суббота, 2 декабря 2023 г.

„მოხსენება“ - ძველ შუამდინარეთსა და ხეთების სამეფოში მმართველობის ფორმები (თიკო ონიანი)

    მოგესალმებით! ბატონო რექტორო, კომისიის წევრებო და მსმენელებო. მე ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კურსის მაგისტრი, თიკო ონიანი. ჩემი მიზანია მოვიპოვო ისტორიის მაგისტრის ხარისხი. ეს თემა იმიტომ ავირჩიე, რომ დაინტერესებული ვარ, თუ როგორ ყალიბდებოდა მმართველობა და ძალაუფლება უძველეს ცივილიზაციებში. დღეს მოხსენებას წავიკითხავ ძველ შუამდინარეთისა და ხეთების სამეფოში არსებულ მმართველობის ფორმების შესახებ. 
    პირველ რიგში გაგაცნობთ ჩემი მოხსენების გეგმას :
    1. მართველობის ფორმები შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებში
    2. ძალაუფლების დემონსტრაცია აქადის სამეფოში.
    3. ბაბილონის ძველი სამეფო.
    4. ძალაუფლების ფორმები ხეთების სამეფოში.

1. მართველობის ფორმები შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებში
    სანამ უშუალოდ ჩვენს ძირითად თემას მიმოვილიხავ, ზოგადად შევეხები შუამდინარეთის მდებარეობასა და შუმერების მიღწევებს.
    ძველი შუამდინარეთი მდებარეობდა (ძვ. ბურანუნი) და ტიგროსს (ძვ. იდიგნა) ირგვლივ. ბერძნებმა მას მესოპოტამია უწოდეს. შუამდინარეთში ყოფა ცხოვრება დამოკიდებული იყო მდინარის ადიდებაზე, მათ მოტანილ წყალსა და შლამზე. აქ არსებულ ნაყოფიერ მიწებზე, დაიწყო მიწათმოქმედების, მეცხოველეობის, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარება.
   ამ ტერიტოირიაზე უძველესი ცივილიზაცია შექმნა შუმერებმა ძველი წელთაღრიცხვით IV ათასწლეულში (ასე ამ ხალხს აქადელებმა შეარქვეს, თავიანთ ქვეყანას კი ისინი ქიენგის უწოდებდნენ). შუმერებს ჰქონდათ დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოები: ური, ურუქი, ერიდუ, ლარსა, ლაგაში და სხვა. რელიგიური ცენტრი იყო ქალაქი ნიფური. მათ გამოიგონეს ბორბალი, ეტლი, ლურსმნული დამწერლობა, შექმნეს უძველესი სკოლები.



    შუმერების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა რელიგია. აქ მრავალღმერთიანობა იყო:
ანუ – ცისა და სამოთხის ღმერთი
ენქი – ოკეანის, სიბრძნის და ღვთაებრივი ძალების ღმერთი
ენლილი – ჰაერის ღმერთი
ინანა – სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი
ქი – დედამიწის ქალღმერთი
სინი – მთვარის ღმერთი
ნინგალი – ნანას ცოლი.
ნინლილი – ჰაერის ქალღმერთი და ენლილის ცოლი.
ნინურთა – ომის, სოფლის მეურნეობისა და ქარის ღმერთი
უტუ – მზის ღმერთი
ენლილი – ჰაერის მეუფე და ადამიანთა და ღმერთთა მეფე, ნიპურის მთავარი ღმერთი;
ენქი – მიწისქვეშა წყლების და მსოფლიო ოკეანის მეუფე, ერედუს მთავარი ღმერთი;
ინანა – სიყვარულის და ომის ქალღმერთი - ურუქის ღვთაება;
ნანნა – მთვარის ღმერთი, ქალაქ ურის მთავარი ღმერთი;
ნინგირსუ – ღმერთი-მეომარი - თაყვანს სცემდნენ ლაგაშში;


    ძვირფასო მსმენელებო ახლა გესაუბრებით შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებში მმართველობის ფორმების შესახებ. 
    შუმერული ქალაქები ბუნებრივ ბორცვებზე იყო განლაგებული და ხელოვნურად აშენებული კედლებით იყო დაცული. ყოველ ქალაქს საკუთარი მმართველი და მფარველი ძალა ჰყავდა. მაგალითად ქ. ერიდუს სიბრძნის ღვთაება ენქი მფარველობდა, ნიპურს – ენლილი, ლაგაშს – ნინ-გირსუ და ა.შ.
    ამ პერიოდში ჯერ არ არსებობდა სამეფო რეზიდენცია და ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა ბორცვზე მდგარი დიდი ტაძარი (ზიკურათი, შუმერულად ნიშნავს სიმაღლეს), რომელსაც გარშემო სხვადასხვა დანიშნულების ადმინისტრაციული შენობა ერტყა. აქ მეფე რელიგიურ რიტუალებს ასრულებდა და მოსახლეობას ხვდებოდა. ტაძრის უზარმაზარი ზომები, ბრწყინვალება და სიმდიდრე მას ქალაქის სხვა შენობებისგან გამოყოფდა.



    შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებში ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და ძვ.წ. III ათასწლეულის I ნახევარში მოსახლეობა ჯერ კიდევ თემებად დაყოფილი ცხოვრობდა. მართველობის პოლიტიკურ ორგანოებს წარმოადგენდა მამაკაცთა სახალხო კრება, ძირითად საკითხებს განიხილავდა „უხუცესთა საბჭო”, რომელიც ირჩევდა ქალაქ-სახელმწიფოს მართველს. 
    შუმერული ქალაქ-სახელმწიფოებში მართველობის სამი ტიპი იყო: მეფე (ლუგალი = დიდი კაცი), მთავარი ქურუმი (ენი, სანგა) ან „ღვთაების ქონების“ ანუ ქვეყნის ტაძრებისა მეურნეობის მმართველი (ენსი = ტაძრის საძირკვლის ჩამყრელი). მათ მოვალეობაში შედიოდა საზოგადოების ერთიანობა და შრომისა და ანგარიშსწორების გადანაწილება. ქალაქ-სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო სამი ძირითადი ასპექტი ადმინისტრაციული, სამხედრო თავდაცვა, რელიგიური. მმართველი ადმინისტრაცია ზრუნავდა ქალაქ-სახელმწიფოს ეკონომიკაზე, სოფლების მიერ ქალაქის სურსათით მომარაგებაზე, საჭირო ნედლეულის მოპოვებაზე, განსაზღვრავდა მცხოვრებთა შორის ქონების განაწილებას, მართავდა სახელმწიფოს მიწებს, იწვევდა მშენებლებს არხების, ტაძრებისა და გალავნების ასაშენებლად. ქვეყნის შიდა ერთიანობისა და გარე თავდასხმებისგან ქალაქში დაგროვებული სიმდიდრის დასაცავად შეიქმნა ჯარი, რომელიც როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნითაც იცავდა წესრიგს.


    თემის წევრებს ჰქონდათ პირადი საკუთრებაც, ოღონდ არსებობდა აგრეთვე საერთო სათემო მიწებიც, რომელსაც ერთობლივად ამუშავებდნენ. ერთობლივად მუშაობდა თემი აგრეთვე სარხების გაყვანა-მოწესრიგებისას. საერთო ჰქონდა თემს საძოვრებიც.
    თითოეული მეთემე ვალდებული იყო გადაეხადა გადასახადი, მონაწილეობა მიეღო ლაშქრობაში და სათემო სამუშაოებში და ყოველთვიური ანაზღაურების გადახდით ემუშავა აგრეთვე სახელმწიფო მეურნეობაში. ძვ.წ. III ათასწლეულის ძვ.წ. II ნახევრიდან თემებში დაიწყო ქონებრივი დიფერენციაცია, რასაც მათი თანდათანობითი დაშლა მოჰყვა.
    შუმერი მმართველები ქვეყანას ღმერთების სახელით მართავდნენ და ყველაფერს მას მიაწერდნენ. ამის დამადასტურებლად რამდენიმე ამონარიდს მოვიტან შუმერული ტექსტებიდან:
    მეფე შულგის ჰიმნი
    „მე, მეფე, დაბადებიდან გმირი ვარ, მე – შულგი, დაბადებიდან ძლევამოსილი კაცი, მრისხანე ლომი ვარ!
    გველეშაპის მიერ შობილი ვარ, ოთხივე მხარის მეფე, მწყემსი, მწყემსი შავთავიანთა
    მე ვარ კეთილშობილი, ღვთაება ყველა მიწისა, ნინსუნისგან შობილი, წმინდა ანის გულის     რჩეული, კაცი, რომლის ბედიც ენლილმა დააწესა!
    მე ვარ შულგი, ნინლილის საყვარელი, მე ვარ ის, ვინც ნინთუმ დააფასა!, ის ვარ ვინც ენქიმ სიბრძნით დააჯილდოვა! ნანას ძლევამოსილი მეფე ვარ, უთუს ღრიალა ლომი ვარ!
    მე ვარ შულგი, რომელიც ნებაყოფილობით აირჩია ინანამ!
    ლაგაშის ენსის გუდეას მიერ ნინგირსუს ტაძრის აშენება (ამონარიდი)
    „ელამიდან მოვიდნენ ელამელები, სუზადან – სუზელები; მაგანისა და მელუხას ხალხმა შეაგროვა ხეტყე თავიანთ მთებში და გუდეამ ყველაფერი ჩამოიტანა თავის ქალაქ გირსუში – ნინგირსუს ტაძრის ასაგებად.
    მას შემდეგ, რაც ღვთაება ნინსაგამ ბრძანა, სპილენძი მიართვეს ტაძრის მშენებელ გუდეას... მას შემდეგ, რაც ღვთაება ნინსიქილმა ბრძანა, მმართველს, ტაძრის მაშენებელს მოუტანეს ტირიპის დიდი მორები...“

    შუმერულ ქალაქებში საწარმოო მეურნეობას განაგებდა ნუბანდა. მას ევალებოდა ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების შედგენაც. ასეთ ანგარიშებში ჩამოთვლილია სამუშაო, დასაქმებულთა ოდენობა და სოციალური შემადგენლობა. აგრეთვე მითითებულია თუ რა სახისა და რაოდენობის მარცვალი, ზეთი ან მატყლი გაიცა მუშახელზე. ასეთ საბუთებს ნუბანდას ზედამხედველობით მდივან მწერლები აწარმოებდნენ, რომელსაც აღმწერთა რაზმები ექვემდებარებოდნენ.
იმ ქალაქებში, რომელთაც მეფე ან მეურნეობის მმართველი მართავდა, მთავარი ქურუმები მაინც დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ქალაქში ტაძარში იყო ცენტრალური ეზო და ორი გვერდითი ეზო. ცენტრალურ ეზოში განთავსებული იყო ღვთაების გამოსახულება, საკურთხეველი და მსხვერპლშეწირვის მაგიდა. ტაძრის საკულტო საქმიანობას განაგებდა უფროსი ქურუმი, რომელსაც სანგა ეწოდებოდა. იგი ხელმძღვანელობდა აგრეთვე სატაძრო მეურნეობას, რომელიც საკმაოდ რთულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ტაძრის განკარგულებაში მოძრავ ქონებასთან ერთად დიდი რაოდენობის მიწები შედიოდა. მათ ნაწილს ტაძარი თავისი დაქვემდებარებული მოსახლეობით ამუშავებდა, ნაწილს კი დროებით გასცემდა რაიმე საქმეში საპასუხო მხარდაჭერის მისაღებად ან იჯარით 1/3 შემოსავლის მიღების პირობით.

მსგავსი ორგანიზაცია და სამუშაოთა წარმოების ასეთი წესი ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევრამდე არსებობდა, ვიდრე აქადისა და ურის მესამე დინასტიის ძლიერმა მეფეებმა სატაძრო და სახელმწიფო მეურნეობები ერთ მთლიანი სამეურნეო ორგანიზმად არ გააერთიანეს და ეკლესიებიც დაიქვემდებარეს. ასეთი მეურნეობები უკვე სრულად მეფეს ექვემდებარებოდა და მასში ძირითადად თავისუფალი მუშახელი მუშაობდა სავალდებულო ბეგარის ანდა თვიური ანაზღაურების წესით, თუმცა მცირე რაოდენობით იყენებდნენ ბრძოლებით მოპოვებული მონების შრომასაც.

ძალაუფლების დემონტსტრაცია აქადის სამეფოში.
    ამჯერად აქადის სამეფოზე მოგახსენებთ:
    მესამე ათასწლეულში შუა მდინარეთში ჩამოსახლდნენ სემიტები, რომლებმაც შეითვისეს შუმერების მიღწევები, დააარსეს ქალაქები აქადი, ბაბილონი, ასური და დროთა განმავლობაში მათ ასიმილაცია გაუკეთეს.
    ძვ. წ. XXIV-XXIII ს-ში აქადის სამეფოში სარგონი (შარრუქინ = „ნამდვილი მეფე“) მეფობდა. მან შეძლო 5400 კაციანი ძლიერი არმიის შექმნა, რომლის წყალობით ჯერ სემიტური ქალაქები დაიქვემდებარა, შემდეგ სამხრეთით შუმერული ქალაქების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაიპყრო და სპარსეთის ყურემდე მიაღწია. შუამდინარეთი ამიერიდან ორი საუკუნის მანძილზე ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში სემიტური წარმოშობის აქადური დინასტია ედგა. დაიწყო შუმერების თანდათანობით ასიმილაციის პროცესი. ერთი პერიოდი შუმერული რჩება მწერლობისა და მეცნიერების ენად, მის გვერდით დგება აქადური, რომლის ცალკეულ დიალექტებზე ლაპარაკობდნენ ბაბილონელები, ასურელები და შუამდინარეთის სხვა ხალხები. აქედან მოყოლებული 2000 წლის მანძილზე აქადური საერთაშორისო ენის სტატუსს იძენს და დიდ სამეფოებს შორის მიმოწერა სწორედ ამ ენაზე წარმოებდა.
    სარგონმა შეცვალა თემური ქალაქ-სახელმწიფოების წყობა და ჩამოაყალიბა ერთიანი სახელმწიფო. ამ პროცესს მისი მემკვიდრეებიც აგრძელებდნენ. ისინი აიძულებდნენ თემებს მიეყიდათ მეფისთვის მიწები მინიმალურ ფასად. სარგონის მემკვიდრეებიც აგრძელებდნენ დამპყრობლურ ომებს. მისმა ძმისშვილმა მეფე ნარამ-სუენმა (ძვ.წ. 2236 - ძვ.წ. 2200) დაასრულდა სარგონის მიერ დაწყებული სახელმწიფო რეფორმები და მან აიღო სამყაროს ოთხი მხარის მეფის ტიტული. იგი პირველი იყო, ვინც ცხოვრებაში და არა საკვდილის შემდეგ საკუთარი თავი ღვთაებრივად გამოაცხადა.



    აქადის მეფეები შუმერებივით თავს ღმერთების რჩეულებად მიიჩნევდნენ. ამ დროს შემოვიდა ძალაუფლების ახალი, ვიზუალური დემონსტრირების ფორმები.
    სარგონის წარწერა ნიფურიდან
    „სარგონი, აქადის მეფე – ინანას ზედამხედველი!
    ქიშის მეფე – ანუსგან დანიშნული!
    ქვეყნიერების მეფე – ენლილის გამგებელი!
    მან დაამარცხა ურუქი და დაანგრია მისი კედლები, ურუქის ბრძოლაში მან გაიმარჯვა, ბრძოლისას შეიპყრო ურუქის მეფე ლუგაზალგესი და მიიყვანა ენლილის კარიბჭისკენ.
    სარგონი აქადის მეფე!
    ურუქთან ბრძოლაში მან გაიმარჯვა, დაამარცხა ქალაქი და გაანადგურა მისი გალავანი...    დაიპყრო მისი მიწა ლაგაშიდან ზღვამდე და იარაღი ზეცაში გაწმინდა. შეებრძოლა უმას,     დაამარცხა ქალაქი და გაანადგურა მისი გალავანი.
    სარგონი, ქვეყნიერების მეფე!
    ენლილმა მას მეტი მეტოქე არ მისცა, მისცა მას ზემო და ქვემო ზღვა; ქვემო ზღვიდან აქადის ძეებს მმართველობა ეპყრათ...
    სარგონი, ქვეყნიერების მეფე!
    მან აღადგინა ქიში და შეუშვა მისი მოსახლეობა ქალაქში.
    ვინც ამ წარწერას დააზიანებს, შამაშმა ფესვები და თესლი გაუნადგუროს“.
    
    ძალაუფლების სასტიკ დემონსტრირებას წარმოადგენს ნარამ სუენის სტელა, რომელიც ზაგროსის მთების ხალხ ლულუბეელებზე გამარჯვებას აღნიშნავს. სტელაზე ნარამ სუენი დგას ლულუბეელების გვამებზე. ლულუბეელთა მეფე სატუნი მარჯვნივ დგას და ეხვეწება დაინდოს იგი, ხოლო მისი არმია განადგურებულია და გარბის.
    აქადის იმპერიაში ხშირი იყო აჯანყებები. განსაკუთრებული სიძულვილი იყო აქადელთა მიმართ შუმერებში, რადგან აქადელებმა წმინდა ქალაქ ნიპურში დაანგრიეს მთავარი ღვთაება ენლილის ტაძარი. ძვ.წ. XXII საუკუნეში გუთიების შემოსევების შედეგად აქადის სამეფო დაეცა.

3. ბაბილონის ძველი სამეფო
    ძვ. წ. II ათასწლეულიდან შუამდინარეთში პირველობას იპოვებს ბაბილონი (ბაბილი – აქადურად „ღვთის ჭიშკარი“), რომელსაც პერიოდულად ექიშპება აშური. ბაბილონი. ბაბილონი  ვაჭრობისთვის ძალზე მოსახერხებელ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, მდინარე ევფრატის ნაპირებზე აღმოცენდა. ჯერ იგი აქადის მეფეს ექვემდებარებოდა, შემდეგ კი ურის. XIX ს-ში ქალაქი სემიტური წარმოშობის ამორეველებმა დაიპყრეს და თავიანთი სამეფოს ცენტრად აქციეს.
    ამორეველთა დინასტიის ბაბილონი განსაკუთრებულად გაძლიერდა ძვ.წ. XVIII ს-ში ხამურაბის მეფობის (1792-1750) დროს. მან მოქნილი დიპლომატიითა და სამხედრო წარმატებებით მოახერხა პატარა ქალაქ-სახელმწიფოები დაეპყრო და ხელთ იგდო იმ დროისათვის შუამდინარეთზე გამავალი მთავარი სავაჭრო გზები. ხამურაბმა თავის სამეფოში მრავალი რეფორმა ჩაატარა. შედეგად ბაბილონი მესოპოტამიის სავაჭრო, რელიგიურ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. ბაბილონმა შეითვისა შუმერულ-აქადური კულტურა, ქალაქის მფარველი ღვთაება მარდუქი მესოპოტამიის წამყვან კულტად ჩამოყალიბდა.



