აქემენიდების დროს ცენტრალური ანატოლია ორ სატრაპიად იყოფოდა: დიდ კაპადოკიად და პონტოს კაპადოკიად (ჩრდ. ზღვისპირა ნაწილი).
სტრაბონი მოგვითხრობს: კაპადოკიელები საუბრობენ ერთ ენაზე და არიან ისინი, რომელთაც სამხ-დან ესაზღვრება ე.წ. კილიკიური ტავრი; აღმ-დან – არმენია, კოლხიდა და მათ შორის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხები; ჩრდ-დან – ევქსინის პონტო ჰალისის შესართავამდე; დას-დან – პაფლაგონიელები და გალატების ტომები, რომელთაც დასახლებული აქვთ ფრიგია ლიკაონებისა და კილიკიელების მხარემდე და კლდოვანი კილიკია. ეს ქვეყანა წარმოადგენს თითქოს ყელს დიდი ნახევარკუნძულისა, მოქცეული ორ ზღვას შორის – ისიკოსის უბიდან კლდოვან კილიკიამდე და ევქსინის პონტოთი – სინოპსა და ტიბარენების სანაპიროს შორის.
კაპადოკია წაართვეს მაკედონელებმა უკვე 2 სატრაპიად გაყოფილი. მაკედონელებმა დაუშვეს ნაწილობრივ თავისი სურვილით, ნაწილობრივ სურვილის წინააღმდეგ სატრაპიების სამეფოებად ქცევა. ერთ-ერთ ამ სამეფოთაგან მაკედონელებმა უწოდეს საკუთრივ „კაპადოკია“ და „კაპადოკია ტავრთან“, აგრეთვე „დიდი კაპადოკია“, მეორეს კი „პონტო“, თუმცა სხვები უწოდებენ მას პონტოს კაპადოკიას“.
დიდი კაპადოკიის სატრაპად კარიული დინასტია იყო – ჯერ დატამნ კამისარის ძე (დაახლ. 385–362); შემდეგ არიამნ დატამნის ძე (დაახლ. 362–350), ბოლოს არიარათ არიამნის ძე (350–322), რომელმაც 331 წელს დარიოსის დამარცხებისა და გაქცევის შემდეგ კაპადოკიის მეფედ გამოაცხადა არიარათ I-ის სახელით. მის ხელთ იყო პონტოს კაპადოკია და პაფლაგონიის ჩრდ-აღმ. ნაწილი სინოპედან ტრაპეზუნტამდე. რეზიდენცია კი მოიწყო გაზიურაში (თანამედროვე ქ. ტურხალთან).
322 წელს პერდიკამ კაპადოკია და პაფლაგონია დაიპყრო, არიარატი სიკვდილით დასაჯა და ეს მხარეები ევმენე კარდიელს გადასცა. 320 წელს აზიის ახალმა ბატონმა ანტიგონე ცალთვალამ ევმენე განდევნა და კაპადოკიელთა სატრაპად დიადოქოს ანტიპატრეს უმცროსი ვაჟი ნიკანორი დაინიშნა, რომელიც შემდეგ ლაოდემონტმა შეცვალა. 315 წლის დაყოფით კაპადოკია ლიდიასთან ერთად უკვე კარიის მფლობელ ასანდრეს გადაეცა. 313 წელს ასანდრეს სიკვდილის შემდეგ კაპადოკია ალექსანდრეს იმპერიის აზიური ნაწილის ბატონის, ალექსანდრეს დიადოქოს ანტიგონე ცალთვალას ხელში აღმოჩნდა და 301 წლამდე მისი მოხელეები მართავდნენ, ვიდრე არიარათის ძმისშვილმა – არიარათ II ოლოფერნის ძემ არ დაიბრუნა კაპადოკია და აღადგინა სამეფო.
პონტოს კაპადოკიაში ალექსანდრეს ლაშქრობის დაწყების მომენტში სატრაპი იყო მიტრობუზანი, რომელიც დაიღუპა გრანიკოსის ბრძოლაში (334 წ.), რის შემდეგაც ალექსანდრემ მის ადგილზე გაგზავნა აბისტამენი (იგივე სიბიკტი). მისი მმართველობა დაახლ. 332 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, რის შემდეგაც მისი სამფლობელოებიც არიარათეს უნდა დაქვემდებარებოდა. აქედან ამ მხარის ისტორია დანარჩენი კაპადოკიის მსგავსად წარიმართა.
ანტიგონეს კარზე მოღვაწეობდა მითრიდატე, რომელმაც დააარსა კიდეც პონტოს სამეფო და ეწოდა „კტისტი“, რაც ნიშნავს „დამააარსებელს“. ვინ იყო იგი?
ანტიკურ წყაროებში პონტოს სამეფო დინასტიის წარმოშობის შესახებ რამდენიმე განსხვავებული ცნობა არსებობს. მოვიტანოთ თითოეული მათგანი:
1. აპიანეს ცნობით მითრიდატე ევპატორი იყო დარიოს ჰისტასპის ძის მეთექვსმეტე შთამომავალი. უშუალოდ სამეფოს დამაარსებელ მითრიდატეზე ამბობს: „ალექსანდრე მაკედონელის სარდალ ანტიგონს თანამებრძოლად ჰყავდა სპარსეთის სამეფო სახლის წარმომადგენელი მითრიდატე. რადგან მას ანტიგონის მხრივ სიკვდილის საფრთხე დაემუქრა, იგი 6 მხედრის თანხლებით, გაიქცა და თავი შეაფარა კაპადოკიაში. ლტოლვილ მითრიდატესთან მრავალი ხალხი მოვიდა და მან ისარგებლა რა დიადოქოსთა ომებით, სწრაფად გაძლიერდა, ხელთ იგდო არა მხოლოდ პონტოს კაპადოკია, არამედ პონტოს მხრივ მეზობელი ტომები“.
2. პლუტარქეს გადმოცემით: „ანტიგონეს კარზე ცხოვრობდა ვინმე მითრიდატე არიობარზანეს ძე, რომელიც მის მემკვიდრე დემეტრეს თანატოლი და მეგობარი იყო. ანტიგონემ გაიგო, რომ მითრიდატე აპირებდა პონტოში, თავის სამფლობელოში წასვლას, სადაც აპირებდა მეფის წინააღმდეგ მოქმედებას. მან გადაწყვიტა მოეკლა „მოღალატე“, გაანდო ამის შესახებ დემეტრეს და თან ჩამოართვა დუმილის ფიცი. დემეტრემ ყველაფერი მეგობარს აცნობა და მოუწოდა გაქცეულიყო. ღამით მითრიდატე გაიქცა კაპადოკიაში, სადაც დაეუფლა მდიდარ მხარეს, გახდა პონტოს მეფეთა დამააარსებელი, რომელიც გადაშენდა მერვე თაობაში“.
3. პოლიბიოსის შემონახული გადმოცემით პონტოს მეფენი იყვნენ დარიოს I-ის შთამომავლები. იგივე პოლიბიოსი მითრიდატეს ქალიშვილ ლაოდიკეს გათხოვების ამბის თხრობისას აღნიშნავს, რომ: „მითრიდატე იკვეხნიდა, რომ ის შთამომავალია ერთ-ერთი იმ შვიდი სპარსელისა (ვარაუდით ოტანისგან), რომლებმაც მოკლეს მოგვი (ცრუბარდია 522 წ.) და რომ ევქსინის პონტოს ქვეყნებზე მფლობელობა მან მიიღო უწყვეტი თანმიმდევრობით თავის წინაპართაგან, რომელთაც ის ნაბოძები ჰქონდათ დარიოსისაგან“.
4. დიოდორე სიცილიელის ცნობით: „არტაქსერქსეს II-ის წინააღმდეგ სატრაპების აჯანყების დროს 367–3 წლებში, მათ შორის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო არიობარზანე ჰელესპონტის ფრიგიის და დასკილეის სატრაპი, რომელიც მითრიდატეს სიკვდილის შემდეგ დაეუფლა მის სამეფოს (აჯანყებულები დამარცხდნენ და არიობარზანე 362–360 წლებს შორის სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც მისი მემკვიდრეობა გადაიბარა არიობარზანე II-მ). 26 წლიანი მმართველობის შემდეგ 337 წ. მოკვდა არიობარზანი. იგი შეცვალა მითრიდატემ, რომელიც მართავდა 35 წელი. 317 წელს ევმენ კარდიელისა და ანტიგონე ცალთვალას ბრძოლის დროს ევმენეს მხარეზე იბრძოდა მითრიდატე არიობარზანის ძე, იმ შვიდი სპარსელისგან ერთ-ერთის შთამომავალი, რომელმაც მოკლა მაგი სმერდისი. 302 წელს მითრიდატე, რომელიც ექვემდებარებოდა ანტიგონეს, აპირებდა გადასულიყო მისი მოწინააღმდეგე კასანდრეს მხარეზე, მაგრამ მოკლული იქნა ქიოსში, რომელსაც ქ. მირლეასთან ერთად მართავდა 35 წელი. სამეფო მემკვიდრეობით ერგო მითრიდატს, რომელმაც მიუმატა ბევრი ახალი ქვეშევრდომი და წარმოადგენდა კაპადოკიისა და პაფლაგონიის მეფეს 36 წლის განმავლობაში“.
5. ფსევდო-ლუკიანე ეყრდნობა რა ჰიერონიმე კარდიელს გადმოგვცემს: „პონტოს მეფე კტისტად წოდებული, გაიქცა ანტიგონე ცალთვალასგან პონტოში, სადაც მოკვდა იცოცხლა რა 84 წელი“.
6. რომაელი ისტორიკოსი სალიუსტ კრისპი (ძვ.წ. 86–35) გადმოგვცემს, რომ „მითრიდატების სამეფო სახლის დამაარსებელი იყო არტაბაზი, რომელიც თავის წარმომავლობას იწყებდა დარიოს I-სგან“.
7. რომაელი ისტორიკოსი ანიუს ფლორუსი (ახ.წ. 70–145) გადმოგვცემს: „პონტოს კაპადოკიის პირველი მეფე იყო არტაბაზი, რომელიც წარმოშობით იყო იმ შვიდი სპარსიდან, რომელმაც მოკლა გაუტამა“. ანალოგიურ ცნობას იძლევიან სხვა რომაელი ისტორიკოსებიც. სხვათაშორის ფრიგიის სატრაპ არტაბაზს, რომელიც მოღვაწეობს ქსერქსეს ხანაში იცნობს ჰეროდოტე და თუკიდიდე, თუმცა მის შესახებ არაფერი ვიცით.
8. სტრაბონი მოგვითხრობს: პაფლაგონიის შიდა მხარეთა მოსაზღვრეთ მდებარეობდა პონტოს მხარე კიმიათენა, რომელშიც იყო ძლიერი ბუნებრივი სიმაგრე კიმიათა, ოლგასსიის მთის ძირებთან. იგი წარმოადგენდა მთავარ დასაყრდენს მითრიდატე კტისტისთვის, როდესაც ის გახდა პონტოს მფლობელი.
ცალკეული გადმოცემები აქვთ შემდეგი დროის ავტორებსაც, რომელთა შეჯამების შემდეგ ვრწმუნდებით, რომ ყველა ამ ცნობის წყარო იყო ჰიერონიმე კარდიელი, რომელიც პირადად იცნობდა მითრიდატე ქიოსელს, ევმენეს, ანტიგონესა და დემეტრეს მეგობარს.
ასე რომ: დინასტიის დამაარსებელი ისტორიული პიროვნება იყო მითრიდატე I ქიოსელი, რომელიც იყო დას. კაპადოკიისა და ლიკაონიის სატრაპი და გარდაიცვალა ძვ.წ. 363 წლის ახლოს. პონტოელთა სიტყვით იგი მოდიოდა დარიოს დიდის თანამებრძოლი ოტანისგან, ანდა თვით დარიოს აქემენიდისგან, თუმცა ეს ნაკლებსავარაუდოა. სხვათაშორის იგივე წარმომავლობას იჩემებდნენ კაპადოკიისა და დიდი არმენიის მეფეებიც.
მითრიდატე ქიოსელის მემკვიდრე იყო არიობარზანე I ქიოსელი, რომელიც იყო ჰელესპონტის ფრიგიისა და დასკილეის სატრაპი და აჯანყების გამო დასჯილ იქნა 362/360 წელს. მას დარჩა ორი ვაჟი: არიობარზანე II და მითრიდატე II ქიოსელები. არიობარზანე II ქიოსელი – დიოდორესა და კორნელიუს ნეპოსის ცნობათა შეჯერებით იყო ფრიგიის, იონიისა და ლიდიის სატრაპი 362–337 წლებში. მითრიდატე II ქიოსელი კი 337–302 წლებში იყო ქიოსის ტირანი. იგი ჯერ ევმენეს თანამებრძოლია, ხოლო მისი დამარცხების შემდეგ ანტიგონეს სამსახურში დგება. როდესაც უკანასკნელის მზე ჩასვლას იწყებს, უკვე კასანდრეს ბანაკში გადასვლას ცდილობს, რის გამოც გამოასალმეს კიდეც სიცოცხლეს ანტიგონეს ბრძანებით. მისმა მემკვიდრე მითრიდატე III-მ გაასწრო პონტოს კაპადოკიაში, დროთა განმავლობაში გახდა პონტოს სამეფოს დამაარსებელი და იწოდა მითრიდატე I კტისტად.
მითრიდატე შემთხვევით არ წასულა ჩრდ. კაპადოკიაში, რადგან მაკედონელთა გავლენა ყველაზე სუსტი სწორედ ამ მხარეში იყო. როგორც ჩანს აქ მსახურობდა მითრიდატე II ქიოსელი, რომელიც დაღუპვამდე კაპადოკიის მმართველ ევმენეს თანამებრძოლი იყო.
