ასე რომ, რევანშისათვის განწყობილ თურქებს ფრიად ხელსაყრელი მომენტი ექმნებოდათ და ამიტომ მათ, როგორც კი საქართველოდან დახმარების მთხოვნელნი გამოჩნდნენ, დაუყოვნებლივ დაიჭირეს თადარიგი და დიდი ლაშქრობის მოწყობა გადაწყვიტეს.
ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ყველაფერი ეს მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოს სამეფო ხელისუფლებისათვის: დავითის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა აუცილებელს ხდიდა თურქ-სელჩუკებთან გადამწყვეტ ბრძოლას, ამას მოითხოვდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სიძლიერის შენარჩუნების ინტერესები, თვით საქართველოს ბრძოლა პირველობისათვის მახლობელ აღმოსავლეთში. ამრიგად, ორი დიდი ძალის შეჯახება ორივე მხარისათვის გარდუვალი ჩანდა.
დიდგორის ბრძოლა
1. მოწინააღმდეგეთა ლაშქარი, მისი შედგენილობა
იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება, როგორც აღვნიშნეთ, თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ გადაუდებელ ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების _ თბილისის, დმანისის და განძის _ თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა თანამედროვე ისტორიკოსის (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და ზემოდასახელებული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა, მწუხარების ნიშნად ხელპირ შავად შეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნული ყოველნი ჭირნი“ მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, 1121 წ. აპრილ-მაისში შემდგარა.
ვის მიმართეს დახმარებისათვის თურქებმა და ქალაქების წარმომადგენლებმა? ამ კითხვაზე საისტორიო წყაროებს სხვადასხვაგვარი ცნობები აქვთ დაცული; მაგალითად, დავითის ისტორიკოსის ცნობით, „შეიწრებულნი თურქმანნი“ და მოქალაქეთა წარმომადგენლები „წარვიდეს სულთანსა წინაშე და ყოველსა სპარსეთსა“, ე.ი. ისინი პირველ რიგში სულთანს ხლებიან, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულან და სხვა მაჰმადიანი მფლობელებისათვისაც მიუმართავთ. ისტორიკოსის განცხადება _ „წარვიდეს... ყოველსა სპარსეთსა“ _ სწორედ ამაზე მიუთითებს. სომეხი ისტორიკოსის, მათე ურჰაელის მიხედვით კი, შავტანსაცმლიანი და თავდაუხურავი ელჩები „გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან ქალაქ განძაკში მელიქთან, ტაფარის ძესთან და ტირილით ჩიოდნენ მის წინაშე თავიანთ დაღუპვას. ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმიანის (კაპადოკიის) ქვეყანაში ამირა ხაზისთან, არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას... ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე“...
მათე ურჰაელის მიერ მოხსენებული სულთანი მელიქი უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ კოალიციური ლაშქრის მონაწილედ მოხსენებული და სულთნის ძედ მიჩნეული მალიქი. ასე რომ, მათეს ცნობით, თბილელთა სხვათა წარმომადგენელთა ერთ ნაწილს პირველ რიგში განძაში მყოფ მალიქისათვის მიუმართავს, ხოლო მეორე ნაწილს _ ამირა ღაზისათვის, არდუხის ძისათვის. მათე ურჰაელის ღაზი არდუხის ძე იგივეა, რაც სხვა წყაროებში ილღაზი არდუხის ძე. განსხვავებულ ცნობას იძლევა აგრეთვე ალ-ფარიკიც, რომლის მიხედვითაც, „თბილისის ხალხი წავიდა ნაჯმ ად-დინილღაზთან და სთხოვა მას მოსულიყო და ჩაებარებინა ქალაქი“.
ლაშქრობის მთავარ ინიციატორად ილღაზის მიიჩნევს გოტიეც. როგორც ვხედავთ, ზემომოტანილ ცნობათა შორის ერთგვარი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს ადვილად ასახსნელია და ამ ცნობათა ურთიერთშეთანხმებაც მოსახერხებელია. როგორც ირკვევა, უპირატესობა ამ შემთხვევაში ქართულ წყაროს, დავითის ისტორიკოსს უნდა მიენიჭოს. ცხადია, უფრო სარწმუნოა, რომ თბილისისა და სხვათა წარმომადგენლებს უშუალოდ სულთანისათვის მიემართათ, ვიდრე განძის მფლობელ მალიქის _ ტაფარის ძისათვის, ან კიდევ, ილღაზისათვის, რომელიც, მართალია, სახელგანთქმულ მეომრად იყო მიჩნეული, მაგრამ მაჰმადიან მფლობელებში ისეთი გავლენა ვერ ექნებოდა, როგორიც თვით სულთანს. ამის გარდა, სწორედ სულთანი შეიძლებოდა ყოფილიყო კოალიციური (გაერთიანებული) ლაშქრის შემდგენელი. მას ექნებოდა უფლება სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელთა მოწოდებისა და ერთი დროშის ქვეშ მათი თავმოყრისა.
ამრიგად, უდავოა, რომ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა დახმარება პირველ რიგში სთხოვეს სულთანს, ერაყის სელჩუკიანთა იმდროინდელ გამგებელს მაჰმუდ მოჰამედის ძეს (1117-1131 წწ.), ეს იყო მაჰმადიანთა ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზატორი. ყურადსაღებია აგრეთვე დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის ცნობები, რომელთა მიხედვით, თბილისელთა წარმომადგენლები არ დაკმაყოფილებულან მარტოოდენ სულთანთან მისვლით და სხვა მაჰმადიან მფლობელებთან, „ყოველ სპარსეთსა“ თუ „არაბთა ოლქებში“, თვით, უშუალოდ გაუმართავთ მოლაპარაკება.
ადვილი ასახსნელია ალ-ფარიკისა და გოტიეს მცირე უზუსტობაც, როცა ისინი ამ საქმის მთავარ ინიციატორად ილღაზის მიიჩნევდნენ; როგორც ჩანს, ალ-ფარიკმა და გოტიემ თბილელთა ელჩობის შედეგად საქართველოსაკენ დაძრული კოალიციური ლაშქრობის სათავეში მყოფი ილღაზი ჩათვალეს იმ პიროვნებად, რომელსაც „თბილისის ხალხმა~ დიდგორის ბრძოლის წინ მიმართა თხოვნით. სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძე მაშინვე გამოეხმაურა თბილელთა თხოვნას და სასწრაფოდ დიდი ლაშქრის ორგანიზაციის თადარიგი დაიჭირა. მან მაჰმადიან მფლობელთა ერთ ნაწილს მოუწოდა, ხოლო მეორეთ უბრძანა; „ვინც კი სადმე იყო დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს“ მონაწილეობა მიეღო საქართველოს წინააღმდეგ ომში.
ვინ იყვნენ ისინი, რომელთაც სულთნის ამ მოწოდებითა თუ ბრძანებით კოალიციურ ლაშქარში თავი მოიყარეს? ჩვენს წყაროებს ამ მხრივაც დაცული აქვთ საინტერესო ცნობები. დავითის ისტორიკოსის მიხედვით, „სულტანმა მოუწოდა არაბეთის მეფე დურბეიზს, სადაყას ძეს და მოსცა ძე თვისი მალიქი და ყოველი ძალი მისი, და აჩინა სპასალარად ელღაზი ძე არდუხისა... და უბრძანა... ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხეთისა ამირთა“ მონაწილეობა მიეღოთ ლაშქრობაში. ამრიგად, დავითის ისტორიკოსის ცნობით, სულთნის მოწოდებითა და ბრძანებით, საქართველოს წინააღმდეგ უნდა გაერთიანებულიყვნენ დურბეიზ სადაყას ძე, სულთნის ძე მალიქი თავისი ძალით, ათაბაგი განძისა „მისითა ძალითა“ და სომხეთის ყველა მაჰმადიანი ამირა. გაერთიანებული ლაშქრის სარდლად კი სულთნის მიერ დანიშნული იყო ილღაზი ძე არდუხისა.
მათე ურჰაელის ცნობითაც, საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო ილღაზი არდუხის ძემ, მისმა სიძემ, არაბთა მეფემ საღა ტუპაისის ძემ1 და განძის სულთანმა მელიქმა ტაფარის ძემ. კოალიციური ლაშქრის მონაწილენი ჩამოთვლილი ჰყავს ალ-ფარიკსაც; მისი სიტყვით, ილღაზთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდნენ: დუბეის სადაყას ძე, რომელსაც თან ახლდნენ ყადი ელმ-ად-დინი და მისი შვილი აბულ-ფათხი, ქ. მარდინის მაშინდელი ყადი და ვეზირი თამამ-იბნ-აბდუნი. აი, ასეთი შემადგენლობით მოსულან ისინი არზრუმში. სულთანი ტოღრული მოსულა განძის მხრიდან, ხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინიდან უნდა დაძრულიყო. ამ უკანასკნელს კოალიციის მონაწილედ ასახელებს ალ-ჯაუზიც.
შენიშვნა
1. მათე ურჰაელის მიერ აქ მოხსენებული საღა ტუპაისის ძე, მკვლევართა აზრით, ნამდვილად არის აბულ ააზ-დუბეისი, შვილი სეიფ ედ-დულა სადაკისა და არა თვით საღა ანუ სადაკა, როგორც ეს ამ სომხური წყაროს მიხედვით არის წარმოდგენილი. ამ მხრივ სავსებით ზუსტნი არიან: დავითის ისტორიკოსი, ალ-ფარიკი და იბნ ალასირი, რომელნიც დიდგორის ბრძოლის მონაწილეთა შორის ასახელებენ დურბეიზს, ანუ დუბეის სადაყას (სადაკას) ძეს და არა თვით სადაკას.

ისტორიკოსი იბნ ალ-ასირიც, ილღაზისა და დუბეისის გარდა, დიდგორის ბრძოლის მონაწილეებად მიიჩნევს მელიქ თოღრულს მოჰამედის ძეს და მის ათაბაგს ქენ-თოღდის.
როგორც ვხედავთ, სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძეს დიდი სამზადისი ჩაუტარებია და საქართველოს წინააღმდეგ მოუწვევია მაშინდელი მახლობელი აღმოსავლეთის ცნობილი და გავლენიანი მფლობელები. გაერთიანებული ლაშქრობის მოთავეთა შემადგენლობა, ზემოგანხილული წყაროების ურთიერთშეჯერების შემდეგ, ამგვარად წარმოგვიდგება:
ა. ნეჯმ ად-დინ ილღაზი, სულთნის მიერ ბაღდადის გამგებლად დანიშნული, აუღებლად მიჩნეული ციხის, მარდინის მფლობელი, ალეპოს დამპყრობი, ხოლო 1121 წლიდან მაიაფარიკინის გამგებელი. ილღაზი, დავითის ისტორიკოსის დახასიათებით, იყო „კაცი დაჰმანი (მარჯვე) და მრავალღონე“, „ზვიადსა და ძლიერს“ უწოდებს მას მათე ურჰაელი; „უაღრესი ამპარტავნებით თავგასულად“ მიაჩნია იგი გოტიესაც. ილღაზმა, როგორც სარდალმა, დიდად გაითქვა სახელი ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით 1119 წელს, ამიტომაც აირჩია იგი სულთანმა მაჰმუდმა გაერთიანებული ლაშქრის სპასალარად.
ბ. დურბეიზ (დუბეის) სადაყის ძე, ქალაქ ჰილას (მდ. ევფრატზე) პატრონი, დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის სიტყვით, „არაბეთის მეფე“. „ეს იყო, _ წერს მათე ურჰაელი, _ კაცი გულადი და მებრძოლი. მან დაატყვევა ქ. ბაღდადი და სამი ბრძოლა გადაიხადა სპარსთა სულთანთან _ ტაფასთან... მან კარვით დაიბანაკა ეთიოპიასა და ინდოეთს შორის და მაშინ მოვიდა და დაესიძა სპარსთა ამირა ღაზის“. მართლაც, დიდგორის ბრძოლის ერთი წლით ადრე, დუბეიზს ცოლად შეურთავს ილღაზის ასული გოჰარ-ხათუნი, ალბათ, ამგვარი დამოყვრებაც იყო ერთი მიზეზი იმისა, რომ დუბეისი ილღაზის მოწოდებას მაშინვე გამოეხმაურა და აქტიური მონაწილეობაც მიიღო მისი სარდლობით მოწყობილ ბრძოლაში.
გ. თოღრულ მოჰამედის ძე, ყაზვინის, ზენჯანის, გილანის და სხვათა, ხოლო 1121-1122 წწ. არანისა და განძის გამგებელი; სიცოცხლის ბოლო სამ წელს სულთანიც იყო; იბნ ალ-ასირი მას მელიქ თოღრულ მოჰამედის ძედ იხსენიებს. სწორედ ეს მელიქ თოღრული უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ „სულთნის ძედ~ მიჩნეული მელიქი და მათე ურჰაელის მიერ ქალაქ განძაკში მყოფ სულთნად დასახელებული მელიქ ტაფარის ძე. დიდგორის ომის წინ ქ. განძას სწორედ მელიქ თოღრული ფლობდა. ამავე დროს, ეს მელიქ თოღრული იყო მოჰამედის ძე, ე. ი. ძმა იმდროინდელი სულთნის მაჰმუდისა. იქნებ დავითის ისტორიკოსის თხზულების თავდაპირველ ხელნაწერში ასეც ეწერა: სულთანმა „მოსცა ძმა თავისი მალიქი“ და არა „ძე თავისი მალიქი“, როგორც ეს ამ თხზულების შემდეგდროინდელ გადანაწერებშია, თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება _ ძმა სულთნისა მალიქი სხვა არავინ შეიძლება იყოს, თუ არა მელიქ თოღრული.
სულთან მაჰმუდს ჰყავდა ძეც, მელიქშაჰად წოდებული, მაგრამ იგი ამ დროს დაბადებული არ იქნებოდა და, ცხადია, დავითის ისტორიკოსი მას ომის მონაწილეთა შორის ვერ დაასახელებდა. ამრიგად, ქართულ და სომხურ წყაროებში მოხსენებული „სულთნის ძე მალიქი~, ან კიდევ, განძის სულთანი მელიქ ტაფარის ძე ნამდვილად არის არაბული წყაროების მელიქ თოღრული მოჰამედის ძე.1 აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: თოღრული დიდგორის ბრძოლის დროისათვის სულ თორმეტიოდე წლისა ყოფილა, და, ცხადია, მისი პირადი მონაწილეობა ლაშქრობაში უფრო ფორმალური იქნებოდა. თოღრულის ლაშქარს ამ დროს სათავეში, ალბათ, მისივე ათაბაგი, ქენ-თოღდი ედგა, წყაროებში განძის ათაბაგად და ლაშქრობის მონაწილედ მოხსენიებული. ამიტომაცაა, რომ თოღრულის უშუალო მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში ზოგ მკვლევარს საეჭვოდ ეჩვენება.
შენიშვნა
1. თოღრულის მამა მოჰამედი, როგორც წყაროებიდან ჩანს, ზოგჯერ მოჰამედ-ტაფად, ან კიდევ, უბრალოდ „ტაფარადაც“ იწოდებოდა. ამიტომაც მოუხსენებია მათე ურჰაელს სულთანი მელიქი ტაფარის ძედ.

დ. თუღან არსლან კუზიანი, თურქი ამირა, ბითლისისა და არზანის პატრონი და ქ. დვინის დამპყრობი.
ე. განძის ათაბაგი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს განძის იმდროინდელი მფლობელი, თოღრულის ათაბაგი ქენ-თოღდი. განძის ათაბაგი არა მარტო თოღრულის ლაშქარს უძღვებოდა, არამედ მას ჰყავდა საკუთარიც. დავითის ისტორიკოსის ცნობით, სულთანმა მას უბრძანა „მისით ძალითა“ გამოსვლა.
ვ. დავითის ისტორიკოსი შემთხვევით არ მოიხსენიებს ლაშქრობის მონაწილეთა შორის „ყოველთა სომხეთისა ამირათა“, ე. ი. სომხეთის ტერიტორიის წვრილ-წვრილ მაჰმადიან გამგებლებს, ამირებს, მათაც, სულთნის ბრძანებით, ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ.
ზემოდასახელებულთა გარდა, კოალიციურ ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, დუბეისთან ერთად, ამ მიზნით არზრუმში (ერზრუმში) მოსულთ და დაბანაკებულთ: ყადს ელმად-დინ-იბნ ჯაბრის, მის შვილს, ქ. მარდინის ყადს აბულფათხის და ვეზირს აბუ-თამმამ-იბნ-აბდუნას; მაგრამ ყადი და ვაზირი, ალ-ფარიკის ცნობით, არზრუმში ერთმანეთთან წაკიდებულან, კოალიციურ ლაშქარს ჩამოსცილებიან და არზრუმშივე დარჩენილან.
ამრიგად, სულთანს მართლაც თავი მოუყრია ყველასათვის _ „სადღაც ვინ იყო... მხედრობად შემძლებელი“ და მის სათავეში იმდროისათვის სახელმოხვეჭილი და დიდი გამოცდილების მქონე, მრავალომგადახდილი სარდალი ილღაზი ჩაუყენებია. ილღაზი, ცხადია, სულთნის სახელით მოქმედებდა და ყველა ზემოხსენებული გავლენიანი მფლობელი თუ სარდალი, მისი დროშის ქვეშ გაერთიანებულნი, მის განკარგულებებსა და ბრძანებებს უნდა დამორჩილებოდა.
უკანასკნელ ხანებში საისტორიო-სამეცნიერო ლიტერატურაში ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული ზოგ ზემოდასახელებულ პირთა მონაწილეობა დიდგორის ომში, კერძოდ, ასეთი ეჭვი გამოთქვა ინგლისელმა მეცნიერმა ვ. მინორსკიმ, რომელმაც თავის წერილში _ „კავკასია მაიაფარიკინის ისტორიაში“ _ გამოაქვეყნა ალ-ფარიკის ცნობების ინგლისური თარგმანი და გზადაგზა, შენიშვნებში, დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებული ბევრი საკითხიც გაარკვია. კერძოდ, მან საეჭვოდ მიიჩნია თოღრულისა და თუღან-არსლანის მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში. მისი აზრით, თოღრულისა და მისი ათაბაგის აჯანყება სულთან მაჰმუდის წინააღმდეგ იყო ის მიზეზი, რომელმაც ჩაშალა მათი მონაწილეობა ამ ბრძოლაში.
რ. კიკნაძის მოსაზრებითაც, „მუსლიმთა კოალიციური ლაშქრობა ქართველების წინააღმდეგ ნაწილობრივ მაინც ჩაშლილა... ქართველთა პირისპირ დარჩა მხოლოდ ნეჯმ-ედ-დინი (ილღაზი) თავისი სიძითურთ~. ჯერ ერთი, როგორც ზემოთ ვნახეთ, ყველა წყარო (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი, იბნ-ალ-ასირი და თვით ალ-ჯაუზიც1 კი) ერთხმად მიუთითებს, თოღრულის მონაწილეობას ამ ომში. მათე ურჰაელი, რომელიც კარგად იცნობდა დიდგორის ბრძოლის ამბებს, თოღრულს დიდგორის ველზე დამარცხებულთა და თავიანთ ქვეყანაში სამარცხვინოდ გაქცეულთა შორისაც ასახელებს. გარდა ამისა, ის აჯანყება, რომელზედაც ვ. Mინორსკი მიუთითებს, ჩვენი აზრით, მაინცდამაინც ხელს არ შეუშლიდა თოღრულს მონაწილეობა მიეღო საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში; როგორც ირკვევა, თოღრული და მისი ათაბაგი ქენ-თოღდი 1120 წ. დეკემბერსა და 1121 წ. იანვარში აჯანყებულან. ამ დროს დაუპყრიათ მათ განძაც და სანამ ქენ-თოღდი ცოცხალი იყო, ე. ი. 1121 წ. დეკემბრამდე, როგორც ჩანს, სულთნისაგან არც ისე შევიწროებულნი ყოფილან. კიდევ მეტი, სულთნისაგან გამდგარ ძმას, თოღრულს ზოგიერთი სულთანსაც კი უწოდებდა და დახმარების სათხოვნელად უშუალოდ მას მიმართავდა. მათე ურჰაელის ზემოხსენებული ცნობის მიხედვით, დავით აღმაშენებლის მიერ არაერთგზის დამარცხებულმა თურქ-სელჩუკებმა სწორედ ამ დროს მასაც მიმართეს დახმარებისათვის ქ. განძაში.
შენიშვნა
1. ალ-ჯაუზი კოალიციურ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულთა შორის, ილღაზთან და შამს ად-დაულა თუღიანთან ერთად, ასახელებს თოღრულსაც და სხვებსაც, მაგრამ მისი სიტყვით, შეხვედრის ადგილზე, თბილისის კართან, გარდა ილღაზისა, „მხარეების ლაშქართაგან არც ერთი არ მოსულიყო~. ასე რომ, ალ-ჯაუზი არა მარტო თოღრულის, არამედ ყველა სხვა დანარჩენის მონაწილეობასაც უარყოფს, ეს შემთხვევითი არ არის; როგორც ამ წყაროს ახლახან გამომცემელმა ო. ცქიტიშვილმა მართებულად შენიშნა, ალ-ჯაუზი უეჭველად ტყუის, რათა შეანელოს შთაბეჭდილება და დააკნინოს მნიშვნელობა იმ დიდი მარცხისა, რაც კოალიციამ განიცადა დიდგორთან.

საგულისხმოა შემდეგი გარემოებაც: ალ-ჯაუზის ცნობით, ილღაზმა წერილები მისწერა სხვადასხვა ქვეყნებში თუღან არსლანს, სულთან თოღრულს და სხვებს. როგორც ჩანს, სულთან თოღრულს ლაშქრობაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა არა თვით სულთანმა, როგორც ამას დავითის ისტორიკოსი წერდა, არამედ ილღაზმა; ეს ცნობა სარწმუნო უნდა იყოს. სულთანი მისგან გამდგარ ძმას ამ ლაშქრობაში მონაწილეობას ვერ უბრძანებდა, ილღაზს კი ამის საფუძველი ჰქონდა: ილღაზთან ერთად ბრძოლაში მიდიოდა მისი სიძე დუბეისი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ იარაღით დახმარება აღმოუჩინა თვით თოღრულს სულთნის წინააღმდეგ აჯანყების დროს. ახლა კი, როცა სიძე-სიმამრს მისი დახმარება სჭირდებოდა, თოღრული ამაზე უარს არ იტყოდა, მით უფრო, რომ თბილისელ ვაჭართა მიერ ის თვითონ იყო მიწვეული ქალაქზე მფარველობის ხელის დასადებად და საქართველოს მეფის წინააღმდეგ ლაშქრობის მოსაწყობად.
როგორც აღვნიშნეთ, დიდგორის ბრძოლის მონაწილე დუბეის სადაკას ძე, ილღაზის სიძე, 1120 წ. დასასრულს აჯანყებულ თოღრულს მიემხრო. სულთანმა დუბეისის დასჯა გადაწყვიტა და 1121 წ. დამდეგს კიდევაც დაიძრა მის წინააღმდეგ დიდი ლაშქრით. დუბეისი გაიქცა და სიმამრს შეაფარა თავი. მაგრამ ყოველივე ამას დუბეისისათვის ხელი არ შეუშლია თავისი 10000-იანი ლაშქრით მონაწილეობა მიეღო დიდგორის ბრძოლაში. ცხადია, სულთნისაგან განდგომა 1120 წ. დასასრულს ვერც თოღრულს შეუშლიდა ხელს 1121 წ. აგვისტოში მონაწილეობა მიეღო დიდგორის ომში, მით უფრო, რომ თოღრულის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა სულთანმა სწორედ დიდგორის ომის შემდეგ, 1121 წ. დეკემბრიდან, ქენთოღდის სიკვდილის შემდეგ დაიწყო და 1122 წ. მარტში თოღრულის დამორჩილებით დაამთავრა.
დიდგორის ველზე თოღრულის დამარცხებამ და მისი მრავალრიცხოვანი ლაშქრის განადგურებამ, თავის მხრივ, კიდევაც შეუწყო ხელი სულთან მაჰმუდს გამდგარი ძმის, თოღრულის ასე მალე დამორჩილებაში.
ამრიგად, ზემოდასახელებულ წყაროთა ერთობლივი მითითება დიდგორის ბრძოლაში თოღრულის მონაწილეობის შესახებ სანდოდ უნდა იქნეს მიჩნეული. ჩვენი აზრით, დიდგორის ველზე ქართველთა პირისპირ იდგნენ არა მარტო ილღაზი და მისი სიძე, არამედ თოღრული და მისი ათაბაგი ქენთოღდი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქრით.
როგორც აღვნიშნეთ, ვ. მინორსკი ეჭვის ქვეშ აყენებს აგრეთვე მუსლიმთა კოალიციურ ლაშქარში თუღან არსლანის მონაწილეობასაც. მართალია, დიდგორის ომის მონაწილედ თუღან არსლანს ჩვენ მიერ ზემოდასახელებულ ავტორთაგან მხოლოდ ალ-ფარიკი და მასზე დამყარებული ალ-ჯაუზი ასახელებენ, მაგრამ ვ. მინორსკის დაეჭვების საფუძველი ამ შემთხვევაში იმდენად მცირეა, რომ არა გვგონია იგი ალ-ფარიკის უტყუარი ცნობების შესასწორებლად გამოდგეს.
ყველაფერ ზემოაღნიშნულს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ სხვა, დასახელებულ მაჰმადიან მფლობელთა მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში საეჭვოდ არ არის მიჩნეული, ადვილი წარმოსადგენი იქნება საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობის ფართო მასშტაბი; ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ამ ლაშქრობაში მოხმობილი უკლებლივ იღებდა მასში მონაწილეობას. თვით თურქ-სელჩუკთა შინაგანი წინააღმდეგობანი, ურთიერთბრძოლა და დაპირისპირება, როგორც ზემოთ ვნახეთ, ერთსულოვანი გაერთიანების შესაძლებლობას არ იძლეოდა. ამიტომ იყო, რომ ზოგი ადრე ჩამოსცილდა კოალიციას, ზოგიც საერთოდ არ შეერთებია მას. მაგრამ ფაქტია, რომ უმთავრეს ძალას ილღაზის მეთაურობით 1121 წ. 10 აგვისტოს თბილისის მისადგომებისათვის მიუღწევია.
დიდგორის ომში მონაწილეობის მისაღებად მოწოდებულთა ვინაობის გარკვევის შემდეგ საჭიროა დაახლოებით მაინც განვსაზღვროთ მათ მიერ გამოყვანილი ლაშქრის რაოდენობა. ეს მეტად საინტერესო საკითხიც ისევ იმდროინდელი წყაროების მიხედვით უნდა გავარკვიოთ, თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ზოგ ავტორს არც აქვს საამისო ცნობა, ზოგი კიდევ გაზვიადებულ, დაუჯერებელ მონაცემებს გვთავაზობს; ასე რომ, ჩვენ ამ მხრივ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობა გვექნება.
დავითის ისტორიკოსი არაფერს ამბობს არც მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრისა და არც საქართველოს ჯარის რაოდენობის შესახებ. მაგრამ მისი ცნობიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდძალი ლაშქარი დაძრულა; მისი სიტყვით, მტრის ლაშქარი ყოფილა „სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქვეყანა... რომელ თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა~. მაჰმადიანთა „დიდი ლაშქრის თავმოყრის~ შესახებ წერს აგრეთვე ალ-ფარიკიც, თუმცა არც იგი მიუთითებს მის რაოდენობაზე.
კოალიციური ლაშქრის რაოდენობაზე ცნობები მოეპოვებათ სომეხ ისტორიკოსებს, იბნ ალ-ასირსა და გოტიეს. მათე ურჰაელის სიტყვით, ილღაზმა „ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე, ყოველი ტომი თურქმანთა, ბერძენთა ქვეყნიდან ვიდრე აღმოსავლეთისაკენ ყოველი კარმიანი და ქმნა რიცხვი თავისი ჯარისა ასორმოცდაათი ათასი“. ასე რომ, მარტო ილღაზს, მათეს ცნობით, 150000 მოლაშქრე გამოუყვანია, მის მიერ მოწოდებულ „არაბთა მეფეს“ დუბეისს ათი ათასი და მოკავშირენი 160000-იანი ლაშქრით განძაში დაბანაკებულან. Iმავე ისტორიკოსის ცნობით, განძაშივე „მოვიდა სულთანი მელიქი (ე.ი. თოღრული მოჰამედის ძე) ოთხასი ათასი მხედრით, გულადი კაცებით. ისინი დაიძრნენ საშინელი სიმრავლით და შევიდნენ ქართველთა ქვეყანაში ქალაქ თბილისის მხარეს“. ამრიგად, თუ მათე ურჰაელს დავუჯერებთ, მაჰმადიან მფლობელთა გაერთიანებული ლაშქრის რიცხვს 560000-ისათვის მიუღწევია.1 ეს მონაცემები სწორი არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, იგი გაზვიადებულია. დაუჯერებელია, რომ ამ სამ მაჰმადიან მფლობელს ასე დიდი ლაშქრის გამოყვანა შეძლებოდა.
შენიშვნა
1. მიუხედავად იმისა, რომ მათე ურჰაელი სავსებით გარკვევით მიუთითებს კოალიციური ლაშქრის შედგენილობასა და რაოდენობაზე (560000), ზოგი მკვლევარი მაინც ფიქრობს, თითქოს მათე ურჰაელის ცნობით, მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქარი მხოლოდ 400 ათასს აღწევდა. როგორც ჩანს, ამ მკვლევარებს, მათეს ცნობით, მხოლოდ მელიქ თოღრულის მიერ გამოყვანილი ლაშქარი (400000), შეცდომით, კოალიციურ ლაშქრად მიუჩნევიათ, ან კიდევ, მათეს უდავოდ გაზვიადებული მონაცემები შეუმცირებიათ, რათა მისთვის ასე თუ ისე სარწმუნო ცნობის სახე მიეცათ.

კიდევ უფრო გაზვიადებულია ანტიოქიის სამთავროს კანცლერის, გოტიეს მონაცემები. მისი ცნობით, „ალეპოდან წამოსულმა ილღაზიმ შეკრიბა თურქმანებისა და არაბების ურიცხვი ჯარი, როდესაც მან ნახა შეკრებილთა სიმრავლე, უაღრესი ამპარტავნებით თავგასულმა გადაწყვიტა, ერთ ხორასნელ სულთანთან ერთად მოეწყო ლაშქრობა დავით მეფის წინააღმდეგ... სულთანი და თვით ილღაზი ექვსასი ათასი მეომრით სალაშქროდ შევიდნენ მეფის ქვეყანაში“. ღოგორც ვხედავთ, მათე ურჰაელისა და გოტიეს მონაცემებს შორის მაინცდამაინც დიდი განსხვავება არ არის _ მათე 560000 მოლაშქრეს ასახელებს, გოტიე კი _ 600000-ს.
სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს სხვა ისტორიკოსთა ისეთი სანდო მონაცემები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემდა დაგვეზუსტებინა კოალიციური ლაშქრის მონაწილეთა რაოდენობა. იბნ ალ-ასირის თხზულების არაბულ დედანში მხოლოდ „ათასი“ წერია, მაგრამ რამდენი ათასი, აღნიშნული არ არის. ზოგი მკვლევარი იბნ ალ-ასირის ამ ნაკლულ ტექსტს, ალ-ჯაუზის მიხედვით, 30000-ით აღადგენს, ზოგი კიდევ 300000-ით. ასე რომ, იბნ ალ-ასირის ცნობა ზემომოტანილ მასალათა საკონტროლოდ არ გამოდგება. ასევე, საამისოდ არ გამოდგება XIII ს. სომეხი ისტორიკოსის სმბატ სპარაპეტის მონაცემებიც, რომელთა მიხედვით ამირა ილღაზს საქართველოში 150000-იანი ჯარით ულაშქრია. როგორც ჩანს, სმბატ სპარაპეტი საკუთრივ ილღაზის მიერ გამოყვანილ მოლაშქრეთა რაოდენობის მითითებით დაკმაყოფილებულა.
უდავოა, რომ მათე ურჰაელისა და გოტიეს ცნობები კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ გაზვიადებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახევარმილიონიანი თუ ექვსასათასიანი ლაშქარი თრიალეთ-მანგლის-დიდგორის სანახებში არათუ ვერ გაიშლებოდა საბრძოლველად, ვერც კი დაეტეოდა, მაგრამ, ამავე დროს, ისიც უდავოა, რომ მოწინააღმდეგის ლაშქარი ბევრად, რამდენიმეჯერ აღემატებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ ამ ბრძოლაში გამოყვანილ ლაშქარს. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ასეა თუ ისე, ყველა მონაცემიდან სავსებით აშკარაა, რომ დიდგორის ველზე, რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით, არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს. ამაზე ერთხმად მიუთითებს ჩვენ მიერ ზემოგანხილული ყველა წყარო, როგორც ქართულ-სომხურ-ლათინური, ასევე თვით არაბულიც.
ახლა იმასაც შევეხოთ, თუ საიდან და რა გზით მოდიოდა ეს კოალიციური ლაშქარი. დავითის ისტორიკოსს მხოლოდ ის აქვს აღნიშნული, რომ მტრის ურიცხვი ლაშქარი, „ვითარცა ქვიშა ზღვისა“, მოვიდა „თრიალეთს, მანგლისსა და დიდგორს“. მათე ურჰაელის ზემომოტანილი ცნობიდან კი ჩანდა, რომ, როგორც ილღაზი და დუბეისი, ასევე სულთანი მელიქი (თოღრული) განძიდან დაძრულან და იქიდან „საშინელი სიმრავლით შევიდნენ ქართველთა ქვეყანაში ქ. თბილისის მხარეს, მთაში, რომელსაც ქვია დეკორ (დიდგორი)“.
ამ საკითხზე სხვა ცნობა აქვს ალ-ფარიკს. მისი მონაცემებით, არზრუმიდან ილღაზი გაემართა „ყარსისაკენ და შევიდა იქ (საქართველოში) თრიალისით (თრიალეთით). შეიკრიბა დიდი ლაშქარი, სულთანი თოღრული მოვიდა განძის მხრიდან, ხოლო ფახრ ად-დინ თუღან არსლან კუზიანი _ დვინის მხრიდან. და იარა ამ ლაშქარმა იმდენი, რომ მასსა და თბილისს შორის დარჩა მთა ნახევარდღის სავალი“. ამ ცნობით, დიდგორთან შეყრილი კოალიციური ლაშქარი აქ სამი მხრიდან მოსულა: ყარსიდან თრიალეთის გზით, განძიდან და დვინიდან. ცნობიდან ჩანს, რომ თბილისიდან ნახევარი დღის სავალზე იმყოფებოდა არა მარტო ილღაზის ლაშქარი, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, არამედ სულთანი, თოღრული და თუღან არსლან კუზიანიც თავისი ჯარებით.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ეს ლაშქარი ქართლში მანგლის-თრიალეთის გზით არის შემოსული. ამ მხრივ სავსებით სწორია დავითის ისტორიკოსი. უძველესი დროიდან შიდა ქართლში შესვლა სწორედ ამ გზით შეიძლებოდა, რომელსაც არა მარტო იმ დროისათვის, არამედ შემდეგაც. XIX საუკუნეშიც, დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ; როგორც ნ. ბერძენიშვილი მიუთითებს, „მანგლისს ფრიად ხელსაყრელი ადგილი უჭირავს. მანგლისის მხარე ეკვრის შიდა ქართლს, თბილისს, სომხით-საბარათიანოს და წალკა-ჯავახეთს. იმყოფება რა ალგეთის, თეძმის, კავთურას და ვერეს გამოსავლებში, მანგლისის ხეობა სტრატეგიულად ბატონობს აღნიშნულ მხარეზე... სომხითიდან შიდა ქართლში, ჯავახეთიდან კახეთში უმოკლესი გზები სწორედ მანგლისზე გადიოდა~. ამიტომ იყო, რომ ვინც კი ამ გზით ფიქრობდა საქართველოს დამორჩილებას, მანგლისზე გადმოვლით მოდიოდა. სწორედ აქედან უნდა იყოს შემოსული, ნ. ბერძენიშვილის ვარაუდით, „თურქ-სელჩუკთა კოალიცია დავით აღმაშენებლის წინააღმდეგ“.
ლაშქრის თავმოყრა მანგლის-დიდგორზე 1121 წ. აგვისტოს 10 რიცხვამდე უნდა მომხდარიყო. მართალია დავითის ისტორიკოსი 12 აგვისტოს ასახელებს მათი მოსვლის თარიღად, მაგრამ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს თარიღი თვით ბრძოლისა უნდა იყოს და არა კოალიციური ლაშქრის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა.
ჩვენ, სამწუხაროდ, არავითარი ცნობა არა გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის. მაგრამ, ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნისა და სხვა მაჰმადიან მფლობელთა მიერ მთელი 4-5 თვის მანძილზე გატარებული ღონისძიებანი. ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი სავსებით მზად იყო ბრძოლის მისაღებად. გოტიეს სიტყვით, „მეფე დავით ორმოცი ათასი... მეომრით იდგა ერთ ხეობაში _ ორს მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში~. როგორც მტრის, ისე ქართველთა ლაშქრის რაოდენობა გოტიეს გაზვიადებულად უნდა ჰქონდეს მოცემული.
ამ მხრივ უფრო სარწმუნო ჩანს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც არა მარტო ლაშქრის რაოდენობის, თვით მისი შემადგენლობის შესახებაც გვაძლევს ფრიად საინტერესო ცნობებს. დავით მეფე, წერს მათე ურჰაელი, ბრძოლის ველზე „მივიდა თურქთა ჯარების წინააღმდეგ ორმოცი ათასი ძლიერი და გულადი კაცით და გამოცდილი მეომრით. მას ჰყავდა სხვა ჯარებიც ყივჩაყთა მეფისაგან, თხუთმეტი ათასი გულადი და რჩეული, ხოლო ალანთა ტომისაგან ხუთასი კაცი და ფრანგი ასი“.1 ასე რომ, დავით აღმაშენებლის ლაშქრის რაოდენობა, ამ ცნობის მიხედვით, 56000-იც კი არ ყოფილა.
შენიშვნა
1. დ. ბაქრაძე, ივ. ჯავახიშვილი, ს. კაკაბაძე და აგრეთვე სხვები, ვისაც კი დავით აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლის შესახებ დღემდე რაიმე დაუწერიათ, მიუთითებენ, თითქოს მათე ურჰაელის ცნობით, დავით აღმაშენებელს დიდგორის ბრძოლაში ხუთი ათასი ალანი (ოსი) გამოეყვანოს. ჩვენთვის გაუგებარია, რაზე არის დამყარებული ზემოხსენებულ მკვლევართა ასეთი მონაცემები. დიდგორის ბრძოლაში გამოყვანილი ქართული ლაშქრის რაოდენობისა და შედგენილობის შესახებ ცნობა, გარდა მათე ურჰაელისა, არავის მოეპოვება. მათე ურჰაელის თხზულების, როგორც იერუსალიმის 1869 წლის, ისევე ვაღარაშაპატის 1898 წლის გამოცემაში კი, რომლებითაც ამ მკვლევარებს უსარგებლიათ, გარკვევითაა მითითებული დიდგორის ბრძოლაში არა ხუთი ათასი, არამედ მხოლოდ ხუთასი ალანის მონაწილეობის შესახებ. ასევე გადმოწერა და თარგმნა ეს ცნობა თავის დროზე მ. ბროსემ, მაგრამ ესეც მხედველობაში არ იქნა მიღებული და დღემდე ჩვენს სამეცნიერო თუ სასწავლო ლიტერატურაში დამკვიდრდა მათე ურჰაელის ცნობის ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია. ასევე, ქართულ ლიტერატურაში ზოგ შემთხვევაში არასწორად არის გადმოცემული მათეს ცნობა ქართველთა ლაშქარში „ფრანგების“ მონაწილეობის შესახებ. ზოგი მკვლევარი, ისევ მათე ურჰაელზე დაყრდნობით, ამ ბრძოლის მონაწილედ ათას „ფრანგს“ მიიჩნევს, მაშინ, როცა ეს სომხური წყარო მხოლოდ „ას ფრანგს“ ასახელებს. თვით გოტიეც კი, რომელიც ყოველნაირად აზვიადებდა „ფრანგების“ როლს და ერთიორად ზრდიდა დიდგორის ბრძოლის მონაწილეთა რიცხვს, მხოლოდ „ორას ფრანგს“ ასახელებდა ამ ომის მონაწილედ.

ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შედგენილობა; როგორც ჩანს, მეომართა ძირითადი ნაწილი მეფეს საკუთრივ ქართველებისაგან შეუდგენია: ორმოცი ათასი ძლიერი და გამოცდილი ქართველი მოლაშქრე „სამეფო სპის“ ნაწილს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელს, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, ყივჩაყთა 40000-იანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მას მხოლოდ 15000 ყივჩაყი გამოუყვანია. და ეს შემთხვევითი არ იყო: როგორც ჩანს, მეფე ძირითად საყრდენ ძალად ისევ „სამეფო სპას“, ქართველთა ლაშქარს თვლიდა; განსაკუთრებით ასეთ გადამწყვეტ ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ, მართლაც, მხოლოდ რჩეული, ყოველმხრივ მისანდობ ქართველთა გამოყვანა თუ შეიძლებოდა.
საქართველოს ლაშქრის მესამე ნაწილს „როქის სპა“, ალანთაგან (ოსთაგან) დაქირავებული ჯარი შეადგენდა. შემთხვევითი არ იყო ხუთასი ოსი მოლაშქრის დაქირავება და საამისოდ თანხის გაღება, მაშინ როცა მეფეს რეზერვში ოცდახუთი ათასი მუდმივი მოლაშქრე ყივჩაყი ჰყავდა. ესეც, ცხადია, დავითის სათანადო ტაქტიკური გეგმის მიხედვით იყო გაკეთებული და გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. გარკვეული მიზნით იყო შეყვანილი ქართველთა ლაშქარში, თუმცა არც ისე დიდი რაოდენობით, „ფრანგებიც“. მათე ურჰაელი ამ ომში ასი „ფრანგის“ მონაწილეობის შესახებ წერს, გოტიე კი ორას „ფრანგს“ ასახელებს. როგორც ჩანს, „ფრანგები“ მართლაც მონაწილეობდნენ ამ ომში.1 „ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, „ევროპელებს“ ეძახდნენ. ასე რომ, ეს „ფრანგები“ იმ ევროპელ ჯვაროსანთა წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ამ დროს მახლობელ აღმოსავლეთში ბრძოლები ჰქონდათ თურქსელჩუკებთან. ევროპელ რაინდებს, „ფრანგებს“ დიდი გამოცდილება ჰქონდათ ამ მხრივ და მათი მონაწილეობა ქართველთა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ცხადია, სასარგებლო იქნებოდა. ამასთანავე, მათი მონაწილეობა დიდგორის ომში იმ ურთიერთობითაც იყო გამოწვეული, რაც ამ დროსაც ჯვაროსნებსა და ქრისტიანულ საქართველოს შორის არსებობდა. თუკი ადრე ჯვაროსნების წარმატებები თურქ-სელჩუკებთან ომში ხელს უმართავდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ამჟამად უკვე გაძლიერებული საქართველოს შეტევით ომებს საერთო მტრის წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯვაროსნებისათვის. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს სამეფოს სამზადისი თურქებთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ჯვაროსნებს მხედველობიდან არ გამორჩენოდათ და მასში ერთგვარი მონაწილეობაც მიეღოთ. როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებლის მიერ ყველაფერი წინასწარ იყო მოფიქრებული და გაკეთებული გამარჯვების უზრუნველსაყოფად. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, ომის წინ „მეფემან დავით, უშიშარმან და ყოვლად უძრავმან გულითა... წინა განაწყო სპა მისი, ყოველი საქმე მშვენივრად და ღონიერად ყო, რაბამ რამე უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო~. მსოფლიოს „ბრძენთა ენა ვერ შემძლებელ არს მოთხრობად ზედმიწევნით ყოველსავე“, რაც იმ დროს მეფემ გააკეთაო _ წერდა დავითის ისტორიკოსი.
შენიშვნა
1. ზოგი მკვლევარი (მაგ., ს. ერემიანი) უარყოფს „ფრანგთა~ მონაწილეობას დიდგორის ბრძოლაში. მათი მტკიცებით, მათე ურჰაელის თხზულების შესაბამის ადგილზე „ფრანგ“-ის მაგიერ, კონტექსტის მიხედვით (?) უნდა წავიკითხოთ „ვრანგ“ ანუ „ვარანგ“. ასე რომ, დიდგორის ბრძოლაში „ფრანგები“ კი არ მონაწილეობდნენ, არამედ „ვარანგები“, ტმუტარაკანის, შავი ზღვისპირეთის რუსეთიდან. ს. ერემიანის ეს მოსაზრება გაიზიარა ქ. ჩხატარაიშვილმა. კიდევ მეტი, მან კატეგორიულად უარყო „დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში ჯვაროსანთა ყოფნის შესაძლებლობა“. ჯერ ერთი, მათე ურჰაელის არც ერთ გამომცემელს არ აღუნიშნავს ტერმინების ამგვა რი აღრევის შესაძლებლობისა და არც მათეს ხელნაწერებში „ფრანგის“ სხვადასხვა ვარიანტული მონაცემების კითხვა სხვაობის შესახებ. ამას გარდა, საქართველოს ლაშქარში მცირე რაოდენობით „ფრანგების“ მონაწილეობის შესახებ ცნობა დაცული აქვს, მათესგან სავსებით დამოუკიდებლად, თვით ფრანგ კანცლერსა და ქრონისტს გოტიეს. იგი დიდგორის ამბების შესახებ ცნობას გვაწვდის ჩვენთვის საინტერესო საკითხზე თხრობისას, და ცხადია, მათე ურჰაელის თხზულებების სათანადო ადგილის შესწორება სავსებით გაუმართლებელი იქნებოდა, თუმცა ვერც ამით უარვყოფდით ფრანგების მონაწილეობას დიდგორის ბრძოლაში. დასასრულ, ჯვაროსნებისა და საქართველოს ურთიერთობის ზემოთ გაკეთებული მიმოხილვისა და ისედაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების შემდეგ, ცოტა უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს მოსაზრება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ჯვაროსნების, თუნდაც მცირე რაოდენობით (100 მოლაშქრე), ყოფნას დავითის ლაშქარში. ამრიგად, ზემომოტანილ მოსაზრებათა გაზიარება შეუძლებელია _ წყაროები (მათე ურჰაელი, გოტიე) მონაცემები და თვით ჯვაროსნებისა და საქართველოს ურთიერთობის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები უეჭველს ხდიან ჯვაროსნების მონაწილეობას დიდგორის ბრძოლაში.
2. „ძლევაი საკვირველი“
1121 წ. აგვისტოს ათისათვის თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის ძირითად ძალებს თრიალეთ-მანგლის-დიდგორის მიდამოები, მისი ყველა ძირითადი გზა და მისადგომი დაკავებული ჰქონდათ. კოალიციური ლაშქრის ნაწილმა, როგორც ირკვევა, წალკის მხარეში, მანგლისსა და დიდგორში დაიბანაკა, მეორე ნაწილმა კიდევ, დიდგორის კალთებიდან შემოსულმა, დიღმის ხეობა დაიჭირა, ასე რომ, მტრის ლაშქრით გაივსო როგორც ქვემო, ასევე ზემო დიდგორი, რომელთაც დავითის ისტორიკოსი ერთ გეოგრაფიულ პუნქტად მოიხსენიებს, ოღონდ მრავლობითი რიცხვით _ „დიდგორნი“. დიდგორის ველი შესაყრელ პუნქტად მტრის მიერ შემთხვევით არ იყო შერჩეული _ აქეთკენ მოემართებოდა არაერთი გზა და გადასასვლელი.
კლდეკარი, საიდანაც ერთი გზა დიდგორისკენაც მოდიოდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი იყო ქართლისაკენ მიმავალი დამპყრობლებისათვის, დიდგორიდან კიდევ გზა ეხსნებოდა თბილისისაკენ; ზოგი ძველი ისტორიკოსის მიხედვით, მტრის ლაშქრის დიდგორთან შეკრება თბილისის კართან შეკრებას ნიშნავდა. ამას გარდა, აქედან მათ შეეძლოთ, მცხეთის შემოვლით, გასვლა შიდა ქართლში და დავითის ლაშქრის გარემოცვა. გამარჯვების შემთხვევაში ისინი თბილისისაკენ აიღებდნენ გეზს. აქედან თბილისამდე კი მხოლოდ ნახევარი დღის სავალი იყო. ერთ ძირითად მიზანს, როგორც აღვნიშნეთ, ამ ქალაქის ხელში ჩაგდება შეადგენდა.
საქართველოს სამეფოს ლაშქარი, დავით აღმაშენებლის მთავარსარდლობით, დიდგორის ველს, როგორც ამაზე მითითებულია ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში, ნიჩბისის საკმაოდ გაშლილი ხევით მიუახლოვდა. სწორედ ნიჩბისის ხევს მიჰყვება გზა დიდგორ-მანგლისისაკენ. ეს ხეობა უნდა ჰქონდეთ მხედველობაში მათე ურჰაელსა და გოტიეს, როცა ისინი ქართველთა ლაშქრის ორ მთას შორის დაბანაკებასა და აქ გამართულ ბრძოლაზე მოგვითხრობენ. გოტიეს მიხედვით, დავითის ლაშქარი დაბანაკებული იყო „ორ მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში, რომლის მიმართულებითაც მტერი აპირებდა შეტევას“. როგორც ალ-ფარიკის ცნობიდან ირკვევა, საქართველოს ლაშქრის ერთი ნაწილი, დავითის მემკვიდრის, დემეტრეს სარდლობით, ერთ ამ მთათაგანს აფარებდა თავს და იქიდან აპირებდა მოულოდნელ თავდასხმას. პირველი ბრძოლა ძირითად ნაწილს უნდა მიეღო, აქ კი თვით დავითი იდგა. მას, ალ-ფარიკის სიტყვით, დასავლეთიდან უნდა შეეტია. ამრიგად, ყველაფერი მზად იყო გადამწყვეტი ბრძოლისათვის.
გოტიეს მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს. მას თვით ამ სიტყვის ტექსტიც აქვს მოტანილი თავის ქრონიკებში. სამწუხაროდ, ჩვენ შესაძლებლობა არა გვაქვს შევამოწმოთ, თუ რამდენად შეეფერება ეს ამბავი სინამდვილეს და რამდენად სწორადაა იგი ჩაწერილი, მაგრამ მის მოტანას აქ მაინც საჭიროდ მივიჩნევთ, მით უფრო, რომ ბევრ მკვლევარს გოტიეს ცნობის სისწორეში ეჭვი არ ეპარება და ზოგ მათგანს დავითის ამ სიტყვის გოტიესეული ტექსტი ქართველი მჭევრმეტყველების ნიმუშების კრებულშიც კი აქვს შეტანილი. აი, ეს სიტყვა: „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვი მიმდევარი, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისაკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ“.
ამ სიტყვაში, რომელიც ძირითადად მოწოდებაა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ ქრისტიანთა თავდადებული ბრძოლისაკენ, ისტორიკოსისათვის ბევრი რამ არის ღირსშესანიშნავი. აქედან ჩანს, რომ დავითის ლაშქარი დაბანაკებულა ხეობაში, რომლის ვიწრო შესასვლელიც ხეთა ხორგებით შეუკრავთ.1 ამით მეფეს თავისი ლაშქრისათვის უკანდახევის ეს ერთადერთი შესაძლებლობაც მოუსპია. ეტყობა, დავითს თავის ლაშქარში ჯერ კიდევ ეგულებოდა ისეთები, რომელთათვის მარტოოდენ „ღვთის სიყვარული“ თავდადებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა. უცხო ტომის (ყივჩაყების) მოლაშქრეებს კი არც ქვეყნის, საქართველოს სიყვარული აღაფრთოვანებდათ მაინცდამაინც თავდადებისათვის. ამიტომაც სჭირდებოდა დავით აღმაშენებელს თავისი ლაშქრისათვის უკანდასახევი გზის წინასწარ მოჭრა. მართლაც, ამგვარი ღონისძიების შემდეგ მებრძოლებს ან უნდა გაემარჯვათ, ანდა მტრისადმი ზურგშეუქცეველი სიკვდილით დაემტკიცებინათ თავიანთი თავდადება ღვთისა და მეფისათვის.
შენიშვნა
1. აღსანიშნავია, რომ დიღმის ხეობის თავში, რომელიც ბრძოლების ერთ-ერთი ასპარეზი იყო, დღემდე დაცულია ტოპონიმი, ადგილის სახელწოდება _ „ჩახერგილა“. იქნება ეს დავითის მიერ საგანგებოდ გადაკეტილი, ჩახერგილი პუნქტის იმ დროიდან შერქმეული და დღემდე შემორჩენილი სახელი იყოს.

ამავე დროს, ეს ღონისძიება მეფის ლაშქრის ზურგსაც უვნებელყოფდა. ჯებირები მნიშვნელოვნად შეაფერხებდა ამ მხრიდან მტრის მხედრობის მოსალოდნელ იერიშებს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ხორგებისა და ჯებირების გაკეთებას საკმაო დრო, მრავალრიცხოვანი მუშახელი და მასალა დასჭირდებოდა.
საისტორიო წყაროებით დიდგორის ბრძოლის დაწყების დღე და რიცხვი სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი. მაგალითად, დავითის ისტორიკოსის თხზულების XV და XVIII სს. გადანაწერებში 18 აგვისტოა დასახელებული, ხოლო XVII ს. და ზოგ XVIII ს. გადანაწერში _ 12 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ დავითის ისტორიკოსის თხზულების ძველ სომხურ თარგმანში, რომელიც მკვლევართა აზრით, XII საუკუნეშივეა შესრულებული, აგრეთვე 12 აგვისტოა მითითებული. ღოგორც ჩანს, დავითის თხზულების თავდაპირველ ხელნაწერში სწორედ 12 აგვისტო ყოფილა. ამ მოსაზრებას ამაგრებს მათე ურჰაელის მონაცემებიც. ურჰაელი არა მარტო თვე და რიცხვს, ბრძოლის დღესაც კი ასახელებს, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს უფრო დავაზუსტოთ სხვადასხვა წყაროთა მონაცემები. ურჰაელის თხზულების ერთი, 1869 წ. გამოცემის მიხედვით, ბრძოლა მომხდარა 1121 წ. 15 აგვისტოს. „ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათს დღეს“, მეორე, 1898 წ. გამოცემის მიხედვით კი _ 13 აგვისტოს. ხუთშაბათს; როგორც ჩანს, მათე ურჰაელის თხზულებასაც დავითის ისტორიკოსის თხზულების ბედი გაუზიარებია, მის შემდეგდროინდელ გადამწერებს რიცხვები აურევიათ, რადგან, ხუთშაბათი დღე არ ყოფილა 1121 წ. არც 15-სა და არც 13 აგვისტოს; ხუთშაბათი დღე იმ წლის აგვისტოს ზემოდასახელებული რიცხვებიდან (12-დან 18-მდე) 11-12-სა და 18-19 აგვისტოზე მოდიოდა, მაგრამ რაკი 18-სა და 19 აგვისტოს „ღვთისმშობლის მარხვა“ უკვე დამთავრებული იყო, ზემოდასახელებულ რიცხვთა შორის „ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათ დღედ“ მხოლოდ 12 აგვისტო შეიძლება მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ ამასვე გვთავაზობს დავითის ისტორიკოსის თხზულების დედანი და მისი უძველესი სომხური თარგმანიც. ამრიგად, დიდგორის ბრძოლა 1121 წ. 12 აგვისტოს დაწყებულა. ზოგიერთი მონაცემით, შეტევაზე პირველად მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი გადმოსულა: „მყისვე, _ წერს გოტიე, _ ხეობის მეორე ნაწილში ანუ ფრონტზე მოლაშქრეთა ძლიერი ყიჟინით, ცხენთა და აბჯართა უკიდურესი ხმაურით, ურჯულოთა ზარდამცემი ბაირაღებით გამოჩნდნენ (მტრები). და მთა და ბარიც ბანს აძლევდა სხვადასხვა საკრავების ხმაურს. მაგრამ მეფე დავითი ასეთ კადნიერებას უბრალო მოთმინებით შეჰყურებდა, თავისიანებს ამხნევებდა და ანუგეშებდა მამაცი სულით... დიდი ხნის შემდეგ ეს ურიცხვი სიმრავლე, ამპარტავნობის სულით აღტყინებული, საშინელი ყვირილით თავს დაესხა მათ“. სხვა ისტორიკოსთა (მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი, იბნ ალ-ასირი) ცნობით კი, შეტევაზე პირველად ქართველთა ლაშქარი გადასულა და ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს კიდევ ერთი ტაქტიკური ხერხისათვის მიუმართავს. თუ იბნ ალ-ასირს დავუჯერებთ, როცა ორივე მოწინააღმდეგე ლაშქარი საომრად გამწკრივდა, საქართველოს მხედრობას ორასი ყივჩაყი გამოეყო და მტრის რაზმისაკენ გაემართა.მაჰმადიანთა ლაშქრის სარდლობას ეგონა, ყივჩაყებმა ალბათ მეფეს უღალატეს და შეწყალებისა და დანდობის სათხოვნელად მოდიანო. ამიტომ ისინი დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ განლაგებაში; მაგრამ ყივჩაყებმა უეცრად იარაღი იშიშვლეს და მტრის მეომართა ხოცვა დაიწყეს. ეს სავსებით მოულოდნელი იყო მოწინააღმდეგისათვის. ასეთმა ხერხმა, ცხადია, მტერი დააბნია.
აი, რას წერს თვით იბნ ალ-ასირი: „ყივჩაყები შეერივნენ მათ ჯარს და მშვილდ-ისრით სროლა დაუწყეს. მუსლიმთა ჯარების წინა რაზმები აირივნენ. უკან მდგომ რაზმებს ეგონათ დავმარცხდითო და გაიქცნენ. თავდავიწყებით გარბოდნენ მუსლიმნი და ისე ეჩქარებოდათ განსაცდელიდან თავის დაღწევა, რომ ერთმანეთზე გადადიოდნენ და ბევრიც დაიხოცა“.
იბნ ალ-ასირის მიერ მოთხრობილი ეს საინტერესო დეტალი არა აქვთ აღნიშნული არც დავითის ისტორიკოსსა და არც მათე ურჰაელს; გოტიეს ერთ ცნობაში სწორედ ეს ფაქტი, ორასი მეომრის მეწინავეობა და თავდადება უნდა იგულისხმებოდეს, ოღონდ მას, როგორც ევროპელს, ყველაფერი ეს იმ ორასი „ფრანგისათვის“ (ჯვაროსნისათვის) მიუწერია, რომლებიც იმ დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში იბრძოდნენ. მოვუსმინოთ თვით გოტიეს: „მეფემ თითოეული რაზმი დააწყო, ხოლო ორასი ფრანგი მეომარი დააყენა მოწინავეებად, პირველ დაკვრათა მოსახდენად... და მტერიც ეცემოდა ძირს ფრანგების ხელისაგან და უწესრიგოდ იფანტებოდა“. როგორც ჩანს, გოტიეს, „ფრანგების“ დამსახურების გაზვიადებით დაინტერესებულს, ალბათ, თავისებურად გადაუკეთებია იმდროინდელი საისტორიო წყაროებით თუ გადმოცემებით შემონახული ცნობა დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლის დროს გამოყენებული ტაქტიკური ხერხის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ამ ტაქტიკურმა ხერხმა სამხედრო ხელოვნების ისტორიის მკვლევართა ყურადღება მიიქცია. ა. სტროკოვს მეფის მიერ მტრის ბანაკში არც ისე დიდი რაზმი (ორასი მეომარი) საგანგებო დავალებით გაგზავნა და მათი უეცარი თავდასხმა მტერზე იმ ერთ-ერთ ეფექტურ ღონისძიებად მიაჩნია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართველთა ლაშქრის წარმატებას თურქთა ორივე ფლანგზე თავდასხმის დროს.
ჩვენ საეჭვოდ არ მიგვაჩნია, რომ „მეფემან დავით, უშიშარმან და ყოვლად უძრავმან გულითა~, მართლაც, გამოიყენა ეს ეფექტური ხერხი. ცნობილ ქართველ სარდლებს დავითის შემდეგაც მიუმართავთ ასეთი ტაქტიკისათვის; მაგალითად, ერეკლე მეორემ დიდი ბრძოლა აზატ-ხანთან 1751 წელს ამგვარად მოიგო. ასე რომ, ეს ტაქტიკური ხერხი უცხო არ იყო ქართული სამხედრო ხელოვნებისათვის. მაგრამ, სხვა საქმეა, თუ ვის მიანდო დავითმა ამ დიდი და რთული საქმის განხორციელება, ვის მისცა ასეთი საგანგებო დავალება? ცხადია, საეჭვოა, რომ ეს დიდმნიშვნელოვანი ოპერაცია, რომელიც ქვეყნის და მეფისათვის თავგანწირვას მოითხოვდა, ყივჩაყებისათვის და, მით უფრო „ფრანგებისათვის“ (ჯვაროსნებისათვის) მიენდო; აღსანიშნავია ისიც, რომ იბნ-ალ-ასირი დავითის სამხედრო ძალებს საერთოდ „ყივჩაყთა ლაშქარს“ უწოდებდა და მხოლოდ ამიტომ იხსენიებდა იმ 200 მებრძოლს ყივჩაყებად.
ამრიგად, არც ისე დიდი რაზმის მოულოდნელმა თავდასხმამ ერთხანს დააბნია მტერი, ამავე დროს, საქართველოს ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია. ლაშქრის ერთი ნაწილი, თვით მეფის სარდლობით, ნიჩბისის ხევით, ალ-ფარიკის ცნობით, დასავლეთიდან უტევდა მტერს; ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დემეტრე დავითის ძე დაეშვა თავისი ლაშქრით და მთის ძირში საომრად დაწყობილ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს მედგრად შეუტია. „იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთებიც იძახდნენო (ხმაურობდნენო)~ _ წერს მათე ურჰაელი. როგორც კი ბრძოლა შენივთდა, შეიკრა და გამარჯვების სასწორი ქართველთა მხარეს გადაიხარა, მტრის ლაშქრის დიდმა ნაწილმა ზურგი შეაქცია ბრძოლის ველს, შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, „რამეთუ პირველსავე ომსა (პირველსავე შეტაკების დროს) იოტა (აიყარა) ბანაკი მათი და ივლტოდაო (გაიქცაო)“. ასევე წერს მათე ურჰაელიც _ ბრძოლის შეკვრისას (ქართველებმა) გააქციეს თურქთა მთელი ჯარიო.
დავითის ისტორიკოსს თუ დავუჯერებთ, ეს სისხლისმღვრელი ბრძოლა რაღაც სამ საათამდე გაგრძელებულა; იგი წერს: „მეფესა დავითისი ესეოდენთა (ასე მრავალრიცხოვან მოლაშქრეთა) მიმართ შინაგანწყობა (შეტევა) სამ ჟამამდე იყო (სამ საათამდე გაგრძელდა) და ვერცა პირველსა კვეთებასა (შეტაკებას) შეუძლეს წინადადგომად“-ო. თურქ-სელჩუკთა დამარცხებულმა ლაშქარმა დიდი ზარალი ნახა: „იმ დღეს, _ წერს მათე ურჰაელი, _ იქმნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ველები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ“ მტრის გვამებითო. მუსლიმთა ლაშქრის დიდი ნაწილის ამოწყვეტაზე მიუთითებს თვით ალ-ფარიკიც: „მოიკლა მუსლიმთაგან უთვალავი რაოდენობა და დარბეული იქნენო“. იბნ ალ-ასირის სიტყვებითაც, „მაჰმადიანთა ლაშქრის უმეტესობა დაიღუპა ბრძოლის ველზე“. „აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითაო“, _ წერს დავითის ისტორიკოსიც; დახოცილთა შორის, მისივე სიტყვით, იყვნენ „სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი“. მაჰმადიან მოლაშქრეთა დიდი ნაწილი კი ტყვედ ჩაიგდეს ქართველებმა.
დიდგორის ბრძოლის აღმწერ ისტორიკოსებს ზოგიერთი ცნობა აქვთ დაცული თურქ-სელჩუკთა ლაშქრისადმი მიყენებული ზარალის შესახებაც. რა თქმა უნდა, დაუჯერებელია გოტიეს ცნობა, რომლის მიხედვითაც ამ ბრძოლის დროს საქართველოს „მეფის მახვილით მოისპო 400000 კაცი“. ასევე, სარწმუნო არ არის ამ მხრივ მათე ურჰაელის მონაცემებიც: მისი სიტყვით, „იქმნა რიცხვი თურქთა ამოწყვეტილი ჯარისა ორმოცი ბევრი (400000), ხოლო შეიპყრეს ოცდაათი ათასი კაცი“. საერთოდ კი, მათეს ცნობით, მტრის ყოველი ათასი მოლაშქრიდან ასიც კი არ დარჩენილა ცოცხალი. მართალია, ალ-ფარიკი არ მიუთითებს დატყვევებულთა რაოდენობაზე, მაგრამ მისი ზოგადი ხასიათის ცნობიდანაც კარგად ჩანს, რომ ქართველებს ტყვედ ჩავარდნიათ „მუსლიმთა და არაბთა აურაცხელი რაოდენობა“; ასე რომ, დიდგორის ბრძოლიდან ოცდათორმეტი წლის შემდეგაც, ალ-ფარიკის თბილისში ყოფნის დროს, ზოგი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ქართველთა ლაშქარს ტყვედ წამოუყვანია არა მარტო უბრალო მოლაშქრენი, არამედ მათი სარდლებიცა და გოლიათებიც. დავითის ისტორიკოსი აღფრთოვანებული წერდა: „გლეხებმაც კი ნახეს, როცა ქართველ მოლაშქრეებს არაბთა მეფეები მოჰყავდათ ტყვედ, ხოლო ტყვედ წამოყვანილ სხვა გოლიათებზე სიტყვის თქმა რაღა საჭიროაო“.
რა თქმა უნდა, დიდგორის ბრძოლამ, დაჭრილებისა თუ დახოცილების სახით, ბევრი ქართველი, ყივჩაყი, თუ ოსი მოლაშქრეც შეიწირა. მაგრამ საქართველოს ლაშქრის დანაკლისი, მტრის ჯარის დანაკლისთან შედარებით, იმდენად მცირე ყოფილა, რომ არც ერთ ძველ ისტორიკოსს მისი აღნიშვნა საჭიროდაც არ მიუჩნევია. დავითის ისტორიკოსი იმასაც კი წერს, რომ მეფემ „თვისნი სპანი დაიცვნა უვნებლად“, ყოველგვარი მნიშვნელოვანი ზარალის გარეშეო. საქართველოს ლაშქარმა, მრავალრიცხოვან ტყვეებთან ერთად, დიდძალი ალაფიც (ნადავლი) იგდო ხელთ. მათე ურჰაელის სიტყვით, მტრის უპატრონო „ცხენებისა და დაყრილ იარაღ-საჭურვლისაგან დაიფარა ყოველნი პირნი ველთანი“. ალფარიკიც კი იძულებულია აღნიშნოს: ამ ომში „მათ (ქართველებმა) დიდძალი სიმდიდრე წაართვეს მუსლიმებს“-ო. ამ ნადავლს თვით მოლაშქრენი და სამეფო ხელისუფლება დაეუფლა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „ხოლო სპანი ჩვენნი და უფროსად (უფრო მეტად) ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და ვერცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, სრა-ფარდაგებითა და სხვათა უცხოთა ჭურჭლებითა (იარაღებითა) საბრძოლველითა თვითო სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა,1 სასმურთა ტურფათა (ძვირფასთა) და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა-რომელმან ქარტამან (ქაღალდმან) და მელანმან დაიტიოს აღწერად“ ყველაფერი ის, რაც ამ დროს ქართველების მიერ ნადავლის სახით იქნა აღებულიო. ვახუშტი ბაგრატიონი კიდევ აღნიშნავდა: „ალაფთა მრავალრიცხოვნობის შესახებ არაფერს ვამბობ, რადგან გლეხებიც კი ოქროვერცხლის გარდა სხვას არ აიღებდნენ ნადავლისაგანო“.
ამ აურაცხელ ნადავლში მრავლად იყო ბრძოლის მონაწილე მთავარსარდალთა, დიდ მაჰმადიან მფლობელთა პირადი ნივთებიც. ფრიად საინტერესო ცნობა დაუცავს ამ მხრივ თამარ მეფის (1178-1207 წწ.) პირველ ისტორიკოსს, ცნობილი თხზულების _ „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ _ ავტორს.
შენიშვნა
1. ქოსი ანუ ქოსნაღარა _ სპილენძის საკრავი, ჩასაბერი; ფილაკავანი _ „სასროლი იარაღი ზღუდეების (სიმაგრეების) დასანგრევად“.

თამარის ეს ისტორიკოსი დიდგორის ბრძოლის ამბებს იხსენიებს საქართველოს ლაშქრის მიერ 1195 წ. შამქორის ომში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების აღწერის დროს და სხვათა შორის აღნიშნავს: თამარმა იწყო შამქორის ბრძოლის შემდეგ მოპოვებული ნადავლის შეწირვა: „ხალიფას დროშა, რომელიც შალვა ახალციხელმა მოიტანა, მან გაგზავნა დიდ მონასტერში ხახულის ღვთისმშობლისათვის, მსგავსად თავისი მამის პაპისა (ე. ი. დავით აღმაშენებლისა), რომელსაც დიდგორის გაქცევის (ბრძოლის) შემდეგ დურბეიზ სადიყას ძის ქედისაგან (კისრისაგან) მოძარცული ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს მანიაკი~ შეუწირავს ამავე მონასტრისთვისო.
როგორც ჩანს, დიდგორის ბრძოლაში დამარცხებული და გზააბნეული „არაბეთის მეფის“ დურბეიზისათვის ქართველ მოლაშქრეებს კისრიდან მოუგლეჯიათ მისი მფლობელის ძლიერებისა და ზვიადობის მაუწყებელი ძვირფასი, მოთვალულ-მომარგალიტებული ყელსაბამი, რომელიც ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად დავით აღმაშენებელს გელათის მონასტრისათვის შეუწირავს.
თამარის ისტორიკოსის ამ საინტერესო ცნობიდან ისიც კარგად ჩანს, თუ როგორ მძიმე განსაცდელში აღმოჩენილი „არაბთა მეფე“ _ იგი მხოლოდ სასწაულებრივ შემთხვევას გადაურჩენია სამარცხვინო ტყვეობისაგან. დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული ნადავლის ნაწილის გელათის მონასტრისათვის შეწირვის შესახებ ცნობას გვაწვდის თვით დავითის ისტორიკოსიც. მისი სიტყვით, მეფემ ახლად აშენებულ გელათს სხვა მრავალ „ყოვლად დიდებულ“ და „ძნელად საპოვნელ ნივთთა“ გარდა, უხვად შესწირა „იავარად მოხმულნი“ (ნადავლად აღებული), „დიდთა და ხორასანთა მეფეთა ტახტნი, საყრდარნი (მისაყრდნობელთანი სასხდომები), კიდელნი ფერად-ფერადი და კვალად გვირგვინნი და მანიაკი... რომელნი მოუხუნა (წაართვა) მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თვით იგინიცა ტყვედ მოიყვანნა, მასვე ტაძარსა შინა შეწირნა ღმრთისა სახსენოდ და სამდლობელად ძლევისა მის საკვირველისა“. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში დავითის ისტორიკოსს პირველ რიგში მხედველობაში აქვს დიდგორის ბრძოლის მონაწილე „მეფენი არაბეთისანი“ და ამ ბრძოლაში მოპოვებული მართლაც „საკვირველი ძლევა“ (გამარჯვება). როგორც ვხედავთ, დავითს გელათისათვის, „გამარჯვების სამადლობელად“ და „ღვთის სახსენებლად“, შეუწირავს დიდგორის ბრძოლაში როგორც „იავარად მოხმული“ ნივთები, ასევე ტყვეებიც.
ამრიგად, ქართველთა ლაშქარმა 1121 წ. 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ მოწინააღმდეგის დამარცხება დიდგორის ველზე ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მასზე საბოლოოდ გამარჯვებას. ეს კარგად ესმოდათ ამ დიდ წარმატებათა ორგანიზატორებს და ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელმა გადაწყვიტა კვალდაკვალ მიჰყოლოდა ზურგშექცეულ მტერს, რათა მისთვის დაქსაქსული და დამარცხებული ძალების ხელახლა გაერთიანებისა და შემოტევის შესაძლებლობა არ მიეცა.
გაქცეული თუ უკანდახეული მტრის დევნით დიდგორის ბრძოლის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეტაპი დაიწყო. აქაც გამოჩნდა დიდი მხედართმთავრის ნიჭი და უნარი. დავითის ისტორიკოსის ცნობით, მეფე „მეოტთა (გაქცეულებს) სიმარჯვით და განკრძალულად (ფრთხილად) სდევნიდა~. დამარცხებული და უწესრიგოდ უკანდახეული მტრის დევნა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. მათე ურჰაელის მიხედვით, ქართველთა და ყივჩაყთა ლაშქარმა რვა დღე ქალაქ ანისის საზღვრამდე სდია ილღაზის დაქსაქსულ ჯარებს და დიდი ზიანი მიაყენა მას. გოტიეს სიტყვით კი, დევნა თითქოს მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა და მტერმა ამ დროს გაცილებით მეტი ზარალი ნახა, ვიდრე თვით ბრძოლის ველზე. იბნ ალ-ასირსაც არ გამორჩენია მხვედველობიდან ყოველივე ეს და საგანგებოდ მითითებული აქვს კიდეც, რომ ქართველებმა თურქებს 10 ფარსაგის1 მანძილზე სდიესო.
შენიშვნა
1. ფარსაგი, ფარსახი _ გზის საზომი სპარსული ერთეულია, უდრის დაახლოებით ხუთ-ექვს კილომეტრს.

როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქარს მართლაც მოუხერხებია დევნილი მტრის სრული დამარცხება და განადგურება. ისე რომ, მათმა სარდლებმა, თვით ილღაზმაც კი, ვერ შეძლეს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ძალის შემოკრება და დამარცხებული, ბრძოლაში დაჭრილი მთავარსარდალი, თავის სიძესთან ერთად, თვით ალ-ფარიკის ცნობით, მხოლოდ ოციოდე მხედრითურთ დაბრუნებულა თავის ქვეყანაში.
ილღაზის დაჭრისა და სამარცხვინო გაქცევის შესახებ წერენ როგორც მათე ურჰაელი, ისე გოტიე. ამ უკანასკნელის მიხედვით, „თვით ილღაზი, თავში დაჭრილი, თითქმის ყველა თავისიანის სიკვდილის თვითმხილველი... გადარჩა, მცირე პირთა თანხლებით და უსაჭურვლო და სანახევროდ მკვდარი დაბრუნდა სახლში, არაბთა მეფის (დუბეისის) დახმარებით“. დამარცხებული და შერცხვენილი დაბრუნდნენ, ილღაზთან ერთად, მათე ურჰაელის სიტყვით, სხვა სარდლებიც: „ძლივს მოახერხეს რა გაქცევა, სპარსთა სულთანი მელიქი (თოღრული) და ხაზი (ილღაზი) დაბრუნდნენ დიდად შერცხვენილნი თავიანთ ქვეყანაში“.
ამრიგად, როგორც დიდგორის ველზე, ასევე მტრის კვალდაკვალ დევნისა და ხოცვის დროს, ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანმა ლაშქარმა დიდი გამარჯვება მოიპოვა. თურქ-სელჩუკთა დიდმა კოალიციურმა ლაშქარმა სასტიკი დამარცხება იგემა არა მარტო დიდგორის ველზე, საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, მათ მიერვე დაპყრობილ ტერიტორიაზე. დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვება პირველ რიგში, ცხადია, იყო ქართველი ხალხის გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თვითმყოფობისათვის ბრძოლაში, მაგრამ იგი ამასთანავე ეხმაურებოდა ამიერკავკასიისა და საერთოდ, კავკასიის ხალხთა საერთო ინტერესებს, მათ ერთობლივ ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ. ამიტომაც იყო, რომ კავკასიის ხალხებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ბრძოლის მოგებაში. ქართველთა ლაშქარში შედიოდა საქართველოს მფლობელობასა და გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მოსახლეობაც: ყივჩაყები, ოსები, სომხები, შირვანელები და სხვა. დიდგორის ბრძოლა მოიგო საქართველოს სამეფოს ლაშქარმა და ქართველმა ხალხმა, რომელმაც უზრუნველყო ეს ლაშქარი ცხენებით, იარაღ-საჭურვლით, სურსათ-სანოვაგითა და ყველაფერ იმით, რაც საჭირო იყო გამარჯვებისათვის. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაშქრის ხელმძღვანელობას, სარდლობას; ამ მხრივაც საქართველოს ლაშქარი უნაკლო იყო: მის სათავეში იდგა ძველი საქართველოს ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავარი და უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე დავით მეოთხე, აღმაშენებელი.
ზემოთქმულის შემდეგ ყველა საღად მოაზროვნე მკითხველში გაოცებას გამოიწვევს გოტიეს ცნობისადმი მინდობილი ზოგი ისტორიკოსის მოსაზრება დიდგორის ველზე გამარჯვებაში „ორასი ფრანგისათვის~ გადამწყვეტი როლის მიკუთვნების შესახებ. აი, რას წერდა ს. კაკაბაძე დიდგორის ბრძოლის 820 წლისთავისადმი მიძღვნილ, ჩვენ მიერ ზემოხსენებულ წერილში: „გოტიეს ამ მეტად საყურადღებო ცნობაში განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის ადგილი, სადაც ავტორი ამბობს, რომ ომის ბედი ორასმა ფრანგმა (ევროპელმა) გადაწყვიტა. ეჭვს გარეშეა, აქ იგულისხმებიან ევროპელი რაინდები, რომელნიც დავითის სამსახურში იმყოფებოდნენ და რომელნიც მოქმედებდნენ ქართველ რაინდებთან ერთად. მათი რიცხვი რამდენიმე ასი და შესაძლებელია, ერთი-ორი ათასი ყოფილიყო (იგულისხმებიან მძიმედ შეიარაღებული და საუკეთესოდ გაწვრთნილი რაინდები). მართლაც სავსებით შესაძლებელია, რომ დიდგორის ბრძოლაში ამ მძიმედ შეიარაღებულ რაინდებს გადამწყვეტი როლი შეესრულებინოთ, მაგრამ მარტო ეს, რასაკვირველია, არ კმაროდა. საჭირო იყო სათანადო მხედართმთავრობაც“ (ხაზგასმა შოთა მესხიასი).
როგორც ვხედავთ, ს. კაკაბაძე სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს დიდგორის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი მიაკუთვნოს მძიმედ შეიარაღებულ იმ ორას (თუნდაც ერთ-ორ ათას) „ფრანგს“, ჯვაროსანს, რომელიც ამ დროს დავითის ლაშქარში ითვლებოდა.
ჩვენ ზემოთ უკვე მივუთითეთ, თუ როგორ აზვიადებდა გოტიე ყველაფერს და განსაკუთრებით კი „ორასი ფრანგის“ როლს დიდგორის ბრძოლაში. ყველა ისტორიკოს-მკვლევარისათვის ეს ადვილად შესამჩნევია და განა ვინმე დაიჯერებს, რომ იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა 40000 ქართველი, 15000 ყივჩაყი და 500 ოსი, გამარჯვება მოეპოვებინოს მხოლოდ 200 „ფრანგს“, თუნდაც კარგად შეიარაღებულს, იმ „ფრანგებს“ (ჯვაროსნებს) რომელნიც, უფრო მრავალრიცხოვანნი, არაერთხელ სასტიკად დაუმარცხებიათ სწორედ დიდგორის ბრძოლის წინა წლებში თურქ-სელჩუკებს, მათ არც ისე მრავალრიცხოვან მოლაშქრეებს. გოტიეს ცნობის ასე უკრიტიკოდ გამეორება, მისი ფრიად საყურადღებოდ და სანდოდ გამოცხადება, სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა დიდგორის სახალხო ბრძოლის მრავალრიცხოვან მონაწილეთა თავგანწირვის და საერთოდ, ამ ბრძოლის დიდი მნიშვნელობის შეუფასებლობა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ორასმა მძიმედ შეიარაღებულმა ფრანგმა~ კი არა, საქართველოს ლაშქრის თავგანწირვამ, მოლაშქრეთა მარჯვედ მოქნეულმა ხმალმა, ქართველი გლეხისა და ხელოსნის მარჯვენამ და მამაცი ლაშქრის გონიერმა ხელმძღვანელობამ უზრუნველყო დიდი გამარჯვება დიდგორის გადამწყვეტ ბრძოლაში. „ძლევაი საკვირველი“ _ „გამარჯვება საკვირველი“ _ ასე უწოდა დავითის ისტორიკოსმა დიდგორის ველზე მოპოვებულ გამარჯვებას. ქართლის გულში შემოჭრილი მრავალრიცხოვანი მტრის განადგურება ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანი ლაშქრით, მართლაც, „საკვირველი ძლევა“ იყო. დიდგორის ველმა, „საკვირველი გამარჯვების“ ადგილმა, დღემდე შემოინახა 850 წლის წინათ მომხდარი ბრძოლის არა ერთი ნაკვალევი. აღსანიშნავია, რომ მწერალ ლევან გოთუას მიერ გამოქვეყნებული მასალებით, დიდგორის ქედზე, სათოვლიასა და ნაბაღრების თავზე აღმართულ მთას ხალხი დღესაც „დავითის მთას“ ეძახის. ეს მთა ამავე სახელწოდებით აღნიშნულია რუკებზედაც. სწორედ ფიქრობს ჩვენი სახელოვანი მწერალი, რომ მთის ამგვარი სახელი „დავით აღმაშენებელთან და დიდგორის გამარჯვებასთან~ უნდა იყოს დაკავშირებული.
ამას გარდა, დიდგორის უმაღლესი წერტილის ხელოვნურობის უტყუარი ნიშნების მქონე ყორღანი, ხალხში შემონახული გადმოცემით, „დიდგორის ბრძოლაში დაღუპულ ძმათა საერთო სამარეა“. დიდგორის ერთ-ერთი მაცხოვრებლის სიტყვით, ამ საერთო სამარეს გამარჯვებულმა „ლაშქარმა აუარ-ჩამოუარა და მუჭა-მუჭა, ზოგმა კი კალთა-კალთა მიაყარა დიდგორის მიწა“ _ და ასე შეიქმნა ეს ხელოვნური ბორცვიც.
ეს და სხვა მსგავსი გადმოცემა არ არის საფუძველს მოკლებული _ დიდგორის ველი, მისი ბორცვები, ალბათ, მართლაც მრავლად ინახავს ჩვენთვის უცნობ და უსახელო თავდადებულ მებრძოლთა უკვე მტვრად ქცეულ ნაშთებსა და მათ იარაღ-საჭურველს. ამ ადგილების არქეოლოგიური შესწავლა, როგორც ზემოთაც ითქვა, მნიშვნელოვან ახალ მასალას შეგვძენდა აქ გამართული ბრძოლისა და მოპოვებული გამარჯვების მრავალი დეტალის დასაზუსტებლად.
შემთხვევითად არ მიგვაჩნია ისიც, რომ „დიდგორობის“ ხალხური, ყოველწლიური დღესასწაული აგვისტოში, მაინცდამაინც, დიდგორის ბრძოლის დამთავრებისა და მარიამობის (15 აგვისტო) მომდევნო კვირას იმართება. იქნებ ეს ხალხური დღესასწაული ამავე დროს არის „საკვირველი ძლევის“ ყოველწლიური დღესასწაული და დამოუკიდებლობისა და პროგრესისათვის მებრძოლთა _ დიდგორობის გმირების _ ხსოვნასაც ეძღვნება...
დიდგორის ბრძოლის შედეგები და მნიშვნელობა
1. თბილისის შემოერთება
დიდგორის ველზე მტრის კოალიციური ლაშქრის დამარცხების, მისი საკმაოდ ხანგრძლივი დევნისა და საბოლოოდ განადგურების შემდეგ დავით აღმაშენებელს გზა ხსნილი ჰქონდა თბილისისაკენ. დიდგორის ბრძოლაში მეფემ დაამარცხა არა მარტო თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი, არამედ მან მოსპო იმ ქალაქების დამოუკიდებლობაცა და გაერთიანებაც, რომლებიც აქ კოალიციურ ლაშქარს იწვევდნენ დავითის წინააღმდეგ. დიდგორის ველზე არსებითად გადაწყდა თბილისის, დმანისისა და სხვა ქალაქთა ბედიც, დადგა მათი დამოუკიდებლობის აღსასრული. მას შემდეგ, რაც საქართველოს ქალაქების კავშირმა (თბილისმა და დმანისმა) ასე დიდი ომი გაუმართა სამეფო ხელისუფლებას, დავითი დარწმუნდა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქალაქები უბრძოლველად არ დათმობდნენ პოზიციებს და მათ კიდევ ახალი დამხმარე ძალების მოწვევა რომ არ ეცადათ, მეფემ გეზი პირდაპირ თბილისისაკენ აიღო. ასე რომ, ბრძოლა თბილისისა და სხვა ქალაქების დასამორჩილებლად არსებითად დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა.
თბილისის შემოერთებისათვის ბრძოლა დავით IV-ის დროს არ დაწყებულა. ბრძოლას თბილისისათვის ხანგრძლივი ისტორია აქვს და მისი ძირითადი ეტაპების მიმოხილვა კიდევ უფრო კარგად დაგვანახებს დიდგორის ბრძოლის ერთი უმთავრესი შედეგის დიდ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის. თბილისის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ხალხის ისტორიასთან. თბილისი, როგორც ქალაქი, წარმოშობის დღიდან არა მარტო ქართლის სამეფოს პოლიტიკური, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკური ცენტრიც იყო.
VIII საუკუნიდან საქართველოში არაბი დამპყრობლების ლაშქრობებმა, ხოლო შემდეგ გაბატონებამ და თბილისის საამიროს ჩამოყალიბებამ, ქალაქი ერთხანს მოსწყვიტა ქვეყანას და დააბრკოლა მისი ნორმალური განვითარება; მაგრამ ხალიფატის ფეოდალიზაციისა და თბილისის საამიროს თანდათან გამოცალკევების შემდეგ ქალაქმა ისევ დაამყარა შედარებით მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოს ზოგ კუთხესთან, მეზობელ ქვეყნებთან და ქალაქებთან... თბილისი მალე არა მარტო საქართველოს, მთელი მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად იქცა.
X-XI სს. მიჯნაზე წარმოქმნილ ერთიან საქართველოს და მის სამეფო ხელისუფლებას, შემდგომი გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის, განსაკუთრებით სჭირდებოდა ქალაქები. მათი, კერძოდ თბილისის, გათავისუფლება უცხო დამპყრობთა ბატონობისაგან და შემოერთება, დიდად შეუწყობდა ხელს ფეოდალური მონარქიის განმტკიცებას. საქართველოს ქალაქებსაც უკვე ჩამოყალიბებული, გაერთიანებული საქართველოს სამეფო ხელისუფლების მფარველობის ქვეშ ყოფნა ერჩიათ უცხოელთა ბატონობას და ამიტომაც ისინი, თავის მხრივ, მხარს უჭერდნენ სამეფო ხელისუფლების მისწრაფებას შემდგომი გაძლიერებისა და განმტკიცებისაკენ.
გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ III-მ მნიშვნელოვნად შეავიწროვა თბილისის საამიროს ტერიტორია. თბილისი უკვე საქართველოს მეფის სამფლობელოებით იყო გარშემორტყმული და დღეს თუ ხვალ ქალაქიც მათ უნდა შეერთებოდა. მაგრამ იგი ჯერ კიდევ მაინც მაჰმადიან მფლობელთა ხელში რჩებოდა. გიორგი I-ის მეფობის დროს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, საქართველოს სამეფოს მთელი ძალები დიდმნიშვნელოვანი საგარეო ამოცანების გადაწყვეტას შეელია და ქართული მიწა-წყლის საბოლოოდ თავმოყრა და შემომტკიცება ვერ დასრულდა _ თბილისი გაერთიანებული საქართველოს გარეთ რჩებოდა ისევ.
საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ თანმიმდევრული ბრძოლა თბილისისათვის XI ს. 30-იანი წლებიდან დაიწყო. იმ დროს საქართველოში ბაგრატ IV მეფობდა, ხოლო თბილისში ამირა ჯაფარი იჯდა. ქართველმა დიდებულებმა, კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ივანე აბაზასძემ, 1032 წელს თბილისის ამირა შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. საქართველოს მეფეს გზა ხსნილი ჰქონდა თბილისისაკენ, მაგრამ მეფის გაძლიერების მოწინააღმდეგეებმა უასაკო ბაგრატს შეაცოდეს შეპყრობილი ჯაფარი და გათავისუფლება და ისევ თბილისის ამირად დატოვება ურჩიეს. ბაგრატმა მართლაც შეიწყალა ჯაფარი და „გაუტევა ტფილისს ზედა ამირად~. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის შემოერთებისათვის ბრძოლა ისევ განახლდა, 1037 წელს ბაგრატ IV-მ თავისი ლაშქრით ალყა შემოარტყა თბილისს. ამჯერად ქართველებმა თბილისის აღება ხანგრძლივი გარემოცვით სცადეს; ალყა ორ წელს გაგრძელდა. თბილისში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ქალაქი უკვე დანებებასაც აპირებდა, როცა ბაგრატ IV-მ, ისევ მოწინააღმდეგე დიდებულთა შთაგონებით, თბილისს უეცრად ალყა მოხსნა და ქალაქს გაეცალა. თბილისი ისევ გასაქცევად გამზადებულ ჯაფარს დარჩა _ 1039 წელს ბაგრატ IV-მ მეორედ დაკარგა თბილისის შემოერთების შესაძლებლობა.
1045 წელს თბილისის ამირა ჯაფარი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეთა შორის დაიწყო ბრძოლა თბილისის ხელში ჩასაგდებად. ამით ისარგებლეს ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ჯაფარის მემკვიდრეები ქალაქიდან გააძევეს და ქალაქი თვით დაიჭირეს. თბილისის განმგებლობა ამგვარად „ქალაქის უხუცესების“ ანუ, როგორც ქართველი ისტორიკოსი უწოდებს, „თბილისის ბერების“ ხელში გადავიდა. მოქალაქენი და მათი ხელისუფალნიც, „ქალაქის ბერებიც“ ამჯერად საქართველოს მეფის მომხრენი აღმოჩნდნენ და გადაწყვიტეს თბილისი ბაგრატ IV-ისათვის ჩაებარებინათ და საქართველოსთან შეეერთებინათ. ამიტომ მოუწოდეს „ქალაქის ბერებმა“ ბაგრატ IV-ს. საქართველოს მეფე თბილისისაკენ გამოემართა; დიღმის ველზე მეფეს მოქალაქენი და ქალაქის უხუცესები შეეგებნენ და იგი დიდი ზეიმით ქალაქში შეიყვანეს: „იყო ხმობა ბუკთა და დუმბულთა... რომლისა ხმითა იძრვოდა ქვეყანა და იყო სიხარული ყოველმხრივ გასაკვირველი“ _ მოგვითხრობს ისტორიკოსი. მეფე ქალაქს შემოატარეს, მოქალაქეთა წესისამებრ, ბაგრატ IV-ს თავზე აყრიდნენ ოქროსა და ვერცხლის ფულებს, შემდეგ კი ქალაქის კარებისა და ციხეების გასაღებები ჩააბარეს და ქალაქის ყოფილი ამირას სასახლის დარბაზში შეიყვანეს. მეფემ ქალაქსა და მის ციხეებში თავისი მოხელეები ჩააყენა, მაგრამ სანამ იგი ქალაქის მეორე ნაწილსაც (მტკვრის მარცხენა, თბილისის გამაგრებულ ნაპირს) შემოიმტკიცებდა, ამოქმედდნენ მეფის მოწინააღმდეგენი, განსაკუთრებით კლდეკარის ერისთავი აქტიურობდა. მეფე იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და ჯავახეთს გადასულიყო.
XI ს. 50-იან წლებში ბაგრატ IV-მ ერთხელ კიდევ დაიჭირა თბილისი, მაგრამ არა დიდი ხნით, ამჯერადაც ისევ დიდგვარიანთა წყალობით უკვე მეოთხედ დაკარგა მეფემ თბილისის შემოერთების შესაძლებლობა. ამ დროიდან რამდენიმე წელი ისე გავიდა, რომ საქართველოს მეფეს თბილისისათვის ბრძოლა არ უწარმოებია. ამ ხნის მანძილზე ქალაქს ისევ, ძველებურად, „თბილისის ბერები განაგებდნენ“.
თურქ-სელჩუკების მეორე ლაშქრობამ საქართველოში 1068 წელს კიდევ რამდენიმე წლით გადადო თბილისის შემოერთებისათვის ბრძოლა. ამ ლაშქრობის დროს სულთანმა ალფარსლანმა თბილისიც აიღო და თავის მოკავშირეს განძის იმდროინდელ მაჰმადიან მფლობელს, ფადლონს გადასცა. თბილისს ახალი ბატონი გაუჩნდა, მაგრამ ფადლონის ბატონობა ხანმოკლე აღმოჩნდა; მაგრატ IV-მ შეძლო ხელთ ეგდო იგი. მეფეს ამჟამად არავინ უშლიდა ხელს თბილისის საბოლოოდ შემოერთებაში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მეფის გაძლიერების მოწინააღმდეგე დიდგვარიანები ჩაერივნენ საქმეში და ბაგრატი აიძულეს თბილისში განმგებლად ისევ ძველი ამირების შთამომავალი მოეყვანა. ქართველი ისტორიკოსის სიტყვით, მეფემ „სითლარაბი ძებნა, შემოიყვანა ტფილისად მემამულედ და მისცა მას ტფილისი“; თვით კი _ თბილისის ირგვლივ მდებარე ციხეების აღებით დაკმაყოფილდა. ამრიგად, თბილისში ისევ ამირას ხელისუფლება გაჩნდა, მაგრამ თბილისის ამირა საქართველოს მეფის ყმადნაფიცობას (ვასალობას) აღიარებდა და ბაგრატ IV-ს 44000 დრაჰკანსაც უხდიდა. ასე აღდგა თბილისში ერთხელ კიდევ ჯაფარიდების შთამომავალთა მფლობელობა. მაგრამ XI ს. 80-იანი წლებიდან ჯაფარიდების ეს უკანასკნელი მფლობელიც აღარ იხსენიება. როგორც წყაროებიდან ჩანს, ამ დროისათვის ჯაფარიდების საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელიც გადაშენებულა.
ალ-ფარიკის ცნობიდან ირკვევა, რომ ჯაფარიდების მფლობელობა თბილისში მხოლოდ 1069 წლიდან 1082 წლამდე გაგრძელებულა. ამის შემდეგ კი, ალ-ფარიკისავე ცნობით, „ორმოცი წლის განმავლობაში თბილისი იყო მისი ხალხის ხელში... და ყოველ თვეს განაგებდა ქალაქს ერთი მათგანი“. ღოგორც ვხედავთ, ჯაფარიანთა გადაშენების შემდეგ, XI ს. 80-იანი წლებიდან მოკიდებული, ქალაქის განმგებლობა ისევ მოქალაქეთა, მის უხუცესთა, ანუ, როგორც წყარო ამბობს, „მისი ხალხის ხელში“ გადასულა. თბილისში ამგვარი მმართველობა, იმავე ავტორის ცნობით, ორმოცი წელი გაგრძელებულა. ქალაქის განმგებლობის „ხალხის ხელში“ გადასვლა ქალაქის თვითმმართველობის ქალაქის დამოუკიდებლობაში გადაზრდას, ანუ თბილისის ქალაქ-კომუნად გადაქცევას ნიშნავდა.
თბილისის გადაქცევა ქალაქ-კომუნად, როგორც ვხედავთ, გიორგი II-ის დროს მომხდარა. თვით გიორგის მეფობის ხასიათი, თავის მხრივ, ხელს უწყობდა თბილისის მოქალაქეთა წარმომადგენლების გამარჯვებას. გიორგი II-ის დროს შექმნილი საგარეო და საშინაო პირობები საქართველოს მეფეს შესაძლებლობას არ აძლევდა ყურადღება მიექცია თბილისისათვის და ქალაქის დამოუკიდებლობის მოსპობა და მისი შემოერთება ეცადა.
დავით აღმაშენებელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მეფობის პირველ ნახევარში არსებითად ნიადაგს ამზადებდა თბილისის შემოსაერთებლად და ამიტომაც იგი, სათანადო პირობების მომწიფებამდე, ქალაქისა და მის ხელისუფალთა შევიწროებას საჭიროდ არ მიიჩნევდა. კიდევ მეტი, დავითის მეფობა ობიექტურად ხელს უწყობდა თბილისის დამოუკიდებლობის განმტკიცებას _ საქართველოს გაძლიერებული მეფის შიშით, მეზობელი მაჰმადიანი მფლობელები ვერ ბედავდნენ ეცადათ თბილისის დაპყრობა, მით უფრო, რომ დავითი წარმატებით ერეკებოდა მათ არა მარტო საქართველოდან, არამედ მისი მეზობელი ქვეყნებიდანაც. ამასთანავე, სამეფო ხელისუფლება, როგორც ეს კარგად ჩანს ევროპის ქალაქების ისტორიის მაგალითებიდან, ყოველთვის ერთნაირ და მტრულ დამოკიდებულებას არ იჩენდა დამოუკიდებელი ქალაქებისადმი. პირველ ხანებში, ე. ი. მანამ, სანამ სამეფო ხელისუფლება დაადგებოდა მტკიცე ცენტრალიზაციის გზას, იგი მხარს უჭერდა ქალაქ-კომუნებს, დამოუკიდებელ საქალაქო თვითმმართველობას და მათ კიდეც იყენებდა მსხვილი ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალაქებიც ამ პერიოდში სამეფო ხელისუფლების მოკავშირეებად გამოდიოდნენ. საქალაქო თვითმმართველობის ამგვარი დამოკიდებულება ჩვენ უკვე დავინახეთ ბაგრატ IV-ისა და „ტფილელ ბერთა“ ურთიერთობის მაგალითზე; სამეფო ხელისუფლებისა და თბილისის ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა განმტკიცებულიყო დავით აღმაშენებლის მეფობის პირველ პერიოდში, როცა იგი დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებდა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ მსხვილ საერო და სასულიერო ფეოდალებთან. ამიტომ, ბუნებრივია, თუკი სამეფო ხელისუფლება ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ ფიქრობდა დამოუკიდებელი ქალაქების შევიწროებას, ქალაქ-კომუნების გაუქმებასა და მათ შემოერთებას.
მაგრამ XII ს. 20-იანი წლებიდან საქართველოში დაირღვა სამეფო ხელისუფლებასა და ქალაქებს შორის მანამდე არსებული კავშირი. მტკიცე ცენტრალიზაციის გზაზე შემდგარ სამეფო ხელისუფლებას ერთიანი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დამოუკიდებელი ქალაქი-რესპუბლიკების დამორჩილებისათვის უნდა ეზრუნა, რომ დაესრულებინა ქართული მიწა-წყლის შემომტკიცების პროცესი. ცხადია, დამოუ კიდებელი ქალაქები, თავის მხრივ, უბრძოლველად არ დათმობდნენ უკვე საკმაო ხნის მანძილზე მოპოვებულ თავისუფლებას. ამიტომ იყო, რომ დავითის მიერ თბილისზე მფარველობის ხელის დადების ცდებს თბილისელი მოქალაქეები, მისი მმართველი ზედაფენა, მტრულად შეხვდნენ და დამხმარე ძალების ძიება დაიწყეს მეზობელ ქალაქებსა და ქვეყნებში. ასე რომ, დამოუკიდებელი ქალაქების კლასობრივმა ინტერესებმა განსაზღვრეს თბილელთა და დმანელთა ელჩობა მაჰმადიან მფლობელებთან და არა ნაციონალურმა მომენტებმა _ მაჰმადიანური მოსახლეობის სიჭარბემ ქალაქებში, და ან კიდევ, თურქ-სელჩუკთა შემოსევების შემდეგ ქართველებსა და მაჰმადიანებს შორის გამწვავებულმა ურთიერთობამ.
თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი მიუთითებდა თბილისში „მოქალაქეთა შორის მაჰმადიანთა“ სიჭარბეზე. უდავოა, რომ ჯერ არაბთა მრავალსაუკუნოვანი ბატონობის, ხოლო შემდეგ თურქ-სელჩუკთა შემოსევების წყალობით, თბილისში მუსლიმური მოსახლეობა შედარებით მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო საერთოდ, კერძოდ კი, თბილელ ვაჭართა შორის. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავდა თბილისის მოსახლეობის ამ ნაწილის გადამწყვეტ როლს საქალაქო ცხოვრებასა და მართვა-გამგებლობაში. ქართული დოკუმენტური, ნუმიზმატიკური თუ სხვა სახის არქეოლოგიური მასალა, ასევე ზოგი უცხოური წყაროს მონაცემებიც, სავსებით გვარწმუნებენ ქალაქის ქრისტიანული (ქართულ-სომხური, განსაკუთრებით კი ქართული) მოსახლეობის სიძლიერესა და მნიშვნელოვან როლში. ამას გარდა, საუკუნეების მანძილზე თბილისში მცხოვრები და მოსაქმე მუსლიმური მოსახლეობა შეუძლებელია ადგილობრივი ქართული თუ საერთოდ, ქრისტიანული მოსახლეობისადმი დაპირისპირებულ და მისგან გამოთიშულ ძალად მივიჩნიოთ. ივ. ჯავახიშვილის სავსებით მართებული განცხადებით, „მუსლიმ მოქალაქეთა შვილები და შვილიშვილები~, ე.ი. მათი საქართველოში, მის ქალაქში აღზრდილი შთამომავლები, „საქართველოს ძლიერებისა და ბედნიერებისათვის იმნაირადვე ზრუნავდნენ, როგორც ჩვენი ერის ღვიძლი შვილები“.
ქართული ქრისტიანული და მუსლიმური მოსახლეობის საუკუნეთა მანძილზე თანაცხოვრება თბილისში და საქართველოს ზოგ სხვა ქალაქში, მაჰმადიანთა მფლობელობის ხანგრძლივ პერიოდში თბილისის მჭიდრო კავშირი საქართველოს ცალკეულ კუთხეებთან და საერთოდ ქართულ სამყაროსთან, თბილისის გარემოცვა განსაკუთრებით XI ს. დამდეგიდან საქართველოს ახლად წარმოქმნილი ფეოდალური მონარქიის მიერ და, აქედან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოებრივი წყობის დიდი გავლენა ქალაქზე განსაზღვრავდა თბილისის საქალაქო წყობის, მმართველობის, საქალაქო ცხოვრებისა და ყოფის თავისებურებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამიტომაც არ შეიძლება სწორად მივიჩნიოთ შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ქალაქების ქართველ მკვლევართა შორის ფეხმოკიდებული შეხედულება, რომლის მიხედვითაც „თბილისის საქალაქო წყობილება 1122 წლამდე წარმოადგენდა აღმოსავლური საქალაქო წყობილების ზუსტ განმეორებას“.
ასე რომ, XII ს. 20-იანი წლებიდან დავით IV-ისაგან შევიწროებული თბილისელების მიერ ერთხანს მაჰმადიან მფლობელებზე აღებული ორიენტაცია, „ქალაქის მფარველის“ ძებნასთან დაკავშირებით, თბილისის „აღმოსავლურობით“, მის მოსახლეობაში მუსლიმების სიჭარბით და საქალაქო ცხოვრებაში მათი გადამწყვეტი როლით არ შეიძლება აიხსნას. ამაში ჩვენ, ზემოთქმულს გარდა, თბილისელთა მიერ არაერთგზის გადადგმული საწინააღმდეგო ნაბიჯიც გვარწმუნებს. ჯერ კიდევ XI ს. შუა წლებში, როგორც აღვნიშნეთ, „თბილელმა ბერებმა“ თვით მაჰმადიან მფლობელთა (ჯაფარის მემკვიდრეთა) წინააღმდეგ პირველ რიგში საქართველოს მეფე მოიწვიეს. ამგვარადვე, შექმნილი საშინაო და საგარეო ვითარების შესაბამისად მოქმედებდნენ თბილისელები შემდეგაც. ამიტომ იყო, რომ რაკი ტოღრულის მოწვევამ ვერ გაამართლა იმედები, ისინი საქართველოს მეფეს შეუთანხმდნენ და, როგორც აღინიშნა, მასთან დადეს მფარველობითი ხელშეკრულება. მაგრამ თბილისის, როგორც საქართველოს ორგანული ნაწილის, საკითხი ვერც ამით გადაწყდებოდა; საქართველოს მეფის მიერ XII ს. 20-იან წლებიდან თბილისის მიმართ წარმოებულ პოლიტიკიდან აშკარად ჩანდა, რომ იგი თბილისის შემოერთებას ცდილობდა. თბილისელები კი, თავის მხრივ, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ და საამისოდ ყოველგვარი ძალის გამოყენებაზე ფიქრობდნენ. მეზობელი მაჰმადიანი მფლობელები კი საქართველოს მეფისა და თბილისის ურთიერთდაპირისპირების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებაზე, თბილისის დაპყრობაზე ოცნებობდნენ. ამიტომ იყო, რომ მაჰმადიანთა კოალიციურმა ლაშქარმა სწორედ დიდგორს, თბილისის კართან, მის მისადგომებთან დაიბანაკა და გამარჯვების შემთხვევაში უპირველეს ამოცანად თბილისის აღება გაიხადა.
ეს ყველაფერი სავსებით ნათელი იყო დავით აღმაშენებლისათვის და როგორც კი დიდგორის ველზე „საკვირველი გამარჯვება“ მოიპოვა, თბილისისაკენ გაემართა. ამიტომაა, რომ ყველა ჩვენ მიერ ზემოდასახელებული ძველი ისტორიკოსი, დიდგორის ბრძოლის აღწერის შემდეგ, უშუალოდ თბილისის აღების ამბებს მოგვითხრობს. ყველა მათ, როგორც ჩანს, სავსებით სამართლიანად, თბილისის დამორჩილება დიდგორის ბრძოლის ერთ-ერთ პირველ შედეგად მიაჩნიათ. დავითის ისტორიკოსი წერს: დიდგორის ბრძოლის „მეორესა წელსა აღიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა... და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ“.
თბილისის აღება, ალ-ფარიკის ცნობითაც, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის განადგურებისთანავე მომხდარა: „მას შემდეგ, რაც დამარცხებულ იქნა (მუსლიმთა) ლაშქარი, დაბრუნდა აფხაზთა მეფეც და თბილისთან დაბანაკებულმა ალყა შემოარტყა მას, ხოლო შემდეგ მახვილით დაეუფლა (თბილისს) და შევიდა ქალაქში ხუთას თხუთმეტ წელს (1122 წელს). მან გაძარცვა იგი და ცეცხლს მისცა მისი დიდი ნაწილი. შემდეგ კი შეიწყალა მცხოვრებნი და კარგად ეპყრობოდა მათ. დაუდგინა მათ (მოქალაქეებს) ის პირობები, რომელიც თვით აირჩიეს“.
მეფის მიერ თბილისის იმავე წელს ბრძოლით აღების შესახებ მოგვითხრობს სხვა იმდროინდელი წყაროებიც. მათე ურჰაელი, მაგალითად, წერს: „ამავე წელს აიღო ქართველთა მეფემ დავითმა ქალაქი თბილისი... და სასტიკად ამოწყვიტა ქალაქი, ხოლო ხუთასი კაცი ძელზე გასვა და წამებით მოაკვდინა“.
ალ-ჯაუზის ცნობითაც, დიდგორის გამარჯვებისთანავე „დაეშვა დავითი თბილისს და დაიპყრო იგი მახვილით. მან გადაწვა და გაძარცვა იგი~. თბილისის აღების შესახებ შედარებით ვრცელი და საინტერესო ცნობა მოეპოვება იბნ ალ-ასირს: მისი სიტყვით, მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის დევნის დროს ქართველებმა ისევ ააოხრეს მუსლიმური ქვეყნები და უკან შემობრუნებულებმა „ალყა შემოარტყეს თბილისს, ისინი (ქართველები) ებრძოდნენ მათ, ვინც იყო მასში (ქალაქში); ძლიერ შეავიწროვეს ისინი და მისი (თბილისის) მოსახლეობა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს. ალყა გაგრძელდა 1122 წლამდე, როცა მათ ძალით აიღეს იგი (თბილისი). ქალაქის მოსახლეობამ, როცა დაინახა დაღუპვის საშიშროება, გაგზავნა ქართველებთან ყადი და ქათიბი და მშვიდობა ითხოვა; მაგრამ ქართველებმა არ შეისმინეს მათი თხოვნა, შეურაცხყვეს ისინი (ყადი და ქათიბი) და ძალით შევიდნენ ქალაქში, დაანგრიეს და გაძარცვეს იგი. გაქცეულებმა მოაღწიეს 516 (1122-1123) წელს ბაღდადამდე და მოუწოდეს მათ დასახმარებლად და დასაცავად. როცა გაიგეს, რომ სულთან მაჰმუდი იმყოფებოდა ჰამადანში, ისინი გაემართნენ მისკენ დახმარების სათხოვნელად და იგიც (სულთანი) გაემართა აზერბაიჯანისაკენ და შეჩერდა თავრიზში... საიდანაც მან გაგზავნა ქართველების წინააღმდეგ ლაშქარი“.
როგორც ვხედავთ, დავითის ისტორიკოსს გარდა, ყველა სხვა დანარჩენი წყარო ერთხმად მიუთითებს დიდგორის ბრძოლის წელსვე (1121 წ.) დავითის გალაშქრების შესახებ თბილისის ასაღებად. მათე ურჰაელის მიხედვითაც, მეფეს თბილისი, იმავე, დიდგორის ბრძოლის წელსავე აუღია. მაგრამ ეს სწორი არ უნდა იყოს. როგორც სხვა წყაროებიდან ირკვევა (ალ-ფარიკი, იბნ ალ-ასირი), დავითს, მართალია იმავე წელსვე გაულაშქრია თბილისის წინააღმდეგ, მაგრამ ქალაქი მხოლოდ შემდეგ, მეორე წელს, ე.ი. 1122 წელს აუღია; თბილისის აღების თარიღად 1122 წელს მიიჩნევს დავითის ისტორიკოსიც.
წყაროების ურთიერთშეჯერებით კარგად ირკვევა, რომ დავითს, დიდგორის ველზე დამარცხებულთა დევნის დამთავრებისა და გზადაგზა მაჰმადიანთა სამფლობელოების დალაშქვრის შემდეგ უკან შემობრუნებულს, თბილისისათვის ალყა შემოურტყამს, მაგრამ ქალაქის აღება მაშინვე არ უცდია. ეს გასაგებიცაა, დიდ ომგადახდილ და, ალბათ, საკმაოდ შეთხელებულ ლაშქარს შეტევისათვის, ქალაქის იერიშით აღებისათვის შევსება, ახალი ძალები სჭირდებოდა. ამასთანავე, მეფე ხანგრძლივი ალყით შეეცდებოდა ქალაქი მოეწყვიტა იმ მეზობლებისაგან, საიდანაც მას შეიძლებოდა დახმარების იმედი ჰქონოდა და ამავე დროს, ერთგვარად გაეტეხა დამოუკიდებლობას შეჩვეულ მოქალაქეთა წინააღმდეგობაც. ეს ასედაც მომხდარა: ალყაშემორტყმული ქალაქის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა და მოქალაქეთა ელჩებს მშვიდობაც უთხოვნია, მაგრამ ზავის პირობებს, როგორც ჩანს, ქალაქის შემოერთებისათვის გამზადებული მეფე და მისი ლაშქარი ვერ დაუკმაყოფილებია და ქალაქი იარაღით აუღიათ. იერიშით აღებული ქალაქი, პირველ სამ დღეს, მეფემ თავის ლაშქარს მიანება საძარცვავად, თვით კი ქალაქის ხელისუფალთ სასტიკად გაუსწორდა: ხუთასი თავკაცი, მათე ურჰაელის ცნობით, დავითმა სასტიკი წამებით დახოცა.
თბილისის ალყა, როგორც მოტანილი ცნობებიდან ირკვევა, დიდგორის ბრძოლის დამთავრებისთანავე, 1121 წ. აგვისტო-სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, ხოლო თბილისის აღება 1122 წ. დამდეგს მომხდარა. ამრიგად, 1122 წლიდან თბილისი საქართველოს შემოუერთდა და ამით დაასრულა დავით აღმაშენებელმა ქართული მიწა-წყლის შემოერთება-შემომტკიცების ხანგრძლივი ისტორიული პროცესი.
თბილისის შემოერთება ამავე დროს ნიშნავდა ქალაქის დამოუკიდებლობის გაუქმებას. თბილისი ამიერიდან სამეფო ქალაქად, მეფისა და მისი შთამომავლობის მკვიდრ ქალაქად იქცა. მაგრამ, როგორც წყაროებიდან ირკვევა, ქალაქს თვითმმართველობა ერთხანს კიდევ შეუნარჩუნებია. ამაში ჩვენ, ალ-ფარიკის ზემომოტანილი ცნობის გარდა, დავითის ისტორიკოსის ერთი მეტად საინტერესო მითითებაც გვარწმუნებს.
დავითის ისტორიკოსი თბილისის შემოერთებაში ორ პერიოდს არჩევდა _ პირველს, როცა ქალაქი ჯერ კიდევ „არასრულად შემოყენებულ იყო უღელსა ქვეშე მორჩილებისასა~. ეს ის დროა, როცა მეფემ ქალაქი აიღო და, მართალია, სამეფოდ გამოაცხადა, მაგრამ მას ჯერ კიდევ შეუნარჩუნა თვითმმართველობა, ე.ი. ის ჯერ კიდევ არ იყო მთლიანად დამორჩილებული. მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე დაიწყო მეორე პერიოდი _ მეფემ თბილისი „სრულიად შემოაყენა~ „უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“, ე.ი. მთლიანად დაიმორჩილა, ეს კი თვითმმართველობის გაუქმებაში გამოიხატა.
როგორც ირკვევა, ბრძოლა სამეფო ხელისუფლებასა და ქალაქს შორის თბილისის იარაღით აღების შემდეგაც გაგრძელებულა. თბილისმა, მართალია, აღიარა მეფის მორჩილება, ე.ი. დაკარგა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მაგრამ მისმა გამგებლებმა ჯერ კიდევ მოახერხეს თვითმმართველობის შენარჩუნება. საქართველოს მეფე, რომელმაც ეს-ეს არის დაამთავრა დიდი ომი დიდგორის ველზე და თბილისისათვის ბრძოლა, იძულებული იყო ერთხანს შერიგებოდა ასეთ მდგომარეობას. ესეც მეფის ერთგვარი ტაქტიკური ნაბიჯი იყო. ერთი წლის შემდეგ, როცა მეფე კიდევ უფრო გაძლიერდა, თბილისის ბედიც გადაწყდა _ დავით აღმაშენებელმა თბილისში თვითმმართველობაც გააუქმა და ქალაქი თავის მოხელეებს ჩააბარა საგანმგებლოდ. ეს უკვე ნამდვილად იყო არა ქალაქის განთავისუფლება, როგორც აქამდე წერს ზოგიერთი ისტორიკოსი, არამედ თბილისის „სრულიად შემოყენება უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“.
თბილისის დამორჩილება, ანუ მისი შემოყენება „უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“, პირველ რიგში ნიშნავდა დამოუკიდებელი საქალაქო მმართველობის გაუქმებასა და ქალაქში მეფის მოხელეების დანიშვნას. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით, თუ ვინ იყო თბილისში საქართველოს მეფის მიერ დანიშნული პირველი განმგებელი, ქალაქის ამირად დანიშნული მოხელე, მაგრამ უეჭველია, რომ იგი მეფის ახლობელთა წრიდან იქნებოდა. რა თქმა უნდა, სარწმუნო არ არის ს. ერემიანის მოსაზრება, თითქოს დავითს ვაჰრამ არწრუნისათვის ებოძებინოს ამირათ-ამირას, ე. ი. თბილისის განმგებლის თანამდებობა, რომელიც შემდეგ არწრუნთა შთამომავლობის პრივილეგიად, მემკვიდრეობით თანამდებობად ქცეულა. ეს მოსაზრება არ დასტურდება არც მასალებითა და არც თბილისის შემდეგდროინდელი ისტორიით. აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებელს არათუ თბილისში, არამედ თვით ანისშიაც კი, მისი შემოერთების შემდეგ, არ დაუნიშნავს სომეხი მოხელე. სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის არავითარი მასალა არ მოგვეპოვება ახლად შემოერთებული თბილისის სამოხელეო წყობის შესასწავლად და ამგვარი ზეპირი ვარაუდები შეიძლება მხოლოდ გარკვეული ტენდენციით შეთხზულად მივიჩნიოთ.
დავითი კარგად ხედავდა, რომ თბილისში ვაჭრობა-ხელოსნობის ერთ-ერთ წამყვან ძალას მაჰმადიანური მოსახლეობა წარმოადგენდა. მათი შევიწროება, დარბევა და ქალაქის საუკუნეობით განმტკიცებული წესების ერთბაშად მოსპობა თბილისს მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი ეკონომიკური ცენტრის მნიშვნელობას დაუკარგავდა. ამიტომ, როგორც თვით მაჰმადიანი ისტორიკოსები წერენ, მალე დაცხრა მეფის გულისწყრომა და მან თბილისელ მაჰმადიანებს მრავალგვარი შეღავათი უწყალობა. მას შემდეგ, რაც ქალაქი იერიშით აღებულ იქნა, დავითმა აღუთქვა მცხოვრებთ მფარველობა და კარგი მოპყრობა. დარბეული მოსახლეობა გაათავისუფლა იმ წლის გამოსაღებებისაგან და მუსლიმთა თხოვნისამებრ, თავისი ბრძანებით, ქალაქის სხვადასხვა ეთნიკურ ერთეულთა შორის ურთიერთობის გარკვეული წესებიც შეიმუშავა.
მაგალითად, ალ-ფარიკის ცნობით, დავითმა, ქალაქში მოსახლე მუსლიმებისათვის თავისუფალი ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით, „დაადგინა, რომ ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ, არავის ჰყოლოდა ღორი და არავის დაეკლა იგი მათ შორის. მან მოჭრა მათთვის მონეტა (ფული) ხალიფასა და სულტნის სახელით, და მისცა მათ უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა) და თავისუფლად ლოცვისა. დაუდო მათ პირობა აგრეთვე, რომ არც ქართველი, არც ებრაელი და არც სომეხი არ შევიდოდა ისმაილის (მუსლიმების) აბანოში და რომ პარასკევ დღეს მინბარიდან (კათედრიდან) ილოცონ ხალიფა და სულთნისათვის. და არა მისთვის (საქართველოს მეფისათვის). მან დააწესა გამოსაღები ყოველწლიური, ქართველისათვის _ 5 დინარი, ებრაელისათვის _ 4 დინარი, ხოლო მუსლიმისათვის _ 3 დინარი. იგი ისე კეთილად ეპყრობოდა მუსლიმებს და აგრეთვე მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხსა და სუფიებს, როგორიც მათ არ ჰქონდათ თვით მუსლიმებს შორის. მე თვით ვნახე, როცა მივედი მათთან (თბილისელ მუსლიმებთან) 1153 წელს, თუ როგორ ძალაშია მუსლიმთათვის დადებული ყველა ეს პირობები აქამდეო“.
საქართველოში მოსახლე მუსლიმებთან სამეფო ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულების შესახებ ამასვე იმეორებენ სხვა მაჰმადიანი ისტორიკოსებიც: ალ-ჯაუზი, ალ-ყაიმი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ალ-ჯაუზის ახლახან ქართულად გამოქვეყნებული ცნობა ამ მხრივ ერთგვარად განსხვავებულ და საინტერესო მასალას გვაწვდის: „შემდეგ (მეფემ) მოალბო ქალაქის მცხოვრებთა გული და მათ თხოვეს მას ზოგი რამ. მან (დავით მეფემ) მისცა მათ ზოგიერთი პრივილეგია. ისინი აქამდე არსებობენ. იმ (პრივილეგიებში შედიოდა), რომ იგი (დავითი) არ დაკლავდა იქ (თბილისში) ღორს, ამოკვეთდა დირჰემებზე და დინარებზე ალლაჰის, მისი მოციქულისა და ხალიფას სახელებს, შეასრულებდნენ (მუსლიმი) მცხოვრებლები პარასკევ დღეს აზანსა და ხუტბას; არ შევიდოდა (ურწმუნო) აბანოში მუსლიმებთან ერთად და რომ არ შეავიწროებდა ურწმუნო მუსლიმს. ყველას ეს (პრივილეგია) დღესაც აქვთ მათ. დავითი ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში, მასთან ერთად იყო ხოლმე მისი შვილი დიმიტრი, ისმენდა ხუტბასა და ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუიზინებს მრავალ ოქროს, მან ააშენა ქარვასლები სტუმართათვის და სახლები მქადაგებელთათვის, სუფიებისა და პოეტებისათვის; დააწესა მათთვის სტუმართმოყვარეობა. და თუ მოისურვებდნენ ისინი წასვლას თბილისიდან, ნებას დართავდა და მოამარაგებდა მათ მრავალი ქონებით. იგი (დავითი) მეტ პატივს სცემდა მუსლიმებს, ვიდრე მათ სცემდნენ პატივს ისლამის მფლობელები“.
როგორც ვხედავთ, ალ-ფარიკისა და ალ-ჯაუზის ცნობებს შორის, მსგავსებასთან ერთად, არსებითი განსხვავებაც არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ალ-ჯაუზი არაფერს ამბობს იმ საგადასახადო შეღავათების შესახებ, რომელიც დავითს, ალ-ფარიკის ცნობით, თბილისის მუსლიმური მოსახლეობისათვის მიუნიჭებია. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია ალ-ჯაუზს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს გააზვიადოს საქართველოს მეფის ღონისძიებანი ამ მხრივ, ასეთი მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათის აღნიშვნა გამორჩენოდა. მართლაც, სავსებით გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაებეგრა დავით აღმაშენებელს ყველაზე მეტად თბილისელი ქართველები, და რატომ უნდა მიენიჭებინა შეღავათები ამ მხრივ ებრაელებისა და განსაკუთრებით კი მუსლიმებისათვის და ისიც არა ერთი წლით, არამედ ყოველწლიურად, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ალ-ფარიკი თანამედროვეა იმ ამბებისა, რომლებზედაც ის წერს, ამიტომ, ცხადია, მას უფრო სრული და სწორი ინფორმაცია ექნებოდა ამ მხრივ, ვიდრე XIII ს. მეორე ნახევრის ავტორს, ალ-ჯაუზს. ასე რომ, ალ-ფარიკის ცნობა საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს და იქნებ, იმაზე მიგვითითებს, რომ მეფემ მუსლიმურ მოსახლეობას, რომელიც თბილისის აღების დროს უფრო დაზარალდა, ვიდრე სხვა დანარჩენი, მართლაც მიანიჭა გარკვეული საგადასახადო შეღავათები არა მუდმივად, არამედ ერთი ან ორიოდე წლის ვადით.
როგორც ერთს, ისე მეორე ავტორსაც საინტერესო ცნობები მოეპოვებათ ფულის ერთეულების არაბული წარწერებით მოჭრის შესახებაც. ოღონდ, ალ-ფარიკის ცნობით, მეფეს ფულზე ხალიფასა და სულთნის სახელები უნდა ამოეკვეთა, ალ-ჯაუზის ცნობით კი _ ალაჰის, მისი მოციქულისა და ხალიფას სახელები. ამ განსხვავებულ ცნობას ფულზე ამოსაკვეთ სახელთა შესახებ ამჟამად ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს; მთავარია, რომ დავით აღმაშენებელი თბილისის მოსახლეობას შეჰპირებია არაბულ წარწერიანი, მაჰმადიან მფლობელთა სახელების მითითებით, მონეტების მოჭრას. არც ეს ცნობა უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. ასეთი მონეტის მოჭრა უდავოდ ხელს შეუწყობდა თბილისის საერთაშორისო სავაჭრო ასპარეზის შემდგომ გაფართოებას. მართალია, ზუსტად იმგვარი მონეტები, რომელთა შესახებაც მიუთითებენ ალ-ფარიკი და ალ-ჯაუზი, მონეტები ხალიფასა და სულთნის, ალაჰისა და მისი მოციქულის სახელებით, დავითის დროის დღემდე ცნობილ მონეტთა შორის ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ ამ ტიპის მონეტების მოჭრის შესაძლებლობის გამორიცხვა სწორი არ იქნებოდა: მართალნი უნდა იყვნენ ის მკვლევარები (ე. პახომოვი, დ. კაპანაძე), რომელნიც დავით აღმაშენებელს მიაკუთვნებენ ერთადერთ, „უწესოდ“ მოჭრილ მონეტას, შუბლზე სამსტრიქონიანი არაბული წარწერით _ „მეფეთა მეფე (მახვილი მესიისა) დავით~. ამავე მონეტის ზურგზე მოთავსებულ დაზიანებულ წარწერაზე კიდევ ნუმიზმატები მუჰამედისა და ბარქიარუქის (1094-1105) სახელებს კითხულობენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მონეტა თბილისის შემოერთებისა და თბილისელ მუსლიმთა „თხოვნისა“ თუ პატივისცემის“ ნიშნად მოჭრილად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს. როგორც ჩანს, იგი გაცილებით ადრეა მოჭრილი, ვიდრე დავით აღმაშენებელი თბილისს შემოიერთებდა და მაშასადამე, იმ მონეტათა რიცხვს არ შეიძლება მიეკუთვნოს, რომელზედაც ასე საგანგებოდ მიუთითებდნენ ალ-ფარიკი და ალ-ჯაუზი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მსგავსი მონეტები დავითს დიდგორისა და თბილისის შემოერთების შემდეგაც უნდა მოეჭრა. ამას გვაფიქრებინებს დავითის მემკვიდრის, დემეტრე I-ის (1125-1156) დროს სწორედ ამ ტიპის მონეტების მოჭრა არაბული წარწერებით, საქართველოს მეფის, „მესიის მახვილისა“, ხალიფასა და სულთნის სახელების მოხსენიებით. აღსანიშნავია, რომ დემეტრე Iის დროსაც, ალ-ფარიკისა და ალ-ჯაუზის ცნობებით, თბილისელი მაჰმადიანები იმავე შეღავათით სარგებლობენ, რაც მათ დავით აღმაშენებელმა მიანიჭა.
ქ. დმანისი, როგორც ირკვევა, თბილისის მსგავსად, დამოუკიდებლობით სარგებლობდა და ამიტომ იბრძოდა სხვა ქალაქებთან ერთად საქართველოს მეფის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის შენარჩუნებისათვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ქალაქების თავკაცთა ელჩობის შედეგად მოწვეული სამხედრო ძალა სასტიკად დამარცხდა და თბილისიც დამორჩილებული იქნა, დმანისს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო და თითქმის უბრძოლველად დანებდა საქართველოს მეფეს. 1123 წ. მარტს დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოსულმა დავითმა „აღიღო ქალაქი დმანისიო“, _ წერს დავითის ისტორიკოსი, ისე რომ, იგი არაფერს ამბობს ქალაქის მიერ გაწეული რაიმე წინააღმდეგობის შესახებ. თბილისისა და დმანისის დამორჩილებით ბოლო მოეღო უკანასკნელი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების – ქალაქ-რესპუბლიკათა არსებობას საქართველოს ფეოდალური მონარქიის ტერიტორიაზე. ქალაქების დამოუკიდებლობის გაუქმებამ, მათ მორჩილებაში მოყვანამ კიდევ უფრო გააძლიერა თვითმპყრობელი მეფე, ამიერიდან იგი თავის ინტერესებს უკარნახებდა არა მარტო საერო და საეკლესიო ფეოდალებს, არამედ ქალაქებსაც; მას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა ქალაქების გამოყენებისა. თბილისისა და დმანისის შემოერთებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების შემდგომი განვითარებისათვის. თბილისისა და დმანისის შემომტკიცებით დასრულდა საქართველოს სამეფო ხელისუფლების მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა ქართული მიწა-წყლის თავმოყრისა და გაერთიანებისათვის.
თბილისის შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა სამეფო რეზიდენცია გაერთიანებული საქართველოს პირველი სატახტო ქალაქიდან, ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. ამიერიდან თბილისი იქცა გაერთიანებული და ზრდადასრულებული ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად; ამიერიდან ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მესაჭის როლი თბილისს დაეკისრა, ამ დროიდან იწყება თბილისის, როგორც ერთიანი საქართველოს დედაქალაქის ისტორია. ამასთანავე, თბილისის შემოერთება ნიშნავდა ქალაქის ნამდვილი აყვავების ხანის დაწყებას. თბილისს მშვიდობიანი განვითარების დრო დაუდგა და იგი მალე არა მარტო მთელი საქართველოს, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად იქცა. თბილისმა უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ისტორიაში, იგი ყოველთვის, აღმავლობა-გაძლიერებისა თუ დაკნინება-განსაცდელის ჟამს, ქვეყნის ერთიანობისა თუ პოლიტიკური დაშლილობის ხანაშიც, იყო ქართველი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიკური ცხოვრებისა და კულტურის ცენტრი, ქართული მიწა-წყლის შეკრება-თავმოყრის ინიციატორი, ქართველი ხალხის დამრაზმველი ეროვნული დამოუკიდებლობისა თუ სოციალური განთავისუფლებისათვის ბრძოლასა და მშვიდობიან მშენებლობაში.
2. ცვლილებები საქართველოს საგარეო ურთიერთობაში
საქართველოს საზღვრებს შიგნით თურქ-სელჩუკებზე სრული გამარჯვებისა და მათი ძალების დაქსაქსვა-შესუსტების შემდეგ, საქართველოს სამეფო ხელისუფლებას დიდი შესაძლებლობა მიეცა ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ უფრო ფართო მასშტაბით, საქართველოს საზღვრებს გარეთაც წარმატებით ეწარმოებინა. დავით აღმაშენებელმა მეზობელი ქვეყნების ქალაქები გაწმინდა თურქ-სელჩუკებისაგან და ისინი საქართველოს დაუმორჩილა. მაგალითად, მან ჯერ კიდევ დიდგორის ბრძოლამდე შირვანის ქ. ყაბალა აიღო, ხოლო თბილისის შემოერთების შემდეგ ქ. განჯის დასჯაც გადაწყვიტა და მის წინააღმდეგ გაილაშქრა. ალ-ფარიკის ცნობით, 1122 წელს „ქალაქ განძაში მიწისძვრა მოხდა, მისი ნაწილი დაინგრა და დაიქცა მისი კედლებიც. მეფე დავითი გამოვიდა და მისკენ გაემართა, მან მცხოვრებთაგან დიდძალი ტყვე წაიყვანა და ცხვრებივით გაგზავნა ისინი ურმებით. მან გაძარცვა ყველაფერი, რაც კი იყო ქალაქში და მისი ხალხი თბილისში მოიყვანაო“.
განძის ამგვარ აოხრებასა და გაძარცვას მისი დაპყრობა არ მოჰყოლია. იგი ერთხანს კიდევ დარჩა თურქთა ერთ-ერთ ძირითად საყრდენად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ განძის დალაშქვას ამ დროს მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თურქ დამპყრობელთა ძალების შესუსტების თვალსაზრისით. ამას გარდა, განძის წინააღმდეგ გალაშქრება, ისე როგორც თბილისისა და დმანისის შემოერთება, დიდგორის ბრძოლის ერთგვარი გაგრძელებაც იყო. სწორედ თბილელ დმანელ-განძელნი იყვნენ უშუალო წამომწყებნი საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი დიდი მაჰმადიანური კოალიციისა და ცხადია, თბილისისა და დმანისის შემოერთების შემდეგ, განჯის დაუსჯელად დატოვება საქართველოს მეფეს, როგორც ჩანს, შეუძლებლად მიუჩნევია. ამას გარდა, განძაში მოწყობილი ლაშქრობა, დიდგორის შემდეგ, დავით IV-ის გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო რანისა და შირვანის საკითხის გადასაწყვეტად. ამას კარგად გრძნობდნენ იმდროინდელი მაჰმადიანი მფლობელები და მაშინვე შეეცადნენ უკვე საქართველოს მეფეს მიმხრობილი შირვანშაჰი დაესაჯათ და მორჩილებაში მოეყვანათ. ამიტომ იყო, რომ საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ მოწყობილი კოალიციური ლაშქრობის ორგანიზატორი და ამ ლაშქრობის დიდი მარცხით გამწარებული სულთანი მაჰმუდი, დიდგორის ბრძოლის მეორე წელს, შირვანში შეიჭრა, შეიპყრო შირვანშაჰი, აიღო შემახია და საქართველოს მეფესაც დაემუქრა: „შენი ყმადნაფიცი ხელთა მყავს, ხარაჯას ვართმევ, შენ კი ან ძღვენი გამომიგზავნე ან თუ გინდა სამალავიდან გამოდი და მნახეო“. გათავხედებული სულთნის წერილს მეფემ ორმოცდაათი ათასი მოლაშქრის საომრად გამზადებით და შირვანისაკენ გალაშქრებით უპასუხა. როგორც კი გაიგო სულთანმა დავით აღმაშენებლის ასე სწრაფად მოსვლა, „ძალი და სიმრავლე სპათა მისთა“, ქალაქში ჩაიკეტა და დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „მრავალი დღის შიმშილითა და წყურვილით შევიწროებულმა“, „მრავალი ვედრების, ძღვენისა და მუდარის შეთვლით, როგორც მონამ გაჭირვებულმა, არა თუ ძღვენი და ომი, არამედ გასაქცევი გზა ითხოვა, ფრიად სიმდაბლით და არა სულთნურად“. ხოლო როცა დავით აღმაშენებელმა შემახიაში ჩაკეტილი სულთნის დასახმარებლად წამოსული რანის ათაბაგი სასტიკად დაამარცხა, ბაქია სულთანი „მასვე ღამესვე გაიპარა და სასდუნით (მწვირის გასადინარი ხვრელით) გაქცეული სხვა გზით წარვიდა სოფლად თვისად“.
როგორც ზემოთაც ვნახეთ, იბნ ალ-ასირი სულთნის გალაშქრებას შირვანში უშუალოდ დიდგორის ბრძოლას უკავშირებდა და მის გაგრძელებად მიიჩნევდა. მისი სიტყვით, დიდგორის ბრძოლაში დამარცხებულმა და აქედან „გაქცეულმა 516 (1122-1123) წელს მიაღწიეს ბაღდადამდე და მოუწოდეს მათ დასახმარებლად და დასაცავად. როცა გაიგეს, რომ სულთანი მაჰმუდი იმყოფებოდა ჰამადანში, ისინი გაემართნენ მისკენ დახმარების სათხოვნელად და იგიც (სულთანიც) გაემართა აზერბაიჯანისაკენ და შეჩერდა თავრიზში... საიდანაც მან გაგზავნა ლაშქარი ქართველების წინააღმდეგ... იმ წელს (1123 წ.) ერთობ გაძლიერდა ქართველთა ბოროტმოქმედება ისლამის ქვეყნებში და ხალხი, განსაკუთრებით დერბენდ-შირვანის მოსახლეობა, დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. ამიტომ მათი საზოგადოების ბევრი დიდებული წარმომადგენელი სულთანთან წავიდა და შესჩივლეს თავიანთი გაჭირვება, რასაც განიცდიდნენ მათგან (ქართველებისაგან) და თან აცნობეს, რომ სუსტნი არიან და მათ თავიანთი ქვეყნის დაცვა არ შეუძლიათო. სულტანი გაემართა მათკენ“.
ამრიგად, იბნ ალ-ასირის მიხედვით, შირვანში სულტნის მიერ მოწყობილი ლაშქრობა განუპირობებია, ერთი მხრივ, დიდგორის ბრძოლაში მათ დამარცხებას და მეორე მხრივ, დარუბანდ-შირვანის მოსახლეობის შევიწროებას ქართველების მიერ. სხვა მაჰმადიანი ისტორიკოსი კიდევ სულთანის ლაშქრობის მიზეზად, შირვანის საქართველოს ყმადნაფიცად შესვლის შემდეგ, სულთნის ხაზინისათვის ყოველწლიური ხარკის, 40000 დინარის, შეწყვეტას მიიჩნევდა. როგორც ჩანს, ყმადნაფიცი შირვანის ყოველწლიური ხარკი ამიერიდან საქართველოს სამეფოს ხაზინაში მიდიოდა.
როგორც ქართული, ასევე მაჰმადიანური წყაროებიდან ირკვევა, რომ იმჯერად გაქცეულ სულთანსა და დავითის ლაშქარს შორის ბრძოლა არ მომხდარა, დავით აღმაშენებელს ამჯერად სულთნის ლაშქრის დევნა არ უწარმოებია და არც ქ. შემახიის და არც სხვა ციხეების აღება უცდია; მაგრამ ერთი თვეც არ იყო გასული ამის შემდეგ, დავითი „კვლავ წარვიდა შარვანს, აღიღო გულისტანი... მოირთო (შემოიერთა) შარვანი“, გაწმინდა ის თურქ-სელჩუკებისაგან და საქართველოს სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა. ამგვარად, მეზობელი შირვანიც (აზერბაიჯანიც) ამჯერად გადაურჩა თურქ დამპყრობელთა გამანადგურებელ ბატონობას. მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი შირვანის სამეფოს შემოერთების საკითხი. დავით IV-ს შირვანისათვის სულთნის წინააღმდეგ გამართულმა ბრძოლამ კარგად დაანახვა, რომ შირვანს ყმადნაფიცობის პირობით ვეღარ შეინარჩუნებდა. საჭირო იყო კიდევ უფრო კატეგორიული ღონისძიების მიღება. ამით აიხსნება, რომ სომხეთის საკითხის ძირითადად მოგვარების შემდეგ, დავითმა ისევ გაილაშქრა შირვანს. „აიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულიად ყოველი შარვანი და დაუტევა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი, ჰერნი და კახნი“. როგორც ვხედავთ, მრავალწლოვანი ბრძოლა შირვანისათვის, დიდგორზე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს სამეფო ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის წარმატებით დამთავრდა _ შირვანი მთლიანად გათავისუფლდა თურქი დამპყრობლებისაგან და საქართველოს შემოუერთდა, მის უმთავრეს ციხეებსა და ქალაქებში საქართველოს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქარი იქნა ჩაყენებული; ხოლო შირვანის „განმგებლად და ზედამხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა (მეფემ) აჩინა მწიგნობართუხუცესი თვისი სვიმონ, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი... კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი. და განაგო მეფემან ყოველნი საქმე შირვანისა, აღავსნა კეთილითა და საბოძვრითა ქურდნი, ლეკნი და თარასნი“ _ წერს დავითის ისტორიკოსი.
შირვანის შემოერთების დროიდან, როგორც ეს ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, უნდა იყოს შემოტანილი ქართველ მეფეთა ტიტულატურაში „შირვანშაჰის~ წოდებაც. მართლაც, დავითს (და ცხადია, მის მემკვიდრეებსაც) ამიერიდან შეეძლო თავისი თავისათვის ეწოდებინა არა მარტო „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“, არამედ აგრეთვე „შირვანშაჰიც“, მაგრამ რადგან შირვანის შემოერთება დავითის მეფობის ბოლო, უკანასკნელ წელს, უფრო სწორად, უკანასკნელ თვეებში მოხდა, ჩვენ სათანადო მასალა, სადაც მეფე ამ ტიტულითაც იყო მოხსენიებული, ვერ შემოგვენახა. ამრიგად, შირვანის გათავისუფლება თურქ-სელჩუკთა ბატონობისაგან და მისი შემოერთებაც დიდგორის ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო.
* * *
დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს სამეფოს წარმატებით შეეძლო წარემართა აგრეთვე ბრძოლები მეზობელი სომხეთის ყოფილი სამეფოების ტერიტორიების თურქ დამპყრობელთაგან გათავისუფლებისათვის. დავით აღმაშენებელმა განძის დალაშქვრისა და შირვანში სულთნის წინააღმდეგ გამართული პირველი ბრძოლების შემდეგ, 1123 წელს, აიღო „ციხენი სომხეთისანი, გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მინასგომონი და ტალანჯიქარი“. ასე დაიწყო საქართველოს ლაშქრის ძლევამოსილი ბრძოლები სომხეთის გასათავისუფლებლად. სომეხი ხალხი იმედის თვალით უყურებდა დავითის გამარჯვებებს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ყოველნაირად ხელს უწყობდა მის შემდგომ წარმატებებს. სწორედ სომეხმა თავკაცებმა მიიწვიეს დავით IV ქ. ანისიდან მაჰმადიან მფლობელთა გასადევნად და ქალაქის გასათავისუფლებლად.
ანის-შირაქის ყოფილი სამეფოს დედაქალაქი, მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური ცენტრი ქ. ანისი, იმ დროს ქურთული წარმომავლობის მაჰმადიან მფლობელებს _ შედადიდებს ეპყრათ. დავითის დროს ანისის ერთ-ერთი მფლობელი მანუჩარი 1118 წ. გარდაიცვალა, ხოლო მისი ადგილი მისმა შვილმა აბულასვარმა დაიჭირა. იგი ქალაქის მოსახლეობის მიმართ აგრესიულ პოლიტიკასა და რელიგიური შევიწროების გზას დაადგა. XIII ს. სომეხი ისტორიკოსის ვარდანის სიტყვით, ანისის ამ „ქალების მოყვარულმა და მამაცობას მოკლებულმა“ მფლობელმა, ქ. ხლათიდან მოატანინა ვერცხლისაგან საგანგებოდ გამოჭედილი უზარმაზარი ნახევარმთვარე (ვარდანი მას „უზარმაზარ ნალად“ მოიხსენიებს) და ბრძანა იგი დაედგათ სომხური „კათოლიკე ეკლესიის“ გუმბათზე. ამას გარდა, აბულ-ასვარმა, თურქი დამპყრობლების შიშით, გადაწყვიტა 60000 დინარად ქ. ანისი ქ. კარის სელჩუკ ამირასათვის მიეყიდა. ყოველივე ამან ქ. ანისის ძირითადი, ქრისტიანული მოსახლეობის უმაყოფილება და მღელვარება გამოიწვია, თურქი დამპყრობლების ანისში მოწვევით შეშინებულმა სომხებმა, ქ. ანისის მოსახლეობის თავკაცებმა, ანუ როგორც წყაროებშია, მიემართათ საქართველოს მეფისათვის. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „აგვისტოსსა ოცსა მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანასა წყაროთა ზედა მდგომსა“.
ამასვე ადასტურებს ვარდანის ცნობაც: ანისის „აღელვებული ქრისტიანების მიერ დავითის მოწვევისა და ქალაქის მისთვის მიცემის“ შესახებ. XII ს. სომეხი ისტორიკოსის ანელის ცნობითაც „ქალაქ ანისისა და შირაკის ოლქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს გამოსავალი ეპოვათ იმით, რომ თხოვნის ხელი გაეწოდათ ქართლის მეფისათვის _ დავითისათვის. მათ უღალატეს ამირა აბულ-სუვარს მანუჩარის ძეს, რომელიც ფლობდა ქალაქს მამის სიკვდილის შემდეგ და გაუღეს რა ქალაქის კარი, შემოუშვეს შიგნით ის მეფე დავითი“.
დავით IV-მ, როგორც კი მიიღო „ანელ თავადთა“ (თავკაცთა) მოწვევა, მაშინვე გასცა განკარგულება სამეფოში ლაშქრის სასწრაფოდ „წვევის წიგნები“ დაეგზავნათ. მართლაც, სამი დღის შემდეგ, ისტორიკოსის სიტყვით, მეფეს „სამოცი ათასი მხედარი წინაშე უდგა. წარემართა და ვითარცა მიიწია, მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად, სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი“. ანისისა და მისი „მიმდგომი ქვეყნების“ აღება და გათავისუფლება, როგორც ქართველი ისტორიკოსი წერს, „უჭირველად“ დიდი სიძნელეების გარეშე მომხდარა. ამასვე ადასტურებენ სომეხი ისტორიკოსებიც; მაგ., სამუელ ანელის მიხედვით, „მაშინ შესვლისას (ქალაქის აღებისას) ერთ სულსაც არ მოსვლია სისხლის ზიანი“. და ეს იმიტომ, რომ ქართველთა ლაშქრობა ანისსა და მის „მიმდგომ ქვეყნებში“ გამათავისუფლებელი ლაშქრობის ხასიათს ატარებდა და სომეხი ხალხი დიდი ხნის სურვილის განხორციელებას ისახავდა მიზნად. ამიტომ იყო, რომ ანისის გათავისუფლებას დიდი სიხარულით შეხვდა სომეხი ხალხი.
ჩვენ მიერ ზემოხსენებული, XII ს. სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი აღფრთოვანებით წერდა: „განთავისუფლდა მონობისაგან სატახტო ქალაქი ანისი, რომელიც ტყვეობაში იყო სამოცი წელი და დიდებული და დიდი ეკლესია ანისისა, წმინდა კათოლიკე, რომელიც მიზგითად გადაექციათ. დავითმა შეკრიბა ეპისკოპოსები, ხუცესები და ბერები სომეხთა ქვეყნისა და აკურთხა წმინდა კათოლიკე დიდი ზეიმით. და იქმნა სიხარული ყოვლისა სახლსა სომეხთასა, რამეთუ ნახეს წმინდა კათოლიკე გათავისუფლებული მონობისაგან“... „და იყო დავით მეფე წმიდა და სათნო ყოვლად შემკული ღმთის მოსავობითა და კეთილი სამართლიანობით. იგი გამოუჩნდა შემწყნარებელი და მოყვარული სომეხთა ტომს“... „დიდი სიხარულითა და აღფრთოვანებით ექცეოდა მას მთელი სომეხი ხალხი“.
ქ. ანისი და მისი „მიმდგომი ქვეყანა“, ისე როგორც ადრევე გათავისუფლებული ლორე და ლორე-ტაშირის ყოფილი სამეფოს ტერიტორიები, დავით აღმაშენებელმა საქართველოს შემოუერთა; ანისის მცველად კი, ქართველი ისტორიკოსის სიტყვით, „დაუტევნა აზნაურნი მესხნი“, ხოლო ქალაქისა და მისი ქვეყნების განმგებლობა, ვარდანის მიხედვით, ქართველ დიდებულებს, აბულეთსა და მის შვილს ივანეს, ჩააბარა. ანისის ყოფილი მფლობელი აბულასვარი კი, თავისი რვა შვილით, ზოგი ცნობით, აფხაზეთის ჭაობიან, ციებცხელებიან ადგილებში გაგზავნა. სხვა ცნობით კიდევ _ თბილისს ჩამოიყვანა.
ანისის გათავისუფლებისა და შემოერთების შემდეგ დავითმა, ვარდანის ცნობით, კიდევ უფრო განავრცო საქართველოს საზღვრები, დაიპყრო ვანანდისა და არარატის პროვინციაში მდებარე ოლქები, ყველა ქვეყანა, რომელიც კი ერთ დროს სომეხთა მეფეებს _ კვირიკესა და აბასს _ ეკუთვნოდათ, კავკასიის მთა და ქვეყნები თვით კასპიის ზღვამდე, ხაბანდა დიდი სომხეთის არცახის პროვინციაში და სხვა.
ამრიგად, დავით აღმაშენებლის დროს გათავისუფლდა და საქართველოს უშუალოდ შემოუერთდა თურქ-სელჩუკების მიერ დაპყრობილი სომხური პროვინციების ძირითადი ნაწილი. ქვეყანაში შეიქმნა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი ცხოვრების პირობები. ამასთან ერთად, დაიწყო ჯერ კიდევ უცხოელთა ბატონობის ქვეშ მყოფ სომეხთა მასობრივი გადასახლება და დამკვიდრება საკუთრივ საქართველოსა და მის მიერ შემომტკიცებულ პროვინციებში; სომხეთის უმთავრესი ოლქებისა და ქალაქების საქართველოსთან შეერთების დროიდან დადგა ახალი ხანა ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობაში _ მათი კავშირის ახალი ფორმების შემდგომი განმტკიცებისა და ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაფართოების ხანა. ეს კიდევ ერთი დიდი ისტორიული მნიშვნელობის შედეგი იყო დიდგორის ველზე მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებისა.
შირვანისა და სომხეთის შემოერთებით, ჩრდილო კავკასიის ხალხებზე ყმადნაფიცობის ხელის დადებით და საქართველოს გავლენის გაძლიერებით არსებითად დაიწყო საქართველოს მეთაურობით ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მრავალეროვანი სახელმწიფოს შექმნის ხანგრძლივი ისტორიული პროცესი. ამას მოითხოვდა, ერთი მხრივ, ცალკეული სამეურნეო ოლქების ეკონომიკური დაახლოების ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, მრავალრიცხოვან უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანების, ერთიანი თავდაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
* * *
თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებულმა წარმატებებმა, დამპყრობლების განდევნამ, სომხეთისა და შირვანის დიდი ნაწილის განთავისუფლება-შემოერთებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური საზღვრები და გაზარდა მისი საერთაშორისო ავტორიტეტიც. საქართველოს სამეფო, იმდროინდელი წყაროების მიხედვით, ვრცელდებოდა „ნიკოფსითგან (დღევანდელი კრასნოდარის მხარეში, სოჭსა, და ტუაფსეს შორის) დარუბანდამდის (დღევანდელი დერბეტის საზღვრამდე) და ოვსეთიდან არეგაწამდე“ (სომხეთში). დავით აღმაშენებელი უკვე საკმაოდ ვრცელი და ძლიერი ქვეყენის მეფე იყო. თავისი სიძლიერე საქართველოს სამეფომ ჯერ კიდევ დიდგორის ბრძოლაში დაამტკიცა.
კიდევ უფრო გაიზარდა გაძლიერებული საქართველოს სამეფოს საერთაშორისო გავლენა. მისი შორეული თუ ახლო მეზობელი ქვეყნები იძულებულნი ხდებოდნენ ანგარიში გაეწიათ მისთვის. მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელები ხომ არაერთგზის თვითვე დარწმუნდნენ მის უძლეველობაში: „არავინ წინ აღუდგა მას (საქართველოს მეფეს). _ წერს დავითის ისტორიკოსი, _ რამეთუ თვით სულთანი სადაც არ უნდა ყოფილიყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა და არცაღა თვით ძველად ქონებულთა ქალაქთა და ქუეყანათა მიიჩნევდა თავის ქონებად“ და რა შორსაც არ უნდა ყოფილიყო დავით მეფე, სულთანს მაინც „ეოცებოდა (თვალწინ ედგა) მძინარესა შიში და მღვიძარესა სიკვდილი“-ო.
დავით აღმაშენებლის მიერ არაერთხელ დამარცხებული მაჰმადიანი მფლობელები, რაკი იარაღით ვერაფერს გახდნენ, ათასგვარი საჩუქრებითა და ძღვენით ეძიებდნენ მისგან მშვიდობასა და მეგობრობას. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, მეფის შიშით ძილგამკრთალი სულთანი „ზედიზედ წარმოავლენდა მოციქულებს ძღვენით მის (დავითის) დასამშვიდებლად და აგზავნიდა დიდ საგანძურს, ძვირფასს, მრავალფერს, უცხო და იშვიათად საპოვნელ ფრინველებსა და ნადირთ და ეძებდა მშვიდობასა და სიყვარულს და ყივჩაყთაგან დაურბევლობას. არაფრად მიიჩნევდა წარსაგებლის სიმრავლეს (ხარჯის სიდიდეს), ოღონდ თვითონ მოეპოვებინა სიმშვიდე და სიცოცხლე თავისა თვისისაო“. ამრიგად, ერთ დროს საქართველოზე გაბატონებული სულთანი, ამჯერად მის მეფესთან უთვალავი ძღვენითა და საჩუქრებით მშვიდობის მაძიებელი, არსებითად საქართველოს სამეფოს მოხარკედ იყო ქცეული. ამიტომ ამბობდა დავითის ისტორიკოსი _ მეფემ „სულტანი დასვა მოხარკედ თვისაო“.
დავით IV-ის მიერ მაჰმადიანურ სამყაროსთან დამყარებული ასეთი ურთიერთობის შემდეგ, გაუგებრად უნდა მივიჩნიოთ ზოგიერთი მკვლევრის თვალსაზრისი დავითისა და მისი მემკვიდრის, დემეტრე I-ის დროის საქართველოზე მუსლიმობის დიდი გავლენისა და მუსლიმებისადმი ვასალობის შესახებ. ჯერ კიდევ ცნობილი ნუმიზმატი ე. პახომოვი, დემეტრე I-ის ზემოაღნიშნულ მონეტაზე ხალიფასა და სულთნის სახელების მოხსენიების მიხედვით, მივიდა ამგვარ დასკვნამდე. მისი აზრით, საქართველოს მეფე იძულებული გამხდარა ეცნო თავისი ვასალური დამოკიდებულება მუსლიმი მფლობელებისადმი. ივ. ჯავახიშვილმა 1912 წ. თავის რეცენზიაში ე. პახომოვის ნაშრომზე ნათლად უჩვენა ამგვარი მოსაზრების არასწორობა და მიუთითა, რომ ქართულ მონეტებზე მუსლიმ მფლობელთა მოხსენიება პოლიტიკური დამოკიდებულების შედეგი არ ყოფილა, რომ ამგვარი წარწერები ქართულ მონეტებს უცხოელთა შორის საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც განსაკუთრებით მაჰმადიანურ აღმოსავლურ სამყაროში, ფართო, თავისუფალი მიმოქცევის საშუალებას აძლევდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მკვლევარი დღესაც იმეორებს ამ არასწორ მოსაზრებას. ინგლისელი მეცნიერის, ვ. მინორსკის აზრით, საქართველოს მეფის მიერ თბილისის მაჰმადიანური მოსახლეობისადმი მინიჭებული ისეთი შეღავათები, რომლებზედაც ჩვენ ზემოთ გვქონდა საუბარი და დავითის ასე ფრთხილი დამოკიდებულება მუსლიმი ქვეშევრდომებისადმი აიხსნება მუსლიმთა დიდი გავლენით თბილისზე (განსაკუთრებით მისი შემოერთების შემდეგ) და საერთოდ საქართველოზე. ამის საბუთად ვ. მინორსკი ასახელებს იმდროინდელ საქართველოში არაბული ენის გამოცხადებას უმთავრეს დიპლომატიურ, მეზობლებთან ურთიერთობის ენად, არაბული წარწერების გაჩენას ქართულ მონეტებზე, ბიზანტიური ტიპის ფულების მაგიერ მუსლიმური ტიპის მონეტების მოჭრას და ქართველ მეფეთა ბიზანტიური ტიტულების გაქრობას. საქართველოს სამეფოსა და აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელების ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით კიდევ უფრო შორს წავიდა და არასწორ დასკვნამდე მივიდა რუსი მკვლევარი ო. ვილჩევსკი. მისი მტკიცებით, ე. პახომოვმა უდავოდ დაადასტურა დემეტრე I-ის ვასალური დამოკიდებულება აბასიდ ხალიფებისა და ირანელ-სელჩუკ სულთნებისადმი. ხოლო ივ. ჯავახიშვილის საწინააღმდეგო თვალსაზრისი, რომელიც შემდეგ უკრიტიკოდ გაიმეორეს ა. ბიკოვმა და დ. კაპანაძემ, „მოკლებულია ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს“. ო. ვილჩევსკიმ თავის ამ თვალსაზრისის გასამტკიცებლად „ახალი საბუთიც~ მოიშველია, რომელიც მისი აზრით, სავსებით ნათელს ხდის დემეტრე I-ის მონეტებზე გაკეთებული წარწერების მნიშვნელობას. ეს „ახალი საბუთი“ დემეტრე I-ის თანამედროვის და მეხოტბის შირვანელი პოეტის ფალაკის ოდის ერთ-ერთი ადგილია, სადაც დემეტრე I თურმე „ხარკის დასავლეთიდან აღმოსავლეთში მომტანად“ არის გამოცხადებული. ეს კი, ო. ვილჩევსკის დასკვნით, იმას ნიშნავს, რომ „დემეტრე დავითის ძე, ბაგრატიონთა საგვარეულოდან“ სელჩუკებს ხარკს უხდიდა.
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დავითის, დემეტრე I-ის თუ გიორგი III-ის და სხვების მიერ მოჭრილი მონეტები, არაბული წარწერებითა და მაჰმადიან მფლობელთა სახელების მოხსენიებით, საქართველოს მეფეების მეზობელ მაჰმადიან მფლობელებთან დამოკიდებულების ფორმების განსასაზღვრად არ გამოდგება. ეს სავსებით ნათელი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ მსგავსი არაბულწარწერიანი და მუსლიმური ტიპის მონეტები იჭრებოდა არა მარტო საქართველოში, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა მაჰმადიანურ სამყაროსთან, არამედ საკმაოდ შორეულ ევროპულ ქვეყნებში და ისეთ სამეფოებსა და სამთავროებში, რომლებიც „ჯვაროსნულ ომს“ უცხადებდნენ მაჰმადიან მფლობელებს. მაგალითად, ჰერცოგმა რობერტ სიცილიელმა (1072-1085) მის მიერ მოჭრილი მუსლიმური ტიპის მონეტაზე არაბული წარწერებით მოიხსენია არა მარტო თავისი, არამედ აგრეთვე მუჰამედის სახელიც. ამგვარადვე, სიცილიის პირველი მეფის როჟერ II-ის (1130-1154), საერთოდ, მუსლიმური იერის არაბულწარწერიან მონეტაზე მოხსენებულია ფატიმიანი ხალიფა. მსგავს მონეტებს ჭრიდნენ ნორმანდიის მეფეები ვილჰელმ I (1066-1087), ვილჰელმ II (1153-1189) და ტანკრედი II (1189-1194); ხოლო შემდეგ, იმპერატორების _ ჰენრიხ IV-ის (1194-1197) და ფრიდრიხ II-ის (1197-1220) დროს, სამხრეთ იტალიისა და სიცილიის მონეტებზე, მართალია, ხალიფას სახელი არ მოიხსენებოდა, მაგრამ ჩვეულებრივ ამოკვეთილი იყო არაბული წარწერები და სიმბოლოები ქრისტიანულთან ერთად. ამას გარდა საყოველთაოდ ცნობილია, რომ რომის პაპები პალესტინის ეპისკოპოსებს წინადადებას აძლევდნენ ეკლესიიდან მოეკვეთათ ყველა ის, ვინც კი იერუსალიმის სამეფოში, ანტიოქიის სამთავროში თუ ტრიპოლის საგრაფოში მოჭრიდა მონეტებს მუჰამედის სახელით. ცნობილია, რომ პაპის ამგვარ მითითებებს ანგარიშს არავინ უწევდა და აღმოსავლეთის ჯვაროსნულ (ევროპულ) სამეფოებსა და სამთავროებში გრძელდებოდა მონეტების მოჭრა არაბული წარწერებითა და მუჰამედისა და ხალიფას სახელების მოხსენიებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არავის მოსვლია აზრად, რომ სიცილიის, ნორმანდიის, იტალიისა თუ სხვა შუა საუკუნეების ევროპული თუ ჯვაროსნული აღმოსავლური სახელმწიფოების მეფე-მთავრები აღმოსავლეთის მაჰმადიან მფლობელთა ვასალებად და მოხარკეებად გამოეცხადებინა.
ამრიგად, აშკარაა, რომ მუსლიმური ტიპის არაბულწარწერიანი მონეტები, მუჰამედისა და ხალიფას სახელით საქართულოსა თუ ევროპის ქვეყნებში იჭრებოდა არა ამ სახელმწიფოების აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელებისადმი ვასალური დამოკიდებულების გამოსახატავად, არამედ იმ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ამ დროისათვის ასე ფართო ხასიათი ჰქონდა.
ზემოთქმულის შემდეგ შეიძლება ზედმეტი იყოს, მაგრამ მაინც საჭიროდ მივიჩნიეთ ორიოდ სიტყვით შევეხოთო. ვილჩევსკის მიერ ასე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ მიჩნეულ საბუთსაც _ შირვანელი პოეტის, ფალაკის სახოტბო სიტყვებს. ფალაკი, ისე როგორც მისი მასწავლებელი ხაკანი, დემეტრე I-ის მეხოტბე იყო. დემეტრე I-ის გარდაცვალებას ფალაკიმ საგანგებო ოდა უძღვნა, სადაც სხვათა შორის ნათქვამია: „მეფეთ-მეფე (შაჰინშაჰი) აფხაზეთისა და შაქისა (დემეტრე), მეუფე ჰორიზონტისა (ეს ფრაზა ო. ვილჩევსკის გამოტოვებული აქვს), რომელმაც ხარკი (ბაჟი) მოიტანა აღმოსავლეთში დასავლეთიდან“.
ფალაკის ოდა, ირანული სახოტბო პოეზიისათვის დამახასიათებელ ჩვეულებრივ ყასიდას წარმოადგენს და ცხადია, მასში რეალური ისტორიული შინაარსის დანახვა გაძნელდებოდა. როგორც ვხედავთ, ფალაკი დემეტრე I-ს „ჰორიზონტების“, „სამყაროს მთელი თვალსაწიერის მეუფედ“ მიიჩნევს. ქვემოთ კიდევ, საქართველოს მეფე მის მიერ „ქრისტეს მახვილად, მთელი ციურ სამყაროთა თავის ბრწყინვალე დროშის ქვეშ გაერთიანებულად“ არის გამოცხადებული. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რეალური ისტორიული ვითარების ამსახველად მივიჩნიოთ. მაგრამ თუ ო. ვილჩევსკის მსგავსად ფალაკის ზემომოტანილ სიტყვებში მაინც რეალური შინაარსის ძებნას დავიწყებთ, სავსებით საწინააღმდეგო დასკვნა უნდა გაგვეკეთებინა: ჯერ ერთი, ფალაკის მიერ „მიწიერი და ზეციური სამყაროს“, „მთელი ჰორიზონტის“ მეფედ მიჩნეული დემეტრე როგორ შეიძლებოდა მუსლიმ მფლობელთა მოხარკედ წარმოგვედგინა; ან კიდევ, რა საფიქრებელია, რომ თვით ფალაკის, რომელმაც არ დაიშურა სახოტბო სიტყვები დემეტრეს სიძლიერისა და სიდიდის შესაქებად, მის მიერ ასე განდიდებული მეფე, მასვე, ამავე საგანგებო ოდაში სხვების მოხარკედ გამოეცხადებინა.
ამას გარდა, საქმე შეიძლება იმაშიც იყოს, რომ „აღმოსავლეთში~, რომელსაც ამ შემთხვევაში ფალაკი იხსენიებს და სადაც დემეტრე I-მა „მოიტანა“ ხარკი დასავლეთიდან“, სწორედ იმ დროის პოლიტიკური საქართველო (რომელშიც ფალაკის სამშობლო შირვანიც ივარაუდებოდა) იგულისხმებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმდროინდელ წყაროებში (მათ შორის ქართულშიც) საქართველო „დასავლეთისაგან“ (ბიზანტიისაგან და მისი ყოფილი მცირეაზიური ტერიტორიებისაგან) განსხვავებულად „აღმოსავლეთად“ მოიხსენიებოდა.
ამას გარდა, არ არის გამორიცხული ისიც, რომ ფალაკი შირვანელი, რომელმაც ასე საგანგებო ოდა შექმნა დემეტრეს გარდაცვალების გამო, მისი დაკრძალვის დროს სწორედ საქართველოში ყოფილიყო, ამაზე უნდა მიგვითითებდეს ამ შემთხვევაში ნახმარი ზმნა „მოიტანა“ (სპარს. „ავარდ“). ასე რომ, თუკი ფალაკი შირვანელის _ ოდაში რეალური ვითარების ძებნას დავიწყებდით, დემეტრე I სხვა ქვეყნებიდან, „დასავლეთიდან“, ხარკის „აღმოსავლეთში“ (საქართველოში) „მომტანად~ უნდა მიგვეჩნია და არა პირიქით _ აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელებისადმი ხარკის „მიმტანად“, როგორც ეს ო. ვილჩევსკის წარმოუდგენია.
ამრიგად, დავით აღმაშენებელი თუ მისი მემკვიდრე, რომელნიც თავიანთ თავს „მესიის (ქრისტეს) მახვილს“ უწოდებდნენ და რომლებმაც მოღვაწეობის მთელი წლები თურქ დამპყრობლებისაგან, მათი ბატონობა-გავლენისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას შეალიეს და ამ ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვებებიც მოიპოვეს XII საუკუნეში, საქართველოს ისტორიის გაყალბება იქნებოდა მუსლიმების გავლენის თუ მოხარკეობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს მეფეებად ჩაგვეთვალა. მაგრამ თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც აღვნიშნეთ, მაჰმადიანურ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტას კი არ ნიშნავდა, არამედ ამ კავშირის ახალი სახით გაგრძელებას და გაღრმავებასაც. არაბულწარწერიანი და მუსლიმური ტიპის მონეტების მოჭრა, არაბული ენის ასეთი მდგომარეობა თუ მეფეთა ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულების გაქრობა საქართველოზე მუსლიმობის გავლენის გაზრდით კი არ აიხსნება, არამედ იმით, რომ იმდროინდელი საქართველო უმთავრესად მუსლიმური ქვეყნების გარემოცვაში იმყოფებოდა და ამ გარემოსთან ეკონომიკური თუ პოლიტიკური ერთიანობა ასეთი ღონისძიების გატარებას მოითხოვდა. თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ დავით აღმაშენებელი არა მარტო არაბულწარწერიან, არამედ მხოლოდ ქართულწარწერიან მონეტებსაც ჭრიდა, როგორც ეს ამ ბოლო წლებში გამოარკვია ინგლისელმა მეცნიერმა დ. ლანგმა. ამას გარდა, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ დავით აღმაშენებლის დროიდან გაქრა არა მარტო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, არამედ მასთან ერთად ყველა ის სიმბოლური ნიშანიც, რაც საქართველოსა და მისი მეფის რომელიმე უცხო სახელმწიფოსაგან დამოკიდებულებას გამოხატავდა.
* * *
დიდგორის ველზე და საერთოდ თურქ-დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში დავით IV-ის მიერ მოპოვებულმა ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვებებმა კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს გავლენა ჩრდილო კავკასიის ხალხებზე.
საქართველოს როლი ამ ხალხების შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებასა და კულტურაში კიდევ უფრო გაიზარდა დავითის მეფობის ბოლო წლებიდან, განსაკუთრებით დიდგორის შემდეგ. კიდევ უფრო განმტკიცდა კიევის მთავრისა და საქართველოს მეფის ურთიერთობა განსაკუთრებით დავითის მემკვიდრის, დემეტრე I-ის დროს. ზოგი მკვლევარის აზრით, კიევის მთავრის ფართო, საერთაშორისო საეკლესიო ბრძოლაში საქართველოც იღებდა მონაწილეობას და საეკლესიო საკითხის გადაწყვეტაში მხარს უჭერდა კიევის მთავარს. გაძლიერებულ საქართველოსთან კავშირის შემდგომ განმტკიცებას ისახავდა მიზნად, ცხადია, კიევის მთავრის იზიასლავ მსტისლავის ძის ქორწინება საქართველოს მეფის ასულზე. Kიევის მთავარი საქართველოს სამეფო სახლთან დამოყვრებით ფიქრობდა თავისი სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრების სიმშვიდის უზრუნველყოფას, ყივჩაყთა თავდასხმების თავიდან აცილებას. მით უფრო, რომ ყივჩაყები საქართველოს გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი და კიევში დიდის პატივით ჩაყვანილი ქართველი მეფის ასულიც ხომ დედით ყივჩაყთა მთავარის ათრაქა შარაღანისძის შვილიშვილი იყო.
დავითის მიერ წარმოებულ ფართო შეტევებს თურქსელჩუკების წინააღმდეგ საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, ძლევამოსილ გამარჯვებას დიდგორში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთის ჯვაროსნული სახელმწიფოების მეფე-მთავრებისათვის, კერძოდ, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის. ამიტომ იყო, რომ ისინი დავითსა და მის ქვეყანას თავიანთ „წინა ბურჯად~ თვლიდნენ თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამითვე აიხსნება აგრეთვე, რომ თურქ-სელჩუკებმა ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მოპოვების ერთ-ერთ პირობად გაძლიერებული საქართველოს მეფის დამარცხება, მისი თავიდან მოშორება მიიჩნიეს.
როგორც ზემოთ ვნახეთ, ფრანგი კანცლერის სიტყვით, დიდგორთან გამარჯვება ილღაზს შესაძლებლობას მისცემდა თავისუფლად შესდგომოდა „ანტიოქიის დამორჩილებას და ქრისტიანობის ამოწყვეტას~. მაგრამ დიდგორის ველზე ილღაზისა და კოალიციური ლაშქრის დამარცხებამ თურქთა ეს გეგმები ჩაშალა. საქართველოს გამარჯვებამ გამათავისუფლებელ ომში ხელი გაუმართა ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში, თურქთა ძალები შეასუსტა და დაქსაქსა. ილღაზმა ვერ შეძლო ჯვაროსნების წინააღმდეგ XII ს. 20-იან წლებში წარმატებით დაწყებული ბრძოლების გაგრძელება, მან, როგორც მხედართმთავარმა და პიროვნებამ, არსებითად დიდგორის ველზე დაამთავრა თავისი მოღვაწეობა და ცხოვრებაც. 1122 წელს იგი (იქნებ დიდგორს მიღებული ჭრილობისაგან) გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ზემოხსენებული გერმანელი ისტორიკოსი ბ. კუგლერი XII ს. 20-იან წლებში ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლებში არაერთხელ გამარჯვებული ილღაზის დაცემას დიდგორის ამბებს უკავშირებს. მისი სიტყვით, სწორედ იმ დროს, როცა ილღაზმა დიდ წარმატებებს მიაღწია ჯვაროსნებთან ბრძოლაში, მას ჩრდილოეთში გამოუჩნდა მრისხანე მოწინააღმდეგე საქართველოს მეფის, დავითის სახით, რომელმაც სისხლისმღვრელ ბრძოლაში სასტიკად გაანადგურა ილღაზი და ამით მის მიერ არაერთხელ დამარცხებულ ჯვაროსნებს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა.
დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიგვითითებს აგრეთვე ის გამოხმაურებანიც, რაც ამ გამარჯვებამ პოვა იმდროინდელი ევროპული სახელმწიფოების შესაბამის ქრონიკებში. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საქართველოსთან ევროპელების ურთიერთობა ჯვაროსნებისა და საქართველოს ურთიერთობით არ უნდა ყოფილიყო შემოფარგლული _ გაძლიერებულ აღმოსავლურ ქრისტიანულ ქვეყანასთან, საქართველოსთან კავშირის მაძიებელი დასავლეთ ევროპის ზოგი სახელმწიფოც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საამისო სათანადო წყაროები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის გამომზეურებული.
დიდგორის ბრძოლის შემდეგდროინდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზემოგაკეთებული მოკლე მიმოხილვიდან კარგად ჩანს ის დიდი საერთაშორისო ასპარეზი, რომელზედაც იმ დროისათვის საქართველო აღმოჩნდა. შექმნილი საერთაშორისო ვითარების მეტ-ნაკლებად სწორ ასახვად შეიძლება მივიჩნიოთ დავითის ისტორიკოსის მიერ საქართველოს იმდროინდელი მეფის შესახებ ხატოვნად ნათქვამი შემდეგი სიტყვები: დავითის „აჩრდილსა (ჩრდილქვეშ, საფარველქვეშ) შეკრებილ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთის და ყივჩაყეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი (ევროპისანი), შარვანისა და სპარსეთისანი“.
თურქ-სელჩუკებზე გადამწყვეტ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. იგი მოასწავებდა პროგრესული, ინტენსიური მეურნეობის გამარჯვებას პრიმიტიულ-ექსტენსიურ მეურნეობაზე. თურქებისა და მათი ჯოგების განდევნამ, ბრძოლის ასპარეზის საქართველოს საზღვრებს იქით გატანამ ქართველი გლეხი დაუბრუნა თავის მამაპაპეულ მიწა-წყალს და მას დოვლათის მშვიდად წარმოების შესაძლებლობა შეუქმნა.
კიდევ უფრო დაწინაურდა და გაფართოვდა ხელოსნობა და ვაჭრობა, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება. მართალია, ზოგმა ქალაქმა დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა დაკარგა, მაგრამ ძლიერი მეფის მფარველობის ქვეშ მყოფმა, კიდევ უფრო გააფართოვა საშინაო თუ საგარეო ვაჭრობა. ძლიერი სამეფო ხელისუფლება უზრუნველყოფდა ვაჭრის პიროვნებისა თუ ქონების დაცვას, სავაჭრო გზების კეთილმოწყობასა და უშიშროებას. დავით აღმაშენებელმა ამ მხრივაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, მაგრამ მასზე ამჟამად სიტყვას არ გავაგრძელებთ.
ფეოდალური საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა იმ დროისათვის იმდენად დიდი იყო, რომ დავითის ისტორიკოსი აღფრთოვანებით წერდა: „ვგონებ, ვითარმედ მამათა და პაპათაგან (მათ დროს) წაღებულნი ქვეყანანი, ტყვენი და სიმდიდრენი, მრავალწილად უკუმოიზღუნა (უკანვე დაიბრუნა) ამან (მეფემ) ხმნემან. დამშვიდა ქვეყანა, აივსო და გარდაეცა (მოიფინა) ყოვლითა კეთილითა, გაავსო და ააშენა ყოველი ოხერქმნილი (გაუკაცრიელებული) და გარდაემეტა ყოველთა ჟამთა (დროს) მშვიდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩვენი, ნაცვლად გარდასულთა ოხრებათასა“-ო.
როგორც ვხედავთ, ყველა ამ წარმატებასა და გამარჯვებას, მტრების მიერ მიტაცებული ტერიტორიების მრავალწილად უკან დაბრუნებას, მშვიდობის დამყარებას, გაოხრებულ ადგილთა მოშენებას, ქვეყნის დოვლათით ავსება-გამდიდრებას დავითის ისტორიკოსი საკუთრივ მეფეს მიაწერს და მისი პიროვნული ღირსებით ხსნის. ნამდვილად კი ყველაფერი ეს ქართველი ხალხის სისხლით, შრომითა და ოფლით იყო მოპოვებული. ხალხი იყო საშინაო თუ საგარეო გამარჯვების შემოქმედი, ქვეყნის ძლიერების ფუძე, მისი ხმალი და გუთანი; მაგრამ ამ ხალხს მაორგანიზებელი, წარმმართველი ძალა სჭირდებოდა. ასეთ ძალას კი ფეოდალურ ქვეყანაში მეფე და მისი ხელისუფლება წარმოადგენდა. ცხადია, ბევრი იყო დამოკიდებული სამეფო ხელისუფლების გონივრულობასა და უნარიანობაზე, ხალხის დიდი ძალის სწორი, კანონზომიერი გზით წარმართვაზე, ამიტომ ფეოდალური ხანის ოფიციალური ისტორიკოსები მხოლოდ მეფესა და მის ძალას ხედავდნენ, ხალხს კი ივიწყებდნენ, მათი გმირობისა და თავდადების შესახებ არაფერს ამბობდნენ. ამით აიხსნება, რომ ჩვენს ძველ საისტორიო თხზულებებში არ ჩანს იმ ქართველ გმირთა, ხალხის შვილთა სახელები, რომელთაც თავი დასდეს დიდგორის ველზე თუ სხვა ბრძოლებში და თავგანწირვით უზრუნველყვეს თავისი ხალხის გამარჯვება, მისი ნათელი მომავალი.
* * *
დიდგორის ველზე მომხდარი „ძლევაი საკვირველი“ იმდენად დიდმნიშვნელოვანი იყო და ისე ფართო გამოხმაურება პოვა იმდროინდელ მსოფლიოში, რომ ამ ბრძოლასა და დავით აღმაშენებელზე შეიქმნა და გავრცელდა სხვადასხვაგვარი ლეგენდები. ასეთი ლეგენდების წარმოშობას ხელს უწყობდა სხვადასხვა ენაზე დაწერილი საისტორიო მოთხრობები თუ წერილები დავითისა და ამ სახელგანთქმული ბრძოლის შესახებ. დიდგორის ბრძოლაში დავითის ლაშქრის მიერ მოპოვებული გამარჯვების შესახებ წერდნენ ამ ამბების თანამედროვენი ქართულად, სომხურად, არაბულად და ლათინურად, ე.ი. იმ დროის მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ „საკვირველი ძლევის“ შესახებ ცნობები ვრცელდებოდა მსოფლიოს ყველა კუთხეში.
დავითისა და დიდგორის ბრძოლის შესახებ გავრცელებულმა ამგვარმა ცნობებმა და იმ ურთიერთობამ, რომელიც საუკუნის მანძილზე საქართველოსა და ჯვაროსნებს შორის არსებობდა, როგორც ჩანს, დასაბამი მისცა ფართოდ გავრცელებულ ლეგენდას „მეფე-მღვდელმთავარ იოანეზე“. ეს ლეგენდა წარმოიშვა ჯვაროსანთა ლაშქრობების ხანაში და გავრცელდა ჩინელებში, თურქებში, მონღოლებში, სპარსელებში, ინდოელებში, არაბებში სომხებსა და ყველა იმ ევროპელ ხალხშიც, რომელნიც მონაწილეობას იღებდნენ ჯვაროსნულ ომებში. ლეგენდამ ლიტერატურული გზით შეაღწია რუსეთშიც. ასე რომ, იგი ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში ფართოდ მოარულ ლეგენდად არის მიჩნეული. მისი ერთ-ერთი უძველესი ვარიანტი მოტანილია გერმანელი მემატიანის ოტო ფრაიზინგენის ქრონიკაში.
მისი შინაარსი, ქრონიკის მიხედვით ასეთია: „ყაბალას კათოლიკე ეპისკოპოსი 1145 წელს ევროპაში ჩამოვიდა, რათა პაპისთვის შეეჩივლა სხვადასხვა საქმეთა შესახებ და ამავე დროს გერმანიის იმპერატორი და საფრანგეთის მეფე აემოძრავებინა მოკლე ხნის წინათ დაკარგული ედესის ხელახლა დაპყრობისათვის. ამასთან, ყვებოდა იგი: რამდენიმე წლის წინათ ვიღაც მეფე და ბერი იოანე, რომელიც სპარსეთისა და სომხეთის გაღმა, უკიდურეს აღმოსავლეთში ცხოვრობს და თავის ხალხთან ერთად ქრისტიანულ, მაგრამ ნესტორიანულ ეკლესიას ეკუთვნის, სპარსელთა და მიდიელთა მეფე ძმებს სახელად სემიარდად ცნობილთ, თავს დაესხა და მათი რეზიდენცია ეკბატანა... დაიპყრო, დასახელებული მეფეები (ძმები) თავიანთი სპარსული, მიდიური და ასურული ჯარებით გაემართნენ მის წინააღმდეგ: ბრძოლა სამი დღე გაგრძელდა, ვინაიდან ორივე მხარე გაქცევას სიკვდილს არჩევდა. და ბოლოს, მღვდელმთავარმა იოანემ, რომელსაც ასე უწოდებენ ჩვეულებრივ, სპარსელები გააქცია და გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ... მღვდელმთავარ იოანეს სურდა სწრაფად დახმარებოდა იერუსალიმის ტაძარს, მაგრამ ჯარი, რომელიც ტიგროსს მიადგა, ვერ გადავიდა გადასასვლელების უქონლობის გამო, შემდეგ იგი ჩრდილოეთით მიბრუნდა, ვინაიდან მას მოახსენეს, რომ იქ მდინარე ყინულითაა დაფარულიო“.
ამ ლეგენდამ საუკუნეთა მანძილზე მრავალგვარი ცვლილება განიცადა, რაც აძნელებს იმ ისტორიული პიროვნების ამოცნობას, რომელიც იოანე მეფე მღვდელმთავრის ქვეშ იგულისხმებოდა, საამისოდ არაერთი მოსაზრება გამოითქვა ევროპულ ლიტერატურაში.
თუ დავუკვირდებით თვით ქრონიკის თხრობა, დავინახავთ, რომ მასში სრულიად აშკარად მოჩანს ამ ნახევრად ლეგენდარული ცნობის ანარეკლი, რომელიც დავით აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლის შესახებ აღწევდა ევროპელ ჯვაროსნებთან. როგორც ანსელუსის ზემომოტანილი წერილიდან ჩანს, ჯვაროსნების მიერ დავით აღმაშენებელი ჯერ კიდევ ადრე, „მიდიელებისა და სპარსელების“ წინააღმდეგ ბრძოლაში წინაბურჯად ყოფილა მიჩნეული, მისი ქვეყანაც ხომ „არმენიისა და სპარსეთის მიღმა“ მდებარეობდა, ასე რომ, „არმენიისა და სპარსეთის მიღმა მცხოვრები“ „მეფემღვდელმთავარი“ სხვა ვინ უნდა იყოს, თუ არა დავით აღმაშენებელი, აღმოსავლეთის იმ უძლიერესი ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე, რომელიც მაშინ ფართო მასშტაბის გადამწყვეტ ბრძოლებს აწარმოებდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. მართლაც, როგორც ეს უკანასკნელ ხანებში გაირკვა, ამ ლეგენდის თავდაპირველ ვარიანტში მთავარ გმირად იოანე მეფე-მღვდელმთავარი კი არ ყოფილა დასახელებული, არამედ მეფე დავითი. ლათინურ ენაზე შედგენილ XIII ს. ინგლისურ ქრონიკაში ნათქვამია: „მთელ საქრისტიანოში გავრცელდა ხმა, რომ მეფე დავითი, იოანე პრესვიტერად სახელდებული, აურაცხელი ჯარით დაიძრა ინდოეთიდან და უკვე დაიპყრო მიდია და სპარსეთიო“.
ამრიგად, იმდროინდელ მსოფლიოში ასე ფართოდ გავრცელებული ეს ლეგენდა დავით აღმაშენებელსა და მის დროს გადახდილ ომებზე იყო შექმნილი. დიდგორისა და, საერთოდ, დავით აღმაშენებლის ბრძოლის ლეგენდარულ სამოსელში გახვევის საფუძველი იყო ის ისტორიული წყაროები, რომელნიც, მართლაც ნახევრად ფანტასტიკურად წარმოგვიდგენენ პატარა ქვეყნის მეფის მცირე, ორმოცდაათათასიან ლაშქრის გამარჯვებას დიდი ქვეყნების მფლობელთა ნახევარმილიონიან და ექვსასათასიან ლაშქარზე.
ის უცხოური თუ ქართული წყაროები, რომლებიც ამ ომის შესახებ მაშინ არსებობდა, დიდგორის ველზე გამარჯვებასა და მის სარდალს, დავით აღმაშენებელს ძველი ისტორიის ბევრ სახელგანთქმულ ომსა და დიდ ისტორიულ პირებზე მაღლა აყენებდა და მეტი შექების ღირსად მიიჩნევდა.
დავითის ისტორიკოსის სიტყვით, დიდგორის ბრძოლა ღირსი იყო აღეწერათ და შეექოთ ძველი დროის „დიდ და სახელოვან გამომეტყველებს“, სიტყვის ოსტატებს _ ჰომეროსს, არისტობულს თუ იოსებ ფლავიოსს. მაგრამ არც ჰომეროსს, რომელმაც ტროადელთა ომი შეაქო, არც არისტობულს, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლებს ადიდებდა და არც იოსებ ფლავიოსს, რომელიც ვესპასიანეს ცხოვრებას აღწერდა, „ნივთნი საქმეთანი არა აქუნდეს კმად მისათხრობელად“ ე. ი. ბევრი არაფერი ჰქონდათ მოსათხრობი შედარებით იმასთან, რაც დავითმა გააკეთაო. მათ რომ ჰქონოდათ „ნივთად საქმენი დავითისანი“, კერძოდ, დიდგორის ბრძოლაში მისი ასე სწრაფი და ბრწყინვალე გამარჯვება და ეს აღეწერათ „ჯეროვნად მათისაებრ რიტორობისა“, აი, მაშინ დასახელებული „სახელოვანნი გამომეტყველნი“ ღირსნი იქნებოდნენ „ჯეროვანისა ქებისაო“. რა საქებარია ტროადელთა ომი, რომელიც ოცდარვა წელიწადს გაგრძელდა, მაშინ როცა დავითმა დიდგორის ველზე ეს დიდი ბრძოლა სამ საათამდე გამარჯვებით დააგვირგვინაო, _ აცხადებს ისტორიკოსი.
როგორც ვხედავთ, დავითის ისტორიკოსის აზრით, დიდგორის ბრძოლა უფრო მეტი შექებისა და დიდების ღირსია, ვიდრე ტროადელთა თუ ალექსანდრე მაკედონელის ომები. მაგრამ თუ ეს უკანასკნელნი ასე დიდად ჩანან ისტორიაში, ვიდრე დავითი და მისი დიდგორის ბრძოლა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თვით კი არ იყვნენ დიდი, არამედ „დიდსა მიემთხვნენ მაქებელსაო“ (დიდი ჰყავდათ მაქებარნი) ჰომეროსისა თუ არისტობულის სახით. დავითის ისტორიკოსი ამითაც არ კმაყოფილდება; მისი სიტყვით, თვით ალექსანდრე მაკედონელიც მარტოოდენ ქართველთა ლაშქრით „ვერცარას იქმოდა კარგსა“. დავით აღმაშენებელმა კი, ამ პატარა ქვეყნის მეფემ თავისი მცირე ლაშქრით დიდი საქმეები გააკეთა _ „კვერთხი მეფობისა ესოდენ დამდაბლებული“ „იპყრა ესრეთ მაღლად, ვითარ ვერვინ სხვამან“. და რომ „დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ან ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ან სხვათა დიდთა სამეფოთა, მაშინამცა გენახნეს ნაქნარნი მისნი, უაღრეს სხვათა ქებულთანიო“.
ასე ადიდებდა დიდგორის ბრძოლასა და, საერთოდ, დავითის მოღვაწეობას მისი თანამედროვე ისტორიკოსი. მაგრამ მას ესეც საკმარისად არ მიაჩნდა და დავითისა და დიდგორის ბრძოლის შესაქებად ძველ მეისტორიებსა და ენაწყლიან „გამომეტყველებს“ მოუხმობდა: მე ვერ შევძელი ყველაფრის ისე მოთხრობა, როგორც ეს დავითსა და მის ნამოღვაწარს ეკადრებოდა: მე კი არა, ძველი დროის „სახელოვან გამომეტყველებს“ უნდა ჰქონოდათ დავითის საქმე საქებრადო, _ წერს იგი.
დიდგორის ბრძოლას ასეთივე შეფასებას აძლევენ დავითის სხვა თანამედროვენი. XII ს. პირველი ნახევრის ცნობილ ქართველ მოღვაწეს არსენ იყალთოელს ეპიტაფიის სახით დაუწერია დავით აღმაშენებლის შესახებ ოთხტაეპიანი ლექსი, რომელიც შემდეგ, როგორც ჩანს, ხალხში გავრცელებულა და არაერთხელ გამოქვეყნებულა, როგორც ხალხური პოეზიის ნიმუში. ამ ლექსმა, ლიტერატურული თუ ხალხური შემოქმედების გზით, ჩვენამდე ასეთი სახით მოაღწია:
„ვინ ნაჭარმაგევს1 მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარე გამეხსნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამეხსნეს,
აწე ამათსა მოქმედსა გულზედან ხელი დამესხნეს“.2
შენიშვნები
1. ნაჭარმაგევი _ მეფეთა სადგომი ქართლში, გორის მახლობლად, მის ჩრდილოეთით.
2. XIX ს. ცნობილ ქართველ მოღვაწეს მ. საბინინს ეს „იამბიკო ხუცესი ასოებით წარწერილი“ დავითის საფლავის ქვაზე გელათში თვით უნახავს და უკვე თითქმის გადაშლილი „ფრიადის ღონისძიებათა და ტანჯვით“ ამოუკითხავს. საინტერესოა, რომ მის მიერ ამოკითხული ოთხსტრიქონიანი წარწერა შინაარსობრივად სავსებით ემთხვევა ჩვენ მიერ ზემომოტანილ ლექსს.

როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხის წარმოდგენითაც დავითი იყო ის, ვინც მძიმე ბრძოლებით ქვეყნის საზღვრებს იქით გადარეკა ყველა ჯურის დამპყრობელი თურქების, სპარსელებისა და არაბების სახით, ვინც გააერთიანა და ერთიან კულტურულ-პოლიტიკურ ერთეულად აქცია იმერ-ამერი, ვინც ახლო თუ შორეული ქვეყნების მეფენი „მისსა ჩრდილსა (მფარველობის) ქვეშე“ შეჰყარა, „ნაჭარმაგევს პურად დასხა“ და მრავალ ომგადახდილ ქვეყანას მშვიდობა მოუპოვა...
ასე დაუკავშირა მადლიერმა ქართველმა ხალხმა საკუთარი სისხლითა და ოფლით მოპოვებული გამარჯვებანი ძველი საქართველოს გამოჩენილი მოღვაწის _ დავითის სახელს.
დავით IV-ს ქართველმა ხალხმა „აღმაშენებელი“ უწოდა. ეს შემთხვევითი არ არის _ ამ ერთი სიტყვით ხალხმა ის დიდი დამსახურება, რაც დავით IV-ს ქართული სახელმწიფოებრიობის შენებასა და ქართული კულტურის განვითარებაში მიუძღვის. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ძველ საქართველოს დავით აღმაშენებელზე უფრო დიდი და მრავალმხრივი მოღვაწე არ ჰყოლია. დავით აღმაშენებელმა დაასრულა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა ქართული მიწა-წყლის გაერთიანება-შემომტკიცებისა და ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნისათვის. მის სახელთან არის დაკავშირებული მრავალი გამარჯვება ბრძოლის ველზე, საქართველოსა და მისი მეზობლების გათავისუფლება უცხო დამპყრობთა გაბატონებისაგან და აგრეთვე თბილისის შემოერთება და გადაქცევა გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად _ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულუტურლ ცენტრად.
მრავალმხრივი იყო დავით აღმაშენებლის საშინაო რეფორმები სამოხელეო წყობაში, საეკლესიო, სამხედრო, სასამართლო სფეროში და სხვაგან, რომელიც სრულ ანალოგიას ვერ პოულობს იმდროინდელი ცივილიზებული მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში. ფართო იყო თვით დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი: მისი დროის საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, _ კავკასიის ხალხებთან, ოსებთან, ყივჩაყებთან; დავითის დროს საქართველომ ურთიერთობა დაამყარა ძველ (კიევის) რუსეთთან, ბიზანტიასთან, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ჯვაროსნებთან. აღსანიშნავია, რომ თურქი დამპყრობლების მიერ გაწამებული სომეხი ხალხი დავით აღმაშენებელს „სომეხი ერის განმათავისუფლებლად, მფარველად და მეგობრად~ მიიჩნევდა; ევროპის ზოგი ქვეყანა კიდევ დავით აღმაშენებელსა და მისი დროის საქართველოს „ურწმუნოთა“ (თურქ დამპყრობთა) წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ბურჯად“ თვლიდა.
დავით აღმაშენებელი, თავისი დროის დიდი პროგრესული მოღვაწე, განსაკუთრებულ ღონისძიებებს ატარებდა ქართველი ხალხის კონსოლიდაციისა და ქართული კულტურის განვითარების მიზნით. არსებითად დავით აღმაშენებლის დროს დასრულდა ქართველი ხალხის ჩამოყალიბების ხანგრძლივი ისტორიული პროცესი. დავით IV, თვით დიდად განათლებული ადამიანი და მწიგნობარი, ქართული მწიგნობრობის, ქართული ენის და საერთოდ ქართული კულტურის შემდგომი გავრცელებისა და განვითარების მიზნით, ქმნიდა კულტურის ახალ და ძლიერ ცენტრებს. დავითის დროს, მისი ინიციატივით დაარსდა გელათის მონასტერი და გელათის აკადემია, რომელსაც, დამაარსებლის გეგმით, ისეთივე როლი უნდა შეესრულებინა ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში, როგორსაც ასრულებდა ათენი ანტიკურ სამყაროში. გელათში _ შუა საუკუნეების ქართული უმაღლესი განათლების ცენტრში _ დავითმა შემოიკრიბა იმ დროს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები: კერძოდ, გელათში, დავითის პირადი მფარველობით, მოღვაწეობდნენ ცნობილი ფილოსოფოსები _ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი, რომელთა ბრძოლამ აზროვნებისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების თავისუფლებისათვის ღრმა კვალი დაამჩნია იმდროინდელი ქართველი საზოგადოების შეგნებას.
დავითის ხელშეწყობით არსენ იყალთოელმა საფუძველი ჩაუყარა კულტურის მეორე დიდ ცენტრს, იყალთოს აკადემიას კახეთში; ხოლო ქართლში დავით აღმაშენებელმა კიდევ უფრო გააძლიერა შიომღვიმის მონასტერი. სამი უდიდესი ცენტრი საქართველოს სამ სხვადასხვა კუთხეში ემსახურებოდა ქართველი ხალხის კულტურული ერთობის შემდგომი განმტკიცების დიდ ეროვნულ საქმეს. დავით IV, ადგილობრივი ქართველი კულტურის ახალი ცენტრების ჩამოყალიბებასთან ერთად, აძლიერებდა და აფართოებდა უკვე არსებულს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც _ ათონის მთაზე, პალესტინაში და სხვაგან. ამასთან ერთად, დავით IV სათანადო ცოდნისა და უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ აგზავნიდა ახალგაზრდობას, კულტურის ცენტრებს აარსებდა არა მარტო მონასტრებთან, არამედ აგრეთვე ქალაქებშიც, კერძოდ, თბილისში მან ააშენა საგანგებო სახლი მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტებისათვის, თავშესაყარად და პატივსაცემად. ამრიგად, დავით აღმაშენებლის სახელთან დაკავშირებულია არა მარტო დიდმნიშვნელოვანი ღონისძიებანი საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, არამედ აგრეთვე ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაშიც. ასე შეექმნა XII ს. პირველ მეოთხედში მყარი საფუძველი ქართველი ხალხის მომავალს...

Комментариев нет:

Отправить комментарий