    ხამურაბი მსოფლიო ისტორიაში იგი შევიდა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი კანონმდებელი. მან შექმნა 282 მუხლისაგან შემდგარი კანონთა კრებული. შუამდინარეთში და ზოგადად ძველ სამყაროში დიდ პრობლემას წარმოადგენდა სავალო კაბალა. ღარიბი მეთემე თუ მოქალაქე მოუსავლიანობის ან რამე სხვა მიზეზის გამო იძულებული იყო მდიდარი მეზობლისაგან აეღო სესხი, ხოლო მისი დროულად ვერგადახდის შემთხვევაში ის ჯერ მიწას კარგავდა, შემდეგ კი პირად თავისუფლებასაც. სახელმწიფო არ იყო დაინტერესებული თავისუფალი მესაკუთრეების რიცხვის შემცირებით, რადგან ამით გადასახადის გადამხდელთა და ჯარისკაცთა რიცხვიც მცირდებოდა. მეორე მხრივ, კრედიტორის (მევალის) უფლებაც, მიეღო უკან თავისი კუთვნილი, არ უნდა შელახულიყო. შუამდინარულ კანონებში ვხედავთ ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიების თანმიმდევრულ მცდელობებს, რომლებიც ხამურაბის კანონებში დასრულდა ვალის გადახდის პირობების დაზუსტებით და ვერგადამხდელისათვის სამწლიანი „მონობით“, იძულებითი მუშაობით კრედიტორის მეურნეობაში.
    ხამურაბის სიკვდილის შემდეგ ბაბილონის სამეფო დასუსტდა. ძვ. წ. XVI ს-ში ქალაქი ჯერ ხეთებმა დაარბიეს (რასაც ხამურაბის დინასტიის შეწყვეტა მოჰყვა), შემდეგ კი კასიტებმა დაიპყრეს და თავიანთი სამეფოს ცენტრად აქციეს, რომელიც სამხრეთ შუამდინარეთს მოიცავდა. აქედან მოყოლებული ამ მხარეს შუმერისა და აქადის ნაცვლად ბაბილონის მხარე ეწოდა.
    ბაბილონის ძველ სამეფოში, ისევე როგორც აქადში მეფეები ერთპიროვნულად მართავდნენ ქვეყანას და თავიანთ ძალაუფლებას ღმერთებს მიაწერდნენ. ამიტომ, როდესაც ხამურაბმა შექმნა კანონები, არავის რომ არ გაეპროტესტებინა მისი დაცვის აუცილებლობა, ისინიც ღმერთებს დააბრალა. ხამურაბის კანონების შესავალ ტექსტში ვკითხულობთ.
    „ღმერთებმა ანუმ და ბელმა სახელით მომიხმეს მე, ხამურაბი, ღვთისმოშიში, ამაღლებული უფლისწული, რათა ქვეყნისთვის მომეტანა ჭეშმარიტების მმართველობა. მე, ხამურაბი, მეფე სამართლიანობისა, რომელსაც შამაშმა სიმართლე უბოძა! ჩემს სიტყვასა და საქმეს არა ჰყავს სწორი! მხოლოდ უგნურთათვის არის ის არაფრის მთქმელი, ხოლო ბრძენთათვის კი დასაცავია... დაე, იმას, ვინც პატივით არ მოეკიდება სტელაზე ამოკვეთილ ჩემს გადაწყვეტილებებს, არ შეეშინდება ღმერთების რისხვისა და უარყოფს ჩემ მიერ დადგენილ კანონებს, დაამახინჯებს ჩემს სიტყვებს, შეცვლის ჩემს ბრძანებებს... იქნება ეს მეფე, მმართველი, თუ ნებისმიერი, სახელის მქონე ადამიანი, – ღმერთების მეფე, რომელმაც მე ხელისუფლება მიბოძა... დაწყევლის მის ბედს“.
  ამ ტექსტს ადასტურებს კანონების სტელაზე ზემოთ ნაჩვენები ამოკვეთილი ილუსტრაცია, სადაც ჩანს რომ ღმერთი შამაში აძლევს ხამურაბს კანონებს.

4. მართველობის სისტემა და ძალაუფლების ფორმები ხეთების სამეფოში
    ძვირფასო კომისიავ, იმედია სიტყვა ძალიან არ გამიგრძელდა. ამჯერად ვეცდები მოკლედ წარმოგიდგინოთ ხეთების სამეფო და მართველობის სისტემა ამ სამეფოში.
    ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ცენტრალურ მცირე აზიაში მოსულმა ინდოევროპულმა ტომებმა აითვისეს აქ დამხდური ხათების ცივილიზაციის მიღწევები და შექმნეს ათამდე ქალაქ-სახელმწიფო. მათ მართავენ მეფეები (რუბაუმ) ან დედოფლები (რუბათუმ). სამეფო კარზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დიდებულები (რაბიუთუმ). ესენი იყვნენ სამეფოს თანამდებობის პირები, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევდა. მათ შორის აღსანიშნავია თანამდებობა კიბის მოძღვარი (რაბი სიმმილთიმ), რომელიც ქალაქ-სახელმწიფოში მეფე-მოსამართლის მოადგილის ფუნქციას ასრულებდა. ზოგჯერ იგი მეფეც ხდებოდა.




    მოგვიანებით ინდოევროპელებმა ხათების ქვეყანა დაიპყრეს და მათი სახელიც მიითვისეს. ამ ქვეყანას მეცნიერები ხეთების სახელით მოიხსენიებენ. ხეთების ქალაქ-სახელმწიფოებიდან XIX საუკუნეში წინაურდება ჯერ ქანესა, XVIII საუკუნიდან კი ქუსარა, რომლის მეფე ანითა ჯერ იპყრობს ქანესს, შემდეგ ხათების მეფეს წაართვა და მიწასთან გაასწორა ხათუსა; უბრძოლველად დაიკავა ბურუშხანდა. ამის შემდეგ მან თავს „დიდი მეფე“ უწოდა და ტახტი ქანესში გადაიტანა.
  ანითას შემდეგ, სავარაუდოდ ხურიტების შემოსევების შედეგად მოისპო ასურული სავაჭრო ფაქტორიები, გადაიკეტა აღმოსავლეთისა და სამხრეთ აღმოსავლეთით მიმავალი სავაჭრო გზები, შეწყდა კალის ექსპორტი და შედეგად ქუსარას სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ხეთებში ერთსაუკუნოვანი ბნელი ხანა დაიწყო.
    ქალაქ-სახელმწიფოებისა და ძველი სამეფოს პერიოდში მეფის ხელისუფლება შეზღუდული იყო სახალხო კრების მიერ, რომელსაც დიდი ფუნქციები ეკისრა. თავდაპირველად იგი აერთიანებდა ყველა მამაკაცს, ვისაც კი იარაღის ტარება შეეძლო. შემდგომში სახალხო კრების წევრთა რაოდენობა შეიზღუდა და იქ მხოლდო დიდგვაროვნები (მეფესთან დაახლოებული მსხვილმიწათმფლობელი ოჯახების წარმომადგენლები) დარჩნენ. პირველ ხანებში მხოლოდ სახალხო კრებას შეეძლო დაენიშნა სამეფო ტახტის მემკვიდრე, განეგო სასამართლო თუ სხვა საქმეები. შემდგომსი ეს უფლებები თანდათან მეფემ მიიტაცა და სახალხო კრება სულ უფრო და უფრო კარგავდა ფუნქციებს მეფის სასარგებლოდ.
    ხეთების ერთიანი სამეფოს დამაარსებლად მიჩნეულია ლაბარნა, რომელიც XVII საუკუნის I ნახევარში ქალაქ ქუსარაში მეფობდა. მან დაიმორჩილა მეზობელი ქალაქები, სადაც მმართველებად საკუთარი ძეები დანიშნა. ხეთების პირველი მეფის საკუთარი სახელი შემდგომ მეფის ტიტულად იქცა. მას ხეთების ყოველი ცოცხალი მონარქი ატარებდა – იგი ლეგენდარული ლაბარნას განხორციელებად ითვლებოდა. როცა ლაბარნა I-ის პატარა ქვეყანა მთელ დასავლეთ აზიაში ძლიერ სახელმწიფოდ, მერე კი იმპერიად იქცა, დედაქალაქი მისმა მემკვიდრე ლაბარნა II-მ სატახტო ქუსარადან ძველ ქალაქ ხათუსაში გადაიტანა და სახელად ხათუსილი (ანუ ქალაქ ხათუსადან) უწოდეს. აქედანვე მიიღო ქვეყანამ ხათის (ხეთის) სახელწოდება. ლაბარნას მომდევნო მეფეები განაგრძობდნენ თავიანთი წინამორბედის დაწყებულ საქმეს – ქვეყნების დაპყრობასა და სახელმწიფოს საზღვრების გაფართოებას.
    ხეთური ტექსტები გვამცნობენ: „ლაბარნას, დიდი მეფის, დროს მისი შვილები, მისი ძმები, მისი მოყვასები, მისი თვისტომები და მისი ლაშქარი გაერთიანებულნი იყვნენ; ქვეყანა პატარა იყო. მაგრამ საითაც კი [ლაბარნა] სალაშქროდ წავიდოდა, მტრის ქვეყანას ძლიერი ხელით ამარცხებდა, მტრის ქვეყნებს ანადგურებდა... ხოლო როცა ბრუნდებოდა, მის შვილთაგან თითოეული რომელიმე [დაპყრობილ] ქვეყანაში რჩებოდა – ხუფისნაში ან ლუსნაში – და ისინი ამ ქვეყნებს განაგებდნენ. დიდ-დიდი ქალაქები ასევე მას მორჩილებდნენ“.
    ხეთების მეფეები XVII საუკუნეშივე იწყებენ სირია-შუამდინარეთისკენ ლაშქრობებს, აქაური მდიდარი მხარეების დასაპყრობად და აქეთ მიმავალი სავაჭრო გზების გაასაკონტროლებლად, რასაც აღწევენ კიდეც. 1595 წელს მეფე მურსილი I-მა ბაბილონი აიღო და მიწასთან გაასწორა, რასაც ხამურაბის (ბაბილონის II) დინასტიის დამხობა მოჰყვა.
    ხეთებმა ხათებისგან რკინის დამუშავების ტექნოლოგია აითვისეს. ისინი ძვ.წ. XIV ს-დან ამზადებდნენ რკინის იარაღებს. ცნობილია ასურეთის მეფის წერილი (ძვ. წ. XIII ს.) ხეთების მეფისადმი, რომელშიც ის მას რკინის სატევარს სთხოვს. ასეთი იარაღი ბრინჯაოს ხანაში ძალზე იშვიათი იყო და ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა. ხეთებმა მომთაბარე არიელი ტომებისგან ისწავლეს სამგზავრო და საომარი ეტლების დამზადების ტექნიკა, ბერძნებმა კი ეტლები ხეთებისგან გაიცნეს.
    ძვ.წ. XVI ს-დან ხეთების მეფე ლაშქრის მხედართმთავარი, უმაღლესი მოსამართლე და მთავარი ქურუმიც იყო. ის განაგებდა უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობას. მეფე ზაფხულს ლაშქრობაში, სამხედრო ბანაკებში ატარებდა და მხოლოდ ზამთრობით ბრუნდებოდა დედაქალაქში. ამ დროს იგი მთავარი ქურუმის მოვალეობასაც ასრულებდა, მოგზაურობდა ქვეყანაში და სხვადასხვა  რელიგიურ ცენტრს მოინახულებდა ხოლმე. მეფეს პირადად უნდა მიეღო მონაწილეობა მთავარ რელიგიურ ცერემონიებში. დედოფალი ხეთების ქვეყანაში დამოუკიდებელი ფიგურა იყო. ის ხშირად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში, ჰქონდა საკუთარი ბეჭედი და მიწერ-მოწერას აწარმოებდა სხვა ქვეყნების მეფეებსა და დედოფლებთან. სწორედ დედოფალი მართავდა ქვეყანას და ქურუმობდა, ვიდრე მეფე ლაშქრობდა.
    ადრეული ხანიდან ხეთებში სამეფო ტახტის გადაცემის ასეთი წესი არსებობდა: მეფეს შეეძლო მხოლოდ კანდიდატურა დაესახელებინა, ხოლო სახალხო კრებას ის ან უნდა დაემტკიცებინა ანდა უარეყო. კანდიდატის შერჩევა კი ზალიან ძნელი იყო, რადგან ეფის მემკვიდრედ თანაბრად ითვლებოდნენ: მეფის ძე, შვილიშვილი, დისწული, დისქმარი, ქალიშვილის ქმარი. ეს წესი იწვევდა ხშირ დაპირისპირებებსა და მკვლელობებს სამეფო ოჯახში და ძალაუფლების უზურპაციას.
    ძვ.წ. XVI საუკუნეში მეფე თელიფინუმ შეცვალა მემკვიდრეობის წესი, რომლითაც ტახტს მხოლოდ მეფის ვაჟები მიირებდნენ და თუ ისინი არ იქნებოდნენ, მხოლოდ ამის შემდეფ მეფის ასულის ქმარი: „დაე, მეფე მხოლოდ პირველი რანგის უფლისწული გახდეს. თუ პირველი რანგის უფლისწული არ არის, მაშინ მეორე რანგის უფლისწული, დაე, მეფე გახდეს. მაგრამ თუ არ არის უფლისწული, არც მამრი ნაშიერი, მაშინ პირველი რანგის ქალიშვილისთვის ზედსიძე მოიყვანონ და ის გამეფდეს“.
    XV-XIV საუკუნეებში ხეთების მეფეები ლამის მთელს მცირე აზიაში გაბატონდნენ და სამხრეთ აღმოსავლეთით მითანი, ჰაიასა და სირიის ნაწილიც დაიქვემდებარეს. ხეთების სამეფო სრულად ერთიან ქვეყანას არ წარმოადგენდა. უშუალოდ მეფესა და დედოფალს დამორჩილებულ ქალაქებსა და ოლქებს გარდა, არსებობდნენ წვრილი ნახევრად დამოუკიდებელი სამთავროები, მსხვილ სახელმწიფო მოხელეთათვის სამართავად გადაცემული რაიონები. ყოველივე ამის გამო, მკაცრად ცენტრალიზებული სამეფო ხეთებს არც ჰქონიათ. სწორედ ამ გარემოებამ უარყოფითი (შეიძლება ითქვას, დამღუპველი) გავლენა იქონია ხეთების სახელმწიფოზე მისი არსებობის ყველაზე კრიტიკულ მომენტში – „ზღვის ხალხების“ შემოსევის დროს, მრისხანე მტრის წინააღმდეგ ხეთების სახელმწიფო არ აღმოჩნდა ერთ ძლიერ ძალად შეკრული. იგი ისე სწრაფად დაიშალა, თითქოს არც არსებობდა.
    ხეთების ცხოვრებაზეც უდიდეს გავლენას ახდენდა რელიგია. ხეთებს ძალიან მრავალფეროვანი ღვთაებები ჰყავდათ, რაც მათი ხასიათიდან იყო გამომდინარე. ხეთებმა საკუთარის გარდა, თავიანთ ღმერთებად გამოაცხადეს შუამდინარული ხალხების, ხურიტებისა და ხათების ღვთაებები, რის გამოც მეცნიერებმა ამ ქვეყანას „ათასი ღვთაების ქვეყანა“ უწოდეს. ხეთი მეფეები თავიანთ ყოველ საქმეს ღმერთების დავალებად აცხადებდნენ, რისი მაგალითების უამრავი გვაქვს ხეთურ ტექსტებში:
მეფე არნუვანდა I-ს  (XIV ს.) ხელშეკრულება ისმირიქასთან
1-5: ასე (ამბობს) არნუვანდა, დიდი მეფე, მეფე ხათის ქვეყნისა: ისმირიქას ხალხნო! ამ სიტყვ(ებ)ით მოგმართავთ!
ღმერთების წინაშე ვფიცავ! . . . მეფის, დედოფლის, უფლისწულების, და ხათის ქვეყნის (წინაშე)! შეხედეთ, ათასი ღვთაება . . . მოწმედ . . . !
6-11: მზის ღმერთი, ამინდის ღვთაება, ქალაქ არინას მზის ქალღმერთი, . . . ამინდის ღვთაება, ღვთაება ზაბაბა, ღვთაება . . . ქალაქ ხალაფის ამინდის ღვთაება, ღვთაება . . . ქალაქ ანქუვას ღვთაება ქათახას (ამინდის ღვთაება)
ქალაქ ხალაფის ამინდის ღვთაება, თეშუბი, ღვთაება ხეფათი . . . ცისა და მიწის ღვთაებები . . .
12-18: მეფის, დედოფლის, უფლისწულების . . . ღვთაებრივი სამართლიანობის ერთგულნი, თავად . . . ცუდი არავინ არ უნდა ჩაიდინოს, (მაგრამ თუკი ვინმე მაინც) . . . ცუდს ჩაიდენს, ამ ღვთაებრივი ფიცით (დაისაჯოს) . . . ერთიანად, (მისი) სახლ-კარი, (სახნავ-სათესი) მინდვრები, ბაღ-ვენახები . . . მისი სახელი და მისი თესლი (შთამომავლობა) . . . განადგურდეს!
19-22: . . . მაგრამ, მეფის, დედოფლის (და) უფლისწულების . . . მათ წინააღმდეგ (ბოროტება) . . . არავინ არ უნდა დაგეგმოს (გაუტეხოს სახელი, მაგრამ თუ ვინმე ცუდს ჩაიდენს მათ წინააღმდეგ), დაე, (ისინი) ცოლ-შვილიანად განადგურდნენ! ...

დასკვნები
1. ძველ ხალხებში რელიგირური რწმენა-წარმოდგენები დიდი გავლენით სარგებლობდა, რის გამოც ქურუმებს დიდი ძალაუფლება და ქონება ჰქონდათ.
2. პირველ ხანებში მმართველებიც ქურუმები იყვნენ და ზოგჯერ მეფეები პირველ ხანებში ამავე დროს ქურუმების იყვნენ და ზოგჯერ ბოლომდე ასე რჩებოდა.
3. ბრინჯაოს ხანაში, მეტალურგიის განვითარების შედეგად, გროვდებოდა სიმდიდრე საზოგადოებაში, რაც იწვევდა თემური წყობილების რღვევას, ქონებრივ დაყოფას და ძველი სისტემების რღვევას, შედეგად მეფეები თანდათან ერთპიროვნულ მმართველებად ყალიბდებიან და ქურუმებსაც იმორჩილებენ უხუცეთა საბჭოსთან ერთად.
4. ძვ.წ. მეორე-პირველ ათასწლეულებშიც კი მეფეები ყველაფერს ღმერთებს უკავშირებენ, თითქოს მათი დავალებით წერენ კანონებს, აგებენ ქალაქებსა თუ ციხესიმაგრეებს, იპყრობენ ქვეყნებს და ანადგურებენ სხვა ხალხებს. თანდათან შემოდის ძალაუფლების დემონსტრირების სხვადასხვა ფორმებს: სტელაზე გამოსახვა, ქანდაკებების შექმნა და აშ.

გამოყენებული მასალები
1.  სკოლის სახელმძღვანელო, დიოგენეს გამომცემლობა. 
2. https://umurgulia82.blogspot.com/2021/09/iii-ii.html
3. https://umurgulia82.blogspot.com/2021/09/iv-iii.html?fbclid=IwAR2eHlagGGCJwdxF5IDvA-YmzCMcg0Q1IkTD7aX21MUHOr3TXDY7dNXpsN0
4. https://umurgulia82.blogspot.com/2021/09/blog-post.html
5. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98


Комментариев нет:

Отправить комментарий