3. მარები
რას მოგვითხრობს წყაროები მარების შესახებ?
ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549–476): „მარები, ტომი მოსინიკების გვერდით“.
ჰეროდოტე (ძვ.წ. 484–425): „მარებს თავზე ადგილობრივი მოწნული მუზარადები ეხურათ; ეჭირათ ტყავის პატარა ფარები და ხელშუბები. ხოლო კოლხებს თავზე ხის მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები. ამას გარდა დანები. მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე.
მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა XIX სატრაპია“.
ამ ცნობებით აშკარა ხდება, რომ მარები მოსინიკებსა და კოლხებს შორის ცხოვრობდნენ. როგორც ჩანს მათ ეკავათ გირესუნის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის ბოლო მონაკვეთი, მდ. დოღანკენტის დასავლეთ სანაპირო მხარე. არმიის შემადგენლობაში მარების მოუხსენიებლობა და უკვე მოსინიკებისა და მაკრონების ერთ არმიაში მოხსენიება მიუთითებს ერთის მხრივ ამ ხალხების ახლო მეზობლობას, მეორეს მხრივ კი იმას, რომ მარები მცირერიცხოვანი ხალხია და ამ შემთხვევაში მათი სახელი გადაფარა მოსინიკების სახელმა. როგორც ჩანს ცოტა მოგვიანებით მარები საბოლოოდ შეერწყნენ მოსინიკებს და როგორც ცალკე ხალხი გაქრნენ. ამით უნდა აიხსნებოდეს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ, მომდევნო ხანის ავტორები მარებს აღარ იხსენიებენ და მათი საცხოვრისიც სრულად მოსინიკების საცხოვრისად ითვლება.
4. მაკრონები
რას მოგვითხრობს წყაროები მაკრონების შესახებ?
ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549–476) იცნობს მაკრონებს, თუმცა თუ რას მოგვითხრობდა მათ შესახებ ჩვენთვის უცნობია.
ჰეროდოტე (ძვ.წ. 484–425): „სირიელები, (იგივე ლევკოსირები, აიგივებს ავტორი კაპადოკიელებთან) რომლებიც მდინარე თერმოდონტთან და პართენიოსთან ცხოვრობენ, და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს წინდაცვეთა ახლახან.
მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს დარიოსისგან შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა XIX სატრაპია. (1 ტალანტი 60 მინა ანუ 2,4 კგ ოქროს ან ვერცხლს უდრის).
მოსხებს თავზე ხის მუზარადები ეხურათ. პატარა ფარები და შუბები ჰქონდათ, ხოლო შუბის წვერები გრძელი იყო. ლაშქრობდნენ ტიბარენები, მაკრონები და მოსინოიკები, რომლებიც მოსხებისავით იყვნენ აღჭურვილნი. მათ მეთაურობდნენ და განაგებდნენ შემდეგი პირები: მოსხებსა და ტიბარენებს – არიომარდოსი, რომელიც დარიოსისა და პარმისის შვილი იყო, ეს უკანასკნელი კი სმერდისის შვილი იყო, კიროსის შვილისა. მაკრონებსა და მოსინოიკებს (მოსინიკებს) განაგებდა არტაიკეტესი, რომელიც ჰელესპონტის სესტოსს მეურვეობდა“.
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „შკვითინიების ქვეყნის გავლის შემდეგ შკვითინმა მეგზურმა ელინებს ასწავლა ახლო სოფელი სადაც დაისვენებდნენ და ზღვისაკენ გზა, რომელიც მაკრონების ქვეყანაზე გადიოდა. დაღამებისთანავე მეგზურმა მიატოვა ელინები და დაიმალა.
დასვენების შემდეგ ელინებმა 3 დღეში 10 ფარსანგი (53,4 კმ) იარეს მაკრონთა ქვეყანაზე. პირველივე დღეს მივიდნენ მაკრონებისა და შკვითინიების სასაზღვრო მდინარემდე (უნდა იყოს დოღანკენტის სათავე ნაწილი, მის შენაკად პირამეტ დერესთან შეერთებამდე). ელინთაგან მარჯვნივ აღმართული იყო მიუწვდომელი მთები, ხოლო მარცხნივ სხვა მდინარე, რომელშიც ჩაედინებოდა კიდეც ეს სასაზღვრო მდინარე. ამ მდინარის /რომელშიც სასაზღვრო მდინარე ჩაედინებოდა/ გასვწრივ მიემართებოდა ხშირი ტყით იყო დაფარული გზა, რომელზეც უნდა გაეარათ ელინებს. ელინები მდინარის გაყოლებას აყვნენ, ჭრიდნენ ხეებს და სწრაფად მიიწევდნენ წინ, რათა დროულად გაეღწიათ ამ ქვეყნიდან. მაკრონები ბეწვის მოსასხამებში, შუბებითა და ფარებით შეიარაღებულნი განლაგებულიყვნენ მდინარის მეორე ნაპირზე და იქედან ქვებს უშენდნენ ელინებს, თუმცა ისინი მდინარეში ცვიოდა და სტუმრებს არაფერი დაშავებიათ.
ამ დროს ქსენოფონტთან მივიდა ერთი პელტასტი, რომელიც ადრე ათენში მონად იყო და განუცხადა, რომ მაკრონია, იცის ადგილობრივთა ენა და მოელაპარაკება მათ. ქსენოფონტი დათანხმდა. როდესაც პელტასტმა ჰკითხა მაკრონებს თუ ასე რატომ იქცეოდნენ, მაკრონებმა უპასუხეს, რომ ისინი მტრები არიან და მათ ქვეყანაზე მიაბიჯებენ. მაშინ ელინებმა მიუგეს, რომ მტრები არ არიან, აუხსნეს თავისი ვითარება და თხოვეს მშვიდად გატარება ზღვამდე. საპასუხოდ მაკრონებმა ფიცის დადება მოითხოვეს. მაკრონთა ლიდერმა და ქსენოფონტემ ფიცის ნიშნად შუბები გაცვალეს, შემდეგ საკუთარ ღმერთებს მოუხმეს. ამის შემდეგ მაკრონები ელინებს შეუერთდნენ და ერთად ჭრიდნენ ხეებს გზის გასაყვანად, თან გზაში სტუმრებს საყიდლად სთავაზობდნენ თავიანთ სხვადასხვა საქონელს.
3 დღეში მაკრონები და ელინები მივიდნენ კოლხების საზღვრამდე, სადაც იწყებოდა მაღალი მთები (კალკანის მთები), რომელზეც განლაგებული იყვნენ შეიარაღებული კოლხები“.
ფსევდო სქილაქსი (ძვ.წ. IV ს.): „ეკექეირების შემდეგ არიან ბექეირები, რომელთა ტერიტორიაზეა ელინური ნავსადგური ბექეირიკა, ელინური პოლისი ბექეირიადა. ბექეირების შემდეგ არიან მაკროკეფალები (გრძელთავიანები, იგივე მაკრონები), რომელთა ტერიტორიაზეა ელინური ნავსადგური ფსორონი (დღევ. არაკლი, სურმენეს დასავლეთით) და ელინური პოლისი ტრაპეზუსი (ტრაპიზონი).
მაკროკეფალების შემდეგ არიან მოსსინიკები, რომელთა ტერიტორიაზეა ზეფირიოსის (ზეფფრე, თანამ. კაიკ-ლიმანი) ნავსადგური, ელინური პოლისი ხოირადესი (ჰეკატეოსის ცნობით ხოირადესი მოსინიკთა ქალაქია. როგორც ჩანს ბერძენმა კოლონისტებმა ეს სანაპირო ქალაქი წაართვეს მოსინიკებს და ბერძნულად აქციეს) და კუნძული არეია (არესის კუნძული, თანამ. გირესუნ-ადა). ისინი ცხოვრობენ მთებში“.
