четверг, 9 декабря 2021 г.

რომი და ფარსმან I (II)-ის მემკვიდრეები (უ. მურღულია)

    ფარსმან II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა მეორე ვაჟმა მირდატ II-მ (=მიჰრდატე=მითრიდატე სპარსულად ნიშნავს ღმერთ მითრასადმი ბოძებულს; მეფობდა დაახლ. 68–105) დაიკავა.
    არმენიისათვის ხანგძლივმა და არცთუ წარმატებულმა ომმა დაარწმუნა ნერონი წინამორბედების ბუფერულ ქვეყნებზე დაყრდნობის პოლიტიკის სისუსტეში, რის გამოც იმპერიის პოლიტიკა აღმოსავლეთში კარდინალურად შეიცვალა. ახ.წ. 63 წელს მან პოლემონიდების სამეფო (რომელშიც შედიოდა ყოფილი კოლხეთის სამეფოც) გააუქმა და ის რომის პროვინციად გამოაცხადა. ამასთანავე, განსაკუთრებით ყურადღება მიექცა კავკასიის ზღვისპირეთში რომის პოზიციების გამყარებას. დასახული ამოცანის წარმატებით გადაჭრისათვის საჭირო იყო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში მნიშვნელოვანი ძალების თავმოყრა, რასაც ასე დაბეჯითებით მოითხოვდა ხელისუფალთაგან რომაელთა გამოცდილი მხედართმთავარი გნეიუს დომიციუს კორბულონი.
იოსებ ფლავიუსი ახ.წ. 66 წლის ამბების თხრობისას მოგვითხრობს: „კოლხების, ტავრების, ბოსფორელების, პონტოსა და მეოტიდის ირგვლივ მცხოვრებლები, რომლებიც წინათ საკუთარ მმართველებსაც კი არ ცნობდნენ, ახლა 3000 მებრძოლს ჰყავს მორჩილებაში და ამასთანავე ორმოცი გემი იცავს მშვიდობას ზღვაზე, რომელზედაც უწინ ცურვა შეუძლებელი და შემაძრწუნებელი იყო“. აქედან გამომდინარე, რომის სამხედრო ნაწილები საქართველოს ზღვისპირეთში ნერონის დროს უკვე ჩანდნენ.
აღნიშნული ღონისძიების გატარების გარეშე ნერონი არათუ ვერ შეძლებდა კავკასიაში თავისი პოზიციების განმტკიცებას, არამედ ჩრდილო კავკასიის მთიელთა შემოტევასაც ვერ შეაჩერებდა; ვერც ზღვაზე ვაჭრობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. სხვა საკითხია, თუ რა რაოდენობის საჯარისო ნაწილები იყო აქ დისლოცირებული. იოსებ ფლავიუსის ზემოთ მოტანილ ცნობაში თითქოსდა რომი პონტოსპირეთის ყველა ხალხს აკონტროლებდა. თუმცა მაგ. ჭანები არიანეს დროსაც რომაელებს არ ემორჩილებოდნენ. კოლხეთის სანაპიროზე დისლოცირებული რომის საჯარისო ნაწილები მცირერიცხოვანი უნდა ყოფილიყო, რადგან არიანეს ინსპექტირების დროსაც (131 წ.) ისინი აქ არცთუ ისე მრავალრიცხოვანი ჩანს.
კოლხეთის სანაპიროზე რომის სამხედრო შენაერთების განლაგების ზუსტი თარიღი უცნობია. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პლინიუს უფროსის ცნობა აფსაროსისა და სებასტოპოლისის შესახებ.
პლინიუსი აფსაროსსა და სებასტოპოლისს „კასტელლუმ“-ებს უწოდებს, მაგრამ არაფერს გვამცნობს მათი აგების დროზე. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ კასტელუმში, როგორც წესი, იგულისხმება ქვის საფორტიფიკაციო ნაგებობა, მას წინ კი უნდა უსწრებდეს ხის სიმაგრე, ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ კაპადოკიის საზღვართან XII და XV ლეგიონების 57 წ. ჩადგომის დროს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფსაროსსა და სებასტოპოლისში რომის მცირე გარნიზონები ახ.წ. I საუკუნის დასასრულისათვის უკვე განლაგებულია, რასაც გარკვეულწილად არქეოლოგიური მონაცემებიც მოწმობს.
აფსაროსის, სებასტოპოლისისა და ფასისის ნაციხარების გათხრებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ, აღნიშნულ ტერიტორიებზე რომაული გარნიზონები ახ.წ. I ს-ის მეორე ნახევარში ჩადგნენ, რომელთაც ჯერ თიხით შელესილი სიმაგრეები ააგეს. მათ ბაზაზე კი მოგვიანებით სრულფასოვანი ციხე-სიმაგრე ჩამოყალიბდა. არიანეს გადმოცემით, ფასისის ციხის კედელი წინათ თიხისა იყო და მასზე ხის კოშკები იდგა, მაგრამ ახლა კედელი და კოშკები გამომწვარი აგურისგანაა გაკეთებული.
ამრიგად, რომაული გარნიზონები საქართველოს ზღვისპირეთში ახ.წ. I ს-ის დასასრულისათვის უკვე იდგნენ და ძირითადად აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლისში იყვნენ დისლოცირებული. საყურადღებოა, რომ აქაური გარნიზონები ძირითადად დამხმარე შენაერთებისაგან შედგებოდა; მათ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა რომაელთა პოზიციების განმტკიცება სამხრეთ კავკასიაში და ჩრდილოეთი კავკასიის გაკონტროლება. ხსენებული სასაზღვრო-გამაგრებული პუნქტების მოვალეობასვე შეადგენდა ჩრდილო კავკასიელთა თავდასხმების აღკვეთა; კაბოტაჟური ნავიგაციისა და ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ზღვისპირეთში.
არმენიის საკითხის მშვიდობით მოგვარება და იმპერიის აღმ. საზღვრის მეტ-ნაკლებად გამაგრება ნერონის უკანასკნელი წარმატებული ღონისძიება იყო. მისმა სასტიკმა პოლიტ-ეკონომიკურმა ღონისძიებებმა რომში ნერონისადმი უკმაყოფილება გაზარდა, ხოლო პროვინციებში ამბოხებები გამოიწვია.
66 წელს იუდეაში დაიწყო აჯანყება. მათ წინააღმდეგ ნერონმა გაგზავნა ლეგიონი ცესტიუს გალუსის მხედართმთავრობით, მაგრამ იუდეველებმა იგი სასტიკად დაამარცხეს. ნერონს ეშინოდა იუდეველთა წინააღმდეგ გავლენიანი მხედართმთავრის გაგზავნა, რადგან ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმავარს შეეძლო გადატრიალების მოწყობა, ამიტომ მისი არჩევანი ვესპასიან ფლავიუსზე გაჩერდა, რომელიც არც წარჩინებული წარმომავლობის იყო და არც გავლენა ჰქონდა.
68 წლის მარტში ნერონის წინააღმდეგ აჯანყდა პროვინციებისადმი დაკისრებული დიდი გადასახადებით უკმაყოფილო ლუგდუნის გალიის სარდალი გაიუს იულიუს ვინდექსი. მის წინააღმდეგ გაგზავნილ იქნა ზემო გერმანიის მმართველი ლუციუს ვერგინიუს რუფუსი. ვინდექსი ხვდებოდა, რომ რუფუსს მარტო ვერ მოერეოდა და დასახმარებლად ესპანეთის მმართველ სერვიუს სულპიციუს გალბას მიმართა და შესთავაზა ავგუსტად თავის გამოცხადება. გალბამ მხარი დაუჭირა მას და ესპანეთისა და გალიის ლიგიონებმა იგი ავგუსტად გამოაცხადეს. მაშინ გალბა ვინდექსთან შესაერთებლად დაიძრა, თუმცა ვერ მიუსწრო. 68 წლის მაისში ვეზონციოში (დღევ. ბეზანსონი, საფრ.) მდგარ ვინდექსს რუფუსი დაესხა და გაანადგურა.
გამარჯვების მიუხედავად რუფუსმა ლოდინი აირჩია და გალბა რომისკენ გაატარა. სენატმა იგი სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა, თუმცა მალე გალბას მიემხრო ქალაქის მცველი პრეტორიანული გვარდია. მაშინ ნერონი ოსტიაში გაიქცა, რათა ფლოტი და აღმოსავლეთის ლეგიონები მაინც შეეკრიბა, მაგრამ მას არავინ დაემორჩილა. მაშინ ყველასგან მიტოვებული ნერონი რომში, თავის სასახლეში დაბრუნდა და უკანასკნელად სცადა თავისი მეგობრების შემოკრება, თუმცა კვლავ არავინ გამოეხმაურა. ამ დროს კურიერმა მას აცნობა რომ სენატმა სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა და ემზადება მის საჯაროდ დასასჯელად. ამით შეშინებულმა ავგუსტმა წარმოთქვა: „ეჰ, როგორი დიდი მსახიობი ტოვებს ამ ქვეყანასო“ – და თავი მოიკლა.
ნერონის სიკვდილისთანავე სენატმა გალბა აღიარა ახალ ავგუსტად, მაგრამ მისმა მართველობამ მცირე ხანს გასტანა. მხცოვან მმართველს მემკვიდრე არ ჰყავდა, რაც სტაბილურობის დამყარებას ხელს უშლიდა. ყველა ფიქრობდა რომ იგი თავის მემკვიდრედ ლუზიტანიის მმართველს მარკუს სალვიუს ოტონს დაასახელებდა, რომელმაც პირველმა აღიარა მისი უზენაესობა, საჩუქრები უძღვნა და ყველა მის ბრძანებას ასრულებდა.
გალბა მემკვიდრის დასახელებას აჭიანურებდა, რადგან იცოდა მისი დასახელებით სხვების ამბოხებას გამოიწვევდა (მტრები გალბას რომში ისედაც არ აკლდა, რადგან ტახტზე ასვლამდე უამრავისგან ჰქონდა ვალი აღებული და აღარ აბრუნებდა). 68 წლის ბოლოს რომში ხმა მოვიდა, რომ ქვემო გერმანიის ლეგიონები ამბოხდნენ და მათი სარდალი ვიტელიუსი ავგუსტად გამოაცხადეს. ამან გალბას პოზიციები შეარყია. მაშინ მან აღარ დაახანა და 69 წლის დასაწყისში თავის მემკვიდრედ ახალგაზრდა ლუციუს კალპურნიუს პიზონი დაასახელა. ამით გაბოროტებულმა ოტონმა შეთქმულება მოაწყო, პრეტორიანელები მოისყიდა, რომლებმაც გალბა და პიზონი დახოცეს, რის შემდეგაც ოტონი ახალ ავგუსტად აკურთხეს.
მაშინ ვიტელიუსი გერმანული ლეგიონებით რომისაკენ დაიძრა და პირველივე ბრძოლაში გაანადგურა ოტონი, რომელმაც თავი მოიკლა. გამარჯვებული ავლუს ვიტელიუსი რომში ახალ ავგუსტად აკურთხეს (69 წლის აპრილი).
ვიტელიუსი სასტიკი მმართველი გამოდგა. მას ყველგან მოღალატეები ელანდებოდა და განურჩევლად სიკვდილით სჯიდა.
როდესაც რომის ამბებმა აღმოსავლეთში ჩააღწია, ეგვიპტის, სირიისა და იუდეის ლეგიონებმა 69 წლის 1 ივნისს თავიანთ ავგუსტად ტიტუს ფალვიუს ვესპასიანე გამოაცხადეს, რომელმაც იუდეის აჯანყება უფროს ძეს ტიტუსს დაუტოვა და უმალ რომისკენ დაიძრა. მოახლოებისთანავე ვესპასიანე ავგუსტად ცნეს პანონიასა და მეზიაში მდგარმა ლეგიონებმა, რომლებიც ადრე ოტონის ერთგულნი იყვნენ. ვიტელისუსიგან მიტოვებულ გერმანულ პროვინციებში ბარბაროსების შემოსევები დაიწყო.
69 წლის ოქტომბერში ბეტრიაკთან ვიტელიუსი ვესპასიანესთან სასტიკად დამარცხდა და რომში გაიქცა. დეკემბერში ვიტელიუსმა დაამარცხა რომის კედლებთან ვესპასიანეს ძმის  საბინის ლაშქარი, თუმცა იმდენი იყოყმანა, მეორე დღეს (20 დეკემბერს) საშუალება მისცა ვესპასიანეს ჯარებს ქალაქში შესულიყვნენ. მაშინ მისი ძალები დაიქსასა, რის შემდეგაც ვესპასიანეს მეომრებმა შეიპყრეს ავგუსტი და სიცოცხლეს გამოასალმეს. 21 დეკემბერს სენატმა ვესპასიანე ახალ ავგუსტად აღიარა. ამით არეულობა რომში დასრულდა.
*       *       *
სანამ ვესპასიანე რომში შევიდოდა, პონტოში მომხდარი სახალხო აჯანყების ჩახშობა მოუწია, რომელშიც ბევრი ქართველური ხალხი მონაწილეობდა. ამ აჯანყების შესახებ ცნობა მხოლოდ ტაციტუსმა შემოგვინახა რომელიც მოგვითხრობს: „თხზულებას აღსავსე უბედური ამბებით, შემაძრწუნებელი ბრძოლებით, შეურიგებელი განხეთქილებებით, როცა თვით მშვიდობიანი დროც კი საზარელი იყო. ოთხი ხელმწიფე (იგულისხმება – გალბა, ოტონი, ვიტელიუსი და დომიციანუსი) მახვილით დაიხოცა; სამი სამოქალაქო, უფრო მეტი საგარეო და მრავალი შერეული ომი მოხდა: წარმატებანი მოვიპოვეთ აღმოსავლეთში და მარცხი განვიცადეთ დასავლეთში: აჯანყდა ილირია; შეირყა გალია, დამორჩილებულ და მყის განთავისუფლებულ იქნა ბრიტანეთი; აღდგნენ ჩვენზე სარმატთა და სვებთა ტომები: დაკიამ სახელი გაითქვა საერთო ჩვენი და მათი დამარცხებებით; კინაღამ პართელებიც აღიძრნენ საომრად ცრუ-ნერონის ხრიკების წყალობით.
გალბას შესვლა ქალაქში ამდენი ათასი უიარაღო ჯარისკაცის გაჟლეტის შემდგომ ბედითი ნიშანი იყო და თვით მათთვისაც, ვინც ჯარისკაცები დახოცა, თავზარდამცემი. რაკი ესპანეთის ლეგიონი იქნა შემოყვანილი და ის ლეგიონიც იქვე რჩებოდა, რომელიც ნერონმა მოჰკრიბა ფლოტში, ქალაქი უჩვეულო ჯარით იყო სავსე. ამათ ერთვოდა გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და ილირიიდან ჩამოყვანილი ბევრი რაზმი, რომლებიც იმავე ნერონმა შეარჩია და კასპიის ბჭეებთან გაგზავნა იმ ომისათვის, რომელსაც ალანთა წინააღმდეგ ამზადებდა (ნერონის ეს განზრახვა ახ.წ. 68 წელს უნდა ეკუთვნოდეს კავკასიის ალბანებზე გამოლაშქრებასთან ერთად მას, მაგრამ სიკვდილმა მოუსწრო.), მაგრამ ვინდექსის მიერ წამოწყებული ამბოხების ჩასაქრობად გამოიწვია უკან. გადატრიალებისათვის დიდი მიზეზი არსებობდა, ოღონდ ერთ რომელიმესკენ კი არ იხრებოდა ჯარისკაცთა კეთილგანწყობილება, არამედ მზად იყო ვინმე გამბედავს მისდგომოდა. 
ყველას გონება სამოქალაქო ომისაკენ იყო მიპყრობილი და ნაკლებად ფიქრობდნენ გარეშე ომებისაგან მოსალოდნელ საფრთხეზე. ამით გათამამებული როქსოლანების ტომი, სარმატები, რომლებმაც გასულ ზამთარს ორი კოჰორტი გაჟლიტეს, დიდი იმედით შეიჭრნენ მეზიაში 9 ათასამდე ცხენოსნით. ეს იერიში და თავგასულობა უფრო ნადავლის მოპოვების სურვილით იყო გამოწვეული, ვიდრე ბრძოლის. ასე უდარდელად, უმიზნოდ მოხეტიალეებს უცაბედად III ლეგიონი დაესხა თავს დამხმარე ძალით (გალებისაგან შემდგარი ლეგიონი, რომელიც 68 წელს გამოიძახეს იტალიაში და მეზიაზე გავლისას შეებრძოლა სარმატებს), რომაელები მზად იყვნენ ბრძოლისათვის. სარმატები კი მიმოფანტული იყვნენ ნადავლის ძებნაში. ზოგიც საბარგო ტვირთით იყო დამძიმებული, ცხენები ციცაბო კლდეებზე ძლივს მიბობღავდნენ, და ისინი თვითონ თითქოს ხელ-ფეხშებორკილები იყვნენ, ისე ეცემოდნენ მტრის მახვილისაგან. საოცარია, მაგრამ სარმატების სიმამაცე თვით მათზე არ იყო დამოკიდებული. ქვეით ბრძოლაში ისინი მოუქნელნი იყვნენ, მაგრამ მათ 30 კაციან ცხენოსანთა რაზმს ვერავინ გაუწევდა წინააღმდეგობას. მაგრამ იმ დღეს, ნისლი იდგა, დნებოდა თოვლი და სარმატებს არ შეეძლოთ არც შუბების, არც გრძელი მახვილების გამოყენება, რომლებიც მათ ორივე ხელით უჭირავთ, მათი ცხენები ეცემოდნენ და თვითონაც ჯავშნები ამძიმებდათ. ეს ჯავშნები, რომლებსაც მეთაურები და წარჩინებულები ატარებდნენ, გაკეთებული იყო რკინის ფირფიტებისა და მაგარი ტყავისაგან. ის იერიშის დროს გამოსადეგი იყო, რადგან მასში მტრის იარაღი ვერ აღწევდა. მაგრამ თავდასხმისას ასეთი ჯავშნით წაქცეულებს წამოდგომა აღარ შეეძლოთ. ამასთანავე, მათი ცხენები ფაფუკ და ღრმა თოვლში ეფლობოდნენ. რომაელი ჯარისკაცები კი, მსუბუქი აბჯრით იყვნენ დაცულნი. ისინი ოროლებითა და შუბებით ესხმოდნენ მტერს თავს და როცა საჭირო ხდებოდა, ხელჩართულ ბრძოლაში მოკლე მახვილებითაც ანადგურებდნენ შეუიარაღებელ სარმატებს (რომლებიც თავისი ჩვეულების გამო, არც ფარით იყვნენ დაცული), სანამ სულმცირენი, რომლებიც ბრძოლას გადაურჩნენ, ჭაობებში არ დაიმალნენ, სადაც მათ ზამთარმა და ჭრილობებმა მოუღო ბოლო. როდესაც ამ ცნობამ რომამდე მიაღწია, მარკუს აპონიუსი, მეზიის მფლობელი, ტრიუმფალური ქანდაკებით დაჯილდოვდა (იმპერიის ხანაში ტრიუმფს მხოლოდ ავგუსტებს უმართავდნენ, გამარჯვებულ სარდალის შემთხვევაში კი დგამდნენ მის ქანდაკებას, სადაც ის დაფნის გვირგვინით იყო შემკობილი და ტრიუმფატორის ტანისამოსით მორთული.), ხოლო ფულვიუს ავრელიუსი (III ლეგიონის სარდალი), იულიანუს ტეტციუსი (VII ლეგიონის სარდალი) და ნუმისიუს ლუპუსი (VIII ლეგიონის სარდალი) – ლეგიონის ელჩები – საკონსულო ნიშნებით (ე.ი. ტოგა ფართო ძოწეული ზოლით კიდეზე და კურულის სავარძელი). გახარებული ოტონი ამ დიდებას თავისთავს მიაწერდა, თითქოს ბრძოლაში ბედმა გაუღიმა მას და მისი ლაშქრისა და მისი სარდლობის წყალობით იმპერიამ სახელი მოიხვეჭა.
არც სხვა ერები იყვნენ წყნარად. ანაზდად იარაღი აღმართა პონტოში ბარბაროსმა მონამ, რომელიც ოდესღაც სამეფო ფლოტის მეთაური იყო. ის გახლდათ ანიკეტოსი, პოლემონის აზატი, ოდესღაც ფრიად ძლევამოსილი, ხოლო მას შემდეგ რაც პროვინციად იქცა სამეფო, ცვლილებას ვერ ითმენდა. ამიტომ ვიტელიუსის სახელით მიიმხრო ტომები, რომლებიც პონტოსთან ცხოვრობენ, აგრეთვე ძარცვის იმედით აცთუნა უღატაკესნი, არამცირე რაზმს ჩაუდგა სათავეში და ანაზდად შეიჭრა ტრაპეზუნტში, ძველთაგანვე სახელგანთქმულ ქალაქში, რომელიც ბერძნებისაგან არის დაარსებული შავი ზღვის უკიდურეს სანაპიროზე. იქ ამოჟლიტა კოჰორტა, რომელიც ოდესღაც სამეფო დამხმარე ჯარი იყო. შემდეგ მათ რომის მოქალაქეობა და ჩვენებური დროშები და იარაღი მიანიჭეს, მაგრამ ბერძნების სიზარმაცე და თავნებობა კი შერჩათ. ფლოტსაც ცეცხლი წაუკიდა და აბუჩად აიგდო ცარიელი ზღვა, ვინაიდან რჩეული ლიბურნული ხომალდები და მთელი ჯარი მუციანუსმა ბიზანტიონს წაიყვანა. ამიტომაც ბარბაროსები თავხედურად დაძრწოდნენ სახელდახელოდ გაკეთებული ნავებით. მათ კამარებს უწოდებენ, აქვთ დაბალი გვერდები, განიერი მუცლები; შეკრულნი არიან ბრინჯაოს ანდა რკინის სამაგრების გარეშე და როცა ზღვა ღელავს, ტალღების სიმაღლისადა მიხედვით, წამებსაც სიმაღლეს უმატებენ ფიცრებით, ვიდრე სახლის სახურავივით არ გადაიხურება. ასე დალივლივებენ ტალღებში, აქვთ რა ორივე მხარეს ერთნაირი ცხვირები და ერთნაირი მოსასმელი ნიჩბები, ისე რომ ორივე ცხვირით თანაბრად და უვნებლად შეუძლიათ ნაპირს მიადგნენ.
ამ საქმემ იმდენადაც მიიქცია ვესპასიანეს ყურადღება, რომ ლეგიონებიდან გამოცდილი სათადარიგო ჯარისკაცები და ომში გამოცდილი სარდალი ვირდიუს გემინუსი ამოირჩია. იგი თავს დაესხა გაბნეულ და ალაფობის წადილით გაფანტულ მტერს და ხომალდებზე შერეკა; შემდეგ მსწრაფლ ააგო ლიბურნული ხომალდები (ლიბურნების, ილირიის სანაპიროს მცხოვრებლების, კუთვნილება იყო და მსუბუქ სანიჩბე ნავებს წარმოადგენდენ) და ანიკეტოსს მდინარე ქობოსის (ანუ ენგურის) შესართავში დაეწია, სადაც იგი უშიშრად იყო სედოხეზების (სედოხეზები ტაციტუსის გარდა სხვას არავის აქვს ნახსენები. საფიქრებელია, რომ აქ ტაციტუსის ტექსტი ძალიან დამახინჯებულია) მეფის შემწეობით, რომელიც მოკავშირეობაზე ფულითა და საჩუქრებით დაითანხმა. პირველად მეფე მუქარითა და იარაღით იცავდა კიდეც შეფარებულ მავედრებელს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ღალატისათვის ჯილდო, თუ არადა ომი შესთავაზეს, ბარბაროსების ჩვეულებისამებრ რწმენამერყევი, დათანხმდა ანიკეტოსის დაღუპვას და ლტოლვილებიც გასცა. ასე მოეღო ბოლო მონათა ომს.
*       *       *
ნერონის დაწყებული აღმოსავლური პოლიტიკა, რომელიც გამოიხატებოდა ერთის მხრივ იქაური ნახევრადდამოუკიდებელი სამეფოების გაქუმებით და მეორეს მხრივ აღმოსავლეთ საზღვრებზე ციხეების მშენებლობასა და მასში ჯარების ჩაყენებაში – ენერგიულად განაგრძო ვესპასიანემ (69–79 წლ.). ვესპასიანეს სახელს უკავშირებენ იმპერიის აღმოსავლეთის საზღვრის მოდერნიზაციას და დაცვის სისტემის რეორგანიზაციას.
დაცარიელებული ხაზინის შესავსებად მან შემოიღო მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა: აღკვეთა მფლანგველობა, დააწესა ახალი და გაზარდა ძველი გადასახადები (დააწესა საზოგადოებრივ ტუალეტებზე გადასახადი, რომლის გამო გაოცებულთ პასუხობდა: „ფულს სუნი არ აქვსო“).
ვესპასიანემ უარი თქვა ომებზე და არსებული საზღვრების განმტკიცებას შეუდგა. შეგროვილი სახსრებით გარნიზონები სირია-პალესტინის ხაზზე განალაგა, ლეგიონერთა შენაერთები ეგვიპტესა და არაბეთში ჩააყენა. მის დროსვე ციხე-სიმაგრეები აიგო ქალაქებში – პალმირა, ბოსტრა და ჰერასა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კაპადოკიასა და მცირე არმენიაში სასაზღვრო ხაზის მოდერნიზებასაც. სატალასა და მელიტენეს შორის არსებული ტერიტორია რომაელებმა ციხე-სიმაგრეებითა და ფორტებით მტკიცედ გაამაგრეს, რითაც დაიწყო ზემო ევფრატის თავდაცვითი ზოლის ფორმირება. 
ვესპასიანემ შემოიერთა როდოსი, ლიკია, ბიზანტიონი, სამოსი და აგრეთვე კილიკიის, კომაგენას და მცირე არმენიის ავტონომიური სამეფოები.
ვესპასიანე ფულს არ ზოგავდა სახელმწიფო სიმბოლოებისათვის. მან აღადგინა ვიტელიუსთან ომის დროს დანგრეული კაპიტოლიუმი, ააგო ე.წ. ვესპასიანეს ფორუმი და დაიწყო 80000 მაყურებელზე გათვლილი ამფითეატრის (ე.წ. კოლისეუმი) მშენებლობა, რომელიც მისმა ვაჟმა ტიტუსმა დაამთავრა.
ვესპასიანეს დროს იტალიაში სრული წესრიგი და სიმშვიდე დამყარდა. საბერძნეთის ქალაქებს ჩამოართვა ნერონის მიერ მინიჭებული პრივილეგიები, ესპანეთის ყველა ქალაქს მისცა ლათინური მოქალაქეობა, ხოლო ზოგიერთი ესპანური და გალიის ქალაქების მოსახლეობას რომაული მოქალაქეობა.
*       *       *
ალანები I ს. 60-იან წლებში დიდად აწუხებდნენ როგორც რომის, ისე პართიის სამფლობელოებს. ამიტომაც, ნერონმა, თავისი მმართველობის ბოლოს (68 წ.), განიზრახა დიდი ლაშქრობის მოწყობა მათ წინააღმდეგ. ასეთი ლაშქრობა პართიისათვისაც ხელსაყრელი იყო და პართელები ყოველმხრივ აქეზებდნენ მას. მაგრამ ვერც ნერონისა და ვერც ვესპასიანეს დროს ასეთი ლაშქრობის მოწყობა ვერ მოხერხდა. ალანები კი ამასობაში არაერთხელ შეიჭრნენ სომხეთსა და მეზობელ მხარეებში. განსაკუთრებით გრანდიოზული იყო მათი შემოსევა, რომელიც 72 (ან 73) წელს მოხდა. ამ ლაშქრობის შესახებ ცნობები შემოინახა I ს. ებრაელი ავტორის იოსებ ფლავიუსის თხზულებამ და ძველსომხურმა წყარომ. იოსებ ფლავიუსი ამბობს: „ალანებმა, განიზრახეს რა მიდიაში (მიდია ატროპატენა) შეჭრა, მოლაპარაკება გამართეს ჰირკანიის მეფესთან, რომელიც ფლობდა თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელის მიერ რკინის კარებით ჩაკეტილ გადასასვლელს. ჰირკანიის მეფემ გაატარა ისინი და ალანების დიდი ლაშქარი შეიჭრა მიდიაში. დაიწყო აქაურობის უწყალო ძარცვა-რბევა. ატროპატენას მეფე პაკორი შეშინებული ისე სწრაფად გაიქცა უდაბნოში, ისე რომ ყველაფერი დარჩა. შემდეგ 100 ტალანტად მოახერხა ალანთაგან მისი ცოლისა და მოახლეების გამოსყიდვა. შემდეგ ალანები შეიჭრნენ არმენიაში. დიდი არმენიის მეფე ტირიდატი გამოვიდა მათთან შესაბრძოლებლად, მაგრამ დამარცხდა და კინაღამ ტყვედ ჩავარდა: ვიღაცამ მას კისერზე ქამანდი მოაბა და მზად იყო უკვე მიეზიდა, რომ მოასწრო ხმლით თოკის გადაჭრა და გაქცევა. ალანებმა სასტიკად ააოხრეს ქვეყანა და უამრავი ნადავლითა და დიდძალი ტყვეებით გაბრუნდნენ თავის ქვეყანაში.
1. ჰირკანია კასპიის ზღვის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს მოიცავდა (ე. ი. ატროპატენას აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა) და არცერთ მნიშნელოვან გადასასვლელს არ აკონტროლებდა. 2. ალანები ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობდნენ და ატროპატენას შუა აზიის მხრიდან ვერ დაესხმებოდნენ მხოლოდ ჰირკანიის გავლით. მათ მოუწევდათ ასე ძალიან შორი გზის და კიდევ სხვა ქვეყნების გავლა. 3. ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ტომები სამხრეთ კავკასიას დარიალით ან დარუბანდის გზის ესეოდნენ. 4. ალექსანდრე მაკედონელის მიერ რკინის კარით ჩაკეტილ გადმოსასვლელში რომაელი ავტორები დარიალის გადმოსასვლელს გულისხმობენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მკვლევარნი ფიქრობენ, რომ ამ „ჰირკანიის მეფეში“, რომელმაც, იოსებ ფლავიუსის მიხედვით, ალანები გადმოუშვა სამხრეთში, იბერიის მეფე უნდა იგულისხმებოდეს. 5. სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი ამ ამბავთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ალანები, მოედვნენ სომხეთს, შეიერთეს მთიელები და იბერიის თითქმის ნახევარი მიიმხრეს. 6. 1940 წელს ქართლის სამეფოს დიდმოხელეების – პიტიახშების სამაროვანზე არმაზისხევში აღმოჩნდა 140 სტრიქონიანი არამეული წარწერა პიტიახშ შარაგასისა, ზევახის ძისა, რომელშიც, როგორც, აკად. გ. წერეთელი ფიქრობს, აღნიშნული მეფე მითრიდატე იხსენიება: „მეფე მითრიდატე, მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, მეფისა დიდისა. მე შარაგასმა, ძემ ჯავახ უფლისამ, მე შარაგასმა, პიტიახშმა მითრიდატ მეფისა, სიტყვა და ასეთი სიტყვა წარმოვთქვი…“. ამას გარდა, როგორც ირკვევა, წარწერაში საუბარია საქართველოს მეზობელი ქვეყნის ვითარებაზე, სხვადასხვა ადგილებისა თუ ქვეყნების დაპყრობაზე და მრავალრიცხოვან გამარჯვებაზე, რაც ქართლის მეფეს მოუპოვებია. წარწერაში ნახსენებია სამი გამაგრებული ადგილი, რომელიღაც სხვა ციხეები და სომხეთი. თითოეული გამარჯვების ანუ ლაშქრობის თხრობა მთავრდება სიტყვებით: „ეს გამარჯვებანი ჩვენმა მეფემ მოიპოვა“. წარწერა მოგვითხრობს აგრეთვე ხალხის მღელვარებათა შესახებ, ახსენებს ასპარუგს (ასპარუგ პიტიახში აქვე აღმოჩენლ სხვა ტექსტშიც იხსენიება). აქ გვხვდება ნიშანი, რომელიც მოგვაგონებს იმდროინდელი დიდი თანამდებობის პირის ხელისუფლების სიმბოლოს (უნდა იყოს პიტიახშის). ტექსტი გამარჯვების აღნიშვნით მთავრდება. ყველაფერი ეს კარგად ეგუება სწორედ 70-იან წლებში იბერ-ალანთა სომხეთში ლაშქრობების ხანას.
ამ ყველაფერის გაანალიზებით გამოვა შემდეგი. იბერია და დიდი არმენია ომშია და იბერიის მხარეს გამოდიან ალანები, რომლებსაც ისედაც დიდი სურვილი აქვთ სამხრეთით ლაშქრობები მოაწყონ ნადავლის საშოვნელად. რამ გამოიწვია ეს ომი ამის დადგენა ძნელია. ფაქტი ერთია – თუ იბერია არ გაატარებდა ალანებს, ისინი პირველ რიგში სწორედ მას დაარბევდნენ.
1867 წელს მცხეთაში მდინარე მტკვრის ნაპირას აღმოაჩინეს ქვის სტელა რომელზედაც ბერძნული, 75 წლით დათარიღებული წარწერა აღმოჩნდა: „იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ამაზასპუხის ძეს, კეისრისა და რომაელთა მეგობარს, რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტუსმა (ავგუსტი 79–81) და დომიციანუსმა (ავგუსტი 81–96) მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს“. მეორე წარწერა კი გვამცნობს: „მითრიდატე, მეფე დიდი, ძე ფარსმანისა დიდი მეფისა, მრავალი გამარჯვებებისა მომპოვებელი“.
როგორც პლინიუს უფროსის ნაშრომიდან ირკვევა რომ-იბერიის ხელშეკრულებით დარიალის ხეობაში ალანების შემოსევებისგან აღსაკვეთად ააგეს ციხესიმაგრე კუმანია. კუმანია-დარიალის ციხე ბუნებრივ ბორცვზეა აშენებული და მდინარე თერგი ჩამოუდის. შიდა ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა დიდი ზომის ქვებით ნაგები შენობები. ციხის სამხრეთით დაფიქსირდა სამარხები, რომლებიც რომაულ სამყაროს უნდა უკავშირდებოდეს.
თუ აღნიშნულ საკითხს ობიექტურად მივუდგებით აშკარაა, რომ მითრიდატეს არ უნდა ჰქონდეს სურვილი რომთან ომის, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მის ძალებს აღემატება ალან-სარმატების უზარმაზარი ურდოების შეკავება, მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აძლევს მათ გზას რათა მეზობელი ქვეყნები მშვიდად არბიონ. ბუნებრივია როდესაც რომმა კატეგორიულად მოითხოვა იბერიის მეფისგან ალანთათვის დარიალის ხეობის დაკეტვა, სამაგიეროდ მითრიდატე მოითხოვდა დახმარებას თავის დაცვის საქმეში. სწორედ ამ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს რომაელთა მიერ კუმანიას ციხის აგება და მცხეთის გალავნის გამაგრება.
*       *       *
ტიტუსი აგრძელებდა მამის მშვიდ საგარეო პოლიტიკას და მთელს სახსრებს გაჭირვებული მოსახლეობის კეთილდღეობისათვის ხარჯავდა.
ტიტუსის შემდეგ კეისარი გახდა მისი უმცროსი ძმა დომიციანუსი. მის დროს იმპერიის საზღვრების დასაცავად ერთის მხრივ შენდებოდა ლიმესები (სასაზღვრო-თავდაცვითი კედელი საყარაულო კოშკებით) და ხეობების ჩამკეტი ციხე-სიმაგრეები, მეორეს მხრივ ეწყობოდა ლაშქრობები იმპერიის საზღვრებში შემოჭრის მსურველი ბარბაროსების (გერმანელები, სარმატები, ალანები, აფრიკული ტომები და სხვ.) დასათრგუნად.
რომ-იბერიის თანამშრომლობის შედეგად ჯერ კიდევ ვესპასიანეს დროს ალანებისათვის დარიალის კარი ამოიკეტა და ამიერიდან ისინი სამხრეთ კავკასიაზე თავდასხმას დარუბანდის კარიდან იწყებენ. ბეიუკ-დაშში აღმოჩენილი ლათინური წარწერიდან (თარიღდება 83–92 წლებით) ირკვევა, რომ ავგუსტმა დომიციანემ გაგზავნა XII ლეგიონის ნაწილები ალბანეთში, რათა მას თვალყური ედევნებინა ე. წ. კასპიის კარის სამხრეთ გადასასვლელებისათვის. გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული ლეგიონის ნაწილები ცენტრალურ ალბანეთში დაბანაკებულიყო. XII ლეგიონის სახელი მოხსენიებულია მდ. არაქსის მარცხენა სანაპიროზეც, სოფ. კარიამნაში აღმოჩენილ ქვაზეც. სვეტონიუსის ცნობით, აღნიშნული ლეგიონი სარმატებთან ბრძოლაში დამარცხდა.
მოვსეს ხორენაციც გვიამბობს დომიციანეს მმართველობის დროს არმენიაში რომაელთა წარუმატებელი ლაშქრობის შესახებ. ალბათ, XII ლეგიონის ზოგიერთი შენაერთი ალან-სარმატებთან ბრძოლას შეეწირა.
საერთოდ დომიციანეს დროიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის თავდაცვითი სისტემა საბოლოოდ მოწესრიგდა, რამაც ერთის მხრივ ხელი შეუწყო რომაელთა პოზიციების განმტკიცებას ალბანეთში, მეორეს მხრივ კი ხელფეხი გაუხსნა შემდგომ ავგუსტ ტრაიანუსს აქტიური დაპყრობითი ომები ეწარმოებინა.
საშინაო პოლიტიკაში დომიციანე სასტიკი ტირანი იყო, თუმცა ამის წყალობით ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას ინარჩუნებდა. ამასთან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მას როგორც ლეგიონებში ისე პრეტორიანულ გვარდიაში. ამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც შეთქმულებამ იმსხვერპლა.
დომიციანეს ეჭვი ჰქონდა თავის მრჩეველ ეპაფროდიტზე, რომ სწორედ მან დაეხმარა ნერონს თვითმკვლელობაში. მრჩეველმაც იცოდა ამის შესახებ და სასჯელს ყოველდღე ელოდა. ბოლოს მან გადმოიბირა ავგუსტის მთავარი მსახური პართენიუსი და ერთ ღამეს შეთქმულთა მსახურებმა საძინებელში სიცოცხლეს გამოასალმეს დომიციანუსი.
ჯარის ამბოხება რომ არ დაეშვა, სენატმა სასწრაფოდ ახალ ავგუსტად აირჩია ფლავიუსების კარზე დაწინაურებული და ავტორიტეტული პირი მარკუს კოკცეიუს ნერვა. საპასუხოდ მან უარყო დომიციანუსის ტირანული პოლიტიკა, დაუბრუნა სენატს ძალაუფლება და უარი თქვა წინა ავგუსტის მკვლელთა დასჯაზე. ამ ყველაფერმა პრეტორიანული გვარდიის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ქვეყანაში ქაოსი დაიწყო. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ 65 წლის ნერვა უშვილო იყო და მემკვიდრე არ ჰყავდა.
97 წელს პრეტორიანულმა გვარდიამ ნერვა ტყვეობაში აიყვანა და აიძულეს დომიციანუსის მკვლელები დაესაჯა. ნერვა მიხვდა რომ საჭირო იყო მემკვიდრის დასახელება და თანაც ისეთის, რომელსაც ერთნაირად კარგად მიიღებდა, როგორც არმია ისე ხალხი. ასეთად შერჩეული იქნა მარკუს ულპიუს ტრაიანუსი (ამავე სახელის მქონე მამამისი ესპანელი არისტოკრატი იყო), რომელიც გერმანიის საზღვარზე მდგარი ლეგიონების სარდალი იყო.
ამ ამბიდან ცოტა ხანში 98 წლის იანვარში ნერვა გარდაიცვალა და რომის ტახტზე ავიდა პირველი არარომაელი ავგუსტი, რომლის მმართველობა უაღრესად წარმატებული გამოდგა. ტრაიანუსი მთელი მმართველობის განმავლობაში აწარმოებდა დაპყრობით ომებს. ორი დიდი კამპანიის შედეგად, 101–102 და 105–106 წლებში დაპყრობილ იქნა დაკია. 106 წელს დაპყრობილ იქნა ნაბატეის სამეფო (არსებობდა თანამედროვე იორდანიის, ისრაელის, სირიისა და საუდიის ტერიტორიებზე ძვ.წ. III საუკუნიდან და მისი დედაქალაქი იყო პეტრა).
105 წელს გარდაიცვალა პართიის მეფე პაკორ II (78–105) და ტახტზე ავიდა მისი ძმის შვილიშვილი ვოლოგეზ III (105–147). პაკორის უფროსი ვაჟი აშხადარი (ახიდარე) რომაელებთან გაიქცა. ვოლოგეზს მალევე აუჯანყდა უმცროსი ძმა ხოსრო, რომელმაც რამდენიმე წლიანი ომის შედეგად მოახერხა პართიის დას. მხარეების დაპყრობა და თავი მეფე ხოსრო I-ად (109–116; 117–129) გამოაცხადა.
110 წელს გარდაიცვალა დიდი არმენიის მეფე სანატრუკი, რომლის ნაცვლად ტრაიანუსმა აშხადარ პაკორის ძე (110–113) გაამეფა.
111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი დაიპყრეს.
113 წელს ხოსრომ ჯერ კიდევ პაკორ II-ის მიერ რომთან დადებული ზავი დაარღვია, არმენია დაიპყრო, აშხადარე მოკლა და მის ნაცვლად პაკორ II-ის უმცროსი ვაჟი პართამასირი (113–114) გაამეფა. ამ ამბით განრისხებულმა ტრაიანუსმა ლეგიონები შეკრიბა, შემოიერთა ლაზიკის, იბერიის (მირდატ III-ის /დაახლ. 105–121/ დამხმარე რაზმს მეფის ძმა ამაზასპი მეთაურობდა) და ალბანეთის მეფეთა დამხმარე რაზმები და ჯერ არმენია დაიპყრო, შემდეგ ატროპატენა და ჰირკანია. არმენიის რეგიონები კაპადოკიის ნაწილთან ერთად შეყვანილ იქნა ახალ პროვინცია – „არმენიაში“.
115 წელს რომაელებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს და იმპერიის პროვინციად გამოაცხადეს. ქართველი უფლისწული ნისიბისთან (დღევ ქ. ნუსაიბინი, მარდინის მხარეში, თურქეთში) ბრძოლაში დაიღუპა.
116 წელს ტრაიანუსმა გაამზადა დიდი ფლოტი და ევფრატზე და ტიგროსზე ორ კოლონად დაეშვა. ხოსრომ ვერ მოახერხა წინააღმდეგობის ორგანიზება და რომაელებმა პრობლემების გარეშე აიღეს ბაბილონი, სელევკია და ქტესიფონი. აქ ტრაიანუსმა დააარსა პროვინცია ასირია. ევფრატის შესართავთან დაპყრობილ იქნა მეზენის პატარა სამეფო. ტრაიანუსი სპარსეთის ყურეს მიადგა და დაიწყო ინდოეთზე ლაშქრობის დაგეგმვა.
116 წლის ბოლოს ებრაელებში გავrცელდა ცნობა ახალი მესიის გამოჩენის შესახებ, რის შემდეგაც ამბოხდნენ ებრაული თემები კირენაკიაში (დღევ. ლიბია), ეგვიპტის ალექსანდრიაში, კიპროსში და შუამდინარეთის ქალაქებში. ისინი უპირისპირდებოდნენ ბერძნებს და ანადგურებდნენ მათ ტაძრებს. აჯანყებას მალე შეუერთდნენ პართიელები და სხვა დაპყრობილი ხალხები, რის შემდეგაც აჯანყება მოედო მთელს სირიასა და მესოპოტამიას. ტრაიანუსი იძულებული გახდა ყველა ამბოხებულ მხარეში გაეგზავნა ლეგიონები, შემცირებულ არმიას კი პარტიზანული ბრძოლები ქანცს აცლიდა. პართიელებმა თანდათან გაანადგურეს მათ ქალაქებში განლაგებული რომაული ლეგიონები.
ტრაიანუსმა სიტუაციის გასაკონტროლებლად გადმოიბირა ხოსროს ვაჟი პართამასპატე და პართიის მეფედ გამოაცხადა, თუმცა უკანასკნელმა პართებში პოპულარობა ვერ მოიპოვა. მაშინ ავგუსტი ამბოხებული ქალაქების აღებას შეუდგა. პართიის ქ. ჰარტას (ნანგრევები დღევ. ჩრდ ერაყში) ალყისას ავგუსტი დაავადდა და ანტიოქიაში დაბრუნდა. სირიის არმიის მეთაურობა თავის ნათესავსა და მემკვიდრეს – ადრიანუსს გადააბარა. 117 წ. აგვისტოში ტრაიანუსი გარდაიცვალა და ავგუსტად ადრიანუსი (117–138) გამოცხადდა.
ახალმა ავგუსტმა სრულიად შეცვალა აღმოსავლეთის პოლიტიკა. 117 წლის შემოდგომაზე დაუბრუნა ასირია და მესოპოტამია პართიას, არმენიას დაუბრუნა შიდა ავტონომია და მის ტახტზე დასვა ყოფილი მეფე სანატრუკის ვაჟი ვაღარშ I (117–144), პართიის ყოფილი მეფე პართამასპატე გაიწვია და ოსროენას მეფედ დანიშნა (123 წლამდე მეფობდა იქ) რის შემდეგაც რომში გაბრუნდა.

ფარსმან I (II). ომი „დიდი არმენიისთვის“ (უ. მურღულია)

    ახ.წ. I–II საუკუნეებში ქართლის სამეფო მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რასაც ხელი შეუწყო ხელსაყრელმა საგარეო-პოლიტიკურმა ვითარებამ; კერძოდ ერთ დროს ძლიერი მეზობლის „დიდი არმენიის“ დასუსტებამ, რომისა და პართიის ურთიერთბრძოლამ, ალანებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებამ და ა. შ. იბერიის გაძლიერების ერთ-ერთი მიზეზი მისი აბრეშუმის გზაზე მდებარეობაც იყო, რისი წყალობითაც ქართველები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აქტიურ ვაჭრობას აწარმოებდნენ.
    არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილმა წარწერებმა დაადასტურა, რომ ახ.წ. I საუკუნეში ქართლის სახელმწიფო ორგანიზაცია ძლიერ განვითარებული ყოფილა. ეს მოსაზრება ემყარება ქართლში ერისთავის (პიტიახშისა) და ეზოსმოძღვრის (ეპიტროპოსი, რაბ-თარბასის) ინსტიტუტების არსებობას. ასეთი განვითარებული სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის სათავეში მდგარა მეფე რომელიც, როგორც წარწერებიდანვე ირკვევა ატარებდა იბერთა დიდი მეფის ტიტულს. საერთო სურათი შემდეგნაირად ისახება: ქართლის სახელმწიფოებრივ აპარატს, სათავეში უდგას „იბერთ მეფე, მეფე დიდი“; მეფეს ჰყავს პიტიახშები, ეზოსმოძღვარი. პიტიახში ატარებს ტიტულს – „უფალი“ (რომელსაც გ. წერეთელი გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ინტიტუტის აღსანიშნავ ტექნიკურ ტერმინად მიიჩნევს), დიდი და მცირე ერისთავები და სხვა მოხელეები. წარჩინებულებს და მათ ოჯახის წევრებს განსაკუთრებული პატივით კრძალავენ. ახ.წ. I–IV საუკუნეებით დათარიღებული არმაზისხევის მასალა უშუალოდ მიმანიშნებელია იმისა, რომ ამ დროის აღმ. საქართველოში ნამდვილად ეარსება საკმაოდ განვითარებულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას მმართველობის რთული აპარატით, სამეფო ხელისუფლებითა და სხვადასხვა რანგის მოხელეებით.
1. არტაშესიანთა დინასტიის აღსასრული „დიდ არმენიაში“
    არტაშეს II არ ეშვებოდა დიდი არმენიის ძველი დიდების დაბრუნებაზე ფიქრს და რომს ეურჩებოდა, რის გამოც ძვ.წ. 20 წელს რომაელთა დაკვეთით მოკლეს. ოქტავიანე-ავგუსტუსმა მის ნაცვლად არმენიის ტახტზე არტაშესის უმცროსი ძმა, რომში აღზრდილი ტიგრან III (20–8) დასვა, რომელმაც მმართველობის ბოლოს უარი თქვა რომის ქვეშევრდომობაზე და აღმოსავლური წესებით მართავდა ქვეყანას. 8 წელს სომხეთის ტახტი მისმა ვაჟმა ტიგრან IV-მ დაიკავა, რომელიც აღმოსავლური წესით საკუთარ დაზე ერატოზე დაქორწინდა. ძვ.წ. 5 წელს რომაელებმა ის ჩამოაგდეს ტახტიდან მისი ბიძის არტავაზდ III (5–2) არტავაზდ II-ის ძის სასარგებლოდ. ძვ.წ. 2 წელს ტიგრანმა და ერატომ სამხედრო გადატრიალების წყალობით დაიბრუნეს ტახტი. რამდენიმე თვეში ტიგრანი ჩრდილოეთიდან შემოსეულ მთიელ ტომებთან ბრძოლაში დაიღუპა, რის შემდეგაც ტახტიდან ერატოც გადადგა. ამით არტაშესიანთა 200 წლიანი მმართველობა დიდ არმენიაში დასრულდა.
    ძვ.წ. 20 წელს ოქტავიანემ პართიისგან დაიბრუნა ატროპატენა და ტახტი არტავაზდ I-ის ვაჟს არიობარზანე II-ს (20–4) დაუთმო, რომლის შემდეგ მეფობდნენ ასევე რომის ვასალები არტავაზდ II (ძვ.წ. 4–ახ.წ. 6) და არტაბან III (ახ.წ. 6–10). ახ.წ. 10 წელს ატროპატენა პართიამ საბოლოოდ დაიპყრო და ამიერიდან მის ტახტზე პართიელი უფლისწულები სხდებოდნენ.
    ათასწლეულების მიჯნაზე ქართლში მირდატ I არშაკის ძე (ძვ.წ. 13–ახ.წ. 35) და ადერკ არმაზელის ძე (ძვ.წ. 2–ახ.წ. 33) მეფობდნენ. აღნიშნულ პერიოდში სამყაროს მოევლინა იესო ქრისტე; პართიამ და რომმა კი მუდმივი ომები გააჩაღეს დიდი არმენიის ტახტზე საკუთარი კანდიდატის დასასმელად. ჯერ რომმა იმარჯვა და 10 წელი არმენიის ტატხზე მისი კანდიდატები სხდებოდნენ: არიობარზანი ძვ.წ. 2–ახ.წ. 4 (ატროპატენას მეფე არიობარზან II-ის ძე; ძვ.წ. 20–ახ.წ. 4); არტავაზდ IV (არიობარზანის ძე, არმენია–ატროპატენას მეფე) 4–6; ტიგრან V 6–12 (ალექსანდრეს ძე. იუდეის მეფე იროდ I-ის შვილიშვილი); კვლავ დედოფალი ერატო 12; ვონონ არშაკიდი 12–16 (პართიის ყოფილი მეფე 8–12 წლ.). ამას 2 წლიანი რომის პირდაპირი მმართველობა (16–18 წლ) მოჰყვა.
შენიშვნები
1. შირაკვანი – სოფელი სომხეთში, არმავირის პროვინციაში.
2. ბაგრევანდი – ისტორიული სომხური ოლქი მდინარე ევფრატის მარცხენა განშტოების – ე.წ. აღმოსავლეთი ევფრატის სათავეებში, მდინარეების ბაგრევანდის, ახტოძორისა და არაცანის (ახლანდელი მურატის) წყალშესაყარზე (თურქეთი). ოლქს ჩრდილოეთიდან საზღვრავდა სომხეთის ქედი (დღევ. აღრიდაღი), დასავლეთით ხინუსი (ახლანდელი ხინისი), სამხრეთიდან დევაბოინის (დღევ. ალადაღის) მთები, ბაგრევანდის მთავარი პუნქტი იყო ვალაშკერტი.
3. დაშტი – სოფელი სომხეთში, არმავირის პროვინციაში
4. ბორჯომის რაიონში, ქვაბისხევის ხეობაში, სოფ. ქვაბისხევის ჩრდილოეთით, 3 კმ-ზე, ნასოფლარ დემოთის მახლობლად.
5. დღევ. ნოსტურა კასპის რაიონში, ჩამოედინება ისტორიული სოფელ ნოსტეს დასავლეთით.

2. არშაკიდთა გამეფება დიდ არმენიაში
    ძვ.წ. 10 წელს ცოლის – მუზას თხოვნით პართიის მეფე ფრაატ IV-მ (მეუღლე მუზას სურდა თავისი შვილი ფრაატაკი დაესვა ტახტზე) რომში გაგზავნა თავისი ოთხი უფროსი ვაჟიშვილი, (სერასპადანი, ფრაატი, როდასპი და ვონონი), რითაც რომსა და პართიას შორის მეგობრული კავშირი გამყარდა.
    ძვ.წ. 2 წელს მუზამ მეუღლე მოწამლა და პართიის ტახტზე თავისი ვაჟი ფრაატაკი აიყვანა ფრაატ V-ის (ძვ.წ. 2–ახ.წ. 4) სახელით. ფრაატაკმა რომთან მოლაპარაკების შემდეგ უარი თქვა არმენიაზე და განაახლა საკავშირო ხელშეკრულება რომთან.
    ახ.წ. 4 წელს პართიელმა დიდებულებმა მოკლეს (ან განდევნეს) ფრაატაკი და ტახტზე მისი ბიძა ოროდ III (ახ.წ. 4–7) დასვეს. 3 წლის შემდეგ იგივე ბედი ეწია მასაც. მაშინ პართიის დიდებულებმა მოლაპარაკება გამართეს ავგუსტუსთან, რომ ტახტზე დასასმელად ფრაატ IV-ის შვილებიდან ერთ-ერთი გამოაგზავნა სამშობლოში. რომაელებმა უპირატესობა ვონონს მიანიჭეს, რომელიც რომაული წესებით იყო აღზრდილი და ტიპიურ რომაელს ჰგავდა, რის გამოც თავიდანვე შეიძულეს პართიელებმა.
    ახ.წ. 10 წელს პართიის მეფედ თავი გამოაცხადა ატროპატენას მეფე არტაბანმა (6–10), რომელიც დედით არშაკიდი იყო. ნელ-ნელა პართიელ დიდებულთა დიდი ნაწილი არტაბანს მიემხრო და ახ.წ. 12 წელს ტახტიდან ჩამოგდებული ვონონი დიდ არმენიაში გაიქცა, რომლის ტახტი ტიგრან V-ის (6–12) მკვლელობის გამო დაცარიელებული იყო. შედეგად ვონონი ამჯერად არმენიის მეფე გახდა (12–16), ხოლო არტაბანი ატროპატენას და პართიის გაერთიანებული სამეფოს მეფე არტაბან III-ის (12–35; 36–40) სახელით.
    ვონონი ვერ ეგუებოდა პართიის ტახტის დაკარგვას და ინტრიგებს ხლართავდა, თუმცა მარცხი განიცადა და არტაბანის ზეწოლით იძულებული გახდა არმენიიდან გაქცეულიყო. ვონონმა წაიღო მთელი ხაზინა და სირიის მმართველ კრეტიკუს სილანუსს შეეფარა. რომაელებმა ვონონს ფორმალურად შეუნარჩუნეს დიდი არმენიის მეფის ტიტული, თუმცა ანტიოქიაში საპატიო ტყვეობაში გამოკეტეს, ხოლო არმენიაში პირდაპირი მმართველობა შემოიღეს.
    ამასობაში პრინცეპსმა ტიბერიუსმა გადაწყვიტა არმენიის საქმის მოგვარება და ეს საქმე თავის ძმისშვილს – გერმანიკუსს დაავალა, რომელმაც სახელი გაითქვა გერმანელების წინააღმდეგ ლაშქრობებით.
    ტაციტუსი (56–117) მოგვითხრობს: ამ ერს ადამიანთა ბუნებისა და ქვეყნების მდებარეობის მიხედვით, ადრიდანვე ორბუნებოვანი ხასიათი ჰქონდა, რადგან, მართალია, დიდ მანძილზე ეკვრის ჩვენი პროვინციების საზღვრებს, თუმცა მიდიაშიც დიდ მანძილზე იჭრება. ასე რომ ისინი, ორ უზარმაზარ სახელმწიფოს შორის მოქცეულნი, რომლებთანაც, რაკი რომაელები ეზიზღებათ, პართელებისა კი შურთ, ხშირად არიან მათთან უთანხმოებაში. იმ ხანად მეფე არ ყავდათ, ვონონის მოშორების შემდეგ, მაგრამ ხალხის სურვილი პონტოს მეფის პოლემონის ძის ზენონისაკენ იხრებოდა; რადგან ამ უფლისწულმა, ადრე ბავშვობიდანვე არმენიული წესრიგისა და ჩაცმულობის მიმყოლმა, ერთნაირად მოინადირა მაღალი და დაბალი ფენების გული ნადირობის, ქეიფისა და ბარბაროსთათვის სხვა საყვარელი დროსტარებებით. ამიტომ ქალაქ არტაშატაში, წარჩინებულთა თანხმობით, დიდძალი ხალხის წინაშე გერმანიკუსმა თავს დაადგა სამეფო გვირგვინი. სხვებმა (ე. ი. არა რომაელებმა) თაყვანი სცეს და მიესალმენ, როგორც არტაშეს III-ს (18–34). ეს სახელი კი ქალაქისა და დინასტიის სახელის მიხედვით დაარქვეს“.
    ცოტა ხნის შემდეგ სირიაში მყოფ გერმანიკუსთან მივიდა პართიის მეფე არტაბანის ელჩობა წინადადებით – აღედგინათ მათი წინაპრების მიერ გაფორმებული მეგობრული კავშირი. სხვა წინადადებებთან ერთად არტაბანი ითხოვდა სირიაში მყოფი ვონონი სადმე შორს გადაეყვანად, რადგან პართიის საზღვრის მოსახლეობას ამბოხებისაკენ მოუწოდებდა. გერმანიკუსი დათანხმდა და ვონონი ამჯერად კილიკიის ქალაქ პომპეიპოლისში (დღევ. ქ. მეზიტლისთან) გადაიყვანა.
    ახ.წ. 19 წელს ვონონმა მოისყიდა მცველები და სცადა გაქცეულიყო არმენიაში, მერე ალბანებთან, ჰენიოხებთან და თავის ნათესავ სკვითიის მეფესთან (არშაკიდული დინასტიის დამფუძნებელი არშაკ I სკვითების ტომის – დაჰების1 ბელადი იყო პართიის სამეფოს დაარსებამდე).
    სანადიროდ წასვლის საბაბით მან დასტოვა სანაპირო, შევიდა დაბურულ ტყეში, მიენდო ცხენის სისწრაფეს და მიაშურა მდინარე პირამოსს, სადაც მისი გაქცევის ამბის შემტყობმა იქაურმა მცხოვრებლებმა ხიდი ჩაშალეს, ფონით გასვლა კი არ შეეძლო. ამიტომ მდინარის ნაპირას იგი შეიპყრო მხედართა პრეფექტმა ვიბიუს ფრონტონმა. მერე რემიუსმა, რომელიც წინათ მეფის მცველთა უფროსად იყო, მახვილი გაუყარა, ვითომცდა გაბრაზებულმა, რითაც უფრო მეტი სარწმუნო ხდება, რომ დანაშაულის შეგნებისა და სასჯელის შიშით მოკლა მან ვონონი“.
3. ფარსმან II (დაახლ. ახ.წ. 35–68) და ომები არმენიისთვის.
    ტაციტუსი მოგვითხრობს: „გაიუს ცესტიუსისა და მარკუს სერვილიუსის კონსულობის დროს (ახ.წ. 35 წ.) პართიის დიდებულები მოვიდნენ რომში მეფე არტაბანის ფარულად. მან, გერმანიკუსის შიშით ერთგულმა რომაელებისა და სამართლიანმა თავისიანებისადმი, მალე გამოიჩინა ამპარტავნობა ჩვენდამი და სისასტიკე ხალხის მიმართ, რადგან იგი გააამაყა მეზობელი ხალხების წინააღმდეგ წარმატებით ჩატარებულმა ომებმა და ტიბერიუსის, როგორც ომისათვის უძლურის მოხუცებულობამ; და ცდილობდა არმენიის დაპყრობას, რომლის ტახტზეც, მეფე არტაშესის სიკვდილის (ახ.წ. 34 წ.) შემდგომ, თავისი უფროსი ძე არშაკი (ახ.წ. 34–35)  დასვა. ამას დაურთო შეურაცხყოფაც და გაუგზავნა მოთხოვნა – დამიბრუნე ვონონის მიერ სირიასა და კილიკიაში დატოვებული განძი, ამასთანავე აღადგინე სპარსელთა და მაკედონელთა ძველი საზღვრებიო; თანაც თავხედურად იმუქრებოდა, შემოვიჭრები ჯერ კიროსისა და მერე ალექსანდრეს მიერ დაპყრობილ ადგილებშიო. მაგრამ საიდუმლო მოციქულთა გამოგზავნის ყველაზე უფრო თავგამოდებული მოწადინე პართებში იყო სინაკესი, წარჩინებული ოჯახიშვილი და მდიდარი, და მასთან უახლოესი – აბდუსი, კაცობას მოკლებული. ოღონდ ეს არ ითვლება სამარცხვინოდ ბარბაროსებში და უფრო მეტი ძალაც აქვთ. მათ სხვა წარჩინებულნიც მიიმხრეს და რადგან არ შეეძლოთ დაესვათ ტახტზე არშაკიდების ვინმე ჩამომავალი, ვინაიდან უმრავლესობა არტაბანმა გასწყვიტა, სხვები კი უასაკონი იყვნენ, რომიდან ითხოვეს ფრაატი, მეფე ფრაატ IV-ის ძე: საჭიროა მხოლოდ სახელი და ხელის შემწყობი, რათა კეისრის ნებით არშაკის შთამომავალი იხილონ ევფრატის ნაპირზეო.
    ტიბერიუსსაც ეს უნდოდა: მოამზადა ფრაატი და დანიშნა მამისეულ ტახტზე, ერთგულმა თავისი წესისა – უომრად, თათბირითა და ეშმაკობით, მოეგვარებინა საგარეო საქმეები. ამასობაში არტაბანმა შეიტყო შეთქმულების ამბავი და ხან შიშით იკავებდა თავს, ხან კი შურისძიების წყურვილით იწვოდა. ბარბაროსებში ყოყმანი მონურ, ხოლო სწრაფად აღსრულება მეფურ ქცევად ითვლება. მაგრამ მაინც იმდენად სძლია სარგებლიანობის ფიქრმა, რომ მეგობრობის ნიშნად აბდუსი ლხინზე მოიწვია და ნელა მოქმედი შხამით მოაწამლინა, სინაკესი კი დააბრკოლა თავის მოჩვენებით, საჩუქრებით და აგრეთვე საქმეებითაც. სირიაშიც ფრაატი, რომელმაც ამდენ წელს ნაჩვევ რომაული ცხოვრების წესრიგს მოკლებულმა პართთა ზნეჩვეულებანი მიიღო. მშობლიურ ადათებს კი ვერ გაუძლო, ავადმყოფობით გარდაიცვალა.
    მაგრამ ტიბერიუსი არ მოეშვა დაწყებულ საქმეს: არტაბანის მოქიშპედ იმავე სისხლის შთამომავალ ტირიდატს (ფრაატ. IV-ის შვილიშვილი) ირჩევს ხოლო არმენიის დასაბრუნებლად იბერიელ მითრიდატს (იბერიის მეფე მირდატის ძე) და თანაც შეარიგებს ძმა ფარსმანთან  (ძმების მოსარიგებლად მირდატმა ფარსმანის ასული შეირთო ცოლად.), რომელიც იბერიის ტახტის მემკვიდრე იყო; ხოლო ყველაფრის, რაც აღმოსავლეთში ხდებოდა, გამგებლად ლუციუს ვიტელიუსი (ავგუსტის ლეგატი სირიაში. მომავალი ავგუსტი ვიტელიუსის მამა) დანიშნა. იმ კაცის შესახებ, მე ვიცი, ავი ხმა დადიოდა და ახსოვდათ ბევრი მისი ცუდი; თუმცა პროვინციებში გამგებლობის დროს კი ძველებური სიქველით უძღვებოდა საქმეს. იქიდან დაბრუნების შემდეგ, გაიუს კეისრის (კალიგულა) შიშითა და კლავდიუსის მახლობლობით, იგი საზიზღარ მონად იქცა და შთამომავლობაში პირმოთნეობის საძაგელ ნიმუშად ითვლებოდა. პირველი ადგილი შემდეგდროინდელმა მისმა საქმეებმა დაიჭირა და კარგი ახალგაზრდობა სამარცხვინო მოხუცებულობამ წაშალა.
    ამასობაში იბერიის უფლისწულთა შორის პირველად მითრიდატმა წააქეზა ფარსმანი. ხერხითა და ძალით ხელი შეეწყო მისი ცდისათვის და გამონახული მექრთამეები ბევრი ოქროთი არშაკის მსახურნი დაიყოლიეს ბოროტმოქმედებაზე; ამასთანავე იბერიელები დიდძალი ლაშქრით არმენიაში შეიჭრნენ და ქალაქი არტაშატა დაიპყრეს. მითრიდატე არმენიის ტახტზე დაჯდა (35–38; 42–51)“.
    ტაციტუსის ცნობებს ადასტურებს დიონ კასიუსიც: „არტაბანემ არტაშესის სიკვდილის შემდეგ მისცა არმენია თავის ვაჟს არშაკეს და ამ საქციელის გამო ტიბერიუსისგან არ მიიღო სასჯელი, სცადა დაეპყრო კაპადოკია და თვით პართელებსაც უფრო მედიდურად ექცეოდა. ამიტომ ზოგიერთი მათგანი განუდგა, გაუგზავნეს ელჩები ტიბერიუსს და სთხოვეს მოეცა მათთვის მეფე მძევალთა წრიდან. ტიბერიუსმა გაუგზავნა მათ ჯერ ფრაატე ფრაატეს ძე, ხოლო როცა ის გზაში გარდაიცვალა – ტირიდატე, რომელიც აგრეთვე სამეფო გვარიდან იყო. იმისთვის, რომ მას უფრო ადვილად დაეპყრო ძალაუფლება, ტიბერიუსმა მისწერა მითრიდატე იბერიელს, შეჭრილიყო არმენიაში, რათა არტაბანეს, რომელიც შვილის დასახმარებლად წამოვიდოდა, მიატოვებდა თავის ქვეყანას. ასეც მოხდა, მაგრამ დიდხანს ვერ იმეფა ტირიდატემ: არტაბანემ სკვითები გამოიყვანა და ადვილად გააძევა იგი. ასეთი იყო საქმეები პართიაში; ხოლო არმენია მიიღო მითრიდატემ, როგორც ჩანს მითრიდატე იბერიელის ვაჟმა და ძმამ იბერიის მომდევნო მეფისა ფარასმანესი“.
    ტაციტუსი განაგრძობს: „ეს რომ არტაბანმა შეიტყო, შურის საძიებლად ძე, ოროდი გაამზადა: მისცა პართთა ლაშქარი და გაგზავნა კაცები დამხმარე ჯარის დასაქირავებლად. საწინააღმდეგოდ ფარსმანმა მოირთო ალბანები, მოუწოდა სარმატებს, რომელთა ბელადები, იღებენ რა საჩუქრებს (სასყიდელს, ქირას?) ორივე მხრიდან, მამაპაპური ჩვეულების თანახმად, ორივე მხარეს ემხრობიან. მაგრამ ადგილების მფლობელი იბერები დარიალის გზით სასწრაფოდ შეუშვებენ არმენიელების წინააღმდეგ სარმატებს; ხოლო მათ, ვინც პართებთან მიდიოდნენ, ადვილად აჩერებდნენ, რადგან სხვა გასასვლელები მტერმა ჩაკეტა, ხოლო ერთადერთი დარჩენილი გასასვლელი ზღვასა და ალბანთა მთის კიდეს შორის (იგულისხმება დარიალის კარი) ზაფხულში გაუვალია, ვინაიდან პასატის ქარები წყლით ფარავენ (მეჩეჩოვან) ნაპირს, ხოლო ზამთარში სამხრეთის ქარი უკან ერეკება ტალღებს და როცა წყალი დაიწევს, სანაპიროს ვიწრო გასასვლელი შიშვლდება.
    ამასობაში მოკავშირეებს მოკლებულ ოროდს დამხმარე გაძლიერებული ფარსმანი საბრძოლველად იწვევს და რაკი იგი თავს იკავებს, თავს ესხმის: ამხედრებული მიადგება ბანაკს, არბევს საფურაჟე ადგილებს და ხშირად ალყის მსგავსად არტყამს საგუშაგოებს, ვიდრე პართებმა ვეღარ აიტანეს შეურაცხყოფა, შემოეხვივნენ მეფეს და მოითხოვეს ბრძოლა. მათი ერთადერთი ძალა მხედრობა იყო, რომელსაც არმენიის მთიან მხარეში მანევრირება უჭირდა. ფარსმანი კი ძლიერი იყო ქვეითითაც, ვინაიდან იბერები და ალბანები, რაკი მთაგორიან ადგილებში ცხოვრობენ, ატანასა და მოთმენას უფრო მეტად არიან შეჩვეულნი.
    როდესაც დასტები ორივე მხარეს საომრად განეწყვნენ, პართმა უფლისწულმა ბევრი ილაპარაკა აღმოსავლეთზე მბრძანებლობასა და არშაკიდების ბრწყინვალებაზე; თანაც დაუპირისპირა მდაბიო იბერიელს მისი როქის სპით. ფარსმანმა კი უთხრა თავისიანებს: პართთა ბატონობა არ გვიწვნევია და, რაც უფრო ვეცდებით, მით მეტ სახელს მოვიხვეჭთ გამარჯვებით; ხოლო თუ მტერს ზურგი ვუჩვენეთ, სირცხვილსა და ხიფათში ჩავცვივდებითო. ამასთანავე თავიანთ მრისხანე საომარ წყობასა და მიდიელების ოქროში დაკაზმულ რაზმებზე მიუთითა: აქ ვაჟკაცები არიან, იქ კი საშოვარიაო.
    მაგრამ სარმატებში მარტო სარდლის სიტყვა არ გაისმის, თვითონაც აქეზებენ ერთმანეთს, რომ მშვილდოსნებს ბრძოლა არ დაანებონ, არამედ დაასწრონ შეტევით და ხელჩართული ბრძოლით. ამიტომ მებრძოლთა სხვადასხვა სახეობანიც იყო: მაშინ როდესაც პართმა, ერთნაირად ნაჩვევმა დევნას ანდა გაქცევას, გაშალა მხედართა რაზმები და ეძიებდა შესატევ სივრცეს, სარმატებმა თავი მიანებეს მშვილდს, რომლითანაც უფრო ახლო მანძილზე მძლავრობენ და შუბებითა და მახვილებით ეძგერენ. ცხენოსანთა ბრძოლის წესის მიხედვით ხან პირდაპირ უტევდნენ, ანდა ზურგს უბრუნებდნენ, ხან კი შეჯგუფებული დასტები სხეულისა და იარაღის ძალით აწვებოდნენ მტერს, ანდა მისგან განიცდიდნენ მოწოლას. უკვე ალბანებმა და იბერებმა დაუწყეს ხელის ტაცება და ჩამოყრა და საეჭვო გახადეს ბრძოლის ბედი მტრებისათვის, რომელთაც ზემოდან მხედრები, უფრო ახლოს კი ქვეითები აყენებდნენ ჭრილობებს. ამასობაში ფარსმანი და ოროდი, რომელნიც მამაცებს აგულიანებდნენ, ხოლო შემკრთალთ შეეწეოდნენ, შესამჩნევნი და ამით შეცნობილნი, ყიჟინითა და შებების სროლით ცხენდაცხენ მიაშურებენ ერთმანეთს. ოღონდ ფარსმანი უფრო ფიცხად – რადგან ჩაჩქანი გაუხეთქა და დასჭრა ოროდი ოღონდ დარტყმის მონაცვლება ვეღარ შესძლო, ვინაიდან ცხენმა გაიტაცა დაჭრილი და თანაც უმამაცესმა მხლებლებმა დაიფარეს. მაგრამ მოკვლის შესახებ გავარდნილმა ყალბმა ხმამ, რომელიც ირწმუნეს, დააფრთხო პართები და დასთმეს გამარჯვება. არმენიის ტახტზე მითრიდატე მყარად დაჯდა“.
    ცოტა განსხვავებულად წარმოგვიდგენს ამ ამბავს სხვა ისტორიკოსები:
    დიონ კასიუსი: „პართელთა მეფე არტაბანემ არმენიის მეფე არტაშესის სიკვდილის შემდეგ მისცა არმენია თავის ვაჟს არშაკეს და რადგან ამ საქციელის გამო ტიბერიუსისგან არ მიიღო სასჯელი, სცადა დაეპყრო კაპადოკია და თვით პართელებსაც უფრო მედიდურად ექცეოდა. ამიტომ ზოგიერთი მათგანი განუდგა, გაუგზავნეს ელჩები ტიბერიუსს და სთხოვეს მოეცა მათთვის მეფე მძევალთა წრიდან. ტიბერიუსმა გაუგზავნა მათ ჯერ ფრაატე ფრაატეს ძე, ხოლო როცა ის გზაში გარდაიცვალა – ტირიდატე, რომელიც აგრეთვე სამეფო გვარიდან იყო. იმისთვის, რომ მას უფრო ადვილად დაეპყრო ძალაუფლება, ტიბერიუსმა მისწერა მითრიდატე იბერიელს, შეჭრილიყო არმენიაში, რათა არტაბანეს, რომელიც შვილის დასახმარებლად წამოვიდოდა, მიატოვებდა თავის ქვეყანას. ასეც მოხდა, მაგრამ დიდხანს ვერ იმეფა ტირიდატემ: არტაბანემ სკვითები გამოიყვანა და ადვილად გააძევა იგი. ასეთი იყო საქმეები პართიაში; ხოლო არმენია მიიღო მითრიდატემ, როგორც ჩანს მითრიდატე იბერიელის ვაჟმა და ძმამ იბერიის მომდევნო მეფისა ფარასმანესი“.
    ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (ახ.წ. I ს.): „ტიბერიუსმა გაუგზავნა ვიტელიუსს (სირიის მმართველს) წერილი და უბრძანა, რომ დამეგობრებოდა არტაბანეს, პართელთა მეფეს, რადგან ის მისი მტერი იყო და ეშინოდა მისი. არტაბანეს არმენია უკვე მითვისებინა, თავისი ვაჟი არშაკე დასვა ტახტზე და ტიბერიუსს ეშინოდა, რომ მას უფრო მეტი არა ევნო რა. ვიტელიუსი არტაბანეს მხოლოდ მაშინ უნდა ნდობოდა, თუ მისგან მძევლებს მიიღებდა. ტიბერიუსმა მისწერა ეს ვიტელიუსს და თვითონ დიდი საჩუქრით იბირებდა იბერთა და ალბანთა მეფეებს, რომ დაეთანხმებინა არტაბანესთან ბრძოლაზე. ამათ უარი უთხრეს ტიბერიუსს შებრძოლებაზე, სამაგიეროდ სკვითებს მისცეს გზათავის ქვეყანაზე, გაუღეს „კასპიის კარი“ (ანუ დარუბანდი) და შეუსიეს არტაბანეს. ასე წაართვეს უკან არმენია არტაბანეს. ამის მერე ვიტელიუსმა დიდი ლაშქრით შეძლო მტრის დაძლევა და ამ მხარის დაპყრობა“.
    ტაციტუსი განაგრძობს: მალე არტაბანი მთელი სამეფოს ძალით წამოვიდა შურის საძიებლად და არმენიას შეესია. მაშინ ფარსმანიც იქ გაჩნდა და ცხარე ომი გაჩაღდა. ადგილმდებარეობის ცოდნის წყალობით იბერები უკეთ იბრძოდნენ. არტაბანი მაინც არ დაიხევდა უკან, რომ ვიტელიუსს თავი არ მოეყარა ლეგიონებისათვის და ხმა არ დაეგდო, მესოპოტამიაში შეჭრას ვაპირებო, და ამით არტაბანს რომაელებთან ომის ატეხისა არ შეშინებოდა.
    მაშინ პართებმა დატოვეს არმენია და არტაბანის ბედი უკუღმა დატრიალდა, ვინაიდან ვიტელიუსი ჩააგონებდა მის ქვეშევრდომებს, მიეტოვებინათ მშვიდობიანობის დროს სასტიკი და ომიანობის დროს მათი დამღუპველი უბედური მეფე. ამიტომ პართიელმა დიდებულმა სინაკესმა, რომელიც განაწყენებული იყო, ღალატში ჩაითრია მამა აბდაგეზესი და სხვანი, რომელნიც უწინ ზრახვებს მალავდნენ, ახლა კი, განუწყვეტელი მარცხების შემდეგ, უფრო გათამამდნენ. ნელ-ნელა მათ შემოუერთდნენ ისინი, ვინც უფრო მეტად შიშით, ვიდრე კეთილი ნებით მორჩილებდნენ მეფეს და როცა წამქეზებლები გამოჩნდნენ, უფრო მოიცეს გული.
    არტაბანს აღარც აღარავინ შემორჩა გარდა უცხოელი პირადი მცველებისა, თავიანთი სამშობლოდან გამოძევებულებისა, რომელთაც ვერც სიკეთე შეუგნიათ და არც ბოროტებას დაგიდევენ, ქირით კი ხელს უწყობენ ბოროტმოქმედებებს. წაიყვანა რა ესენი, სასწრაფოდ გაიქცა შორეულ, ჰირკანიის ტყეებში, დახმარების შოვნის იმედით, ვინაიდან ჰირკანიელებთან და კარმანიელებთან დანათესავებული იყო; ხოლო ამასობაში პართები, რომელნიც შორს მყოფ ხელმწიფეებს იწყნარებენ, იქ მყოფთ კი აუხირდებიან ხოლმე, იქნებ მონანიებისკენ გადახრილიყვნენ.
    მას შემდეგ რაც არტაბანი გაიქცა და ხალხის განწყობილება ახალი მეფისაკენ გადაიხარა, ვიტელიუსმა დაარწმუნა ტირიდატი, შემზადებული ტახტი დაეპყრო და ლეგიონებისა და მოკავშირეთა რჩეული ჯარი ევფრატის ნაპირს მიაყენა. მდინარის დასაწყნარებლად მსხვერპლის შეწირვის დროს, როცა ის (ე. ი. ვიტელიუსი) რომაული ადათისამებრ ცხვარ-ღორ-ხარს წირავდა, ის (ე.ი. ტირიდატი) კი ცხენს უძღვნიდა, იქაურებმა შეატყობინეს, ევფრატმა სრულიად უწვიმრად თავისთავად მოიმატა უზომოდო. ამასთანავე თეთრი ქაფით დიადემისებურ წრეებს იკეთებს და ეს მისი წარმატებით გადალახვის ნიშანიაო. ზოგი უფრო ჭკვიანურად განმარტავდა, რომ პირველი ცდა წარმატებული და არც თუ ხანგრძლივი იქნება, ვინაიდან ის ნიშნები, რომელთაც მიწა და მზეც გვიწინასწარმეტყველებენ, უფრო სარწმუნონი არიან, მდინარეთა დაუდეგარი (ცვალებადი) ბუნება კი გამოჩენისთანავე წარიტაცებს კეთილ ნიშნებსო, მაგრამ როცა ნავების ხიდი გამართეს და ჯარი გადაიყვანეს, პირველად ბანაკში ორნოსპადესი მოვიდა მრავალი ათასი მხედრითურთ. იგი ოდესღაც გადმოხვეწილი იყო სამშობლოდან, ტიბერიუსს დალმაციის ომის დამთავრებაში წარმატებით მოეხმარა და მას რომის მოქალაქეობა ებოძა; შემდეგ მალე კვლავ მოიპოვა მეფის მეგობრობა, დიდი პატივი მის წინაშე და პრეფექტობა იმ ველისა, რომელსაც სახელოვანი მდინარეები ევფრატი და ტიგრი ჩამოუდის აქეთ-იქიდან და სახელად მესოპოტამია ეწოდება.
    მცირე ხნის შემდეგ სინაკესი ამრავლებს ჯარს და აბდაგეზესი სამეფო ხაზინასა და მოკაზმულობას უმეტებს. ვიტელიუსმა ჩასთვალა რა საკმაოდ რომაული იარაღის წარმოჩენა, მოაგონა ტირიდატს, რათა მოეგონებინა პაპა ფრაატი და გამზრდელი კეისარი და რაც ორთავეს მშვენიერი მოეპოვებოდათ, იმათ კი – შეენარჩუნებინათ მორჩილება მეფისადმი, პატივისცემა ჩვენდამი და თავიანთი სინდის-ნამუსი, ამის შემდეგ ლეგიონებიანად სირიაში დაბრუნდა.
    ტირიდატმა მესოპოტამიის სატრაპად დანიშნა ორნოსპადესი, ქ. სელევკიას კი ავტონომია მიანიჭა. მალე აქვე მოვიდნენ სინაკესი და აბდაგეზესი, რომლებმაც წაიყვანეს ტირიდატი ქტესიფონში და პართიის მეფედ გამოაცხადეს ტირიდატ III-ის (35–36) სახელით.
    იმის ნაცვლად რომ აღმოსავლეთით დაძრულიყო და ყველა მოწინააღდეგე სატრაპი დაემორჩილებინა, ტირიდატმა ალყა შემოარტყა ციხეს, სადაც არტაბანის ჰარემი და განძი იყო დამალული. ამით ისარგებლა არტაბანის მომხრე სატრაპებმა ფრაატმა და იერონმა მოძებნეს ჰირკანიის ტყეში გახიზნული არტაბანი და ტახტი შესთავაზეს. მაშინ არტაბანმა დაიქირავა დაჰები და დაიძრა სელევკიისაკენ. ტირიდატი მოულოდნელობისგან დაიბნა და უკან მესოპოტამიაში გაბრუნდა. მალე მის არმიას პანიკა მოედო და გაქცევა იწყო. ტირიდატი თანდათან თითქმის ყველამ მიატოვა, რის შემდეგაც რამდენიმე მხლებელთან ერთად დაბრუნდა სირიაში. არტაბანი ტახტზე დაბრუნდა და მალე რომთან ზავი დადო, რომლის უზრუნველსაყოფად არტაბანმა მძევლებად შვილები გასცა.
    37 წელს ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ რომის ტახტზე ავიდა მისი ძმის დეციმუსის შვილიშვილი გაიუს კეისარი გერმანიკუსის ძე, მეტსახელად „კალიგულა“ („ჩექმებიანი“).
    ტაციტუსი მოგვითხრობს: „იმავე ხანებში მითრიდატე, რომელიც ადრე არმენიას მართავდა და გაიუს კეისრის ბრძანებით ბორკილებდადებული იქნა, კლავდიუსის რჩევით თავის სამეფოში დაბრუნდა, დაიმედებული ფარსმანის შემწეობაში“.
    დიონ კასიუსი გვამცნობს: „ამის მერე გადასცა კლავდიუსმა ანტიოქეს კომაგენე, რომელიც გაიუსმა (გაიუს კეისარი, მეტსახელად კალიგულა) მას მისცა და მერე წაართვა, ხოლო მითრიდატე იბერიელი, რომელიც გაიუსმა რომში გამოიძახა და ბორკილებში ჩასვა, სამშობლოში გამოგზავნა ტახტის დასაკავებლად“.
    კალიგულას მიერ მითრიდატეს პატიმრობაში ყოფნაზე გვამცნობს სენეკაც. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს იოსებ ფლავიუსის ერთი ცნობას: „არტაბან III-მ ცოტა ხანში კიდევ ერთხელ მოახერხა ტახტის დაბრუნება ადიაბენას მეფე იზატის დახმარებით, რისთვისაც მას არმენიის ნაწილი მისცა“. როგორც ჩანს მითრიდატეს გარეშე დარჩენილი არმენია ხელთ იგდო ოროდამ იგდო ხელთ. სხვანაირად ამ დაჯილდოებას ხომ ვერ განახორციელებდა.
    მითრიდატეს მიმართ კალიგულას რისხვის მიზეზი შესაძლოა მცირე არმენიის მეფე კოტის თრაკიელიც (38–54) ყოფილიყო, რომელიც დიდი არმენიის მეფე არტაშეს-ზენონის დისშვილი და მის ძმა პონტოს მეფე პოლემონ III-სთან ერთად პოლემონიდების სამფლობელოების მემკვიდრე იყო და ბუნებრია დიდ არმენიაზე თვალი ეჭირა, მითუმეტეს რომ კოტისი კალიგულას მეგობარი იყო სიყრმიდანვე და სწორედ უკანასკნელმა დასვა მცირე არმენიის ტახზე, რამაც კოტისის ამბიციები გაზარდა.
    როგორც ჩანს მითრიდატეს დატყვევებისა და პართების არმენიაში გაბატონების შემდეგ მის ტახტზე დაჯდომას ეღირსა უფლისწული ოროდი. არტაბანის წარმატება კი დიდი ხნით არ გაგრძელებულა.
    დიონ კასიუსი მოგვითხრობს: პრინცეპსის შეცვლით სარგებლობა გადაწყვიტა არტაბან III-მ და ჯარების თავმოყრა იწყო ევფრატთან სირიაში შეჭრისათვის. მაგრამ ლუციუს ვიტელიუსმა სწრაფად მიიყვანა ლეგიონები ევფრატთან და მასზე დამყარებული დიპლომატიით არა მარტო ააცდინა რომის აღმოსავლურ პროვინციებს პართელთა შემოსევა, არამედ დაიყოლია არტაბანი, რომ მას ეცნო რომის უზენაესობა. 39 წელს არტაბან III ტახტიდან იქნა ჩამოგდებული. ამის გამო კალიგულამ ვიტელიუსი რომში გამოიძახა და ის ძლივს გადარჩა სასჯელს“. როგორც ჩანს კალიგულას აწყობდა პართიასთან არსებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც არტაბანის მძევლებით იყო გამყარებული, ხოლო ახალი ხელმძღვანელი კი ამ ვალდებულებათაგან თავისუფალი იქნებოდა. ამასთან გამორიცხული არ არის არტაბანის ჩამოგდებაში ხელი ერია, ვიტელიუსს, რაც უნდა გამხდარიყო კიდეც კალიგულას მხრიდან მისდამი რისხვის მიზეზი.
    არტაბანი ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ მალევე გარდაიცვალა, პართიის ტახტზე კი ერთდროულად მისი ორი მემკვიდრე ძე ვარდან I (40–47) და ნაშვილები გოტარზე II2 (40–51) ავიდნენ. გოტარზემ მიიღო აღმ. პართია, ხოლო ვარდანმა დასავლეთ პართია, პირველ რიგში კი მიდია და მესოპოტამია. მათ შორის მშვიდობამ კი დიდ ხანს არ გასტანა და სამოქალაქო ომი დაიწყო.
    ამასობაში ხელისუფალი შეიცვალა რომშიც. 41 წელს კალიგულა მისსავე მცველებმა მოკლეს და ტახტზე კალიგულას ბიძა (მამის ძმა) კლავდიუსი (41–54) დასვეს.
    ტაციტუსი მოგვითხრობს: „იბერთა ეს მეფე (ფარსმანი) ახალგათავისუფლებულ ძმა მითრიდატს ატყობინებდა: „პართებში არეულობაა, უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება (ე. ი. სამეფო ტახტი) ორჭოფულ მდგომარეობაშია, მცირე საქმეები კი უყურადღებოდ არის დაყრილი. ვინაიდან გოტარზმა სხვა მრავალ სისასტიკეთა შორის ძმის, არტაბანისა და მისი ცოლ-შვილის დახოცვაც ჩაიდინა, შიშმა შეიპყრო დანარჩენი ხალხი და ვარდანი მოიწვიეს. მან, როგორც დიდ და სახიფათო საქმეებში ფიცხმა, ორ დღეში სამი ათასი სტადიონი (550 კმ) გადალახა და გაოგნებული და დამფრთხალი გოტარზი განდევნა. დაუყოვნებლივ უახლოესი ოლქებიც ხელთ იგდო, ოღონდ მარტო სელევკიელებმა (მდ. ტიბრზე მდებარე სელევკია) უარჰყვეს მისი ბატონობა. მათ, როგორც აგრეთვე მისი მამის წინააღმდეგ განდგომილებს, უფრო მეტად განურისხდა, ვიდრე ამჟამად საქმის ვითარება ითხოვდა და ჩაება ძლიერი, მდინარითა და გალავნით გამაგრებული და სურსათიანი ქალაქის წინააღმდეგ ალყაში. ამასობაში გოტარზე დაჰებისა და ჰირკანების შემწეობით ომს ანახლებს და ვარდანი იძულებული ხდება სელევკიას თავი დაანებოს და ბაქტრიის ველზე დასცეს ბანაკი.
    ახლა ვინაიდან აღმოსავლეთის ძალები დაქსაქსული იყო და ბუნდოვანი ჩანდა, რომელი მხარე გაიმარჯვებდა, მითრიდატს ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა არმენიის დასაპყრობად, რომაელთა სამხედრო ძალით ხელთ იგდო მთის ციხე-სიმაგრეები, ხოლო იბერიელთა ჯარი კი ბარად დათარეშობდა; აღარც არმენიელებს გაუწევიათ წინააღმდეგობა მას შემდეგ, რაც პართიელი სარდალი დემონაკტი, რომელმაც ხელის გამოღება გაბედა, მითრიდატემ ადვილად დაამაცხა იბერთა ჯარის დახმარებით და გააქცია. ცოტაოდენი შეფერხება გამოიწვია მცირე არმენიის მეფე კოტისმა, რომელსაც ზოგიერთი წარჩინებული მიუდგა. შემდეგ ისიც დაემორჩილა ავგუსტ კლავდიუსის წერილს და მთელი არმენია მითრიდატის ხელთ გადავიდა (42 წლის დასაწყისში), რომელიც უფრო სასტიკად იქცეოდა, ვიდრე ეს მის ახალ ხელისუფლობას შეშვენოდა.
    ამასობაში, პართთა ხელმწიფენი რომ საბრძოლველად ემზადებოდნენ, ანაზდად შერიგდებიან, როცა შეიტყობენ ხალხის შეთქმულების ამბავს, რომელიც გოტარზმა აცნობა „ძმას“. ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ჯერ ყოყმანით, შემდეგ კი უფრო მტკიცედ გაუწოდეს მარჯვენა ხელი ერთურთს და ღმერთების საკურთხევლის წინაშე დაიფიცეს, ღალატისათვის შური ეძიათ მტრებზე და ერთმანეთში შეთანხმებულიყვნენ. რაკი სამეფო ხელისუფლების შესანარჩუნებლად ვარდანი უფრო ძლიერ პიროვნებად იქნა მიჩნეული, გოტარზე, რათა ქიშპობას გასცლოდა, შიდა ჰირკანიაში გაერიდა. ვარდანი რომ დაბრუნდა, განდგომის მეშვიდე წელს მას დაემორჩილა სელევკია, პართთა სამარცხვინოდ, რომელთაც ერთი ქალაქი ამდენ ხანს მასხრად იგდებდა.
    შემდეგ ვარდანმა უძლიერესი პრეფექტურები მოიარა; არმენიის ხელახლა დაპყრობისაკენ ისწრაფოდა, ომის მუქარით რომ არ დაებრკოლებინა ვიბიუს მარსუსს – სირიის ლეგატს. ამასობაში გოტარზე თავს უყრის ლაშქარს, რადგან ნანობს სამეფოს დათმობას, თანაც საომრად მოუწოდებენ წარჩინებულნი, რომელთაც მშვიდობიან დროს უფრო უმძიმთ მონური მორჩილება; მერე მდინარე ერინდესთან დახვდება. ეს მდინარე ვარდანმა დიდი ბრძოლით გადალახა, წარმატებით გადახდილი ბრძოლების შედეგად დაიპყრო ხალხები, რომლებიც მდინარეებს – ერინდესა და სინდეს შორის ცხოვრობენ (სინდე დაჰებსა და არიელებს ჰყოფს ერთმანეთისაგან). იქ საზღვარი დაედო წარმატებებს, რადგან პართელები, გამარჯვებათა მიუხედავად, უარყოფდნენ ომს შორეულ მიწაზე. ამრიგად, ძეგლები აღმართა რა თავისი ძლიერების დასტურად და იმის აღსანუსხავად, რომ ადრე არც ერთ არშაკიდს არ დაუხარკავს ის ტომები.
    ვარდანი უკან დაბრუნდა, დიდებით მოსილი, ხოლო მით უფრო აღვირახსნილი და გაუსაძლისი ქვეშევრდომთათვის. იგი მოკლეს (47 ან 48 წ.) ნადირობით გატაცებული, ისე რომ არც კი შეუწუხებია ფიქრს მისთვის წინასწარ განმზადებულ მზაკვრულ საფრთხეზე. მოკლეს თუმცაღა მთლად ჭაბუკი, მაინც ისეთი ბრწყინვალე სახელი უნდა ჰქონოდა, როგორიც ცოტას ღირსებია მხცოვან მეფეთაგან, ისევე რომ ეძია თავისი ხალხის სიყვარული, როგორც ლამობდა შიშის ზარის გავრცელებას მტრებში.
    ვარდანის მოკვლის შემდეგ პართელებში არეულობა დაიწყო. ვერ გადაეწყვიტათ, ვისთვის მიეცათ სამეფო ძალაუფლება; ბევრნი გოტარზესკენ იხრებოდნენ, ზოგნიც – ფრაატეს შთამომავალ მეჰერდატესკენ, მძევლად რომ მოგვცეს. გოტარზემ სძლია, მაგრამ სამეფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თავისი აღვირახსნილობითა და მძვინვარებით პართელები აიძულა ფარულად შევედრებოდნენ რომაელ პრინცეპსს, რომ ნება დაერთო მეჰერდატესთვის მამისეული პატივისა და ღირსების მისაღებად. 
    49 წელს კეისრის ბრძანებით სირიის მმართველმა კასიუს ლონგინუსმა იგი მიაცილა ევფრატამდე, სადაც მეჰერდატეს დახვდნენ მომხრე პართიელი დიდებულები და ოსროენას მეფე აბგარ V (ძვ.წ. 4–ახ.წ. 7; 13–50). გზაზე მათ გაიარეს ადიაბენაზე3, რომლის მეფე იზატ II-ც (36–59/60) შემოიერთეს და სამხრეთისაკენ დაიძრნენ, სადაც მდ. კორმასთან (ადჰაიმი?) ელოდა გოტარზე. პართიის მეფეს ახალგაზრდა პრეტედენტთან შედარებით ნაკლები ძალა ჰყავდა, ამიტომ მოლაპარაკებით საქმე გააჭიანურა და ამასობაში საიდუმლოდ გადმოიბირა ოსროენასა და ადიაბენას მეფეები. ამის მიუხედავად მეჰერდატმა ბრძოლა მიიღო, თუმცა დამარცხდა და მალე ტყვედაც ჩავარდა. გოტარზემ იგი შეიწყალა, თუმცა ყურები დააჭრა, რათა ტახტზე პრეტენზია ვეღარ გამოეთქვა (პართიული წესით დასახიჩრებულს ტახტზე ასვლის უფლება არ ჰქონდა).
    51 წელს გოტარზე ავადმყოფობით მოკვდა (ფლავიუსით შეთქმულების შედეგად) და პართიის ტახტზე დაჯდა ვონონ II არშაკიდი (არტაბანის ძმა), რომელიც აქამდე მიდია-ატროპატენას ვასალური სამეფოს მეფე იყო. ახალმა მეფემ ცოტა ხანს იცოცხლა, რის შემდეგაც პართიის ტახტი მისი 3 ძის შეთანხმებით უფროსმა ვოლოგეზ I-მა (51–78) დაიკავა, მიდია-ატროპატენას ტახტზე მეორე ძმა პაკორი დაჯდა, ხოლო მესამე ტირიდატს ძმები არმენიის ტახტზე ასვლას დაჰპირდნენ.
    ამავე (ე.ი. 51) წელს არმენიელებსა და იბერებს შორის ამტყდარი ომი პართებსა და რომაელებს შორის სასტიკი განხეთქილების მიზეზიც გახდა. პართებზე ვოლოგეზი ხელმწიფობდა, დედით ბერძენი ხარჭის შვილი, რომელსაც მეფობა ძმების თანხმობით ჰქონდა მიღებული. იბერებზე ფარსმანი მეფობდა ძველთაგანვე, არმენიელები მის ძმას მითრიდატს ეპყრა ჩვენი შეწევნით.
    ფარსმანს ჰყავდა ძე, სახელად რადამისტი, ლამაზი, წარმოსადეგი, შესანიშნავი ძალ-ღონის პატრონი, მშობლიურ ხელოვნებებში გაწვრთნილი, მეზობლებშიაც დიდი სახელის მქონე. იგი ისე გაცხარებით და ხშირად ლაპარაკობდა, მამის მოხუცებულობის წყალობით იბერია უმნმიშვნელო სახელმწიფოდ რჩებაო, რომ გულის წადილის დაფარვას ვერ ახერხებდა. ამიტომ უკვე თავისი ხანშიშესულობით შეფიქრიანებულმა ფარსმანმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოსურნე და ხალხის მხარდაჭერით შეგულიანებულ ჭაბუკს სხვა იმედი შთააგონა და არმენიისაკენ მიუთითა, გაიხსენა რა პართების გაძევების შემდგომ თვით მანვე რომ მისცა იგი მითრიდატს; ოღონდ შვილს ურჩია, ძალის ხმარებისაგან თავი შევიკავოთ, უფრო მზაკვრობა გამოვიყენოთ, რათა უდარდელად მყოფი მითრიდატი ანაზდეული თავდასხმით დავამარცხოთო. ამგვარად რადამისტი, რომელსაც ვითომდა მამასთან უთანხმოება მოუვიდა, რადგან დედინაცვლის სიძულვილს ვეღარ გაუძლო, ბიძას მიაშურებს. მითრიდატმა დიდი ალერსით მიიღო იგი, როგორც საკუთარი შვილი, ამან კი არმენიელთა წარჩინებულებს დაუწყო შეგულიანება სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად ისე, რომ მითრიდატმა არათუ ვერაფერი შეატყო, არამედ კიდევ უფრო მეტი პატივითაც ეპყრობოდა.
    ვითომდა შერიგება მინდაო, რადამისტი მამასთან დაბრუნდა და აცნობა; რაც მზაკვრობით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გაკეთებულია, დანარჩენი იარაღით უნდა აღსრულდესო. ამასობაში ფარსმანმა ომის საბაბიც მოიგონა: ალბანთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში რომაელებს დასახმარებლად რომ მოვუწოდებდი, ძმამ წინააღმდეგობა გამიწია და ამ წყენინებისათვის ვილაშქრებ მის დასარბევადო, და ამასთვის ვაჟიშვილს დიდი ლაშქარი მისცა. მისი ანაზდეული თავდასხმით შეშინებულმა და დაბლობიდან გაძევებულმა მითრიდატმა ციხე-სიმაგრე გორნეაში4 შეასწრო, ადგილმდებარეობით უშიშარსა და რომაული მეციხოვნე ჯარით დაცულში, რომელსაც პრეფექტი ცელიუს პოლიონი და ცენტურიონი კასპერიუსი სარდლობდნენ. ისე იბერნი არაფერში არიან ბარბაროსები, როგორც მანქანების საქმესა და ციხე-სიმაგრეთა აღების ოსტატობაში, ამიტომ რადამისტი ფუჭად და ზარალიანად ციხე-სიმაგრის აღების ცდის შემდგომ, ალყას შეუდგა და რაკი ძალით ვერა გააწყო რა, ანგარი პრეფექტი მოისყიდა, რომელსაც კასპერიუსი ეხვეწებოდა, ნურც მოკავშირე მეფეს და ნურც მისთვის რომაელი ხალხისაგან მინიჭებულ არმენიას ბოროტმოქმედებით ფულის გულისთვის ნუ დაღუპავო. და ბოლოს, ვინაიდან პოლიონი მტრის მრავალრიცხოვნებას, ხოლო რადამისტი კი მამის ბრძანებას იმიზეზებდნენ. კასპერიუსმა რადამისტთან დროებითი ზავი დადო და მცხეთაში გაემგზავრა ფარსმანთან მოსალაპარაკებლად, თან გეგმავდა რომ თუ ფარსმანს ომს ვერ გადაათქმევინებდა, სირიის გამგებელის უმიდიუს კვადრატუსისათვის (სირიის მმართველი 51–60 წლ.) მაინც შეეტყობინებინა, რა მდგომარეობაში იყო არმენია.
    ცენტურიონის წასვლით თითქმის დარაჯისაგან გათავისუფლებულმა პრეფექტმა, რომელსაც ქრთამი რადამისტმა გაუზარდა, მითრიდატს დარწმუნება დაუწყო, ზავი დადეო. თან მოაგონებდა მათ ძმურ ნათესაობას, ფარსმანის ხნით უფროსობას და სხვა ნათესაურ კავშირებს, მისი ასული რომ ცოლად ჰყავდა, აგრეთვე თვითონაც რომ რადამისტის სიმამრი იყო. იბერებიც უარს არ ამბობენ ზავზე, თუმცა ამჟამად ისინი უფრო ძლიერები არიანო; ხომ საკმაოდ იცი არმენიელთა გაუტანლობა და სხვა სახსარი ან თავშესაფარი რომ არ გაგვაჩნია ამ უსურსათო ციხე-სიმაგრის გარდაო; განა უსისხლოდ საქმის გარიგება არ გირჩევნია იარაღის ძალით საქმის გადაწყვეტის საეჭვო ცდასაო? მითრიდატი ამაზე ყოყმანობდა და ეჭვით უყურებდა პრეფექტის რჩევას, ვინაიდან პრეფექტმა გააუპატიურა მეფის ხარჭა და ყოველნაირი ანგარებიანი საქმისადმი დიდი მიდრეკილება ჰქონდა; ამასობაში კი კასპერიუსმა ფარსმანამდე მიაღწია და მოსთხოვა, იბერიელებს ალყა მოეხსნათ. ფარსმანი საჯაროდ ბუნდოვნად და უფრო ხშირად ალერსიანად უპასუხებს, საიდუმლო შიკრიკებით კი რადამისტს აქეზებს, გააგრძელე ალყა და ყოველი ღონისძიებით აიღე ციხეო. სამარცხვინო საქმის საზღაური დიდდება და პოლიონი საიდუმლოდ მოისყიდის რა ჯარისკაცებს, აგულიანებს, რათა ზავი მოითხოვონ და დაემუქრონ, ციხე-სიმაგრის დაცვაზე ხელს ავიღებთო. ამ უკიდურესი გასაჭირით იძულებული მითრიდატი ხელშეკრულების დადების დღესა და ადგილს დათანხმდა და ციხე-სიმაგრიდან გამოვიდა.
    პირველად რადამისტი, ვითომდა პატივისცემით, გულმხურვალედ მოეხვია მას – სიმამრსა და მშობელს უწოდებდა; თან ეფიცებოდა, არც მახვილის, არც შხამის ძალას არ გამოვიყენებ შენს წინააღმდეგო. ამასთანავე იქვე ახლო კორომში შეიტყუებს – ეუბნება, აქ შესაწირავი მსხვერპლია გამზადებული, რათა ღმერთების წინაშე დავამტკიცოთ ზავიო. მეფეთა ჩვეულება გახლავთ ხელშეკრულების დადების დროს ყოველთვის მარჯვენა ხელები და მათი ცერები ერთმანეთს მიადონ და მაგრად შეჰკრან კვანძით. მერმე როცა სისხლი ფრჩხილებში მოაწვებათ, მსუბუქი ჩხვლეტით სისხლს დაიდენენ და ერთმანეთს აულოკავენ. ასეთ კავშირს იდუმალი თვისება აქვს, თითქოს საერთო სისხლით არის განმტკიცებული. მაგრამ მაშინ კაცი, რომელიც უკრავდათ ხელებს, ვითომდა წაიქცა, მითრიდატს ფეხებზე მოეხვია და ისიც ძირს დასცა. მაშინვე მოცვივდა კიდევ ბევრი ხალხი და ბორკილები დაადეს მას. მერე იგი ფეხებზე დადებული ჯაჭვით წაათრიეს, რაც დიდ სირცხვილად ითვლებოდა ბარბაროსებში. მყის მდაბიო ხალხმა, რომელიც მძიმე პირობებში იყო მის ხელქვეით, ლანძღვა-გინება დაუწყო და ცემა დაუპირა. ოღონდ პირიქით, ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც ბედის ასეთი შეტრიალებისათვის იგი ებრალებოდათ. უკან პატარა შვილებით გარშემორტყმული მისი მეუღლე მისდევდა და იქაურობას ტირილით იკლებდა. ისინი ცალცალკე დახურულ ურმებში ჩასვეს, ვიდრე ფარსმანის ბრძანებას შეიტყობდნენ. ფარსმანს სამეფოს ხელში ჩაგდების წადილმა ძმა და ქალიშვილი დაათმობინა და გულში უკვე მზად იყო ბოროტმოქმედების ჩადენისათვის. ის კი ივარაუდა, რომ ეს საქმე მის თვალწინ არ მომხდარიყო და ისინი მის წინაშე არ დაეხოცათ. რადამისტმაც, აქაოდა დადებული ფიცი მახსოვსო, მართლაც არც მახვილი და არც შხამი არ იხმარა დისა და ბიძის წინააღმდეგ, არამედ მიწაზე დააწვენინა ისინი და ზემოდან მრავალი მძიმე სამოსის დაყრით მოაშთობინა. დახოცეს მითრიდატის ვაჟიშვილებიც, რომლებიც მშობლების დაღუპვას ხმამაღლა ტიროდნენ. ასე იგდო ხელთ სომხეთი რადამისტმა 51 წელს.
    ხოლო კვადრატუსმა რომ შეიტყო, მითრიდატს უღალატეს და სამეფო ხელთ იგდეს მკვლელებმაო, სამხედრო საბჭო მოიწვია, მოახსენა მომხდარი ამბები და რჩევა ჰკითხა, შური ვიძიოთ და დავსაჯოთ ისინი თუ არაო. სახელმწიფოს სახელი და პატივი ცოტას აწუხებდა, უმეტესობა მშვიდობის სასარგებლოდ მსჯელობდა: უცხოთა ყოველ ბოროტმოქმედებას სიხარულით უნდა შევეგებოთ. სიძულვილის თესლიც კი უნდა დავთესოთ, როგორც ხშირად რომის ხელმწიფენი იმავე არმენიას უხვი წყალობის სახით ბარბაროსთა შორის შუღლის ჩამოსაგდებად გასცემდნენ ხოლმე. დაე რადამისტი შეძულებული, სახელგატეხილი ფლობდეს ბოროტად მოპოვებულ ხვედრს; ვინაიდან ეს უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ მას სახელიანად და დიდებით ჰქონდეს მიღებული ძალაუფლებაო. ეს აზრი კიდეც მიიღეს. ოღონდ, რათა ამ ბოროტმოქმედების მოდასტურედ არ მიეჩნიათ ისინი, თანაც იმ შემთხვევისათვის თუ ავგუსტი სხვაგვარად გადაწყვეტდა ამ საქმეს, ფარსმანს მოციქულები გაუგზავნეს, რომ იგი არმენიიდან გასულიყო და შვილიც თან წაეყვანა.
    კაპადოკიის პროკურატორად იულიუს პელიგნუსი იყო, სულით მდაბალი და სხეულის სიმახინჯითაც ასევე საზიზღარი, მაგრამ ავგუსტ კლავდიუსის ძალიან ახლობელი. როცა კლავდიუსი ტაკიმასხარებთან და მლიქვნელებთან ატარებდა უქმად დროს, იმ პელიგნუსმა პროვინციებში დამხმარე ლაშქარი შეკრიბა, ვითომდა არმენიის უკან დასაბრუნებლად, ოღონდ რაკი მოკავშირეებს უფრო არბევდა ვიდრე მტერს, თავისიანებმა (მებრძოლებმა) მიატოვეს და რაკი ბარბაროსთა თავდასხმებისაგანაც თავშესაფარი სჭირდებოდა, რადამისტთან მივიდა. რადამისტის საჩუქრებით მოსყიდულმა თვითონვე დაარწმუნა მიიღოს სამეფო ნიშნები და ამ მიღების დროს თვითონაც დაესწრო, როგორც ხელისშემწყობი და საქმის თანამონაწილე.
    როცა ამის შესახებ საზიზღარი ხმა გავარდა რათა სხვა რომაელებიც პელიგნუსის მსგავსად არ მიეჩნიათ, გაგზავნეს ლეგატი ჰელვიდიუს პრისკუსი ლეგიონითურთ, რათა ვითარების შესაბამისად მოეგვარებინა საქმე. ამიტომ სასწრაფოდ გადალახა რა ტავროსის მთა, უფრო ზომიერი მოქმედებით, ვიდრე ძალით, უკვე ბევრი რამ გაარიგა, როცა უბრძანეს კვლავ სირიაში დაბრუნებულიყო, რათა პართების წინააღმდეგ ომი არ გამოეწვია, რადგან ვოლოგეზ I არმენიას თავის საკუთრებად მიიჩნევდა, თვლიდა რა რომ ეს ქვეყანა მის წინაპრებს ეკუთვნოდა, ახლა კი უპატიოსნოდ ჩაეგდო ხელთ უცხო მეფეს.
    ვოლოგეზმა პართიის ტახტი 51 წელს, გოტარზეს სიკვდილის შემდეგ დაიკავა და სურდა მისი სამუდამოდ დასაკუთრება. ამისათვის კი მისი ორი ძმისთვის სხვა სამფლობელოები უნდა გამოეძებნა, რომ აღარ შეცილებოდნენ. ამ მიზნით მან ერთი ძმა – პაკორი ატროპატენას ტახტზე დასვა, ხოლო მეორე ძმის – ტირიდატისთვის არმენიის ტახტი უნდოდა.
    ვინაიდან ვოლოგეზმა მიიჩნია, რომ დადგა ხელსაყრელი შემთხვევა არმენიის დასაპყრობად, ამიტომ შეკრიბა ჯარი და ემზადებოდა. პართების შემოჭრის შემდგომ (52 წ.) იბერები ფაქტიურად უბრძოლველად იქნენ განდევნილი, რადგან არმენებმა ბრძოლაზე უარი თქვეს. მალევე დანებდა  ტიგრანოკერტი, შემდეკ კი დედაქალაქი არტაშატიც ჩაბარდა პართებს. არმენიაში ტირიდატი გამეფდა თრდატ I-ის (52–53; 54–59; 62–75) სახელით. მაგრამ სასტიკმა ზამთარმა, სურსათის ნაკლებობამ და ორივე ამ მიზეზის გამო მოდებულმა სენმა ვოლოგეზი იძულებული გახადა თავი დაენებებინა ახლა ამ საქმისათვის. დაცარიელებული არმენია კი კვლავ რადამისტმა დაიპყრო (53 წ.), კიდევ უფრო გამძვინვარებულმა არმენიელებზე, როგორც განდგომილებზე, რომელთაც თუ ხელსაყრელი დრო დაუდგებოდათ, კვლავ აჯანყდებოდნენ. მართლაც არმენიელებს, თუმცა მონობას ძალიან ნაჩვევთ, მოთმინების ფიალა აევსოთ და იარაღით შემოერტყნენ გარს მეფის სასახლეს (54 წ.).
    რადამისტს ცხენების სისწრაფის გარდა სხვა აღარაფერი უშველიდა და ცოლითურთ კიდეც გაიქცა. მაგრამ მისი ფეხმძიმე მეუღლე პირველად თუ მაინც ასე თუ ისე იტანდა ჭენებით სიარულს მტრის შიშით და ქმრის სიყვარულით, შემდეგ შეუსვენებელი სირბილის გამო გულმუცელი და შიგნეული რომ ენჯღრეოდა, ევედრებოდა ქმარს, ტყვეობის სირცხვილისაგან პატიოსანი სიკვდილით დამიხსენიო. პირველად რადამისტი ეხვეოდა, იჭერდა და ამხნევებდა; ხან მის გულადობას ჰკვირობდა, ხან შიშისაგან სასო ეკვეთებოდა, რომ დავტოვო, სხვა ვინმეს არ ჩაუვარდეს ხელშიო. და ბოლოს სიყვარულით გახელებულმა და ბოროტმოქმედებაში არცთუ გამოუცდელმა იძრო მახვილი და დასცა ქალს; დაჭრილი არაქსის პირას მიათრია და მდინარეში ჩააგდო, რომ მისი გვამიც წყალს წაეღო. თვითონ თავქუდმოგლეჯით მიაშურებს იბერიას, მშობლიურ სამეფოს. ამასობაში ზენობიას (ასე ერქვა ქალს) წყნარ ყურეში შეამჩნევენ მწყემსები. იგი ჯერ კიდევ სუნთქავდა და სიცოცხლის აშკარა ნიშნებს ამჟღავნებდა. მისი ღირსეული გარეგნობის მიხედვით ივარაუდეს, უბრალო ვინმე არ უნდა იყოსო; შეუხვიეს ჭრილობა, შინაურული წამლებით უწამლეს და როცა მისი ვინაობა და ამბავი შეიტყვეს, ქალაქ არტაშატს მიიყვანეს. იქიდან კი ხელისუფალთა ზრუნვით, ტირიდატს მიჰგვარეს, რომელმაც ალერსით მიიღო იგი, როგორც მის სამეფო ღირსებას შეეფერებოდა“.
    54 წლის ოქტომბერში კლავდიუსი მოწამლეს და ტახტზე ავიდა მისი გერი ნერონი (54–68). „წლის დამლევს რომში მოვიდა შემაშფოთებელი ამბავი, რომ პართელები კვლავ შეესივნენ არმენიას და მიიტაცეს. განდევნილ იქნა რადამისტი, რომელიც ხშირად იპყრობდა ხოლმე იქ სამეფო ძალაუფლებას და მერე გარბოდა; მაშინაც მიეტოვებინა ომი და მითქმა-მოთქმის მოყვარულ ქალაქში ყველა ცდილობდა მიმხვდარიყო – პრინცეპსი, რომელმაც ძლივს გადააბიჯა ჩვიდმეტ წელიწადს, როგორ შეძლებდა კისრად ედო ის მძიმე ტვირთი და თავი გაერთმია.
    ნერონმა ბრძანა – უახლოეს პროვინციებში მოიძიონ ახალგაზრდები და გაგზავნონ აღმოსავლეთის ლეგიონების შესავსებად, თვით ლეგიონები კი არმენიასთან უფრო ახლოს იქმნენ განლაგებულნი; ორ ნაცად მეფესს – აგრიპა II-ს (ჰალკიდას, დღევ. ანჯარას მეფე) და ანტიოქე IV-ს (კომაგენას მეფე) – სალაშქროდ უნდა მოემზადებინათ ჯარები, რომლებითაც პართელთა საზღვრებში შეიჭრებოდნენ, ამავე დროს ხიდები უნდა გადებულიყო მდინარე ევფრატზე; მცირე არმენია არისტობულუსს გადასცეს, სოფენეს ოლქი – სოჰემუსს, თან სამეფო პატივი და ღირსებასაც მიანიჭეს. ამ დროს გამოუჩნდა ვოლოგეზეს მეტოქე – ძე ვარდანი და გავიდნენ არმენიიდან პართელები, თითქოს ომი გადადესო.
    ხოლო სენატში ყველაფერი მეტად გაზვიადებულ იქნა იმათი წინადადებების წყალობით, ვინც მოითხოვა პარაკლისები და იმ დღეებში – პრინცეპსის სატრიუმფოდ შემოსვა, რომ იგი შესულიყო ქალაქში ვითარცა ტრიუმფატორი, აგრეთვე მისი ქანდაკება, სიდიდით – შურისმაძიებელი მარსის ქანდაკების სწორი, დაედგათ მარსისავე ტაძარში. გარდა იმისა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მლიქვნელობა, უხაროდათ კიდევაც, რომ გნეიუს დომიციუს კორბულონი გამოიძახეს გერმანიიდან და ჩაუყენეს ჯარს სათავეში არმენიის შესანარჩუნებლად და, როგორც ჩანდა, გზა გაეხსნა ღირსებას. აღმოსავლეთის ჯარები იმგვარად გაანაწილეს, რომ მაშველი ძალის ნაწილი, ასევე ორი ლეგიონი (X და XII) დარჩენილიყო სირიის პროვინციაში მის ლეგატ კვადრატუს უმიდიუსთან ერთად, კორბულონს ეყოლებოდა აგრეთვე ორი ლეგიონი (III და VI), თანაბარი რაოდენობის მოკავშირენი, ამავე დროს კაპადოკიაში მოზამთრე კოჰორტები. მოკავშირე მეფეებს ებრძანათ დამორჩილებოდნენ მას, ვისი დაქვემდებარებაც მიზანშეწონილი იქნებოდა ომის პირობების მიხედვით, მაგრამ თავიანთი განწყობილებით ისინი უფრო კორბულონისკენ იხრებოდნენ. იგი გაეშურა დიდების მოსაპოვებლად, რაც უძლიერესი იარაღია ახლად წამოწყებულ საქმეებში, და კილიკიის ქალაქ ეგეესთან შეხვდა კვადრატუსს, რომელიც იქ ჩასულიყო, რათა კორბულონს, თუ ის სირიაში შევიდოდა ჯარების მისაღებად, საყოველთაო ყურადღება არ მიექცია, რადგან, ტანად გოლიათს, დიდებულ მჭევრმეტყველს, გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად გარეგნული ბრწყინვალებით ზემოქმედების დიდი ძალაც ჰქონდა.
    ორივემ მოციქულები გაუგზავნა მეფე ვოლოგეზეს, რომ დაიყოლიონ – ზავი არჩიოს ომს, მძევლები გაიღოს და, წინამორბედთა ჩვეულებისამებრ, პატივი არ მოუშალოს რომაელ ხალხს. ვოლოგეზეც სიამოვნებით დათანხმდა მძევლებად გაეცა  არშაკიდების გვარის უწარჩინებულესი პირები, რათა 1. მშვიდად ჩაეხშო ვარდანის აჯანყება; 2. ხელსაყრელ პირობებში მომზადებულიყო ომისათვის ან, შეიძლება, იმ მიზნით, რომ მეტოქეობაში ეჭვმიტანილნი თავიდან მოეშორებინა ვითარცა მძევალნი. მათ ჩაიბარებს უმიდიუსისგან გამოგზავნილი ცენტურიონი ინსტეიუსი, რომელიც საამისოდ პირველი მიდის მეფესთან.
    როცა ეს კორბულონმა შეიტყო, უბრძანა კოჰორტის პრეფექტს, არიუს ვარუსს წასულიყო და მძევლები წაერთმია. ამ მიზეზით პრეფექტსა და ცენტურიონს შორის აღძრული დავა უფრო დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო გარეშეთა დასანახად, საქმის გადაწყვეტა მიენდოთ მძევლებსა და ელჩებს, რომლებსაც ისინი მიჰყავდათ, და მათ წინ დააყენეს კორბულონი, ახლად შემოსილი დიდებით, როგორღაც მტრებსაც რომ იზიდავდა. აქედან წარმოიშვა უთანხმოება სარდლებს შორის: ერთი მხრივ, უმიდიუსი ეძიებს წართმეულს, – იმას, რაც თავისი კეთილგონიერების წყალობით განუხორციელებია, მეორე მხრივ, კორბულონი ამტკიცებს, რომ მეფეს მანამდე არ უფიქრია მძევლების გაღება, სანამ თვით მხედართმთავრად არჩეულმა კორბულონმა იმედი ძრწოლად არ შეუცვალა. მოწინააღმდეგეთა დასაზავებლად ნერონმა ბრძანა გამოეცხადებინათ სახალხოდ, რომ კვადრატუსის და კორბულონის მიერ მოპოვებული გამარჯვებებისათვის საიმპერატორო ფასციებს დაფნაც ემატებოდა. ზავით ისარგებლა პართიის მეფემ და აჯანყება ადვილად ჩაახშო.
    არმენიაზე ბატონობისათვის დუნედ დაწყებული და მანამდე გაჭიანურებული ომი პართელებსა და რომაელებს შორის 55 წლის დამდეგს გაცხარდა, რადგან, ერთი მხრივ, ვოლოგეზე ვერ დაუშვებდა, რომ მის ძმას – ტირიდატეს ან დაეკარგა თავად ვოლოგეზესგან მიღებული სამეფო, ან ჰქონოდა როგორც უცხო ხელისუფლების მიერ ბოძებული სამფლობელო, ხოლო, მეორე მხრივ, კორბულონს მიაჩნდა, რომ უნდა დაებრუნებინა ის, რაც ოდესღაც ლუკულუსმა და პომპეუსმა მოიპოვეს მითრიდატე ევპატორთან III ომის დროს (ძვ.წ. 74–65 წლებში) – ასე მოითხოვდა რომაელი ხალხის სიდიადე და ღირსება. ამავე დროს უნდობლად განწყობილი არმენიელები ორივე ძალას უხმობდნენ, თანაც პართელებთან უფრო ახლოს მდგომნი ადგილმდებარეობით, ზნე-ჩვეულებათა მსგავსებით, მათთანვე აღრეულნი ქორწინებათა წყალობით, სწორედ პართელებისადმი დამონებისაკენ უფრო იხრებოდნენ თავისუფლების შეუცნობლად. 
    მაგრამ კორბულონისათვის უფრო სამძიმო იყო მხედართა სულმოკლეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ვიდრე მტერთა ვერაგობის დაძლევა, რადგან სირიიდან გადაყვანილი ლეგიონები, მოდუნებულნი ხანგრძლივი ზავის შედეგად, მოვალეობას მეტად უხალისოდ ასრულებდნენ. ცნობილია, რომ იმ ლაშქარში საკმაოდ იყვნენ ვეტერანები, რომლებიც სადარაჯოზე არ მდგარან არც დღისით, არც ღამით; სანგარსა და თხრილს ისე უყურებდნენ, როგორც არნახულსა და საკვირველს: უმუზარადოდ, უაბჯროდ იხდიდნენ სამხედრო სამსახურს ქალაქებში, მოკოპწიავენი და ხარბები. კორბულონმა გაუშვა ისინი, რომლებიც სიბერის ან სნეულების გამო დაძაბუნებულიყვნენ და შევსება მოითხოვა.
    შეკრიბეს ჯარი გალატიასა და კაპადოკიაში, აგრეთვე გერმანიიდან გადასროლილ იქნა X ლეგიონი მეშველი ცხენოსანი და ქვეითი ჯარებითურთ. იგი სირიაში შეცვალეს მეზიიდან (პროვინცია ჩრდ. ბალკანეთში) მოსული IV ლეგიონით. 57 წლის ბოლოს კორბულონმა იგრძნო რომ მისი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გაემზავრა არმენიაში, სადაც ბანაკში გაატარა 57–58 წლების სასტიკი ზამთარი. მთელი ლაშქარი ტყავის კარვებში იდგა, თუმცა ისეთი მკაცრი ზამთარი იყო, რომ მიწაზე გადაკრული ყინულის აუყრელად ადგილი აღარსად ჩანდა კარვებისათვის. ყინვისაგან ბევრს დამზრალი ჰქონდა სხეული, ზოგიც სადარაჯოზე დგომისას დაიხოცა. როგორც გადმოგვცემენ, ერთ მეომარს, რომელსაც ფიჩხის კონა მიჰქონდა, ისე გაეთოშა ხელები, რომ მკლავთაგან დასწყდა და ტვირთთან ერთად დასცვივდა, ფიჩხზე დაკრული. ჯარისკაცებს ხელფეხი ეყინებოდათ. თავად კორბულონი, მსუბუქად ჩაცმული, თავშიშველი, მხედრებთან ერთად იყო ხშირად ომსა თუ შრომაში, თავგამოდებულთ ქებას ეტყოდა, უძლურთ ნუგეშს მისცემდა და ყველას მაგალითს უჩვენებდა. შემდეგ მრისხანება პოვა წამლად, რადგან ჰავისა და სამხედრო სამსახურის პირობათა სიმკაცრის გამო ბევრნი არ ემორჩილებოდნენ და გარბოდნენ. სხვა მხედართმთავართაგან განსხვავებით, პირველად ჩადენილ შეცდომებსაც არ აპატიებდა ხოლმე. დეზერტირობის დროს, მესამე გაქცევისას იყო სიკვდილის დასჯა, კორბულონმა კი პირველივეზე გადმოიტანა; ბანაკიდან გაქცეული მეომარი მაშინვე თავით იხდიდა სასჯელს. ეს წესი სასარგებლო აღმოჩნდა და შემწყნარებლობაზე მეტად მოქმედებდა, რამდენადაც ამ სამხედრო ბანაკს უფრო ცოტანი ტოვებდნენ, ვიდრე იმ ბანაკებს, რომლებშიც მეომრებს ეპატიებოდათ.
    კორბულონს ლეგიონები ბანაკში ჰყავდა, სანამ 58 წლის გაზაფხული ძალას შეიმატებდა; ამავე დროს მოხერხებულ ადგილებში განალაგა მაშველ ძალთა კოჰორტები და გააფრთხილა, არ გაბედონ, რომ პირველებმა დაიწყონ ბრძოლა. ამ დამცველი ჯარების მეთაურობა მიანდო პაქციუს ორფიტუსს, უფროსი ცენტურიონის პატივის მქონეს. პაქციუსი სწერს, რომ ბარბაროსები არ ფრთხილობენ და ამით შემთხვევა ეძლევათ წარმატებით აწარმოონ ბრძოლა, მაგრამ იღებს ბრძანებას დარჩეს გამაგრებულ სადარაჯო პოსტებზე და უფრო მნიშვნელოვან ძალებს დაელოდოს. ბრძანება მაინც დარღვეულ იქნა: როცა პაქციუს ორფიტუსთან მცირერიცხოვანი ცხენოსანი რაზმები მოვიდნენ უახლოესი სიმაგრეებიდან და გამოუცდელობის გამო ბრძოლა მოითხოვეს. იგი შეება მტერს და დამარცხდა მისი ზარალით თავზარდაცემული რაზმები, რომლებსაც დახმარების გაწევა ჰქონდათ დავალებული შეშფოთებით გარბოდნენ და თავთავიანთ ბანაკებში უკუიქცნენ. მძიმე იყო კორბულონისთვის ამის გაგება; ბრძანა გაკიცხული პაქციუსი, პრეფექტები და მეომრები სანგრებს გარეთ დაბანაკებულიყვნენ. ამგვარად შეურაცხყოფილებმა მხოლოდ მთელი ჯარის ვედრების შედეგად დააღწიეს თავი იმ დამცირებას. 
    ტირიდატეს მისმა ძმამ ვოლოგეზემაც დაუჭირა მხარი, იმათ გარდა, ვისაც თავად მფარველობდა ტირიდატე უკვე არა მალულად, არამედ აშკარად ესხმოდა თავს ვისაც კი იგულებდა ჩვენდამი ერთგულად და სპობდა, თუ ჯარები წარემართებოდნენ მის წინააღმდეგ, გაურბოდა შეყრას. ხან ერთი მხრიდან წამოუქროლებდა, ხან – მეორიდან და დარხეული ხმები უფრო თავზარდამცემი იყო, ვიდრე ბრძოლა, ასე რომ კორბულონი დიდხანს ცდილობდა პირისპირ შებმას, მაგრამ ამაოდ, ხოლო, როცა იძულებული შეიქნა ყველა მიმართულებით განევითარებინა საომარი მოქმედება, მტრების მაგალითისამებრ, – ძალები იმგვარად გაანაწილა, რომ ლეგატები და პრეფექტები ერთდროულად შეჭრილიყვნენ სხვადასხვა მხარეში; ამასთან, მეფე ანტიოქე კომაგენელს ჩააგონა ხელთ ეგდო ის პრეფექტურები, რომლებიც ახლოს იყვნენ მის სამფლობელოსთან. ფარასმანიც /მან გარკვეული ხნის წინ მოკლა ძე, რადამისტი, გამცემი ვითომ, – რათა ამით დაედასტურებინა ჩვენდამი ერთგულება/, რომელიც უფრო ამწვავებდა ძველითგან მომდინარე მტრობასა და სიძულვილს არმენიელების მიმართ (ე.ი. არბევდა მათ მიწებს). პირველად მაშინ გადმოიბირეს ჰენიოხები – ხალხი, რომელიც სხვებზე უმალ ერთგულ მოკავშირეობას უწევს რომაელებს. ჰენიოხები არმენიის უვალი მხარეებისაკენ გაეშურნენ.
    ასე რომ ტირიდატეს გეგმები ეფუშებოდა; გაგზავნა მოციქულები, რომლებიც თავად მისი და პართელების სახელით მოითხოვდნენ ახსნას, თუ რატომ უნდა წართმეოდა ვოლოგეზეს არმენიის ძველი სამფლობელო, როცა ცოტა ხნის წინათ გასცა მან მძევლები და განაახლეს მათ მეგობრობა, რომელიც თითქოს ასპარეზს გადაუშლიდა ახალ სასიკეთო საქმეებს. თავად ვოლოგეზეს აქამდე იმიტომ არ უმოქმედია, რომ მოლაპარაკება ერჩიათ ძალის გამოყენებას. ხოლო, თუ კორბულონი მაინც არ დაიშლიდა და ომში ჩაითრევდა, სიმამაცე ეყოფოდათ არშაკიდებს და ბედიც ნაცადი ჰქონდათ, რადგან უკვე მრავალგზის დაემარცხებინათ რომაელები. კორბულონმა კარგად იცის, რომ ვოლოგეზეს ჰირკანიის ჩამოშორება აკავებს5 და პასუხად ტირიდატეს არწმუნებს თხოვნით მიმართოს ავგუსტს: მას შეუძლია სამეფო ძალაუფლება მტკიცედ შეინარჩუნოს და სისხლის ღვრის გარეშე მოაგვაროს საქმე, თუ დათმობს შორეულ იმედს, რომელიც გვიანღა გაუმართლდება, და ეძიებს ნამდვილს, თანაც უმჯობესს.
    ამის შემდეგ, რაკი მოციქულების მისვლა-მოსვლით ზავის დადება არ ხერხდებოდა, გადაწყდა დაენიშნათ დრო და ადგილი, რათა თავად მათ მოელაპარაკათ. ტირიდატე აცხადებდა რომ ათას ცხენოსანს იახლებდა მცველად; რამდენი მეომარი უნდა ჰხლებოდა კორბულონს და რომელი ჯარიდან, არ განუსაზღვრავს, ოღონდ ზავის ნიშნად და დასტურად მუზარადმოხდილნი უაბჯროდ უნდა მოსულიყვნენ. ყოველი მოკვდავი, მით უმეტეს გამოცდილი და წინდახედული სარდალი, ვერაგობას ადვილად მიუხვდებოდა ბარბაროსებს; ვერაგობის მიზეზით იყო, რომ მეომართა რიცხვი ერთი მხარისათვის მკაცრად ისაზღვრებოდა, ხოლო მეორეს ნება ეძლეოდა მეტი მეომარი წაეყვანა, რათა მახე დაჰგებოდათ. თუ ისრის ტყორცნაში ნაცად მხედრებს წინ დაუდგებიან უიარაღო ჯარისკაცები, სიმრავლე მათ ვეღარას უშველის. კორბულონმა მაინც არ შეიმჩნია გულისხმაში ჩავარდნა და უპასუხა, რომ უფრო სწორი იქნებოდა მთელი ჯარების თანდასწრებით განეხილათ ის, რაზედაც უნდა ემსჯელათ ვითარცა სახელმწიფო საქმეზე. შეარჩია ადგილი, რომლის ერთ მხარესაც აღმართულიყვნენ ბორცვები, კარგად დაფერდებულნი, ისე რომ ქვეითი ჯარი მოხერხებულად განლაგდებოდა, მეორე მხარეს კი ივაკებდა, ამდენად ეს ადგილი ხელსაყრელი იყო ცხენოსანი რაზმების გასაშლელად. დათქმულ დღეს კორბულონმა პირველმა დააწყო იქ ჯარები: ფრთებზე განალაგა მოკავშირეთა კოჰორტები და მეფეების მაშველი ძალები, შუაში – VI ლეგიონი, რომელსაც შეუერთა ღამით სხვა ბანაკიდან გამოწვეული 3000 ჯარისკაცი III ლეგიონისა, თანაც ერთი არწივით წარმოადგინა, თითქოს ერთი და იგივე ლეგიონი ყოფილიყოს. როცა უკვე საღამოვდებოდა, მოვიდა ტირიდატე და იმ სიშორეზე გაჩერდა, რომ მისი დანახვა უფრო შეიძლებოდა, ვიდრე მოსმენა. ამრიგად, რომაელი სარდალი ტირიდატეს არ შეხვედრია, ისე უბრძანა ჯარებს უკან დაბრუნებულიყვნენ თავ-თავიანთ ბანაკებში.
    არმენიის მეფეს ან ეჭვი ჰქონდა თვალთმაქცობაზე, რადგან ჯარი ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა მხარეს მიემართებოდა, ან იმ მიზნით წავიდა სწრაფად, რომ გზა გადაეკეტა ჩვენი სურსათისათვის, რომელსაც ვღებულობდით პონტოს ზღვით და ქალაქ ტრაპეზუნტიდან. მაგრამ ვერც სურსათის შესაწყვეტად იღონა რაიმე, რადგან ჩვენი ჯარების მიერ დაკავებულ მთებზე გადმოდიოდნენ და ისე მოჰქონდათ; კორბულონმა კი, რათა ფუჭი ომი აღარ გაეჭიანურებინა და არმენიელები იძულებულ გაეხადა თავდაცვაზე გადასულიყვნენ, ციხე-სიმაგრეთა განადგურება განიზრახა; თავად იმ პრეფექტურაში ყველაზე ძლიერ სიმაგრეს ირჩევს, ვოლანდუმად წოდებულს, ნაკლებად მნიშვნელოვან ციხეებს კი ანდობს ლეგატ კორნელიუს ფლაკუსს და ბანაკის პრეფექტს ინსტეიუს კაპიტონს. როცა ყოველმხრივ დაათვალიერებს სიმაგრეებს და წინასწარ აწონ-დაწონის ყველაფერს, რაც საჭიროა იერიშის მისატანად, მოუწოდებს მეომრებს განდევნონ ამ ადგილებიდან მტერი, რომელიც მერყევია და მოუმზადებელი როგორც ზავისთვის, ისე ბრძოლისათვის, ხოლო გაქცევით ააშკარავებს თავის მზაკვრობას და სულმოკლეობას, – ამასთან, ერთნაირად უნდა იზრუნონ დიდებისა და ნადავლისათვის.
    კორბულონი უძლიერეს ციხე ვოლანდს მიადგა და ერთ დღეში აიღო. თავიდან მან ლაშქარი ოთხად გაჰყო, მეომართა კუსებრი წყობით მიჯრილი რიგები სანგრების გადასათხრელად წარმართა, ზოგს კედლებთან კიბეების მიზიდვა უბრძანა. დიდ ნაწილს კი დაავალა მუგუზლები და შუბები დააყარონ მტერს სატყორცნი იარაღების საშუალებით. ადგილი მიუჩინა ქვისმსროლელთ და მეშურდულეებს, რომ შორით ეწარმოებინათ სროლა, რათა რომელიმე ნაწილს დახმარება ვეღარ გაეწია გაჭირვებაში მყოფთათვის, რაკი რომაელები ერთნაირად იმოქმედებდნენ ყოველი მხრიდან. მოლაშქრენი, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, იმდენად იყვნენ აღგზნებული, რომ მესამედი დღის განმავლობაში კედლები გაწმენდილ იქნა მცველთაგან, ჭიშკრებიდან გამოსასვლელი გზები დაუხშეს, მოახერხეს ასვლა და ხელთ იგდეს სიმაგრენი; მოწიფული – ყველა დახოცეს, თავად არც ერთი მეომარი არ დაუკარგავთ, რამდენიმე დაიჭრა მხოლოდ. ვისაც ომში ვერ გამოიყენებდნენ, მონებად გაყიდეს, დანარჩენი ნადავლი გამარჯვებულებს ხვდათ. ასევე წარმატებით სარგებლობდნენ ლეგატი და პრეფექტი; მას შემდეგ, რაც ერთ დღეში სამი ციხე-სიმაგრე აიღეს, სხვები უკეე დათმობაზე მიდიოდნენ, რადგან მცხოვრებლებს ეშინოდათ, დანარჩენი ციხე-სიმაგრენიც ხალხის სურვილის თანახმად ნებდებოდნენ. აქედან დაიბადა გაბედული ზრახვა ამ ქვეყნის დედაქალაქ არტაშატაზე წასვლისა. უმოკლესი გზით მაინც არ წაუყვანია სარდალს ლეგიონები; ხიდით რომ გადაეყვანა მდინარე არაქსზე, რომელიც ქალაქის კედლებს რეცხავდა, მტრის დარტყმას მიიღებდნენ; ამიტომ შორს გავიდნენ და, სადაც მდინარე უფრო ფართო იყო, ფონით გადალახეს იგი.
    ტირიდატეს სირცხვილი აწუხებდა და ეშინოდა, რომ, თუ მტრისაგან ალყის შემორტყმას დაუშვებდა, თავისი უძლურება არ ეჩვენებინა, ხოლო თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, თავად ცხენოსანი ჯარითურთ გაუვალ ადგილებში არ გახლართულიყო; ბოლოს გადაწყვიტა ლაშქარი გამოეყვანა და დანიშნულ დღეს ბრძოლა დაეწყო ან, ვითომ ლტოლვილს, დრო ეხელთა მტრის ხიფათში გასაბმელად. და ასე უეცრად გარს შემოერტყა რომაელთა ჯარს, თუმცა მოუმზადებელი არ დაჰხვედრია კორბულონი, რომელსაც სამგზავროდ და ამავე დროს ბრძოლისათვის დაეწყო ლაშქარი. მარჯვენა მხარეს III ლეგიონი მიდიოდა, მარცხნივ – VI, შუაში – X ლეგიონის რჩეული ჯარისკაცები; მოლაშქრეთა რიგებს აღალს ჰქონდა გზა მიცემული, ზურგს კი ათასი ცხენოსანი იფარავდა, რომლებსაც ებრძანათ მომხვდურთათვის ხელჩართული ბრძოლა გაემართათ, მაგრამ გაქცეულებს არ დასდევნებოდნენ. ფრთებზე განლაგებული იყვნენ ქვეითად მავალი მშვილდოსნები და ცხენოსანთა დანარჩენი რაზმები; მარცხენა ფრთა უფრო შორამდე იშლებოდა ბორცვების ძირას, რომ მტრის კვეთების შემთხვევაში ერთდროულად შეეტიათ წინიდანაც და გვერდიდანაც. ტირიდატე მიუხდებოდა ხოლმე მოწინააღმდეგეს, მხოლოდ იმდენად უახლოვდებოდა, რომ ნატყორცნი ისარი იქამდე ვერ მიაღწევდა, მაგრამ ხან ემუქრებოდა, ხან თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ეშინოდა, რათა შესაძლებლობა მისცემოდა დაერღვია რომაელთა რიგები და ნაწილ-ნაწილ ეოტებინა. როცა უკვე მწუხრი ახლოვდებოდა, ტირიდატე წავიდა, რადგან რომაელები წინდაუხედავობით არ მოდუნებულან და არც გაფანტულან; კავალერიის სარდლის მეტს არავის წაუწევია წინ, ის კი, მეტად უშიშარი, ისრებით იქნა განგმირული და თავისი მაგალითით სხვებს მორჩილება განუმტკიცა.
    კორბულონმა იმ ადგილას გაშალა ბანაკი, თან ფიქრობდა, ღამით ხომ არ წაეყვანა საბრძოლოდ მომზადებული ლეგიონები არტაშატაზე და ალყაში ხომ არ მოექცია. რაკი, მისი აზრით, ტირიდატე იქით წავიდა. შემდეგ, როცა მზვერავებმა აცნობეს მეფის შორეული ლაშქრობის ამბავი, ხოლო მედიელებს ემუქრებოდა იგი თუ ალბანელებს, გაურკვეველი იყო, კორბულონი გათენებას დაელოდა, მერე კი წინასწარ გაგზავნა მსუბუქად შეიარაღებული ჯარი, რომელიც კედლებს გარს შემოევლებოდა და შორიდან დაიწყებდა იერიშს. მაგრამ მოქალაქეებმა ჭიშკარი ნებით გაუღეს, თავად ჩაბარდნენ რომაელებს და თავიანთი ქონებაც მათვე გადასცეს, – ამან იხსნა ქალაქის მცხოვრებნი. ტირიდატე პართიაში გაიქცა. რომაელებმა არტაშატა ცეცხლს მისცეს, მისი კედლები კი დაანგრიეს. რადგან ძლიერი ჯარის ჩაუყენებლად, მაშინ როდესაც სიმაგრეებს დიდი ადგილი ეკავათ, შეუძლებელი იყო ქალაქის შენარჩუნება, ხოლო რომაელებს ძალები არ ყოფნიდათ საიმისოდ, რომ გაენაწილებინათ დაცვის გასამაგრებლად და ომის საწარმოებლად, – თუ კიდევ მეციხოვნეთა გარეშე ხელუხლებლად დატოვებდნენ არტაშატას, ვერავითარ სარგებლობას ვერ ნახავდნენ და ვერც დიდებას მოიხვეჭდნენ იმით, რომ ხელთ იგდეს ქალაქი. ამას ზედ დაერთო თითქოს ღმერთების ნებით მოვლენილი სასწაული: არტაშატის კედლებს გარეთ ყველაფერი განათებული იყო მზით, ხოლო ზღუდეშემოვლებული ადგილი უეცრად ისე დაიფარა ღრუბლით და გამოეყო აელვარებულ სივრცეს, რომ იწამეს, თითქოს ღმერთების მტრული განწყობის გამო ქალაქი დასაღუპად იყო განწირული. ყოველივე ამის წყალობით აღიარებულ იქნა ავგუსტი ნერონი, რომელსაც მიესალმა ჯარი; სენატის დადგენილებით, სუპლიკაციები მოეწყო, აღმართეს ქანდაკებანი და თაღი, პრინცეპსს კონსულობა ელოდა, დღესასწაულად უნდა შეერაცხათ ის დღე, როცა გამარჯვება მოიპოვეს, აგრეთვე – რა დღითაც ამცნეს და რა დღითაც გამოცხადდა მის შესახებ; სხვა ამგვარი გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული და ისინი იმდენად სცილდებოდნენ ზომიერების ფარგლებს, რომ გაიუს კასიუსმა, რომელიც დანარჩენ პატივთა მიზღვაზე თანახმა იყო, აღნიშნა, თუ ბედის წყალობისათვის ღმერთებს შესწირავდნენ მადლს, მთელი წელიწადიც კი არ ეყოფოდათ სუპლიკაციებისათვის, რის გამოც უნდა განესხვავებინათ საუქმო და სადაგი დღეები, როცა ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ და ადამიანურ საქმეებშიც ხელი არ შეეშლებოდათ.
    მას შემდეგ, რაც არტაშატა განადგურებულ იქნა კორბულონმა გადაწყვიტა ესარგებლა შიშის ზარით, რომელმაც ახლად მოიცვა მოწინააღმდეგე, და დაეპყრო ტიგრანოკერტი: მისი მოსრვითა და განადგურებით მტრებს კიდევ უფრო შეაძრწუნებდა ან, დანდობის შემთხვევაში, გულმოწყალე მბრძანებლის სახელს განიგდებდა.
    59 წლის გაზაფხულზე კორბულონი სამხრეთით გაემართა, გაიარა მარდების ქვეყნის საზღვრები და ტავრაბნიტების ქვეყნის გავლით მივიდა ტიგრანაკეტთან. ის მიიწევდა ისე, რომ თავდასხმებს არ აწყობდა, რათა შეწყნარების იმედი არ წაერთვა, მაგრამ არც სიფხიზლეს კარგავდა, რადგან იცნობდა ამ ხალხს, რომელსაც ორპირობა სჩვევია და იმდენადვე მძიმეა საფრთხეში, რამდენადაც გაუტანელი – ბედკეთილობის ჟამს. ბარბაროსთაგან, თავ-თავიანთი ხასიათის და ზნე-ჩვეულებების შესაბამისად, ზოგნი ვედრებით მიმართავენ, ზოგნიც ტოვებენ სოფლებს და უდაბური ადგილებისაკენ მიილტვოდნენ; იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც უძვირფასესი ნივთები თან წაიღეს და გამოქვაბულებს შეაფარეს თავი. ამდენად, რომაელი სარდალიც სხვადასხვა ხერხს ხმარობდა: შემწყნარებელი იყო მავედრებელთა მიმართ, სწრაფად აოტებდა დევნილთ, ულმობლად უსწორდებოდა მათ, ვინც თავშესაფრებში ჩაიკეტებოდნენ: გამოქვაბულთა შესასვლელ-გასასვლელს ფიჩხით ამოავსებდა ხოლმე და ცეცხლში დანთქამდა. ხოლო მარდთა საზღვრების ახლოს რომ მიემართებოდა, მას თავს დაესხნენ თარეშსა და რბევაში გაწვრთნილი მარდები, რომლებსაც მთები იცავდნენ შემოსევისაგან: კორბულონმა იბერები მიუშვა მათ წინააღმდეგ, გააცამტვერა მტერი და მის სითამამეზე უცხო სისხლით იძია შური.
    თუმცა თავად მას და ლაშქარს არავითარი ზიანი არ განუცდიათ ბრძოლისაგან, მაინც ილაჯი გაუწყდათ გაჭირვებისა და დიდი სიძნელეების გამო იძულებულნი იყვნენ მარტოოდენ ხორცით მოეკლათ შიმშილი; ამასთან უწყლობა, ზაფხულის ხვატი, შორი გზების გადალახვა – უმსუბუქდებოდათ მხოლოდ სარდლის მოთმინების წყალობით, – სარდლისა, რომელიც უბრალო ჯარისკაცის გასაჭირს და კიდევ მეტსაც ითმენდა. შემდეგ დასახლებულ მხარეს მიადგნენ და მოსავალი აიღეს. ორი ციხე-სიმაგრიდან, სადაც არმენიელებს შეეფარებინათ თავი, ერთზე იერიში მიიტანეს და ხელთ იგდეს; ისინი, რომლებმაც პირველი შეტევა მოიგერიეს, ალყაში იქნენ მომწყვდეულნი. აქედან ტავრანიტების ქვეყანაში გადასული კორბულონი მოულოდნელ საფრთხეს გადაურჩა: მისი კარვის ახლოს ნახეს შუბოსანი ბარბაროსი, წარჩინებული გვარისა, და წამებით გაამჟღავნებინეს ბარბაროსების მიერ მოწყობილი მზაკვრობა. მან იკისრა შეთქმულების მოთავეობა და მოკავშირეებიც გასცა. მხილებულ იქნენ და დაისაჯნენ მახის დამგებნი, რომლებსაც მეგობრობის ნიღაბი ჰქონდათ აფარებული.
    მცირე ხნის შემდეგ ტიგრანოკერტიდან გამოგზავნილი ელჩები აუწყებენ, რომ ციხე-ქალაქის კარები გახსნილია და მოქალაქენი მზად არიან ბრძანებათა შესასრულებლად. ამასთან, ელჩებმა ოქროს გვირგვინი მოართვეს ვითარცა სამასპინძლო ძღვენი. ამის მიუხედავად, როდესაც რომაელები მიადგნენ ქალაქს, მისი კარი დაკეტილი დახვდა. მაშინ კორბულონმა მასთან ტყვედ მყოფ გავლენიან არმენიელს მოკვეთა თავი და იგი ჩააგდო ქალაქში. ამან შეაშინა ქალაქის მცველები და მალევე გაუღეს კარი რომაელებს. კორბულონი პატივისცემით მოექცა ტიგრანაკერტის მოსახლეობას, არც რაიმე ზიანი მიუყენებია ქალაქისათვის, რათა უვნებლად დაცულ მოქალაქეებს მით უფრო ერთგულად შეენახათ მორჩილების გრძნობა.
    ლეგერდის ციხე-სიმაგრე, რომელშიც ჩაიკეტა შეუპოვარი ახალგაზრდობა, უბრძოლველად არ აუღიათ; მეციხოვნეებმა ციხის კედლების წინ შებმაც გაუბედეს და, სიმაგრეში უკუქცეულთ, მაშინღა დაყარეს იარაღი, როცა მოლაშქრენი შიგ შეიჭრნენ და შეუტიეს; ეს კი შედარებით ადვილად მოხერხდა იმის გამო, რომ პართელები ჰირკანებთან ომში იყვნენ ჩაბმულნი. ჰირკანებმა მოციქულები გაუგზავნეს რომაელ სარდალს (შეხვდნენ მელიტენასთან) მოკავშირეობის სათხოვნელად, თან უთითებდნენ, რომ თავად ისინი მეგობრობის საწინდრად აკავებდნენ ვოლოგეზეს. უკან მიმავალ მოციქულებს კორბულონმა მცველები აახლა, რომლებმაც წითელი ზღვის ნაპირებამდე ჩაიყვანეს, რათა ევფრატის გადალახვის შემდეგ მტრის მოდარაჯე რაზმებს არ შეეპყროთ. მერე კი, თავი დააღწიეს რა პართელთა საზღვრებს, მშობლიურ ადგილსამყოფელს დაუბრუნდნენ.
    59 წელსვე, როდესაც ტირიდატე მედების მიწაწყლის (მიდია-ატროპატენა) გავლით არმენიის მოსაზღვრე მხარეებში შეიჭრა, წინასწარ გაგზავნილ იქნა ლეგატი ვერულანუსი მაშველ ჯარებთან ერთად, თავად კორბულონიც გაეშურა ლეგიონებითურთ და აიძულა ტირიდატე შორს გასცლოდა. ვისზედაც კი შეიტყო, რომ მტრულად იყო განწყობილი ჩვენდამი, კორბულონმა ყველანი ცეცხლითა და მახვილით აღგავა პირისაგან მიწისა და არმენიის სამფლობელო ხელთ ეპყრა, როცა მოვიდა ტიგრანი, ნერონისაგან გამორჩეული ძალაუფლების დასაპყრობად, კაპადოკიელი არისტოკრატი, მეფე არქელაოსის შთამომავალი6, მაგრამ დიდხანს მძევლად ნამყოფი რომში და ამის გამო დამდაბლებული მონურ ქედმოხრილობამდე.
    ერთპირობით არ მიუღიათ იგი, რადგან ზოგი კვლავ დიდად თანაუგრძნობდა არშაკიდებს, ხოლო უმეტესთ, მოძულეებს პართელთა სიამაყისა, რომაელებისაგან გამოგზავნილი მეფე ერჩიათ. აახლეს მცველებიც – ათასი ლეგიონერი, მოკავშირეთა სამი კოჰორტა და ორი ცხენოსანი რაზმი, რომელიც ლეგიონის ფრთებს დაიფარავდა. ამასთან, ტიგრანს რომ უფრო ადვილად შეენარჩუნებინა ახლად მიღებული სამეფო ტახტი, ნაბრძანები იყო არმენიის გარკვეული ნაწილები გადასცემოდა ფარასმან იბერიელს7, პოლემონ პონტოელს, არისტობულუსს მცირე არმენიიდან და ანტიოქე კომაგენელს იმის მიხედვით, თუ ვის სამფლობელოს ესაზღვრებოდნენ. კორბულონმა დაუტოვა ახალ მეფეს დასახმარებლად 1000 ლეგიონერი, 3000 ან 4000 ცხენოსანი და მსუბუქი ქვეითი და წავიდა სირიაში, რომელიც ლეგატ უმიდიუსის სიკვდილის შემდეგ უგამგებლოდ დარჩა და მას ჩააბარეს.
    როცა პართელთა მეფე ვოლოგეზემ შეიტყო, რომ არმენიის მეფედ დასვეს უცხოქვეყნელი ტიგრანი და განდევნილ იქნა მისი ძმა ტირიდატე, წასვლა ინება არშაკიდთა შეურაცხყოფილი ღირსებისათვის შურისსაძიებლად, მაგრამ თან ყოყმანობდა, რადგან იმხანად რომი ხელახლა გაძლიერდა და სამუდამო ხელშეკრულების დარღვევა საფრთხილო იყო, ასე რომ სხვადასხვა საზრუნავი აწუხებდა ვოლოგეზეს, ბუნებით ფრთხილს და ხანგრძლივი ომით შებოჭილს ძლიერი ტომის – ჰირკანების ჩამოშორების შემდეგ. ამგვარად გაორებული, გარდამეტებით ააღელვა უპატიობისა და შეურაცხყოფის ახალმა ცნობამ: არმენიის საზღვრებიდან გამოსულმა ტიგრანმა მეზობელი ხალხი – ადიაბენები გაანადგურა (60 წ.). ეს თავდასხმა ყაჩაღურ რბევასა და თარეშთან შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე მოხდა და მეტ ხანს გასტანა. მძიმედ განიცდიდნენ დიდგვაროვანნი: უპატიობამ იქამდის მიაღწია, რომ თავს ესხმოდნენ და შემოსეულთ არამცთუ რომაელი სარდალი არ უძღოდათ წინ, არამედ ახირება ამოქმედებდათ მძევლისა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მონურ საკუთრებას შეადგენდა. წარჩინებულთა მწუხარებას ამძაფრებდა მონაბაზუსი, რომლის ხელშიც იყო ადიაბენთა გამგებლობა: იგი ეძიებდა, რა დახმარებას გაუწევდნენ ან საიდან; არმენია უკვე დათმეს, უახლოეს ქვეყნებსაც იტაცებს მტერი და, თუ პართელები არ დაიცავენ, – რომაელთა მონობა ნებით დამორჩილებულთ უფრო ეადვილებათ, ვიდრე დაპყრობილთ. დიდგვაროვანთ კიდევ უფრო მძიმე ტვირთად ეწვათ სამეფოდან დევნილი ტირიდატე, მდუმარე ან მორიდებულად მოჩივარი: დიდი სახელმწიფოები ხომ ვერ ძლებენ უმოქმედოდ; ვაჟკაცთა და მეომართა საქმეა ბრძოლა; ღირსებისა და პატივის უმაღლეს საფეხურზე ის უფრო სამართლიანია, რასაც მეტი ძალა აქვს; ქება შეჰფერის კერძო სახლს, როცა იგი თავისას იცავს, ხოლო სამეფო სასახლე სადიდებელია მაშინ, როცა იბრძვის სხვათა სიმდიდრის მოსაპოვებლად.
    ამით წაქეზებული ვოლოგეზე თათბირს მოიწვევს, ტირიდატეს გვერდით მოისვამს და შემდეგი სიტყვებით იწყებს: „აჰა, მამის ჩემისგან ჩემთანავე შობილს, რაკი მან უმაღლესი ღირსება დამითმო უმრწემესობით. მივეც არმენიის სამფლობელო; ეს ძალაუფლების მესამე საფეხურად ითვლება, რადგან მედებს (ანუ მიდიის ატროპატენას) უფრო ადრე დაეპატრონა პაკორი. ასე წარმოვდექ: ძმათა ძველი მტრობისა და ურთიერთშეტაკებების წინააღმდეგ, შესაფერისად ვაამე ჩვენი სახლობის მფარველ ღმერთებს. რომაელები წინ გვეღობებიან, მაგრამ ზავი დარღვეულია არა მათდა სასიკეთოდ, სრულიადაც არა, კვლავ თავიანთი თავის დასაღუპად არღვევენ მას. არ დავიწყებ უარყოფას: ვამჯობინე წინაპართა მონაპოვარი უფრო სამართლიანობით დამეცვა, ვიდრე სისხლით, უფრო სამართლის ძალით შემენარჩუნებინა, ვიდრე იარაღით, თუ დაყოვნებით დავაშავე, სიმამაცით გამოვისყიდი. ხოლო თქვენი ძალა და დიდება მოუკლებელია, ამას ემატება კეთილგონიერებითა და თავდაჭერილობით მოპოვებული სახელიც, მოკვდავთა შორის უმაღლესი მბრძანებლებისაგანაც რომ არ არის უარსაყოფი და ღმერთებიც რომ აფასებენ დიდად“. მაშინ დიადემა შემოახვია თავზე ტირიდატეს, საბრძოლოდ მომზადებული ცხენოსანთა რაზმი, რომელიც, ჩვეულებრივ, განუშორებლად თან ახლდა მეფეს, ჩააბარა წარჩინებულ კაცს – მონეზეს, შეუერთა ადიაბენების მაშველი ძალებიც და მიანდო ტიგრანის განდევნა არმენიიდან, სანამ თავად ბოლოს მოუღებდა ჰირკანებთან უთანხმოებას, აამოქმედებდა ძირითად ძალებს, უზარმაზარ ლაშქარს და საფრთხეს შეუქმნიდა რომაელთა პროვინციებს.
    როცა ეს სარწმუნო ცნობების საშუალებით კორბულონს ეუწყა, ტიგრანის დასახმარებლად გაგზავნა ორი ლეგიონი (IV და XII) ვერულანუს სევერუსის და ვეტციუს ბოლანუსის წინამძღოლობით და საიდუმლოდ დაავალა საერთოდ უფრო მშვიდად ემოქმედათ, და არა აჩქარებით, რადგან საომარ ვითარებაში ყოფნას არჩევდა ომის წარმოებას; ავგუსტს კი მისწერა, რომ საჭირო იყო იშვიათი სარდალი, რომელიც არმენიას დაიცავდა: ვოლოგეზეს შეჭრა სირიაში ამ ქვეყანას უფრო მძიმე საფრთხეს უქმნიდა. ამასობაში დანარჩენი ლეგიონები (III, VI და X) ევფრატის ნაპირას განალაგა, პროვინციების მცხოვრებთაგან სახელდახელოდ შეყრილ ჯარს საჭურველი აასხა და დამცველი რაზმებით მტრის თავდასხმები მოიგერია. რადგან ეს ქვეყანა უწყლოა, გასამაგრებლად წყაროების ახლოს მდებარე ადგილებს ირჩევდა; ზოგ ნაკადულში ქვიშას ჩაყარა და მით დაფარა წყალი. კორბულონმა ააგო ხიდი ევფრატზე მიუხედავად, იმისა, რომ მტერი განუწყვეტლივ უშენდა ისრებს. მოიყვანა აქ დიდი ხომალდები, რომლითაც მოიტანა კოშკები, მათზე დამაგრებული ბალისტებითა და კატაპულტებით, რომლის წყალობითაც გაწმინდა მტრისგან მდინარის მეორე მხარეს ბორცვები. ასე ააგო ხიდი და გაშალა ბანაკი, რომელიც იცავდა ხიდის ირგვლივ ტერიტორიას. აქ დამარცხებამ აიძულა პართიელები უარი ეთქვათ სირიაში შეჭრაზე.
    სანამ კორბულონი თადარიგს იჭერდა სირიის დასაცავად, მონეზეს სწრაფად მიჰყავს წინ ლაშქარი და იმისათვის, რომ თავისსავე ამბავს დაასწროს, ეკვეთება ტიგრანს, მაგრამ ტიგრანი მაინც უფრო ადრე იღებს ცნობას მოსალოდნელი შეტაკების შესახებ და წინდახედულად იქცევა; იკავებს ტიგრანოკერტს. ეს ძლიერ გამაგრებული ქალაქია, რადგან მრავალი მცველი ჰყავს და მაღალი კედლები იფარავს; ამასთან სიმაგრეთა ერთ ნაწილს გარს უვლის სიგანით არც თუ მცირე მდინარე ნიკეფორიუსი, იქ კი, სადაც მდინარის საფარი სანდო არ არის, უშველებელი თხრილია გაყვანილი. ქალაქში იმყოფებოდნენ მეომრები, ადრევე მოემარაგებინათ სურსათი, რომლის მოზიდვის დროსაც რამდენიმე ჯარისკაცმა სხვებთან შედარებით უფრო გახარბებულად წაიწია წინ და მოულოდნელად მტრებით გარშემორტყმული აღმოჩნდა, – ამის გამო დანარჩენები უფრო რისხვამ მოიცვა, ვიდრე ძრწოლამ. მაგრამ პართელს ალყის პირობებისათვის სრულიადაც არ ჰყოფნის გაბედულება ხელჩართულ ბრძოლებში: იშვიათად გასროლილი ისრებით ვერც საფარში მყოფთ აშინებს, თავსაც იტყუებს ამაოდ. როცა ადიაბენებმა კიბეებისა და საალყო მანქანების ახლოს მოზიდვა იწყეს, ადვილად ოტებულ იქნენ, მერე კი რომაელები ერთბაშად თავს დაესხნენ და გაჟლიტეს.
    მაგრამ კორბულონი, წარმატებათა მიუხედავად, ფიქრობდა ზომიერად მიეღო ბედის წყალობა; მან ვოლოგეზესთან გაგზავნა კაცნი, რომლებსაც ახსნა უნდა მოეთხოვათ: რატომ შევიდნენ ჯარები პროვინციაში და რატომ შემოერტყნენ გარს მოკავშირე და მეგობარ მეფეს, მასთან რომაელთა კოჰორტებს. ვოლოგეზეს უჯობს მოხსნას ალყა, თორემ თავად კორბულონი დაიბანაკებს მტრის მიწაწყალზე (შეიჭრება რა მესოპოტამიაში). ამ დავალებით ელჩად გაგზავნილი ცენტურიონი კასპერიუსი მეფეს შეხვდა ქალაქ ნიზიბისთან, 37000 ნაბიჯით რომ იყო დაშორებული ტიგრანოკერტიდან და ქედმაღლურად გადასცა დანაბარები. ვოლოგეზეს ძველიდანვე ღრმად ჰქონდა ჩაბეჭდილი მორიდებოდა რომაელებთან ბრძოლას, არც საქმე მიდიოდა მისდა სასიკეთოდ. ალყას აზრი დაეკარგა, ტიგრანი ჯარითა და სურსათით უზრუნველყოფილი იყო, მოიერიშენი აოტეს, ლეგიონები გაგზავნეს არმენიაში, სხვები კი სირიის საზღვრებთან იდგნენ მომზადებულნი შემოსევისათვის; ცხენოსან ჯარს, რომელიც თავად მას ახლდა, ძალა გამოელია საკვების ნაკლებობისაგან, რადგან დიდძალი კალია გაჩნდა და აღარ იპოვებოდა აღარც ბალახი, აღარც ფოთლეული. ვოლოგეზეც ფარული შიშის გამო მეტ სირბილეს იჩენს და პასუხად ჰპირდება, რომ ელჩებს გაგზავნის რომის ავგუსტთან არმენიის მოთხოვნისა და ზავის განმტკიცების თაობაზე, მონეზეს უბრძანებს დატოვოს ტიგრანოკერტი, თავადაც უკან იხევს.
    ამრიგად ხელშეკრულება გაფორმდა 60 წლის ბოლოს და ორივე მხარემ დატოვა არმენია. 60–61 წლის ზამთარი რომაელებმა კაპადოკიის საზღვარზე მოწყობილ ბანაკში გაატარეს.
    ბევრნი ამას აფასებდნენ როგორც მეფის შიშისა და კორბულონის მუქარის შედეგს და მეტად აზვიადებდნენ. სხვებს კი საიდუმლო შეთქმულებად მიაჩნდათ, თითქოს განზრახული იყო – რაკი ორივე მხარე უარს იტყოდა ომზე და ვოლოგეზე წავიდოდა, ტიგრანსაც დაეტოვებინა არმენია. მაშ რატომ იქნა გამოყვანილი რომაელთა ჯარი ტიგრანაკერტიდან? მშვიდობიანობის დროს რაღად დათმეს ის, რაც ბრძოლით დაიცვეს? იქნებ კაპადოკიის განაპირა მხარეს სახელდახელოდ აგებულ ქოხმახებში დაზამთრება ჯობდა ეხლახან კვლავ შენარჩუნებული სამეფოს სატახტო ქალაქში დგომას? ომი უთუოდ იმისათვის გადაიდო, რომ ვოლოგეზეს ვინმე სხვასთან ებრძოლა, ოღონდაც არა კორბულონთან, და რომ კორბულონს საფრთხეში არ ჩაეგდო თავისი დიდება, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში იხვეჭდა.
    61 წლის გაზაფხულზე არმენიის დასაცავად, კაპადოკიის ახალ მმართველად დანიშნული ლუციუს ცეზენიუს პეტუსი ჩამოვიდა ფრონტის ხაზზე. ჯარები შემდეგნაირად გაანაწილეს: IV და XII ლეგიონები, აგრეთვე V, რომელიც მეზიელების ქვეყნიდან ახლად იყო გამოწვეული, პონტოს, გალატელთა და კაპადოკიელთა მაშველ ძალებთან ერთად ექვემდებარებოდნენ პეტუსს, ხოლო III, VI და X ლეგიონები და ის ნაწილები, რომლებიც იმთავითვე სირიაში იდგნენ, კორბულონთან უნდა დარჩენილიყვნენ; სხვანი გაერთიანდებოდნენ ან დანაწილდებოდნენ იმის მიხედვით, თუ როგორ მოითხოვდა საქმის ვითარება. მაგრამ კორბულონი ვერ ითმენდა მეტოქეს; პეტუსი, ვის სადიდებლადაც საკმარისი იქნებოდა უახლოესი ყოფილიყო კორბულონისა, არად აგდებდა მის საქმეებს და ამბობდა ხოლმე, თითქოს არც მტერი გაეჟლიტოთ, არც ნადავლი ეგდოთ ხელთ და ქალაქთა იერიშით აღებაც ფუჭი სიტყვები ყოფილიყოს მხოლოდ; თავად კი დახარკავს დამარცხებულებს, კანონებსაც დაუდგენს და მეფის ჩრდილის ნაცვლად რომაელთა ძალაუფლებასაც აჩვენებს.
    სწორედ იმ დროისათვის ვოლოგეზეს ელჩები, რომლებიც გაგზავნილ იქნენ პრინცეპსთან, უკან დაბრუნდნენ ხელმოცარულნი და პართელებმა აშკარად დაიწყეს ომი. არც პეტუსმა დაიჭირა შორს; ორი ლეგიონით, რომელთაგან IV-ს იმ დროს ფუნიზულანუს ვეტონიანუსი ედგა სათავეში, ხოლო XII – კალავიუს საბინუსი, პეტუსი არმენიაში შევიდა, თუმცა ავად ენიშნა წინასწარ; ევფრატის გადალახვისას, ხიდზე რომ გადადიოდნენ, ცხენი, რომლითაც მიჰქონდათ საკონსულო ღირსების ნიშნები, ცხადლივ უმიზეზოდ დაფრთხა და უკან გაიჭრა. როცა საზამთროდ ბანაკს ამაგრებდნენ, სამსხვერპლო ცხოველიც იქვე ჰყავდათ და, ნახევრად რომ გაამაგრეს ბანაკი, სირბილით გაექანა და სანგარს გასცდა; მეომართა შუბები კი აღენთნენ, რაც უფრო ნიშნეულად მომასწავებელი იყო, რადგან მოწინააღმდეგე პართელი სატყორცნი შუბებით შეუტევდა მათ.
    მაგრამ პეტუსმა, რომელიც სასწაულებს აგდებულად უყურებდა და რომელსაც ჯერ არც საზამთრო ბანაკი გაემაგრებინა შესაფერისად, არც სურსათი ჰქონდა მომარაგებული, სწრაფად გადაიყვანა ჯარი ტავრის მთებზე. რათა, როგორც ამბობდა, კვლავ ხელთ ეგდო ტიგრანაკერტი და გაეპარტახებინა ქვეყნები, რომლებიც კორბულონმა ხელუხლებლად დატოვა. დაიპყრეს ზოგიერთი ციხე-სიმაგრე. ეს გარემოება კი უმნიშვნელო არ ყოფილა დიდებისა და ნადავლის მოსახვეჭად, ან დიდება რომ ეძია ზომიერად ან კიდევ ნადავლზე ეზრუნა: შორი გზების გავლით მოიარა ის ადგილები, რომელთა შენარჩუნებაც შეუძლებელი იყო. ამასთან, გაუფუჭდა მოპოვებული სურსათი და, რაკი ზამთარიც უკვე კარზე იდგა, ჯარი უკან წაიყვანა, ხოლო ავგუსტუსთან გასაგზავნად დიდებული, ოღონდ ცარიელი სიტყვებით შეთხზა წერილი, თითქოს ომი კარგად დამთავრებულიყოს.
    ამასობაში კორბულონმა უფრო გაახშირა მცველები და სადარაჯოები ევფრატის სანაპიროზე, რომელიც არასოდეს დაუტოვებია უყურადღებოდ. გარდა ამისა, მტრის ცხენოსან რაზმებს ხელი რომ არ შეეშალათ ხიდის აგებაში /რადგან გაღმით მოსაზღვრე ველებზე მოწინააღმდეგენი უკვე დაჰქროდნენ მოზრდილი რაზმების სახით/, მდინარეზე დაძრა ყველაზე დიდი, მორებით ერთმანეთთან დაკავშირებული ხომალდები ზედ აღმართული კოშკებითურთ და უკუაქცია ბარბაროსები კატაპულტებისა და სხვა სატყორცნი იარაღების საშუალებით. ამგვარად ნასროლი ქვები და შუბები უფრო შორს აღწევდა, ვიდრე მოწინააღმდეგეთა მხრიდან გამოტყორცნილი ისრები. შემდეგ გაღმა ბორცვები მოკავშირეთა კოჰორტებმა დაიკავეს, მერე კი ლეგიონები დაბანაკდნენ, თანაც ეს ისე სწრაფად მოიმოქმედეს და ძალები იმგვარად დაუსახეს პართელებს, რომ მათ სირიაში შეჭრის სამზადისი გაუუქმდათ და მთელ იმედს არმენიაზეღა ამყარებდნენ, მაშინ როცა პეტუსს, რომელმაც არ იცოდა, თუ რა საფრთხე ემუქრებოდა, V ლეგიონი შორს, პონტოში, ჰყავდა, დანარჩენებს კი ძალა გამოაცალა მეომართა უანგარიშო შვებულებებით, სანამ არ შეიტყო, რომ ვოლოგეზე უახლოვდებოდა დიდი, საომრად შემართული ლაშქრით.
    გამოწვეულ იქნა XII ლეგიონი და პეტუსს იმედი ჰქონდა, რომ ამის შედეგად ჯარის გაძლიერების ამბავი გავრცელდებოდა, მაგრამ სწორედ ამან გასცა ძალთა სიმცირე. ასეც შეეძლო შეენარჩუნებინა ბანაკი და პართელს ხელიდან გასხლტომოდა ომის გაჭიანურების გზით, სიმტკიცე რომ გამოეჩინა ან თავისივე გეგმების, ან სხვათა რჩევის შესრულებისას. ის კი, გაჭირვების დროს გამაგრდებოდა რა სამხედრო საქმეში ნაცად კაცთა დახმარებით, მაშინვე საპირისპიროსა და უარეს გზას დაადგებოდა ხოლმე, რომ არ ეფიქრათ, თითქოს გარეშეთა რჩევა ისაჭიროვა. ახლაც დატოვა საზამთრო ბანაკი; პირდაპირ განაცხადა, რომ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად არც თხრილი მიუღია, არც სანგარი, არამედ მიიღო ცოცხალი ძალა და იარაღი, – და წაიყვანა ლეგიონები, თითქოს ბრძოლის გაჩაღებას აპირებდა. შემდეგ, როცა დაკარგა ცენტურიონი და მცირე რიცხვი მეომართა, რომლებიც წინასწარ გაეგზავნა მტრის ჯარების დასაზვერად, შეშფოთებულმა უკან დაიხია და, რადგან ვოლოგეზე ნაკლებად გაცხარებული სდევნიდა, კვლავ ამაოდ თავდაჯერებულმა, 3000 რჩეული ქვეითი ტავრის ქედის უახლოეს უღელტეხილთან ჩააყენა, რათა მეფის გადასვლა შეეფერხებინათ; ამასთან, პანონიელი მეომარნი, ცხენოსანი ჯარის საუკეთესო ნაწილი, ველის ერთ მხარეს განალაგა. მეუღლე და ძე თავისი შეაფარა ციხე-სიმაგრეს, არშამოშატა რომ ჰქვია სახელად, მცველად მიუჩინა კოჰორტა და ასე გაფანტა მეომრები, რომლებსაც უფრო გაბედულად დახვდებოდნენ უთავბოლოდ წამოსულ მტერს, ერთ ადგილას რომ ყოფილიყვნენ თავმოყრილნი. ამბობენ, ძლივს მიიყვანეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კორბულონისათვის ეუწყებინა მტრის კარზე მოდგომა, და არც კორბულონი აჩქარებულა; რაც უფრო გაიზრდებოდა საფრთხე, მით მეტ ქება-დიდებას შეასხამდნენ დახმარებისათვის. მაინც ბრძანა სალაშქროდ მოემზადებინათ ათას-ათასი მეომარი სამი ლეგიონიდან, რვაასი – მოკავშირეთა ცხენოსანი ჯარიდან და ამდენი – კოჰორტებიდან.
    მართალია, ვოლოგეზემ გაიგო, რომ პეტუსს გზები შეეკრა აქედან ქვეითი ჯარით, იქიდან კი – ცხენოსნებით, მაგრამ სრულიადაც არ შეუცვლია განზრახვა: კვეთებით და მუქარით დააშინა ცხენოსნები და ლეგიონერები გაჟლიტა; მხოლოდ ერთმა  ცენტურიონმა – ტარქვინიუს კრესცენტმაღა გაბედა დაეცვა ციხე-კოშკი, სადაც ჩაეყენებინა მეციხოვნენი, უფრო ხშირად გამოუხტებოდა და მუსრს ავლებდა ხოლმე ბარბაროსებს, რომლებიც ახლოს მივიდოდნენ, – სანამ ყოველი მხრიდან მუგუზლები არ დაუშინეს. ფეხოსანთაგან თუკი ვინმე უვნებლად გადარჩა, შორეულსა და უდაბურ ადგილებს მიაშურა; დაჭრილები ბანაკში დაბრუნდნენ და შიშისაგან მთლად გააზვიადეს მეფის სიმამაცე, მოლაშქრე ხალხთა შეუპოვრობა და სიმრავლე, თანაც ადვილად აჯერებდნენ იმავე მიზეზით თავზარდაცემულთ. სარდალიც წინააღმდეგობას კი აღარ უწევდა მტერს, არამედ სრულიად უგულებელეყო თავისი სამხედრო მოვალეობა და კვლავ შეევედრა კორბულონს მალე მოსულიყო, რათა დაეცვა ნიშნები, არწივნი და დარჩენილი სახელი ბედუკუღმართი ლაშქრისა; თავად ჰპირდებოდა, რომ ერთგულებას შეინახავდნენ მთელი სიცოცხლის მანძილზე.
    კორბულონმა, ვისთვისაც უცხო იყო შიში, ჯარის ნაწილი სირიაში დატოვა ევფრატზე აგებული სიმაგრეების შესანარჩუნებლად და კომაგენის მხარეში გაემართა უმოკლესი გზით, რომელიც ისე განვლო, რომ სურსათის შოვნა არ გასჭირვებია, მერე კაპადოკიას მიადგა, იქიდან, კი არმენიელთა ქვეყანაში გადავიდა. სხვა ყველაფერთან ერთად, რაც ჩვეულებრივ, საჭიროა ომისათვის, ლაშქარს თან ახლდა პურით დატვირთული აქლემების დიდი რაოდენობა, რათა მტერიც უკუეგდო და შიმშილიც. დამარცხებულთაგან პირველად უფროსი ცენტურიონი პაქციუსი შეხვდა კორბულონს, შემდეგ კი – მეომართა დიდი ნაწილი. მათ სხვადასხვა მიზეზი მოჰყავდათ ლტოლვილობის გასამართლებლად, ხოლო კორბულონი შეაგონებდა დაბრუნებოდნენ თავიანთ სამხედრო ნიშნებს და პეტუსისგან ეძიათ შეწყნარება, რაკი თავად კორბულონი არავის ინდობდა, გარდა გამარჯვებულთა. ამასთან, თავის ლეგიონებს დაუვლიდა ხოლმე, ამხნევებდა, ახსენებდა გარდასულ ბრძოლებს და ახალ დიდებას ჰპირდებოდა. არა არმენიელთა სოფლები და ქალაქები, არამედ რომაელების ბანაკი და შიგ ორი ლეგიონი იყო აღთქმული ჯილდოდ ღვაწლისა. თუ ცალკეულ რიგითს მეომრებს მოქალაქის გადარჩენისათვის იმპერატორი (ე.ი. სარდალი) განსაკუთრებულ გვირგვინს ადგამს თავისი ხელით, რარიგს ან რაოდენ პატივს მიემთხვევიან, ხსნის მომტანთა და გადარჩენილთა თანაბარი რაოდენობა რომ იპოვებოდეს! ამგვარი სიტყვებით ერთიანად გამხნევებულნი /ხოლო იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ძმათა ან ნათესავთა საფრთხე განსაკუთრებული ძალით შეძრავდა და აღანთებდა/ დღითა და ღამით შეუჩერებლივ გზად ეშურებოდნენ.
    ვოლოგეზე მით მეტი გამძლეობით ავიწროებდა ალყაში მოქცეულთ, ხან ლეგიონთა სანგრებს ეკვეთებოდა, ხან – ციხე-სიმაგრეს, სადაც თავს აფარებდნენ ომისათვის უსარგებლონი, უფრო ახლოდან უტევდა, ვიდრე პართელებს სჩვეოდათ, რათა ამ თავაშვებულობით მტრები საბრძოლველად გამოეტყუებინა. ისინი ძლივსღა სცილდებოდნენ საერთო კარვებს, სხვა არავითარი მიზანი აღარ ჰქონდა მათ ბრძოლას, მხოლოდ სიმაგრეებს იცავდნენ: ზოგნი – სარდლის ბრძანებით, სხვებიც – ჩვეული სულმოკლეობის გამო, ან კორბულონს უცდიდნენ; ვინიცობაა, მტერი დასცემოდათ თავს, წინასწარ ითვალისწინებდნენ კავდინის ხევსა და ნუმანციაში მარცხის მაგალითებს; თანაბარი ძალასანიც ხომ არ იყვნენ იტალიელი სამნიტები და პართელები – რომის სახელმწიფოს მეტოქენი. ძლიერი და ხოტბა-დიდების ღირსი ძველი ხალხებიც, როცა კი ბედის ჩარხი უკუღმა დაუტრიალდებოდათ, თავიანთი თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. ლაშქრის ასეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნამ აიძულა სარდალი ბოლოსდაბოლოს მიეწერა ვოლოგეზესთვის პირველი წერილი, ოღონდ არა სავედრებელი, არამედ ვითარცა საჩივარი. იგი სწერს, რომ ვოლოგეზე საომარი მოქმედებას აწარმოებს არმენიელთა გულისათვის, რომლებიც მუდამ რომის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ან ემორჩილებოდნენ ავგუსტისაგან რჩეულ მეფეს. ზავი თანაბარ სარგებლობას მოუტანს ორივე მხარეს. მხოლოდ ახლანდელ ვითარებას ნუ უყურებს: მან სახელმწიფოს მთელი ძალები ორი ლეგიონის წინააღმდეგ წარმართა; რომაელებს უპყრიათ ქვეყნიერების დანარჩენი ნაწილი და მხარსაც დაუჭერენ ომში.
    ამაზე ვოლოგეზეს ისეთი არაფერი უპასუხია, რაც საქმეს შეეხებოდა. მისწერა, რომ თავად ძმებს დაუცდიდა, პაკორს და ტირიდატეს. ეს ადგილი და დრო დანიშნული იყო სათათბიროდ, რათა რაიმე ეღონათ არმენიის თაობაზე. ღმერთებმა მიანიჭეს ღირსება არშაკიდთა, რომ ამავე დროს რომის ლეგიონებზედაც მიიღონ გადაწყვეტილება. ამის შემდეგ პეტუსმა მოციქულები წარავლინა და მოლაპარაკება სთხოვა მეფეს, რომელმაც ცხენოსანი ჯარის მეთაურს – ვაზაკეს უბრძანა წასვლა. მაშინ პეტუსი იხსენებს ლუკულუსს, პომპეუსს და იმას, თუ როგორ იქცეოდნენ ავგუსტები, რათა დაეპყროთ არმენია ან გაეღოთ ვითარცა საბოძვარი; ხოლო ვაზაკემ თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ მოჩვენებითად ვიცავდით ან ვუბოძებდით, ძალაუფლება კი პართელებს ჰქონდათ. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, მეორე დღეს, ადიაბენელი მონობაზუსი იქნა მიწვეული იმის დასამოწმებლად, რაშიც შეთანხმდნენ. გადაწყდა, ლეგიონები გაეთავისუფლებინათ ალყისაგან, მთელი ლაშქარი უნდა გასულიყო არმენიელთა საზღვრებიდან ციხე-სიმაგრეებს და სურსათს პართელებს გადასცემდნენ: ყოველივე ამის შესრულების შედეგად კი ვოლოგეზეს შესაძლებლობა მიეცემოდა ელჩები გაეგზავნა ნერონთან.
    ამასობაში პეტუსმა ხიდი ააგო მდინარე არსანიაზე (იგი ბანაკს წინ ჩამოუდიოდა) და თითქოს ამ გზით წასასვლელად ემზადებოდა. სინამდვილეში კი პართელებს ებრძანებინათ ხიდის აგება გამარჯვების ნიშნად და დასტურად; ხომ გამოადგათ კიდევაც, ხოლო ჩვენები აქეთ არ წასულან. მეტსაც ლაპარაკობდნენ – უღელქვეშ გაატარესო ლეგიონები და სხვა ჭირ-ვარამიც გადახდათო. მსგავსი უბედურება არმენიელებმა მართლაც დაატეხეს თავს. ისინი სიმაგრეებში შევიდნენ მანამდე, სანამ რომაელთა ჯარი გამოვიდოდა იქიდან; გზების გაყოლებით ჩადგნენ და, შენიშნავდნენ თუ არა მოწინააღმდეგის ხელში ოდესმე ჩაცვივნულ მონებს ან საქონელს, უკანვე იტაცებდნენ, ართმევდნენ აგრეთვე ტანსაცმელს. იბრუნებდნენ იარაღს; დამფრთხალი მეომრებიც უთმობდნენ, რომ ბრძოლისათვის რაიმე საბაბი არ მიეცათ. ვოლოგეზემ იარაღი და დახოცილთა გვამები ერთად დააგროვა, რათა ამით ჩვენი დამარცხება ცხადლივ დაედასტურებინა, და თავი შორს დაიჭირა სწრაფად მიმავალი ლეგიონების ყურებისაგან: ცდილობდა – ზომიერი და თავშეკავებული მბრძანებლის სახელი გავარდნოდა, მას შემდეგ რაც სიამაყე დაიცხრო. არსანიაზე გადასვლისას იგი სპილოზე იჯდა, ხოლო მეფის ახლობლებმა ცხენების საშუალებით გადალახეს მდინარე, რადგან უფრო ადრე ხმა გავრცელდა, რომ ხიდი ვერ გაუძლებდა სიმძიმეს მშენებელთა მზაკვრობის გამო; მაგრამ, ვინც გაბედა გავლა, ნახა, რომ იგი მაგარი და სანდო იყო.
    როგორც ცნობილი გახდა, ალყაშემორტყმულებს საკმარისი სურსათი ჰქონდათ, ისე რომ შემდეგ ბეღლებს ცეცხლს უკიდებდნენ; პართელებზე კი, პირიქით, კორბულონი ამბობდა, რომ არ გააჩნდათ სურსათის მარაგი, ცხენების საკვებიც გადათქერილი იყო – ამის გამო აპირებდნენ ხელი აეღოთ იერიშზე; თავად კორბულონსაც სამი დღის სავალზე მეტი აღარ აშორებდა მათგან. იგი გადმოგვცემს აგრეთვე, რომ პეტუსმა სამხედრო ნიშნების წინაშე, დასამოწმებლად მეფისაგან გამოგზავნილი პირების თანდასწრებით, ფიცი დადო, არც ერთი რომაელი არ შესულიყო არმენიაში მანამდე, სანამ ნერონის წერილი არ მოვიდოდა და არ შეიტყობდნენ, თანახმა იყო თუ არა ზავზე. ეს შეითხზა იმისათვის, რომ პეტუსს მეტი უპატიობა რგებოდა წილად, მაგრამ დანარჩენ ამბებს არ აკლია სიცხადე და დამაჯერებლობა; ერთ დღეში პეტუსმა გაიარა მანძილი, რომელიც ორმოცი ათასი ნაბიჯით იზომებოდა, თან დაჭრილებს ტოვებს აქაიქ; ლტოლვილთა ის შიში და ძრწოლა კი არა ნაკლებ სამარცხვინო იყო, ვიდრე – ბრძოლაში ზურგი რომ შეექციათ მტრისათვის კორბულონს, რომელიც თავისი ლაშქრით ევფრატის ნაპირას შეხვდა, არ უჩვენებია წარჩინების ნიშანთა და იარაღის ბრწყინვალება, რათა თვალში საცემი განსხვავება ყვედრებად არ მიეღოთ: მწუხარებით მოცული მანიპულები, რომელთა სიბრალულსა და თანაგრძნობასაც იწვევდა თანამებრძოლთა ხვედრი, ცრემლსაც ვერ იკავებდნენ; ტირილისაგან ძლივსღა შეძლეს მისალმებოდნენ ერთმანეთს. შეწყდა ასპარეზობა სიმამაცისა და ძიება დიდებისა, ვითარცა ბედნიერ ადამიანთა გატაცება: მხოლოდ სიბრალული სუფევდა და ისიც – უფრო ქვედა ფენებში.
    შემდეგ სარდლებმა ერთმანეთს მიმართეს მოკლე სიტყვებით; ერთი ჩიოდა, რომ უქმი აღმოჩნდა მისი შრომა და წვალება, თუმცა შეიძლებოდა ომი პართელების განადგურებით დამთავრებულიყო: მეორემ უპასუხა, რომ ორთავ სრულად და უვნებლად შეინარჩუნეს ჯარები: შემოაბრუნონ არწივები და შეერთებული ძალით შეიჭრან არმენიაში, რომელიც დასუსტდა ვოლოგეზეს წასვლის შემდეგ. კორბულონმა განუცხადა, რომ ეს არ უბრძანებია მისთვის ავგუსტს: შეძრული და აღელვებული იმ საფრთხის გამო, რომლის წინაშეც იდგნენ ლეგიონები, იგი გამოვიდა პროვინციიდან; რამდენადაც პართელთა მისწრაფებები მისთვის გაურკვეველია, სირიაში დაბრუნებას აპირებს. ამ პირობებშიც, როგორც უმჯობესი ხვედრი, სავედრებელი გაუხდა ის, რომ გრძელ გზებზე დაქანცულმა ქვეითმა ჯარმა მოასწრონ მხნე ცხენოსანთა ჯარს, რომელიც წინ მიდის, რადგან გზა ადვილად სავალ ველებზე უდევს: პეტუსმა კაპადოკიაში დაიზამთრა. ვოლოგეზემ მოციქულები წარავლინა კორბულონთან, რათა დაერღვია სიმაგრეები ევფრატს გადაღმა და მდინარე საზღვრად ექცია, როგორც უწინ იყო; ის კი გადაჭრით მოითხოვდა ამავე დროს მტრის ჯარებისაგან არმენია განთავისუფლებულიყო. ბოლოს მეფე დაეთანხმა. განადგურებულ იქნა სიმაგრეები, რომლებიც კორბულონმა ააგო ევფრატის გაღმა ნაპირზე, არმენიელებმა კი უგანმგებლოდ დატოვეს.
    ამასობაში, 62 წლის ადრე გაზაფხულზე, პართელმა ელჩებმა, მეფე ვოლოგეზის დავალებით, ასეთი შინაარსის წერილი მოიტანეს: იგი ხელს იღებდა არმენიის დაპყრობაზე, რომლისათვისაც დავა კარგა ხანია მიმდინარეობდა, რადგან ღმერთებმა, რომლებიც უმამაცეს ხალხთა გამგებელნი არიან, პართიის საკუთრებად გახადეს იგი, რამაც რომს სირცხვილი არ ააცდინა. დიდი ხანი არ არის, რაც ტიგრანი ალყაში იყო, შემდეგ პეტუსი და მისი ლეგიონი, რომლის განადგურება ვოლოგეზეს შეეძლო, უვნებელნი გაუშვა. მან თავისი ძალაც საკმაოდ დაამტკიცა და შეწყალებაც. არც ტირიდატე იტყოდა უარს რომში წასვლაზე დიადემის მისაღებად, ქურუმთა წესს რომ არ შეეჩერებინა. არც იმის წინააღმდეგი იქნებოდა, გზას გადგომოდა პრინცეპსის გამოსახულებით, რომ იქ ლეგიონის თანდასწრებით მეფობა მიეღო.
    ვოლოგეზეს ასეთი წერილის მიღების გამო /რადგან პეტუსი სულ სხვას იწერებოდა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო/ დაკითხეს ცენტურიონი, რომელიც ელჩებს მოჰყვა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო არმენია. მათ უპასუხეს, რომ იქიდან ყველა რომაელი წამოვიდა. ბარბაროსთა ასეთი დაცინვა რომ მოისმინეს, რომლებიც იმას ითხოვდნენ, რაც ძალით დაიპყრეს, ნერონმა მოიწვია სახელმწიფოს წარჩინებულნი სათათბიროდ, საშიში ბრძოლა მიეღოთ, თუ სამარცხვინო ზავი. ყველამ უყოყმანოდ ომი არჩია. ამ საქმის წარმოება დაევალა კორბულონს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კარგად იცნობდა საკუთარ ჯარებსა და მტრის ძალებსაც. მას აღარ მოუვიდოდა ის შეცდომები, რაც გამოუცდელობით დაემართა პეტუსს. ამრიგად, ელჩები იმედგაცრუებულნი დაბრუნდნენ, თუმცა დასაჩუქრებულებს იმედი აღეძრათ, რომ ამაოდ არ ჩაივლიდა ტირიდატეს თხოვნა, თუ კი პირადად წამოვიდოდა სათხოვნელად. სირიის გამგებლობა გაიუს ცესტიუსს დაევალა, ხოლო ლაშქრისა – კორბულონს. მათ შეუერთდა XV ლეგიონი, პანონიიდან წამოსული, მარიუს ცელსუსის მეთაურობით ტეტრარქებს (რომაელები რომელიმე სახელმწიფოს რომ დაიპყრობდნენ. მისი ტერიტორიის ¾-ს თვითონ ეპატრონებოდნენ, ხოლო 1/4-ს უტოვებდნენ რომელიმე ადგილობრივ ხელისუფალს, ჩვეულებრივ ყოფილ მეფეს. ამ მეფეებს ეწოდებოდათ ტეტრარქები ანუ მეოთხედმთავრები), მეფეებს, პრეფექტებსა და პროკურატორებს, პრეტორებს, ვინც მეზობელ პროვინციებს განაგებდნენ, მისწერეს, რომ კორბულონის ბრძანებას დამორჩილებოდნენ. მას ისეთივე განუზომელი უფლება მისცეს, როგორიც პომპეუსს მისცა რომაელმა ხალხმა მეკობრეებთან ბრძოლისათვის ძვ.წ. 67 წელს გაბინიუსის კანონის თანახმად. უკანდაბრუნებულ პეტუსს ეშინოდა სასჯელისა. კეისარმა იგი საკმაოდ ენამახვილურად გაკიცხა: მზად ვარ გაპატიო დანაშაული, რადგან ასეთმა ხანგრძლივმა შიშმა და ღელვამ ავად არ გაგხადა“.
კორბულონმა სირიაში გადაისროლა IV და V ლეგიონები, როგორც ნაკლებგამოსადეგნი საომარი საქმიანობისათვის, რადგან მათი უმამაცესი მეომრები დაიღუპნენ, ხოლო დანარჩენები შიშისაგან იყვნენ დადამბლავებული, ხოლო იქიდან არმენიაში VI და III ლეგიონები წაიყვანა, რომელთაც ჯერ არ გამოჰკლებოდათ მეომრები და ამასთანავე გამოწვრთნილები იყვნენ ხშირ და წარმატებულ ბრძოლებში: ამათ მიუმატა ის V ლეგიონი, რომელიც პონტოში იმყოფებოდა და მარცხი ჯერ არ განეცადა, ახლახან მოსული XV ლეგიონის მხედრები, რჩეული რაზმები ილირიიდან და ეგვიპტიდან, მის განკარგულებაში მყოფი ყველა მხედარი რაზმი, მოკავშირეთა კოჰორტები და მეფეთა მიერ გამოგზავნილი მაშველი ჯარები. ამ ძალებს თავი მოუყარა მელიტენეში (დღევ. მალათია), საიდანაც აპირებდა ევფრატზე გადასვლას. მას მერე რაც წესისამებრ მოახდინა მსხვერპლშეწირვა, შეჰკრიბა მთელი ლაშქარი და მას მეტად საზეიმო სიტყვით მიმართა, უთხრა, რომ ისინი თვით ავგუსტის უზენაესი ხელმძღვანელობით იბრძოლებენ, შეახსენა თავისი წარსული მოღვაწეობა და ახლანდელი წარუმატებლობის მიზეზად პეტუსის გამოუცდელობა დასახა: ამ სიტყვაში სიმტკიცე და რწმენა გამოსჭვიოდა, რაც ამ მამაცი მხედრისათვის მჭერმეტყველების მაგიერი იყო.
    მალე კორბულონი ლუკულუსის მიერ (ძვ.წ. 69 წ.) გაკვალულ გზას გაუდგა, გაწმინდა რა იგი დროთა განმავლობაში დაგროვილი ზვავისაგან. იგი დაეთანხმა ტირიდატესაგან და ვოლოგეზესაგან გამოგზავნილ ელჩებს ზავზე, შეუერთა ისინი ცენტურიონებს, რომელთაც არც თუ მკაცრ დავალებას ატანს. ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო, რომ საჭირო იყოს თავგანწირვით ბრძოლა. რომაელებს მრავალი წარმატება ხვდათ წილად, მეტისმეტად რომ არ გადიდგულებულიყვნენ, ზოგჯერ პართელებთანაც მიდიოდა გამარჯვება. ტირიდატესათვის ხელსაყრელი იქნებოდა მიეღო საჩუქრად დაურბეველი, უვნებელი სამეფო, ვოლოგეზესთვისაც უმჯობესი იყო პართელი ტომების საკეთილდღეოდ, ურთიერთობა რომაელებთან, ვიდრე ორივე მხარისათვის საზიანო მოქმედება. ცნობილი იყო, რა შინაგანი უთანხმოება ჰქონდათ და რა გულფიცხ, თავაშვებულ ტომებს განაგებდა ვოლოგეზე. ავგუსტს კი ყველასთან მტკიცე ზავი ჰქონდა დადებული და მხოლოდ ეს ერთი ომი ექნებოდა. ამ რჩევასთან ერთად ისიც გაახსენა, რომ მოსალოდნელი იყო საფრთხე არმენიელ დიდებულთაგან, რომლებიც პირველი ჩამოგვშორდნენ, დაამარცხეს ისინი ადგილზევე, გაუნადგურეს თავშესაფარი, თანაბრად თესდნენ შიშს მთაში და ბარში.
    კორბულონის სახელი ბარბაროსებში არ იწვევდა მტრულ სიძულვილსა და ღვარძლს, ამიტომ ისინი ენდობოდნენ მის რჩევას. ვოლოგეზე არსებით საკითხებში დათმობაზე წავიდა, ზოგიერთ პრეფექტურებთან ზავსაც კი მიაღწია. ტირიდატემ ადგილი და დღე მოითხოვა მოსალაპარაკებლად, რომ უმოკლეს ხანში იმ ადგილას, სადაც პეტუსთან ერთად ალყაში იყვნენ ლეგიონები, დანიშნულიყო შეხვედრა. ეს ადგილი ბარბაროსებს ბევრ სასიამოვნო მოგონებას უღვიძებდა, კორბულონმაც არ გაუწია წინააღმდეგობა იმ ვარაუდით, რომ შეიძლება ბედის ამ სხვადასხვაობას დიდება მოეტანა. მას არც პეტუსის სირცხვილი აშინებდა, ეს მით უფრო გამოამჟღავნა, რომ უბრძანა თავის ვაჟს, ტრიბუნს, წაეყვანა მანიპულები და ამ სამარცხვინო ბრძოლაში დაცემულები დაემარხათ. დანიშნულ დღეს ტიბერიუს ალექსანდრე, ბრწყინვალე რომაელი მხედარი, რომელიც ამ ბრძოლაში კორბულონის თანაშემწე იყო და ანიუს ვინიციანუსი, კორბულონის სიძე, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო სენატორისათვის შესაფერისი ასაკისა და რომელსაც V ლეგიონის ელჩობა ევალებოდა, ტირიდატეს ბანაკში მივიდნენ, რომ პატივი ეცათ მისთვის და თან ჩაენერგათ, შიში არ ჰქონოდა, რომ ასეთი მძევლები რაიმე ხიფათს შეამთხვევდნენ. ოც-ოცი მხედარი გამოჰყვეს ორივე მხრიდან. კორბულონის დანახვისას, მეფე უმალვე ჩამოხტა ცხენიდან, არც ქვეითად მყოფმა კორბულონმა დაახანა, და ორივემ მარჯვენა გაუწოდეს ერთმანეთს.
    შემდეგ რომაელი აქებს ჭაბუკს, რომ მან ხსნა და იმედი მოიპოვა იმით, რომ ჩამოიშორა საფრთხე. ტირიდატემ კი ბევრი ილაპარაკა თავისი წარჩინებული გვარის შესახებ, დანარჩენებზე უფრო თავშეკავებულად თქვა: რომში წასვლაზე და ამით კეისრისათვის ახალი წარმატებების მოპოვებაზე, რადგან მართალია, არც ისე ცუდად იყო პართელების საქმე, მაგრამ მასთან მაინც ქედმოხრილი არშაკიდი მიდიოდა. ბოლოს ტირიდატე დათანხმდა იმაზე, რომ იგი კეისრის ქანდაკებასთან დადებდა თავის სამეფო გვირგვინს და მიიღებდა მას უკანვე თვით ნერონის ხელით. ჭამით დაამთავრეს მოლაპარაკება და გადაკოცნეს ერთმანეთი. რამდენიმე დღის გავლის შემდეგ ორივე ლაშქარი ერთმანეთის პირდაპირ იყო ჩამწკრივებული მთელი თავისი ბრწყინვალებით. ერთ მხარეს ტურმებად განლაგებული მხედრები სამამულო ნიშნებით, მეორე მხრივ ლეგიონთა რაზმი ელვარე არწივებისა და ღმერთების გამოსახულებით, ისე როგორც ტაძრებში. შუაში აღმართული იყო ტრიბუნალი, იდგა სავარძელი ნერონის გამოსახულებით. როცა, მსხვერპლების შეწირვის შემდეგ, ტირიდატე წამოვიდა წინ, მოიხსნა თავიდან დიადემა და ქანდაკებასთან დადო, ყველა ძლიერ აღელდა, რადგან ჯერ კიდევ ცოცხლად ედგათ თვალწინ რომაელთა ლაშქრის ალყა და ხოცვა-ჟლეტა. ახლა კი შემოტრიალდა ჩარხი. მთელი ხალხის თვალწინ მიმავალი ტირიდატეს მდგომარეობა ოდნავ თუ განსხვავდებოდა ტყვის მდგომარეობისაგან.
    ამ დიდებას კორბულონმა თან თავაზიანობა დაურთო, გამართა ნადიმები. როცა მეფემ ბევრი ახალი რამ შეამჩნია (მაგ. გუშაგების ცვლას ცენტურიონები აუწყებდნენ, ნადიმის დამთავრებას ბუკის ხმა ანიშნებდათ და ავგურალის /ფრინველებზე მკითხაობის ადგილი/ წინ საკურთხეველი ჩირაღდნით ინთებოდა), იკითხა ყველაფრის მიზეზი და გაოცდა, რომ ეს განდიდების მიზნით, ძველი წესების თანახმად ხდებოდა. მეორე დღეს ტირიდატე მას დაეთხოვა, რომ ამოდენა მგზავრობის წინ შეხვედროდა ძმებს და გა- მოსთხოვებოდა დედას. მაშინ მისცა მან კორბულონს მძევლად თავისი ასული და გადასცა თხოვნის წერილი ნერონთან.
    იქიდან წამოსული პაკორუსს მედებთან, ხოლო ძმაზე მზრუნველ ვოლოგეზეს ეკბატანასთან პოულობს. ვოლოგეზემ კორბულონს განსაკუთრებული დავალებით გაუგზავნა კაცები, სთხოვა რომ ტირიდატეს არ ეგრძნო თავი ტყვის მდგომარეობაში, ვინმეს არ ჩამოერთვა მისთვის იარაღი, რომ პროვინციის რომელიმე მფლობელს უარი არ ეთქვა მისი პატივით მიღებაზე და კარები არ დაეკეტათ მისთვის. რომ რომში ისე მიეღოთ, როგორც კონსულებს ღებულობენ. ისეთი პატივით მიგებებოდნენ, როგორც შეეფერებოდა უცხოელი სტუმრის სიამაყეს, ვისთვისაც მხოლოდ გარეგნულ ეფექტს აქვს მნიშვნელობა, და ჩვენთვის კი, იმპერიის ძალას“.
    კორბულონისა და პეტუსის არმენიაში კამპანიას შედარებით მოკლედ მოგვითხრობს დიონ კასიუსი: „ნერონმა მიიღო არმენიიდან ცნობა და თანაც დაფნის გვირგვინი იქ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად. კორბულონმა გაფანტული ჯარი შეაგროვა, ჩაატარა უყურადღებოდ მიტოვებული ნაწილების წვრთნა და პართიის მეფე ვოლოგეზესა და არმენიის მმართველს ტირიდატეს შიშის ზარის დასცა მარტო თავისი მიახლოვებით.
    კორბულონმა უომრად აიღო არტაშატა და მთლიანად დაანგრია ქალაქი. ამ საქმის დაგვირგვინების შემდეგ გასწია ტიგრანაკერტასაკენ; იგი ინდობდა იმ ადგილებს, რომლებიც უბრძოლველად ემორჩილებოდნენ და ანადგურებდა ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა. ტიგრანაკერტა ნებაყოფლობით დამორჩილდა. მან კიდევ მრავალი ბრწყინვალე და სახელოვანი საქმე მოიმოქმედა, მათ შორის განსაკუთრებით ის, რომ ვოლოგეზეს, თუმცა მას რომაელების შიში ჰქონდა, მიაღებინა რომაელთა ღირსების შესაფერისი პირობები. როდესაც ვოლოგეზემ გაიგო, რომ ნერონმა არმენია სხვებს გადასცა და ადიაბენა ტიგრანის (VI, არმენიის მეფე 59–61) მიერ იყო განადგურებული, სამზადისს შეუდგა კორბულონის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სირიაში და არმენიაში კი გაგზავნა ადიაბენას მეფე მონობაზე (II, 58–68/71) და პართელი მონეზე. მათ მოამწყვდიეს ტიგრანი ტიგრანაკერტაში. მაგრამ ვიდრე ისინი იმაში დარწმუნდებოდნენ, რომ მათი ალყა ვერაფერს აკლებს ქალაქს, ისინი უკვე უკუგდებულ იქნენ, როგორც ადგილობრივი ჯარის, ისე რომაელების მიერ და სანამ კორბულონი სირიას იცავდა, ვოლოგეზემ შელახა თავისი სიამაყე და გაიქცა. შემდეგ იგი დაუკავშირდა კორბულონს და მიიღო ზავი იმ პირობით, რომ ნერონს კვლავ ელჩებს გაუგზავნიდა, ალყას მოხსნიდა და არმენიიდან ჯარებს გაიყვანდა. ნერონს დროული და გადამწყვეტი პასუხი არ გაუცია, მხოლოდ გაგზავნა ლუციუს კესენიუს პეტუსი კაპადოკიაში, რათა ზედამხედველობა გაეწია, რომ არმენიაში აჯანყება არ მომხდარიყო.
    ვოლოგეზემ იერიში მიიტანა ტიგრანაკერტაზე და უკუაგდო მის დასახმარებლად მოსული პეტუსი. როდესაც ეს უკანსკნელი გაიქცა, ვოლოგეზე დაედევნა მას, გაანადგურა მის მიერ ტავროსთან დატოვებული დამცველი რაზმი და მოამწყვდია იგი რანდეაში (დღევ. ხარბუტთან) მდინარე არსანიასთან (არაცანი, მურად ჩაი). შემდეგ ვოლოგეზე აპირებდა წასულიყო იქიდან საქმის დაუბოლოვებლად /მას არც სიმაგრესთან მისვლა შეეძლო, რადგან არ ჰყავდა მძიმედ შეიარაღებული მეომრები, არც სურსათი ჰქონდა, რადგან მოვიდა მრავალრიცხოვანი ჯარით, რომელსაც არ ჰქონდა მომარაგებული საკმაო ხორაგი/; მაგრამ პეტუსს მისი მოისრეებისა ეშინოდა, რადგან ისინი თავს ესხმოდნენ მის ბანაკს, ისევე, როგორც მისი ცხენოსნებისა, რომლებიც ყოველი მხრიდან მოულოდნელად ჩნდებოდნენ. ამიტომ მან (პეტუსმა) შესთავაზა ზავი ყოველგვარ პირობებზე და შეჰფიცა, რომ დასტოვებდა არმენიას, ხოლო ნერონი არმენიას ტირიდატეს მისცემდა. ამით პართელი კმაყოფილი დარჩა, რადგან იმ ქვეყანასაც ადვილად იკავებდა და რომაელებსაც ავალდებულებდა თავისი დიდი სიკეთით. ამავე დროს ვოლოგეზემ კორბულონის მოახლოება, რომაელსაც უხმობდა დასახმარებლად პეტუსი, სანამ ალყას შემოარტყამდნენ, მოხსნა ალყა, მაგრამ წინასწარ დაითანხმა რომაელები არსანიაზე ხიდი აეგოთ. ეს ხიდი სრულიად არ სჭირდებოდა /რადგან გზა ფეხით გაიარა/, მაგრამ ამით უნდოდა ეჩვენებინა, რომ იგი მათზე ძლიერი არის. ყოველ შემთხვევაში, მას ხიდით არ დაუხევია უკან; მან მთელი გზა სპილოთი გაიარა, ასევე დანარჩენებმაც.
    ამგვარად მიღებული შეთანხმება, როდესაც კორბულონი უდიდესი სისწრაფით მივიდა ევფრატის ნაპირას, სადაც იგი დაელოდა უკან დახეულ ძალებს. როდესაც ეს ორი ჯარი ერთმანეთს შეხვდა, აშკარა გახდა განსხვავება ჯარისკაცებსა და სარდლებს შორისაც, რასაც ყველა ამჩნევდა – პირველნი მხიარულობდნენ და ზეიმობდნენ თავისი სისწრაფის გამო, ხოლო მეორენი წუხდნენ და შერცხვენილნი იყვნენ დადებული ხელშეკრულების გამო. ვოლოგეზემ მონეზე გაუგზავნა კორბულონს მოთხოვნით დაეტოვებინა მესპოტამიაში მდებარე სიმაგრე. მათ ჰქონდათ ხანგრძლივი მოლაპარაკება სწორედ ევფრატის ხიდზე, მას მერე რაც მისი შუა ნაწილი დაშალეს. კორბულონი დათანხმდა წასულიყო ამ ქვეყნიდან, თუ პართელები დატოვებდნენ არმენიას. ორივე პირობა შესრულდა, სანამ ნერონი შეიტყობდა მომხდარი ამბების შესახებ და ვოლოგეზე სხვა ელჩებს გაუგზავნიდა მოსალაპარაკებლად. ნერონის პასუხი ასეთი იყო: არმენიას მისცემდა ტირიდატეს, თუ ის რომში ეახლებოდა. პეტუსს ჩამოერთვა მისი ხელისუფლება და ჯარები, რომელიც მას ჰყავდა და სხვაგან გაიგზავნა, ხოლო კორბულონი იმავე მტრის წინააღმდეგ წარგზავნეს. ნერონს თვითონაც უნდოდა მონაწილეობა მიეღო ამ ლაშქრობაში, მაგრამ მსხვერპლის შეწირვის დროს წაიქცა, ისე რომ ვეღარ გაბედა გამგზავრება და შინ დარჩა.
    კორბულონი ამგვარად აშკარად ემზადებოდა ვოლოგეზეს წინააღმდეგ ომისათვის და გაუგზავნა მას ცენტურიონი მოთხოვნით დაეტოვებინა ეს ქვეყანა, მაგრამ საიდუმლოდ ურჩევდა მეფეს გაეგზავნა რომში თავისი ძმა. ამას ურჩევდა დროის მოგებისათვის, რომ ძალები შემომატებოდა. კორბულონი და ტირიდატე შეხვდნენ რანდეასთან. ეს ისეთი ადგილი იყო, რომელიც ორივეს აკმაყოფილებდა; მეფეს იმიტომ, რომ მისმა ჯარებმა აქ დაამარცხეს რომაელები და მათ დამორჩილებას მიაღწიეს, ეს კი მათ თვალსაჩინო უპირატესობას აძლევდა, – კორბულონი კი აქ ელოდა დამხმარე ძალებს, რომ შერცხვენის ლაქა ჩამოერეცხა რომაელებისთვის. თათბირი მარტო ლაპარაკით არ დამთავრებულა; აგებულ იქნა მომაღლო ბაქანი, რომელზედაც დადგეს ნერონის ქანდაკება და მრავალი არმენიელის, პართელისა და რომაელის თანდასწრებით, ტირიდატე მიუახლოვდა და თაყვანი სცა მას. მსხვერპლშეწირვისა და სახოტბო სახელებით ნერონის მოხსენების შემდეგ, ტირიდატემ მოიხადა თავიდან დიადემა და ბაქანზე დასდო. მონობაზე და ვოლოგეზე მოვიდნენ კორბულონთან და მძევლები მიყვანეს. ამის გამო ნერონს ესალმებოდნენ როგორც ავგუსტს და მან ჩვეულებისამებრ გამარჯვების ზეიმი გადაიხადა“.
    ასე რომ 5 წლიანი ომი 63 წელს კომპრომისით დასრულდა. დიდი არმენიის ტახტზე ტირიდატ არშაკიდი დაჯდებოდა, რომელიც ამავე დროს რომის ვასალი იქნებოდა. მოგვიანებით ტირიდატი რომში ოჯახითა და ამალით გაემგზავრა, სადაც პატივით მიიღეს. ნერონმა მას საკუთარი ხელით დაადგა არმენიის მეფის გვირგვინი უკან ზეიმით გამოისტუმრა.
    აქედან მოყოლებული „დიდი არმენიის“ ტახტზე ამ სამეფოს გაუქმებამდე (428 წ.) პართიული არშაკიდული დინასტიის წარმომადგენლები ისხდნენ.

შენიშვნები
1. საკების, მასაგეტების და სხვა მეზობელი ირანულენოვანი ტომების საერთო სახელი.
2. რომაული წყაროებით არტაბან III-ის ძე, თუმცა პირადი წარწერით თავს გევის ძეს უწოდებს3. სამეფო მდ. ტიგროსის ზემო წელზე, პართიის დასავლეთით, თანამ. ჩრდ ერაყში, მოსურის რაიონში, დედაქალაქით ერბილი.
4. გარნის/გარნსისის ციხე, მდებარეობდა გარნი-ჩაის ხეობაში, ერევანიდან 28 კმ-ზე.
5. ჰირკანიაში აჯანყება რამდენიმე წელს გრძელდებოდა, რაც საბოლოოდ ამ მხარის პართიისგან გამოყოფით დასრულდა.
6. არმენიის მეფედ დასმული ტიგრან VI ალექსანდრეს ძე – ჰეროდიანი პრინცი და არმენიის მეფე ტიგრან V-ის ძმისშვილი იყო. ალექსანდრესა და ტიგრან V-ის მამა ასევე ალექსანდრე დაქორწინებული იყო კაპადოკიის უკანასკნელი მეფის – არქელაოსის ასულ გლაფირაზე. ტიგრან VI კაპადოკიაში აღიზარდა.
7. როგორც ჩანს ფარსმანმა მიიღო ჯერ კიდევ ძვ.წ. 172–165 წლებში წ. მეფე არტაშესის მიტაცებული მიწები – ტაო (პარხლით), ხორძენე და გოგარენე.