მითრიდატეს I-ის დროს პონტოს სამეფოში შედიოდა მდინარე ირისის ნაყოფიერი ხეობა ჩრდ. კაპადოკიაში და მდ. ამნიასის (იგივე ამნიუმი, დღევ. გიოკ ირმაკი) ხეობა ჩრდ. პაფლაგონიაში (ტ. რეინახი, მ.ი. მაქსიმოვა). დედაქალაქი კი გახდა ირისზე მდებარე ქალაქი ამასია. ამ დროისთვის პონტოს სამეფოს ზღვაზე გასასვლელი არ ჰქონდა.
სტრაბონი ასე აღწერს აღნიშნულ მხარეებს: „ჰალისის შესართავს მოსდევს გიზელონიტიდა (ცენტრი ქალაქი გიზელონი) სარამენამდე; ეს არის მთლიანად ნაყოფიერი და ვაკიანი ადგილი, სადაც ყველანაირი ხეხილია. აქ აშენებენ შესანიშნავმატყლიან ცხვარს, რომლის მსგავსი მთელს კაპადოკიასა და პონტოში იშვიათია. აშენებენ აგრეთვე ქურციკებს, რომლებიც სხვა ადგილებში იშვიათად გვხვდება.
გიზელონიტიდას შემდეგ მოდის ქ. ამისოსი (აღწერა იხ. ქვემოთ), შემდეგ კი თემისკირას ვაკე. თემისკირა წარმოადგენს ვაკე, რომელსაც ერთი მხრიდან ესაზღვრება ზღვა – მდებარეობს რა ქალაქიდან 60 სტადიონზე (10,7 კმ); სხვა მხრიდან ქალაქს ესაზღვრება მთის ქედის ძირები, რომლებიც მდიდარია ტყეებით და დაქსელილია მდინარეებით, რომელთა სათავეები იქვეა. ერთი მდინარე სახელით თერმოდონტი ივსება ამ მდინარეების წყლებით და მიედინება ვაკეზე, სხვა მსგავსი მდინარე, გამომდინარე ე.წ. ფანარეადან, მიედინება იგივე ვაკეზე და ჰქვია ირიდა (ირისი, დღევ. იეშილ ირმაქი). მისი სათავე პონტოშია; მიედინება რა თავიდან ქალაქ კომანზე და შემდეგ დაზიმონიტიდას ნაყოფიერ ვაკეზე დას-ით, შემდეგ უხვევს ჩრდ-ით მიღმა თვით გაზიურისა, რომელიც ძველად სამეფო დედაქალაქი იყო, ახლა კი ადამიანებისგან დაცლილია; შემდეგ კვლავ უხვევს აღმ-ით, იერთებს სკილაკსა და სხვა მდინარეებს და ჩაივლის კედლებთან ქალაქ ამასიისა, რომელიც ძალიან ძლიერად გამაგრებულია ბუნებისგან, და მიედინება ფანარეაში. იქ მას უერთდება არმენიიდან მომავალი მდინარე ლიკუსი (დღევ. კელკიტ ჩაი). ამის შემდეგ ირიდი გაივლის თემისკირას და ჩაედინება პონტოს ზღვაში. მდინარეთა წყალობით ეს ვაკე მუდამ დაფარულია ბალახით, რომელსაც შეუძლია გამოკვებოს დიდი რაოდენობის ძროხა და ცხენი. აქ დიდი რაოდენობით მოდის ფეტვი და შაქრის ლერწამი. რადგან ეს მხარე მდინარეებით კარგად ირწყვება აქ შიმშილი არასოდეს აწუხებთ. მეორე მხრივ ამ ადგილებში მრავლად იზრდება ველური ვენახი, მსხალი, ვაშლი და თხილი, რის გამოც ადამიანები ამ ტყეებში წლის ნებისმიერ პერიოდში პოულობენ საკვებს. საკვების ასეთი სიმრავლის გამო შესაძლებელია მრავალფეროვან გარეული ცხოველებზე ნადირობა.
თემისკირას შემდეგ მოდის ნაყოფიერი ვაკე (თუმცა არა თემისკირასავით) სიდენა (მდ. სიდენას, დღევ. პოლამან-ჩაის რაიონში). მის სანაპიროზე მდებარეობენ გამაგრებული ადგილები: სიდა, რომლის სახელის გამო დაარქვეს ამ დაბლობს; ხაბაკა და თაბდა.
სიდენას და თემისკირას ზემოთ (ე.ი. სამხრეთით) არის ფანარეია, პონტოს საუკეთესო ადგილი. აქ მოდის ზეთისხილი საუკეთესო ღვინო და გამოირჩევა ყოველივე სხვა ღირსებით.
აღმ-დან ფანარეა შემოღობილია პარიადრით (აქ პარიადრში – თანამედროვე ჯანიკის ქედის აღმოსავლეთ სექტორი იგულისხმება.), დასავლეთიდან – ლითროსის და ოფლიმოსის მთებით. ესაა მნიშვნელოვნად გრძელი და ფართო ხეობა, რომლის გავლით არმენიიდან მოედინება ლიკუსი, ხოლო ამასიასთან მდებარე ხეობიდან – ირიდა (ირისი). ორივე მდინარე ერთდება დაახლოებით ამ ხეობის შუაში. ქალაქი კაბირი მდებარეობს უშუალოდ პარიადრის მთისწინეთში. აქ, კაბირიდან არანაკლებ 200 სტადიონზე (35,6 კმ) მდებარეობს ბუნებრივად გამაგრებული ციცაბო კლდე – კენონ ხორიონი („ახალი ადგილი“). ამ კლდის თავიდან მოედინება დიდი რაოდენობის წყალი, ხოლო მის ძირში არის მდინარე და ღრმა უსფკრული. კლდის სიმაღლე თხემის ზემოთ იმდენად დიდია, რომ ის მიუწვდომელია; ამასთან მას ერტყმის გასაოცარი კედელი. მთელი ეს მხარე დაფარულია ხშირი ტყით, კლდიანია და უწყლო, ისე რომ 120 სტადიონზე (21,3 კმ) შეუძლებელია ბანაკის გაშლა. კაბირში მდებარეობს მენის ტაძარი, რომელსაც ფარნაკის დაარსებულს უწოდებენ. ადგილი სავსეა მრავალი სატაძრო მონით და წმინდა ადგილებით, რომელთა შემოსავალი მუდამ ეკუთვნის ქურუმს. მეფეები ამ ტაძარს უდიდეს მნიშნელობას ანიჭებდნენ და აქ ფიცს წარმოსთქვამდნენ. ეს ტაძარი წარმოადგენს სელენას სალოცავს.
ფანარეას ზევით (სამხრეთით) მდებარეობს კომანი (პონტოს), რომელიც დიდი კაპადოკიის ქალაქის მოსახელეა; ქალაქი მიძღვნილია იმავე ქალღმერთისადმი და ისევეა მოწყობილი, როგორც დიდი კაპადოკიის ქალაქი: წმინდა წესები, ღვთის მსახურება და ქურუმებისადმი პატივისცემა ისეთივე იყო, განსაკუთრებით წინა მეფეების დროს, როცა წელიწადში ორჯერ საზეიმო პროცესიაზე ქურუმი ატარებდა სამეფო დიადემას, და ეკავა მეორე ადგილი ძალაუფლებით მეფის შემდეგ.
კომანს ჰყავს მრავალრიცხოვანი მოსახლეობა და წარმოადგენს მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს არმენიელი ვაჭრებისათვის. აქაურები ცხოვრობენ ფუფუნებაში, ხოლო მათი მიწის ნაკვეთები დაფარულია ვენახებით. ქალაქში ბევრი ქალი ჰყიდის სხეულს; მათ შორის უმრავლესობა მიძღვნილია ქალღმერთისადმი. ყოველივე ამის გამო, ეს ქალაქი გარკვეულწილად ჰგავს პატარა კორინთოს. მართლაც, აფროდიტესადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი ჰეტერების (მეძავების) გამო ქალაქში დღესასწაულებზე უამრავი უცხოელი ჩამოდის. მათ გამო ვაჭრები და მეომრები მთელს თავის თანხას აქვე ხარჯავენ.
რაც შეეხება ზელიტიდას მხარეს, იქ არის ქალაქი ზელა, რომელიც აღმართულია სემირამიდას ბორცვზე, ანაიტიდას სალოცავთან, რომელსაც პატივს სცემენ აგრეთვე არმენიელები. აქემენიდების პერიოდიდან ეს ტერიტორია იყო არა ქალაქი, არამედ აღნიშნული ტაძრის ირგვლივ გაშენებული ტერიტორია, რომელსაც განაგებდა ქურუმი მრავალრიცხოვანი დამხმარეებით. იგი ფლობდა ბევრ მონასა და ქონებას.
ამისოსის მხარის შემდეგ მდ. ჰალისამდე დევს ფაზემონიტიდა. ამ მხარეს ჩრდ-დან ესაზღვრება გაზელონიტიდა და ამისოსის მხარე, დას-დან – ჰალისი, აღმ-დან – ფანარეა, სამხ-დან კი ამასიის მხარე – ჩემი სამშობლო, უდავოდ ყველაზე დიდი და საუკეთესო. ფაზემონიტიდას მხარის ფანარეასთან სასაზღვრო ნაწილში მდებარეობს დიდი ტბა სახელად სტიფანი; მასში ბევრი თევზია, ხოლო ტბის ირგვლივ არის კარგი საძოვრები. ტბის ნაპირთან მდებარეობს უკვე მიტოვებული ძლიერი ციხე-სიმაგრე იკიზარი, ხოლო მის შორი-ახლოს არის დანგრეული დედაქალაქი. ქვეყნის დანარჩენი მხარე უტყეოა და აწარმოებს პურს. ამასიელთა მხარის ზემოთ არის ფაზემენიტების ცხელი სამკურნალო წყაროები, ხოლო ძლიერ და მაღალ მთაზე განლაგებულია საგილია სიმაგრით და წყალსაცავებით მდიდარი პუნქტი. ამ ადგილს პონტოს მეფეები აქტიურად იყენებდნენ.
ქალაქი ამასია ღრმა და დიდ ხეობაშია, რომელზეც მიედინება მდინარე ირიდა. ქალაქი მშვენივრად მოწყობილია, როგორც ადამიანის ხელით, ისე ბუნებით და წარმოადგენს ერთდროულად ქალაქსა და ციხე-სიმაგრეს. ესა მაღალი და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდე, მდინარეზე ციცაბო ჩამოსასვლელით; მისი ერთი მხრიდან მიდის კედელი მდინარისკენ, სადაც მოწყობილია ქალაქი; მეორე მხარეს კი კედელი ძალიან მაღლდება მწვერვალებისკენ. მწვერვალები ბუნებრივად შეერთებულია ერთმანეთთან. ამ ზონაში განლაგებულია მეფეთა სასახლეები და საფლავები. მწვერვალებთან მდებარეობს ვიწრო გადასასვლელი, ორივე მხრიდან 5–6 სტადიონი სიმაღლის, თუ ავალთ მთაზე მდინარის სანაპიროდან და ქალაქის გარეუბნიდან; გადასასვლელიდან მწვერვალამდე რჩება ერთი ურთულესი ასასვლელი 1 სტადიონი სიგრძით, წარმოადგენს გადაულახავ წინააღმდეგობას ყოველგვარი თავდამსხმელთათვის.
კლდეზე შიგნიდან არის წყალსაცავი, რომელიც ამარაგებს ქალაქს წყლით და გარეშე მტერს არ შეუძლია იგი ქალაქისგან მოწყვიტოს, რადგან კლდეზე გაყვანილია ორი მიწისქვეშა არხი, რომლიდანაც ერთი ჩადის მდინარეზე, მეორე კი ფეხით გადასასვლელზე. მდინარეზე გადებულია ორი ხიდი: ერთი აერთებს ქალაქს გარეუბნებთან, მეორე კი აერთებს გარეუბნებს ამისოსის მხარესთან. შემდეგ მოდის ხეობა, რომელიც ვრცელდება მდინარემდე. თავიდან იგი ვიწროა, შემდეგ კი ფართოვდება და ქმნის ე.წ. ხილიკომონის ვაკეს („1000 სოფლის ვაკე“). შემდეგ მოდის დიაკოპენისა დაპიმოლოსენის ნაყოფიერი ოლქები, რომლებიც ვრცელდებიან ჰალისამდე. ესენი ამასიელთა ჩრდილოეთ მხარეებია, რომელთა სიგრძეა დაახლ. 500 სტადიონი (89 კმ). შემდეგ მოდის მხარის დანარჩენი, უფრო გრძელი ნაწილი, ბაბანობამდე და ქსიმენამდე (უკანასკნელი გადაჭიმულია ჰალისამდე). განივზე ეს მხარე ჩრდ-დან სამხრეთით ვრცელდება ზელიტიდადან დიდ კაპადოკიამდე და ტროკმების (გალატიური ტომი) ოლქამდე. ქსიმენეში არის ქვის მარილის საწარმოები, რომელთა გამო, როგორც ამბობენ ეწოდა სახელი ჰალისს („ჰალიტი“ ბერძნულად მარილს ნიშნავს). ჩვენს მხარეში არის ბევრი დანგრეული ციხე-სიმაგრე და მიტოვებული მიწა მითრიდატული ომების გამო. მთელი მხარე დაფარულია ტყეებით; მათი ნაწილი სასარგებლოა საძოვრებისთვის, თუმცა მთლიანად იგი ლამაზია და სასარგებლოა საცხოვრებლად.
პონტოს კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც დევს ჰალისთან არის – ოლგასსიას მთის მხარე, სინოპიდის (ე.ი. სინოპის მხარის) მიმდებარედ. ოლგასსია არის მაღალი და ძნელადმისასვლელი მთა. მის ირგვლივ მდებარე სალოცავები პაფლაგონიელთა ხელთაა. მის გარშემო მდებარეობს ნაყოფიელი ოლქები – ბლაენა და დომანიტიდა; უკანასკნელზე მიედინება მდინარე ამნიასი. აქვეა სანდარაკურგის მთა, რომლის მახლობლადაა პიმოლისი, დანგრეული სამეფო ციხე-სიმაგრე, რომლის გამო ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, მდინარის ორივე მხარეს ეწოდება პიმოლისენი. მთა სანდარაკურგი (სანდარაკას მთა, ნიშნავს გოგირდოვან დარიშხანს) შიგნიდან დახრულია მაღაროელების სამუშაოების გამო“.
ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნს ხარბი თვალით უყურებდა თრაკიის მეფე ლისიმაქე, რომელსაც დიადოქოსთა 301 წლის შეთანხმებით გადაეცა ფრიგია, ლიდია, იონია, კარია; აგრეთვე მის სამფლობელოდ გამოცხადდა ბითინია, პაფლაგონია, თუმცა მათი დაქვემდებარება ფორმალური იყო, რასაც ბუნებრივად ვერ ეგუებოდა ამაყი მაკედონელი სარდალი.
ლისიმაქემ სცადა აღნიშნულ ტერიტორიებზე გავლენის გავრცელება, თუმცა 297/6 წელს ბითინიის სატრაპთან სასტიკი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც ზიპოიტმა თავი ბითინიის მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგივე გააკეთა მითრიდატემ და თავზე მეფის გვირგვინი დაიდგა, რასაც შედეგად პონტოს სამეფოს სწრაფი ტერიტორიული ზრდა მოჰყვა.
ახალწარმოქმნილი სამეფო ეთნიკურადაც და კულტურულადაც ნაკლებად ელინიზებული იყო. მისი მოსახლეობა ძირითადად ლევკოსირების, ხალიბებისა და პაფლაგონელებისგან შედგებოდა.
ამასობაში უკანასკნელი დიადოქოსები დაეტაკნენ ერთმანეთს. 281 წელს ლიდიაში, კურიპედიონის ვაკეზე სელევკთან ბრძოლაში ლისიმაქე დაიღუპა და მისი აზიური სამფლობელოები სელევკმა შეიერთა.
ამის შემდეგ სელევკმა მცირე აზიიის დარჩენილ ნაწილს დაუმიზნა. რომაელი ისტორიკოსის პომპეუს ტროგუსის (ძვ.წ. I ს.) ცნობით სირიის მეფემ არ სურდა რა მითრიდატეს გაძლიერება, კაპადოკიაში (სახელწოდებას „პონტოს სამეფო“ რომაელები არ იყენებდნენ) გაგზავნა მთავარსარდალი დიოდორე, რომელიც დამარცხენულ იქნა და დაბრუნდა არაფრით. მემნონის ცნობით, პარალელურად სელეკმა პარალელურად მცირე აზიის ჩრდ-დასავლეთ ელინური პოლისებთან გაგზავნა მთავარსარდალი აფროდისიი, რომელმაც აცნობა მეფეს, რომ იქაურ ელინებს არ სურთ ცნონ მისი უზენაესობა. პონტოს ჰერაკლეა ელოდა რა ამის გამო სელევკისგან თავდასხმას იწყო მოკავშირეთა ძიება და გაგზავნა ამის თაობაზე ელჩები ბიზანტიონში, ქალკედონსა და მითრიდატე პონტოელთან. ასე დაიწყო ჩამოყალიბება ანტისელევკიდურმა სამხედრო კავშირმა, რომელსაც „ჩრდილოეთის ლიგა“ ეწოდა. აღნიშნულ კოალიციაში გაერთიანებული იყვნენ: ელინური პოლისები – ჰერაკლეა, ბიზანტიონი, კნუსი, ტიეიონი, ქალკედონი, კიერი, აგრეთვე მითრიდატე პონტოელი და ბითინიის მეფე ზიპოიტ I (326–297 სატრაპი, 297–278 მეფე).
სელევკის ბანაკში იყო ეგვიპტელი პრინცი პტოლემეი კერავნი, რომელსაც მხარდაჭერის სანაცვლოდ მაკედონიის ტახტს ჰპირდებოდა, თუმცა ლისიმაქეს განადგურების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სელევკი პირობის შესრულებას არ აპირებდა და თვითონ სურდა ამ ქვეყნის შემოერთება, რათა ალექსანდრეს იმპერიას სრულად დაპატრონებოდა. მაშინ კერავნმა მოკლა სელევკი (281 წ. სექტემბერი) და გაეშურა მაკედონიის დასაპატრონებლად. მის წინააღმდეგ კი ამჯერად გამოვიდა ანტიგონე გონატი (დემეტრეს ძე, ანტიგონე ცალთვალას შვილიშვილი). კერავნსა და გონატს ერთდროულად ეომებოდა სელევკის მემკვიდრე ანტიოქე I (281–261).
280 წელს პტოლემეი კერავნს დაეხმარა „ჩრდილოეთის ლიგა“, რის შემდეგაც მან მოახერხა ანტიგონე გონატის დამარცხება და მაკედონიის ტახტზე ასვლა. ანტიგონე მცირე აზიაში გაიქცა და ლისიმაქეს აქაური სამფლობელოების დასაპყრობად დაიწყო მზადება.
ასეთ ვითარებაში ანტიოქემ მაკედონია დროებით დაივიწყა, კერავნთან ზავი დადო და მთელი ძალები „ჩრდილოეთის ლიგის“ წინააღმდეგ მიმართა. 279 წელს მცირე აზიაში ანტიოქეს წინააღმდეგ ომი კვლავ ატეხა ანტიგონე გონატმა.
279 წელს ბალკანეთს გალური ტომები (აზიაში გალატებად წოდებულნი) შეესივნენ და აოხრებდნენ. მათთან ბრძოლაში დაიღუპა მაკედონიის რამდენიმე მეფე.
278 წელს მოკვდა ზიპოიტი და ბითინიის მეფე გახდა ნიკომედე I (278–255), რომელსაც ტახტისთვის დაუპირისპირდა უმცროსი ძმა ზიპოიტი და მისი მოკავშირე ანტიოქე I (281–261), რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად ნიკომედემ „ჩრდილოეთის ლიგის“ სხვა წევრების თანხმობით აზიაში გადმოიყვანა გალატები. მათაც ამით ისარგებლეს, პაფლაგონიისა და ფრიგიის მიწები მიიტაცეს და აოხრებდნენ ანატოლიის მხარეებს. მხოლოდ 275 წელს მოახერხა ანტიოქემ მათი დამარცხება და წინსვლის შეჩერება. მაშინ ცენტრალურ ანატოლიაში გაჩნდა ახალი მხარე – „გალატია“.
სანამ მეტოქენი ერთმანეთს მუსრავდნენ, მითრიდატეს სახელმწიფო სულ უფრო ძლიერდებოდა. იგი მალევე ჩამოსცილდა ჩრდილოეთის ლიგას და ერთდროულად ყველასთან მშვიდობის დამყარებით ცდილობდა მოკავშირეთა ზრდას.
277 წლის დასაწყისში გონატმა ისარგებლა მაკედონიის ტახტის დაცარიელებით და დაიკავა იგი. მაშინ ანტიოქესა და მას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ანტიოქემ ცნო ანტიგონეს საკუთრებაში მაკედონიის სამეფოს და თრაკიის ნაწილის (ლისიმაქიიის ჩათვლით) შესვლა. სამაგიეროდ ლისიმაქეს მცირე აზიური სამფლობელოები ანტიგონემ სელევკიდებს დაუმტკიცა (თუმცა იქ სულ უფრო იკრებდა ძალებს ფილეტერ პერგამონელი).
275 წელს ეგვიპტის მეფე პტოლემეოს II ფილადელფოსსა (285–246) და ანტიოქე I-ს შორის ომი ატყდა. პტოლემეოსს მთელი მცირე აზიის დაპატრონება სურდა, ამიტომ ანტიოქეს მხარში ამოუდგნენ პონტოს მეფე და თვით გალატები. ომმა დაახლ. სამ წელს გასტანა და მოკავშირეთა გამარჯვებით დასრულდა. ელინი ისტორიკოსი აპოლონიუს აფროდისიელის (ძვ.წ. III ს.) ცნობით, ეგვიპტის ფლოტი შემოვიდა შავ ზღვაში მოწინააღმდეგის სამფლობელოთა დასალაშქრავად, თუმცა ექსპედიცია სრულად იქნა განადგურებული პონტოელებისა და მათი მოკავშირე გალატების მიერ.
მითრიდატეს შემდეგ პონტოში მეფობდა მისი ძე არიობარზანი (266–250), რომელმაც მთელი მეფობა გალატებთან ომებში გაატარა და დაიღუპა კიდეც.
არიობარზანის დროს (266–263 წლებს შორის) პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა პაფლაგონიის სანაპიროზე მდებარე ბერძნული პოლისი ამასტრია (დღევ. თურქეთის ქალაქი ამასრა). მემნონის ცნობით, ბითინიელების მოკავშირე ჰერაკლეელებმა დაიბრუნეს ქალაქები კიერი, ტიოსი (ტიეიონი), ტინიდიის მიწა, დახარჯეს რა ამაზე ბევრი ფული. ამავე დროს მათ ვერ შეძლეს, ამ ქალაქებთან ერთად ადრე დაკარგული ამასტრიას დაბრუნება, ვერც ომით და ვერც ფულით, რადგან მისმა მმართველმა ევმენემ (პერგამონის სამეფოს დამაარსებელ ფილეტერის ძმისშვილი და მემკვიდრე; პერგამონის მეფე ევმენე I 263–241 წლებში) ქალაქი გადასცა მითრიდატეს ვაჟ არიობარზანეს.
* * *
ე.წ. პონტოს ჰერაკლეაზე სტრაბონი შემდეგ მოგვითხრობს: „ჰერაკლეა – ქალაქი კარგი ნავსადგურებით და საერთოდ იმსახურებს ყურადღებას, რადგან იგი აარსებდა კოლონიებს, ქერსონესი (ყირიმში, სევასტოპოლისთან ახლოს) და კალლატიდა (დუნაის შესართავთან, მოსახელე მილეტელთა კოლონიის ადგილზე) მისი კოლონიებია. თავიდან ის იყო თავისუფალი ქალაქი, შემდეგ გარკვეული ხნით მას მართავდნენ ტირანები, შემდეგ კვლავ დაიბრუნა თავისუფლება.
ქალკედონსა და ჰერაკლეას შორის მიედინება რამდენიმე მდინარე; მათ შორისაა პსილლისი, კაპლა და სანგარიუსი, რომელსაც ახსენებს ჰომეროსი. სანგარიოსის სათავე მდებარეობს სოფელ სანგიას ახლოს, პესსინუნტასგან 150 სტადიონზე. ეს მდინარე მიედინება ფრიგია ეპიკტეტის დიდ ნაწილზე, შემდეგ კი ბითინიის ნაწილზე. გაზრდილი და სანაოსნოდ ქცეული სანგარიუსი შესართავთან ქმნის ბითინიის საზღვარს. ამ სანაპიროს პირდაპირ მდებარეობს კუნძული თინიია. ქალაქი ჰერაკლეა მდებარეობს 1500 სტადიონზე ქალკედონის ტაძრამდე და 500 სტადიონზე სანგარიუსიდან.
პატარა ქალაქი ტიეიონი არც ღირდა მოხსენიებად, მისგან რომ არ ყოფილიყო წარმოშობით ფილეტერი, ატალიდების შტოს დამაარსებელი. შემდეგ მოდის მდინარე პართენიოსი, რომლის სათავე მდებარეობს პაფლაგონიაში. შემდეგ მოდის პაფლაგონია“.
ქალაქი ჰერაკლეა 560–558 წლებში დააარსეს დორიელმა ბერძნებმა ქალაქ მეგარიდან (სტრაბონი შეცდომით მილეტელებს მიაწერს) დღევ. თურქული ქალაქის შავიზღვის ერეგლის ადგილზე. ქალაქში მუდმივად იყო ბრძოლა როგორც ოლიგარქიასა და დემოსს, ისე ტირანებსა და დემოკრატიის მომხრეებს შორის. ამით ისარგებლა გავლენიანმა მოქალაქე კლეარხმა (იგი აქამდე სარდლობდა მოქირავნეებს მითრიდატე II ქიოსელის ლაშქარში) და დაქირავებულებზე დაყრდნობით 363 წელს ერთპიროვნული ძალაუფლება ხელთ. აქედან მოყოლებული 281 წლამდე ქალაქს ტირანები მართავდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი განვითარება-გაძლიერებისათვის.
კლეარხმა აღკვეთა ოლიგარქიის ბატონობა და მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკით (აღიარებდა რა აქემენიდების უზენაესობას და პარალელურად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ათენთან) საფუძველი ჩაუყარა პოლისის განვითარებას.
კლეარხის მკვლელობის შემდეგ ჰერაკლეას მართავდა მისი ძმა სატირი (352–345), რომელსაც სასჯელების დაწესებისა და სიკვდილით დასჯის გარდა არაფერი ადარდებდა. 345 წელს მან მმართველობა გადასცა უფროს ძმისშვილს ტომოთე კლეარხის ძეს (345–337). მან ტირანიის პოპულარობის გასაზრდელად ბევრ ღონისძიებას მიმართა: საკუთარი სახსრებით გაუსტუმრა ბევრს ვალები, ციხიდან გაათავისუფლა თითქმის ყველა (მათი დიდი ნაწილი უმიზეზოდ იყო ბიძამისის მიერ დაპატიმრებული) პატიმარი, მის დროს პლატონის მოსწავლე ჰერაკლიდემ აქ გახსნა ფილოსოფიის სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არცერთი თანამდებობა არ ეჭირა განაგებდა სასამართლოსა და მეთაურობდა სახალხო ლაშქარს.
ტიმოთეს სიკვდილის შემდეგ ჰერაკლეას მართავდა მისი ძმა დიონისე (337–305), რომლის დროსაც ქალაქმა აყვავებას მიაღწია. აქემენიდების დაცემის შემდეგ, ალექსანდრე მაკედონელის მიერ დანიშნული ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპები დიდი ხანი ვერ ერკვედონენ მართვის საკითხებში, რითაც სარგებლობდა დიონისე და სამფლობელოებს აფართოებდა. ჰერაკლეას მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს ალექსანდრეს გაეუქმებინა ტირანია, თუმცა ალექსანდრეს ყოველ მუქარაზე დიონისე ელჩად თავის დას, კლეოპატრას უგზავნიდა, რომელიც არწმუნდებდა მეფეს იმაში, რომ ქვეშევრდომები კმაყოფილნი არიან დიონისეს მმართველობით.
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, მან უარი თქვა პერდიკას მორჩილებაზე და სადამსჯელო ლაშქრობაც არ დააყოვნებდა, რეგენტი რომ არ დაღუპულიყო. მაშინ დიონისემ კვლავ დიპლომატიას მიმართა და მეორე ცოლად შეირთო დიადოქოს კრატერის ნაცოლები და უკანასკნელი აქემენიდის დარიოს III-ის ძმის, ოქსიათრეს შვილი ამასტრიდა, რისი წყალობითაც სიმდიდრე და ფართო პოლიტიკური კავშირები მოიპოვა.
დიადოქოსების ომების დროს დიონისე მხარში ამოუდგა ანტიგონეს, რომელთანაც კავშირი დინასტიური ქორწინებითან განამტკიცა (ანტიგონეს ძმისშვილი, ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპი პტოლემე დაქორწინდა დიონისეს ასულზე პირველი ცოლისგან).
306 წელს, როდესაც დიადოქოსებმა მეფის ტიტულები მიიღეს, მათ მიბაძა ჰერაკლეის ტირანმაც, რომელიც აქამდეც დიდი ხნის მანძილზე ჭრიდა ფულს საკუთარ სახელზე.
დიონისეს სიკვდილის შემდეგ ჰერაკლეას ტირანებად გამოცხადდნენ მისი არასრულწლოვანი ვაჟები კლეარხ II და ოქსიატრი (305–288), რომელთა რეგენტი გახდა დედა ამასტრიდა. იგი თავიდან ანტიგონეს მოკავშირე იყო, თუმცა როგორც კი ვითარება შეიცვალა 302 წელს ლისიმაქეს მხარეს გადავიდა და 299 წელს ცოლადაც გაჰყვა.
მართალია ცოტა ხნის შემდეგ პოლიტიკური მოსაზრებით ლისიმაქე გაეყარა მას და ეგვიპტის მეფე პტოლემე სოტერის ასულ არსინოია II-ზე დაქორწინდა, თუმცა ყოფილმა მეუღლეებმა მეგობრობა შეინარჩუნეს და ლისიმაქე განაგრძობდა ამასტრიდას მფარველობას.
297/6 წელს ბითინიის მეფე ზიპოიტმა დაამარცხა ლისიმაქე, განდევნა ჩრდ-დას. შავიზღვისპირეთიდან და ჰერაკლეის საკუთრებაში მყოფი ყველა ქალაქი (გარდა ამასტრიისა) დაიპყრო.
295 წლის ახლოს ამასტრიდამ ძალაუფლება გადასცა ვაჟებს, თითონ კი გააერთიანა 4 მეზობელი პატარა ქალაქი – სესამი, კიტორი (სტრაბონის ცნობით იგი ერთ დროს სინოპელთა ნავსადგური იყო), ტრომნი და ტიეიონი (უკანასკნელი დამაარსებლის სიკვდილისთანავე გამოეყო ერთობას), უწოდა საკუთარი სახელი და დასახლდა იქ. თავისი რეზიდენცია კი მოიწყო სესამში, რომელიც წარმოადგენდა ქალაქის აკროპოლს.
სტრაბონის ცნობით: „მდინარე პართენიოსის შემდეგ მოდის ქ. ამასტრია, რომელიც აგებულია ორ ნავსადგურს შორის მდებარე ყელზე“.
ძმები საგარეო პოლიტიკაში ლისიმაქეს მხარდამჭერნი იყვნენ და მასთან ერთად ბევრს ომობდნენ, საშინაო პოლიტიკაში კი დიდი ეჭვიანობით გამოირჩეოდნენ და ქალაქში საშინელი ტირანია დაამყარეს. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი მათ მმართველობაში საერთოდ არ ერეოდა, მაინც არ ენდობოდნენ და ერთხელაც ზღვაში დაახრჩეს. მაშინ ბითინიის მეფე ზიპოიტმა ამასტრიაც დაიკავა და ჰერაკლეას დიდი საფრთხე შეუქმნა.
როცა ლისიმაქემ ამასტრიდას სიკვდილის შესახებ შეიტყო, გაილაშქრა ძმების წინააღმდეგ, აიღო ქალაქი, ძმები დახოცა და ჰერაკლეა თავის იმპერიას შეუერთა, თუმცა კი სამმართველოდ მეუღლე არსინოიას გადასცა.
281 წელს ლისიმაქეს დაღუპვის შემდეგ ჰერაკლეამ დაიბრუნა თავისუფლება და დემოკრატიული მმართველობა შემოიღო. რის შემდეგაც გაერთიანდა „ჩრდილოეთის ლიგაში“ და ადრედაკარგული ქალაქები ბითინიის მეფე ნიკომედე I-სგან გამოისყიდა (გარდა ამასტრიისა, რომელიც პონტოს მიისაკუთრა).
დაახლ. 191 წელს ბითინიის მეფე პრუსიუს I-მა ხელახლა წაართვა ჰერაკლეას რესპუბლიკას კიერი და ტიეიონი.
* * *
ამასტრიასთან ერთად პონტოს შემადგენლობაში შევიდა პაფლაგონიის მთელი ზღვისპირა ზოლი, რითაც დასრულდა ჩრდ. პაფლაგონიის პონტოს სამეფოში მოქცევა. ასე გავიდა პონტო ზღვაზე, რასაც მოჰყვა კიდეც მისი საზღვაო ძალების ჩამოყალიბება.
აღნიშნულ მხარეთა შემოერთების შემდეგ პონტოს სამეფო სამი მხრიდან გარსშემოერტყა სინოპის ეკონომიკურად აყვავებულ მხარეს და ხარბი თვალი მიაპყრო მას.
როგორც მემნონი მოგვითხრობს, არიობარზანის დაღუპვის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე მითრიდატე II (დაახლ. 250–221), რომელიც 8 წლის იყო და ქვეყნის მართვა არ ძალუძდა. ამით ისარგებლეს გალატებმა და ქვეყანას აოხრებდნენ. მათმა შემოსევებმა გამოიწვია ველების განადგურება, რასაც ქვეყანაში შიმშილი მოჰყვა. ასეთ კრიტიკულ მომენტში პონტოს მხარში ამოუდგა ჰერაკლეა, რომლის მცხოვრებლები სურსათს გზავნიდნენ პონტოს მოსაზღვრე ელინურ პოლის ამისოსში, საიდანაც პონტოს მოსახლეობა ადვილად იღებდა. ამისოსი პონტოს დედაქალაქ ამასიასთან დაკავშირებული იყო მცირე აზიის ერთადერთი მოსახერხებელი გზით (იგი სრულდებოდა ტერს-ამისოსში, დღევ. ხმელთაშუაზღვისპირა ქ. მერსინთან), რომლითაც უძველესი დროიდან სარგებლობდნენ ვაჭრობისთვის მცირე აზიის მცხოვრებნი. ამისოსი სინოპეს მსგავსად პონტოს სამეფოს რკალში იმყოფებოდა და შესაბამისად ერთის მხრივ პონტო მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, მეორეს მხრივ კი მცირე აზიიის რეგიონებთან ამისოსის ვაჭრობა სწორედ პონტოს სამეფოს გავლით წარმოებდა. შესაბამისად პონტოს პრობლემები ამისოსის პრობლემებიც იყო და კრიტიკულ მომენტში დახმარების აღმოჩენაც ამით იყო განპირობებული.
სრულწლოვანების შემდეგ მითრიდატემ მოახერხა სამეფოს გაძლიერება, აღკვეთა გალატების თარეში და სამეფოს გაფართოება იწყო. მან ცოლად შეირთო სელევკიდი მეფე სელევკ II-ის (246–225) და ლაოდიკე, რომელსაც მზითევში მოჰყვა „დიდი ფრიგია“.
239 წელს სელევკის უმცროსი ძმა, მცირე აზიის მმართველი ანტიოქე ჰიერაკსი აჯანყდა. სელევკი შეიჭრა მცირე აზიაში და წარმატებით მიიწევდა წინ, თუმცა ჰიერაკსმა მოახერხა გალატების დაქირავება და პონტოს მეფეს გადმობირება. ამ ღალატის გამო სელევკმა მითრიდატეს „დიდი ფრიგია“ უკან წაართვა. 236 წელს ანკირას (დღევ. ანკარა) ბრძოლაში მოკავშირეებმა სასტიკად დაამარცხეს სელევკი, რის შემდეგაც ძმათა შეთანხმებით ჰიერაკსმა მიიღო ტავრის იქეთ მცირე აზიის სელევკიდური ნაწილი, ხოლო მითრიდატემ ვერაფერი მოიგო.
პონტოს მეფე აგრძელებდა წინაპართა გზას და ცდილობდა ელინურ სამყაროში ავტორიტეტის მოხვეჭას. პოლიბიოსის ცნობით 227 წელს საშინელმა მიწისძვრამ კ. როდოსს უდიდესი ზარალი მიაყენა. მითრიდატე უმალ გამოეხმაურა მას და დიდი რაოდენობით საჩუქრები გაუგზავნა.
როგორც ამისოსის მონეტებიდან ჩანს მისი მმართველობის დროს სადღაც 230–220 წლებს შორის ქ. ამისოსი პონტოს სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა.
მდ. ჰალისის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ამისოსი (თანამედროვე ქ. სამსუნთან) ანტიკური წყაროებით ძვ.წ. VI ს-ის ელინური კოლონიაა. სტრაბონთან შემონახული ცნობით, ძვ.წ. IV ს-ის ისტორიკოსი თეოპომპე იუწყებოდა, რომ იგი თავდაპირველად მილეტელებს დაუარსებიათ დაახლ. 760–750 წლებში, ხოლო ხელმეორედ 562 წელს; შემდეგ კაპადოკიელებს ჩაუგდიათ ხელში და ბოლოს ათენელ ბერძნებს დაუსახლებიათ; ლევკოსირების მიერ ამისოსის დაპყრობას ევსტათი თესალონიკელიც იუწყება „ილიადის“ კომენტარებში; როგორც ფსევდო-სკიმნოსის ცნობიდან ირკვევა, ამისოსი ლევკოსირების ტერიტორიაზე ყოფილა დაარსებული, ოღონდ ფოკეელების და არა მილეტელების მიერ. ამ გადმოცემებში ასახული ჩანს ბრძოლის კვალი ბერძენ მოახალშენეებსა და ადგილობრივ, კაპადოკიურ თუ ლევკოსირულ მოსახლეობას შორის. იგი დაარსებულ იქნა ძველი ხეთური ქალაქის ნანგრევებზე, რომელიც ფრიგიელებმა გაანადგურეს ძვ.წ. 1182 წელს.
დაახლ. 550 წლიდან ამისოსი გახდა კაპადოკიის სატრაპიის დედაქალაქი, ხოლო კაპადოკიის გაყოფის შემდეგ პონტოს კაპადოკიის სატრაპიის ცენტრი. პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ქალაქი მისი მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი გახდა.
სტრაბონი მოგვითხრობს: „გიზელონიტიდას მხარის შემდეგ მოდის სარამენა და მნიშვნელოვანი ქალაქი ამისოსი მიახლოებით 900 სტადიონზე სინოპიდან. თეოპომპის სიტყვით პირველად ის დააარსეს მილეტელებმა, შემდეგ ფლობდა კაპადოკიელთა მმართველი, შემდეგ კი ათენელებმა გამოაგზავნეს კოლონია ათინოკლის მეთაურობით, რომლებმაც ქალაქს დაარქვეს პირეოსი. მითრიდატე ევპატორმა გაამშვენიერა ამისოსი ტაძრებით და ააგო კიდევ მისი ნაწილი“.
222 წელს მითრიდატემ პოზიციების გასამყარებლად თავისი ასულები სელევკიდების ლიდერებზე დააქორწინა. ლაოდიკეა უფროსი ცოლად მეფე ანტიოქე III-ს მისცა, ხოლო ლაოდიკეა უმცროსი ლიდიის სატრაპ აქეუსს.
ამ მოვლენიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მოკვდა მითრიდატე და ტახტი დაიკავა მისმა ძემ მითრიდატე III-მ (დაახლ. 221–187), რომელმაც მიზანში სინოპეს დაპყრობა ამოიღო.
რას მოგვითხრობენ ანტიკური წყაროები სინოპეს შესახებ?
ფსევდო სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.): „ხალიბების შემდეგ (დასავლეთით) მოდის ასირიას მხარე, რომელთა ტერიტორიაზეა: მდინარე თერმოდონი (დღევ. თერმე ჩაი) და ელინური პოლისი თემისკირა (დღევ. თერმეს რაიონში), მდინარე ლიკასტოსი (დღევ. მერტ ირმაკი) და ელინური პოლისი ლიკასტოსი (ამისოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 სტადიონზე), მდინარე ჰალისი და ელინური პოლისი კარუსსა (დღევ. გიორზე), ელინური პოლისი სინოპე, ელინური პოლისი კერასუნტი (ეს პირველი, ყველაზე დასავლეთით მდებარე კერასუნტია სინოპესა და კარა სუს შორის) და მდინარე ოხერაინოსი (კარა-სუ), ელინური პორტი და პოლისი ჰარმენა (დღევ. აკლიმანი) ნავსადგურით, ელინური პოლისი ტეტრაკისი (?). ასირიის შემდეგ დევს პაფლაგონიის მხარე, მასში არის სტეფანეს ნავსადგური (დღევ. ისტიფანი)“...
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. III ს.): „...არგონავტებმა კარამბისის კონცხს გარს შემოუარეს. ვაჟკაცები ამ დღისა და მომდევნო ღამის განმავლობაში სწრაფად მიაცურებდნენ ხომალდს სხვადასხვა უცხო ქვეყნის მახლობლად. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ არგონავტები ასირიის მიწას მიადგნენ. აქ, სხვათაშორის, ყოვლისშემძლე ზევსმა გადმოიყვანა აზოპოსის ასული ნიმფა სინოპე. ზევსს მასთან დაწოლა სურდა და სიყვარულით აღტყინებული დაჰპირდა მას, რომ ყოველივე მის თხოვნას შეასრულებდა, რასაც კი ნიმფა სულითა და გულით მოისურვებდა. ცბიერმა ასულმა ადამიანთა და ღმერთთა მამას ქალწულობის შენარჩუნება სთხოვა. ზევსმა ფიცი ვეღარ გატეხა და ნიმფას სიქალწულე შეუნარჩუნა. ასევე მოატყუა სინოპემ ნეტარი აპოლონი, რომელსაც მასთან დაწოლა უნდოდა. ზევსისა და აპოლონის შემდეგ მდინარე ჰალისმა მოინდომა ნიმფასთან კავშირის დაჭერა, მაგრამ ისიც მოტყუვდა. ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ შეძლო ცბიერი ასულის სიყვარულით დატკბობა. ზღვის ამ ნაპირზე ცხოვრობდნენ ტრიკეელი (ანუ თეასლიელი) დეიმაქეს ვაჟიშვილები: დეილეონი, ავტოლიკე და ფლოგიოსი. ისინი ჰერაკლეს მიჰყვებოდნენ ამაზონებთან ბრძოლის საწარმოებლად, მაგრამ წინამძღოლი დაებნათ და ასირიაში დარჩნენ. როცა მათ არგონავტთა ბრწყინვალე ლაშქარი დაინახეს, მას აღტაცებით მიეგებნენ და თავი გააცნეს. დეიმაქეს ძეებს აღარ სურდათ აქ დარჩენილიყვნენ და როგორც კი დაჰქროლა საამურმა არგესტემ, ისინიც ავიდნენ ხომალდზე და არგონავტებს გაყვნენ. ხომალდმა არგომ სწრაფად მოიტოვა უკან მდინარე ჰალისი, მდინარე ირისი და მთელი ასირიის სანაპირო. არგონავტებმა იმავე დღეს შემოუარეს გარს ამაზონების ნავსადგურიან თემისკირის კონცხს“...
ფსევდო სკიმნოსი (ძვ.წ. III–II ს-ბი): „...შემდეგ მოდის სინოპე, მოსახელე ერთ-ერთი ამაძონელი ქალისა, რომლებსაც მახლობელი ციხე-სიმაგრე აქვთ. აქ ჯერ ცხოვრობდნენ კეთილშობილი სირები, მერე, როგორც ამბობენ, ელინები, ამაძონების წინააღმდეგ გამოლაშქრებულნი,.. შემდეგ ჰაბრონიდა, შთამომავლობით მილეტელი; ეტყობა იგი კიმერიელების მიერ იქნა მოსპობილი. კიმერიელების შემდეგ კვლავ კოოსი და კრეტინე, რომლებიც მილეტიდან იყვნენ გამოძევებულნი. ესენი დაესახლნენ მაშინ, როდესაც კიმერიელთა ლაშქარი მოედო აზიას“.
სტრაბონი: „სინოპე – სამყაროს ამ მხარის გამორჩეული ქალაქია. დააარსეს იგი მილეტელებმა“.
პომპონიუს მელა: „პაფლაგონიელთა მეზობელ ხალიბებს ეკუთვნის ცნობილი ქალაქები ამისო (სამსუნთან) და სინოპე, აგრეთვე მდინარეები ჰალისი (ყიზილ-ირმაქი) და თერმოდონტი (თერმე-ჩაი). ჰალისის სანაპიროზე დგას ქალაქი ლიკასტო. თერმოდონტი მიედინება დაბლობზე, რომელზეც მდებარეობს ქალაქი თემისკური (თემისკირა, მდინარეებს ირისსა და თერმოდონტს შორის). აქ ადრე იყო ქალი ამაზონების ბანაკი, რის გამოც ამ დაბლობს ამაზონების დაბლობს ეძახიან“.
პლუტარქე: „სინოპე, როგორც ამბობენ, აპოლონისა და ასოპოსის ასულ სინოპეს ძის, სიროსის ნაშიერ სირიელებს ეკავათ“.
პლინიუს უფროსი: „მდ. რებასსა და მდ. სანგარიუსს (დღევ. საქარია) შორის მოედინებოდა მდ. სიროსი“.
V საუკუნის ანონიმის ცნობით ინჯებურუნის კონცხს, რომელზედაც ქ. სინოპე მდებარეობს ძველად ერქვა სირიადა.
ჰ. გელცერმა სპეციალური გამოკვლევით დაადგინა, რომ ტიგლათფილესერ III-სა და სარგონ II-ის ლაშქრობებში მოხსენიებული ქალაქი Kui, იგივე სინოპეა, რომელიც ადრევე არსებულის ადგილას მილეტელმა ბერძენმა კოოსმა კვლავ აღადგინა, და ამისდა მიხედვით, ეს, ადრინდელთან შედარებით, სინოპე II-დ მიიჩნევა.
გამოკვლევის ბოლოს გელცერი ასკვნის, რომ „მას შემდეგ რაც ტიგლათფილესერმა მეორე Kui მოხარკედ აქცია, იგი დაიპყრო სარგონმა 715 წელს, ქალაქიცა და მისი მიდამოებიც გაამაგრა და იქ თავისი მმართველი დააყენა. ამით დაიწყო ინტენსიური ასირიული კოლონიზაცია“.
შტოიბერის აზრით ასირების ანუ ასურელების მიერ სინოპეს კოლონიზაცია მოხდა 720 წელს, ხოლო 630 წლიდან აქ მილეტელი კოლონისტები ჩნდებიან. თანამედროვე მკვლევრების აზრით სინოპე ელინებმა პირველად კიმერიელთა შემოჭრამდე (ძვ.წ. 751 წ.) დაარსეს, ხოლო მეორედ მილეტელებმა 632 წელს.
ფრ. ბილაბელმა შეისწავლა საკითხი და დაასკვნა, რომ ასურელთა ბატონობა სინოპეში მხოლოდ ერთი საუკუნე გაგრძელდა და შემდეგ ისევ ბერძნები მოვიდნენ. იგი იზიარებს აგრეთვე იმ აზრსაც რომ სინოპეში ბერძნულთან ერთად მრავლად იყო არაბერძნული მოსახლეობაც, როგორიც არიან პომპონიუს მელას მიერ მითითებული ხალიბები.
ელინები ძვ.წ. VIII საუკუნიდან იწყებენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმ. სანაპიროების ათვისებას და ძველი ხეთური ქალაქების ნაშთებზე, რომლებიც შემდეგ ქართველურმა ხალხებმა – ხალიბებმა და ქასქებმა დაიკავეს, აარსებენ კოლონიებს სინოპსა (ხალიბების მიწაზე) და კოტიორას (დღევ. ორდუ, ქასქების გაერთიანების ერთ-ერთ ტომ – ტიბარენთა მიწაზე). გარსტანგი თვლის რომ აქ პირველად ხეთების ქალაქი სინუვა იყო, და სახელი სინოპეც აქედან წარმოიშვა, ხოლო მაქსიმოვა, ი. ჯავახიშვილი და სხვები თვლიან რომ სინოპე ქართველური სახელწოდებაა, რომელიც ერქვა აქაურ ქალაქს, სადაც გაჩნდა ბერძნული კოლონიაო.
ასეა თუ ისე, სინოპელი ელინები მალევე იწყებენ საკუთარი კოლონიების დაარსებას. 760–750 წლებში მათ დააარსეს ამისოსი (ხალიბთა მიწაზე, ხეთური ქალაქის ნაშთებზე) კერასუნტი (კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე, ტრაპეზუნტის დასავლეთით 60 კმ-ზე, დღევ. სოფ. Fol-Bazar-ის ადგილას, ქ. ვაკფიკებირთან.), 757 წელს ტრაპეზუნტი და სხვები.
751 წელს სინოპი კიმერიელებმა გაანადგურეს და დაცარიელდა. ამას მოჰყვა მისი კოლონიების დაქვეითებაც.
720–715 წლებში სინოპე და ამისოსი ასურელთა ხელთ აღმოჩნდა, რასაც მოჰყვა ამ მხარეში ასურელების ჩამოსახლება. შტოიბერის გამოკვლევით ასურელთა ბატონობამ სინოპეში დაახლ. 85 წელს გასტანა, რამაც გამოიწვია ამ მხარეში ასურელთა საკმაო რაოდენობით ჩამოსახლება, რაც აისახა კიდეც ფსევდო სკილაქსისა და აპ. როდოსელის ნაშრომებში.
631 წელს სინოპე მილეტელებმა იგდეს ხელთ და იქ ელინური კოლონია აღადგინეს. 562 წელს მილეტელებმა ელინური კოლონია ხელახლა დააარსეს ამისოსშიც (ფს. სკიმნოსის ცნობით დააარსეს ფოკეელებმა).
ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში მილეტი სპარსეთის მეფე დარიოსმა გაანადგურა, რის გამოც სინოპში თანდათან ელინურმა კოლონიამ ადგილობრივთა წინაშე პოზიციების დათმობა დაიწყო. პლუტარქეს ცნობით 436 წელს ქალაქს მართავდა ტირანი ტიმეზილეოსი, რომელიც აშკარად ადგილობრივი იყო. მაშინ პერიკლემ ადგილობრივი ელინური კოლონიის დასახმარებლად გაგზავნა 13 სამხედრო ხომალდი ლამაქის მეთაურობით. ათენელებმა განდევნეს ტირანი, რის შემდეგაც 600 ელინი გადასახლებულ იქნა სინოპეში კოლონიის გასაძლიერებლად.
401–400 წლებში სამხრეთ შავიზღვისპირეთი მოინახულა ქსენოფონტემ, რომლის მონათხრობიდან ვგებულობთ, რომ აქაური კოლონიები – კოტიორა, ტრაპეზუნტი, კერასუნტი – სინოპეს ექვემდებარებიან და ისინი თავს ელინებად მოიხსენიებენ, თუმცა კი სტუმარ ელინებს არცთუ მეგობრულად იღებენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სიჭრელისგან უნდა იყოს გამოწვეული.
ამ მოვლენიდან ცოტა ხანში უნდა მომხდარიყო ხალიბური სტამენიას და მოსინიკების ხეირადის ელინურ ქალაქებად ქცევა.
როგორც ჩანს ძვ.წ. IV საუკუნეში სპარსელებმა სინოპეზე გავლენა მოიპოვეს. 370–360-იან წლებში სინოპში იჭრება კაპადოკიის სატრაპ დატამესის (დატამნი, 385–362) სახელზე მონეტები, 350–40-იან წლებში სხვა სპარსელი მმართველების: მითროპასტის, ჰიდარნესის და ორონთობატის არამეულწარწერიანი, ხოლო ოციან წლებში კაპადოკიის პირველი მეფის – არიარათე I-ის (331–322) მონეტები.
ფლავიუს არიანემ (95–175) „ალექსანდრეს ლაშქრობაში“ ორი საინტერესო ცნობა შემოგვინახა: 1. „ალექსანდრე დიდმა უვნებლად გაუშვა მაკედონელთა მიერ დაკავებული, სპარსეთის მეფესთან გაგზავნილი სინოპის ელჩები, რადგან ბუნებრივად ჩათვალა, რომ ისინი თავიანთ პატრონთან მიეშურებოდნენ“; 2. „ალექსანდრე მაკედონელმა გამოარკვია, რომ სინოპეს მოსახლეობა ელინებს არ ეკუთვნოდა“.
რ. ლეონჰარდმა შეისწავლა სინოპეში არსებული ანტიკური წარწერები და დაასკვნა, რომ „ბერძნული კოლონია ძლივს ინარჩუნებდა არსებობას ადგილობრივი ელემენტის წინაშე“.
სინოპეს არამეული წარწერების (მათ შორის მონეტების) გამოკვლევის შემდეგ გერმანელი მეცნიერი ო. ბლაუ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „სინოპეში ბერძენთა ძლიერების დასასრული ძვ.წ. 360-იან წლებს განეკუთვნება. ამ დროიდან სინოპეს განაგებდა ადგილობრივ წარჩინებულთა წრე, რომელიც სპარსეთის მეფეს ნომინალურად ექვემდებარებოდა. წარჩინებულთა ამ წრიდან არჩეულ ქალაქის მმართველს დროთა განმავლობაში, ეპოქის მოთხოვნილების შესაბამისად, მეფის ტიტული ენიჭება“.
ძვ.წ. IV საუკუნის II ნახევარში სინოპეს მართავენ არაელინი (სახელებიდან გამომდინარე) ტირანები – არიოდატი და სკვიდროთემი. უკანასკნელს იცნობს ტაციტუსიც და მეფეს უწოდებს.
ბლაუსა და შტოიბერის დასკვნით სკვიდროთემი არ იყო ტირანი, რომელსაც ხელისუფლება ძალით აქვს მიტაცებული. იგი არჩეული იყო ხალხის მიერ და ძალაუფლებას აწარმოებდა სახალხო კრების საშუალებით.
რიტერის, ბლაუსა და შტროიბერის დასკვნით „სინოპეს არაბერძნული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ხალიბები შეადგენდნენ, რომლებმაც ასირიელებთან და პაფლაგონიელებთან ერთად ორასწლიანი ბრძოლა პირველობისათვის საბოლოოდ მოუგეს ჩამოსახლებულ ელინებს“, თუმცა თვით ბერძნული კულტურის საკმაო გავლენა განიცადეს. ელინური კულტურის გაძლიერებას სინოპეში ხელი შეუწყო წინა აზიაში ბერძენ-მაკედონელთა გაბატონებამ. შედეგად პონტოს სამეფოს ჩამოყალიბების მომენტში სინოპე ტიპიურ ელინურ ქალაქს გავდა.
რიტერი აღნიშნავს, რომ სინოპეს მიერ ფართოდ წარმოებული ვაჭრობის ერთ-ერთ ძირითად საგანს ლითონის ნაწარმი წარმოადგენდა, რომელსაც ამზადებდნენ ხალიბები და ალბათ, ეს ნაწარმი სინოპეშიაც მზადდებოდა.
შტოიბერის აზრითაც სინოპეს მახლობელ რაიონებში მოპოვებული რკინის მადანი სინოპეში მუშავდებოდა.
სტეფანე ბიზანტიელის (ახ.წ. VI ს.) ცნობით ოთხი საუკეთესო ჯიშის ფოლადიდან ორი იყო ხალიბური და სინოპური (დანარჩენი იყო ლიდიური და ლაკონური), რომლებიც როგორც საუკეთესო ხარისხისა იხმარებოდა ძირითადად სადურგლო იარაღების დასამზადებლად – ასკვნის შტოიბერი.
სტრაბონი სინოპეს მხარეს ასე აღწერს: „ამასტრიის შემდეგ (აღმ-ით) მოდის ეგიალი, რომელიც წარმოადგენს 100 სტადიონის სიგრძის სანაპიროს, სადაც მდებარეობს მისი მოსახელე სოფელი. ეგიალის შემდეგ მოდის დიდი კონცხი კარამბისი. შემდეგ მოდის კინოლისი, ანტიკინოლისი, პატარა ქალაქი აბონუტეიხოსი და ჰარმენე, რომელიც არის სინოპელთა დასახლება და პორტი. ჰარმენედან 50 სტადიონზე მდებარეობს თვით სინოპე – სამყაროს ამ მხარის გამორჩეული ქალაქი. დააარსეს იგი მილეტელებმა. სამხედრო ფლოტის წყალობით სინოპემ მოიპოვა ზღვაზე ბატონობა და მონაწილეობდნენ კიდეც ბრძოლებში ელინთა მხარეზე. მართალია ქალაქი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა დამოუკიდებელი. სინოპე კეთილმოწყობილია როგორც ბუნებით, ისე ადამიანების შრომით; იგი აგებულია ნახევარკუნძულის ყელზე; ქალაქის ორივე მხარეს მდებარეობს ნავმისადგომები, გემთა სადგომები, და შესანიშნავი ნაგებობები პელამიდების დასაჭერად.
ნახევარკუნძულის სანაპიროებს თან გასდევს ორმოებით დანაოჭებული კლდეები. ეს ორმოები ზღვის აწევის დროს ივსება წყლით და ძნელად მისადგომს ხდის. ეს ადგილები ძნელად მისასვლელია იმის გამოც, რომ სანაპირო კლდეები დაფარულია ეკლებით და მასზე სიარული შეუძლებელია დაუცველი ფეხებით. ქვეყნის შიდა მხარე, ქალაქის მახლობელი მიწები ნაყოფიერია და გამშვენიერებულია მრავალრიცხოვანი მინდვრებით, რომლებიც დაყოფილია ბაღებად (განსაკუთრებით ქალაქის გარეუბანში). თვით ქალაქი გამაგრებულია კედლებით, და გალამაზებულია გიმნასიონით, ბაზრობის მოედნითა და პორტიკებით (პორტიკი – საყრდენი სვეტებით და თაღებით შექმნილი, სამი მხრიდან გახსნილი ნაგებობა). ქალაქში იყო სტენიდის გაკეთებული ავტოლიკეს სტატუა, რომელსაც ადგილობრივები თვლიდნენ ქალაქის დამაარსებლად და ეპყრობოდნენ როგორც ღმერთს. აქ მდებარეობდა მისი ორაკულიც. ავტოლიკე, როგორც ჩანს იყო იასონის ერთ-ერთი თანამგზავრი და დაიპყრო ეს ადგილი. მოგვიანებით მილეტელებმა გაიგეს ამ ადგილის ხელსაყრელი მდებარეობისა და მოსახლეობის სისუსტის შესახებ, მიითვისეს იგი და გამოგზავნეს აქ კოლონია. ქალაქი მდებარეობს 3500 სტადიონზე ქალქედონის ტაძრიდან, ჰერაკლეადან 2000 სტადიონზე და კარამბისიდან 700 სტადიონზე.
სინოპეს ოლქში ბითინიამდე და მთელს მთიან მხარეში, ზემოთ მოხსენიებულ სანაპიროზე არის მშვენიერი ხომალდმშენებლობისთვის გამოსადეგი ტყე, რომელიც ადვილად მისატანია მდინარით სანაპირომდე. სინოპეს მხარეში იზრდება აგრეთვე ნეკერჩხალი და მთის კაკალი, რომელთაც ჭრიან დაფებად მაგიდების დასამზადებლად. მთელ აღნიშნულ მხარეში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან ოდნავ მაღლა გაშენებულია აგრეთვე ზეთისხილი.
სინოპეს შემდეგ მოდის მდინარე ჰალისის შესართავი. მან მიიღო სახელი მარილის მაღაროებისგან, რომელსაც ივლის მისი დინება. ჰალისის სათავეები მდებარეობს დიდ კაპადოკიაში, კამისენეში, პონტოს ოლქის ახლოს. მიემართება ძლიერი დინებით დასავლეთით, მდინარე შემდეგ უხვევს ჩრდილოეთით გალატებისა და პალფაგონელების მხრეთა გავლით და აშორებს უკანასკნელთ ლევკო-სირიელებისგან“.
220 წელს მითრიდატე მთელი ძალებით დაიძრა სინოპეს დასაპყრობად, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. პოლიბიოსი მოგვითხრობს: „დიდი არმიის მქონე მითრიდატე დარწმუნებული იყო თავის წარმატებაში და სინოპელებს მოუწოდა დამორჩილებოდნენ, თუმცა უარი მიიღო. პონტოელებმა შემოარტყეს ალყა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქალაქი კარგად იყო მომზადებული ხანგრძლივი ალყისთვის. პონტოს არმია კი თავის მხრივ არც შტურმისთვის იყო მზად, არც სწორი ალყისთვის და არც ქალაქის სრული ბლოკადისთვის (რაც ბუნებრივი იყო, რადგან დიდი ქალაქის ალყის გამოცდილება არ ჰქონდათ). გაშლილ ველზე ბრძოლას მიჩვეულმა დაქირავებულებმა პირველივე წარუმატებლობაზე უარი თქვეს შტურმის გაგრძელებაზე. ხანგრძლივი ალყის დროს კი არმიას არც სურსათი აღმოაჩნდა მომარაგებული და არც საალყო მანქანები. სრული ბლოკადისთვის საჭირო იყო ძლიერი სამხედრო ფლოტი, რომელიც სინოპელთა მძლავრ ფლოტს დაუპირისპირებდა, რაც მითრიდატეს არ ჰყავდა.
თავის მხრივ სინოპელებმა მითრიდატეს მიერ ომის გამოცხადებისთანავე დახმარება სთხოვეს ძველ მოკავშირე როდოსს. როდოსელებმა გამოგზავნეს 140000 დრაქმა, 10000 კასრი ღვინო, 300 ტალანტი თოკებისა და ბაგირებისთვის დასაწნელი მასალა, 1000 საბრძოლო მასალის კომპლექტი, ოქროს მონეტები და 4 ქვისმსროლელი მანქანა, მისი მომსახურე პერსონალით. დახმარება გაუწია ქ. კოსმაც. თავის მხრივ მოსახლეობამ ყელისა და ნახევარკუნძულის ის ადგილები, რომლებიც მისადგომად იყო ხელსაყრელი გაამაგრეს ყველანაირი საშუალებით: აღმართეს კედლები, შემოარტყეს თრხილები, რომელზეც აღმართეს მორებით შეკრული მყარი კედელი. ქალაქის ხელსაყრელ სანაპიროებზე, სადაც დესანტის გადმოსხმა შეიძლებოდა, დააყენეს მცველი რაზმები და ორგანიზება გაუწიეს ქალაქის საკვებითა და საომარი საშუალებების მუდმივი მომარაგებას. სათანადო მომზადება სინოპელებს საშუალებას აძლევდა პერიოდულად კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ და დაუცველ ადგილებში დაერტყათ პონტოს არმიისთვის. სინოპის ფლოტის აქტიურმა მოქმედებამ აიძულა მითრიდატე უარი ეთქვა ქალაქის დაუფლებაზე.
მითრიდატე III-ის მმართველობის შესახებ წყაროებიდან სხვა არაფერია ცნობილი. როგორც ჩანს სასტიკმა მარცხმა აიძულა იგი პასიური საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა.
მითრიდატეს სირიელი პრინცესა ლაოდიკეასგან (?) ჰყავდა სამი შვილი: ფარნაკე I, მითრიდატე IV და ლაოდიკეა, რომელიც ძმას, მითრიდატეს გაჰყვა ცოლად.
დაახლ. 187–158 წლებში პონტოს მეფე იყო ამბიციური ფარნაკე I, რომელსაც სურდა მთელს მცირე აზიაში გაბატონებულიყო და პირველ რიგში მიზანში სინოპე ამოიღო.
192–188 წლებში რომსა და სელევკიდების სახელმწიფოს მეფე ანტიოქე III-ს შორის ომი მიმდინარეობდა, რომელიც უკანასკნელის დამარცხებით და რომაელთა მიერ მცირე აზიაში შემოღწევით დასრულდა. პოზიციები გაიმყარა რომაელთა მოკავშირე პერგამონის სამეფომაც.
ამ დროს ასპარეზზე გამოვიდა ბითინიის მეფე პრუსიუს I (228–182), რომლის კარზე საიდუმლოდ შეფარებული იყო ლეგენდარული კართაგენელი სარდალი ჰანიბალი (იგი ანტიოქეს დამარცხების შემდეგ სირიიდან გადმობარგდა აქ). იგი განრისხებული იყო რომის მიერ მისთვის დაპირებული მიწების პერგამონისთვის გადაცემის გამო, და ამ სამეფოს ომი აუტეხა. ჰანიბალისა და სხვა მოკავშირეების (მაკედონიის მეფე ფილიპე V, გალატიის ტეტრარქი ორტიაგონი, პონტოს მეფე ფარნაკე) წყალობით ბითინიელები მეტოქეს ზედიზედ ამარცხებდნენ და წინ მიიწევდნენ, ვიდრე ყველაფერი რომაელებმა არ შეიტყვეს და ომის მუქარით ჰანიბალის გაცემა არ მოითხოვეს. მაშინ პრუსიუსმა ჯარისკაცები გაგზავნა მის შესაპყრობად. როდესაც ჰანიბალი მიხვდა, რომ ალყაში იყო, რომაელების ტყვეობას სიკვდილი არჩია და საწამლავი შესვა. ამის მიუხედავად რომაელებმა პრუსიუსს ყველა დაპყრობილი მხარე წაართვეს და პერგამონს დაუბრუნეს.
პონტოს მეფე, რომელიც ომში ფრიგიის მიწების მიღების სურვილით შევიდა ხელცარიელი დარჩა. მეტიც, რომის დიპლომატიური სვლებით პერგამონთან დამეგობრდა ერთის მხრივ ბითინია და მეორეს მხრივ კაპადოკია, რომლის მეფე არიარათ IV-ს სურდა ამით რომისგან პატიება მიეღო ადრე ანტიოქე III-სთან მოკავშირეობის გამო. მაშინ ფარნაკემ გადაწყვიტა სასურველი მიწები პირადი ომით მოეპოვებინა და საამისო მზადებას შეუდგა.
183 წელს ფარნაკე ყოველგვარი გაფრთხილებისა და ომის გამოცხადების გარეშე დაეცა სინოპსა და მის კოლონიებს (კოტიორა, ტრაპეზუნტი), დაიპყრო, (სტრაბონის ცნობით: „ალყის შემდეგ ის აიღო და დაიმონა ფარნაკემ. მეფემ (ფარნაკემ) აღჭურვა ქალაქი განსაკუთრებული ღირსებით და აქცია კიდეც თავისი სამეფოს დედაქალაქად“.) რის შემდეგაც სასწრაფოდ გაგზავნა რომში ელჩები და შეატყობინა, რომ არ აქვს არანაირი ბოროტი განზრახვები მის მიმართ. ამ დროს რომში ჩავიდნენ სინოპეს დაპყრობით აღშფოთებული მისი მოკავშირეთა – როდოსისა და პერგამონის ელჩები, რამაც გაწელა საკითხის განხილვა. არადა რომს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ქალაქთან და სენატი საერთოდ არ იყო დაინტერესებული მათი ბედით, მაგრამ მოკავშირეები რომ არ გაენაწყენებინა გამოგზავნა დელეგაცია მცირე აზიაში, რათა გაერკვია სინოპეს საკითხი. სანამ რომაული დელეგაცია ჩამოვიდოდა, ფარნაკი ხვდებოდა, რომ ომის გარეშე საკითხი არ მოგვარდებოდა და კარგად მოემზადა. მან თავის მხარეზე გადმოიბირა მცირე არმენიის მეფე მითრიდატე (ლივიუსის ცნობით იგი სელევკიდი მეფის ანტიოქე III-ის ძე, ხოლო პოლიბიუსის ცნობით ძმისშვილი იყო) და მოკავშირეობის სანაცვლოდ დაუთმო ტრაპიზონი. მოკავშირედ გაიხადა პაფლაგონიელი დიდებული გაიზატორიქსი (რომელსაც პაფლაგონიის ტახტს დაჰპირდა) და გალატიის ტეტრარქი კარსინგატი.
ამ წარმატებით გათამამებული ფარნაკე რომაელებს ცივად დაუხვდა და ახალ-ახალ პრეტენზიებს აყენებდა, ხოლო მისი მეტოქეები კი სულ უფრო მსუბუქად ითხოვდნენ სინოპეს თავისუფლებას. უკანასკნელი საკითხი საერთოდ არ მოხვდა რომაელი ელჩების მოხსენებაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ „პერგამონის მეფე ევმენე II (159–137) მართალია, ხოლო ფარნაკე იჩენს გაუმაძღრობას და ქედმაღლობას“.
რომის ელჩებიდან მალევე ფარნაკმა პაფლაგონიაში ილაშქრა, მისი ჩრდილო-დასავლეთი მხარე დაიპყრო და იქ გაიზატორიქსი (182–179) გაამეფა, ხოლო პაფლაგონიის მეფე მორზიუსმა ძალაუფლება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეინარჩუნა. შემდეგ პონტოს მეფემ გალატიის მიწებთან დაკავშირებით პერგამონის მეფესთან დავა წამოიწყო. პერგამონის მეფემ დროებითი ზავი შესთავაზა და საკითხის გადასაწყვეტად თავისი ძმები ელჩებად გაგზავნა რომში.
სენატმა მოუსმინა ევმენ II-ის ელჩებს და დაადგინა, რომ საკითხის უკეთესად გასარკვევად საჭირო იყო რომის დელეგატების ჩასვლა მცირე აზიაში სიტუაციის ადგილზე შესასწავლად. ფარნაკემ არ დაუცადა რომის დელეგატების ჩამოსვლას და 182 წლის შემოდგომაზე პონტოს 10000-იანი ლაშქარი ლეოკრიტეს სარდლობით გალატიაში შეასია. ლეოკრიტემ ააოხრა გალატიის ურჩი მხარე, დაიპყრო ბითინიის სასაზღვრო ქალაქი ტიოსი (იგი ჰერაკლეას წაართვეს 20 წლის წინ), სადაც გაჟლიტა მისი მცველი გალატი მოქირავნენი, მიუხედავად დანებებისა, თუმცა ქალაქს ხელი არ ახლო, რადგან იგი პონტოელთა ინტერესის სფეროში იყო. თვით ფარნაკე ზამთრის დადგომასთან ერთად კაპადოკიაში შეიჭრა, რის შემდეგ მას მხარდაჭერა გამოუცხადა სელევკიდების მეფე სელევკ IV (187–175), თუმცა რომის შიშის გამო მან ომში ჩაბმა ვერ გაბედა.
თუ დაპირისპირების საწყის ეტაპზე პონტოს მოწინააღმდეგენი როდოსი და პერგამონი იყვნენ, ხოლო მთავარი საკითხი სინოპე იყო, ცოტა ხანში როდოსი და პერგამონი ერთმანეთს წაეკიდნენ (მათ აქამდეც ეჭირათ თვალი ერთმანეთის მიწებზე) და როდოსი დავას ჩამოსცილდა, რასაც მოჰყვა სინოპეს საკითხის დღის წესრიგიდან გაქრობა. მაშინ პონტოს მეფემ მიზანში გალატია–პაფლაგონია–ბითინიის მიწები ამოიღო მიზანში, რის შემდეგაც, რომის დიპლომატიის წყალობით, პერგამონს მხარში ახალი მოკავშირეები – კაპადოკია, გალატიელი და პაფლაგონიელი ცალკეული მეთაურები ამოუდგნენ.
ამასობაში ევმენეს ძმები (უფროსი ატალოსი იყო) დაბრუნდნენ. ფარნაკეს საქციელით განრისხებულმა ევმენემ, ძმებთან ერთად შეკრიბა ლაშქარი და გალატიაში შეიჭრა, საიდანაც უკვე წასულიყო ლეოკრიტე. პონტოელთა გალატიელმა მოკავშირეებმა – კარსიგნატმა და გაიზატორიქსმა სასწრაფოდ ელჩები მიუგზავნეს ევმენს და აღუთქვეს მორჩილება, თუმცა უკანასკნელი არ ენდო მათ და ლაშქრობა გააგრძელა. 5 დღეში პერგამონელებმა გაიარეს გზა კალპიტიდან მდ. ჰალისამდე, ხოლო 6 დღის შემდეგ მივიდნენ კაპადოკიის ქ. პარნასამდე (ჰალისის დას. სანაპიროზე, გალატიის სამხრეთ საზღვრის ახლოს). აქ კაპადოკიის მეფე არიარათ IV (220–163) შეუერთდა მათ თავისი ლაშქრით მოკისელთა (კაპადოკიის ქ. მოკისი მდებარეობდა ჰალისის აღმოსავლეთით. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით აქ შეცდომაა და უნდა ეწეროს ქ. კამისი, პონტოს სამხრეთ საზღვარზე. აქედან გამომდინარე კი თვლიან რომ ფარნაკეს მიტაცებული ჰქონდა კაპადოკიის ჩრდ-დას, ან ჩრდ. მიწები და მოკავშირეებმა განდევნეს რა იქედან შეიჭრნენ სამხრეთ პონტოში.) მიწებს თავს დაესხნენ ერთობლივი ძალებით. როგორც კი მოკავშირეები ბანაკად დადგნენ, მოვიდა ცნობა რომის დელეგატების ჩამოსვლის შესახებ. მაშინ ევმენემ მათთან გაგზავნა ატალოსი და მეორეს მხრივ ბრძანა არმიისა და შეიარაღების გაორმაგება, რათა მზად ყოფილიყო მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის და თან რომაელებისათვის ეჩვენებინა, რომ თვითონაც შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა.
რომი ცდილობდა შეენარჩუნებინა სტატუს-კვო მცირე აზიაში და არ დაეშვა არცერთი მხარის მეტისმეტი გაძლიერება (ან პირიქით დაუძლურება). ამიტომ მისმა ლეგატებმა მოთხოვეს ევმენესა და არიარათს შეეწყვიტათ ომი, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მიწებზე და სამაგიეროდ სამართლიანად გადაწყვეტდნენ პრობლემას. ევმენე და ატალოსი დათანხმდნენ და გალატიაში გაბრუნდნენ. მაშინ დელეგატები ფარნაკს ესტუმრნენ და ბევრი მცდელობის შემდეგ დაითანხმეს შეეწყვიტა ომი და გაეგზავნა ზღვის სანაპიროსკენ თავისი პირები, რომლებიც მიიღებდნენ საზავო მოლაპარაკებაში მონაწილეობას და რომის დელეგატების შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებოდნენ. როდესაც ფარნაკეს, რომის და ევმენეს წარმომადგენლები შეიკრიბნენ მოსალაპარაკებლად, უკანასკნელნი ლამის ყველაფერზე თანხმდებოდნენ, ოღონდ დადებულიყო ზავი, ხოლო ფარნაკეს ელჩები კი ყველაფერზე კამათს იწყებდნენ და უკვე გადაწყვეტილ საკითხზე ხელახლა იწყებდნენ დავას გაზრდილი მოთხოვნებით. მაშინ რომაელები დარწმუნდნენ ფარნაკეს ზრახვებში და დატოვეს პერგამონი. ფარნაკეს ელჩები პონტოში წავიდნენ და ომი განახლდა. ამ დროს ევმენე დათანხმდა როდოსელების თხოვნას ლიკიელთა წინააღმდეგ გაელაშქრა.
რაც დრო გადიოდა ევმენესა და არიარათის ლაშქარი იზრდებოდა. მოკავშირეებს ბითინიის მეფე პრუსიუს II-ც (183–149) შეუერთდა. მართალია ომის ბოლო ეტაპზე ფარნაკემ მოახერხა ახალი მოკავშირეების მოძებნა (ფარნაკემ მეგობრობის ხელშეკრულებები გააფორმა ქერსონესთან და ოდესსთან. საბოლოო საზავო ხელშეკრულებაში ფარნაკეს მოკავშირეებად იხსენიებიან: ჰერაკლეა, მესსემბრია, ქერსონესი და კიზიკოსი. ჰერაკლეა ჯერ კიდევ მითრიდატე II-ს დროიდან იყო მოკავშირე გალატებთან ომში. მას ბევრი სადაო ტერიტორია ჰქონდა ბითინიასთან, რაც ბუნებრივად აკავშირებდა პონტოსთან. აქედან აშკარა ხდება, რომ თუ აქტიურ როლს არ ასრულებდა ომში, ყოველ შემთხვევაში აქტიურ ნეიტრალიტეტს მაინც იცავდა), თუმცა ეს საქმეს არ შველოდა და მისი სახსრები იწურებოდა. ამიტომ ფარნაკემ მოწინააღმდეგეებს ელჩები გაუგზავნა ზავზე მოსალაპარაკებლათ. მათაც საპასუხო ელჩობა აწვიეს. ელჩობის რამდენიმეჯერ გაცვლის შემდეგ 179 წელს დაიდო ზავი ერთის მხრივ ევმენეს, პრუსიუსის და არიარათს და მეორეს მხრივ ფარნაკესა და მის მოკავშირე მითრიდატეს შორის, რომლის მიხედვითაც: 1. ფარნაკე არანაირი მიზეზით აღარ შეიჭრებოდა გალატიაში და მისი ყველა ადრეული შეთანხმება გალატების ბელადებთან გაუქმდებოდა (ამიერიდან გალატ მოქირავნეებს აღარ უნდა შეევსოთ პონტოს არმია. თუმცა ისინი მალე უფრო ძლიერმა მებრძოლებმა – ელინმა მოქირავნეებმა ჩაანაცვლეს); 2. ფარნაკე დაცლიდა მის მიერ დაპყრობილი პაფლაგონიის ნაწილს და დააბრუნებდა გატაცებულ ტყვეებს; 3. დაუბრუნებდა წართმეულ მიწებსა და ტყვეებს არიარათს და ქ. ტიოსს ბითინიას. 4. მორზიუსისა და არიარათისთვის წართმეული სიმდიდრის საპასუხოდ ფარნაკე აღნიშნულ მეფეებს გადაუხდიდა 900 ტალანტს და კიდევ 300 ტალატს ევმენეს, საომარი ხარჯების დასაფარად; 5. ფარნაკეს მოკავშირე – მცირე არმენიის მეფე მითრიდატე გადაუხდიდა 300 ტალატს არიარათს, რადგან ევმენესთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მაინც გაილაშქრა მასზე.
შეთანხმებაში ჩართეს აზიიდან – „დიდი არმენიის“ მეფე არტაქსია (არტაშესი) და კოლხეთის მეფე აკუსილოხი, ხოლო ევროპიდან სარმატი გატალი, ჰერაკლეა, მესემბრია (დორიული კოლონია თრაკიაში, დღევ. მისსივრია), ქერსონესი (ქ. დღვ. სევასტოპოლთან ახლოს) და კიზიკოსი. ზავის უზრუნველსაყოფად ფარნაკმა მძევლებიც გასცა.
ამრიგად ზავით პონტოს სამეფო კარგავდა ჰალისის დასავლეთით ყველა დაპყრობილ ტერიტორიას პაფლაგონიასა და გალატიაში სინოპეს გარდა, რომელიც გახდა კიდეც მისი დედაქალაქი.
გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა ფარნაკეს სამხედრო კამპანია მდ. ირისის (იეშილ ირმაქი) აღმოსავლეთით, სადაც მისი მოკავშირე იყო მცირე არმენიის მეფე მითრიდატე. პონტოელებმა დაიპყრეს კოტიორა, ხალიბების, მოსინიკებისა და მაკრონების მიწები და ტრაპეზუნტის ჩათვლით. უკანასკნელი, ალბათ მაკრონთა მიწებთან ერთად, ფარნაკემ მოკავშირე მითრიდატეს დაუთმო. აღმოსავლეთ შემომატებულ ზღვისპირეთში ფარნაკემ ძალაუფლების განსამტკიცებლად ააგო რამდენიმე ციხე-ქალაქი, რომელთა შორის გამორჩეული იყო ფარნაკია (დღევ. გირესუნთან, ახ.წ. 64 წელს ეწოდა კერასუნტი).
სტრაბონი ასე აღწერს აღნიშნულ ტერიტორიებს: „სიდენას შემდეგ არის გამაგრებული ქალაქი ფარნაკია. მის შემდეგ მოდის ელინური ქალაქი ტრაპეზუნტი, საიდანაც ამისოსამდე საზღვაო გზა შეადგენს 2200 სტადიონს (393,8 კმ). შემდეგ აქედან ფასისამდე არის 1400 სტადიონამდე (250,6 კმ), ასე რომ ქალკედონის წმინდა ტაძრიდან (მდებარეობდა წმინდა კონცხზე, თრაკიული ბოსფორის აზიურ ნაწილში, შავი ზღვის შემოსასვლელთან) ფასისამდე არის დაახლოებით 8000 სტადიონი (1432 კმ). თუ გავცურავთ ამ სანაპიროზე ამისოს სანაპიროდან ჯერ შეგვხვდება ჰერაკლეს კონცხი, შემდეგ იასონის კონცხი და მდ. გენეტი, შემდეგ პატარა ქალაქი კოტიორა (დღევ. ორდუსთან), საიდანაც გაასახლეს კოლონია ფარნაკიაში (არიანეს ცნობით კერასუნტიდანაც იქ გაასახლეს მოსახლეობა); შემდეგ მოდის დანგრეული ისხოპოლი (პატარა ქალაქი ფარნაკიას დასავლეთით), შემდეგ უბე, რომელზეც მდებარეობენ კერასუნტი (ძვ. კერასუნტი, დღევ. ვაკფიკებირთან) და ჰერმონასა (დღევ. აკჩაბაათი) – უმნიშვნელო დასახლებები; ჰერმონასას ახლოს მდებარეობს ტრაპეზუნტი და შემდეგ კოლხიდა. აქ სადღაც მდებარეობს ერთი დასახლება სახელით ზიგოპოლი.
ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ (ანუ სამხრეთით) ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანები (ე.ი. ჭანები), რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს, და „მცირე არმენია“. სადღაც, ამ ადგილების შორი-ახლოს ცხოვრობენ აპაიტები, უწინდელი კერკიტები. ამ ადგილებს კვეთს სკიდისე, კლდოვანი მთა, რომელიც უერთდება ერთის მხრივ მოსხურ მთებს კოლხიდის ზევით (სამხრეთით); მეორე მხრივ პარიადრეს მთებს, რომელიც ვრცელდება სიდენეს ოლქიდან და თემისკირადან მცირე არმენიამდე და ქმნის პონტოს აღმოსავლეთ მხარეს. მთელი ამ მთიან მხარეთა მოსახლენი სრულიად ველურნი არიან, თუმცა აღემატებიან სხვებს ჰეპტაკომიტები (ე.ი შვიდსოფლელები), რომელთაც სკიდისეც მთის მწვერვალები უჭირავთ; ზოგიერთი მათგანი ცხოვრობს ხეებზე ან ხის კოშკებში, რის გამოც ძველად ეძახდნენ მოსინიკებს, რადგან ამ ხის კოშკებს ეწოდება „მოსინები“. ისინი იკვებებიან ნადირის ხორცითა და ტყის ხილით; აგრეთვე თავს ესხმიან მგზავრებს, ძარცვავნენ და ამით ივსებდნენ თავის დანაკლისს.
ეხლანდელი ხალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ. მათი მხარის პირდაპირ მდებარეობს ქალაქი ფარნაკია, რომელსაც ზღვისგან აქვს სარგებელი პელამიდების (სკუმბრიათა ოჯახის წევრი თევზი, სიგრძე 75 სმ, წონა 5-6 კგ) დაჭერით, ხოლო ხმელეთიდან ლითონის მაღაროებით, ოღონდ ახლა მხოლოდ რკინის მაღაროებით, ადრე კი ვერცხლის მაღაროებიც ჰქონდათ. საერთოდ ამ ადგილებში სანაპირო მეტისმეტად ვიწროა; მის პირდაპირ ახლოს აღმართულია ლითონებით სავსე და ტყიანი მთები, და მხოლოდ მიწის მცირე ნაწილს ამუშავებენ. შესაბამისად ადგილობრივთ რჩებათ თავის გასატანად იმუშაონ მაღაროებში და დაიჭირონ ზღვაში პელამიდები და დელფინები. მხოლოდ ფარნაკიელები იჭერენ დელფინებს სატყუარათი და ჭრიან მათ ნაწილებად. იყენებენ აგრეთვე მის ცხიმსაც.
ეს ხალიბები ჰომეროსმა მოიხსენია „ხომალდთა სიაში“ პაფლაგონიელების შემდეგ, უწოდებს რა მათ ჰალიძონებს, რომლებიც იყვნენ ვერცხლით მდიდარი ალიბეს ქვეყნიდან. უნდა ვიფიქროთ, რომ ამა ადამიანებს უწინ ერქვათ ალიბები, ხალიბების ნაცვლად. ჰომეროსი ალიძონებს უწოდებს ხალიბებს.
ფარნაკიასა და ტრაპეზუნტის მხარეების მახლობლად ცხოვრობენ ტიბარენები და ხალდები და ვრცელდებიან მცირე არმენიამდე. უკანასკნელი საკმარისად მდიდარი ქვეყანაა. მცირე არმენიას, ისევე როგორც სოფენას, მუდამ განაგებდნენ ადგილობრივი დინასტები, რომლებიც ხან ემეგობრებოდნენ დანარჩენ არმენიელებს, ხან დამოუკიდელად მოქმედებდნენ. ამ არმენიელების ქვეშევრდომები იყვნენ ხალდები და ტიბარენები, ისე რომ ტრაპეზუნტამდე და ფარნაკიამდე ვრცელდება მათი ხელისუფლება“.
სელევკიდებთან კავშირის გასამყარებლად ფარნაკემ შეირთო სელევკ IV-ის ძმისშვილი ნისა, რომელთაც ძე მითრიდატე და ასული ნისა შეეძინა.
163 წელს გარდაიცვალა კაპადოკიის მეფე არიარათ IV და მის ნაცვლად ტახტზე ავიდა მისი ძე არიარათ V (163–130), რომელთანაც ფარნაკეს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ეს კავშირი ქორწინებით განმტკიცდა. არიარათ V-მ მორიგ ცოლად ფარნაკეს ასული ნისა შეირთო.
ამდენად, მიუხედავად დასავლეთის ფრონტზე განცდილი მარცხისა, ფარნაკეს დროს პონტოს სამეფო ტერიტორიულად მაინც საკმაოდ გაიზარდა და მცირე აზიის პოლიტიკურ სცენაზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა.
ფარნაკეს შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა მითრიდატე IV (დაახლ. 158–152), რადგან ვაჟი სახელით აგრეთვე მითრიდატე მცირეწლოვანი იყო. მითრიდატე IV-მ უარი თქვა აგრესიულ პოლიტიკაზე და რომთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა. 156 წელს ბითინიის მეფე პრუსიუს II პერგამონში შეიჭრა. გადაწყვეტ მომენტში ატალოს II-ს მხარში ამოუდგა მითრიდატე კაპადოკიის მეფე არიარატ V-სთან (163–130) ერთად და ორწლიანი ომის შემდეგ აგრესორი დამარცხებული იქნა.
მითრიდატე IV-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი ძმისშვილი მითრიდატე V (152–121) დაჯდა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყოს სრულწლოვანი, რის გამოც რამდენიმე წელი ქვრივი დედოფალი ლაოდიკეა მართავდა.
მითრიდატე V-ის პირველი, წყაროებში დადასტურებული დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო 149 წელს დამხმარე ფლოტის გაგზავნა რომისთვის კართაგენის წინააღმდეგ მესამე პუნიკური ომის დროს. აგრეთვე სერიოზული დახმარება აღმოუჩინა რომს პონტოს მეფემ არისტონიკე პერგამონელის აჯანყების (133–29) დროს.
133 წელს პერგამონის უკანასკნელმა მეფემ ატალოს III-მ (138–133), სიკვდილის წინ თავისი სამფლობელოები რომს უანდერძა, ხოლო პერგამონის სამეფოს ქალაქებს დამოუკიდებლობა მიანიჭა. რომის წარმომადგენელმა კი ანდერძი შეცვალა და მთელი პერგამონის სამეფო რომის რესპუბლიკის საკუთრებად გამოაცხადა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ამით ისარგებლა ატალოსის უკანონო ძმამ – არისტონიკემ, თავი მეფე ევმენე III-დ გამოაცხადა და რომის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო, რომელმაც 4 წელს გასტანა. პონტოს მეფესთან ერთად რომს მხარში ამოუდგნენ ბითინიის მეფე ნიკომედე II (149–127), კაპადოკიის მეფე არიარატ V და პაფლაგონიის მეფე პილემენ II (დაახლ.140–130). 129 წელს არისტონიკე დამარცხდა და სიკვდილს გამოასალმეს. ამის შემდეგ რომის კონსულმა მანიუს აკვილიუსმა პერგამონის სამეფო ორ ნაწილად გაყო. ერთი ნაწილი რომის პროვინცია „აზიად“ გამოაცხადეს, ხოლო მეორე ნაწილი – „დიდი ფრიგია“ პონტოს მეფეს აჩუქა. მასთან ერთად პონტოს სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა გალატიაც, თუმცა მისი ცალკეული ტომების ბელადები შიდა ავტონომიას ინარჩუნებდნენ.
130 წელს პაფლაგონიის მეფე პილემენ II-მ სიკვდილის წინ თავისი სამეფო პონტოს მეფეს უანდერძა (ჯერ კიდევ აქამდე ჰყავდა იგი „ნაშვილები“). შედეგად მითრიდატე V პაფლაგონიის მეფედაც ეკურთხა.
130 წელს არისტონიკესთან ომში დაიღუპა არიარათ V, რომელსაც დარჩა 6 არასრულწლოვანი ვაჟი. მაშინ ძალაუფლება ხელთ იგდო მეორე ცოლმა ლაოდიკეამ, რომელიც სირიის მეფე სელევკ IV-ის ასული იყო. სურდა რა მმართველობის სიცოცხლის ბოლომდე დასაკუთრება ბრძანა ვაჟების დახოცვა და 5 მოაკვლევინა კიდეც, მხოლოდ ყველაზე უმცროსის გადარჩენაღა მოახერხეს ნათესავებმა. 129 წელს ამბოხებულმა ხალხმა მოახერხა ბოროტი დედოფლის დამხობა და პატარა უფლისწული დასვეს ტახტზე არიარათ VI ეპიფანეს (129–116) სახელით, ხოლო მის რეგენტად დედამისი ნისა დანიშნეს, რაც ქვეყანაზე პონტოს გავლენის მოპოვებას ნიშნავდა. პოზიციების განსამტკიცებლად მითრიდატე V-მ არიარათ VI თავის ასულზე – ლაოდიკეაზე დააქორწინა. კაპადოკიის ახალ მეფეს რომის კონსულმა აჯანყების დროს დახმარების სანაცვლოდ ლიკაონია და კილიკია დაუთმო.
არისტონიკეს წინააღმდეგ ომში მონაწილეობის გამო რომმა დააჯილდოვა აგრეთვე სხვა მოკავშირეებიც: როდოსს ერგო კარია, ხოლო ბითინიას ფრიგიის ნაწილი. რადგან ბითინიას ყველაზე ცოტა სამფლობელო ერგო, მაშინ როდესაც პონტოს პაფლაგონია, გალატია და დიდი ფრიგია დაექვემდებარა. ამას გაანაწყენებული ბითინიის მეფეები ნიკომედე II და ნიკომედე III (127–94) მრავალი წელი აპროტესტებდნენ და სენატში საჩივრებს წერდნენ კონსულის სახელზე – პონტოს მეფემ მოისყიდაო.
126 წელს არიარათ VI დამოუკიდებელ მეფობას შეუდგა და უარი თქვა მეზობელ ქვეყნებზე დაქვემდებარებაზე.
ასე რომ, მითრიდატე V-ს დროს პონტოს სამეფომ მანამდე არნახულ სიძლიერეს მიაღწია და მცირე აზიაში წამყვან ძალად იქცა.
პონტოს მმართველი დინასტია სამეფოს დაარსებიდან ცდილობდა ელინურ სამყაროში ავტორიტეტის მოპოვებას, მიუხედავად მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაელინურობისა. ელინიზებური ქალაქების ამასტრიის, ამისოსის, სინოპეს, კოტიორას... შემოერთებისა და პონტოს ჯარის ელინი მოქირავნეებით ავსების შემდეგ (რასაც მოჰყვა ელინთა მაღალ სამეფო თანამდებობებზე დანიშვნები) ელინურად შეიცვალა სამეფოს კულტურული ხასიათი, თუმცა პონტოს მეფეები პატივისცემით ექცეოდნენ ქვეყნის ეთნიკურ მრავალფეროვნებას, რაც კარგად ჩანს პლინიუს უფროსის ცნობიდან: მითრიდატე (VI ევპატორი), მეფე ოცდაორი სხვავასხვა ტომისა, აწარმოებდა მართლმსაჯულებას ამდენსავე ენაზე და შეკრებილთ მიმართავდა ხოლმე თითოეულ ტომს მის ენაზე“.
რაც შეეხება სამეფოს ეთნიკურ ხასიათს. ძვ.წ. II ს-ისთვის პონტომ შემოიერთა ქართველური ტომების – „აღმოსავლეთ ხალიბების“, მოსინიკების, ტიბარენების, მაკრონების და სხვა წვრილი ჯგუფების საცხოვრისი, რის შემდეგაც პონტოს მოსახლეობის უმრავლესობას ქართველური ხალხები შეადგენდნენ. ევროპელი მკვლევრები (რიტერი, ჰამილტონი და სხვები) ერთხმად ასკვნიან რომ: „ჰომეროსის ხანიდან მოკიდებული, მთელი ისტორიის მანძილზე, შავი ზღვის სანაპიროს იმ რაიონში, რომელიც შემდეგ პონტოს სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა და მისი ძლიერების კერა იყო, ქართველური ტომები ცხოვრობდნენ, როგორც ამას ჰეროდოტეს, ფსევდო-სკილაქსის, ქსენოფონტეს, ფსევდო-სკიმნოსის, ლიკოფრონის, პომპონიუს მელას, სტრაბონის, ანონიმის პერიპლუსისა და სხვათა ცნობები ადასტურებს და რასაც მხარს უჭერს ჩვენი დროის მოგზაურთა ამ მხარეში ნახული ნივთიერი კულტურის ძეგლები“.
პროელინური პოლიტიკიდან გამომდინარე მითრიდატე V დიდ მზრუნველობას იჩენდა საბერძნეთის პოლისებისა და იქაური წმინდა სალოცავების (განს. დელოსის) მიმართ, რაც ამ მხარეში მის პოპულარობის ზრდას და შესაბამისად რომის შეშფოთებას იწვევდა. ამას დაემატა დიდი ფრიგიის საკითხიც.
123/2 წელს სახალხო ტრიბუნმა გაიუს სემპრონიუს გრახკუსმა დაამტკიცებინა კანონი „პროვინცია აზიის“ შესახებ, რომლითაც გაუქმდა მანლიუს აკვილიუსის დადგენილება „მოკავშირეთა დასაჩუქრების შესახებ“, თუმცა მითრიდატე V-მ კატეგორიული უარი თქვა „დიდი ფრიგიის“ დაბრუნებაზე – ადრე ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდა და კანონიერად მიჭირავსო, რამაც რომი ძალიან გაანაწყენა.
120 წელს მითრიდატე მისმა „მეგობრებმა“ მოწამლეს (ისტორიკოსების აზრით ამ მკვლელობაში ხელი დედოფალსა და რომის აგენტებს ერიათ). ანდერძის მიხედვით მან სამეფო თავის ძეებს – მითრიდატე VI დიონისე ევპატორსა (120–65. ევპატორი ნიშნავს კეთილშობილს.) და მითრიდატე VII ქრესტს (120–113) უანდერძა. მათი რეგენტობა (რადგან არასრულწლოვნები იყვნენ) დარჩა ქვრივ დედოფალ ლაოდიკეას VI-ს (ანტიოქე IV სირიელის ქალიშვილს).
Комментариев нет:
Отправить комментарий