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295–215): „თერმოდონტის შესართავთან გაშლილია დოიასის ველი და აქვეა ამაზონების სამი ქალაქი. შემდეგ კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშები – ხალიბები ცხოვრობენ, რომლებიც რკინას ამუშავებენ. ხალიბების მახლობლად, სტუმართმოყვარე ზევსისადმი შეწირული გენეტაიოსის (გენეტის ანუ დღევ. ჩამის) კონცხის გადაღმა, ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები. მათ მეზობლად ტყიან ადგილებსა და მთების ძირში სახლობენ მოსსინიკები, რომლებიც ხის კოშკებში იმართავენ ბინებს კარგად შეკრული ღობეებით, რომლებსაც მოსინებს უწოდებენ: აქედან მოდის თვით მათი სახელიც – მოსინიკები. მათ შემდეგ ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალრიცხოვანი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ.
ფილირეს შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს მაკრონებს, ბექირთა უსაზღვრო მიწას, ამაყ საპირებს და მათ შემდეგ ბიძერებს. ამის შემდეგ კოლხთა მიწა იწყებოდა“.
დიონიოს პერიეგეტი (II ს.): „კოლხეთიდან და ფასისიდან დასავლეთით და ევქსინის სანაპიროებზე, თრაკიის სრუტემდე პირველები მოდიან ბიზერები, მათ მეზობლად ბექირების, ფილირების, მაკრონების ტომები, და ასევე ისინი რომლებიც ცხოვრობენ ხის მოსინებში. მათ შემდეგ მრავალრიცხოვანი წვრილფეხა პირუტყვის მფლობელი ტიბარენები; მათ შემდეგ ცხოვრობენ მოუსავლიან მიწებზე ხალიბები, რომლებიც მუდმივად ამუშავებენ მყარ რკინას“.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანნები (ე.ი. ჭანები), რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს (იგივე აზრს იზიარებს მემნონიც). აქვეა „მცირე არმენია“. ამ ადგილების ახლოს ცხოვრობენ აპაიტები, უწინდელი კერკიტები. ამ ადგილებს კვეთს სკიდისე, კლდოვანი მთა, რომელიც უერთდება ერთის მხრივ მოსხურ მთებს, რომლებიც კოლხიდის ზევით (სამხრეთით) მდებარეობენ; მეორე მხრივ პარიადრეს მთებს, რომელიც ვრცელდება სიდენეს ოლქიდან და თემისკირადან მცირე არმენიამდე და ქმნის პონტოს აღმოსავლეთ მხარეს“.
პომპონიუს მელა (ახ.წ. 15–60) ძველ ცნობაზე დაყრდნობით მოგვითხრობს: „მოსინიკების მეზობლები – მაკრო-კეფალები (ე.ი. მაკრონები), ბექერები, ბუზერები (ე.ი. ბიძერები) – ნაკლებად ველურები არიან, თუმცა გამოირჩევიან მძიმე ხასიათით. ქალაქები აქ ცოტაა, ყველაზე დიდია კერასი (ძვ. კერასუნტი – დღევ. ვაკფიკებირი. ეს ქალაქი მელას დროს უკვე დიდი ხნის განადგურებულია) და ტრაპეზი (ტრაპეზუნტი)“.
პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79): „თერმოდონტის აღმოსავლეთით ცხოვრობენ ხალხები: კენები (გენეტები) და ხალიბები, დევს ქალაქი ქალაქ კოტიორი (კოტიორა, დღევ. ორდუ), შემდეგ ტიბარენები, მასსინები (იგივე მოსსინიკები) ტატუირებული სხეულით, მაკრო-კეფალების (ანუ გრძელთავიანები, = მაკრონებს) ტომი, ქალაქი კერასუნტი (დღევ. ვაკფიკებირი) კორდილეს პორტი (დღევ. ს. აკჩაკალე, ფენერის კონცხის აღმოსავლეთით), ტომები ბექირები და ბუქსერები (ბიძერები), მდინარე მელასი (ანუ შავი მდინარე, დღევ. კარა დერე. ზღვას უერთდება ქ. არაკლიში), მაქორონები, მოსხების მთების დასავლეთით მაკერონები მდინარე აბსაროსამდე. ტრაპეზუნტის სანაპიროს ახლოს მიედინება მდინარე პიქსიტი (ვიწეწყალი/ვიძე სუ) ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, რომელზეც არიან სანები-ჰენიოხები. შემდეგ მოდის მდინარე აბსარუსი (აფსაროსი, დღევ. ჭოროხი)“.
ფლავიუს არიანე (ახ.წ. 86–160): „ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები (არიანე ამ დროს ახალი დანიშნულია კაპადოკიის მმართველის თანამდებობაზე და კოლხების ტრაპიზონთან ცხოვრების შესახებ ცნობა მექანიკურად გადმოიტანა ქსენოფონტეს ანაბასისიდან) და ხალხი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანნები (ჭანები) არიან. ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა, რომლის სამეფო სასახლე მდინარე პრიტანიდთანაა (ფორტუნა, დღევ. ფირტინა დერე, ეს მდინარე ათინა-ფაზარიდან აღმოსავლეთით 7–8 კმ-ზე მდებარეობდა). მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის (ფარსმან ქველი) ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან“.
ე.ი. ტრაპიზონის მხარეში ცხოვრობენ ჭანები, შემდეგ მაკრონებისა და ჰენოხების სამეფო, რომლის ცენტრი მდ. ფირტინა დერეზე იყო, შემდეგ კი ძიდრიტების ტომი, რომლებსაც უნდა ეცხოვრათ ჭოროხის შესართავამდე, რადგან აქედან ლაზების სამეფო უნდა დაწყებულიყო.
ანქიალეს და მაქელონებისა და ჰენიოხების სამეფოს აღნიშნულ ტერიტორიაზე ათავსებს დიონ კასიუსიც. მისი ცნობით 115 წელს ავგუსტი ტრაიანე ანქიალეს შეხვედრია პართიაზე ლაშქრობის დროს ქალაქ სატალაში და დაუსაჩუქრებია.
ამიანუს მარცელინუსი (330–395) ძველ წყაროზე დაყრდნობით გვამცნობს: „ამ ადგილების მეზობლად არიან ...ხალიბები, რომლებმაც პირველად მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა. მათ შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ ბიზარებს, საპირებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს და ფილირებს – ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან“.
ახ.წ. V საუკუნის ანონიმი: „ტრაპეზუნტიდან ვიდრე არეტიადის კუნძულამდე (გირესუნ ადა) და ფარნაკიამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი ე.წ. მაკრონებისა ანუ გრძელთავიანებისა. მდინარე არქაბისიდან მდინარე ოფიუნტამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ეკქეირიებად წოდებული, ახლა ცხოვრობენ მაქელონები და ჰენიოხები“.
ევსტათი თესალონიკელი (XII ს.), რომელსაც დიონისე პერიეგეტის კომენტარები ეკუთვნის, აღნიშნავს, რომ ბექეირების სამხრეთით მცხოვრებ მაკრონებს მის დროს სანნები ეწოდებოდათ, ხოლო მდაბიოურად – ტზანები; როგორც აღნიშნავენ, „ტზ“ კომპლექსით ბერძნულისათვის უცხო აფრიკატი „ჭ“ არის გადმოცემული და სანნების „მდაბიური“ სახელწოდება უნდა ყოფილიყო – ჭანი.
სად ცხოვრობდნენ მაკრონები?
ჰეროდოტეს ცნობებიდან ვგებულობთ, რომ მაკრონები პირველ რიგში მოსინიკების მეზობლები არიან. ქსენოფონტეს ცნობების ანალიზით ირკვევა, რომ: მაკრონები ცხოვრობდნენ მდ. დოღანკენტის სათავიდან – კალკანის ქედამდე. მათ სამხრეთ-აღმ-დან ესაზღვრებოდნენ შკვთინიები, დასავლეთიდან დრილები, ჩრდილოეთიდან კი ტრაპიზონის მხარის კოლხები ანუ კოლხეთის სამეფო. ჰიპოკრატეს ცნობით მაკრონები ცხოვრობენ ტრაპეზუნტისა და კერასუნტთან (ე.ი. შავი ზღვისპირა ზოლში). ფსევდო სკილაქსიდან ვგებულობთ რომ მაკრონები ცხოვრობდნენ ზღვისპირა ზოლში ბექირებსა და მოსინიკებს შორის და მათ ტერიტორიაზეა ტრაპეზუნტი და ფსორონი (სურმენეს დასავლეთით). შესაბამისად მაკრონთა და ბექირთა საზღვარი ჰისოს-სურმენეზე უნდა გასულიყო. მოსინიკების აღმ. საზღვარი ზღვისპირა ზოლში გადიოდა ფილოკალეია-გიორელესა და კერასუნტ-ვაკფიკებირს შორის, საიდანაც იწყებოდა კოლხეთის სამეფო. ამას გარდა ქსენოფონტესა ადასტურებს პლინიუსიც, რომელიც მაკრონების ტერიტორიაზე იხსენიებს კერასუნტ-ვაკფიკებირსა და კორდილე–აკჩაკალეს (ფენერის კონცხთან). შესაბამისად მაკრონების ტერიტორია გიორელედან – სურმენემდე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული.
და თუ ტრაპეზუნტის ირგვლივ სულ მაკრონები ცხოვრობდნენ რატომ უწოდებს ამ მხარის ხალხს ქსენოფონტე კოლხებს? ის ხომ პირადად შეხვდა მათ და საკმაო ხანი გაატარა ამ მხარეში? ვფიქრობ საკითხი გაცილებით მარტივად გადაიჭრება, თუ მოვიშველიებთ იმ ფაქტს, რომ კერასუნტამდე ტერიტორია ძვ.წ. 400 წლისთვის კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში იმყოფებოდა და აქ მაცხოვრებელ ყველა ხალხს ქსენოფონტე კოლხებს უწოდებს პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე (ისევე როგორც პაფლაგონიას უწოდებს ხალიბების მიწებსაც და ასე შემდეგ). ამდენად ძვ.წ. VI–IV საუკუნეებში აზოს ლაშქრობამდე სკიდისეს ქედსა და შავ ზღვას შორის ტერიტორია კერასუნტ-ვაკფიკებირიდან – ჭოროხამდე კოლხეთის სამეფოს ნაწილი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად ზღვისპირა მაკრონების ტერიტორია ამ დროისთვის კოლხეთის სკეპტუხია იყო. რაც შეეხება კალკანის ქედის სამხრეთით მცხოვრები მაკრონებს, ისინი VI–V საუკუნეებში სპარსეთის XIX სატრაპიაში იყვნენ გაერთიანებული; V საუკუნის ბოლოდან ვიდრე ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისამდე კი დამოუკიდებლობა ჰქონდათ.
სიტუაცია შეიცვალა ძვ.წ. 320-იანი წლებისთვის, როდესაც ალექსანდრე მაკედონელის გამოგზავნილმა აზომ კავკასია დალაშქრა. შედეგად დასუსტებულმა კოლხეთის სამეფომ კერასუნტ-ვაკფიკებირიდან – ჭოროხამდე ტერიტორია დაკარგა და აღნიშნულ მხარეში მცხოვრებმა ხალხებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ძვ.წ. IV ს-ის ბოლოს კოლხებმა და სასპერ-იბერებმა დამოუკიდებლობა დაიბრუნეს, თუმცა ძველი კოლხეთის საზღვარი ერთხანს კვლავ ჭოროხზე დარჩა და მაკრონებს დამოუკიდებლობა უნდა შეენარჩუნებინათ. ამ რეგიონში კი იბერიის სამეფომ შემოაღწია, რომელმაც მიიტაცა ეკექეირების ყოფილი ტერიტორია (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ).
ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისითვის იბერიის სამეფო დასუსტდა, რითაც ისარგებლეს კოლხებმა და არმენიელებმა და ამ რეგიონიდან იბერიელები განდევნეს. შედეგად მცირე ხნით აღსდგა კოლხების გავლენა შავიზღვისპირა ზოლზე ჭოროხიდან – ჰისოსამდე (მანაოზ ჩაიმდე), ხოლო მაკრონების მიწა ტრაპეზუნტის მხარესთან ერთად პონტოს მოკავშირე მცირე არმენიამ შეიერთა. კოლხეთის მცირე აზიის სანაპიროებზე დაბრუნებით უნდა აიხსნას მისი მეფის მონაწილეობა 179 წლის მცირე აზიის პოლიტ-ლიდერთა შეკრებაზე. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოსთვის მცირე არმენიისა და კოლხეთის სამეფოები ერთად აღმოჩნდნენ მითრიდატე ევპატორის შექმნილ პონტოს იმპერიაში. მაკრონთა ტერიტორია პონტოს სამეფოს შემადგენლობაში დარჩა ამ სამეფოს გაუქმებამდე.
ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე სტრაბონის ცნობით მაკრონები აღარ არსებობენ და მათი მემკვიდრეები სანები (ჭანები) არიან. ცოტა მოგვიანებით პლინიუსი იხსენიებს მაკროკეფალებს (მაკრონთა ერთე-ერთი სახელი) ძველ ადგილზე, მაქორონებს ბიძერების შემდეგ მდინარე მელასზე (შავი მდინარე = კარა დერეს, ზღვაში ჩაედინება ქ. არაკლის სანაპიროზე) ანუ ფსევდო სკილაქსის ნახსენებ ქალაქ ფსორონის რაიონში (დღევ. არაკლი) და მაკერონებს მოსხების მთების დასავლეთით აბსაროსამდე (ჭოროხამდე). აგრეთვე მდინარე პიქსიტზე (ვიწეწყალი/ვიძესუ) სანებ-ჰენიოხებს. სანებ-ჰენიოხები უნდა უდრიდეს არიანეს მაკრონ-ჰენოხთა სამეფოს, დიონ კასიუსისა და V საუკუნის ანონიმის მაქელონ-ჰენიოხების სამეფოს. აღნიშნულ ცნობათა შეპირისპირებით კი ვგებულობთ, რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის მაკრონები რამდენიმე ნაწილად დაიყვნენ: ერთნი – სამხრეთით მთებში მცხოვრებნი ჭანებად იქცნენ და საუკუნეების მანძილზე რომთან დაპირისპირებას აწარმოებდნენ, მეორენი კი ჩრდ. კავკასიიდან გადმოსახლებულ ჰენიოხებს შეუერთდნენ და ერთობლივი სამეფო შექმნეს, რომელიც რომის ვასალი იყო.
რაც შეეხება მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს საზღვრებს: V ს-ის ანონიმი ერთადერთია ვინც საზღვრებზე მოგვითხრობს, თუმცა ისინი ზოგჯერ მიახლოებითაა სწორი, ზოგჯერ თითქმის სრულად მცდარი მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია: „მდინარე არქაბისიდან მდინარე ოფიუნტამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ეკქეირიებად წოდებული, ახლა ცხოვრობენ მაქელონები და ჰენიოხები. მდინარე აფსაროსიდან მდინარე არქაბისამდე წინათ ცხოვრობდნენ ე. წ. ბიძერები ახლა კი ცხოვრობენ ძიდრიტები“.
ბიძერებ-დიძერების შთამომავლები შესაძლოა მართლაც ძიდრიტები (დ და ძ გადანაცვლებით მიღებული – დიძერები, ძიდერები-ძიდერიტები-ძიდრიტები) იყოს. თ. ყაუხჩიშვილის გამოკვლევით ძიდრიტები პრიტანიდიდან – აფსაროსამდე (ანუ ფორტუნადან – ჭოროხამდე) ცხოვრობდნენ. მაგრამ იმის გათვალიწინებით, რომ ფორტუნაზე იყო მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს ცენტრი, სავარაუდოა, რომ ცენტრს საზღვარზე არ დადებდნენ და ძიდრიტებ-მაკრონ-ჰენიოხთა საზღვარი უფრო აღმ-ით არტაშენ-არდეშენზე უნდა გასულიყო. რაც შეეხება მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს დას. საზღვარს იგი მართლაც მდ. ოფიუნტზე (ოფის, დღევ. სატაკლი) უნდა დებულიყო. ახ.წ. V საუკუნიდან მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო ქრება და მისი ტერიტორიის ზღვისპირა ზოლი აფსაროსში მჯდარ რომის მოხელეს ექვემდებარება, ხოლო სამხრეთ ნაწილი ჭანებით დასახლებული ჩანს. როგორც ჩანს ჰენიოხები მაკრონებთან და სხვა ქართველურ ეთნო-ჯგუფებთან ერთად აითქვიფნენ ლაზ-ეგრებში და ჭანებში.
5. დრილები
რას მოგვითხრობს წყაროები დრილების შესახებ?
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „ტრაპეზუნტში დასვენების შემდეგ ელინებმა ტრადიციული მსხვერპლშეწირვა გამართეს, შემდეგ რბოლაში იასპარეზეს და დაიწყეს მსჯელობა თუ რომელი გზით უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ. ამასობაში დიდი დრო გავიდა და საკვები გამოელიათ. მაშინ ქსენოფონტემ ლაშქარი ორ ნაწილად გაჰყო, ერთი ბანაკის დასაცავად დატოვა, მეორეთი კი მთიან მხარეში მცხოვრები დრილების გასაძარცვად წავიდა და მეგზურად ერთი ტრაპიზონელი გაიყოლა. წესით საკვები მახლობლად, დაბლობში მცხოვრებ მდიდრულ კოლხურ სოფლებში უნდა ეძიათ, რაც ადვილიც იყო და უკანაც სწრაფად მობრუნდებოდნენ, მაგრამ ტრაპიზონელი მეგზური კოლხებთან მეგობრობდა, ამიტომ ელინები მთიან მხარეში მცხოვრები დრილების საძარცვავად წაიყვანა.
პონტოს მთების ყველაზე მეომარი ხალხი დრილები ძნელადმისაგდომ სიმაგრეებში ცხოვრობდნენ, საიდანაც ადვილად უქმნიდნენ პრობლემებს სტუმრებს. ამასთან, როდესაც დაინახავდნენ, რომ სიმაგრეს ვერ დაიცავდნენ, წაიღებდნენ რასაც შესძლებდნენ და დანარჩენს ცეცხლს აძლევდნენ. ასე რომ რამდენიმე სიმაგრიდან ბერძნებმა მცირეოდენი შინაური პირუტყვი იპოვეს, რომლებიც ცეცხლს გამოქცეოდნენ და ახლა ელინთა ლუკმად იქცნენ.
ბოლოს ელინები მიადგნენ დრილების მთავარ ციხე-ქალაქს, სადაც შეკრებილიყვნენ ყველა დრილები. მას ირგვლივ ღრმა ხევი ჰქონდა და შესაბამისად ძნელადმისადგომი იყო. ელინების მსუბუქმა ქვეითებმა (1000-მდე კაცი) გადალახეს ხევი და დაინახეს ბევრი ცხვარი და სხვა სიმდიდრე, რის შემდეგაც სიხარულით გაემართნენ სიმაგრის ასაღებად, მაგრამ ეს არცთუ იოლი იყო. სიმაგრეს მახლობლად ღრმა თხრილი ჰქონდა, შემდეგ მაღალი მიწაყრილი, მასზე კი ახლო-ახლოს იდგა მაღალი ხის კოშკები. მათ დანახვაზე ქალაქიდან გამოიჭრნენ დრილები და ელინებს უკან დაახევინეს. ისინი კვლავ ხევს უახლოვდებოდნენ და დაღუპვის პირას იყვნენ. ამ დროს ქსენოფონტე მთელი ძალებით გადავიდა იერიშზე და მძიმე ბრძოლით დაიკავა ქალაქი, რომლის დიდი ნაწილი გაძარცვეს. მაშინ გადარჩენილი დრილები აკროპოლისში შეიკეტნენ, რომელიც სრულიად აუღებელი ჩანდა. მაშინ ელინებმა უკანდახევა იწყეს. ამის დანახვაზე ქალაქის ერთ ნაწილსა და აკროპოლისში შეფარებული დრილები გამოიჭრნენ და მტერს შეუტიეს. ხელჩართული ბრძოლა ქუჩებსა და სახლებში გაჩაღდა. ბევრი ელინი დაეცა ან დაიჭრა. მაშინ ქსენოფონტმა დრილების ხის სახლები ცეცხლს მისცა, რამაც მთელი ქალაქი შთანთქა.
მეორე დღეს ელინები ტრაპეზუნტისაკენ გაემართნენ. იქ აღმოჩნდა, რომ საკმარისი ხომალდები არ იყო ზღვით შინისაკენ წასასვლელად, ამიტომ ქსენოფონტემ 40 წელს გადაცილებული მამაკაცები, ავადმყოფები, ქალები და ბავშვები ხომალდებზე დასვა და გაუშვა, ხოლო დანარჩენი ჯარით ფეხით გაემართა შინისაკენ“.
ფლავიუს არიანე (ახ.წ. 86–160): „ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები და ტომი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი. ქსენოფონტი მათ დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანები (ჭანები) არიან“.
სად ცხოვრობდნენ დრილები?
ქსენოფონტეს აღწერით და ფსევდო სკილაქსის ცნობების მასთან შეპირისპირებით გამოდის რომ დრილებით დასახლებული მთიანი მხარე უნდა იყოს კალკანის ქედის აღმ. ნაწილი, ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით უნდა ყოფილიყო კოლხების სამხრეთით, მაკრონების აღმოსავლეთით, შკვითინიების ჩრდილოეთით და ბექირების დასავლეთით. არიანეს აზრით დრილები იგივე სანები ანუ ჭანებია. სტრაბონის აზრით სანები ძველი მაკრონები არიან. არიანე ცოტა ზევით იხსენიებს მაკრონებისა და ჰენიოხების სამეფოს, რომელსაც პლინიუსი სანები-ჰენიოხებს უწოდებს. დაახლ. ახ.წ. V ს-დან აფსაროსიდან დოღანკენტამდე მცხოვრებთა აღსანიშნავად მხოლოდ ჭანეთი და ხალდია გამოიყენება. შემდეგში მათ ლაზეთი ფარავს. ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით აშკარა ხდება, რომ დრილები მაკრონების უახლოესი განაყოფები იყვნენ და უმეტეს შემთხვევაში დრილებს მაკრონების სახელი ფარავდა. სწორედ ამიტომ არ უნდა იხსენიებდნენ არცერთი სხვა ავტორი მათ ქსენოფონტეს გარდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий