четверг, 9 декабря 2021 г.

ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება. ფარნავაზ მეფე (უ. მურღულია)

1. მაკედონელთა შემოსვლა და აზოს მეფობა
ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“-ს და „მოქცევა ქართლისა“-ს მიხედვით
ძვ.წ. IV საუკუნეში აღმ. საქართველოს მოსახლეობას ერთიანი სახელმწიფო ჯერ კიდევ არ ჰქონდა და მოსახლეობა პატარ-პატარა პოლიტიკურ გაერთიანებებში ცხოვრობდა, რომლებსაც მამასახლისები მართავდნენ. მათ შორის ყველაზე გავლენიანი იყო ქ. მცხეთის მამასახლისი სამარა.
„როდესაც გაძლიერდა ალექსანდრე მაკედონელი და დაიპყრა ყოველი ქვეყანა. შემდგომ მოვიდა ქვეყანასა ქართლისასა და იპოვა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლში: წუნდა1; ხერთვისი2 მტკვრისა; ოძრხე მოკიდებული კლდესა ღადოსსა3; თუხარისი4 მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსაც ჰქვია ჭოროხი; ურბნისი5, კასპი6 და უფლისციხე7; ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისი: სარკინე8, ციხე-დიდი9, ზანავი10, უბანი ურიათა (ანუ ებრაელთა); რუსთავი; დედა-ციხე სამშვილდე11; მტვერის-ციხე, რომელიც არის ხუნანი12, ხერკის ქვეყანა13 და კახეთისა ქალაქნი. ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა იპოვა კაცნი სასტიკად მებრძოლნი. გაჰყო ლაშქარი თავისი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა. შემდეგ თვით მიადგა მცხეთას, დაუდგინა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქვემოთ. შემდეგ აზო დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსაც ჰქვია ნასტაკისი14.
ხოლო მტვერის ციხესა და თუხარისსა არა ებრძოლა, რამეთუ ვერ შეძლებდა მათ დაპყრობას. ხოლო სხვანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრა ექვს თვეში. ხოლო სარკინელთა აგინეს ალექსანდრესა. გაუწყრა ალექსანდრე და აღარა ინება ზავი, და ვედრება მათი არა შეიწყნარა, და უთხრა მათ: „ვინაიდან მაგინეთ მე, დაგხოცავთ ყველას“. და მოიცვა ქალაქი სარკინე, ისე რომ ვერ გამოვიდოდა შიგნიდან ერთი კაცი. ხოლო სარკინელთა გაუჭირდათ, რამეთუ იბრძოდნენ თერთმეტი თვე. იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და გახვრიტეს კლდე იგი, სადაც რბილი იყო და ადვილად სახვრეტელი. და გაიკრიფნენ ხვრელსა მას სარკინელნი ღამე, და შეივლტოდნენ კავკასიად, და დატოვეს ცარიელად ქალაქი.
დაიპყრა ალექსანდრემ ყოველი ქართლი, და მოსრა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრა და დაატყვევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევა მათ ზედა ერისთავად სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქვეყანით მაკედონით, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა. ესენი იყვნენ კაცნი ძლიერნი და მხნენი.
და უბრძანა ალექსანდრემ აზონს, რათა პატივს სცემდენ მზესა და მთვარესა და ვარსკვლავთა ხუთთა, და მსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა. რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყველი და მოძღვარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმანცა ასწავლა და ამხილა, არამედ თვით მოიგონა სჯული ესე ალექსანდრემ, მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქვეყანასა სჯული ესე დაუდვა. და წავიდა ალექსანდრე.
აზონმა მოარღვია ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ, და დაუტოვა ოთხი ციხენი, რომელნიც მოსდგმიდნენ პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელიც არის არმაზი; ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხვირისასა; ერთი თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლეთით, მცხეთა მტკვარსა ზედა. და ესენი მომტკიცა, და გაავსო ისინი ლაშქრითა. ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოურღვია ზღუდენი, და დაიპყრო ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთიდან15. და ბერდუჯის მდინარიდან (დებედა) ვიდრე ზღვამდე სპერისა. დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისი-ცა16, და მოხარკე ყვნა დურძუკნი17, სარმატნი18 და ლეკნი.
ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთ-მსახურებად, და შექმნა ორი კერპნი გაცი და გაიმ“. გაცის კერპი ოქროსგან იყო დამზადებული, გაიმ კი – ვერცხლისგან. მათ ჩვილ სეფეწულებს სწირავდნენ: „შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწვად და მტვერი გარდაბნევად თავსა კერპისასა“.
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის მოსაზრებით გაცი და გა(იმ) წყვილი ღვთაებაა. დღემდე ცნობილ ყველა წარმართულ რელიგიაში ღვთაებათა წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა საპირისპირო სქესისანი იყვნენ. ნ. ნიკოლოზიშვილი მიიჩნევს, რომ გაცი მამრობითი სქესის ღვთაება უნდა ყოფილიყო, ხოლო გა მდედრობითისა. ამასთან, სახელი გა უნდა მომდინარეობდეს ძველი ბერძნული მიწის ღვთაების გეა-ს სახელიდან (ბერძნული: Γαία; დიალექტური ფორმები: Γῆ-გე და Γᾶ-გა); მამრობითი სქესის ღვთაების სახელი გაცი უნდა მომდინარეობდეს ასევე ბერძნული სიტყვიდან γήτης/γηίτης – გეტეს/გეიტეს, დიალექტური γάτης – გატეს, რაც „მიწათმოქმედ კაცს“, „მიწის მხვნელ კაცს“ ნიშნავს. მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ხალხის მითოლოგიაში (გამონაკლისია მხოლოდ ეგვიპტური ჰელიოპოლური მითი), მდედრული საწყისი პერსონიფიცირდება მიწის ღვთაებაში, ხოლო მამრული – ცის ღვთაებაში, რომელიც წვიმის, მეხისა თუ მეტეორიტის მეშვეობით ანაყოფიერებს მიწას. საბოლოოდ, ნ. ნიკოლოზიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ გაცი-გას კულტი უნდა ყოფილიყო ელინისტური კიბელა-ატისის მსგავსი, მომაკვდავი და აღორძინებადი ღვთაების კულტი, რომელიც აზომ, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა შემოიტანა ქართლში.
„აზო, ძე არიან-ქართლისა მეფისა (მოქცევა ქართლისა), და მას ებოძა მცხეთა საჯდომად ჰქონდა საზღვარი მას ჰერეთი, და ეგრის წყალი (ღალიძგა), და სომხითი და მთა ცროლისა19.
ხოლო ეს აზო წავიდა არიან-ქართლად, მამისა თვისისა და წამოიყვანა რვა სახლი თავისი და ათი სახლი მამა-მძუძეთანი (ე.ი. ნათესავები), და დაჯდა ძველ მცხეთას და თანა-ჰყავდა კერპნი ღმრთად – გაცი და გაიმ. და ეს იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზო, ძე არიან-ქართველთა მეფისა („მოქცევა ქართლისა“).
იყო კაცი ძნელი, მესისხლე და მოშურნე. ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა: „ყოველმან ქართველთაგანმან რომელსაც ჰქონდეს საჭურველი, მოკალით იგი“. ამიერიდან ვინცავინ გამოჩნდებოდა ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, უმალ მოკლავდნენ. და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა“.
როდის მოხდა ეს და სინამდვილეში ვინ გამოგზავნა აზონი?
ძვ.წ. 334–324 წლებში მაკედონიის მეფე ალექსანდრე III-მ (336–323) ეგეოსის ზღვიდან ინდოეთამდე აზიის დიიდი ნაწილი დაიპყრო და თავისი იმპერიის დედაქალაქად ბაბილონი გამოაცხადა. 323 წელს იგი ახალი ლაშქრობების მზადების პროცესში უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა, რის შემდეგაც იმპერიის რეგენტი გახდა ალექსანდრეს სარდალი პერდიკა.
ალექსანდრეს კავკასიაში არ ულაშქრია. ერთადერთი შეხება კავკასიასთან ალექსანდრე იყო არმენიის სატრაპად მამის მოღალატე მიჰრანის დანიშვნა (331 წ.). მცირე აზიის ჩრდ. ნაწილისა და კავკასიისთვის მოიცალა მხოლოდ პერდიკამ, რომელმაც 323 წელს მიდიის სატრაპს ატროპატს მხარის მხოლოდ ჩრდ-დას. ნაწილი დაუტოვა, რომელსაც ატროპატენა ეწოდა, ხოლო მიჰრანს ჩამოართვა არმენია და თავის სარდალ ნეოპტოლემეოსს (ეპირის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი) მისცა. 322 წელს პერდიკამ დაიპყრო კაპადოკიის სამეფო და თავის სარდალ ევმენეს დაუთმო. მასვე მიუმატა მცირე ფრიგია, დიდი ფრიგია, ლიკია და კარია. ევმენეს უნდა დაქვემდებარებოდა არმენიის სატრაპიც, თუმცა ნეოპტოლემეოსმა ამაზე უარი თქვა, თუმცა ევმენესთან ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა. მაშინ სატრაპობა დაუბრუნეს მიჰრანს. 321 წლის ბოლოს ეგვიპტის სატრაპ პტოლემეოსთან ომში პერდიკა დაიღუპა (ევმენემ ყველაფერი დაკარგა), რითაც იმპერიის ერთიანობა საბოლოოდ დასრულდა და დიადოქოსთა მრავალწლიანი ომები დაიწყო. ამით ისარგებლეს არმენიის სატრაპებმა მიჰრანმა და მისმა ვაჟმა ერვანდმა (317–260) და სრული დამოუკიდებლობა მოიპოვეს. უკანასკნელი არმენიისა და სოფენას მეფის ტიტულსაც კი ატარებდა.
მიუხედავად იმისა რომ ალექსანდრეს ქართლში და საერთოდ კავკასიაში არ ულაშქრია ეს არ უარყოფს ბერძენ-მაკედონელთა ლაშქრობის შესაძლებლობას. ამდენად აღნიშნული ლაშქრობა მართლა შედგა და თუ დავაკვრდებით განვითარებულ მოვლენებს ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, 323–321 წლებში უნდა მომხდარიყო, ქართლის მეზობელ არმენიას როდესაც არმენიას მართავდა ნეოპტოლემეოსი და მას უნდა ჰქონოდა დავალებული აგრეთვე კავკასიაში მაკედონელთა ბატონობის დამყარება. ამდენად აზოს ქართლში მმართველად დასმა დაახლოებით ძვ.წ. 323–322 წლებით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად იგი თავდაპირველად ოდენ სატრაპი უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მის შემდეგ, რაც დიადოქოსთა ომები გაჩაღდა და კავკასიისთვის აღარავის ეცალა, არმენიის სატრაპ მიჰრანთან ერთად აზოსაც თავი მეფედ უნდა გამოეცხადებინა. ამით უნდა იყოს გამოწვეული ქართული წყაროების განსხვავებული ცნობა აზონის სტატუსის შესახებ.
რაც შეეხება აზონის წარმოშობას: „ქართლის ცხოვრებით“ ის არის იარედოსის ძე, ხოლო „მოქცევა ქართლისა“-ს ცნობით არიან-ქართლის მეფე. ისტორიკოსების აზრით იარედი არიანის სახეცვლილი ვარიანტი უნდა იყოს და რეალურად ქვეყნის სახელი უნდა იყოს, რომელიც ლეონტიმ, ანდა მისმა გადამწერმა მამის სახელად აღიქვა. მეტიც: აშკარად გამოგონებული ჩანს აზონის სახელი, რომელიც ბერძენი დამპყრობელი არგონავტების მეთაურის იაზონის სახელიდან უნდა წარმოშობილიყო. არგონავტების სხვადასხვა ვერსიებში ხომ იაზონი არამარტო კავკასიას, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებსაც იპყრობს. ასე რომ ფარნავაზის წინამორბედის სახელი დიდი ალბათობით სხვა უნდა ყოფილიყო.
როგორც აღვნიშნეთ აზოს საქართველოში გაბატონება 323–322 წლებით უნდა განისაზღვროს, რადგან სწორედ ამ დროს დამყარდა მაკედონელთა ბატონობა სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ მეზობელ დიდი არმენიის სამეფოში. აქედან გამომდინარე, რომ ნეოპტოლემეოსის გარდა კავკასიის დასაპყრობად დიადოქოსებს ამ პერიოდში სხვა სარდალი არ გამოუგზავნიათ უნდა ვივარაუდოთ რომ ე.წ. ალექსანდრეს ლაშქრობა სინამდვილეში არმენიის სატრაპ ნეოპტოლემოსის ლაშქრობა უნდა იყოს და აზოც მას უნდა დაეტოვებინა. თუ მოვაცილებთ „არიან-ქართლს“ – „ქართლს“, რომელიც ისტორიკოსს სპეციალურად, პატრიოტულ-იდეოლოგიური კონცეფციიდან გამომდინარე უნდა მიემატებინა, გვრჩება „არიან“, რაც ძალიან ჰგავს „არმიან-არმენიას“. ასე რომ ჩემის აზრით აზო/აზონი „დიდი არმენიის“ მმართველის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

შენიშვნები
1. წუნდას ციხე-ქალაქი იყო ჯავახეთის ცენტრი. მდებარეობს ასპინძის რაიონში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ნაქალაქევისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. ხერთვისის ციხე-ქალაქი მდებარეობს ასპინძის რაიონში, ასპინძიდან 14 კმ-ზე, ფარავნისწყლისა და მტკვრის შესართავში, დღევანდელი ხერთვისის ციხის ტერიტორიაზე.
3. ივანე ჯავახიშვილის აზრით – ამ ლიხის მთას სულ სამხრეთ-დასავლეთისკენ აქვს მიმართულება არჯევანის მთამდე, რომელიც ვითარცა თრიალეთის მთების წვერი აღმოსავლეთით დასავლეთისაკენ მიმდინარე ლიხის მთას დასავლეთით უდგება და იმასთან ერთად ბორჯომის ვიწრო ხეობას ჰქმნის. ამ ადგილიდან მოყოლებული ლიხის მთების მიმართულება ერთბაშად იცვლება და პირს დასავლეთისაკენ იქცევს. ლიხის მთების ამ გაგრძელებას ღადო ერქვა. ლეონტი მროველი ამბობს, რომ ქართლოსის სამფლობელოს მესხეთში ჰქონდა „ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვალს ჰშტოდ კავკასიისაგან და მოჰკიდავს წუერი ღადოსი დასასრულსა (მთისასა), რომელსა ჰქვია ლიხი“.
4. თუხარისის ციხე-ქალაქი მდებარეობდა ტაო-კლარჯეთის საზღვარზე. ვახუშტის ცნობით „ტბეთის პირისპირ, ჩრდილოეთით კერძოდ მდინარის გაღმა, არის ციხე თუხარისი. ბუბა კუდავას მოსაზრებით ციხე-ქალაქი ერკინისთან (Demirkent) მდებარეობს. სავარაუდოდ ის უნდა იყოს დიაოხის ეპოქის უტუხაი.
5. ციხე-ქალაქი ურბნისი მდებარეობდა ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ურბნისის ტერიტორიაზე.
6. კასპის ციხე მდებარეობს კასპის რაიონში, კასპიდან ჩრდილოეთით, 5 კმ დაშორებით, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირის მაღალ მთაზე.
7. უფლისციხის ნანგრევები მდებარეობს გორის რაიონში, გორის აღმოსავლეთით 8 კმ-ზე, სოფ. ქვახვრელის მოპირდაპირედ, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
8. სარკინე ლოკალიზდება მცხეთის დასავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, შიომღვიმის მიდამოებში, ჯოჯოხეთის ხევიდან მდ. ქსნამდე და ნასტაგისამდე, სავანეთის ქედსა და გრძელ მინდორზე.
9. ციხედიდის ციხესიმაგრე მდებარეობდა ახლანდელ სოფელ ძეგვსა და მარტაზისხევს შორის (ახლანდელი მცხეთის რაიონი), მდ. მტკვრის დინების მარჯვენა მხარეს, ციხედიდის ხევში.
10. ზანავი დღეს სოფელი ბორჯომის რაიონში (ყვიბისის თემი). ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ბორჯომიდან 9 კილომეტრზე.
11. ციხე-ქალაქი სამშვილდეს ნანგრევები მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დღევანდელი სოფ. სამშვილდის მახლობლად. თეთრიწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ის დაშორებით, მდ. ქციისა და ჭივჭავის შესართავს შორის წარმოქმნილ მაღალ კონცხზე.
12. ხუნანის ციხე-ქალაქის ნანგრევები მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდ. თაუზჩაის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იქ, სადაც მტკვრის პირას აღმართულია მთა „თოფრახ-კალა“, რომლის სახელწოდებაც ზუსტი თურქული შესატყვისია ხუნანის მეორე სახელწოდებისა – „მტვერის ციხე“, რაც ნიშნავს ალიზით, მიწით ნაგებ ციხეს. ასე უწოდებს ხუნანს ქართლის. ნაქალაქარი ხუნანი ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მდებარეობს თაუზის რაიონში, ქ. თაუზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 22 კმ-ის დაშორებით.
13. „ხერკის ქვეყანა“ მდებარეობდა მდ. არაგვის დინების სამხრეთით მარცხენა მხარეს (ახლანდელი მცხეთისა და დუშეთის რაიონების ტერიტორიის ნაწილი). ხერკი იგივე საგურამოს ან თეზმის ხევია. ვახუშტი ბატონიშვილის ლოკალიზაციით აღმოსავლეთით საზღვრავდა ერწოს მთა, სამხრეთით – ზედაზნის მთა, ჩრდილოეთით – ნიკორნა-ბოკოწანს შორის მდებარე მთები, დასავლეთით – მდ. არაგვი. ხერკის ცენტრი იყო ზედაზნის ციხე. ანტიკურ ხანაში ხერკი მუხრანთან ერთად მცხეთის „სამოქალაქოს“ (მცხეთის საგამგებლო რეგიონი) ქმნიდა.
14. ნასტაკისი მდებარეობდა მცხეთის რაიონში, თანამედროვე ნასტაკისის ველზე, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მდ. ქსნის შესართავთან. ნასტაკისის ველს ჩრდილოეთიდან საზღვრავს სავანეთის ქედი, სამხრეთიდან მდ. მტკვარი, დასავლეთიდან მდ. ქსანი, აღმოსავლეთიდან ნასპარსევის ხევი.
15. ლეონტის ცნობით: „ჰერეთის მხარეში შედიოდა ქვეყანა მტკვრისა ჩრდილოეთით, მცირისა ალაზნისა (იორი) შესართავიდან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქვია გულგულა. ცენტრი მხარისა აშენებულ იყო შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა და ეწოდა სახელი ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქვია ხორანთა“.
16. ამ დროს არსებობს კოლხეთის სამეფო, რომელიც ალბათ მართლა დაემორჩილა მაკედონელთ. ეგრისი კოლხეთის სამეფოს მხოლოდ ერთ ნაწილს ერქვა (იხ. ზემოთ „ძველი კოლხეთის სამეფო“), თუმცა ქართულმა წყაროებმა მხოლოდ ეს სახელი შეინარჩუნა და არა კოლხეთის სამეფო.
17. დურძუკები ანუ ძურძუკები, თანამედროვე ვეინახთა (ჩეჩნების, ინგუშებისა და ბაცბების საერთო სახელწოდება) წინაპრები.
18. სარმატები ირანულენოვანი მომთაბარე ტომთა დიდი გაერთიანება, რომლებიც ძვ.წ. IV საუკუნიდან ახ.წ. IV-მდე ცხოვრობდნენ სამხრეთ ურალიდან და დას. ყაზახეთიდან მდ. დუნაიმდე. ძვ.წ. IV საუკუნისთვის მათ დაიკავეს თანამედროვე უკრაინისა და ჩრდილოეთ კავკასიის დიდი ნაწილი. მათ ხშირად საომრად ქირაობდნენ როგორც ქართლის, ისე პართიისა და რომის ხელისუფლები. ახ.წ. I საუკუნეში ისინი რამდენიმე ტომად გაიყვნენ: აორსები, სირაკები, როქსოლანები, იაზიგები, ალანები. ალანთა შთამომავლებს წარმოადგენენ თანამედროვე ოსები.
19. ცროლის მთა მდებარეობს ხევსურეთში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 3955 მ.

2. მეფე ფარნავაზი (დაახლ. 298–233)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსაც ერქვა სახელი ფარნავაზ (სპარსულად – „უბრწყინვალესი“, „დიადი“, „ხელბედნიერი“, „მჭერმეტყველი“). ეს ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმისწული სამარისი, რომელი მოსლვასა მას აზონისა მცხეთელ მამასახლისი ყოფილიყო.
ესე სამარა და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო აზონისგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წაეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და იქ აღზრდილიყო.
როდესაც გახდა ფარნავაზი ოცისა წლისა წამოვიდა და მოვიდა მცხეთად მამულსა თვისსა და შეეწყნარა აზონს, მაგრამ არ განუცხადა აზონს თუ ვისი ძე არის იგი.
ეს ფარნავაზი იყო კაცი გონიერი, მხნე, ახოვანი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი, სწრაფი და ცქვიტი. ხოლო მონადირეობითა მისითა გაეცნო აზონისა, და შეიყვარა იგი აზონმან მონადირეობისათვის, ფრიად სიკეთისა მისისათვის, და პატივს უყოფდა მას.
ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: „შვილო ჩემო, ერიდე აზონს და ნუ გამოაჩენ თავისა შენისა სიკეთესა, თორემ მოგკლავენ შენ“.
იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. როდესაც გამრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, უთხრა ფარნავაზს დედამან მისმან: „შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წამიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერიდე შენ ცოცხალი ხელისაგან აზონისა“.
დაამტკიცეს განზრახვა ესე, წასლვა ასპანისა. უჭირდა ფარნავაზს დატოვება საყოფელსა მამათა მისთასა, მაგრამ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წასლვა. მაშინ იხილა ფარნავაზმა სიზმარი, როცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულებოდა გასლვა და ვერ გავიდა.
მაშინ შემოვიდა სარკმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და გაიყვანა სარკმელსა მას. და როდესაც გავიდა ველად, იხილა მზე ქვე-მდაბლად, მიჰყო ხელი მისი, მოხოცა ცვარი პირსა მზისასა და იცხო პირსა მისსა. გაიღვიძა ფარნავაზმა და გაუკვირდა, და თქვა: „სიზმარი არის ეს, მე წავალ ასპანს, და იქ კეთილსა მივეცემი“.
ხოლო მას დღესა შინა გავიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდნენ ირემნი ხევთა შინა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ გაიარა ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; ამ დროს შეღამდა და დაჯდა ირემსა მის თანა, რათა დაეყო იქ ღამე და დილას წასულიყო.
ხოლო კლდისა მის ძირსა გამოქვაბული იყო, რომლის კარი ამოქოლილ იყო ქვითა ძველად, და სიძველითა შეჰქმნოდა დარღვევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წვიმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზმა ამოიღო ჩუგლუგი (მცირე წერაქვი) და გაარღვია კარი გამოქვაბულისა მის, რათამცა იქ შიგა შეფარებოდა წვიმისაგან, და შევიდა გამოქვაბულსა მას. და იხილა იქ შინა განძი ურიცხვი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა ურიცხვი.
ფარნავაზს გაუკვირდა და აივსო სიხარულითა. მოაგონდა სიზმარი და ამოკეტა კარი გამოქვაბულისა ეგრეთვე. მსწრაფლ წამოვიდა და უთხრა დედას თვისსა და ორთა დათა მისთა. და მასვე ღამესა წამოვიდნენ სამივე სახედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯვითა თვისითა. ხოლო როდესაც გათენდებოდა, კვლავ ამოქოლავდნენ კარსა გამოქვაბულისა მის. ასე გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამეში და დაიგულეს სიმარჯვითა.
ფარნავაზმა წარგზავნა მონა თავისი ეგრისის მმართველ ქუჯის თანა და შეუთვალა: „მე ვარ ძმისწული სამარა მამასახლისისა, და არის ჩემთან განძი დიდძალი. აწ ინებო, რათა ამ განძითა მოვიდე შენთანა, და ვიყვეთ ჩვენ ძმა და ვიხმაროთ ჩვენ განძი იგი ორთავე. გამოვჩნდეთ ჩვენ მტერად აზონსა, და სვემან ჩვენმან მოგვცეს ჩვენ ძლევა კეთილი“.
მაშინ გაიხარა ქუჯიმ სიხარულითა დიდითა და შემოუთვალა: „აღდეგ და მოხვედ ჩემ თანა, და ნუ დაიშურებ განძსა შენსა, და ხვასტაგითა შენითა გაამრავლე სპანი შენი ვიდრე გამოვჩნდებით მტერად აზონისა. მაშინ გაიხარონ ყოველთა ქართველთა აწყვედილთა მისგან და მიწყვდეულთა. და ვგონებ, რომელ აზონის ხალხთაგანცა შემოგვიერთნენ. რამეთუ ურიცხვნი აწყვედილ არიან მათგანნიცა აზონისგან“.
მაშინ ფარნავაზ ფარულად წავიდა სიხარულითა, რომელიც შესაძლებელ იყო განძისა მისგან წაიღო თან, და დედაცა და დანი მისნი მისთანა. მივიდა ქუჯისთან და უთხრა მას ქუჯიმ: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ განძსა შენსა, რათა გავამრავლოთ სპანი; და უკეთუ მოგვეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი“.
მაშინ ეზრახნენ და შეიერთეს სარმატნი და ლეკნი. ხოლო მათ გაიხარეს, რამეთუ სძულდათ მათ სიბოროტისათვის და არ სურდათ ხარკისა მიცემა აზონისათვის და გამოიყვანეს სარმატნი და ლეკნი და განიმრავლნეს სპანი. ეგრისში შეიკრიბნენ ურიცხვი სპანი და მომართეს აზონს. ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თვისთა და შემოიკრიბა.
ამ დროს ათასი მხედარი რჩეული, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგნენ აზონს და მოვიდნენ წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგნენ აზონს. ხოლო სპანი რომელიც დარჩა აზონს, ვეღარ მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. იხილა რა აზონმან, რომელ ვერღარა ძალ-ედვა წინააღმდეგობა ფარნავაზისა, ვინაიდან განუდგნენ თავისი მხედრობანიცა და ერნი ქართლისანი, ივლტოდა ჯავახეთად და მივიდა კლარჯეთს, გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა და ყოველი სიმდიდრენი თვისნი შეიტანა სიმაგრეთა მისთა შინა“. ეს ამბავი ძვ.წ. 298 წელს უნდა მომხდარიყო.
„მაშინ მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრო ოთხი იგი ციხენი მცხეთისანი. და მასვე წელიწადსა შინა დაიპყრო ყოველი ქართლი გარდა კლარჯეთისა. ფარნავაზმა გაგზავნა მოციქულნი წინაშე მეფისა სელევკოს დიდსა („სელევკიდური სირიის“  დამაარსებელი სელევკ I ნიკატორი. 312–281), გაუგზავნა ძღვენი დიდძალი, აღუთქვა მას მსახურება და ითხოვა მისგან შეწევნა აზონთან ომში. ხოლო სელევკოსმა შეიწყნარა ძღვენი მისი, უწოდა შვილი თვისი, გამოუგზავნა სამეფო გვირგვინი და უბრძანა მეფეთა სომხეთისათა (ე.ი. დიდი და მცირე არმენიების მეფეებს), რათა შეწეოდნენ ფარნავაზს. ფარნავაზმა დაიდგა თავზე გვირგვინი და იწოდა მეფედ იბერთა.
ხოლო წელსა მეორესა აზონმა შემოიერთა სპანი საბერძნეთისგან (ალბათ დახმარება ანტიგონე ცალთვალას ვაჟ დემეტრესგან მოუვიდა, რომელიც სელევკ ნიკატორს მტრობდა), გაძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზმა გაამრავლა მხედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უხმო ქუჯის და სარმატთა. და შეიკრიბნენ ესე ყოველნი, და მოერთნენ სომხეთის მეფენი. და ესე ყოველნი შეიკრიბა ფარნავაზთან და მიეგება მხარესა არტანისა, რომელსაც ერქვა ქაჯთა ქალაქი, იგივე ჰური. მოეწყვნენ იქ და იქნა ბრძოლა დიდი. მოსწყდნენ ორივესგან ურიცხვი. ხოლო იძლივნენ აზოს მებრძოლნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხვნი სპანი მათნი მოსრეს და ტყვედ ქმნეს.
წავიდა ფარნავაზ და მოარბია საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა, მივიდა კლარჯეთს, და წამოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა“.
„ეს იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზო, ძე არიან-ქართველთა მეფისა, და მოკვდა. შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხვირსა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ქვია არმაზ“ – გვამცნობს „მოქცევა ქართლისა“.
ანძიაძორა იგივე ანძორეთი ეკლეცის ანუ აკილისენას დასავლეთით მდებარეობდა და უნდა ყოფილიყო დარანალის ანუ ანალიბას მხარე, რომლის მთავარი ქალაქი  იყო ანი („ძორ“ ხეობას ნიშნავს, შესაბამისად ანძიაძორ-ანძორეთი ანის ხეობას, ანუ ანის მხარეს ნიშნავს) ანუ თანამედროვე კემაჰი მდ. კარა-სუზე. ეკლეცი იგივე აკილისენა, მდ. კარა-სუზე, დღევ. თერჯანის მხარის აღმოსავლეთით მდებარეობდა. თერჯანი თავის მხრივ ძველი დერჭანი ანუ დერქსენე/ქსერქსენეა. როგორც ჩანს ეს მხარეები დემეტრე ანტიგონიდს ეკუთვნოდა ამ დროისთვის.
ლეონტი განაგრძობს: „დაიპყრა ფარნავაზმა კლარჯეთი და წამოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხვასტაგი აზონის-ცა, და იქმნა სიმდიდრე ურიცხვი.
ფარნავაზმა მისცა და თვისი სარმატთა მეფესა ცოლად, და მეორე და თვისი მისცა ქუჯის ცოლად.
3. საერისთავოებად დაყოფა
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა (შავი ზღვა). ქართლს ჰქონდა ციხენი: ორბისა, რომელსაც აწ ჰქვია სამშვილდე, მტვერის-ციხე, რომელსაც აწ ჰქვია ხუნანი, დედა-ციხე და ბოსტან-ქალაქი, რომელსაც აწ ჰქვია რუსთავი“. ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგრისსა ზედა. განამრავლა მხედარნი, განაწესა ერისთავნი რვანი და სპასპეტი.
მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღვითგან მთამდე, რომლის შინა არის ეგრისი და სვანეთი, და დაამტკიცა იგი ერისთავად იქ. ქუჯიმ ააშენა ციხე-გოჯი1.
მეორე გაგზავნა მარგვის (არგვეთის) ერისთავად, და მისცა მცირე მთიდან, რომელიც არის ლიხი, ვიდრე საზღვრადმდე ეგრისისა, რიონს ზემოთ“. არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე. „და ამან-ვე ფარნავაზ ააშენა ორი ციხენი, შორაპანი2 და დიმნა3“.
მესამე გაგზავნა კახეთის ერისთავად, და მისცა არაგვიდან ვიდრე ჰერეთამდე, რომელიც არის კახეთი და კუხეთი“.
კუხეთი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, არაგვიდან და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჟინვალიდან – მდ. იორამდე და გარეჯის უდაბნომდე ვრცელდებოდა. ცენტრი ქ. რუსთავი (ბოსტანქალაქი). ცნობილია აგრეთვე სხვა ცენტრებიც – კაწარეთი და ბოდი. 
კახეთის მხარეში შედიოდა ტერიტორია კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსაც აწ ჰქვია გულგულა4 და არის საზღვარი ჰერეთისა. კახეთში შედიოდა ციხე ჩელეთი5 (ჟალეთის) ციხე.
მეოთხე გაგზავნა ხუნანის ერისთავად, და მისცა ბერდუჯის (დებედა) მდინარიდან (და მდ. პასანსუდან) ვიდრე მცხეთამდე და გაჩიანამდე (მდ. ძეგამჩაიმდე), რომელიც არის გარდაბანი (იგულისხმება ისტორიული მხარე და საერისთავო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დღევანდელ ქალაქ გარდაბანთან).
გარდაბანის მხარეს ჰქონდა ციხე ხუნანი და ედო საზღვარი: აღმოსავლეთით მდინარე ბერდუჯისი; დასავლეთით ქალაქი გაჩიანი; სამხრეთით მთა, რომელიც მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელიც მიჰყვების დასავლეთით კერძო, რომლისა წყალი გადმოდის ჩრდილოეთით კერძო და მიერთვის მტკვარსა; ჩრდილოეთით მტკვარი. ე.ი. გარდაბანი მოიცავდა მდინარეების ძეგამჩაის, თოუზჩაის, აღსთაფჩაის აუზებს (დღევ. აზერბაიჯანის ტერიტორია) და ქციის და ალგეთის უკიდურესი ქვემო წელის ველს (დღევ. საქართველოს ტერიტორია). ამ ტერიტორიაზე არსებობდა ჯერ ხუნანის, შემდეგ გაგის საერისთავოები.
მეხუთე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად, და მისცა სკვირეთის მდინარიდან (მდ. ვერე) ვიდრე მთამდე, რომელიც არის ტაშირი და აბოცი. მასში იყო ორი ციხე-ქალაქი: გაჩიანი, რომელსაც მაშინ ერქვა სანადირო ქალაქი (სავარაუდოდ მდინარეების მაშავერ-ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა) და ორბის ციხე (ანუ სამშვილდე).
აბოცი ჯავახეთის სამხრეთით მდებარეობდა და ვითარცა მესხეთისა და ქვემო-ქართლის შუა მდებარე თემი ზოგჯერ მესხეთს ეკუთვნოდა. მაგრამ ხშირად XVII–XVIII ს-ში განსაკუთრებით ქვემო-ქართლის საზღვრებში იყო მოქცული.
აბოცს ვახუშტი ასე ახასიათებს: „ახლა ყაიყული ეწოდება. იგი გამოხვეულია სრულიად მთითა და შუაში ვაკეა. აბოცს ტაშირისაგან იმგვარადვე, როგორც ბერდუჯს, ანუ დებედას ბამბაკისაგან, ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული. მას ჩრდილო-სამხრეთით აქვს მიმართულება, „მდებარეობს სამხრეთიდან ჩრდილოეთით კერძ“. მაღალია, მარადის თოვლიანი და უტყეო და კალთათა ბალახოვანი“. დასავლეთ-სამხრეთით აბოცს სამზღვრად აღაბას მთა ჰქონდა, რომელიც ერთის მხრით ტბა „პალაკაციოს (ჩილდირი) და აბოცს“ შორის მდებარეობდა და ამასთანავე იყო „საზღვარი ქართლისა და ყარსისა ვიდრე თეთრციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა“.
ამ აბოცში მდებარეობდა „ყაზანჩი“, რომელიც „იყო ქალაქი მცირე“. ორივე სახელი ყაიყული და ყაზანჩიც ვითარცა ნაშთი ეხლაც არის საგეოგრაფიო სახელად შენახული რუკაზე. „ყაიყული-ყაზანჩის“ სახით სწორედ ყარაღაჯის ქედსა და აღაბაბის მთას შორის მდებარე მაღლობ ვაკეზე.
მაშასადამე, აბოცის სამხრეთის სამზღვარი იწყება იქ, სადაც ირჯინის ანუ ყარადაჯისა და ბერდუჯის (ბეზობდალის) მთების შესაყარია აქეთგან ხაზი მიდის ბაბას მთების ქედ-ქედ დიდ აღბაბის მწვერვალამდე, შემდეგ უკვე საკუთრი მესხეთის საზღვარი იწყება და იმ ძველად ყარსის მთებად წოდებული მთავარი წყალთგამყფელი მთების ქედს მისდევს, რომელიც მტკვრისა და ჭოროხის შემდინარეების აუზს არეზის აუზისაგან ჰყოფს და რომელნიც ამ ჟამად ჯერ ყარსის გუბერნიის არტაანის ოლქისა და ხოლო მერმე ოლთისის ოლქის სამხრეთ აღმოსავლეთს სამღვარს ჰქმნის. შემდეგ სამზღვარი მიდის ძველ დროს ირიჯლუს მთებად წოდებულ ჭოროხისა და არეზის შემდინარეების წყალთგამყოფელი მთების ქედზე, მერმე ჩრდილო-დასავლეთით უხვევს, სანამ ლაზისტანის საზღვარს არ მიადგება.
ტაშირი ქვემო ქართლის განაპირა კუთხე იყო. იგი შემოსაზღვრული იყო ლოქის, ლელვარის, ყარაღაჯის და ბამბაკის მთებით, მოიცავდა ტაშირისწყლის ხეობას. ეს მხარე ხშირად XI საუკუნიდან ლორედ იწოდებოდა, რადგან ცენტრი ლორის ციხე იყო.
მეექვსე გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფარავნის ტბიდან ვიდრე თავამდე მტკვრისა, რომელიც არის ჯავახეთი, კოლა (ანტიკური წყაროების ხორძენე) და არტანი6. მასში იყო ორი ციხე-ქალაქი: წუნდა და ქალაქი არტანისა (ე.ი. არტანის მხარის ქალაქი), რომელსაც მაშინ ერქვა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვია ჰური7.
მეშვიდე გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტაშისკარიდან8 ვიდრე არსიანამდე, ნოსტის9 თავიდან ზღვამდე, რომელიც არის სამცხე და აჭარა. ოძრახეს მხარეში შედიოდა ტაშისკარიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა, ქვეყანა კლდოვანი. აგრეთვე ორი ციხე-ქალაქნი: ოძრხე10 და თუხარისი.
მერვე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანიდან სპერის ზღვამდე.
კლარჯეთის საერისთავოში ანტიკურ ხანაში შედიოდა კლარჯეთი, შავშეთი (ვიდრე არსიანის მთამდე), ნიგალი, ტაო (პარხალით), ქვემო სპერი, ზღვისპირა კლარჯეთი ანუ „ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი“ (ეკექეირების ყოფილი ტერიტორია, ადრე შუა საუკუნეებიდან ჭანეთის ნაწილი). VIII საუკუნისთვის კლარჯეთის საერისთავო უკვე მხოლოდ საკუთრივ კლარჯეთს მოიცავს.
მეცხრე დაადგინა სპასპეტად და მისცა მცხეთიდან და არაგვიდან ვიდრე ტაშისკარამდე და ფარავნამდე, რომელიც არის შიდა-ქართლი. შედიოდა ციხენი: უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდა ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქვეშ, ადგილთა და ადგილთა, დასვა სპასალარნი და ათასისთავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო“.
ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა მცხეთიდან და არაგვითგან ვიდრე ტაშისკარამდე და ფარავნამდე, რომელიც არის შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდა ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქვეშ, ადგილთა და ადგილთა, დასვა სპასალარნი და ათასისთავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო“.
საერისთავოები ეთნო-ტომობრივი ადმინისტრაციული ერთეულები იყვნენ და ერისთავებიც ადგილობრივთა ლიდერებს ანუ ყოფილ მამასახლისებს წარმოადგენდნენ. საერისთავოები ხევებად იყოფოდა,  რომელთა მმართველებს მამასახლისები ეწოდებოდა. ერისთავებს ჯარისა და სამეფო გადასახადების შეგროვება და საერისთავოში წესრიგის შენარჩუნება ევალებოდათ. მათ ემორჩილებოდათ უფრო დაბალი თანამდებობის პირები – სპასალარები, ათასისთავები და ციხისთავები.
მოგვიანო ხანაში ჩამოყალიბდნენ განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე ერისთავები – პიტიახშები. ისინი, როგორც წესი სასაზღვრო მხარეების მმართველები იყვნენ.
სპასპეტი მეფის მოადგილე იყო. იგი წარმოადგენდა შიდა ქართლის ერისთავს, ერისთავთა უფროსს, მთელი ქვეყნის სარდალსა და მთავარ მოსამართლეს.
სპასპეტის შემდეგ ძალაუფლებით მოდიოდა ეზოსმოძღვარი. იგი განაგებდა სამეფო შემოსავალს, ანუ ორგანიზებას უწევდა სამეფო ხარკის აკრეფას. ამასთან მონაწილებდა ბრძოლებში, როგორც ერთ-ერთი დანაყოფის სარდალი.
ლეონტი განაგრძობს: „ასე განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა. და მოიყვანა ცოლი დურძუკელთა.
ფარნავაზმა მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ, და ყოველი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოხრებულნი აზონისგან, ამან ააშენა.
ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა: ეს არის არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა. აღმართა კერპი იგი არმაზი11 (სპილენძის კაცი) თავსა ზედა ქართლისასა, გაც-ისა და გაიმ-ის წინ. და ამიერიდან ეწოდა არმაზი კერპისა მისთვის. და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მისთვის აღმართებულისა. მას ოქროს ჯაჭვის პერანგი ეცვა, თავზე ოქროს მუზარადი ეხურა, თვალები ზურმუხტისა და ბივრილის ჰქონდა, ოქროსავე სამხრეები ეკეთა, ხელში კი ხმალი ეჭირა.
ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამოცდახუთ წელს მეფობდა (ე.ი. 298–233 წლებში) ნებიერ. და მსახურებდა იგი მეფეთა სელევკიდთა. და ყოველნი დღენი მისნი, რაც დაჯდა, მშვიდობით დაყო და ააშენა და გაავსო ქართლი.
ხოლო თვენი გაზაფხულისა და შემოდგომისა დაყოფდა მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თვეებსა ზამთრისა დაყოფდა გაჩიანს; ხოლო თვეებსა ზაფხულისა – წუნდას. და ჟამითი-ჟამად მივიდოდა ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხავდა ეგრელნის და კლარჯნის, და განაგებდა ყოველი საქმე დაშლილს.
ხოლო იგი ათასნი მხედარნი, რომელნიც აზონისგან მოერთნენ ფარნავაზს, ისინი გაანაწილა ხევთა და ქვეყანათა შინა, იპყრა ისინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა დამხმარედ იყვნენ. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.
იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათვის ფარნავაზისსა და იტყოდნენ ამას ყოველნი: „ვმადლობთ სვესა ჩვენსა, რამეთუ მოგვცა ჩვენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩვენთასა და აღგვიხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ეს ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქველითა, სიმხნითა და სიმდიდრითა.
ესვა ძე და უწოდა სახელი საურმაგ (სპარსულად ნიშნავს „შავხელა“-ს).
ეს ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა გარდა ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული. მოკვდა ფარნავაზი და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა“.

შენიშვნები
1. ციხე გოჯს მოგვიანებით ბერძნებმა არქეოპოლისი (ძველი ქალაქი) უწოდეს, რადგან მისი სახელი არ იცოდნენ. დღეს მისი ნანგრევები ქ. სენაკის რაიონში, სენაკის ჩრდ-აღმ-ით 17 კმ-ზე, მდ. ტეხურის სანაპიროებზე, სოფელ ნოქალაქევში მდებარეობს. არქეოლოგიური მასალებით დგინდება, რომ ე. წ. ციხეგოჯი არაუგვიანეს ძვ. წ. V საუკუნეში უნდა დაარსებულიყო და მისი სახელი „ჯიხა ქუინჯი“ უნდა ყოფილიყო, რაც მეგრულ-ლაზურად ციხის ძირს ნიშნავს. ასე რომ სრულიად შესაძლებელია ლეონტის ფარნავაზის თანამედროვე კოლხი ლიდერის სახელი არც სცოდნოდა და ვარაუდით გამოეგონებინა: ჯიხა-ქუინჯი – ციხე ქუინჯი – ციხე ქუჯი – ციხე-გოჯი.
2. შორაპნის ციხე მდებარეობს ზესტაფონის რაიონში, მდ. ყვირილასა და ძირულას ხეობებში, მათ ხერთვისთან, დღევანდელი დაბა შორაპნის ტერიტორიაზე.
3. ვახუშტის ცნობით „ხანის წყლის აღმოსავლეთით და ყვირილის მდინარის სამხრეთით, ფერსათის კალთას, არის დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არის დაბა“. სოფელი დიმი მდებარეობს ბაღდათის რაიონში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ნაპირზე.
4. დღევ. სოფელი გულგულა თელავის რაიონში, თელავიდან 6 კმ-ზე, ალაზნის ვაკეზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს.
5. ჩელეთი ვახუშტის აზრით მოგვიანო ხანის ჟალეთია კახეთის პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცენტრი. მდებარეობდა მდინარე ივრის შუაწელზე, ამჟამად დაბა სიონის წყლით დატბორილ მიდამოებში.
6. არტანი, არტაანი – ისტორიული მხარე მესხეთის ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. იგი მოიცავს მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს. მისი თურქული ფორმაა არდაჰანი. თავდაპირველად არტანი მხარის სახელწოდება იყო. პირველად ამ მხარის სახელს მოიხსენიებს პტოლემეოსი (87–165) და უწოდებს მას „არტანისა“-ს.
7. როგორც ირკვევა ქალაქი არტაანი შუა საუკუნეებში უნდა დაარსებულიყო. რაც შეეხება ისტორიული მხარე არტანის ცენტრს: ქ. ჰური მართლაც არსებობდა მოყოლებული ქრისტეშობამდელი პერიოდიდან. დღევანდელი არდაჰანის ვილაიეთის სოფელ ალთაშთან, არდაჰანის ჩრდ-აღმ-ით. აქ დღემდეა შემორჩენილი უძველესი ციხე-სიმაგრე ჰურის ნანგრევები და უფრო ძველი ნასახლარის/ნაქალაქარის კვალი. ერქვა თუ არა ჰურს უფრო ძველად ქაჯთა ქალაქი ძნელი სათქმელია, ფაქტი კი ერთია: ჰურის აღმოსავლეთით, დაბა ჩილდირის ჩრდილოეთით, სოფელ ილდირიმთეფესთან დღემდე ამაყად დგას უძველესი ციხე-სიმაგრე ქაჯის ციხე.
8. ისტორიული სოფელი ტაშისკარი მდებარეობს ხაშურის რაიონში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს.
9. ნოსტე, ნოსტევი მდებარეობს კასპის რაიონში, მდ. თეძმის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ნოსტეს ტერიტორიაზე.
10. ოძრხე, ოძრახე, ციხე-ქალაქის ნანგრევები მდებარეობს ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმნის მახლობლად, მდინარე ოცხისწყლის მარჯვენა ნაპირზე. დგას 2 წყალგამყოფ მაღალ კლდოვან ქედზე. დარაჯობდა ოძრხისა და კურცხალისწყლის ხევებზე გამავალ გზას.
11. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий