რას მოგვითხრობს წყაროები სასპეირების შესახებ?
ჰეროდოტე (484–425): „მთებს ფერდობები აქვს და ამ მწყემსს აქ ჰქონდა ხარების საძოვრები ეკბატანიდან ჩრდილოეთისაკენ და ევქსინის პონტოსაკენ. აქ ხომ მიდიელთა ქვეყანა, სასპეირების მეზობლად, ძალიან მთიანი არის, ამასთანავე მაღალიცაა და ყოველივე მხრიდან ტყეებით დაფარული, ხოლო მიდიელთა მთელი დანარჩენი ქვეყანა დაბლობია.
სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს. ამათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდილები, მიდიელებს ზემოთ სასპეირები, სასპერებს ზემოთ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფასისი. ეს ოთხი ტომი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე.
(აღმოსავლეთის) მატიენებს, სასპეირებსა და ალაროდიელებს დარიოსისგან შეწერილი ჰქონდათ 200 ტალანტი. ესაა მეთვრამეტე სატრაპია.
ქსერქსეს ლაშქარში კოლხებს თავზე ხის მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები. ამას გარდა დანები. მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე. ალაროდიელები და სასპეირები კოლხების მსგავსად შეიარღებულები ლაშქრობდნენ. მათ განაგებდა მასისტიოსი, სირომიტრესის ძე“.
* * *
ერთი შეხედვით სასპეირებ-საპეირებში ისტორიული სპერის მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც ბუნებრივია ისტორიული სპერის ტერიტორიაზე იცხოვრებდა, მაგრამ როგორც ქვემოთ ნათლად გამოჩნდება, მათ ძველად გაცილებით დიდი ტერიტორია ეჭირათ ვიდრე ისტორიული სპერის მხარე. ჰეროდოტეს ერთი ცნობის მიხედვით ისინი ესაზღვრებოდნენ მიდიელებს, მეორეს მხრივ კი ალაროდიელებსა და მატიენებს (სხვაგვარად ერთ სატრაპიაში ვერ იქნებოდნენ). სასპერები ქსერქსეს არმიაში მოხსენიებულნი არიან აგრეთვე კოლხების ახლოს და თან აღნიშნულია, რომ მათ ერთნაირი შეიარაღება ჰქონდათ. აქედან აშკარა ხდება, რომ სასპერეიები და კოლხები ერთმანეთის მეზობლები უნდა ყოფილიყვნენ.
ისტორიული მიდია არაქსისა და მტკვრის შესართავამდე აღწევდა, ვიდრე 322 წელს პერდიკამ არ გაყო მცირე (ანუ ატროპატენა) და დიდ მიდიად. ალაროდიელები ცხოვრობდნენ მდ. არაქსის შუა წელის აუზში, ხოლო აღმ. მატიენები მათ სამხრეთით – ურმიის ტბის ირგვლივ. გამოდის სასპეირებს უნდა ეცხოვრათ ისეთ ტერიტორიაზე, რომ ერთდროულად მათი მეზობლები (მეტნაკლებად მაინც) ყოფილიყვნენ მიდიელები, კოლხები და ალაროდიელები ან მატიენები. ასეთი ტერიტორია კი არის შემდეგდროინდელი იბერიის სამეფოს ტერიტორია. ამას ადასტურებს შემდეგი ცნობებიც:
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295–215): „არსესის კუნძულის (გირესუნ ადა) გადაღმა ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ. მაგრამ თქვენ განაგრძეთ ხომალდით ცურვა, სანამ ზღვის კიდეს არ მიაღწევთ.
არესის კუნძულის (მოსინიკების სანაპიროსთან) დატოვების შემდეგ მთელი დღე მიჰქროდა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, ღამით კი არგონავტებმა კუნძულ ფილირეს ჩაუცურეს. კუნძულ ფილირეს შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს მაკრონებს, ბექირთა უსაზღვრო მიწას, ამაყ საპირებს და მათ შემდეგ ბიძერებს. ამის შემდეგ კოლხთა მიწა იწყებოდა“.
ელიანუს ჰეროდიანი (ახ.წ. II ს.): „საპეირები იგივე სასპეირები არიან“
ფსევდო ორფევსი (ახ.წ. III ს.) ძველ ცნობაზე დაყდნობით მოგვითხრობს: „საპეირების მჭიდრო დასახლებული ქალაქები, სინოპეს კლდოვანი შვერილის აღმ-ით მცხოვრები ტომების – ფილირებისა და ნაპატების გადაღმა და ბიძერების დას-ით არის განლაგებულნი“.
ამიანუს მარცელინუსი (330–395) ძველ ცნობებზე დაყრდნობით მოგვითხრობს: „ამ ადგილების მეზობლად არიან ...ხალიბები, რომლებმაც პირველად მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა. მათ შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ ბიზარებს, საპირებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს და ფილირებს – ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან“.
სტეფანე ბიზანტიელი (ახ.წ. VI ს.) ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერს: „საპირები – ტომი შუაგულ პონტოში; ამჟამად მათ ეწოდებათ საბირები“.
ვინ იყვნენ და სად ცხოვრობდნენ სასპეირები?
ამდენად ისტორიკოსები, რომელთაც ძირითადად შავიზღვისპირეთის აღწერა აინტერესებს გვამცნობენ, რომ სასპეირებს უჭირავთ ზღვისპირა ზოლი ბექირებსა და ბიძერებს შორის, ანუ ის ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ს-ის შუა ხანებში ეჭირათ ეკექეირებს, ანუ თანამედროვე არდეშენიდან – ასფოროს დერემდე. ეს ტერიტორია კი შედიოდა ფარნავაზის შექმნილ კლარჯეთის საერისთავოში: „ერთი გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანიდან ზღვამდე“ (ანუ ეს საერისთავო მოიცავდა კლარჯეთის გარდა ნიგალი და მისი ზღვისპირა ზოლი ანუ ეკექეირების ყოფილი ტერიტორია. ისტორიკოსთა აზრით ამავე საერისთაოში უნდა შესულიყო სპერი, ტაო და პარხალი, ანუ ე.წ. პარიადრეს მთისწინეთი, რადგან: 1. ფარნავაზმა კარა-სუმდე ილაშქრა; 2. პარიადრეს მთისწინეთი არმენიამ წაართვა ქართლს ძვ.წ. II ს-ის I მეოთხედში (სტრაბონი).
„იბერიას“ ქართლის სამეფოს წყაროებში პირველად ბერძნები უწოდებენ. ამაზე ადრე იგივე სახელით ესპანეთს მოიხსენიებდენ (მას დღესაც ჰქვია იბერიის ნ.კ.), რის გამოც ანტიკური ისტორიკოსები მეორე იბერიის გაჩენის შემდეგ დასაზუსტებლად ესპანეთს დას. იბერიას, ქართლს კი აღმ. იბერიას უწოდებენ. საერთოდ კი ერთი რამ ნათელია – იბერი გეოგრაფიული ტერმინი უნდა ყოფილიყო და ბერძნებს სამიტებისგან უნდა ესესხად. სემიტურ ენებში e-ber ნიშნავს „რეგიონის მიღმა (ადგილს)“. ეს სიტყვა არაა სემიტური (აქადური, ბაბილონური, ებრაული) წარმოშობის, არამედ ნასესხებია შუმერული bar ძირიდან, რომელიც ნიშნავს „გარეთ (ადგილს)“. სხვათაშორის ბერძნული სიტყვა „ჰესპერ“, რომელიც გავს „სასპერს“ ასევე გეოგრაფიული ტერმინია და დასავლეთს ნიშნავს. მეტიც ბერძნებისვე ცნობით სასპეირი/საპეირი მოგვიანებით საბირმა შეცვალა. ასე რომ საბირი აბირად და იბერად უნდა ქცეულიყო და იბერიის ანუ ქართლის სამეფო რეალურად ქართების, მოსხებისა (მოსხებზე ზემოთ) და სპერელების სამეფო უნდა ყოფილიყო. ფარსმან ქველის მიერ შავიზღვისპირა ზოლში მცხოვრები ბიძერების შთამომავალი ძიდრიტების დაქვემდებარება და აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზია რომთან დაპირისპირების რისკის ფასად ამ ხალხების ძველ ნათესაობაზე უნდა მეტყველებდეს. ამით უნდა აიხსნას აგრეთვე ის ფაქტი, რომ მარკუს ანტონიუსმა სამართლიანად ჩათვალა ფარსმანის პრეტენზია აღნიშნულ მიწაზე (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ ცალკე თავში ვისაუბრებთ).
ყველაფერი ზემოთქმულით უნდა აიხსნებოდეს ის ფაქტი, რომ შავიზღვისპირეთის კარგი მცოდნე ფსევდო სკილაქსი არ იცნობს საპეირებს (შესაბამისად ისინი მის დროს ჯერ არ იყვნენ შავიზღვისპირეთში), ხოლო ჰეროდოტე და აპოლონიოს როდოსელი, რომლებიც კარგად იცნობენ კავკასიას – იბერებს კავკასიაში საერთოდ არ ახსენებენ. სამაგიეროდ სტრაბონიდან მოყოლებული ანტიკური ავტორები უკვე ახსენებენ იბერიას და არ იცნობენ სასპერებს.
ს. ჯანაშიას აზრით „იბერია“ სუბარ-სასპერი-სპერ ტერმინიდან გამოდის. „ძველბერძნულ ტრადიციაში დაცული წარმოდგენა სასპერების დიდი ხალხის შესახებ (ჰეროდოტეს მიხედვით) (IV, 34) სპარსეთის ყურედან ვიდრე შავ ზღვამდე სულ ოთხი ხალხი ცხოვრობდა – სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები), ბუნებრივია, ნაკვალევი უნდა იყოს ძველისძველი (ასურულ-ბაბილონურ და მიდია-სპარსული) წარმოდგენებისა სუბარის (სუბართუს) დიდი ქვეყნის შესახებ (ეწოდებოდა ხურიტული ტომებით დასახლებულ ხალხებს დიაოხის სამხრეთით). ამ გვიან ხანაში ამ სახელს შეეძლო მრავალგზისი გადასვლა განეცადა ერთი ხალხიდან მეორეზე იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მათგანი დაწინაურდებოდა ამ მიწა-წყალზე. ქართლის ტომებზეც ამ სახელის გავრცელება ამავე საფუძველზე შეიძლება მომხდარიყო. რაც შეეხება სუბარ-სასპერ-ჰესპერ-სპერ ტერმინის „(ი)ბერ“-ად გადაქცევას, საამისო ვარაუდისათვის მნიშვნელოვანი ენობრივი დაბრკოლება არ არსებობს ს>ჲ>ჰ>0 გადასვლა კანონზომიერია ქართველურ ენებში; იგივე კანონზომიერება დამახასიათებელია ძველი სპარსული ენობრივი სამყაროსთვისაც (ირანულში ხმოვნისწინა „ს“ სიტყვის დასაწყისში ადრე გადავიდა „ჰ“-ში) და, მაშასადამე, ეს გარდაქმნები სპარსულ სამყაროს წიაღშიც შეიძლება მომხდარიყო და შემდეგ უკვე სპარსელების გზით სომხურ და ბერძნულ სამყაროში გადასულიყო. ეგების გარკვეული როლი რომელიღაც მსგავსი სახელიდან „იბერ“ ფორმის ჩამოყალიბებაში ბერძნულ სამყაროში შეასრულა აგრეთვე ასოციაციამ პირენეს ნახევარკუნძულის „იბერთა“ სახელთან“.
დროთა განმავლობაში მცნებები „სპერი“ და „იბერი“ ერთმანეთისგან გაიყვნენ. შედეგად სპერი დარჩა იბერიის ყველაზე დასავლეთ ნაწილს, საიდანაც იწყებოდა სპერ-იბერთა სახელმწიფო და რომელთანაც მუდმივი შეხება ჰქონდათ რომ-ბიზანტიასა და არმენიას. ასე ჩამოყალიბდა „სპერი“-ს ახალი გაგება, რომელიც უდრიდა ერთ კუთხეს.
ძვ.წ. IV–III საუკუნეებში იბერიის სამეფოს წარმოქმნის დროისთვის, ისტორიული სპერის ტერიტორია იბერიის ნაწილი იყო და სტრაბონი მას „პარიადრის მთიანეთის“ სახელით იხსენიებს. სპერის მხარის ერთი ნაწილი – სამხრეთ (ზემო) სპერი სხვა ძველ ქართულ პროვინციებთან (ტაო, გოგარენე) პერიოდულად გადადიოდა ხან არმენიის, ხან იბერიის მფლობელობაში. არმენიის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო ძვ.წ. 160-იან–ახ. წ. 59 წლებში და ახ.წ. 299–770 წლებში. სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი (ქვემო ანუ ჩრდ. სპერი) და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი თითქმის ყოველთვის ვიდრე 1578 წლიდან ოსმალეთმა არ მიიტაცა. ამჟამად იგი შედის თურქეთის ისპირის ვილაიეთში. სპერი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ეს მხარე არის ბაგრატიონთა საგვარეულოს სამშობლო.
პ. ინგოროყვა წერს: „საისტორიო წყაროებიდან დასტურდება, რომ ზემო სპერში იმ პერიოდის მანძილზე, როდესაც ეს კუთხე პოლიტიკურად სომხეთთან იყო დაკავშირებული, აქ სომხების მასობრივ ჩამოსახლებას ადგილი არ ჰქონია და არც სომხურ ენას მიუღია გავრცელება. ზემო სპერი მოსახლეობის შემადგენლობასა და აქ გავრცელებული ენის მიხედვით, როგორც თავდანვე იყო, ისე შემდგომაც დარჩენილა ქართულ მხარედ: მოსახლეობის უმრავლესობას აქ, როგორც ირკვევა შეადგენდა ქართული ტომი ჭანები. რაც შეეხება სპერის ქვემო ნაწილს, იქ იბერიელები შეადგენდნენ უმრავლესობას“.
10. ტაოხები და ფასიანები
რას მოგვითხრობს წყაროები მათ შესახებ?
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „დას. არმენიის მმართველ ტირიბაზს დაქირავებული ჰყავდა ხალიბები და ტაოხები. ელინები მიადგნენ ფასისს (არაქსის ზემო წელს ეძახდნენ ასე), რომელიც სიგანეში 1 პლეთრი (31 მ) იყო. ფასისიდან მათ გაიარეს 2 დღეში 10 ფარსანგი (53,4 კმ) და მიუახლოვდნენ მთას, რომლის უღელტეხილზე და მის შემდეგ ვაკეზე განლაგებულიყო ხალიბების, ტაოხების და ფასიანების გაერთიანებული ლაშქარი.
მაშინ ლაკედემონელმა ხირისოფმა მტრისგან 30 სტადიონზე (5,34 კმ) შეაჩერა მოწინავეთა რაზმი, დაუცადა სხვებს და სამხედრო საბჭო გამართა. დიდი ხნის თათბირის შემდეგ ქსენოფონტეს ინიციატივით გადაწყდა ღამით, როდესაც მტერი დაიძინებდა ჯარი ორ ნაწილად გაეყოთ, ერთი მთის სიმაღლეებს დაიკავებდა, მეორე კი უშუალოდ უღელტეხილის დაკავებას ეცდებოდა. ასეც მოხდა. დილით მთის სიმაღლეებიდან დაშვებულმა ელინებმა ადვილად დაამარცხეს მათკენ წამოსული ბარბაროსები და მთავარ ძალებთან შესაერთებლად დაიძრნენ. გაქცეულებმა პანიკა დანარჩენებს გადადეს, რის შემდეგაც ელინებს გამარჯვება აღარ გასჭირვებიათ. გაქცევის გამო ბარბაროსთაგან მცირე ნაწილი დაიღუპა და ელინებს ნადავლად მხოლოდ დიდი რაოდენობის ფარები ერგოთ, რომლებიც დალეწეს, რათა გამოუსადეგარად ექციათ. გამარჯვებისთანავე ელინებმა გამართეს მსხვერპლშეწირვა. ვაკეზე ჩასვლისთანავე მათ შეხვდათ სურსათ-სანოვაგით მდიდარი სოფელი. აქ 15 დღე დაისვენეს, გაძარცვეს მოსახლების ფერმები და შეივსეს მარაგი“.
აქ საუბარია ფასიანთა იმ ტომზე, რომელიც ცხოვრობდა არაქს-ფასისის ზემო წელში არსებულ მთებში. ქსენოფონტესთან ფასისი ძირითადად არაქსის ზემო წელია, ხოლო ფასიანების ქვეყანა ტაოხების, ხალიბების და დას. არმენიელების მეზობლები არიან.
კონსტანტინე პორფიროგენეტის (X ს.) ცნობების მიხედვით, არაქსი-ფასისის ახლოსაა ქართული პროვინცია ბასიანი. ლოგიკური ჩანს ვარაუდი, რომ, არაქს-ფასისის რეგიონში არსებული ძველი ტერმინი ფასიანები შემონახული იყოს ტოპონიმ ბასიანის სახით.
„აქედან (ფასიანებიდან) ელინებმა გაიარეს 5 დღეში 30 ფარსანგი (160,2 კმ) და მივიდნენ ტაოხებთან. ამ დროს სურსათის მარაგი ამოიწურა. ტაოხები ცხოვრობდნენ ძნელადმისასვლელ გამაგრებულ ადგილებში, სადაც ჰქონდათ შენახული სურსათი. შესაბამისად აქ როდესაც ელინები ერთ ასეთ სიმაგრეს მიადგნენ, რომელიც არ წამოადგენდა ქალაქს და საერთოდ მასში სახლები არ იყო, თუმცა მოსახლეობა და მრავალრიცხოვანი პირუტყვი იქ შეკრებილიყო (ე.ი. ეს იყო მხოლოდ გალავანშემოტყმული ბორცვი, რომელშიც ტაოხები მხოლოდ შიშიანობის დროს შეიხიზნებოდნენ ხოლმე.) ხირისოფმა პირდაპირ შეუტია მას. ამასთან დანაყოფები ცალ-ცალკე მოქმედებდნენ და ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთს დაღლილობის გამო. ერთიანი ძალებით შეტევა შეუძლებელი იყო, რადგან ეს პუნქტი მდებარეობდა ყველა მხრიდან დამრეც მაღლობზე. როდესაც მივიდა ქსენოფონტე პელტასტებითა და ჰოპლიტებით ხირისოფმა უთხრა მას: „თქვენ მოხვედით დროულად; გამაგრებული ადგილი აუცილებლად უნდა ავიღოთ, რადგან მეომრებს აღარ ექნებათ საკვები, თუ მას ჩვენ ვერ ავიღებთ“. მაშინ სარდალთა საბჭო შეიკრიბა და ქსენოფონტმა ჰკითხა მათ: „რა უშლით ხელთ ელინებს სიმაგრეში შეჭრაში?“
ხირისოფმა უპასუხა: „მას მხოლოდ ერთი მისადგომი აქვს, ის რომელსაც თქვენს წინ ხედავთ. როგორც კი მასზე გავლას შეეცდები, მტრები უმალ აგორებენ ლოდებს, ისვრიან ქვებს და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ რა მდგომარეობაში აგდებს ისინი ადამიანებს“ და აჩვენა ფეხებმოტეხილი და ნეკნებჩამსხვრეული მეომრები.
მაშინ ქსენოფონტმა თქვა: „როდესაც მათ გამოელევათ ქვები, დარჩება კიდევ ჩვენს გზაზე წინააღმდეგობა სიმაგრეში შესაჭრელად? ჩვენ წინააღმდეგ ხომ მხოლოდ ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფია, რომელთაგან მხოლოდ ორს ან სამს აქვს თან იარაღი. გამაგრებული ადგილი, როგორც ხედავ, მდებარეობს ჩვენგან 3,5 პლეთრზე (108 მ), რომელიც უნდა გავიაროთ ნასროლი ქვების წვიმაში. ამ გზაზე ჩვენგან გზის 2/3-ზე არის ერთმანეთთან დაშორებული დიდი ფიჭვის ხეები და მათ უკან დამალული მეომრებს არაფერი დაუშავდებათ. დანარჩენი 1,5 პლეთრი (47 მ) უნდა გავირბინოთ, როდესაც შეწყდება ქვების სროლა“.
ხირისოფმა უპასუხა: „მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც კი წინ წავალთ, მაშინვე წამოვა ჩვენსკენ დიდი რაოდენობით ქვები“.
ქსენოფოტმა უპასუხა: ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ასეთ შემთხვევაში მათ მალე გამოელევათ ქვები. ახლა დავიძრეთ მიზნამდე“. მაშინ ელინთა არიერგარდს გაუძღვნენ ქსენოფონტე, ხირისოფი, კალიმახ პარასიელი, რომელიც მეთაურობდა არიერგარდის ლოხაგებს. დანარჩენი ლოხაგები დარჩნენ უსაფრთხო ადგილას. მათგან 70 კაცი გამოეყო და ფრხილად გათითოკაცებულნი მივიდნენ ფიჭვის ხეებამდე. ამ დროს კალიმახმა ხერხი იხმარა. იგი ხის სამალავიდან 2–3 ნაბიჯით წინ გამოიჭრებოდა და როდესაც მისადმი ქვებს დაუშენდნენ /ერთ ჯერზე 10 ქვა მაინც მოდიოდა/ უკან გამოიქცეოდა. ტაოხებს თანდათან ქვები ელეოდათ. აგასიუს სტიმფალელი, რომელიც შორიდან ადევნებდა კალიმახის ქცევას, იფიქრა, რომ როდესაც ქვები გამოილეოდა, იგი პირველი შეიჭრებოდა სიმაგრეში და მთელი დიდება მას ერგებოდა, ამიტომ სწრაფად გაიჭრა წინ. ამის დანახვაზე განრისხებულმა კალიმახმა ხელი წაავლო მის ფარს და არ უშვებდა. ამ დროს მათ გადაასწრეს არისტონიმ მეტედრეეელმა ევრილოხ ლუსელმა /ორივე აგასიუსის მეგობრები იყვნენ და როდესაც აგასიუსი წინ გაჭრა დაინახეს უკან დაედევნენ/. მაშინ აგასიუსი და კალიმახიც გამოედევნენ მათ. ამასობაში ქვების სროლა ფაქტიურად შეწყდა და ოთხეულმა შეაღწია სიმაგრეში. მაშინ ელინების წინაშე გადაიშალა საშინელი სანახაობა. ქალები ისროდნენ ქვემოთ თავის ბავშვებს და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენ კლდიდან უფსკრულში. მამაკაცებიც ასევე იქცეოდნენ. ლოხაგოსმა (ელინთა ჯარის ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსმა) ენეოს სტიმფალიელმა დაინახა ერთი ლამაზ ტანსაცმელში ჩაცმული ტაოხი, რომელიც მორბოდა და, ჩანს, აგრეთვე, კლდიდან გადავარდნას ლამობდა. მან სტაცა მას ხელი, რათა ხელი შეეშალა მისთვის გადავარდნილიყო, მაგრამ ტაოხმა ისიც თან გადაიტანა და ორივენი გადაეშვნენ კლდიდან და დაიღუპნენ. აქ ძალიან ცოტა ადამიანი იქნა ტყვედ ხელთგდებული. სამაგიეროდ სტუმრებმა ბევრი რქოსანი პირუტყვი, სახედრები და ცხვრები იგდეს ხელთ.
ტაოხებიდან დასავლეთით წასვლის შემდეგ ელინებმა გაიარეს ხალიბების ქვეყანა და დაფარეს 7 დღეში 50 ფარსანგი (267 კმ)“.
ქსენოფონტე კოტიორაში სინოპეს ელჩებთან საუბრისას აღნიშნავდა: „ასე მაგალითად კარდუხებს, ტაოხებსა და ხალდეებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან მეფეს (იგულისხმება სპარსეთის მეფე) და მისი ძალიან მრისხანე მტრები არიან“.
თხზულების ბოლოს ქსენოფონტე აჯამებს თუ რომელი ქვეყნები გაიარა და წერს: მეთაურები (სპარსეთის) სამეფო ოლქებისა, რომლებიც ჩვენ გავიარეთ იყვნენ: „ლიდიის არტიმი, ფრიგიის არტაკამი, ლიკაონიისა და კაპადოკიის მითრიდატე, კილიკიის სიენესიი, ფინიკიისა და არაბიის დერნი, სირიისა და ასირიის ველესიი, ბაბილონის როპარი, მიდიის არვაკი, ფასიანებისა და ჰესპერიტების (ჰესპერ = დასავლეთს, ე.ი. დასავლეთ არმენები) ტირიბაზი, პაფლაგონიის კორილა, ბითინიის ფარნავაზი და ევროპული თრაკიის სებთი; – კარდუხები, ტაოხები, ხალიბები, ხალდები, მაკრონები, კოლხები, მოსსინიკები, კოიტები (?) და ტიბარენები არიან დამოუკიდებელი ტომები.
დიოდორე სიცილიელი ქსენოფონტეს ლაშქრობის მოკლედ მოთხრობისას ტაოხებს „ხაოჲ“-ს სახელით მოიხსენიებს. იგი უნდა უდრიდეს ჰეკატეოს მილეტელის ხოჲებს, რომლებიც ბექეირიკას მეზობლად ცხოვრობდნენ და მათ აღმოსავლეთიდან დიძერები ესაზღვრებოდნენ. ახ.წ. II ს. ბერძენი ისტორიკოსის აპიანე კი ტაოს უკვე „ხოტენე“-ს უწოდებს.
ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს ცნობების შეპირისპირებით დგინდება: 1. ტაოხები იყვნენ მრავალრიცხოვანი, თავისუფლების მოყვარე და მეომარი ხალხი; 2. ტაოხები არ შედიოდნენ არცერთ სატრაპიაში, შედეგად არც ხარკს უხდიდნენ მათ და არც მათ კანონებს ემორჩილებოდნენ. მხოლოდ ფულის გადახდის შემდეგ სპარსელთა დაქირავებულ ლაშქარში მსახურობდნენ; 3. ქსენოფონტემ გაიარა ტაოხების ქვეყნის სამხრეთ (მთიანი) ნაწილი, სადაც ტაოხთა მთიანი სოფლები მდებარეობდა.
ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში „ტაოხების ქვეყანა“ იბერიის სამეფომ შემოიერთა, ძვ. წ. 160-იან წლებში „დიდმა არმენიამ“ დაპყრო და ტაიკი უწოდა. ახ.წ. 59 წელს ტაო იბერიამ დაიბრუნა, თუმცა 299 წელს კვლავ „დიდ არმენიას“ გადაეცა და IV–VII ს-ში მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. აღნიშნულის გამო ტაოში ქართულ მოსახლეობასთან ერთად, განსაკუთრებით იმიერ-ტაოში, სომხურიც გაჩნდა. VIII საუკუნის შუახანებში ტაო კლარჯეთის ერისთავმა ადარნასე ბაგრატიონმა იგდო ხელთ. მისმა შვილმა აშოტ ბაგრატიონმა IX საუკუნის დასაწყისში აქ ტაო-კლარჯეთის საკურაპალატო ჩამოაყალიბა, რომელიც მოგვიანებით „ქართველთა სამეფოდ“ გარდაიქმნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий