ტაო-კლარჯეთის სამეფოს მმართველი დინასტიის, ბაგრატიონების
წარმომადგენლები ატარებდნენ როგორც ქართულ ასევე ბიზანტიურ ტიტულებს. ბიზანტირი ტიტულების ბოძება ბიზანტიის იმპერატორის პრეროგატივა
იყო. ის ამ ტიტულებს თავისი შეხედულებისამებრ ანიჭებდა. „საკარისკაცო
პატივის გაცემა ის კონკრეტული საშუალება იყო, რომელიც გარკვეულ ურთიერთობას ამყარებდა კეისარსა და ბაგრატიონ მფლობელებს შორის“. (1, 261)
ქართული ტიტულატურა ბიზანტიურის პარალელურად
და მისგან დამოუკიდებლად არსებობდა. ბიზანტიის იმპერატორს ქართული ტიტულების ბოძებასთან კავშირი არ ჰქონდა და სავარაუდოდ, იმპერია ქართულ ტიტულებს არც ცნობდა.
ბაგრატიონთა საგვარეულოში
დაფიქსირებულია შემდეგი ქართული ტიტულები: მეფეთმეფე (ჩნდება ყველაზე გვიან X საუკუნის ბოლო მეოთხედში),
მეფე, ქართველთა მეფე, ერისთავთერისთავი, ერისთავი და მამფალი.
მეფეთ-მეფის საკითხს ბოლოს შევეხებით, განხილვას კი მეფის ტიტულით დავიწყებთ. პირველად პ. ინგოროყვამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აშოტ ბაგრატიონმა აღადგინა მეფობა. „809-813 წლებში აშოტმა აღადგინა „მეფობა ქართლისა“ (2, 42). მეცნიერი ეყრდნობოდა გიორგი მერჩულეს თხზულებას და ოპიზის საოსტიგნეს წარწერას. გიორგი მერჩულე აშოტ ბაგრატიონს ძირითადად კურაპალატობით მოიხსენიებს, თუმცა რამდენჯერმე იყენებს ტერმინებს „ხელმწიფე“ და „მეფე“.
რაც შეეხება „ხელმწიფეს“, ცხადია აქ რაიმე კონკრეტული ტიტულის ძებნა ზედმეტია. „და მათ ჟამთა მფლობელი იყო ამათ ქვეყანათა ღმრთისმსახური ხელმწიფე დიდი ბაგრატუნიანი – აშოტ კურაპალატი, კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობა მისი და შვილთა მისთა ვიდრე უკუნისამდე ჟამთა. და ხელმწიფისა მის წინაშე და შვილთა მისთა, დიდებულთა მათ ხელმწიფეთა, წინაშე შეუსწავლელ იყო წმიდა გრიგოლ“ (3, 229); „და ვითარცა მოიწინეს ტაოს, ესმა იქ მყოფთაგან კაცთა, ვითარმედ აშოტ კურაპალატი მოიკლა და მის წილ ხელმწიფებენ ძენი მისნი. მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთისმსახურისა მის ხელმწიფისა დაცემისათვის და ტირილითა სავსენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა. ხოლო ნეტარი გრიგოლ ჰმადლობდა ღმერთსა და გლოვით იტყოდა: ‐ ჰოი, მეფეო ჩემო ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, სადათ‐მე მოგელოდი, აღმოსავალით‐მე ან დასავალით, ჩრდილოთ‐მე ან სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ხელმწიფეთა დაიმორჩილებდი, საკვირველი ეგე დიდებული, ღმრთისმსახური ხელმწიფე“. (3, 238) ყველა ზემოთ მოტანილ შემთხვევაში „ხელმწიფე“ არის ზოგადი ტერმინი.
გიორგი მერჩულე აშოტ ბაგრატიონთან მიმართებაში ოთხჯერ იყენებს ტერმინ „მეფეს“. „და ვითარცა მოიწინეს ტაოს, ესმა იქ მყოფთაგან კაცთა, ვითარმედ აშოტ კურაპალატი მოიკლა და მის წილ ხელმწიფებენ ძენი მისნი. მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთისმსახურისა მის ხელმწიფისა დაცემისათვის და ტირილითა სავსენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა. ხოლო ნეტარი გრიგოლ ჰმადლობდა ღმერთსა და გლოით იტყოდა: – ჰოი, მეფეო ჩემო ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, სადათ‐მე მოგელოდი, აღმოსავალით‐მე ან დასავალით, ჩრდილოთ‐მე ან სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ხელმწიფეთა დაიმორჩილებდი, საკვირველი ეგე დიდებული, ღმრთისმსახური ხელმწიფე“ (იქვე); „აღდგა და მიეგება წინა გაბრიელ, აზნაური მეფისა (3, 230)“; „ამისა შემდგომად ღმრთისმსახურსა მეფეისა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაი“ (3, 234).
ძალიან საინტერესოა ოპიზის საოსტიგნეს წარწერა - „ქესემ / ეატმნ / დწელს / აგვა“. პ. ინგოროყვა წარწერას შემდეგნაირად კითხულობს: „ესე მე აშოტმან ოთხ წელსა გავაშენე“. (2, 342) ქართველი მეცნიერების უმეტესობა არ ეთანხმება აგვარ წაკითხვას და მას საეჭვოდ მიიჩნევს. ნ. შოშიაშვილის აზრით, წარწერა შემდეგი სახით იკითხება: „ესე მე აშოტმან დ წელსა გავასრულე“. გარდა ამისა მეცნიერის აზრით წარწერა X საუკუნისაა და ცხადია არ ეკუთვნის აშოტ კურაპალატს. (4, 287) ჩვენი ვეთანხმებით იმ მკვლევარებს (ნ. მარი, პ. ინგოროყვა, ექ. თაყაიშვილი, პ. ინგოროყვა), რომლებიც წარწერას აშოტ ბაგრატიონს უკავშირებენ. რაც შეეხება წარწერის გაშიფრვას, დანამდვილებით რაიმეს მტკიცება ძნელია. სავსებით დასაშვებია ტერმინ – მეფის ამოკითხვაც. (შესაძლოა ასეც წავიკითხოთ: ესე მ[ეფ]ე ა[შო]ტმ[ა]ნ დ წელსა გ[ა]ვა[სრულე]).
ზემოთ მოტანილ წყაროებს შეიძლება დავომატოთ „მატიანე ქართლისაიში“ დაცული ერთი ცნობაც: „შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა“. (5, 255) მართალია მატიანეს ამ ფრაგმენტში აშოტი პირდაპირ მეფედ მოხსენიებულ არ არის და „მეფობა“ შესაძლოა ზოგად ფრაზად განვიხილოთ, თუმცა სურვილის შემთხვევაში ეს ცნობა აშოტის მეფობის დამადასტურებელ არაპირდაპირ მინიშნებათაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
უკანასკნელ ხანს აშოტ კურაპალატის მეფობის საკითხს ლ. თავაძე შეეხო თავის დისეტაციაში. მკვლევარი წერს: „აშოტი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც მეფედ იწოდა ერისმთავართა შორის ... ის, რომ აშოტ კურაპალატი მეფედ იწოდება ამას რიგი ქართული წყაროები უდავოდ ადასტურებენ. რეალურად აშოტი მესხეთისა და შიდა ქართლში მეფობს, ხოლო ოფიციალურად კი მისი „მეფობა“ ქართლის მეფობას უნდა გულისხმობდეს“. (21, 82) ამასთანავე ლ. თავაძე ერთადერთ წყაროს იმოწმებს. ეს არის ჩვენს მიერ „მატიანე ქართლისაიდან“ მოტანილი ცნობა – „შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა“.
მოსაზრება აშოტ ბაგრატიონის მეფობის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად არის გაზიარებული.
ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებთან მიმართებაში ტერმინ „მეფეზე“ საუბრისასა აუცილებლად გასათვალისწინებელია თავის დროზე მ. ლორთქიფანიძის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ „ზოგადად „მეფე“ და კონკრეტულად „ქართველთა მეფე“ ერთი და იგივე არ არის. „მეფე“, „ხელმწიფე“ შეიძლება საერთოდ ხელისუფლების აღმნიშვნელ ტერმინად ეხმარათ, მაგრამ „ქართველთა მეფე“ უკვე გარკვეულ შინაარსს გამოხატავს“. (6, 458)
საკითხის გადაწყვეტისას ბევრი რამ წყაროებში დაცული ცნობების ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. გადაჭრით რაიმეს მტკიცება ძნელია. ორივე მოსაზრება (იყო მეფე, თუ არ იყო) გარკვეულ არგუმენტებს ემყარება.
ჩვენი აზრით სადავო არაა, რომ ტერმინი „მეფე“ არსებობს ბაგრატიონთა საგვარეულოში. გადასაწყვეტია ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი. „მეფე“ არის კონკრეტული ტიტული, რომელსაც კონკრეტული პიროვნებები ფლობენ დროის რაღაც მონაკვეთში, თუ „მეფე“ არის ზოგადი ტიტული, რომელიც მიემართება ზოგადად ბაგრატიონ ხელისუფალს? შ. ბადრიძემ წყაროთა მონაცემებზე დაყრდნობით აჩვენა, რომ „მეფედ“ ბაგრატიონთა საგვარეულოს არაერთი წარმომადგენელი იწოდება, იმ დროს როდესაც ის სხვა ტიტულსაც ფლობდა. (1, 244-5)
ტერმინ „მეფესთან“ დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია ქვემოთ მოტანილი წყაროების მონაცემების გათვალისწინება: ადიშის სახარების 897 წლის მინაწერი – „სალოცველად მეფეთა ჩუენთა ღმრთივ დიდებულისა ადარნასე კურაპალატისა და ღმრთით ბოძებულთა ნაშობთა მათთა დავით ერისთავისა და [. . .]“ (7, 14); ოშკის წარწერები – „მონა ღმრთისა მეფეი ჩუენი ბაგრატ ერისთავთა ერისთავი ადიდენ ღმერთმან“; „მეფესა ჩუენსა ბაგრატ ერისთავთ ერისთავსა მეოხ ეყავ“ (4, 50). ოშკის სტელის წარწერა – „მეფენი ჩუენნი, ადარნერსე კურაპალატი, ბაგრატ ერისთავთერისთავი და დიდებულმცა არის მეფობა დავითისი“ (8, 72). 973 წლის პარხლის სახარების მინაწერი – „სალოცველად მეფეთა ჩეუნთათვის ღმრთივ დიდებულისა ბაგრატ ქართველთა მეფისა, დავით მაგისტროსისა და სუმბატ ერისთავთ-ერისთავისა ...“. (7, 34) აშკარაა, რომ ზემოთ მოტანილ შემთხვევებში „მეფე“ არის საპატიო ტიტული, რომლითაც მოიხსენიებიან კურაპალატიც (ადარნასე), მაგისტროსისც (დავითი), ქართველთა მეფეც (ბაგრატი), ერისთავთ-ერისთავიც (ბაგრატი, სუმბატი) და ერისთავიც (დავითი).
რა თქმა უნდა შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ აშოტ კურაპალატის დროს ასე არ იყო და ვითარება IX საუკუნის ბოლოს შეიცვალა, როცა ტაო-კლარჯეთში სხვა ქართული ტიტულებიც გაჩნდა. ჩვენი აზრით, ტაო-კლარჯეთის რეალობაში „მეფე“თავიდანვე იყო ზოგადი, საპატიო ტიტული, რომელიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ნებისმიერი ბაგრატიონის მიმართ.
განსხვავებით „მეფისგან“ „ქართველთა მეფე“ უკვე სრულიად კონკრეტული ტიტული იყო. „ქართველთა მეფის“ ტიტული შექმნის დროსთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ „ქართველთა მეფის“ ტიტული პირველად ადარნასე დავითის ძემ მიიღო 888 წელს. (9, 114; 10, 132; 11, 102; 12, 215) ისინი ეყრდნობიან სუმბატ დავითის ძესთან დაცულ ცნობას, რომ 888 წელს გაიმართა ბრძოლა ნასრ გუარამის ძესა და ადარნასე დავითის ძეს შორის. „შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ხევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რ~ე. და არა დაუშთა შვილი ნასრას, და აღიხოცა სახსენებელი მისი. ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის მოკლულისა“ (5, 336). იგივე სახის ინფორმაცია, თუმცა თარიღის გარეშე, დაცული „მატიანე ქართლისაიშიც“ – „და დასუეს ქართველთა მეფედ ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა“. (5, 243)
ლ. თავაძის აზრით, „სუმბატთან მითითებული თარიღის გათვალისწინებით, ტიტული „ქართველთა მეფე“ 888 წელს შემოიღეს. ეს ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ ქართველთა მეფის ტიტული ჰაერიდან იქნა მოტანილი ან ყველანაირი წინასწარი ნიადაგის შექმნის გარეშე მოხდა ამ ტიტულის დამკვიდრება. ადარნასეს ქართველთა მეფედ კურთხევას უკვე ჰქონდა შემზადებული ნიადაგი აშოტის მიერ მეფის ტიტულის მიღებით ... ადარნასეს მეფედ ხელდასმა, ერთის მხრივ, სომხეთში მოხდარმა აშოტ I-ის მეფედ კურთხევამ განაპირობა (885 წელი), ხოლო, მეორე მხრივ კი უკვე არსებულმა ტრადიციამ, რომ ადარნასეს მამა (დავით I) და ბაბუა (ბაგრატ I) გვარის მეთაურები და ტიტულ „მეფის“ მფლობელები იყვნენ.“ (21, 82, 88) აშოტ კურაპალატის შესაძლო მეფობის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ბაგრატ I-სა და დავით I-ს, ჩვენ მათი მეფობაც ნაკლებ სავარაუდოდ მიგვაჩნია.
ადიშის სახარების 897 წლის მინაწერში ადარნასე მხოლოდ კურაპალატობით იხსენიება. ამიტომ ექ. თაყაიშვილმა ივარაუდა, რომ ადარნასემ ქართველთა მეფის ტიტული 897 წლის მერე მიიღო (898 ან 899 წელს). (20, 31) ეს მოსაზრება გაიზიარა შ. ბადრიძემაც (1, 224).
ა. აბდალაძის აზრით, შესაძლოა „ქართველთა საკურაპალატოში“ ადარნასე მეფედ სწორედ 888/89 წლიდან მიეჩნიათ, მაგრამ ოფიციალურად ბიზანტიის კეისარს და მის კვალდაკვალ სომეხთა მეფე სმბატ I-საც „ქართველთა სამეფოს“ შექმნა-დაფუძნება, ადარნასეს მეფობა მხოლოდ მოგვიანებით, დაახლოებით ათი წლის შემდეგ ეცნოთ“ (13, 192).
თუ ადარნასე ბაგრატიონმა „ქართველთა მეფის“ ტიტული 888 წელს მიიღო, რატომ მოიხსენიება 897 წლის მინაწერში მხოლოდ კურაპალატობით? შესაძლოა იმ დროს კურაპალატობა გაცილებით უფრო დიდი პატივი იყო და ადარნასეც ამიტომაა მოხსენიებული კურაპალატად (თუმცა ცხადია ეს ხელს არ შეუშლიდა იმას, რომ ადარნასე მეორე ტიტულითაც, ქართველთა მეფე, მოეხსენიებიათ). აქ შეიძლება გამოგვადგეს ადარნასეს ძეების: ბაგრატისა და სუმბატის მაგალითები. ბაგრატიონთა მემატიანე ბაგრატს მხოლოდ მაგისტროსობით, ხოლო სუმბატს კურაპალატობით მოიხსენიებს. ამავე დროს, ბაგრატი გიორგი მერჩულის მიხედვით ერისთავთერისთავიც იყო – „რომელთა შორის იპოვა ძე დიდისა ადარნერსე კურაპალატისაჲ, ბაგრატ ერისთავთა ერისთავი“ (3, 308). ხოლო სუმბატს გიორგი მერჩულე 951 წლისათვის ერისთავთერისთავობით მოიხსენიებს – „დაიწერა ცხორება ესე ... ერისთავთა ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა ადარნერსე მეფისასა“ (3, 323).
როგორც ვხედავთ არაა აუცილებელი, რომ პიროვნება ყოველთვის მოხსენიებული ყოფილიყო ყველა იმ ტიტულით რომელსაც ფლობდა.
შევხედოთ საკითხს მეორე პოზიციიდანაც. თუ ადარნასემ „ქართველთა მეფის“ ტიტული 897 წლის მერე მიიღო, მაშინ როგორ გავიგოთ სუმბატ დავითის ძესთან დაცული ცნობა, რომ „ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის მოკლულისა“?
შესაძლოა გვევარაუდა, რომ სუმბატ დავითის ძის მიერ ნათქვამი – „დასუეს“, დროში „განგრძობადი“ მოვლენაა და გულისხმობს, რომ დროის რაღაც მომენტში დასვეს მეფედ და არა უშუალოდ 888 წელს. ასე თვლიდა შ. ბადრიძე, „ჩვენ შეიძლება დავასკვნათ, რომ სუმბატ დავითის ძეს ... მხედველობაში აქვს მხოლოდ ზოგადი ფაქტი მისი მეფობისა და ამ შემთხვევაში მას არ აინტერესებს აჩვენოს ქართველთა მეფედ გახდომის კონკრეტული თარიღი“3
სუმბატ დავითის ძესთა არის შემთხვევები, როდესაც ზმნა „დასუეს“ გულისხმობს პერიოდს უშუალოდ მომხდარი ამბის შემდგომ.
1. „დავით ... მოიკლა იგი ხელითა მამის ძმის‐წულისათვისისა ნასრა გუარამის ძისითა, სიცოცხლესა‐ვე შინა გუარამისსა, ქრონიკონსა რ~ა ... ნასრ მკლველი ივლტოდა სამეფოსა კოსტანტინეპოლედ და იყო იქ მრავალ წელ. და ამისსა შემდგომად დასუეს გურგენ ძე ადარნასესი კურაპალატად, დიდისა აშოტ კურაპალატის ძისა“.4
2. „გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ~ლ~ჱ, და არა ესუა შვილი. და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმის‐წული მისი, ძე ადარნასესი, დასუეს ერისთავთაერისთავად“5.
3. „და შემდგომად აშოტ კურაპალატისა ძმა მისი დასუეს კურაპალატად, სუმბატ“ (5, 368).
ბაგრატიონთა მემატიანის თხზულებებში არის შემთხვევებიც როდესაც „დასუეს“, მომხდარი ამბისაგან გარკვეული დროით დაშორებულ ფაქტს გულისხმობს. თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხდება გარკვეული სახის განმარტების გაკეთება.
1. როდესაც მემატიანე საუბრობს აშოტ კურაპალატის მოკვლის (826 წელი) შემდეგ ტაოკლარჯეთში შექმნილ ვითარებაზე აღნიშნავს, „და იყვნეს ძენი უხუცესისა მის ძმისა მათისა, აშოტის ძისა ადარნასესნი, სამნი: გურგენ, რომელი‐იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასუეს“ (5, 365). გურგენი კურაპალატი ხდებ 881 წელს. (21, 87) ამ შემთხვევაში „დასუეს“ გამოყენებულია მომავალში მოხდარი მოვლენის აღსანიშნავად, თუმცა მას განმარტავს სიტყვები „დღეთა სიბერისა მისისათა“.
2. „გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქრონიკონსა რ~მ~გ და დაუტევნა ძენი ოთხნი, დავით რომელი შემდგომად მამისათვისისა ქართველთა მეფე იქმნა, აშოტ კურაპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი, და სუმბატ, რომელი ძმათა შემდგომად კურაპალატად დასუეს“. (5, 368) ამ შემთხვევაში „დასუეს“ განმარტებულია სიტყვებით „ძმათა შემდგომად“.
3. „ხოლო აშოტ კეკელა, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქრონიკონსა პ~ზ, და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურაპალატად დასუეს“ (5, 365). აქაც ყველაფერს ხსნის სიტყვა „შემდგომად“.
არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ზუსტად ძნელი განსასაზღვრია დროის რა პერიოდი მოიაზრება „დასუეს“ ქვეშ.
1. „გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ არტანუჯელისა მონაზონობასა შინა, ქრონიკონსა რ~ჲ~გ, თუესა თებერვალსა ოცსა, და დაუტევა ძე თვისი სუმბატ, რომელი‐იგი დასუეს ერისთავთაერისთავად“ (5, 368).
2. „და ესე სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~ო~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერისთავთერისთავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუეს, რეგუენი“ (5, 369).
როგორც ვხედავთ, ზმნა „დასუესთან“ დაკავშირებით ცალსახაა განმარტების გაკეთება რთული. დიდი მნიშვნელოა აქვს კონტექსტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფრაზა – „შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ხევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რ~ე. და არა დაუშთა შვილი ნასრას, და აღიხოცა სახსენებელი მისი. ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის მოკლულისა“ – თითქმოს უფრო იმაზე უნდა მიუთითებდეს რომ ადარნასეს გამეფება უშუალოდ ნასრის მოკვლის შემდეგ ე.ი. 888 წელს ხდება.
რამ განაპირობა „ქართველთა მეფის“ ტიტულის შექმნა? „ქართველთა მეფის“ ტიტულის გაჩენა, ისევე როგორც ერისთავთერისთავისა და ერისთავის აშკარად ანტიბიზანტიური ნაბიჯი იყო და „ბიზანტიის მესვეურთა დაუკითხავად და მათ ზურგს უკან მოხდა“ (14, 198). სამთავროს გაძლიერება, რაც თავისთავად ბიზანტიის გავლენისაგან თავის დაღწევას გულისხმობდა, აუცილებლად მოითხოვდა ბიზანტიური ტიტულატურის და შესაბამისად იერარქიის პარალელურად ქართული ტიტულატურის შემოტანას. ბიზანტიური ტიტულების (კურაპალატი, მაგისტროსი, ანთიპატოსპატრიკიოსის) ბოძება იმპერატორის ნებასურვილზე იყო დამოკიდებული და ცხადია, პირველ რიგში იმპერიის ინტერესთა გათვალისწინებით ხდებოდა. იმპერიას კი ძლიერი და ერთიანი სამთავრო არ ჭირდებოდა. „ბიზანტიის სიუზერენიტეტი ხელოვნურად ქსაქსავდა ქართველთა სახელმწიფოს, რომლის შემდომი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისთვის აუცილებელი იყო ქართული მიწების კონსოლიდაცია, პოლიტიკური მთლიანობა და ბრძოლა ამ მთლიანობისთვის“. (1, 267) იმპერიის პოლიტიკასთან დაპირისპირების ერთ-ერთი გზა ქართული ტიტულატურისა და შესაბამისად ქართული იერარქიული სისტემის შექმნა იყო. ქართული ტიტულატურის ბოძება ბიზანტიის იმპერატორისაგან დამოუკიდებლად ხდებოდა (თუმცა როგორც ვნახავთ გარკვეულ შემთხვევებში იმპერიის პოზიციის გათვალისწინება მაინც საჭირო იყო). ქართული ტიტულატურის შექმნას თავად მოვლენათა განვითარება მოითხოვდა და ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. უბრალოდ დროის საკითხი იყო თუ როდის განხორციელდებოდა ეს. ს. ჯანაშია წერდა, „ამ „მეფობის“ გაჩენა, ასეთი გრძელი პაუზის შემდეგ (მეფობის მოსპობიდან ქართლში მეექვსე საუკუნის ოციან წლებში) თავისთავად ძალიან საინტერესო და მაჩვენებელი მოვლენაა. მაგრამ იგი სრულიადაც არ მოასწავებდა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის დამკვიდრებულ იერარქიული წესის შეცვლას და „მეფის“ გამარჯვებას „კურაპალატზე“. (15, 75) რა თქმა უნდა საუბარი არაა „მეფის“ გამარჯვებაზე „კურაპალატზე“. ეს შეუძლებელი იყო, რადგან ეს ტიტულები სხვადასხვა იერარქიულ სისტემაში არსებობდა. „ქართველთა მეფის“ ტიტულის შემოღება ნიშნავდა ახალი, ქართული იერარქიული სისტემის შექმნას, რაც ნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
რატომ 888 წელს? შეიძლება ზოგადი პასუხი გაიცეს, სწორედ მაშინ შეიქმნა ხელსაყრელი ვითარება. ბაგრატიონები სავარაუდოდ ადრევე ფიქრობდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას, გარკვეულ მოსამზადებელ საქმიანობასაც ატარებდნენ და მხოლოდ შესაფერის ვითარებას ელოდნენ. წყაროთა სიმცირის გამო ძნელია კონკრეტული საუბარი, შეიძლება მხოლოდ რამდენიმე მომენტის გამოყოფა. პირველი – რა თქმა უნდა გარკვეული როლი ითამაშა სომხეთში მეფობის აღდგენამ. მეორე – აფხაზთა სამეფოს გააქტიურება. უკვე IX საუკუნის 60-იან წლებში აფხაზთა მეფე გიორგი I-მა თავის გავლენა დაამყარა ქართლში. მართალია შემდგომ სამეფოში შექმნილმა დაპირისპირებამ (ლეონიანებსა და შავლიანებს შორის) დროებით შეაჩერა აფხაზთა სამეფოს გავლენის ზრდა აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით, მაგრამ ცხადი იყო, რომ ეს დროებით „შეჩერებას“ წარმოადგენდა. აფხაზთა მეფეებს უკვე ქონდათ გაკეთებული განაცხადი „ქართულ სივრცეში“ პირველობაზე. პირველობისათვის ბრძოლა, რისი ამბიციაც ბაგრატიონებს ჯერ კიდევ აშოტ I კურაპალატიდან ქონდათ, აფხაზთა სამეფოს მმართველებთან „სტატუსში“ გათანაბრებას მოითხოვდა. მესამე – პიროვნული მომენტი. ადანასე დავითის ძეს, როგორც კურაპალატების მემკვიდრეს, ალბათ პირველობის ამბიციაც ქონდა. ბიზანტიის იმპერატორის მიერ კურაპალატობის გურგენ ადარნასეს ძისადმი გადაცემამ (21, 86-87), შესაძლოა ადარნასე დავითის ძის გაბრაზება გამოიწვია და საპასუხოდ მან „ქართევლთა მეფის“ ტიტული მიიღო (გურგენისა და ადარნასეს დაპირისპირება 891 წელს ომში გადაიზარდა). ვარაუდის სახით სხვა მოსაზრებების გამოთქმაც შეიძლება. ცხადია ერთი რამ, სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობამ შეამზადა სიტუაცია 888 წლისათვის (ზუსტად 888 წელი იყო თუ 889 ძნელი სათქმელია. პირობითად ჯობს 888 ავიღოთ. რეალურად მთელი ეს ცვლილება ქართულ ტიტულატურასთან დაკავშირებით ალბათ 888–891 წლებში მოხდა).
ვინ „დასუა“ ადარნასე მეფედ? არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ „ბიზანტიის იმპერიის მესვეურები, ბუნებრივია, მოისურვებდნენ თვითონ შეესრულებინათ გადამწყვეტი როლი „ქართველთა საკურაპალატოს“ სამეფოდ გადაქცევაში და სხვა ვინმე არ ჩაეზიარებინათ, უკეთუ უცხოელ ხელისუფალთა მონაწილეობა ამ საქმეში საერთოდ დასაშვებია“. (13, 191) როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული ტიტულატურის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ იმპერიისგან თავის დახსნის სურვილი იყო. ბიზანტიისა და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროცესში ჩვენ გამორიცხული გვგონია (სხვა საკითხია მეზობელი სამეფოების მიერ ადარნასე ქართველთა მეფედ აღიარება. ამ პრობლემას ქვემოთ შევეხებით). დაწვრილებით არ შევჩერდებით იოანე დრასხანაკერტელის ცნობაზე (ჩვენი აზრით, ტენდენციურზე) სმბატ I-ის მონაწილეობის შესახებ ადარნასეს გამეფებაში. ეს საკითხი სათანადოდ არის განხილული ქართულ ისტორიოგრაფიაში. (13, 187–190) მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სავსებით დასაშვებია სმბატის (ეგებ სხვა მეზობელი სამეფოების მეფეთა და წარმომადგენელთა, მაგრამ არა იმპერიის) მონაწილეობა ადარნასეს მეფედ კურთხევის საზეიმო ცერემონიალში, მაგრამ არა იმ პოლიტიკურ პროცესებში რომლებიც ყოველივე ამას წინ უძღოდა. ა.აბდალაძემ ყურადღება მიაქცია, რომ სიტყვა „დასუეს“ მრავლობით რიცხვშია და აღნიშნა, რომ აქ პირველ რიგში ქართველი წარჩინეულები არიან საგულისხმებელი. (13, 191) დასკვნა მართებულია. რაც შეეხება სიტყვა „დასუეს“ მრავლობით რიცხვს, ასევე მრავლობით რიცხვშია გამოყენებული ეს სიტყვა. როდესაც რომელიმე ბაგრატიონის კურაპალატობაზეა საუბარი – „გურგენ, რომელი‐იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასუეს“; „სუმბატ, რომელი ძმათა შემდგომად კურაპალატად დასუეს“; „გურგენ, რომელი შემდგომად კურაპალატად დასუეს“. კურაპალატობის ბოძება კი მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორის პრეროგატივა იყო და არა კოლქტიური გადაწყვეტილების შედეგი. სავარაუდოდ, ადარნასეს „ქართველთა მეფედ“ დასმა ბაგრატიონთა საგვარეულს წარმომადგენელთა (შესაძლოა ცალკეული პიროვნებების გამოკლებით) კოლექტიური გადაწყვეტილების შედეგი იყო. ჩვენი აზრით, „ქართველთა მეფედ დასმა“ ყოველთვის კოლექტიური გადაწყვეტილებით ხდებოდა. თავად ქართველთა მეფე კი, ალბათ, უკვე ერთპიროვნულად ანიჭებდა ერისთავთერისთავისა და ერისთავის ტიტულებს.
ადარნასე ქართველთა მეფე გარდაიცვლა 923 წელს. მეფის ტიტული მისმა უფროსმა ძემ, დავითმა მიიღო. „გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქრონიკონსა რ~მ~გ და დაუტევნა ძენი ოთხნი, დავით რომელი შემდგომად მამისათვისისა ქართველთა მეფე იქმნა“ (5, 368). გამეფებამდე დავითი ერისთავის ტიტულს ფლობდა (ადიში სახარების მინაწერის თანახმად). ვის გადაეცა, ან საერთოდ თუ გადაეცა ვინმეს, ერისთავის ტიტული დავითის გამეფების შემდეგ უცნობია. დავითი 937 წელს გარდაიცვალა. „გარდაიცვალა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთასა, ქრონიკონსა რ~ნ~ზ, და არა ესუა ძე“.(5, 368)
დავითი უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა. სუმბატ დავითის ძე, 937 წელს გარდაცვლილი დავით მეფის შემდეგ, ქართველთა მეფედ არავის არ მოიხსენიებს ვიდრე ბაგრატ II-მდე. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი მემატიანე წერს, „სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~ო~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერისთავთერისთავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუეს, რეგუენი“(5, 368-369). სუმბატი გარდაიცვალ 958 წელს. სავარაუდოდ ამავე წელს მიიღო ქართველთა მეფის ტიტული ბაგრატ II-მ. საინტერესოა ვინ იყვნენ ქართველთა მეფეები 937–958 წლებში.
მ.ლორთქიფანიძის თვალსაზრისით, 937–945 წლებში ქართველთა მეფე დავითის ძმა ბაგრატია. (16, 475) ეს მოსაზრება სხვა მკვლევარებმაც გაიზიარეს (1, 225; 34, 45; 11, 103).
ლ. თავაძის აზრით, „დავითის შემედეგ, უკვე მისი მესამე ძმის, ბაგრატ მაგისტროსის მოხსენიება ქართველთა მეფედ იშხნის ერთ-ერთ ფრესკულ წარწერაში, აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ დავითმა მემკვიდრეობა დაუტოვა, არა მის მეორე ძმას – აშოტს, არამედ, მესამეს – ბაგრატს“. (21, 93) სხვა ადგილზე ახალგაზრდა მკვლევარი უკვე პირდაპირ საუბრობს ბაგრატის მიერ 937 წელ ქართველთა მეფის ტიტულის მიღებაზე (21, 94-95).
ძალიან საინტერესოა იშხნის ტაძრის ორი წარწერა. ჩრდილოეთის ეგვტერის წარწერაში ვკითხულობთ, „ქრონიკონსა რლზ-სა, თუესა სეკდენბერსა ზ-სა შეწევნითა ქრისტესითა და მაღლითა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისათა ადარნასე ქართველთა მეფისა ბრძანებითა დაიდგინა ნეტარი მამა ჩუენი ბასილი ეპისკოპოსი და ჰმსახურა ამას წმიდასა ეკლესიათა წელი ით კეთილითა მოღვაწებითა და სრულითა სარწმუნოებიტა და შეჰვედრა სული თვისი უფალსა თუესა დეკემბერსა კვ, დღესა პარასკევსა, ქრისტე, სულსა მათსა განუსვენე, ამენ. აცხოვნინ ღმერთმან მეფენი ჩუენნი დავით ქართველთა მეფე და აშოტ კურაპალატი, ბაგრატ მაგისტროსი და სუმბატ ანტიპატრიკი ადიდენ ღმერთმან, წარავლინეს საბერძნეთს ტრაპეზონთა და იქ აკურთხეს მღდელთმთავრად იშხნისა სტეფანე პატიოსანი და ღირსი მამა ჩუენი ხელითა ბასილი ღმერთშემოსილისა პატიოსნისა ბერძენთა პატრიარქისათა თუესა მარტსა ა-სა, ღმერთმან წარუმართენ“ (18, 27). ექ. თაყაიშვილი თვლიდა, რომ წარწერა შერულებული 954–955 წლებში, რადგან აშოტ კურაპალატი უკვე გარდაცვლილი, ხოლო სუმბატს კურაპალატობა ჯერ არ აქვს მინიჭებული. (20, 32) ეს თარიღი გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში.
წარწერაში ადარნასე და მისი უფროსი ძე დავითი მოიხსენიებიან როგორც ქართველთა მეფეები. ბაგრატ ადარნასეს ძე, რომელიც წარწერის შესრულების დროს გარდაცვლილია, მოხსენიებულია მხოლოდ მაგისტროსობით. ეს თითქოს უნდა გამორიცხავდეს მის ქართველთა მეფობას. მაგრამ იშხნის ტაძარზე არის ჩვენთვის საინტერესო ერთი ფრესკული წარწერა – „ბაგრატ მაგისტროსი ქართველთა მეფე“ (19, 22). ე. თაყაიშვილიდან მოყოლებული ამ წარერაში მოხსენიებულ ბაგრატს ყველა მკვლევარი აიგივებს ბაგრატ ადარნასეს ძესთან და ეს სავსებით მართებულია. 876 წელს გარდაცვლილი ბაგრატ აშოტის ძე არასდროს ყოფილა ქართველთა მეფე, ბაგრატ II კი – მაგისტროსი. ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ 937–945 წლებში ქართველთა მეფე ბაგრატ ადარნასეს ძე იყო.
პ. ინგოროყვა იცნობს იშხნის ფრესკულ წარწერას, რომელშიც ბაგრატ ქართველთა მეფეა მოხსენიებული, მაგრამ თვლის, რომ „ბაგრატ მაგისტროსს ვეღარ მიუღია საერთაშორისო ცნობა, როგორც ქართველთა მეფეს, ვერ დაუმკვიდრებია მეფის ხარისხი“ (2, 109). ჩვენ არ ვეთანხმებით ამ მოსაზებას და მას ქვემოთ ცოტა უფრო ვრცლად განვიხილავთ.
იშხნის წარწერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ჩვენთვის მნიშვნელოვან ორ მოსაზრებას. პირველი – ტერმინი „მეფე“ ზოგადი შინაარსის მატარებელია. მეფეებად არიან მოხსენიებული: დავით ქართველთა მეფე, აშოტ კურაპალატი, ბაგრატ მაგისტროსი; მეორე – არაა აუცილებელი, რომ პიროვნება ამ თუ იმ წარწერასა თუ მინაწერში მოიხსენიებოდეს ყველა ტიტულით.
იშხნის 954–955 წლების წარწერის განხილვისას ე. თაყაიშვილმა აღნიშნავდა, რომ უმეფობის პერიოდი 945–958 წლებით უნდა განისაზღვროს (19, 22).
მ. სურგულაძე და მ. ქავთარია ქართველთა მეფეებად თვლიან: აშოტ ადარნასეს ძეს 945–954 წლებში და სუმბატ ადარნასეს ძეს 954–958 წლებში (34, 45). სამწუხაროდ მკვლევარები არ უთითებენ წყაროს, რომელზე დაყრდნობითაც გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას.
პ. ინგოროყვა დოლისყანის წარწერაზე დაყრდნობით სუმბატ ადარნასეს ძეს ქართველთა მეფედ თვლიდა. (2, 105) დოლისყანის წარწერაში სუმბატი მოიხსენიება არა ქართველთა მეფედ, არამედ მხოლოდ მეფედ – „ქრისტე ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ“ (ნიკო მარი). ჩვენი ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ სუმბატი არ იყო ქართველთა მეფე (20, 59; 14, 198). „მეფე“ ამ შემთხვევაშიც ზოგადი ტერმინია და სუმბატის ქართველთა მეფობაზე ნაკლებად მიუთითებს.
ჩვენს მიერ ნანახ წყაროებში არც აშოტ ადარნასეს ძე და არ სუმბატ ადარნასეს ძე „ქართველთა მეფედ“ არ იწოდებიან.
ლ. თავაძე წერს „ქართველთა მეფის ტიტული ... ან საერთოდ არ მოქმედებს 937–954 წლებში, ანდაც მისი მფლობელი იმდენად სუსტია, რომ აშოტ კურაპალატს ემორჩილება“ (21, 96).
ჩვენი აზრით, არის ორი შესაძლებლობა. პირველი – 945–958 წლებში „ქართველთა მეფის“ ტიტულს არავინ ფლობს. მეორე – კურაპალატის ტიტულს ფლობენ აშოტიც (923–954) და სუმბატიც (954–958) (21, 93 და 97), მაგრამ „ქართველთა მეფის“ ტიტული იმდენად დამცრობილი იყო კურაპალატთან შედარებით, რომ ძმებს მხოლოდ კურაპალატობით მოიხსენიებენ.
ჩვენ უფრო იქითკენ ვიხრებით, რომ 945–958 წლებში „ქართველთა მეფის ტიტულს“ არავინ ფლობდა. ეს უმეფობის ხანაა (12, 475). რა იყო ამის მიზეზი? ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ კითხვას პასუხი გაცემული აქვს. მიზეზი იყო ბიზანტია და მისი პოლიტიკა. ამ პერიოდში ბიზანტიის საიმპერატორო კარსა და ბაგრატიონთა შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავებული იყო „არტანუჯის ციხისა და ბასიანის მხარის საკითხის გამო“ (12, 475).
პ. ინგოროყვა თვლიდა, რომ 937–954 წლებში ტაო-კლარჯეთში მეფობის ინსტიტუტი გაუქმებული იყო. მკვლევარის აზრით, ეს „გამოწვეული ყოფილა ბიზანტიისა და ქართველთა სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობების გართულებით, მეფობის ინსტიტუტის შეჩერებით ბიზანტიის ინტრიგების მეოხებით. როგორც ირკვევა, მეფობის ხარისხის მისაღებად სახელმწიფოს მეთაურის მიერ არ იყო საკმარისი მარტო თვითაღიარება მეფედ ... მას უნდა მიეღო საერთაშორისო ცნობა მეზობელ ქვეყნებისგან და პირველ რიგში, ცხადია ბიზანტიისგან ... ხოლო მე-10 საუკუნის ოციანი წლებიდან მოკიდებული ვიდრე ორმოცდაათიან წლებამდე ქართველთა სამეფოსა და ბიზანტიას შორის გამწვავებული ურთიერთობა არსებობდა ჯერ არტანუჯის კონფლიქტის გამო, ხოლო შემდეგ არაბთაგან დაპყრობილი „აღმოსავლეთის ქვეყნების“ (თეოდოსიოპოლისა და მიმდგომი მხარეების) კუთვნილების საკითხის გამო“ (2, 108).
შ. ბადრიძის აზრითაც, „ქართველთა მეფის“ უფლებათა დამკვიდრებისთვის აუცილებელი იყო საერთაშორისო ცნობა მეზობელი ქვეყნებისგან და პირველ რიგში აღმოსავლური ქრისტიანული ქვეყნის ბიზანტიისგან“. (1, 225–226)
პ. ინგოროყვამ ზუსტად განსაზღვრა მთავარი მიზეზი „ქართველთა მეფობის“ დროებითი გაუქმებისა – ბიზანტიის პოლიტიკა. რაც შეეხება „ქართველთა მეფის“ საერთაშორისო აღიარებას, ჩვენი აზრით, ეს მეორეხარისხოვანია. მით უმეტეს, რომ „იმპერიის ხელისუფლებას არასოდეს არ უცვნია „ქართველთა“ არც ერთი მეფის სტატუსი“. ბიზანტიის სამეფო კარი მათ მხოლოდ „არქონტს“ და „არქონტთა-არქონტს“ უწოდებდა. (14, 198)
„ბიზანტიის ხელისუფლება ცდილობს კურაპალატის ტიტული არ მიანიჭოს „ქართველთა“ მეფეებს, რაც უდავოდ განპირობებული იყო იმპერიის მისწრაფებით არ დაეშვა ტაო-კლარჯეთში ხელისუფლების კონცენტრაცია ერთი პირის ხელში. ამიტომ იყო, რომ ადარნასე II-ის გარდაცვალების შემდეგ კურაპალატის ტიტული მიენიჭა არა „ქართველთა“ მეფედ გამოცხადებულ დავითს, არამდე მის ძმას აშოტს“ (14, 198).
მართებულია თვალსაზრისი, რომ „სწორედ კურაპალატის ტიტულის მფლობელს თვლიდა ბიზანტიის იმპერატორი „ქართველთა სამეფოში“ ყველაზე უპირატესად სხვა მმართველებისაგან განსხვავებით. ითვლება, რომ კურაპალატის ტიტულის გაცემით იმპერატორები უპირისპირდებიან ადგილობრივ იერარქიულ სისტემას, რომლის სათავეშიც „ქართველთა მეფე“ მოიაზრება ... ტიტული „კურაპალატი“ ბიზანტიის მესვეურთათვის გახდა ერთგავრი საშუალება, არა მხოლოდ გამოეკვეთათ საკუთარი ფავორიტი ქართველი ხელმწიფეების რიგიდან, არამედ ხშირ შემთხვევაში გაეძლიერებინათ, აღეზევებინათ საკუთარი მომხრეები და ამით გარკვეული დაპირისპირება შეეტანათ ქართველთა სამეფოს მმართველ წრეში“. (21, 83)
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამოდინარე გასკვირი არაა, რომ როდესაც 923 წელს ქართველთა მეფე და კურაპალატი ადარნასე დავითის ძე გარდაიცვალა, ქართველთა მეფობა უფროსმა ძემ დავითმა მიიღო, კურაპალატობა კი ბიზანტიის იმპერატორმა მეორე ძეს, აშოტს უბოძა. აშოტი „უფროსი ძმისაგან განსხვავებით ნაკლებად აქტიურია ბიზანტიის წინააღმდეგ. აშკარაა, რომ ამ ღონისძიებით იმპერატორს ძმებს შორის შუღლის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული“. (21, 92)
აშოტ ადარნასეს ძე შეიძლება პრობიზანტიური ორიენტაციის არ იყო, მაგრამ იმპერიისადმი ლოიალური მაინც იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში 937 წელს, ძმის დავითის გარდაცვალების შემდეგ, ის „ქართველთა მეფის“ ტიტულს თავად არ მიიღებდა, რადგან ეს ბიზანტიის საიმპერატორო კართან ურთიერთობას გაუფუჭებდა (კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართველთა მეფის“ ტიტულის ბოძბასთან ბიზანტიის იმპერატორებს არანაირი კავშირი არ ქონდათ. ამ ტიტულის ბოძება მხოლოდ ბაგრატიონთა ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული). ამიტომ ქართველთა მეფე გახდა მესამე ძმა ბაგრატი.
945 წელს ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ სუმბატმაც, სავარაუდოდ, ასევე ბიზანტიის საიმპერატორო კარისათვის ანგარიშის გაწევის გამო უარი თქვა „ქართველთა მეფის“ ტიტულზე. სუმბატის ვაჟმა, ბაგრატ II-მ კი „გაბედა“ და 958 წელს „ქართველთა მეფე“ გახდა.
ბაგრატ II 994 წელს აღესრულა. „გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ს~ი~დ, და დაუტევა ძე თვისი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთა‐მეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა დის‐წული, დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთვის გურგენს მეფეთ‐მეფობა ეწოდა“ (5, 369). სუმბატ დავითის ძე არ წერს ვის გადაეცა ქართველთა მეფის ტიტული.
მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ 994 წელს „ქართველთა მეფის“ ტიტული დავით III კურაპალატს გადაეცა. (12, 488; 11, 105) არსებობს განსხვავებული თვალსაზრისიც, რომ 994 წელს „ქართველთა მეფე“ ბაგრატ II-ის ძე გურგენი გახდა. (22, 153) ზ.პაპსქირის აზრით, 994 წელს „ქართველთა მეფობა“ ბაგრატ III-მ მიიღო. (23, 81-82)
სუმბატ დავითის ძე დავით III კურაპალატს არსად მოიხსენიებს ქართველთა მეფის ტიტულით. მემატიანეს მიხედვით ის ჯერ ერისთავთერისთავია – „გარდაიცვალა [ადარნასე კურაპალატი], ძე ბაგრატ მაგისტროსისა, ქორონიკონსა რ~პ~ა, რომელი‐ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩვითა, და დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერისთავთაერისთავი“. (5, 369) შემდეგ კი უკვე კურაპალატი – „გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა ს~კ~ა, და არა ესუა ძე“ (5, 369). „მატიანე ქართლისაიში“ დავითი მხოლოდ კურპალატობით მოიხსენიება (5, 267-270).
ერთადერთი წყარო რომელშიც დავით კურაპალატი მოიხსენიება „ქართველთა მეფედ“ არის ათონის მთაზე გადაწერილი ერთ-ერთი ხელნაწერი. „ხელნაწერის ანდერძ-მინაწერებში ექვსჯერაა ნახსენები დავითი, ოთხჯერ როგორც „ქართველთა მეფე“, ხოლო ორჯერ – როგორც „მეფე“. ქართველთა მეფე, რომელიც ექვთიმე ათონელის დროს ცხოვრობდა ... დავით კურაპალატია“. (24, 119) ზ. პაპასქირის აზრით, „ანდერძ-მინაწერთა ავტორი, ამ შემთხვევაში, „ქართველთა“ მეფეს ხმარობს უბრალოდ ქართველების (ან შეიძლება საერთოდ საქართველოს, რადგან ის მას ქართული სამყაროს მესვეურად მიაჩნია) მეფის გაგებით და მასში არ აქვს ჩადებული ის პოლიტიკური შინაარსი, რომელიც გააჩნდა „ქართველთა მეფის“ ტიტულს X ს. II ნახევარში“. (23, 79)
ვინ გახდა „ქართველთა მეფე“ 994 წელს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში, ჩვენი აზრით, დაგვეხმარება იმისა გარკვევა, თუ ვისგან მიიღო ბაგრატ III-მ ქართველთა მეფის ტიტული.
თუ ბაგრატი ქართველთა მეფე 1008 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა, მაშინ სავარაუდოა, რომ თავად გურგენმა ეს ტიტული თავისი მამისგან, ბაგრატ II-სგან მიიღო 994 წელს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში დავით კურაპალატს ქართველთა მეფედ ვერ მივიჩნევთ.
თუ ბაგრატმა ქართველთა მეფის ტიტული 1001 წელს მიიღო, მაშინ მამამისის გურგენის „ქართველთა მეფობაა“ გამორიცხული და სავარაუდოდ ბაგრატმა ტიტული მამობილისგან, დავით კურაპალატისგან მიიღო.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ორივე მოსაზრება არსებობს. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ბაგრატ III-მ ქართველთა მეფის ტიტული დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, 1001 წელს მიიღო. (12, 258; 26, 53) სხვანი კი დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ „ქართველთა მეფის“ ტიტულის მფლობელად გურგენს მიიჩნევენ და ბაგრატ III-ის მიერ „ქართველთა მეფის“ ტიტულის მიღებას 1008 წლით ათარიღებენ.
თავის დროზე ივ.ჯავახიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბაგრატ III-მ „ქართველთა მეფის“ ტიტული მხოლოდ 1008 წელს, მამის გურგენის გარდაცვალების შემდეგ მიიღო (9, 131). პ. ინგოროყვა გურგენს ქართველთა მეფეთა მეფეს უწოდებდა. (2, 106)
ნ. ასათიანის აზრით 1008 წლამდე ქართველთა მეფე გურგენი იყო. „1008 წელს ბაგრატის მამა გურგენ მეფე გარდაიცვალა ... ამის შემდეგ ბაგრატი იწოდებოდა „აფხაზთა და ქართველთა“ მეფედ“. (10, 150)
შ. ბადრიძეს მიაჩნდა, რომ „ქართველთა მეფე 958–994 წწ. იყო ბაგრატ რეგუენი, ხოლო მას შემდეგ სახელმწიფოს სიუზერენად 994–1008 წწ. მმართველობდა მისი ძე გურგენი“(1, 226).
ქ. ნადირაძე ეთანხმება მოსაზრებას გურგენის მიერ 994–1008 წლებში „ქართველთა მეფის“ ტიტულის ფლობის შესახებ. (11, 111)
ლ. თავაძე იზიარებს თვალსაზრისს, რომ ქართველთა მეფის ტიტული ბაგრატ III-მ 1008 წელს, მამის გურგენის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. „გურგენის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატი ოფიციალურად იწოდა „აფხაზთა და ქართველთა მეფედ და კურაპალატად“, ხოლო გურგენის სიკვდილამდე ის თავს „აფხაზთა მეფედ და ქართველთა კურაპალატად“ თვლიდა. ამით ხაზი ესმეოდა იმას, რომ „ქართველთა მეფე“ სწორედ გურგენი იყო“. (21, 103)
ჩვენ იმ მოსაზრებას ვეთანხმებით, რომ გურგენ მეფეთ-მეფე არასდროს „ქართველთა მეფის“ ტიტულს არ ფლობდა. ამას ადასტურებს რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლი.
1006 წელს გურგენ მეფეთ მეფემ იშხანში კათედრალური ტაძრის სამხრეთით პატარა სამლოცველო ააგო. წარწერა იუწყება: „სახელითა ღმრთისაითა მე გურგენ მეფეთ მეფემან აღვაშენე ესე წმიდაი ეკლესიაი სახელსა ზედა წმიდისა ღმრთისმშობელისასა სალოცველად სულისა ჩემისა. წმიდაო ღმრთისმშობელო, ტალავარ მექმენ დღესა მას სასჯელისასა ... ქრონიკონ იყო სკვ“ (18, 29). გურგენი მოიხსენიება მხოლოდ მეფეთმეფედ. ჩვენ თავად ვაღიარებთ, რომ არაა აუცილებელი პიროვნება წარწერაში ყველა ტიტულით იყოს წარმოდგენილი. ამ წარწერასთან დაკავშირებითაც შესაძლებელი იქნებოდა იგივეს გამეორება, რომ არა სხვა წარწერათა მონაცემებიც.
ბაგრატის ტაძრის 1001–1008 წლების წარწერა – „მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევათაო უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველთა მეფე თანა მამით, დედით, დედოფლით და ძით მათით, ამინ“. (26, 54) წარწერის შინაარსიდან ნათლად ჩანს, წარწერის შექმნის დროს ბაგრატის მამა, გურგენი ცოცხალია. მიუხედავად ამისა „ქართველთა მეფის“ ტიტულით ბაგრატია მოხსენიებული. გამოდის, რომ ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში ბაგრატი უკვე იყო ქართველთა მეფე. ცხადია, ბაგრატ III-ს „ქართველთა მეფის“ ტიტული გურგენის გარდაცვალების შემდეგ არ მიუღია.
ყველაზე მნიშვნელოვანია ხცისის წარწერა - „სახელითა ღმრთისაითა მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა საყოფელსა წმიდაჲსა ნათლისმცემლისასა სალოცველად ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისას და მეფისა ჩუენისა და სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათუის და მოსახსენებლად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთათვის ქორონიკონ იყო სკბ“ (35, 461). წარწერა შესრულებულია 1002 წელს და მასში ბაგრატი მოიხსენიება აფხაზთა და ქართველთა მეფედ.
აშკარაა, ბაგრატ III-მ „ქართველთა მეფის“ ტიტული ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში მიიღო. ამიტომ გურგენ მეფეთ-მეფის მიერ „ქართველთა მეფის“ ტიტულის ფლობა გამორიცხულად მიგვაჩნია.
ვინ გახდა ქართველთა მეფე 994 წელს გარდაიცვლილი ბაგრატ II-ის შემდეგ? ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე არსებობს ორი შესაძლებლობა: პირველი – ქართველთა მეფე გახდა დავით კურაპალატი. მეორე – ეს ტიტული მიიღო ბაგრატ III-მ (თეორიულად შეიძლება დავუშვათ, რომ 994–1001 წლებში „ქართველთა მეფის“ ტიტულს არავინ ფლობდა, მაგრამ პრაქტიკულად ასეთი რამ გამორიცხულად მიგვაჩნია).
შეეძლო თუ არა დავით კურაპალატს 994 წელს მიეღო „ქართველთა მეფის“ ტიტული? ამ კითხვაზე საპასუხოდ ჯერ უნდა გავარკვიოთ თუ რა დამოკიდებულებაა ამ დროს დავითსა და იმპერატორ ბასილი II-ს შორის. დიდი დრო არ იყო გასული ბარდა ფოკას აჯანყებიდან (987–989 წლები), როდესაც დავითმა ფოკას მხარე დაიჭირა და იმპერატორს დაუპირისპირდა. ფოკა დამარცხდა. დავითმა თავი იმით გადაირჩინა, რომ იმპერატორს დამორჩილდა და ანდერძი დაწერა, რომლის თანახმადაც სიკვდილის შემდეგ მთელ თავის სამფლობელოს იმპარატორს უტოვებდა. სწორედ ამის შემდეგ იმპერატორმა მას კურაპალატობა უბოძა. (21, 99) ამის შემდეგ დავითი აგრძელებს აქტიურ პოლიტიკას, აძლიერებს თავის გავლენას, ზრდის სამფლობელოს ტერიტორიას, მაგრამ აღარ უპირისპირდება იმპერიას (ეს სრულიად უაზრო ნაბიჯი იქნებოდა). შესაძლოა, ასეთ ვითარებაში დავითის მიერ „ქართველთა მეფის“ ტიტულის მიღება კონსტანტინოპოლში აღქმული ყოფილიყო ანტიბიზანტიურ ნაბიჯად. ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც დავითი იყო ამაზე შესაძლოა არ წასულიყო. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ X საუკუნის ბოლო ათწლეულში შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ბიზანტიასთან ურთიერთობის გაფუჭებისა თუ არა, დაძაბვის საფრთხის გამო მაინც, დავით კურაპალატს 994 წელს „ქართველთა მეფის“ ტიტულს არ მიეღო.
994 წელს ბაგრატ III-ს იმპერიასთან დაპირისპირება არ აქვს (მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ 989 წელს ბაგრატსა და დავითს შორის მომხდარი კონფლიქტის ინსპირატორი ბიზანტია უნდა ყოფილიყო. კერძოდ ბასილი II, რომელმაც ბაგრატი მამობილის წინააღმდეგ წააქეზა 14, 218). ბიზანტია ბაგრატის სამფლობელოებს არ ესაზღვრება. ბაგრატისთვის „ქართველთა მეფის“ ტიტულის მიღება მას არანაირ პრობლემას არ უქმნიდა.
ყოველივე ზემოთ თქმული თითქოს მხარს უჭერს ზ. პაპასქირის მოსაზრებას, მაგრამ რჩება ათონის ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები. ჩვენ ვფიქრობთ, ცოტა ძნელია იმის მტკიცება, რომ დავითი არ იყო „ქართველთა მეფე“, მაშინ როდესაც ის ოთხჯერ არის ამ ტიტულით მოხსენიებული. ზ. პაპსქირისეული ახსნა კი ნაკლებ სავარაუდოდ მიგვაჩნია. არა გვგონია, რომ იმ დროს, როდესაც „ქართველთა მეფე“ რეალური ტიტული იყო ვინმეს ის გამოეყენებინა ზოგად ფრაზად და მასში რაღაც სხვა, განსაკუთრებული შინაარსი ჩაედო. რაც შეეხება ზ. პაპასქირის შენიშვნას, იაჰია ანტიოქიელის მიერ 988–990 წლების ამბების თხრობისას დავითის „ქართველთა მეფედ“ მოხსენიების შესახებ, (23, 80) ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დავითის მიერ აღნიშნული ტიტულის ფლობას. იაჰიამ იცის, რომ დავითი იწოდებოდა „ქართველთა მეფედ“ და ასეც მოიხსენიებს მას. ზუსტად როდის მიიღო დავით კურაპალატმა „ქართველთა მეფის“ ტიტული იაჰია ანტიოქიელს შეიძლება არც სცოდნოდა და თუ იცოდა, შესაძლოა თხრობისას ამისთვის ყურადღება არც მიექცია. მისთვის ხომ მთავრი ის იყო, რომ დავითი იწოდებოდა „ქართველთა მეფედ“ (ანალოგიური ვითარებაა, როდესაც 975 წლის ამბების თხრობისას ქართველი მემატიანე დავითს კურაპალატობით მოიხსენიებს, მაშინ როდესაც მას ეს ტიტული ჯერ არ აქვს).
ჩვენ ვიზიარებთ ნ. შოშიაშვილის მოსაზრებას, დავით კურაპალატის მიერ 994–1001 წლებში „ქართველთა მეფის“ ტიტულის ფლობის შესახებ (27, 120). 1001 წელს კი „ქართველთა მეფე“ უკვე ბაგრატ III გახდა.
ჩნდება კითხვა, რატომ მიიღო „ქართველთა მეფობა“ ბაგრატმა და არა მისმა მამა გურგენმა? ჩვენი აზრით, პასუხი მარტივია. ბაგრატი უკვე არის „მეფე აფხაზთა“. სწორედ მან უნდა გააერთიანოს საქართველო. სწორედ მან უნდა გააერთიანოს ყველა ტიტული. გურგენის მიერ „ქართველთა მეფის“ ტიტულის მიღება კი ამ პროცესს ეწინააღმდეგება, აფერხებს. ეს ყველაფერი კარგად ესმის გურგენს, რომელიც ყოველთვის გვედში უდგას შვილს და მისი ერთგული თანამებრძოლია. ქვეყნის ინტერესები მოითხოვდა, რომ „ქართველთა მეფე“ ბაგრატი გამხდარიყო და გურგენი ალბათ პირველი იყო ვინც ამას მხარი დაუჭირა.
ჩვენი აზრით, ქართველთა მეფის ტიტულ ფლობდნენ: ადარნასე დავითის ძე (888–923), დავითი ადარნასეს ძე (923–937), ბაგრატ ადარნასეს ძე (937–945), ბაგრატ II რეგუენი (958–994), დავით კურაპალატი (994–1001), ბაგრატ III (1001–1014).
როგორც უკვე აღვნიშნეთ X საუკუნის ბოლოს ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებში მეფეთ მეფის ტიტული ჩნდება. ექ. თაყაიშვილის აზრით, მეფეთ მეფედ პირველად გურგენი იწოდა. (20, 42)
მ. ლორთქიფანიძე თვლის, რომ „ქართველთა მეფეებში“ პირველად ბაგრატ III-ის მამის, გურგენის ტიტულატურაში ჩნდება „მეფეთ-მეფე“, რაც, სუმბატის თქმით, მისი შვილის, ბაგრატის მეფობითაა განპირობებული“. (12, 452)
ლ. თავაძე პირველ მეფეთ მეფედ დავით კურაპალატს მიიჩნევს. „პირველი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ამ ტიტულით სწორედ დავითი იწოდება. მეფეთ მეფის ტიტული ჯერ სომხეთში გაჩნდა, როდესაც აშოტ I-მა არაბეთის ხალიფას მხარდაჭერით შაჰან შაჰად გამოაცხადა თავი. სომხეთი ისწრაფოდა რეგიონში პირველობა მოეპოვებინა ... სწორედ სომხეთის წამყვანი პოზიციების ჩანაცვლებას ისახავდა მიზნად დავითის მიერ ახალი ტიტულის მიღება“. (21, 99–100)
საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია 973 წლის პარხლის სახარების ერთი მინაწერი – „წინაშე ახალსა ეკლესიასა, ახალსა საკურთხეველსა ზედა დაიდვას სადიდებლად ღუითივ გვირგვინოსანისა მეფეთა მეფისა, ადიდენ ღმერთმან, ღუთივ დამყარებულისა დავით მაგისტროსისა“. (28, 95) თითქოს ყველაფერი ნათელია. საინტერესოა, რომ დავითი მოიხსენიება მაგისტროსად. ჯერ არ ფლობს არც კურაპალატობას და არც ქართველთა მეფობას (ქართველთა მეფე ამ დროს ბაგრატ II არის). ანუ ეს ხდება მისი მოღვაწეობის დასწყისში. ჩნდება კითხვა, რამ განაპირობა მის მიერ მეფეთ-მეფის ტიტულის მიღება? ჩვენი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავითის მოხსენიება მეფეთ-მეფედ მხოლოდ მინაწერის ავტორის პირადი ინიციატივაა.
მსგავსი მაგალითები არსებობს. მაგ. გერგეტის სულთა მატიანეში ყვარყვარე IV ჯაყელი (1451–1498 წწ.) ათაბაგთა-ათაბაგად იწოდება – „სული ათაბაგთა ათაბაგისა ყუარყუარესი“ (29, 234). ოფიციალურად ათაბაგთა ათაბაგის არც თანამდებობა არსებობდა და არც ტიტული. ყვარყვარე ჯაყელის მოხსენიება ათაბაგთა ათაბაგად მხოლოდ მისი განდიდებს მიზნით უნდა მომხდარიყო; ანტიოქიის პატრიარქის მიერ მზეჭაბუკ ათაბაგისადმი (1505–1515 წწ.) გამოგზავნილი მიმართვის ქართული თარგმანში, წერია „დიდისა მეფისა ჩუენისა ყოვლისა აღმოსავლეთისა ხელმწიფისა პატრონისა მზეჭაბუკისა“. მზეჭაბუკის მოხსენიება მეფედ და ხელმწიფედ მთარგმნელის ინიციატივაა, რადგან წერილის არაბულ დედანში ათაბაგი მსგავსი ტიტულებით არ მოიხსენიება. (30, 96) აქაც მიზეზი მზეჭაბუკის განდიდებაა.
ჩვენი აზრით, მსგავსი ვითარებაა საგულვებელი დავითის მეფეთ-მეფობასთან დაკავშირებითაც. ეს იყო ერთი კონკრეტული პირის პირადი ინიციატივა და მიზნად ისხავდა დავითის განდიდებასა და წარმოჩენას. ყოველ შემთხვევაში დავითის მოხსენიება მეფეთ-მეფედ გამონაკლისია, ეს არ გამხდარა ტრადიაცია და ტიტული „მეფეთ-მეფე“ იმ დროს ჯერ კიდევ არ დამკვიდრებულა ბაგრატიონთა საგვარეულოში. თუ დავითი მეფეთ-მეფე იყო, მაშინ მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ტიტულიც ბაგრატ III-ს უნდა გადასცემოდა. ასეთი რამ კი არ ფიქსირდება.
ჩვენ იმ თვალსაზრისს ვიზიარებთ, რომ მეფეთ-მეფე როგორც ტიტული, რომელიც მემკვიდრეობით დამკვიდრდა ბაგრატიონთა საგვარეულოში და შემდეგ ყველა მეფის ტიტულატურის განუყოფელი ნაწილი გახდა, პირველად გურგენმა მიიღო. მით უმეტეს, რომ მიზეზიც ნათლად აქვს ახსნილი სუმბატ დავთის ძეს – „ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთვის გურგენს მეფეთ‐მეფობა ეწოდა“. (5, 369) ამ შემთხვევაში სრულიად გასაგებია თუ რამ გამოიწვია ახალი ტიტულის გაჩენა.
ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებში ოთხი პიროვნება იწოდებოდა მამფლად. გუარამ აშოტის ძე (+ 882 წელს), სუმბატ ადარნასეს ძე (+889) და მისი ძეები ბაგრატი (+906) და დავითი (+946).
შ. ბადრიძეს აზრით, „გამორიცხული არაა, რომ მამფლობა ქართველთა სახელმწიფოს „აბსოლუტისგან“ დამოუკიდებლობისა და ავტონომიური „მთავრობისკენ“ მისწრაფების გამომხატველი იყო წინააღმდეგ „ერისთავობისა“ და „ერისთავთერისთავობისა“, რომელნიც „აბსოლუტისადმი“ დაქვემდებარებულ სამოხელეო თანამდებობებს წარმოადგენდნენ“. (1, 238) ტიტულ „მამფალის“ პირველი მფობელი აშოტ კურაპალატის უმცროსი ძე გუარამი იყო. ამიტომ ცხადია, რომ „მამფალი“ არსებობდა მანამ სანამ „ქართველთა მეფის“, „ერისთავთერისთავისა“ და „ერისთავის“ ტიტულები გაჩნდებოდა ბაგრატიონთა საგვარეულოში. „მამფლის“ და უფრო გვიან შექმნილი ტიტულების ერთ სიბრტყეში დაყენება მცდარი გვგონია.
„რაც შეეხება მამფლობას მიუხედავად იმისა, რომ მისი გენეზისისა და განვითარების კონკრეტული გზები ძნელად წარმოიდგინება, მასზე უნდა ითქვას, რომ იგი ტიპიური ადრეფეოდალური ხანის ინსტიტუტია“ (1, 234). ესეც იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ IX საუკუნის ბოლოს ქართული ტიტულატურის შემოტანის შედეგად შექმნილი ახალი იერარქიული სისტემისათვის „მამფალი“ ზემეტი იყო. ამას თითქოს ისც ადასტურებს, რომ დავით მამფლის გარდაცვალების შემდეგ (946 წელი) არც ერთი ბაგრატიონი „მამფლად“ აღარ იწოდება. სუმბატმა მამფლობა გუარამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, თუ მანამდე ჰქონდა (ანუ ბაგრატიონებში ერთდროულად ორი მამფალი იყო) დაბეჯითებით ძნელი სათქმელია. ალბათ უფრო გუარამის გარდაცვალების შემდეგ გახდა მამფალი. ჩვენი აზრით, სუმბატის შემდეგ მამფლობა მემკვიდრეობით მიიღო ჯერ მისმა უფროსმა ვაჟმა ბაგრატმა, ხოლო შემდეგ მომდევნო ძმა დავითმა. ჩვენთვის ცნობილი ოთხი მამფლიდან ორმა (გუარამმა, სუმბატმა) ეს ტიტული მიიღო ქართული იერარქიული სისტემის შემოღებამდე. კიდევ ერთმა ბაგრატმა 889 წელს, როდესაც ქართული იერარქიული სისტემა ჩამოყალიბების პროცესში იყო. მხოლოდ ერთი გახდა მამფალი მას შემდეგ რაც ქართული იერარქიული სისტემა ამოქმედდა. ეს ერთი შემთხვევა გამონაკლისია და განპირობებული იყო ალბათ იმით, რომ დავითის მამა და ძმა მამფლები იყვნენ. ნიშანდობლივია, რომ არც ბაგრატის შვილები (ოთხი ძე ყავდა) და არც დავითის ვაჟი მამფლებად არ იწოდებიან.
ჩვენი აზრით „მამფალი“ საპატიო ტიტული იყო, რომელიც არსებობდა აშოტ კურაპალატის მემკვიდრეების პირველ სამ თაობაში. შემდეგ კი გაუქმდა, როგორც ზედმეტი ახლად შექმნილი ქართული იერარქიული სისტემისათვის.
„მამფლის“ ნაცვლად გაჩნდა ორი ახალი ტიტული: „ერისთავთერისთავი“ და „ერისთავი“.
სავარაუდოდ პირველად ერისთავთერისთავის ტიტული აშოტ კუხმა მიიღო. 891 წელს მამის გურგენ კურაპალატის გარდაცვალების დროს ის უკვე ამ ტიტულით ყავს მოხსენიებული მემატიანეს – „და მოკუდა წყლულებითა მისითა გურგენ კურაპალატი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, ქრონიკონსა რ~ი~ა. და დაუტევნა ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ ერისთავთერისთავი“ (5, 367). აშოტს ერისთავთერისთავობა 888–891 წლებში უნდა მიეღო. 918 წელს აშოტ კუხი უმემკვიდრეოდ გარდაიცვლა.
როდესაც ბაგრატიონთა მემატიანე 896 წელს აშოტ კუხის ძმის, ადარნასეს გარდაცვალებაზე წერს, აღნიშნავს – „გარდაიცვალა [ადარნასე] ქრონიკონსა რ~ი~ვ, და დაუტევნა ორნი ძენი მცირენი: დავით ერისთავთაერისთავი და გურგენ, რომელი შემდგომად, მერმე, დიდი ერისთავთაერისთავი იყო“ (5, 367). დავითი 908 წელს გარდაიცვალა და ერისთავთერისთავობა მის ძმაზე გურგენ დიდზე გადავიდა. როდის მიიღო დავითმა ერისთავთერისთავობა უცნობია, სავარაუდოდ 896 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ. საინტერესოა, რომ როცა ბაგრატიონთა მეისტორიე 908 წელს დავითის გარდაცვალებაზე საუბრობს, მას მხოლოდ ერისთავობით მოიხსენიებს (5, 367) (203;380). ძნელად წარმოსადგენია, რომ დავითი ჯერ ერისთავთ-ერისთავი ყოფილიყო და მერე მომხდარიყო მისი დამცრობა ერისთავობამდე. უფრო მოსალოდნელი, რომ დავითი იყო ჯერ ერისთავი და შემდეგ გახდა ერისთავთერისთავი (ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირებულია ბაგრატიონთა შორის). მაგრამ ჩვენი აზრით, შესაძლოა საქმე გავაქვს გადამწერთა შეცდომასთან და მეორედაც უნდა იყოს ერისთავთერისთავი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სუმბატთან ტიტულები ძირითადად დაქარაგმებულად არის მოცემული: ერისთავთერისთავი – „ეე“ და ერისთავი – „ეი“.
გურგენ დიდი 908-941 წლებში იყო ერისთავთერისთავი (ის ამავე დროს მაგისტროსის ტიტულსაც ფლობდა). გურგენთან დაკავშირებით გასარკვევია ორი საკითხი. პირველი – ქართულ ისტორიოგრაფიაში გვხვდება ხან, გურგენ, დიდი ერისთავთერისთავი და ხანაც გურგენ დიდი, ერისთავთერისთავი. ზოგჯერ ერთსა და იმავე ნაშრომშიც კი (15, 79 და 82). ამას ხელს უწყობს სუმბატ დავითის ძის ცნობებიც. ერთგან ის წერს, „გურგენ რომელი შემდგომად, მერე დიდი ერისთავთ-ერისთავი იყო“(5, 367). მეორეგან კი აღნიშნავს – „გარდაიცვალა დავით ერისთავი, ძმაი დიდისა გურგენისა“ (5, 367). ჩვენი აზრით, ეპითეტი – დიდი, უნდა დავუკავშიროთ თავად გურგენს და უნდა ვიხმაროთ გურგენ დიდი. მის ასეთ ზედწოდებას სრულიად ამართლებს მისი სუმბატისეული დახასიათებაც – „გურგენ ... რომელმან უმეტესნი სიმხნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთა და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი“(5, 368). მეორე – როდის გახდა გურგენი ერისთავთერისთავი. სუმბატ დავითის ძის მიხედვით – „გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ~ლ~ჱ, და არა ესუა შვილი. და ამის შემდგომად, გურგენ, ძმისწული მისი, ძე ადარნასესი დასუეს ერისთავთერისთავად“(5, 367). ამრიგად, გამოდის, რომ გურგენმა ერისთავობა მიიღო თავისი ბიძის, აშოტ კუხის გარდაცვალების შემდეგ ანუ 918 წელს. ანალოგიურ ცნობას იძლევა გიორგი მერჩულეც – „მას ჟამსა გარდაიცვალა ღმრთის მსახური იგი ხელმწიფე (აშოტ კუხი – მ.ბ.) ... ხოლო გურგენ, ძმისწული აშოტისი, დიდი იგი ხელმწიფე ფრიადთა ნათესავთა, ღმრთისა მიერ დაჯდა ერისთავთა ერისთავად“ (3, 258). მაგრამ ამ ორივე ცნობას ეწინააღმდეგება სტეფანა მტბევარის მიერ დაწერილ „გობრონის მარტვილობაში“ ასახული რეალობა. ნაწარმოები იწყება შემდეგი სიტყვებით: „მე სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან დავწერე ბრძანებითა აშოტ ერისთავთა-ერისთავისაითა“ (31, 172). აშკარაა, რომ მარტვილობის დაწერის მომენტში აშოტ ერისთავთერისთავი ცოცხალია. წინააღმდეგ შემთხვევაში სტეფანე მტბევარი ამას აუცილებლად აღნიშნავდა. ამავე დროს, ამბის თხრობისას ირკვევა, რომ აბულ-კასიმის ლაშქრობის დროს, 914 წელს, ყველის ციხე გურგენ ერისთავთ-ერისთავის კუთვნილება ყოფილა. სტეფანე მტბევარი წერს, „მოვიდეს იგინი ციხესა მას ყველისასა, რომელი იყო გურგენ ერისთავთ ერისთავისა“(31;176). სტეფანე მტბევარი ყოველივეს თვითმხილველია და მისი ცნობები ყველაზე მეტად არის ანგარიშგასაწევი. ასეთ შემთხვევაში კი გამოდის, რომ აშოტ კუხის სიცოცხლეშივე გურგენი უკვე იყო ერისთავთერისთავი. ჩვენი აზრით, სუმბატ დავითის ძისა და ალბათ, გიორგი მერჩულეს შეცდომის მიზეზი გახდა ის, რომ აშოტ კუხის გარდაცვალების შემდეგ გურგენმა მემკვიდრეობით მიიღო მისი მიწები და ეს ბუნებრივიცაა, რადგან გურგენი იყო უშვილო ბიძის ერთადერთი მემკვიდრე. სუმბატმა და გიორგი მერჩულემ ალბათ ამ ფაქტს დაუკავშირეს გურგენის მიერ ერისთავთერისთავობის მიღება. სავარაუდოდ გურგენმა ერისთავთერისთავობა თავისი ძმის, დავითის გარდაცვალების შემდეგ, 908 წელს მიიღო. ბაგრატიონთა მემატიანეს მიხედვით, ერისთავთერისთავია სუმბატ დავით მამფლის ძე, „გარდაიცვალა სუმბატ ერისთავთაერისთავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა, არტანუჯელი, ქრონიკონსა ს~ჱ“. (5, 369) საინტერესოა, რომ გიორგი მერჩულე 951 წლისათვის სუმბატს ერისთავობით მოიხსენიებს, „ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფლისასა“.(3, 323) როგორც ჩანს სუმბატი ჯერ ერისთავი იყო, ხოლო შემდეგ ერისთავთერისთავობა ებოძა. როდის ებოძა სუმბატს ჯერ ერისთავობა, ხოლო შემდეგ ერისთავთერისთავობა უცნობია. ეს უკანასკნელი ტიტული მას სავარაუდოდ 988 წლამდე, გარდაცვალებამდე ქონდა.
951 წლისათვის ერისთავთერისთავია სუმბატ ადარნასე ქართველთა მეფის ძე, „ერისთავთა ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა ადარნერსე მეფისასა“. (3, 323) სუმბატ ადარნასეს ძესთან დაკავშირებითაც გაურკვეველია თუ როდის გახდა ის ერისთავთერისთავი. ალბათ მანაც გარდაცვალებამდე, 958 წლამდე შეინარჩუნა ტიტული.
სუმბატ დავითის ძე ერისთავთერისთავობით მოიხსენიებს ძმებს: ბაგრატსა და დავით ადარნასეს ძეებს, „გარდაიცვალა ადარნასე კურაპალატი ... დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერისთავთაერისთავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ ერისთავთერისთავი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა რ~პ~ვ, ხოლო ძმა მისი დავით კურაპალატი იქმნა დიდად“. (5, 369) საინტერესოა, რომ ბაგრატი ერისთავთერისთავად იწოდება ოშკის წარწერებშიც, მისი ძმა დავითი კი არა. დავითი მოიხსენიება მაგისტროსობით და ზოგადი ტიტულით – „მეფე“. (8: 68, 70, 80, 97) ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ დავითმა ერისთავთერისთავის ტიტული 966 წელს, ძმის გარდაცვალების შემდეგ მიიღო? ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია. ცხადია მხოლოდ ერთი რამ, ბაგრატი გარდაცვალებამდე ფლობდა ერისთავთერისთავობას.
თავისი მოღვაწეობის დასაწყისში ერისთავთერისთავი იყო ბაგრატ II. ამას ადასტურებს სუმბატ დავითის ძე, „სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~ო~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერისთავთერისთავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუეს, რეგუენი, და ადარნასე კურაპალატი“. (5, 369) ცხადია მისი ერისთავთერისთავობა 958 წლამდე გაგრძელდებოდა, როდესაც ის ქართველთა მეფე გახდა. როდის მიიღო ბაგრატმა ერისთავთერისთავობა უცნობია.
973 პარხლის სახარების მინაწერში ერისთავთერისთავად არის მოხსენიებული ბაგრატ IIის ძე სუმბატი, „„სალოცველად მეფეთა ჩეუნთათვის ღმრთივ დიდებულისა ბაგრატ ქართველთა მეფისა, დავით მაგისტროსისა და სუმბატ ერისთავთ-ერისთავისა“. (7, 34) სუმბატმა ერისთავთერისთავობა ალბათ 958 წელს, მამის ქართველთა მეფედ გახდომის შემდეგ, მიიღო მემკვიდრეობით და 992 წლამდე, გარდაცვალებამდე შეინარჩუნა.
ამრიგად, კლარჯი ბაგრატიონებიდან ერისთავთერისთავები იყვნენ: აშოტ კუხი (888–891 წლიდან 918 წლამდე), დავით ადარნასესე ძე (896–908 წლები), გურგენ დიდი (908–941 წლები), სუმბატ დავით მამფლის ძე (988 წლამდე). ტაოელი ბაგრატიონებიდან – სუმბატ ადარნასე ქართველთა მეფის ძე (958 წლამდე), ბაგრატ ადარნასეს ძე (966 წლამდე), დავით ადარნასეს ძე (966 წლიდან?), ბაგრატ II (958 წლამდე), სუმბატ ბაგრატ II-ის ძე (958–992 წლები).
ჩვენს მიერ ნანახ წყაროებში მხოლოდ სამი პირია მოხსენიებული ერისთავობით. ერთი არის გურგენ ბაგრატ მამფლის ძე. მას ასახელებს სუმბატ დავითის ძე, „და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ... დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი‐იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ‐იდვა, გურგენ ერისთავი, აშოტ და დავით“.(5, 367) როდის გახდა გურგენი ერისთავი უცნობია, მაგრამ ტიტული სავარაუდოდ გარდაცვალებამდე, 923 წლამდე შეინარჩუნა. მეორე პიროვნება დავით ადარნასე ქართველთა მეფის ძეა. ის ერისთავად იწოდება პარხლის 897 წლის მინაწერში, „სალოცველად მეფეთა ჩუენთა ღმრთივ დიდებულისა ადარნასე კურაპალატისა და ღმრთით ბოძებულთა ნაშობთა მათთა დავით ერისთავისა“.(7, 14) დავითი 923 წელს ქართველთა მეფე გახდა. მისი ერისთავობის პერიოდი შეიძლება 897-923 წლებით განვსაზღვროთ. მესამე – სუმბატ დავით მამფლის ძე, რომლის შესახებაც ჩვენ ზევით ვისაუბრეთ.
ძალიან მნიშვნელოვანი იმის გარკვევა, თუ რა იერარქიული დამოკიდებულება არსებობდა ქართველთა მეფესა, ერისთავთ-ერისთავსა და ერისთავს შორის. ივ. ჯავახიშვილის აზრით, გვარში უფროსს „ჯერ კურაპალატად ხოლო მერე მეფედ წოდებულს, სხვები ემორჩილებოდნენ ვითარცა ერისთავთ-ერისთავნი და ერისთავნი“ (9, 114). მეცნიერს როგორც ჩანს ბაგრატიონი ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები ჩვეულებრივ მოხელეებად მიაჩნდა.
მ. ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ქართველთა სამეფოს ორგანიზაცია შემდეგ სახეს ატარებდა: „სამთავროს“ სათავეში დგას „კურაპალატი“ ან „ქართველთა მეფე“, „დიდი მთავარი“ (ტაოს ბაგარატიონები), არტანუჯელ-კლარჯი ხელმწიფეები კი ამ „დიდი მთავრის“ ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ. ტაოს შტოში შექმნილი განშტოებაც „მეფის“ ქვეშევრდომი უნდა იყოს. ესაა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფორმალური ვითარება. ამ „დიდი მთავრის“, „მეფის“, „კურაპალატის“ ხელისუფლება, როგორც დანარჩენ ბაგრატიონთა მთავრის, სიუზერენისა სრულიად ნომინალურია“ (6, 458).
ნ. შოშიაშვილის თვალსაზრისით, 888 წლამდე „უმაღლესი ქართული ტიტული ტაოკლარჯეთის ბაგრატიონებში იყო ერისთავთ-ერისთავი“. 888 წლის მერე კი შემდეგი სახის იერარქია შეიქმნა: ქართველთა მეფე, ერისთავთ-ერისთავი, ერისთავი. „ამავე დროს თითოეული ამ ტიტულის მატარებელი იყო მეფე ე.ი. უმაღლესი სიუზერენი. ვისაც აღნიშნული ტიტული არ ჰქონდა ის იყო არა მეფე არამედ მამფალი“ (4, 56). სუმბატ დავითის ძის მიხედვით პირველი ერისთავთ-ერისთავი არის აშოტ კუხი. ამიტომ 888 წლამდე ტაოკლარჯეთში ერისთავთერისთავის ტიტულის არსებობა ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნია. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ქართული ტიტულები, ალბათ, ერთდროულად უნდა შემოსულიყო.
შ. ბადრიძის მოსაზრებით, „მამფლობა, ქართველთა სახელმწიფოს აბსოლუტისაგან
დამოუკიდებლობისა და ავტონომიური მთავრობისაკენ მისწრაფების გამომხატველი იყო.
წინააღმდეგ „ერისთავობისა“ და „ერისთავთ-ერისთავობისა“, რომელნიც აბსოლუტისადმი დაქვემდებარებულ სამოხელეო თანამდებობას წარმოადგენდნენ“ (1, 238). „მამფლის“ ინსტიტუტის შესახებ ჩვენი მოსაზრება უკვე გამოვთქვით.
ე. თაყაიშვილი თვლიდა, რომ „ერისთავი რომელსაც სხვა ერისთავი თუ ერისთავები ჰყავდა ვასალებად, ერისთავთ-ერისთავად იწოდებოდა. ეს იყო უდიდესი ხარისხი მეფის ხარისხის შემდეგ“. მეცნიერისთვის მამაფალი იყო ერისთავთ-ერისთავზე დაბალი და ერისთავზე მაღალი პატივი და „საზოგადოდ უდრიდა მთავარს“ (32, 44).
თვითონ ტერმინიდან – ერისთავთერისთავი – გამომდინარე მას მართლაც უნდა ჰყოლოდა ხელქვეითი ერისთავები. თუმცა რეალურად არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, რომ ერისთავთ-ერისთავს ჰყოლოდა ხელქვეითი ერისთავები (ანალოგიურად, მეფეთ-მეფეს არ ჰყავდა ხელქვეითი მეფეები). (33, 284-293)
ქართველთა მეფისა, ერისთავთ-ერისთავისა და ერისთავის ურთიერთმიმართების საკითხის გარკვევისას, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ნ. შოშიაშვილის შენიშვნა, რომ ძალიან ხშირად ბაგრატიონი ერისთავთერისთავები და ერისთავები იწოდებიან მეფეებად (ამის დამადასტურებელი მრავალი ფაქტები ჩვენ სათანადო ადგილზე განვიხილეთ). უკვე ამ მოცემულობიდან გამომდინარე ძნელია ვივარაუდოთ, რომ ქართველთა მეფესა ერთის მხრივ და ერისთავთ-ერისთავსა და ერისთავს შორის მეორე მხრივ იყო ისეთი იერარქიული დამოკიდებულება, როგორც მეფესა და მოხელეს შორის. ასეთი რეალური დაქვემდებარება რომ არ არსებობდა, იქნებ ამიტომაც არაფერს ამბობს ამ საკითხის შესახებ სუმბატ დავითის ძე – რასაც ასე საყვედურობს მას ივ. ჯავახიშვილი.
ჩვენი აზრით, სრულიად მისაღებია შ. ბადრიძის მოსაზრება, რომ „არა მხოლოდ ფაქტიურად არამედ იურიდიულადაც „ქართველთა მეფე“ განიხილებოდა არა როგორც აბსოლუტი, ყველაზე მაღლა რომ დგას იერარქიაში, არამედ როგორც პირველი მეფე უფლებით მასზე დაქვემდებარებულ მეფეთა შორის. არსებული განსხვავების მიუხედავად იერარქიის სხვა საფეხურზე მდგომნიც მისი თანასწორნი იყვნენ „სამეფო ხელისუფლებაში“ მონაწილეობის თვალსაზრისით“ (1, 246).
ბაგრატიონი ერისთავთ-ერისთავები და ერისთავები რა თქმა უნდა გარკვეულ წილად ექვემდებარებოდნენ ქართველთა მეფეს (თუმცა ფაქტობრივად საკმაოდ ხშირად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და მეფეს არც კი ემორჩილებოდნენ), მაგრამ ეს არ იყო მოხელე-ერისთავის დაქვემდებარება მეფისადმი, არამედ მხოლოდ როგორც გვარის ნომინალური მეთაურისადმი.
ამ საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი უმთავრესი მომენტი. როდესაც ერისთავი არის მოხელე – ადგილობრივი მმართველი, მის საგამგეოს ეწოდება საერისთავო და ის არის დროებით მმართველობაში გადაცემული ტერიტორია. ერისთავი არ არის ამ „ქუეყნის“ პატრონი ის არის მხოლოდ მმართველი, ადმინისტრაციული მოხელე. მაშინ როცა სრულიად განსხვავებულია მისი სტატუსი თავისივე მამულის მიმართ. ამ შემთხვევაში ის გამოდის როგორც პატრონი. არც ერთი ბაგარატიონი ერისთავთ-ერისთავისა თუ ერისთავის კუთვნილი „ქუეყანა“ არ შეიძლება მივიჩნიოთ საერისთავოდ. ეს არ არის მათთვის დროებით სამართავად მიცემული ტერიტორია. ეს არის მათი მამული, მემკვიდრეობით მიღებული და რომელიც მათ ხელშეუხებლად ეკუთვნით, განსხვავებით საერისთავოსაგან. თუკი არ არსებობს საერისთავო, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ცხადია ვერ იარსებებს ერისთავიც, როგორც მოხელე, ადგილობრივი მმართველი. ჩვენი აზრით, ბაგრატიონებში ერისთავთ-ერისთავი და ერისთავი იყო საპატიო ტიტული, რომელსაც რეალური სამოხელეო შინაარსი არ ჰქონდა.
რაც შეეხება თავად ერისთავთ-ერისთავისა და ერისთავის ურთიერთმიმართებას. ცხადია, ბაგრატიონი ერისთავის ჩათვლა ბაგრატიონი ერისთვათ-ერისთავის ხელქვეით მოხელედ არ შეიძლება, ყოველივე ზემოთ თქმულის გამო. ჩვენი აზრით, ქართველთა სამეფოში არსებული ქართული ტიტულები: ქართველთა მეფე, ერისთავთ-ერისთავი და ერისთავი გამოხატავდა არა ადმინისტრაციულ იერარქიას, არამედ სოციალურ სტატუსსა და ურთიერთმიმართებას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი: „ქართველთა მეფის“ ტიტულ ფლობდნენ: ადარნასე დავითის ძე (888–923), დავითი ადარნასეს ძე (923–937), ბაგრატ ადარნასეს ძე (937–945), ბაგრატ II რეგუენი (958–994), დავით კურაპალატი (994–1001), ბაგრატ III (1001–1014).
ბაგრატიონებში მეფეთ-მეფის ტიტულის პირველი მფლობელი ბაგრატ III-ის მამა გურგენი იყო.
ბაგრატიონებში ოთხი პიროვნება იწოდებოდა მამფლად. გუარამ აშოტის ძე (+ 882), სუმბატ ადარნასეს ძე (+889) და მისი ძეები ბაგრატი (+906) და დავითი (+946). ერისთავთერისთავები იყვნენ: აშოტ კუხი (888–891 წლიდან 918 წლამდე), დავით ადარნასესე ძე (896–908), გურგენ დიდი (908–941), სუმბატ დავით მამფლის ძე (988 წლამდე), სუმბატ ადარნასე ქართველთა მეფის ძე (958 წლამდე), ბაგრატ ადარნასეს ძე (966 წლამდე), დავით ადარნასეს ძე (966 წლიდან), ბაგრატ II (958 წლამდე), სუმბატ ბაგრატ II-ის ძე (958–992).
წყაროებში მხოლოდ ორი პირია მოხსენიებული ერისთავობით. გურგენ ბაგრატ მამფლის ძე (+923) და დავით ადარნასე ქართველთა მეფის ძე (897–923).
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
1. შ. ბადრიძე, „ქართველთა სამეფოს“ პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან, „თსუ შრომები“, 1965, ტ. 113
2. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე 1954 წ. თბ.
3. გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. ქართული პროზა ტ. I 1982 წ. თბ.
4. ნ. შოშიაშვილი ქართული წარწერების კორპუსი ტ. I 1980 წ. თბ.
5. ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი რ.მეტრეველი 2008 წ. თბ.
6. მ. ლორთქიფანიძე, ტაო-კლარჯეთი. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.2 1973 წ. თბ.
7. ა. შანიძე, ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია 1945 წ. თბ.
8. ვ. სილოგავა, ოშკი X ს. მემორიალური ტაძარი, 2006 წ. თბ
9. ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, თხზ. ტ II 1983 წ.
10. ნ. ასათიანი, საქართველოს ისტორია 1999 წ. თბ. გვ.
11. ქ. ნადირაძე, „ქართველთა“ მეფეები, წიგნში საქართველოს მეფეები 2007 წ.
12. მ. ლორთქიფანიძე, ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი), საქართველოს ისტორია ტ. II 2012 წ. თბ.
13. ა. აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX–XI საუკუნეებში 1988 წ.თბ.
14. მ. ლორთქიფანიძე, ზ. პაპასქირი, ახალი სამეფო-სამთავროების წარმოქმნა საქართველოში და მათი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში. საშინაო დიპლომატია. წიგნში ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. 1999 წ. თბ.
15. ს. ჯანაშია, კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. თსუ შრომები 1941 წ. № 18
16. მ. ლორთქიფანიძე, ტაო-კლარჯეთი. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.2 1973 წ. თბ
17. შ. ბადრიძე გვ. 225; მ.სურგულაძე, მ.ქავთარია, ბაგრატიონთა სამეფო სახლი 1995 წ. თბ
18. ვ. სილოგავა, კ. შენგელია ტაო-კლარჯეთი თბ. 2006 წ
19. ე. თაყაიშვილი, 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. 1960 წ.
20. Е. Такаишвили, Археологическая экспедиция в южние провинции Грузии. Тб. 1952
21. ლ. თავაძე, „ბიზანტიური საიმპერიო ტიტულატურა საქართველოში“
22. ბ. ლომინაძე, ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის, საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. III 1979 წ. თბ.
23. ზ. პაპასქირი, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი 1990 წ.
24. ც. ქურციკიძე, ათონზე გადაწერილი ერთი ხელნაწერის შესახებ. „მწიგნობარი“ 1980 წ
25. მ. ლორთქიფანიძე, ქართული მონარქიის შექმნა შუა საუკუნეებში, საქართველოს ისტორია ტ. II 2012 წ. თბ.
26. ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები. ტ.2 დასავლეთ საქართველოს წარწერები ნაკვ.1 1980 წ.
27. ც. ქურციკიძე გვ. 120 (მკვლევარი ეყრდნობა 1997 წელს თსუ ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო სესიაზე ნ.შოშიაშვილის მიერ წაკითხულ მოსენებას - „IX–X სს. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ზოგიერთი ქრონოლოგიური საკითხი“, რომელსაც ჩვენ ვერ მივაკვლიეთ.
28. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისაშეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი I 1892 წ.ტფ
29. ქ. შარაშიძე, საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVIII სს.). კრებულში მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის ნაკ. 30 1954 წ.
30. ქ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები 1961 წ.
31. სტეფანე მტბევარი, გობრონის წამება. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერეტურის ძეგლები წ. I 1963 წ. თბ.
32. ექ. თაყაიშვილი, სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო‐კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის №27 1949 წ. თბ.
33. მ. ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში 2003 წ. თბ
34. მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, ბაგრატიონთა სამეფო სახლი 1995 წ. თბ
Комментариев нет:
Отправить комментарий