ბიზანტია ანუ „აღმოსავლეთ რომის იმპერია“ 395 წელს რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად წარმოიშვა. იმ დროისთვის ქვეყანა „დიდი გადასახლებით“ გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობდა, რის გამოც დასავლეთ ქართული სამეფოებიდან ჯარების გაყვანა მოუწია და ვერც რაიმე ხარკს ითხოვდა. ამით ისარგებლა ეგრისის სამეფომ, დაიმორჩილა აქაური სხვა პოლიტიკური ერთეულები (სკვიმნია, სვანეთი, აფშილეთი, აბაგზეთი) და ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ბიზანტიელებთან ერთადერთი დამოკიდებულების ფორმად რჩებოდა, ყოველი ახალი ეგრისის მეფისთვის ტახტზე ფორმალური დამტკიცება ბიზანტიის იმპერატორს უნდა მოეხდინა და სამეფო ნიშნები გამოეგზავნა.
450-იან წლებში ეგრისის მეფე გუბზას პირველმა ამ დამოკიდებულების მოშორებაც სცადა, რასაც ბიზანტიასთან ომი მოჰყვა. „ერთმორწმუნემ“ ვერ გაიმარჯვა, თუმცა ჩვენი ქვეყანა ძლიერ დაზარალდა. ამის გამო აღდგა აქამდელი ფორმალური დამოკიდებულება ეგრისის სამეფოს ბიზანტიის მიმართ.
532 წელს, როდესაც ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე პირველი დასავლეთ რომის იმპერიის შემოსაერთებლად ემზადებოდა და მთელი ძალების დასავლეთში გაშვებით იყო დაკავებული, შიშობდა რომ სპარსეთმა არ დამასწროს, ქართლის შემდეგ ეგრისიც არ დაიკავოს, თორემ შავ ზღვაზე გასვლით დიდ საფრთხეს შემიქმნისო - გადაწყვიტა ეგრისის დამოუკიდებლობა მოესპო. მალე ქვეყნის ქალაქები ბიზანტიელთა ჯარებით აივსო, რომელთა რჩენა ჩვენებს დაევალათ. მეფეს ღირსება ფაქტიურად აჰყარეს და ქვეყნის ვაჭრობა დაიქვემდებარეს. გაბრაზებულმა გუბაზმა ირანელები მოიწვია, რასაც „დიდიი ომიანობა ეგრისში“ და ქვეყნის დაქცევა მოჰყვა. გუბაზი კი მოაკვდინეს და მისი ტახტი ბიზანტიაში აღზრდილ მის ძმა წათეს მისცეს. ქვეყანაში ბიზანტიელთა ბატონობა დამყარდა, მოგვიანებით კი ქვეყანაში მეფობა გაუქმდა და ამიერიდან ეგრისს იმპერატორის დანიშნული პატრიკიოზები მართავდნენ.
ბიზანტიელთა უღელი ქვეყანაში იმდენად მძიმე იყო, რომ 697 წელს ეგრისის პატრიკიოზმა სერგი ბარნუკის ძემ ქვეყანაში მუსლიმი არაბები მოიწვია და ხარკიც იკისრა. ბიზანტიამ მაშინ ქვეყანა ქართლის საერისმთავროს გადასცა, რომელიც არაბთა შემოსევებისა და ბატონობის გამო VIII საუკუნის მეორე ნახევარში თანდათან დაეცა.
730-იანი წლებიდან ბიზანტიაში „ხატმებრძოლეობა“ დაიწყო, როდესაც იმპერატორებმა დაუძლურებული ქვეყნის გასაძლიერებლად საეკლესიო სიმდიდრეებს დაადგეს თვალი, რის გამოც ეკლესიამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი გააჩაღა. არადა სხვაგვარად არაბების, ბულგარების, ავარებისა და სხვა მომთაბარეებისგან მომავალი საფრთხის გამკლავება ქვეყანას არ ძალუძდა. ბიზანტია საუკუნოვან ქაოსში გაეხვია, რითაც ისარგებლა მისმა ყმამ, აფხაზეთის ერისთავმა ლეონ მეორემ, დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხის მმართველი შემოიკრიბა და თავი მეფედ გამოაცხადა. ასე შეიქმნა სამეფო, რომელსაც ისტორიოგრაფიაში აფხაზეთის, ანდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს უწოდებენ, თუმცა-კი მისი არცერთი მეფე ბაგრატ მესამემდე თავს აფზახთა ან ეგრის-აფხაზთა მეფეს არ უწოდებდა, არამედ მხოლოდ „მეფეს“ და ამბიციას გამოთქვამდნენ სხვა ქართულენოვანი კუთხეების შემოერთებაზე.
IX საუკუნეში ბიზანტიის ხელშეწყობით (ოღონდ არა ქართველთა სასიკეთოთ, არამედ იმისთვის, რომ არაბებთან ომში მოკავშირე-დასაყრდენი ჰყოლოდა კავკასიაში) არაბთაგან გათავისუფლებულ სამხრეთ ქართულ მიწებზე „ტაო კლარჯეთის საკურაპალატო“ ჩამოყალიბდა, რომლის მმართველი ბაგრატიონები ბიზანტიის ვასალები იყვნენ. X საუკუნეში ქვეყანა ბიზანტიის სამ ვასალურ ქვეყნად - „იმიერ ტაო“, „კლარჯეთი“ და „ქართველთა სამეფო“ - დაიშალა.
ბიზანტია ვერ ურიგდებოდა ე.წ. აფხაზეთის სამეფოს დამოუკიდებლობას, მის მმართველებს მთავრებად მოიხსენიებდა და პერიოდულად ჯარებსაც აგზავნიდა წარუმატებლად. „აფხაზთა მეფეებიდან“ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჭყონდიდის ხელახლა აღმშენებელი გიორგი მეორე (922-957), რომელმაც ქართლის შემდეგ კახეთ-ჰერეთის შემოერთებაც სცადა და თითქმის მოახერხა, რომ სიკვდილს არ მოესწრო. მისი საქმის გაგრძელება უფროს ძეს, ლეონ მესამეს (957-967) სურდა, მაგრამ ამ დროს ბიზანტია საბოლოოდ დადგა ფეხზე და აღმოსავლეთში თავისი პოზიციების დაბრუნება დაიწყო და ახლა შიდა ბრძოლების დრო აღარ იყო.
ჯერ კიდევ გიორგი მეორეს ხუთი ვაჟიდან ბოლო ორი - თეოდოსი და ბაგრატი ბიზანტიაში გაეგზავნა, რაც ერთგვარი რევერანსიც იყო ბიზანტიის მიმართ, თუმცა ეს უფრო იმისთვის კეთდებოდა, რომ ბევრი ძმა სამეფო ოჯახში ყოველთვის დიდი არეულობების მომასწავებელი იყო. თვით გიორგისაც ძმასთან ომით ჰქონდა მოპოვებული ტახტი. ლეონი უძეოდ გარდაიცვალა და ტახტზე გიორგის მესამე ვაჟი დემეტრე მესამე (967-975) ავიდა. აი მაშინ ამუშავდა რომაული „დაყავი და იბატონეს პოლიტიკა“ - ბიზანტიიდან ჩამოვიდა თეოდოსი და „სამცხელთა“ (ანუ ბიზანტიის ვასალ „ქართველთა სამეფოს“), დავით იმიერ ტაოელისა (ბიზანტიის ვასალი) და ქართლის დიდაზნაურების (ისინი მუდამ ცდილობდნენ აფხაზეთის სამეფოს დასუსტებას, რათა დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ) დახმარებით ძმას ებრძოდა ტახტიდან. თუ შევაჯამებთ: იმის მიხედვით თუ საიდან ჩამოვიდა, თუ ვინ იყვნენ მისი მოკავშირეები და აგრეთვე ბიზანტიის ამბიციებით დაექვემდებარებინა „აფხაზეთი სამეფო“ - ალბათ გონივრული ეჭვი იბადება, რომ თეოდოსი არამარტო აქაური დიდაზნაურების მოწვევით, არამედ უმეტესწილად ბიზანტიის იმპერატორის გამოგზავნილი უნდა იყოს და მისი გარკვეული მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა.
ასე თუ ისე, თეოდოსი დამარცხდა და ძმა თვალები (და არამარტო) დათხარეს, თუმცა დემეტრე „მოულონელად“ და უძეოდ მიიცვალა და 975 წელს დასავლეთ ქართული სამეფო დასახიჩრებულ თეოდოსი მწუხარეს ერგო. თეოდოსს შვილი არ ჰყავდა, როს გამოც მისი მემკვიდრე დისშვილი ბაგრატი იყო, რომელიც თავის მხრივ ბიზანტიის ორი ვასალის - „ქართველთა სამეფოსა“ დავით იმიერ ტაოელის მემკვიდრე იყო.
ასე იყო თუ ისე, 976 წელს იმპერატორ ბასილი II-ს გამორჩეული სარდალი ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა და ლამის ტხატი ჩაიგდო ხელთ. 979 წელს აჯანყებული ბიზანტიის ქართველი ვასალების გაგზავნილმა ჯარმა იხსნა, რა დამსახურებითაც დავით III იმიერ ტაოელი აღმოსავლეთის კურაპალატის რანგში აღაზევეს.
978 წელს, როდესაც ბიზანტიის კარს საქართველოსთვის არ ეცალა, აფხაზეთის მეფის ერთგულმა ვასალმა, ქართლის ერისთავმა იოანე მარუშის ძემ დაითანხმა ბაგრატის მშობლები და მამობილი დავით III, რომ ბაგრატი აფხაზეთის მეფედ დაესვათ. ამით საფუძველი ჩაეყარა მომავალში „აფხაზეთისა“ და „ქართველთა სამეფოების“ გაერთიანებას, რაც ბუნებრივია ბიზანტიის „დაყავი და იბატონეს პოლიტიკას“ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ იმ დროს ბასილს სხვა პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი და მარუშისძემაც დაასწრო.
985 წელს ბიზანტია ბულგარეთთან 30 წლიან ომში ჩაება, რასაც დაემატა 987 წლიდან მეორე დიდი სარდლის, ყოფილი იმპერატორის ნათესავის ბარდა ფოკას აჯანყება იმპერატორ ბასილი II-ს წინააღმდეგ, რომელსაც 1000 მებრძოლით დავით III ეხმარებოდა.
ბაგრატ III სულაც არ გახდა ბიზანტიის ვასალი და შესაბამისად არც ბიზანტიული საკარისკაცო ტიტული მიუღია. იგი მუდმივად ცდილობდა ურჩი დიდაზნაურების დათრგუნვასა და ძალაუფლების ზრდაზე. ახლა, როცა ბიზანტიას მძიმე დღეები ედგა, საქართველოში უცნაური ამბავი მოხდა: ბოროტმა ენებმა (აქაც რომაული ცბიერების ამბავი უნდა იყოს) ბაგრატი და მამამისი გურგენი მათ მამებს - ბაგრატ რეგვენსა და დავით III-ს წაკიდეს და მათ შორის ბრძოლაც მოხდა, რამაც ეჭვები გააჩინა ბაგრატ-დავითის მამაშვილურ ურთიერთობაში.
ამასობაში ბასილი II-ს მოკავშირეთ კიევის რუსეთი გამოუჩნდა. რაღაც ხვანჯებით აჯანყებულები ერთმანეთს წაეკიდნენ: ფოკამ სკლიაროსი დააპატიმრა, თვით ფოკა კი სხვა სარდლებმა მოკლეს.
მაშინ მოიცალა ბასილმა ფოკას სომეხი და ქართველი მეთაურების დასასჯელად. დავითმა თავის გადასარჩენად ანდერძი დაწერა და თავისი სამფლობელოები ბიზანტიას უანდერძა. ასე ფეოდალური პრინციპით - მოღალატე ვასალს ფეოდი უნდა წაართვაო, ბიზანტიამ იანდერძა იმიერ ტაო, რაც 1000 წელს დავით კურაპალატის მკვლელობით ოფიციალურად გაიფორმა. ბაგრატ III-ს მამობილის მემკვიდრეობიდან რამდენიმე ციხე და აღმოსავლეთის კურაპალატის ტიტული (ანუ ბიზანტიის იმპერატორის ვასალობა) ერგო.
ბაგრატი სიტუაციას შეეგუა უკეთესის იმედით, რადგან ჯერ სხვა ქართული კუთხეები (კახეთ-ჰერეთი და კლარჯეთი) უნდა შემოეერთებინა, რაც განახორციელა კიდეც. შემდეგ განძის ამირას აღუკვეთა ფეხი ქართული მიწებიდან, თუმცა მეტი ვეღარ მოასწრო.
1054 წელს 54 წლის ასაკში გარდაცვლილი ბაგრატი 16 წლის ვაჟმა, გიორგი პირველმა ჩაანაცვლა. მეფეს ჯერ მამა არ გამოეგლოვა, რომ კახეთ-ჰერეთი ისევ ცალკე სამეფოდ გავიდან. ასეთ ვითარებაში ყმაწვილი მეფის კარი გადაწყვეტს პირველ რიგში იმიერ ტაოსთვის ბიზანტიასთან დაპირისპირებას, რაც საკმაოდ პრაგმატულ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ და რატომ:
გიორგიმ მოკავშირედ გაიხადა ვასპურაკანის მეფე, რომლის ასულზეც დაქორწინდა და ბიზანტიის მთავარი მეტოქე აღმოსავლეთში, ფატიმიანთა ხალიფა ალ ჰაქიმი. მოკავშირეები იყვნენ აგრეთვე იყო ანისის, ვანანდისა და კახეთ-ჰერეთის სამეფოებიც.
ასეთი კოალიციის მქონე მეფეს, კიდევ როდის შეიძლებოდა ისეთი შანსი მისცემოდა იმიერ ტაოს დასაბრუნებლად, როგორიც ახლა, როდესაც ბიზანტიას ბულგარელებთან ომის გამო აღმოსავლეთისთვის არ ეცალა. გიორგის კარმაც ასე განსაჯა და იმიერ ტაოს ციხეები დაიკავა.
ბულგარეთის განადგურების შემდეგ ბასილიმ საქართველოსთვის მოიცალა და გიორგის იმიერ ტაოს დაცლა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ იმპერატორმა ხანგრძლივი მზადება დაიწყო ომისა და გიორგისთვის მოკავშირეების ჩამოსაშორებლად.
1020 წელს მოკვდა ანისის მეფე გაგიკი და ტახტზე ასულ იოანე სმბატს ეგრევე აუჯანყდა მისი ძმა აშოტი. 1021 წელს „მოულოდნელად“ ლოცვისას გაქრა ხალიფა ალ ჰაქიმი და მისმა შემცვლელმა ხალიფას დაიკომ ბასილისთან ზავი დადო.
არაბი ისტორიკოსი იაჰია ანტიოქიელი გვამცნობს: „გიორგიმ მისწერა ალ-ჰაქიმს მასზე, რომ ერთად გამოსულიყვნენ საომრად მის წინააღმდეგ და ყოველი მათგანი გამართულიყო თავისი ქვეყნიდან. ამან მიაღწია ბასილი კეისრამდე და იგი აივსო მრისხანებით მის მიმართ. გაემართა კონსტანტინეპოლიდან ფილომილს (ქალაქი პისიდიაში, დღევ. აკ-შეჰრი), ისე, რომ არავის შეატყობინა, თუ რა ჰქონდა გუნებაში. აგრეთვე გამოაცხადა მზადება საბრძოლველად სირიის ოლქებში. გაამზადა სურსათი, ალაფი და იარაღი ანტიოქიაში გასაგზავნად საომრად მზადების ნიშნად. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ იგი გაემგზავრებოდა სირიაში. მაშინ როცა ბასილი კეისარი იმყოფებოდა ფილომილს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ალ-ჰაქიმი (1021 წლის 13 თებერვალს), და იგი გაემართა აფხაზთა წინააღმდეგ სალაშქროდ.
ამ ამბის გაგებისას აფხაზმა შეკრიბა თავისი ლაშქარი და დასახმარებლად მოიწვია ვინც კი შეეძლო, უცხოელები. გამოვიდა თავისი სამფლობელოების განაპირას წადილით შეხვედროდა კეისარს და შებრძოლებოდა მას. როდესაც კეისარი მიუახლოვდა და წარსდგა მის წინაშე თავისი ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარით, აფხაზი უბრძოლველად გაიქცა. დაედევნა მას კეისარი, ვიდრე გამაგრდებოდა იგი მდინარის მეორე ნაპირზე, რომლის გადალახვა ბიზანტიელთა ლაშქარს არ შეეძლო. კეისარმა გადაწვა მისი მიწა-წყალი, მიიტაცა სურსათი, დაატყვევა, მოკლა და დააბრმავა 200000 ქვეშევრდომი ადამიანი. გადაიარა ქვეყა მისი ოლქი და რაიონი, გარდა მდინარის იქით მდებარე ადგილებისა, სადაც იგი ეძიებდა თავშესაფარს და ლაშქარმა ვერ შეძლო მისვლა“.
ამდენად, გიორგი მოტყუვდა ბასილის ფანდის გამო და მომზადება ვერ მოასწრო. ქართული წყაროებით (მატიანე ქართლისაი, სუმბატ დავითის ძე) ჩანს, რომ მეფესთან მოკავშირეები არ იყვნენ მოსულნი, ამიტომ წელავდა დროს და უკან იხევდა, ვიდრე სომხეთიდან და კახეთ-ჰერეთიდან მოკავშირენი მოვიდოდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბიზანტიელთა მეწინავენი წამოეწივნენ გიორგის უკანმავალ ლაშქარს. ბრძოლის გადამწტყვეტ ეტაპზე მეფის ჯარს ქართლის დიდაზნაურებმა უღალატეს, რომელთაც ბრძოლა მიატოვეს და გიორგი დამარცხდა. ქართველი და სომეხი (მაგ. არისტაკესი) მემატიენეებიც ადასტურებენ ბასილის მიერ ქართული მიწების სასტიკად აოხრებას.
ბასილიმ დასაჯა გიორგის სომეხი მოკავშირეები და მათგან დახმარების იმედი გაქრა.
ომი შემდგომ წელსაც გაგრძელდა, კვლავ თავი იჩინა ღალატმა თავი. სანამ მეფე მთავარი ძალებით მივიდოდა და ორგანიზებულად ბრძოლას გამართავდა, ერთმა ნაწილმა თვითნებურად წამოიწყეს ომი და გიორგიმაც ვეღარ შეძლო ჯარების ორგანიზება და კვლავ დამარცხდა რასაც ახალი ქართული კუთხეების აოხრება მოჰყვა ბიზანტიელმა მხრიდან.
გიორგიმ აღიარა იმიერ ტაოს დაკარგვა, თუმცა შემდგომშიდაც განაგრძობდა მცდელობებს შეექმნა ანტიბიზანტიური კოალიცია, ვიდრე ის სრულად ახალგაზრდა ხევში გასული „უცნაურად“ სიცოცხლეს არ გამოესალმა.
ბიზანტია ამით არ დაკმაყოფილდა. მიტაცებულ ქართუ-სომხურ მიწებზე შეიქმნა „იბერიის თემი“, რომელსაც მომავალში სხვა ქართული მიწები უნდა შემატებოდა, რასაც ახორციელებდა ბიზანტია გიორგის მემკვიდრე ბაგრატ მეოთხის მცირეწლოვანებისას (1027-1032 წლებში).
ასე რომ ძმები-იმპერატორები ბასილი მეორე და კონსტანტინე მერვე საქართველოსთვის ამოახრებელი მმართველები იყვნენ. ამ დროს თუ ვნახავთ ქართლის კათალიკოს მელქისედეკის წერილს, რომელსაც უეჭველი ამის გამო პატრიარქობაც მიუმატეს, ბასილ წმინდა მეფედ არის გამოცხადებული, რომლისგანაც და მისი ძმისგანაც აურაცხელ ოქრო-ვერცხლს იღებდა და პატივითაც სტუმრობდა მათ კონსტანტინოპოლში. აქედან გამომდინარე, მარტო ფეოდალური ურთიერთობების ამბავი არ უნდა იყოს გიორგის ბანაკში ამდენი გამცემ-მოღალატის არსებობა. ერთმორწმუნე ძმასთან ეკლესიის ჩახუტება, მითუმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც იქედან სიმდიდრე მოდის, უცხო არ არის საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაში.
როგორც კი სრულწლოვანი გახდა ბაგრატ მეოთხე ისიც წინაპრების კვალზე წავიდა და ცდილობდა ერთის მხრივ ბიზანტიისგან მიტაცებული მიწების დაბრუნებას, მეორეს მხრივ კახეთ-ჰერეთისა და ტფილისის საამიროს შემოერთებას. მას ტაშირ-ძორაკეთის ქართულ მიწებისკენაც ეჭირა თვალი. მესამე მხრივ მეფეს ურჩი დიდაზნაურების ალაგმვაც სურდა.
1042 წლიდან ბიზანტიამ დაიწყო ანისის სამეფოს დასაპყრობად ომი. ამ პერიოდში ბაგრატის წინააღმდეგ აჯანყდა ლიპარიტ ბაღვაში, რომელსაც ფულითა და ჯარით (უეჭველია დიპლომატიითაც) ეხმარებოდა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე მეცხრე. ბაგრატ-ლიპარიტის დაპირისპირების მიზეზებზე არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული: მაგ. თანამედროვე ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე ამის მიზეზად მეფის მიერ ლიპარიტის მეუღლის შეურაცხყოფას ასახელებს, რაზეც შემდეგ ლიპარიტმა მეფის დედის მიმართ უპასუხაო. ამ ფაქტის დადასტურება სხვაგან არ გვხდება, სამაგიეროდ წყაროებით აშკარად ჩანს ბიზანტიის აშკარა მცდელობა კავკასიაში გაბატონებისა. იგი ცდილობს მოსპოს სომხური სამეფო-სამთავროები, რის შემდეგაც ჯერი აფხაზთა და ქართველთა სამეფოზე მოდის. ბიზანტიიდან ლიპარიტთან ერთად გზავნიან იქ გახიზნულ ბაგრატის ნახევარძმა დემეტრეს ქუთაისში გასამეფებლად. ლიპარიტის მხარეს დგანან კახეთ-ჰერეთი, ტაძირ-ძორაგეთი და არაერთი ქართველი დიდაზნაური. ასეთ კოალიციას კი ერთი ქართველი დიდაზნაური ვერ შეკრებდა მეფის წინააღმდეგ, ეს რომ ბიზანტიის მართული პროცესი არ იყოს.
ბაგრატი დამარცხდა, დასავლეთ საქართველოს გარდა ყველა სამფლობელო დაკარგა და იძულებული გახდა კონსტანტინოპოლში წასულიყო და იმპერატორისთვის ქედი მოეხარა. ასე რომ ბიზანტიამ კვლავ გაიმარჯვა.
ბიზანტიელთა მიერ საქართველოს წვალება დასრულდა თურქ-სელჩუკთა დაპყრობების შედეგად, რომელთაც მცირე აზიის დიდი ნაწილი წაართვეს მათ. ამიერიდან იმპერიას აღარ ჰქონდა სერიოზული შესაძლებლობა საქართველოს პროცესებზე გავლენა მოეხდინა, თუმცა-კი გიორგი მეორე და დავით აღმაშენებელი მეფობის საწყისში კვლავ იმპერატორის საკარისკაცო ტიტულებს ატარებდნენ. დავითმა შემდეგ გადაიგდო ბიზანტიური ტიტული და დაუწყო იმპერატორებს კონკურენცია ქრისტიანულ სამყაროში პირველი მმართველის ტიტულისთვის. ბიზანტიისთვის საპასუხო სილის გაწვნის გამოხატულება იყო 1204 წლის აქტი, როდესაც ქართულმა ჯარმა ტრაპიზონის იმპერიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
1453 წელს ბიზანტიამ არსებობა შეწყვიტა და მის მემკვიდრედ თავი მოსკოვიამ გამოაცხადა. უცხოელი დამპყრობლებისა და შიდაომებით დასუსტებული საქართველო ამიერიდან მასში, როგორც ერთმორწმუნეში ეძებს მოკავშირეს, რაც ყოველ ჯერზე იმედგაცრუებით სრულდება. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ბიზანტიის მსგავსად, მიეცა რა შანსი მოსკოვიას, საქართველოში მეფობა მოსპეს, ქვეყანა დაიპყრეს და მოსახლეობის გარუსება დაიწყეს...
Комментариев нет:
Отправить комментарий