1. კოლხა და ურარტუ
კოლხეთის სამეფოს შესახებ პირველად ურარტული წყაროები მოგვითხრობენ, რადგან დიაოხის დაჩოქების შემდეგ ურარტუ უშუალოდ გაუმეზობლდა მას. შედეგად არგიშთის ვაჟი სარდურ II (756–730) ახლა მის დასამორჩილებლად იწყებს ლაშქრობებს: „მეფობის პირველივე წელს გავგზავნე მეომრები ერიახის ქვეყნის წინააღმდეგ. დავიპყარით ეს ქვეყანა, ქალაქები გადავწვი და დავანგრიე, ქვეყანა გავძარცვე, 3225 ყრმა, 4928 ქალი და სულ 8153 ადამიანი წამოვიყვანე. მათგან ზოგი დავხოცე, ზოგიც ტყვედ წამოვიყვანე. 412 ცხენი, 6665 მსხვილფეხა და 25735 წვრილფეხა რქოსანი პირუტყი ვიგდე ხელთ.
მეფობის მეორე წელს (ძვ.წ. 755 წ.) გავემართე სალაშქროდ კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ. ხუშალხის (იგივე ხუშანი) ქვეყნის მეფე მისი ხალხითურთ დავატყვევე, გამოვრეკე და ჩემს ქვეყანაში დავასახლე“.
ამ ცნობით ჩანს რომ ხუშალხი – დიაოხის სამეფოს ერთ-ერთი შემადგენელი ქვეყანა უკვე კოლხეთს შეუერთებია და ახლა ურარტუმ წაართვა.
„იმავ წელს ჩემი მეომრები გაემართნენ აბილიანეხის ქვეყნის წინააღმდეგ. ერთ დღეში ეს ქვეყანა დავიპყარი, ციხე-სიმაგრეები დავანგრიე, ქალაქები გადავწვი, ქვეყანა გავძარცვე, 1890 ყრმა, 3496 მამაკაცი და 6408 ქალი დავატყვევე. მათგან ზოგი დავხოცე, ზოგიც ტყვედ წამოვიყვანე. 65 ცხენი, ...ათას90 მსხვილფეხა და 10897 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გამოვრეკე.
ძვ.წ. 754 წ. გავემართე ერიახის ქვეყნის წინააღმდეგ და ერთ დღეში დავიპყარი იგი. 150 სიმდიდრის საცავი ხელთ ვიგდე, ქალაქები გადავწვი, ქვეყანა გავძარცვე, ქალები და მამაკაცები დავატყვევე. პირუტყვი გამოვრეკე ბიაინილიში.
უკან მობრუნებისას გავემართე აბილიანიხის ქვეყნის წინააღმდეგ, მისი ქალაქები გადავწვი და ქვეყანა გავძარცვე. მოვიდა აბილიანიხის მეფე მურინი, მომეხვია ფეხებზე, სახით დაემხო; მე მოვექეცი კეთილშობილურად, შევიწყალე და დავსვი თავის ტახტზე ხარკის გადახდის პირობით. 7150 ადამიანი იქ დავატყვევე. მათგან ნაწილი დავხოცე, ნაწილი კი ტყვედ წავიყვანე. 500 ცხენი, 8560 მსხვილფეხა და 25710 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გამოვრეკე. ეს ყველაფერი ერთწელში გავაკეთე.
ძვ.წ. 753 წელს დავამარცხე რაშუნი, რუიშიანის ქვეყნის მეფე, დავამარცხე იგანიეხის ქვეყნის მეფე დიუცინი, დავამხე ისინი ჩემს წინაშე“.
751 წელს ისევ ერიახზე ლაშქრობა. დაიპყრო მისი სიმაგრეები და იქ გარნიზონები ჩააყენა.
ძვ.წ. 748 წელს „ერიახი აჯანყდა. ურარტუს ლაშქარი სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულთ. 8153 ტყვე, 412 ცხენი 32000 რქოსანი პირუტყვი იგდეს ხელთ.
ძვ.წ. 747 წელს წავედი ეთიუნის ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც გავემართე ეთიუნის ქვეყნისკენ, ერიახის ქვეყნის ოლქი შევიწყალე, უბრძოლველად დამორჩილდა კურიანის ქვეყანა.
ძვ.წ. 746 წელს გავემართე სალაშქროდ კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ქვეყანა მე დავიპყარი. ქალაქი ილდამუსა, კოლხას მეფის სამეფო ქალაქი, გამაგრებული, ბრძოლით დავიპყარი, მისი მოსახლეობა გადავბუგე. კოლხას ქვეყნის მეფისნაცვლები, რომლებიც იქ იყვნენ გავჟლიტე, რკინის ბეჭედი გავაკეთებინე და წარწერა დავდგი ქალაქ ილდამუსაში. ციხე-სიმაგრეები, ქალაქები დავწვი და დავანგრიე, ქვეყანა გავაჩანაგე, მამაკაცები და ქალები ტყვედ გავრეკე“.
ისტორიკოსები ილდამუსას კლარჯეთში არტანუჯის ადგილზე ათავსებენ. ილდამუსი–ირდამუსი–ირტანუსი–ირტანუჯი–არტანუჯი. არსებული ცნობები კი იმაზე მიგვითითებს, რომ ეს ქალაქი ჭოროხის ხეობაში უნდა არსებულიყო.
„იმავ წელს გავემართე უიტერუხის ქვეყნის წინააღმდეგ. სამი ოლქის მმართველები მოვიწვიე, 3 ადგილის წინააღდეგ გავილაშქრე. ქვეყანა ალყაში მოვაქციე და ერთ დღეში დავიპყარი; ქვეყანა გავძარცვე. ქალები და მამაკაცები იქედან წამოვიყვანე. ქალაქ ურიერუნში ციხე-სიმაგრე ავაგე. ჩემი ოლქის მმართველი იქ დავსვი და გარნიზონი დავუტოვე. 8100 ყრმა, 9110 ქალი და სულ 17200 ადიამიანი ტყვედ წამოვიყვანე. 1500 ცხენი, 17300 მსხვილფეხა და 31600 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გამოვრეკე. ეს ყველაფერი ერთ წელში გავაკეთე“.
ძვ.წ. 745 წელს „გავემართე სალაშქროდ იგანის ქვეყნის წინააღმდეგ. ვსძლიე ქაფურინი, იგანის ქვეყნის მეფე. 35 ციხე-სიმაგრე და 200 ქალაქი ერთ დღეში მე ხელთ ვიგდე: ციხე-სიმაგრეები დავანგრიე, ქალაქები გადავწვი, ქვეყანა გავაჩანაგე, კაცები (და) ქალები მე იქიდან ტყვედ წამოვიყვანე ბიაინილის ქვეყანაში.
ცოტა ხნის შემდეგ სარდური ისევ დაიძრა აჯანყებული ერიახის ქვეყნის წინააღდეგ. „ქვეყანა დავიპყარი, ქალაქები გადავწვი და დავანგრიე, ქვეყანა გავძარცვე, იქ ციხე-სიმაგრეები ავაშენე. ეს ქვეყანა ჩემს ქვეყანას შემოუერთე. 6436 ყრმა, 15553 ქალი და სულ 21989 ადამიანი დავატყვევე, ერთი ნაწილი დავხოცე, სხვები ტყვედ წავიყვანე; 1613 ცხენი, 115 აქლემი, 16529 მსხვილფეხა და 37685 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გავრეკე. იქედან მოვუხვიე და გავემართე იშტელუაის ქვეყნის წინააღმდეგ, კადიაიის ქვეყნის წინააღმდეგ, აფუნის ქვეყნის წინააღმდეგ, აბილიანიხის წინააღმდეგ. აბილიანიხიდან გავილაშქრე უელიკუხის წინააღმდეგ“. ამის შემდეგ სარდური სევანისპირა ხალხების დაპყრობისთვის ლაშქრობს.
ძვ.წ. 744 წელს „გავემართე ეთიუნის ქვეყნის წინააღმდეგ, ლიკის ქვეყნის წინააღდეგ. ედია, აბიანის ქვეყნის სამეფო ქალაქი, გამაგრებული, ბრძოლით დავიპყარი; ირუია, ირკუას ქვეყნის სამეფო ქალაქი ბრძოლით დავიპყარი; ირდუა, უეირდას ქვეყნის სამეფო ქალაქი ბრძოლით დავიპყარი. ქალაქ პუინიალხის მეფე დავიმორჩილე, შევიწყალე ხარკის გადახდის პირობით. ეს ოთხი-ციხე-სიმაგრე დავიპყარი. მამაკაცები და ქალები იქედან წამოვიყვანე. 3500 ყრმა, 15000 ქალი, 4000 მეომარი წამოვიყვანე ტყვედ. 8525 მსხვილფეხა და 18000 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გამოვრეკე“.
დაახლ. 743 წ. „როდესაც დავიპყარი ქვეყანა უხიმეაშუ („შუე“ – ურარტულად ზღვას და ტბას ნიშნავს. ამდენად ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა ჩილდირის ტბასთან უნდა მდებარეობდეს. მისი სამხრეთითაა იგანიეხის ქვეყანა, რომლის ცენტრია მაკალთუნი.), უკან დაბრუნებისას დავიპყარი ქალაქი მაკალთუნი. მამაკაცები და ქალები წავიყვანე იქედან ბიაინილიში“.
ეს არის ეთიუნში შემავალი ქართველური „ქვეყნების“ უკანასკნელი ხსენება ურარტულ წყაროებში. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ასურეთის დარტყმების შედეგად დასუსტებულ და თავადაცვაზე გადასულ ურარტუს ჩრდილოეთით ლაშქრობების მოწყობის ძალა აღარ შესწევდა და შეეგუა მათ დამოუკიდებლობას.
* * *
როგორც წინა თავში აღვნიშნე, 743 წელს ასურეთის მეფე ტიგლათფილესარ III-მ (745–727) არპადთან ბრძოლაში გაანადგურა სარდურ II-ის კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ აგრეთვე გურგუმის მეფე ტარხულარი, არპადის მეფე მატიელია, მელიდის მეფე სულუმალაია და კუმახას მეფე კუშტაშლი. სარდური თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ამ გამარჯვებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. შეშინებული სირიის, კილიკიის, ფინიკიის, პალეტინის და ჰალისის ზემო წელის აუზის მხარეთა მმართველები ტიგლათფილესარს არპადში ეწვივნენ, მუხლი მოიდრიკეს და ხარკი მიუტანეს. დაპყრობილი მხარეებიდან ასურელებმა 73000 ადამიანი გადაასახლეს იმპერიის შიდა მხარეებში. ურარტუს მრისხანება წარსულს ჩაბარდა.
715 წელს ურარტუს მოსათხრელად ლაშქრობა წამოიწყო ასურეთის მეფე სარგონ II-მ (722–705). ურარტუს მეფე რუსა I (735–714) მარცხს-მარცხზე განიცდიდა, ამიტომ იძულებული გახდა 714 წელს საშველად მომთაბარე მეომარი ტომები – კიმერიელები მოეხმო. თრაკიული წარმოშობის კიმერიელები შავი ზღვის ჩრდილოეთით, ჩრდ-დასავლეთით და ჩრდ-აღმოსავლეთით (ყუბანისპირეთში) ცხოვრობდნენ. ისინი მომთაბარენი იყვნენ და მესაქონლეობას, განსაკუთრებით მეცხენეობას მისდევდნენ. ცხენოსანი ლაშქარი იმ დროისათვის საშინელ ძალას წარმოადგენდა და თავისი მოძრაობის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. სამხრეთის მდიდარი ქვეყნები, ბუნებრივია, დიდად იზიდავადა ამ მომთაბარეებს, როგორც რბევა-თარეშის ასპარეზი.
ძვ.წ. VIII ს. მეორე ნახევარში სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან დაიძრნენ და კიმერიელებს თავს დაესხნენ სპარსული წარმოშობის მომთაბარე სკვითები, რომლებსაც ასევე ძლიერი ცხენოსანი ლაშქარი ჰყავდათ. სკვითებმა დაამარცხეს კიმერიელები და გამოდევნეს შავიზღვისპირეთიდან, რის შემდეგ დევნილნი სამხრეთ კავკასიისკენ დაიძრნენ. ჰეროდოტეს ცნობით, ისინი მოდიოდნენ ე.წ. მეოტიდა–კოლხეთის გზით, აზოვისა და შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროებით. ცოტა უფრო გვიან, სხვა გზით (დერბენდის გავლით, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროთი).
კიმერიელების დახმარებამ ურატუს ვერ უშველა. 713 წლისთვის სარგონმა ამ ქვეყნის დიდი ნაწილი დაიპყრო და მძიმე ხარკი დააკისრა. კიმერიელები ჯერ ურარტუს ჩრდ. მხარეებში დასახლდნენ, შემდეგ კი მცირე აზიის ჩრდ-აღმ. ნაწილის ათვისება დაიწყეს, სადაც გაანადგურეს ქასქების სამეფო და უმძიმესი დარტყმა მიაყენეს მუშქებს. ამის შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ძველ სომხურ წყაროებში კაპადოკია კიმერმიელთა სახელს („გამირქ“) ატარებს. საქართველოს ერთ-ერთი ოლქის თრიალეთის (სომხ. თრელ-ქ) სახელიც ერთ-ერთი კიმერიული ტომის – ტრერების (თრერების) სახელიდან უნდა იყოს წარმომდგარი.
ძვ.წ. VII საუკუნიდან კავკასიასა და წინა აზიაში უკვე სკვითების გამანადგურებელი ლაშქრობები დაიწყო. ამ პერიოდისთვის კიმერიელების ნაწილი ურარტუს მეფის სამსახურში ჩადგნენ. ურარტუს მეფის რუსა II-ის (685–639) თითქმის ყველა საომარი წარმატება მოპოვებულ იქნა კიმერიელთა დახმარებით. კიმერიელთა და ურარტელთა ერთ-ერთ ასეთ საერთო საომარ აქციას წარმოადგენდა ძვ.წ. 676 წლის ლაშქრობა მუშქების სამეფოს წინააღმდეგ, რომელსაც ამ უკანასკნელის სრული განადგურება მოჰყვა.
რუსა II-ის სიკვდილის შემდეგ ურარტუ მეტად დაუძლურდა და ასურეთის რიგით მოხარკე ქვეყანად იქცა. მის ტერიტორიებს თანდათან იტაცებდა მიდიას სამეფო. VII საუკუნის ბოლოს მიდიამ ბაბილონის ახალ სამეფოსთან კავშირით ბოლო მოუღო ასურეთის სამეფოს, ხოლო VI საუკუნის დასაწყისში მიდიამ უკვე ურარტუ დაიპყრო და ჰალისამდე წინააღმდეგობის გარეშე მივიდა. მცირე აზია ჰალისის აღმოსავლეთით მიდიას საკუთრებად გამოაცხადა, თუმცა შავიზღვისპირა მხარეები კოლხეთის სამეფოს და ქართველურ ტომებს ეჭირათ.
ურარტუს განადგურებით ისარგებლეს მეზობლებმა და დაიწყეს მისი ტერიტორიის დაკავება. ამ მხრივ დიდ წარმატებას მიაღწია არმენიული ტომების გაერთიანებამ, რომელიც აქამდე ურარტუს დასავლეთ პერიფერიაზე არსებობდა. არმენიულმა ტომებმა იწყეს აღმოსავლეთისაკენ წინსვლა და ძველი ურარტუს მთელი რიგი რაიონები დაიკავეს. აქ მცხოვრები ურარტუელების დიდი ნაწილი არმენებში გაითქვიფა. ურარტელთა ერთმა ნაწილმა, ეტყობა, ჩრდილოეთისაკენ გადმოინაცვლა, ქართველი ტომების ჰეგემონობის ქვეშ მოექცა და მათში გაითქვიფა. ამაზე მიგვითითებს, კერძოდ, მეტად საინტერესო ენობრივი ფაქტები. ქართულში შემოინახა მთელი რიგი გამოთქმები, რომლებიც თვით ქართული ენის მონაცემებით ვერ აიხსნება, სამაგიეროდ, მშვენიერ ახსნას პოვებს ურარტული ენის მასალით. მაგალითად, ქართულ გამოთქმებში – ყირამალა, თავდაყირა, ყირაზე გადასვლა და სხვ. „ყირა“ ურარტულად მიწას ნიშნავს.
იმისათვის, რომ ურარტუსა, კაპადოკიასა ან თრიალეთისათვის მიეღწიათ, კიმერიელებს, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროთი მოდიოდნენ, უნდა გაევლოთ კოლხას სამეფოს მიწა-წყალზე და მისი წინააღმდეგობა გადაელახათ. უნდა ვივარაუდოთ რომ კიმერიელებისა და სკვითების შემოსევებმა კოლხეთის სამეფო დიდად დააზარალა, თუმცა გადარჩა და განვითარება განაგრძო.
2. კოლხეთის სამეფო ანტიკურ წყაროებში
ძვ.წ. VIII საუკუნიდან ბერძნები იწყებენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროების ათვისებას. ამ პერიოდში ელინები აარსებენ კოლონიებს სინოპსა (ხალიბების მიწაზე) და კოტიორას (დღევ. ორდუ, ტიბარენთა მიწაზე). სინოპი მალე იმდენად ძლიერდება, რომ საკუთარი კოლონიების დაარსებას იწყებს. სინოპელებმა კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე დააარსეს ჯერ კერასუნტი (ე.წ. ძველი კერასუნტი იმყოფებოდა ტრაპეზუნტის დასავლეთით 60 კმ-ზე, დღევ. სოფ. Fol-Bazar-ის ადგილას, ქ. ვაკფიკებირთან.), შემდეგ კი ძვ.წ. 757 წელს ტრაპეზუნტი. ამ დროიდან ბერძნებისა და კოლხების ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შედის და შესაბამისად კოლხეთის ხსენება ბერძნულ წყაროებში ხშირი ხდება.
კოლხიდას (ასე ეძახდნენ ბერძნები) პირველად ახსენებს ძვ.წ. VIII საუკუნის პოეტი ევმელო კორინთელი. თუმცა არგონავტების შესახებ პოემის უძველეს ვერსიებში, ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ილაშქრეს, იყო აია, ხოლო კოლხიდად გვიანდელ ტექსტებში გადააკეთეს. ძვ.წ. IV–III საუკუნეებიდან „აიას“ უკვე ქალაქად მოიხსენიება და თან მას ცვლის „კუტაია“. პირველად ამ სახელს ბერძენი პოეტი კალიმაქე კვირინელი (315–240) ახსენებს თავის პოემა „მიზეზებში“ და მას აიეტის ქალაქად მოიხსენიებს.
ლ. გორდეზიანმა წამოაყენა მეტად საინტერესო ვერსია, რომლის მიხედვითაც: „წერილობით ძეგლებში კოლხიდა ფორმის პირველი დამოწმება გვაქვს ძვ. წ. XIV საუკუნის B-ხაზოვან ტექსტებში კოკიდა/კოკიდეო ვარიანტების სახით“.
ძვ.წ. VI ს-ის მეორე ნახევარში ყალიბდება სპარსეთ-მიდიის აქემენიდური იმპერია, რომლის დამფუძნებელი გახდა კიროს II დიდი (559–530).
VI ს-ის დასაწყისისთვის მიდიის სამეფო ჰალისიდან სპარსეთის ყურემდე გადაიჭიმა. მის ერთ-ერთ სატრაპიას შეადგენდა პერსიდა, რომელსაც აქემენიდური გვარის წარმომადგენლები მართავდნენ. 553 წელს პერსიდის ლიდერმა კიროსმა (რომელიც მიდიის უკანასკნელი მეფის ატიაგის სიძე იყო) გადაიბირა მიდიის სამეფოს დიდებულთა დიდი ნაწილი და აჯანყება დაიწყო. 550 წელს კიროსი მიდიის დედაქალაქ ეკბატანაში (დღევ. ჰამადანი) შევიდა და სპარსეთ-მიდიის სამეფოს შექმნა გამოაცხადა.
547–546 წლებში კიროსმა დაიპყრო ლიდია, კილიკია და მცირე აზიის ბერძნული პოლისები; ძვ.წ. 545–539 წლებში შუა აზიის მნიშვნლოვანი ნაწილი; ძვ.წ. 539 წელს ბაბილონი. მისმა ვაჟმა კამბიზმა 525 წელს შემოიერთა ეგვიპტეც.
აქემენიდების იმპერიამ სიძლიერის მწვერვალს დარიოს I-ის (522–486) დროს მიაღწია, როდესაც იმპერია მდ. ინდიდან საბერძნეთამდე გადაიჭიმა.
ჰეროდოტე (ძვ.წ. 484–425) ასე აღწერს დარიოსის იმპერიას: „დარიოსმა სპარსელები 20 საგამგებლოდ დაჰყო, რასაც თვითონ სპარსელები უწოდებენ სატრაპიებს. საგამგებლოდ რომ დაჰყო, საგამგებლოებს გამგებლები დაუყენა და დაუწესა ხარკი, რაც მისთვის უნდა გადაეხადათ ცალკეული ხალხების მიხედვით; ხოლო ამ ცალკეულ ხალხებს მიაწერა მათი მეზობლებიც: მახლობელ ხალხებს რომ გასცდა, დანარჩენები – ზოგი ერთ ხალხთან გაანაწილა და ზოგიც – მეორესთან. საგამგებლოების მიხედვით ხარკის გადახდა მან ყოველწლიურად ასე განსაზღვრა: ის ხალხები, ვისაც ნათქვამი ჰქონდა ვერცხლით გადაეხადათ ხარკი, იხდიდნენ ბაბილონური ტალანტის საზომით, ხოლო ვინც ოქროთი იხდიდა, ისინი ევბეურ ტალანტებს იხდიდნენ. ბაბილონური ტალანტი უდრის 78 ევბეურ მნას. კიროსისა და შემდეგ კამბისესის მმართველობაში არავითარი ხარკი არ ყოფილა დაწესებული. მაშინ ქვეშევდრომებს მეფეებისათვის საჩუქრები მოჰქონდათ. ხარკის დაწესებისა და სხვა მისი მსგავსი ღონისძიებების შემოღებისათვის სპარსელები დარიოსს მეწვრილმანეს უწოდებდნენ, კამბისესს ეძახდნენ უფალს, კიროსს კი მამას. ეს იმიტომ, რომ დარიოსი ყოველგვარ საქმეში გამორჩენას ეძებდა, კამბისესი მკაცრი იყო და უყურადღებო, ხოლო კიროსი – კეთილი და ყოველმხრივ მათზე მზრუნველი.
იონიელთაგან, ეოლიელთაგან, კარიელთაგან, ლიკიელთაგან, მილიებისაგან, აზიელ მაგნესიელთაგან და დამფილიელთაგან /რადგან ყველა ამათ ერთად ჰქონდათ ხარკი დაწესებული/ შემოსდიოდა 400 ტალანტი ვერცხლი. ეს იყო დარიოსის მიერ დაწესებული I სატრაპია. მისიელთაგან, ლიდიელთაგან, ლასონიებისაგან, კაბალიელთაგან და ჰიტენეელთაგან შემოდიოდა 500 ტალანტი. ესაა II სატრაპია. ჰელესპონტელთაგან, რომლებიც ცხოვრობენ მარჯვენა ნაპირზე, მისთვის, ვინც მიცურავს ევქსინის პონტოსკენ, ფრიგიელთაგან, აზიელ თრაკიელთაგან, პაფლაგონელთაგან, მარიანდინთაგან და სირიელთაგან 360 ტალანტი იყო გადასახადი. ესაა III სატრაპია. კილიკიელთაგან მოდიოდა 360 თეთრი ცხენი (წლის ყოველ დღეზე თითო ივარაუდებოდა) და 500 ტალანტი ვერცხლი. აქედან 140 ტალანტი იხარჯებოდა კილიკიის ქვეყნის დამცველ ცხენოსანთა რაზმის შესანახავად, ხოლო 360 ტალანტი მისდიოდა დარიოსს. ესაა IV სატრაპია. ქალაქ პოსიდეიონიდან (რომელიც ამფილოქოს ამფირეოსის ძემ ააშენა კილიკიისა და სირიის საზღვარზე) ვიდრე ეგვიპტემდე, გარდა არაბთა ნაწილისა (რადგან ეს დაუხარკავი იყო), ხარკის სახით შემოდიოდა 350 ტალანტი. ამ სატრაპიაში შედიოდა მთელი ფინიკია, პალესტინად წოდებული სირია და კიპროსი. ესაა V სატრაპია. ეგვიპტიდან, ეგვიპტის მეზობელ ლიბიელთა ქვეყნიდან, კირენედან და ბარკედან (რადგან ესენიც ეგვიპტის სატრაპიაში ირიცხებოდნენ) დარიოსი ღებულობდა 700 ტალანტს, გარდა იმ ფულისა, რომელიც შემოდიოდა მობრისის ტბიდან იქ მოპოვებული თევზის წყალობით. ამ ფულისა და კიდევ პურის გარდა შემოდიოდა 700 ტალანტი. 120000 საწყაო პური მიდის იმ სპარსელთა და იმ დაქირავებული ჯარის გამოსაკვებად, რომლებიც ცხოვრობენ მემფისში თეთრ ციხესთან (იონიელი და კარიელ მეომრები ამასისის დროიდან დაიქირავეს და დაასახლეს მემფისში). ესაა VI სატრაპია. სატაგიდები, განდარიები, დადიკები და აპარიტები ერთსა და იმავე სატრაპიაში არიან გაერთიანებული და იხდიან 170 ტალანტს. ესაა VII სატრაპია. სუსელთგან და კისიელთაგან დანარჩენი მხრიდან შემოდის 300 ტალანტი. ესაა VIII სატრაპია. ბაბილონიდან და დანარჩენი ასირიიდან დარიოსს შემოსდიოდა 1000 ტალანტი ვერცხლი და 500 დასაჭურისებული ყრმა. ესაა IX სატრაპია. ეკბატანელთაგან და დანარჩენი მიდიიდან, პარიკანიელთაგან და ორთოკორიბანტთაგან – 450 ტალანტი. ესაა X სატრაპია. კასპიები, პავსიკები, პანტიმათები და დარეიტები ერთად იყვნენ დახარკულები და იხდიდნენ 200 ტალანტს. ესაა XI სატრაპია. ხალხები ბაქტრიელებიდან ეგლებამდე იხდიდნენ 300 ტალანტს. ეს არის XII სატრაპია. პაქტიიკედან, არმენიელთაგან და მის მეზობლად მცხოვრებთაგან ვიდრე ევქსინის პონტომდე, დარიოსს 400 ტალანტი მისდიოდა. ესაა XIII სატრაპია. საგარტიეისგან, სარანგიებისგან, თამანელებისაგან, უტიებისაგან, მიკებისაგან და მათგან, რომლებიც ცხოვრობენ წითელი ზღვის კუნძულებზე, სადაც ასახლებს მეფე ე. წ. გაძევებულებს, ყველა ამათგან ხარკი იყო 600 ტალანტი, ესაა XIV სატრაპია. საკები და კასპიები 250 ტალანტს იხდიდნენ, ესაა XV სატრაპია. პართები, ხორასმელები, სოგდები და არიები იხდიდნენ 300 ტალანტს. ესაა XVI სატრაპია. პარიკანიები და ასიელები, ეთიოპელები იხდიდნენ 400 ტალანტს. ეს XVII სატრაპიაა. (აღმოსავლელ) მატიენებს, სასპეირებსა და ალაროდიელებს შეწერილი ჰქონდათ 200 ტალანტი. ესაა XVIII სატრაპია. მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა XIX სატრაპია. ინდოელები, რომლებიც ბევრად მეტნი არიან ყველა ჩვენთვის ცნობილ ხალხებზე, ხარკად იხდიდნენ განსხვებით ყველა სხვა დანარჩენებისაგან 360 ტალანტ ოქროს ქვიშას. ესაა XX სატრაპია.
