გიორგი კედრენე XI-XII საუკუნის მიჯნის ბიზანტიელი ისტორიკოსია, ავტორი თხზულებისა „ისტორიული მიმოხილვა“, რომელიც მოიცავს მსოფლიოს ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან ისააკ კომნენოსის მეფობამდე - 1059 წლამდე.
კედრენეს შრომა არსებითად იოანე სკილიცეს (XI-XII საუკუნის მიჯნა) ნაშრომიდან „ისტორიის მიმოხილვა“ არის გადმოწერილი (თავის მხრივ 811 წლამდე იგი ეყრდნობა გიორგი სინკელოზის, მისი გამგრძელებელის თეოფანე აღმსარებელის, ე.წ. „თეოფანეს გამგრძელებლის“ და გენესიოსის და სხვა ანონიმთა შრომებს), ოღონდ საკუთარი სიტყვებით და აქა იქ სხვა ავტორების ან თვით განაგონ ცნობებსაც შეიცავს.
* * *
აბაზგები ბიზანტიის ჯარში
ირაკლის (ჰერაკლე კეისარი, 610-641) მეფობის მეთოთხმეტე (624) წელს სპარსთა მეფე ხოსრომ მისცა ჯრი სხვა სტრატეგოსს სარვარაზას და გაგზავნა იგი სარვარანკასთან, რათა ორივეს შეერთებული ძალებით ეომა რომაელების წინააღმდეგ.
ეს რომ შეიტყო რომაელთა მეფემ, ომი დაიწყო სარანვანკასთან, სანამ იგი სარვარაზას შეუერთდებოდა: მრავალი თავდასხმა მოაწყო მის წინააღმდეგ და დიდ შიშში ჩააგდო იგი. ორივენი რომ უკან მოიტოვა, სწრაფად გაემართა ხოსროს წინააღმდეგ. ორი რომაელი სპარსელების მხარეზე გადავიდა თავისი ნებით და არწმუნებდა მათ - რომაელებს შეეშინდათ და გარბიანო. ხმებიც მივიდა - სპარსთა სარდალი საინი მოდის სხვა ახალი ჯარით საშველადო.
ეს რომ შეიტყვეს სარვარანკამ და სარვარაზამ, დაუჩქარეს ომი გაემართათ ირალისათვის, სანამ საინი მოვიდოდა, რათა გამარჯვების დიდება მათ რგებოდათ. იმათ ირწმუნეს ორი რომაელის სიტყვები და გაემართნენ ირაკლის წინააღმდეგ. მას რომ მიუახლოვდნენ, დაიბანაკეს, რათა დილით ადრე შებმოდნენ. ირაკლი საღამოს აიყარა ბანაკიდან და მთელი ღამე იარა: კარგა მოშორებით რომ იყო მათგან, ერთ ამწვანებულ მინდორში დაიბანაკა. ბარბაროსებმა გადაწყვიტეს ირაკლი გაიქცაო და უწესრიგოდ დაედევნენ. ირაკლი კი მედგრად დაუდგა მათ, შეებრძოლა და მოიგერია ბარბაროსები, ნაპრალ-ნაპრალ სდია მათ და ბევრიც გაჟლიტა. შუა ბრძოლაში რომ იყვნენ, მოვიდა საინიც თავისი ჯარით. მეფე მასაც შეებრძოლა და მოიგერია; ბევრიც დაუხოცა, დანარჩენები გააქცია და გაფანტა; მათი ბარგიც ხელში ჩაიგდო.
სარვარაზა შეუერთდა საინს და თავი მოუყარა დარჩენილ ბარბაროსებს: ისინი კვლავ ფიქრობდნენ მეფის წინააღმდეგ გამართულიყვნენ. ირაკლი კი წავიდა ჰუნების ქვეყნისკენ და იქაური ძნელსავალი ადგილებისკენ, კლდოვანი და ძნელსავალი გზებით. ლაზები და აბაზგები შეშინდნენ, გამოეთიშნენ მოკავშირე რომაელებს და შინ გაბრუნდნენ. საინს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი და დიდი აღფრთოვანებით წაასხა ბარბაროსები ირაკლის წინააღმდეგ.
ხოლო მეფე ჯარის აღფრთოვანების მიზნით შემდეგი სიტყვებით აქეზებდა მას: „ძმები, დე, ნუ შეგაშინებთ მტრის სიმრავლე; თუ ღმერთი ინებებს, ერთი კაციც აოტებს ათასს. შევწიროთ ღმერთს საკუთარი თავი ჩვენი ძმების ხსნის გულისთვის. მივიღოთ წამების გვირგვინი, რათა მომავალმა თაობებმა შეგვაქონ ჩვენ“.
ასეთი და სხვა მრავალი სიტყვებით აქეზებდა ჯარს და გაბრწყინებული სახით ემზადებოდა საომრად. მოწინააღმდეგენი ერთიმეორის პირისპირ დადგნენ პატარა მანძილით დაშორებულნი, და საღამომდე არ შებმიან ერთმანეთს. საღამო რომ დადგა, მეფე გზას გაუდგა: ბარბაროსები კვლავ უკან მისდევდნენ მას. როდესაც მათ გზა შეცვალეს და მოინდომეს მისთვის (მეფისთვის) გზა გადაეჭრათ. ჩავარდნენ ჭაობიან ადგილში, და იძულებულნი იყვნენ უკან გასულიყვნენ.
მეფემ პერსარმენიის ქვეყანას ჩაუარა. რადგან ეს ქვეყანა სპარსელებს ეპყრათ, ბევრნი სარვარაზას მხარეს გადავიდნენ და, ამრიგად, მისი ლაშქარი გაიზარდა; ზამთარი რომ დადგა, ყველა ისინი თავთავიანთ სახლებში დაიფანტნენ.
ეს რომ შეიტყო ირაკლი მეფემ, გადაწყვიტა ღამით მიეტანა იერიში. მან გამოარჩია ძლიერი ცხენოსნები, გამოჰყო ჯარიდან უმამაცესნი და უბრძანა ბარბაროსთა წინააღმდეგ გამართულიყვნენ, თვითონ კი დანარჩენი ჯარით უკან მისდევდა. ასე, გაეშურნენ რომაელები და ღამის ცხრა საათზე დაიკავეს ალბანთა ციხე.
სპარსელებმა რომ შეიტყვეს ეს იერიში და მათ წინააღმდეგ გაემართნენ, რომაელებმა ისინი ყველანი გაჟლიტეს: გადარჩა, როგორც იტყვიან, მხოლოდ ერთი, რომ ბარბაროსებისთვის უბედურება ეუწყებინა. ხოლო ბარბაროსი ტიტველა და ფეხშიშველი ცხენს მოახტა და გაქცევით უშველა თავს.
ირაკლის ჩასვლა ლაზეთში (გადმოღებულია თეოფანედან)
ირაკლის მეთექვსმეტე (626) წელს ხოსრო II-მ (591-628) ჯარი შეკრიბა უცხოელთა, მოქალაქეთა და მონათაგან და მთელი მოდგმიდან. შემდეგ იგი საიანს გადასცა, სხვა 50000 სარბაროსის (შაჰრბარაზი) ფალანგიდან ამათ შეუერთა, უწოდა მათ ქრისოლოქები (ოქროს რაზმები) და გაგზავნა მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად. ხოლო სარბაროსი თავისი დანარჩენი ჯარითურთ კონსტანტინეპოლის წინააღმდეგ გაგზავნა, იმ ვარაუდით, რომ ის უნდა შეთანხმებოდა დასავლეთის ჰუნებს, რომელთაც ავარებს ეძახიან, და, სთლავინებთან (სლავები) და გეპიდებთან ერთად, ისინიც წასულიყვნენ ქალაქის (კონსტანტინეპოლის) წინააღმდეგ და ალყა შემოერტყათ. ხოლო ეს რომ ირაკლი მეფემ შეიტყო, თავისი ჯარი სამ განაყოფად დაანაწილა: ერთნი გაგზავნა ქალაქის დასაცავად, მეორენი კი თავის ძმას თეოდორეს ჩააბარა და უბრძანა საინის წინააღმდეგ ებრძოლა. ხოლო მესამე ნაწილს თვითონ ჩაუდგა სათავეში და ლაზეთში გაემართა და მოკავშირეობა სთხოვა თურქებს, რომელთაც ხაზარებს უწოდებენ.
ხოლო საინი ახლადშეკრებილი ჯარით თავს დაესხა მეფის ძმა თეოდორეს და საომრად განეწყო. ომი რომ გამწვავდა, ბარბაროსებს მოულოდნელად სეტყვა დაატყდათ, რომელმაც ბევრი მათგანი დაანარცხა, ხოლო რომაელთა რაზმი გადარჩა მშვიდად. რომაელებმა სპარსელები აოტეს, დიდძალი ხალხიც გაუჟლიტეს.
ეს რომ ხოსრომ შეიტყო, განრისხდა საინზე, რომელიც დიდი მწუხარებისგან ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა. მის გვამს ხოსრომ ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა.
ხოლო ხაზარებმა გადმოლახეს კასპიის კარები და შეიჭრნენ სპარსეთში, ანდროეგის (ადარბადაგანი?) ქვეყანაში, თავიანთი სარდლის ზებეილის მეთაურობით; ხაკანის შემდეგ მეორე კაცი იყო თავისი პატივით; რომელ ადგილებშიც კი გადავიდნენ, სპარსელებიც დაატყვევეს და სოფლები და ქალაქებიც ცეცხლს მისცეს.
ხოლო ირაკლი მეფე წავიდა ლაზეთიდან და მათ შეეგება. ზებეილი დიდი სიყვარულითა და სიხარულით მიესალმა მეფეს და მის მხლებლებს. მან თავისი ვაჟი ჯარითურთ მოკავშირედ გადასცა მეფეს და თვითონ საკუთარ ქვეყანაში გაბრუნდა. ირაკლი მეფემ ჩაიბარა ისინი და ხოსროს წინააღმდეგ გაემართა.
ხოლო სარბაროსი თავს დაესხა ქალკედონს; ავარებიც თრაკიის მხრიდან ქალაქს (კონსტანტინეპოლს) მოუახლოვდნენ და ლამობდნენ მის აღებას: მანქანებიც მოიმარჯვეს მის წინააღმდეგ.
ავარების ხაკანის 80000-იანი ჯარით ალყა კონსტანტინეპოლზე 626 წლის 29 ივლისიდან 7 აგვისტომდე გაგრძელდა და სასტიკი მარცხით დასრულდა. 627 წლის შემოდგომაზე ჰერაკლემ კონტრშეტევა წამოიწყო და 12 დეკემბერს ნინევიის ნანგრევებთან გაანადგურა სპარსელები, რის შემდეგაც ქტესიფონისკენ დაიძრა. 628 წლის აპრილში ხოსრო უფლისწულმა კავადმა მოკლა და ბიზანტიასთან ზავი დასდო.
ავარების ხაკანის 80000-იანი ჯარით ალყა კონსტანტინეპოლზე 626 წლის 29 ივლისიდან 7 აგვისტომდე გაგრძელდა და სასტიკი მარცხით დასრულდა. 627 წლის შემოდგომაზე ჰერაკლემ კონტრშეტევა წამოიწყო და 12 დეკემბერს ნინევიის ნანგრევებთან გაანადგურა სპარსელები, რის შემდეგაც ქტესიფონისკენ დაიძრა. 628 წლის აპრილში ხოსრო უფლისწულმა კავადმა მოკლა და ბიზანტიასთან ზავი დასდო.
ფასისის ეპისკოპოსი კვიროსი (გადმოღებულია თეოფანესგან)
ირაკლის მეფობის მეოცე (629/30) წელს, ირაკლი რომ იერაპოლისში იყო, მასთან მივიდა იაკობიტების პატრიარქი ათანასი, კაცი საშინელი და სირიელებისათვის თანდაყოლილი ბოროტებით აღსავსე, და აღძრა მეფის წინაშე სიტყვები სარწმუნოების შესახებ; ირაკლი შეჰპირდა მას, თუ ქალკედონის სინოდის დადგენილებას მიირებ, ანტიოქიის პატრიარქად დაგაყენებო. მან უპასუხა: ვღებულობ სინოდის დადგენილებასო, და აღიარა ორი ბუნება, ქრისტეში გაერთიანებული; ის შეეკითხა მეფეს მოქმედებითი ძალისა და ნებათა შესახებ, თუ როგორ უნდა ითქვას ესენი ქრისტეს მიმართ: ნება ორმაგია თუ ერთიაო.
მეფემ მისწერა ამის შესახებ კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს სერგის, მოიწვია აგრეთვე ფასისის ეპისკოპოსი კვიროსიც - ესენი ორივენი მონოთელიტები იყვნენ, - და ნახა, რომ ისინი ამავე აზრისა იყვნენ, როგორც ათანასი.
ლაზეთის პატრიკოზი სერგი (გადმოღებულია თეოფანესგან შეცდომებით)
ქვეყნის დასაბამიდან 6188 (თეოფ. 6189) წელს, ქრისტეს მოსვლიდან 694 (თეოფ. 697) წელს, რომაელთა მეფე ლეონტი მეფობდა სამ წელს (695-698). მისი მეფობის პირველ წელიწადს ყველგან სიმშვიდე იყო.
მეორე წელს ალიდიმ ილაშქრა რომის წინააღმდეგ, ბევრნი დაატყვევა და უკან გაბრუნდა.
ამ წელს აჯანყდა ლაზეთის პატრიარქი (პატრიკოზი) სერგი, და ლაზეთი დაექვემდებარა არაბებს.
ბარდა სკლიაროსის აჯანყება
„სამეფო აბანოებთან“ ბრძოლაში (ბარდა) სკლიაროსის მიერ (ბარდა) ფოკას დამარცხების (978 წ.) შემდეგ ფოკა დაუყონებლივ, რაც შეეძლო სწრაფად გაემართა იბერიაში, მივიდა იბერთა არქონტთან დავითთან და სთხოვა მას დამხმარე ჯარი; იმანაც სიამოვნებით აღუთქვა დახმარება /დავითი მეგობრობდა ფოკასთან იმ დროიდან, რაც ეს ხალდიის დუკი იყო/ ფოკას, წამოიყვანა იქიდან ხალხი არა მცირე, შეკრიბა თავისი, ლტოლვის დროს დაფანტული ჯარიც და ჩავიდა პანკალიაში, სადაც სკლიაროსი იყო დაბანაკებული.
ხოლო ადგილი პანკალია, დაბლობი გაშლილი და ცხენთა საჯირითო, მდებარეობს მდინარე ჰალისის მახლობლად.
(29 მარტს) და კვლავ გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა. მაშინ ფოკამ თავის ხალხს რომ შენიშნა, რომ ცოტ-ცოტა ღალატობდნენ და გაქცევაზე ეჭირათ თვალი, უმჯობესად ჩათვალა სახელოვანი სიკვდილი, ვიდრე ლაჩრული და ნაძრახი სიცოცხლე, გაარღვია მოწინააღმდეგის ფალაგები და სწრაფად მიიჭრა სკლიაროსთან.
რადგან სკლიაროსი მაგრად შეხვდა მის შემოტევას, არავის ჯარისკაცთაგანს დახმარება არ უფიქრია, არამედ მხედართმთავართა შებმით, მათი აზრით, უნდა გადაწყვეტილიყო საქმე /ვინაიდან საუცხოო და შემაძრწუნებელი სანახაობა იშლებოდა მაყურებელთათვის, როდესაც ორი ვაჟკაცის პირისპირ შებრძოლება დიდად გამოამჟღავნება მათ გაბედულებას და სულიერ ძალას/; ასე რომ სკლიაროსი და ფოკა ერთიმეორის პირისპირ დადგნენ და ხელჩართული ბრძოლა გაიმართა.
სკლიაროსმა ფოკას ცხენს მახვილით ჩამოაჭრა მარჯვენა ყური აღვირითურთ და თან დასცინოდა; ხოლო ფოკამ ლახტი დაჰკრა მას თავში და ცხენის ქედზე გადააგდო სკლიაროსი, ძლიერი დარტყმის მიყენების წყალობით, თვითონ კი ფოკამ დეზი ჰკრა ცხენს, გაარღვია მტრის ფალანგები და გავიდა; ავიდა ერთ ბორცვზე და თავის გაქცეულ მებრძოლებს უკან მოუხმო.
სკლიაროსის თანამებრძოლებმა რომ დაინახეს, რომ ის ცუდად გამხდარიყო დარტყმის მიყენების გამო და გულწასული იყო ჭრილობისგან, იქვე წყაროსთან მიიყვანეს ის სისხლის მოსაბანად; ფოკას შესახებ კი ფიქრობდნენ, რომ ის საბოლოოდ დაიღუპა.
სკლიაროსის ცხენი დაფრთხა და გაექცა იმას, ვისაც ეჭირა, და შუა რაზმებში დარბოდა უმხედროდ და უწესრიგო ძალით, სისხლში ამოსვრილი. იცნეს ვისი ცხენიც იყო; იფიქრეს, რომ მათი არქონტი (სკლიაროსი) დაიღუპა და არეულ-დარეულნი გაიქცნენ. კლდე-ღრეებში და მდინარე ჰალისში ჩაცვივდნენ და უსახელოდ ამოწყდნენ, თუმცა მათ არავინ მისდევდა.
ბასილი II კეისარი იბერიაში
შინაურ ომთა და ზრუნვათაგან რომ განთავისუფლდა მეფე, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაესაჯა სამუელი (ბულგარეთის მეფე 977-1014 წლ.) და დანარჩენი ტოპარქები, რომლებმაც ძალიან აიშვეს თავი იმით, რომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს და რომაელთა სახელმწიფოს არამცირედი ზიანი მიაყენეს. ის გაემართა თრაკიისა და მაკედონიის მხარეებში და ჩავიდა თესალონიკეში, სადაც მრავალი მადლი შესწირა დიდმოწამე დემეტრეს. იქ მმართველად დასტოვა მაგისტროსი გრიგოლ ტარონელი და მისცა მას დიდძალი ჯარი, რათა სამუელის იერიშები შეეკავებინა, თვითონ კი გამობრუნდა და სატახტო ქალაქზე გავლით იბერიაში ავიდა; დავით კურაპალატი გარდაცვლილიყო და თავისი სამფლობელოების მემკვიდრედ მეფე დაეწერა. იბერიაში რომ ჩავიდა, მიცემული მემკვიდრეობა დაიდგინა. ხოლო კურაპალატის ძმა გიორგი, შიდა იბერიის მმართველი, დაარწმუნა დაკმაყოფილებულიყო თავისი საკუთარი სამფლობელოთი და სხვისას არ შესეოდა, შეკრა მასთან ზავი, მძველად მისი ვაჟი მიიღო და ფინიკიაში წავიდა; თან წაიყვანა იბერიის დიგვარიანები, რომელთაგან უმთავრესნი იყვნენ ბაკურიანი (ლეგენდარული გრიგოლ დომესტიკოსის მამა), ფევდატე (დავით III-ის სარდალ ჯოჯიკის ძე) და ფერსი (ფერის ჯოჯიკის ძე, ფევდატეს ძმა, გიორგი I-ის დის ქმარი), ღვიძლი ძმები, რომელნიც მან პატრიკიოსთა ხარისხში აიყვანა.
ნიკიფორე ქსიფიასის და ნიკიფორე ფოკას ძის აჯანყება. მეფე გიორგი I.
რადგან აბაზგიის მთავარმა გიორგიმ დაარღვია რომაელებთან დადებული ხელშეკრულება და რომაელთა საზღვრებში იჭრებოდა, მეფემ მთელი ჯარით გაილაშქრა მის წინააღმდეგ, ხოლო პატრიკიოსი ნიკიფორე ქსიფიასი და პატრიკიოსი ნიკიფორე, ბარდა ფოკას ძე, შინ დასტოვა. ამათ კი ძალიან ეწყინათ, რომ ისინი ლაშქრობას გამოთიშეს; შეკრიბეს ჯარი კაპადოკიიდან, როდანტიდან და მეზობელი მხარეებიდან და აჯანყება მოაწყეს.
ეს ამბავი რომ აუწყეს მეფეს, მისი ბანაკი შიშმა და ძრწოლამ მოიცვა: ეშინოდათ ვაი თუ აბაზგებსა და აჯანყებულთა შუა მოვემწყვდეთ და ცუდი დღე დაგვადგესო /ხმები დადიოდა, ქსიფიას კაცები ამის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებენ აბაზგიის მთავართანო/.
მეფემ წერილები გაუგზავნა ქსიფიასს და ფოკას და შიკრიკს დაავალა ყოველნაირად ცდილიყო, რომ ერთიმეორის ჩუმად გადაეცა წერილები. შიკრიკმაც შეასრულა დავალება და ჩუმად ჩააბარა წერილები; ფოკამ მაშინვე გააცნო ქსიფიასს თავისი წერილი, ამან კი თავისი წერილი არ გამოუჩინა და სრულიად უარყოფდა წერილი არ მიმიღიაო; ერთ დღეს ქსიფიასმა მოსალაპარაკებლად უხმო მას და რომ მოვიდა, წინასწარ ჩასაფრებულ კაცებს მოაკვლევინა იგი. მეამბოხეთა კავშირი მაშინვე დაიშალა.
მეფეს რომ აცნობეს ფოკას სიკვდილი, მან გაგზავნა დამიანე დალასენოსის შვილი, თეოფილაქტე, რომელმაც დაატყვევა ქსიფიასი და შებორკილი მიჰგვარა სატახტო ქალაქში იოანე პროტონოტარს. იოანემ იგი ბერად აღკვეცა და ანტიგონეს კუნძულზე გადაასახლა.
მეამბოხეთაგან განთავისუფლებული მეფე ეკვეთა აბაზგებს: თუმცა რომაელთაგან ბევრნი დაიღუპენ, მაგრამ ორივე მხარის ჯარები რომ დაიშალნენ, აღმოჩნდა, რომ გამარჯვება არავის არ ჰრგებია.
ამის შემდეგ მოხდა მეორე ბრძოლა, სექტემბრის თერთმეტს, მეექვსე ინდიქტიონს, 6531 (=1023) წელს, ამ ბრძოლაში დაეცა ლიპარიტი (იგი ჰყავდა გიორგის მთავარსარდლად) და მასთან ერთად აბაზგების ჯარის საუკეთესო ნაწილი; თვითონ გიორგი გაიქცა იბერიის შიდა მთებში.
ცოტა ხნის შემდეგ მან მოლაპარაკება გამართა მეფესთან, დაუთმო თავისი ქვეყნის ის ადგილები, რომლებიც მეფეს სურდა, და შეკრა ზავი; თავისი ვაჟი ბაგრატიც მძევლად მისცა. მეფემ მაგისტროსობა უბოძა ბაგრატს და უკან გაისტუმრა.
სხვებს კი იმათი რიცხვიდან, ვინც ქსიფიასსა და ფოკას ეხმარებოდნენ, ქონება ჩამოართვა და დაატუსაღა; სიკვდილით მხოლოდ პატრიკიოსი ფერსი დასაჯა, რომელიც ყველაზე უწინარეს მიეკედლა აჯანყებულებს. მეზობელ მთავართა ოთხი კურატორი მოჰკლა და მეფის ერთ საჭურისს საკუთარი ხელით თავი მოჰკვეთა: ერთი საჭურისიც შესაჭმელად მიეცა მეფის ლომებს: მას ბრალად ედებოდა, რომ ქსიფიასის დავალებით მეფის მოწამვლა ჰქონდა განზრახული.
იბერიის კატეპანი ნიკიტა
კონსტანტინე (VIII, 1025-1028) რომ სამეფო ტახტზე ავიდა და უფლება მიიღო გაეკეთებინა ის, რაც სურდა, ხელი მიჰყო მრუდე საქმეებს და სახელმწიფოს ბევრი უბედურება დაატეხა. იგი არც აკეთებდა და არც ზრუნავდა საჭირო საქმეებზე, არამედ გართული იყო იპოდრომის, მიმებისა და ტაკიმასხარების სანახაობებით, ღამეებს ათევდა კამათლისა და კოტაბის თამაშში; სამოქალაქო და სამხედრო არქონტებად ნიშნავდა არა მათ, ვინც საქმითა და სიტყვით დაამტკიცა თავისი უნარი, არამედ ლოთ დასაჭურისებულ მონებსა და ყოველგვარი სისაძაგლით სავსე არამზადებს აღზევებდა ხოლმე უმაღლეს თანამდებობეზე, ხოლო გვაროვნობით, ვაჟკაცობითა და გამოცდილებით გამოჩენილებს გვერდს უვლიდა.
ასე მაგალითად, თავისი საწოლთ-უხუცესი ნიკოლოზი მან დანიშნა სხოლათა დომესტიკად და პარაკიმომენად; ნიკიფორე, ნიკოლოზის შემდეგ მეორე ადგილის მქონე, პროტოვესტიარად; სიმეონი, წესით მესამე, ვიგლის დრუნგარად /ყველა მათ პროედროსის პატივი მიანიჭა/; ევსტათი კი, მათზე უფრო გაცილებით დაბლა მდგომი, დიდ ჰეტერიარხად განაწესა. ანტიოქიის დუკადაც ერთი საჭურისი დანიშნა, სპონდილედ წოდებული, ხოლო იბერიის დუკად - ნიკიტა პისიდიელი1; ორივენი თავიანთი სიბოროტით განთქმული ადამიანები იყვნენ. ამათ შფოთითა და მღელვარებით აივსეს ყველაფერი და კინაღამ დაღუპეს სახელმწიფო იმართებოდა რომანოზის (II 959-963), ამ ორი მეფის მამის თვითმპყრობელობის დროიდან როგორც ნიკიფორეს (II ფოკა, 693-969), ისე იოანეს (I ციმისხი, 969-976) და ბასილის (II 976-1025) მიერ, რომელთაც მიიღეს მონაცვლეობის წესით სკიპტრა და მეზობელ ტომებს შიშის ზარს სცემდნენ.
1. „იბერიის თემი“ კონსტანტინემ დააარსა 1026/7 წ. მასში ძირითადად დავით კურაპალატის სამფლობელოები შედიოდა სამხრეთ ტაო, ბასიანი, კარინი, ხალტოი-არიჩი კლისურებით, მარდალი, ხარკი და აპაჰუნიკი მანაზკერტით. ადმინისტრაციულად ხალდიის დუკატის ნაწილი იყო. არსებობა 1074 წელს შეწყვიტა სელჩუკთა დაპყრობების გამო.
1. „იბერიის თემი“ კონსტანტინემ დააარსა 1026/7 წ. მასში ძირითადად დავით კურაპალატის სამფლობელოები შედიოდა სამხრეთ ტაო, ბასიანი, კარინი, ხალტოი-არიჩი კლისურებით, მარდალი, ხარკი და აპაჰუნიკი მანაზკერტით. ადმინისტრაციულად ხალდიის დუკატის ნაწილი იყო. არსებობა 1074 წელს შეწყვიტა სელჩუკთა დაპყრობების გამო.
ბერძენთა მეფის ასული ელენე - საქართველოს დედოფალი
ოქტომბრის თვის 31-ს გამოჩნდა შუქი ვარსკვლავისა, რომელიც მიემართებოდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, და იმ დღეს რომაელთა ჯარმა სირიაში არამცირედი დამარცხება განიცადა: დიდი ანტიოქიის სტრატეგოსი იყო მიხაელ სპონდილეს ძე. დიდი წყალდიდობა იყო, რამაც მარტის თვემდე გასტანა; მდინარეებისა და ტბების ადიდების გამო თითქმის მთელი საქონელი დაიხრჩო და მიწის ნათესებიც განადგურდა, რის გამოც მომავალ წელს საშინელი შიმშილი მოელოდა.
მეფეს უნდოდა სირიაში მომხდარი უბედურების შედეგები აეცდინა და გადაწყვიტა ბეროიას წინააღმდეგ ლაშქრობა მოეწყო. ამ მიზნით მან გაგზავნა თავისი დის ქმარი პატრიკიოსი კონსტანტინე კარანტენოსი და გაატანა მსუბუქად შეიარაღებული ჯარი, რათა მას დაეზვერა და დაეთვალიერებინა მისასვლელი ადგილები და შეძლებისდა გვარად ზარალი მიეყენებინა მტრისათვის, ხოლო მის მოსვლამდე თავი შეეკავებინა ერთიანი ბრძოლისგან.
სანამ იგი შეკრებდა ჯარს, ამასობაში ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა აფხაზეთის მთავარი გიორგი, ხოლო მისმა მეუღლემ მეფესთან ელჩები გამოაგზავნა საჩუქრებით და სთხოვდა საზავო ხელშეკრულებას და თავისი ვაჟისთვის, ბაგრატისათვის, საცოლეს.
მეფემ მისი თხოვნა შეიწყნარა, ზავი განუმტკიცა და თავისი ძმისწული ელენე, თავისი ძმის ბასილის ქალიშვილი აფხაზეთში გაგზავნა სარძლოდ, ხოლო სასიძო ბაგრატი კუროპალატის წოდებაში აღაზევა.
გიორგი I-ის მეუღლე ალდე
მაშინ გიორგი აფხაზის მეუღლე ალდე, ტომით ალანი, მიემხრო მეფეს და გადასცა მას უმტკიცესი ციხე ანაკუფე; მის ვაჟს დემეტრეს მეფემ უბოძა მაგისტროსის პატივი.
იბერიის კატეპანი იასიტე
რადგან აფხაზეთის მთავარი ბაგრატი ძალიან მტრობდა იბერიის კატეპანს იასიტეს, იოანემ გაგზავნა სხოლათა დომესტიკი კონსტანტინე, თავისი ძმა, აღმოსავლეთის მთელი რაზმებით და ჰპირდებოდა, რომ ამასთანავე გაუგზავნიდა მას დალასენოსსაც, რათა ის ჰყოლოდა მრჩევლად და თანამდგომელად ბრძოლებში. მაგრამ მან ეს არ შეასრულა და ამიტომ დომესტიკი უკან დაბრუნდა დავალების შეუსრულებლად.
ომი ანისის გამო და გიორგი მეფე
მეცამეტე ინდიქტიონს (=1044 წ. სექტ-1045 წ. აგვ.) დაიწყო ომი ანისის წინააღმდეგ, მაგრამ საჭიროა ამთავითვე ითქვას, თუ როგორ და რა საბაბით აუტეხა ომი კონსტანტინე მეფემ (IX) ანისის ადგილის მთავარს, რომელიც წყნარად იყო და არაფერს ცუდს არ სჩადიოდა. როდესაც აფხაზთა მთავარმა გიორგიმ იარაღი ააჟღარუნა რომაელთა წინააღმდეგ. მისი მოკავშირე იყო იოვანესიკეც (იოვანე სუმბატი 1020-1041). რომელიც ფლობდა ანისის ქვეყანას. ხოლო როდესაც, როგორც ზემოთ ითქვა, ბასილი მეფე იბერიაში გაემგზავრა და ბრძოლა გაუმართა გიორგის, აოტა იგი და გააცამტვერა, იოვანესიკეს შეეშინდა, ვაი თუ მეფემ განრისხებულმა, რომ გიორგის მოკავშირე ვიყავი, საშინელი რამ დამმართოსო. ქალაქის გასაღებებით ეახლა მეფეს, დანებდა მას და გასაღებებიც გადასცა.
მეფემ მოუწონა მას ეს გამჭრიახობა, უბოძა მას მაგისროსის პატივი და უთხრა, სანამ ცოცხალი ხარ, ანისის და ე.წ. დიდი არმენიის მმართველად იყავიო, ხოლო მოსთხოვა წერილობითი საბუთი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი ეს სამფლობელო გადავიდოდა მისი (მეფის) განკარგულებაში და რომაული სახელმწიფოს ნაწილი იქნებოდა.
მოხდა ასე.
გარდაიცვალა მეფე ბასილი; დიდი ხნის შემდეგ გარდაიცვალა იოვანესიკეც. ეს რომ გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა გაგიკმა (II, 1041-1045) ჩაიბარა მმართველობა, რომაელებთან მშვიდობას და კავშირს იცავდა; მაგრამ მამის სამფლობელო რომ მიიღო, არ ისურვა მისი გადაცემა რომაელებისთვის, თანახმად მამის მიერ გაცემული საბუთისა.
მონომახოსმა (კონსტანტინე IX 1042-1055) ეს საბუთი რომ ნახა საბუთსაცავებში, მოსთხოვა ანისიც და მთელი დიდი არმენიაც, როგორც ბასილი მეფის მემკვიდრემ. გაგიკმა თავი აღიარა რომაელთა მონად, ხოლო მამის სამფლობელოს დათმობა არ ისურვა; ამიტომ მეფემ გადაწყვიტა ომი. მეფემ შეკრიბა ჯარი და ჩააბარა ის ვესტის მიხაელ იასიტეს, რომელიც დანიშნული იყო იბერიის (თემის) მთავრად და მოუწოდა მას გაგიკის წინააღმდეგ ეომა. იასიტეც გაემგზავრა და რამდენადაც შეეძლო, ცდილობდა მეფის ბრძანება შეესრულებინა.
ეს რომ გაიგო გაგიკმა, მიხვდა, რომ ნაცვლად მეგობრისა და მოკავშირისა უკვე მტრად თვლიდნენ რომაელები, და თვითონაც შეკრიბა ჯარები და, შეძლებისდა გვარად, იცავდა თავს მომხდურთაგან.
რადგან იასიტეს საქმეები ცუდად მიმდინარეობდა, გაიგზავნა აგრეთვე დიდძალი ჯარით წინამძღოლი ნიკოლოზი, სხოლათა დომესტიკოსი და კონსტანტინე მეფის პარაკიმომენი, რათა გაგიკი დაემარცხებინა მრავალრიცხოვანი ჯარის შემწეობით. გარდა ამისა მეფემ წერილი გაუგზავნა აპლესფარეს, დვინისა და მდინარე არაქსის გარშემო მდებარე პერსარმენიის მთავარს, რომელსაც მეფე მოუწოდებდა, შეძლებისდა გვარად, დაერბია დიდი არმენია და გაგიკის ქვემდებარე ქვეყანა.
ჩავიდა თუ არა ნიკოლოზი დანიშნულ ადგილას, მაშინვე შეუდგა საქმეს, წერილი გაუგზავნა აპლესფარესს და თვითონაც მისწერა და თუ საჩუქრებით აგულიანებდა მას და თუ დაპირებებით აქეზებდა, რომ მეფის სურვილები სისრულეში მოეყვანა.
აპლესფარესმა მიიღო თუ არა წერილი, უპასუხა რომ ის ზედმიწევნით შეასრულებდა მეფის ბრძანებას, თუ მას მეფის საბუთი მოუვიდოდა, რომლითაც მას მიეცემოდა დახმარებოდა, რომ უეჭველ მფლობელობაში ექნებოდა ყველა ის ციხე-სიმაგრე და ის ადგილები, რომლებსაც ის ომის ძალით გაგიკს წაართმევდა და მიითვისებდა. მეფემაც მისცა მას ეს პირობა და წერილობით ოქრობეჭდებით დაუდასტურა აპლესფარესს ყველაფერი, რასაც ის მოითხოვდა: აპლესფარესმა რომ ეს საბუთი მიიღო, მაშინვე შეუდგა საქმეს, ალყა შემოარტყა და დაიპყრო გაგიკის მრავალი ციხე-სიმაგრე.
ხოლო გაგიკი, რომაელთა ჯარის მიერ დალაშქრული და დვინის მთავრის მიერაც დარბეული, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, დაუზავდა პარაკიმომენს (ნიკოლოზს) და, დანებდა რა მეფეს. ჩააბარა მას ქალაქი, როდესაც ის მეფესთან გამოცხადდა, მან აღაზევა ის მაგისტროსის პატივში; მეფისგან მიიღო მან შემოსავლიანი ადგილები როგორც კაპადოკიაში, ისე ხარსიანის მხარეში და ლიკანდრესთან, და ამ დროიდან ეწეოდა მშვიდობიანსა და უმღელვარო ცხოვრებას (35 წელი).
მონომახოსმა დვინელისგან მოითხოვა დამიბრუნე ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრეები და ადგილები, როგორც ანისის ნაწილებიო. როდესაც იმან თავისი ნებით არ დასთმო ისინი - წერილობითი ხრიზობულით მაქვს ისინი მოცემულიო - ომი წამოიწყო მის წინააღმდეგ, და კვლავ უბრძანა პარაკიმომენს რომაული ძალებით, იბერიის ჯარითა (იგულისხმება „იბერიის თემი“) და დიდ არმენიაში მდგარი ნაწილებით, რომელთაც წინათ ანისელი გაგიკი მეთაურობდა, ეომა აპლესფარესის წინააღმდეგ. ამან (ნ. პ.) შეკრიბა ძალები, მათ მეთაურად დააყენა მიხაელ ვესტარხი იასიტე და თავისი ხელქვეითი კონსტანტინე მაგისტროსი, ალანი, და გაგზავნა ისინი დვინის წინააღმდეგ.
აპლესფარესი ძალიან გამოცდილი სარდალი იყო, სხვას არავის ჩამოუვარდებოდა და დიდი უნარი ჰქონდა მტრის სამხედრო საქმეები და განზრახვები ჩაეშალა. მაგრამ, რადგან რომაული ჯარის თავის თავს უძლურად თვლიდა, არ გაჰყვა მას ბრძოლაში, არამედ კედლების შიგნით ჩაიკეტა, იქვე ჩამომავალი მდინარე გადაკეტა და მთელი დაბლობი წყლით გადალეკა, მთლიანად ჭაობად აქცია. მოწინააღმდეგის მოლოდინში ქალაქის გარშემო არსებულ ვენახებში ქვეითთა მშვილდოსნები ჩააყენა და უბრძანა დამალული ყოფილიყვნენ და ელოდინათ, მანამ ის საყვირით არ ანიშნებდა საბრძოლველად გამოსვლას.
ხოლო რომაელმა წინამძღოლებმა იფიქრეს, რომ ის შიშისა და სასოწარკვეთილების გამო ჩაიკეტა ქალაქში და დაბლობის დატბორა, და უწესოდ და დასაქსულად ზოგი ქვეითათ, ფეხით, ზოგიერთი ცხენით, რანაირად თითოეულმა მოისურვა, ქალაქისკენ გაიქცნენ იმ განზრახვით, რომ პირველი იერიშითვე აიღებდნენ მას. როდესაც ისინი ამ გზამდე მივიდნენ, რომელიც შუავენახებში გადიოდა, და ქალაქს მიუახლოვდნენ, მაშინ აპლესფარესმა საყვირით ანიშნა ბრძოლის დაწყება და ჩასაფრებული მეომრებიც გამოვიდნენ, ქვეითებმა დაუშინეს რომაელებს ისრები და ქვები, სხვებმა კი დასჭრეს ისინი ქონგურებიდან, რომაელებს კი ეს ქონგურები ხელს უშლიდნენ მტერი მოეგერიებინათ.
დაიწყო დიდი ლტოლვა და მოისრა უსაზღვრო სიმრავლე რომაელებისა, რადგან ცხენებმა ვერ ირბინეს და ჩაეფლნენ ჭაობში და ტბორებში. ძლივს გადარჩნენ იასიტე და კონსტანტინე და ამ უბედურების თვითმაცნეებად მივიდნენ ანისში ნიკოლოზთან.
მეფეს რომ აუწყეს მომხდარი უბედურების ამბავი, ნიკოლოზი და იასიტე გადააყენა თანამდებობებიდან; იასიტეს ნაცვლად იბერიის თემის დუკად დანიშნა (კატაკალონ) კეკავმენი, ხოლო ნიკოლოზის ადგილას თვითმპყრობელ სარდლად დააყენა კონსტანტინე, „დიდი საზოგადოების“ მთავარი, საჭურისი, ტომით სარკინოზი, რომელიც ჯერ კიდევ გამეფებამდე ჰყავდა მსახურად და რომელსაც ენდობოდა. ისინი თავთავიანთ ადგილებზე მივიდნენ, შეკრიბეს ჯარები და საქმესაც შეუდგნენ.
მათ არ ისურვეს იერიში კმიეტანათ ქალაქ დვინზე, რომელიც იყო მთელი მხარის დედაქალაქი, არამედ სცადეს დაეპყრათ ანისის ქვემდებარე ციხე-სიმაგრეები: აიღეს წმინდა მარიამი, ე.წ. ამპიერი და წმინდა გრიგოლი, ძალიან მტკიცე და ციცაბო კლდეზე მდებარე სიმაგრეები; აპლესფარესმა რამდენჯერმე სცადა დახმარებოდა მათ, ალყაშემოტყმულებს, და ამდენჯერვე უკუქცეულ იქმნა.
შემდეგ ისინი მიადგნენ ერთ ციხეს, რომელსაც ეწოდებოდა ხელისდონიოსი, და რომელიც აგებული იყო ციცაბო ბორცვზე, მდებარეობდა დვინის მახლობლად: მათ შემორკალეს ის თხრილებით და ხნარცვებით, და ალყის შემორტყმის მეშვეობით აიძულებდნენ დამორჩილებას, ვინაიდან კედლის შიგნით მყოფნი სურსათის ნაკლებობას განიცდიდნენ: მოულოდნელი თავდასხმის გამო ვერ მოესწროთ სურსათის მომარაგება.
ამ ციხესაც დაიმორჩილებდნენ, რომ მოულოდნელად ლეოტი თორნიკის განდგომილება არ გაჩაღებულიყო დასავლეთში (1047 წ.). ეს ლეონტი იბერიაში იყო სტრატეგოსად და, რადგან დაბრალდა ძალაუფლების მიმძლავრება, გადაყენებულ იქნა და ბერადაც აღკვეცილი; ის ქალაქში (კოსნატნტინეპოლში) ჩამოიყვანეს და უბრძანეს შინ ყოფნა, ადრიანოპოლში...
ამის გამო გაგზავნილ იქნა იბერიაში კონსტანტინესთან, მთავრობის ცხენებით შიკრიკი, რომელსაც გაატანეს მეფის წერილი: ებრძანა კონსტანტინეს დაეტოვებინა ყოველგვარი საქმეები და სასწრაფოდ წამოსულიყო მთელი თავისი ჯარით სატახტო ქალაქში. როგორც კი ამან წერილი მიიღო, თუმცა თითქმის ხელში ჰქონდა ციხე-სიმაგრე, მაგრამ ალყა მოხსნა, დაუზავდა აპლესფარესს, რომელსაც პირობა ჩამოართვა ფიცით, რომ მეფისადმი კეთილგანწყობილებას დაიცავდა და არასოდეს რომაელთა წინააღმდეგ ცუდს არაფერს განიზრახავდა.
ლიპარიტ ერისთავი
იბერიის მთავარმა ბაგრატმა (IV), კაცმა საკმაოდ თავაშვებულმა, შეურაცხყო ლიპარიტის საწოლი /ლიპარიტი იყო იმ ჰორატი ლიპარიტის ძე, რომელიც მოკლულ იქმნა ბასილი კეისრის მიერ გიორგის წინააღმდეგ წარმოებულ ომში; ის ჭკუითა და ვაჟკაცობით სახელგანთქმული და იბერთა შორის, ბაგრატის შემდეგ, ყველაზე ძლიერი/, და ამ ჩადენილი საქმით (ე.ი. ლიპარიტის მეუღლის გაუპატიურებით) აიძულა შეურაცხყოფილი ლიპარიტი იარაღი აეღო ხელში ბაგრატის წინააღმდეგ. ლიპარიტმა დაამარცხა იგი ომში და გააქცია კავკასიის მთებში და შიდა აბაზგიაში სამეფო სასახლეში რომ მოხვდა, თავის დედოფალზე, ბაგრატის დედაზე ძალა იხმარა და მთელი იბერიის ბატონ-პატრონი გახდა.
აქედან ლიპარიტმა წერილი გაუგზავნა მეფეს და რომაელებთან მეგობრობა და მოკავშირეობა შესთავაზა; მეფემ მისი ელჩები მიიღო და იმანაც მოლაპარაკება გამართა მასთან.
ცოტა ხნის შემდეგ ბაგრატი მდინარე ფასისის, სვანთა და კოლხთა ქვეყნის გზით გაემართა და ჩავიდა ტრაპეზუნტში. და იქიდან მაცნეები გაუგზავნა მეფეს და აუწყებდა, რომ სურს სამეფო ქალაქში ჩასვლა და მასთან შეხვედრა.
როდესაც მან ეს ნებართვა მიიღო, ჩავიდა ბიზანტიონში; მეფეს რომ შეხვდა, ჯერ დიდი საყვედური მოახსენა, მეფე ხარ და არა პატარა ქვეყნის, აბაზგიის მთავართან დადებული გქონდა ხელშეკრულება და ის დაარღვიე, ხოლო კერძო კაცი, განდგომილი მონა დაიახლოვე. შემდეგ ის თხოვდა ისინი (ბაგრატი და ლიპარიტი) მოეგერიებინა.
მართლაც, მეფის მეცადინეობით ასეც მოხდა; იმათ ერთმანეთში ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი - ერთი ნაწილის, მესხეთის მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ. აი, ასე დამთავრდა აბაზგიის საქმეები.
აქედან ლიპარიტმა წერილი გაუგზავნა მეფეს და რომაელებთან მეგობრობა და მოკავშირეობა შესთავაზა; მეფემ მისი ელჩები მიიღო და იმანაც მოლაპარაკება გამართა მასთან.
ცოტა ხნის შემდეგ ბაგრატი მდინარე ფასისის, სვანთა და კოლხთა ქვეყნის გზით გაემართა და ჩავიდა ტრაპეზუნტში. და იქიდან მაცნეები გაუგზავნა მეფეს და აუწყებდა, რომ სურს სამეფო ქალაქში ჩასვლა და მასთან შეხვედრა.
როდესაც მან ეს ნებართვა მიიღო, ჩავიდა ბიზანტიონში; მეფეს რომ შეხვდა, ჯერ დიდი საყვედური მოახსენა, მეფე ხარ და არა პატარა ქვეყნის, აბაზგიის მთავართან დადებული გქონდა ხელშეკრულება და ის დაარღვიე, ხოლო კერძო კაცი, განდგომილი მონა დაიახლოვე. შემდეგ ის თხოვდა ისინი (ბაგრატი და ლიპარიტი) მოეგერიებინა.
მართლაც, მეფის მეცადინეობით ასეც მოხდა; იმათ ერთმანეთში ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი - ერთი ნაწილის, მესხეთის მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ. აი, ასე დამთავრდა აბაზგიის საქმეები.
თბილისი და იბერია, ლიპარიტ ერისთავი
ასანი, რომელიც გაგზავნილ იქმნა სულთანის მიერ რომაელთა წინააღმდეგ, თავრეზისა და ე.წ. ტეფლისის გავლით ჩავიდა ვასპურაკანში; გზაზე ყველაფერს ანადგურებდა და სწვავდა; ვინც გზაში ხვდებოდა, სპობდა, საბავშვო ასაკის ყმაწვილებსაც არ ინდობდა. ხოლო ამ ქვეყნის მთავარი იყო აარონ ვესტი, ვლადისლავის ძე და პრუსიანეს ძმა; რადგან მან თავისი თავი არ ჩათვალა ბრძოლის უნარის მქონედ, რომ წინააღმდეგობა გაეწია თურქთა ასეთი სიმრავლისათვის, წერილი გაუგზავნა ანისისა და იბერიის (თემის) მმართველს ვესტის, რომელსაც კეკავმენი ეწოდებოდა, და სთხოვა მოეშველებინა ჯარი რამდენიც შეეძლო.
ხოლო ამან მიიღო თუ არა წერილი, სიტყვის თქმაზე უფრო ჩქარა შეკრიბა თავისი ხალხი, სასწრაფოდ გაემართა და შეუერთდა აარონს. მოაწყეს თათბირი იმის შესახებ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ: ღამის ბრძოლა გაემართათ, თუ ცხადად წასულიყვნენ იერიშით; კეკავმენი არცერთ წინადადებას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ სხვანაირად უნდა მოევლო მტრისთვის; მან ურჩია ბანაკი დაეტოვებინათ და ყველაფერი რაც კი იყო, კარვები, საბარგო საქონელი და სხვა არალი, და ღამით მოსახერხებელ ადგილებში რაზმები ჩაეყენებინათ; და როდესაც თურქები მოვიდოდნენ და იპოვნიდნენ ბანაკს დაცარიელებულს საძარცვავად და შიგნით შევიდოდნენ, მაშინ უკვე საფარიდან გამოსულიყვნენ და თავს დასხმოდნენ მათ. და ეს რჩევა არც გამტყუნდა.
დილით ასანი დაიძრა საკუთარი ბანაკიდან, რომელიც მდინარე სტრანგის გასწვრივ იყო გაშლილი, და გაემართა საომრად; ხოლო რადგან არავინ არ დახვდა, ის მიუახლოვდა რომაელთა ბანაკს, და იქ არც სადარაჯო რაზმი იყო და არც რამე ხმა ისმოდა /დაცლილი იყო ჯარისგან/; მაშინ ასანმა იფიქრა გაქცეულან რომაელებიო და ბევრ ადგილას ბანაკში შეიჭრა და უბრძანა დაერბიათ და ნადავლი წამოეღოთ.
ხოლო რომაელები საღამოჟამს გამოვიდოდნენ საფარიდან და მწყობრი რაზმებით ეძგერნენ დაფანტულ თურქებს და უმალვე გააქციეს ისინი, რადგან ვერ გაუძლეს რომაელთა შემოტევას. პირველი დაეცა ასანი, რომელიც პირველ რიგებში იბრძოდა, დაეცა რაც კი უმამაცესი მებრძოლი იყო, ხოლო ვინც გადარჩა /და ასეთი ცოტანი იყვნენ და ისიც ტიტველნი/ მთებზე გადავიდნენ და თავს უშველეს პერსარმენიელთა ქალაქებში.
ამ გამოქცეულთაგან რომ შეიტყო სულთანმა მომხდარი უბედურების ამბავი, დიდ მწუხარებაში ჩავარდა და იმის ზრუნვაში იყო, თუ როგორ გამოესწორებინა ეს უბედურება. და, აი, მან შეადგინა რჩეული ჯარი თურქთა, კაბირთა და ლიმნიტთაგან დაახლოებით ასი ათასი, ჩააბარა ეს ჯარი ეს ჯარი თავის ნახევარძმას აბრამ ალიმს და გაგზავნა რომაელების წინააღმდეგ.
როდესაც მტრის მოსვლა შეიტყვეს, კვლავ შეერთდნენ ზემოთ მოხსენებული მხედართმთავრები (აარონი და კეკავმენი), მოაწყვეს თათბირი, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.
კეკავმენი იმ აზრისა იყო, რომ თურქებს შეხვედროდნენ არსებული ჯარით რომაელთა საზღვრებს გარეთ და იქ მოეწყოთ ბრძოლა, რადგან მოწინააღმდეგეთა მეტი წილი უცხენოდ იქნებოდა და დანარჩენი ჯარიც დაღლილი იქნებოდა დიდი გზის გავლის გამო. თურქებს არ ექნებოდათ რკინის ნალებიც, რომლებითაც ჩვეულებრივ საქონლის ჩლიქებს სჭედავენ, ხოლო რომაელები, ამის წინ მოპოვებული გამარჯვებული გამო, ფთაშესხმული იქნებოდნენ და აღფრთოვანებით შეებმებოდნენ მტერს.
აარონი კი, პირიქით, იმ აზრისა იყო, რომ ჯარი უნდა შეეკავებინათ, ქალაქები და ციხეები გაემაგრებინათ და ყველაფერი კედლების შიგნით ჩაეკეტათ, მეფისთვის ეცნობებინათ და მისი გადაწყვეტილების გარეშე მცირერიცხოვანი ჯარით არ შებრძოლებოდნენ ასე მრავალრიცხოვან ბარბაროსებს.
სარდალთა ასეთი აზრთა სხვადასხვაობის შედეგად გაიმარჯვა აარონის აზრმა. და ეს სარდლები ჯარითურთ გაემართნენ იბერიაში (თემში) და დაბანაკდნენ ღია ცის ქვეშ ერთ დაბლობში, რომელსაც ადგილობრივ ოსურტრუს ეძახიან, ხოლო ჯერ სიმაგრეებში ჩაკეტეს მთელი სოფლის მოსახლეობა, ქალები, ბავშვები და ყველაფერი, რაც ძვირფასი ჰქონდათ. მეფესაც მალემსრბოლის მეშვეობით წერილი გაუგზავნეს: ატყობინებდნენ მტრის მოახლოვებას.
მეფემ ეს წერილი რომ მიიღო, უბრძანა მათ (სარდლებს) თავი შეეკავებინათ, სანამ ლიპარიტი მოვიდოდა იბერთა ჯარით და რომაულ ჯარებს შეუერთდებოდა; ხოლო ლიპარიტს შეუთვალა: „თუ რომაელთა მოკავშირედ და მეგობრად თვლი თავს, სასწრაფოდ წამოიყვანე მთელი ჯარი, რაც კი შენ ხელთაა, მოდი და შემოუერთდი რომაელთა სარდლებს და მათთან ერთად იომე ბარბაროსების წინააღმდეგ“.
სარდლებიც, მიიღეს თუ არა ეს წერილი, გაჩერდნენ, როგორც იყო ნაბრძანები, და ელოდებოდნენ ლიპარიტის მოსვლას; იმან კი მიიღო თუ არა მეფის დავალება, წყანარდ შეკრიბა თავისი ხალხი და შეაიარაღა იგი.
სანამ ლიპარიტი საკუთარ ჯარებს შეაგროვებდა და დროც მოდიოდა, აბრამი ვასპურაკანში ჩავიდა; შეიტყო თუ არა, რომ რომაელები, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილნი და რომლებმაც მისი მოახლოვება გაიგეს, იბერიაში გაბრუნებულან შიშის გამო, როგორც საფიქრებელი იყო, საქმე ისე გაიაზრა, რომ არ ღირდა ნადავლის აღებას შესდგომოდა. უკან დაედევნა მათ და ჩქარობდა ახლავე შერბმოდა მათ, სანამ სხვა ჯარიც იქნებოდა შეკრებილი.
ეს რომ რომაელთა სარდლებმა შეიტყვეს, და რადგან შეეშინდათ, ვაი თუ ძალაუნებურად იძულებული გავხდეთ ვიომოთ ლიპარიტის მოსვლამდეო, თავი შეაფარეს ერთ ძნელადმისასვლელსა და ციცაბო ადგილს, რომელიც ყოველი მხრიდან გარემოცული იყო თხრილებით, და იქ დადგნენ, ხოლო ლიპარიტს მისწერეს - ჩქარა მოდი ნუ იგვიანებო.
ხოლო აბრამი არ დაედევნა რომაელთა ჯარებს და მივიდა ე.წ. არძეში. დაბა-ქალაქი არძე მჭიდროდ დასახლებულია და სიმდიდრის მქონე; აქაური მკვიდრი მცხოვრებლები არიან ვაჭრები და აგრეთვე არამცირედნი სირიელები, არმენიელები და სხვები. ისინი საკუთარი სიმრავლით გათამამებულნი არ შეიხიზნენ კედლის შიგნით, თანაც მეზობლად მდებარეობდა თეოდოსიუპოლი (არზრუმი), დიდი ქალაქი, აუღებელი მაგარი კედლის მქონე. თუმცა კეკავმენი წერილის საშუალებით ძალიან ემუქრებოდა და სთხოვდა კიდეც.
როდესაც თუქებმა ეს დაბა აიღეს და საქმეს შეუდგნენ, არძეს გზები ჩაკეტეს, ავიდნენ სახურავებზე და ქვებით, ჯოხებით და მშვილდისრით ებრძოდნენ შემომტევთ, და ასე გაგრძელდა ბრძოლა მთელი ექვსი დღე.
ეს რომ სარდლებმა შეიტყვეს, კეკავმენი დაჟინებით მოითხოვდა, რომ წასულიყვნენ და შებმოდნენ თურქებს, რომელნიც ალყის შემორტყმით იყვნენ გატაცებულნი: ტყუილ-უბრალოდ დროს ნუ ჰკარგავთ - ეუბნებოდა ის - ლიპარიტის ფუჭი დახმარების მოლოდინშიო, ხელიდან ნუ უშვებთ ამ ხელსაყრელ შემთხვევას, რომელიც კვლავ აღარ გეწვევათო. რადგან აარონი ეწინააღმდეგებოდა კეკავმენს და ამბობდა არაფერი არ უნდა მოვიმოქმედოთ მეფის სურვილის უიმისოდო, თვითონაც მშვიდად იყო.
აბრამმა, რადგან საქმეები არ წაუვიდა მას დასახული მიზნის მიხედვით და ვერც დაბის ალყის შემორტყმით შეძლო დაბის აღება, არად ჩააგდო ნადავლის სახით მოსალოდნელი სიმდიდრე და ბრძანება გასცა სახლებისთვის ცეცხლი წაეკიდათ: თურქებმაც მაშინვე მუგუზლები, ადვილად საწვავ მასალას მოაბეს და ისროლეს სახლებში; ცეცხლი რომ ყოველმხრივ მოედო და ძალიან დიდი ხანძარი გაჩნდა, არძენელებმა ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა ვერც ცეცხლისთვის და ვერც მშვილდთა ისრებისთვის და გაქცევას მისცეს თავი.
და ამბობენ, რომ დაახლოებით 150000 კაცი დაიღუპა, ზოგი მახვილის მსხვერპლი გახდა, ზოგიც ცეცხლისა. როდესაც ამათ, დამარცხებულებმა შეიტყვეს, რომ ამოჟლეტილნი იქნებოდნენ, თავიანთი ცოლები და შვილები ცეცხლში ჩაჰყარეს.
არძე რომ ამნაირად იქმნა აღებული, აბრამმა დიდძალი ოქრო იპოვა, იარაღიც და ზოგი სხვა რამ სასარგებლოც ნახა, რაც ცეცხლს გადარჩენოდა; ხელთ იგდო აგრეთვე ცხენი არა მცირედი და სახედრები. შეაიარაღა თავისი ხალხი, როგორც საჭირო იყო, მობრუნდა და დაედევნა რომაულ ჯარს.
ხოლო რომაული ჯარი, როდესაც უკვე ლიპარიტი მოვიდა მათთან, ჩავიდა ხსენებული სიმაგრიდან და დაბანაკდა დაბლობში მთის ძირთან, სადაც მდებარეობს კაპეტრონის ციხე.
თურქები რომ მოდიოდნენ დაფანტულად, კეკავმენმა კვლავ ურჩია რომაელებს შებმოდნენ მათ, სანამ ჯერ კიდევ დაფანტულად და უმწყობროდ იყვნენ. მაგრამ ლიპარიტმა არ მოინდომა იმ დღეს ბრძოლა, ვინაიდან შაბათი იყო, სექტემბრის თვის თვრამეტი რიცხვი, მეორე ინდიქტიონისა, ხოლო ლიპარიტი უბედურ დღეთა რიცხვს მიაკუთვნებდა შაბათს, და ამ დღეს ომის წარმოებაზე უარი უნდა თქმულიყო.
და რომაელების საქმეები რომ ასე იყო, აბრამმა მოწინავე მეომართა მეშვეობით შეიტყო, თუ სად იყვნენ რომაელები დაბანაკებულნი და რომ ისინი მოსვენებით არიან, შეკრიბა თავისი ჯარები და დარაზმული მიადგა მოწინააღმდეგეს საბრძოლველად.
ეს რომ მოწინააღმდეგე ჯარმა დაინახა, ძალაუნებურად ისიც ჩადგა მწყობრში: მარჯვენა ფრთას მეთაურობდა კეკავმენი, მარცხენას აარონი, ხოლო შუა რაზმებს ლიპარიტი სარდლობდა. იყო საღამო ჟამი, გუთნეულის გამოხსნის დრო.
კეკავმენს დაუპირისპირდა აბრამი, აარონს - თურქთა სხვა სარდალი, ხვარასნელი, ხოლო ლიპარიტის წინააღმდეგ კი დადგა ასპამ სელარი, აბრამის ნახევარძმა.
ბრძოლა რომ დაიწყო, კეკავმენმა და აარონმა მათ პირისპირ მდგომი რაზმები გააქციეს და სდიეს მამლის ყივილამდე. ხოლო ლიპარიტი, რომელიც ძალიან განიცდიდა თავისი ბიძაშვილის დაღუპვას და ძლიერი შეტევით ეძგერა მტერს, ტყვედ ჩავარდა, მის შემდეგ რაც მისი ცხენი დაიჭრა და მოკვდა.
ასეთი რომ იყო საქმის ვითარება, რომაელებმა შეწყვიტეს დევნა და დაბრუნდნენ, ჩამოხდნენ ცხენებიდან და მადლობა უძღვნეს ღმერთს გამარჯვებისათვის და ერთხმად შესძახეს: „რომელი ღმერთია ისეთი დიდი როგორც ჩვენი ღმერთი“, და ელოდებოდნენ ლიპარიტს: იმათ იმედი ჰქონდათ, რომ ლიპარიტიც უკან დაედევნა მტერს, ხოლო რადგან არსად ჩანდა, საგონებელში ჩავარდნენ: ვერ გაერკვიათ, რა უნდა მომხდარიყო.
ასეთ გაჭირვებაში რომ იყვნენ, მოვიდა ერთი ჯარისკაცი ლიპარიტის რაზმიდან და აცნობა სარდლებს, რომ ლიპარიტი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა; და როდესაც აბრამი, გაქცევის შემდეგ, დაბრუნდა და თავის ძმას შეუერთდა (ასანი ხომ ომში დაიღუპა), იმათ თან წაიყვანეს ლიპარიტი და დატყვევებული იბერნი, და დაბრუნდნენ ე.წ. კასტროკომიონში, მის შემდეგ რაც დიდი რუდუნებით გაიარეს გზა. ამ ამბის გაგონებაზე ჯარის სარდლებს თავზარი დაეცათ.
როგორც იქნა რამე გაათიეს უძილოდ და, როგორც კი გათენდა, საბჭო მოიწვიეს და ყველამ ჩათვალა უფრო მისაღებად, რომ ყოველი მათგანი შინ გაბრუნებულიყო. აარონმა თავისი ჯარი წაასხა და წავიდა ივანში, ვასპურაკანის დედაქალაქში, ხოლო კეკავმენი თავისიანებით ანისში დაბრუნდა.
ხოლო აბრამი, ლიპარიტის დატყვევებით კმაყოფილი, თავის თავს ყველა ადამიანზე უფრო ბედნიერად თვლიდა მომხდარი კარგი ამბით და სხვა არაფერზე უზრუნვია. არამედ გზად გაემართა და ხუთი დღის შემდეგ ჩავიდა ე.წ. რეიში, ხოლო იქიდან გაემართა და სულთანს ცნობა გაუგზავნა, ატყობინებდა ლიპარიტის შეპყრობას.
სულთანს მოაჩვენა ისე, თითქოს ძალიან გაიხარა ლიპარიტის დატყვევებით, ხოლო ძმის ასეთი ბედნიერი წარმატება შურდა, და ყოველნაირად ცდილობდა და საბაბსაც ეძებდა, რომ ის თავიდან მოეშორებინა.
როდესაც მეფემ გაიგო ლიპარიტის დატყვევების შესახებ, მთლად იმის ცდაში იყო, რომ გამოესყიდა; ამიტომ მან ძვირფასი საჩუქრები და გამოსასყიდი გაუგზავნა სულთანს გიორგი დროსოსად სახელდებულის ხელით /იგი აარონის მდივანი იყო/ და სთხოვდა ლიპარიტის განთავისუფლებას და ზავის დადებას.
სულთანმა მიიღო ელჩები და მოინდომა ეჩვენებინა, რომ ის უფრო დიდსულოვანი მეფეა, ვიდრე უღირსი ვაჭარი, და მეფეს საჩუქრად გაუგზავნა იგი (ლიპარიტი): გამოსასყიდი აიღო, ხოლო მთლიანად ლიპარიტს მისცა და თან ურჩია: ეს დღე სამუდამოდ დაიხსომე და არასდროს არ მოინდომო იარაღის ხელში აღება თურქების წინააღმდეგო.
იბერიას მტრად მიაჩნია რომაელები
სულთანმა ვერ აიტანა თავისი ელჩების უშედეგოდ დაბრუნება, შეაგროვა სპარსეთში და ბაბილონში მყოფი ყველა ჯარი და იერიში მიიტანა რომაელებზე. ეს რომ შეიტყო მონომახოსმა, მოწინააღმდეგის საპირისპიროდ დარაზმა საკუთარი ძალები და აგრეთვე შეაიარაღა 15000 პაჭანიკი. წინამებრძოლებად დაუყენა მათ კონსტანტინეპოლში მყოფ პაჭანიკთაგან 4 კაცი: სულჯუნი, სელტე, ყარამახი და კატალიმი არა მცირე საჩუქრები უბოძა მათ, საუკეთესო საჭურველიც მისცა და საუცხოო ცხენებიც და გადასხა ხრისოპოლისში; მეგზურად გააყოლა მათ პატრიკიოსი კონსტანტინე, რომელიც მათ იბერიაში მიაცილებდა; მეტსახელად მას ადროვალანოსი ეწოდებოდა.
გაღმა რომ გავიდნენ ესენი და ცხენებზე შესხდნენ, აღმოსავლეთისკენ გაემართნენ და მელიტენემდე მივიდნენ: ე.წ. დამატრის რომ მიუახლოვდნენ, შეჩერდნენ და გზაში გამართეს თათბირი, რომელსაც მათ ენაზე კომენტონი ეწოდება. ზოგიერთების აზრით საჭიროა განაგრძონ ლაშქრობა და მეფის ქვეყანაში არ გაუწიონ წინააღმდეგობა მეფის ბრძანებებს... სხვები კიდევ ფიქრობდნენ, რომ საჭირო იყო ბითინიის მთების დაკავება, იქ დარჩენა და თავდამსხმელთა მოგერიება. არავითარ შეთხვევაში იბერიაში მისვლა არ იყო საჭირო, ამ შორეულ და უცხო ქვეყანაში, სადაც მტრებად თვლიან არა მარტო რომაელთა მტრებს, არამედ თვით რომაელებსაც.
იბერიის ციხე-სიმაგრეები
სულთანი, როგორც ვთქვით, განრისხდა მისი ელჩების შეურაცხყოფის და მისი გეგმების ჩაშლის გამო და მთელი თავისი ჯარებით გაემართა რომაელთა ქვეშევრდომ ქვეყნის წინააღმდეგ; როცა ჩავიდა ე.წ. კომიონამდე და ღირშესანიშნავი ვერაფერი ვერ გააკეთა /ამ ქვეყნის მცხოვრებნი ხომ თვითონაც შეიხიზნენ და თავიანთი უსაჭიროესი საგნებიც დააბინავეს ციხე-სიმაგრეებში: იბერიაში აუარებელი ძალიან გამაგრებული ციხე-კოშკებია/, ვეღარ გაბედა უფრო შორს წასვლა, რადგან შეიტყო რომაული ჯარებია კესარიაში თავმოყრილიო, და უკან გაბრუნდა ძალიან გაჯავრებული და რაღაც დიდი ბოროტების ჩადენის მსურველი.
ყარსის გარემოცვა. იბერიის დარბევა
პერსარმენიაში რომ მივიდა, ე.წ. ყარსთან დაელოდა სულთანი ელჩების პასუხს. ამასობაში ალყა შემოარტყა ყარსს და ქალაქი აიღო, გარდა აკროპოლისისა. სულთანი მას უკან დაედევნა და თავისი ჯარებით იბერიაში (თემში) მივიდა; ეს რომ ყუთლუმუსმა შეიტყო, გაიქცა საბასკენ და ბედნიერი არაბეთისკენ. სულთანი რომ იბერიაში (თემში) ჩავიდა, რაც კი შეხვდა გზაზე დაარბია და გადასწვა.
ამიტომ მეფემ სასწრაფოდ დაიბარა დასავლეთიდან მიხაელ აკოლუთოსი და იბერიაში (თემში) გაგზავნა. ეს რომ იქ ჩავიდა, შეკრიბა ხალდიასა და იბერიაში (თემში) გაბნეული ფრანკები და ვარანგები და იჩქაროდა რამენაირად შეეფერხებინა სულთანის თავდასხმები. სულთანი აიყარა და თავრეზისკენ წავიდა.
ამიტომ მეფემ სასწრაფოდ დაიბარა დასავლეთიდან მიხაელ აკოლუთოსი და იბერიაში (თემში) გაგზავნა. ეს რომ იქ ჩავიდა, შეკრიბა ხალდიასა და იბერიაში (თემში) გაბნეული ფრანკები და ვარანგები და იჩქაროდა რამენაირად შეეფერხებინა სულთანის თავდასხმები. სულთანი აიყარა და თავრეზისკენ წავიდა.
* * *
მეფე რომ აშენებდა წმინდა გიორგის სახელობის ე.წ. მანგანის მოანსტერს და უხვად ხარჯავდა ამ მშენებლობისათვის სახელმწიფოს ფულებს /თუ აშენებისათვის, თუ დანგრევისთვის/, ისეთ გაჭირვებაში ჩავარდა, რომ ამის გამო ყოველგვარ მევახშეობას მიმართავდა და უმართებული და გამოგონილ გადასახადებს ადებდა ხალხს; ჩააყენა უღვთო და უწმინდური გადასახადის ამკრეფლები და მათი მეშვეობით აგროვებდა ფულს უსამართლო წყაროებიდან. დაშალა აგრეთვე იბერიული (თემის) ჯარი, დაახლოებით 50000 კაცისგან შემდგარი, ლეონტი სერვლიას მეშვეობით, და ნაცვლად ჯარისკაცებისა ამ (იბერიის) მხარეებიდან დიდძალ გადასახადებს კრეფდა.
რადგან ის ასეთ საქმეებზე იყო გადაყოლილი და სამხედრო საქმეებზე სრულიად არ ზრუნავდა, აღმოსავლეთის მხარეები, განსაკუთრებით კი რომაული ქვეყნის მოსაზღვრე მხარეები მტრის ლუკმად იყო გამხდარი. ყველაფერი ირბეოდა და ნადგურდებოდა თურქთა თავდასხმებისა და ძალადობის გამო, აგრეთვე იმის გამო რომ აღვირახსნილი ჯარისკაცები ძალმომრეობას ხმარობდნენ და თავზარს სცემდნენ ხალხს. განუწყვეტელი თავდასხმებისა და ძარცვა-გლეჯის გამო ყველაფერი ნადგურდებოდა. ამიტომ იბერიის მდიდარი ქვეყანაც, რომელმაც უკვე წინათაც განიცადა რბევა და დასუსტებული იყო, საბოლოოდ დაეცა და განადგურდა.
ფარესმანე იბერი
ხოლო მეფე ბანაკში რომ დაბრუნდა მტრის უკუქცევის შემდეგ, გადაწყვიტა აეგო იერაპოლის აკროპოლისი. და აი, მან დანიშნა ამ აკროპოლისის უფროსად ფარესმანე, ვესტი აპოკაპისა, ტომით იბერი.