четверг, 9 декабря 2021 г.

ქართლის სამეფო ძვ. წ. III–I საუკუნეებში; საურმაგიდან - პომპეუსამდე (უ. მურღულია)

1. საურმაგ I (დაახლ. 233–218)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: ფარნავაზის შემდეგ „მეფედ იქმნა ძე მისი, სახელით საურმაგ. მას ჟამსა შინა ზრახვა-ყვეს ერისთავთა ქართლისათა და თქვეს: „არა კეთილი არის ჩვენთვის, რათა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩვენსა, არამედ ვიყოთ ერთად, მოვკლათ ჩვენ საურმაგ, და ვიყვეთ ჩვენ თავისუფლად, როგორც ვიყავით პირველად, და მივცემდეთ ხარკსა ვინცავინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ასე ყოფით უფრო დავისვენებთ“. და დაამტკიცეს განზრახვა და მოკვლა საურმაგისი.
საურმაგმა ყველაფერი შეიტყო და წავიდა ფარულად, წაიყვანა თანა დედა მისი, მივიდა დურძუკეთს დედის ძმათა მისთა თანა. მაშინ ფარნავაზის აზნაურად აღზევებულნი წავიდნენ, მივიდნენ დურძუკეთსავე და უთხრეს საურმაგს: „დიდი კეთილი დგას ჩვენ ზედა მამისა შენისაგან. ამისთვის ვართ ჩვენ ერთგულებასა შენსა“.
მაშინ საურმაგ ეზრახა ოვსთა მეფესა, მამისა დისწულსა მისსა, და ითხოვა შეწევნა. ხოლო იგი სიხარულით წავიდა საშველად მისა. და საურმაგმა შეკრიბა დურძუკეთიცა და წარმოემართა ქართველთა ზედა, და ვერავინ წინა-აღუდგა მას. და დაიპყრო ყოველი ქართლი და მოსრა განდგომილნი მისი, და ზოგიერთს შეუნდო, ხოლო დაამდაბლა ქართველნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო გაამრავლა დურძუკნი, ნათესავნი კავკასიელნი.
ხოლო ტყვენვასა მეზობელთაგან ყოველნივე მშვიდობით გადარჩენილ იყვნენ, სიმაგრისაგან ქვეყანისა, და ვერღარ იტევდა მათ დურძუკეთი. მაშინ ამან საურმაგ წამოიყვანა დურძუკთა და სხვა კავკასიელთა ნახევარი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხვანი დასხა მთიულეთს, დიდოეთიდან ვიდრე ეგრისამდე, რომელიც არის სვანეთი, ჭართალი1 და სხვა. და  ესენი დედულნი დაიპყრა მისანდობელად თვისად.
დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა, და მან შექმნა კერპი: აინინა და აღმართა გზასა ზედა მცხეთისასა.
მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისა (სელევკიდთა). მოიყვანა ცოლად სპარსი, ასული ბარდაველის ერისთავისა (როგორც ჩანს ე.წ. ალბანურ ტომთა მეთაურის ასული2) და ესხა მასთან ორი ასული, და არ ესვა ძე. მაშინ მოიყვანა ალბანეთიდან ცოლისა მისისა დედის დისწული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსაც ერქვა სახელი მირვან3. და მისცა ასული თვისი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთავო სამშვილდისა. მეორე ასული მისცა ძის ძესა ქუჯისასა ქართამსა, მამისა დისწულის შვილსა მისსა.
მეფობდა საურმაგ ბედნიერად მრავალთა წელთა. მოკვდა საურმაგ და მეფე იქნა მის წილ შვილობილი მისი მირვან“.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აინინა გზასა ზედა. და იწყო არმაზის შენებად“.
შენიშვნები
1. ჭართალის მხარე მდებარეობდა მდ. მთიულეთის არაგვის შუა წელზე, სოფ. ანანურიდან მდ. ხანდოსხევამდე (დღევ. დუშეთის რაიონის ჭართლის თემის ტერიტორია). ზოგჯერ იგი მთიულეთის ნაწილადაც მოიაზრებოდა. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ხანდო, სამხრეთით ბაზალეთის მხარე, აღმოსავლეთით ფშავი, ხოლო დასავლეთით ქსნის ხეობა.
2. ქ. ბარდავი პეროზაპატის სახელით ახ.წ. V ს-ში ალბანეთის მეფე ვაჩე II-მ ააგო და სპარსეთის მეფის პეროზის საპატივცემულოდ უწოდა სახელი. მოგვიანებით ეწოდა პარტავი, ხოლო არაბულად ბარდავი, რაც გავრცელდა ქართულ წყაროებში. ქართული წყაროები ალბანეთის სამეფოს არ იცნობენ და ამ ტერიტორიას ბარდავის ან რანის საერისთავოს უწოდებენ. რაც შეეხება ე.წ. დაღესტანური ხალხების გაერთიანებას ალბანეთის ერთიანი სამეფოდ ის დაახლ. ძვ.წ. II ს-ში ივარაუდება.
3. სახელი მირვან, მირეან – დაკავშირებულია მზის ღვთაება მითრასთან. მითრა კი სპარსულად მეგობრობას ნიშნავს.

2. მირვან I (დაახლ. 218–182)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ეს მირვან იყო ტანით სრული, მშვენიერი, ახოვანი, ძლიერი, მხნე და ქველი. დაივიწყეს დურძუკთა სიყვარული ფარნავაზისი და საურმაგისი, და გადმოვიდნენ დურძუკეთს მყოფნი და შეიერთეს ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიელნი, მოარბიეს კახეთი და ბაზალეთი1.
მაშინ მირვან მეფემან მოუწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა, შეკრიბა ყოველი სპანი – მხედარნი და ქვეითნი. და ყოველი კავკასიელნი იყვნენ სარწმუნოდ მორჩილებასა მირვანისსა, რომელნიც გადმოყვანილ იყვნენ საურმაგ მეფისა, გარდა ჭართალთასა. შემოიკრიბა ესე ყოველნი და წარემართა დურძუკეთს. შეიკრიბნენ დურძუკნი და დაუდგნენ სიმაგრეთა ზედა გადასასვლელთა გზასა მას. მაშინ მირვან გადახტა ცხენისაგან, მივიდა ქვეითთა თანა თვისთა და წაუძღვა წინა, ქვეითებს ზურგიდან შემოადგინა მხედარნი და მივიდა კართა მათ შინა, ჯიქის სიფიცხლითა, ვეფხვის სიმხნითა და ლომის ძახილითა.
იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი, ხოლო მირვანს ვერ ჰკვეთდა მახვილი დურძუკთა, როგორც კლდესა სიპსა, და დადგა უძრავად, როგორც კოშკი მტკიცე. და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა და ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი. ხოლო იძლივნენ დურძუკნი და ილტვოდნენ, მიუდგნენ უკან ქართველნი, მოსრეს და ტყვედ ქმნეს.
შევიდა მირვან დურძუკეთს, და მოაოხრა დურძუკეთი და ჭართალი. და შეაბა კარნი ქვითკირითა, და უწოდა სახელად დარიალი.
დაჯდა მირვან მცხეთას, და მეფობდა ნებიერად და უშიშად, იყო კაცი უხვად მიმნიჭებელი კეთილისა. შეიყვარეს იგი ყოველთა მკვიდრთა ქართლისათა და მსახურებდა იგი მეფეთა ასურასტანელთა.
ამის დროს მიიცვალა ანტიოქოსის (III, 223–187) მეფობა ბაბილონიას. და მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხეთს რომელსაც ერქვა არშაკ (არტაშეს I, 189–159). ეზრახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თვისი ძესა არშაკისსა, არშაკს. და მოკვდა მირვან, და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი ფარნაჯომ“.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „მირვანმა აღმართა კერპი დანინა და დაასრულა არმაზის შენება“. დიონ კასიუსის (ახ.წ. 155–235) სიტყვებით, დედა-ციხე (არმაზციხე) აგებული იყო იმ მიზნით, რომ დაეცვა უვიწროესი ადგილი, სადაც ერთ მხარეს მტკვარი მოედინება, ხოლო მეორე მხარეს კავკასიონია აღმართული.
შენიშვნა
1. ბაზალეთი – ისტორიული მხარე ქართლში. ვახუშტის ცნობით, აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა ბოდავის ციხე და ტინის მთა, დასავლეთიდან – გრემისხევი და ალევის მთა (ახლანდელი ალევის ქედი), ჩრდილოეთიდან - ჭართლის მთა.

3. „დიდი არმენიის“ სამეფოს ჩამოყალიბება
201–200 წლებში ანტიოქე III-ის სარდლებმა არტაშესმა და ზარიადრმა დაიპყრეს შესაბამისად არმენიისა და სოფენას სამეფოები და სელევკიდთა სატრაპიებად აქციეს. შესაბამისად ანტიოქემ ამ მხარეთა სატრაპობა მათვე უბოძა.
190 წ. მაგნეზიას ბრძოლაში ანტიოქოზ III-ის დამარცხების შემდეგ არტაშესმა და ზარიადრმა თავი დამოუკიდებელ მეფეებად გამოაცხადეს. რომმა დაუფასა არტაშესსა და ზარიადრს ანტიოქეს წინააღმდეგ ამბოხება და 188 წელს ცნო „დიდი არმენიისა“ და სოფენას სამეფოების დამოუკიდებლობა.
ამრიგად ჩამოყალიბდა „დიდი არმენიის“ სამეფო, რომელიც მეზობელი (მათ შორის ქართლის სამეფოს) ხარჯზე ძალიან გაიზარდა. არტაშეს I-მა (189–159) ააგო ახალი დედაქალაქი არტაშატი (ძირითადად დასრულდა დაახლ. 185 წელს. მდებარეობს ერევანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 28–30 კმ-ზე), სადაც 166 წელს ქ. არმავირიდან გადაიტანა ტახტი. როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, 165 წელს წელს სელევკიდთა მეფე ანტიოქე IV ეპიფანე (170–164) შეიჭრა არმენიაში, ტიგროსთან დაამარცხა არტაშეს I და მოხარკედ აქცია, რის შემდეგაც პართიის წინააღმდეგ ლაშქრობა წამოიწყო, თუმცა დამარცხდა და ბრძოლაში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.
არმენიელთა სახელმწიფოების წარმოშობაზე სტრაბონი წერს: „მოგვითხრობენ, რომ წარსულში არმენიის პატარა ქვეყანა გაფართოვდა არტაქსიასა და ზარიადრიას ომების შედეგად. ისინი იყვნენ ანტიოქ დიდის მხედართმთავრები, მისი დამარცხების შემდეგ კი მეფეები გახდნენ: ერთი სოფენეს, აკისენეს, ოდომანტისსა და ზოგ სხვა მხარეში, ხოლო მეორე – არტაქსატას მიდამოებში. ამათ გაზარდეს ქვეყანა იმის ხარჯზე, რომ მეზობელ ხალხებს ჩამოაჭრეს ნაწილები; მიდიელთაგან (იგულისხმება მიდია-ატროპატენა, ანუ ატროპატენას სამეფო1) – კასპიანე (უწოდა პაიტაკარანი), ფავნიტი და ბასოროპედა; იბერებისაგან მიიტაცეს პარიადრეს მთისწინეთი, ხორძენე და გოგარენე, რომელიც კირის (მტკვარი) მეორე მხარესაა, ხალიბებს და მოსინიკებს ჩამოაჭრეს შესაბამისად კარენიტი (დღევ. ერზერუმის მხარე) და ქსერქსენე (იგივე დერქსენე/დერჭანი, დღევ. ქ. თერჯანის მხარე), მცირე არმენიის მოსაზღვრე ნაწილები. კატაონთაგან – აკილისენე (იგივე ეკლეცი) და ანტიტავროსთან მდებარე ადგილები, სირიელთაგან – ტამორიტისი (ტმორიკი, ანუ ტამორიდა); ისე რომ ყველანი ეხლა ერთ ენაზე ლაპარაკობენ“.
პარიადრეს მთისწინეთი მოიცავდა ზემო სპერს, ტაოს (პარხლით) ანუ წარმოადგენდა კლარჯეთის საერისთავოს სამხრეთ ნაწილს.
ისტორიული სპერის ტერიტორია ანტიკური ხანიდან მოყოლებული სამ ნაწილად იყო გაყოფილი. არმენიის, იბერიის და ჭანურ ნაწილებად.
არმენიული სპერი (ზემო სპერი) ანუ სპერის ის ნაწილი რომელიც არმენიასთან იყო შეერთებული პროკოპი კესარიელის ცნობებით მოიცავდა ჭოროხის სათავეებს ბაიბურთის ჩათვლით (პროკოპის ცნობით ციხე-სიმაგრე ბაიბერდონი იუსტინიანემ დააარსა). სპერის ეს ნაწილი ჭანური საგვარეულო ბაგრატიონთა სამემკვიდრეო მამულს წარმოადგენდა და სწორედ აქედან წამოვიდნენ ქართველი ბაგრატიონები და გასომხებული ბაგრატუნები.
ჭანური ზონა (შუა სპერი) მდებარეობდა ბაიბურთის ჩრდილოეთით და მოიცავდა ღართის ველს.
იბერიის სპერი (ქვემო სპერი) მოიცავდა ჭოროხის ხეობის იმ ნაწილს სადაც მდებარეობს ქალაქი სპერი (დღევ. ისპირი). ჯუანშერის ქრონიკის ნაწილი, რომელიც 628 წლის ახლო ამბავს ეხება სწერია: „მაშინ კვლავ წაიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვის-პირი“. საერთოდ კი „საზღვარი ქართლისა სპერი“ ძირძველი ქართული მხარის კლარჯეთის საერისთავოს ნაწილი იყო.
ხორძენე (იგივე კოტარძენე), მოიცავდა კოლასა და ხორტევანს, ანუ წუნდის საერისთავოს სამხრეთ ნაწილს.
გოგარენეს (სომხურად გუგარქი) სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს ქართული ტომის – გუგარებისგან. ძვ. წ. I ს-ში აქ შეიქმნა დიდი საპიტიახშო. ამ პერიოდიდან ეს მხარე ხანაც ქართლის ხანაც დიდი არმენიის შემადგენლობაში იყო. ტერიტორიულად გოგარენეს მხარე მდინარეების ალგეთის, ქციისა და დებედას აუზებით ისაზღვრებოდა, თუმცა გუგარქის საპიტიახშოს ტერიტორია სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცულობის იყო. წყაროების ცნობით გუგარქის საპიტიახშო მოიცავდა იბერიის სამეფოს სამხრეთ პროვინციებს – დაახლოებით ჭოჭკანის, ბოლნისის, დმანისის, და ლოქის ხეობებს, ტაშირს, აბოცს და თრიალეთის სამხრეთ ნაწილს და კანგარქს, ანუ სამშვილდის საერისთავოს უდიდეს ნაწილს. კანგარი იყო გოგარენეს უკიდურესი სამხრეთი მხარე. მოიცავდა მდინარე დებედის (ქურდვაჭრისხევის) სათავეებში მდებარე ტერიტორიას (დღევ. სომხეთი). კანგარის უძველესი ცენტრი უნდა ყოფილიყო დაბა გოგარანი (დღევ. გუგარქი).
როდის მოხდა ეს ამბები?
ისტორიკოსი ერემიანი თვლის, რომ: 1. დერქსენე და მიდიასა და იბერიისთვის წართმეული მიწები დიდ არმენიას უნდა შეერთებოდა, ხოლო აკილისენა და ანტიტავრის მხარე სოფენას სამეფოს. 2. „დიდი არმენიის“ მიერ ამ მიწათა დიდი ნაწილის მიტაცება 179 წელს მოხდა, როდესაც მცირე აზიის ლიდერებმა ხელშეკრულება დადეს, ხოლო სირიის მხარე ტამორიტისი 168 წ. დაიპყრო, როდესაც სელევკიდთა მეფე ეგვიპტეში იყო სალაშქროდ წასული.
ქართლის მიწებს მითვისება ქართული წყაროს ანალიზით აშკარად ფარნაჯომის დროს უნდა მომხდარიყო. რადგან 165 წლიდან არმენიამ სელევკიდების წინააღმდეგ ქედი მოიხარა ქვედა თარიღი 165 წელი გამოდის. ასე რომ ეს მოვლენა 179–165 წლებით უნდა დათარიღდეს.
შენიშვნა
1. ატროპატენა (მცირე მიდია ანუ მიდია ატროპატენა) დღევ. ირანის აზერბაიჯანის ძველი სახელწოდებაა და კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარეობდა. ეს სამეფო მიდიის ყოფილმა სატრაპმა ატროპატმა შექმნა, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდან ძვ.წ. 323 წელს გადააყენეს. ატროპატენა ამ მხარის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო და ზოროასტრიზმის ანუ მაზდეანობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. მისი დედაქალაქი იყო გაზაკა (განძაკი, არაბულად ჯანზა). ატროპატენა გაძლიერდა არტაბაზანეს (არტავაზდი, 270–220) დროს, როცა მან არაქსის ჩრდ. მიწებიც შემოიერთა. იგი წარმატებით ეომებოდა სელევკიდ ანტიოქოზ III-ს. ძვ.წ. I საუკუნიდან მოყოლებული ატროპატენა ხან რომის, ხანაც პართიის გავლენის სფეროში იყო. საბოლოოდ კი ახ.წ. III ს-ში სასანიდური სპარსეთის შაჰმა შაბურმა დაიპყრო.

4. ფარნაჯომი (დაახლ. 182–163)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ფარნაჯომ მეფემან უმატა ციხე-ქალაქთა შენება, აღაშენა ციხე ზადენი4, შექმნა კერპი ზადენ1 (რკინის კაცი) და აღმართა ზადენის მთასა. იწყო შენება კახეთს ქალაქისა ნეკრესი2.
ამის შემდგომად შეიყვარა რჯული სპარსთა – ცეცხლისმსახურება, მოიყვანა სპარსეთიდან ცეცხლისმსახურნი და მოგვნი, და დასხა ისინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსაც აწ ჰქვია მოგვთა3, და იწყო ცხადად გმობად კერპთა. ამისთვის მოიძულეს იგი მკვიდრთა ქართლისათა, რამეთუ დიდი სასოება ჰქონდათ კერპთა მიმართ.
მაშინ შეითქვნენ ერისთავნი ქართლისანი უმრავლესნი, და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა (არტაშეს I) და უთხრეს: „მეფე ჩვენი გადავიდა რჯულსა მამათა ჩვენთასა, აღარ მსახურებს ღმერთთა, მპყრობელთა ქართლისათა, და შემოიღო რჯული მამული, და დაუტევა რჯული დედული. აწ აღარ ღირს იყოს იგი მეფედ ჩვენდა. მოგვეც ძე შენი არშაკ, რომელსაც უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა, მეფეთა ჩვენთა, გვაშველე ძალი შენი და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლისა რჯულისა. და იყოს მეფედ ჩვენდა ძე შენი არშაკ და დედოფლად ჩვენდა – ცოლი მისი, შვილი მეფეთა ჩვენთა“.
მოეწონა სომეხთა მეფესა ეს განზრახვა, გაგზავნა მოციქული მათი პასუხითა კეთილითა და უთხრა მათ: „უკეთუ ჭეშმარიტად უბიწოთა გულითა გნებავთ მეფედ თქვენდა ძე ჩემი, თქვენ, ყოველთა ერისთავთა, მომეცით მე მძევალი და მოგცემთ ძე ჩემი მეფედ თქვენდა და ყოვლითავე ნიჭითა აღგავსოთ“. მაშინ ერისთავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები და განაცხადეს განდგომა ფარნაჯომისი.
მაშინ სომეხთა მეფე ყოვლითა ძალითა მისითა წარმოემართა ქართლს, ხოლო ფარნაჯომ მეფემან მოუწოდა ალბანელთა, და მოიყვანა ალბანელნი ძლიერნი და, შემოკრიბა ქართველნიცა, რომელნიც დარჩენოდა. ხოლო განდგომილნი ერისთავნი ქართლისანი მიეგებნენ სომეხთა მეფესა ტაშირს. და იქ შეიკრიბა სიმრავლე სომეხთა და ქართველთა, ხოლო ფარნაჯომ მიეგება იქვე, ტაშირს.
იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი და ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი, მაგრამ იძლია ფარნაჯომ სომეხთა და ქართველთაგან, და მოიკლა ფარნაჯომ, და მოსრეს სპა მისი.
ხოლო ძე ფარნაჯომისი, სახელით მირვან, ერთისა წლისა ყრმა, წაიყვანა მამამძუძემან მისმან და ივლტოდა ალბანეთს, ხოლო სომეხთა მეფემან მოსცა ძე მისი, სახელით არშაკ“.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „მეფობდა ფარნაჯომ და აღმართა კერპი ზადენ მთასა ზედა. და ააშენა ციხე“.
შენიშვნა
1. მ. წერეთელის აზრით „ზადენი არის ხეთური ღმერთი Sandon, ხეთურად Santas, ღმერთი მცენარეულობისა, რომლის კულტიც უძველეს დროიდან გავრცელებული იყო კილიკიიდან კათმადუკიამდე და საქართველოშიც ყოფილა იგი, როგორც ამას ამტკიცებს თვით სახელი ზადენ და ხასიათი თვით ღმერთისა“-ო. ზადენის ციხის ნანგრევები მდებარეობს მცხეთის რაიონში, სოფელ წიწამურთან.
2. ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის რაიონის სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე, ყვარელის დასავლეთით, 8 კმ-ზე, ყვარელ-თელავის შარაგზის მარჯვენა მხარეს.
3. მოგვთაკარი, მოგვთა უბანი, მდებარეობს მცხეთაში, რკინიგზის სადგურის წინ, სამხრეთით, მცხეთის თანამედროვე ხიდის დასავლეთით.

5. არშაკ I (დაახლ. 163–151)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „დაჯდა მეფედ არშაკ და დაიპყრო ყოველი ქართლი, მეფობდა არშაკ ნებიერად, და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა. და უმეტეს მოამტკიცა ზღუდენი ჯავახეთის ქალაქსა წუნდას.
მოკვდა არშაკ და მეფე იქმნა ძე მისი, არტაგ“.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „მეფობდა არშაკ და ქალაქსა ზღუდენი მოაქმნა“.
6. არტაგ I (დაახლ. 151–149)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „მეფე არტაგ ორ წელს ოდენ მეფობდა, და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა მოვიდნენ ერისთავნი ალბანთანი სპითა დიდითა ძიებად სისხლისა ფარნაჯომისა და სპათა მათ ალბანთასა, რომელნიც გაწყვედილ იყვნენ ფარნაჯომის თანა. ვერ წინა-აღუდგა მათ არტაგ, მეფე ქართველთა, რამეთუ დიდი იყო ძალი ალბანთა, თუმცა გაამაგრა ციხენი და ქალაქნი. და მოვლეს ალბანელთა ყოველი ქართლი და მოაოხრეს ველნი, მაგრამ ციხე-ქალაქი ვერცერთი აიღეს და წავიდნენ.
მოკვდა არტაგ და დაჯდა მის წილ ძე მისი, ბარტომ“.
„მოქცევა ქართლისა“:  „მეფობდა არტაკ, რომელმაც შიდაციხე ააშენა არმაზსა“.
7. ბარტომ I (დაახლ. 149–116)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ამან ბარტომმა უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა.
აღზარდეს ალბანელთა ძე ფარნაჯომისი, მირვან, რომელიც სიკვდილსა მას ფარნაჯომისსა წაეყვანა მამამძუძესა მისსა. ეს მირვან იყო კაცი ქველი, მხნე მხედარი და მრავალგზის გამოიცადა იგი ბრძოლასა.
ამან შეკრიბა სპანი ძლიერნი ალბანეთს, წარემართა ქართლს, მიუგზავნა მოციქული ერისთავთა ქართლისათა და უთხრა მათ: „გაიხსენეთ სიყვარული მამის მამისა ჩემისა მირვანისი და კეთილი მისი თქვენდა მიმართ. თუმცა მამამან ჩემმან შემოიღო რჯული უცხო თქვენ შორის, და მისგანცა გქონდათ კეთილი. სამართლიანად მოიკლა მამა ჩემი, რამეთუ ვერ კეთილად იპყრა სჯული მამათა თქვენთა. და აწ ნუ არის შიში გულსა თქვენსა სიკვდილისათვის მამისა ჩემისა, რამეთუ რჯულისა დატევებისათვის მოჰკლავენ მამანი შვილთა და ძმანი ძმათა. და არ იძიება სისხლი რჯულისა დატევებისათვის მოკლულთა.
მე ვარ შვილი მამათა თქვენთა ფარნავაზიანთა, მართალია აღზრდილ ვარ ალბანელთა თანა, მაგრამ ვარ მე რჯულსა ზედა მამათა თქვენთასა და იმედი მაქვს მე ღმერთთა, მპყრობელთა ქართლისათა, და სასოებითა მათითა წარმომართებულ ვარ ძიებად მამულისა ჩემისა. და აწ მიითვალეთ ჩემგან დიდება და კეთილი“. ხოლო ქართლის ერისთავთა არ შეიწყნარეს ბრძანება მირვანისი და ყველანი მივიდნენ წინაშე ბარტომ მეფისა. ხოლო მცირედი ვინმე ქართველნი არაწარჩინებულნი წავიდნენ და მიერთნენ მირვანს.
ხოლო მეფემან ბარტომ შემოიკრიბა ყოველი ქართველნი და მოირთო ძალი სომხეთიდან და მიეგება იგი ხუნანს და დატოვა ზურგად ქალაქი ხუნანი. და მოვიდა მირვან და დადგა მდინარესა ზედა ბერდუჯისასა.
და იწყეს ბრძოლად და გამოჩნდნენ ორთავე შორის ბუმბერაზნი. იყო ერთ თვეს ყოველ დღე ბუმბერაზთა ბრძოლანი, ხან ერთნი დასძლევდა და ხან მეორე მხარე. ხოლო ამ თვეში ამან მირვანმა საკუთრივ მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი, და არავინ გამოჩნდა ქართველთა და სომეხთაგანი მძლე მირვანისი, და ვერცაღა თვით ბარტომ მეფე ებრძოდა მას, რამეთუ არა იყო ბარტომის თანა ძალი გოლიათობისა.
მაშინ ბარტომ მეფემან განაწყო სპანი მისნი და მოჰმართა ყოვლითა სპითა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი, ამოწყდა ორივე მხარეს ურიცხვი, და იძლივნენ სომეხნი და ქართველნი სპარსთაგან, და მოკლეს ბარტომ, მეფე ქართველთა.
ხოლო ამას ბარტომს არ ესვა ძე, მხოლოდ ასული ერთი. და სიცოცხლესავე მისსა მოეყვანა ეგრისიდან შთამომავალი ქუჯისი, სახელით ქართამ, რომელსაც მოსდგმიდა ფარნავაზიანობა ფარნავაზის დისა, ქუჯის ცოლისაგან, და საურმაგის ასულისა, ქუჯის შვილიშვილის ცოლისაგან. და ამის ქართამისთვის მიეცა ასული მისი ცოლად ბარტომ მეფესა და მიეღო ის შვილად. და ეს ქართველთა სათნოებისათვის ექმნა ბარტომს, რამეთუ ქართველთა დიდი სათნოება ჰქონდათ ფარნავაზიანთა მიმართ და არა უნდოდათ სხვისა ნათესავისა მეფობა, რომელსამცა არა მოსდგამდა ფარნავაზიანობა.
ეს ქართამ, ძედ შვილებული ბარტომ მეფისა, მასვე წყობასა შინა მოიკლა ბარტომის თანა, ხოლო ცოლი მისი, ასული ბარტომისი, უძლები დარჩა, ივლტოდა და წავიდა სომხეთს, და იქ შვა ყრმა, და უწოდა სახელად არტაგ, და იზრდებოდა იგი იქ“.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „მეფობდა ბრატმან, რომლის დროს მცხეთას ქალაქის შენება დაიწყო“.
8. მირვან II მირეან (დაახლ. 116–106)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ხოლო როდესაც მოკლა მირვანმან ბარტომ და შემოვიდა ქართლად, დაიპყრო ყოველი ქართლი, და, რომელნიც დარჩენილ იყვნენ ერისთავნი ქართლისანი ციხეთა და სიმაგრეთა შინა, მისცა მათ ფიცი და აღთქმა, და გამოიყვანა ყოველნი, და მძლავრებით გამოიყვანა ცოლი ბარტომისი სამშვილდიდან, რომელიც შვილი იყო არტაშესიანთავე (დიდი არმენიის მეფე არტავაზდ I-ის ასული), შეირთო ცოლად და დაჯდა მცხეთას.
ნებიერად მეფობდა მირვან მცირედ ჟამს და მოკვდა. და დაჯდა მის წილ ძე მისი არშაკ, დედით არტაშესიანი და მამით ალბანელი და ფარნავაზიანი.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „მეფობდა მირეან. და მან აღაშენა მცხეთა ქალაქი“.
9. არშაკ II (დაახლ. 106–86)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ამან არშაკ განაშენა ქალაქი კახეთისა, რომელიც არის ნეკრესი, და ჰმატა სიმაგრესა უფლისციხისასა. და იყო ესე ძლიერი ძალითა, დიდი და გოლიათი.
ხოლო ეს არტაგი, ძე ქართამისი, ასულის წული ბარტომ მეფისა, რომელიც აღზარდეს სომხეთს, იყო კაცი ასაკითა მშვენიერი, ტანითა დიდი და გოლიათი, მრავალგზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, მოეკლა მრავალი ბუმბერაზი და სახელოვან ქმნილ იყო იგი. ამან მოითხოვა სპანი სომეხთა მეფისაგან (ტიგრან II, 95–55), და მოსცა მას და წარმოემართა არშაკის, ქართველთა მეფესა ზედა, დედისძმასა მისსა. ხოლო არშაკმა შემოიკრიბა ყოველი ერისთავნი ქართლისანი და მოირთო ძალი ალბანთა, და მიეგება წინა. შეიკრიბნენ ორივე სპანი თრიალეთს და დაიბანაკეს მახლობლად ერთმანეთისა.
მოსთხოვა ბრძოლა არშაკმა არტაგს. ხოლო არტაგი სიხარულით აღიჭურა საჭურველითა მშვენიერითა, შეჯდა ტაიჭსა და უთხრა სპათა მისთა: „გამიმაგრეთ ზურგი და ნუ შესძრწუნდებით!“ და გავიდა. ეგრეთვე არშაკ შეიჭურვა და გავიდა განწყობილთა შორის. შემოსძახეს ორთავემ ხმითა სასტიკითა და მიეტევნენ ურთიერთს, და იწყეს ორთავემ დარტყმად ოროლითა (შუბის სახეობა), და ვერ ჰკვეთდნენ საჭურველსა ერთმანეთისა და ბრძოლისა სიგრძესა შინა გაუტყდათ ოროლები, და ამოიღეს ჩუგლუგები იწყეს ბრძოლად ამითა. როდესაც უხეთქავდნენ ჩუგლუგებს საჭურველსა ზედა მათსა, ჰგავდა ხმა იგი ხმასა უროსასა, რომელიც ეცემა მჭედლისაგან გრდემლსა, და ხმა ძახილისა მათისა მსგავსი იყო ქუხილისა.
მაშინ ვერ სძლიეს ერთმანეთსა, დამშვიდნენ და უკუდგნენ იმიერ და ამიერ. შეღამდა დღე იგი და დაისვენეს ორთავემ. დილას კვლავ გამოვიდნენ, აიღეს მშვილდები და იწყეს რბევად და სისრად ერთმანეთისა. ჰკრა არტაგმა ისარი მკერდსა არშაკისსა, და ვეღარ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და გავიდა ზურგში, ჩამოვარდა არშაკ ცხენისაგან და მოკვდა.
შემოიქცა არტაგი მსწრაფლ, მივიდა სპათა თანა სომხეთისათა, და უთხრა მათ: „გაფიცებთ ღმერთთა თქვენთა, ნუ აღმართებთ მახვილთა თქვენთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნი არიან ჩემნი. და აწ მე ვარ მეფე მათი, ძალითა და შეწევნითა თქვენითა“. ისმინეს სომეხთა ვედრება მისი და დადგნენ ადგილსა ზედა.
შემოიქცა და მოვიდა არტაგი მახლობელად ქართველთა სპათასა. და ხმა უყო ხმითა მაღლითა: „მე ვარ შვილი მეფეთა თქვენთა, და ბედსა ჩემსა მოუცემია მეფობა ჩემდა. აწ მიიღეთ ჩემგან კეთილი და სიხარული. აჰა ესე-რა აღარა მოუშვა სპანი სომეხნი თქვენ ზედა“. მაშინ მიუგეს ქართველთა: „შენ გამოჩნდი უმჯობესი ყოველთა შორის ნათესავთა ფარნავაზისთა. რადგან მოკვდა მეფე ესე ჩვენი, აწ შენ ხარ მეფე ჩვენი; და ვმადლობთ ბედსა ჩვენსა, რამეთუ მოგვეცა საზღაურად მეფისა ამის ჩვენისა შვილივე მეფეთა ჩვენთა, გოლიათი და სახელოვანი“.
ჩამოქვეითდნენ ყოველი ქართველნი, დაცვივდნენ პირსა ზედა თვისსა და თაყვანი სცეს არტაგს. და მშვიდობით შეიკრიბნენ ერთად სომეხნი და ქართველნი, მოიტანეს ქართველთა გვირგვინი არშაკისი, და დაადგეს არტაგს და წამოიყვანეს მცხეთას“.
და ამან არტაგმა დაიპყრა ყოველი ქვეყანა ქართლი. და მოსცა სომეხთა მეფემან ასული თვისი ცოლად და დაჯდა მცხეთას“.
ასე იწყებდა მეფობას არტაგ II (86–62), რომელსაც წინ რომაელებთან დიდი ბრძოლა ელოდა.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „მეფობდა არშაკ, რომელმან კასპი შეიპყრა და უფლის-ციხე განაგო“.
10. ანტიკური წყაროები ძველი ქართლის სამეფოს შესახებ. 
სტრაბონი: „იბერიის უმეტესი ნაწილი მშვენივრადაა დასახლებული ქალაქებითა და სოფლებით, ასე რომ იქ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და სახუროთმოძღვრო ხელოვნების თანახმად მოწყობილი საცხოვრებლები და ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები.
ამ ქვეყნის ნაწილს გარს ერტყმის კავკასიის მთები. იბერიის ცენტრში ვაკეა, რომელზეც მიედინება მდინარეები. ყველაზე დიდი მათ შორის არის კიროსი (მტკვარი). ის იღებს სათავეს არმენიაში და როდესაც იბერიის აღნიშნულ ვაკეზე შემოდის იერთებს არაგს (ე.ი. არაგვი) და სხვა შენაკადებს, შემდეგ ვიწრო ხეობით მიედინება ალბანეთში; ამ ხეობასა და არმენიას შორის აღნიშნულ ვაკეზე კიროსი ძალიან ფართოვდება, რადგან იღებს დიდი რაოდენობის წყალს შენაკადებისგან. ესენია: ალაზონია (ალაზანი), სანდობანი (?), რეტაკი (?) და ხანი (?) /ყველა სანაოსნოა/ და ბოლოს ჩაედინება კასპიის ზღვაში.
იბერიის დაბლობში ცხოვრობს მოსახლეობა, რომელიც უმეტესად მიდრეკილია მიწათმოქმედებისა და მშვიდობისაკენ. ისინი იცმევენ არმენებისა და მიდიელებივით; იბერიის მთიან მხარეში ცხოვრობენ უბრალოდ და ხშირად ომობენ. მათი ცხოვრების წესი ჰგავს სკვითებისა და სარმატებისას, რომელთა მეზობლები და ნათესავები არიან ისინი; თუმცა ამავე დროს ისინი ეწევიან მიწათმოქმედებასაც. საფრთხის დროს მათ გამოჰყავთ მრავალი ათეული ათასი მებრძოლი, როგორც თავისი რიგებიდან, ასევე სკვითებისა და სარმატებისგან.
იბერიის ქვეყანაში არის ოთხი შესასვლელი. ერთი არის კოლხურ ციხესიმაგრე სარაპანზე და მასთან არსებულ ვიწროებზე, რომლებზედაც ფაზისი მოედინება.
ჩრდილოეთის მომთაბარეთა მხარიდან იბერიისკენ მიმავალ გზაზე არის რთული სამდღიანი აღმართი, რომელსაც მოსდევს მდინარე არაგვის ვიწრო ხეობა, რომელზედაც 4 დღის სავალი საცალფეხო გზაა. გზის ბოლო მონაკვეთს იცავს მიუწვდომელი სიმაგრე (ალბათ ბებრის ციხე, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. ბებრისციხე-ბელტისციხე მცხეთის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას, ხეობა მეტად ვიწროა, ამიტომ ციხე მშვენივრად კეტავდა ქალაქს ამ მხრიდან.). ალბანიიდან იბერიაში შესასვლელი მიდის ჯერ კლდეებზე, შემდეგ ალაზანის შექმნილ ჭალაზე. არმენიიდან იბერიაში შესასვლელი არის კიროსისა და არაგვის ხეობებში. ამ მდინარეების შეერთების ზემოთ, კლდეებზე ერთმანეთისგან 16 სტადიონით (2,8 კმ) დაშორებით არის ორი გამაგრებული ქალაქი; კიროსზე – ჰარმოზიკე (არმაზის ციხე), ხოლო არაგვზე – სევსამორა (წიწამურის ციხე, მცხეთის რაიონში, მდ. არაგვის მარცხენა მხარეს, საგურამოს ქედის დასავლეთ კალთაზე, თანამედროვე სოფ. წიწამურისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე.). ამ შესასვლელებით ისარგებლა თავიდან პომპეუსმა, არმენიიდან მომავალმა, ხოლო შემდეგ კანიდიუსმა.
ადამიანთა ოთხი გვარი მოსახლეობს ამ ქვეყანაში: პირველი გვარი ყველაზე მთავარია, რომლისგანაც მეფეებს ირჩევენ ნათესაობისა და ასაკის მიხედვით უხუცესს; ამავე გვარიდან გამოდიან მოსამართლეები და მხედართმთავრები. მეორე გვარი არის ქურუმთა, რომლებიც ზრუნავენ აგრეთვე მეზობლებთან სამართალზე. მესამე გვარი არის მხედართა და მიწათმოქმედთა. მეოთხე გვარი არის ხალხისა, რომლებიც სამეფო მონები არიან და აკეთებენ ყველაფერს, რაც მეფის ცხოვრებისათვის არის საჭირო. საზოგადო აქვთ მათ ქონება ნათესავობისდა მიხედვით. მართავს და განაგებს თითოეულს უხუცესი. ასეთები არიან იბერები და მათი ქვეყანა“.
სტრაბონის აღნიშნულ ცნობასა და სხვა მასალებზე დაყდნობით გამოდის, რომ იბერიის სამეფოს მოსახლეობა 4 სოციალურ ფენად იყოფოდა:
I. „სეფე“ – სამეფო ოჯახი, მისი ნათესავები და დიდგვაროვნები. მათი წევრები ფლობდნენ ქვეყანაში უმაღლეს თანამდებობებს (სპასპეტი, ეზოსმოძღვარი, პიტიახში, ერისთავი და სხვ.), სასახლეებს, საუკეთესო მიწებს, აკომპლექტებდნენ სამეფო გვარდიას (ცხენოსნებს) და ა. შ.
II. ქურუმები – ფლობდნენ დიდძალ სატაძრო მიწებს და ღვთისმსახურებასა და ვარსკვალვთმრიცხველობასთან ერთად დიპლომატიურ საქმიანობასაც ეწეოდნენ.
III. „ერი“ – თავისუფალი ან ნახევრად თავისუფალი მიწათმოქმედნი. ისინი წარმოადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას. ფლობდნენ მიწას, იხდიდნენ გარკვეულ გადასახადებს მეფის, ერისთავებისა და ტაძრების სასარგებლოდ, ავსებდნენ სამეფო ლაშქრის ფეხოსანთა ნაწილებს და ომში საკუთარი შეიარაღებითა და საგზლით მიდიოდნენ.
IV. „ლაოი“ – სეფეს მსახურები. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს რაც „სეფეს“ კომფორტული ცხოვრებისათვის იყო საჭირო (მაგ. ისხდნენ სეფეს მიწაზე, ამუშავებდნენ და მოსავლის უდიდეს ნაწილს მას აძლევდნენ).
იბერიაში საკმაოდ იყვნენ მონებიც, მაგრამ ისინი საზოგადოების ნაწილად არ ითვლებოდნენ და მძიმე სამუშაოებს ასრულებდნენ. მათ ევალებოდათ ხიდებისა და სასახლეების მშენებლობა, გზებისა და არხების გაყვანა, მაღაროებსა და სამთამადნო საწარმოებში მუშაობა. ისინი გამოიყენებოდნენ აგრეთვე სახელოსნოებსა და პირად მომსახურებაში.
სტრაბონი განაგრძობს: „იბერთა მუზარადები ნადირთა ტყავისგანაა დამზადებული. გასასვლელი იბერიიდან ალბანეთზე მიდის უწყლო და ქვიან მხარეზე კამბისენაზე (ქართ. კამბეჩოვანი, დღევ. ქიზიყი), მდინარე ალაზანზე.
გოგარენას მხარე სავსეა ველური ნაყოფით და ხეების ნაყოფით, გამოყვანილი ადამიანის მიერ და მარადმწვანე მცენარეების მიერ; აქ იზრდება აგრეთვე ზეთისხილი. ხორზენე (მდებარეობდა მტკვრის სათავეებთან და მის სამხრეთით ანუ ემთხვევა შუა საუკუნეების კოლას. ანალოგიურ ტერიტორიაზე თავსდება პტოლემაიოსის კატარძენე-კორაძენე და ურატული კატარზა. ს. ჯანაშიას ცნობით, ტოპონიმი „ხორზიანის ველი“ მდებარეობს ქ. არტაანის სამხრეთით, არტაან-ოლთისის გზატკეცილიდან აღმოსავლეთით, მდ. მტკვრის მარჯვენა სათავის ხეობაში, ანუ კოლაში. აქვე კოლას აღმოსავლეთით მდებარეობდა სომხური პროვინცია ხორტევანი. შესაძლოა ხორძენეში ეს მხარეც შედიოდა) და კამბისენე – ყველაზე ჩრდილოეთ, სხვებზე მეტად თოვლით დაფარული მხარეებია; ისინი მდებარეობენ კავკასიის მთების საზღვარზე, იბერიასთან და კოლხიდასთან. როგორც ამბობენ, აქ მთების უღელტეხილებზე მთელი ქარავანები იღუპებიან, რადგან დიდი თოვლი იცის, თოვლის გროვები იყინებიან და შიგნით როგორც ქიტონში, ისე ინახავენ კარგ წყალს. მოგზაურებს ამ მხარეში გავლისას ყოველთვის აქვთ გრძელი ჯოხები, რომელსაც თოვლში ჩაფლობისას აღმართავენ ზევით, რათა გამვლელმა დაინახოს და დაეხმაროს“.
პლინიუს უფროსი: „მდინარე კიროსი (მტკვარი) სათავეს იღებს ჰენიოხების მთებში. ზოგიერთი ავტორები მას ეძახიან კორაქსულ მთებს (დიდი ალბათობით პლინიუსს მტკვარის სათავედ დიდი ლიახვი და მისი შენაკადი ფაწა ჰგონია).
მთელ დაბლობზე, რომელიც გადაჭიმულია მდინარე კიროსიდან ცხოვრობს ხალხი ალბანები, შემდეგ (დასავლეთით) იბერები, რომლებიც გამოყოფილია მათგან მდინარე ოკაზანით (ალაზანი), რომელიც მოედინება კავკასიის მთებიდან და ჩაედინება კირში. ჰარმასტისი (სტრაბონის ჰარმოზიკა; პტოლემეის არმაკტიკა; არმაზ ციხე დღევ. ბაგინეთში, მცხეთასთან ახლოს.) იბერიაში არის მდინარის ახლოს, აგრეთვე ნეორისი (?); შემდეგ დევს რეგიონები ტასი (ტაშირი) და ტრიარი (თრიალეთი), რომლებიც აღწევენ პარიჰედრიის (პარიადრი) მთებამდე. მათ საპირისპირო მხარეს არის კოლხების უდაბნოები (?), რომლის საზღვრის წინ დგას კერავნული მთები, სადაც ცხოვრობენ არმენოხალიბები და დევს მოსხების მიწები, რომელიც ვრცელდება მდინარე იბერამდე (დებედა/ძვ. ბერდუჯი, ან არაგვი, ან იორი), რომელიც თავის მხრივ ჩაედინება კიროსში; მათ ქვემოთ (სამხრეთ-აღმოსავლეთით) – საკასსანები (შაკაშენე, დღევ. განჯის მხარე). ასეა დასახლებული ვაკეები და მთების ძირები: ალბანეთის საზღვრის მეორე მხარეს, მთების წინა მხარეში ცხოვრობენ ველური ტომი სილვები (სურფუნ-იალის მთის ტყიან ძირებში), და ქვემოთ ლუპენიები (კავკასიის ქედის სამხრეთ ძირებსა და ალაზნის ხეობაში. ალბანური ანუ დაღესტანური ტომი), შემდეგ დიდურები (დაღესტანელი დიდოელები) და სოდიები (ისონდები, სოჯები. ჩეჩნური ან ალბანური ტომი).
დიდი არმენია იწყება პარიადრეს მთებიდან, რომელიც აშორებს მას კაპადოკიისგან. არმენიიდან იღებენ სათავეებს ევფრატი და ტიგროსი. არმენიას მცირე არმენიისგან აშორებს აბსარუსი, რომელიც სათავეს იღებს პარიადრიდან და ჩაედინება ევქსინის პონტოში.
როდესაც მივაღწევთ კავკასიის კარს დავინახავთ ბუნების იმ დიდი ნამოქმედარს, რომელმაც მოულოდნელად გაყო ორ ნაწილად ამ ადგილზე მთა (იგულისხმება დარიალის ხეობა). გასასვლელი ჩაკეტილია ხისა და რკინისგან გისოსებიანი კედლით, რომლის ქვეშ მიედინება ღელე (თერგის სათავე), რომელიც გამოყოფს მძაფრ სუნს. ამ კედელს იცავს ციხე-სიმაგრე კუმანია (ან დარიალის ციხეა, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, ყაზბეგიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ზე, მდ. თერგის მარცხენა ნაპირის შემაღლებულ კლდეზე; ან ქუმლის ციხე, რომელიც მდებარეობს სოფელ ქუმლისციხეში /გუდაურის თემი, ყაზბეგის რაიონი, ჯვრის უღელტეხილის სამხრეთ ქალთაზე, მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, სტეფანწმინდიდან სამხრეთით 40 კმ-ზე, საქართველოს სამხედრო გზის პირზე/), რომელიც აღმართეს ჩრდილოეთით მცხოვრები უთვალავი ტომების შესაჩერებლად. შესაბამისად, ამ ადგილზე, ზუსტად იბერიის ქალაქ ჰერმასტის (არმაზის) პირდაპირ, კარით გაყოფილია სამყარო ორად. კავკასიის კარის მიღმა გურდინის მთებში (ლიხის ქედის ჩრდილოეთ დაბოლოება) გვხვდება „ვალლი“-ები (დვალები) და სუანები, რომელთათვის უცნობია კულტურა, თუმცა იციან მაღაროებში ოქროს მოპოვება. მათ მიღმა პონტომდე (ე.ი. შავ ზღვამდე) ცხოვრობენ მრავალრიცხოვანი ჰენიოხური და შემდეგ აქეიური ტომები. კავკასიის კარიდან ევქსინის პონტომდე 200 მილია.
ალბანების ტომი დასახლებლი კავკასიის მთებიდან მდინარე კიროსამდე, რომელიც ქმნის საზღვარს იბერიასა და არმენიას შორის (აქ ისე გამოდის იბერიის ტერიტორია მტკვარს სამხრეთით არმენიას ეკუთვნის, რაც შეცდომაა. ყველა ამ ეპოქის ავტორის ცნობით ალაზნის შესართავიდან თითქმის სათავეებამდე მტკვრის ორივე მხარე იბერიის შემადგენლობაშია). ზემოთ, მათ და უდინების (პტოლემაიოსის უდები. პევტინგერის რუკის მიხედვით ცხოვრობდნენ მდ. უდონზე, რომელიც თანამედროვე მდ. კუმაა ჩრდ. კავკასიაში.) ტომის ზღვისპირა ტერიტორიებზე და ცხოვრობენ სარმატები, უტიდორსები, აორსები და აროტერები, ხოლო მათ უკან ამაზონები და სავრომატიდები. ალბანიის გავლით ზღვაში ჩაედინებიან მდინარეები: კასუსი (პტოლემაიოსის კესიია. ლოკალიზაცია სადაოა) და ალბანი (დღევ. სუმგაით-ჩაი), შემდეგ კამბისი (დღევ იორი, მის ნაპირებზე მდებარეობდა ისტორიული მხარე კამბისენე/კამბეჩოვანი), რომელიც მოედინება კავკასიის მთებიდან, შემდეგ კიროსი (მტკვარი), რომელიც მოედინება კორაქსული მთებიდან. კიროსის შესართავიდან ზღვა იღებს სახელს – „კასპიას“, აქ სანაპიროზე ცხოვრობენ კასპიები (ცხოვრობდნენ თანამ. მტკვრის შესართავიდან თალიშამდე. სტრაბონის ცნობით ეს მხარე ალბანეთს ეკუთვნის, თუმცა იგივე ავტორის ცნობით თავიდან მიდია ატროპატენას ეკუთვნოდა და შემდეგ დიდმა არმენიამ წაართვა).
მარკუს ტერენციუს ვარონი (ძვ.წ. 116–27) მოგვითხრობს, რომ პომპეუსის ლაშქრობის დროს დადგენილ იქნა შემდეგი – ინდოეთიდან ბაქტრიაში, მდინარე ბაქტრზე, რომელიც ჩაედინება მდინარე ოქსში სახმელეთო გზით ჩადიან 7 დღეში, ხოლო აქედან კასპიის ზღვისა და კიროსის გავლით პონტომდე, ქალაქ ფაზისთან 5 დღეში მიაქვთ ინდური საქონელი ვაჭრებს“.

Комментариев нет:

Отправить комментарий