воскресенье, 3 декабря 2023 г.

ნაპოლეონი: ბავშვობიდან – იმპერატორობამდე (დ. ცისკარიშვილი)

ბავშვობა, ყრმობა, სიჭაბუკე
    ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში. კორსიკა კუნძულებით არცთუ მდიდარი ევროპის კვალობაზეც საკმაოდ პატარაა – მისი ფართობი 8700 კვადრატული კილომეტრია. კუნძული საფრანგეთისა და იტალიის სანაპიროთა მახლობლად მდებარეობს. იგი მთაგორიანია და ტყეებით დაფარული. მთები კუნძულს ორად ყოფს: აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. აღმოსავლეთი, პირით იტალიისაკენ, უფრო მდიდარია და განვითარებულიც მეტადაა, ვიდრე დასავლეთი მხარე, აიაჩო, საპორტო ქალაქი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
    კორსიკის მოსახლეობა იტალიური წარმოშობისაა. ენა, რომელზეც ისინი მეტყველებენ, ჩრდილოიტალიურ დიალექტებს უახლოვდება. დღევანდელ კორსიკელთა იტალიური წარმოშობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მათი კულტურა და ყოფა მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება იტალიურისაგან. XVIII საუკუნისათვის კორსიკაზე ჯერ კიდევ მტკიცედ იყო ფესვგადგმული ყოფის გვაროვნული წესი. გვარებსა და კლანებს შორის ანტაგონიზმი დიდი იყო და შუა საუკუნეებში მათ შორის ხშირად მასობრივი სისხლიანი შეტაკებები ხდებოდა, იმ დროისათვის კი ვენდეტას უფრო ინდივიდუალური სახე ჰქონდა. პატივმოყვარე, ამაყი, უაღრესად ჯიუტი და უტეხი კორსიკელები, როდესაც საქმე ოჯახის ან საკუთარ ღირსებას შეეზხებოდა, დაუნდობელნი ხდებოდნენ და გააფთრებით იცავდნენ მას. კორსიკელთა დიდი ნაწილი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ქალაქები ცოტა იყო, სოფლები კი ერთმანეთისგან ღრმა ხევებითა და გაუვალი ტყეებით დაშორებული. ისინი, ძირითადად, გვაროვნულ პრინციპებზე იყვნენ აგებულნი და თავისებურ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წააგავდნენ. მცხოვრებთაც, შესაბამისად, დამოუკიდებლად ეჭირათ თავი. არისტოკრატია მცირერიცხოვანი იყო და თავის გამოჩენისა და პატივის ძიების გარდა, ბეგრს არაფერს აკეთებდა. კორ სიკელები დიდი გრძნობებისა და მხურვალე ტემპერამენტის ხალხად იყვნენ ცნობილნი და მომავალ იმპერატორსაც ბევრი რამ გამოჰყვა მათი.
    როგორც კორსიკის ისტორია იუწყება, უძველეს დროში, კუნძული იბერიელებით ყოფილა დასახლებული; შემდგომ მოსულან ფინიკიელები, მერე რომაელები. რომის დაცემის შემდეგ ჯერ ვანდალები გამოჩენილან, ხოლო ადრეულ შუა საუკუნეებში – არაბები. არაბთა სიძლიერის დაქვეითებასთან ერთად კუნძულზე იტალიელთა ახალშენები გაჩნდა. თავდაპირველად ტოსკანელებმა იმარჯვეს და კორსიკა პიზის რესპუბლიკის საკუთრება გახდა; შემდეგ პიზელებს გენუელები შეეცილნენ და კარგა ხნის შეხლა-შემოხლის შემდეგ კუნძული ხელთ იგდეს. როგორც ეტყობა, ძარცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროების მეტი გენუელებს კორსიკაზე ბევრი არაფერი უკეთებიათ. ამის შედეგი იყო, რომ XVIII საუკუნის შუა პერიოდში, კერძოდ კი 1775 წელს, კუნძულის მოსახლეობა გენუის რესპუბლიკის წინააღმდეგ აჯანყდა ადგილობრივი მიწათმფლობლის პასკუალე პაოლის მეთაურობით. აჯანყება წარმატებით დაგვირგვინდა და საქმე კორსიკელების მიერ გენუელების გარეკვით დამთავრდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებას პაოლი ჩაუდგა სათავეში და კორსიკის მართვას თავისი ნება-სურვილის მიხედვით შეუდგა. ახალი ხელისუფლების მოსვლით ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ კუნძულზე უცხოელები აღარ იყვნენ და ამაყი და ჯიუტი კორსიკელები ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებით ერთობ კმაყოფილნი ჩანდნენ.
    თავისუფლების სიხარული კორსიკელებს ჯერაც განელებული არ ჰქონდათ, რომ ახალი, როგორც შემდეგ გამოირკვა, სხვებზე ბევრად ძლიერი და საშიში დამპყრობი, – საფრანგეთი გამოუჩნდათ. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ „მეფე-მზის“ ლუი XIV-ისა და მერე ლუი XV გაუთავებელი და არცთუ წარმატებითი ომებით დასუსტებული საფრანგეთი, ვეღარ უწევს წინააღმდეგობას სწრაფი განვითარების გზაზე დამდგარ ბრიტანეთს და ერთიმეორის მიყოლებით კარგავს ზღვისგაღმა კოლონიებს: „ფრანგულ“ კანადას, გვადელუპას, მარტინიკას. თუმცა ლუი XV კი ამბობდა: ჩემს მერე თუნდაც წარღვნა იყოსო, მაგრამ, როგორც გამოირკვა, საფრანგეთში ჯერ კიდევ იყვნენ სახელმწიფო მოღვაწენი, რომლებიც თავქარიანი მეფის ამ გამონათქვამს ნაკლებად იზიარებდნენ. ერთი მათგანი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი გრაფი შუაზელი. იგი სხვებზე ადრე მიხვდა, რომ ინგლისთან ზღვაზე ქიშპით საფრანგეთი ბევრს ვერაფერს მიაღწევდა და ამიტომ შორეულ კოლონიებზე ხელი ჩაიქნია. სამაგიეროდ, გრაფმა ახლომდებარე ღარიბ კორსიკას დაადგა თვალი. რას იზამ, როცა ძალა აღარ მოგდევს, დიდი კოლონიური ქვეყანა პატარა საკბილოსაც კარგად გადაყლაპავ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს შელახული ეროვნული ღირსების აღდგენის საქმეს რაიმეთი მაინც წაადგება.
    ფრანგ ხელისუფალთათვის, ისე როგორც კონტინენტური ევროპის სხვა „განათლებული და კეთილშობილი“ მმართველებისათვის კორსიკელები უხეშ, ბნელ და ზარმაც ხალხად მიიჩნეოდნენ, რომელთაც საკუთარი ქვეყნის მოვლა არ შეეძლოთ, და რაც მთავარია, ამას არც იმსახურებდნენ. ასეთი ლოგიკით იყო, რომ 1764 წელს საფრანგეთმა გენუის რესპუბლიკა აიძულა, კორსიკა გარკვეულ საფასურად 4 წლით მისთვის გადაეცა. სამაგიეროდ, საფრანგეთი კუნძულზე „წესრიგის აღდგენის“ გარანტიას იძლეოდა. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა და პირველ რიგში თვით გენუელებმა, თუ როგორ „დაუბრუნებდნენ“ მათ 4 წლის შემდეგ ფრანგები ამ კუნძულს, მით უმეტეს, რომ ამ დროისათვის გენუელები კორსიკაზე აღარც იყვნენ, მაგრამ რადგან კუნძული ფორმალურად მათ „ეკუთვნოდათ“, გარიგებას (ფრანგების ინტერვენციას) ქაღალდით დასტური მაინც სჭირდებოდა. ფრანგებმა კი გაიფორმეს კუნძული თავისთვის, მაგრამ კორსიკელები სხვაგვარად ფიქრობდნენ. ისინი სულაც არ აპირებდნენ მოპოვებული თავისუფლების იოლად დაკარგვას. ასე რომ ფრანგებს ბრძოლით უხდებოდათ თავიანთი უფლებების დამკვიდრება.
    ზუსტად 4 წლის შემდეგ, 1768 წელს, „გამოირკვა“, რომ კუნძულზე წესრიგი აღდგენილი ჯერაც არ იყო. ამიტომ საფრანგეთმა გადაწყვიტა კორსიკაზე დიდი ჯარი გაეგზავნა და წესრიგი ერთხელ და სამუდამოდ აღედგინა. ბრძოლამ ხელახალი ძალით იფეთქა. კორსიკელებმა იმავე პაოლის მეთაურობით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ფრანგებს, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა. 1769 წლის მაისში კორსიკელები მძიმედ დამარცხდნენ პონტენუევოსთან და ფარ-ხმალის დაყრა მოუხდათ. როგორც ვხედავთ, ეს ამბავი ნაპოლეონის დაბადებამდე 3 თვით ადრე მომხდარა, და ახალშობილმა თავისუფალ კორსიკას ვეღარ მოუსწრო. სამაგიეროდ, როგორც შემდეგ დავინახავთ, სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში მამამისს – კარლო ბუონაპარტეს გამოუღია ხელი.
    ბუონაპარტეს გვარი კორსიკაზე პირველად XV საუკუნეში გამოჩენილა. მათი ფესვები იტალიაში, ტოსკანის პროვინციაში იძებნება – ისინი ძველ აზნაურთა საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ. კორსიკაზე გადმოსახლების შემდეგ ბუონაპარტეები ევროპის ამ თითქმის ყველაზე მივგიწყებული მხარის მკვიდრ მოსახლეობას შერევიან და მათებრ პატრიარქალური, უაღრესად თავისებური და ამავე დროს არცთუ უფათერაკო ცხოვრება დაუწყიათ. მათი გვარის გენეალოგიის ჩხრეკისას, მკვლევარნი რაიმეთი განსაკუთრებულად გამორჩეულ პიროვნებებს თუმცა კი ვერ შეხვდნენ, მაგრამ თითო-ოროლა სახელოვანი კაცის მოძებნა მაინც მოახერხეს, ადგილობრივი მასშტაბებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაღა თქმა უნდა. მათ რიცხვს ნაპოლეონის მამა კარლო მარია ბუონაპარტე შეიძლება არც მიკუთვნებოდეს, მაგრამ მთლად უსახელო არც ის ყოფილა. როგორც ითქვა, მასაც გარკვეული როლი უთამაშია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
    კარლო ბუონაპარტე ხელმოკლე აზნაური იყო და თავს ადვოკატობით ირჩენდა. იგი ამაყი და უშიშარი კაცი ყოფილა, მაგრამ, ამავე დროს, ჩუმი და უპრეტენზიო. როგორც თანამედროვენი აღნიშნავდნენ, მას თავისებური სილამაზეც არ აკლდა. თანამოქალაქეთა შორის ახალგაზრდა ადვოკატს საკმაო ავტორიტეტი ჰქონდა, რომელიც ბევრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც პაოლის ამოუდგა გვერდში და ფრანგი დამპყრობლების წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა. ბევრი ხიფათი და ფათერაკი შეხვდა მას ამ პერიოდში, ბევრი ვაჟკაცური საქმე ჩაიდინა და მისი ბრალი როდი იყო, რომ აჯანყებას წარმატება არ ჰქონია. რეალობა ისეთი გახლდათ, რომ რამდენიმე მძლავრი დარტყმის მიუხედავად, რაც პაოლიმ და მისმა თანამებრძოლებმა ფრანგებს მიაყენეს, ინტერვენტთა კარგად შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან რეგულარულ ჯარს კორსიკელი პატრიოტები საბოლოოდ ვერ გაუმკლავდებოდნენ.
    პირველი მნიშვნელოვანი წარმატებების შემდეგ ფრანგებს კორსიკელთა მეთაურების შემორიგება ეწადათ და ამიტომ საჩქაროდ ამნისტია გამოაცხადეს – სხვათა შორის, დამარცხებულთათვის საკმაოდ ლმობიერი. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ შემთხვევით ისარგებლა, კარლო ბუონაპარტე იყო. კორსიკელ პატრიოტებს და პირველ ყოვლისა თვით პასკუალე პაოლის, „ახადია, არ ეჭაშნიკათ აიაჩოელი ადვოკატის ეს ნაბიჯი, მაგრამ კარლოს გადაწყვეტილება მტკიცე აღმოჩნდა – იგი ფრანგებს შეურიგდა და ამიერიდან მან ერთხელ და სამუდამოდ საფრანგეთზე აიღო ორიენტაცია.
    როგორც ეტყობა, კარლო ბუონაპარტემ არა მარტო ალღო აუღო შექმნილ ვითარებს, არამედ უფრო წინაც გაიხედა. იგი მიხვდა, რომ კორსიკა დიდი ხნით, თუ სამარადისოდ არა, საფრანგეთის ნაწილი ხდებოდა. როცა ნაპოლეონი წამოიზარდა და მოვლენათა განსჯის უნარი მიეცა, მან მკაცრად გაკიცხა მამის საქციელი; შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, შეიცვალა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ოფიცერი თავად ჩადგა ფრანგების სამსახურში და კარგად გაისიგრძესიგანა, რომ კარიერის გაკეთებას დიდ ქვეყანაში უფრო მოახერხებდა, ვიდრე ღვთისაგან მივიწყებულ პატარა კუნძულზე.
    ნაპოლეონის დედა, ლეტიცია რამოლინო, სილამაზით ლამის მთელ კორსიკაზე ცნობილი ქალი, არ მიეკუთვნებოდა წარჩინებული გვარის წარმომადგენლებს. მისი ნათესავები კომერსანტები იყვნენ. ლეტიცია 17 წლის მისთხოვდა კარლო ბუონაპარტეს და ყველაფერში მისი ერთგული თანაშემწე გახდა. ქალს უჩვეულო ენერგია და ძლიერი ნებისყოფა გამოაჩნდა. ამასთან ერთად მას ჭკუა და გამჭრიახობა არ აკლდა. თანდათანობით ლეტიცია ოჯახის ბურჯად იქცა. ყველა საკითხი მისი უშუალო მონაწილეობით წყდებოდა. იგი ძალიან მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყოო, ამბობდა შემდეგში ნაპოლეონი. დედისეული ბევრი იყო მასში. ადრე, ახალგაზრდობაში, და შემდეგაც, როცა ის უკვე თითქმის აღარავის უწევდა ანგარიშს, დედის ავტორიტეტი შეურყეველი რჩებოდა მისთვის. ამ ქალის სიმტკიცეზე და სიმამაცეზე მიუთითებს ის, რომ უკვე ერთი ჩვილი ბავშვის პატრონი და მეორეზე (ნაპოლეონზე) ფეხმძიმედ მყოფი, ფრანგებთან შეტაკებებში ქმრის რაზმს ახლდა და მთაგორიანი ლანდშაფტის პირობებში პარტიზანული ომის წარმოების ყველა სიძნელესა და სიმძიმეს ინაწილებდა. ისე რომ, მომავალ მხედართმთავარს ჯერ კიდევ დედის მუცელში „ესმოდა“ საბრძოლო ყიჟინა და თოფების ბათქაბუთქი.
    აი ასეთი მშობლები ჰყავდა ნაპოლეონს. მას არასოდეს უცდია თავისი წარმომავლობის ხელოვნურად გაკეთილშობილება. მით უმეტეს, არ უცდია მას წინაპართა მეფური წარმოშობის გამოგონება. სამაგიეროდ, ამ მხრივ შემდგომში ცდა არ დაუკლიათ სხვადასხვა ჯურისა და რანგის მლიქვნელებსა და კარიერისტებს, რომელთა „გულმოდგინება“ იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ბუონაპარტეების გვარის წარმოშობას, არც მეტი, არც ნაკლები ჩრდილოეთ იტალიის პროვინციების დიდ ჰერცოგებს უკავშირებდნენ. ნაპოლეონი ასეთ ცდებს ყოველთვის უარყოფითად ეკიდებოდა და ხშირად იცინოდა კიდეც მათ ავტორებზე. ერთხელ მან გაზეთებშიც კი დააბეჭდვინა შენიშვნა ასეთი ჩხირკედელაობის უსაფუძვლობის შესახებ. „წარმოშობით მე მონტენოტედან ვარო“, უყვარდა ხოლმე თქმა იმპერატორს, გულისხმობდა რა თავის პირველ გამარჯვებას ავსტრიელებზე ჩრდილო-დასავლეთ იტალიის მანამდე უცნობ და უსახელო ქალაქ მონტენოტესთან. ერთხელ კი, მორიგი უაზრობის წაკითხვისას, სერიოზულად გაბრაზდა და თანმხლებთ გაღიზიანებულმა შესძახა: „დაიხსომეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩემი საგვარეულო 18 ბრიუმერიდან იწყებაო“, ე.ი. ყველაფერს ჩემით მივაღწიე და წარჩინებული წარმომავლობა არაფერში მჭირდებაო.
    პონტენუევოს შემდეგ კარლო ბუონაპარტე თავისი ჯერ კიდევ მცირერიცხოვანი ოჯახით აიაჩოში დაბრუნდა. ეს საშური საქმე იყო, რადგან ლეტიციას წინ მშობიარობა ელოდა. და აი, დრომ მოაწია და ახალშობილიც მოევლინა ამ ქვეყანას (ეს ცოტა არ იყოს უცნაურად მომხდარა. სამშობიარო ტკივილები ლეტიციას ეკლესიაში წირვის დროს დაწყებია. ქალი მაშინვე სახლისაკენ გამოქცეულა, მაგრამ საწოლ ოთახში შესვლა და ვინმეს საშველად დაძმახებაც ვერ მოუსყწრია, ისე მოუმშობიარებია მისაღებში. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ახალშობილი იატაკზე დავარდა. ძველებურმა ნოხმა, რომელიც მისაღებში ეფინა, თავისებური დამცველის როლი შეასრულა და ბავშვს არაფერი მოსვლია). ახალშობილს მშობლებმა ძველებური იტალიური სახელი ნაპოლეონე დაარქვეს.
    კარლოსა და ლეტიციას 13 შვილი ეყოლათ. აქედან მოწიფულ ასაკს რვამ მიაღწია. საოცარი იყო მათი ბედი! ნაპოლეონმა უფროსი ძმა ჟოზეფი ჯერ ნეაპოლის, შემდეგ კი ესპანეთის მეფე გახადა, მომდევნო, ლუსიენი, იმპერიის პრინცად ჰყავდა, მაგრამ მერე უთანხმოება მოუვიდა მასთან და მოიცილა, ლუის ჰოლანდიის მეფობა უბოძა, ხოლო ყველაზე უმცროსს, ჟერომს – ვესტფალიისა. არც დები დავიწყნია იმპერატორს. ელიზა ტოსკანის დიდი ჰერცოგის მეუღლე გახდა, პოლინა – თავად ბორგეზესი, კაროლინა კი ნეაპოლის დედოფალი! ძნელია სხვა ოჯახის დასახელება, რომელსაც ერთდროულად ამდენი გვირგვინოსანი ჰყოლოდეს.
    ადრეული ბავშვობა ნაპოლეონმა მამის სახლში, აიაჩოში გაატარა. პატარაობაში ჯიუტი და ცნობისმოყვარე ვიყავიო, ამბობდა თვითონ. სხვების გადმოცემით, ის მეტად ცელქი და ჩხუბისთავი ყოფილა. ცხოვრების მიწურულს, წმინდა ელენეს კუნძულზე, თავად იხსენებდა: „არავისი მეშინოდა და არაფრისგან უკან არ ვიხევდი. ყველას ვცემდი, ვფხაჭნიდი, ვკბენდი. ყველა ჩემს თანატოლს ეშინოდა ჩემი. განსაკუთრებით უფროს ძმას – ჟოზეფს ხვდებოდა სხვაზე მეტი. ამას დედისაგან დატუქსვაც ემატებოდა, რადგან მე უფრო ადრე მივირბენდი მასთან და ჩემს დანაშაულს ძმას გადავაბრალებდი, ვიცოდი, დედა არ მაპატიებდა და იმიტომ. ის მოსიყვარულე, მაგრამ მკაცრი იყო“. 6 წლისა ნაპოლეონი აიაჩოს კერძო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც ერთ ადგილობრივ მანდილოსანს ეკუთვნოდა. როგორც შემდგომში თვითონ ამბობდა, სწავლება იქ ერთობ უბადრუკი ყოფილა. საღვთო სჯულისა და კატექიზისს კი ოჯახის ახლო ნათესავი, კანონიკი ლუსიენ ბუონაპარტე ასწავლიდა, კაცი შეძლებული და გულკეთილი. მან საკმაო ამაგი დასდო ნაპოლეონსაც და მისი მშობლების ოჯახსაც.
    ბავშვების აღზრდას ლეტიცია უძღვებოდა, მაგრამ ნაპოლეონს ძიძაც ჰყავდა, ერთი უბრალო და პატიოსანი კორსიკელი ქალი. ბავშვი ძალიან შეეჩვია მას და გულითაც შეიყვარა იგი (მოვა დრო და ნაპოლეონი უხვად დაასაჩუქრებს ძიძას. იგი ერთი იმ მეტად მცირედთაგანი იქნება, ვინც იმპერატორთან „შენობით“ გააგრძელებს ლაპარაკს).
    საღამოობით ლეტიცია ბავშვებს გვერდში მოისვამდა და საინტერესო ამბებს უყვებოდა. მონაყოლი, ძირითადად, კორსიკელთა ბრძოლას ეხებოდა. განსაკუთრებული ადგილი, ცხადია ფრანგებთან ბრძოლას ეთმობოდა. აქ ლეტიციას ბევრი რამ ჰქონდა მოსაყოლი. ის ხომ თვითონ არაერთხელ მოხვედრილა კორსიკელ პატრიოტთა და ფრანგ ინტერვენტთა შეტაკებებში. პატარა კორსიკის უთანასწორო ბრძოლა დიდი და მძლავრი საფრანგეთის წინააღმდეგ ბავშვს ამ უკანასკნელის მიმართ ღრმა სიძულვილს უღვივებდა, მეორე მხრივ კი დაჩაგრული სამშობლოსადმი სიყვარული უძლიერდებოდა და მისი ბედი მოსვენებას არ აძლევდა.
    ამასობაში დრო გადიოდა, კუნძულზე ცხოვრება იცვლებოდა, ერთი შეხედვით თითქოს უფრო მშვიდი ხდებოდა. თანდათან მკვიდრდებოდა ყოფის ფრანგული წესი. თავგადადებულ კორსიკელ პატრიოტებს ლოდინი და უკეთესი დროის ცდაღა დარჩენოდათ. კარლო ბუონაპარტე კი კარგა ხანია ფრანგულ პარტიას იყო მიმხრობილი. მას უკვე ბევრი მიმდევარიც ჰყავდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფრანგები, რომელთაც კუნძული, მათი აზრით, სამუდამოდ ჰქონდათ საკუთარი ქვეყნისათვის მიერთებული, მეტად ფრთხილ და შემგუებლურ პოლიტიკას ატარებდნენ. ამნისტია ძალაში რჩებოდა და არავინ ცდილობდა მის დარღვევას. ადგილობრივ მოსახლეობას ხელს არ უშლიდნენ (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც) საკუთარ ყაიდაზე ეცხოვრა და ეშრომა. მათ იმის უფლებაც კი მისცეს, რომ პროვინციული შტატები შეექმნათ.
    კარლო პატიოსნად ემსახურებოდა ახალ ადმინისტრაციას. ეს შემჩნეულ იქნა, სადაც ჯერ არს. კუნძულის გუბერნატორმა გენერალმა მარბეფმა დაიახლოვა იგი, გაეცნო მის ოჯახს და აღფრთოვანებული დარჩა ლეტიციას სილამაზითა და გონიერებით. გუბერნატორის დახმარებით, 1778 წელს კარლო ბუონაპარტე კორსიკის დეპუტატი გახდა საფრანგეთის სამეფო კარზე. მიუხედავად ამისა, ბუონაპარტეების ოჯახი, რომელსაც თითქმის ყოველწლიურად ახალი წევრი ემატებოდა, მაინც ხელმოკლედ ცხოვრობდა და არც პირობების გაუმჯობესების გზები უჩანდა. კარლომ და ლეტიციამ გადაწყვიტეს ორი უფროსი ვაჟი, ჟოზეფი და ნაპოლეონი, საფრანგეთში გაეგზავნათ სასწავლებლად. ჟოზეფს სასულიერო კარიერას უმზადებდნენ, ნაპოლეონს კი სამხედროს. რადგან სწავლის ხარჯებს ბუონაპარტეების ოჯახი ვერ აუვიდოდა, ამიტომ კარლომ ისევ გუბერნატორს მიაკითხა დახმარებისათვის. გენერალ მარბეფს საფრანგეთში ძმისშვილი ჰყავდა – ოტენის ეპისკოპოსი. გენერალმა ურჩია დასაწყისისათვის ბიჭები მასთან მიეყვანათ. ჟოზეფს ოტენელი ეპისკოპოსი თავად დაეხმარებოდა სასულიერო სასწავლებელში შესვლაში, ხოლო ნაპოლეონს დროებით მოაწყობდა კოლეჯში ფრანგული ენის შესასწავლად (ბავშვმა ფრანგული თითქმის არ იცოდა და აქამდე სულ იტალიურის კორსიკულ დიალექტზე სწავლობდა და ლაპარაკობდა). ასეც მოიქცნენ. გამგზავრება 1778 წლის 15 დეკემბერს შედგა. ეს მთელი მოვლენა იყო ბუონაპარტეებისათვის. ბავშვები ხომ პირველად, და ისიც დიდი ხნით, ტოვებდნენ საკუთარ ოჯახს, სახლს, მშობლიურ კუნძულს. მამას ხელჩაჭიდებულნი და თვალცრემლიანნი ისინი დიდხანს იდგნენ გემბანზე და მანამ გაჰყურებდნენ ნაპირს, სანამ ის სულ არ მიეფარა თვალს. უზრუნველი ბავშვობა მთავრდებოდა, ახალი ცხოვრება იწყებოდა.
    კარლო ბუონაპარტე წინდახედულად მოიქცა. საფრანგეთში წასვლამდე იგი ჯერ ფლორენციას გაემგზავრა, სადაც თავის ძველ ნაცნობს, ტოსკანის დიდ ჰერცოგს მის დასთან, საფრანგეთის დედოფალ მარია-ანტუანეტასთან, სარეკომენდაციო წერილი გამოართვა. შემდეგ, როგორც დაგეგმილი იყო, ბუონაპარტეები ოტენში ჩავიდნენ. ეპისკოპოსმა მარბეფმა ისინი გულთბილად მიიღო, ბიძის თხოვნა შეასრულა და შესაბამისი დახმარება გაუწია. სამ თვეს სწავლობდა ოტენის კოლეჯში ნაპოლეონი. ამ დროში მან ბევრი მოასწრო. თავგამოდებით მეცადინეობის შედეგად, საკმაოდ გაწაფულად“ დაიწყო ფრანგული ლაპარაკი, თუმცა ძლიერი იტალიური აქცენტით. ამასობაში კარლო ვერსალს გაემგზავრა, სადაც, სარეკომენდაციო წერილის წყალობით, მეფესთან აუდიენციას მიაღწია და მას ნაპოლეონისათვის ბრიენის სამხედრო სკოლაში სამეფო ხარჯზე სწავლის უფლება გამოსთხოვა. პირველადი ხარჯებისათვის ლუი XVI-მ 200 ფრანკი გაიმეტა. ბრიენის სკოლაში ნაპოლეონმა 1779 წლის 23 აპრილს შედგა პირველად ფეხი.
    საფრანგეთის სამეფოში იმხანად არსებული კანონის თანახმად, ახლადგახსნილ სამხედრო სასწავლებლებს მეურვეობისათვის ბერების სხვადასხვა ორდენს გადასცემდნენ. ასეთი გზით ხელისუფლებას სურდა, ჯერ ერთი, მნიშვნელოვნად შეემცირებინა სკოლებისათვის განკუთვნილი ხარჯები, და მეორეც, ბერების მეშვეობით აღეზარდა უპრეტენზიო, ცხოვრების მარტივ წესს შეჩვეული მორჩილი ოფიცრები. ბერებს ბევრი ფული არა ჰქონდათ და სკოლებში პირველხარისხოვანი პედაგოგების მოწვევა უჭირდათ. აქედან გამომდინარე სწავლება ასეთ სკოლებში არცთუ მაინცდამაინც მაღალ დონეზე წარმოებდა. ბრიენის სამხედრო სკოლა ფრანცისკანელი ბერების ორდენს ეკუთვნოდა. სხვა ამგვარი სკოლებისაგან იგი არაფრით გამოირჩეოდა. შეიძლება სხვაზე ნაკლებიც იყო. მიუხედავად ამისა, არმიისათვის იქ მეთოდურად და საკმაოდ მიზანდასახულად ამზადებდნენ უმცროს ოფიცრებს და, ამდენად, სასწავლებელი თავის დანიშნულებას მეტ-ნაკლე- ბი წარმატებით მაინც ასრულებდა. ისტორია, გეოგრაფია, მართლწერა და მართლმეტყველება, ლათინური ენა და მათემატიკა – აი ძირითადად ის საგნები, რომლებსაც ბრიენის სკოლაში უპირატესობას ანიჭებდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ პატივში მათემატიკა იყო და ამ საგანს სხვებზე უკეთ ასწავლიდნენ.
    სკოლაში, იმხანად, ასზე მეტი მოსწავლე იყო. უმეტესობას არისტოკრატთა შვილები შეადგენდნენ, რომლებიც სასწავლებელში მშობლების ხარჯზე იმყოფებოდნენ და არც ფული აკლდათ და არც ყურადღება. სხვა დღეში იყვნენ მწირ სამეფო სტიპენდიაზე მყოფი მოსწავლეები: ისინი, როგორც წესი, ხელმოკლე ოჯახებიდან იყვნენ და მატერიალური გაჭირვების გარდა, მორალურ ზემოქმედებასაც განიცდიდნენ. არისტოკრატთა ჩამომავლები ამრეზით უყურებდნენ მათ და ყოველ წამს თავიანთ „უპირატესობას“ უსვამდნენ ზაზს. განსაკუთრებით მტრულად შეხვდნენ ისინი კორსიკელ ბუონაპარტეს გამოჩენას. პატარა ტანის, გამხდარი და შავყვითელა, მუდამ გულჩათხრობილი და უკარება კორსიკელი ბიჯი ცოტა რამით გავდა სხვა მოსწავლეებს. ყველაზე ცუდად ფრანგულად ის ლაპარაკობდა, ყველაზე გრძელი და უცნაური სახელისა და გვარის მატარებელიც ის იყო.
    მაგრამ, ოი, საკვირველებავ, ბიჭი საგანგებო მნიშვნელობით წერდა და წარმოთქვამდა სწორედ თავის ძნელ სახელსა და გვარს, კორსიკულ წარმოშობას კი არათუ მალავდა, უფრო მეტად ამაყობდა ამით. თანაკლასელთა გაკილვასა და დაცინვას ის რაღაც განსაკუთრებული, ბავშვისათვის შეუფერებელი მედიდურობით ხვდებოდა. თანაკლასელთა არც ერთი გამოხდომა უპასუხოდ არ რჩებოდა. რიცხობრივ უპირატესობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის. ისეთი გამეტებით შეუტეგდა ხოლმე თავის შეურაცხმყოფელთ, რომ მათ ზურგის ჩვენების მეტი ხშირად სხვა არა დარჩენოდათ. მართალია, თვითონაც ხშირად რჩებოდა გატყეპილი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ავისმოსურნეთ უღირსი საქციელი ძვირად უჯდებოდათ.
    „ბრიენში, ჩემს თანაკლასელთა შორის ყველაზე ღარიბი ბავშვი ვიყავი, – ამბობდა ის მოგვიანებით, – მათ ყოველთვის ჰქონდათ ჯიბის ფული, მე კი, არასდროს. ამავე დროს, უკვე ისე ამაყი ვიყავი, რომ უფულობას სხვას არაფრით არ გავაგებინებდი. ამიტომ მე არ შემეძლო სხვასავით მემხზიარულა და გავრთობილიყავი“.
    დროის მეტ ნაწილს ის მარტოობაში ატარებდა. კითხვა – აი მისი გატაცება. კითხულობდა ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებოდა. ძირითადად, ისტორიულ და სამხედრო წიგნებს ეტანებოდა. უყვარდა გეოგრაფია, მათემატიკა. მათემატიკაში მას, საერთოდ, ბადალი არ ჰყაგდა სკოლაში. მასფწავლებლები ხშირად გაოცებულნი იყვნენ მისი გამჭრიახობით. ამავე დროს, არ უყვარდა ლათინურის გაკვეთილები. ს ლიდნენ, პატარა ბუონაპარტეს არცის ეხატებოდა გულზე. როგორც ეტყობა, მას მაინცდამაინც არ ჰქონდა ენების შესწავლის ნიჭი. თუმცა, ესეც არის: იგი მათ, უბრალოდ, არ სწავლობდა, რადგან რაც არ აინტერესებდა, არ უნდოდა. მასწავლებელს საკმაოდ დიდი ეზო-ბაღი აკრავდა. დრო მოვიდა და იქ დამკვიდრებული წესისამებრ, თითოეულ მოსწავლეს პატარა ნაკვეთი გამოუყვეს. ნაპოლეონმა მაშინვე რაღაც ქოხისმაგვარი გაიკეთა და გაიხარა კიდეც. აი, სად განმარტოვდებოდა იგი ამიერიდან და ჩაუჯდებოდა თაიის განუყრელ წიგნებს! მართლაც, გვიან ღამემდე იჯდა ზამთარ-ზაფხულს და სულ კითხულობდა და კითხულობდა. სხვა მოსწავლეების საზოგადოება ნაკლებად აინტერესებდა; ისინი მისთვის „ფრანგები“ იყვნენ, ისევე როგორც მათთვის თვითონ ყოველთვის იკორსიკელად“ რჩებოდა. „ფრანგები რომ ოთხჯერ მეტნი ყოფილიყვნენ კორსიკელებზე, ისინი ვერასოდეს დაიპყრობდნენ ჩვენს კუნძულს, – უთხრა ერთხელ თავის თანაკლასელს, – მაგრამ ვაი, რომ ისინი ათჯერ მეტნი იყვნენ“ პატრიოტული გრძნობები ისევ გამძაფრებული ჰქონდა, ისევ კორსიკაზე ოცნებობდა და პაოლის შენატროდა. მაგრამ სინამდვილე ბევრად პროზაული იყო. იმ გროშებით, რომელსაც სამეფო სტიპენდია ერქვა, თავის გატანა სულ უფრო ძნელი ხდებოდა.
    რა ზომამდე უნდა მისულიყო 13 წლის ბიჭი, რომ მამისათვის ასეთი წერილი მიეწერა: „ბრიენი, 6 აპრილი, 1783 წელი. მამა! თუ თქვენ ან მათ, ვინც ჩემი მფარველები არიან, არ ძალგიძთ ჩემი უკეთესად შენახვა, მაშინ წამიყვანეთ უკან. მე ძალიან მიმძიმს ჩემი გაჭირვების გამოჩენა და მოსწავლეების დაცინვის ატანა, მოსწავლეებისა, რომლებიც ჩემზე მაღლა მხოლოდ თავიანთი ფულებით დგანან. არც ერთ მათგანს არა აქვს გულში ის კეთილშობილი ზრახვები და წმინდა გრძნობები, რომლებიც მე მაღელვებენ! მაშ რაო, ჩემო ბატონო, როდემდის იქნება თქვენი შვილი ამ ბრიყვების დაცინვის საგანი?.“
    მამას არაფერი შეეძლო: მას სხვა შვილებიც მოსაწყობი ჰყავდა. ელიზა (ანა-მარია) გაჭირვებით, სენ-სირის სასწავლებელში მოხვდა. ეს დიდ საქმედ ითვლებოდა. სენ-სირში ხომ კარგ გვარიშვილებს იღებდნენ მხოლოდ. ჟოზეფმა, უფროსმა შვილმა, სასულიერო კარიერაზე გული აიცრუა. არავითარმა ხვეწნამ არ გაჭრა. ნაპოლეონმა კი კარგად გაუგო ძმას და თვითონაც გაჭირვებაში მყოფმა დახმარების ხელი გაუწოდა მას (ბუონაპარტეებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან ჟოზეფი თავისას არ იშლიდა, ისიც როგორმე ბრიენის სამხედრო სკოლაში მოეწყოთ). ნაპოლეონი სკოლის დირექტორს ელაპარაკა. მას უკვე ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა სასწავლებელში, რომ დირექტორმა თანხმობა მისცა. „ჟოზეფს შეუძლია ჩამოვიდეს, წერდა ნაპოლეონი მამას, მას აქ კარგად მიიღებენ. თუ ის ჩამოვა და მუშაობას მოინდომებს, ჩვენ ერთად ჩავაბარებთ გამოცდას არტილერიაში“. თავისი ოჯახის წევრებზე ზრუნვა ჩვეულებრივი ამბავი იყო ნაპოლეონისათვის.
    ასე იქნება მომავალშიც. აბა, რისი კორსიკელი იქნებოდა ის, თუ თავის ნათესავებზე არ იზრუნებდა? თურმე ზომაზე მეტადაც, როგორც შემდეგ გამოირკვა. დრო მიდიოდა. ნაპოლეონი კვლავ მეცადინეობდა, და კვლავ კითხულობდა, კონსპექტებს ამზადებდა. როცა დაიღლებოდა (ეს კი თითქმის არასოდეს ხდებოდა), განმარტოებით სეირნობდა, ფიქრობდა, წაკითხულს აანალიზებდა. ის უკვე მხოლოდ ისტორიულ-გეოგრაფიული ლიტერატურით არ კმაყოფილდებოდა და მის მაგიდაზე ფილოსოფიური და მხატვრული წიგნებიც იკავებდნენ ადგილს (მაშინდელ დროში ახალგაზრდები ადრე შედიოდნენ მოწიფულობაში, თანაც ასეთი ახალგაზრდები). თავდადებულმა მუშაობამ თავისი ნაყოფი გამოიღო, რომ იტყვიან, თვალსა და ხელს შუა იგი რამდენიმე თავით მაღლა დადგა თავის თანასკოლელებზე. ასეთ სწრაფ აღმასვლას ხელს უწყობდა საოცარი ბუნებრივი მონაცემები. მას არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. როგორც შემდეგ ამბობდნენ, მისი მეხსიერება აბსოლუტურს უახლოვდებოდა. ამასთან ერთად ყმაწვილი მეტად საზრიანი იყო და რთულ ვითარებაში ორიენტაციის განსაცვიფრებელ უნარს ამჟღავნებდა. დიდმა უპირატესობამ თანასკოლელებზე გონებრივი შესაძლებლობებითა და ცოდნის მხრივ თანდათანობით შეცვალა ვითარება მის გარშემო. სადღა იყო სხვა კურსანტების დამცინავი ღიმილი და ირონიული შემოხედვა! ამას პედაგოგების პატივისცემაც დაემატა ამ ჯიუტი და ნიჭიერი მოსწავლისადმი, თანდათანობით, თვითონ ბუონაპარტეს ხასიათი და ქცევაც შეიცვალა. სწავლაში წარმატებამ, ცოდნის გაღრმავებამ, მასწავლებლებისა და მოსწავლეების აღიარებამ საკუთარი უპირატესობისა და თავდაჯერებულობის გრძნობა გაუჩინა მას. თუ აქამდე მისი სიამაყე და მედიდურობა უფრო ნიღაბი, თავისებური თავდაცვითი გარსი იყო, ახლა მის სიამაყეს რეალური საფუძველი მიეცა. ცვლილებებს ყმაწვილ ბუონაპარტეს ხასიათსა და ქცევაში უკვე ყველა ატყობდა. ის ნაკლებ გულჩათხრობილი, ნაკლებ პირქუში გახდა. თანასკოლელებს შორის მეგობრები თუ არა, ახლობლები გაიჩინა. სხვაზე მეტად ბურიენსა და ნანსუტის დაუახლოვდა.
    უკვე თამაშებშიც იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებით, „ომობანას“ თამაში მოსწონდა და მალე აქაც პირველობა დაიჩემა. ერთხელ, ზამთარში, მოსწავლეებმა სკოლის ეზოში თოვლისაგან მთელი ციხე-გალავანი ააშენეს და მისი გარემოცვისა და იერიშის სამზადისს შეუდგნენ. იერიშებში კორსიკელმა კურსანტმა ისე გამოიჩინა თავი, რომ ამიერიდან ამგვარ თამაშობებს მოსწავლეები მხოლოდ მისი ხელმძღვანელობით ატარებდნენ. გაულღვა გული ყმაწვილ ბუონაპარტეს, აპატია და დაუვიწყა ბევრი რამ თანასკოლელებს, ზოგ რაიმეში გაუგო კიდეც მათ. მართლაც, სხვაგვარად როგორ შეხვდებოდნენ ყოველმხრივ განებივრებული ყმაწვილები უცხო ტომის ერთ პატარა, ჯიბეცარიელ ბიჭს, რომელიც სულ სამიოდე თვის ნასწავლი ფრანგულით გამოცხადდა მათთან და ისე ეჭირა თავი, თითქოს უშუალოდ ისინი იყვნენ მისი სამშობლოს ბედუკუღმართობის მიზეზი? ახლა, როცა მისი უპირატესობა მათზე ეჭვს აღარ იწვევდა, ბუონაპარტე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დიდსულოვანიც შეეძლო ყოფილიყო. მას, საზოგადოდ, ფრანგებზე ეცვლებოდა შეხედულება. ამაში „დამნაშავე“ თვითონ ფრანგები იყვნენო, დაწერს შემდეგ სტენდალი. მხიარული, უზრუჩნველი, შემგუებელი გუნებისანი, ისინი მზად იყვნენ მალე დაევიწყებინათ ყველაფერი, რაც ხელს უშლიდა მათს ურთიერთობებს და თავიდან დაეწყოთ ყველაფერი.
    ასე, ამგვარ ვითარებაში სწავლის 5 წელიც მიიწურა. სასწავლო კურსის დამთავრებისას, პარიზიდან სხვადასხვა სკოლებში, ჩვეულებრივ სამხედრო სამინისტროს ინსპექტორები ჩადიოდნენ, რომელთა მოვალეობებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლისათვის საუკეთესო მოსწავლეების შერჩევა შეადგენდა. ბრიენის სკოლაში იმ წელს ინსპექტორი დე კერალიო ჩამოვიდა, მცოდნე და ღირსეული კაცი. გამოცდაზე დე კერალიო აღტაცებული დარჩა კურსანტ ბუონაპარტეს პასუხებით და საერთოდ მისი გონებრივი ჰორიზონტით. მან მაშინვე გადაწყვიტა ახალგაზრდა კორსიკელი პარიზის უმაღლეს სკოლაში გაეგზავნა. ბრიენელ პედაგოგებს ბუონაპარტეს ერთი წლით დატოვება კიდევ სურდათ თავიანთ სკოლაში, მაგრამ დე კერალიო წინ აღუდგა ამ ცდას: „მე ვიცი რასაც ვაკეთებ. ამ ყმაწვილის უმაღლეს სკოლაში გაგზავნა სულაც არ არის ადრე. მასში მე ისეთ ნაპერწკალს ვხედავ, რომლის გაჩაღებას თქვენ აქ ვერ შესძლებთ“.
    სამინისტროს ინსპექტორის წარდგინება გადამწყვეტი იყო და უმაღლეს სამხედრო სკოლაში მოხვედრა ნაპოლეონს, ფაქტიურად, გარანტირებული ჰქონდა. ასეც მოხდა. სკოლაში ჩარიცხვის შეტყობინება ბრიენში საკმაოდ მალე, სექტემბერში მოვიდა და ბუონაპარტეც პარიზში გამგზავრებისათვის სამზადისს შეუდგა. მზადებაში თითქმის ერთი თვე მიიწურა. ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის კი ყველა საქმე მოგვარებული იყო და ნაპოლეონიც ბრიენის სასწავლებელს დაემშვიდობა.
    ბრიენიდან პარიზამდე მგზავრობას ორ დღეზე მეტი არ დასჭირდა. 19 ოქტომბერს ნაპოლეონი უკვე ადგილზე იყო. საფრანგეთის დედაქალაქის ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა ყმაწვილ ბუონაპარტეს. პარიზი ვენისა და პეტერბურგის მრავლისმნახველ არისტოკრატებისთვისაც ოცნების ქალაქი იყო და რა გასაკვირია, რომ მეთექვსმეტე წელში გადამდგარი პროვინციელი ახალბედა მოეხიბლა. რა იცოდა მაშინ ღარიბი კორსიკელი აზნაურის ჩამომავალმა, რომ გაივლიდა სულ რაღაც თხუთმეტიოდე წელი და ეს ქალაქი, ისევე როგორც მთელი საფრანგეთი, მისი გახდებოდა! „მე მსურს დავიმარხო პარიზში, სენის ნაპირებთან, ფრანგ ხალხს შორის, რომელიც ესოდენ მიყვარდა“ – ეს სიტყვები მისი ანდერძიდანაა. ბევრი წყალი ჩაივლის, ბევრი დრო გავა, სანამ ეს სიტყვები დაიწერება.. მანამდე კი, პარიზთან პირველი შეხვედრით აღელვებული ყმაწვილი ბუონაპარტე სკოლის ყაზარმაში დაბინავდა და სწავლის დაწყების თადარიგს შეუდგა.
    პარიზის უმაღლესი სამხედო სკოლა საუკეთესო იყო საფრანგეთში. მას შესანიშნავი შენობა და კარგად აღჭურვილი სასწავლო ოთახები ჰქონდა, ერთობ მდიდარი ბიბლიოთეკა გააჩნდა და რაც მთავარია, პირველხარისხოვანი პედაგოგები ჰყავდა. ერთი კი იყო – სკოლაში სწავლება დიდი მომთხოვნელობით არ გამოირჩეოდა. განსხვავებით პროვინციული სასწავლებლების სულისშემხუთავი სიმკაცრისა, აქ რეჟიმი გაცილებით ლმობიერი იყო და კურსანტებიც სარგებლობდნენ ამით. მათს უმეტესობას პრივილეგირებული ოჯახების ჯიბესქელი ყმაწვილები წარმოადგენდნენ, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ქეიფსა და დროსტარებაზე ხარჯავდნენ. თავდაპირველად, ყმაწვილი ბუონაპარტეც ვერ ასცდა ცდუნებას: მიჰყვებოდა ახლადშეძენილ ამხანაგებს საქეიფო ადგილებში, მონაწილეობდა საღამოებსა და მხიარულ თავყრილობებში. პირველად შემოვიდა მის ცხოვრებაში ქალი (მათ ნაკლებობაზე არც მანამდე და არც მერე არავის დაუჩივლია პარიზში). მაგრამ ასეთი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე მობეზრდა ჭაბუკ კორსიკელს დუქნიდან დუქანში ხეტიალი. დროის უქმად და უმიზნოდ დაკარგვის მეტს ვერაფერს ხედავდა ამაში. ესეც არ იყოს, სად ჰქონდა ასე დასახარჯი ფული? ერთხელ თანაკლასელს შეუთავაზებია, ფულს მე გასესხებო. ალმ ური მოსდებია სახეზე მომავალ იმპერატორს, უარი უთქვამს; დედაჩემს იმდენი ხარჯი აქვს, ჩემს ვალებს ვეღარ დავუმატებო.
    მრავალი წლის შემდეგ, როცა ყმაწვილობის ამ პერიოდს იხსენებდა, გულისტკივილით ამბობდა: გაჭირვებამ ადრეული წლები მომიშხამა, მის გამო იყო, რომ ნაადრევად გავხდი სერიოზულიო. სერიოზულ ახალგაზრდას საქმეებიც სერიოზული ჰქონდა. რამდენი წიგნი იყო წასაკითხი, რამდენი რამ იყო გასაგები! ჩაუჯდა ისიც თავის წიგნებს. სკოლაში შესვენების ზარი რომ დაირეკებოდა, თავქუდმოგლეჯილი ბიბლიოთეკაში გარბოდა. გაკვეთილსა და გაკვეთილს შუა დროის რა მონაკვეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის უქმად დაკარგვაც არ უნდოდა. სადილის შემდეგ (ჭიქა რძე და ერთი ნაჭერი პური) ბუკინისტურ მაღაზიებში მიდიოდა. თუ რამ გროშებს მოიძიებდა, იმათაც წიგნებში აძლევდა, საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნას ლამობდა.
    განმარტოებით კი ცხოვრობდა, მაგრამ სმენა და თვალთახედვა დახშული როდი ჰქონდა. ხედავდა, უსამართლოდ რომ იყო ცხოვრება მოწყობილი. მდიდარი ოჯახის შვილებს პრივილეგიები თვით სამხედრო სასწავლებელშიც კი ჰქონდათ, იქ, საიდანაც ყველანი ერთი და იმავე პროფესიით, ერთი და იმავე წოდებით უნდა გამოსულიყვნენ და ვითომ თანასწორნი უნდა ყოფილიყვნენ. თანდათან იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. სანამ მისი ამხანაგები დროსტარებას უნდებოდნენ, ბუონაპარტემ, თავისი ინიციატივით, უმაღლესი სამხედრო სკოლის ძირეული რეფორმის პროექტი შეადგინა და მალევე წარუდგინა კიდეც სასწავლებლის ხელმძღვანელებს. მათაც პირობა მისცეს ყურადღებით შევისწავლითო და. თაროზე შემოდეს. მერე კი, რაღა თქმა უნდა, აღარც გახსენებიათ (მაგრამ ამ პროექტს საბოლოოდ დავიყყება არ ეწერა. როგორც კი ხელისუფლების სათავეში მოექცა და საშინაო საქმეების მოგვარებას მიჰყო ხელი, ნაპოლეონი თავის პროექტს მიუბრუნდა და სამხედრო სკოლების რეფორმაც მის მიხედვით გაატარა).
    1785 წლის დასაწყისში ნაპოლეონს სამშობლოდან შემაშფოთებელი ამბავი მოუვიდა: მამამისი, კარლო ბუონაპარტე, მძიმედ გამხდარიყო ავად. კორსიკელ ექიმებზე იმედი რომ ამოსწურვია, კარლო საფრანგეთს გამგზავრებულა. გზაში უფრო ცუდად გამხდარა და ამიტომაც ქალაქ მონპელიეში თავის ახლობლის სახლში დაბინავებულა. ფრანგმა ექიმებმა სანუგეშო ვერაფერი თქვეს: უფროს ბუონაპარტეს კუჭის კიბო ჰქონოდა და როგორც ეტყობოდა, დიდხანს ვერ იცოცხლებდა. კარლოც ატყობდა აღსასრულის მოახლოებას და თავისი დიდი ოჯახის ბედზე წუხდა. იმ დროს მის გვერდით ჟოზეფი იმყოფებოდა. ძველი კორსიკული წესით, მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახის წინამძლოლობა უფროს შვილზე გადადიოდა, მაგრამ კარლოს სხვა აზრი ჰქონდა. უნებისყოფო და მოზარმაცო ჟოზეფი ამ საქმეში არ ივარგებდა. ამიტომ კარლომ შვილს უთხრა: „დაიხსომე ჟოზეფ, შენ კი უფროსი ხარ, მაგრამ ოჯახის ნამდვილი წინამძღოლი ნაპოლეონიაო“. ჟოზეფმაც დაიხსომა და უმამოდ დარჩენილ ოჯახზე ზრუნვის მთელი სიმძიმე ნაპოლეონს შეატოვა (კარლო მალევე, თებერვლის ბოლოს გარდაიცვალა).
    ოჯახის უფროსის სიკვდილმა არივ-დარია ბუონაპარტეების გეგმები. ისედაც ხელმოკლეებს, ახლა, უბრალოდ, საარსებო საშუალების ძებნა დასჭირდათ. ბოლო ხანებში კარლოს ორი სარფიანი საქმე ჰქონდა აღებული და ოჯახს მათი მოგების დიდი იმედი ჰქონდა. ეს იმედი უკვე გადაწურული იყო. წვრილშვილით გარშემორტყმული ლეტიცია დიდ ენერგიასა და გამომგონებლობას იჩენდა, მაგრამ მისი ძალისხმევა საკმარისი აღარ იყო. ნაპოლეონს ერთი გზა რჩებოდა: დროზე ადრე დაემთავრებინა სწავლა პარიზის სამხედრო სკოლაში და ოჯახისათვის უმცროსი ოფიცრის ხელფასი შეეშველებინა.
    პარიზის სასწავლებელში ყოფნისას, ნაპოლეონი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიეღო, რაც შეიძლება მეტი ამოეღო სკოლიდან. მიუხედავდ იმისა, რომ მას იქ ერთი წელიც კი არ დაუყვია, ამის გაკეთება მაინც მოახერხა. ბუონაპარტემ დროის ამ მცირე მონაკვეთშიც შეძლო საფუძვლიანად გაეღრმპავებინა ცოდნა ისეთ საგნებში, რომლებიც მას ყველაზე მეტად აინტერესებდა. იმ დროისათვის იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მათემატიკასა და ფიზიკას უთმობდა (ისტორია და გეოგრაფია ხომ ისედაც უყვარდა, მათდამი ინტერესი მთელი ცხოვრება გაჰყვა). საქმე ისაა, რომ ბუონაპარტემ მტკიცედ გადაწყვიტა თავისი სამხედრო კარიერა არტილერიისათვის მიეძღვნა. კარგ არტილერისტს კი ფიზიკის და მათემატიკის კარგი ცოდნა სჭირდებოდა (არტილერია ჯარის მეტად რთულ და თავისებურ გვარეობას წარმოადგენდა, რის გამოც სამხედრო სკოლის კურსანტები მას ჩვეულებრივ, მაინცდამაინც არ ეტანებოდნენ).
    ზუსტი მეცნიერებისადმი ინტერესს ნაპოლეონს ისიც უღვივებდა, რომ უმაღლეს სკოლაში ამ საგნების კურსს ისეთი გამოჩენილი მეცნიერები კითხულობდნენ, როგორებიც იყვნენ გასპარ მონჟი და პიერ სიმონ ლაპლასი. ბუონაპარტე ხარბად ისმენდა მათ ლექციებს, იწერდა და ინიშნავდა მნიშვნელოვან მომენტებს. დილით მიღებულ ცოდნას საღამოთი წიგნებში ამოკითხულით იმტკიცებდა. თანაც ეს არ იყო საგნების მხოლოდ მექანიკური დასწავლა – იგი კრიტიკულად უდგებოდა წაკითხულსა და გაგონილს, თავის აზრს გამოთქვამდა, თავის შენიშვნებს აკეთებდა. სახელოვანმა სწავლულებმა მალე შეამჩნიეს ეს სხარტი გონების, ასაკთან შედარებით უჩვეულოდ ნაკითხი ჭაბუკი. მათ ჭეშმარიტი მეცნიერის მონაცემები დაინახეს მასში (ბუონაპარტეს პარიზის სკოლის დროინდელი დღიურები და ჩანაწერები სავსეა ნახაზებითა და ფორმულებით, ორიგინალური მსჯელობებით გეომეტრიისა და ფიზიკის, კერძოდ მექანიკის, ამა თუ იმ აქტუალურ საკითხებზე). მრავალი წლის შემდეგ, 1805 წელს, იმპერატორი დანანებით ეტყვის ლაპლასს: „დიდად მწყდება გული, რომ გარემოებათა გამო მეცნიერულ ასპარეზს ჩამოვშორდიო“. მეცნიერებისადმი სიყვარული, ხოლო სწავლულებისადმი პატივისცემა ერთნაირად დიდი ჰქონდა კურსანტ ბუონაპარტესა და იმპერატორ ნაპოლეონს...
    უმაღლეს სკოლაში ათიოდე თვის ყოფნის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა ნაპოლეონმა. რა თქმა უნდა, სწავლის კიდევ გაგრძელება ერჩია, მაგრამ, როგორც ითქვა, ოჯახური პრობლემა ამის საშუალებას არ იძლეოდა. 1785 წლის აგვისტოში მან გამოსაშვები გამოცდები ჩააბარა და ამით სკოლაში ყოფნის პერიოდიც დამთავრდა. „დაბადებით და ხასიათით კორსიკელია. თუ გარემოება ხელს შეუწყობს, შორს წავა“ – ასეთი ატესტაცია მისცეს მასწავლებლებმა! ნაპოლეონი ლეიტენანტის წოდებას იღებს და იმავე წლის 1 სექტემბერს იგზავნება სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ისტორიული პროვინციის, დოფინეს პატარა ქალაქ ვალანსის გარნიზონში.
    გარნიზონს არტილერიის პოლკი „დე ლა ფერი“ შეადგენს. ახლადგამომცხვარი ლეიტენანტი ამ პოლკის ბომბარდირთა მეორე ასეულში ინიშნება. დაყოვნებას აზრი აღარა აქვს და ნაპოლეონი მალევე ტოვებს პარიზს. ენანება პედაგოგებთან განშორება, უმძიმს მდიდარი ბიბლიოთეკების მიტოვება. თანასკოლელებზე კი ეს არ ითქმის – დიდად ვერავის დაუახლოვდა, მაინცდამაინც ვერავისთან გამონახა საერთო ენა. ასეც უნდა ყოფილიყო, ალბათ. თავისი ხასიათი აქ უკვე აღარაფერ შუაში იყო, წოდებრივი განსხვავება გამოდიოდა წინა პლანზე. მათ ხომ სხვადასხვა ინტერესები და სხვადასხვა მიზნები ჰქონდათ. ყველაფერი ეს უფრო გამოჩნდა მას შემდეგ, როცა თითქმის ყველა მისი თანასკოლელი მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა...
    ვალანსისკენ ბუონაპარტე ოქტომბრის დასაწყისში გაემართა. თან სკოლის ერთი ამხანაგი გაიყოლა, რომლის ძმაც იმავე გარნიზონში მსახურობდა კაპიტნის ჩინით. მგზავრებს საკმარისი ფული არ ჰქონდათ და გზის უმეტესი ნაწილი ფეხით გაიარეს. ამიტომ იყო, რომ დანიშნულების ადგილას მხოლოდ ერთი თვის შემდეგ – ნოემბრის დასაწყისში ჩავიდნენ.
    ჩასვლისთანავე ნაპოლეონი ბინის თადარიგს შეუდგა, მაგრამ ბევრი ძებნა არ დასჭირვებია: ერთი შინაბერას, მადმუაზელ ბუს ბინაში იქირავა ოთახი. ქალს გასაქირავებელი ოთახების გარდა, იმავე სახლში კაფე და საბილიარდე ჰქონდა გამართული. ბუონაპარტეს ოთახი სწორედ საბილიარდეს გვერდით იყო. ასე რომ, ახალგაზრდა მდგმურს ხმაური და ღრიანცელი ყოველდლე განაღდებული ჰქონდა. სხვა დამქირავებლებს ასეთი მეზობლობა, ცხადია, არ აწყობდათ და ამ ოთახსაც გაურბოდნენ. ბუონაპარტესთვის კი სწორედ ზედგამოჭრილი გახლდათ, რადგან ამ ოთახის ქირა სხვებზე ნაკლები იყო. ხმაურისა კი მას სულაც არ ეშინოდა, რადგან დღისით სახლში არ იქნებოდა, საღამოს კი წიგნებში რომ ჩარგავდა თავს, მერე არც არაფერს გაიგონებდა და არც არავის მოინდომებდა.
    ბინის საკითხის მოგვარების შემდეგ, იგი პოლკში გამოცხადდა და იმავე დღიდან შეუდგა სამსახურს. აი, ასე უბრალოდ და ასე პროზაულად დაიწყო ნაპოლეონ ბონაპარტის ოცდაათწლიანი სამხედრო გზა. საფრანგეთის სამეფო არმია, ისევე როგორც ფეოდალური ევროპის სხვა არმიები, წოდებრივი განსხვავებით ორად იყო გახლეჩილი. ოფიცერთა კორპუსი, რომლის დიდ უმარვლესობას არისტოკრატთა წრიდან გამოსულები შეადგენდნენ, თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჯარისკაცები კი – თავისი. ოფიცრებს ფული ჰქონდათ. ბევრ მათგანს მსახურებიც ჰყავდა, რომლებიც მათს კვებაზე, იარაღისა და ტანსაცმლის მოვლასა და სხვა მრავალ წვრილმან საქმეზე ზრუნავდნენ. ბატონები დღის არც თუ დიდ მონაკვეთს სამხედრო სამსახურს ანდომებდნენ, დანარჩენს კი, – უფრო მეტს – ქეიფსა და დროსტარებას. ჯარისკაცებზე ზრუნვა ლამის უკანასკნელ საქმედ იყო მიჩნეული და ამაზე ფიქრით არავინ იწუხებდა თავს. ამიტომაც ჯარისკაცებში დისციპლინა დაბალი იყო, დამნაშავეობა კი მაღალი. დამნაშავეობას ხელს უწყობდა თვით ჯარისკაცთა კონტინგენტი. რეკრუტულ სისტემაზე აგებულ სამეფო ჯარში სისხლის სამართლის დამნაშავეც ბევრი აფარებდა თავს და ზარმაცი და უქნარაც. არმიაში მაშინ გამეფებულ „წესრიგზე“ კარგ წარმოდგენას იძლევა თუნდაც „დე ლა ფერის“ პოლკში რეკრუტთა მისატყუებლად გაკრული განცხადებები, რომლებშიც სიტყვასიტყვით ეწერა შემდეგი: „ჩვენთან კვირაში სამჯერ ცეკვებია, ორჯერ – სუფთა ჰაერზე თამაშები. დანარჩენ დროს ჯარისკაცები კეგლითა და ართურმით ირთობენ თავს, საგუშაგოზე დგანან ან მეცადინეობენ. თითქმის მთელი დრო სიამოვნებებს ეთმობა. ჯამაგირები დიდია და ჯარისკაცებს კარგად ეპვრობიან“. აი, ასეთ არმიაში დაიწყო სამსახური უმცროსმა ლეიტენანტმა ბუონაპარტემ და წლების განმავლობაში წინსვლას ვერ მიაღწია. ვერ მიაღ–წია, მიუხედავად იმისა, რომ თაგიდან არც ენერგია, არც ცოდნა, არც მონდომება არ დაუშურებია. როგორც ირკვეოდა, სამეფო არმიაში ეს თვისებები საკმარისი არ ყოფილა.
    ვალანსში ბუონაპარტეს თითქოს ხასიათი შეეცვალა, სხვანაირი გახდა. ხალხს უკვე აღარ გაურბოდა, პირიქით, საზოგადოებაში გავიდა. პროვინციული ქალაქის არც ერთ ღირსშესანიშნავ გართობას ან ღონისძიებას არ აკლდებოდა. ადგილობრივ მცხოვრებთა შორის მეგობრები გაიჩინა. მათაც გულით მიიღეს ყმაწვილი ოფიცერი. ერთი-ორი ქალიშვილიც დაიახლოვა, სიყვარულობანას თამაშობდა მათთან. ცეკვის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული, თუმცა წარმატება არ ჰქონია: ვერ იქნა და ვერ ისწავლა წესიერად ცეკვა. მერე თავი დაანება, საჩემო საქმე არ ყოფილაო. ისევ ღარიბულად ცხოვრობდა. უმცროს ლეიტენანტს რა ხელფასი უნდა ჰქონოდა, და მის მოზრდილ ნაწილს ოჯახს უგხავნიდა. ისევ ერთხელ ჭამდა დღეში, ისევ პურსა და რძეს, ეს იყო მისი სადილი. სამაგიეროდ ახალ მეგობრებთან სტუმრობა შველოდა – ხშირად მათთან რჩებოდა სადილად. როგორც პატარა ქალაქებში იციან ხოლმე, ვალანსშიც უხაროდათ სტუმრის მიღება.
    ბუონაპარტესაც გულღიად მასპინძლობდნენ. ეტყობა, რაღაც მოსწონდათ მასში. თვითონაც დაუახლოვდა ახალგაცნობილ მასპინძლებს (შემდგომში ისე წავიდა საქმე, რომ ვალანსში კიდევ მოუხდა სამსახური. ისევ მადმუაზელ ბუს სახლში გაჩერდა და ისევ ძველ მეგობრებთან განაახლა სტუმრობა. მოგვიანებით, კონსულობისა და იმპერატორობის წლებში ყველას გაუხსენა ამაგი და ყველას ჯეროვნად დაუფასა გაწეული დახმარება). ღარიბულად კი ცხოვრობდა ვალანსში ბუონაპარტე, მაგრამ ვალებს არ იღებდა და ამიტომ თავი დამოუკიდებლად ეჭირა. ადგილობრივი საზოგადოება ამ ოფიცერს გონებამახვილ და, რამდენადაც ეს უცნაურად არ უნდა ჩანდეს, მხიარულ ახალგაზრდად იცნობდა. თუმცა, გართობას იგი უკვე საკმაო დროს უთმობდა, მაგრამ მისთვის ჩვეული თავაუღებელი მუშაობისათვის მაინც არ უღალატნია. ამ მხრივ ოდნავადაც არ შეცვლილა, იგივე დარჩა. პირიქით, ინტერესების სფერო გაეზარდა. მექანიკაში და მათემატიკაში ისევ ორიგინალურ გამოკვლევებს აწარმოებდა. ახალი კი ის იყო, რომ მედიცინის შესწავლასაც მიჰყო ხელი, რასაკვირველია, დამოუკიდებლად. ბოლოს, კალამსაც მოუსინჯა წვერი. მეგობრებს წაუკითხა, მათგან გამამხნევებელი სიტყვები მოისმინა, მერე თვითონაც მოეწონა საკუთარ ნაწერი და გადაწყვიტა ლიტერატურული საქმიანობისათვის მოეკიდა ხელი. 1786–88 წლებში რამდენიმე ნაწარმოები შექმნა, ზოგი მხატვრული, ზოგიც პუბლიცისტური. ამ პერიოდს მიეკუთვნება მისი, აღმოსავლური ზღაპრის მოტივზე შექმნილი „წინასწარმეტყველის ნიღაბი“, „კორსიკული რომანი“, რომელიც მშობლიური კუნძულის მცხოვრებთა ყოფის ერთ მხარეს შეეხება, ფილოსოფიური ნარკვევი „ფიქრები თვითმკვლელობაზე“ და სხვა. ლექსების წერაც დაიწყო (ლექსები ძალიან უყვარდა. იმ დროისათვის პოპულარული პოეტის – ოსიენის წიგნს ჯიბითაც კი დაატარებდა). ისეთი ჟინით მუშაობდა, რომ ხშირად ჭამა ავიწყდებოდა და სხვები ახსენებდნენ. მალე „კორსიკის ისტორიის“ წერას მიჰყო ხელი. პირველი ორი თავი დაასრულა თუ არა, მაშინვე აბატ რეინალს გაუგხავნა მარსელში. გულის ფანცქალით ელოდა ცნობილი მწერლისა და განმანათლებლის აზრს თავის ქმნილებაზე. პასუხმაც არ დაახანა. რეინალმა ნაშრომი მოუწონა და ზოგიერთი სასარგებლო რჩევა-დარიგებაც მისცა. გახარებულმა ბუონაპარტემ გაორმაგებული ენერგიით განაგრძო წერა.
    იმ პერიოდში ლიონის აკადემიამ კონკურსი გამოაცხადა ნარკვევზე – „ადამიანის ბედნიერების შთამაგონებელი გრძნობების“ შესახებ. ბუონაპარტემ გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა მიეღო და ნარკვევზე მუშაობას შეუდგა. ნარკვევმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ყურადღება დაიმსახურა. ლიტერატორები შემდეგ ამბობდნენ, ამ ნაწარმოებში ზოგან მეტად ძლიერი ადგილები გვხვდებაო. ჟიურის ერთ გავლენიან წევრს კი ბუონაპარტეს ნაწერის გაცნობის შემდეგ უთქვამს: ბოდვაა, მაგრამ ძალიან კარგად დაწერილიო. მომდევნო 4–5 წელი მეტად ნაყოფიერი იყო ნაპოლეონის „ლიტერატურულ შემოქმედებაში“. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი მოთხრობა, ნარკვევი, ფილოსოფიურ-მხატვრული ეტიუდი, ლექსი, ერთი რომანი და ერთი პიესა შექმნა. ზოგმა მათგანმა დღის სინათლე იხილა, ზოგი კი (უმეტესობა) მისი მაგიდის უჯრაში დარჩა. შემდგომში ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მას უკვე აღარ მოუცლია და აღარც მხატვრული ნაწარმოები შეუქმნია. მკვლევარნი აღნიშნავდნენ: მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ბუონაპარტეს ნაწერებში ხშირი იყო გრამატიკული შეცდომა, მრავალსიტყვაობა და აშკარად ღვლარჭნილი ფრაზები, ისინი მაინც საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ახდენდნენ მკითხველზე, რადგან მხურვალე გრძნობების გარდა, მათში ღრმა აზრებიც იყო ჩაქსოვილიო. მართალია, ხშირად ეს აზრები ვერ იყო მაინცდამაინც მწყობრ სისტემაში მოქცეული, მაგრამ მათ მაინც ეტყობოდათ, რომ ავტორი ორიგინალურად მოაზროვნე პიროვნება გახლდათ და უკვე საკუთარი ხელწერაც ჰქონდა. ასეა თუ ისე, ახალგაზრდა ბუონაპარტეს სამწერლო მოღვაწეობამ საფრანგეთის მდიდარ ლიტერატურულ ცხოვრებას თუმცა რაიმე შესამჩნევი კვალი ვერ დაამჩნია, მაგრამ იგი იმის დასტური მაინც იყო, რომ ეს ჭაბუკთათვის დამახასიათებელი უბრალო მწერლური „გავარჯიშება“ კი არ ყოფილა, არამედ, უდავოდ, ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებული კაცის სერიოზული შრომის შედეგი.
    პირველივე შვებულებამ მოუწია თუ არა, ბუონაპარტემ კორსიკისკენ გასწია (786 წლის სექტემბერში). ხუმრობა ხომ არ იყო – შვიდი წელი არ ყოფილა სახლში! ნაპოლეონის ჩასვლას ზარ-ზეიმით შეხვდნენ – განსაკუთრებით დედა გერ ფარავდა სიხარულს. იგი ორი სკივრით მიადგა თავისიანებს. ერთი, რომელიც მეორეზე აშკარად დიდი იყო, წიგნებით ჰქონდა გამოტენილი (ვერც იქ იშორებდა თავის მეგობრებს).
    ოჯახის საქმეები, როგორც ყოველთვის, ახლაც ვერ იყო რიგზე. პატარა მამული, რომელიც ბუონაპარტეებს ჰქონდათ, უხეირო მოვლა-პატრონობის გამო, იმის ნახევარ შემოსავალსაც ვერ იძლეოდა, რისი მოცემაც წესიერი დამუშავებისას შეეძლო (ბუონაპარტეებს ვენახი ჰქონდათ გაშენებული და თუთის ხეებიც ედგათ). ახალგაზრდა ოფიცერი აქტიურად ჩაერია ოჯახის საფინანსო საქმეებში და მისი ცოტათი გაუმჯობესება მოახერხა. მომდევნო წლებში იგი არაერთხელ ბრუნდებოდა კორსიკაზე და ყოველი ჩამოსვლისას, სულ უფრო მეტ ხანს ჩერდებოდა კუნძულზე. საქმე ისაა, რომ ბუონაპარტემ პოლიტიკურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. თუ რატომ და რა პირობებში, ამას ქვემოთ დავინახავთ. სამშობლოსაკენ ერთ-ერთი ასეთი ვოიაჟის დროს, კერძოდ კი 1787 წლის დასაწყისში, ბუონაპარტემ მარსელში გაიარა და აბატი რეინალი ინახულა. დიდხანს ისაუბრეს სახელგანთქმულმა მოაზროვნემ და დამწყებმა ლიტერატორმა. საუბრის ბოლოს ბუონაპარტემ რეინალს თავისი „კორსიკის ისტორია“ აჩუქა და თან მოწიწებით ამცნო, რომ თავის ამ „ძირითად ნაშრომს“ მას უძღვნიდა.
    სანამ ბუონაპარტე კუნძულზე იყო, „დე ლა ფერის“ პოლკი ვალანსიდან ოქსონში გადაეყვანათ. ასე რომ, ერთობ გახანგრძლივებული შვებულებების შემდეგ მას ახალ ადგილზე გადაბარგება მოუხდა. გაჭირვება კი ოქსონშიც თან სდევდა. თავის სარჩენად და ოჯახის დასახმარებლად რომ ფული ეშოვა, იძულებული გახდა რეპეტიტორობა დაეწყო: იგი მათემატიკასა და გეოგრაფიაში ამზადებდა მოწაფეებს (ხარჯი, ეკონომიის მიუხედავად, მაინც დიდი ჰქონდა – კორსიკაზე წასვლა-წამოსვლა საკმაო ფულს მოითხოვდა).
    ოქსონში ნაპოლეონმა გააგრძელა გამოკვლევები მექანიკის დარგში და ორიგინალური შრომა შეასრულა ბალისტიკაში, რომელიც ყუმბარების ტყორცნის პრინციპებს ეხებოდა, მათემატიკური გამოთვლების საფუძველზე. ეს შრომა შემადგენელი ნაწილი იყო მისი უფრო ვრცელი ტრაქტატისა – „არტილერიის პრინციპები“, რომელზეც ადრე დაიწყო მუშაობა. ინტენსიურმა შრომამ და ნახევრადშიმშილმა ძლიერ დაასუსტა ბუონაპარტე და ლამის ავადმყოფობის პირზე მიიყვანა. დედისადმი იმ დროს მიწერილ წერილში იგი ვერ მალავს იმას, რომ დღეში ერთხელ უხდება ჭამა. თუმცა, მშობელი რომ ზედმეტად არ შეაშინოს, იქვე უმატებს: „ასეთი რეჟიმი ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლო ყოფილაო“.
    შიმშილსა და შრომას მიჩვეული იყო და ეს ამბები ჩვენს გმირს, მაინცდამაინც, არ აწუხებდა. საწუხარი სხვა რამ გაუჩნდა ბოლო ხანს. რაღაც სევდა შემოაწვა, რაღაც მოუსვენრობა დასჩემდა, გალიაში მომწყვდეულს დაემსგავსა. აღარაფერი ახალისებდა, ლამის სამსახურზეც გული აიყარა. ვერ გაეგო რაში იყო საქმე, რა ხდებოდა მის თავს. არადა ასაკის ბრალი იყო ყველაფერი, სხვა მიზეზებს, მაინცდამაინც, ძებნა არ უნდოდა: სიჭაბუკის ზანა დასდგომოდა ბუონაპარტეს, ფიქრებისა და ოცნების ხანა. ისიც ფიქრობდა და ოცნებობდა, ხან ცხოვრებაზე, ხანაც მომავალზე და თავის ბედზე. ბედით არ იყო კმაყოფილი. საიდან იქნებოდა, რას მიაღწია აქამდე ან რა ელოდა მომავალში? აგერ ოთხი წელი ისე მიიწურა, არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის ისევ ის სამხრეები ეკეთა, რომელიც სამხედრო სკოლის დამთავრებისას ჰქონდა. პოლკში ცოდნით ყველას სჯობდა, მაგრამ ვინ უყურებდა ამას? საფრანგეთის არმიაში არისტოკრატთა პრივილეგიის კანონი მოქმედებდა. წინსვლა და წარმატება პრივილეგირებულთა ხვედრი იყო, დანარჩენები თავის ბედს უნდა შერიგებოდნენ, თავისი ადგილი უნდა სცოდნოდათ. ომი თუ იქნებოდა, მეფისათვის უნდა ეომათ. სიკვდილი თუ მოვიდოდა, მეფისათვის უნდა მომკვდარიყვნენ. არ აწყობდა ასეთი პერსპექტივა პატივმოყვარე ახალგაზრდას. სიკვდილი არ აფიქრებდა, მისი არ ეშინოდა, მაგრამ ბომარშეს პიესის გმირის, კერუბინოსი არ იყოს, ჯარისკაცად კი არ უნდოდა სიკვდილი.
    ნიადაგ სამშობლოს განთავისუფლებაზე ფიქრობდა, მაგრამ ამის ვერც გზას ხედაგდა და ვერც შესაძლებლობას პოულობდა. ამაღლებულზე ოცნებობდა, ცხოვრება კი გაცილებით პროზაულ საკითხებს უყენებდა – დედისა და და-ძმების შენახვაზე უნდა ეზრუნა, თანაც ისე, თვითონ შიმშილით არ მომკვდარიყო. გამოსავალი არ ჩანდა თითქოს. ამიტომაც იყო, ნაღგელი რომ შემოაწვებოდა ხშირად და მწარე ფიქრებიც აეშლებოდა.
    მართლაც, რად უნდოდა მილეთის წიგნი რომ ჰქონდა წაკითხული, ბევრი რომ იცოდა და ბევრის გაკეთების უნარი ჰქონდა? რაში ადგებოდა ეს, ჰქონდა კი აზრი ასეთ ცხოვრებას და საერთოდ, თუნდაც თვით სიცოცხლეს ჰქონდა აზრი? იქნებ აღარც ღირდა. და ასე, ოცი წლისამ უკვე სიცოცხლესთან განშორებაზე დაიწყო ფიქრი. სამხედრო კაცისათვის სიკვდილი რა უცხო რამ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბრძოლის ველზე მოსულ სიკვდილზე კი არ ფიქრობდა უკვე, არამედ სხვაზე, თავად რომ გამოიწვევ, თავად რომ მოუსწრაფებ სიცოცხლეს თავს. საუკუნის ავადმყოფობას გავდა ეს, ჭკვიანი კაცის მარადიულ სევდას სოფლის ამაოებაზე. დროდადრო გოეთეს „ვერტერს“ უბრუნდებოდა ფიქრებში... მარტოსული იყო და მარტო ქაღალდს თუ ანდობდა თავის გრძნობებს. „მუდამ მარტო ვარ ადამიანებს შორის და მარტოდ ყოფნისას ვუბრუნდები მხოლოდ ჩემს ფიქრებს“ ეს სიტყვები ჭაბუკ ბონაპარტეს დღიურიდანაა. „რა საქმე მაქვს ამ ქვეყანაზე? თუ უნდა მოვკვდე, არ ჯობია ეს თვითონ გავაკეთო?. 60 წელზე მეტის რომ ვიყო, პატივს ვცემდი ადამიანთა ცრურწმენებს და მოთმინებით მივენდობოდი ბუნების ძალას, მაგრამ რადგანაც მე მხოლოდ ახლა ვიწყებ უბედურებათა შეცნობას და ვერაფერი მომიტანს სიხარულს, რაღას გავწელო დღენი?.. არაფერი მანიჭებს სიამოვნებას. ცხოვრებაცა და სხვა ყველაფერიც ტვირთად იმიტომ იქცა ჩემთვის, რომ ადამიანები, რომლებთანაც მე ვცხოვრობ, და რომლებთანაც, ალბათ, უნდა ვიცხოვრო შემდეგაც, ზნეობრივად ისე შორს არიან ჩემგან, როგორც მთვარის შუქი მზის სხივებისგან“.
    გულგატეხილი კაცის სულის ყივილი ისმის ამ სიტყვებში, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულის. როგორც ეტყობა, გასჭირვებია მაშინ ძალიან ბუონაპარტეს, მიუსაფრობისა და უნუგეშობის გრძნობა დაუფლებია. ასეთ დროს საშველი იშვიათად გამოჩნდება ხოლმე, სულის ასეთ მდგომარეობას ძნელად თუ ეშველება, მაგრამ მოერია ნელ–ნელა საკუთარ თავს ბუონაპარტე, მოიკრიფა ძალა, გადაიგდო კაეშანი. თუმცა მარტო მის დამსახურებას ნუ მივაწერთ ამას. ქვეყანაში ვითარების შეცვლამაც ძალიან შეუწყო ხელი. ახალი ფურცელი გადაიშალა ნაპოლეონის, საფრანგეთის, ევროპის ცხოვრებაში.
რევოლუციის წლები.
    ოთხმოციანი წლების უკანასკნელი წელი მძიმე გამოდგა საფრანგეთისთვის. ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც უკვე კარგა ხნის წინ იჩინა თავი, იმ წელს აპოგეას მიაღწია და თითქოს გამოსავალი აღარ დაუტოვა ქვეყანას. ჩვეულ სიღარიბეს სოფლად და სიღარიბეს ქალაქად ახლა ჯერ პურის მწვავე ნაკლებობა, ხოლო შემდეგ კი ნამდვილი შიმშილი დაემატა. პურის ასეთი ნაკლებობა მანამდე არასოდეს ყოფილა საფრანგეთში. სასოწარკვეთილი გლეხები, რომელთაც ყოველწლიურად უდიდებდნენ გადასახადებს, მასიურად ტოვებდნენ სოფლებს და ლუკმა-პურის საშოვნელად ქალაქებში გარბოდნენ. ქალაქებს კი თავიანთი გაჭირვება ჰყოფნიდათ და გლეხებს რას უწილადებდნენ? ასეთ ვითარებაში საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეში სერიოზული მღელვარებები დაიწყო და აქა–იქ ამბოხებებმაც იჩინა თავი.
    ამბოხებები ახალი ამბავი არ იყო ამ ქვეყნისათვის, ისევე როგორც, საერთოდ, ევროპისათვის. ამ კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანაში, დროდადრო ამა თუ იმ ფორმით და ამა თუ იმ მასშტაბით, გაღატაკებულნი იარაღს ჰკიდებდნენ ხელს და თავიანთ რისხვას მჩაგვრელთა წინააღმდეგ მიმართავდნენ. ძლიერნი ამა ქვეყნისანი კარგად უწყოდნენ ამ საშიშროების შესახებ და ფხიზლად დარაჯობდნენ თავიანთ პრივილეგიებს. ხან იოლად, ხან კი ძნელად, ისინი ამბოხებებს ყოველთვის ახშობდნენ და თავის ძალაუფლებას კვლავინდებურად ინარჩუნებდნენ. სწორედ, ამის დიდი იმედი ჰქონდათ საფრანგეთის მმართველ წრეებს ამჯერადაც, და ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მათში, მაინცადამაინც, დიდ შეშფოთებას არ იწვევდნენ. არადა ის, რაც ამ პერიოდისათვის ქვეყანაში მზადდებოდა, „ჩვეულებრივი“ ამბოხისგან ძალიან შორს იდგა და ხელისუფალთაგან სულ სხვა მიდგომას მოითხოვდა. ხელისუფლება კი, თითქოს განგებ, ამ მოვლენებისადმი ყრუ და ბრმა რჩებოდა და შედეგად 1789 წელს საფრანგეთში მოხდა ისეთი რამ, რაც თავისი არსით და მნიშვნელობით მალე გასცდა ამ ერთი ქვეყნის ფარგლებს და ჯერ სრულიად ევროპული, ხოლო შემდეგ მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა. ეს მოვლენა – საფრანგეთის დიდი რევოლუცია – სინამდვილეში ოთხმოცდაცხრაში დაიწყო მხოლოდ. მომდევნო წლებში მან განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო, შემდეგ მიაღწია თაგის მწვერვალს და ბოლოს არსებობა დაასრულა, ძირითადად საკუთარ წიაღში აღმოცენებულ შვილთა მეცადინეობით, რაშიც, როგორც მიღებულია ჩაითვალოს, ერთ-ერთი მთავარი როლი, თუ უმთავრესი არა, ნაპოლეონ ბონაპარტმა ითამაშა.
    მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ მოხდება. მანამდე კი, ოთხმოციანი წლების ბოლოს მომავალი დიდი ამბების შესახებ, ცხადია, არც ლუი XVI-მ იცოდა რამე და არც მისმა დამამხობლებმა. მით უმეტეს არაფერი იცოდა ამის თაობაზე საფრანგეთის ტახტის მისმა მომავალმა მემკვიდრემ, უმცროსმა ლეიტენანტმა ბუონაპარტემ, რომელიც მაშინ დედაქალაქიდან შორს, პროვინციის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა და პარიზული ამბებისა არაფერი გაეგებოდა.
    ცხოვრება კი თავისი გზით მიდიოდა. სამეფო კარი და პრივილეგირებულნი, თითქოს მათ ქვეყანაში არაფერი ხდებოდა, ისევ აგრძელებდნენ უზრუნველ ცხოვრებას და არათუ არ ფიქრობდნენ თავიანთი ყოფის თუნდაც მცირეოდენ შეცვლაზე, არამედ, პირიქით, ნიადაგ საკუთარი გამდიდრების ახალ-ახალ საშუალებათა ძიებაში იყვნენ და ასეთ საშუალებას ყოველთვის ისევ ახალი გადასახადების დაწესებაში პოულობდნენ. თუმცა, ბოლო ხანებში, ამის გაკეთება მათ თანდათან უფრო და უფრო უძნელდებოდათ, რადგან გადამხდელი უკვე წელში გაწყვეტილი იყო და მას გასაცემი თითქმის აღარაფერი ჰქონდა.
    სამეფო ხაზინას საფრთხე დაემუქრა. გამოსავალს ხელისუფლება მხოლოდ ფინანსთა მინისტრების ცვლაში ხედავდა. ახალ მინისტრებში იშგიათად თუ გამოერეოდა რიგიანი და საქმის ჭეშმარიტი მცოდნე უმეტესობა კალონის მსგავსი იყო, საკუთარ ჯიბეზე რომ უფრო ფიქრობდა, ვიდრე ხაზინაზე (სხვათა შორის, ამ კალონთან დაკავშირებით ერთ დამახასიათებალ ამბავს ჰყვებოდნენ მაშინ: ახლად დანიშნული მინისტრისათვის გაკვირვებით უკითხავს ერთ ნაცნობ მოხელეს: ნეტა, როგორ მოჰკიდეთ სამეფო ფინანსების გასწორების საქმეს ხელი, როცა საკუთარი ასე ცუდად გაქვთ მოწყობილიო? კალონს ცინიკურად უპასუხნია, სწორედ იმიტომაც მოვკიდე სამეფო ფინანსებს ხელი, საკუთარი რომ ცუდ დღეში მაქვსო). მსგავსი ამბები არ იმალებოდა და ხალხში კიდევ მეტ გაბრროტებას იწვევდა. თუ ვინმე ჯკვიანი ფინანსისტი გამოჩნდებოდა (ტიურგო, ნეკერი), სამეფო კარი ძირეული რეფორმების გატარების საშუალებას მაინც არ აძლევდა. შედეგად, 80-იანი წლების ბოლოსათვის საფრანგეთი სასტიკ ფინანსურ კრიზისში ჩავარდა. სოფლის მეურნეობის მოშლას მრეწველობის მკვეთრი დაქვეითება მოჰყვა. ხელისუფლება აშკარად ვერ ართმევდა თავს სიძნელეებს.
    პარიზში სულ უფრო ხშირად იხსენებდნენ ფენელონის მიერ დიდი ხნით ადრე ნათქვამ სიტყვებს იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის სახელმწიფო აპარატი მოშლილ მანქანას წააგავდა, რომელიც მუშაობას მხოლოდ კარგა ხნის წინ მიღებული ბიძგის მეოხებით ასრულებდა და პირველივე დარტყმის შემდეგ ნამსხვრევებად იქცეოდა.
    ქვეყნის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, სამეფო კარიც კი მიხვდა, ფულის    შოვნა თუ უნდოდა, გადასახადები პრივილეგირებულ წოდებებზეც უნდა გაევრცელებინა, მაგრამ როგორ? ვის უნდა გამოეცა ასეთი დეკრეტი? მეფეს ამის გაგონებაც არ სურდა, იგი ვერ ბედავდა აბსოლუტიზმის დასაყრდენის – პრივილეგირებულთა წრეების – განაწყენებას, მინისტრებს კი არავინ დაუჯერებდა. ამიტომ გამოსავალის ძებნისას ისტორია გაიხსენეს და ადრეული შუა საუკუნეების წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს – გენერალური შტატების – მოწვევა გადაწყვიტეს.
    ამ არჩევითი საკრებულოს პირველი სხდომა 1789 წლის 5 მაისს გაიხსნა ვერსალის სასახლეში. პირველი ორი წოდების დეპუტატებს არ სურდათ გადასახადების პრივილეგირებულებზე გავრცელება და ახალი გადასახადების ისევ მდაბიოთა ზურგზე მოკიდებას ლამობდნენ. მესამე წოდება კი – პირიქით, ახალი გადასახადების შემოღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო თანახმა, თუ ამ უკანასკნელთ აღნიშნულ ორ წოდებაზეც გაავრცელებდნენ. დაპირისპირება მატულობდა. ყველას ესმოდა, რომ საქმე მარტო გადასახადებში არ იყო. ვერსალის „მცირე გართობათა დარბაზში“ მიმდინარე ცხარე სიტყვიერი შეჯახებები, ფაქტიურად, საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობის ბედ-იღბალსა და ქვეყნის მომავალს შეეხებოდა. პარიზელები ჯგუფებად მიემართებოდნენ ვერსალში და მესამე წოდების დეპუტაციას ამხნევებდნენ. ამ უკანასკნელებმაც ხალხი არ გააწბილეს და გამოიჩინეს რა ჭეშმარიტი მოქალაქეობრივი სიმამაცე, 17 ივნისს თავი ეროვნულ კრებად გამოაცხადეს. ამით ისინი გასცდნენ შუასაუკუნოვანი ფეოდალურ-წოდებრივი „პაყოფის პრინციპს და ამიერიდან მთელი ფრანგი ხალხის სახელით დაიწყეს ლაპარაკი. მეფე შეეცადა ეროვნული კრების დაშლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აბსოლუტიზმმა მძიმე დარტყმა იგემა. ყველაფერი, რაც აქამდე საფრანგეთში ხდებოდა, განვითარების ევოლუციურ ჩარჩოში ეტეოდა. რევოლუციური ამბები კი 14 ივლისს დაიწყო. ამ დღეს აგიტატორების მოწოდებების პასუხად, შეიარაღებულმა მოქალაქეებმა პარიზის გარეუბან სენტ-ანტუანს მიაშურეს, სადაც აღმართული იყო ყველასათვის საძულველი ციხესიმაგრე ბასტილია. სამასი წელი ჰყავდა შიშში ამ ციხეს საფრანგეთი. და აი დაუდგა ხალხს მასთან ანგარიშის გასწორების ჟამი. თუმცა, იმხანად, ბასტილიაში სულ ათიოდე პატიმარიც არ იმყოფებოდა, მთავარი ეს არ იყო. მთავარი ამ ციხის აღება და მისი, როგორც აბსოლუტური ხელისუფლების სიმბოლოს, განადგურება იყო. აჯანყებულმა ხალხმა ციხე აიღო, შემდეგ დაანგრია, ქვა-ღორღი გაიტანა, მოცარიელებულ ადგილას კი ტრანსპარანტი აღმართა, რომელზეც ასე უბრალო და ასე დიდებული სიტყვები ეწერა: „აქ ცეკვავენ“.
    ეს ტალღის აზვირთების მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. აგორებულმა ტალღამ ვერსალის სასახლის დარბაზებიდან პარიზისა და პროვინციის ქალაქების ქუჩებში გადაინაცვლა და მანამ იბობოქრა, სანამ ჯერ მონარქია არ დაამხო და შეიწირა, ხოლო შემდეგ მისი დამამხობლებიც ზედ არ მიაყოლა.
    ისტორიას პარადოქსები უყვარს. ლუი XVI-ის მეფობა ტრაგიკომიკური პარადოქსებით იყო სავსე. იმ დღეს, 1789 წლის 14 ივლისს, მეფე სანადიროდ ბრძანებულა. გვირგვინოსანს ხელი მოსცარვია და მთელი დღე ფუჭად უსვრია თოფი. საღამოს, ამ ამბით გაღიზიანებულს, დაკარგული დღის შესაფასებლად, დღიურში მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაუწერია: „არაფერი“. დილით კი, როცა ჰერცოგმა ლაროშფუკო დე ლიანკურმა მეფე გააღვიძა და ბასტილიის დაცემის ამბავი ამცნო, ლუი XVI-ს მთქნარებითა და თვალების ფშვნეტით უკითხავს: ეს ვითომ ბუნტიაო? არაო, უპასუხნია დე ლიანკურს, ეს რევოლუციააო. ეს, მართლაც, რევოლუცია იყო. ბუნტი და ამბოხი უკან დარჩა.
    რევოლუციის მომზადების, მისი დაწყებისა და შემდგომ მისი განვითარების პროცესი, თავისთავად მეტად საინტერესოა და გარკვეულად იდუმალებითაა მოცული. რევოლუცია განსხვავდება ამბოხისგან. ეს უკანასკნელი მხოლოდ ბრმა პროტესტია, რომელსაც არც მწყობრი სისტემა გააჩნია და არც შორსმიმავალი მიზნები აქვს. იგი იქვე, იმ რეგიონში, იმ ფეოდალის (ან საერთოდ, ნებისმიერი კონკრეტული მჩაგვრელის) წინააღმდეგაა მიმართული და არ ეხება არსებული წყობილების სტრუქტურებს, მაშინ, როდესაც რევოლუცია ყველაფრის შეცვლას, ყველაფრის გარდაქმნას და მართვის ახალი სისტემის შემოღებას გულისხმობს. „ჯანყი მხოლოდ ადამიანებს კლავს, რევოლუცია კი – ადამიანებსაც კლავს და პრინციპებსაც“ (ა. კამიუ). რევოლუციას იდეა კვებავს, იგია მისი საწყისი, მაგრამ რატომ არის, რომ ერთგან, ერთ ქვეყანაში, ეს იდეა საზოგადოების შიდა მამოძრავებელ ძალებს აამოქმედებს და მოძრაობაში მოიყვანს, ხოლო იქვე, მეზობლად, ისეთივე, ან თითქმის ისეთივე ქვეყანაში, ეს ძალები „მძინარე“ მდგომარეობაში რჩებიან? (რევოლუციის ექსპორტი აქ არ იგულისხმება. ის თავსმოხვეული, გარედან ძალით შეტანილი მოვლენაა). ამ კითხვას ბევრმა გასცა პასუხი (ან ეგონა, რომ გასცა პასუხი). ცხოვრებამ კი სხვა აჩვენა. არ ყოფილა ეს მოვლენა ასე ადვილად ამოსაცნობი...
    იმდროინდელ საფრანგეთში თუკი რამის ნაკლებობა არ შეინიშნებოდა, ეს, სწორედ, იდეები იყო. XVIII საუკუნის მეორე ნახევარი იმით იყო აღსანიშნავი, რომ ქვეყნის მოაზროვნეთა დიდი ნაწილი თითქოსდა მხოლოდ რევოლუციის მომზადებით იყო დაკავებული. ასე რომ, რევოლუცია იქ ერთბაშად არ მომხდარა. ვოლტერს რევოლუცია უკვე ახლო მომავალში მიაჩნდა გარდუვალად და მარტო იმასღა ნანობდა, რომ თვითონ ვეღარ მოესწრებოდა მას. რუსოც პირდაპირ წერდა, რომ საფრანგეთი რევოლუციის ეპოქაში შედიოდა. რუსო მარტო საფრანგეთს კი არ ასახელებდა, მისი აზრით, შეუძლებელი იყო, სხვა ევროპულ მონარქიებსაც დიდხანს გაეძლოთ.
    ამ მოაზროვნეთა და ბევრ სხვათა ნაფიქრ-ნაღვაწი გულითად გამოხმაურებას პოვებდა უსამართლობის მრავალ მომსწრესა და შემყურეს შორის. გამოირკვა, რომ ქვეყნის გადატრიალებისა და ისტორიის შემობრუნების მსურველი ცოტა როდი იყო. მათ შორის ისეთებიც საკმაოდ ერია, რომლებიც იდეისათვის არაფერს და არავის დაზოგავდნენ. დასაწყისში ისინი, თითქოს არც ჩანდნენ სცენაზე – ასპარეზზე მოგვიანებით გამოვიდნენ.
    თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის იდეით აღფრთოვანებულნი, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ რევოლუციას ხალხი ახდენდა, რომ ამ ხალხს იდეა სჭირდებოდა, რწმენა, რომ ეს რწმენა ახალი სახარების მსგავსი რამ უნდა ყოფილიყო, დაფუძნებული გონებისა და სამართლიანობის პრინციპზე. მათ გულწრფელად სჯეროდათ, რომ შეიძლებოდა რუსოსეული საზოგადოებრივი იდეალის შექმნა, ოღონდ რევოლუციის ყველა მტრის განადგურების შემდეგ. ხოლო ვინ გაარკვევდა მტერი რომელი იყო, ან ვინ დაითვლიდა – რამდენი იყო, ამაზე ისინი ნაკლებად ფიქრობდნენ. ეს ხომ ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი იყო! მაგრამ, მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და ისევ 89 წელს მივუბრუნდეთ.
    ბასტილიის დაცემის შემდეგ ეროვნული კრებისაკენ გზა გაეხსნათ ძირეული ცვლილებების მომხრე ძალებს. მათი მცდელობით მოხერხდა მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება, რომელთა შორის მთავარი, რა თქმა უნდ», ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია იყო. კრებამ ეს დეკლარაცია 26 აგვისტოს მიიღო. „ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და თანასწორნი თავიანთ უფლებებში“ – ეწერა ამ ისტორიულ დოკუმენტში. შემდგომში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. შეიქმნა უამრავი კლუბი, წრე, გაერთიანება, პოლიტიკური პარტია. ამავე დროს გაიზარდა დაძაბულობა, ურთიერთდაპირისპირება. ჩვეულებრივ ამბად იქცა საკითხების ქუჩაში გამოტანა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად. ნელ-ნელა, მაგრამ აშკარად, პროცესები უმართავი გახდა. კლუბებსა და პარტიებში, იდეურ რევოლუციონერებთან ერთად, უამრავი ავანტიურისტი, მედროვე, უსაქმური და არამზადა გაერთიანდა. მათ, ყველაზე და ყველაფერზე გაბოროტებულთ, ნგრევისა და მოსპობის მეტი არაფერი უნდოდათ და არაფერი შეეძლოთ. მოვლენათა ასეთი მსვლელობა ყველას როდი უჯდებოდა ჭკუაში.
    საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, დამფუძნებელი კრების ბევრი დეპუტატი, გვარიანად დააფრთხო მასების ასეთმა აქტივობამ. ზოგი მათგანისათვის რევოლუცია კარგა ხნის დამთავრებული იყო, რადგან რევოლუციად მათ გაზეთებში თავისუფალი აზრის შემცველი სტატიების გამოქვეყნების ან დამფუძნებელ კრებაში წარმოთქმული თამამი სიტყვებით გამოსვლის უფლების მოპოვება მიაჩნდათ. სხვებისთვის კი, არსებული რეჟიმის კრიტიკასთან ერთად, რამდენიმე პროგრესული დადგენილების მიღება სრულიად საკმარისი იყო. მოვლენათა ასეთი განვითარება, ჯამში უფრო რაღაც მოდერნიზებულ ფრონდას დაემსგავსებოდა, ვიდრე სისხლიან რევოლუციას. „ხომიერებს“ ეს სავსებით აწყობდათ. მათთვის კონსტიტუციური მონარქია სურვილების ზღვარი იყო. სამაგიეროდ „მაქსიმალისტებს“ არ აწყობდათ ეს. მათ სულ უფრო მეტი და მეტი უნდოდათ. ისინი უკვე ძალაუფლებასაც ეპოტინებოდნენ, მაგრამ ატყობდნენ, რომ მარტო ლოზუნგებით ფონს ვერ გავიდოდნენ – მოქმედება იყო საჭირო. მოქმედებისთვის კი ისევ ხალხს მიმართეს, იარაღის აღებისკენ მოუწოდეს, სამიზნე დაანახეს. გაბოროტებულ ხალხსაც მეტი რა უნდოდა? დაუჯერა მათ, იფიქრა ჩემს ბედს თვითონ გადავწყვეტო, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს. ერთი რამ კი მოახერხა – ძალადობას მიჰყო ხელი. ბასტილიის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა. რუანში, ამიენში, სტრასბურგში, საფრანგეთის სხვა ქალაქებში ხალხმა მუნიციპალიტეტების განადგურება და ციხეებიდან პატიმრების გამოშვება დაიწყო. სოფლად წვავდნენ და ანადგურებდნენ მემამულეთა სახლებსა და ციხე-დარბაზებს, ხოცავდნენ მათ მეპატრონეებს, მიწებსა და საძოვრებს თვითონ ირიგებდნენ. ყველაფერმა ამან რეჟიმის დამხობაში თავისი წვლილი კი შეიტანა, მაგრამ ეს უკვე ანარქია იყო და არავინ იცოდა შემდეგ როგორ წავიდოდა საქმე.
    რას აკეთებდა ამ არეულ დროს ლეიტენანტი ბუონაპარტე, როგორ შეხვდა იგი რევოლუციას და რას მოელოდა მისგან? პასუხი ამ კითხვაზე ძნელი გასაცემი არაა, იგი ცალსახაა: რევოლუციამ გულწრფელად გაახარა კორსიკელი და უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა. მანკიერი და უსამართლო რეჟიმისაგან კარგი ცოტა ახსოვდა და მისი დამხობა რატომ დაენანებოდა? როგორც ყველა სხვა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის, მისთვისაც ეს მოვლენა მოულოდნელი არ ყოფილა. ქვეყნის განვითარების უკანასკნელი პერიოდი იმის მომასწავებელი იყო, რომ არსებული რეჟიმი დიდხანს ვეღარ გასტანდა და მის ნაცვლად რაღაც ახალი, ჯერ შეუცნობი, და ამდენად, უფრო მიმზიდველი და სასურველი რამ უნდა დამდგარიყო. სხვა რეაქცია ამ ამბებზე ბუონაპარტესგან არც იყო მოსალოდნელი, იგი ხომ თავისი ეპოქის შვილი გახლდათ. ეს ეპოქა კი განმანათლებელთა იდეებით იყო გაცისკროვნებული და კაცობრიობის განვითარების გრძელ გზაზე ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენდა. სხარტი გონებისა და იშვიათი საზრიანობის მქონე ჭაბუკი, რა თქმა უნდა, ვერ დარჩებოდა ეპოქის მიღმა. ვერ დარჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ პროვინციული ბრიენის სამხედრო სკოლის სულისშემხუთველ ოთხ კედელში იყო გამოკეტილი, ხოლო შემდეგ ასევე პროვინციული ვალანსისა და ოქსონის გარნიზონის ყაზარმებში.
    განმანათლებელთა იდეების აღიარებასა და გაზიარებასთან იგი შორი გზით მივიდა. ნახევრადმშიერი, ნახევრად ბნელ ოთახში, ობოლი სანთლის შუქზე წიგნებში თავჩარგული ბუონაპარტე ნელ-ნელა მიჰყვებოდა ადამიანის მოდგმის საუკეთესო შვილთა ნააზრევს და საკუთარი შეხედულების, საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას ცდილობდა. სოკრატე, პლატონი, არისტოტელე – ანტიკური სამყაროს ეს გიგანტები და სხვები კიდევ, ახლობლები გახდნენ მისთვის. განსაკუთრებით პლატონი, რომლის „დიალოგებს“ საკუთარი რეცენზიაც შეჰბედა. შემდეგ აქეთ, ახალ წელთაღრიცხვაში, ადრეული და შუა საუკუნეების მოაზროვნენი: ნეტარი ავგუსტინე, თომა აქვინელი, ფრენსის ბეკონი, რენე დეკარტი და სხვები, ის ძალა გახდა, რომლის საშუალებითაც ის ლამეტრთან, ჰელვეციუსთან, დიდროსთან, ვოლტერთან და რუსოსთან „მივიდა“. ბუონაპარტეს დღიურებში, ჩანაწერებში, ზოგიერთ ლიტერატურულ ნაწარმოებში მოცემულია ანტიკური თუ შუა საუკუნეების ფილოსოფოსთა ნააზრევის განხილვა და მცდელობა ამა თუ იმ ფილოსოფიური სისტემის ღირებულებისა და მნიშვნელობის ანალიზისა. ცხადია, ჩვენ ვერ შევუდგებით მათ გარჩევას. ამის არც შესაძლებლობაა და, ალბათ, არც საჭიროება. ჩვენ აქ მხოლოდ შევეცდებით მოკლედ შევეხოთ ბუონაპარტეს დამოკიდებულებას XVIII საუკუნის დიდ განმანათლებელთა იდეებთან და ისიც იმდენად, რამდენადაც მათ გარკვეული გავლენა იქონიეს მის მოღვაწეობაზე და, საბოლოო ანგარიშში, მის ცხოვრებაზეც-. განმანათლებელთა იდეები იმიტომ გახდა ბუონაპარტესათვის მისაღები, რომ სხვებზე მეტად სწორედ ისინი იძლეოდნენ ფეოდალური მსოფლმხედველობისა და არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის კრიტიკას, პირველად და თანაც მეტად მძაფრად სწორედ მათში იჩინეს თავი ეგზომ საჭირბოროტო სოციალურმა მოტივებმა. სოციალურ მოტივებს კი სხვისი მონაყოლით არ იცნობდა ბუონაპარტე. თავის გარშემო რომც არ მიმოეხედა, საკუთარ თავზე ჰქონდა უსამართლობის ბევრი სიმწარე გამოვლილი და გადატანილი, ყველაფერი ეს კი ერთობ მტკივნეულ რასმეს წარმოადგენდა მისთვის.
    გარდა ამისა, კიდევ ერთი გარემოება იყო, რის გამოც პოულობდა იგი სულიერ სიახლოვეს მისი საუკუნის მოწინავე ადამიანთა ნაფიქრ-ნააზრევთან. როგორც ვიცით, ახალგაზრდა ბუონაპარტეს თავი ლიტერატორად მოჰქონდა, ხოლო ფილოსოფია, და განსაკუთრებით კი განმანათლებელთა ფილოსოფია, მეტად ახლოს იდგა მხატვრულ ლიტერატურასთან. მათ ნაწარმოებებში ღრმა ფილოსოფიური განსჯანი უმთავრესად მხატვრული ნაწარმოებების გმირების პირით იყო გადმოცემული და ფართო მკითხველისთვის რომ უფრო გასაგები ყოფილიყო, არა რთული კატეგორიების სახით იყო წარმოდგენილი, არამედ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მაგალითებზე იყო აგებული და ცალკეული ინდივიდუუმის ცხოვრებისა და ქმედების ნიმუშებს იძლეოდა – ოღონდ მთლიანად საზოგადოების ყოფის გათვალისწინებით.
    როცა ბუონაპარტე განმანათლებელთა იდეებმა მოხიბლეს, ის უკვე საკმაოდ გათვითცნობივრებული იყო ქვეყნად არსებულ ვითარებაში. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ამ იდეებმა სწორედ იმიტომ მოხიბლეს იგი, რომ ცხოვრების მწარე სინამდვილეს უყურებდა და გამოსავლის მიგნებას მათი საშუალებით აპირებდა. ის ხომ ადრეც ამჩნევდა, და ახლა კი თვალნათლივ ხედავდა, რომ პროვინციაცა და დედაქალაქიც გაჭირვებული ხალხით იყო სავსე, რომელიც, გაძვალტყავებული და გაღატაკებული, ამაოდ ელოდა ხელისუფალთაგან შემწეობას. რატომ ხდებოდა ასე? რატომ იყო ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ზოგს უშრომლად და დაუმსახურებლად ჰქონდა ყველაფერი თავზესაყრელად, ხოლო სხვას, უმეტესობას, ლუკმაპურის ძებნაში უნდა გაესწორებინა დღე და ღამე? ასეთი კითხვები ხშირად მოსდიოდა თავში, მაგრამ პასუხის გაცემა უძნელდებოდა. ახლა კი, როდესაც ეპოქის საუკეთესო ინტელექტუალების ნააზრევს კითხულობდა, ეჩვენებოდა, რომ პასუხი თავისთავად მოდიოდა.
    ბუონაპარტეს ჩანაწერების, იმდროინდელი გამონათქვამების და ბოლოს მისი მხატვრული ნაწარმოებების მიხედვით ადვილი შესამჩნევია, რომ XVIII საუკუნის დიდ განმანათლებელთა შორის რუსოს ყველაზე მეტ პატივს სცემდა და ყველაზე მეტ ზეგავლენასაც სწორედ მისგან განიცდიდა. შეისწავლა რა საფუძვლიანად მისი შემოქმედება, ბუონაპარტემ უფრო სხვა თვალით დაუწყო ყურება გარემომცველ სამყაროს.
    საფრანგეთი პრივილეგიების სახელმწიფო იყო. ქვეყნის ბატონ-პატრონები პრივილეგირებულები, ე.წ. კეთილშობილები, იყვნენ. ისინი მოსახლეობის ერთ პროცენტს შეადგენდნენ, მაგრამ მიწის ორ მესამედზე მეტს ფლობდნენ, გადასახადებს არ იხდიდნენ და ფაქტიურად, კანონზე მაღლა იდგნენ. კეთილშობილებს პირველი ორი პრივილეგირებული წოდება – სამღვდელოება და თავადაზნაურობა შეადგენდნენ. დანარჩენები – მოსახლეობის 98% – მესამე, დაბალი წოდების მოხარკეები იყვნენ. რუსოს მიხედვით ყველა უსამართლობა იმიტომ ხდებოდა, რომ დარღვეული იყო ბუნებრივი სამართალი: ის რაც ყველას უნდა ეკუთვნოდეს, ძლიერთა ამა ქვეყნისათ ეგდოთ ხელთ, უბედურების საწყისი კი კერძო საკუთრება იყო, და ყველაფერში ის იყო დამნაშავე, ვინც პირველმა შემოიღობა მიწის ნაკვეთი და გამოაცხადა – ეს მიწა მე მეკუთვნისო. სინამდვილეში კი, მიწა არავის ეკუთვნის. მხოლოდ მიწის ნაყოფი ეკუთვნის ყველას. საუბედუროდ, წერდა რუსო, უსამართლობამ ისე გაიდგა ფესვი, რომ კერძო საკუთრების სავსებით მოსპობა აღარ შეიძლება, შეიძლება მხოლოდ უთანასწორობის შემცირება. ამის მიღწევა კი მონარქიასთან საზოგადოებრივი ზელშეკრულების დადებით თუ მოხერხდება. ეს აზრები რუსოს განთქმულ ნაწარმოებში – „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ, ანუ პოლიტიკური სამარლის პრინციპები“ – კარგად არის ჩამოყალიბებული (1762). რუსოს ეს ქმნილება ბუონაპარტეს სამაგიდო წიგნად იქცა. თავის ლიტერატურულ თუ ფილოსოფიურ ჩანაწერებში იგი ერთთავად ამ ნაწარმოებს ახსენებს და მასში მოცემული აზრების ფაქტიურ პროპაგანდას ეწევა.
    რუსოს ქმნილების მთავარი არსი შემდეგში მდგომარეობს: ჰარმონიული საზოგადოებრივი თანაცხოვრებისათვის ადამიანები ნებაყოფლობითი ხელშეკრულების გზით შეკავშირდებიან და შექმნიან სუვერენულ ერთიან სახელმწიფოს. ამ სახელმწიფოში მშვიდობიანი ცხოვრების სახით უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის პიროვნული უფლებები და მათი ჰარმონიული თანაცხოვრება. მაგრამ, რუსოს აზრით, ასეთი სახელმწიფოს შენება მშვიდობიანი გზით შეუძლებელი იქნება, რადგან დესპოტური ხელისუფლება ნებით არ დათმობს ძალადობით მოპოვებულ პრივილეგიებს. რუსოს ეს დებულება პირდაპირი მოწოდება იყო ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობისაკენ. ეს იყო ამ გზაზე პირველი ნაბიჯი და ეს იყო მთავარი. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა იმ „ჰარმონიული საზოგადოებრივი თანაცხოვრების“ აშენება, რომელზედაც ასეთ იმედს ამყარებდა ჟენეველი მოაზროვნე.ბუონაპარტე აღტაცებაში მოდიოდა რუსოს ნაწერების კითხვისას.
    ცხადია, არა მარტო იგი. ამ პერიოდის ბევრ მოღვაწეს «უფორიაქა სული რუსოს მოძღვრებამ. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ იაკობინელთა ბელადები – რობესპიერი და სენ-ჟიუსტი – რუსოს თავის მასწავლებლად თვლიდნენ, და.როგორც კი საშუალება მიეცათ, მაშინვე მისი თეორიული ნააზრევის პრაქტიკაში განხორციელებას მიჰყვეს ხელი. თუ რა გამოუვიდათ აქედან, კარგად გამოჩნდა შემდეგში – სანამ რუსოთი მოიხიბლებოდა, ბუონაპარტე ვოლტერის შემოქმედებით იყო გატაცებული. ფარნეელი ბრძენკაცის კვადაკვალ მასაც სურდა ეწამა, რომ ფილოსოფოსების მოღვაწეობა ხელს შეუწყობდა კაცობრიობას ცრურწმენებისა და უმეცრებისაგან განთავისუფლებაში, ხოლო ცხოვრების უკეთესისკენ გარდაქმნა ფილოსოფოსებსა და ხელისუფალთა შორის კავშირის წყალობით მოხდებოდა. გონების მეუფების ეპოქაზე ოცნებობდა ვოლტერი. რუსო კი უფრო „მიწაზე იდგა“, მშვიდობიანი გზის აღარ სჯეროდა.
    ამიტომ იყო, რომ რუსო გაცილებით უფრო იყო პოპულარული ხალხის საშუალო და დაბალ ფენებში, ვიდრე ვოლტერი. სანამ რუსო გახდებოდა საზოგადოების აზრის მეუფე, ტახტზე ვოლტერი იჯდა – ლიბერალიზმისა და კონსტიტუციონალიზმის ეს ბერმუხა. ვოლტერი რუსოს ვერ იტანდა, უწიგნურსა და ტუტუცს უწოდებდა, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა – რუსოს პოპულარობა არ აკლდებოდა. ის უფრო ახლოს იდგა ჩაგრულებთან და ის უფრო შეეფერებოდა დროს. ბუონაპარტეც თანდათან რუსოსკენ გადაიხარა და მისი უფრო იწამა. აბა, სხვაგვარად როგორ აიხსნება 19 წლის ახალგაზრდის სიტყვები, რომლებიც მან რევოლუციის დაწყებამდე ერთი წლით ადრე დაწერა: „ევროპაში ძალიან ცოტაა მონარქი, რომელიც ჩამოგდებას არ იმსახურებს“. სხვაგან კიდევ: „ხალხებს აქვთ უფლება თავიანთი მონარქების წინააღმდეგ აჯანყდნენო“. ეს გამონათქვამები მეტად საყურადღებოა „ადრეული“ ნაპოლეონის იდეოლოგიური კრედოს გასაგებად. მაშინ, როდესაც ევროპისა და კერძოდ, საფრანგეთის ბევრი, მეტ-ნაკლებად პროგრესულად მოაზროვნე მოღვაწე, დიდი-დიდი კონსტიტუციური მონარქიის დამყარებას თხოულობდა, ბუონაპარტე უფრო „წინ“ მიდიოდა და საერთოდ მეფის ინსტიტუტის არსებობას აყენებდა ეჭვის ქვეშ.
    თუ როგორ ჰქონდა ბუონაპარტეს სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების გატარების აუცილებლობა ძვალ-რბილში გამჯდარი, იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც მას, როგორც პოლკში ყველაზე განსწავლულად და ნაკითხად მიჩნეულ კაცს, ოფიცერთა ასოციაციის წესდების, ე. წ. „კონსტიტუციის“, შედგენა დაავალეს, მან ამ არაოფიციალურ და ნახევრადსახუმარო საქმესაც სერიოზულად მოჰკიდა ხელი და ეს უკანასკნელი პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტად აქცია. როგორც აღნიშნავდნენ, იგი ერთობ დემოკრატიულ პრინციპებზე იყო აგებული და ავტორის აშკარად რუსოსეულ სულისკვეთებაზე მეტყველებდა. მაგრამ ეს ყველაფერი რევოლუციის წინა პერიოდს შეეხებოდა.
    თვით რევოლუციურ ამბებში ბუონაპარტეს მონაწილეობა კი საკმაოდ მოკრძალებული იყო. ან სხვაგვარი როგორ იქნებოდა! მიყრუებულ ოქსონის გარნიზონში ჩარჩენილ არტილერიის უმცროს ლეიტენანტს რა დიდი შესაძლებლობა ექნებოდა? და მაინც მთლად გულხელდაკრეფილი არ მჯდარა. ბასტილიის დაცემის შემდეგ, მან საკუთარ ნაწილში და, ნაწილობრივ, თვით ქალაქ ოქსონში, გარკვეული გამოცოცხლება შეიტანა. კორსიკელი მუდამ პარიზული ამბების საქმის კურსში იყო. ოქსონში ფოსტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც სისტემატურად მოდიოდა და ბუონაპარტეც ხარბად ეწაფებოდა ახალ ამბებს. გაზეთებსაც ეცნობოდა და დამფუძნებელი კრების ბიულეტენებსაც. დეპუტატთა სიტყვებს კითხულობდა, პარლამენტში გამართულ ცხარე დებატებს აანალიზებდა და შესაბამის ამონაწერებს აკეთებდა. შემდეგ წაკითხულს თანაპოლკელებს აცნობდა და თავის შეხედულებებს უზიარებდა. როცა პოლკში და ქალაქში რევოლუციის მხარდამჭერთა კლუბების ორგანიზება დაიწყეს, ბუონაპარტე მათი შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ყველაზე აქტიური მონაწილე გახდა. ბევრმა დაიხსომა მისი, შეიძლება გულუბრყვილო, მაგრამ მუდამ მგზნებარე სიტყვები თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე, უკეთესი მომავლის შენებაზე. ცხადია, პოლკში ბევრს, განსაკუთრებით არისტოკრატთა წრიდან გამოსულ ოფიცრებს, ჭკუაში სულაც არ უჯდებოდა ასეთი სიტყვები და ასეთი გამოსვლები, მაგრამ დრო იცვლებოდა და ისინი იძულებულნი იყვნენ წაეყრუებიათ ასეთი ამბებისათგის. ამბები კი სულ უფრო საინტერესო და ამაღელვებელი ხდებოდა. ბუონაპარტეს მოსვენება დაეკარგა. მისი მჩქეფარე შინაგანი ენერგია გარეთ გამოსვლას ლამობდა. მას უკვე აღარ აკმაყოფილებდა ოქსონურ მიტინგებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა. საჭიროებას გრძნობდა რაღაც აქტიური მოემოქმედა, რაღაცა უჩვეულო ჩაედინა, ისეთი, როგორიც მის მიზნებსა და მისწრაფებებს შეესიტყვებოდა, ხოლო სად გაშლიდა იგი თავისი მოქმედების ასპარეზს და სად გამოიყენებდა თავის შესაძლებლობებს, ბუონაპარტეს ასეთი კითხვა არც კი სჭირდებოდა, რადგან პასუხი კარგა ხანია მზად ჰქონდა: კორსიკაზე, მხოლოდ და მხოლოდ კორსიკაზე! აი, სად გამოადგებოდა იგი თავის ხალხს და სად მიუსადაგებდა რევოლუციურ იდეებს თავისი სამშობლოს ინტერესებს!
    ბუონაპარტეს შეხედულებებმა, უკანასკნელ პერიოდში, მეტად საგულისხმო ცვლილებები განიცადეს. თუ ადრე იგი თავგადადებული კორსიკელი პატრიოტი იყო, კუნძულის საფრანგეთის ბატონობისგან სრული განთავისუფლების მომხრე, ახლა რევოლუციის დაწყების შემდეგ, როცა მისი და მისი სამშობლოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები დაისახა, ბუონაპარტემ აშკარად შეიცვალა აზრი. მან, როგორც ჭკვიანმა და გამჭრიახმა კაცმა, წამსვე აუღო ახალ დროებას ალღო. მიუხედავად იმისა, რომ მას, ალბათ, შეეძლო დედაქალაქში წასულიყო, ჩაბმულიყო სოკოებივით მომრავლებული რევოლუციური კლუბების საქმიანობაში, იქ წარმოეთქვა მგზნებარე სიტყვები და იქ მიეღწია წარმატებისათვის, ბუონაპარტემ სხვა გზა აირჩია. გზა, რომელიც სამშობლოსკენ მიდიოდა. ენერგიული და პატივმოყვარე ახალგაზრდა ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ კორსიკაზე ის ბევრად მეტს გააკეთებდა და მეტს მიაღწევდა, ვიდრე საფრანგეთში. მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, ის მაინც კუნძულზე დაბრუნდებოდა, რადგან იმ დროს ბუონაპარტეს თავი კორსიკის გარეშე საერთოდ ვერ წარმოედგინა! (მარტო იმ დროს – ოთხმოცდაცხრაში კი არა, მერეც, წლების შემდეგ, ნაპოლეონი იმავე აზრისა დარჩა. როცა 1792 წლის ზაფხულში მას, როგორც იქნა, კაპიტნის ჩინი აღირსეს და რაღაც უკეთესი თანამდებობაც შესთავაზეს, მან უარი თქვა პოლკში დაბრუნებაზე და სამხედრო კომისარს სიამაყის გრძნობით მისწერა: კორსიკელისთვის ყველაზე საპატიო პოსტი საკუთარ ქვეყანაში ყოფნააო! როგორც ვხედავთ, ამდენი ისტორიული ქარტეხილისა და ცვალებადობის მიუხედავად, კორსიკული პატრიოტიზმი კიდევ კარგა ხანს შერჩენია ბუონაპარტეს). მაშინ კი რევოლუციის პირველი წლის შემოდგომაზე, როცა იგი ამ დიდი ამბების შემდეგ პირველად მიემგზავრებოდა სამშობლოში, ეს პატრიოტიზმი ისევ თავის ზენიტში იყო, ოღონდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე საკმაოდ მოდერნიზებული და გაწონასწორებული.
    რევოლუციური იდეებით დამუხტულ ბუონაპარტეს სახლისკენ მიეჩქარებოდა და დღეებსა და საათებს ითვლიდა. ასე ეგონა ხელგაშლილი შეხვდებოდნენ კუნძულელები და, ახალ იდეებს დანატრებულნი, გულში ჩაიკრავდნენ ამ იდეების მატარებელს. რა ცუდად სცნობია სამშობლო ლეიტენანტ ბუონაპარტეს!
    აიაჩოში ჩასვლისთანავე, ნაპოლეონმა თავისიანებს გამოუცხადა, რომ საქმისათვის იყო ჩამოსული და უქმად არც ერთი დღის დაკარგვას არ აპირებდა. იმავე საღამოს იგი ჟოზეფს, უფროს ძმას, ესაუბრა ადგილობრივ ამბებზე და ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. ამბები ისეთი იყო, რომ მაინცადამაინც, ოპტიმისტურ განწყობაზე ვერ დააყენებდა კაცს. ძმამ უთხრა, რომ ვითარება კორსიკაზე სულ სხვაგვარია და სრულებით არ ჰგავს საფრანგეთში იმხანად არსებულ მდგომარეობასო. ეს სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ ნაპოლეონის გეგმების განხორციელებას გადაულახავი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, უზარმაზარი წინააღმდეგობა მაინც შეხვდებოდა. ჟოზეფის სიტყვებით, კუნძულელებს ჯერ კიდევ ღრმა ძილით ეძინათ და ისინი ისევ ლუი XVI კანონებით ცხოვრობდნენ. მიუხედავად ასეთი გაფრთხილებისა, ნაპოლეონმა უკან არ დაიხია და იგი მეორე დღიდანვე შეუდგა ამ რთულ საქმეს. საქმე რთული იყო თუნდაც იმიტომ, რომ ნაპოლეონს კორსიკაზე ცოტა ვინმე იცნობდა. მართალია, იმ დროისათვის იგი ერთადერთი კორსიკელი იყო, რომელსაც უმაღლესი სამხედრო განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცოდა, ხოლო ვინც იცოდა, მათთვის ამ ფაქტს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ ბუონაპარტე საფრანგეთის არმიის ოფიცერი იყო და ეს გარემოება კორსიკელთათვის მაინცადამაინც დიდი აღტაცების მიზეზი არ იქნებოდა. ამას, ცხადია, თვით ბუონაპარტეც ამჩნევდა. ამიტომ ის არც აპირებდა თანამემამულეების წინაშე ფრანგი ოფიცრის სახით გამოჩენას. იგი მათ წინაშე, როგორც საფრანგეთის რევოლუციური იდეების მატარებელი აპირებდა წამოდგომას. მაგრამ სიძნელეები და, ერთი შეხედვით, მართლაც გადაულახავი, ახალბედა რევოლუციონერს ამ ამპლუაშიც ელოდა. რომ გაგიგოთ, თუ რატომ, ამისათვის ვცადოთ და ორიოდე სიტყვით იმ დროს კორსიკაზე შექმნილი ვითარება აღვწეროთ.
    თუმცა ოთხმოციანი წლების ბოლოსათვის კუნძულზე ცხოვრება ისევ მდორედ და მოსაწყენად მიედინებოდა და თითქოს პოლიტიკური აქტივობის ნიშანწყალიც კი არ შეიმჩნეოდა, მაგრამ დაკვირვებული თვალი მაინც მოახერხებდა მოსახლეობის ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვაგებული ორიენტაციის მატარებელი ფენის აღმოჩენას. ყველაზე მცირერიცხოვან, მაგრამ ყველაზე გავლენიან ნაწილს, ე.წ. კონსერვატორებს (თავადაზნაურობისა და სამღვდელოების წარმომადგენლებს) კარგა ხანია ფრანგულ ადმინისტრაციასთან საერთო ენა ჰქონდა გამონახული და კოლაბორაციონისტულ პოზიციებზე იდგა. კორსიკელთა მეორე ნაწილი, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, კვლავინდებურად, კუნძულის საფრანგეთისგან გამოყოფის მომხრე იყო, მაგრამ იგი პოლიტიკურად პასიურობდა და იმხანად არავითარ აქტივობას არ იჩენდა. რა გამოდიოდა? ერთი მუჭა კონსერვატორები თავიანთ პრივილეგიებს ებღაუჭებოდნენ და სულაც არ აპირებდნენ მონარქისტული რეჟიმის შეცვლას, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სეპარატისტულად იყო განწყობილი და თუმცა ჯერჯერობით პოლიტიკურ სტაგნაციაში იმყოფებოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, იგი საფრანგეთთან ურთიერთობას მხარს, რა თქმა უნდა, არ დაუჭერდა. მაშ, რევოლუციის მომხრეები ვინღა იყვნენ კორსიკაზე? როგორც ირკვეოდა, არც არავინ. რევოლუციურ იდეებს კუნძულზე ჯერ არ შეეღწია. ეს გარემოება დამატებით სიძნელეებს უქმნიდა ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბუონაპარტეს.
    კუნძულზე რომ ცუდად იცნობდნენ და ანგარიშსაც ნაკლებად გაუწევდნენ, ეს ახალი ამბავი არ უნდა ყოფილიყო ნაპოლეონისთვის. ეტყობა, ის მზად იყო მოვლენათა ამგვარი მსვლელობისთვის და ამიტომ ეს გარემოება დიდად არ აწუხებდა. ბუონაპარტეს იმედი ჰქონდა, რომ თავს მალე გააცნობდა თანამემამულეებს. ეს მის ხელთ იყო და მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ის, რომ თვითონ არ იცნობდა თანამემამულეებს, არ იცნობდა თავის სამშობლოს, ეს უკვე ძალიან ცუდი იყო და ამას ძნელად მოევლებოდა. გამოდიოდა, რომ მას წარმოდგენაც არ ჰქონია რა ხდებოდა კუნძულზე!
    სულ ორი-სამი კვირა დასჭირდა ნაპოლეონს იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო, თუ რა შორს იდგა კორსიკა საფრანგეთისგან; რომ იქაური მოსახლეობის ინტერესები ადგილობრივ მასშტაბებს არ სცილდებოდა; რომ კუნძულზე გვაროვნული შუღლი და ნათესაური ურთიერთობები ისევ პირველ პლანზე იდგა და საქმეების მოგვარებაში ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
    აი, ეს კი მოულოდნელობა იყო ბუონაპარტესათვის. იგი ახლაღა ხვდებოდა, თუ რა უცხო გამხდარიყო მისთვის კორსიკა. იგი ხომ ძალიან ადრე წაიყვანეს იქიდან და მას შემდეგ სამშობლო მხოლოდ ბავგშვობაში გაგონილ ლგეგენდებსა და საგმირო ამბებზე აგებული ოცნების ქვეყანა იყო მისთვის. ახლა კი, როდესაც ბაგშვობა კარგა ხნის დასრულებული იყო და მას დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა უჩნდებოდა, ის თავისი ოცნების ქვეყანას ვერ პოულობდა და მწარედ განიცდიდა ამას: მაგრამ შექმნილი ვითარების მიუხედავად, ნაპოლეონი სულაც არ აპირებდა ფარ-ხმლის დაყრას და თავის განზრახვაზე უარის თქმას. შეიძლება პირიქითაც ითქვას: წააწყდა რა ასეთ მოულოდნელ და ძლიერ წინააღმდეგობას, მან ძალისხშმშევა გააორკეცა და უფრო მეტი ენერგიით შეუდგა საქმეს.
    საქმე ბევრი იყო. ნაპოლეონს და მის თანამზრახველებს (ძმებს, ნათესავებს, მეგობრებს) ყველაფერი ფაქტობრივად, ნულიდან უნდა დაეწყოთ. მათ, პირველ რიგში, ხალხი უნდა გაეთვითცნობიერებინათ და მისთვის აეხილათ თვალები, რევოლუციის იდეებისათვის უნდა ეზიარებინათ იგი. ამიტომ ნაპოლეონმა ჟოზეფის, სხვა ნათესავებისა და ახლობლების დახმარებით (რომელთა დარწმუნება და გულების მოგებაც მოახერხა) დაიწყო პატარა ჯგუფებისა და წრეების შექმნა ჯერ აიაჩოში, შემდეგ ბასტიაში და ბოლოს, – კუნძულის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ნაპოლეონი დარწმუნდა, რომ კორსიკელებს საფრანგეთთან, თუნდაც რევოლუციურთან, დაკავშირებაზე იოლად ვერ დაიყოლიებდა. ამიტომ მან ხერხი იხმარა და ჯერ თავი წმინდა წყლის სეპარატისტად, პაოლის მიმდევრად წარმოაჩინა. ამ დროისათვის იგი თავს არ ზოგავდა, ყველა მიტინგსა და კრებაზე გამოდიოდა, საგაზეთო სტატიებს წერდა, პამფლეტებს უშვებდა და გაუთავებლად, კორსიკის სუვერენიტეტზე ლაპარაკობდა. მალე მან კუნძულის დამოუკიდებლობისათვის თავდადებული მებრძოლის სახელი დაიმკვიდრა. ეს კარგი იყო, ეს უკვე წარმატება იყო ბუონაპარტესათვის, მაგრამ მაინც არასაკმარისი. საჭირო იყო კუნძულელთა შეგნებაში რევოლუციური იდეების შთანერგვა. და მანაც ნელ–ნელა, ჯერ გარკვეული სიფრთხილით, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო თამამად, დაიწყო თანასწორობის, ძმობისა და თავისუფლების იდეების ქადაგება.
    პარალელურად ბუონაპარტე ცდილობდა თავის ბანაკში გავლენიანი კორსიკელები გადმოებირებინა. ამ მიზნით, მან მდიდარი და ძლიერი კლანის ერთი ახალგაზრდა წარმომადგენელი პოცო დი ბორგო დაიახლოვა. მერე სხვაც ბევრი ჩააბა მუშაობაში. და მოხდა საოცრება. ერთი წლის დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო: ხალხი გამოფხიზლდა. ახლა პირზე ყველას ნაპოლეონე ბუონაპარტეს სახელი ეკერა, ყველა მიმდევარიცა და მოწინააღმდეგეც, მასზე ლაპარაკობდა და მას უწევდა ანგარიშს. თანამემამულეთა „გამოღვიძების“ ეშმაკურად შედგენილმა გეგმამ გაამართლა. ცოტა ხანში „მთელი აიაჩო ელექტროდენით დამუხტულ ქალაქს დაემსგავსა, – წერდა იქაური ამბების ერთი თვითმხილველი – ყველაფერი მოძრაობაში მოვიდა, გამოცოცხლდა, ყველგან პაოლისტების მხარდამჭერი კლუბები შეიქნა, ყველგან ტირანების წინააღმდეგ შედგენილ პამფლეტებს ავრცელებძდნენ და სამფეროვან დროშებს აფრიალებდნენ“. ეს უკვე თვისებრივი სხვაობა იყო. სამფეროვანი დროშა რევოლუციური საფრანგეთის სიმბოლო იყო. კორსიკელებს უკვე აღარ ჭრიდა ყურს ამ ქვეყნის სახელის გაგონება და ბუონაპარტეც სარგებლობდა ამით: „ო, განათლებულო და დიდსულოვანო ერო! – მიმართავდა იგი ფრანგებს – შენ გული გადაგვიხსენი და ამიერიდან ჩვენ ერთი მიზანი და ერთი საზრუნავი გვაქვს. გაქრა ზღვა, რომელიც ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფდა!“
    მიუხედავად იმისა, რომ ბუონაპარტეს უამრავი საქმე ჰქონდა, იგი ოჯახისთვისაც პოულობდა დროს. ახალგაზრდა რევოლუციონერმა ოჯახის წევრების თავის ჭკუაზე აღზრდა გადაწყვიტა. შინაურები მალე დარწმუნდნენ მისი ხასიათის სიმტკიცესა და სიმკაცრეში. სულ მალე იგი სახლში სრული მბრძანებელი გახდა, მის გარეშე ბუზიც ვერ გაჭაჭანდებოდა. ოჯახის ყველა წევრს თავისი კუთხე მიეკუთვნა და მუშაობისა და ყოფის საათები დაუწესდა. ვაი მას, ვინც ამ საათებში გერ ჩაეტეოდა. თვითონ არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე, და-ძმების უქმად ყოფნას ვერ იტანდა. „მას ვერაფერში შეეკამათებოდი, – წერდა შემდეგ ერთ-ერთი ძმა, ლუსიენი – ის ვერავითარ შენიშვნას ვერ იტანდა, ყველაფერზე გული მოსდიოდა, სულ მცირე წინააღმდეგობას თუ გაუწევდი, მაშინვე მოთმინებიდან გამოდიოდა“. ოჯახის წევრებს, რომელთა შორის ახლადწამოჩიტული დებიც იყვნენ, ასეთი ყაზარმული ცხოვრება, ცხადია, არაფრად ეპიტნავებოდათ და მალულად მის უკან დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. მაგრამ ამის თქმას, აბა, ვინ გაუბედაგდა.
    ცოტა ხანში ნაპოლეონს გულმოსასვლელი და შესაშფოთებელი ოჯახის წევრთა უქნარობასა თუ ანცობაზე მეტად სხვა, გაცილებით სერიოზული რამ გამოუჩნდა, თანაც უსიამოვნება იმ მხრიდან შეხვდა, საიდანაც ის ამას არაფრით არ მოელოდა. მომავალმა ამბებმა იმდენად დიდი გავლენა იქონიეს მის გეგმებსა და საქმიანობაზე, რომ, საბოლოოდ, არათუ კუნძულზე მოქმედების შესაძლებლობა შეუზღუდეს, არამედ, საერთოდ, მთელი მისი შემდგომი ცხოვრება შეატრიალეს და სულ სხვა მიმართულებით წარმართეს იგი. მაგრამ, მოდით, ისევ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და თანდათანობით მივყვეთ მათ.
    1790 წლიდან კორსიკის პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა პასკუალე პაოლი. პაოლის უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა კუნძულზე. ყოველი კორსიკელი ამ ადამიანში სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ მებრძოლს ხედავდა და გამონაკლისი არც ბუონაპარტე ყოფილა. ნაპოლეონი ფრანგების მიერ კორსიკის ოკუპაციიდან სამი თვის შემდეგ დაიბადა, როდესაც პაოლი კუნძულზე აღარ იყო. პაოლი აღარ იყო, მაგრამ მისი სახელი ყოველ კორსიკულ ოჯახში გაისმოდა. პატარა ნაპოლეონსაც, ჯერ დედისგან, მერე კი ნათესავებისა და ახლობლებისგან ყველაზე ხშირად კუნძულზე ლეგენდად ქცეული ამ კაცის სახელი ესმოდა, და რა გასაკვირია, რომ ისიც მოწიწებისა და სიყვარულის გრძნობით აღვსილიყო შორეულ ინგლისში გახიზნული პატრიოტის მიმართ.
    ჯერ ბრიენის, მერე კი პარიზის სამხედრო სკოლებში სწავლისას, ნაპოლეონს ერთი ოცნება ჰქონდა – კარგად შეესწავლა სამხედრო საქმე, რომ შემდეგ კუნძულზე დაბრუნებულიყო და თავისი ცოდნა სამშობლოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოეყენებინა. ასეთი ბრძოლის მაგალითად კი მისთვის პაოლი რჩებოდა. დრო გადიოდა, ნაპოლეონი იზრდებოდა, მოწიფულობაში შედიოდა, ახალი ინტერესები უჩნდებოდა, მაგრამ პაოლის გზით სიარულის ოცნება რჩებოდა.
    1789 წლის ზაფხულში ბუონაპარტემ წერილი მისწერა პაოლის, რომელშიც ერთგულებასა და სიყვარულს უმტკიცებდა მას. ნაპოლეონი გრძნობდა, რომ ქვეყნად დიდი ამბები მოხდებოდა და იმთავითვე სთავაზობდა სამსახურს კორსიკელ პატრიოტთა თავკაცს. წერილი უპასუხოდ დარჩა. ბუონაპარტეს ეს არ სწყენია: იფიქრა, ვინ მე და ვინ პაოლი, დრო მოვა და დავუმტკიცებ ერთგულებასო. დრო კი, მართლაც, მოდიოდა. ბასტილიის დაცემის შემდეგ საფრანგეთში სხვა ეპოქა იწყებოდა. თავისუფლების, ძმობისა და თანასწორობის ლოზუნგები გაისმოდა. პაოლიმაც იგრძნო, რომ მისი დრო დგებოდა. ემიგრაციის წლებში, მას კუნძულზე დარჩენილ პატრიოტებთან ფარული კავშირი არასოდეს გაუწყვეტია, ისე რომ, იგი ბოლოდროინდელ კორსიკულ ამბებში კარგად იყო გარკვეული. როდესაც საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო, პაოლი და მისი თანამებრძოლები მიხვდნენ, რომ კუნძულის განთავისუფლების შესაძლებლობა გამოისახა.
    შექმნილი ვითარებით გულმოცემულმა პაოლიმ 1790 წლის ადრე გაზაფხულზე, ინგლისი დატოვა და საფრანგეთზე გავლით, სამშობლოსკენ გაემგზავრა. ადრე ასეთი გზა წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან ფრანგები მას მაშინვე დააპატიმრებდნენ. ახლა კი, დააპატიმრეს კი არა, ეროვნულ კრებაში მიიწვიეს და ოვაცია გაუმართეს. რეგოლუციონერების თვალში პაოლი, რომელიც ასე თავგამოდებით ებრძოდა ფრანგებს, მხოლოდ ძველი რეჟიმის მოწინააღმდეგედ მოჩანდა, ხოლო ახალი საფრანგეთისათვის, მათი აზრით, ის ბუნებრივი მოკავშირე გახდებოდა.
სამშობლოში პაოლის არნახული ტრიუმფი ელოდა. როდესაც, ოცდაერთი წლის განშორების შემდეგ, მან პირველად დადგა ფეხი კორსიკის მიწაზე, აურაცხელმა ხალხმა, რომელიც მას ამდენი ხანი ელოდა ბასტიის ნავსადგურში, ხელში აიყვანა გმირი და ისე შემოატარა მოზეიმე ქალაქის ქუჩები.
    ნაპოლეონი ამ დროს კორსიკაზე იყო. ბასტიაში ჩასვლა მან ვერ მოახერხა, მაგრამ სახელოვან თანამემამულესთან შესახვედრად საგულდაგულოდ მოემზადა. შეხვედრაც მალე მოხდა პონტენუევოში, იქ სადაც პაოლიმ, 1769 წლის მაისში, საბოლოო დამარცხება განიცადა ფრანგებისაგან. ნაპოლეონს ძმაც ახლდა თან, ჟოზეფი, რომელიც იმ დროს საკმაოდ ცნობილ კაცად ითვლებოდა კორსიკაზე (სხვათა შორის, ჟოზეფი პაოლის უკვე შეხვედრია. ის კორსიკელთა იმ დელეგაციაში შედიოდა, რომელიც ჯერ კიდევ მარსელში დახვდა პაოლის და კუნძულამდე მიაცილა).
    შეხვედრამ ნაპოლეონს იმედი გაუცრუა. პაოლიმ ზრდილობიანად, მაგრამ ცივად მიიღო ახალგაზრდა ოფიცერი. მის ქათინაურებს ყური არ ათხოვა და არც მისი გვერდში ამოყენების სურვილი გამოამჟღავნა. როგორც ეტყობოდა, სენიორ პასკუალე დი პაოლის პირად შეხვედრამდე ჰქონდა უკვე ათ– ვალწუნებული მოქალაქე ბუონაპარტე. არც გაემტყუნებოდა, რადგან ამის ობიექტური მიზეზიც ჰქონდა და სუბიექტურიც. ჰაოლი კარგად იყო ინფორმირებული კორსიკულ ამბებზე და იცოდა საითაც უმიზნებდა ბუონაპარტე.
    „ბებერი მგელი“ არც საფრანგეთთან ერთიანობის იდეას იზიარებდა და არც რევოლუციონერებთან კავშირს აპირებდა. ჯერჯერობით თუ ის ყველაფერ ამას აშკარად არ ამჟღავნებდა, ეს მხოლოდ ტაქტიკური ხერხი იყო. მიმხვედრი კი მიხვდებოდა და ბუონაპარტესაც არ გამოპარვია ეს ეშმაკობა. განსხვაგებული შეხედულებები ქვეყნის მომავალზე მათი შეხვედრის ჩაშლის მთავარი მიზეზი იყო. მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი. აქ უკვე სუბიექტურმა მომენტმაც ითამაშა თავისი როლი: პაოლის ბუონაპარტეების გვარისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, მას არ დავიწყნია, თუ როგორ გადაუდგა თავისი ყოფილი თანამებრძოლი კარლო ბუონაპარტე ფრანგებთან უთანასწორო შერკინების დროს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთ და გამარჯვებული მოწინააღმდეგის მხარე დაიჭირა. კორსიკაზე ასეთ რამეს არ ივიწყებდნენ. პაოლი კი სულით ხორცამდე კორსიკელი იყო და არც მას დავიწყნია. მართალია, ეს მკვირცხლი და მოუსვენარი ლეიტენანტი მამის იმ ნაბიჯს კიცხავდა და მას, პაოლის, ერთგულებას ეფიცებოდა, მაგრამ არ უჯერებდა და არც ენდობოდა პაოლი ბუონაპარტეს, არც თავს ატყუებინებდა. ან როგორ უნდა ნდობოდა, როცა ახლავე, პირველივე შეხვედრისას, ეს ახალგაზრდა სულ რევოლუციურ საფრანგეთს ახსენებდა და კორსიკელთა ხსნას მასთან კავშირში ხედავდა.
    პაოლის არც ბუონაპარტეს თავდაჯერებულობა მოეწონა.ის კი არა, ცოტა თავხედადაც კი მოეჩვენა იგი. ყოველ შემთხვევაში პირველივე შეხვედრისას მან თავს ბევრის უფლება მისცა, როცა პაოლის, ომებში გამობრძმედილ მეომარს, პონტენუევოს ბრძოლის მისეული ხელმძღვანელობის ფრთხილი, მაგრამ მაინც აშკარა კრიტიკა შეჰბედა. პაოლი ეშმაკი და გამოცდილი კაცი იყო. იგი პირში როდი ეცა ბუონაპარტეს, პირიქით, არც კი აგრძნობინა წყენა, მაგრამ თავის გულში საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ პროფრანგული ორიენტაციის ამ მოავანტიურისტო ახალგაზრდას კუნძულზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას არასოდეს მისცემდა.
    ბუონაპარტესადმი პაოლის ნეგატიური დამოკიდებულების შედეგებმა დიდხანს არ დააყოვნეს. „ბებერი მგლის“ ავტორიტეტი კუნძულზე ისეთი იყო, რომ მისი მოწოდებები და მისი ქმედებები ბევრად უფრო სწრაფად მიაღწევდნენ კორსიკელთა გულებამდე, ვიდრე ამას ახალგაზრდა ბუონაპარტე შეძლებდა. მაგრამ, ვიმეორებთ, პაოლი მეტად ფრთხილი კაცი იყო. მან შეატყო, რომ იმ დროს აშკარა დაპირისპირება ნაპოლეონთან მის საქმეს არ წაადგებოდა. ჯერ ერთი, ბუონაპარტეს კუნძულზე უკვე ჰყავდა საკმაო რაოდენობის მომხრეები და ამ ფაქტის უგულებელყოფა არ შეიძლებოდა, თუმცა, უნდა ითქვას, პაოლის ამისი არ ეშინოდა. მისთვის გაცილებით უარესი ის იყო, რომ, დაუფარავი კონფრონტაციის შემთხვევაში, ბუონაპარტე საფრანგეთის ხელისუფლების მხარდაჭერით ისარგებლებდა. პარიზი, განურჩევლად იმისა, მონარქისტების ხელში იქნებოდა ის თუ რევოლუციონერებისა, რა თქმა უნდა, მხარს ყოველთვის კუნძულის საფრანგეთთან ერთიანობის მომხრეს დაუჭერდა. ამიტომ პაოლიმ თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედება გადაწყვიტა. მით უმეტეს, რომ ის თვლიდა და, ალბათ, სამართლიანადაც, რომ ჯერ არ მოსულიყო მისი ჭეშმარიტი მიზნების გამჟღავნების დრო.
    მალე კორსიკაზე დეპარტამენტის დირექტორიის არჩევნები გაიმართა, ხალხმა პაოლი ერთსულოვნად აირჩია დირექტორიის პრეზიდენტად და კუნძულის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. ბუონაპარტეების ოჯახი და მთელი მათი კლანი, რა თქმა უნდა, თვითონ ნაპოლეონის ჩათვლით, აქტიურად მე ,ნაწილეობდნენ არჩევნებში და პაოლის უჭერდნენ მხარს. ნაპოლეონი გაწბილებული კი იყო პაოლის ციგი მიღებით, მაგრამ იგი მას მაინც ძველებურად სცემდა პატივს და სხვა ვინმე კორსიკის სათავეში ვერ წარმოედგინა. არჩევნებზე ბუონაპარტეები დიდ იმედს ამყარებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ დირექტორიის წევრებად მათი ოჯახის ორი წარმომადგენელი – ჟოზეფი და ნაპოლეონი გავიდოდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. ვერც ერთი ბუონაპარტე ხელისუფლების სათავეში ვერ მოხვდა. ეს საგანგაშო ფაქტი იყო და რაღაც ცუდს ნიშნავდა. მოვლენათა შემდგომმა მსვლელობამ აჩვენა, რომ ეს წარუმატებლობა ბუონაპარტეებისათვის შემთხვევითი ამბავი არ ყოფილა. დირექტორიის პრეზიდენტმა (კუნძულის ფაქტიურმა ერთპიროვნულმა განმგებელმა), თავისი არცთუ მცირერიცხოვანი მმართველობითი აპარატის შექმნისას, გვერდი აუარა ბუონაპარტეებს. გაოცებულ ძმებს ამშვიდებდნენ: ნაპოლეონი ჯერ ახალგაზრდაა, ჟოზეფს კი სხვა რამეს გამოუნახავენო, მაგრამ ეს მხოლოდ სიტვვები იყო, საქმე კი არ ჩანდა. პოცო დი ბორგოც ახალგაზრდა იყო, მაგრამ პაოლიმ იგი გვერდში ამოიყენა. ეტყობოდა, სხვა რაღაცაში იყო საქმე. ნაპოლეონი ჯერ ბოლომდე ვერ გარკვეულიყო მომხდარში, ვერ მიმხვდარიყო საიდან უბერავდა ქარი, თუმცა ეჭვები უკვე უჩნდებოდა...
    ბუონაპარტე განერვიულდა, მოსვენება დაკარგა, მაგრამ აქტიურობა არ შეუწყვეტია, პირიქით, უფრო გააძლიერა. ყველა კრებასა და მიტინგზე გამოდიოდა, ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, მეტს ინდომებდა, მეტს ცდილობდა, ყველაფერში ცხვირს ყოფდა, სოფელ-სოფელ დადიოდა, თავისი და თავისი მომხრეების სასარგებლო აგიტაციას ეწეოდა. ბევრს წვალობდა, მაგრამ სახეირო აღარაფერი გამოდიოდა – პაოლის უკვე თავისი ხალხი აემოქმედებინა და მათ წინააღმდეგ ნაპოლეონი ვერაფერს აწყობდა.
    ბრძოლა მეტოქეებს შორის ფარულად მიდიოდა, ეშმაკურად, ღიმილით, ზოგჯერ ქათინაურებითაც კი, სინამდვილეში კი მძაფრად, დაუნდობლად. ეს ბრძოლა იმხანად ცალმხრივი იყო. ნაპოლეონს მაინც არ უნდოდა ბოლომდე დაეჯერებინა, რომ პაოლიმ საბოლოოდ უარი თქვა მასზე. პასკუალე პაოლი მისთვის ისევ გმირად რჩებოდა, ამიტომ თავის წინააღმდეგ მის გამოხდომებს იგი იშვიათად პასუხობდა, ყოველ შემთხვევაში, პაოლიზე ძვირს ის არასოდეს ლაპარაკობდა. როცა საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატმა კორსიკიდან, ბუტაფუოკომ პაოლის პარიზში უჩივლა და მისი ლანძღვა-გინება დაიწყო, ნაპოლეონი, ისევე როგორც სხვა უამრავი კორსიკელი, აღშფოთებას ვერ მალავდა. მან ვრცელი წერილი-პამფლეტი შეადგინა ბუტაფუოკოს წინააღმდეგ, რომელშიც მიწასთან გაასწორა მაბეზღარა დეპუტატი. ეს პამფლეტი ნაპოლეონმა პირველად აიაჩოს ერთ-ერთ კლუბში წაიკითხა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა (წერილი-პამფლეტი პათეტიკურ ტონში იყო დაწერილი და თავდებოდა რობესპიერის, ლაფაიეტის და პეტიონისადმი მგზნებარე მოწოდებით). ეს პამფლეტი შემდეგ სტამბური წესით დაბეჭდეს და კორსიკაზე მას მკითხველი არ მოჰკლებია. ბუონაპარტემ „ლამაზი ჟესტი“ გააკეთა და თავისი ქმნილება პაოლის გაუგზავნა. პასუხმა ძალიან დაიგვიანა. როცა პაოლისგან წერილი მოვიდა, მან თვალებს არ დაუჯერა, მადლობის ნაცვლად, „ბებერი მგელი“ ისეთ რჩევებს აძლევდა თავის ახალგაზრდა ქომაგს, რომლის ძირითადი აზრი იყო – შენს კანში დაეტიე, მეტს თავს ნუღარ შეიწუხებ და საერთოდ, თავი დამანებეო. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ნაპოლეონი ყველაფერს მიხვდა. პაოლისკენ მას გზა მოჭრილი ჰქონდა და ასლა სხვაგვარად უნდა ემოქმედა.
    ამასობაში ნაპოლეონს შვე? ულების ვადაც გაუთავდა. ვადა გაუთავდა კი არა, კარგა გადაცდენილიც იყო და ამიტომ ის კუნძულზე ვეღარ დარჩებოდა. 1791 წლის თებერვალში მან საფრანგეთისკენ გასწია. ამჯერად მარტო არ წასულა, თან ლუიც წაიყოლა, უმცროსი ძმა. ოქსონში, საარტილერიო პოლკში, ამდენი ხნის „დეზერტირი“ სიამოვნებით მიიღეს. რევოლუციის პერიოდში საფრანგეთის არმიიდან იმდენი ოფიცერი წავიდა ემიგრაციაში, რომ თუკი ვინმე დაბრუნდებოდა, უბატონოდ ხმას ვინ გასცემდა.
    ბუონაპარტეები ყაზარმაში დაბინავდნენ. ერთ ოთახში, შედარებით „კეთილმოწყობილში“, ნაპოლეონი ცხოვრობდა, მეორეში, რომელიც უფრო საკუჭნაოს წააგავდა, ვიდრე სრულფასოვან ოთახს, – ლუი ნაპოლეონის ოთახში მაგიდა, ორი სავარძელი და ერთი კიდობანი იყო, ლუის ოთახში კი საწოლიც არ იდგა (ასე რომ, ჰოლანდიის მომავალ მეფეს იატაკზე ეძინა).13 წლის ბიჭი თვალებში შესციცინებდა ძმას. ნაპოლეონიც ძალ-ღონეს არ იშურებდა მისი აღზრდისათვის. ეკონომიის მიზნით, საჭმელს თვითონ აკეთებდა. ძმასაც თვითონ ამეცადინებდა მათემატიკაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში (ცუღლუტობას თუ შეატყობდა, ერთი-ორს კარგად მოსდებდა კიდეც კისერში). მოწაფესთან ერთად მასწავლებელიც თავაუღებლად მეცადინეობდა. ოღონდ ის ფილოსოფიასა და პოლიტეკონომიაში. ახლა, ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფოსების წიგნებთან ერთად, იგი ადამ სმითის პოლიტეკონომიასაც ხანგრძლივად უჯდა.
    ძმებმა ოქსონში მხოლოდ ოთხი თვე დაყვეს. 1791 წლის ივნისში ნაპოლეონი ვალანსში გადაიყვანეს. იგი ისევ მადმუაზელ ბუს მიადგა და მასთან იქირავა ოთახი, ისევ ძველი ნაცნობ-მეგობრები ინახულა და მათთან განაახლა კავშირი, თითქოს, განვლილ წლებში არაფერი შეცვლილივოს და თითქოს ისევ თავიდან დაიწყო ცხოვრება. მაგრამ არა, უკვე სხვა დრო დამდგარიყო და ეს ვალანსსაც დასტყობოდა. ქალაქი გამოცოცხლებული ჩანდა, მასში ცხოვრება დ“ეღდა: ყოველ დღე კრებები და შეხვედრები იმართებოდა, კლუბებში აზრთა გაცხოველებული გაცვლა-გამოცვლა და შეხლა–შემთხლა იყო, ბუონაპარტეს უკვე საზოგადოებრივი აქტივობის გარეშე აღარ შეეძლო. იგი მთელი არსებით ჩაება ქაორაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვალანსში კონსტიტუციის დამცველთა საზოგადოება ჩამოყალიბდა, რომლის ინიციატორი და სულისჩამდგმელი ეს ახალგაზრდა კორსიკელი შეიქნა. ახლა, პოლკში სამსახურზე უფრო მეტ დროს იგი ვალანსისა და მდინარე რონის ქვემო წელის მცხოვრებლებთან შეხვედრებსა და მათ აგიტირებაზე ხარჯავდა. ბუონაპარტე პროფესიონალი რევოლუციონერი გამხდარიყო, იაკობინელების მიმდევარი. მისი ასეთი აქტიურობა საფრანგეთში, თავისი კუნძულიდან მოშორებით, იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს რევოლუციას იგი ერთი საზომით უდგებოდა, როგორც კორსიკის, ისე საფრანგეთისთვის, და რომ ეს ორი, საკმაოდ განსხვავებული გეოგრაფიული ცნება მისთვის უკვე ერთიან „რევოლუციურ სამშობლოში“ მთლიანდებოდა.
    ნაპოლეონი სიხარულით ამჩნევდა, რომ დოფინე, საფრანგეთის სამხრეთის ისტორიული პროვინცია (რომელშიც ქალაქი ვალანსი მდებარეობდა და რომელშიც თვითონ ასე აქტიურობდა), რევოლუციურ საქმიანობაში ტოლს არ უდებდა ქვეყნის სხვა მხარეებს და ზოგ რამეში წინ უსწრებდა კიდეც მათ. „ეს მხარე ცეცხლშია გახვეული და თავდადების მაგალითს იძლევა. აქედან მეფეზე სასამართლოს მოწყობის მოთხოვნა გაიგზავნა, – წერდა იგი ერთ ახლობელს სიამაყით, ჩვენი პოლკის ჯარისკაცებში დაეჭვება არ შეიძლება, ყველა მათგანი პატრიოტია. სამაგიეროდ ოფიცრების მხოლოდ ნახევარზე თუ შეიძლება დაყრდნობა. სხვები არისტოკრატები გახლავან და თავი ინგლისის კონსტიტუციის მომხრეებად მოაქვთ. აი ქალები კი, უკლებლივ ყველანი, რიალისტები არიან და ეს არცაა გასაკვირი. მათ ხომ ეს შურით მოსდით, რადგან თავისუფლება უფრო მომხიბლავი რამაა, ვიდრე ისინი ბრძანდებიან და მათ სილამაზეს ჩრდილავს“.
    ბუონაპარტეს შეხედულებები იმ დროს იმდენად რადიკალური იყო, რომ იგი არ კმაყოფილდებოდა მეფის ხელისუფლების შეზღუდვის ან თუნდაც მეფის გადაყენების მოთხოვნით და ქვეყანაში რესპუბლიკური წყობილების დამყარებას თხოულობდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ხდებოდა 1791 წელს, მაშინ, როცა პარიზშიც კი ბევრს არ მოსდიოდა თავში ასეთი ლოზუნგის წამოყენება. მაგრამ, მიუხედავად პოლიტიკურად ასე მჩქეფარე ცხოვრებისა, ბუონაპარტე ვალანსში უკვე ვეღარ ეტეოდა. იგი ხედავდა, რომ საფრანგეთში რევოლუციური საქმეები უმისოდაც კარგად მიდიოდა. თანაც ისე მიდიოდა, რომ მას, ბუონაპარტეს, ამ ცხოვრებაში, მაინცდამაინც, გამორჩეული ადგილი არ ხვდებოდა. საკუთარ პოტენციაში ღრმად დარწმუნებული კაცისათვის ეს ერთობ ძნელად ასატანი რამ იყო. ძნელად ასაფანი იყო მით უმეტეს იმ კაცისთვის, ვისაც, საფრანგეთის გარდა, მოქმედების სხვა ასპარეზიც ჰქონდა. ბუონაპარტესათვის ასეთი ასპარეზი, ცხადია, კორსიკა იყო. მართალია, პაოლოს ჩამოსვლის მერე ბუონაპარტეს კორსიკაზე ხელი მოეცარა, მაგრამ ის მაინც ფიქრობდა, რომ ეს დროებითი წარუმატებლობა იყო და მეტროპოლიაში რევოლუციის ძლევამოსილი წინსვლის კვალდაკვალ ამ კუნძულზეც შეიცვლებოდა სიტუაცია. ამიტომ იყო, რომ იგი ისევ მშობლიური კორსიკისკენ იყურებოდა და ყოველი საშუალებით ცდილობდა როგორმე შვებულება აეღო. სხვა შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ბუონაპარტეს უკვე იმდენად ამოეწურა შვებულებების ლიმიტი, რომ ალბათ, სამი წლის გადაბმული მუშაობითაც ვერ აანაზღაურებდა გაცდენილ დროს, მაგრამ იმ ხანად დისციპლინა არმიაში, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში, უკვე შერყეული იყო და შვებულების აღება ბუონაპარტემ მაინც მოახერხა. ამჯერად მიზეზი ბიძის, არქიეპისკოპოს ლუსიენის გარდაცვალება და მისი დანატოვარის მოვლა-მოწესრიგება იყო. ასე რომ, 1791 წლის ოქტომბერში იგი კვლავ სამშობლოში გაემგზავრა და იქ კარგა ხანს, 92 წლის მაისამდე დარჩა.
    გარდაცვლილი ბიძის საქმეების მოგვარებაზე მეტად ბუონაპარტეს თავისი გეგმის განხორციელება აფიქრებდა. განა ვერ ატყობდა, რომ პაოლის პოზიციის გამო, ამ გეგმის განხორციელება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობდა, „სჯობს საქმეს სულ არ მოჰკიდო ხელი, ვიდრე ის სანახევროდ გააკეთოო“, იხტიბარს არ იტეხდა და უკან აღარ იხევდა. თავისი კორსიკული მოღვაწეობის ამ პერიოდში ნაპოლეონმა საკმაო მოხერხებულობა და დიპლომატიური უნარი გამოავლინა. ამ დროისათვის მას უკვე კარგად ჰქონდა ათვისებული ფარული ბრძოლის კორსიკული ხერხები და ფართოდაც იყენებდა მათ. ცბიერება, ყალბი დაპირება, მოტყუება, მოსყიდვა – შეიძლება ყველაზე უზნეო არც ყოფილიყო ამ ხერხების ნუსხაში. ბუონაპარტემაც არ დააყოვნა და არც ითაკილა, საუკუნეებს გამოვლილი ამ ნაცადი მეთოდებით სარგებლობა და თავისი მოწინააღმდეგეების მსგავსად მანაც გამოიყენა ისინი.
    სენიორმა პასკუალე პაოლიმ მალე იგრძნო ფრანგული ორიენტაციის ამ ურჩი ახალგაზრდის ბასრი ბრჭყალების ძალა. თუ წლინახევრის წინ „ბებერ მგელს“ შეეძლო თავის თავისთვის უფლება მიეცა ჩირად არ ჩაეგდო მისთვის საძულველად გამხდარი ბუონაპარტეების გვარის ეს წინამასწარა წარმომადგენელი, ახლა მას ასი თვალი და ასი ყური სჭირდებოდა, რომ რამე არ გამოჰპარვოდა და უსიამოვნებას არ გადაჰყროდა. კუნძულზე პაოლის სხვა მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, მათ შორის ისეთი კალიბრისა, როგორც საფრანგეთის დამფუძნებელი კრებისა და კონვენტის დეპუტატები – სალიჩეტი და კასაბიანკა – იყვნენ. ნაპოლეონი თუ მათ დაუკავშირდებოდა, შეიძლებოდა პაოლის მოწინააღმდეგეთა ისეთი ალიანსი შემდგარიყო, რომ კორსიკული სეპარატიზმის გეგმებს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვედროდა.
    პაოლის მცდელობის მიუხედავად, ნაპოლეონმა და ზემოხსენებულმა დეპუტატებმა იოლად მონახეს ერთმანეთი და ერთობლივი მოქმედება დაიწყეს. იმხანად, მეტროპოლიის მსგავსად, კორსიკაზეც დააპირეს მოხალისეთაგან ეროვნული გვარდიის შექმნა. გვარდიის სარდლის პოსტი ნაპოლეონს თავისთვის უნდოდა, მაგრამ, დებულება ისეთი იყო, რომ სარდალი თვით მოხალისეებს უნდა აერჩიათ. ნაპოლეონმაც და მისმა მომხრეებმაც გამალებული „წინასაარჩევნო კამპანია“ გააჩაღეს, რაც, ძირითადად, მოხალისეთა გულის მოგებაში, თავისკენ გადმობირებასა და, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ მოსყიდვაში მდგომარეობდა. ეტყობა, ბუონაპარტეებსა და მათი მხარდამჭერების მცდელობა იმდენად დიდი იყო, რომ, მიუხედავად პაოლის წინააღმდეგობისა, ნაპოლეონმა სურვილი შეისრულა – იგი გვარდიის სარდალი გახდა. ავტომატურად მას მოხალისეთა გვარდიის სუბკოლონელის წოდებაც მიენიჭა (ეს წოდება „კორსიკული“ იყო და საფრანგეთში ძალა არ ჰქონდა. იქ ბუონაპარტე ისევ არტილერიის ლეიტენანტად დარჩა).
    გვარდიის შექმნას დიდი დრო და კიდევ მეტი ენერგია სჭირდებოდა. წარმატებით აღფრთოვანებული ნაპოლეონი არც ერთს იშურებდა და არც მეორეს. უკვე ცოტა ხანში მან პირველი ბატალიონის შექმნა მოახერხა და აღლუმზე პაოლიც დაპატიჟა. კუნძულის გამგებელმა უარის თქმა, ალბათ, არასასურველად ჩათვალა და მისი მომძლავრებული მოწინააღმდეგის მოწვევა მიიღო. ალღუმი დიდი ამბით ჩატარებულა და დამსწრეებზე სათანადო შთაბეჭდილება მოუხდენია. ეტყობა, გულგრილი არც პაოლი დარჩენილა. განსაკუთრებით გვარდიის სარდალს მიუპყრია მისი ყურადღება: „ამ ახალგაზრდას ანტიკური იერი აქვს, იგი პლუტარქეს გმირებს მაგონებსო“ – უთქვამს თურმე პაოლის. ახალგაზრდა ბუონაპარტე აშკარად ანგარიშგასაწევი ძალა ხდებოდა და პაოლის სიფხიზლე და სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. თუმცა, სწორედ ეს თვისებები არ აკლდა „ბებერ მგელს“ და სწორედ, ასეთ საქმეებში არ ესწავლებოდა რამე.
    გვარდიის შექმნა და აიაჩოს მოსახლეობის მოსვენების დაკარგვა ერთი იყო. შეიარაღებული ძალა მოიხელთა თუ არა, ნაპოლეონმა დაიწყო ქალაქის „თავის ჭკუაზე“ მოყვანა. გვარდიის სარდალს წინააღმდეგობა დიდი ხვდებოდა. არ უნდოდათ თანამოქალაქეებს მის მიერ დასახული ახალი გზით სიარული, მით უმეტეს, რომ ეს გზა მეტად საეჭვო და სახიფათო მონაკვეთებს შეიცავდა. ამიტომ იყო, რომ ბუონაპარტეს მოწინააღმდეგეებმა ადვილად მოახერხეს აპრილის შუა რიცხვებში ქალაქში მღელვარების გამოწვევა. ეს, ფაქტობრივად, აჯანყება იყო. თანაც ისე გამოვიდა, რომ სოფლის მცხოვრებლები ქალაქისას დაუპირისპირდნენ. ნაპოლეონმა ზედმეტი აქტიურობა გამოიჩინა და საქმე სისხლიან შეტაკებამდე მივიდა. მსხვერპლი ორივე მხრიდან იყო. დაიღუპნენ აიაჩოში განლაგებული რეგულარული ჯარის მებრძოლებიც. ეს ყველაფერი კარგად მოწყობილი პროვოკაცია იყო, რომელზეც ასე იოლად წამოეგო გვარდიის სარდალი. თუ ვინ იდგა ამბოხებულთა ზურგს უკან, ალბათ, ადვილი მისახვედრია.
    ამბავი გახმაურდა. ბუონაპარტეს მოწინააღმდეგეებმა მომენტით ისარგებლეს და დაუყოვნებლივ სამხედრო სამინისტროში უჩივლეს. არეული დრო იყო, არავინ იცოდა სამინისტროში როგორ შეხედავდნენ მომხდარ ამბებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ამიტომ ნაპოლეონმა გადაწყვიტა თვითონ წასულიყო პარიზში და თავადვე მიეხედა საქმისათვის. 1792 წლის მაისის დასაწყისში ის უკვე გემში იჯდა, ხოლო მაისის ბოლოს პარიზში იყო.
    სამხედრო სამინისტროში ბუონაპარტეს თავის მართლება არ გასჭირვებია. საბუთები წესრიგში ჰქონდა, ხოლო რეპუტაცია, რომლითაც ის სარგებლობდა მეტროპოლიის მთავარ სამხედრო უწყებაში, უკეთესი არც შეიძლებოდა ყოფილიყო: იმ დროისათვის მას თავგადადებულ რევოლუციონერად და, რაც მთავარია, კუნძულის საფრანგეთის შემადგენლობაში დატოვების მომხრედ იცნობდნენ. რაკი საჩივრისგან თავის ასე ადვილად დახსნა მოახერხა, ბუონაპარტემ სამხედრო სამინისტროში თავისი მორიგი წოდების დაგვიანებაზე აღძრა საქმე. აქ დახმარებას დაჰ-პირდნენ და მართლაც, სამიოდე თვის შემდეგ მას საფრანგეთის არმიის არტილერიის კაპიტნის წოდება მიანიჭეს. აღნიშნულის გამო ნაპოლეონი იმ სამ თვეს პარიზში დარჩა.
    ერთობ მღელვარე იყო ეს თვეები. აპრილიდან საფრანგეთი ავსტრიასთან ომში იყო ჩაბმული. მართალია, ომი დედაქალაქიდან საკმაოდ მოშორებით, ქვეყნის აღმოსავლეთის საზღვარზე მიდიოდა, მაგრამ პარიზიც მშვიდად არ ცხოვრობდა. ეს ის დრო იყო, როცა პარტიებს შორის გააფთრებული ბრძოლა დაიწყო. ჟირონდისტები და იაკობინელები აღარ ზოგავდნენ ერთმანეთს. შესანიშნავ მაგალითს თვითონ კონვენტის სხდომები იძლეოდა. დეპუტატები ერთმანეთს უყვიროდნენ, ხშირად მუშტი-კრივზე გადადიოდნენ ან დუელში იწვევდნენ ურთიერთს. ორივე მხარეს თავ-თავისი გულშემატკივარი ჰყავდა დარბაზში შემოყვანილი და ისინიც სათანადოდ გამოყოფილი კაცის ნიშანზე ღრიანცელსა და სტვენას იწყებდნენ მოწინააღმდეგის დეპუტატის გამოსვლის ჩასახშობად.
    ვანდეაში აჯანყებამ, ფრონტზე წარუმატებლობამ, ქვეყნის შიდა არეულობამ მთლად გააცოფა ხალხი. ყველგან მოღალატეებსა და მტრის აგეზტებს ეძებდნენ. მარატი ცეცხლზე ნავთს ასხამდა, სისხლის გართმევას მოითხოვდა. სექტემბერში საშინელი ამბები დატრიალდა. იაკობინელი აგიტატორებისგან წაქეზებული ხალხი ციხეებში შეცვივდა და ყოველგვარი გასამართლების გარეშე, ხმლებით აჩეხა ასობით განსასჯელი (ძირითადად, სამღვდელოების წარმომადგენლები, როიალისტები და 1/3 დამნაშავენი). არც კონვენტს, არც ეროვნულ კრებას თითიც გაუნძრევია ამ უმსგავსობის აღსაკვეთად. ის კი არა დანტონი მიესალმა კიდეც აქ ამბებს, ხოლო მარატი უკმაყოფილო დარჩა, საკმარისი სისხლი არ დაიღვარაო.
    „ხალხის მეგობრის“ სახელით ცნობილი ეს სახალხო ტრიბუნი გაუთავებლად მოუწოდებდა ხალხს მოღალატეთა ჟლეტისაკენ და გაიძახოდა: „გავარვარებული რკინით დადაღეთ, ცერა თითები მოჰკვეთეთ, ენა გაუხვრიტეთ არისტოკრატებსო“. ბოლოს კი იგი კონკრეტული ციფრების დასახელებასაც შეუდგა და, არც მეტი, არც ზაკლები, საფრანგეთის ყეელა 300 ათასი არისტოკრატის მოსპობა მოითხოვა. ახალი, განწმეზდილი საზოგადოების აშენებისათვის, რაჯა თქმა უნდა.
    პარიზში მყოფი ნაპოლეონი ამ ამბების მომსწრე და თვითმხილველი გახდა. იაკობინელებმა, რომლებიც მოსახლეობის დაბალ ფენებში მუდამ დაუმორჩილებლობისა და უკმაყოფილობის გრძნობებს აღვივებდნენ, 20 ივნისს შეძლეს აგრესიულად განეწყოთ დილიდანვე პარიზის ქუჩებში თავშეყრილი ხალხი და მოხერხებულად მიმართეს ის ტიუილრის სასახლისკენ. ნაპოლეონი ძალიან დააინტერესა მათმა განზრაზხვამ და ქცევამ, რომელშიც ავის მომასწავებელი ნიშნები დაინახა. მან სასწრაფოდ გაიხადა სამხედრო კიტელი (ბრბო სამხედროებს ემტერებოდა) და თავის მეგობარ ბურიენს გაუარა. „მოდი გავყვეთ ერთი ამ არამზადებს“, უთხრა მან ბურიენს. მეგობრები გაჰყვნენ მათ და თავის თვალით იხილეს თუ რას სჩადიოდნენ ისინი: გინება, ჩხუბი, ძარცვა, რბევა, „საეჭვო“ პირთა ცემა, მეფის მომხრეების ხოცვა – აი, ყველა ის მშვენიერება, რაც ამ უკონტროლო ბრბოს მძვინვარებას ახლდა თან. როცა ხალხი ტიუილრის სასახლეში შევარდა და ყველაფრის მსხვრევა დაიწყო, ლუი XVI თავისი აპარტამენტებიდან გამოვიდა და იქ მყოფთ მიესალმა. ბრბომ ეს არ იკმარა. მოითხოვა, რომ მეფეს რევოლუციის სიმბოლო – წითელი ფრიგიული ჩაჩი ჩამოეცვა თავზე. მანაც მორჩილად აღასრულა ეს მოთხოვნა და ხალხს მდაბლად დაუკრა თავი. ამის შემხედვარე ბუონაპარტეს კინაღამ გული აერია: რა ნეხვი ყოფილა! იმის მაგივრად, რომ აქ შემოეშვა, 500-600 კაცი ზარბაზნებით უნდა მოეცელა და მერე გენახა სხვები როგორ მოუსვამდნენო.
    20 ივნისის ამბებმა ძალიან იმოქმედეს ბუონაპარტეზე. იცოდა, რა, რომ ამ ამბების სულისჩამდგმელნი იაკობინელები იყვნენ, მან თვითონაც იაკობინელთა კლუბის წევრმა, სასტიკად დაგმო მათი მოქმედება. „იაკობინელები ჭკუიდან გადაცდენილები არიან, მათ არ ესმით საერთო ამოცანები“ – სწერდა ჟოზეფს აღშფოთებული ნაპოლეონი. იგი ათი აგვისტოს ამბებსაც შეესწრო პარიზში. იმ დღეს ამბოხებულთა მასებმა მეფე ჩამოაგდეს ტახტიდან და მონარქია დაამხეს. ეს ყველაფერი სისხლისღვრით მოხდა – სასახლეში და მის გარშემო მეფის მცველები და მსახურები ჩახოცეს. ამ ამბის შემსწრე ნაპოლეონი შემდეგ ამბობდა: იმ დროს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, ჩემთვის რომ ეთხოვათ, ალბათ, მეფეს მივეშველებოდი. მე იმათი წინააღმდეგი ვიყავი, ვისაც დაბალი ფენის ბნელი ხალხის მეშვეობით სურდა რესპუბლიკის დამყარებაო.
    პარიზში გატარებული ის თვეები, როგორც ეტყობა, საბედისწერო გამოდგა ნაპოლეონის რევოლუციური შეხედულებებისათვის, მარტო ივნისისა და აგვისტოს ამბებზე არ არის ლაპარაკი. ბუონაპარტე სექტემბრის შუა რიცხვებამდე დარჩა დედაქალაქში და იმ მასიური და ამაზრზენი მკვლელობების თვითმხილველიც გახდა, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. იმ დროს ბუონაპარტეს ერთი ხანი დამალვაც დასჭირდა, რადგან გაშმაგებული ბრბო ვისაც ხელთ იგდებდა, სასტიკად უსწორდებოდა, განსაკუთრებით სამღვდელოების წარმომადგენლებსა და ოფიცრებს.
    იაკობინელები გამარჯვებას ზეიმობდნენ. ახლა მათ აღარაფერი უშლიდა ხელს, დამფუძნებელი კრებისათვის ძალაუფლება წაერთმიათ და თავიანთი გავლენის ქვეშ მყოფი კონვენტისთვის გადაეცათ. უკვე იმ დროიდან დაიწყეს მათ „არაკეთილსაიმედოთა“ და საერთოდ, სხვაგვარადმოაზროვნეთა დევნა და დაპატიმრება (არც ეშაფოტზე გაგზავნისგან იკავებდნენ, მაინცდამაინც, თავს). მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი გახლდათ, მთავარი ტერორი ჯერ წინ იყო.
ბუონაპარტეს პარიზში აღარაფერი ესაქმებოდა. ისეთ ამბებს შეესწრო, რომ იქ გაჩერება აღარც უნდოდა. არც საკუთარ პოლკში დაბრუნება ეხატებოდა გულზე, თუნდაც ახლადმიღებული კაპიტნის ჩინით. ისევ კორსიკისკენ მიიწევდა, ისევ იქ სურდა მოღვაწეობა. თავისი „მისიის“ ბოლომ-დე მიყვანა სურდა; ჯერ კიდევ არ გადაეწურა იმედი, ჯერ კიდევ წარმატებაზე ფიქრობდა, თუმცა ამის სულ უფრო ცოტა შანსი რჩებოდა.
    კუნძული აფეთქებისწინა მდგომარეობაში დახვდა ნაპოლეონს. მის მშობლიურ აიაჩოში სიმშვიდე კარგა ხანია აღარ იყო (სხვათა შორის, ნაპოლეონის მცდელობითაც). ჩხუბი, შეტაკება, სროლა და უწესრიგობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. მაგრამ ეს მაინც წვრილმანი იყო, იგრძნობოდა, რომ ის შფოთვა და ღელვა რაღაც დიდის და ავის მომასწავებლის ნიშანი იყო, ყოველ შემთხვევაში, მოხალისეთა გვარდიის ახლად რეაბილიტირებული სარდლისა და მისი მხარდამჭერებისთვის მაინც.
    რაც უფრო რადიკალიზმისაკენ მიდიოდა საფრანგეთი, მით უფრო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს იგი კორსიკაზე მიმდინარე პროცესებს და ცდილობდა კუნძულზე იაკობინელთა მხარდამჭერი ხელისუფლება დაეყენებინა. პაოლისა და მისი მომხრეებისათვის, რომელთაც საფრანგეთი არც ადრე ეხატებოდათ გულზე და მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებით უხდებოდათ მისთვის კოჭის გაგორება, ახლა ნათელი გახდა, რომ პარიზი მათ აღარ მოასვენებდა. კონვენტს კორსიკის მხოლოდ ლოიალობა და თუნდაც საფრანგეთის შემადგენლობაში მორჩილად ყოფნა არ აკმაყოფილებდა. საჭირო იყო კუნძულზე ახალი პოლიტიკური რეჟიმის დამყარება და სათავეში ულტრარევოლუციური, რადიკალური ხელისუფლების მოსვლა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფრანგებს კუნძულზე მომხრე ცოტა ჰყავდათ, მით უმეტეს, ცოტა ჰყავდათ მომხრე რევოლუციურად, რადიკალურად განწყობილ ფრანგებს. თანაც მოვლენები საფრანგეთში, უკანასკნელ პერიოდში, იქითკენ მიდიოდა, რომ კორსიკაზე რადიკალების მომხრეთა რიცხვი არ შეიძლებოდა სწრაფად არ შემცირებულიყო. პაოლისტებმა დაუყოვნებლივ ისარგებლეს ამ გარემოებით. ისინი კარგა ხანია ინგლისელებს დაუკავგშირდნენ, რადგან კუნძულის საფრანგეთის ბრჭყალებიდან ხსნის იმედს, უმთავრესად, მათ დახმარებაზე ამყარებდნენ. ჩუმჩუმად, მაგრამ მიზანდასახულად ისინი ფრანგთა წინააღმდეგ ამბოხებას ამზადებდნენ.
    ბუონაპარტეები და მათი მომხრეები გრძნობდნენ, რომ მათ თავზე შავი ღრუბლები იკრიბებოდა, მაგრამ უბრძოლველად გაცლას არ აპირებდნენ. ნაპოლეონი ხედავდა, რომ პაოლი საბოლოოდ გადადიოდა ინგლისელთა მხარეზე (კაცმა რომ თქვას, მას უკვე კარგა ხანია აღარ ეეჭვებოდა „ბებერი მგლის“ პოზიცია). პაოლის ხაზის გამარჯვება კუნძულის საფრანგეთისგან საბოლოოდ ჩამოშორებას უდრიდა, ნაპოლეონს კი ამის დაშვება არ უნდოდა. გააფთრებული ბრძოლა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სულ უფრო აშკარა ხდებოდა. ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯა (1793 წლის 21 იანვარს) უკანასკნელი წვეთი იყო, რამაც პაოლისტების მოთმინების ფიალა აღავსო (თვითონ მეფის ბედი პაოლისა და მის მიმდევრებს, ცხადია, დიდად არ აწუხებდათ. მათ აწუხებდათ და აშინებდათ ის, რამაც საფრანგეთი მეფის სიკვდილით დასჯამდე მიიყვანა – რევოლუცია და თანაც მისი უკიდურესი გამოვლინება – იაკობინიზმი. ამაში ისინი დამღუპველ მაგალითს ხედავდნენ თავიანთი კუნძულისათვის და ამიტომ გაორკეცებული ძალით ცდილობდნენ როგორმე მოშორებოდნენ ახალი ჭირის ამ ბუდეს – საფრანგეთს).
    ნაპოლეონს ბრძოლა გაუჭირდა. რევოლუციური ტერორის ამბების გამგონე კუნძულელებს სულ უფრო ძნელად აგებინებდა იგი საფრანგეთთან უწყვეტი კავშირის უპირატესობას. და მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს, მაინც იბრძოდა. ამჯერად ბრძოლა აშკარა იყო. ნაპოლეონი აღარ ერიდებოდა პაოლის, ყველგან, სადაც კი შეეძლო, მის წინააღმდეგ ლაპარაკობდა, ამზელდა მას, ინგლისელებთან კავშირზე უკიჟინებდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. კუნძულზე პაოლის ავტორიტეტს ვერავინ ვერაფერს აკლებდა – ეტყობოდა კორსიკელების შეგნებაში პაოლი სამუდამოდ მათი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ ქცეულიყო. ამას, ცხადია, ნაპოლეონიც ხედავდა. ამ დროს იგი, როგორც ჩანს, უკვე უფრო საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის გამო იბრძოდა. მას არ შეიძლებოდა არ დაენახა თავისი მცდელობის უპერსპექტივობა. როგორც ზემოთ დავინახეთ, იმ დროს ის უკვე თვითონაც კარგა მაგრად იყო დაეჭვებული იაკობინელთა პოლიტიკის სისწორეში და არ შეიძლებოდა ამ გარემოებას გავლენა არ მოეხდინა მის განზრახვაზე.
    ახლა მას კორსიკის საფრანგეთისგან მოწყვეტა, ალბათ, უფრო იმიტომ არ უნდოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მასაცა და მის ოჯახსაც კუნძულზე აღარ დაედგომებოდა და უკეთეს შემთხვევაში ემიგრანტის მწარე ხვედრი ელოდა. მთელი ოჯახით აყრა და მშობლიური კუნძულიდან უცნობლობაში გადახვეწა ვერაფერი პერსპექტივა იყო და ამიტომაც იბრძოდა ასე გამეტებით ოჯახის უფროსად დარჩენილი ბუონაპარტე. სხვაგვარად არაფერი გამოდიოდა. მათ უკვე ძალიან შორს შეეტოპათ და უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ. უკანასკნელ შეხვედრაზე ნაპოლეონმა და პაოლიმ მაგარ-მაგარი სიტყვები უთხრეს ერთმანეთს. ბუონაპარტემ უსაყვედურა პატრიოტების თავკაცს, რომ იგი ინგლისის ხახაში აგდებდა კორსიკას. „ანარქია მუდამ არ იქნება საფრანგეთში, – ეუბნებოდა ის პაოლის – ინგლისი კი ხალხების დამოუკიდებლობის მტერია, იგი არასოდეს არ იქნება კორსიკის უანგარო მფარველიო“. მაგრამ სიტყგებს აღარაფრის შეცვლა არ შეეძლოთ.
    ცოტა ხანში გამოაშკარავდა, რომ ნაპოლეონის ერთ-ერთ უმცროს ძმას ლუსიენს, რომელიც იმ დროს საფრანგეთში, ტულონში, იმყოფებოდა, პაოლიზე ბეზღობა დაეწყო. მას კონვენტში გაუგზავნია წერილი, რომელშიც კორსიკელთა ბელადს ინგლისის აგენტობაში სდებდა ბრალს. წერილი ადრესატამდე მივიდა და კონვენტის პასუხმაც არ დააყოვნა: ყოვლისშემძლე ორგანო მოითხოვდა პაოლისა და მისი თანამზრახველების დაპატიმრებას და საფრანგეთში გაგზავნას რევოლუციური ტრიბუნალისათვის გადასაცემად (ლუსიენის წერილი, ცხადია, მხოლოდ საბაბი იყო. კონვენტი კარგა ხანია უთვალთვალებდა პაოლის). ადვილი წარმოსადგენია, რა მოჰყვა ამ განკარგულებას. კორსიკაზე სახალხო აჯანყებამ იფეთქა. ხალხის მრისხანება, უპირველესად, ბუონაპარტეების ოჯახს დააცხრა. ნაპოლეონმა სცადა თავადაც ალშფოთება გამოეთქვა კონვენტის გადაწყვეტილების თაობაზე, მაგრამ ვინღა უსმენდა მის სიტყვებს. ისიცა და მთელი მისი ოჯახიც მოღალატეებად შერაცხეს. ქალაქ კორტაში, საგანგებოდ შეკრებილ კონსულტაზე, პოცო და ბორგომ, ნაპოლეონის ყოფილმა მეგობარმა და თანამზრახველმა, ახლა კი მისმა დაუძინებელმა მტერმა და პაოლის მარჯვენა ხელმა, ბუონაპარტეები სამშობლოს მტრად გამოაცხადა და მათი კორსიკელი ერისგან მოკვეთა მოითხოვა. წინადადება მიღებულ იქნა და ბუონაპარტეები კანონგარეშე გამოცხადდნენ. ყველაფერი დამთავრდა, ბუონაპარტეებს მხოლოდ თავის გადარჩენაზე უნდა ეფიქრათ. ახლა გაქცევა იყო საჭი რო და თანაც რაც შეიძლება სწრაფად, ნაპოლეონმა ისღა მოახერხა, რომ ერთგული კაცის ხელით მოკლე შეტყობინება გაუგხავნა დედას: „მოემზადე, ეს ქვეყანა ჩვენთვის აღარააო“. და გაიქცა. გაიქცა კორსიკის მეორე საპორტო ქალაქ ბასტიისაკენ, იქით საითკენაც ფრანგთა ხომალდები ეგულებოდა. გზაში იმდენ ხიფათსა და ფათერაკს გადაეყარა, რომ, თუ ერთ სათავგადასავლო რომანს არა, კარგა მოზრდილ მოთხრობას კი ეყოფოდა მასალად. მშიერ-მწყურვალი ნაპოლეონი მხოლოდ ღამღამობით თუ ახერხებდა ტყე-ტყე სიარულს და საბოლოო მიზანთან მიახლოებას. მაგრამ მაინც ვერ შეინახა ბოლომდე თავი და გზაში დააპატიმრეს. ღამით სოფლის იმპროვიზებული საპატიმროს სარკმელი გამოტეხა და გაიპარა. იძულებული გახდა ისევ აიაჩოში დაბრუნებულიყო, ოღონდ, ცხადია, სახლში მისვლაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. შორიახლო, გამოქვაბულში იმალებოდა, შემდეგ კი ახლობლის დახმარებით ისევ ბასტიისკენ წავიდა. ისევ ტყე-ტყე ხეტიალი მოუხდა და ბოლოს, როგორც იქნა, ჩააღწია ამ ქალაქამდე. ლეტიცია, თავის მხრივ, საჩქაროდ მოემზადა და ბავშვებთან ერთად ქალაქიდან გაიქცა. მისი წასვლა და პაოლისტების მისვლა ერთი იყო. მათ აჩეხეს ბუონაპარტეების კუთვნილი ვენახი, დაწვეს და გააპარტახეს კარმიდამო და იმასღა ნანობდნენ, რომ საძულველი ოჯახი ვერ იგდეს ხელთ.
    როცა ლეტიციას გზაში ამბავი დააწიეს, შენი სახლი იწვისო, ამ შეუდრეკელ ქალს წარბიც არ შეუხრია: „ძერე რა, ახალს ავაშენებთ, უკეთესს, გაუმარჯოს საფრანგეთსო!“ მალვით, ტყე-ტყე, სამთო ბილიკებით, ერთადერთი ცხენის ამარა, ლეტიცია და მისი ჯალაბი, როგორც იქნა, ბასტიაში ჩავიდა და ნაპოლეონს შეხვდა. ახლა ყველანი ერთად იყვნენ და ერთად მიეშურებოდნენ საფრანგეთისკენ.
    1793 წლის ივნისი იდგა. ბუონაპარტეების ცხოვრების კორსიკული ხანა დამთავრდა. პაოლის კორსიკაზე დიდი ხნის ბატონობა აღარ ეწერა. ინგლისელებმა მალე შეაქციეს მას ზურგი და თავიანთი ყურადღება პოცო დი ბორგოზე, ამ გაქნილ და გაიძვერა ავანტიურისტზე გადაიტანეს. ინგლისელებს კუნძულის სათავეში დამოუკიდებლობის მოსურნე პატრიოტი კი არა, დამთმობი და მათი დამჯერე კაცი სჭირდებოდათ. ასე რომ, „ბებერ მგელს“ ისევ ემიგრაციაში წასვლამ მოუწია. მომავალში პაოლიმ სრულიად შეიცვალა აზრი ნაპოლეონზე. კორსიკელ სეპარატისტთა ბელადმა კიდევ კარგა ხანს იცოცხლა (იგი 1807 წელს გარდაიცვალა) და ნაპოლეონის არაერთ ტრიუმფს მოესწრო. სამშობლოდან გადახვეწილი მოხუცი პირადულზე, მაღლა დადგა და აღფრთოვანებას ვერ ფარავდა თავისი ყოფილი მოწინააღმდეგის ყოველი ახალი წარმატებისას. იგი ყოველთვის ბონაპარტისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებდა თანამემამულეებს და აღნიშნავდა, რომ საფრანგეთის ძლევამოსილი იმპერატორი მაგალითი იყო იმისა, თუ რა დიდი ადამიანის წარმოშობა შეეძლო პატარა ერს. ვალში არც ნაპოლეონი დარჩენილა. იგი მუდამ პატივისცემით მოიხსენიებდა თავისი ახალგაზრდობის დროის კერპს და „დიდ კორსიკელს“ უწოდებდა მას.
    ბასტიიდან ტულონისკენ მიმავალ გემზე შეხიზნულ ბუონაპარტეს ბევრი საფიქრალი გასჩენოდა. ხუთი წლის ძალისხმევას ფუჭად ჩაევლო. ცხოვრება თავიდან ჰქონდა დასაწყები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა აღარც სახლ-კარი ექნებოდა და აღარც სამშობლო და ყველა ამ უბედურებასთან ერთად, მას თან მასავით უსახლკაროდ დარჩენილი დედა და და-ძმა აჰკიდებოდა, რომლებიც შემწეობასა და მფარველობას მხოლოდ მისგან მოელოდნენ. ნაპოლეონი ვალში იყო მათთან. ეს ხომ მან აურია გზა-კვალი თავისიანებს და მან მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე. მას რომ მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოეჩინა, ასე ჯიუტად და ხელაღებით არ ეცადა „ფრანგული მოდელის“ კორსიკაზე გადატანა, დღეს, ალბათ, თვითონაც და მისი ოჯახის წევრებიც ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ. ახლა კი სინანული გვიანღა იყო და წარსულს უკან ვერავინ მოაბრუნებდა. თუმცა რა სინანულზე ან გულისგატეხვაზეა ლაპარაკი – ნაპოლეონი უკვე მაშინ ის კაცი არ იყო, რომელიც იოლად ურიგდება წარუმატებლობას და პირველივე შეფერხებისას ფარ-ხმალს ყრის! ის მოქმედების კაცი იყო და ახლაც მოქმედების მომავალ ასპარეზზე ფიქრობდა. კორსიკაზე მან ხელი ჩაიქნია, ერთხელ და სამუდამოდ. პირველ ხანებში ნაწყენი იყო და გულიც მოსდიოდა თავის „ბნელ“ თანამემამულეებზე, რომელთაც ფეოდალურ-პატრიარქალურ ჭაობში ყოფნა არჩიეს პროგრესსა და ცივილიზაციას. შემდეგ კი, დროთა მსვლელობაში, ნაპოლეონს ეს წყენაც გაუქრა და სიბრაზემაც გაუარა. ისეთი (კხოვრება შეექმნა და ისეთ საქმეებს შეეჭიდა, კორსიკა რაღას გაახსენდებოდა, ზღვაში ჩაკარგული და ღვთისგან მიტოვებული ხმელეთის ერთი პატარა ნამსხვრევი. რაღად უნდოდა, კუნძული ხომ უკვე პატარა იყო მისთვის, ვერ დაიტევდა, უფრო დიდი სივრცეები სჭირდებოდა.. ოღონდ მერე, მრავალი წლის შემდეგ, მაინც ისე მოხდება, რომ ვერ ასცდება მას ბუონაპარტე. კუნძულზე დაბადებული, კუნძულზე აღესრულება. ბეგრად უფრო პატარაზე და უფრო შორეულზე. ბედისწერა იყო, ალბათ, მაგრამ ეს მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ მოხდება. მანამდე კი, ტულონისკენ მიმავალ გემზე მყოფ ბუონაპარტეს, ზღვის სივრცისათვის რომ ვერ მოეშორებინა თვალი, მარტო ისღა დარჩენოდა, მოთმინებით აღვსილიყო და დედამისის მიერ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები – გაუმარჯოს საფრანგეთსო! – თვითონ გულში გაემეორებინა ხშირ-ხშირად.
რესპუბლიპის სამსახურში
    საფრანგეთს თავის სამშობლოზე უკეთ იცნობდა ბუონაპარჭე – თავისი ჯერ კიდევ ხანმოკლე ცხოვრების შეგნებული ნაწილი მან ხომ ამ ქვეყანაში გაატარა. საფრანგეთში მიიღო განათლება, საფრანგეთში დაიწყო სამსახური, და ბოლოს, იქვე ეზიარა მისთვის სანუკვარ რევოლუციურ იდეებს. შუასაუკუნეობრივ ადათ-წესებში ჩაფლული კორსიკისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა „მისთვის იყო“ და არაფერი იქაური უცხოდ არ ეჩვენებოდა: ამიტომაც ბუონაპარტე ემიგრანტად ყოფნას არ აპირებდა და თვლიდა, რომ თავის ქვეყანაში მიდიოდა: მაგრამ, საკითხავია, მაინც როგორ ქვეყანაში მიდიოდა ახლა ახალგაზრდა ოფიცერი, რა ხდებოდა იქ, იმ ოთხმოცდაცამეტი წლის ზაფხულში და რა ელოდა მასა და მის მრავალრიცხოვან ოჯახს? ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, ეტყობა, ცოტა უკან უნდა დავიხიოთ, ორი-სამი წლით მაინც, რადგან ზემოთ ჩვენ რევოლუციის პირველი წლის საფრანგეთის ცხოვრებას შევეხეთ, შემდეგ ყურადღება ბუონაპარტეს ამ რევოლუციასთან დამოკიდებულებაზე გადავიტანეთ, მერე კი მის კორსიკულ თავგადასავალს გავადევნეთ თვალი. ასე რომ, შემდგომ ფრანგულ ქრონიკას თითქმის აღარც შევხებივართ. საფრანგეთის ამბები კი ამ დროისათვის ასე ვითარდებოდა: ბასტილიის აღების შემდგომი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური მონარქია გაუქმებული არ იყო, ქვეყანაში რეალური ძალაუფლება ლუი XVII-სა და მის კარს აღარ ჰქონდათ: მართვის სადავეები დამფუძნებელ კრებას ეპყრა ხელთ.
    დეკრეტები, რომლებსაც კრება შეიმუშაგებდა და შემდეგ ამტკიცებდა, ქვეყნის ახლებურად მართვისა და ახლებურად ცხოვრების განმსაზღვრელი იყო. ეს დეკრეტები ძირფესვიანად ცვლიდა საფრანგეთის იერსახეს და მათ ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდათ. ყველაფერი ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ რევოლუციით მოცულ საფრანგეთში მარტო ნგრევა და ანარქია კი არ სუფევდა, არამედ პროგრესული და კონსტრუქციულიც ბევრი კეთდებოდა.
    ადამიანისა და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაციის დეკრეტის შესახებ ზემოთ უკვე ითქვა. ამას გარდა, დიდი მნიშვნელობისა იყო კანონი პრესისა და სიტყვის თავისუფლებაზე. შემდგომი ეტაპი აგრარული რეფორმა გახდა, რომლის ქვაკუთხედს დამფუძნებელი კრების მიერ ფეოდალიზმის ოფიციალურად გაუქმება წარმოადგენდა. 89 წელს დაიწყო და მომდევნო წელს დასრულდა საფრანგეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული გადანაწილება, რითაც ბოლო მოეღო ქვეყნის დაყოფას შუასაუკუნოვან ფეოდალურ პროვინციებად. მათ ნაცვლად ახალი ადმინისტრაციული ერთეულები – დეპარტამენტები – შემოიღეს მართვის არჩევითი პროგრესული სისტემით. დიდი მნიშვნელობის გამოდგა იმ პირობებში ეკლესიების კუთვნილი მიწებისა და ქონების კონფისკაცია სახელმწიფოს სასარგებლოდ, რითაც ხერხემალი ემსხვრეოდა ფეოდალურ-აბსოლუტურ წყობას. თუ აღნიშნულს დავუმატებთ წოდებრივ დაყოფაზე უარის თქმას, თავადაზნაურთა პრივილეგიებისა და ტიტულების გაუქმებას მათი მემკვიდრეობითი გადაცემის უფლების მოსპობით, ქვეყანაში ერთიანი, თანასწორუფლებიანი მოქალაქეობის სტატუსის შემოღებას, რეფორმას ვაჭრობის დარგში, შეუზღუდავი სამეურნეო ინიციატივის საფუძველზე და კიდევ ბევრს სხვას, რომელთა თუნდაც ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, მაშინ ნათელი გახდება, თუ რამდენი რამ გაკეთებულა დადებითი იმ შფოთიან 89-ში და მას შემდეგაც, ერთი-ერთნახევარი წლის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდში, როცა რევოლუციას ჯერ კიდევ ზომიერი ძალები წარმართავდნენ და მისი განვითარებაც, შედარებით, ნაკლებად მტკივნეულად ხდებოდა.
    ყველა ზემოჩამოთვლილი აბსოლუტურ მონარქიას ძირს უთხრიდა და მის მომხრეთა უღონო რისხვას იწვევდა. უღონოს იმიტომ, რომ ძალაუფლება მათ უკვე დაკარგული ჰქონდათ და თავისი ძალებით მის უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. რჩებოდა ერთადერთი იმედი – გარედან დახმარებისა და უცხო ქვეყნების მეშვეობით საფრანგეთის საშინაო საქმეების მათთვის სასარგებლოდ „მოგვარებისა“.
    რევოლუციური პროცესის გაღრმავებასთან ერთად, როიალისტთა დიდ ნაწილს ქვეყანაში აღარ დაედგომებოდა და დაიძრა ემიგრანტთა ნაკადი საფრანგეთიდან. შედეგად, ინგლისის, პრუსიის, ავსტრიის, რუსეთის, ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქებში უამრავი გაქცეული ფრანგი არისტოკრატი, დიდმოხელე თუ სამხედრო ელიტის წარმომადგენელი დაეხეტებოდა ადგილობრივ ხელისუფალთა ერთი კაბინეტიდან მეორეში და დახმარებას თხოულობდა. დახმარება კი, რა თქმა უნდა, ინტერვენციას გულისხმობდა.
    თვით საფრანგეთში ამ დროს გაცხოველებული პოლიტიკური ბატალიები წარმოებდა. დამფუძნებელი კრების პარალელურად მოქმედებდა რამდენიმე კლუბი, რომელთა შორის ყველაზე გავლენიანი და პოპულარული იაკობინელთა კლუბი იყო (ამ კლუბის წევრები თავიდან „კონსტიტუციის მეგობართა საზოგადოების“ წევრთა სახელით მოიხსენიებოდნენ. იაკობინელები მათ ცოტა მოგვიანებით შეარქვეს, რამეთუ მათი შეკრების ადგილი იაკობინელ ბერთა სამყოფელში იყო). ამ კლუბის წევრობა ერთობ საპატიო გახლდათ და მასში ბევრი გამოჩენილი საზოგადო თუ რეგვოლუციური მოღვაწე იყო გაერთიანებული. შემდეგ, თანდათანობით, მათ შორის განხეთქილებებმა იჩინეს თავი და მრავალმა მათგანმა კლუბი მიატოვა. დარჩნენ ყველაზე მტკიცენი და შეუპოვარნი. სხვებმა სხვა კლუბები და ჯგუფები შექმნეს (ჟირონდისტებიIა, ფეიანებისა, კორდელიერებისა). დასაწყისში ისინი ხშირად უჭერდნენ ერთმანეთს მხარს, რადგან ბევრ რამეში საერთო აზრი ჰქონდათ (მეფის ხელისუფლების შეკვეცაზე, ფეოდალურ-არისტოკრატიული სისტემის ნგრევაზე), შემდეგ კი მათი გზები გაიყარა და ყოფილი თანამებრძოლები ერთმანეთის მოსისხლე მტრები შეიქნენ. მაგრამ 90-91 წლებში ამ ჯგუფებს (პარტიებს) ჯერ მაინც საკმარისი ძალა არ ჰქონდათ და ქვეყანაში ამინდს ვერ ქმნიდნენ. მათი ძალა, ძირითადად, 1792 წლიდან გამოჩნდა.
    1791 წლის სექტემბერში დიდი ზარ-ზეიმით იქნა მიღებული ახალი კონსტიტუცია. განსხვავებით ევროპის სხვა ქვეყნებისაგან, სადაც ფეოდალურ-აბსოლუტური რეჟიმები იყო გაბატონებული, 91 წლის კონსტიტუცია ფრანგი ხალხის დიდი მონაპოვარი იყო. მაგრამ, ცხადია, ასე არ ფიქრობდნენ ძალაუფლებადაკარგული მეფის მომხრეები (ლუი XVI კარგა ხანია მძევალივით ჰყავდათ მის ქვეშევრდომებს ტიუილრის სასახლეში). მეფის გამოსახსნელად როიალისტებმა ფარული სამზადისი გააჩაღეს და მისი საფრანგეთიდან გაპარება სცადეს. ცდა სავალალოდ დამთავრდა – ლუი XVI ზედ საზღვართან დააკავეს და უკან, პარიზში ჩამოიყვანეს. ამიერიდან მეფეს მუდმივი თვალთვალი დაუწესეს და მისი ისედაც მკვეთრად შეკვეცილი ძალაუფლება ახლა სავსებით ილუზორული გახადეს. ამ მარცხის შემდეგ როიალისტებმა, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც კარგად დაინახეს, რომ მონარქიის ხსნა მხოლოდ უცხო ძალას შეეძლო. ახლა მათი მთელი ყურადღება სწორედ აქეთკენ იქნა მიმართული. უნდა ითქვას, რომ, შექმნილი ვითარების გამო, მათ რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირვებიათ, რადგან ევროპის ფეოდალურ-აბსოლუტური რეჟიმები ისე იყვნენ რევოლუციით დაშინებულები, რომ ხანგრძლივ აგიტაციას არც საჭიროებდნენ. მათთვის აშკარა იყო, რომ რევოლუცია საფრანგეთში არ გაჩერდებოდა, რომ იგი მათ სამფლობელოებშიც გადავიდოდა და მონარქიულ წყობილებას წალეკვით დაემუქრებოდა. სწორედ, ეს იყო თვითმპყრობელური რეჟიმის ჭეშმარიტი საწუხარი და არა მარტო (და არა იმდენად) მათი ფრანგი გვირგვინოსანი თანამოძმის გასაჭირისგან გამოხსნა. მართლაც, სულ მალე, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (ბელგია, საქსონია) გლეხთა ძლიერი მღელვარებები დაიწყო აშკარა ანტიფეოდალური მიმართულებით. ამავე დროს, სხვა ქვეყნებში საფრანგეთის რევოლუციის მხარდამჭერი ჯგუფები და საზოგადოებები შეიქმნა. ფეოდალური ევროპა ერთხანს გაოგნებული შეჰყურებდა მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ მალე მოეგო გონს და გადაწყვიტა იარაღისთვის მოეკიდა ხელი. ანტირევოლუციურ კოალიციას სათავეში ინგლისი ჩაუდგა (თუმცა ინგლისში აბსოლუტური მონარქიული წყობილება კარგა ხანია აღარ იყო, მაგრამ ამ ქვეყნის არისტოკრატიულმა მმართველმა კლასმა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებში საკუთარი ინტერესებისათვის საფრთხე დაინახა). შემსრულებლების როლში ჰოჰენცოლერნების (პრუსია) და ჰაბსბურგების (ავსტრია) მონარქიები გამოდიოდნენ. ეს ქვეყნები, ფაქტიურად, საფრანგეთის მოსაზღვრენი იყვნენ, სხვებზე მეტი სამხედრო ძლიერება გააჩნდათ და, რაც მთავარია, სხვებზე უფრო იყვნენ რევოლუციით დაშინებულნი.
    1791 წლის აგვისტოში საქსონიაში, პილნიცის ციხე-კოშკში რომის საღმრთო იმპერიის იმპერატორ ლეოპოლდ II-სა და პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ II-ს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომელიც დამთავრდა ე.წ. პილნიცის დეკლარაციის მიღებით: ორი ქვეყანა ერთობლივი მოქმედების ვალდებულებას კისრულობდა. მომდევნო წლის თებერვალში მათ სამხედრო კავშირი გააფორმეს და მომავალი საომარი მოქმედების დაგეგმვას შეუდგნენ. მიუხედავად ასეთი ხელშეკრულებისა, მოკავშირეები სამხედრო ოპერაციების დაწყებას არ ჩქარობდნენ. უკანასკნელ მომენტში მათ შორის განხეთქილებამ იჩინა თავი. საფრანგეთი დიდი ქვეყანა იყო და, მიუხედავად შიდა არეულობისა, მასთან ომის წარმოება სახუმარო საქმე არ გახლდათ. ამიტომ მოკავშირეებს, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მოუვიდათ უთანხმოება ძალისხმევის განაწილების თაობაზე. ამან მათი საქმე შეაფერხა და საომარი მოქმედების დაწყებაც გაუჭიანურათ.
    სამაგიეროდ, საფრანგეთში არ ყოფილა ომის წარმოებაზე განხეთქილება. ამ ქვეყანაში ომი უნდოდათ და მისკენ მიისწრაფოდნენ. ომი უნდოდა ხალხსაც და სამეფო კარსაც. ხალხს იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებულ სიძნელეებს იგი ევროპული მონარქიებისა და მათთან შეკედლებული ემიგრაციის ხრიკებს უკავშირებდა და ძლევამოსილი ომის მეშვეობით ვარაუდობდა ამ პრობლემის გადაჭრას. გარდა ამისა, ცნობილი იყო, რომ კოალიციის ქვეყნები საფრანგეთის საზღვრებთან ჯარებს უყრიდნენ თავს და თვითონ აპირებდნენ ომის დაწყებას, ამიტომ, ასეთ ვითარებაში, დასწრება უფრო მიზანშეწონილად მოჩანდა. ხალხის მოთხოვნას მარჯვედ აუბა მხარი მთავრობამ (მაშინ მთავრობას ჟირონდისტები შეადგენდნენ). მათ თავისი ანგარიში ჰქონდათ: უნდოდათ გაერღვიათ მტრული გარემოცვის რკალი, გაევრცელებინათ რევოლუცია სხვა ქვეყნებში და დაემხოთ მონარქიები ევროპაში. სამეფო კარს კი ომის დაწყება ორი გარემოების გამო უნდოდა: თუ საფრანგეთი დამარცხდებოდა და ამის იმედი კი მეფესა და მის გარემოცვას დიდი ჰქონდა, მაშინ, მოკავშირეთა ჯარების მეშვეობით რევოლუციურ ინსტიტუტებს დაშლიდნენ და ისევ ძველ წყობილებას აღადგენდნენ, თუ „ღმერთი გაწყრებოდა“ და საფრანგეთი გაიმარჯვებდა, მაშინ გამარჯვების დიდებას სამეფო კარი მიიწერდა და ომიდან დაბრუნებულ ძლევამოსილ მხედრობას, რომელსაც სათავეში, რა თქმა უნდა, არისტოკრატი ოფიცრები ეყოლებოდა, ინტერვენტებისათვის განკუთვნილ საქმეს გააკეთებინებდნენ (ეს ვარიანტი ნაკლებ სასურველი იყო ლუი XVI-ისათვის, მაგრამ სულ არარაობას, მისი აზრით, მაინც სჯობდა).
    ასე რომ ომი ფრანგებმა დაიწყეს. იგი მათ 1792 წლის 20 აპრილს გამოუცხადეს ავსტრიას. მალე ომში ავსტრიელთა მოკაგშირე პრუსიაც ჩაება. მაგრამ ომის მსვლელობამ ვერ გაუმართლა იმედი რევოლუციური პატრიოტიზმით აღტკინებულ ფრანგებს. პირველი უმნიშვნელო წარმატების შემდეგ მათი არმია ჯერ ყრუ თავდაცვაზე გადავიდა, ხოლო შემდეგ უწესრიგო უკანდახევა დაიწყო მთელი ფრონტის გაყოლებაზე. საომარ მოქმედებებში საფრანგეთის კადრის (მეფის) არმია მონაწილეობდა. ცხადია, მეთაურებიც არისტოკრატთა წრიდან იყვნენ, რომელთაც სრულიადაც არ ეხალისებოდათ რევოლუციისათვის სისხლის დაღვრა. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ საფრანგეთის უმაღლესი სარდლობის სტრატეგიული გეგმები როიალისტმა ოფიცრებმა ჯერ კიდევ ომის დაწყების წინ გადასცეს მალულად მოკავშირეებს, მაშინ იოლი გასაგები გახდება, თუ თავიდანვე რატომ წაუვიდათ ფრანგებს ასე ცუდად საქმე. ივნისში ჟირონდისტების ნაცვლად მთავრობა ფეიანებმა – ზომიერმა კონსტიტუციონალისტებმა ჩამოაყალიბეს.
    3 აგვისტოს მოკავშირეთა არმიის მთავარსარდალმა, ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა კარლ-ფერდინანდმა მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ავსტრიისა და პრუსიის ხელისუფალთა განზრახვას ამჟღავნებდა და საქვეყნოდ აცხადებდა, რომ მოკავშირეთა არმიები სულ მალე მოუღებდნენ ბოლოს ანარქიას საფრანგეთში და მეფის კანონიერ ხელისუფლებას აღადგენდნენ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იმუქრებოდა ჰერცოგი, საფრანგეთს უდაბნოდ გადავაქცევო (როიალისტებს გაუხარდათ: უდაბნო სჯობს მეამბოხეებით დასახლებულ ქვეყანასო). პატრიოტები კი ამ მანიფესტმა საოცრად აღაშფოთა და მტრისათვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაუორკეცა. მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მოკავშირეთა არმიის შეტევას ფრანგები ვერაფერს უპირისპირებდნენ – ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელებს მტრისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ სურდათ. 23 აგვისტოს მათ მოწინააღმდეგეებს უბრძოლველად დაუთმეს ციხე-სიმაგრე ლონგვი, ხოლო – სექტემბერს – გერდენი. ორივე ეს პირველხარისხოვანი სიმაგრე ხანგრძლივი თავდაცვისათვის იყო გათვალისწინებული და მათი ასე სწრაფი დაცემა კატასტროფის ტოლფასი იყო. პარიზსა და ინტერვენტთა შორის ასეთი მნიშვნელობის სხვა სიმაგრე აღარ იყო. საფრანგეთის დედაქალაქს უშუალო საფრთხე დაემუქრა. ლუი XVI და მისი მომხრეები ფარულად ზეიმობდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას და ავსტრია-პრუსიის ჯარის პარიზში შესვლას ელოდებოდნენ.
    პარიზელებმა მალე შეიტყვეს სამეფო კარის ღალატის შესახებ. რადიკალურად განწყობილმა რევოლუციონერებმა შეძლეს ხალხის აყოლიება და 10 აგვისტოს, სისხლიანი შეტაკების შემდეგ, ლუი XVI ტახტიდან ჩამოაგდეს (როგორც ვთქვით, ნაპოლეონი ამ ამბების უშუალო მოწმე იყო). მთავრობის სათავეში ისევ ომის პარტია – ჟირონდისტული პარტია – მოვიდა.
    ქვეყნისათვის ამ მძიმე პერიოდში მათაც და სხვა რადიკალურმა დაჯგუფებებმაც შეძლეს ხალხში ენთუზიაზმის ახალი ტალღის გამოწვევა და ქვეყანას წინააღმდეგობისაკენ მოუწოდეს, ამ მოძრაობას სათავეში ჟორჟ დანტონი ჩაუდგა, მონტანიარების (იაკობინელთა მემარცხენე ფრთა) ერთ–ერთი ლიდერი და მთელ ქვეყანაში ცნობილი ტრიბუნი. „როცა სამშობლო განსაცდელშია, არავისა აქვს უფლება განზე გადგეს. მტერი რომ დავამარცხოთ, ჩვენ სიმამაცე, მხოლოდ სიმამაცე და კიდევ სიმამაცე დაგვჭირდება და საფრანგეთი გადარჩება!“ – დანტონის ამ სიტყვებს მთელ ქვეყანაში იმეორებდნენ. სასწრაფოდ იქმნებოდა მოხალისეთა რაზმები და ფრონტისკენ იგზავნებოდა. ყველა ხედავდა, რომ რადაც არ უნდა დამჯდარიყო, საჭირო იყო მტრის შეჩერება, ხოლო შემდეგ მისი ქვეყნის საზღვრებს იქით უკუგდება. ამის გაკეთება კი ძალიან ძნელი იყო, რადგან მიუხედავად უდიდესი ენთუზიაზმისა, ფრანგების ახლად შექმნილ არმიას მოწინააღმდეგის რეგ ულარულ ჯართან ბრძოლაში გამარჯვების მცირე შანსი ჰქონდა.
    მიუხედავად ამისა, პარიზისკენ მარშით მიმავალ მოკავშირეებს წინ ფრანგების ახალი არმია გადაუდგა. ეს, არსებითად, სახალხო ლაშქარი იყო – საკმაოდ კარგად შეიარაღებული, მაგრამ სრულიად გაუწვრთნელი. მათ დიუმურიე და კელერმანი სარდლობდნენ. და აი, მოწინააღმდეგეები ვალმის მიდამოებში შეხვდნენ ერთმანეთს. იოლ გამარჯვებაში დარწმუნებული ავსტრიელები და პრუსიელები გულარხეინად გადავიდნენ შეტევაზე, მაგრამ, მათდა გასაოცრად, ფრანგები არ გაიქცნენ. პირიქით, მათ ძლიერი ცეცხლი შეაგებეს მტერს და უკუაქციეს კიდეც იგი. ასეთივე ბედი ეწია მოკავშირეთა მეორე იერიშსაც. შეფიქრიანებულმა ჰერცოგმა შემდგომი აქტიობა შეაჩერა და ათი დღე უმოქმედოდ იდგა, იცდიდნენ ფრანგებიც. 30 სექტემბერს კი ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა უკანდახევა ბრძანა, იმავე დღეს მოკავშირეები აიყარნენ და უკან წავიდნენ. გალაღებული ფრანგები ფეხდაფეხ მიჰყვნენ მათ და მტერი ქვეყნის საზღვრებამდე „მიაცილეს“. ვალმი რევოლუციური არმიის პირველი გამარჯვება იყო. მას შემდეგ ბევრი სხვა გამარჯვება მოჰყვა, მაგრამ ვალმის, როგორც პირველს, განსაკუთრებული შარავანდედი შერჩა. ეს ბრძოლა ერთობ უცნაური იყო. ნამდვილ შერკინებამდე საქმე არ მივიდა და ფრანგებისგან სულ მცირე წინააღმდეგობის გაწევაც კი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ მოკავშირეებს ბრძოლაზე ხელი აეღოთ. მათი ასეთი ქცევის მიზეზი ბოლომდე გაურკვეველია, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ფრანგებმა მტერი შეაჩერეს და დედაქალაქისკენ არ გაუშვეს. ეს დიდი წარმატება იყო და მან ფრთები შეასხა რუვოლუციონერთა არმიას.
    ვალმის შემდეგ ფრანგებმა შეტევა გააგრძელეს და იმავე წელს, ნოემბერში ისევ გაიმარჯვეს, ამჯერად ბელგიის ქალაქ ჟემაპთან. ჟირონდისტულმა მთავრობამ, რომელსაც რევოლუციური ხანძრის დანთება მთელ ევროპაში სურდა, მომენტი ხელსაყრელად ჩათვალა და თავის არმიას მეზობელი ქვეყნების საზღვრების გადალახვა უბრძანა.
    ლუი XVI-ის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ პარიზში რევოლუციური კომუნა შეიქმნა, რომელიც უშუალოდ „რევოლუციურ ხალხს“ ეყრდნობოდა. მალე კომუნა ხელისუფლების პარალელურ ძალად მოევლინა საფრანგეთს. მას რობესპიერი და მარატი ხელმძღვანელობდმნენ. ამავე დროს, სექტემბრის საყოველთაო არჩევნების შედეგად, შეიქმნა ე. წ. კონვენტიც, რომელშიც სხვადასხვა პარტია და დაჯგუფება იყო გაერთიანებული. კონვენტი ქვეყნის მმართველობის უმაღლეს ორგანოდ გამოცხადდა. მისი პირველი დადგენილება პირველივე სხდომაზე (1792, წლის 12 სექტემბერს) მონარქიის გაუქმებას შეეხებოდა. იქვე მიღებულ იქნა ისტორიული დეკრეტი საფრანგეთის რესპუბლიკად გამოცხადების შესახებ.
    92 წლის მიწურული დღა 93-ის პირველი ნახევარი საფრანგეთში შიდა აშლილობით აღინიშნა. ყოფილი თანამოაზრენი – ჟირონდისტები და იაკობინელები – ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჟირონდისტები, რომლებიც სამრეწველო–სავაჭრო და მიწათმოქმედი ბურჟუაზიის წარმომადგენლები იყვნენ, თვალში აღარ მოუდიოდათ „პლებეების“ და ღარიბი გლეხობის ინტერესების გამომხატველ იაკობინელებს, რადგან ზომიერება არ შედიოდა ამ უკანასკნელთა გეგმებში. მათ რევოლუციის კიდევ უფრო „გაღრმავება“ სურდათ. სწორედ იაკობინელთა დაჟინებული მოთხოვნის შედეგი იყო, რომ 1793 წლის 21 იანვარს სიკვდილით დასაჯეს ლუი XVI მალე მას მისი მეუღლე, დედოფალყოფილი მარია-ანტუანეტაც მიაყოლეს. ამ ფაქტებს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ევროპაში. „მირონცხებულის“ ძალდატანებითი სიკვდილი ის უკანასკნელი წვეთი იყო სხვა მონარქიული რეჟიმებისათვის, რომლებმაც მათი მოთმინების ფიალა ააგსო. ამ მოვლენიდან სულ მალე, ანტიფრანგულ კოალიციას ინგლისი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ნეაპოლის სამეფო და რიგი გერმანული სახელმწიფო შეუერთდა (აქამდე ინგლისი ფარულად მოქმედებდა, ახლა კი აშკარად ჩაერია ომში). მეფის სიკვდილმა ძალიან ცუდი გამოხმაურება პოვა საფრანგეთის უკიდურეს დასავლეთ პროვინციებში. ვანდეასა და ბრეტანში როიალისტ ემიგრანტთა ემისრების აქტიური ჩარევის შედეგად ამ პროვინციებში ანტირესპუბლიკურმა ძალებმა აჯანყება წამოიწყეს, რომელიც მალე გავრცელდა საფრანგეთის ზოგიერთ სამხრეთის პროვინციაზეც.
    ამ დროისათვის მდგომარეობა ფრონტებზეც მკვეთრად გაუარესდა. 1793 წლის დასაწყისში ფრანგთა ჯარი მარტო ბელგიაში კი არა, უკვე რაინს იქით, გერმანიაშიც მოქმედებდა. ამიტომ ანტიფრანგული კოალიციის გაძლიერებამ ფრანგებს ჯერ შემდგომი წარმატებების მიღწევის საშუალება მოუსპო, ხოლო მერე აიძულა კიდეც ისინი, „განთავისუფლებული“ ტერიტორიებიდან საკუთარ საზღვრებს შიგნით დაეხიათ. ამას რესპუბლიკელთა ჯარის სარდლის – დიუმურიეს ღალატიც მოჰყვა, რომელიც მოწინააღმდეგის ბანაკში გადავიდა. მდგომარეობა კრიტიკული გახდა. იაკობინელებმა მარჯვედ გამოიყენეს პარიზელი პლებეების უკმაყოფილება არსებული ვითარებით და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს 93 წლის ივნისში. მათ „საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი“ შექმნეს, რომელსაც სათავეში, ფაქტობრივად, რობესპიერი ჩაუდგა. საფრანგეთი რადიკალიზმის მორევში აღმოჩნდა.
    აი, ასეთ დროს, სწორედ 93 წლის ივნისში, შეეკედლა საფრანგეთს კორსიკიდან გამოძევებული ბუონაპარტეების ოჯახი. ლტოლვილები თავდაპირველად ტულონში შეჩერდნენ, მაგრამ იქ მათ დიდხანს აღარ დაუყვიათ. მალე ისინი იქვე, მახლობლად მდებარე სოფელში, დაბინავდნენ. სამხრეთ საფრანგეთში, განსაკუთრებით ზღვის სანაპიროზე, უკვე იმ დროსაც საკმაო რაოდენობით კორსიკელი ცხოვრობდა, რომელთა შორის ბუონოპარტეების მხარდამჭერიც მოიძებნებოდა. უსახსროდ და უსასოოდ დარჩენილ ოჯახს დახმარების ხელი მათ გაუწოდეს.
    შემდეგ კი, როცა ამ დახმარების იმედად ყოფნა უკვე შეუძლებელი გახდა, მთელი ოჯახი, ნაპოლეონის გარდა, მარსელში გადავიდა, რადგან სამხრეთის მთავარ საპორტო ქალაქში საარსებო საშუალებათა გამონახვის მეტი შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო. მართლაც, როგორც „ლტოლვილ პატრიოტთა“ ოჯახს, მარსელის რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ მათ პურის ყოველდღიური ულუფა და ცოტაოდენი ფული გამოუვჭო. ამ შიმშილობისა და არეულობის დროს ეს დიდი საქმე გახლდათ. თვითონ ნაპოლეონი ნიცას გაემგზავრა, სადაც იმხანად „მისი“ მე-4 საარტილერიო პოლკი იმყოფებოდა. ახლა მას როგორმე თავი უნდა აღედგინა პოლკში, მაგრამ ეს ადვილი საქმე როდი იყო! ბუონოპარტე თუ ადრე „გასტროლიორივით“ მაინც ცხადდებოდა თავის ნაწილში, უკანასკნელ პერიოდში კორსიკული ამბებით დაკავებულს, ამბავიც არ შეუტყობინებია პოლკის მეთაურებისათვის. ასე რომ, დეზერტირად მიჩნეულ კაპიტანს, მაინცდამაინც თბილი მიღების იმედი არ უნდა ჰქონოდა. მაგრამ გამოსავალი მაინც გამოჩნდა. ნიცის სამხედრო უწყებაში მას გენერალი დიუ ტეილი დახვდა, თავისი ოქსონელი მეთაურის ძმა. გენერალს ბუონოპარტეს ნიჭისა და პოტენციის შესახებ ძმისგან ბევრი კარგი გაეგო და ამიტომ სიამოვნებით დაეხმარა მას. სწორედ დიუ ტეილის პროტექციით იყო, რომ ნაპოლეონი უმტკივნეულოდ აღადგინეს პოლკში და სანაპირო ბატარეის უფროსად დანიშნეს. ამ დროიდან ნაპოლეონმა გვარი გადაიკეთა და ახლა ბუონოპარტეს ნაცვლად ბონაპარტად იწოდებოდა.
    საფრანგეთის სამხრეთი სამოქალაქო ომის ცეცხლში იყო გახვეული. ამბოხებულთა წინააღმდეგ, იქ სამთავრობო ჯარების სხვადასხვა ერთეული მოქმედებდა. მათ შორის იყო არმიაც, რომელსაც გენერალი კარტო მეთაურობდა. სწორედ კარტოს არმია აწარმოებდა ბრძოლებს ქალაქ ავინიონთან, სადაც სამსახურებრივ მივლინებაში გააგზავნეს ბონაპარტი. ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა და ამიტომ მან დავალების შესრულება დროზე ვერ შეძლო. შექმნილი ვითარების გამო ნიცაში დაბრუნება მას დაუგვიანდა, ამიტომ ბონაპარტი ცოტა ხანს უსაქმოდ იყო. მოცლის ჟამს მან თავისი ძველი გატაცება გაიხსენა – ისევ კალამს მოჰკიდა ხელი და ერთი საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოები – მოთხრობა „ვახშამი ბოკერში“ შექმნა. ეს მოთხრობა საუკეთესოდ მიაჩნიათ ნაპოლეონის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში. მოთხრობა ცხელ გულზეა დაწერილი და სამხრეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის შესახებ ავტორის შეხედულებების კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს. მასში ნაპოლეონი მტკიცე რესპუბლიკელად და იაკობინელთა მხარდამჭერად გამოდის. ზემოთ ჩვენ დავინახეთ, რომ 93 წლის ზაფხულში კი არა, უკვე ერთი წლით ადრეც აღარ ეხატებოდნენ მას გულზე იაკობინელები, მაგრამ სწორედ იმხანად იგდეს მათ ხელთ განუსაზღვრელი ძალაუფლება ქვეყანაში და ამიტომ მათი ქმედების შექება მომენტის შესაფერი ნაბიჯი იყო სწორედ. ეს მოთხრობა თავდაპირველად თვითონ ბონაპარტმა გამოსცა საკუთარი ხარჯებით, მაგრამ როცა კონვენტის წარმომადგენლებმა წაიკითხეს, და თავიანთთვის სასარგებლოდ ჩათვალეს, მერე მათ უკვე სახელმწიფო ხარჯზეც დასტამბეს იგი და შეეცადნენ მაქსიმალურად გაევრცელებინათ როგორც სამხრეთში მოქმედ არმიაში, ისე იქაურ მოსახლეობაშიც. შემდეგში, როცა ნაპოლეონი პირველი კონსული გახდა, მან ბრძანა ეპოვათ და გაენადგურებინათ ამ გამოცემის ყველა ეგზემპლარი (იაკობინელებისადმი რაიმე სიმპათიის გამოვლენა, თუნდაც ეს წარსულში ყოფილიყო, ცხადია, უკვე სრულებით აღარ შედიოდა საფრანგეთის ახალი ხელისუფლის ანგარიშში), უარესი რაღა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ შემოდგომისათვის საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. კიდევ უფრო მოიმატა მტრების რიცხვმა. ისტორიულად საფრანგეთი მუდამ „მოუსვენარი“ ქვეყანა იყო და თავის მეზობლებთან ადრეც სერიოზული კონფლიქტები მოსდიოდა. ამიტომაც, ფრანგებს, საუკუნეების განმავლობაში, საკმაოდ ხშირად ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების კოალიციებთან უხდებოდათ ბრძოლა. ასე იყო ახლაც, როცა ლამის მთელი ევროპა ამხედრებულიყო მათ წინააღმდეგ და დამარცხება გარდუვალი ჩანდა. ადრე თუ ფრანგები მაინც ახერხებდნენ ამგვარი მდგომარეობიდან თავის დაღწევას, ერთი მხრივ, სამხედრო სიქველისა და არმიის კარგი ორგანიზების წყალობით, მეორე მხრივ კი მოხერხებული დიპლომატიისა და კონტრკოალიციების შექმნის მეშვეობით, ახლა სულ სხვა მდგომარეობა იყო და ზემოხსენებული საშუალებებით ფონს გასვლა წარმოუდგენელი ჩანდა. რევოლუციურ საფრანგეთს, ფაქტობრივად, აღარც რეგულარული არმია ჰყავდა და აღარც მოკავშირეები.
    მონარქიული ევროპის ტანზე ეკალივით ამოსული რესპუბლიკა მისთვის ჭირზე უფრო საშიში იყო და დაუყოვნებლივ მოკვეთას საჭიროებდა. ამიტომ, ახლა, საფრანგეთს არავინ მიემხრობოდა და არც არავინ გამოესარჩლებოდა. წარსულს მოწყვეტილი, ხოლო მომავალს ჯერ საკმაოდ დაშორებული, შუა გზაზე გაჩხერილი რევოლუციური საფრანგეთი მარტო თავისი თავის ამარა დარჩა.
    თითქოს აღარ თავდებოდა საშინელი 93 წელი. სულ ახალ-ახალი უბედურება ატყდებოდა თავს ქვეყანას. გარეშე ფრონტებზე წარუმატებლობას შიდა არეულობის გავრცელება მოჰყვა. მდგომარეობა გამოუვალი ჩანდა. სასწაულის იმედი აღარავის ჰქონდა და რესპუბლიკის დაღუპვას სულ ახლო ხანში მოელოდნენ.
    მაგრამ არ მოხდა ასე! მოხდა სწორედ ის სასწაული, რომელსაც არავინ ელოდა. მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე რესპუბლიკელებმა არნახული ვაჟკაცობა და თავგანწირვა გამოიჩინეს. 1793 წლის შემოდგომაზე, როდესაც მდგომარეობა ფრონტებზეც და ქვეყნის შიგნითაც კატასტროფული გახდა, რესპუბლიკის გადარჩენა იაკობინელებმა იკისრეს. ასეთ ვითარებაში მდგომარეობის გამოსწორებას, ალბათ, მარტო ეს დაუნდობელი ფანატიკოსები თუ შეეცდებოდნენ. კონვენტმა გაიხსენა წინა წოის განთქმული მოწოდება – „სამშობლო განსაცდელშია!“ და ხალხმაც მხარი აუბა მას. დაუყოვნებლივ გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია, რის შედეგადაც მოკლე დროში თითქმის მილიონამდე ფრანგი დადგა თოფქვეშ. სახელოვანი ლაზარ კარნო, რომელსაც შემდეგ „გამარჯვებათა ორგანიზატორი“ უწოდეს, არმიების შექმნას ჩაუდგა სათავეში. შედარებით მოკლე დროში 14 არმია შეიქმნა. ახლადჩამოყალიბებული შენაერთები „მარსელიეზის“ სიმღერით მიდიოდნენ ფრონტზე და თუმცა ჯარისკაცები ძირითადად გაუწვრთნელები იყვნენ, ხოლო ახლადგამომცხვარ ოფიცრებს სამხედრო განათლება აკლდათ, სამაგიეროდ, მათ ისეთი რამ ჰქონდათ ჭარბად, რაც სიზმარშიც არ მოეჩვენებოდა მოწინააღმდეგეს – არნახული პატრიოტული აღმაფრენა და გამარჯვების მოპოვების დაუოკებელი წყურვილი. ჩაუცმელმა და ფეხშიშველმა, ხშირად ნახევრადმშიერმა ფრანგმა ჯარისკაცებმა თავიანთი სიმამაცით მსოფლიო გააოცეს, ხოლო მათზე არანაკლებ მამაცმა მეთაურებმა სამხედრო საქმის დაუფლება ბრძოლის ველზე მოახერხეს. მალე ამ მეთაურთა გვარები ყველასათვის ცნობილი გახდა.
    საგანგებო ღონისძიებათა განუხრელად გატარებისათვის იაკობინურმა კონვენტმა ქვეყანაში ტერორი დააკანონა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სავსებით შეჩერდა ადრე მიღებული დემოკრატიული დეკრეტების მოქმედება, მოისპო სიტყვისა და პრესის თავისუფლება, საყოველთაოდ შემოღებული იქნა სიკვდილით დასჯა უმცირეს დანაშაულზეც, წესაც იქცა ნებისმიერი პიროვნების თავისუფლების ხელყოფა. ეს უსასტიკესი ზომები იმხანად რესპუბლიკის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მოჩანდა. ოღონდ ის კი იყო, რომ ყველა ზემოთქმული შემდეგისთვისაც უხსნიდა გზას განუკითხაობას.
    იქნებ უსამართლობა იყოს, თუ კონვენტის ამ ისტორიული დადგენილებიდან თუნდაც ერთ ადგილს არ მოვიყვანთ: „ამიერიდან და ჩვენი ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის სრულ განდეგნამდე, უკლებლივ ყოველი ფრანგი არმიის სამსახურში მყოფად ჩაითვლება. ახალგაზრდები ფრონტებზე წავლენ, ხანშიშესულები იარაღსა და სანოვაგეს დაამზადებენ, ქალები ტანსაცმელსა და კარვებს შეკერავენ და თან ჰოსპიტლებში იმუშავებენ. ბაგშვები ძველმანებისაგან შესახვევ მასალას დაამზადებენ. ეროვნული სახლები ჯარისკაცთა ყაზარმებად გადაკეთდება, ხოლო საზოგადოებრივი ადგილები – იარაღის დამამზადებელ საამქროებად..“ და ასე შემდეგ და ასე ამგვარად. ეს გაუგონარი რამ იყო. პირველად კაცობრიობის ისტორიაში მთელი ქვეყნის მოსახლეობა, მთელი რესურსები, საკვები პროდუქტები თუ მოხმარების საგნები, მთლიანად და სავსებით ხელისუფლების ხელში გადადიოდა. არასდროს, არც ანტიკურ ეპოქაში, არც შემდეგ, მსგავსი რამ არ მომხდარა.
    ასეთმა ზომებმა თავისი შედეგი გამოიღეს. საფრანგეთი ერთ მთლიან სამხედრო ბანაკად იქცა. ფრონტებზე წარუმატებლობა გამარჯვებათა მთელმა სერიამ შეცვალა. კონვენტის კომისრები, რომლებიც მრავლად იყვნენ გაგზავნილნი ჯარში, არც სხვებს ინდობდნენ და არც საკუთარ თავს. ისინი პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდნენ ჯარისკაცებს და ყველაზე სახიფათო მომენტში წინ მიუძღოდნენ მათ. ამავე დროს იგივე კომისრები სულ უმნიშვნელო დანაშაულისათვის სამხედრო ტრიბუნალში აძლევდნენ ყველას და ამით შიშსა და ძრწოლას თესავდნენ თავიანთ გარშემო.
რესპუბლიკელთა სახელოვან გამარჯვებებს შორის ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ტულონის აღებას უკავია. ამ ციხე:ქალაქისათვის ბრძოლა ნაპოლეონის საბრძოლო ნათლობა გახდა და მისი შემდგომი ბედისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.
    ზაფხულის მიწურულს, ერთმანეთის მიყოლებით ამბოხებულ პროვინციებს ქალაქმა ტულონმაც აუბა მხარი. როიალისტთა დაპირებებმა და ინგლისელთა ხრიკებმა ჭკუა აურიეს მის მოქალაქეებს, ხოლო ცხოვრების პირობების შემდგომმა გაუარესებამ და რესპუბლიკელთა ადმინისტრაციის სიმკაცრემ ისინი საბოლოოდ გამოიყვანეს მოთმინებიდან. ამის შედეგი იყო, რომ 1793 წლის აგვისტოს მიწურულს მათ ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. პასუხად, კონვენტის ბრძანებით, რესპუბლიკელებმა ტულონელთა დასასჯელად მთავრობის ჯარების თავმოყრა დაიწყეს. არც მეამბოხე ქალაქის მესვეურებს დაუხანებიათ და საშველად ინგლისელებს უხმეს. ქალაქი, თავისი მძლავრი ციხე სიმაგრით, ხმელთაშუა ზღვის მთელი ფრანგული ფლოტით, საწყობებითა და პროვიანტით, ინტერვენტების ხელში გადავიდა.
    ტულონის სიმაგრე გამოჩენილი სამხედრო ინჟინრისა და საფორტიფიკაციო მშენებლობის სპეციალისტის სებასტიან ვობანის (1633-1707) მიერ იყო აგებული. თავისი ცხოვრების მანძილზე მარშალ ვობანს აგებული ჰქონდა 33 და რეკონსტრუირებული 399ციხე-სიმაგრე. ტულონი ერთი მათგანი იყო. მაგრამ ტულონი მარტო პირველხარისხოვანი ციხე-სიმაგრე როდი იყო. იგი საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის ფლოტის მთავარი სადგომიც გახლდათ. მარტო ამ გარემოებათა გამო არ შეეძლო რესპუბლიკას ტულონის მოწინააღმდეგის ხელში დატოვება. თუმცა კიდევ იყო ერთი, მნივშნელოვანი გარემოება, რაც რესპუბლიკისათვის ამ ქალაქისა და სიმაგრის უკან დაბრუნებას აუცილებელს ხდიდა: ინტერვენტთა სურვილის მიხედვით, ტულონი ადვილად შეიძლებოდა პლაცდარმი გამხდარიყო როიალისტთა, ინგლისელთა და მათ მოკავშირეთა ჯარის ნაწილებისათვის. აქედან მათ შეეძლოთ შეტევა წამოეწყოთ ჩრდილოეთისაკენ – ლიონის მიმართულებით, სადაც ისინი სამხრეთ-დასავლეთიდან მომავალ ესპანელებს შეუერთდებოდნენ და ფაქტიურად, პროვანსსა და საერთოდ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილს დაეპატრონებოდნენ. მაგრამ განახორციელებდნენ ამ გეგმას მოკავშირეები თუ არა, ეს მარტო მათ ნება-სურვილზე არ იყო დამოკიდებული: ფრანგებსაც ხომ თავისი გეგმა ჰქონდათ და მის განხორციელებას შეეცდებოდნენ. ასეც მოხდა. როგორც კი ცნობილი გახდა ამბოხების ამბავი, რესპუბლიკელებმა თავიანთი ჯარი ამ სიმაგრისკენ დაძრეს. კონვენტმა ტულონის დაბრუნება გენერალ კარტოს დაავალა. ჟან ფრანსუა კარტო მეტად კოლორიტულ ფიგურას წარმოადგენდა საფრანგეთის არმიაში. როგორც რევოლუციების დროს ხდება ხოლმე, ხელმძღვანელ და, კერძოდ, სამეთაურო თანამდებობებზე ხშირად შემთხვევითი პიროვნებები წამოიწევენ. კარტოც მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა. არავითარი განათლება, მათ შორის, (ცხადია, სამხედროც ამ კაცს არ ჰქონია. მეფის დროს იგი ჯერ დრაგუნთა ასეულში მსახურობდა, შემდეგ, ერთ ხანს ჟანდარმობდა, ხოლო ბოლოს, ხატვას მიჰყო ხელი და ამით ირჩენდა თავს. მაგრამ, როგორც ეტყობა, ამ ადამიანს საკმაო ნებისყოფა და გარკვეული ამბიციებიც ჰქონდა, რადგან როგორც კი რესპუბლიკური არმიის შექმნა დაიწყო, კარტოც მის რიგებში აღმოჩნდა და სამხრეთ საფრანგეთში როიალისტებთან გამართულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა. და თუმცა თავი ბევრი ვერაფრით ისახელა, გასაოცარ სამსახურებრივ წარმატებას კი მიაღწია: სამ თვეში პოლკოვნკიც გახდა, ბრიგადის გენერალიც და დივიზიისაც.
    კარტოს არმია სამხედრო სპეციალისტების, პირველ რიგში კი, არტილერისტების ნაკლებობას განიცდიდა (როგორც მალე გამოირკვა, არტილერისტების გარდა ამ არმიას არტილერიაც აკლდა). საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი ამ დარგში კომპეტენტურ ხალხს ეძებდა და ამიტომ, როცა ბონაპარტმა მას თავისი სამსახური შესთავაზა, იგი დაუყოვნებლივ კარტოს არმიაში მიავლინა. ბონაპარტს იქ ძველი კორსიკელი ნაცნობი და ერთ პერიოდში მისი თანამზრახველი, ქრისტოფორო სალიჩეტი დახვდა. ეს უკანასკნელი მგზნებარე რესპუბლიკელი იყო და კონვენტის წევრობამდე მიაღწია. იმ დროს იგი კარტოს არმიაში კონვენტის კომისრად იყო გაგზავნილი და ფაქტიურად არმიის პოლიტიკურ „უზრუნველყოფას“ ხელმძღვანელობდა. სალიჩეტი პატივს სცემდა ნაპოლეონს და გულთბილადაც შეხვდა მას. სწორედ მისი წინადადებით იყო, რომ ახალგაზრდა და ყველასთვის უცნობი ოფიცერი ტულონის გარემომცველი არმიის არტილერიის უფროსად დაინიშნა. სალიჩეტი ანგარიშში არ მოტყუებულა. მალე ყველა დარწმუნდა, თუ რა ენერგიული და საქმის მცოდნე კაცი ჩაუდგა სათავეში მათს არტილერიას. როგორც ცნობილია, ჯარის ამ სახეობას სიმაგრის გარემოცვისას გადამწყვეტი როლი ეკისრება და მის მოქმედებაზე დიდადაა დამოკიდებული მოალყეთა წარმატება. ასე რომ, ახალგაზრდა ბონაპარტს ლამის ყველაზე საპასუხისმგებლო პოსტი ერგო. პოსტი კი იყო საპასუხისმგებლო, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ გარემომცველ არმიას სულ 23 ზარბაზანი ჰქონდა და ისიც ამ საქმისათვის სრულიად გამოუსადეგარი კალიბრისა.
მთავარსარდალს ბონაპარტი 12 სექტემბერს წარუდგა, არმიაში ჩასვლის პირველსავე დღეს. კარტოსთან ხანმოკლე საუბარიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ნაპოლეონი მიმხვდარიყო: ამ კაცს სამხედრო საქმისა არაფერი გაეგებოდა, განსაკუთრებით სიმაგრეთა გარემოცვაში. საბოლოოდ ამაში ის მეორე დღეს დარწმუდა, როცა კარტომ იგი პოზიციების დასათვალიერებლად და ტულონის აღების საკუთარი გეგმის გასაცნობად წაიყვანა. მთავარსარდალმა სიამაყის დაუფარავი გრძნობით უჩვენა მას თავისი ინიციატივით გაწყობილი 8ზარბაზნიანი ბატარეა, რომელიც ინგლისელთა ფლოტის გასანადგურებლად იყო გამიზნული. კარტოს ბრძანებით, ეს ბატარეა (ეტყობა, უსაფრთხოების მიზნით) ინგლისელთა გემებისგან თითქმის 5 კმ-ის დაშორებით იყო გამართული (მაშინდელი ყველაზე შორსმსროლელი ზარბაზანი კი 3 კმ-ზეც ვერ ისროდა ყუმბარებს). „ამაზე სასაცილო რამ ძნელი წარმოსადგენი იყო“ – წერდა შემდეგ თავის მოგონებებში ნაპოლეონი. სასაცილო მისთვის იყო, თორემ კარტოსა და მის თანამებრძოლებს სულაც არ ეცინებოდათ.
    არტილერიის უფროსი მალე მიხვდა, რომ საქმე ცუდად იყო. არმიაში არსებული ზარბაზნების იმედად სიმაგრის გარემოცვის გაგრძელებას აზრი არა ჰქონდა. საჭირო იყო სასწრაფოდ საარტილერიო პარკის შექმნა. ენერგიული და დაუღალავი მუშაობის შედეგად, ნაპოლეონმა ექვს კვირაზე ნაკლებ დროში მოახერხა კიდეც ასეთი პარკის შექმნა. სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ზღვისპირეთის მრავალი ქალაქიდან და სიმაგრიდან, მისი ინიციატივით, ტულონის მიდამოებში გადმოზიდული იქნა საჭირო კალიბრისა და დანიშნულების 100-ზე მეტი ზარბაზანი. გარდა ამისა მან სარემონტო სახელოსნოები გაამართვინა და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რევოლუციის სადარაჯოზე „მარად ფხიზლად მდგარი“ კომისრები დაითანხმა, არმიაში ძველი რეჟიმის დროინდელი სპეციალისტები – არტილერიის ოფიცრები – დაებრუნებინა. ამან ძალიან შეუწყო ხელი ნაპოლეონს, რადგან მანამდე მას არტილერიის უფროსის თანამდებობასთან ერთად მთავარი ინჟინრისა და საარტილერიო პარკის უფროსის მოვალეობის შესრულებაც უხდებოდა.
    ტულონი, რომელიც ხმელეთში საკმაოდ ღრმად შეჭრილ ყურეში მდებარეობს, ფლოტის მეტად მოხერხებულ და საიმედო სადგომს წარმოადგენდა (სხვათაშორის, ეს დღესაც ასეა). მაშინ კი ხმელეთიდან მას ზემო–აღნიშნული ცნობილი სიმაგრე იცავდა, ხოლო ზღვიდან ინგლისელთა ფლოტი. თვით ყურე ორადაა გაყოფილი. ერთი, ჩრდილოეთის ნაწილი, „მცირე რეიდის“ სახელით მოიხსენიება და თვით ქალაქ ტულონს აკრავს, მეორე კი – სამხრეთისა, ღია ზღვაში გადის და „დიდ რეიდად“ იწოდება.
    ნაპოლეონი პოზიციების დათვალიერებისთანავე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიმაგრის აღებისათვის, პირველ რიგში, საჭირო იქნებოდა ორივე რეიდიდან ინგლისელთა ფლოტის განდევნა. ფლოტი გარემოცულთათვის გარედან დახმარების ერთადერთი საშუალება იყო, ამიტომ ფლოტის გაძევება, საბოლოო ანგარიშში, ქალაქის აღების ტოლფასი იქნებოდა, რადგან ზღვიდანაც ბლოკირებულ, დახმარების გარეშე დარჩენილ მოწინააღმდეგეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუხდებოდა დანებება. მაგრამ ამას მაინც დიდი დრო დასჭირდებოდა. ქალაქი კი რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნებოდა მტრის ალვაში მოქცეულ რესპუბლიკას, თუნდაც პრესტიჟის გამო. პირდაპირი იერიში, თუკი ის წარმატებული იქნებოდა, ცხადია, ციხე-ქალაქის დაბრუნების ყველაზე სწრაფი გზა იყო. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ასეთი ძლიერი სიმაგრის იერიშს უამრავი მსხვერპლი მოჰყვებოდა და თანაც, არც გამარჯვების გარანტია იქნებოდა. ბონაპარტის გეგმის ღირსება კი იმაში მდგომარეობდა, რომ იგი იერიშის გარეშე იძლეოდა ქალაქის სწრაფად დაბრუნების საშუალებას, არტილერიის ახალგაზრდა უფროსი თავისი გეგმის შედგენისას, ლოგიკური მსჯელობიდან გამოდიოდა: თუ ფლოტს განდევნიდნენ, ქალაქი, საბოლოო ანგარიშში, განწირული იყო. მაგრამ რადგანაც ციხიონს უამრავი სურსათი და ტყვია-წამალი ჰქონდა, კიდევ დიდხანს შეეძლო ალყის გაძლება. მიუხედავად ამისა, ბონაპარტი თვლიდა, რომ მოწინააღმდეგე, ინგლისელთა ფლოტის წასვლისთანავე, დანებდებოდა, და აი, რატომ: თუ ალყაში მოქცეულები გადაწყვეტდნენ ქალაქის დაუყოგნებლივ დატოვებას, მაშინ მათ შესაძლებლობა ექნებოდათ აეფეთქებინათ არსენალი და გემმისადგომი, დაეწვათ სურსათ-სანოვაგისა და ამუნიციის მთავარი საწყობები, მოეხდინათ ჯარისა და თავიანთი მომხრეების ევაკუაცია და თან წაეყვანათ 31 პირველხარისხოვანი ფრანგული ხომალდი. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებდნენ, მაშინ გარე სამყაროს მოწყვეტილ 15-ათასიან გარნიზონს მოუწევდა ალყის მთელი სიძნელეების გადატანა და საბოლოოდ, მაინც დანებება, მაგრამ უკვე კაპიტულაციის მძიმე პირობებით: არსენალისა და გემთსადგომის ხელუხლებლად დატოვებითა და ყველა ფრანგული ხომალდის მოწინააღმდეგისათვის დაბრუნებით, ბონაპარტის გეგმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ინგლისელები ამაზე არ წავიდოდნენ და ტულონელებს დანებებას დააძალებდნენ. მოგვიანებით, ტულონის დაცემის შემდეგ, ფრანგებს ხელში ჩაუვარდათ ინგლისელთა სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმი, სწორედ ის, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქის დატოვების შესახებ. არგუმენტი ზუსტად ისეთივე იყო, როგორსაც ნაპოლეონი ვარაუდობდა.
    ამ მარტივ, მაგრამ შესანიშნავ გეგმას განხორციელება სჭირდებოდა. დასაწყისისათვის აუცილებელი იყო ისეთი გეოგრაფიული პუნქტების მოძებნა, რომლებში განლაგებული ბატარეებიც ინგლისელთა ფლოტს ტულონის რეიდებზე გაჩერების საშუალებას მოუსპობდა. ამ გეგმის განხორციელება ადვილი არ იყო. და არა იმიტომ, რომ ბატარეებისათვის ადგილის შერჩევა ჭირდა, ან თუნდაც იმიტომ, რომ იგი ტექნიკურად ძნელი შესასრულებელი იყო. არა, ყველაფერი კარტოსა და მის შტაბზე იყო დამოკიდებული, რადგან ამ ხალხს ვერ გაეგო, და არც უნდოდა გაეგო, ვიღაც უცნობი ახალგაზრდა ოფიცრის მიერ შემოთავაზებული გეგმის უპირატესობა ტულონის პირდაპირი იერიშის ან მისი ტრადიციული ხანგრძლივი ალყის პერსპექტივებთან შედარებით.
    არმიაში ჩასვლის პირველსავე დღეს, ტულონის შემოგარენის რუკის შესწავლისას, ბონაპარტმა კერის ნახევარკუნძულს მიაქცია ყურადღება. მან შეამჩნია, რომ თუ მოხერხდებოდა ზარბაზნების ამ ნახევარკუნძულის ეგიეს და ბალაგიეს კონცხებზე განლაგება, მაშინ ფრანგებს შეექმნებოდათ შესაძლებლობა ორივე რეიდის აქვატორიაზე საკუთარი კონტროლი დაეწესებინათ, ეს კი უკვე ინგლისის ფლოტის გაძევებას ნიშნავდა. ორიოდე დღის შემდეგ ბონაპარტმა პირადად მოინახულა კერის ნახევარკუნძული და რუკაზე შერჩეული პოზიციების ვარგისიანობაში დარწმუნდა. ამის შემდეგ მან შტაბის წევრებს თავისი გეგმა წარუდგინა. თანაც დაუმატა, რომ თუ გეგმას მიიღებთ, ერთ კვირაში ტულონს ჩაგაბარებთო. მაგრამ კარტომ იგი უარყო – ასეთი გეგმისთვის ის მზად არ იყო. არტილერიის უფროსმა ბევრი იდავა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როგორც ეტყობოდა, ამ გეგმას შესრულება არ ეწერა. ამასობაში მოწინააღმდეგემ, სწორად შეაფასა რა ამ ნახევარკუნძულის მნიშვნელობა, იქ სასწრაფოდ გადასხა ჯარი და მისი გამაგრება დაიწყო. ინგლისელებმა ნახევარკუნძულის შუაში მძლავრი რედუტი ააგეს, ყოველმხრივ გაამაგრეს, ზედ ზარბაზნები დადგეს და მიმდებარე ტერიტორიას თავისი კონტროლი დაუწესეს. მერე კი, თავისი საქმიანობით ერთობ კმაყოფილებმა, იქ გარნიზონი ჩააყენეს და სიმაგრის სიძლიერეში დარწმუნებულებმა, მას მეორე, ანუ „მცირე გიბრალტარი“ უწოდეს.
    ფრანგებისთვის საქმე გართულდა. ახლა მათ ეს რედუტი გაუხდათ ხელში ჩასაგდები. ეს ძნელი იყო, მაგრამ ტულონის დროული აღებისათვის მაინც ეგიესა და ბალაგიეს კონცხებზე იყო ბატარეები გასამართავი. სალიჩეტისთან ერთად არმიაში კომისრად ტომა გასპარენიც იყო მივლინებული. გასპარენი ენერგიული და ჭკვიანი კაცი იყო. იგი ძველი არმიის ოფიცერი გახლდათ და სამხედრო საქმე საკმაოდ კარგად იცოდა. სწორედ, მას დაუკავშირდა ბონაპარტი და ტულონის გარემოცვის თავისი გეგმა გააცნო. გასპარენმა მაშინვე შეაფასა ამ გეგმის ღირსება. იგი მხარში ამოუდგა არტილერიის უფროსს და ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა მას. ტულონის გარემომცველ რესპუბლიკელთა არმიაში კიდევ ერთი მეთვალყურეც იყო პარიზიდან – ოგიუსტენ რობესპიერი, ძმა ყოვლისშემძლე მაქსიმილიან რობესპიერისა. გასპარენმა წამსვე უმცროს რობესპიერს გააცნო ბონაპარტის გეგმა. გეგმა მასაც ძალზე მოეწონა და სამხედრო საბჭოზე თავისი მხარდაჭერა აღუთქვა ბონაპარტს. ეს უკვე ბევრს ნიშნავდა.
    სამხედრო საბჭოზე კორსიკელს გეგმა მოუწონეს. მაგრამ კარტო ამის შემდეგაც არ იშლიდა თავისას. მთავარსარდალი წამდაუწუმ ერეოდა არტილერიის უფროსის საქმეებში და ისეთ განკარგულებებს იძლეოდა, რომელთა შესრულება უაზრობა და კიდევ მასზე მეტიც იქნებოდა. ბოლოსდაბოლოს, თავგაბეზრებულმა და გაღიზიანებულმა ბონაპარტმა, კარტოს სთხოვა მიეცა მისთვის მხოლოოდ ზოგადი მითითებები, ხოლო დეტალების შესრულებას იგი თავის თაგზე აიღებდა. ნაპოლეონი, ცხადია, სამხედრო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამოდიოდა. კარტომ კი ეს თავის ჭკუაზე გაიგო, არც აცივა, არც აცხელა და ბონაპარტს უბრძანა სამი დღის განმავლობაში ყუმბარები დაეშინა ტულონისათვის, რის შემდეგაც იგი, კარტო, გენერალურ შეტევაზე გადასვლას და ქალაქის აღებას აპირებდა. რა მოჰყვებოდა ასეთ მოუმზადებელ იერიშს, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება. ყველაფერი წყალში იყრებოდა. გაგულისებულმა ბონაპარტმა კომისარ გასპარენს მისწერა საქმის ვითარებაზე და კვლავ გაუმეორა ტულონის გარემოცვისა და აღების თავისი გეგმა. კარტოს მოქმედებით შეშფოთებულმა გასპარენმა დაუყოვნებლივ პარიზს გააგზავნა კურიერი ბონაპარტის გეგმით და კარტოზე თავისი შეხედულებებიც ზედ მიაყოლა. შედეგმა არ დააყოვნა: კარტოს ტულონი დაატოვებინეს და ალპიურ არმიაში გაგზავნეს. მხატვარი კარტო ექიმმა ფრანსუა დოპემ შეცვალა. როგორც ნაპოლეონი წერს, საერთო ანგარიშში, დოპე კარტოზე ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ სამხედრო საქმე არც მას ესმოდაო. ერთადერთი რაშიც დოპე მეტად გავარჯიშებული იყო, ეს ყველგან და ყველაფერში რევოლუციის მტრის ხელის ძებნა იყო. დოპემ, საერთოდ, ცოტა ხანი „იმთავარსარდლა“ და ბევრის გაფუჭება ვერ მოასწრო. ბოლოს კი ტულონის მოალყეებს როგორც იქნა ეღირსათ ღირსეული მთავარსარდალი. ჟან ფრანსუა დიუგომიე – ასე ერქვა ბრძოლებში გამობრძმედილ დროულ გენერალს, რომელსაც ტულონის გარემოცვის ხელმძღვანელობა დაევალა. მან მალე გამონახა საერთო ენა ბონაპარტთან და ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა მას. ახლა საქმე სწრაფად წავიდა წინ.
    როგორც ითქვა, ინგლისელთა ფლოტის გაძევებისათვის პირველ რიგში საჭირო იყო „მცირე გიბრალტარის“ რედუტის აღება. პირდაპირი იერიში, წინასწარი საარტილერიო მომზადების გარეშე უაზრო იქნებოდა. ამიტომ ბონაპარტმა ჯერ ძლიერი ბატარეები გამართა რედუტის წინ და მას გამანადგურებელი ცეცხლი გაუხსნა. ფრანგების ცეცხლს, ცხადია, „მცი- რე გიბრალტარი“-დანაც გვარიანად პასუხობდნენ და გაჩაღდა გაცხოველებული საარტილერიო დუელი. დანაკარგები ორივე მხრივ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თანდათან ფრანგთა მხარემ იმძლავრა და მესამე დღის ბოლოს მოწინააღმდეგის ჩაჩუმება შეძლო. ამავე დროს, ფრანგთა არტილერიამ, დაანგრია რა მოკავშირეების გამაგრებები, „მცირე გიბრალტარზე“ პირდაპირი იერიშის მიტანის შესაძლებლობა შექმნა.
    შეტევა 17 დეკემბერს ღამით დაიწყო. მეწინავე კოლონებს თვით მთავარსარდალი დიუგომიე მეთაურობდა. სარეზერვო კოლონა, რომლის სათავეში ბონაპარტი ჩააყენეს, ბრძოლაში მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში ჩაებმებოდა. შეტევის ღამეს თავსხმა წვიმა მოვიდა და ძლიერი ქარი ამოვარდა. ერთი პირობა დიუგომიე შეტევის გადადებას აპირებდა, მაგრამ ბონაპარტის დაჟინებული მოთხოვნით იგი მაინც შედგა. ბრძოლა გააფთრებული გამოდგა. „მცირე გიბრალტარის“ დამცველებმა თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს ფრანგებს და დიუგომიეს კოლონები უკუაქციეს. კრიტიკულ მომენტში დიუგომიემ სარეზერვო კოლონას უბრძანა ბრძოლაში ჩაბმა. ნაპოლეონი თვითონ წაუძღვა მას წინ.
    ხელჩართულ ბრძოლაში ფრანგებმა იმარჯვეს და რედუტიც აიღეს. შეტაკების დროს ნაპოლეონს ჯერ ცხენი მოუკლეს, მერე კი თავადაც დასჭრეს ხიშტით ფეხში. რედუტი ფრანგების ხელში იყო. ბონაპარტმა მაშინვე ბრძანა საარტილერიო ბატარეების გამართვა და ინგლისელების გემებისათვის ცეცხლის გახსნა. ზღვაზე უძლეველ ინგლისის ფლოტს ძალიან გაუჭირდებოდა სახმელეთო ბატარეებთან ბრძოლა და ამიტომ აღარც სცადა ეს. სანაცვლოდ, ფლოტის სარდალმა ღუზების ამოღება ბრძანა და ინგლისელებმაც დატოვეს ორივე რეიდი. ეს კი ტულონის ბედის ამარა მიტოვებას ნიშნავდა. მართლაც, ორიოდე დღეც არ გასულა, ფრანგები ქალაქში შევიდნენ. ინგლისელებმა წაიყვანეს ფრანგთა მიტაცებული გემები და მათი მომხრე ტულონელები (ცხადია, ყველა მათგანის წაყვანა ვერ მოხერხდა, და შემდეგ, რევოლუციური ტრიბუნალის დადგენილებით, და მის გარეშეც, ბევრი მათგანი უმოწყალოდ დახვრიტეს).
    ტულონთან გამარჯვება განსაკუთრებულად იხეიმეს რესპუბლიკელებმა. ის ფაქტი, რომ გამარჯვება 1793 წელს იქნა მოპოვებული – მათთვის ყველაზე მძიმე და სახიფაოთ წელს – ორმაგი მნიშვნელობისა იყო. ყველა ხვდებოდა, რომ ეს მარტო სამხედრო წარმატება კი არ იყო, არამედ უდიდესი პოლიტიკური გამარჯვებაც.
    ტულონი ბონაპარტისთვისაც დიდი გამარჯვება იყო. ის მისი ბრწყინვალე სამხედრო კარიერის დასაწყისი გახდა. რამდენი ასეთი და მასზე მეტი გამარჯვება ექნება მომავალში ნაპოლეონს, მაგრამ ტულონი მუდამ ერთადერთად და განუმეორებლად დარჩება მისთვის, ისე როგორც დაბადების ადგილი რჩება ადამიანისათვის ერთადერთად და განუმეორებლად. ტულონში გამოჩნდა პირველად ბონაპარტის პოზიციური ხედვის უნარი, ტაქტიკური ალლო, პირადი სიმამაცე და, რაც მთავარია, მისი, როგორც წინამძღოლისა და ორგანიზატორის, ნიჭი. ტულონში შეამჩნიეს იგი პირველად და იქ უწინასწარმეტყველეს დიდი მომავალი. მთავარსარდალი დიუგომიე აღტაცებას ვერ ფარავდა. მან დაუყოვნებლივ წარადგინა ბონაპარტი ბრიგადის გენერლის ჩინზე და საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტს ასეთი წერილი გაუგზავნა: „დააჯილდოვეთ და წინ წასწიეთ ეს ახალგაზრდა, თორემ თუ მის მიმართ უმადურები დარჩებით, ის თვითონ წასწევს თავს წინ“.
    ახალგაზრდა არტილერისტით აღფრთოვანებული იყო ბონაპარტის კიდევმერთი კეთილისმყოფელი – გენერალი დიუ ტეილი. „სიტყვები ვერ მომინახავს რომ ბონაპარტის დამსახურებები აღვწერო, – ატყობინებდა იგი სამხედრო მინისტრს, – საქმისადმი ღრმად მეცნიერული მიდგომა, მოვლენათა არსში ასევე ღრმად ჩაწვდომა და ამათზე კიდევ მეტი პირადი სიმამაცე – და ეს სიტყვებიც საკმარისი არაა ამ საოცარი ოფიცრის ღირსებების სრულად წარმოჩენისთვის“.
    ნაპოლეონი ბედნიერი იყო. როგორც იქნა ამობრწყინდა მისი ვარსკვლავიც. 24 წლის კაპიტანი გენერალი გახდა. ტულონის შემდეგ, იგი სულ მალე, ახლადშექმნილ „იტალიურ“ არმიაში გაამწესეს სანაპირო სიმაგრეების მთავარ ინსპექტორად.
    ბონაპარტს კარგად მიუდიოდა საქმე. ახლა ბევრი რამ უკვე თვითონ მასზე იყო დამოკიდებული – თუ ივარგებდა, შორს წავიდოდა. ყრმობისას ერთხელ უკვე უწინასწარმეტყველეს ეს. ახლა კი აღსრულების დრო მოსვლოდა. ახალგაზრდა გენერალი სიხარულით მეშვიდე ცაზე იყო, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევდა, პირიქით, უფრო სერიოზული გახდა, უფრო გულჩათხრობილი. საქმეში ჩაეფლო, საქმე კი თავზე საყრელი ჰქონდა. ზღვისპირეთის ერთი ქალაქიდან მეორეში დაქროდა, სიმაგრეებს ამოწმებდა, საარტილერიო ბატარეებს აახლებდა, მათ აღჭურვასა და მომარაგებაზე ზრუნავდა. ისეთ ენთუზიაზმსა და ენერგიას იჩენდა, ყველას აკვირვებდა. თავისუფალ დროს, თუკი ასეთს გამონახავდა, ოჯახს ანდომებდა. მამის დანაბარებს არ ივიწყებდა, უფროსობდა და ძმებს პატრონობდა. ახლა მეტი საშუალება მიეცა „ხელი წაეკრა“ მათთვის. ისინიც, მუდამ რომ ხელებში შეჰყურებდნენ, ახლაც იმის ცდაში იყვნენ, როგორმე მეტი წაეგლიჯათ მისთვის. მანაც არ დაიზარა და ჟოზეფს სამხედრო კომისართან მთავარი ინტენდანტის სარფიანი ადგილი უშოვნა, ლუსიენს არმიული საწყობების მეთვალყურის არცთუ ურიგო ადგილი, ლუი კი თავისთან დაიტოვა, ადიუტანტად, ოფიცრის ხელფასით. ასე და ამგვარად, ბუონაპარტეების ოჯახის საქმე უკეთ წავიდა. ლეტიცია, ქალიშვილებთან და უმცროს ვაჟ ჟერომთან ერთად ნიცასთან ახლოს დასახლდა სალეს პატარა ციხე-დარბაზში (ნიცაში „იტალიური“ არმიის მთავარი შტაბ-ბინა იყო და არტილერიის უფროსის უწყებაც იქ მდებარეობდა).
    ბონაპარტის კეთილისმყოფლები – ოგიუსტენ რობესპიერი და ქრის– ტოფორო სალიჩეტი – კვლავ მის გვერდით იყვნენ. განსაკუთრებით რობესპიერი ცდილობდა მისი გულის მოგებას. აქ სიტყვა არ გაგვქცევია: საფრანგეთის ყოვლისშემძლე მმართველის ძმა, თგითონაც დიდი უფლებების მქონე „სახალხო წარმომადგენელი“, იქით ეძებდა მასთან სიახლოვეს. იმ პერიოდში ბონაპარტი ბევრს ელაპარაკებოდა რობესპიერს, ახალ გეგმებს უსახავდა, წარმოუდგენელ პროექტებს სთავაზობდა, აკვირვებდა და აოცებდა აზროვნების ორიგინალობით, ჩანაფიქრის სიღრმითა და მასშტაბურობით. ოგიუსტენიც თანდათან მისი გავლენის ქვეშ ექცეოდა, სულ უფრო და უფრო ხშირად უჯერებდა და მის რჩევებს ასრულებდა. მარმონი თავის მემუარებში აღნიშნავდა: „მას განჭვრეტის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა და ამის წყალობით სახალხო წარმომადგენლებზე ენით აუწერელი გავლენა მოიპოვაო“, მაშ, რაღა გასაკვირი იყო, რომ ოგიუსტენ რობესპიერისა და მისი თანაშემწეების ბევრ მაშინდელ ნამოქმედარს ნაპოლეონ ბონაპარტის უხილავი ბეჭედი ესვა! როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ამ საქმეთაგან ბევრი კონვენტისა და რობესპიერ-უფროსის დაუკითხავადაც კი გაკეთებულა. რობესპიერ-უმცროსი ხედავდა, რომ ნაპოლეონის რჩევები და წინადადებები შორს სცილდებოდა სანაპირო ზოლის სიმაგრეების მთავარი ინსპექტორის კომპეტენციასაცა და მასშტაბებსაც, რომ იგი მარტო ლოკალურ პრობლემებს კი არ ეხებოდა, არამედ მთელ სამხრეთ საფრანგეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებსაც სწვდებოდა.
    სამხრეთში მომქმედი არმიების უუნარობით გაბეზრებულმა ნაპოლეონმა, რომელიც მოზღვავებულ ენერგიას ვეღარ იოკებდა, სამხედრო საბჭოს მოქმედების თავისი გეგმა წარუდგინა. ამ გეგმის მიხედვით, თავდაცვითი ბრძოლების ნაცვლად, რასაც აქამდე ფრანგები მიმართავდნენ, საჭირო იყო შეტევითს ოპერაციებზე გადასვლა. არტილერიის უფროსის აზრით, სერჯიოს მიდამოებში შემოვლითი მანევრის განხორციელების წყალობით, შესაძლებელი იქნებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის ალპური სიმაღლეებისა და გადასასვლელების ხელში ჩაგდება მთელ ზღვისპირეთის ზოლში. ოღონდ, ეს საომარი მოქმედების მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადატანა იქნებოდა. საბჭოს სხდომას, მოხუცი მთავარსარდლის, ლოგინად ჩავარდნილი დიუმერბიონის გარდა, ოგიუსტენ რობესპიერი და არმიის რამდენიმე გენერალი ესწრებოდა. გეგმას არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, პირიქით, იგი ყველას მოეწონა და მისი შესრულება შესაძლებლად იქნა მიჩნეული. ცოტა ხნის შემდეგ, ამ ამბით გულმოცემულმა ნაპოლეონმა ახალი, უფრო ვრცელი გეგმა წარადგინა. იგი მოწინააღმდეგის მარწუხებში მოქცევას გულისხმობდა. ამ გეგმის მიხედვით, საომარ მოქმედებაში ფრანგთა ორი არმია ჩაებმებოდა – „იტალიური“ და „ალპური“. ერთი ჯერ ზღვისპირეთში იმოქმედებდა და სანაპიროს მოწინააღმდეგისაგან გაწმენდდა, შემდეგ კი ჩრდილოეთისაკენ გაილაშქრებდა და პიემონტის სამეფოში შეიჭრებოდა. ამ დროისათვის მეორე, „ალპური“ არმია, შესაბამისად, დასავლეთიდან შეუტევდა მტერს და „იტალიურ“ არმიას დათქმულ ადგილას შეუერთდებოდა. მერე ფრანგთა გაერთიანებული ლაშქარი მდინარე პოზე გავიდოდა და იქ დაიკავებდა ერთობ მომგებიან პოზიციებს.
    ეს უჩვეულო გეგმა იყო და სრულებით არ ჰგავდა სამხრეთის ფრონტხე მყოფი ფრანგული არმიების სამოქმედო სხვა გეგმებს. იგი იმდენადორიგინალური და ტევადი იყო, რომ მას რობესპიერ-უმცროსი ვერ დაამტკიცებდა. ამას პარიზი სჭირდებოდა და მისი ძმა, მაქსიმილიან რობესპიერი. სანამ მასთან ჩავიდოდა, ოგიუსტენმა წერილით შეამზადა „მოუსყიდავი“. „ეს ადამიანი (ბონაპარტი) ზებუნებრივი ღირსებებით არის დაჯილდოებული“ – აღტაცებით წერდა იგი, მაგრამ მარტო ოგიუსტენი არ მოუნუსხავს ახალგაზრდა გენერალს. მადმუაზელ შარლოტა რობესპიერი, რომელიც ძმასთან ჩამოვიდა მაშინ ნიცაში, კარგა ხანს დარჩა იქ და სწრაფად დაუახლოვდა საოცარ კორსიკელს, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, თურმე „ზომაზე მეტადაც“.
ფრანგთა შტაბში გადაწყვიტეს ჯერ ბონაპარტის პირველი, ნაკლებმასშტაბური ოპერაცია განეხორციელებინათ, ხოლო შემდეგ, მისი წარმატების შემთხვევაში, ოგიუსტენ რობესპიერი პარიზში წავიდოდა მეორე, უფრო ვრცელი გეგმის კონვენტში წარსადგენად და დასამტკიცებლად. საომარი მოქმედება ფრანგებმა აპრილის დასაწყისში წამოიწყეს.
    შეტევითს ოპერაციებს გენერალი ანდრე მასენა ხელმძღვანელობდა. ოპერაცია ორ თვეზე მეტს არ გაგრძელებულა და ამ დროში ნაპოლეონის „მცირე“ გეგმა სრულად განხორციელდა. მასენამ პიემონტელებს დაატოვებინა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ალპიური პოზიციები და ზღვისპირეთის კარგა მოზრდილი ნაწილიც გაწმინდა მათგან. როგორც დათქმული იყო, ოგიუსტენი პარიზში გასამგზავრებლად მოემზადა. მან ბონაპარტს დედაქალაქში წაყოლა შესთავაზა და შეჰპირდა, პარიზის გარნიზონის სარდლის თანამდებობას გაგიხერხებო. ნაპოლეონმა უარი უთხრა, არმიაში მირჩევნია, ფრონტისპირეთში, ზურგში რა უნდა გავაკეთოო. ოგიუსტენმა ვერ დაიყოლია კორსიკელი და პარიზში უმისოდ გაემგზავრა. ნაპოლეონის ეს უარი მრავალთათვის თითქოს მის კიდევ ერთ ამოუცნობ საქციელად მოჩანს.
    მართლაც, როგორ შეეძლო ახლადგამომცხვარ გენერალს, რომელსაც პატივმოყვარეობის ჭია უკვე უდაგოდ უღრღნიდა გულს, უარი ეთქვა ასეთ მაცდუნებელ წინადადებაზე? დედაქალაქის გარნიზონის სარდალს ხომ დიდი ძალა და კიდევ მეტი გავლენა ექნებოდა? მიუხედავად ამისა, მან მაინც უარი თქვა. ნუთუ განჭვრიტა რაღაც? ოჯახში მთელი ამბაგი ატყდა. შინაურებს ერთი სული ჰქონდათ მათი პატრონი პარიზში გადასულიყო (ისინი თავისთავზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე ძმაზე, რა ლაპარაკი უნდა, თვითონაც ხომ კუდში გაჰყვებოდნენ დედაქალაქისკენ). მაგრამ არაფერი გაუვიდათ. ლუსიენმა თავის მოგონებებში ასე აღწერა ეს მომენტი: „ოგიუსტენი ახალგაზრდაა და პატიოსანი, მის ძმას კი ხუმრობა არ უყვარს, –- გვითხრა ნაპოლეონმა – იმას მხოლოდ უნდა ემსახურო. მაგრამ მე დავუჭერ მას მხარს? არასოდეს! ვიცი, რამდენად საჭირო ვიქნები მისთვის პარიზში, მაგრამ არ მსურს ეს გავაკეთო. ჯერ დრო არ მოსულა. ახლა ჩემთვის ყველაზე შესაფერი ადგილი აქაა, არმიაში. თქვენ კი ცოტა მოთმინება იქონიეთ. პარიზში მე კიდევ ვიუფროსებ.“
    ამ სიტყვებით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი. გენერალი ბონაპარტი საერთოდ პარიზში გადასვლაზე კი არ ამბობდა უარს, მას „რობესპიერულ“ პარიზში არ სურდა გადასვლა. იოლი სათქმელია, თუ რატომ. ბონაპარტს აღარ მოსწონდა, რაც ხდებოდა: საფრანგეთში მაშინ ტერორი მეფობდა, განუკითხაობა, განსაკუთრებით დედაქალაქში. ყველგან ბეზღობა იყო, ერთმანეთის თვალთვალი, ყველაფერ ამას კი რობესპიერ-უფროსი ედგა სათავეში. ბონაპარტი დილემის წინაშე დადგა. ენდოს მას? პარიზის გარნიზონის სარდალი ხომ გამოსაჩენი ფიგურაა, ერთობ გამოსაჩენი – და თვალებში გაეჩხიროს „მოუსყიდავს?“ (სულ ცოტა ხანში რობესპიერს აუჯანყდებიან, დააპატიმრებენ და ძმასთან და თანამებრძოლებთან ერთად გილიოტინაზე თავს გააგდებინებენ. რა მოუვიდოდა მაშინ რობესპიერების პროტეჟე პარიზის გარნიზონის უფროსს? ძნელი ამოსაცნობი არაა, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პარიზში კი არა, ნიცაშიც კინაღამ იგივე ბედი ეწია მას).
    მაგრამ, მეორე ვარიანტიც ხომ შეიძლება დატრიალებულიყო? ვინ იცის, იქნებ ბონაპარტისთანა სარდალს არ გასჭირვებოდა აჯანყების ჩაქრობა და რობესპიერის დიქტატურის გადარჩენა. ვინ იცის – მაგრამ აქ ისევ ნაპოლეონის სიტყვები უნდა გავიხსენოთ, რობესპიერზე ნათქვაში: „მაგრამ მე დავუჭერ მას მხარს? არასოდეს“. თუმცა, როგორც ვიცით, მსგავსი არაფერი მომხდარა და ეს ყველაფერი ვარაუდების სფეროდანაა. ისტორიაში კი ვარაუდებს ფასი არა აქვს, ამიტომ ჩვენც ნუღარ გავაგრძელებთ ვარიანტების ჩხრეკას.
    ზღვისპირა ალპებისათვის ბრძოლაში ფრანგთა ჯარს დიდი დანაკარგი არ ჰქონია, სამაგიეროდ ავსტრიელებმა ნახეს სერიოზული ზარალი – მათ ოთხი ათასი კაცი მარტო ტყვეების სახით დაკარგეს და ერთი ამდენიც დაჭრილ-დახოცილებისა. ეს გამარჯვება მასენამ მოიპოვა, მაგრამ ყველა ხედავდა, რომ მისი ჭეშმარიტი შემოქმედი გენერალი ბონაპარტი იყო.
    მთავარსარდალი დიუმერბიონი ატყობინებდა რა ჩატარებული ოპერაციის შესახებ პარიზს, წერდა: „მე გენერალ ბონაპარტის ნიჭს უნდა ვუმადლოდე იმ ოსტატურ მანევრებს, რომლებმაც ჩვენ გამარჯვება მოგვიტანესო“. ამ ორთვიანი კამპანიის შემდეგ, ზღვისპირა ალპების დაუფლებისათვის ბრძოლაში სამხრეთის არმიებში გენერალ ბონაპარტის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა.
    პარალალელურად, მისი ოჯახის საქმეებიც უკეთ წავიდა. როგორც იქნა, დააღწიეს გაჭირვებას თავი ბუონაპარტეებმა. მათი ახალგაზრდები ადგილობრივ საზოგადოებაში „გავიდნენ“, მათ ბინაში საღამოობით უკვე ბევრი სტუმარი იყრიდა თავს. განსაკუთრებით ოფიცრები მოდიოდნენ, გენერალ ბონაპარტის თანამებრძოლები. თვითონ გენერალი იოლად ვერ იცლიდა სახლში მისასვლელად, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი მეგობრები სტუმრობდნენ იქ ხშირად, ცხადია, მარტო მადამ ლეტიციას მოსანახულებლად არა – მათი სამიზნე ნაპოლეონის მშვენიერი დები გახლდათ. სამივე და ეშხიანი იყო, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით 15 წლის პაოლეტა გამოირჩეოდა, რომელსაც ფრანგულ ყაიდაზე შეუცვალეს სახელი და ახლა პოლინას ეძახდნენ (პოლინა შემდეგ მდიდარი და გავლენიანი იტალიელი თავადის კამილო ბორგეზეს მეუღლე გახდა და რომში გადავიდა საცხოვრებლად. ვინც „მარადიულ ქალაქში“ სტუმრად ყოფილა, ის ძნელად თუ აუქცევდა გვერდს მშვენიერ „ვილა ბორგეზეს“ – დაბურულ პარკში ჩაფლულ კოხტა სასახლეს, ახლა რომ ხელოვნების შედევრების მუზეუმადაა ქცეული და მუდამ დამთვალიერებლებითაა სავსე. მუზეუმში შესვლისას სხვადასხვა დროისა და ეპოქის მხატვართა თუ სკულპტორთა ნამუშევრებით მოფენილ დარბაზთაგან პირველშივე მარმარილოს სენიორა ბორგეზე შემოგხვდებათ. ცივ ქვაში გარინდულ პაოლეტას ბაგეზე მსუბუქი ღიმილი შერჩენია. ქარდანკებას გვერდიდან თუ შეხედავ, აშკარად ნაპოლეონისეულ პროფილს დაინახავ. დაინახავ და კითხვაც გაგიჩნდება: მაინც ვინ უკვდავყო საუკუნეებში პაოლეტ), ანტონიო კანოვამ, თუ ამ შესანიშნავი სასახლის დიასახლისისმძმამ, ვის გამოც მოხვდა იგი რომშიცა და ამ ვილაშიც, და საბოლოო ანგარიშში, ვის გამოც მოჰკიდა, ალბათ, საჭრეთელს ხელი კანოვამ? ეს ქანდაკება ანტიკურ სტილშია გადაწყვეტილი და სენიორა ბორგეზე წელს ზევით შიშველია. როცა ახლობლებს პოლინასათვის უკითხავთ, მაინც როგორ გარისკე ხელოვანთან შიშველმა პოზირებაო, თავადის მეუღლეს ღლიმილით უპასუხნია, ოთახში საკმარისად თბილოდაო). – და იკრიბებოდნენ სტუმრები ბონაპარტების სახლში და გვგიანობამდე მოისმოდა იქიდან სიმღერა და სიცილი. იყო გართობა, თამაშობა, მსუბუქი ფლირტი და იყო სერიოზული შეყვარებაც. მოკლედ, ხალისიანად მიდიოდნენ დღეები.
    უფროსი ძმა, ჟოზეფი, მარსელში გადავიდა საცხოვრებლად. იქ დაიწყო მუშაობა და მეგობრებიც იქ გაიჩინა. ამ უკანასკნელთა შორის ადგილობრივი კომერსანტი ეტიენ კლარიც გახლდათ. ეს საკმაოდ მდიდარი საპნით მოვაჭრე ჟოზეფთან ვალში იყო. როცა „სახალხო წარმომადგენლებმა“ მარსელში „საეჭვო პირებზე“ ნადირობა გააჩაღეს, დაპატიმრებულთა რიცხვში მესიე კლარიც აღმოჩნდა. დაპატიმრება მაშინ გილიოტინაზე „დაქორწინებას“ ნიშნავდა და საცოდავ ვაჭარს გადარჩენის იმედი აღარც ჰქონდა. კლარი მისმა ქალიშვილებმა – ჟიულიმ და დეზირემ – იხსნეს. ჟიული ჟოზეფს მოსდიოდა თვალში და ეტრფიალებოდა კიდეც, სწორედ, ამიტომ მივიდნენ ქალიშვილები მასთან და მამაზე სიტყვის შეწევია სთხოვეს. ჟოზეფმაც თავი გამოიდო და ვაჭრის განთავისთჯლება მოახერხა. ცხადია, ამ ამბის შემდეგ მისთვის კლარის ოჯახის კარი ყოველთვის ღია იყო. ერთხელ ჟოზეფმა კლარისთან სტუმრად ნაპოლეოსიც მიიყვან».
    ახალგაზრდა გენერალს მასპინძლის უმცროსი ქალიშვილი – დეზირე მოეწონა და ამის გამო ამ ოჯახში თვითონაც დაიწყო სიარული. იგივე გრენობები მალე დეზირესაც გაუჩნდა და ცოტა ხანში ახალგაზრდათა შორის სერიოზული რომანი გაჩაღდა. ძმების ასეთ აქტივობას ლუსიენიც არ ჩამორჩა. ჩამორჩა კი არა გაასწრო კიდეც მათ და მიუხედავად იმისა, რომ ცხრამეტი წლისაც არ შესრულებულიყო, ცოლი ითხოვა. სამი თვის შემდეგ (1794 წლის აგვისტოში) ჟოზეფმაც იქორწინა, ჟიული კლარიზე, რაღა თქმა უნდა. ნაპოლეონი კი ჯერ დიდ-დიდი საქმეებით იყო დაკავებული და ამიტომ ცოლის თხოვას არ ჩქარობდა, თუმცა დეზირესთან რომანს მაინც აგრძელებდა. დეზირე მაშინ 16 წლისა იყო, ლამის ისევ ბავშვი და ამიტომაც ბავშვური გატაცებით მიენდო ბონაპარტს. თვალებში შესციცინებდა, სულში უძვრებოდა. გენერალიც თავს ევლებოდა სატრფოს. დიდი გრძნობითვე პასუხობდა. ამასთანავე, თავისი სამხედრო ცხოვრების ეპიზოდებს უყვებოდა, მომავალ პროექტებსა და მომავალ ფანტასტიკურ გეგმებს უხატავდა – ისინი ხომ მუდამ მრავლად ჰქონდა თავში! პატარა გოგოსაც მეტი რა უნდოდა – ზღაპრულ დევგმირად წარმოედგინა თავისი მეგობარი, ყველაზე ჭკვიან და ყველაზე მამაც ადამიანად.
    ამ რომანიდან სახეირო არაფერი გამოვიდა. პარიზში გადასვლის შემდეგ ნაპოლეონი შეიცვალა. რაც იქაურ მაღალ საზოგადოებაში გავიდა, იქაურ ლამაზმანებს დაუახლოვდა, დეზირე თანდათანობით მიივიწყა. სულ უფრო და უფრო იშვიათად უგზავნიდა წერილებს, მერე კი სულ შეუწყვი- ტა. პროვინციელი ქალიშვილი აღარ უნდოდა, რადგან უკვე პარიზელი ქალბატონები ეხატებოდა გულზე. ჟოზეფინასთან დაახლოებამ კი საბოლოო წერტილი დაუსვა მისი და მარსელელი კომერსანტის ასულის ურთიერთობას. ერთი მოკლე ბარათი გაუგზავნა ყოფილ შეყვარებულს და ამით გაათავა საქმე. ორი სიტყვით „აუხსნა“ თუ რატომ უნდა დაშორებოდნენ ერთმანეთს და რატომ უნდა გაყრილიყო მათი გზები.
    ძალიან განუცდია ბონაპარტის ღალატი დეზირეს. ბევრი უტირია და სასოწარკვეთასაც მისცემია. აი, ნაწყვეტები მისი წერილიდან: „თქვენ მე უბედური გამხადეთ, მაგრამ ჩემი სისუსტის გამო მაინც შეგინდობთ. საშინელებაა, რომ საწყალ დეზირეს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება თქვენ უყვარდეთ და თქვენზე იფიქროს... ახლა მხოლოდ სიკვდილი მინდა. დაე იმ ქალმა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ის ბედნიერება მოგანიჭოთ, რომელიც მე მსურდა თქვენთვის და რომლის ღირსიც თქვენა ხართ“ – ღირსეული ქალი ყოფილა დეზირე კლარი! მას არ შესძულებია თავისი უარისმყოფელი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში. ნაპოლეონისადმი სიყვარული და პატივისცემა ბოლომდე გაჰყოლია მას. რაც უფრო თავბრუდამხვევ სიმაღლეზე ადიოდა მისი ყოფილი სატრფო, მით უფრო უხაროდა ამ ქალს, ალბათ, ის ეამაყებოდა, ასე ახალგაზრდამ ასე ადრე რომ ამოიცნო და დაიჯერა მისი სიდიადე. პირად ცხოვრებაში იმედგაცრუებული, წინათგრძნობაში მაინც რომ არ მოტყუებულ, ესეც თავისებურ კმაყოფილებას ანიჭებდა. მაგრამ, თურმე მთლად არც ბონაპარტს დავიწყნია დეზირე. ეტყობა სინდისი ქენჯნიდა გენერალს და ამიტომ შორიდან ცდილობდა რაღაც მონაწილეობა მიეღო მისი შემდგომი ცხოვრების მოწყობაში: კერძოდ საქმროს შერჩევას ცდილობდა მიტოვებული ქალიშვილისათვის! თანაც თავის ყველაზე ახლობელთა – ჟიუნოსა და მარმონის – ხელს სთავაზობდა მას ასარჩევად...
    იტალიაში ლაშქრობის წინ ნიცაში ჩასვლამდე გენერალმა მარსელში გაიარა და დეზირე მოინახულა. ქალი სიხარულით, მაგრამ მშვიდად შეხვდა. საყვედურის სიტყვაც არ დასცდენია. ოღონდ მის მიერ შერჩეულ საქმროებზე ზრდილობიანად უარი უთხრა, გათხოვებას საერთოდ აღარ ვაპირებო, დაუმატა. მაგრამ ორი წლის შემდეგ, როცა ბონაპარტი შორს, ეგვიპტეში, იყო სალაშქროდ წასული, დეზირე მაინც გათხოვდა და გენერალ ბერნადოტს გაჰყვა ცოლად. მერე ნაპოლეონმა, როგორც ზოგიერთები ამბობდნენ, არც თუ დეზირეს პატივისცემის გარეშე, იგი იმპერიის მარშალი და პონტეკორვოს ჰერცოგი გახადა.
    ეგვიპტიდან დაბრუნებულ ბონაპარტს ახლა თვითონ დეზირე ეწვია და თავისი ახლადშეძენილი ვაჟიშვილი აჩვენა. თანაც ბავშვის მონათვლა სთხოვა. მარშალი ბერნადოტი 1810 წელს გადადგა სამსახურიდან, რადგან შვედეთის სამეფოს მემკვიდრე-პრინცად აირჩიეს. 1818 წელს კი იგი ამ ქვენის მეფე გახდა (შვედეთის სამეფო გგარი ახლაც ბერნადოტია). ასე რომ, დეზირე კლარის საფრანგეთის დედოფლობა თუ ვერ ეღირსა, შვედეთის ტახტზე მაინც მოუწია ჯდომა.
ივლისის შუა რიცხვებში ნაპოლეონი გენუის რესპუბლიკაში გააგზავნეს საგანგებო მისიით, ოფიციალურად, მას ამ რესპუბლიკაში საფრანგეთის საკონსულოს სრულუფლებიან წარმომადგენელთან უნდა განეხილა „ზოგიერთი საჭირო საკითხი“, არაოფიციალურად კი. როგორც შემდეგ საიდუმლო ინსტრუქციიდან გამოირკვა, ბონაპარტს, უმთავრესად, სადაზგერვო და სათვალთვალო მისია ჰქონია დავალებული. კერძოდ, მას უნდა დაეხვერა სავონისა და გენუის ციხეები და მათი მიმდებარე ადგილები; უნ- და შეეგროვებინა ყველა მონაცემი გენუელთა არტილერიის შესახებ; უნდა გამოერკვია გენუის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის უახლოესი მიზნები და. შეესწავლა თვით საფრანგეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ქცევა და მოქმედება სამოქალაქო თუ სამხედრო სფეროში. მარტო ამ ჩამონათვალის ზერელე გაცნობაც საკმარისია, რომ დავინახოთ, თუ რა მნიშვნელობის დავალება უნდა შეესრულებინა გენერალ ბონაპარტს.
    ამ მივლინების ინიციატორებად კონვენტის კომისრები ოგიუსტენ რობესპიერი და ჟან რიკორი ჩანდნენ. მაგრამ, ჩვენი აზრით, მათ ზურგს უკან აუცილებლად გენერალი ბონაპარტი იქნებოდა. ვიცით რა, რომ იტალიაში ახალი, დიდი ლაშქრობის გეგმა თვითონ ნაპოლეონის შედგენილი იყო, ვიცით რა აგრეთვე ისიც, რომ ეს გეგმა პარიზში დასამტკიცებლად რობესპიერ-უმცროსს მიჰქონდა და ამ უკანასკნელს თავისი ყოვლისშემძლე ძმის მეშვეობით, ალბათ, არ გაუჭირდებოდა მისი დამტკიცება, ლოგიკური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ მომავალი მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანესი პუნქტების დაზვერვის საქმე თვითონ გეგმის ავტორსა და მისი წარმატებით განხორციელების ყველაზე მეტ მსურველს – ნაპოლეონს – უნდა აეღო თავის თავზე. არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარიზის უმაღლეს წრეებში დამტკიცებული, ეგზომ მნიშვნელოვანი გეგმის ჩაშლა, ან თუნდაც მისი რაღაც წარუმატებლობა, იმ დროს გეგმის ავტორის სიცოცხლის თუ არა, კარიერის დასასრული მაინც შეიძლება გამხდარიყო.
    ამიტომ იყო, რომ ამ არცთუ უხიფათო ამოცანის შესრულებას თვით ბონაპარტი შეუდგა და თანაც დიდის გულმოდგინებით. გენუაში ნაპოლეონმა 16 დღე დაჰყო, საიდუმლო დავალება შეასრულა და 27 ივლისს ნიცას დაბრუნდა. ოგიუსტენ რობესპიერი მას უკვე პარიზს წასული დაუხვდა და ამიტომ გადაწყვიტა ჯერჯერობით თავისიანები მოენახულებინა. სალეში იგი ერთ კვირას დარჩა. ისვენებდა და მომავლის გეგმებს აწყობდა. კმაყოფილი და გახარებული იყო. როგორც იქნა იპოვა თავისი გზა ცხოვრებაში და მომავალი ტკბილმაცდურად უღიმოდა, თანაც უკვე არცთუ შორი მანძილიდან. რა იცოდა ბონაპარტემ, რომ სახალისოდ და სასიხარულოდ სულაც აღარ ჰქონდა საქმე...
    27 ივლისს, ანუ რესპუბლიკური კალენდრით 9 თერმიდორს (სწორედ იმ დღეს, როცა ნაპოლეონი გენუიდან დაბრუნდა), პარიზში იაკობინელების ხელისუფლება დაემხო, ხოლო მისი ლიდერები მეორე დღესვე სიკვდილით დასაჯეს. ეშაფოტზე დაამთავრეს თავიანთი სიცოცხლე ძმებმა რობესპიერებმა (დაპატიმრებისას ორივემ თავის მოკვლა სცადა: ერთმა, მაქსიმილიანმა, დამბაჩით, მეორემ ოგიუსტენმა – ფანჯრიდან გადავარდნით. ორივენი დასახიჩრდნენ, მაგრამ გადარჩნენ. ერთი დღით..).
    რადიკალ-მაქსიმალისტთა დიქტატურის დასასრული რევოლუციური პროცესის მთელი ეტაპის დასასრულს ნიშნავდა. ახლა საფრანგეთში ბევრი რამ შეიცვლებოდა, თანაც შეიცვლებოდა ძირფესვიანად. მაგრამ სანამ ეს ცვლილებები დაიწყებოდა, ახალ ხელისუფლებას ჯერ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაზე უნდა ეზრუნა. ამიტომ, ამ ძველი და ნაცადი ხერხის გამოყენებაზე არც „თერმიდორელებს“ უთქვამთ უარი. პირველი, რაც მათ გააკეთეს, ეს „რობესპიერელების“ ხელისუფლების სათავეებიდან ჩამოშორება და ზოგ შემთხვევაში, მათი ფიზიკური განადგურება იყო. ყველა დეპარტამენტში და ყველა არმიულ ნაწილში ძველი „სახალხო წარმომადგენლები“ ახლებით შეცვალეს, ამ უკანასკნელებმა კი მუშაობა, ცხადია, თავიანთი წინამორბედების დაპატიმრებითა და დევნით დაიწყეს.
    ახლა ბონაპარტისთვისაც შეიცვალა ყველაფერი. სულ მოკლე დროში, სულ რაღაც ერთ დღეში, საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროს ხელისუფალთა მრავლისშემძლე ფავორიტიდან იგი ეჭვმიტანილ და არასაიმედო პიროვნებად იქცა. პარიზული მოვლენების ექომ ნიცაშიც წამსვე პოვა გამოძახილი. კონვენტის ახალმა კომისრებმა – ალბიტმა და სალიჩეტიმ (თვითონაც რადიკალისტებმა, მაგრამ ახლა უკვე ახალი ხელისუფლების თავგამოდებულმა დამცველებმა) – მაშინვე თავიანთი ყოფილი თანამზრახველის, კომისარ ჟან რიკორის დაპატიმრება მოინდომეს. მაგრამ რიკორმა დროზე იყნოსა მოსალოდნელი საფრთხე და შვეიცარიაში გაიქცა. ეჭვმიტანილთა სიაში, რიკორის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი გენერალი ბონაპარტი იყო – ოგიუსტენ რობესპიერის ნდობით აღჭურვილი პირი და, საერთოდ, იაკობინელთა ხელისუფლების მომხრე და მხარდამჭერი. უკვე მარტო ამ გარემოების გამო ექვემდებარებოდა იგი დაპატიმრებას, ხოლო თუ მის საიდუმლოებით მოცულ მისიას გაიხსენებდნენ გენუაში – იქნებ დაპატიმრებაზე მეტსაც. ამიტომ კომისრებს არ დაუხანებიათ და ბონაპარტის დაპატიმრების განკარგულება გასცეს. აი ამ განკარგულების ტექსტი: „ფრანგი ხალხის სახელით – თავისუფლება, თანასწორობა. სახალხო წარმომადგენლები ალპურ და იტალიურ არმიებში ითვალისწინებენ რა იმ გარემოებას, რომ გენერალმა ბონაპარტმა, იტალიური არმიის არტილერიის უფროსმა, სრულიად დაკარგა მათი ნდობა ერთობ საეჭვო ქცევისა და, რაც მთავარია, გენუაში მისი ახლანდელი ვიზიტის გამო, ადგენენ შემდეგს: ბრიგადის გენერალი ბონაპარტი, იტალიური არმიის არტილერიის უფროსი, დროებით გადაყენებულია თანამდებობიდან. აღნიშნული არმიის მთავარსარდალს პირადი პასუხისმგებლობით ევალება მისი პატიმრობაში აყვანა და ძლიერი და სანდო ბადრაგით პარიზში, საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტში გაგზავნა. ყველა მისი საბუთი თუ ნივთი უნდა დაილუქოს. სახალხო წარმომადგენლების, სალიჩეტისა და ალბიტის, მიერ დანიშნული კომისრები ამ ქაღალდებისა და ნივთების აღწერილობას შეადგენენ. საეჭვოდ მიჩნეული ქაღალდები საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტში გაგზავნას ექვემდებარება.
    დადგენილია ბარსელონეტაში ერთიანი განუყოფელი და დემოკრატიული საფრანგეთის რესპუბლიკის II წლის 19 თერმიდორს (1794 წლის I აგვისტო).
    ხელისმომწერნი ალბიტი, სალიჩეტი, ლაპორტი.
    ასლი დედანთან სწორია: იტალიური არმიის მთავარსარდალი დუმერბიონი“
    აღნიშნული განკარგულების საფუძველზე ნაპოლეონი დააპატიმრეს და ანტიბთან ახლოს მდებარე კარეს ციხეში ჩასვეს. მძიმე დღეები დაუდგა გენერალ ბონაპარტს. რობესპიერთან დაახლოებული პირი, თანაც, საფ- რანგეთის რესპუბლიკის მტრებთან კონტაქტში მყოფი, პარიზში საზოგადოებრივი ხსნის მრისხანე კომიტეტის წინაშე უნდა წამდგარიყო. დიდი მკითხაობა არ უნდა დასჭირებოდა იმ საკითხს, თუ როგორი იქნებოდა განაჩენი. ახალგაზრდა გენერლის თავზე გილიოტინის სამკუთხა ნაჯახი აღიმართა. საფრთხეს, ცხადია, ბონაპარტის ერთგული თანამებრძოლებიც გრძნობდნენ. მათგან ყველაზე დაახლოვებულებმა: ჟიუნომ, მარმონმა და სებასტიანიმ გადაწყვიტეს კარეს საპატიმროს დასცემოდნენ, დაცვა ამოეხოცათ, მათი უფროსი გამოეხსნათ და შემდეგ, ყველანი ერთად გენუაში გაქცეულიყვნენ. მეგობრებმა მოახერხეს ეს განზრახვა პატიმრისათვის ეცნობებინათ. ბონაპარტმა მათ მადლობა შემოუთვალა, მაგრამ სთხოვა განზრახგაზე ხელი აეღოთ. მას თავის გამართლების იმედი ჰქონდა, რადგან არავითარი დანაშაული არ მიუძღოდა, ხოლო თუ გაიქცეოდა, ამით მისი საბოლოო კომპრომეტირება მოხდებოდა. მართლაც, გაქცევის შემთხვევაში, ბონაპარტს საფრანგეთის დატოვება მოუწევდა და შემდეგ იგი, ძალაუნებურად, რევოლუციის მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდებოდა. ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორე ქვეყნიდან გაქცევა, ცხოვრების ხელახლა, ამჯერად მესამედ, თავიდან დაწყება, შინაურების მიტოვება და, რაც მთავარია, იმათ რიგებში ჩადგომა, ვისაც ასე თავგამოდებით ებრძოდა აქამდე, აშკარად მეტისმეტი იყო და ამას ბონაპარტი ვერ გააკეთებდა. ამიტომ იყო, რომ მან თავის მართლების სარისკო ვარიანტი აირჩია.
    როგორც დავინახეთ, ბონაპარტის დაპატიმრების ქაღალდზე ხელს მისი კეთილისმყოფელი, სახალხო წარმომადგენელი ქრისტოფორო სალიჩეტიც აწერდა (ორი სხვა კომისარი – ალბიტი და ლაპორტი – ბონაპარტს არც კი იცნობდნენ).
    სალიჩესტი კორსიკელი იყო. იგი მგზნებარე რევოლუციონერი გახლდათ და კუნძულის საფრანგეთისაგან გამოყოფის წინააღმდეგი იყო. ერთი პერიოდი ის და ბუონაპარტე ერთად იბრძოდნენ პაოლის სეპარატიზმის წინააღმდეგ. იმ ჟამისათვის კი სალიჩეტის, ისე როგორც ბონაპარტს, სამშობლოდან ფეხი ამოკვეთილი ჰქონდა. სალიჩეტი ყოველთვის მაღალი აზრისა იყო ნაპოლეონის პროფესიულ ღირსებებზე და ყოველმხრივ ეხმარებოდა მას. ეს ხომ სალიჩეტის დამსახურება იყო, კაპიტანი ბონაპარტი რომ ტულონის გარემომცველი ჯარის არტილერიის უფროსად დაინიშნა. ახლა კი სალიჩეტი თავის პროტეჟეს საფლავს უთხრიდა – რითი შეიძლება მისი ასეთი მოქმედების ახსნა? აქ, ალბათ, ორი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას: ერთი ის, რომ სალიჩეტის, როგორც თავგამოდებულ რევოლუციონერს, ყველგან და ყოველთვის მტრის აგენტები ელანდებოდა, ხოლო ბონაპარტმა უკანასკნელ თვეებში ახლადმოვლენილი ხელისუფლებისათვის საეჭვო და საშიში პიროვნების სახელი დაიმკვიდრა. ასეთი კაცი ბონაპარტს კი არა, მასზე ბევრად უფრო დაახლოებულ პირს არ დაინდობდა. მეორე ვარაუდი შეიძლება იყოს ის, რომ სალიჩეტის, თვითონაც იაკობინელს, თერმიდორელების შეეშინდა და თავის დაზღვევის მიზეზით პროფილაქტიკური ზომები მიიღო. მით უმეტეს, რომ თავისი წინამორბედი კომისარი რიკორი მას საზღვარგარეთ გაექცა და ამით არმიაში შეთქმულების კერის არსებობის ეჭვი გააძლიერა.
    ნაპოლეონმა საპატიმროდან პროტესტის წერილით მიმართა კონვენტის წარმომადგენელთ ნიცაში. ეს წერილი დაწერილია დიდის მგზნებარებით და ამავე დროს, აღსავსეა ღირსებითა და საკუთარი თავისადმი პატივისცემით. „– მე ჩირქი მომცხეს ისე, რომ არც კი მომისმინეს, წერდა წერილში გენერალი ბონაპარტი – პატრიოტზე ეჭვის მიტანა იმის ტოლფასია, რომ მას წაართვა ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია: ნდობა და პატივისცემა, რომლითაც ის სარგებლობს. განა, მე რევოლუციის დაწყებიდანვე მუდამ მისი პრინციპების ერთგული არ ვიყავი? განა, არ ვიბრძოდი მე, ყველას დასანახად, ხან შინაური მტრის, ხან კი, როგორც სამხედრო პირი, უცხოელთა წინააღმდეგ? მე უარი ვთქვი სამშობლოში ცხოვრებაზე, მივატოვე ჩემი ქონება და ყველაფერი რესპუბლიკას შევწირე. უფრო მოგვიანებით, მე ვიბრძოლე და თავი გამოვიჩინე ტულონთან, ხოლო იტალიურ არმიაში მოქმედებისას მე მასთან ერთად დავიმსახურე ის დიდება, რომელსაც მან მიაღწია საორჯოს, ონელიას და ტანაროს აღებისას. რობესპიერის შეთქმულების გამჟღავნებისას მე ვიქცეოდი ისე, როგორც ეს პრინციპების მიხედვით მოქმედ ადამიანს შეეფერება. მაშ, რაღად გამომაცხადეთ საეჭვო პირად ისე, რომ არც მომისმინეთ? რატომ დამაპატიმრეთ მე ტირანის სიკვდილის ერთი კვირისთავზე? მე საეჭვო პირად გამომაცხადეთ და ჩემი საბუთები დალუქეთ. პირიქით კი უნდა მოქცეულიყავით: უნდა დაგელუქათ ჩემი საბუთები, მოგესმინათ ჩემთვის და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი რაიმე საბაბს იპოვიდით, გამოგეცხადებინეთ ეჭვმიტანილად... სალიჩეტი, შენ მე მიცნობ; შეგიმჩნევია ჩემგან რაიმე ამ ხუთ წელიწადში ისეთი, რაც რევოლუციისათვის საეჭვო იქნებოდა? ალბიტ, შენ მე არ მიცნობ. შენ არავითარი სარწმუნო ფაქტი არ გაგაჩნია და მაინც არ მომისმინე. შენ ხომ კარგად იცი, რა იოლია ცილისწამება?- მომისმინეთ, მომაშორეთ ეს დამღა და დამიბრუნეთ პატრიოტების პატივისცემა. ხოლო თუ კაცთმოძულეთ მაინც დასჭირდებათ ჩემი სიცოცხლე, მე მზადა ვარ, რადგან ძალიან ნაკლებად ვუფრთხილდები მას! მე ხომ ასე ხშირად გამიწირავს თავი! და მხოლოდ იმიტომ ვეწევი სიცოცხლის მძიმე ჭაპანს, რომ ვიცი როგორ გამოადგება იგი სამშობლოს“.
    ძნელი სათქმელია, ამ ემოციურმა წერილმა იხსნა გენერალი, თუ იმ გარემოებამ, რომ სამხრეთ საფრანგეთში მდგომარეობა გაუარესდა, რესპუბლიკის მტრები გააქტიურდნენ, ხოლო ახალ ხელისუფლებას სამეთაურო კადრები იმდენი აღარ ჰყავდა, რომ ასე იოლად შელეოდა მათ (ასეთი ვარიანტიც არსებობს). ერთი კია, წერილმა უდავოდ მიიქცია მათი ყურადღება, ვისაც ეს ეკითხებოდა. გულმოდგინე გამოძიებამ ვერაფერი საეჭვო ვერ დაადგინა. ორი კვირის შემდეგ ბონაპარტი გაათავისუფლეს და ძველიწოდება აღუდგინეს. ამბობენ, ამ ამბებში ისევ ქრისტოფორო სალიჩეტი დაეხმარა მასო. როგორც ჩანს, ასეც იყო. სალიჩეტის მთავარი დახმარება ის იყო, რომ, პირვანდელი განკარგულების საწინააღმდეგოდ, ბონაპარტი მან პარიზს არ გააგზავნა. იმ არეულ დროს დედაქალაქში ასეთი ბრალდების მქონე პატიმრის ჩაყვანა მის უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა. ასე რომ, სალიჩეტიმ მაინც გაუკეთა ბონაპარტს სასიკეთო საქმე (მომავალში, თავგამოდებული რესპუბლიკელი სალიჩეტი მეტად ერთგულად ემსახურებოდა ნაპოლეონის ძმას ჟოზეფს, ნეაპოლის სამეფოში პოლიციისა და სამხედრო მინისტრის პოსტზე და იქაურ რევოლუციონერებს არ აძლევდა გასაქანს.
    აი, ასეთი გახდა შემდეგში მოქალაქე კომისარი. თუმცა ვიღას უკვირდა მაშინ მეამბოხე რევოლუციონერთა ასეთი ფერისცვალება, სალიჩეტისა რომ გაჰკვირვებოდათ..).
    ბონაპარტი ისევ თავისუფალი იყო. ისევ თავის ნაცნობ-მეგობრების წრეში დაბრუნდა, მაგრამ ძველი დამოკიდებულება ხელისუფალთაგან მის მიმართ აღარ იგრძნობოდა. მართალია, მთავარსარდალი დუმერბიონი ისევ აფასებდა და მის რჩევებს იღებდა, მაგრამ ამ რჩევების შესრულება აღარავის სურდა. ფართომასშტაბიან ოპერაციას პარიზის თანხმობა უნდოდა, ამ თანხმობას კი მოპოვება სჭირდებოდა. ჰოდა, ვიღა მოუპოვებდა ახლა ამ თანხმობას გენერალ ბონაპარტს, „მოღალატე რობესპიერების“ ფავორიტსა და გვერდში მდგომს? არც იტალიური არმიის სარდლობა იტკივებდა, მაინცადამაინც, თავს მისი სარისკო გეგმების ცხოვრებაში გატარებით. ასე რომ, ნელ–ნელა ბონაპარტი „იტალიურ“ არმიაში ზედმეტი კაცი ხდებოდა.
    ცოტა ხანში კორსიკიდან გამოქცეულმა ემიგრანტებმა ხელისუფლებისაგან საზღვაო ოპერაციის ჩატარების ნებართვა აიღეს, კუნძულის ინგლისელთა ხელიდან გამოხსნის მიზნით. მათ ამ მხრივ სერიოზული მზადებაც დაიწყეს და გენერალი ბონაპარტი საექსპედიციო რაზმის არტილერიის უფროსად მიიწვიეს. ბონაპარტი დათანხმდა, თუმცა ოპერაციის წარმატების იმედი არ ჰქონდა. ასეც მოხდა. ამ ექსპედიციიდან არაფერი გამოვიდა, იგი ჩანასახშივე ჩაიშალა და ბონაპარტი კვლავ უადგილოდ დარჩა. მისი შუამდგომლობა უმაღლეს სამხედრო უწყებაში კარგა ხანს უპასუხოდ რჩებოდა, ხოლო როცა პასუხი მოვიდა, აღმოჩნდა, რომ მას, არტილერიის გენერალს და ამ საქმეში უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილს, ქვეით ჯარში გადასვლას და ერთი ბრიგადის მეთაურობას სთავაზობდნენ. თანაც სად, საფრანგეთის დასავლეთ პროვინციაში, ამბოხებულ ვანდეაში! უცხოელებთან ბრძოლის ნაცვლად, მას სამოქალაქო ომში მონაწილეობას სთავაზობდნენ. ნაპოლეონის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. მარმონი მოგვიანებით ასეთ ახსნას აძლევდა ნაპოლეონის ამ აღშფოთებას: ვისაც მაშინ არტილერიაში არ უმსახურია, ის ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორი ამრეზით უყურებდნენ ქვეით ჯარს არტილერიის ოფიცრებიო. მართლაც, არტილერია არმიის ელიტარულ ნაწილს ეკუთვნოდა და ბონაპარტიც ვერ შეელეოდა მას, ამიტომ იყო, რომ ეს უკანასკნელი სულაც არ ჩქარობდა პარიზში წასვლას და ახალი თანამდებობის ჩაბარებას. მხოლოდ 1795 წლის მაისში გაუდგა ის დედაქალაქის გზას, თანაც ჯერ მარსელში გაიარა და იქაც საკმაო ხანს დარჩა. გენერალმა თან თავისი ძმა ლუი და კიდევ ორი თანამებრძოლი – ჟიუნო და მარმონი – წაიყვანა.
    ანდოშ ჟიუნო ნაპოლეონზე ორი წლით იყო უმცროსი. იგი ბონაპარტმა ტულონის ალყის დროს გაიცნო და დაიახლოვა. ჟიუნოს კალიგრაფიული ხელი აღმოაჩნდა და არტილერიის უფროსი თავის განკარგულებებს აწერინებდა. როგორც ბევრი მაშინდელი ოფიცერი, ჟიუნოც თავზეხელაღებული სიმამაცისა იყო და ერთი კურიოზული შემთხვევის წყალობითმოინადირა მომავალი იმპერატორის გული. მოწინააღმდეგესთან გააფთრებული საარტილერიო დუელის დროს ზარბაზნის ლაფეტზე გადაწოლილი ჟიუნო ბონაპარტის ნაკარნახევს იწერდა. ამ დროს მტრის ერთი ყუმბარა მათთან ძალიან ახლოს გასკდა და ჟიუნოსაცა და მის ნაწერსაც ბლომად მიწა გადააყარა. ჟიუნო წამოდგა, მიწა ჩამოიბერტყა და როცა თავის ქაღალდებს შეხედა, სიცილით წამოიძახა: „რა კარგია, მელნის გასაშრობად ნაწერზე სილის მოყრა აღარ დამჭირდებაო“. ნაპოლეონს უტყუარი ალლო ჰქონდა და მაშინვე მიხვდა: ასეთი კაცი გვერდიდან მოსაშორებელი არ იყო. არც მოუშორებია და არც მოტყუებულა არჩევანში. ჟიუნოზე ერთგული ცოტა ვინმე ჰყავდა მას ცხოვრებაში (როცა ჟიუნოს მამას გაუგია ჩემი შვილი ვიღაც გენერალ ბონაპარტის ადიუტანტიაო, კაცს გულზე შემოჰყრია, ვინ არის ეს გენერალი, რა გაუკეთებია, რა აზრი აქვს მაგასთან სამსახურსო).
    სულ სხვა კაცი იყო ოგიუსტ ფრედერიკ ლუი დე მარმონი. ჟიუნოსაგან განსხვავებით, რომელიც გლეხური წარმოშობისა იყო, მარმონს „კარგი გვარი“ ჰქონდა – აზნაურთა წრიდან გახლდათ. ის უფრო ცივი გონებისა და ანგარიშის კაცი იყო. თუმცა ეს მერე, მოგვიანებით გახდა ცნობილი, მაშინ კი ისიც ისეთივე ერთგული იყო თავისი მეთაურისა, როგორც ბევრი სხვა და ისიც თვალებში შეჰყურებდა მას.
    პარიზისაკენ მიმავალმა მეგობრებმა გზად სენისპირა ქალაქ შატიიონში შეიარეს. ჟიუნოცა და მარმონიც იმ მიდამშოდან იყვნენ. რამდენიმე დღეს ისინი მარმონის მამის სახლში სტუმრობდნენ და გვარიანადაც მომაგრდნენ, რადგან თავიანთ, უკვე საკმაოდ გამოფხეკილი ჯიბეების პატრონებს გზაში, მაინცდამაინც, ვერ გაეშალათ ფრთები.
    პარიზში მეგობრები 28 მაისს ჩავიდნენ და მთელი დღე იაფფასიანი სასტუმროს ძებნაში გაატარეს. ბოლოს, როგორც იქნა, იპოვეს მათი შესაძლებლობებისათვის შესაფერისი საცხოვრებელი მონმარტრის უბანში და იქ დაბინავდნენ.
    პარიზი იმ დღეებში სანკიულოტთა ამასწინანდელი, ე. წ. პრერიალის, აჯანყების შემდგომ შოკში იმყოფებოდა, აჯანყება, რომელმაც ასე შეაშინა თერმიდორელები და მათი მრავალრიცხოვანი მომხრეები, სისხლში ჩაახშეს. გენერალ პიშეგრიუს ეს არ გასჭირვებია. ყველასათვის მოულოდნელად ამბოხება მხოლოოდ 2 დღეს გაგრძელდა. პარიზელ პლებეებს, რომელთაც ახლა ცხოვრების კიდევ უფრო ძნელი პირობები ჰქონდათ, ვიდრე ადრე, დახმარება არავინ გაუწია. ამბოხება სტიქიური იყო, მაგრამ მისთვის ნიადაგი სოციალურ-პოლიტიკურმა ვითარებამ შეამზადა. ინფლაციის სწრაფი ზრდა, პურის გაძვირება და მისი ნაკლებობა, სპეკულაცია, ამ საქმის ერთი, ეკონომიკური, მხარე იყო, მაგრამ იყო სხვა მხარეც, პოლიტიკური.
    მემარცხენე რადიკალისტების (ბაბეფისა და მისი მიმდევრების) აგიტაცია – უკან, 1793 წლის კონსტიტუციის აღდგენისაკენ რომ მოუწოდებდნენ უღარიბესებს. ამავე დროს იყო ლოზუნგების შიმშილიც – უკანასკნელ წლებში შეჩვეულ მიტინგებს, დემონსტრაციებს, საჩვენებელ პროცესებსა და სიკვდილით დასჯის სანახაობებს ერთბაშად ვერ ეთხოვებოდნენ იაკობინელებიცა და მათი გულშემატკივრებიც. მაგრამ მათი ცდიდან არაფერი გამოვიდა. და მაინც, მიუხედავად აჯანყების ჩახშობისა, „ზომიერი პარიზი“ წინა წლების „უზომობას“ იხსენებდა და მისი გამეორებისა ეშინოდა.
იაკობინელთა ხელისუფლების დამხობასა და ქვეყნის საშინაო პოლიტიკის შეცვლას არ გამოუწვევია ანალოგიური ცვლილებები საგარეო თუ სამხედრო პოლიტიკაში. ისევ გრძელდებოდა ომი მოწინააღმდეგის ტერიტორიების „გასათავისუფლებლაღდ“ და იქ რესპუბლიკური რეჟიმების დასამყარებლად. ევროპაში მაშინ ხატოვან გამოთქმასაც იყენებდნენ: „რევოლუცია საფრანგეთში დასრულდა და ახლა ევროპაში გადაინაცვლაო“. 1793 წლის ძალისხმევამ ნაყოფი მომდევნო წელს გამოიღო. 1794 წელი რესპუბლიოკური არმიების გამარჯვებათა წელი იყო. საფრანგეთი, ერთდროულად, რამდენიმე ფრონტზე იბრძოდა და თითქმის ყველგან წარმატებას აღწევდა. ფრანგებს უზარმაზარი არმია ჰყავდათ: მისი რიცხვი იმ დროს უკვე მილიონს აჭარბებდა, რაც გაუგონარი რამ იყო. ამ არმიებს სათავეში ომებსა და ლაშქრობებში დაწინაურებული და გამობრძმედილი სარდლები ჰყავდა, რომელთა სამხედრო ოსტატობა ბევრად აღემატებოდა ფეოდალური ევროპის მოძველებული სამხედრო დოქტრინის წარმომადგენლების შესაძლებლობებს. ჟურდანის, მოროს, პიშეგრიუს და სხვა რესპუბლიკელი გენერლების სახელები ევროპაში ქუხდა.
    ფრანგთა ჯარებმა დაიკავეს ბელგია, ჰოლანდია, რაინის მარცხენა ნაპირი და საომარი მოქმედება მის მარჯვენა მხარეზე გადაიტანეს. სამხრეთში მათმა არმიამ პირენეები გადალახა და ესპანეთის რამდენიმე პროვინცია დაიკავა (ამ ტერიტორიების დაკავებას, ცხადია, მათი „განთავისუფლება“ ეწოდებოდა).
    კოალიციის ქვეყნების ჯარების ასეთმა საყოველთაო და, პრინციპში, სამარცხვინო დამარცხებებმა, ამ ქვეყნების პოლიტიკური წრეები საგონებელში ჩააგდო. როგორც მათთვის ნათელი გახდა, საფრანგეთის დამარცხება ძალიან ძნელი საქმე აღმოჩნდა და ამდენი ხარჯი თუ სამხედრო ძალისხმევა, ძირითადად, ფუჭი გამოდგა. კოალიციის წევრებს შორის განხეთქილება დაიწყო. ზოგმა მათგანმა (პრუსია, ესპანეთი) საფრანგეთთან სეპარატული მოლაპარაკებებიც კი დაიწყო საზავო ხელშეკრულების დასადებად. ანტიფრანგულ ბანაკს პირველი პრუსია გამოეთიშა. ეს უკანასკნელი ძალზე შეშფოთებული იყო რუსეთისა და ავსტრიის აქტიურობით პოლონეძთში, სადაც მაშინ მამაცი კოსტიუშკოს მეთაურობით განმათავისუფლებელი აჯანყება დაიწყო. როგორც ჩანდა, აჯანყებას წარმატება არ ექნებოდა და გამარჯვებული რუსეთი და ავსტრია პოლონეთს გაინაწილებდნენ.
    პრუსია რომ გვერდზე არ დარჩენილიყო, მას ზავი უნდა დაედო საფრანგეთთან და აღმოსავლეთის საქმეებისათვის მიეხედა. მართლაც, ამან მოლაპარაკების წარმატებირ დასრულებას შეუწყო ხელი და 1795 წლის 5 აპრილს საფრანგეთსა და პრუსიას შორის ქ. ბაზელში სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულების თანახმად, პრუსია, ფაქტობრივად, აღიარებდა საფრანგეთის მიერ რაინის მარცხენა ნაპირის დაკავებას, სამაგიეროდ ფრანგები მარჯვენა ნაპირს ათავისუფლებდნენ. იმავე წლის 22 ივლისს საზავო ხელშეკრულება, იმავე ბაზელში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორისაც დაიდო. ფრანგები ტოვებდნენ ესპანეთის ტერიტორიებს, მაგრამ სანაცვლოდ კუნძულ სანტა-დომინგოს იღებდნენ თავიანთ მფლობელობაში. ბაზელის ზავი ფრანგული დიპლომატიისა და თერმიდორული კონვენტის წარმატება იყო. საფრანგეთმა მოახერხა თავის მოწინააღმდეგეთა ბანაკის საგრძნობი შესუსტება, გამოთიშა რა მათი რიცხვიდან პრუსია და ესპანეთი.
    რობესპიერისა და მისი მომხრე ულტრების დიქტატურის დამხობას, ციხეებიდან უამრავი პატიმრის განთავისუფლება მოჰყვა. დაშინებული და დამფრთხალი მოქალაქეები რეალური თუ წარმოსახვითი საფარებიდან გამოვიდნენ და მეტ-ნაკლებად აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ნელ-ნელა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმაც თავისი დრო მოჭამეს (რევოლუციური კომიტეტები დაიშალა. პარიზში, მაგალითად, 48 კომიტეტიდან 1795 წლისათვის მხოლოდ 12 დარჩა, ისიც ძალზე შეკვეცილი უფლებებით), აკრძალულმა გაზეთებმა ისევ დაიწყეს გამოსვლა. მოკლედ, საზოგადოებრივი ცხოვრება გამოცოცხლდა. აი, ეკონომიკური კი ისევ ისეთ მდგომარეობაში დარჩა, ის კი არა, უფრო გაუარესდა კიდეც და ეს გარემოება რადიკალიზმის აღორძინების საშიშროებას ქმნიდა.
    პრერიალის ამბებმა ახალი ხელისუფლება შეაშფოთა და რეპრესიული ზომების გატარება დააწყებინა. ციხეებში ისევ იმატა პატიმართა რაოდენობამ და ისევ იმატა გილიოტინაზე „დაქორწინებულთა“ რიცხემაც, ოღონდ დასასჯელთა რიგებს ახლა იაკობინელები შეადგენდნენ. აი, ასეთ დროს მოხვდა პარიზში იაკობინელთა კლუბის ყოფილი წევრი „იტალიური“ არმიის არტილერიის ყოფილი უფროსი გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი.
    ნაპოლეონს პარიზში დამხმარე ბევრი არავინ ეგულებოდა და ამიტომ სამხედრო უწყებაში მისვლისას მხოლოდ თავისი თავის იმედი უნდა ჰქონოდა. საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის სამხედრო განყოფილებას (ფაქტობრივად, სამხედრო სამინისტროს) იმხანად ორმოცდაათ წელს გადაცილებული ფრანსუა ობრი ხელმძღვანელობდა. ობრი იაკობინელთა ბატონობის დროს ციხეში იჯდა და გარეთ მხოლოდ თერმიდორელთა გამარჯვების შედეგად გამოვიდა. ამიტომ იაკობინური წარსულის მქონე გენერლის დანახვა მას დიდად არ ესიამოვნა. ობრის გაღიზიანების სხვა „საფუძველიც“ ჰქონდა. ისევე, როგორც ბონაპარტი, ობრიც არტილერისტი იყო, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის გახლდათ, რომ ობრი თავის სიცოცხლეში ფრონტზე არ ყოფილა, ხოლო მასზე ორჯერ უმცროსი კორსიკელი ბრძოლის ცეცხლშიც იყო და გენერლობაც იქ მოიპოვა.
    ობრი ცივად შეხვდა ბონაპარტს და მას ნორმალური სამსახურის შოვნის იმედი გადაუწურა. ნაპოლეონი გაფიცხდა, ხმამაღლა დაუწყო უწყების უფროსს თავის დამსახურებებზე ლაპარაკი. რაც მეტი საბუთი მოჰყავდა თაგის სასარგებლოდ და რაც უფრო სამართლიანი იყო მისი მოთხოვნა, მით უფრო ცივი და უკარება ხდებოდა ობრი. ამ უკანასკნელს უარისათვის რეალური საბაბი არ ჰქონდა და ეს უფრო აღიზიანებდა მას. ბოლოს, როცა ბონაპარტმა ობრის ყველა არგუმენტი გააბათილა, უწყების უფროსმა ერთი უკანასკნელი, ყველაზე „საფუძვლიანი“ მოიყვანა: „იცით, თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ, ამიტომ ჯერ გზა მოხუცებს უნდა დაუთმოთო“. ნაპოლეონი აღშფოთებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ხმამაღლა გაიცინებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მან პირქუშად მიუგო „შტაბის ვირთხას“: „ბრძოლის ველზე ადრე ბერდებიან, მე კი იქიდან მოვდივარო“, შეტრიალდა და წავიდა.
    ასეთი გზით არაფერი გამოვიდა. ისევ ნაცნობებისა და ახლობლების ძებნა გახდა საჭირო. ბოლოს როგორც იქნა მიაკვლია თავის „ძველ ნაცნობებს“ – ტულონის ალყის თანამონაწილე ბარასსა და ფრერონს. ერთიც და მეორეც ყოფილი იაკობინელები, მაშინ კონვენტის მრავლისშემძლე წევრები, ახლა პარიზში კიდევ უფრო მომძლავრებულიყვნენ. ეს განსაკუთრებით ბარასს შეეხებოდა, თერმიდორელთა აჯანყების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრსა და მოთავეს. ბარასმა შემდგომ დიდი როლი ითამაშა ბონაპარტის წინსვლაში, მაგრამ მაშინ მან მხოლოდ ის შეძლო, რომ სამხედრო სამინისტროს მისი პარიზში დატოვების ნებართვა გამოსთხოვა. ბარასის მეშვეობით ვანდეაში გამგზავრებას და სამოქალაქო ომში მონაწილეობას კი ასცდა ნაპოლეონი, მაგრამ პარიზში დატოვება მას ხელფასის დატოვებად დაუჯდა: სამხედრო სამინისტროს განკარგულება გენერალ ბონაპარტს ჯამაგირის გარეშე ტოვებდა. სხვა რა ჩარა იყო, უნდა შერიგებოდა ასეთ სიურპრიზს გენერალი. მისი ტულონის გმირობა, ან მისი მიღწევები ზღვისპირეთის ალპებში ახლა აღარავის ახსოვდა). უფულოდ პარიზში ყოფნა კი ვერაფერი საქმე იყო. არსებობის ერთადერთ წყაროდ ჟიუნოს მამა რჩებოდა – შვილი ყოველგვარ ეშმაკობაზე მიდიოდა, მამისათვის რომ როგორმე ფული დაეცანცლა. მეგობრებმა სადღაც სამფრანკიანი ოთახი გამოძებნეს და ის იქირავეს. საქმე დიდად არ აწუხებდათ და ნახევრადმშივრები პარიზის ქუჩებში დაეხეტებოდნენ. ნაპოლეონი ფოსტას აკითხავდა ხშირად, რადგან თავის გულის სწორს ეჟენი-დეზირეს სწერდა მარსელში წერილებს და მისგანაც იღებდა საპასუხოს. ყოველდღე ბიბლიოთეკებში დადიოდა, ბევრს კითხულობდა, მაგრამ მაინც უსაქმოდ იყო, ხოლო ასე ყოფნა არ შეეძლო. ცოტა ხნის შემდეგ! იგი ობსერვატორიაში მივიდა და სახელგანთქმულ ლალანდთან დაიწყო ასტრონომიაში მეცადინეობა. იმ პერიოდშივე დაუახლოვდა ფრანსუა-ჟოზეფ ტალმას, მომავალ გამოჩენილ მსახიობს, მაშინ კი „ფრანგული თეატრის“ დამწყებ აქტიორს, რომელსაც ბევრი არაფერი ებადა, მაგრამ ბონაპარტზე მეტი ფული მაინც ჰქონდა და ხანდახან ეხმარებოდა კიდეც მას. თუმცა ბონაპარტი ფულზე მეტად ტალმას სხვა დახმარებას უფრო აფასებდა – ეს უკანასკნელი თეატრის ბილეთებს აძლევდა მას და ნაპოლეონს სახელგანთქმული თეატრის თითქმის მთელი რეპერტუარის ნახვა შეეძლო (მსახიობობისა და გარდასახვის ნიჭი თვითონაც კარგი ჰქონდა; როგორც მისი ახალგაზრდობის მომსწრენი იგონებდნენ, მომავალი იმპერატორი სხვადასხვა საღამოებსა და თავყრილობებზე არცთუ ურიგოდ ბაძავდა და აჯავრებდა ზოგიერთ ცნობილ პიროვნებას. ცოტა დრო რომ გავიდა, ნაპოლეონმა თვით ტალმასაც დაუწყო „რეჟისორულად“ აღ- ზრდა. „ტალმა, ეუბნებოდა ის, შენ სცენაზე ყვირი და არაბუნებრივად იქნევ ხელებს. აბა, დაუკვირდი, განა ასე ხდება ცხოვრებაში?“ როგორც ეტყობა, გენერალი ბონაპარტი თეატრში რეალისტურ მიმდინარეობას უჭერდა მხარს.
    ტალმა თავისი ეპოქის მსახიობი იყო და რომანტიკულ როლებს ასრულებდა, თანაც, როგორც ჩანს, ზედმეტი მონდომებითაც, რადგან ნაპოლეონი სიცილით ამბობდა მასზე: „ტალმას ტემპერამენტი დისტანციას საჭიროებსო“). გენერალი ბონაპარტი კაპიტან ჟიუნოს მამის ფულით კი ცხოვრობდა, მაგრამ როცა პაოლეტაზე შეყვარებულმა ჟიუნომ მის დაზე დაქორწინების ნება სთხოვა, – მან უარი უთხრა – არც შენა და არც პაოლეტას ფული არა გაქვთო; მამაშენი კი დაგიტოვებს ქონებას, მაგრამ, ვინ იცის, ეს როდის მოხდება, ხომ ხედავ რა ჯანმრთელი კაციაო, ამიტომ არაფერი გამოგივათ, უნდა მოიცათთთო. ჟიუნოსაც რაღა დარჩენოდა, უნდა მოეცადა (ცდა დიდხანს არ დასჭირვებია, რადგან მალე იგი სხვა გზას დაადგა). როცა ფული შემოელეოდათ, ნაპოლეონს ჟიუნო მადამ პერმონის ოჯახში მიჰყავდა სადილზე. ამ ქალბატონს ნაპოლეონი დიდი ხანია იცნობდა. მას ორი შვილი ჰყავდა და მართალია, ქვრივი იყო, გაჭირვებული მაინც არ ეთქმოდა, ყოველ შემთხვევაში, ორი დამშეული ოფიცრის დაპურება მუდამ შეეძლო. ამ ოჯახში სტუმრობისას, ჟიუნო მადამ პერმონის ქალიშვილს, ლაურას დაუახლოვდა და შემდეგ ცოლადაც შეირთო (მრავალი წლის შემდეგ, ლაურამ, ჟიუნოს ქვრივმა, ჰერცოგინია აბრანტესისამ, მემუარების მოზრდილი წიგნი გამოაქვეყნა, სადაც საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო ერთი უსამსახუროდ დარჩენილი არტილერიის გენერლისა და მისი ერთგული ადიუტანტის გაჭირვებულ პარიზულ ცხოვრებას).
    დროდადრო ნაპოლეონი სამხედრო სამინისტროსაც აკითხავდა, მაგრამ სანამ იქ ობრი იჯდა, არაფერი გამოდიოდა. ამ შტაბის ვირთხას კარგად დამახსოვრებოდა ეს თავნება გენერალი და ამიტომ, მისი მეოხებით, სამსახურის შოვნაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ერთ მშვენიერ დღეს კი ბონაპარტს აცნობეს, რომ ობრი სხვაგან გადაუყვანიათ და მის ნაცვლად სამხედრო უწყებას ახლა დულცე დე პონტეკულანი ზელმძღვანელობსო. ნაპოლეონი მასთან მივიდა და კარგა ხანს ესაუბრა. პონტეკულანს ძალიან მოეწონა ეს უცნაური მნახველი და მასზე კიდევ უფრო მეტად მისი გეგმები. ნაპოლეონმა იტალიის საომარ ასპარეზზე საფრანგეთის არმიის მოქმედების შესაძლო ვარიანტების მთელი სერია გააცნო მას და გულწრფელადაც განაცვიფრა.
    სამხედრო უწყების ხელმძღვანელებმა იგი დაუყოვნებლივ ტოპოგრაფიულ ბიუროში გაამწესეს, სადაც მაშინ არმიისათვის სამოქმედო გეგმებს ადგენდნენ. ადრე ამ საქმეს თვით ლაზარ კარნო ასრულებდა, გამარჯვებათა გამოჩენილი ორგანიზატორი (ახლა კარნო, როგორც იაკობინელთა ერთ-ერთი მოთავე, საქმეს, ფაქტობრივად, ჩამოშორებული იყო). ნაპოლეონი ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა ახალ საქმეს. საქმე ბევრი იყო, მაგრამ არავითარი სიძნელე ამ მხრივ მას არ შეხვედრია, რადგან იტალიაში ლაშქრობის მრავალი ვარიანტი მას ჯერ კიდევ წლინახევრის წინ ჰქონდა დამუშავებული. სანამ ამ სამსახურს იშოვიდა, ნაპოლეონი სერიოზულად ცდილობდა სტამბოლში წასვლას და ოსმალეთის სულთნის სამსახურში ჩადგომას. იქ ფულიც ბევრი მექნება და ჩემი ცოდნის დამფასებლებიც გამოჩნდებიანო, ამბობდა. მაგრამ, როგორც დავინახეთ, მას ტოპოგრაფიულ დეპარტამენტში მისცეს ერთობ საპასუხისმგებლო ადგილი და სტამბოლში წასვლაც გადაიდო. გადაიდო, მაგრამ, როგორც ჩანს, თვით ნაპოლეონს ეს განზრახვა საბოლოოდ არ უარუყვია, რაც კარგად ჩანს იმხანად ჟოზეფისადმი მიწერილი მისი წერილიდან: „– საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის დადგენილება ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე ისეთი საქებარი სიტყვებითაა შედგენილი, რომ ვაი თუ ოსმალეთში აღარც კი გამიშვან! მაგრამ ვნახოთ, შეიძლება აქაც გამოვტყუო კამპანიის შესაძლებლობა“. როგორც ეტყობა, ეს მას მოუხერზებია, რადგან შემდეგ წერილში ის ძმას სიხარულით ატყობინებს: „ჩემი შეტევითი გეგმა მიღებულია და მალე ლომბარდიაში დიდი ამბები მოგველის. მოშავალში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვრო, ნამდვილმა ვაჟკაცმა მომავალი არაფრად უნდა ჩააგდოსო!.
    მართალია, ბონაპარტი მომავალში „კარგის მეტს ვერაფერს ხედავდა“, მაგრამ სინამდვილეში კარგი ვერაფერი გამოდიოდა. სამხედრო უწყებაში ნაპოლეონის კეთილისმყოფელი პონტეკულანი შარლ ლეტურნერმა შეცვალა. ეს მარტო უწყებრივი გადაადგილება არ აღმოჩნდა. შეიცვალა დამოკიდებულება იტალიაში მომავალი კამპანიისადმი და შეიცვალა დამოკიდებულება ამ კამპანიის გეგმის ავტორის მიმართაც. ბონაპარტმა ეს ძალიან მალე იგრძნო და ლეტურნერთან საუბრის შემდეგ პონტეკულანს უთხრა: „მე ამ ადამიანთან მუშაობა არ მსურსო“. მას თუ არ სურდა, კიდევ უფრო მეტად ეს ლეტურნერს არ სურდა. ამიტომ ისევ უადგილოდ დარჩა ბონაპარტი. და უკვე მერამდენედ მოეცარა ხელი!
    საოცარი იყო პირდაპირ, ასეთი შესაძლებლობების ადამიანი და ამდენი წარუმატებლობა დამოუკიდებელი ცხოვრების პირველივე დღეებიდან! ყველაზე ცუდი, ალბათ, ის იყო, რომ ყოველ წამოწყებას ჯერ იმედიანი დასაწყისი ჰქონდა, ხოლო შემდეგ უეცარი, მოულოდნელი და, როგორც წესი, ცუდი ფინალი.
    ძლიერი ნებისყოფის კაცი იყო ბონაპარტი, მაგრამ ბედის ასეთმა ცვალებადობამ მის ხასიათსაც დაასვა დაღი. ბევრ რამეზე გაუტყდა და აუცრუვდა გული, ბევრ რამეზე სხვანაირად დაიწყო ფიქრი. უსახსრობამ თავისი საყვარელი სამხედრო წიგნები გააყიდვინა. ადვილი წარმოსადგენია, რა ძნელად შეელეოდა მათ. მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. თითქოს, ვალანსისა და ოქსონის მძიმე დღეები დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ მაშინ ის სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელი ლეიტენანტი იყო, ახლა კი უკვე ბრძოლებში გამოვლილი და სათანადო წრეებში საკმაოდ აღიარებული გენერალი. ეს უკლავდა გულს. არ აფასებდნენ მას, არ სჯეროდათ მისი. მის გამო ოჯახის წევრებსაც მოხვდათ. ძმებმა სამსახური დაკარგეს (ლუსიენი ცოტა ხნით ციხეშიც კი ჩასვეს ზედმეტი რადიკალიზმის გამო). დედა და დები ისევ სიღარიბეში ჩაცვივდნენ. განიცდიდა ყველაფერ ამას. ჟოზეფს ხშირად წერდა წერილებს, ამხნევებდა, საკუთარ გაჭირვებას კი უმალავდა: შენ ხომ იცი, ჩემო მეგობარო, რომ მე მხოლოდ ჩემიანების კეთილდლეობისათვის ვცხოვრობო. მერეც, როცა ძმებსაც და დებსაც ევროპის სხვადასხვა სამეფოებსა თუ საჰერცოგოებს ჩამოურიგებს, ისევ ამ პრინციპზე იდგება. ისინი კი, რაც მეტს მიიღებდნენ, კიდევ უფრო მეტს მოითხოვდნენ, თითქოს რამის ღირსნი ყოფილიყვნენ ან რაიმე გაეკეთებინოთ საამისო. ეტყობა, ვერ ამოძირკვა ჟამთა მსვლელობამ და ცხოვრების ორომტრიალმა კორსიკული კლანური სულისკვეთება მასში. დინასტიურ მოტივებს რომ თავი გავანებოთ, როგორც ჩანს, მას ეს რაღაც მისტიკური ვალდებულებაც ამოძრავებდა თავისი გვარის წარმომადგენელთა მიმართ.
    მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ბონაპარტი ფარ-ხმალს არ ყრიდა. იგი კვლავ დაუბრუნდა ოსმალეთში გამგზავრების იდეას და იმჟამინდელ ხელისუფლებას მოხსენებითი ბარათი წარუდგინა. ბარათში ნაპოლეონი ოსმალეთისათვის სამხედრო დახმარების გაწევის აუცილებლობაზე მიუთითებდა. მისი აზრით, ასეთი დახმარება საჭირო იყო რუსეთთან მომავალი დაპირისპირების გასაწონასწორებლად. ცხადია, სტამბოლში ფრანგული მისიის ხელმძღვანელად ბონაპარტს თავისი თავი წარმოედგინა. ბარათი უპასუხოდ დარჩა. საფრანგეთის მაშინდელ ხელისუფალთ ასე შორეული გეგმებისათვის არ ეცალათ. რაღა უნდა ექნა ხელმოცარულ გენერალს?
    ახალი გზები და ახალი შესაძლებლობები უნდა ეძებნა. ეძებდა კიდეც. მაგრამ სანამ რამეს მოძებნიდა, არსებობა სჭირდებოდა. გასაყიდი აღარაფერი დარჩა, საკუთარი საათის გარდა და ისიც გაყიდა. ამით კიდევ რამდენიმე ხანს გაძლო. კვების საკითხს როგორღაც მაინც აგვარებდა, ბოლოსდაბოლოს, სტუმრად დადიოდა, მაგრამ ტანსაცმელს რაც შეეხებოდა, იგი მთლად უვარგისი გაუხდა, შემოაცვდა. გამხდარი, ავადმყოფური იერისა და ერთობ ღარიბულად ჩაცმული ბონაპარტი, გენერალს კი არა იმ მოხეტიალე უსახლკაროებს გავდა, რომლებიც იმხანად პარიზში ბლომად იყვნენ. აღწერდა რა ნაპოლეონის იმდროინდელ გარეგნობას, მაღალი საზოგადოების ერთი ქალბატონი შემდეგ იგონებდა: მაშინ მას ისეთი შესახედაობა ჰქონდა და ისეთი შელანძღული ტანისამოსი ეცვა, რომ ამგვარ კაცთან საღამოს, ტყისპირას, მარტოდ შეხვედრას ნამდვილად არ ინატრებდიო.
    მადამ პერმონის სახლში სტუმრობის გარდა, გენერალი ბონაპარტი იმ დროს ერთ-ორ სხვა პარიზელ მასპინძელთანაც დადიოდა. დედაქალაქში იგი თავის სკოლის ამხანაგს ბურიენსა და მის ახლადშერთულ მეუღლეს შეხვდა და მათი სტუმარიც გახდა. სტუმრობდა იგი ტალმასთანაც და როგორც ზემოთ ითქვა, მისი დახმარებითაც სარგებლობდა. რამდენიმეჯერ ბარასის სახლშიც იყო. ბარასი, რომელიც ახლა დიდი კაცი გამხდარიყო, თავის „ტულონელ ნაცნობს“ ცუდად არ იღებდა, მაგრამ რეალურ დახმარებას ვერ (არ?) უწევდა. ბარასთან გაიცნო ნაპოლეონმა მადამ ტერეზა ტალიენი. ცოტა ხანში, პარიზის ამ ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალმა ბონაპარტი თავის სახლში მიიწვია. პარიზი იმ დროს ის იყო ძველი ცხოვრებით იწყებდა ცხოვრებას, იაკობინურ ტერორს გადარჩენილნი ისევ მზის სინათლეზე გამოდიოდნენ. ისევ ახმაურდნენ საღამოობით შეძლებულთა უბნები. და ისევ გამოჩნდნენ მორთულ-მოკაზმული ეკიპაჟები ერთმანეთზე უფრო მდიდრულად ჩაცმული პარიზელებით. „ისევ სიმდიდრე და ფუფუნება, ისევ კარგი ტონი, ცეკვები და სანახაობები, განთქმული ლამაზმანები, ლექციები, ბიბლიოთეკები, სეირნობა და მეჯლისები – ყველაფერი ეს ისევ დაბრუნდა. ტერორი არავის ახსოვს, ისე როგორც წარსული სიზმარი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა ცდილობს, ის დრო აინაზღაუროს, რომელიც იმ კოშმარის დროს დაკარგა. გაურკვეველი მომავალი კი აიძულებს ყველას, არაფერი დაიშუროს ამჟამინდელი სიამოვნებისთვის“, – წერდა ახლობლებს ნაპოლეონი. ზეიმობდა ახლადფეხადგმული ბურჟუაზია.
    ტერეზა ტალიენი, ქალიშვილობაში კაბარიუსი, ესპანელი იყო, მადრიდელი ბანკირის შვილი. თავისდაუნებურად, ამ ქალბატონმა მნიშგვნელოვანი როლი შეასრულა რობესპიერის დამხობაში. საქმე ის არის, რომ ტერეზა, რომელიც ემიგრაციაში წასული მარკიზის „ცოლი იყო, როგორც საეჭვოდ მიჩნეული არისტოკრატი, დააპატიმრეს და დღე-დღეზე რეგოლუციური ტრიბუნალის წინაშე წარდგომას ელოდა. ტერეზაზე უგონოდ იყო შეყვარებული კონვენტის წევრი ტალიენი, რობესპიერის მოძულე და მტერი. როდესაც იაკობინელთა ტერორმა აპოგეას მიაღწია და გილიოტინის საფრთხე კონვენტის სულ ახალ-ახალ წევრებს დაემუქრა, მათ, ბარასის და ფუშეს ხელმძღვანელობით, უსასტიკესი კონსპირაციის პირობებში რობესპიერის ჩამოგდების გეგმა შეადგინეს. ტალიენი, რომელსაც გაანდეს ეს საიდუმლო, სულით და გულით შეთქმულთა მხარეზე იყო, მაგრამ შიშობდა, რომ „მოუსყიდავის“ დამარცხებას ვერ შეძლებდნენ. შეთქმულთა გეგმით კი რობესპიერის მამხილებელი სიტყვით კონვენტში, სწორედ, ტალიენი უნდა გამოსულიყო, მას კი ეშინოდა, ვერ ბედავდა საბედისწერო ნაბიჯის გადადგმას. მაშინ ბარასმა ხერხი იხმარა. მან ამცნო ტალიენს, რომ ტერეზას უკვე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და იგი 10-12 თერმიდორს დაისჯებოდა გილიოტინაზე ტალიენი ლამის გადაირია და ამ დროს, მისი ასეთი აღელვების მომენტში მას ციხიდან გამოგზავნილი წერილი გადასცეს – იგი ტერეზასი იყო. ქალი აგულიანებდა ტალიენს და სთხოვდა ვაჟკაცობა გამოეჩინა მის გამოსახსნელად. „ნუთუ აღარ დარჩნენ საფრანგეთში მამაცი ადამიანები?“ – კითხულობდა ტერეზა. ამან ყველაფერი გადაწყვიტა. მეორე დღეს, 9 თერმიდორს, ტალიენი კონვენტის სხდომაზე გამოვიდა სიტყვით და რობესპიერს ღალატში დასდო ბრალი, მოითხოვა მისი გადაყენება და სიკვდილით დასჯა. მოხდა სასწაული და რობესპიერისაგან დაშინებული და მონუსხული კონვენტი გამოერკვა, მოწოდება აიტაცა და „იმ დღის გმირს“ ტალიენს ამოუდგა გვერდში. დასრულდა „მოუსყიდავის“ ბატონობა.
    ტერეზა გამარჯვებისთანავე გამოუშვეს ციხიდან და მას უდიდესი პატივიც მიაგეს. სულ ორ-სამ დღეში იგი ტალიენის ცოლი გახდა და მასზე შერქმეული სახელი – „თერმიდორის ღვთისმშობელი“ – დიახაც რომ შეიფერა. ცოტა ხანში მადამ ტალიენმა შესანიშნავი სალონი მოაწყო და მის სახლში (რომელსაც ის, კეკლუცობით, „ქოხს“ უწოდებდა) სტუმარი აღარ გამოლეულა. აი, ამ ქალბატონის „ქოხში“ დადიოდა მაშინ გენერალი ბონაპარტი. იმ დროისათვის ტერეზას ქმარი უკვე მობეზრებული ჰყავდა და ბარასის საყვარელი გამხდარიყო. ისე რომ, ყოფილ მარკიზას, სილამაზის გარდა საკმაო გავლენაც ჰქონდა.
    ნაპოლეონს ამ ბრწყინვალე სალონში პირველად ირონიულად შეხვდნენ. „მაღალი საზოგადოების“ წარმომადგენელთ ღიმილს ჰგვრიდა პატარა ტანის ეს, ერთი შეხედვით, სასაცილო ოფიცერი. მაგრამ მერე, როცა ახლოს გაიცნეს, მიხვდნენ, რომ იგი მეტად გონებამახვილი, ამაყი და ძლიერი პიროვნება იყო. მალე ბონაპარტი იმდენად გაშინაურდა ტერეზას სალონში, რომ არ მორიდებია თავისი სერთუკის გამოხეული სახელო ეჩვენებინა დიასახლისისათვის და ეთქვა, რომ ამოდენა ნაცნობობის მქონე ქალს დამსახურებული მეომრისათვის ერთი ნაჭერი მაუდის გახერხება არ უნდა გაძნელებოდა. მართლაც, მადამ ტალიენის შუამდგომლობით, სამსახურიდან დათხოვილ გენერალს სამხედრო უწყებამ ერთი სერთუკისათვის სამყოფი მაუდი გამოუყო.
    შემდეგში, ტერეზას სალონში გატარებული დღეების გახსენებისას ნაპოლეონი სიცილით ამბობდა ხოლმე: „ის ისეთი ლამაზი იყო, რომ ყველა ვინც კი მის გარშემო ტრიალებდა, სიამოვნებით უკოცნიდა ხელებს და ყველაფერ სხვას კიდევ, რისი კოცნაც შეიძლებოდაო“ (ცხადია, ტერეზას არაჩვეულებრივი სილამაზისა, ან თუნდაც მის მიერ ბონაპარტისათვის ერთი ნაჭერი მაუდის შოვნის გამო, არ გაგვიგრძელებია მასზე საუბარი.
    ტერეზა ტალიენი და მისი სალონი ნაპოლეონის ბიოგრაფიაში სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენის გამო შევიდა. აქ, ამ სალონში, გაიცნო გენერალმა ბონაპარტმა ქალი, რომელიც მალე მისი ცოლი გახდა და რომელმაც ასეთი დიდი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში).
    უმუშევრად დარჩენილი ბონაპარტი ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი გავლენიანი პირი გაეცნო, და როგორც მარმონი იუწყება, „რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უმაღლეს საზოგადოებაში გასულიყო“. ამიტომ ეძებდა იგი ასე გაფაციცებით ახალ-ახალ სალონებსა და ახალ ნაცნობებს. მათ შორის, ვის ოჯახშიც 1795 წელს სტუმრობდა ბონაპარტი, კიდევ ერთი პარიზელი ლამაზმანი, დელფინა დე კიუსტენიც იყო. 24 წლის დელფინა იაკობინელთა მიერ სიკვილით დასჯილი ოფიცრის ქვრივი იყო.
    ნაპოლეონი იმდროინდელი პარიზის მეტ-ნაკლებად ცნობილ თუ გავლენიან პირებს ამ სალონშიც ხვდებოდა. სხვათა შორის, იქ შეხვდა იგი ისეთ კოლორიტულ ფიგურას, როგორიც გენერალი ფრანსისკო მირანდა იყო, ლათინური ამერიკიდან, რომელიც მოხალისედ ჩამოვიდა საფრანგეთში და რევოლუციის სამსახურში ჩადგა. უაღრესად განათლებული და კეთილშობილი მირანდა საკმაოდ კარგი მხედართმთავარიც გამოდგა და 1792 წლის მიწურულის ფრანგთა ცნობილ გამარჯვებებში აქტიური მონაწილეობა მიიღო. შემდეგ იგი, როგორც ბევრი სხვა ოფიცერი, იაკობინელებმა „საეჭვოდ“ სცნეს და დააპატიმრეს. სიკვდილისაგან მირანდა ამ უკანასკნელთა დიქტატურის დამხობამ გადაარჩინა. ბონაპარტსა და მირანდას ხანგრძლივად უსაუბრიათ ერთმანეთთან. სამხრეთ ამერიკელი თავისი კონტინენტის ესპანელთა ბატონობისაგან განთავისუფლებაზე ლაპარაკობდა და ამ საქმეში მხარდამჭერებს ეძებდა. როცა ნაპოლეონს ჰკითხეს, თუ რა აზრისა იყო კრეოლ გენერალზე, მან თქვა: ეს კაცი ნამდვილი დონკიხოტია, მაგრამ მასავით დამთხვეული არაა. მის სულში თავისუფლების წმინდა ცეცხლი ანთიაო. ეტყობოდა, რომ იცვლებოდა ბონაპარტი, ის, რისთვისაც თვითონ თავს იკლავდა ადრე, ახლა უკვე ქარის წისქვილებთან ბრძოლად ეჩვენებოდა...
    ერთხელ, 95 წლის ზაფხულის მიწურულში, მადამ ტალიენის სახლში ნაპოლეონი გენერალ ალექსანდრე ბოჰარნეს ქვრივს, მარი-როზ-ჟოზეფინას შეხვდა. შეხვდა და მოიხიბლა. არსებობს რამდენიმე ვერსია ამ ორი ადამიანის პირველი შეხვედრისა და მით უმეტეს მათი იმჟამინდელი დამოკიდებულების შესახებ. ეს ვერსიები, ძირითადად, თვითმხილველთა მონათხრობებს ეფუმნება. ზოგის მიხედვით, ნაპოლეონს იგი დანახვისთანავე შეჰყვარებია და შეჰყვარებია უსაზღვროდ და უნაპიროდ, ეს მასზე 5 წლით უფროსი, ლამაზი და კეკლუცი ქალი. სხვა ვერსიის მიხედვით, ბონაპარტს ჟოზეფინა, რა თქმა უნდა, მოსწონებია, მაგრამ თავიდან სიყვარულამდე საქმე არ მისულა და კავშირსა და სიახლოვეს ქალი უფრო ეძებდა. ამ ვერსიის გაგრძელებაა ის, რომ ჟოზეფინა თითქოს თავიდანვე გუმანით გრძნობდა, თუ როგორი მომავალი ექნებოდა მის ახლადგაცნობილ კორსიკელს და სიყვარულის ჭანგები მაგრად ჩაუვლია მისთვის. ამის საპირისპიროდ, ზოგი თვლის, რომ ნაპოლეონს, რომელსაც იმ დროს არც ფული ჰქონდა, არც ბინა და არც სამსაზური, ცოლის თხოვა ერთადერთ გამოსავლად მიაჩნდა და როდესაც ტალიენის სალონში თავისთვის ოდნავ მოსაწონ ადამიანს შეხვდა, მაშინვე ხელი სთხოვაო. იმავე თვითმხილველთა მონათხრობის, თვითონ ნაპოლეონისა და ჟოზეფინას იმდროინდელი მიმოწერისა და მათი შემდგომი მოქმედების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ ვერსიებიდან ნამდვილი ოთხივე იყო. უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყვით, რომ ამ ორი ადამიანის ურთიერთობის საბოლოო გაფორმებაში ყველა ამ ვერსიის რაიმე ნაწილი მაინც შედიოდა. მაგრამ იგივე ანალიზი მოწმობს, რომ თავი და თავი ამ ურთიერთობებისა ისევ ნაპოლეონის გულწრფელი სიყვარული ივო ჟოზეფინასადმი.
    ჟოზეფინა კუნძულ მარტინიკიდან იყო. მისი სრული სახელი და გვარია – მარი-ჟოზეფინა-როზ ტაშე დე ლა პაჟერი. მამამისმა, ფრანგმა კოლონისტმა და შაქრის პლანტაციის მეპატრონემ, ცოლად ადგილობრივი, კუნძულელი ქალი შეირთო. ასე რომ, ჟოზეფინა ყველა „წესისა და კანონის“ მიხედვით, კრეოლი იყო. ბავშვი თავიდანვე აბორიგენი ძიძების ხელში იმყოფებოდა და ამიტომ, მაინცადამაინც, გამორჩეული აღზრდა და სწავლა არ მიუღია. თხუთმეტი წლის როზი (მაშინ უფრო ასე ეძახდნენ მას) დეიდამისთან გააგზავნეს პარიზში. ცოტა ხანში დეიდამ მისთვის ხელსაყრელი საქმროს ძებნა დაიწყო. უნდა ითქვას, რომ ძებნა დიდხანს არ დასჭირვებია, რადგან დეიდას უკვე თვალი დაედგა თავისი მარტინიკელი ახლობლის შვილზე, ახალგაზრდა ოფიცერ ვიკონტ ალექსანდრე ბოჰარნეზე. საქმე გაიჩარხა და ქორწინებაც მალე შედგა. ამგვარად როზ დე ლა პაჟერი ვიკონტესა ბოჰარნე გახდა. როზისა და მის ქმარს ორი შვილი ეყოლათ ვაჟი – ეჟენი და ქალი – ჰორტენზია. ალექსანდრე არისტოკრატთა წრიდან გახლდათ, მაგრამ განმანათლებელთა იდეებზე იყო აღზრდილი და წყნარი ცხოვრება აღარ აკმაყოფილებდა, რევოლუციაზე ოცნებოდა. როცა 1789 წელს მისი ოცნება ახდა, ალექსანდრე ბოჰარნე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე გახდა. შემდეგ, როცა საფრანგეთი ომში ჩაბმული აღმოჩნდა, ბოჰარნე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არმიის, რაინის არმიის, სარდლად გაამწესეს. გენერალ ბოჰარნეს ფრონტზე განსაკუთრებული წარმატება არ მოუპოვებია. უფრო პირიქითაც შეიძლება ითქვას: მისი ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა გერმანული ქალაქის, მაინცის მიდამოებში ფრანგებისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ დროს საფრანგეთს უკვე იაკობინელები მართავდნენ, ხოლო ასეთ საქმეებში იაკობინელებს ხუმრობა არ უყვარდათ. ბოჰარნე დააპატიმრეს და რევოლუციური სასამართლოს გადაწყვეტილებით, მალე ეშაფოტზე გაგზავნეს. დააპატიმრეს როზიც, როგორც რესპუბლიკის „მოლალატის“ ცოლი (სხვა ბრალდების წაყენებას ამ კეკლუცი ქალისათვის, ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ვერ შეძლებდნენ). როზი ციხეში მოხვდა და მასაც ალბათ, ქმრის ბოლო ელოდა. ციხეში შეხვდა იგი მადამ ტალიენს, რომელსაც ადრეც იცნობდა, დელფინა დე კიუსტენს და კიდევ სხვა თავის ნაცნობებს. რევოლუციურ ტრიბუნალებს იმ დროს ისეთი დატვირთვა ჰქონდათ, რომ ხშირად, პატიმრები სასამართლოს თვეობით ელოდებოდნენ. როზიცა და მის ბედში მყოფნიც კარგა ხანს იყვნენ საპატიმროში. უადგილობის გამო ტუსაღებით გადავსებულ ციხეში ქალები და მამაკაცები ერთად ჰყავდათ გამომწყვდეული. იმათაც, ესაო და პერსპექტივაში ეშაფოტის მეტი არაფერი გვესახებაო, სიყვარულის აფრები აუშვეს და თავიან-ფეხებიანად ვნების მორევში გადაეშვნენ. გამონაკლისი არც ვიკონტესა როზი დე ბოჰარნე გახლდათ. მითუმეტეს, რომ ადრეც დიდი თავშეკავებით არ გამოირჩეოდა და ასეთი რამ მისთვის, მაინცადამაინც, უცხო რამ არ უნდა ყოფილიყო. ციხეში როზის, სხვაზე მეტხანს, რომანი გენერალ ლაზარ ჰოშთან გაუგრძელდა. ჰოში ადრე მეჯინიბე იყო და განათლება მიღებული არ ჰქონდა, თუმცა ბევრს კითხულობდა და უწიგნური სრულიადაც არ ეთქმოდა.
    ჰოშს განსაკუთრებული სამხერო ნიჭი აღმოაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა იცოცხლა (ის 1797 წელს გარდაიცვალა, სულ 29 წლისა), რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავრის სახელი დატოვა და თუკი ვინმე ოდესმე, გენერალ ბონაპარტის თანამედროვეთაგან, მისი სამხედრო ტალანტის სწორის დასახელებას შეეცდებოდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰოში იქნებოდა. მაშინ კი, როცა ჰოში ციხეში იჯდა და ჟოზეფინასთან ჰქონდა რომანი გაჩაღებული, იგი ჯერ ასე ცნობილი არ იყო, მაგრამ უკვე იმდენად კი ჰქონდა სახელი მოპოვებული, რომ საპატიმროში არ ჩაესვათ. თუმცა იაკობინელების ეჭვსა და რისხვას წინ რა სახელი დაუდგებოდა! საინტერესოა, რომ შემდეგში, როცა ნაპოლეონი თავის ცოლს წარსულ ამურულ ამბებს წამოაყვედრებდა ხოლმე, ყველაზე მეტ გაღიზიანებასა და ბოღმას ის სწორედ მისი ჰოშთან კავშირის გამო ამჟღავნებდა.
    გიკონტესა ბოჰარნეს, გენერალ ჰოშის, ქალბატონების – ტალიენისა და კიუსტენისა, მათი საყვარლებისა და სხვათა მრავალთა საციხო „ეპოპეას“ ბოლო თერმიდორის გადატრიალებამ მოუღო. ჰოში, რა თქმა უნდა, ფრონტზე წავიდა, ქალებმა კი რევოლუციამდელი ცხოვრება გაიხსენეს, თავიანთი სალონები აღადგინეს და ისევ ძგელებური, მათი წრისათვის საინტერესო, მაგრამ მეტწილად მაინც ფუქსავატური ყოფა გააგრძელეს.
    როზის მუდამ ფული აკლდა: საკუთარი სალონის „შენახვას“ და სხვის სალონებში ტრიალს შესაბამისი სახსრები და შესაბამისად, მორთვა–მოკაზმვა სჭირდებოდა. ამის შესაძლებლობა კი უკვე რამდენიმე წლის წინ დაქვრივებულ ქალს აღარ ჰქონდა. როზის გაჭირვებას იმჟამინდელი ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის პოლ ფრანსუა ბარასის მეგობრობამ უშველა. ბარასი როზიმ ტერეზა ტალიენის სახლში გაიცნო (ტერეზა ხომ იმ დროს ბარასის საყვარელი იყო). ბოროტი ენები ამბობდნენ, როზიმაც იგივე „ხვედრი“ გაიზიარაო. ეტყობა, ასეც იყო, თუმცა ამის თაობაზე ცნობები ბევრი არა მოიპოვება რა, მაგრამ იმ წრეში ასეთი რამ ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა და გასაკვირი ამაში არაფერი იქნებოდა.
    ასე იყო თუ არა, ბარასი ფინანსურად კარგა გვარიანად დაეხმარა ბოჰარნეს ქვრივს და მის „წყლის ზედაპირზე“ შენარჩუნებას შეუწყო ხელი. აი, ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში გაიცნო საქმეს ჩამოშორებულმა და უსახსროდ დარჩენილმა, მაგრამ თავნება და ამაყმა კორსიკელმა თავისი მომავალი მეუღლე.
    დროთა ვითარებაში, როდესაც ახლადგაცნობილები საკმაოდ დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ნაპოლეონმა როზის უთხრა, რომ მისი სახელებიდან ყველაზე უფრო ჟოზეფინა მოსწონდა და ნებართვა სთხოვა მხოლოდ ასე მიემართა მისთვის. როზის უარი არ უთქვამს და ამიერიდან სწორედ ამ სახელით შევიდა იგი ისტორიაში.
    ჟოზეფინა ლამაზი ქალი იყო, საშუალო ტანისა და კოხტა ტან-ფეზისა. მას პრიალა შავი თმა ჰქონია, კანი კი – სპილოსძვლისფერი. მისი ბრიალა მუქ-ლურჯი თვალები მამაკაცთაგან არავის ტოვებდა გულგრილს. ჟოზეფინას მოძრაობა თითქოს ცოტა ზანტი და ცოტა დაუდევარი ჰქონდა, რითაც კიდევ უფრო „ახელებდა“ მის თაყვანისმცემელთ. იგი იმ დროს ოცდათორმეტი წლისა იყო და ქალისათვის კრიტიკულ ასაკში იმყოფებოდა, თუმცა ძველებური ეშხი შენარჩუნებული ჰქონდა, მაგრამ ბევრი ატყობდა, რომ ამ ქალის საუკეთესო წლები უკვე წარსულში იყო. ჟოზეფინა დიდი ჭკუისა არ იყო, მაგრამ როგორც მერე მისი ყოვლისმძლე მეუღლე ამბობდა „ხოლმე, ქალს ჭკუა არც სჭირდებოდა. ნაპოლეონი ამ საქმეში მართალიც რომ ყოფილიყო (ჩვენ კი ვიცით, რომ ის, რა თქმა უნდა, მართალი არ იყო), ქალს, და განსაკუთრებით ჟოზეფინას ტიპის ქალს, ჭკუა თუნდაც იმისათვის სჭირდებოდა, რომ კორსიკელი გენერლისთანა კაცი თავის სასიყვარულო ბადეში გაეხვია. ჟოზეფინამ ეს ბრწყინვალედ მოახერხა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მაინც უცბად არ მომხდარა. თავიდან ორივე მხარე ყოყმანობდა. ბონაპარტს არაფერი გააჩნდა, თანაც ჯერ თავის გრძნობებში სავსებით დარწმუნებული არ იყო და ამიტომ, ხოლო ჟოზეფინა იმ დროს სერიოზულად არც უყურებდა ვიღაც უცნობი და ღატაკი გენერლის ტრფიალს.; მაგრამ, როცა მათი ნაცნობობიდან სულ რაღაც ორ-სამ თვეში ვითარება შეიცვალა, მაშინ აამუშავა მან თავისი ხიბლის მთელი არსენალი. „ერთხელ, როცა მე მის გვერდით ვიჯექი – ჰყვებოდა შემდეგში ნაპოლეონი, – ჟოზეფინამ ისეთი სიტყვებით დაიწყო ჩემი ქება, რომ მე ლამის გონება დამიბნელდა. ამის შემდეგ მე მას ვეღარ ვშორდებოდი, სულ კუდში დავყვებოდი და მალე თავდავიწყებითაც შემიყვარდა“. ასეთი მაგალითები ბევრი იყო და შეყვარებული ბონაპარტი. უკვე სერიოზულად ფიქრობდა ჟოზეფინასთან დაქორწინებაზე. გენერალთან სიახლოვე ჟოზეფინასაც რომ უნდოდა, ეს ერთი მისი მოკლე ბარათიდანაც ჩანს. ბარათი 1795 წლის 28 ოქტომბერსაა დაწერილი: „უკვე კარგახანია აღარ ნახულობთ თქვენს მოყვარულ მეგობარს, და სულ დაივიწყეთ იგი. არა ხართ სწორი, ის ხომ ასე გულითადად გეპყრობათ. მობრძანდით ხვალ საუზმეზე ჩემთან, მინდა გნახოთ და გელაპარაკოთ კიდეც, თქვენ რომ გეხებათ იმ საქმეზე. ნახვამდის ჩემო მეგობარო, გეხვევით, ბოჰარნეს ქვრივი“. შეყვარებული მამაკაცი, რომელსაც ქალისგან ოდესმე ასეთი წერილი მიუღია, ალბათ, გაუგებს ნაპოლეონს.
    რამ გამოიწვია ჟოზეფინას უეცარი დაინტერესება ბონაპარტით? ადრე ხომ ის მაინცადამაინც არ სწყალობდა მას და არც სერიოზულად უყურებდა მის მაძიებლობას? მოხდა რამე? მოხდა, და თანაც ისეთი მასშტაბისა და მნიშვნელობისა, რომელიც ბევრად სცილდება ერთი ქალის მიერ ერთი კაცის მოწონება-არმოწონების საკითხს, თუნდაც ეს ქალი მადამ ბოჰარნე იყოს, ხოლო კაცი გენერალი ბონაპარტი. ამიტომ ახლა სალონურ ამბებს ცოტა ხნით თავი ვანებოთ და ისევ ამ საოცარი ქვეყნის – საფრანგეთის – ამბებს მივხედოთ.
    აპრილსა და მაისში თერმიდორულმა პარიზმა სანკიულოტების ამბოხება გადაიტანა. ამბოხება ჩაახშეს და იაკობინელთა მიმდევრებს კარგა ხნით დაუკარგეს შემდგომი ასეთი მცდელობის სურვილი. ციხეები ახალი პატიმრებით აივსო, ამჯერად მემარცხენეებით, იაკობინელებით. ამბოხება კი ჩაახშეს და მისი მოთავეები გაანადგურეს, მაგრამ თერმიდორელები მაინც ცუდ დღეში იყვნენ. მარცხნიდან საშიშროებას მარჯვნიდან განსაცდელი დაემატა – ახლა მონარქისტებმა წამოყვეს თავი.
    იაკობინელთა დიქტატურის დამხობამ და თერმიდორელთა „მარჯვნივ“ გადახრამ ფრანგული ემიგრაციის ცენტრებში და თვით პარიზში, საიდუმლო როიალისტურ წრეებში, რევოლუციის დასასრულისა და მონარქისტული რეჟიმის თანდათანობით აღდგენის იმედი წარმოშვა. იმედს მათ 95 წლის ზაფხულისწინა სამხედრო ვითარებაც უღვივებდა. ამ დროისათვის ფრანგების წარმატებები ფრონტებზე გარკვეულმა წარუმატებლობამ შეცვალა. ფრანგული ჯარი კარგა ხანია საკუთარი ქვეყნის გარეთ იბრძოდა და სხვის (ესპანეთის, გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის) ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა. წარუმატებლობა ის იყო, რომ ვეღარ ხერხდებოდა შემდგომი წინსვლა და ზოგიერთ შემთხვევაში ადრე დაკავებული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტების შენარჩუნება. მოროს, ჟურდანის, პიშეგრიუს არმიები ერთ ადგილს ტკეპნიდნენ, ხოლო ჩრდილოეთ იტალიაში ფრანგებს გვარიანმა უკანდახევამაც მოუწიათ (სადღა იყო ბონაპარტის გეგმის მიხედვით დაკავებული ზღვისპირა ალპების გადასასვლელები და სიმაღლეების.
    მაგრამ როიალისტების იმედს მონარქიის სწრაფად აღდგენის თაობაზე სულ მალე გამოეცალა საფუძველი. ახლადფეხადგმულ ფრანგულ ბურჟუაზიას სულაც არ სურდა სიმწრით მოპოვებული ძალაუფლების ვინმესთვის გადაბარება, მით უმეტეს როიალისტებისათვის, რომლებიც მათ „მეფისმკვლელებს“ უწოდებდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, სიკეთეს არ დააყრიდნენ.
    თერმიდორული გადატრიალების შემდეგ, ძალაუფლების ლეგიტიმაციის და განმტკიცების მიზნით, ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუციის, ე.წ. III წლის კონსტიტუციის, შემოღება გადაწყვიტა. ამ კონსტიტუციის მიხედვით შეიქმნებოდა ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო უხუცესთა საბჭოსა და ხუთასთა საბჭოს შემადგენლობით, შესაბამისი ასაკობრივი ცენზის გათვალისწინებით. უმაღლესი ძალაუფლება გადავიდოდა დირექტორიის ხელში. დირექტორია 5 წევრისაგან შედგებოდა და აირჩეოდა უხუცესთა საბჭოს მიერ ხუთასთა საბჭოს წარდგინების საფუძველზე. გამიზნული იყო ყოველ წელს თითო დირექტორის შეცვლა.
    არჩევნების ჩატარების შემდეგ კონვენტი დაამთავრებდა თავის მოღვაწეობას და გადადგებოდა. მაგრამ კონსტიტუციის შექმნისა და არჩევნებისათვის მზადების პროცესში თერმიდორელებმა დაინახეს, თუ როგორ გაზრდილიყო მონარქისტთა გავლენა დედაქალაქისა და პროვინციათა ცენტრებში და წარმატების რა შანსები უჩნდებოდათ მათ არჩევნების დემოკრატიული წესით ჩატარების პირობებში. ბარასი და მისი კომპანია შეშინდა. მდგომარეობა ქვეყანაში ყოველმხრივ მძიმე იყო და ეს ოპოზიციონერთა წისქვილზე ასხამდა წყალს. გარდა ამისა, თავისდაუნებურად, როიალისტებისათვის ახალი რეჟიმით უკმაყოფილო ღარიბობასაც შეეძლო მხარი დაეჭირა. ჟერმინალსა და პრერიალში მომხდარ ამბოხებათა სასტიკი ჩახშობის შემდეგ თერმიდორელებს რა ავტორიტეტი ექნებოდათ მემარცხენე წრეებში, იოლი წარმოსადგენია!
    ყველა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, კონვენტმა ახალი კანონი დაამტკიცა, რის საფუძველზეც პირდაპირ არჩევნებს მომავალი პალატების მხოლოდ ერთი მესამედის შევსება შეეძლო, ხოლო ორ მესამედს, ძველი, უკვე არსებული „თერმიდორული“ კონვენტის წევრები შეადგენდნენ. ამ აშკარად დისკრიმინაციულმა კანონმა დიდი მღელვარება გამოიწვია ქვეყანაში (ძირითადად მაინც დედაქალაქში, რადგან ქვეყნის ბედი, როგორც ყოველთვის, მაინც იქ წყდებოდა). პარიზის ცენტრალური, „მდიდრული“ სექციები ერთხმად გამოვიდნენ ამ კანონის წინააღმდეგ. მოკავშირეები მათ მალევე და ბლომადაც მოიპოვეს, როიალისტებს კი მეტიც არ უნდოდათ. მათი აგიტაციისა და მოხერხებული საქმიანობის შედეგად კონსერვატულმა ძალებმა მაშინვე გააძლიერეს თავიანთი მოქმედება.
    მონარქისტებს არჩევნებში გამარჯვების იმედი ჰქონდათ. ისინი გამოდიოდნენ იმ ფაქტიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა, ფრონტებზე წარმატებები აღარ ჩანდა და რომ, საერთოდ, ხალხი „დაიღალა რევოლუციისაგან“, მაგრამ ახალი საარჩევნო კანონი მათ მცდელობას საიმედოდ უკეტავდა გზას. ძალაუფლების ლეგალურად ხელში ჩაგდების გეგმის ჩაშლამ გააძლიერა საკითხის იარაღის ძალით გადაწყვეტის მომხრეთა პოზიციები. მათ კი იმ დროისათვის შექმნილი ვითარება ზელსაყრელად ჩათვალეს და საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროზე ბრეტანში, კიბერონის ნახევარკუნძულზე, დესანტი გადასხეს. ორგანიზაცია, ტრანსპორტი, იარაღი, ფული ინგლისელებისა იყო, საფრანგეთის ხელისუფლებმა დაზვერვის მეშვეობით იცოდნენ მოსალოდნელი დესანტის შესახებ და სათანადოდ მომზადებულები დახვდნენ მას. კიბერონის ნახევარკუნძულზე წინასწარ განლაგდა გენერალ ლაზარ ჰოშის არმია, რომელმაც, სწრაფი დამოულოდნელი შეტევის წყალობით, თითქმის მთლიანად გაანადგურა როიალისტთა ლაშქარი.
    დესანტის დამარცხებამ პარიზელი მონარქისტები როდი შეაშინა. მათ გადაწყვიტეს პარიზში ემოქმედათ და აჯანყებისათვის საგანგებო სამზადისი გააჩაღეს. იმ დროისათვის მონარქისტებს დედაქალაქში საკმაოდ ბევრი მომხრე და კარგად შეიარაღებული საიდუმლო რაზმები ჰყაგდათ. ამავე დროს, მომხრეები მათ რესპუბლიკური ჯარის ნაწილებშიც მოეპოვებოდათ (საკმარისია ითქვას, რომ მონარქისტებს თანაუგრძნობდა პარიზის გარნიზონის უფროსი გენერალი მენუ). ემიგრანტთა წრეებში დიდ ძალისხმევას ახმარდნენ რომელიმე უფრო დიდი გავლენის მქონე ფრანგი მხედართმთავრის გადმობირებას. ამაში მათ ინგლისელები ეხმარებოდნენ. ინგლისელთა დაზვერვისათვის ცნობილი გახდა, რომ ფრანგების რაინის არმიის სარდალი გენერალი პიშეგრიუ, სახელგანთქმული თავისი გამარჯვებით ნიდერლანდში, ღვინის, ქალების და, საერთოდ, „კარგი ცხოვრების“ მოყვარული იყო. მოყვარული კი იყო, მაგრამ საამისო სახსრები არ გააჩნდა. აი, ამაზე ააგეს სწორედ როიალისტებმა მისი გადმობირების გეგმა. საგანგებო მსტოვრის მეშვეობით, მათ პიშეგრიუს გრიუნინგენის ციხე-სიმაგრის ჩაბარება და თავისი არმიით ემიგრანტთა ერთ-ერთი მეთაურის, პრინც კონდეს ლაშქართან შეერთება შესთავაზეს. სამაგიეროდ, მათ მხარეზე გადასულ გენერალს აღუთქვამდნენ მარშლის წოდებას, ელზასის გუბერნატორობას, შამბორის სასახლეს და ერთ მილიონ ფრანკს ოქროთი. პიშეგრიუს უარი არ უთქვამს, მაგრამ აშკარა გამოსვლისაგან იმხანად თავი შეიკავა. შეიძლება მას შეეშინდა (როგორც ბევრი ავტორი აღნიშნავს), შეიძლება კი იგი პარიზის ამბოხების შედეგებს ელოდებოდა. არც ესაა გამორიცხული.
თუ როგორ შეცვლილიყო საზოგადოებრივი აზრი იმ დროისათვის საფრანგეთში, ვანდემიერის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ჩატარებულმა არჩეგნებმაც დაამტკიცა. იმ „საცოდავ“ ერთ მესამედში, რომლის არჩევა შეიძლებოდა, უმეტესი დეპუტატი კონსერვატული ძალებისა იყო და რესპუბლიკური წყობილება მხოლოდ ყბადაღებულმა „ორმა მესამედმა“ გადაარჩინა. ასე რომ, მონარქისტების იმედი არ ყოფილა ქვიშაზე აგებული.
    12 ვანდემიერს (4 ოქტომბერს) პარიზში დემონსტრაციები დაიწყო (ამ დემონსტრაციებს წინ უძღოდა კონსტიტუციის პროექტის განხილვა დედაქალაქის სექციებში. პარიზში 48 სექცია იყო. პროექტი ერთსულოვნად უარყო 30 სექციამ. სხვებში აზრთა ჭიდილი შეიქნა, მაგრამ ხელისუფლების ღონისძიების მხარდაჭერა, მაინცადამაინც, არც ერთ მათგანში არ იგრძნობოდა). დემონსტრანტებს აგულიანებდნენ და მათ რისხვას კონვენტის წინააღმდეგ მოხერხებულად მიმართავდნენ ამ დროისათვის პარიზში ფარულად ჩამოსული ემიგრანტები და ინგლისელების აგენტები. ამის შედეგად, უკმაყოფილება კონვენტის მიერ წარმოდგენილი პროექტისადმი, საერთოდ, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლაში გადაიზარდა. 4 ოქტომბრის საღამოსათვის დემონსტრატნთა უმრავლესობა უკვე შეიარაღებული იყო. კონვენტი ამბოხების წინაშე დადგა.
    ამბოხებულებს, რომლებიც რიცხვით 40 ათასს აღწევდნენ, შეიარაღებული 20-25 ათასი მებრძოლი ჰყავდათ, კონვენტს კი იმ დროისათვის ქალაქში სულ რაღაც ხუთიოდე ათასი ჯარისკაცი. გენერალმა მენუმ, გარნიზონის უფროსმა, ამბოხების წინა დღეებში დანარჩენი ჯარი პარიზიდან გაიყვანა! ძალთა ასეთი შეფარდება, როგორც ვხედავთ, რესპუბლიკელებს პრაქტიკულად ცოტა შანსს უტოვებდა.
    4 ოქტომბრის საღამოსათვის კონვენტის ხელმძღვანელები ბოლოსდაბოლოს, გამოფხიზლდნენ და რაღაც აქტივობის გამოჩენა დაიწყეს (მანამდე მათ ოსტატურად ატყუებდა გენერალი მენუ, რომელიც გაუთავებელ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამბოხებულებთან და ამით მათ თავმოყრისა და ორგანიზებისათვის დროს აძლევდა, მაშინ როცა გარშემორტყმულ კონვენტს ამის გაკეთება, ფაქტობრივად, არ შეეძლო). აღნიშნულის გათვალისწინებით, კონვენტმა როგორც იქნა მოხსნა მენუ თანამდებობიდან და დააპატიმრა იგი. ახლა საჭირო იყო ხელისუფლების მომხრე ჯარის სათავეში ენერგიული და კომპეტენტური პიროვნების დანიშვნა. კონვენტმა პარიზში განლაგებული ჯარების უფროსად პოლ ბარასი დანიშნა. რა თქმა უნდა, ეს ნომინალური დანიშვნა იყო, ბარასი სამხედრო კაცი არ გახლდათ და ამ საქმისა არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ხელისუფლებაში იგი ყველაზე გავლენიანი პირი იყო და მისი ჯარის სათავეში დაყენება, ერთი მხრივ, ხაზს უსვამდა მდგომარეობის სერიოზულობას, და მეორე მხრივ, კონვენტის მტკიცე გადაწყვეტილებას – ჩაეხშო ამბოხება, რადაც არ უნდა დასჯდომოდა. მდგომარეობა კი სერიოზულიც იყო და მეტიც. ძალთა ასეთი შეფარდების პირობებში იგი ტრაგიკულს უფრო უახლოვდებოდა.
    ბარასი გაქნილი და გაიძვერა კაცი იყო, ღვინისა და ქალების მოყვარული, ამათზე მეტად კი – ფულისა და პატივისა. ამავე დროს ის ჭკვიანი, ენერგიული და მამაცი კაციც იყო, მაგრამ ახლა მისი ეს ღირსებები საკმარისი აღარ იქნებოდა. ბარასს კარგად ესმოდა ეს და ამიტომ მან სამხედრო საქმის ჭეშმარიტ მცოდნეს დაუწყო ძებნა.
    ზუსტად არავინ იცის, პირველად ვინ ახსენა ბარასთან გენერალი ბონაპარტი. იქნებ, თვითონ ბარასს მოუვიდა თავში მისი გამოყენება. ბარასი ხომ ტულონის ალყის მონაწილე იყო და ახსოვდა ბონაპარტის როლი ამ სიმაგრის აღებაში, მაგრამ ახლა სიმაგრე კი არ იყო ასაღები, არამედ კონვენტი იყო დასაცავი და, ვინ იცის, იქნებ ამ გაძვალტყავებულ და ჩამოხეულტანისამოსიან გენერალს, ამოდენა წარმოდგენა რომ ჰქონდა თავის თავზე, მართლაც მოეხერხებინა ამ უმძიმესი ამოცანის შესრულება? რამდენიმე თვე იყო, რაც ბონაპარტი ბარასთან სტუმრად დადიოდა, საუბრობდა მასთან, ეკამათებოდა. ასე რომ ბარასს მის შესახებ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა. „ბარასს იმ დროს დიდი გავლენა გააჩნდა, მე კი ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვიღაცას აუცილებლად უნდა ჩავჭიდებოდი“ – იხსენებდა შემდგომ თავის იმჟამინდელ პერიოდს ნაპოლეონი. რესპუბლიკას იმ დროს ბონაპარტზე ცნობილი სხვა გენერლები ჰყაგდა, მაგრამ სად იპოვიდა მათ ბარასი? ნაწილი ფრონტზე იყო, ნაწილი ნეიტრალური დამკვირვებლის როლში გამოდიოდა და მოვლენების განვითარებას უცდიდა, ნაწილი კი, უბრალოდ, სანდო არ იყო. ამიტომაც შეაჩერა მან თავისი არჩევანი ბონაპარტზე.
    ბარასმა ბონაპარტს თავისი მოადგილეობა და არტილერიის უფროსობა შესთავაზა. გენერალს რამდენიმე წუთი უთხოვია მოფიქრებისათვის. საფიქრებელი მას ბევრი ჰქონდა: სულ ცოტა ხნის წინ ის ქალაქიდან მოიყვანეს და კარგად იცოდა რა ხდებოდა იქ, ძალთა როგორი შეფარდება იყო. ძალიან სარისკო თამაშს სთავაზობდა კუთხეში მომწყვდეული ბარასი, როგორც ეტყობოდა, წარმატების მცირე შანსი იყო. მცირე, მაგრამ მაინც იყო და ამიტომაც გარისკა გენერალმა, მის საათივით მომუშავე ტვინში ელვის უსწრაფესად გაირბინა ვარიანტების მთელმა სერიამ. ეს ვარიანტები, ალბათ, წმინდა სამხედრო საკითხებს შეეხებოდა, რადგან იმაზე, მიმხრობოდა რესპუბლიკურ კონვენტს თუ არა, ბონაპარტს ფიქრი არ სჭირდებოდა. მართალია, იგი უკვე დიდი ხანია ისეთი თავგამოდებული რევოლუციონერი აღარ იყო, როგორიც ექვსი წლის წინათ, შფოთიან 89-ში, მაგრამ რესპუბლიკაზე როიალისტების გამარჯვება მას სულაც არ აძლევდა ხელს და, თუკი რამ ძალა შესწევდა, ამას არ დაუშვებდა. ამიტომ ბარასის წინადადებას მან დადებითად უპასუხა, მაგრამ ერთი პირობით: არავინ მის საქმეში არ ჩარეულიყო და სამხედრო ძალაუფლება სრულიად მის ხელში გადასულიყო. მე ხმალს ქარქაშში მხოლოდ მაშინ ჩავაგებ, როცა ყველაფერი დამთავრდებაო, – უთქვამს და თან ისე მტკიცედ, რომ ბარასსაცა და მის კონვენტსაც კრინტიც არ დაუძრაგთ, ისე დათანხმებულან ყველაფერზე, ან სხვა რა გზა ჰქონდათ?
    ბონაპარტი საქმეს შეუდგა. ასეთ დროს ის შეუდარებელი ხდებოდა: სხარტი და ამომწურავი ბრძანებები, უსიტყვო შესრულების მეტს რომ არაფერს ითხოვდნენ; ძალების სწრაფი გადაჯგუფება და მომგებიან პოზიციებზე განლაგება; კონვენტის დამცგელთა გამხნევება და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც გარემომცველებში წარმატების იმედს სახავდა.
    იმედი იმედად იყო, მაგრამ ბონაპარტს ესმოდა, რომ მეორე დღეს, 13 განდემიერს (მისი დანიშვნა კი 12-ში საღამოს მოხდა), საქმეს ამბოხებულთა რიცხობრივი უპირატესობა გადაწყვეტდა. რა ძალისხმევისთვისაც არ უნდა მიემართათ ბონაპარტსა და მის მცირერიცხოვან ლაშქარს, გამარჯვება საბოლოო ანგარიშში როიალისტებს დარჩებოდათ, თუ – და სწორედ, ამ „თუ“-ზე იყო აგებული ნაპოლეონის მთელი გეგმა: თუ კონვენტის დამცველები ზარბაზნებს ჩაიგდებდნენ ხელში, მაშინ ვითარება შეიცვლებოდა და გამაჯვების დიდი შანსი უკვე მათ გაუჩნდებოდათ.
    ზარბაზნები პარიზის გარეუბანში, საბლონის საარტილერიო პარკში იყო. ამ პარკს სულ 20-მდე ჯარისკაცი თუ იცავდა. საჭირო იყო, რადაც არ უნდა დამჯდარიყო, ზარბაზნების ტიუილრის სასახლესთან გადმოტანა, და თანაც რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ამბოხებულები თვითონაც შეეცდებოდნენ მათ ხელში ჩაგდებას.
    საარტილერიო პარკის „დალაშქვრა“ ნაპოლეონმა ეგერთა კავალერიული ესკადრონის ერთ ახალგაზრდა მეთაურს, იოაჰიმ მიურატს დაავალა. მიურატს თავისი ესკადრონით ამბოხებულთა პატრულებით სავსე ქალაქი უნდა გადაეჭრა, მისულიყო საბლონში, ხელთ ეგდო ზარბაზნები, წამოეღო, კვლავ მთელი ქალაქი გამოევლო და ტიუილრის წინა მოედანზე მიეტანა ისინი. დავალება საშიში და მძიმე იყო, მაგრამ ამ შაგთვალწარბა და გრძელკულულებიანმა გასკონელმა ისე სწრაფად და ოსტატურად შეასრულა ეს რთული ოპერაცია, რომ ბონაპარტის გულწრფელი აღტაცება დაიმსახურა. ამ წიგნის ფურცლებზე ბევრჯერ შეხვდებით მის გვარს.
    ამბოხებულებმა თვითონაც სცადეს ზარბაზნების წამოღება, მაგრამ როდესაც საბლონის პარკში მივიდნენ, იქ აღარაფერი დახვდათ. ამ ამბავს ისინი დიდად არ შეუწუხებია, რადგან, ეტყობა, ჯერ არ ჰქონდათ მომხდარის მნიშვნელობა მთლიანად გააზრებული.
    როიალისტებმა 13-ში დილიდან დაიწყეს შეტევისათვის მზადება. ემზადებოდნენ კონვენტის დამცველებიც. ბონაპარტმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად სასახლის შორიახლოს იდგა, კონვენტის დეპუტატებსა და მათ დამხმარე პერსონალს, ყოველი შემთხვევისათვის, 800 შაშხანა გაუგზავნა (თუ ღმერთი გაწყრებოდა და უშუალოდ ტიუილრის სასახლისათვის დაიწყებოდა ბრძოლა).
    ამბოხებულებმა თანდათან დაიკავეს სენ-როკის ეკლესია და ხიდები სენაზე ისინი ნელა ირჯებოდნენ, დროს კარგავდნენ, გზავნიდნენ კონვენტში პარლამენტიორებს და მის წევრებს უაზრო წინააღმდეგობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდნენ. მაგრამ როცა დაინახეს, რომ მათი მცდელობიდან არაფერი გამოდიოდა, ბოლოს შეტევაზე გადავიდნენ.
    ბონაპარტს თავისი ზარბაზნები საკვანძო წერტილებში ჰქონდა განლაგებული და ყოველი მათგანის გვერდით კანონირი ეყენა ანთებული პატრუქით. როგორც კი აჯანყებულები სათანადო მანძილზე მოახლოვდნენ, გენერალმა ბრძანება გასცა. ისროდნენ დიდი ზარბაზნებიდან ფინდიხით, პირდაპირი დამიზნებით. გამანადგურებელმა ჯვარედინა ცეცხლმა საშინელი არევ-დარევა და პანიკა გამოიწვია მოწინააღმდეგის რიგებში. ბრძოლის ბედი არსებითად იმ პირველივე წუთებში გადაწყდა: როიალისტები გაიქცნენ, მიატოვეს რა მოედანზე და მიმდებარე ქუჩებში ასობით დაჭრილი და დახოცილი. „მაგ ვაჟბატონებს მე რომ ვყოლოდი სათავეში, მაშინ გენახათ, რა მოუვიდოდა კონვენტის წევრებს“, – უთქვამს ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონს. რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა. როიალისტები 25 ათასნი იყვნენ ექვსი ათასის წინააღმდეგ და მაინც დამარცხდნენ. პირიქით რომ ყოფილიყო, რა იქნებოდა? მართლდებოდა ერთი ძველი აფორიზმი: „სჯობს ლომი ჰყავდეს ცხვრის ფარას მეთაურად, ვიდრე ცხვარი ლომების ჯოგსო“.
    13 ვანდემიერის ამბებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. იმ დღეს რესპუბლიკამ გაიმარჯვა და როიალისტებს დიდი ხნით მოუსპო შემდგომი აქტივობის შესაძლებლობა. კონვენტის წევრები სიხარულით მეშვიდე ცაზე იყვნენ, მათ ხომ თავი გამოტირებული ჰქონდათ. გახარებულებმა ბონაპარტს საფრანგეთის შინაგანი ჯარების სარდლისა და პარიზის გარნიზონის უფროსის თანამდებობა მისცეს. ეს ბონაპარტისათვის უშველებელი ნახტომი იყო წინ. გაჭირვება, დაუფასებლობა, უნდობლობა – ყველაფერი უკან რჩებოდა. ახლა გზა ხსნილი იყო და მას ვეღარაფერი შეაჩერებდა.
    როიალისტებსა და მათ გულშემატკივრებს შორის სასოწარკვეთასა და შიშს დაესადგურებინა. ბევრი მათგანი შეძრწუნებული იყო ქალაქის პირობებში ზარბაზნების გამოყენების გამო. ნაპოლეონის აპოლოგეტები შემდეგში ცდილობდნენ, რაღაც „შემამსუბუქებელი“ გარემოებები მოენახათ მათი გმირის იმდღევანდელი სისასტიკის გასამართლებლად. ამ დროს კი იგი არავითარ „გამართლებას“ არ საჭიროებს. იყო ბრძოლა, დაუნდობელი, უთანასწორო და გაიმარჯვა მან, ვინც უკეთესი და იმ მომენტისათვის ყველაზე საჭირო იარაღი გამოიყენა. „არ არის სწორი, თითქოს ჩვენ თავიდან ფუჭი ყუმბარებით ვისროდით, – ამბობდა შემდეგ ნაპოლეონი – ეს ხომ დროის ტყუილად დაკარგვა იქნებოდა“ აი, პასუხი მათ მცდელობაზე. მთავარი იყო გამარჯვება, ხოლო რითი, რომელი იარაღით იქნებოდა იგი მოპოვებული, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო. მართლაც, რითი დაიხოცებოდნენ იერიშზე გადმოსული მონარქისტები, ხიშტით, თოფის ტყვიით, ხმლითა თუ ზარბაზნის ყუმბარით, მათთვისაც კი მნიშვნელოვანი აღარ იყო. ამიტომ, ბონაპარტმა, რომელსაც კარგად ახსოვდა ძველი შეგონება – „და ის ომია სამართლიანი, რომელიც აუცილებელია და ის იარაღია კურთხეული, რომლის იმედიც გაქვს“ – იმ დღეს თავისი პროფესიული მოვალეობა შეასრულა, – სწრაფად და ეფექტიანად. მეტი არაფერი! ის მომავალშიც ყოველთვის ასე მოიქცევა. ყოველთვის, როცა კი საჭიროდ ჩათვლის, იგი უყოყმანოდ გასცემს ბრძანებას ყველაზე მტკიცე და ხშირად სასტიკი გადაწყვეტილების შესასრულებლად, მათ შორის ისეთისაც, რომელთან შედარებით პარიზის ქუჩებში მომხდარი ამბები ერთ პატარა ეპიზოდად წარმოჩნდება. 13 ვანდემიერის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბონაპარტს ზურგსუკან „გენერალ ვანდემიერს“ უწოდებდნენ. ახლა ის მნიშვნელოვანი კაცი გახდა. ანგარიშგასაწევი. თანამდებობაც დიდი ჰქონდა და ჯარიც დიდი ჰყავდა, თანაც დედაქალაქსა და მის შემოგარენში განლაგებული. ეს კიდევ უფრო მატებდა წონას. დაუჯერებელს ჰგავდა ყველაფერი ეს. ერთ დღე და ღამეში შეიცვალა მდგომარეობა, სულ რაღაც რამდენიმე საათში. თუმცა დაუჯერებელს სხვისთვის ჰგავდა, თორემ თვითონ კარგა ხანია იცოდა თავისი თავის ფასი. ახლა მთავარი იყო სხვასაც ერწმუნა მისი.
    შეიცვალა ბონაპარტი ვანდემიერის შემდეგ. ცვლილება პირველად ნაცნობ-მეგობრებმა შეატყვეს. ბურიენი, მისი ბრიენელი თანაკლასელი, სულ ერთი თვით წავიდა პარიზიდან და როცა დაბრუნდა, ბონაპარტი ვეღარ იცნო. სადღა იყო კარდაკარ მოსიარულე უმუშევარი გენერალი? ახლა მას უკვე საკუთარი ბინა ჰქონდა კაპუცინების ქუჩაზე და სპეციალური კარეტა ემსახურებოდა. ახლობლებთანაც ისე ეჭირა თავი, თითქოს მთელი ცხოვორება ასე გაეტარებინოს. ახლა უკვე მის სახლშიც მართავდნენ წვეულებას, ოღონდ ძველი ნაცნობებიდან ყველას როდი მისდიოდა მოსაწვევი.
    „ძველ“ სალონებში კვლავ დადიოდა, მაგრამ როგორ არ ჰგავდა მისი ახლანდელი ვიზიტები ადრინდელ სტუმრობას! ახლა რიდით ხვდებოდნენ, საპატიო ადგილას სვამდნენ, ბევრ სხვა სტუმარში არჩევდნენ. ისიც იფერებდა, უკვე ცოტას და მედიდურად ლაპარაკობდა, თავს იფასებდა. ერთადერთი, რომელთანაც ყველაფერ ამას ივიწყებდა და ძველებური აღტაცებით თვალებში შეჰყურებდა, ჟოზეფინა იყო. ბარასმა მათი ურთიერთობის შესახებ ყველაფერი იცოდა და ქალს ურჩევდა დათანხმებულიყო გენერლის წინადადებაზე. ვანდემიერის შემდეგ ჟოზეფინა თითქოს თანახმა იყო, მაგრამ მაინც ადვილად ვერ ბედავდა ამ ნაბიჯის გადადგმას. „მე აღტაცებული ვარ გენერლის სიმამაცით, მისი ცოდნითა და განსწავლულობით, მისი გამჭრიახობით, რითაც იგი უფრო ადრე იგებს მთქმელის აზრს, ვიდრე ის ამას იტყოდეს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იგი მე ცოტა მაშინებს, – წერდა მეგობარს ჟოზეფინა, – ამ კაცს ყველაზე მბრძანებლობა სურს, მის გამჯოლ მზერაში რაღაც ისეთი მრისხანე და შეუცნობი ჩანს, რაც დირექტორიის წევრებსაც კი აკრთობს და აფიქრებს. ბარასი მეუბნება, თუ ბონაპარტს ცოლად გაჰყვები, მას „იტალიური“ არმიის სარდლობას გავუხერხებო. ეს რომ გენერალს მოვუყევი, იგი გაცოფდა: მაშ, მაგათ ჰგონიათ, რომ მე პატრონობა მჭირდება? მოიცადეთ, ცოტა ხანში საქმე სხვანაირად წავა და ისინი თავს ბედნიერად ჩათვლიან, მე რომ მათი მფარველობა მოვინდომო. მე ჩემი ხმალი გამიკვლევს გზას! – ამბობდა ის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთი თვითდარწმუნებულობა მთლიანად მთოკავს და მის ტყვეობაში მაგდებს“.
    ჟოზეფინაში თავდავიწყებით შეყვარებული ბონაპარტი უკვე ლამის ყოველდღე ხვდებოდა თავის სატრფოს. ხშირად სტუმრობდა მის სახლში, ეფერებოდა მის ბავშვებს, ეჟენსა და ორტანსს, საჩუქრები მიჰქონდა მათთვის. ეს ბავშვები, რომლებიც სულ მალე მისი გერები გახდნენ, ძალიან შეეთვისნენ გენერალს და მანაც შეიყვარა ისინი. შემდგომში ეჟენი იტალიის ვიცე-მეფე და ნაპოლეონის ერთგული თანამებრძოლი გახდა. ის უაღრესად კეთილსინდისიერი, თავდადებული და მამაცი კაცი იყო. მის ერთადერთ „ნაკლს“ იმპერატორისადმი უსაზღვრო ერთგულება შეადგენდა. ჰორტენზია ძმაზე ეშმაკი და მოხერხებული იყო, ამ მხრივ ის დედას ჰგავდა. რაც შეეხება მამინაცვალთან დამოკიდებულებას, იგი ჰორტენზიას გულწრფელად უყვარდა და ამას არც არასოდეს ფარავდა. როცა დრო მოვიდა, ნაპოლეონმა გერი თავის ძმას, ლუის, მიათხოვა. ლუი მისი აღზრდილი იყო და უსიტყვოდ ემორჩილებოდა ყველაფერში. ნაპოლეონმა ლუი შემდეგ ჰოლანდიის მეფედ დასვა, და შესაბამისად, ჰორტენზიაც ამ ქვეყნის დედოფალი გახდა.
    დრო სწრაფად მიდიოდა. შინაგანი არმიის სარდალსა და პარიზის კომენდატს საქმე ბევრი ჰქონდა, მაგრამ ეს ის საქმე არ იყო, რომელიც მას მოსწონდა და სჭირდებოდა, დედაქალაქში ყოფნა, ძვირფას სალონებში ტრიალი, თვით ჟოზეფინას ტრფიალი შესაშური რამ იყო, მაგრამ არა მისთვის. ასეთი ცხოვრება მას მალე ბეზრდებოდა.
    ბარასსა და დირექტორიის სხვა წევრებს უხაროდათ ასეთი გენერლის გვერდით ყოფნა, მისი ენერგია და მტკიცე ხელი მათთვის მომავალი ბუნტებისა და უსიამოვნებებისაგან თაგდაცგის გარანტია იყო. მაგრამ თვითონ ბონაპარტს სხვა მიზნები ჰქონდა, სხვა გეგმები. მისი გონი და ფიქრი იტალიაში იყო, ისევ იქაურ საომარ ასპარეზს დასტრიალებდა, იქ უნდოდა ყოფნა! რაც კარგად ჩანს მის მოგონებებში, რომელიც 1794-95 წლების ამბებს ეხება.
    მაგრამ იტალია ჯერ ადრე იყო. ცოტა კიდევ უნდა მოეცადა და იცდიდა კიდეც, მაგრამ პასიურად არა. 1796 წელს, იანვარში მან იტალიაში, ამჯერად პიემონტში, შეჭრის გეგმა შეადგინა და დირექტორიას წარუდგინა. შინაგანი ჯარების სარდალს სულაც არ ევალებოდა ასეთი გეგმების შედგენა, მაგრამ წინააღმდეგობა ვერაგინ გაუწია და დირექტორებმა გეგმა ფრონტზე „იტალიური“ არმიის მაშინდელ სარდალს ბარტელემი შერერს გაუგზავნეს.
    შერერს გეგმის გაცნობისას ელდა სცემია. იგი ისეთ სარისკოდ და სახიფათოდ მოსჩვენებია მას, რომ მაშინვე უკან დაუბრუნებია და თან შემოუთვლია ამ ლაშქრობის გეგმა ჭკუათამყოფელის შედგენილი არ უნდა იყოს. თუ მაინცადამაინც გაჭირდება საქმე, იმან შეასრულოს, ვინც იგი შეადგინაო. დირექტორები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ მათ საგანგებო სხდომა მოიწვიეს, სადაც მომავალი საომარი მოქმედების წარმოების საკითხზე იმსჯელეს. იმსჯელეს, ცხადია, ბონაპარტის გეგმასა და მის გარშემო ატეხილ ხმაურზეც. ლაზარ კარნომ, დირექტორიის წევრმა და სამხედრო საკითხებში ყველაზე კომპეტენტურმა პირმა, ეტყობა, შეაფასა გეგმის ღირსება და მოითხოვა, რომ მისი განხორციელება, მართლაც, თვით ბონაპარტისათვის მიენდოთ. ასეც გადაწყვიტეს.
    ასრულდა ბონაპარტის ოცნება. 1796 წლის 23 თებერვალს იგი „იტალიური“ არმიის მთავარსარდალი გახდა. საომარი მოქმედება სულ მალე, ადრე გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, ამიტომ ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად ნაპოლეონს ცოტა დრო რჩებოდა. ჟოზეფინა უკვე თანახმა იყო მისი ცოლი გამხდარიყო. ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ნაპოლეონმა იცოდა, რომ მისი და-ძმა და პირველ რიგში, დედა წინააღმდეგნი იყვნენ ამ ქორწინებისა. საეჭვო რეპუტაციის, ორბავშვიანი ქვრივი, თანაც ხუთი წლით უფროსი, სულაც არ უნდოდა ლეტიციას თავისი შვილისათვის. დებსა და ძმებს კი არც ჟოზეფინა უნდოდათ და არც სხვა ვინმე, ვინც მრავლის შემძლე ძმის მათდამი ყურადღებასა და ზრუნვაში შეეცილებოდა.
    მიუხედავად ამისა ბონაპარტის გადაწყვეტილება ურყევი აღმოჩნდა და ქორწინების დღეც დაინიშნა. შეუღლება 9 მარტს უნდა მომხდარიყო, მაგრამ სანამ ეს პროცედურა შესრულდებოდა, საჭირო იყო ერთი პატარა მანიპულაციის ჩატარება ქალაქის მერიაში. საქმე ის იყო, რომ ნაპოლეონს სურდა პატარძალი უფრო ახალგაზრდა წარმოეჩინა, ვიდრე ის სინამდვილეში გახლდათ. ამიტომ მან ჟოზეფინას „საბუთი“ წარადგინა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ იგი იმაზე 4 წლით ახალგაზრდა ყოფილა, ვიდრე ეს ადრე იყო ცნობილი. ამავე დროს, თვითონ ბონაპარტმა ერთი წლით „დაიბერა“ თავი და თავის მხრივაც, ამის აღმნიშვნელი „საბუთი“ წარადგინა. მეტი დამაჯერებლობისათვის, ჟოზეფმა და ლუსიენმაც იგივე გააკეთეს და ასეთი ოინბაზობის წყალობით, მათაც თითო წლით „დაიბერეს“ თავი.
    სამოქალაქო ქორწინება 9 მარტს, საღამოს 9 საათზე შედგა. ხუმრობა კი არ იყო, ხელისმომკიდეებად ჟოზეფინას თვით ბარასი და ტალიენი ჰყავდა (ბონაპარტის მოშურნენი მაშინ მოსწრებულად ოხუნჯობდნენ პარიხში – „იტალიური არმიის მთავარსარდლობა ბარასის მზითევია ჟოზეფინასთვისო“. ეს ასე არ იყო, მაგრამ ნათქვამი დედაქალაქის მაღალ წრეებში მოსწონდათ და გენერლის ზურგსუკან ხშირად იმეორებდნენ).
    მილოცვებისა და ასეთი ამბებისათვის ჩვეულებრივი ზარ-ზეიმის შემდეგ, ახლადდაქორწინებულნი ახალშეძენილ ბინაში წავიდნენ და თაფლობის თვეს შეუდგნენ. შეუსრულდა ბონაპარტს სურვილი – იქორწინა საყვარელ ქალთან და ახლა ცოტა სულის მოთქმისა და განცხრომის საშუალება მიეცა. მაგრამ ამ კაცს ყველფერი უცნაური და განსხვავებული ჰქონდა ცხოვრებაში და მისი თაფლობის თვეც ასეთი. გამოდგა. იგი სულ ორ დღეს გაგრძელდა. 11 მარტს ბონაპარტი უკვე სამხრეთისაკენ, ქალაქ ნიცისაკენ მიჰქროდა იტალიურ არმიასთან შესახვედრად, რომელიც უკვე „თავისი“ გამხდარიყო და რომელთან ერთადაც მას, სულ ცოტა ხანში, ისეთი საქმეები უნდა ჩაედინა, რომლებიც სამუდამო სახ ის მოუხვეჭდნენ ამ არმიასაც და მის ახალგაზრდა მთავარსარდალსაც.
ნაპოლეონის სამხედრო მოღვაწეობა
    სანამ ნაპოლეონის იტალიაში ლაშქრობის აღწერას შევუდგებოდეთ, უმჯობესი იქნება, ჯერ მის მხედართმთავრულ შემოქმედებას და, საერთოდ, მის სამხედრო მოღვაწეობას გავეცნოთ. ამის გაკეთება, ალბათ, ახლა სჯობს, ნაპოლეონის პირველი დამოუკიდებელი ლაშქრობის წინ, სწორედ იმ ლაშქრობისა, რომელშიც პირველად გამოვლინდა მისი მხედართმთავრული ხელწერის თავისებურებები და გამოიკვეთა მისი შემოქმედების განუსაზღვრელი შესაძლებლობები.
    ნაპოლეონის მთელი ცხოვრება სამხედრო საქმესთან იყო დაკავშირებული: ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული, როცა იგი სულ რაღაც ათიოდე წლისა ბრიენის სამხედრო სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ, როცა არტილერიის კაპიტნის ჩინით პირველად ჩაება საომარ მოქმედებებში ტულონთან; მერე, როცა, როგორც რესპუბლიკური არმიის გენერალი, ლაშქრობდა იტალიაში, ეგვიპტესა და სირიაში; როცა, უკვე როგორც პირველი კონსული, სამხედრო რეფორმებს ატარებდა და ბოლოს, როცა იგი, როგორც „ყოველთა ფრანგთა“ იმპერატორი, სრულიად ევროპული ომების მორევში გადაეშვა, სამხედრო საქმე მისი მთავარი გატაცება, მისი პროფესია და მისი მეორე (იქნებ პირველი?) ცხოვრება იყო.
    ნაპოლეონი – დიდი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და დიპლომატი იყო, მაგრამ, უპირველესად ყოვლისა, იგი დიდი მხედართმთავარი იყო. სამხედრო ისტორიკოსებისა და სპეციალისტების ლამის ერთსულოვანი აღიარებით, იგი „ყველა დროისა და ხალხის“ უდიდესი მხედართმთავარია. მიუხედავად საკითხის ამგვარად დაყენების პირობითობისა, ნაპოლეონის უზარმაზარი სამხედრო მემკვიდრეობის ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ ასეთ მტკიცებას აშკარად გააჩნია რეალური საფუძველი. ამის დასტურია ნაპოლეონის სამხედრო აზროვნების ის არაჩვეულებრივი სიღრმე, რომლითაც მისი სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური ქმედებები ხასიათდება, ის მანამდე არნახული მასშტაბები და დიაპაზონი, რაც მის ომებსა და ლაშქრობებში მჟღავნდებოდა, და, რა თქმა უნდა, ის სიახლენი, რითაც მან ასე გაამდიდრა სამხედრო ხელოვნება.
ნაპოლეონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერისას, მის „გვერდით ყოფნა“, მის ომებსა და ბრძოლებში „მონაწილეობა“ და მისი მხედართმთავრული შემოქმედების სხვადასხვა მხარესთან შეხვედრა ჩვენც მოგვიხდება. ეს შეხვედრა რომ უფრო ნაყოფიერი გამოგვივიდეს, რომ უფრო უკეთ დავინახოთ, თუ რა გარდატეხა შეიტანა ამ ადამიანმა სამხედრო აზროვნების სფეროში, ალბათ, ზედმეტი არ იქნება, თუ მოკლედ მაინც მიმოვიხილაგთ სამხედრო საქმის მდგომარეობას მაშინდელ ევროპაში, რაც არსებითად, „მსოფლიო მიმოხილვის“ ტოლფასიც იქნება, რადგან, ევროპა ძირითადი წარმმართველი ძალა იყო მაშინ, არა მარტო პოლიტიკასა და ეკონომიკაში, არამედ სამხედრო საქმეშიც.
    იმ გაუთავებელ და სისხლისმღვრელ ომებში, რომლებიც ადრეულ შუასაუკუნეებში მძვინვარებდა, სამხედრო ხელოვგნება ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ვითარდებოდა. ეს ხდებოდა განუხრელად, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი საომარი მოქმედებები ყოველთვის როდი ემყარებოდა მეცნიერულ საფუძველს და ლაშქრობათა ბედი, ხშირად, დაპირისპირებულ მხარეთა წინამძღოლების ემპირიულ ქმედებებზე იყო დამოკიდებული. ამიტომ, თუკი რომელიმე ბრძოლაში ან ლაშქრობაში, რაიმე ნაყოფიერი, ტაქტიკური ან სტრატეგიული იდეა შეისხამდა ფრთას, ეს, ხშირად, ცალკეული გამოჩენილი მხედართუფროსის პირადი ნიჭის გამოვლინება უფრო იყო, ვიდრე მწყობრ მეცნიერულ საფუძველზე აგებული ქმედება.
    აღნიშნული სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ პერიოდში არ გვხვდებოდა გააზრებული სტრატეგიულ-ტაქტიკური მოქმედებები (ამის მაგალითად, თუნდაც, ჩინგიზ-ყაენის და მისი თანამებრძოლებისა თუ მემკვიდრეების ლაშქრობებიც გამოდგება. რახან სიტყვამ მოიტანა, ბარემ აღვნიშნოთ, რომ სწორედ ნაპოლეონი იყო პირველი, ვინც უარყო მანამდე საყოველთაოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ მონღოლთა ლაშქრობები მხოლოდ უწესრიგო ურდოების ქაოტიური გადაადგილება იყო. მონღოლ მხედართმთავართა ლაშქრობების მარშრუტებისა და მათი საბრძოლო მიღწევების ანალიზის საფუძველზე, ნაპოლეონი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს იყო კარგად გააზრებული და წინასწარ დაგეგმილი კამპანიები, რომლებშიც ჩინგიზ-ყაენისა და მისი მხედართმთავრების სტრატეგიული ფუ ტაქტიკური ოსტატობის არაერთი მაგალითის პოვნა შეიძლება). საკუთრივ ეგროპაში სამხედრო მეცნიერების, სამხედრო აზროვნების განვითარება საბრძოლო იარაღის გაუმჯობესებისა და მისი ახალი სახეობების შემოღების პარალელურად მიდიოდა. დენთის გამოყენებამ, თოფებისა და განსაკუთრებით, ზარბაზნების გამოგონებამ, ძირეული გავლენა მოახდინა ბრძოლების მსვლელობაზე თუმცა დასაწყისში ეს იარაღი ძალზე არასრულყოფილი და ნაკლებშედეგიანი იყო და მისი გამოყენება ლამის მარტო „ხმოვან ეფექტზე“ იყო აგებული მაინც, უკვე მაშინაც, ცეცხლსასროლმა იარაღმა დიდად შეუწყო ხელი ახალი ტაქტიკური ხერხების განვითარებას და მნიშვნელოვნად წასწია წინ სამხედრო საქმე.
    XVII-XVIII საუკუნეებში, ოცდაათწლიანი და ფრონდის ომების, ესპანეთისა და პოლონეთის მემკგვიდრეობისათვის წარმოებული და შვიდწლიანი თუ სხვა ომების დროს, უკვე საფუძვლიანად დაიხვეწა ბრძოლის ტაქტიკა და გამომუშავდა თავისებური სტრატეგიული დოქტრინაც. ეს სტრატეგია ომის „მოწინააღმდეგის გამოფიტვამდე“ წარმოებაში მდგომარეობდა. ეს იყო ხანგრძლივი ომი, ომი, რომელიც არ ისახაგდა მიზნად გადამწყვეტი ბრძოლის გამართვას და შესაბამისად, გადამწყვეტი შედეგის მიღწევას. იგი გულისხმობდა მოწინააღმდეგის მანევრებითა და კონტრმანევრებით დაღლას, დაძაბუნებას, მისი მატერიალური და სულიერი რესურსების გამოფიტვას, ასეთი ომის დროს მთავარი იყო ბრძოლისგან, შეტაკებისგან თავის შეკავება და ძირითადი ყურადღების მოწინააღმდეგის მატერიალურად დაზარალებასა და მის ფიზიკურ დაძაბუნებაზე გადატანა.
    „მოწინააღმდეგის გამოფიტვამდე“ ომის წარმოების კლასიკური, მაგრამ არა ერთადერთი, მაგალითია 1778-79 წწ. ავსტრიასა და პრუსიას შორის მიმდინარე ე. წ. „კარტოფილის ომი“. ამ ომში, რომელიც თითქმის ერთი წელი გაგრძელდა, მოწინააღმდეგეები მხოლოდ მანეგრირებას ახდენდნენ ბავარიის ვრცელ კარტოფილის მინდვრებზე (აქედან – ომის სახეწოდებაც). ორივე მხარე ცდილობდა ერთმანეთისათვის მომარაგების გზები გადაეჭრა და ამით აეძულებინა იგი დამარცხებულად ეცნო თავი. ომი ისე მიიწურა, რომ ბრძოლა არც გამართულა! (ავადმყოფობისა და დაძაბუნებისგან კი ბევრი ადამიანი დაიღუპა). ამ ომის საფუძველზე თეორიაც კი შეიქმნა ომის საერთოდ ბრძოლის გარეშე წარმოების შესახებ. თუკი ასეთი ომის დროს ბრძოლის გამართვა მაინცადამაინც აუცილებელი ხდებოდა, მაშინ დაპირისპირებული მხარეები, ამ ბრძოლას მხოლოდ უაღრესად ხელსაყრელ გეოგრაფიულ, კლიმატურ და სხვა ამგვარ ფაქტორთა მაქსიმალურად გამოყენების პირობებში იწყებდნენ, დღე–ღამის მკაცრად განსაზღვრულ პერიოდში. ამავე დროს, რაღაც თავისებური, ძველებური ეტიკეტის უეჭველი დაცვის ფონზე. ეს, რა თქმა უნდა, ძველის გადმონაშთი იყო, რადგან ომების ისტორიაში იყო დრო, რომელზეც ალბერ სორელი ირონიულად შენიშნავდა: ომი მაშინ რაღაც საშუალო იყო ჭადრაკის თამაშსა და დუელს შორისო. სორელი რომ ახსენებს, ამ დროის ომებში პირდაპირ ანეკდოტური ამბებიც ხდებოდა. ამ მხრივ საგულისხმოა ასეთი შემთხვევა. თურმე ერთ-ერთი კამპანიის დროს, ნიდერლანდებში, ინგლისელთა და ფრანგთა დაპირისპირებული ლაშქრები სქელ ნისლში ისე უეცრად შეეფეთნენ ერთმანეთს 10-15 ნაბიჯის მანძილზე, რომ ორივე მხარე სახტად დარჩა. პირველი ინგლისელთა მეთაური გამოერკვა, რომელმაც ქუდი მოიხადა, ფრანგების მისამართით ლამაზი ჟესტი გააკეთა და დაიძახა: „ბატონო ფრანგებო, გთხოვთ პირველებმა მოახდინოთ გასროლა!“ ფრანგი მეთაური რისი ფრანგი იქნებოდა ამ ჟესტზე არანაკლებ ლამაზი ჟესტით რომ არ ეპასუხნა და მანაც, თავის მხრივ, შესძახა: როგორ გეკადრებათ, ბატონო ინგლისელებო, თქვენ სტუმრები ხართ და პირველი გასროლაც თქვენ გეკუთვნითო! მართალია XVIII საუკუნეში ასეთ ჟესტებს აღარ მიმართავდნენ, მაგრამ ომის წარმოების უამრავ ძველ წესს მაინც არ თმობდნენ. ამგვარი ომების საერთო მიზანიცა და კერძო ამოცანებიც, როგორც წესი, შეზღუდული, „მოკრძალებული“ იყო. იმ პერიოდის ომებში არ იყო არც სწრაფი და ფართომასშტაბიანი შეტევა, არც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ღრმად შეჭრა, არც ომის ბედის გადამჭრელი შებრძოლებით გადაწყვეტა.
    მიზეზი დაპირისპირებულ მხარეთა ასეთი გაუბედავი მოქმედებისა, ორი იყო: ერთი ის, რომ იმ პერიოდისათვის არმიები ჯერ კიდევ არ შედგებოდნენ დამოუკიდებლად მოქმედი საბრძოლო შენაერთებისგან და მაშინდელი არმია ერთ მთლიან ერთეულს წარმოადგენდა. ამიტომ იგი ასევე ერთიანად, მთელი შემადგენლობით მოქმედებდა. რადგან არმიის მომარაგება მაღაზიურ სისტემაზე იყო დაფუძნებული, მისი გადაადგილების მანძილიც შეზღუდული იყო. მაშინდელი არმიების გადაადგილების ზღვარი სულ 5 გადასასვლელს შეადგენდა (არმიის მომარაგების მაღაზიური სისტემა გულისხმობდა ჯარის კვებას სპეციალურად მოწყობილი საწყობებიდან – მაღაზიებიდან, რომლებიც სხვადასხვა გამაგრებულ პუნქტში იყო გამართული). მომარაგების ასეთი სისტემა ჯარს მაღაზიებიდან 100-150 კმ-ზე მეტი დაშორების საშუალებას არ აძლევდა. ასეთ მანძილს ჯარი, ჩვეულებრივ, 5 დღეში ფარავდა და ამიტომ ერქვა ამგვარ მომარაგებას „ხუთგადასასვლელიანი“. ცხადია, რომ მაღაზიური სისტემა არმიას გარკვეულ გეოგრაფიულ პუნქტებზე დამოკიდებულს ხდიდა და მასზე აჯაჭვავდა. ლაშქრად მიმავალი აღალის დაცვას მნიშვნელოვანი ძალების გამოყოფა სჭირდებოდა, ეს კი ასუსტებდა მთავარ საბრძოლო შენაერთს. მდგომარეობას ართულებდა ის გარემოებაც, რომ აღალს არმიის ხელმძვანელებისა და მაღალი ჩინის ოფიცრების უზარმაზარი ამალაც მიჰყვებოდა თან. ამ ამალაში ყველა შედიოდა, საჭირო, და უფრო ხშირად, არასაჭირო პირი. თუ არმიას ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი მიჰყვებოდა (ფორმალურად, რა თქმა უნდა, – კი არ მიჰყვებოდა, არამედ „მიუძღოდა“), მაშინ საქმე კიდევ უფრო მძიმდებოდა და ლაშქრობა რალაც მოგზაურობასა თუ გასეირნებას ემსგავსებოდა.
    ასეთი „მოგზაურობის“ საილუსტრაციოდ საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის გალაშქრება გამოდგება ფლანდრიაში. მეფის ამალაში შედიოდა უამრავი მსახური, ლაქია, მზარეული, დალაქი, მეაბანოვე, მასაჟისტი და სხვა, ომისათვის ფაქტობრივად სრულიად ზედმეტი და გამოუსადეგარი ადამიანები. მონარქის გასართობად არმიას თან კარის თეატრიც მიჰყვებოდა, მთელი თავისი რეკვიზიტით. თავისთავად იგულისხმება, რომ ავხორცსა და მუსუს მეფე ლუის არც თავისი ფავორიტი ქალები ავიწყდებოდა და ისინიც თან მიჰყავდა, რა თქმა უნდა, თავ-თავიანთი მსახურებითა და დამხმარე პერსონალით. ცხადია, ასეთ არმიებს არ შეეძლოთ სხვაგვარი ბრძოლა, თვინიერ ბრძოლისა „მოწინააღმდეგის გამოფიტვამდე“.
    ასე იყო მთელ ევროპაში. მაგალითად, პრუსიის არმიაში სირცხვილად ითვლებოდა, თუ ოფიცრები (მათ კი მხოლოდ თავადაზნაურები შეადგენდნენ) რამეში ჯარისკაცებს გაუტოლდებოდნენ. პრუსიელ ლეიტენანტს, ერთი საჯდომი ცხენის გარდა, კიდევ ჰყავდა ერთი სასაპალნე ცხენი (ცხადია, შესაბამისი მომვლელით). კაპიტნებს სასაპალნე ცხენები მეტი ჰყავდათ – სამიდან ხუთამდე და ა. შე „გეომეტრიული პროგრესიით“ წოდებათა მატებასთან ერთად. ადვილი წარმოსადგენია რა ოდენობის აღალი დაუგროვდებოდა პრუსიის არმიას ლაშქრობის დროს. წარმოდგენის დაძაბვა რომ არ დაგვჭირდეს, ამიტომ ციფრებს მივმართოთ: 1806 წლის კამპანიის დროს ნაპოლეონის ქვეითი ჯარის მთელი აღალი პრუსიელ ფეხოსანთა მხოლოდ მეცხრედს შეადგენდა! თუ პრუსიელთა სალაშქროდ მოწყობილი შენაერთი სიღრმეში 30-40 კილომეტრზე იწელებოდა, ნაპოლეონის ერთი 30-ათასიანი კორპუსის გაჭიმულობა 8 კმ-ს არ აღემატებოდა. ყველა ზემოთქმული ნათელყოფს იმ ფაქტს, თუ რატომ იყო ფრანგების არმია თავის მოწინააღმდეგეებზე ბევრად უფრო მობილური.
მეორე ძირითადი მიზეზი მაშინდელი არმიების შეზღუდულად მოქმედებისა მოწინააღმდეგის საფორტიფიკაციო ნაგებობების მძლავრი სისტემების არსებობა იყო, რომელთა დაძლევის საშუალება იმდროინდელ არმიებს ნაკლებად ჰქონდათ, რამეთუ თავდაცვითი შესაძლებლობები შეტევითსას, ჩვეულებრივ, აღემატებოდნენ, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ევროპის არმიათა შტაბებში უმთავრეს ყურადღებას გეოგრაფიულ პუნქტებსა და სხვადასხვაგვარ სიმაგრეებს უფრო უთმობდნენ, ვიდრე მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას, მაშინ აღარც გასაკვირი იქნება ამ არმიების ასეთი გაუბედავი და შეზღუდული მოქმედება.
    ფეოდალურ-აბსოლუტისტური ევროპის არმიები ძირითადად და უმთავრესად ყმა გლეხებისგან შედგებოდნენ. გლეხები რეკრუტული გაწვევის საშუალებით ხვდებოდნენ არმიაში და ფაქტობრივად, მუდმივად მსახურობდნენ მასში, სანამ მძიმედ არ დაიჭრებოდნენ და არ დაინვალიდდებოდნენ. დემობილიზაცია, როგორც ასეთი, არ ხდებოდა. ასეთ არმიებში ოფიცრობას, და მით უმეტეს, უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას, მხოლოდ ფეოდალ-არისტოკრატთა წარმომადგენლები შეადგენდნენ. უბრალო ჯარისკაცებს, მოსახლეობის დაბალი ფენების წარმომადგენლებს, საბრძოლო დამსახურების მიუხედავად, არ შეეძლოთ არმიის იერარქიულ საფეხურზე ასვლა, რადგან ეს მხოლოდ პრივილეგირებულთა საქმე იყო. ასე რომ, არმიის უდიდეს მასას – მის ჯარისკაცებს – აქტიურობის ინტერესი და სტიმული საფუძველშივე ჰქონდა ჩაკლული. უსტიმულო, ხშირად ძალით წაყვანილი ჯარისკაცებისგან შემდგარ არმიას აქტიური საომარი მოქმედების წარმოება გაჭირვებითა და ძალდატანებით შეეძლო. არმიის სარდლობა და საერთოდ, ოფიცრობა, ასეთ ჯარისკაცებს ნაკლებად ენდობოდა, ვინაიდან ისინი დროს მოიხელთებდნენ თუ არა, ან დეზერტირობდნენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, თავს არიდებდნენ სარისკო წამოწყებებში მონაწილეობას. ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა ომის (ბრძოლის) წარმოების წესზე. როგორი მასალაც იყო (ჯარისკაცები), შენობაც (არმია) ისეთი გამოდიოდა. ის, რომ მაშინდელი არმიები, ძირითადად, ერთიანი მასით მოქმედებდნენ, ამ გარემოებითაც იყო გამოწვეული.
    ჯარისკაცი მუდამ ოფიცრების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. აქედან იბადებოდა არა მარტო ფრთხილი და, პრინციპში, მანკიერი სტრატეგია – „ბრძოლა მოწინააღმდეგის გამოფიტვამდე“, არამედ, გარკვეულწილად, მანკიერი ტაქტიკაც – მანევრირება მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ველზე, ყველასი ერთად, ხაზოვან საბრძოლო მწყობრში. ხაზოვანი მწყობრი პირველად XVI საუკუნეში შემოიღეს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენის საპასუხოდ. თუმცა შემდგომი პერიოდის განმავლობაში ამ მწყობრმა გარკვეული მეტამორფოზა განიცადა, მისი ძირითადი არსი იგივე დარჩა. ხაზოვანი ტაქტიკა არც კოლონების და არც გაფანტული წყობის გამოყენებას არ ითვალისწინებდა. ბრძოლის დროს სრულდებოდა ჯარის მეტად რთული გადაადგილება – გადაჯგუფება, თანაც ეს ხდებოდა მკაცრად რეგლამენტირებული წესით, დროის, ინტერვალებისა და თანმიმდევრობის აუცილებელი დაცვით და მწყობრის მტკიცე შენარჩუნებით. ჯარის ასეთ მოწყობაზე იხარჯებოდა უამრავი დრო და ენერგია. ვინც მოასწრებდა შესაბამისი მწყობრის დაკავებას, უპირატესობასაც ის იღებდა. საყურადღებოა, რომ ჯარების რთული გადაჯგუფების დროს მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ხელს მაინცადამაინც არ უშლიდნენ (ვერ უშლიდნენ), რადგან ორივენი ერთი და იგივე საქმით – საბრძოლო მწყობრის დაკავებით – იყვნენ გართულნი. ხაზოვანმა ტაქტიკამ თავისი განვითარების აპოგეას XVIII საუკუნეში მიაღწია, განსაკუთრებით შვიდწლიანი ომისა და მის შემდგომ პერიოდში.
    ასეთი პოპულარობა ხაზოვანმა ტაქტიკამ პრუსიის მეფის, ფრიდრიხ II-ის სამხედრო რეფორმებისა და, რაც მთავარია, მისი საბრძოლო წარმატებების გამო მოიპოვა. ფრიდრიხმა თითქმის სრულყოფამდე აიყვანა ჯარების ასეთი გაწყობა. მისი ირიბი საბრძოლო მწყობრი სიახლე იყო იმ დროში და იგივე ხაზოვანი ტაქტიკის მატარებელ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში დიდ უპირატესობას აძლევდა პრუსიის მეფეს. ფრიდრიხი გამოჩენილი მხედართმთავარი იყო. მას რკინის ნებისყოფა და ბრძოლის წარმართვის შესანიშნავი უნარი ჰქონდა. მაგრამ ის, რაც მეფის ხელში ხშირად წარმატების მომტანი იყო, მის ეპიგონებს ასეთი წარმატების საშუალებას არ აძლევდა, რადგან ისინი მოკლებულნი იყვნენ ფრიდრიხის მხედართმთავრულ ღირსებებს.
    ფრიდრიხის მიერ განხორციელებული ეს გარკვეული სიახლე, ირიბი მწყობრი (იმავე ხაზოვანი ტაქტიკის ფარგლებში! უკვე საკმარისი აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად. ამ წარმატებებმა ის გამოიწვიეს, რომ ირიბი საბრძოლო მწყობრი ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებულ, ერთადერთ სწორ მწყობრად იქნა მიჩნეული მაშინდელ ევროპაში (ეს მწყობრი ბრძოლის ველზე გარკვეული მანევრირების საშუალებით მოწინააღმდეგის ერთ-ერთი ფლანგის მიმართ საკუთარი ჯარის შვერის წამოწევას გულისხმობდა).
    ხაზოვანი ტაქტიკა მკვეთრად ზღუდავდა მეთაურთა ინიციატივას. ჯარი ერთხელ დამუშავებულ ტაქტიკურ ჩარჩოებში იყო მომწყვდეული და საომარი სიტუაციის უეცარ შეცვლას მზადყოფნაში ვერ ხვდებოდა (თუმცა ეს უეცარი შეცვლა მაშინ იშვიათად ხდებოდა, რადგან მოწინააღმდეგეც იგივე ტაქტიკით მოქმედებდა). ერთი შეხედვით, ასეთი ტაქტიკით ბრძოლისას მოწინააღმდეგეებს «თითქოს მცირე დანაკლისი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ სინამდვილეში პირიქით გამოდიოდა. ბრძოლის გველზე ნაკლებად მობილური, შემჭიდროებული რიგები („ხაზები“) იოლად ექცეოდნენ მტრის თოფოსანთა ზალპებსა და არტილერიის ცეცხლქვეშ და უზარმაზარ დანაკარგს განიცდიდნენ. თავის მხრივ ისინი, ან მათი სხვა ნაწილები, მოწინააღმდეგეს ისეთსავე ზიანს აყენებდნენ. თუ აღნიშნულს იმასაც დაგუმატებთ, რომ ხაზოვან ტაქტიკას ჩვეულებრივ „გამოფიტვამდე ომის“ წარმოებისას იყენებდნენ, როცა ხანგრძლივი საომარი მოქმედებისას ისედაც უამრავი ჯარისკაცი იღუპებოდა ინფექციური დაავადებებისა და გადაქანცვისაგან, ცხადი გახდება, თუ რამდენად „ნაკლებ ჰუმანური“ იყო ეს გაჭიანურებული ომები გადამწყვეტი შედეგის გარეშე.
    ვითარება მკვეთრად შეიცვალა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, უფრო სწორად, რესპუბლიკური საფრანგეთის ფეოდალურ ევროპასთან ომების დროს. რევოლუციამ ბრძოლის ახალი მეთოდები შვა. ახალ მეთოდებს ახალი ხალხი ქმნიდა. ემიგრაციაში წასული არისტოკრატი ოფიცრების ნაცვლად, მეთაურებად ინიციატივიან და საზრიან ჯარისკაცებს აწინაურებდნენ. სამეფო არმია, რომელიც, ძირითადად გლეხებისგან შედგებოდა, ეროვნულ გვარდიასა და მოხალისეებს შეერია. შედეგად რევოლუციური (რესპუბლიკური) არმია შეიქმნა. ეს არმია, თავის მასაში მაინც გაუწვრთნელი და დასაწყისში ნაკლებად შეიარაღებული, ფეოდალური ეგროპის კარგად მომზადებულ არმიებს შეეჯახა. რესპუბლიკური არმიის ჯარისკაცები, განსხვავებით თავიანთი მოწინააღმდეგეებისაგან, კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულნი, თუ რისთვის იბრძოდნენ და არ ზოგავდნენ თავს. მართალია, თავიდან მათ რამდენიმე დამარცხება იგემეს, მაგრამ შემდეგ, როცა „დენთის სუნს შეეჩვივნენ“ და კარგად გაითავისეს, რომ მათი თავდადება რევოლუციურ სამშობლოს სჭირდებოდა, გამარჯვებებიც მოიპოვეს.
    დასაწყისში, რესპუბლიკელთა არმიამ ძველი, ტრადიციული მეთოდით მოქმედება სცადა, მაგრამ არ იყო რა სათანადოდ გაწვრთნილი და წლობით მანევრებზე ნავარჯიშევი, ვერ მოახერხა ვერც „სათანადო“ წყობის მიღება და ვერც რთული მანევრების შესრულება ბრძოლის ველზე. მაგრამ სულ მალე, ინიციატივიანმა და ენერგიულმა რესპუბლიკელმა მეთაურებმა დაინახეს, რომ სავალდებულო სულაც არ ყოფილა საყოველთაოდ მიღებული ტაქტიკური სქემებით ბრძოლა, და რომ ბრძოლის ახალი, „უწესო“ მეთოდები უფრო მეტ შედეგს იძლეოდა, ვიდრე ძველი. რესპუბლიკურმა არმიამ ბრძოლა დაიწყო იმ ტაქტიკით, რომელიც ვითარებამ მოუტანა და რომელსაც გამარჯვება მოჰქონდა მისთვის. იმიტომ რომ, ფრანგ ქვეითებს არ შეეძლოთ მოძრაობა და, მით უმეტეს, ბრძოლა, მკაცრად შემოსაზღვრული მჭიდრო წყობებით, იერიშის დროს ისინი მოწინააღმდეგესავით ნელა კი არ ირჯებოდნენ, არამედ სწრაფად მირბოდნენ წინ, იშლებოდნენ, იფანტებოდნენ, მერე ისევ ერთად იყრიდნენ თავს და ერთ ადგილას გაშეშებული მოწინააღმდეგის წაგრძელებულ საბრძოლო ხაზებს მრავალი ადგილიდან უტევდნენ. ასეთ „უწესო“ შეტევას ვერც ავსტრიელები უძლებდნენ და ვერც პრუსიელები. შედეგად, მათი, პარადებზე და მანევრებზე წლობით ნასწავლი, ნაქები მწყობრი ირეოდა, ორიენტაციას კარგავდა და უკუიქცეოდა ხოლმე.
    ფრანგი ჯარისკაცები მოწინააღმდეგეზე მარდნი იყვნენ. ისინი ოსტატურად იყენებდნენ ადგილმდებარეობის თავისებურებებს, საფარიდან ესროდნენ მტერს და გაცილებით ნაკლებად ზარალდებოდნენ. ამავე დროს რეს- პუბლიკელები მოწინააღმდეგეზე ბევრად უფრო სწრაფად გადაადგილდებოდნენ. თუ ევროპელთა არმიები მარშის დროს, როგორც წესი, წუთში 70 ნაბიჯზე მეტს არ აკეთებდნენ, ფრანგებს ასეთი ფუფუნების დრო არ ჰქონდათ. 120 ნაბიჯი წუთში – აი, მათი გადაადგილების სისწრაფე! მოძრაობის სისწრაფეში ასეთი, ერთი შეხედვით, მცირე სხვაობა უზარმაზარ უპირატესობას აძლევდა რესპუბლიკელებს.
    ხშირი ლაშქრობებისა და ბრძოლების კვალდაკვალ იცვლებოდა და იხვეწებოდა რესპუბლიკური არმიის მოქმედების ტაქტიკური ხერხები. დროთა განმავლობაში, ფრანგებმა იერიშის წარმოება უკვე მჭიდრო კოლონებითაც დაიწყეს. ამან გარკვეულად გაზარდა მსხვერპლის რაოდენობა. მაგრამ, სამაგიეროდ, მოწინააღმდეგის საკვანძო უბნებზე გადამწყვეტი იერიშის წარმატების პირობები შექმნა. სულ მალე, ფრანგმა გენერლებმა ისწავლეს საბრძოლო მოქმედებისას კოლონებისა და მსროლელთა შარების ერთდროული გამოყენებაც, რამაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა მათი ძალისხმევა. იმის გამო, რომ რესპუბლიკელი მეთაურები ენდობოდნენ თავიანთ ჯარისკაცებს, ისინი მათ არ უშლიდნენ ინიციატივის გამოჩენას. ასევე იყო უმცროსი და საშუალო მეთაურების მიმართებითაც. ამან ერთიანი არმიის სხვადასხვა შენაერთებად (დივიზიებად, ბრიგადებად, ნახევარბრიგადებად) დაყოფის შესაძლებლობა შექმნა. თითოეულ ამ შენაერთთაგანს ხშირად დამოუკიდებელი საბრძოლო ამოცანის შესრულება უხდებოდა და კარგადაც ართმევდა მას თავს.
    ფრანგებმა მტერზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებაც შესძლეს. საყოველთაო მობილიზაცია, რომელიც მათ შემოიღეს, ბევრად მეტ „ჯარისკაცულ მასალას“ იძლეოდა, ვიდრე რეკრუტული გაწვევა ფეოდალურ არმიებში. უდიდესი მნიშვნელობა იქონია ფრანგი ჯარისკაცებისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭების ფაქტმა და კანონმა სახელმწიფოს ზრუნვის შე- სახებ ომში მყოფ ჯარისკაცთა ოჯახებზე. რასაკვირველია, ბევრი რამ ამ კანონებიდან ცუდად ან ზოგჯერ საერთოდ არ სრულდებოდა, მაგრამ თვით ფაქტი მათი არსებობისა ძალიან დიდი მორალური სტიმული იყო რესპუბლიკელი ჯარისკაცისათვის. ფეოდალურ-აბსოლუტისტური ევროპის არმიებში ასეთი რამ, ცხადია, არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. და ბოლოს, რესპუბლიკელთა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის შესახებ: ის საყოველთაო გაოცება, რასაც ფრანგი მხედართმთავრების წარმატებული მოქმედება იწვევდა მაშინდელ მსოფლიოში, ადვილი ასახსნელია. რესპუბლიკის არმიების სათავეში ბრძოლის ველზე საკუთარი დამსახურებით გამორჩეული, ხალხის წიაღიდან გამოსული მეთაურები იდგნენ, მეთაურები, რომელთაც უამრავ ბრძოლასა და შეტაკებაში თავისი ნიჭითა და შემართებით ჰქონდათ მოპოვებული ჯარების ხელმძღვანელობის საპატიო უფლება. ჰოში, მორო, ჟურდანი, პიშეგრიუ, კლებერი, მასენა, დეზე და, რაღა თქმა უნდა, ბონაპარტი, ამის მკაფიო მაგალითები იყვნენ. საფრანგეთის რესპუბლიკური არმია ახალი არმია იყო, დაკომპლექტებული ჯარისკაცთა ახალი მასისაგან – რესპუბლიკის თავისუფალი, სრულუფლებიანი მოქალაქეებისაგან და ამაში მდგომარეობდა სწორედ მისი უპირატესობა მოუქნელი სახაზო ტაქტიკით შეიარაღებულ დაქირავებულ ფეოდალურ არმიებზე.
    აი, ასეთ დროს გამოვიდა სამხედრო ასპარეზზე ნაპოლეონ ბონაპარტი და ასეთი არმიის შემადგენლობაში ჩაება იგი საომარ მოქმედებებში (შემდგომში იგი საფუძვლიან სამხედრო რეფორმას გაატარებს და გვარიანადაც გადაახალისებს ამ არმიას, მოაშორებს მას რევოლუციის დროიდან შემორჩენილ ბევრ ანარქიულს და უფრო მწყობრ სისტემას მისცემს, ახალი სტრატეგიითა და ტაქტიკით აღჭურვავს და ახალი ტიპის საჯარისო შენაერთებს შექმნის. მაგრამ ამაზე ქვემოთ შევჩერდებით).
    ნაპოლეონის მხედართმთავრად ჩამოყალიბებაში, გარდა განსაკუთრებული ბუნებრივი მონაცემებისა, დიდი როლი ითამაშა მის წინამორბედ სამხედრო მოღვაწეთა გამოცდილებისა და შემოქმედების საფუძვლიანმა ანალიზმა. ნაპოლეონი არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე კაცი იყო. ჩვენ უკვე ვიცით, თუ რამდენს კითხულობდა და რამდენს სწავლობდა იგი – ბავშვობაშიც და მერეც, ყმაწვილკაცობაში. ისტორიისა და მათემატიკის გარდა, ყველაზე მეტს ის, რა თქმა უნდა, სამხედრო ლიტერატურას კითხულობდა. კითხულობდა როგორც სპეციალურ ნაშრომებს, ისე გამოჩენილ მხედართმთავართა მოგონებებსა და მათი ლაშქრობის აღწერასაც. წაკითხულს აანალიზებდა, შემდეგ რუკაზე გაითამაშებდა ამ კამპანიებს და თავის თავს მათში მონაწილე არმიების სარდლად სახავდა, მათ გადაწყვეტილებებს ამოწმებდა, შეფასებას აძლევდა და უკეთეს ვარიანტებს ეძებდა. ასეთი თავგადაკლული მუშაობის შედეგად, შეიძლება ითქვას, მან თავიდან ბოლომდე შეისწავლა მისი წინამორბედი დიდი მხედართმთავრების სამხედრო მემკვიდრეობა. უდიდეს ბუნებრივ ნიჭთან ერთად, ასეთმა შრომამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ ახალგაზრდა ბონაპარტი ისე ჩაება დამოუკიდებელ სამხედრო მოღვაწეობაში, თითქოს ზურგს უკან ხანგრძლივი ომებისა და ბრძოლების გამოცდილება ჰქონდა. სინამდვილეში მას მარტო „თეორიული“ გამოცდილება „ასაზრდოებდა“. მაგრამ ეს ცოტა არ იყო და სწორედ ამ გარემოებამ ათქმევინა მას ცხოვრების ბოლოს ეს სიტყვები, რომლებიც გადაჭარბებული კი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, რეალობისგან არცთუ ძალიან დაშორებულია: „მე რაც ტულონთან ვიცოდი, ჩემი კარიერის დასასრულსაც ის ვიცოდიო“.
    თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა ნაპოლეონი სამხედრო ისტორიის შესწავლას მხედართმთავრის აზროვნების განვითარებისათვის, კარგად ჩანს მისივე სიტყვებიდან: „ტაქტიკის ან საინჟინრო და საარტილერიო საქმის შესწავლა თითქმის ისევე შეიძლება, როგორც გეომეტრიისა. მაგრამ ომის უმაღლესი საიდუმლოების შეცნობის უნარი მხოლოდ გამოცდილების დაგროვებითა და დიდი მხედართმთავრების მიერ წარმოებული ომების ისტორიის შესწავლით გამომუშავდება. გრამატიკის მეშვეობით ილიადას სიმღერებსა და კორნელის ტრაგედიებს ვერ შექმნიო“ და კიდევ: „აწარმოეთ შეტევითი ომი ისე, როგორც ამას ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, იულიუს კეისარი, გუსტავ-ადოლფი, ტიურენი, პრინცი ევგენი და ფრიდრიხი აკეთებდნენ. წაიკითხეთ და კიდევ გადაიკითხეთ მათი 83 ლაშქრობის ისტორია და ამის მეშვეობით საკუთარი აზროვნება ავარჯიშეთ. ეს დიდ მხედართმთავრად გახდომისა და სამხედრო ხელოვნების საიდუმლოების ამოცნობის ერთადერთი საშუალებაა“.
    როდესაც სამხედრო საქმეში ნაპოლეონის „მასწავლებლებზე“ ლაპარაკობენ, ჩვეულებრივ, გარდა მის მიერვე დასახელებული ზემოთჩამოთვლილი დიდი მხედართმთავრებისა, ყურადღებას ამახვილებენ ისეთ მოღვაწეებსა და თეორეტიკოსებზე, როგორებიც იყვნენ მორიც საქსონელი, დე ბროილი, ჰიბერი, ბურსე. მათმა ნაშრომებმა მართლაც მეტად მნიშვნელოვნად იმოქმედეს ნაპოლეონის სამხედრო შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. მაგრამ მათ გარდა, იყო კიდევ ერთი ისტორიული პიროვნება, რომლის ნააზრევმა უდავოდ წარუშლელი კვალი დააჩნია ნაპოლეონ ბონაპარტს, როგორც სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეს. ეს პიროვნება ნიკოლო მაკიაგელი გახლდათ. მაკიაველიმ უზარმაზარი გავლენა მოახდინა თაგის თანამედროვე პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეებზე. კიდევ მეტი გავლენა ჰქონდა მაკიაველის მოძღერებას მისი შემდგომი თაობების მოღვაწეებზე ამ დიდი მოაზროვნის შეგონებებს სახელმწიფოს მოწყობის, ქვეყნის მმართველის ამოცანებისა და მისი ქმედების შესახებ, დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ნაპოლეონმა, თავის დროზე, ბევრი რამ გაითვალისწინა მაკიაველის რჩევა-დარიგებათაგან. მაგრამ ამ ცნობილი და აღიარებული შეგონებების გარდა, ნაპოლეონმა მაკიაველის სამხედრო მოსაზრებებსაც მიაქცია ყურადღება და მათში ისეთი რამ აღმოაჩინა, რამაც მისი სამხედრო შეხედულებების ჩამოყალიბებაში ერთობ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კერძოდ, მან იტალიელი მოაზროვნის ნაწერებში თავისი მისწრაფებებისა და ტემპერამენტისათვის ისეთი ძვირფასი და მოსარგები რჩევები ამოკრიფა, რომლებიც ომის ახლებურად წარმოების საქმეს ესადაგებოდა.
    ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა, რომელსაც ნაპოლეონმა ყურადღება მიაპყრო, ომის გადამწყვეტი, გენერალური ბრძოლით დამთავრების იდეა იყო. ვნახოთ, საიდან გამოჩხრიკა მისთვის კანონად ქცეული ეს აზრი კორსიკელმა. მაკიაველი წერდა: „თუ შეძლებ, რომ მტერი გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხო, მაშინ ყველა ის შეცდომა, რომელიც ომის მსვლელობაში ადრე გქონდა დაშვებული, გაქარწყლებული იქნება. მაგრამ თუ ამის გაკეთებას ვერ მოახერხებ, მაშინ რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო სხვა უბნებზე, კეთილ დასასრულს ვერ ეღირსები. მხოლოდ მთავარი ბრძოლის მოგება გამოასწორებს ყველა შეცდომას და ის მოგიტანს საბოლოო გამარჯვებას“. როცა ყმაწვილი ბუონაპარტე მაკიაველის ამ სიტყვებს ჩაჰკირკიტებდა, მის გარშემო ძველი და ნაცადი „გამოფიტვის“ სტრატეგიული დოქტრინა მეფობდა. „გადამწყვეტი ბრძოლის მოგება“ კი არა, ამ დოქტრინის მიხედვით, ომში ბრძოლის გამართვაზეც ლამის უარს ამბობდნენ. დიდი ფლორენციელის სიტყვებში კი სხვა აზრი იყო ჩადებული. „გადამწყვეტი ბრძოლის მოგება“ – ეს ხომ მოწინააღმდეგის განადგურებაა. აი, სად იპოვეს სათავე ბონაპარტის მომავალმა სტრატეგიულმა კომბინაციებმა! (ცხადია, მაკიაველის მხოლოდ მინიშნება აქვს ამ მიმართებით, ისიც მხოლოდ თეორიული. რაც შეეხება პრაქტიკაში მათს განხორციელებას, ეს ფლორენციელს არ შეეძლო. ეს ბონაპარტის ხვედრი იყო).
    ნაპოლეონი სწავლობდა წარსულის გამოჩენილი მხედართმთავრებისა თუ მოაზროვნეების მდიდარ მემკვიდრეობას, მაგრამ ბრმად როდი მიჰყვებოდა თავის წინამორბედთა გზას. მათი გამოცდილება და მათი ნააზრევი მისთვის სამხედრო ხელოვნების შემდგომი განვითარების „მასალა“ და საკუთარი შემოქმედების შთაგონების წყარო იყო მხოლოდ. ასე იყო მაკიაველის შემთხვევაშიც. ახალგაზრდა ბონაპარტმა კარგად შეისწავლა თავის თანამედროვეთათვის ახლობელი „გამოფიტვის სტრატეგია“ და დაინახა, რომ ამ დრომოჭმული სტრატეგიის მეშვეობით ომის წარმოებას პერსპექტივა აღარ ჰქონდა. მასობრივი არმიები, რომლებიც რევოლუციურ საფრანგეთში საყოველთაო მობილიზაციის პრინციპის განხორციელების შედეგად შეიქმნა, ომის სულ სხვაგვარი, უფრო გაბედული და მასშტაბური წარმოების საშუალებას იძლეოდა. ასე რომ, წარსულის მოღვაწეთა ნააზრევზე დაყრდნობით და ახლადშექმნილი ობიექტური ვითარების გამოყენებით, ნაპოლეონმა ომის ახლებურად წარმოების წესი შეიმუშავა. ამ წესის მიხედვით, ნაცვლად ჯარის ხანგრძლივი, მომქანცველი, ძვირადღირებული და ხშირად უეფექტო მანევრირებისა, ომის ბედი მოწინააღმდეგეზე სწრაფი და მასირებული შეტევით წყდებოდა, უპირატესად, ერთ ან ორ გენერალურ ბრძოლაში. შესაბამისი იყო ომის შედეგიც. იგი თავდებოდა მოწინააღმდეგის არა გამოფიტვითა და დაძაბუნებით, ან უკეთეს შემთხვევაში, რომელიმე ტერიტორიიდან გაძევებით, არამედ მისი დამარცხებითა და სრული განადგურებით.
    მოწინააღმდეგის განადგურება, მისი არმიის განადგურებას მოსდევს თან. აქედან გამომდინარე, თავის მომავალ საომარ მოღვაწეობაში ნაპოლეონმა მთავარ მიზნად არა გეოგრაფიული პუნქტების – ქალაქებისა და სიმაგრეების – დაკავება დაისახა, არამედ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის მწყობრიდან გამოყვანა და მისი განადგურება. მხოლოდ ამ ამოცანის შესრულების შემდეგ იხსნება მისთვის გზა ზემოაღნიშნული ობიექტებისაკენ. თვით ნაპოლეონი ასე ხსნიდა ამგვარ მოქმედებას: „ევროპაში ცოტა როდია კარგი გენერალი, მაგრამ ისინი ერთად რამდენიმე სამიზნეს უყურებენ, მე კი მხოლოდ ერთს – მოწინააღმდეგის ჯარის მასებს და ვანადგურებ მათ, მჯერა რა, რომ მტრის ყველა სხვა რამ მათსავე გზას გაუდგება“.
    რიგი სამხედრო სპეციალისტებისა „განადგურების სტრატეგიის“ ავტორად ნაპოლეონს მიიჩნევს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ყველაზე ფართოდ და ყველაზე სრულყოფილად ამ სტრატეგიას სწორედ ნაპოლეონი იყენებდა და გასაოცარ შედეგებსაც აღწევდა. მართალია, მასზე ადრე, განსაკუთრებით ძველი სამყაროს ომების დროს, აქა-იქ, ზოგიერთი დიდი მხედართმთავარი (ალექსანდრე, ჰანიბალი, იულიუს კეისარი და არა მარტო ისინი...) ომებს მოწინააღმდეგის განადგურებამდე აწარმოებდა, მაგრამ ეს მაინც ცალკეული შემთხვევები იყო და არა სისტემა. სისტემატურად და ყველაზე ეფექტურად მას ნაპოლეონი იყენებდა. და მაინც განადგურების სტრატეგიას ავტორი არა ჰყავს. იგი დრომ მოიტანა. როდესაც ვამბობთ, რომ ახალი სტრატეგია ახალმა დრომ მოიტანა, ამაში, რასაკვირველია, საბრძოლო იარაღის სრულყოფაც იგულისხმება და ის ცვლილებებიც, რომლებიც რევოლუციას მოჰყვა. მაგრამ, თავისთავად, მარტო ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა, საკმარისი არ გახლდათ, საჭირო იყო პიროვნება, რომელიც სხვაზე უკეთ გამოიყენებდა მოცემულ შესაძლებლობებს. ასეთი პიროვნება ნაპოლეონი აღმოჩნდა. როგორც სამართლიანად აღნიშნავდა დელბრიუკი, მხოლოდ მისმა შემოქმედებითმა გენიამ გამოძერწა ნედლი მასალისგან ჭეშმარიტად ახალი მოვლენა. და ეს რომ ნაპოლეონის დამსახურება იყო, ცნობილი სამხედრო ისტორიკოსი იმითაც ადასტურებდა, რომ ვერავინ, ნაპოლეონის გარდა, იგივე მასალა მასავით ვერ გამოიყენა (მაგალითად მას მორო მოჰყავდა, საფრანგეთის რესპუბლიკის გამოჩენილი მხედართმთავარი, რომელსაც იგივე ჯარი ჰყავდა და იმავე პირობებში უხდებოდა მოღვაწეობა, როგორც ბონაპარტს, მაგრამ შედეგებს განუზომლად ნაკლებს აღწევდა).
    ასე რომ, ნაპოლეონმა ყველაზე უკეთ აუღო ალლო ახალ დროებას და თავგისი ნიჭისა და ცოდნის წყალობით, ომის წარმოების ახლებური გზები დასახა. ამიტომ ითვლება იგი ახალი სტრატეგიის შემოქმედად, იმ სტრატეგიისა, რომლის ბევრმა ძირითადმა პრინციპმა დღესაც შეინარჩუნა მნიშვნელობა და თანამედროვე ომის წარმოების კონცეფციების ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი ითამაშა.
    ძირითადი სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად, ისევე როგორც სხვა მხედართმთავრები, ნაპოლეონიც წინასწარ ადგენდა გეგმას. მაგრამ მათგან განსხვავებით, მისი გეგმა არასოდეს შემოიფარგლებოდა მოქმედების მხოლოდ ერთი ვარიანტით. იგი ითვალისწინებდა ომის მსვლელობისას წარმოქმნილ შესაძლო გართულებებს და ყოველთვის სათადარიგო ვარიანტებსაც ამუშავებდა. ცხადია, საჭიროების შემთხვევაში, ნაპოლეონი ფართოდ იყენებდა მათ. ამავე დროს ნაპოლეონის მიერ შედგენილი გეგმა ძალიან განსხვაგდებოდა ფეოდალური ევროპის არმიების სტრატეგთა საომარი გეგმებისაგან. თუ ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ დაწვრილებითი გეგმა შეედგინათ, გაეთვალისწინებინათ კამპანიის რაც შეიძლება შორეული მიმდინარეობა, ყოველი გეოგრაფიული პუნქტის მდებარეობა, ბუნებრივი თუ კლიმატური პირობების ყოველგვარი ნიუანსი და მხოლოდ ამის მიხედვით ეწარმოებინათ საომარი მოქმედებები, ნაპოლეონი ამაზე დროს ნაკლებად ხარჯავდა. მას ესმოდა, რომ ომში ყველაფრის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია, რომ მისი მსვლელობის დროს ვითარება უამრავჯერ შეიცვლება და თუ არმია და მთავარსარდალი ერთ, წინასწარ შედგენილ გეგმაზე იქნებიან მიჯაჭვულნი, აქედან სასიკეთო არაფერი გამოვა (ბონაპარტს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობების იმედი ჰქონდა და არც ტყუვდებოდა – ომი შემოქმედებითი პროცესი იყო მისთვის, უმაღლეს დონეზე აყვანილი არტისტული თამაში).
    მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონი თავისი სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად ერთობ მრავალფეროვან ხერხებს იყენებდა, მაინც შეიძლება მისი ზოგიერთი ძირითადი პრინციპის ჩამოყალიბება. უფრო სწორად, იმ კომპონენტების აღნიშვნა, რომელთაც მისი სტრატეგია შეიცავდა. აი, ეს კომპონენტებიც: ომის მთავარი ასპარეზის განსაზღვრა; დარტყმის ძირითადი მიმართულების ამოცნობა; საკუთარი ძალების წინასწარგანზრახული დაფანტვა მოწინააღმდეგის ძალების შესაბამისად დაქსაქსვის მიზნით; საკუთარი დაფანტული ძალების მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად დიდი რაოდენობით თავმოყრა დარტყმის ძირითადი მიმართულების უბანზე; ოპერაციულ-სტრატეგიული მანევრის განხორციელება მთავარი ძალების მეშვეობით (მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო ხაზების გადაჭრის ან გადაბრუნებული ფრონტით ბრძოლის იძულების მიზნით); მთავარი დარტყმის სწრაფად და დიდი ძალებით განხორციელება; გაჩაღებულ ბრძოლაში წარმატების უზრუნველსაყოფად, მთელი არსებული ძალების გამოყენება, მათ შორის უკანასკნელი რეზერვებისაც; მოპოგებული გამარჯვების შემთხვევაში უკუქცეული მოწინააღმდეგის ენერგიული დევნა მისი სრული განადგურების მიზნით; სამხედრო გამარჯვების პოლიტიკური წარმატებით დასრულება.
    ნაპოლეონის სტრატეგიის ზემოაღნიშნული კომპონენტები მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო ერთმანეთთან, როცა ომის მთავარი ასპარეზი განისაზღვრებოდა და ქვეყნის მთელი სამხედრო პოტენციალი იქითკენ წარიმართებოდა, ნაპოლეონის წინაშე ახალი ამოცანა დგებოდა – ამოეცნო საკუთარი არმიისთვის დარტყმის ძირითადი მიმართულება, ე.ი. განესაზღვრა ის პუნქტი, რომელშიც მოწინააღმდეგეზე ზემოქმედება ყველაზე მტკივნეული იქნებოდა მისთვის. კარგად ორგანიზებული დაზვერვის, მოწინააღმდეგის მოქმედების ანალიზისა და განსაკუთრებული მხედართმთავრული ალღოს მეოხებით ნაპოლეონი ჩვეულებრივ სწორად ამოიცნობდა ძირითად მიმართულებას, და შემდეგ მთავარი დარტყმის განხორციელებას შეუდგებოდა. ბონაპარტი ამას ერთობ თავისებურად აკეთებდა. იგი განზრახ ანაწევრებდა თავის არმიას (სხვადასხვა ადგილებში განალაგებდა კორპუსებს), რითაც მოწინააღმდეგის დეზორიენტაციას იწვევდა. ეს უკანასკნელი იბნეოდა, თვითონაც სხვადასხვა შენაერთებად ჰყოფდა თავის ჯარს და „აქეთ-იქით აწყდებოდა“. როდესაც მოწინააღმდეგის ჯარი საკმარისად დაიფანტებოდა, ნაპოლეონის კორპუსები წინასწარ მონიშნული ადგილისაკენ მიდიოდნენ. ამით იწყებოდა ფრანგთა მთავარი ძალების კონცენტრაცია დარტყმის ძირითად მიმართულებაზე. ნაპოლეონისეული მეთოდის ქვაკუთხედს ამ ძალების სწრაფი და მაქსიმალური რაოდენობით კონცენტრაცია წარმოადგენდა. „სტრატეგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, თუნდაც სუსტი არმიით, მოწინააღმდეგეზე უფრო მეტ ძალას მოუყარო თავი იმ პუნქტში, სადაც თვითონ აპირებ შეტევას, ან მოწინააღმდეგის შეტევას ელოდები“ – აი, ნაპოლეონის სიტყვები, რომლებიც მისი მოქმედების ახსნას იძლევა. დიდი ძალების თავმოყრა მეტად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ამ ძალების სწრაფად თავმოყრასაც. ბონაპარტზე უკეთ არავინ იცოდა ომში დროის ფასი. ტყუილად კი არ ამბობდა იგი: „მომავალში მე შეიძლება მომიწიოს ბრძოლის წაგება, მაგრამ არასოდეს მომიწევს დროის დაკარგვა“.
    როდესაც მისი კორპუსები სწრაფად მოიყრიდნენ მოწინააღმდეგის გარშემო თავს, მაშინ დგებოდა მომენტი მთავარი დარტყმის განხორციელებისა. დარტყმა ხორციელდებოდა ელვისებურად, მთელი თავმოყრილი ძალების მეშვეობით. ამ დროს მთავარი მიზნის – გამარჯვების – მიღწევისათვის ნაპოლეონი არ ზოგავდა საკუთარ ძალებს. „გენერალი, რომელიც ხვალისათვის შეინახავს ხელუხლებლად მაშველ ძალებს, ყოველთვის დამარცხებული იქნება. საჭიროებისას უნდა შეგეძლოს მთელი შენი ძალების ბრძოლაში ჩაბმა, თვით უკანასკნელ ჯარისკაცამდე, რადგან გამარჯვების შემთხვევაში აღარ გეყოლება მოწინააღმდეგე, რომელსაც ხვალ უნდა შეება“, – ესეც ნაპოლეონის სიტყვებია!
    როცა მიზანი მიღწეული იქნება და გამარჯვება მოპოვებული, როცა დამარცხებული მოწინააღმდეგე უკუიქცევა და ბრძოლის ველიდან გა- იქცევა, საჭირო ხდება გამარჯვების განმტკიცება, დამარცხებული მოწინააღმდეგის საბოლოოდ წელში გატეხვა და მისი განადგურება. ამ მიზნით უკუქცეულ მოწინააღმდეგეს ნაპოლეონის მთელი კავალერია მისდევს, მისდევს მრავალ ათეულ კილომეტრზე და უწყალოდ ჩეხავს (ასე, მაგალითად, იენა-აუერშტედტის ოპერაციის დროს პრუსიელთა ორმაგი დამარცხების შემდეგ, ფრანგების ექვსი კავალერიული დივიზია მიურატის მეთაურობით გზას უჭრის უკუქცეულ პრუსიელთა არმიებს, იკავებს ქალაქებს: ერფრუტს, მაგდებურგს, პრენცლაუს, ამარცხებს და ატყვევებს პრუსიელთა წამყვან მეთაურებს, გენერლებს – ბლიუხერს, ჰოჰენლოეს; ტყვედ იგდებს 35 ათასზე მეტ ჯარისკაცს). დამარცხებულ, გაქცეულ, განადგურებულ მტერს წინააღმდეგობის გაწევის აღარც ძალა აქვს და აღარც სურვილი! აი, ახლა კი დგება დრო, რომ ნაპოლეონმა პოლიტიკური მოთხოვნები წაუყენოს მოწინააღმდეგეს და უმძიმესი პირობები შესთავაზოს მას. ბონაპარტი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მტერი ყველაფერზე თანახმა იქნება!
    აი, მოკლედ და ძალზე სქემატურად ნაპოლეონისეული განადგურების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები. როგორც ვხედავთ, მათ არაფერი საერთო „ნაპოლეონამდელ“ სტრატეგიასთან არა აქვთ. მეორე მხრივ, მათი გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი დღევანდელ პირობებში, დღევანდელი საომარი მოქმედებებისათვის არის შედგენილი... (ეს ბირთვგულ ომს არ შეეხება. ბირთვული ომი უკვე ომი აღარაა, იგი კოლექტიური მკვლელობაა და სამხედრო ხელოვნებასთან კავშირი არა აქვს).
    ადვილი წარმოსადგენია, თუ რა გამაოგნებელ გავლენას ახდენდა ფრიდრიხისა და ლასის ხაზოვანი თუ კორდონული სისტემის მიმდევარ ევროპელ მხედართმთავრებზე ასეთი მეთოდით მეომარი მოწინააღმდეგე. ამიტომ იყო, რომ მრავალი წლის განმავლობაში ვერაფერს უპირისპირებდნენ მას ვერც ავსტრიელი, ვერც პრუსიელი, ვერც რუსი მხედართუფროსები ცალ–ცალკე აღებულნიცა და კოალიციებში გაერთიანებულნიც.
    ის ფაქტი, რომ ნაპოლეონმა ზურგი შეაქცია „გამოფიტვის სტრატეგიას“ მისთვის დამახასიათებელი გაუთავებელი მანევრირებით, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ფრანგმა მხედართმთავარმა მანევრირებაზე საერთოდ აიღო ხელი. პირიქით. ნაპოლეონი ომების ისტორიაში შევიდა როგორც ოპერაციულ-სტრატეგიული მანევრის უბადლო ოსტატიც. ოღონდ განსხვავებით თავისი მოწინააღმდეგეებისაგან, იგი მანეგრირებდა არა (არა მარტო) ბრძოლის ველზე, არამედ მის გარეთაც. იგი გამუდმებით იყენებდა ღრმა გარსშემოვლითს მანევრებს, რათა გასულიყო მოწინააღმდეგის ზურგში, გადაეჭრა სასიცოცხლო კომუნიკაციები და აეძულებინა იგი გადაბრუნებული ფრონტით ეომა. ჯარის მომარაგების მაღაზიურ სისტემაზე მიჯაჭვული მოწინააღმდეგისათვის კომუნიკაციების თუნდაც ხანმოკლე დარღვევა დამღუპველი ხდებოდა. ამიტომაც თვლიდა ნაპოლეონი, რომ ომის წარმოების მთელი ხელოგნება მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო ხაზების გადაჭრაში მდგომარეობსო.
    არ იქნებოდა სწორი, რომ გვეთქვა, თითქოს ნაპოლეონისდროინდელი ევროპელი მხედართმთავრები გარსშემოვლითს მანევრებს არ იყენებდნენ. არაიშვიათად ისინიც ცდილობდნენ ღრმა, გარსშემოვლითი მანევრის განხორციელებას, მაგრამ ეყრდნობოდნენ ძველებურ თეორიას და თვლიდნენ, რომ გარსშემოვლის დროს საკმარისი იყო მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო ხაზებისთვის მხოლოდ მუქარის შექმნა. ნაპოლეონი კი თვლიდა, რომ გარშემოვლას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მთლიანად გადაიჭრება საკომუნიკაციო ხაზები და გარსშემომვლელი შენაერთები თავად მიიღებენ ბრძოლაში მონაწილეობას. როგორც ვხედავთ, პირველ შემთხვევაში მხოლოდ დემონსტრაციაზეა ლაპარაკი, მეორეში კი – აქტიურ მოქმედებაზე, შესაბამისი გადამწყვეტი შედეგით. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ღრმა, ფლანგური გარსშემოვლითი მანევრები, თავისთავად, გარკვეულ საშიშროებას შეიცავდა თვით გარსშემომვლელისთვის, მაგრამ ნაპოლეონი არ უფრთხოდა ამას: თუ მოწინააღმდეგე შეეცდებოდა მისი გარსშემომვლელი შენაერთების თავის მხრივ შემოვლას, ფრანგი მხედართმთავარი თამამად ებმებოდა ბრძოლაში საკუთარი გადაბრუნებული ფრონტით, რადგან მის არმიას აღალი არ ახლდა თან და ფრონტის შემოტრიალება მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა.
    ნაპოლეონის სტრატეგიული კონცეფციების გამომუშავება თანდათან, ახალგაზრდობის წლებში გულმოდგინე სწავლისა და თეორიული განსჯის შედეგად ხდებოდა. მათი სიცოცხლისუნარიანობის შემოწმება კი შემდეგ, ბრძოლის ველზე მოხდა. პირველად 1796-97 წლებში იტალიაში ლაშქრობის დროს. მერე ამ კონცეფციების დამუშავებაზე ნაპოლეონს დრო აღარ დაუხარჯავს. ეს მას არც სჭირდებოდა – იგი ერთხელ და სამუდამოდ შეიარაღდა ახალი სტრატეგიით და წარმატებითაც იყენებდა მას. რაც შეეხება ახალი ტაქტიკური ხერხების შემუშავებას, რომელთა გარეშეც ძნელი იქნებოდა ახალი სტრატეგიის პრაქტიკაში გამოყენება, ამისათვის ნაპოლეონს დრო და შესაბამისი ძალაუფლება სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, იტალიაში თავისი პირველი დამოუკიდებელი ლაშქრობის პერიოდში, ბონაპარტი ცდილობდა რიგი ტაქტიკური სიახლეების დანერგვას და გარკვეულად ახერხებდა კიდეც ამას, მაგრამ ეს მაინც ნაუცბათევად, „გზადაგზა“ ხდებოდა და ამიტომ შესაფერისი ეფექტიც იმაზე ნაკლები ჰქონდა, როგორსაც მისი შემოქმედი ვარაუდობდა.
    მხოლოდ 1799 წლის შემდგომ, მას მერე რაც პირველი კონსული გახდა, ნაპოლეონს მიეცა შესაძლებლობა არმიაში სასურველი რეორგანიზაცია წამოეწყო, რომელშიც ერთი უპირველესი ადგილი მის ტაქტიკურ რეორგანიზაციას ეკავა. მაგრამ, უნდა ითქვას, თავიდან საქმე ისე წარიმართა, რომ საფრანგეთის ახალ მმართველს ქვეყნისა, და მათ შორის, არმიის გარდაქმნისათვის მაშინვე დრო არ მიეცა. ახალი 1800 წელი კვლავ საომარი მოქმედების განახლების წელი გამოდგა და პირველი კონსულიც მხოლოდ მის ხელთ არსებული „შველი“ არმიის იმედად ჩაება ბრძოლაში. ეს მაინც დიდი ძალა იყო და ამ არმიამ, საკუთარი ვაჟკაცობის და ბონაპარტისა და მოროს შესანიშნავი სარდლობის წყალობით, ომში გამარჯვებას მიაღწია. 1801 წლიდან კი საფრანგეთს მშვიდობიანი პერიოდი დაუდგა. ეს პერიოდი მთელი ოთხი წელი გაგრძელდა. დროის ეს მონაკვეთი არც ისე დიდი იყო, მაგრამ ბონაპარტის ენერგიისა და შესაძლებლობების ადამიანისათვის ისიც საკმარისი აღმოჩნდა. ამ ოთხ წელიწადში საფრანგეთის ერთპიროვნულ მმართველს თავისი აღმშენებლობითი უნარის სრულად გამოვლენის საშუალება მიეცა. სულ მალე ყველაფერთან ერთად, და შეიძლება ყველაზე უფრო მეტად, ეს არმიას დაეტყო. ყველა რეფორმა, ყველა ცვლილება, რომელიც ბონაპარტის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა, საბოლოოდ, მოწოდებული იყო საფრანგეთის სამხედრო ძლიერების განმტკიცებისა და მისი ძალაუფლების მთელ ევროპაზე გავრცელებისათვის. ამ დიდი და მანამდე ჯერ არნახული მიზნის განხორციელებისათვის ბონაპარტს ასევე დიდი და არნახული სიძლიერის არმიის შექმნა სჭირდებოდა. 1801 წლიდან მოყოლებული მას ასეთი არმიის შექმნისათვის დროც მიეცა და შესაძლებლობაც.
    პირველი, რაც ამ მიმართებით ნაპოლეონმა გააკეთა, მუდმივი სამხედრო ბანაკების მოწყობა გახლდათ. ეს ბანაკები ჯარისკაცების ყოველმხრივად გაწვრთნისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ პირველი კონსულის განზრახვით, მათი შექმნა უმთავრესად ჯარისკაცთა ტაქტიკური გადამზადებისთვის იყო აუცილებელი. საქმე ისაა, რომ იმ დროისათვის არმიაში სულ სხვადასხვაგვარად გაწვრთნილი ჯარისკაცები იყვნენ. საფრანგეთის რესპუბლიკას რამდენიმე არმია ჰყავდა, რომლებიც სხვადასხვა ფრონტზე სხვადასხვა მთავარსარდლის წინამძღოლობით იბრძოდნენ. ეს ის დრო იყო, როცა საფრანგეთში ერთიანი სტრატეგიულ-ტაქტიკური კონცეფციები აღარ არსებობდა და ჯარები ხშირად თავიანთი მეთაურების უნარისა და შეხედულებებისამებრ მოქმედებდნენ. გარდა ამისა, ჯარში ჯერ კიდევ ბევრი იყო ძველი, მეფისდროინდელი არმიის წარმომადგენელი, რომლებიც ხაზოვან ტაქტიკაზე იყვნენ აღზრდილნი და ახლებურად მოქმედება უჭირდათ. სწორედ ამ საკითხების მოგვარებას აპირებდა ბონაპარტი, როცა სპეციალურ სამხედრო ბანაკებს ქმნიდა. სულ მალე სამხედრო ბანაკები ის საფუძველი გახდა, რომელსაც ნაპოლეონის ახლადშექმნილი არმია დაეყრდნო და შემდგომში ასეთ წარმატებებს მიაღწია.
    ბანაკები ერთიანი პროექტის მიხედვით იყო მოწყობილი და საცხოვრებელი ბარაკებისა და სასწავლო პოლიგონებისგან შედგებოდა. ბარაკებსაც და პოლიგონებსაც თვით ჯარისკაცები აშენებდნენ, გამოცდილი ინჟინრებისა და სპეციალისტების მეთვალყურეობით. ნაპოლეონი ხშირად ჩადიოდა ასეთ ბანაკებში და კარგა ხნითაც რჩებოდა იქ. იგი ჯარისკაცებთან ახლოს ცხოვრობდა, მათთან ერთად ატარებდა დროს და მათ ვარჯიშსა და მეცადინეობას ადევნებდა თვალყურს.
    ბონაპარტის ბრძანების მიხედვით, ჯარისკაცებს არა მარტო იარაღის ხმარებას, ზუსტ სროლას, საბრძოლო წყობის დაკავებასა და მანევრირებას ასწავლიდნენ, არამედ მიწის სამუშაოების შესრულებაშიც ავარჯიშებდნენ. ასეთი მასშტაბითა და ასეთი მოცულობით სანგრების, საფარების, ტრანშეების, ბრუსტვერების თხრასა და შენებას არც ერთ ევროპულ არმიაში არ აწარმოებდნენ. ასეთმა დაუღალავმა წვრთნამ და ვარჯიშმა ის შედეგი გამოიღო, რომ შემდგომში, საომარი მოქმედებების მსვლელობაში, ფრანგი ჯარისკაცები ისე სწრაფად და ისე ეფექტურად ასრულებდნენ მიწის სამუშაოებს, ისე მარჯვედ იყენებდნენ ამ თავიანთ ნახელავს, რომ მოწინააღმდეგეს საგონებელში აგდებდნენ. იგივე შეიძლება ითქვას საჯარისო მომზადების სხვა ასპექტებზეც. ბანაკებში წარმოებული წვრთნა და მეცადინეობა, ნაპოლეონის განზრახვით, მხოლოდ ერთ მიზანს უნდა დაქვემდებარებოდა – არმია უნდა ქცეულიყო უაღრესად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ და თავისი საქმის მცოდნე ორგანიზმად, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილებოდა თავისი მთავარსარდლის ნებას.
    ბანაკებში ჯარისკაცებზე ზრუნავდნენ – მათ კარგად კვებავდნენ, სათანადო სამედიცინო დახმარებას უწევდნენ და სუფთად და კოხტად აცმევდნენ. ბონაპარტს არა მარტო გაწვრთნილი და მამაცი ჯარისკაცები სჭირდებოდა, არამედ ლამაზად ჩაცმულიცა და შნოიანიც. კორსიკელი პროფესიონალი იყო, სულით ხორცამდე პროფესიონალი და ამიტომ სამხედრო საქმეში მისთვის წვრილმანი და მეორეხარისხოვანი არ არსებობდა. იგი ვერ იტანდა ზერელობას, საქმის მიფუჩეჩებას – მით უმეტეს. თუ არმია იყო, არმია უნდა ყოფილიყო: ძლიერიც, კარგად აღჭურვილიც და კოხტად გამოწყობილიც (სხვათა შორის, ეს მარტო მისი გემოვნებისა და, თუ გნებავთ, ახირების ამბავი არ იყო. ყველაფერთან ერთად, ფრანგთა ჯარის ლამაზად ჩაცმული, პრიალა იარაღით დამშვენებული მწყობრი კოლონები დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენდნენ მოწინააღმდეგეზე. ასე რომ, ნაპოლეონისათვის ესეც მტერზე ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალება იყო).
    სამხედრო ბანაკებში შეჯიბრის სული იყო გამეფებული. ნაპოლეონის ინიციატივით, ცალკეული ნაწილები, შემდგომში კი მთელი შენაერთები, ერთმანეთთან შეჯიბრში იყვნენ ჩართულნი. ვარჯიშსა და წვრთნაში გამარჯვებულებს ასაჩუქრებდნენ და აჯილდოვებდნენ. ეს სასწავლო ბანაკები ქალაქებიდან განზრახ შორს იყო განლაგებული და ჯარისკაცებს წვრთნისა და მეცადინეობის მეტი სხვა „გასართობი“ არაფერი ჰქონდათ. ისინიც მთელ დროს ამ წვრთნასა და ვარჯიშს ანდომებდნენ.
    ნაპოლეონს, ამ ჭეშმარიტად დაუღალავ ადამიანს, თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობის პერიოდში არაფერზე იმდენი დრო, ენერგია და მატერიალური სახსრები არ დაუხარჯავს, რამდენიც არმიაზე, მის მოწყობასა და რეორგანიზაციაზე. ასეთი ძალისხმევის შედეგად საფრანგეთის არმია შეიცვალა, გაძლიერდა, გადიდდა, უკეთ აღიჭურვა და ახალი ტაქტიკით შეიარაღდა. მაგრამ ის უკვე რევოლუციური იდეებით აღსავსე არმია აღარ იყო, იგი ერთი კაცის ნება-სურვილის აღმსრულებელი, ერთი კაცის არმია იყო. ეს კარგად შეიარაღებული, შესანიშნავად გაწვრთნილი, დისციპლინირებული და გულადი მეომრებით დაკომპლექტებული არმია, მუდმივი ომებისთვის განკუთვნილი არმია გახდა. ის ჭეშმარიტად ნაპოლეონის პირმშო იყო. მრავალი წელი მას ბადალი არ მოეძებნებოდა მსოფლიოში, რომელიც სულგანაბული შეჰყურებდა მის გაუგონარ წარმატებებს. ცოტა ხანში, საფრანგეთის არმია ეტალონად იქცა და სხვა მაშინდელი არმიებისათვის მისაბაძი მაგალითი გახდა.
    სამხედრო რეფორმის გატარებასა და არმიის სალაშქროდ მომზადებაში ნაპოლეონი სამხედრო სამინისტროსა და გენერალურ შტაბს ეყრდნობოდა. სამინისტროს მოვალეობაში საერთო საკითხები შედიოდა: წვევამდელების მომზადება, სამხედრო ვალდებულთა გაწვევა, არმიის მომარაგება იარაღით, ტყვია-წამალით, საჭურველით, ჩასაცმელით და ა.შ. გენერალურ შტაბს უშუალოდ საომარი ოპერაციებისათვის არმიის მომზადება და კონკრეტული ლაშქრობის საკითხების მოგვარება ევალებოდა.
    გენერალური ანუ მთავარი შტაბი ნაპოლეონამდე ჯერ კიდევ ასი წლით ადრე შეიქმნა საფრანგეთში, როგორც მეფე ლუი XIV-ის დამხმარე სამხედრო საბჭო. ლუი სამხედრო საკითხებში ნაკლებად ერკვეოდა და ასეთი დამხმარე ორგანო მას ნამდვილად სჭირდებოდა. მთავარ შტაბში – როგორც ამ ორგანოს მაშინ უწოდებდნენ – მრავალი საკითხი ირჩეოდა და მას ხშირად დამოუკიდებლად მოქმედი სრულუფლებიანი ორგანოს სახე ჰქონდა.
    საფრანგეთის წამხედურობით ასეთი შტაბების შექმნა მალე ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც დაიწყეს. საქმე ის იყო, რომ მაშინდელი ევროპის ქვეყნების არმიების სათავეში, ჩვეულებრივ, ან ამ ქვეყნების მონარქები იდგნენ, ან მათი უახლოესი ნათესავები. უმეტეს მათგანს სამხედრო საქმეზე ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა და, ამდენად, ასეთი შტაბების შექმნა სწორედ რომ მისწრება იყო მათთვის. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ასეთი შტაბები მხოლოდ ომის დროს იქმნებოდა, მაშინ როდესაც მშვიდობიან პერიოდში მათ საქმე არა ჰქონდათ, ნაპოლეონს ასეთი შტაბი არ სჭირდებოდა. იგი პერმანენტულად ომში იმყოფებოდა და ისეთი ორგანო უნდოდა, რომელიც მუდმივმოქმედი იქნებოდა და პერმანენტულად მიიღებდა მონაწილეობას საომარი მოქმედებისათვის არმიის მომზადებაში.
    თავისი შტაბის უფროსად ნაპოლეონმა ალექსანდრე ბერტიე დანიშნა. ბერტიე არმიის დამოუკიდებლად მართვის უნარს მოკლებული იყო. მითუმეტეს მოკლებული იყო იგი ომის წარმართვის ხელოვნებას. მაგრამ ნაპოლეონი ამას არც მოითხოვდა მისგან. იმპერატორს საქმის ტექნიკური შემსრულებელი სჭირდებოდა, ბერტიეს კი ამაში ტოლი არ მოეძებნებოდა. იგი იყო ჭკვიანი, ენერგიული, დაუღალავი და პედანტიზმამდე პუნქტუალური ადამიანი, ჰქონდა შესანიშნავი მეხსიერება, კარგად იცოდა რუკა და ნაპოლეონის ერთგული გახლდათ, ამიტომ იყო, რომ ბერტიეს იგი არ იშორებდა გვერდიდან. იგი იყო მისი ნება-სურვილის მთავარი აღმსრულებელი და ამიტომაც ნაპოლეონის ყოველი ბრძანება თუ განკარგულება ქვემდგომ ინსტანციებს მხოლოდ ბერტიეს საშუალებით გადაეცემოდა. ბერტიეს არასოდეს და არაფერი ავიწყდებოდა. ეს ადამიანი დიდი სიყვარულით არ სარგებლობდა არმიის უმაღლეს ეშელონებში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე დიქტატორის კარზე – მბრძანებელთან დაახლოებული პირი მრავალთა შურსა და გაღიზიანებას იწვევს. ასე იყო ბერტიეს შემთხვევაშიც, მაგრამ ნაპოლეონს ეს არ აფიქრებდა: მარშალი ბერტიე, ნევშატელისა და ვაგრამის ჰერცოგი, მისი ნება-სურვილის დროულად და ზუსტად აღმსრულებელი იყო და თანაც მისი ერთგული ადამიანი, მეტი კი მისგან იმპერატორს არაფერი სჭირდებოდა...
    ბერტიე ყველგან ახლდა ნაპოლეონს. მხოლოდ 1815 წლის ლაშქრობისას ხელმძღვანელობდა მთავარ შტაბს სხვა ადამიანი. ეს ადამიანი მარშალი სულტი იყო, მამაცი მეომარი და კარგი საველე მეთაური, მაგრამ საშტაბო სამუშაოში სრულიად გამოუცდელი კაცი. ამ გამოუცდელობამ იჩინა კიდეც თავი ვატერლოოს ბრძოლაში, როცა გრუშის კორპუსის სასწრაფოდ გამოსაძახებლად მან სულ ერთი მაცნე გაგზავნა. როცა ნაპოლეონმა ამის შესახებ შეიტყო, აღშფოთება ვერ დაფარა და საყვედურთან ერთად, სულტს უთხრა: „ბატონო ჩემო, ბერტიე ერთს კი არა ას მალემსრბოლს გააგზავნიდაო“.
    გენერალურ შტაბს ნაპოლეონის არმიაში საკმაო ფუნქციები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარსარდალთან შემოქმედებითი თანამშრომლობით იგი დაკავებული არ იყო. საომარი ოპერაციების დაგეგმვასა და წარმოებაში ბონაპარტს არავისი, მათ შორის თავისი შტაბის, დახმარება არ სჭირდებოდა. შტაბის როლი ამ დროს მდგომარეობდა მომავალი საომარი მოქმედების ასპარეზის შესწავლაში, დაზვერვის მონაცემების დამუშავებაში, რუკების მომზადებაში, არმიული შენაერთების ურთიერთმოქმედების რეგულირებაში, სალაშქრო მარშრუტების დამუშავებაში და ა. შ. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ყველა ეს სამუშაო ნაპოლეონის ინსტრუქციებისდა მიხედვით წარმოებდა და მისი კონტროლით კეთდებოდა, მით უმეტეს, რომ ყველა ძირითად გადაწყვეტილებას ბოლოს მაინც ნაპოლეონი იღებდა.
    ასე რომ, ნაპოლეონის დროს, საფრანგეთის არმიის გენერალური შტაბის როლი, გარკვეულად, შეზღუდული იყო. რაც შეეხება არმიის შენაერთებს – კორპუსებსა და დივიზიებს – ნაპოლეონის განკარგულებით შტაბები იქაც იყო შექმნილი. ეს შტაბებიც ასევე ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდნენ, მაგრამ, გენერალური შტაბისგან განსხვავებით, მათ უფროსებს საშუალება ჰქონდათ შენაერთების მეთაურებთან შემოქმედებითი კონტაქტი დაემყარებინათ. და მაინც, მიუხედავად ზემოაღნიშნული თავისებურებებისა, საფრანგეთის არმიის შტაბი (გენერალურისა და არმიული შენაერთების შტაბების ჩათვლით) საკმაოდ მრავალრიცხოვანი, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ორგანო იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ნაპოლეონის გეგმების განხორციელებაში.
    ახლა, მოკლედ იმ ტაქტიკური სიახლეების შესახებ, რომლითაც გაამდიდრა ნაპოლეონმა მაშინ არსებული ჯარის სამი სახეობა – ქვეითი, არტილერია და კავალერია.
    ნაპოლეონის ქვეითი ჯარის საბრძოლო მწყობრი კომბინირებული იყო და მსროლელთა ხაზებისა და კოლონებისაგან შედგებოდა. ასეთი მწყობრი ცეცხლის წარმოების საშუალებასაც იძლეოდა და ხიშტით დარტყმისაც. ნაპოლეონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ცეცხლის ზალპების სახით წარმოებას და ამიტომ საბრძოლო მწყობრს, ხშირად, დამატებით მსროლელთა ბატალიონებს უმატებდა.
    მოგვიანებით, როცა გამუდმებული ომების გამო, ვეღარ ესწრებოდა ჯარის სათანადოდ გაწვრთნა და მისი ზუსტ სროლაში დახელოვნება, ნაპოლეონი უპირატესობას კოლონებს ანიჭებდა და იერიშს ერთობ მჭიდროდ მოწყობილი კოლონებით აწარმოებდა. ასეთ პირობებში ცეცხლის შენარჩუნება, ძირითადად, კოლონებს შუა და მათ ფლანგებზე განლაგებული არტილერიის საქმე ხდებოდა.
    თუ ნაპოლეონის არმიაში სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტაში მთავარ როლს კორპუსები ასრულებდნენ, უშუალოდ ბრძოლის პროცესში კონკრეტული ტაქტიკური მიზნების შესრულება, ძირითადად, დივიზიების საქმე იყო. ამა თუ იმ კორპუსის შეტევას ბრძოლის ველზე ამ კორპუსში შემავალი დივიზიები აწარმოებდნენ. დივიზიის საბრძოლო მწყობრი ბატალიონთა რამდენიმე (ორი ან სამი) რიგისაგან შედგებოდა. პირველ რიგს (ხაზს) წინ, 20 მეტრის მოშორებით, მსროლელთა შარები მიუძღოდნენ. მეორე და მესამე რიგებს კი ბატალიონების კოლონები შეადგენდნენ. მაგრამ ასეთი საბრძოლო მწყობრი ნაპოლეონს შაბლონად არ მიაჩნდა. სხვადა სხვა მოწინააღმდეგისა და სხვადასხვა ვითარებისდა მიხედვით, იგი დივიზიებს განსხვავებულ მწყობრს აძლევდა და ისე აგზავნიდა იერიშზე. დივიზიები ოთხ-ოთხი პოლკისგან შედგებოდა, პოლკები კი ოთხ-ოთხი ბატალიონისგან. რესპუბლიკური არმიის ნახევარბრიგადები ნაპოლეონმა გააუქმა და მათ ნაცვლად პოლკები (ლეგიონები) შექმნა.
    იმ დროს, როდესაც ნაპოლეონი საომარ ასპარეზზე გამოვიდა, არტილერიას, ჯარის ამ მძლავრ და თავისებურ სახეობას, საკმარისი ყურადღება არ ეთმობოდა. უკეთ რომ ვთქვათ, სათანადოდ არ იყო გამოყენებული ის შესაძლებლობები, რომლებსაც ეს იარაღი იძლეოდა. ნაპოლეონი არტილერისტი იყო და თანაც კარგი არტილერისტი. მან იმთავითვე აუღო ალღო, თუ რა პერსპექტივები ჰქონდა არტილერიას მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში. ჯარის ამ სახეობის ახლებურად გამოყენება გახდა სწორედ ერთ-ერთი მთავარი პირობა იმ წარმატებებისა, რომლებსაც ნაპოლეონმა და მისმა არმიამ ამდენ ბრძოლასა თუ ლაშქრობაში მიაღწია.
    ნაპოლეონამდე არტილერიას მხოლოდ როგორც დამხმარე ძალას ისე უყურებდნენ და იყენებდნენ. ზარბაზნები, ბრძოლის დროს, სტაციონარულად იყო განლაგებული და, ძირითადად, ერთხელ მონიშნული უბნისკენ მიმართული. თვით ზარბაზნების რაოდენობა ცოტა იყო და მათ გადამწყვეტი გავლენის მოხდენა ბრძოლის შედეგებზე ნაკლებად შეეძლოთ. ბონაპარტმა ყველაფერი სხვანაირად მოაწყო. უპირველესად ყოვლისა მან მკვეთრად, ერთიორად, გაზარდა ზარბაზნების რიცხვი არმიაში. გარდა ამისა თუკი მანამდე, ზარბაზნები პოლკებსა და ნახევარბრიგადებში იყო გაბნეული (2-2 ყოველ ათას კაცზე), ნაპოლეონმა, ამის სანაცვლოდ, მთელი საარტილერიო ნაწილები და შენაერთები შექმნა. არტილერიას ის ცალ–ცალკე, გაფანტულად კი არ იყენებდა, არამედ, ერთად და დიდი რაოდენობით, მასიურად. ამასთან ერთად, მან იგი მოძრავი, მობილური გახადა. მანვე პირველმა შექმნა და შემოიღო არტილერიის მთავარი რეზერვი. ამ რეზერვს იგი, საჭიროებისდა მიხედვით, ფრონტის ერთი უბნიდან მეორეზე გადაისროდა და იქ იყენებდა, სადაც ამის აუცილებლობა იქმნებოდა.
    ბონაპარტამდე ზარბაზნები ადგილობრივ მოსახლეობაში დაქირავებულ გლეხებს გადაჰქონდათ თავ-თავიანთი ცხენებით. ეს არაორგანიზებული, ჭრელი ხალხი, ხშირად, მოწინააღმდეგის ქვეშევრდომებისგან შედგებოდა და ცხადია, ნაკლებად იყო დაინტერესებული თავისი საქმიანობით. ნაპოლეონმა ესეც შეცვალა. მან არტილერიის ერთიანი სამსახური შექმნა. შექმნა ბატარეები, რომელთა მომსახურება, გადაადგილება, საბრძოლოდ გაწყობა და გამოყენება ერთსა და იმავე პირებს – ზარბაზნების გათვლებს – დაევალა. მოკლე მანძილზე გადაადგილებისას ეს გათვლები თვით ზარბაზნის ლაფეტებსა და სამუხტე ყუთებზე ისხდნენ და ისე მიემართებოდნენ პოზიციებისკენ. ასეთი მობილობა უზარმაზარ უპირატესობას აძლევდა ფრანგებს, ხოლო მათ მოწინააღმდეგეს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებდა.
    არტილერიის კონცენტრირებულმა, მიზანმიმართულმა და მასიურმა გამოყენებამ ის მოიტანა, რომ ნაპოლეონის ხელში ჯარის ეს სახეობა თავად გახდა ბრძოლის შედეგის განმსაზღვრელი. სწორედ ზარბაზნების ასეთი გამოყენების შემდეგ იშვა ცნობილი ფრაზა – „არტილერია ომის ღმერთიაო“. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ნაპოლეონმა კავალერიის მოქმედების პრინციპშიც (ფრანგების კავალერია, ტრადიციულად, ნაკლებბრძოლისუნარიანი იყო, ვიდრე მისი ძირითადი მოწინააღმდეგეების – პრუსიელების და ავსტრიელების კავალერია. პრუსიელთა ცხენოსანი ჯარი ფრიდრიხის ომების დროს დიდი წარმატებით ებრძოდა ფრანგებს, შემდეგ კი ამგვარი ესტაფეტა ავსტრიელებმაც აიტაცეს და უკვე ისინი ჯაბნიდნენ რესპუბლიკური არმიის კავალერიას). ცხენოსნებს ხანგრძლივი და სპეციალური მომზადება ჭირდებოდათ. ფრანგებს კი, გაუთავებელი ომების გამო, ასეთი მზადებისთვის დრო არ რჩებოდათ. ნაპოლეონმა გაითვალისწინა ეს გარემოება და მთელი ყურადღება ცხენოსანთა მასირებულად გამოყენებაზე გადაიტანა. რესპუბლიკურ არმიაში ცხენოსნების მცირერიცხოვანი ნაწილები ქვეითს დივიზიებზე იყო მიმაგრებული და დამხმარე როლს ასრულებდნენ. ასეთ მცირერიცხოვან ნაწილებს დამოუკიდებლად მოქმედება არ შეეძლოთ. ნაპოლეონმა შეცვალა ეს პრაქტიკა. მან ცალკე კავალერიული ბრიგადები, დივიზიები და კორპუსები შექმნა. ეს შენაერთები ქვეითთა კორპუსებთან ერთადაც მოქმედებდნენ და დამოუკიდებელ დავალებებსაც ასრულებდნენ.
    კავალერიის დიდი მასების ერთბაშად გამოყენება მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევდა ნაპოლეონს და ხშირად გადამწყვეტ როლსაც ასრულებდა ბრძოლის შედეგის განსაზღვრაში. ასე იყო მარენგოსთან, ასე იყო ეილაუსთან. ნაპოლეონის „კავალერიული“ ტაქტიკა მარტო ცხენოსანთა მასირებულად გამოყენებით არ ამოიწურებოდა. თუ მანამდე კავალერიის მეტ ნაწილს მსუბუქი და მობილური ცხენოსნები შეადგენდნენ, ნაპოლეონმა, მათთან ერთად და, ხშირად, მათ მაგივრად, კირასებიანი და მუზარადიანი მძიმე ცხენოსნები გამოიყენა. ასეთ ცხენოსნებს კირასირებს უწოდებდნენ. ისინი გრძელი და სწორი ხმლებითა და დამბაჩებით იყვნენ შეიარაღებულნი. ორმაგი კირასები (მკერდისა და მხრების დამცველი რკინის ჯავშანი) საიმედოდ იცავდა მათ მოწინააღმდეგის ხმლისა და ტყვიისაგან. ჩორთით მავალ მძიმე კირასირთა მასიური კოლონების იერიში ერთობ შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენდა და მას დარტყმის დიდი ძალა ჰქონდა. ძნელად რომ ასეთი დარტყმისთვის გაეძლო მოწინააღმდეგეს (თანდათანობით ევროპის სხვა არმიებშიც ისწავლეს კავალერიის ასე გამოყენება, და ბოლოს, ისინიც ამგვარი ტაქტიკით ებრძოდნენ მრისხანე მტერს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ცხენოსანთა დიდი მასების გიგანტური შეჯახებანი ბოროდინოს ბრძოლის დროს). მძიმე კირასირებთან ერთად, ნაპოლეონი მსუბუქ კავალერიასაც მარჯვედ იყენებდა, მაგრამ უკვე სხვა დანიშნულებისათვის. სწრაფი და მსუბუქი კავალერია (ოღონდ ისევ დიდი მასებით!) მას დამარცხებული მოწინააღმდეგის დევნისათვის სჭირდებოდა. ასეთ დროს კავალერიას სტრატეგიული ამოცანის შესრულებაც კი შეეძლო (როგორც ეს იენა-აუერშტედტის ოპერაციის დროს მოხდა).
    ის სიახლეები, რომლებიც ნაპოლეონმა ქვეითი ჯარის, არტილერიისა და კავალერიის მოქმედების ტაქტიკაში შეიტანა, თავისთავად, ძალზე მნიშვნელოვანი იყო და სამხედრო საქმეში დიდად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ სიახლესაც, რომელიც ნაპოლეონმა ჯარის ამ სახეობათა უთრიერთქმედებაში შეიტანა. თუ მანამდე ჯარის სხვადასხვა სახეობები ბრძოლის ველზე უპირატესად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, ნაპოლეონის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ფრანგთა არმიამ სულ სხვაგვარად დაიწყო მოქმედება. ეს მოქმედება ქვეითთა, ცხენოსანთა და არტილერისტთა ურთიერთ მჭიდრო კავშირში გამოიხატებოდა. ნაპოლეონს მიაჩნდა, რომ ჯარის სხვადასხვა სახეობები ბეგრად მეტ ეფექტს, სწორედ, ერთობლივი მოქმედებისას მიაღწევდნენ.
    ეს ურთიერთკავშირი და ურთიერთქმედება, სქემატურად, შეიძლება შემდეგნაირად გამოისახოს. ფრონტის გარკვეულ, ნაპოლეონის მიერ წინასწარ მონიშნულ უბანზე თავს მოუყრიდნენ არტილერიის დიდ ძალებს, რომლის ცეცხლითაც დაშლილნენ და დაფანტავდნენ მოწინააღმდეგის საპირისპირო ძალებს. როგორც კი არტილერიის მოქმედების ასეთი ეფექტი ნათელი გახდებოდა, ზარბაზნების უკანასკნელ ზალპებთან ერთად, მოწინააღმდეგის შესუსტებული პოზიციებისაკენ ფრანგთა ცხენოსანი ჯარი გაქანდებოდა. კავალერიის იერიში კიდევ მეტ არეულობას იწვევდა არტილერიის ცეცხლით დეზორგანიზებულ მოწინააღმდეგეში, რომელიც ვეღარ ასწრებდა და ვეღარ ახერხებდა ცხენოსანთა უზარმაზარი მასების მოგერიებას. უკუქცეული მტრის პოზიციების დასაკავებლად შემდეგ ქვეითნი მიემართებოდნენ, რომლებიც საბრძოლველად გამზადებულნი, მანამდე შორიახლო იდგნენ და თავის ჟამს ელოდებოდნენ.
    ზემოაღნიშნული გვიჩვენებს, თუ რაოდენ განსხვავდებოდა ნაპოლეონის ტაქტიკური ქმედებები მისი თანამედროვე მხედართმთავრების ანალოგიური ქმედებებისგან. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ ეეს განსხვავება, მოვიყვანოთ დელბრიუკის მიერ მეტად მოხდენილად შედგენილი სქემა, რომელიც ხაზოვანი ტაქტიკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის – პრუსიის მეფის ფრიდრიხ II-ისა და ბრძოლის ახლებურად წარმოების შემოქმედის – ნაპოლეონ ბონაპარტის – შეხედულებებს ასახავს, ვფიქრობთ, რომამ სქემას კომენტარები არ ჭირდება. ისედაც ნათელია, თუ რომელი პრინციპები იყო უფრო პროგრესული და რომელ მხარეზე იქნებოდა უპირატესობა.
    ყველა ზემოთქმული გვიჩვენებს, თუ როგორი იყო ნაპოლეონის ძირითადი სტრატეგიულ-ტაქტიკური პრინციპები, ის პრინციპები, რომლებიც მხოლოდ თეორიულ ნააზრევად კი არ დარჩა, არამედ პრაქტიკულად იქნა მათი შემოქმედის მიერ განხორციელებული და უზარმაზარი გავლენა მოახდინა სამხედრო საქმის მთელ შემდგომ განვითარებაზე, ნაპოლეონის სამხედრო მოღვაწეობაში არ დარჩენილა ამ დარგის არც ერთი მხარე, რომელსაც მისი ნოვატორული ხელი არ შეხებოდეს და თავისებური ელფერი არ მიეცეს მისთვის, ყველა მათგანს, რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავთ, მაგრამ ზოგიერთს, ჩვენი აზრით, სხვაზე მნიშვნელოვანს, გაკვრით მაინც შევეხებით. ომისათვის საფუძვლიან მზადებას, არმიის სათანადოდ გაწვრთნას, მის აღჭურვასა თუ მომარაგებას ნაპოლეონი უაღრესად მნიშვნელოვან საქმედ თვლიდა და ყოველთვის ცდილობდა ამ მხრივ ყველაფერი რიგზე ჰქონოდა. მაგრამ ამაზე მეტ მნიშვნელობას იგი არმიის კვალიფიციურ მართვასა და ომის სწორად წარმოებას ანიჭებდა. მთავარსარდლის როლი და მნიშვნელობა მისთვის უმთავრესი იყო (სჯობს ცხვრის ფარა ლომის მეთაურობით, ვიდრე ლომების ჯოგი ცხვრის ხელმძღვანელობით“). ნაპოლეონი თვლიდა, რომ ჯარების უნარიანი ხელმძღვანელობა ყველაზე რთული და ყველაზე ძნელი რამ იყო ისედაც რთულ და ძნელ სამხედრო საქმეში და ცოტა ვისმეს თუ შეეძლო მისი ღირსეულად გაძღოლა.
    მთავარსარდალი განსაკუთრებული თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული, თვლიდა ნაპოლეონი. ამ თვისებათაგან უპირველესი პასუხისმგებლობის გრძნობაა. არ მოიძებნება მთელ არმიაში ადამიანი, რაგინდ მრავალრიცხოვანიც არ იყოს ეს არმია, რომელსაც პასუხისმგებლობის ის ტვირთი ჰქონდეს, როგორსაც მთავარსარდალი ზიდავს. მან და მხოლოდ მან უნდა მიიღოს ომის დროს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც არა მარტო მისი არმიის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს შეეხება, არამედ მთელი სახელმწიფოს ბედს განაპირობებს. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას დიდი ნებისყოფა და დიდი სიმამაცე სჭირდება. ეს სიმამაცე უფრო მეტია, თვლიდა ნაპოლეონი, ვიდრე ყველაზე თაგზეხელაღებული ჯარისკაცისა თუ ოფიცრის მიერ გამოჩენილი სიმამაცე, რადგან ის მაინც პირადია, ერთი ადამიანის ბედის განმსაზღვრელი, მთავარსარდლისა კი – ყველასი. ნაპოლეონი პირადად ძალიან მამაცი და უშიშარი კაცი იყო. ამის დამადასტურებელ მაგალითებს ბევრი ძებნა არ ჭირდება, მთელი მისი ცხოვრებაა ამის მაგალითი, მაგრამ მთავარსარდალი უნდა უფრთხილდებოდეს თავის სიცოცხლეს, თვლიდა იგი, რადგან მისი სიკვდილის შემთხვევაში არმია უმეთაუროდ რჩება და ბრძოლის (ომის) ბედი სათუო ხდება. მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ვითარების ხსნა მხოლოდ მთავარსარდალს შეუძლია საკუთარი რისკის ფასად, იგი უყოყმანოდ უნდა წავიდეს ამ რისკზე და სასწორზე დადოს თავისი სიცოცხლე.
    გარდა პასუხისმგებლობის გრძნობისა, მთავარსარდალს ბევრი სხვა თვისებაც უნდა ჰქონდეს, ჩვენ ყველას ნუ ჩამოვთვლით, ბევრი მათგანი ისედაც ცნობილია. ცნობილია, რომ ის კომპეტენტური, თავისი საქმის ჭეშმარიტი მცოდნე უნდა იყოს, იყოს ერთმმართველიც, რადგან არმია კოლექტიურ ხელმძღვანელობას ვერ იტანს („ომში ორი კარგი გენერლის სათავეში ყოფნას, ერთი ცუდი სჯობიაო“ როგორც თავად კორსიკელი ამბობდა), უნდა ზრუნავდეს თავის ჯარისკაცებზე, უნდა იცნობდეს მოწინააღმდეგეს, მისი მთავარსარდლის „ხელწერას“, შეუდრეკელი და შეუბრალებელიც უნდა იყოს, და თანაც არა მარტო მოწინააღმდეგის მიმართ. აი, ამ უკანასკნელ დებულებაზე კი, ალბათ, უნდა შევჩერდეთ ცოტა ხნით...
    ომი კაცობრიობის სამწუხარო აუცილებლობააო, ამბობდა ამერიკელი გენერალი ომარ ბრედლი. საუბედუროდ, მართლაც ასეა. იმ ხუთი ათასი წლიდან, რაც შეგნებული კაცობრიობა არსებობს, მშვიდობიანი რაღაც სამასი წელი თუ მოიძებნება (სინამდვილეში ეს ასწლეულებიც ძალზე საეჭვოდ გამოიყურება, რადგან ამგვარ სტატისტიკაში მხოლოდ აღრიცხული ომები შედის. ხოლო რა დარჩება იმ „მშვიდობიანი“ წლებიდან, ის ომებიცა და სისხლისღვრებიც რომ გავითვალისწინოთ, რომლებიც თუნდაც მოგვიანებით აღმოჩენილ კონტინენტებზე მძვინვარებდა, ძნელი მისახვედრი არაა). ასე რომ, ომი, კაცობრიობის თანამგზავრია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ომს თავისი კანონები აქვს, მძიმე და საშინელი. ამ კანონებში მეთაურის ვალდებულებაც შედის – შეგნებულად გააგზავნოს სიკვდილზე თაგისი ჯარისკაცები. ეს მეთაურის მოვალეობა და მეთაურის ხვედრია. და სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს მან სიმტკიცე და შეუბრალებლობა. მეთაურს არა აქვს სისუსტისა და გულჩვილობის გამოჩენის უფლება. მან რომ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლის დაზოგვის მიზნით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ინიციატივა დაკარგოს და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა გაუშვას ხელიდან, ამას გაცილებით მეტი მსხვერპლი და უბედურება მოჰყვება. არც ერთხელ, არასდროს ნაპოლეონს მსგავსი სისუსტე არ გამოუჩენია. მაგრამ ასევე არც ერთხელ, არასდროს, მას უაზრო ოპერაციები არ ჩაუტარებია და უმიზნოდ ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაუგდია. იგი თავისი საშინელი საქმის მცოდნე იყო, უმაღლესი რანგის პროფესიონალი და იმიტომ. ამის ნიშნები ადრევე, მისი სამხედრო კარიერის გარიჟრაჟზე გამოჩნდა.
    ტულონის აღების შემდეგ, მან თავისი უმცროსი ძმა, ლუი, ბრძოლის ველის დასათვალიერებლად წაიყვანა. ერთ ადგილას მან ძმას უამრავი ახლადმოწყობილი საფლავი უჩვენა და უთხრა, რომ აქ დამარხული იყვნენ ის ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც უგუნური მთავარსარდლის, კარტოს, ბრძანებით უაზრო იერიშზე გაგზავნეს: „შეხედე ყველაფერ ამას, ყმაწვილო, და დაიხსომე: სამხედროსათვის თავისი საქმის შესწავლა ისევეა ღირსების საქმე, როგორც კეთილგონიერება. იმ არამზადას, რომელმაც ამ ვაჟკაცებს უაზრო იერიშის მიტანა უბრძანა, თავისი საქმე რომ სცოდნოდა, ბევრი მათგანი დღესაც ცოცხალი იქნებოდა და რესპუბლიკას გამოადგებოდა. ისინი კი უვიცობის მსხვერპლნი გახდნენ“.
    როდესაც ნაპოლეონის ამ სიტყვებს ვკითხულობთ, მის მიერ ბრძოლის უნარიანად წარმართვა, მისი სამხედრო ოსტატობა უნდა გავითვალისწინოთ, რომელშიც მას ბადალი არ ჰყავდა, თორემ ისე, ყველა ეს ომი და ყველა ეს შეტაკება, მანამდეც და მის შემდეგაც, სისხლის ღვრა და კაცისკვლაა, რასაკვირველია, მაგრამ ის, რომ კაცობრიობამ რთული საკითხების ომის გზით მოგვარება ისწავლა, არც ნაპოლეონის და არც მისი წინამორბედი თუ მომავალი კოლეგების ბრალი არაა...
ნაპოლეონს ღრმად სწამდა თავისი ნიჭისა და სჯეროდა თავისი შესაძლებლობებისა. ამიტომ იყო იგი ასე დარწმუნებული საკუთარ უპირატესობაში ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე. მაგრამ, ამავე დროს, იგი არ კარგავდა რეალობის გრძნობას და უპირატესობის ეს შეგრძნება არასოდეს გადადიოდა ზედმეტ თავდაჯერებულობაში, მითუმეტეს, მოწინააღმდეგის შეუფასებლობაში. უფრო პირიქით იყო. იგი ყოველთვის ისე იქცეოდა, თითქოს, მისი მოწინააღმდეგე ნაპოლეონი იყო და მისგან ყოველთვის უძლიერესი სვლები იყო მოსალოდნელი (თუ მოწინააღმდეგე ასეთ სვლებს ვერ აკეთებდა, ამით, ცხადია, არაფერი შავდებოდა, ხოლო თუ იგი სწორ გადაწყვეტილებას იღებდა და ფრანგებს სირთულეებს უქმნიდა, ნაპოლეონი სრულ მზადყოფნაში ხვდებოდა ამას და სათანადო ზომებით პასუხობდა).
    „მოგებულ და წაგებულ ბრძოლას შორის სახელმწიფოს ბედი ძევსო“ – ამბობდა ნაპოლეონი. სჯეროდა რა ამისი, იგი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა დამარცხება, თუნდაც შემთხვევითი, თავიდან აეცილებინა, ამიტომ იყო, რომ იმ უთვალავი ბრძოლიდან, რომელიც მან გამართა, დამარცხება სულ ორჯერ ან სამჯერ განიცადა (ისიც ისეთ პირობებში, როცა სხვაგვარი შედეგის არავითარი ობიექტური შესაძლებლობა აღარ იყო). აი, საქმისადმი მისეული მიდგომის საილუსტრაციო სიტყვები; „მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო დიდ ტალანტს მომაწერენ, ვიდრე სხვებს, იმ მოწინააღმდეგესთან შებრძოლების წინაც კი, რომელსაც ჩვეულებრივ იოლად ვამარცხებ, არ ვთვლი, რომ საკმარისი ჯარი მყავს და ამიტომ მუდამ ვცდილობ ყველა იმ ძალას მოვუყარო თავი, რისი თავმოყრაც შესაძლებელია“.
    ძალიან საინტერესოა ნაპოლეონის „აღსარება“ თაგის სულიერ მდგომარეობაზე ომისა თუ ბრძოლის დაწყების წინ: „ჩემზე სულმოკლე კაცი არ მოიძებნება, როცა კამპანიის გეგმას ვადგენ. ყველა სიძნელე და მოსალოდნელი ხიფათი ისე გაზვიადებულად მეჩვენება, ყველაფერი ისე მუქ ფერებში მეხატება, რომ მეტი აღარ შეიძლება. ამ დროს მე ავადმყოფურად აგზნებული ვარ, მაგრამ ამას ჩემს მეტი ვერავინ ატყობს – გარემომცველთათვის მე ისევ ისეთი მხნე და ხალისიანი ვარ, როგორც ადრე. მაგრამ საკმარისა მივიღო საბოლოო გადაწყვეტილება და მე სრულიად ვიცვლები: ყველაფერი ერთბაშად მავიწყდება და მახსოვს მხოლოდ ერთი რამ – როგორ მივაღწიო გამარჯვებას“. ეს სიტყვები დიდი მხედართმთავრის შემოქმედებითი ლაბორატორიიდანაა და იგი ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა ფასად უჯდებოდა მას გამარჯვებათა უწყვეტი ჯაჭვი; მაჩვენებელია იმისა, რომ ნაპოლეონი უგრძნობი მანქანა კი არ იყო, არამედ მუდმივ ძიებაში მყოფი შემოქმედი, რომელიც შინაგანი ტანჯვითა და წვით მიდიოდა წარმატებისაკენ.
    ზემოთ მოყვანილი სიტყვები თითქოს საკმარისია ამის დასადასტურებლად, მაგრამ შეიძლება მისი კიდევ ერთი „გულიდან ამონათქვამიც“ მოვიშველიოთ: „მე გენიოსს მიწოდებენ. ბრძოლის წინ კი, მაშინ, როცა ჯარისკაცებსაც სძინავთ და მარშლებიც ისვენებენ (ჩემისვე ბრძანებით), თვით მე ძილი არ მეკარება. დავდივარ ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში და სულ დისპოზიციაზე ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდება ხვალ, რას მოიმოქმედებს მოწინააღმდეგე, რით გუპასუხებ მე მის სვლებს და რითი ვაჯობებ მას? მოკლედ, ვცდილობ ყველაფერი ავწონ-დავწონო, ყველაფერი გაგითვალის- წინო და ყველაფერი გავაკეთო ხზგალინდელი გამარჯვებისათვის, თუ ეს არის გენიოსობა, მაშინ გენიოსი ვყოფილვარ“, რასაკვირველია, მარტო ეს არ არის გენიოსობა, და ნაპოლეონმა მშვენიგრად იცოდა ეს, მაგრამ საყურადღებო ამ სიტყვებში ის არის, რომ, სწორედ, გენიოსი იჩენდა ასეთ პასუხისმგებლობას საქმისადმი და ასეთ მკაცრ მოთხოვნებს უყენებდა თავის თავს.
    ომი რომ მხოლოდ განყენებული და აბსტრაქტული შეიარაღებული ძალების შეტაკება არ არის და იგი გრძნობებისა და გნებების შეტაკებაცაა, დღეს საკამათო აღარაა. ამიტომ ომში მონაწილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის მორალურ სიმტკიცეს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთივე მნიშვნელობას ანიჭებდა ფსიქოლოგიურ ფაქტორს ბონაპარტიც. ომში ამ ფაქტორის გათვალისწინება და მისი მოხერხებულად გამოყენება ნაპოლეონის სამხედრო მოღვაწეობის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მხარეა. კორსიკელი პირველი არ იყო, ვინც ფსიქოლოგიურ ფაქტორს მიაქცია ყურადღება, მაგრამ იგი, უდავოდ, პირველი იყო, ვინც ასე ღრმად ჩასწვდა ამ ფაქტორის მნიშვნელობას ომის დროს და ვინც მანამდე არნახულ სიმაღლემდე აიყვანა იგი.
    ჯარისკაცის ფსიქოლოგიის ცოდნა და ჯარისკაცზე მორალური ზემოქმედების უნარი ბონაპარტმა უკვე პირველივე ბრძოლაში, ტულონის გარემოცვისას გამოავლინა, თავისი საბრძოლო ნათლობის დროს. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ახალგაზრდა მეთაურს სამხედრო საქმის ეს მხარეც არ დაუტოვებია უყურადღებოდ და თავის დროზე, საკმაოდ ღრმად შეუსწავლია იგი. „ტულონის შემთხვევა“ მაშინ დიდად არ გახმაურებულა. მხოლოდ მოგვიანებით, როცა ასეთი „შემთხვევები“ მომრავლდა და სისტემატური ხასიათი მიიღო, გამოირკვა, რომ იგი ახალგაზრდა მეთაურის შემთხვევითი მიგნება კი არა, კარგად მოფიქრებული და წინასწარ მომზადებული მოქმედება იყო. საქმე ბონაპარტის მიერ განხორციელებულ ერთ ფსიქოლოგიურ ხერხს შეეხება.
    ტულონის სიმაგრის გადამწყვეტი იერიშის მზადების პერიოდში, ბონაპარტმა ერთი მეტად მოხერხებული, მაგრამ ასევე მეტად სახიფათო ადგილი შეარჩია და იქ საარტილერიო ბატარეის გამართვა ბრძანა. ამ ადგილიდან ინგლისელთა ფლოტისათვის ერთობ ეფექტური ცეცხლის გახსნა შეიძლებოდა. წამოწყების სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ მოწინააღმდეგესაც შეეძლო ამ ბატარეისათვის ძლიერი ცეცხლი დაეშინა და დიდი ზარალიც მიეყენებინა მისთვის. ძნელად, რომ ვინმეს ამ ცეცხლისთვის გაეძლო. არტილერიის ახალგაზრდა უფროსმა გაითვალისწინა ეს გარემოება და, ღამით, ბატარეის გაწყობასთან ერთად, მის უკან, საკუთარი და მოწინააღმდეგის არმიების დასანახად, დიდი ტრანსპარანტი აღამართვინა წარწერით: „უშიშართა ბატარეა“. დილით ორივე მხარემ ინტენსიური სროლა დაიწყო. პრეტენზიული წარწერით გულმოცემულმა და სიამაყის გრძნობით აღვსილმა ფრანგმა არტილერისტებმა სახიფათო ადგილიდან ფეხი არ მოიცვალეს და მიუხედავად საგრძნობი დანაკარგისა, მანამდე გააგრძელეს სროლა, სანამ მოწინააღმდეგემ უკან არ დაიხია. მიზანი მიღწეული იყო.
    ახალგაზრდა ბონაპარტის ეს უჩვეულო ნაბიჯი ადამიანის ხასიათის თავისებურებების ცოდნის მაჩვენებელი იყო და ფსიქოლოგიის საკითხებში მის განსწავლულობაზე მეტყველებდა. შემდგომში, მისი ხანგრძლივი და მდიდარი სამხედრო კარიერის მანძილზე, ასეთი ოსტატური ფსიქოლოგიური სვლები ხშირი გახდა. ითვალისწინებდა რა იმ განსაკუთრებულ მდგომარებას, რომელშიც ადამიანი ომის დროს იმყოფებოდა, ნაპოლეონს აუცილებლად მიაჩნდა ჯარისკაცის ფსიქიკაზე ისეთი ზემოქმედების მოხდენა, რომელიც მის სულიერ ძალებზე იმოქმედებდა და მის მორალურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
    თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა ნაპოლეონი ჯარის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ნათლად ჩანს მისი ცნობილი აფორიზმიდან: „სულიერი ძალა ისე შეეფარდება ფიზიკურს, როგორც სამი ერთს“. აქედან გამომდინარე, მას ხშირად მოჰყავდა ასეთი შედარება: ერთი ჯარისკაცი მაღალი მორალური სულისკვეთებით, სამ სხვას სჯობია, რომელთაც ეს სულისკვეთება არ გააჩნიათო.
    ნაპოლეონმა იცოდა, რომ სამხედრო სამსახური ძნელი სამსახურია. იცოდა, რომ ათკეცად ძნელი და საშიშია იგი ომის პირობებში, როცა სისხლი იღვრება და გარშემო ნგრევა და სიკვდილია. ასეთ დროს ადამიანს სულიერი და ფიზიკური ძალების უკიდურესი დაძაბვა უხდება.
    იმ მრავალ ემოციურ ფაქტორთაგან, რომელიც ომის მონაწილეზე მოქმედებს, მთავარი მაინც შიშია. შიში მოსალოდნელი განსაცდელით გამოწვეული ემოციაა და ომის პირობებში ხშირად სწორედ იგი წარმართავს უნებურად ადამიანის საქციელს. მაგრამ ომი, ამავე დროს, უკონტროლო ბრბოებს შორის ატეხილი უწესრიგო ხოცვა-ჟლეტა კი არ არის, არამედ ადამიანთა ორგანიზებულ, გაწვრთნილ და ერთიან ხელმძღვანელობას დაქვემდებარებულ არმიულ შენაერთთა შორის მიმდინარე გეგმიური შეჯახებაა. არმიად ჩამოყალიბებას, ერთად თავშეყრილი ხალხის ორგანიზებულ ნაწილად ქცევას, მთელი რიგი ფაქტორები სჭირდება. მთავარი ამ ფაქტორთაგან დისციპლინაა. ომის პირობებში, დისციპლინასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ჯარისკაცის (ჯარის) სპეციალური მომზადება, მისი გაწვრთნა და სამხედრო საქმეში დაოსტატება. მეტად დიდ როლს ასრულებს მეთაურის პირადი მაგალითიც, ჯარისკაცზე მისი ზრუნვა, და, რა თქმა უნდა, ომის უნარიანად წარმართვის ხელოვნება. ყველა ეს ფაქტორი, ერთად აღებული და ზოგიც სხვა, შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი, განსაზღვრავს სწორედ ჯარის ფსიქოლოგიური მომზადების ხარისხს.
    დისციპლინის განმტკიცებას ნაპოლეონი უდიდეს ყურადღებას უთმობდა და თავისი ხელქვეითებისგანაც განუხრელად მოითხოვდა მის მტკიცე დაცვას. ამავე დროს, თუ საქმეს სჭირდებოდა, წესდების ფორმალურ შესრულებას ის თვითმიზნად არ აქცევდა. თუ გარკვეული თვალსაზრისით (ჩვეულებრივ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით), ზოგიერთ დისციპლინურ დარღვევაზე წასვლა უფრო გონივრული ჩანდა, ვიდრე მისი ფორმალური დაცვა, ის უყოყმანოდ მიდიოდა ამ დარღვევაზე. ასეთ მაგალითად შემდეგი, მეტად ეფექტური ფსიქოლოგიური სვლაც გამოდგება.
    ერთხელ, თოქლიან და ყინვიან ღამეში, ბანაკისაგან საკმაოდ მოშორებული საგუშაგოების შემოწმებისას, ნაპოლეონი პოსტზე ჩაძინებულ ჯარისკაცს წააწყდა. ყველასათვის ნათელი იყო, რა უნდა გაეკეთებინა მას: ებრძანებინა დაეპატიმრებინათ დისციპლინის უხეში დამრღვევი, გადაეცათ სამხედრო ტრიბუნალისათვის და დაუყოვნებლივ დაეხვრიტათ. ყველა ასე მოიქცეოდა, მაგრამ ასე არ მოქცეულა ნაპოლეონი. მან აიღო ჩაძინებული გუშაგის თოფი და მის ნაცვლად დადგა სადარაჯოზე, როცა გარკვეული დროის შემდეგ ცვლა მოვიდა, ყველამ გაოცებისაგან პირი დააღო: გუშაგს ტკბილად ეძინა, ხოლო მის ნაცვლად, მისი თოფით, საგუშაგოზე იმპერატორი იდგა. ამბავი ელვისუსწრაფესად მოედო მთელ არმიას. ყველა აღტაცებული იყო მთავარსარდლის საქციელით. და იმიტომ კი არა, რომ მან აშკარა დამნაშავე დაინდო, არამედ იმიტომ, რომ იმპერატორმა გაითვალისწინა ჯარისკაცის მძიმე ხვედრი, ანგარიში გაუწია მის უსაზღვრო დაღლილობას და პირადად შეეშველა კიდეც. აი, სწორედ ასეთ რეაქციას ელოდა იმპერატორი, როდესაც ეგზომ უჩვეულო ნაბიჯს დგამდა. არავინ იცოდა მასზე უკეთ, თუ რა ზემოქმედებას მოახდენდა იგი ჯარისკაცებზე. იყო თუ არა ნაპოლეონის ეს საქციელი გამიზნული თამაში? რასაკვირველია იყო. მაგრამ ეს იყო ოსტატური თამაში, საქმეს რომ წაადგებოდა, ისეთი. აღნიშნული შემთხვევა, რა თქმა უნდა, იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება და მათ, ძირითადად, მარტო იმპერატორი მიმართავდა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად,
    არმიის მორალური სულისკვეთების ამაღლებაში ნაპოლეონი დიდ როლს ანიჭებდა ჯარისკაცის სპეციალურ მომზადებას, მის პროფესიულ წვრთნას (იარაღის ხმარების სრულყოფილად დაუფლებას, ზუსტ სროლას, საბრძოლო წყობათა ნაირსახეობების მიღების რთული პროცესის ავტომატიზმამდე აყვანას, და საერთოდ, ყველაფერ იმას, რაც კარგად მომზადებულ, გაწვრთნილ და დისციპლინირებულ ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს). ასეთივე და უფრო მეტი მოთხოვნები (შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით) წაყენებული ჰქონდა ოფიცერთა კორპუსსაც. გაწვრთნილი და დისციპლინირებული ჯარისკაცის ფსიქოლოგიურად მომზადება გაცილებით იოლია, რადგან მის მორალურ სულისკვეთებაზე უკვე თვით პროფესიული მომზადების დონეც მოქმედებს. როდესაც ჯარისკაცებმა (ოფიცრებმა) იციან, რომ თვითონაც და მათი თანამებრძოლებიც ერთნაირად კარგად არიან დაუფლებული ბრძოლის ველზე მოქმედების ყველა ნიუანსს, დარწმუნებულნი არიან თავიანთი იარაღის ვარგისობაში, სჯერათ და იმედი აქვთ სამხედრო საქმის მცოდნე მამაცი მეთაურებისა, მათ მოწინააღმდეგეზე უპირატესობის გრძნობა უჩნდებათ და გამარჯვების იმედით ებმებიან ბრძოლაში.
    საკუთარი არმიის მორალური სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნგასთან ერთად, ნაპოლეონს არ ავიწყდებოდა მოწინააღმდეგის არმიაზე საპირისპირო – დამთრგუნველი ზემოქმედება. ამ მიზნის მისაღწევად იგი იყენებდა ყოველ წვრილმანს, მხედველობიდან არ უშვებდა ფსიქოლოგიური ზემოქმედების არცერთ ნიუანსს. თანდათანობით, წლების განმაგლობაში, თავისი არმიის ძლიერებისა და საკუთარი ავტორიტეტის ზრდასთან ერთად, მან ასეთი ორმხრივი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მთელი სისტემა შეიმუშავა. ეს სისტემა იმდენად თავისებური და ამავე დროს ეფექტური იყო, რომ, ვფიქრობთ, ღირს მის ზოგიერთ მხარეზე შეჩერება.
    ომის დაწყებისთანავე ნაპოლეონი მოკლე ბიულეტენს გამოსცემდა, რომელსაც ჯარის ყველა ნაწილსა და შენაერთში კითხულობდნენ. ბიულეტენში ნაპოლეონი ძალზე ზოგადად და, ცხადია, თავისთვის სასარგებლო ჭრილში, იძლეოდა ომის მიზეზების ახსნას, მის შესაძლო მიმდინარეობას და ჯარისკაცებს საბოლოო გამარჯვებას ჰპირდებოდა. როგორც ვთქვით, ნაპოლეონის სტრატეგიული დოქტრინის მიხედვით ომის ბედი ხშირად ერთ გენერალურ ბრძოლაში წყდებოდა. ამიტომ ფრანგთა არმიის მთელი ძალისხმევა ამ გენერალური ბრძოლის მომზადებას ემსახურებოდა.
    გადამწყვეტი ბრძოლის წინა საღამოს ჯარს ნაპოლეონის ახალ სამხედრო ბიულეტენს უკითხავდნენ. ჩვეულებრივ, ეს იყო ძალზე ლაკონური და ამავე დროს, მეტად ემოციური მოწოდება, ყოველთვის ჯარისკაცებისადმი მიმართული. მოწოდება ისე მოხერხებულად იყო შედგენილი, რომ თითეულ ჯარისკაცს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს იმპერატორი უშუალოდ მას მიმართავდა, ბიულეტენში უკვე კონკრეტულად იყო ლაპარაკი ხვალინდელი ბრძოლის მნიშვნელობაზე მთელი ლაშქრობის წარმატებით დამთავრებისათვის. მასში აუცილებლად აღინიშნებოდა ის, რომ გამარჯვება, დიდებისა და პატივის გარდა, სახლში მალე დაბრუნების შესაძლებლობას შექმნიდა. ამავე დროს, როგორც წესი, გამოითქმებოდა გამარჯვების მტკიცე რწმენა. დასასრულ, მხედართმთავარი, ერთი-ორი ფრაზით, ჯარისკაცისათვის სათუთ პატრიოტულ გრძნობებს შეეხებოდა და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყებდა მათი ვაჟკაცობისა და პირადი ღირსების შექებას.
    ეს ფსიქოლოგიური შემზადების პირველი ეტაპი იყო. მეორე ეტაპი უშუალოდ ბრძოლის წინ იწყებოდა, როცა იმართებოდა საბრძოლველად მომზადებული ჯარების დათვალიერება. თანამედროვეთა ერთსულოვანი აღიარებით, ეს იყო გრანდიოზული სანახაობა. სამხედრო მუსიკის აკომპანემენტით, მარშლებისა და გვარდიის უმაღლესი მეთაურების დიდი ამალის თანხლებით, თეთრ ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონი ნელა ჩამოუყვებოდა მწკრივებს და ხელის აწევით მიესალმებოდა თავის ჯარებს. საპასუხოდ, შენაერთიდან შენაერთზე გადადიოდა გამაყრუებული ყიჟინა, რომელშიც მკაფიოდ გამოირჩეოდა განთქმული „VIVA L'IMPERATOR“ (გაუმარჯოს იმპერატორს).
    მაშინდელი ბრძოლის სპეციფიკა ისეთი იყო, რომ დაპირისპირებული არმიები ერთმანეთს 1-1,5 კმ-ით იყვნენ დაშორებულნი; ასე რომ, ფრანთა მხარეს მომხდარი ამბები, ფაქტიურად, მოწინააღმდეგის თვალწინ იშლებოდა. ყველა ზემოაღნიშნული დამთრგუნველ გავლენას ახდენდა მასზე, მრისხანე მოწინააღმდეგესთან მომავალი შებმით ისედაც შეფიქრიანებულსა და შეშფოთებულზე.
    ჯარების დათვალიერების შემდეგ, ნაპოლეონი ადიოდა წინასწარ შერჩეულ გორაკზე, რომელზეც, თავისი და მოწინააღმდეგის არმიისთვის კარგად დასანახ ადგილას, აღმართული იყო მისი თეთრი კარავი (ეს დეტალიც წინასწარ იყო მოფიქრებული და მას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა). თანამედროვენი აღნიშნავდნენ, რომ ნაპოლეონის თუნდაც მხოლოდ ყოფნა ბრძოლის ველზე უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცეოდა: საკუთარი ჯარი უეჭველ გამარჯვებაში დარწმუნებული აწარმოებდა ბრძოლას, ხოლო მოწინააღმდეგე, პირიქით – შემკრთალი და ზოგჯერ იმედდაკარგულიც კი (ასეთი იყო წლებისა და წლების განმავლობაში უძლეველი მხედართმთავრის ზემოქმედების ძალა). გორაკზე ასვლის შემდეგ ნაპოლეონი მოკლედ გაახსენებდა კორპუსების მეთაურებს ბრძოლის გეგმას (რომელიც მას წინადღით დაწვრილებით გაეცნო მათთვის) და ჯარს საგანგებო ნიშანს მისცემდა. ამის შემდეგ ფრონტის ერთ ან რამდენიმე უბანზე იწყებოდა საარტილერიო მომზადება, რომელსაც სადემონსტრაციო (ან ჭეშმარიტი) იერიში მოჰყვებოდა. თუ იერიში თავიდანვე წარმატებული იქნებოდა, ნაპოლეონი აქეთ მიმართავდა მთავარი დარტყმის ძალას. თუ არადა (ხშირად ასეც ხდებოდა, რადგან კარგად მომზადებული მოწინააღმდეგე ახერხებდა პირველი შეტევების მოგერიებას), ბრძოლა შედარებით „წყნარ“ კალაპოტში გადადიოდა და ასე გრძელდებოდა რამდენიმე საათს, სანამ მოპირდაპირე მხარე საკმაო რაოდენობით არ დაკარგავდა ცოცხალ ძალას, მწყობრიდან არ გამოვიდოდა მისი თავდაცვითი გამაგრებები, არ დაიღლებოდა არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც, რადგან მუდმივად გადამწყვეტი დარტყმის მოლოდინში იყო და ამ დარტყმის ადგილის ამოცნობას ცდილობდა. შემდეგ ნაპოლეონი მოწინააღმდეგის უკვე მონიშნული სუსტი ადგილისაკენ ფარულად გადაისროდა რეზერვებს და ამ დარტყმას, ბოლოს და ბოლოს, განახორციელებდა. შეტევის დაწყების მაუწყებელი ბრძანების გაცემაც ოსტატურად გათამაშებული სანახაობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა: გამანადგურებელი იერიშის დაწყების წინ, იმპერატორი, რომელიც მანამდე, მთელი დღის განმავლობაში, გორაკზე იმყოფებოდა, ბრძოლის ველს დურბინდით ადევნებდა თვალყურს, ბრძანებებს იძლეოდა, გვარდიის ოფიცრებს ესაუბრებოდა და ა. შ. გადამწყვეტ მომენტში ცხენზე შეჯდებოდა, გორაკის პირზე გადმოდგებოდა და ვისაც ჯერ არს ნიშანს მისცემდა. ამ ნიშანს ყველა ელოდა – საკუთარი ჯარიც და მოწინააღმდეგეც. იწყებოდა ძლიერი შეტევა, რომელსაც უხშირესად ფრონტის გარღვევა და მოწინააღმდეგის უკანდახევა (გაქცევა) მოჰყვებოდა.
    რა თქმა უნდა, ნაპოლეონი ყველა ბრძოლაში ასე არ იქცეოდა. 60–ზე მეტი დიდი ბრძოლა, რომელიც მან ჩაატარა, ხასიათდებოდა სულ სხვადასხვა სცენარით და სხვადასხვა მიმდინარეობით. აღწერილი სურათი მისი ხანგრძლივი სამხედრო კარიერის უფრო „შუა“ პერიოდიდან შეიმჩნეოდა. მანამდე კი, ის ერთ ადგილას არ ჩერდებოდა, გახურებული ბრძოლის დროს, ერთი ფლანგიდან მეორეზე დააჭენებდა ცხენს და ზარბაზნების გრიალში მარშლებს უყვიროდა: „ჩქარა, უფრო ჩქარა, უფრო აქტიურად!“
    არმიაში ნაპოლეონს უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა. ეს ავტორიტეტი ხელშეუხები და შეუვალი იყო. არ იყო ბრძანება, არ იყო დავალება, რომელიც მისგან მოდიოდა და არ შესრულებულიყო. მის სიტყვას და მის შექებას დიდი ფასი ედო. ამავე დროს, შექებაზე საკმაოდ ძუნწი იმპერატორი, როცა საჭიროება მოითხოვდა, მუდამ ისეთ სიტყვებს პოულობდა, რომ ქების ობიექტი მერე კიდევ უფრო მეტ თავდადებას იჩენდა. ფრიდლანდის ბრძოლის დროს, როცა საჭირო გახდა ხაფანგში მომწყვდეული, მაგრამ ჯერ კიდევ შეუპოვრად მებრძოლი რუსის ჯარის მარცხენა ფრთაზე პირდაპირი იერიში მოწინააღმდეგის მასირებული ცეცხლის ქვეშ, ნაპოლეონმა ეს სახიფათო დავალება სიმამაცით განთქმულ მარშალ ნეის დაავალა. ნეის ყოყმანი არ ჩვეოდა და, ალბათ, ისედაც თავდაუზოგავად შეუდგებოდა ამ რთული ამოცანის შესრულებას, მაგრამ ნაპოლეონმა საჭიროდ ჩათგალა დამატებითი ფსიქოლოგიური მუხტი მიეცა მისთვის.
    ვნახოთ რა მოიმოქმედა ამ მხრივ ნაპოლეონმა: მან ნეის მკლავში ხელი მოავლო, თვალი თვალში გაუყარა და მხოლოდ კარგა ხნის პაუზის შემდეგ მისცა დავალება (ბონაპარტს ჰიპნოზის უნარი გააჩნდა. როცა მარშალი შეტრიალდა და თავისი კორპუსისკენ გაემართა, ნაპოლეონმა გარკვევით, ისე, რომ ნეისაც გაეგონა, გარემომცველთ უთხრა: „შეხედეთ ერთი ამ ლომსო!“ განა, ძნელი მისახვედრია, თუ რას მოიმოქმედებდა ყველაფერ ამის შემდეგ ნეი?
    განა, იმაზე უკეთესი თანაგრძნობის სიტყვების მოძებნა შეიძლება, ბონაპარტმა თავისი დაღუპული ახალგაზრდა ადიუტანტის ქვრივს რომ მისწერა: „მიუირონი ჩემს გვერდით მოკლეს, არკოლეს ბრძოლის დროს. თქვენ საყვარელი მეუღლე დაკარგეთ, მე კი ადამიანი, რომელთანაც გულწრფელი მეგობრობა მაკავშირებდა. მაგრამ ყველაზე მეტი დაკარგა სამშობლომ, რომელსაც მოაკლდა იშვიათი ნიჭისა და სიმამაცის ოფიცერი. თუ რაიმე შემიძლია თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის გავაკეთო, გთხოვთ იქონიოთ ჩემი იმედი“. შესანიშნავი ფსიქოლოგი გახლდათ ბონაპარტი!
    მორალური ზემოქმედების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ნაპოლეონს ხელქვეითთა წახალისება და დაჯილდოება მიაჩნდა. საფრანგეთის არმიის მებრძოლებმა იცოდნენ, რომ მათი სამხედრო კარიერა, ძირითადად მათს სიმამაცეზე, თავდადებასა და საზრიანობაზე იყო დამოკიდებული. „ყოველი ჩემი ჯარისკაცის ზურგჩანთაში მარშლის კვერთხი ძევს“, – ნაპოლეონის ეს ცნობილი გამოთქმა სტიმული იყო არმიისთვის, რადგან ჯარისკაცებმა იცოდნენ, რომ ეს მართლა ასე იყო. ბევრი მათი მეთაური, ბევრი გენერალი და მარშალი ჯარისკაცთა და უმცროს ოფიცერთა რიგებიდან იყო, საპატიო ლეგიონის ორდენი, რომელიც ნაპოლეონმა შემოიღო და დღესაც ყველაზე საპატიო ჯილდოა საფრანგეთში, ბევრ ჯარისკაცსა და ოფიცერს უმშვენებდა მკერდს. იმპერატორი, რომელიც თვითონ მხოლოდ ამ ერთ ორდენს ატარებდა, ბრძოლის შემდეგ დღის ყველაზე გამორჩეულ მეომარს ჰკიდებდა პირადად.
    ორდენი ორდენად იყო, მაგრამ ნაპოლეონს არც ის ავიწყდებოდა, რომ ერთგული სამსახურისთვის წახალისების სხვა საშუალებებიც არსებობდა. ამ თვალსაზრისით, იგი მოხერხებულად მუშაობდა „ორ ფრონტზე“ – თავისი გენერალიტეტის პატივმოყვრულ გრძნობებსაც აკმაყოფილებდა და მათს მატერიალურ მოთხოვნილებებსაც არ ტოვებდა უყურადღებოდ. ამიტომ იყო, რომ მან ყველა მარშალი ჰერცოგი ან თავადი გახადა; ამიტომ იყო, რომ ყველა ამ ახლადგამომცხვარი ჰერცოგის ტიტული იმ ბრძოლის სახელს ატარებდა, რომელშიც მათ განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი. მაგალითად, ლანი მონტებელოს ჰერცოგი იყო, ოჟერო – კასტილეონესა, მასენა – რივოლისა და ესლინგისა, დაგუ – ეკმიულისა და აუერშტედტისა, ნეი – მოსკოვისა (ნეის მოსკოვის თავადის წოდება ჰქონდა, ბოროდინოსთან გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის). ეს წოდებები წმინდა სიმბოლური იყო და მათ მატარებლებს იმ ადგილებში ხშირად სამფლობელოები არცა ჰქონდათ. ის კი არა, უმეტეს მათგანს განჯვლილი ბრძოლის ადგილზე ყოფნამ შემდეგ აღარც მოუწია, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
    მნიშვნელობა იმას ჰქონდა, რომ ეს გუშინდელი სერჟანტები და „დაბალი წრიდან“ გამოსული ხალხი პრესტიჟულ ტიტულებს ატარებდა და ეს ტიცულები მათაც და სხვებსაც მუდამ მათი ცხოვრების ყველაზე საამაყო წუთებს ახსენებდა. რაც შეეხებოდა მატერიალური კეთილდღეობის საქმეს, იმპერატორი არც ამ მხრივ წყვეტდა თავის თანამებრძოლებს გულს: ვრცელი მამულები საფრანგეთში და მილიონიანი შემოსავალი ყველა მათგანს გარანტირებული ჰქონდა. მხოლოდ ერთი იყო, რომ, ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, თვითონ, გამუდმებით ომებში მყოფთ, ნაკლებად უხდებოდათ შექმნილი შესაძლებლობებით ტკბობა (ამ ჰერცოგი-მარშლების უმრავლესობა დიდხანს და ერთგულად ემსახურა თავიანთ იმპერატორს. მერე კი, როცა ვითარება შეიცვალა და მათ მბრძანებელსა და კეთილისმყოფელს საქმეები უარესად წაუვიდა, ბევრი მათგანი განზე გადგა, ზოგი საკუთარ მამულში გაიხიზნა, ზოგი – პირდაპირ ბურბონების მხარეზე გადავიდა, ცხოვრება ასეა მოწყობილი და მათ საქციელში ახალი და განსაკუთრებით გასაკვირი არაფერია. გასაკვირი სხვა რამ არის: ამ ყველაზე ტიტულიანი და ნაპოლეონისგან ყველაზე „ნაფერები“ ზალხისგან განსხვავებით, უბრალო ჯარისკაცებს, რომელთაც წვალების, ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალის, დაჭრისა და სიკვდილის საფრთხის მეტი არაფერი შეხვედრიათ, იმპერატორის ღალატი გულში არასოდეს გაუვლიათ და ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩნენ. თუმცა ესეც ხომ ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგი იყოს.
    იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ჯარისკაცის ფსიქოლოგიურად დამუხტვის საქმეს ემსახურება, ნაპოლეონისთვის წვრილმანი არ არსებობდა. ამ თვალსაზრისით, იგი ყოველ და ყოველგვარ შესაძლებლობას იყენებდა. იყენებდა სამხედრო მუსიკასაც. ცნობილია, რომ მუსიკას მაგიური გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე, რომ მას შეუძლია გაახაროს ან დაამწუხროს, აღაფრთოვანოს ან დათრგუნოს იგი. კარგად უწყოდა რა ამის შესახებ, ნაპოლეონი თვითონ არჩევდა ისეთ მუსიკას, რომელიც საჭიროებისდამიხედვით ან ახალისებდა, ან რისხვით აღავსებდა და აგულოვნებდა მის ჯარისკაცებს. პარიზში, დიდი არმიის მუზეუმში, რომელიც ინვალიდების სასახლეს აკრავს, მე მქონდა შესაძლებლობა ნაპოლეონის ძველი გვარდიის საიერიშო მარშისთვის მომესმინა. უნდა ვთქვა, რომ ეს იყო რაღაც დიდებული, და ამავე დროს, თავისებურად შემზარავი მუსიკა, რომლის მოსმენისას თვალწინ წარმოგიდგებოდა დიდი ხნის წინ გარდასული სურათი, თუ როგორ მიაბიჯებენ ბრძოლის ქარცეცხლში იმპერატორის გვარდიის ლურჯ-წითელი კოლონები გაშლილი დროშებითა და ოქროსფერი შტანდარტებით.
    გვარდია თავისებურ ფენომენს წარმოადგენდა ნაპოლეონის არმიაში. იტალიაში ლაშქრობის დროს ბონაპარტმა პირადი დაცვისთვის რჩეულ ცხენოსანთა ასეულისგან სპეციალური რაზმი ჩამოაყალიბა. აი, ეს რაზმი გახდა შემდგომში დასაბამი საქვეყნოდ განთქმული ნაპოლეონის გვარდიისა. თვით გვარდიას საფუძველი 1800 წლიდან ჩაეყარა, მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი პირველი კონსული ანუ საფრანგეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ამიტომ იყო, რომ გვარდიას თავდაპირველად კონსულისა ეწოდებოდა, ხოლო შემდეგ, 1804 წლიდან – იმპერატორისა. დასაწყისში გვერდიის შემადგენლობაში 7 ათასი ჯარისკაცი იყო, მოგვიანებით კი მათმა რიცხვმა რამდენიმე ათეულ ათასს მიაღწია. 1807 წლიდან გვარდია ორ შემადგენელ ნაწილად გაიყო – ძველ და ახალგაზრდა გვარდიად. გვარდიას მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულად მამაცი და გამოცდილი ჯარისკაცები შეადგენდნენ. ჯარის ეს შენაერთი მუდამ ნაპოლეონს ახლდა თან და მის მუდმივ რეზერვს წარმოადგენდა. იგი იშვიათად ებმებოდა ბრძოლაში, ისიც ყოველთვის მხოლოდ ნაპოლეონის ბრძანებით და ყოველთვის მის თვალწინ. გვარდიამ არ იცოდა რა იყო დამარცხება. ამიტომ მისი ბრძოლის ველზე გამოჩენა მოწინააღმდეგის რიგებში არეულობას იწვევდა. გვარდიას ჯარის სამივე სახეობა – ქვეითი, კავალერია და არტილერია – ჰყავდა. ამდენად, იგი, სინამდვილეში, მთელი ფრანგული არმიის მინიატურულ მოდელს წარმოადგენდა. გვარდია პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ყველაზე უკეთ კვებავდნენ, ყველაზე უკეთ აცმევდნენ და ამარაგებდნენ. გვარდიაში მხოლოდ 5 წელზე მეტი საბრძოლო გამოცდილების რჩეულ ჯარისკაცებს იყვანდნენ. ბრძოლებში გამობრძმედილი ვეტერანებისათვის ამ ელიტარულ შენაერთში სამსახური ერთგვარ ჯილდოს წარმოადგენდა გაწეული სამსახურისათვის.
    თუ რა გრძნობას იწვევდა მოწინააღმდეგეში ამ, მართლაც, შესანიშნავი შენაერთის ხილვა, კარგად ჩანს რუსი პარტიზანისა და პოეტის გენერალ დენის დაგიდოვის მოგონებებიდან: „.- არასოდეს დამავიწყდება ამ მრავალგზის სიკვდილს გამოვლილი მეომრების მრისხანე იერი და მათი ამაყი სვლა; ლურჯ მუნდირებსა და დათვის ბეწვიან მაღალ ქუდებში გამოწყობილი, წითელი სულთნებითა და ბრჭყვიალა ეპოლეტებით დამშვენებული, კოლონებად მოწყობილი ეს შენაერთი, ჩვენს წინ მიაბიჯებდა და თოფის სროლით გვიგერიებდა. ამასთან ისინი დაგვცინოდნენ კიდეც ჩვენ, მათ გარშემო უსუსური ჯირითის გამო. გვარდიამ ისე ჩაიარა ჩვენი კაზაკების ბრბოებს შორის, როგორც ასზარბაზნიანი ხომალდი ჩაუვლის ხოლმე მეთევზეთა პატარა ნავებს“.
    როგორც დავინახეთ, ნაპოლეონის მიერ გამოყენებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებათა არსენალი დიდი იყო და მრავალფეროვანი. რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლებოდა ამ არსენალიდან სხვა ხერხებისა თუ ეფექტური სვლების გახსენება, მაგრამ, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია. დანარჩენი გზადაგზა, თხრობის პროცესში, წარმოჩინდება და უკეთ დაგვანახებს ბონაპარტის ამოუწურავ შესაძლებლობებს ამ სფეროშიც. არაფერს ისე სერიოზულად არ უდგებოდა ნაპოლეონი, როგორც ომის მომზადებისა და წარმოების საქმეს. ამიტომ, ომის დაწყებამდე, იგი მთელი ყურადღებით სწავლობდა როგორც მომავალი საომარი მოქმედების ასპარეზს, ისე მოწინააღმდეგის არმიას. საომარი ასპარეზის შესახებ ცნობებს იგი აგენტურული ქსელისა და რუკების მეშვეობით აგროვებდა.
    რუკა ნაპოლეონმა შესანიშნავად იცოდა და, განსხვავებით ბევრი მისი წინამორბედი თუ თანამედროვე მხედართმთავრისგან, მისი მეშვეობით მოქმედებას პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებდა. რაც შეეხება მოწინააღმდეგის არმიას, ამ მხრივ ბონაპარტი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მონაცემი ჰქონოდა მის შესახებ და არ გამორჩენოდა არავითარი წვრილმანი. მისი ინტერესების სფეროში ყველაფერი შედიოდა: როგორც ამ არმიის აღჭურვისა და მომარაგების საქმე, მისი ეროვნული და სოციალური შემადგენლობა, მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა, ისე ის იდეალები, რისთვისაც ამ არმიას ბრძოლა უწევდა.
    განსაკუთრებულ ყურადღებას ბონაპარტი მოწინააღმდეგის არმიის მთავარსარდლის პიროენებას უთმობდა, მის ცოდნასა და გამოცდილებას, მის ხასიათს, მისი მოქმედების თავისებურებას, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარსა და შესაძლებლობას, მის სუსტსა და ძლიერ მხარეებს. თავისი მომავალი მოქმედების გეგმას იგი, ჩვეულებრივ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით აგებდა (ასეთ მაგალითებს საკმაოდ შევხვდებით ამ წიგნში, თუნდაც მომდევნო თავში, რომელიც იტალიაში ლაშქრობას შეეხება. ამ მხრივ სანიმუშოდ არკოლეს ბრძოლა გამოდგება, როცა მხოლოდ ავსტრიელი გენერლების ხასიათის გათვალისწინებით მიიღო ბონაპარტმა გადაწყვეტილება, რომელმაც ბრძოლისა და მთელი კამპანიის ბედზე იქონია გავლენა).
    ომისათვის მზადების პერიოდში და თვით საომარი მოქმედების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოწინააღმდეგის შეცდენას, მის დეზინფორმირებას და დეზორიენტაციას. ნაპოლეონი ამ საქმის დიდოსტატიც გახლდათ. მთელი მისი სამხედრო ცხოვრება ამის მკაფიო დადასტურება იყო. ყოველი მისი ლაშქრობა, ყოველი მეტ-ნაკლები მნიშვნელობის ბრძოლა მოწინააღმდეგის შეცდენისა და მოტყუების ნიშნით მიდიოდა. ამის მაგალითებსაც ბევრს ვნახავთ. ვნახავთ, თუ რა მოხერხებულად მოატყუა ბონაპარტმა ინგლისელთა ფლოტი ეგვიპტის ლაშქრობის დროს, როგორი ცრუ სპექტაკლი გაითამაშა 1800 წლის კამპანიის წინ, როგორ გააცურა 1805 წელს ჯერ ავსტრიელთა მეწინავე ჯარის სარდალი მაკი, ხოლო შემდეგ, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე და მისი შტაბი და ბევრ სხვა ასეთ შემთხვევას.
    მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად ნაპოლეონს მთელი სადეზინფორმაციო სამსახური ჰქონდა შექმნილი. ამ საქმეს მისი ასობით მზვერავი და მსტოვარი ემსახურებოდა. ამიტომ იგი ყოველმხრივ იყო ინფორმირებული როგორც საფრანგეთის შიდა მდგომარეობის, ისე სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამავე დროს ბონაპარტი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა საკუთარ საიდუმლოებას. ამ მხრივ მისი წინდახედულება ხშირად თითქოს გადაჭარბებულადაც კი გამოიყურებოდა. მაგალითად, ეგვიპტის ლაშქრობა ისეთი საიდუმლოებით იყო მოცული, რომ სანამ ფლოტი ზღვაში არ გავიდა, ბონაპარტის უახლოესმა თანამებრძოლებმა – კლებერმა და დეზემაც კი არ იცოდნენ საითკენ ჰქონდა მათ სარდალს გეზი აღებული! ასევე იყო იტალიაში მეორე ლაშქრობის წინ, როცა არმიის ჭეშმარიტი მარშრუტის შესახებ მხოლოდ ოთხ კაცს ჰქონდა სწორი ინფორმაცია. საიდუმლოების ასეთი დაცვა სამაგალითოდ შეიძლება ჩაითვალოს და იგი მიბაძვის ობიექტად გამოდგება.
    აი, მოკლეღ ყველაფერი ის, რაც ნაპოლეონის სამხედრო მოღვაწეობის შესახებ შევძელით გვეთქვა. ამ საკითხში არცთუ გათვითცნობიერებულ მკითხველს შეიძლება უნდობლობა შეეპაროს ან თვალწინ ჩვენ მიერ დახატული ისეთი მხედართმთავრის პორტრეტი წარმოუდგეს, რომელსაც არც როდის შეცდომა მოსვლია და არც რაიმე ხარვეზი ჰქონია. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ნაპოლეონი ადამიანი იყო, ადამიანს კი შეცდომები მოსდის. ამიტომ მასაც ჰქონდა შეცდომები, თუმცა წმინდა სამხედრო ხასიათისა განუზომლად ნაკლები, ვიდრე სხვა ვისმეს. მისი შეცდომები, რომელთაც განსაკუთრებით მისი მოღვაწეობის გვიანდელ პერიოდში იჩინეს თავი, ძირითადად პოლიტიკური ხასიათისა იყო და სამხედრო შედეგებზე გავლენა მათ მოახდინეს. ამ შეცდომებს გზადაგზა შევხვდებით და მათზე მაშინ შევჩერდებით;
    ისე, მკითხველი უნდა დაგვერწმუნოს იმაში, რომ ნაპოლეონზე ზემომოყვანილი შეფასებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც მისთვის „იმეტებდნენ“ ისეთი გამოჩენილი სამხედრო სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ კლაუზევიცი, ჟომინი, დელბრიუკი, დრაგომიროვი, შლიფენი, ფოში, მიხნევიჩი და სხვები და სხვები.
    ახლა კი, მოდით, ისევ ჩვენს თხრობას დავუბრუნდეთ და იტალიისკენ სალაშქროდ გამალებით მიმავალ ბონაპარტს დავემგზავროთ.
ლაშქრობა იტალიაში
    თუ აპენინის ნახევარკუნძულის ფიზიკურ რუკას ავიღებთ და მის ჩრდილოეთ ნაწილს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ იტალიის „ჩექმის“ ყელი ყავისფრადაა შეფერილი. ეს ალპებია, სხვადასხვა სიმაღლის მთების მთელი სისტემა, რომელიც იტალიის ჩრდილო საზღვარს მიჰყვება და ისე შემოსჯარვია ამ ქვეყანას, თითქოს მისი დაცვა ან გამოყოფა სურდეს ევროპისგან. „ჩექმის“ ყელს მწვანე ყელსაბამი შემოვლებია – მდინარე პოს ნაყოფიერი ველი, ლომბარდიისა და ვენეციის პროვინციებში გაჭიმული და გადაშლილი. ამ უხვსა და მდიდარ მხარეს, მუდამ უცხო დამპყრობთა ყურადღებას რომ იქცევდა, იტალიის ბეღელს უწოდებენ. ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, საფრანგეთთან ყველაზე ახლოს, ალპებსა და აპენინებს შუა, „შეყუჟულია“ პიემონტი, იტალიის ერთ-ერთი ჩრდილო პროვინცია, მაშინ კი სავოიის სამეფო გვარის კუთვნილი სამფლობელო (სავოიის დინასტია კუნძულ სარდინიასაც ფლობდა და ამიტომ ამ სახელმწიფოს ხშირად ორი სახელით მოიხსენიებდნენ).
    მთები ყოველთვის ვერ იცაგდა იტალიას. შუა საუკუნეებში და მერეც, ახალ დროში, ევროპა თითქოს სამაგიეროს უხდიდა ამ ქვეყანას ანტიკურ ხანაში მისგან მიყენებული წყენისათვის. თუ ადრე ალპებს რომის რკინის ლეგიონები გადადიოდნენ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, მოგვიანებით პირიქით ხდებოდა – ახლა სამხრეთისკენ მოედინებოდა სხვადასხვა ჯურის დამპყრობთა და ავანტიურის მაძიებელთა ფართო ნაკადი. ლომბარდია პირველი ეგებებოდა მტრის დარტყმას და პირველი უვარდებოდა მას ხელში.
    იმხანადაც, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს ავსტრიელი ჰაბსბურგები ფლობდნენ, დუნაისპირა იმპერიის ზვიადი მბრძანებლები, სამკვდრო–სასიცოცხლოდ რომ გადაკიდებოდნენ იტალიის დასაგლეთელ მეზობელს – რესპუბლიკურ საფრანგეთს. იტალიას კი ქვეყანაც აღარ ეთქმოდა მაშინ. იგი დაქუცმაცებული, დანაწევრებული, ერთ ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ ერთობის იდეას მოკლებული, ურთიერთდაპირისპირებული სამეფოების, სამთავროების, საჰერცოგოების და, ასე გასინჯეთ, რესპუბლიკების კონგლომერატი იყო.
აი, ასეთ ქვეყანაში მიჰყავდა ბონაპარტს თავისი არმია და, დირექტორიის განკარგულების მიხედვით, ავსტრიელთა ბატონობისგან უნდა გაეთავისუფლებინა იგი. ის, რომ იტალიის ჭეშმარიტ თავისუფლებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ პარიზელი ხელისუფალნი, არც ბონაპარტისთვის იყო საეჭვო და არც ბევრი სხვისთვის, მაგრამ თავისუფლების ლოზუნგი ერთობ მომგებიანი რამ იყო ფრანგულ დროშებზე რომ წაეწერათ და ამიტომ, ისიც ხალისით იყენებდა მას.
    ახლა კი გავყვეთ გენერალს მის ხიფათითა და ფათერაკებით აღსავსე ლაშქრობაში.
    საფრანგეთიდან იტალიაში მოსახვედრი უმოკლესი გზა დასავლეთის ალპების თოვლიან გადასასვლელებზე გადიოდა. არტილერიითა და ცხენოსანი ჯარით იქ მოძრაობა თავისთავადაც ერთობ ძნელი იქნებოდა, მაგრამ საქმეს ისიც ართულებდა, რომ ყოველ გადასასვლელთან პიემონტელებს ციხე-სიმაგრეები აეგოთ და გზებს ფხიზლად დარაჯობდნენ. ასე, რომ უმოკლესი გზა უხიფათო არ იყო და ნაპოლეონს სხვა რამ უნდა ეღონა.
    იტალიის მომავალ საომარ ასპარეზს ბონაპარტი, როგორც საკუთარ ხუთ თითს, ისე იცნობდა. ჯერ კიდევ 1794 წლიდან მოყოლებული, როცა ის ოგიუსტენ რობესპიერს უმტკიცებდა ამ ქვეყანაში ლაშქრობის უპირატესობას, მან საომარი მოქმედების რამდენიმე ვარიანტი დაამუშავა და ახლა მათი საჭიროებისდამიხედვით გამოყენება სულაც არ უჭირდა. ამ ხნის განმავლობაში მან იმდენი რუკა გადაქექა, იმდენი კონსპექტი და ნახაზი შეადგინა, რომ უცნობი რამ ამ ქვეყნის შესახებ თითქმის აღარაფერი დარჩა.
    ბონაპარტის გეგმა, რომელიც მან დირექტორიას წარუდგინა, ეყრდნობოდა საფრანგეთის ხელისუფლებაში იმ დროს გამეფებულ საერთო კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ომი კოალიციასთან ორ ფრონტზე უნდა წარმოებულიყო. აქედან გამომდინარე, ნაპოლეონი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო ორივე ფრონტზე მოქმედ ფრანგულ არმიებს შეტევა ერთდროულად დაეწყოთ და, საერთოდ, მომავალშიც საომარი მოქმედებები კოორდინირებულად ეწარმოებინათ. დირექტორიამ იტალიური არმიის მთავარსარდლის ეს მოსაზრებები გაიზიარა და მათი განუხრელად შესრულება აღუთქვა მას.
    1796 წლის კამპანიაში მთავარ საომარ ასპარეზად საფრანგეთისთვის ისევ გერმანია რჩებოდა. ასეთ პირობებში იტალიურ არმიას დამხმარე ფუნქციები ეკისრებოდა – ძირითადი შეტევა უნდა განხორციელებულიყო ცენტრალურ და სამხრეთ გერმანიაში, სადაც ორი არმია იყო განლაგებული: ერთი, სამბრა-მაასისა, გენერალ ჟურდანის მეთაურობით, და მეორე, რაინ-მოზელისა, გენერალ მოროს წინამძღოლობით.
    ფრანგების მიერ შემუშავებული გეგმა (ლაზარ კარნოს გეგმა) საბოლოო ანგარიშში, მათი სამივე არმიის შეერთებას ითვალისწინებდა. ჟურდანისა და მოროს არმიებს, რომელთა საერთო რიცხვი 155 ათას კაცს აღწევდა, უნდა შეეტიათ მაინისა და დუნაის გაყოლებაზე. იტალიურ არმიას კი პიემონტი და ლომბარდია უნდა დაეკავებინა, გაევლო ტიროლი, და თუ მოახერხებდა, ბავარიაში შეჭრილიყო, სადაც მოროსა და ჟურდანის არმიებს შეუერთდებოდა. შედეგად, გაერთიანებული ფრანგული არმიების წინააღმდეგ ავსტრიელები ვერაფერს გააწყობდნენ და იძულებული გახდებოდნენ ფრანგებისათვის სასარგებლო ზავის პირობებზე წასულიყვნენ. ამ გეგმის მიხედვით, ფრანგების სამივე არმია შეტევაზე აპრილში უნდა გადასულიყო, თითქმის ერთდროულად, რაც ავსტრიელთა სარდლობას ჯარების გადაჯგუფების შესაძლებლობას შეუზღუდავდა.
    იტალიური არმიის შტაბ-ბინაში ბონაპარტი 2 მარტს ჩავიდა. არმია, რომელსაც ის ჩაუდგა სათავეში, ოთხი წლის წინ იყო შექმნილი და მის სამოქმედო ასპარეზად იტალია იყო გამიზნული. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ამ არმიას იტალიაში ფეხი, ფაქტობრივად, არც დაედგა. საომარი მოქმედებები, ძირითადად, სასაზღვრო შეტაკებების მასშტაბებს არ სცილდებოდა და ჟომინის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „უმიზნო ბრძოლები მხოლოდ იმიტომ გრძელდებოდა, რომ ზავი ჯერ დადებული არ იყო“.
    ავსტრიელებს, რომლებიც, ბაზელის ზავის შემდეგ, ანტიფრანგულ კოალიციას მთავარ დამრტყმელ ძალად შემორჩენოდნენ, გვერდში სარდინიის (პიემონტის) სამეფოს ჯარები უდგნენ. ამ ქვეყნის მეფე, ვიქტორ ამადეუს III (თავისი ქალიშვილების მხრივ) ფრანგ ბურბონებთან იყო დანათესავებული და რესპუბლიკური საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლა თუნდაც მხოლოდ ამიტომ მიაჩნდა საღმრთო საქმედ (ისე კი, ძირითად მიზეზს, რა თქმა უნდა, რევოლუციის ამ ქვეყანაში გავრცელების საშიშროება წარმოადგენდა).
    ფრანგთა არმია, რომელიც მაშინ გენუის რივიერაში იდგა, ოთხი დივიზიისაგან შედგებოდა: გენერალ ლაჰარპის დივიზია (8 ათასი ჯარისკაცი) სავონასა და ვოლტრის შორის იყო დაბანაკებული, გენერალ მასენასი (9 ათასი) – საკუთრივ სავონაში, გენერალ ოჟეროსი (8 ათასი) – ლოანო–ში, ხოლო გენერალ სერიურიესი – მდინარე ტანაროს ზემო წელში, ორმეას მიდამოებში (ასევე 8 ათასი). კავალერია კი (სულ 4 ათასი მხედარი) ზღვისპირეთში იყო გაფანტული, ზემოხსენებული დივიზიების ზურგში. არტილერია 60 ზარბაზნისგან შედგებოდა. იტალიური არმიის საერთო რაოდენობა 38 ათასს არ აღემატებოდა.
    ფრონტის ამ უბანზე, იტალიური არმიის შორიახლოს, ფრანგების კიდევ ერთი პატარა, ე. წ. „ალპური“ არმია იმყოფებოდა გენერალ კელერმანის მეთაურობით, რომლის შემადგენლობა 18 ათასზე მეტი არ იყო და მის მოვალეობაში ალპური გადასასვლელების კონტროლი შედიოდა. იგი დამოუკიდებელ საბრძოლო ერთეულს წარმოადგენდა და ბონაპარტს არ ექვემდებარებოდა.
    მოკავშირეები (სარდინიელები და ავსტრიელები) შემდეგნაირად იყგნენ განლაგებულნი: ჩრდილო-დასავლეთით, კელერმანის არმიის საპირისპიროდ და მასზე სათვალთვალოდ, აოსტის ჰერცოგის 20 ათასიანი არმია იმყოფებოდა. მათგან სამხრეთ-აღმოსავლეთით გენერალ კოლის 22 ათასი–ანი კორპუსი იდგა. ავსტრიელთა არმია, 32 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით, გაფანტული იყო აპენინების მთაგრეხილის კალთებზე, მდინარე ბორმიდასა და დასახლებულ პუნქტ ბოკეტას შორის. აოსტის ჰერცოგის კორპუსს, ისევე როგორც კელერმანის ალპურ არმიას, საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ამდენად, ბონაპარტის 38 ათასიან არმიას ავსტრია-პიემონტის თითქმის 50 ათასი ჯარისკაცი უპირისპირდებოდა. არტილერიაშიც უპირატესობა მოკავშირეების მხარეზე იყო. ფრანგთა 60 ზარბაზანთან შედარებით, მათ 148 ჰქონდათ. სამაგიეროდ, მოკავშირეთა არმია 100 კილომეტრის მანძილზე იყო გაჭიმული, მაშინ როდესაც ფრანგებისა უფრო კომპაქტურად იყო განლაგებული და მისი განფენილობა 45 კილომეტრს არ აღემატებოდა.
    რაოდენობრივი განსხვავების გარდა, დაპირისპირებულ არმიებს შორის განსხვავება მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მხრივაც საგრძნობი იყო. თუ მოკავშირეთა ჯარისკაცები კარგად იყვნენ ჩაცმულ-დახურულნი და დამაკმაყოფილებლადაც იკვებებოდნენ, იტალიური არმია საოცარ გაჭირვებას განიცდიდა. ჯარისკაცები ძირითადად მარტო პურზე და წყალზე ისხდნენ, ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდათ, ხოლო ფეხზე ჩექმების ნაცვლად ან ხის თვითნაკეთი სანდლები ეცვათ, ან რაღაც ჩვრები ჰქონდათ შემოხვეული (ამიტომ იყო, რომ მოწინააღმდეგე მათ დაცინვით „ჩამოძონძილ გმირებს“ უძახოდა). ოფიცრებს ჯამაგირს დიდი დაგვიანებით უხდიდნენ, ისიც გაუფასურებული ასიგნაციებით. ყველაფერ ამის გამო იტალიურ არმიაში დიდსა თუ პატარას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საკუთარმა რესპუბლიკამ ბედის ანაბარა მიატოვა ისინი და არავის მათი ბედი არ აწუხებდა. ბონაპარტის შესახებ მის არმიაში ცოტა რამ იცოდნე?. ვინც იტალიურ არმიაში 1794 წელს მსახურობდა, ის კიდევ იცნობდა ამ გენერალს, მაგრამ ასეთები უკვე ცოტანი იყვნენ და ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი მთავარსარდალი, ძირითადად, უცნობი იყო თავისი არმიისთვის. არსებობს სხვადასხვა ვერსია იმის თაობაზე, თუ როგორი იყო ბონაპარტის პირველი შეხვედრა თავის მომავალ თანამებრძოლებთან. ყველაზე გავრცელებული და ყველაზე პოპულარული შემდეგია: ბონაპარტმა გასაცნობად შტაბში გამოიძახა თავისი ოთხივე დივიზიის მეთაური – მასენა, ოჟერო, ლაჰარპი და სერიურიე. გენერლები მთავარსარდლის ოთახში შევიდნენ და ბონაპარტს მიაჩერდნენ. ოთხივე ბრძოლებში გამობრძმედილი და სახელმოხვეჭილი მეთაური იყო, ოთხივე ზორბა და წარმოსადეგი. გენერლები მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმნენ ბონაპარტს, ისე რომ, ქუდის მოხდა არც უფიქრიათ. ცხადია, ქუდი არ მოუხდია მთავარსარდალსაც. ბონაპარტმა მაშინვე შეატყო დივიზიების მეთაურებს მისდამი აგდებული დამოკიდებულება. მართლაც, ვინ იყო იგი მასენას ან თუნდაც ოჟეროსათვის, ამ უკვე დამსახურებული მებრძოლი გეწერლებისათვის? ბონაპარტს, მაინცადამაინც არ სწყენია გენერლების თავხედობა. ის კი არა, გარკვეულად ესმოდა კიდეც მათი. მაგრამ მას ისიც ესმოდა, რომ არ ჰქონდა სისუსტის გამოჩენის არავითარი უფლება, რომ ახლა, ამ წუთშივე უნდა ეჩვენებინა მათთვის თავისი ძალაცა და შესაძლებლობაც, რათა ყველაფერს ახლავე თავისი ადგილი მისჩენოდა.
    მთავარსარდალმა მკვახე ტონით დაიწყო ლაპარაკი. იგი შეეხო არმიის ახლანდელ სავალალო მდგომარეობას, ილაპარაკა ინტენდანტების თაგგასულობაზე, მექრთამეობაზე და ქურდობაზე, მათ წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე, ილაპარაკა დისციპლინაზე, დამრღვევთა მიმართ სასტიკ ზომებზე, განიხილა სამომავლო გეგმები. ამ უკანასკნელთ დაწვრილებით შეეხო და მათ მასშტაბურობას გაუსვა ხაზი. ბონაპარტი ისე შთამბეჭდავად და საქმის ისეთი ცოდნით ლაპარაკობდა, რომ დივიზიების მეთაურები სახტად დარჩნენ. ისინი ყველაფერს ელოდნენ ამ ახალბედა მთავარსარდლისგან, მაგრამ ასეთ სიმტკიცესა და ასეთ კომპეტენტურობას – ნამდვილად არა. განსაკუთრებით მომავალი საბრძოლო მოქმედებების გეგმამ მოხიბლა ისინი.
    აქამდე ხომ მსგავსი რამ არავის შეუთავაზებია მათთვის! (ცხადია, ნაპოლეონი ჯერ ბევრს არაფერს ეტყოდა მათ თავისი ჭეშმარიტი საბრძოლო გეგმების შესახებ, მაგრამ ისიც, რაც „გაიმეტა“ მათთვის, უკვე იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ, ბრძოლებში გაუხეშებულ და შეუდრეკელ ხალხს, ჭეშმარიტად გული აუჩქროლა). „მონოლოგის“ კითხვისას ბონაპარტმა ქუდი მოიხადა. გენერლებმაც საჩქაროდ მოიხადეს ქუდები. ცოტა ხნის შემდეგ მთავარსარდალმა ქუდი დაიხურა და ისეთი თვალებით შეხედა მის წინ მდგომ მეთაურებს, რომ მათ ქუდის დახურვა ვეღარ გაბედეს. ცოტა ხნის შემდეგ „გაცნობა“ დამთავრდა. გამომშვიდობების ნაცვლად, ბონაპარტმა ცივად შენიშნა გენერლებს, რომ შემდგომი მოქმედებების ინსტრუქციებს როცა საჭირო იქნებოდა მაშინ მიიღებდნენ და ზურგი შეაქცია მათ. კარებში გასვლისას დივიზიების მეთაურებს ერთმანეთისთვის თვალი ჩაუკრავთ და უთქვამთ: „აი, ახლა კი ჰყავს იტალიურ არმიას მთავარსარდალიო“.
    ბონაპარტს დიდი გეგმები ჰქონდა. როგორც ზემოთ დავინახეთ, იტალიაში ლაშქრობის საკითხს ის ჯერ კიდევ 1794 წლიდან ამუშავებდა და მოქმედების რამდენიმე ვარიანტი გააჩნდა. ეს ვარიანტები დეტალებში განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო მახასიათებელი ჰქონდათ: ფრანგებს მხოლოდ შეტევითი ომი უნდა ეწარმოებინათ და საომარი მოქმედება მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე გაეშალათ (როგორც ზემოთ დავინახეთ, ბონაპარტმა თავისი შეტევითი გეგმა დირექტორიასაც „მოახვია თავს“ და აიძულა იგი დაემტკიცებინა თითქმის უცვლელად).
    დირექტორიამ იტალიური არმიის მთავარსარდალი პარიზიდან, არსებითად უფულოდ გამოუშვა. ყველაფერი, რაც მათ მოახერხეს (გაიმეტეს?) ეს 48 ათასი ფრანგი იყო, რომელიც პირადად ბონაპარტს გადასცეს. ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოდ მცირე თანხა იყო, მაგრამ კორსიკელს ხმა არ ამოუღია. პირიქით, მან დირექტორებს უთხრა, რომ მისი არმია მთავრობის სარჩენი არ იქნებოდა, რომ ცოტა ხანში იგი თვითონ გამოუგზავნიდა ხელისუფლებას ფულს, თანაც ოქროს მონეტების სახით (დირექტორებმა აღარ იცოდნენ, ეცინათ თუ ეტირათ მის დაპირებაზე. ისინი ლაშქრობიდან გამოგზავნილ ფულზე კი არა, თვითონ იტალიური არმიის ბედზე წუხდნენ, რადგან არ იცოდნენ, რას უზამდა მას ეს ახირებული გენერალი, წარმატებას მოუტანდა თუ სულ დაღუპავდა?).
    არმიაში ჩასვლისთანავე, ბონაპარტმა ენერგიული მუშაობა გააჩაღა დისციპლინის აღდგენის, წესრიგის დამყარებისა და არმიის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ქურდებსა თუ დაუმორჩილებლებს იგი დაუნდობლად უსწორდებოდა. შედეგად, იმ მოკლე დროში, 27 მარტიდან 10 აპრილამდე, მთავარსარდალმა თითქმის შეუძლებელი შეძლო. თავისი დაუღალავი საქმიანობით მან საფრანგეთის მთელი სამხრეთი ზღვისპირეთი ააფორიაქა. არმიაში წესრიგი აღადგინა, ტყვია-წამლით და სურსათით მომარაგების საქმე გააუმჯობესა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ასე ცოტა ხანში ყველა საქმე ვერ მოაგვარა. სამაგიეროდ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოახერხა – ერთბაშად აამაღლა არმიის საბრძოლო სული. მთავარსარდლის შემყურე, იტალიური არმია გარდაიქმნა, მოძრაობაში მოვიდა, ყველას რაღაც განსაკუთრებულის, მნიშვნელოვანის წინათგრძნობა დაეუფლა.
    საკვირველი იყო, მაგრამ ომის მთელი სამი წლის მანძილზე არმიის შტაბ-ბინა ნიცაში, საომარი ასპარეზისგან შორს იმყოფებოდა. ნაპოლეონმა ეს ამბავი დაუშვებლად ჩათვალა და იგი ალბენგაში, ფრონტის სიახლოვეს გადაიტანა. შტაბთან ერთად მან არმიის ძირითადი ნაწილებიც იქითკენ დაძრა. ალბენგასკენ გასასვლელ გზად ბონაპარტმა ე. წ. „კარნიზი“ აირჩია – კლდეებზე გამავალი, ზღვაზე გადაკიდებული ვიწრო ბილიკი, რომელიც უძნელესი, მაგრამ უმოკლესი გზა იყო არმიის ახალ სადგომამდე. ალბენგასკენ მარში ინგლისელთა ფლოტის არტილერიის აკომპანემენტის ქვეშ მიდიოდა. მიუხედავად ამისა, ან სწორედ ამიტომ, მთავარსარდალი პირველი მიაბიჯებდა წინ სახიფათო გზაზე და მაგალითს აძლევდა თავის ჯარისკაცებს.
    ლაშქრობის დაწყებამდე, ბონაპარტმა ჯარს დათვალიერება მოუწყო და სიტყვით მიმართა მას (იგივე სიტყვა, ბიულეტენის სახით, შემდეგ, ყველა მეომარს დაურიგეს. ეს იყო ნაპოლეონის ცნობილი ბიულეტენებიდან პირველი, და როგორც ამბობდნენ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოც. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიდა კარლ კლაუზევიცი). აი ისიც: „ჯარისკაცებო! თქვენ ჩაუცმელი ხართ და ცუდად იკვებებით. მთავრობას თქვენი დიდი ვალი აქვს, მაგრამ ვერაფრით გაუსტუმრებიხართ. თქვენი მოთმინება და თქვენი ვაჟკაცობა, რომელიც ამ კლდე-ღრეში გამოიჩინეთ, უსაზღვროა და გაოცებას იწვევს, მაგრამ ამან ვერაფერი მოგიტანათ, რადგან დიდების სხივმა გვერდით ჩაგიარათ. ამიტომ მე მინდა წაგიყვანოთ მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერ ველებზე იქ, სადაც თქვენს ხელთ იქნება მდიდარი მიწები და დიდი ქალაქები; იქ, სადაც პატივი, დიდება და სიმდიდრე გელოდებათ. იტალიური არმიის ჯარისკაცებო! ნუთუ ასეთი მიზნის მიღწევისთვის არ გეყოფათ სიმამაცე და მონდომება?“ ჯარი სიხარულის ყიჟინით შეხვდა მთავარსარდლის ამ მოწოდებას. აქამდე ხომ არავის ასე არ მიუმართავს მათთვის! მართლაც, წარმოუდგენელი იყო 1793 წლის ჯარისკაცებისთვის ასეთი სიტყვები ეთქვათ. მაშინ იდეისათვის იბრძოდნენ, ახლა კი, ბონაპარტი მათ დიდებასა და ნადავლს ჰპირდებოდა. იტალიური არმიის ჯარისკაცები სიხარულმა მოიცვა. წინ გავსწიოთო, შესძახოდნენ მთავარსარდალს. წარმატებული ლაშქრობის შემდეგ, ყველას იმდენი ფული გექნებათ, რომ თქვენს ქვეყანაში მიწის ნაკვეთებსაც იყიდითო, დამატებით სტიმულს აძლევდა მათ ბონაპარტი.
    იტალიური არმია ჩაუცმელი და ნახევრადმშიერი იყო, მაგრამ მას დიდი ვაჟკაცობა და დიდი გამოცდილება ჰქონდა. მარჯვე წინამძღოლის ხელში ამ არმიას ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ნაპოლეონმა ეს იცოდა და ამიტომაც სჯეროდა მისი.
    ომის წარმოებას ბონაპარტი თავის ჭკუაზე აპირებდა. როცა პარიზიდან არმიისკენ მიემართებოდა, მან დირექტორიის წევრებს ანდერძივით დაუტოვა თავისი ურყევი პირობა: არავინ მის საქმეში არ უნდა ჩარეულიყო და არავის უნდა მიეთითებინა, თუ რა გაეკეთებინა მას. დირექტორები უხალისოდ, მაგრამ მაინც დაეთანხმნენ. ბონაპარტს ხელები გაეხსნა. როგორც ვთქვით, იტალიურ საომარ ასპარეზს ბონაპარტი კარგად იცნობდა. რაც შეეხება მოკავშირეთა ჯარის ხელმძღვანელებს, მათ შესახებ ჯერ მას მცირე ცნობები თუ მოეპოვებოდა, მაგრამ მან ისეთი ძლიერი სადაზვერვო ქსელის შექმნა დაიწყო მოწინააღმდეგის ბანაკში სამოქმედოდ, რომ ამას შედეგი მალე უნდა გამოეღო. მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ, მან ისეთ წარმატებას მიაღწია ამ საქმეში, რომ თავს უფლება მისცა ეთქვა: „მოწინააღმდეგის ყოველ შტაბში თითო-ოროლა აგენტი ყოველთვის მყავსო“. გადაჭარბებულიც რომ იყოს ეს ნათქვამი, ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: ბონაპარტი მუდამ კარგად იყო ინფორმირებული. რიცხობრივად მოკაგშირეთა ჯარი სჭარბობდა ფრანგებისას. უპირატესობა განსაკუთრებით არტილერიასა და ცხენოსან ჯარში იყო გამოკგეთილი. ავსტრიელებსა და სარდინიელებს ბევრად მეტი ზარბაზანი ჰქონდათ და კავალერიაც უკეთესი ჰყავდათ (განსაკუთრებით ავსტრიელებს. მათ ცხენოსან ჯარს შესანიშნავი მადიარი მხედრები შეადგენდნენ. ფრანგებს კი, თვით მხედრები კარგი ჰყავდათ, მაგრამ.. ცხენები აკლდათ და ამიტომ დიდ იმედს ვერ ამყარებდნენ ჯარის ამ სახეობაზე). ყველა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ღია ბრძოლაში, გენერალურ შეჯახებაში, ფრანგებს გამარჯვების ცოტა შანსი ექნებოდათ. ამიტომ ამ უარყოფითი ფაქტორების გაბათილებას ბონაპარტი მხოლოდ განსაკუთრებული მოქმედებით აპირებდა. კერძოდ, მოწინააღმდეგის რიცხობრივი სიჭარბე მას გადაადგილების სისწრაფით უნდა გაენეიტრალებინა, არტილერიისა – სპეციალური მანევრირებით, ხოლო ცხენოსანი ჯარისა – შესაფერისი პოზიციების შერჩევით. მართლაც, მთელი იტალიური კამპანია მისი ამ შეხედულებების დემონსტრაცია გახდა.
    მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალი იოჰან პეტერ ბოლიო, ავსტრიის არმიის გენერალ-ფელდცეჰმაისტერი, 72 წლისა იყო. იგი ჯერ კიდევ შვიდწლიან ომში მონაწილეობდა და ფრიდრიხ დიდის წინააღმდეგ იბრძოდა. ბოლიო მამაცი კაცი იყო, მაგრამ მის ნაკლს პედანტიზმამდე მისული ავსტრიული სამხედრო სკოლის ბრმა მიმდევრობა წარმოადგენდა. 50 წელზე მეტი ამ ადამიანმა კორდონული სისტემით ბრძოლის „ტყვეობაში“ გაატარა და რუტინული, დრომოჭმული დოქტრინის ტიპიური წარმომადგენელი გახდა. მოკავშირეთა ჯარების სარდლობა ბოლიომაც მხოლოდ 27 მარტს ჩაიბარა, მაგრამ, თავისი ახალგაზრდა მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, იგი კარგად არ იცნობდა მომავალი ბრძოლების ასპარეზს. ამასთანავე, ბოლიო ჭეშმარიტი ბარის მებრძოლი იყო და მთებში საომარი ოპერაციების წარმოება არ იცოდა. ეს დიდი ნაკლი იყო, რადგან მთებში ბრძოლას განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. რაც შეეხება მოკავშირეთა არმიის ჯარისკაცებს, მათ საბრძოლო ღირსებებსა და გამოცდილებას, იგი დაბალ დონეზე არ იდგა, მაგრამ უპირატესობა ამ მხრივ მაინც ფრანგებს ჰქონდათ. ისინი მორალური თვალსაზრისითაც აღემატებოდნენ მტერს და საბრძოლო გამოცდილებითაც. დაქირავებულ ავსტრიელ ჯარისკაცებს უცხო ქვეყანაში ბრძოლის დიდი სტიმული არ ჰქონდათ და ამიტომ მათგან განსაკუთრებული თავდადების გამოჩენა მოსალოდნელი არ იყო.
    მთავარი ამოცანა, რომელიც საომარი მოქმედების პირველ ეტაპზე ბონაპარტის წინაშე იდგა, იყო მოწინააღმდეგის ძალების ერთმანეთისგან დაშორიშორება. ავსტრიელები და სარდინიელები, ერთად აღებულნი, რიცხობრივად მნიშვნელოვნად სჭარბობდნენ ფრანგებს, ამიტომ ამ უკანასკნელთ, თუ წარმატებაზე სურდათ ფიქრი, ცალ-ცალკე უნდა დაემარცხებიათ ისინი. ხოლო მოკაგშირეთა განცალკევება მოხერხდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ფრანგები ავსტრიელთა და პიემონტელთა ჯარებს შუა არსებულ, სუსტად დაცულ ცენტრს გაარღვევდნენ. ნაპოლეონს ეს კარგად ესმოდა და სწორედ ასე აპირებდა მოქმედებას. მაგრამ სანამ ამ გეგმის განხორციელებას შეუდგებოდა, მან სცადა ერთი ეშმაკური ხერხი ეხმარა. მან ოფიციალურად მიმართა გენუის რესპუბლიკის სენატს, რათა მას დაერთო ნება ფრანგთა ჯარისთვის გაევლო მის ტერიტორიაზე და საბრძოლო მოქმედება იქიდან ეწარმოებინა (გენუელები ფრანგებს მტრობდნენ და ამიტომ ბონაპარტი მათთან საბოდიშოდ არ იხდიდა საქმეს). გენუის დამფრთხალმა სენატმა ეს წინადადება მაშინვე ბოლიოს აცნობა. ბოლიოც დაფაცურდა და როგორც მალე დავინახავთ, საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
    როცა ბონაპარტი გენუის სენატს აღნიშნულ წინადადებას აძლევდა, იგი ორ შესაძლო ვარიანტს ითვალისწინებდა: თუ სენატი ფრანგებს თავის ტერიტორიაზე გავლის ნებას მისცემდა, ხომ კარგი – მაშინ ისინი ავსტრიელთა მარცხენა ფლანგს შემოუვლიდნენ და ბოლიოს იზოლირებულ კორპუსს შეუტევდნენ, უკუაგდებდნენ მას ალექსანდრიისაკენ და სარდინიელებისაგან განაცალკევებდნენ. ამის შემდეგ ფრანგები უკვე იოლად მოახერხებდნენ სარდინიელების დამარცხებას და აიძულებდნენ მათ ყოველგვარი სამხედრო კავშირი გაეწყვიტათ ავსტრიელებთან. რაც შეეხება უკვე მარტოდ დარჩენილ და ალბათ, საკმაოდ დეზორგანიზებულ ავსტრიელთა არმიას, ფრანგები მას ადვილად დაამარცხებდნენ, მაგრამ თუ ეს ვარიანტი არ გავიდოდა (პოლიტიკური მოსაზრებების გამო), მაშინ ძალაში დარჩებოდა ლაშქრობის ძირითადი გეგმა, რომელიც მოკავშირეთა ცენტრის გარღვევას და მათ ცალ–ცალკე დამარცხებას ითვალისწინებდა.
    ბონაპარტი აქ პირველად ამჟღავნებდა იმპროვიზაციის უნარს უშუალოდ საომარი მოქმედების წინ და მის პროცესში (შემდგომშიც, იმპროვიზაცია მისი ერთ-ერთი ძირითადი იარაღი იყო ყველა ომსა თუ ბრძოლაში. ხშირად, სწორედ, იმპროვიზაციის დაუშრეტელი მარაგი აძლევდა მას უპირატესობას თავის რიცხობრივად ჭარბ მოწინააღმდეგეებზე, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ ასეთ ბუნებრივ უნარს და უმეტესად სტანდარტულად და მოუქნელად მოქმედებდნენ). ნაპოლეონს უყვარდა თქმა: „მთავარია ბრძოლაში ჩაება, დანარჩენი მერე გამოჩნდებაო“. რასაკვირველია, ამ სიტყვებში ბრძოლაში უაზროდ და ბრმად ჩაბმა არ იგულისხმება. აქ ბევრი რამ წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი და აწონილ-დაწონილი. ის ასეც აკეთებდა, მაგრამ ამავე დროს გეგმისა და შაბლონის ტყვედ არასოდეს ქცეულა. სწორედ, იმპროვიზაციის ხელოვნებაზე იყო დამყარებული ეს ცნობილი აფორიზმი.
    რაც შეეხება მოკავშირეებს, მათი მიზნები, ფრანგებთან შედარებით, გაცილებით უფრო მოკრძალებული იყო. ბოლიო ავსტრიის უმაღლესი სამხედრო საბჭოს – ჰოფკრიგსრატის – ინსტრუქციით მოქმედებდა და, შესაბამისი დირექტივის თანახმად, ისიც შეტევითს ოპერაციას ამზადებდა. ოღონდ, ფრანგებისაგან განსხვავებით, ავსტრიელების ოპერატიული გეგმა მხოლოდ ლოკალურ მიზნებს ისახავდა. ამ გეგმის მიხედვით, ბოლიოს ფრანგები რივიერიდან მდინარე ვარამდე უნდა განედევნა, ხელში ჩაეგდო ზღვისპირა ალპების მთავარი პუნქტები, და დაემყარებინა კონტაქტი იქვე, ლიგურიის ზღვაში მოქმედ ინგლისელთა ესკადრასთან. აღნიშნული გეგმის შესასრულებლად, ავსტრიელთა მარჯვენა ფლანგი და პიემონტელთა მთავარი ძალები სამხრეთით, აპენინებისაკენ უნდა წასულიყვნენ, ხოლო მათი მარცხენა ფლანგი, თვით ბოლიოს მეთაურობით, რივიერისკენ უნდა დაძრულიყო (გენუის მიდამოების გავლით).
    გეგმა რთული იყო, იგი არმიას სამ ნაწილად ყოფდა და ამ ნაწილებს ერთმანეთს წყვეტდა. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ პირობებში და ჩვეულებრივი მხედართმთავრის წინააღმდეგ ეს გეგმა, სავსებით შესაძლებელია, შესრულდებოდა კიდეც, მაგრამ ბონაპარტი ხომ ჩვეულებრივი მხედართმთავარი არ იყო...
    როგორც კი ბოლიომ გენუელთაგან ცნობა მიიღო ბონაპარტის წინადადების (ულტიმატუმის) შესახებ, იგი აჩქარდა და აქტიურ მოქმედებას, ფაქტობრივად, არასათანადოდ მომზადებული შეუდგა. შეტევა მან 10 აპრილს დაიწყო გენუის მიმართულებით. მოკავშირეთა მთავარსარდალს თან 12 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა. ავსტრიელთა მარჯვენა ფრთა არჟანტოს მეთაურობით (აგრეთვე 12–ათასი ჯარისკაცი) სავონასკენ დაიძრა, რათა ფრანგების არმიის ზურგში გასულიყო (ავსტრიელები ხომ დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ფრანგების მთავარი ძალები გენუისკენ წავიდოდნენ). ბონაპარტმა კი გენუისკენ მხოლოდ ერთი ბრიგადა გაგზავნა, ხოლო ძირითადი ძალებით ჩრდილოეთისკენ გასწია ავსტრიელთა ცენტრის მიმართულებით.
    ფრანგების მთავარსარდალი ხედავდა, რომ მოწინააღმდეგე დიდ ფრონტზე იყო გაფანტული, რაც ერთად თავმოყრის და ერთ მუშტად შეკვრის შესაძლებლობას უსპობდა მას; ხედავდა, რომ მათ სრულიად არ ჰქონდათ გათვალისწინებული საომარი ასპარეზის მთაგორიანი რელიეფი; ხედავდა იმასაც, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს მხოლოდ ექსცენტრული უკანდახევა შეეძლებოდა – სარდინიელებს ტურინისაკენ, ავსტრიელებს – მილანისაკენ. ზემოჩამოთვლილი გარემოება ხელს უხსნიდა ბონაპარტს და საშუალებას აძლევდა მას საერთო რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად ყოველ კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ მომენტში მოწინააღმდეგეზე მეტი ძალისთვის მოეყარა თავი.
    ბონაპარტმა, სარდინიელების წინ სერიურიეს დივიზია დატოვა, ხოლო თვითონ, როგორც ვთქვით, ძირითადი ძალებით (22 ათასი ჯარისკაცი), არჟანტოს წინააღმდეგ დაიძრა.1I და 12 აპრილს, ორდღიან ბრძოლაში ფრანგებმა სასტიკად დაამარცხეს ავსტრიელთა ჯარის ეს შენაერთი და სხვადასხვა მიმართულებით გაფანტეს იგი. არჟანტოს დანაკარგი მარტო ტყვეების სახით 2 ათასი კაცი იყო.
    პირველი წარმატებით აღფრთოვანებული ფრანგები აქტიურ მოქმედებას აგრძელებდნენ. მასენა, ოჟერო, ლაჰარპი, თავიანთი დივიზიებით, 13 აპრილსაც ბრძოლებში იყვნენ ჩაბმულნი. მილეზიმოსთან ოჟერომ ავსტრიელი გენერალი პროვერა დაატყვევა 2 ათასი კაცით, ხოლო მასენამ და ლაჰარპმა დეგოსთან, 14 და 15 აპრილის ბრძოლებში, ვუკასოვიჩის შენაერთი დაამარცხეს. აქაც, ისევე როგორც მონტენოტესთან, ფრანგებმა რიცხობრივად მოწინააღმდეგეზე ბევრად დიდი უპირატესობა მოიპოვეს და, რასაკვირველია, მძიმედ დააზარალეს იგი. პირველი 5 დღის ბრძოლებში მოკავშირეებმა 10 ათასი კაცი და 40 ზარბაზანი დაკარგეს. ეს დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ მათთვის გაცილებით უფრო მძიმე ის იყო, რომ ოსტატური სტრატეგიული კომბინაციების შედეგად ბონაპარტმა სრულიად ჩაუშალა პირვანდელი გეგმა და იოლად განაცალკევა ერთმანეთისგან მათი არმიები. ბოლიო დაიბნა. ავსტრიელი გენერალი არ ელოდა მოვლენების ასე სწრაფ და ამგვარ განვითარებას. იგი ხომ იმ ვარაუდიდან გამოდიოდა, რომ მოწინააღმდეგეც ისევე მოზომილად და აუჩქარებლად იმოქმედებდა, როგორც თვითონ. რა ექნა ბოლიოს, იგი ხომ მთელი ცხოვრება ასე იბრძოდა? ისიცა და მის მსგავსად სხვა ევროპელი გენერლებიც „წყნარ“ ომს იყვნენ მიჩვეულნი. ფრანგების ეს ახალგაზრდა მთავარსარდალი კი სულ სხვაგვარად იქცეოდა, საყოველთაოდ მიღებულ წესებს არღვევდა. თუ რა განწყობილება სუფევდა მაშინ მოკავშირეთა რიგებში, კარგად ჩანს ერთი ტყვე ავსტრიელი ოფიცრის მონაყოლიდან: „ბონაპარტი არავითარ ყურადღებას არ აქცევს სტრატეგიისა და ტაქტიკის კანონებს. ის ხან ჩვენი ფრონტის წინ არის, ხან ფლანგზე, ხან კი უკან. წესების ასეთი დარღვევა ჩვენ თავგზას გვიბნევს. ამის ატანა შეუძლებელია!“ და მიუხედავად ამისა, ავსტრიელებს მაინც უწევდათ ასეთი რამის „ატანა“ – აი ფრანგი ჯარისკაცები კი, გახარებულნი იყვნენ. ჩვენ ფეხებით ვიმარჯვებთო, ხუმრობდნენ ისინი, რომელთაც მხედველობაში ჰქონდათ ის სწრაფი და ხშირი გადაადგილებები, რომელთა საშუალებითაც აღწევდა ბონაპარტი მოწინააღმდეგეზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნას.
    პირველ სამ ბრძოლაში ბონაპარტმა, ძირითადად, ავსტრიელთა ჯარი დაამარცხა, თავისი მთავარი მოწინააღმდეგე. მაგრამ, თუმცა ავსტრიელები დამარცხებულნი იყვნენ, მათი სამხედრო ძალა ჯერ საბოლოოდ განადგურებული არ იყო. ამიტომ ლოგიკური იქნებოდა თუ ფრანგთა მთავარსარდალი შეტევას სწორედ ამ, დემორალიზებულ მოწინააღმდეგეზე გააგრძელებდა და საბოლოოდ გაანადგურებდა მას; მაგრამ, ამის ნაცვლად, ნაპოლეონმა თავი ანება ავსტრიელებს და თავისი არმია პიემონტელების წინააღმდეგ მიაბრუნა. ეს ერთობ უჩვეულო გადაწყვეტილება იყო.
    პიემონტელებზე შეტევაში სამი დივიზია მონაწილეობდა (მასენა, ოჟერო, სერიურიე). ლაჰარპი ამჯერად ბოლიოს უთვალთვალებდა და ამიტომ სან-ბენედეტოსთან დადგა. ბონაპარტმა ოჟეროს უბრძანა ჩევასთან შეეტია კოლის ფრონტისათვის, ხოლო სერიურიეს და მასენას – შემოვლითი მანევრი განეხორციელებინათ. გენერალი ლუი კოლი, პიემონტელთა მეთაური, კარგი სარდალი იყო და ჯარიც ცუდი არ ჰყავდა. მან ძალიან ძლიერ პოზიციებზე გაამაგრა თავისი არმია და იქ დახვდა ფრანგებს. ბრძოლა შეუპოვარი გამოდგა. ვერც მასენამ და ვერც ოჟერომ ვერ შეძლეს მდინარე ტანაროს გადალახვა, მაგრამ ცოტა მოშორებით ეს შეძლო სერიურიემ. ამიტომ კოლიმ, რათა თავიდან აეცილებინა გარსშემოვლა, მეორე დღეს უკან დაიხია (მიუხედავად იმისა, რომ პიემონტელები ძლიერ პოზიციებზე იყვნენ, კოლიმ მაინც ვერ გაბედა ბრძოლის განახლება. მას უკვე მხოლოდ 12 ათასი ჯარისკაცი დარჩა 20 ათასის ნაცვლად და ამ დანაკარგს ვერაფრით აინაზღაურებდა. თანაც მან შეიტყო, რომ განცდილი დამარცხებებით გაოგნებული მთავარსარდალი ბოლიო ფეხს არ მოიცვლიდა დაკავებული პოზიციებიდან და მას არ დაეხმარებოდა). კოლის უკანდახევა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ ბონაპარტი არ ასვენებდა მას და ვიკოსთან და მონდოვისთან მაინც აიძულა იგი ბრძოლაში ჩაბმულიყო. ორივე ბრძოლა ფრანგების გამარჯვებით დამთავრდა. ტურინისაკენ უკანდახეულ მოწინააღმდეგეს ფრანგთა კავალერია გაეკიდა მიურატის მეთაურობით.
    სარდინიის სამეფო ცუდ დღეში ჩავარდა. მისმა საველე არმიამ მძიმე დამარცხებები განიცადა და ახლა მხოლოდ ციხე–სიმაგრეებს თუ შეაფარებდა თავს. ციხე-სიმა:რეები კი პიემონტს ბლომად გააჩნდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – კონისა და კერასკოსი იყო. ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა თვით დედაქალაქი ტურინიც. თუ მოწინააღმდეგე ამ სიმარეებში შეასწრებდა ფრანგებს, მაშინ მათ საქმე გაურთულდებოდათ, რადგან საალყო არტილერია თან არ ჰქონდათ. გარდა ამისა, ფრანგებს არც იმდენი ჯარი ჰყავდათ, და არც იმდენი დრო ჰქონდათ, რომ ციხეების გარემოცვა დაეწყოთ. ბონაპარტს სხვა რამ უნდა ეღონა და მანაც გამონახა სხვა საშუალება, უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისა.
    მონდოვისთან გამარჯვების შემდეგ, მთავარსარდალმა ახალი მოწოდებით მიმართა არმიას: „ჯარისკაცებო! ორ კვირაში თქვენ ექვსი გამარჯვება მოიპოვეთ და ხელთ იგდეთ მოწინააღმდეგის 21 დროშა, 50 ზარბაზანი,15 ათასი ტყვე და მოსპეთ მისი 10 ათასი ჯარისკაცი. თქვენს ხელში გადმოგიდა პიემონტის უმდიდრესი რეგიონები, თავისი ციხესიმაგრეებით. თქვენ მშიერ-მწყურვალნი და ჩაუცმელნი იბრძოდით, გაკლდათ ზარბაზნები, მაგრამ მაინც იმარჯვებდით, მადლობელი ვარ თქვენი, ჯარისკაცებო! მოწინააღმდეგის ორი არმია, რომელიც ცოტა ხნის წინ ასე ყოყოჩობდა, ახლა უკანმოუხედავად გარბის, მაგრამ მე არ დაგიფარავთ და პირდაპირ გეტყვით, ჯერ თქვენ ყველაფერი არ გაგიკეთებიათ და ბევრი რამ წინა გაქვთ... ლაშქრობის წინ ბევრი რამ გაკლდათ, ახლა კი ყველაფრით სავსე ხართ, რადგან მდიდარი ნადავლი იგდეთ ხელთ. ოღონდ, სამშობლო მომავალშიც გმირობას მოელის თქვენგან და სამაგიეროდ უხვად მოგიზღავთ ვაჟკაცობისთვის... მაგრამ მეგობრებო, თქვენ უნდა შემომფიცოთ, რომ პატივს სცემთ იმ ხალხს, რომელთაც მონობისგან ათავისუფლებთ და ხელს არ მიჰყოფთ ძარცვასა და გლეჯას, რისკენაც ჩვენი მტრები მოგიწოდებენ. თუ ამას არ შეასრულებთ, იქცევით არა ხალხების მხსნელად, არამედ მტარვალებად და მაშინ სამშობლო უარს იტყვის თქვენზე. ფუჭი იქნება ის სისხლი, რომელიც დაღვარეთ და ის გამარჯვებები, რომლებიც მოიპოვეთ-. იტალიის ხალხებო! ფრანგები თქვენს გასათავისუფლებლად მოვიდნენ. ისინი სხვა ხალხების მეგობრები არიან, ამიტომ თამამად შეხვდით რესპუბლიკელთა ბაირაღებს! თქვენს რწმენას, ჩვევებს, თქვენს ქონებას ხელს არავინ ახლებს. ჩვენ მხოლოდ მათ ვებრძვით, ვინც თქვენ გჩაგრავთ და ვინც თქვენზე ბატონობს!“.
    ეს ბიულეტენი-პროკლამაცია, რომელიც ჩვენ შემოკლებით მოვიყვანეთ, დაიბეჭდა და მოსახლეობაში გავრცელდა. ტურინში ცოტა: როდი იყო რესპუბლიკური რეჟიმის მომხრე. ფრანგების რესპუბლიკური არმიის მოახლოება ნიშანი გამოდგა მათთვის. ისინი ქალაქში ბონაპარტის პროკლამაციებსაც ავრცელებდნენ და თავიანთსაც, რომლებშიც მეფის რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდებდნენ. ტურინში თავყრილობები დაიწყო, აქა-იქ დემონსტრაციებიც გაიმართა. მოკლედ, მოვლენებმა ფრანგი მთავარსარდლის სცენარით დაიწყეს განვითარება.
    ბონაპარტის ოსტატური დემარშის ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სავოიელთა დინასტია შიშმა მოიცვა. ამდენს, მოახლოებულ ძლევამოსილ მოწინააღმდეგეს და აჯანყებულ საკუთარ მოსახლეობას, ვიქტორ ამადეუს III და მისი კარი ვერ გაუძლებდა. ამიტომ სამეფო საბჭომ სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება ფრანგებისთვის დაზავება შეეთავაზებინა. გენერალმა კოლიმ ბონაპარტს დაზავება 23 აპრილს შესთავაზა, მაგრამ ფრანგთა მთავარსარდალი შეტევას განაგრძობდა. ამით იგი მომავალი ზავის უფრო უკეთესი პირობების გამოგლეჯას ცდილობდა და მიაღწია კიდეც ამას. პიემონტის დამფრთხალი ხელისუფლები ყველაფერზე თანახმა იყვნენ და ბონაპარტის შტაბში კიდევ უფრო ავტორიტეტული დელეგაცია გაგზავნეს. საქმის მეტად გაჭიანურება ბონაპარტმა ზედმეტად ჩათვალა, ზავი მას თვითონაც ძალიან სჭირდებოდა, რადგან წინ ავსტრიელებთან ბრძოლები ელოდა და ამიტომ როგორც კი პარლამენტიორები მოვიდნენ, მაშინვე დაეთანხმა მათ. იმხანად, ბონაპარტი მხოლოდ ჯარების სარდალი იყო და მას საზავო მოლაპარაკების დაწყება, და მით უმეტეს, ზავის დადება, არანაირად არ ეკითხებოდა. უკიდურეს შემთხვევაში, მას დირექტორიისგან უნდა აეღო ნებართვა მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. მაგრამ იტალიური არმიის მთავარსარდალმა არათუ ნებართვა არ აიღო პარიზისგან, არამედ თვითნებურად აწარმოა მოლაპარაკება სარდინიის სამეფოს წარმომადგენლებთან და 28 აპრილს ხელიც მოაწერა დაზავებას. მოლაპარაკება კერასკოში ერთობ ხანმოკლე იყო – იგი სულ ერთ დღეს გაგრძელდა: ბონაპარტი ჩქარობდა, რადგან არ უნდოდა ბოლიოს არმიის ხელიდან გაშვება.
    საზავო პირობები ფრანგებისთვის მეტად ხელსაყრელი იყო. პიემონტელები ვალდებულებას კისრულობდნენ გამოსულიყვნენ ანტიფრანგული კოალიციიდან, ნება მიეცათ საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისათვის-ნებისმიერ დროს გაევლოთ მათ ტერიტორიაზე, თმობდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს ციხესიმაგრეებს, როგორებიც იყო კონი, ტორტონა, ალექსანდრია და დაუყოვნებლივ იხდიდნენ მნიშვნელოვან კონტრიბუციას ოქროთი. ერთადერთი პირობა, რომელსაც პიემონტელები აყენებდნენ, მათი სამეფოს სახელმწიფო მოწყობის ხელშეუხებლობა იყო. ნაპოლეონს სავოიელთა დინასტიის დამხობისათვის ახლა არ ეცალა და ამიტომ იოლად დაეთანხმა მათ. ამით ვიქტორ-ამადეუსი გადაურჩა ტახტიდან ჩამოგდებას.
    დაზავებით ბონაპარტი კმაყოფილი იყო, აი, დირექტორიას კი არაფრად ეპიტნავა მოვლენების ასეთი განვითარება. გენერლის თვითნებობა უსიამოვნების ერთი მხარე იყო, შეორე და მთავარი – საზავო ხელშეკრულების პირობები გახლდათ. პარიზს სურდა სარდინიის სამეფოს გაუქმება და ტურინში რესპუბლიკური წყობილების დამყარება, რაც ახლა, ნაპოლეონის არამკითხე დიპლომატიური აქტიურობის შედეგად, აღარ ხორციელდებოდა. თვით ნაპოლეონი კი იმ დროს მხოლოდ სამხედრო აუცილებლობიდან გამოდიოდა. მას გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ ჰქონდა ავსტრიელებთან და საჭიროდ თვლიდა სასწრაფო ზომების მიღებას ზურგის გასამაგრებლად. შექმნილ ვითარებაში ამის მიღწევა მხოლოდ დაზავებით შეიძლებოდა და ამიტომ ბონაპარტი ისე წავიდა ამ ნაბიჯზე, რომ ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა. არ დაფიქრებულა და არ შეწუხებულა იგი იმაზეც, შეესაბამებოდა მის მიერ გადადგმული ნაბიჯი პარიზელ ხელისუფალთა იდეოლოგიურ მოსაზრებებს თუ არა.
    ლაშქრობის პირველი ორი კვირა ფრანგებისათვის ერთობ წარმატებული გამოდგა. მოწინააღმდეგეთაგან ერთი, ომიდან უკვე გამოთიშული იყო, მეორე კი – უკუგდებული და დემორალიზებული. შემდგომში, სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც ბონაპარტის პირველ ბრძოლებს იხილავდნენ, აღიარებდნენ მის ბრწყინვალე დებიუტს, მაგრამ დაობდნენ იმ გადაწყვეტილების სისწორეზე, რომლის შედეგადაც მან ავსტრიელებს, მთავარ დაპირისპირებულ ძალას, თავი ანება და დარტყმა მეორეხარისხოვან მოწინააღმდეგეზე გადაიტანა. როგორც ზემოთ აღინიშნა, უფრო ლოგიკური იქნებოდა დემორალიზებულ ავსტრიელებზე გალაშქრება. კარლ კლაუზევიცი თავის ნაშრომში – „ბონაპარტის ლაშქრობა იტალიაში 1796-97 წწ. – დაწვრილებით არჩევს ამ საკითხს. მისი აზრით, ფრანგი მთავარსარდლის ქცევა, ერთი შეხედვით, მართლაც ულოგიკო ჩანს, მაგრამ მხოლოდ ერთი. შეხედვით. ბონაპარტს რომ ბევრი ჯარი ჰყოლოდა, მაშინ იგი, მართლაც, უნდა გამოდევნებოდა ბოლიოს, და ამასთანავე დაეტოვებინა თავისი ლაშქრის მნიშვნელოვანი ნაწილი პიემონტელების სადარაჯოდ. მაგრამ ბონაპარტს იმდენი ჯარი არ ჰყავდა, ორივე ამოცანა რომ შეესრულებინა. ამიტომ მან თავისი ჯერ შედარებით სუსტი მოწინააღმდეგე მოიშორა და მხოლოდ ამის მერე მიუბრუნდა ავსტრიელებს. იგი რომ თავიდანვე გაჰყოლოდა კუდში ბოლიოს, ის სწრაფად დაიხევდა უკან, შორს გაიტყუებდა ფრანგებს და მაშინ, ზურგში დარჩენილი პიემონტელები იოლად გადაუჭრიდნენ მათ საფრანგეთთან დამაკავშირებელ გზებს. ასე რომ, ბონაპარტი თავის „ალოგიკურობაში“ სწორედ რომ ძალიანაც ლოგიკური იყოო, დაასკვნის კლაუზევიცი.
    დამარცხებულ სარდინიელთა 31 დროშა და მათთან მიღწეული დაზავების შეთანხმება პარიზში პოლკოვნიკმა მიურატმა წაიღო. დირექტორიას თავისუფლად შეეძლო არ დაემტკიცებინა ხელშეკრულება და ბონაპარტისგან სხვაგვარი მოქმედება მოეთხოვა. ამავე დროს, არც მიურატის პარიზისკენ მოგზაურობას და უკან დაბრუნებას დასჭირდებოდა ცოტა დრო. რამდენიმე დღეს, ალბათ, ხელისუფალნიც მოანდომებდნენ შეთანხმების განხილვას. ასე რომ, ინსტრუქციების ლოდინში ძვირფასი დრო დაიკარგებოდა. ამიტომ, ბონაპარტმა, დირექტორიის მითითებებს აღარ დაუცადა და კერასკოში მიღწეული შეთანხმების მეორე დღესვე დაძრა თავისი არმია ავსტრიელების წინააღმდეგ. „ჰანიბალმა ალპები გადალახა, ჩვენ კი მათ შემოვუარეთ“ – სიამაყით ამბობდა იგი.
    იმ დღეებში ეს გადაწყვეტილება იოლი არ იყო, რადგან ბონაპარტის წინაშე დილემა იდგა, თუ მოქმედების როგორი გეგმა აერჩია ახლა: მიჰყოლოდა მტერს ლომბარდიაში, თუ ჯერ გენუისკენ გაელაშქრა და იქაური, საფრანგეთისათვის არასასურველი ხელისუფლება ჩამოეგდო? როგორც დავინახეთ, მთავარსარდალმა პირველი ვარიანტი აირჩია, რადგან იგი უფრო შეესაბამებოდა ობიექტურ ვითარებას და მის შემტევ ხასიათს. უკვე მაშინ, თავისი მხედართმთაგრული მოღვაწეობის გარიჟრაჟზე, ნაპოლეონი მთავარ ყურადღებას მოწინააღმდეგის არმიას, მის ცოცხალ ძალას უთმობდა და არა ქალაქებსა და გამაგრებულ პუნქტებს.
    ავსტრიელები იმ დროისათვის ვალეჯიოს მიდამოებში იყვნენ დაბანაკებულნი. ბონაპარტმა ფრონტალურ შეტევას, რომელსაც მოწინააღმდეგის ქვეყნის სიღრმეში უკანდახვვა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, გარსშემოვლა ამჯობინა. ეს მანევრი რომ განეხორციელებინა, მას მდინარე პო ავსტრიელთა განლაგებიდან მოშორებით უნდა გადაელახა. ასეთ ადგილად ქალაქი პიაჩენცა და მისი მიდამოები ჩანდა. სწორედ ამიტომ შეაჩერა მათზე არჩევანი. არჩევანი არჩევანად იყო, მაგრამ თავისი განზრახვა გენერალს როგორღაც უნდა შეენიღბა, დაემალა, რათა ავსტრიელებს დისლოკაცია არ შეეცვალათ, ან ფრანგებისთვის წყალუხვი პოს გადალახვაში ხელი არ შეეშალათ. თუ რა ეშმაკურად მოახერხა ბონაპარტმა ავსტრიელების შეცდომაში შეყვანა, ახლავე დავინახავთ: როცა კერასკოში პიემონტელებთან დაზავებაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, ფრანგთა მთავარსარდალმა, ერთი შეხედვით, ზედმეტი დაწვრილმანება გამოიჩინა. მოწინააღმდეგისათვის წაყენებულ პირობებს შორის მან ისეთიც ჩართო, რომელიც ფრანგებს მდინარე პოს ქალაქ ვალენცასთან გადალახვის უფლებას აძლევდა. დამარცხებულმა პიემონტელებმა, რა თქმა უნდა, ეს პირობა მაშინვე დააკმაყოფილეს, მაგრამ, საკითხაგია, რად უნდოდა ბონაპარტს, მაინცდამაინც, ამ პუნქტის გამოყოფა? განა, დაზავების პროექტში არ ეწერა ბევრად უფრო ტევადი პუნქტი პიემონტის მთელ ტერიტორიაზე ფრანგთა ჯარის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობით გადაადგილების შესახებ? რასაკვირველია, ეწერა, მაგრამ ქალაქ ვალენცას ხსენება დოკუმენტში ბონაპარტს იმიტომ დასჭირდა, რომ ეს ქალაქი ავსტრიელთა განლაგებასთან ყველაზე ახლოს იყო და თანაც სხვაზე უფრო მოსახერხებელ ადგილს წარმოადგენდა პოს გადასალახავად. სწორხაზოვნად მოაზროვნე ავსტრიელი გენერლები ივარაუდებდნენ, რომ ბონაპარტი სწორედ ვალენცასთან შეეცდებოდა მდინარის ფორსირებას, და ამიტომ იქ გამაგრდებოდნენ. ეს ვარაუდი რომ უფრო სარწმუნო გამხდარიყო ბოლიოსა და მისი შტაბისათვის, სწორედ, ამიტომ მოიხსენია ვალენცა ბონაპარტმა შეთანხმების ტექსტში, და ამით ხაზი გაუსვა მისთვის ამ ქალაქის ვითომდა დიდ ღირებულებას (ხოლო ის, რომ სარდინიელთა სამეფო კარი აუცილებლად აცნობებდა თავის ყოფილ მოკავშირეს დაზავების პირობებს, საეჭვო არ იყო).
    ბონაპარტისთვის ბოლიოს კომუნიკაციების გადაჭრა, მისი მოწყვეტა „დანარჩენი“ იტალიისაგან საჭირო იყო იმიტომაც, რომ არსებობდა დიდი საშიშროება ანტიფრანგულად განწყობილი პარმისა და მოდენის საჰერცოგოების ბოლიოს მხარეზე გამოსვლისა. ბოლიოს არმიასა და აღნიშნულ საჰერცოგოებს შუა გასვლით კი ნაპოლეონი წარმატებით ჭრიდა ამ პრობლემას.
    ბონაპარტი თვითონ ჩაუდგა ავანგარდს სათავეში და სწრაფად წაიყვანა არმია პოს გაყოლებით, პიაჩენცასაკენ. 7 მაისს, დილით ის უკვე ადგილზე იყო, გაიარა რა 36 საათში ოთხმოცამდე კილომეტრი. ფრანგთა მთავარსარდალი, როგორც ყოველთვის, ახლაც ცდილობდა დაესწრო მოწინააღმდეგისათვის. პარმისა და მოდენის ჰერცოგებმა, როგორც კი ფრანგთა ლაშქარი თავიანთი სამფლობელოების საზღვარზე იხილეს, ავსტრიელების მხარეზე გამოსვლის სურვილი, რა თქმა უნდა, მაშინვე დაკარგეს და ბონაპარტს თავიანთი „სამსახური“ შესთავაზეს. მანაც ეს „სამსახური“ საკმაოდ მედიდურად მიიღო და იქვე განსაზღვრა მისი ხასიათი საკუთარი არმიისათვის საჭირო ბლომად სურსათ-სანოვაგით, ამუნიციით, ფურაჟითა და მრავალმილიონიანი კონტრი- ბუციით – (ოქროთი). გარდა ჩამოთვლილისა, აღნიშნული საჰერცოგოებიდან ფრანგებს უნდა წამოეღოთ ხელოვნების ძვირფასი ქმნილებები, რომლებიც ასე უხვად იყო თავმოყრილი იტალიის ამ მხარეში. კერძოდ, ქალაქ პარმაში დირექტორიის კომისრებს უნდა შეერჩიათ 20 ფერწერული ტილო, შესრულებული გამოჩენილი ოსტატების მიერ და პარიზს გაეგზავნათ. შერჩეულ ტილოებს შორის იყო განთქმული „წმინდა იერონიმეც“, რომლის დათმობა არაფრით არ სურდა პარმის მბრძანებელს. იგი 2 მილიონს იძლეოდა ოქროთი, ოღონდ სურათი დაეტოვებინათ. კომისრები ლამის დაყაბულდნენ კიდეც ასეთ გარიგებას, როცა ბონაპარტის განკარგულება მოუვიდათ: „იმ ორი მილიონიდან, რომელ- საც სურათში იძლევიან, მალე აღარაფერი დარჩება, მაშინ როცა ასეთი შედევრი მრავალი ასწლეულით დაამშვენებს პარიზსო“. პარიზელების ნატიფი გემოვნების დაკმაყოფილებაზე ზრუნავდა გენერალი, ოღონდ იტალიელების ხარჯზე, რასაკვირველია...
    პოს გადალახვა წარმატებით შესრულდა. მდინარეზე პირველი ლანი გადავიდა. ჟან ლანი ბონაპარტმა ჯერ კიდევ დეგოსთან ბრძოლისას შენიშნა, როდესაც იგი, როგორც ბატალიონის მეთაური, სიმამაცისა და საზრიანობის მაგალითს იძლეოდა. იმ დღის შემდეგ ნაპოლეონს ლანი გვერდიდან აღარ მოუშორებია და ეს საარაკო ვაჟკაცობისა, და ამავე დროს, ბრწყინვალე მხედართმთავრული ნიჭით დაჯილდოებული კაცი მისი ერთგული თანამებრძოლი და უსაყვარლესი პიროვნება გახდა.
    ასეთი მდინარის სახელდახელო გადალახვა მართლაც დიდი საქმე იყო და ბონაპარტიც კანონიერად ამაყობდა ამ მიღწევით. დირექტორიისადმი გაგზავნილ შეტყობინებაში იგი წერდა, რომ ამ მდინარის გადალახვა მთელ კამპანიაში ყველაზე სარისკო და ყველაზე მამაცური რამ იყოო. როგორც შემდგომი მოვლენები გვიჩვენებს, ყველაზე დიდი საქმე ეს ფორსირება არ იყო, და მასზე ღირსეული ამბები ბონაპარტს ჯერ კიდევ წინ ჰქონდა!
    როცა ავსტრიელთა მთავარ სარდალმა გაიგო, თუ სად გადალახა მდინარე მოწინააღმდეგემ, მან თავისი ჯარი ორად გაყო. ერთი ნაწილი (გენერალ ლიპტაის მეთაურობით) პიაჩენცისაკენ გააგზავნა ფრანგების წინსვლის შესაფერხებლად, ხოლო მეორე, თავისივე ხელმძღვანელობით, ჩრდილო–აღმოსავლეთით წაიყვანა, ქალაქ ლოდისკენ, რომელიც მოხერხებულ თავდაცვითს ზღუდეს წარმოადგენდა. მაგრამ ბოლიოს ამ ჩანაფიქრიდანაც არაფერი გამოუვიდა. ფრანგებმა ლიპტაი იოლად დაამარცხეს ფომბიოსთან; ტყვედ იგდეს მისი 2 ათასი ჯარისკაცი, ბევრიც მოკლეს და დაჭრეს, ხოლო დანარჩენები უწესრიგოდ გააქციეს მდინარე ადას მიმართულებით. ბოლიოს აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ლოდის პოზიციებიდან ედევნებინა თვალყური მოწინააღმდეგის მოქმედებისათვის.
    ახლა ბონაპარტს მილანისკენ გზა ხსნილი ჰქონდა. ლომბარდიის დედაქალაქი, ბრწყინვალე ანტიკური მედიოლანუმი, თავის ახალგაზრდა გამანთავისუფლებელს ელოდა. მაგრამ ბონაპარტი არ დახარბებია მილანის აღებას. ქალაქში ტრიუმფით შესვლას იგი მერეც მოასწრებდა. ახლა მთავარი იყო მოწინააღმდეგის არმიის განადგურება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი ტიროლში უკუგდება. ამიტომ ფომბიოსთან გამარჯვების შემდეგ, ბონაპარტმა მაშინვე დაძრა თავისი არმია ლოდისაკენ. ბოლიოს, რომელსაც საბოლოოდ ჰქონდა თავგზა აბნეული, ნერვებმა უმტყუნეს. მან ძირითადი ძალებით ქალაქ კრემასაკენ დაიხია, ხოლო სწრაფი და მჩქეფარე ადას ნაპირებთან 12-ათასკაციანი შენაერთი დატოვა, მდინარეზე გადასასვლელი ხიდის დაცგის მტკიცე ბრძანებით. ფრანგების წინსვლა იმდენად სწრაფი იყო, რომ ისინი ქალაქ ლოდისთან დაეწივნენ ავსტრიელთა არიერგარდს და მათთან ერთად შევარდნენ ქალაქში. ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ბრძოლის შემდეგ ლოდი ფრანგებმა იგდეს ხელთ, ხოლო ავსტრიელთა ჯარის ნარჩენები ხიდზე გადავიდნენ და იქ მდგარ თავიანთ ძალებს შეუერთდნენ.
    ლოდის ხიდი მაშინ ხისა იყო და მისი დანგრევა (დაწვა) დიდ საქმეს არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, სებოტენდორფმა (ავგსტრიელთა შენაერთის სარდალმა) ეს არ გააკეთა, რადგან ხიდის მისადგომები და თვით ხიდი საიმედოდ ჰქონდა მიზანში ამოღებული მის არტილერიას, ზარბაზნების წინ და უკან ავსტრიელთა მსროლელები იყვნენ განლაგებულნი, რომელთაც, თავის მხრივ, თოფის ცეცხლის ქვეშ ჰქონდათ ხიდი მოქცეული.
    ბონაპარტმა რამდენიმე საათით დაასვენა თავისი ჯარი, თვითონ კი ამ ხნის განმავლობაში მოწინააღმდეგის პოზიციები და ხიდის მისადგომები დაზვერა. დროის მოგებისა და, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ავსტრიელების გასატეხად, ბონაპარტმა ძალზე სარისკო და რაც მთავარია, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. მან ლოდის ხიდის ხელში ჩაგდება და ავსტრიელთა პოზიციებზე პირდაპირი იერიშის მიტანა გადაწყვიტა. გადაწყვეტილების მიღება და საქმის დაწყება ერთი იყო: ბონაპარტმა საჩქარო სამზადისი გააჩაღა. მან მდინარის აყოლებაზე, ხიდიდან დაახლოებით – კილომეტრზე, ფონის მსგავსი რამ შენიშნა და თავისი კავალერიის ერთ რაზმს უბრძანა საგანგებო ნიშანზე იქ გადაელახა მდინარე და ავსტრიელთა ბატარეის მარჯვენა ფლანგისთვის შეეტია. ამავე დროს თავისი არტილერია მან ფარულად მდინარის ნაპირთან ახლო მდებარე ღარტაფში განალაგა და საბრძოლო პოზიციებზე უეცრად გასაყვანად მოამზადა.
    როგორც კი ფრანგმა კავალერისტებმა მდინარის გადალახვა დაიწყეს, ბონაპარტმა თავისი არტილერია უცბად გამოაგორა ადას ნაპირზე და ხელსაყრელი პოზიციების დაკავება დაიწყო. ავსტრიელებს თავისი ზარბაზნები კარგა ხანია გამზადებული ჰქონდათ და როგორც კი ფრანგების აქტივობა შენიშნეს, ძლიერი ცეცხლი გახსნეს. ასე რომ ფრანგ არტილერისტებს მოწინააღმდეგის გამანადგურებელი ცეცხლის ქვეშ უხდებოდათ საბრძოლო პოზიციებზე გასვლა. ბონაპარტი მათ რიგებში იყო და ყუმბარების წვიმაში სწორი სამიზნეების შერჩევაში ეხმარებოდა. მთავარსარდლის თავგანწირვას ყველა ხედავდა და აღფრთოვანებული იყო.
    არტილერისტთა გაცხოველებული დუელი კარგა ხანს გაგრძელდა, და ორივე მხარემ დიდი ზარალი ნახა. ბოლოს კი, როცა ფრანგმა ცხენოსნებმა ავსტრიელთა მარჯვენა ფლანგს შეუტიეს, ბონაპარტმა ხიდის იერიში ბრძანა (საიერიშოდ მას ადრევე ჰყავდა 3 ათასი გრენადერი ღარტაფში დამალული). მთავარსარდლის ნიშანზე ფრანგები წამოიშალნენ და ხიდისკენ გაქანდნენ. მოწინააღმდეგემ ცეცხლი გააძლიერა და ერთხანს, მათი წინსვლა შეაფერხა, მაგრამ მასენამ და ბერტიემ პირადი მაგალითი უჩვენეს გრენადერებს და ხიდზე ავარდნენ. გენერლებს მთელი რაზმი მიჰყვა უკან და ხიდი რაღაც წამებში გადაირბინეს. შემდეგ უფრო „იოლი“ საქმე იყო. სანამ უეცარი შეტევით მიზანმოშლილი ავსტრიელი მეზარბაზნეები გონს მოეგებოდნენ, ფრანგები უკვე მათ წინ აღიმართნენ. დანარჩენი ხიშტისა და ხმლის საქმე იყო, ამაში კი ფრანგებს ბევრი ვერ გაუტოლდებოდა. მალე საქმეში ფლანგიდან შემოღწეული ფრანგთა ცხენოსანი ჯარიც ჩაერია და ბრძოლის ბედიც გადაწყდა. ავსტრიელებმა ვერ გაუძლეს ორმაგ დაწოლას და გაიქცნენ. გაიქცნენ აბნეულნი და თავზარდაცემულნი. ასეთი რამ მათ ვერ წარმოედგინათ, ეს ომის ყველა წესის დარღვევა იყო. ის, რაც ბონაპარტმა გააკეთა, მათი აზრით, საღ გონებას ეწინააღმდეგებოდა. მართლაც), მოწინააღმდეგის გამაგრებაზე პირდაპირი იერიში, ერთადერთი, ისიც მტრის ძლიერი ცეცხლის ქვეშ მყოფი ხიდის იმედად, გასაოცარი რამ იყო. უფრო საოცარი ის იყო, რომ ამ რისკიანმა ნაბიჯმა გაუმართლა ბონაპარტს და მისმა ჯარმა მტერი სასტიკად დაამარცხა.
    თავზარდაცემულმა ბოლიომ სწრაფად დაიხია აღმოსავლეთისკენ და მდინარე მინჩომდე აღარც გაჩერებულა. ფრანგთა ბანაკში ზეიმი იყო. ზეიმობდნენ არა იმდენად მორიგ გამარჯვებას (ამას უკვე შეეჩვია იტალიური არმია), არამედ იმას, თუ როგორი გზით იყო ეს გამარჯვება მოპოვებული. იმ დღეს ბონაპარტმა საბოლოოდ მოინადირა თავისი ჯარისკაცების გული და ამიერიდან ისინი უყოყმანოდ მიყვებოდ- ნენ თავის წინამძღოლს სიძნელეებისა და გამარჯვებების გზებზე.
    ამ ბრძოლას დიდი გამოხმაურება ჰქონდა ევროპაში. ყველა, ფრანგების მომხრე თუ მოძულე, აღტაცებას ვერ ფარავდა მათი ამ მიღწევის გამო. ხოლო, რაც შეეხებოდა ფრანგების მთავარსარდალს, მისი სახელი ყველას პირზვ ეკერა და გაზეთების პირველი გვერდებიდან აღარ ჩამოდიოდა. ლოდის ბრძოლამ თვითონ ნაპოლეონზეც მოახდინა უზარმაზარი გავლენა. როგორც ის ცხოვრების დასასრულს წმინდა ელენეს კუნძულზე ამბობდა, ამ ბრძოლის შემდგომი ღამე მას უძილოდ გაუტარებია. ბევრი უფიქრია თვით ამ ბრძოლაზე, მის შედეგებზე, საკუთარ ბედზე, საკუთარ მომაგალზე. უთქვამს, რომ იმ ღამით მის სულში გარდატეხა მომხდარა, რომ არც ვანდემიერის წარმატებას და არც მონტენოტეს გამარჯვებას ასეთი გავლენა მასზე არ მოუხდენია. ლოდის ბრძოლამდე მას არ ჰქონია ისეთი შეგრძნება, რომ ის ჩვეულებრივი კაცი არ იყო და მხოლოდ იმდღევანდელი სასწაულის შემდეგ ირწმუნა, რომ მას ისეთი დიდი საქმეების კეთება ხელეწიფება, რომელთაც ადრე თვითონვე მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფს თუ უწოდებდა.
    მართლაც, ლოდის შემდეგ მის შეგნებაში ყველაფერი შეიცვალა და ახლა ის სხვა კაცი გახდა. სხვების თვალში ის კარგა ხანია შეცვლილი იყო, – განსაკუთრებით ვანდემიერის შემდეგ, მაგრამ, ეტყობოდა, ის მეტამორფოზა მაინც გარეგნული, მაინც ნაძალადევი ყოფილა. ჩანს აქამდე ჯერ კიდევ ეჭვის ჭია უღრღნიდა სულს, ვერ გარკვეულიყო ბოლომდე, რა ხდებოდა. ახლა კი, ლოდის მერე, მისთვის ყველაფერი გაირკვა, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ახლა, მართლაც სხვანაირად შეხედა თავის თავს და თვითონვე გაიკვირვა, რა ძალა ჰქონია და რა შეძლებია! მას აქამდეც სჯეროდა თავისი ვარსკვლავის, ახლა კი უკვე თავისი თავისაც დაიჯერა, დაიჯერა, რომ ეს ვარსკვლავი და თვითონ ერთნი ყოფილან, რომ ორივეს ერთი მიზანი ჰქონიათ და ორივენი ერთ საქმეს აკეთებდნენ! თუკი ამდენი შესძლებია, თუკი ასეთი პოტენცია ჰქონია, – ფიქრობდა იგი – მაშინ რაღა საჭირო იყო სხვის სამსახურში ყოფნა, უსაქმური და ენატარტალა პარიზელი დირექტორების განკარგულებებით მოჟმედება, მათი საქმის კეთება და მათი ძალაუფლების განმტკიცება? როცა იქნებოდა, ხომ დამთავრდებოდა ეს ლაშქრობა და ის, უკგე საქვეყნოდ სახელგანთქმული ადამიანი, ისევ „ამ ადვოკატთა“ ხელებში შემყურედ დარჩებოდა. ნუთუ სულ იმის ლოდინში უნდა ყოფილიყო, თუ სად ინებებდნენ მის გამწესებას, როგორ სამსახურს მისცემდნენ ან რომელ ფრონტზე გააგზავნიდნენ? კმარა, გადაწყვიტა იმ ღამით ბონაპარტმა, ამას ყველაფერს მალე ბოლო მოეღება. ამიერიდან მას მხოლოდ ერთი მიზანი ექნება – ძალაუფლების ხელში აღება! ამიერიდან ყველა მისი მოქმედება მხოლოდ აქეთ იქნება მიმართული; ნელ–ნელა, შეფარვით, სიფრთხილის დაცვით, მაგრამ მტკიცედ და განუხრელად, რადგან, მისი ღრმა რწმენით, არავინ იყო მასზე ღირსეული. ეს გადაწყვეტილება ლოდის ხიდის იერიშზე მეტი იყო, ბევრად მეტი, მაგრამ მან აქაც ისეთივე შეუვალი სიმტკიცე გამოიჩინა, როგორც ბობოქარი ადას ნაპირზე, როცა თავის არმიას მოწინააღმდეგის მიუვალი პოზიციებისაკენ წაუძღვა.
    უჩვეულო ცხოვრებას იწყებდა ამიერიდან ბონაპარტი, ძნელსა და სახიფათოს. ლოდის ამბები, თვით მთელი ლაშქრობა იტალიაში, მხოლოდ ერთი მონაკვეთი გახდებოდა მწვერვალისკენ მიმავალ იმ გრძელ გზაზე, რომლის დასაწყისს ასეთი მონდომებით შესდგომოდა ახალგაზრდა მთავარსარდალი. ეს გზა დიდებისა იყო, მაგრამ ნარითა და ეკლით მოფენილი. ბევრი გაჰყვებოდა ამ გზაზე, მაგრამ მაინც მარტოს მოუწევდა მისი დაძლევა და მარტო იქნებოდა მუდამ. გული უნდა გაექვავებინა, ბევრ რამეზე უარი ეთქვა, ბევრზე თვალი დაეხუჭა. მარტოობაში უნდა ყოფილიყო მუდამ, თავის დიდებასთან და. თავის სევდასთან ერთად. ცოტა ხნის შემდეგ, იქვე იტალიაში, როდესაც წარსულის ერთ შესანიშნავ ქანდაკებას უჩვენებენ და ეტყვიან – „შეხეთ რა სევდიანიაო“, იგი უპასუხებს: „ჰო, სევდიანია, როგორც დიდებაო“. „ნელ–ნელა მიუწვდომელი გახდება, ამაყი და უკარება, სხვებზე მაღლა მდგომი და საარაკოდ დიდებული. მერე იტყვიან, არავინ მასზე დიდებული არ ყოფილაო. იტყვიან, რადგან იტალიური რომანტიზმის მშვენების, პოეტ ალესანდრო მანძონის არ იყოს, „ის თვითონ დიდება იყო“. ნაცნობ–მეგობრები ხშირად ვეღარ მოინახულებენ, შენობით ვეღარ დაელაპარაკებიან, ზედმეტს ვერაფერს ჰკითხავენ და ვერაფერს უპასუხებენ. ბოლოს კი განცალკევდება მათგან, ყველასგან განცალკეგდება და დარჩება თავის დიდებასთან და თავის სევდასთან მარტო. გამორჩეულ ადამიანთა ხვედრი ყოფილა ასეთი, ფაგესი არ იყოს.
    მაგრამ, მოდით, ისევ ბრძოლის ველს დავუბრუნდეთ. მთავარსარდალი აქებდა თავის არმიას: „ჯარისკაცებო! როგორც ბობოქარი ნიაღვარი, ისე დაეშვით მთის მწვერვალებიდან ამ გაშლილი ველებისკენ, – წერდა ის ახალ მიმართვაში არმიისადმი, – ვერაფერმა თქვენ სრბოლას ვერ გაუძლო, ყველაფერი დაიმსხვრა და დაინგრა, რამაც გაბედა წინ ალგდგომოდათ. პიემონტი საფრანგეთს ამოუდგა გვერდში, მილანი თქვენია, მთელს ლობარდიაზე რესპუბლიკის დროშა ფრიალებს, ხოლო თუ პარმამ და მოდენამ პოლიტიკური არსებობა შეინარჩუნეს, ეს მხოლოდ თქვენი დიდსულოგნების გამო მოხდა. არმიები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ასე ამაყად გპირდებოდნენ განადგურებას, დღეს ისე გარბიან თქვენს წინაშე, რომ შესაჩერებელი ადგილიც ვერ უპოვიათ. ვერც პომ, ვერც ტიჩინომ, ვერც ადამ, იტალიის ამ მარადიულმა დამცველმა ჯებირებმა ვერ შესძლეს თქვენი შეჩერება, რადგან თქვენ ისე სწრაფად გადალახეთ ისინი, როგორც სწრაფადაც გადმოვლეთ აპენინების ქედი ჯარისკაცებო! თქვენ ბევრს მიაღწიეთ, მაგრამ, განა გასაკეთებელი აღარაფერი დაგრჩათ? განა ვათქმევინებთ ჩვენ ვინმეს, რომ ამ ხალხს გამარჯვების მოპოვება შეძლებია, მაგრამ არ სცოდნია მისი შედეგებით სარგებლობაო.. გამარჯვებული საფრანგეთი ევროპას ღირსეულ მშვიდობას მოუტანს, რომელიც ჩვენი ხალხისთვისაც იქნება სათანადო ჯილდო შეწირული მსხვერპლისა და გაწეული ძალისხმევისთვის. როცა თქვენ სამშობლოში დაბრუნდებით, ხალხი აღფრთოვანებული შეგხვდებათ და სიამაყით იტყვის: ეს ჯარისკაცი იტალიურ არმიაში იბრძოდაო!“.
    ბონაპარტის მიმართვა უფრო ვრცელია, უფრო მრავალსიტყვიანი და მაღალფარღოვანი. გარდა საკუთარი ჯარისკაცების ღირსების შექებისა მასში სხვა, უფრო საყურადღებო, სიტყვებიც მოიძებნება. ფრანგთა მთავარსარდალი რომს ახსენებს, მის განთავისუფლებაზე ლაპარაკობს, ლაპარაკობს ევროპის გარდაქმნაზე და მონობის უღლის მსხვრევაზე. ეს სიტყვები მარტო ფრანგი ჯარისკაცების ყურთათვის არ იყო განკუთვნილი, მათ სხვა მისამართიც ჰქონდათ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს სიტყვები იტალიის ტერიტორიაზე გაბნეული საჰერცოგოების, სამთავროების, რესპუბლიკებისა და თვით რომის პაპის გასაგონად უფრო იყო განკუთვნილი. ამ მოწოდებით ბონაპარტმა კვლავ მიმართა პიემონტის სამეფოში ლაშქრობისას ნაცად ხერხს: ერთი მხრივ, გააფრთხილა, უფრო სწორად, დააშინა მიმართვის ადრესატები ფრანგთა ძლევამოსილი არმიის შესაძლებელი მოქმედებით მათ წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, სათანადო ნიშანი მისცა იმ სამფლობელოებში მყოფ საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდამჭერ ძალებს. ასეთი ძალები კი საკმაოდ იყვნენ იტალიაში და ბონაპარტს მათი დიდ იმედი ჰქონდა. მომავალში ის ყველგან, სადაც კი თვითონ და თავისი არმია ფეხს დაადგამს, ასე მოიქცევა. გარემოებათა გამო, ყოველთვის ძველ და დრომოჭმულ ფეოდალურ სახელმწიფოებთან დაპირისპირებული ბონაპარტი, როგორც ახალი იდეების მატარებელი, ყოველთვის ცდილობდა დასაყრდენი ამ იდეებისა მოწინააღმდეგის ზურგში, მის მოსახლეობაში ეპოვა. დასაწყისში მას ამგვარ ფრონტზეც წარმატებები ჰქონდა, ზოგჯერ არანაკლებიც, ვიდრე უშუალოდ ბრძოლის ველზე. მერე კი, ასეთი დასაყრდენის პოვნა სულ უფრო და უფრო გაჭირდა; მერე ყველგან, სადაც ის და მისი არმია შევიდოდა, ყოველთვის უცხო და დამპყრობ ძალად ევლინებოდა ადგილობრივებს – უშუალო მტრებსაც და პოტენციურ მოკავშირესაც. ამიტომ თანდათან იგი მხოლოდ თავის არმიას ეყრდნობოდა, მხოლოდ მალას სცემდა პატივს და ძალა გახდა მისი პოლიტიკის ქვაკუთხედი. ტყუილად კი არ იმეორებდა ხშირ-ხშირად ნაპოლეონ ბონაპარტი თავისსავე აფორიზმს: დიდი ბატალიონები ყოველთვის მართალნი არიანო! ასე იყო ბონაპარტამდე, ასე იყო მის დროსაც და ასეა დღესაც. ვისაც დიდი ბატალიონები ჰყავს, მართალიც ის გამოდის. ასე რომ, ამ მხრივ, ახალი არაფერი გამოუგონია კორსიკელს.
    უკვე ერთი თვე იყო, რაც ევროპა სულგანაბული შესცქეროდა იტალიაში დატრიალებულ ამბებს. ლამის დღე არ გავიდოდა, რომ იქიდან ფრანგთა ჯარის ახალი წარმატების ამბავი არ მოსულიყო. ყველა გენერალ ბონაპარტის სახელს ახსენებდა, ყველა მასზე წერდა და ლაპარაკობდა. ფრანგ პატრიოტებს სასიამოვნო გალობასავით ჩაესმოდათ ყურში აქამდე ასე უცნობი და ასე ლამაზი იტალიური სახელები: მონტენოტე, მილეზიმო, მონდოვი, პიაჩენცა. უხაროდათ რესპუბლიკის მომხრეებს, უხაროდა დირექტორიასაც, მაგრამ მის სიხარულს შეშფოთება გარეოდა. გამარჯვებები კარგი რამ იყო, ფიქრობდნენ დირექტორები, იტალიიდან გამოგზავნილი ოქრო კიდევ უკეთესი, მაგრამ ამ თავნება გენერალს, ყოველ დღეს რომ გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა და თავის ნებაზე განაგებდა განთავისუფლებულ ტერიტორიას, თავისი ადგილი უნდა მისჩენოდა. რამდენი არმია ჰყავდა რესპუბლიკას, რამდენი არმიის სარდალი, მაგრამ ვინ იქცეოდა ასე თვითნებურად და ასე დიდგულად? რამდენი დირექტივა უგულვებელყო და დაარღვია ამ გენერალმა! ამიტომ დროზე იყო მოქმედება საჭირო, დროზე უნდა შეკვეცოდა ფრთები ამ ახლადწამოჩიტულ არწივს, თორემ...
    და სცადა კიდეც დირექტორიამ ფრთების შეკვეცა. მოულოდნელი განკარგულებით ხელისუფლება იტალიური არმიის მთავარსარდალს ატყობინებდა, რომ ამიერიდან მისი არმია ორად იყოფოდა. ერთს, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში დარჩებოდა, სათავეში კელერმანი ჩაუდგებოდა, ხოლო მეორეს, რომელიც ლივორნოს, რომის და ნეაპოლის დასალაშქრავად უნდა წასულიყო, თვით ბონაპარტი უნდა წასძღოლოდა. თუ დირექტორიის ეს ნაბიჯი დისციპლინური თვალსაზრისით კიდევ შეიძლება რაღაცნაირად გასაგები იყოს, სამხედრო თვალსაზრისით იგი სრულ აბსურდს წარმოადგენდა. დირექტორიას არ შეიძლება არ სცოდნოდა, რომ ავსტრიელები სასწრაფოდ ჯარს აგზავნიდნენ იტალიაში ბოლიოს არმიის დასახმარებლად. ეს ჯარი რაინისპირეთიდან იხსნებოდა და სამხრეთში იგზავნებოდა. ასეთ დახმარებაზე თვით ბონაპარტის არმიას იმ დროს ოცნებაც არ შეეძლო და მას კვლავ ჭარბ მოწინააღმდეგესთან მოუწევდა ბრძოლა. ასეთ ვითარებაში კი დირექტორია ამ ჯარის განახევრებას მოითხოვდა! აქამდე იტალიურმა არმიამ მარტომ იბრძოლა. დირექტორიის დაპირებები იმის თაობაზე, რომ იტალიაში ლაშქრობის პარალელურად, აპრილშივე, საფრანგეთის ორი უძლიერესი არმია რაინზე შეტევას დაიწყებდა, არ გამართლდა. აპრილის დასაწყისი კი არა, მაისის შუა რიცხვები იყო და მოროსა და ჟურდანის არმიებს ადგილიდან ჯერ ფეხიც არ მოეცვალათ. ასეთ ვითარებაში დირექტორიის გადაწყვეტილება არა მარტო მცდარი, არამედ დანაშაულებრივიც იყო და აი, რატომ: ჩრდილოეთ იტალიაში დარჩენილ კელერმანის მცირერიცხოვან არმიას ავსტრიელები კუდით ქვას ასროლინებდნენ და ბონაპარტს სამხრეთში რა წარმატებებიც არ უნდა მოეპოვებინა, ყველაფერს წყალში ჩაუყრიდნენ, უფრო მეტიც, ცოტა ხანში ისიც საბოლოო დამარცხებისთვის იქნებოდა განწირული, რადგან თუ ჩრდილოეთში ავსტრიელები გაბატონდებოდნენ, ხოლო ზღვა ისედაც ინგლისელთა ფლოტის ხელში იყო, ბონაპარტის განახევრებულ არმიას სამშობლოსკენ დასახევი გზაც აღარ ექნებოდა-და დაიღუპებოდა.
    ბონაპარტმა განკარგულების მიღებისთანავე უპასუხა დირექტორიას: „მე ვთვლი, რომ ძალზე წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება იტალიაში მოქმედი არმიის ორ ნაწილად გაყოფა. ასევე რესპუბლიკის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება მისი სარდლობის ორ გენერალზე გადანაწილება. იტალიაში საჭიროა გყავდეთ ისეთი მთავარსარდალი, რომელსაც სავსებით ენდობით. თუ ასეთი მე არ ვიქნები, ჩივილს არ დავიწყებ, ომს ყველა თავისებურად უძღვება. გენერალი კელერმანი ჩემზე გამოცდილია და, ალბათ, უკეთ გაუძღვება საქმეს, ვიდრე მე, მაგრამ ორივე ერთად – ცუდის მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. ასეთ საქმეში ერთი ცუდი გენერალი ორ კარგს ჯობია. გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ შექმნილ ვითარებაში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება საომარი მოქმედების მსვლელობისათვის, ვიდრე ის 15 ათასი ჯარისკაცი, რომელთაც იმპერატორი ბოლიოს გამოუგზავნის დასახმარებლად“.
    ეს წერილი წმინდა ბონაპარტისეულ სტილშია დაწერილი და როგორც ვხედავთ, სრულებით არ ჰგავს „დასატუქსი“ ხელქვეითის საბოდიშო ახსნა-განმარტებას. პირიქით, ბონაპარტი ხელთათმანს ესვრის დირექტორიას. ამავე დროს, იგი პირდაპირ აძლევს მას საბაბს თანამდებობიდან გადააყენოს ურჩი მთავარსარდალი. ეს რისკიანი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან მარჯვედ გათვლილი ნაბიჯია. წერილი ლოდის ბრძოლის შემდეგაა დაწერილი. როცა წერილი დირექტორიას მიუვა, პარიზში მორიგი გამარჯვების აღმნიშვნელი ზარ-ზეიმი იქნება. ბონაპარტმა მშვენივრად იცის, თუ რა დღეში ჩავარდება ხალხის თვალში სრულიად უავტორიტეტო და ბევრისთვის პირდაპირ საძულველი დირექტორია, როცა რესპუბლიკის ყველაზე სასახელო გამარჯვებების სულისჩამდგმელს თანამდებობიდან გადაყენებას დაუპირებს! კარგად ჰქონდა ყველაფერი გათვალისწინებული ლოდის გმირს, ერთობ კარგად. იცოდა ბონაპარტმა, რომ საფრანგეთში, და განსაკუთრებით პარიზში, მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. ბოლო დროის სამხედრო წარუმატებლობებით გაღიზიანებულ ფრანგებს ყოველი მისი გამარჯვება სალბუნივით ედებოდა გულზე და ამიტომ ამ გამარჯვებათა შემოქმედს ასე ადვილად არავის დააჩაგვრინებდა. ამის გამო აძლევდა იგი თავს ნებას გამოწვევა გაეგზავნა დირექტორიისათვის. თუ „პარიზელი ადვოკატები“ (როგორც მათ დაცინვით მოიხსენიებდა ბონაპარტი) ჭკუის სწავლას უპირებდნენ მას, დაე, თვითონაც ეგრძნოთ ვისთან ჰქონდათ საქმე და გაეგოთ, თუ საჭირო იქნებოდა, ჭკუას ვინ ვის ასწავლიდა. მაგრამ მხოლოდ საზოგადოებრივ აზრს როდი ეყრდნობოდა ბონაპარტი, ის უკვე საკმაოდ გამოცდილი კაცი იყო, და მარტო ამ ფაქტორის იმედად არ დარჩებოდა! ამ მხრივ მას სხვა, უფრო „ნივთიერი“ საბუთი გააჩნდა დირექტორიისათვის. ეს საბუთი ის ოქროს მილიონები იყო, რომელთაც გენერალი ასე რეგულარულად უგზავნიდა ხელისუფლებას დაპყრობილი თუ განთავისუფლებული ქვეყნებიდან. ოქრო, სწორედ, ის ინდულგენცია გახლდათ, რომელიც ასეთი და ამაზე კიდევ მეტი მოქმედების თავისუფლებას აძლევდა გამარჯვების ბედაურზე ამხედრებულ მთავარსარდალს.
    დირექტორიამ, მართლაც, უკან დაიხია და თავისი განკარგულება გააუქმა. წერილი ამ გადაწყვეტილების თაობაზე და პიემონტთან დადებული საზავო ხელშეკრულების ტექსტი ბონაპარტმა დროის მცირე ინტერგალით მიიღო. კორსიკელმა ვერ გაუწია თავს წინააღმდეგობა, რათა კიდევ ერთი დამამცირებელი სიურპრიზი არ შეეთავაზებინა დირექტორებისათვის. მან მოკლე დეპეშა გააგზავნა პარიზში მიღებული დოკუმენტების საპასუხოდ: „ამით ჩვენ ვადასტურებთ თქვენ მიერ სარდინიის მეფესთან დადებული ღირსეული ზავის ტექსტის ასლის მიღებას. ბონაპარტი“.
    ეს მეტისმეტი იყო. ასეთ თავხედობას დირექტორია, ალბათ, არავის აპატიებდა... ბონაპარტის გარდა. ამიტომ ეს მწარე აბიც გადაყლაპეს პარიზელმა დირექტორებმა და ამით არსებითად, ხელი მოაწერეს საკუთარ უძლურებას ურჩ გენერალთან ურთიერთობის ძნელ საქმეში.
    მილანში ბონაპარტი 15 მაისს შევიდა. ლომბარდიის დედაქალაქი აღფრთოვანებული შეეგება გამარჯვებულს. იტალიის ეს მხარე, არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოექცა ავსტრიელთა მფლობელობის ქვეშ – იგი ჰაბსბურგთა იმპერიაში მხოლოდ 1724 წლიდან „შევიდა“. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვენის ხელისუფალთ მილანში არც რაიმე განსაკუთრებული სისასტიკე გამოუჩენიათ და არც რეპრესიული ზომებით შეუწუხებიათ მაინცდამაინც მათი მცხოვრებნი, უცხო დამპყრობი მაინც დამპყრობი იყო და მის მიმართ სიმპათიები იქ ცოტა ვინმეს ჰქონდა. სულ სხვა დამოკიდებულება იყო ფრანგებისადმი. საფრანგეთის რესპუბლიკას იტალიაში ბევრი მომხრე ჰყავდა და მათგან ყველაზე მეტი მაინც ლომბარდიაში იყო თავმოყრილი. მართალია, ერთი პერიოდი – 1793-94 წლებში – სიმპათიები ამ ქვეყნისადმი გვარიანად განელდა, იქ გამეფებული იაკობინური ტერორის გამო, მაგრამ ეს მაინც დროებითი მოვლენა გამოდგა და ვითარების შეცვლასთან ერთად, მილანელთა დამოკიდებულება ფრანგებთან ისევ ძველ და სასურველ კალაპოტში მოექცა.
    გამარჯვებულის შესახვედრად ქუჩაში მთელი მილანი გამოეფინა. ბონაპარტი დიდებული Arca Romana ტრიუმფული თაღის ქვეშ გაატარეს და მის პატივსაცემად დროშებით მორთული ქალაქის მთავარ ქუჩაზე ადგილობრივი ეროვნული გვარდიის მთელი შემადგენლობა გაამწკრივეს. «ეს რა არის, ეს მხოლოდ დასაწყისიაო“, უთხრა მან განცვიფრებულ მხლებლებს. ბონაპარტი, რა თქმა უნდა, გახარებული იყო ასეთი დახვედრით, მაგრამ არ იმჩნევდა, იფერებდა. აი, მისი თანამებრძოლები კი აღტაცებას ვერ მალავდნენ. დიდებული ქალაქი, თბილი შეხვედრა, მუსიკა, ლამაზი ქალები, მათ შესახვედრად ქუჩაში გამოსულნი – სხვა რაღა უნდოდათ წლების განმავლობაში პირქუშ ალპებში წინ და უკან მოხეტიალე ფრანგ მეომრებს?
    მაგრამ ომს, სამწუხაროდ, თავისი კანონები ჰქონდა და მოსალოდნელი იყო, რომ მოსახლეობის ეს გულთბილი დამოკიდებულება ფრანგების საწინააღმდეგოდ შეცვლილიყო. ამიტომ ცდილობდა ბონაპარტი ქალაქი მისი ჯარისკაცების ძარცვის ობიექტი არ გამხდარიყო. საძარცვავად, რა თქმა უნდა, უფრო ცივილიზებული ფორმით, იქაური ხელისუფლება და სამღვდელოება გამოდგებოდა. სწორედ მათ შეაწერა მან დიდ-დიდი გადასახადები, თანაც სულ ბაჯაღლო ოქროთი! ჯარისკაცები კი მკაცრად გააფრთხილა, რათა მათ ხელი არ წასცდენოდათ უღირს საქციელზე. გარკვეული დროით ბონაპარტი აღწევდა დისციპლინის შენარჩუნებას, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, ცხადია, ამ ფრონტზე ის ხშირად როდი გამოდიოდა გამარჯვებული. შემდეგ, თავის მოგონებებში, იგი დანანებით წერდა ამის თაობაზე: საფრანგეთის ხელისუფლებს რომ შესძლებოდათ თავისი არმიის რჩენა, მაშინ ამ არმიას არ დასჭირდებოდა ადგილობრივი რესურსების ხზარჯზე არსებობა, რაც იქაურ მცხოვრებთა უკმაყოფილების მიზეზი გახდაო; ერთი საქმეა, როცა ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ მოუწოდებ და მეორე, როცა იმავ დროს მას უმთავრეს რესურსებს ართმევ და, საერთოდ, ჯარი ქალაქის ქუჩებში უბედურებააო.
    მილანში შესვლისთანავე, ბონაპარტმა ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესრულებას მოჰკიდა ხელი. ერთი იყო არმიის აღჭურვილობისა და მომარაგების საქმის მოწესრიგება და მეორე – ლომბარდიაში პროფრანგული ორიენტაციის ხელისუფლების დაფუძნება. „ახლანდელ დროში დიადი მიზნები აღარავისა აქვს, ამიტომ მაგალითი ჩვენ უნდა მივცეთ“, უთქვამს მაშინ გენერალს. მაგალითი უკეთესი არც შეიძლებოდა ყოფილიყო: ისეთი გეგმები ჰქონდა, ხალხს ფანტასტიური ეგონა და ისეთი ენერგიით მუშაობდა, გარემომცველთ ეშმაკთან წილნაყარად ეჩვენებოდათ.
    ბონაპარტმა არმიას მხოლოდ ექვსი დღე მისცა დასვენებისათვის, ამ ექვსი დღის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები, მთავარსარდლის მითითებით, დღესა და ღამეს ასწორებდნენ მატერიალური ნაწილის შესავსებად და ჯარისკაცების პირადი აუცილებლობის საგნებით დასაკმაყოფილებლად. ამ სარეკორდოდ მოკლე დროში ჯარი ახალ მუნდირებში გამოეწყო და ახალი აღჭურვილობით შეივსო. განსაკუთრებული ყურადღება საარტილერიო პარკის განახლებას და კავალერიის რეორგანიზაციას დაეთმო. კავალერია იტალიური არმიის სუსტი წერტილი იყო. მას შესანიშნავი მხედრები ჰყავდა, მაგრამ მუდამ, შექმნიდან მთელი ოთხი წლის განმავლობაში, ცხენები აკლდა. უცხენოდ კი რა ცხენოსანი ჯარი იქნებოდა? ბონაპარტის მოსვლამდე, იტალიური არმია მხოლოდ ადგილობრივ, ლოკალურ ოპერაციებს ატარებდა ზღვისპირეთის ალპებში და პიემონტის მისადგომებთან. იქ კავალერიის სამოქმედო ასპარეზი შეზღუდული იყო, ამიტომ სარდლობა ცხენოსანი ჯარის სიმცირესა და სისუსტეს დიდ უბედურებად არ თვლიდა. ბონაპარტს კი სხვა მიზნები ჰქონდა. იგი არ აპირებდა ალპების კალთებზე ჯდომას და ამიტომ, პირველივე შესაძლებლობისას, ლომბარდიაში გაჭრას ცდილობდა. იქ კი, მდინარე პოს გაშლილ ველებზე, ცხენოსანი ჯარი პირდაპირ მისწრება იქნებოდა მისთვის.
    რას აკეთებდნენ ამ დროს ავსტრიელები?
    ლოდისთან დამარცხების შემდეგ მათ სწრაფად დაიხიეს აღმოსავლეთის მიმართულებით და მდინარე მინჩოზე გამაგრდნენ. მინჩო, რომელმაც კარგა ხნით მიიპყრო ორივე დაპირისპირებული არმიის ყურადღება, გარდის ტბიდან გამოდის და ჩრდილოეთ იტალიის დედა-მდინარე პოს ქალაქ მანტუასთან ახლოს ერთვის. მანტუას ძველი და ძლიერი ციხე იცავდა. ქალაქი ტბებითა და მდინარე მინჩოს ჭაობიანი ველებით იყო გარშემორტყმული. ამ გარემოების გამო, იგი მოწინააღმდეგეთათვის თითქმის მიუვალ გამაგრებულ პუნქტს წარმოადგენდა. ბოლიომ თავისი არმიის მარცხენა ფლანგი, სწორედ, ამ ქალაქს „მიაბჯინა“, ხოლო მარჯვენა – გარდის ტბას, ქალაქ პესკიერასთან. ცენტრი საკუთრივ მდინარე მინჩოზე განალაგა.
    სანამ ბოლიო თავდაცვის ახალი ზღუდის შექმნაზე ზრუნავდა, ბონაპარტის არმია ლომბარდიაში ისვენებდა, მაგრამ თვით მთავარსარდალს მოსვენებისთვის არ ეცალა. ამუნიციისა და შეიარაღების საკითხების გარდა, გენერალს უამრავი სხვა საზრუნავი ჰქონდა. კერძოდ, იგი იტალიელებისაგან გაფაციცებით ქმნიდა ეროგნული გვარდიის ნაწილებს, რომლებიც საფრანგეთის ერთგულნი უნდა ყოფილიყვნენ და წესრიგი დაეცვათ ლომბარდიაში, იმ დროს, როცა ფრანგების არმია მოწინააღმდეგისაკენ გაილაშქრებდა. დიდი ენერგია დახარჯა მთავარსარდალმა ამ პროვინციის ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შექმნაში. 6-7 დღეში მან სათავეში ყველგან ფრანგთათვის ლოიალური ხალხი დასვა. იმავე დღეებში დაიწყო ბონაპარტმა სამზადისი ლომბარდიაში რესპუბლიკური წყობილების დამყარებისთვისაც.
    ბონაპარტის თანამებრძოლები გაოცებული შეჰყურებდნენ მთავარსარდალს. განვლილ თვენახევარში მათ უკვე მოასწრეს იმაში დარწმუნება, რომ სამხედრო საქმეში მისი ბადალი ცოტა ვინმე თუ მოიძებნებოდა, მაგრამ ის თუ სამოქალაქო მმართველობის და ადმინისტრირების ასეთ ნიჭსა და უნარს გამოავლენდა, არაფრით არ ეგონათ. გაოცებისა და აღტაცებისათვის რომ მათ წინ კიდევ ბევრზე ბევრი დრო ექნებოდათ, ამას ისინი ნამდვილად ატყობდნენ, მაგრამ წესიერი დასვენებისა და მილანელ ლამაზმანებთან ურთიერთობისათვის რომ დრო აკლდებოდათ, ამასაც კარგად ხედავდნენ. აბა, რას წარმოადგენდა რაღაც ექვსი დღის დასვენება წლობით ადამიანურ პირობებს მოკლებული მეომრებისათვის? ამიტომ საქმეები მათ მთლიანად თავიანთ გენერალს შეატოვეს ხელში და თვითონ გართობასა და მხიარულებას მიეცნენ.
    იტალიური არმია ახალგაზრდების არმია იყო (ყველაზე უფროსად ლამის მხოლოდ მთავარსარდალი ითვლებოდა). გამოირკვა, რომ სამხრეთ საფრანგეთის ტემპერამენტიან მკვიდრთაგან შედგენილ ამ არმიას მარტო თავგანწირული ბრძოლა კი არა, თავზეხელაღებული ქეიფი და დროსტარებაც სცოდნია. მილანელები და ლომბარდიის სხვა ქალაქების მცხოვრებლები მალე დარწმუნდნენ ამაში, ბონაპარტს ხელი არ შეუშლია მათთვის, ახლა ისინი ვერაფერში დაეხმარებოდნენ მას; ახლა სხვა ხალხი იყო საჭირო და სწორედ ამ სხვებს აძრობდა სიქას მთავარსარდალი. მისი ეს უშიშარი თანამებრძოლები კი, ახლა რომ განცხრომას მისცემოდნენ, მალე ისევ დასჭირდებოდა ბონაპარტს, ძალიან მალე და ეს დროც ხელად მოვიდა, სულ ექვს დღეში.
    ფრანგთა ყველა ბანაკი 22 მაისს აიშალა და აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი. მთავარსარდალმა მილანსა და ლომბარდიის სხვა უმნიშვნელოვანეს ქალაქებში პატარ-პატარა გარნიზონები დატოვა და თვითონ ძირითადი ძალებით მინჩოსკენ გაემართა. მაგრამ ფრანგები ლაშქრობას წესიერად არც შედგომოდნენ, რომ პავიაში ამბოხებამ იფეთქა. უფრო სწორად, ქალაქი მის გარშემო მცხოვრებმა ამბოხებულმა გლეხებმა იგდეს ხელთ. ამბოხების მიზეზი რამდენიმე იყო. მოსალოდნელი რესპუბლიკური წყობილების დამყარების საშიშროებით აღელვებული არისტოკრატები და ბონაპარტის მიერ ხელისუფლებას ჩამოშორებული უკმაყოფილო ელემენტები ფარულად ფრანგთა წინააღმდეგ გამოსვლას ამზადებდნენ. დიდად შეშფოთებული იყო კათოლიკური სამღვდელოებაც, რომელიც ყველა ფრანგში ეკლესიის მტერს, ხოლო ბონაპარტში „ცხენზე ამხედრებულ რობესპიერს“ ხედავდა. ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა იტალიელ გლეხებზე და ამიტომ ფრანგთა წინააღმდეგ მათი გამოყვანა არ უნდა გასჭირვებოდა. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მარტო პავიის ოლქს კი არა, მთელ ჩრდილოეთ იტალიას მოსდებდა ანტიფრანგულ ხანძარს. ეს ის გადასახადები იყო, რომლებიც გლეხებს (და არა მარტო მათ) დაუწესეს ფრანგების ჯარის სარჩენად და ის რეკვიზიციები ნატურით, რომლებიც იმავე მიზანს ემსახურებოდნენ. ამ ამბით გაბოროტებული გლეხების ანკესზე წამოგება ძნელი სრულიადაც არ იყო და ლომბარდიელი დიდკაცებისა და სამღვდელოების ალიანსმაც არ დაახანა. მაგრამ ამბოხებულები შეცდნენ. გამოსვლა ძალიან ადრე მოუვიდათ – ფრანგების ჯარი ჯერ ახლოს იყო მათთან და უკან დაბრუნება მოასწრო. ბონაპარტი მაშინვე მიხვდა, რა საშიშროება ელოდა.
    ავსტრიელები ჯერ საბოლოოდ დამარცხებულნი არ იყვნენ. უფრო მეტიც, ისინი დამატებით ძალებს ელოდნენ გერმანიიდან. ასეთ ვითარებაში სალაშქროდ წასული ბონაპარტის არმიის ზურგში ამბოხება, რომელიც სულ იოლად შეიძლებოდა მთელ ჩრდილოეთ იტალიას მოსდებოდა, კატასტროფული იქნებოდა ფრანგებისთვის. ამბოხების შემთხვევაში პიემონტისა და გენუის ხელისუფალნი უეჭველად ანტიფრანგულ პოზიციას დაიკავებდნენ და ბონაპარტის არმიას საფრანგეთთან დამაკავშირებელ გზებს გადაუჭრიდნენ. რას გამოიწვევდა არმიის ასეთი იზოლაცია ყოველმხრივ მტრული ძალებით გარშემორტევმის პირობებში, ადვილი წარმოსადგენი იყო. ამიტომ ბონაპარტს წუთითაც არ უფიქრია. იგი სწრაფად მობრუნდა ერთი ბრიგადით უკან, გზად ამბოხებაში ყველაზე უფრო თავგამოდებული ერთი-ორი სოფელი გადაწვა და პავიას მიადგა. იმ დროს ქალაქში 8-10 ათასი ამბოხებული გლეხი შესულიყო, რომელთაც ადგილობრივი სამღვდელოება და არისტოკრატები ჩაუდგნენ სათავეში. ფრანგებმა იოლად შეანგრიეს კარიბჭე და ქალაქს შეესივნენ. ყველაფერი მალე დამთავრდა. ზარბაზნების ერთი-ორი ბათქი საკმარისი გამოდგა, რომ გლეხები გაქცეულიყვნენ. ფრანგთა კავალერია კი მათ გაეკიდა და უწყალოდ ჩეხა მინდორში. თვით ქალაქში ნაპოლეონმა სამხედრო ტრიბუნალით სახელდახელოდ გაასამართლა და დახვრიტა არა მარტო ამბოხების მოთავენი და ქალაქის მთელი მუნიციპალიტეტი, არამედ ფრანგთა გარნიზონის კომენდანტიც, რომელმაც დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, დანებდა რა ამბოხებულებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.
    ეს სასტიკი, მაგრამ ფრანგთათვის აუცილებელი ნაბიჯი იყო. თუ სასწრაფო პროფილაქტიკური ზომები არ იქნებოდა მიღებული, მთელი ლომბარდია ამბოხების ცეცხლში გაეხვეოდა. ამიტომ ყველა მახლობლად მდებარე სოფელში ფრანგთა რაზმი გაიგზავნა იარაღის ჩამოსართმევად. ვინც იარაღს არ ჩააბარებდა, ხვრეტდნენ, ხოლო სახლს – უწვავდნენ. მთელი ლომბარდიიდან მძევლები აიყვანეს, განსაკუთრებით ცნობილი არისტოკრატული ოჯახების წარმომადგენლები. „საფრანგეთში მოგზაურობა ყველაზე გავლენიანი პირებისთვის სასარგებლო აღმოჩნდება“, ამბობდა ნაპოლეონი (მძევლები რამდენიმე თვის შემდეგ დააბრუნეს სახლში, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ იტალია ავსტრიელთაგან გაიწმინდა და ახალი ამბოხების საშიშროება მოიხსნა).
    ასეთმა ენერგიულმა და სასტიკმა ზომებმა შედეგი გამოიღეს. ამბოხება პავიას აღარ გასცდენია და ლომბარდიის სხვა ოლქების დაშინებულმა მოსახლეობამ ხმა ჩაიკმინდა. პავიის ფრანგული გარნიზონის ქცევით გაცეცხლებულ ნაპოლეონს, ერთი პირობა, მათგან ყოველი მეათე ჯარისკაცის დახვრეტა უნდოდა, მაგრამ მერე ამ განზრახვისგან ზელი აიღო, გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ დანებებულმა ფრანგებმა, როგორც კი ქალაქთან თავიანთი თანამემამულეების რაზმების მოახლოება შეიტყვეს, თვითონვე გაითავისუფლეს თავი. „ლაჩრებო, უთხრა მათ მთავარსარდალმა, მე თქვენ არმიისათვის შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი განდეთ, თქვენ კი ის უბადრუკ გლეხებს ჩააბარეთ ბრძოლის გარეშე“. დარცხვენილმა ჯარისკაცებმა შეჰფიცეს, რომ მომავალ ბრძოლებში გამოისყიდდნენ თავიანთ დანაშაულს; როგორც მერე გამოირკვა, ბევრმა მათგანმა პირობა შეასრულა კიდეც.
    აჯანყების სწრაფი ლიკვიდაციის შემდეგ, ბონაპარტი თავის არმიას წამოეწია. მინჩომდე ფრანგებმა რაიმე მნიშვნელოვანი თავგადასავლის გარეშე მიაღწიეს და ახლა ავსტრიელთა მთავარ ძალებთან საბრძოლველად მოემზადნენ. ბოლიომ გადაწყვიტა თავისი ფლანგები – სამხრეთში ციხე–ქალაქი მანტუა და ჩრდილოეთში გარდის ტბის მიდამოები – გაეძლიერებინა. ბოლიოს ბრძანებით, ავსტრიელებმა მანტუასთან დაგუბებული წყალსაცავების რაბები გახსნეს და ქალაქის ისედაც დაჭაობებული მისადგომები მთლად დატბორეს. მაგრამ, ვარაუდის მიუხედავად, მინჩოზე დიდი ბრძოლა არ გამართულა. ბონაპარტმა ოჟეროს დივიზია გაგზავნა პესკიერასკენ, რითაც ავსტრიელებს ჩააგონა, რომ იგი სწორედ გარდის ტბასთან აპირებდა მათთან გადამწყვეტ შეტაკებას. შეცდომაში შესულმა ბოლიომ მთავარი ძალები იქით გადაისროლა, რადგან შეეშინდა, რომ ფრანგები ტიროლთან დამაკავშირებელ გზას გადაუჭრიდნენ მას. ბონაპარტმა კი ისარგებლა ავსტრიელთა ცენტრის დასუსტებით და მინჩო სწორედ ცენტრში გადალახა. როცა მოტყუებულმა ბოლიომ შეიტყო ბონაპარტის მთავარი ძალების მინჩოს მარცხენა მხარეზე გადასვლა, იგი საბოლოოდ დაეცა სულით, აიყარა და ადიჯეს (ადიჟეს) აყოლებით სამშობლოსკენ გასწია. ეს იტალიური კამპანიის პირველი ეტაპის დასასრულს ნიშნავდა. პირველი ეტაპისა, რომელმაც ფრანგთა არმიას ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა და რომელმაც იგი მთელი ლომბარდიის ბატონ-პატრონად აქცია.
    მინჩოსთან შეტაკების ერთ მომენტში ფრანგთა ჯარის მთავარსარდალი კინაღამ ტყვედ იგდეს ავსტრიელებმა. ეს ამბავი პატარა ქალაქ ვალეჯოში მოხდა, სადაც დროებით განლაგდა ფრანგთა მთავარი შტაბი. სრულიად მოულოდნელად, ავსტრიელთა ერთი მოზრდილი რაზმი, რომელიც თავის ძირითად ნაწილებს ჩამორჩენოდა, ვალეჯოში შევიდა და თავისთვისაც მოულოდნელად, ბონაპარტის სადგომს მიადგა. გენერლის მცველებმა ისღა მოახერხეს, რომ ალაყაფის კარები ჩაკეტეს და ყვირილი ატეხეს. მთაგარსარდალმა მოასწრო ცხენზე შეხტომა და ეზოს უკანა მხრიდან სამშვიდობოს გასვლა. ამ ამბავმა ნაპოლეონს პირადი დაცვის მოზრდილი შენაერთის შექმნა გადააწყვეტინა, და რადგან მას საქმის შორს გადადება არ უყვარდა, იმ დღეებშივე ჩამოაყალიბა პირველი ესკადრონი რჩეული და გამოცდილი მხედრებისგან. მათ სათავეში კაპიტანი ბესიერი ჩაუდგა. ამ ესკადრონს განსხვავებული ფორმა ჩააცვეს და განსაკუთრებული დავალებები მისცეს. ასე შეიქმნა მომავალში სახელგანთქმული ნაპოლეონის გვარდიის პირველი ერთეული. კაპიტანი ჟან ბატისტ ბესიერი შემდეგში იმპერიის მარშალი და ისტრიის ჰერცოგი გახდა. მან ბევრ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და თავი გამოიჩინა, როგორც ცხენოსანი ჯარის ერთ-ერთმა ყველაზე მამაცმა და უნარიანმა მეთაურმა.
    თუმცა ბოლიო და მასი არმია საბრძოლო ასპარეზს გაეცალნენ, მაგრამ ეს დროებითი შესვენება იყო. არავინ იცოდა ეს ბონაპარტზე უკეთ. ავსტრიელები ახალ შევსებას ელოდნენ: რაინისპირეთიდან მოხსნილი 25 ათასი ჯარისკაცი სამხრეთის გზას დადგომოდა. მაგრამ ბოლიო, როგორც მრავალგზის დამარცხებული და მორალურად განადგურებული კაცი, ახალ არმიას ვეღარ უთავებდა. იგი გადააყენეს და მის მაგივრად ავსტრიელთა გაერთიანებულ არმიას სათავეში ფელდმარშალი დაგობერ ვურმზერი ჩაუყენეს. ვურმზერი მამაცი და შეუპოვარი კაცი იყო, ნამდვილი ჰუსარი, მაგრამ ისიც ავსტრიულ კორდონულ სისტემაზე იყო აღზრდილი და ბონაპარტთან ბრძოლა გაუჭირდებოდა.
    ვურმზერს უამრავი საორგანიზაციო პრობლემა ჰქონდა გადასაწყვეტი და ამიტომ საომარ ასპარეზზე ის უცბად ვერ გამოჩნდებოდა. ყოველ შემთხვევაში, თვენახევარი-ორი თვე ბონაპარტის განკარგულებაში რჩებოდა. ეს დრო მას ბევრი რამისთვის სჭირდებოდა. ფრანგმა მთავარსარდალმა კარგად იცოდა, რომ მისმა არმიამ ლომბარდია კი დაიმორჩილა და ზოგიერთი იტალიური საჰერცოგო „გაანეიტრალა“, მაგრამ მიღწეული მყარი არ იყო და სანამ მეზობელი იტალიური საჰერცოგოები თუ რესპუბლიკები ანტიფრანგულ პლატფორმაზე იდგნენ, მანამდე ამ არმიას სასიკეთო ჩრდილოეთ იტალიაში არაფერი ელოდა. ასაღები იყო ციხე-ქალაქი მანტუაც, რომელშიც ბოლიომ 13-ათასიანი გარნიზონი დატოვა და ავსტრიელთა მომავალი ლაშქრობის დროს ამ უკანასკნელთა დასაყრდენი პუნქტი გახდებოდა. მოკლედ, საქმე უამრავი იყო, ხოლო ბონაპარტის ენერგია კიდევ მეტი და ისიც არაფერში ზოგავდა მას.
    მანტუის სათვალთვალოდ მისი აღებისთვის ახლა ბონაპარტს არც დრო ჰქონდა და არც ძალები) გენერალ სერიურიეს დივიზია გაიგზავნა. ამ უკანასკნელმა გადაკეტა მანტუისკენ მიმავალი ყველა გზა და ჭაობიან-ციებიან ადგილებში დაუწყო ლოდინი, თუ როდის გამოელეოდა სურსათ-სანოვაგე ან მოთმინება ქალაქის გარნიზონს.
    ამასობაში ფრანგთა ჯარის მეწინავე ნაწილებმა მდინარე ადიჯეს ნაპირები დაიკავეს, რისთვისაც ვერონასა და ლენიაგოში შესვლა დასჭირდათ: ორივე ეს ქალაქი ვენეციის რესპუბლიკას ეკუთვნოდა, ვენეცია კი ავსტრიელთა და ფრანგთა შეტაკებისას ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, მაგრამ ვინ უყურებდა ამას? ვენეციის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტისათვის სერიოზულად არც ავსტრიას შეუხედავს როდისმე და არც საფრანგეთს.
    როცა რომელ არმიას დასჭირდებოდა, ის არღვევდა მის ტერიტორიულ ხელშეუხებლობას. ახლაც, ისე დაიკავა ეს ორი ქალაქი და სხვა მიმდებარე მნიშგნელოვანი პუნქტები ნაპოლეონმა, რომ ვენეციის ხელისუფალთათვის წესიერად არც შეუტყობინებია მომხდარის მიზეზი. მიზეზის შეტყობინება კი არა, დაკაგებული ოლქებიდან იმოდენა კონტრიბუცია აიღო და იმოდენა რეკვიზიცია მოახდინა, თითქოს ადრიატიკის ამ რესპუბლიკასთან კარგა ხანია ფიცხელი ომი ჰქონდა გაჩაღებული. რახან კონტრიბუციაზე და რეკვიზიციაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საფრანგეთის არმიაში ასეთი ქმედება ბონაპარტის დაწყებული არ იყო. ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ, როცა რესპუბლიკური არმია პირველად გადავიდა უცხო ქვეყნის საზღვარზე (1792-93 წწ. ბელგია–ჰოლანდია), პარიზელმა ხელისუფლებმა, რომლებიც რევოლუციურ ლოზუნგს – „ომი სასახლეთ, მშვიდობა ქოხებს“ – ახორციელებდნენ, საკუთარ ჯარს დაავალეს ექსპროპრიაციის მიზნით, არისტოკრატთაგან ყველა რამედ ღირებული მატერიალური ფასეულობა საფრანგეთში წამოეღოთ. რესპუბლიკური არმიის ხელმძღვანელობა, და განსაკუთრებით კი ამ მიზნით ჯარში გაგზავნილი კონვენტის კომისრები, ამ დავალებას პირნათლად ასრულებდნენ (საკუთარი ჯიბისა და ინტერესების საზარალოდ არა, რასაკვირველია). იტალიაში ამ მხრივ ბევრად მეტი შესაძლებლობა იყო.
    როცა ბონაპარტს თავისი არმია ამ ქვეყნისაკენ მიჰყავდა, დიდებასა და სახელთან ერთად, იგი მატერიალურ დოვლათსაც შეჰპირდა მას. „გარიგებაში“ ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები არ შედიოდა – ისინი პარიზული მუზეუმებისათვის იყო გამიზნული. ბონაპარტს დირექტორიამ სამხედრო საქმეში ჩაურევლობა აღუთქვა, დიდის გაჭირვებითა და იძულებით იგი მის დიპლომატიურ აქტივობასაც შეურიგდა, მაგრამ რაც ხელოვნების ძვირფას ნიმუშებს (მატერიალურ ფასეულობებს) შეეხებოდა, ამაში დირექტორია არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა. აკი ამიტომაც აგზავნიდა იგი კომისრების მთელ გუნდს ბონაპარტის არმიაში, რათა ხელოვნების ყოველი ნაწარმოები ზუსტად აღერიცხა და საფრანგეთის გზისკენ გაეყენებინა. კომისრების ამოცანა მარტო მხატვრულ ტილოებზე და სკულპტურებზე ნადირობა კი არ იყო. მათ, შეძლებისდაგვარად, უნდა აღერიცხათ კონტრიბუციების ზუსტი თანხა და ყველაფერი უკლებლივ პარიზში გადაეგზავნათ. მაგრამ მაგ ჭკუაზე არ იყო ბონაპარტი! დირექტორიის კომისრებს ჩემს პოლიტიკასთან საქმე არა აქვთო, ბრძანა მთავარსარდალმა და ამიერიდან მათგან საიმედოდ მალავდნენ ოქროს თითოეულ მონეტას. მათ ნებას რომ დაჰყოლოდა მთავარსარდალი, არმია ჩაუცმელიც დარჩებოდა და მშიერ-მწყურვალიც. რაც შეეხებოდა ხელოვნების ნაწარმოებებსა და მეცნიერულ ფასეულობებს (ფრანგები ამათაც ეტანებოდნენ), ბონაპარტმა თვითონ შესთავაზა ხელისუფლებას იტალიაში მეცნიერთა კომპეტენტური ჯგუფი გამოეგზავნა, რათა თუ არჩევა იყო, მართლაც ღირსეული ნიმუშები აერჩიათ და ისინი გაეტანათ იტალიიდან. წინადადება დირექტორიას ჭკუაში დაუჯდა და ჯარის დამხმარე ნაწილებზე ბევრად უფრო სწრაფად მან სპეციალისტები გამოაგზავნა. საკმარისია ითქვას, რომ მათ რიცხვში ისეთი გამოჩენილი მეცნიერები შედიოდნენ, როგორებიც იყვნენ ქიმიკოსი ბერთოლე და მათემატიკოსი მონჟი. ბონაპარტს ასეთი რანგის მეცნიერებთან შეხვედრა ბეგრ რამეს ერჩია და ისიც, როცა დროს მოიხელთებდა, ყოველთვის მათთან იყო. ეს მეცნიერებიცა და სხვებიც, დღესა და ღამეს ლომბარდიის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ატარებდნენ და საფრანგეთში გასაზიდ ფასეულობებს აგროვებდნენ. პარადოქსი ის იყო, რომ ამ ნამდვილი ძარცვის პროცესში ისინი მართლაც, სერიოზულ დაკვირვებებს აწარმოებდნენ და მეცნიერებას მნიშვნელოვანი აღმოჩენებით ამდიდრებდნენ! ხოლო ამით რომ იტალია იძარცვებოდა, ეს დიდად არავის აღელვებდა, რადგან იტალიელებს მაინც ბეგრი რამ რჩებოდათ, და ამდენი რად უნდოდათ, მაინც ხომ ვერ მოიხმარდნენ!
    ასეთი კაცი გახლდათ ნაპოლეონ ბონაპარტი. ზერელედ და ჰაიჰარად არაფერს აკეთებდა, თვით უცხო ქვეყნიდანაც არ მიჰქონდა წართმეული ნივთები ისე, თუ მათ ჭეშმარიტ მნიშვნელობასა და ღირებულებას არ აღრიცხავდა და არ დაადგენდა...
    გენერალი ბონაპარტი მანტუის აღებას ჩქარობდა და ამიტომ მისი გარემოცვა და საალყო სამუშაოები გააორკეცა. მოწინააღმდეგის ძალისხმევის გაძლიერებამ ისედაც შეჭირვებული მანტუის გარნიზონის მეთაურები ისე შეაშფოთა, რომ მათ დანებებაზე დაიწყეს ფიქრი. მართლაც, ივლისის ბოლოსათვის სიმაგრის დამცველები უკვე აპირებდნენ თეთრი ბაირაღის აფრიალებას, მაგრამ საქმე სხვაგვარად წარიმართა. მალე მათთვის ცნობილი გახდა ვურმზერის საექსპედიციო არმიის მოახლოების შესახებ და ამიტომ გადაწყვიტეს, და სრულიად სამართლიანადაც, რომ ჯობდა ჯერ მოვლენების მსვლელობას დალოდებოდნენ, რადგან დანებება არასოდეს გვიან არ იქნებოდა და ყოველთვის მოასწრებდნენ.
    ვურმზერის არმიასთან შესახვედრად ბონაპარტიც ყოველმხრივ ეზზადებოდა. მისმა ჯარმა შევსება მიიღო და ახლა მას 46 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი მაინც არ იყო, მაგრამ რა უნდა ექნა გენერალს? ჯარის სიმცირის მიუხედავად, იგი იძულებული გახდა 120 კილომეტრზე გაეშალა თავისი ფრონტი. მარცხენა ფლანგზე გენერალ სორეს დივიზია განლაგდა; ქალაქ სალოს მიდამოებში, გარდის ტბის დასავლეთ სანაპიროსთან, შუაში, რივოლისა და ვერონას შორის, მასენას 15-ათასიანი კორპუსი იმყოფებოდა, ხოლო მარჯვენა ფლანგი ოჟეროს ეკავა, ლენიაგოს მიდამოებში. 6 ათასი კაცი, რეზერვის სახით ცენტრსა და მარჯვენა ფლანგს შორის განლაგდა, მათგან ცოტათი უკან. საკუთრივ მანტუასთან ისევ სერიურიეს დივიზია იმყოფებოდა 8 ათასი კაცით. ფრანგების ჯარი გაფანტული იყო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, მაგრამ მისი განლაგება ისეთი იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში ბონაპარტს შეეძლო შიდა კონცენტრული მოძრაობით მისი სასწრაფოდ ერთ რომელიმე პუნქტში მოგროვება.
    საომარი მოქმედების დაწყების წინ ნაპოლეონი დეპეშას დეპეშაზე უგზავნიდა დირექტორიას და სთხოვდა გამოეგზავნათ მაშველი ძალები. 40 ათასი კაცი მთელ ავსტრიულ არმიას ვერ შეებრძოლებაო, – უმტკიცებდა იგი ხელისუფალთ. დახმარება კი დროულად და საჭირო რაოდენობით მაინც არ მოდიოდა. თითქოს, განგებო, არც გერმანიაში გადადიოდნენ ფრანგები შეტევაზე, რომ იტალური არმიისთვის რაღაც შეღავათი მიეცათ. ასე რომ, ბონაპარტსა და მის არმიას ისევ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი თავის იმედი უნდა ჰქონოდათ. მოწინააღმდეგე კი, როგორც არასდროს, ძლიერი იყო და წარმატების სურვილიც ამოძრავებდა (ვურმზერის ჯარის დიდ ნაწილს ბრძოლებში გამოწრთობილი შენაერთები შეადგენდნენ, ისინი, ვინც რაინზე ისახელეს თავი).
    ფელდმარშალმა შეტევა ივლისის ბოლო რიცხვებში დაიწყო. იგი ერთობ მასშტაბური იყო: ავსტრიელები სამი კოლონით უტევდნენ ფრანგებს, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე მარჯვენა კოლონას გენერალი კვაჟდანოვიჩი მეთაურობდა და იგი 20 ათასი ჯარისკაცისგან შედგებოდა. ეს კოლონა გარდის ტბის დასავლეთ სანაპიროზე მოძრაობდა, სალოსა და ბრეშიას მიმართულებით. მის ამოცანას ფრანგების მილანთან დამაკავშირებელი გზების გადაჭრა წარმოადგენდა. მეორე, ცენტრალური კოლონა, უკვე გარდის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე, ტბასა და მდინარე ადიჯეს შორის მოძრაობდა. ამ კოლონას (30 ათასი ჯარისკაცი) თვით ვურმზერი ედგა სათავეში. მესამე, დამხმარე კოლონას, გენერალ მესაროშის მეთაურობით, ავსტრიელთა უკიდურესად მარცხენა ფლანგი ეჭირა და ბასანოს გავლით ვიჩენცასკენ მიემართებოდა. ვურმზერის ოპერაციის მთავარი მიზანი მანტუის დებლოკადა და ფრანგების იტალიიდან გაძევება იყო.
    გეგმა, რომლის მიხედვითაც გურმზერი მოქმედებდა, ცუდი არ იყო. სწრაფი და ენერგიული მოქმედებისას ავსტრიელებს შეეძლოთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდოთ ფრანგების არმია. მაგრამ როგორც ჟომინი ამბობს, ავსტრიელებს მშვენიერი გეგმების შედგენა კი ეხერხებოდათ, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ამ გეგმებს დროისა და მანძილის ფაქტორს ვერ უფარდებდნენ. ახლაც ასე მოხდა. ვურმზერიცა და მისი ორი სხვა კოლონაც ერთმანეთისგან საკმაო დაშორებით მოძრაობდნენ. უფრო მეტიც, ორ მთავარ კოლონას შორის გადაულახავი წინააღმდეგობა იყო გარდის ტბის სახით.
    ასეთ პირობებში ბონაპარტს, რომელსაც შეეძლო სწრაფად მოეყარა თავი მთელი თავისი 25-ათასიანი არმიისათვის ერთ რომელიმე პუნქტში, მოწინააღმდეგის ცალკეულ ნაწილზე რიცხობრივი უპირატესობა ექნებოდა. ეს არასასურველი მოვლენა რომ თავიდან აეცილებინა, ვურმზერს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაევლო ტბის უკიდურესად სამხრეთი ნაპირი და სადღაც მის შუა მიდამოებში შეხვედროდა კვაჟდანოვიჩის კორპუსს, რომელსაც ასეთივე მიმართულება უნდა აეღო, ოღონდ უკვე დასავლეთის მხრიდან. არაფერი ამის მსგავსი ავსტრიელებს არ გაუკეთებიათ. კვაჟდანოვიჩი ერთ ხანს სალოსა და ბრეშიას მიდამოებში შერჩა, ხოლო ვურმზერი. მანტუისკენ წავიდა (ავსტრიელ გენერლებს გეოგრაფიული პუნქტების პრიმატობა ხომ ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარის. ამით დაიკარგა ძვირფასი დრო, მოწინააღმდეგემ მოასწრო ძალების კონცენტრაცია და ავსტრიელთა თითოეულ კოლონასთან ცალ-ცალკე დაპირისპირება.
    ძალების კონცენტრაცია ნაპოლეონმა უკიდურესი დაძაბვისა და ძალისხმევის შედეგად შეძლო თვით ოპერაციის მსვლელობის დროს. ეს ძალიან ძნელი და საპასუხისმგებლო საქმე გამოდგა იმიტომ, რომ ავსტრიელებმა თავიანთი ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყისში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მოწინააღმდეგე ძნელი არჩევანის წინაშე დააყენეს. ისე რომ, ვითარება, რომელიც პირველივე დღეებიდან შეიქმნა, კარგს არაფერს უქადდა ფრანგთა ლაშქარს. საქმე ისაა, რომ ფრანგთა რაზმები გარდის ტბის ორივე მხარეზე ვურმზერმაც და კვაჟდანოვიჩმაც იოლად დაამარცხეს და უკუაგდეს. ბონაპარტს იმედი ჰქონდა, რომ მასენა და სორე ერთი-ორი დღით მაინც შეძლებდნენ მოწინააღმდეგის შეჩერებას და იგი სწორედ ამ დღეებს გამოიყენებდა საკუთარი ჯარების თავმოყრისათვის. მაგრამ ასე არ მოხდა და 29 და 30 ივლისს ფრანგებმა გარდის ტბის ორივე მხარეზე მარცხი განიცადეს.
    შექმნილ ვითარებაში ნაპოლეონმა ძალიან მძიმე, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან დაუყოვნებლივ მოხსნა ალყა მანტუას, ჭაობში ჩაყარა მთელი თავისი საალყო არტილერია და ყველა არსებული ძალა კვაჟდანოვიჩისაკენ გადაისროლა, მონტეკიაროსა და ლონატოს მიმართულებით. ეს უჩვეულო ნაბიჯი იყო. ამით ბონაპარტი უარს ამბობდა ასეთი წვალებითა და ჯახირით შექმნილ საარტილერიო პარკზე. თუ გავიმარჯვეთ, არტილერიაც გვექნება და სხვა რამეც, ხოლო თუ დავმარცხდით, აღარც არტილერია დაგვჭირდება და არც სხგა რამეო, – მოკლედ უპასუხა მან კითხვაზე, თუ რატომ აკეთებდა ამას. მართლაც, მაშინ, როცა თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მძიმე საალყო არტილერიის თრევა ბევრ დროს წაიღებდა და დაიკარგებოდა ის ძვირფასი შესაძლებლობა, რასაც მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან ცალ-ცალკე დაპირისპირება ჰქვია.
    ვურმზერის მცდარმა მანევრმა – მანტუისკენ წასვლამ – ნაპოლეონს სულის მოთქმის საშუალება მისცა. მან, მოახერხა თავის განკარგულებაში მყოფი ყველა ძალის ერთი, მთავარი პუნქტისკენ გაგზავნა. ფრანგთა, ჯარებმაც მაქსიმალური სისწრაფით დაიწყეს თავმოყრა ლონატოს მიდამოებში. მაგრამ მდგომარეობა მაინც კრიტიკული რჩებოდა. ავსტრიელმა ფელდმარშალმა, რომელმაც მანტუასთან დრო ტყუილად დაკარგა (მას იქ, მისდა გასაოცრად, ფრანგთა გარემომცველი არმია აღარ დახვდა), ბოლოს და ბოლოს, პირი მაინც ჩრდილო-დასავლეთის, კვაჟდანოვიჩის კორპუსისკენ იბრუნა, ბონაპარტის არმია ორ ცეცხლს შუა ჩავარდა, რადგან, თუ ავსტრიელთა კოლონები გაერთიანდებოდნენ, ფრანგების არმიას ცუდი დღე ელოდა. მაშინ მას, რა თქმა უნდა, მილანისა და იქნებ პიემონტისკენაც უკანდახევა მოუწევდა. რა მოჰყვებოდა ამას, ადვილი წარმოსადგენია: ფრანგების წარუმატებლობით გულმოცემული იტალიური სამთავროები მაშინვე აჯანყდებოდნენ და ზურგში მახვილს ჩასცემდნენ მათ.
    ასეთ უმძიმეს ვითარებაში ბონაპარტის წინაშე დადგა ერთადერთი საკითხი: რა უნდა მოემოქმედებინა მას და განსაცდელში ჩავარდნილ მის არმიას? მთავარსარდალმა სამხედრო საბჭო მოიწვია. ამაყი და თავის თავში დარწმუნებული ბონაპარტი ძალიან იშვიათად იწვევდა სამხედრო საბჭოებს, რადგან თავისი თავის იმედი ჰქონდა და ამიტომ სხვების აზრს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. უკვე მაშინ, თავისი სამხედრო მოღვაწეობის გარიჟრაჟზე, იგი მკაცრ მეთვალყურეობას უწევდა თავის ხელქვეით სარდლებს და მათგან, ძირითადად, მხოლოდ თავისი განკარგულებების განუხრელად შესრულებას მოითხოვდა. მაგრამ ახლა სხვა ვითარება იყო, ახლა მთელი სიგრძე-სიგანით წამოიჭრა მტკივნეული საკითხი არმიის ყოფნაარყოფნის შესახებ. ასეთ მდგომარეობაში პირველად აღმოჩნდა ბედის ნებიერა მხედართმთავარი და მანაც არ ინდომა უმძიმესი გადაწყვეტილების მარტო თავის თავზე აღება.
    საბჭოზე ბონაპარტმა ჯერ თავისი ძირითადი გეგმა წარადგინა: რაც შეიძლებოდა სწრაფად დაერტყათ კვაჟდანოვიჩისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მიბრუნებოდნენ ვურმზერს. გეგმა მოიწონეს, მაგრამ შემდეგ საოცრება მოხდა: ბონაპარტმა თქვა, რომ ეს ძალიან სარისკო ოპერაცია იქნებოდა; რომ მათ შეიძლება ვერც დაესწროთ მტრის შენაერთების გაერთიანებისთვის და ამიტომ, იქნებ, აჯობებდა ახლავე დაეხიათ უკან. უკანდახევა მოხდებოდა არა უმოკლესი გზით მილანისკენ, არამედ მდინარე პოს აყოლებით, უპირატესი მოწინააღმდეგის გამოდევნების პირობებში (უმოკლესი დასახევი გზა მდინარე ადას გავლით ავსტრიელებს უკვე გადაჭრილი ჰქონდათ). მიუხედავად ასეთი მძიმე პერსპექტივისა, საბჭოზე ყველა ფრანგი გენერალი, ოჟერღს გარდა, ახლა უკანდახევის სასარგებლოდ გამოვიდა.
    მამაცი ოჟერო ერთადერთი იყო, რომელმაც მოწინააღმდეგესთან დაუყოვნებელი შებმა მოითხოვა და ბონაპარტის პირველ წინადადებას დაუჭირა მხარი. ამის თქმა იყო და ბონაპარტმა მაშინვე განაცხადა, რომ თვითონ პასუხისმგებლობას იხსნის და ოჟეროს აძლევს უფლებას განახორციელოს მისი პირველი გეგმა. ოჟერო კი ისე მხურვალედ იცავდა თავის გადაწყვეტილებას, რომ მალე მისი ენთუზიაზმი სხვა გენერლებსაც გადაედოთ და მეორე დღიდან, ე.ი. 2-დან 5 აგვისტომდე ფრანგებმა ოთხ ბრძოლაში (სალოს, გოვარდოს და დეზენცანოსთან) დაამარცხეს კვაჟდანოვიჩის კორპუსის ნაწილები და ტიროლისკენ უკუაგდეს ისინი. ფრანგების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და, რადგან საქმის ნახევარი გაკეთებული იყო, ახლა მათ მთელი ძალებით ვურმზერისთვის უნდა შეეტიათ.
    ამასობაში ვურმზერმა, როგორც იქნა, მიაღწია ბრძოლის ასპარეზამდე და კასტილეონესთან დაბანაკდა. ამ დროისათვის ვგურმზერს მხოლოდ 25 ათასი ჯარისკაცი შემორჩა – დანარჩენები მან სხვადასხვა პუნქტებში მიმოფანტა. ბონაპარტს კი. უკვე იმდენივე ძალები ჰყავდა კასტილეონესთან, რამდენიც ავსტრიელებს. ამასთანავე მას მაშველი ძალაც მოუდიოდა მანტუის მოალყე სერიურიეს სახით, ასე რომ, ძალთა თანაფარდობა ფრანგების სასარგებლოდ იცვლებოდა.
კასტილეონეს ბრძოლა, რომელმაც ვურმზერის ლაშქრობას წერტილი დაუსვა, 5 აგვისტოს გაიმართა. ბრძოლაში განსაკუთრებით ისახელა თავი ოჟერომ, რომელიც ფრანგთა მარჯვენა ფლანგს სარდლობდა და გაარღვია ავსტრიელთა განლაგება. კრიტიკულ მომენტში ავსტრიელთა ზურგში გენერალ სერიურიეს დივიზია გამოჩნდა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა იმდღევანდელი ბრძოლისა და საერთოდ, ვურმზერის მთელი ამ კამპანიის ბედი. დამარცხებულმა ფელდმარშალმა სასწრაფოდ დაიხია უკან, ტიროლისაკენ, მდინარე ადიჯეს აყოლებით. მთელი მისი ლაშქრობა სულ ექვს დღეს გაგრძელდა. ავსტრიელებმა 13 ათასი კაცი და 71 ზარბაზანი დაკარგეს. ფრანგების ზარალი 4 ათას კაცს და 187 საალყო ზარბაზანს შეადგენდა. ამ ბრძოლების გმირი, ოჟერო, შემდეგ იმპერიის მარშალი გახდა და მას კასტილეონეს ჰერცოგის ტიტული მიენიჭა.
    ბონაპარტის მოქმედება ამ ექვსდღიან კამპანიაში დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მისი გადაწყვეტილება, კრიტიკულ მომენტში მოეხსნა მანტუის ალვა და მთელი არსებული ძალები მოწინააღმდეგის ცალკეული კოლონების გასანადგურებლად გადაესროლა, შესანიშნავია. იგი ახალგაზრდა ფრანგი მხედართმთავრის არაჩვეულებრივ გამჭრიახობაზე და უმძიმესი გადაწყვეტილების უსწრაფესად მიღების უნარზე მეტყველებს. მაშ, რაღა იყო ბონაპარტის უცნაური ქცევა ლონატოს ბრძოლის წინ, მისი მერყეობა მოქმედების სწორი გეგმის განხორციელების გამო? აქ ერთი პასუხია: ბონაპარტი და მისი არმია, რომლებიც აქამდე მხოლოდ გამარჯვების გზით მიდიოდნენ, პირველად დადგნენ მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე. ასეთ ვითარებაში მან თავისი თავიდან პასუხისმგებლობის მოხსნა გადაწყვიტა, სხვის ზურგს ამოეფარა, და ამიტომ „მცირე სპექტაკლი“ გაითამაშა. ასეთ თამაშს წარმატება კი მოჰყვა, მაგრამ მან ბონაპარტის ხასიათის ყველაზე კარგი თვისებები როდი გამოავლინა.
    იმ დღეებში ერთი კურიოზული შემთხვევა მოხდა. ლონატოსთან ბრძოლის შემდეგ, როცა ავსტრიელთა ჯარი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაიფანტა, ფრანგთა შენაერთები მას გაეკიდნენ და როდის რომელ ჯგუფსაც წაასწრებდნენ, იმას ატყვევებდნენ. ლონატოში მაშინ ათას ორასი ფრანგი ჯარისკაცი იდგა. ბონაპარტი, რომელიც კასტილეონესთან თავმოვყრილი ჯარების განლაგებას ამოწმებდა, ლონატოში შევიდა. იმავ წუთში მას შეატყობინეს, რომ ქალაქს ავსტრიელთა 4 ათასიანი შენაერთი მიუახლოვდა და მოითხოვდა ლონატოს გარნიზონის დანებებას. ნაპოლეონი არ დაიბნა და ისეთი სპექტაკლი გაითამაშა, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაც ააცილა მას და 4 ათასი საღსალამათი ტყვეც შესძინა. მან უბრძანა საჩქაროდ მოეყვანათ ავსტრიელთა პარლამენტიორი, ოღონდ წინასწარ მისთვის თვალები აეხვიათ. შემდეგ მან უბრძანა თავის მრავალრიცხოვან შტაბს და ყველა ოფიცერს, რომელიც ლონატოში იმყოფებოდა მაშინ, ცხენებზე შემსხდარიყვნენ და „მრისხანე სახეები“ მიეღოთ. იქვე გაამწკრივეს ქალაქში მყოფ ჯარისკაცთა მთელი პირადი შემადგენლობაც. პარლამენტიორს ამ შთამბეჭდავი ამალისა და დაცვის შუაგულში მოხსნეს თვალსახვევი. ავსტრიელმა ოფიცერმა ყველაფერთან ერთად, ბონაპარტიც დაინახა. „გადაეცით თქვენს გენერალს, რომ სულ რვა წუთს გაძლევთ. თქვენ საფრანგეთის არმიის მთავარი ძალებით ხართ გარშემორტყმული და თუ არ დანებდებით, თავს დააბრალეთ“, – უთხრა მთავარსარდალმა.
    შეშინებული პარლამენტიორი მაშინვე წავიდა თავის მეთაურთან და ყველაფერი უამბო. ავსტრიელთა მთელმა შენაერთმა, როგორც ერთმა კაცმა, ისე დაჰყარა იარაღი. ეს შემთხვევა სწრაფად გახმაურდა და ყველა ბონაპარტის საზრიანობაზე და ეშმაკობაზე ალაპარაკდა. მიუხედავად იმისა, რომ ბონაპარტს გაუთავებლად უხდებოდა საომარი მოქმედების წარმოება ავსტრიელების წინააღმდეგ, იგი მაინც ნახულობდა დროს და დიდ ყურადღებას უთმობდა საკუთრივ იტალიურ საქმეებს, თვით იტალიის პოლიტიკური მოწყობის საკითხებს. გენერალს, ამ მხრივ, შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. იგი არ მიეკუთვნებოდა იმ ყაიდისა და იმ მასშტაბის მხედართუფროსთ, რომელთაც დაკავებული ტერიტორია მხოლოდ დროებით საომარ ასპარეზად ან მარტო საოკუპაციო ზონად მიაჩნდათ.
    იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელშიც ბონაპარტმა ილაშქრა და ეს ლაშქრობა მისი სამხედრო-პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის დასაწყისში მოხდა. მაშინდელი, „ადრეული“ ბონაპარტის შეხედულებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა არა მარტო საფრანგეთის იმდროინდელ ხელისუფალთა იდეებისა და მიზნებისაგან, არამედ იმპერატორ ნაპოლეონის შემდგომი მისწრაფებებისგანაც. იტალიური ლაშქრობის დროინდელ ბონაპარტს, ყოველ შემთხვევაში, ამ ლაშქრობის პირველ პერიოდში, რესპუბლიკური იდეები და რესპუბლიკური სული ჯერ მთლად დაკარგული არ ჰქონდა. მით უმეტეს, არ ჰქონდა ეს სული დაკარგული მის არმიას და ამიტომ მთავარსარდლისა და ჯარისკაცების სურვილი და მიზანი ემთხვეოდა ერთმანეთს. იმ პერიოდში ისინი ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ ბრძოლა, რომელსაც მაშინ აწარმოებდნენ, საფრანგეთის რესპუბლიკის განსამტკიცებლად იყო აუცილებელი და რომ ამ ბრძოლას, პარალელურად, დაკავებული ტერიტორიების განთავისუფლება მოჰყვებოდა. ის რეკვიზიციები და კონტრიბუციები, რომელთაც ასე დაუნდობლად ადებდა ბონაპარტი იტალიის პროვინციებსა თუ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს, მათი იდეით, ხალხს კი არა, ხალხის მჩაგვრელებს, ტირანულ ხელისუფლებს, არისტოკრატებსა და სამღვდელოებას უნდა გადაეხადათ. და მაინც, არ შეიძლებოდა ბონაპარტს არ სცოდნოდა, რომ, საბოლოოდ, ან იქნებ სულაც უპირველესად ყოვლისა, ამ გადასახადთა მთელი სიმძიმე ხალხს დააწვებოდა კისერზე და მისი გადასატანი იქნებოდა. მაგრამ ეს გარემოება არ აფიქრებდა მთავარსარდალს. თავისუფლება, რომელსაც ისა და მისი არმია იტალიელებს მოუტანდა, მისი აზრით, კიდევ მეტი საზღაურის ღირსიც იყო.
    ბონაპარტის შეხედულებებმა იტალიის პოლიტიკური მოწყობის შესახებ თვით ლაშქრობის პროცესშიც განიცადეს მეტამორფოზა. დასაწყისში იგი ერთიან, ძლიერ და რა თქმა უნდა, საფრანგეთის ერთგულ იტალიაზე ოცნებობდა. შემდეგ ვითარება შეიცვალა და იგი შედარებით მომცრო, საფრანგეთის „შვილობილი“ რესპუბლიკების შექმნის იდეაზე შეჩერდა (შესაძლოა, ეს უკანასკნელი იმ დროს მას ერთიანი იტალიის შექმნის საწყის ეტაპადაც მიაჩნდა). ასე იყო თუ ისე, ობიექტურად, ნაპოლეონი იტალიის მიმართ აშკარად პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი იყო. ეს პოლიტიკა უპირველესად ყოვლისა, იტალიის ჰაბსბურგთა ბატონობისგან განთავისუფლებას ემსახურებოდა. შემდეგ, იგი დრომოჭმული ფეოდალურმონარქისტული და კლერიკალური რეჟიმების რესპუბლიკური წყობილებით შეცვლას გულისხმობდა, რესპუბლიკურისა, სადაც დინასტიური მმართველობა ელექტურით იცვლებოდა. ხოლო რაც შეეხება ბონაპარტის მთავარ იდეას – ერთიანი იტალიური სახელმწიფოს შექმნის თაობაზე, თუ იგი განხორციელდებოდა, მაშინ ეს ამ ქვეყნისთვის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საუკუნოვანი დაქსაქსულობის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეორე პლანზე გადავიდოდა ის ფაქტი, რომ ეს ერთიანი „ბონაპარტისეული“ იტალია საფრანგეთის „მეურვეობის“ ქვეშ აღმოჩნდებოდა. მთავარი, ქვეყნის გაერთიანების საქმე, მოგვარებული იქნებოდა, ხოლო რაც შეეხება საფრანგეთის „პატრონაჟს“, იგი მუდმივი, რასაკვირველია, არ იქნებოდა.
    1797 წლის ივნისში ნაპოლეონმა ტრანსპადური და ცისპადური რესპუბლიკები ერთიან ციზალპურ რესპუბლიკაში გააერთიანა. მასში, ლომბარდიის გარდა, ბევრი ჩრდილოიტალიური სამთავრო თუ საჰერცოგო შეგიდა. ეს რესპუბლიკა პირადად ბონაპარტის პირმშო იყო: იგი, არსებითად, დირექტორიის სურვილების საწინააღმდეგოდ იყო შექმნილი და მასში საკმაოდ ძირფესვიანი სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გატარდა. უპირველესად ყოვლისა, მიღებული იქნა ახალი კანონმდებლობა მოქალაქეთა თანასწორობის შესახებ, გატარდა მიწის რეფორმა, უარი ეთქვა რიგ ფეოდალურ-არისტოკრატიულ პრივილეგიას და ა.შ. მოკლედ, ბონაპარტი საფრანგეთის ტიპის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ სახელმწიფოს ქმნიდა იტალიაში.
    შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ რა განსხვავება იყო ბონაპარტის ამ „იტალიურ“ გეგმებსა და დირექტორიის გეგმებს შორის. არავითარი ამგვარი მიზანი პარიზელ ხელისუფალთ იტალიაში არ ამოძრავებდათ. მათთვის იტალია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორია იყო, რომლისგანაც უმოწყალოდ უნდა ამოექაჩათ ოქროს მილიონებიცა და მილიონებად ღირებული ყველა სხვა ხელშესახები ფასეულობაც. უფრო მეტიც, იტალიის პროვინციები მათთვის, კოალიციის ქვეყნებთან საზავო მოლაპარაკებისას, კულისებს მიღმა გარიგებისთვის ერთობ საჭირო ობიექტები იყვნენ, რომელთაც როცა მოისურვებდნენ, მაშინ გადაცვლიდნენ სხვა მათთვის უფრო სასარგებლო ობიექტზე. ამიტომ იყო, რომ დირექტორიას ბოღმა აღრჩობდა, როცა ბონაპარტი, თავისი ნება-სურვილით (თავისი გეგმის მიხედვით), აცხობდა ახალ-ახალ რესპუბლიკებს იტალიაში და თანაც ისე, რომ პარიზელ ხელისუფალთ არც კი „აწუხებდა“ ამგვარ „წვრილმან“ საქმეთა მოგვარებაზე ნებართვის აღებით.
    მაგრამ ბონაპარტის გეგმების განხორციელებას იტალიაში, უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდებოდა. სჭირდებოდა ამ საქმეს დროც. არც ერთი და არც მეორე მთავარსარდალს არ აკლდა, მაგრამ, ეტყობა, ეს არ იყო მთავარი. მთავარი მაინც თვით იტალიელთა სურვილი უნდა ყოფილიყო, მათი მისწრაფება ერთიანი, უნიტარული სახელმწიფოს შექმნისაკენ. მაგრამ იმ დროს იტალიელთა დიდი ნაწილი ამგვარი იდეისადმი ინდიფერენტული იყო. მრავალსაუკუნოვანმა დაქუცმაცებამ და სეპარატიზმმა ლახვარი ჩასცა იტალიის ერთიანობის იდეას. პატარ-პატარა იტალიური სამთავროების, საჰერცოგოების, სამეფოების თუ რესპუბლიკების მმართველები ქვეყნის გაერთიანების ყოველგვარი იდეის წინააღმდეგნი იყვნენ. ოღონდ მათი ვიწრო, საკუთარი ინტერესები არ შელახულიყო, ოღონდ მათ განუსაზღვრელ ძალაუფლებას თავ-თავიანთ საბრძანებლებში ზღვარი არ დასდებოდა, იქ განუკითხავი პარპაშის გაგრძელების შესაძლებლობა ისევ ჰქონოდათ და იტალიის გაერთიანების იდეას კი არა, პირიქით, მის კიდევ უფრო დანაწევრებას შეუწყობდნენ ხელს (მეზობლების ხარჯზე, რასაკვირველია). ასეთი ვითარების გამო, ბონაპარტმა თავისი ლაშქრობის დასაწყისშივე, გარკვეული იმედგაცრუება განიცადა იტალიელთა მიმართ. იტალიელებს ის კარგად იცნობდა (ბოლოს და ბოლოს თვითონაც ხომ იტალიური ჩამომავლობისა იყო), მან კარგად იცოდა ამ ქვეყნის ისტორია, მისი გეოგრაფია, მოსახლეობის ზნე-ჩვეულება, დამახასიათებელი თავისებურებები, მაგრამ მას, ეტყობა, მაინც არ ჰქონდა ბოლომდე გათვითცნობიერებული, თუ სადამდე შეიძლებოდა მიეყვანა ხალხი საუკუნეობრივ პარტიკულარიზმს, ფეოდალურ ჩაგვრას, უცხოთაგან დამცირებას, თუ რამდენად ჩაეკლა მასში ერთიანი, ძლიერი, აყვავებული ქვეყნის ნდომის სურვილი. თავისი, ჯერ კიდევ ახალგაზრდული ცხოვრების მანძილზე (ის იმ დროს ხომ მხოლოდ 27 წლისა იყოს ნაპოლეონი მეორედ ხვდებოდა ახლისა და პროგრესულისადღმი ასეთ ინდიფერენტულობას. პირველად ეს მან თავის სამშობლოში, კორსიკაზე დაინახა, ახლა კი აქ, იტალიაში, თავისი შორეული წინაპრების სამშობლოში.
    არსებობს მოსაზრება, რომ ბონაპარტს რაღაც განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა იტალიისა და ამ ქვეყნის მოსახლეების მიმართ, თავისი მოღვაწეობის ადრეულ პერიოდში მაინც, და რომ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი, სწორედ, მისი შორეული იტალიური ფესვები იყო. ეს ალბათ არ არის ასე, ვინაიდან ბონაპარტი უკვე იმ დროს ბევრად უფრო პრაგმატული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა თავის მოქმედებებში, ვიდრე მხოლოდ შორეული წინაპრების სამშობლოს იმდღევანდელ მდგომარეობაზე ზრუნვა იყო. დასაწყისში მას შეიძლება მართლაც ჰქონდა ამ მიმართებით რაღაც თბილი გრძნობების მსგავსი, მაგრამ მოვლენათა განვითარებასთან ერთად ეს გრძნობებიც თანდათან უცივდებოდა და უქრებოდა. პარიზში გაგზავნილ კორესპონდენციებში იტალიელებს იგი უკვე დაჩაგრულ, დაბეჩავებულ, ეროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესდაკარგულ ხალხად მოიხსენიებდა, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი ქვეყნის მართვა და ეს სიტყვები კიდევ ყველაზე უარესი არ იყო. მალე მათ იგი ზარმაც, ლაჩარ და უქნარა ხალხს უწოდებდა.
    დასაწყისში იგი იტალიელების აღფრთოვანებას ცდილობდა, პათეტიკური მოწოდებებით მიმართავდა: „მოვიდა დრო, როცა იტალია ღირსეულად უნდა დადგეს მძლავრი ერების რიგებში. ჩვენ მალე ვნახავთ იტალიისათვის საუკეთესო დღეებს! იარაღი აისხით! თავისუფალი იტალია მდიდარია და ხალხმრავალი, მაშ, პრწოდნენ თქვენი და თქვენი თავისუფლების მტრები“ სიხარულს ვერ ფარავდა, როცა იტალიურ ქალაქებში მის მიერ შექმნილი ადგილობრივი ეროვნული გვარდიის ნაწილების აღლუმებს ესწრებოდა. უხაროდა, როცა გაიგებდა, რომ იტალიელი ბავშვები უკვე ანაფორებს კი არ იცმევდნენ და მლვდლობაზე კი აღარ ოცნებობდნენ, არამედ ხის ცხენებზე შესკუპებულნი ხის ხმლის ქნევით ომობანას თამაშობდნენ. მერე გაუტყდა გული, რადგან, მაინცადამაინც ვერაფერი ჯარისკაცები გამოვიდნენ ომობანას მოთამაშე ამ ბავშვებიდან. რა თქმა უნდა, დიდი მუსიკოსებისა და დიდი ხელოვანების წარმომშობ ხალხს ესეც ეყოფოდა, ომი და ლაშქრობა მისი საქმე არ იყო, მაგრამ არადა არ უნდოდა ამის გაგება ნაპოლეონ ბონაპარტს (ისე, შემდგომ წლებში, ნაპოლეონმა უპირატესად თავისი გერის, ეჟენი ბოჰარნეს შემწეობით მაინც მოახერხა იტალიელთაგან რამდენიმე საკმაოდ კარგი და ბრძოლისუნარიანი დივიზიის შექმნა, რომლებმაც 1812-13 წლების ომებში მიიღეს უშუალო მონაწილეობა).
    იტალია ნაპოლეონს საფრანგეთის მოკავშირედ და მისი პოლიტიკის გამტარებლად სჭირდებოდა. იტალიის განთავისუფლებით იგი საფრანგეთის უპირველეს მტერს, ჰაბსბურგების იმპერიას, აცლიდა ფეხქვეშ ნიადაგს. საფრანგეთის ინტერესები ამიერიდან ბონაპარტისთვის ყველაზე უმთავრესი იყო და ვინაიდან იგი სულ მალე საფრანგეთის ინტერესებთან თავის ინტერესებს გააიგივებს, მაშინ სავსებით გასაგები ხდება მთელი მისი იტალიური პოლიტიკის არსი.
მაშ გამოდის, რომ ბონაპარტის დამოკიდებულება „აპენინის მარგალიტისადმი“ მარტო პრაგმატულ ჩარჩოებში უნდა განვიხილოთ, მარტო დიდი პოლიტიკის თვალსაზრისით უნდა მივუდგეთ მას და რომანტიკული საწყისი სულ უკუვაგდოთ? თუ ასეა, მაშ, რითი ავხსნათ მისი ასეთი სწრაფვა სწორედ იტალიისაკენ, მისი დიდი ხნის ლტოლვა ამ ქვეყნისადმი? განა ბონაპარტი არ იყო 1795 წლის დასაწყისში ტენდის უღელტეხილზე მდგომი აღფრთოვანებული რომ გაჰყურებდა ნანატრ ქვეყანას და „იტალია! იტალიას“ გაიძახოდა?
    ნაპოლეონიც არ იყო გულგრილი იტალიისადმი. პირიქით, მას ძალიან უყვარდა და აღტაცებულიც იყო იტალიით. ოღონდ... ძველი, რომის დროინდელი, ანტიკური იტალიით, რკინის უძლეველ ლეგიონებს რომ აგზავნიდა მაშინდელი მსოფლიოს ყველა კუთხეში. კეისრისა და ავგუსტუსის იტალია იტაცებდა, ასეთ იტალიაზე ოცნებობდა ბონაპარტი! რესპუბლიკებს, რომელთაც ის ქმნიდა იტალიაში, ძველ რომაულ ყაიდაზე არქმევდა სახელებს: ციზალპური, ტრანსპადური, ცისპადური. მილანს ჯიუტად მედიოლანუმს უწოდებდა, შვეიცარიას – ჰელვეციას. თავის ბიულეტენებში და ჯარისკაცებისადმი მიმართვაში რომის ისტორიიდან მოჰყავდა მაგალითები, რომაელთა სამხედრო მიღწევებით აღაფრთოვანებდა მათ. ბოლოს კი, როცა ხელმწიფის გვირგვინი დაიდგა თავზე, ფრანგული ტრადიციის მიხედვით მეფედ კი არ ეკურთხა, არამედ იმპერატორი დაირქვა, ისევ რომაულ ყაიდაზე . აი, ასეთი იტალია მოსწონდა მას!
    ახლა კი, ცოტა ხნით, ბრძოლასა და პოლიტიკას თავი დავანებოთ და ბონაპარტის პირად ამბებს დავუბრუნდეთ. ვნახოთ, ლაშქრობაში გართულ გენერალს თავისი ძვირფასი ჟოზეფინა ხომ არ დაავიწყდა? თურმე არა, პირიქით. დაავიწყდა კი არა, სულ მის ხსენებაში იყო და სულ მასზე ფიქრობდა. ორი დღის ჩამოსულიც არ იყო პარიზიდან რომ უკვე წერილი მისწერა. შემდეგ წერდა ყოველდღე, ხანდახან დღეში ორჯერაც, მხურვალე გრძნობებისა და თაყვანისცემით აღსავსე წერილებს. უყვებოდა ლაშქრობის ყოველ დეტალს, აღწერდა ჩატარებულ ბრძოლებს, აცნობდა თავის თანამებრძოლებს. წერდა, რომ ყოველ გამარჯვებას მხოლოდ მას – ერთადერთსა და განუმეორებელ ჟოზეფინას – უძღვნიდა. ამავე დროს ითხოვდა ჩამოსულიყო მასთან, გვერდში ამოსდგომოდა, მისი ბედი გაეზიარებინა. საყვედურობდა, რომ საპასუხო წერილებს უგვიანებდა, იშვიათად სწერდა, მის გრძნობებს არ იზიარებდა.
    ჟოზეფინა კი ქმრის წერილებს კითხულობდა და იცინოდა, მერე მათ გვერდზე გადადებდა და თავის ჩვეულ პარიზულ ცხოვრებას აგრძელებდა. ეს ცხოვრება კი ისევ სალონურ საღამოებს, ბანკეტებს, მეჯლისებსა და სასიყვარულო ინტრიგებს გულისხმობდა. რა დროს იტალიაში წასვლა იყო? ის კი არა, ჟოზეფინას ახლა დაუდგა სანატრელი დღეები, რადგან იტალიაში ბონაპარტის გამარჯვებების ექო საფრანგეთში მას ეფინებოდა შარავანდედად. კეკლუცი ქალი უეცრად ყველასთვის სასურველი პირი გახდა. სადაც გამოჩნდებოდა, ყველა აღტაცებით გარს ეხვეოდა. მისი ბინა მუდამ ხალხით იყო სავსე – ქმარი მტრის ხელში ჩაგდებულ დროშებს მას უგზავნიდა და გახარებული პარიზელები ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ მათ სანახავად.
    სახეგაბრწყინებულ ჟოზეფინას ოვაციებს უმართავდნენ, „გამარჯვების ღვთისმშობელს“ უწოდებდნენ (ეტყობა, ღვთისმშობლის სახელს ძალიან იოლად იმეტებდნენ მაშინ საფრანგეთში). გენერალი კი ნერვიულობდა, შფოთავდა, ეჭვიანობდა. ყველაფერს მივატოვებ და უკან დავბრუნდებიო, იმუქრებოდა. „მე სასოწარკვეთილი ვარ, – წერდა ის კარნოს, დირექტორიის წევრს და სამხედრო საქმეთა გამგებელს, – ჩემი ცოლი ჩემთან არ ჩამოდის! ეტყობა, მან საყვარელი გაიჩინა და ეს აჩერებს პარიზში. ჯანდაბას ყველა ქალის თავი!“
    თუ ვინმე გაიცინებდა ამ წერილზე, ერთი უკანასკნელთაგანი, ალბათ, ლაზარ კარნო იქნებოდა. „გამარჯვებების ორგანიზატორს“ სხვაზე უკეთ ესმოდა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ომის პირობებში მთავარსარდლის წონასწორობიდან გამოყვანას, ამიტომ მან და მისმა კოლეგებმა ყველაფერი იღონეს, რათა ჟოზეფინა იტალიას გამგზავრებულიყო, ე. ი. ცოლი ქმართან რომ წასულიყო! რას იზამ, იყო ასეთი პერიოდი ბონაპარტის ცხოვრებაში. ეს რკინის კაციც ჩვეულებრივი მოკვდავი ყოფილა, თავისი სიძლიერითა და თავისი სისუსტეებით!
    შემდეგში, ორ-სამ წელიწადში, ბონაპარტს ცოლისადმი აღფრთოვანებამ გაუარა, უზომო გრძნობები გაუნელდა, და მისდამი ცოტა ირონიული დამოკიდებულება გაუჩნდა. ჟოზეფინა კი პირიქით, რაც დრო გადიოდა, მით უფრო უტკბებოდა ქმარს, მით უფრო მეტ სითბოს იჩენდა მისდამი. საყურადღებოა, რომ ეს გრძნობები მით უფრო უღვივდებოდა ჟოზეფინას, რაც ასაკი ემატებოდა, ხოლო ქმარი კი იერარქიული კიბის ახალ და ახალ საფეხურზე ადიოდა. არ შეიძლებოდა ნაპოლეონს ეს არ სცოდნოდა, ამიტომ იყო, რომ თანდათან გაუცივგდა გული ამ ქალისადმი, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ მოიშორა, ვერ გაიმეტა და ყველასათვის მოულოდნელად საფრანგეთის ტახტზეც მოისვა გვერდით. იმდენად ძლიერი იყო წარსულში სიყვარულის ეს გრძნობა, რომ ვერ შეაქცია მას ზურგი.
    რადგან ქალებზე „ჩამოვარდა“ ლაპარაკი, ბარემ, ამ თემას აქვე შევეხოთ. ქალებისადმი თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა ბონაპარტს. ქალები მას გასართობად მოსწონდა, საყვარლებადაც ჰყავდა (თუმცა იმ რაოდენობით არა, როგორც მისი მდგომარეობის კაცს შეეძლო ჰყოლოდა), გარკვეულ ყურადღებასა და კეთილგანწყობას არ აკლებდა თავის დებს, თავისი თანამებრძოლების ცოლებს, მაგრამ სერიოზული ან საქმიანი დამოკიდებულება მათდამი არც ადრე ჰქონია და არც მერე, როცა იმპერატორი გახდა. აკი პირში შეატეხა სიტყვა თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ჟერმენა დე სტალს, როცა! მან თავისი ჭკუის აღიარება მისგანაც მოითხოვა. არც ჟოზეფინას ინდობდა და შეეძლო ხალხში გაეწბილებინა დედოფალი. მაგალითად, ერთხელ ადრე, როცა ჟოზეფინას ჯერ კიდევ ჰქონდა ქმარზე ზეგავლენის მხრივ რაღაც ილუზიები, მან ვიღაც კაცი გაუგზავნა მეუღლეს სარეკომენდაციო წერილით. იმპერატორმა წერილი წაიკითხა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად წამოიძახა: უეჭველია ეს კაცი არაფრად ივარგებს, რადგან რეკომენდაციას მას ქალი აძლევსო. ან კიდევ ასეთი შემთხვევა: ნაპოლეონი ძალიან ბევრს მუშაობდა და თავის მუშაობას ადრე დილით, ჯერ კიდევ თავის საწოლ ოთახში იწყებდა. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, მასთან მოხსენებით საწოლ ოთახში მოხელეები შევიდნენ. ერთ-ერთი მათგანის, გენერალ დიუმას (მწერლის მამა) მოხსენება იმპერატორს არ მოეწონა და მისი უკმაყოფილება გამოიწვია. „შენ ბრიყვი ხარ, დიუმა, – უთხრა გენერალს ნაპოლეონმა, – ჩემი ცოლის ამ ადგილმაც უფრო მეტი იცის, ვიდრე შენ“ და პირქვე მძინარე დედოფალს გვარიანად გამობერილ საჯდომზე დაჰკრა ხელი. სხვა დროს, როცა ერთობ შილიფად ჩაცმული ჟოზეფინა რომელიღაც მეჯლისზე შემოვიდა, ქმარმა ხმამაღლა დაუყვირა: ქალბატონო, თქვენ ჩაცმა დაგვიწყებიათო და დედოფალს კარისკენ მიუთითა. თუ ასე ექცეოდა ნაპოლეონი თანამეცხედრეს, გასაგებია რა დღეს დააყრიდა სხვებს. როცა ერთხელ ნაპოლეონის თავვანისმცემელმა, ერთმა ცნობილმა იტალიელმა მომღერალმა ქალმა იმპერატორს მისი სურათი სთხოვა, ამ უკანასკნელმა ჯიბიდან თავისი გამოსახულებიანი ოქროს ფული ამოიღო და ის გაუწოდა. როგორც ვხედავთ, ჯენტლმენობა ნამდვილად არ იყო ბონაპარტის ხასიათში!
    ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, აიძულა ჟოზეფინა იტალიაში წასულიყო. ქმარი აღტაცებული შეხვდა ცოლს, ქალი კი ამრეზილი იყო, უკმაყოფილო ჩანდა. სულ წუწუნებდა, ათას რამეს იმიზეზებდა – ავადმყოფობას, დაღლილობას, ორსულობასაც კი (რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს). წასვლის მიზეზს ეძებდა, მაგრამ გენერალი არ უშვებდა. ბოლოს კი გამონახა ჟოზეფინამ გასართობი: შეიფერა ბონაპარტის ცოლობა და ლომბარდიის ერთი ქალაქიდან მეორეში დაიწყო სტუმრობა. მთავარსარდლის ხათრით მის ცოლს ყველგან დიდის ამბით ხვდებოდნენ. ყველგან გულუხვად და გულითადად მასპინძლობდნენ, მეჯლისებსა და ბანკეტებს უწყობდნენ, უხვად ასაჩუქრებდნენ და ყოველნაირად ანებივრებდნენ. ისიც დაფრინავდა და დაფარფატებდა ქმრის მიერ დაკავებული ქალაქების სასახლეებში, საკონცერტო თუ საბანკეტო დარბაზებში, კეთილისმყოფელთა და მლიქვნელთა გუნდით გარშემორტყმული და სულ ახალ და ახალ თაყვანისმცემლებს პოულობდა. ასე მიდიოდა მარი-როზ ჟოზეფინა ტაშე დე ლა პაჟერის იტალიური „გასტროლები“ და ყველაფრიდან ჩანდა, რომ იგი უკვე კმაყოფილი და ბედნიერიც კი იყო.
    ვურმზერის ლაშქრობის შემდეგ, ფრანგებმა დასვენებაც ვერ მოასწრეს, რომ უკვე სექტემბერიც დადგა და საომარი მოქმედება განახლდა. ავსტრიელი ხელისუფალნი ვერ ურიგდებოდნენ ჩრდილოეთ იტალიის დაკარგვას. მათ სასწრაფოდ შეაგროვეს ჯარის დამატებითი ნაწილები და ვურმზერს მიაშველეს. იმ დროისათვის ავსტრიელი ფელდმარშალი მდინარე ბრენტას ნაპირებზე იდგა, ქალაქ ბასანოსთან ჰოფკრიგსრატმა ვურმზერს ამჯერად ორი კოლონით შეტევა უბრძანა. ერთი კოლონა, დასავლეთისა, გენერალ დავიდოვიჩის მეთაურობით, შეტევას ტრიენტოდან დაიწყებდა, ადიჯეს ჩაყოლებით. მის ამოცანაში შედიოდა ბონაპარტის არმიის ზურგში გასვლა და მისი ლომბარდიასთან დამაკავშირებელი გზების გადაჭრა. მეორე კოლონა, ძირითადი, ვურმზერის მეთაურობით, ამჯერად ბასანოდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან დაიძვრებოდა და მანტუის ციხე-სიმაგრესთან გავიდოდა, ამ უკანასკნელის ალყის მოხსნის მიზნით. ვურმზერი და დაგიდოვიჩი, გეგმის მიხედვით, ლენიაგოსთან უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და შემდეგ ერთობლივი ძალით გაეტიათ მანტუისკენ.
    ეს გეგმა აშკარად უვარგისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელთა შემტევ კოლონებს შორის ამჯერად გარდის ტბა აღარ იყო, ურთიერთკავშირი მათ მაინც დარღვეული ჰქონდათ, რადგან ერთმანეთისგან ტიროლის ალპების განშტოებები ჰყოფდათ. ავსტრიელები ისევ ცალ-ცალკე შენაერთებით მიიწევდნენ წინ და ისევ არ ითვალისწინებდნენ მოწინააღმდეგის შესაძლო მოქმედებას. ამჯერად მათ ვერც უპირატესი ძალების დაგროვება მოახერხეს. შეტევაში მონაწილე ავსტრიული ჯარის საერთო რაოდენობა 40 ათასს არ აღემატებოდა, რაც, თითქმის, ბონაპარტის ლაშქრის ტოლი იყო. მანტუაში ჩაკეტილი აგსტრიელთა 20-ათასიანი გარნიზონი კი მაინცდამაინც მხედველობაში მისაღები არ იყო: ამ გარნიზონის მესამედი დაჭრილებსა და დაავადებულებზე მოდიოდა, ჯანმრთელები კი სიმაგრის კედლებს მიღმა არ გამოდიოდნენ და თავიანთ საველე არმიებს დახმარებას არ უწევდნენ.
    ავსტრიელებს შეტევა 4 სექტემბერს უნდა დაეწყოთ, მაგრამ ბონაპარტმა დროზე შეიტყო მოწინააღმდეგის განზრახვა და თვითონ დაასწრო მას. ფრანგი მთავარსარდალი შეტევაზე I სექტემბერს გადავიდა. მან გადაწყვიტა ჯერ დავიდოვიჩი დაემარცხებინა. ბონაპარტის ერთი დივიზია (გენერალ ვობუასი) გარდის ტბის დასავლეთით იმყოფებოდა და მას ტბის იმავე მხარეზე უნდა ემოძრავა ჩრდილოეთის მიმართულებით, რივასკენ. მასენა, თავისი შენაერთით, ადიჯეს აჰყვებოდა ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე.
    ფრანგთა ეს ორივე კოლონა როვერედოს მახლობლად უნდა შეერთებოდა ერთმანეთს. ავსტრიელთაგან განსხვავებით, ბონაპარტს თავის კოლონებს შორის კავშირი გარდის ტბაზე წინდაწინ გამზადებული ფლოტილიის საშუალებით ჰქონდა დამყარებული (საოცარი წინდახედულებაა). ფრანგთა ჯარის ორივე ფრთა ძალიან სწრაფად მიიწევდა ჩრდილოეთისკენ.
    ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დავიდოვიჩისათვის სრული მოულოდნელობა იყო ფრანგთა ლაშქრის თავის სადგომთან ასე ახლოს დანახვა. შემკრთალი და ბრძოლისთვის მოუმზადებელი ავსტრიელი გენერალი 5 სექტემბერს ზედიზედ ორ ბრძოლაში დამარცხდა – როვერედოსთან და კალიანოსთან. იმ დღეს მარტო ტყვეების სახით ფრანგებმა მოწინააღმდეგის 6 ათასი ჯარისკაცი იგდეს ხელთ. გაქცეულ მტერს ფრანგთა კავალერია გაეკიდა და ლამის მათთან ერთად შეიჭრა ტრიენტში. დავიდოვიჩის ცდას, როგორმე ლავისთან მაინც გამაგრებულიყო, შედეგი არ მოჰყოლია: სრულიად დემორალიზებული მისი ჯარი დაიფანტა და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა.
    როცა ვურმზერმა დავიდოვიჩის დამარცხების ამბავი შეიტყო, იგი შეეცადა ტრიენტისკენ წასულიყო, რათა ზურგში მოქცეოდა ფრანგების ჯარს. მაგრამ სანამ ის ბასანოსთან აგროვებდა ბრენტას გაყოლებით დაძრულ თავის ლაშქარს, ბონაპარტმა მაქსიმალური სისწრაფით გადაუხვია ლავისიდან აღმოსავლეთისკენ და პრიმოლანოზე გავლით ბასანოსკენ გაექანა. აქ მან ვურმზერს ზურგში დაარტყა და აიძულა იგი გადაბრუნებული ფრონტით ებრძოლა. ავსტრიელები დამარცხდნენ და უწესრიგოდ გაიქცნენ ისე, რომ ფრანგებს 3 ათასი ტყვე და 35 ზარბაზანი დაუტოვეს.
    ვურმზერი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ფაქტობრივად მას მხოლოდ ერთი გამოსავალი ჰქონდა: როგორმე თავი დაეღწია ფრანგების ლაშქარისათვის და მანტუის ციხესიმაგრეში შეესწრო. ავსტრიელებმა იცოდნენ რა ბონაპარტის ჯარის მოძრაობის სისწრაფე, გაქცევის რეკორდი დაამყარეს და 15 სექტემბერს მანტუას მიადგნენ. ამ ციხე-ქალაქის გარემომცველ ფრანგთა შენაერთის ერთ-ერთ მეთაურს გენერალ საიუგეს რომ შეცდომა არ დაეშვა და ვილა-იმპენტეს ხიდი გაენადგურებინა, ვურმზერი ალყაში მოხვდებოდა და დანებება მოუწევდა. მაგრამ მომენტი ხელიდან იქნა გაშვებული. ბონაპარტი ძალიან ბრაზობდა საიუგეს დაუდევრობაზე და ამბობდა, რომ არასოდეს დაუვიწყებდა მას ამ შეცდომას, მაგრამ ახლა რაღა გაეწყობოდა, ვურმზერმა მოასწრო ხიდზე გადასვლა და მანტუის გარნიზონთან შეერთება. ერთხანს, მან ამ გარნიზონის დახმარებით ბონაპარტის მეწინავე ჯარის უკუგდებაც კი სცადა, მაგრამ მასენასა და ოჟეროს დივიზიების ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ფრანგების დაწოლას ვეღარ გაუძლო და ციხე-სიმაგრეს შეაფარა თავი.
    ასე დასრულდა ვურმზერის მეორე ლაშქრობა მანტუის „გამოსახსნელად“. ავსტრიელებმა მოკლულების, ტყვეებისა და დეზერტირების სახით 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს, ფრანგებმა – 7 ათასი (ძირითადად მომქანცველი მარშების შედეგად მწყობრიდან გამოსულთა სახით). მანტუის გამოხსნის ნაცვლად ფელდმარშალი ვურმზერი ახლა თვითონ აღმოჩადა სიმაგრეში გამოკეტილი და, თუ მისი ქვეყნის ხელმძღვანელები სასწრაფო ზომებს არ მიიღებდნენ, მალე მოუწევდა დანებება.
    ვურმზერის ახალი ლაშქრობის კრახი მძიმე ლახვარი იყო ავსტრიელებისათვის. ამ ხანმოკლე კამპანიამ უკვე საბოლოოდ უჩვენა ევროპას, რომ ჩრდილოეთ იტალიაში მებრძოლ ფრანგების არმიას სათავეში, მართლაც, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მხედართმთავარი ედგა, რომელთან ბრძოლა ჩვეულებრივი მეთოდებით აღარ ხერხდებოდა და რაღაც განსხვავებული ზომების მიღებას საჭიროებდა.
    იტალიაში მიღწეული წარმატებების საპირისპიროდ, ფრანგები გერმანიაში წააწყდნენ სიძნელეებს. საომარი მოქმედების ამ ასპარეზზე ავსტრიელთა მხრიდან პირველად გამოჩნდა ახალგაზრდა მთავარსარდალი ერცჰერცოგი კარლ ჰაბსბურგი, იმპერატორის ძმა. როგორც პირველივე შეტაკებები მოწმობდა, კარლი მეტად ჭკვიანი და შეუპოვარი მხედართმთავარი იყო და მასთან ბრძოლა დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა. მართლაც, კარლის გამოჩენის შემდეგ, ომის სურათი შეიცვალა. მან, რეგენსბურგის მახლობლად, მძიმედ დაამარცხა ჟურდანის არმია და აიძულა იგი სწრაფად დაეხია უკან. ამ მარცხის შემდეგ უკან დაიხია მორომაც, რომელიც იმ დროისათვის უკვე მიუნჰენამდე იყო მისული. მორომ ოსტატური მანევრებით შეძლო თავი დაეღწია ჭარბი მოწინააღმდეგისაგან და მცირე დანაკარგებით რაინამდე მოახერხა დაბრუნება.
ასეთ ვითარებაში, ფრანგებს ოცნებაც აღარ შეეძლოთ კამპანიის პირველსაწყისი გეგმის შესრულებაზე. ერთ ხანს მათ თავი უნდა დაენებებინათ ტიროლში ბონაპარტის, ჟურდანისა და მოროს არმიების შეერთების იდეისათვის. გერმანიაში მოპოვებულმა წარმატებამ ვენის სამეფო კარს ფრთები შეასხა. ახლა მისი მთავარი ყურადღება ჩრდილოეთ იტალიისკენ იყო მიპყრობილი. ავსტრიელებმა გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, მოეხსნათ მანტუის ალვა და იქ ჩაკეტილი ვურმზერი გადაერჩინათ თავისი 20 ათასი ჯარისკაცითურთ. ახალი ლაშქრობის მომზადების საქმეში ჰოფკრიგსრატმა შესაშური ენერგია გამოიჩინა. ამ ენერგიის წყარო, ერთი მხრივ, ჰაბსბურგთა თავმოყვარეობა და, მეორე მხრივ, ინგლისური მილიონები იყო, რომლებიც უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა ვენისაკენ, კოალიციის საერთო საქმის სასარგებლოდ, მთელი ავსტრია ფეხზე დადგა. სასწრაფოდ იქნენ მობილიზებული რეკრუტები ხორვატიასა და სლოვენიაში, ტიროლში თავი მოუყარეს იქაურ სახელგანთქმულ მსროლელებს, ხოლო რაინისპირეთში ერცჰერცოგ კარლის ბრძოლებში გამობრძმედილ რამდენიმე შენაერთს და ყველანი იტალიაში გაგზავნეს დავიდოვინისა და კვაჟდანოვიჩის არმიების შესავსებად. ოპერაციის საერთო ხელმძღვანელობა ვენის უმაღლესმა ხელისუფლებამ ფელდმარშალ იოზეფ ალვინცის დაავალა. უნგრული წარმოშობის ალვინცი გამოცდილი სარდალი იყო და მასზე ვენა დიდ იმედებს ამყარებდა. ავსტრიელთა მოქმედების გეგმა ვურმზერის მეორე ლაშქრობის გეგმის მსგავსი იყო. მანტუისაკენ ამჯერადაც ორი კოლონა დაიძვრებოდა. ერთი, ე. წ. ტიროლური კოლონა, გენერალ დავიდოვიჩის მეთაურობით (20 ათასი კაცი), ტრიენტიდან წამოვიდოდა და მდინარე ადიჯეს ჩაჰყვებოდა. მეორე, ე. წ. ფრიულის კოლონა, გენერალ კვაჟდანოვიჩისა (30 ათასი ჯარისკაცი), დასავლეთიდან ბასანოზე გავლით ვერონისკენ წავიდოდა. ორივე კოლონა სწორედ ვერონის სიახლოვეს უნდა შეერთებულიყო. გეგმის მიხედვით, ორივე არმია შეტევას 3 ნოემბერს დაიწყებდა.
    ამ დროისათვის ფრანგების ჯარი ასე იყო განლაგებული. ჩრდილო-დასავლეთით, ტრიენტოსა და ლავისაში, გენერალ ვობუას დივიზია იდგა, ვერონაში – გენერალ ოჟეროსი, ხოლო მასენა, თავისი შენაერთით, მდინარე ბრენტაზე იმყოფებოდა. ფრანგების ჯარის საერთო რაოდენობა 32 ათასს არ აღემატებოდა. გენერალ კილმენის 9 ათასიანი შენაერთი – ისევ მანტუის გარნიზონს დარაჯობდა.
    როგორც კი ბონაპარტის ყურამდე მიაღწია ამბავმა ავსტრიელების ლაშქრობის დაწყების შესახებ, მან დაუყოვნებლივ უბრძანა ვობუას შეეტია თავისი დივიზიით დავიდოვიჩისათვის და როგორმე უკუეგდო ან შეეჩერებინა იგი. თვით ბონაპარტმა კი გადაწყვიტა მასენასა და ოჟეროს შენაერთებით ჯერ კვაჟდანოვიჩისთვის დაერტყა ბასანოს მიდამოებში (ავსტრიელთა მთავარსარდალი ალვინცი ამ კოლონას მოჰყვებოდა) და შემდეგ შეეტია ზურგიდან დავიდოვიჩისთვის. არსებითად ეს ბონაპარტის მიერ ვურმზერის მეორე ლაშქრობის დროს გამოყენებული გეგმის სარკისებრი ანარეკლი იყო. მაგრამ ამჯერად საქმე სხვაგვარად წარიმართა. ვობუამ დავიდოვიჩის შეჩერება ვერ შეძლო და ნელ-ნელა კალიანოსკენ დაიხია. 6 და 7 ნოემბერს მან ავსტრიელთა რამდენიმე შეტევა კი მოიგერია, მაგრამ, ბოლოს იძულებული გახდა რივოლის პლატომდე დაეხია და იქ გამაგრებულიყო. დავიდოვიჩი, თავისი ორჯერ მეტი ჯარით, რივოლის პოზიციებზე იერიშის მიტანას ვერ ბედავდა და უქმად ატარებდა დროს (თან ვობუამ მოხერხებულად გაავრცელა ხმები, თითქოს მას დიდძალი დამხმარე ძალა მოსვლოდა).
    თვით ბონაპარტი 6 ნოემბერს ბასანოსთან შეებრძოლა ალვინცის. შეტაკება მთელ დღეს გრძელდებოდა და, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა. რიცხვით ჭარბმა ავსტრიელებმა ვერ დაამარცხეს ფრანგები, მაგრამ ვერც ამ უკანასკნელებმა მიაღწიეს რაიმე ხელშესახებ წარმატებას. იმავ ღამით ნაპოლეონმა ცნობა მიიღო ვობუას უკანდახევის შესახებ. მანძილი მასა და ვობუას შენაერთს შორის საკმაოდ დიდი იყო და გართულების შემთხვევაში ბონაპარტი ვერ მოასწრებდა მისთვის დახმარების გაწევას. ამიტომ მან გადაწყვიტა ვერონასკენ დაეხია. ალვინცი ძალიან ნელა მოჰყვებოდა უკან. 12 ნოემბერს კოლდიეროსთან ბონაპარტმა სცადა იერიში მიეტანა ალვინციზე, რომელიც იმ დროისათვის ძლიერ პოზიციაზე იყო გამაგრებული. ბრძოლა შეუპოვარი გამოდგა. მთის კალთებზე განლაგებულ ავსტრიელებს ფრანგებმა ბევრი უტრიალეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს, ხოლო როცა ბრძოლის ველს მათი მარქაფა ჯარი მიუახლოვდა, სასწრაფოდ იკადრეს უკანდახევა. შეიქმნა კრიტიკული მდგომარეობა. იქნებ უარესიც, გიდრე კასტილიონეს ბრძოლის წინ იყო, ვურმზერის პირველი ლაშქრობის დროს, ფრანგებს წინიდან ალვინცი ემუქრებოდა ძირითადი ძალებით (25 ათასი ჯარისკაცი), უკნიდან – მანტუის 20 ათასიანი გარნიზონი, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს შეეძლო სიმაგრიდან გამოსვლა, მის წინ მდგომი კილმენის შედარებით მცირერიცხოვანი შენაერთის უკუგდება და ბონაპარტის არმიის ზურგში გასვლა. ჩრდილოეთიდან ფრანგებს დავიდოვიჩის კორპუსი ავიწროებდა და თუ ეს გენერალი ენერგიულად შეუტევდა ვობუას 5-ათასიან დივიზიას, იგი მას დაამარცხებდა და აგრეთვე ბონაპარტის ზურგში მოექცეოდა.
    შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში ბონაპარტს რომ მანტუის ალყისთვის თავი დაენებებინა და მთელი ჯარით მინჩოსკენ დაეხია, მაშინ ავსტრიელთა სამივე შენაერთი გაერთიანდებოდა და მათი რიცხვი 60 ათასს გადააჭარბებდა. ამოდენა არმიასთან ფრანგები ვეღარაფერს გააწყობდნენ და მთელ ჩრდილოეთ იტალიას დაკარგავდნენ. აქ მხედველობაშია მისაღები აგრეთვე იტალიის ის საჰერცოგოები და რესპუბლიკები, რომლებიც მუდმივად „ჩასაფრებული“ იყვნენ და ფრანგების პირველივე წარუმატებლობას ელოდებოდნენ, რომ მათ ყელში (სინამდვილეში ზურგში) სწვდომოდნენ. ეს აუცილებლად მოხდებოდა, ბონაპარტს რომ უკან დაეხია, ხოლო თუ ეს მოხდებოდა, მაშინ საეჭვო იქნებოდა მისი არმიის, საერთოდ, იტალიიდან გაღწევა. ამას ყველაფერს ადრეც ითვალისწინებდა ნაპოლეონი და იმიტომ სთხოვდა დირექტორიას მაშველი ჯარის გამოგზავნას. მაგრამ პარიზიდან მხოლოდ ფულისა და ძვირფასი ნივთების წასაღებად მოდიოდა ხალხი, რეალური დამხმარე ძალა კი არ ჩანდა. ვინ იცის, იქნებ უკვე აწყობდა კიდეც დირექტორიას მისი დაღუპვა?
    დადგა მთელ კამპანიაში ყველაზე საბედისწერო მომენტი. ფრანგებისათვის გამოსავალი თითქოს არ ჩანდა. და აქ ბონაპარტმა ისევ გამოავლინა სულის არაჩვეულებრივი სიმტკიცე და ზუსტი განჭვრეტის უნარი. თავისი შემდგომი მოქმედება მან ღრმა ფსიქოლოგიური გათვლის საფუძველზე ააგო. ბონაპარტს, ჩვეულებისამებრ, ყოველმხრივ ჰყავდა შესწავლილი მოწინააღმდეგე და კარგად იცნობდა მისი მხედართუფროსების ხასიათის თაგისებურებებს. სწორედ, ამ თავისებურებებზე აიგო ის გეგმა, რომლის შესრულებამაც მას, თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფს, უდიდესი წარმატება მოუტანა. ახლა ვნახოთ, თუ რა გეგმა იყო ეს და როგორ შესრულდა იგი.
    ბონაპარტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ავსტრიელთა განცალკევებული კოლონების შეერთების არდაშვება. შექმნილ ვითარებაში ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა. რომელ კოლონასაც დაუდგებოდა წინ ბონაპარტი თავისი ჯარით, მის ზურგში აუცილებლად გამოჩნდებოდა ავსტრიელთა მეორე კოლონა (ეს უკეთეს შემთხვევაში, უარესში – ვურმზერიც გამოვიდოდა მანტუიდან). კატასტროფა გარდუვალი იყო. მდგომარეობას გამოუვალს ისიც ხდიდა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფრანგებს უკანდახევაც არ შეეძლოთ, რადგან ისიც სრული განადგურებით დასრულდებოდა, – უბრალოდ, ცოტა მეტი დროის შემდეგ.
    ასეთ ვითარებაში ბონაპარტმა გადაწყვიტა ზურგიდან შემოევლო ავსტრიელთა მთავარი ძალის – ალვინცის არმიისათვის! იმისათვის, რომ არ დაეშვა მოწინააღმდეგის შენაერთების გაერთიანება, ბონაპარტს უნდა უკუეგდო ერთ-ერთი მათგანი. უშუალო შეტევით ეს ახლა აღარც მოესწრებოდა და არც მოხერხდებოდა (გავიხსენოთ კოლდიეროს პოზიციების წარუმატებელი იერიში სამი დღის უკან). აი, ალვინცის ზურგში გასვლით კი იგი აიძულებდა ავსტრიელ ფელდმარშალს დაეტოვებინა კოლდიეროს მიუვალი პოზიციები და ბრძოლის ასპარეზიდან დაეხია (ის, თუ რატომ მაინცდამაინც ალვინცის შენაერთი აირჩია ნაპოლეონმა, ადვილად გასაგებია. დავიდოვიჩზე ის ვერ წავიდოდა უბრალოდ იმის გამო, რომ, მაშინ, ზურგში ავსტრიელთა მთავარი ძალები დარჩებოდნენ).
    ბონაპარტმა, რომელიც შესანიშნავად იცნობდა ადგილმდებარეობას, იცოდა, რომ ალვინცის მარჯვნივ გაუვალი მთები იყო, მარცხნივ – მდინარე ადიჯე, რომელსაც ფრანგები აკონტროლებდნენ, პირდაპირ კი – ვერონის ციხე-სიმაგრე საკმაოდ ძლიერი გარნიზონით. ზურგი ალვინცის დაუცველი ჰქონდა. ამიტომ, თუ ის ზურგიდან დაუპირებდა მას შემოვლას, ალვინცი დაუყოვნებლივ დატოვებდა კოლდიეროს პოზიციას და შეეცდებოდა ამ სამკუთხედიდან გასვლას. თუ გარსშემოვლის ოპერაცია სწრაფად და წარმატებით დამთავრდებოდა, მაშინ ბონაპარტი აიძულებდა ავსტრიელ ფელდმარშალს გადაბრუნებული ფრონტით ეომა, ხოლო თუ გარსშემოვლა ნაწილობრივი იქნებოდა, ამასაც არა უშავდა რა, რადგან ალვინცი, ყველა შემთხვევაში, მაინც მოშორდებოდა დაკავებულ ადგილს, ე.ი. ფრანგებისთვის ყველაზე სახიფათო ზონას.
    კოლდიეროს პოზიციების გარსშემოვლისათვის ბონაპარტს მდინარე ადიჯეს გადალახვა დასჭირდებოდა. ადვილი შესაძლებელი იყო (და უფრო სავარაუდო), რომ ალვინცი მიიღებდა გამოწვევას და ყოველმხრივ შეუშლიდა ფრანგებს ხელს მდინარის გადალახვაშიც და პლაცდარმის დაკავებაშიც. ეს ბრძოლები შეიძლება გენერალურ შერკინებაში გადაზრდილიყო, ამიტომ ნაპოლეონს რაც შეიძლება მეტი ჯარი უნდა წაეყვანა თან. სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სად უნდა ეშოვა მას ეს ჯარი? და აი, სწორედ, აქ ამუშაგდა ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ასე მარჯვედ გაითვალისწინა ფრანგმა მთავარსარდალმა.
    ბონაპარტმა ივარაუდა, რომ დავიდოვიჩი, ბუნებით ფრთხილი კაცი, რომელიც აგვისტო-სექტემბერში ვურმზერის ლაშქრობებში მონაწილეობდა და არაერთხელ განიცადა დამარცხება, ახლაც, ნოემბერში, ისე გაუბედავად მოქმედებდა მასზე ბევრად ნაკლები ძალის მქონე ვობუას წინააღმდეგ, რომ ეტყობოდა შიშს ჰყავდა ატანილი და, ამდენად, ვერც სწრაფ წინსვლას გაბედავდა ბონაპარტის ზურგში გასასვლელად. ასეთ შემთხვევაში მთავარსარდალს ვობუასაგან შეეძლო მტრისგან ფარულად წამოეყვანა ჯარის ერთი ნაწილი და მთავარი ძალებისთვის შეეერთებინა.
    ბონაპარტმა ივარაუდა, რომ ორჯერ სასტიკად დამარცხებული და მანტუის ციხე-სიმაგრეს თავშეფარებული ვურმზერიც არ მიატოვებდა სიმაგრეს და სანამ საბოლოო წარმატების გარანტია არ ექნებოდა, იქიდან ფეხს არ მოიცვლიდა. თუ ეს ასე იყო, მაშინ მას შეეძლო კილმენისაგან, ისევ მტრის ფარულად, წამოეყვანა მოალყე ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარი ძალებისთვის შეეერთებინა.
    ბონაპარტმა ივარაუდა, რომ ფელდმარშალი ალვინცი ვერ გადალახავდა ავსტრიელ სამხედრო მოღვაწეთა ტრადიციულ შიშს თავიანთი ფლანგების გარსშემოვლის საფრთხის წინაშე და დატოვებდა კოლდიეროს უძლიერეს პოზიციებს.
    ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. გამართლდა ბონაპარტის ვარაუდი: არც დავიდოვიჩს მოუცვლია ფეხი თავისი პოზიციიდან, არც გურმზერს უცდია მანტუიდან გამოსვლა და არც ალვინცი დარჩენილა გულგრილი ფრანგების გარსშემოვლითი მანევრისადმი.
    სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც ნაპოლეონის ომებსა და ლაშქრობებს იკვლევდნენ, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მისი არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება – გადაელახა ადიჯე და მოწინააღმდეგის მთავარი ძალების ზურგში გასვლის მანევრი შეესრულებინა, – ერთადერთი სწორი იყო შექმნილ უმძიმეს ვითარებაშიო. ჩვენი აზრით კი, ალბათ, ერთადერთიც არ იყო, არამედ რაღაც სხვა, ისეთი, რომელიც აღრიცხვას არ ექვემდებარება და მხოლოდ გენიოსის „გენეტიკურად დაპროგრამებულ ტვინში“ თუ გაიელვებს ხოლმე. ბონაპარტი, მთელი თავისი არმიით, რონკოსთან აპირებდა ადიჯეს გადალახვას. მან ეს ადგილი იმიტომ აირჩია, რომ მდინარის მარცხენა ნაპირი იქ სულ დაჭაობებული იყო და მოძრაობა მხოლოდ სამ ხელოვნურად ნაგებ კაშხალზე შეიძლებოდა. თუ ავსტრიელები მოუსწრებდნენ ფრანგებს მდინარის გადალახვის პროცესში, მაშინ მათაც მხოლოდ კაშხალებზე ბრძოლა მოუწევდათ და რიცხობრივი უპირატესობა გაუქარწყლდებოდათ.
    ბონაპარტი 14 ნოემბერს გავიდა ვერონიდან დასავლეთის, ე. წ. მილანის, ჭიშკრიდან და 4 დღის შემდეგ დაბრუნდა ქალაქში, ვერონელების გასაოცრად, აღმოსავლეთის; ე. წ. ვენეციის, კარიბჭიდან. ამ დღეების განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთით ვერონიდან მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლა მდინარეების – ადიჯეს, ალპონასა და არკოლეს ნაპირებზე. პირველმა ორმა დღემ ფრანგებს წარმატება ვერ მოუტანა. ორივე მხრიდან იერიშს იერიში მოსდევდა, ხიდები და მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტები ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ მათ მყარად შენარჩუნებას ვერავინ ახერხებდა. ღამით ნაპოლეონს ჯარი ისევ ადიჯეს მარჯვენა ნაპირზე გადაჰყავდა (ვარაუდი ვარაუდად იყო, მაგრამ ვაი თუ ვურმზერი ან დაგიდოვიჩი მაინც გამოიჩენდნენ აქტივობას.). ფრანგების ასეთმა დაჟინებულმა შეტევებმა და მათი მთავარსარდლის რაღაც გაუგონარმა სიჯიუტემ, რაც მაინცდამაინც ავსტრიელთა ზურგში გასვლის სურვილში გამოიხატებოდა, ფელდმარშალი ალვინცი ძალიან შეაშფოთა. უკვე 15 ნოემბრის საღამოსვე ჩაიქნია მან ხელი მანტუის დებლოკადაზე და ახლა ის ამ უცნაური მოწინააღმდეგისგან თავის დახსნაზე უფრო ფიქრობდა. ხელჩართული ბრძოლა კი გრძელდებოდა. ერთი პირობა თვითონ ბონაპარტი წაუძღვა თავის ჯარს არკოლეს ხიდზე, დროშით ხელში, მოწინააღმდეგის ტყვიების წვიმაში. ბევრი გაიხსენებს, ალბათ, ამ ბრძოლის თვითმხილველის მხატვარ გროს შესანიშნავ სურათს „ბონაპარტი არკოლეს ხიდზე. მთავარსარდლის მსგავსად არავინ ზოგავდა თავს, თითქმის ყველა ფრანგმა გენერალმა ჭრილობა მიიღო. ამ ბრძოლებში ორივე მხარემ დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა, მაგრამ შესამე დღის მიწურულს ავსტრიელები შედრკნენ. როცა ბონაპარტმა, გადამწყვეტ მომენტში, ავსტრიელებს ფლანგიდან მიუსია თავისი ცხენოსნები, ხოლო ოჟერომ ძლიერი იერიში მიიტანა ცენტრიდან, ავსტრიელთა რიგები აირია. იმ დროისათვის ალვინცის მწყობრში სულ 15 ათასი ჯარისკაცი დარჩა. დაღლილმა, განერვიულებულმა და სულით დაცემულმა ფელდმარშალმა ვეღარ გაუძლო დაძაბულობას და უკანდახევა ბრძანა. არკოლესთან ავსტრიელებმა 7 ათასი კაცი დაკარგეს, ხოლო ფრანგებმა – 4 ათას ხუთასი. მაგრამ ავსტრიელებისათვის მთავარი ახლა დანაკარგი კი არ იყო, არამედ ის, რომ ფრანგებმა მოახერხეს მათი კოლდიეროს უძლიერესი პოზიციიდან უკუგდება და ახლა შეეძლოთ მთელი ყურადღება დავიდოვიჩის შენაერთისკენ მიემართათ.
    მართლაც, მას შემდეგ რაც აღმოსავლეთის მხარეს ბონაპარტს ხელები გაეხსნა, მან თავისი ჯარი დასავლეთით, დავიდოვიჩისკენ მიმართა. ამ უკანასკნელმა კი შეტაკებას, რა თქმა უნდა, თაგი აარიდა და სასწრაფოდ დაიხია ტრიენტოსკენ. ეს ავსტრიელთა საბოლოო დამარცხების აღიარების ტოლფასი იყო. ალვინცის ლაშქრობაც სრული მარცხით დამთავრდა. ორ კვირაზე ცოტა მეტ ხანში ბონაპარტმა ავგსტრიელთა ორივე შემტევი კოლონა უკუაგდო და მათ არათუ მანტუის გამოხსნის საშუალება არ მისცა, არამედ ქალაქის სიახლოვესაც არ გააკარა ისინი. არკოლემ წერტილი დაუსვა მათ ამბიციებს.
    ნოემბრის ბრძოლებში ბონაპარტმა დიდი სამხედრო ოსტატობა გამოავლინა. კრიტიკულ მომენტში მის მიერ წარმოებული ჯარების გადასროლა ფრონტის გადამწყვეტ უბნებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. იტალიაში მოპოვებულმა გამარჯვებამ საფრანგეთის ხელისუფლებს შესაძლებლობა მისცა ავსტრიელებისთვის დაზავება შეეთავაზებინათ. თავის მხრივ ავსტრიელებმა, რომელთაც დიდ წარმატებას მიაღწიეს გერმანიაში, ზავზე უარი განაცხადეს. მათ ბრძოლის გაგრძელება და ვურმზერის მანტუიდან გამოხსნა გადაწყვიტეს. ჰაბსბურგების მედიდური უარი იმას ეფუძნებოდა, რომ გერმანიაში დამარცხებული ფრანგები კარგა ხანს ვერ მოეგებოდნენ გონს და აქტიურ მოქმედებას იქ ვერ დაიწყებდნენ. ამასობაში კი ალვინცის გაძლიერებულ ლაშქარს საშუალება მიეცემოდა ბოლოს და ბოლოს დაემარცხებინა ბონაპარტი და მანტუის გარნიზონი გამოეხსნა ალყიდან. მერე კი მთელი ჩრდილოეთ იტალიის უკან დაბრუნების პერსპექტივაც გამოჩნდებოდა. ასე რომ, იმ მომენტში, ვენას ზავის დადება არ აწყობდა.
    ამ პოლიტიკის განსახორციელებლად იმპერატორმა ფრანცმა ფელდმარშალ ალვინცის დეკემბრის დასაწყისში უბრძანა სასწრაფოდ დაეწყო სამზადისი იტალიაში ხელახალი გალაშქრებისათვის. ალვინციმ მოსამზადებლად მეტი დრო ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვენაში იცოდნენ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო მანტუის გარნიზონი და ამიტომ აჩქარებდნენ მას. სასწრაფოდ ჩატარდა რეკრუტთა მობილიზაცია ხორვატიასა და ილირიაში, გადმოსროლილი იქნა დამატებითი ნაწილები რაინიდან ტიროლში და ამგვარად, ალვინცის ჯარის საერთო რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამჯერად ავსტრიელებმა ვერ მოახერხეს სრულფასოვანი არმიის შექმნა. ბევრი იყო მათ ლაშქარში გამოუცდელი და მოუმზადებელი ჯარისკაცი, და საერთოდაც, ჯარის რაოდენობა არ იყო საკმარისი იმ რთული ამოცანის გადასაწყვეტად, რისთვისაც ის იგზავნებოდა.
    იმ დროისათვის ბონაპარტის არმიაც ვერ იყო მაინცდამაინც კარგ დღეში. ნოემბრის მძიმე ბრძოლებმა საკმაოდ მოქანცეს და დაასუსტეს იგი. დახმარება, რომელსაც მთავარსარდალი გაუთავებლად ითხოვდა პარიზიდან, ხშირად უყურადღებოდ რჩებოდა. მაგრამ ახლა, როცა გერმანიაში აქტიური ოპერაციები შეჩერებული იყო, ბონაპარტს იმედი ჰქონდა, რომ დირექტორია დამხმარე ძალას გამოუგზავნიდა. მას მართლაც გამოუგზავნეს ერთი დივიზია რეის მეთაურობით, ზღვისპირეთიდან, მაგრამ ამ დივიზიის ნახევარი პროვანსში დარჩა, რადგან სამხრეთ საფრანგეთში როიალისტთა აქტივობამ საშუალება არ მისცა მას სრულყოფილი სახით წარმდგარიყო ბონაპარტის წინაშე. ასე რომ, რეიმ სულ 6 ათასი ჯარისკაცი მიუყვანა მას.
    ამავე დროს, დირექტორიამ იოლად გამონახა საშუალება, რათა 25 ათასი ჯარისკაცი ირლანდიაში გასაგზავნი ექსპედიციისათვის გამოეყო. ეს ექსპედიცია, რომელსაც ლაზარ ჰოში ჩაუყენეს სათავეში, ინგლისის წინააღმდეგ იყო მიმართული და მიზნად მის სამაგალითოდ დასჯას ისახავდა. მაგრამ, როგორც მალე გამოირკვა, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. საფრანგეთი ერთდროულად, რაინზე, იტალიაში, ახლა კი ზღვისგადაღმა ირლანდიაში აქტიურ საომარ მოქმედებებს ვერ აწარმოებდა. მართლაც, ირლანდიის „ავანტიურიდან“ არაფერი გამოვიდა. პირველივე რაზმი, რომელიც ამ კუნძულისკენ გაგხავნეს, მართალია, ინგლისელთა მოდარაჯე ფლოტს კი დაუსხლტა ხელიდან, მაგრამ ზღვის სტიქიას ვერ გადაურჩა და ატლანტიკის სივრცეებზე გაიფანტა. შემდეგი ექსპედიციებისაგან კე თავის შეკავება არჩიეს.
    ასე რომ, დირექტორიის უთაობით ვერც ინგლისს ავნეს რამე და ვერც ბონაპარტს მიეხმარნენ რიგიანად. ეს 25 ათასი ჯარისკაცი რომ მისთვის მიეშველებინათ, მანტუაც მალე დაეცემოდა და ჩრდილო-აღმოსავლეთი იტალიაც ფრანგების ხელში გადავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა და ბონაპარტსა და მის არმიას ისევ, უკვე მერამდენედ, ახალი ბრძოლები ელოდათ ჰიდრას თავივით ხელახლა ამოსულ მოწინააღმდეგესთან. დეკემბრის ბოლოსათვის დირექტორიამ, როგორც იქნა, გაიმეტა იტალიური არმიისთვის დახმარება და რაინიდან ორი დივიზია გაუგზავნა მას. ეს მნიშვნელოვანი ძალა იყო, მაგრამ როგორც დაზვერვითი მონაცემები მოწმობდნენ, ავსტრიელები მათ მისვლამდე აპირებდნენ საომარი მოქმედებების განახლებას. ასე რომ, მომავალ კამპანიაში ეს დივიზიები ბონაპარტს ვერაფერში გამოადგებოდნენ.
    1797 წლის იანვრისათვის ფრანგთა ლაშქარი ასე იყო განლაგებული: სერიურიეს დივიზია ისევ მანტუას ყარაულობდა, ოჟეროსი ადიჯეს გაყოლებაზე იდგა (ლენიაგოდან გერონამდე), თვით ვერონაში და მისგან ჩრდილოეთით მასენას დივიზია იყო, ხოლო ყველაზე შორს, რივოლის პლატოზე, გარდის ტბის მიდამოებში, გენერალ ჟუბერის დივიზია იმყოფებოდა (ბარტელემი ჟუბერი ახლადმოსული იყო იტალიურ არმიაში და მას ის დიდებული საქმეები ჯერ არ ჩაედინა, რითაც ასე ისახელა თავი მომავალში). ეს იყო ბონაპარტის ძირითადი ძალები. გარდის ტბის სამხრეთ ნაპირებთან, დეზანცანოში, კიდევ იდგა რეის დივიზია 4 ათასი კაცით. ამრიგად, ფრანგების საერთო რაოდენობა 43 ათასს კი უახლოვდებოდა, მაგრამ, რადგან სერიურიეს დივიზია უშუალო საბრძოლო ოჰერაციებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა (ყოველ შემთხვევაში, ძირითად ეტაპზე მაინც), სინამდვილეში, მათი რიცხვი 32 ათასს არ აღემატებოდა.
    იანვრის დასაწყისში ბონაპარტი პაპის სამფლობელოსკენ გაემართა. იგი იმ დროს ბოლონიის მიდამოებში იმყოფებოდა და მას თან ლანის რაზმი ახლდა 4 ათასი კაცის რაოდენობით. პაპი ფრანგთა წინააღმდეგ ინტრიგებს ქსოვდა და მგზნებარე მოწოდებებისა და წყევლა-კრულვის გარდა, ახლა ჯარსაც აგროვებდა მათ წინააღმდეგ. ეს ბონაპარტმა კარგად იცოდა, და ამიტომ იგი წინასწარი ზომების მიღებას აპირებდა. სწორედ, ბოლონიაში ყოფნისას მიიღო მან სასწრაფო შეტყობინება ავსტრიელთა შეტევაზე გადასვლის შესახებ. მთავარსარდალმა ლანს ოთხიდან ორი ათასი ჯარისკაცი „წაართვა“ და სასწრაფოდ ლენიაგოსკენ წაიყვანა. ჩვეულებისამებრ, ბონაპარტს თავისი ჯარი ისე ჰყავდა განლაგებული, რომ მის ყველა შენაერთს, სულ დიდი, ორ დღეში შეეძლო თავმოყრა ფრონტის ნებისმიერ უბანში.
    ავსტრიელების საომარი მოქმედების გეგმა, როგორც ვთქვით, ნაჩქარევად იყო შედგენილი. ამის გამო იგი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა. გეგმის ავტორი, ალვინცის შტაბის უფროსი, გენერალი ვეიროტერი იყო. ამ გეგმის მიხედვით, ავსტრიელებს მთავარი დარტყმა ტიროლიდან უნდა მიეყენებიათ ფრანგებისათვის. ამ მიზნით 28 ათასი ჯარისკაცი უნდა დაჰყოლოდა მდინარე ადიჯეს ხეობას, უკუეგდო ან გაენადგურებინა რივოლის პლატოზე განლაგებული ჟუბერის დივიზია და მერე მინჩიოს პარალელურად წასულიყო ქალაქ მანტუისაკენ. ამავე დროს ავსტრიელთა მეორე კოლონა, გენერალ პროვერას მეთაურობით, წამოვიდოდა ალმოსავლეთის მხრიდან, პადუის გავლით და, დაამარცხებდა რა ლენიაგოსთან მდგომ ოჟეროს შენაერთს, იქვე გადალახავდა ადიჯეს და ისიც მანტუისკენ წავიდოდა. ალვინცისა და პროვერას კოლონები სწორედ ამ გარემოცულ ციხე-ქალაქთან შეხვდებოდნენ ერთმანეთს. გარდა ამისა, ავსტრიელებს ჰყავდათ კიდევ ერთი დამხმარე კოლონა, გენერალ ბაიალიჩისა, რომელიც მცირერიცხოვანი იყო (6 ათასი ჯარისკაცი) და მხოლოდ ვერონაზე შეტევის დემონსტრაციისთვის იყო განკუთვნილი.
    ავსტრიელთა გეგმის ხარვეზები თვალშისაცემი იყო, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ იგი კვლავ განცალკევებული, ურთიერთსდაშორებული კოლონებით მოქმედებას ითვალისწინებდა და კიდევ იმაში, რომ მთავარი დამრტყმელი კოლონა მოძრაობდა მთებში, თოვლით დაფარულ გზებზე, სადაც ფრანგებს იოლად შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა და მისი მსვლელობის შეფერხება.
    ავსტრიელები პროვერას კოლონის მოძრაობაზე ამყარებდნენ დიდ იმედს. მათ ეგონათ, რომ ბონაპარტი, სწორედ, პროვერას კოლონას მიიჩნევდა ძირითადად და თავის მთავარ ძალებს სადღაც ლენიაგოს მიდამოებში მოუყრიდა თავს. ამასობაში კი ალვინცი, იოლად გადალახავდა ჟუბერის დივიზიის წინააღმდეგობას, მანტუისკენ წავიდოდა, გამოიხსნიდა ვურმზერს და მასთან გაერთიანებული ლაშქრით ზურგში მოექცეოდა ბონაპარტს. ხოლო თუ როგორ უპასუხებდა ეს უკანასკნელი მოწინააღმდეგის სვლებს, ამას ავსტრიელი გენერლები კვლავ არ ითვალისწინებდნენ, უკვე მერამდენედ.
    მანტუის სიმაგრეში ჩაკეტილ ვურმზერს ვენიდან საიდუმლო წერილი გაუგზავნეს. წერილს, რომელიც, რატომღაც, ფრანგულად იყო დაწერილი, თვით იმპერატორი ფრანცი აწერდა ხელს. იგი ამხნევებდა მოხუც ფელდმარშალს და მალე გამოხსნას ჰპირდებოდა. მაგრამ თუ ღმერთი გაწყრებოდა და მაშველი დააგვიანებდა, მაშინ ვურმზერს უნდა დაეტოვებინა მანტუა, გაჭრილიყო რომანიას პროვინციისკენ, იქ შეერთებოდა პაპის არმიას და ისე დაბრუნებოდა საბრძოლო ასპარეზს. წერილი ვურმზერამდე არ მისულა, იგი ფრანგებს ჩაუვარდათ ხელში.
    9 იანვარს დილით, პროვერას კოლონამ, რომელიც აღმოსავლეთიდან – პადუის მხრიდან მოდიოდა, ოჟეროს დივიზიის ავანპოსტებზე მიიტანა იერიში. მეორე დღეს ბაიალიჩის კოლონამაც შეუტია ვერონის შემოგარენში განლაგებულ მასენას დივიზიის მეწინავე ნაწილებს. ბონაპარტმა, რომელიც იმ დროს უკვე ვერონის მიდამოებში აგროვებდა თავის ჯარს, ჯერ არ იცოდა რომელ მიმართულებაზე ჰყავდა მოწინააღმდეგეს მთავარი ძალები ამოქმედებული. მაგრამ მას შემდეგ, რაც მასენამ იოლად უკუაგდო ბაიალიჩის კოლონა, მისთვის მძიმე დანაკარგებით, ხოლო ოჟეროს მიერ ხელში ჩაგდებულმა ავსტრიელმა ტყვეებმა მნიშვნელოვანი ცნობები მიაწოდეს ბონაპარტს, ამ უკანასკნელმა ივარაუდა, რომ მოწინააღმდეგე მთავარ იერიშს რივოლის პლატოზე მიიტანდა. ასეც მოხდა. 13 იანვარს, ნაშუადღევს, ნაპოლეონს ჟუბერისგან მაცნე მოუვიდა, რომელმაც მთავარსარდალს შეატყობინა ავსტრიელთა მთავარი ძალების შეტევის შესახებ. ალვინციმ თავისი 28-ათასიანი არმია 6 კოლონად დაყო. მან იცოდა, რომ მის წინ მხოლოდ ჟუბერის დივიზია იყო და ავსტრიელი ფელდმარშალი ვარაუდობდა: ამ კოლონებიდან ნაწილი პირდაპირ შეუტევდა ჟუბერის პოზიციას, ნაწილი კი გარსშემოუვლიდა მას.
    სამხედრო სპეციალისტები შემდგომში ერთხმად უკიჟინებდნენ ალვინცის იმის გამო, რომ მან თავისი, არცთუ ისე მრავალრიცხოვანი არმია კიდევ რამდენიმე კოლონად დაანაწევრა. ასეთ საყვედურებს, რა თქმა უნდა, ჰქონდა საფუძველი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ საომარი ასპარეზის გეოგრაფიული გარემო: იგი თოვლიანი მთებითა და ხეობებით იყო სავსე და ავსტრიელთა ერთიან კოლონას ჟუბერის ძლიერ პოზიციებზე იერიშის მისატანად გაშლა გაუჭირდებოდა. ისე, ექვსი კოლონა, რა თქმა უნდა, მართლაც ბევრი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ კოლონები მცირერიცხოვანი ჯარებისგან შედგებოდნენ და თანაც, ერთდროულად ვერ იმოქმედებდნენ. ეს კი ჟუბერს თავდაცვას გაუადვილებდა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იყო აგრეთვე ისიც, რომ ავსტრიელებს ცხენოსანი ჯარისა და არტილერიის გამოყენების საშუალება თოვლიან მთებში არ ექნებოდათ, მაშინ როდესაც ფრანგებს, რომელთაც რივოლის პლატო ეპყრათ, იქ თავიანთი ზარბაზნების განლაგება თავისუფლად შეეძლოთ. ასე რომ, აგსტრიელთა მომავალი უბედურების მიზეზი არა იმდენად უშუალოდ რივოლისთან იყო დაკავშირებული, რამდენადაც მცდარი სტრატეგიული გეგმის შემუშავებასთან, როცა მათ ზამთრის პირობებში ეს სახიფათო მიმართულება აირჩიეს.
    ალვინციმ ენერგიულად შეუტია ჟუბერს. ეს უკანასკნელი მთელი 13 იანვრის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად იცავდა თავს, მაგრამ როცა ავსტრიელთა გარსშემომვლელი კოლონების მოძრაობის შესახებ შეიტყო, უკანდახევა დაიწყო. ბედად, უკვე საღამო იყო და დასასვენებლად დაბანაკებულმა ავსტრიელებმა მოწინააღმდეგის ეს მოძრაობა არად ჩააგდეს. ამასობაში ნაპოლეონმა მასენას დივიზია და სხვა, მის ხელთ არსებული ყველა შენაერთი მომავალი ბრძოლის ველისაკენ გაგზავნა და მალე თვითონაც იქით გაეშურა. ჟუბერის უკანდახევის შესახებ მან გზაში შეიტყო და ლამის ელდა ეცა. მან დაუყოვნებლივ გაუგზავნა შეტყობინება ჟუბერს, საჩქაროდ დაბრუნებულიყო უკან და ისევ დაეკავებინა რივოლის პლატო.
    არც ჟუბერს და არც, მითუმეტეს, ალვინცის არ ესმოდათ, თუ რა ღრმა ჩანაფიქრი ჰქონდა ბონაპარტს. ფრანგების მთავარსარდალმა მომავალი ბრძოლის ველის და მისი შემოგარენის ტოპოგრაფია ზეპირად იცოდა. რა თქმა უნდა, იცოდა ისიც, რომ ყველა ის გზა, რომლითაც ალვინცის ლაშქრის კოლონები მოძრაობდა, საბოლოოდ, რივოლის პლატოზე იყრიდა თავს. ამიტომ თუ ფრანგები ამ პლატოზე გამაგრდებოდნენ და იქ განალაგებდნენ თავიანთ არტილერიას, მაშინ მათ შესაძლებლობა ექნებოდათ სათითაოდ დაემარცხებინათ ამ პლატოსთან „რიგრიგობით“ გამომავალი ავსტრიული კოლონები (ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზოგადი მონახაზი იყო მომავალი ბრძოლისა, „დანარჩენი მერე გამოჩნდებოდა“).
    ჟუბერმა მთავარსარდლის დაჟინებული მოთხოვნა უკვე მარშზე მყოფმა მიიღო, შუაღამისას. მან უსიტყვოდ მოატრიალა თავისი ჯარი და ისევ რივოლის პლატოზე დააბრუნა (ავსტრიელებს, რა თქმა უნდა, არც უფიქრიათ ამ უმნიშვნელოვანესი პუნქტის ხელში ჩაგდება. თუმცა, შეიძლება, მათ ვერც შეიტყვეს ჟუბერის უკანდახევის შესახებ).
    გათენებას ბევრიც აღარ აკლდა, როცა ბონაპარტმა რივოლის პლატოზე მიაგდო ცხენი. მთავარსარდალს წუთიც არ დაუხანებია, ისე შეუდგა რეკოგნოსცირებას, ნათელი, ყინვიანი ღამე იყო. თოვლში ამოგანგლული ნაპოლეონი ხან ერთ გორაკზე ადიოდა, ხან მეორეზე და მოწინააღმდეგის პოზიციებს აკვირდებოდა. მთავარსარდალმა მკაფიოდ გაარჩია მოწინააღმდეგის ნახევარწრედ განლაგებული 5 კოლონა (ავსტრიელ ჯარისკაცთა მიეგაჩაღებული კოცონების მიხედვით). თვითონ ნაპოლეონი თავის მოგონებებში წერს, რომ მთელი მიდამო, ადიჯესა და გარდის ტბას შორის, მოწინააღმდეგის კოცონებით იყო მოფენილი, და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჰაერიც კი გავარვარებული იყო მათგანო.
    რივოლისკენ მიმავალი ბონაპარტი ისე ჩქარობდა, რომ მან მასენას დივიზიას ბევრად გადაასწრო და რივოლის პლატოზე მხოლოდ მცირე რაზმით მივიდა. მასენას დივიზია და გენერალ რეის შენაერთი კი დანიშნულების ადგილზე მხოლოდ 14 იანვრის დილისთვის მივიდოდნენ, მანამდე მარტო ჟუბერის დივიზიას უნდა გაეძლო მოწინააღმდეგის შეტევისთვის.
    რივოლის განთქმული ბრძოლა 14 იანვარს ადრე დილით დაიწყო, როცა ალვინციმ თავისი კოლონები ფრანგთა პოზიციებისაკენ დაძრა, ფრანგები ყოჩაღად დაუხვდნენ ჭარბ მტერს. ბონაპარტმა ისე ოსტატურად განალაგა მეწინავე პოსტები, პიკეტები, მაშველი რაზმები, ისეთი მახვილგონიერება გამოამჟღავნა გარემოს ტოპოგრაფიული თავისებურებების გამოყენებაში, რომ, შემდეგ მსოფლიოს სამხედრო აკადემიებში, ომების ისტორიის კურსის სწავლებისას, რივოლის ბრძოლის მომზადებას, ფრანგების ჯარის განლაგებასა და საკუთრივ ამ ბრძოლას ისე ასწავლიდნენ, როგორც სამხედრო ხელოვნების უმაღლეს ნიმუშს.
    მასენას და რეის შენაერთების მოსვლამდე ფრანგებმა ბონაპარტისა და ჟუბერის მეთაურობით, გაჭირვებით, მაგრამ მაინც გაუძლეს მტრის შემოტევას. მთავარსარდალი ყველაზე სახიფათო უბანზე იმყოფებოდა. არც მანამდე და არც შემდეგ ნაპოლეონი ამდენი ხანი მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ არ ყოფილა. მას ერთი წუთითაც არ უცდია საშიშროებას გარიდებოდა, რადგან ხედავდა, რომ მისი იქ ყოფნა ძალას მატებდა მის ჯარისკაცებს.
    როცა ავსტრიელთა გარემომცველი კოლონა (გენერალ ლუზინიანისა) თითქმის გავიდა ფრანგების ზურგში, მასენაც გამოჩნდა. მისი ერთი ბრიგადა ბონაპარტმა ჟუბერის მარცხენა ფლანგს მიაშველა, ხოლო დანარჩენი ავსტრიელთა სხვა კოლონებზე მიუშვა. მასენაცა და ჟუბერიც დიდი ვაჟკაცობით იბრძოდნენ, ორივეს ღვაწლი დიდი იყო იმდღევანდელ გამარჯვებაში, ბარტელემი ჟუბერს ნაპოლეონი ძალიან აფასებდა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ მხედართმთავრის ბედი, განსაკუთრებით ისეთი თავდაუზოგავისა, როგორიც ჟუბერი გახლდათ, ხშირად სავალალო არის. ჟუბერი ორი წლის შემდეგ დაიღუპა, სუვოროვთან ბრძოლაში, ნოგისთან, შეტაკების დაწყებიდან პირველივე წუთებში, როცა მოწინააღმდეგის პოზიციებისაკენ მიაქროლებდა ცხენს.. მასენამ კი უამრავ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, საქვეყნოდ გაითქვა სახელი (ციურიხთან სუვოროვიც უკუაგდო) და როცა ნაპოლეონმა, უკვე იმპერატორმა, რამდენიმე გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეს მარშლის წოდება მიანიჭა, ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, ისიც იყო – ანდრე მასენა, ყოფილი კონტრაბანდისტი და ბნელი წარსულის მქონე პირი, მაგრამ უსაზღვროდ მამაცი კაცი და ბრწყინვალე მხედართმთავრული ნიჭით დაჯილდოებული მეომარი, რივოლის ბრძოლაში მიღწეულ გამარჯვებაში გამორჩეული ღვაწლისათვის შემდეგში იმპერატორმა რივოლის ჰერცოგის ტიტული უბოძა მას.
    ბრძოლის ცალკეულ პერიპეტიებზე ნუღარ შევჩერდებით. აღვნიშნოთ მხოლოდ, რომ ყველაფერი მაინც ისე მოხდა, როგორც ბონაპარტი ვარაუდობდა. ავსტრიელთა კოლონები ცალ-ცალკე გამოვიდნენ რივოლის პლატოზე და ცალ-ცალკე განიცადეს დამარცხება. კულმინაციურ მომენტად იქცა მოწინააღმდეგის ზურგში გარდის ტბიდან ფრანგთა დესანტის გადმოსხმა მიურატის მეთაურობით. ამ მოულოდნელმა სვლამ მთლად დააბნია ავსტრიელები და მათი დამარცხება კიდევ უფრო მძიმე გახადა. ათასი კაცი – აი, მათი ზარალი რივოლის ბრძოლაში.
    დამარცხებული მოწინააღმდეგის დევნა ნაპოლეონმა ჟუბერსა და რეის მიანდო, თვითონ კი დიდი სისწრაფით წამოვიდა მასენას დივიზიასთან ერთად უკან, ლენიაგოსაკენ – პროვერას კოლონის გასანადგურებლად. პროვერა ყოველნაირად ცდილობდა როგორმე მანტუამდე მიეღწია და იქ ვურმზერის გარნიზონს შეერთებოდა, რათა მერე სამხრეთით, პაპის ჯარების შესახვედრად წასულიყო. მაგრამ პროვერას ეს განზრახვა ბონაპარტმა ჩაშალა. იგი ყოველმხრივ გარსშემოერტყა მის ლაშქარს და 16 იანვარს აიძულა დანებებულიყო.
    ამით დამთავრდა ავსტრიელთა მეოთხე და უკანასკნელი ცდა მანტუის გამოხსნისა. ამ კამპანიაში ბონაპარტმა თავის თავსაც კი გადააჭარბა. საგანგებოდ აღსანიშნავია ის არნახული სისწრაფე და ენერგია, რომელიც მან და მისმა ჯარმა გამოიჩინეს იანვრის იმ დღეებში. მართლაც, საოცარია: 13 იანვარს იგი ვერონიდან გამოვიდა, სენ-მიკელესთან დაამარცხა ბაიალიჩის კოლონა და ღამის შეუჩერებელი მარშის შედეგად, რივოლის პლატოს მიაღწია; 14–ში მთელი დღის განმავლობაში ალვინცის ძირითად ძალებს ებრძოდა და გაანადგურა ისინი, ხოლო საღამოს, შეუსვენებლივ, უკან გამობრუნდა და 15-ში უკვე მანტუასთან იყო, სადაც 16 იანვარს, დილით პროვერას რაზმს გარს შემოერტყა და დაატყვევა იგი!
    იანვრის ბრძოლებში ფრანგებმა 25 ათასი ავსტრიელი იგდეს ტყვედ. 32 ათასმა კაცმა 25 ათასი ტყვე იგდო! ესეც რეკორდი იყო. ალვინცის მეორე ლაშქრობის კრახი ვურმზერის აღსასრულსაც ნიშნავდა. უსურსათოდ, უსასოოდ და უიმედოდ დარჩენილი ფელდმარშალი 2 თებერვალს დანებდა. როცა მანტუის გარნიზონს სურსათი სულ გამოელია, სერიურიეს შტაბში ვურმზერის დესპანი მივიდა და შეეცადა ავსტრიელთათვის კაპიტულაციის რაც შეიძლება უკეთესი პირობები გამოეტყუებინა. ეს დესპანი გაუთავებლად აღწერდა გარნიზონის სიძლიერეს და მისი შემდგომი ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევის უნარს. სანამ სერიურიე და ვურმზერის წარგზავნილი ერთმანეთს ეკამათებოდნენ, იქვე, ოთახში მყოფი ლაბადაში გახვეული უცნობი მაგიდას მისჯდომოდა და გამალებით რაღაცას წერდა.
    როცა დესპანი ისევ მოჰყვა თავისი გარნიზონის ქებას, უცნობი ადგა, ავსტრიელთან მივიდა, გაუწოდა თავისი ნაწერი და უთხრა: „აი ჩემი წინადადებები. ვურმზერს რომ სურსათის 20 დღის მარაგი კიდევ ჰქონოდა და ისე დაეწყო დანებებაზე ლაპარაკი, იგი საპატიო კაპიტულაციას არ დაიმსახურებდა. ფელდმარშლის ასაკი, სიმამაცე და მისი უიღბლობა ჩემში პატივისცემის გრძნობებს ბადებს. ამიტომ როდის გააღებს იგი სიმაგრის კარებს, ხვალ, ორი კვირის, თუ სამი თვის შემდეგ, სულერთია, მე ჩემს პირობებს არ შევცვლი. თუ მას სურს, დაე, დაელოდოს, სანამ ქალაქში პურის უკანასკნელ ნაჭერს შეჭამენ“. პარლამენტიორმა ბონაპარტი იცნო და როცა მის წინადადებებს გაეცნო, გულწრფელად გამოუტყდა, რომ გარნიზონის მდგომარეობა საშინელი იყო და რომ მას მეტი გაძლება აღარ შეეძლო. დესპანი ბონაპარტის წინადადებით მოიხიბლა – ისინი დამარცხებული მოწინააღმდეგისათვის მეტად საპატიო იყო და საჩქაროდ მანტუაში წაიღო. ბონაპარტის წინადადებით ერთობ კმაყოფილი დარჩა ვურმზერიც.
    კაპიტულაციის აქტს ბონაპარტი არ დასწრებია. იმ დროს იგი ბოლონიაში იყო და რომზე გალაშქრების საქმეებს აგვარებდა. ვურმზერის კაპიტულაცია გენერალმა სერიურიემ მიიღო. იგი სავსებით იმსახურებდა ამ პატივს, რადგან მან და მისმა დიგიზიამ დიდი ნებისყოფა და დიდი მოთმინება გამოიჩინეს რვათვიანი ალყის პერიოდში. სერიურიე დინჯი და ჭკვიანი გენერალი გახლდათ. იგი ყველაზე უფროსი იყო იტალიური არმიის მეთაურებს შორის და დამსახურებულადაც სარგებლობდა მათი პატივისცემით. ალბათ, მისი მოთმინება არც მასენას, და არც, მით უმეტეს, ოჟეროს არ ექნებოდა და ამიტომ შეარჩია იგი ბონაპარტმა ისეთი გულის გამაწვრილებელი საქმისათვის, როგორც ციხესიმაგრის ალყა იყო. სერიურიეს 20 ათასი ავსტრიელი დანებდა, აქედან 7 ათასი დაჭრილი იყო.
    ფელდმარშალმა ვურმზერმა ბონაპარტს მადლობის წერილი მისწერა კაპიტულაციის ადამიანური პირობების გამო. ეტყობა ვურმზერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამაც, რომ ახალგაზრდა ბონაპარტმა თვითონ არ ჩაიბარა მოხუცი ფელდმარშლის დაშნა და კაპიტულაციის მძიმე წუთებში კიდევ უფრო მეტი დამცირება არ აკადრა მას. ვურმზერი გულწრფელი იყო და ეს იქიდანაც ჩანს, რომ იმავე წერილში მან ბონაპარტი მოწამვლის საშიშროების შესახებ გააფრთხილა. როგორც შემდეგ გამოირკვა, რომანიაში მართლაც მზადდებოდა შეთქმულება იტალიური არმიის მთავარსარდლის მოსაწამლად. ასე რომ, დამარცხებული მოწინააღმდეგის ღირსების შენარჩუნებით ბონაპარტმა თავისთვის ძვირფასი ცნობის მიღებასაც შეუწყო ხელი.
    თებერვლის დასაწყისისათვის იტალიურმა არმიამ კვლავ დაიბრუნა ადრე დაკავებული ტერიტორიები და ახლა მისი პოზიციები ლავის – ჩიტადელას ხაზზე გადიოდა. თვითონ მთავარსარდალი რამდენიმე ხნით ვერონაში გაჩერდა დასასვენებლად. 10 თვე – აპრილიდან იანვრამდე – ბონაპარტი სულ საქმეში იყო, ერთი დღეც არ დაუსვენია, ერთი წუთი თავისთვის შელავათი არ მიუცია. არადა მისი ჯანმრთელობა იმხანად ერთობ შერყეული იყო. ჭაობის ციება, რომელიც ზაფხულში შეეყარა, თავს არ ანებებდა და ძალზე ასუსტებდა მის ორგანიზმს. ერთი პერიოდი იმდენად ცუდად იყო, რომ მოძრაობაც გაუჭირდა. პირადად აგადმყოფობას ყურადღებას არ აქცევდა და ცდილობდა არც სხვას შეემჩნია იგი, მაგრამ სახის ფერი და გამომეტყველება ისეთი ჰქონდა, რომ ამის შეტყობას დიდი გამჭრიახობა არ სჭირდებოდა. მაშინ იყო, მისი მტრები რომ ამბობდნენ სიხარულით: „ბონაპარტი ისეთი ყვითელია სახეზე, ისეთი ყვითელი, რომ მის შეხედვას არაფერი სჯობსო“. ფიქრობდნენ, რომ მისი დღეები დათვლილი იყო და წინასწარ ზეიმობდნენ მათთვის ამ ბედნიერი დღის მოახლოებას, ბონაპარტი კი, იმის მაგივრად რომ ლოგინში ჩაწოლილიყო და მშვიდად მომკვდარიყო, იმედს უცრუებდა მათ, დღე და ღამ ცხენზე იჯდა და ბრძოლას ბრძოლაზე იგებდა.
    „მედიცინის არაფერი მწამს, – ეუბნებოდა ის ერთ მხატვარს, რომელიც მის შტაბში იმყოფებოდა და მკურნალობის ჩატარებას ურჩევდა, – ექიმებს რომ დაგუჯერო, უნდა საწოლში ჩავწვე, სადმე მილანში ან ნიცაში. დავუშვათ და ვუღალატე ჩემს მოვალეობას და დავუჯერე მათ, განა უფრო არ დავიტანჯები? იმ დროს, როცა მე ლოგინს ვიქნები მიჯაჭვული, ჩემი ჯარისკაცები ბრძოლებში იქნებიან. ეს ხომ ასჯერ უფრო სატანჯველი იქნება ჩემთვის, ვიდრე ახლა, აქ, როცა ვიცი, რომ ჩემი ჯარი მარჯვედაა განლაგებული და ყოველი მხრიდან საიმედო ცნობები მომდის? მე აქ მშვიდად შემიძლია ვიძინო.. რად ვარგა ის მთავარსარდალი, რომელიც მკერდში ან კუჭში ტკივილის გამო ლოგინში წვება, სადმე შორს, ზურგში, იმ დროს, როცა მისი მამაცი გრენადერები დაუფიქრებლად უშვერენ ტყვიას შუბლს?“
    ძველი რომაელივით მსჯელობდა ბონაპარტი: მთავარსარდალი ფეხზე მდგომი უნდა შეეგებოს სიკვდილსო, მაგრამ სიკვდილი არ ეკარებოდა მას. არავინ უწყის, რამდენჯერ ჩახედა მან ამ ათი თვის განმავლობაში თვალებში, მაგრამ მაინც უკან დაიხია. 19 ცხენი მოუკლეს ბრძოლებში, თვითონ კი უვნებელი დარჩა. მომავალშიც ასე იქნება – ტყვიაც და ყუმბარაც დაივიწყებს მისკენ მიმავალ გზას. მე რომ მომხვდება, იმ ტყვიას ჩემი სახელი ეწერებაო, ამბობდა იგი. ფატალისტი იყო ზოგჯერ ბუონაპარტე, ნამდვილი კორსიკელი. საწამლავიც კი დალია რვაას თოთხმეტში, მაგრამ არც იმან გაჭრა.
    კიდევ რაღაც საოცარი რომ დარჩა გასაკეთებელი, იმიტომ ხომ არა? რივოლის შემდეგ პაპის რიგი დგებოდა. პიუს VI-ს ეგონა, რომ ალვინცის მეორე ლაშქრობა საბედისწერო გამოდგებოდა ფრანგებისათვის. პირიქით კი მოხდა და ახლა მას პასუხი უნდა ეგო იმ წყევლა-კრულვისა და იმ სამხედრო მზადებისთვის, რასაც საფრანგეთის წინააღმდეგ ეწეოდა უკანასკნელი დროის განმავლობაში. დირექტორია კატეგორიულად მოითხოვდა ბონაპარტისგან პაპის ძალაუფლების სრულ დამხობას. იტალიურ არმიას ამის გაკეთება, სულ იოლად, ხუმრობით შეეძლო, მაგრამ ბონაპარტი წინ იხედებოდა, დირექტორია კი მარტო იმდღევანდელი დღით ცხოვრობდა. მთაგარსარდალს შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. პაპის დამხობა კათოლიკეებს ააჯანყებდა, მარტო იტალიაში კი არა, სხვაგანაც – ესპანეთში, საფრანგეთში, ყველგან, სადაც კი ისინი იყვნენ. იყვნენ კი ბევრგან და დიდი გავლენაც ჰქონდათ. დირექტორია რევოლუციურ ლოზუნგებს იყო ამოფარებული, ბონაპარტი კი რეალურად მსჯელობდა, რად უნდოდა, რაში აწყობდა მას ამდენი კათოლიკეს გადაკიდება? განა უკეთესი არ იქნებოდა პაპი არ გადაეგდო, მაგრამ ისეთ დღეში ჩაეყენებინა, რომ არსებითად, მისგან საშიშროება აღარ ყოფილიყო? ნამდვილად უკეთესი იქნებოდა და ამიტომ იყო, რომ ბოლომდე აღარ ჩაჰყოლია პიუს VI-ს, დამსჯელი ექსპედიციის გაგზავნა კი არ დააყოვნა და პაპის სამფლობელოს შეუსია.
    ახალი ლაშქრობის წინ ბონაპარტმა ახალი ბიულეტენი გამოუშვა, რომელშიც თაგის ჯარისკაცებს (სინამდვილეში, მთელ ევროპას) ამცნობდა, თუ როგორ დაარღვია პაპის ხელისუფლებამ მის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმება და საფრანგეთის მტრებს მიემხრო, გაამზადა ჯარი მის წინააღმდეგ, არ გადაიხადა სრულად კონტრიბუცია და ასე შემდეგ და ასე ამგვარად. მიზეზების პოვნა არასდროს გასჭირვებია ბონაპარტს. იმ 1 ათას ჯარისკაცთაგან, რომლებიც პაპის სამფლობელოში უნდა შეჭრილიყო, ნახევარს იტალიელი მოხალისეები შეადგენდნენ, იტალიელი რევოლუციონერები და რესპუბლიკური წყობილების მომხრეები. ესეც მარჯვედ გათვლილი ნაბიჯი იყო. პაპსაც და მის გარემოცვასაც ფრანგების ჯარზე უფრო ხომ თავისი რევოლუციონერებისა ეშინოდათ!
    ეს ლაშქრობა ხანმოკლე და ფრანგებისთვის თით ქმის უსისხლო გამოდგა. პაპის დაქირავებული მოლაშქრეები ფრანგების პირველი ზალპის შემდეგ გარბოდნენ. ათ-თორმეტ დღეში ყველაფერი დამთავრდა. 19 თებერვალს, ტოლენტინოში საზავო ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც პაპი ხელს იღებდა ფერარის, ბოლონიის და რომანიის სალეგატოებზე, ვალდებულებას კისრულობდა დაეშალა თავისი არმია და გადაეხადა 30 მილიონის ოდენობის კონტრიბუცია. შეშინებული პიუს VI იმის მადლობელიც იყო, რომ ასე „იოლად“ გადარჩა და პაპობას არ გამოეთხოვა. ამ ფიქრებით აღვსილს, უეცრად ისეთი სიმპათია და თბილი გრძნობები აღეძრა გამარჯვებულის მიმართ, რომ აუცილებლად ჩათვალა მაღალი რანგის სასულიერო პირი გაეგზავნა მასთან და თავისი მოციქულებრივი კურთხევა და კიდევ მადლობის წერილი გადაეცა „საყვარელი მეგობრისათვის“, როგორც ის ბონაპარტს მოიხსენიებდა ამ წერილში. ბონაპარტმა თავის მხრივ, რა თქმა უნდა, არ გაუშვა ხელიდან ასეთი მარჯვე შესაძლებლობა და ისე გააკეთა, რომ პაპის სამადლობელო წერილი მაშინვე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი მის მიერ კათოლიკების გულის მონადირებას და მალე ბეგრი მათგანი ბონაპარტის გულშემატკივარი გახდა იტალიაშიც და საფრანგეთშიც. უკანასკნელმა მოვლენებმა მკვეთრად შეცვალეს სიტუაცია იტალიაში. დიდებული გამარჯვება რივოლისთან, მანტუის აღება, კორსიკიდან ინგლისელების გაძევება, ხელსაყრელი ზავი რომის პაპთან და ნეაპოლის მეფესთან – ნაპოლეონს თავისუფლად მოქმედების სწორედ ისეთ საშუალებას აძლევდა, როგორისკენაც მიილტვოდა მთელი ამ კამპანიის განმავლობაში. თავისუფლად მოქმედების მთავარ გარანტად მისთვის მაინც მისი არმია რჩებოდა, რომელმაც ამჯერად, როგორც იქნა, მიიღო შეპირებული დახმარება ბერნადოტის და დელმას დივიზიების სახით. ამ არმიის დიდი ნაწილი ბონაპარტს ერთ მუშტად შეეძლო შეეკრა, რადგან ახლა აღარც მანტუის გარემოცვისთვის იყო საჭირო ძალების დაქსაქსვა და, მაინცდამაინც, არც იტალიის ქალაქებში გარნიზონებად ჩასაყენებლად. ამ უკანასკნელთა მოვალეობას ბონაპარტის მიერ წინდახედულად შექმნილი ადგილობრივი გვარდიელების რაზმები ასრულებდნენ. ეს გვარდიელები ფრანგების თანამგრძნობ „მოხალისეებს“ წარმოადგენდნენ, მაგრამ რადგანაც ნაპოლეონი მათ ბოლომდე ვერ ენდობოდა, ამიტომ საფრანგეთისადმი ერთგულებას იგი ოქროს მონეტებითაც უღვივებდა.
    მოუგვარებელი რჩებოდა ურთიერთობა ვენეციის რესპუბლიკასთან. ბონაპარტი კარგა ხანია არღვევდა ადრიატიკის ამ „ბებერი“ რესპუბლიკის ნეიტრალიტეტს და მის ტერიტორიას საკუთარი ჯარებისთვის საჭირო გადაადგილების ასპარეზად იყენებდა (ავსტრიელებიც, სხვათა შორის). ამის საპასუხოდ, ვენეციის გამგებელთ ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლოთ და მხოლოდ იმის იმედად იყვნენ, იქნებ, მათთან ამ ძალით დამეზობლებულ საშინელ ადამიანს გაუთავებელ ბრძოლებში სადმე ფეხი წაეტეხა. თავის მხრივ ბონაპარტი, რომელსაც ავსტრიელებთან ჯერ საქმე საბოლოოდ დამთავრებული არ ჰქონდა, დრომდე არ ახდენდა ვენეციასთან მოვლენების ფორსირებას და ამ რესპუბლიკის მომავლის შესახებ მოფიქრებულ თავის გადაწყვეტილებას საიდუმლოდ ინახავდა.
    უკვე მერამდენედ გაწბილებული ავსტრიელი ხელისუფალნი მაინც ვერ ეგუებოდნენ აზრს იტალიის დაკარგვის შესახებ და ისევ, უკვე მეექვსედ ამზადებდნენ ჯარს ბონაპარტთან შესაბმელად. ფრანგ მთავარსარდალს ამჯერად მათ ერცჰერცოგი კარლი დაუპირისპირეს. კარლი ავსტრიის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე პერსპექტიული სარდალი იყო. მან უკვე მოასწრო თავის გამოჩენა გერმანიაში, როცა ჟურდანის არმია დაამარცხა და მოროსი კი აიძულა უკან დაეხია. ერთადერთი ადამიანი, ვინც ბონაპარტს წინააღმდეგობას გაუწევდა, ვარაუდობდნენ ვენაში, მხოლოდ ერცჰერცოგი კარლი შეიძლებოდა ყოფილიყო.
    კარლი სამი ნარჩევი დივიზიით დაიძრა სწრაფი მარშით გერმანიიდან და თებერვლის ბოლოს ჩავიდა იტალიაში. ამ სამი დივიზიის გარდა, ავსტრიელებმა კიდევ მიაშველეს კარლს სასწრაფოდ მობილიზებული ნაწილები, მაგრამ მათი უმრავლესობა ბრძოლებში გამოუცდელი იყო და მაღალი მორალური სულისკვეთებით ვერ დაიკვეხნიდა. თანაც, ავსტრიელთა საერთო რაოდენობა 60 ათასზე მეტი არ იყო. პირველად, იტალიაში ლაშქრობის პროცესში, ბონაპარტს მოწინააღმდეგეზე მეტი ჯარი ეყოლებოდა.
    ავსტრიელების ჯარი ისევ ორად იყო გაყოფილი: მისი ერთი ნაწილი ტიროლის მისადგომებთან იდგა, მეორე კი, ძირითადი, თვით ერცჰერცოგ კარლის მეთაურობით, ტალიამენტოს ხაზზე და პიავეზე იყო განლაგებული. იგი ფრიულისა და კარინტიის მისადგომებს იცავდა – შეტევითს ოპერაციებზე ავსტრიელები უკვე აღარ ფიქრობდნენ.
    ავსტრიელთა ასეთ განლაგებასთან დაკავშირებით, ბონაპარტმაც ორად გაყო თავისი არმია, ერთი, ძირითადი ნაწილი, 43 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით, მდინარე პიავეზე განალაგა და თვითონ ჩაუდგა სათავეში. ეს არმია კარლის წინააღმდეგ იმოქმედებდა. მეორე კი, დამხმარე, ჟუბერის მეთაურობით, ტიროლში უნდა წასულიყო და მოროს არმიას შეერთებოდა. მოროსა და ჟუბერის გაერთიანებული არმიები შემდეგ, ბონაპარტის ლაშქართან ერთად, ვენაზე წავიდოდნენ. თავის მხრივ, ფართო შეტევით ოპერაციას დაიწყებდა ფრანგთა კიდევ ერთი – სამბრა-მაასის არმია, რომელსაც სათავეში უკვე ლაზარ ჰოში ედგა. ფრანგთა ეს კომბინირებული მოქმედება ადრევე იყო ურთიერთშეთანხმებული და ბონაპარტიც ამ გეგმის კვალად აგხავნიდა ჟუბერს სახიფათო ექსპედიციაში ტიროლის მთებში.
    აქტიური საომარი მოქმედებები 10 მარტს დაიწყო. შეტევაზე პირველი ბონაპარტი გადავიდა. სერიურიეს, ბერნადოტის და გიუოს დივიზიებმა ავსტრიელთა ცენტრალურ პოზიციებს შეუტიეს, ხოლო მასენას დივიზია მთების კალთებს გაჰყვა და მოწინააღმდეგის მარჯვენა ფლანგს შეუქმნა გარსშემოვლის საფრთხე. ავსტრიელთა მეწინავე ნაწილები მდინარე პიავეზე უკვე 12 რიცხვისთვის იყვნენ განადგურებულნი და ფრანგები ტალიამენტოსკენ დაიძრნენ. მასენამ პიავეს სათავეებთან ლუზინიანის შენაერთი დაამარცხა და ბელუნასკენ უკუაგდო იგი. დაკარგა რა კავშირი თავის მარჯვენა ფლანგთან, კარლმა უკან დაიხია და უშუალოდ ტალიამენტოზე გამაგრდა კარგად შერჩეულ პოზიციაზე. სწრაფი მარშით მიმავალი ბონაპარტი 16 მარტს, ნაშუადღევს მიადგა მოწინააღმდეგეს, რომელიც მდინარის მარცხენა ნაპირზე იდგა გამზადებული. ფრანგები მიუახლოვდნენ მტერს, დაზვერეს იგი და შემდეგ, დაღლილ–დაქანცულებმა ბანაკის მოწყობა დაიწყეს. ამის შემხედვარე აგსტრიელებმა გადაწყვიტეს, რომ მოწინააღმდეგე მეორე დღემდე არ დაიწყებდა საომარ მოქმედებას და თვითონაც კარვებს დაუბრუნდნენ. არ გასულა 2 საათი, რომ ფრანგები უცბად ყველანი, როგორც ერთი კაცი, წამოიშალნენ, სწრაფად დაიკავეს საბრძოლო წყობა და მდინარის ფორსირებას შეუდგნენ (ჩქარი და ცივი ტალიამენტო იმ ადგილებში გაშლილი მოდიოდა და თავთხელი ადგილები საკმაოდ მოეძებნებოდა).
    მოულოდნელმა შეტევამ ავსტრიელები დააბნია, მათ ვერ მოასწრეს საბრძოლო პოზიციების დაკავება და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, ისე რომ, მოწინააღმდეგეს ბლომად ტყვე და ბევრი ზარბაზანი დაუტოვეს. ორი ახალგაზრდა მხედართმთავრის პირველი შეხვედრა ბრძოლის ველზე ბონაპარტის გამარჯვებით დასრულდა. გაწბილებულმა კარლმა უკან დაიხია. ამასობაში კი, ჟუბერი თავისი მცირერიცხოვანი არმიით (18 ათასი ჯარისკაცი), ტიროლის მთებში ლაშქრობდა. ჟუბერს იმდენად ავსტრიის რეგულარულ ჯართან არ უხდებოდა შეტაკება, რამდენადაც პარტიზანებთან, ტიროლელ გლეხებთან – ეს უკანასკნელნი დიდი შეუპოვრობით გამოირჩეოდნენ და „თავიანთი იმპერატორისთვის“ თავს არ ზოგავდნენ. როცა ჟუბერმა გაიგო, რომ მოროს არმია მასთან შესახვედრად არათუ არ მოდიოდა, არამედ არც კი დაძრულა ადგილიდან, სასწრაფოდ აღმოსავლეთისკენ შემობრუნდა და დრავას ხეობით ფილახისკენ წავიდა ბონაპარტის ძირითად ძალებთან შესაერთებლად. ეს ძალიან მძიმე გადასვლა იყო ჟუბერის არმიისთვის, მაგრამ არმიაცა და ჟუბერიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და ბოლოს, როგორც იქნა, მთავარ ძალებამდე მიაღწიეს.
    მთავარი ძალები კი უკვე კლაგენფურტსაც გასცდნენ! ფრანგმა ჯარისკაცებმა კვლავ შესაშური ენერგია და სიმამაცე გამოამჟღავნეს. ისინი მეტრნახევრიან თოვლში მიაბოტებდნენ, ყინულიან მდინარეებზე გადადიოდნენ, კლდეებზე მიცოცავდნენ და მოწინააღმდეგეს მოსგენებას არ აძლევდნენ. ბონაპარტმაცა და მასენამაც, გამომგონებლობითა და ეშმაკობით თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო, ისე აუბნიეს თავგზა მოწინააღმდეგეს, რომ მას სწრაფი უკანდახევის მეტი სხვა შესაძლებლობა აღარ დაუტოვეს. ბონაპარტს უკვე პირდაპირ ვენისკენ მიჰყავდა თავისი არმია. თითქოს, ვეღარაფერი იხსნიდა ავსტრიელთა დედაქალაქს. და ასეთ, მისთვის მეტად ხელსაყრელ მომენტში, 31 მარტს, ბონაპარტმა უეცრად დაზავება შესთავაზა მოწინააღმდეგეს! წერილი ამის თაობაზე მან ერცჰერცოგ კარლს გაუგხავნა, რომელმაც იგი მაშინვე ვენას აფრინა. პასუხის მიღებამდე, ბონაპარტი აგრძელებდა აქტიურ მოქმედებებს და 2 და 3 აპრილს დირკშტაინთან და ნოიმარკთან ისევ დაამარცხა ავსტრიელები. ახლა იგი 150 კილომეტრზე მიუახლოვდა ვენას, ავსტრიის დედაქალაქში პანიკა ატყდა. ჰაბსბურგებმა საგვარეულო ძვირფასეულობის გახიზვნა დაიწყეს. ცოტა ხანში ჯერი სამეფო სახლის ევაკუაციაზეც მიდგა. 7 აპრილისათვის ბონაპარტმა სენტ-მიხელი და ლეობენი დაიკავა, რითაც საბოლოოდ გადაუჭრა კარლს რაინისპირეთიდან წამოსულ მაშველ ძალასთან შეხვედრის იმედი.
    ვენაში მალე დარწმუნდნენ დაზავების აუცილებლობაში. საქმე მარტო ბონაპარტის ვენასთან მიახლოებაში არ იყო. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ავსტრიელებს მალე საქმე გერმანიაშიც ცუდად წაუვიდოდათ. ამას მოწმობდა ის ფაქტი, რომ სამბრა-მაასის არმიის სარდლად გენერალი ლაზარ ჰოში დაინიშნა – შეტევითი ოპერაციების ბრწყინვალე ოსტატი და მეტად ენერგიული კაცი. იყო მონაცემები იმის თაობაზე, რომ შეტევაზე გადავიდოდა მოროს არმიაც. ასეთ პირობებში, როდესაც ავსტრიამ კატასტროფული დამარცხებები განიცადა იტალიაში და ახლა ბონაპარტის ჯარი უკვე მის დედაქალაქს უქმნიდა საფრთხეს, იმპერიის მესვეურთ ბედთან თამაში აღარ არგებდათ, რადგან ამ თამაშს შეიძლება ისეთი წაგება მოჰყოლოდა, რომელიც ბონაპარტთან დაზავებასთან შედარებით ნამდვილი ღვთისწყრომა იქნებოდა. ამიტომ ვენას აღარ გაუჭიანურებია პასუხი და 7 აპრილს ბონაპარტს დაზავებაზე მოლაპარაკების დაწყების თანხმობა შემოუთვალა. შექმნილ ვითარებაში ვენას, მართლაც, საჩუქარივით მიუვიდა ბონაპარტის სამშვიდობო წინადადება.
    ავსტრიელთა პოზიცია ამ შემთხვევაში სავსების გასაგები იყო, მაგრამ რაში დასჭირდა დაზავებაზე წასვლა ბონაპარტს? ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ბონაპარტს, მიუხედავად თავბრუდამხვევი წარმატებებისა, ვითარების რეალურად შეფასების უნარი არ დაუკარგავს. მასზე კარგად ვინ იცოდა, რომ თუ იგი 150 კილომეტრზე დაუახლოვდა ვენას, სამაგიეროდ რამდენ ასეულ კილომეტრზე დასცილდა თავის ქვეყანას და თავის ოპერაციულ ბაზებს? ვინ იცოდა, თუ არა მან, რა არასაიმედო იყო მისი საკომუნიკაციო ხაზები? ან რა გადაღლილი იყო გამუდმებული მარშებითა და ბრძოლებით მისი არმია? ბონაპარტი ატყობდა, რომ ვენის აღებას ის ამჯერად, მარტო, ვერ მოახერხებდა. აი, ჰოშთან და მოროსთან ერთად კი… მაგრამ ამის გაფიქრებაც არ უნდოდა გენერალს. მან იმდენი ძალა, ენერგია, ჭკუა, საკუთარი ჯანმრთელობა და საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლე შეალია ერთ წელიწადში ამ კამპანიას, რომ ახლა, სხვებს, გაწყობილ სუფრასთან დაგვიანებით მოსულთ, გამარჯვების დიდებას ვერ გაუნაწილებდა. მთელი ერთი წელი, 1796 წლის 10 აპრილიდან 1797 წლის 9 აპრილამდე იგი მარტო ეწეოდა ტიტანურ ბრძოლას მთელ ჩრდილო იტალიაში, ხოლო ახლა აქ, შუაგულ ავსტრიაში! ამ ხნის განმავლობაში მან მოწინააღმდეგის 6 არმია დაამარცხა. დაამარცხა ისე, რომ საკუთარი ხელისუფლებისგან წესიერი დახმარება და შევსება არც მიუღია. დახმარება არ მიუღია კი არა, იქით უგზავნიდა პარიზს ოქროს მილიონებს და მაინც ვერ ამოავსო გაუმაძღარი დირექტორიის კუჭი. ამიტომ, ნურას უკაცრავად! ლეობენში მდგომი, გამარჯვებული ბონაპარტი ის ჯიბეგამოხეული გენერალი როდი იყო, 96 წლის იანვარში რომ უტრიალებდა ბარასს გარშემო, რათა როგორმე იტალიური არმიის სარდლობა გამოეთხოვა! ახლა ის სხვა კაცი იყო და სხვაგვარადაც წაიყვანდა საქმეს. ახლა მას ავსტრიასთან დაზავება აწყობდა. ყველანაირად, ყველა თვალსაზრისით. ამ კამპანიაში დასახული მისი ყველა მიზანი მიღწეული იყო და ახლა მას სხვა საქმეები ელოდებოდა. ომი აღარ სჭირდებოდა ბონაპარტს. ჯერჯერობით არ სჭირდებოდა.
    ფრანგებმა რაინზე შეტევა აპრილში დაიწყეს. ჰოშს ბოლოსდაბოლოს მობეზრდა დირექტორიის განკარგულების ცდა და თვითონ გადავიდა შეტევაზე. მან ჰედდესდორფთან დაამარცხა ავსტრიელები და ის იყო შემდგომ წინსვლას აპირებდა, რომ დაზავების ამბავი შეატყობინეს. ჰოშს გული დასწყდა, მაგრამ არ შეიმჩნია. საერთოდ, ის მარტო გამოჩენილი მხედართმთავარი კი არა, ღირსეული და პატიოსანი კაციც იყო. მას რესპუბლიკური არმიის მშვენებას უწოდებდნენ. ეტყობა, ამ ადამიანს შურის გრძნობა სულ არ ჰქონია, რადგან როცა ბონაპარტის არნახული გამარჯვებების ამბები შეიტყო, გულწრფელი აღტაცების წერილი გაუგზავნა მას: „ჰოი, მამაცო ჭაბუკო! – წერდა 29 წლის ჰოში 28 წლის ბონაპარტს, – რესპუბლიკის ნეტავ რომელი დამცველი არ აღენთება სურვილით შენ მოგბაძოს? მაშ, წაიყვანე შენი ძლევამოსილი არმია წინ, ხოლო შენს დიდებაზე ზრუნგა ჩვენ მოგვანდე!“. ძალიან საეჭვოა, ბონაპარტს მიეწერა ასეთი წერილი მისთვის...
    დაზავებაზე მოლაპარაკება იქვე ბონაპარტის მიერ ოკუპირებულ ლეობენში დაიწყო. მოლაპარაკება დიდხანს არ გაგრძელებულა. აგსტრიელთა წარმომადგენლებმა, გენერალმა მერფელდტმა და მარკიზმა ჰალლომ დასაწყისშივე დიდის ამბით განაცხადეს, რომ მოლაპარაკების პირველივე პუნქტად მათ ავსტრიის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ცნობა და აღიარება უწერიათ. „ამოშალეთ ეს პუნქტი! – წამოიძახა ბონაპარტმა, – ჩვენი რესპუბლიკა ჰორიზონტზე ამოსული მზეა და ვაი მას, ვინც ამ მზეს ვერ ხედავს! იმპერატორის შეცბუნებულმა დელეგატებმა მაშინგე შეასრულეს ბონაპარტის მოთ- ზოვნა და, საერთოდ, მკვეთრად დაუწიეს ტონს, რადგან მიხვდნენ, თუ ვინ იქნებოდა მოლაპარაკების წარმმართველი და ბატონ-პატრონი.
    თავიდან ბონაპარტმა მძიმე პირობები შესთავაზა ავსტრიელებს, მაგრამ მერე უცბად მოლბა და ერთობ ზომიერ წინადადებებზე შეჩერდა. მას არ უნდოდა მოლაპარაკების გაჭიანურება, რადგან ეშინოდა პარიზის უარყოფითი რეაქციისა და ამიტომ 10 დღეში ყველაფერი დაამთავრა. ხელმოწერილი იქნა ე.წ. წინასწარი დაზავების დოკუმენტი, რომელიც შემდეგ ორივე მხარის მთავრობების მიერ უნდა ყოფილიყო მოწონებული და დადასტურებული. ამ შეთანხმების მიხედვით, ავსტრია ხელს იღებდა ლომბარდიაზე, მოდენაზე, ბერგამოსა და კრემონაზე, აგრეთვე უარს ამბობდა და საფრანგეთს უმტკიცებდა ბელგიას. სანაცვლოდ, ბონაპარტი უფლებას აძლევდა ავსტრიას, მიეთვისებინა ვენეციის რესპუბლიკის კონტინენტური ნაწილის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია და უარს ამბობდა რაინისპირეთში ფრანგების მიერ იმ მომენტისათვის დაკავებულ მიწებზე. დირექტორიის სურვილი საწინააღმდეგო იყო. მისი აზრით, საჭირო იყო იტალიური პროვინციების (ლომბარდიის ჩათვლით!) ავსტრიისთვის დაბრუნება, და სანაცვგლოდ, რაინის ოლქის შემომტკიცება. ამ პროექტიდან გამოდიოდა, რომ ტყუილად გარჯილან იტალიაში ბონაპარტი და მისი ჯარისკაცები, ტყუილად დაუღვრიათ ამდენი ოფლი და სისხლი! ამას, რა თქმა უნდა, იტალიური არმიის მთავარსარდალი არ დაუშვებდა და აკი არც დაუშვა.
    როცა ლეობენის მოლაპარაკებებზე ვლაპარაკობთ, ერთ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, კერძოდ იმას, თუ თავისუფლების რა ხარისხით სარგებლობდა თავის მოქმედებებში ბონაპარტი! იგი საკუთარი ნება–სურვილით იწყებდა დაზავებაზე მოლაპარაკებას, თავის მიერ შედგენილ წინადადებებს უყენებდა მოწინააღმდეგეს, თავისი ნება-სურვილის მიხედვით აძლევდა და ართმევდა მას პროვინციებს, ისე, რომ ამას არ ეკითხებოდა არათუ ამ პროვინციათა მმართველებს (ხალხს ანგარიშში ვინ აგდებდა), არამედ საკუთარ ხელისუფლებასაც კი! ვენეციის რესპუბლიკა, რომელიც ომში არ მონაწილეობდა, მაგრამ საფრანგეთისადში უარყოფითად იყო განწყობილი და წვრილ-წვრილ პროვოკაციებს უწყობდა მას, დაისაჯა. და თანაც სასტიკად, სწორედ იმ ნეგატიური დამოკიდებულებისათვის, რომელიც მას ბონაპარტისა და მისი არმიის მიმართ ჰქონდა! სასაცილო იყო პირდაპირ: ნაპოლეონი ავსტრიას უთმობდა იმას, რაც თვითონ არ ჰქონდა – ვენეციას! ეს უკვე გამარჯვებებით გაყოყოჩებული თავნება გენერლის ახირება აღარ იყო. ეს რაღაც ახალი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმქმნელი გრიგალის მოვარდნას ჰგავდა ევროპის ასპარეზზე! ეს რომ ასე იყო, იქიდანაც ჩანდა, რომ ამ ადამიანის ყველა განზრახვა და ყველა სურვილი ასრულდა, რა გინდ ფანტასტურიც არ ყოფილიყო იგი! ახლა მას მოწინააღმდეგის ექვსი არმია კი არა, საკუთარი სელისუფლებაც ვეღარ უდგებოდა წინ.
    უკვე მაშინ, ბონაპარტმა ისეთი სახელი და ისეთი გავლენა მოიპოვა, რომ მასთან ჩამოსვლას და მასთან შეხვედრას მარტო იტალიის კი არა, მთელი ევროპის უამრავი წარჩინებული ლამობდა. ამიტომ იყო, რომ აღარავის უკვირდა, როცა გარემომცველი მლიქვნელები მას გარეგნობით ბერძენს (ალექსანდრე მაკედონელს) და ნებისყოფის სიმტკიცით რომაელს (იულიუს კეისარს) ადარებდნენ. იმ მოკლე ხანში მან ისეთი ძალაუფლება მოიპოვა იტალიაში, რომ მის გარეშე არ წყდებოდა არათუ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხები, არამედ უბრალო ყოფითი, თითქოსდა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაც კი.
    საგულისხმოა, რომ ამ არნახულ აღიარებას, ამოდენა წარმატებას მან, ფაქტობრივად, მარტომ მიაღწია თავისი დაუშრეტელი ენერგიით, შრომისუნარიანობით, პირადი სიმამაცით და პირადი მაგალითით, მაგრამ ამავე დროს – ეშმაკობით, ორმაგი თამაშით, მოწინააღმდეგის მოტყუებით და, რა თქმა უნდა, უპირველესად ყოვლისა, გასაოცარი კომპეტენტურობით, არ ყოფილა საქმე, რომელშიც ის ჩაერეოდა და რომელსაც ხელს მოკიდებდა, მისი ცოდნისა და განსწავლულობის ბეჭედი არ დასმოდა. ამან მოხიბლა, ამან რიდი ჩაუყენა, ამან მოდრიკა მისი ქვეშევრდომნიც და მის ზემოთ მდგომნიც. ამან და.. „დიდმა ბატალიონებმა“ კიდევ, რომელთა იმედი მუდამ ჰქონდა და რომლებიც არასოდეს უწბილებდნენ ამ იმედს (საყურადღებოა – დიდი ბატალიონები სხვებსაც ჰყავდათ, მაგრამ ბონაპარტისგან განსხვავებით, მათი ასე გამოყენება როდი იცოდნენ.
    „ვენეციის ხელისუფალთ და მის მცხოვრებთ, ცხადია, ელდა ეცათ, როცა ლეობენის შეთანხმების შესახებ შეიტყვეს. მანამდე, სანამ ეს შეთანხმება მოხდებოდა, ამ რესპუბლიკის ქვეშევრდომებმა ვერონაში ანტიფრანგული აჯანყება მოაწყვეს და ფრანგული გარნიზონის ნაწილი ამოწყვიტეს (ვერონელებს რაღაც ხმები მოუდიოდათ მათი მომავალი ხვედრის შესახებ და იმიტომ გაბედეს ამბოხება). ამას მალე ვენეციის საზღვაო პორტის აქვატორიაში ინგლისელთაგან თავშეფარებული ფრანგული გემის ეკიპაჟის ამოხოცვა მოჰყვა ვენეციელთაგან. ეს შემთხვევები, თავისთავად ერთობ მტკივნეული ფრანგებისათვის, დამატებით კოზირებად გამოადგა ბონაპარტს იმ თამაშში, რომელიც მან ადრიატიკის რესპუბლიკის გარშემო წამოიწყო. ამ ამბებით აღშფოთებულმა ბონაპარტმა 3 მაისს ომი გამოუცხადა ვენეციას (პარიზის დაუკითხავად, რასაკვირველია). ეს მხოლოდ ფორმალური გამოცხადება იყო, რადგან აპრილის ბოლო დღეებიდან მოყოლებული ფრანგთა შენაერთები უკვე მთელი სისწრაფით მიემართებოდნენ „ადრიატიკის მარგალიტისაკენ“. ეულ დარტყმას ბონაპარტი არასოდეს მიაყენებდა მტერს: მან ვენეციის ხელისუფალთ გარედან შესეული თავისი ჯარი არ აკმარა და კარგა ხნით ადრე მის მიერვე მომზადებული შიდა ამბოხებაც დაუმატა.
    პროფრანგული ორიენტაციის აჯანყებულებმა, რომელთაც საფრანგეთის რესპუბლიკის ანალოგიური წყობილების დამყარება სურდათ ვენეციაში, სულ იოლად მიაღწიეს დათმობებს დოჟისა და სენატისაგან. ასე რომ, ქალაქში შემოსულ ფრანგებს, გასაკეთებელიც ბევრი არაფერი დარჩათ. ასე იშვა ახალი ვენეციური რესპუბლიკა, რომელიც საფრანგეთის „მეგობარ“ ქვეყნად იქცა და ამაზე კიდევ უფრო მეტად, – ბონაპარტის ხელქვეითად.
    საფრანგეთისა და ვენეციის რესპუბლიკის მეგობრობა დაუყოვნებლივ იქნა განმტკიცებული ვენეციისგან პარიზისთვის „საჩუქრად“ გადაცემული 5 სამხედრო ხომალდით, 20 ძვირფასი მხატვრული ტილოთი; 500 უძველესი ხელნაწერითა და 7 მილიონი ოქროს ფრანკით (როცა ბონაპარტი 1796 წლის მარტის ბოლოს პარიზიდან სალაშქროდ წასვლისთვის ემზადებოდა, დირექტორია სამხედრო საკითხებზე უფრო მეტად იტალიური ხელოვგნების ნიმუშების „ბედით“ ინტერესდებოდა. „წამოიღეთ იტალიიდან ყველაფერი, რაც შესაძლებელია და რასაც ფასი აქვს“, – მოძღვრავდა იგი ახალბედა მთავარსარდალს. მაგრამ, როგორც ეტყობა, მთლად მისი იმედი რომ არ ჰქონდა ამ საქმეში, ამიტომ თან კომისრებისა და სპეციალური წარმომადგენლების მთელი რაზმი გააყოლა. მათაც ისეთი თავგამოდებით დაიწყეს იტალიის მუზეუმებსა თუ წიგნთსაცავებში ბორიალი და ხელის ფათური, რომ წლის ბოლოსათვის უკვე თავისუფლად შეიძლებოდა თქმა: იტალიიდან ყველაფერი, ფასიანი და ღირსშესანიშნავი, თითქმის უკვე გაზიდული იყოო, თუ მხედველობაში არ იქნებოდა მიღებული ნეაპოლისა და ტურინის საგანძურები, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქალაქებში ფრანგებს ფეხი ჯერ არ დაედგათ. ასე რომ, ვენეციის ბედი იტალიის სხვა ქალაქებისა თუ სახელმწიფოების ბედისგან განსხვავებული სულაც არ იყო.
    საომარი მოქმედებები დასრულდა და ვენეციაში ბონაპარტს აღარაფერი ესაქმებოდა. საქმე ახლა მას ლომბარდიაში ჰქონდა, სადაც იტალიის პოლიტიკურ მოწყობაზე აპირებდა მუშაობას. ამიტომ, ივნისის დასაწყისში, ბონაპარტი თავისი შტაბითა და ამალით მილანს დაბრუნდა. მთავარსარდალმა ბინა მონტებელოში დაიდო, ქალაქთან შორიახლოს, მთის კალთაზე გაშენებულ მშვენიერ ციხე-დარბაზში. მონტებელოს სასახლე (მას შემოკლებით მონბელოსაც ეძახდნენ) უზარმაზარ პარკში იყო ჩაძირული და დიდებულ სანახაობას წარმოადგენდა. იგი ბონაპარტს ციზალპური რესპუბლიკის მადლიერმა დირექტორიამ აჩუქა (საჩუქარში რესპუბლიკის მესვეურებმა ერთი მილიონი გადაიხადეს ოქროთი).
    სამხედრო კამპანია დამთავრებული იყო და წესით, მთავარსარდალს ალბათ, შეეძლო სამშობლოში დაბრუნება, თუნდაც ცოტა ხნით მაინც. მაგრამ ბონაპარტს შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა და მათ შესრულებას აქ, იტალიაში უყრიდა საფუძველს. ამიტომ იგი წასვლას კი არა, ამ ქვეყანაში კიდევ კარგა ხანს დარჩენას და თავისი მდგომარეობის განმტკიცებას აპირებდა. მთავარსარდალმა იცოდა, რომ ცოტა ხანში მონბელოს სასახლე იტალიის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი გახდებოდა. იცოდა, რომ აქ მარტო იტალიიდან და საფრანგეთიდან კი არა, ევროპის მრავალი ქგეყნიდან ჩამოვიდოდნენ სხვადასხვა ჯურის მთხოვნელები და ემისრები. მათ კი სათანადო დახვედრა სჭირდებოდათ. ახლა სამხედრო ბანაკის წესი აღარ გამოდგებოდა, საჭირო იქნებოდა სასახლის ანტურაჟისა და ეტიკეტის შექმნა. ამაში გენერალს თავისი ცოლი დაეხმარა. ჟოზეფინა სიხარულით ამოუდგა გვერდში მთავარსარდალს და მონტებელო ცოტა ხანში რესპუბლიკელი გენერლის კი არა, ხელმწიფის ბრწყინვალე სადგომს დაემსგავსა.
ნაპოლეონმა მონბელოში მთელი თავისი ოჯახი გამოიძახა. ჩამოვიდა დედა ლეტიცია და ყველა და-ძმა. ფაქტობრივად ეს ბონაპარტების პირველი შეხვედრა იყო ჟოზეფინასთან. ლეტიცია უკმაყოფილო იყო რძლისა ადრეც, სანამ მას ნახავდა, და მით უმეტეს ახლა, როცა ამ გალაღებულ ქალს ახლოდან უყურებდა. დედას და-ძმაც აჰყვა. სიმართლე რომ ითქვას, ვერც ნაპოლეონის დედა და ვერც მისი დები ჟოზეფინასთან საზოგადოებაში თავის დაჭერითა თუ გემოვნებით, ახლოს ვერ მივიდოდნენ. კორსიკელ პროვინციალებს პარიზის მაღალი საზოგადოების სალონებში გამოზრდილ ქალთან პარტია იმთავითვე წაგებული ჰქონდათ. ერთადერთი, რაც კაროლინასა და, განსაკუთრებით, პოლინას გააჩნდა, სილამაზე იყო. მაგრამ მთავარსარდლის მეუღლის არტისტული მიხვრა-მოხვრისა და მინაზებული ხმით მაღალფარდოვანი ლაპარაკის ფონზე მათი სილამაზეც თითქოს ხუნდებოდა. ცოლში შეყვარებული ნაპოლეონი ხედავდა ამას და მალულად ხარობდა. დედასა და დებს კი გული უსკდებოდათ. არც ძმები იყვნენ დიდად გახარებულნი. ბუნებით შურიანები და მუდამ ძმისგან გამორჩენის მდომნი, შიშობდნენ, რომ მათი ცქრიალა და კეკლუცი რძლის ხელში ბევრს ვერაფერს გამოსტყუებდნენ ნაპოლეონს. მაგრამ ლეტიციას გარდა ყველანი მაინც პირში ელაქუცებოდნენ ჟოზეფინას, უკმაყოფილებას არ აგრძნობინებდნენ, ძმიშიშით, რასაკვირველია. ზურგს უკან კი, გაგიხარიათ, ლანძღავდნენ და მიწასთან ასწორებდნენ.
    სულ ცოტა ხანში მონტებელოს ციხე-დარბაზი მთელი ლომბარდიის მაღალი საზოგადოების მექად იქცა: მხატვრები, კომპოზიტორები, ბანკირები, გრაფები, მარკიზები – ყველა ახალი დროის კეისრის სანახავად მოისწრაფოდა. მაგრამ მათგან ცოტა ვინმეს თუ აღირსებდა თავის უკვე ძვირად დაფასებულ ყურადღებას ყოვლისშემძლე გენერალი. მხოლოდ მეცნიერებისა და ხელოგვნების ოსტატებს არ ეუბნებოდა უარს, მინისტრებზე და ბანკირებზე ბევრად წინ აყენებდა, საათობით საუბრობდა მათთან, მაშინ, როცა თაგის გენერლებსა თუ უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარგზავნილებს ერთ–ორ სიტყვას ძლივს თუ გადაუგდებდა. საერთოდ, ძალიან სიტყვაძვირი გახდა – ყოველ ფრაზას ფასს ადებდა. თუ იტყოდა რამეს, აუცილებლად აფორიზმის მსგავსი იქნებოდა, თაყვანისმცემლებსა და მლიქვნელებს რომ აღტაცებაში მოიყვანდა. რომიდან, ნეაპოლიდან, პარიზიდან, ვენიდან, გერმანული საგრაფოებიდან – საიდან არ მოდიოდნენ მონტებელოში. ყველას თავისი ქვეყნის, თავისი სამფლობელოს, თავისი ძალაუფლების თუ, საერთოდ, თავისი პირადი ხვედრის დარდი ჰქონდა. ეშინოდათ არ დაეგვიანებინათ, მომენტი ხელიდან არ გაეშვათ, უბედურებას არ გადაჰყროდნენ, იმიტომ რომ, ვინ იცის, როდის და რანაირად გადასცემდა სხვას მათს საგრაფოს, საჰერცოგოსა თუ სამფლობელოს ეს დემონური ძალის ადამიანი.
    ვენეციაში ნაპოლეონმა, ხელოვნების ნიმუშების პარალელურად, ერთი მეტად ძვირადღირებული „ღლავიც“ იგდო ხელთ. საქმე როიალისტთა სადაზვერვო ქსელის მეთაურს გრაფ დ'ანტრეგს შეეხება. დ'ანტრეგი, თავის დროზე, საფრანგეთის რევოლუციის მომხრე იყო და კონსტიტუციური მონარქიის იდეებს უჭერდა მხარს, მაგრამ შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და რევოლუციის მოსისხლე მტერი გახდა. იგი შვეიცარიიდან ხელმძღვანელობდა მონარქისტთა საიდუმლო აგენტურას პარიზში და, უნდა ითქვას, საკმაოდ ბევრი უსიამოვნებაც მიაყენა რესპუბლიკურ ხელისუფლებას. დროთა განმავლობაში დ'ანტრეგს ხშირად უწევდა თავისი სამყოფელის გამოცვლა. 1797 წლის მაისში იგი ვენეციაში იმყოფებოდა, როცა ბონაპარტის ჯარი ამ ქალაქს მიუახლოვდა. დ'ანტრეგი, ცხადია, დაფაცურდა და გაქცევა დააპირა. იგი რუსეთის საელჩოს თანამშრომლის დახმარებით ცდილობდა ქალაქიდან გასვლას, მაგრამ ფრანგმა ჟანდარმებმა დააკავეს და მალე დაადგინეს კიდეც მისი ვინაობა. ასეთი მნიშვნელოვანი ნადავლის ნახვა თვით მთავარსარდალმა ისურვა და პატიმარი დაუყოვნებლივ წარუდგინეს ბონაპარტს. მათი შეხვედრა პირისპირ მიმდინარეობდა და, როგორც თავის მემუარებში აღნიშნავს ნაპოლეონი, დ'ანტრეგი ბევრს ცდილობდა, რომ როგორმე მოსწონებოდა გენერალს. როგორც ეტყობა, მან ეს მოახერხა და მათი შეხვედრა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს კი, ტრიბუნალისთვის გადაცემის ნაცვლად, ბონაპარტმა დ'ანტრეგის განთავისუფლება ბრძანა. საიდუმლო სამსახურის აგენტების, და მით უმეტეს მათი მეთაურების, იმქვეყნად გასტუმრებას არავინ ჩქარობს და არც ბონაპარტი იყო ისე მიამიტი, რომ დ'ანტრეგის თავისი ინტერესებისათვის გამოყენება არ ეცადა. მაგრამ ეს სხვა თემაა და აქ მისი შემდგომი განვითარების ადგილი არ არის. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ დ'ანტრეგს უპოვეს ბევრი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საჯაშუშო ქსელის შესახებ და საკომპრომეტაციო მასალა ზოგიერთ პარიზელ დიდმოხელეზე. ამ დოკუმენტთა დიდი ნაწილი ბონაპარტმა თავისთვის შეინახა, ხოლო პარიზში გააგზავნა ქაღალდი, რომელიც ცნობილ რესპუბლიკელ გენერალ პიშეგრიუს ეხებოდა. ეს ქაღალდი უტყუარად მოწმობდა იმას, რომ პიშეგრიუმ უღალატა რესპუბლიკასმდა როიალისტების სამსახურში ჩადგა. პარიზში პიშეგრიუს არასაიმედოობის შესახებ რაღაც ეჭვები ერთი ხანია ებადებოდათ, მაგრამ ახლა აშკარად დამადასტურებელი ქაღალდი მიიღეს. დირექტორიას უჭირდა ერთბაშად მიეღო ზომები მის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ პიშეგრიუს დიდი გავლენა ჰქონდა პარიზულ წრეებში, ხოლო არჩევნების შემდეგ დიდი თანამდებობაც მოიპოვა – იგი ხუთასთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორი პარლამენტარი გამოვიდოდა ამ გენერლისგან, დირექტორიამ არ იცოდა, მაგრამ სამაგიეროდ მან კარგად იცოდა მისი ხასიათი და შესაძლებლობები, ამიტომ ჯერ შორიდან უთვალთვალებდა მას. თვითონ პიშეგრიუ კი სრულებით არ ერიდებოდა დირექტორებს და ხმამაღლა აცხადებდა: მაგათ ლუქსემბურგის სასახლე ბასტილია ხომ არა ჰგონიათ, ერთი ცხენზე რომ შევჯდე, მეტიც არ უნდათ, 15 წუთში ყველაფერი დამთავრდებაო. აი, ასეთი კაცის წინააღმდეგ მისცა სამხილი ბონაპარტმა დირექტორიას და ძალიანაც დაეხმარა მას პიშეგრიუს ღალატის გამოაშკარავებაში.
    იტალიურ საქმეებში თავით ფეხებამდე ჩაფლულ ბონაპარტს, თვალი და ყური, რა თქმა უნდა, მაინც პარიზისკენ ეჭირა. მსტოვრები და ამბის მიმტანები საკმაოდ მოეძებნებოდა და ამიტომ ყოველთვის საქმის კურსში იყო, თუ რა ხდებოდა დედაქალაქში. 1797 წლის მაისში ჩატარებულმა არჩევნებმა მორიგი დამარცხება მოუტანეს მემარცხენე ძალებს – ხუთასთა საბჭოშიც და უხუცესთა საბჭოშიც უმრავლესობა როიალისტებმა, მათთან ახლო მდგომმა პარტიებმა და დაჯგუფებებმა მოიპოვეს. ფრანგი ამომრჩეველი ყოველგვარი ორაზროგნების გარეშე აცხადებდა: საკმარისია „იაკობინური“ ექსპერიმენტები, საკმარისია ავანტიურისტული პოლიტიკა ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ყოვლად უვარგისი, არაკომპეტენტური – ქვეყნის შიგნით. მოსახლეობის უმეტესობა დირექტორიის რეჟიმს და მის პოლიტიკას, განსაკუთრებით ომის გაგრძელებისა და ევროპის „განთავისუფლების“ მიმართებით, იაკობინურად თვლიდა და უკვე მეორედ ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებში ზურგს აქცევდა მას. პირველად, ოთხმოცდათხუთმეტში, დირექტორია გამოვიდა კრიზისიდან და შეძლო რესპუბლიკური წყობილების შენარჩუნება, მაგრამ ამისათვის ძალების უკიდურესი დაძაბვა და გენერალ ბონაპარტის ზარბაზნები დასჭირდა. ახლა, ორი წლის შემდეგ, ღრუბლები ისევ გროვდებოდნენ მის თავზე. ხუთასთა საბჭოს თავმჯდომარედ გენერალ პიშეგრიუს არჩევა, დირექტორიის მოწინააღმდეგისა და, როგორც ხმები დადიოდა, როიალისტების ფარული მომხრისა, უშუალო საფრთხეს უქმნიდა მათ პოლიტიკურ და, ვინ იცის, იქნებ ფიზიკურ არსებობასაც. ახლადარჩეულმა საკანონმდებლო ორგანოებმა დირექტორიის ფინანსური საქმეების გამოძიება დაიწყეს. ხაზინა ცარიელი იყო, ხოლო ვისაც ჯერ არს და პირველ რიგში დირექტორიის წევრებსა და მათ ახლობელთა ფართო წრეს ფული და სიმდიდრე თავზე საყარი ჰქონდათ. სად მიდიოდა ხაზინაში შესასვლელი ფული, სად იკარგებოდა იტალიიდან უწყვეტ ნაკადად წამოსული ოქროს მილიონები? პარლამენტარების ასეთი კითხვები ხელისუფალთ არ მოსწონდათ და არც სჭირდებოდათ. თუ ასე წავიდოდა საქმე, მათ, საერთოდ, ასეთი საკანონმდებლო ორგანოებიც არ სჭირდებოდათ. დამყოლი და მათი მომხრე პარლამენტი, აი, რა სჭირდებოდათ მათ.
    მდგომარეობა დაიძაბა. როგორც ეტყობა, მშვიდობიანი მორიგება არმოხდებოდა. ამომრჩეველთა ნებას ამოფარებულ როიალისტურ წრეებს დირექტორიის მოშორება და, საერთოდ, რესპუბლიკური რეჟიმისგან განთავისუფლება უნდოდათ; დირექტორებს კი ამის გაგონებაც არ სურდათ, არა იმიტომ, რომ ასე თავგადადებული რესპუბლიკელები იყვნენ (ოთხმოცდაჩვიდმეტში ძნელად რომ ისინი ასეთად დარჩენილიყვნენ), არამედ საკუთარი ძალაუფლება და, აქედან გამომდინარე, საკუთარი კეთილდღეობა არ ემეტებოდათ და კბილებითაც იცავდნენ მას. მაგრამ ძალთა შეფარდება კვლავ არ იყო მათ მხარეზე, კვლავ მოწინააღმდეგის მხარეზე იყო რიცხობრივი უპირატესობა და ახლა, არჩევნების შემდეგ, სამართლებრივი საფუძველიც.
    მაშ, რაღა რჩებოდა ბარასსა და კომპანიას? ძალა, შეიარაღებული ძალა, რომელიც მოწინააღმდეგის რაოდენობრივ უპირატესობასაც იოლად გააქარწყლებდა და სამართლებრივსაც, მით უმეტეს, ოთხმოცდათხუთმეტი წლის ვანდემიერისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ ჭკუა ისწავლა და ახლა თავდაცვისათვის ადრიდანვე დაიწყო მზადება. უპირველესად ყოვლისა, საჭირო იყო იმ პიროვნების პოვნა, ვინც ხელს მოჰკიდებდა ამ საქმეს.
    დირექტორიას ამჯერად არჩევანის საშუალება ჰქონდა. პიშეგრიუსა და მის ხუთასთა საბჭოს უნდა დაპირისპირებოდა თავისი საჯარისო შენაერთებით ერთ-ერთი იმ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეთაგანი, რომელსაც ყველაზე მეტი ავტორიტეტი ჰქონდა არმიაშიც და ხალხშიც. ბონაპარტი, ჰოში, მორო – აი, ის სამი გენერალი, რომელთა შორისაც უნდა ეძებნა თავისი მხსნელი დირექტორიას.
    დირექტორებმა პირველ რიგში მოროს მიმართეს. ის ყველაზე დინჯი და დამყოლი ჩანდა, მაგრამ ხელისუფლები მოტყუვდნენ. რაინის არმიის სარდალმა მათს თხოვნას მხარი არ დაუჭირა. მორო ძალიან ფრთხილი კაცი იყო, იგი ისე ადვილად არ წავიდოდა სარისკო ნაბიჯზე, მით უმეტეს, რომ არც დირექტორები ესიმპათიურებოდნენ და არც მათ მიერ დამყარებული რეჟიმი. დირექტორების „სიაში“ მეორე, ჰოში იყო. ხელისუფლების ემისრებს არ გაძნელებიათ მისი გადაბირება – როიალისტების გამარჯვება ვერც წარმოედგინა კეთილშობილ გენერალს. გადატრიალებისათვის სამზადისი ფარულად უნდა ჩატარებულიყო. ბარასის გეგმის მიხედვით, პარიზის მახლობლად ჯარების თავმოყრის გასამართლებლად, წინასწარ გამოაცხადებდნენ შინაგანი და სამბრა-მაასის არმიების გაერთიანებას, ამ გაერთიანების განხორციელების საბაბით, დაიწყებოდა სამხედრო შენაერთთა გადაადგილება, რომლის პროცესშიც პარიზის გარშემო „აღმოჩნდებოდა“ ჯარის ის ნაწილები, რომლებიც ყველაზე უფრო გამოდგებოდნენ განზრახული აქციის ჩასატარებლად, ბარასის გეგმა ცუდად მოფიქრებული შეიძლება არც იყო, მაგრამ მისი უშუალო შესრულება სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. პიშეგრიუ ფხიზლად იყო, ამიტომ ამ გეგმის შესრულებისათვის ჰოშს რაიმე დამატებითი უფლებამოსილება უნდა მინიჭებოდა. ყველაზე უკეთესი იქნებოდა მისი სამხედრო მინისტრად დანიშვნა. ასეც გამოაცხადეს, მაგრამ აქ ბარასსა და მის თანამზრახველებს შეცდომა მოუვიდათ. კანონის მიხედვით, მინისტრის თანამდებობაზე მხოლოდ ოცდაათ წელს გადაცილებულის დანიშვნა შეიძლებოდა, ჰოში კი ოცდაცხრა წლისა იყო. ასე რომ, ეს დანიშვნა არ შედგა. შექმნილ ვითარებაში ჯარების გადაადგილებამ, რომელიც მაინც განახორციელეს შეთქმულებმა, უკვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და საბოლოო ანგარიშში, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა – ჰოში უკვე კომპრომეტირებული იყო და მისი გამოყენება აღარ შეიძლებოდა.
    რჩებოდა გენერალი ბონაპარტი. ბარასსაც და სხვა დირექტორებსაც ყველაზე ნაკლებად, სწორედ, ამ პიროვნების გამოყენება უნდოდათ, მაგრამ რა უნდა ექნათ? სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდათ, რადგან დრო მათ წინააღმდეგ მოქმედებდა. მართლაც, ბარასმა ამცნო ბონაპარტს განზრახვა და დაუმატა, რომ ისიცა და მისი თანადირექტორებიც ბედნიერნი იქნებოდნენ, თუ ისევ ნახავდნენ მათ შორის გენერალს, რომელმაც ასე გამოიჩინა თავი 13 ვანდემიერს.
    თანდათანობით ბარასი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბონაპარტის გამოყენება ამ „შავ“ საქმეში ორმხრივად იქნებოდა მისთვის სასარგებლო. ჯერ ერთი, მოხერხდებოდა როიალისტებისგან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილება, და, მეორეც, შესუსტდებოდა საკუთრივ ბონაპარტის პოზიციები! ამას კი ბარასი და კომპანია ნაკლებ მნიშვნელობას როდი ანიჭებდნენ. მართლაც, კანონიერად არჩეული სტრუქტურების იარაღის ძალით დაშლა და ერთობ საეჭვო რეპუტაციის მქონე დირექტორიის მხარეზე აშკარად გამოსვლა, ხალხის დიდი უმრავლესობის თვალში სახელს გაუტეხდა დირექტრიისთვის უკვე ზედმეტად მომძლავრებულ გენერალს. გაიძვერა ბარასი ორი კურდღლის მოკვლას აპირებდა, მაგრამ ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ შეისრულა. ბონაპარტმა ამოიცნო მისი განზრახვა ამ სახიფათო თამაშში და ძლიერი კონტრსვლით უპასუხა.
    იტალიური არმიის მთავარსარდალს დირექტორია სძულდა და სხვა ვითარებაში მის გადასარჩენად შეიძლება ხელიც არ გაენძრია. მაგრამ ახლა, როცა ხელისუფლების სათავეში როიალისტები მოვიდოდნენ, რომლებიც მარტო დირექტორიას კი არა, არამედ მის სამსახურში მყოფ ბევრ სხვასაც და, ალბათ, პირველ რიგში ბონაპარტსაც კარგს არაფერს მოუტანდნენ, იგი რასაკვირველია, დაეხმარებოდა არსებულ ხელისუფლებას მონარქისტების გაუვნებელყოფაში. ამაში, ბარასისა და ბონაპარტის მიზნები ჯერ–ჯერობით ემთხვეოდნენ ერთმანეთს. დიახ, ჯერჯერობით ემთხვეოდნენ. რაც შეეხება დირექტორიის განზრახვის მეორე ნაწილს, აქ ბონაპარტმა პირში ჩალა გამოავლო თავისი ცოლის ხელისმომკიდეს. შეთქმულების აღსასრულებლად იგი თვითონ კი არ წავიდა პარიზში, არამედ თავისი თანამებრძოლი ოჟერო გაგზავნა!
    ოჟერო მამაცი და თავზეხელაღებული კაცი იყო, მაგრამ სწავლა–განათლებისა და ცოდნის ძიებით თავი არასოდეს აუტკივებია. ამიტომ ამ ადამიანს პოლიტიკაში დიდი პრეტენზიები არ ჰქონდა და ასეთი საქმის აღსრულება მისთვის არც პრესტიჟის დაცემასთან იქნებოდა დაკავშირებული და არც მომავლის გეგმებში შეუშლიდა ხელს. ის კი არა, პირიქითაც შეიძლებოდა მომხდარიყო: წარმატების შემთხვევაში ოჟეროს სამხედრო სარბიელზე დააწინაურებდნენ და დივიზიის მეთაურის ნაცვლად უფრო მაღალ თანამდებობასაც მისცემდნენ. ასე რომ კასტილეონეს მომავალი ჰერცოგი სიამოვნებით გაემგზავრა დედაქალაქისკენ.
    ცოტათი ადრე, სანამ ოჟეროს ამ საქმეზე გაგზავნიდა, ბონაპარტმა 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, რესპუბლიკის უმთავრესი დღესასწაულის განსაკუთრებულად საზეიმო აღნიშვნა მოაწყო. ილუმინაციებმა, საზეიმო სვლებმა, ბანკეტებმა, აღლუმებმა აღტაცებაში მოიყვანეს მხილველები და მონაწილენი. ბონაპარტი ტყუილ-უბრალოდ არაფერს აკეთებდა და არც ეს საზეიმო ცერემონიალი მოუწყვია მხოლოდ 14 ივლისის დღის აღსანიშნავად. თუ რა იდგა ბონაპარტის ამ ღონისძიების უკან, გამოჩნდა იმ ბრძანებაში, რომელიც იტალიური არმიის მთავარსარდალმა გამოსცა ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ეს ბრძანება ჯარის ნაწილებშიც წაიკითხეს და ვისაც ჯერ არს იმათაც გააგებინეს. სხვა სიტყვებთან ერთად, მასში ასეთებიც იყო: „ჯარისკაცებო! თუ როიალისტებმა თავის წამოყოფა გაბედეს, ეს მათი უკანასკნელი საათი იქნება! მაშ, უკუაგდეთ ყოველგვარი ეჭვები და შეჰფიცეთ თავისუფლებისათვის დაღუპული ჩვენი თანამებრძოლების აჩრდილებს, შეჰფიცეთ ჩვენს ახალ ბაირაღებს, რომ მარადიულ ომს უცხადებთ რესპუბლიკისა და მესამე წლის კონსტიტუციის მტრებს“.
    ეს გაფრთხილება იყო, მრისხანე გაფრთხილება იმ როიალისტური ძალებისადმი, ვინც რესპუბლიკის ხელყოფას დააპირებდა. მთავარსარდლის ამ გაფრთხილებას ზურგს ბრძოლებში დაუმარცხებელი „იტალიური არმია“ უმაგრებდა. შესაბამისად, ბონაპარტის ასეთი გამოსვლა მთავრობისთვის დიდი მხარდაჭერა იყო. მაგრამ გენერალი მარტო ამგვარი მხარდაჭერით არ შემოიფარგლა. დ'ანტრეგის ცნობები პიშეგრიუს ღალატის შესახებ ბონაპარტმა სწორედ ხელისუფლებისთვის იმ კრიტიკულ პერიოდში შეატყობინა მას, რითაც თავისი მოწინააღმდეგეების ასალაგმად შესანიშნავი იარაღი მისცა ხელთ. დირექტორია ისევ ბონაპარტისაგან იყო დავალებული და ისევ მისი დახმარებით უსწორდებოდა თავის მტრებს.
    პარიზში ჩასვლისთანავე, ოჟერო შინაგანი ჯარების სარდლად დაინიშნა. როცა ეს ახმახი და დახვეწილ მანერებს ერთობ მოკლებული კაცი, სრულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ხმლისა და დეზების ჟღარუნით ლუქსემბურგის სასახლეში მივიდა და დირექტორებს წარუდგა, ლაზარ კარნოს აღშფოთება ვერ დაუფარავს და უთქვამს: რა პირწავარდნილი ყაჩაღიაო, ოჟეროსაც თითქოს იმიტომ, რომ არავის იოტისოდენა ეჭვიც არ შეპაროდა კარნოს სიტყვების სისწორეში, დიდის ამბით გამოუცხადებია: მე აქ როიალისტების ჯასახოცად ჩამოვედიო. მრისხანე გენერლის ამ სიტყვებმა როიალისტები კი არა, ისინიც შეაფიქრიანა, ვის დასაცავადაც იყო ჩამოსული. როიალისტები მიხვდნენ, რომ მალე მათ ცუდი დღე დაუდგებოდათ და ამიტომ გააძლიერეს სამზადისი ხელისუფლების დასამხობად, ოჟერო კი პარიზის გარშემო ჯარებს აგროვებდა. ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია და კიდევ უფრო ააჩქარა მონარქისტები. სიჩქარეში კი მათ შეცდომები მოსდიოდათ. ნერვიულობის ბრალი იყო თუ თავის ძალებში ზედმეტი დაჯერებულობისა, მათ სიფრთხილე სრულიად დაივიწყეს და ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედების გეგმების სააშკარაოზე გამოტანა დაიწყეს. მათი წინდაუხედაობის კულმინაციას 3 სექტემბრის განცხადება წარმოადგენდა. ამ განცხადების მიხედვით დირექტორიისადმი ოპოზიციური ძალები დაუფარაგად აცხადებდნენ აჯანყების დაწყებას მეორე დღეს, დილიდან. ცხადია, ამის შემდეგ „მეორე დღე“ როიალისტებს აღარ ექნებოდათ. ღამით ოჟერომ 12 ათასი ჯარისკაცი შეიყვანა პარიზში და ყველა საკვანძო პუნქტი დაიკავა. დაიწყო ოპოზიციონერთა დევნა-დაპატიმრება. როიალისტებს კარგად ახსოვდათ ბონაპარტის მიერ ორი წლის წინ ჩატარებული მწარე გაკვეთილი და ახლა იარაღისათვის ხელი აღარ უხლიათ. ეს ამბები 18 ფრუქტიდორს მოხდა და ამ დღეს ფრუქტიდორის სახელმწიფო გადატრიალების დღეს უწოდებენ.
    მართლაც დირექტორიამ, ფაქტობრივად, დაშალა არჩეული საკანონმდებლო ორგანოები, დაიჭირა და ჭაობიან გვიანაში გადაასახლა დეპუტატების უმრავლესობა და მთელი ძალაუფლება თავის ხელში აიღო. ასე შეწყვიტა არსებობა საფრანგეთში კონსტიტუციურმა ხელისუფლებამ.
    ბონაპარტი შორიდან უცქეროდა იქ მიმდინარე ამბებს. გენერალს უკმაყოფილების საბაბი არ ჰქონდა. პირიქით, ის ძალიანაც კმაყოფილი იყო. როიალისტები დამარცხდნენ, დირექტორიამ კი გაიმარჯვა, მაგრამ ისევ მისი დახმარებით, თანაც, ამჯერად, ფარულით. ამასთანავე, ამ გამარჯვებამ საბოლოოოდ გამოააშკარავა დირექტორიის ანტიკონსტიტუციური ბუნება და თუკი სადმე ვინმეს შორის ავტორიტეტის მსგავსი კიდევ გააჩნდა, ახლა ისიც დაკარგა. მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით, ბონაპარტისათვის ეს ყველაფერი ერთობ ხელსაყრელი იყო.
    ბარასი მახეს უგებდა ბონაპარტს, მაგრამ ბოლოს თვითონ გაება მასში. ფრუქტიდორის ამბები ერთი მხარე იყო მხოლოდ, შეორე და უფრო უარესი გაწბილება ბარასს სულ ახლო მოშავალში ელოდა. ბონაპარტისაგან გაწამებულ ვენეციის ხელისუფალთ თურმე 600 ათასი ფრანკი მიუციათ ბარასისთვის, რომ როგორმე მათი მტანჯველი გენერალი ვენეციის რესპუბლიკისგან მოეშორებინა. ბარასს ფული, რა თქმა უნდა, აუღია და დახმარებასაც შეჰპირებია. რისი შესრულება შესძლო ამ დაპირებიდან ბარასმა, ცნობილი არ არის, მაგრამ ის, რომ ქრთამის მიცემის დამადასტურებელი ქაღალდი ნაპოლეონს ჩაუვარდა ხელში, უტყუარი ამბავია. ისიც უტყუარია, რომ იტალიის არმიის მთავარსარდალმა სანდო კაცის პირით ამ ქაღალდის არსებობის შესახებ თვით ქრთამის ამღებს ამცნო. რა დღეში ჩავარდებოდა ბარასი, ძნელი წარმოსადგენი არ არის. იმ გრძნობებს შორის, რომლებიც მას იმ წუთში მოერეოდა, სირცხვილი, ალბათ, უკანასკნელი იყო. აი, პირველი კი ნამდვილად შიში იქნებოდა, შიში დანაშაულის გამჟღავნებისა, ყველა თავისი მოსალოდნელი შედეგით. მაგრამ ბონაპარტს ამბავი არ გაუმჟღავნებია, ყოველ შემთხვევაში მაშინ, და სანამ ეს საიდუმლო მასთან იყო, საფრანგეთის უმაღლესი ხელისუფალი „მის ხელში“ იყო.
    მონბელოს სასახლიდან ბონაპარტი მთელ ჩრდილოეთ იტალიას მართავდა და იქ აწყობდა ამ ქვეყნის გაერთიანების გეგმებს. მალე მან მათი პრაქტიკული განხორციელებაც დაიწყო, თუმცა კარგად ესმოდა, რომ ეს საქმე ძნელზე ძნელი იყო და დიდ დროს მოითხოვდა. გენერალმა პირველ ხანებში გადაწყვიტა თავის მიერვე შექმნილი პატარა რესპუბლიკების უფრო დიდ კონგლომერატში გაერთიანება. ამ მიზნით, ტრანსპადური და ცისპადური რესპუბლიკები მან ერთ ციზალპურ რესპუბლიკად გააერთიანა. შემდეგ ყურადღება გენუას მიაპყრო. იქაც იგივე რეცეპტები იქნა გამოყენებული, რაც ვენეციაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შეიარაღებული შეტაკება აღარ გახდა საჭირო. გენუის ხელისუფლებამ მორჩილად აღასრულა მთავარსარდლის ნება და ამიერიდან ლიგურიის რესპუბლიკად მოინათლა.
    საყურადღებოა, რომ კონსტიტუციები ამ რესპუბლიკებისთვის ბონაპარტის მიერ იყო შედგენილი და საფრანგეთის III (1795 წლის) კონსტიტუციას ეყრდნობოდა. სწრაფადვე მოაგვარა ბონაპარტმა ურთიერთობა სარდინიის სამეფოსთანაც. ამ ქვეყნის ხელისუფლებთან დაიდო სამხედრო კავშირი, რომლის მიხედვითაც, პიემონტი, ფაქტობრივად, საფრანგეთის ვასალობაში გადადიოდა და ბონაპარტს, როცა უნდოდა და რამდენიც უნდოდა, მისი იმდენი ჯარის გამოყენება შეეძლო. ამასთან ერთად მოგვარებული იყო ურთიერთობა პაპთან და ნეაპოლის სამეფოსთან. როგორც დავინახეთ, მდგომარეობა სტაბილური გახდა პარიზშიც და ისევ ბონაპარტის შემწეობით. ასე რომ იტალიური არმიის მთავარსარდალს „ზურგი დაცული“ ჰქონდა და ახლა თამამად შეეძლო ავსტრიელებთან მოლაპარაკებაზე წასვლა. ბონაპარტი მთელი სერიოზულობით ემზადებოდა რთული მოლაპარაჯებისათვის. ავსტრიელებზე კი ამას ვერ იტყოდი. მართლაც, ერთი ხანია ბონაპარტი შემაშფოთებელ ცნობებს იღებდა მათი ბანაკიდან, ავსტრიელები ყოველნაირად ცდილობდნენ მოლაპარაკების დაწყების გაჭიანურებას, ამკაცრებდნენ თაგიანთ მოთხოვნებს და, საერთოდ, როგორც ეტყობოდათ, ლეობენში მიღწეულ შეთანხმებებზე უარის თქმას აპირებდნენ. ამავე დროს, ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ ავსტრიელები გაცხოველებულ სამხედრო მზადებაში იყვნენ, აგროვებდნენ და ამზადებდნენ დიდძალ იარაღს, ჯარში იწვევდნენ რეკრუტების ახალ-ახალ კონტინგენტს. ეჭვი არ იყო, რომ ვენას რაღაცის იმედი ჰქონდა და მოვლენათა სხვაგვარ განვითარებას ელოდებოდა.
    მართლაც ცოტა ხანში, ნათლად გამოიკვეთა ავსტრიელთა ასეთი ჭირვეულობის მიზეზი. ეს მიზეზი საფრანგეთის შიდა პოლიტიკური ცხოვრების მკვეთრი გართულება აღმოჩნდა. მაისის არჩევნებში მონარქისტთა შთამბეჭდავმა გამარჯვებამ ვენას დიდი იმედები ჩაუსახა. შეიქნა რესპუბლიკელების დამარცხებისა და საფრანგეთის სათავეში როიალისტების მოსვლის შესაძლებლობა. როიალისტთა გამარჯვება კარდინალურად შეცვლიდა ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. ასეთ პირობებში ბუნებრივად მოჩანს ავსტრიელთა გულგრილობა მომავალი მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. მართლაც, რატომ უნდა ეჩქარათ ვენის ხელისუფალთ? არ ჯობდა დაეცადათ მოვლენათა განვითარებისათვის? ჯობდა და ისინიც იცდიდნენ. ბონაპარტი კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პარიზში როიალისტებს არ გაემარჯვათ და რესპუბლიკური წყობილება არ დაემხოთ. ამავე დროს, იგი გარკვეულ ზომებს იღებდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ავსტრიელები როგორმე მოლაპარაკების მაგიდასთან მიეყვანა. ამ მიმართებით მან სარდინიის მეფეს მოსთხოვა მიეცა მისთვის 10 ათასი ჯარისკაცი, ავსტრიასთან საომარი მოქმედებების ახლო მომავალში განახლებასთან დაკაგშირებით. სარდინიის მეფემ ბონაპარტის ეს მოთხოვნა წამში გააგებინა ევროპის სხვა სახელმწიფოებს და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავის ყოფილ მოკავშირეს – ავსტრიას. ავსტრიელებს მოვლენათა ასეთი განვითარება არაფრად ეპიტნავათ.
    როგორც ეტყობა, ან მათი სამხედრო სამზადისი არ იყო სათანადო დონისა და იგი უფრო პროპაგანდის სახეს ატარებდა, ან ისინი პარიზში მოვლენების მათთვის სასურველად განვითარებას ელოდებოდნენ და ომის განახლებას არ აპირებდნენ. ერთი კი ცხადი იყო, საფრანგეთთან მოლაპარაკების აშკარად ჩაშლას ავსტრიელები მაინც ერიდებოდნენ. აი გაჭიანურება კი ძალიან აძლევდათ ხელს.
    მოლაპარაკების ვადების დადგენისა თუ მისი საერთოდ დაწყება–არდაწყების საკითხის გადაწყვეტის პერიოდში, ავსტრიის უმაღლესმა ხელისუფლებმა სულ სხვა მხრიდანაც გადაწყვიტეს მოქმედება. იმპერატორმა ფრანცმა საფრანგეთის ჯარების მთავარსარდალს კონფიდენციალურად აცნობა, რომ თუ ეს უკანასკნელი მოისურვებდა, მაშინ მის მუდმივ მფლობელობაში გადავიდოდა გერმანიის ნებისმიერი საგრაფო 250 ათასი მცხოვრებით და დამატებით მიიღებდა კიდევ რამდენიმე მილიონ ფრანკს ოქროთი. მოკლედ, ჰაბსბურგები ქრთამს სთავაზობდნენ ნაპოლეონ ბონაპარტს: ერთი საშუალო სიდიდის საგრაფოსა და ორიოდე მილიონ ფრანკს! ეს იგივე იყო, კეისრისთვის სანჩო პანსას „კუნძული“ რომ ეჩუქებინა ვისმეს...
    მოლაპარაკებაზე დათანხმება კი მაინც მოუხდათ ავსტრიელებს. როიალისტთა განადგურებამ პარიზში 18 ფრუქტიდორს და ბონაპარტის მუქარამ ომის განახლების შესახებ სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვა ვენის ხელისუფალთ. სამშვიდობო მოლაპარაკება ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ქალაქ უდინეს მახლობლად, პასარიანოში დაიწყო. ეს დასახლებული პუნქტი საფრანგეთის არმიის შტაბ-ბინა იყო. ბონაპარტმა ისე მოაწყო საქმე, რომ ავსტრიელთა დელეგაციას, როცა ის მოლაპარაკებაზე მიდიოდა, ფრანგთა ძლევამოსილი ლაშქრის განლაგებაში უნდა გაევლო და შესაბამისი უარყოფითი ემოციებით „დამუხტულიყო“. გამარჯვებულმა გენერალმა ესეც არ აკმარა მოწინააღმდეგეს და პირველ სხდომაზე, სადაც ის მთელი 24 საათის დაგვიანებით გამოცხადდა, შთაბეჭდილების გასაძლიერებლად თან მთელი თავისი გენერალიტეტი მიიყვანა!
    ავსტრიელები შეწუხდნენ, შეფიქრიანდნენ, მაგრამ არ შეშინდნენ და შეუპოვრად დაუდგნენ წინ გამარჯვებებით გალაღებულ მოწინააღმდეგეს. მოლაპარაკებები რთულად წარიმართა. ავსტრიელთა მხარეს ლუდვიგ კობენცლი მეთაურობდა, გამოცდილი და მოხერხებული დიპლომატი, მრავალი მოლაპარაკებისა და შეთანხმების მონაწილე და შემოქმედი. იმპერატორ ფრანცს იმედი ჰქონდა, რომ ასეთი მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი შეძლებდა ბონაპარტის გაცურებას და ავსტრიაც მისთვის ბეგრად უფრო ხელსაყრელ ზავს მიაღწევდა, ვიდრე ეს ლეობენში გამოისახა. მაგრამ ავსტრიის ხელისუფალთა ამ იმედს შესრულება არ ეწერა. ბონაპარტმა სამშვიდობო მაგიდასთანაც ისეთივე ოსტატობა გამოამჟღავნა, როგორიც ბრძოლის ველზე და კობენცლის ყოველ ცდას, როგორმე შეესუსტებინა წნეხი, რომლის ქვეშაც იგი ავსტრიას აქცევდა, საბოლოოდ წარუმატებელი გამოდგა. თუმცა ეს უცბად არ მომხდარა. მოლაპარაკებები კარგა ხნით გაჭიანურდა და ძალიან დაძაბულადაც წარიმართა.
    გარეგნულად ყველაფერი თითქოს რიგზე იყო. დასაწყისში მონაწილენი ქათინაურებითა და დახვეწილი მანერებით აწონებდნენ ერთმანეთს თავს და ზრდილობიანი ქცევის მაგალითის დემონსტრირებას ახდენდნენ. შეხვედრები ხან პასარიანოში წარმოებდა, ბონაპარტის მთავარბანაკში, ხან კი უდინეში, სადაც ავსტრიელთა დელეგაცია ბინადრობდა. ყოველი შეხვედრის შემდეგ სადილი იმართებოდა და ორივე მხარე ახლა უხვ სუფრასთან აგრძელებდა საუბარს და ცდილობდა, უკვე არაოფიციალურ ვითარებაში მიეღწია საწადელისათვის. მაგრამ დრო გადიოდა და მოლაპარაკებას შედეგი არ მოსდევდა. ბონაპარტი ნერვიულობდა, თუმცა, ავსტრიელებს ამას არ აჩვენებდა. არადა სანერვიულო ნამდვილად ჰქონდა. დირექტორია, საკმაოდ მომძლავრებული 18 ფრუქტიდორის შემდეგ, აშკარად შეურიგებელ პოზიციაზე იდგა და მოითხოვდა ავსტრიელებისთვის ისეთი წინადადებების წაყენებას, რომელთა მიღება მათ არავითარ შემთხვევაში არ შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბონაპარტი არც ადრე და არც მოლაპარაკების პროცესში „პარიზელ ადვოკატთა“ მითითებებს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ უთმობდა, მას ზომიერების გრძნობა დაკარგული არ ჰქონდა და იცოდა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ორ შეომარ მხარეს შორის ზავის დადების საკითხია, მეტად საპასუხისმგებლო რამ იყო და იქ შეცდომის დაშვების უფლება მას არ ჰქონდა. ერთი-ორჯერ მდგომარეობა ისე დაიძაბა მასა და პარიზს შორის, რომ მთავარსარდალმა ისევ თავის ადრე ნაცად ხერხს მიმართა და დირექტორიას დაუყოვნებელი გადადგომა შესთავაზა. გადადგომის შესახებ თხოვნას თან იმ ფუნქციების მოზრდილი ნუსხაც აახლა, რომელთა შესრულებაც მას იტალიაში უხდებოდა. მთავარსარდალი არც ტყუოდა და არც აზვიადებდა. ეს ფუნქციები, მართლაც იმდენი და ისე მრავალფეროვანი იყო, რომ დირექტორიას, გადადგომის შესახებ თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ალბათ, სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა მოზრდილი ჯგუფის გაგზავნა მოუწევდა ბონაპარტის ამ ფუნქციათა შესასრულებლად. მაგრამ დირექტორია არც ჯგუფის გამოგზავნას აპირებდა და არც ბონაპარტის გადაყენებას. და არა იმიტომ, რომ არ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ ვერ ახერხებდა, საზოგადოებრივი აზრისა ეშინოდა. საზოგადოებრივი აზრი კი, რა თქმა უნდა, გამარჯვებული გენერლის მხარეზე იყო.
    დირექტორები ბონაპარტს გადადგომაზე უარს ეუბნებოდნენ, მაგრამ მოლაპარაკების დროს მისი პოზიციის გამკაცრებას კი მოითხოვდნენ. ერთი პირობა ხელისუფლებამ ნაპოლეონს მოლაპარაკების გაწყვეტა და ავსტრიის წინააღმდეგ საომარი მოქმედების განახლებაც კი შესთავაზა. ასეთ პირობებში ბონაპარტს დიდი სიფრთხილე და გამომგონებლობა მართებდა. ისიც მოლაპარაკების დროს, ლამის კანიდან ძვრებოდა, სრულიად სხვადასხვა მეთოდს მიმართავდა. ხან სთხოვდა ავსტრიელებს დათმობაზე წასულიყვნენ, ხან ეჩხუბებოდა მათ, ხან კი მუქარასაც არ აკლებდა.
    უნდა ითქვას, რომ ამგვარი მრავალფეროვანი არსენალის გამოყენებით იგი ახერხებდა კობენცლისგან ხან ერთი პატარა დათმობის დაცინცვლას, ხან მეორისას, მაგრამ, მთლიანობაში, ერთიან, მასშტაბურ წარმატებას იგი ვერა და ვერ აღწევდა. ეს აღიზიანებდა ბონაპარტს და გუნებას უფუჭებდა, მაგრამ დიდხანს მაინც თავს იკავებდა, საბოლოოდ არ წვავდა ხიდებს და თამაშს აგრძელებდა. არც ყველა კოზირს იყენებდა ჯერჯერობით. ისე, ამ დიპლომატიურ თამაშში ზოგჯერ კურიოზულ ამბებსაც გამოურევდა ხოლმე. მაგალითად, ერთხელ, უდინეში, როცა კობენცლმა ისევ სცადა უარი ეთქვა რომელიღაც, ადრე უკვე შეთანხმებულ პუნქტზე და არგუმენტად კვლავ იმპერიის ინტერესები მოიყვანა, ნაპოლეონი გაფიცხდა და ავსტრიელ დელეგატებს ყვირილი დაუწყო: „იმპერია! თქვენი იმპერია ბებერი მეძავივითაა, რომელთანაც ყველა იცხოვრებს, ვისაც არ დაეზარება! ნეტავ, რას მევგაჭრებით, ვერა ხედავთ, რომ ჩემი გრენადერებით ხართ გარშემორტყმულნი?“ გენერალი წამოხტა. იგი სულ გამოვიდა წონასწორობიდან და ახლა პირდაპირ ღრიალზე გადავიდა: „თქვენ რა, ომი გინდათ? თუ ასეა, მაშინ ავსტრიას სამ თვეში დავამარცხებ და ასეთ ნამსხვრევებად ვაქცევ“ – წამოიძახა მან და იქვე, პატარა მაგიდაზე დალაგებულ ჩაის ძვირფას სერვიზს ეცა. ეს სერვიზი კობენცლს რუსეთში ელჩად ყოფნისას თვით ეკატერინე დიდმა აჩუქა და ამის შემდეგ ავსტრიელ დიპლომატს იგი ყველგან თან დაჰქონდა. ბონაპარტმა ჯერ ეს სერვიზი დაანარცხა იატაკზე და მერე მაგიდაც ზედ მიაყოლა. მართლა უამრავი ნამსხვრევი გამოვიდა. როცა ბონაპარტმა შიშისგან ფერდაკარგულ და ენაჩავარდნილ კობენცლსა და მისი დელეგაციის წევრებს შეხედა, საჩქაროდ ოთახიდან გაიქცა, სიცილი რომ არ ავარდნოდა. ამგვარი სპექტაკლების მოწყობა ტალმას მეგობარს არც მანამდე და არც მერე არ უჭირდა. „ბონაპარტი გადაირია ან მთვრალი იყო“, – წერდა შემდეგ თავის გასამართლებლად კობენცლი, რადგან უშუალოდ ამ სცენის შემდეგ იგი სასწრაფოდ წავიდა მნიშვნელოვან დათმობებზე (მით უმეტეს, რომ ჭურჭლის მსხვრევას გენერალმა საომარი მოქმედების განახლების ბრძანებაც მოაყოლა).
    საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა 17 ოქტომბერს მოაწერეს ხელი. ეს ასე მოხდა: იმისთვის, რომ ავსტრიელების ურჩობა საბოლოოდ გაეტეხა, ბონაპარტმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგა. მან კობენცლს, სხვათაგან მალულად, დირექტორიის მიერ გამოგზავნილი ე.წ. „29 სექტემბრის დოკუმენტი“ უჩვენა. ეს სწორედ ის დოკუმენტი გახლდათ, რომელშიც მთავრობა ბონაპარტისაგან ავსტრიასთან მოლაპარაკების შეწყვეტასა და საომარი მოქმედების განახლებას მოითხოვდა.
    კობენცლს ვენისგან მკაცრი დავალება ჰქონდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, საბოლოოდ საფრანგეთთან ზავისთვის მიეღწია. საქმის გაჭიანურება და გაჯანჯლება მხოლოდ დიპლომატიური ხერხი იყო, მეტი არაფერი. ავსტრიას აღარ სურდა და მაშინ აღარც შეეძლო ომის გაგრძელება. ამიტომ მისი წარმომადგენლები მხოლოდ თვალთმაქცობდნენ, როცა აცხადებდნენ, რომ იმპერატორს ომის არ ეშინია და, თუ საჭირო გახდება, ხვალვე შეძლებს საომარი მოქმედების განახლებასო. ნაპოლეონი ატყობდა ამას, მაგრამ მოლაპარაკების შემდგომი გაჭიანურება მას არანაირად ხელს არ აძლევდა, რადგან დირექტორიის კატეგორიული მოთხოვნებისათვის, ბოლოსდაბოლოს, მაინც მოუწევდა ანგარიშის გაწევა. ამიტომ იყო, რომ იგი ენდო კობენცლს და მას თავისი მთავრობის უმნიშვნელოვანესი საიდუმლო დოკუმენტი უჩვენა. კობენცლი ყველაფერს მიხვდა. დიპლომატიური თამაშის მეტი გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ისიც გატყდა.
    ხელმოწერის ცერემონიალი უდინესა და პასარიანოს შორის მდებარე პატარა სოფელ კამპოფორმიოში უნდა შემდგარიყო, მაგრამ კობენცლი უკვე ისე შიშობდა, ფრანგებს აღარ გადაეთქვათ საზავო ხელშეკრულების დადება, რომ დილიდანვე პირდაპირ პასარიანოში მიადგა ბონაპარტს, მის შტაბ-ბინაში. ხელმოწერაც სწორედ იქ მოხდა და არა განზრახულ ადგილას. მიუხედავად ამისა, ისტორიაში ეს ხელშეკრულება მაინც „კამპოფორმიოს ზავის“ სახელით შევიდა.
კამპოფორმიოს ზავი ბონაპარტის უზარმაზარი გამარჯვება იყო. ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, საფრანგეთის მფლობელობაში გადადიოდა ბელგია (ავსტრიული ნიდერლანდები), იონიის კუნძულები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე მაინცი. ავსტრია კარგავდა კონტროლს მდინარე რაინის მთელ მარჯვენა სანაპიროზე, ბაზელიდან ვიდრე ანდერნახამდე. საპასუხოდ ბონაპარტი ავსტრიას უთმობდა ვენეციას ისტრიითა და დალმაციით (ეს საკმაოდ საჩოთირო და მომავალში სახათაბალო შენაძენი იყო დუნაისპირა იმპერიის მმართველებისათვის. ასე რომ, ბონაპარტმა ვენას მისთვის ერთობ საეჭვო ღირებულების „ძღვენი“ შეაჩეჩა). ამ ზავის პირობების მიხედვით, ავსტრია ხელს იღებდა თავის ჩრდილოიტალიურ სამფლობელოებზეც, ლომბარდია, ბოლონია, ფერარა, რომანია – ყველა ეს პროვინცია პლუს მანტუა და მოდენა, ერთიანდებოდნენ, ფაქტობრივად, საფრანგეთისადმი ვასალურ ციზალპურ რესპუბლიკაში. კამპოფორმიო – საშინელი დარტყმა იყო ჰაბსბურგთა მონარქიისთვის. „ძველი მანქანა დაიშალა“ – ასეთი კომენტარი გაუკეთა საზავო ხელშეკრულების შედეგებს თავად ბონაპარტმა.
    იტალიაში ავსტრიელთა ბატონობის დასასრულს, ცხადია, არც მათი მოკავშირე სარდინიისა და ნეაპოლის მეფეებისთვის მოუტანია სიკეთე. ცოტა ხანში, სავოიელთა დინასტია იძულებული გახდა პიემონტი მიეტოვებინა და საკუთრივ კუნძულ სარდინიაზე გადაბარგებულიყო. სულ მალე მათი ბედი ნეაპოლელმა ბურბონებმაც გაიზიარეს, რომლებმაც, თავის მხრივ, კუნძულ სიცილიას შეაფარეს თავი.
    ასე დამთავრდა ბონაპარტის ეს განთქმული ლაშქრობა იტალიაში. კამპოფორმიო მონტენოტეს, ლოდის, კასტილეონეს, არკოლესა და რივოლის ღირსეული გვირგვინი გახდა. „ჯარისკაცებო! ამ ლაშქრობაში თქვენ 14 გენერალურ ბრძოლასა და 70 შეტაკებაში გაიმარჯვეთ, ხელში ჩაიგდეთ 100 ათასი ტყვე და 2500 ზარბაზანი.“ – სიამაყით წერდა თავის უკანასკნელ „იტალიურ“ ბიულეტენში გამარჯვებული მთავარსარდალი. ამ ლაშქრობისთვის ფრანგი ჯარისკაცებიცა და მათი მთავარსარდალიც ერთნაირად იმსახურებდნენ იმ ხოტბა-დიდებასა და ქებას, რომელთაც ასე უხვად აფრქვევდა მათ განცვიფრებული მსოფლიო.
აღმოსავლეთის ლაშქრობა – ეგვიპტე და სირია
    საომარი მოქმედებები დამთავრებული იყო, კამპოფორმიოს ზავი ხელმოწერილი, მაგრამ საქმეს საბბოლოოდ დასრულებული არ ეთქმოდა – სამშვიდობო ხელშეკრულება ახლა დირექტორიას უნდა დაემტკიცებინა. ეს კი ფორმალური საქმე არ იყო. არავინ იცოდა, როგორ შეხედავდა ხელისუფლება საზავო ხელშეკრულების პუნქტებს, ზავი ხომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დაიდო! დირექტორები ბონაპარტისგან ზავს კი არა, ვენაზე გალაშქრებას მოითხოვდნენ, ამ უკანასკნელმა კი კიდევ ერთხელ (ნეტავ მერამდენედ?) ყური არ ათხოვა ხელისუფალთა სურვილს და თავის ნებაზე გადაწყვიტა ყველაფერი.
    ბუნებრივია, გენერლის ასეთი თვითნებობა ჭკუაში სულაც არ უჯდებოდათ დირექტორებს და ახლა იმის ცდაში იყვნენ, თუ როგორ გადაეხადათ მისთვის. ყველაზე მწარედ, რასაკვირველია, ამის გაკეთება კამპოფორმიოს შეთანხმების უარყოფით შეეძლოთ. ითვალისწინებდა რა ასეთ შესაძლებლობას, ბონაპარტმა საზავო ხელშეკრულების ტექსტი რაც შეიძლებოდა უფრო ავტორიტეტულ დელეგაციას გაატანა პარიზში. ამ დელეგაციაში იტალიური არმიის შტაბის უფროსი გენერალი ბერტიე და საქვეყნოდ ცნობილი მათემატიკოსი მონჟი შედიოდნენ. და მაინც, „პარიზელ ადვოკატებს“ ამ პატივსაცემი პირებისთვისაც შეიძლებოდა წესიერად არც კი მოესმინათ და საზავო ხელშეკრულება უარეყოთ, ერთი გარემოება რომ არა.
    საფრანგეთში ყველამ იცოდა, რომ ბონაპარტმა ბრძოლის ველზე მოპოვებული წარმატება სამშვიდობო ხელშეკრულებით დაასრულა. მართალია, საზოგადოებამ ჯერ არ იცოდა ზავის პირობები, მაგრამ იგი დიდი სიხარულით შეხვდა ომის დამთავრებას და მშვიდობის აღდგენას. ხუთი წლის ომით გადაღლილი ფრანგები სისხლისღვრის შეწყვეტას, როგორც ღვთის წყალობას, ისე უყურებდნენ. ყველას ისევ ბონაპარტის სახელი ეკერა პირზე, მაგრამ ამჯერად არა როგორც ძლევამოსილი მხედართმთავრისა, არამედ როგორც ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელისა. პარიზელებს ძნელად თუ რამეს გამოაპარებდა გინმე და მათაც კარგად უწყოდნენ, რომ ბონაპარტს ზავი უნდოდა, დირექტორიას კი ომის გაგრძელება. ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, თუ ვის მხარეზე იქნებოდა საზოგადოებრივი აზრი. და სწორედ, ამ საზოგადოებრივი აზრის იმედი ჰქონდა ბონაპარტს, როცა თავისი სურვილისამებრ არღვევდა ხელისუფლების მკაცრ მითითებებს. ისევ გამართლდა ბონაპარტის ვარაუდი. მთავრობამ ვერ გაბედა ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და კამპოფორმიოს ზავი „უმტკივნეულოდ“ დაამტკიცა. თანაც დირექტორებმა თავი ისე დაიჭირეს, ვითომ ძალიან გახარებოდეთ ბონაპარტის დიპლომატიური მიღწევა. მეტი რა ჩარა ჰქონდათ, მაგრამ საპასუხოდ თვითონაც ერთი მზაკვრობა მოუმზადეს გენერალს. იმავე დღეს, რა დღესაც საზავო ხელშეკრულება დაამტკიცეს, დირექტორებმა ბონაპარტი „ინგლისური არმიის“ სარდლად დანიშნეს. გარეგნულად ყველაფერი, თითქოს რიგზე იყო და გენერალს არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა: რესპუბლიკის საუკეთესო მხედართმთავარი რესპუბლიკის ყველაზე შეურიგებელი მტრის წინააღმდეგ მოქმედი არმიის სარდლად ინიშნებოდა, ხოლო სამხედრო დიდების მაძიებელი მეომრისთვის ამაზე საპატიო თანამდებობა რა უნდა ყოფილიყო? სინამდვილეში კი საქმე ასე მარტივად არ იყო.
    იმ დროისათვის გენერალი ისევ იტალიაში იმყოფებოდა და როგორც ეტყობოდა, იქიდან წამოსვლას ჯერ არც ფიქრობდა. ის კი არა და, ერთი პირობა, პარიზში ხმა დაირხა, ბონაპარტს თავი ლომბარდიის მეფედ სურს გამოაცხადოსო. დირექტორები შეშფოთდნენ. ცხადია, ამ ხმებისა მათ არ დაიჯერეს, მაგრამ ვინაიდან ბონაპარტის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და თანაც ხელისუფლების საზიანოდ, მათ რაღაც სასწრაფო ზომების მიღება გადაწყვიტეს – სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა. და მათაც მიიღეს ეს ზომები – გენერალი „ინგლისური“ არმიის მთავარსარდლად დანიშნეს. დანიშნეს ისე, რომ წინასწარ არც კი შეუთანხმდნენ. ეს საკმაოდ ეშმაკური ნაბიჯი იყო. მისი მეოხებით ხელისუფალთ საშუალება ეძლეოდათ გენერალი იტალიიდან წამოეყვანათ და თავისი არმიისგან მოეცილებინათ.
    შემდეგი ეტაპი, მისი ინგლისის წინააღმდეგ ოპერაციის მზადებით დაკავება იქნებოდა. ეს სადესანტო ოპერაცია ერთობ რთული და საშიში უნდა გამომდგარიყო და პერსპექტივაც საეჭვო უჩანდა, ჰოდა, მით უკეთესი ხელისუფალთათვის. ბარასსა და მის კოლეგებს ესმოდათ, რომ ინგლისთან პირდაპირი შეჯახება უცბად ვერ მოხდებოდა. ბონაპარტს დიდი სამზადისი დასჭირდებოდა, რასაც ის დაუყოვნებლივ შეუდგებოდა. მისი პარიზში სწრაფი ჩამოსვლა კი დირექტორებისთვის სასურველი არ იქნებოდა. ზავის დადებით გახარებული ხალხის გამარჯვებულ გენერალთან შეხვედრა მათთვის ვერაფერი გასახარი იქნებოდა. ამიტომ მათ ჭეშმარიტად სოლომონისეული გადაწყვეტილება მიიღეს – ინგლისური არმიის მთავარსარდლობასთან ერთად გენერალს საფრანგეთის ინტერესების დაცვაც დაავალეს რაშტატის მომავალ კონგრესზე. ეს კონგრესი „გერმანიის იმპერიის წარმომადგენელთა“ ფორუმი უნდა გამხდარიყო და მისი მუშაობა, ალბათ, კარგა ხანს გასტანდა. დირექტორებსაც ეს უნდოდათ – თავნება გენერალი კარგახნით ჩაეფლობოდა მის მუშაობაში. ასეთი სახელისა და ასეთი ხასიათის კაცი მათგან შორს ყოფილიყო, ჯობდა.
    თუმცა ახალი დანიშვნის ცნობამ ბონაპარტი დიდად არ გაახარა, მაგრამ იგი უსიტყვოდ დაემორჩილა მთავრობის გადაწყვეტილებას და რაშტატისკენ გასწია. იტალიაში ჯარის სარდლობა მან ბერტიეს გადააბარა, ხოლო თვით იტალიელებს საგანგებო მიმართვით გამოეთხოვა, რომელშიც შეახსენა, რომ ფრანგებმა თქვენ თავისუფლება მოგანიჭეს და ახლა ამ თავისუფლებას შენარჩუნება უნდაო.
    ბონაპარტი რაშტატში პიემონტისა და შვეიცარიის გავლით მიემგზაგრებოდა. გენერალს გზაში ზღაპრულ შეხვედრებს უწყობდნენ. ყველა დაბისა თუ ყველა ქალაქის მცხოვრებს მისი დანახვა უნდოდა, მასთან დალაპარაკება და მისგან თუნდაც ერთი სიტყვის გაგონება სურდა. მას ყველგან ყვავილები, მუსიკა და მისალმებათა ულევი ნაკადი ხვდებოდა. პიემონტის მეფემ ძვირფასი საჩუქრები მიართვა გენერალს. ოღონდაც, სამადლობელოდ ჰქონდა საქმე სავოიის სამეფო გვარის მეთაურს. ეს ხომ ბონაპარტის წყალობით იყო, მან რომ ტახტი შეინარჩუნა! იტალიის გმირს ტურინში ზარბაზნების გრიალით ხვდებოდნენ. ალბათ, მუსიკასავით ჩაესმოდა გენერალს მისი საყვარელი იარაღის ხმა და დასაწყისში იქნებ ცოტა ეხამუშებოდა კიდეც, სულ სხვა დანიშნულებისათვის რომ იყენებდნენ ახლა მას. მაგრამ არა უშავს, მალე შეეჩვია, მით უმეტეს, რომ ასე მარტო ტურინში კი არ ხვდებოდნენ, არამედ ლოზანაში, ბერნში და ბაზელშიც.
    გამარჯვებულ გენერალს რაშტატში გერმანული სახელმწიფოების მონარქებიც დახვდნენ. ისინი ერთმანეთს ეცილებოდნენ ბონაპარტის კეთილგანწყობის მოპოვებაში. გენერალი კი ცივად ხვდებოდა და დისტანციაზე ამყოფებდა მათ. ყველაფრიდან ჩანდა, რომ იგი ჩქარობდა. მართლაც, სარატიფიკაციო სიგელების გაცვლისთანავე იგი რაშტატიდან გაემგზავრა. იქ მას აღარაფერი ესაქმებოდა. საქმე პარიზში ჰქონდა. რაშტატში კი, ამ პატარ-პატარა გერმანული სახელმწიფოების მეთაურების ურთიერთდავასა და ინტრიგებში ჩართვას იგი სულაც არ აპირებდა (დირექტორებს კი სწორედ ეს სურდათ). მაგრამ ბონაპარტმა აქაც გაუწბილა მათ იმედი და სულ ცოტა ხანში პარიზში გამოეცხადა საკუთარი პერსონით.
    5 დეკემბერს ბონაპარტი უკვე დედაქალაქში იყო. საფრანგეთი გენერალმა სწრაფად და, შეძლებისდაგვარად, ფარულად გაიარა. ეტყობოდა, რომ ხმაურსა და საზეიმო შეხვედრებს ერიდებოდა. მაგრამ ხალხმა მაინც გაიგო მისი ჩამოსვლა და შანტერენის ქუჩაზე შეიკრიბა (გავიხსენოთ, რომ ვანდემიერის შემდეგ გენერალი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა, საკუთარ სახლში). დედაქალაქში აჟიოტაჟი დაიწყო. ქუჩაში ხომ მოზეიმე ხალხი შეიკრიბა, მაგრამ სახლშიც ერთი ალიაქოთი ატყდა! მასპინძლები ვერ ასწრებდნენ სხვადასხვა დიდმოხელის წარმომადგენელთა მიღება-გასტუმრებას – ყველას სურდა პირადად მოენახულებინა გამარჯვებული. ბონაპარტმა ყველას ზრდილობიანი უარი შეუთვალა – დაღლილი ვარ და ვიზიტები სხვა დროისათვის გადავდოთო. ყველას, გარდა ერთისა – საგარეო საქმეთა მინისტრ ტალეირანისა. ამ უკანასკნელს გენერალმა შეუთვალა: ნუ შეწუხდებით და დღესვე ნუ მოხვალთ, ხვალ მე თვითონ გეახლებითო. ასეც შეთანხმდნენ.
    მეორე დღეს, 11 საათზე, გენერალი საგარეო საქმეთა მინისტრის აპარტამენტებში შევიდა. ტალეირანი სტუმარს გულთბილად მიესალმა და სადარბაზო ოთახში შეუძღვა. ასე შეხვდნენ პირველად ერთმანეთს ნაპოლეონ ბონაპარტი და შარლ-მორის დე ტალეირან-პერიგორი. ტალეირანი ძველი არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ოჯახმა მას ბავშვობიდანვე სასულიერო კარიერა შეურჩია და ეკლესიის მსახურად ყოფნა დაუწესა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სამსახურზე გული არ მიუდიოდა, მან ამ სფეროში საკმაოდ სწრაფად წაიწია წინ და 1788 წლისათვის უკვე ეპისკოპოსიც გახდა. შემდეგ კი რევოლუცია მოხდა. ტალეირანი რევოლუციის სამსახურში ჩადგა და ეკლესიის საწინააღმდეგო მოქმედება დაიწყო. ამისათვის პაპმა შეაჩგენა და ეკლესიიდან მოკვეთა. ტალეირანს ბევრი არ უნაღვლია. მერე კი რევოლუციონერებს უღალატა და ბონაპარტს მიემხრო. მაგრამ მოვიდა დრო და მასაც გადაუდგა, ბურბონების აღდგენას შეუწყო ხელი... მოკლედ, დროთა განმავლობაში ყველას და ყველაფერს უღალატა (საფრანგეთის გარდაო, ამბობდა შერე თვითონ.) გაქნილი და ორპირი ადამიანის სახელით შევიდა იგი ისტორიაში, ფულისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის რომ ყოგელგვარ უმსგავსობაზე მოაწერდა ხელს. მაგრამ, ცხადია, მარტო ამ თვისებების გამო არ მოიხვეჭა სახელი ამ უაღრესად ნიჭიერმა და გამჭრიახმა ადამიანმა.
    გაქნილი და ორპირი ბევრი იყო, ფულის მოყვარული უფრო მეტი, მაგრამ ტალეირანივით ცნობილნი ისინი არ გამხდარან. ამ ადამიანს დიპლომატის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა და ამიტომაც იყო, რომ ხანგრძლივი დროით საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს ედგა სათავეში. მაშინაც, 1797 წლის დეკემბერში, იგი ამ უწყებას ხელმძღვანელობდა. როგორც ითქვა, ბონაპარტს და ტალეირანს მანამდე ერთმანეთი არ ენახათ, მაგრამ ერთმანეთის შესახებ კი ბევრი გაეგონათ. გენერალმა იტალიიდან რამდენჯერმე საქმიანი წერილი გაუგზავნა მინისტრს. მანაც, ცხადია, უპასუხა. შემდეგ მინისტრმა, საკუთარი ინიციატივით, გაუგზავნა რამდენიმე, თითქოსდა „არაფრისმთქმელი“ წერილი უკვე სახელგანთქმულ გენერალს. ამ წერილების ფორმა და შინაარსი თანდათან ისეთი ხდებოდა, როგორსაც მთავრობის წევრი, უმნიშვნელოვანესი სამინისტროს მეთაური ერთ-ერთ, თუნდაც გამარჯვებების გზით მავალ არმიის სარდალს, არ მისწერდა. ტალეირანმა კი მისწერა და გენერლის გულიც მოიგო. არაჩვეულებრივი განჭვრეტის უნარის მქონე „გაკრეჭილმა ეპისკოპოსმა“ სხვაზე ადრე იყნოსა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე და ვისთან გააჩაღა მიწერ-მოწერა. მან სხვაზე ადრე აუღო ალღო, თუ რა სიკაშკაშის ვარსკვლავი ამოდიოდა საფრანგეთის ცაზე და ამიტომ, სხვას რომ არ დაესწრო მისთვის, იმთავითვე ისე იჭერდა თავს, როგორც მხოლოდ ხელქვეითი თუ დაიჭერდა თავისი მბრძანებლის წინაშე.
    ამ ორი ადამიანის ურთიერთობა მრავალ სფეროს მოიცაგდა და მრავალ წელიწადს გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, იგი მაინც მუდამ ცალმხრივი გახლდათ – ერთი მუდამ მბრძანებელი იყო, მეორე კი – ხელქვეითი. ნაპოლეონს სიმპათია ამ ადამიანისადმი არ ჰქონია. საერთოდაც ძნელი იყო მისდამი სიმპათია ჰქონოდა ვინმეს (ქალების გარდა, რომელთაც რატომღაც საოცრად მოსწონდათ ეს კოჭლი, არცთუ სასიამოვნო შესახედაობის კაცი და ყოველმხრივ ანებივრებდნენ მას. ალბათ, განსაკუთრებული პირფერობისა და მლიქვნელობის გამო. თუმცა, ვინ გაუგებს ქალებს?). რაც შეეხება ტალეირანს, მას რთული გრძნობები გააჩნდა ნაპოლეონისადმი. როგორც ხელქვეითს, დესპოტური პიროვნების მრჩეველს, სიმპათია არ ექნებოდა მისდამი. მაგრამ როგორც ნიჭიერსა და საქმის მცოდნე კაცს არ შეიძლებოდა თავისებური პროფესიული აღტაცება არ განეცადა საოცარ კორსიკელთან ურთიერთობის დროს. აკი გამოხატავდა კიდეც იგი უთვალავჯერ ამ თავის გრძნობებს იმპერატორის სიცოცხლეშიც და მისი კარიერისა და ცხოვრების დასრულების შემდეგაც. ეს უკანასკნელი ბევრაღ უფრო ღირებულია, რადგან ღრმა მოხუცებულობაში, საქმეებს კარგა ხნის წინ ჩამოშორებულ ექს-მინისტრს პირფერობისთვის საფუძველი აღარ ჰქონდა.
    მაშ, ვნახოთ რას წერს თავის მემუარებში ნაპოლეონზე შარლ-მორის დე ტალეირან-პერიგორი, თავადი ბენევენტოსი: „ნაპოლეონი მე მიყვარდა, მიყვარდა მისი ნაკლოვანი მხარეების მიუხედავად. მასთან საუბრისას მე მისი ხიბლის ისეთი დაუძლეველი გრძნობა მეუფლებოდა, როგორსაც მხოლოდ უდიდესი გენია აღგიძრავს ხოლმე... მე ვსარგებლობდი მისი დიდებით და დიდების იმ ანარეკლით, რომელიც ყველას მოგვეფინებოდა, ვინც კი ხელს გუწყობდით მის კეთილშობილურ საქმეს“.
    ცხოვრების დასასრულს ნაპოლეონმაც გამოთქვა თავისი აზრი ტალეირანზე. არა, ბონაპარტი არც ადრე მორიდებია თავისი მინისტრის შესახებ მაგარ-მაგარ სიტყვებს. – ერთხელ სახალხოდ სასტიკად გაჯორა და შეურაცხყო კიდეც იგი (სრულიად დამსახურებულად, სხვათა შორის). მაგრამ ისეთი ობიექტური შეფასება, როგორიც მან ტალეირანს წმინდა ელენეს კუნძულზე მისცა, მანამდე არასოდეს გამოუთქვამს: „ეს ინტრიგების ადამიანია და სრულიად მოკლებულია ზნეობას, მაგრამ დიდი ჭკუის პატრონია და, რა თქმა უნდა, ყველა იმ მინისტრზე ნიჭიერია, ვინც კი მე ოდესმე მყოლიაო“. ეს შეფასებები, ტალეირანისა და ნაპოლეონისა, გვიანდელია, ორივე მოღვაწის ცხოვრების მიწურულს გამოთქმული და, ამდენად, დასაჯერებელი. მაგრამ მაშინ, 1797 წლის 6 დეკემბრის საღამოს, როცა ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და პირველად მიუსხღნენ სალაპარაკოდ მაგიდას, მათი ურთიერთობა მხოლოდ იწყებოდა და, როგორც იტყვიან ხოლმე, ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდათ.
    სახელგანთქმული გენერლის სანახავად იმ დღეს ტალეირანთან ბევრმა წარჩინებულმა მოიყარა თავი. ბონაპარტმა შეკრებილთ თავშეკავებული სალამი მისცა და თითქმის არავის მიაქცია ყურადღება. ერთადერთი ვისთანაც შეჩერდა და დაინტერესებულმა საქმიანი საუბარი გააბა, ცნობილი გეოგრაფოსი და ზღვაოსანი ანრი ბუგენვილი იყო. ტალეირანმა ეს გაკვირვებით შენიშნა და შემდეგ თავის მემუარებშიც საგანგებოდ აღნიშნა. მინისტრმა ჯერ არ იცოდა, თუ მოხელეებსა და ჩინოვნიკებზე რაოდენ მაღლა აყენებდა ბონაპარტი მეცნიერებსა და ხელოვანთ. „მისი გარეგნობა პირველივე შეხედვით თვალში მომივიდა. ოცი მოგებული ბრძოლა ხომ ასე უხდება ახალგაზრდობას, მშვენიერ გამოხედვას, და ფერმკრთალსა და ოდნავ დაღლილ სახეს!“ – ასე ხატოვნად აღწერა ტალეირანმა ბონაპარტთან პირველი შეხვედრა. თავის მხრივ, მინისტრთან ლაპარაკით გენერალიც კმაყოფილი დარჩა, და თან იმდენად, რომ უმალ ხასიათზე მოვიდა და როცა კვლავ ხალხით სავსე მისაღებში გაიარა, უკვე საჭიროდ ჩათვალა წუთით შეჩერებულიყო და სიტყვით მიემართა მათთვის: „მოქალაქენო, მე მახარებს ის ყურადღება, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენთ. დირექტორიამ კი უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა რესპუბლიკის აყვავებისა და ბედნიერებისათვის“. იმავე დღეს ტალეირანმა გენერალი დირექტორებს წარუდგინა.
    ნამდვილი საზეიმო შეხვედრა კი ბონაპარტს 10 დეკემბერს მოუწყვეს და თანაც სად? ლუქსემბურგის სასახლის ეზოში, სადაც სპეციალური ესტრადა ააშენეს. სასახლის კედლები სამფეროვანი ფარდებით მორთეს, ეზოში კი, ამ კედლების გაყოლებაზე, ბონაპარტის მიერ იტალიაში ნადავლი მოწინააღმდეგის დროშები გამოაფინეს. სასახლის შიდა აივნებზე პარიზის საუკეთესო საზოგადოება მოკალათდა. თვით დირექტორები, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულნი, ესტრადაზე დაბრძანდნენ, მათ ქვემოთ კი, ამფითეატრის მსგავსად აგებულ ტრიბუნებზე, მინისტრები, უხუცესთა და ხუთასთა საბჭოს წევრები და ადმინისტრაციის მოხელეები მოთავსდნენ. იქვე, უკან, პარიზის კონსერვატორიის გუნდი იდგა, რომელიც საჭირო მომენტში მარი-ჟოზეფ შენიეს მიერ საგანგებოდ დაწერილ ჰიმნს შეასრულებდა. სასახლის წინ და პარიზის ყველა მთავარ ქუჩაზე კი ზღვა ხალხს მოეყარა თავი, ყველა ბონაპარტს უცდიდა, ყველას მშვიდობისმყოფელის დანახვა სურდა. გენერალს ცოტა შეაგვიანდა ცერემონიაზე. საქმე ის იყო, რომ მოზეიმე ხალხი თავის გმირს ელოდა და ეტლი, რომელშიც ბონაპარტი იჯდა, კუს ნაბიჯით მიიწევდა ზეიმის ადგილისაკენ. ლუქსემბურგის სასახლის ეზოში ბონაპარტის გამოჩენამ საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. ყველა ფეხზე წამოცვივდა, ყველა ტაშს უკრავდა და რაღაცას გაჰყვიროდა. უმეტესობა პირველად ხედავდა გენერალს და გაოცებული იყო. ნუთუ ეს გამხდარი და ტანდაბალი, უბრალო საგელე მუნდირში გამოწყობილი ახალგაზრდა იყო ის გმირი, ვინც მარტომ დაამარცხა ჰაბსბურგთა ძლევამოსილი იმპერია და ასე ნანატრი მშვიდობა მოუტანა საფრანგეთს? დაუჯერებელი რამ იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მათთვას, ვინც შორს იდგა. ვინც გენერალთან ახლოს იმყოფებოდა, იმათთვის სხვა სურათი იშლებოდა. ამბობენ, ვინც იმ დროს იქ იყო, მერე არასოდეს ეს წუთები არ დავიწყნიაო; ვინც მაშინ გენერალს თვალებში შეხედა, მერე ეს მზერა მეხსიერებიდან აღარასოდეს ამოშლიაო!
    საყოველთაო მხიარულების ფონზე ერთადერთი, ვისაც მხიარულებისა არაფერი ეტყობოდა, ბონაპარტი იყო. თავაწეული, მჭიდროდ მოკუმული ტუჩებით და გამგმირავი გამოხედვით, იგი მის შესახვედრად წამოსულ ხელისუფალთ უახლოვდებოდა და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ხალხის მისალმებას. ბონაპარტს უკან ბერტიე და ჟუბერი მოჰყვებოდნენ. წარდგენას კი ტალეირანი უძღვებოდა. მინისტრმა, სხვა მრავალ ღირსებათაგან, განსაკუთრებით გენერლის პატიოსნებას და უბრალოებას გაუსვა ხაზი. თან აღნიშნა, რომ ამ ადამიანს, ეტყობა, პატივმოყვარეობის გრძნობა სულ არ გააჩნიაო. ტალეირანის ეს სიტყვები სხვა გამომსვლელებმაც აიტაცეს და მათაც ამ თვისებას გაუსვეს ხაზი. სასაცილო იყო, რა თქმა უნდა, ბონაპარტზე არაპატივმოყვარე გეთქვა, თუმცა მაშინ ბევრმა ჯერ არ იცოდა მისი ხასიათისა და ჭეშმარიტი გეგმების შესახებ. მაგრამ ასეთი ერთსულოვანი ხაზგასმა გენერლის ამ თვისებისა, იმის ეჭვს ბადებს, რომ ბონაპარტისა უკვე ეშინოდათ. ეშინოდათ და თანაც არა მარტო დირექტორებს!
    საპასუხო სიტყვა ბონაპარტმა წარმოთქვა. იგი მოკლე იყო და უფრო სამხედრო მოწოდებას მოაგონებდა მსმენელს, ვიდრე საზეიმო გამოსვლას. გენერალმა ილაპარაკა ფრანგ ხალხზე, რომელმაც თვრამეტსაუკუნოვან ტრადიციებზე უარი თქვა და მონარქებს გამოუცხადა ომი, ილაპარაკა კამპოფორმიოს ზავზე, რომლის ტრაქტატს ახლა საზეიმოდ გადასცემდა ხელისუფლებას, რომ მიღწეული მშვიდობა რესპუბლიკის თავისუფლებას, კეთილდღეობას და დიდებას უზრუნველყოფდა. შემდეგ ბარასმა ილაპარაკა. ილაპარაკა დიდხანს. გაიხსენა გენერალი ჰოში, ნეტავ, ცოცხალი ყოფილიყო და ამ დღეს მოსწრებოდაო (დირექტორია ამ შესანიშნავ გენერალზე ამყარებდა იმედს ბონაპარტთან შესაძლო დაპირისპირებისას). გაიხსენა იულიუს კეისარი, მაგრამ არა როგორც დიდი ადამიანის დიდთან შესადარებლად, არამედ მის საწინააღმდეგოდ (კეისარმა გალებს სამშობლო წაართვა, ბონაპარტმა კი მის იტალიას თავისუფლება მისცაო) და ამგვარი, თითქოს ფუჭი ლაპარაკი, მაგრამ სინამდვილეში შეფარული შეშფოთებითა და, მუქარით თუ არა, ბონაპარტისადმი გაფრთხილებით აღსავსე მაინც საინტერესოა რაზე ფიქრობდა პირქუშად მდგარი ტრიუმფატორი, როცა ბარასისა და სხვათა გამოსვლებს უსმენდა? რა ახსენდებოდა? ალბათ, ლოდის ის უძილო ღამე, როცა ასეთი ამბები განჭვრიტა წინასწარ.
    მისალმებები დამთავრდა. ორკესტრმა იგრიალა და გუნდმა შენიეს „ჰიმნი თავისუფლებას“ შეასრულა (მუსიკა – გოსეკისა). ცერემონიალზე მოსულნი – გაუმარჯოს ბონაპარტსო! – ყვიროდნენ, სასახლის გარშემო ჩამწკრივებული ზარბაზნები კი მათ ბანს ეუბნებოდნენ და იმ დაუვიწყარი ზეიმის გმირს – ნაპოლეონ ბონაპარტს – სალუტს აძლევდნენ.
    შემდეგ წვეულება მოეწყო. წვეულებები და ბანკეტები სხვა დღეებშიც გაგრძელდა. მთელი პარიზი ცდილობდა გმირის დაპატიჟებას, ჟოზეფინა ხომ სიხარულით მეშვიდე ცაზე იყო, მისი ოცნების დღეები დამდგარიყო! გენერალი კი კვლავ მოღუშული ჩანდა, კვლავ გულგრილობა ეწერა სახეზე. ბურიენმა, ბონაპარტის მდივანმა და იმხანობას მასთან ერთობ დაახლოებულმა პირმა, ვერ მოითმინა და ერთხელ ჰკითხა: „განა არ გახარებთ ხალხის ასეთი ენთუზიაზმი, ნუთუ არ გსიამოვნებთ მათგან ამოდენა სიყვარულის გამომჟღავნება?“ არაო, უთქვამს ნაპოლეონს, ხალხი ასეთივე ინტერესითა და ყიჟინით გამომეკიდებოდა, ეშაფოტზე რომ მივყავდეთო! და განა ასე არ მოხდებოდა? განა რესპუბლიკელთა მთელი ამასწინანდელი ისტორია ამის დადასტურება არ იყო? იცოდა ეს კორსიკელმა! წვეულებებში ყველას ტალეირანმა გადააჭარბა, როცა ხუთასკაციანი ბანკეტი მოაწყო! ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს პარიზის მთელი მოწინავე საზოგადოება იქ იყო. უამრავი ფული გაიღო ბატონმა მინისტრმა, მაგრამ იცოდა, რომ არ ტყუვდებოდა და მომავალში ასმაგად აუნაზღაურდებოდა დანახარჯი. ეშმაკი მინისტრი გენერალზე მეტად მის ცოლს დასტრიალებდა თავს, წინა პლანზე ის გამოჰყავდა. ბონაპარტს ეს კი არ სწყინდა, ახარებდა, ის ხომ ცოლს ეთაყვანებოდა და ჟოზეფინას დაფასება მისი დაფასება იყო. ასე რომ, ტალეირანი აქაც უშეცდომოდ მოქმედებდა.
    ამ წვეულებაზე ერთი პატარა ინციდენტი მოხდა – თავისთავად შეიძლება ნაკლებმნიშვნელოვანი, მაგრამ, ვინაიდან იგი ნაპოლეონის ხასიათის კიდევ ერთ თავისებურებას უსვამდა ხაზს, შემთხვევას საკმაო გამოხმაურება მოჰყვა და მისი ცხოვრების ამსახველ ბევრ წიგნსა თუ მოგონებაში დაიმკვიდრა ადგილი.
    ტალეირანს დაპატიჟებულთა შორის, რა თქმა უნდა, თავისი კეთილისმყოფელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჟერმენა დე სტალიც ჰყავდა, სახელგანთქმულ ფინანსისტ ნეკერის ქალიშვილი. ეს ახალგაზრდა ქალი ძალიან დიდი წარმოდგენისა იყო თავის თავზე, თუმცა მთავარი ლიტერატურული ნაწარმოებები ჯერ შექმნილი არ ჰქონდა. ბონაპარტის დიდებამ და მისმა სახელმა ეს თავნება ქალბატონიც ააფორიაქა. როგორც ამბობდნენ, იგი დაუსწრებლად მოხიბლულა გენერლით და მისდამი თბილი გრძნობები გასჩენია, თანაც თითქოს არცთუ მთლად პლატონური. ასე იყო თუ ისე, ქალბატონი დე სტალი საგანგებოდ მოემზადა ბონაპარტთან შესახვედრად. გენერალი კი ცივად შეხვედრია მას და საუბრის დაწყება არ უცდია. ცოტა ხანში დე სტალს ხალხში, ხმამაღლა უკითხავს მისთვის, თუ ვინ მიაჩნდა პირველ ქალად მსოფლიოში, ახლაცა და გარდასულ დროშიც? ის, ვინც ყველაზე მეტი შვილი გააჩინაო, მკვახედ მოუჭრია ბონაპარტს. ეს სასტიკი შეურაცხყოფა იყო თავის ჭკუასა და განათლებაში დარწმუნებული ქალისთვის. გენერალს კი არც დე სტალისა და არც სხვა ქალის ჭკუა არაფრად მიაჩნდა და არად დაგიდევდა! ის დღე იყო და ის დღე, შეიძულა ჟერმენა დე სტალმა ბონაპარტი და წლების განმავლობაში ყოველმხრივ ებრძოდა მას (ძირითადად, რასაკვირველია, პამფლეტებითა და ღვარძლიანი სტატიებით, ისიც ემიგრაციიდან, სადაც მალე მოუწია გამგზავრება).
    წვეულებები კი გრძელდებოდა და სულ ახალ-ახალი სახელოვანი ხალხი ეპატიჟებოდა ბონაპარტების წყვილს. იმდროინდელი პარიზული გაზეთები ძალიან დაწვრილებით აღწერდნენ გენერლის ყოველ ნაბიჯს, ყოველ სიტყვას, მის ყოველ ახალ ნაცნობობას. უკვე აღარავისთვის გასაკვირი არ იყო, რომ ბონაპარტი ახალ ნაცნობთაგან უპირატესობას სპეციალისტებს აძლევდა: მეცნიერებს, ხელოვანებს, მწერლებს. გასაკვირი ის იყო, რომ იგი თავისუფლად ესაუბრებოდა მათ იმ „საგნების ენაზე“, რისი სპეციალისტებიც ისინი იყვნენ. მონჟთან და ლაგრანჟთან ის მათემატიკოსი იყო, ლაპლასთან – ასტრონომიის მცოდნე, შენიესთან – პოეზიისა, დანუსთან – სამოქალაქო კოდექსისა. სხვებთან კი ისევ მოწყენილი და პირქუში ჩანდა. მხოლოდ ხანდახან თუ გამოცოცხლდებოდა, როცა ჩატარებული ბრძოლების ამბებს მოაყოლებდნენ. აი აქ კი გარდაიქმნებოდა გენერალი, სხვა კაცი ხდებოდა! საყურადღებო იყო, რომ ძირითადად ლაპარაკობდა თავის ჯარისკაცებზე და ოფიცრებზე, ხოლო თავისი თავი თითქოს ავიწყდებოდა. ეს ამბავი ყველას მოსწონდა, ყველას ხიბლავდა: ეგზომ დიდი მხედართმთავარი რა თავმდაბალი კაცი ყოფილა, რა მოკრძალებულიო, ამბობდნენ. სამაგიეროდ მის „თავმდაბლობას“ სხვები ავსებდნენ. შანტერენის ქუჩას, რომელზეც ის ცხოვრობდა, პარიზის დეპარტამენტის მმართველობის გადაწყვეტილებით, „გამარჯვების ქუჩა“ ეწოდა. ასე რომ, ამიერიდან, გამარჯვებული გენერალი გამარჯვების ქუჩაზე ღებულობდა სტუმრებს.
    რესპუბლიკის უმაღლესმა სამეცნიერო დაწესებულებამ – ეროვნულმა ინსტიტუტმა (რომელიც მაშინ მეცნიერებათა აკადემიის მაგივრობას ასრულებდა) – ბონაპარტი თავის წევრად აირჩია ფიზიკის (მექანიკის) განხრით. არჩევნები მართლა ჩატარდა და გენერალმა რამდენიმე კონკურენტთან ბრძოლაში გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით ის ძალიან ამაყობდა, ლამის, უფრო მეტად, ვიდრე რივოლისთან მოპოვებული გამარჯვებით! „უკვდავთა“ (ასე უწოდებდნენ ინსტიტუტის წევრებს) ტანისამოსში გამოწყობილ ბონაპარტს ლაპლასსა და ლაგრანუჟს შორის მიუჩინეს ადგილი. იმ დღიდან მოყოლებული იგი ხშირად დადიოდა ინსტიტუტის სხდომებზე. მხოლოდ მოგვიანებით, როცა მას უამრავი სხვა საქმე დააწვა მხრებზე, მან თანდათან უკლო ინსტიტუტში სიარულს და ერთხელ, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მორიგი ხანგრძლივი „შესვენების“ მერე მივიდა იქ, ერთი კურიოზული ამბავი შეემთხვა: ნაპოლეონი თავის ძველ ადგილას იჯდა, როცა მას ერთი აკადემიკოსი მიუახლოვდა და უთხრა, რომ ეს მისი ადგილი იყო და უცხო პირს უფლება არ ჰქონდა იქ დამჯდარიყო. როგორც გამოირკვა, ეს კაცი იყო გამოჩენილი ფიზიკოსი ამპერი. ნაპოლეონმა მშვიდად აუხსნა სწავლულს, რომ ისიც წევრი იყო ინსტიტუტისა. რომელი წლიდან? – იკითხა ამპერმა. 1797 წლიდან. რომელ დარგში? ფიზიკაში. შეუძლებელია! – წამოიძახა ფიზიკოსმა, მეც ამ დარგში ვარ და აქ არასოდეს მინახავხართო. ნახეთ სიაში, ღიმილით უთხრა კორსიკელმა. ამპერმა ჟურნალი აიღო, გადაშალა და წაიკითხა: „I797 წელი, მექანიკის დარგი, ნაპოლეონ ბონაპარტი“.
    მეცნიერი გულწრფელად შეწუხდა, რომ ვერ იცნო იმპერატორი, მაგრამ მაინც უთხრა: „აი, ხომ ხედავთ, სირ, რა მოსდევს სხდომების სისტემატურ გაცდენას!“ ნაპოლეონმა ამპერს აღუთქვა, რომ შეეცდებოდა მეტი აღარ გაეცდინა სხდომები, მაგრამ ეს დაპირება, ცხადია, დაპირებად დარჩა...
    ეროვნული ინსტიტუტის წევრობა კი მუდამ განსაკუთრებული სიამაყის საგანი იყო ნაპოლეონისათვის. იყო დრო, როცა იგი ოფიციალურ დოკუმენტებსაც ასე აწერდა ხელს: გენერალი ბონაპარტი, ეროვნული ინსტიტუტის წევრი, და შემდეგ ინგლისური ან აღმოსავლეთის არმიის მთავარსარდალი და ა.შ.
    ინგლისური არმიის მთავარსარდალს წვეულება და დროსტარება მალე მობეზრდა. მას საქმე ენატრებოდა და ნამდვილი საქმისკენ მიუწევდა გული, უნდოდა ფრთა შეესხა ახალი გრანდიოზული გეგმისათვის, რომელიც ერთი ხანია თავში უტრიალებდა. ამ გეგმაზე ის ჯერ კიდევ იტალიაში ყოფნისას ფიქრობდა. ლეობენის დაზავებიდან კამპოფორმიოს ზავამდე კარგა დიდი დრო იყო, ყოველ შემთხვევაში იმდენი, რომ მანქანასავით მომუშავე მის ტვინში ახალი გეგმა დაბადებულიყო. საქმე ინგლისთან ომს შეეხებოდა. ბონაპარტი პარიზიდან შორს კი იყო, მაგრამ სხვაზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ ხედავდა, რომ ავსტრიის დამარცხება საბოლოო გამარჯვებას კიდევ არ ნიშნავდა, რომ საფრანგეთის მთავარი მტერი ინგლისი იყო, ფრანგებისთვის მოუხელთებელი კუნძული, რომელიც მოსვენებას არ მისცემდა მას. ამიტომ ამ მტრის დამარცხება იყო საჭირო. ოღონდ როგორ?
    ინგლისში ჯარის პირდაპირი გადასხმით, თუ შემოვლითი გზით, ჯერ ირლანდიაში დესანტით? არა, ფიქრობდა ბონაპარტი, კიდევ უფრო შორიდან შემოვლით, იქიდან, საიდანაც ინგლისი მტერს არ ელოდებოდა და სადაც მისი სავაჭრო და ეკონომიკური გზები და ინტერესები იყრიდა თავს, სადაც მისი ფლოტი ისე თავისუფლად ვერ იპარპაშებდა, როგორც ლამანშში. ასეთი ადგილი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით იყო, ეგვიპტეში, ინდოეთისკენ მიმავალი გზის თითქმის შუაში. ეგვიპტე! აი, სად იყო ინგლისის სუსტი ადგილი და სად უნდა დაერტყათ მისთვის. ეგვიპტე პირველი ეტაპი იქნებოდა გრანდიოზული ექსპედიციისა. ამ ქვეყნის დაპყრობისა და მასში ფეხის მოკიდების შემდეგ, ის კიდევ უფრო შორს წავიდოდა აღმოსავლეთის მიმართულებით, ინდოეთისკენ. ინდოეთი ბრიტანეთის გვირგვინის მთავარი მარგალიტი იყო და თუ ბონაპარტი ამ მარგალიტს ხელს (ხმალს!) შეახებდა, მაშინ – ვაი ბრიტანეთს!
    აღმოსავლეთი განსაკუთრებით იზიდავდა კორსიკელს. იგი თვლიდა, რომ მისი გაქანების კაცს ნამდვილი სახელი მხოლოდ აღმოსავლეთში შეიძლებოდა მოეპოვებინა. იტალიაში, როცა არნახული გამარჯვება უკვე მოპოვებული ჰქონდა და მას იულიუს კეისარს ადარებდნენ, ის აღმოსავლეთისკენ იყურებოდა და ალექსანდრე მაკედონელზე ფიქრობდა, ინდოეთი ელანდებოდა (მოგვიანებითაც არ განელებია ბონაპარტს აღმოსავლეთის დალაშქრვის სურვილი. 1804 წლის დეკემბერში, იმპერატორად კურთხევის მეორე დღეს, ის წუხილით ამბობდა: საუბედუროდ, მე ერთობ გვიან დავიბადე. რა შედარებაა ანტიკურ ხანასთან! ალექსანდრე მაკედონელის მაგალითი ავიღოთ, თუ გნებავთ. ალექსანდრემ აზია რომ დაიპყრო, თავი იუპიტერის შვილად გამოაცხადა და მთელმა აღმოსავლეთმა ეს დაიჯერა. ახლა კი, მე რომ თავი ღვთის შვილად გამოვაცხადო, პირველივე შემხვედრი ვაჭრუკანა მასხრად ამიგდებსო.
    ჯერ კიდევ 1797 წლის ზაფხულში მისწერა მან დირექტორიას მომავალში ეგვიპტეში გალაშქრების საჭიროების შესახებ. ხოლო როცა ინგლისის წინააღმდეგ საბრძოლველად განზრახული ჯარის სარდლად დაინიშნა, ბონაპარტმა უკვე სერიოზულად წამოაყენა თავისი გეგმა. ბონაპარტის წინადადებამ დირექტორები საგონებელში ჩააგდო. ინგლისთან ომს გენერალი ინგლისში ან ირლანდიაში კი არ აპირებდა, არამედ ეგვიპტეში. არა „ვერაგი ალბიონის“ სიახლოვეს, არამედ მისგან შორს, აფრიკაში! ინგლისური არმიის მთავარსარდალს გვარიანი მჭევრმეტყველება დასჭირდა ხელისუფალთა დასარწმუნებლად. ეს უცბად არ მომხდარა. წინააღმდეგობა თავიდან დიდი იყო, იგი ლამის იმ რისკის ტოლი იყო, რომელიც ასეთ შორეულ ლაშქრობას ახლდა თან. გენერალი არ უარყოფდა რისკს, მაგრამ უფრო სარისკოდ მას ინგლისის სიახლოვეს, მისი მთავარი საზღვაო ძალებისთვის უფრო მოსახერხებელ რეგიონში მოქმედება მიაჩნდა.
    დირექტორებს ეშინოდათ, და, ალბათ, სამართლიანადაც, რომ რესპუბლიკის არმიის საუკეთესო ნაწილი – როგორც ჯარისკაცები, ისე მეთაურები – კარგა ხნით (თუ სამუდამოდ არა?!) მშობლიურ ქვეყანას მოსწყდებოდნენ და იქ მიმდინარე პროცესებში ვერავითარ მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. მოსწყდებოდა მისი საუკეთესო მხედართმთავარიც – რადგან იმასაც შორიდან მოუხდებოდა ევროპაში მიმდინარე ამბების ცქერა (ეს უკანასკნელი გარემოება სინამდვილეში სულაც არ აფიქრებდათ დირექტორებს, მაგრამ ბონაპარტთან კამათისას იგი ყოველმხრივ მომგებიანი არგუმენტი იყო და მას ხშირადაც იყენებდნენ). ხუთეულს ოსმალეთის პოზიციაც აშინებდა.
    ფრანგების ეგვიპტეში შეჭრა აუცილებლად გამოიწვევდა ომში ოსმალეთის ჩაბმას, რადგან ეს ქვეყანა ვერ შეურიგდებოდა თავისი ძველი სამფლობელოს დაკარგვას. ბონაპარტი დირექტორებს პასუხობდა, რომ ეგვიპტე, არსებითად უკვე დაკარგული ჰქონდა ოსმალეთს და იგი მამლუქების ხელში იყო, ამიტომ „ბრწყინვალე პორტა“ თავს არ გამოიდებდა მისთვის; რომ საიდუმლოების მკაცრად დაცვის პირობებში ინგლისელები კარგა ხანს ვერ აუღებდნენ ალღოს, თუ საით გაემგზავრებოდა ფრანგთა საექსპედიციო კორპუსი, რომ ასეთ ვითარებაში ფრანგები ადვილად დაამარცხებდნენ მამლუქებს და განსაკუთრებული სიძნელის გარეშე დაიკავებდნენ ნილოსისპირა ქვეყანას. ასე რომ, ეგვიპტური საქმეები მალე მოგვარდებოდა და მთავარსარდალიც მოკლე ხანში დაუბრუნდებოდა საფრანგეთს. შემდეგ კი იგი ახალი ძალით შეუდგებოდა ინგლისში (ან ირლანდიაში) დესანტის გადასხმის მზადების საქმეს. ყველაფერი ასე იოლად და კარგად რომ ვერ მოგვარდებოდა, დირექტორები, ცხადია, ატყობდნენ, მაგრამ მათ, ბოლოს და ბოლოს, დაუთმეს ბონაპარტს და შორეულ ლაშქრობაზე თანხმობა მისცეს. მით უმეტეს, რომ აღმოსავლეთის სიმდიდრე მათაც აღარ ტოვებდა გულგრილს ამ წამოწყებისადმი.
    ბონაპარტი პირველი ფრანგი მოღვაწე როდი იყო, რომელმაც აღმოსავლეთისაკენ გაიხედა. აღმოსავლურ პოლიტიკას დასაბამი ჯერ კიდევ XI საუკუნეში მიეცა, როცა, რომის პაპის ურბან II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, ჯვაროსნებმა, უფლის საფლავის ურწმუნოთაგან გამოხსნის საბაბით, იერუსალიმს ილაშქრეს. როცა შემდეგში ფრანგები თავიანთ განსაკუთრებულ უფლებებზე ლაპარაკობდნენ მახლობელ აღმოსავლეთში, მათ ყოველთვის ის არგუმენტი მოჰყავდათ საფუძვლად, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის ინიციატორი ფრანგი იყო (ურბან II ფრანგი გახლდათ), ჯვაროსანთა უმრავლესობას ფრანგები შეადგენდნენ, ჯარის სარდლებიც ამ ეროვნებისანი იყვნენ და წმინდა მიწაზე შექმნილი პირველივე სახელმწიფოს – იერუსალიმის სამეფოს – სათავეში ისევ ფრანგი, გოტფრიდ (ჟოფრუა) ბულონელი ედგა. ჯვაროსანთა სახელმწიფოს კრახის შემდეგ, ფრანგებს საქმე ევროპაში უფრო გამოუჩნდათ და ამიტომ აღმოსავლეთი კარგა ხანია აღარ გახსენებიათ. XVII საუკუნეში, ლუი XIV-ის დროს, მათ ერთი პირობა დააპირეს იქ გააქტიურება, მაგრამ „მეფე-მზემ“ თავის მინისტრებს დაუშალა! მას ნიდერლანდები უფრო აინტერესებდა. ერთი საუკუნის მერე კი, გრაფმა შუაზელმა უკვე პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ფრანგების იქ დასამკვიდრებლად, მაგრამ სახეირო ამ განზრახვიდან არა გამოგიდა რა. პირიქითაც კი მოხდა, მამლუქთა ბეები ფრანგ ვაჭრებს უფრო გადაემტერნენ და საბაჟო გადასახადს ორმაგად მეტს ახდევინებდნენ, ვიდრე სხვებს. ალბათ, აქაც ინგლისელთა ხელი ერია. ვის ვის და „ვერაგი ალბიონის“ მესვეურთ კარგად ესმოდათ აფრევრაზიის ამ შესაყარის მნიშვნელობა ინდოეთთან მათი კომუნიკაციების უსაფრთხოებისათვის.
    ბონაპარტი ყველა ამ საბუთსა თუ მოსაზრებას ადრევე საფუძვლიანად გაეცნო. იტალიაში ლაშქრობის დროს, 97 წლის დასაწყისში, როცა მან პაპს თითქმის მთელი მისი სამფლობელოები ჩამოაჭრა და ადრიატიკის ზღვის პორტი ანკონაც „გამოართვა“ დროებით“, როგორც ხელშეკრულებაში ეწერა), იგი ამ შორეული ლაშქრობის პერსპექტივას აანალიზებდა. ანკონა სტრატეგიული მნიშვნელობის პორტიაო, წერდა გენერალი დირექტორებს. იგი იმდენად ახლოა ოსმალეთთან, რომ ვისაც ის უჭირავს, მახლობელ აღმოსავლეთზე მნიშვნელოვან გავლენას მოიპოვებსო. სწორედ იქ, ანკონაში ჩაიფიქრა მან მალტისა და ეგვიპტის ხელში ჩაგდება. ინგლისს ინდოეთთან კავშირი უნდა გაუწყდესო, ამბობდა, ხმელთაშუა ზღვა საფრანგეთის ტბად უნდა იქცესო. როგორც მერე გამოირკვა, გენერალს კიდევ უფრო შორსმიმავალი და უფრო გრანდიოზული გეგმაც ჰქონდა. მართალია, ეს გეგმა ანკონაში არ შეუმუშავებია, მაგრამ მისი მონახაზი სწორედ იქ გააკეთა. ეს აღმოსავლეთის დიდი იმპერიის შექმნის გეგმა იყო და სულ მალე იგი ბონაპარტის სანუკვარ ოცნებად იქცა. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე ეგვიპტისა და სირიის დაპყრობა იყო. ეს უფრო „ადვილი“ და საჩქარო საქმე გახლდათ და გენერალიც ამიტომ ეშურებოდა მის აღსრულებას. თესლი ნაყოფიერ ნიადაგზე ჩავარდებოდა – ინგლისთან გაუთავებელი ქიშპობისას ამერიკაში დაკარგული დასავლური კოლონიური საქონლის ნაცვლად საფრანგეთის ახლად წამოჩიტული ბურჟუაზია აღმოსავლურსაც კარგად მოინელებდა. ასე რომ, წარმატების შემთხვევაში იგი წაგებაში არ იქნებოდა. ჯერ ერთი, გაიოლდებოდა ვაჭრობა ხმელთაშუა ზღვის შორეული სანაპიროს ქვეყნებთან, შემდეგ გაიხსნებოდა გზა ინდოსტანისაკენ და შესუსტდებოდა მთავარი მეტოქისა და მოსისხლე მტრის – ინგლისის – პოზიციები. ასე რომ, დირექტორიის თანხმობას ბოლოს ამ მოსაზრების გათვითცნობიერება უფრო ედო საფუძვლად, ვიდრე სხვა რომელიმე არგუმენტი.
    აღმოსავლეთში გალაშქრება ბონაპარტის ოცნება იყო, მაგრამ სანამ დირექტორებს ოფიციალურად განუცხადებდა ამის შესახებ, იგი კეთილსინდისიერად გაეცნო ინგლისში დესანტის გადასხმის არსებულ გეგმებს და ამ მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებსაც. ამ მიზნით იგი, 1798 წლის თებერვალში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის პორტებს ეწვია. 10 დღის განმავლობაში მან ფლოტის ყველა ძირითადი სადგომი მოინახულა და დესანტის სამზადისში დასაქმებულ უამრავ ხალხს შეხვდა. ყველა საკითხში ჩაიხედა, ყველა დეტალს გაეცნო, თავისებური დაჟინებით ყველა პრობლემას ჩასწვდა. გენერალი დირექტორებს არ ენდობოდა. მთელი მათი ეს განზრახვა – ინგლისში დესანტის გადასხმა – მას ერთ დიდ ავანტიურად ეჩვენებოდა. ბონაპარტის უნდობლობა ხელისუფალთა მიმართ ისევე დიდი იყო, როგორც ამ უკანასკნელთა შიში და გულისწყრომა გენერლის მიმართ. ამ მხრივ, ორივე მხარე ბარი–ბარს იყო (საქმე იქამდე მივიდა, რომ ოფიციალურ ბანკეტებზე, რომელთაც დირექტორია იტალიის გმირს უმართავდა, გენერალი მხოლოდ იმ კერძს ჭამდა და იმ სასმელს სვამდა, რასაც მისი „მზრუნველი“ მასპინძლები). ეს სიფრთხილე გაუმართლებელი არ იყო და ბონაპარტიც, რაც შეეძლო, ფრთხილობდა. ამიტომ უფრთხოდა იგი სადესანტო ოპერაციის დაწყებასაც. განა სულ ერთი არ იყო მისთვის, სად და როგორ მოუღებდნენ ბოლოს „პარიზელი ადვოკატები“ მათთვის საძულველ გენერალს – პარიზში, შეფარვით მიცემული საწამლავით თუ ბრიტანეთში, წინასწარვე ჩასაფუშად განწირული ოპერაციის მეშვეობით?
    საინსპექციო მოგზაურობამ ბონაპარტი ერთ რამეში დაარწმუნა: საფრანგეთი ასეთი ოპერაციის წარმოებისათვის მზად არ იყო და იგი აუცილებლად მარცხით დამთავრდებოდა. მართლაც, სადესანტო ოპერაციის წარმოება ისეთ პირობებში, როცა მოწინააღმდეგეს სრული უპირატესობა ჰქონდა ზღვაზე, ავანტიურა იყო, ხოლო ბონაპარტს არაფერი ისე არ ეჯავრებოდა, როგორც ავანტიურა – შემთხვევითობაზე დამყარებული მოქმედება. ამიტომ მან ცივი უარი სტკიცა დირექტორებს. ინგლისში დესანტი ჯერ არ იქნება, განაცხადა მან, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მონაწილეობით და, ამდენად, მე, გენერალ ბონაპარტს, ხელი დამიბანია ამ განზრახვაზეო.
    დირექტორებს ამაზე საპასუხო აღარაფერი დარჩათ და, როგორც ზემოთ დავინახეთ, ეგვიპტის ექსპედიციის გეგმა დაამტკიცეს. ეს 1798 წლის 5 მარტს მოხდა. ბონაპარტის წინადადებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ლაშქრობის მკაცრად გასაიდუმლოების შესახებ. ასე რომ, ექსპედიციის დანიშნულების საბოლოო პუნქტის შესახებ ჭეშმარიტი ინფორმაცია მაშინ მთელ საფრანგეთში მხოლოდ ექვს კაცს ჰქონდა: ხუთ დირექტორსა და ერთ გენერალს – ცხადია, ბონაპარტს.
    ბონაპარტი საქმეს შეუდგა. პირველ რიგში მას საექსპედიციო კორპუსი უნდა შეექმნა. რადგან ასე შორეულ ლაშქრობაში ყველას წაყვანა არ ივარგებდა, ამიტომ ჯარის შერჩევას იგი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. დირექტორიამ გენერალს სრული თავისუფლება მისცა ექსპედიციისათვის კადრების შერჩევაში. გენერალმაც, ცხადია, თავისი „იტალიელი“ ვეტერანების წაყვანა მოისურვა, მათი, ვისთანაც ერთად ამდენი ჭირ-ვარამი გამოიარა და ვისი სრული იმედიც ჰქონდა. ჯარისკაცს ომში არავინ ეკითხება საით სურს საბრძოლველად გამგზავრება და, ცხადია, არც იტალიელი ვეტერანებისთვის დაუსვამთ ეს კითხვა, მაგრამ ის, რომ თავიანთ სათაყვანებელ მთავარსარდალს („პატარა კაპრალსრ) ისინი ქვეყნის ბოლომდე გაჰყვებოდნენ, ბონაპარტმა კარგად იცოდა და დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებდა ამ ფაქტს. ეს დაუზარელი ადამიანი თვითონ არჩევდა ლაშქრობაში წასაყვან მეომრებს, და არა მარტო ოფიცრებს, არამედ რიგით ჯარისკაცებსაც. თავისი განსაკუთრებული მეხსიერების წყალობით, იგი უამრავ მებრძოლს იცნობდა პირადად. მას არა მარტო ახსოვდა ბევრი მათგანის გვარი და სახელი, არამედ იცოდა თუ ვინ, როდის და რით გამოიჩინა თავი ლაშქრობის დროს.
    არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა უმაღლესი სამეთაურო კადრების შერჩევასაც. იტალიურ არმიას შესანიშნავი მეთაურები ჰყავდა. წლინახევრის განმავლობაში ნაპოლეონი არაერთხელ დარწმუნდა ამაში. მაგრამ ახლა ცოტა სხვა მიდგომაც იყო საჭირო. სამშობლოს ხანგრძლივად მოწყვეტილ არმიას მარტო მთავარსარდლის ნებისა თუ ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი მეთაურები ვერ გაუძღვებოდნენ. მას ახლა ინიციატივიანი და დამოუკიდებლად მოქმედი მეთაურები სჭირდებოდა. სწორედ ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხვდნენ ეგვიპტის საექსპედიციო კორპუსში დეზე და კლებერი. ამ გენერლებს იტალიურ არმიაში არ უმსახურიათ და მანამდე ბონაპარტს მათთან რაიმე განსაკუთრებული სიახლოვე არ აკავშირებდა, მაგრამ მათ შესახებ ბევრი კარგი გაეგონა და სწორედ ამის გამომოიწვია ისინი ასეთ სახიფათო ლაშქრობაში.
ლუი დეზე და ჟან კლებერი სპეციალურად შერჩეულ მეთაურებს შორისაც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ღირსებებით. ბონაპარტი მალე დაუახლოვდა მათ და ასევე მალე შეაფასა მათი დიდი შესაძლებლობები. მოგვიანებით, თავის მოგონებებში, მან ჯეროვნად მიუზღო ორსავეს. მაშ, მივცეთ სიტყვა ნაპოლეონ ბონაპარტს: „დეზე მთელ არმიაში ყველაზე გამოჩენილი ოფიცერი იყო, ენერგიული და განათლებული. კაცი, რომელსაც დიდება მხოლოდ დიდებისათვის უნდოდა. მას ერთნაირად კარგად შეეძლო არმიის სარდლობაც და ავანგარდის წინამძლოლობაც. განგებამ მას ღირსეული როლი მოუმზადა, როგორც არმიაში, ისე სამოქალაქო სამსახურშიც. იგი ისევე კარგად შეძლებდა პროვინციის მართვას, როგორც მის დაპყრობას ან მტრისგან დაცვას“. ბონაპარტი დეზეს განსაკუთრებით დაუახლოვდა და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდა. დეზეც ასეთივე განწყობით პასუხობდა მთავარსარდალს და ამ იმედს უმართლებდა. ორიოდე წლის შემდეგ ისე მოხდა, რომ დეზემ ბონაპარტსაც და საფრანგეთსაც ისეთი სამსახური გაუწია, რომ ჭეშმარიტი შარავანდედით შემოსა თავისი სახელი, ოღონდ ეს უკანასკნელი სამსახური გამოდგა. „კლებერი ყველაზე ლამაზი კაცი იყო არმიაში, მაშინ იგი 50 წლისა იყო. ლაპარაკობდა გერმანული აქცენტით და, საერთოდ, გერმანულ წესებს იცავდა (კლებერი ელზასიდან იყო – დ.ც.) და 1794, 1795 და 1796 წლების კამპანიები სამბრა-მაასის არმიაში გაატარა, სადაც მის მთავარ დივიზიას მეთაურობდა და თავი გამოიჩინა როგორც დახელოვნებულმა მხედართუფროსმა. ეს იყო ჭკვიანი და მამაცი კაცი, რომელმაც სამხედრო საქმე იცოდა და დიდ საქმეთა ჩადენის უნარი ჰქონდა.“
    საოცარია, რომ ორივე ეს შესანიშნავი გენერალი ერთ დღეს, 1800 წლის 14 ივნისს დაიღუპა, ერთი – იტალიაში, მეორე – ეგვიპტეში, ერთი ავსტრიელთა ტყვიით, მეორე კი – არაბი ფანატიკოსის მახვილით. არმიის სხვა გენერლებიც „მოწოდების სიმაღლეზე“ იდგნენ, საკმარისია ზოგიერთი მათგანის გვარი დავასახელოთ, რომ მივხვდეთ, რა მძლავრი სამეთაურო ბირთვი შექმნა უკვე მაშინ ბონაპარტმა: დავუ, ლანი, მიურატი, ბერტიე, მარმონი, ბესიერი, ჟიუნო. შემდეგ ყველანი იმპერიის მარშლები გახდნენ, ჰერცოგები და თავადები. ისინი სხვადასხვა ხასიათისა და თვისებისანი იყვნენ, მხედართმთავრული ნიჭიც სხვადასხვა ჰქონდათ: ზოგს – მეტი, ზოგს – ნაკლები, მაგრამ ერთი რამ ყველას საერთო ჰქონდა – უსაზღვრო სიმამაცე და თაგდადება. არც ერთ მათგანს არასდროს არაფრის შეშინებია და სულმოკლეობა არ გამოუჩენია, ერთი მათგანის გარდა, მაგრამ ეს ძალიან გვიან, სულ ბოლოს მოხდა, ისიც, ვინ იცის, იქნებ უნებურადაც.
    დრო ძალიან ცოტა იყო და ამიტომ ლაშქრობისთვის სამზადისი ფორსირებულად მიმდინარეობდა. ეგვიპტეში ჩასვლა ფრანგებს აუცილებლად ზაფხულის დასაწყისისათვის უნდა მოესწროთ, სწორედ იმ დროისათვის, როცა ქარები სამხრეთის მიმართულებით დაუბერავდნენ. ზურგქარი ბონაპარტს იმისთვის სჭირდებოდა, რომ სამდინარო ფლოტილიას საშუალება მისცემოდა ნილოსის აყოლებით ემოძრავა და ტვირთისა და ტყვიაწამლის მარაგი წაეღო თან. გარდა ამისა, წელიწადის ამ დროისათვის ეგვიპტეში მოსავალი უკვე მოწეული და დაბინავებული იქნებოდა და ამდენად, ფრანგებს აღარ გაუჭირდებოდათ მისი რეკვიზიცია.
    ექსპედიციისათვის მზადება საიდუმლოების სრული დაცვით მიდიოდა, უფრო სწორად, მოწინააღმდეგის სრული დეზორიენტაციის გზით. იმ თვეებში ნაპოლეონმა კვლავ გამოავლინა „ფალსიფიკატორის“ უბადლო ნიჭი. გენერალმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც „ხმელთაშუა ზღვის შეიარაღების კომისია“ უწოდა. მის ამოცანებში შედიოდა საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის პორტების შეიარაღება, იქ ტყვია-წამლისა და სურსათსანოვაგის მარაგის დაგროვება და, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების გაწყობა-გამზადება. ამავე დროს, იმისათვის, რომ საბოლოოდ აებნია მოწინააღმდეგისათვის თავგზა, ნაპოლეონმა ანალოგიური მოსამზადებელი სამუშაოები საფრანგეთის დასავლეთის (ატლანტიკის) პორტებშიც დააწყებინა. ინგლისელთა შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა ის ფაქტიც, რომ საექსპედიციო კორპუსს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის პორტებში ივრიდა თავს, ოფიციალურად „ინგლისური არმიის მარცხენა ფრთა“ ეწოდა, თვითონ ბონაპარტს კი ყველა დოკუმენტში ისე მოიხსენიებდნენ, როგორც „ინგლისური არმიის“ მთავარსარდალს.
    პარიზსა და საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქებში შეპარული ინგლისელი ჯაშუშები გამალებული ადევნებდნენ თვალს ფრანგების სამზადისს. მათ მიერ მოპოვებული სადაზვერვო მონაცემები, საბოლოო ანგარიშში, ლონდონში იყრიდნენ თავს და ინგლისის ხელისუფლებს მათი საშუალებით ექმნებოდათ წარმოდგენა არსებულ ვითარებაზე. მათ თვალწინ ასეთი სურათი იხატებოდა: საფრანგეთი დიდ ოპერაციას ამზადებდა მათი ქვეყნის წინააღმდეგ და ამ ოპერაციას სათავეში გენერალი ბონაპარტი ედგა. ამავე დროს, ეტყობოდა, რომ ამჯერად ფრანგები უშუალოდ ინგლისში დესანტის გადასხმისათვის ემზადებოდნენ. თუმცა, შესაძლებელი იყო მათ პირველად ირლანდიაში გადაესხათ თაგიანთი ჯარი. კიდევ უფრო რომ დაერწმუნებინა მოწინააღმდეგე ამ მცდარ ვარაუდში, ბონაპარტმა განზრახ დაუშვა ინფორმაციების გაჟონვა, რომლის მეოხებითაც, ინგლისელებმა „დანამდვილებით“ შეიტყვეს, რომ გენერალი საფრანგეთის სამხრეთის პორტებიდან წაიყვანდა თავის ჯარს, გაივლიდა გიბრალტარის სრუტეს და მერე, იქიდან მიადგებოდა ბრიტანეთის კუნძულებს. ეს „ინფორმაცია“ და აგრეთვე თავისი აგენტების ცნობები ინგლისის ხელისუფლებმა ადვილად დაიჯერეს და სათანადო ზომებიც მიიღეს. მათ ორად გაყვეს თავიანთი ფლოტი: ერთი ნაწილი ლამანშის მიდამოებში დატოვეს (საკუთრივ ინგლისის დასაცავად), მეორე კი გიბრალტარში განალაგეს, საიდანაც ბონაპარტის ესკადრისთვის უნდა ედევნებინათ თვალი. ასეთი ყალბი ხმების გავრცელებით ბონაპარტმა იმას მიაღწია, რომ მოწინააღმდეგემ თავისი საზღვაო ძალები დაანაწევრა და შეამცირა იმ რეგიონში, სადაც ძირითადი მოვლენები უნდა განვითარებულიყო.
    გამგზავრების პორტებად ბონაპარტმა ტულონი, გენუა, ჩივიტავეკია და აიაჩო შეარჩია. ფრანგთა საექსპედიციო კორპუსიც ამ ქალაქებში იყრიდა თავს. მისი საერთო რაოდენობა 32 ათას კაცს შეადგენდა. ძირითადად, ეს ქვეითი ჯარისკაცები იყვნენ. ცხენებს, ბუნებრივია, ბევრს ვერ წაიყვანდნენ თან და ამიტომ კავალერისტი სულ 4 ათასი იყო (ცხენი ფრანგებს სამასზე მეტი არ წაუყვანიათ. დანარჩენების შოვნას ეგვიპტეში აპირებდნენ. უდაბნოს შეჩვეულ შესანიშნავ არაბულ ბედაურებს იქ ევროპულზე მეტი ფასი ექნებოდათ). ზარბაზნები, სათადარიგო თოფები, ყუმბარები და ტყვია-წამალი კი ბლომად მიჰქონდათ. იგივე შეიძლება ითქვას სურსათ–სანოვაგის შესახებაც. ბონაპარტი ყველა წვრილმანში ერეოდა და ყველაფერი მხოლოდ მისი კონტროლით კეთდებოდა.
რა უნდა წაეღო თან, ან ვინ უნდა წაეყვანა, გენერალმა კარგად იცოდა და ამ მხრივ, არავითარ ზედმეტობას არ დაუშვებდა. ამას ყველა ხვდებოდა, მაგრამ როცა გემებზე ტიპოგრაფიული მანქანები აიტანეს (ფრანგული, არაბული და ბერძნული შრიფტით) და ფიზიკური და გეოგრაფიული ხელსაწყოებით სავსე ყუთები ჩატვირთეს, სამხედრო ექსპედიციის მონაწილეებმა გულწრფელად გაიკვირვეს, ხოლო როცა მებრძოლებთან ერთად გემზე სხვადასხვა დარგის ასზე მეტი მეცნიერი – ინჟინერი, გეოგრაფოსი, ისტორიკოსი, ნატურალისტი, ქიმიკოსი, მხატვარი თუ არქიტექტორი – ავიდა, გაოცებისაგან პირი დააღეს. მეცნიერებს შორის ისეთი გამოჩენილებიც იყვნენ, როგორიც მათემატიკოსი მონჟი, ქიმიკოსი ბერთოლე, ზოოლოგები: ჟოფრუა სენტ-ილერი და სავინი, ასტრონომები – ნუე და ბოშანი. მათ გარდა იყვნენ პოეტები, მუსიკოსები, ექიმები (ამ უკანასკნელთა შორის ისეთი სახელგანთქმულნი, როგორც დეჟენე და ლარეი). ბევრი მათგანი ბონაპარტის „კოლეგა“ იყო ეროვნულ ინსტიტუტში და უსიტყვოდ დათანხმდა მის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას გაჰყოლოდა შორეულ და სახიფათო ლაშქრობაში. არც ერთმა მათგანმა არ იცოდა საით მიდიოდა გენერალი და საით მიჰყავდა თავისი „ჭრელი“ ექსპედიცია, მაგრამ მოვალეობის გრძნობა იმდენად მაღალი იყო მათში, რომ ზედმეტი კითხვების გარეშე დაიკავეს ადგილი გემზე. ჭეშმარიტი მარშრუტის შესახებ მათ მხოლოდ ღია ზღვაში გასვლის შემდეგ შეიტყვეს თვით მთავარსარდლისგან.
    ბონაპარტს განსაკუთრებული გეგმები ჰქონდა აღმოსავლეთში. იგი უბრალო დამპყრობად კი არ მიდიოდა ეგვიპტეში, არამედ იქ დიდხანს დარჩენას და ამ ქვეყნის საფუძვლიან ათვისებას, მის გარდაქმნას აპირებდა. ამ წამოწყებას სათავეში სწორედ მეცნიერთა და სპეციალისტთა ის ჯგუფი უნდა ჩასდგომოდა, რომელიც თან მიჰყავდა გენერალს, და რომელსაც მან ოფიციალურად „ეგვიპტის ინსტიტუტი“ უწოდა. ეგვიპტის ინსტიტუტის წევრები (მათგან ყველაზე გამოჩენილნი, რასაკვირველია), ხანგრძლივი და მომქანცველი მოგზაურობის განმავლობაში, თითქმის ყოველ საღამოს მთავარსარდლის კაიუტ-კომპანიაში იყრიდნენ თავს და საინტერესო სჯა–ბაასში ატარებდნენ დროს. როგორც შემდეგ ამ შეხვედრების მონაწილენი იგონებდნენ, საუბრისა თუ პაექრობის ინიციატორად, ლამის, ყოველთვის ბონაპარტი გამოდიოდა და ყველას ანცვიფრებდა თავისი მრავალმხრივი განსწავლულობითა და, განსაკუთრებით, ამოუწურავი ფანტაზიით. რასაკვირველია, ბევრს გენერლის პროექტები და გეგმები, რომელთა განხორციელებას ის ეგვიპტეში აპირებდა, ფანტასტიკურად და რეალობას მოკლებულად ეჩვენებოდა, მაგრამ მომავალში, მრავალი ათეული წლის შემდეგ, მათი არცთუ მცირე ნაწილი განხორციელდა კიდეც და რეალურიც გახდა. ასე რომ, არ ყოფილა ეს პროექტები მარტო ქვიშაზე ნაგებნი, თუნდაც ეს ქვიშა ეგვიპტის ცხელი უდაბნოსი ყოფილიყო.
    ფრანგთა საექსპედიციო არმიის თავგადასავალი ეგვიპტეში ბევრ მის უშუალო მონაწილესა და სპეციალისტს აქვს აღწერილი. არ დარჩენილა გვერდზე თვით ამ დიდი წამოწყების ინიციატორი და სულისჩამდგმელიც. მან ამ ლაშქრობას საკმაოდ ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა. ეს, მართლაც, ნაშრომია და არა მხოლოდ მონაწილის (ხელმძღვანელის) მოგონებები. „კამპანია ეგვიპტესა და სირიაში“ – ასე ეწოდება ნაპოლეონის ამ ქმნილებას და იგი არცთუ მცირე მნიშვნელობის დოკუმენტია იმდროინდელი ეგვიპტის პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სამხედრო ცხოვრების სფეროში. ყოველ შემთხვევაში, მისთვის ვისაც ამ საკითხზე რაიმეს დაწერა განუზრახავს. მით უმეტეს, რომ იქ უამრავი ფაქტობრივი მასალაა მოყვანილი სწორედ ამ მიმართულებით. მაგრამ ეს არაა გასაკვირი ამ წიგნში. გასაკვირი ის პროექტებია, რომელთა შესახებ ზემოთ გაკვრით უკვე ვთქვით და ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით გვინდა ზოგიერთ მათგანს შევეხოთ.
    ბონაპარტი, პირველ რიგში, აპირებდა ალექსანდრიის პორტის რეკონსტრუქციას ისე, რომ იგი, ერთი მხრივ, საიმედოდ ყოფილიყო დაცული ზღვიდანაც და ხმელეთიდანად; მეორეც, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მის პორტში შესაძლებელი ყოფილიყო დიდი სავაჭრო გემების დაუბრკოლებლად შესვლა. ამავე დროს, ალექსანდრიის პორტი უშუალოდ უნდა დაკავშირებოდა, შესაბამისი არხის მეშვეობით, ნილოსს, რაც დიდი სამდინარო გემების უშუალოდ საზღვაო პორტში შესვლის შესაძლებლობას შექმნიდა. ეს გარემოება დიდად შეუწყობდა ხელს ტვირთის შუა და ზემო ეგვიპტიდან პირდაპირ ხმელთაშუა ზღვაზე გატანას, გამოაცოცხლებდა ვაჭრობას და თავის მხრივ დასაბამს დაუდებდა ეგვიპტის ამ მიტოვებული რეგიონებისათვის სათანადო დახმარების გაწევას. ალექსანდრიის შემოგარენი მოირწყვებოდა ნილოსის წყლით და სოფლის მეურნეობის აყვავებას შეუწყობდა ხელს ამ ქალაქის მიდამოებში. აშენდებოდა გემთსაშენები ალექსანდრიასა და სუეცში. ამ უკანასკნელს, რომელიც წითელ ზღვაზე გადიოდა, იმხანად ყურადღება არ ექცეოდა და იგი მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის პორტი იყო. ნაპოლეონის აზრით, საჭირო იყო ძველთაძველი იდეის აღორძინება და პორტ-საიდსა და სუეცს შორის არხის გათხრის სამუშაოების დაწყება. ეს ორ ზღვას ერთმანეთთან დააკავშირებდა და ვაჭრობის არნახული აღზევების პირობებს შექმნიდა. ამავე დროს მაგისტრალური არხიდან (სუეცის არხიდან) გამოყვანილი წყლით შეივსებოდა წყალსაცავები, აშენდებოდა დამხმარე არხები და სპეციალური რაბების დახმარებით მოირწყვებოდა მანამდე უსარგებლოდ მოცდენილი მიწები. ეს საშუალებას მისცემდა ისეთი მცენარეული კულტურების პლანტაციების გაშენებისა, როგორიცაა ბამბა, ბრინჯი, თამბაქო, შაქრის ლერწამი, ინდიგო და ა. შ. ეს ყველაფერი ინგლისელთა მიერ გადაკეტილ ვესტინდოეთს (სან-დომინგოს) შეცვლიდა და დააკმაყოფილებდა ევროპის მოთხოვნილებას. „იცით, რად იქცევა ეს მშვენიერი ქვეყანა (ლაპარაკია ეგვიპტეზე, დ. ცა 50 წლის გონიერი მმართველობის შემდეგ? – სვამს კითხვას თავის ნაშრომში ნაპოლეონი და იქვე პასუხობს – წარმოდგენა მომაჯადოებელ სურათს გვიხატავს! ათასობით რაბები წყალდიდობისას მოვარდნილ წყალს მთელ ქვეყანას უწილადებენ და ის 8 თუ 10 მილიარდი ტუაზი წყალი, ახლა რომელიც ზღვაში ჩადის და იკარგება, უდაბნოს დაბლობ ადგილებში მოიხმარება, უამრავი ტუმბოები და ქარის ბორბლები წყალსაცავებში გადაქაჩავენ წყალს, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, მას ველებზე მიუშვებენ.
მრავალრიცხოვანი ემიგრანტები აფრიკის შიდა რეგიონებიდან, არაბეთიდან, სირიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, გააოთხკეცებენ მოსახლეობას. ვაჭრობა ინდოეთთან თავის ძველ და ბუნებრივ მარშრუტს დაუბრუნდება.“ და ამ მასშტაბური და წმინდა პრაქტიკული პროექტების გვერდით ვკითხულობთ იმასაც, რისი სურვილიც ნაპოლეონს თურმე ჰქონია და რომელიც მას სხვა კოლონიზატორებისგან გამოარჩეგდა: „50 წლის შემდეგ ცივილიზაცია ეგვიპტიდან აფრიკის შუაგულისკენ წაიწევდა.. და ადგილობრივი ხალხები დატკბებოდნენ ხელოვნების, მეცნიერების და ჭეშმარიტი ღმერთის რელიგიის სიკეთით, რადგან სწორედ ეგვიპტის გავლით უნდა მივიდეს ცენტრალური აფრიკის ხალხებთან შუქი და ბედნიერება!“ ბოლომდე ვერ ამოუღია გულიდან დიდი განმანათლებლების იდეები მათ ყოფილ მიმდევარს...
    საფლაგმანო ხომალდ „ორიონის“ ვრცელ კაიუტ-კომპანიაში მოკალათებული მეცნიერნი და ხელოვანნი კი ამ და სხვა ამგვარ გეგმებზე კამათობდნენ და თავიანთ მომავალ საქმიანობაზე ბაასობდნენ. გონების ეს ვარჯიში მხოლოდ საღამოობით იმართებოდა. დღისით გენერალს ამისთვის სად ეცალა, – დღისით მას სხვა ვარჯიშები ჰქონდა ჩასატარებელი. ბონაპარტმა იცოდა, რომ მოტყუებული ნელსონი ადრე თუ გვიან შეიტყობდა, თუ საით ეჭირათ გეზი ფრანგებს და თუ წამოეწეოდა მათ, მაშინ ისეთი სასტიკი საზღვაო ბრძოლა გაიმართებოდა, რომლის შედეგზე მარტო ექსპედიციის ბედი კი არა, მისი მონაწილეების სიცოცხლეც იქნებოდა დამოკიდებული. ამიტომ გენერალი ენერგიას არ იშურებდა და თავის ჯარისკაცებს სპეციალურად ამზადებდა. ნაპოლეონს შესანიშნავად ჰქონდა გაცნობიერებული ინგლისელთა ფლოტის სიძლიერე და მასთან „ტრადიციული“ საზღვაო ბრძოლის გამართვა აფიქრებდა. ამიტომ მან ისეთი თავისებური საზღვაო ტაქტიკა შეიმუშავა, რომელიც მისი სახმელეთო ძალის გამოყენებასაც გულისხმობდა. თავისი ესკადრის ხელმძღვანელებს ნაპოლეონმა ურჩია თითოეულ სახაზო გემზე საშტატო ეკიპაჟის გარდა ხუთას-ხუთასი ნარჩევი „იტალიელი“ ვეტერანი განელაგებინათ. ამავე დროს, ინგლისელთა ფლოტთან შეხვედრისას, ყოველი ფრანგული სახაზო გემი უნდა დაპირისპირებოდა თითო ინგლისურ ხომალდს და ეცადა, რაც შეიძლება სწრაფად მიახლოვებოდა მას ისე, რომ, აბორდაჟის საშუალება შექმნილიყო. როგორც კი გემები გადაებმებოდნენ ერთმანეთს, ბრძოლაში რჩეული იტალიელი ვეტერანები ჩაებმებოდნენ. მერე კი საქმე თოფსა და ხმალზე მიდგებოდა, რომელშიც ფრანგ გრენადერებს ძნელად თუ ვინმე აჯობებდა და სწორედ, ამის იმედი ჰქონდა ბონაპარტს. ნაპოლეონი კუნძულზე დაბადებული კი იყო, მაგრამ ფლოტზე არასოდეს უმსახურია და არც საზღვაო განათლება მიუღია. ამიტომ მისი ეს იმპროვიზაცია რა შედეგს გამოიღებდა ინგლისელებთან (თანაც ნელსონთან) შეტაკებისას, არავინ იცის. თვით ფრანგი მეზღვაურები და ჯარისკაცები მოწინააღმდეგეს არ უფრთხოდნენ, რადგან რიცხობრივად სჭარბობდნენ მას და კარგადაც იყვნენ მომზადებულნი. ასე რომ, ორი დაპირისპირებული ძალის შეხვედრა ღია ზღვაში რომ მომხდარიყო, იქნებ შედეგიც სხვანაირი ყოფილივო, ვინემ მერე ეს აბუკირთან მოხდა.
    ნაპოლეონი თავისი ფლოტის წვრილმან საქმეებში არ ერეოდა, მაგრამ უმისოდ მაინც არც ერთი საკითხი არ წყდებოდა. აი, ამის მაგალითიც: ერთხელ ადმირალ ბრიუესს მთავარსარდლისთვის რომელიღაც ბრძანების პროექტი წარუდგენია, რომლის მიხედვითაც, მისი ოთხი სახაზო გემი რამდენიმე დღით უნდა მოწყვეტოდა ძირითად ესკადრას და სხვა, კერძო დავალების შესასრულებლად წასულიყო. ბონაპარტმა ბრძანების ქაღალდს ასეთი რეზოლუცია დაადო: „ამ ოთხი გემის წასვლიდან 24 საათის შემდეგ ჰორიზონტზე 10 ინგლისური გემი რომ გამოჩნდეს, მაშინ მე 13-ის ნაცვლად მხოლოდ 9 მეყოლებაო“. შეცბუნებულმა ადმირალმა ხმა ვეღარ ამოიღო.
8 ივნისს ფრანგების ესკადრა კუნძულ მალტას მიადგა. მცირე წინააღმდეგობის შემდეგ, ბონაპარტმა ეს კუნძული დაიკავა და წყლისა და სურსათ–სანოვაგის დიდი მარაგი აიტანა გემებზე. გენერალმა რამდენიმე დღით დაასვენა თავისი თანამებრძოლები და შემდეგ ისევ ეგვიპტისკენ განაგრძო გზა, მალტაზე კი საკმაოდ დიდი და კარგად შეიარაღებული გარნიზონი დატოვა. კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და მისი ხელში ჩაგდებით ბონაპარტი „საგრძნობ დარტყმას აყენებდა ინგლისელებს.
    აფრიკის ნაპირს ფრანგები ყოველგვარი გართულების გარეშე მიადგნენ, თუმცა, ერთხელ, გზაში კინაღამ ინგლისელთა ფლოტს გადააწყდნენ. ნელსონმა, როგორც კი მალტის ამბების შესახებ შეიტყო, თვითონაც წამსვე აღმოსავლეთისკენ აიღო კურსი და გზაში გადაასწრო კიდეც მტერს. მაშინდელი სანავიგაციო და სადაზვერვო საშუალებათა სიმწირის გამო იყო, რომ ვერ მოხდა ორი ფლოტის ღია ზღვაში შეტაკება. ინგლისელებს თურმე სულ რამდენიმე მილის დაშორებით ჩაუვლიათ ფრანგებისთვის!
    ეგვიპტის მიწაზე ფრანგებმა ფეხი 1 ივლისს დაადგეს, ალექსანდრიასთან. ბონაპარტს არ უნდოდა თვით პორტში შესვლა, რადგან შეიტყო, რომ სამი დღით ადრე იქ ინგლისელთა ფლოტი ყოფილა. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და, ფრანგმა მთავარსარდალმა ჯარი ქალაქიდან ცოტა მოშორებით გადასხა. ნელსონს კი ვერ გაერკვია, თუ საით მიდიოდნენ ფრანგები მალტის შემდეგ: საბერძჩეთში, ეგვიპტეში თუ ოსმალეთში? როცა, თავისი ფლოტის სისწრაფის წყალობით, ინგლისელები ფრანგებზე ადრე მივიდნენ ალექსანდრიაში, იქ ბუნებრივია, არც ბონაპარტისა და არც მისი არმიის შესახებ არავის არაფერი გაეგონა. ამიტომ ნელსონმაც აღარ დაახანა და პირი ჩრდილოეთისაკენ იბრუნა – იფიქრა, ბონაპარტი სტამბოლისკენ წასულაო და ამიტომ „მას“ გამოეკიდა. ბონაპარტმა კი სასწრაფოდ გადაიყვანა თავისი არმია ხმელეთზე. იქ მას აღარაფერი აშინებდა – ხმელეთზე მასა და მის გრენადერებს წინ ვეღარავინ დაუდგებოდა. როცა მთავარსარდალი „ორიონს“ ტოვებდა და პატარა კატარღაზე გადადიოდა, ადმირალ ბრიუესს წამოუმძახნია: ბედი მტოვებსო! წინათგრძნობას არ უღალატნია ფრანგი ადმირალისთვის.
    რას წარმოადგენდა მაშინ ეგვიპტე, რა იყო იგი პოლიტიკურად? კაცობრიობის ერთ-ერთი აკვანი, ფარაონების ერთ დროს უძლიერესი სამეფო, ახლა ოსმალეთის პროვინციად ითვლებოდა. პროვინციად კი ითვლებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ქვეყანას ოსმალები კი არა, მამლუქები მართავდნენ. მამლუქ ბეგების დივანი, ოსმალების მიერ დანიშნულ ფაშასთან ერთად, ქვეყანას სათავეში ედგა, მაგრამ ფაშის ძალაუფლება სინამდვილეში ფორმალური იყო.
    მამლუქები (არაბულად თეთრ მონას ნიშნავს) ჯერ კიდევ XI-XII საუკუნეებში დაწინაურდნენ ეგვიპტეში. ისინი ოსმალეთიდან, და ძირითადად, კავკასიიდან ბავშვობაში მოტაცებული თეთრკანიანები იყვნენ, რომლებიც შემდეგ ეგვიპტეში იზრდებოდნენ და ვაჟკაცდებოდნენ. XIII საუკუნეში მათ მთელი ძალაუფლება იგდეს ხელთ და თავიანთი სახელმწიფო შექმნეს. ამ დროიდან მამლუქთა სამხედრო ფეოდალური ფენა ეგვიპტის მკვიდრ არაბ მოსახლეობაზე გაბატონდა და მათ შორის შიშსა და მორჩილებას თესავდა. ოსმალებმა XVI საუკუნის დასაწყისში დაიპყრეს მამლუქთა სახელმწიფო, მაგრამ მათი გავლენის მოსპობა სავსებით მაინც ვერ შეძლეს და „ორმმართველობას“ შეურიგდნენ. ბონაპარტის ექსპედიციამდე 30 წლით ადრე, 1769 წელს, მამლუქებმა თითქმის სრულიად დაიხსნეს თავი ოსმალთა ბატონობიდან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა გამოაცხადეს.
    თავის ნაშრომში, ნაპოლეონი, როგორც ვთქვით, დაწვრილებით აღწერს ეგვიპტის ისტორიას და, ცხადია, მამლუქთა შესახებაც საკმაოდ ბევრ ცნობას იძლევა. საინტერესოა, რომ იგი ყოველთვის გარკვეული პატივისცემით წერს მათზე და ყოველთვის ხაზს უსვამს მათს სიმამაცესა და სამხედრო სიქველეს. მამლუქები ყველაზე ლამაზი და მამაცი მეომრებია მთელს ეგვიპტეში, წერს ის. ისინი ქრისტიანებად იბადებიან და მათ 7-8 წლის ასაკში ყიდულობენ საქართველოსა და კავკასიაში, შემდეგ კი ისინი კონსტანტინოპოლელ ვაჭრებს კაიროში ჩაჰყავთ და ბეებზე ყიდიანო. იწყებენ რა თავიანთ კარიერას ბეების კარზე ყველაზე დაბალი საფეხურიდან, მამლუქები თანდათან ადიან იერარქიულ კიბეზე და ხშირად პროვინციების გუბერნატორები და ბეები ხდებიანო. მათი რიცხვი 1798 წლისათვის (ქალებისა და ბავშვების ჩათვლით) სულ 50 ათასს აღწევდა, მაგრამ აქედან მათ 12 ათასი ცხენოსნის გამოყვანა შეეძლოთ. ეს დიდი ძალა იყო, ყოველ შემთხვევაში, იმოდენა მაინც, რომ მთელი ეგვიპტე ხელში ჰყოლოდათ და ოსმალთა მარბიელი რაზმები უკუექციათ.
    ეგვიპტის ძირძველი არაბი მოსახლეობა უმთავრესად სოფლის მეურნეობას მისდევდა და თავაუღებლივ მუშაობდა. ბევრი არაბი კი უდაბნოში მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა. მათი ზოგიერთი წარმომადგენელი (ბედუინები) შესანიშნავი ცხენოსნები იყვნენ.
    სადესანტო ოპერაციამ ისე ჩაიარა, რომ რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია. ქალაქიც ისე გადავიდა ფრანგების ხელში, რომ სერიოზული შებრძოლება არ მომხდარა: ალექსანდრიის თურქულ-არაბულმა გარნიზონმა მაშინვე შეწყვიტა წინააღმდეგობა, როგორც კი კლებერმა და მენუმ სიმაგრეზე პირდაპირი იერიში მიიტანეს. ცოტაც და ნაპოლეონი ალექსანდრიაში იყო – დიდი ალექსანდრეს განთქმულ ქალაქში (მერე გამოირკვა, რომ ძველი დიდებისა და ბრწყინვალებისა მას აღარაფერი შერჩენოდა, მაგრამ ოპერაციის წარმატებით დაწყებამ გენერალს ფრთები შეასხა და ასეთ „წვრილმანზე“ აღარ შეუჩერებია ყურადღება).
    ახლა მთავარი ეგვიპტის ტერიტორიაზე საიმედო კონტროლის დაწესება იყო და მთავარსარდალიც ამ ამოცანის გადაწყვეტას შეუდგა. ამ რთულ საქმეში ერთი უპირველესი კაიროს დროულად ხელში ჩაგდება იყო. დედაქალაქს, რა თქმა უნდა, უბრძოლველად არავინ ჩააბარებდა და ბონაპარტიც უკვე ამ ბრძოლაზე ფიქრობდა, როცა ალექსანდრიიდან კაიროსკენ მიჰყავდა თავისი ჯარი.
    თვით ალექსანდრიის ცხოვრებაში, ფრანგთა ქალაქში შესვლის შემდგომ, ბევრი არაფერი შეცვლილა. გენერალი ცდილობდა არ ყოფილიყო არავითარი რელიგიური დევნა და ადგილობრივ მოსახლეობაზე უცხო ადათწესებისა და ზნე-ჩვეულებების ძალად თავზე მოხვევა. ეს მის პოლიტიკასაც შეესაბამებოდა და მის მსოფლმხედველობასაც. რაც შეეხება ძალაუფლებას, იგი ქალაქში, ცხადია, ფრანგთა გარნიზონის უფროსის ხელში იქნებოდა. ხოლო მცხოვრებთათვის ეს უცხო მოვლენა რომ მათთვის ნაკლებმტკივნეული ყოფილიყო, ბონაპარტმა წამსვე ადგილობრივ შეიხთა და წარ- ჩინებულ პირთაგან საკრებულო – (დივანი) – ჩამოაყალიბა. დივანს, ფაქტობრივად, დიდი ძალა-უფლება არ ექნებოდა, მაგრამ ფორმალურად იგი სავსებით მისაღები ინსტიტუტი უნდა გამხდარიყო არაბი მოსახლეობისათგის და ამიტომაც არ დაუყოვნებია მთავარსარდალს მისი შექმნა. ამ მხრივ ბონაპარტს უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული იტალიაში და ასეთი ამბები არ ესწავლებოდა. თუმცა, ბონაპარტი ახლა იტალიაში კი არა, აღმოსავლეთში იყო, სიმდიდრითა და ფუფუნებით, მაგრამ ამავე დროს საშინელი სიღარიბით, ვერაგობით და რელიგიური ფანატიზმით განთქმულ აღმოსავლეთში. აქ ევროპული პოლიტიკა ნაკლებ შედეგს მოიტანდა ან იქნებ სულაც არავითარი შედეგი არ მოეტანა, ამიტომ გენერალს დიდი სიფრთხილე და დიდი დიპლომატობა სჭირდებოდა. არც ერთი და არც მეორე მას არ აკლდა და ამდენად მომავალს თამამად უსწორებდა თვალს.
    ალექსანდრიის პორტისა და საერთოდ, ქალაქის დასაცავად ბონაპარტმა ძლიერი გარნიზონი დატოვა. გარნიზონის უფროსად და ალექსანდრიის რეგიონის კომენდანტად მან გენერალი კლებერი დანიშნა (კლებერი დესანტის გადმოსხმის დღესვე დაიჭრა თავში და საკმაოდ ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებდა. ამიტომ იყო რომ იგი ალექსანდრიაში დარჩა, თორემ ასეთი შესაძლებლობების მხედართუფროსს კომენდანტად ვინ დატოვებდა).
    კაიროსკენ მიმავალი უმოკლესი გზა ქვიშიან უდაბხოზე გადიოდა კაცმა რომ თქვას, შორეული გზაც ასეთივე იყო და გარდა ქვიშისა და მხისა, გარშემო ფრანგები მაინც ვერაფერს დაინახავდნენ. გაუჭირდათ იტალიის მწვანე ველებზე მოქმედებას შეჩვეულ ვეტერანებს. გაუჭირდათ და უკმაყოფილებაც დაეტყოთ. ლაშქარში წარამარა გაისმოდა შეძახილები დირექტორიის წინააღმდეგ (ყველაზე მიამიტებს ეგონათ, რომ ხელისუფლებამ განზრახ გამოაგზავნა მათი საყვარელი მთავარსარდალი ამ ჯოჯოხეთში, რათა თვითონაც დაღუპულიყო და თავისი „იტალიელი“ ვეტერანებიც თან გაეყოლებინა). ბონაპარტს, ალბათ, გულში ეცინებოდა მათ გულუბრყვილობაზე, ხმამაღლა კი მხედრულ მოვალეობას ახსენებდა მათ და აღმოსავლეთის განთავისუფლებისაკენ მოუწოდებდა. ასევე იქცეოდნენ ბონაპარტის უახლოესი თანამებრძოლებიც. ერთი იმათთაგანი, ვინც განსაკუთრებით აგულიანებდა ჯარისკაცებს, შესანიშნავი ინჟინერი, გენერალი კაფარელი იყო. ჯარისკაცები მის სიტყვებზე იცინოდნენ – „მაგას რა უშავს, ერთი ფეხი მაინც აქვს სამშობლოშიო“ (კაფარელი ცალფეხა იყო. რაინზე ბრძოლების დროს დაიჭრა და იქ დაჰკარგა ფეხი). ასე, ზოგჯერ ბუზღუნით, ზოგჯერ სიცილითა და ხუმრობით ბონაპარტის არმია კაიროსაკენ მიიწევდა. როცა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, მათ ნილოსი „შეხვდათ“ და „დაემგზავრათ“, გაწამებულმა ჯარისკაცებმა ამოისუნთქეს. ამიერიდან, როცა კი ცოტა დრო მიეცემოდათ, ისინი, დიდიან-პატარიანად, ყველანი, გაუხდელად მდინარეში ცვიოდნენ და სიცხისაგან გათანგულები შვებას „ეგვიპტის მარჩენალის“ ტალღებში პოულობდნენ.
    ბონაპარტიცა და ალექსანდრიიდან წამოყვანილი იქაური ფრანგებიც ჯარისკაცებს ეგვიპტის უთვალავ სიმდიდრეზე ელაპარკებოდნენ, ეს უკანასკნელები კი სიღარიბისა და სიდუხჭირის მეტს ვერაფერს ხედავდნენ. ნილოსის პირას გაშენებული პატარა სოფლები საცოდავი და ბეჩავი ხალხით დასახლებული – აი, მთელი ის სიმდიდრე, რაც მათ თვალწინ იშლებოდა. საშინელ კლიმატს კიდევ ისიც ემატებოდა, რომ ფრანგებს იქ არავინ ფეხქვეშ ფიანდაზად არ ეგებოდა. უფრო პირიქით, ისინი დაუპატიჟებელ სტუმრებს ჰგავდნენ და არავინ მათ ხელის გამართვაზე არ ფიქრობდა. უარესიც ხდებოდა. კაიროსკენ მიმავალ გზაზე ისედაც იშვიათი ჭები თუ წყაროები განზრახ გაფუჭებული ხვდებოდათ, რაც კარგის არაფრის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო მომავალში.
    რაც უფრო უახლოვდებოდნენ ფრანგები დედაქალაქს, მით უფრო შეიმჩნეოდა მოწინააღმდეგის აქტიურობა. მამლუქთა ცხენოსანი რაზმები შორიახლო ტრიალებდნენ, და, როგორც ეტყობოდა, საგულდაგულოდ ზვერავდნენ მათ. როცა კაიროში ფრანგთა დესანტის ამბავი მივიდა და გაირკვა, რომ ურწმუნოებს მხოლოდ ქვეითი ჯარი ჰყავდათ, მამლუქთა ბეებს სიხარულის ყიჟინა დაუციათ. უბადლო ცხენოსნები ზიზღით უყურებდნენ ჯარის სხვა სახეობებს და მათთან პირისპირ შებმას ლამის თაკილობდნენ კიდეც. ასი ათასი კაციც რომ ჰყავდეთ ფრანგებსო, იქადნებოდნენ მამლუქები, მათ მაინც განადგურება ელოდებათ, რადგან ჩვენთან შებმა გაშლილ ველზე მოუწევთ, ხოლო ჩვენს ცხენოსან ჯარს გაშლილი ველის მეტი რა უნდაო.
    პირველი შეტაკება ფრანგებსა და მამლუქებს შორის დამანჰურთან მოხდა. ეს ლოკალური მნიშვნელობის ბრძოლა იყო – დეზეს დივიზიას მხოლოდ 600 მამლუქმა ცხენოსანმა შეუტია. ფრანგები მაშინვე კარეს წყობით დადგნენ და მტრის მკვირცხლი შეტევა იოლად მოიგერიეს. გაკვირვებულმა მამლუქებმა უკან დაიხიეს. როცა მურად-ბეის ეს ამბავი მოახსენეს, იგი გაცოფდა, როგორ თუ ქვეითებს მამლუქებმა ზურგი უჩვენეთო. მეორე, გაცილებით უფრო სერიოზული ბრძოლა შუბრაპიტთან მოხ- და. აქ უკვე თვით მურად-ბეი წარუძღვა თავის ლაშქარს „ურწმუნოთა“ წინააღმდეგ და ბონაპარტს პირველად მიეცა შესაძლებლობა მამლუქთა მოქმედებისთვის ედევნებინა თვალყური, მურად-ბეის, გარდა ცხენოსნებისა, სამ- დინარო ფლოტილიაც ჰყავდა, ძირითადად, თურქი მეზარბაზნეებითა და მეთოფეებით დაკომპლექტებული. ამიტომ იგი ცდილობდა ისეთ პოზიციაზე ემოქმედნა, რომ ნილოსს, მაინცდამაინც, არ მოწყვეტოდა და ფრანგებთან ბრძოლაში ფლოტილიაც გამოეყენებინა. გემები ნაპოლეონსაც ჰყავდა, რომლებიც მას მოჰყვებოდნენ და იმ დღეს ცოტა უკან ჩამორჩენილიყვვნენ. ისინი მხოლოდ რამდენიმე საათში მიაღწევდნენ მომავალი ბრძოლის ველს. ამის გამო იყო, რომ ფრანგი მთავარსარდალი აჭიანურებდა საბრძოლო მოქმედების დაწყებას. ფრანგების ხუთივე დივიზიას მან კარეს წყობა მისცა, და თანაც ისე განალაგა, რომ ჯვარედინი ცეცხლით ერთმანეთის დახმარება შეძლებოდათ. კარეების კუთხეებთან არტილერია ჩამწკრივდა.
    ფრანგებისათვის მთავარ საშიშროებას მამლუქთა კავალერია წარმოადგენდა, რომლის ელვისებური შეტევების მოსაგერიებლადაც მოაწყო ამგვარად თავისი ჯარი ბონაპარტმა.
    ფრანგთა და მამლუქთა ამ ბრძოლაში (და ცხადია, სხვებშიაც) ბევრი ქართველი მონაწილეობდა. მამლუქთა დიდ ნაწილს ხომ ისინი, „ბედკრულ საქართველოს“ მოწყვეტილი შვილები შეადგენდნენ... ამიტომ, იქნებ, ცოტა მეტი ადგილი დაგუთმოთ ამ შეტაკებას? პირველი სიტყვა თვით ამ ამბების მთავარ შემოქმედს – ნაპოლეონ ბონაპარტს – მივცეთ. მივცეთ და თავად დავრწმუნდეთ, თუ როგორ შეფასებას აძლევს იგი თავის საოცარ მოწინააღმდეგეს:
    „მამლუქთა ჩაჩქანებსა და აბჯრებს მზის სხივი დასთამაშებდა და განსაკუთრებულ ბრწყინვალებას აძლევდა მათს შესანიშნავ ლაშქარს. აღმოსავლური წესის მიხედვით, უამრავი ორთაბრძოლა გაიმართა ყველაზე მამაც მამლუქთა და უშიშარ ალპიელ მსროლელთა შორის. ყოველი მამლუქი თავისი სიჩაუქისა და სიმამაცის დემონსტრაციას ახდენდა და ჩვენს აღტაცებას იწვევდა. იგი მიბმულივით იჯდა თავის ცხენზე, რომელიც თითქოს იზიარებდა პატრონის აღტკინებას. მამლუქს ხმალი მაჯაზე ჰქონდა ჩამოკიდებული, ისროდა კარაბინიდან, მუშკეტონიდან და ოთხი დამბაჩიდან. ასე და ამგვარად, როცა ცეცხლსასროლი იარაღის ექვსი სახეობიდან მოახდენდა გასროლას, იგი მსროლელთა ოცეულებს განსაცვიფრებელი სიმარჯვით შემოუვლიდა და მათსა და საბრძოლო ხაზს შუა ჩაიქროლებდა. მალე შევამჩნიეთ, რომ გორაკზე, ცენტრალურ პუნქტში, მამლუქთა შვიდი მეთაური შეგროვდა თავთავიანთი რაზმით. ეს მათი ბეები იყვნენ, რომლებიც, როგორც ეტყობოდათ, თათბირობდნენ. და აი, უცებ, თვალის ერთ დახამხამებაში, ეს შესანიშნავი კავალერია, შვიდივე ბეის მეთაურობით, ადგილს მოსწყდა და ჩვენსკენ გამოექანა. ისინი მსწრაფლ შეიჭრნენ გენერალ რენიესა და გენერალ დიუბუას კარეებს შორის არსებულ შუალედში, სადაც ფრანგთა მთავარსარდალი იდგა, და ეჭვს გარეშეა, ზურგში უპირებდნენ მათ დარტყმას. ზარბაზნებისა და შაშხანების ზალპებმა, ჯერ კარეების ფრონტიდან, შემდეგ ფლანგებიდან და ბოლოს კი ზურგიდან, ბევრი მათ- განი დახოცა და დააშავა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მამაცმა მაინც მოახერხა კარეზე მიეგდო თავისი ცხენი და ხიშტებზე დაესრულებინა სიცოცხლე. როცა მურად-ბეი დარწმუნდა, რომ ფრანგების ცეცხლი ზურგიდანაც ისეთივე ძლიერი იყო, როგორც ფრონტიდან, გაცლა ამჯობინა“. ფრანგები შეორე შემოტევას ელოდებოდნენ, მაგრამ მამლუქებმა უარი თქვეს მასზე და ბრძოლამ ახლა ნილოსზე გადაინაცვლა – ორ ფლოტილიას შორის.
    ამ ბრძოლაში პირველად ოსმალებმა იმძლავრეს (მათ რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ). მაგრამ მას შემდეგ, რაც ფრანგებმა მდინარის ნაპირზე თავიანთი ბატარეები გაამწკრივეს და მტრის გემებს ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს, საქმე მალე დამთავრდა. შორიახლო მდგომი მამლუქები, რომელთაც ვერაფრით გაეგოთ, რა მოხდა, გაოცებული და დაბნეული იდგნენ და წინ წამოსვლას აღარ აპირებდნენ. ეს უშიშარი რაინდები, რომლებიც გაშლილ ველზე 10 ათასი ცხენოსნით დაუფიქრებლად შეუტევდნენ (და იქნებ, აჯობებდნენ კიდეც) 50 ათას ოსმალოს, ახლა სასოწარკვეთილნი იყვნენ. ისინი მიხვდნენ, რომ გამარჯვებისთვის მარტო სიმამაცე არ კმაროდა... ახლა ისევ ბონაპარტს მოვუსმინოთ: „ყველაფერმა, რაც მამლუქებმა დაინახეს და თავის თავზე გამოსცადეს. ისეთი გადატრიალება მოახდინა მათ შეგნებაში, რომ ჯადოზე დაიწყეს ლაპარაკი. მათი აზრით, ფრანგების მთავარსარდალი ჯადოქარი იყო, რომელსაც ყველა თავისი ჯარისკაცი სქელი თოკით ჰყავდა ერთმანეთზე გადაბმული და იმისდა მიხედვით, თუ საითკენ მოქაჩავდა იგი თოკს – მარჯვნივ თუ მარცხნივ, ჯარიც, ისე როგორც ერთი კაცი, იქით ტრიალდებოდა. ისინი მას (ფრანგთა მთავარსარდალს – დ. ცა „ცეცხლის მამას“ უწოდებდნენ, სხვაგვარად მათ ვერაფრით აეხსნათ არტილერისტებისა და თოფოსანთა ზალპების ინტენსივობა“. ამ ბრძოლის შემდეგ, ეგვიპტეში, ნაპოლეონს სულთან-ქებირს (დიდ სულთანს) უწოდებდნენ.
    შუბრაჰიტთან გამარჯვებამ ფრანგებს კაიროსკენ გზა გაუხსნა. იოლი გამარჯვებით აღფრთოვანებულნი, ისინი ახლა ხალისიანად მიაბიჯებდნენ უდაბნოში. მამლუქები კი ფარ-ხმალს არ ყრიდნენ. ეს ვგაჟკაცი შეომრები დედაქალაქის კედლებთან აპირებდნენ გენერალური ბრძოლის გამართვას. და აი, რამდენიმე დღეც და ფრანგების თვალწინ კაირო გამოჩნდა. ეს რაღაც ზღაპრულ სანახაობას ჰგავდა: მარცხნივ ქალაქის უამრავი მინარეთი აღმართულიყო, მარჯვნივ – ჰიზის დიდებული პირამიდები! ფრანგები მოჯადოებულივით გაჰყურებდნენ საოცარ პანორამას. მაშინ იყო მღელვარებისგან სახეანთებულმა ბონაპარტმა რომ შესძახა თავისი ცნობილი სიტყვები: „ჯარისკაცებო! ორმოცი საუკუნე შემოგცქერით ამ პირამიდებიდან!“
    ცოტაც და, ფრანგები ისევ დაიძრნენ ეგვიპტის დედაქალაქისკენ, მაგრამ მალე მათ გზა ქალაქის დამცველებმა გადაუღობეს. თითქოს, მთელი კაირო იქ გამოსულიყო: არაბები, ოსმალები და, რა თქმა უნდა, მამლუქები, რომელთა კავალერია ისევ მთავარ ძალად რჩებოდა. მურად-ბეის 12 ათასი მხედარი გამოეყვანა – თითქმის ყველა, ვისი გამოყვანაც კი შეიძლებოდა.
    ხელოვნური გამაგრება, რომელიც ქალაქის დამცველებს ფრანგთა შესაჩერებლად ემბაბესთან აეგოთ, ვერაფერი ნახელავი იყო და თანაც მათ არაბები იცავდნენ, რომელთა ღირებულება ბრძოლაში, ნაპოლეონის თქმით, ნულის ტოლი იყო. ასე რომ, ბრძოლის დასაწყისში ამ სიმაგრის ანგარიშში ჩაგდება აუცილებელი არ იყო. აი, მამლუქთა კავალერია კი ისევ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა და, ამიტომ, ბონაპარტმა თავისი ხუთივე დივიზია ისევ კარეს სახით გააწყო. კარეს ოთხივე მხარე ექვს-ექვსი მწკრივისგან შედგებოდა. გვერდებზე ისევ არტილერია იყო განლაგებული. ხუთივე კარე, უკვე საბრძოლოდ გაწყობილი, ერთ ადგილას კი არ იდგა, არამედ მოძრაობდა მოწინააღმდეგისაკენ. ბონაპარტმა ბრძანება გასცა სროლა მხოლოდ და მხოლოდ ზალპების სახით ეწარმოებინათ და ისიც მაშინ, როცა იერიშზე გადმოსული მამლუქები მნიშვნელოვნად მიუახლოვდებოდნენ მათ. სამი დივიზია მარჯვნიდან შეუტევდა მტერს და ასე შეეცდებოდა გამაგრებული პოზიციის შემოვლას, ხოლო ორი სხვა მარცხნიდან შემოუვლიდა მას, მურად-ბეი, რომელსაც არავითარი სამხედრო განათლება არ ჰქონდა (რასაკვირველია, ლაპარაკია კლასიკურ განათლებაზე), სამაგიეროდ დიდი ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. „ბუნებამ მას დიდი სიმამაცე და გამჭრიახობა დააბედა, – წერდა შემდეგ ნაპოლეონი, – მან გონების თვალი შემოავლო მთელ ბრძოლის ველს, თან ისე ოსტატურად, რომ ყველაზე გამორჩეულ მხედართმთავარსაც პატივს დასდებდა. ის მაშინვე მიხვდა, რომ დაიღუპებოდა, თუ ფრანგების არმიას მანევრის დასრულების საშუალებას მისცემდა და თავისი მრავალრიცხოვანი კავალერიით მას მარშის დროს არ შეუტევდა. ამიტომ თავისი შვიდი თუ რვა ათასი მხედრით იგი ელვის უსწრაფესად გაექანა ფრანგებისაკენ და ჯერ დეზესა და რენიეს დივიზიებს შუა გაიჭრა, შემდეგ კი ალყა შემოარტყა მათ. ეს მანევრი ისეთი სისწრაფით განხორციელდა, რომ ერთხანს იმის ეჭვიც გაჩნდა, თითქოს დეზე ვერ მოასწრებდა თავდაცვის ორგანიზებას“. მაგრამ დეზემ მოასწრო ამის გაკეთება და როცა მამლუქები სათანადო მანძილზე მოახლოვდნენ, საშინელი ცეცხლი გაუხსნა მათ. ფინდიხისა და ტყვიებისგან მოცელილი ცხენოსნები ჯგუფებად ცვიოდნენ ძირს. მაგრამ მიუხედავად ასეთი მომაკვდინებელი ცეცხლისა, ისინი არ შემდრკალან და ცდილობდნენ ზედ კარეს კედლებზე მიეგდოთ ცხენები. ერთი-ორგან მათ მოახერხეს კარეს გარღვევა და ოთხკუთხედში შეჭრა, სადაც მათ ფრანგების სარეზერვო ქვეგანაყოფების ცეცხლი ცელავდა. რამდენიმე ათეული გულადი მამლუქი შიგ შუაგულ კარეში დაეცა, დეზეს ფეხებთან. როცა მურად-ბეიმ დაინახა, რომ დეზეს დივიზიასთან მისი ცხენოსნები ვერაფერს გახდნენ, იგი რენიეს მიუბრუნდა, მაგრამ იქაც იგივე ამბავი დატრიალდა. ამასობაში ბონაპარტმა კიდევ ერთი დივიზიით უკანდასახევი გზის მოჭრა დაუწყო მამაც მხედრებს. ახლა კი იკადრეს მამლუქებმა უკანდახევა, მაგრამ ეს უკანდახევა გაქცევას უფრო ჰგავდა, რადგან ფრანგთა სამივე დივიზია (კარე) აგრძელებდა თავის გამანადგურებელ საქმეს – ჯვარედინ ცეცხლს უშენდა ხაფანგში მომწვდეულ მტერს. მურადმა ბოლოს მაინც იმძლავრა და დიდ დანაკარგებით, მაგრამ მაინც მოახერხა კარეებს შუა ვიწრო შუალედში გაძრომა თავისი გადარჩენილი მეომრებით. მამლუქთა სხვა ნაწილები, რომლებიც ბანაკს იცავდნენ, ერთი პირობა, შეეცადნენ იერიშზე გადასვლას, მაგრამ ფრანგებმა ისინიც უკუაგდეს. ხაფანგისათვის რომ თავი აეცილებინათ, მამლუქები ნილოსში გადაეშვნენ. უამრავი მათგანი მდინარეში დაიღუპა (ნაპოლეონის თქმით, ვერც ერთმა მათგანმა უზარმაზარი მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა ვერ მოახერხა).
    ამ ბრძოლის ძირითადი ეტაპი ამით დამთავრდა. მამლუქთა აქამდე უძლეველი კავალერიის ასეთმა არნახულმა განადგურებამ თავზარი დასცა ბანაკის დამცველ ოსმალებსა და არაბებს. მათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გაუწევლად მიატოვეს სიმაგრეები და უდაბნოში მიმოიფანტნენ. კაიროს კარები ფრანგთათვის ღია იყო.
    ეს ბრძოლა ისტორიაში პირამიდებთან ბრძოლის სახელით შევიდა და იგი იმის ნათელი ილუსტრაცია გახდა, თუ რა შეუძლია მოიმოქმედოს კარგად გაწვრთნილმა და თანამედროვე ტექნიკით შეიარაღებულმა ჯარმა, უსაზღვრო სიმამაცის, მაგრამ არაორგანიზებულ და ნაკლებ დისციპლინირებულ ლაშქართან შებრძოლებისას.
    ამ დამარცხების შემდეგ მურად-ბეი კაიროს გაეცალა და ზემო ეგვიპტეში გადავიდა. თავზეხელაღებული მამლუქი დანებებას არ აპირებდა და ვარაუდობდა, რომ იქიდან უფრო შეძლებდა ფრანგებთან ბრძოლას. ფრანგები კი ამ დროს კაიროში შედიოდნენ! უბრწყინავდათ თვალები ბონაპარტის ჯარისკაცებს – ქალაქი „ათას ერთი ღამის“ ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავდა: თავისი მინარეთებით, მარმარილოს სა სახლეებით, ლეღვითა და ყურძნით დახუნძლული ბაღებით, უცხო ტკბილეულითა და ოქრო-ვერცხლის ნაკეთობით გადავსებული აღმოსავლური ბაზრებით. მაგრამ ფრანგებს მარტო ეს ბრწყინვალება როდი დახვედრიათ კაიროში! – ისევე როგორც პროვინციაში, მთელ გზაზე, ალექსანდრიიდან დედაქალაქამდე, აქაც უამრავი მაგალითი იყო საშინელი სიღატაკისა და სიდუხჭირისა, მაგრამ ამისთვის ვის ეცალა?
    თვით ბონაპარტი ეგვიპტის დედაქალაქში 25 ივლისს შევიდა. გენერალი კმაყოფილი ჩანდა. სამ კვირაში მან და მისმა ჯარისკაცებმა სამჯერ დაამარცხეს მრისხანე მამლუქები და მთელი ქვემო ეგვიპტე წაართვეს მათ. ასრულდა ნაპოლეონის ოცნება – იგი უკვე აღმოსავლეთში იყო. ზღაპრული სიმდიდრით, მაგრამ ამავე დროს სისასტიკით, ვერაგობით და რელიგიური ფანატიზმით განთქმულ აღმოსავლეთში. ახლა მას ორმაგად მეტი სიფრთხილე და ჭკუა მართებდა; ახლა შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდა, ნებისმიერი შეცდომა უკანასკნელი შეიძლება გამომდგარიყო. ათასობით კილომეტრზე საფრანგეთს მოშორებულს, რაიმე ქმედითი დახმარების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონოდა და ამიტომაც სჭირდებოდა დიდი ჭკუა და დიდი სიფრთხილე. ეგვიპტე მარტო ხელსავრელი გეოგრაფიული პუნქტი როდი იყო.
    სამი კონტინენტის შესაყარზე მდებარე ეგვიპტე სხვადასხვა ქვეყნის დაპირისპირებული ძალების შეჯახების ადგილიც გახლდათ. აქ იყრიდნენ თავს ოსმალების, არაბების, მამლუქების, ინგლისელების და აწ უკვე ფრანგების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გარემოებათა გამო, საფრანგეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოწყვეტილი იყო მახლობელ აღმოსავლეთს (შორეულს – მით უმეტეს). ახლა კი, ბონაპარტის მეშვეობით, იგი უცერემონიოდ იჭრებოდა ამ რეგიონში და საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეტ-ნაკლებ სტაბილურობას უჩვეულო ცვლილებებით ემუქრებოდა. საფრანგეთის ამგვარი ქმედებით საფუძველი ეყრებოდა ამ ქვეყნის კოლონიური პოლიტიკის ახალ მიმართულებას (სინამდვილეში ეს, გარკვეული თვალსაზრისით, საფრანგეთის ხელისუფალთა ძველი და სანუკვარი ოცნების ახდენა იყო). ბონაპარტს, განსხვავებით თავისი ქვეყნის ახალფეხადგმული ბურჟუაზიისგან, ამ მხრივ საკუთარი გეგმები ჰქონდა. ამ გეგმებს უკვე ფრთები ესხმებოდა აქ, კაიროში, ეზბექიას მოედანზე, ელფი-ბეის კუთვნილ სასახლეში, ახლა სულთან ქებირს, ანუ იგივე ნაპოლეონ ბონაპარტს რომ დაეკავებინა და იქიდან შესდგომოდა მათს სისრულეში მოვვანას.
    აღმოსავლეთის არმიის მთავარსარდალი ელფი-ბეის სასახლის გრილ ტალანებში ბოლთას სცემდა და ფიქრებს ეძლეოდა. ზღვაზე ხანგრძლივი მოგზაურობისა და ეგვიპტის უდაბნოში მძიმე ლაშქრობის შემდეგ მას ახლა ცოტა დრო მაინც ჰქონდა, რომ გარშემო მიმოეხედა და შექმნილი ვითარება შეეფასებინა. საქმეს კარგი პირი უჩანდა. ყოველ შემთხვევაში უკეთეს დასაწყისს ვერ ინატრებდა. ახლა ასევე კარგი გაგრძელება და სწორი პოლიტიკური კურსის გამომუშავება სჭირდებოდა.
    სამხედრო წარმატებების კვალდაკვალ, გენერალს რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ეგვიპტეში პოლიტიკური დასაყრდენი უნდა მოეძებნა. უსამართლობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ თავისი პოლიტიკური კურსის გამომუშავებას იგი მხოლოდ ეგვიპტეში შეუდგა. გენერალმა გაცილებით აღრე, ჯერ კიდევ ექსპედიციის მზადების პერიოდში მოხაზა თავისი მომავალი სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, პოლიტიკური ძალისხმევა მას, პირითადად, ორი მიმართულებით უნდა წარემართა: პირველი, ეს ოსმალეთის ნეიტრალიზაცია უნდა ყოფილიყო და მეორე, ეგვიპტის მკვიდრი მოსახლეობის ფრანგების მხარეზე გადმობირება. ამ ორი პრობლემიდან უფრო რთულად ნაპოლეონს ოსმალეთთან შეჯახების თავიდან აცილება წარმოედგინა. ინგლისელები, რომლებსაც უდავო გავლენა ჰქონდათ ხონთქრის კარზე, ფრანგების წინააღმდეგ ოსმალების გამოყენებას არ დაახანებდნენ, მით უმეტეს, რომ ეს მათ, ალბათ, ძალიან არც გაუჭირდებოდათ, რადგან ეგვიპტე ოსმალეთის პროვინციად ითვლებოდა და იქ უცხო ჯარის გამოჩენა სხვა არა იქნებოდა რა, თუ არა პირდაპირი გამოწვევა ბრწყინვალე პორტასათვის. ასეთ ვითარებაში ოსმალეთის ნეიტრალიზაცია მეტისმეტად ძნელი საქმე იქნებოდა, ალბათ, შეუძლებელიც, მაგრამ საჭირო იყო ეს დაპირისპირება ერთბაშად მაინც არ მომხდარიყო. საჭირო იყო ფრანგებს დრო მისცემოდათ ეგვიპტეში ფეხის მოკიდებისა და მომძლავრებისათვის. როგორ შეიძლებოდა ამის მიღწევა? მხოლოდ და მხოლოდ ოსმალებისთვის თვალის ახვევით და მათი, თუნდაც დროებით, თამაშიდან გამოთიშვის გზით. ამ მხრივ ყველაფერს თურქებთან პირდაპირი მოლაპარაკება აჯობებდა. ეს მოლაპარაკება ფრანგთაგან მეტად ავტორიტეტულ პირს უნდა წარემართა. ნაპოლეონს ასეთ პირად საგარეო საქმეთა მინისტრი ტალეირანი მიაჩნდა და ლაშქრობის წინ, სწორედ, მას სთხოვა სტამბოლში წასვლა.
    მინისტრი იქ იმ დროს უნდა ჩასულიყო, როდესაც პირველი ფრანგი ჯარისკაცი ეგვიპტის მიწაზე დაადგამდა ფეხს ტალეირანს უნდა აეხსნა ოსმალეთის ხელისუფალთათვის, რომ საფრანგეთს მათი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რომ ბონაპარტის არმიის მოქმედება ეგვიპტეში მტრულ აქციად არ უნდა განხილულიყო, და რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ინგლისელების გავლენის შესასუსტებლად იყო განხორციელებული (თუმცა ეს იმდენად ძნელი ამოცანა იყო, რომ, ალბათ, ტალეირანისთანა ვირტუოზიც ვერ გაართმევდა მას თავს).
    თავის მხრივ, თვითონ ბონაპარტიც ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა როგორმე სტამბოლის გული მოეგო. ამ თვალსაზრისით, პირდაპირ, საკვირველია მისი წინდახედულება და საზრიანობა. რად ღირს თუნდაც ასეთი მაგალითი: კუნძულ მალტაზე ნაპოლეონმა, სურსათ-სანოვაგისა და წყლის გარდა, იქ საპატიმროში მყოფი შვიდასამდე ტყვე თურქი აღმოაჩინა. მან დაუყოვნებლივ აიყვანა ისინი გემებზე და... ეგვიპტეში გაიყოლა. იქ კი ყოფილი ტყვეები დაასვენა, ახალ ტანსაცმელში გამოაწყო, საკმაო რაოდენობით გზის ფული მისცა და სამშობლოში გაისტუმრა (ასეთ სვლას ნაპოლეონმა მერეც მიმართა, უკვე ევროპაში, როცა რუსის ტყვეებს ანალოგიურად მოექცა და იმპერატორ პავლეს გული მოიგო, რასაც რუსეთის მთელი პოლიტიკის კარდინალური შეცვლა მოჰყვა. აქ კი აღმოსავლეთი იყო, სტამბოლში დიდად არავის აწუხებდა საკუთარი ტყვეების ბედი, ყოველ შემთხვევაში, თავიანთ პრესტიჟს მათ კეთილდღეობას ნაკლებად უკავშირებდნენ, მაგრამ ბონაპარტმა მაინც სცადა ამგვარი მოქმედება და ცოტა ხნით გარკვეულ წარმატებას მიაღწია.).
    იმავე პოლიტიკის გაგრძელება იყო ეგვიპტეში ოსმალეთის ადმინისტრაციის მეთაურის – კაიროს ფაშას – თავის მხარეზე გადმობირების ცდაც. აი, როგორი ეშმაკური წერილი მისწერა ბონაპარტმა ეგვიპტის ნომინალურ მმართველს: „საფრანგეთის რესპუბლიკამ ძლევამოსილი არმია გამოგზავნა ეგვიპტელი (მამლუქი, დ.ც.) ბეების დასასჯელად... შენ, რომელიც აქ მბრძენებელი უნდა იყო, მაგრამ, რომელსაც ეს ბეები ძალაუფლების გარეშე გამყოფებენ კაიროში, ჩემს გამოჩენას სიხარულით უნდა შეხვდე, შენ ალბათ, უკვე იცი, რომ მე იმისთვის არ ჩამოვსულვარ, ყურანს ან სულთანს რაიმე ვავნო. ფრანგი ხალხი სულთნის ერთადერთი მოკავშირეა ევროპაში. მაშ, გამოდი ჩემს შესახვედრად და ჩემთან ერთად შეაჩვენე ცოდვილი ბეები. მოტყუვდებოდნენ თუ არა ოსმალები ასეთი ფანდებით, სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ ბონაპარტმა, თუნდაც ცოტა ხნით მაინც, მოახერხა მათი ნეიტრალიზება, უკვე გარკვეული მიღწევა იყო. შედეგი, ალბათ უფრო ხანგრძლივი და უფრო მყარი იქნებოდა, ტალეირანი რომ სტამბოლს ჩასულიყო, მაგრამ მან სიტყვა გატეხა და პარიზიდან არსად წასულა (იმ დროისათვის იგი მინისტრი აღარ იყო, მაგრამ საკმაო გავლენა მაინც ჰქონდა).
    მეორე, არანაკლები მნიშვნელობის, საკითხი იყო არაბი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება. ბონაპარტი ვარაუდობდა, რომ მამლუქთა ბატონობით შეწუხებული არაბები სიხარულით გამოიყენებდნენ იმ შესაძლებლობას, რომელსაც ფრანგების გამარჯვება შეუქმნიდათ. ამიტომ, როგორც კი ალექსანდრია დაიკავა, ბონაპარტმა მაშინვე დაიწყო ამ მიმართულებით მოქმედება. აი, რისთვის ჭირდებოდა მას არაბულშრიფტიანი საბეჭდი მანქანები!
    ახლა ვნახოთ, თუ როგორი მოწოდებით მიმართავს იგი ეგვიპტის მკვიდრ მოსახლეობას და რა ეშმაკურად ელაპარაკება მათ: „ყადებო, შეიხებო, ულემებო, იმამებო, ჩორბაჯებო, ეგვიპტელო ხალხო! თქვენ გეტყვიან, რომ მე თქვენი რელიგიის წინააღმდეგი ვარ. ტყუილია. უპასუხეთ, რომ მე თქვენი უფლებების აღსადგენად მოვედი. მე მამლუქებზე უფრო გცემ პატივს ალაჰს, წინასწარმეტყველსა და ყურანს, მე ყოველთვის დიდი სულთნის მეგობარი ვიყავი, ვის ხელშია ნაყოფიერი მიწები? მამლუქებისა! ვისა ჰყავს ლამაზი მხევლები, კარგი ბედაურები, ძვირფასი სახლები? მამლუქებს! ეგვიპტე თუ მართლა მაგათი არჩივია, მაშინ ალაჰი მოწყალეა და სამართლიანი. მან ბრძანა, რომ ბოლო უნდა მოეღოს მამლუქთა ბატონობას“ და სულ ოდნავი ეჭვიც რომ არ აღძროდათ არაბებს ფრანგთა არმიის კეთილშობილური მისიის დანიშნულებაში, მთავარსარდალი იქვე აგრძელებდა: „ჩვენ ისეთივე ჭეშმარიტი მუსლიმები ვართ, როგორც თქვენ. განა ჩვენ არ ჩამოვაგდეთ პაპი, რომელიც მუსლიმების წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდებდა: განა, ჩვენ იმისთვის არ გავანადგურეთ მალტელი რაინდები, რომ ეს დამთხვეულები მუსლიმთა წინააღმდეგ გამოდიოდნენ? სამგზის ბედნიერი იქნება ის, ვინც ჩვენ ამოგვიდგება გვერდში!. მაგრამ სამგზის უბედური შეიქნება ის, ვინც შეიარაღდება და მამლუქებს დაუჭერს მხარს!“
    ბონაპარტის ამ მოწოდებაში იმდენი ტყუილია, რამდენიც მართალი. მამლუქები რომ არაბებს ავიწროებდნენ, მართალი იყო, ყველა პრივილეგიით რომ ისინი სარგებლობდნენ, ისიც. მაგრამ ტყუილი იყო ის, რომ პაპი იმიტომ შეავიწროვეს ფრანგებმა (ბონაპარტი წერს ჩამოვაგდეთო?!, რომ იგი მუსლიმებს უპირისპირდებოდა; ტყუილი იყო ისიც, რომ ამავე მიზეზით გაუსწორდნენ ფრანგები მალტელ რაინდებს. ხოლო რაც შეეხება ფრანგთა მუსლიმობას, ეს უკვე მარტო ტყუილი აღარ იყო, ამ საკითხის წამოწევა წმინდა წყლის დემაგოგია იყო. ბონაპარტი ყველაფერზე მიდიოდა, ოღონდ მთავარი ამოცანა შესრულებულიყო, ოღონდ მის პოლიტიკას ნაყოფი გამოეღო! თავის მოგონებებში ნაპოლეონს ეს მოწოდება სიტყვა–სიტყვით მოჰყავს, ოლონდ ერთი წინადადება აქვს გამოტოვებული, – სწორედ ეს – ფრანგთა მუსლიმობის შესახებ; შერცხვა, ალბათ, ცხოვრების დასასრულს იმპერატორს, ან იქნებ ის ადარდებდა, მკითხველს არ გასცინებოდა? (ისე, არაფერი გასაკვირი მის ასეთ მოქმედებაში არ არის. ამაზე უარესს მანამდეც და მის შემდეგაც ბევრს ვაწყდებით ისტორიაში. ბონაპარტი დაპირებებს მაინც აძლევდა ადგილობრივ მცხოვრებთ და გარკვეულ ნაბიჯსაც დგამდა ფეოდალურ ჩაგვრისგან მათს დასახსნელად. სხვები ამასაც არ აკეთებდნენ. ძალიან არ იწუხებდნენ თავს ასეთი რამით ინგლისელი, გერმანელი თუ რუსი კოლონიზატორები, როცა ინდოეთს, აფრიკას, პოლონეთს ან კავკასიას იპყრობდნენ?).
    როგორც ჭკვიანი და შორსმხედველი პოლიტიკოსი, იგი თავის ჯარისკაცებისაგან მკაცრად მოითხოვდა ადგილობრივ მცხოვრებთა წეს-ჩვეულებების პატივისცემას. ვნახოთ, როგორ მიმართავდა იგი თავის მეომრებს: „ხალხები, რომელთა შორის ჩვენ ვცხოვრობთ, მაჰმადიანები არიან, მათი სარწმუნოების პირველი ცნებაა: „არ არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა, ხოლო მუჰამედი წინასწარმეტყველია მისი“. ნუ შეეწინააღმდეგებით. მოიქეცით ისე, როგორც ექცეოდით ებრაელებსა და იტალიელებს. მუფთებსა და იმამებს ისევე ეცით პატივი, როგორც რაბინებსა და ეპისკოპოსებს (ბონაპარტი იტალიაში ლაშქრობას ახსენებს თავის ჯარისკაცებს, ათეისტური რესპუბლიკის მეომრებს – დ. ცა) – თქვენ აქ ევროპულისგან განსხვავებულ წეს-ჩვეულებებს შეხვდებით და მიეჩვიეთ მათ. აქ ქალებს ისე არ ექცევიან, როგორც ჩვენთან. დაიხსომეთ, რომ ვინც ძალადობას მიჰყოფს ხელს, ის მხოლოდ არამზადა იქნება“ და ა. შ.
    ასე, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვაგვარად მოქმედებდა ბონაპარტი, სამ კურდღელს მისდევდა ერთდროულად და ჯერჯერობით სამივეს დაჭერას ახერხებდა. ჯერჯერობით..
    მაგრამ, თუ სახმელეთო საქმეები ასე კარგად აეწყო, სამაგიეროდ ზღვაზე გათამაშდა ტრაგედია. ბონაპარტს ფლოტის დარდი ალექსანდრიიდანვე გამოჰყვა. მან მკაცრად დაუბარა ბრიუესს, რომ მთელი საზღვაო ძალები ქალაქის კარგად დაცულ ნავსაყუდელში შეეყვანა. ადმირალმა ეს არ შეასრულა. იგი შიშობდა, რომ მძიმე სახაზო ხომალდები ფსკერს შეეხებოდნენ და სილაზე „შეჯდებოდნენ“. ამიტომ ბრიუესი ალექსანდრიის პორტში მოსამზადებელ სამუშაოებს გეგმავდა. ბოლო ხანებში მან დაიწყო კიდეც ეს სამუშაოები, მაგრამ ისე ნელა ირჯებოდა, რომ ინგლისელებმა მოუსწრეს კიდეც. ბრიუესი თავისებური და საკმაოდ არაორგანიზებული კაცი იყო, თუმცა პირადი ვაჟკაცობა დიდი ჰქონდა და არც ინგლისელებთან შეხვედრისა ეშინოდა. „უბრალოდ“, ვერ მოემზადა ამ შეხვედრისთვის რიგიანად.
    მისგან განსხვავებით, ჰორაციო ნელსონი მთელი თვე გაცხოველებით ემზადებოდა ფრანგებთან შესაბმელად და თავის ესკადრასაც ამ სულისკვეთებას უნერგავდა. ინგლისელთა ყოველი გემის კაპიტანმა, ყველა ოფიცერმა დიდი ხნით ადრე მიიღო ადმირალისგან ამომწურავი ინსტრუქცია მომავალ ბრძოლაში მოქმედების შესახებ. ნელსონს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გააცურა ნაპოლეონმა, ბრძოლა სწყუროდა. ამ დაუდგრომელ და უშიშარ ადამიანს თვეზე მეტია ვერ ეპოვნა მოწინააღმდეგე და მოუთმენლობა სწვავდა. მტრის ძებნაში მან რამდენჯერმე გადასერა ნახევარი ხმელთაშუა ზღვა და ბოლოს, როგორც იქნა, აბუკირთან მიაგნო მას, ალექსანდრიიდან რაღაც 20 კილომეტრის დაშორებაზე ეს 1798 წლის 1 აგვისტოს მოხდა.
    ფრანგების ფლოტი (3 სახაზო გემი და 4 ფრეგატი) აბუკირის ყურეში იდგა. ფრანგები ისე უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ, რომ ღია ზღვაში მზირებიც კი არ გაეგზავნათ. სადილობის დრო მოახლოებული იყო, როცა ნელსონს ყურეში გამწკრივებული ფრანგული ხომალდები დაანახეს. აქამდე მშფოთვარე ადმირალი უცბად დაწყნარდა. მან მხოლოდ ერთი ბრძანება გასცა – „მოემზადეთ ბრძოლისათვისო“ და... ოფიცრები სადილად მიიპატიჟა. ინგლისელები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ წარმატებაში, რომ მომავალ შეტაკებაზე არც კი უსაუბრიათ – მათთვის ყველაფერი ისედაც კარგა ხნის წინ იყო ცნობილი. „ხვალ ამ დროისათვის ან ლორდი გავხდები ან ვესტმინისტერის სააბატოს დავიმსახურებო“ – გამომშვიდობებისას უთქვამს თანამებრძოლებისათვის ნელსონს. დიდი მეზღვაური წინასწარ ჭვრეტდა ბრძოლის შედეგს.
    მტერი მოგვიანებით ფრანგებმაც შენიშნეს და მათაც მზადება დაიწყეს, ოღონდ მეორე დღისათვის. საღამო იყო და ისინი ფიქრობდნენ, რომ ბრძოლა მხოლოდ დილით დაიწყებოდა. ნელსონი კი ასე არ ფიქრობდა. მან ღამით ბრძოლა არჩია და მოწინააღმდეგეს მაშინვე შეუტია. ზღვაზე ბრძოლების ისტორიაში პირველად, ინგლისელმა ადმირალმა ხმელეთის მხრიდანაც შემოუარა მტერს. 14 სახაზო ხომალდიდან, რომელიც მას ჰყავდა, ნელსონმა 5 ფრანგების ფლოცტსა და აბუკირის სანაპიროს შუა ვიწრო ზოლში გაგზავნა, დანარჩენი ძალებით კი ზღვის მხრიდან მიუახლოვდა ბრიუესის გემებს. ნელსონის გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ კილვატერულ კოლონაში გამწკრივებული ფრანგული ესკადრის თითოეულ გემს ინგლისელთა ორი გემი დაპირისპირებოდა: ერთი ღია ზღვის, მეორე კი – ნაპირის მხრიდან. გეგმა ბრწყინვალედ განხორციელდა. ორმხრივ ცეცხლში მოხვედრილი პირველი ექვსი ფრანგული ხომალდი უმოწყალოდ ნადგურდებოდა, მათი სხვა გემები კი პირქარის გამო ადგილიდან ვერ იძროდნენ და თავიანთ თანამოძმეთ ვერ ეხმარებოდნენ. ფრანგებმა ასეთ უთანასწორო ბრძოლაში დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ისინიც ძლიერად უშენდნენ ყუმბარებს ნელსონის ესკადრას და თითქმის ყველა მისი გემი მძიმედ დააზიანეს. გადამწყვეტი მომენტი შუაღამისას დადგა, როცა ფრანგთა ფლაგმანი, 120-ზარბაზნიანი „ორიონი“ აფეთქდა (ხანძარმა ტყვია-წამლის საწყობში ჩააღწია და საშინელი კატასტროფა გამოიწვია). სულ რამდენიმე წუთში ეს უშველებელი ხომალდი ცეცხლოვან ნამსხვრევებად იქცა. ტრაგედია ისეთი საშინელი იყო, რომ ცოტა ხნით ორივე მხარემ ბრძოლა შეწყვიტა და მოჯადოებულივით მიაჩერდა უზარმაზარ ცეცხლოვან გორგალს. „ორიონთან“ ერთად ზღვის ფსკერზე ფრანგების იმედიც ჩაესვენა.
    გასაოცარი გაუბედაობა და უმოქმედობა გამოიჩინა ფრანგული ესკადრის მარჯვენა ფლანგის სარდალმა კონტრ-ადმირალმა ვილნევმა. მთელი ბრძოლის განმავლობაში იგი ხუთი სახაზო გემითა და ორი ფრეგატით მეთვალყურის როლში იყო და შეტაკებაში მონაწილეობა არ მიუღია (შემდეგ ვილნევი იტყვის, რომ კვამლსა და ბინდში ბრიუესის ბრძანების სიგნალი ვერ გავარჩიეო, რაზეც ნაპოლეონი თავის მოგონებებში მწარედ შენიშნავს: „განა სიგნალი სჭირდება ადამიანს, თავის ამხანაგებს რომ მიეხმაროს და ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოსო?“). მართლაც, პირქარი ერთხანს ხელს უშლიდა ვილნევს, ალბათ, სიგნალიც ვერ დაინახა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ბრძოლაში მან მონაწილეობა ვერ (არ?!) მიიღო. შემდეგ ნელსონმა მისი დარჩენილი გემებიც გაანადგურა. საბოლოო ანგარიშში, იმოდენა ესკადრიდან ფრანგების მხოლოდ ორი სახაზო გემი და ორი ფრეგატი გადარჩა. ბრძოლა დილამდე გაგრძელდა, მაგრამ ეს უკვე ბრძოლა კი არა, წაქცეულის გვემა უფრო იყო. იმ ღამით ინგლისელებმა თავიანთ ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი საზღვაო გამარჯვება მოიპოვეს. „მე ყოველთვის იმ აზრისა ვიყავი, რომ ერთი ინგლისელი სამ ფრანგს უდრისო“, უთქვამს ბრძოლის შემდეგ ნელსონს. ადმირალი ამ აზრისა კი იყო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ერთ ფრანგულ გემს ორი ინგლისური დაუპირისპირა.
    აბუკირის საზღვაო ბრძოლა მარტო ერთი ესკადრის მიერ მეორის განადგურება არ იყო. მან უზარმაზარი გავლენა მოახდინა მოვლენათა მთელ შემდგომ მსვლელობაზე და ძირეულად შეცვალა სიტუაცია მახლობელ აღმოსავლეთში, ჩაუშალა რა ფრანგებს მთელი მათი მომავალი გეგმები. ასე რომ, დამარცხება ნილოსის შესართავთან საშინელი დარტყმა იყო ბონაპარტის გეგმებისათვის. აზიტომაც უწოდებენ ნელსონის გამარჯვებას ისტორიულს. ამიერიდან ბონაპარტს საფრანგეთიდან დახმარების იმედი აღარ ჰქონდა. მისი არმია ხაფანგში მოექცა. ასეთ ცნობას არ შეეძლო დამთრგუნველი გავლენა არ მოეხდინა ჯარისკაცებზე. ბონაპარტი გაცოფებული იყო. ბრიუესმა მისი დავალება არ შეასრულა და ფლოტი ალექსანდრიის ნავსაყუდელს არ შეაფარა. ადმირალს ეს შეცდომა ფლოტის განადგურებად და საკუთარ სიცოცხლედ დაუჯდა (ბრიუესმა მამაცურად იბრძოლა. ორჯერ დაჭრილმა არ მიატოვა სამეთაურო ბოგურა და მესამე, სასიკვდილო, ჭრილობას დაელოდა).
    ვითარება უეცრად და რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ბონაპარტმა მალე აიყვანა თავი ხელში. რა გაეწყობა, მიმართა მან თავის ჯარისკაცებს, ვითარება ისეთი გახდა, რომ ახლა ჩვენ იძულებულნიც კი ვართ საგმირო საქმეები ჩავიდინოთ და ჩავიდენთ კიდეც მათ. ეს საგმირო საქმეები უფრო შორს გალაშქრება და ახალი დიადი იმპერიის დაარსება იქნება. სამშობლოს ზღვა გვაშორებს, ზღვა კი ჩვენი აღარ არის. სამაგიეროდ ხმელეთია ჩვენი და ვერავინ დაგვიშლის ხმელეთზე სიარულს. აფრიკასა და აზიას ხომ არაფერი გვაშორებს? ჩვენც გავსწიოთ წინ. ცოტანი არა ვართ, ტყვია–წამალი ბევრი გვაქვს, მხარდამჭერებს გზადაგზა შევიძენთ და მიზანსაც მივაღწევთ. ბონაპარტი ფილოსოფიურად უდგებოდა საკითხს და თავისიანებს ისე მოძღვრავდა, თითქოს ფლოტის დაკარგვა მათთვის ცუდი კი არა, კარგი საქმე იყო. იცოდა გენერალმა, როგორ ელაპარაკა ჯარისკაცებთან. მას ხომ თავისი გეგმები ჰქონდა, სხვებისას კი რას დაგიდევდათ. ისე, მასზე უკეთ ვინ იცოდა, თუ რას ნიშნავდა ფლოტის დაკარგვა, მაგრამ არ იმჩნევდა და სხვების გამხნევებას ცდილობდა.
    როგორც მუდამ ხდებოდა ხოლმე, საშიშროების ზრდასთან ერთად, მისი გამჭრიახობა და ენერგიაც ორმაგად იზრდებოდა. ამიტომ იყო, არნახული ძალით რომ შეუდგა ადგილობრივი საქმეების მოგვარებას. ადგილობრივი საქმეები კი, მართლაც, მოსაგვარებელი ჰქონდა. ომის პირველი ეტაპი დამთავრებული იყო. მამლუქები ფრანგებისთვის ძველებურ საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. ნილოსის დელტა და მთელი ქვემო ეგვიპტე მათგან „გაწმენდილი“ იყო. რაც შეეხებოდა მურად-ბეისა და მასთან ერთად ზემო ეგვიპტეში გახიზნული მამლუქების ნარჩენებს, მათ გასანადგურებლად ბონაპარტმა დეზე გააგზავნა, რომელმაც ძნელი ლაშქრობა დიდი ოსტატობით ჩაატარა და სედიმანთან ისე დაამარცხა მურად-ბეი, რომ კარგა ხნით დაუკარგა ფრანგებთან შეჭიდების სურვილი. თვით ბონაპარტმა კი ეგვიპტის მმართველობის და, საერთოდ, ამ ქვეყნის ცხოვრების რეორგანიზაციას მიჰყო ხელი. რეფორმები, რომელთა განხორციელებაც მან წამოიწყო, აქამდე გაუგონარი იყო ეგვიპტეში. ამ რეფორმების მიხედვით, ფრანგული ადმინისტრაციის გვერდით, დედაქალაქშიცა და პროვინციაშიც, ადგილობრივ პირთაგან შემდგარი საკრებულოები ანუ იგივე დივანები შეიქმნა. ამგვარი სტრუქტურის წყალობით, მმართველობა, ასე ვთქვათ, კოლექტიურ სახეს იღებდა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ამ საკრებულოში, ცხადია, ფრანგ გუბერნატორს რჩებოდა. გენერალმა სპეციალური დეკრეტით გააუქმა მამლუქ-ბეების მიერ დაწესებული გადასახადები; შემდეგ მოახდინა მათი კუთვნილი მიწების კონფისკაცია; გააძლიერა პოლიციის სამსახური და გამოაცხადა ბრძოლა დამნაშავეობასთან; ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, შეღავათი დაუწესა ადგილობრივ ვაჭრებსა და მეწარმეებს. ინფექციური დაავადებების გავრცელების შეჩერების მიზნით, შექმნა სპეციალური სანიტარულ-პროფილაქტიკური სამსახური, ეგვიპტისა და მისი მიმდებარე რეგიონების ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ბუნებრივი სიმდიდრეების შესწავლისა და აღწერის მიზნით, აამუშავა ეგვიპტის ინსტიტუტი, რომელშიც საფრანგეთიდან ამ მიზნით საგანგებოდ წამოყვანილი სპეციალისტები ჩართო. გარდა ამისა, მან სხვა, უამრავ ამგვარ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. ყველა ზემოაღნიშნული სრული რელიგიური შემწყნარებლობის ფონზე ხორციელდებოდა.
    რას ნიშნავდა ეს, რა უნდოდა ბონაპარტს? რომელი დამპყრობი იქცეოდა ასე? ალბათ, არც ერთი. მაგრამ, ვიმეორებთ, საქმეც ის იყო, რომ ბონაპარტი „ჩვეულებრივი“ დამპყრობი არ იყო. მას თავისი განსხვავებული მიზანი ჰქონდა და ამ მიზნის შესაბამისად მოქმედებდა.
    ოსმალეთი დიდის ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს. სტამბოლში კარგა ხანია აღარავის სჯეროდა ფრანგების დაპირებისა და მათი წარმატებები იქ შეშფოთებას იწვევდა. სულთანი ორჭოფობდა: მას ვერ გადაეწყვიტა, როგორ ემოქმედა – იარაღისთვის მოეკიდა ხელი, თუ კიდევ მოეცადა და დაკვირვებოდა მოვლენების განვითარებას. მაგრამ აბუკირთან ფრანგების ფლოტის განადგურებამ პორტას ხელები გაუხსნა. ეგვიპტეში ჩაკეტილი ბონაპარტის არმია მას უკვე ძველებურად საშიში აღარ ეჩვენებოდა და სულთანმაც აღარ დააყოვნა ომის გამოცხადება. ამ ნაბიჯით სტამბოლს საშუალება ეძლეოდა წარმატებით ებრძოლა ფრანგების წინააღმდეგ, დაებრუნებინა ეგვიპტე და მერე, ვინ იცის, იქნებ, უკვე წელში გატეხილი საძულველი მამლუქებიც აღეგავა პირისაგან მიწისა. მაგრამ ამ უკანასკნელს, პორტა სულ უკანასკნელ მომენტში მოიმოქმედებდა, მანამდე კი მას მამლუქები მოკავშირეებად სჭირდებოდა და ამიტომ დაპირებებსა და საჩუქრებს არ აკლებდა ზემო ეგვიპტეში გახიზნულ მათ ბეებს. დეზეს გამარჯვებების შემდეგ, ეს ბეები ის იყო ფრანგებთან შემორიგებას აპირებდნენ, რომ მათ აბუკირის საზღვაო ბრძოლის შესახებ ცნობები მიიღეს. ვითარება იცვლებოდა და ბეებმაც მოცდა ამჯობინეს. თუმცა ეს მთლად „მოცდა“ არ იყო, მათი საომარი მოქმედება ფრანგების წინააღმდეგ გრძელდებოდა და თუ ისინი ახლა დიდმასშტაბიან ოპერაციებს ვეღარ აწარმოებდნენ, სამაგიეროდ, პარტიზანულ თავდასხმებზე უარს არ ამბობდნენ.
    ოსმალებმა ორი არმია მოამზადეს ეგვიპტეში შესაჭრელად. ერთს აღმოსავლეთიდან უნდა შეეტია ფრანგებისათვის, ღაზის რეგიონისა და სინას ნახევარკუნძულის გავლით, მეორეს კი – ჩრდილოეთიდან, მას შემდეგ, რაც საზღვაო დესანტის სახით გადავიდოდა კუნძულ როდოსიდან ეგვიპ-ტის სანაპიროზე ორივე არმია კარგად იყო აღჭურვილი და თვითეული 50–50 ათასი ჯარისკაცისაგან შედგებოდა. ოსმალებს გვერდით ინგლისელები ედგნენ, ფლოტით, ინსტრუქციებით, ფულით. ასეთი ცნობა ვერაფერი სასიხარულო იყო ბონაპარტისათვის, რომელსაც ბრძოლა უკვე სამ ფრონტხე უწევდა. ფრანგი მთავარსარდლისთვის მძიმე სიტუაცია იქმნებოდა, მას სასწრაფოდ უნდა გადაეწყვიტა, თუ ბრძოლის გაგრძელების რომელი გზა აერჩია: თავდაცვითი თუ შეტევითი. მკითხველს, ალბათ, არ გაუჭირდება იმის ამოცნობა, თუ რომელ გზას მისცემდა უპირატესობას დაუდეგარი კორსიკელი. ნაპოლეონმა, ცხადია, გადაწყვიტა ინიციატივა თავის ხელში აეღო, გადაელახა სინას ნახევარკუნძული, აეღო ოსმალების დასაყრდენი პუნქტები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე (ელ-არიში, ღაზა, იაფა, სენ–ჟანდ'აკრი) და გაენადგურებინა მოწინააღმდეგის არმია ჯერ კიდევ სრულ თავმოყრამდე, თანდათანობით, მისი ნაწილების ბრძოლის ასპარეზზე გამოსვლისდა მიხედვით. ამავე დროს, ის აპირებდა დრუზებისა და მარონიტების ამბოხებას ოსმალეთის წინააღმდეგ და მათი რაზმების გამოყენებას საერთო მტერთან საბრძოლველად. უფრო შორსმიმავალ გეგმებზე მაშინ ნაპოლეონი, ალბათ, აღარ ფიქრობდა. ან მეტი რა გეგმები უნდა ჰქონოდა მთავარსარდალს, რომელსაც სულ... 13 ათასი კაცი მიჰყავდა თან 50 ათასის წინააღმდეგ და მეორე 50 ათასს ზურგში ელოდა ნებისმიერ მომენტში? მაგრამ, როგორც თავის მოგონებებში წერს ნაპოლეონი: თუ ვითარება მის სასარგებლოდ შეიცვლებოდა, თუ სირიის მოსახლეობა გვერდში ამოუდგებოდა ფრანგებს თავიანთი დამპყრობლების – ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ მამლუქები შემოურიგდებოდნენ ფრანგებს და მათ მხარეზე გამოვიდოდნენ თავიანთი ისტორიული მტრის – ოსმალების წინააღმდეგ, თუ დეზე, ზემო ეგვიპტის დამორჩილების შემდეგ, 10 ათასი ფრანგითა და 10 ათასი ადგილობრივი მებრძოლით შემოუერთდებოდა მას, მაშინ ბრწყინვალე პორტა ასეთ ძალას წინ ვეღარ აღუდგებოდა და მასთან ომს თავს დაანებებდა, რაც- ინდოეთზე გალაშქრების წინაპირობას შექმნიდა. ასეთ პირობებშიო, წერდა ნაპოლეონი, 1800 წლის მარტისათვის შესაძლებელი იქნებოდა ინდზე გასვლაო (ამ ვარაუდში იმდენი „თუ“ იყო, რომ მათი გამართლებისა შეიძლება ყველაზე ნაკლებად უკვე თვითონ ბონაპარტს სჯეროდაL სირიაში ლაშქრობა ძალიან მძიმე გამოდგა. ფრანგებს ასეულობით კილომეტრის უდაბნოში გავლა უწევდათ. მთავარსარდალი თავისი ჯარისკაცების გვერდით მიაბიჯებდა ცხელ ქვიშაში და სიმტკიცის მაგალითს აძლევდა მათ. იქვე იყვნენ მისი საუკეთესო გენერლებიც: კლებერი, ლანი, მიურატი, ჟიუნო.. არ იყო დეზე, რომელიც ზემო ეგვიპტეში დარჩა და დამხმარე ძალებს უმზადებდა ბონაპარტს.
    ზამთარი იყო (არმია 9 თებერვალს შეუდგა ლაშქრობას), მაგრამ მაინც სიცხე იდგა და წინსვლა ჭირდა. ცოტა იყო წყალი, ცოტა იყო დასახლებული პუნქტები, თუმცა ზღვის სანაპიროსგან არცთუ მოშორებით მიდიოდნენ. წინააღმდეგობაც მცირე იყო და პირველი შეტაკება მხოლოდ ელ–არიშთან მოხდა. შემდეგ ფრანგებმა ზედიზედ აიღეს ღაზა და იაფა. აქ უფრო სერიოზული ბრძოლები გაიმართა. თურქებმა თავი შეუპოვარ მებრძოლებად აჩვენეს, განსაკუთრებით თავდაცვისას. მათი პოზიციებიდან ამოგდება ძნელი საქმე გამოდგა და ფრანგებს ძალების მთელი დაძაბვა უხდებოდათ. განსაკუთრებული წინააღმდეგობა ოსმალებმა მათ ქალაქ იაფასთან გასწიეს. გაგულისებულმა ბონაპარტმა უბრძანა თავისიანებს, გამოეცხადებინათ იაფის მცხოვრებთათვის, რომ თუ ისინი არ დანებდებოდნენ და ქალაქის იერიშით აღება გახდებოდა საჭირო, მაშინ მათ აღარავინ დაინდობდა და შემდეგ რაც მოუვიდოდათ, თავისი თავისთვის უნდა დაებრალებინათ. მუქარამ არ გაჭრა – გარნიზონი წინააღმდეგობას აგრძელებდა. ის კი არა, ფრანგ პარლამენტიორებს, კომენდანტის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს, შუბზე წამოაგეს და ციხის გოდოლზე გადმოკიდეს. ამით გაცოფებული ფრანგები ეკვეთნენ მტერს და ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ბრძოლის შემდეგ აიღეს კიდეც იაფა. დაპირებისამებრ, მოსახლეობა არ დაინდეს – ქალაქი 30 საათით მისცეს ჯარს საძარცვად და ასაწიოკებლად. გარნიზონი, ბრძოლას გადარჩენილი 4 ათასი თურქი, ერთ გამაგრებულ პუნქტში ჩაიკეტა და დანებებას მხოლოდ მაშინ აპირებდა, თუ ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემდნენ (სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ).
    ფრანგმა ოფიცრებმა ასეთი გარანტია მისცეს მათ და თურქებმაც დაყარეს იარაღი. როცა ბონაპარტს ვითარება მოახსენეს, იგი განრისხდა. ვინ გეკითხებოდათ სიცოცხლეს რომ პირდებოდით თურქებს, სადა გვაქვს იმდენი წყალი და საჭმელ-სასმელი, რომ ეგენი ვკვებოთ, თუ გავუშვებთ, ხომ ისევ ჩვენს წინააღმდეგ იბრძოლებენო, – ჩხუბობდა გენერალი. მერე ცოტა დაწყნარდა და მძიმე ფიქრებს მიეცა: ნელნელა ულმობელი გადაწყვეტილების მიღებას უახლოვდებოდა... სამი დღე ყოყმანობდა ბონაპარტი და ბოლოს გადაწყვიტა: დაიხვრიტონ! ფრანგებს თავზარი დაეცათ, ასეთი რამ მათ ჯერ არ გაეკეთებინათ. როგორ, ტყვეები დაეხვრიტათ? თუნდაც ისინი თურქები, სასტიკი და დაუნდობელი მტრები ყოფილიყვნენ? მტრები, რომლებიც დაჭრილ ფრანგებს ხოცავდნენ, თავს აჭრიდნენ და გვამებს შეურაცხჰყოფდნენ? მაგრამ ბრძანება ბრძანება იყო. ტყვეები ზღვის ნაპირზე გაიყვანეს და უკლებლივ ყველა დახვრიტეს. ამ საშინელი აქტის მეორე დღეს, ფრანგების ბანაკში შავმა ჭირმა იფეთქა – თითქოს ღვთის რისხვა დაატყდათ სიტყვის გამტეხთო. იაფაში მეტხანს გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ბონაპარტმა სასწრაფოდ აკრისკენ გალაშქრება ბრძანა.
    აკრა (ძველთაძველი პტოლემეიდა) სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაგრე იყო ხმელთაშუა ზღვის უკიდურეს აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ სიმაგრეს სქელი კედლები ჰქონდა, მაგრამ მიუვალი არ ეთქმოდა. თურქებმა, ინგლისელების დიდი დახმარებით მნიშვნელოვნად გააძლიერეს გარნიზონიცა და გაამაგრეს ციხის ბასტიონებიც; რაც მთავარია, შემოზიდეს დიდძალი რაოდენობით ზარბაზნები და ტყვია-წამალი. ციხეს ზღვიდან მუდმივ დახმარებას ინგლისელთა სახომალდო არტილერიაც უწევდა.
    აკრის აღების შემდეგ, ბონაპარტი დამასკოსა და ალეპოზე წასვლას ვარაუდობდა, რაც მთელი სირიის დამორჩილების მომასწავებელი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, აკრის იოლად აღება ვერ მოხერხდებოდა. მით უმეტეს, რომ ფრანგებს საალყო არტილერია არ ჰქონდათ: ზარბაზნები, რომლებიც ბონაპარტმა ალექსანდრიიდან ზღვით გამოაგზავნინა აკრისაკენ, გზაში ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელში. საზღვაო ოპერაციებსა და აკრის ციხე–სიმაგრისათვის ტყვია-წამლისა და სურსათ-სანოვაგის მიწოდებას ინგლისელი სიდნეი სმითი ხელმძღვანელობდა. სმითი ერთობ გამბედავი და რისკიანი კაცი იყო, ამავე დროს ეშმაკი და დაუნდობელი. როგორც მისი თანამედროვენი აღნიშნავდნენ, რაღაცით ის დედოფალ ელისაბედ პირველის დროინდელ სახელგანთქმულ ზღვის მეკობრეებს ჩამოგავდა. ყოველ შემთხვევაში, ის მათსავით ენერგიული და შეუპოვარი იყო. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა სენ-ჟან-დ'აკრის დაცვის საქმეში. რადგან საზღვაო კომუნიკაციები ინგლისელების ხელში იყო, ისინი დაუბრკოლებლად ამარაგებდნენ აკრის გარნიზონს ცოცხალი ძალითა და ტყვია–წამლით. ასეთ ვითარებაში, ციხეს ალყაში მყოფიც არ ეთქმოდა. ფრანგებისათვის სავალალოდ, ყველაფერთან ერთად, ოსმალები ძალიან ყოჩაღი მებრძოლები აღმოჩნდნენ. მათ განსაკუთრებით თავდაცვის წარმოება ეხერხებოდათ.
    ბონაპარტს ისღა დარჩენოდა, აკრის ციხეზე პირდაპირი იერიშები მიეტანა. მართლაც, ორი თვის განმავლობაში მისი ჯარისკაცები რამდენჯერმე გადავიდნენ შეტევაზე, სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, ისინი რაღაც ტაქტიკურ წარმატებებს აღწევდნენ, მაგრამ საშინელი კონტრშეტევების შემდეგ ოსმალები (ინგლისელთა არტილერიის დახმარებით) ისევ ახერხებდნენ დაკარგული ბასტიონების დაბრუნებას. ამასთან, თვალშისაცემი იყო, რომ ისინი ცოცხალი ძალის დანაკარგს არაგითარ ყურადღებას არ აქცევდნენ.
    ცოტა ხანში ოსმალებმა აკრის დებლოკადა გადაწყვიტეს და ამ მიზნით დამასკოს ფაშა აბდულა 30 ათასი ჯარისკაცით ბრძოლის ასპარეზისაკენ გაგზავნეს. როგორც გვახსოვს, ბონაპარტმა სირიაში სალაშქროდ სულ 13 ათასი კაცი წაიყვანა, აქედან ნაწილი ავად გახდა, ნაწილი ბრძოლებში დაზარალდა, ნაწილი კი აკრის გარემოცვით იყო დაკავებული. ახლა მათ ზურგში ოსმალების ახალი ნაწილები გამოჩნდნენ. ვითარება ძალიან დაიძაბა. ბონაპარტს ჯარი აღარ ჰყოფნიდა, შევსება კი არსად ჩანდა. სირიაში გალაშქრებას ადგილობრივი მოსახლეობის არავითარი აქტივობა არ მოჰყოლია, არავინ მათ არ მიმხრობია და არავის ოსმალთა, თავიანთ მჩაგვრელთა, წინააღმდეგ ხელი არ გაუნძრევია. ასე რომ, დახმარების იმედი არსაიდან იყო. მხოლოდ დრუზების ერთი-ორი ტომი თუ მიემხრო გენერალს, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ. ამიტომ ფრანგი მთავარსარდალი იძულებული ხდებოდა ეს მცირე მოალყე ჯარი კიდევ შეემცირებინა და თურქების ახალი არმიის წინააღმდეგ გაეგზავნა! მაგრამ სხვა გზა არ იყო და ბონაპარტმა კლებერი 3 ათასი კაცით მდინარე იორდანისკენ გაგზავნა, რათა იქ შეხვედროდა მოწინააღმდეგეს. მაგრამ თურქებმა მოასწრეს მდინარის გადალახვა.
    კლებერსა და აბდულას შორის შებრძოლება ნაზარეთთან ახლოს, თაბორის მთასთან მოხდა. ფრანგ გენერალს სურდა ღამით დასცემოდა თურქების ბანაკს, მაგრამ იმის გამო, რომ ადგილმდებარეობას არ იცნობდა, ვერგამოზომა მანძილი და დღისით „შეეფეთა“ მტერს, რომელიც ლამის ათჯერ სჭარბობდა მას რიცხობრივად. ბედად, კლებერმა წინადღით აცნობა მთავარსარდალს, თუ რა მანევრის ჩატარებას აპირებდა. ნაპოლეონს ძალიან სარისკოდ და საეჭვოდ მოეჩვენა კლებერის განზრახვა და ამიტომ ერთი დივიზია (ისევ 3 ათასი ჯარისკაცი) სასწრაფოდ მოხსნა აკრის ალყას და პირადად წაიყვანა ნაზარეთისაკენ. მართლაც, კლებერს მტერმა ყოველმხრივ შემოუტია და აიძულა თავდაცვაზე გადასულიყო. ექვსი საათის განმავლობაში იგი გმირულად იგერიებდა მტრის შემოტევას. ფრანგი ჯარისკაცები ბოლოს იძულებულნი გახდნენ მოწინააღმდეგის გვამებისგან ჯებირები გაეკეთებინათ და ამ საშინელი საფარიდან ესროლათ ურიცხვი მტრისათვის.
    როცა ბონაპარტი ბრძოლის ველს მიუახლოვდა, ოსმალები, სწორედ, საბოლოო შეტევისთვის ემზადებოდნენ. მცირეოდენი შეყოვნება საბედისწერო შეიძლება გამხდარიყო. ნაპოლეონი, რომელიც ჭვავის მაღალ ყანებში მოიჩქაროდა თავისი ჯარით, აქამდე ყოველმხრივ ცდილობდა მტერს არ შეენიშნა იგი, მაგრამ როცა თურქების საიერიშო სამზადისი დაინახა, პირიქით, ზარბაზნები გაისროლა, რათა კლებერის განწირული შენაერთისგან მოწინააღმდეგე მოეშორებინა. ამ ბრძოლისას, ერთი ამაღელვებელი შემთხვევა მოხდა: კლებერის დივიზიის ჯარისკაცები, რომლებიც მთელი დღე თაგგანწირვით იგერიებდნენ თურქთა შეუპოვარ იერიშებს, მაგრამ ხსნის გზას ვერ პოულობდნენ, უეცრად გამოცოცხლდნენ. მათ მოეჩვენათ, რომ მოშორებით, ჭვავის ყანაში, მზის შუქზე ხიშტები აელვარდნენ. „პატარა კაპრალი მოდის, პატარა კაპრალი მოდისო!“ ყიჟინა დასცეს მათ. კლებერს მწარედ ჩაეცინა, ბონაპარტს აქ რა უნდა, ჩვენი თავი სად აქვსო. მაგრამ იტალიელი ვეტერანები, რომელთაც თავიანთი მთავარსარდლისგან ამაზე მეფი საოცრება ენახათ, თავისას არ იშლიდნენ. მათდა საბედნიეროდ, ეს მართლაც ბონაპარტი გამოდგა, რომელმაც დაუყოვნებლივ ზურგში დაარტყა ოსმალებს და არივ-დარია მათი რიგები. მოულოდნელი დახმარებით გულმოცემული კლებერი და მისი ჯარისკაცები თავის მხრივაც იერიშზე გადაგიდნენ. ორმხრივი შეტევით გაოგნებული თურქები შედრკნენ და მალე თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ. გაქცეულებს გზაში მიურატი დახვდათ თავისი ცხენოსნებით და ვისაც წამოეწია, უწყალოდ აჩეხა.
    ასე დაამარცხა და ასე გაფანტა 6 ათასმა ფრანგმა 30 ათასი თურქი და ასე იხსნა ბონაპარტის საოცარმა გამჭრიახობამ კლებერიც, მისი დივიზიაც და ალბათ, ფრანგების მთელი სირიული კორპუსიც, ვინაიდან მას რომ დროულად არ ამოეცნო მოვლენათა შესაძლო განვითარება და სასწრაფო ზომები არ მიეღო, აბდულა ფაშა კლებერის დივიზიას გაანადგურებდა და შემდეგ, დიდძალის ლაშქრით, ზურგიდან მიადგებოდა აკრის გარემოცვით დაკავებულ ფრანგთა ერთობ შეთხელებულ კორპუსს და, თავის მხრივ, ალყაში მოაქცევდა მას.
    ამ გამარჯვების შემდეგ ბონაპარტი ისევ აკრას მიუბრუნდა და ალყა გააგრძელა. იქ კი ყველაფერი ძველებურად იყო. ციხის გარნიზონი კვლავ შევსებას იღებდა, ფრანგები კი კვლავ მხოლოდ დანაკარგს განიცდიდნენ. ალყა უკვე ორი თვეა გრძელდებოდა, მაგრამ საქმეს უკეთესობისკენ პირი არ უჩანდა. რაც დრო გადიოდა, მზე უფრო მძაფრდებოდა. სიცხესა და წყლის გაჭირვებას, დაჭრილ-დახოცილთა რიცხვის მატებას, შავი ჭირის შემთხვევებიც დაემატა. ეგვიპტიდანაც ერთმანეთზე უარესი ამბები მოდიოდა – დელტა აჯანყებას მოეცვა, მღელვარება კაიროშიც იწყებოდა, ზემო ეგვიპტეში მამლუქები აქტიურობდნენ და, რაც მთავარია, ოსმალეთის მეორე არმია კუნძულ როდოსზე უკვე მზად იყო და ეგვიპტეში გადასვლის ბრძანებას ელოდებოდა.
    აკრის აღება კი არა და არ გამოდიოდა. თუმცა, რომც გამოსულიყო, რა შეიცვლებოდა? განა 8 ათასი კაცით ვინმე ინდოეთისკენ გაილაშქრებდა? თუმცა ინდოეთს უკვე აღარც ახსენებდა ბონაპარტი. იგი ახლა ამ დაწყევლილი ადგილიდან წასვლაზე და ჯარის გადარჩენაზეღა ფიქრობდა. კაფარელი დაიღუპა, ბონი დაიღუპა, ლანი დაიჭრა, დაიჭრნენ სხვა გენერლებიც. ყველა დაიღალა, ფიზიკურადაც და მორალურადაც. ბონაპარტი ამას ხედავდა, ხედავდა და ხვდებოდა, რომ უკან წასვლა იყო საჭირო, კაიროში დაბრუნება და ეგვიპტის საქმეების მოწესრიგება, ჯარის დასვენება და მისთვის სულის მოთქმის საშუალების მიცემა. ხედავდა, მაგრამ ჯიუტობდა, ალყის მოხსნა არ უნდოდა, უკან წასვლა არ უნდოდა. მარტო აკრის დატოვება კი არ უძნელდებოდა, მარტო აკრაში კი არ იყო საქმე, უკან წასვლით მთელ მის აღმოსავლურ წამოყყებას გამოუდიოდა წირვა, მთელი მისი გეგმები იშლებოდა. სენ-ჟან-დ'აკრიდან უკანდახევა მთელ მის ოცნებებზე უარის თქმის ტოლფასი იყო. ამიტომ ითრევდა ფეხს გენერალი.
    მაგრამ ყველაფერს თავისი ბოლო აქვს და ბონაპარტის მოთმინების ფიალაც აივსო. ალყის დაწყებიდან ზუსტად ორი თვის თავზე, 1799 წლის 20 მაისს, მან თავისი არმია უკან წამოიყვანა. „გამოთხოვებისას“ ფრანგებმა ყველა სახეობის იარაღიდან დაუშინეს ცეცხლი საძულველ ციხეს და პირი დასავლეთისკენ მიიბრუნეს. სირიაში კამპანია სამხედრო თვალსაზრისით მაინც წარმატებული იყო. ბონაპარტმა არ აცალა მტერს 50-ათასიანი არმიისთვის თავი მოეყარა და მით უმეტეს, არ მისცა მას საშუალება საკუთრივ ეგვიპტეში შეჭრილიყო. მოწინააღმდეგე მან „მისსავე“ ტერიტორიაზე დაამარცხა, გაფანტა და ეგვიპტეში მისი შეჭრის საშიშროება აღკვეთა. ოსმალების მეორე არმიასთან მომავალი შეტაკების პერსპექტივაში ეს მცირე მიღწევა არ იყო. და მაინც, გენერალი უკმაყოფილო იყო. უკმაყოფილების მიზეზი კი აშკარად ჰქონდა.
    არ გამოვიდა აღმოსავლეთის დიდი ლაშქრობა! ეს აწუხებდა და ეს უღრღნიდა გულს პალესტინისა და სინას ნახევარკუნძულის ქვიშიან უდაბნოში სიცხისგან გათანგულ ჯარისკაცებთან ერთად პირქუშად მავალ გენერალს. უხმოდ მიაბიჯებდა მთავარსარდალი, კაციშვილს ყურადღებას არ აქცევდა, კიტელსაც კი არ იხდიდა, თითქოს თავს იტანჯავსო, მასში იხარშებოდა. ხანდახან დაჭრილებთან მიდიოდა, მარტო მათ ელაპარაკებოდა და გასამხნევებელ რაღაც სიტყვებს პოულობდა. ერთხელ, როცა რომელიღაც ინტენდანტმა ცხენი მიუყვანა, გაცეცხლებულმა გენერალმა ის გააკეთა, რაც არც მანამდე და არც მერე არასოდეს უკადრებია – მათრახი გადაუჭირა ხელქვეითს და სიბრაზისგან აკანკალებულმა დაუყვირა: „თქვენ რა, ბრძანება არ გაგიგიათ? ყველამ ფეხით უნდა იაროს და მეც პირველ რიგში! მოშორდით აქედან! ცხენები, ჯორები, ოთხთვალები – ყველაფერი ხომ დაჭრილებისა და სურსათ-სანოვაგისთვის იყო, მეთაურები კი, ნურას უკაცრავად, ფეხით უნდა წამოსულიყვნენ. და მიდიოდნენ კიდეც, ყველგან მიჰყვებოდნენ, მის შემხედვარეს, სხვა რა ჩარა ჰქონდათ?
    ავ ფიქრებს მისცემოდა მთავარსარდალი. მალე წელიწადი შესრულდებოდა, რაც აქ ჩამოვიდა, სამშობლოდან კი არაფერი ისმოდა. არაფერი იცოდა, იქ რა ხდებოდა, ვინაიდან ზღვა „საიმედოდ“ იყო ინგლისელების ხელში. როგორ მიდიოდა ევროპაში საქმე, განაახლა თუ არა მოწინააღმდეგემ ომი? ეს კითხვები არ ასვენებდა გენერალს. მაგრამ მათზე უფრო სხვა რამ აწუხებდა იმ დროს: რატომ არ გამოუვიდა აღმოსავლეთის ლაშქრობა, სად დაუშვა შეცდომა, სად მოეცარა ხელი? ამაზე ფიქრობდა და ეს აწუხებდა მთავარსარდალს. ძნელი კითხვები იყო, ძნელად საპასუხო, მაგრამ იგი უკვე ხვდებოდა მიზეზს, უკვე ჰქონდა პასუხები, ოღონდ არავის, ძეხორციელს ამის შესახებ არაფერს ეტყოდა.
    ახლა ყველამ იცის აღმოსავლეთის ლაშქრობის წარუმატებლობის მიზეზი. ორი სიტყვით ის ასე შეიძლება განვსაზღვროთ: დასახული მიზნის რეალობასთან შეუთავსებლობა. უფრო ვრცლად კი როცა აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა, გენერალს არა მარტო, და არა იმდენად დაპყრობის ჟინი ამოძრავებდა, რამდენადაც ახალი დიდი სახელმწიფოს შექმნის სურვილი. ბონაპარტი ისეთი მიამიტი კაცი როდი იყო, რომ ამ მიზნის განხორციელებაში მარტო თავისი 30-ათასიანი, თუნდაც გმირული, არმიის იმედზე ყოფილიყო. რადგან აღმოსავლეთში თავისი ლაშქრობის მიზნად ბონაპარტს მხოლოდ ბრიტანული კოლონიური ექსპანსიის ფრანგულით შეცვლა კი არ ჰქონდა დასახული, არამედ იქაური დრომოჭმული და გახრწნილი ფეოდალური რეჟიმების განადგურება და მათ ნანგრევებზე სრულიად ახლებური სახელმწიფოს აშენება სურდა, ამიტომ იგი იქ სხვა ძალის გამოყენებასაც ვარაუდობდა. ეს ძალა, რომელიც დროთა განმავლობაში წამყვანი გახდებოდა, უმძიმესი სოციალური ჩაგვრით გაწამებული ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ყოფილიყო.
    რევოლუციურ იდეებზე აღზრდილ ბუონაპარტეს რევოლუცია თავად აღარ მოსწონდა, მაგრამ მისი დამანგრეველი ძალისა მუდამ სჯეროდა. და აი, ახლა იგი ამ ძალის გამოყენებას თავისი მიზნების განხორციელებისათვის აპირებდა. აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფო, რომლის შექმნისკენ ის მიისწრაფოდა, ბოლოს, ალბათ, იმპერია იქნებოდა, ხოლო თვითონ ამ იმპერიის მბრძანებელი. მაგრამ ეს ახალ პრინციპებზე აგებული სახელმწიფო იქნებოდა, ბევრად უფრო პროგრესული, ვიდრე ოდესმე აფრიკა-აზიის ქვეყნებს ენახათ. მსგავსმა პოლიტიკამ იტალიაში მეტ-ნაკლებად გაუმართლა ბონაპარტს, თუმცა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების დაძლევის შემდეგ. ვინძლო აქაც გაემართლებინა; მაგრამ აქ ხომ აღმოსავლეთი იყო, განუჭვრეტი, ფანატიკური აღმოსავლეთი, სადაც ევროპულისგან სრულიად განსხვავებული ზნე-ჩვეულებები მეფობდა, სადაც სხვა მასშტაბები და, რაც მთავარია, სხვა ეპოქა იყო. აღმოსავლეთს ჯერ ღრმა ძილით ეძინა. იდეები, რომლებიც ეგროპაში ფეხს იკიდებდნენ, აქ სიზმრადაც არავის მოლანდებია, არამც თუ მათ განხორციელებაზე ეზრუნა. ესმოდა თუ არა ეს ყველაფერი ბონაპარტს, როცა ასეთ ნაბიჯს დგამდა? ალბათ, ბოლომდე არა, ა თავიდან შეიძლება სულაც არა, თორემ ამ საქმეს საერთოდ არ წამოიწყებდა. ისე, როცა ასეთ წამოწყებაზე მიდიოდა, მას თავისი კორსიკული ფიასკო უნდა გახსენებოდა. იქ ხომ ამგვარი ცდებით ვერაფერს მიაღწია, იქ ხომ ხალხი მის მიერ შეთავაზებული რადიკალური ცვლილებებისთვის მზად არ აღმოჩნდა და არც მიიღო ისინი. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ახლა, ახალ ვითარებაში შორეულ და უცნობ მხარეში, იგი კვლავ აპირებდა ანალოგიური პროექტის განხორციელებას და თანაც განუზომლად მეტი მასშტაბებით. მართალია, ამ საქმეს ახლა 20 წლის ჯიბეგამოხეული ლეიტენანტი კი არა, მრავალ ბრპოლასა და ქარტეხილს გამოვლილი, მსოფლიოს პირველ მხედართმთავრად აღიარებული გენერალი უდგა სათავეში, გენერალი, რომელსაც ადრინდელი იაკობინური რადიკალიზმი მოვლენებისადმი ბევრად უფრო მოხომილი და რეალური დამოკიდებულებით შეეცვალა, მაგრამ მიზანი, რომელიც მას დაესახა, იმდენად გრანდიოზული იყო, რომ ვერანაირად ვერ ეტეოდა სინამდვილის ჩარჩოებში და ფანტასტიკურს უახლოვდებოდა. ვერ ეტეოდა იგი ვერც ადგილობრივ, აღმოსავლურ სპეციფიკაში და ვერც საფრანგეთის ჭეშმარიტ შესაძლებლობებში. საქმე ის იყო, რომ ეგვიპტე (ისევე როგორც მისი მეზობელი ქვეყნები) საზოგადოებრივი განვითარების იმდენად დაბალ საფეხურზე იდგა, რომ ბონაპარტის პროგრესული, ანტიფეოდალური რეფორმებისათვის სრულიად მოუმწიფებელი იყო. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მის გეგმებს იქ მხარდამჭერი არ გამოუჩნდებოდა. რაც შეეხებოდა საფრანგეთს, ამ მხრივ ამ ქვეყნის შესაძლებლობები ძალზე შეზღუდული იყო. მას ისევ არ ჰყავდა მოკავშირეები და არ გააჩნდა ისეთი ფლოტი, რომელიც ინგლისელებს აღუდგებოდა წინ და ბონაპარტის არმიას ქმედით დახმარებას გაუწევდა.
    რა გამოდიოდა? ადგილობრივი მოსახლეობა ბონაპარტს გვერდში არ ამოუდგებოდა და „აღმოსავლეთის დიდ ამბოხებაში“ მონაწილეობას არ მიიღებდა. ხელს ვერაფრით შეუწყობდა საკუთარი ქვეყანაც, რადგან მასთან საკომუნიკაციო გზები ინგლისელებს ჰქონდათ გადაჭრილი. ასეთ ვითარებაში ექსპედიციას, საბოლოო ანგარიშში, მხოლოდ წარუმატებლობა შეიძლება მოჰყოლოდა.
    როცა გენერალი ამას მიხვდა, უკვე გვიან იყო. გვიან იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე იგი კვლავ გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა. მაგრამ ეს საკმარისი აღარ იყო და ვითარებას, საბოლოო ანგარიშში, ვერ შეცვლიდა. პოლიტიკის მარცხს სამხედრო წარმატებები ვერ გააწონასწორებდა, მით უმეტეს, რომ ამ წარმატებებსაც საზღვარი ექნებოდა.
    მაშ, რა შეეძლო დაეპირისპირებინა საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილ ბონაპარტს ოსმალების, ინგლისელების, მამლუქების და აწ უკვე მის წინააღმდეგ ამხედრებული არაბებისათვის, უჩვეულო და ცხელი კლიმატისათვის, უგზოობისა და ავადმყოფობებისათვის? მცირერიცხოვანი ფრანგული არმიის განსაცვიფრებელი სიმამაცე და თავისი სწორუპოვარი სამხედრო ოსტატობა? მერე საკმარისი იქნებოდა ეს ამ ზღვა პრობლემების წინაშე? როგორც გამოირკვა, არ იქნებოდა საკმარისი და ამიტომ მოხდა ის, რაც შემდეგ მოხდა და უნდა მომხდარიყო კიდეც – ნაპოლეონი ვერ გახდა აღმოსავლეთის დიდი იმპერიის მბრძანებელი, რადგან ასეთი იმპერია საერთოდ ვერ შეიქმნა და, როგორც დავინახეთ, ვერც შეიქმნებოდა. როგორც ნაპოლეონს სურდა, არ გამოვიდოდა, ამის შესაძლებლობები არ არსებობდა, ისე – პირდაპირი დაპყრობით კი, როგორც ალექსანდრე მაკედონელმა გააკეთა, კიდევ უფრო აღარ გამოვიდოდა, რადგან ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნე კი არა, ქრისტეშობიდან XIX საუკუნე იყო კარზე მომდგარი. ასე რომ, ნაპოლეონ ბონაპარტს ზღვისგაღმა პოლიტიკისათვის თავი უნდა გაენებებინა და კონტინენტურისთვის მიეხედა, აღმოსავლეთზე უარი ეთქვა და „მარტო“ დასავლეთს დასჯერებოდა. ეგვიპტეში 15 თვის ყოფნის შემდეგ იგი მივიდა ასეთ დასკვნამდე და ბოლოს ასე მოიქცა კიდეც.
    სირიიდან ეგვიპტეში დაბრუნებას ფრანგები დაახლოებით ერთ თვეს მოუნდნენ. უკან დაბრუნება კიდევ უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე წინსვლა იყო: ივნისი იდგა და მზე აუტანლად აცხუნებდა. გარდა ამისა, შავი ჭირი, რომელიც ექსპედიციას თან სდევდა, მართალია, ეპიდემიის სახეს არ იღებდა, მაგრამ ჯარზე მაინც დამთრგუნველად მოქმედებდა და ყველაში შიშს იწვევდა. მხოლოდ მთავარსარდალი არ უფრთხოდა საშინელ სენს. იაფაში, სადაც ფრანგებს დიდი ლაზარეთი ჰქონდათ, იგი ჭირიან ავადმყოფებთან მივიდა, იქ დიდხანს დაჰყო, შემოიარა პალატები, ელაპარაკა განწირულებს და როგორც შეეძლო გაამხნევა ისინი. მთავარსარდლის ასეთმა ნაბიჯმა ჯარში არანაკლები აღტაცება გამოიწვია, ვიდრე რომელიმე მისმა მხედრულმა ვაჟკაცობამ. ეტყობა, შიშის გრძნობა მართლა არ ჰქონდა ამ კაცს და (ან!) ისე ფანატიურად სჯეროდა თავისი ვარსკვლავის, რომ აღარაფერს ეპუებოდა.
    კაიროში დაბრუნებისთანავე, ბონაპარტი საქმეებში ჩაიძირა. პირველ ყოვლისა, მან ზარ-ზეიმი მოაწყო სირიაში წარმატებითი ლაშქრობის აღსანიშნავად, და რა თქმა უნდა, არ დაივიწყა ეგვიპტის ყველა პროვინციაში მაცნეების გაგზავნა, რათა ამ უკანასკნელთ ეს ფრიად საგულისხმო ფაქტი ხალხის ყურამდე მიეტანათ.
    კაიროში, მოსახლეობის მღელვარების ნიშნები თუ იყო მისი არყოფნის დროს, ახლა, ამ ლაშქრობის შემდეგ, ისინი უკვალოდ გაქრა. გენერალი შიშს აღუძრავდა დედაქალაქის მცხოვრებთ, თუმცა რაიმე განსაკუთრებული სისასტიკე მას იქ არ გამოუჩენია. პირიქით, როცა სირიის ლაშქრობამდე ცოტა ხნით ადრე კაიროში აჯანყებამ იფეთქა, ბონაპარტმა ის იოლად ჩაახშო და მხოლოდ რამდენიმე „ზედმეტად აქტიური“ მოთავე დასაჯა. თანამებრძოლებს უკვირდათ კიდეც მისი ასეთი ლმობიერება. ზოგი მათგანი ეუბნებოდა მთავარსარდალს, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში პატივს სცემენ მხოლოდ ძალას და არავითარი დანდობა და შემწყნარებლობა აქ მადლიერების გრძნობებს არ აღძრავსო. მაგრამ „სულთან ქებირი“ მაინც თავის გადაწყვეტილებაზე იდგა, ეტყობა ეს მის „აღმოსავლურ“ პოლიტიკაში შედიოდა და მაშინ კიდევ სჯეროდა მისი. მერე კი მოსახლეობის დაშინების ერთობ ორიგინალური მეთოდი აირჩია. არაბულ და თურქულ ენებზე შედგენილ სპეციალურ ბიულეტენებში იგი მოსახლეობას ამცნობდა, რომ მას, სულთან-ქებირს, მათი აზრების ამოცნობის უნარი ჰქონდა; თუ ისინი მის საწინააღმდეგო რასმეს გაიფიქრებდნენ, ეს იმწუთშივე ცნობილი გახდებოდა მისთვის. კაიროს მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა ეს ლათაიები დაიჯერა და ხმა ჩაიკმინდა, გენერალს კი იმჯერად სხვა აღარაფერი უნდოდა.
    საფრანგეთიდან ამბები კვლავ არ მოდიოდა. კაიროში არავინ არაფერი იცოდა ევროპაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გენერალი ძალიან ღელავდა, იქაურობის დარდი ჰქონდა. ახლა, როცა ის მიხვდა, რომ აღმოსავლეთის ჭიშკარი მისთვის მაგრად იყო ჩარაზული, მან ისევ დასავლეთზე დაიწყო ფიქრი. მაგრამ სანამ ამ ფიქრს ხორცი შეესხმებოდა, ჯერ როდოსზე მოკალათებული თურქული არმიისათვის უნდა ედევნებინა ფხიზელი თვალი.
    სულ მალე, რაღაც ერთ თვეში, ბონაპარტმა ნილოსის დელტაში წესრიგი აღადგინა. ამბოხებულები დაამარცხა, ურჩი სოფლები გადაწვა, მოთავეები დახვრიტა და, შედეგად, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩააყენა. ეს ღონისძიებები მისთვის აუცილებელი იყო, რადგან მოასწრო თუ არა გენერალმა მათი ცხოვრებაში გატარება, თურქებმა დესანტი გადმოსხეს. დესანტის გადმოსხმას ისევ ის სიდნეი სმითი მეთაურობდა, რომელმაც ასე გაუმწარა ფრანგებს აკრასთან სიცოცხლე. სულ 18 ათასი ოსმალო გადმოსხდა, ყველა იანიჩარი, მამაცი და ბრძოლებში გაწაფული შეომარი. მართალია, ცხენოსანი ჯარი მათ არ ჰყავდათ, მაგრამ ცხენოსნებს ისინი მურად-ბეისაგან ელოდებოდნენ, რომელსაც უდაბნოს კიდით ფარულად უნდა ემოძრავა და ისე შეერთებოდა თურქებს.
    მიიღო თუ არა ცნობა დესანტის შესახებ, ნაპოლეონმა წამსვე დასტოვა კაირო და ზღვისპირეთისკენ გაეშურა. თურქები ალექსანდრიის მახლობლად, აბუკირის კონცხზე გადმოსხდნენ (ეს სწორედ ის აბუკირი იყო, სადაც ნელსონმა ფრანგების ესკადრა გაანადგურა). ბონაპარტმა მთელი თავისი ძალების მობილიზება მოახდინა: მიურატს უბრძანა მურად-ბეისათვის ედევნებინა თვალყური და იგი დელტისკენ არ გამოეშვა; დეზე ზემო ეგვიპტეში დატოვა იქაურობის სამეთვალყურეოდ; თვითონ კი ლანის, კლებერის, რენიეს და ლანუსეს დივიზიებით მტრისაკენ გაეშურა.
    აბუკირის ვიწრო ნახევარკუნძული სოლივითაა შეჭრილი ხმელთაშუა ზღვაში. ოსმალების ჯარი იქ იყო თავმოყრილი. მათ წესიერად მიხედ-მოხედვაც ვერ მოასწრეს, რომ წინ ბონაპარტი გამოეცხადათ. მართლაც ელვისებური იყო ფრანგების მარში კაიროდან! სულ მალე კი მათ მიურატიც შეუერთდა თავისი კავალერიით: მამაც გასკონელს გზა გადაუჭრია მამლუქებისათვის, დაუმარცხებია ისინი და უდაბნოში გაუფანტავს, შემდეგ კი თავისიანებისკენ გამოუტევია.
    თურქებს თავდაცვის ორი ხაზი ჰქონდათ. პირველს 7 ათასი მეომარი იცავდა: ათასი ჯარისკაცი მარცხენა ფლანგზე (ბორცგზე) იყო განლაგებული, 4 ათასი ცენტრში, პატარა სოფლის წინ და ორი ათასიც – მარჯვენა ფლანგზე, ისიც ერთ მომცრო გორაკზე.
    ნაპოლეონმა ერთობ ორიგინალურად წარმართა ეს ბრძოლა. მან არ დაუცადა კლებერისა და რენიეს დივიზიების მოსვლას და მაშინვე ეკვეთა მტერს. მთავარსარდალმა ლანს უბრძანა მარჯვენა ფლანგისთვის შეეტია, გენერალ დესტენს – მარცხენასთვის, მიურატი კი, თავისი კავალერიით – ჯერ უნდა წასულიყო პირდაპირ, მოწინააღმდეგის ცენტრისკენ, მერე ზურგიდან შემოევლო მისი ჯარის ჯერ ერთი, მერე კი მეორე ფლანგისაოვის, და როცა მტრის ორივე ფრთა განადგურებული იქნებოდა, მერე ლანისა და დესტენის ქვეითებთან ერთად ცენტრისთვის უკნიდან დაერტვა და ბოლოც მოეღო მისთვის. მთავარსარდლის ეს გეგმა შესრულდა გასაოცარი სიზუსტით. მოწინააღმდეგის სამივე პოზიცია მოკლე დროში იქნა განადგურებული და მისი ჯარი ნახევარკუნძულზე გაფანტული. პირველი ეტაპი დამთარებული იყო. ბონაპარტს შეეძლო დაეცადა კლებერისა და რენიესთვის, მანამდე კი არტილერიის ცეცხლით გაენადგურებინა თურქთა მეორე ხაზი და თვითონ აბუკირი, მაგრამ კორსიკელმა, შეხედა რა მოწინააღმდეგის დეზორგანიზაციას, მსწრაფლ ახალი გადაწყვეტილება მიიღო და დაუყოვნებლივ დაიწყო შეტევა მტრის მეორე პოზიციაზე. უტევდნენ ისევ ლანი, მიურატი და დესტენი. მთავარი როლი კი ისევ კავალერიას მიენიჭა (თურქებს ხომ არ ჰყავდათ ცხენოსანი ჯარი!) მიურატი კვლავ მოწინააღმდეგის ზურგში გადის, ასრულებს რა რთულ და სახიფათო მანევრს სანაპიროს ვიწრო ზოლზე, ზღვასა (ინგლისელთა ფლოტის ცეცხლქვეშ) და თურქთა პოზიციებს შორის. ამ დროს ლანისა და დესტენის გრენადერები პირდაპირი იერიშით მიდიან მტერზე. ოსმალები მამაცურად იბრძვიან, მაგრამ როცა მიურატი ზურგიდან ესხმის მათ, ორმხრივ დაწოლას ვეღარ უძლებენ და გარბიან. გასაქცევი კი არსაითა აქვთ – ყოველმხრივ ზღვაა და ისინიც ზღვაში ცვივიან. ვინც ხმალსა და ტყვიას გადაურჩა, ზღვაში დაიღრჩო. თვით სიდნეი სმითმა ძლივს მოასწრო ნავში ჩაჯდომა და სამშვიდობოს გასვლა. „ეს ბრძოლა ყველაზე მშვენიერი იყო, რომელიც კი მე მინახავს, – იტყვის მერე ნაპოლეონი, – მოწინააღმდეგის მთელი არმიიდან ცოცხალი არავინ გადარჩაო“. მშვენიერების ასეთი განსაზღვრაც არსებობს თურმე.
    კლებერმა დღის ბოლოსღა მიაღწია ბრძოლის ადგილს. როცა მან მიმოიხედა და მომხდარი დაინახა, აღტაცებისგან თავი ვეღარ შეიკავა, ბონაპარტს წელზე ხელი მოხევია და უთხრა: „სამყაროსავით დიადი ხართ, გენერალო“.
    აბუკირთან გამარჯვებით თურქების მეორე არმიასაც ბოლო მოეღო. ახლა ბონაპარტს თავისუფლად შეეძლო ამოესუნთქა და ისევ ქვეყნის შიდა საქმეებისთვის მიეხედა. მაგრამ_ გენერალს აქ გული აღარ უდგებოდა! არც მის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, მათაც საშინელი ნოსტალგია და–უფლებოდათ, მაგრამ ამ უკანასკნელთ ვინ რას ჰკითხავდა. ინფორმაციული შიმშილი აუტანელი ხდებოდა. როგორმე რომ რაიმე ცნობა მოეპოვებინა, ბონაპარტმა პარლამენტიორი გაგზავნა იქვე შორიახლო მყოფ ინგლისელთა და თურქთა ხომალდებზე, ვითომდა ტყვეების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკების საწარმოებლად. სინამდვილეში კი ამ პარლამენტიორის ამოცანაში როგორმე ახალი ამბების გაგება შედიოდა.
    პარლამენტიორი სიდნეი სმითთან მოხვდა. ამ უკანასკნელმა კი ბონაპარტს რომ ძალიან „გახარებოდა“, ევროპული გაზეთების მთელი დასტა აჩუქა მას. როცა ბონაპარტმა გაზეთები გადაშალა, მას ელდა ეცა. ვითარება ევროპაში დიამეტრულად შეცვლილიყო იმასთან შედარებით, რაც მან გამომგზავრების წინ დატოვა. იქ ახალი ომი დაწყებულა – ინგლისს, ავსტრიასა და ნეაპოლის სამეფოს ომი გამოუცხადებიათ საფრანგეთისთვის. საბრძოლო ასპარეზზე ახალი მოწინააღმდეგეც გამოსულა – რუსეთი, რომლის არმიაც თავისი საუკეთესო მხედართმთავრით – ალექსანდრე სუვოროვით – იტალიაში შესულა და ბონაპარტის გამარჯვებების მთელი ნაყოფი წყალში ჩაუყრია – ახლა აღარც ციზალპური რესპუბლიკა არსებობდა და აღარც ფრანგების გავლენა ჩრდილოეთ იტალიაში. უფრო მეტიც: რუსები და ავსტრიელები, შვეიცარიის გავლით, საფრანგეთში შეჭრასაც კი აპირებდნენ. რაც შეეხებოდა საფრანგეთს, იქ ხელისუფლებას მთლად დაუკარგავს კონტროლი ვითარებაზე და ქვეყანაში ანარქია გამეფებულა. „უბედური პოლონელების სისხლში ამოთხვრილი ბარბაროსი (ლაპარაკია ა. სუვოროვზე, – დ. ცა.) თავხედურად ემუქრებოდა ფრანგ ხალხს, ამიტომ წუთის დაკარგვაც კი აღარ შეიძლებოდა“, – წერს თავის მოგონებებში ნაპოლეონი. მართლაც, გენერალმა იმ წუთსავე გადაწყვიტა საფრანგეთში გამგზავრება, მაგრამ ჯერ მაინც კაიროში უნდა დაბრუნებულიყო და „საორგანიზაციო“ საკითხები მოეგვარებინა. წასვლას გენერალი საიდუმლოდ აპირებდა და თან მხოლოდ 400 კაცის წაყვანას ვარაუდობდა. მაგრამ ეს 400 კაცი ეგვიპტის არმიის საუკეთესო ძალა იყო. მათ შორის, ვინც ბონაპარტს თან მიჰყავდა, იყვნენ გენერლები: ლანი, ბერტიე, მიურატი, მარმონი, მეცნიერები: მონჟი, ბერთოლე. ცოტა ხნის შემდეგ მათ გზას უნდა გაჰყოლოდა დეზეც, რომელიც ბონაპარტის მარჯვენა ხელი და ყველაზე საყვარელი თანამებრძოლი გამხდარიყო. ეგვიპტეში საქმეებს დეზე უფრო გაუძღვებოდაო, წერდა შემდეგ ნაპოლეონი. მაგრამ ბონაპარტი დეზეს იქ დიდხანს არ დატოვებდა, იგი მას საფრანგეთში უფრო სჭირდებოდა.
    აგვისტოს ბოლოს ბონაპარტი და მისი არცთუ მრავალრიცხოვანი რაზმი ეგვიპტიდან საფრანგეთს გაემგზავრა. კლებერს, რომელიც კაიროში დარჩა, ბონაპარტმა წერილი დაუტოვა, რომლითაც მას ეგვიპტური არმიის მთავარსარდლად ნიშნავდა და რიგ სასარგებლო რჩევას აძლევდა. კლებერმა არაფერი იცოდა ბონაპარტის გეგმების შესახებ და ახალი ამბავი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა მისთვის. იოლი მისახვედრია, თუ რა გრძნობა დაეუფლებოდა მარტოდ დარჩენილ გენერალს, თუმცა, კლებერი, რასაკგირველია, მარტო არ დარჩენილა. მასთან დარჩა 20 ათასზე მეტი კარგად შეიარაღებული და მეტ-ნაკლებად კარგად ეკიპირებული ჯარი, გამოცდილი ოფიცრები და „ეგვიპტური ინსტიტუტის“ ბევრი თანამშრომელი. ქვეყანაში იმ დროს სრული სიმშვიდე იყო: შინაგანი და გარეგანი მტრები განადგურებულნი. ამიტომ, ერთხანს, (ამას ხაზი უნდა გაესვას) ეგვიპტეში მშვიდობა იქნებოდა, ხოლო ჟან-ბატისტ კლებერი ამ ქვეყნის სრულუფლებიანი გამგებელი. თუმცა, კლებერსაც და მის ჯარისკაცებსაც, ბარემ, სამშობლოში დაბრუნება ერჩიათ, მაგრამ ვინ ეკითხებოდა მათ?
    ფრანგების ეგვიპტური არმიის ბედი შემდგომში ასე წარიმართა. კლებერი ბონაპარტის ღირსეული მემკვიდრე აღმოჩნდა. მან გააგრძელა და გააღრმავა კიდეც თავისი დიდი წინამორბედის პოლიტიკა ეგვიპტეში, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი ფრანგების მხარეზე გადმობირებაში მდგომარეობდა. მაგრამ მას დიდხანს აღარ დასცალდა მოღვაწეობა: 1800 წლის 14 ივნისს იგი მუსლიმმა ფანატიკოსმა სულეიმანმა მოკლა კაიროში. ამ დიდებული სარდლისა და ადმინისტრატორის სიკვდილის შემდეგ, ფრანგების საქმე უკან წავიდა. გენერალი მენუ, რომელმაც კლებერი შეცვალა, მამაცი კაცი კი იყო, მაგრამ ვერც მხედართმთავრობაში და ვერც მმართველობაში ვერ ივარგა. საქმეს ვერც მისმა გამაჰმადიანებამ უშველა (მენუმ ისლამი მიიღო, არაბ ქალზე იქორწინა და სახელად აბდულა დაირქვა). ინგლისელებისა და თურქების გაერთიანებულ ლაშქარს ის, როგორც შეეძლო, წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ყველაფრიდან ჩანდა, რომ ექსპედიციის აღსასრული ახლოვდებოდა.
    ბონაპარტი ბევრს ცდილობდა, რომ როგორმე დახმარებოდა თავისიანებს ეგვიპტეში, მაგრამ ვერაფერს აწყობდა. მის განზრახვას ახალი ექსპედიცია გაეგზავნა აღმოსავლეთში, წარმატება არ მოჰყოლია – ინგლისელებს ხმელთაშუა ზღვა საიმედოდ ჰქონდათ ჩაკეტილი. სხვაგვარად კი არაფერი გამოდიოდა. ამიტომ, 1801 წლის 30 აგვისტოს, აბდულა-მენუ, ხანგრძლივი და მამაცური წინააღმდეგობის შემდეგ, იძულებული გახდა ინგლისელებსა და თურქებს ჩაბარებოდა ალექსანდრიაში. კაპიტულაციის პირობები შემდეგი იყო: ფრანგები ხელს აიღებდნენ ეგვიპტეზე, ხოლო ინგლისელები მათ ჯარს სამშობლოში დააბრუნებდნენ, თავიანთი იარაღითა და ბარგი-ბარხანით.
გზა დიქტატურისკენ. 18 ბრიუმერი
    ბონაპარტის ახალი მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვაზე, ამჯერად ეგვიპტიდან საფრანგეთისკენ, ორმოცდახუთ დღეს და ორმოცდახუთ ღამეს გაგრძელდა. ჩვეულებრივ პირობებში, გზას ამდენი დრო არ სჭირდებოდა, მაგრამ ინგლისელთა საპატრულო ხომალდების შიშით, ფრანგთა ეს პატარა ფლოტილია უფრო ღამღამობით მოძრაობდა, დღისით კი ნაპირს ეკვროდა და ცდილობდა ან სულ შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ან უკიდურეს შემთხვევაში, მტერს სავაჭროდ ან სათევზაოდ გამოსულ გემებად მოსჩვენებოდა. როცა 9 ოქტომბრის განთიადისას ადმირალმა განტომმა ბონაპარტს გემბანზე უხმო და პირდაპირ ნაპირის ვიწრო, ძლივს გასარჩევი ზოლი დაანახა, გენერალმა შვებით ამოისუნთქა – ეს უკვე საფრანგეთი იყო, ფრეჟიუსის ყურე, სან-რაფაელის კონცხი. „აღმოსავლეთის ლაშქრობა“ უკან დარჩა. უკან დარჩა იქ სალაშქროდ წასული არმიაც. საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროს კი ამ არმიის სულ მცირე ნაწილი და მისი მთავარსარდალი მიადგა.
    ვინ იყო იმ დროს ბონაპარტი? – ეგვიპტის დამპყრობი, ახალი გამარჯვებების შარავანდედით მოსილი მხედართმთავარი, თუ... რბილად რომ ითქვას, საომარი ასპარეზიდან უნებართვოდ წამოსული გენერალი, ხოლო თუ საგნებს თავისი სახელი დაერქმევა – უბრალოდ, დეზერტირი? იქნებ, ერთიც და მეორეც?
    გენერალი ევროპის მიღმა 16 თვე და ოცი დღე იყო. როგორც ის შემდეგ თავის მოგონებებში წერდა, „ამ მოკლე დროის განმავლობაში მან დაიკავა მალტა, დაიპყრო ქვემო და ზემო ეგვიპტე, გაანადგურა ოსმალეთის ორი არმია, დაატყვევა მათი მთავარსარდალი, ხელთ იგდო მთელი აღალი და საველე არტილერია), გააჩანაგა პალესტინა და გალილეა და საფუძველი ჩაუყარა დიდებული კოლონიის შექმნას. ხოლო მეცნიერება და ხელოვნება თავიანთ აკვანთან მიიყვანა“. აქ ყველაფერი მართალია. უკანასკნელი სიტყვებიც კი, რადგან მისმა ლაშქრობამ ძალიან შეუწყო ხელი ეგვიპტის უძველესი და უმდიდრესი კულტურის შესწავლის საქმეს. და საერთოდაც, იმ გამოკვლევებმა, რომლებიც ფრანგმა მეცნიერებმა იქ აწარმოეს, დასაბამი მისცეს მეცნიერების ახალ მიმართულებას, რომელსაც შემდგომში ეგვიპტოლოგია ეწოდა. ზემოთ ჩამოთვლილ სამხედრო მიღწევებზე აქ ნუღარას ვიტყვით, მათ შესახებ საკმაოდ ვილაპარაკეთ. ასე რომ, ყველაფერი, რაც ნაპოლეონს თავის მოგონებებში უწერია, ფაქტობრივად, მართალია. მაგრამ მართალია ისიც, რაც მას იქ არ უწერია: აღმოსავლეთის ლაშქრობის მთავარი მიზანი შეუსრულებელი დარჩა და, როგორც გამოირკვა, შეუსრულებელიც დარჩებოდა. აი, ამან ჩაშალა გენერლის შორეული გეგმები და ამან მოახედა იგი კვლავ დასავლეთისკენ. რაც შეეხება ცნობებს ევროპაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ, რასაკვირველია, უდიდესი როლი ითამაშეს უკან დაბრუნების გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ მაინც მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის ლაშქრობა აღარ გამოვიდა და რაც ინდოეთისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა. სიდნეი სმითის მიერ შემოგდებული ევროპული გაზეთების დასტამ ბონაპარტს ის დაანახა, რომ თუ იგი აღმოსავლეთში კიდევ დაახანებდა, მაშინ მას გზა ინდოეთისკენ კი არა, შეიძლება საფრანგეთისკენაც გადაკეტოდა. ეს რომ მომხდარიყო, გენერალი ცაში გამოკიდებული დარჩებოდა და მაშინ ყველა თავის პატივმოყვარულ გეგმაზე ხელის აღება მოუწევდა. ბონაპარტი კი უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, და საერთოდაც, ისეთი ხასიათის კაცი იყო, რომ იგი უმალ სიცოცხლეზე აიღებდა ხელს, ვიდრე ყველა თავისი მიზნის ერთბაშად დამსხვრევას შეურიგდებოდა. ამიტომ წამოვიდა იგი ეგვიპტიდან ისე, რომ არავისთვის ნებართვა არ უთხოვია, ხელისუფალთ ის არც ადრე უწევდა დიდ ანგარიშს და არც ახლა გაუწია, ეს უცხო რამ არ იყო მისგან, მაგრამ მაშინ მას ზურგს უკან არმია ჰყავდა, ახლა კი – ახლა არმია ზურგის კი არა, ზღვის უკან ჰყავდა და ამიტომ არავინ იცოდა, როგორი შეხვედრა ელოდა საფრანგეთში და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ეს ყველაფერი გენერლის ღელვის საგანი გახლდათ. ჩათვლიდნენ მას დეზერტირად, თუ როგორც გმირს ისე შეხვდებოდნენ?
    როგორც მალე გახდა ცნობილი, გენერალი თურმე ტყუილად ღელავდა. როცა ძალიან გას ჭირვებიათ, დირექტორებს ბონაპარტისთვის შეტყობინება გაუგზავნიათ – იქნებ, როგორმე საფრანგეთში დაბრუნება მოახერხოო. მართალია, ეს შეტყობინება ბონაპარტამდე არ მისულა და მას გენერლის უკან დაბრუნება არ დაუჩქარებია, მაგრამ თვით ფაქტი ასეთი შეტყობინების არსებობისა, პატარა საქმე არ იყო და მთავრობასთან მოსალოდნელი დაპირისპირებისას, მას იგი შეიძლება გვარიანად გამოეყენებინა კიდეც – თვით დირექტორებს, როგორც კი ფრონტებზე საქმე უკეთ წასვლიათ, ცხადია, თავიანთი თხოვნის შესახებ „აღარ გახსენებიათ“ და ამიტომ, როცა გენერლის საფრანგეთში დაბრუნების ამბავი შეუტყვიათ, ძალიან „გაჰკვირგებიათ“, და რაც უფრო შეესატყვისებოდა რეალობას, შეშინებიათ კიდეც.
    ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლები რას მოიმოქმედებდნენ, იოლი სათქმელი არ იყო და ამიტომ ბონაპარტს მაინც სიფრთხილე მართებდა. მაგრამ ახლაც, ისე როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე, მთავარი სიტყვა საფრანგეთის მოსახლეობამ თქვა. მათ ისეთი სიხარული და აღტაცება გამოხატეს ბონაპარტის უკან დაბრუნების გამო, რომ თუ ხელისუფალთ მის მიმართ რაიმე ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული, მათ ეს უნდა დაევიწყებინათ ან სხვა დროისათვის გადაედოთ და ახლა თვითონაც საყოველთაო სიხარულს შეერთებოდნენ. ასე რომ, ვიმეორებთ, ბონაპარტს, მაინცდამაინც, დიდი ღელვისა და განცდის საბაბი ამ მხრივ თურმე არ ჰქონია.
    სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში ბონაპარტს ყველგან ზარ-ზეიმით ხვდებოდნენ და უკან დაბრუნებას ულოცავდნენ. „საყოველთაო სიხარულის ობიექტი“ კი, რაც უფრო უახლოვდებოდა პარიზს, მით უფრო ცდილობდა ხალხს მორიდებოდა და ფარულად თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ზედმეტი ხმაურის გარეშე შესულიყო დედაქალაქში. გზის უკანასკნელ მონაკვეთში მან ეს ისე კარგად მოახერხა, რომ მის შესახვედრად წამოსულმა ჟოზეფინამ და გენერლის ძმებმა მის გზა-კვალსაც ვერ მიაგნეს და უკან იმედგაცრუებულები წამოვიდნენ. ბონაპარტი კი ამ დროს უკვე თავის სახლში, შანტერენის (გამარჯვების) ქუჩაზე იმყოფებოდა. მაგრამ აქ ის სულ ორ საათს გაჩერდა და შემდეგ დირექტორებთან შესახვედრად გაემგზავრა. იმხანობაში დირექტორები იყვნენ გოიე, მულენი, სიესი, როჟე-დიუკო და, რა თქმა უნდა, ბარასი (ბარასი მუდამ იყო. წლების განმავლობაში დირექტორები იცვლებოდნენ, ბარასი კი რჩებოდა. მართალია, ბოლო ხანებში იგი თანდათან კარგავდა თავის ძველ გავლენას, მაგრამ უმაღლეს კვინტეტში მაინც შედიოდა და მაინც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა).
    როგორც ვთქვით, როცა დირექტორებს ბონაპარტის ჩამოსვლის ამბავი გაუგიათ, მათ გაკვირვებიათ და გულიც მოსვლიათ (შიშის შესახებ, რომელიც ამ გრძნობებთან ერთად მათ დაუფლებიათ, ხმამაღლა, ცხადია, არაფერი უთქვამთ). გული იმდენად მოსვლიათ, რომ თავდაპირველად მისი დაპატიმრება და სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაცემა მოუნდომებიათ. მერე კი, როცა ხალხის ენთუზიაზმის ამბავი შეუტყვიათ და თანაც გენერლის პარიზთან სულ უფრო მოახლოების ცნობები მიუღიათ, ხელისუფლებს გულმოსვლა „სიხარულად“ შეცვლიათ. ეტყობა, სიხარულის ამ გრძნობის აღმოცენებაში თავისი როლი პოლიციის მინისტრ ჟოზეფ ფუშესაც შეუსრულებია, რადგან, როცა დირექტორებმა მას უნებართვოდ დაბრუნებული გენერლის დაკავება მოსთხოვეს, ქვეყნის პირველ პოლიციელს პირდაპირ განუცხადებია: მე ის კაცი არა ვარ, ვინც ბონაპარტს დააპატიმრებს, ხოლო ბონაპარტი ის კაცი არაა, ვინც მე თავს დამაპატიმრებინებსო. ამის შემდეგ დირექტორებს მეტი აღარაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ გენერალს აღტაცებით შეხვედროდნენ და სიყვარულით გულში ჩაეკრათ. ასეთი შეხვედრით „აღელვებულმა“ ბონაპარტმაც არ დააყოვნა და ხელისუფლებს უპასუხა: არასოდეს, გესმით, არასოდეს მე ჩემს ხმალს ქარქაშიდან არ ამოვიღებ, თუ არა რესპუბლიკის დასაცავადო და თან მათ დასანახად ხმალს მრავალმნიშვნელოვნად ვადა მოუსინჯა.
    ასეთი ფარისევლური შეხვედრა და ასეთი ტკბილ-ცბიერი საუბარი ჰქონდათ ერთმანეთთან ხელისუფლების იმჟამინდელ მესვეურებსა და სულ მოკლე ხანში მათს ამ ხელისუფლებაში შემცვლელ გენერალს. ამ საუბრების დროს ეგვიპტის ლაშქრობას არც ერთი მხარე არ იხსენებდა: ბონაპარტს ეს არაფრად აწყობდა, ხოლო დირექტორებს ერიდებოდათ და უკვე ცოტა ეშინოდათ კიდეც მისი. სიმართლე რომ ითქვას, არაფერი განსაკუთრებით სასაყვედურო იმ დროს მათ ბონაპარტისთვის არ ჰქონდათ: ეგვიპტე მტკიცედ იყო ფრანგების ხელში, თურქთა არმიები განადგურებული, ხოლო საფრანგეთის საუკეთესო მხედართმთავარი სამშობლოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ეს უკანასკნელი გასაჭირისგან დაეხსნა. ისე, კაცმა რომ თქვას, იმ მომენტში, საფრანგეთს გარეშე მტრისგან დასახსნელი თითქმის აღარაფერი სჭირდა. ბონაპარტმა ეს იმდლესვე შეიტყო, რა დღესაც გემიდან ნაპირზე გადმოგიდა. ამიტომ მისი „მისია“, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულად გამოიყურებოდა. მაგრამ გენერალი ამას უკვე აღარ დაგიდევდათ. კარგა ხანია მას გუნებაში სულ სხვა განზრახვა ჰქონდა და მისი აღსრულების შორს გადადება არანაირად აღარ აწყობდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელების ინტერვენცია უახლოეს დროში საფრანგეთს აღარ ემუქრებოდა, ქვეყნის საშინაო მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ბონაპარტის წამოწყებას ხალხში უეჭველი მხარდაჭერა ექნებოდა და, აქედან გამომდინარე, წარმატების დიდი შანსიც. ამიტომ იყო, რომ ჩქარობდა გენერალი. სახუმარო საქმე ხომ არ იყო, კორსიკელი სახელმწიფო გადატრიალებასა და ქვეყნის სათავეში მოსვლას ვარაუდობდა!
    ასეთ სარისკო და სახიფათო წამოწყებას დროისა და მომენტის ზუსტი გათვლა სჭირდებოდა. ახლად დაბრუნებულმა გენერალმა ჯერ ყველა ნიუანსში ჩახედვა, ცხადია, ვერ მოასწრო, მაგრამ რისი დანახვაც და გაგებაც მოახერხა, სრულიად საკმარისი იყო, რომ ქვეყნის ღრმა კრიზისი დაენახა. იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ბონაპარტი და მისი არმია ალმოსავლეთში იყვნენ გადაკარგულნი, საფრანგეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ბევრი ცვლილება მოხდა. ყველაზე თვალშისაცემი საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესება იყო. 1799 წლის განმავლობაში მეორე ანტიფრანგულმა კოალიციამ (ინგლისმა, ავსტრიამ, ნეაპოლის სამეფომ, ოსმალეთმა და აწ უკვე მათთან მიმხრობილმა რუსეთმა) მკვეთრად გაააქტიურა საომარი მოქმედებები თავიანთი საძულველი რესპუბლიკის წინააღმდეგ. რა ბედი ეწია თურქეთს ამ დაპირისპირების დროს, ჩვენ კარგად ვნახეთ ეგვიპტისა და სირიის მაგალითზე, მაგრამ თურქეთი ხომ კოალიციის მთავარი მონაწილე არ იყო და თანაც ეს ამბები საფრანგეთიდან ერთობ შორს ხდებოდა. საფრანგეთთან ახლოს კი სულ სხვა მოვლენები ვითარდებოდა.
    ავსტრიელებმა, რომლებიც ვერ ურიგდებოდნენ წლინახევრის წინ ბონაპარტის მიერ მათთვის ჩრდილოეთ იტალიის წართმევას, უკვე 1798 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ახალი საომარი ოპერაციებისათვის მზადება. რუსეთთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად (რაშიც მცირე როლი არც ინგლისელთა ოქროებს უთამაშნია), მათ ის მოახერხეს, რომ იმპერატორ პავლე პირველს ჯარს „დაესესხნენ“ ჩრდილოეთ იტალიაში სამოქმედოდ. პავლეს საკუთარი მიზნები ჰქონდა და ამიტომ იოლად დაჰყაბულდა ავსტრიელების წინადადებას. მას ადრიატიკის კუნძულებზე და მალტაზე ეჭირა თვალი და საერთოდ, როგორც მისი წინამორბედი რუსი მონარქები, ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონებაზე ოცნებობდა. ოცნებობდა იგი აგრეთვე მისი მონარქიისათვის საშიში რესპუბლიკური საფრანგეთის „ნაცადი და გაკვალული“ გზისკენ შემობრუნებაზეც. ავსტრიელები კი რუსებს მხოლოდ ისე უყურებდნენ, როგორც თავისი მიზნების აღმსრულებლებს. ამიტომ თავიდანვე ეტყობოდა, რომ ამ ორი ქვეყნის ამ საკმაოდ უცნაურ კავშირს არცთუ მტკიცე საფუძველი ექნებოდა.
    ავსტრიის ხელისუფლებმა პავლეს სთხოვეს, რომ რუსის ჯარის სარდლობა იმ დროისათვის აქტიურ მოღვაწეობას ჩამოშორებულ ფელდმარშალ სუვოროვისთვის მიენდო. მეფეს არ უყვარდა ეს თავნება და ახირებული მოხუცი, მაგრამ მისი ბრწყინვალე მხედართმთავრული ნიჭის უარყოფა არ შეეძლო და ამიტომაც დაეთანხმა თავისთვის უსიამოვნო წინადადებას. მაგრამ პავლე, თავის მხრივ, ვალში არ დარჩა ავსტრიელებს და მათ იმის თანხმობა გამოსტყუა, რომ რუსეთის საექსპედიციო კორპუსის სარდალი ერთდროულად მოკავშირეთა მთავარსარდალიც ყოფილიყო იტალიაში. ეს უკვე პრესტიჟის საქმე გახლდათ რომანოვისთვის! ვენის საიმპერატორო კარს ვაჭრობის დრო აღარ ჰქონდა და ამიტომ სწრაფად დათანხმდა ამ წინადადებაზე სუვოროვი საქმეს შეუდგა.
    იმ დროისათვის ავსტრიელებს ჩრდილოეთ იტალიაში 86 ათასი ჯარისკაცი ჰყავდათ (მათ გენერალი მელასი მეთაურობდათ). თავის მხრივ, რუსებმა იქ 33 ათასი ჯარისკაცი ჩაიყვანეს და, ამგვარად, მოკავშირეებმა ფრანგებზე მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს. ფრანგების არმიას ჩრდილოეთ იტალიაში (58 ათასი ჯარისკაცი) გენერალი შერერი მეთაურობდა (სწორედ, ის შერერი, რომელმაც, თავის დროზე, ბონაპარტის იტალიური ლაშქრობის გეგმა დაიწუნა და უარი თქვა მის განხორციელებაზე). დირექტორიამ კი, საომარი მოქმედებების მოსალოდნელი განახლების წინ, იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ თავისი ჯარების სარდლობა, თანაც ეგზომ საპასუხისმგებლო ფრონტზე, ასეთი „გამჭრიახი“ გენერლისათვის მიენდო. შედეგმაც არ დააყოვნა. სუვოროვმა მედგრად შეუტია მოწინააღმდეგეს და მძიმე დამარცხებები აგემა მას. საქმეს შერერის გენერალ მოროთი სასწრაფოდ შეცვლამაც ვეღარ უშველა. ავსტრიელებისა და რუსების გაერთიანებულმა არმიამ რამდენიმე თვეში თითქმის სულ „გაწმინდა“ ჩრდილოეთი იტალია ფრანგებისაგან. ბონაპარტის მიერ მოპოვებულ გამარჯვებების შედეგებთან ერთად მის მიერ ასეთი რუდუნებით შექმნილი ციზალპური რესპუბლიკაც გაუჩინარდა. შეშფოთებულმა დირექტორებმა თავიანთი ჯარის სარდლობა ახლა ახალგაზრდა ჟუბერს მიანდეს, მაგრამ ნოვისთან ბრძოლაში, მოკავშირეებზე თითქმის ორჯერ მცირერიცხოვანი ფრანგები ისევ დამარცხდნენ. ბრძოლის შედეგზე, უდავოდ, იქონია გავლენა ჟუბერის სიკვდილმა. ფრანგი მთავარსარდალი ბრძოლის დაწყების პირველსავე წუთებში დაიღუპა. მისი ადგილი ისევ მორომ დაიკავა, მაგრამ მან ვეღარ მოახერხა საქმის სასიკეთოდ შემოტრიალება (შემდეგ ნაპოლეონი კიცხავდა მოროს ამ ბრძოლის გაუბედავად წარმოებისათვის და განსაკუთრებით ნაადრევად უკანდახევისათვის, რითაც მოკავშირეებს დიდი გამარჯვების მოპოვების საშუალება მისცა). მართლაც, ნოვისთან გამარჯვება სუვოროვის სამხედრო შემოქმედების მწვერვალი გახდა. ამ გამარჯვებით აღფრთოვანებულმა პავლემ გული მოიბრუნა მის მიერ შერისხულ მხედართმთავარზე და მას უმაღლესი სამხედრო წოდება – გენერალისიმუსობა – უბოძა, მაგრამ რუსმა მხედართმთავარმა ვერ ისარგებლა შექმნილი შესაძლებლობით და კუდში არ მისდია დამარცხებულ მტერს. ამის ნაცგლად, იგი იტალიის პოლიტიკურ ამბებში ჩაერია და (პავლეს მითითებით) ავსტრიელთა საზიანო აქტივობა გააჩაღა. ამ ამბებით გაღიზიანებულმა ვენამ სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ აიძულა რუსი მხედართმთავარი, სამხრეთ საფრანგეთში შეჭრის ნაცვლად, შვეიცარიაში გადასულიყო. ამავე დროს, შვეიცარიაში უნდა გადასულიყო რიმსკი-კორსაკოვის მეორე რუსული კორპუსიც, ოღონდ „სხვა მხრიდან“. ამ მზაკვრული გეგმით ისე გამოდიოდა, რომ რუსები დამოუკიდებლად იმოქმედებდნენ შვეიცარიაში, ხოლო ავსტრიელები ასევე დამოუკიდებლად – იტალიასა და რაინისპირეთში.
    შვეიცარია იმ დროს ფრანგების ხელში იყო და იქ გენერალ მასენას არმია იდგა. ეს ის ანდრე მასენა იყო, რომელიც სამი წლის წინ ბონაპარტის ხელმძღვანელობით იბრძოდა და დიდი წარმატებითაც. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ფრანგები უკანასკნელ იმედს მასზე ამყარებდნენ. მასენამაც არ გაუმტყუნა თანამემამულეებს ეს იმედი და ჯერ რიმსკი-კორსაკოვის კორპუსი გაანადგურა, ხოლო შემდეგ სუვოროვიც უკუაგდო ციურიხის მისადგომებიდან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ავსტრიელებმა სინამდვილეში გასწირეს რუსების არმია. ჯერ ერთი, გაშლილ ველებში ბრძოლას შეჩვეული რუსები შვეიცარიის მთაგორიან ასპარეზზე გააგზავნეს, სადაც ისინი დიდი გაჭირვებით იბრძოდნენ. რუსის ჯარის ძალა ხომ ხიშტით ბრძოლაში იყო, მთაში კი მათ ხიშტი ნაკლებად გამოადგებოდათ. იქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ცეცხლსასროლ იარაღს ექნებოდა, რუსები კი ზუსტ სროლაში მოიკოჭლებდნენ. მეორე მხრივ, შვეიცარიის მთებში მათ არც სურსათ-სანოვაგე ექნებოდათ საკმარისი და არც ტყვიაწამალი. ამიტომ იყო, რომ ციურიხთან მარცხის შემდეგ მათ კრიტიკული მდგომარეობა შეექმნათ. რუსები გარშემორტყმულნი აღმოჩნდნენ, ერთის მხრივ, ფრანგების მიერ და, მეორეს მხრივ, მიუვალი მთებით. აი, აქ კი უღალატნია ნერვებს სუვოროვისათვის. თვალცრემლიანი მხედართმთავარი მუხლებში ჩავარდნია მასთან ერთად ლაშქრობაში მყოფ ცესარევიჩ (მეფისწულ) კონსტანტინეს და მისი და ჯარის დაღუპვისათვის პატიება უთხოვია. მაგრამ ამ მძიმე წუთებში გენერლებს, მილორადღოვიჩსა და ბაგრატიონს, ფეხზე წამოუყენებიათ მოხუცი და უთქვამთ, ჯერ ხომ ყველაფერი დაკარგული არ არის, იქნებ ვცადოთ ყინულოვანი ენგის ხეობით გასვლა და იქიდან რაინამდე გაღწევაო. მართლაც, ოთხდღიანი უმძიმესი გადასვლის შემდეგ, რუსებმა მოახერხეს არმიის ნარჩენებით სამშვიდობოს გასვლა. საქმის ასეთმა შემობრუნებამ პავლე სუვოროვზეც განარისხა და ავსტრიელებზეც. პირველს მან გენერალისიმუსობა წაართვა და ისევ ფელდმარშლის წოდება „დაუბრუნა“, მეორეს კი იმით გადაუხადა ვერაგობა, რომ კოალიციიდან გამოვიდა და თავისი ჯარის ნარჩენები უკან, რუსეთში გაიწვია.
    მეორე კოალიციის ჯარებმა მარცხი ჰოლანდიაშიც იწვნიეს. რესპუბლიკელმა გენერალმა ბრიუნმა ინგლისელებისა და რუსების სადესანტო კორპუსი დაამარცხა, გარსშემოერტყა მას და მოკლე ხანში აიძულა დანებებულიყო კიდეც. უკანასკნელმა წარმატებებმა საფრანგეთი უშუალო ინტერვენციისაგან კი იხსნეს, მაგრამ იტალია, თავისი პროფრანგული ორიენტაციის რესპუბლიკებით, დაკარგული იყო და ამას ახლა აღარაფერი ეშგელებოდა. იმხანად (ბონაპარტის დაბრუნებისათვის) აქტიური საომარი მოქმედებები შეწყვეტილი იყო, მაგრამ ეს დროებითი შესვენება გახლდათ. გაზაფხულზე ომი, ალბათ, განახლდებოდა.
    ასეთი გახლდათ იმხანად საფრანგეთის სამხედრო და საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა. რაც შეეხება ქვეყნის შიდა მდგომარეობას, იგი ამაზე უარესიც კი იყო. ხელისუფლება, რომლის უმაღლეს ეშელონს დირექტორია წარმოადგენდა, რეალურად უკვე კარგა ხანია ვეღარ ფლობდა სიტუაციას ქვეყანაში. გაუთავებელი ომები გარეშე მტრებთან, აჯანყებები და საბოტაჟი ქვეყნის შიგნით, უკიდურესად აღატაკებდა საფრანგეთს და კიდევ უფრო გამოჰყავდა მწყობრიდან ისედაც მოშლილი სახელმწიფო მანქანა.
    1794 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ძალაუფლება თერმიდორელების ხელში გადავიდა, ხელისუფლებას გამუდმებით უხდებოდა ბრძოლა ხან მემარცხენე, ხან კი მემარჯვენე მტრულ ძალებთან. იგი ხან ულტრაიაკობინელებს უსწორდებოდა სისხლიანი მეთოდით, ხან კი მონარქისტებს. ამის შედეგი ის იყო, რომ ხელისუფლება ტოტალურად კარგავდა მხარდაჭერას ქვეყნის მთელ მოსახლეობაში. 99 წლისათვის თითქმის აღარ დარჩა მოსახლეობის ფენა, რომელიც აქტიურად დაუჭერდა მხარს არსებულ რეჟიმს. სიძვირე, უმუშევრობა, პროდუქტების სიმცირე, სპეკულაცია, ყაჩაღობა, იმ დროისათვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ქვეყანა ანარქიისაკენ მიექანებოდა და არავითარ ძალას ამ პროცესის შეჩერება არ შეეძლო. თვითონ მექრთამეობასა და სპეკულაციაში ჩაფლული ხელისუჟლები, ცხადია, ვერ ახერხებდნენ ვერც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ვერც ქვეყნის ფინანსური საქმეების გამოსწორებას და, როგორც ბოლო წლის საომარმა ოპერაციებმა აჩვენეს, ვერც სამხედრო საქმეების მოგვარებას. იმდროინდელი ვითარება შესანიშნავად აღწერა ტალეირანმა: „დირექტორიას ის მოუვიდა, რაც მუდამ მოსდით დესპოტებს: სანამ მის არმიებს ვერავინ უმკლავდებოდა, დირექტორია სძულდათ, მაგრამ მისი ეშინოდათ, ხოლო როცა მისი არმიები დამარცხდნენ, იგი უბრალოდ შეეზიზღათ. ახლა მას გაზეთებშიც დასცინოდნენ, პამფლეტებშიც და ყველგან, სადაც კი ამის საშუალება ექნებოდათ“.
    სამხედრო დამარცხებების ერთ-ერთი მიზეზი ჯარის ნაკლებობაც იყო. არასოდეს, 93 წლის შემდეგ, ფრანგებს ასე მცირე რაოდენობის ჯარი არ ჰყოლიათ. მასობრივი დეზერტირობა ფრონტიდან ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მაშინ, როდესაც რესპუბლიკური არმია ადრე 2-3-ჯერ სჭარბობდა მოწინააღმდეგეს რიცხობრივად, 99-ში იგი ორჯერ თვითონ ჩამორჩებოდა კოალიციის ჯარებს. შედეგიც, შესაბამისად, მძიმე იყო. ამავე დროს, მოსახლეობის ასეთი სიდუხჭირის ჟამს, ბარასი და მისი კოლეგები, მსხვილი ბურჟუაზია, სპეკულანტები და დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები ქეიფსა და დროსტარებას არ იკლებდნენ. თითქოს ძველი დრო დაბრუნებულიყო და არაფერი საფრანგეთში არ მომხდარიყო, თითქოს სულ ფუჭად ჩაევლო რევოლუციას. რევოლუცია... ეს სიტყვა კვლავ გაისმა 99 წლის საფრანგეთში. გაისმა და შიშის ზარი დასცა ხელისუფალთ. მაგრამ მარტო მათ არა, საზოგადოების გვარიან ნაწილსაც. ყველას 93 წლის საშინელება წარმოუდგა თვალწინ. ამ საშიშროებამ აიძულა ძალაუფლების მქონენი წინასწარი ზომები მიეღოთ, მდგომარეობისა და (უფრო) თავისი თავის გადასარჩენად. თუმცა, თვითონ რომ ვეღარაფერს შესძლებდნენ, ეს კარგად ესმოდათ. მათ ისიც ესმოდათ, რომ ეს ვიღაც სხვას უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ვის, აი ეს ვერ გადაეწყვიტათ და ეს აფიქრებდათ. ყველაზე საკვირველი, და იქნებ სასაცილოც, ამ ამბებში ის იყო, რომ სხვებზე მეტად „ამ საქმეზე“ დირექტორიის წევრები ზრუნავდნენ, ოღონდ ერთმანეთისაგან მალულად და ფარულად. ეს იმიტომ, რომ ყველას საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა და ყველა საკუთარ თავზე ფიქრობდა.
    იმხანად დირექტორიის ხუთი წევრიდან ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ორი იყო: პოლ ბარასი და ემანუელ სიესი. ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ ათი წლის წინ, რევოლუციის გარიჟრაჟზე გაითქვა სახელი, როცა ორიგინალური ბროშურა გამოუშვა სახელწოდებით – „რა არის მესამე წოდება?“. სიესი შემდეგ დამფუძნებელი კრების წევრი გახდა, მერე კი კონვენტისა და ხუთასთა საბჭოსი. სიესს კარგა ხანს აღარაფერი დაუწერია – ისეთი პერიოდი დადგა საფრანგეთში, რომ წერა და სიტყვების წარმოთქმა საშიში გახდა და სიესიც დადუმდა. დადუმდა დიდი ხნით და საფუძვლიანად. მერე, როცა იაკობინურმა ტერორმაც გადაიარა და თერმიდორულმა „რევანშიზმმაც“, სიესისთვის ვიღაცას უკითხავს, სად იყავით, რას აკეთებდით იმ სახიფათო დროსო? ცოცხალი ვრჩებოდიო, უპასუხნია სიესს. ეს ცოტა სულაც არ იყო, რადგან უმრავლესობამ, ვინც სიესისგან განსხვავებით მაშინ პირი კი არ მოკუმა, არამედ უფრო გააღო, ეშაფოტზე დაამთავრა სიცოცხლე, ან კიდევ ტროპიკულ გვიანაში ამოხდა სული.
    დირექტორიის იმჟამინდელი გავლენიანი წევრი ემანუელ სიესი ერთობ ფრთხილი და წინდახედული კაცი იყო, ამასთან ერთად საკმაოდ გამჭრიახიც. მან ერთ-ერთმა პირველმა განჭვრიტა, რომ ასე დიდხანს აღარ გაგრძელდებოდა და ამიტომ საჭირო იყო რაღაც ქმედითი ზომების მიღება. დამარცხებები ფრონტებზე, ამბოხება ვანდეაში, ეკონომიკური ნგრევა ქვეყნის შიგნით – ეს ყველაფერი ახალ, კიდევ უფრო საშინელ სოციალურ აფეთქებას გამოიწვევდა. როგორ შეიძლებოდა მდგომარეობის გამოსწორება?
    ეს სიესმა დანამდვილებით არ იცოდა, მაგრამ მან ის იცოდა, რომ პირველ რიგში საჭირო იყო სახელმწიფო სტრუქტურების რეორგანიზაცია. უნდა დაშლილიყო, გამქრალიყო დირექტორია, რომლის თვით სახელიც კი საძულველი გამხდარიყო ქვეყანაში. უნდა შექმნილიყო ახალი ორგანო, სასურველი იყო სამი კაცის შემადგენლობით. ამ სამ კაცში ერთი აუცილებლად სამხედრო უნდა ყოფილიყო. თანაც გავლენიანი სამხედრო, ვისაც არმია დაემორჩილებოდა და გაჰყვებოდა. ამიტომ ისეთი სამხედრო პირი იყო მოსაძებნი, ვისაც გავლენა ექნებოდა არმიაში, მაგრამ, ამავე დროს, ამბიციები არ ექნებოდა და პოლიტიკურ აქტივობას არ გამოიჩენდა. რამდენი სამხედრო მოღვაწე ჰყავდა მაშინ საფრანგეთს, მაგრამ რა ცოტა ვინმეზე შეეძლო დაყრდნობა სიესს! „მე მახვილი მჭირდება“, თქვა მან და ამ მახვილის ძებნას შეუდგა. ძებნაში არაერთი კანდიდატურა მოსინჯა და ბოლოს გენერალ ჟუბერზე შეაჩერა არჩევანი. ჰოში ცოცხალი აღარ იყო, ბონაპარტი ეგვიპტეში გახლდათ და „ჩამოწერილი“ იყო, მორო პოლიტიკაში არ ერეოდა, ჟურდანი კი ისევ იაკობინელობდა. ამიტომ ყველას ჟუბერი სჯობიაო, დაასკვნა სიესმა და ახალგაზრდა გენერალს თავისი მოსაზრება გაუზიარა. ჟუბერს უარი არ უთქვამს, მაგრამ სანამ გადატრიალებისათვის მზადებას დაიწყებდა, მას ერთი „პატარა“ საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი: ჩრდილოეთ იტალიიდან სუვოროვი უნდა განედევნა, ეს საქმესაც სჭირდებოდა და მის ავტორიტეტსაც. გამარჯვებაში სავსებით დარწმუნებული ჟუბერი 1799 წლის აგვისტოში უშიშრად ეკვეთა რუსთა და ავსტრიელთა ჭარბ ძალებს, მაგრამ არ გაუმართლა და ნოვისთან ჯერ თავი წააგო, ხოლო შემდეგ მის გარეშე დარჩენილმა ფრანგთა ჯარმა – გადამწყვეტი ბრძოლაც.
    ასე დარჩა საფრანგეთი ერთი თავისი ყველაზე პერსპექტიული მხედართმთავრის, ხოლო აბატი სიესი მისთვის საჭირო „მახვილის“ გარეშე. სიესის ამ მეცადინეობებს არ ჩამორჩებოდა და, თავის მხრივ, დიდ აქტივობას იჩენდა პოლ ბარასიც (ფარულს, რა თქმა უნდა). როგორც შემდეგ გამოირკვა, იგი სერიოზულად ფიქრობდა საფრანგეთში მონარქიის აღდგენაზე და ტახტზე ლუი XVIII-ის მოწვევას აპირებდა. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელი იყო, თუ რა დონეზე იდგა პოლიტიკური ზნეობა მაშინდელ საფრანგეთში.
    პოლ ბარასი, ჯერ თავგადაკლული იაკობინელი, მონარქისტების რისხვა, შემდეგ რობესპიერის ტირანიის ერთ-ერთი დამამხობელი და „დემოკრატიული წყობილების“ დამაარსებელი, ახლა, როცა თვითონ და მისი ყაიდის მოღვაწეებმა ქვეყანა კრიზისის პირას მიიყვანეს, რაღაც ძალაუფლების მსგავსის შენარჩუნების მიზნით, საფრანგეთში მონარქიის აღდგენისკენ მიისწრაფოდა! თუმცა ბარასისგან ვის რა პასუხი უნდა მოეთხოვა, კაცისაგან, რომელიც ინტრიგანის, ხაზინის ქურდისა და ქეიფის უზომოდ მოყვარულის სახელით სარგებლობდა, როდესაც ხელისუფლების სხვა წევრები და მათ შორის ფრიად განსწავლული და დარბაისელი სიესიც იმავე აზრისა იყვნენ? ხელისუფლება ჩიხში მოექცა. ამ ჩიხიდან გამოსავალს ისინი ძლიერ ხელში ხედავდნენ. ამ ხელს კი ყველგან და ყველაში ეძებდნენ. ამიტომაც, როცა მათ ბარასის მცდელობის შესახებ შეიტყვეს, კი არ გაიკვირვეს და შეიცხადეს, არამედ მხარი დაუჭირეს და გვერდშიც ამოუდგნენ. ის კი არა, ამაზე მეტიც გააკეთეს და თავის გაქნილსა და გაიძვერა კოლეგის ტახტის დაკავების კანდიდატების ძებნაში მიეხმარნენ. მაძიებლები მრავალ კანდიდატთა შორის თვით ბრაუნშვაიგის ჰერცოგსაც ასახელებდნენ, სწორედ, იმ ჰერცოგს, რომელიც 1792 წელს საფრანგეთში გამოლაშქრებულ ავსტრიისა და პრუსიის ჯარებს მეთაურობდა და იმუქრებოდა რევოლუციური ქვეყანა აღეგავა პირისაგან მიწისა. ყველა ეს მოლაპარაკება, სამზადისი თუ მაქინაცია, ცხადია, მაინც ფართო საზოგადოებისაგან ფარულად მიმდინარეობდა და შეთქმულთა მოქმედებას წააგავდა.
    აი, სწორედ ასეთ დროს გამოეცხადა დირექტორებს ნაპოლეონ ბონაპარტი და, როგორც ვთქვით, მათში გრძნობების მთელი გამმა გამოიწგია. გენერალი თავიდან ძალიან ფრთხილად მოქმედებდა. დიდმა მსახიობმა დიდ თამაშს მოჰკიდა ხელი. გარკვეულ დრომდე მას პოლიტიკურ სცენაზე პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელი ყოჩაღი გენერლის როლი უნდა ეთამაშა. ასეთი როლის შესრულება, ისე როგორც ნებისმიერი სხვა ხასიათისა, მას ნამდვილად არ უჭირდა, მით უმეტეს, რომ პარტნიორები და სტატისტები ბევრი ჰყავდა: ეგვიპტიდან დაბრუნების დღიდან მის სახლში მომსვლელი არ დალეულა. ვინ არ მიდიოდა გენერალთან! უფრო იოლი იქნებოდა მათი ჩამოთვლა, ვინც მასთან არ „გამოცხადებულა“, ვიდრე მათი, ვინც აღმოსავლეთის გმირს თავისი პატივისცემა დაუდასტურა. ჰოდა, გენერალიც მოხერხებულად სარგებლობდა შექმნილი ვითარებით და მომავალი პრემიერისათვის აუცილებელი მთავარი როლის შემსრულებლის სახეს ძერწავდა.
    პირველ ხანებში ბონაპარტი იმით იყო დაკავებული, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეცნობოდა. არავინ ყოფილა იმ დროს მასზე ყურადღებიანი მსმენელი. უსმენდა დირექტორებს, მინისტრებს, დეპუტატებს, სალონის ლამაზმანებსაც კი – ინფორმაციის მიღება, მეტისა თუ ნაკლებისა, ყველასგან შეიძლებოდა. ინფორმაცია კი ძალიან გამოადგებოდა გენერალს. რასაც ის აპირებდა, ძალიან დიდ სამზადისს საჭიროებდა და არც ერთი დეტალის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებოდა. მერე, თანდათანობით საქმე ისე წავიდა და ბონაპარტის ავტორიტეტი ისე გაიზარდა, რომ მინისტრები და თვით დირექტორიის წევრები მასთან მხოლოდ თავაზიანობის ვიზიტით კი არ მიდიოდნენ, არამედ სახელმწიფო საქმეებზე ესაუბრებოდნენ, რჩევას ეკითხებოდნენ და მოქმედების გეგმებს უთანხმებდნენ.
    გენერალს ტალეირანიც ესტუმრა და თანაც არაერთგზის. ყოფილი მინისტრი (ტალეირანს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ დროს აღარ ებარა) თავიდან დარცხვენილი იყო იმის გამო, რომ ეგვიპტეში ლაშქრობის დასაწყისშივე მოატყუა იგი და საგანგებო მისიით სტამბოლს არ გაემგზავრა. ბონაპარტმა წყენა გულში ჩაიხვია, და მას ასეთი ქცევის მიზეზიც არ გამოჰკითხა, აზრი არ ჰქონდა, მართალს ხომ მაინც არ ეტყოდა, ხოლო ტალეირანი მას ახლა მოკავშირედ სჭირდებოდა. ექსმინისტრი ხელისუფლებაზე მწყრალად ბრძანდებოდა და თავის პოსტზე დაბრუნების ერთადერთ საშუალებად ბონაპარტის აღზევება მიაჩნდა. ამიტომ ის ყოველმხრივ დაუჭერდა მხარს გენერლის წამოწყებას. ასეთი ხალხის გამოყენების მეშვეობით, ბონაპარტს იმდროინდელი კულისებსმიღმა ბრძოლისა და ინტრიგების მთელი სურათი გამოესახა თვალწინ. ამ ლაბირინთში ღრმად ჩაწვდომამ გენერალს სწორედ ის დაანახა, რისი დანახვაც მას სურდა: საზოგადოების დიდი ნაწილი (პოლიტიკურად აქტიური საზოგადოებისა) უკვე მომწიფებული იყო „ძლიერი ხელისათვის“ და ამ ხელში სულ უფრო ხშირად მას, გენერალ ბონაპარტს, ასახელებდა.
    ბონაპარტს პოლიციის მინისტრი ჟოზეფ ფუშეც ესტუმრა. გენერალი ფუშეს არ იცნობდა და არც დიდი წარმოდგენისა იყო მასზე, ამიტომ ფუშეს სავიზიტო ბარათს მან თავიდან შესაფერისი ყურადღება არ მიაქცია და პოლიციის შეფი კარგახანს მისაღებში აყურყუტა. როცა ბონაპარტის ერთ-ერთმა თანამზრახველმა ყოვლისმცოდნე და ბევრისშემძლე მინისტრი სხვა მნახველების რიგში დაინახა, ლამის ელდა ეცა. ეს ის დრო იყო, როცა ბონაპარტიცა და მისი ერთგულებიც სახელმწიფო გადატრიალების გაქანებულ სამზადისში იყვნენ და ბევრ დასაფარ რასმეს აკეთებდნენ. ფუშეს რომ დიდი ყურები და მახვილზე მახვილი თვალი ჰქონდა, ეს პარიზში ყველამ იცოდა, ბონაპარტის გარდა. გენერალი სულ ლაშქრობებში იყო და პოლიციის შეფის ღირსებებზე რა უნდა სმენოდა? რეალი (ასე ერქვა ნაპოლეონის თანამზრახველს) მაშინვე გენერალთან შევარდა და აუხსნა, თუ რა შეცდომას ჩადიოდა იგი ფუშეს იგნორირებით. ბონაპარტი უცბად მიხვდა ყველაფერს და მაშინვე მოსაცდელში გამოვიდა. მან ბოდიში მოუხადა მინისტრს, მკლავში ხელი გამოსდო და ტკბილი ქათინაურებით თავის სამუშაო ოთახში შეიყვანა. მათი საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა. ახლა კი ჯეროვნად შეაფასა ბონაპარტმა ფუშეს უნარი და საქმეში ჩახედულობა. თავის მხრივ ფუშემაც დაიკმაყოფილა ინტერესი და იმაზე მეტი აღმოაჩინა, ვიდრე ელოდა. კერძოდ ის, რომ კაცი, ვის კაბინეტშიც ის სტუმრად იმყოფებოდა, ჩვეულებრივთა რიგიდან არ იყო და, როგორც ყველაფრიდან ჩანდა, მალე ისეთ მწვერვალებს მიაღწევდა, რომელზეც ბევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა. ფუშეს კი უკვე ჰქონდა ეს წარმოდგენა. ასე რომ, ვიზიტი ორმხრივად სასარგებლო გამოდგა. მოგვიანებით, ნაპოლეონმა თქვა, რომ არავის იმ დღეებში ისე ზუსტად და საქმის ისეთი ცოდნით არ აღუწერია მისთვის საფრანგეთის მაშინდელი მდგომარეობა, როგორც ეს პოლიციის მინისტრმა მოახერხა. ბონაპარტს ფუშესთვის მომავლის გეგმების შესახებ კონკრეტულად არაფერი უთქვამს, მაგრამ ფუშეს ეს არ სჭირდებოდა, მან უკვე ისედაც იცოდა მოსალოდნელი ამბების შესახებ და თანაუგრძნობდა გენერალს.
    ბონაპარტი კმაყოფილი იყო, საქმე წინ მიდიოდა. რაც მთავარია, იგი თავისი ჭეშმარიტი მისწრაფებების მარჯვედ შენიღბვას ახერხებდა. უნდა ითქვას, რომ ამ რთულ და დრამატულ თამაშში კომიკური ელემენტებიც საკმაოდ ერია. მათ, ვისაც ბონაპარტის ხელით სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა სურდათ (ასეთები კი მალე გამოინახა), გენერლის მარტო ბრმა იარაღად გამოყენება უნდოდათ და როგორც თვითონ ეგონათ, ანგარიშში არ ტყუვდებოდნენ. ამ მხრივ ყველაზე არხეინად თავს სიესი და ბარასი გრძნობდნენ. ერთს ეგონა, რომ ბონაპარტი მართლა მარტო ყოჩაღი და მიამიტი ოფიცერი იყო, ხოლო მეორეს – იმდენი გაეკეთებინა მისთვის და იმდენად ახლობლად თვლიდა, რომ „ცუდი“ რამის გაფიქრებაც არ უნდოდა. ასე რომ, ბონაპარტი მომავალ სპექტაკლში, ორივეს სტატისტად ესახებოდათ, ისღა დაგვრჩენია დავამატოთ, რომ სიესიც და ბარასიც თავ-თავიანთ გეგმებში ერთმანეთს არ უტყდებოდნენ და გადამწყვეტ ნაბიჯს ერთურთისაგან ფარულად ამზადებდნენ.
    ბარასი და ბონაპარტი ძველი ნაცნობები იყვნენ. მკითხველს, ალბათ, ემახსოვრება, თუ რა როლი ითამაშა ბარასმა ბონაპარტის კარიერის დასაწყისში. ემახსოვრება ისიც, თუ როგორ უწყობდა იგი ხელს ნაპოლეონისა და ჟოზეფინას შეუღლებას და როგორ ცდილობდა თავისი, აწ უკვე მობეზრებული საყვარლის პროვინციელი გენერლისთვის შეტყუებას. ბარასს ხშირი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამ გენერალთან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მან სრულებით ვერ ამოიცნო ვერც მისი ხასიათი და ვერც მისი მისწრაფებები. ბარასისთვის კორსიკელი ერთ ნიჭიერ, მაგრამ ახირებულ და მიამიტ მეომრად რჩებოდა, რომელიც ცოლში იყო უზომოდ შეყვარებული და თუ ვინმე ან რაიმე მას ამ სიყვარულში შეეცილებოდა, ეს უეჭველად მხოლოდ მისი არტილერია იქნებოდა. სამაგიეროდ, ბარასისგან განსხვავებით, ბონაპარტი იცნობდა კარგად „უცვლელ“ დირექტორსა და თავისი ცოლის ხელისმომკიდეს. იცნობდა როგორც მამაც, მაგრამ ამავე დროს ინტრიგან და კორუმპირებულ პიროვნებას. არასოდეს მას ბარასზე იმაზე მეტი წარმოდგენა არ ჰქონია, რასაც ის მართლაც იმსახურებდა. ბონაპარტი სარგებლობდა დირექტორის კეთილგანწყობით და მის მიერ გაწეულ დახმარებაზე არასოდეს „უარს არ ამბობდა“. თავის მხრივ, გენერალიც ეხმარებოდა ბარასს – ასე იყო 95-ის ვანდემიერში და 97-ის ფრუქტიდორში. ისე რომ, ბონაპარტი ბარასის მიმართ არც მაშინ იყო ვალში და არც ახლა. ახლა კი 99 წელი იყო. ამ დროისათვის ბარასმაც და მისმა პარტნიორებმაც უკვე ბოლომდე ამოწურეს თაგიანთი შესაძლებლობები და საფრან- გეთი ისეთი უფსკრულის პირამდე მიიყვანეს, საიდანაც ამოსვლა ჩვეულებრივი გზით აღარ მოხერხდებოდა. ბონაპარტის მომავალ გეგმებში ბარასს პირველხარისხოვანი როლი უკვე აღარ ეკისრებოდა. ამ ადამიანმა წლების განმავლობაში, თავისი თავის ისეთი კომპრომეტირება მოახდინა, რომ მის მხარეზე დადგომა და მით უმეტეს მისი გვერდში ამოყენება ბონაპარტისთვის შეიძლება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი გამხდარიყო.
    ამიტომ ბონაპარტს ბარასისგან ახლა მხოლოდ ერთი რამ ესაჭიროებოდა – შორს გამდგარიყო და პოლიტიკურ საქმიანობაზე ზელი აეღო. შეიძლება გენერალს ასე მთლად არც კი გაეწირა თავისი ყოფილი ხელის გამმართავი, მაგრამ, მისდაუნებურად, თვითონ ბარასი დაეხმარა მას ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში. აი, როგორ მოხდა ეს: ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ, ბონაპარტი და ბარასი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრები ორმხრივ დაზვერვას წარმოადგენდა. ბონაპარტი აკვირდებოდა დირექტორს და ვარაუდობდა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ უკვე ძალაუფლებაშერყეული კაცის ყველაზე უკეთ გამოყენება. თავის მხრივ ბარასიც „ჰკბილავდა“ ბონაპარტს და ისიც ვარაუდობდა, როგორ გაემაგრებინა თავისიშერყეული ძალაუფლება ამ გენერლის მეშვეობით. ამ შეხვედრებმა ბარასს ბევრი არაფერი მისცეს – მან ისევ ვერ ამოიცნო ბონაპარტის განზრახვა და ისევ გაურკვევლობაში დარჩა. ბონაპარტი კი სწრაფად გაერკვა ყველაფერში და მიხვდა, თუ რა როლს უმზადებდა მას დირექტორი. სხვათა შორის, დიდი ფიქრიც არ დასჭირვებია ამისათვის – ბარასმა პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყნის გასაჭირიდან გამოსაყვანად ცვლილებებია საჭირო, ხოლო ამ ცვლილებების შემდეგ, თქვენ ისევ თქვენს არმიას უნდა დაუბრუნდეთო. ამ სიტყვებით ბარასმა თავად დაუსვა წერტილი თავის კარიერას: გენერალმა იგი საბოლოოდ ამოშალა მომავალ თანამშრომელთა სიიდან. მაგრამ მას ეს, ცხადია, ბარასისათვის არ უთქვამს – დაე, დრომდე, დარჩენილიყო იგი საკუთარი ილუზიების ტყვეობაში: ბარასი ჯერ მაინც საშიში იყო და მას ბევრი რამის გაფუჭება შეეძლო. ამიტომ ახლა მისი ნეიტრალიზაცია იყო საჭირო; რაც ბონაპარტმა შესანიშნავად მოახერხა კიდეც.
    სულ სხვაგვარი ურთიერთობების დამყარება იყო საჭირო მეორე გავლენიან დირექტორ სიესთან. აბატ სიესს ბარასზე ბევრად უკეთესი რეპუტაცია ჰქონდა და თუნდაც მხოლოდ ამიტომ იყო ბონაპარტისათვის უფრო გამოსადეგი. იგი არ იცნობდა გენერალს და თავიდან არც ენდობოდა მას. სიესის გარეშე კი ბონაპარტს თავისი ჩანაფიქრის განხორციელება ძალიან გაუჭირდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ისე, როგორც ეს მას სურდა.
    ბონაპარტს ხელისუფლების სათავეში ჩადგომა ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელით უნდოდა, ე.ი. სახელმწიფო გადატრიალების „კონსტიტუციური“ გზით განხორციელება. ასეთ შემთხვევაში სიესი შეუცვლელი ხდებოდა მისთვის. მაგრამ მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საოცარი ის იყო, რომ იგივე უნდოდათ სიესსაც და ბარასსაც, ოღონდ საწინააღმდეგო შედეგით: გენერალს შავი საქმე უნდა შეესრულებინა, ხოლო შემდეგ პოლიტიკური არენიდან წასულიყო, ან, მისთვის უკეთეს შემთხვევაში, თუ გამარჯვებულთა სუფრაზე ადგილი გამოენახებოდა, ეს ადგილი მხოლოდ „საქორწილო გენერლისა“ ყოფილიყო. ბონაპარტიც ამიტომ ყოველმხრივ ცდილობდა არ გაეგებინებინა სიმართლე მათთვის და ერთობ მოხერხებულად თამაშობდა უპრეტენზიო და მიამიტი კაცის როლს.
    როგორც ვხედავთ, სიესსაც და ბონაპარტსაც ერთმანეთი სჭირდებოდათ, მაგრამ გარემოებათა გამო ისინი მხოლოდ მოგვიანებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა დირექტორიის მაშინდელი თავმჯდომარის, გოიეს ინიციატივით მოხდა, მისსავე სახლში. შეხვედრა აშკარად „არ გამოვიდა“ – მომავალი მოკავშირეები მთელი საღამო ამრეზილები იყვნენ და ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ გამარჯობა და ნახვამდის არ უთქვამთ ერთმანეთისათვის. გაცოფებული სიესი მერე ამბობდა: „ერთი ამ პატარა თავხედს დამიხედეთ! მთავრობის წევრს თავიც არ დაუკრა, იმ მთავრობისა, რომელსაც წესით ეგ უნდა დაეხვრიტა“. არც ბონაპარტი დარჩენილა ვალში და სხვა დირექტორებს უთხრა: ნეტავ, ეგ მღვდელი რამ შეგაყვანინათ მთავრობაშიო?
    საკვირველია, ასე რატომ მოხდა. რად უნდოდა ბონაპარტს სიესთან რომ ქედმაღლობდა? იქნებ თავიდან მისი შესაძლებლობები ვერ განსაზღვრა, ან იქნებ შეეშინდა, მიამიტის როლის თამაშში არ გადავაჭარბოო და ცოტათი კლანჭებიც გამოაჩინა? ვინ იცის. მაგრამ, მისთვის საბედნიეროდ, ეს შეხვედრა უკანასკნელი არ გამოდგა. იყო ხალხი, ვისაც მათი კავშირი ხელს აძლევდა და ამიტომ ძალ-ღონე არ დაიშურა მათი ხელახალი შეხვედრისათვის. ამ ხალხში ერთი პირველთაგანი ბატონი ტალეირანი ბრძანდებოდა. სწორედ, მისი მეცადინეობით იყო, რომ გასათამაშებელი პიესის ერთმანეთისადმი ანტიპათიურად განწყობილი ეს ორი გმირი შერიგდა და „დამეგობრდა“.
    იმ დღეებში სიესმა და ბონაპარტმა რამდენჯერმე ინახულეს ერთმანეთი. მათ შეხვედრებს ზოგჯერ ტალეირანიც ესწრებოდა, ზოგჯერ კი მოკავშირეები პირისპირ საუბრობდნენ ერთმანეთთან. ამ კონტაქტებს შედეგად ის მოჰყვა, რომ შეთქმულებმა ერთობლივი მოქმედების საკმაოდ რთული გეგმა შეიმუშავეს. ამ გეგმის მიხედვით, ბონაპარტს არმიის ხელმძღვანელობა უნდა გადმოებირებინა თავისაკენ, სიესს კი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო – დირექტორია – დაეშალა. შემდეგი ეტაპი იქნებოდა უმაღ- ლესი საკანონმდებლო ორგანოს – ხუთასთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს თვითდაშლა, კონსტიტუციის გაუქმება და დროებითი კონსულატის გამოცხადება სამი კონსულის შემადგენლობით (ეს კონსულები უნდა ყოფილივვნენ სიესი, ბონაპარტი და როჟე-დიუკო). რადგან აღნიშნულ ღონისძიებებს კანონიერი სახე ექნებოდა, ბონაპარტი ვარაუდობდა, რომ მას არ გაუჭირდებოდა გენერალიტეტის თავის მხარეზე გადმოყვანა. იტალიისა და ეგვიპტის ლაშქრობის მონაწილენი (ბერტიე, ლანი, მიურატი, ლეკლერკი) ისედაც გვერდიდან არ სცილდებოდნენ მას, ხოლო სხვებს რაც შეეხებოდა, გენერალს იმედი ჰქონდა, რომ იგი ტკბილი სიტყვითა და ლამაზი დაპირებებით მათი გულის მონადირებასაც შეძლებდა. მართლაც, სულ მოკლე დროში, მან ზუსტად შეასრულა გეგმის „თავისი ნაწილი“. რესპუბლიკის არმიის თითქმის მთელი უმაღლესი სარდლობა (თვით ყველაზე ჭირვეული გენერლის, მოროს ჩათვლით) მის მხარეზე იყო, ხოლო ისინი, ვინც აშკარად არ იჭერდა მის მხარეს, ნეიტრალიზებულნი იყვნენ. ნაპოლეონის ძალისხმევამ ის შედეგი გამოიღო, რომ როდესაც სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა და იგი ქვეყნის სათავეში მოექცა, მას არმიის მხრიდან არათუ სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია, არამედ პირიქით, შეიარაღებული ძალები მის გვერდით დადგნენ და მისი ნების შემსრულებლები აღმოჩნდნენ.
    თავის მხრივ, სიესიც შეუდგა გეგმის მეორე ნაწილის შესრულებას. დირექტორიაში სიესს ერთი თანამზრახველი უკვე ჰყავდა -– როჟედიუკო. გეგმის მიხედვით, სიესიცა და როჟე-დიუკოც გამოაცხადებდნენ ნებაყოფლობითს გადადგომას და ამით მაგალითს მისცემდნენ სხვა დირექტორებს, რათა ისინიც გადამდგარიყვნენ. დირექტორების ნებაყოფლობითი გადადგომა დირექტორიის თვითლიკვიდაცია იქნებოდა, რაც კანონიერების ფარგლებში ჩაეტეოდა. სხვაგვარად, დირექტორიას მხოლოდ საკანონმდებლო ორგანო – ხუთასთა და უხუცესთა საბჭოები – თუ დაშლიდა. მაგრამ ამ ორგანოებზე დაყრდნობა სიესსა და ბონაპარტს არ შეეძლოთ, რადგან მათში ბევრი იყო არსებული წყობილების მომხრე და ისინი, ალბათ, არ დაეთანხმებოდნენ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ასეთ „რადიკალურ“ გზას. მაგრამ სიესსა და ბონაპარტს ჯერ თვით დირექტორიაში არ ჰქონდათ საქმე მოგვარებული. კერძოდ, მათ ბარასის საკითხი ადარდებდათ. ბარასი არასგზით არ დათანხმდებოდა ხელისუფლებიდან ნებაყოფლობით წასვლას, ამიტომ შეთქმულებმა ის უბრალოდ მოატყუეს, ბოლომდე არაფერი გააგებინეს და, ამგვარად, მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენეს. ბარასს ყველამ უღალატა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მისივე პოლიციის მინისტრმა ფუშემ, რომელიც ამ კაცის ძველი თანამებრძოლი ივო ჯერ კიდევ რობესპიერის დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლისას; ყველასგან გაცურებულ ბარასს ბონაპარტის დახმარების იმედიღა დარჩა და ამიტომ საჩქაროდ კაცი გაუგზავნა მას. მაგრამ, როდესაც მისი წარგზავნილი, ვინმე ბუტო გენერალთან მივიდა, ამ უკანასკნელის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა: „რა უქენით უჩემოდ საფრანგეთს, რომელიც ასე კარგ მდგომარეობაში დაგტოვე, – დაუყვირა ბონაპარტმა ბარასის ემისარს. – მე მშვიდობა დაგიტოვეთ, თქვენ კი ომი დამახვედრეთ, მე გამარჯვებები დაგიტოვეთ, თქვენ კი დამარცხებებით შემხვდით- რა უყავით იმ ასეულ ათას ფრანგს, მე რომ ვიცნობდი და ჩემი თანამებრძოლები იყვნენ? ეს თქვენ დაახოცინეთ ისინი“ შეშინებული ბუტო იქაურობას გაეცალა და ბარასისკენ გაქანდა. როცა შერისხულმა დირექტორმა მომხდარი მოისმინა და ყველაფერში გაერკვა, მიხვდა, რომ მისი საქმე წასული იყო. ბარასს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, რაღაც უცბად მოტყდა და ბედს უსიტყვოდ დამორჩილდა. „გამოსათხოვარი“ სიტყვისათვის ბონაპარტმა მასთან ტალეირანი გაგზავნა. გენერალი სენტიმენტალურ გრძნობებს კი არ შეუწუხებია, არამედ, უბრალოდ, ბარასისგან გადადგომის ქაღალდი სჭირდებოდა და ამიტომ მიანდო ეს მისია ტალეირანს – იკანკლური ლაპარაკის აღიარებულ დიდოსტატს. შეთქმულებს ექს-მინისტრი ხელცარიელი არ გაუშვიათ ბარასთან – ძალაუფლებასთან განშორება რომ გაადვილებოდა, ამ უკანასკნელს ერთი მილიონი ფრანკი „უსახსოვრეს“ (მერე ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ ეს ფული ტალეირანს ბარასამდე არ მიუტანიაო. ბარასიც ამას ამტკიცებდა. ბუნებრივია, რომ ტალეირანი საწინააღმდეგოს ამბობდა. მოკლედ, ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებდა ყალთაბანდობას. სინამდვილეში კი როგორ იყო საქმე, არავინ იცოდა. ისე, ბარასს იმდენი ჰქონდა ცხოვრებაში აღებული, ხოლო ტალეირანს ჯერ კიდევ ასაღები, რომ მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი).
    ბარასის გადადგომით შეთქმულებმა ძლიერი კოზირი მოიპოვეს. ხუთი დირექტორიდან სამმა უკვე გამოაცხადა ხელისუფლებისგან განდგომა. დარჩნენ ორნი – გოიე და მულენი. მაგრამ „ობლად“ დარჩენილმა დირეტორებმა მოულოდნელად შეუპოვრობა გამოიჩინეს და შეთქმულთა განზრახვას წინ აღუდგნენ. გულმოსულმა ბონაპარტმა სახალხოდ შეუტია მათ: „თქვენ თქვენის ნგრევის ფაზაში შესული კონსტიტუციით რესპუბლიკას ვერ გადაარჩენთ. რესპუბლიკა საფრთხეშია და მას შველა უნდა.. მე მსურს ასე! სიესი და დიუკო ხომ გადადგნენ, ახლა ბარასმაც უარი თქვა დირექტორობაზე, მარტო თქვენ ორნი დარჩით, ყველასგან მიტოვებულნი და უძლურნი, ამიტომ წინააღმდეგობის გაწევას თავი დაანებეთ“ მიუხედავად ამისა, დირექტორებმა გადადგომაზე კვლავ უარი თქვეს და თავ-თავიანთ სამუშაო ოთახებს მიაშურეს. მაშინ ბონაპარტმა გენერალ მოროს დაავალა მათი რეზიდენციისათვის ჯარის ნაწილებით ალვა შემოერტყა და ისინი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში მოათავსა. აი, ეს კი უკვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გოიეცა და მულენიც „გონს მოგებოდნენ“ და გადადგომა გამოეცხადებინათ. ასე განუტევა სული დირექტორიამ. ახლა ჯერი საკანონმდებლო ორგანოზე – უხუცესთა და ზუთასთა საბჭოზე – მიდგა.
ბონაპარტისა და სიესის გეგმის მიხედვით, ორთავე საბჭო მეორე დღეს, ე.ი. 18 ბრიუმერს (9 ნოემბერს) პარიზის მახლობლად, პატარა ქალაქ სენ–კლუში უნდა გადაბარგებულიყო, ვითომდა პარიზში მოსალოდნელი მღელვარებისაგან თავის შესაფარებლად. არავითარი მღელვარების ნიშნები მაშინდელ პარიზს არ ეტყობოდა, მაგრამ ბონაპარტს კარგად ახსოვდა 92 წლის ზაფხულის მოვლენები და მომავალ ამბებში უმართავი ბრბოს ჩარევის ეშინოდა. მის შიშს სიესიც იზიარებდა და იგი ხუთასთა საბჭოს ყველაზე შფოთისთავი დეპუტატების წინასწარ იზოლაციასაც კი მოითხოვდა. მაგრამ ბონაპარტი წინ აღუდგა ამ განზრახვას და, „გაურთულებლაღ“ მოქმედება გადაწყვიტა. 17 ბრიუმერს, საღამოს, ბონაპარტმა თავისი სახლისა და მის მიმდებარე ქუჩებში, „ყოველ შემთხვევისათვის“, კავალერისტთა პოლკი განალაგა, ხოლო უმაღლესი ოფიცტრები და პარიზის რეგიონის ჯარის ნაწილები მეორე დღის დილისათვის „მოიწვია“ იმავე მისამართზე. მართლაც, 18-ში დილით, პარიზის ქუჩებში ჯარის ნაწილები გამოჩნდნენ, რომლებიც ბონაპარტის სახლის შორიახლო დაბანაკდნენ. გენერლები – მორო, მაკდონალდი, ლეფევრი, მისი განუყრელი ლანი, ბერტიე, მიურატი – ყველანი იარაღასხმულნი ბონაპარტს შემოეხვივნენ. მალე ბონაპარტი, გენერალთა ამ ბრწყინვალე ამალის თანხლებით, უხუცესთა საბჭოსკენ გაემართა. მანამდე კი იქ დიდი ამბები მოხდა. ბონაპარტის მომხრე დეპუტატ კორნიეს ინიციატივით, უხუცესთა საბჭომ დაამტკიცა წინადადება სხდომების სენ-კლუში გადატანისა და ბონაპარტის პარიზში და მის გარშემო მყოფი ჯარების მთავარსარდლად დანიშვნის შესახებ. უხუცესთა საბჭოს დეპუტატები გაოგნებული უსმენდნენ კორნიესა და მის თანამზრახველთ, რომელთა სიტყვებიდან ჩანდა, რომ აღმოჩენილია რესპუბლიკის საწინააღმდეგო საშინელი შეთქმულება; რომ ყველა დეპუტატს უკლებლივ საფრთხე ემუქრება; რომ ერთადერთი ხსნა სხდომების დაცვის საქმის ბონაპარტის ხელში გადაცემაა. როგორც კი თავგზააბნეულმა დეპუტატებმა ეს წინადადებები მიიღეს, მათთან ბონაპარტი გამოცხადდა, რომელმაც, შეძლებისდაგვარად, დაამშვიდა კანონმდებლები და მათ რესპუბლიკისა და მათი პირადი უსაფრთხოების დაცვის გარანტია მისცა.
    18 ბრიუმერის საღამოს, საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა, თითქმის მთელი შემადგენლობით და ბონაპარტის მიერ გამოყოფილი ძლიერი საარმიო ბადრაგის თანხლებით სენ-კლუში გადავიდა. თავის ნებაზე „მიშვებულმა“ კანონმდებლებმა პირველად იქ გააანალიზეს შექმნილი მდგომარეობა და ლამის ელდა ეცათ. განსაკუთრებით ხუთასთა საბჭოს წევრები აბობოქრდნენ. ბევრმა მათგანმა მაშინღა დაინახა მიმდინარე მოვლენების მიმართულება და რისხვამ მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს თავმჯდომარის პოსტი იმხანად ლუსიენ ბონაპარტს (ნაპოლეონის ძმას) ეკავა, ბევრი „ხუთასიანელი“ საკმაოდ არასასიამოვნო კონტექსტში მოიხსენიებდა სწორედ თავმჯდომარის ძმას – ყველა იმდღევანდელი ამბის ინიციატორს. სად არის შეთქმულება, ან ვინ არის ამ შეთქმულებაში მონაწილე? – კითხულობდნენ დეპუტატები. რა გვინდოდა სენ-კლუში, ან რატომ არის აქ ამდენი ჯარისკაცი? ეს კითხვები უპასუხოდ რჩებოდა.
    მდგომარეობის ასეთი დაძაბვის დროს კი ბონაპარტი და მისი უახლოესი თანამზრახველები ისევ დედაქალაქში იყვნენ და გასაკვირ პასიურობას იჩენდნენ. ნაპოლეონს არ უნდოდა ძალის გამოყენება და ამიტომ იგი სიესს მიენდო, რომელიც, როგორც ირწმუნებოდა, ყველაფრის კონსტიტუციური გზით მოგვარებას მოახერხებდა; ეს გზა ნაკლებმტკივნეული იყო და წარმატების შემთხვევაში აშკარად ლეგიტიმურად გასაღდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ქმედებასაც საფუძველში ტყუილი ედებოდა და ძირითადად, დეპუტუტთა გაცურებაზე იქნებოდა დამყარებული. მაგრამ სიესის გეგმამ არ გაამართლა. საქმეში გარკვეულმა დეპუტატებმა ორივე პალატაში ენერგიული მუშაობა გააჩაღეს და სიტუცია შეთქმულთა წინააღმდეგ მიმართეს.
    იაკობინელ და სხვა მემარცხენე პარლამენტართა მცდელობით, საქმე ისე წავიდა, რომ პალატების თვითდაშლა ერთობ საეჭვო გახდა. თვით ბონაპარტი სენ-კლუში 19 ბრიუმერს ჩავიდა. 13 საათზე კი ორივე პალატის სხდომები გაიხსნა. წარდგენილი იყო პროექტი უხუცესთა და ხუთასთა საბჭოს თვითლიკვიდაციის, კონსულატის დაარსების, კონსტიტუციის შეჩერების და სამ თვეში მისი ახალი პროექტის შემუშავების შესახებ. ბონაპარტი, სიესი, მათი თანამზრახველები, არმიის უმაღლესი ოფიცრები ამავე შენობის პირველ სართულზე მოთავსდნენ და შედეგებს იქ ელოდებოდნენ.
    მაგრამ დრო მიდიოდა და არაფრიდან ჩანდა, რომ ამ პროექტებს დაამტკიცებდნენ. დარბაზში სულ უფრო ხშირად გაისმოდა ხმები, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად მოწყობილია, რომ ბონაპარტი მატყუარაა, რომ მას ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს. ლუსიენი ვეღარ ერეოდა დეპუტატებს. მაშინ, ნაპოლეონმა გადაწყვიტა, პირადად მიემართა ორივე პალატისათვის, იგი ჯერ უხუცესთა საბჭოს წარუდგა და საკმაოდ უფერული სიტყვა წარმოთქვა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მას არაფერი ჰქონდა სათქმელი. ასეც იყო, რა უნდა ეთქვა? ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. ნაპოლეონმა შედეგს ვერ მიაღწია და უხუცესთა საბჭო დატოვა. გენერალი ორჭოფობდა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. უხუცესთა საბჭოში განცდილი მარცხის მიუხედავად, იგი ზხუთასთა საბჭოს სხდომათა დარბაზისკენ გაემართა. ეს მძიმე შეცდომა იყო. მისდა საბედნიეროდ, მას ოჟერო და რამდენიმე გრენადერი გაჰყვა. განრისხებული დეპუტატებით სავსე დარბაზში შესვლის წინ, ნაპოლეონი უცებ მოტრიალდა და მის უკან მომავალ გენერალს ჰკითხა: „ოჟერო, გახსოვს არკოლე?“.
    ბონაპარტის ოთახში შესვლა და დარბაზის აფეთქება ერთი იყო. დეპუტატები ფეხზე წამოიჭრნენ და – ძირს მოღალატე, ძირს ტირანიო! – დაიწყეს ყვირილი. რის სიტყვა, რა მიმართვა, ვინ რა აცალა გენერალს? ზოგი ყელში სწვდა, ზოგმა მხარი გაჰკრა, ზოგმაც მუჯლუგუნი უთავაზა... „კანონს გარეშე, კანონს გარეშე გამოვაცხადოთ“, – გაისმოდა მოწოდებები. ბონაპარტი ცუდად გახდა, ფერი წაუვიდა, ლამის გონება დაკარგა. იმ მძიმე წუთებში გრენადერებს რომ არ ემარჯვათ და ნახევრად– გულწასული თავიანთი გენერალი გარეთ არ გამოეტაცნათ, არავინ უწყის საქმე როგორ წავიდოდა (მერე თვითმხილველნიც მოინახნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ვითომდა ზოგიერთი დეპუტატის ხელში ხანჯალმაც გაიელვაო. მართლა ასე იყო თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ გენერალს და მის თანამზრახველებს რომ კარგი არაფერი ელოდათ, ამას წყალი აღარ გაუვიდოდა). ბონაპარტი პირველ სართულზე ჩაიყვანეს და მოასულიერეს, მაგრამ ჩანდა, რომ ეს საქმეს აღარ უშველიდა. ამიტომ გენერლის ბევრმა თანამოაზრემ სენ-კლუდან სასწრაფოდ გაცლა ამჯობინა. თანაც ჩუმად, უხმაუროდ, ისე, როგორც ასეთ დროს იციან ხოლმე.
    მალე გამოირკვა, რომ თვით აბატ სიესსაც კარეტა ჰყოლია იქვე გამზადებული, უკვე შებმული ცხენებით. ისე, ყოველ შემთხვევისთვის. როგორც ჩანდა, საქმე ჩაიშალა. მალე, დეპუტატები კანონგარეშე გამოაცხადებდნენ ამ ამბის წამომწყებთ და მათი დაპატიმრების დადგენილებას გამოიტანდნენ. მერე კი. მერე, როგორც იმდროინდელ საფრანგეთში იცოდნენ, წარსულ დამსახურებებს არავის ჩაუთვლიდნენ დავინ იცის, იქნებ იმ მძიმე წუთებში ბონაპარტს რობესპიერის ბედი გაახსენდა?
    აი, აქ კი გამოერკვა კორსიკელი და ძალა მოიკრიფა. სულ ცოტა ხანში ის უკვე ისევ ძველი ბონაპარტი იყო, ენერგიული, საქმიანი, გამბედავი. ყოყმანი და ორჭოფობა დამთავრდა. მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება – „ამ ადვოკატებმა“ ვერაფერი შეძლეს, ამიტომ ახლა თვითონ უნდა შემოეტრიალებინა ბედი თავისკენ. მართლაც, იმავე წამს, მან ათამდე გრენადერი გააგზავნა სხდომათა დარბაზში, სადაც დეპუტატები მის ძმას, ლუსიენს „უღებდნენ ბოლოს“. ჯარისკაცებმა ლუსიენიც გამოიტაცეს დარბაზიდან და ნაპოლეონთან ჩაიყვანეს (ლუსიენი „ხუთასთა საბჭოს“ თავმჯდომარე იყო და, ამდენად, ორმაგად უფრო სჭირდებოდა გენერალს). ნაპოლეონმა ძმას სულ ორიოდე სიტყვით აუხსნა ახალი ვითარება და თავისი გეგმა გააცნო. უმცროსი ძმა მაშინვე დაეთანხმა უფროსს და მასთან ერთად გაეშურა სასახლის მახლობლად გამწკრივებული ჯარის ნაწილებისაკენ. ძმებმა ჯარს ჩამოუარეს და როცა შესაფერისი მომენტი მოიხელთეს, სიტყვით მიმართეს მას. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა „ხუთასთა საბჭოს“ თავმჯდომარის სიტყვებს ჰქონდა. ლუსიენი ცხენზე აღიმართა და მთელი ხმით დაუმახა ჯარისკაცებს: „ხუთასთა საბჭო დაიშალა, მაგრამ უკეთურ დეპუტატთა უმცირესობა ძალადობას ახდენს უმრავლესობაზე, მე მოგიწოდებთ თქვენ სასწრაფოდ წახვიდეთ იქ და იხსნათ ეს უკანასკნელნი“.
    ძმის შემდეგ ნაპოლეონმაც შეუძახა ჯარისკაცებს და როცა მათგან „გაუმარჯოს ბონაპარტს!“ – გაიგონა, მიურატს თვალი უყო. თავზეხელაღებულ გასკონელს მეტიც არ უნდოდა. მან ერთი ბატალიონი გრენადერებისა წაიყვანა სასახლისაკენ და ორიოდე წუთში უკვე დარბაზში იყო. შეიარაღებული ჯარისკაცების დანახვაზე იქ ისევ ღრიანცელი ატყდა. აი, მაშინ კი დასჭექა მიურატმა: „აბა, გრენადერებო, ერთი ეს კომპანია აქედან მომაშორეთო“. და ისინიც მომართული ხიშტებითა და დაფდაფების ცემით დეპუტატთა შორის შეიჭრნენ. ატყდა ერთი ალიაქოთი. დეპუტატთა თავგანწირვა და სულ ცოტახნისწინანდელი პათოსი „რატომღაც“ უეცრად გაქრა. ვინ საით გარბოდა, არავინ იცოდა. უფრო ახალგაზრდები ფანჯრებს აღებდნენ და იქიდან ხტებოდნენ, სხვები კი სასახლის სხვა ოთახებში ცდილობდნენ დამალვას. დარბაზი წამში დაცარიელდა და იქ მხოლოდ გადატრიალების მომხრე რამდენიმე ათეული დეპუტატი თუ დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ, ნაპოლეონმა გრენადერებს უბრძანა ბაღის ბუჩქებში დამალული ზოგიერთი სხვა დეპუტატიც მოეძებნათ და დარბაზში დარჩენილებისთვის „დაემატებინათ“. ჯარისკაცები ასეც მოიქცნენ და ერთი ამდენი დამფრთხალი დეპუტატის მოძებნა მართლაც მოახერხეს. ასე და ამგვარად შეკრებილმა „საბჭომ“ უხმოდ და უდრტვინველად მიიღო დადგენილება დირექტორიის გაუქმების, კონსტიტუციის შეჩერების, კონსულატის შექმნისა და აღმასრულებელი საკონსულო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ. სხდომაზე სპეციალური დადგენილებით ხაზი გაესვა იმ აუცილებელ პირობას, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით შენარჩუნებული იქნებოდა რესპუბლიკური წყობილება, ხალხის უფლებების უზენაესობა, თავისუფლება, თანასწორობა და ქონებრივი საკუთრების ხელშეუხებლობა. უკანასკნელი დადგენილება, რომელიც იმპროვიზებულმა საბჭომ მიიღო, თვითლიკვიდაციის დადგენილება იყო. მანამდე კი, თითქოს ბედის ირონიააო, მიღებულ იქნა საგანგებო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც გენერალ ბონაპარტს უღრმესი მადლობა გამოეცხადა ბრიუმერის დღეებში სამშობლოსათვის გაწეული განსაკუთრებული სამსახურისათვის!
    აი, ასეთი კომიკური დასასრული ჰქონდა იმ დრამატულ წარმოდგენას, რომელიც 1799 წლის ნოემბერში გაითამაშეს პარიზის შემოგარენში მდებარე პატარა ქალაქ სენ-კლუში ნაპოლეონ ბონაპარტმა და მისმა ერთგულმა თანამზრახველებმა. გენერლის შორეული წინაპრების სამშობლოში, ამგვარი სპექტაკლების სცენაზე გათამაშების შემდეგ, მსახიობთა დასის რომელიმე მონაწილე ფარდის დაშვების წინ დიდის ზარ-ზეიმითა დამანჭვა-გრეხით აცხადებდა ხოლმე – კომედია დასრულდაო..
    მაგრამ, მიუხედავად ასეთი კომიკური ფინალისა და ასეთი ნანატრი გამარჯვებისა, ბონაპარტი მხიარულ ხასიათზე არ დამდგარა. ეტყობა, ხუთასთა საბჭოში გადატანილი შოკი ჯერ კიდევ თავისას შვრებოდა. შუაღამით, სავალდებულო ფიცის დადების შემდეგ, იგი დაუყოვნებლივ კარეტაში ჩაჯდა და დედაქალაქისკენ გაემგზაგრა, ფერმიხდილი და პირგამეხებული.
    პარიზში ახლად გამომცხვარ კონსულს, თავისებური სიურპრიზი ელოდა. ეშმაკსა და ზომაზე მეტად წინდახედულ პოლიციის მინისტრს, მოქალაქე ჟოზეფ ფუშეს, თურმე უკვე მოესწრო სპეციალური ბიულეტენის გამოშვება მომხდარ ამბებზე და, ასე გასინჯეთ, მისი ქალაქის შენობების კედლებზე ოპერატიულად გაკვრაც. ფუშე უშუალოდ არ მონაწილეობდა ბრიუმერის ამბებში, მაგრამ თავისი მსტოვრების მეშვეობით მან ყველაფერი იცოდა. როგორც პოლიციის მინისტრი, იგი, რა თქმა უნდა, ვალდებული იყო შეთქმულება გაემჟღავნებინა და მის უვნებელსაყოფად ყველა ზომა მიეღო. მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რითაც, დიდი სამსახური გაუწია ბონაპარტს და მის თანამზრახველებს. რატომ? იმიტომ, რომ ფუშე მარტო კარგი პოლიციელი კი არ იყო, არამედ კარგი პოლიტიკოსიც იყო და იგი კარგა ხანია ჭვრეტდა არსებული რეჟიმის აღსასრულს. თავისი უმოქმედობით მან ხელი შეუწყო გადატრიალებას და ამიტომ იყო, რომ, სხვებისაგან განსხვავებით, უმტკივნეულოდ შეინარჩუნა მისთვის ასე სასურველი მინისტრის პოსტი.
    სახელმწიფოს სათავეში მომხდარ ცვლილებებს საფრანგეთში, ძირითადად მშვიდად და, შეიძლება ითქვას, ოპტიმისტურად შეხვდნენ. ყველა ხედავდა, რომ დირექტორიამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ისედაც გაუბედურებული ქვეყანა სრულ გაჩანაგებამდე მიიყვანა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას თავისი ზურგით შეიგრძნობდა, ხოლო ისინი, ვინც შეჭირვებას არ განიცდიდნენ, იმას მაინც ატყობდნენ, რომ ასე აღარ გაგრძელდებოდა და რაღაც ცვლილებები მოხდებოდა. ამიტომ ბრიუმერის ამბები მოულოდნელი არ ყოფილა.
    1789 წლიდან მოყოლებული – მთელი ათი წელი – ხალხს მოსვენება არ ჰქონდა. ამ ათ წელიწადში მან იმდენი რამ გამოსცადა, რაც წინა ას წელიწადში არ განუცდია. ეს განსაკუთრებული და განსაცვიფრებელი ხანა იყო საფრანგეთის ცხოვრებაში – დიადიცა და საშინელიც. ჩვენ უკვე გვქონდა მასზე ლაპარაკი და ქვემოთაც მოგვიწევს კიდევ, მაშინ, როცა რევოლციურ მოღვაწეობასთან ნაპოლეონის კავშირს საბოლოო წერტილი დაესმება. ამიტომ აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ იმ დროს საფრანგეთში უკვე ყველას ყელში ჰქონდა ამოსული ულტრარევოლუციური ლოზუნგები და ამ ლოზუნგებზე დამყარებული პოლიტიკა. ქვეყანას მშვიდობა სჭირდებოდა – შინაც და გარეთაც. ძლიერ ხელისუფლებას კი ძლიერი ხელი სჭირდებოდა. ბონაპარტს ყველა იცნობდა – ვის ექნებოდა მასზე ძლიერი ხელი? აი, მოკლედ, ის რეაქცია, რომელიც ბრიუმერის გადატრიალებას მოჰყვა. რა თქმა უნდა, ყველგან ცალსახა გამოხმაურება ამ ამბავს არ მოჰყოლია და იყო ქალაქები (ტულუზა, ვერსალი, ლიოწი, მეცი), სადაც მემარცხენეებმა (ყოფილმა იაკობინელებმა) მოსახლეობის აყოლიება სცადეს და ახალი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდეს, მაგრამ აქედან არაფერი გამოუვიდათ. ყველაზე მეტს, რასაც მათ მიაღწიეს, ეს ზოგიერთ რეგიონში საპროტესტო წერილებისა და პეტიციების შედგენა იყო. სხვა, უფრო სერიოზული გამოსვლა არ ყოფილა. პარიზში კი, შფოთისა და მღელვარების ამ მარადიულ დედაქალაქში, ამასაც არ ჰქონია ადგილი. მარჯვედ შეარჩია მომენტი კორსიკელმა!
    კონსულატის პირველი სხდომა გადატრიალების მეორე დღესვე გაიმართა – 20 ბრიუმერს. სხდომა ლუქსემბურგის სასახლეში – ტრიუმვირატის მომავალ ადგილსამყოფელში შედგა. მოვლენათა განვითარების საწინაალმდეგოდ, აბატ სიესს მიაჩნდა, რომ ტრიუმვირატში მთავარი როლი მას, სახელმწიფოებრივი მოწყობის საქმის უბადლო მცოდნეს უნდა ჰქონოდა. ვინ იქნებოდა მისი კონკურენტი? როჟე-დიუკო, მისი ერთგული თანამებრძოლი და თანამზრახველი, რომელსაც ის არც ადრე უწევდა ანგარიშს და, მით უმეტეს, ახლა არად აგდებდა? თუ ბონაპარტი, ეს გამოჩენილი მხედართმთავარი, მაგრამ სრულიად გამოუცდელი პოლიტიკოსი, რომელსაც მხოლოდ დაქვემდებარებულის როლი თუ შეეძლო შეესრულებინა? – სიესი ასე ვარაუდობდა, მაგრამ პირველივე სხდომაზე საქმე სხვაგვარად წარიმართა. როჟე-დიუკომ წინადადება შეიტანა, სხდომის თავმჯდომარე ბონაპარტი ყოფილიყო. გენერალს უარი არ უთქვამს და, ამგვარად, კონსულატის პირველი, ისტორიული სხდომის თავმჯდომარეობა სიესს სულაც არ ერგო. რატომ მოხდა ასე, ძნელი სათქმელია: როჟე-დიუკო გააგულისა სიესის ქედმაღლობამ, თუ ბონაპარტს ჰყავდა იგი წინასწარ მომართული, ცნობილი არ არის. თუმცა ამას მნიშვნელობაც აღარა აქვს – იმ დღეს თუ არა, მეორე დღეს მოხდებოდა ასე, მეორე თუ არა – მესამე დღეს. სიესსა და მისთანებს წირვა დიდი ხანია გამოუყვანა ბონაპარტმა.
    მარტო სიესს კი არა, ბევრ სხვასაც თავიდან ასე ეგონა, რომ ბონაპარტს, ამ უშიშარ და უბადლო მეომარს, თავისი სამხედრო საქმის გარდა, არაფერი არ ესმოდა, არაფერი სხვა არ იცოდა და არაფერი არ უნდოდა. საკვირველია, რატომ ხდებოდა ასე. განა შეიძლებოდა ეჭვის შეტანა იმ ადამიანის შესაძლებლობებში, რომელმაც იტალიური კამპანიის წელიწადნახევრის განმავლობაში სახელმწიფოებრივი მოწყობის, კანონშემოქმედებისა და დიპლომატიის სფეროში ამდენი რამ შეძლო? განა, იტალიური რესპუბლიკები, თავ-თავიანთი კონსტიტუციებით, მისი შემოქმედების ნაყოფი არ იყო? განა, ლეობენისა და კამპოფორმიოს მოლაპარაკებების მსვლელობა და მათი შედეგები იმის დასტური არ იყო, რომ ეს ახალგაზრდა გენერალი ისეთივე თუ არა, არც ბევრად ნაკლები პოლიტიკოსი იყო, ვიდრე მხედართმთავარი? ეს შეცდომა ძვირად დაუჯდა მათ, ვისაც ბონაპარტის ბრმა იარაღად გამოყენება ეწადათ (ძვირად-მეთქი, რომ ვამბობთ, ამ სიტყვას მხოლოდ მასალად ვხმარობთ. რასაკვირველია, არავის არათუ მათგან, არამედ გენერლის უშუალო მოწინააღმდეგეთაგანაც კი, თითიც არ წამოსტკივნიათ მაშინ).
    ბონაპარტის წინადადებით, კონსულატმა გეზი მტრული ძალების შემორიგებისაკენ აიღო. ძნელია განცვიფრებით არ გაეცნო ახალი ხელისუფლის სულ პირველ ნაბიჯებს მისთვის მაინც უჩვეულო პოლიტიკურ ასპარეზზე. გამოცხადდა ამნისტია, რომელიც მონარქისტებსაც შეეხო და იაკობინელებსაც (ფუშემ, ახალი ხელისუფლების საამებლად, მაშინვე დააპატიმრა პოლიტიკურად არასაიმედო ბევრი მოღვაწე – როგორც როიალისტთა, ისე მემარცხენეთა მხრიდან). ბონაპარტმა კი, როგორც აღვნიშნეთ, ისინი შეიწყალა. უფრო მეტიც – ვისაც ადრე სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი და აღსასრულს ციხეებში ელოდებოდა, სასჯელი შეეცვალა და ქვეყნიდან გასახლებული იქნა; გისაც ნაკლები სასჯელი ჰქონდა, საერთოდ განთავისუფლებულ იქნა (აქ, რა თქმა უნდა, ლაპარაკია მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებზე). ემიგრანტებს მიწვევა გაეგზავნათ: მათ სთხოვეს ჩამოსულიყვნენ და გვერდში ამოსდგომოდნენ ახალ ხელისუფლებას. გაუქმებული იქნა მთელი რიგი სასტიკი კანონებისა, რომლებიც ხელს უშლიდნენ როგორც თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას, ისე რელიგიურ აღმსრულებლობას. პენსიები გაეზარდათ ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს.
    ასეთმა ნაბიჯებმა საზოგადოებაში დიდი მოწონება ჰპოვეს. ყველა განცვიფრებული იყო იმით, რომ ახალი ხელისუფლება ძველის მომხრეების დევნითა და განადგურებით კი არ იწყებდა თავის მოღვაწეობას (როგორც ეს წესად იქცა 1792 წლიდან), არამედ პირიქით, შემრიგებლობითა და კონსენსუსის ძიებით. საზოგადოებას არ შეეძლო ყურადღება არ მიექცია და არ მოსწონებოდა ისიც, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი ღონისძიება ხორციელდებოდა კოლეგიალურად, ერთი რომელიმე პიროვნების როლის წარმოჩინების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ატყობდა, თუ ვინ იდგა ამ ძირეული ცვლილებების უკან, ეს პიროვნება ცდილობდა ჩრდილში ყოფილიყო და თავისი დამსახურებებისათვის ხაზი ნაკლებად გაესვა. ბონაპარტმა იმ დროს თავისი განუყრელი სამხედრო მუნდირიც კი გაიხადა და პარიზელებს სამოქალაქო ტანსაცმელში მოევლინა (კოსტიუმების ასეთი ცვლა დიდი მსახიობისათვის ახალი არ იყო. ეგვიპტეში ყოფნის დროს იგი არაერთხელ წარმდგარა ადგილობრივი საზოგადოების წინაშე არაბულ ხალათში გამოწყობილი და ჩალმით თავდაბურულის.
    ბონაპარტს თამაში ოსტატურად მიჰყავდა. იმ პერიოდში მას აღიარება სჭირდებოდა, უკვე როგორც პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, ჯერ ქვეყნის შიგნით, შემდეგ კი მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, პირველ ხანებში, ბრიუმერიდან პირველ კვირებში, საჭირო სულაც არ იყო მისი დიქტატორული მისწრაფებების გამოვლინება. პირიქით, საჭირო იყო მოსახლეობის იმაში დარწმუნება, რომ ქვეყანას სათავეში სამოქალაქო მმართველობა ედგა და რომ მართვა კოლეგიალურად წარმოებდა. ხოლო როცა ახალი ხელისუფლება ფეხს მოიკიდებდა, როცა თვით ბონაპარტის ძალაუფლება პლებისციტით იქნებოდა დაკანონებული, აი, მაშინ მოჰკიდებდა იგი ჭეშმარიტად საქმეს ხელს და მაშინ შეუდგებოდა იმ გეგმების განხორციელებას, რომელთა მიხედვითაც იერი უნდა ეცვალა საფრანგეთს და ვინ იცის, იქნებ, მთელ ევროპასაც. მაგრამ ეს რომ მომხდარიყო, ჯერ აუცილებელი იყო შესაბამისი კონსტიტუციის შემუშავება, კონსტიტუციისა, რომელიც ბონაპარტის ძალაუფლებას დააკანონებდა.
    ახალი კონსტიტუციის შექმნა 19 ბრიუმერსვე იქნა გადაწყვეტილი და ამისათვის საკმაოდ შემჭიდროებული ვადებიც იყო დათქმული. მაგრამ ბონაპარტს დრო ძვირად უღირდა და ეს ვადები აღარ აწყობდა. იგი საკონსტიტუციო კომისიას ყოველმხრივ აჩქარებდა და აიძულებდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად შეემუშავებინა პროექტი. საკონსტიტუციო კომისიას, ფაქტობრივად, სიესი ხელმძღვანელობდა. სიესი ამ მხრივ დიდ ავგტორიტეტად ითვლებოდა და კომისიის წევრები მის წინადადებებს თითქმის უკრიტიკოდ იღებდნენ. ბონაპარტისგან განსხვავებით, სიესი არ ჩქარობდა. იგი ნელა მიჰყვებოდა კონსტიტუციის პარაგრაფებს და თუ ვინმე ჰკითხავდა, რა უნდა ყოფილიყო მთავარი ახალ ქმნილებაში, მრავალმნიშვნელოვნად ამბობდა: ნდობა ქვემოდან უნდა მოდიოდეს, ძალაუფლება კი ზემოდანო. მაგრამ სიესს ბოლოსდაბოლოს, ცხადია, მაინც მოუწია თავისი პროექტის გამომზეურება. ეს იყო ძალიან რთული და ჩახლართული პროექტი. აღიარებდა რა ხალხის ნების უზენაესობას, სიესი თვლიდა, რომ ხალხმა უშუალოდ არ უნდა განახორციელოს თავისი სუვერენიტეტი, რადგანაც თავის მასაში იგი არ არის ამისათვის საკმარისად განათლებული, ამიტომ მისი ძალაუფლება უნდა გადაეცეს სხვას – მის მიერ დასახელებულ წარჩინებულ პირებს – ნოტაბლებს, რომელთაგანაც „დიდი ელექტორი“ (ამომრჩეველი) აირჩევს თანამდებობის პირებს (ეს არჩევნები მრავალსაფეხურიანი იქნებოდა, დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობითა და დეპარტამენტებით და ცენტრალური ორგანოებით დამთავრებული). საკანონმდებლო ძალაუფლება გადანაწილებული იქნებოდა სახელმწიფო საბჭოს, ტრიბუნატს, საკანონმდებლო კრებასა და სენატს შორის. ამავე დროს ამ ორგანოებს სხვადასხვა ფუნქცია დაეკისრებოდა და სხვადასხვა შეზღუდული უფლება ექნებოდა.
    სიესის პროექტის დაწვრილებით განხილვას, ალბათ, აზრი არა აქვს – ეს პროექტი მაინც არ გავიდა. არ გავიდა თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ბონაპარტს არაფრად ეჭაშნიკა ე.წ. „დიდი ელექტორის“ ინსტიტუტი. პროექტის მიხედვით, ელექტორს ვერსალის სასახლეში უნდა ეცხოვრა, წელიწადში 5 მილიონი ფრანკი მიეღო, მხოლოდ ფორმალურად ემართა ქვეყანა კონსულების მეშვეობით და რაღაც საშუალო ყოფილიყო მონარქსა და პრეზიდენტს შორის. რადგან ბონაპარტს ქვეყნის უზენაეს მმართველად თავის თავის მეტი არავინ წარმოედგინა, ხოლო „დიდი ელექტორის“ ნახევრადკომიკურ ადგილზე თავისი თავი მან სწორედ რომ ვერ წარმოიდგინა, ამიტომ სიესის მთელი ეს ნამოღვაწარი დაიწუნა. საგანგებო სხდომაზე, სადაც აბატმა თავისი პროექტი დიდის ამბით წარადგინა, გენერალმა მას სულელერი უწოდა და თქვა, რომ „დიდი ელექტორი“ დასაკლავად ნასუქ ღორს ემსგავსებოდა და ხალხში დაცინვისა და ზიზღის მეტს არაფერს გამოიწვევდა. სიესს ეწყინა და გაიბუტა, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაბედა (ვერც სხვებმა, სხვათა შორის – 19 ბრიუმერის ამბები ყველას თვალწინ ჰქონდა).
    კონსტიტუციის პროექტის მომზადებას ბონაპარტმა თვითონ მოჰკიდა ხელი. რასაკვირველია, თავად მას არ დაუწყია ყველა პარაგრაფისა და მუხლის ქექვა და შეჯერება, მაგრამ საკონსტიტუციო კომისიის წევრებს თავიდანვე ისეთი მითითებები მისცა, რომ მათთვის ნათელი გახდა, თუ როგორი დოკუმენტი სჭირდებოდა გენერალს. ბონაპარტი ყურადღებით ეცნობოდა მათ ნამოღვაწარს და გამუდმებით შეჰქონდა მათში კორექტივები. ერთხელ, მორიგი მუხლების განხილვისას, გენერალს განსაკუთრებით მოეწონა რომელიღაც დებულება და წამოიძახა: „აი, ეს სწორედ ასე წერეთ – მოკლედ და გაუგებრად!“ ბონაპარტის ეს სიტყვები მერე აფორიზმად იქცა, რომელიც გენერალს თვითონვე მოსწონდა და იმეორებდა კიდეც: ხალხთან მოკლედ და გაუგებრად უნდა ილაპარაკოო.
    თვით ბონაპარტისეული კონსტიტუცია (ე.წ. VIII წლის კონსტიტუცია), მართლაც ბევრად მოკლე იყო, ვიდრე რესპუბლიკის წინა სხვა მსგავსი დოკუმენტები – 1793 და 95 წლებისა. მასში სულ 95 სტატია იყო. ბევრი იყო მასში ბუნდოვანი და გაუგებარი ადგილებიც. ამ კონსტიტუციაში ბონაპარტმა შეინარჩუნა სიესის ნამოღვაწარის ის სტატიები, რომლებიც მას აწყობდა და მისი ძალაუფლების განმტკიცებას უწყობდა ხელს.
    ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ძალაუფლება შედგებოდა სენატის, სახელმწიფო საბჭოს, ტრიბუნატისა და საკანონმდებლო კორპუსისაგან. კანონპროექტების წარდგენის უფლება მხოლოდ მთავრობას ეკისრებოდა. მთავარი ორგანო ამ საკანონმდებლო სისტემაში იყო სახელმწიფო საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება სამი კონსულისგან შედგებოდა. მათგან ერთს – პირველ კონსულს – სრული ძალაუფლება და გადამწყვეტი ხმა ექნებოდა, ორ სხვას კი – სათათბირო. პირველი კონსული ამავე დროს სახელმწიფოს მეთაურიც იყო. კონსულებს ფორმალურად სენატი ნიშნავდა, პირველი კონსული კი – სახელმწიფო საბჭოს. ეს იმას ნიშნავდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს საკანონმდებლო ფუნქციებიც ეკისრებოდა, მაგრამ ბონაპარტისთვის არც ასეთი დიდი უფლებამოსილება იყო საკმარისი. მისი მოთხოვნით, კონსტიტუციის ერთერთ მუხლში, ვითომდა სხვათა შორის, აღნიშნული იყო, რომ პირველ კონსულს უფლება ენიჭებოდა დაენიშნა ადგილობრივი მმართველობის მოხელეები. სულ მალე, რაღაც ერთ თვეში, ბონაპარტმა ეს უფლება სრულიად გამოიყენა და მთელი ქვეყანა მის მიერ შერჩეული პრეფექტებით მოფინა.
    პრეფექტებს ერთპიროვული მმართველობის უფლება ჰქონდათ თავ-თავიანთ რეგიონებში. პრეფექტების სისტემამ იმდენად გაამართლა, რომ ნაპოლეონის შემდეგ, იგი კიდევ 200 წელს ემსახურა საფრანგეთს, თითქმის შეუცგლელად. ფაქტობრივად პრეფექტი პირველი კონსულის ნების აღმასრულებელი პატარა დი ქტატორი იყო თავის რეგიონში. ამ ინსტიტუტის შემოღებით ბონაპარტმა თავისი მკაცრი კონტროლი დაუწესა ქვეყნის ყველა დეპარტამენტს, ქალაქს, სოფელს! მაგრამ ახალ კონსტიტუციას წინასგან ერთი განმასხვავებელი ნიშანიც ჰქონდა. ბონაპარტმა საჭიროდ ცნო კვლავ შემოეღო საყოველთაო სახალხო არჩევნების სისტემა. ეს სისტემა დემოკრატიზმის სამოსელში ხვევდა არსებითად დესპოტური რეჟიმის დამყარების პროცესს ქვეყანაში.
    კონსტიტუციის პროექტი სრულიად სახალხო პლებისციტზე გაიტანეს 1799 წლის 15 დეკემბერს. დასმული იყო მხოლოდ ერთი კითხვა: აძლევთ თუ არა ხმას ახალ კონსტიტუციას?
    პლებისციტის შედეგების წინასწარ ამოცნობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა – ყველაფრიდან ჩანდა, რომ მოსახლეობა ერთსულოვნად დაუჭერდა მხარს ახალ კონსტიტუციას. მაგრამ კონსტიტუციის ამოქმედებას დრო სჭირდებოდა, ბონაპარტს კი ძალიან ეჩქარებოდა სრული ძალაუფლების საკუთარ ხელში აღება. გენერალს ისეთი გეგმები ჰქონდა დასახული და იმდენი რამ მოსაგვარებელი, რომ მოცდა, თუნდაც რამდენიმე კვირით, არ შეეძლო. ამიტომ მან ისე გააკეთა, რომ კონსტიტუცია პლებისციტის შედეგების გამოქვეყნებამდე აამოქმედა. ეს ნაბიჯი იმისათვის იყო გადადგმული, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სენატორთა შეკრების მოწვევა, სადაც ახალ კონსულებს აირჩევდნენ და იქვე დაამტკიცებდნენ პირველი კონსულის კანდიდატურასაც. თუ ვინ ესახებოდა ამ თანამდებობაზე ბონაპარტს, იოლად გასაგებია.
    როცა 22 დეკემბერს, ლუქსემბურგის სასახლეში, კონსულების ამომრჩეველმა სენატორებმა თავი მოიყარეს, ბონაპარტის მომხრეებს მათ შორის უკვე ჰქონდათ თავიანთი პროტეჟეს სასარგებლო წინასწარი სამუშაო ჩატარებული. სიესმა არაფერი ამის შესახებ, ცხადია, არ იცოდა და დიდი იმედი ჰქონდა, რომ პირველ კონსულად მას აირჩევდნენ. რაიმე მოულოდნელობისაგან რომ დაზღვეული ყოფილიყო, სიესმა, პროფილაქტიკური თვალსაზრისით, თავის სიტყვაში ყურადღება სამხედრო დიქტატურის საშიშროებაზე გაამახვილა. ბონაპარტი კი, რომელსაც ვითომ არც გაუგონია აბატის სიტყვები, გაბადრული სახნთ მიუახლოვდა მას, მკლავზე მეგობრულად ხელი მოჰკიდა და ხმამაღლა უთხრა: „ჩვენს შორის არავითარი გაუგებრობა არ უნდა იყოს, ძვირფასო. მე ჩემდა თავად ხმას აბატ სიესს გაძლევ. თქვენ?“ შეცბუნებული სიესი იძულებული გახდა საპასუხო დიდსულოვნება გამოეჩინა და ეთქვა – „გენერალ ბონაპარტს“. გენერლის მომხრეებიც ამას ელოდნენ. დარბაზში ერთი ყვირილი ატყდა: „ყოჩაღ, ბონაპარტ, გაუმარჯოს ბონაპარტს!“ გენერალმა მაშინვე მადლობა გადაუხადა თავყრილობას და პირველი კონსულობა შეიფერა. სიესის მომხრეები, რომელთაც ვერაფერი გაეგოთ და ეგონათ, რომ ყველაფერი მათი პროტეჟეს თანხმობით ხდებოდა, თვითონაც გაცხარებულნი უკრავდნენ ტაშს. როცა დარბაზი დაწყნარდა, პირველმა კონსულმა დიდის ამბით სთხოვა ნირწამხდარ სიესს, დაესახელებინა ორი სხვა კონსული. მანაც დაასახელა კამბასარესი და ლებრენი, რომელთა კანდიდატურები უსიტყვოდ იქნა დამტკიცებული.
    სიესმა სულ მალე შეიცვალა თავისი ძველი შეხედულება ბონაპარტზე და ახლა მასზე ამბობდა, რომ ამ ადამიანმა ყველაფერი იცის, ყველაფერი უნდა და ყველაფერი შეუძლიაო. მაგრამ უკვე გვიან იყო (სიესს ნაპოლეონმა სენატის თავმჯდომარის ნომინალური პოსტი უბოძა, რომელიც პატივისცემისა და დაფასების გარანტი უნდა ყოფილიყო მისთვის. მაგრამ გრძნობდა რა, რომ მარტო ეს საკმარისი არ იქნებოდა, პირველმა კონსულმა ყოფილ კონსულს კიდევ მშვენიერი სასახლე და მოზრდილი ფულადი თანხაც დაუმატა.).
    როცა ახალი კონსულების არჩევის ამბავი პარიზში გავრცელდა და მათი ვინაობა ცნობილი გახდა, ბონაპარტების ოჯახის ერთმა ძველმა ნაცნობმა იწინასწარმეტყველა: ეს ღლავი (იგულისხმება ბონაპარტი) ამ ორ ჭიჭყინას უეჭველად გადაყლაპავსო. არცთუ დიდი ხნის მერე, მართლაც, ასე მოხდა.
    პლებისციტმა ისეთი შედეგი მოიტანა, როგორიც მოსალოდნელ იყო. ხუთი მილიონი ამომრჩევლიდან პლებისციტში მონაწილეობა სამმა მილიონმა მიიღო. მათგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა კითხვას, წინააღმდეგი კი სულ 1562 კაცი იყო. ამრიგად, „ბრიუმერის გმირმა“ ლეგიტიმურობაც მოიპოვა. ახლა იგი საფრანგეთის სათავეში და ევროპის პირისპირ იდგა. მარტო, ისე როგორც თვითონ სურდა. დანარჩენი – უკვე მასზე იყო დამოკიდებული.
პირველი კონსული
    ევროპელი მონარქებისგან განსხვავებით, ბონაპარტი მემკვიდრეობითი მმართველი არ იყო. თუ მათთვის ძველი და მემკვიდრეობითი მმართველობა მეტწილად მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავდა, თუ ქვეყნის სათავეში ხანგრძლივად ყოფნა წარსულში ოდესმე მომხდარი გადატრიალებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების საიმედოდ დავიწყების გარანტია იყო, ბონაპარტისთანა უცხო და ახლადმოვლენილი კაცის უზარმაზარი ქვეყნის საჭეთმპყრობლად გახდომა, მხოლოდ ახალი კონფლიქტებისა და ახალი ცვლილებების მომასწავებელი შეიძლება ყოფილიყო. ბონაპარტი მაკიაველის მოწაფე იყო და დიდი ფლორენციელის ამგვარ შეგონებებს კარგად იცნობდა. მან იცოდა, რომ ერთადერთი ხსნა მისთვის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერაში იქნებოდა. ბრიუმერის შემდეგ ისე ჩანდა, რომ მას ეს მხარდაჭერა ჰქონდა. მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. თუ ბონაპარტის მმართველობა დაუყოვნებლივ არ გამოიღებდა რაიმე დადებით შედეგს საზოგადოებრივი ყოფის რომელიმე სფეროში მაინც, ეს მხარდაჭერა შარშანდელი თოვლივით გაქრებოდა.
    დირექტორიის ბატონობის პერიოდში, საფრანგეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ან, თუ გნებავთ, ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში საქმე ისე არეული და აწეწილი იყო, რომ რამე დაუყოვნებლივ დადებით შედეგზე ლაპარაკი თითქმის შეუძლებელი იყო. ასეთ ვითარებაში მყოფი ბონაპარტი იმ კაცს ჰგავდა, ზღვის გადაცურვა რომ მოსურვებია და საცურაო საშუალება კი არ ჰქონია. მაგრამ პირველმა კონსულმა სულ მალე დაამტკიცა, რომ ის სწორედ ის კაცი გახლდათ, რომელსაც ზღვის გადაცურვის სურვილიც ჰქონდა და მისი განხორციელების საშუალებაც.
    ნაპოლეონის კონსულობის პერიოდი ერთი ყველაზე საინტერესო და ყველაზე ნაყოფიერი იყო თვით ამ უჩვეულო ბედისა და მოვლენებით ასე მდიდარი ცხოვრების მქონე ადამიანის ბიოგრაფიაში. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა მართლაც სრულად გამოვლინდა მისი მრავალმხრივი ნიჭი და ამოუწურავი შესაძლებლობები. სხვათა შორის, ეს თავიდანვე, ქვეყნის სათავეში მისი მოსვლისთანავე შეიქნა ცნობილი, როცა პირველმა კონსულმა მაგრად ჩაავლო სახელმწიფო საჭეს ხელი და საფრანგეთი თავის მიერ დასახული გზით წაიყვანა. გავიხსენოთ, თუ რა დრო იყო ეს და როდის შეეჭიდა ამ გოლიათურ საქმეს ბონაპარტი. მაშინ, „როცა გარშემო სახელმწიფოსა და საზოგადოების მხოლოდ ნანგრევებიღა იყო, როცა ადამიანთა გონება შფოთსა და არეულობას მოეცვა, როცა ხაზინა ცარიელი იყო, როცა ვანდეაში აჯანყების ცეცხლი გიზგიზებდა და როცა რესპუბლიკის დამარცხებული არმიები გაერთიანებული ევროპის წინაშე ძრწოდნენ“ (ა. ტრაჩევსკი).
    საგანგებო ზომების მიღება ბონაპარტმა უკვე 25 დეკემბრიდან დაიწყო – პლებისციტის ჩატარების დღიდან. მისი დაჟინებული მოთხოვნით კონსულატის სხდომა იმ დღესვე ჩატარდა და პირველმა კონსულმა „სულმოუთქმელად“ დაიწყო თავისი გეგმების განხორციელება. სხდომაზე ბონაპარტი საპროგრამო სიტყვით გამოვიდა. ყველა, ვინც ეს სიტყვა მოისმინა ან წაიკითხა (იგი მალე „ყოველთა ფრანგთადმი“ მიმართვის სახით გავრცელდა ქვეყანაში), მიხვდა, რომ ბრიუმერის შემდგომი გარდამავალი პერიოდი დამთავრდა და საფრანგეთის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო. ამის მიმანიშნებელი ბევრი რამ იყო ამ სიტყვასა თუ მიმართვაში. დიდი გამჭრიახობა არ იყო საჭირო, რომ გამგონსა და წამკითხველს მასში ძველი სიტყვები ვეღარ ეპოვნა და ახალი კი იოლად ამოეცნო. კარგა ხნის წინ ფუჭად ქცეული რევოლუციური ფრაზეოლოგიის ნაცვლად, მასში მყარი ზელისუფლება, მკაცრი წესრიგი, ძლიერი არმია, მართლმსაჯულება და ზომიერება გაისმა. რამდენი წელია ასეთ სიტყვებს აღარავინ ხმარობდა საფრანგეთში! მაგრამ ახალი სიტყვები მარტო სიტყვები არ იყო, მათ უკან ახალი პოლიტიკა იდგა.
    ახალი პოლიტიკის არსი კი შემდეგში მდგომარეობდა: ბოლო უნდა მოღებოდა ფრანგთა შორის დამღუპველ ურთიერთდაპირისპირებას, უნდა მოსპობილიყო პარტიათა შორის შუღლი, წინააღმდეგობა და უნდა მომხდარიყო სოციალური ძვრებისაკენ ცალმხრივად გადახრილი საზოგადოებრივი აზრის ეროვნულისკენ შემოტრიალება. არა მაინცდამაინც რევოლუციური სამშობლო, არა მხოლოდ რესპუბლიკელთა ქვეყანა, არამედ საფრანგეთი, საერთოდ, და თანაც, უპირველესად ყოვლისა! არა იაკობინელები, როიალისტები, ფეიანები თუ კიდევ სხვა მრავალი ჯურის პარტიელები, არამედ ფრანგი ერის სამსახურში ჩამდგარი, ფრანგული დროშის ქვეშ გაერთიანებული პატრიოტები! აი ახალი პოლიტიკის არსი. აი, საით უმიზნებდა და საით ურტყამდა ბონაპარტი.
    ახალ პოლიტიკას ძველ პირობებში ვერავინ გაატარებდა. ის, რაც ბონაპარტს სურდა, საითკენაც ის მიისწრაფოდა, შიდააშლილობითა და შიდაუთანხმოებით არეულ ქვეყანაში ვერ განხორციელდებოდა. ამას ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და. მორჩილი ქვეყანა სჭირდებოდა. ასეთ ქვეყანას ლოზუნგებით, მიტინგებითა და მუშტის ქნევით ვერავინ ააშენებდა. ახლა „ეს“ ბონაპარტს აღარ სჭირდებოდა. ეს ეტაპი მისთვის სამუდამოდ განვლილი იყო. ახლა მას სიმშვიდე, წესრიგი და ერთიანობა უნდოდა. ისე, როგორც იმ ქვეყანას, რომლის სათავეშიც ის მივიდა. ბონაპარტი კარგი ფსიქოლოგი იყო და კარგადაც ხედავდა, რა სურდა მის ქვეყანას. ამიტომ აიღო ასეთი კურსი პირველმა კონსულმა, ამიტომ შეეხო ერთიანობისა და პატრიოტიზსმის სიმებს. არა პარტიულობის ნიშნით დაქსაქსული ქვეყანა, არამედ ზეპარტიული, სრულიად საფრანგეთის დროშის ქვეშ გაერთიანებული სახელმწიფო – აი, ბონაპარტის მიზანი.
    პირველი კონსულის მოწოდება იშვიათი ერთსულოვნებით აიტაცეს ქვეყანაში. წესრიგსა და სიმშვიდეს დანატრებული ხალხი მაშინვე დაეთანხმა მას. რაც შეეხება ერთიანობას, ეს, რა თქმა უნდა, უფრო ძნელი მისაღწევი იყო, მაგრამ ყინული გალღვა და წინსვლა ამ მიმართულებითაც აღინიშნებოდა.
    რაზე მეტყველებდა ბონაპარტის ასეთი პოლიტიკა, რისი მომასწავებელი იყო იგი? მხოლოდ იმისა, რომ წესრიგის ჭეშმარიტად დამყარებასთან ერთად საფრანგეთის რესპუბლიკაში რევოლუცია ოფიციალურად უნდა დასრულებულიყო. ამიერიდან ყველასათვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ „რევოლუციურ პროცესს“ ბოლო მოეღო და მეტი გარჯა ამ მხრივ საჭირო აღარ იყო. როგორც თვითონ პირველი კონსული ბრძანებდა, ამიერიდან „მოლავბეები და იდეოლოგები აღარავის სჭირდებოდა“ (ისე, რევოლუციური პროცესი საფრანგეთში კარგა ხნის დასრულებული იყო, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ, ოფიციალურად ამის გაცხადებას ერიდებოდნენ.
    ახლა ესეც გაკეთდა. ბონაპარტმა სიმშვიდისა და აღმშენებლობისაკენ მოუწოდა ხალხს. ვინ არ გამოეხმაურებოდა ასეთ მოწოდებას? განა 10 წლის ტანჯვა-ვაებით გადაღლილი ხალხი უარს იტყოდა ამაზე? რა თქმა უნდა, არა, და ამიტომაც მოიპოვა პირველმა კონსულმა ლამის ერთსულოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში.
    მაგრამ მოწოდებას შესრულება სჭირდებოდა, შესრულებას კი – შემსრულებლები. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება იყო.
    ახალ კაბინეტში შვიდი მინისტრი შედიოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ტალეირანს ერგო, სამხედრო მინისტრისა – ბერტიეს (შემდეგ იგი ლაზარ კარნომ შეცვალა), ფინანსთა – გოდენს, ხოლო პოლიციის მინისტრისა – ფუშეს. სახელმწიფო მდივნის ახალ პოსტზე მარე დაინიშნა. კაბინეტის შემადგენლობა აშკარად „ჭრელი“ იყო და მისდამი პირველი კონსულის თავისებურ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა. ახალი მინისტრების სახელები კარგად იყო საფრანგეთში ცნობილი და ცალკეული მათგანის კაბინეტში შეყვანა არავითარ გაკვირვებას არ იწვევდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ პირველმა კონსულმა ახალ მთავრობაში ერთმანეთის საპირისპირო შეხედულებების ამდენ ადამიანს მოუყარა ერთად თავი, გაკვირვებასა და გაუგებრობას იწვევდა. გასაკვირი ის იყო, რომ ბონაპარტმა კაბინეტი ერთი აზრისა და ერთი სულისკვეთების ადამიანებისგან კი არ შეადგინა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, არამედ, თითქოს განგებო, მან მასში სულ სხვადასხვა წარსულისა და სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანები შეიყვანა. რით იყო ეს გამოწვეული? რა თქმა უნდა, ორიგინალობით არა. ბონაპარტი ისეთი კაცი არ იყო, რომ ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში ასეთი სარისკო ექსპერიმენტები დაეწყო. მაშ რით? იმით, რომ კორსიკელი კვლავ პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამოდიოდა და მომენტის სირთულეს ითვალისწინებდა. საფრანგეთი იმ დროს ღრმა კრიზისში იმყოფებოდა, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად განსაკუთრებული ზომების მიღება იყო საჭირო. ასეთ ზომებს კი მხოლოდ განსაკუთრებული მონაცემებისა და შესაძლებლობების ადამიანები მიიღებდნენ. ახალი კაბინეტის წევრები სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ. მერე, მრავალი წლის შემდეგ, სპეციალისტები დაწერენ, რომ საფრანგეთს, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ასეთი კომპეტენტური მინისტრთა კაბინეტი არ ჰყოლიაო. ამის მტკიცება ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, მაგრამ ის, რომ ნაპოლეონის პირველი მინისტრთა საბჭო, მართლაც, საქვეყნოდ განთქმული მოღვაწეებისგან შედგებოდა, ეჭვს გარეშეა. ჩავუკვირდეთ მათ სახელებს.
    ტალეირანი – ვირტუოზი დიპლომატი და გამჭრიახი პოლიტიკოსი; ფუშე – სამძებრო საქმის უბადლო ოსტატი, დაბადებით პოლიციელი; კარნო – სტრატეგიისა და სამხედრო მშენებლობის შესანიშნავი მცოდნე, გამოჩენილი მათემატიკოსი; გოდენი – ცნობილი ფინანსისტი და ეკონომიკის საკითხების ექსპერტი; მარე – ადმინისტრაციული საქმეების ბრწყინვალე მცოდნე, ფუტკარიგით მოუღლელი მომუშავე. ეს მართლაც თანავარსკვლავედი იყო, უმაღლესი რანგის პროფესიონალების ნაკრები. რაც შეეხებოდა მათ პოლიტიკურ თუ სხვა წარსულს...
    ეს ბონაპარტს სრულიად არ აღელვებდა, ყოველ შემთხვევაში, იმხანად. მისთვის მთავარი იყო, რომ ისინი თავის საქმის კარგი მცოდნენი იყვნენ, შეუდარებელი სპეციალისტები, და ამიტომ საერთო საქმეს სარგებლობას მოუტანდნენ. სხვას ბონაპარტისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მნიშვნელობა ეძლეოდა მხოლოდ იმას, თუ როგორ შეეთვისებოდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს, როგორი თანხმობა ექნებოდათ ერთმანეთში. ეს, მართლაც, პრობლემური იყო, მაგრამ ბონაპარტს არც ეს საკითხი აღელვებდა განსაკუთრებით. თავის ცხოვრებაში მას ამაზე არანაკლები პრობლემები გადაელახა უკვე და არც ახლა უფრთხოდა სიძნელეებს. იგი თვითონ აპირებდა ყველაფრის მოგვარებას, რადგან სახელმწიფოს ფორმალური მმართველი კი არა, ერთპიროვნული მპყრობელი იქნებოდა და ყველაფერს თვითონ გადაწყვეტდა. ნიჭიერი და საქმის მცოდნე მინისტრები კი მას მხოლოდ შემსრულებლებად სჭირდებოდა, ოღონდ კარგ შემსრულებლებად!
    ეს საკითხისადმი თავისებური და მართლაც საინტერესო მიდგომა იყო. ყველა ხელმძღვანელი, ცხადია, ასე არ იქცევა ან ასე ვერ იქცევა. უმეტეს მათგანს, ლაპარაკია ერთპიროვნულ მმართველებზე, ეშინია ნიჭიერი და კომპეტენტური თანაშემწეებისა და უფრთხის მათ დაწინაურებას. ბონაპარტი სხვა კატეგორიისა იყო, ის არავის უფრთხოდა – არც მოწინააღმდეგეებს და არც მომხრეებს – მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: ის მათზე მაღლა იდგა!
    მაგრამ არ იქნებოდა სწორი, თუ არ აღვნიშნავთ, რომ მინისტრთა კაბინეტის (ან, თუ გნებავთ, სახელმწიფოს სხვა სტრუქტურების) შედგენისას, ბონაპარტი მხოლოდ ზემოხსენებულ პრინციპს ეყრდნობოდა. არა, მას სხვა, ასევე შორსგამიზნული და ასევე ეშმაკური განზრახვაც ჰქონდა. საქმე ისაა, რომ მის მიერ გამოცხადებული „ეროვნული თანხმობის“ პოლიტიკა საქმით დამტკიცებას საჭიროებდა და, უპირველესად ყოვლისა, თვით სახელმწიფოს მეთაურისგან. და აი, ამტკიცებდა კიდეც პირველი კონსული პირველი კაბინეტის შედგენით, რომ ის თვითონაა ამ „თანხმობაში“ მაგალითის მომცემი. განა, მის მიერ შედგენილი კაბინეტის მარტო შემადგენლობა არ კმაროდა ამის დასადასტურებლად? ვინ იყო ტალეირანი? ყოფილი ეპისკოპოსი, ძველი არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი. ვინ იყო ფუშე? ყოფილი იაკობინელი, ულტრამემარცხენე, არისტოკრატთა რისხვა! ვინ იყო კარნო? ჭეშმარიტი რესპუბლიკელი, რევოლუციის მოტრფიალე. ვის შეეძლო ამის შემდეგ ეთქვა, რომ ახალი მთავრობა „ერთპარტიული“ ნიშნით არის შედგენილიო? არავის. თვითონ ნაპოლეონი ახალ კაბინეტთან დაკავშირებით ამბობდა: „რომელი რევოლუციონერი არ ენდობა იმ წყობას, სადაც ფუშე მინისტრი იქნება? ასევე თავადაზნაურობის რომელ წარმომადგენელს არ ექნება წინსვლის იმედი, როცა მთავრობაში ოტენის ყოფილ ეპისკოპოსს იხილავს? ერთი მარცხნიდან დამიცავს, მეორე – მარჯვნიდან. თვითონ მე კი ახალ ფთთო გზას გავხსნი, რომლითაც ყველას შეეძლება თავის საწადელამდე მისვლა!“ ასეთი სიტყვები და ასეთი ქცევა, ვის გულსაც გინდა, იმას მოინადირებდა. აკი ამბობდა კიდეც მარმონი: განა, რამე შეიძლება ყოფილიყო, რასაც ჩვენ მისი გულისთვის არ გავაკეთებდითო? ამ ადამიანს მართლაც გასაოცარი უნარი ჰქონდა ყველა აემუშავებინა და ყველა გვერდში ამოეყენებინა. რედერერი საოცარ რამეს იხსენებს. მისი სიტყვებით, ბონაპარტის თანამშრომლებს უცნაური რამ ემართებოდათ: „საშუალო მონაცემების კაცი თავს ტალანტად წარმოიდგენდა, ხოლო ნიჭიერი კაცი საშუალო დონემდე ეშვებოდა“. არაადამიანური მუშაობისა და დაძაბვისგან ბევრი მისი თანამებრძოლი წყობიდან გამოდიოდა. სხვათა შორის, მსგავს რამეს ტალეირანიც ატყობდა. როცა ერთმა ახლადშემორიგებულმა არისტოკრატმა გაოცება გამოთქვა ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა თავგადაკლული მუშაობის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასე „დაამშვიდა“ ის: „ეს ჯერ რა არის. ეგ მალე თქვენც ისე გამოგაშტერებთ, როგორც ჩვენო“. თუკი ასეთი რამ ტალეირანს მოსდიოდა, რაღა დაემართებოდა სხვებს?
    ისე, კაცმა რომ თქვას, ბონაპარტის ახალი პოლიტიკა ტალეირანისთვის მისწრება იყო. ძველი არისტოკრატი, თავისი სურვილის წინააღმდეგ რომ კინაღამ საეკლესიო კარიერას შემორჩა, მერე კი ვითარებათა ცვლის გამო რომ გაიკრიჭა და ლამის რესპუბლიკელობა დაიბრალა, ახლა, როგორც იქნა, თავისთვის ნანატრ დროს მოესწრო და თავის სასურველ წრეში მოხვდა. ეს ის დრო იყო, როცა არც რესპუბლიკელები იყვნენ უკვე მოდაში და არც არისტოკრატები დაბრუნებულიყვნენ მთლად ქვეყნის ცხოვრებაში, ასეთი დრო აწყობდა სწორედ გაიძვერა და გაქნილ სიბარიტს. მას ხომ ერთი მხარეცა და მეორეც გაცურებული ჰყავდა, და ახლა ასეთი შუალედური პერიოდი მისთვის ზედგამოჭრილი იყო. ეს ადამიანი ყველას და ყოველთვის ატყუებდა. მასზე ამბობდნენ, რომ ჯერ მეფე მოატყუა, მერე რესპუბლიკელები, მერე იმპერატორი, ხოლო ბოლოს, სიკვდილის წინ, ეშმაკიცო (ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ ამ გაკრეჭილმა მღვდელმა ზიარება მაინც მიიღოო). თუ როგორი რეპუტაცია ჰქონდა ტალეირანს, იქიდანაც ჩანს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მოსწრებულად ნათქვამმა ერთმა ფრაზამ ქვეყანა მოიარა და ისტორიას შემორჩა: „როგორ, ნუთუ ტალეირანი მოკვდა? ნეტავ, ეს მაინც რაში დაჭირდაო“?
    ტალეირანი სამართლიანად არის შესული მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში, როგორც მისი ერთი უბრწყინვალესი წარმომადგენელი. მაგრამ, როცა ლაპარაკია ტალეირანის, როგორც პირველი კონსულისა და იმპერატორ ნაპოლეონის საგარეო საქმეთა მინისტრზე, აქ ერთი რამ უნდა აღინიშნოს და ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი: ნაპოლეონის ხელში ტალეირანი მოკლებული იყო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას. მთელ თავის ნიჭს, მთელ თავის შესაძლებლობებს იგი მხოლოდ ნაპოლეონის მიერ შემუშავებული ინსტრუქციების შესრულებას ახმარდა. მოსწონდა თუ არა ტალეირანს, მას ის უნდა ეკეთებინა, რასაც ბონაპარტი უბრძანებდა. იყო რა თვითონაც შესანიშნავი დიპლომატი და დიდი პოლიტიკოსი, ნაპოლეონი თავის სახელოვან მინისტრს საკითხთა გლობალურ ხედვაში და ამ საკითხთა დაყენებაში აღემატებოდა. ბონაპარტი პოლიტიკის შემქმნელი, მისი შემომქმედი იყო, მაშინ როდესაც, ტალეირანი – მისი ბრწყინვალე შემსრულებელი. სხვათა შორის, ამას თვით ბენევენტოს თავადიც არ მალაგდა. და არა მარტო ნაპოლეონის ზეობის ჟამს, არამედ მერეც, მრავალი წლის შემდეგ, როცა სიბერეში შესული თავის მემუარებს ჩაჰკირკიტებდა და თავის საიდუმლოს ქაღალდს უნაწილებდა. დაახლოებით ასეთივე დღეში იყო კარნოც, სამხედრო მინისტრი.
    კარნო სამხედრო საქმის შესანიშნავი მცოდნე იყო. ეს პედანტიზმამდე პუნქტუალური კაცი ღრმად იყო არმიულ ცხოვრებაში ჩახედული და შესანიშნავი ორგანიზაციული ნიჭით იყო დაჯილდოებული. მაგრამ კარნოც, თვით მჩქეფარე ენერგიის მქონე მოუღლელი კარნოც, უძლური იყო ბონაპარტის ყოვლისმომცველ და ზღვარგადასულ ენერგიასთან, პირველი კონსული ყველაფერს სწვდებოდა და ყველაფერში იხედებოდა. მან იცოდა არა მარტო ცალკეულ არმიულ შენაერთთა საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობა, მათი მოქმედების სავარაუდო გეგმა, დისლოკაციის ადგილის ყოველი შეცვლა, მათი აღჭურვა და მომარაგება, არამედ მან იცოდა ამ შენაერთთა ნაწილებისა და ქვეგანაყოფების (პოლკებისა და ბატალიონების!) ყოველგვარი თავისებურება. უფრო მეტიც – მან იცოდა სად, რომელ ნაწილში რამდენი გამოცდილი ჯარისკაცი მსახურობდა და სად და რითი გამოიჩინეს მათ თავი – ასეთ ტვირთს, ცხადია, კარნოც ვერ ზიდავდა.
    მაგრამ ნაპოლეონს მთავრობაში ერთი მინისტრი ჰყავდა, რომელიც თავის საქმეში აშკარად აღემატებოდა მას. ეს პოლიციის მინისტრი ჟოზეფ ფუშე იყო. ფუშეს მეტოქეობა ნაპოლეონს არ შეეძლო. საერთოდ, არავის არ შეეძლო. იმიტომ რომ ფუშე დაბადებით პოლიციელი იყო, დაბადებით გამომძიებელი და ჯაშუში. ფუშე ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ მისი ნიჭი მხოლოდ ამ მხრივ იყო განვითარებული. არავინ იცნობდა მასზე უკეთ საფრანგეთის და განსაკუთრებით პარიზის დამნაშავეთა სამყაროს, მასავით არავის შეეძლო პოლიტიკური ცხოვრების ფარულ მიმდინარეობებში ორიენტირება და არავის ჰქონდა მასავით მდიდარი კრიმინალური არქივი. არც იმდენი მსტოვარი ჰყავდა ვინმეს, რამდენიც ფუშეს. ის გაიძვერა და ვერაგი კაცი იყო, სისხლიანი და დაუნდობელი. ეს, სწორედ, ის ფუშე გახლდათ, რომელმაც, კოლო დერბუასთან ერთად, სისხლში ამოახრჩო ლიონელები. ამავე დროს, ახლა ეს ვითომ სხვა ფუშე იყო, სხვა კაცი, წყნარი და თავაზიანი, მუდამ მოკრძალებული, პატრონის თვალებში შემციცინე და ამავე დროს ზურგს უკან ხანჯალმომარჯვებული.. ატყობდა ამას ყველაფერს ნაპოლეონი, ატყობდა და თვალყურსაც ადევნებდა მას, მაგრამ, ეტყობა, ბოლომდე ვერა, თუმცა ბოლომდე ფუშეს ვინ უთვალყურებდა... პოლიციის მინისტრი განსაკუთრებული უნდა იყოსო, ამბობდა ნაპოლეონი, მის თვალს არაფერი უნდა გამოეპაროს და მის სმენას არაფერი გამორჩესო. ამავე დროს, და სწორედ ამიტომ, მას ზედმეტი ძალაუფლება არ უნდა ჰქონდესო. თქმა და აღსრულება ერთი იყო: ბონაპარტმა ძალაუფლება შეუკვეცა პოლიციის მინისტრს და მას მხოლოდ თვალყურის დევნისა და ძიების წარმოების უფლება დაუტოვა. ამასთან ერთად თავისი მსტოვრები მოადგილეებად დაუნიშნა: მაგას რომ ჩამოეძინოს, ვიღაცამ ხომ უნდა გააღვიძოსო, – ცინიკურად ახსნა ეს ნაბიჯი პირველმა კონსულმა. ფუშემ ტუჩი მოიკვნიტა და თავისებური იქედნური ღიმილით ჩაიღიმა (რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ნაპოლეონმა, უკგე იმპერატორმა, რაღაც დარღვევისათვის ფუშე გვარიანად გამოლანძღა და თან დასძინა, თუმცა, რა გასაკვირია ეს თქვენგან, თქვენ ხომ მეფის სიკვდილით დასჯას მიეცით ხმაო, პოლიციის მინისტრმა ისევ ისეთი ღიმილით უპასუხა: ოღონდაც, თქვენო უდიდებულესობავ, ოღონდაც, ეს ხომ პირველი სამსახური იყო, რომელიც მე თქვენ გაგიწიეთო!).
აი, ასეთი ნაირფეროვანი მინისტრები ჰყავდა საფრანგეთის პირველ კონსულს მთავრობაში და ასეთ მინისტრებთან ერთად შეუდგა იგი ქვეყნის „ალორძინების ძნელ გზას. ეს მინისტრები ნიჭიერები იყვნენ, გამოცდილნი თავიანთ საქმეში, მუშაობაში დაუზარელნი და ბონაპარტს მეტიც არაფერი უნდოდა მათგან. მათი მორალური მხარე არ აინტერესებდა, აი, ერთგულებაში კი ეჭვი მუდამ შეჰქონდა, მაგრამ თვლიდა, რომ მოუვლიდა და მოერეოდა მათ. მუშაობაში მაგალითის მიმცემი კი, რა თქმა უნდა, ისევ თვითონ იყო. ჩვენ უკვე არაერთხელ მოგვიხდა ნაპოლეონის შრომისმოყვარეობაზე საუბარი, არაერთხელ შევხვდით მას წიგნებში თავჩარგულსა და სწავლას დაწაფებულს. ახლა კი მარტო წიგნების კითხვის დრო აღარ იყო, ახლა სხვაგვარი მუშაობის დრო იყო (ისე, წიგნების კითხვას ახლაც აგრძელებდა პირველი კონსული. ტიუილრის სასახლის უფროსი ბიბლიოთეკარი მერე აღნიშნავდა, რომ, ალბათ, არავის ქვეყნად იმდენი წიგნი არ წაუკითხავს, რამდენიც ნაპოლეონსო, მარტო მისი სალაშქრო ბიბლიოთეკა 800 ტომზე მეტს შეიცავდა, ხოლო მისი ღვთისმეტყველური ბიბლიოთეკა სიმდიდრით უნიკალური იყოო. თურმე ოცნებად ჰქონია კაცობრიობის საუკეთესო ლიტერატურული ქმნილებების გამოცემა, 3 ათას ტომად და მათი ოქროთი მოვარაყებულ ყდებში ჩასმა.).
    ამ ადამიანის შრომისუნარიანობაზე ლეგენდები დადიოდა. მერე რომ აღარ მოგვიხდეს ამ საკითხზე სპეციალურად შეჩერება, ბარემ აქვე, მისი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის დასაწყისშივე შევეხოთ მას. განსაკუთრებული ბუნებრივი მონაცემების გარდა, ყველაზე თვალში საცემი და ყველაზე მთავარი ნაპოლეონის შრომისადმი დამოკიდებულება და შრომისუნარიანობა იყო. როგორც თანამედროვენი აღნიშნავდნენ, მას ერთი წუთითაც არ შეეძლო უსაქმოდ გაჩერება. დროის სულ მცირე, თუნდაც უმნიშვნელო, მონაკვეთის უქმად დაკარგვა მისთვის მთელ ტრაგედიას წარმოადგენდა. ეს იყო რაღაც განსაკუთრებული, ზღვარდაუდებელი შრომისუნარიანობა. „მუშაობა ჩემი სტიქიაა, – ამბობდა იგი, – ყოფილა რომ თვალები დამღლია, ფეხებიც აღარ დამმორჩილებია, მაგრამ მუშაობის სურვილი და მუშაობის უნარი არასოდეს მომკლებიაო“. საინტერესოა, რომ იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ასეთად დარჩა. ის კი არა, რაც უფრო მაღლა ადიოდა იერარქიულ საფეხურზე, მით უფრო მეტ საქმეს ჰკიდებდა ხელს და მეტს მუშაობდა. მისი ენერგია იმდენად დაუშრეტელი იყო და, საერთოდ, იგი იმდენად ენერგიული და აქტიური კაცი გახლდათ, რომ ზოგიერთ, მისი აქტივობით განაწამებ ქვეშევრდომს ეჭვიც კი ებადებოდა, ეშმაკთან ხომ არა აქვს კავშირიო (როცა მასთან მთელი დღის მუშაობით გადაღლილი მინისტრები თუ სხვა სახელმწიფო მოხელეები, ბოლოს და ბოლოს, ახერხებდნენ მისი კაბინეტიდან გამოღწევას, სახლში მისვლისას მათ ნაპოლეონის ბარათი ხვდებოდათ, რომელშიც ახალი კითხვები და ახალი პრობლემები იყო დასმული.).
    დროის მოგების მიზნით, ნაპოლეონი ხშირად რამდენიმე წერილს ერთად კარნახობდა და თანაც ისე სწრაფად, რომ მისი მდივნები ჩაწერას ვერ ასწრებდნენ. ამ ადამიანის კორესპონდენცია უზარმაზარია. მისი ბრძა. ნებების, განკარგულებების, პროექტების რიცხვი ასტრონომიულს უახლოვდება. მაგალითად 1812 წელს რუსეთში ლაშქრობისას, მარტო ერთ დღეს, ვიტებსკში ყოფნისას, ასზე მეტი წერილი შეადგინა – სულ სხვადასხვა შინაარსისა და სხვადასხვა ადრესატისადმი მიმართული! სანიმუშოდ ერთერთი მათგანი ავიღოთ, თუნდაც ის, რომელიც ლაპლასს ეკუთვნოდა. რამდენიმე დღით ადრე იმპერატორმა დიდი მეცნიერისგან ახალი ნაშრომი – „ალბათობის ანალიზური თეორია“ – მიიღო. „სხვა დროსა და სხვა ვითარებაში მე, რა თქმა უნდა, გამოვნახავდი შესაძლებლობას და ინტერესით გავეცნობოდი ალბათობის თქვენს თეორიას. ახლა კი იძულებული ვარ მხოლოდ კმაყოფილება გამოვხატო იმით, რომ როცა კი თქვენ მეცნიერების სრულმყოფ ახალ ნაშრომს გამოსცემთ ხოლმე, ამით ყოველთვის ერის დიდებას აღამაღლებთ. მათემატიკური მეცნიერების განვითარება და სრულქმნა მჭიდროდაა დაკავშირებული სახელმწიფოს კეთილდღეობასთან“, – პასუხობდა ნაპოლეონი.
    მეცნიერებს, და განსაკუთრებით ზუსტი მეცნიერების წარმომადგენლებს ნაპოლეონი დიდ პატივს სცემდა, ხოლო ლაპლასს მათ შორის უპირველეს ადგილს ანიჭებდა. დიდმა ასტრონომმა თავისი კლასიკური ნაშრომის – „ციური მექანიკის“ ერთი ტომი 1802 წელს სწორედ ნაპოლეონს მიუძღვნა. „მე ბედნიერი ვარ მივუძღვნა იგი გმირს, ევროპის მშვიდობის მყოფელს, ადამიანს, ვისაც საფრანგეთი აყვავებასა და თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტ დიდებას უნდა უმადლოდეს. “ ეწერა ამ მიძღვნაში. ვალში არც ბონაპარტი დარჩენილა: „მე მეჩვენება, რომ „ციური მექანიკა“ მთელი ჩვენი საუკუნის ბრწყინვალებას წარმოაჩენს“.
    ზუსტი მეცნიერებებისადმი ნაპოლეონის განსაკუთრებულ პატივისცემაზე ერთი ასეთი ფაქტიც მეტყველებს. ცნობილ მწერალს დე სენ-პიერს, როგორღაც ბონაპარტთან დაუჩივლია, რომ საფრანგეთის უმაღლეს სამეცნიერო დაწესებულებაში – ინსტიტუტში – ჯეროვანი პატივისცემით არ მექცევიანო (გავიხსენოთ, რომ თვითონ ბონაპარტიც ამ ინსტიტუტის წევრი იყო). ერთი მითხარით -–- უკითხავს ნაპოლეონს მწერლისთვის – თქვენ დიფერენციალური გამოთვლები თუ იცით? არა, საიდანო, მხრები აუჩეჩავს სენ–პიერს. მაშინ რაღას გიკვირთო? გასცინებია პირველ კონსულს. „დამიჯერეთ, მე ბევრი მიზეზი მაქვს იმისათვის, რომ ტახტზე არ ჩამომეძინოს, – ამბობდა იგი მოგვიანებით, – მე ხომ სხვების სამაგალითოდაც უნდა ვიმუშაო, თუნდაც იმიტომ, რომ ეს სხვები მხოლოდ იმის გამო არ გარბიან სახლში, რომ მე ვარ ასე შრომისმოყვარე და თვალს არ ვაშორებ მათ“. თავის ასეთ მუშაობას კიდევ ასე ხსნიდა: ხალხს იმიტომ უნდა ემსახურო, რომ უფლება მოიპოვო, მერე ის ამსახურო შენთვისო. ერთი მისი იმდროინდელი მოხელე მოგონებებში წერდა, რომ ნაპოლეონი დღეღამეში თვრამეტ საათს და კიდევ მეტს მუშაობდა, რომ წერილების შედგენა იქნებოდა ეს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება თუ ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა – იგი ყველაფერს არაჩვეულებრივად სწრაფად და გასაოცრად ორგანიზებულად აკეთებდაო.
    შრომისმოყვარეობასთან მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ნაპოლეონის ხასიათის კიდევ ერთი თავისებურება – ცნობისმოყვარეობა, ან უფრო სწორედ, ცოდნისმოყვარეობა, მას ყველაფერი აინტერესებდა, ყველაფრის შესწავლას ცდილობდა, ყველაფრის არსში ჩაწვდომა სურდა. ნაპოლეონის ხასიათის ამ თვისებაზე მიუთითებს მისი ერთი გამონათქვამი: „კაცი თუ უცხო ქალაქში მოხვდება, კი არ უნდა მოიწყინოს და ყურები ჩამოყაროს, არამედ უნდა მიიხედ-მოიხედოს, გარემოს დააკვირდეს, რადგან, ვინ იცის, იქნებ როდისმე ამ ქალაქის აღება მოუწიოსო“. ამ სიტყვებში მთელი ნაპოლეონია – მარად მოუსვენარი და მარად ახლის მაძიებელი.
არაჩვეულებრივი მეხსიერებისა და დაუღალავი შრომის წყალობით მან უამრავი რამ შეისწავლა. მის გარემომცველთ ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდათ, რომ ამ კაცმა ყველაფერი იცოდა. მართლაც, მან ბევრი რამ იცოდა და ბევრ რამეზეც მიუწვდებოდა ხელი. იგი თავისუფლად ელაპარაკებოდა ლაპლასს ციურ მექანიკაზე და გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებების“ ლიტერატურულ-ფილოსოფიურ თავისებურებებზე, ჟაკ ლუი დავიდს კლასიკური ფერწერის ღირსებებზე, ხოლო ტალმას – ტრაგიკოსი მსახიობის საშემსრულებლო ტექნიკაზე. ცნობილია, თუ რა გაოცებას იწვევდა სამართალმცოდნეთა შორის იურისპრუდენციის მისი ღრმა ცოდნა, ხოლო ფინანსისტებს შორის საბანკო და საბირჟო ოპერაციებში სწორი ორიენტირება.
    ნაპოლეონის მუშაობის სტილის საილუსტრაციოდ, მის მიერ საქმის არსში ღრმად ჩაწვდომის უნარისა და სურვილის წარმოსაჩენად, თუნდაც მისი სამხედრო საქმისადმი დამოკიდებულება მოვიშველიოთ. მართალია, იგი სხვა სფეროშიც ისეთივე იყო, როგორიც სამხედრო საქმეში, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც უფრო „მისი“ იყო, სისხლხორცეული და, ამდენად, მაგალითად უფრო გამოდგება. თავად ნაპოლეონი ამბობდა, რომ სამხედრო საქმეში არაფერი დარ-ჩენილა ისეთი, მე რომ არ ვიცოდე და არ შემეძლოსო. თუ ვერ იპოვეს კაცი, რომელიც ზარბაზნის ყუმბარებს ამზადებს, მაშინ მე თვითონ დავამზადებო, ყუმბარებს კი არა ზარბაზნის ლაფეტსაც ავაწყობო, ლაფეტი რა არის, თუ საჭირო გახდა თვით ზარბაზანსაც ჩამოვასხამო. არავის ფიქრად არ მოსდიოდა ეჭვი შეეტანა ამ სიტყვებში. ყველამ იცოდა, რომ ის გააკეთებდა ამას, რადგან იცოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა. მან იცოდა რამდენი დრო სჭირდებოდა თერძს ჯარისკაცის მუნდირის შეკერვისთვის და იარაღის ოსტატს დამბაჩის ლულის გამოჩარხვისათვის. ამ მხრივ, ის სრული ანტიპოდი იყო იმ სამხედრო თუ სახელმწიფო მოღვაწეებისა, რომლებმაც მხოლოდ ის იცოდნენ და მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რაც მათი ვიწრო თანამდებობრივი მოვალეობიდან გამომდინარეობდა. ნაპოლეონის მასშტაბის, გაქანებისა და ხასიათის ადამიანისათვის მუშაობის ასეთი წესი, ცხადია, ყოვლად მიუღებელი იქნებოდა.
    ცხოვრების დასასრულს, წმინდა ელენეს კუნძულზე, როცა ყველა და ყველაფერი უკან დარჩა, როცა პირველად ცხოვრების მანძილზე ის ნამდვილი საქმის გარეშე აღმოჩნდა, მისთვის ყველაზე მძიმე, ყველაზე აუტანელი სწორედ უსაქმობა შეიქნა. ყველაფერს შეეჩვია – ძალაუფლების დაკარგვას, საკუთარი ქვეყნიდან მოშორებას, ცოლ შვილთან გაყრას, ერთადერთი, რასაც ვერაფერი მოუხერხა, რასაც ვერანაირად ვერ შეეგუა, საქმისგან ჩამოშორება იყო.
    ახლა ისევ 1800 წელს დავუბრუნდეთ და პირველი კონსულის პირგელ ნაბიჯებს დავაკვირდეთ. მთავარი, რაც იმ დროს ბონაპარტს უნდა გაეკეთებინა, ეს ყაჩაღობასთან ბრძოლა იყო. ყაჩაღობა და მოსახლეობის ძარცვა-გლეჯა ძველი ამბავი იყო საფრანგეთში, მაგრამ იმის ანალოგია, რაც დირექტორიის მმართველობის წლებში ხდებოდა, ვერც ამ ქვეყნისა და ვერც მისი მეზობლების ისტორიაში ვერ მოიძებნებოდა. რესპუბლიკური წყობილების მტრების – როიალისტების – მრავალრიცხოვანი რაზმები სარჩოსანოვაგისა და ფულის საშოვნელად პირდაპირ ყაჩაღობის გზას დაადგნენ. ძარცვავდნენ გლეხებს, ძარცვავდნენ მოხელეებს, საფოსტო და სამგზავრო დილიჟანსებს, თავს ესხმოდნენ სოფლებს და, ასე განსაჯეთ, პატარა ქალაქებსაც, სადაც საწყობებსა და მაღაზიებს აცარიელებდნენ. როგორც ასეთ დროს, საერთოდ, ხდება ხოლმე, „იდეურ“ ყაჩაღებს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავენიც მიეკედლნენ და ისინიც თავს „სამართლიანობის“ აღდგენის მოსურნეებად ასაღებდნენ. მათი ქცევა კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი იყო. კაცის კვლა, გატაცება, მშევლად აყვანა, ფულისა და ძვირფასეულობის გამოძალვის მიზნით უმოწყალო წამება – ყოველდღიური მოვლენა გახდა. ცოტა ხანში საქმე იქამდე მივიდა, რომ პარიზს იქით მგზავრობა სიცოცხლისთვის საშიში გახდა. დედაქალაქს პროვინციებისა და დეპარტამენტებისგან სრული მოწყვეტა დაემუქრა. უნიათო და კორუმპირებული პოლიცია ვერც ვერაფერს აწყობდა და არც ცდილობდა რამე ეღონა, იგი დამნაშავეებთან იყო დაკავშირებული, რადგან, მათგან მეტი სარგებელი ჰქონდა, ვიდრე სახელმწიფო სამსახურისგან.
    როცა ბონაპარტმა თავის პირველსავე საჯარო გამოსვლაში კანონიერებისა და წესრიგის დამყარება აღუთქვა თავის თანამემამულეებს, იგი ამაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყაჩაღობის ამოძირკვას გულისხმობდა. გაწამებული მოსახლეობა ენთუზიაზმით შეხვდა პირველი კონსულის სიტყვებს და ახლა საქმეს ელოდებოდა მისგან. საქმემაც არ დააყოვნა. ბონაპარტმა ყველაფერი გვერდზე გადადო და დამნაშავეობასთან ბრძოლას მოჰკიდა ხელი. ეს ბრძოლა სასტიკი და დაუნდობელი იყო. პირველი კონსულის ბრძანებით, ყველა დეპარტამენტში, ყველა რამდენადმე მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში სპეციალური შეიარაღებული რაზმი გაიგზავნა. ამ რაზმების მეთაურებს მკაცრი დავალება მიეცათ – შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფები შეუბრალებლად გაენადგურებინათ, ტყვეები არ აეყვანათ და დამნაშავეები ადგილზე დაეხვრიტათ. დაეხვრიტათ როგორც ამ ჯგუფის წევრები, ისე მათი ხელშემწყობებიც. მოგვიანებით, ნაპოლეონის მოთხოვნით, საკანონმდებლო კორპუსმა დაამტკიცა საგანგებო ტრიბუნალების ინსტიტუტი. ტრიბუნალი სამოქალაქო და სამხედრო პირებისგან შედგებოდა და მისი გადაწყვეტილებების არც გაუქმება და არც კასაცია არ შეიძლებოდა. ახლა ეს ტრიბუნალები შეუდგნენ დამნაშავეების გასამართლებას. მათი სამართალი კი ერთი იყო – სიკვდილით დასჯა.
    ასეთმა მკაცრმა და სასტიკმა ზომებმა სულ მალე გამოიღეს ნაყოფი. რაღაც ორ თვეში დამნაშავეობამ მკვეთრად იკლო, ხოლონახევარი წლის შემდეგ ლამის სულ შეწყდა. ახლა გზებიც თავისუფალი იყო და მოსახლეობაც დაცული. პირველმა კონსულმა სიტყვა შეასრულა. ამის გამო მისი ავტორიტეტი ძალიან გაიზარდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბონაპარტის ბრძანებით, არ ზოგავდნენ და სიკვდილით სჯიდნენ პოლიციისა და ჟანდარმერიის იმ თანამშრომლებსაც (განურჩევლად ჩინისა), რომელთაც ყაჩაღურ ბანდებთან რაიმე კავშირი უმტკიცდებოდათ. პირველ კონსულს რკინის ხელი აღმოაჩნდა – ახლა ეს მარტო არმიაში არ იყო ცნობილი!
    დამნაშავეობასთან ბრძოლის პარალელურად, პირველ კონსულს ამბოხებული პროვინციების დაშოშმინების საკითხიც მოსაგვარებელი ჰქონდა. ვანდეა რესპუბლიკის მუდმივი სატკივარი იყო. ვანდეა პუატუს პროვინციის ერთ-ერთი დეპარტამენტის სახელია. აქ, ამ დეპარტამენტში იჩინა ყველაზე მძლავრად თავი ანტირესპუბლიკურმა მოძრაობამ. მაგრამ ეს მოძრაობა მარტო ამ დეპარტამენტით არ შემოიფარგლებოდა. ანჟუს, ბრეტანისა და ნორმანდიის პროვინციების დეპარტამენტებიც მხარს უბამდნენ ვანდეელებს და ერთიანი ფრონტით გამოდიოდნენ რესპუბლიკური ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ, რადგანაც ყველაზე ფართოდ და ყველაზე ხანგრძლივად სწორედ ამ დეპარტამენტში ებრძოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას, მთელ ამ ანტირესპუბლიკურ მოძრაობას ვანდეის სახელი შეერქვა, ხოლო იქ წარმოებულ ომებს – ვანდეის ომები.
    პირველი ანტირესპუბლიკური გამოსვლა იქ ჯერ კიდევ 1791 წლის აგვისტოში მოხდა, ხოლო ფართომასშტაბიანი ამბოხება 1793 წლის მარტიდან დაიწყო. საყოგელთაო აჯანყების საბაბი რესპუბლიკურ არმიაში გაწვევა იყო, მიზეზი კი სულ სხვა რამ.
    საფრანგეთის აღნიშნულ პროვინციებში, რიგი ეკონომიკური, რელიგიური და პოლიტიკური თავისებურებების გამო, მუდამ ძლიერი იყო მონარქისტული ტენდენციები. ადგილობრივი სამღვდელოება, თავადაზნაურობა და კარჩაკეტილ ცხოვრებას შეჩვეული გლეხობა, ერთიანად თანაუგრძნობდა მეფის ხელისუფლებას და მისი რაიმეთი შეცვლის გაგონებაც არ სურდა. მეფის ჩამოგდებისა და, განსაკუთრებით, მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ შუანებში (ასე ეძახდნენ ხალხში ამ პროვინციების ამბოხებულებს) ახალი ხელისუფლებისადმი ზიზღი და მტრობა ისე გაძლიერდა, რომ პარიზიდან გაქცეულ როიალისტებს და ინგლისელთა აგენტებს საყოველთაო აჯანყების გამოწვევა აღარ გასჭირვებიათ.
    როცა ნაპოლეონი საფრანგეთს ჩაუდგა სათავეში, უკვე რვა წელზე მეტი ხანი იყო, რაც დასავლეთის პროვინციებში სამოქალაქო ომის ცეცხლი გიზგიზებდა. ამ წლების განმავლობაში საფრანგეთის სხვადასხვა ხელისუფლები ამაოდ ცდილობდნენ ამ ცეცხლის ჩაქრობას. სხვაზე მეტი წარმატებები რესპუბლიკელებმა 1795 წელს მოიპოვეს ლაზარ ჰოშის მეთაურობით. მაგრამ, როგორც მალე გამოირკვა, ეს მაინც დროებითი წარმატება ყოფილა. ვითარების ოდნავი შეცვლა და – შუანებმა ისევ იარაღს მოჰკიდეს ხელი, თავიანთი ანტირესპუბლიკური ბრძოლა გააგრძელეს.
შუანებთან ბრძოლა ძალზე ძნელი იყო. სარგებლობდნენ რა მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით (ტყიანი და ჭაობიანი ადგილების სიმრავლით), ინგლისელთა უწყვეტი და უხვი დახმარებით, შუანები ლამის მოუხელთებელნი იყვნენ რესპუბლიკელი ჯარისკაცებისათვის. იქაური გლეხი დღისით შინდორში მუშაობდა და თავს მამა აბრამის ბატკნად ასაღებდა, საღამოს კი, შებინდდებოდა თუ არა, თივის ზვინში დამალულ თოფს სტაცებდა ხელს და პარტიზანებთან გარბოდა. ასეთი ვითარება იყო ოთხმოცდაცხრამეტის დეკემბერშიც, როცა პირველმა კონსულმა მემკვიდრეობად დაუმორჩილებელი პროვინციები მიიღო. ნაპოლეონს უნდა ეჩქარა და დასავლეთის პროვინციების საქმის მოწესრიგება გაზაფხულამდე მოესწრო. გაზაფხულზე საფრანგეთს ახალი ომის ელოდა და კოალიციასთან ძნელ შეტაკებაში ალმოდებული ზურგი მისთვის ვერაფერი ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა. ამიტომ პირველმა კონსულმა მეამბოხეებთან მოქნილი პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. ერთი მხრივ, მან ვანდეაში მოქმედი შეიარაღებული ძალების რიცხვი გააორკეცა, ხოლო მეორე მზრივ, ამნისტია გამოუშვა, რომლის მეშვეობითაც პატიებისა და ხელშეუხებლობის გარანტია აღუთქვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩაბმულ ვანდეელთა იმ ნაწილს, რომელიც იარაღს დაყრიდა და მთავრობისადმი ლოიალობას გამოაცხადებდა.
    იმავდროულად, ბონაპარტმა რელიგიური შემწყნარებლობაც გამოიჩინა და ადგილობრივ მოსახლეებს ღვთისმახურების ნება დართო. მათთვის ეს მთავარი იყო. ასეთმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მალე გამოიღო. განსხვავებით იაკობინელთა ან თუნდაც თერმიდორელთაგან, ახალი ხელისუფლება მეამბოხე პროვინციების მოსახლეობისათვის, ნაკლებ აგრესიული და ბევრად შემწყნარებლური ჩანდა. გარდა ამისა, ხმები დაირხა, რომ ბონაპარტი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ქვეყანაში ბურბონების დაბრუნებას და ტახტზე ლუი XVI-ის ძმის, პროვანსის გრაფის, დასმას აპირებსო. ამ ხმებში სიმართლისა, რა თქმა უნდა, არაფერი ერია, მაგრამ რადგანაც მათი გავრცელება შესაბამის პროვინციებში სიმშვიდის აღდგენას უწყობდა ხელს, ბონაპარტმა მათი საჯაროდ უარყოფა მაინცდამაინც არ იჩქარა. უნდა ითქვას, რომ ამგვარი ხმების გავრცელებას ერთმა უცნაურმა გარემოებამაც შეუწყო ხელი.
    საფრანგეთის რესპუბლიკის პირველმა კონსულმა, იმ ხანებში პირადი წერილი მიიღო ლუი XVIII-ისაგან. პროვანსის გრაფი მაშინ კურლიანდიაში, ქალაქ მიტავაში ცხოვრობდა (მისი უფროსი ძმის, ლუი XVI-ის, სიკვდილით დასჯის შემდეგ, როიალისტებმა მეფედ 8 წლის უფლისწული ლუი-შარლი გამოაცხადეს და მას ლუი XVII უწოდეს. ბავშვი საფრანგეთში იმყოფებოდა იაკობინელთა მეთვალყურეობის ქვეშ და სულ მალე, 2 წელიწადში, გარდაიცვალა. მის ნაცვლად ემიგრანტებმა ახალ მეფედ პროვანსის გრაფი სტანისლავ-ქსავერი გამოაცხადეს. „ასე „გახდა“ ეს გრაფი ლუი XVIII). მოულოდნელი წერილი არანაკლებ მოულოდნელ წინადადებას შეიცავდა. ბურბონთა გაუქმებული ტახტის უპირველესი წარმომადგენელი ნაპოლეონ ბონაპარტს ჯერ ქათინაურებით აღავსებდა, დიდ მხედართმთავარსა და სახელმწიფო მოღვაწეს უწოდებდა, შემდეგ კი ტახტზე ასვლაში დახმარებას ითხოვდა მისგან. ჩამოწერილი ბურბონის ეს თხოვნა ნაპოლეონმა არად ჩააგდო და წერილზე არ უპასუხა. მაგრამ ლუი XVIII-მ არ მოისვენა და იგივე შინაარსის წერილი ისევ გაუგზავნა. ახლა კი უპასუხა კორსიკელმა საფრანგეთის ტახტის მაძიებელს. წერილი მოკლე იყო და ლაკონური. ამავე დროს, იგი პროვანსის გრაფისათვის მომაკვდინებელ სიტყვებს შეიცავდა: „თქვენ არ უნდა ესწრაფოდეთ საფრანგეთში დაბრუნებას, რადგან ასეთ შემთხვევაში ასეულ ათას გვამზე გადაბიჯება მოგიწევთო“. ამის შემდეგ ლუი XVIII-ს აღარ მოუწერია. ეს დეტალები ხალხმა არ იცოდა, მაგრამ თვით წერილების არსებობის შესახებ ცნობები გავრცელდა და როიალისტთა ფუჭ ოცნებებს ფრთები შეასხა..
    მერე კი, როცა გაირკვა, რომ ბონაპარტს არათუ ბურბონების მმართველობის აღდგენა არ ჰქონია ფიქრად, არამედ პირიქით, თვითონ ესწრაფოდა საკუთარი მმართველობის განმტკიცებას, ემიგრანტ-როიალისტთა მეთაურებმა მოქმედების სხვა გზა აირჩიეს. ეს გზა ტერორიზმისა იყო და საფრანგეთის პირველი კონსულის ფიზიკურ განადგურებას გულისხმობდა. მაგრამ პირველ კონსულსაც არ ეძინა. როგორც ვთქვით, მისი განკარგულებით, როიალისტებთან ბრძოლა აქტიურ სამხედრო ოპერაციებთან ერთად არანაკლები მასშტაბის სამშვიდობო ღონისძიებების გატარებით წარმოებდა. დაუმორჩილებლებს – ცეცხლი და მახვილი, შეთანხმების გზაზე დამდგართ – შეწყალება და პატივი. აი, ბონაპარტის მაშინდელი ლოზუნგი. ამ პოლიტიკის მიხედვით, მან პარიზში მოსალაპარაკებლად მიიწვია ამბოხებულთა ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი და შეურიგებელი მეთაური ჟორუ კადუდალი. ეს თითქმის გაუნათლებელი, შეზღუდული გონებრივი ჰორიზონტის კაცი საკმაოდ კარგი სამხედრო ორგანიზატორი გამოდგა და მთავრობის ჯარებს განვლილი წლების მანძილზე არაერთი დამარცხება აგემა. ამ გარემოებისა და კიდევ განსაკუთრებული პირადი სიმამაცის წყალობით კადუდალმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა აჯანყებულ პროვინციებში (თვითონ იგი ბრეტონელი იყო). სწორედ, ამიტომ ცდილობდა ნაპოლეონი მასთან პირისპირ შეხვედრას. პირველი კონსული გარკვეულ იმედს ამყარებდა შუანების წინამძღოლთან მოლაპარაკებაზე. კადუდალს დიდი გავლენა ჰქონდა მისიანებში და თუ მოხერხდებოდა ამ ადამიანის მეშვეობით აჯანყების ცეცხლის განელება, ბონაპარტს იმ დროს მეტიც არ უნდოდა. მაგრამ შეხვედრამ პირველ კონსულს იმედი გაუცრუა. რამდენს არ ეცადა იგი, რა დიპლომატიური ხერხი არ იხმარა და მჭევრმეტყველება არ დახარჯა, მაგრამ შუბლმაგარ ბრეტონელ გლეხკაცს იოტისოდენადაც ვერ შეაცვლევინა აზრი. კადუდალი რა ფანატიკოსი მონარქისტიც იყო, ისეთად დარჩა – მას ბურბონების მმართველობის აღდგენის მეტი არაფრის გაგონება არ სურდა. ასე რომ, ის გარიგება, რომლის იმედიც ბონაპარტს ჰქონდა, არ შედგა. თუმცა თვით შეხგედრის ფაქტს მაინც ეძლეოდა გარკვეული მნიშვნელობა, რადგან იგი პირველი კონსულის სამშვიდობო ინიციატივაზე მეტყველებდა და დროებით მაინც უწყობდა ხელს ამბოხების ჩაწყნარებას. ბონაპარტს კი, როგორც ვიცით, დროის მოგება უნდოდა.
    ბონაპარტის მიერ განხორციელებული ახალი პოლიტიკის ერთ, უმნიშვნელოვანეს ნაწილს სამღვდელოებასთან ურთიერთობის მოგვარება შეადგენდა. რევოლუციამდე საფრანგეთი რელიგიური ქვეყანა იყო, სადაც კათოლიციზმი იყო გაბატონებული. ქრისტიანობის ამ განშტოებამ, საუკუნოვანი სისხლიანი ომების შედეგად, პრივილეგია დაიმკვიდრა ქვეყანაში და მისი სულიერი ცხოვრების მეუფე გახდა. რევოლუციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ქვეყნის სათავეში „უღვთოების“ მოსვლამ ეკლესიას მძიმე ლახვარი ჩასცა. დაიწყო რელიგიის პირდაპირი დევნა, სამღვდელოების წარმომადგენლების ციხეში ან ეშაფოტზე გაგზავნა. რევოლუციონერები ასეთ ანტირელიგიურ თავგამოდებას განმანათლებელთა ათეისტურ იდეებს უდებდნენ საფუძვლად. ამ იდეებს მაშინ ბევრი მომხრე გაუჩნდა საფრანგეთში, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – ლაპარაკია, ძირითადად, გლეხობაზე – ღმერთს მაინც ვერ გადაუდგა. ვერ გადაუდგა, მიუხედავად ათწლიანი გააფთრებული ანტირელიგიური პროპაგანდისა. დევნილი და შევიწროებული სამღვდელოება რევოლუციის მტრების ყველაზე ერთგული და ძლიერი მოკავშირე შეიქმნა. მათ მხარდაჭერა ქვეყნის შიგნითაც ჰქონდათ (როიალისტური წრეები) და ქვეყნის გარეთაც (რომის პაპი და მისი სამწყსო).
    რევოლუციის ექსპორტი, რომელსაც რესპუბლიკის ხელმძღვანელები ასე აქტიურად აწარმოებდნენ ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ათეისტური იდეების აქტიური ექსპორტიც იყო. ეს მეზობელი ქვეყნების სამღვდელოების და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაბოროტებას იწვევდა და მათაც ანტიფრანგული კოალიციის მძლავრ დამხმარე ძალად აქცეგდა. ეროვნული გაერთიანებისა და კონსოლიდაციის იდეა, რომელიც პირველმა კონსულმა წამოაყენა, ცხადია, სამღვდელოებასთან საერთო ენის გამონახვასაც გულისხმობდა. ბონაპარტი პრაგმატიკოსი იყო. ქვეყნის სათავეში მოექცა თუ არა, მან რეალური პოლიტიკის განხორციელებას მიჰყო ხელი. ამ პოლიტიკის მიხედვით, გაცილებით უფრო მომგებიანი იქნებოდა მოსახლეობისათვის ღვთისმსახურების თავისუფლების მინიჭება, გიდრე მისი ძალით აღკვეთა და ამ ნიადაგზე მასთან პერმანენტული დაპირისპირება. რელიგიური შემწყნარებლობის შიდასახელმწიფოებრივ პოლიტიკას, ნაპოლეონის აზრით, აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ურთიერთობის გაუმჯობესება ვატიკანთან. პაპთან შერიგება, კათოლიკური ეკლესიის თავის მხარეზე სრულ გადმობირებას თუ არა, მის ნეიტრალიზებას მაინც გამოიწვევდა. ეს კი ანტიფრანგულ კოალიციას საკმაოდ მძლავრ დასაყრდენ ძალას გამოაცლიდა, როგორც საფრანგეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კოალიციასთან მომავალ ომში ამ გარემოებასაც საფრანგეთის სასარგებლოდ უნდა „ემუშავა“.
    ამნისტია, რომელიც ბონაპარტმა გამოუშვა, სამღვდელოებასაც ეხებოდა. მისი საშუალებით ციხეებიდან და გადასახლებიდან უამრავიმღვდელმსახური დაბრუნდა და თავის ძველ საქმიანობას შეუდგა. ამან პაპის კარზე სათანადო დადებითი რეაქცია გამოიწვია. იქ არც ის ჰქონდათ დავიწყებული, თუ როგორ დაინდო იტალიური არმიის მთავარსარდალმა გენერალმა ბონაპარტმა 1797 წელს რომის პაპი, დაარღვია რა დირექტორიის ინსტრუქცია პიუს VI-ის ტახტიდან ჩამოგდებისა და პაპის მმართველობის გაუქმების შესახებ. ბონაპარტმა კარგად იცოდა მაშინ, თუ რა გაბოროტებას გამოიწვევდა მისი ეს ნაბიჯი საფრანგეთზე მეტად კათოლიკურ იტალიაში და რა სიძნელეებს შეუქმნიდა ჯერ მის ჯარს და მერე მის პოლიტიკას ამ ქვეყანაში.
    ახლა, როცა ბონაპარტი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს სათავეში იდგა, მას იგივე მიზნები ამოძრავებდა, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბისა. რევოლუციური ფრაზეოლოგიისა და რევოლუციური იდეოლოგიის დრო მისთვის დასრულდა. ახლა მას კათოლიკებთან კავშირი სურდა. ახლა მას ეს კავშირი ხელს აძლევდა. მაგრამ სანამ ახალ პაპს არ აირჩევდნენ, პირველი კონსული ვატიკანთან საერთო ენას ვერ გამონახავდა.
    პიუს VI 1799 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, გარდაიცვალა საფრანგეთში, ვალანსში, სადაც ის ბოლო პერიოდი ცხოვრობდა. ახალი პაპის არჩევა კი ვენეციაში მოხდა, 1800 წლის მარტში. ვენეცია, როგორც გვახსოვს, მაშინ ავსტრიელებს ეკუთვნოდა და ახალი პაპის არჩევნებში აშკარად მათი ხელი ერია. ეს გარემოება, ცხადია, ბონაპარტის ალფრთოვანებას არ გამოიწვევდა. ჰაბსბურგთა გავლენა რომ როგორმე შეესუსტებინა აწ უკვე პიუს VII-ზე, საფრანგეთის პირველმა კონსულმა მას დაუყოვნებლივ წერილი გაუგზავნა, რომლითაც, ჯერ ერთი, თავის კეთილგანწყობას ადასტურებდა მისდამი და, მეორეც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, მის ყოვლადუწმინდესობას ადრე წართმეული ტერიტორიების შესაძლო დაბრუნებაზე მიანიშნებდა. პიუს VII-მ ბონაპარტს პასუხი დაუგვიანა. საქმე ისაა, რომ იმ დროს საფრანგეთიცა და ავსტრიაც ახალი ომისათვის ემზადებოდნენ. საომარი მოქმედებები ჩრდილოეთ იტალიაშიც გაიშლებოდა და სანამ მათი შედეგები არ გამოიკვეთებოდა, ეშმაკი იტალიელი გრაფი კიარამონტი (პიუს VII-ს გვარი ერობისას), მოცდას ამჯობინებდა. მაგრამ პაპს დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, სულ ცოტა ხანში, იმავე 1800 წლის ივნისში, ნაპოლეონმა ავსტრიელების ჯარი გაანადგურა მარენგოსთან და ომის შედეგიც გამოიკვეთა. ამით პიუს VII-ეს ყოყმანიც დასრულდა. ახლა ის „მთელი გულით“ მიესალმა გამარჯვებულ პირველ კონსულს და მასთან თანამშრომლობა ისურვა. ამ თანამშრომლობას ცნობილი კონკორდატი მოჰყვა. „ახალი დროის ფილოსოფოსები ამტკიცებდნენ, რომ კათოლიციზმი დემოკრატიისა და რესპუბლიკის შეურიგებელი მტერიაო, – ეუბნებოდა ნაპოლეონი იტალიელ ღვთისმსახურებს – მეც ფილოსოფოსი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კათოლიციზმი ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ცხოვრების წყაროზე და მიზანზე მიუთითებს“. ეშმაკობდა პირველი კონსული და ეს იქვე, მაშინვე გამოჩნდა: „მხოლოდ რელიგია უქმნის სახელმწიფოს მყარ საფუძველს“. აი, რა უნდოდა მას. ბონაპარტს კათოლიციზმის აღდგენა სურდა, ეკლესიის სახელმწიფოსთან დაკავშირება, მაგრამ ისე, რომ პირველი მეორის ხელქვეითი ყოფილიყო!
    მიაღწია კიდეც ამას ბუონაპარტემ „კონკორდატით“. ვატიკანთან შეთანხმების შედეგად იგი კათოლიციზმს „ფრანგი ხალხის უმრავლესობის“ რელიგიად აღიარებდა და არა სახელმწიფოებრივ რელიგიად. ამავე დროს, ვატიკანი ბონაპარტის ხელისუფლებას ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად ცნობდა საფრანგეთში. ადვილი მისახვედრია, თუ რა მძიმე ლახვარი იქნებოდა ეს ფაქტი კათოლიციზმის თავგამოდებული დამცველების – ბურბონებისათვის. ეს დიდი პოლიტიკური გამარჯვება გენერალმა დახვეწილი დიპლომატიური თამაშის შედეგად მოიპოვა (ამას, სხვათა შორის, პიუს VIIის წარგზავნილებიც ადასტურებდნენ). მაგრამ, თავი და თავი ყველა ამ წარმატებისა, რა თქმა უნდა, მისი სამხედრო ძლიერება და ბრძოლის ველზე მოპოვებული გამარჯვებები იყო.
    პირველ კონსულს ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში, თავის საკანონმდებლო ინსტიტუტებშიც მოუხდა. ანტირელიგიურად განწყობილთა რიცხვი ცოტა როდი იყო, და ამიტომ გენერალს დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მიზანს მიაღწია და ყველაფერი ისე მოაწყო, როგორც თვითონ სურდა და თვითონ მიაჩნდა საჭიროდ. ამით რელიგიურ დაპირისპირებებს და საზოგადოების გახლეჩას ბოლო ეღება, აცხადებდა პირველი კონსული და ამის გარანტია კონკორდატიაო. კონკორდატს, ისევე როგორც კოდექსს, დიდი ხნის სიცოცხლე ეწერა საფრანგეთში (პირველი – ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საფუძველი გახდა ქვეყანაში, მეორე კი – სამოქალაქო ცხოვრებისა).
    რატომ ზრუნავდა ასე ეკლესიაზე ნაპოლეონი, მარტო პრაგმატული მოსაზრებებით? (თავისთავად, როგორც დავინახეთ, ეს ცოტა სულაც არ იყო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ამით ფრანგი გლეხობის გულს იგებდა, გლეხობა კი არმიისთვის ჯარისკაცთა მასის ძირითადი მიმწოდებელი იყო). მაგრამ, იქნებ, მასში „ძველ რევოლუციონერსა“ და ათეისტში, ქრისტიანულმა სულმა გაიღვიძა? ეს გასაკვირი არ იქნებოდა, იგი ხომ რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა. დედამისი ღრმად მორწმუნე ქალი იყო და შვილებსაც ამასვე უნერგაგდა. გარდა ამისა, იგი საღვთო რჯულს სწავლობდა სახლშიც (ბიძამისი ლუსიენის მეოხებით) და ბრიენის სკოლაშიც. მაგრამ, არა! ბუონაპარტეს ქრისტიანობა აქ არაფერ შუაშია. იგი ისეთივე ათეისტი დარჩა, როგორიც ახალგაზრდობისას იყო, როცა რუსოსა და ვოლტერის იდეებს ეზიარა. ამიტომ ის მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა...
    ნაპოლეონს თავისი ბედის სჯეროდა, თავისი ვარსკვლავის იმედი ჰქონდა. როგორც ყველა კორსიკელი, ცოტათი ცრუმორწმუნე იყო. მიუხედავად ამისა, იგი არაერთხელ უნახავთ, როცა გამალებული პირჯვარს იწერდა, მაგრამ ეს, ალბათ, ჩვეულება უფრო იყო, რიტუალი, გარეგნული ხარკის მოხდა. ხომ გვახსოვს, ეგვიპტეში ჩალმას რომ იხურავდა და აცხადებდა ისლამი მივიღეო. ქრისტიანობაზე ახალგაზრდობაში წერდა, რა უნდა მოვთხოვო ისეთ რელიგიას, რომელიც სოკრატესა და პლატონზე უარს ამბობსო. მოკლედ, არ იყო ბუონაპარტე მორწმუნე კაცი. რელიგიური შემწყნარებლობა კი, რომელიც მან გამოიჩინა და რითაც ბევრის გული მოიგო, პოლიტიკის ნაყოფი იყო და პოლიტიკას ემსახურებოდა. თვით ქრისტეზე კი დიდი აზრისა იყო: მასზე უკეთესი არავის არაფერი მოუწოდებიაო – ამბობდა.
    თებერვალში პირველი კონსული ლუქსემბურგის სასახლიდან უფრო ვრცელ და უფრო დიდებულ ტიუილრის სასახლეში გადაბრძანდა. ერთი სასახლიდან მეორეში გადაბარგება ისეთი ზარ-ზეიმით აღინიშნა, თითქოს რესპუბლიკის მეთაურის ადგილსამყოფელის უბრალო შეცვლა კი არ ხდებოდა, არამედ გვირგვინოსანი ხელისუფლის დაბრუნება ხანგრძლივი მოგზაურობიდან. პირველი კონსულის მორთულ-მოკაზმულ კარეტაში ავსტრიის იმპერატორის ნაჩუქარი ექვსი მშვენიერი ცხენი ება. კარეტას ორი ათასი გვარდიელი მიჰყვებოდა. თავად ტიუილრის სასახლის გარშემოც საპარადო ფორმაში გამოწყობილი ჯარი იდგა. მინისტრებისა და დიდმოხელეების მთელი გუნდით გარშემორტყმული ბონაპარტი აუჩქარებლად გადმოვიდა კარეტიდან და მედიდური სახით გაემართა ახალი რეზიდენციისკენ. ხელმოკლე კორსიკელი აზნაურისშვილი, ყოფილი რევოლუციონერი და რესპუბლიკელი, აწ კი ყოვლადძლიერი პირველი კონსული – საფრანგეთის მეფეების სასახლეში გადადიოდა საცხოვრებლად. მიუხედავად მომენტის ასეთი ღირსშესანიშნაობისა, ნაპოლეონს რეალობის გრძნობამ არ უღალატა და თავის მდივანს მრავალმნიშვნელოვნად უთხრა: აი, ბურიენ, ჩვენ უკვე ტიუილრიში ვართ, მაგრამ მთავარი აქ მოხვედრა კი არა, მთავარი აქ დარჩენააო.
    იმავე რეალობის გრძნობით იყო ნაკარნახევი პირველი კონსულის ბრძანება – ამიერიდან ტიუილრისათვის მთავრობის სასახლე ეწოდებინათ. მისივე ბრძანებით, სასახლის მთავარ დერეფანში ალექსანდრეს, ჰანიბალის, იულიუს კეისრის, ტიურენის, კონდეს, ფრიდრიხის ბიუსტები დადგეს. ესენი ბონაპარტის გმირები იყვნენ და მათი ხილვა ყოველთვის სიამოვნებას გვრიდა მას. მაგრამ ამ ბიუსტებთან ერთად, მან ვაშინგტონის და ბრუტუსის ბიუსტებიც დაადგმევინა. ამერიკის პირველი პრეზიდენტი სულ ახალი გარდაცვლილი იყო და მისი ხსოვნის პატივსაცემად ბონაპარტმა დიდი ღონისძიება მოაწყო პარიზში. ვაშინგტონი თავისუფლებისათვის ბრძოლის ცოცხალი სიმბოლო იყო და მისმა გარდაცვალებამ ჭეშმარიტი გლოვა გამოიწვია რესპუბლიკელთა გულში. პირველმა კონსულმაც არ დააყოვნა და ეს გარემოება თავისი რესპუბლიკური იდეალებისაღმი ერთგულების სადემოისტრაციოდ გამოიყენა. იგივე შეიძლება ითქვას ბრუტუსის ქანდაკების შესახებაც. ისიც, რა თქმა უნდა, კონიუნქტურული მოსაზრებით დაადგმევინა სასახლეში, თორემ ძნელი წარმოსადგენია დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლისა და კეისრის მკვლელის ქანდაკების ყოველდღიურ ჭვრეტას განსაკუთრებული სიამოვნება მიენიჭებინა ახლადმოვლენილი დიქტატორისთვის.
    ტიუილრის სასახლის ახალ ბინადარს შესაფერისი კარის შექმნა სჭირდებოდა. ის გარემოცვა, რომელიც ბონაპარტს ლუქსემბურგის სასახლეში სამთვიანი ყოფნისას ჰყავდა, ტიუილრიში საკმარისი აღარ იყო. ამიტომ, პირველი კონსულის გარშემო თანდათანობით იწყეს თავმოყრა არა მარტო (და არა იმდენად!) მისმა თანამებრძოლებმა და თანამზრახველებმა, არამედ ყოფილმა მოწინააღმდეგეებმა – არისტოკრატებმა – სულ სხვადასხვა ჯურისა და მიმართულების როიალისტური წრეებიდან. ამნისტია, რომელიც თავისი მმართველობის პირველივე დღეებში გამოუშვა ბონაპარტმა, იატაკქვეშეთში მყოფ ბევრ ანტირესპუბლიკელს აძლევდა მზის გულზე გამოსვლის საშუალებას. ბონაპარტი მათ უკვე აღარ გაურბოდა. პირიქით, მათთან დაახლოებას და თავის გარშემო შემოკრებას ესწრაფოდა. „მარტო არისტოკრატებს შეუძლიათ ჭეშმარიტად გემსახურონო“, – ამბობდა იგი და ეტყობა, ჭეშმარიტებასაც ამბობდა. ის, რისკენაც ახლა ბონაპარტი მიისწრაფოდა, რევოლუციური უშუალობისა და უბრალოებისგან ისე დაშორებული იყო, რომ, რა თქმა უნდა, თავის გარშემო, ტლანქი და მოუხეშავი მდაბიოების ნაცვლად, დახვეწილი მანერების მქონე თავაზიანი არისტოკრატების დანახვა უფრო ესიამოვნებოდა. პირფერობსა და მორჩილებაში კი ამ უკანასკნელთ ვერავინ აჯობებდა. აი, ამიტომ იყო, რომ პირველი კონსული მათ სიახლოვეს ეძებდა, ამიტომ იყო, რომ პირველი კონსულის კარის ჩამოყალიბებას სწორედ მათი მონაწილეობით აპირებდა.
    თუ ბრიუმერის გადატრიალების დღეებში ბონაპარტი, ძირითადად მაინც, 1789 წლის იდეალების ერთგულ ხალხს ეყრდნობოდა, ახლა, როცა პირველი კონსულობაც გაინაღდა და საკუთარ ძალაუფლებასაც, ასე თუ ისე, ლეგიტიმური სახე მისცა, იგი ძველი წყობისა და ძველი ყაიდის ადამიანებს მიუბრუნდა და ისინი შემოიყვანა სასახლეში. მაგრამ კარის შექმნა იოლი საქმე არ აღმოჩნდა. ძველი თანამებრძოლები, უხეშნი და მოუქნელნი, ასე რომ არ უხდებოდნენ ახალ გარემოს, პოზიციებს ძნელად თმობდნენ. მათი გადაკეთებაც რომ არ ხერხდებოდა! ამიტომ ასეთივე დარჩა პირველი კონსულისა და შემდეგ იმპერატორის კარი – ერთი მხრივ, დაბალი წრიდან გამოსული და მერე აღზევებული გაუთლელი გენერლებისა და მათი ნათესავების უცნაური ნარევი ძველი არისტოკრატიული წრეების რაფინირებულ წარმომადგენლებთან. „კონსულის კარის“ ჩამოყალიბებას თვით ჟოზეფინა ჩაუდგა სათავეში, რომელსაც ახლა გამოადგა პრესტიჟულ პარიზულ სალონებში წლობით ტრიალის გამოცდილება. ჟოზეფინასა და მის მიერ შერჩეული პირების დამსახურება იყო, რომ ცოტა ხანში ტიუილრის სასახლის ბინადართა და იქ მიმსვლელ-მომსვლელთა ადათ-წესებმა მნიშვნელოვანი მეტამორფოზა განიცადეს, „ეს ჯერ ნამდვილი კარი არ არის, მაგრამ აღარც სამხედრო ბანაკია“, – მოსწრებულად შენიშნა ერთმა პეტერბურგელმა არისტოკრატმა, როცა პირველი კონსულის სასახლეს ესტუმრა და მის ყოფასა და გარემოცვას გაეცნო. სხვათა შორის, თვითონ პირველი კონსული დიდად არ შეცვლილა. ის ისევ სადად იცვამდა, უბრალო ხალხთან ტრიალებდა და მათთან თავი ჩვეულებრივად ეჭირა. აი, მინისტრებსა და დიდმოხელეებს კი, მკაცრად ექცეოდა და წარბს არ უმართავდა. საერთოდაც, უკვე ბევრს არავის ეკითხებოდა, თავის ჭკუაზე წყვეტდა ყველაფერს, მცირეოდენ შელაპარაკებას ან, მით უმეტეს, წინააღმდეგობას ვერ იტანდა.
    ერთპიროვნული მმართველობის რეჟიმის სუსხი პრესის წარმომადგენლებმაც მალე იგრძნეს. გამოირკვა, რომ საფრანგეთის ახალ მბრძანებელს თავის მოქმედებაზე კონტროლი ან მოქმედების კრიტიკა სრულებით არ სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, პირველ კონსულს თავისუფალი პრესაც არ სჭირდებოდა. „ოთხ გაზეთს მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ასიათასიან არმიასო“, ამბობდა იგი და ყოველგვარი „გაუგებრობა“ რომ თავიდან აეცილებინა, ბრიუმერის შემდეგ სულ რაღაც ორ თვეში, სპეციალური დეკრეტით, პარიზში გამომავალი გაზეთების უმეტესობა დახურა. დახურა უცებ, ერთ დღეში. 60 გაზეთიდან დატოვა მხოლოდ 13. ცოტა ხნის შემდეგ კი – სულ ოთხი. რაში სჭირდებოდა ქვეყნის ერთპიროვნულ საჭეთმპყრობელს ისეთი გაზეთი, როგორიც, ვთქვათ, „გაზეტ დე ფრანსი“ იყო? (ამ გაზეთის 1799 წლის 17 დეკემბრის ნომერში ასეთი ანეკდოტი იყო გამოქვეყნებული: მუნიციპალიტეტის მოხელე პარიზელებს ახალი კონსტიტუციის ტექსტს უკითხავს. ხალხი ბევრი მოგროვდა და ამიტომ წაკითხული ყველას ყურამდე არ მივიდა. ამ გარემოებით შეწუხებული ერთი მოქალაქე მეორეს ეკითხება: გაიგონე რამე? ყველაფერი! მაშინ მითხარი, რა არის ამ კონსტიტუციაში? გენერალი ბონაპარტი, – იყო პასუხი). მოითმენდა ნაპოლეონისთანა დესპოტი თუნდაც ასეთ უწყინარ ანეკდოტს? – რასაკვირველია, არა. და, ამიტომაც იყო, რომ ამდენი გაზეთიდან სულ ოთხი დატოვა...
    პრესის თავისუფლების აღკვეთა, რა თქმა უნდა, ქვეყნის საომარი მდგომარეობით იქნა გამართლებული. იქვე იქნა გამოთქმული დაპირება, რომ, როგორც კი მშვიდობიანობა აღდგება, აკრძალული გაზეთები კვლავ დაიწყებენ გამოსვლასო. ალბათ, ზედმეტია იმის ახსნა, რომ არც ერთ მათგანს ამის შემდეგ „მზის სინათლე“ აღარ უხილავს. ხელი მართლაც რკინისა ჰქონდა პირველ კონსულს, რასაც ავლებდა, აღარ უშვებდა... „გადარჩენილი“ გაზეთების რედაქტორები მკაცრად იქნენ გაფრთხილებულნი, რომ თუ ისინი ისეთ სტატიებს დაბეჭდავდნენ, რომლებიც „საზოგადოებრივი თანხმობის, ხალხის სუვერენიტეტის ან არმიის დიდების“ წინააღმდეგ იქნებოდნენ მიმართულნი, მათაც ისევე დახურავდნენ, როგორც სხვებს. აი, ასე იოლად გაუსწორდა თავისუფალ პრესას ნაპოლეონი და იმ დღიდან, 1800 წლის 17 იანვრიდან (დეკრეტის გამოსვლის თარიღი) მას მეოთხე ხელისუფლების შიში მთელი თავის მმართველობის პერიოდში აღარ ჰქონია.
    როგორც დავინახეთ, ბონაპარტს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უხდებოდა ბრძოლა. ყაჩაღობის ამოძირკვისა და ვანდეელთა დაშოშმინების პარალელურად, ფინანსური საკითხების მოწესრიგებისა და კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან ერთად, იგი დიდ ყურადღებას საგარეო პოლიტიკასაც უთმობდა. პირველ კონსულს კოალიციასთან მალე ნამდვილი ომის განახლება ელოდა. ამიტომ მას აქ მაინც აღარ სურდა რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა. იგი ცდილობდა როგორმე განხეთქილება გამოეწვია კოალიციაში შემავალ ქვეყნებს შორის და რომელიმე მათგანი მაინც გამოეკლო საფრანგეთის მტრების რიგებიდან.
    საფრანგეთს ტრადიციულად, იქნებოდა ეს „მეფე-მზის“ ლუი XIVისა და მისი შთამომავლების დრო თუ რესპუბლიკური მმართველობის პერიოდი, განუწყვეტლივ უხდებოდა ევროპული ქვეყნების კოალიციების წინააღმდეგ ომში. რამდენიმე მძლავრ ქვეყანასთან ერთდროული შეჯახება ფიტავდა და აძაბუნებდა ქვეყანას როგორც ეკონომიკურად, ისე მორალურად. რაც მთავარია ასეთი ომები ხანგრძლივი და, საბოლოო ანგარიშში, ნაკლებად პერსპექტიული იყო. ამიტომ ნაპოლეონმა, როგორც ვთქვით, თავისი დიპლომატიის მთავარ მიზნად მოწინააღმდეგეთა, ერთი შეხედვით, მონოლითურ კოალიციაში ბზარისშეტანა გადაწყვიტა. ბონაპარტს კარგად ესმოდა, რომ მარტოდმარტო საფრანგეთი მუდამ ვერ შეძლებდა გაერთიანებულ ევროპასთან გამკლავებას. თავად ფეოდალური ევროპა კი არ შეწყვეტდა რესპუბლიკურ საფრანგეთთან ბრძოლას მანამ, სანამ ან ბურბონებს არ აღადგენდა ტახტზე, ან საფრანგეთი არ იტყოდა უარს რევოლუციურ ლოზუნგებზე და რევოლუციის ექსპორტზე. ბურბონების აღდგენაზე ლაპარაკი, ცხადია, ზედმეტი იყო. იმისათვის არ იბრძოდა ბონაპარტი ასე თავგამოდებით, რომ ძალაუფლება მერე სხვისთვის გადაეცა. რაც შეეხებოდა პოლიტიკის შეცვლას, ეს, ალბათ, ნელ-ნელა მოხდებოდა, ულტრარადიკალური ლოზუნგები მოიხსნებოდა, მაგრამ ამას დრო დასჭირდებოდა. ერთის დაკვრითა და ხელაღებით ჯერ კიდევ რევოლუციურ აღტყინებაში მყოფ ქვეყანაში ეს ძნელი გასაკეთებელი იქნებოდა. საფრანგეთი ბონაპარტის ხელში ექსპანსიას, რა თქმა უნდა, გააგრძელებდა და უფრო გააღრმავებდა კიდეც, მაგრამ, უფრო მოზომილად და უფრო მომზადებულად, ვიდრე ამას მისი წინამორბედი რესპუბლიკელები აკეთებდნენ.
    ასეთი პოლიტიკის გატარების უპირატესობაში ბონაპარტი ძალაუფლების ხელში აღებამდეც დარწმუნდა. ჯერ კიდევ 1797 წელს, იტალიაში თავისი გაცხოველებული დიპლომატიური აქტივობის დროს. ლეობენში, შემდეგ კი უდინესა და პასარიანოში, იგი ყოველნაირად ცდილობდა განხეთქილება ჩამოეგდო მოკავშირეთა შორის. მოგვიანებით, როცა იგი საფრანგეთის სათავეში მოექცა, ბონაპარტი პირდაპირ გადავიდა თავისი დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელებაზე. ახლა მას ამის მეტი საშუალება ჰქონდა – დირექტორია, რომელიც ხელფეხს უბორკავდა, აღარ არსებობდა. ნაპოლეონს უკვე მეტიც სურდა, მან გადაწყვიტა შეეცვალა ის მდგომარეობა, რომელიც საფრანგეთს მუდამ მარტოს ტოვებდა ყველას წინააღმდეგ, ჩამოეგდო განხეთქილება კოალიციაში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის, შეეცვალა საერთოდ საკითხის თვით დასმის არსი და სხვა გრძნობები და სხვა ინტერესები გაეღვიძებინა“ (ეს თვით ნაპოლეონის სიტყვებია). „სხვა გრძნობები და სხვა ინტერესები“ – ჩავუკვირდეთ ამ სიტყვებს. ეს ხომ ახალი პოლიტიკის გატარების საწინდარია, და მოძველებულ ლოზუნგებზე უარის თქმაა!
    იმ დროისათვის (ლაპარაკია 1800 წელზე), ევროპაში თავისებური მდგომარეობა შეიქმნა. მეორე კოალიციისათვის მთლიანობაში წარმატებული წელი მოკავშირეთა კიდევ უფრო შეკავშირების წლად როდი იქცა. წარმატებებმა იტალიაში ავსტრია და რუსეთი კი არ დააახლოვა, არამედ ჯერ დააშორა და მერე მტრად გადაჰკიდა ერთმანეთს. საქმე ორივე ქვეყნის იმპერიალისტურ მისწრაფებებში იყო. მოკავშირეებს, საერთოდ, ერთი რამ აერთიანებდათ – სიძულვილი რესპუბლიკური საფრანგეთისადმი. აქ მათი ინტერესები ემთხვეოდა ერთმანეთს. მაგრამ საკმარისი იყო მოკავშირეთაგან ერთ-ერთს სხვაზე მეტი მოენდომებინა და სხვაზე მეტისთვის მიეღწია, რომ ერთიანობა ირღვეოდა და წინა პლანზე საკუთარი ინტერესები გამოდიოდა. როცა რუსეთის იმპერატორი პავლე I საექსპედიცო არმიას აგზავნიდა ჩრდილოეთ იტალიაში, იგი არა მარტო (და იქნებ, არა იმდენად!) საფრანგეთის გაძლიერებას უფრთხოდა ამ რეგიონში, არამედ თავისი მეზობლის – ჰაბსბურგთა იმპერიის – დასუსტებასაც ესწრაფოდა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე რუსეთისათვის ზელსაყრელი დასაყრდენი პუნქტების ხელში ჩაგდებას აპირებდა. ამის დამადასტურებელმა ფაქტებმა მაშინვე იჩინეს თავი, როგორც კი სუვოროვმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწია ლომბარდიასა და პიემონტში. ნაცვლად იმისა, რომ ავსტრიელთა ჯართან ერთად მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ავსტრიელთა ი„კუთვნილი“ მიწების მათთვის დაბრუნებაზე ეფიქრა, რუსმა მთავარსარდალმა, საკუთარი იმპერატორის ინსტრუქციების თანახმად, ადგილობრივ სამეფო საგვარეულოთა ტახტზე აღდგენა დაიწყო (კერძოდ, მან ტურინის ტახტზე კარლ-ემანუილ IV დააბრუნა სარდინიიდან). „ერთგული“ მოკავშირის ასეთი საქციელი ვენელმა ხელისუფლებმა უპასუხოდ არ დატოვეს და რუსებს სამაგიერო მწარედ გადაუხადეს. როგორც უკვე ვიცით, მათ შვეიცარიაში გააგზავნეს სუვოროვი ერთობ საეჭგო ლაშქრობაში, და შემდეგ იქ შეატოვეს მასზე უფრო მრავალრიცხოვან და უფრო მომზადებულ ფრანგულ ჯარს... სუვოროვის შვეიცარიული ლაშქრობის მარცხით გაგულისებულმა პავლემ (ამ მარცხმა, საერთოდ, ეჭვქვეშ დააყენა რუსთა მთელი ძალისხმევა ჩრდილოეთ იტალიაში) მეორე კოალიციიდან გამოსვლა გადაწყვიტა. მეფის ეს გადაწყვეტილება ინგლისელებთან ურთიერთობის გამწვავებამაც გამოიწვია.
    რუსებს „ვერაგმა ალბიონმაც“ უმუხთლა. პავლემ ცოფები ყარა, როცა გაიგო, თუ რა ცუდად მოეპყრნენ ინგლისელები თავიანთი მოკავშირეების ახლად განთავისუფლებულ ტყვეებს და რა მძიმე პირობებში ჩააგდეს ისინი, მოათავსეს რა ლამანშის სრუტეში ჩაკარგულ კუნძულ გერსეიზე, მშიერ–მწყურვალნი და ჩამოხეულ-ჩამოძენძილნი. გარდა ამისა, ინგლისელებმა, რომლებმაც მალტის კუნძული ჩაიგდეს ხელში, აინუნშიც არ ჩააგდეს ის გარემოება, რომ მალტელ რაინდთა გროსმაისტერის საპატიო ტიტულს რუსეთის თვითმპყრობელი ატარებდა... თავმოყვარე და ავადმყოფურად ეჭვიანი პავლესათვის ეს უკვე მეტისმეტი იყო.
    და აი, ასეთ დროს, მოკავშირეთაგან შეგინებულ და შვეიცარიაში თავისი ჯარების მარცხით გაბოროტებულ პავლეს სასიამოვნო ცნობები თავისი მოწინააღმდეგისაგან მოუვიდა. პავლემ გაოცებით შეიტყო, რომ საფრანგეთის უზენაეს ხელისუფალს, პირველ კონსულ ნაპოლეონ ბონაპარტს, მის ხელთ მყოფი რუსი ტყვეები (7 ათასი კაცი) გაუთავისუფლებია, რუსულ ფორმაში გამოუწ;ვვია, იარაღი მიუცია და შინისკენ გამოუსტუმრებია!
    სასიამოვნო ცნობას ბონაპარტის პირადი წერილიც მოჰყვა. პირველი კონსული ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებდა რუსთ ხელმწიფეს და აღნიშნავდა, რომ, თუ ამ უკანასკნელის სურვილიც იქნებოდა, ზავი რუსეთსა და საფრანგეთს შორის 24 საათში დაიდებოდა, რადგან მას, ნაპოლეონ ბონაპარტს, ასეთი სურვილი დიდი ხანია ჰქონდა. წერილს თან სამახსოვრო ნივთიც მოჰყვა, რომელსაც რელიქვიად აღიქვამდა პავლე I. ბონაპარტმა რუსეთის თვითმპყრობელს მალტელ რაინდთათვის რომის პაპ ლეო X–ის მიერ ოდესღაც ნაჩუქარი ძვირფასი მახვილი გამოუგზავნა. მოწინააღმდეგისაგან ყველა ამ გაუგონარმა თავაზიანობამ პავლე ერთბაშად მოხიბლა. მან მაშინვე პარიზს აფრინა თავისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი გენერალი სპრენგპორტენი. წარმომადგენლის მისიაში არა მარტო ყოფილ ტყვეთა ევაკუაციის საკითხების მოგვარება და პავლეს საპასუხო თავაზიანი წერილის გადაცემა იყო ბონაპარტისათვის, არამედ რუსეთსა და საფრანგეთს შორის მეგობრული ხელშეკრულების დადებისთვის საფუძველის მომზადებაც, სპრენგპორტენი ამ მისიის შესრულებას სიხარულით დასთანხმდა. იგი პეტერბურგის კარზე აშკარად პროფრანგული ორიენტაციის კაცად იყო ცნობილი. ეს პარიზშიც კარგად იცოდნენ, და ამიტომ მის აქ ჩას- ვლას მხურვალედ მიესალმნენ.
    მაგრამ ბონაპარტს მარტო სამშვიდობო, და თუნდაც მეგობრული, ურთიერთობის დამყარება ყოფილ მოწინააღმდეგესთან აღარ აკმაყოფილებდა. ახლა მას რუსეთთან კავშირი სჭირდებოდა, სამხედრო კავშირი! „თქვენმა ხელმწიფემ და მე, დედამიწას სახე უნდა ვუცვალოთო“, უთხრა ნაპოლეონმა პირველივე შეხვედრისას სპრენგპორტენს. რუსეთის იმპერატორის წარგზავნილთან მოლაპარაკების დელიკატური მხარე მთლიანად ტალეირანს მიენდო და მანაც თავი არ შეირცხვინა: ჩვეული ოსტატობით ჩაატარა მთელი სერია. ინგლისელებს ელდა ეცათ. ისინი ახლა კი მიხვდნენ თავიანთ შეცდომას, მაგრამ რაღას იზამდნენ, უკვე გვიან იყო. რუსეთი ანტიფრანგულ კოალიციას მარტო ხელიდან კი აღარ ეცლებოდა, არამედ მისი მოწინააღმდეგის ბანაკში გადადიოდა!
    ბონაპარტს კვლავ შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა. მისი ევროპული პოლიტიკის ასე ელვისებური სახეცვლილება წამიერი იმპულსის შედეგი როდი იყო – იგი პირველი კონსულის საქმის ვითარებაში ღრმად ჩაწვდომის ნაყოფი გახლდათ. „გარედან“ ისე ჩანდა, რომ ბონაპარტი აჩქარებულად მოქმედებდა. სინამდვილეში კი იგი, „უბრალოდ“, სხვებზე გაბედულად იღებდა გადაწყვეტილებებს.
    საფრანგეთის ძირითადი მტერი ინგლისი იყო, კუნძულზე განლაგებული ქვეყანა, რომელსაც ბონაპარტი, ფლოტის სისუსტის გამო, ვერაფერს აკლებდა. თავის მხრივ, არმიის სისუსტის გამო, ინგლისიც უძლური იყო თავისი მტრისთვის უშუალოდ რამე ევნო და ამიტომ სხვისი ხელით ცდილობდა ზიანი მიეყენებინა მისთვის. ინგლისთან ომი მარტო ქვეყნის ხელისუფალთა ახირება არ იყო. არ იყო იგი აგრეთვე მარტო რევოლუციურ საფრანგეთთან პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი. საქმეს კიდევ უფრო ღრმა ფესვები ჰქონდა. ეს იყო ორი მძლავრი მეზობელი სახელმწიფოს ისტორიული ქიშპობა ევროპის კონტინენტზე და კოლონიებში ჰეგემონიის მოპოვებისათვის. ეს იყო საუკუნო ბრძოლა ეკონომიკური სადავეების ხელში ჩაგდებისათვის. ხოლო თუ ეს ბრძოლა XVIII ასწლეულის ბოლოსათვის კიდევ უფრო გაძლიერდა და კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა, აქ მართლაც რევოლუციის ფაქტორმა ითამაშა როლი. საფრანგეთში რესპუბლიკური წყობილების დამყარებამ ინგლისს ეკონომიკურ საფრთხესთან ერთად მომაკვდინებელი პოლიტიკური საფრთხეც შეუქმნა.
    ნაპოლეონი მშვენივრად ერკვეოდა ამ ორი ქვეყნის რთულ ურთიერთობებში და იცოდა, რომ შერიგება მათ შორის მალე ვერ მოხდებოდა. ვერ მოხდებოდა შერიგება ავსტრიასთანაც. ეს ქვეყანაც საფრანგეთის მეზობელი იყო და ბევრი სადავო ჰქონდა მასთან. კოალიციის წევრთაგან რჩებოდა რუსეთი, რომელთანაც საფრანგეთს ამ ეტაპზე გადაულახავი წინააღმდეგობები არ ჰქონდა. მართლაც, რა ჰქონდა გასაყოფი მას ჩრდილოეთის დათვთან? არაფერი. ასევე რუსეთსაც. არც მას ჰქონდა საფრანგეთის საწინააღმდეგო რამე. მაშ, ვისთვის უნდა ეომა მას ევროპაში? ვინ ისარგებლებდა რუსის დაღვრილი სისხლით? როგორც 1799 წელმა აჩვენა, რუსეთი – ვერა, ისარგებლებდა ავსტრია, ალბათ პრუსია და, რა თქმა უნდა, ინგლისი. მაშ, ღირდა მათი გულისათვის ურთიერთდაპირისპირება? არა! აი, ნაპოლეონის ახალი პოლიტიკის არსი რუსეთთან მიმართებაში.
    პირველ კონსულსა და მის მოხერხებულ საგარეო საქმეთა მინისტრს არ გასჭირვებიათ პეტერბურგის მაშინდელი მესვეურებისათვის ამ ჭეშმარიტების ახსნა. პავლემ მთლიანად გაიზიარა ბონაპარტის ეს კონცეფცია. მაგრამ, როგორც ვთქვით, კორსიკელს ამაზე მეტი ეწადა – მას უნდოდა რუსეთი ინგლისის წინააღმდეგ ომში ჩაება. ერთი-ორი თვის დიპლომატიური აქტიურობა და ესეც შესაძლებელი გახდა. პავლემ ინგლისელების წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყება გადაწყვიტა! თუ სად და რა პირობებში, ამას ქვევით, შემდეგ თავში დავინახავთ.
    რუსეთის პოლიტიკის ასე დიამეტრალურად შეცვლა და ამ ქვეყნის თავისი მტრიდან უშუალო მოკავშირედ გადაქცევა, ნაპოლეონის უდიდესი დიპლომატიური წარმატება ივო. ამ წარმატების შედეგად პავლე უკვე ყველანაირად აქებდა საფრანგეთის პირველ კონსულს და მის სადღეგრძელოს საჯაროდ სვამდა. უფრო მეტიც, ცოტა ხანში რუსეთის იმპერატორმა თავის სასახლის კედელზე ბონაპარტის სურათი ჩამოკიდა და ახლა ყოველდღე მისი ცქერით ტკბებოდა. „რუსეთის იმპერატორი ჭკუაზე შეიშალაო“, ატყობინებდა ლონდონს შეშფოთებული უიტვორტი, ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში. მაგრამ ეს რა იყო! – ცოტა ხანში უიტვორტს ბევრად უფრო უსიამოვნო ამბის შეტყობინება მოუწევდა თავისი მთავრობისათვის.
    ასე რომ, ავსტრიასთან საომარი მოქმედების განახლებას ნაპოლეონი დიპლომატიური წარმატებით გულმოცემული ხვდებოდა და ახლა ბრძოლის ველზე აპირებდა მის განმტკიცებას. მაგრამ, სანამ მეორე კოალიციასთან ომის პერიპეტიებს განვიხილავთ, გვინდა ერთ საინტერესო და, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ.
    1800-1803 წლები (ნაწილობრივ რვაასოთხიც) ღირსშესანიშნავი გამოდგა საფრანგეთისათვის. ამ მშვიდობიან პერიოდში ქვეყანაში უამრავი სასარგებლო რამ გაკეთდა და ამ წამოწყებათა ინიციატორი და მოთავე თვითონ ბონაპარტი იყო. რესპუბლიკა მაშინ ოფიციალურად არსებობდა და ევროპის პროგრესული წრეების თვალში ყველა ეს მიღწევა სწორედ რესპუბლიკურ მმართველობასა და რესპუბლიკის მეთაურის სახელთან იყო გაიგივებული. ამიტომ შემდგომმა ამბებმა – საფრანგეთში მონარქიის აღდგენამ და ნაპოლეონის მიერ თავისი თავის „სრულიად ფრანგთა“ იმპერატორად გამოცხადებამ – დიდი გამოძახილი ჰპოვა მაშინდელ მსოფლიოში. ეს გამოძახილი ერთობ თავისებური იყო. კონსერვატული წრეები უნდობლად შეხვდნენ მას. ნაპოლეონის სახელი ისე მჭიდროდ იყო რესპუბლიკასთან დაკავშირებული, ხოლო 1789 წლის შემდგომი საფრანგეთი ისე იყო „რევოლუციურ ჭირთან“ გაიგივებული, რომ ფეოდალურმა ევროპამ ნაპოლეონის ეს ნაბიჯი სერიოზულად არ აღიქვა და ამიტომ მასთან დაახლოების გზების ძებნას არ შეუდგა. მან არ მიიღო ბონაპარტი და თავისიანად არ აღიარა იგი.
    რაც შეეხება პროგრესულ ძალებს, მათთვის ეს მძიმე ლახვარი გამოდგა და დიდი იმედგაცრუებაც გამოიწვია მათში. გავრცელებული აზრით, ეს რევოლუციის ღალატი და რესპუბლიკური პრინციპების ფეხქვეშ გათელვა იყო. ნიშანდობლივია, რომ ამ იმედგაცრუებამ თავი მხოლოდ 1804 წლიდან იჩინა – ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევის დღიდან. ფორმალურად, ეს ასეც იყო. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ჩატარებული კორონაციის პარალელურად, საფრანგეთის რესპუბლიკამ თავისი არსებობა შეწყვიტა, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს უფრო ადრე მოხდა, დაახლოებით 1800 წლის ბოლოდან, როცა ბონაპარტმა შეუზღუდავი ძალაუფლება აიღო ხელში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია ნაპოლეონის ცხოვრებაში. ფაქტობრივ მხარეს – იმპერიის გამოცხადებას, კორონაციის ცერემონიალს, საიმპერატორო კარის შექმნას – ჩვენ ქვემოთ ცალკე და დაწვრილებით შევეხებით. აქ კი, ახლა, როცა რესპუბლიკის აღსასრულია მოახლოებული, საქმის სხვა მხარე გვინდა განვიხილოთ, გვინდა რევოლუციური იდეებით ერთ დროს ეგზომ დამუხტული ადამიანის ასეთი მეტამორფოზის მიზეზებს ჩავუკვირდეთ.
რატომ უღალატა რევოლუციურ იდეებს ბონაპარტმა, როგორ მივიდა იგი ამ გადაწყვეტილებამდე? ან საერთოდ, უღალატა კი რევოლუციას, ხოლო თუ უღალატა, რომელს? ეს რთული კითხვებია, მაგრამ ისინი პასუხს მოითხოვენ.
    რევოლუციას ისეთი ადგილი ეჭირა ბონაპარტის ცხოვრებაში, მან იმდენი რამ გამოიარა იმ წლებში და, ბოლოს, ისეთი სამსახური გაუწია რესპუბლიკას, რომ იმ პერიოდმა მისი ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეადგინა. თხრობის პროცესში ჩვენ საკმაოდ დიდი ადგილი დავუთმეთ რევოლუციურ ამბებს. უპირატესად სწორედ ამ მიზეზების გამო და ეს, ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახლა სხვა მხრივ უნდა მივუდგეთ საკითხს, უნდა ვეცადოთ ცოტა ბონაპარტის „სულშიც“ ჩავიხედოთ, რამ გამოიწვია მისი ასეთი მეტამორფოზა? განა ის მართლა 1800 წელს გადაუდგა რევოლუციას (ან მით უმეტეს, 1804 წელს)? რა თქმა უნდა, არა, თანაც ეს ხომ ერთი დღის ამბავი არ იყო. სინამდვილეში ეს პროცესი ჯერ კიდევ ოთხმოცდათორმეტში დაიწყო, რევოლუციის მეოთხე წელს! რა მოხდა, რა დაინახა ახალგაზრდა რესპუბლიკელმა, რუსოს იდეების თაყვანისმცემელმა ისეთი, რამაც გული აუცრუა რევოლუციაზე?
    რევოლუციურ პროცესთან ნაპოლეონის დამოკიდებულებისა და მისი მთელი შემდგომი მოქმედების ახსნის ყველაზე იოლი გზა საკითხის მხოლოდ) ამ ადამიანის პიროვნულ თავისებურებებთან დაკავშირებაა. ბევრი მხლოდ ასე აკეთებს. მაგრამ ასეთი მიდგომით გამოდის, რომ ყველაფერი, რაც შემდგომ მოხდა, მხოლოდ ნაპოლეონის პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისადმი მისი წრაფვის გამო მოხდა. საკითხი კი ასე მარტივი არ არის.
    არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს პატივმოყვარეობის განსაკუთრებული გრძნობაც ჰქონდა და ძალაუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვაც. სხვათა შორის, ამას არც თვითონ მალავდა: „ძალაუფლება ჩემი სატრფოა და რადგან მისი მოპოვება მე ძვირი დამიჯდა, ამიტომ არათუ არავის დავანებებ მომტაცონ იგი, არამედ იმასაც კი არ მოვითმენ, ვინმემ რომ ჟინიანად შეხედოს მას“. ასეთი ადამიანი ძალაუფლების მოპოვებისათვის ბევრ რამეზე წავა. და წავიდა კიდეც, ეს ჩვენ უკვე დავინახეთ. მაგრამ მხოლოდ ეს იყო მიზეზი? 12 წლის წინათაც ასეთი იყო ნაპოლეონი და უკვე მაშინ გეგმავდა ყველაფერს წინასწარ? რა თქმა უნდა, არა. მაშინ მას ბევრად უფრო მოკრძალებული მიზნები ჰქონდა და ასე შორს არ იყურებოდა. მაშ რა მოხდა? – ისევ ვსვამთ კითხვას. ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, უკან უნდა დავიხიოთ, 1792-94 წლებს უნდა დავუბრუნდეთ, კარგა ხნის წინ გარდასული სახელები გავიხსენოთ და, რაც მთავარია, საფრანგეთში მაშინ შექმნილ მდგომარეობას ჩავუკვირდეთ. ეს მით უფრო უნდა გავაკეთოთ, რომ, ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნაპოლეონის შეხედულებების ცვლილებაში და მთელ მის შემდგომ მოქმედებაში.
    1792 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთში უცნაური და გაუგებარი ამბები დაიწყო – რევოლუციონერთა შორის გადაულახავმა წინააღმდეგობებმა იჩინეს თავი და გუშინდელი თანამებრძოლები სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაე კიდნენ ერთმანეთს, ისინი უკვე ისეთ რამეში სდებდნენ ურთიერთს ბრალს, რაც, შეიძლება ითქვას, გონიერების ფარგლებში აღარ ეტეოდა. ამავე დროს, მძიმე მდგომარეობისათვის დამახასიათებელი და, ამდენად, გასაგები რევოლუციური სიფხიზლე საყოველთაო უნდობლობასა და ეჭვიანობაში გადაიზარდა. ხელისუფლება ყველგან და ყველაფერში მტრის ხელს ეძებდა. ისეთი ვითარება შეიქმნა, კარის მეზობლები აღარ ენდობოდნენ ერთმანეთს, ასმენდნენ და აბეზღებდნენ სადაც ჯერ არს. ხალხი დაიბნა, აღარ იცოდა რა ექნა, ვერ გაიგო, ვინ მტყუანი იყო და ვინ მართალი. გუშინდელ კერპებს დღეს ქვეყნის მოღალატეებად აცხადებდნენ, ციხეებში ამწყვდევდნენ და მერე ეშაფოტზე აგზავნიდნენ. მათ ადგილს სხვები იკავეადნენ, მათსავით „მგზნებარე რევოლუციონერები“. ისინიც თავისუფლებაზე და თანასწორობაზე ლაპარაკობდნენ და დემოკრატიის დამყარებას ქადაგებდნენ. ასეთ ამბებში ყველაზე უფრო და ყველაზე მეტად იაკობინელები აქტიურობდნენ. მათი ბელადი მაქსიმილიან რობესპიერი თავს რუსოს მოწაფედ თვლიდა და თავის რევოლუციურ იდეოლოგიას მის მოძღვრებას უდებდა საფუძვლად. ამაში, რასაკვირველია, იყო სიმართლის ელემენტები, მაგრამ სიმართლე უფრო ის იყო, რომ რუსოს მოძღვრება რობესპიერმა და მისმა მიმდევრებმა ცალმხრივად და მიკერძოებულად გაიგეს, თავიანთთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია მისცეს მას.
    იაკობინელთა იდეოლოგია, პრიმიტიული თუ დახვეწილი ფორმით, თავიდან ფართოდ მოედო საზოგადეობის სხვადასხვა ფენებს. მასების გაღატაკებისა და გარეშე საშიშროების ზრდასთან ერთად, მათი გავლენა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიზარდა მანამდე ზომიერი „პარტიებისა“ და მიმდინარეობების ხარჯზე. ამან მკვეთრად შეცვალა რევოლუციის მიმართებაც და მიზნებიც. ახლა ძალადობა აშკარად გამოვიდა წინა პლანზე. ჟირონდისტების განადგურების შემდეგ გამარჯვებულმა იაკობინელებმა, როგორც კი სრული ძალაუფლება მოიგდეს ხელთ, მაშინვე სექციების არჩევითობა გააუქმეს და ყველგან თავიანთი მომხრეები დასვეს. თან, რასაკვირველია, ეს აქცია დემოკრატიზმის პრინციპის უმაღლეს გამოვლინებად მონათლეს. იაკობინელებაა კომისართა ინსტიტუტი შემოიღეს და შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე თავიანთი ეს რჩეულები მარტო ჯარში კი არა, ქვეყნის ყველა კუთხეში გააგზავნეს. თანაც, როგორც წესი, ყველგან ორ-ორ კომისარზე ნაკლებს არ აგზავნიდნენ, რათა მათ სხვებთან ერთად ერთმანეთისთვისაც თვალყური ედევნებინათ, ეს კომისრები ისეთივე სასტიკნი იყვნენ, როგორც დაუღალავნი. ისინი დღე და ღამ, ქალაქი იქნებოდა თუ სოფელი, მტრის გამოსავალენად დადიოდნენ და თან გილიოტინას დაატარებდნენ, ამ „ეროვნულ სამართებელს“, როგორც მას თვითონ უწოდებდნენ და პარსავდნენ კიდეც სუფთად ამ სამართლებლით, ადამიანის თმებს კი არა, თავებს...
    რევოლუციური სასამართლო, რომელიც თავიდან დიდის ამბით შეიქმნა, დასაწყისში დანაშაულის არსებობას გულმოდგინედ იძიებდა და ასე თუ ისე, სამართლიანი განაჩენი გამოჰქონდა. მერე ყველაფერი შეიცვალა და დავიწყებას მიეცა. სასჯელის გამოტანის ბევრად უფრო მარტივი და უსამართლო ხერხი მოიძებნა. ცოტა ხანში საქმე ისე წავიდა, რომ ამ „სასამართლოებს“ სწორი განაჩენის გამოტანისთვის უკვე დროც აღარ ჰქონდათ, რადგან მსჯავრდასადებთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. ამიტომ საქმეთა ინდივიდუალურ გარჩევებს თავი ანებეს და, მსოფლიო პრაქტიკაში პირველად, ჯგუფური „სასამართლოების“ გამართვა დაიწყეს. ჯგუფურ პროცესებს ჯგუფური ანგარიშსწორება მოჰყვა – ეშაფოტზე ახლა ლამის მთელ ორგანიზაციებს აგზავნიდნენ ერთად. მალე გილიოტინა საკმარისი აღარ აღმოჩნდა და მასობრივი ჟლეტა დაიწყო. მთელი საფრანგეთი შეძრა კომისარ კარიეს საქცელმა ქალაქ ნანტში, რომელმაც, დროის მოგების მიზნით, უამრავი ადამიანი ჩააღრჩო ლუარაში. კარიეს არც ფუშე და კოლო დ”ერბუა ჩამორჩნენ. ამ „ლიონელმა ჯალათებმა“, როგორც ამის შემდეგ მათ შეარქვეს, ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, როცა ასობით ხელფეხშეკრულ ადამიანს ზარბაზნებით მოუღეს ბოლო. წარსულს ჩაბარდა ის დრო, დანტონი რომ ამბობდა: „მე მირჩევნია თავად მომკვეთონ თავი, ვინემ სხვები გავაგზავნო გილიოტინაზეო“.
    დანტონი ახლა თვითონ გახდა რევოლუციური ტრიბუნალის შექმნის ინიციატორი და უკვე მისი თანხმობით აგზავნიდნენ ეშაფოტზე მღვდლებს, არისტოკრატებს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, სპეკულანტებს, ქორვაჭრებს, ემიგრანტთა ახლობლებს, უბრალოდ, არასაიმედო პირებს და, რა თქმა უნდა, სრულიად უდანაშაულოებს.
    არასაიმედო და საეჭვო პირთა თაობაზე იაკობინელთა მეთაურებმა ქვეყნის ყველა სექციასა და კომიტეტში დაგზავნეს სპეციალური განკარგულება, მათი დაუყოვნებელი დაპატიმრების შესახებ. ეს განკარგულება ოფიციალურ კანონს ეყრდნობოდა – „კანონს საეჭვო პირთა“ შესახებ. „საეჭვონი არიან ყველა ისინი, ვინც თავიანთი მოქმედებით, სიტყვებითა თუ ქმნილებებით, ან ნებისმიერ სხვა რამით, ეჭვს აღძრავენ“, ეწერა ამ კანონში. არც მეტი, არც ნაკლები! თუმცა მეტი კი. ზოგიერთი ულტრარადიკალი საეჭვო პირებს... სახის გამომეტყველებით „ამოიცნობდა“ ხოლმე. დროთა განმავლობაში, რევოლუციონერთა ზნეობაც ეცემოდა. ბევრი თავგამოდებული რესპუბლიკელი მექრთამე და გამომძალველი აღმოჩნდა. როცა ხალხი შიმშილობდა და წელზე ფეხს იდგამდა, ისინი კონფისკაციისა თუ პირდაპირი ძარცვის საშუალებით ფულსა და ქონებას აგროვებდნენ. სანამ სანკიულოტები იყვნენ, ეს რევოლუციონერები თანასწორობაზე და ქონების გადანაწილებაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ, როგორც კი ძალაუფლება იგდეს ხელთ და ქონებას დაეპატრონენ, ეს იდეები მაშინვე დაივიწყეს და მდიდრულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. როგორც ამბობდნენ, „რასაც ადრე თაყვანსა სცემდნენ, ახლა მას სპობდნენ და რასაც სპობდნენ, მას ეთაყვანებოდნენ“.
    რობესპიერს კარგახანია აღარ ახსოვდა რუსოს ნათქვამი – „ადამიანის სისხლის ფასი ამქვეყნად არაფერიაო“. ტერორი ჩვეულებრივი ამბავი გახდა იაკობინელთა ბელადისათვის. უყვარდა ხოლმე თქმა: „რევოლუციაში ღრმად მაშინ შეტოპავენ, როცა არ იციან საით მიდიან“. თვითონ, რა თქმა უნდა, ეგონა, რომ მხოლოდ მას, ერთადერთს, და სხვა არავის, შეეძლო ხალხი თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ წაეყვანა. ამაში ფანატიკურად იყო დარწმუნებული და ამიტომ არავის დაინდობდა, ვინც ხელს შეუშლიდა. აკი არც ინდობდა და ეშაფოტზე აგზავნიდა, სისხლს ანთხევინებდა. სისხლს კი შეჩვევა სცოდნია თურმე, განსაკუთრებით სხვისას. მერე თვითონ რევოლუციონერების ჯერი დადგა. ახლა ისინი დაერივნენ ერთმანეთს. ჯერ ჟირონდისტებს გააგდებინეს თავები გილიოტინაზე. მერე დანტონსა და მის მომხრეებს, მერე. მერე „მოუსყიდავის“ ჯერიც მოვიდა და ისა და მისი განუყრელი სენ-ჟიუსტი და კუტონი გაუყენეს გრევის მოედნის გზას. სხვათა შორის, ისევე იოლად და ისევე თვალისდაუხამხამებლად, როგორც თვითონ ისინი აგზავნიდნენ სიკვდილის გზაზე სხვებს.
    ხალხიც ზუსტად ისევე იქცეოდა, როგორც ყოველი ასეთი „სანახაობის“ დროს. იგი სტვენითა და სიხარულის ყიჟინით აცილებდა მორიგ მსხვერპლს ეშაფოტისაკენ. ტიროდა თურმე რობესპიერი, როცა დასასჯელად მიჰყავდათ და ხალხის ასეთ რეაქციას ხედავდა. სხვას მოელოდა, ალბათ. მოკლედ, მართლდებოდა ვერნიოს ნათქვამი – რევოლუცია სატურნივითაა, იგი თავის შვილებს ჭამსო.
    რობესპიერი ტრაგიკული ფიგურა იყო რევოლუციის ისტორიაში. იგი შესანიშნავი ნიმუშია იმ მოღვაწეებისა, რომლებმაც ყველა და ყველაფერი იდეას შესწირეს და მაინც (თუ სწორედ ამიტომ!) კარგი ვერაფერი მოუტანეს კაცობრიობას. მოგვიანებით, ნაპოლეონმა შესანიშნავად დაახასიათა იგი: „რობესპიერი ფანატიკოსი იყო, ნამდვილი ურჩხული, მაგრამ ამავე დროს, მოუსყიდავი. მას არ შეეძლო პირადი მტრობის ან, უბრალოდ, სისხლისმწყურვალობის გამო, ვინმე სიკვდილით დაესაჯა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ის პატიოსანი იყო“.
    იმ დროისათვის არც ერთი დიდი განმანათლებელი ცოცხალი აღარ იყო. თითქოს ნიშნადობლივია ეს ფაქტი. ისინი რომ ცოტა ხნით ადრე არ გარდაცვლილიყვნენ და თავიანთ იდეებზე აღზრდილი საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ ამ იდეების ცხოვრებაში გატარების „ცდებს“ მოსწრებოდნენ, ან ემიგრაციაში მოუწევდათ სასწრაფოდ წასვლა, ან გილიოტინაზე დაასრულებდნენ სიცოცხლეს. კაბინეტის სიმყუდროვეში დაბადებული მათი თეორიული ნააზრევის პრაქტიკულ ხორცშესხმას მძიმე შედეგი მოჰყვა: საზოგადოება გაიხლიჩა, ერთმანეთს დაუპირისპირდა და გადაეკიდა, დაიწყო სისხლისღვრა, დაიწყო ტერორი და სამოქალაქო ომი, რომელიც მერე ევროპასთან ომში გადაიზარდა. ამიტომ თითქოს დაინღო განგებამ განმანათლებლები და აღარ დაანახა შემდგომი ამბები. სამაგიეროდ, ყველა ამ, ამბის უშუალო მომსწრე ნაპოლეონ ბონაპარტი შეიქმნა. ყველაფერი, რომ იტყვიან, მის თვალწინ მოხდა. რაზე ოცნებობდა იგი და რა დაინახა? ის, რაც მაშინ საფრანგეთში ხდებოდა, არაფრით ჰგავდა რუსოს ნაწინასწარმეტყველებ „ჰარმონიულ საზოგადოებრივ თანაცხოვრებას“. მით უფრო არ ჰგავდა ვოლტერის „გონების მეუფების ხანის“ დადგომას. ამ ხანის დადგომას ვიღა ჩიოდა, მასთან მიახლოებაზეც აღარ შეიძლებოდა ფიქრი. იდეალები გაღმა დარჩა, გამოღმა კი მწარე რეალობა. ცხადია, ყველაფერმა ამან დამთრგუნველად იმოქმედა ბონაპარტზე და გული გაუტეხა მას. როგორც გამოირკვა, მაშინ ხელმეორედ გადაუკითხავს მას თავისი ადრინდელი კერპის – რუსოს – ნაწერები და ბევრი რამ აღარ მოსწონებია მისი. ფანქრით მიუწერია წიგნის ფურცლებზე: „ეს ასე არ არის“, „მართალი არ უნდა იყოს“, „რუსო ამაში ცდება“.
    იაკობინელებს, თავის ადრინდელ თანამოაზრეებს, ამის შემდეგ მალე გადაუდგა ბონაპარტი. აღარც მათი იდეები მოსწონდა და, მით უმეტეს, აღარც მათი მეთოდები. ამის მაგალითი ცოტა არ შემოუნახავს ისტორიას, ზემოთ ჩვენც მოვიყვანეთ ზოგიერთი მათგანი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით, მაინც მაქსიმილიან რობესპიერთან თანამშრომლობაზე უარის თქმა იყო. გავიხსენოთ: „– მაგრამ მე დავუჭერ მას მხარს? არასოდეს“ ამიტომ იყო, რომ პოლიტიკის ეგზომ მოყვარული და მანამდე პოლიტიკაში ასე ღრმად ჩაბმული კაცი, იმ დროს სრულიად განერიდა მას და მხოლოდ თავის სპეციალობაში – სამხედრო საქმეში – ჩაეფლო. პოლიტიკა საშიში გახდა მაშინ. ომში ყოფნაზე ბევრად საშიში, როცა სისხლიანი იაკობინური დიქტატურა კორუმპირებულმა და უზნეო დირექტორიამ შეცვალა, ქვეყანაში ტერორი კი შეწყდა, მაგრამ ცხოვრების პირობები არ გაუმჯობესებულა. თერმიდორელებმა თავიანთ გადატრიალებას რევოლუცია დაარქვეს. მანამდე, იაკობინელებმაც რევოლუციად მონათლეს ჟირონდისტებზე გამარჯვება. ისე გამოდიოდა, რომ, ვინც ქვეყანაში ძალაუფლებას ხელში იგდებდა, ის თავის გამოსვლას ახალ რევოლუციად ნათლავდა. ამდენ „რევოლუციებში“ ჭეშმარიტი რომელი იყო, უკვე გაგებაც ჭირდა. თუ ასე იყო, მაშ, ისევ დავსვათ კითხვა: რომელ რევოლუციას უღალატა ბონაპარტმა?
    თუ 1789 წლისას ავიღებთ, ის ხომ კარგა ხნის „ნაღალატევი“ იყო ჯერ ჟირონდისტების, მერე იაკობინელების, მერე კი თერმიდორელების მიერ! ბონაპარტის წილად რომელი რჩებოდა?
    ნელ–ნელა ხალხზეც შეეცვალა გენერალს აზრი. პირველი იმედგაცრუება ადრე, კორსიკაზე იგემა, როცა კუნძულელები მის გეგმებს წინ აღუდგნენ და „განახლების სიოს“ ზურგი შეაქციეს. მერე, ამას 92 წლის ზაფხულის ამბები მოჰყვა და მან თვალნათლივ დაინახა ბრბოს დაუნდობლობა, ვერაგობა, უმადურობა, განურჩევლობა. განა არ იმოქმედებდა მგრძნობიარე ახალგაზრდაზე ის ფაქტი, რომ პარიზელები ერთიანი სიხარულით ხვდებოდნენ სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე მოღვაწეთა ფიზიკურ განადგურებას? რა უნდა ყოფილიყო ეს? 93 წლის დეკემბერში რომ სორბონის ეკლესიის მარმარილოს აკლდამიდან 150 წლის წინ გარდაცვლილი კარდინალ რიშელიეს ნეშტი ამოაგდეს, ნაწილ-ნაწილ დაჩეხეს და პარიზის ქუჩებში ათრიეს, ეს რაღა იყო? ეს ვის სჭირდებოდა? სხვა თუ არაფერი, რიშელიე ხომ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი იყო! რომელი ერთი ასეთი მაგალითი. მაშ, მართალი ყოფილა მაკიაველი, რომელიც ამბობდა, რომ რადგან ადამიანები ძირითადად უმადურები, მერყევები, მშიშრები და ხარბები არიან, ისინი მხოლოდ მანამდე იქნებიან შენს მხარეზე, სანამ მათ სჭირდებიო?
    მაკიაველის სხვაც ბევრი რამ ჰქონდა ისეთი, რომელიც „იდეაშერყეულ“ ბონაპარტს ჭკუაში უჯდებოდა: „თავისუფლება კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია წესრიგი. ამიტომ წესრიგის შენარჩუნება ყველა საშუალებას ამართლებს“, ყველა საშუალებასო.
    გენერალს მერე და მერე თავისი შეხედულება შეექმნება ხალხზე, როგორც საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის საჭირო მასალაზე, უფორმო მასაზე, რომელიც ყოველთვის წინამძღოლს საჭიროებს და რომელსაც ყოველთვის მართვა სჭირდება. მერე იქნება რომ იტყვის: ხალხი თავისთავად არაფერია, ერთი ადამიანია ყველაფერიო. თამამი ნათქვამია, მაგრამ ვისაც მისი ცხოვრებისა და მისი ნამოქმედარის შესახებ რამე გაუგია, იქნებ ეჭვიც აღარ შეეპაროს ამ სიტყვების სისწორეში. უსაზღვრო პატივმყოვარეობასა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვასთან ერთად, აგრეთვე საკუთარი ვარსკვლავის რწმენასთან ერთად ეს შეხედულებები მერე, ახალგაზრდა ბუონაპარტეს იმპერატორ ნაპოლეონად გარდაქმნის გზაზე, უმნიშვგნელოვანესი ფაქტორი გახდება („ვარსკვლავი“ აქ ტყუილად არ გვიხსნებია. ნაპოლეონს ღრმად სწამდა მისი. სხვათა შორის, ვისაც ნაპოლეონზე მეტ-ნაკლებად ვრცლად რამე დაუწერია, „ამ ვარსკვლავისთვის“ გვერდი არ აუქცევია. რასაკვირველია, სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ინტერპრეტაციით. არსებობს ასეთი ფაქტი. ერთხელ, ყმაწვილ ბუონაპარტეს ბიძამისმა, მომავალმა არქიეპისკოპოსმა ფეშმა, რაღაცის გაკეთება დაუშალა. ნაპოლეონმა ბიძა ფანჯარასთან მიიყვანა, ცაში აახედა და ჰკითხა: ხედავ იმ ვარსკვლავსო? ვერაო, უთხრა ბიძამ, როგორ დავინახავ მზიანი დღეაო. მე კი ვხედავო, გამომწვევად უთხრა ნაპოლეონმა და დაუმატა: ამიტომ ყოველთვის ჩემი გზით ვივლი და ნურავინ ეცდება წინ გადამეღობოსო).
    ზემომოყვანილი მთელი ეს ისტორიული ექსკურსი 1792-94 წლებში იმიტომ დაგვჭირდა, რომ გვეჩვენებინა, თუ რამ იქონია გავლენა ახალგაზრდა ბონაპარტზე, კაცზე, რომელიც თავიდან გულწრფელად თანაუგრძნობდა რევოლუციას და მართლა ოცნებობდა განმანათლებელთა იდეებზე დაფუძნებული სამართლიანი საზოგადოების შექმნაზე. მერე ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა, როცა მისთვის ნათელი გახდა, რომ ამ იდეების პრაქ-ტიკულ განხორციელებას სულ სხვა შედეგი მოჰყვა. და მაინც ამის შემდეგაც ბონაპარტი მალე არ გადადგომია რესპუბლიკას. იგი ულტრარადიკალებს გადაუდგა მხოლოდ. ბონაპარტს რესპუბლიკური წყობილება კარგახანს საუკეთესოდ მიაჩნდა და თვლიდა, რომ მას ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა. გავიხსენოთ, როგორ ქმნიდა იგი რესპუბლიკებს იტალიაში, როგორ იდგა თვით საფრანგეთის რესპუბლიკის სადარაჯოზე, მხოლოდ ერთი კი იყო: უკვე მაშინ ყველაფერი მის ჭკუაზე უნდა გაკეთებულიყო, ყველა პროექტი მისი უნდა ყოფილიყო და ყველაფერს თვითონ უნდა ჩადგომოდა სათავეში. თანდათან ყოვლისშემძლეობის გრძნობა დაეუფლა. ეს გრძნობა მერე ყველაფრის ნებადართულობაში გადაეზარდა და ის სხვა კაცი გახდა. დესპოტიის სათავეში მდგომ ამ სხვა კაცს ახალგაზრდა ბუონაპარტესთან საერთო აღარაფერი ჰქონდა.
    ასე რომ, ბონაპარტმა რევოლუციას კი არ უღალატა, უკვე დიდი ხნის აღარარსებულ რევოლუციას, არამედ პირველ რიგში თავის თავს, 1800–1803 წლების ბონაპარტს, აღმშენებლისა და მშვიდობისმყოფელის სახელის მქონე დიდ სახელმწიფო მოღვაწეს უღალატა. მისი ერთპიროვნული, მაგრამ უაღრესად კომპეტენტური მმართველობა იმ დროს სასიკეთო აღმოჩნდა თერთმეტი წლის არეულობითა და ქაოსით გატანჯული ქვეყნისათვის. მაგრამ მერე, როცა მან საარაკოდ მოკლე დროში საფრანგეთის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა მოახერხა, როცა ქვეყანა სიმშვიდისა და კეთილდღეობის გზაზე დააყენა, მან კანონის უზენაესობა კი არ დაამკვიდრა, პრესის თავისუფლება კი არ აღადგინა, ადამიანის უფლებები კი არ დაიცვა, არამედ სამხედრო დიქტატურა დაამყარა და დესპოტური რეჟიმი შექმნა. თავისი ეს უზარმაზარი მეტამორფოზა, თავისდაუნებურად, ყველაზე ზუსტად და ყველაზე მოსწრებულად თვითონ მანვე განსაზღვრა, ალბათ, სხვებისათვის განკუთვნილი სიტყვებით: „რევოლუცია ერთ პატივმოყვარეთა ნება-სურვილით იწყება და მეორე პატივმოყვარეთა ძალაუფლებით მთავრდება“.
მეორე ლაშქრობა იტალიაში. მარენგო
    მარენგოს ბრძოლის შემღეგ იმ გრანდიოზულ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტას ბონაპარტი შეეჭიდა, დრო და მშვიდობიანი ცხოვრება სჭირდებოდა, პირველ კონსულს კი არც ერთი და არც მეორე არ გააჩნდა: გაზაფხულდებოდა თუ არა, მეორე კოალიციის ქვეყნები ომს განაახლებდნენ. ინგლისსა და ავსტრიას ამჯერად მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ბოლო მოეღოთ საძულველი რესპუბლიკისათვის. მათი აზრით, ამაზე უკეთეს დროს ისინი ვერ იპოვიდნენ – წინა წლის წარუმატებლობის შემდეგ საფრანგეთის არმია დემორალიზებული ჩანდა და, როგორც ეტყობოდა, უნდა გასჭირვებოდა ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების წარმოება. ამავე დროს თავისი სიტყვა უნდა ეთქვათ ფრანგ როიალისტებსაც, რომელნიც, რესპუბლიკელთა დამარცხებებით გულმოცემულნი, ერთობ გააქტიურდნენ ვანდეასა და ბრეტონში. გარდა ამისა, სულ ახლახან მომხდარი გადატრიალება და დაუძლურებული ქვეყნის სათავეში სახელმწიფო საქმეებში სრულიად „გამოუცდელი“ პირის მოსგლა საფრანგეთისთვის კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორი იქნებოდა. ასე რომ, მეორე კოალიციის ქვეყნებს ომი უნდოდათ კიდეც და მისი წარმატებით დამთავრების იმედიც ჰქონდათ.
    ომი ბონაპარტსაც უნდოდა – მხოლოდ ხანმოკლე და წარმატებული ომი. ისეთი, რომელიც მის ავტორიტეტსაც გაზრდიდა და პირადი ძალაუფლების განმტკიცებაშიც ხელს შეუწყობდა. „გამარჯვება მე ყველაფრის გაკეთების საშუალებას მომცემსო“, – ეუბნებოდა იგი ძმას, ჟოზეფს. პირველმა კონსულმა იცოდა, რომ ომი გარდუვალი იყო, მაგრამ მან ისიც იცოდა, რომ ფრანგები გადაღლილნი იყვნენ ომებისგან, რომ 1722 წლის შემდეგ ქვეყანას მშვიდობიანი ცხოვრებით არ უცხოვრია, და ამის გამო მოსახლეობაში ადრინდელი საომარი აღტკინების გამოწვევა ძნელი იქნებოდა. ამიტომ, პოლიტიკური მოსაზრებებით, ახლადგამომცხვარ პირველ კონსულს თავისი მოღვაწეობა ომის პროპაგანდით არ უნდა დაეწყო. და ეს მაშინ, როცა ომი კარზე იყო მომდგარი! ასეთ პირობებში ბონაპარტმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა უფრო თავისი მშვიდობისმოყვარეობა დაემტკიცებინა ევროპისა და საკუთარი ქვეყნისათვის, ვიდრე ომისკენ სწრაფვა. ომის დაწყების ინიციატივა მას კოალიციის ქვეყნებისათვის უნდა გადაელოცა და მანაც ბრწყინვალედ მოახერხა ეს. თუ როგორ, ახლავე დავინახავთ.
    ძალაუფლების ხელში აღებიდან სულ მალე, უკვე 1799 წლის დეკემბერში, პირველმა კონსულმა დაპირისპირებული ქვეყნების – ინგლისისა და ავსტრიის – მონარქებს პირადი წერილები გაუგზავნა. ამ წერილებით, საფრანგეთის მმართველი მშვიდობის ხელს უწვდიდა მტრებს. „ნუთუ ეს ომი, რომელიც უკვე რვა წელიწადია რაც აჩანაგებს ჩვენს ქვეყნებს, არასოდეს არ უნდა დამთავრდეს?“ ეკითხებოდა იგი ინგლისის მეფეს, „როგორ შეუძლია ევროპის ორ ყველაზე განათლებულ ერს პატივმოყვარეობას შესწიროს ვაჭრობის ინტერესები, შინაგანი კეთილდღეობა და თავის მოქალაქეთა ბედნიერება?“ ამიტომ, წინადადებას აძლევდა პირველი კონსული დიდი ბრიტანეთის მეფეს, საჭირო იყო ორივე ქვეყანას უკუეგდო ფორმალობები და დაუყოვნებლივ უარი ეთქვა ომზე. წერილი ვრცელი იყო, სავსე მაღალფარდოვანი ფრაზებით, მაგრამ ის მთავარი, რისთვისაც იგი დაიწერა, ერთობ მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად იყო გამოკვეთილი: საფრანგეთი ომის შეწყვეტას და ზავის დადებას სთავაზობდა მოწინააღმდეგეებს. ეს წერილი, რა თქმა უნდა, უფრო ფრანგი ხალხისათვის და ევროპის საზოგადოებრივი აზრისათვის იყო განკუთვნილი, ვიდრე მოწინააღმდეგე ქვეყნების მონარქებისათვის (ეს რომ ასე იყო, ბონაპარტის შემდგომმა „ეპისტოლარულმა აქტივობამ“ დაამტკიცა).
    მოკავშირენი ასეთ წერილს არ ელოდნენ და ამიტომ საკმაოდ გაღიზიანდნენ. გაღიზიანების მიზეზი, იცოცხლეთ, დიდი ჰქონდათ. ჯერ ერთი, ვიღაც უგვარო გენერალი, თუნდაც ომებში სახელგანთქმული, მაგრამ კაცმა რომ არ იცის, როგორ და რა უფლებით საფრანგეთის უმაღლესი ხელისუფლის პოსტზე გამძვრალი, პირდაპირ, როგორც ტოლი ტოლს, ისე მიმართავდა ევროპის ორ მირონცხებულს! და მეორეც, როგორ ბედავდა ის ზავის შეთავაზებას მაშინ, როდესაც ომის მიზეზი რჩებოდა – საფრანგეთი რევოლუციურ ექსპანსიაზე ხელს არ იღებდა და ამასთანავე არავითარი პირი არ უჩანდა საფრანგეთის კანონიერი მმართველების – ბურბონების – ხელისუფლების აღდგენას? მოკავშირეთა საპასუხო წერილებში, სწორედ ეს გაღიზიანება გამოსჭვიოდა. ინგლისელთა პასუხი, უბრალოდ, თავხედური იყო. კუნძულელთა წესისამებრ მონარქი პირადად არ იწერებოდა პოლიტიკურ წერილებს. პასუხი ტალეირანის სახელზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა გრენვილმა გამოგზავნა. თავიანთ ქედმაღლურ წერილში ინგლისელები ისეთ პირობებს აყენებდნენ, რომ მათი მიღება ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისათვის ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა. თუ როგორ არ უნდოდათ ინგლისელებს მაშინ მშვიდობა, იქიდანაც ჩანს, რომ წერილი, რომელიც ნაპოლეონმა მათ მისწერა, 25 დეკემბრით იყო დათარიღებული, ხოლო პასუხი ლონდონიდან მას 4 იანვარს მოუვიდა. თუ ფოსტის, თუნდაც სპეციალურის, მაშინდელ „სისწრაფეს“ გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ ომისა და მშვიდობის უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტას ინგლისელებმა სულ რაღაც ორიოდე დღე თუ დაახარჯეს.
    ავსტრიელთა წერილს პრემიერ-მინისტრი ტუგუტი აწერდა ხელს და იგი უფრო ზრდილობიანად იყო შედგენილი. თუმცა ამით არაფერი იცვლებოდა – არსი აქაც იგივე იყო – მხარეთა შორის დავას ომი გადაწყვეტდა. ბონაპარტსაც ეს უნდოდა. მან დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა პრესაში თავისი წერილებიც და მოწინააღმდეგეთა პასუხებიც. მოკავშირეთა წერილების ტონმა და შინაარსმა ფრანგები ააღელვა. გენერლის მიზანიც ეს იყო. მაგრამ იგი ამით არ დაკმაყოფილებულა. მან კიდევ ერთხელ მისწერა ორივე ქვეყნის ხელისუფალთ წერილები, სადაც ამომწურავად აცნობდა მათ წარსულ ამბებზე ფრანგთა მხარის შეხედულებებს, პასუხობდა მათ პრეტენზიებზე და ბოლოს, რიტორიკულ კითხვას სვამდა: განა ახლა საჭიროა წარსულის გახსენება, საჭიროა ამაზე დროის დაკარგვა? ახლა საჭიროა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება და, ბოლოს და ბოლოს, ზავის დადებაო. პასუხი ამ წერილებზე ისევ მალე მოვიდა და ისევ ნეგატიური იყო! ცხადია, ბონაპარტმა ეს წერილებიც დაუყოვნებლივ გამოაქვევნა.
    ყველაფერი გაირკვა – ახლა ომი ფრანგებისათვის ეროვნულ საქმედ იქცა. ბონაპარტს სამშვიდობოდ გაწვდილი ხელი უკვე მუშტად შეეძლო შეეკრა. ყველამ დაინახა, შინაც და გარეთაც, რომ პირველმა კონსულმა ძალ-ღონე არ დაიშურა მშვიდობისათვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. რა გაეწყობა, ამბობდნენ ფრანგები, რახან ინგლისისა და ავსტრიას ომი სურთ, ისინი მიიღებენ ომს!
    სამშვიდობო წერილების ამ გაცხოველებული გაცვლა-გამოცვლით პირველმა კონსულმა ერთდროულად ორი კურდღელი მოკლა: მან თავის ხალხსაც უჩვენა, თუ სინამდვილეში ვინ აჩაღებდა ომს და მოწინააღმდეგეც საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, როს საფრანგეთს ომის „ეშინოდა“, რადგან ქვეყანა მისთვის მზად არ იყო. სინამდვილეში კი, ეს ყველაფერი ბონაპარტის შორსმიმავალ მიზნებს ემსახურებოდა და მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ კარგად დადგმული სპექტაკლი იყო. ნაპოლეონი იმდენად იყო დარწმუნებული იმაში, რომ ინგლისვლები და ავსტრიელები ზავზე არ წავიდოდნენ, რომ არამცთუ წერილებზე პასუხის მიღების შემდეგ, არამედ მათ გაგზავნამდე დაიწყო ომისათვის საფუძვლიანი მზადება.
    ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობა იყო საფრანგეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში და როგორ აპირებდნენ ისინი ომის წარმოებას.
    მას შემდეგ, რაც მოკავშირეებზე გულმოსულმა პავლემ თავისი ჯარი უკან გაიწვია და რუსეთი II კოალიციას გამოეთიშა, ფრანგებს მოწინააღმდეგეებად ინგლისი და ავსტრია შემორჩათ (ოსმალეთი მხედველობაში მისაღები აღარ იყო, რადგან ნაპოლეონს ეგვიპტეში მოქმედების ძალზე შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა, ხოლო სხვაგან ოტომანთა იმპერიის ჯარებს იგი ვერსად შეხვდებოდა). ინგლისს, კოალიციის სულისჩამდგმელს, როგორც ყოველთვის, ახლაც სხვისი ხელით ერჩია ნარის გლეჯა და ამიტომ მისი როლი მომავალ ომში მატერიალური ხარჯებითა და მოწინააღმდეგის საზღვაო ბლოკადით ამოიწურებოდა (სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ნისლიან ალბიონს იმ დროისათვის სრულფასოვანი სახმელეთო ჯარი არ ჰყავდა და ომებში გამობრძმედილ ფრანგებს ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. ამიტომ იყო, რომ ამ ქვეყნის მესვეურები ჯიბეში უფრო ხალისიანად იყოფდნენ ხელს, ვიდრე ფრონტზე გზავნიდნენ თავიანთ ჯარებს). ამრიგად, აქტიურ მებრძოლ მხარედ რჩებოდა მხოლოდ ავსტრია, რომელიც სახმელეთო ოპერაციების წარმოების მთელ სიმძიმეს თავის თავზე იღებდა.
    უნდა ითქვას, რომ დუნაისპირა იმპერიის მესვეურებს საფრანგეთის პირისპირ მარტო დარჩენის არ ეშინოდათ და საკმაოდ ოპტიმისტურად შეჰყურებდნენ მომავალს. ამ დროისათვის მათ ორი ძლიერი არმიის შექმნა მოახერხეს და წარსულ წელს რუსებთან ერთად მოპოვებული გამარჯვებების ტკბილი მოგონებით დაიმედებულნი უშიშრად ჩაებნენ ახალ ომში (ის გარემოება, რომ რუსები მათთან ერთად აღარ იქნებოდნენ, ჰაბსბურგთა იმპერიის მმართველებს, ეტყობა, დიდად არ აღელვებდათ). თავის ხელისუფალთა იმედებს არ იზიარებდა ერცჰერცოგი კარლი, ავსტრიელთა საუკეთესო მხედართმთავარი. მას, რომელსაც არაერთხელ ჰქონია საქმე ფრანგების ჯართან და იცოდა მისი ძალა, ვარდისფრად სულაც არ ეხატებოდა მომავალი. კარლი ხედავდა, რომ მოწინააღმდეგე თავადაც გამალებული ემზადებოდა მომავალი ომისათვის და, რაც მთავარია, ამ სამზადისს ისეთი გაქანებისა და ენერგიის კაცი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ომის საქმეში არაფერი ესწავლებოდა და ისეთ სირთულეებს შეუქმნიდა მოკავშირეებს, რომელთა დაძლევას ისინი ძნელად თუ მოახერხებდნენ. ვენაში არაფრად ეპიტნავათ ერცჰერცოგის ამგვარი წინასწარმეტყველება და, როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, მას კარისკენ მიუთითეს. ასე დარჩა ავსტრია საფრანგეთის პირისპირ არა მარტო მხოლობით რიცხვში, არამედ ღირსეული მხედართმთავრის გარეშეც. მაგრამ ჰაბსბურგთა კარი, ჰოფკრიგსრატი, მთავრობა, ქვეყნის ფართო წრეები ისეთ ეიფორიაში იმყოფებოდნენ და ისე იყვნენ ომს მოწყურებულნი, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევდნენ და ვერაფერი მათ უკვე ვეღარ შეაჩერებდა.
    ავსტრიელებს, რომლებიც აქტიურ, შეტევითს ომს აპირებდნენ, სტრატეგიული თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა არ ჰქონდათ. მათი ორი არმია – ჩრდილოეთ იტალიაში და სამხრეთ გერმანიაში – ერთმანეთს დაშორებული და მოწყვეტილი იყო, რადგან ამ არმიებს შორის შვეიცარია მდებარეობდა, მთიანი და ძნელად მისადგომი ქვეყანა, ის ქვეყანა, რომელიც იმხანად მოწინააღმდეგის ხელში იყო! ეს გარემოება ავსტრიელთა უმაღლეს სარდლობას დიდ თავსატეხს უჩენდა, რადგან თუ ისინი საომარ ასპარეზთაგან ერთ რომელიმეს მისცემდნენ უპირატესობას, მაშინ მოწინააღმდეგე მეორეზე გამოიჩენდა აქტივობას და იქ შეავიწროებდა მათ.
    რახან ჰაბსბურგებს არც იტალიის დაკარგვა უნდოდათ და არც სამხრეთ გერმანიაში პოზიციების შესუსტება, ჰოფკრიგსრატს ომის წარმოების რაღაც ორიგინალური, მაქსიმალურად გაწონასწორებული გეგმა უნდა შეემუშავებინა. ეს კი ძალიან ძნელი საქმე იყო. თავი და თავი პრობლემისა ის გახლდათ, რომ მარტო ავსტრია საფრანგეთს ვერ დაამარცხებდა. ეს ვენაში ყველას არ ესმოდა. შეიძლება არც უნდოდათ, რომ შეესმინათ, მით უმეტეს, რომ ინგლისელები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა ავსტრიელთათვის ილუზიები შეექმნათ და გაეღრმავებინათ კიდეც (სამაგიეროდ, ეს საშიშროება კარგად ესმოდა ერცჰერცოგ კარლს და ამიტომ ცდილობდა იგი ომის დაწყებას წინ აღდგომოდა. შედეგად ის გამოვიდა, რომ იგი არმიის ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს და ბოჰემიას გააგზავნეს „საპატიო“ მისიით).
    შვეიცარიის საკითხი გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ავსტრიელთა სარდლობისათვის. ომის წარმოების იდეალური ვარიანტი იქნებოდა შეტევა სამივე ფრონტზე ერთდროულად: რაინზე, შვეიცარიაში და პროვანსში (ჩრდილოეთ იტალიიდან). მაგრამ ასეთი მასშტაბის საომარი მოქმედების წარმოება ავსტრიას არ შეეძლო. ამიტომ ჰოფკრიგსრატმა, ბოლოს და ბოლოს, ომის წარმოების ისევ „ტრადიციული“ გეგმა აირჩია: აქტიური შეტევითი ოპერაციები ერთ რომელიმე ფრონტზე, ხოლო შეორეზე – თავდ აცვა გარკვეულ დრომდე მაგრამ ამ გეგმის განხორციელებისას, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ფრონტს მიანიჭებდა უპირატესობას ავსტრიის ხელმძღვანელობა, დარჩებოდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი სისუსტე – შვეიცარია, მოწინააღმდეგის ხელში მყოფი საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელიც მას სხვადასხვა სტრატეგიული კომბინაციის გათამაშების შესაძლებლობას მისცემდა.
    ავსტრიელთა ორი არმიიდან ერთს გერმანიის საომარ ასპარეზზე უნდა ემოქმედა. ამ არმიას გენერალ-ფელდცეხმაისტერი კრაი ფონ კრაიოვა მეთაურობდა. მეორეს, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიაზე განლაგდა, ფელდმარშალი მიხაელ მელასი ედგა სათავეში. ორივე არმიაში ჯარისკაცთა დაახლოებით თანაბარი რაოდენობა იყო – 120 ათასი თითოეულში. ომის პირველ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებათა მთავარი ასპარეზი იტალიაში იქნებოდა, სადაც მელასის არმიას, წესით, იოლად უნდა დაემარცხებინა გენერალ მასენას ბევრად უფრო მცირერიცხოვანი ჯარი და შემდეგ ინგლისის ფლოტის დახმარებით აეღო უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი გენუა, გადაელახა მდინარე ვარი, შეჭრილიყო პროვანსში, შეერთებოდა იქ იმ დროისათვის მომძლავრებულ როიალისტებს და საომარი მოქმედება საფრანგეთის სიღრმეში გადაეტანა. ამასობაში კრაის არმია, რომელიც გარკვეულ დრომდე აქტიური თავდაცვითი ბრძოლებით რაინზე შეაკავებდა ფრანგთა იქ განლაგებულ მოროს არმიას, მელასის წარმატების შემდეგ თვითონ გადავიდოდა შეტევაზე და ბელფორზე გავლით სამხრეთისკენ წაიწევდა, სადაც შეუერთდებოდა ავსტრიელთა „იტალიურ“ არმიას. მოწინააღმდეგის ასეთი წარმატებული მოქმედება ორივე ფრონტზე უმძიმეს სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა საფრანგეთში და ომიც მეორე კოალიციისათვის სასურველი შედეგით დასრულდებოდა.
    თავის მხრივ ფრანგები 1800 წლის გაზაფხულისათვის 3 არმიას ამზადებდნენ. ერთი, ყველაზე მრავალრიცხოვანი (130 ათასი ჯარისკაცი, მოროს მეთაურობით), რაინისად იწოდებოდა და, მთავარ, გერმანულ საომარ ასპარეზზე იმოქმედებდა. მეორე არმია, მასენასი, რიცხობრივად ბევრად ჩამორჩებოდა პირველს და მასში სულ 40 ათასი ჯარისკაცი ირიცხებოდა. ისინი, ძირითადად სუვოროვთან ბრძოლებში დამარცხებული, იტალიაში მოქმედი ჯარების „ნარჩენებს“ წარმოადგენდნენ: ამ არმიას გენუისა და გენუისპირეთის დაცვა და მოწინააღმდეგის მდინარე ვარზე შეჩერება ევალებოდა. მესამე, ე. წ. სარეზერვო არმია, ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაში იყო. მისი შემადგენლობა, სავარაუდოდ, 60 ათასი კაცი იქნებოდა. ეს არმია თვითონ პირველი კონსულის „პირმშო“ იყო და მას დიდი საიდუმლოების დაცვით აგროვებდნენ ვანდეიდან გამოთავისუფლებული ჯარისკაცების, ახალწვეულებისა და ეგვიპტეში გასაგზავნად გამიზნული ნაწილებისაგან. ეს არმია საფრანგეთის სულ სხვადასხვა ადგილებში გროვდებოდა (პარიზში, დიჟონში, ლიონში, მარსელში). მოწინააღმდეგის ჯაშუშების მოტყუების მიზნით, იგი, ფაქტობრივად, გზაში ყალიბდებოდა.
    ომის გეგმა, რომელიც ბონაპარტმა შეადგინა, გრანდიოზული იყო. ამ გეგმის მიხედვით, გენერალ მასენას განკარგულება მიეცემოდა, რომ მიუხედავად ძალთა მისთვის არახელსაყრელი შეფარდებისას, მაინც აქტივობა გამოეჩინა და მოხერხებული მანევრირებით ეცადა, რაც შეიძლება მეტი ხნით შეეკავებინა მელასი. მთავარი ამბები კი ამ დროს სამხრეთ გერმანიაში მოხდებოდა. სარეზერვო არმია თავს მოიყრიდა ჩრდილოეთ შვეიცარიაში, ბოდენის ტბის მახლობლად, შაფჰაუზენის მიდამოებში. შემდეგ ეს არმია რაინს დაუყვებოდა და მოროს მთავარ ძალებს შეუერთდებოდა. გაერთიანებული არმიები კრაი ფონ კრაიოვას ლაშქრის მარცხენა ფლანგს ზურგიდან შემოუვლიდნენ და ან დაატყვევებდნენ, ან მთლიანად გაანადგურებდნენ მას. ამის შემდეგ გზა ვენისაკენ ხსნილი იქნებოდა და ძლევამოსილი ფრანგული არმია ავსტრიის დედაქალაქისკენ გასწევდა. მელასის „იტალიური“ არმია კი ამ დროს ბრძოლის მთავარი ასპარეზიდან ძალზე მოშორებული იქნებოდა და მხოლოდ მასენას მცირერიცხოვან არმიასთან შეტაკებებში დაკარგავდა დროს.
    ეს სტრატეგიული კომბინაცია, მართლაც, შეუდარებელი იყო. მაგრამ მის განხორციელებას ერთმა გარემოებამ შეუშალა ხელი – რაინის არმიის მთავარსარდალი მორო ამ გეგმას კატეგორიულად აღუდგა წინ. მორო, თავადაც შესანიშნავი მხედართმთავარი, ერთობ ამაყი და პატივმოყვარე „იცი იყო. პირველი კონსულის გეგმა მას იმთავითვე არ დაუჯდა ჭკუაში. ამ გეგმას რომ ხორცი შეესხა, მაშინ იგი, ჟან ვიქტორ მორო, რესპუბლიკის გამოჩენილ მხედართმთავართა პლეადის ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, სხვის მიერ შედგენილი გეგმის „უბრალო“ შემსრულებელი გახდებოდა. ამას კი ამბიციებით სავსე გენერალი არ დაუშვებდა, თუნ-დაც იგი საერთო საქმის საზიანოც ყოფილიყო.
    18 ბრიუმერის გადატრიალების დროს მორომ ბონაპარტს დაუჭირა მხარი. ყოველ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ არ გამოსულა. მას ეგონა, რომ, სახელმწიფო სადავეების ხელში აღების შემდეგ, პირველ კონსულად მონათლული ბონაპარტი სამხედრო ოპერაციებისთვის ვეღარ მოიცლიდა და მის საქმეებში აღარ ჩაერეოდა. ახლა კი რა გამოდიოდა? გამოდიოდა ის, რომ მორო მწარედ მოტყუებულა!
    მდგომარეობა დაიძაბა. პირველმა კონსულმა, ერთი პირობა, თვითონ გადაწყვიტა მოროს შტაბში წასვლა მოსალაპარაკებლად, მაგრამ როდესაც თავნება გენერლის სიტყვები შეიტყო: მაგ მეტიჩარას ჩემს არმიაში ფეხს არ დავადგმევინებო, ტუჩი მოიკვნიტა და წასვლა გადაიფიქრა, ოღონდ კი მწარედ დაიხსომა მეტოქის ეს უტაქტო ქცევა. არადა მორო ფორმალურად, შეიძლება ითქვას, მართალიც კი იყო. თვით ბონაპარტის მიერ შედგენილი ე წ. „რესპუბლიკის VIII წლის კონსტიტუცია“ პირველი კონსულისთვის ჯარების მთავარსარდლობის უფლებას არ ითვალისწინებდა. მაგრამ ომი დაწყებულიყო და თვითონ ომის საქმეებში არ ჩარეულიყო, ეს ვერაფრით წარმოედგინა პირველ კონსულს. ამიტომ თუ მთავარსარდლობა არ შეიძლებოდა მისთვის, არმიაში „კერძო პირად“ ყოფნას რა დაუდგებოდა წინ? მაგრამ მორომ ესეც არ ინდომა. მან მშვენივრად იცოდა, თუ რა წონა ექნებოდა თავის შტაბში „კერძო მისიით“ ჩასულ პირველ კონსულს და ამიტომ ისედაც მისთვის უსიამოვნო პიროვნების საეჭვო „სტუმრობით“ თავის ატკივებას სულაც არ აპირებდა.
    ბონაპარტმა საკითხის „მშვიდობიანად“ მოგვარება კიდევ ერთხელ სცადა. მან პარიზში გამოიძახა მოროს არმიის შტაბის უფროსი გენერალი დესოლი და მას დაწვრილებით გააცნო ომის წარმოების თავისი გეგმა. შტაბის უფროსი ერთობ ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა და იგი მაშინვე მიხვდა ნაპოლეონის ჩანაფიქრის გრანდიოზულობას. მიხვდა, მაგრამ მაინც მოროზე „ზეწოლისგან“ თავის შეკავება სთხოვა პირველ კონსულს. დესოლი ამავე დროს წინდახედული და გაწონასწორებული კაციც აღმოჩნდა. მან ნაპოლეონს უთხრა, რომ მორო სხვა გაქანებისა და სხვა ფსიქოლოგიური წყობის ადამიანი იყო, ვიდრე იგი. „თქკენ ომი ისე მიგყავთ, როგორც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. მოროს ამას ნუ მოსთხოვთ. იგი ნელა, აუჩქარებლად იმოქმედებს და საკმაოდ კარგ შედეგსაც მიაღწევს. ოღონდ მიეცით მას მოქმედების თავისუფლება“, უთხრა მან პირველ კონსულს. ბონაპარტს ჭკუაში დაუჯდა დესოლის რჩევა. „მართალი ხართ. მორო ვერც შეაფასებს და ვერც შეასრულებს ჩემს გეგმას. დაე, იომოს ისე, როგორც მას შეუძლია. ოღონდ რაც შეიძლება შორს, ულმისა და რეგენსბურგისკენ უკუაგდოს კრაი. რაც შეეხება ჩემს გეგმას, რომლის ღირსება ვერ შეაფასა მორომ, მე მას თვითონ შევასრულებ, ოღონდ სხვა დროსა და სხვა პირობებში დროთა განმაგვლობაში მორო, ალბათ, ინანებს თავის შეცდომას, რომლითაც მე დამითმო ამ გეგმის აღსრულებით მოპოვებული მთელი დიდება“.
    სხვა რაღა დარჩენოდა პირველ კონსულს? უნდა დათანხმებულიყო. ქვეყანაში მისი მდგომარეობა ჯერ ისეთი მყარი არ იყო, რომ ეგზომ გავლენიან გენერალთან ანგარიშსწორება დაეწყო. ეს ყველაფერი მომავლისთვის უნდა გადაედო, ახლა კი ომზე უნდა ეფიქრა, წარმატებულ ომზე, ისეთზე, რომელიც სწრაფ და ეფექტურ გამარჯვებას მოუტანდა.
    რახან ომის მთავარ ასპარეზზე ხელი ვეღარ მიუწვდებოდა, ამიტომ ბონაპარტს მთელი ყურადღება მეორე ფრონტზე უნდა გადაეტანა და იტალიაში ლაშქრობას „დასჯერებოდა“. ბოლოს და ბოლოს, იქაც შეიძლებოდა შთამბეჭდავი წარმატების მიღწევა. ოღონდ ეს არის, რომ ცოტა გულნაკლული შეუდგა იტალიაში ლაშქრობის სამზადისს პირველი კონსული, რადგან კარგად იცოდა, რომ მეორეხარისხოვან ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება შეიძლება ისეთი ფასეული ვერ ყოფილიყო, როგორსაც მანამდე ვარაუდობდა, მაგრამ იმჟამად თუნდაც ნაწილობრივი წარმატება ჰაერივით საჭირო იყო მისთვის და ამიტომ გენერალმა ენერგიულად მოჰკიდა საქმეს ხელი. პირველ რიგში, მან სარეზერვო არმიის სარდლობის საკითხი მოაგვარა, თანაც სწრაფად და საოცრად მარტივად. იტალიაში გასალაშქრებელი ჯარის ნომინალურ სარდლად მან შტაბის უფროსი ალექსანდრე ბერტიე დანიშნა, თვითონ კი, როგორც „კერძო პირი“, ისე გაჰყვებოდა არმიას (თუ რა „კერძო პირიც“ იქნებოდა იგი არმიაში, ეს ყველასათვის ნათელი იყო).
    ფრანგთა „იტალიური“ არმიის სარდალთან ურთიერთობა ნაპოლეონს არ აფიქრებდა. მასენა პირველ კონსულს წინ არ აღუდგებოდა, მოროსაგან განსხვავებით, იგი „მისიანი“ იყო. ნაპოლეონი ძალიან აფასებდა ამ მამაც და ჭკვიან გენერალს. ანდრე მასენა გამოჩენილი მხედართმთავარი იყო და მას თავისუფლად შეეძლო ეხელმძღვანელა დიდი არმიული შენაერთებისათვის. მისი სახელი ძალზედ პოპულარული გახდა საფრანგეთში, რადგან ყველას ახსოვდა, რომ ერთი წლის წინ სწორედ მასენამ გაანადგურა რუსთა მთელი კორპუსი შვეიცარიაში და მერე თვითონ სუვოროვიც უკუაქცია ციურიხის მისადგომებიდან. ამით მან რესპუბლიკის არმიის პრესტიჟი იხსნა ჩრდილოეთ იტალიაში განცდილი დამარცხების შემდეგ. ასე რომ, გარკვეული პრეტენზიები ამ გენერალსაც შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ 1796-97 წლების კამპანიაში მონაწილეობა, რომელიც ბონაპარტის ხელმძღვანელობით ჩატარდა, კარგი გაკვეთილი ივო „იტალიური“ არმიის ოფიცრებისათვის და მათ შორის მასენასთვისაც, რომლებმაც მკაფიოდ დაინახეს, თუ რა მასშტაბისა და გაქანების კაცთან ჰქონდათ საქმე და რამდენად აღემატებოდა იგი მათ ომის წარმოების რთულ ხელოვნებაში. ასე რომ მასენას მხრივ პირველ კონსულს რაიმე მნიშვნელოვანი სირთულეები არ უნდა შეხვედროდა. როდესაც იტალიაში საომარი მოქმედებების გეგმას ადგენდა, ბონაპარტი, რა თქმა უნდა, ამ გარემოებასაც ითვალისწინებდა, იტალიაში საომარი მოქმედების სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას ნაპოლეონმა გადაწყვიტა ავსტრიელთა არმიისთვის ზურგიდან შემოევლო და აეძულებინა იგი გადაბრუნებული ფრონტით ეომა. 1796-97 წლების უკვე ლეგენდად ქცეული მისი კამპანია ალპების შემოვლით დაიწყო. მაშინ მან ზღვისპირეთიდან, „ქვემოდან“ შემოუარა ალპებს, იქიდან, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდა მოწინააღმდეგე. ნაპოლეონი ამჯერადაც სიურპრიზს უმზადებდა ავსტრიელებს. მისი ჯარი ახლაც იმ მხრიდან მიადგებოდა მტერს, საიდანაც ის სრულიად არ მოელოდა მას. წარსული გაკვეთილის გათვალისწინებით, ავსტრიელებს თვალი უკვე ლიგურიის სანაპიროსკენ ეჭირათ და ზღვისპირეთს დარაჯობდნენ. მაგრამ ნაპოლეონი სვლებს არ იმეორებდა. როგორც ვთქვით, ამჯერად მან ალპების პირდაპირი გადალახვა და მელასის არმიის ზურგში გასვლა გადაწყვიტა.
    ალპებში სალაშქროდ ბონაპარტი სარეზერვო არმიის წაყვანას აპირებდა. ამ არმიის ორგანიზებას იგი რამდენიმე თვეში მოახერხებდა, მაგრამ მომავალი ლაშქრობის მთავარი პირობა მაინც ჩანაფიქრის სრული გასაიდუმლოება იქნებოდა. ავსტრიელებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცოდნოდათ, თუ საით წავიდოდა სარეზერვო არმია. ამ მიზნის მისაღწევად, ნაპოლეონმა დეზინფორმაციის მთელი სპექტაკლის გათამაშება გადაწყვიტა. მან გაზეთების, სპეციალური ბიულეტენებისა და სამთავრობო დადგენილებების მეშვეობით, თითქოსდა სხვათა შორის, საზოგადოებას (პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, კოალიციის მესვეურთ) გააგებინა, რომ აღმოსავლეთ საფრანგეთში, ქალაქ დიჟონის მახლობლად, ყალიბდებოდა სარეზერგო არმია, რომელიც საომარ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა, დიჟონში, მართლაც, მოუყარეს თაგვი მრავალრიცხოვან შტაბს და სულ რამდენიმე ათას გადამდგარ ინვალიდ ჯარისკაცს და წვევამდელს. მოწინააღმდეგის მსტოვართა მრავალრიცხოვანი ჯგუფი (რომეთაც სპეციალურად არ უშლიდნენ ხელს თავისუფლად ემოქმედნათ) რამდენიმე თვის განმავლობაში სულ უფრო მეტი გაოცებით აკვირდებოდა ამ არმიის შევსებისა და მომზადების საქმეს. ბოლოს და ბოლოს, ისინი „მიხვდნენ“, რომ ბონაპარტი მათ ატყუებდა, რომ დიჟონში არავითარი სერიოზული ძალა არ იყრიდა თავს და ყველაფერი ეს პირველი კონსულის ოინბაზობა იყო, რათა ავსტრიელთა ყურადღება ჩამოეშორებინა საომარი მოქმედების იტალიური ასპარეზიდან. ევროპის ბევრ გაზეთში გადაიბეჭდა კარიკატურა, სადაც ცალფეხა ინვალიდი და თორმეტიოდე წლის ბიჭი „მწყობრ- ში“ იდგნენ გაჭიმულნი. სურათქვეშ, დაცინვით, „ბონაპარტის სარეზერვო არმია“ ეწერა. ბონაპარტსაც ეს უნდოდა. დაე, ჰგონებოდათ ანტიფრანგული კოალიციის ჯაშუშებს, რომ არავითარი ახალი არმია არ ყალიბდებოდა, რომ ეს მხოლოდ ფრანგების ბლეფი იყო. ნამდვილი სარეზერვო არმია კი თავს ისეთ დროს და ისეთ ადგილას გამოაჩენდა, რომელზეც მოწინააღმდეგეს წარმოდგენაც არ ექნებოდა!
    რა ხდებოდა ამ დროს ჩრდილოეთ იტალიაში? გენერალი ანდრე მასენა, რომელსაც ხელთ სულ 40 ათასი კაცი თუ ჰყავდა, ლიგურიისა და პიემონტის მისადგომებს დარაჯობდა. ბონაპარტის გეგმით, მას აქტიური თავდაცვა უნდა ეწარმოებინა, მაგრამ, იმის გამო, რომ იძულებული იყო საკუთარი ძალები ვრცელ ფრონტზე გაეშალა, მოწინააღმდეგეს დიდი ხნით, ალბათ, ვერ შეაჩერებდა. ფელდმარშალმა მელასმა, ძველი სამხედრო სკოლის ტიპიურმა წარმომადგენელმა, მასენას ამოცანა გაუადვილა, რადგან მთელი თავისი მრავალრიცხოვანი არმია ჩრდილოეთ იტალიაში მიმოფანტა. მან ჯერ ყველა მნიშვნელოვან ციხე-ქალაქში ძლიერი გარნიზონი ჩააყენა და შემდეგ კი არცთუ მცირე ძალები ალპურ გადასასვლელებზე სათვალთვალოდ გააგზაგნა. ამის გამო იყო, რომ მასენას წინააღმდეგ, საბრძოლველად მან „მხოლოდ“ 60 ათასი კაცის გამოყვანა შეძლო. ეს მაინც ძალიან დიდი ძალა იყო, რადგან მასენასაც ხომ გაფანტული ჰყავდა თავისი ლაშქარი და მის ერთად თავმოყრას ვერ ახერხებდა!
    72 წლის მელასმა შეტევა თავისი ასაკისთვის უჩვეულო შემართებით დაიწყო. 5 აპრილს მან საომარი მოქმედება განაახლა და მეორე დღესვე აილო ფრანგთათვის მნიშვნელოვანი საშუალედო პუნქტი ვადო. ეს ოსტატური მანევრი იყო. ვადოზე შეტევით მელასი შუაზე წყვეტდა მასენას ძალებს: მის ერთ ნაწილს (გენერალ სიუშეს შენაერთს) იგი პროვანსისაკენ უკუაგდებდა, ხოლო მეორეს – თვით მასენას მეთაურობით – გენუისაკენ. მაგრამ, მასენა არ დაბნეულა. შექმნილ მძიმე ვითარებაში მან დიდი სიმტკიცე გამოიჩინა, რამდენჯერმე შეება მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებს და საგრძნობი ზარალიც მიაყენა მას. მაგრამ, ორკვირიანი გააფთრებული ბრძოლების მიუხედავად მან ვერ შეძლო სიუშეს მოწყვეტილ ნაწილებთან შეერთება, რადგან ძალთა შეფარდება ერთობ უთანასწორო იყო
    ამოწურა რა ღია ბრძოლებში ყველა თავისი შესაძლებლობა, მასენამ გადაწყვიტა გენუის კედლებისთვის შეეფარებინა თავი. დაიწყო გენუის სახელოვანი დაცვა, რომელიც თითქმის თვენახევარს გაგრძელდა და მოწინააღმდეგეს 15 ათას მოკლულად დაუჯდა (ავსტრიელებმა იმდენი კაცი დაკარგეს, რამდენი ჯარისკაციც ალყაში მოქცეულ მასენას ჰყავდა". ავსტრიელთა ეს დანაკარგები საერთო ჯამში ბონაპარტს, ცხადია, დიდ შეღავათს აძლევდა, მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გენუაში გარშემორტყმულებმა ამდენი ხნის განმავლობაში დააკავეს მტრის 50–ათასიანი არმია და ინგლისელთა ლამის მთელი ხმელთაშუა ზღვის ფლოტი (ფლოტი ზღვიდან აწარმოებდა ქალაქის ბლოკადას).
    ვინაიდან გენუის წინააღმდეგობა გრძელდებოდა, მელასმა მას თვითონ თავი ანება, მოალყეთა მეთაურად ოტი დატოვა და დანარჩენი ჯარით საფრანგეთისკენ გასწია. მელასი ისე ნელა ირჯებოდა, რომ ნიცაში, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობდა მისი ძირითადი ძალებისგან, იგი მხოლოდ 1 მაისს შევიდა. 14 მაისს მან გააგრძელა წინსვლა და მდინარე ვარს მიადგა. იგი მდინარე ვარის გადალახვას და ავსტრიელთა ძირითადი გეგმის განხორციელებას აპირებდა. გავიხსენოთ ეს გეგმა, იგი ხომ შორს მიმავალ მიზნებს ისახავდა და პროვანსში შეჭრის შემდეგ, პერსპექტივაში, კრაი ფონ კრაიოვას „გერმანულ“ არმიასთან შეერთებას გულისხმობდა. ამ პრეტენზიულ გეგმას ქაღალდზე თითქოსდა არა უშავდა რა, შაგრამ ჰოფკრიგსრატს ავიწყდებოდა, რომ ფელდმარშალ მელასს იმ დროისათვის უკვე ის ძალები აღარ ჰყავდა, რაც მას ამ გეგმის შედგენისას გააჩნდა!
    ეს ის დრო იყო, როდესაც მელასის შტაბში უკვე მოვიდა რაღაც ცნობები ბონაპარტის სარეზერვო არმიის ამოქმედების შესახებ. ავსტრიელი ფელდმარშალი ვარაუდობდა, რომ ეს არმია პროვანსისაკენ დაიძვრებოდა და სიუშესთან შეერთების შემდეგ უეჭველად გენუის გამოსახსნელად გასწევდა. ასეთმა პერსპექტივამ მელასი, ცოტა არ იყოს, ჩააფიქრა. როგორ უნდა შებმოდა იგი ფრანგთა გაერთიანებულ არმიას მის ხელთ არსებული მცირე ძალებით? ამიტომ ის უკვე აღარ ჩქარობდა საფრანგეთის სიღრმეში წინსვლას და გენუის აღებას უცდიდა, რომ ოტის ლაშქარიც შეეერთებინა.
    ახლა კი დროებით დავტოვოთ უმოქმედოდ მდგარი მელასი და მისი არმია მდინარე ვარის ნაპირთან და ისევ ბონაპარტის სარეზერვო არმიას მივუბრუნდეთ.
    მაისის დასაწყისში პირველმა კონსულმა ომისთვის ყველა სამზადისი დამთავრებულად ჩათვალა. იმ დროისათვის იტალიაში სალაშქროდ განზრახული სარეზერვო არმიის ოთხი ქვეითი დივიზია მას უკვე ჟენევის მიდამოებში ჰყავდა დაბანაკებული. იქვე იყო მომარაგებული ტყვია-წამალი და სურსათ-სანოვაგე. არტილერია კი უფრო მოგვიანებით დაიძვრებოდა და მერე შეუერთდებოდა ძირითად ძალებს. ბონაპარტი პარიზიდან 6 მაისს გაემგზავრა. მისი მარშრუტი განზრახ არ იმალებოდა. პირიქით, ყველას უნდა სცოდნოდა, რომ პირველი კონსული დიჟონისკენ მიემართებოდა სარეზერვო არმიის დასათვალიერებლად.
    ნაპოლეონი წამოწყებულ თამაშს აგრძელებდა. 7-ში იგი დიჟონში ჩავიდა და მაშინვე თავისი „არმიის“ დათვალიერება მოაწყო. ამით მან კოალიციის მსტოვრები საბოლოოდ დაარწმუნა მათი ვარაუდის „სისწორეში“. სინამდვილეში, ნაპოლეონმა ჭეშმარიტი მიზნები ისე მოხერხებულად შენიღბა, რომ არათუ მოწინააღმდეგის ჯაშუშებმა, არამედ მისმა თანამებრძოლებმაც არ იცოდნენ ხეირიანად, რა განზრახვა ჰქონდა პირველ კონსულს. თუ საითკენ აიღებდა დიჟონიდან ნაპოლეონი გეზს და საერთოდ როგორი იყო მისი მომავალი გეგმები, იმ დროს მხოლოდ ოთხმა კაცმა იცოდა: ბერტიემ, სარეზერვო არმიის ნომინალურმა მთავარსარდალმა, მარმონმა, არტილერიის უფროსმა, მარესკომ, საინჟინრო სამსახურის უფროსმა და გასენდიმ, არმიის მთავარმა ინტენდანტმა (თუკი ვინმესთვის აპირებდა საიდუმლო განზრახვის გამჟღავნებას ბონაპარტი, პირველ რიგში, ცხადია, ამ ოთხი გენერლისთვის უნდა გაემჟღავნებინა).
    „სარეზერვო“ არმიის დათვალიერების შემდეგ, ნაპოლეონი გაუჩინარდა. მთელი ღამისა და დღის შეუჩერებელი რბოლის შემდეგ, რვა მაისის საღამოს ის უკვე ჟენევაში იყო (ანტიფრანგული კოალიციის ჯაშუშებს ამ დროისათვის უკვე გაგზავნილი ჰქონდათ დიჟონიდან ვენასა და ლონდონში იმვირფასი“ ცნობები „სარეზერვო“ არმიის საერთოდ არარსებობის შესახებ). ნამდვილი სარეზერვო არმია კი, როგორც ვთქვით, უკვე ჟენევის მიდამოებში იყო თავმოყრილი. ბონაპარტმა ჩასვლისთანავე უბრძანა ჯარს ლოზანისკენ წასვლა, თვითონ კი რამდენიმე დღეს დარჩა ჟენევაში. 13 მაისისათვის იგი თვითონაც ჩავიდა ლოზანაში და სალაშქროდ გამზადებული ჯარის დათვალიერება მოაწყო, რითაც მეტად კმაყოფილი დარჩა. ჯარისკაცთა და ოფიცერთა სულისკვეთება იმდენად მაღალი იყო, რომ ისინი ალპებში კი არა, ალბათ, ქვეყნის დასასრულამდე გაჰყვებოდნენ თავიანთ წინამძლოლს.
    ლოზანაში ბონაპარტი დიდხანს ესაუბრა არმიის საინჟინრო სამსახურის უფროსს. პირველ კონსულს ერთი რამ აინტერესებდა სხვაზე უფრო: შეიძლებოდა თუ არა დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილზე გავლა? გენერალმა მარესკომ, რომელსაც ამ გზის დაზვერვა და შესწავლა ჰქონდა დავალებული, ამ კითხვაზე დადებითად უპასუხა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს იქნებოდა გასავლელად მეტად ძნელი და სახიფათო გწზა. „თუკი გავლა შეიძლება, მაშინ წავსულვართო“, თქვა ნაპოლეონმა და ავანგარდს დაუყოვნებლივი გალაშერება უბრძანა. მეწინავე ჯარს, რომელსაც ყველაზე მეტი სირთულეები ელოდა წინ, მან სათავეში გენერალი ლანი ჩაუყენა, რკინის ნებისყოფისა დ. უსა სჯივრო სიმამაცის კაცი. ლანს ექვსი რჩეული პოლკი ჩააბარეს, და ეს უკანასკნელნიც რაც შეეძლოთ ისე სწრაფად დაიძრნენ მთებისაკენ. ავანგარდს უკან ძირითადი ძალები გაჰყვნენ 36 ათასი ჯარისკაცითა და 40 ზარბაზნით.
    სენ–ბერნარის უღელტეხილი ყველაზვ მოკლე გზა იყო ალპების გადასალახავად. მოკლე, მაგრამ ყველაზე ძნელიც. სამაგიეროდ მუხლჩაუხრელი სვლით მისი გავლა 4 დღეში შეიძლებოდა. სულ 4 დღე და ნაპოლეონი იტალიაში, მდინარე აოსტის ველზე იქნებოდა! ეს კი მისი მიზანი და მისი გეგმის ქვაკუთხედი იყო: რაც შეიძლება მოკლე დროში გადასულიყო იტალიაში და ზურგში მოქცეოდა ავსტრიელთა არმიას.
    15-დან 18 მაისის ჩათვლით, ფრანგების ყველა კოლონა ალპების გადასასვლელებისკენ დაიძრა. მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ბონაპარტმა გენერალ ტიუროს რაზმი (5 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით) მონ-სენის უღელტეხილზე გაგზავნა, გენერალ შაბრანის 6-ათასიანი რაზმი – მცირე სენ-ბერნარზე, ბეტანკურისა – სიმპლონზე, ხოლო მოროს რაინის არმიიდან მომავალი გენერალ მონსეის კორპუსი – სენ-გოტარდის უღელტეხილზე თვითონ ბონაპარტი კი, ძირითადი ძალებით, როგორც ვთქვით, დიდი სენ-ბერნარისკენ მიემართებოდა. ცოტა თუ ბევრად ვარგისი გზა სოფელ სენ-პიერთან დასრულდა. შემდეგ მხოლოდ თოვლიანი ბილიკები დაიწყო. ფრანგთა ჯარიც შეუყვა ამ ბილიკებს. პირველი კონსული შუა კოლონებში მიუყვებოდა ლაშქარს, ჯორზე ამხედრებული (ჯორი გადაადგილების შეუცვლელი საშუალება იყო მთებში). ის, რომ ბონაპარტი წინ არ მიუძღოდა თავისიანებს, მხოლოდ და მხოლოდ კონსპირაციის დაცვის საჭიროებით აიხსნებოდა (ავსტრიელებს ხომ არ უნდა სცოდნოდათ ალპებში ხუთი მიმართულებით მიმავალი ფრანგების რომელ კოლონაში იყო პირველი კონსული, ე. ი. რომელი მიმართულება იყო მთავარი.
    ფრანგთა ჯარის სხვა ნაწილებიც, მეტ-ნაკლები სიძნელეების გადალახვით, ზემოხსენებული გადასასვლელების გავლით, მიემართებოდა იტალიისაკენ. როგორც აღინიშნა, ძალთა ასეთი განაწილება და მოქმედების ფართო ფრონტზე გაშლა ავსტრიელთა სარდლობის მოტყუების მიზნით კეთდებოდა. ადრე თუ გვიან, მელასი, ცხადია, შეიტყობდა მოწინააღმდეგის მიერ ალპების გადმოლახვის ფაქტს, მაგრამ მას კიდევ კარგა ხანი არ ეცოდინებოდა, თუ რომელი მიმართულებით მოძრაობდნენ ფრანგთა ძირითადი ძალები და ეს უზარმაზარ სიძნელეებს შეუქმნიდა მას მოქმედების სწორი კურსის შემუშავებაში.
    ბონაპარტის არმიის მოძრაობა მთებში თოვლის დნობისა და ზვავების ჩამოწოლის პერიოდს დაემთხვა. ჯარისკაცებს კლდის ციცაბო კალთებზე ცოცვა უხდებოდათ და მათ წამდაუწუმ უფსკრულში გადაჩეხვის საშიშროება ემუქრებოდათ. ასეთ პირობებში განსაკუთრებით ძნელი იყო არტილერიის გადატანა. მაგრამ, მარმონის წინადადებით, ზარბაზნები დაშალეს და ლულები და ლაფეტები ცალ-ცალკე წაიღეს. ჯარისკაცები ხის დიდრონ მორებში ღრუებს აკეთებდნენ, ლულებს შიგ აწყობდნენ, შემდეგ თოკებით ამაგრებდნენ და ისე მიათრევდნენ თოვლიან ბილიკებზე. დაშლილი ლაფეტები კი ცხენებს მიჰქონდათ. ცხენებსვე მიჰქონდათ ბორბლები და ყუმბარები.
    თვითოეულ ჯარისკაცს ჩანთაში 8 დღის საგზალი და 40-40 ვაზნა ჰქონდა. საგზალს ძირითადად, ორცხობილა შეადგენდა, რომელსაც ხანმოკლე შესვენების დროს გამდნარ თოვლში აწობდნენ და ისე ჭამდნენ. ეს იყო ბონაპარტის ჯარისკაცების სადილიცა და ვახშამიც. ალბათ, თქმაც აღარ უნდა, რომ პირველი კონსული თავისი მებრძოლების გვერდით იყო და მასაც მათსავით მწირი ტრაპეზა ჰქონდა. ასეთი მკაცრი „დიეტა“ მხოლოდ ერთხელ დაირღვა, მაშინ როდესაც ფრანგთა ლაშქარი იმ მიდამოებში მდებარე ცნობილ მონასტერთან მივიდა და ადგილობრივმა ბერებმა პური, სურნელოვანი შვეიცარული ყველი და ამოდ სასმელი ღვინო გამოუტანეს მოლაშქრეებს. ამ მოულოდნელი საჩუქრით გახარებულმა ჯარისკაცებმა ცოტა შეისვენეს და სული მოითქვეს. მეომრები მადიანად ილუკმებოდნენ და გაოცებული შეჰყურებდნენ სენბერნარელი ბერების მიერ გამოზრდილ მოვყვითალო-მოყავისფრო ლაქებიან ვეება ძაღლებს, რომელთაც, თურმე თოვლში ჩაჩუმქრული ადამიანის პოვნა და გადარჩენა შეეძლოთ. დასვენებამ დიდხანს როდი გასტანა. პირველი კონსულის შეძახილმა ამ „იდილიას“ სწრაფად მოუღო ბოლო. ჯარისკაცებსაც რაღა დარჩენოდათ, ისევ ზურგჩანთები წამოიკიდეს, ისევ თოკებში შეებნენ და უღელტეხილისკენ გასწიეს. თითოეულ პოლ კს წინ თავთავისი ორკესტრი მიუძღოდა და განსაკუთრებით სახიფათო ადგილებში გამამხნევებელ მუსიკას უკრავდა. ასე წვალებითა და ოფლის ღვრით, იშვიათი შეუპოვრობითა და ენერგიით, თანაც უმძიმეს პირობებში, ბონაპარტის არმია სენ-ბერნარზე გადავიდა. როგორც მალე გამოირკვა, უღელტეხილიდან დაბლა დაშვება ასვლაზე ძნელი ყოფილა, განსაკუთრებით კავალერიისათვის, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ყველა წინააღმდეგობა დაძლეული იქნა და 16 მაისის დილით ლანი თავისი ავანგარდით აოსტაში შევიდა. აქედან პიქმონტი იწყებოდა. ეს უკვე იტალია იყო!
    თვით პირველი კონსული არმიის ძირითად ნაწილებთან ერთად გადავიდა სენ-ბერნარზე და მაშინვე ავანგარდისკენ გაეშურა. ბუნებრივი სიძნელეების დაძლევის შემდეგ ფრანგებს უკვე მოწინააღმდეგის მიერ შექმნილი ხელოვნური სიძნელეების გადალახვა უხდებოდათ. საქმე ისაა, რომ დორეას ხეობის „სადარაჯოზე“ ქალაქ ბარდის პატარა, მაგრამ ძლიერი ციხე იდგა. ბონაპარტმა ამ ციხის ასაღებად გენერალი შაბრანი დატოვა თავისივე დივიზიით, ხოლო თვითონ, მთავარი ძალებით, გზა განაგრძო. გზა ფრანგებს თითქმის ხსნილი ჰქონდათ და მხოლოდ ერთი ძალისხმევაღა სჭირდებოდათ. ჯარს წინ, რა თქმა უნდა, ისევ ლანი მიუძღვებოდა თავისი ავანგარდით, რომელიც მალე მიადგა მნიშვნელოვან საშუალედო პუნქტს, ქალაქ ივრეს, რომელსაც ავსტრიელთა მთელი დივიზია იცავდა გენერალ გადიკის შეთაურობით. ლანმა დაუყოვნებლივ შეუტია მას და უკუაგდო იგი. ეს 25 მაისს მოხდა. ახლა კი ფრანგებს გზა ლომბარდიისაკენ ნამდვილად ხსნილი ჰქონდათ.
    ახლა ვნახოთ, რა ხდებოდა ამ დროს ჩრდილოეთ იტალიაში, ლიგურიის სანაპიროზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე? საფრანგეთის სიღრმეში აუჩქარებლად მიმავალ მელასის ლაშქარს მდინარე ვარზე სიუშეს კორპუსი დახვდა. ხანმოკლე და მძაფრ შეტაკებაში ფრანგებმა ძალიან გამოიდეს თავი და მოწინააღმდეგეს მდინარეზე გადასვლის საშუალება არ მისცეს. მათთან იქ ხელახლა შებმას მელასმა მდინარის აყოლებით წასვლა და ვარის უფრო ზემოთ გადალახვა არჩია (თან ამ მანევრით ის ზურგშიც მოექცეოდა სიუშეს). ის იყო ავსტრიელებმა ვარის აყოლებით დაიწყეს მოძრაობა, რომ მელასს კურიერი მოუვიდა თითქმის დაუჯერებელი ცნობით: ბონაპარტი, თავისი სარეზერვო არმიით, სენ-ბერნარზე გადმოსულა, აოსტის ველი გაუვლია), ქალაქ ივრესთან ავსტრიელთა მეთვალყურე ლაშქარი დაუმარცხებია და ჩრდილოეთ იტალიაში შეჭრილა! უარეს ცნობას მელასი, ალბათ, ვერ მიიღებდა. ბონაპარტის ასეთი გაუგონარი მოქმედებით ფრანგებს საშუალება ეძლეოდათ გადაეჭრათ მისი საკომუნიკაციო ხაზები, მოეწყვიტათ იგი რეზერვებისგან და ცალ-ცალკე გაენადგურებინათ ქვეყნის იმ რეგიონში მიმოფანტული მისი ნაწილები.
    მაგრამ მელასმა ასე ღრმად ვერ შეაფასა ახლადშექმნილი ვითარება. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, იგი ვერ გაერკვა სიტუაციაში და მძიმე შეცდომები მოუვიდა. თავი და თავი მისი არასწორი მოქმედებისა ის იყო, რომ ავსტრიელთა მთავარსარდალს კვლავინდებურად ეგონა, ბონაპარტის ერთადერთ მიზანს გენუის გამოხსნა წარმოადგენსო. აქედან გამომდინარე, მელასმა არასწორად შეაფასა ფრანგთა ის ძალებიც, რომელიც პირველ კონსულს თან მიჰყავდა და ისინიც, რომლებიც მასთან შესაერთებლად მოდიოდნენ (ამ უკანასკნელთა შესახებ მან კარგა ხანს, საერთოდ, არაფერი იცოდა). ნაცვლად იმისა, რომ ერთად მოეყარა თავი ლიგურიასა და პიემონტში მყოფი ყველა ძალისათვის და რაც შეიძლებოდა სწრაფად წასულიყო მტერთან შესაბმელად, მელასმა ისინი კიდევ უფრო დაქსაქსა. თავისი ჯარის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მან გენუის ალყისთვის დატოვა, მეორე მდინარე ვარზე, სიუშეზე მეთვალყურეობისათვის გაგზავნა, ხოლო მესამე, ყველაზე მცირე ით თავად წაიყვანა ტურინისაკენ. მელასი ვარაუდობდა, რომ მერე იქ შეძლებდა ყველას გაერთიანებას, და შემდეგ, სადმე ამ ქალაქთან შორიახლოს, ბრძოლას გაუმართავდა ბონაპარტს. ეს ყველაფერი, მელასის აზრით, მოხდებოდა გენუის აღებისა და სიუშეს დამარცხების შემდეგ. ხოლო იმას, თუ რას გააკეთებდა ამ ხნის განმავლობაში მოწინააღმდეგე და დაელოდებოდა კი იგი მოვლენათა ასეთ, ავსტრიელთათვის სასარგებლო განვითარებას, ამის შესახებ მელასს ეტყობა არ უფიქრია...
    ალპებზე გადასვლისთანავე, როგორც კი დაზვერვის მონაცემებს გაეცნო და შეიტყო, თუ როგორ იყო ავსტრიელთა მრავალრიცხოვანი ჯარი მიმოფანტული მთელ ჩრდილოეთ იტალიაში, ნაპოლეონმა თავის პირვანდელ გეგმას გადახედა და მასში უმნიშვნელოვანესი კორექტივები შეიტანა, ფაქტობრივად, მან კამპანიის ახალი გეგმა შეადგინა. პირველმა კონსულმა დაინახა, რომ ავსტრიელთა მთავარსარდალი ვერ შეძლებდა სხვადასხვა ქალაქსა თუ ციხესიმაგრეში გაფანტული თავისი ჯარის ერთად თავმოყრას. ეს გარემოება ხელს უხსნიდა ბონაპარტს და მანაც არ დააყოვნა მაქსიმალური სარგებელი ენახა წარმოქმნილი შესაძლებლობიდან. ახალი გეგმის მიხედვით ფრანგები უარს ამბობდნენ სამხრეთით, გენუისკენ გალაშქრებაზე და ამის სანაცვლოდ, ჩრდილოეთით, მილანისკენ წავიდოდნენ, რათა ავსტრიელების კომუნიკაციები გადაეჭრათ და სრულ იზოლაციაში მოექციათ ისინი. გენუის დებლოკადა, მელასის არმიის უკუგდება ან მისი თუნდაც მხოლოდ დამარცხება, უკვე აღარ შედიოდა ბონაპარტის გეგმებში. ახლა, როცა ის იტალიაში იყო, როცა ახალი პერსპექტივები ისახებოდა, ეს ყველაფერი უკვე არასაკმარისი ხდებოდა მისთვის. მოწინააღმდეგის მთავარი ძალების მთლიანი იზოლაცია, მისი გამოუვალ მდგომარებაში ჩაყენება, რაც სრული კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა – აი, რის გაკეთებას აპირებდა ბონაპარტი! ის წინასწარ ჭვრეტდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი მელასი უეჭველად, და თანაც უმოკლეს დროში, ხელს აიღებდა შემდგომ წინააღმდეგობაზე და კამპანიაც ამით დასრულდებოდა. ეს იყო ბონაპარტის ახალი სტრატეგიული კომბინაციის მთავარი მიზანი და არსი! ეს მართლაც დიდებული გეგმა იყო. ომების ისტორიაში ბევრი როდი მოიძებნება მისი ბადალი! მელასი ცუდი სარდალი არ იყო, მაგრამ ამ გეგმას ის გერ ჩასწვდებოდა. ვერც სხვა, მასავით „სწორხაზოვნად“ მოაზროვნე მხედართუფროსი. ამას სხვა ნიჭი და სხვა გაქანება სჭირდებოდა. ძველი გენერლები ხომ ყოველთვის წარსული ომებისთვის ემზადებოდნენ, როგორც ბონაპარტი ამბობდა.
    ავსტრიელები პიემონტის დედაქალაქში შევიდნენ. ტურინი ძლიერი სიმაგრე იყო და ამიტომ მელასს იქ ერჩია შეხვედროდა მოწინააღმდეგეს. მაგრამ, აი, საოცრება! ბონაპარტი აღარც ტურინისკენ წავიდა. იგი სწრაფად გადავიდა ჯერ მდინარე სეზიოზე, შემდეგ ტიჩინოზე და მილანში შევიდა. ლომბარდიის დედაქალაქი აღფრთოვანებით შეხვდა ფრანგებს. ბონაპარტმა დაუყოვნებლივ გამოაცხადა ციზალპური რესპუბლიკის აღდგენა და ავსტრიელთა დამქაშები ქალაქიდან გარეკა.
    მილანში ნაპოლეონს მონსეის 20-ათასიანი კორპუსი შეურთდა. აქვე გამოცხადდა ბეტანკურიც თავისი რაზმით. პირველი კონსული დროს არ კარგავდა. მის თანამებრძოლებს დავალებული ჰქონდათ სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტების ხელში ჩაგდება. ასე დაიკავეს ლანმა, მიურატმა და შაბრანმა პავია, პიაჩენცა, ბარდი და კრემონა.
    რა მამაცურადაც არ იცავდა გენუას მასენა, მაგრამ საბოლოოდ, მას მაინც მოუწია ქალაქის ჩაბარება. თუმცა ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტყვია-წამლისა და სურსათის ყველა რეზერვი ამოიწურა. ფრანგებს თავისი გასაჭირი ჰქონდათ, მაგრამ არც ავსტრიელები იყვნენ დალხინებულნი. უამრავი დაჭრილ-დახოცილის მიუხედავად, ისინი თითქმის თვენახევრის განმავლობაში იდგნენ ამ ქალაქთან, მაშინ როდესაც, ომის მთავარი ამბები მათ ზურგში, ჩრდილოეთ იტალიაში ხდებოდა. მასენამ პარლამენტიორი ქალაქის ჩაბარების შესახებ 1 ივნისს გააგზავნა ავსტრიელთა ბანაკში. მამაც გენერალს ერთი-ორი დღეც რომ მოეცადა, მოწინააღმდეგე თავად მოხსნიდა გენუას ალყას. საქმე ისაა, რომ იმავე 1 ივნისს, საღამოს, გენერალმა ოტმა მელასისგან მიიღო ბრძანება დაუყოვნებლივ მიეტოვებინა გენუა და ჩრდილოეთით, მისკენ წასულიყო, ბონაპარტთან გაერთიანებული ძალებით საბრძოლველად. ამიტომ ფრანგთა პარალამენტიორი ნამდვილი საჩუქარი იყო მისთვის.
    მასენამ კაპიტულაციის საპატიო პირობები გამოსტყუა ავსტრიელებს. ამ პირობების თანახმად, მთელი მისი ჯარი, იარაღითურთ, დაუბრკოლებლივ ტოვებდა ქალაქს და თავის გზაზე მიდიოდა. გარდა ამისა, ავსტრიელები ხელს არ ახლებდნენ გენუის იმ მოქალაქეებს, რომლებიც, ამ ხნის განმავლობაში, ფრანგების სამსახურში იყვნენ.
    ფელდმარშალმა მელასმა ოტს ბრძანება მხოლოდ მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ბონაპარტის მილანისკენ მოძრაობა შეიტყო. ავსტრიელთა მთავარსარდალი ახლაღა მიხვდა, რა გასაჭირში ჩავარდა. ახლა ფრანგებს ცალ–ცალკე შეეძლოთ მისი და ოტის არმიის განადგურება, ერთი მხრივ, მასენასა და სიუშეს, მეორე მხრივ, ბონაპარტის ძალების ერთობლივი მოქმედებით. ტურინში დროის ტყუილად დაკარგვის შემდეგ, მელასმა, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება ალესანდრიისკენ წასულიყო გენუიდან მომავალ ოტის ჯართან შესახვედრად. მაგრამ ოტი თავიდან მელასთან შესახზვედრი უმოკლესი გზით არ წასულა. მან გადაწყვიტა როგორმე მანტუისკენ გაჭრილიყო, რათა ავსტრიისკენ მიმავალი გზებისთვის გაეწია კონტროლი. მაგრამ ქალაქ კატეჯოს მახლობლად, მონტებელოსთან, მას ლანი გადაეღობა წინ. გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელიც კარგა ხანს გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლოს კი ლანმა, რომელსაც ვიქტორის დივიზიამ მოუსწრო, მაინც გატეხა ავსტრიელთა წინააღმდეგობა და უკუაქცია ისინი (ამ გამარჯვების აღსანიშნავად 1804 წელს ნაპოლეონმა მარშალ ლანს მონტებელოს ჰერცოგის ტიტული მიანიჭა). ოტმა ამ ბრძოლაში 5000 კაცი დაკარგა და იძულებული გახდა ხელი აეღო მანტუისკენ წასვლაზე.
    ნაპოლეონი მილანში ერთ კვირაზე ნაკლებ დროს დარჩა. 7 ივნისს ის, თავისი მთავარი ძალებით, უკვე გზაში იყო. პირველ კონსულს ეშინოდა ხელიდან არ გასხლტომოდნენ ავსტრიელები. მისი აზრით, მელასს მოქმედების ორი არჩევანი ჰქონდა: ერთი ის იყო, რომ სანამ ფრანგთა მთავარი ძალები მის საძებრად იყვნენ მილანიდან წამოსულნი, ავსტრიელთა მთავარსარდალს შეეძლო თვითონ შესულიყო ლომბარდიის დედაქალაქში და იქიდან გაეხსნა კომუნიკაციის ხაზი სამშობლოსთან.
    მეორე შესაძლებლობად ბონაპარტს მიაჩნდა ავსტრიელთა წასვლა სამხრეთისკენ, გენუის მიმართულებით. თუ მელასი სიუშეს კორპუსს უკუაგდებდა და გენუისაკენ გაიჭრებოდა, მას ექნებოდა შესაძლებლობა, ინგლისის ფლოტის დახმარებით კარგა ხანს გაეჭიანურებინა კამპანია. რათა არ მიეცა მოწინააღმდეგისათვის ამ შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალება, პირველი კონსული შეეცადა მაქსიმალურად დაახლოვებოდა ავსტრიელთა მთავარ ძალებს. დასაწყისში ნაპოლეონმა სტრადელას ძლიერი პოზიციები დაიკავა. იგი ელოდა, რომ მელასი ამ პოზიციებზე შეუტევდა მას, რათა ავსტრიისკენ გაეხსნა თავისთვის გზა. მაგრამ, ეტყობოდა, ამის გაკეთებას მელასი იოლად ვერ გადაწყვეტდა. არადა, სტრატეგიული თვალსაზრისით, ავსტრიელთა ასეთი მოქმედება გამართლებული და იმ ვითარებაში, შეიძლება, ერთადერთი სწორი ნაბიჯიც იქნებოდა. მელასს დრო არ უნდა დაეკარგა, რადგან ყოველი დღე მის მოწინააღმდეგეს აძლიერებდა, მაშინ როდესაც თვითონ რეალური დახმარების იმედი პრაქტიკულად არსაიდან ჰქონდა. ბონაპარტი, სწორედ, ამას ვარაუდობდა, როდესაც სტრადელასთან ამაგრებდა პოზიციებს. გადარჩენის ერთადერთი შანსი მელასს შეტევაზე გადასვლასა და როგორმე მანტუის მიმართულებით გაჭრაში თუ ექნებოდა. მაგრამ მუდამ აუჩქარებლად მოქმედი ავსტრიელები არც ახლა აპირებდნენ ოპერაციის დროულად წამოწყყებას.
    მელასი 10 ივნისს მივიდა ალესანდრიაში და იქ დაბანაკდა. ავსტრიელთა მთავარსადალი იქაც, ისევე როგორც ტურინში, აშკარად კარგავდა დროს. მისი სტრატეგიული მდგომარეობა თანდათანობით უარესდებოდა. იმ დროს ალესანდრიაში მელასს 30 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავდა. მის გარშემო კი თავს იყრიდნენ ფრანგების ბევრად ჭარბი ძალები: წინ – ბონაპარტი 28 ათასი კაცით, ზურგში – სიუშე, ტიურო, შაბრანი და მასენა (ეს უკანასკნელი, გენუიდან გამოყვანილი გარნიზონით, გამალებული მიეშურებოდა მომავალი ბრძოლის ადგილისაკენ). ასე რომ, მელასის გარშემო 60 ათასამდე ფრანგი გროვდებოდა. ეს ძალა იმაზე მეტიც იყო, რაც ავსტრიელების სრულად განადგურებას სჭირდებოდა. ამას, ბოლოს და ბოლოს, მელასის შტაბშიც მიხვდნენ. ამიტომ, 12 ივნისის სამხედრო თათბირზე, მათ გადაწყვიტეს ბრძოლა გაემართათ ფრანგებისათვის და ძალით გაჭრილიყვნენ მანტუისკენ.
    იმ დღეებში ფრანგების შტაბში დეზე გამოცხადდა. ბონაპარტი სიხარულით შეეგება „ეგვიპტელ“ თანამებრძოლს. ლუი დეზე, საფრანგეთის რესპუბლიკის ერთი საუკეთესო გენერალთაგანი, იმ დროს სულ ახალი დაბრუნებული იყო ამ ქვეყნიდან. თურმე, როგორც კი გემიდან გადმოვიდა და ალპებში ბონაპარტის ლაშქრობის ამბავი შეიტყო, დეზემ იმ წუთშივე მასთან წასვლა გადაწყვიტა. ეს კაცი ჩვენ აღარაფერს დაგვიტოვებს გასაკეთებელსო, – წამოუძახნია აღტაცებულ დეზეს. იტალიისკენ მიმავალს, მას გზაში უამრავი სიძნელე და წინააღმდეგობა შეხვედრია, მაგრამ იგი ისე შეუპოვრად მიისწრაფოდა ბრძოლის ასპარეზისკენ, თითქოს ატყობდა, რომ უმისობა იქ არ იქნებოდა და იმ როლს, რომელიც მას უნდა ეთამაშა, სხვა ვერავინ შეასრულებდა!
    ამასობაში, ნაპოლეონი ისე „გაერთო“ მოწინააღმდეგისათვის შესაძლო „გასაპარი“ ადგილების გადაკეტვით, რომ თვითონაც გვარიანად მიმოფანტა თავისი ჯარი და ახლა, მელასთან პირისპირ შეხვედრისას, მას რიცხობრივი უპირატესობა აღარც კი ექნებოდა. მაგრამ ეს გარემოება ნაკლებად აფიქრებდა პირველ კონსულს, რადგან მას თავისი ჯარის იმედი ჰქონდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ომის ამ ეტაპზე მან მაინც ძალიან „აიგდო“ ავსტრიელები და, როგორც დავინახავთ, ერთ მომენტში დიდ ხიფათშიც ჩაიგდო თავი.
    მომავალ ბრძოლას მელასიცა და მისი შტაბიც იმედით შეჰყურებდნენ. ავსტრიელებს არტილერიასა და ცხენოსან ჯარში ჰქონდათ უპირატესობა (მათი კავალერია განთქმული იყო თავისი საბრძოლო თვისებებით. უმეტესობას მასში კვლავ შესანიშნავი მადიარი მხედრები შეადგენდნენ, ხოლო მარენგოს გაშლილი ველი სწორედ მათი მოქმედებისათვის იყო ზედგამოჭრილი). ავსტრიელთა გადაწყვეტილება, ბრძოლით გაეკაფათ გზა, ღირსეული იყო და პატივისცემას იმსახურებდა.
    მათი ამ გადაწყვეტილების შესახებ ბონაპარტმა იმ დროს ჯერ არაფერი იცოდა. მაგრამ, რახან მოწინააღმდეგე სტრადელას მიმართულებით შეტევის დაწყვებას არ აპირებდა და, როგორც ეტყობოდა, რაღაც სხვა გზას ადგებოდა, პირველ კონსულს დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებდა, რათა მტრისთვის წასვლის შესაძლებლობა არ მიეცა. ამიტომ მან საჩქაროდ დატოვა ეს გამაგრებული პოზიციები და ტორტონაში გადაინაცვლა. ამ ქალაქებსა და მათ სიახლოვეს ფრანგებს მოწინააღმდეგე არ შეხვედრიათ.
    ამან კიდევ უფრო შეაშფოთა ნაპოლეონი. ეჭვი, მელასის სამხრეთის მიმართულებით წასვლაზე, თითქოს მართლდებოდა. 13 ივნისს პირველი კონსული სან-ჯულიანოში დაბანაკდა, ხოლო მისმა მოწინავე ნაწილებმა სოფელი მარენგო დაიკავეს, საიდანაც, სულ ცოტა ხნის წინ, აგსტრიელთა არიერგარდის უკანასკნელი რაზმები გავიდნენ.
    ნაპოლეონმა თავისი ჯარის ერთი ნაწილი (ორი დივიზია) დეზეს მეთაურობით, სამხრეთისკენ გაგზავნა, რივოლტა-ნოვის მიმართულებით, რათა გენუისკენ მიმავალი გზისთვის გაეწია კონტროლი. ეს მიმართულება, თუ ავსტრიელები ნამდვილად გენუისკენ იხევდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა და ამიტომ დეზეს დაევალა რაც შეიძლება სწრაფად ევლო დანიშნულების ადგილისაკენ. დეზეს ბრძანების გამეორება არ სჭირდებოდა და ისიც თავისი ჯარით მაშინვე დაადგა გზას.
    ამასობაში ავსტრიელები ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. მელასმა გადაწყვიტა 14-ში დილით გადაელახა მდინარე ბორმიდა და შეტევა სამი კოლონით დაეწყო. ავსტრიელთა შეტევის მთავარ ობიექტად სან-ჯულიანო, ფრანგთა სამეთაურო პუნქტი მოინიშნა. მისკენ წავიდოდა ავსტრიელთა ცენტრალური კოლონა, დანარჩენი ორი კი ფლანგებზე იმოქმედებდა და მოწინააღმდეგის პოზიციის გარსშემოვლას შეეცდებოდა. 13 ივნისს, საღამოს, მელასი, თავისი ჯარითურთ, ქალაქ ალესანდრიის სიმაგრეებიდან გამოვიდა და მდინარე ბორმიდას ნაპირებზე დაბანაკდა იმ მიზნით, რომ მეორე დღეს დილიდანვე დაეწყო შეტევა.
    ეს ამბავი მალე ფრანგთა მთავარბანაკშიც შეიტყვეს. ბონაპარტმა მაშინვე დეზესკენ აფრინა მაცნე და სასწრაფოდ უკან დაბრუნება უბრძანა, თვითონ კი მომავალი მძიმე ბრძოლის სამზადისს შეუდგა. ბრძოლა ფრანგებისთვის არახელსაყრელ პირობებში უნდა გამართულიყო, რადგან მოწინააღმდეგე მათ რიცხობრივად სჭარბობდა. ასეთ ვითარებაში, ფრანგებს თავდაცვითი ბრძოლის წარმოება მოუწევდათ, მაგრამ მარენგოს ვრცელი და გაშლილი ველი ამის საშუალებას მათ ნაკლებად მისცემდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნაპოლეონმა გადაწყვიტა მის ხელთ არსებული მწირი ძალებისგან, შეძლებისდაგვარად, ღრმად ეშელონირებული თავდაცვითი პოზიციები მოეწყო.
    ფრანგთა პირველ ეშელონს, რომელსაც გენერალი ვიქტორი მეთაურობდა, პოზიცია მარენგოდან კასტელჩერიოლომდე ეჭირა. ქვეითი ჯარის უკან კელერმანის ცხენოსანთა ბრიგადა იდგა, რომელსაც საჭირო მომენტში, იმ უბანზე უნდა ემოქმედნა, რომელზეც მეტი საშიშროება შეიქმნებოდა. მარენგოდან აღმოსავლეთით, ორიოდე კილომეტრის დაშორებით, პოჯის მიდამოებში, მეორე ეშელონი იდგა, ლანის მეთაურობით. მესამე ეშელონს, რომელსაც თვით პირველი კონსული სარდლობდა, პოზიცია პოჯისა და სან–ჯულიანოს შუა ეკავა. მოწინააღმდეგე ძალთა შეფარდება იმ დღეს ასეთი იყო: 36 ათასი ავსტრიელის წინ 20 ათასი ფრანგი იდგა.
    ბრძოლა დილის 8 საათზე დაიწყო. ავსტრიელებმა სამი კოლონით გადალახეს მდინარე ბორმიდა და ფრანგებს შეუტიეს. პირველი დარტყმა მათ სოფელ მარენგოს მიაყენეს. აქ გამაგრებულმა ფრანგებმა მნიშვნელოვანი ზარალის ფასად, მაგრამ მაინც შეძლეს ავსტრიელთა მეწინავე ნაწილების უკუგდება. მაშინ ავსტრიელთა სარდლობამ დამატებითი ძალები გადაისროლა მარენგოსკენ და განმეორებითი შეტევის შემდეგ სოფელი დაიკავა. ბრძოლამ მეორე ეშელონის პოზიციებზე გადაინაცვლა. ლანმა თავისი ორი დივიზიით და ვიქტორმა, რომელმაც ახალ პოზიციებზე სცადა გამაგრება მარენგოდან უკუქცეული ნაწილებით, რამდენიმე კონტრიერიში მიიტანეს ავსტრიელებზე და არაერთხელ უკუაგდეს ისინი. ამ მძიმე წუთებში ნაპოლეონი გამუდმებით მოითხოვდა თავგანწირვით მებრძოლი თავისი გენერლებისგან, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ დრო მოეგოთ დეზეს მაშველი კორპუსის მოსვლამდე. 2 საათის განმავლობაში ფრანგები მეორე ეშელონის პოზიციებსაც ინარჩუნებდნენ, მაგრამ ავსტრიელთა ძლიერმა საარტელერიო ცეცხლმა და კავალერიის აქტივობამ, ბოლოს და ბოლოს, მათი წინააღმდეგობა დასძლია: ვიქტორის ნაწილებმა უწესრიგოდ დაიწყეს უკანდახევა. რამდენადმე უკან დაიხია ლანმაც, თუმცა საბრძოლო წყობა არ მოუშლია და მტერს კვლავ ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა.
1 საათისათვის ავსტრიელთა კავალერიის მთავარმა შენაერთმა კასტელჩერიოლოს მხრიდან შეუტია ლანის პოზიციებს და კვლავ უკან დაახევინა მას. ნაპოლეონი, უკანასკნელი რეზერვით – კონსულის გვარდიის ორი ბატალიონით, პირადად მიეშველა ლანს და მისი მდგომარეობა რამდენადმე შეამსუბუქა. გვარდიელებმა კარეს საბრძოლო წყობა დაიკავეს და ავსტრიელთა ცხენოსანი ჯარის რამდენიმე იერიში მოიგერიეს (ამ უთანასწორო შეტაკებებში თავგანწირვით მებრძოლი გვარდიელების დიდი ნაწილი დაიღუპა). ამასობაში ბრძოლის ველზე დეზეს ერთი მეწინავე დივიზია შემოვიდა, რომელიც ნაპოლეონმა წამსვე ისევ ლანის დასახმარებლად გაგზავნა. მართალია, ეს მაშველი ძალა ბრძოლის საერთო სურათს ვერ შეცვლიდა, მაგრამ ფრანგთა წინააღმდეგობას მეორე ეშელონის მიერ დაკავებულ ახალ პოზიციებზე კი გააძლიერებდა. მართლაც, ამ დივიზიის დახმარებით, ლანმა 13 საათამდე შეძლო მტრის გამკლავება, მერე კი მანაც უკან დაიხია. ფრანგებისათვის კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა. მრავალრიცხოვანი მტერი უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში უტევდა მათ და თანდათან ართმევდა ყოველ ახალ პოზიციას, რომლის დაკავებას ისინი რის ვაი-ვაგლახით ახერხებდნენ.
    ხედავდა რა, რომ საკუთარი ჯარი უკვე ვეღარ უძლებდა ავსტრიელთა იერიშებს, ნაპოლეონმა მარჯვენა ფლანგს უბრძანა ნელ-ნელა, ბრძოლით დაეხია უკან, ცენტრს – საშუალო სიჩქარით, ხოლო მარცხენა ფლანგს, – სწრაფად (მარცხენა ფლანგს ეს ბრძანება არც კი სჭირდებოდა, ფრონტის ამ უბანზე ფრანგი ჯარისკაცები ისე სწრაფად იხევდნენ უკან, რომ მეტი აღარც შეიძლებოდა – ისინი, უბრალოდ, გარბოდნენ). ფრანგთა ჯარი, ასეთი უკანდახევის შედეგად, ირიბ განლაგებას იღებდა: ჩრდილოეთით, წინ წაწეული ლანის კორპუსი, რომელიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა პოზიციას, ცენტრში და სამხრეთით კი ვიქტორის მკვეთრად უკანდაწეული ნაწილები, რომლებიც განაგრძობდნენ უკანდახევას. ბონაპარტს თაგისი ჯარი ამდაგვარად შემთხვევით არ განულაგებია. მან იცოდა, რომ დეზე, შეუჩერებლივ მოდიოდა მისკენ და ბრძოლის ველზე 16 საათისთვის შემოვიდოდა. იგი სამხრეთიდან მოეშურებოდა და ავსტრიელთა ჯარის ის ნაწილები, რომლებიც ფრანგთა უკანდახეულ მარცხენა ფლანგს მისდევდნენ, დეზესთან ყველაზე ახლოს, სწორედ ფრონტის ამ უბანზე აღმოჩნდებოდნენ და ამ უკანასკნელს უფრო გაუადვილდებოდა მათზე მოულოდნელი დარტყმა (თანაც ძალზე წინ წაწეული ავსტრიელები თავიანთ სხვა ნაწილებს მოწყვეტილნი იქნებოდნენ და დეზესთვის იოლ ლუკმად იქცეოდნენ). დეზეს მოსვლამდე კი გაძლება იყო საჭირო. ასეთ მომენტში ნაპოლეონმა პირადი დაცვის უკანასკნელი 200 გვარდიელიც ჩააბა ბრძოლაში და კიდევ ცოტა დრო მოიგო.
    იმ დროისათვის, ავსტრიელები გამარჯვებაში სავსებით დარწმუნებულები იყვნენ. ფელდმარშალი მელასი მთელი დღე მარენგოს ველზე იმყოფებოდა. იგი ხშირად წინ მიუძღოდა თავის ჯარისკაცებს, ბრძოლაში მას ორი ცხენი მოუკლეს, ბოლოს თვითონაც მსუბუქად დაჭრეს და რადგან მასაც აღარ ეპარებოდა ეჭვი გამარჯვებაში, მარენგოს ველი დატოვა და ალესანდრიაში დაბრუნდა, რათა მთელი ევროპისათვის ემცნო თავისი დიდი წარმატების ამბავი. დამარცხებული მოწინააღმდეგის დევნა მელასმა თავისი შტაბის უფროსს გენერალ ცაჰს დაავალა. აჩქარდა მოხუცი მხედართმთავარი, გამარჯვების რელაციების გაგზავნა ცოტა ნაადრევად მოუვიდა. რა იცოდა, რომ მალე სულ სხვა ხასიათის ინფორმაციის მიწოდება დასჭირდებოდა. დაარხეინებული ავსტრიელები აუჩქარებლად მიჰყვებოდნენ უკანდახეულ ფრანგებს, რომლებიც მაინც აგრძელებდნენ გააფთრებულ წინააღმდეგობას და, სადაც კი შეძლებდნენ, ახალ-ახალ პოზიციებს იკავებდნენ. გენერალმა ცაჰმა თავისიანები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ორ სალაშქრო კოლონად მოაწყო და ისე მიჰყვა ფრანგებს. ჯარის ასეთი წყობა, როგორც შემდეგ გამოირკვა, დამღუპველი აღმოჩნდა ავსტრიელებისათვის.
    და აი, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლის ველზე დეზე შემოვიდა! ნაპოლეონმა მაშინვე დაგზავნა ფრანგთა ყველა ნაწილში ბრძანება – ამ წუთიდან ახალი საბრძოლო ხაზი იქმნებაო და სასწრაფოდ შეუდგა კონტრიერიშზე გადასვლის თადარიგს. დეზე მაშინვე პირველ კონსულთან მიიჭრა და ბრძოლის ველს რომ გადახედა, ნაღვლიანად თქვა: როგორც ვხედავ, ბრძოლა წაგებულია, ერთადერთი, რაც მე შემიძლია, ეს, ალბათ, თქვენი უკანდახევის დაფარვააო. სრულიადაც არა! – უპასუხა ნაპოლეონმა – დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლას მოვიგებთ. მე უკან დახეულ ჯარს ხელახლა გავაწყობ, შენ კი ახლავე შეუტიე მოწინააღმდეგესო! (ამ ეპიზოდის სხვა ვერსიაც არსებობს, რომლის მიხედვითაც, როცა დეზეს ბრძოლის ველისთვის თვალი შეუვლია, უთქვამს: პირველი ბრძოლა როგორც ჩანს წაგებულია, მაგრამ ჯერ მხოლოდ სამი საათია და მეორეს მოგებას კიდევ მოვასწრებთო!).
    დეზემ ცოტა ხნით სან-ჯულიანოს მისადგომებთან გაშენებულ ვენახებში დამალა თავისი ჯარისკაცები, და როცა ავსტრიელთა კოლონა მათ გაუსწორდა, მაშინ წამოშალა ისინი იერიშისათვის. ავსტრიელები ყველაფერს ელოდნენ ამის გარდა. ფრანგები ყიჟინითა და გაცხოველებული თოფის სროლით მიეჭრნენ მათ. შეტაკებისას დანაკარგი ფრანგებსაც მოუვიდათ და ერთ–ერთი პირველი, ვინც მტრის ტყვიით განგმირული დაეცა, დეზე იყო. „ეს სიკვდილია, მაგრამ ჯერ დაუმალეთ იგი ჩემს ჯარისკაცებს, ამ ამბავმა არ შეაყოვნოს ისინი“ – მოუსწრია თქმა გენერალს. რაღა დამალვა უნდოდა, დეზე ყველაზე წინ მიაქროლებდა ცხენს და ყველას თვალწინ დაეცა. მე-9 ნახევარბრიგადა, რომელსაც იმ მომენტში მიუძღვებოდა დეზე, საყვარელი მეთაურის სიკვდილით გაცოფებული ისეთი შემართებით ეკვეთა ჭარბ მტერს, რომ ჯერ არივ-დარია მისი რიგები და მერე გააქცია კიდეც (იმ დღეს ამ ბრიგადას „შეუდარებელი“ უწოდეს და ამ სახელით იბრძოლა მან შემდგომში ურიცხვ ომებში და არსად თავისი გმირი მეთაურის სახელ არ შეურცხვენია).
    როცა ფიცხელი ბრძოლის დროს ბონაპარტისთვის დეზეს სიკვდილის შესახებ მოუხსენებიათ, მთავარსარდალს წარბიც არ შეუხრია და მხოლოდ ეს უთქვამს: რა უბედური ვყოფილვარ, ტირილის ნებაც არა მაქვსო. დეზეს მებრძოლებს კელერმანის კავალერისტებმაც აუბეს მხარი, რომლებმაც მთელი დღე მამაცურად იბრძოლეს და ახლაც გამონახეს ძალა, რათა გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინათ არეული და აშლილი მოწინააღმდეგისათვის. სალაშქრო კოლონებად მოწყობილმა ავსტრიელებმა ვეღარ მოახერხეს გადაჯგუფება და მათი მეწინავე კოლონა მარტო შერჩა კონტრშეტევახე გადასულ ფრანგებს. სიკეთე ავსტრიელთა არც მეორე, მოშორებით მომავალ კოლონას, დაადგა, რომელსაც კელერმანმა შეუტია.
    ბრძოლის სურათი სრულიად შეიცვალა. მაშველი ჯარის მოსვლით გულმოცემული ფრანგები ფრონტის სხვა უბნებზეც გადავიდნენ კონტრშეტევაზე; ლანი, ვიქტორი, მიურატი, მარმონი – ყველანი ავსტრიელებს უტევდნენ. თვითონ ნაპოლეონი ჯარისკაცებს შორის დააჭენებდა ცხენს და ომახიანად უძახოდა მათ: „თქვენ ხომ იცით მე რომ ბრძოლის ველზე მიყვარს ღამის გათევაო“, ე.ი. ყველაფერი გააკეთეთ, ბრძოლის ველი რომ ჩვენს ხელთ დარჩესო.
    ამასობაში, ავსტრიელებმა საბოლოოდ უჩვენეს ზურგი ფრანგებს და პანიკით მოცულები უკან გაიქცნენ. კელერმანმა მოახერხა შუაზე გაეჭრა მათი არეული რიგები და 6 ათასი კაცი იგდო ტყვედ, თვით მთავარსარდლად დატოვებულ ცაჰის ჩათვლით. ეს უკვე სრული კატასტროფა იყო. თავგზააბნეულ ჯარს ოფიცრები ვეღარ აჩერებდნენ და ბოლოს ისინიც მათთან ერთად გაიქცნენ. ასე სირბილით გადაჭრეს მათ მთელი მარენგოს ველი და მდინარე ბორმიდაზე გადებულ ხიდებს მიაწყდნენ. 21 საათისათვის ყველაფერი დამთავრებული იყო. გახარებული ფრანგები გამარჯვებას ზეიმობდნენ. გახარებული იყო ბონაპარტიც, მაგრამ სიხარულს სევდა შერეოდა. რა ბედნიერი ვიქნებოდი დღეს, დეზეს რომ შემეძლოს მოვეხვიოო, – უთქვამს ბრძოლის შემდეგ პირველ კონსულს და თვალთაგან ცრემლი წასკდომია. დეზეს სიკვდილი დიდი დანაკარგი იყო ფრანგებისათვის. ჭეშმარიტი მხედართმთავრული ნიჭით დაჯილდოებული, ჭკვიანი და საზრიანი დეზე არაჩვეულებრივად მამაცი მეომარი იყო. არმიაში ყველას უყვარდა ეს გრძელკულულებიანი ლამაზი კაცი, რომელმაც არც დაღლა იცოდა და არც უკანდახევა. ბრძოლის მეორე დღეს პარიზში გაგზავნილ ცნობარში ბონაპარტი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ გამარჯვების მიუხედავად, მას გლოვის დღეები უდგას, რადგან დაკარგა კაცი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და რომელსაც ყველაზე მეტ პატივს სცემდა. ბრძოლის წინა დღეს პირველ კონსულს დიდხანს უსაუბრნია დეზესთან, ბევრი რამ უცნობებია სამომავლო გეგმებიდან მისთვის და ბოლოს ისიც უთქვამს, რომ პარიზში დაბრუნდებოდნენ თუ არა, მას სამხედრო მინისტრის პოსტს ჩააბარებდა. ვერავის იპოვიდა ბონაპარტი მასზე ღირსეულს და მასზე ერთგულს. ახლა კი ამ გეგმებიდან აღარაფერი დარჩა. დარჩა მარტო მოგონება ასე ადრე წასულ მეგობარზე. დეზეს ერთი ადიუტანტი ჰყავდა, ახალგაზრდა ოფიცერი ჟან რაპი. დაღუპული თანამებრძოლისადმი სიყვარულის ნიშნად, ნაპოლეონმა რაპი თავის ადიუტანტად გაიხადა და შემდეგ დიდხანს, თავისი კარიერის დასასრულამდე გვერდიდან აღარც მოუშორებია.
    ბრძოლის შედეგით თავზარდაცემულმა მელასმა მეორე დღესვე გამოუგზავნა ბონაპარტს პარლამენტიორი და დაზავება შესთავაზა – თავისი არმიისა და თავისი ქვეყნისთვის მძიმე პირობებზე. გამარჯვებულ პირველ კონსულს, რომელსაც პარიზში ეჩქარებოდა, უარის თქმისთვის საფუშველი არა ჰქონდა და ისიც დათანხმდა მოლაპარაკების გამართვაზე. მოსალაპარაკებლად ავსტრიელებმა თავადი ლიხტენშტეინი გამოგზავნეს. გამარჯვებულმა ბონაპარტმა თავისი წინადადებები ავსტრიელთა მთავარბანაკში გენერალ ცაჰსა და ბერტიეს გაატანა. აი, ამ წინადადებების შინაარსი: ავსტრიელების ჯარი არ ჩაითვლებოდა ტყვედჩავარდნილად და მას სამშობლოში იარაღით ხელში დაბრუნების გარანტიები მიეცემოდა, სამხედრო პატივის სრული მიგებით. სამაგიეროდ, პირველი კონსული მოითხოვდა, რომ ჰაბსბურგებს დაუყოვნებლივ უნდა დაებრუნებინათ ფრანგებისათვის პიემონტის, ლიგურიისა და ლომბარდიის ყველა უმნიშვნელოვანესი ციხე და ქალაქი, და გაეთავისუფლებინათ ჩრდილო იტალიის მთელი ტერიტორია მდინარე მინჩომდე (ამ მოთხოვნების თანახმად, ფრანგების ხელში კვლავ გადადიოდა ქალაქი გენუაც, რომლის ალვას ავსტრიელებმა ამდენი დრო, ენერგია და თავისი ჯარისკაცის სიცოცხლე შეალიეს).
    მელასმა, ერთი პირობა, სცადა როგორმე შეემსუბუქებინა ფრანგების წინადადებების სიმძიმე, მაგრამ ბონაპარტმა ცივი უარით გაისტუმრა პარლამენტიორები: „მე ვიცი რა მდგომარეობაში ხართ ჩავარდნილი და რა შემიძლია დაგმართოთ, მაგრამ პატივს ვცემ მელასის ჭაღარას და თქვენი ჯარისკაცების სიმამაცეს. წადით უკან და იცოდეთ, რომ სხვა წინადადებებს ვერ მივიღებთ“. ავსტრიელები მაშინვე დაყაბულდნენ.
    მარენგოს ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ისე ჩანდა, თითქოს ამ ერთმა ბრძოლამ გადაწყვიტა მთელი კამპანიის ბედი. სინამდვილეში კი მარენგო მხოლოდ ერთი (თუმცა ყველაზე დიდი) კვანძი იყო იმ ბადისა, რომელშიც ასე ოსტატურად გააბა ავსტრიელთა არმია გენერალმა ბონაპარტმა.
    იტალიის ასპარეზზე ომის შედეგი არა მარტო, და არა იმდენად, ამ ერთმა ბრძოლამ განაპირობა, რამდენადაც იმ სტრატეგიულმა კომბინაციებმა, რომლებიც ასე შესანიშნავად დაგეგმა და გაითამაშა ბონაპარტმა. მან ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ავსტრიელთა არმია, რომლისგანაც გამოსაგალი ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმის მეტი სხვა არა ჩანდა რა. მართლაც, რა ბრძოლის გაგრძელებაზე შეეძლო ეფიქრა მელასს, როდესაც მის დამარცხებულ არმიას აქვის მხრიდან სიუშე უახლოვდებოდა, სიუზის მხრიდან – ტიურო, ტრინოს – შაბრანი და პავიის – ლაპოიპი. როდესაც მის ზურგში ალპები აღმართულიყვნენ მოწინააღმდეგის მიერ ხელში ჩაგდებული გადასასვლელებით, ხოლო წინ ბონაპარტი იდგა თავისი მთავარი ძალებით? ავსტრიელთა არმია ისე იყო ყოველი მხრიდან გარშემორტყმული ფრანგთა მიერ, რომ მარენგოს ბრძოლაში მელასი დამარცხებული კი არა, გამარჯვებულიც რომ გამოსულიყო, საბოლოო წარმატებას მაინც ვერ მიაღწევდა.
    ბონაპარტის არაკეთილმოსურნენი, და არა მარტო ისინი, მაშინაც და შემდეგაც, ბევრს წერდნენ და ლაპარაკობდნენ ფრანგებისათვის მარენგოს ბრძოლის წარუმატებელ „პირველ ნახევარზე“ და აღნიშნავდნენ: დეზეს დროზე რომ არ მოესწრო, პირველი კონსული უეჭველად დამარცხებას განიცდიდაო. ამაზე ისე დაბეჯითებით ლაპარაკობდნენ და წერდნენ, თითქოს ვინმეს მიერ „დაკანონებული“ იყოს ბრძოლის ორ, სამ, ოთხ ან მეტ ნაწილად დაყოფის აუცილებლობა. ან ეს ასეც რომ იყოს, ბრძოლის შედეგი რატომ მაინცადამაინც მის რომელიმე ერთ მონაკვეთში უნდა გადაწყდეს? განა, ბოლომდე ბრძოლა არ იყო საჭირო, განა, წარუმატებელი მიმდინარეობა ბრძოლის ნაადრევი შეწყვეტის მიზეზი უნდა გახდეს? განა, თვითონ ნაპოლეონს არა აქვს კარგად ნათქვამი მოროს შესახებ, როდესაც მან ნოვისთან დროზე ადრე დაიხია უკან და წინააღმდეგობა შეწყვიტა, რითაც სუვოროვს იოლი გამარჯვების შესაძლებლობა დაუტოვა: „ომის დროს ნებაყოფლობით არასოდეს არ უნდა გააკეთო ის, რაც მოსახდენთა შორის ყველაზე უარესი შეიძლება იყოსო?“ და ბოლოს, კიდევ ერთი კითხვა: დეზეს ბრძოლის ველზე დროული გამოცხადება განსაკუთრებით გასაკვირი რატომ იყო, განა, მისი კორპუსი ბონაპარტის არმიის ნაწილს არ შეადგენდა და ეს შესანიშნავი გენერალი ბონაპარტისავე ბრძანებით არ გამოცხადდა ბრძოლის ველზე?
    მარენგოსთან გამარჯვებამ და, საერთოდ, იტალიაში მეორე ლაშქრობის ასეთმა წარმატებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა იქონია ნაპოლეონის ცხოვრებაში. პირველი კონსულის პოზიციები, რომლებიც ამ ლაშქრობის წინ პოლიტიკური თვალსაზრისით ჯერ მაინცდამაინც მყარი არ ჩანდა, ახლა ერთბაშად იმდენად მტკიცე გახდა და მისი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ისე მკვეთრად გაიზარდა, რომ მრავალრიცხოვან მოშურნეთ და მოქიშპეთ ფეხქვეშ ნიადაგი გამოაცალა და, როგორც ეტყობოდა, კარგა ხნითაც. ევროპას კი ამ წარმატებამ დაანახა, რომ საფრანგეთი მე-19 საუკუნეში შედიოდა ისეთი მმართველით სათავეში, რომელსაც უეცარი და მასშტაბური პოლიტიკური ნაბიჯებიც ისევე ხელეწიფებოდა, როგორც უკვე ყველასათვის ჩვეულებრივ ამბად ქცეული გრანდიოზული სამხედრო-სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
მშვიდობიანი ცხოვრების წლები
    იტალიაში მეორე ლაშქრობიდან დაბრუნებისთანავე, პირველმა კონსულმა მხატვარ დავიდს თავისი პორტრეტი შეუკვეთა. გენერალს საკუთარი თავი სენ-ბერნარის უღელტეხილზე გადასვლისას სურდა ეხილა, ყალყზე შემდგარ ცხენზე ამხედრებული. განთქმული მხატვარი ჟაკ ლუი დავიდი „რევოლუციური კლასიციზმის“ ფუძემდებელი იყო ფრანგულ ფერწერაში. კონვენტის წევრი, რობესპიერთან დაახლოებული პირი, მრავალი მგზნებარე მოწოდების ავტორი დავიდი, თერმიდორელთა მმართველობის პერიოდში პოლიტიკას ჩამოშორდა, საბოლოოდ გვერდზე გადგა და მთელი თავისი ენერგია და ტალანტი ძირითად საქმეს დაუკავშირა.
    ბონაპარტის პორტრეტი დავიდს მანამდე უკვე ჰქონდა შესრულებული. ეს სამი წლის წინ იყო, როცა ამ ორი ადამიანის პირველი შეხვედრა მოხდა ლუქსემბურგის სასახლეში, რომელიღაც წვეულების დროს. ისე გამოვიდა, რომ ორივემ ერთდროულად მიიქცია ერთმანეთის ყურადღება. იმ დროისათვის ბონაპარტი უკვე ძნელად თუ იმეტებდა ვინმესთვის სიტყვებს, მაგრამ დავიდს თვალი მოკრა თუ არა, მისკენ გაეშურა და ხანგრძლივი საუბარი გააბა მასთან. გარემომცველნი ინტერესით ადევნებდნენ მათ თვალს. ბევრს უკვირდა და შურდა კიდეც დავიდის – ხუმრობა ხომ არ იყო, მან ამდენი ხნით შეძლო გენერლის ყურადღების მიპყრობა! მაგრამ ბონაპარტმა მარტო ეს საუბარი არ იკმარა და დავიდი მაგიდასთანაც გვერდით მოისვა. მხატვარი მოჯადოებულივით შეჰყურებდა დიდების შარავანდედით მოსილ მხედართმთავარს. ის ნაკლებად უსმენდა მას და მეტს აკვირდებოდა. დავიდი აღტაცებაში მოჰყავდა ბონაპარტის სახეს, მის ნაკვთებს, უცნაურად მოელვარე თვალებს. მხატვარმა იქვე, სუფრასთან გააკეთა ფანქრით ერთიორი მონახაზი და მერე გენერალს მოკრძალებულად სთხოვა რამდენიმე სეანსი დაეთმო მისთვის. ბონაპარტი დათანხმდა, ოღონდ მაშინვე არა, ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ.
    დათქმული დროც დადგა, მაგრამ გენერალი სახელოსნოში არ მივიდა. დავითი აღელდა, ბონაპარტს ბარათი გაუგზავნა, პირობა შეახსენა, მაგრამ უშედეგოდ. მხატვარი არ მოეშვა, რამდენჯერმე შეატყობინა, რომ ელოდებოდა. და აი, როგორც იქნა, გენერალმა „იკადრა“ და დავიდს ეწვია. სახელოსნო მხატვარს ლუვრში ჰქონდა და იქ ემზადებოდა ბონაპარტთან შესახვედრად. რა ამბავი ატყდა იმ დილით სასახლეში! სხვა მხატვრები, მოსწავლეები, ლუვრის მუზეუმის თანამშრომლები – ყველანი გარეთ გამოცვივდნენ, ყველას ბონაპარტის დანახვა სურდა. მან კი არავის ყურადღება არ მიაქცია, მხოლოდ დავიდს მიესალმა და მისი ნამუშევრების დათვალიერება დაიწყო. მერე ქუდი და დაშნა სავარძელში დაუდევრად მოისროლა და მისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა. იჯდა სამი საათი და ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. დავიდი ატყობდა, რომ მეტი სეანსი აღარ იქნებოდა და ამიტომ ჩქარობდა. მთელი დრო მან მხოლოდ ბონაპარტის თავის გამოსახვაზე დახარჯა, სხეულისა კი მარტო მონახაზი გააკეთა. მთავარი მისთვის გენერლის სახე იყო. დავაკვირდეთ ამ სახეს (სურ. ვ): ეს ენერგიული, თავის თავში დარწმუნებული, ამაყი და მედიდური კაცის სახეა, კაცისა, რომელიც, ეტყობა არაფერზე უკან არ დაიხევს და არც არავის შეეპუება. მართლაც, ეს დამცინავად მოკუმული ტუჩები, ეს ამრეზილი გამოხედვა და დაუდევრად ჩამოშლილი თმები... არა, ნამდვილად გამოუვიდა მაშინ ბონაპარტის პორტრეტი დავიდს!
    მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ქვეყნად ბევრი რამ შეიცვალა. ახლა, ათას რვაასში, პირველ კონსულს უკვე თვითონ სურდა სურათის შეკვეთა დავიდისათვის და, როგორც ვთქვით, იტალიიდან დაბრუნებისთანავე მხატვარი თავისთან დაიბარა. დავიდი მაშინვე დაეთანხმა წინადადებას და მუშაობის დაწყებისათვის გენერალს დროის დანიშვნა სთხოვა.
    – თქვენ რა, ჩემგან პოზირებას მოითხოვთ? – გაკვირვებით ჰკითხა ბონაპარტმა. – ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, – უპასუხა მხატვარმა. – კი მაგრამ, რატომ? ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ძველი სამყაროს დიდი ადამიანები თავიანთ მხატვრებთან პოზირებდნენ? – ჩემო გენერალო, მე თქვენ დღევანდელობისთვისაც გხატავთ, იმ ხალხისთვის, ვისაც თქვენ უნახიხართ და ვინც თქვენ გიცნობთ. მათ ხომ უნდათ, რომ პორტრეტში თქვენთან მსგავსება შენიშნონ? – მსგავსება? – ისევ გაიკვირვა კონსულმა.
    – მაგრამ მსგავსებას ხომ ხაზთა სიზუსტე ან ცხვირზე მეჭეჭი არა ქმნის? ხასიათი, შთაგონებული სახე -– აი, რა უნდა გამოსახოთ თქვენს სურათზე. ვის აინტერესებს, გვანან თუ არა დიდი ადამიანები თავისთავს მათ პორტრეტებზე? მთავარია, რომ იქ მათი გენია ცოცხლობდეს! აი, როგორ უნდა ხატოთ დიდი ადამიანები!
    ამ დიალოგში გასაკვირი ის კი არ არის, თუ როგორ იყო თავის სიდიადეში დარწმუნებული ბონაპარტი, ამის მაგალითები სხვაც ბევრია და უფრო თვალსაჩინოც. არა, აქ გასაკვირი ნაპოლეონის შეხედულებაა მხატვრობაზე. გენერალს ყოფნიდა კადნიერება ხატვის გაკვეთილები მიეცა დიდი მხატვრისათვის, მაგრამ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ეს, ბონაპარტი მართალი იყო... (შემდგომში დავიდმა ნაპოლეონი კიდევ რამდენჯერმე დახატა. დახატა მისი კორონაციის ცერემონიალიც. ეს უზარმაზარი ტილოა, სავსე ფიგურებითა და ფერებით. უნდა ითქვას, რომ შემდგომ თავის ტილოებზე დავიდი ნაპოლეონის იდეალიზებულ, და ხშირად, უკვე არარეალურ სახეს ქმნიდა. მაგრამ იყო გამონაკლისებიც. კერძოდ, 1812 წელში მან ნაპოლეონის საინტერესო პორტრეტი შექმნა. ამ სურათზე იმპერატორი თავის სამუშაო კაბინეტშია, ეტყობა გვიან ღამით, რაზეც თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სანთელი მიუთითებს. მაგიდაზე პლუტარქეს წიგნია და „ნაპოლეონის კოდექსის“ ტომი. იქვეა, რა თქმა უნდა, განუყრელი დაშნაც – ნაპოლეონს ძალიან მოსწონებია ეს პორტრეტი და კმაყოფილს მხატვრისთვის უთქვამს: „თქვენ შეძელით სწორედ ამოგეცნეთ. მე ხომ ღამღამობით ჩემი ქვეშევრდომების ბედნიერებისთვის ვიღწვი, დღისით კი მათი დიდებისთვისო“. პორტრეტზე ჭკვიანი, ჩაფიქრებული და ოდნავ დაღლილი კაცია გამოხატული. არავითარი ზებუნებრიობა, არავითარი პომპეზურობა. და ეს 1812 წელს! ეტყობა, მაშინაც კი, ძლიერების ზენიტში, ხანდახან „ჩვეულებრივი“ ხდებოდა მისი უდიდებულესობა.).
    იტალიიდან დაბრუნებულ პირველ კონსულს, ცხადია, უფრო სერიოზული საქმეებიც ჰქონდა მოსაგვარებელი, ვიდრე საკუთარი თავის გამოჩენილი მხატვრის ფუნჯით უკვდავყოფა გახლდათ. ყველაზე ძნელი კი ამ საქმეთაგან ისევ უმთავრესის გამოყოფა იყო, რადგან ყველა მათგანს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და გადაუდებელი ზომების მიღებას საჭიროებდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ნაპოლეონს მხოლოდ კოსმეტიკური რეფორმების გატარება კი არ ჰქონდა განზრახული, არამედ მას საფრანგეთის სრული გარდაქმნა და ფაქტობრივად, ახალ სახელმწიფოდ გადაკეთება სურდა.
    ამ გრანდიოზული მიზნის შესრულების ძნელ გზაზე მან თავისი მმართგელობის პირველივე დღიდან დაიწყო რამდენიმე მიმართულებით ერთდროული მოქმედება. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ რა სარეკორდოდ მოკლე დროში მოიგო მან დამნაშავეობასთან ბრძოლა, როგორ შეძლო დაეშოშმინებინა ვანდეა, როგორ დაამარცხა ავსტრიელები ჩრდილოეთ იტალიაში და რანაირად მოახერხა ერთბაშად გაეუმჯობესებინა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა. ამ დიდი წარმატებების ფონზე და განსაკუთრებით მარენგოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მას ცოტათი ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. მაგრამ ბონაპარტი რის ბონაპარტი იქნებოდა, თუ იგი ამ შესაძლებლობებით ისარგებლებდა. „შესვენების“ ნაცვლად, მან ახალ დიდ საქმეებს მოჰკიდა ხელი და ახლა მათ აღსრულებას შეუდგა. კერძოდ, მან ქვეყნის ფინანსური სისტემის რეორგანიზაცია და სამოქალაქო კოდექსის შექმნა გადაწყვიტა.
    ქვეყანაში ახლადშექმნილ ვითარებას ახალი ლოზუნგი სჭირდებოდა და პირველმა კონსულმაც არ დააყოვნა. განთქმული რესპუბლიკური ტრიადა: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა! ბონაპარტმა ახლით შეცვალა: „საკუთრება, თავისუფლება, თანასწორობა!“ ახლა ეს ლოზუნგი გაისმოდა ყოველ ნაბიჯზე. თითქოს დიდი არაფერი მომხდარიყო, ლოზუნგში მარტო ერთი სიტყვა შეიცვალა. მაგრამ ასეთი „მცირე“ ცვლილებაც ბევრის მაჩვენებელი იყო. ვინც ხედავდა და ვისაც ესმოდა, იგი ხვდებოდა, რომ ამიერიდან საფრანგეთის რესპუბლიკა სხვა სახელმწიფო ხდებოდა – სტაბილურ საკუთრებაზე დამყარებული სახელმწიფო, რომელსაც ჭეშმარიტი სტაბილურობა სჭირდებოდა. ამიტომ მიაპყრო მთელი თავისი ყურადღება პირველმა კონსულმა ამ საკითხს და ამიტომ შეალია ამდენი ენერგია ქვეყნის შიდა მოწყობის საქმეს, როგორც შემდეგ გამოირკვა, თავისი რეფორმებისა და გარდაქმნებისათვის ნაპოლეონს, მაინცდამაინც, დიდი დრო არ მისცემია. მშვიდობიანი ცხოვრებით საფრანგეთმა სულ რამდენიმე წელი იცხოვრა. თანაც ეს წლებიც პირობითად შეიძლება მშვიდობიანად ჩაითვალოს, რადგან 1803 წლის ზაფხულიდან ქვეყანა ინგლისთან ომში აღმოჩნდა ჩაბმული (,ჩაბმულიო“, სიტყვის მასალად ვიხმარეთ, თორემ ბონაპარტსაც გვარიანი წვლილი მიუძღვის ამ ომის ხელახლა გაჩაღებაში). და თუმცა ეს ისეთი ომი იყო, რომელსაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები თან არ ახლდა, მთლად მშვიდობიანი 1803-1804 წლებს მაინც არ ეთქმოდა. ასე რომ, განზრახული გარდაქმნებისა და აღმშენებლობისათვის ნაპოლეონს „წმინდა“ სამი წელი ჰქონდა. ის საყოველთაო ქაოსი, რომელიც დირექტორიის მმართველობისას სუფევდა საფრანგეთში, ცხადია, არც ფინანსებს დატოვებდა ხელშეუხებელს. მართლაც, ჯერ მონარქიული რეჟიმის მიერ ფულის შეუჩერებელმა ფლანგვამ, მერე ფინანსურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელ რევოლუციონერთა უთავბოლო ექსპერიმენტებმა, ბოლოს კი ხაზინის დაუფარავმა ქურდობამ, ბარასისა და მისი კომპანიის ზეობის პერიოდში, სრული ფინანსური კრახის წინაშე დააყენეს ქვეყანა.
    როცა, 19 ბრიუმერის ამბების მეორე დღეს, ქვეყნის ახალმა მმართველმა იკითხა, თუ რა თანხა იყო იმ დროს სახელმწიფო სალაროში, მას უპასუხეს: 165 ათასი ფრანკიო. ასე მცირე თანხას ბონაპარტი იტალიაში ლაშქრობისას ერთ საშუალო სიდიდის ქალაქს შეაწერდა ხოლმე კონტრიბუციის სახით... ახლა კი რა უნდა ექნა გენერალს? ახლა, როცა ის ქვეყნის სათავეში იდგა და ყველაფერ სხვასთან ერთად მისი ფინანსებისთვისაც უნდა მიეხედა? თურმე იცოდა, რა უნდა ექნა! ამ კაცს უცნაური ბედი ჰქონდა – რასაც ხელს ჰკიდებდა, ყველაფერი გამოუდიოდა. ახლაც ასე მოხდა, როცა მან მრავალმილიონიანი ხალხის მოშლილი საფინანსო სისტემის, ფაქტობრივად, ხელახლა შექმნას მოჰკიდა ხელი.
    როცა ნაპოლეონისადმი მიძღვნილ ლიტერატურას ეცნობი, როცა მის თანამედროვეთა მოგონებებში იხედები, უეჭველად, ერთი ფაქტი გეცემა თვალში. ყველა, ვისაც ბონაპარტთან რაიმე ურთიერთობა ჰქონია და მასთან „უმუშავნია“, განურჩევლად იმისა, ჰქონია ან შერჩენია მისდამი სიმპათია თუ არა, განცვიფრებულია მისი მრავალმხრივი ნიჭითა და მისი უნარით, გარკვეულიყო, ერთი შეხედვით, მისთვის სრულიად უცხო საკითხში და უმეტესად, სწორი გადაწყვეტილება მიეღო. თვალში საცემია ისიც, რომ მკვლევარნი ვერ „შეთანხმებულან“ იმაში, თუ რომელ სფეროში იყო მისი მოღვაწეობა უფრო წარმატებული და როდის უფრო ავლენდა იგი თავის ნიჭს სრულად – როცა რთულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ მუშაობას ეწეოდა, თუ, როცა სცენაზე როგორც კანონშემოქმედი, ეკონომისტი, ფინანსისტი ან როგორც ადმინისტრატორი, გამოდიოდა? თვითონ ნაპოლეონმა თავისი თანამედროვე სპეციალისტების ამგვარ გაოცებაზე ერთხელ შენიშნა: „მე მათზე კარგი ადმინისტრატორი ვარ, რადგან ეს ყველაფერი ლაშქრობისას შევისწავლე. ძალაუნებურად კარგი ადმინისტრატორი გახდები, როცა მარტო შენი გადასაწყვეტია, თუ როგორ აჭამო, ჩააცვა, შეინაზო და თან იმედის სულიც შთაბერო სამშობლოსგან მოშორებულ ასეულ ათასობით ადამიანსო“. ალბათ, ამიტომ იყო, რომ ბონაპარტმა ფინანსური საქმეების მოგვარებასაც მშვენივრად გაართვა თავი. მან იმით დაიწყო, რომ საფინანსო საქმის მცოდნეთა ძლიერი გუნდი შექმნა. საყურადღებოა, რომ ამ გუნდში წამყვან როლს ძველი, გამოცდილი სპეციალისტები თამაშობდნენ, ისეთები, როგორებიც იყვნენ ფინანსთა მინისტრი გოდენი, ბარბე-მარბუა, მოლიენი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოლიენი, ხაზინის მინისტრი, რომელსაც ნაპოლეონის მასწაგლებელს უწოდებდნენ საფინანსო საქმეებში.
    მეორე, რაც პირველმა კონსულმა გააკეთა, ეს იყო საფინანსო უწყების ორად გაყოფა – მან ერთიდან ორი სამინისტრო შექმნა: საკუთრივ ფინანსებისა და ხაზინისა. ხაზინის სამინისტრო ხარჯებსა და, საერთოდ, გასავალს ადევნებდა თვალყურს, ფინანსთა კი – შემოსავალს და ბიუჯეტის შედგენას. ეს, ცოტა არ იყოს, უცნაური ნაბიჯი იყო, მაგრამ ბონაპარტმა ასე უპასუხა მის კრიტიკოსებს: „დღევანდელი საფრანგეთი ერთობ დიდია იმისათვის, რომ მხოლოდ ერთმა ფინანსთა მინისტრმა შეძლოს ყველაფრისთვის თავის მობმაო“.
    შემდეგი ნაბიჯი სესხის აღება იყო. ნაპოლეონს არ უყვარდა სესხის აღება და მომავალშიც ცდილობდა ვალები არასოდეს ჰქონოდა. მან იცოდა, თუ რა დღეში ჩააგდეს მევახშეებმა რესპუბლიკური ხელისუფლება, მაგრამ ამ პერიოდში სხვა გამოსავალი არ იყო. ხაზინა მას ისეთ სავალალო მდგომარეობაში დახვდა, რომ პირველი კონსული არც დაფიქრებულა, ისე სთხოვა სესხი ბანკირებს. ფულის პატრონები გაგებით მოეკიდნენ პირველი კონსულის თხოვნას. საქმე ის იყო, რომ მათ დასაწყისშივე იგრძნეს ძლიერი ხელის მოსვლა სახელმწიფოს სათავეში. ეს ძლიერი ხელი მტკიცე წესრიგს და უსაფრთხოებას ნიშნავდა, ე.ი. იმას, რასაც ისინი ამდენი ხანია მიელტვოდნენ და რაც ასე სჭირდებოდა მათ. ხოლო იმათთვის, ვისაც პირველი კონსულის არ ესმოდა ან არ უნდოდა შეესმინა, სახელმწიფოს მეთაურს სხვა მეთოდიც გააჩნდა. კერძოდ, ცნობილი მილიონერი, და არცთუ მთლად წმინდა საქმეებით განთქმული უვრარი, რომელმაც უარი თქვა სახელმწიფოსთვის სესხის მიცემაზე, ბონაპარტმა ცოტა ხნით საპატიმროში ჩასვა. ასეთმა ღონისძიებამ უვრარს მყისვე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი გაუღვიძა. უვრარი ერთადერთი არ აღმოჩნდა. პირველმა კონსულმა სხვა ჯიბესქელი ფინანსისტებიც გამომძიებლებთან „დააკავშირა“, და რადგანაც ამ ფინანსისტების საქმეები ისე აწყობილი არ იყო, რომ პოლიციის აგენტებისგან დასამალავი არაფერი ჰქონოდათ, ისინიც მსწრაფლ ჯიბეზე იკრავდნენ ხოლმე ზელს და უხვად აძლევდნენ სესხს სახელმწიფოს.
    მომჭირნეობა, სასტიკი კონტროლი, პასუხისგება – აი, ბონაპარტის მაშინდელი დევიზი. სიტყვებს ისევ საქმე მოჰყვა – კორსიკელი საქმის კაცი იყო. მან მთელი ქვეყანა კონტროლიორებით მოფინა, რომლებიც ყოველ ფრანკს, ყოველ სანტიმს ითვლიდნენ და უეცარი შემოწმებებით თავზარს სცემდნენ გამფლანგველებსა და ყალთაბანდებს. თვითონ პირველი კონსული ნიადაგ დავგთრებში იყო თავჩარგული და ნიადაგ საბანკო და სახაზინო ანგარიშებს ამოწმებდა.
    მაგრამ მარტო სესხი საქმეს ვერ უშველიდა. საჭირო იყო საგადასახადო სისტემის შეცვლა და ისეთის შემოღება, რომელიც გადასახადებიდან შემოსულ თანხას მნიშვნელოვნად გაადიდებდა, მაგრამ გადამხდელებს არ გაანაწყენებდა. მოკლედ, მგელიც რომ მაძღარი იქნებოდა და ცხვრებიც ხელუხლებელი... ამ მიზნით, ბონაპარტმა არაპირდაპირი გადასახადები შემოიღო. ამით კარგი გამოსავალი იქნა ნაპოვნი. არაპირდაპირი გადასახადი გადამხდელს გადასახადის ამკრეფს არ ახვედრებს და მას ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არ განაწყობს. დიდი ფსიქოლოგი ამ ფაქტორს მცირე მნიშვნელობას როდი ანიჭებდა. გარდა ამისა, არაპირდაპირი გადასახადი თანასწორობის პრინციპს ემსახურებოდა – გადასახადს ერთნაირად იხდიდა როგორც ღარიბი, ისე მდიდარი, თანაც გადახდისუნარიანობის მიხედვით! ეს ბევრად უფრო სამართლიანად მოჩანდა და მართლაც, უფრო სამართლიანი იყო. ამიტომ გასაგებია ის მოწონება, რომელიც ახალ საგადასახდელო პოლიტიკას ხვდა ქვეყანაში.
    მაგრამ პირველ კონსულსა და მის თანაშემწეებს კარგად ესმოდათ, რომ ასეთი პოლიტიკაც კი საკმარისი არ იყო. საჭირო იყო სესხისა და გადასახადებისაგან შემოსული ფულის ამოძრავება, საქმეში ჩადება, რათა ფულს ფული „გაეკეთებინა“. ამის წამალი კერძო საკუთრება იყო და ბონაპარტიც გადამწყვეტ მნიშვნელობას, სწორედ, მას ანიჭებდა. აქედან გამომდინარე, იგი მაქსიმალურად უჭერდა მხარს მესაკუთრეებს, მეწარმეებსა და მრეწველებს.
    პირველი კონსულის ხელშეწყობითა და წახალისებით საფრანგეთში უამრავი ბირჟა და სავაჭრო პალატა გაიხსნა. მაკლერები, შევახშეები, ნოტარიუსები ერთიან სავაჭრო კოდექსს დაემორჩილნენ. ვაჭრებისა და მრეწველების ხელის გასამართავად, „საფრანგეთის ბანკი“ დიდძალ სესხს იძლეოდა. მაგრამ ყველა ამ სავაჭრო და სამრეწველო აქტივობას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და სახელმწიფო ფხიზლად ადევნებდა მათ საქმიანობას თვალს. „ვაჭრობა კეთილშობილი და საპატიო საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი მომჭირნე და ჭკვიანი ხალხის ხელში იმყოფება – ამბობდა პირველი კონსული – ვაჭარმა ქონება ისე კი არ უნდა იშოვოს, თითქოს ეს ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება იყოს, არამედ ნელ-ნელა და მუდმივად უნდა აგროვოს თავისი სიმდიდრე“.
    ბურბონები, თავისი მმართველობის უკანასკნელ პერიოდში, უამრავ ქაღალდის ფულს უშვებდნენ. ამით ისინი ფინანსური სიძნელეების გადალახვას ცდილობდნენ. მაგრამ რადგანაც, ამ ფულს რეალური უზრუნველყოფა არ გააჩნდა, იგი სწრაფად უფასურდებოდა. იგივე გააგრძელეს რესპუბლიკის მესვეურებმაც. მათაც ისევ ასიგნაციების უზომო რაოდენობით ბეჭდვას მიჰყვეს ხელი და ისევ ვერ შეძლეს მათი ნივთიერი უზრუნველყოფა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ბონაპარტმა გაიხსენა რევოლუციონერთა სანუკვარი ოცნება, რომელიც იმ შეხედულებებს ეყრდნობოდა, რომ ორი ძვირფასი მეტალიდან (ოქრო და ვერცხლი) მხოლოდ ერთ-ერთი დარჩენილიყო ფულადი სისტემის საფუძვლად. რევოლუციის წლებში ეს იდეა ვერ განხორციელდა, რადგან მაშინ არც დრო იყო ამისი და არც პიროვნება გამოჩნდა, რომელიც ამას იკისრებდა. ახლა კი ეს დრო დამდგარიყო. ახალი სისტემის საფუძვლად ნაპოლეონმა ვერცხლი აირჩია და ოქროც მას მიუსადაგა (ერთ კილოგრამ ოქროს 15,5 კგ ვერცხლი შეესაბამებოდა).
    ახალი საფინანსო პოლიტიკის პირმშო იყო „საფრანგეთის ბანკი“, რომელიც ბონაპარტმა დააარსა, და რომელმაც ასე გაითქვა მაშინაც და მის შემდეგაც სახელი. ეს ბანკი 1800 წლის იანვარში გაიხსნა და დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ეკონომიკური გასაჭირიდან გამოყვანაში. „საფრანგეთის ბანკმა“ მაშინვე თავისი ფილიალები გახსნა მთელ ქვეყანაში. ბონაპარტი ყველანაირად უწყობდა ამას ხელს. ამავე დროს, იგი ცდილობდა და აღწევდა კიდეც იმას, რომ „საფრანგეთის ბანკი“ ძირითადი, შესაძლებლობისდა მიხედვით ერთადერთი მსხვილი ბანკი ყოფილიყო ქვეყანაში. „მთავრობაცა და საზოგადოებაც ერთ ბანკს უფრო გაუწევს კონტროლს, ვიდრე ბევრს. ეკონომისტებმა რაც უნდა ის თქვან, მაგრამ კონკურენცია ამ სფეროში უსარგებლოა“, – ამბობდა ნაპოლეონი. „საფრანგეთის ბანკის“ დანიშნულება ვა ჭრობისა და მრეწველობის ხელშეწყობაში მდგომარეობდა და მანაც პატიოსნად შეასრულა თავისი დანიშნულება. ქვეყნად წესრიგის დამყარებამ, სამოქალაქო ომის შეწყვეტამ, მომჭირნეობამ და სწორმა საფინანსო პოლიტიკამ მალე გამოიღო შედეგი. ვაჭრებმა, მეწარმეებმა, მსხვილმა კაპიტალისტებმა, გლეხობის უდიდესმა ნაწილმა ცალსახად დაუჭირეს მხარი ახალ პოლიტიკას და თავისი წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარების საქმეში.
    სანამ ბონაპარტი ფინანსური საქმეებითა თუ ქვეყნის გარდაქმნაგადაკეთებით იყო დაკავებული, მის თავზე ავბედითმა ღრუბლებმა იწყეს თავმოყრა. როცა როიალისტთა წრეებში გაჩენილი იმედი იმის შესახებ, რომ ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ, საფრანგეთის ახალი ხელისუფალი რესპუბლიკურ წყობას გააუქმებდა და ქვეყანაში ბურბონების მმართველობას აღადგენდა, საპნის ბუშტივით გასკდა, მეფის მომხრეები საგონებელში ჩავარდნენ. გამოირკვა, რომ ბონაპარტმა „თურმე“ არა სხვა ვინმესთვის მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, არამედ იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ თვითონ აელო უმაღლესი ძალაუფლება ხელში და თვითონ ემართა ქვეყანა ერთპიროვნულად. ემიგრანტულმა წრეებმა და საფრანგეთში ფარულად არსებულმა როიალისტურმა ორგანიზაციებმა მთელი იმედი ახლა მეორე კოალიციის ქვეყნებზე გადაიტანეს. მაგრამ, როცა ბონაპარტი იტალიაში მეორე ლაშქრობიდან გამარჯვებული დაბრუნდა, ისინი მიხვდნენ, რომ ასეთი მეთოდებით საფრანგეთის ახალ ხელისუფალთან ვერაფერს გახდებოდნენ. ბონაპარტს ქვეყნის საჭე მტკიცედ ეპყრა ხელთ და როგორც ჩანდა, მის გაშვებას არც აპირებდა.
    თავის მხრივ, მონარქისტებსაც საკადრისი უნდა მიეზღოთ – ეს ხალხი უტეხი და შეუპოვარი აღმოჩნდა. რაკი ღია ბრძოლაში მარცხი განიცადეს, ახლა სხვაგვარად მოქმედება გადაწყვიტეს. მათ დაინახეს, რომ სანამ ბონაპარტი ცოცხალი იქნებოდა, მათთვის სანუკვარი ბურბონები საფრანგეთის ტახტს თვალს შორიდანაც ვერ შეავლებდნენ. ამიტომ ერთადერთგამოსავალს ისინი იმაში ხედავდნენ, რომ ბონაპარტი ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო...
    პირველი კონსულის ლიკვიდაციისათვის როიალისტებმა ფართო შეთქმულება მოაწყვეს. ძირითად როლს მასში ვანდეის ბელადები ასრულებდნენ, იმავე ჟორჟ კადუდალის მეთაურობით. თავდასხმა სახელმწიფო მეთაურზე იოლი არ იყო. ბონაპარტს უამრავი მომხრე და თაყვანისმცემელი ჰყავდა ქვეყანაში. ასე რომ, შეთქმულებს უაღრესი სიფრთხილე და წინდახედულება მართებდათ. მაგრამ არანაკლები წინდახედულება ბონაპარტის ერთგულ გარემომცველებსაც მართებდათ. საქმე ის იყო, რომ პირველ კონსულს მარტო როიალისტები არ ემტერებოდნენ, ულტრამემარცხენეებს, ფარულ თუ აშკარა იაკობინელებს, პირველი კონსული კარგა ხანია მიზანში ჰყავდათ ამოღებული. ორმხრივი საფრთხე, რომელიც ბონაპარტს ემუქრებოდა, ხელს უშლიდა საიდუმლო სამსახურს ეფექტური ბრძოლა ეწარმოებინა მისი თავიდან აცილებისათვის. ფუშეს, პოლიციის მინისტრს, „ორივე მხარის“ შესახებ ჰქონდა მდიდარი ინფორმაცია, მაგრამ ყოვლისშემძლე, ცხადია, ისიც არ იყო. თანაც, მოინდომებდა კი ორპირი და გაიძვერა მინისტრი პირველი კონსულის საიმედოდ დაცვას? (ბონაპარტი, რომელიც უკვე კარგად იცნობდა ფუშეს, ამაში სავსებით დარწმუნებული არ იყო)
    1800 წლის ოქტომბერში პარიზის ოპერის თეატრში პირველ კონსულზე თავდასხმა მოხდა. უფრო სწორად, ეს თავდასხმის განხორციელების მცდელობა იყო. ხანჯლით შეიარაღებული ოთხი მამაკაცი ბონაპარტის ლოჟას მიუახლოედა, მაგრამ საიდუმლო პოლიციის აგენტებმა ისინი გააუვნებელყვეს და დააპატიმრეს. ძიებისას გამოირკვა, რომ დაკავებულები მემარცხენეთა ბანაკიდან იყვნენ. ოთხივენი სიკვდილით დასაჯეს. მერე საზოგადოებაში ხმა დაირხა, რომ ეს ფუშეს მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო და ეს მან გააბრიყვა ოთხივე იაკობინელი, რათა შემდეგ, თავისი „კარგი მუშაობით“, პირველი კონსულის აღიარება მოეპოვებინაო. სინამდვილეში, როგორ იყო საქმე, ამას, ალბათ, ვეღარავინ გაიგებდა, მაგრამ შექმნილი ვითარება ბონაპარტმა კარგად გამოიყენა და ბევრი ულტრამემარცხენე საპყრობილეში ჩასვა...
18 ნოემბერს ახალი შემთხვევა მოხდა. ერთი პარიზელი მუშა, გვარად შევალიე, ამჯერად ჭეშმარიტი იაკობინელი, პირველი კონსულისათვის განკუთვნილ ნალმს ამზადებდა, მაგრამ, ეტყობა, რაღაცა ბოლომდე ვერ გათვალა და „ჯოჯოხეთის მანქანა“ თვითონვე აუფეთქდა. შევალიე მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა და დაკითხვებისას თავისი განზრახვა აღიარა. ზემოხსენებულ ამბებში როიალისტებს „წვლილი არ შეუტანიათ“.
    ისინი უფრო სერიოზულ თავდასხმას ამზადებდნენ და 1800 წლის 3 ნივოზს (24 დეკემბერს) იგი განახორციელეს კიდეც. თავდასხმა რიშელიესა და სენნიკეზის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. პირველი კონსული ოპერაში მიემგზავრებოდა, სადაც ჰაიდნის ორატორიის – „სამყაროს შექმნის“ – პარიზული პრემიერა უნდა შემდგარიყო. შეთქმულებმა ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლეს ბონაპარტის კარეტის მოძრაობის სისწრაფეცა და მისი გადაადგილების მარშრუტიც. მათ ზემოხსენებული ქუჩების გადაკვეთაზე ასაფეთქებელი ნივთიერებით პირთამდე დატვირთული ოთხთვალა დააყენეს. აფეთქება ერთი წამის სიზუსტით იყო გათვლილი, მაგრამ პირველი კონსული შემთხვევამ იხსნა. მისმა მეეტლემ იმ დღეს, ვახშამზე თურმე ღვინო ჩვეულებრივზე ცოტა მეტი გადაკრა და ოდნავ „შეზარხოშდა“ კიდეც. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მას ცხენები ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად გაერეკა. ამის გამო ისე მოხდა, რომ ბონაპარტის კარეტამ ასაფეთქებლად გამზადებულ ოთხთვალას რამდენიმე წამით ადრე ჩაუქროლა.
    როცა გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა, პირველი კონსული საკმაოდ მოშორებული იყო საბედისწერო ადგილს. მიუხედავად ამისა, კარეტა სანახევროდ მაინც დაზიანდა, თუმცა მგზავრს არაფერი შემთხვევია. აფეთქების ძალა იმდენად დიდი იყო, რომ გარშემო შენობები დაანგრია და სამოცზე მეტი ადამიანი მოკლა და დააშავა. მომხდარის მიუხედავად, ბონაპარტი თეატრში მაინც მივიდა და კონცერტი ბოლომდე მოისმინა. ამასთან, თურმე, გარეგნულად მეტად მშვიდად გამოიყურებოდა. ოპერაში შეკრებილმა ხალხმა, რომელმაც, რა თქმა უნდა, მაშინვე გაიგო თავდასხმის ამბავი, ოვაცია მოუწყო პირველ კონსულს. ამ უკანასკნელს კი ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა კონცერტი და როდის შეხვდებოდა თავისი პოლიციის მინისტრს.
    ნაპოლეონისა და ფუშეს შეხვედრა იმავე ღამეს მოხდა ტიუილრის სასახლეში, მრავალი მოწმის თანდასწრებით. პირველმა კონსულმა აქ კი უკუაგდო მოჩვენებითი გულგრილობა და მთელი მძვინვარებით დააცხრა პოლიციის მინისტრს. „საჭიროა შურისძიება, სწრაფი და საშინელი შურისძიება!“, გაჰყვიროდა იგი. ეს სცენა მშვენივრად აქვს აღწერილი შტეფან ცვაიგს თავის წიგნში „ჟოზეფ ფუშე“: გაშმაგებული ბონაპარტი ფუშეს უმოქმედობასა და არაკომპეტენტურობაში სდებდა ბრალს. პირველი კონსულისათვის უკვე წინასწარ იყო „ცნობილი“, თუ ვინ იყვნენ თავდასხმის ორგანიზატორები, მისი აზრით, რა თქმა უნდა, „იაკობინელები,- ეს მარად შეამბოხე არამზადები“, როგორც იგი გაჰყვიროდა. ფუშე კი სხვა აზრისა იყო, იგი მომხდარს როიალისტებს აბრალებდა. მაგრამ ბონაპარტს არაფრის გაგონება არ სურდა და ფუშემაც თავისი ყოფილი თანამოაზრეების დასაცავად თავი აღარ გამოიდო. პირიქით, პირველი კონსულისთვის რომ ეამებინა, მან სრულიად აუღელვებლად მოხვეტა ციხისგარეთ დარჩენილი იაკობინელები და მათი ერთი ნაწილი გვიანაში გადაასახლა, შეორე კი – საპატიმროებში გამოამწყვდია განუსაზღვრელი დროით (მერე, როცა დანამდვილებით გაირკვა, რომ ამ თავდასხმაში იაკობინელებს მონაწილეობა არ მიუღიათ და ფუშემ ისინი ტყუილად დასაჯა, პირველმა კონსულმა მხოლოდ ეს წამოიძახა: „ნუთუ? ერთი ფუშეს დამიხედეთ! თუმცა რა გასაკვირია, ის ხომ მუდამ ასეთი იყო. მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარა აქვს. იაკობინელები მაინც მოსაცილებელნი იყვნენ“).
    აფეთქების საქმის ძიებისას ფუშემ, რომ იტყვიან, თავი მოიკლა და ჭეშმარიტ დამნაშავეებს მაინც მიაგნო. როგორც ის ვარაუდობდა, ბონაპარტზე თავდასხმის ორგანიზატორები, მართლაც, მონარქისტები აღმოჩნდნენ. შეთქმულების ძაფები ლონდონბდან მოდიოდა. მთავარ მოთავეებამდე პოლიციის მინისტრს ხელი არ მიუწვდებოდა, მაგრამ უშუალო შემსრულებლები კი ყველა დააპატიმრა. ალბათ, თქმაც აღარ უნდა, რომ ისინი, ყველანი, სიკვდილით დასაჯეს. რაც შეეხება „მეორეხარისხოვან“ მონაწილეებს, ან მათ თანამგრძნობებს, მათ „იაკობინელთა გზის“ გავლა მოუხდათ შორეული და ჭაობიანი კაიენისაკენ, საიდანაც თუკი ოდესმე ვინმე დაბრუნებულა, მხოლოდ ჯანგატეხილი და განადგურებული.
    სენ-ნიკეზის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმის სწრაფად გახსნამ ფუშეს ავტორიტეტი აამაღლა. ბევრი მისი მოქიშპე და ავისმოსურზე პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. არ გამართლდა მათი ვარაუდი, რომ პირველი კონსული დაუყოვნებლივ მოიცილებდა გაიძვერა, მაგრამ „უმაქნის“ პოლიციის მინისტრს. პირველი კონსულისა და მისი პოლიციის მინისტრის ასე სწრაფმა და ასე მკაცრმა რეაგირებამ მსგავსი სახიფათო „ცდების“ ჩატარების სურვილი კარგა ხნით მოუსპო ბონაპარტის მტრებს, როგორც როიალისტების, ისე მემარცხენეების მხრიდან.
    ჩრდილოეთ იტალიაში საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ, ფრანგებმა და ავსტრიელებმა დროებითი ზავი დადეს. ჰაბსბურგებს ამ დაზავების ჭეშმარიტ ზავში გადაზრდა არ აწყობდათ. ისინი თვლიდნენ, რომ იტალიაში განცდილი მარცხი გერმანიაში შეეძლოთ გამოესწორებინათ. ამის გამო იყო, რომ გვიან შემოდგომაზე საომარი ოპერაციები ისევ განახლდა. ავსტრიელთა 150-ათასიან არმიას 19 წლის მამაცი, მაგრამ ყოვლად გამოუცდელი და ფიცხი ერცჰერცოგი იოჰანი მეთაურობდა. მის წინააღმდეგ კი მოროს 120-ათასიანი შესანიშნავად მომზადებული „დუნაის არმია“ იდგა. მორომ კარგად შეისწავლა მომავალი ბრძოლის ასპარეზი და გამარჯვებაში დარწმუნებული შეება მტერს. ეს 1800 წლის 2 დეკემბერს მოხდა ჰოჰენლინდენთან. მორომ ოსტატურად შეიტყუა ავსტრიელები მათთვის არახელსაყრელ მიდამოებში და ორმხრივი, ერთდროული დარტქვმით მძიმე დამარცხება მიაყენა მათ. ამ ბრძოლაში, მთავარსარდლის გარდა, თავი გამოიჩინეს რიშპანსმა, ნეიმ, გრუშიმ და ოჟერომ. ავსტრიელების მარცხი იმდენად დიდი იყო, რომ მათ მალევე მოითხოვეს საზავო მოლაპარაკებების დაწყება.
    1801 წლის 9 თებერვალს ლიუნევილში საფრანგეთსა და ავსტრიას შორის ზავი დაიდო, რომელიც ავსტრიას, ფაქტობრივად, მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ ხდიდა. ეს იმპერატორმა ფრანცმაც აღიარა: „ჩემმა სამეფომ იმდენი ხალხი და იმდენი ფული დაკარგა ამ ომებში, რომ ახლა თავი აღარა აქვს ევროპული წონასწორობის სისტემაში ღირსეული ადგილი დაიკავოსო“, ლიუნევილის ზავი ფრანგული დიპლომატიისა და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფრანგული იარაღის გამარჯვების შედეგი იყო.
    ბონაპარტს რუსეთთან ურთიერთობაშიც შესანიშნავად მიუდიოდა საქმე. ცოტა ხანში, მეგობრული ურთიერთობა სამხედრო კავშირში გადაიზარდა და ახლა უკვე პავლე აგულიანებდა ბონაპარტს ინგლისის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინგლისი და საფრანგეთი ისედაც იყვნენ საომარ მდგომარეობაში, მაგრამ ზღვას ამოფარებულ მოწინააღმდეგეს ნაპოლეონი ვერაფერს აკლებდა: ამიტომ, როცა პავლემ მას ბრიტანეთის ნაპირებზე რაიმე დივერსიის ჩატარებაზე მიანიშნა, პირველმა კონსულმა მეფეს ინდოეთს გალაშქრება შესთავაზა. პავლეს თავის მხრივაც უფიქრია მსგავს ვარიანტზე და ამიტომ ფრანგ მოკავშირეს მაშინვე დაეთანხმა. ასეთი ალიანსი ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან თუ თვით ინგლისი მიუწვდომელი იყო თავისი მტრებისათვის, სამაგიეროდ, მისი ძლიერებისა და სიმდიდრის წყარო – ინდოეთი – იყო ხმელეთიდან ხელმისაწვდომი. ასეთმა პერსპექტივამ ბონაპარტი აღაფრთოვანა. მასში ისევ ძველმა იმედებმა გაიღვიძეს, მას ისევ აღმოსავლეთის შორეული ლაშქრობა დაუდგა თვალწინ...
    ახალ მოკავშირეებს დრო არ დაუკარგავთ. მათ ძველი მეგობრებივით გაუგეს ერთმანეთს და მართლაც ინდოეთს გალაშქრება გადაწყვიტეს. მოკაგშირეთა გეგმის მიხედვით, ინდოეთისკენ ორი არმია გაემართებოდა. ერთი, წმინდა რუსული, დონზე და ქვემო ვოლგისპირეთში მოგროვდებოდა და მერე თურქესტანისა და ავღანეთის გავლით, მდინარე ინდის სათავეებისკენ წავიდოდა. მეორე, რუსებისა და ფრანგების გაერთიანებული არმია, დუნაისპირეთიდან დაიძვრებოდა, გაივლიდა შავი ზღვის, დონისა და ვოლგის შესართავის მიდამოებს, გავიდოდა კასპიის ზღვაზე, იქ გემებში ჩასხდებოდა და ირანში გადავიდოდა; იქიდან კი ინდოეთისკენ გასწევდა და გზაში პირველ არმიას შეუერთდებოდა. ამის შემდეგ, გაერთიანებული არმიების სარდლობას ბონაპარტი იკისრებდა და იგი გაუძღვებოდა მას ინდოეთისაკენ.
    1801 წლის ზამთრის მიწურულს, პავლე უკვე პრაქტიკულად შეუდგა ექსპედიციის განხორციელებას. მან დონის კაზაკთა ატამანებს, პლატოვსა და ორლოვს, უბრძანა რამდენიმე კოლონით დაძრულიყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და ორენბურგის მიდამოებში დაედოთ ბინა. დანარჩენი მერე გამოჩნდებოდა. ფრთაშესხმული ნაპოლეონიც აქტიურ სამზადისს შეუდგა, მაგრამ. არა და არ ეწერა მის აღმოსავლურ გეგმებს განხორციელება!
    ინგლისელებმა მალე შეიტყვეს მომავალი ექსპედიციის ამბავი, შეიტყვეს და გულზეც შემოეყარათ. მოკავშირეებს ახლა ისინი ვეღარაფრით აღუდგებოდნენ წინ – მათსა და ინდოეთს შორის ზღვა ხომ არ იყო! პარლამენტში ერთი ამბავი ატყდა. ვესტმინსტერის მესვეურების რისხვა პრემიერ პიტსა და მისი კაბინეტის წევრებს დაატყდა თავს. პარლამენტარებს არც ფართო საზოგადოების აზრი ჩამორჩა – ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ინგლისის პოლიტიკა ჩიხში მოექცა. მართლაც, ბრიტანეთი მარტო დარჩა ორი მრისხანე მეტოქის ალიანსის პირისპირ.
    უილიამ პიტი – ეს გამოცდილი და შეუპოვარი პოლიტიკოსი, ცხადია, გულხელდაკრეფილი არ იჯდა. იგი ყოველმხრივ ცდილობდა ამ ალი- ანსის ჩაშლას. მაგრამ როცა არაფერი გაუვიდა, გადაწყვიტა იმ რუს მოღვაწეებს დაკავშირებოდა, რომელთაც არც გაუწონასწორებელი პაგლე ეხატებოდათ გულზე და არც მისი ახალი პოლიტიკა. ინგლისელები რუსეთში ბევრს ვერაფერს გააწყობდნენ, იქ რომ ეს მძლავრი ანტიფრანგული დაჯგუფება არ ყოფილივო. ამ დაჯგუფებაში თვით ტახტის მემკვიდრე ალექსანდრეც შედიოდა, მის ბირთვს კი, რევოლუციის მოძულე დიდგვაროვანი არისტოკრატები და ინგლისთან ვაჭრობით ხელმომთბარი უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები შეადგენდნენ. აი, სწორედ, მათთან გააბა (უფრო სწორად, განაახლა) კავშირი ყოფილმა ელჩმა უიტვორტმა და რუსებს პავლეს თავიდან მოშორებისკენ უბიძგა.
    მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში შემსრულებლების როლი გრაფმა პალენმა, ძმებმა ზუბოვებმა, გენერალმა ბენიგსენმა და კიდევ რამდენიმე ათეულმა კაცმა იკისრეს (სხვათა შორის, შეთქმულთა რიგებში აქტიურად მონაწილეობდა ქართული წარმოშობის ოფიცერი ვლადიმერ იაშვილი). მოსახდენი 1801 წლის II მარტს მოხდა, პეტერბურგში, მიხეილის სასახლეში. შეთქმულებმა მეფის საძინებელ ოთახში შეაღწიეს და პავლე რომანოვი მისივე ყელსახვევით დაახრჩვეს. ცესარევიჩმა ალექსანდრემ ყველაფერი იცოდა და ნერვიულ კანკალს ატანილი, იმ ღამეს თავისი ოთახის კედლებს აწყდებოდა. როცა მეფის მკვლელები მასთან შევიდნენ, ალექსანდრე მთლად წამხდარა და ტირილი წასკდომია. გრაფ პალენს, რომელსაც უკან დასახევი აღარ ჰქონდა, საკმაოდ უხეშად წაუვლია მისთვის ხელი და უთქვამს: გეყოფათ, თქვენო უდიდებულესობავ, ახლა წადით და მეფობას შეუდექითო.
    მეფის მკვლელობის ამბავი ოფიციალურად არავის უღიარებია პეტერბურგში. გამოცხადღა, რომ მისი უდიდებულესობა პავლე პირველი „აპოპლექსიისაგან“ გარდაიცვალაო. მაგრამ ამ ზღაპრისა ცოტა ვინმემ დაიჯერა. ასე იყო თუ ისე, რუსეთს ახალი მეფე ჰყავდა და იგი ძველ პოლიტიკას აღარ გაატარებდა.
    როცა პავლეს მკვლელობის ამბავი შეიტყო, ნაპოლეონი კინაღამ გადაირია. დაიმსხვრა ასე რუდუნებით აგებული საფრანგეთ-რუსეთის კავშირის მისი ნანატრი კოშკი, დაიმსხვრა და არარაობად იქცა მისი აღმოსავლური გეგმებიც. „ინგლისელებმა სამი ნივოზის დღეს პარიზში კი ამაცდინეს, მაგრამ პეტერბურგში მომახვედრესო“, გაჰყვიროდა წონასწორობადაკარგული პირველი კონსული.
    ბონაპარტს ერთადერთ ნუგეშად მხოლოდ ის შეიძლება დარჩენოდა, რომ ანტიფრანგული კოალიციის სულისჩამდგმელი ინგლისის პრემიერი უილიამ პიტი იმ დროს თავის პოსტზე აღარ იყო. ორი კვირით ადრე მისი მთავრობა დაემხო, ფაქტობრივად, სწორედ, ფრანგთა და რუსთა კავშირის გამო- მაგრამ ბონაპარტს გულისგატეხვა და, მით უმეტეს, ფარხმლის დაყრა არ სჩვეოდა. პავლე მოკლეს, აღარ არის. მაშასადამე, აღარ არის საფრანგეთ-რუსეთის კავშირი. აღარ იქნება ლაშქრობაც ინდოეთში, რეალისტურად აფასებდა მდგომარეობას კორსიკელი. თუ ასეა, მაშინ რაღა აზრი აქვს ახლა ინგლისთან ომს? თანაც თუ მარტოს მოუწევს ომის ჭაპანის ზიდვა? საფრანგეთს ფლოტი ჯერ არა ჰყავს, ჯარიც საგანგებოდ მომზადებული არ არის. ამიტომაც მოცდა სჯობს, ინგლისთან ომი არსად წავა. ახლა პირიქით, მასთან ზავია საჭირო. ქვეყნისთვისაც ზავი და მშვიდობაა საჭირო, რადგან იმდენი რამაა გასაკეთებელი, ვერავინ მოთვლის. ამიტომ სამშვიდობო მოლაპარაკებაა ინგლისთან საჭირო, გადაწყვიტა ბონაპარტმა და შედეგად, ერთი ხელის მოსმით, 180 გრადუსით შემოაბრუნა თავისი პოლიტიკა. ამის შემდეგ იგი ინგლისთან დაახლოების ძიებას შეუდგა.
    გენერალს არ გასჭირვებია ამის გაკეთება, რადგან ინგლისის მთავრობას ახლა, შეურიგებელი უილიამ პიტის ნაცვლად, უფრო „დამყოლი“ ადდინგტონი ედგა სათავეში. ეს უკანასკნელი კი საფრანგეთთან საზავო მოლაპარაკების დაწყების მომხრე იყო. სხვათა შორის, ინგლისში საფრანგეთთან ზავი უკვე ბევრს სურდა. საქმე ის იყო, რომ ლამანშსგაღმელ მეზობელთან ათწლიანმა ომმა ინგლისი მძიმე ეკონომიურ გაჭირვებაში ჩააგდო. ის მილიარდები ოქროთი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ანტიფრანგული კოალიციების შექმნაზე დახარჯეს ინგლისელებმა, უკან არ ბრუნდებოდა. ორივე კოალიცია ფრანგების მიერ დამარცხებული, ხოლო მათი წევრები პირში ჩალაგამოვლებული იყვნენ. ამის გამო, ახალ კოალიციაზე ევროპაში იმ დროს ფიქრიც არავის სურდა. გარდა ამისა, ეს დაუცხრომელი კორსიკელი თურმე ბულონის ნავსადგურში გემებს აგროვებდა ინგლისში დესანტის გადასასხმელად (ეს ჭეშმარიტება იყო. 1801 წელს ნაპოლეონმა ე.წ. „ბულონის პირველი არმიის“ ჩამოყალიბება დაიწყო, რომელსაც მიზნად ინგლისში გადასვლა დაუსახა. ძნელი სათქმელია, მართლა აპირებდა მაშინ ჯერ კიდევ სათანადოდ მოუმზადებელი პირველი კონსული ალბიონის დალაშქვრას, თუ ეს მხოლოდ დემონსტრაცია იყო, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ამ გარემოებამაც შეასრულა თავისი როლი თეზზის ნაპირებზე „სამშვიდობო განწყობილების“ შესაქმნელად).
    ეს ის დრო იყო, როცა ბონაპარტმა ავსტრიელებთან მეტად მომგებიანი ზავი დადო ლიუნევილში და როცა პავლეს მემკვიდრე ალექსანდრესთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა. მართალია, ეს პავლესთან ერთად ჩაფიქრებული კავშირის მხოლოდ აჩრდილი იყო, მაგრამ მაინც მშვიდობა იყო. ასე რომ, ინგლისი მარტო რჩებოდა მრისხანე მოწინააღმდეგის პირისპირ. ეს ქვეყანა მხოლოდ ვაჭრობით ცხოვრობდა და ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული. გაუთავებელი ომები კი ვაჭრობის განვითარებას როდი უწყობდა ხელს. ასე რომ, მდიდარ და გავლენიან ვაჭრებს მშვიდობა სურდათ, მით უმეტეს, რომ ხედავდნენ, მთელ ევროპაში მშვიდობა მყარდებოდა, უილიამ პიტის სიჯიუტის გამო კი ინგლისი კვლავ ომში უნდა ყოფილიყო ჩაბმული (პიტის ზურგს უკან, ცხადია, ინგლისელი მეწარმეები და კონსერვატული წრეები იდგა). ახლა კი, პიტის კაბინეტის დაცემის შემდეგ, საფრანგეთთან მოლაპარაკებისათვის, ზავის მოსურნეებს გზა გაეხსნათ.
    პირველი ნაბიჯი პირველმა კონსულმა გადადგა. როცა საქმეს სჭირდებოდა, ამაყი კორსიკელი კუდაბზიკობას არ იწყებდა და ყალბად გაგებულ პრესტიჟს არ ამოეფარებოდა ხოლმე. ორ ქვეყანას შორის წინასწარი ზავი 1801 წლის 1 ოქტომბერს დაიდო ლონდონში. ძირითადი მოლაპარაკებები კი ამიენში გაგრძელდა, სადაც საკმაოდ ფართო წარმომადგენლობის კონგრესი შეიყარა. საფრანგეთის დელეგაციას პირველი კონსულის ძმა ჟოზეფ ბონაპარტი მეთაურობდა. ჟოზეფი რა დიპლომატიც იყო ნაპოლეონმა კარგად იცოდა და ამიტომ ძმას ტალეირანი გააყოლა. იოლი მისახვედრია, რომ ნაპოლეონი მოლაპარაკების ყოველ დეტალს ეცნობოდა და ახალ–ახალ ინსტრუქციებს აძლევდა თავის წარგზავნილებს. მოლაპარაკება ხუთ თვეს გაგრძელდა და ბოლოს, 1802 წლის 27 მარტს, წარმატებით დაგვირგვინდა (წარმატება ფრანგებისთვის იყო, თორემ ინგლისელები, საბოლოო ანგარიშში, წაგებულნი დარჩნენ). შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ერთი მხრივ საფრანგეთმა და მისმა ვასალებმა – ჰოლანდიამ (ბატავის რესპუბლიკამ), ესპანეთმა და, მეორე მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა.
    ხელშეკრულების მიხედვით ინგლისი ამ სამ ქვეყანას უკან უბრუნებდა ადრე წართმეულ ყველა კოლონიას, ცეილონისა და ტრინიდადის გარდა. კუნძული მალტა მალტელ რაინდებს უბრუნდებოდათ, კეიპტაუნი ცხადდებოდა თავისუფალ პორტად, ინგლისი ხელს იღებდა ხმელთაშუა ზღვაში ოკუპირებულ პორტებსა და კუნძულებზე, უარს აცხადებდა ჰოლანდიის, შვეიცარიის, გერმანიისა და იტალიის საქმეებში ჩარევაზე. და ბოლოს, ერთი შეხედვით, კურიოზული, მაგრამ ფორმალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პუნქტი იმის შესახებ, რომ ბრიტანელი მონარქი უარს ამბობდა საფრანგეთის მეფის ტიტულზე, რომელიც მას ასწლიანი ომის დროიდან ჰქონდა. ამის დამადასტურებლად ინგლისის მეფე პირობას იძლეოდა – თავისი ლერბიდან ამოეღო საფრანგეთის სამეფო ნიშანი – თეთრი შროშანის გამოსახულება. მოკლედ, ამ ხელშეკრულებიდან გამოდიოდა, რომ ინგლისი ხელს იღებდა არა მარტო ღერბში შროშანის გამოსახულებაზე, არამედ, ფაქტობრივად, ევროპის საქმეებში ჩარევაზეც უარს ამბობდა. საპასუხოდ, საფრანგეთს ეგვიპტიდან უნდა გამოეყვანა თავისი ჯარი და მოეხდინა პაპის ოლქების დემილიტარიზაცია. გავიხსენოთ რა მდგომარეობა იყო ეგვიპტეში: იმ დროისათვის ფრანგებს იქ აღარავითარი ოპერაციების წარმოება აღარ შეეძლოთ და ჯარს თუ ვინმე როგორმე იქიდან გამოაყვანინებდა, მადლობის მეტი რა ეთქმოდათ.
    რაც შეეხება პაპის სამფლობელოებს რომის გარშემო, ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატის შემდეგ, ფრანგულ ჯარს იქ აღარაფერი ესაქმებოდა. ისე რომ, მართლაც იმგვარად გამოდიოდა თითქოს საფრანგეთმა ყველა სურვილი დაიკმაყოფილა, მაშინ როდესაც ინგლისელებს, ფაქტობრივად, ის შეხვდათ, რაც მათ ისედაც ჰქონდათ. ასეთ ხელშეკრულებას ფრანგ ხალხს შორის უდიდესი ენთუზიაზმის გამოწვევა კი შეეძლო, მაგრამ ხანგრძლივად არსებობა – არა. ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ღრმა წინააღმდეგობებს ამიენის ზავი ვერ მოაგვარებდა და ამიტომ მომავალი ომის საფრთხეც არ შემცირებულა. ნაპოლეონმა ეს თავიდანვე იცოდა, ინგლისელები კი ამას ცოტა უფრო გვიან მიხვდნენ.
    ასე რომ, ზავი ინგლისსა და საფრანგეთს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა. ორივე მხარე ხელშეკრულების დადების მეორე დღიდანვე მის დარღვევაზე ფიქრობდა და მშვიდობა მყარი საიდან იქნებოდა? ამ ქვეყნებს შორის ისეთი დაპირისპირება არსებობდა, რომელსაც ვერავითარი ძალა მშვიდობიანად ვერ გადაწყვეტდა.
    ახლა ვნახოთ, თუ როგორ იქცეოდნენ მხარეები მიღწეული შეთანხმების შემდეგ. ბონაპარტი ზავით მიღებული პრივილეგიებით არ დაკმაყოფილდა და „დანარჩენ“ ევროპაში ისე დაიწყო ხელის ფათური, თითქოს ისიც მისი ქვეყნის დანამატი იყო. შვეიცარიაში მან ჯერ არისტოკრატებსა და დემოკრატებს შორის დაპირისპირება გააღვივა, ხოლო შემდეგ, როცა ეს დაპირისპირება აშკარა შეტაკებაში გადაიზარდა, იქ თავისი ჯარის დამატებითი ნაწილები შეიყვანა „წესრიგის აღსადგენად“. თავისთავად ცხადია, რომ წესრიგის აღდგენას ამ ქვეყანაში პროფრანგული ორიენტაციის ხელისუფლების დამყარება მოჰყვა. შვეიცარიაში ჩემი გავლენის გარდა სხვისას არავისას მოვითმენო, – განუცხადა მან ამ ქვეყნის დელეგატებს, – ევროპამ აღიარა, რომ იტალიაზე, ჰოლანდიასა და შვეიცარიაზე საფრანგეთის ძალაუფლება უნდა ვრცელდებოდესო. დელეგატებს რა უნდა ექნათ, თავის დაკვრის მეტი? რომელი მათგანი შეეკითხებოდა – როდის, რომელმა ევროჰამ აღიარაო? იტალია ხომ საერთოდ „მისი“ იყო, „საკუთარი“ და ვინ შეეცილებოდა?
    1802 წლის იანვარში საფრანგეთის ქალაქ ლიონში ბონაპარტმა ლომბარდიის წარმომადგენელთა შეკრება – ე. წ. კონსულტა მოიწვია, რომელზეც თავისი თავი ციზალპური რესპუბლიკის პრეზიდენტად აარჩევინა. ლიგურიის რესპუბლიკაში პრეზიდენტად თავისი კაცი დასვა, ხოლო პიემონტის სამეფო, საერთოდ, საფრანგეთს მიუერთა, დაჰყო რა იგი ექვს დეპარტამენტად, ფრანგულ ყაიდაზე. ამის შემდეგ, ბონაპარტმა თავისი ჯარი სამხრეთ-აღმოსავლეთ იტალიაშიც გააგზავნა და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი – პორტები – ტარანტო და ბრინდიზი – დაიკავა. ასევე დაიკავა მან კუნძული ელბაც. ჰოლანდიაში (ბატავის რესპუბლიკა) ნაპოლეონმა, საფრანგეთის მსგავსად, კონსულატი შექმნა და მის სათავეში თავისი ერთგული კაცი დასვა. საფრანგეთის ასეთი გაძლივრება და გაფართოება უკვე ინგლისს კი არა, სხვა ეგროპულ სახელმწიფოებსაც აღარ მოსწონდათ, მაგრამ ხმის ამომღები ვინ იყო. ბონაპარტი კი, ვითომც არაფერიაო, ახლა გერმანიაში აბამდა ინტრიგებს და იქაურ პატარ-პატარა სამეფოებსა და საჰერცოგოებს „ყლაპავდა“ ერთმანეთის მიყოლებით. ყველა გატრუნული იყო, საპროტესტო ნოტების წერა მარტო ინგლისს უხღებოდა.
    ერთხელ, როცა ინგლისის ელჩმა პიემონტსა და შვეიცარიაზე ჩამოუგდო პირველ კონსულს ლაპარაკი, ნაპოლეონმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და დაცინვით წამოიძახა: „შვეიცარია და პიემონტი რა მოსატანია? არ იცოდით, რომ ასე იქნებოდა? ამაზე თქვენ მოლაპარაკების წარმოებისას უნდა გეფიქრათ“, ერთი კი იყო, რომ როცა ბონაპარტი ამ ქვეყნებს საფრანგეთს უერთებდა ან მათში თავისთვის ხელსაყრელ რეჟიმებს ამყარებდა, ამას ყოველთვის მოსდევდა ფეოდალური წყობილების დაუნდობელი ნგრევა, გლეხობის უზარმაზარი მასების ბატონყმობის უღლისგან განთავისუფლება, საზოგადოების ყველა ფენის თანასწორობის დამკვიდრება, რელიგიური შემწყნარებლობა და ეკონომიკის პროგრესი. ეს ყველაფერი, ცხადია, მხარდაჭერას პოულობდა ევროპის პროგრესულ წრეებში და ამიტომ საკითხის მეორე მხარეზე – ნაპოლეონის ექსპანსიაზე – ისინი კარგა ხნის განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ.
    ამ ქვეყნების მმართველ წრეებზე ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არ ვრცელდებოდა. ისინი გააფთრებით ებღაუჭებოდნენ ფეოდალური ყოფის წესს და ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ ეს „საშინელი კორსიკელი“ მათ სამფლობელოებს არ მიახლოებოდა. ასევე იქცეოდა ინგლისიც, ოღონდ სხვა მიზეზების გამო. ინგლისი იმ დროს თავისებური პარლამენტური დემოკრატიის მატარებელი, ყველაზე განვითარებული კაპიტალისტური ქვეყანა იყო, თავისი საუცხოო მრეწველობითა და დიდ- ძალი კაპიტალით. და ბუნებრივია, ინგლისურ ოლიგარქიას არაფრად აწყობდა თავის გვერდით ახალი, მძლავრი საფრანგეთის აღმოცენება, საფრანგეთისა, რომელიც ყველგან კონკურენციას გაუწევდა მას (ინგლისელები სულ მალე დარწმუნდნენ ამაში. საზავო ხელშეკრულებას არავითარი გავლენა არ მოუხდენია ნაპოლეონის ეკონომიკურ დაპირისპირებაზე ინგლისთან. პირველი კონსულის პირდაპირი მითითებით, ინგლისური სამრეწველო საქონლის ყოველგვარი იმპორტი აიკრძალა არა მარტო საფრანგეთში, არამედ მის ვასალურ ქვეყნებშიც).
    ინგლისი მთელი ათი წელი ებრძოდა საფრანგეთის რევოლუციას და ამ ბრძოლას რევოლუციონერთა ექსტრემიზმის ალაგმვის დროშით ეწეოდა. მაგრამ შემდეგ, როცა ბრიტანეთი დარწმუნდა, რომ ნაპოლეონის საფრანგეთის სათავეში მოსვლით რევოლუციურ ექსტრემიზმს და, თუნდაც რევოლუციას საერთოდ, ზღვარი დაედო, მან ბრძოლა არათუ შეწყვიტა მეზობლის წინააღმდეგ, არამედ გააძლიერა კიდეც. ამის მიზეზი, როგორც ვთქვით, კონკურენციისა და გავლენის სფეროს შეზღუდვის შიში იყო. ბონაპარტის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ინგლისიც იგივეთი პასუხობდა. ამ მხრივ, ორივე მხარე ერთმანეთს ტოლს არ უდებდა. ინგლისმა არც მალტა გაათავისუფლა და არც კოლონიებში მისცა ფრანგებს თავისუფლად მოქმედების საშუალება. ასე რომ, ამიენის ზავის პირობებს ისიც დასაწყისიდანვე არღვევდა.
    ბონაპარტი კი, დიპლომატიურ აქტივობასთან ერთად, ისევ რეფორმებს ატარებდა ქვეყანაში, მის გარდაქმნასა და გადაკეთებაზე ზრუნავდა, ჯარს წვრთნიდა, ახალი ომებისთვის ამზადებდა და ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებასაც ახდენდა. ცოტა ხანში, საკანონმდებლო ორგანოების ისედაც ძალზე შეზღუდული უფლებები მან პრაქტიკულად ნუ- ლამდე დაიყვანა და ქვეყანაში ერთი კაცის. დიქტატურა დაამყარა. ჩვეულებრივ, ასეთი ქმედება არაპოპულარულია ხალხში და მძაფრ წინააღმდეგობას აწყდება ხოლმე. მაგრამ იმის გამო, რომ მისი ყველა ნაბიჯი მაშინ, გარდა დემოკრატიული განვითარებისა, ობიექტურად, ხალხისა და ქვეყნისთვის სასარგებლო გამოდიოდა, ბონაპარტს პოპულარობა კი არ აკლდებოდა, არამედ, ემატებოდა, ხოლო ერთპიროვნული მმართველობის დამყარება ანარქიიდან კანონიერებაზე დაფუძნებული ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის აუცილებელ გარდამავალ ეტაპად აღიქმებოდა (ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ!) ნაპოლეონიც მოხერხებულად სარგებლობდა საზოგადოების ასეთი განწყობით და ნელ-ნელა იგდებდა ხელთ აბსოლუტურ ძალაუფლებას.
    1802 წლის აგვისტოში საფრანგეთი კვლავ საარჩევნო ყუთებთან მივიდა. პლებისციტის საგანი ამჯერად პირველი კონსულის „სამუდამო კონსულად“ გამოცხადებას მიეძღვნა. ამ გადაწყვეტილებას სამნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. წინააღმდეგი სულ 8 ათასი კაცი იყო.. უზომო პატივმოყვარეობა ნაპოლეონს იმ დროს ხელს არ უშლიდა რეალურად შეეხედა ცხოვრებისთვის და სწორი დასკვნები გამოეტანა. როცა მის პატივსაცემად ქუჩებისა და მოედნებისთვის მისი სახელის მიკუთვნება მოინდომეს, გენერალი უარზე დადგა: „ასეთი პატივისცემა ცოცხლების ხვედრი არააო“, უპასუხა. ბონაპარტს რეალური ძალაუფლება სჭირდებოდა, პატივისცემის გარეგნულ ნიშნებს კი ბევრად არ დაგიდევდათ. ამიტომ იყო, რომ მან აღშფოთებით უარყო ტრიბუნატის წინადადება, მისთვის სამუდამო კონსულის ნაცვლად „სამშობლოს მხსნელის“ ან „ერის მამის“ საპატიო, მაგრამ რეალურად არაფრისმომცემი ტიტულის მინიჭების თაობაზე (ტრიბუნატმა სცადა კონსულობა „მხოლოდ“ 10 წლით გაეხანგრძლივებინა მისთვის, ნაცვლად სამუდამო კონსულობისა, მაგრამ ამან ბონაპარტისისეთი რისხვა გამოიწვია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ამ ორგანომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც მას ნებავდა).
    ამასობაში ინგლისთან დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდებოდა და საქმე დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტისკენ მიდიოდა. ნაპოლეონი თაგიდანვე აღრენილი იყო ინგლისის ელჩზე. ბრიტანეთმა თავის ელჩად საფრანგეთში ლორდი უიტვორტი გააგზავნა. დიახ, სწორედ ის უიტვორტი, რომელიც, პავლე პირველის დროს, ინგლისის ელჩი იყო რუსეთში, და რომელმაც ასე წარმატებით გაართვა თავი პავლეს მკვლელობის ორგანიზაციის საქმეს! ნაპოლეონს ეს დანიშვნა შეურაცხყოფად და აშკარა გამოწვევად მიაჩნდა. პირველი კონსული თავის განწყობას ელჩისადმი არ ფარავდა და ყოველთვის, მასთან შეხვედრისას, ცდილობდა მაგარ-მაგარი სიტყვები ეთქვა მისთვის. და თანაც, არა მხოლოდ პირადი საუბრების დროს.
    ისტორიამ რამდენიმე ასეთი საჯარო შეხლა-შემოხლის ფაქტი შემოინახა, მაგრამ ყველაზე მწვავე უკანასკნელი, 13 მარტისა იყო. ერთ-ერთ მიღებაზე, როცა ნაპოლეონს დიპლომატიური კორპუსი წარუდგინეს, ლორდ უიტვორტთან მიახლოებისას მან ყვირილი მორთო: „თქვენ ომი გინდათ, თქვენ კიდევ 15 წელი გინდათ იომოთ. ინგლისელებს ომი უნდათ, მიმართა მან გარემომცველებს – მაგრამ იცოდეთ, თუ ისინი პირველნი ამოიღებენ ხმალს ქარქაშიდან, მე უკანასკნელი ჩავაგებ, ვაი მას, ვინც ვალდებულებებს არ ასრულებს! ან მალტა ან ომი“ იმდღევანდელი სცენა ერთ იმათთაგანს ჰგავდა, რომელთაც ასეთი ოსტატობით გაითამაშებდა ხოლმე ნაპოლეონი. თუმცა დანამდვილებით არავინ იცის მართლა გამოვიდა წონასწორობიდან პირველი „კონსული უიტვორტის დანახვაზე, თუ ესეც პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის გათვლილი თამაში იყო? მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ამის შემდეგ უიტვორტს პარიზში აღარ დაედგომებოდა და მანაც გამგზავრებისათვის მზადება დაიწყო. მართლაც, სულ მალე, მაისის დასაწყისში ელჩმა პასპორტები მოითხოვა და საფრანგეთის დედაქალაქი დატოვა. ეს უკვე ომის დაწყებას ნიშნავდა.
    ეს უცნაური ომი იქნებოდა, რადგან მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უშუალოდ ვერ შეებრძოლებოდნენ. ინგლისს ისეთი არმია არ ჰყავდა, რომ ხმელეთზე გამკლავებოდა ბონაპარტს, ხოლო საფრანგეთს ისეთი ფლოტი, რომელიც ზღვაზე გაუწევდა ინგლისელებს მეტოქეობას. ამიტომ, ვარაუდობდნენ ევროპაში, ინგლისი, ალბათ, ისევ ტრადიციულ პოლიტიკას დაადგებოდა და ანტიფრანგული კოალიციის შეკოწიწებას შეუდგებოდა. საფრანგეთს კი ისევ ინგლისელთა ფულით „ნაქირავებ“ ევროპულ არმიებთან შებმა მოუწევდა. მაგრამ საკითხავი იყო, დაელოდებოდა ბონაპარტი უცხო ქვეყნების ჯარების თავმოყრას, თუ იგი სხვა რამ გადამჭრელი ზომების მიღებას შეეცდებოდა? სწორედ ეს კითხვა აღელვებდათ მაშინ ევროპის დედაქალაქებში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლონდონში.
    ომის დაწყებიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ ინგლისის დაზვერვამ ერთობ შემაშფოთებელი ცნობები მიაწოდა თავის მთავრობას. ამ ცნობებიდან ირკვეოდა, რომ საფრანგეთის ატლანტიკის პორტებში ერთი ხანია გამალებული ტემპით მიდიოდა სამხედრო და სატვირთო გემების მშენებლობა. ცოტა ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იგივე პორტების შორი-ახლო ფრანგებმა დიდი სასწავლო სამხედრო ბანაკების მოწყობა დაიწყეს და რომ ამ ბანაკებში ჯარისკაცებს სადესანტო ოპერაციებში მონაწილეობას ასწავლიდნენ.
    დასაწყისში, ინგლისის ხელისუფლებმა ასეთ ცნობებს ეჭვის თვალით შეხედეს. მათ კარგად ახსოვდათ, თუ როგორი ბლეფის გათამაშება იცოდა ბონაპარტმა და ამიტომ ახლაც ასეთ თამაშად მიიჩნიეს ფრანგების აქტივობა. მაგრამ, როცა დროთა განმავლობაში, ზემოაღნიშნულ ნავსადგურებში სამუშაოთა მოცულობამ მკვეთრად იმატა, ხოლო სამხედრო ბანაკებში ჯარისკაცთა სულ უფრო და უფრო დიდმა რაოდენობამ იწყო თავმოყრა, ლონდონში მიხვდნენ, რომ საქმე სახუმაროდ აღარ იყო. ჩანდა, რომ ბონაპარტი ახლა მართლა აპირებდა ბრიტანეთში ჯარის გადასხმას და საომარი მოქმედების საკუთრივ კუნძულზე გაშლას.
    ეს მართლაც, ასე იყო. საფრანგეთის პირველმა კონსულმა მტკიცედ გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო საძულველი და მოუხელთებელი მტრისათვის. „მე ლამანშზე სულ სამი ნისლიანი ღამე მჭირდება“ – ამბობდა ბონაპარტი. მისი სიტყვები დაუყოვნებლივ მიდიოდა ვესტმინსტერშიცა და დაუნინგ სტრიტზეც და არცთუ სასიამოვნო ემოციებს ალუძრავდა ინგლისელ პარლამენტარებსა და კაბინეტის წევრებს. მათთვის უკვე კარგა ხანია ცნობილი იყო ბონაპარტის გამბედაობაც და უაღრესად სარისკო წამოწყებებისადმი მისი მიდრეკილებაც. კაცი, რომელიც რამდენჯერმე დაუსხლტა მოწინააღმდეგის ფლოტს ვეებერთელა ხმელთაშუა ზღვაში, იგივეს გაკეთებას ოცდაათმილიან ლამანშში მით უმეტეს შეეცდებოდა! ასე რომ ინგლისი რეალური საშიშროების წინაშე დადგა. როცა ქვეყნის მესვეურებმა ეს საშიშროება გაითვითცნობიერეს, ისინი, ბუნებრივია, საპასუხო ღონისძიებების ძებნას შეუდგნენ. მაგრამ, როგორც მალე გამოირკვა, სამოქმედოდ ბრიტანეთს ბევრი ვარიანტი არ ჰქონია! ინტერვენციის თავიდან აცილების ყველაზე უკეთეს გზად ისევ და ისევ, ევროპული ქვეყნების ანტიფრანგულ კოალიციაში ჩაბმა მოჩანდა. თუ ინგლისელთა უხვი გასამრჯელოთი მოხიბლული ევროპელი მონარქები აღმოსავლეთიდან მიადგებოდნენ საფრანგეთის საზღვარს, ბონაპარტს სხვა აღარაფერი დარჩებოდა, გარდა იმისა, რომ ინგლისში სადესანტო ოპერაციის სამზადისზე ხელი აეღო და თავისი ჯარი კარზე მომდგარი მოწინააღმდეგისაკენ გადაესროლა. ასე აკოწიწებდა ინგლისი რესპუბლიკური საფრანგეთის წინააღმდეგ კოალიციებს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და ახლაც ასე აპირებდა მოქცევას. ეს უკვე ნაცადი და თანაც საიმედო გზა იყო. მაგრამ 1803 წელი 1792 არ იყო. წარსული წლების განმავლობაში ფრანგებმა იმდენჯერ დაამარცხეს ევროპელთა არმიები და უპირატესად სწორედ ბონაპარტის მეთაურობით, რომ ახლა ამ ქვეყნებს ახალ კოალიციაში შესვლის და იმავე, ბევრად უფრო გაძლიერებული ბონაპარტის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი სურვილი აღარ ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს. ავსტრია, პრუსია და რუსეთი აშკარად მოცდის პოლიტიკას ამჯობინებდნენ. ინგლისს კი მოცდა არ შეეძლო – მას მტერი ცხვირწინ ჰყავდა.
    XVI საუკუნის მიწურულის შემდგომ, როცა ბრიტანეთისაკენ ესპანელთა „დიდი არმადა“ მიეშურებოდა, „ნისლიან ალბიონს“ ასეთი საფრთხე არ დამუქრებია. მაშინ ინგლისის მტრებს შორი მანძილი ჰქონდათ გასავლელი და აკი ვერც გაიარეს იგი – ბისკაის ყურეში ატეხილმა არნახულმა ქარიშხალმა მათი არმადა გაფანტა და გაანადგურა. ახლა მტერს ასეთი მანძილი აღარ აშორებდა ინგლისელებს, თანაც მათ ბისკაის ყურე აღარ შეხვდებოდათ გზაში. ლამანშის სრუტე ღრმა კი იყო, მაგრამ, ძალიან ვიწრო. ამიტომაც რაღაც სხვა უნდა ეღონათ უილიამ პიტსა და მის თანამემამულეებს. ეს „სხვაც“ ნაცადი იყო უკვე: 1800 წლის დეკემბერში, პარიზში, სენ–ნიკეზის ქუჩაზე და 1801 წლის მარტში – პეტერბურგში, მიხეილის სასახლეში. ახლაც იგივე უნდა გაემეორებინათ – რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ბონაპარტი თაგიდან უნდა მოეშორებინათ, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ფიზიკურად გაენადგურებინათ. თვით ინგლისელებისთვის ამის გაკეთება ადვილი არ იქნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მათ თვითონ არც უნდოდათ ასეთ საქმეზე წასვლა. მათი გეგმით, ეს სხვებს, ფრანგებს უნდა გაეკეთებინათ, როგორც რუსებმა გააკეთეს პეტერბურგში 1801 წლის მარტში, როცა პავლე პირველს მოულოდნელად „სისხლი ჩაექცა ტვინში“. სერ უილიამ პიტს შავი საქმის შესრულება თეთრი ხელთათმანებით სურდა. ვერაფერს იტყვი, სანაქებო სურვილი იყო!
    ამ საქმეში დამხმარეებისა და მოკავშირეების საძებრად შორს წასვლა კი ინგლისელებს არ დასჭირვებიათ. იქვე, მათ სამშობლოში, რესპუბლიკაზე და თვით ბონაპარტზე გაბოროტებული იმდენი როიალისტი ემიგრანტი დაეხეტებოდა, რომ სანუკვარი მიზნის შემსრულებლის პოვნა არ გასძნელებიათ. მით უმეტეს, რომ, როგორც „ინტელიჯენ სერვისი“ იტყობინებოდა, ფრანგი ემიგრანტები თავადაც ამზადებდნენ „რაღაც ამდაგვარს“. ინგლისელებიც წამსვე მათ დაუკავშირდნენ. აღმოჩნდა, რომ ბონაპარტის მოკვლას ლუი XVIII-ის ძმა, გრაფი შარლ-არტუა, ბერის ჰერცოგი და პრინცი კონდე გეგმავდნენ. მათ შორიახლოს გენერალი პიშეგრიუც „ტრიალებდა“. უშუალოდ ტერორისტული აქტის შემსრულებელი ჯგუფის ხელმძღვანელად ისევ ჟორჟ კადუდალი იყო გათვალისწინებული. როიალისტებისა და ინგლისელების გაერთიანება უცბად მოხდა.
    ბრიტანელები თავის თავზე მატერიალურ უზრუნველყოფას იღებდნენ, ემიგრანტი-როიალისტები კი – თვით აქტის შესრულებას, მაგრამ ინგლისელები ცოტა მათზე წინ იყურებოდნენ. როიალისტებს მაშინვე ბურბონების დაბრუნება სურდათ საფრანგეთის ტახტზე. ინგლისელები კი შიშობდნენ, რომ რესპუბლიკურ საფრანგეთში, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში საბოლოოდ დისკრედიტირებული ბურბონების დაბრუნება ძალზე ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევდა. მით უმეტეს, რომ ეს დაბრუნება სისხლიან ტერორისტულ აქტს მოჰყვებოდა, რომლის მსხვერპლი ერთობ პოპულარული და ხალხის სიყვარულით გარემოცული გენერალი ბონაპარტი იქნებოდა. ასეთ აქტს ქვეყანაში მშვიდობა არ მოჰყვებოდა და, ვინ იცის, იქნებ უკვე მნიშვნელოვნად კლებისაკენ წასული რევოლუციური ტალღის ახალი აზვირთებაც კი მოჰყოლოდა.
    ამიტომ, ვარაუდობდნენ ინგლისელები, საჭირო იყო ბონაპარტის მოკვლა კი არა, მისი მოტაცება და უვნებელყოფა. ხოლო ამის შემდეგ, ძალაუფლების ისეთი კაცისთვის გადაცემა, რომელსაც ქვეყანაში ავტორიტეტიც ექნებოდა და არმიაში გავლენაც. ვინ იყო ასეთი პიროვნება? – ერთ დროს სახელგანთქმული გენერალი პიშეგრიუ, ახლა შერცხვენილი და პატივაყრილი, თავისი ქვეყნიდან გაძევებული, რომლის ავტორიტეტი საფრანგეთში ნულამდე იყო დასული? გენერლები – ბერნადოტი და ოჟერო, რომლებიც პირველი კონსულის, მაინცდამაინც დიდ მოტრფიალეებად არ ითვლებოდნენ, მაგრამ მცირე კალიბრისა იყვნენ და რეალურ დასაყრდენ ძალას არ წარმოადგენდნენ? რჩებოდა გენერალი მორო, ჭეშმარიტად სახელოვანი კაცი, გამოჩენილი მხედართმთავარი, ავსტრიელებზე ჰოჰენლინდენთან მოპოვებული უკანასკნელი დიდი გამარჯვების სულისჩამდგმელი.
    მოროს ბონაპარტი სძულდა და მის წინააღმდეგ სიამოვნებით გაილაშქრებდა, მაგრამ დაუჭერდა იგი მხარს ბურბონების აღდგენას ქვეყანაში? ინგლისელების წინადადებით, მორო „გარდამავალი“ ხელისუფლების მეთაური უნდა ყოფილიყო. ბურბონები კი ასეთ რამეზე არ თანხმდებოდნენ. მათ მაშინვე ტახტზე ასვლა ეჩქარებოდათ. საქმე ჭიანურდებოდა, მოცდის დრო კი არ იყო. მოროსთან საქმის მოგვარება პიშეგრიუმ იკისრა. იგი და მისი მეგობარი ლაჟოლე არწმუნებდნენ შეთქმულების ხელმძღვანელებს, რომ მორო „გულში“ თანაუგრძნობს ბურბონებს და მათ აღდგენას ესწრაფვის, მხოლოდ ამ გრძნობას ჯერ ხალხში ვერ ამჟღავნებსო (უნდა ითქვას, რომ პიშეგრიუს და მის მეგობარს მაშინ არავითარი საბუთი არ ჰქონდათ ასე ეფიქრათ მოროზე, მაგრამ მათ განზრახ წამოიწყეს ეს ავანტიურა, რათა ლამის ჩაშლამდე მისული საქმისათვის როგორმე მსვლელობა მიეცათ).
    „საქმისთვის მსვლელობის მისაცემად“, საფრანგეთში ჟორჟ კადუდალი გაიგზავნა (იგი 1803 წლის ზაფხულში გადავიდა ლამანშზე ინგლისელთა ხომალდით). 30 აგვისტოს ის უკვე პარიზში იყო. როიალისტებს ძალზე კარგად ორგანიზებული საიდუმლო ქსელი ჰქონდათ პარიზში გაბმული, ისეთი ქსელი, რომ მის აღმოჩენას, ჯერჯერობით, თვით ფუშეც ვერ ახერხებდა.
    უნდა ითქვას, რომ, თავდაპირველად, ემიგრანტულ წრეებში იმედოვნებდნენ, რომ გენერალ მოროს მხარდაჭერით ისინი სამხედრო ამბოხების ორგანიზებას შეძლებდნენ და ასეთი გზით ჩაიგდებდნენ ხელში ძალაუფლებას. მაგრამ ამ გეგმას დიდხანს არ უარსებია. მდგომარეობის „ადგილზე გაცნობამ“ როიალისტთა ხელმძღვანელებს დაანახა, რომ განვლილ წლებში პირველ კონსულს იმდენი სასიკეთო რამის გაკეთება მოესწრო ქვეყნისათვის, რომ ამბოხებულებს ფართო საზოგადოებისგან რაიმე სერიოზული მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. ამიტომ ასეთი განზრახვა მალე იქნა უკუგდებული და მთავარი ყურადღება ისეგ პირველი კონსულის ლიკვიდაციაზე იქნა გადატანილი.
    როგორ აპირებდა კადუდალი პირველი კონსულის მოტაცებას? (თვითონ კადუდალს უკვირდა ასეთი წინადადება და გუნებაში ბონაპარტის მოტაცებისთანავე მის მოკვლას ვარაუდობდა). ბრეტონელი მეამბოხე რამდენიმე ათეული კაცით აპირებდა თავს დასხმოდა პირველი კონსულის კორტეჟს რათა ამოეწყვიტა დაცვა და მერე გაეტაცა გენერალი. იყო სხვა წინადადებაც – ჩასაფრებოდნენ მალმეზონის სასახლის პარკში მოსეირნე ბონაპარტს და იქ აღესრულებინათ ჩანაფიქრი. ერთი სიტყვით, ვარიანტების ნაკლებობა არ იგრძნობოდა, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებების გამო საქმე ჭიანურდებოდა.
    მორო ბონაპარტის წინააღმდეგ გამოსვლას კი „კისრულობდა“, მაგრამ ბურბონებთან კავშირისგან თავს იკავებდა. რესპუბლიკელ გენერალს კადუდალის სახელის გაგონებაც არ სურდა. აღნიშნული გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, პარიზში პიშეგრიუ ჩავიდა. უკვე 1804 წლის იანვარი იდგა. პიშეგრიუ მარტო არ იყო. მას რამდენიმე როიალისტი-ემიგრანტი გამოჰყვა ინგლისიდან. მისი პირველი შეხვედრა მოროსთან 28 იანვარს მოხდა. საიდუმლო ადგილას პიშეგრიუმ კადუდალიც მიიყვანა. მაგრამ მორომ ამ უკანასკნელთან საუბარი არ ისურვა, და საერთოდ, როგორც ეტყობა, შეთქმულებს დახმარებაზე უარი უთხრა. მხარეები უკმაყოფილონი დაშორდნენ ერთმანეთს. მორომ შეთქმულებს უარი კი უთხრა, მაგრამ ისინი არ გაამჟღავნა, თუმცა იცოდა, რომ კადუდალი თავის განზრახვის შესრულებას აუცილებლად შეეცდებოდა.
    რა ხდებოდა ამ დროს პირველი კონსულის ბანაკში, ნუთუ, იქ სრულიად მოუმზადებელი ხვდებოდნენ კარსმომდგარ საშიშროებას? ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა. ფუშეს ამოქმედებული ჰყავდა თავისი პოლიციური მანქანა, საქმეში ჩართული იყო უმდიდრესი კართოტეკა, რომელშიც ათასზე მეტი ცნობილი როიალისტისა და შუანის მონაცემები და სავარაუდო ადგილსამყოფელი იყო აღნიშნული, მთელ საფრანგეთში პოლიციის მინისტრის მეძებრები იყვნენ გაფანტულნი და საეჭვო პირებს უთვალთვალებდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაშინ არც ნაპოლეონს, და არც მის ყოვლისმცოდნე პოლიციის მინისტრს მოსალოდნელი ტერორისტული აქტის და, საერთოდ, შეთქმულების არსებობის შესახებ მონაცემები არ ჰქონდათ. ფუშეს ზემოთქმული აქტივობა უფრო პროფილაქტიკურ ხასიათს ატარებდა და, მას, როგორც ყოველთვის, თავისი შედეგი მოჰქონდა. მართლაც, 1800 წლის შემდეგ პირველი კონსულის სიცოცხლის ხელყოფა ვეღარავინ შეძლო. ისე ჩანდა, რომ ქვეყნის მეთაური საიმედოდ იყო დაცული. არანაკლებ იყო დაცული ხელისუფლებაც გადატრიალების რაიმე ცდისაგან. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული, თითქოს, არ ხდებოდა. თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა. მაგრამ პირველი კონსული უკმაყოფილო იყო. ერთი ხანია მას რაღაც უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა, საშიშროების რაღაც გაურკვეველი შეგრძნება გაუჩნდა.
    როგორც ყოველთვის, ნაპოლეონი იმ დროსაც ძალიან დაკავებული იყო. იგი მთლიანად „ბულონის ბანაკის“ მოწყობითა და ინგლისის საწინააღმდეგო მზადებით იყო გართული. ამის გამო, მას ხშირად უხდებოდა პარიზსა და ატლანტის სანაპიროს შორის მოგზაურობა; და მაინც, რაღაც საფრთხის მოლოდინი მოსვენებას არ აძლევდა. როგორც ყოველთევის, იგი ახლაც ყველა წვრილმანში იხედებოდა და ყველა უწყების საქმეებს აკონტროლებდა. მისი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იუსტიციის სამინისტრო იყო, რომლის ყოველკვირეულ მონაცემებს იგი მომეტებული გულმოდგინებით სწავლობდა. ერთხელ, პირველმა კონსულმა სამინისტროს ცნობაში, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ხასიათის დარღვევა აღმოაჩინა: ჯერ კიდევ ოქტომბერში დაპატიმრებული ორი შუანი იანვარშიც კი არ იყო დაკითხული. ბონაპარტმა მათი დაუყოვნებელი დაკითხვა ბრძანა და ამ დაკითხვაზე თვალყურის დევნება სპეციალურ კომისიას დაავალა. კორსიკელს უცნაური ინტუიცია აღმოაჩნდა. ის, რის შესახებაც დაპატიმრებშულებმა ილაპარაკეს, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ დღიდან მოყოლებული ამ საქმემ მთლიანად მიიპყრო პირველი კონსულისა და მისი საიდუმლო სამსახურის ყველა მესვეურის ყურადღება.
    გამოირკვა, რომ ინგლისელებსა და როიალისტებს ერთობლივად დიდი შეთქმულება მოუწყვიათ და რომ ამ შეთქმულების მთავარი სამიზნე თვით პირველი კონსული ყოფილა.
    მოხსენება შეთქმულების შესახებ ბონაპარტს გენერალმა რეალმა გაუკეთა, რომელიც პირველმა კონსულმა საგანგებო უფლებებით აღჭურვა და საქმის გამოძიება დაავალა. ორ კვირაში რეალს იმდენი რამ ჰქონდა გამორკვეული, რომ პირველი კონსულისათვის მოხსენების გაკეთება უკვე შეეძლო. ის, რაც მან ნაპოლეონს მოახსენა, კოშმარულ სიზმარს გავდა. ირკვეოდა, რომ ხუთი თვეა, რაც პარიზში შეთქმულების ცენტრი ფუნქციონირებდა, რომ ამ ცენტრს ჟორჟ კადუდალი ხელმძღვანელობდა, რომ აქვე იმყოფებოდა გადასახლებიდან გამოქცეული გენერალი პიშეგრიუ და რომ შეთქმულების ძაფი ჟან ვიქტორ მოროსთან მიდიოდა. გამოდიოდა, რომ პირველი კონსული მთელი ამ დროის განმავლობაში ბეწვის ხიდზე დადიოდა და რომ მასზე თავდასხმა ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა განხორციელებულიყო. რეალის მოხსენების მთელი დროის განმავლობაში ფერდაკარგული პირველი კონსული ჩუმად იჯდა. როცა მოხსენება დასრულდა, მან პირჯვარი გადაიწერა და თქვა: „რეალ, თქვენ კიდევ ყველაფერი არ იცით“. მართლაც, არც რეალმა და არც თვითონ პირველმა კონსულმა ჯერ ყველაფერი არ იცოდა. მხოლოდ ახალი დაპატიმრებების მერე გამოირკვა, თუ რა შორს ჰქონდა შეთქმულებას ფესვი გადგმული და რა საშიშროება ელოდა ბონაპარტს.
    მაგრამ მას შემდეგ, რაც შეთქმულების ძირითადი კონტურები გამოისახა და გამოვლინდა, მისი მიზანიცა და განხორციელების საშუალებებიც, ბონაპარტი დაწყნარდა. ახლა მან უკვე ბევრი რამ იცოდა და „ბნელში ხელების ფათური“ აღარ უხდებოდა. აქედან გამომდინარე, პირველმა კონსულმა და პოლიციის მინისტრმა გადაწყვიტეს ფრთხილად ემოქმედნათ და დროზე ადრე არ დაეფრთხოთ შეთქმულნი. მართლაც, ერთ ხანს, შემდგომი დაპატიმრებები შეაჩერეს და მთელი ყურადღება შეთქმულების მონაწილეებზე გაძლიერებულ თვალთვალზე გადაიყვანეს. პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, ცხადია, მოროც მოექცა.
    მოროს თავიდანვე არ მოსდიოდა თვალში ბონაპარტი, მერე კი, თანდათანობით, ამ კორსიკელი წინამასწარას სამხედრო დიდების ზრდასთან ერთად, რაინის არმიის მთავარსარდალს პირდაპირი სიძულვილი გაუჩნდა მისდამი. ჰოჰენლინდენთან ბრწყინვალე გამარჯვების მერე მორო აღარაფრით თვლიდა თავს ბონაპარტზე ნაკლებ მხედართმთავრად და არაფერში ეპუებოდა მას. მორო პატივმოყვარე კაცი იყო, მაგრამ გაუბედავი. ის, რასაც ბონაპარტი აკეთებდა, მოროსათვის მიუღწეველი იყო. მასაც უნდოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმულიყო და ამ ასპარეზზეც გამორჩეული პიროვნება ყოფილიყო, მაგრამ ამის გაქანება და, რაც მთავარია, საამისო შემართება არ გააჩნდა.
ბონაპარტმა იცოდა ყოველივე ეს და არც მას ეხატებოდა გულზე ურჩი გენერალი. მიუხედავად ამისა, იგი დიდხანს მის შემორიგებას ცდილობდა და კი არ უპირისპირდებოდა, არამედ სიახლოვეს ეძებდა მასთან, მაგრამ აქედან არაფერი გამოდიოდა. მორო განცალკევებით იდგა, მედიდური და განაწყენებული, თითქოს რაღაცას უცდიდა, თითქოს ჩასაფრებული იყო. და აი, ახლა ბონაპარტს შესანიშნავი საშუალება მიეცა საბოლოოდ გასწორებოდა სახიფათო მეტოქეს. მართლაც, 1804 წლის 15 თებერვალს, ბონაპარტის ბრძანებით, მორო დააპატიმრეს. დააპატიმრეს ღიად, საკუთარ ბინაზე.
    თავდაპირველად მორო დაკითხვებზე ყველაფერს უარყოფდა: არ უნახავს პიშეგრიუ, თვლი არ მოუკრავს კადუდალისათვის, საერთოდ, არაფერი გაუგია შეთქმულების შესახებ.. ერთი კვირის შემდეგ დააპატიმრეს პიშეგრიუც. იგი, ისევე როგორც კადუდალი, ყოველ ღამე იცვლიდა ბინას, ერთსა და იმავე სახლში არ იძინებდა, მაგრამ, მიუხედავად ასეთი სიფრთხილისა, მაინც ჩავარდა. იგი მისავე ახლობელმა გასცა გვარიანი ანაზღაურების ფასად. საპატიმროში პიშეგრიუც ჩუმად იყო, ისიც ყველაფერს უარყოფდა. ამასობაში ფუშეს პოლიციური მანქანა მთელი დატვირთვით ამუშავდა. ხანგრძლივი თვალთვალის შემდეგ, როგორც იქნა, კადუდალიც „გამოიჭირეს“. ისიც მისმა თანამებრძოლმა გასცა, მაგრამ ამჯერად სასტიკი წამების შედეგად.
    შუანთა წინამძღოლი ქუჩაში დააპატიმრეს. კადუდალმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია ფუშეს აგენტებს. რამდენიმე მათგანი მოკლა და დაასახიჩრა, მაგრამ ყველასთან რას გახდებოდა! ბრეტონელ ფანატიკოსს დაკითხვებზე თავი ყოჩაღად ეჭირა. არც არავინ გაუცია და არც არფერი უარუყვია – ყველაფერი თვითონ დაიბრალა და გილიოტინაზეც მშვიდად ავიდა. პიშეგრიუმაც ცუდად დაამთავრა თავისი სიცოცხლე: დაპატიმრებიდან მეორმოცე დღეს იგი ციხის საკანში იპოვეს მკვდარი, ყელზე საკუთარი ყელსაბამი ება, მაგრად განასკვული. ცხადია, მაშინვე ხმა დაირხა, რომ გენერალმა თვითონ კი არ მოიკლა თავი, არამედ მას სხვები დაეხმარნენო ამ საქმეში. ბონაპარტმა ზიზღით უკუაგდო ეს ბრალდება: მე სასამართლოც გამაჩნდა, რომელიც პიშეგრიუს გაასამართლებდა და ჯარისკაცთა ოცეულიც, რომელიც მას დახვრეტდა. უსარგებლო საქმეს მე არ ვაკეთებო. ასე იყო თუ ისე, ამგვარად დაასრულა სიცოცხლე რესპუბლიკური არმიის ოდესღაც სახელგანთქმულმა გენერალმა, ხოლო შემდეგ იმავე რესპუბლიკის მოღალატემ და მისმა დაუძინებელმა მტერმა, გენერალმა შარლ პიშეგრიუმ. სხვათა შორის, ის ბონაპარტის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ბრიენის სამხედრო სკოლაში.
    დაპატიმრებები გრძელდებოდა და პირველ კონსულს სულ ახალახალი ამბები ესმოდა. ირკვეოდა, რომ როგორც კი მის ლიკვიდაციას მოახდენდნენ, საფრანგეთში შარლ არტუა ბურბონი და პრინცი კონდე გამოჩნდებოდნენ, რომ აქამდე ჩრდილში მყოფი ყოფილი დიდგვაროვანი არისტოკრატები მაშინვე გვერდში ამოუდგებოდნენ მათ. ასეთი მონაცემების საფუძგელზე, დააპატიმრეს მარკიზი დე რივიერი და თავადები, ძმები პოლინიაკები. დაკითხვაზე მათაც აღიარეს ბურბონებთან თანამშრომლობა.
    შეთქმულების მასშტაბებმა ნაპოლეონი გააოცა და განარისხა. შიშის გრძნობა რომ უცხო იყო მისთვის ყველამ იცოდა, მაგრამ იმ დღეებში მან საჭიროდ ჩათვალა საჯაროდ კვლავ მოეხდინა საკუთარი სიმამაცის დემონსტრირება. ამიტომ, იგი თეატრშიც დადიოდა და ოფიციალურ მიღებებსაც არ აკლდებოდა, თუმცა პოლიცია, რასაკვირველია, დაცვის საგანგებო ზომებს იღებდა. შეთქმულების ახალ-ახალი ფაქტების გამოვლინების კვალდაკვალ, პირველ კონსულს მოთმინების ფიალა ევსებოდა. ინგლისელებისთვის იგი მალე აპირებდა სამაგიეროს გადახდას ასეთი სულმდაბალი საქციელისათვის, მაგრამ, მისი აზრით, დაუსჯელი არც ბურბონები უნდა დარჩენილიყვნენ.
    გაღიზიანებული და გაგულისებული ბონაპარტი თავის ფიქრებში ხშირად უბრუნდებოდა საფრანგეთის ყოფილი სამეფო გვარის საკითხს. რამდენი წელია ეს ბურბონები აღარ ასვენებდნენ რესპუბლიკას, რამდენი ხანია ებრძოდნენ საკუთარ ქვეყანას! პირველმა კონსულმა ერთხელ ხმამაღლა გამოთქვა თავისი აზრი: ტყუილად ფიქრობენ ბურბონები, რომ მას, ბონაპარტს, არ შეუძლია მათ სამაგიერო გადაუხადოს და იმითვე უპასუხოს, რასაც მას უპირებენ. ტალეირანმა უმალ ცეცხლზე ნავთი დაასხა და პირველ კონსულს ასეთი ფრაზა შეაპარა: ეტყობა, ბურბონებს ჰგონიათ, რომ თქვენი სისხლი ისე ძვირფასი არ არის, როგორც მათიო. ცბიერმა მინისტრმა ზუსტად მოარტყა მიზანში. ამ სიტყვებმა ნაპოლეონი გააცოფეს. ცხელ გულზე მან დაუყოვნებლივ მოიწვია საბჭო, რომელშიც ფუშე, ტალეირანი, იუსტიციის მინისტრი რენიე, პარიზის სამხედრო კომენდანტი მიურატი და თანამდებობის ერთი-ორი სხვა პირიც შედიოდნენ. ამ საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ბურბონებისთვის ჭკუის სასწავლებლად სამაგალითოდ უნდა დაესაჯათ მათი გვარის რომელიმე წარმომადგენელი. ვინაიდან შეთქმულების ლონდონელ მეთაურებთან პარიზს ხელი არ მიუწვდებოდა, არჩევანი ლუი XVIII-ის ერთ-ერთ ნათესავზე – ენგიენის ჰერცოგზე – შეჩერდა.
    პრინცი საფრანგეთში არ ცხოვრობდა, იგი გერმანიის ტერიტორიაზე ნეიტრალური ბადენის მიწაზე იმყოფებოდა, პატარა ქალაქ ეტენჰაიმში. ეს უკანასკნელი გარემოება ყველაზე ნაკლებ აფიქრებდა პირველ კონსულს. არც მერე და არც მანამდე ისეთი „უმნიშვნელო“ რამ, რასაც სხვა ქვეყნის ნეიტრალიტეტი ეწოდებოდა, მისთვის არ არსებობდა. ერთადერთი, რასაც ბონაპარტის შეჩერება იმ დროს შეეძლო, მხოლოდ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი თუ იქნებოდა, სამი დღე მიმოდიოდა თურმე თავის კაბინეტში პირველი კონსული და რაღაცას ბუტბუტებდა. ჟოზეფინა, რომელიც ეტყობა, როგორღაც ინფორმირებული იყო მოსალოდნელი აქციის შესახებ, ეხვეწებოდა მეუღლეს არ გადაედგა საბედისწერო ნაბიჯი, მაგრამ არაფერმა გაჭრა – ბონაპარტმა გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ბადენში დრაგუნთა ასეული გაიგზავნა, რომელმაც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, შეაღწია ეტენჰაიმში და ენგიენის ჰერცოგი დააპატიმრა. ბადენის მიწის ხელისუფლებს ფრანგებმა არათუ არაფერი ჰკითხეს, არამედ არც შეატყობინეს ამ ფაქტის შესახებ.
დაპატიმრებული ჰერცოგი მაშინვე პარიზში ჩაიყვანეს და სამხედრო სასამართლოს წინაშე დააყენეს. საბუთები, რომლებიც ეტენჰაიმში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა მოპოვებული, არაფრით არ მეტყველებდნენ პრინცის შეთქმულებაში მონაწილეობაზე. და მაინც იგი სასწრაფოდ იქნა „გასამართლებული“ (პოლკოვნიკების სპეციალური სასამართლოს მიერ) და იმავე ღამით სიკვდილით დასჯილი. სიკვდილის წინ ჰერცოგმა წერილი მისწერა პირველ კონსულს, რომელშიც თავის სრულ უდანაშაულობას ამცნობდა მას და სიცოცხლის შენარჩუნებას სთხოვდა. გენერალმა სავარიმ, რომელიც ნაპოლეონს საგანგებოდ ჰყავდა ვენსენის ციხეში გაგზავნილი, სადაც ჰერცოგი უნდა დაეხვრიტათ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ წერილი ადრესატს დროზე არ მისვლოდა. როცა წერილი წაუკითხავს, ნაპოლეონი ღრმად ჩაფიქრებულა და მერე უთქვამს: დროზე რომ მიმეღო, ალბათ, შევიწყალებდიო. მაგრამ, ბონაპარტს არც წერილი მიულია დროზე და არც შეწყალებაზე უფიქრია. ეს გამიზნული პოლიტიკური აქტი იყო და როგორც სახელმწიფოს იმ დროს სჭირდებოდა, ისიც ისე მოიქცა, ყოველ შემთხვევაში თვლიდა, რომ ისე მოიქცა.
    უდანაშაულო პრინცის სიკვდილით დასჯამ დიდი აურზაური გამოიწვია. განსაკუთრებით ევროპელი მონარქების კარზე ბობოქრობდნენ. მაგრამ არა მარტო იქ. საზოგადოება ბევრგან შოკირებული იყო. ეს რა გასაკვირია, როცა თვით პარიზშიც გაისმოდა ალშფოთების ხმები, თუმცა რასაკვირველია უპირატესად, ჩურჩულის სახით. მაგრამ იყო გამონაკლისებიც. ერთ-ერთმა „სხვაგვარად მოაზროვნემ“ პოლიციის მინისტრს პირდაპირ უთხრა, რომ ბონაპარტის საქციელი დანაშაულიაო, რაზეც ფუშემ უკვდავი ფრაზით უპასუხა: „ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომააო“ (დანაშაულის ჩადენა ფუშესთვის არაფერი იყო, აი შეცდომის დაშვება კი..).
    იყო თუ არა ეს, თავისთავად, სამწუხარო ფაქტი ნაპოლეონის შეცდომა? გააჩნია ვინ როგორ შეხედავს. მორალურ მხარეზე ლაპარაკიც არ შეიძლება, ეს მართლაც დანაშაული იყო, მაგრამ შეცდომა? ხომ ცნობილია, რომ „უბრალო ხალხში“ ამ ფაქტს მოწონებით შეხვდნენ, ისინი, ვინც რესპუბლიკას თანაუგრძნობდნენ და ვისაც რევოლუციის ამბები ახსოვდა! ასეთები ცოტანი როდი იყვნენ. ნაპოლეონისათვის, რომელიც ცოტა ხანში სულ სხვა ტიტულით წარუდგებოდა თავის თანამემამულეებს, მათი მხარდაჭერა ბევრს ნიშნავდა. გარდა ამისა, როიალისტებიც ხელებს დაიმოკლებდნენ, რადგან ამიერიდან ეცოდინებოდათ, რა ელოდებოდათ მათ, თუ ბონაპარტზე ნადირობას გააგრძელებდნენ. ასე რომ, მარტო ემოციური აღტკინებით გამოწვეულ შურისძიებად არ უნდა ჩაითვალოს პირველი კონსულის ეს ნაბიჯი.
    დაახლოებით იმავე დღეებში ბონაპარტმა მოროს წერილი მიიღო საპატიმროდან. ეს უკვე მორალურად გატეხილი კაცის წერილი იყო. ერთ დროს ამაყი და ურჩი მორო, ახლა ყველაფერს წვრილად უყვებოდა პირველ კონსულს. ამცნობდა, თუ როგორ შეხვდა სახელმწიფო დამნაშავე პიშეგრიუს, როგორ მიიყვანეს მასთან ტერორისტი კადუდალი, როგორ უთხრა მათ უარი, მაგრამ არ გასცა ისინი და სხვა ამდაგვარი. ბონაპარტს ხელიდან არ გაუშვია შესაძლებლობა, საბოლოოდ დაესამარებინა პოტენციური მეტოქე. მან მოროს მონანიების წერილი გაზეთ „მონიტორში“ გამოაქგვეყნა და ამით ყველას დაანახვა, თუ ვინ ყოფილა სინამდვილეში ჟან ვიქტორ მორო, „უმწიკვლო“ რესპუბლიკელი, რომელიც ჩუმად რესპუბლიკის მტრებს ხვდებოდა, მათი შეთქმულების ამბავს იგებდა, მაგრამ ხელისუფლებას ამის შესახებ არაფერს ატყობინებდა.
    შეთქმულთა გვერდით მოროს თუნდაც მისდაუნებურად ყოფნამ ძალიან შეარყია ამ ადამიანის ავტორიტეტი საფრანგეთში და ამიტომ მოხდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უმტკივნეულოდ გამოეთხოვა მას. მოროს ორი წელი მიუსაჯეს, მაგრამ ეს უფრო პირობითი სასჯელი იყო და ცოტა ხანში იგი საზღვარგარეთ, ამერიკაში გაემგზავრა. როცა მისი წასვლის ამბავი ბონაპარტისთვის მოუხსენებიათ, ამ უკანასკნელს უთქვამს: ახლა ის აშკარად გადავა მტრების ბანაკშიო. მოგვიანებით, მართლაც, ასე მოხდა.
    შეთქმულების გახსნამ და, საერთოდ, თვით მისი არსებობის ფაქტმა, საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის არაჩვეულებრივი გამოცოცხლება გამოიწვია. ბურბონების აღდგენის საშიშროებამ, პირველი კონსულის მოკვლის რეალურმა საფრთხემ, ბონაპარტის გარშემო შეაკაგშირა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ამ პერიოდში მისი ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა ხალხში, მისდამი თაყვანისცემამ ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ ეშმაკმა კორსიკელმა წამსვე გადაწყვიტა თავისი ახალი მიზნის მისაღწევად გამოეყენებინა შექმნილი სიტუაცია. თუ რა მიზანი იყო ეს, ამას შემდგომი თხრობისას დავინახავთ. აი, ასე მოუსვენრად და ასე მრავალფეროვნად მიდიოდა მოქალაქე პირველი კონსულის ცხოვრება 1801-1804 წლებში.
    გავიხსენოთ თუ რას მიაღწია მან ამ ხნის განმავლობაში: გაიმარჯვა მეორე კოალიციაზე და დადო საფრანგეთისათვის ერთობ ხელსაყრელი ლიუნევილისა და ამიენის სამშვიდობო ხელშეკრულებები, მოახერხა ამბოხებული ვანდეის დაშოშმინება, დააკანონა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება, ბოლო მოუღო ყაჩაღობასა და ბანდიტიზმს, მოახდინა ქვეყნის ადმინისტრაციული და საფინანსო სისტემების რეორგანიზაცია, დააარსა საფრანგეთის ბანკი, დასაბამი მისცა სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. დარჩა კიდევ რამე, რისი გაკეთებაც იმ მოკლე დროში შეიძლებოდა? თურმე დარჩა და ბონაპარტმა მისი გაკეთებაც შეძლო: ეს ერთიანი სამოქალაქო კოდექსის შექმნა იყო. სამოქალაქო კანონთა კრებულის შექმნა საფრანგეთში ჯერ კიდევ რევოლუციის მეორე წელს – შვიდას ოთხმოცდაათში – სურდათ. ამ მიზნით დამფუძნებელმა კრებამ სპეციალური დადგენილებაც მიიღო, მაგრამ მუშაობა კოდექსზე არ დაწყებულა – შემდგომში საქმე ისე წარიმართა, რომ საკანონმდებლო საქმიანობისათვის აღარავის ეცალა. ასე რომ, ეს წამოწყება განუხორციელებელი დარჩა.
    სამოქალაქო კოდექსის შექმნის აუცილებლობაზე ბონაპარტი ძალაუფლების ხელში აღების პირველივე დღეს ლაპარაკობდა. მართალია, მაშინ ეს მისი სურვილი და ხალხისადმი დაპირება უფრო იყო ვიდრე რაიმე კონკრეტულად დასახული ღონისძიება, მაგრამ იტალიიიდან გამარჯვებით დაბრუნებისთანავე მან ამ მიმართულებით უკვე პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგა. კერძოდ, 1800 წლის აგვისტოში, სპეციალური ბრძანებით, ბონაპარტმა საგანგებო კომისია შექმნა იურისპრუდენციის საკითხების ოთხი სპეციალისტის შემადგენლობით და მას დაავალა უმოკლეს ვადაში შეედგინა კანონთა კრებული. კომისიამ, რომ იტყვიან, თავი მოიკლა და ეს ძნელი საქმე ოთხ თვეში დაასრულა: 1800 წლის დეკემბრისთვის პროექტი მზად იყო. შემდეგ იგი სახელმწიფო საბჭოს გადაეცა და მთელი 1801 წელი მის საფუძვლიან განხილვას დაეთმო.
    პროექტის განხილვისას, მთავარ როლს პირველი კონსული ასრულებდა. არა როგორც თავმჯდომარე ან სახელმწიფოს მეთაური, არამედ როგორც აქტიური მონაწილე და კანონშემოქმედი. ბონაპარტი პროექტის ყოველ მუხლსა და ყოველ პარაგრაფს ჩაჰკირკიტებდა და გულდასმით აანალიზებდა.
    სხდომებს იგი, ჩვეულებრივ, დღის 12 საათზე იწყებდა და მერე, საბჭოს წევრებს საღამოს 8-9 საათამდე ამუშავებდა თავაუღებლივ. უკვე არავის მისი ენერგია და მოუღლელობა არ აკვირვებდა, ამას უკვე ყველა შეჩვეული იყო, მაგრამ საბჭოს წევრებს ერთი რამ მაინც აოცებდა – საიდან იყო ასე კომპეტენტური პირველი კონსული იურისპრუდენციის საკითხებში, მას ხომ იურიდიული განათლება მიღებული არ ჰქონდა? აქ კი ერთი შვიდი წლის წინანდელი ეპიზოდი უნდა გავიხსენოთ ბონაპარტის ცხოვრებიდან, როცა ოთხმოცდათოთხმეტის აგვისტოში იგი ორი კვირით ჩასვეს კარეს საპატიმროში. ახალგაზრდა გენერალს მაშინ საკანში ერთი სქელტანიანი წიგნი უპოვნია, რომაულ-ბიზანტიური სამართლის შესახებ. ეს წიგნი განთქმული „იუსტინიანეს კოდექსი“ ყოფილა (უფრო სწორად, ერთ-ერთი ნაწილი ამ უშველებელი ქმნილებისა). უსაქმობისაგან იყო, თუ გენერალი მართლა დაინტერესდა აწ გარდასული სახელმწიფოს კანონმდებლობის საკითხებით, არ ვიცით, მაგრამ იგი ბეჯითად ჩასჯდომია ამ წიგნს და საფუძვლიანადაც შეუსწავლია იგი. და აი, ახლა, 180! წელს, საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სხდომებზე პირველი კონსული ნაპოლეონ ბონაპარტი ზეპირად ახდენდა იუსტინიანესეული კოდექსის პარაგრაფების ციტირებას და გამოცდილ და ბევრისმნახველ სამართალმცოდნეებს პირდაღებულებს ტოვებდა. და თუმცა მისი მეხსიერების ამბავი ყველამ იცოდა, ეს მაინც რაღაც საოცრებას ჰგავდა.
    რა თქმა უნდა, VI საუკუნის სამართლის წიგნის ერთი, თუნდაც მოზრდილი ნაწილის ზეპირად ცოდნა ჯერ კიდევ საკმარისი არ იყო ახალ საზოგადოებრივ ფორმაციაზე გადასვლის გზაზე შემდგარი სახელმწიფოს სამოქალაქო კოდექსის შექმნისათვის, მაგრამ სპეციალური ცოდნის ნაკლებობის კომპენსაციას ნაპოლეონი არაჩვეულებრივი გამჭრიახობისა და ცოცხალი აზროვნების საშუალებით ახდენდა. როგორც შემდეგ პროექტის ავტორები და განხილვაში მონაწილენი აღნიშნავდნენ, ბონაპარტი სწრაფად ერკვეოდა იურიდიული საკითხების რთულ ნიუანსებში და ხშირად სწორ და ამავე დროს ორიგინალურ დასკვნებს აკეთებდა. ამაში მას მისი განთქმული ინტუიცია ეხმარებოდა, რასაკვირველია.
    იმავე სპეციალისტების გადმოცემით, პირველი კონსული ყველას აძლევდა საშუალებას საკუთარი აზრი გამოეთქვა, ყურადღებით უსმენდა მათ და თუ მართებულად სცნობდა ახალ მოსაზრებებსა და არგუმენტაციას, ხალისით ეთანხმებოდა განსხვავებულ აზრს. ასეთი თავაულებელი მუშაობის შედეგად, „კოდექსის“ შექმნის საქმე თანდათანობით წინ მიიწევდა და უფრო სრულყოფილ სახეს იღებდა.
    რატომ იღწვოდა ასე ძალიან „კოდექსის“ შესაქმნელად ნაპოლეონი? ერთი მხრივ, შეკითხვას ასეთი პასუხი შეიძლება გაეცეს – კაცი, რომელიც ყოველგვარ წვრილმანს აქცევდა ყურადღებას, იქნებოდა ეს პარიზის ქუჩების ღამის განათების საკითხი, თუ პროვინციებში წყალსადენის მშენებლობის მდგომარეობა, რა გასაკვირია, ისეთი მნიშვნელოვანი საქმითაც დაინტერესებულიყო, როგორიც სამოქალაქო კანონთა კრებულის შექმნა გახლდათ. მაგრამ პირველ კონსულს სხვა, ბევრად უფრო ღრმა და შორსმიმავალი განზრახვა ჰქონდა. რომ გავიგოთ თუ როგორი, ცოტა შორიდან დავიწყოთ.
    ერთიანი სამოქალაქო კოდექსის შექმნამდე, საფრანგეთში რამდენიმე სახის სამართალი მოქმედებდა. თუ საფრანგეთის სამხრეთის პროვინციებში უპირატესად რომაული კანონები იყო გაბატონებული, ჩრდილოეთში ძველგერმანულ და ნორმანულ ადათ-წესებზე აგებული სამართალი იყო ძალაში. საფრანგეთის შუაგულ რეგიონებში კი ამ ორი სამართლის ნაჯვარი იყო ადგილობრივ წეს-ჩვეულებებთან. შედეგად – იურიდიულ ურთიერთობათა რაღაც რთული და დახლართული კვანძი გამოდიოდა. კანონთა ასეთი აღრევა, ცხადია, ქვეყნის ერთიანობას ნაკლებად უწყობდა ხელს. ბონაპარტის მიერ ჩაფიქრებულ ერთიან, მძლავრ და ცენტრალიზებულ სახელმწიფოს ასეთი რამ არაფერში გამოადგებოდა. მის ქვეყანას ერთი მმართველი უნდა ჰყოლოდა და კანონთა ერთი კრებული უნდა ჰქონოდა. ეს ძნელად გასაკეთებელი საქმე იყო, მაგრამ ძალიან საშური.
    ბონაპარტისეული საფრანგეთი – საზღვრების მნიშვნელოვანი გაფართოების გამო – უკვე აღარ იყო მონონაციონალური სახელმწიფო. სხვათა შორის, ვერც შუა საუკუნეების საფრანგეთი დაიკვეხნიდა მაინცდამაინც ამით. ახლა კი, მით უმეტეს, „შემოერთებულ“ პროვინციებში (ქვეყნებში) სხვა ხალხები ცხოვრობდნენ, სხვა ადათ-წესები და ზნე-ჩვეულებები ჰქონდათ. ისინი რომ ერთიანი სახელმწიფოს ერთგულ ქვეშევრდომებად ქცეულიყვნენ და მის სრულუფლებიან მოქალაქეებად ეგრძნოთ თავი, ერთიანი კანონები დასჭირდებოდათ. ეს იყო ერთი მთავარი მიზეზი ბონაპარტის ამ მხრივ ასეთი აქტიურობისა. ასე რომ, მთლიანი და განუყოფელი ფრანგული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში, ნაპოლეონისეულ კოდექსს მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა. ამავე დროს, ნაპოლეონის მიერ „ჩაფიქრებული“ ახალი სახელმწიფო დრომოჭმული ფეოდალური წყობის ნანგრევებზე მშენებარე სახელმწიფო იყო: ახალ, უფრო პროგრესულ კაპიტალისტურ ურთიერთობათა საფუძველზე აგებულ ამ სახელმწიფოს ახალი კოდექსი სჭირდებოდა, სამოქალაქო კანონების სრული კრებული, რომელიც ახალი საზოგადოების ურთიერთობათა მარეგულირებელი მექანიზმი გახდებოდა.
    სწორედ იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოეძირკვა ძველი, ფეოდალური წყობის ნასახიც კი თავის ახალ სახელმწიფოში, ნაპოლეონმა შექმნა ერთიანი და ყოვლისმომცველი სამოქალაქო კოდექსი, პროგრესული საფინანსო სისტემა, მმართველობის ქმედითი და ეფექტური სამსახური, ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების ახლებური ფორმა. აი, რატომ ანიჭებდა „სამოქალაქო კოდექსს“ ასეთ მნიშვნელობას ბონაპარტი და რატომ უთმობდა მის შემუშავებას ამდენ დროს.
    საყურადღებოა და ფრიად მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ შემდეგში, ნაპოლეონი საფრანგეთის ვასალურ და დაპყრობილ ქვეყნებშიც ასე იქცეოდა. ყველგან, სადაც კი ის და მისი ჯარი შედიოდა, საუკუნეებით განმტკიცებული ფეოდალური წყობა ინგრეოდა, უქმდებოდა ბატონყმობა, იხსნებოდა ციხის კარები და პოლიტიკური პატიმრები გარეთ გამოდიოდნენ, ცხადდებოდა წოდებრივი თანასწორობა და ძალაში შედიოდა მისი სამართლებრივი კოდექსი! ამით დიდი საქმე კეთდებოდა – გზა ეხსნებოდა პროგრესს, წინსვლას, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. ეს საოცარი, პარადოქსული მოვლენა იყო. ერთი მხრივ, დაპყრობა, ანექსია, დამოუკიდებლობის ხელყოფა და, მეორე მხრივ, ამ ქმედებათა შედეგად წინსვლა, განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა და, საბოლოო ანგარიშში, პროგრესი!
    ახლა თვით „კოდექსს“ მივუბრუნდეთ და ვნახოთ, თუ რა იყო და რას წარმოადგენდა 228! მუხლისაგან შემდგარი ნაპოლეონის ეს საქვეყნოდ განთქმული დოკუმენტი? დაწვრილებით მასზე, ცხადია, ვერ შევჩერდებით, მაგრამ ორიოდე სიტყვით ვცადოთ ზოგადი წარმოდგენა მაინც შევიქმნათ ბონაპარტის ამ „პირმშოზე“.
    კოდექსში გათვალისწინებული იყო რომაული სამართალი, საუკუნოვანი ფრანგული ადათ-წესები, ძველი პარლამენტების სასამართლო კანონშემოქმედების გამოცდილება და, რა თქმა უნდა, უკანასკნელი რევოლუციის პროგრესული მონაპოვარი. კანონთა ახალი კრებული ლაკონური იყო, მარტივი და, პრაქტიკული თვალსაზრისით, ერთობ მოსახერხებელი. ამაში დაუფარავად მოჩანდა ბონაპარტის „ხელი“.
    კოდექსს ორი ძირითადი დასაყრდენი ჰქონდა, ორი საფუძველი. ერთი იყო კანონის უზენაესობა, ხოლო მეორე – საკუთრების პრიმატი. კოდექსის ასეთი „წყობა“ სრულად შეესატყვისებოდა ნაპოლეონის მიერ მოწოდებულ ახალ ლოზუნგს: „საკუთრება, თავისუფლება, თანასწორობა“. კოდექსის მიხედვით, კანონისადმი ყველა თანასწორი იყო, კანონი ყველასთვის ერთი უნდა ყოფილიყო და მას ერთნაირად უნდა დამორჩილებოდა დიდიც და პატარაც, მდიდარიც და ღარიბიც. საკუთრება ცხადდებოდა უმთავრეს ღირებულებად, ის ხელშეუხებელი იყო და მას კანონი იცავდა.
კოდექსის შექმნითა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მისდამი მისადაგებით, ნაპოლეონი მყარ, სტაბილურ და ძლიერ სახელმწიფოს აშენებდა. ასეთი სახელმწიფო დაცული უნდა ყოფილიყო ყოველგვარი სოციალური კატაკლიზმებისაგან. აღნიშნულის გარანტი კერძო საკუთრების უფლება იყო. სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე პირველმა კონსულმა ნათლად გამოხატა თავისი ნება, დაეცვა და განემტკიცებინა ეს უფლება. საჭიროა მკვეთრად გაიზარდოს მესაკუთრეთა რიცხვი, ამბობდა ნაპოლეონი, რადგან ისინი სახელმწიფოს უშიშროებისა და სიმშვიდის მტკიცე დასაყრდენს წარმოადგენენო.
    კოდექსში მკაფიოდ აისახა რელიგიური შემწყნარებლობა – ქვეყნის ყოველი მცხოვრების უფლება თავისი სურვილისამებრ „აერჩია“, თუ რომელი რელიგიის მიმდევარი იქნებოდა იგი და როგორ აღასრულებდა ღვთისმსახურებას. ამავე დროს, დაცული იყო ათეისტთა უფლებებიც, კოდექსში პირველად იყო ხაზგასმული ებრაელთა თანასწორობა სახელმწიფოს სხვა მაცხოვრებლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ აძლევდა რა თავის მოქალაქეებს სრულ რელიგიურ თავისუფლებას, კოდექსი ავალდებულებდა მათ, ყველა შემთხვევაში, გაევლოთ ოფიციალური რეგისტრაცია და დაეცვათ სამოქალაქო ქორწინების წესი. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ კოდექსში შემოსული იყო განქორწინების უფლება. მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტისას, შვილებს, მიუხედავად სქესისა, ეძლეოდათ ერთნაირი უფლებები. გაუქმებული იყო რევოლუციის დროს მიღებული კანონი ქონების კანონიერ და „უკანონო“ შვილებზე თანაბრად განაწილების შესახებ.
    ამასთანავე, „ნაპოლეონის კოდექსში“ ხაზგასმული იყო ოჯახის მეთაურის – ქმრის და მამის უფლებები. ისინი აღემატებოდნენ სხვა წევრების უფლებებს. ოჯახურ-სამართლებრივ ურთიერთობაში პატერნალიზმის პრინციპის წამოწევა ესადაგებოდა ნაპოლეონის შეხედულებას ოჯახზე, როგორც საზოგადოების იმ ერთეულზე, რომელსაც, როგორც ყველაფერ სხვას, აგრეთვე ესაჭიროებოდა უფროსი, ხელმძღვანელი. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა მამაკაცი – მამა ან ქმარი. მას ეძლეოდა ქონების განაწილებისა და შვილების დაქორწინების საკითხის მოგვარების უფლება. ამავე კოდექსის მიხედვით, იცვლებოდა ასაკობრივი ნორმა, რომელიც სავალდებულო იყო მექორწინეთათვის – იგი იზრდებოდა ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის.
    კოდექსი, ცხადია, უნაკლო არ ყოფილა. მის ბევრ მუხლს ზედმეტი გამარტივება ეტყობოდა, ზოგს კი აშკარად ნაჩქარევად შემუშავების ბეჭედი ესვა. ამ კოდექსის მიხედვით, ქალი მამაკაცთან შედარებით უფრო დაჩაგრული მოჩანდა – სამოქალაქო უფლებები ქმარს, მამას და ძმას მეტი ჰქონდათ, ვიდრე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. მაგრამ მიუხედავად ასეთი და კიდევ სხვა ხარვეზებისა, „სამოქალაქო კოდექსი“ სამართლიანად ითვლება ისტორიულ დოკუმენტად და უდიდეს წინ წადგმულ ნაბიჯად დრომოჭმული ფეოდალური სისტემის ნგრევისა და მის ნაცვლად აზალი საზოგადოებრივი ფორმაციის ჩამოყალიბების საქმეში.
    კოდექსის განხილვა და დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოებში უმტკივნეულოდ არ მომხდარა. სახელმწიფო საბჭოში, და განსაკუთრებით ტრიბუნატში, მას მნიშვნელოვანი სიძნელეები შეხვდა, მაგრამ ხანგრძლივი მსჯელობისა დ ნაპოლეონის ზეწოლის შედეგად იგი, ზოგიერთი შესწორებით, საბოლოო ანგარიშში, დამტკიცებული იქნა.
    1804 წლის მარტში კი, კოდექსს ნაპოლეონმაც მოაწერა ხელი და იმ დღიდან იგი ფრანგული იურისპრუდენციის საფუძველი გახდა. ნაპოლეონის კოდექსს დიდი ხნის სიცოცხლე ეწერა. საკმარისია ითქვას, რომ იგი დღესაც ძირითად იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს საფრანგეთში, ხოლო მრავალი მოწინავე ქვეყნის იურიდიულ კანონებში აშკარად იგრძნობა ამ კოდექსის გავლენა (იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ.)
    ასე მიიწურა მშვიდობიანი ცხოვრების ოთხი წელი. ეს წლები პირველმა კონსულმა და მისმა ქვეყანამ სამაგალითოდ გამოიყენეს. დროის ამ მცირე მონაკვეთში, საფრანგეთი შეიცვალა, უკანასკნელი ათწლეულის კატაკლიზმების შემდეგ დამშვიდდა, წელში გაიმართა და გაძლიერდა. ქვეყანა გვერდში ამოუდგა თავის ახალგაზრდა წინამძღოლს – ის ხომ იმ დროს სულ ცოტათი იყო 30 წელს გადაცილებული! მიუხედავად ერთპიროვნული მმართველობის დამყარებისა, მიუხედავად ჰორიზონტზე დესპოტიის გამოჩენისა, ხალხმა დაიჯერა და ირწმუნა მისი, შეიყვარა და ენდო მას. არასოდეს ამდენი მომხრე და თაყვანისმცემელი არ ჰყოლია ბონაპარტს საფრანგეთში! არასოდეს ფეოდალურ მარწუხებში მოქცეულ პროგრესულ ევროპასაც იმედის ასეთი თვალით არ შეუხედავს მისთვის. ეს ის დრო იყო, როცა მისი სახელი სამართლიანობისა და თანასწორობის სინონიმად მოისმოდა, როცა მუსიკის ჯადოსნური ხმების სამყაროში ჩაფლული მარტოხელა გენიოსი თავის უშესანიშნავეს ნაწარმოებთაგანს მას მიუძღვნიდა და „გმირულ სიმფონიას“ უწოდებდა, როცა ბრძენი ფილოსოფოსი ჰეგელი გულწრფელად თვლიდა, რომ თავისი „აბსოლუტური სულის“ გამოვლინება ნაპოლეონ ბონაპარტში მომხდარიყო.
    ბონაპარტიც თითქოს ყოველმხრივ ცდილობდა ამ ნდობისა და სიყვარულის გამართლებას. არ დარჩენილა საზოგადოებრივი ყოფის არცერთი მხარე, რომლის განვითარებაშიც ლომის წილი მას არ დაედო, იქნებოდა ეს უნივერსალური სამოქალაქო კოდექსის შექმნა თუ პირველი სახანძრო რაზმის ჩამოყალიბება პარიზში. და იმ დროს ისე მოჩანდა, თითქოს საფრანგეთიც და მისი წინამძღოლიც ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი მიდიოდნენ განვითარების ასე ძნელ გზაზე...


Комментариев нет:

Отправить комментарий