ბაბილონური ფული ევბეურ ტალანტებზე რომ გადავიყვანოთ, 9880 ტალანტი იქნება, ხოლო ოქრო ვერცხლზე ცამეტჯერ მეტად რომ ვიანგარიშოთ, გამოვა რომ ოქროს ქვიშა 4680 ევბეური ტალანტის ღირებულებისაა. ამრიგად, ყველაფერს რომ თავი მოვუყაროთ, დარიოსი ყოველწლიურად 14560 ევბეურ ტალანტს ღებულობდა ხარკად, ხოლო ამის გარდა, რაც წვრილმანი იყო, იმაზე არც კი ვლაპარაკობთ.
ეს იყო ხარკი, რასაც ღებულობდა დარიოსი აზიიდან და ლიბიის (ასე ეძახდნენ ძველი ბერძნები აფრიკის კონტინენტს) მცირე ნაწილიდან. მაგრამ გავიდა დრო და ხარკი შემოუვიდა აგრეთვე კუნძულებიდან და იმ ხალხისაგან, რომელიც ცხოვრობდა ევროპაში თესალიამდე. ამ ხარკს მეფე საგანძურში ასე ინახავდა: ადნობდა და ასხამდა თიხის ქვევრებში, ავსებდა ჭურჭელს და შემდეგ შემოაცლიდა მას თიხას, როდესაც კი დასჭირდებოდა ფული, ჩამოატეხინებდა იმდენს, რამდენიც ესაჭიროებოდა.
აი, ესენი იყვნენ დარიოსის მიერ დაწესებული საგამგებლოები და მათზე დაკისრებული ხარკი. მხოლოდ სპარსეთის ქვეყანა არ მომიხსენებია დახარკულთა შორის, რადგანაც სპარსელებით დასახლებული ქვეყანა დაუხარკავი დარჩა.
შემდეგ ხალხებს ხარკი არ ჰქონდათ დაწესებული, მაგრამ საჩუქრები კი მიჰქონდათ. ესენი იყვნენ ის ეთიოპელები, რომლებიც ეგვიპტის მეზობლები არიან და რომლებიც კამბისესმა დაიმორჩილა მაშინ, დღეგრძელ ეთიოპელებზე, რომ ილაშქრა. ესენი წმინდა ნისესთან ცხოვრობენ და უწყობენ დღესასწაულს დიონისეს. ეს ეთიოპელები და მათი მეზობლები ხმარობენ იმავე თესლს, რომელსაც კალანტიელი ინდები, ხოლო საცხოვრებლად აქვთ მიწურები. ესენი ორივენი ყოველ მესამე წელს იხდიდნენ და ჩვენს დრომდე იხდიან ორ ქობნიქ ბუნებრივ ოქროს, 200 ძირ შავ ხეს, ხუთ ეთიოპელ ყრმას და სპილოს 20 დიდ ეშვს. კოლხებმაც დაიწესეს საჩუქრები და ასევე მათმა მეზობლებმაც ვიდრე კავკასიის მთებამდე /რადგან ამ მთებამდე ვრცელდება სპარსელების მმართველობა, ხოლო კავკასიიდან ჩრდილოეთისაკენ მდებარე ქვეყნებს არაფერი უნდათ იცოდნენ სპარსელებისა/, ამათ საჩუქრად დაიწესეს და ეს გრძელდბა ჩვენს დრომდე, რომ ყოველ მეხუთე წელს გადაიხადონ 100 ყრმა და 100 ქალწული. არაბები 1000 ტალანტ გუნდრუკს იხდიდნენ ყოველწლიურად. ესაა საჩუქრები, რომელსაც ღებულობს მეფე ხარკს გარდა“.
ჰეროდოტე კოლხეთის შესახებ სხვა საყურადღებო ცნობებსაც გვაწვდის: „ეგვიპტის მეფე სესოსტრისი (ლეგენდარული ფარაონი. რეალურად არ არსებობდა. სხვადასხვა ლეგენდები მას ძველი მსოფლიოს დაპყრობას მიაწერენ. ჰეროდოტეს იმდენს უყვებოდნენ მასზე ეგვიპტელები, რომ ნამდვილ ამბავად მიიღო) აქედან შემობრუნდა და უკან წავიდა. შემდეგ კი მდინარე ფასისთან იყო. მე არ შემიძლია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ ამ ადგილას თვით მეფე სესოსტრისმა გამოჰყო თავისი ლაშქრის რაღაც ნაწილი და დატოვა აქ, ამ ქვეყნის მცხოვრებლად, ან კიდევ იმისი, რომ ზოგიერთი ჯარისკაცთაგანი, გადაღლილი ხეტიალით, დარჩა მდინარე ფასისთან. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები /მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები/, მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ, ეგვიპტელთაგან ისწავლეს, ხოლო სირიელები, რომლებიც მდინარე თერმოდონტთან და პართენიოსთან ცხოვრობენ, და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს ეს ახლახან.
კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისინი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი – ეგვიპტურს.
სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს. ამათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდილები, მიდიელებს ზემოთ სასპერები, სასპერებს ზემოთ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფასისი. ეს ოთხი ტომი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე.
მარებს თავზე ადგილობრივი მოწნული მუზარადები ეხურათ; ეჭირათ ტყავის პატარა ფარები და ხელშუბები. ხოლო კოლხებს თავზე ხის მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები. ამას გარდა დანები. მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე“.
ჰიპოკრატე (ძვ.წ. 460–377): „ვინც ფასისში ცხოვრობს, მათ შესახებ მოგითხრობთ: რაც შეეხება ფასისის ირგვლივ ტერიტორიას, ეს ქვეყანა ჭაობიანია, ცხელი, წყლიანი და ტყიანი. მთელი წლის განმავლობაში იქ ხშირი და ძლიერი წვიმები იცის. ადამიანები ჭაობებს შორის, წყალზე გამართულ ხისა და ლერწმის სახლებში ცხოვრობენ. აღნიშნული გარემოს გამო, ისინი ცოტას დადიან ფეხით და ქალაქებსა და ნავსადგურებში ძირითადად გულამოღებული ხისგან დამზადებული ნავებით გადაადგილდებიან, რაშიც მრავალრიცხოვანი არხები უწყობთ ხელს. წყალს სვამენ ისინი თბილს, დამდგარს, წვიმისგან შევსებულსა და მზისგან დამპალს. თვით მდინარე ფასისი ნელა და უხმაუროდ მიედინება. წყლებისგან ამ ქვეყანაში მუდმივად დიდი ნისლი დგას, რის გამოც ნაყოფი აქ არ მწიფდება. ამ მიზეზის გამოა, რომ ფასისელებს სხვა ხალხთან შედარებით ძალიან გასხვავებული გარეგნობა აქვთ. ფასიანები მაღლები და მეტისმეტად მსუქნები არიან. კანი ყვითელი აქვთ და არცერთ მათგანს არ ემჩნევა სახსარი ან ძარღვი. ხმა სხვებთან შედარებით ბოხი აქვთ, რადგან ნოტიო ჰაერს სუნთქავენ. სხეულს ჯაფა რომ არ მიაყენონ ძალიან ზარმაცები არიან“.
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „მაკრონების ქვეყნის (მაკრონები ტრაპიზონის მხარის კოლხებს სამხრეთ-დასავლეთიდან ემეზობლებოდნენ. დასავლეთიდან მაკრონების მეზობლები იყვნენ დრილები) გავლის შემდეგ 3 დღეში მაკრონები და ელინები მივიდნენ კოლხების საზღვრამდე, სადაც იწყებოდა მაღალი მთები, რომელზეც განლაგებული იყვნენ შეიარაღებული კოლხები. ბერძნებმა თავიდან მოაწყვეს ფალანგა, რათა შეეტიათ მთაზე განლაგებულთათვის, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ასე წამგებიანი იყო, რადგან მთაზე ასვლა სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სირთულის იქნებოდა, რაც გამოიწვევდა ზოგიერთი ნაწილის ჩამორჩენას, ფალანგის დაშლას და საბრძოლო განწყობის მოშლას. ამის გამო ელინებმა არმია პატარა რაზმებად – ლოხებად დაყვეს. ისინი ერთმანეთისგან მცირე დაშორებებით მთელს სიგრძეზე განლაგდნენ, რათა სწრაფი მანევრირებით ალყაში მოექციათ კოლხები. ბოლოს ქსენოფონტემ მეომრებს სიტყვით მიმართა: „მეომრებო, ეს ხალხი, რომელსაც თქვენ ხედავთ თქვენს წინაშე, არის უკანასკნელი დაბრკოლება ჩვენს გზაზე, დაბრკოლება, რომლის გამო ჯერ კიდევ ვერ მივედით იქ, საითკენაც დიდი ხანია მივიწევთ. შევეცადოთ აღვგავოთ ისინი მიწისაგან პირისა“. ჰოპლიტებმა მოაწყვეს 80 ლოხა, თითო 100 კაციანი. პელტასები და მშვილდოსნები მოწყვნენ 3 რაზმად, თითო 600 კაციანი. ერთი მარცხენა მხრიდან დააყენეს, ორი კი მარჯვენა მხრიდან.
კოლხების ფალანგა სამ ნაწილად იყოფოდა. ცენტრში ეყენათ ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილი. როდესაც ბერძნები დაიძრნენ, კოლხები მათ დანახვაზე სირბილით გამოიქცნენ და მწყობრი მოშალეს. მათი ერთი ნაწილი ელინების მარჯვენა ფლანგს დაეჯახა, ხოლო მეორე ნაწილი ელინების მარცხენა ფლაგს. შედეგად კოლხების საბრძოლო წყობის შუაში თავისუფალი დერეფანი გაჩნდა. ამით ისარგებლა ცენტრში მდგარმა არკადიელმა პელტასტებმა ესქინესა და აკარნანიუსის მეთაურობით, კოლხთა დერეფანი გაიარა და კოლხები ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ დააყენა. ამ დროს ჰოპლიტებმა მძლავრი შეტევა წამოიწყეს დაქსაქსული კოლხების მიმართ. ბოლოს კოლხებმა ბრძოლის ველი მიატოვეს და ქაოსურად იწყეს გაქცევა. გახარებულმა ელინებმა მთა უბრძოლველად დაიკავეს, გადალახეს და მდიდარ კოლხურ სოფლებს შეესივნენ. არსებითად ეს სოფლები მეზობელი ხალხების სოფლებისგან არ განსხვავდებოდნენ, თუმცა აქ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო სკები. ელინები უმალ ხარბად დაეწაფნენ თაფლს, რის შემდეგაც კარგავდნენ გონებას: გული ერეოდათ, ფეხზე ძლივს იდგნენ. ვინც ცოტა ჭამა მთვრალს ჰგავდა, ხოლო ვინც ბევრი ძლიერ მოიწამლა და მკვდარს ჰგავდა. მეომრები ერთიანად ეყარნენ მიწაზე, თითქოს ბრძოლაში დახოცილები. (ეს კოლხთა ფანდი არ ყოფილა. ადგილობრივ თაფლს მსგავსი თვისებები აქვს, აქ არსებული მცენარის როდოდენდრონის ანუ აზალიას გამო. ამიტომ ადგილობრივები საკვებად გამოყენებამდე თაფლს ამუშავებენ, შაქარს ურევენ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება იგი უვნებელი).
მეორე დღეს ბერძნებმა მოულოდნელად იწყეს გამოჯანმრთელება, მეოთხე დღეს გზა განაგრძეს და ორ დღეში 7 ფარსანგის (37,3 კმ) გავლის შემდეგ ჩავიდნენ ტრაპეზუნტში, მრავალრიცხოვან ბერძნულ ქალაქში, რომელიც წარმოაგდენს სინოპის კოლონიას კოლხთა ქვეყანაში. როგორც კოლონია ტრაპეზუნტი სინოპს ხარკს უხდიდა, საპასუხოდ კი სინოპი მას მტრებისგან თავის დაცვაში ეხმარებოდა. აქ ელინებმა დაჰყვეს დაახლოებით 30 დღე (13 მარტამდე) და ამ დროში კი არაერთხელ მოაწყვეს კოლხურ სოფლებზე თავდასხმა სურსათის საშოვნელად. ტრაპიზონელებმა პატივით მიიღეს ელინები, გაუმართეს ბაზარი, სადაც სტუმრებს შეეძლოთ ეყიდათ სასურველი ნივთები. ამასთან ტრაპეზუნტელებმა სტუმრებს საჩუქრად უძღვნეს ხარები, ქერი და ღვინო და უშუამდგომლეს ქალაქის ირგვლივ ვაკეზე მცხოვრებ კოლხებთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის შემდეგაც კოლხებმა ელინებს გამოუგზავნეს საჩუქრად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
დასვენების შემდეგ ელინებმა დაიწყეს მსჯელობა თუ რომელი გზით უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ. ამასობაში დიდი დრო გავიდა და საკვები გამოელიათ. მაშინ ქსენოფონტემ ლაშქარი ორ ნაწილად გაჰყო, ერთი ბანაკის დასაცავად დატოვა, მეორეთი კი მთიან მხარეში მცხოვრები დრილების გასაძარცვად წავიდა და მეგზურად ერთი ტრაპიზონელი გაიყოლა. წესით საკვები მახლობლად, დაბლობში მცხოვრებ მდიდრულ კოლხურ სოფლებში უნდა ეძიათ, რაც ადვილიც იყო და უკანაც სწრაფად მობრუნდებოდნენ, მაგრამ ტრაპიზონელი მეგზური კოლხებთან მეგობრობდა (ამასთან კოლხებთან ჩამოგდებული მეგობრობის მტრობად ქცევა არაგონივრულად ჩანდა, რადგან ტრაპიზონის მხარე ხომ მათ ეკუთვნოდათ), ამიტომ ელინები მოშორებით მდებარე მთიან მხარეში (ტრაპიზონის სამხრეთ-დასავლეთით) მცხოვრები დრილების საძარცვავად წაიყვანა.
პონტოს მთების ყველაზე მეომარი ხალხი დრილები ძნელადმისაგდომ სიმაგრეებში ცხოვრობდნენ, საიდანაც ადვილად უქმნიდნენ პრობლემებს სტუმრებს. ამასთან, როდესაც დაინახავდნენ, რომ სიმაგრეს ვერ დაიცავდნენ, წაიღებდნენ რასაც შესძლებდნენ და დანარჩენს ცეცხლს აძლევდნენ. ასე რომ რამდენიმე სიმაგრიდან ბერძნებმა მხოლოდ რამდენიმე შინაური პირუტყვი იპოვეს, რომლებიც ცეცხლს გამოქცეოდნენ და ახლა ელინთა ლუკმად იქცნენ.
ბოლოს ელინები მიადგნენ დრილების მთავარ ციხე-ქალაქს, სადაც შეკრებილიყვნენ ყველა დრილები. მას ირგვლივ ღრმა ხევი ჰქონდა და შესაბამისად ძნელადმისადგომი იყო. ელინების მსუბუქმა ქვეითებმა (1000-მდე კაცი) გადალახეს ხევი და დაინახეს ბევრი ცხვარი და სხვა სიმდიდრე, რის შემდეგაც სიხარულით გაემართნენ სიმაგრის ასაღებად, მაგრამ ეს არცთუ იოლი იყო. სიმაგრეს მახლობლად ღრმა თხრილი ჰქონდა, შემდეგ მაღალი მიწაყრილი, მასზე კი ახლო-ახლოს იდგა მაღალი ხის კოშკები. მათ დანახვაზე ქალაქიდან გამოიჭრნენ დრილები და ელინებს უკან დაახევინეს. ისინი კვლავ ხევს უახლოვდებოდნენ და დაღუპვის პირას იყვნენ. ამ დროს ქსენოფონტე მთელი ძალებით გადავიდა იერიშზე და მძიმე ბრძოლით დაიკავა ქალაქი, რომლის დიდი ნაწილი გაძარცვეს. მაშინ გადარჩენილი დრილები აკროპოლისში შეიკეტნენ, რომელიც სრულიად აუღებელი ჩანდა. მაშინ ელინებმა უკანდახევა იწყეს. ამის დანახვაზე ქალაქის ერთ ნაწილსა და აკროპოლისში შეფარებული დრილები გამოიჭრნენ და მტერს შეუტიეს. ხელჩართული ბრძოლა ქუჩებსა და სახლებში გაჩაღდა. ბევრი ელინი დაეცა ან დაიჭრა. მაშინ ქსენოფონტმა დრილების ხის სახლები ცეცხლს მისცა, რამაც მთელი ქალაქი შთანთქა.
მეორე დღეს ელინები უკან ტრაპეზუნტისაკენ გაემართნენ. იქ აღმოჩნდა, რომ საკმარისი ხომალდები არ იყო ზღვით შინისაკენ წასასვლელად, ამიტომ ქსენოფონტემ 40 წელს გადაცილებული მამაკაცები, ავადმყოფები, ქალები და ბავშვები ხომალდებზე დასვა და გაუშვა, ხოლო დანარჩენი ჯარით ფეხით გაემართა შინისაკენ.
მესამე დღეს ქსენოფონტე ჩავიდა ელინურ ქალაქ კერასუნტში, რომელიც სინოპის კოლონია იყო კოლხების ქვეყანაში. როგორც კოლონია, კერასუნტი სინოპს ხარკს უხდიდა, საპასუხოდ კი სინოპი მას მტრებისგან თავის დაცვაში ეხმარებოდა.
იქ დაყვეს 10 დღე (13–22 მარტი), გადათვალეს მეომრები და აღმოჩნდა რომ ცოცხალი 8600 კაცი დარჩენილიყო. შემდეგ გაინაწილეს ტყვეების გაყიდვით შემოსული თანხა. მეათედი გამოყვეს აპოლონისა და ეფესოს არტემიდასათვის.
კერასუნტიდან დასავლეთით ზღვისპირა გზით ელინები მივიდნენ მოსინიკების ქვეყნამდე...
კოტიორაში ყოფნის დროს სარდლებმა ქსენოფონტეს შესთავაზეს „რადგან ჩვენ გვაქვს ხომალდები, ამიტომაც უმჯობესია გავცუროთ ფასისისკენ და დავიპყროთ ფასიანთა ქვეყანა. იქ მაშინ აიეტის ჩამომავალი მეფობსო“, რაზეც ელინთა სარდალი არ დათანხმდა“.
ფსევდო სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.): „აქაელების შემდეგ ცხოვრობენ ჰენიოხები. ჰენიოხების შემდეგ კორაქსები. კორაქსების შემდეგ მოდის მხარე კოლიკა. კოლიკას შემდეგ არიან მელანქლაინები და მათთან არის მდინარეები მეტასორისი (მოქვი) და აიგიპოსი (კოდორი?).
მელანქლენების შემდეგ ცხოვრობენ გელონები. გელონების შემდეგ არის კოლხები, რომაელთა ტერიტორიაზეა პოლისი დიოსკურიადა, ელინური პოლისი გიენოსი (ოჩამჩირესთან), და მდინარე გიენოსი (ღალიძგა), მდინარე ქერობიოსი (ოქუმი), მდინარე ქორესი (ენგური), მდინარე (ქ)არიუსი (ხობი), მდინარე ფასისი და ელინური პოლისი ფასისი. ამ მდინარეზე ზევით აყოლებით 180 სტადიონზე (=33 კმ) არის დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა; იქ არის მდინარე (მოგ)რისი (სუფსა), მდინარე ისისი (ნატანები), მდინარე ლაისტონი, მდინარე აფსაროსი (ჭოროხი).
კოლხების შემდეგ ცხოვრობენ ბიძერები, რომელთა ტერიტორიაზეა მდინარე არქაბონი (არქაბე/არჰავი) და მდინარე არიონი (თანამ. ბუიუქ დერე, ვიწეწყალთან).
ბიძერების შემდეგ არიან ეკექეირები, რომელთა ტერიტორიაზეა მდინარე პორდანისი (ფირტინა დერე) და მდინარე არაბისი (ძაგატისი=მოდიჩარ დერე), პოლისი ლიმნა, ელინური პოლისი ადეიენოსი (გოდიენოსი, არდინეოსი, აბინეოსი = თანამ. ყანლუ-დერე).
ეკექეირების შემდეგ არიან ბექეირები, რომაელთა ტერიტორიაზეა ელინური ნავსადგური ბექეირიკა, ელინური პოლისი ბექეირიადა (პორტი და პოლისი არსებობდა თანამდეროვე რიზეს რაიონში).
ბექეირების შემდეგ არიან მაკროკეფალები (გრძელთავიანები, იგივე მაკრონები), რომელტა ტერიტორიაზეა ელინური ნავსადგური ფსორონი (დღევ. არაკლი, სურმენეს დასავლეთით) და ელინური პოლისი ტრაპეზუნტი“.
არისტოტელე (ძვ.წ. 384–322): „ფასისთან არიან მომცრო ტანის ძროხები, რომელთაგან თითოეული ბევრ რძეს იწველის. ყვებიან რომ მდინარე ფასისზე იზრდება ვენახი, რომელსაც ეჭვიანი მამაკაცები კრეფენ და მიმოფანტავენ საქორწინო მოსასვენებლის ირგვლივ, რათა მათი ქორწინება დარჩეს შეუბღალავი“.
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295–215): „თერმოდონტის შესართავთან გაშლილია დოიასის ველი და აქვეა ამაზონების სამი ქალაქი. შემდეგ კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშები – ხალიბები ცხოვრობენ, რომლებიც რკინას ამუშავებენ. ხალიბების მახლობლად, სტუმართმოყვარე ზევსისადმი შეწირული გენეტის კონცხის გადაღმა, ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები. მათ მეზობლად ტყიან ადგილებსა და მთების ძირში სახლობენ მოსსინიკები, რომლებიც ხის კოშკებში იმართავენ ბინებს კარგად შეკრული ღობეებით, რომლებსაც მოსინებს უწოდებენ: აქედან მოდის თვით მათი სახელიც – მოსსინიკები. მათ შემდეგ ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ. მაგრამ თქვენ განაგრძეთ ხომალდით ცურვა, სანამ ზღვის კიდეს არ მიაღწევთ. იქ კუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან გამომდინარე მორევიანი ფასისი მიაგორებს თავის ფართო ნაკადს ზღვისაკენ. ამ მდინარის შესართავთან რომ მიაცურებთ ხომალდს, თქვენ დაინახავთ კუტაიელ აიეტის კოშკს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს. ამ ჭალაკში მუხაზე ჩამოკიდებულ ოქროს საწმისს საზარელი სანახავი ურჩხული დრაკონი დარაჯობს. მის საშინელ თვალებს ვერც დღისით და ვერც ღამით ვერ იმორჩილებს ტკბილი ძილი.
აიეტი საშინელი სისასტიკითაა ცნობილი, ამიტომ მეშინია მასთან საწმისისათვის გამგზავრება. აიეტი ამტკიცებს, რომ ჰელიოსის შვილია. მის ირგვლივ კოლხთა ურიცხვი ტომი ცხოვრობს. კოლხეთის მბრძანებელი თავისი საზარელი ხმით და უსაზღვრო ღონით შეიძლება არესს შეედაროს.
არესის კუნძულის (მოსინიკების სანაპიროსთან) დატოვების შემდეგ მთელი დღე მიჰქროდა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, ღამით კი არგონავტებმა ფილირების მიწას ჩაუცურეს. ფილირების შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს მაკრონებს, ბექირთა უსაზღვრო მიწას, ამაყ საპირებს და მათ შემდეგ ბიძერებს. ამის შემდეგ კოლხთა მიწა იწყებოდა.
აი უკვე გამოჩნდა პონტოს უკიდურესი ყურე და მათ თვალწინ კავკასიის მთების მაღალი მწვერვალები აღიმართნენ. არგონავტებმა ღამით ფრიქსეს ვაჟიშვილის არგოსის გამოცდილების წყალობით ფართოდ მომდინარე ფასისს და პონტოს უკიდურეს საზღვარს მიაღწიეს. მოლაშქრეებმა სასწრაფოდ შეახვიეს იალქნები, ანძა დაუშვეს და წესისამებრ ამოღარულ საცავში შეინახეს. შემდეგ ხოფები მოუსვეს და მყისვე მდინარის ფართო კალაპოტში შეცურდნენ. ხომალდი მძლავრად მიაპობდა ფასისის მღელვარე ტალღებს. არგონავტებს ხელმარჯვნივ ეკავათ მაღალი კავკასიონი და მას ქალაქი კუტაია, მარცხნივ გადაშლილიყო არესის ველი და ამ ღმერთის სახელობაზე შეწირული წმინდა ჭალაკი.
არგონავტები ფასისის ლერწმით მოფენილ ჭაობში ჩაიმალნენ და დაბანაკდნენ. ისინი ხომალდიდან გადმოვიდნენ, ჭაობი და ლერწმნარი გადალახეს და ხმელეთზე ავიდნენ. შემდეგ ველზე მდებარე ბორცვზე შედგეს ფეხი. ეს ველი კირკეს (აიეტის და) ველად იწოდება. აქ მრავლად იყო აღმოცენებული ტირიფი და ძეწნა, რომელთა კენწეროებზე თოკებით მიკრული გვამები იყო ჩამოკიდებული. კოლხებს დღესაც კი თავზარსა სცემთ და ცოდვად თვლიან მიცვალებული მამაკაცების ცეცხლით დაწვას. არც ისა აქვთ წესად, რომ ისინი მიწაში დაფლან და ზემოდან მიწაყრილი აღმართონ. კოლხები მიცვალებული მამაკაცების გვამებს ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენ და ქალაქიდან მოშორებით მაღალ ხეებზე მყუდრო ჭალებში ჰკიდებენ. მაგრამ ჰაერის თანაბრად მიწაც ღებულობს თავის წილს, ვინაიდან ქალებს, რომ მოკვდებიან, მიწის წიაღში აძლევენ ბინას. ასეთი არის იმ ქვეყანაში მიცვალებულთა დაკრძალვის წესი (ე.ი. ზოროასტრიზმის მიმდევრები იყვნენ).
როცა იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ, ჰერამ მყისვე გაჰფანტა ნისლი. ვაჟკაცები სასახლის შესასვლელთან გაჩერდნენ. ისინი გააოცა მეფის სასახლის გალავანმა, ფართო ჭიშკრებმა და სვეტებმა, რომლებიც მწკრივზე იყვნენ აღმართულნი კედლების გარშემო. სასახლის თავზე, სპილენძის ქონგურებზე, ქვის კოშკი იდგა. იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლივ გადააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს, რომელთანაც მაღლა ამართული, მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყვნენ. ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა. ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან. ერთი რძის შადრევანი იყო, მეორე ღვინისა, მესამედან სურნელოვანი ზეთი მორაკრაკებდა, მეოთხე წყარო კი ამოღარულ ლოდიდან წყალს მოაქუხებდა, რომელიც პლეიადების ჩასვლის დროს თბებოდა, ხოლო მათი აღმოსვლის ჟამს ყინულივით ცივი და ანკარა ხდებოდა.
სპილენძისფეხებიანი ხარები, რომელთაც სპილენძისავე ხახები ჰქონდათ, საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ. მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან. ამით ჰეფესტომ მადლობა გადაუხადა ჰელიოსს, რომელმაც ფლეგრის ბრძოლაში დაღლილი ჰეფესტო თავის ეტლზე აიტაცა. სასახლის ეზოში უზარმაზარი შენობა იდგა, რომელსაც მრავალი ორმაგი კარი და მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა. კარები და ოთახები ერთ საუცხოო ტალანში გამოდიოდნენ. ამ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ ორი უფრო მაღალი შენობა იდგა. ერთ-ერთ მათგანში აიეტი ცხოვრობდა თავისი ცოლით, მეორეში კი აიეტის ვაჟი აფსირტე.
სასახლის დანარჩენი ოთახები ეკავათ აიეტის ორ ასულს, ქალკიოპეს და მედეას და მოახლე ქალებს. აიეტის ასული მედეა ქალღმერთ ჰეკატეს ქურუმი იყო“.
არგონავტიკის სქოლასტის ჩვენებით, აპოლონიოს როდოსელი ეთნოგრაფიულ ფაქტს კოლხთა პანთეონიდან ნიმფოდორეს თხზულებაში გასცნობია. ნიმფოდორე ელინისტური ხანის მოღვაწე იყო; მიაკუთვნებდნენ თხზულებას „უცხოთა ზნეჩვეულებების შესახებ“. ზუსტი ცნობები ნიმფოდორეზე არ მოიპოვება. მართლაც ნიმფოდორე წერდა „კოლხებს წესად არ ჰქონდათ მამაკაცთა გვამების დაწვა ან დამარხვა; მამაკაცთა გვამებს გამოუქნელ ტყავებში ახვევდნენ და ხეებზე ჰკიდებდნენ, დედაკაცთა გვამებს კი მიწას აბარებდნენ“.
ამასვე გვამცნობს ნიკოლოზ დამასკელი (ძვ.წ. 64–4) სხვადასხვა ხალხის ჩვევების ჩამოთვლისას: „კოლხები მიცვალებულებს არ მარხავენ, არამედ კიდებენ ხეებზე“.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი მიუთითებს: „უეჭველია ეს ცნობა იმას ამტკიცებს, რომ კოლხები მაზდეიანობის მოძღვრების აღმსარებელნი ყოფილან, იმიტომ რომ მხოლოდ ამ სარწმუნოებაშია აკრძალული ადამიანის გვამის მიწაში დასაფლავება. მხოლოდ იქ არის აკრძალული ადამიანის გვამის ცეცხლით დაწვაც იმიტომ, რომ ცეცხლი წმინდა სტიქიონად ითვლებოდა და არარა უწმინდური მას არ უნდა შეჰხებოდა“.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „ჰენიოხების ქვემოთ მდებარეობს კოლხიდა, რომელიც მოთავსებულია კავკასიისა და „მოსხური მთების“ (მდინარეების ჭოროხის, მტკვრის, არაქსისა და ევფრატის წყალგამყოფ მთათა სისტემა: შედგებოდა არსიანის ქედის, შავშეთის ქედის, აჭარა-იმერეთის ქედის, ერუშეთის ქედის, ერუშეთის მთიანეთის, ნიალისყურის ქედის, სამსარის ქედის, ჯავახეთის ქედის, თრიალეთის ქედის, სოღანლუღის ქედის, კარგაფაზარის ქედის, ჩახირბაბის ქედის, ალაჰიუეკბერის ქედისგან) ძირებს შორის.
ჰენიოხების სანაპირო არის 1000 სტადიონი (178 კმ); შემდეგ მოდის დიდი პიტიუნტი, საიდანაც დიოსკურიამდე 360 სტადიონია (64 კმ). მითრიდატეს ისტორიკოსები, რომლებიც დიდ ნდობას იმსახურებენ ასახელებენ პირველად აქეელებს, შემდეგ ზიგებს, შემდეგ ჰენიოხებს, შემდეგ კერკეტებს, მოსხებს, კოლხებს, მათ ქვემოთ მცხოვრებ ფთიროფაგებსა და სოანებს და სხვა პატარა ხალხებს კავკასიისა. თავიდან სანაპირო როგორც ვთქვი ვრცელდება აღმოსავლეთით და მიმართულია სამხრეთისკენ, მაგრამ ბატიდან მცირედ უხვევს და შემდეგ მიემართება დასავლეთით, მთავრდება პიტიუნტთან და დიოსკურიადასთან; კოლხიდის მთელი ეს ტერიტორიები ეკვრის ზემოთნახსენებ სანაპიროს. დიოსკურიადას მოსდევს კოლხიდის დანარჩენი სანაპირო და მისი მიმდებარე ტრაპეზუნტის სანაპირო; შემდეგ ის გრძელდება თითქმის სწორი ხაზით პონტოს მარჯვენა მხარეს მიმართული ჩრდილოეთით“.
სკიდისე მოიცავდა ჭოროხის მარცხენა ნაპირზე აღმართულ ლაზისტანის, სოღანლის და კალკანის ქედებს. პარიადრი ვიწრო მნიშვნელობით მოიცავდა თანამედროვე ჯანიკის, გირესუნის, გიუმუშჰანეს, კოპის, მოსჯინის, სივრიდერესა და აკდაღის ქედებს; ფართო მნიშვნელობით კი პარიადრი ზოგჯერ ფარავდა სკიდისეს და მოსხური მთების იმ ნაწილს რომელიც აგრძელებს პარიადრეს და მოიცავდა ჩახირბაბის, კარგაფაზარის, სოღანლუღის, ალაჰიუეკბერის ქედებს.
„ტავრის მთიანეთში არის მთა ტრაპეზუნტი, თანამოსახელე იმ ქალაქისა, რომელიც ტიბარანიასა (შავიზღვისპირა ქართული ტომის – ტიბარენების მხარე) და კოლხიდასთან მდებარეობს. ეს სანაპირო აღმოსავლეთისაკენ მიემართება და სამხრეთს უყურებს. ნელ-ნელა დასავლეთისაკენ შემობრუნდება და პიტიუნტთან და დიოსკურიასთან სრულდება: კოლხიდის ეს ადგილები ხომ დასახლებულ სანაპიროს ესაზღვრება. დიოსკურიის შემდეგ დანარჩენი სანაპირო კოლხიდისაა და მის მომდევნო ტრაპეზუნტთან მნიშვნელოვან მოხრილობას ქმნის, შემდეგ პირდაპირ მიემართება, ქმნის მარჯვენა გვერდს პონტოსას.
დიოსკურია უბეში მდებარეობს და მთელი ზღვის უკიდურესი აღმოსავლეთი პუნქტი უჭირავს მასზე. ამბობენ, რომ ისაა ევქსინის უშორესი ადგილი და უკიდურესი სანაოსნოდ. დიაოსკურიადა დევს უბეზე, ფაზისიდან არანაკლებ 600 სტადიონზე (106 კმ). დიოსკურია სავაჭრო ადგილია მის ზემოთ და გარშემო მცხოვრები ტომებისათვის. აქ იწყება პონტოსა და კავკასიის ზღვების დამაკავშირებელი სავაჭრო გზა. ერთთა აზრით, ქალაქში თავს იყრის 70 ტომი, ხოლო მეორენი ამბობენ სამასიო, თუმცა ესენი არაფრით ზრუნავენ სიმართლისათვის. ყველა ტომი განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს, რადგან დაფანტულობის გამო შეურევლად ცხოვრობენ თავისი სიამაყისა და ველურობის მიზეზით. უმეტესობა სარმატია, ხოლო ყველანი კავკასიელები არიან. ესაა რაც შეეხება დიოსკურიას.
იბერიის ქვეყანაში შესასვლელი ერთი გზა გადის კოლხურ ციხისიმაგრე სარაპანზე და მასთან არსებულ ვიწროებზე, რომლებზედაც ფაზისი მოედინება. ფაზისი სწრაფი და ხმაურა მიემართება კოლხეთში. მასზე 120 ხიდით გადაისვლება მისი მიხვეულ-მოხვეულობის გამო. წყალდიდობისას ეს ადგილები სულ დახრულია მრავალი ნაკადულით. წარმოიქმნება ფაზისი ზემოთ მდებარე მთებში მრავალი წყაროსაგან, ხოლო დაბლობში ღებულობს სხვა მდინარეებს, რომელთა შორის არის ჰიპოსი და გლავკოსი; გავსებული და სანაოსნოდ გამოსადეგი ჩადის პონტოში (აღწერილი კარგად მიესადაგება ყვირილის ხეობის ზემო წელს, შორაპნიდან საჩხერის ჩათვლით, ვინაიდან ამ მონაკვეთზე არც ნაოსნობისთვის არის ხელსაყრელი პირობები, მრავალი პატარა მდინარეც უერთდება ყვირილას და საკმაოდ ხმაურიანიცაა იგი. სახელიც ხომ ამის გამო შეერქვა. ასე რომ სტრაბონის ფასისი არა სრულად რიონი, არამედ ყვირილა-რიონია).
ხოლო კოლხიდა მეტწილად ზღვასთან მდებარეობს. მასზე მიედინება დიდი მდინარე ფასისი (სტრაბონის ფასისი ყვირილადან იწყება. შესაბამისად რიონი რაჭის მთებიდან ვარციხემდე ფასის-რიონს არ ეკუთვნის. ამასვე ადასტურებს გეოგრაფი პტოლემაიოსი, რომელიც ფასისი შესართავს სარაკესთან ანუ შორაპანთან ახლოს დებს. მართალია ამ შემთხვევაში ძირულა გამოდის, თუმცა გვიდასტურებს იმას რომ ანტიკურ ხანის ავტორთა უმეტესობას რიონი სწორედ ყვირილა-ძირულადან დაწყებული ეგონათ), რომელსაც სათავე არმენიაში აქვს (სტრაბონი აქ იმეორებს ერატოსთენეს აზრს, ერატოსთენე კი ფასისში ჭოროხს გულისხმობს. სხვაგან სტრაბონი გვამცნობს რომ ფასის-რიონის სათავე იბერიის მთებშია, რაც უკვე ყვირილადან მის დაწყებას უნდა გულისხმობდეს), რომელიც იერთებს გლავკოსსა (სტრაბონის ცნობით – 1. გლავკოსი ფაზისის მიმდებარე მთებიდან ჩამოდის. 2. ფაზისი დაბლობში ღებულობს სხვა მდინარეებს რომელთა შორის არის ჰიპოსი და გლავკოსი. ამ უმთავრესი მომენტიდან გამომდინარე ვერც ყვირილა და ვერც ძირულა გლავკოსად ვერ ჩაითვლება, რადგან შორაპნის სანახებს კოლხეთის დაბლობად ვერ მივიჩნევთ. ამდენად უფრო სარწმუნოა, რომ გლავკოსი იყოს დღევანდელი რიონი უფრო ზუსტად კი რიონის მონაკვეთი რაჭის მთებიდან ვარციხემდე, ე.ი. რიონ-ყვირილის შერთვამდე.) და ჰიპოსს (ცხენისწყალი) მახლობელი მთებიდან გამომდინარეთ. ფაზისზე აღმა ცურვა შეიძლება სარაპანამდე – რომელიც ციხე-სიმაგრეა, მაგრამ შეუძლია დაიტიოს ქალაქის მთელი მოსახლეობა. აქედან ფეხით, საურმე გზით ოთხ დღეში მიისვლება მტკვრამდე. ფაზისზე მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხთა სავაჭრო ადგილი, გარშემორტყმული მდინარით, ტბითა და ზღვით. ცურვას ფაზისიდან ამისომდე (დღევ. სამსუნთან) და სინოპამდე ცურვით 2–3 დღე სჭირდება, რადგან აქაური სანაპიროები დატბორილია, ხოლო მდინარეთა შესართავები ჭაობიანი.
ქვეყანაში კარგი ნაყოფები იცის, გარდა თაფლისა, რომელიც მეტწილად მწარეა. მოიპოვება აგრეთვე გემთსაშენისთვის საჭირო ყოველი მასალა, რადგან აქ მრავალი ტყეა და მდინარეებითაც ჩამოაქვთ, ამუშავებენ ბლომად სელს, კანაფს, ცვილსა და ფისს, ხოლო სელის დამუშავება განთქმულიც არის და ქვეყნის გარეთაც კი გააქვთ.
მოსხების ქვეყანაში ზემოთ ნახსენებ მდინარეებთან ახლოს მდებარეობს ფრიქსეს დაარსებული ტაძარი ლევკოთეა (უნდა ყოფილიყო დღევანდელი სოფელი კოთელიას ადგილზე. ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქიდან 15 კმ-ზე) და მისი სამისნო, სადაც აკრძალული იყო ვერძის მსხვერპლად შეწირავა, რადგან სწორედ ვერძმა ჩამოიყვანა ფრიქსე. ერთ დროს ეს უმდიდრესი სალოცავი გაძარცვულ იქნა ჯერ ფარნაკეს, მოგვიანებით კი მითრიდატე პერგამონელის მიერ.
თუ როგორი სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ამას მითები ცხადყოფენ, რომლებიც მოგვითხრობენ იაზონის ლაშქრობაზე, რომელიც მოვიდა მიდიამდე, და ამაზე უწინ კი ფრიქსეს ლაშქრობაზე. შემდგომი მეფეები ფლობდნენ სკეპტუხიებად დაყოფილ ქვეყანას, თუმცა მათი კეთილდღეობა მცირე იყო. როდესაც მითრიდატე ევპატორის ძალაუფლება გაძლიერდა, კოლხიდა დაექვემდებარა მის ბატონობას. ამიერიდან მეფე თავისი სამეგობრო წრიდან მუდმივად გზავნიდა პირებს კოლხიდის მმართველად. ამ მართველებს შორის იყო მოაფერნე – ჩემი დედის მამის ძმა. კოლხიდიდან მეფე იღებდა ყველაზე მეტად ფლოტისთვის საჭირო მასალებს. მითრიდატეს დამხობის შემდეგ მისი სახელმწიფო დაიშალა. ბოლოს კოლხიდას დაეუფლა პოლემონი, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ პოლემონის ცოლი პითოდორიდა, რომელიც იყო დედოფალი კოლხების, ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ქალაქების და მათ ახლოს მდებარე ბარბაროსთა ოლქების.
მოსხების ქვეყანა, სადაც მდებარეობს ლევკოთეას ტაძარი, იყოფა სამ ნაწილად: ერთ ნაწილს აკონტროლებს კოლხები, მეორეს ფლობს იბერები, მესამეს ფლობს არმენები. იბერიაში არის პატარა ქალაქი /ფრიქსეს ქალაქი/ – თანამედროვე იდეესა, კარგად გამაგრებული პუნქტი კოლხიდას საზღვართან. დიოსკურიადას ახლოს მიედინება მდინარე ხარესი.
განიმყარა რა ძალაუფლება, მითრიდატე ევპატორი გახდა კოლხიდისა და ყველა ამ ქვეყნის მფლობელი, რომელიც დაუთმო მას სისიდის ძე ანტიპატრემ.
პომპონიუს მელა (ახ.წ. 15–60) ძველ წყაროებზე დაყრდნობით გვამცნობს: „მოსინების მეზობლები – მაკროკეფალები (მაკრონები), ბექერები, ბუზერები (ბიძერები) – ნაკლებად ველურები არიან, თუმცა გამოირჩევიან მძიმე ხასიათით. ქალაქები აქ ცოტაა, ყველაზე დიდია კერასი (კერასუნტი) და ტრაპეზი (ტრაპეზუნტი).
აქ მდებარეობს ადგილი, სადაც ბოსფორიდან მომავალი ზღვის სანაპირო იცვლება მკვეთრი მოსახვევით. ეს არის პონტოს კლაკნილი სანაპიროს ყველაზე მკვეთრად მოხვეული კუთხე (ე.ი. უბე) მოყოლებული თრაკიის ბოსფორიდან. აქ ცხოვრობენ კოლხები. პონტოს ამ ადგილზე ჩაედინება მდინარე ფასისი, რომლის ახლოს მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, აშენებული თემისთაგორა მილეტელის მიერ. აქ არის ფრიქსეს ტაძარი და ჭალა (ოქროს ვერძის ტყავის ადგილსამყოფელი) სახელოვანი ოქროს საწმისის შესახებ ძველი თქმულებით“.
პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79): „ტრაპეზუნტის სანაპიროს ახლოს მიედინება მდინარე პიქსიტი ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით (დღევ. ვიწეწყალი), რომელზეც არიან სანები-ჰენიოხები. შემდეგ მოდის მდინარე აბსარუსი (აფასაროსი, დღევ. ჭოროხი), რომლის შესართავთან არის იმავე სახელის ციხე-სიმაგრე, რომელიც ტრაპეზუნტისგან დაშორებულია 140 მილით (207,2 კმ). აბსაროსი სათავეს იღებს პარიადრეს მთებში და წარმოადგენს საზღვარს „დიდ არმენიასა“ და „მცირე არმენიას“ შორის.
აბსაროსთან ახლოს, მთებს გადაღმა იბერიაა, სანაპიროზე კი – ჰენიოხები, ამპრევტები, ლაზები, მიედინება მდინარეები აკამფსეონი (=აკამფსისი, მდ. ჭოროხის შესართავი ნაწილი), ისისი (დღევ. მდ. ნატანები), მოგრუსი (ან ნოგრუსი, ან ნიგერი, დღევ. მდ. სუფსა), ბათისი (ნიშნავს „ღრმა წყალს“, დღევ. ყოროლის წყალი), შემდეგ კოლხიდის ხალხი, ქალაქი მატიუმი (პტოლემეოსის მადიუმი, ქალაქი კოლხეთში), მდინარე და კონცხი ერთი და იგივე სახელით ჰერაკლეა (ბიჭვინთიდან ნოვოროსიისკამდე შორის ტერიტორიაზე), პონტოს ყველაზე სახელგანთქმული მდინარე ფაზისი (მდ. რიონი).
ამ მდინარეს სათავე აქვს მოსხების ქვეყანაში და სანაოსნოა დიდი ხომალდებისათვის 38,5 მილზე (57 კმ), შემდეგ დიდ მანძილზე მცირე ხომალდებისათვის; მასზე გადასასვლელად მოწყობილია 120 ხიდი. მის ნაპირზე მდებარეობდა რამდენიმე ქალაქი, რომელთა შორის სახელგანთქმულია ტინდარიდა (?), კირკეიუმი, კინიუმი (გიენოსი?) და შესართავთან ფაზისი; მაგრამ განსაკუთრებით სახელმოხვეჭილი იყო ეია ზღვიდან 15 მილის (22,2 კმ) დაშორებით, იქ სადაც ფაზისს სხვადასხვა მხრიდან უერთდება მდინარეები – ჰიპოსი და კიანეოსი (ჰიპოსი და კიანოსი პტოლემეოსთან აფხაზეთის მდინარეებია – კოდორი და ღალიძგა. სტრაბონთან ჰიპოსი ფასისის შენაკადია და და ცხენისწყალი უნდა იყოს. რაც შეეხება პლინიუსს – მისთვის ჰიპოსის საპირისპიროდაა კიანოსი, ხოლო ცხენისწყალის საპირისპიროდ მდინარე არ არის. აი გლავკოს/რიონის საპირისპიროდ კი არის ხანისწყალი. სტეფანე ბიზანტიელი წერს: აია – კოლხთა ქალაქი, აშენებულია აიეტის მიერ, ზღვას დაშორებულია სამასი სტადიონით; მას ჩამოუდის ორი მდინარე: ჰიპპოსი და კვიანეოსი, რომლებიც მისგან ნახევარკუნძულს ქმნიან. პლინიუსს სხვა ბევრი მცდარი ცნობაც აქვს საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ ტოპონიმთან დაკავშირებით, ამიტომ არ ღირს მის სიტყვებში სრული ჭეშმარიტების ძიება). ამჟამად არსებობს მხოლოდ სურიუმი (იგივე სურიონი, დღევ სოფ. ციხესულორი), რომელმაც სახელი მიიღო იმავე სახელის მდინარისგან (დღევ. მდინარე სულორი), რომელიც ამ ქალაქთან ერთვის ფაზისს, სადაც ის, როგორც ვთქვით, სანაოსნოა დიდი ხომალდებისათვის. ფაზისი იღებს აგრეთვე წყალს სხვა მდინარეებისგან, რომელთაგან გამორჩეულია თავისი მასშტაბურობით გლავკოსი (დღევ. მდ. რიონის მონაკვეთი რაჭის მთებიდან ვარციხემდე); ფასისის შესართავთან არის უსახელო კუნძული, აბსაროსიდან დაშორებულია 70 მილზე (103.6 კმ).
ფასისის შესართავიდან პონტოს სანაპიროების გაყოლებით არის კიდევ ერთი მდინარე ხარიენტი (ან ქარიენტი, ფსევდო სკილაქსის ხარიუსი, არიანეს ხარიენტი, პტოლემეოსის ხარიუსტი = დღევ. ხობის წყალი) და ხალხი – სალტიები, რომელთაც ადრე ეძახდნენ ფთიროფაგებს, შემდეგ სხვა ხალხი სანნები (აქ ტექსტში შესაძლოა შეცდომაა და სუანები უნდა ეწეროს), მდინარე ხობოსი (ან ქობოსი, = ფსევდო სკილაქსის ხორსის/ქორსის და დღევ. ენგურს), რომელიც კავკასიონიდან სუანების (ანტიკური ავტორები სვანებს – სუანებს, ან სოანებს ეძახიან) მხარის გავლით მოედინება. შემდეგ მდინარე როანი (ჭურია, ენგურის სამხრეთით, ხობის რაიონში), ეკრიგტიკას მხარე (ეგრიკტიკა, ეგრისი), მდინარეები: სიგამა (ან სიგანია, ზიგანი, დღევ. ოქუმი), ტერსოსი (=არიანეს ტარსურა მოხე; დღევ. მოქვის წყალი), ასტელეფოსი (კოდორის ჩრდ. შესართავი), ხრისორროასი (დღევ. მდ. კელასური), აბსილების (=აფსილები) ტომი, სებასტოპოლისის ციხე-სიმაგრე (დიოსკურიადას აღმოსავლეთით) ფასისიდან 100 მილზე (148 კმ), სანიკების (სანიგების) ტომი, ქალაქი კიგნუმი (გიენოსი?) და მდინარე და ქალაქი პენიუსი (პიტიუნტი?). შემდეგ მოდის ჰენიოხების ტომები, რომლებიც გამოირჩევიან სხვადასხვა სახელით.
მათ ემიჯნება პონტოს მხარე კოლიკა, სადაც კავკასიის ქედი უხვევს რიპეის მთებისკენ, ერთი ბოლოთი ეშვება ევქსინისა და მეოტიდისკენ, ხოლო მეორეთი კასპიის ანუ ჰირკანიის ზღვისკენ. პონტოს აღმ. სანაპიროს დანარჩენი ნაწილი დასახლებულია ველური ხალხებით: მელანქლენებით, კორაქსებით, რომლებიც ცხოვრობენ კოლხების ქალაქ დიოსკურიასთან ახლოს, მდ. ანთემუნტთან (დღევ. გუმისთა); ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო, რომ ტიმოსთენეს თქმით, იქ იკრიბებოდა 300 ეროვნების სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. და ამის შემდეგ ჩვენები (ე.ი. რომაელები) თავის საქმეებს აწარმოებდნენ 130 თარჯიმნის დახმარებით.
დიოსკურიადადან შემდეგი ქალაქია ჰერაკლია სებასტოპოლისიდან 70 მილზე (103,6 კმ). ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ აქეელები, მარდები და კერკეტები (ჩერქეზთა წინაპრები), მათ უკან სერრი და კეფალოტომები (ნიშნავს თავის მკვეთავებს). ამ მხარის ყველაზე ბრწყინვალე ადგილი იყო უმდიდრესი ქალაქი პიტიუსი (პიტიუნტი, ბიჭვინთასთან), აწ გაძარცვული ჰენიოხების მიერ.
კოლხეთში მეფობს სავლაკი, აიეტის შთამომავალი, რომელმაც სამფლობელოდ მიიღო ვრცელი ქვეყანა; ამბობენ უამრავი ოქრო და ვერცხლი მოიპოვა მან სუანთა მიწებსა და საერთოდ ოქროს საწმისებით განთქმულ ქვეყანაში. დადიოდა ხმები, რომ მისი სასახლე ოქროს სვეტებით არის შემკული.
პომპეუსის ლაშქრობის დროს, მისი ბრძანებით შესწავლილ იქნა, რომ ინდოეთიდან შეიძლება შვიდ დღეში ჩასვლა ბაქტრიაში, მდ. ბაქტრთან, რომელიც ერთვის ოქსს. აქედან ინდური სავაჭრო საქონელი გადაქვთ კასპიის ზღვის იქით მდ. მტკვარზე და ხმელეთით (ე.ი. მდ. ფაზისის ანუ ყვირილა-რიონის გავლით) არა უმეტეს ხუთი დღისა მათ შეუძლიათ მიაღწიონ ქალაქ ფაზისს, რომელიც პონტოს ზღვას უერთდება“.
სწორედ ამ გზის (მტკვარი–ყვირილა–რიონი) გაყოლებაზე მდებარეობს ანტიკური ხანის და ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარები, რომელთა არქეოლოგიური კვლევის დროსაც აღმოჩნდა შემოტანილი უცხოური ნაწარმი (კერამიკა, სამკაულები, მონეტები, ლითონის და მინის ჭურჭელი). ასეთი ნამოსახლარები მდ. რიონ-ყვირილას გაყოლებაზე აღმოჩენილია შორაპანში, ვარციხე-პატრიკეთში, ვანში, საყანჩიაში, ციხესულორში, შუამთაში, ფარცხანაყანევში, მთისძირში, დაბლაგომში, დაფნარში, საჯავახოში, პატარა ფოთში, ჭალადიდში, ფოთში (პალიასტომის ტბაზე) და სხვ.
ფასისის სავაჭრო-სამდინარო გზის ბოლო პუნქტი იყო პალიასტომზე მდებარე ქალაქი, რომლის შემდეგაც სავაჭრო კარჭაპები შავ ზღვაში გადიოდა კაბოტაჟური ცურვისათვის.
გეომორფოლოგების აზრით, პალიასტომის ტბა – ლაგუნაზღვიური რელიქტია. ძველად აქ მდ. რიონის ლიმანი იყო. სრულიად ბუნებრივია, რომ წინათ სწორედ ამ მოხერხებულ ლიმანში, რომლის ნაპირზედაც ქალაქ-ნავსაყუდელი მდებარეობდა, ხომალდები შემოსულიყო. ხომალდებიდან შემდეგ ტვირთი ბრტყელძირა სამდინარო კარჭაპებში გადაიტვირთებოდა და პალიასტომის გავლით ისინი მდინარე რიონზე ანდა ფიჩორზე აღმა აგრძელებდნენ სვლას.
კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ.წ. 90–170) ეყრდნობა რა ქრისტესშობამდელ წყაროებს კოლხეთში შემდეგ გეოგრაფიულ ობიექტებს ასახელებს: „დიოსკურია (71°10'–46°45'), მდ. ჰიპუსის (კოდორი) შესართავი (71°–46°30'), მდ. კიანეოსის (ღალიძგა) შესართავი (71°30'–46°10'), ნეაპოლისი (71°30'–46°15'), სიგანეუმი (დღევ. სოფ. გუდავა, 71°30'–45°45'), ქალაქი აია (72°–45°30'), მდ. ხარიუსტუსის (ხობი) შესართავი (72°–45°15'), მდ. ფასისის შესართავი (72°30'–45°), ქალაქი ფასისი (72°30'–44°45'). მეხლესუსი (74°30'–46°45'), მადია (74°15'–46°15'), სარაკე (შორაპანი, 73°–45°), სურიუმი (ციხესულორი, 73°20'–44°40'), ზადრისი (74°–44°40')“.
პტოლემაიოსი ასახელებს კოლხეთის რამდენიმე რეგიონს: „ლაზი, მანრალი, ეკრიკტიკა“.
პტოლემაიოსს კოლხეთის სამხრეთ საზღვარი შეცდომით მდ. ფასისი (რიონი) ჰგონია, ხოლო აფსაროსი (ჭოროხი) მისი აზრით სათავიდან შესართავამდე კაპადოკიის პონტოს ტერიტორიაზე მიედინებოდა, იქვე აქვს სათავე, ამავე მდინარის შენაკადს ლიკოსსაც (ოლთუ). პტოლემაიოსის ცნობით კოლხეთის ჩრდ. საზღვარი (75°–47°30') კორაქსების მთებზე გადიოდა, საიდანაც გამოედინებოდა მდ. კორაქსი (70°30'–47°).
აპიანე (ახ.წ. 100–180): „კავკასიონიდან გადმომდინარე მრავალ ნაკადულს უჩინარი ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები სქელმატყლიან ცხვრის ტყავს დებენ და აგროვებენ ქვიშას, რომელიც ამ ტყავებზე რჩება. ალბათ, ამგვარივე იყო აიეტის ოქროს საწმისიც“.
ახ.წ. VII ს-ის არმენიული გეოგრაფია ანტიკური ხანის გეოგრაფიული წყაროებზე დაყრდნობით წერს: „კოლხეთი, რომელიც ეგერია, მდებარეობს პონტოს ზღვის აღმოსავლეთით, სარმატიის ახლოს, იბერიისა და დიდი არმენიის მომიჯნავედ. ეგერი იყოფა ოთხ მცირე მხარედ..., მანრილი; ეგრევიკა, რომელიც საკუთრივ ეგერია იქ მდინარე ფაზისია ამავე სახელწოდების ქალაქთან; ლაზივი და ჭანივი რომელიც ხალტიქია სადაც მდინარე მეგალუპოტამიაა. მას აქვს სხვა მდინარეებიც აკამფსისი (ჭოროხი) ანუ ვოჰი, რომელსაც სათავე დიდ არმენიაში აქვს. მას ხუთი ქალაქი აქვს: იგანი (?), კოტაი (ქუთაისი), როდოპოლოსი (ვარდციხე), ათენაი (ათინა-ფაზარი) და რიზუსი (რიზე) და რამდენიმე სხვა ემპორიუმი და ზღვისპირა ქალაქი, როგორიც ტრებიზონდი (ტრაპიზონი)“.
მანრილი=პტოლემაიოსის მანრალის და მოიცავდა ალბათ არგვეთსა და თაკვერს. ეგრევიკა=პტოლემაიოსის ეკრეკტიკას და მოიცავდა სამეგრელოსა და იმერეთს. ჭანივ-ქალდეა=ჭანეთ-ტრაპიზონის მხარეს, ხოლო ლაზივი=პტოლემაოისის ლაზის და მოიცავდა გურია-აჭარის მხარეს რიონიდან სამხრეთით – ჭოროხ-აჭარისწყლამდე. ლაზებს ახ.წ. I საუკუნიდან ახსენებენ პლინიუს უფროსი და მემნონი.
3. კოლხური სამოსახლოები
რომაელი არქიტექტორი მარკუს ვიტრუვიუსი (ახ.წ. I ს.) ზედმიწევნით აღწერს კოლხეთის კოშკურა-ძელებიანი ნაგებობების კონსტრუქციას: „კოლხეთში ხე-ტყის სიუხვის გამო მიწაზე ხის ძელებს აწყობენ, შემდეგომ გარდიგარდმო სხვა ძელებს ადებენ. ამგვარად იზღუდება ნაგებობის სივრცე. ოთხივე მხრივ შეკრული ძელების წყობით თანდათან ამოჰყავთ ძელების კედლები, აგებენ კოშკებს, ძელებს შორის ადგილებს, რომლებიც ძელების სიმრუდის გამო რჩება, ავსებენ ნაფოტებითა და თიხით. ამგვარადვე ამოჰყავთ პირამიდული გადახურვა, რომლის ძელებიც თანდათანობით მოკლდება. ასეთი გადახურვაა აქ დამახასიათებელი“.
ყველა კოლხური სამოსახლო მათ შორის საკუთრივ ცენტრალურ კოლხეთშიც კი წარმოადგენდა გამაგრებულ ადგილს ხის გალანითა და კოშკებით. მაგრამ ცალკეული ციხეები, რომლებშიც მოსახლეობა არ ცხოვრობდა უფრო დახვეწილი იყო. კედლის ნახევარი ძირიდან ქვით იყო ნაგები, ხოლო შემდეგ ხის მოკლე ძელები ჰქონდა ჩატანებული. კოშკები კი მთლიანად ხით იყო ნაგები და გადახურვა ჰქონდა ან სელის ან თივის (მაგ. საქორქიოს სიმაგრე).
ზოგიერთი სიმაგრე უფრო გაშლილ და დიდ გამაგრებულ დასახლებას წარმოადგენდა. არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება გამაგრებული სამოსახლოები, რომლებიც საკმაოდ მასიურ დასახლებას წარმოადგენდნენ (ხანძრის გავრცელების მიხედვით).
ხის სიმაგრეები ძალზედ კარგ თავდაცვით საშუალებას წარმოადგენდა. ხე იოლად იწვის. არ არის გასაკვირი თუ მოწინააღმდეგე თავიდანვე მის დაზიანებას ეცდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ამის საწინააღმდეგოდ კოლხებსაც ჰქონდათ შესაბამისი ოპერაციები და საშუალებები ამგვარი ქმედებების ლიკვიდაციისთვის. გამაგრებულ პუნქტებში იდგებოდნენ გამოცდილი მებრძოლები. ამგვარ სიმაგრეებში მათი რიცხვი მცირე იყო. ამიტომ შესაძლოა მტრის შემოსევის შემთხვევაში დამხმარე ძალებს სიმაგრეში მცხოვრები მოსახლეობიდან ივსებდნენ და ასე მოწინააღმდეგეს უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო მეტი ადამიანური რესურსით ებრძოდნენ.
კოლხური სიმაგრის კოშკი მორებისაგან შეკრულ ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა, რომელიც სამ სართულიან ნაგებობას წარმოადგენდა. მასზე ძირითადად შუბოსნები და მშვილდოსნები იყვნენ განლაგებულნი, რომლებიც მტერს შორიდანვე უქმნიდნენ საფრთხეს ისრებისა და შუბების გამოყენებით. კოშკების საძირკველი ქვით იყო ნაგები, ხოლო სახურავი თივით იყო გადახურული. კოშკს მეორე სართულზე დატანებული ჰქონდა პატარა საკმეველი. როგორც ჩანს იგი მშვილდოსნებისათვის იყო განკუთვნილი.
ნიშანდობლივია რომ დიდი ქალაქები ძალიან კარგად იყო განლაგებული ძველ კოლხეთში. მაგალითისათვის ავიღოთ ქალაქი ვანი. მას ძვ. წყაროებში სავარაუდოდ სურიუმი ეწოდება. იგი იყო კოლხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი და წარმოადგენდა დიდი მნიშვნელობის სავაჭრო-ეკონომიკურ ფაქტორიას. რათქმაუნდა ასეთი მნიშვნელობის ქალაქი კოლხებს ძლიერად უნდა გაემაგრებიათ.
არქეოლოგიური მასალით დასტურდება ქალაქ ვანის ძლიერი თავდაცვითი სისტემა. აღმოჩნელილია ქვის მასიური გალავნები, რომლებიც მაღალ დონეზეა დაპროექტებული. ქალაქს გარს ერტყა მასიური ქვის გალავანი, რომელშიც კოშკები იყო ჩატანებული. ასევე კარიბჭესთან აღმოჩენილია სპეციალური სათავსო, რომლიდანაც მტერს ადუღებულ ზეთს ასხამდნენ თავზე. ვანში ნაპოვნია როგორც ადგილობრივი კოლხური იარაღ-საჭურველი ასევე ბერძნული ჰოპლიტების იარაღ-საჭურველი და მათი სამარხებიც კი. როგორც ჩანს ქალაქი ადგილობრივი ასევე ბერძნულ ყაიდაზე აგებული გარნიზონით კერძოდ ბერძენი ჰოპლიტებითაც ყოფილა დაკომპლექტებული რაც გარნიზონის ბრძოლისუნარიანობას ძალზედ აამაღლებდა.
ქალაქი ძალზედ კარგად იყო დაცული სასიმაგრო სისტემებით. როგორც ჩანს ქალაქი მართლაც ეკონომიკური და ცხოვრების დონით მაღალ დონეზე იდგა და საკუთარი ქალაქის დაცვაზეც ფიქრობდა. ქალაქი ვანი კოლხეთის მეფეს ემორჩილებოდა და ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური მნიშვნელობის ქალაქი იყო.
ვანში ასევე აღმოჩნდა ბალისტების ყუმბარები, რომელიც აქ მის გამოყენებას ადასტურებს. როგორც ჩანს ბალისტები კოშკებზე იყო განლაგებული და მისი თავდაცვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
4. „დიდი ბერძნული კოლონიზაცია“ და კოლხეთის სამეფო
ძვ.წ. VIII საუკუნიდან ბერძნებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა წამოიწყეს. იმ დროს მათ ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ. ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი, ეგეოსის ზღვის კუნძულები და მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო დაფარული იყო ბერძნული დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოებით – პოლისებით, რომელთა შორის გამორჩეულები იყო – ათენი, სპარტა, კორინთო, თებე, მილეტი და სხვები.
ბერძნული პოლისი აერთიანებდა მთავარ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავისუფალი მოქალაქეებიც ცხოვრობდნენ. ამ პოლისებმა ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყეს ახალი ქალაქების – კოლონიების დაარსება. კოლონიების დამაარსებელ ასეთ პოლისებს მეტროპოლიები (დედაქალაქები) ეწოდება.
რა იყო კოლონიების დაარსების მიზეზები? პოლისებში მოსახლეობის სიჭარბე, შესაბამისად ახალი მიწების ათვისების აუცილებლობა და ეკონომიკური ფაქტორი: პოლისებს წარმოებული საკუთარი ჭარბი პროდუქცია უნდა გაესაღებინათ და იმავდროულად შემოეტანათ ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქში არ მოიპოვებოდა. ბერძენი ავტორები ხშირად ხმარობენ ტერმინ სტენოხორიას – შევიწროებას. პოლისი ვეღარ იტევდა და ვერ აკმაყოფილებდა ჭარბ მოსახლეობას პროდუქციით, ვეღარ ასაქმებდა მას. კოლონიზაციის მეორე მიზეზი იყო შიდა კონფლიქტები სხვადასხვა საზოგადოებრივ დაჯგუფებას (ძირითადად არისტოკრატიასა და დემოსს) შორის, რომლებიც ხშირად სამოქალაქო ომამდეც მიდიოდა. ამისაგან თავის აცილების ერთ-ერთი გზა იყო უმცირესობაში მოხვედრილ ჯგუფს უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. მას შემდეგ, რაც ახალ საცხოვრებელ მიწების მაძიებელი ბერძნები ტოვებდნენ ქალაქს, ისინი კარგავდნენ უკან დაბრუნების უფლებას.
ბერძნები პოლისებს აარსებდნენ შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ქალაქი ადვილი მისადგომი უნდა ყოფილიყო ზღვიდან, დაცვა უნდა ყოფილიყო ადვილი, ქალაქის გარშემო უნდა ყოფილიყო ნოყიერი მიწები, ქალაქში უნდა ყოფილიყო მუდმივი წყალი. ასეთი ადგილის პოვნა ძნელი იყო და ამიტომ ისინი ხშირად უპირისპირდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
როგორი იყო დამოკიდებულება მეტოპოლიასა და კოლონიას შორის? ზოგან მეტროპოლია კოლონიაზე ძლიერ კონტროლს ახორციელებდა, ზოგან კი კოლონიები დროთა განმავლობაში სრულ დამოუკიდებლობას აღწევდნენ და თავად ხდებოდნენ პოლისები. იქ, სადაც კოლონია ძლიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მაგ., ეგვიპტეში) იქმნებოდა, ეს ახალშენი პოლიტიკური და სამხედრო აქტივობით ვერ გამოირჩეოდა, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა განვითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა, კოლონია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდა.
რა აერთიანებდა ამ დაქსაქსულ ბერძნულ სამყაროს? 1. ბერძნული ენა; 2. საერთო რელიგია; 3. კულტურა. ამიტომ ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობა ელინი (ბერძენი) და დანარჩენი, უცხო სამყარო – ბარბაროსი (ანუ უცხო, გაუგებარ ენაზე მოსაუბრე). კოლონიებს საბერძნეთიდან წმინდა ცეცხლი მოჰქონდათ და თაყვანს სცემდნენ იმავე ღმერთების პანთეონს. კოლონიები ინარჩუნებდნენ მეტროპოლიის ინსტიტუტებს, ტრადიციებს. კოლონია ზოგჯერ მთლიანად დამოუკიდებელი ხდებოდა, და საკუთარ მეტროპოლიასაც კი უპირისპირდებოდა, როგორც ეს მოხდა კორკირსა და მეტროპოლია კორინთოს შორის, რაც პელოპონესის ომი საბაბად იქცა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხშირად კოლონიები თავად ხდებოდნენ მეტროპოლიები (ქალაქ-სახელმწიფოები რომლებიც აარსებდნენ კოლონიებს). მათ ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფო წყობილება, ჭრიდნენ საკუთარ ფულს. მეტროპოლიასთან კოლონიებს აკავშირებდა საერთო რელიგიური კულტი.
ბერძნული კოლონიზაცია გეოგრაფიული თვალსაზრისით შემდეგი ძირითადი მიმართულებებით წარიმართა: 1) აღმოსავლეთის (მცირე აზია და ახლო აღმოსავლეთი), 2) სამხრეთის (ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო), 3) დასავლეთის (იტალია, სამხრეთ საფრანგეთი და აღმოსავლეთ ესპანეთი), 4) ჩრდილოეთის (ადრიატიკა, მაკედონია) და 5) ჩრდილო-აღმოსავლეთის (შავიზღვისპირეთი). კოლონიზაციის პერიოდში დაარსებულ დასახლებებს დიდი ხნის მანძილზე შემორჩათ ბერძნული სახელები: მასილია (მარსელი), ნეაპოლი, სირაკუზი, ბიზანტიონი, ქერსონესი და სხვ.
ძვ.წ. VI ს-დან ბერძნებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არაერთი ახალშენი დააარსეს. მაგალითად ფასისი (ფოთთან), გიენოსი (ოჩამჩირესთან), დიოსკურია (სოხუმთან). ასევე ბერძნული დასახლება უნდა ყოფილიყო ქობულეთ-ფიჭვნარის რაიონში, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კოლონიებიდან, თუ ყველა არა, დიოსკურია და ფასისი მაინც მილეტის დაარსებული უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული კოლონია იყო ფასისი. მის დაწინაურებას ხელს უწყობდა „დიდი აბრეშუმის გზად“ წოდებული სავაჭრო გზა, რომელიც იწყებოდა ინდოეთიდან. ეს გზა მიუყვებოდა მდინარე ამურდარიას, კასპიის ზღვას და მდინარე მტკვრით ლიხის ქედამდე აღწევდა, შემდეგ მდინარე ფასისით (რიონით) შავ ზღვამდე, ქალაქ ფასისამდე და აქედან უკვე ბერძნული სამყაროსკენ მიემართებოდა.
კოლხეთის სანაპიროზე დაარსებული ახალშენები აღმოცენდა იქ, სადაც უკვე არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი დასახლებები. კოლონიების მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა რომ შერეული იყო, ნათლად მეტყველებს არქეოლოგიური მასალები. აქედან გამომდინარე, დაპირისპირება კოლონისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არ იყო ისეთი მწვავე, როგორც მაგ. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, სადაც ბერძნული კოლონიები (პანტიკაპეიონი, ოლვია, ხერსონესი) იძულებული გახდნენ გაერთიანებულიყვნენ და შეექმნათ ბოსფორის სამეფო. ეს ბერძნული ახალშენები ადგილობრივ მოსახლეობაზე გაბატონდნენ. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოცენებული კოლონიები კი განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდნენ. მათ არა თუ ვერ შეძლეს გაბატონებულიყვნენ ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ თვითონ მოექცნენ კოლხეთის სახელმწიფოსა და ადგილობრივი მოსახლეობის გავლენის ქვეშ.
ბერძნები კოლხეთთან ვაჭრობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. საბერძნეთიდან შემოჰქონდათ ქსოვილები, ხორბალი, ხელოსნობის ნაწარმი, სამკაულები, ჭურჭელი ზეთის ხილი, ზეითუნის ზეთი, ფერადი მინა, ნელსაცხებლები და ფუფუნების სხვა საგნები. შემოჰქონდათ ასევე მაღალი ხარისხის ღვინო. ღვინო ბერძნებს, ალბათ, თავისთვის ესაჭიროებოდათ, რადგან საქართველო ღვინის უძველესი სამშობლოა და ღვინის აქ სავაჭროდ შემოტანა ნაკლებად სავარაუდოა. საქართველოდან გაჰქონდათ სელი და სელის ნაწარმი, ზეთი (მას საკვები, სანათი და სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა), ბეწვეული, ტყავეული, გემის სამშენებლო ხე-ტყე, აგრეთვე ხის ძვირფასი ჯიშები, მაგალითად ბზა. გაჰქონდათ ოქრო, რკინა, თაფლი, ფისი, ცვილი. გაჰყავდათ მონებიც.
ბერძენი და სპარსელი ვაჭრების საშუალებით მსოფლიო ვაჭრობაში ჩაბმული კოლხეთი ძვ.წ. VI–IV საუკუნეებში პოლიტიკური და ეკონომიკური აყვავების ხანას განიცდის. ამ პერიოდში იჭრებოდა პირველი ქართული ფული ე. წ. „კოლხური თეთრი“ (ვერცხლის მონეტები). მასთან ერთად ქვეყანაში მოქმედებდა სპარსული „დარიკები“, ბერძნული და მაკედონური მონეტები.
ბერძნული კოლონიები დიდ გავლენას ახდენდნენ კოლხეთის კულტურულსა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე. მათი მეშვეობით კოლხეთი უკავშირდებოდა ბერძნულ სამყაროს, რომელიც იმ დროს ყველაზე მაღალგანვითარებული და მოწინავე იყო. კოლხეთის სამეფოს ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთანაც (ყირიმში აღმოჩენილია კოლხური მონეტები), შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე არსებულ კოლონიებთან, მცირე აზიის ქალაქებთან. ისეთი შორეული ქვეყნებიდანაც კი, როგორიც იყო ეგვიპტე და სირია, კოლხეთში შემოჰქონდათ სხვადასხვა ნაკეთობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий