понедельник, 6 августа 2018 г.

აფხაზთა და ქართველთა სამეფოს ბრძოლა დამოუკიდებლოსათვის XI ს. 20-50-იან წლებში (ზ. პაპასქირი)

1. ერთიანი ქართული სახელმწიფოს ბრძოლა ბიზანტიის იმპერიის გავლენის სფეროდან გამოსვლისა და საერთაშორისო ურთიერთობებში ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვებისათვის გიორგი I-ის ხანაში
XI ს. 10-იანი წლებისათვის, როგორც ნაჩვენები იყო წინა თავში, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო გადაიქცა უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულად, რომელსაც უნარი შესწევდა პრეტენზია განეცხადებინა ჰეგემონობაზე მთელი კავკასიის მასშტაბით. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ჯერ კიდევ IX საუკუნიდან მაინც, მიმდინარეობდა შეურიგებელი ბრძოლა ქართულ და სომხურ სამეფო-სამთავროებს შორის ლიდერობისათვის და ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნისათვის კავკასიაში. XI ს. დამდეგიდან კი, ამ ბრძოლაში ინიციატივა მთლიანად ხელთ იგდეს გაერთიანებული საქართველოს მეფეებმა.1 ბაგრატ III-მ, არამარტო შეძლო ქართული მიწების ერთ სახელმწიფოში შემოკრიბა და ერთიანი ქართული სამეფოს შექმნა, არამედ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა საერთო-კავკასიურ ასპარეზზე, რის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენ მიერ ზემოთ გაშიფრული სუმბატ დავითის ძის შეფასება „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფის მოღვაწეობისა.
1. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა.., გვ. 192.
ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ (1014 წ.) საქართველოს სამეფო კარის უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანა იყო პოზიციების შემდგომი განმტკიცება კავკასიაში და ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო არენაზე. ყოველივე ეს მთლიანად დამოკიდებული იყო ბიზანტიის იმპერიასთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე. როგორც უკვე ითქვა, საქართველო ჯერ კიდევ რჩებოდა (ფორმალურად) „ბიზანტიის ქვეყნად“, ქართველი მეფე ატარებდა კურაპალატის ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს. მართალია, ეს საკარისკაცო ტიტული დიდად არ ავალდებულებდა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს, პირიქით, შესაძლებელია, უფრო ავტორიტეტულსაც კი ხდიდა მათ საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ქვეყნისათვის, რომელიც მტკიცედ დაადგა პოლიტიკური აღმავლობის გზას და თვითონ აპირებდა საკუთარი დიქტატის დამყარებას რეგიონში, მუღებელი იყო სხვა სახელმწიფოს „ვასალის“ (თუნდაც ფორმალური) როლში დარჩენა. მას მერე, რაც წარმატებით განხორციელდა საქართველოს გაერთიანების საქმე და მოპოვებულ იქნა პირველი წარმატებები საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე, საჭირო იყო ბიზანტიასთან ურთიერთობის გადასინჯვა. აუცილებელი იყო ბიზანტიას „ეგრძნო საქართველოს სიძლიერე, ერთხელ და სამუდამოდ ეღიარებინა მისი სუვერენობა და თანასწორობა“.1 ამისათვის კი, პირველ რიგში, აუცილებელი იყო 1001 წელს ბიზანტიის იმპერიის მიერ მიტაცებული ტაოს მიწების დაბრუნება, კონსტანტინოპოლის პროტექტორატიდან ქვეყნის გამოყვანა და ამით ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ დიდი მიზნის განხორციელებას შეალია თავისი ხანმოკლე მეფობა ბაგრატ III-ის მემკვიდრემ - გიორგი I-მა (1014-1027წწ). გიორგი I-ის მეფობის დასაწყისი შინა-პოლიტიკური გართულებებით დაიწყო. მას განუდგა „ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი. მათ ქუეყანათ კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი“.2 ეტყობა, კახეთ-ჰერეთის ყოფილმა მფლობელებმა ისარგებლეს გაერთიანებული საქართველოს მეფის მცირეწლოვნებით (აგრეთვე იმითაც, რომ საქართველოს სამეფო კარის ყურადღება ამ დროს „მთლიანად ტაოსკენ იყო მიპყრობილი“)3 და მოახერხეს თავიანთი დაკარგული უფლებების აღდგენა.
1. შ. მესხია. ძლევაი საკვირველი. - წგნ.: შ. მესხია. საისტორიო ძიებანი, ტ. III. თბ., 1986, გვ. 22.
2. სუმბატ დავითის ძე. „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. - ქართლის ცხოვრება“.., I, გვ. 383.
3. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 176.
ამასთან დაკავშირებით ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „ამან კვირიკე დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფეთ კახთა“.1 ეს კვირიკე (1010-1037 წწ.) მიჩნეულია „რანთა და კახთა მეფედ“.2 ძნელია იმის თქმა თუ რა უფრო მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მმართველი წრეებისათვის: კახეთ-ჰერეთის კვლავ შემომტკიცება თუ ბიზანტიის მიერ წართმეული მიწების უკან დაბრუნება. შესაძლებელია, სამეფო კარზე არ იყო ერთი აზრი ამის თაობაზე. ბაგრატ III, როგორც ვნახეთ, არ ართულებდა ურთიერთობას კონსტანტინოპოლთან, მთელ ძალებს სხვა ქართული მიწების (ამ შემთხვევაში კახეთ-ჰერეთისაც) შემოკრებას ახმარდა და, ეტყობა, მხოლოდ ამის შემდეგ აპირებდა ბიზანტიასთან ურთიერთობის მოგვარებას. მას მერე, რაც გიორგი I-მა დაკარგა კახეთ-ჰერეთი, საქართველოს სამეფო კარის წინაშე შეიძლება კვლავ დასმულიყო ალტერნატივა, პირველ რიგში, რომელი - იმიერტაოს თუ კახეთ-ჰერეთის - მიმართულებით მიემართა იარაღი „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფეს. არაა გამორიცხული, რომ, ამ შემთხვევაშიც, ჯერ კახეთ-ჰერეთის შემომტკიცებაზე ეფიქრათ, მაგრამ, ამ დროს მოხდა ისეთი რამ, რომელმაც საქართველოს მმართველი წრეები აიძულა დროებით გადაედო კახეთ-ჰერეთის შემოერთება და სასწრაფოდ ეზრუნა იმიერტაოს მიწების დაბრუნებისათვის.
მხედველობაში გვაქვს მოვლენები, რომლებიც განვითარდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე (ბასილი კეისრის ომი ბულგარეთში) და, რომლებმაც კარგა ხნით მიიპყრო ბიზანტიის იმპერიის ყურადღება.3 საქართველოს ხელისუფლება, ბუნებრივია, შეეცდებოდა, ხელიდან არ გაეშვა ეს მომენტი და დაუყონებლივ გადაეჭრა იმიერტაოს პრობლემა. საფიქრებელია, რომ ასეთ ვითარებაში გიორგი I-მა დროებით გადადო კახეთ-ჰერეთის საკითხი. შესაძლებელია, საქართველოს მეფემ ოფიციალურადაც კი ცნო „რანთა და კახთა“ სამეფოს შექმნა და შეკრა მასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი.4 ამის მაჩვენებელი უნდა იყოს კახთა და ჰერთა ლაშქრის მონაწილეობა გიორგი I-ის მხარეზე საქართველობიზანტიის ომში, რაზედაც ინფორმაციას გვაწვდიან „მატიანე ქართლისა¡ის“ ავტორი („მოიყვანა ძალი კახეთისა და ჰერეთისა“)5 და სუმბატ დავითის ძე („მოიყვანა წანარნი და შაქნი“).6 გიორგი I-ს დაუძრავს თავისი ჯარები და შეჭრილა იმიერტაოში.7
1. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 561.
2. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან.., გვ. 160. თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო.., გვ. 218. ისტორიოგრაფიაში არ არის ერთი აზრი კახეთ-ჰერეთის გაერთიანებული სამეფოდან ჩამოშორებისა და „რანთა და კახთა სამეფოს“ შექმნის თარიღის ირგვლივ. თ. პაპუაშვილი, ეყრდნობა რა სუმბატის მონაცემებს (რომელთა მიხედვითაც კახეთ-ჰერეთის საქართველოსაგან გამოყოფა მოხდა გიორგი I-ის გამეფებასა - 1014 წ. და საქართველო-ბიზანტიის ომის დაწყებას - 1021 წ. შორის), ასკვნის, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო 1020 წელს (თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო.., გვ. 217-218). აკად. ნ. ბერძენიშვილი კი კახეთ-ჰერეთის ერთ სახელმწიფოდ შერწყმას სულაც XII ს. 20-იან წლებში ვარაუდობდა (ნ. ბერძენიშვილი. აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან. - საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. III. თბ., 1966, გვ. 254). ჩვენ არ შეგვიძლია დაბეჯითებით იმის თქმა, იყო თუ არა ერთდროული აქტი კახეთ-ჰერეთის ჩამოშორება საქართველოსაგან და ერთიანი „რანთა და კახთა“ სახელმწიფოს შექმნა (თუმცა ეს, ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო), მაგრამ ამ აქტის (კახეთ-ჰერეთის საქართველოსაგან გამოყოფის) 1020 წლამდე, მით უფრო 20-იან წლებში გადატანა მართებულად არ გვეჩვენება. ვფიქრობთ, რომ სუმბატ დავითის ძის თხზულებაში გიორგი I-ის მეფობაზე თხრობის დაწყება კახეთ-ჰერეთის განდგომით უფრო იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ეს აქტი გიორგი I-ის გამეფებისთანავე მოხდა, ე.ი., ვიდრე მცირეწლოვანი მეფე მომაგრდებოდა სამეფო ტახტზე. შესაძლებელია, მოგვიანებით, როცა ახალგაზრდა მეფემ რამდენადმე განიმტკიცა თავისი ხელისუფლება, გარკვეულწილად შეძლო თავისი პრიორიტეტის აღდგენა კახეთ-ჰერეთში. თუმცა ხელი ვერ შეუშალა „რანთა და კახთა სამეფოს“ ცალკე სახელმწიფოდ ფორმირებას. ყოველი შემთხვევისათვის, საქართველო-ბიზანტიის ომის დაწყებისათვის „რანთა და კახთა“ ქვეყანა გიორგი I-ის გავლენის ქვეშ უნდა იყოს, რაზედაც მეტყველებს ამ ქვეყნის ლაშქარის მონაწილეობა საქართველოს მეფის მხარეზე ბიზანტიასთან ომში.
3. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии.., გვ. 223.
4. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 97.
5. ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 285.
6. ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 383.
7. ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა გიორგი I-ის იმიერტაოში შეჭრის თარიღის ირგვლივ. ივ. ჯავახიშვილი, ეყრდნობოდა რა იაჰია ანტიოქიელის მონაცემებს, ასკვნიდა, რომ ეს მოხდა 1014-1016 წლებში, მაშინ, როდესაც ბასილი II ბალკანეთის ამბებით იყო დაკავებული (ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 134). ო. ცქიტიშვილმა ეჭვის ქვეშ დააყენა {105} ეს თარიღი და შენიშნა, რომ გიორგი მეფეს, პირველ რიგში, კახეთ-ჰერეთის შემოერთებაზე უნდა ეზრუნა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეჭრილიყო იმიერტაოში. აქედან გამომდინარე, მკვლევარი ამ მოვლენას 1014-1018 წლებით ათარიღებს. (ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის.., გვ. 118-119). ჩვენ ვერ დავეთანხმებით ო. ცქიტიშვილის ამ შენიშვნას. ვფიქრობთ, სრულებითაც არ იყო აუცილებელი, გიორგი I დალოდებოდა კახეთ-ჰერეთის შემოერთებას და მხოლოდ შემდეგ დაეწყო ომი იმპერიასთან. სავსებით შესაძლებელია, რომ გიორგი მეფე კახეთ-ჰერეთის საკითხებში ზოგ დათმობაზეც კი წავიდა (მან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალბათ ცნო კიდეც „რანთა და კახთა“ სამეფოს დამოუკიდებლობა), ოღონდ ხელიდან არ გაეშვა ხელსაყრელი მომენტი დასხმოდა თავს იმპერიას მაშინ, როდესაც ბასილი II-ს ჯერ კიდევ უჭირდა (1014-1016 წწ.) და არა მაშინ, როცა მან გადამწყვეტ წარმატებებს მიაღწია ბულგარეთის კამპანიაში (1016-1018 წწ.). ამის შესახებ იხ. აგრეთვე: მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 176, შენ. 2.
აი, რას წერს ამის შესახებ იაჰია ანტიოქიელი: „რაც შეეხება იმას თუ რა შეემთხვა ბასილ მეფეს ბულგარეთის აღების შემდეგ, საქმე შემდეგშია: როდესაც ის (ბასილი II - ზ.პ.) იქ მათთან (ბულგარელებთან -ზ.პ.) მრავალრიცხოვანი ბრძოლებით იყო დაკავებული, აფხაზთა მეფე, გიორგიმ1 განიზრახა ზიანი მიეყენებინა მისი სამფლობელოს განაპირა ოლქებისათვის და დაუფლებოდა იმ სიმაგრეებსა და ოლქებს, რომლებიც ბიძამისმა დავით კურაპალატმა2 ბასილი მეფეს დაუთმო.3 ქართული წყაროები რატომღაც არ აფიქსირებენ გიორგი I-ის ამ აქციას და თხრობას საქართველობიზანტიის კონფლიქტზე ბასილი II-ის გამოსვლით იწყებენ.
სომეხი ისტორიკოსის არისტაკეს ლასტივერტცის მონაცემებიც მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი I-ს, გამეფებისას, სამემკვიდრეო დავა ჰქონია ბიზანტიის იმპერატორთან, თუმცა მის ცნობაში, იაჰია ანტიოქიელისაგან განსხვავებით, ლაპარაკია რაღაც სამფლობელოებზე, რომელიც ბასილი კეისარს „ძღვნად მიუცია“ ბაგრატ III-ისათვის და, რომლის დაუფლება მოუნდომებია გიორგი I-ს“.4 ე.ი. ორივე ავტორთან ლაპარაკია დავით კურაპალატის სამემკვიდრეო ტერიტორიებზე, ოღონდ არისტაკეს ლასტივერტცი ამ ტერიტორიების მხოლოდ ნაწილზე (ბაგრატ III-ის „ძღვენზე“) უთითებს, ხოლო იაჰია ანტიოქიელი მთლიანად იმ „სიმაგრეებზე და ოლქებზე“, რომლებიც დავით კურაპალატს ბასილი კეისრისთვის დაუთმია. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში იაჰია ანტიოქიელის ცნობა უფრო სრულად და ზუსტად ასახავს საქმის ვითარებას. ამაზე მეტყველებს თუნდაც იმ კონფლიქტის მასშტაბები, რომელიც გიორგი I-ის გამოსვლას მოჰყვა.
1. ბ. სილაგაძის კომენტარებში, რომელიც დართული აქვს იაჰია ანტიოქიელის ქართულ თარგმანს, გიორგი I, რატომღაც, გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფედაა გამოცხადებული (ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები.., გვ. 119). სინამდვილეში კი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო არა გიორგი I, არამედ მამამისი, საქართველოს გამაერთიანებელი - ბაგრატ III.
2. იაჰია ანტიოქიელი აქ უშვებს შეცდომას: დავით კურაპალატი გიორგი I-ს პაპად უფრო ერგებოდა, ვიდრე ბიძად, რადგან, როგორც ვიცით, გიორგი I-ის მამა - ბაგრატ III დავით კურაპალატის შვილობილი იყო.
3. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობების შესახებ.., გვ. 116, იხ. აგრეთვე: В. Розен. Император Василий Болгаробойца. Извлечения из летописи Яхьи Антохийского. Издал, перевел и объяснил барон В. Розен. СПБ, 1883, გვ. 63; ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 127.
4. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, გვ. 42. ამის შესახებ დაწვრილებით იხ. წინა თავში.
ბასილი კეისარი, გიორგი I-ის ურჩობას რომ უყურადღებოდ არ დატოვებდა, კარგად ესმოდათ საქართველოს სამეფო კარზე. გიორგი I-იც იმთავითვე შესდგომია ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნას. ამ მიზნით საქართველოს მეფე, პირველ რიგში, დაკავშირებია მეზობელ სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს. ამის შესახებ ცნობა შემონახული აქვს ბიზანტიელ ავტორ გიორგი კედრენეს: „როდესაც აფხაზთა მთავარმა გიორგიმ იარაღი ააჟღარუნა რომაელების წინააღმდეგ, - წერს იგი, - მისი მოკავშირე იყო იოვანესიკეც, რომელიც ფლობდა ანისის ქვეყანას“.1 საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამ დროისათვის გიორგი I-ს, ეტყობა, გარკვეული გავლენა ჰქონდა ანისის სამეფოზე. ამაზე მეტყველებს თუნდაც არისტაკეს ლასტივერტცის მიერ მოტანილი ფაქტი საქართველოს მეფის აქტიური ჩარევისა ანისის სამეფოს საშინაო საქმეებში. სომეხი ისტორიკოსის გადმოცემით, მეფე გაგიკის გარდაცვალების (1017 წ.)2 შემდეგ ანისის სამეფოში ფეოდალური შინაომი ატეხილა. ერთმანეთს დაპირისპირებიან მეფე გაგიკის შვილები: „სუმბატი, რომელიც იოანედ იწოდებოდა და აშოტი (სუმბატის) მკვიდრი ძმა... ისინი ერთმანეთს შეეტაკნენ ქვეყნის დანაწილებისათვის საჭირო შეიქნა სასამართლო, მათთან მოვიდა აფხაზთა მეფე გიორგი და მშვიდობიანად შეარიგა ისინი. ორი სახელის მქონე სუმბატს (ასაკით) უფროსობის გამო (გიორგიმ) მისცა წილი: ანისის ციხე, მის გარშემო მდებარე გავარებითურთ, ხოლო აშოტს - ქვეყნის შიდა მხარე, რომელიც სპარსეთსა და საქართველოს უყურებდა“.3
კიდევ უფრო მრავლისმთქმელია მომდევნო ფრაგმენტი არისტაკეს ლასტივერტცის თხზულებიდან: „აშოტის მხრიდან ერთი მთავარი საჩივრით მოვიდა გიორგისთან და უთხრა, რომ შატიკი4 ჩემი სამკვიდრო ადგილია, რომელიც ჩემგან უსამართლოდ წაიღო სუმბატმაო. ეს რომ გიორგიმ მოისმინა, დიდი რისხვითა და სიბრაზით აღენთო და ჯარი დაადევნა (სუმბატს) კვალდაკვალ. ისინი (გიორგის ჯარი - ზ.პ.) მივიდნენ და მოულოდნელად დააცხრნენ მას... მასთან (სუმბატთან - ზ.პ.) მყოფი მთავრები სწრაფად გაიქცნენ. უკან დადევნებულმა (გიორგის ჯარებმა) გზაზე (ქალაქ) ანისის კარამდე გვამების გროვა დააყენეს, ხოლო იქიდან დაბრუნებისას გაძარცვეს საკათედრო ტაძარის მოკაზმულობა... შეპყრობილი სუმბატი მათ გიორგისთან მიიყვანეს, რომელმაც ბრაძანა მისი ჩამწყვდევა. შემდეგ წაართვა სამი ციხე-სიმაგრე და გაათავისუფლა (სუმბატი)“.5
1. გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. - გეორგიკა.., V, გვ. 59.
2. К. Н. Юзбашян. К хронологии правления Гагика I Багратуни. – Античная древность и средние века, 10, 1973, გვ. 195-197; К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства в 1045 г. – Византийский временник, 40. М., 1979, გვ. 78.
3. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული თარგმანი.., გვ. 44 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
4. შატიკის ციხე მდებარეობდა დიდ სომხეთში. იხ.: ე. ცაგარეიშვილი კომენტარები წიგნში: არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული თარგმანი.., გვ. 150.
5. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული თარგმანი.., გვ. 44; იხ. აგრეთვე: „Повествование“ вардапета Аристакэса Ластивер- тци. Перевод с древнеармянского.., გვ. 59-60.
როგორც ვხედავთ გიორგი I გამოდის არბიტრის როლში სომხეთის საშინაო კონფლიქტში. უფრო მეტიც, მას უნარი შესწევს ისეთი წესრიგი დაამყაროს ანისის სამეფოში, როგორც სურს; უკმაყოფილონი დასაჯოს, მეფე შეიპყროს და ჩაამწყვდიოს და ა.შ. ყოველივე ეს უსათუოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მეფე მთლიანად აკონტროლებს პოლიტიკურ სიტუაციას მეზობელ სომხეთში, და რომ ანისის მეფე სუმბატი, ფაქტობრივად, მის ვასალს წარმოადგენს, ე.ი., სუმბატ ანისის მეფის მონაწილეობა ბიზანტიასთან ომში გიორგი I-ის მხარეზე საქართველო-ანისის ვასალურ-სიუზერენული ურთიერთობით იყო განპირობებული.
გარდა ამისა, იყო ერთი გარემოებაც, რომელიც უბიძგებდა იოვანე-სუმბატს საქართველო-ბიზანტიის კონფლიქტში თავისი ჩრდილო მეზობლის მხარე დაეჭირა. მისი ძმა და მოქიშპე აშოტი, რომელმაც სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში მარცხი განიცადა, „იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა თავისი ქვეყანა და წასულიყო „ჰორომთა მეფის კარს“, სადაც ის მეფემ კარგად მიიღო. (აშოტმა), - წერს არისტაკესი, - ჯარი სთხოვა მას დასახმარებლად და მიიღო რა, წამოვიდა თავის ქვეყანაში. ღმერთმა გამარჯვება მიანიჭა აშოტს, რომელმაც მრავალი გავარი და ციხე-სიმაგრე დაიპყრო. იგი ყველა იმათზე ძლიერი შეიქნა, რომლებიც მასზე ადრე იყვნენ. ბევრმა დიდებულთაგან თავისი მშობლიური ადგილ-სამყოფელი (აშოტს) დაუთმო და საკუთარი ნებით დაემორჩილა მას“.1
ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ აშოტის ასეთი გაძლიერება, რომლის ზურგს უკან იდგა ბიზანტია, საფრთხეს უქმნიდა იოვანე-სუმბატს და აიძულებდა მას კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებოდა თავის სიუზერენსა და მფარველს გიორგი I-ს. ეხება რა ამ საკითხს კ. იუზბაშიანი წერს: „Об отношениях между Йовханнэсом-Смбатом и империей источники ничего не сообщают, но последующие события заставляют думать, что эти отношения не были дружественными. Василий покровительствовал Ашоту, стремясь, очевидно, ограничить власть и влияние анийского царя“.2 ვფიქრობთ, რომ ბიზანტიის ხელისუფალთა მიერ აშოტის გაძლიერება მიზნად ისახავდა სომხეთში პროქართული ძალების დასუსტებასაც.
1. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული.., გვ. 44-45.
2. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского.., გვ. 78.
ბიზანტია, რასაკვირველია, ვერ შეურიგდებოდა საქართველოს პოზიციების განმტკიცებას სომხეთში და ყველაფერს იღონებდა გიორგი I-ის მოკავშირე იოვანე-სუმბატის გადაყენებისათვის. ჩვენი აზრით, ეს იყო პირველი გამოვლინება ქართულ-ბიზანტიური ინტერესების დაპირისპირებისა სომხეთში, რომელმაც კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო მოგვიანებით - XI ს. 40-იანი წლების შუა ხანებში. ერთი სიტყვით სომხეთში საქართველოს გავლენის გაძლიერებით შეშფოთებულმა ბიზანტიის იმპერატორმა მხარი დაუჭირა საქართველოს მეფის კაცის იოვანე-სუმბატის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს. თავის მხრივ, აღნიშნულმა გარემოებამ, ეტყობა, აიძულა ანისის მეფე კიდევ უფრო განემტკიცებინა კავშირი გიორგი I-თან1 და მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბიზანტიის კონფლიქტში „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფის მხარეზე.
საქართველოს მეფის მიერ შექმნილ ანტიბიზანტიურ კოალიციას შეუერთდა აგრეთვე ვანანდის სამეფოც, რომელიც ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ანისის სამეფოსთან.2 მიუხედავად იმისა, რომ წყაროებში არ არის პირდაპირი მინიშნება საქართველოს მეფის მხარეზე კიდევ ერთი სომხური სამეფოს - ვასპურკანის გამოსვლის თაობაზე, ფიქრობენ, რომ არაა გამორიცხული ამ ქვეყნის მესვეურთა მონაწილეობა ანტიბიზანტიურ კოალიციაში.3 როგორც ცნობილია, ვასპურაკანის მეფე სენექერიმ არწრუნი გიორგი მეფის სიმამრი იყო: „სენექერიმ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრტის (ბაგრატ IV-ის - ზ.პ.) დედა“ - წერს „მატიანე ქართლისაის“ ავტორი.4
მკვლევრებმა ყურადღება მიაქციეს აგრეთვე იმასაც, რომ გიორგი I-ის დამარცხებას ბიზანტიასთან 1021-1022 წლების ომში მოჰყვა ვასპურაკანის სამეფოს გაუქმება.5 აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ვასპურაკანის შემოერთების გზაზე ბიზანტიის ხელისუფლებამ პირველი კონკრეტული ნაბიჯები უფრო ადრე, ჯერ კიდევ 1015-1016 წლებში გადადგა, როდესაც ვასპურაკანის მეფეს „პირობა“ ჩამოართვა მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერატორისათვის დაეთმო თავისი სამეფო.6 ეს „პირობა-შეთანხმება“, რასაკვირველია, ისეთივე თავსმოხვეული აქტი იყო სენექერიმ არწრუნისათვის, როგორც დავით კურაპალატის 989 წლის „ანდერძი“, რომლის ძალითაც 1001 წელს ბიზანტიამ იმიერტაო მიიტაცა, ალბათ ამიტომ იყო, რომ, მოგვიანებით, ვასპურაკანის მეფემ მონაწილეობა მიიღო 1022 წელს ბასილი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რომელსაც მეთაურობდნენ ნიკიფორე ფოკა და ნიკიფორე ქსიფე.7 ცნობილია, რომ ამ აჯანყებასთან კავშირი ჰქონდა გიორგი I-საც (მათეოს ურჰაეცის ცნობით, შეთქმულები საშველად მოუხმობდნენ გიორგი მეფეს და გაგიკის შვილებს იოვანე-სუმბატს და აშოტს).8
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ სავსებით რეალურად გვეჩვენება ვასპურაკანის მეფის მონაწილეობა თავისი სიძის - გიორგი I-ის მიერ შექმნილ ანტიბიზანტიურ კოალიციაში, თუმცა საფიქრებელია, რომ ის „დროზე მოსულიყო გონს“, დაენახა „თავისი უხამსი საქმეები“, როგორც ამას აღნიშნავს არისტაკეს ლასტივერტცი და ჩამოშორებოდა ბასილი კეისრის მოწინააღმდეგეთა ბანაკს. ე.ი. ყველა პირობა არსებობს, ვივარაუდოთ ჩამოთვლილი სომხური პოლიტიკური ერთეულების გამოსვლა „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფის მხარეზე ბიზანტიასთან ომის დასაწყის სტადიაში მაინც.
1. В. П. Степаненко. К идентификации личности веста «Матиане Картлиса». – Византийский временник, т. 41. М., 1980, გვ. 164.
2. История армянского народа, ч. I. Под ред. Б. Н. Аракеляна и А. Р. Ионисяна, Ереван, 1951, გვ. 151; Ф. И. Успенский. История Византийской империи. Глава XXIV. Походы на Сирию и Армению Западные границы империи. Последние представители династии. დაბეჭდილია ო. ცქიტიშვილის მიერ - მაცნე, 4, 1968, გვ. 130-132, ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 121-122; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 104.
3. В. Розен. Император Василий Болгаробойца.., გვ. 379, შენ. 376; ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 122; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 104-106; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო.., გვ. 177.
4. ქართლის ცხოვრება, ტ. I. გვ. 299. {110}
5. В. Розен. Император Василий Болгаробойца.., გვ. 379, შენ. 376; К.Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства в 1045 г.., გვ. 79; ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 122, 124; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 104-106.
6. В. П. Степаненко. О причинах и датировке передачи Васпуркана, გვ. 73-79; К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского.., გვ. 79.
7. ამის შესახებ ცნობა შემოგვინახა არისტაკეს ლასტივერტციმ. ის წერს: „(სენექერიმ) იმ დროს აჯანყებულთა ერთგული თანამზრახველი იყო. მან ახლად ახლადგაღვიძებულსავით ან ძლიერი ადამიანის მსგავსად, რომელიც გამოფხიზლდა სიმთვრალისაგან, დაინახა უხამსი საქმეები. არა იყო სხვა რაიმე საშუალება ბოროტი შეთქმულების ჩასაქრობად, (ამიტომ სენექერიმმა) ერთ დღეს ის, ვინც მეფედ იწოდებოდა, მოულოდნელად ბანაკიდან გარეთ გამოიყვანა, თითქოს საიდუმლო საქმეების გამო, უეცრად (სენექერიმმა) მახვილი დასცა მას და მოკლა, თავი მოჰკვეთა და მისცა თავის მსახურებს, რომ სასწრაფოდ მიეტანათ მეფისათვის“ (არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული თარგმანი.., გვ. 49).
8. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 79. გაკვირვებას იწვევს ამ შემთხვევაში აშოტის მოხსენიება. როგორც აღინიშნა, აშოტი სარგებლობდა ბასილი კეისრის მხარდაჭერით და, ბუნებრივია, იმპერატორის მოწინააღმდეგეთა რიგებში არ უნდა ყოფილიყო. არ არის გამორიცხული, რომ აშოტი არ იყო კმაყოფილი ბასილი კეისრის მიერ გაწეული დახმარებით და ახალი იმპერატორისაგან უფრო მეტს მოელოდა, თუმცა უფრო სავარაუდოა აშოტის ეს საქციელი გიორგი I-ის გავლენით ყოფილიყო გამოწვეული.
გარდა ახლო მეზობლებისა, გიორგი I-ს უფრო შორეული ქვეყნების ჩართვაც განუზრახავს ბიზანტიის წინააღმდეგ ომში. ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს იაჰია ანტიოქიელის ცნობა საქართველოს მეფის ეგვიპტის ფატიმიდ ხალიფა ალ-ჰაქიმთან მიმოწერის შესახებ. ეგვიპტის ფატიმიდი ხალიფები, როგორც უკვე აღინიშნა სათანადო ადგილას,1 კრიჭაში ედგნენ ბიზანტიის იმპერიას და მნიშვნელოვნად ასუსტებდნენ კონსტანტინოპოლის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში. გიორგი I-ის მთავრობამ, რომელიც, ეტყობა, კარგად იყო ინფორმირებული წინა აზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სწორად განსაზღვრა ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ეგვიპტესთან კავშირის სარგებლიანობა და დაამყარა დიპლომატიური კონტაქტები კაიროსთან იმისათვის, რომ „გაერთიანებულიყვნენ ბასილის წინააღმდეგ საომრად და თითოეულ მათგანს (გიორგი I-სა და ალ-ჰაქიმს - ზ.პ.) განეხორციელებინა დარტყმა საკუთარი ქვეყნიდან. ამ ამბავმა - წერს იაჰია ანტიოქიელი, - ბასილი მეფემდე მიაღწია. იგი რისხვით აღივსო გიორგის მიმართ, მაგრამ გულში ნადები არავისთვის გაუმხელია. მან სირიაში სალაშქროდ მომზადება ბრძანა და კონსტანტინოპოლიდან ფილიმილს გაემგზავრა. სურსათი, ფურაჟი და იარაღიც ანტიოქიაში გაგზავნა ამ ლაშქრობის მზადების ნიშნად. უკვე ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ იგი ნამდვილად სირიას დაესხმოდა თავს. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეფე ფილიმილს იმყოფებოდა, მოხდა ალ-ჰაქიმის გაუჩინარება2 და იგი მაშინვე აფხაზებთან საომრად დაიძრა“.3 იაჰია ანტიოქიელის ეს ცნობა დიდი ხანია იქცევს მკვლევართა ყურადღებას.
1. იხ. წინამდებარე ნაშრომი, გვ.
2. მკვლევრებს სამართლიანად მიაჩნიათ, რომ ალ-ჰაქიმის გაუჩინარება მის ანტიბიზანტიურ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 121; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება.., გვ. 177.
3. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები.., გვ. 116.
თითქმის ყველა მეცნიერი, ვინც კი შეეხო ამ საკითხებს, სავსებით დასაშვებად მიიჩნევს კონტაქტების არსებობას საქართველოსა და ეგვიპტეს შორის.1 ამრიგად, როგორც ვხედავთ, 1021 წლისათვის ფართო ანტიბიზანტიური კოალიცია შექმნილა, რომელშიც საქართველოს გარდა შედიოდნენ: ეგვიპტის ფატიმადი ხალიფა აბუ ალი ალ-მანსურ იბნ ალ-აზიზი; ანისის მეფე იოვანე-სუმბატი, მისი ძმა აშოტი; ვასპურაკანის მეფე სენექერიმი და სხვ.2
ანტიბიზანტიური კოალიციის მონაწილეები და, პირველ რიგში, გიორგი I, როგორც უკვე აღინიშნა, დაკავშირებული იყვნენ აგრეთვე ბასილი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებასთან, რომელსაც მეთაურობდნენ ნიკიფორე ფოკა და ქსიფე.3 შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო, რომ ბასილი II-მ მის წინააღმდეგ აჯანყებული ფოკას მოკვეთილი თავი სწორედ საქართველოს მეფეს გამოუგზავნა.4 უდავოა, რომ ამ ანტიბიზანტიური ფრონტის სულისჩამდგმელი და ორგნიზატორი იყო გიორგი I. სავსებით სამართლიანად მიუთითებს ო. ცქიტიშვილი, რომ გიორგი მეფე იყო პირველი ქართველ მოღვაწეთა შორის, ვინც შეეცადა საქართველოს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანას.5
მიუხედავად ამგვარი რუდუნებისა, გიორგი I-მა მაინც ვერ შესძლო წარმატების მოპოვება. ამის მიზეზი იყო, ალბათ, ის, რომ ეგვიპტესთან კონტაქტებს სასურველი შედეგი არ მოჰყვა;6 მალე, ეტყობა, ანისის სამეფოც ჩამოშორდა ქართველთა მეფეს.7 ასეთ ვითარებაში საქართველოს მეფეს მარტოდმარტო მოუხდა შებრძოლება ძლიერ მტერთან. წყაროები, როგორც ქართული, ისე უცხოური, საკმაოდ დაწვრილებით გადმოგვცემენ საქართველო-ბიზანტიის ომის პერიპეტიებს : „...მეშვიდესა წელსა მეფობისა მისისა (გიორგი I-ის - ზ.პ.), - წერს „მატიანე ქართლისაის“ ავტორი, - გამოვიდა ბასილი მეფე ბერძენთა, მას ზედა ყოვლითა სპითა საბერძნეთისა და უცხო თესლითა ურიცხვითა“.8
1. ვ. გაბაშვილი. საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობების ისტორიიდან (XI-XIIსს.). - XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები. თსუ შრომები, ტ. 125. თბ., 1968, გვ. 58-69; ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 115-117; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 92-93; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება.., გვ. 177 და სხვ.
2. ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო.., გვ. 123-124; ელ. ცაგარეიშვილი. არისტაკეს ლასტივერტეცი და მისი „ისტორია“. - არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია.., გვ. 27.
3. ვ. გაბაშვილი. საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობების ისტორიიდან.., გვ. 68; ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 122-123; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 109-119, 125-128; ელ. ცაგარეიშვილი. არისტაკეს ლასტივერტეცი და მისი „ისტორია“, გვ. 27.
4. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ.., გვ. 117; იხ. აგრეთვე: В. Розен. Император Василий Болгаробойца.., გვ. 65; ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 119.
5. ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო.., გვ. 125.
6. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 93.
7. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 106-107.
8. მატიანე ქართლისა, გვ. 284.
გიორგი I-მა სწრაფად შეაგროვა ლაშქარი და ბასიანს გაეგება მტერს, მაგრამ შებრძოლება ვერ გაბედა და უკან დაიხია. ბერძენთა ჯარი დაედევნა ქართველებს. პირველი დიდი ბრძოლა ქართველების არიერგარდსა და ბიზანტიელთა ავანგარდს შორის მომხდარა `სოფელსა, რომელსაც ქვია შირიმნი.5 და მოისრნეს ორკერძოვე მრავლად, მოკლნეს ერისთავნი და დიდებულნი: რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი. და გვიანად ეწია ხმა მეფესა, ვითარმედ ომი არს უკანა-მავალთა ზედა. მაშინ უბრძანა სპათა თვისთა და აღჭურნეს მსწრაფლ. განვიდა თვით გიორგი მეფე, რამეთუ ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ ვითარცა უხორცო, და მის თანა სიმრავლე სპისა მისისა“.2 გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც, თავდაპირველად, გამარჯვება ქართველებს ხვდა: „მოისრნეს ბერძენნი ფრიად... ეზომ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, რომელ სივლტოლად განემზადა ბასილი მეფე“.3 მაგრამ გიორგის ჯარმა ნაადრევად ჩათვალა საქმე მომთავრებულად და გამობრუნდა უკან. ბერძენთა ჯარი გონს მოეგო, დაედევნა ქართველთა ლაშქარს და დაამარცხა ის. ბერძნებმა ორჯერ „მოაოხრეს არტანი... ქვეყანა ჯავახეთისა“ და თრიალეთი.4 ამის შემდეგ იმპერატორი „წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდიისასა, მახლობლად ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მათ შორის მოციქულნი ზავისა და სიყვარულისათვის“.5
1. შირიმნის ბრძოლის ადგილმდებარეობისა და დროის შესახებ დაწვრილებით იხ.: ვ. კოპალიანი. „შირიმნის“-„შირიმთას“ ბრძოლისა და ადგილმდებარეობის შესახებ. - მნათობი, 7, 1972, გვ. 176-182; შ. ბადრიძე. შირიმნის ბრძოლის ლოკალიზებისა და თარიღის შესახებ. - მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. 3, 1979, გვ. 67-82; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასა და.., გვ. 74-92.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 284-285.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 285.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 285; იხ. აგრეთვე: სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.., გვ. 383.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 285.
საქართველოს მმართველ წრეებში ეტყობა, არ იყო ერთი აზრი, დაზავებოდნენ თუ არა ბიზანტიის იმპერატორს. თვით გიორგი I-იც ამჟღავნებდა ერთგვარ ორჭოფობას, თუმცა, საფიქრებელია, რომ ის მაინც იმათ მხარეზე იყო, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. ამაზე მიგვანიშნებს მაგალითად „მატიანე ქართლისაის“ ავტორი: „განძლიერდა გიორგი მეფე, - წერს მემატიანე, - და მოირთო ძალი კახეთისა და ჰერეთისა, გარნა დაუშალეს შებმა მეორედ“.1 სხვა ადგილას იგივე ავტორი წერს: „გიორგი მეფემან წარავლინა ზვიადი ერისთავი სპითა მისითრა და უბრძანა, რათამცა ზავის მიპყრობითა მცირედხან დაიმჭირვა ადგილსა, და თვით წარუდგა უკანა სპითა ძლიერითა“.2 მართალია, „მატიანის“ ავტორი აქვე ამატებს, რომ „განიზრახვიდა ესრეთ: „უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ; და უკეთუ ინებოს ომი განვემზადნეთ მისთვისცა“,3 მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ვფიქრობთ, რომ გიორგი მეფე თანაუგრძნობდა იმათ, „რომელთა არა უნდა ყოფად მშვიდობისა“ და „იწყეს განმზადებად ბრძოლად“.4
საქართველო-ბიზანტიის ომის ამ ეტაპის შესახებ საინტერესო ცნობები აქვს სომეხ ისტორიკოსს არისტაკეს ლასტივერტცის. მისი გადმოცემით: ბასილი კეისარს საქართველოს მეფისათვის ელჩად გამოუგზავნია ეპისკოპოსი ზაქარია,5 რომელმაც „მლიქვნელური სიტყვებით შეაცდინა გიორგი“ და დაითანხმა ის ბასილი კეისრის საზავო პირობებზე, მაგრამ გიორგი I მალე მიხვდა თავის შეცდომას, „ინანა უგუნური (საქციელი)“. დაადევნა მდევრები, რომლებიც დაეწივნენ გზაში ზაქარია ეპისკოპოსს და წაართვეს მას გიორგის წერილი.6
1. მატიანე ქართლისა, გვ. 285, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
2. იქვე, გვ. 285.
3. იქვე, გვ. 285.
4. იქვე, გვ. 285.
5. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ზაქარია ეპისკოპოსი ბიზანტიის მიერ მიტაცებული რომელიღაც ქართული ოლქის (ვალაშკერტის) მღვდელმთავარი იყო. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 114-116.
6. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია.., გვ. 51.
სხვაგვარად აშუქებს გიორგი I-ის პოზიციას იაჰია ანტიოქიელი. მისი თქმით: „ტრაპიზონს მოსვლისთანავე, ის იყო მეფე შეუდგა მზადებას ფლოტის გასაგზავნად, ზღვით, ამ აფხაზის ქვეყანაში, რომ მასთან გამოცხადდა გიორგის ელჩი. მისი მეშვეობით გიორგი ითხოვდა შეწყალებას, ბოდიშს უხდიდა მეფეს იმაზე, რაც მან მოიმოქმედა მის მიმართ და აღუთქვა, რომ დაუთმობდა ყველა ციხე-სიმაგრესა და ადგილს, რომლებიც ეკუთვნოდა ბიძამისს - დავით კურაპალატს, მძევლად გაუგზავნიდა ვაჟს ბაგრატს და სანამ იცოცხლებდა იქნებოდა მისი მორჩილი და მოკავშირე“.1 ბასილი კეისარს საპასუხო ელჩობა გამოუგზავნია - „თავისი წარჩინებულებისა და იურისტების ჯგუფი“, რომელთაც „მტკიცე ფიცი დაადებინეს გიორგი აფხაზს მისი ქვეყნის სასულიერო მეთაურს — კათალიკოსს, ყველა ეპისკოპოსს, სხვა წარჩინებული და მაღალი თანამდებობის ქვე- შევრდომთ“.2 ის, რომ გიორგი მეფესა და ბასილი კეისარს შორის პრაქტიკულად მოხდა შეთანხმება, დასტურდება სუმბატ დავითის ძის მონაცემებიდანაც, რომელშიც პირდაპირაა ნახსენები „დაწერილი.., რომელნი მისად დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩვენსა სიმტკიცისა და ზავისანი“.3
ჩვენ კიდევ მოვუბრუნდებით სუმბატ დავითის ძის ამ მასალებს, ახლა კი შევნიშნავთ, რომ თუ არა ბასილი კეისრის შინაპოლიტიკური გართულებები, რომლებიც გამოწვეული იყო ნიკიფორე ქსიფესა და ნიკიფორე ფოკას აჯანყებით,4 ეტყობა, გიორგი I მართლაც მოაწერდა (რასაკვირველია, ეს იძულებითი იყო) ზავს ხელს. მართალია, ქართული წყაროები არაფერს ამბობენ ამ აჯანყებასთან გიორგი I-ის უშუალო კავშირის შესახებ და ისინი მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით კმაყოფილდებიან, მათ მასალებში მაინც არის ზოგიერთი მინიშნება იმის თაობაზე, რომ ქართველები განზე არ იდგნენ ამ მოვლენებიდან. ბასილი კეისრის მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ ორივე წყარო („მატიანე ქართლისაის“ ავტორიცა და სუმბატ დავითის ძეც) სიკვდილით დასჯილთა შორის იხსენიებს ბიზანტიაში მოღვაწე ზოგიერთ ქართველ დიდებულს (მაგ. ფერის ჯოჯიკის ძეს),5 რაც თავისთავად შემთხვევითი არ უნდა იყოს.
1. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ, გვ. 117, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ..
2. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები.., გვ. 117.
3. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.., გვ. 384, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
4. ამ აჯანყების შესახებ დაწვრილებით იხ.: В. Розен. Император Василий Болгаробойца.., გვ. 63-66; Ф. И. Успенский. История Византийской империи. Глава XXIV.., გვ. 133; Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии.., გვ. 221; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 117-119.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 287; იხ. აგრეთვე: სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.., გვ. 384.
ქართული წყაროების მონაცემებს ავსებს არისტაკეს ლასტივერტცი, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს გიორგი Iის კავშირზე აჯანყებულებთან (ეტყობა ქართველი დიდებულის ფერის ჯოჯიკის ძის მეშვეობით). ის წერს: „ფერისი და მისი სიძე ანდრონიკე... თავიანთი აჯანყების დროს აფხაზის მოკავშირენი იყვნენ და აღუთქვეს მას ამ ადგილამდე (მთელი ტერიტორიის) მიცემა, ვინაიდან ჯერ კიდევ წინათ ეს (ადგილები) დავით კურაპალატს ეპყრა, მაგრამ არა როგორც თავისი მშობლიური მემკვიდრეობა, არამედ მას იგი ძღვნად ჰქონდა მიღებული ერთგული მორჩილებისათვის. (დავითმა) აღთქმა დადო, რომ თავისი სიკვდილის შემდეგ ეს გავარი გადაეცემოდა მეფეს. მათ კი ეს ვეღარ მოისაზრეს, არამედ გულუხვნი იყვნენ იმ ძღვენით, რომელიც არ იყო მათი. ამიტომ მეფემ (ბასილი II-მ - ზ.პ.) თავები მოჰკვეთა მათ სწორედ იქ“.1
იაჰია ანტიოქიელის მასალებიდანაც აშკარად ჩანს, რომ სამშვიდობოდ გამზადებული გიორგი მეფე შეაგულიანა ბიზანტიაში აჯანყების დაწყებამ, მან „თავი ღონივრად იგრძნო და ბასილისათვის მიცემული პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა“.2 გიორგი კედრენე კი უფრო გარკვევით მიუთითებს გიორგისა და აჯანყებულთა კავშირზე. ის აღნიშნავს, რომ, როცა იმპერატორს აჯანყების ამბავი „აუწყეს, მისი ბანაკი შიშმა და ძრწოლამ მოიცვა: ეშინოდათ ვაითუ აბაზგებსა და აჯანყებულთა შუა მოვემწყვდეთ და ცუდი დღე დაგვადგესო (ხმები დადიოდა, ქსიფიას კაცები ამის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებენ აბაზგიის მთავართანო)“.3
1. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია.., გვ. 50.
2. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები.., გვ. 117.
3. გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. - გეორგიკა. ტ. V, გვ. 46-47.
ერთი სიტყვით, მოტანილი მასალები თვალნათლივ მეტყველებენ იმაზე, რომ ბასილი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილმა აჯანყებამ ძირფესვიანად შეცვალა საქმის ვითარება. თუ საქართველოს მეფე მანამ ორჭოფობდა და თანახმა (რასაკვირველია, იძულებით) იყო ზავზე, ბიზანტიაში დაწყებულმა აჯანყებამ მას ხელ-ფეხი გაუხსნა და საშუალება მისცა ბრძოლის გაგრძელებაზე ეფიქრა. გიორგი I რომ იძულებით აწერდა ხელს ზავს და რომ, ის, პრინციპში, ომის საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელების მომხრე იყო, „მატიანე ქართლისაის“ ზემოთ მოტანილი ნაწყვეტების გარდა, ჩანს იაჰია ანტიოქიელის თხზულებიდანაც. არაბი ავტორი პირდაპირ წერს, რომ ყველაფერი, რასაც აფხაზი აკეთებდა და მასთან მოლაპარაკებამ, რომელსაც იგი აწარმოებდა მოტყუება იყო. რომ ყოველივე ამაში გიორგის ვაზირის1 ხელი ერია. სწორედ იგი ურჩევდა გიორგის, რომ მეფისათვის მიცემული ღვთაებრივი ფიცი და ნაკისრი ვალდებულებანი გამოეყენებინა ხაფანგად, რომელშიც მას გამოამწყვდევდა.2
ამრიგად, გიორგი I-მა მოინდომა ესარგებლა ბიზანტიაში ამტყდარი არეულობით და შეუტია ბასილი II-ის ჯარს. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ბასიანს. წყაროების მონაცემებით გიორგის ლაშქარი მოულოდნელად დასხმია თავს ბერძენთა ჯარს „და აოტეს ზოგი ლაშქრისა მისისა“. მაგრამ ბერძნები დროზე მოეგნენ გონს და უკუაქციეს „სპანი ქართველთანი“. „და წარმოუდგა უკანა ბასილი მეფე. ხოლო კუალადაც იწყეს ზავად, ვითარცა პირველ; რამეთუ შიში დიდი აქუნდა საბერძნეთით განდგომისა. დაყვეს მშვიდობა და დაიზავნეს“.3
1. მკვლევართა აზრით ეს ვაზირი უნდა ყოფილიყო „მატიანე ქართლისაის“ ზვიად ერისთავი. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 135; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 117; შენ. 312; ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები.., გვ. 120.
2. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები.., გვ. 117.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 288.
როგორც ვხედავთ საქართველო-ბიზანტიის ეს ომი გიორგი I-ის მარცხით დამთავრდა.1 ის იძულებული შეიქნა დათანხმებულიყო იმ პირობებზე, რომლებსაც ითხოვდა ბასილი II - იმიერტაოს მიწები დაეთმო და ყოფილიყო იმპერატორის ვასალი და მოკავშირე. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიის იმპერატორი თავის მოთხოვნებში იმაზე შორს არ წასულა, რაც მას მანამდე უნდოდა. არისტაკეს ლასტივერტცის თქმით, „როცა გიორგიმ ყოველგვარი იმედი გადაიწყვიტა, სთხოვა მეფეს შერიგება. (მეფემ) შეისმინა რა ეს, შეიწყალა იგი და ასეთი წერილი გაუგზავნა: „ნუ ფიქრობ, რომ (რადგან) გძლიე რა შენ, უფრო მეტს ვითხოვ შენსგან, ვიდრე ადრე, მომეცი ჩემი სამამულო მიწა, რომელიც კურაპალატმა მიბოძა და შენი ვაჟი მძევლად. მაშინ ჩემსა და შენს შორის მშვიდობა დამყარდება“.2 ბასილის „ლმობიერება“, რასაკვირველია, მისი დიდსულოვნებით არ იყო გამოწვეული. მას, ეტყობა, მართლაც, „შიში დიდი აქუნდა საბერძნეთით განდგომისა“ და ამიტომ შეკრა სასწრაფოდ ზავი საქართველოს მეფესთან. ამრიგად, ბიზანტიასთან ომმა საქართველოს სახელმწიფოს არ მოუტანა სასურველი შედეგი. გიორგი I-მა ვერ შეძლო დასახული ამოცანების შესრულება, ვერც იმიერტაოს მიწები დაიბრუნა3 და ვერც თავი გაითავისუფლა იმპერატორის „მფარველობისაგან“. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ბიზანტიამ მიაღწია გადამწყვეტ გამარჯვებას საქართველოსთან ომში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიზანტიის მხარეს იმის მეტი არ მიუღია (და არც მოუთხოვია), რაც მას „კანონიერად“ ეკუთვნოდა მანამდე, გიორგი I-ის გამეფებამდე.
მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, 1022 წლის ზავი გაძლიერების გზაზე მდგარი ერთიანი ქართული სახელმწიფოსათვის, უთუოდ, დიდი საგარეო-პოლიტიკური მარცხი იყო. კიდევ ერთხელ (1001 წლის შემდეგ) იურიდიულად დაფიქსირდა საქართველოს მეფის ვასალური დამოკიდებულება კონსტანტინოპოლისადმი. ამ მარცხს, ალბათ, ვერ შეეგუებოდა გიორგი I. საფიქრებელია, რომ ის ყველანაირად შეეცდებოდა პირველივე ხელსაყრელი შემთხვევა გამოეყენებინა 1022 წლის ზავის პირობების გადასასინჯად. ძნელია გადაჭრით იმის თქმა, გადაადგა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მეფემ ამ მიმართულებით. წყაროები, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერს ხელმოსაკიდს არ იძლევიან ამ თვალსაზრისით. მაგრამ ვფიქრობთ, რომ მაინც არსებობს ზოგიერთი მასალა, რომელიც გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ გიორგი I-ს 1022 წლის შემდეგაც არ შეუწყვეტია ბრძოლა ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ. ამ მხრივ, პირველ რიგში, ყურადღებას იმსახურებს მონაცემები საქართველოს მეფის კავშირის შესახებ 1025 წელს ბიზანტიაში ბასილი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებასთან.
1. ისტორიოგრაფიაში არსებობს სხვადასხვა მოსაზრება საქართველო-ბიზანტიის ომის დამთავრების თარიღზე. ივ. ჯავახიშვილის აზრით, საქართველოსა და ბიზანტიას შორის ზავი დადებულა 1023 წელს (ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 136). იგივე თარიღი მოჰყავს მ. ლორთქიფანიძეს (იხ.: მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და.., გვ. 178). სპეციალურად შეხო ამ საკითხს ვ. კოპალიანი, რომელმაც დაასკვნა, რომ საქართველოსა და ბიზანტიას შორის ზავი დადებულ იქნა 1022 წ. დამლევს (ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 120-130). ამ უკანასკნელ ხანს გამოცემულ ნაშრომებშიც საქართველო-ბიზანტიის ომის წლებად დასახელებულია 1021-1022 წლები (იხ. ე. ცაგარეიშვილი. არისტაკეს ლასტივერტეცი და მისი „ისტორია“, გვ. 28-30; შ. ბადრიძე. შირიმნის ბრძოლის.., გვ. 67; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები.., გვ. 78, 81 და ა.შ.).
2. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული თარგმანი.., გვ. 52 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
3. სწორედ ამ დროს დასრულდა დავით კურაპალატისეული ტერიტორიების ბაზაზე ბიზანტიური ადმინისტრაციული ერთეულის „იბერიის“ თემის ფორმირება. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: В. А. Арутюнова-Фиданян. Из истории северо-Восточных областей Византийской империи в XI в.., გვ. 95; Р. М. Бартикян. О феме «Иверия». – Вестник общественных наук АН Армянской ССР, №12, 1974, გვ. 69; К. Н. Юзбашян. Армянские государства эпохи Багратидов и.., გვ. 149.
როგორც ცნობილია, 1025 წელს ბიზანტიაში კიდევ ერთმა აჯანყებამ იფეთქა მაკედონელთა დინასტიის წინააღმდეგ. ამ აჯანყების ხელმძღვანელი იყო ნიკიფორე კომნენოსი, რომელიც ბასილი II-ს ვასპურაკანის მმართველად ჰყავდა დანიშნული.1 ახლად გამეფებულმა კონსტანტინე VIII-მ შეძლო აჯანყების ჩახშობა.2 აი, რას წერს ამის შესახებ არისტაკეს ლასტივერტცი: „ვინმე კომნინოსმა, კაცმა მხნემ და მებრძოლმა, რომელიც მისმა (კონსტანტინე VIII-ის - ზ.პ.) ძმამ (ე.ი. ბასილი II-მ - ზ.პ.) ვასპურაკანის გვარის გამგებლად დანიშნა, დიდი საგმირო საქმენი მოიმოქმედა სპარსელთა კარზე და სახელი გაითქვა მთელ აღმოსავლეთში. მან მეფის სიკვდილის ჟამს ბოროტება განიზრახა, გიორგის დაუკავშირდა აღმოსავლეთში გამეფებისათვის. ეს რომ კაპადოკიელთა ჯარმა შეიტყო, შეერთდნენ და მყისვე თავს დაესხნენ, დაწყვიტეს კარვის თოკები და ძირს დასცეს. შეიპყრეს იგი და მისი თანამზრახველნი დაატყვევეს ციხე-საპყრობილეში და (ამის შესახებ) აცნობეს მეფეს“.3
1. В. Розен. Император Василий Болгаробойца.., გვ. 1-5; Н. Скабаланович. Византийское государство и церковь.., გვ. 6-7.
2. Н. Скабаланович. Византийское государство и церковь.., გვ. 6-7.
3. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია.., გვ. 54.
როგორც ვხედავთ, კომნენოსის მთავარ მოკავშირედ არისტაკესს გამოჰყავს გიორგი I. მიუხედავად იმისა, რომ სხვა წყაროები (გიორგი კედრენე, იაჰია ანტიოქიელი) არაფერს გვეუბნება აჯანყებულებთან გიორგი მეფის კავშირის შესახებ, ამგვარი კავშირის არსებობა სავსებით დასაშვებია. ამ მხრივ ისტორიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ბიზანტიის ხელისუფლებამ უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა ბაგრატ უფლისწულის სამშობლოში დაბრუნება და სასწრაფოდ მდევარი დაადევნა მას. როგორც ცნობილია, ქართველი უფლისწული 1022 წლის ზავის შემდეგ იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში. 1025 წელს მას მძევლობის ვადა გაუთავდა „და წელსა მესამესა გამოგზავნა (ბასილი II-მ - ზ.პ.) ვითარცა აღუთქუა“.1 როგორც „მატიანე ქართლისაის“, ისე სუმბატ დავითის ძის ქრონიკიდანაც ჩანს, რომ ბაგრატ უფლისწულის კონსტანტინოპოლიდან გამომგზავრება ჯერ კიდევ ბასილი კეისრის სიცოცხლეში მომხდარა - „გარდახდეს რა სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქით კონსტანტინეპოლით ბაგრატ ძე გიორგისი“.2
ასევეა ეს არისტაკეს ლასტივერტეცის თხზულებაშიც: „სამი წლის (შემდეგ) მან (ბასილი II-მ - ზ.პ.) დიდი ძღვენით გაგზავნა აფხაზის შვილი, თვითონ კი იგი სასიკვდილო სენმა შეიპყრო“.3 ე.ი. ბასილი კეისარს უშუალოდ სიკვდილის წინ გამოუგზავნია სამშობლოში საქართველოს მეფის ძე. ამავე ხანებში იფეთქა შეთქმულებამ მაკედონელთა წინააღმდეგ. ეტყობა აჯანყებულები მიისწრაფოდნენ სასიკვდილოდ განწირული ბასილი II-ის შემდეგ არ დაეშვათ მისი ძმის - კონსტანტინეს გამეფება, მაგრამ ისინი გაუბედავად მოქმედებდნენ და დამარცხდნენ.4 ახლად გამეფებულმა კონსტანტინემ ბაგრატ უფლისწულს მდევარი დაადევნა „რაჟამს მოიწია მამულსა და სამეფოსა თვისსა, - წერს „მატიანე ქართლისაის“ ავტორი, - მოჰყვა თანა კატაბანი აღმოსავლეთისა ვიდრე საზღვართამდე მამულისა მისისა. და ვითარ შეიქცა გარე, მოეწია სწრაფით მანდატური და მოართუა კატაბანსა წიგნი კონსტანტინე მეფისა, რომელსა წერილ იყო ესრე სახედ, ვითარმედ: „განგებითა ღმრთისათა მიიცვალა სანატრელი ძმა ჩემი, ბასილი მეფე და ნაცვლად მისსა ვიქმენ მე მეფედ ყოველსა საბერძნეთსა. აწ უკუე, სადაცა მიწევნულ იყოს განსაგებელსა ჩემსა ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ხელმწიფისა, შეაქციეთ სწრაფითა დიდითა, რომელ მოიწიოს წინაშე ჩუენსა“.5 მკვლევრები სავსებით სამართლიანად ხსნიან ბიზანტიის იმპერატორის ამ ნაბიჯს იმით, რომ, ამ დროისათვის, მისთვის ცნობილი გახდა გიორგი I-ის მონაწილეობა აჯანყებაში.6 ბიზანტიელმა მოხელემ ვერ შეძლო თავისი იმპერატორის დავალების შესრულება, რადგან „ვერ ეწია მას, რამეთუ თვისსა მამულსა შემოსრულ იყო იგი და განძლიერებული ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერღარა ეძლო კატაბანსა მას, არამედ გარე-უკუნ-იქცა და წარვიდა“.7
1. მატიანე ქართლისა, გვ. 289.
2. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება.., გვ. 385.
3. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული თარგმანი.., გვ. 53 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
4. Н. Скабаланович. Византийское государство и церковь.., გვ. 6-7.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 289; იხ. აგრეთვე: სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.., გვ. 385.
6. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 125; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება.., გვ. 179.
7. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება.., გვ. 385.
ამრიგად, ეჭვს არ უნდა იწვევდეს აზრი იმის შესახებ, რომ 1025 წელს გიორგი მეფემ კიდევ ერთხელ მოინდომა კონსტანტინოპოლის „მფარველობიდან“ გამოსვლა. საქართველოს მეფის ეს ცდაც, როგორც ვნახეთ, უშედეგოდ დამთავრდა. მაგრამ გიორგი I-ს, როგორც ჩანს, არც ამის შემდეგ შეუწყვეტია ბრძოლა თავისი მიზნის მისაღწევად. ვფიქრობთ, სიცოცხლის ბოლო წლებში მან განახორციელა კიდევ ერთი ენერგიული ცდა ანტიბიზანტიური ფრონტის შესაქმნელად და ამ მიზნით დაიწყო მოკავშირეების ძებნა. ამჯერად, შესაძლებელია, გიორგი I-მა ყურადღება შეაჩერა ძლიერ ჩრდილოელ მეზობელზე - ოვსებზე, რომლებთანაც საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ხნის ახლო კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენი ეს მოსაზრება მთლიანად აგებულია „მატიანე ქართლისაის“ ერთი ცნობის ინტერპრეტაციაზე, რომელსაც, ერთი შეხედვით, არაფერი აქვს საერთო გიორგი I-ის ბიზანტიურ პოლიტიკასთან.
აღნიშნული ქრონიკის იმ ნაწილში, სადაც მემატიანე იწყებს თხრობას ბაგრატ IV-ის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების განმტკიცებაზე, მოტანილია მეტად უცნაური შინაარსის ცნობა: „და ამისსა შემდგომად სხუაცა ძე დარჩა (გიორგი მეფესა) ანაკოფიას შინა, ოვსთა მეფისა ასულსა მეორესა ცოლსა თანა. და აზნაურთაგან იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი, და ყრმა მცირე იყო, სახელით დემეტრე. ვერცა გაამეფეს, თუცა ვის გულსა ედვა, და ვერცაღა გამოიდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან, არცაღა თავადთა დიდებულთა ამის სამეფოსათა. და ვერღარა დაიდგნა და წარვიდა სამეფოსა მისგან, და მიმართა ბერძენთა მეფესა, და წარუტანა თანა ანაკოფია. და მიერითგან წარუხდა აფხაზთა მეფესა მოაქაჟამადმდე“.1
როგორც ამ ცნობიდან ირკვევა, ბაგრატ IV-ის მამას - გიორგი I-ს დედოფალ მარიამის გვერდით ჰყოლია მეორე ცოლი, ოვსთა მეფის ასული. ეს ფაქტი ცნობილია ბიზანტიელი ავტორებისათვისაც, რომლებმაც შემოგვინახეს ოვსთა მეფის ასულის სახელი - ალდა (გიორგი კედრენე),2 ისტორიოგრაფიაში ჯერჯერობით არავის უცდია ამ მეტად უცნაური ცნობის ახსნა. უკანასკნელ ხანებამდე არ იყო ეს ფაქტი გაშუქებული საქართველო-ოვსეთის ურთიერთობების ასპექტშიც.3 რასაკვირველია, ძნელია გადაჭრით რაიმეს მტკიცება, მაგრამ შესაბამის მასალებზე დაკვირვება იძლევა გარკვეული მოსაზრების წამოყენების საშუალებას ამ საკითხთან დაკავშირებით. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ დემეტრე უფლისწულის დედა იყო საქართველოს მეფის უკანონო ცოლი. ალდას, როგორც ოვსთა მეფის ასულს, ყველა პირობა გააჩნდა გამხდარიყო არა მარტო გიორგი I-ის თანამეცხედრე, არამედ საქართველოს დედოფალიც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ XIს. პირველ ნახევარში ოვსეთის სამეფო ჯერ კიდევ რჩებოდა ძლიერ პოლიტიკურ ერთეულად და მისი მეფენი სარგებლობდნენ მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტით,4 ამგვარი ვერსია საერთოდ წარმოუდგენელი ჩანს. ცნობილია აგრეთვე, რომ XI-XII საუკუნეებში ოვსეთის სამეფო სახლის წარმომადგენელნი (ბორენა, ბურდუხან) არაერთხელ გამხდარან საქართველოს დედოფლები. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ წყარო უფლისწულ დემეტრეს დედას იხსენიებს სწორედ გიორგი მეფის ცოლად. ეს მაშინ, როდესაც მემატიანე, როგორც სამეფო კარის ოფიციალური ისტორიოგრაფი ალბათ ხელიდან არ გაუშვებდა ამისთანა მომენტს ბაგრატ IV-ის ნახევარძმის - დემეტრეს პრეტენზიების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად. ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ „მატიანის„ ავტორი სხვა ადგილას გიორგი I-ის სხვა შვილებს შორის იხსენიებს დემეტრესაც: „ესხნეს შვილნი ოთხნი: ბაგრატ და დემეტრე, და ასულნი გურანდუხტ და კატა; მეხუთე შვილი მათი მართა მიცვალებულ იყო“.5
1. მატიანე ქართლისა, გვ. 295.
2. გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. - გეორგიკა.., V.., გვ. 5.
3. ამ კუთხით წყაროს ცნობა განხილულია ჩვენს საკანდიდატო დისერტაციაში. იხ.: З. В. Папаскири. Грузия и Восточная Европа в XIXII вв. Автореферат дисс. на соиск. уч. степ. канд. ист. наук. М., 1978, გვ. 12; იხ. აგრეთვე: З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических.., გვ. 49-51.
4. ამის შესახებ იხ.: В. А. Кузнецов. Алания в X-XIII вв. Орджоникидзе, 1971. История Северо-Осетинской АССР. М. 1959, ზ. ანჩაბაძე, თ. ბოცვაძე, გ. თოგოშვილი, მ. ცინცაძე. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვ. I. თბ., 1969.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 291, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
მაინც როგორ შეიძლება აიხსნას ეს მეტად საინტერესო ცნობა. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში საქმე უნდა გვქონდეს ანალოგიასთან დაახლოებით იმასთან, რაც თავის დროზე განახორციელა დავით აღმაშენებელმა. როგორც ცნობილია, ისტორიოგრაფიაში არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება (ივ. ჯავახიშვილი, ზ. ავალიშვილი, შ. ბადრიძე)1 იმის შესახებ, რომ „ყივჩაღთა უმთავრესის“ ასული, ქართული მატიანის გურანდუხტი, არ უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლის ერთადერთი მეუღლე, რომ საქართველოს მეფეს ყივჩაყ ასულზე დაქორწინებამდე ჰყოლია სხვა ცოლი, რომელიც მათეოს ურჰაეცის ცნობით „სომხის ქალი“ ყოფილა.2 მკვლევრები (ივ. ჯავახიშვილი), მათე ურჰაელის ზემოთ მოტანილი ცნობის გარდა, იშველიებენ ქართული წყაროების („გალობანი სინანულისანი“, „ცხოვრება მეფეთა-მეფე დავითისა“),3 აგრეთვე ერთი ევროპული ცნობის (ზ. ავალიშვილი, შ. მესხია, შ. ბადრიძე)4 ზოგიერთ მონაცემებს და ასკვნიან, რომ დავით აღმაშენებლის ოჯახურ ცხოვრებაში ადგილი ჰქონოდა კონფლიქტს. ფიქრობენ, რომ დავითი გაეყარა პირველ ცოლს (დემეტრე უფლისწულის დედას) და მხოლოდ ამის შემდეგ დაქორწინდა ათრაქა შარაღანისძის ასულზე.5 ეს ქორწინება მიჩნეულია ყივჩაღთა მმართველ წრეებთან პოლიტიკური კავშირის დამყარების საშუალებად.6 ამ პოლიტიკური აქტის მსხვერპლი კი შეიქნა დავით მეფის პირველი ცოლი, „რომელმაც მოლოზნობა მიიღო“.7
დაახლოებით ამგვარ ფაქტს უნდა ჰქონოდა ადგილი გიორგი I-ის ხანაშიც. საქართველოს მეფეს ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ წარმატებით ომის საწარმოებლად შეეძლო ეძებნა გზები ოვსთა ძლიერი მეფის გადმოსაბირებლად. ამ მიზნით კი შესაძლებელია მან (ისევე როგორც დავით აღმაშენებელმა თავის დროზე ყივჩაღებთან) დააპირა დინასტიური ქორწინების მეშვეობით ახლო ურთიერთობა დაემყარებინა ოვსთა სამეფო სახლთან. მაგრამ თავისი უძლეველი შვილთაშვილისაგან განსხვავებით, ეტყობა, გიორგი I-მა ვერ შეძლო განქორწინება დედოფალ მარიამთან, რომელსაც გარკვეული ავტორიტეტი ჰქონდა მმართველ წრეებში. გიორგი I-მა, ალბათ, ვერ მიაღწია იმას, რომ ოვსთა მეფის ასული ოფიციალურად ეცნოთ მის მეუღლედ. ფაქტია, რომ მეფემ ვერ შეძლო ალდას გადედოფლება. ძნელი სათქმელია ისიც, მოასწრო თუ არა გიორგი I-მა ოვსეთითგან რაიმე დახმარების მიღება. წყაროები ამის შესახებ სდუმან. საფიქრებელია, რომ გიორგი მეფეს არ დასცალდა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა - ექცია ოვსთა მეფე თავის მოკავშირედ. შესაძლებელია, ახალგაზრდა მეფის უმიზეზო სიკვდილის რამდენადმე კავშირი ჰქონდეს მისი ამ პოლიტიკის განხორციელებასთან. ჩვენს ამ მოსაზრებას შეიძლება ახსნა მოვუძებნოთ იმ მოვლენებში, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში გიორგი I-ის სიცოცხლის ბოლო წლებში და განსაკუთრებით მისი სიკვდილის შემდეგ.
1. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორი, წ. II, გვ. 219-220. ზ. ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან, (4 ისტორიული ნარკვევი). პარიზი, 1929, გვ. 25-29; შ. ბადრიძე. საქართველო და ჯვაროსნები. თბ., 1973, გვ. 15-18; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და დასავლეთ ევროპასთან.., გვ. 124-125.
2. ლ. დავლიანიძე. მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ. - საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ., 1966, გვ. 249; Р. М. Бартикян. Хронография Матфея Эдесского о Грузии и грузинах. - ბიზანტინოლოგიური ეტიუდები. თბ., 1978, გვ. 145.
3. დავით აღმაშენებელი თავის ისტორიულ-ლიტერატურულ ნაწარმოებში „გალობანი სინანულისანი“ აღნიშნავს: „მებრძოლ ვექმენ წესთა სულისა შენისათა და ქორწილთა-მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა და სახეთა მათ მარტოთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი, ვითარცა იგი მეფეთა მისთა ისრაელი“ (ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. თბ., 1978, გვ. 530). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში კი ლაპარაკია რაღაც ცოდვაზე, რომელიც ჩაუდენია მეფეს ახალგაზრდობაში (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი. - ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I. თბ., 1955, გვ. 352) და აგრეთვე ხაზგასმითაა აღნიშნული რომ გურანდუხტი იყო საქართველოს მეფის „სჯულიერი მეუღლე“ (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი.., გვ. 336).
4. მხედველობაში გვაქვს ფრანგი მღვდლის ანსელუსის ცნობა იერუსალიმში (1008-1009 წწ.) „საქართველოს მეფის დავითის ქვრივის“ ყოფნის შესახებ. დაწვრილ. იხ.: ზ. ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან, გვ. 26-29; შ. მესხია. ძლევაი საკვირველი.., გვ. 66-67; შ. ბადრიძე. საქართველო და ჯვაროსნები, გვ. 15-18; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და დასავლეთ ევროპასთან, გვ. 124-125; З. В. Папаскири. К вопросу о международной роли Грузии в XI – первой половины XII в. – Проблемы истории СССР, вып. V. М., 1976, გვ. 27.
5. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორი, ტ. II, გვ. 219-220. ზ. ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან, გვ. 26.
6. ზ. ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან, გვ. 26.
7. ზ. ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან, გვ. 26.
როგორც უკვე დავინახეთ, გიორგი I-ის ცდები, თავი დაეღწია კონსტანტინოპოლის „მფარველობისაგან„ და დაებრუნებინა იმიერტაოს ქართული მიწები, უშედეგოდ დამთავრდა. ამ საგარეო-პოლიტიკურ მარცხს არ შეიძლება არ გამოეწვია პოლიტიკური კრიზისი ქვეყანის შიგნით. ჩვენ უკვე შევნიშნეთ, რომ საქართველოს მმართველ წრეებში მაინც და მაინც არც მანამდე უნდა ჰქონოდა ადგილი ერთსულოვნებას ბიზანტიასთან ურთიერთობის მოგვარების გზების საკითხზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ 1021-1022 წლების ომში დამარცხების შემდეგ გიორგი I-ის აქტიურ ანტიბიზანტიურ კურსს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდებოდა და იმათი აქციები „რომელთა არა უნდა ყოფად მშვიდობისა“ რამდენადმე დაეცემოდა. ქვეყანაში რომ ნამდვილად არსებობდა ორი დაჯგუფება და რომ მათ შორის მიმდინარეობდა შეურიგებელი ბრძოლა, ნათლად გამომჟღავნდა გიორგი I-ის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ფაქტობრივად ატყდა ნამდვილი შინაომი, რომელშიც ჩაერთო ბიზანტია.
„მასვე ჟამსა. - წერს „მატიანე ქართლისაის“ ავტორი, - წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა“.1 ამ დიდებულთა ვიზიტს კი მოჰყვა კონსტანტინე კეისრის მიერ პარკიმანოზის გამოგზავნა საქართველოში „ლაშქრითა ურიცხ¢თა“ და იმ მხარეების აოხრება, რომლებიც თავის დროზე „ბასილი მეფესა მოეოხრნეს“.2 სუმბატ დავითის ძეც აღნიშნავს, რომ „უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა... განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კონსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელი შემოდგომად მისსა მეფე იყო“.3 მალე მათ მიბაძეს სხვა აზნაურებსაც, რომელთა შორის იყვნენ: ჩანჩახი ფალელი და არჯევან ჰოლოლას ძე.4
აშკარაა, რომ აქ დასახელებული აზნაურები გაურბიან საქართველოს მეფის ხელისუფლებას და შველას ბიზანტიის იმპერიაში ეძებენ. მაგრამ ქვეყანაში არის მეორე ბანაკიც, რომელიც აქტიურად იბრძვის ბიზანტიელთა წინააღმდეგ. ესენი არიან ლიპერიტ ლიპარიტის ძე - კლდეკარის ერისთავი, რომელმაც „შემოკრიბნა სხუანიცა აზნაურნი“ და უკუაქცია პარკიმანოზი; საბა მტბევარი ეპისკოპოსი, ეზრა ანჩელი და სხვები, რომლებმაც ასევე მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს შემოსულ მტერს.5 მოგვითხრობს რა ამ ამბების შესახებ, „მატიანე ქართლისაის“ ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „მათ ჟამთა ქუეყანათა ამათ შინა იქმნნეს ბრძოლანი და შუღლნი და მიდა-მონი მრავალნი„.6
1. მატიანე ქართლისა, გვ. 291.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 291-292.
3. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.., გვ. 385, ხაზგასმა ჩევნია - ზ.პ.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 292. ქართული წყაროების ამ მონაცემებს ამ ცნობას
რამდენადმე ავსებს არისტაკეს ლასტივერტცი, რომელიც აღნიშნავს, რომ ტაოელ აზნაურთა ბიზანტიაში წასვლა საჭურის ნიკიტას ქადაგების შედეგი იყო: „მეორე წლის დამდეგს (1027 წ. - ზ.პ.) მეფემ (კონსტანტინე VIII-მ - ზ.პ.) აღმოსავლეთ მხარეში გაგზავნა ზედამხედველად ერთი საჭურისი ნიკიტი, რომელიც მოვიდა ქართველთა გავარში და მაცდური სიტყვებით ქვეყნის ბევრი აზნაური გამოიყვანა სამშობლოდან და მეფის კარზე (ე.ი. კონსტანტინოპოლში - ზ.პ.) გაგზავნა. ეს რომ მეფემ იხილა, განიხარა, პატივი სცა მათ დიდი ძღვენითა და ხელისუფლების ჩინით. უბოძა მათ ღირსებისამებრ სოფლები და დაბები ხელწერილითა და ბეჭდით სამარადისო სამემკვიდრეოდ“. იხ.: არისტაკეს ლასტივერტცი. ისტორია. ქართული თარგმანი.., გვ. 54-55, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 292.
6. მატიანე ქართლისა, გვ. 293.
ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამ მოვლენებს, კერძოდ კი საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგე აზნაურთა საბერძნეთში წასვლას და მათ ბრძოლას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თავისი სოციალურ-კლასობრივი მიზეზები ჰქონდა. ეს მიზეზები გამორკვეულია ქართულ ისტორიოგრაფიაში1 და, ამდენად, ამაზე აქ ყურადღებას არ შევაჩერებთ, აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ მხარეთა დაპირისპირების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო უშუალოდ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის საკითხიც. მებრძოლი მხარეები შეიძლება პირობითად დავყოთ ანტიბიზანტიურ (ე.ი. გიორგი I-ის პოლიტიკური კურსის ერთგულთა) და პრობიზანტიურ (გიორგი I-ის მოწინააღმდეგეთა) ბანაკებად.2
დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, თუ რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ პრობიზანტიური ორიენტაციის მიმდევრებს. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი (ისინი მაინც, რომლებმაც თავიანთი ციხეები ნებაყოფლობით გადასცეს ბიზანტიის ხელისუფლებას), საერთოდ, ქვეყნის ბიზანტიის იმპერიასთან შეერთებისათვის იბრძოდა,3 მაგრამ უფრო მოსალოდნელია, ოპოზიციას საქართველო „დაწყნარებულ“, თუმცა ბიზანტიის „ერთგულ“ და „მორჩილ“ სახელმწიფოდ ესახებოდა. ჩვენი აზრით, არც ბიზანტიის მხარე აყენებდა დღის წესრიგში საქართველოს ოკუპაციას და იმპერიასთან მის შეერთებას, როგორც ეს გააკეთა კონსტანტინოპოლმა 1001 წელს დავით კურაპალატის სამფლობელოების მიმართ, მოგვიანებით კი (1022 და 1045 წლებში) ვასპურაკანისა და ანისის სომხური სამეფოების მიმართაც.
ბიზანტიის მმართველი წრეები, ამ შემთხვევაში, უფრო ცდილობდნენ მათთვის სასურველი პოლიტიკური რეჟიმის დამყარებას საქართველოში. ეტყობა ამ მიზნით გამოგზავნეს მათ ჯარით დემეტრე კლარჯი - სუმბატ ბაგრატიონის ძე, რომელიც თავის დროზე გაექცა ბაგრატ III-ის რეპრესიებს ტაო-კლარჯეთში XI ს. 10-იანი წლების დამდეგს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ძირითადად ტაოელი აზნაურები გამოდიან. სწორედ აქა აქვს ღრმად გამჯდარი ფესვები პრობიზანტიურ ორიენტაციას. მიუხედავად ამისა, ძნელი სათქმელია, იყვნენ თუ არა ტაოელი აზნაურები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის გამწვავების ინიციატორები ბაგრატ IV მეფობის პირველ წლებში.
1. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 137-148.
2. აკად. ნ. ბერძენიშვილი, თავის დროზე, საქართველო-ბიზანტიის 1021-1022 წლების ომის შესახებ „მატიანე ქართლისაის“ მასალებზე მსჯელობისას ასევე მისულა დასკვნამდე, რომ საქართველოში იმ დროს აშკარად არსებულა ძლიერი დასი, რომელსაც ბასილისთან გიორგის ბრძოლა არ მოსწონდა, ბასილის მოთხოვნილებანი სამართლიანად მიაჩნდა. მეცნიერის აზრით, „ესენი შეიძლება სწორედ ის დიდგვაროვნები იყვნენ, რომელთაც გიორგის შვილი ბაგრატ IV დატოვეს და მთელი ქვეყნები ბასილის და შემდეგ მის ძმას კონსტანტინეს წარუღეს“. ამასთან, ნ. ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ მათ გვერდით ომის მომხრენიც ყოფილან (იხ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. IX. თბ., 1979, გვ. 75.
3. ამასთან დაკავშირებით, სავსებით სწორად შენიშნავდა აკად. ნ. ბერძენიშვილი, რომ ამ დროს ეროვნული მთლიანობის იდეა ფეოდალური წრეებისათვის ჯერ კიდევ არ იყო დომინანტი, რომ მათთვის „აფხაზთა“ მეფე იმავე ფასისა იყო, როგორისაც ბერძენთა მეფე და ამა თუ იმ მხარის არჩევა, ხშირ შემთხვევაში განისაზღვრებოდა არა „ეროვნული“ მოსაზრებით, არამედ კონკრეტული სარგებლიანობით (იხ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IX, გვ. 78).
თუ ქართულ წყაროებსა და არისტაკეს ლასტივერტცის ზემოთ მოტანილ მასალებს დავეყრდნობით, მაშინ საქართველო-ბიზანტიის ახალი კონფლიქტის დაწყება ამ აზნაურთა ბიზანტიაში წასვლას უნდა დავუკავშიროთ. მაგრამ არის იაჰია ანტიოქიელის ცნობა, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად საქართველოს სამეფო კარს მიუჩნევია, „რომ უკვე დადგა ხელსაყრელი დრო იმ ციხე-სიმაგრების დასაბრუნებლად, რომლებიც მამამისმა (ე.ი. გიორგი I-მა - ზ.პ.) ბასილი მეფეს დაუთმო“ და ურჩევია ახლადგამეფებული ბაგრატისათვის შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა ამ მი მართულებით.1 ვფიქრობთ, რომ იაჰია ანტიოქიელი უფრო ახლოს უნდა იყოს სიმართლესთან. ასე იყო თუ ისე, საქართველოში მდგომარეობა ძლიერ გამწვავებულა: „ღელვად ატეხილად იგუემებოდა აღმოსავლეთი“ - წერს სუმბატ დავითის ძე.2 მაგრამ ბერძნებმა ვერ შესძლეს „საქმის სისრულეში მოყვანა“.3 გარდაიცვალა კონსტანტინე კეისარი და ახლადგამეფებულმა რომანოზ არგვიროსმა როგორც ჩანს, არ განაახლა საომარი ოპერაციები საქართველოში.
რა როლს ასრულებდა ამ ამბებში საქართველოს დედოფალი მარიამი? სამწუხაროდ, წყაროები, პრაქტიკულად, არ გვაძლევენ არავითარ ინფორმაციას მისი მოღვაწეობის შესახებ ამ პერიოდში. ერთადერთი ცნობა, რომელშიც მასზეა ლაპარაკი, მოჰყავს იაჰია ანტიოქიელს: „კონსტანტინეს მეფობაში, - წერს ის, - გარდაიცვალა მამამისი (ბაგრატ IV-ის - ზ.პ.) გიორგი და ტახტზე დაჯდა ვაჟი მისი ბაგრატი. ის მაშინ სრულიად ახალგაზრდა, არასრულწლოვანი იყო და მის საქმეებს განაგებდა დედამისი, ასული სინაჰარიბისა (სენექერიმისი - ზ.პ.) დაუთმო. თავისი მეფობის მესამე წელს მეფე კონსტანტინემ „აფხაზეთში“ გაგზავნა თავისი მსახური ნიკოლა ბარაქიმამნუსი ჯარით. მან გაანადგურა და გადაწვა იგი. გაწყვიტა და დაატყვევა მრავალი, სხვებმა თავი შეაფარეს მიუვალ მთებსა და გამაგრებულ ადგილებს, სადაც ჯარმა ვერ შეაღწია. მას ეახლა მათი ბევრი ბელადი. სინაჰარიბის ქალიშვილი და მისი ვაჟი ბაგრატი იმის პატიებას ითხოვდნენ, რაც მოხდა და აღუთქვამდნენ, რომ იქნებოდნენ მეფე კონსტანტინეს სრული მორჩილნი, გულწრფელნი, ერთგულნი და მისი ნების შემსრულებელნი, რომ ამიერიდან არავინ მათგანი არ იმოქმედებდა მის წინააღმდეგ და გათავდა მათ შორის საქმე ურთიერთ სიამოვნებით და ნიკოლა ბარაქიმამნუსი უკან გაბრუნდა“.4
როგორც ამ ცნობიდან ჩანს, ბაგრატის მცირეწლოვნების ჟამს ქვეყნის საქმეებს განაგებდა მარიამ დედოფალი. ის უდავოდ ასრულებს რეგენტის ფუნქციებს. იაჰია ამ ცნობას ესადაგება ქართველ მემატიანეთა მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც მარიამ დედოფალი არეგულირებს ურთიერთობას ბიზანტიასთან, თუმცა ეს ხდება არა კონსტანტინეს დროს, არამედ რომანოზ არგვიროსის იმპერატორობის მესამე წელს, ე.ი. დაახლოებით 1030-1031 წწ.5 „შემდგომად ამისა წელსა მესამესა, - წერს „მატიანე ქართლისაის“ ავტორი, - წარვიდა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატისი, აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშვიდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათვის თვისისა... და მოყვანებისათვის ძის ცოლისა. და ვითარცა მიიწია საბერძნეთად წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მისცნა ფიცი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყვარულისათვის, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისთვის ელენე დედოფალი“.6 დაახლოებით ასევე აღგვიწერს ამ ფაქტს სუმბატ დავითის ძეც.7
1. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები.., გვ. 118. იაჰია ანტიოქიელის ცნობიდან არ ჩანს, თუ რატომ მიიჩნიეს საქართველოს სამეფო კარზე 1027-1028 წლები „ხელსაყრელ დროდ“. ვ. კოპალიანი ვარაუდობს, რომ ეს ალბათ, ბასილი II-ის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლში შექმნილი არეულობითა და ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებით იყო გამოწვეული. იხ.: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 133.
2. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება.., გვ. 386.
3. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული.., გვ. 55.
4. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის.., გვ. 118, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
5. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 139; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 177; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო.., გვ. 181.
6. მატიანე ქართლისა, გვ. 294.
7. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება.., გვ. 386.
თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქართული წყაროების ამ მასალებს, არ შეიძლება თვალში არ მოგვხვდეს ის გარემოება, რომ მარიამ დედოფალმა ბიზანტიასთან დაამყარა ისეთი ურთიერთობა, რომლის წინააღმდეგ მთელი სიცოცხლე იბრძოდა მისი მეუღლე გიორგი I. რასაკვირველია, შესაძლებელია, საქართველოს დედოფლის ეს ნაბიჯი იძულებითი ყოფილიყო, მაგრამ არაა გამორიცხული მარიამის ვიზიტი კონსტანტინოპოლში გარკვეული პრობიზანტიური წრეების პოლიტიკური კურსის რეალიზაცია იყო. იქნებ მარიამ დედოფალი, თავისი პოლიტიკური მრწამსით ახლოს იყო სწორედ იმ პრობიზანტიურ წრეებთან, რომლებიც იმპერიასთან „ერთობის„ მოსურნენი იყვნენ.
მარიამ დედოფლის ბიზანტოფილობას უნდა მოწმობდეს ის გარემოებაც, რომ, მოგვიანებით, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (XI ს. 30-იანი წლების დამდეგიდან, ვიდრე XI ს. 50-იანი წლების შუა ხანებამდე) წყაროები არც კი ახსენებენ მარიამ დედოფალს.1 ეს ის პერიოდია, როდესაც ბაგრატ IV გამუდმებით იბრძოდა ბიზანტიის „მფარველობიდან“ გამოსვლისათვის. მისი სახელი მხოლოდ მაშინ ამოტივტივდა, როდესაც მისი ვაჟი იძულებული შეიქნა მორჩილებით გამოცხადებულიყო ბიზანტიის იმპერატორის წინაშე.
მარიამის ბიზანტოფილობაზე უნდა მიუთითებდეს შემდეგი გარემოებაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1022 წელს ბასილი კეისარმა გააუქმა ვასპურაკანის სომხური სამეფო და მისი მეფე სენექერიმ არწრუნი - მარიამის მამა, ჩვეულებრივ ბიზანტიელ ფეოდალად აქცია. ცნობილია ისიც, რომ სენექერიმმა გარკვეული სამსახური გაუწია ბასილი კეისარს 1022 წელს, როცა დაეხმარა მას ნიკიფორე ფოკასა და ქსიფეს აჯანყების ჩახშობაში. მართალია, წყაროები არაფერს გვეუბნებიან ამის შესახებ, მაგრამ არაა გამორიცხული, კონსტანტინოპოლს ესარგებლა სენექერიმის ავტორიტეტით და მისი მეშვეობით გადმოებირებინა მისი ასული. ერთი სიტყვით, ჩვენ იმის თქმა გვინდა, რომ სავსებით დასაშვებია მარიამ დედოფალი არ ყოფილიყო თავისი თანამეცხედრის პოლიტიკური კურსის მომხრე. გიორგი მეფე, როგორც დავინახეთ, ატარებდა აშკარად გამოხატულ ანტიბიზანტიურ კურსს, მაშინ, როდესაც, მარიამ დედოფალი, მოექცა რა ხელისუფლების სათავეში, ძირფესვიანად ცვლის გიორგი I-ის პოლიტიკას და ყველაფერს აკეთებს კონსტანტინოპოლთან დაახლოებისათვის. ადვილი შესაძლებელია, რომ საქართველოს მეფესა და მის მეუღლეს შორის არსებული ამგვარი აზრთა სხვადასხვაობა გამხდარიყო მათი ოჯახური კონფლიქტის მიზეზი. ე.ი., ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ გიორგი I-ს არ აწყობდა პრობიზანტიურად განწყობილი დედოფლის ყოფნა ტახტზე და ამიტომ შესაძლებელია, გადაწყვიტა მისი გზიდან ჩამოცილება და ოვსთა მეფის ასულზე დაქორწინება.
ამ ქორწინებით საქართველოს მეფე იძენდა ძლიერ მოკავშირეს, რომლის გამოყენება შეიძლებოდა როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ოპოზიციის (რომელსაც, იქნებ, მარიამ დედოფალიც კი მეთაურობდა) დასათრგუნავად, ისე ბიზანტიასთან ანგარიშის გასასწორებლად. მაგრამ გიორგი მეფის ეს წამოწყება, ეტყობა, უშედეგოდ დასრულდა. დავით აღმაშენებლისაგან განსხვავებით, გიორგი I-ს არ გააჩნდა იმდენი ძალა, რომ მიეღწია ოვსთა მეფის ასულთან თავისი ქორწინების იურიდიულად გაფორმებისათვის. საფიქრებელია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოსი და მისი წრე წინ აღუდგებოდნენ მეფის ამგვარ განზრახვას, რადგან ისინი, როგორც მიგვაჩნია, საერთოდ ადგნენ პრობიზანტიურ ორიენტაციას.2
1. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს „მატიანე ქართლისაის„ ცნობა მარიამ დედოფლისათვის ანისის გადაცემის შესახებ (მატიანე ქართლისა, გვ. 299-300), მაგრამ აღნიშნული მასალა, ჩვენი აზრით (და ეს ნაჩვენები იქნება ქვემოთ), არა იმდენად თვით მარიამის პოლიტიკურ აქტიურობაზე მეტყველებს, რამდეგადაც ბაგრატ IV-ის მიერ მისი დედის სომხური წარმოშობის გამოყენებაზე ანისის საქართველოსათვის შემოერთების საქმეში.
2. ეს აზრი გამოთქმული იყო ჯერ კიდევ აკად. ნ. ბერძენიშვილის მიერ (ნ. ბერძენიშვილი. ქართული მიწების პოლიტიკური გაერთიანება. - საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI. თბ., 1973, გვ. 22). მაგრამ ვ. კოპალიანმა საეჭვოდ მიიჩნია ნ. ბერძენიშვილის ეს მოსაზრება და მიუთითა, რომ ქართული ეკლესიის მესვეურებისათვის არ უნდა ყოფილიყო კონსტანტინოპოლის უზენაესობა სასურველი. იხ.: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 148-158.
ჩვენს ამგვარ დასკვნას არ ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ ზოგიერთი საეკლესიო ფეოდალი (საბა მტბევარი, ეზრა ანჩელი და სხვ.) აშკარად გამოდიოდა გიორგი I-ის პოლიტიკის მომხრედ და იბრძოდა ბიზანტიელთა წინააღმდეგ. ვთვლით, რომ ეკლესიის მსახურთა უმეტესი ნაწილი, კათალიკოსის მეთაურობით, გამოდიოდა სამეფო კარის ცენტრალისტური ტენდენციების წინააღმდეგ და თავის ბრძოლაში ეყრდნობოდა იმპერიის ძალებს. ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იმსახურებს ერთი დოკუმენტი, რომლის ზოგიერთი ცნობა პირდაპირ უნდა მიგვითითებდეს კათალიკოსის პრობიზანტიურ ორიენტაციაზე. მხედველობაში გვაქვს კათალიკოს მელქისედეკის „დაწერილი“.1 ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია ძვირფასი ნივთები, ბიზანტიის იმპერატორების (ბასილი II-ის, კონსტანტინეს და რომანოზ არგვიროსის) მიერ კათალიკოს მელქისედეკისათვის ნაბოძები: „და დაუსუენე ხატი ოქროსა, რომელი მიბოძა კონსტანტი ბერძენთა მეფემან, და სამარტვილოსავე შიგან დაუსვენე ხატი ესე წმინდისა ღმრთის მშობლისა შემკობილი ოქროთა, თუალითა და მარგალიტითა, რომელი მიბოძა ბასილი ბერძენთა მეფემან“.2 აგრეთვე „...ბერძენთა მეფისა რომანოზის ნაბოძვარი შესამოსელი ოქროქსოილი... და მაზარა ოქროქსოილი“... და სხვა ნივთები, რომლებიც „ბერძენთა მეფემან ბასილი მიბოძა3 ... და მონასტერნი და სოფელნი, რომელ მე მომიგიან ამის წმინდისა დედაქალაქისათვის; ბერძენთა მეფემან ბასილი მიბოძა მონასტერი დიდი, რომლისა სახელი არს კესტორი, რომელსა სოფელი აქუს“.4
მელქისედეკის „დაწერილის“ ეს მასალები უფრო სრულად და დაზუსტებულად არის გადმოცემული „ქართლის ცხოვრების“ ზოგიერთ (თეიმურაზისეულ) ნუსხაში არსებულ ჩანართებში, რომლებშიც დაფიქსირებულია მელქისედეკის არაერთგზისი ვიზიტი ბიზანტიაში. „ქართლის ცხოვრების“ ამ ნუსხის რედაქტორს ეტყობა ხელთ ჰქონია იმის დამადასტურებელი მასალა, რომ მელქისედეკი წყალობის მისაღებად არაერთხელ სწვევია კონსტანტინოპოლს. „ხოლო ესე წმიდა“ მეფე წარვიდა ბერძენთა მეფესა ბასილისა წინაშე კონსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს. რამეთუ იყო დიდი ესე კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტიცხოველი რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა, დაძველებულ იყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოანი და ბჭენი დაქცეულ იყო, და აღარავინ იყო მწე აღშენებად და არცარა-ვის ძალედვა აღშენება მისი. და მივიდა და მიუთხრა ყოველი შეუძლებლობა ქართველთა და სათხოველი თვისი. მაშინ მეფემან ბასილი მოსცა მონასტერი კესტორია...“ და ა.შ.5 მოგვიანებით (დაახლ. 1025 წ.), ისევ წასულა „პატრიარქი მელქისედეკ კონსტანტინე მეფესა წინაშე კონსტანტინეპოლედ. შეიწყნარა მეფემან ბერძენთამან კონსტანტინე(მ) და მოსცა შესამკობელნი ეკლესიათა, ხატნი და ჯუარნი... და ა.შ.6 კონსტანტინე კეისრის გარდაცვალების შემდეგ კვლავ „წარვიდა კათალიკოზ-პატრიარქი მელქისედეკ წინაშე რომანოზ ბერ- ძენთა მეფისა კონსტანტინეპოლედ. შეიწყნარა და მოსცა შესამკობელნი...“ .7
1. ამ დოკუმენტის შესახებ დაწვრ. იხ.: ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა. - საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV. თბ., 1967, გვ. 217-279. დოკუმენტის ტექსტი: გვ. 280-286.
2. ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა.., გვ. 281.
3. ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა.., გვ. 282.
4. ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა.., გვ. 282-283.
5. ქართლის ცხოვრება.., ტ. I.., გვ. 282, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
6. ქართლის ცხოვრება.., ტ. I.., გვ. 290, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
7. ქართლის ცხოვრება.., ტ. I.., გვ. 294 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ). აღსანიშნავია, რომ საქართველოს კათალიკოსი ფიგურირებს ბიზანტიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისას იაჰია ანტიოქიელის ზემოთ მოტანილ ერთ-ერთ ცნობაშიც: „მათ (ბასილი კეისრის წარმომადგენლებმა - ზ.პ.) მტკიცე ფიცი დაადებინეს გიორგი აფხაზს, მისი ქვეყნის სასულიერო მეთაურს - კათალიკოსს...“ (ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის.., გვ. 117, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
მელქისედეკის „დაწერილიდან„ და „ქართლის ცხოვრებიდან„ აქ მოტანილი მასალები აშკარად მიგვანიშნებენ, რომ საქართველოს კათალიკოსს არცთუ ისე ცუდი ურთიერთობა ჰქონია კონსტანტინოპოლთან. ეს მაშინ, როცა გიორგი I-ის მთავრობა ბიზანტიის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლის კურსს ადგა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ კათალიკოსის ანდერძში საერთოდ არ არის ნახსენები გიორგი I, ბაგრატ III-ს კი კათალიკოსი დიდის პატივისცემით იხსენებს და მას თავის გამზრდელს უწოდებს.1 ანდერძიდან ჩანს, რომ ბაგრატ მეფეს რამდენიმეჯერ დაუსაჩუქრებია კათალიკოსი.2 როგორც ვხედავთ, ბაგრატ III (რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, თავს იკავებდა ანტიბიზანტიური პოლიტიკისაგან) და ბიზანტიის იმპერატორები ყოველმხრივ ცდილობდნენ ესიამოვნებინათ კათალიკოსისათვის და ეს დაფასებულიცაა მელქისედეკის მიერ; ხოლო გიორგი I მთლიანად იგნორირებულია ანდერძში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კათალიკოსად მელქისედეკის ყოფნის (1010-1035 წწ.)3 დროის უმეტესი მონაკვეთი გიორგი I-ის მეფობის ხანას ემთხვევა (1014-1027 წწ.), მაშინ ამ მეფის მოუხსენებლობა კათალიკოსის მიერ მით უფრო უცნაური ჩანს. თუ გიორგი I-მა რაიმე წყალობა გაიღო კათალიკოსის მისამართით, ამ უკანასკნელს ეს აუცილებლად უნდა აღენიშნა. ე.ი. გამოდის, რომ ბაგრატ III კურაპალატი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, კარგ დამოკიდებულებაში იყო ბიზანტიასთან, იმპერატორები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფოს დამორჩილებას, ასაჩუქრებდნენ მელქისედეკს, ხოლო გიორგი I, ბიზანტიის იმპერიის დაუძინებელი მტერი, არ აკეთებს ამას.
ყოველივე ეს, ჩვენის აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ მეფეს და კათალიკოსს არ ჰქონდათ ერთი აზრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე. მელქისედეკი პრობიზანტიური ორიენტაციის მომხრე და ამასთან ერთად დედოფალ მარიამის მოკავშირე უნდა იყოს. შესაძლებელია, რომ სწორედ კათალიკოსი და დედოფალი მეთაურობდნენ იმ დაჯგუფებას, რომელიც გამოდის გიორგი მეფის ანტიბიზანტიური კურსის წინააღმდეგ. ასეთ სიტუაციაში გიორგი I, ალბათ, ვერ შეძლებდა თავისი გეგმის - მარიამის ჩამოშორების და ალდას გადედოფლების - სისრულეში მოყვანას. ე.ი. ვერ შეძლებდა ბიზანტიის წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნას და მასში ოვსთა მეფის შეყვანას. სრულიად აშკარაა, რომ ოფიციალური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხის გადაჭრისას გადამწყვეტ როლს შეასრულებდა.
1. ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა.., გვ. 283.
2. ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა.., გვ. 282-283.
3. ს. კაკაბაძე. კიდევ სვეტიცხოვლის აშენების დათარიღების შესახებ. - საისტორიო კრებული, IV, 1929, შენიშვნა 114. აკად. ნ. ბერძენიშვილის აზრით, 1033 წ. მელქისედეკი უკვე არ იყო კათალიკოსი (იხ.: ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი.., გვ. 244).
ამრიგად, მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩვენ მიერ ჩატარებული დაკვირვებები, შეიძლება ითქვას შემდეგ: „მატიანე ქართლისაის“ ცნობაში გიორგი I-ის მეორე ცოლის - ოვსთა მეფის ასულ ალდას შესახებ ასახულია რეალური ფაქტი, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. აღნიშნულ ცნობაში უნდა დავინახოთ საქართველოს მეფის ცდა დინასტიური ქორწინების საშუალებით დაახლოვებოდა ოვსთა სამეფო სახლს და გამოეყენებინა ოვსთა სამხედრო ძალა ბიზანტიელთა წინააღმდეგ. ამ მიზნით გიორგი I შეეცადა განეხორციელებინა დაახლოებით ის, რაც მოგვიანებით (XII ს. დამდეგს) გააკეთა დავით აღმაშენებელმა - კერძოდ, ჩამოეცილებინა მარიამ დედოფალი და ჯვარი დაეწერა ოვსთა მეფის ასულზე. გიორგი მეფის ეს ჩანაფიქრი მიმართული იყო როგორც ძლიერი ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნისაკენ, ისე იმ ძალების დათრგუნვისაკენ, რომლებიც გამოდიოდნენ იმპერიის მიმართ აქტიური პოლიტიკის გატარების წინააღმდეგ. უდროო სიკვდილმა არ მისცა საშუალება გიორგი I-ს ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე - ექცია ოვსთა მეფე თავის მოკავშირედ. ის მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა როგორც დედოფლის მხრიდან, ისე ოფიციალური ეკლესიის მხრიდანაც.
მარიამ დედოფალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა. ის არის გიორგი მეფის პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგეთა ლიდერი; საფიქრებელია, რომ ის ქმრის სიცოცხლეშიაც გამოდიოდა მისი ანტიბიზანტიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს შეიძლება ყოფილიყო მეფესა და დედოფალს შორის ოჯახური კონფლიქტის სავარაუდო მიზეზი. ოფიციალური ეკლესია და მისი მეთაური კათალიკოსი მელქისედეკი მარიამის მოკავშირეა. კათალიკოსი, ისევე როგორც დედოფალი მარიამი, პრობიზანტიური ორიენტაციის მოღვაწეა. დედოფალ მარიამის ვიზიტი კონსტანტინოპოლში და მის მიერ ბიზანტიასთან ერთობის აღიარება გიორგი I-ის პოლიტიკური კრედოს მარცხია.1
1. ამის შესახებ იხ. აგრეთვე: ზ. პაპასქირი. „მატიანე ქართლისას“ ერთი ცნობის გაგების საკითხისათვის. - პროფესორ-მასწავლებელთა საინსტიტუტთა შორისო სამეცნიერო სესია. მასალები. თბ., 1979, გვ. 24-25; ზ. პაპასქირი. „მატიანე ქართლისას“ ერთი ცნობის გაგების საკითხისათვის. - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, I. თბ., 1983, გვ. 136-144; З. В. Папаскири. О некоторых вопросах Грузинского царства в I трети XI века. – Сборник работ молодых ученых и специалистов Абхазии. Сухуми, 1980, გვ. 64-74.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ სულ სხვანაირად უნდა შევხედოთ 1030-1031 წლების ზავს ბიზანტიასთან. კონსტანტინოპოლის შეთანხმება არ უნდა მივიჩნიოთ საქართველოს დიპლომატიის გარკვეულ წარმატებად, როგორც ამას ფიქრობდა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ვ. გაბაშვილი.1 საქართველო-ბიზანტიის 1030-1031 წლების ზავის დადება უფრო პრობიზანტიური ძალების გამარჯვებას მოასწავებდა, ვიდრე საქართველოს სამეფო კარის დიპლომატიურ წარმატებას საერთოდ.
რასაკვირველია, ძნელი სათქმელია, რამდენად იყო შესაძლებელი და მიზანშეწონილი ამ ეტაპზე გიორგი I-ის ანტიბიზანტიური კურსის გაგრძელება,2 მაგრამ, ერთი რამ ცხადია, სამეფო კარზე უდავოდ ყველა არ იყო მომხრე ბიზანტიასთან მორიგებისა. ამიტომ იყო, რომ ეს ზავიც უდღეური გამოდგა. სულ მალე გარდაიცვალა დედოფალი ელენე, რის შემდეგ კარდინალურად შეიცვალა ურთიერთობა ბიზანტიასთან. ბაგრატ IV-მ, როგორც ჩანს, ოვსთა მეფის ასულ ბორენაზე დაქორწინებით („შეირთო ცოლად ბაგრატ მეფემან ბორენა დედოფალი, ოვსთა მეფისა ასული და დორღოლელისი“) 3 შეკრა სამხედრო პოლიტიკური კავშირი ოვსეთს სამეფოსთან და კვლავ განაახლა ბიზანტიის საწინააღმდეგო მოქმედებები.
მართალია, ქართული წყაროები არაფერს გვამცნობენ ბაგრატ IV-ის ანტიბიზანტიური აქციების შესახებ ამ დროს, მაგრამ ამის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის ბიზანტიელი ისტორიკოსი იოანე ზონარა, რომელიც წერს: „ხოლო აბაზგიის მთავარმა ბაგრატმა, რომელიც მეფე რომანოზის მოკეთე და ნათესავი იყო, რომაელებთან დადებული ზავი დაარღვია, რომაელებმა ციხეები და ქალაქები კვლავ სწრაფად დაიბრუნეს უკან“.4 ნიშანდობლივია შემდეგი გარემოება, ბაგრატ IV-ის ანტიბიზანტიური საქმიანობის დაწყებას წინ უძღვის ოვსთა სამეფო კართან დაახლოება. ეს კიდევ უფრო სარწმუნოს და დასაჯერებელს ხდის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გიორგი I-საც, თავის დროზე, სწორედ ბიზანტიასთან ბრძოლის გაგრძელების საჭიროებამ გადადგმევინა ნაბიჯი ოვსთა მეფესთან დანათესავებისაკენ.
1. ვ. გაბაშვილი. საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის.., გვ. 69.
2. მ. ლორთქიფანიძის აზრით, ამ ეტაპზე ბიზანტიასთან ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავდა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სამხრეთ ტაოზე საბოლოოდ უარის თქმას, „მაგრამ ჯერჯერობით სხვა გამოსავალი არ ჩანდა. საჭირო იყო პოზიციების გამაგრება სულ სხვა მხრივ, ქვეყნის საერთო მდგომარეობის განმტკიცება და სამხრეთ ტაოს საკითხი ალბათ მხოლოდ ამის შემდეგ დადგებოდა“ (იხ.: მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო.., გვ. 181-182).
3. მატიანე ქართლისა, გვ. 295.
4. იოანე ზონარა. ისტორია. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსაცემად დაამზადა და გამოკვლევა დაურთო მ. კახიძემ. - გეორგიკა.., ტ. VI. თბ., 1966, გვ. 235, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
ამ საკითხზე მსჯელობისას, საერთოდ, უთუოდ დამაფიქრებელია, რომ 1027 წელს ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა გიორგი I-ის გარდაცვალებას, მართალია არა ერთბაშად, მაგრამ მაინც მოჰყვა საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა. ხელისუფლების სათავეში მოსულმა (პრობიზანტიურმა) დაჯგუფებამ, მარიამ დედოფლის მეთაურობით, ხელი აიღო ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, აღიარა კეისრის უზენაესობა და დაუზავდა იმპერიას. 1032-1033 წლებში, როგორც უკვე აღინიშნა, გარდაიცვალა ასევე სრულიად ახალგაზრდა დედოფალი ელენე - კონსტანტინოპოლთან დამაკავშირებელი მთავარი რგოლი, ისევ შეიცვალა საგარეო-პოლიტიკური კურსი. ამჯერად, ეტყობა, სრულწლოვანებაში შესული ბაგრატ IV თვით შეუდგა სახელმწიფო მოღვაწეობას და განაახლა მამისეული ანტიბიზანტიური პოლიტიკა. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ არც გიორგი I-ის და არც ახალგაზრდა დედოფალ ელენეს სიკვდილი შემთხვევითი არ იყო. ორივე ისინი, ჩვენი აზრით, იმ შეურიგებელი ბრძოლის მსხვერპლნი შეიქმნენ, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს სამეფო კარზე პრობიზანტიურსა და ანტიბიზანტიურ დაჯგუფებებს შორის.
ქვეყანაში არსებულ ორ - ანტიბიზანტიურსა და პრობიზანტიურ - ბანაკს შორის მიმდინარე ბრძოლამ ერთგვარი ასახვა ჰპოვა XI ს. ქართველი ისტორიკოსის სუმბატ დავითის ძის თხზულებაში. იმდენად, რამდენადაც ამ საკითხით შეიძლება შუქი მოეფინოს თვით სუმბატ დავითის ძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზოგიერთ მხარეს, საჭიროდ მივიჩნევთ მასზე უფრო საფუძველიანად შეჩერებას.
XI ს. ავტორის სუმბატ დავითის ძის თხზულებას - „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა“, როგორც ცნობილია, თვალსაჩინო ადგილი უკავია „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკებს შორის. ის სამართლიანად ითვლება ფეოდალური ხანის (კერძოდ VI-XI სს.) საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო წყაროდ. მასში ვხვდებით არაერთ საინტერესო ცნობას, რომელსაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული პერიოდის საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ამა თუ ის საკითხის დადგენისათვის. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა, როგორც ცნობილია, პირველად აღმოჩნდა „ქართლის ცხოვრების“ ე.წ. მარიამისეულ ნუსხაში, რომელსაც XIX ს. მიწურულს დ. ბაქრაძემ მიაკვლია. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე. სუმბატის თხზულებას, როგორც საისტორიო წყაროს, არაერთი მკვლევარი შეხებია. მეცნიერთა ხანგრძლივი და ნაყოფიერი კვლევის შედეგად დაისვა და გამორკვეულ იქნა ნაწარმოებთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი; კერძოდ, ავტორის ვინაობა-სადაურობის,1 დაწერის დროის,2 წყაროების3 და განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საკითხმა იმის შესახებ, თუ რა მიმართებაშია სუმბატის თხზულება XI ს. მეორე უმნიშვნელოვანეს საისტორიო ძეგლთან, რომელიც „მატიანე ქართლისაის“ სახელით არის ცნობილი.4 ისტორიოგრაფიაში არაერთხელ გამოთქმულა აზრი აგრეთვე სუმბატ დავითის ძის პოლიტიკური განწყობილებების შესახებ, კერძოდ, ყველა მკვლევარი, ვინც კი შეხებია ამ საკითხს, ერთხმად შენიშნავს, რომ სუმბატ დავითის ძე, როგორც სამეფო დინასტიის ისტორიის მემატიანე, ბუნებრივია, გვევლინება მეფის ხელისუფლების შემდგომი გაძლიერებისა და განმტკიცების მომხრედ და ამდენად გამოდის იმ ქართველ აზნაურთა „მოძულედ“ და „მოწინააღმდეგედ“ (ივ. ჯავახიშვილი), რომლებიც თავიანთი „ბოროტი საქმეებით“ ასუსტებდნენ მეფის ხელისუფლებას.5
ამის დამადასტურებელ ფაქტად ძირითადად მოჰყავთ ორი ცნობა წყაროდან, პირველი: „ვინაითგან მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე (ბაგრატიონთა აღზევებამდე - ზ.პ.), არამედ დაესრულა უფლება ქართლის აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან“.6 და მეორე ცნობა, რომელიც ეხება 1021-1022 წლების ამბებს: „ხოლო თვით გიორგი მეფე უკანა ისრე განვიდა წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორკერძოვე მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამე თუ არა უნდოდა მშვიდობა“.7
1. ე. თაყაიშვილი. სამი ისტორიული ხრონიკა. ტფ., 1890, გვ. IX; ე. თაყაიშვილი. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27. თბ., 1949, გვ. 11-12; დ. კარიჭაშვილი. ვინ უნდა იყოს სუმბატის ქრონიკის ავტორი. - ძველი საქართველო, I, ტფ., 1909, გვ. 36-42; ი. ჯავახიშვილი. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.). - თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VIII. თბ., 1977, გვ. 195.
2. ე. თაყაიშვილი. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა.., გვ. 11; პ. ინგოროყვა. ძველი ქართული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა. - თხზულებათა კრებული, ტ. IV. თბ., 1978, გვ. 430.
3. ე. თაყაიშვილი. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა.., გვ. 13-16; ი. ჯავახიშვილი. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, გვ. 196; პ. სხვა საკითხები. ინგოროყვა. ძველი ქართული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა, გვ. 430-431; Сумбат Давидисдзе. История и повествование о Багратионах. Перевод, введение и примечания М. Д. Лордкипанидзе. Тб., 1979, გვ. 18-20.
4. Е. С. Такаишвили. Источники грузинских летописей. Три хроники. – Сборник материялов для описания местностей и племен Кавказа, вып. XXVIII. Тифлис, 1900, გვ. 42, 118, 174-175. ივ. ჯავახიშვილი. ძველი ქართული საისტორიო.., გვ. 206; კ. გრიგოლია. ნარკვევები საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობიდან. ახალი ქართლის ცხოვრება. თბ., 1954, გვ. 234-235; ს. ყაუხჩიშვილი. „ქართლის ცხოვრების“ ძეგლთა წყაროებისათვის. - ქართლის ცხოვრება.., ტ. I.., გვ. 034-036; გ. გელაშვილი. სუმბატ დავითის ძე და „მატიანე ქართლისა“. - თსუ შრომები, ტ. 87. თბ., 1960, გვ. 239-256; М. Д. Лордкипанидзе. Введение. – Матиане Картлиса. Перевод, введение и примечания М. Д. Лорткипанидзе. Тб., 1976, გვ. 21; Сумбат Давидисдзе. История и повествование о Багратионах.., გვ. 19; Ш. А. Бадридзе. «Картлис цховреба» о грузино-византийских взаимоотношениях первой трети XI в. – Источниковедческие разыскания (1979), Тб., 1984, გვ. 47-54; ზ. პაპასქირი. ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე და XI ს. პირველი მესამედის საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი. - საბჭოთა საქართველოს 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ახალგაზრდა მეცნიერთა III რესპუბლიკური კონფერენციის მასალები. თბ., 1981, გვ. 97-101.
7. ივ. ჯავახიშვილი. ძველი ქართული საისტორიო.., გვ. 195; კ. კეკელიძე. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II. თბ., 1981, გვ. 251; პ. ინგოროყვა. ძველი ქართული ლიტერატურის.., გვ. 431; თ. პაპუაშვილი. ისტორიოგრაფია. - საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. III. თბ., 1979, გვ. 420 და სხვ.
8. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.., გვ. 373, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
9. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.., გვ. 384, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ამ პრინციპულად სწორი დებულებისა და ასევე ვთვლით, რომ „ბაგრატიონთა ცხოვრების“ ავტორი თავის ნაწარმოებში უდავოდ ავითარებს „ლეგიტიმისტურ თვალსაზრისს“ (პ. ინგოროყვა) მეფე- მთავართა და აზნაურთა შუღლის ამსახველი მასალების გაშუქების დროს. მაგრამ დამაჯერებლად და მეცნიერულად გამართლებულად არ მიგვაჩნია ამ დებულების დამამტკიცებელ საბუთად ზემოთ მოტანილი ორი ცნობიდან მეორე ცნობის გამოყენება. ამასთან, ვფიქრობთ, რომ სუმბატის ქრონიკის ეს ცნობა და აგრეთვე ზოგიერთი სხვა მასალა საშუალებას იძლევა დაისვას საკითხი საერთოდ სუმბატ დავითის ძის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის, კერძოდ, მისი ბიზანტოფილობის შესახებ.
ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით განვიხილეთ 1021-1022 წლებში საქართველო-ბიზანტიის ომი და აღვნიშნეთ, რომ ამ ომის პერიპეტიები აღწერილი აქვთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს. ისიც ვიცით, რომ ქართულ წყაროებში ამ კონფლიქტის შესახებ თანმიმდევრული თხრობა მოცემულია ანონიმი ავტორის „მატიანე ქართლისაიდ“ წოდებულ ნაწარმოებში და სუმბატ დავითის ძის თხზულებაში. ამ ორ წყაროში, ფაქტობრივად, გადმოცემულია ერთი და იგივე მასალა. სწორედ ამ ნაწილების შედარებამ მკვლევრებს იმთავითვე აღუძრა ამ მსგავსების მიზეზის გამორკვევის სურვილი. პირველი მეცნიერი, ვინც შეეხო ამ საკითხს, იყო ე. თაყაიშვილი, მან ამ მსგავსების მიზეზად „მატიანე ქართლისაის“ ავტორის მიერ სუმბატ დავითის ძის თხზულების წყაროდ გამოყენება მიიჩნია.1 ამავე თვალსაზრისზე იდგა პ. ინგოროყვაც.2 ივ. ჯავახიშვილმა გამორიცხა „მატიანის“ ავტორის მიერ სუმბატის ქრონიკით სარგებლობა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სუმბატ დავითის ძეს და „მატიანის“ ავტორს ამ ომების აღწერისას უსარგებლიათ რომელიღაც საერთო წყაროთი.3 კ. გრიგოლიამ და ს. ყაუხჩიშვილმა გამოთქვეს ე. თაყაიშვილის საწინააღმდეგო მოსაზრება და დაასკვნეს, რომ არა სუმბატ დავითის ძის თხზულება წარმოადგენდა „მატიანის“ წყაროს, არამედ პირიქით, თვით სუმბატი სარგებლობდა „მატიანე ქართლისაის“ მასალით.4 სუმბატ დავითის ძის თხზულებისა და „მატიანე ქართლისაის“ ურთიერთმიმართების საკითხს სპეციალური წერილი მიუძღვნა გ. გელაშვილმა, რომელიც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ბაგრატიონთა ცხოვრება“, როგორც უფრო ადრე შექმნილი ნაწარმოები, უნდა ყოფილიყო „მატიანე ქართლისაის“ წყარო.5 ამავე აზრისკენ იხრება მ. ლორთქიფანიძეც.6
1. Е. С. Такаишвили. Источники грузинских.., გვ. 42, 118, 174-175.
2. პ. ინგოროყვა. ძველი ქართული ლიტერატურის მოკლე.., გვ. 427.
3. ივ. ჯავახიშვილი. ძველი ქართული საისტორიო.., გვ. 206.
4. კ. გრიგოლია. ნარკვევები.., გვ. 234-235; ს. ყაუხჩიშვილი. „ქართლის ცხოვრების“ ძეგლთა წყაროებისათვის.., გვ. 034-036.
5. გ. გელაშვილი. სუმბატ დავითის ძე და ~.., გვ. 235-256.
6. Матиане Картлиса, გვ. 21; Сумбат Давидисдзе. История и повествование.., გვ. 19.
ამჯერად არ ვაპირებთ ამ, თავისთავად მეტად საინტერესო, საკითხის საბოლოო გარკვევას, ვიტყვით მხოლოდ, რომ აღნიშნული ქართული წყაროების შინაარსობრივი მსგავსება ჩვენთვის საინტერესო ადგილებში, ალბათ, უნდა მიმდინარეობდეს რომელიღაც ჩვენამდე მიუღწეველი საერთო წყაროდან, როგორც ფიქრობდა ივ. ჯავახიშვილი და დღეს ასაბუთებს შ. ბადრიძე.1 ჩვენს ყურადღებას უფრო იპყრობს ის რედაქციული ხასიათის განსხვავებები, რომლებიც აშკარად შეინიშნება „მატიანისა“ და სუმბატის ნაწარმოების შესაბამისი ნაწილების შედარებისას. სწორედ ეს განსხვავებები გვაძლევენ საშუალებას ვილაპარაკოთ სუმბატ დავითის ძის, როგორც XI ს. I მესამედის საქართველოს მმართველ წრეებთან დაკავშირებული მოღვაწის,2 პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, კერძოდ, ავტორის დამოკიდებულებაზე იმ პოლიტიკურ სიტუაციასთან, რომელიც შეიქმნა XI ს. 20- იან წლებში საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის გამწვავების შედეგად. ამ პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინება კი, ვფიქრობთ, გამორიცხავს სუმბატის მიერ „ორკერძოვე მზაკუარ აზნაურებად“ მიჩნეულ დიდებულთა მეფის ხელისუფლების განმტკიცების მოწინააღმდეგე დაჯგუფებად გამოცხადებას.
1. შ. ბადრიძე. შირიმნის ბრძოლის ლოკალიზებისა და თარიღის შესახებ, გვ. 68; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობა ბიზანტიასთან და დასავლეთ ევროპასთან, გვ. 75; Ш. А. Бадридзе. «Картлис цховреба» о грузино-византийских.., გვ. 48-52. {143}
2. სუმბატის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - სამეფო დინასტიის ისტორიის აღმწერი მწერალი, თანაც სამეფო გვარის წარმომადგენელი, უთუოდ იქნებოდა სახელმწიფოს მმართველ წრეებთან დაკავშირებული. „ბაგრატიონთა ცხოვრების“ ავტორის ვინაობის შესახებ დაწვრილებით იხ.: დ. ბაქრაძე. ისტორია საქართველოსი (უძველესი დროიდან X ს. დასასრულამდე). ტფ., 1889, გვ. 55; დ. კარიჭაშვილი. ვინ უნდა იყოს სუმბატის ქრონიკის ავტორი?.., გვ. 41-48; ე. თაყაიშვილი. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა.., 11-12; Сумбат Давидисдзе. История и повествование.., გვ. 5.
შევეხოთ ამ საკითხს უფრო დაწვრილებით. „მატიანე ქართლისაიში“, სადაც მოთხრობილია ბასიანის ბრძოლისათვის მზადებაზე, ავტორი, როგორც უკვე ვნახეთ, აღნიშნავს: „და განიზრახავდა (გიორგი I - ზ.პ.) ესრეთ: „უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ; და უკეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მისთვისცა“. ხოლო რომელთა არა უნდა ყოფად მშვიდობისა, იწყეს განმზადებად ბრძოლად. და მივიდეს ბასილი მეფესა ზედა დაბანაკებულსა, რომელსა უწოდიან სვინდაქსად. იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ლაშქრისა მისისა, განუწყრა ბასილი მეფე, უბრძანა მოყვანებად ძელისა ცხოვრებისა, და მანდილი წმინდა დადვა ქუეყანასა ზედა, და თქუა - უკეთუ მომცე ხელითა მტრისათა, არღარა ვიყო თაყუანისმცემელ თქუენდამი უკუნისამდე. და ვითარ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, კუალადცა მეოტ იქმნნეს სპანი ქართველთანი“.1
იგივე ფაქტი სუმბატის თხზულებაში აღწერილია შემდეგნაირად: „...გიორგი მეფე უკანა (ზვიადის ლაშქრის - ზ.პ.) ისრე განვიდა ზვიად წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორკერძოვე მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდა მშვიდობა, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწ¢ეს იგი ბასილის ზედა, რომელი იგი ზავად და მშ¢დობად ჰგონებდა და მოელოდა. ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ბასილი ლაშქრისა. მაშინ უბრძანა ბასილი მეფემან დამოკიდება წუერსა ჰოროლისასა დაწერილი მათი, რომელინი მისად დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩვენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემან ჰოროლისა წუერითა ამასთანა იგინი, მიუპყრა ღმერთსა და ჰრქუა: „იხილე, უფალო წერილია ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმან“. შემდეგ სუმბატს ასევე მოჰყავს ბასილის მიმართვა უფლისადმი: „უკეთუ მიმცე...“ და განაგრძობს: „და ვითარ ესე იყო და თქუა, მყის მასვე ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნი იგი პირველ მივიდეს“.2
როგორც მოტანილი ნაწყვეტებიდან ჩანს, სუმბატ დავითის ძე უფრო დაწვრილებით აღწერს ბასიანის ომს, ვიდრე მისი უმცროსი კოლეგა და რაც მთავარია, „მატიანის“ ავტორისაგან განსხვავებით, ამჟღავნებს თავის დამოკიდებულებას მომხდარი ფაქტისადმი. თუ „მატიანე ქართლისაის“ ავტორი მხოლოდ აღნუსხავს მომხდარ ფაქტს და თავს იკავებს გიორგის ლაშქრის მოქმედების შეფასებისაგან, სუმბატ დავითის ძე ვერ რჩება გულგრილი მის მიერ აღწერილი მოვლენების მიმართ. ის აკრიტიკებს იმპერიის წინააღმდეგ ქართველთა აქტიურ გამოსვლას. ის ადანაშაულებს კიდეც „მზაკუარ აზნაურთ“, რომლებმაც თავს მოახვიეს სამშვიდობოდ განწყობილ გიორგი მეფეს ომი ბასილისთან, რომელიც ასევე „ზავად და მშვიდობად ჰგონებდა მოსვლას“. უფრო მეტიც, სუმბატის მონათხრობში აშკარად იგრძნობა ტენდენცია, რომ ბასილის გამარჯვება „ფიცისა და ზავის გამტეხ“ ქართველებზე თვით უფლის მიერაა გამართლებული.
1. მატიანე ქართლისა, გვ. 287-288.
2. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.., გვ. 384, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ „მატიანე ქართლისაის“ მიხედვით მაინც დამაინც არ არის გამოკვეთილი გიორგი I-ის პოზიცია. მემატიანე, სუმბატის მსგავსად, არ ამბობს, რომ გიორგი მეფე იყო „წადიერი ზავისა“. პირიქით, გიორგი I-მა წარავლინა რა „ზვიად ერისთავი სპითა მისითა“, უბრძანა თავის სპასალარს „რათა(მცა) ზავის მიპყრობითა მცირედ-ხან დაიმჭივრა ადგილსა...“ საქართველოს მეფე ფიქრობდა ესრეთ: „უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ; და უკეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მისთვისცა“. ხოლო რომელთა არა უნდა ყოფად მშვიდობისა, იწყეს განმზადებად ბრძოლად...“.1
როგორც აქ მოტანილი ნაწყვეტიდან ჩანს, გიორგი I წინააღმდეგი არ იყო შებრძოლებისა, თუმცა ის ერთგვარ სიფრთხილეს მაინც იჩენდა და საბოლოო გადაწყვეტილებისაგან თავს იკავებდა. „მატიანე ქართლისა¡ს“ ავტორი შორსაა იმ აზრისაგან, რომ რამეში დაადანაშაულოს ისინი, „რომელთა არა უნდა ყოფად მშვიდობისა“. ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ „მატიანე ქართლისაის“ ქრონიკაში არაფერია ნათქვამი გიორგი მეფის მიერ დაწერილ „ზავისა და სიმტკიცის“ პირობებზე, რომელიც თითქოს გამოატანინა ბასილი კეისარმა და აამართვინა „ჰოროლისა წუერითა“. მემატიანე მხოლოდ აღნიშნავს „ძელი ცხოვრებისას~ გამოტანას და მისადმი მიმართვას: „უკეთუ მიმცე...“.
თუ სუმბატი, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ცდილობს „მზაკუარნი ...აზნაურნი“ წარმოგვიდგინოს მოღალატეებად და სწორ გზაზე მდგარი (ე.ი. ზავის მოსურნე) გიორგი მეფის შემცდენლებად, „მატიანის“ მონაცემებიდან არ ჩანს არავითარი კვალი რაიმე დაპირისპირებისა გიორგი I-სა და ომის მოსურნე აზნაურთა შორის. შეიძლება ითქვას, პირიქით, მეფე რამდენადმე მომხრეცაა შებრძოლებისა. და ზავზე მხოლოდ დროის მოგების თვალსაზრისით თანხმდება - „უბრძანა ზავის მოპყრობითა მცირედ-ხან დაიმჭირვა ადგილთა“. ე.ი. რა გამოდის? ისინი - „ორკერძოვე მზაკუარნი აზნაურნი“, - ვინც აქტიური ბრძოლის მომხრეა, სუმბატის მიხედვით ღალატს ჩადიან და სწორ პოლიტიკაზე მდგარ (ე.ი. ზავისათვის გამზადებულ) საქართველოს მეფეს საზიანო საქმისაკენ უბიძგებენ. ეს მაშინ, როდესაც „მატიანის“ მიხედვით, ომის მოსურნეთა და გიორგი I-ს შორის საკმაოდ შეთანხმებული მოქმედება მოჩანს. ვფიქრობთ, „მატიანე ქართლისაის“ ამგვარი დამოკიდებულება და, საერთოდ, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო და საშინაო-პოლიტიკური ვითარების გათ- ვალისწინება XI ს. 20-იან წლებში, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის მომხრე აზნაურთა დაჯგუფება მივიჩნიოთ გიორგი I-ის ცენტრალისტური ტენდენციების მოწინააღმდეგეთა ბანაკად. ამასთან, აშკარაა, რომ სუმბატისეული შეფასება „ორკერძოვე მზაკუარ აზნაურთა“ საქმიანობისა არის შეფასება კაცისა, რომელიც პრინციპული მოწინააღმდეგეა ბიზანტიასთან საქართველოს ომისა და ესწრაფვის იმპერიასთან ზავს და მშვიდობას. ეს კი უთუოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მართლაც არსებობდა ორი აზრი ბიზანტიასთან ურთიერთობის მოგვარების საკითხზე და, რომ ამ საკითხის ირგვლივ მხარეთა შორის მიმდინარეობდა შეურიგებელი ბრძოლა. სუმბატ დავითის ძე კი ამ ბრძოლაში იმათ მხარეზეა, ვინც ბიზანტიასთან მშვიდობიანი „კეთილმეზობლური“ ურთიერთობის მომხრე იყო და გიორგი I-ის ანტიბიზანტიური კურსის წინააღმდეგ გამოდიოდა.
საქართველო-ბიზანტიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრედ გვევლინება სუმბატ დავითის ძე თავისი თხზულების დასკვნით ნაწილშიც, როდესაც აღფრთოვანებით მოგვითხრობს მარიამ დედოფლის ვიზიტზე კონსტანტინოპოლში, „ამისსა შემდგომად წელსა მესამესა სანატრელმან დედოფალმან მარიამ, დედამან ბაგრატ მეფესამან, შეიმოსა სიმხნე და ახოვანება, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვალეთა ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა და წარვიდა კონსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ მეფისა, ვედრებად მისა, რათა მშვიდობა ყოს აღმოსავლეთისათვის და რათა არღარა იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყვნენ, და რათა მიუთხრეს პატივი ძესა თვისსა ბაგრატს მეფესა წესისაებრ სახელისა“.2
1. მატიანე ქართლისა, გვ. 287, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
2, სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა.., გვ. 386, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
„მატიანე ქართლისაის“ ანალოგიურ ცნობაში კი ნათქვამია: `შემდგომად ამისსა, წელსა მესამესა, წარვიდა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატისი, აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშვიდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად კურაპალატობისა ძისათვის თვისისა...“.1 როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც, თუ „მატიანის“ ავტორი მხოლოდ და მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით კმაყოფილდება, სუმბატ დავითის ძე აშკარად ვერ იკავებს თავს და ყოველნაირად ცდილობს შეაქოს მარიამ დედოფალი მისი ამ პოლიტიკური ნაბიჯისათვის. განსაკუთრებით საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოება, რომ სუმბატის თხზულება მოულოდნელად წყდება ამ ეპიზოდზე.2 იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ავტორს რაღაცამ შეუშალა ხელი დაესრულებინა თავისი ნაწარმოები. თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ პოლიტიკურ სიტუაციას - ახალგაზრდა ელენე დედოფლის „უმიზეზო“ სიკვდილის შემდეგ საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის ხელახალ გაუარესებას, რაც ქვეყანაში ანტიბიზანტიურ ძალებს შორის ბრძოლის ახალი გამწვავების და, ამჯერად, ანტიბიზანტიური ძალების გამარჯვების მომასწავებელი უნდა იყოს, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრობიზანტიური ძალების მარცხს მოჰყვა ზოგიერთი მათი ყველაზე აქტიური მომხრის პოლიტიკური არენიდან გაქრობა? ხომ არ არის დასაშვები, რომ რეპრესირებულთა შორის სუმბატ დავითის ძეც ყოფილიყო?
ერთი სიტყვით, „მატიანე ქართლისაის“ და სუმბატ დავითის ძის თხზულების შესაბამის მასალებზე დაკვირვება იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ XI ს. 20-იან წლებში (შეიძლება არა მარტო ამ დროს) საქართველოს სამეფო კარზე ნამდვილად იყო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დაჯგუფება ბიზანტიასთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით. ამ ორ დაჯგუფებას შორის მიმდინარეობდა შეურიგებელი ბრძოლა, რომელიც ხან ერთი მხარის, ხან კი მეორის გამარჯვებით მთავრდებოდა. ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე, როგორც ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელი და, ეტყობა, სამეფო კართან დაახლოებული პირი, ამ ბრძოლაში იცავდა პრობიზანტიური ძალების ინტერესებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს „ბაგრატიონთა ცხოვრების“ ავტორი ამართლებდეს ბიზანტიის იმპერატორების დაპყრობით პოლიტიკას საქართველოს მიმართ. პირიქით, თავის ნაწარმოებში სუმბატი აშკარად ამხელს ბასილი კეისრის „საქმიანობას“ სამხრეთ საქართველოში ლაშქრობის დროს; არც თუ ისე შესაშური ეპითეტებით ამკობს აგრეთვე „უმსჯავროსა მას მეფესა კონსტანტინეს“, რომელსაც „ეწია რისხვა მსგავსადვე ივლიანეს უსჯულოსა“.3 უფრო მეტიც, ის აღფრთოვანებით წერს იმ გმირულ წინააღმდეგობაზე, რომელსაც უწევდნენ შემოსულ მტერს საბა მტბევარ ეპისკოპოსი და მისი ერთგულნი და სხვ.4 სუმბატის (და არა მარტო მისი, არამედ, საერთოდ, პრობიზანტიური ორიენტაციის მომხრეთა) „ბიზანტოფილობა“ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაში - XI ს. 20-იანი წლების საქართველო-ბიზანტიის კონფლიქტის ვითარებაში - ის მხარს უჭერს ბიზანტიის კეისართან გარკვეული დათმობების (ტაოს მიწებზე უარის თქმის, კონსტანტინოპოლის უზენაესობის აღიარების) გზით მორიგებას და გამოდის იმპერიის წინააღმდეგ გიორგი I-სეული აქტიური პოლიტიკის გატარების კრიტიკით. ამ მხრივ ქართველი მემატიანე ერთგვარად თავის სომეხ კოლეგას - არისტაკეს ლასტივერტცის ჰგავს, რომელიც ასევე არა იმდენად ბიზანტიელი იმპერატორების დამპყრობლური პოლიტიკის მხილებით გამოდიოდა, რამდენადაც საერთოდ „სომხეთის უბედურებაზე ჩივილით“. აი, რას წერს ამის თაობაზე კ. იუზბაშიანი: „Историк (ანუ არისტაკეს ლასტივერტცი — ზ.პ.) не порицает Василия II, бесстрастно повествует об административных мерах, проведенных в отошедших к Византии провинциях... Аристакэс Ластивертци не столько осуждает империю и ее захватническую политику, сколько оплакивает бедственный «конец страны нашей Армянской»... византийское владычество как таковое представляется ему столь же естественной формой правления, что и царская власть в Армении“.5
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმება კ. იუზბაშიანის ამ შენიშვნას,6 ვფიქრობთ, რომ ის უდავოდ სწორია, თუმცა არისტაკეს ლასტივერტცის ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, მართლაც, ერთობ ჭირს მისი პოზიციის დადგენა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმდროინდელ სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, აშკარად გამოკვეთილად არსებობდა პრობიზანტიური დაჯგუფება, და რომ „византийская дипломатия предпринимала настойчивые и небезуспешные попытки уверить армянскую знать в дружественных намерениях империи“.7
1. მატიანე ქართლისა, გვ. 294.
2. ივ. ჯავახიშვილი. ძველი ქართული საისტორიო.., გვ. 195.
3. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება.., გვ. 386.
4. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება.., გვ. 386.
5. К. Н. Юзбашян. Аристакэс Ластивертци и его .., გვ. 26-29.
6. ელ. ცაგარეიშვილი. არისტაკეს ლასტივერტცი და.., გვ. 24.
7. К. Н. Юзбашян. Аристакэс Ластивертци и его.., გვ. 26-29.
ამრიგად, როგორც ჩვენ მიერ განხილული მასალებიდან ჩანს, XI ს. 20-იან წლებში გაერთიანებულმა ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ენერგიული ნაბიჯები ბიზანტიის პროტექტორატიდან გამოსვლისა და საერთაშორისო არენაზე ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვებისათვის. აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს სამეფო კარმა ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. საქართველოს მეფე სათავეში ჩაუდგა ანტიბიზანტიურ ძალებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთში და სერიოზული საფრთხე შეუქმნა ბიზანტიის ავტორიტეტს რეგიონში. მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს ბრძოლა კონსტანტინოპოლისაგან განდგომისა და თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის, ამ ეტაპზე საბოლოოდ მარცხით დამთავრდა. საქართველო ვერ გამოვიდა იმპერიის „მფარველობიდან“ და საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ (ფორმალურად) დარჩა ბიზანტიის „ქვეყნად“. ეს კი ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა აღზევება-გაძლიერების გზაზე მდგარი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ამიტომ იყო, რომ XI ს. 30-იან წლებში კიდევ უფრო დაიძაბა საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა, რომელმაც ქვეყანა ხანგრძლივ ფეოდალურ შინაომებამდე მიიყვანა.
2. საშინაო-პოლიტიკური ვითარების გამწვავება საქართველოში XI ს. 30-50-იან წლებში და მისი გამოვლინება საგარეო ურთიერთობებში
XI ს. 30-50-იან წლებში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე იგივე საგარეო-პოლიტიკური ამოცანები იდგა, რაც წინა ათწლეულში - ბიზანტიის იმპერიის ქვეშევრდომობიდან თავის დაღწევა და ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო არენაზე. ეს იყო საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის მთავარი, მაგისტრალური ხაზი 30-იანი წლების დასაწყისიდან.
როგორც უკვე აღინიშნა, 1030-1031 წლებში მარიამ დედოფლის კონსტანტინოპოლში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ ცნო ბიზანტიის იმპერიის უზენაესობა და დინასტიური ქორწინებით განამტკიცა „მშვიდობა და ერთობა“ იმპერიასთან. ეს შეთანხმება არც ერთი მხარისათვის არ უნდა ყოფილიყო მისაღები. ბიზანტიის იმპერია, რომლებიც აშკარად ექსპანსიონისტურ კურსს ადგა აღმოსავლეთის მიმართ და თანმიმდევრულად ახორციელებდა ამას მეზობელ სომხეთში, იძულებული გახდა (ეს უკვე მესამედ 1001 და 1022 წლების შემდეგ) იურიდიულად ეცნო ბაგრატიონთა მესვეურობით შექმნილი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს არსებობა და მასზე მხოლოდ თავისი პროტექტორატის დამყარებით დაკმაყოფილებულიყო. რაც შეეხება საქართველოს სამეფოს, იმპერიასთან ზავი მისთვის, ერთი შეხედვით, შეიძლება იმ პერიოდში შექმნილი მძიმე შინა-პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის კარგი საშუალება იყო, მაგრამ იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ წინგადადგმულ ნაბიჯად საგარეო-პოლიტიკური ავტორიტეტის შემდგომი ზრდისა და განმტიკიცების გზაზე.
აღნიშნულმა შეთანხმებამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის ურთიერთობა საქართველო-ბიზანტიას შორის, რომლის წინააღმდეგ ასე ენერგიულად გამოდიოდა გიორგი I. ე.ი. „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფის საგარეო-პოლიტიკური საქმიანობა კვლავ ექცეოდა იმპერიის გარკვეული კონტროლის ქვეშ და შესაბამისად საქართველო საერთაშორისო არენაზე კვლავ რჩებოდა ბიზანტიის „ქვეყნად“. ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენად რეალური იქნებოდა ბიზანტიელთა ძალაუფლება საქართველოს მეფეზე. შესაძლებელია ბიზანტიის ხელისუფლება დასჯერებოდა საქართველოს მეფის მიერ იმპერატორის უზენაესობის უბრალო აღიარებას და ტაოს მიწების საბოლოო დაპატრონებას, მაგრამ ისიც არ არის გამოსარიცხი, რომ კონსტანტინოპოლის მმართველი წრეები ვარაუდობდნენ საქართველოს საშინაო საქმეებში უფრო აქტიურად ჩარევას და მომავალში მასაც იგივე ბედს უმზადებდნენ, რაც ეწიათ ანისის სამეფოსა და სხვა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს.1 ყოველ შემთხვევაში, საფიქრებელია, რომ საქართველოში გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში ნათლად ჰქონდათ შეგნებული ამგვარი საშიშროების რეალურობა. სწორედ ეს (ყოველგვარი უცხო გავლენისაგან განთავისუფლებისაკენ საერთო სწრაფვასთან ერთად) უნდა ყოფილიყო მთავარი შთამაგონებელი წყარო იმ ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური მოძრაობისა, რომელიც დაიწყო გიორგი Iის ხანაში, და შემდგომი განვითარება ჰპოვა ბაგრატ IV-ის მეფობის (XI ს. 50-იანი წლების II ნახევრამდე) პერიოდში.
1. აკად. ნ. ბერძენიშვილი მიიჩნევდა, რომ „კეისარი საქართველოსაც იმას უმზადებდა, რაც სომხეთის სამეფოს შეამთხვია“ (ნ. ბერძენიშვილი. ქართული მიწების პოლიტიკური გაერთიანება. - საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI. თბ., 1973, გვ. 26-27; საქართველოს ისტორია. დამხმარე სახელმძღვანელო.., ტ. I, გვ. 146-147). მ. ლორთქიფანიძის აზრითაც, ბიზანტიის ხელისუფლება ერთნაირ პოლიტიკას ადგა „სომხურ-ქართული ქვეყნების მიმართ და მათ იმპერიასთან შეერთებას ცდილობდა“ (მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება.., გვ. 191).
ახალგაზრდა ელენე დედოფლის უდროო სიკვდილით, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, გაწყდა ის ძაფი, რომელიც აკავშირებდა ბაგრატ IV-ის ხელისუფლებას ბიზანტიის იმპერიასთან. ამის შემდეგ, როგორც ვიცით, ახალგაზრდა მონარქმა შეირთო ოვსთა მეფე ურდურეს ასული ბორენა - „დაი დორღოლელისი“.1 ბაგრატ IV-ის ეს ნაბიჯი შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო. ოვსთა მეფის სახით ის იძენდა ძლიერ მოკავშირეს, რომელიც გამოადგებოდა ბიზანტიის იმპერიასთან მომავალი შეჯახების შემთხვევაში. ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან კონსტანტინოპოლის, როგორც ცნობილია, არცთუ იშვიათად წარმატებით იწყებდა ოვს-ალანთა სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის.2 ამასთან, უთუოდ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ოვსები ბაგრატ IV-ისათვის გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენდნენ, როგორც მისი ნახევარძმის დემეტრეს თანამოძმენი რომლის მხარეზეც შეეძლოთ გამოსვლა მათ ალ. აბდალაძეს გამართლებულად არ მიაჩნია „X-XI სს-ში საქართველოსა და სომხეთისადმი ბიზანტიის იმპერიის დამოკიდებულებათა ერთ სიბრტყეზე დაყენება“, მკვლევარი ფიქრობს, რომ ბიზანტიას საქართველოს დაპყრობა პრაქტიკულად არ შეეძლო და ის მხოლოდ ტაო-კლარჯეთის ხელში ჩაგდებას ლამობდა (ალ. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ.., გვ. 265). გვირგვინოსან ძმასთან კონფლიქტის დროს.3
საფიქრებელია, აგრეთვე, რომ ბაგრატ IV ოსების გამოყენებას სხვა პოლიტიკურ აქციებშიც აპირებდა. კერძოდ, თითქმის უეჭველადაა მიჩნეული ის, რომ ოვსეთ-კახეთის კონფლიქტი, რომლის დროსაც „მოკლული იყო დიდი კახთა მეფე კვირიკე ოვსისა ვისიმე მონისა მიერ, რამეთუ წყობასა შინა ოვსთა მეფე ურდურე მოეკლა კვირიკე მეფესა“,4 ინსპირირებული იყო ბაგრატ მეფის მიერ და მიზნად ისახავდა „რანთა“ და „კახთა“ სამეფოს დასუსტებას. ამით „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფე ნიადაგს ამზადებდა დანარჩენ საქართველოსთან კახეთის შეერთებისათვის.5
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სრული საფუძველი გვაქვს ბაგრატ IV-ის ოვსთა მეფის ასულზე დაქორწინება საქართველოს სამეფო კარის მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებად მივიჩნიოთ. ოვსეთის სამეფოსთან დაკავშირებამ საქართველოს მეფეს, როგორც ჩანს, ხელ-ფეხი გაუხსნა და საშუალება მისცა უფრო აქტიურად გამოსულიყო საერთაშორისო არენაზე, კერძოდ, გადაედგა გარკვეული ნაბიჯები ბიზანტიის იმპერიის მიერ წართმეული დავით კურაპალატისეული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
1. მატიანე ქართლისა.., გვ. 295.
2. Ю. А. Кулаковский. Аланы по сведениям классических и византийских писателей. – Чтение исторического общества Нестора-летописца». Оттиск из XII кн. Киев, 1899, გვ. 53.
3. გ. თოგოშვილი. საქართველო-ოსეთის.., გვ. 132, 134-135.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 297.
5. გ. თოგოშვილი. საქართველო-ოსეთის.., გვ. 132-133.
ჩვენ უკვე აღვნიშნავდით, რომ ქართულ წყაროებში არაფერია ნათქვამი ბაგრატ IV-ს რაიმე ანტიბიზანტიური აქციების შესახებ XI ს. 30-იან წლებში. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაშიც გაბატონებულია აზრი, რომლის მიხედვითაც ბიზანტიის იმპერიის მხრიდან ბაგრატის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები XI ს. 40-50-იან წლებში ახსნილია, ერთი იმით, რომ ბიზანტიის მხარეს თითქოს არ აკმაყოფილებდა 1030-1031 წწ. შეთანხმების პირობები1 და, მეორეც, მას აშინებდა ბაგრატ IV-ის ხელისუფლების გაძლიერება.2 მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ქართული მატიანეების ამ ხარვეზს ავსებს ბიზანტიელი ავტორი იოანე ზონარა, რომელიც აფიქსირებს „აბაზგიის მთავარ“ ბაგრატის მიერ რომაელებთან დადებული ზავის დარღვევას და ზოგიერთი ციხისა და ქალაქის მიტაცებას, რომლების ბიზანტიელებმა სწრაფად უკან დაიბრუნეს.3
იოანე ზონარას ამ ცნობას რატომღაც არ ექცევა სათანადო ყურადღება ჩვენს ისტორიოგრაფიაში და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზანტიელთა გააქტიურება საქართველოს მიმართ XI ს. 40-იან წლებში ახსნილია იმით, რომ ბიზანტიის მმართველ წრეებს აშფოთებდათ ბაგრატ IV-ის ხელისუფლების შემდგომი განმტკიცება და გაძლიერება.4 თავისთავად ეს გარემოება, რასაკვირველია, ანგარიშგასაწევია, მაგრამ, ვფიქრობთ, ბიზანტიელთა მხრიდან ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები უფრო საქართველოს მეფის ანტიბიზანტიურმა აქციებმა გამოიწვია. საფუძველი არა გვაქვს არ ვენდოთ ბიზანტიელი ისტორიკოსის ზემოთ მოტანილ ცნობას იმპერიის მიერ მისაკუთრებულ ტერიტორიებზე ბაგრატ IV-ის შეჭრის შესახებ. ე.ი., 1030-1031 წლების ზავი პირველმა არა ბიზანტიის მხარემ დაარღვია, არამედ საქართველოს მეფემ და ეს იყო კონსტანტინოპოლის „მფარველობისაგან“ თავის დახსნისათვის ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისი. ამ მოვლენების გაშუქებისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ უზუსტობებს, რომლებიც, სამწუხაროდ გვხვდება „История Византии“-ის მე-2 ტომში. XI ს. 20-იანი წლების II ნახევრისა და 30-იანი წლებბის დასაწყისის ბიზანტიის იმპერიის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე მსჯელობისას ცნობილი ბიზანტოლოგი გ. ლიტავრინი აღნიშნავს: „Ослабление военной мощи империи отразилось и на отношениях с полунезависимыми княжествами Кавказа. В 1027 г. Абхазская знать предъявила претензии на земли, приобретенные Василием II в Асфарагане. Роману III удалось заключить мир с наследником Георгия Абхазского Багратом, женив его на своей племяннице. Но тотчас после смерти Романа Баграт порвал договор и вер- нул себе уступленные крепости“.5
1. ვ. გაბაშვილი. საქართველო-ეგვიპტის.., გვ. 69.
2. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 184.
3. იოანე ზონარა. ისტორია. - გეორგიკა.., ტ. VI, გვ. 235.
4. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა.., გვ. 184.
5. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии в 1025-1057 гг. – История Византии, т. II. М., 1967, გვ. 270, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
მოყვანილ ციტატაში, პირველ რიგში გაკვირვებას იწვევს ის, რომ ავტორი გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფეს გიორგი I-ს, ყოველგვარი კომენტარის გარეშე, უწოდებს „Георгий Абхазский“-ს, ხოლო ფეოდალური საქართველოს დიდებულთა წრეს - „Абхазская знать“-ს. გაუთვითცნობიერებელი მკითხველი მათში, რასაკვირველია იგულისხმებს არა ქართულ, არამედ საკუთრივ აფხაზურ (თანამედროვე გაგებით) სამყაროს.1 გ. ლიტავრინის ეს შეცდომა შემთხვევითი არ არის. ის ბიზანტიურ (ნაწილობრივ ასევე სომხურსა და აღმოსავლურ) წერილობით წყაროებში გატარებული შეხედულების უკრიტიკოდ გაზიარების შედეგია, რომლის მიხედვითაც XI-XII სს. საქართველო „აფხაზეთად“ („აბაზგია“), ხოლო საქართველოს მეფეები - „აფხაზეთის („აბაზგიის“) მთავრებადაა“ მიჩნეული.
1. თავისი ნაშრომის სხვა ადგილას გ. ლიტავრინი ასევე ყოველგვარი გაშიფვრის გარეშე წერს, რომ „Вышли из повиновения абхазцы, Сербы“... (История Византии, т. II, გვ. 270, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.). ასეთსავე მიდგომას ვხედავთ აღნიშნული გამოცემის იმ მონაკვეთშიც, რომელშიც საუბარია გიორგი I-ის კავშირზე ბასილი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებასთან 1022 წელს (ამის შესახებ დაწვრ. იხ. ზემოთ, გვ. 113): `В сговоре с ними (ე.ი. ნიკიფორე ქსიფესთან და ნიკიფორე ფოკასთან), по-видимому, состоял и князь, Абхазский Георгий. Готовы были бежать к мятежникам некоторые малоазийские аристократы, участвовавшие в походе Василия в Абхазию“ (იხ.: Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии во второй половине X – первой четверти XI в.., გვ. 222).
ბიზანტიური ტრადიციიის გავლენის შედეგია აგრეთვე ისიც, რომ გ. ლიტავრინი გაერთიანებულ საქართველოს სამეფოს მხოლოდ „княжество“-დ თვლის.1 რაც შეეხება დასკვნას იმის შესახებ, თითქოს ბაგრატ IV ბიზანტიის იმპერიას ედავებოდა ვასპურაკანს („Асфараган“), ეს, ვფიქრობთ, ერთგვარ გაუგებრობაზეა, აგებული. მართალია, იაჰია ანტიოქიელის ცნობაში, რომელსაც მკვლევარი ამ შემთხვევაში უდავოდ ეყრდნობა, დაფიქსირებულია მარიამ დედოფლის მამის სენექერიმის („სინაჰარიბი“) მიერ ბასილ მეფისათვის ვასპურაკანის („ისფარაჯანის“) დათმობის ფაქტი,2 მაგრამ აქედან სრულებითაც არ გამომდინარეობს ის, რომ მარიამის ვაჟი ბაგრატ IV ამ დროს (1027 წ.) პაპისეული ვასპურაკანის შემომტკიცებას ლამობდა. გ. ლიტავრინი, ეტყობა, შეცდომაში შეიყვანა იაჰია ანტიოქიელის ცნობის ვ. როზენისეულმა თარგმანმა, რომელიშიც ერთი შეხედვით გარკვევით არ ჩანს, თუ ვისი (მარიმის თუ ბაგრატ IV-ის) მამის მიერ დათმობილ ციხეებზეა ლაპარაკი.3
სინამდვილეში დიდი დაკვირვება არაა საჭირო იმის დასადგენად, რომ აქ იაჰია ანტიოქიელს მხედველობაში აქვს არა სენექერიმის მიერ იმპერიისათვის გადაცემული ვასპურაკანის სამეფო, არამედ ის მიწები, რომლებიც ბასილი II-მ წაართვა გიორგი I-ს, ანუ ე.წ. დავით კურაპალატის სამემკვიდრეო. სწორედ ასე ესმით ეს არაბი ისტორიკოსის ცნობის ქართველ მთარგმნელებსა4 და კომენტატორებს.5 მაგალითისათვის, იაჰია ანტიოქიელის ცნობების ამ ბოლო დროს გამოქვეყნებულ თარგმანში, რომელიც ბ. სილაგაძემ შეასრულა, ვკითხულობთ: „...სამეფო კარი ურჩევდა (ბაგრატს), რომ უკვე დადგა ხელსაყრელი დრო იმ ციხე-სიმაგრეების დასაბრუნებლად, რომლებიც მამამისმა (ე.ი. ბაგრატ IV-ის მამა - გიორგი I-მა - ზ.პ.) ბასილი მეფეს დაუთმო“.6
ახლა, რაც შეეხება იოანე ზონარას ცნობას ბაგრატ IV-ის ხელმეორე შეჭრის შესახებ ბიზანტიის ტერიტორიაზე. კონსტანტინოპოლი, რასაკვირველია, გულხელდაკრეფილი არ შეხვდებოდა საქართველოს მეფის ამ დემარშს და ყველანაირად შეეცდებოდა საპასუხო ზომები გაეტარებინა მის მიმართ. მაგრამ როგორც იოანე ზონარას იმავე ცნობიდან ირკვევა, იმპერიის მესვეურებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ განდევნეს ბაგრატ IV-ის ჯარი და დაიბრუნეს ქართველთა მეფის მიერ მიტაცებული ციხე-ქალაქები.7 ბაგრატ მეფის უფრო მკაცრად დასჯა იმპერატორს იმ ხანებში, ეტყობა არ შეეძლო. უფრო მეტიც, ამ დროიდან, როგორც დავინახავთ, ბიზანტიის ხელისუფლება იძულებული შეიქნა თავი შეეკავებინა საქართველო სამეფოს წინააღმდეგ აქტიური შეიარაღებული გამოსვლებისაგან და მთლიანად შეეცვალა ბრძოლის ხერხები და მეთოდები.
1. თავის დროზე ქართველმა მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს «История Византии»-ის II ტომში დაშვებულ ამ და სხვა შეცდომებზე და სავსებით სწორად მიუთითეს ამგვარი ხასიათის შრომების შექმნისას ქართული მასალების გამოყენების აუცილებლობაზე. იხ.: Ш. А. Месхия, Н. Ш. Асатиани, В. У. Копалиани, Э. В. Хоштария. Некоторые замечания ко второму тому «История Византии». – Вопросы истории, №9, 1969, გვ. 178- 180. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ხასიათის უზუსტობანი გვხვდება აგრეთვე გამოჩენილი რუსი ბიზანტოლოგის აკად. თ. უსპენსკის ჩვენ მიერ უკვე ზემოხსენებულ შრომაში (История Византийской империи. Глава XXIV. Походы на Сирию и Армению...), რომელიც 1968 წელს გამოაქვეყნა ო. ცქიტიშვილმა. მასში არაერთხელ იხსენიება „Гиоргий I царь Абхазии“, დავით კურაპალატი კი „царь Грузии“-დ. ერთ ადგილას კი პირდაპირ წერია: „При наступлении зимы Василий II перевел свое войско в Трапезунт, имея намерение весной следующего года докончить завоевание Абхазии и Грузии“ (იხ. მაცნე.., 4, 1968, გვ. 130 და სხვა. ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
2. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები .., გვ. 118.
3. В. Розен. Василий Болгаробойца.., გვ. 70.
4. ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო.., გვ. 127.
5. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 132; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 179.
6. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის.., გვ. 118, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
7. იოანე ზონარა. ისტორია. - გეორგიკა.., ტ. VI, გვ. 235.
ამიერიდან იმპერია კმაყოფილდება ფეოდალური ოპოზიციის მიერ ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლებისადმი მატერიალური მხარდაჭერით და ამ გზით ცდილობს ურჩი კურაპალატის გზიდან ჩამოცილებას. ამ ასპექტში უდავოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიზანტიის ხელისუფლების მიერ საქართველოდან გაქცეული ბაგრატ IV-ის ნახევარძმის - დემეტრე უფლისწულისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას. დემეტრე უფლისწული ბიზანტიელთათვის დიდი შენაძენი იყო, რადგან მისი სახით მათ გაუჩნდათ თავიანთი კანდიდატი საქართველოს სამეფო ტახტზე, რომელსაც საჭირო შემთხვევაში დაუპირისპირებდნენ ბაგრატს. ამიტომ იყო, რომ იმპერატორმა დემეტრეს სასწრაფოდ უბოძა მაგისტროსის ტიტული.1 გარდა ამისა, იმპერიამ საქართველოს ანაკოფიის სახით სტრატეგიული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი პუნქტი წაგლიჯა („წარუტანა თანა ანაკოფია. და ამიერითგან წარუხდა ანაკოფია აფხაზთა მეფესა მოაქჟამამდე“).2 ამით ბიზანტიელებმა საქართველოს, როგორც მოსწრებულად შენიშნა ივ. ჯავახიშვილმა, „ჩრდილოეთიდგანაც მოუარნეს და საზღვარზე ფეხი ჩადგეს“.3 მაგრამ ბიზანტიის ხელისუფლებამ ერთბაშად ვერ შეძლო დემეტრე უფლისწულის გამოყენება თავისი მიზნებისათვის.
XI ს. 30-იანი წლები იმპერიისათვის როგორც საგარეო, ისე საშინაო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთობ დაძაბული გამოდგა. აჯამებს რა იმდროინდელი ბიზანტიის საგარეო-პოლიტიკურ პოტენციალს, გ. ლიტავრინი სავსებით სწორად მიუთითებს, რომ „Через пять лет после смерти Болгаробойцы империя не только прекратила наступление, но с трудом удерживала позиции и на востоке, и в Италии и на Балканах“.4 რაც შეეხება საქართველოს, აქ პოლიტიკური სიტუაცია რამდენადმე სტაბილური იყო, რამაც ბაგრატ IV-ს საშუალება მისცა აქტიურად ებრძოლა კახეთისა და თბილისის საამიროს შემომტკიცებისათვის. მიუხედავად ამ მიმართულებით მიღწეული ცალკეული წარმატებებისა, ბაგრატ IV-მ მაინც ვერ შეძლო ვერც თბილისის საამიროსა და ვერც კახეთის სამეფოს შემოერთება.
ამასობაში მას ჩამოსცილდა კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში, რომელიც იმის გამო, რომ მეფემ მის დაუკითხავად დადო ზავი თბილისის ამირასთან, „შეიქმნა... ქუეგამხედვარად თავის პატრონისაგან“.5 ამ დროიდან (დაახლოებით (1039-1040წწ.),6 საქართველოში ვითარება ერთბაშად დაიძაბა. ბაგრატ IV-ს ქვეყნის შიგნით გაუჩნდა უაღრესად ძლიერი ოპოზიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა მისი აქტიურობა საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე და სიძნელეები შეუქმნა ქვეყნის გაერთიანების საქმეში. ქართულ ისტორიორგაფიაში საკმაოდ კარგად არის დამუშავებული ბაგრატ-ლიპარიტის კონფლიქტის პერიპეტიები7 და ამდენად მასზე აქ დაწვრილებით ყურადღების გამახვილება არ არის აუცილებელი, შევჩერდებით მხოლოდ ამ ხანგრძლივი ბრძოლის ცალკეულ ეტაპებზე და მის შუქზე შევეცდებით გავაანალიზოთ საქართველოს სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი XI ს. 40-50-იან წლებში.
1. გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. - გეორგიკა.., ტ. V, გვ. 58.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 295.
3. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 140.
4. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии в 1025-1057 гг.., გვ. 270.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 298.
6. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 141; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 163.
7. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 142-150; ვ. კოპალიანი. ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ლიპარიტის ძის ურთიერთობიდან. - თსუ შრომები, ტ. 45. თბ., 1957, გვ. 241-281. В. У. Копалиани. Клдекарское эриставство. Автореферат кандидатской диссертации. Тб., 1949; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში.., გვ. 179-270; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება.., გვ. 163-167.
პირველი სამხედრო-პოლიტიკური აქცია, რომლის წარმატებით განხორციელებაში ბაგრატ IV-ს ხელი შეუშალა ლიპარიტ ბაღვაშმა, კახეთში ლაშქრობა იყო. როგორც „მატიანე ქართლისაიდან“ ირკვევა, საქართველოს მეფეს საკმაოდ აქტიურად შეუტევია კახთა მეფისათვის, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე ვერ მიუყვანია მხოლოდ იმის გამო, რომ „ლიპარიტ იწყო საურავთა გუერდქცეულთა“.1 კლდეკარის ერისთავს ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ მხარში ამოუდგა ბიზანტია, „გამოიყვანა ლიპარიტ დემეტრე, ძმა ბაგრატისი, საბერძნეთით ბერძენთა მეფისა ლაშქრითა“,2 - წერს მემატიანე. ლიპარიტის მხარე დაიკავეს კახელებმაც. ბაგრატმა, როგორც ჩანს, ვერ გაუწია ჯეროვანი წინააღმდეგობა ამბოხებულ ფეოდალს და იძულებული შეიქნა მისთვის ქართლის ერისთავობა ებოძებინა.3 ლიპარიტისათვის ბიზანტიელთა მხრიდან გაწეული დახმარების ფაქტს აღნიშნავს სომეხი ისტორიკოსი ვარდანიც, რომელიც წერს, რომ „ლიპარიტი განუდგა ბაგრატს და აიძულა „აფხაზეთში“ გაქცეულიყო... თვით დაეუფლა მხარეს და იმპერატორ მიხეილის დახმარებით დაიწყო მისი ბრძნულად მართვა“.4
1. მატიანე ქართლისა, გვ. 298.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 298.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 298. ივ. ჯავახიშვილი ლიპარიტის ამ გამოსვლას 1044-1045 წწ. ათარიღებდა (ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 143). ვ. კოპალიანი ეყრდნობა რა სომეხი ისტორიკოსის ვარდანის ცნობას, სავსებით დამჯერებლად ასკვნის, რომ ლიპარიტის პირველ განდგომას და ბერძენთა ლაშქრის მოსვლას მის დასახმარებლად ადგილი უნდა ჰქონოდა 1042 წელს (ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 190).
4. Всеобщая история Вардана Великого. Перевод Н. Эмина. М., 1861, გვ. 123; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 189-190. იხ. აგრეთვე: ელ. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ.., გვ. 196-197.
როგორც ვხედავთ, ბაგრატ-ლიპარიტის შეჯახება იმთავითვე გასცდა რიგითი შინა-პოლიტიკური კონფლიქტის ფარგლებს და მნიშვნელოვან მოვლენად იქცა საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც. თავიდანვე ამ კონფლიქტში აქტიურად ჩაერთო ბიზანტია. კონსტანტინოპოლი, როგორც ვიცით (ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან), ისედაც ეჭვის თვალით უყურებდა ბაგრატ IV-ს იმ აშკარად გამოკვეთილი ანტიბიზანტიური კურსის გამო, რომელსაც იმ ხანებში დაადგა საქართველოს მეფე.
XI ს. 40-იანი წლებისათვის ბაგრატ IV კიდევ უფრო გაძლიერდა და იმდენად მნიშვენლოვან ძალად იქცა საერთაშორისო არენაზე, რომ საფრთხე შეუქმნა ბიზანტიის ავტორიტეტს აღმოსავლეთში. ეს განსაკუთრებით ნათლად გამომჟღავნდა 40-იანი წლების შუახანებში ე.წ. „სომხეთის საკითხის“ გადაწყვეტის დროს. ალბათ, სწორედ ამან აიძულა ბიზანტიის ხელისუფლება, ყოველი ღონე ეხმარა აღზევებული საქართველოს მეფის დასამხობად და აქ მისთვის სასურველი პოლიტიკური რეჟიმის დასამყარებლად. ამიტომ იყო, რომ იმპერია ასე ენერგიულად ამოუდგა მხარში ლიპარიტ ბაღვაშს.
სომხეთის დაპყრობა ბიზანტიის იმპერიის მესვეურთათვის დიდი ხნის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა. პირველი რეალური ნაბიჯები იმპერიამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ X ს. 60-იან წლებში გადადგა, როდესაც (966 წ.) გააუქმა და უშუალოდ შეიერთა ტარონის სომხური სამთავრო.1 ამის შემდეგ, ერთი პერიოდი, ბიზანტიის ხელისუფლება იძულებული იყო თავი შეეკავებინა აქტიური პოლიტიკისაგან აღმოსავლეთში. მიუხედავად ამისა, დროდადრო, ის მაინც ცდილობდა მოეხდინა თავისი ავტორიტეტის დემონსტრირება სომეხი მეფე-მთავრების წინაშე,2 მაგრამ ეს უკანასკნელნი ამ პერიოდში, ასე თუ ისე, მაინც ახერხებდნენ იმპერიისაგან თავის შორს დაჭერას და თავიანთი სუვერენიტეტის დაცვას.3
მალე ვითარება შეიცვალა. XI ს. დამდეგიდან ბიზანტიის იმპერია აღმავლობის გზას დაადგა და მისი პოზიციები აღმოსავლეთში თანდათანობით განმტკიცდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა XI ს. 20-იანი წლების დამდეგს, როდესაც ბიზანტიის კეისარმა გიორგი I-ზე გამარჯვების შემდეგ სრული დიქტატი დაამყარა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებზე. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ მებრძოლ საქართველოს მეფეს მხარში ედგნენ მეზობელი სომეხი მეფე-მთავრები: ანისის მეფე იოვანე-სუმბატი, მისი ვასალი ვანანდის მეფე და, შესაძლოა, ვასპურაკანის მეფე სენექერიმიც. სომეხ პოლიტიკურ მოღვაწეებს გიორგის მოკავშირეობა ძვირად დაუჯდათ. 1021-1022 წ. ზამთარს, როდესაც „ხალდიის“ თემში მყოფი ბასილი კეისარი გიორგი I-სათვის საბოლოო დარტყმის მისაყენებლად ემზადებოდა, გააუქმეს და ბიზანტიას შეუერთეს ვასპურაკანის სამეფო.4
1. К. Н. Юзбашян. Армянские государства эпохи Багратидов.., გვ. 67.
2. ამის ნათელი გამოვლინება იყო იმპერატორ იოანე ციმისხის მიერ ანისის მეფე აშოტ III-ისადმი გაგზავნილი ვრცელი წერილი, რომელიც იოანე ციმისხის ჯარების ტრიუმფალური ლაშქრობების ამსახველი მატიანე უფრო იყო. ამ ეპისტოლეს მიზანი იყო გარკვეული ზემოქმედება მოეხდინა სომეხთა მეფეზე და ეგრძნობინებინა მისთვის, იმპერიის პრეტენზიები მუსლიმანების მიერ მიტაცებულ სომხურ მიწებზე. ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკური.., გვ. 245-246.
3. ამ მხრივ უთუოდ ნიშანდობლივია სტეფანოს ტარონაცის ცნობა იმის შესახებ, რომ ანისის მეფე გაგიკ I არ დამორჩილებია ბასილი II-ის ბრძანებას და არ გამოცხადებულა მასთან ტაოში, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა 1001 წელს დავით კურაპალატის სამემკვიდრეოს დაუფლებასთან დაკავშირებით (იხ.: Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 201, ე. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის.., გვ. 177; ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები.., გვ. 248.
4. კონკრეტული ნაბიჯები ვასპურაკანის შემოსაერთებლად იმპერიის ხელისუფლებას გადაუდგამს ჯერ კიდევ 1015-1016 წლებში, როდესაც დაედო შეთანხმება სენექერიმ არწრუნთან მისი მიწაწყლის ბიზანტიისთვის დათმობის შესახებ. ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: В. П. Степаненко. О причинах и датировке передачи Васпуракана Византии. – Византийский Временник, 38, 1977, გვ. 72-79; К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 79.
სწორედ იქვე გადაწყდა ანისის სამეფოს ბედიც, რადაგან „დაიწერა სომხების დაღუპვის წერილი. იოანემ (ანისის მეფე - იოანე-სუმბატი - ზ.პ.) უბრძანა მამამთავარს (კათოლიკოს პეტროს გეტარდაძის - ზ.პ.) „დაწერე წერილი და აღქმა მიეცი მეფეს, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს მიწას და ქალაქებს მას დავუტოვებ სამემკვიდრეოდ“, თვით მას არ ჰყავდა ვაჟი სამეფოს მემკვიდრე, რადგან მისი ვაჟი ერკათი ადრე გარდაიცვალა და ვეღარ მიაღწია პატივს“.1 როგორც ვხედავთ, განმეორდა ზუსტად იგივე, რაც მოხდა 989 წელს, როდესაც ბასილი კეისარმა აიძულა დავით კურაპალატი ასევე შეედგინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მის ერთადერთ მემკვიდრედ ბიზანტიის იმპერატორი ცხადდებოდა. როგორც ჩანს, იოანე-სუმბატი გიორგი I-ის აქტიური მოკავშირე ყოფილა, რადაგან მას ისეთივე განაჩენი გამოუტანა ბასილი II-მ, როგორც ქართველთა კურაპალატს.2
მკვლევრები, ეყრდნობიან რა მათეოს ურჰაეცის შესაბამის ცნობას (რომელსაც იმეორებს აგრეთვე XIII ს. ისტორიკოსი სუმბატ სპარაპეტიც), ვარაუდობენ, რომ იოანე-სუმბატს ბრალად ედებოდა, აგრეთვე, 1021 წელს ბასილი კეისრის წინააღმდეგ ნიკიფორე ფოკასა და ნიკიფორე ქსიფეს წინამძღოლობით წამოწყებულ აჯანყებაში მონაწილეობაც.3 1041 წელს გარდაიცვალა იოანე-სუმბატი და ბიზანტიის ხელისუფლება შეუდგა ანისის სამეფოს შემომტკიცებას. ამან უაღრესად დაძაბა პოლიტიკური სიტუაცია სომხეთში. ანტიბიზანტიურად განწყობილმა სომეხ ნაჰარართა დაჯგუფებამ, რომელსაც მეთაურობდა ვაჰრამ პაჰლავუნი, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბიზანტიელებს, რომლებიც 1041 წელს ორჯერ შეიჭრნენ ანისის სამეფოს ფარგლებში.4 ქვეყანაში გამწვავდა შინაპოლიტიკური ვითარებაც. აშკარად გამოიკვეთა ორი - ანტიბიზანტიური და პრობიზანტიური - დაჯგუფება.5 ერთი პერიოდი ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მდიდარმა და გავლენიანმა ფეოდალმა სარგის ჰაიკაზნმა, რომელიც ბიზანტიელთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.6 მან იოანე-სუმბატის სიკვდილისთანავე ჯერ რეგენტის თანამდებობა ჩაიგდო ხელში, ხოლო შემდეგ თავისი თავი მეფედაც გამოაცხადა, სამეფო საგანძური კი საქართველოში (მათეოს ურჰაეცის სიტყვით, „აფხაზებთან“)7 გახიზნა. მაგრამ მას დაუპირისპირდა მისივე ნათესავი, ასევე „ძლიერი, სახელოვანი და ფრიად კეთილმსახური კაცი“ ვაჰრამ პაჰლავუნი, რომლის აქტიური შემწეობით სამეფო ტახტზე აყვანილ იქნა გარდაცვლილი იოვანე-სუმბატის ძმისწული გაგიკი.8 გარკვეულწილად ეს აქტი 1017-1018 წლების შეთანხმების რეალიზაცია იყო, რომლის მიხედვითაც იოანე-სუმბატის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მისი ძმის აშოტის შტოს წარმომადგენელი.9 ამასთან შენარჩუნებულ იქნა იოანე-სუმბატის მომხრეთა პრივილეგიური მდგომარეობა.10
1. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, გვ. 48. მათეოს ურჰაეცის სიტყვებით იოვანე-სუმბატს დაუთმია თავისი სამფლობელო „вследствие собственного малодушия“ (იხ.: К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 79). გიორგი კედრენეც დაახლოებით ისევე აღწერს სიტუაციას, როგორც არისტაკესი. „როდესაც აფხაზთა მთავარმა გიორგიმ იარაღი ააჟღარუნა, რომელთა წინააღმდეგ, - წერს კედერენე, - მისი მოკავშირე იყო ივანესიკეც, რომელიც ფლობდა ანისის ქვეყანას. ხოლო როდესაც... ბასილი მეფე იბერიაში გაემგზავრა და ბრძოლა გაუმართა გიორგის, აოტა იგი და გააცამტვერა, იოვანესიკეს შეეშინდა, ვაი თუ მეფემ განრისხებულმა, რომ გიორგის მოკავშირე ვიყავი, საშინელი რამე დამმართოსო, ქალაქის გასაღებებით ეახლა მეფეს, დანებდა მას და გასაღებებიც გადასცა“. ბასილი II-მ შეაფასა სომეხთა მეფის ეს გონივრული საქციელი და შეუთვალა: „სანამ ცოცხალი ხარ, ანისისა და ეგრეთწოდებული დიდი არმენიის მმართველად იყავიო“. ამასთან, მოსთხოვა წერილობითი დოკუმენტები იმის შესახებ, რომ იოვანეს სიკვდილის შემდეგ მთელი მისი სამფლობელო რომაელთა სახელმწიფოს შეუერთდებოდა (იხ.: გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. - გეორგიკა.., ტ. V, გვ. 59-60).
2. სომეხი ისტორიკოსი ვარდანი იძლევა ამ მოვლენის არასწორ ინტერპრეტაციას. მისი აზრით, ანისის მეფე იოვანემ იმიტომ გადასცა ბასილი II-ს თავისი ქვეყანა, რომ მას „იბერიის მეფე ავიწროებდა“ (იხ.: Всеобщая история Вардана Великого.., გვ. 117- 118; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 100. იხ. აგრეთვე ე. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები.., გვ. 196.) ამ წყაროდან გამომდინარე, ამ მოვლენას არასწორად აშუქებენ ვ. აბაზა (В. А. Абаза. История Армении. СПб, 1888, გვ. 79) და ნ. მურავიოვი (А. Н. Муравьёв. Грузия и Армения, ч. I. СПб, 1848, გვ. 266), რომელზედაც სავსებით სამართლიანად მიუთითა ვ. კოპალიანმა (ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 100-101). ვარდანის ცნობის წინააღმდეგობრიობას აღნიშნავს ალ. აბდალაძეც (ალ. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკური.., გვ. 260).
3. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 79. ელ. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები საქართველო ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ.., გვ. 202.
4. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 81. იმავე 1041 წელს ანისის სამეფოს თავს დაესხმია ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით უმიწაწყლოც. ცოტა მოგვიანებით კი გრიგოლ მაგისტროსს (პაჰლავუნის) მოუხდა აზერბაიჯანიდან შემოჭრილ თურქთა რაზმის მოგერიება. იხ. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 81.
5. ისტორიოგრაფიაში გაბატონებული იყო შეხედულება, რომ იმ პერიოდში სომხეთში ფეოდალური არისტოკრატია ძირითადად ორ - პრობიზანტიურ და ანტიბიზანტიურ - ბანაკებად იყო დაყოფილი (ამის შესახებ დაწვრილ იხ.: В. А. Арутюнова-Фиданян. Армянские средневековие историки об экспансии Византийской империи на Востоке в X-XIвв.., გვ. 195; К. Н. Юзбашян. Аристакес Ластивертци и закат «эпохи Багратидов». Автореферат докт. дисс. Л., 1975, გვ. 18-19; К. Н. Юзбашян. Скилица о захвате.., გვ. 84; Р. М. Бартикян. К вопросу о политической ориентации Григория магистра. – Страницы истории из филологии армянского народа, Ереван, 1971, გვ. 63-72 და სხვ). მაგრამ ამ უკანასკნელ ხანს ვ. სტეპანენკომ ეჭვი შეიტანა ამ, ჩვენი აზრით, უდავოდ სწორ დასკვნაში. მკვლევრის აზრით, არც სარგის ჰაიკაზნი შეიძლება ჩაითვალოს აშკარად გამოკვეთილ ბიზანტოფილ მოღვაწედ და არც მისი მოწინააღმდეგე ვაჰრამ პაჰლავუნი ანტიბიზანტიური დაჯგუფების ლიდერად. (В. П. Степаненко. К идентификации личности веста «Матиане Картлиса», გვ. 163-172).
6. მას ჰქონდა მინიჭებული ანტიფატპატრიკის, ვესტისა და დუკას ტიტულები (К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского.., გვ. 81. В. П. Степаненко. К идентификации личности.., გვ. 165-166).
7. В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 168, 172.
8.არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, გვ. 67; К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 81.
9. В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 158.
10. В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 158.
გაგიკის კორონაცია, საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით, უდავოდ ბიზანტიის მარცხს ნიშნავდა,1 ამდენად ის მიუღებელი იყო სარგის ჰაიკაზნისათვისაც, რომელიც ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტიურობდა იმპერიის სასარგებლოდ და ამ გზით ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას. კონფლიქტი რეგენტსა და შაჰანშას შორის გარდაუვალი შეიქნა. გაგიკმა მოტყუებით შეძლო სარგისის შეპყრობა, მაგრამ, როგორც ჩანს, შეინდო იგი,2 რადგან ჰაიკაზნი ამის შემდეგაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ცხოვრებაში.3 ბიზანტიის იმპერია, რასაკვირველია, ვერ შეურიგდებოდა ამ მარცხს, მაგრამ ეტყობა ამ დროს არ შეეძლო სომხეთის საქმეებში აქტიურად ჩარევა და 1021-1022 წლების შეთანხმების სისრულეში მოყვანა.4 1044 წელს კი იმპერია გადავიდა შეტევაზე.5 უნდა ითქვას, რომ კონსტანტინე IX-მ საკმაოდ ფართო მასშტაბის კამპანია გააჩაღა გაგიკ მეფის წინააღმდეგ. მან „დვინისა და პერსარმენიის არქონტი აპლისფარი“ (აბულ-ასვარი შადადიანი - ზ.პ.) მიუსია ანისის მეფეს.6 ყოველმხრივ შევიწროებულმა გაგიკ II-მ „ყური არ ათხოვა ვაჰრამსა და სხვა აზნაურებს, რომლებმაც გაამეფეს იგი, არამედ ვერაგი სარგისის შთაგონებით7 გამოვიდა ქალაქიდან და წავიდა ბერძნებთან, ქალაქის გასაღები და ქვეყნის მთელი საზრუნავი კი კათალიკოს პეტროსს ჩააბარა“.8
1. ვ. სტეპანენკოს აზრით, გაგიკის სამეფო ტახტზე ასვლა არა იმდენად საგარეო-პოლიტიკური ასპექტით იყო მნიშვნელოვანი, რამდენადაც საშინაო-პოლიტიკური თვალსაზრისით. „Внутри страны, - აღნიშნავს მკვლევარი, - Саргису Хайказну, поддержанному частью феодалов, противопоставлен лигитимный наследник Иовханеса Смбата, возведенный на престол родом Пахлавуни при поддержке церкви“ (იხ.: В. П. Степаненко. К идентификации личности.., გვ. 168).
2. არისტაკეს ლასტივერტეცი და მათეოს ურჰაეცი განსხვავებულად გადმოგვცემენ ამ ფაქტს. არისტაკესი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუმცა „საჭირო იყო აჯანყებული (სარგისის) მოკვლა, მაგრამ (გაგიკმა) საულის მსგავსად... შეიბრალა მეორე აგაგი, თავისთან ეტლში ჩაისვა“ (არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, გვ. 67). მათეოს ურჰაეცით კი გაგიკს უწამებია სარგისი და აუძულებია იგი გადაეცა მისთვის „крепости, гавары, города, наследие его предков“ (В. П. Степаненко. К идентификации личности.., გვ. 169).
3. В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 169.
4. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ახალგამეფებული კონსტანტინე IX წააწყდა მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს ქვეყნის შიგნით. სულ რაღაც 1-2 წლის განმავლობაში იმპერატორს მოუხდა პროვინციული სამხედრო არისტოკრატიის რამდენიმე გამოსვლის ჩახშობა, რომელთაგან მისთვის განსაკუთრებით საშიში იყო 1043 წლის აჯანყება, რომელსაც სათავეში ედგა ნიჭიერი სარდალი გიორგი მანიაკი (იხ. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии в 1025-1057 гг.., გვ. 271). გასათვალისწინებელია აგრეთვე ბიზანტიის რამდენადმე გართულებული საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობაც. როგორც ცნობილია, 1043 წელს გამწვავდა ბიზანტია-კიევის რუსეთის ურთიერთობა, რომელიც ომში გადაიზარდა (ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: В. Г. Васильевский. Варяго-русская и варяго-английская дружина в Константинополе XI и XII веков. – Труды В. Г. Васильевского, т. I. СПб., 1908, გვ. 303-315; М. В. Левченко. Очерки по истории русско-византийских отношений. М., 1956, გვ. 386-399; Г. Г. Литаврин. Русско-византийские отношения в XI-XII вв. – История Византии, т. II. М., 1967, გვ. 350-351; Г. Г. Литаврин. Пселл о причинах похода русских на Константинополь в 1043 г. – Византийский временник, XXVII, 1967, გვ. 71-86; В.Т. Пашуто. Внешняя политика Древней Руси, გვ. 79-80; З. В. Папаскири. «Варанги» грузинской «Летописи Картли» и некоторые вопросы русско-грузинских контактов в XI веке. – История СССР, №3, 1981, გვ. 170.)
5. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 82.
6. გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. - გეორგიკა.., ტ. V, გვ. 61; К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 83. აღსანიშნავია რომ აბულ-ასვარი სომეხ მეფე-მთავრებს ადრეც აწუხებდა. მათეოს ურჰაეცის ცნობით, ის ჯერ კიდევ 1040 წელს შეესია ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით „უმიწაწყლოს“ სამფლობელოებს. მაშინ დავითს მხარში ამოუდგნენ იოვანე-სუმბატი, სიუნიკის მმართველი და „აფხაზთა“ მეფე ბაგრატ IV, რომელმაც 4000-იანი რაზმი გაგზავნა აბულ-ასვარის მარბიელი ჯარის წინააღმდეგ. მათი დახმარებით დავით „უმიწაწყლომ“ შეძლო დვინის ემირის დამარცხება და მტრის მიერ მიტაცებული ოლქების უკან დაბრუნება. იხ.: Р. М. Бартикян. «Хронография» Матфея Эдесского о Грузии и грузинах.., გვ. 143; К. Н. Юзбашян. Скилица о захвате.., გვ. 83-84.
7. მათეოს ურჰაეცი უფრო აზუსტებს არისტაკესის ცნობას. მისი მონაცემებით სარგის ჰაიკაზნმა შეუთვალა კონსტანტინე მონომახს გამოეძახებინა თავისთან კონსტანტინოპოლში გაგიკი «Якобы желая высказать ему свою любовь и «тогда, - აგონებს სომეხი დიდებული იმპერატორს, - ты сможешь отнять у него читростью город Ани» (В. П. Степаненко. К идентификации личности.., გვ. 170).
8. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, გვ. 71. კ. იუზბაშიანის აზრით გაგიკი კონსტანტინოპოლში წასულა 1044 წელს (К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 84).
აჯამებს რა 1041-1044 წლებში სომხეთში მიმდინარე მოვლენებს, კ. იუზბაშიანი აღნიშნავს: „Непосредственная опасность дипломатической уловки Византии, давления, исходящие от Саргиса Хайказана и Петроса1 сломали волю Гагика и Пахлавуни не смогли этому воспрепятствовать“.2 მაგრამ ანისელებს, მიუხედავად მათი მეფის კონსტანტინოპოლს გამგზავრებისა, ერთბაშად არ შეუწყვეტიათ წინააღმდეგობა. მათეოს ურჰაეცის ცნობით, მათ 1044 წ. შემოდგომაზე მოუხერხებიათ ნიკოლოზ პარაკიმომენის ჯარის დამარცხება და ოლთისისაკენ მისი უკუგდება.3 მიუხედავად სომეხ პატრიოტთა ცალკეული წარმატებებისა, მდგომარეობა მაინც კრიტიკული იყო. დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ქვეყნის ხსნა შეუძლებელი იყო, ბრძოლა შეწყვიტეს პაჰლავუნებმა ვაჰრამმა4 და გრიგოლმა5 და გადავიდნენ ბიზანტიის მხარეზე. ეს უკვე ანტიბიზანტიური ფრონტის კრახი იყო სომხეთში, მაგრამ ანისის მოსახლეობის გარკვეული ფენები, როგორც ჩანს, იმედს მაინც არ კარგავდნენ და ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა ეხსნათ ქვეყანა ბიზანტიის ოკუპაციისაგან. ასეთ ვითარებაში მიმართეს მათ საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-ს და შესთავაზეს მას თავიანთი ქვეყანა. აი, რას წერს ამის შესახებ „მატიანე ქართლისაის“ ავტორი: „კუალად განძლიერდა და მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა, და დააგო სუემან ბაგრატისმან ჟამი; მოერთო ვესტი ციხითა ანისისათა თვინიერ ამბერდისათა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა; რამეთუ მამულად ეყვოდეს სომეხნი - სენექერიმ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედა“.6
1. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 85. კათოლიკოს პეტროსის, როგორც ბიზანტიის იმპერიის აგენტის როლი, ეჭვს არ იწვევს. სწორედ მისი შთაგონებით იყო, რომ 1021-1022 წლებში იოვანე-სუმბატმა ანდერძით დაუტოვა ბიზანტიის იმპერიის იმპერატორს თავისი ქვეყანა. იგივე პეტროსი იყო გაგიკ II-ის კონსტანტინოპოლში გამგზავრების ერთ-ერთი ინიციატორი. კ. იუზბაშიანის თქმით, სწორედ პეტროს კათალიკოსი «играл роль посредника между анийским царем и Саргисом с его клевретами - «осведомителями» Мономаха» ( К.Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 84-85). კათალიკოს პეტროსის ბიზანტოფილობაზე იხ. აგრეთვე: ალ. აბდალაძე. ამირკავკასიის პოლიტიკურ .., გვ. 81, 89, 93, 123, 267.
2. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 85.
3. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского.., გვ. 85.
4. ვაჰრამ პაჰლავუნი სულ მალე, 1045 წელს დაიღუპა დვინის ემირის შემოსევის მოგერიებისას (არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, გვ. 71, 173).
5. არისტაკეს ლასტივერტცი საკმაოდ დაწვრილებით აღწერს გრიგოლის წასვლას კონსტანტინოპოლში: „გრიგოლმა, რომელიც ბრძენი კაცი იყო, - წერს არისტაკესი, - ...დაინახა, რომ გაგიკს აღარ აბრუნებდნენ თავის ქვეყანაში. (ამიტომ იგი) წარუდგა მეფეს, გადასცა მას ბიჯნისის გასაღები და მთელი თავისი მემკვიდრეობა. მეფემ განადიდა (გრიგოლი), რომელმაც მიიღო მაგისტროსის წოდება...“ (არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, გვ. 70).
6. მატიანე ქართლისა, გვ. 299.
„მატიანე ქართლისაის“ მიხედვით ირკვევა, რომ ბაგრატს მიუღია სომეხთა წინადადება და ანისში თავისი წარმომადგენლები გაუგზავნია მარიამ დედოფლის ხელმძღვანელობით.1 ცნობა ანისელთა მიერ ბაგრატ IV-ის მოწვევის შესახებ გააჩნია არისტაკეს ლასტივერტცისაც. ის წერს: „ქალაქის მთავრებმა, რომლებიც ანისში იმყოფებოდნენ, დაინახეს რა, რომ გაგიკი საბერძნეთშია დამწყვდეული, გადაწყვიტეს ქალაქი ჩაებარებინათ დავით დევნილისათვის (რადგანაც დავითის და გაგიკის ცოლი იყო), ან აფხაზთა მეფის ბაგრატისათვის.2 პეტრე მამამთავარმა დაინახა რა ამგვარი ძიება, თუ ვისთვის გადაეცათ ქალაქი, აღმოსავლეთის მხარეების მფლობელს, რომელიც ქალაქ სამუსატში იჯდა... მისწერა: „აცნობე მეფეს (იმპერატორ კონსტანტინე მონომახს - ზ.პ.), რას მოგვცემს სანაცვლოდ, თუკი მე მივცემ მას ქალაქსა და ქვეყნის სხვა ციხესიმაგრეებს“. ხოლო მან სასწრაფოდ აცნობა ეს მეფეს. მეფემ მოისმინა ყოველივე და დააკმაყოფილა (პეტრე მამამთავრის) სურვილები, უბოძა განძეულობა და სამეფო პატივი, ასე გაბატონდნენ (ჰორომები) ანისსა და მთელ ქვეყანაზე“.3
1. მატიანე ქართლისა, გვ. 300.
2. არისტაკეს ლასტივერტეცის თხზულების ელ. ცაგარეიშვილისეულ თარგმანში, საიდანაც მოგვყავს ეს ციტატა, ანისში გაბატონების პრეტენდენტებად დასახელებულია მხოლოდ დავით დევნილი და ბაგრატ IV. მაგრამ სპეციალისტები იძლევიან არისტაკესის ტექსტის სხვა ინტერპრეტაციასაც და ასახელებენ არა ორ პრეტენდენტს, არამედ სამს: დავით უმიწაწყლოს - ტაშირ-ძორაგეტის მეფეს, აბულ ასვარს - დვინის ემირს და ბაგრატ IV-ს (Повествование Варданета Аристакеса Ластивертци.., გვ. 159-160), რაც უფრო დამაჯერებელი ჩანს. ამაზე დაწვრილებით იხ.: К. Н. Юзбашян. Грузинские послы в Ани 1045 г.., გვ. 156-160; К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 86; В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 171.
3. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, გვ. 70-71.
როგორც ვხედავთ, არისტაკესი, „მატიანე ქართლისაის“ ავტორისგან განსხვავებით, ლაპარაკობს მხოლოდ ანისელთა სურვილზე, გადაეცათ თავიანთი ქვეყანა ბაგრატ IV-სათვის, მაშინ, როდესაც ქართველი მემატიანე არაორაზროვნად მიუთითებს ბაგრატ მეფის მიერ ანისის შემოსამტკიცებლად გადადგმულ ნაბიჯზეც. ვფიქრობთ, „მატიანე ქართლისაი“ უფრო ზუსტად ასახავს საქმის რეალურ ვითარებას. არისტაკესის დუმილი ბაგრატის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე შემთხვევითი არ უნდა იყოს. ისტორიოგრაფიაში სავსებით მართებულადაა შენიშნული, რომ სომეხი ისტორიკოსის „პირდაპირი თუ არაპირდაპირი ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის, კერძოდ, სომხეთისათვის საქართველო-ბიზანტიის ბრძოლის შესახებ ხშირად ტენდენციური ხასიათისაა“ და რომ ამ კონფლიქტში ის აშკარად „ბიზანტიის ინტერესების გამომხატველი უფროა, ვიდრე საქართველოსი“.1
ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ რა ფუნქციებს ასრულებდნენ ანისში საქართველოს მეფის წარგზავნილები. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია აზრი, რომლის მიხედვითაც ბაგრატ IV-ის მიერ ანისში გაგზავნილ დიდებულებს უშუალოდ ქვეყნის მართვა-გამ{168}გეობა ევალებოდათ.2 კ. იუზბაშიანი საეჭვოდ მიიჩნევს ამ შეხედულებას და მიუთითებს, რომ ქართულ წყაროში არაფერია ნათქვამი ქართველ ფეოდალთა ადმინისტრაციულ ფუნქციებზე. მისი აზრით „Эти были царские послы, так как в период, когда византийские войска осаждали Ани, вряд ли имелись условия для функционирования новой администрации. Кроме того, даже в случае действительного присоединения Ани к Грузии, невероятно, чтобы этот добровольный акт повлек за собою замену местной администрации прошлой“.3
კ. იუზბაშიანის არგუმენტები უდავოდ ანგარიშგასაწევია. მართლაც, ერთი შეხედვით იმ მძიმე სიტუაციაში, რომელიც შეიქმნა იმ დროს სომხეთში, ძნელი წარმოსადგენია საქართველოს ხელისუფლებას, ანისის თავკაცთა ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ქალაქის მართვა-გამგეობა მთლიანად ქართველი დიდებულებისათვის გადაეცა. მაგრამ, მეორე მხრივ, მარიამ დედოფალი და მისი მხლებლები მარტო დიპლომატიური მისიით არ იფარგლებიან, აშკარა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია ლიპარიტ ბაღვაშის ჩარევა, რომელმაც „გამოიტყუვნა ანისით დედოფლისაგან აბუსერი, ერისთავი არტანუჯისა, და ხიხათა და ციხისჯუარისა და აწყურის ციხის პატრონი, და ივანე ერისთავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის ძე, ბეჭის ციხის პატრონი, და შეიპყრნა იგინი ანისის კარსა“.4
1. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ.., გვ. 35-36.
2. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 143; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის ისტორიიდან (ანისის საკითხი XI საუკუნეში). - თსუ შრომები, ტ. 51, 1953, გვ. 81-82. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 200, 209; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება.., გვ. 195; იხ. აგრეთვე М. Д. Лордкипанидзе. История Грузии.., გვ. 79-80.
3. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 86; К. Н. Юзбашян. Грузинские послы в Ани 1045 г. გვ. 159-160.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 300, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
„მატიანე ქართლისა-ს“ ამ ცნობაში ჩამოთვლილია ის ფეოდალები, რომლებიც ბაგრატ ლიპარიტის კონფლიქტში მეფის მოკავშირეები იყვენენ. მათგან განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს აბუსერის პიროვნება,1 რომელიც მოგვიანებით სასირეთის ჭალესთან გამართულ ბრძოლაში ბაგრატის ლაშქრის ერთ-ერთი სარდალი უნდა ყოფილიყო.2 ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული ფეოდალების ანისში ყოფნა უფრო სამხედრო საჭიროებებით იყო გამოწვეული, ვიდრე დიპლომატიურით. მართლაც, ძნელი დასაშვებია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი აქცია, როგორიც იყო ანისის ქვეყნის საქართველოს სახელმწიფოსთან შემოერთება, მხოლოდ „მეფის ელჩთა“ სომხეთში უბრალო ჩასვლით მოგვარებულიყო და არ ყოფილიყო სამხედრო თვალსაზრისითაც სათანადოდ უზრუნველყოფილი. რომ არაფერი ვთქვათ სომხეთში არსებულ ანტიქართულ ძალებზე, რომლებიც, რასაკვირველია, თავისთავად ასე ადვილად არ დათმობდნენ პოზიციებს, საქართველოს ხელისუფლებას არ შეიძლებოდა არ გაეთვალისწინებინა ისიც, თუ როგორ შეხვდებოდნენ ამ აქტს კონსტანტინოპოლში.
1. ივ. ჯავახიშვილის აზრით, სწორედ აბუსერისათვის იყო ჩაბარებული ანისის გამგებლობა (ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 143).
2. მატიანე ქართლისა, გვ. 301. საერთოდ, ეტყობა, დიდი იყო აბუსერის როლი მეფის მომხრეთა შორის, რადაგან სწორედ მასში გაუცვალა ლიპარიტს ბაგრატ IV-მ ივანე „ძე ლიპარიტისი“, რომელიც „მძევლად დარჩა ბაგრატის ხელთა შინა“ (მატიანე ქართლისა, გვ. 300).
საქართველოს სამეფო კარზე მშვენივრად ესმოდათ, თუ რა შეიძლებოდა მოყოლოდა ბიზანტიელთა მხრიდან ანისის „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფის ხელში გადასვლას და ამიტომ ძნელი დასაჯერებელია ბაგრატ IV „სომხეთის საკითხის“ გადაჭრისას მხოლოდ „დიპლომატიური არხებით“ დაკმაყოფილებულიყო. ამასთან არც ისაა გამორიცხული, რომ ანისში ქართველი დიდებულები, თუნდაც მოკლე ხნით, მაგრამ მაინც, თავიანთ სომეხ თანამოაზრეებთან ერთად, მართლაც ასრულებდნენ ერთგვარ ადმინისტრაციულ ფუნქციებსაც. შესაძლებელია სწორედ ამან დააჩქარა პეტროს კათალიკოსის გადაწყვეტილება, სასწრაფოდ მოეწვია ბიზანტიელები და ჩაებარებინა მათთვის ქვეყანა. მათ კი თავიანთი მხრიდან გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები, რასაკვირველია, ლიპარიტის მიერ ქართველ ფეოდალთა ანისიდან „გამოტყუება“ უნდა მივიჩნიოთ. ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის, რომ ლიპარიტი ამ შემთხვევაში ბიზანტიელთა კარნახით მოქმედებდა და მათ დავალებას ასრულებდა. ლიპარიტის ამგვარი საქციელი აიხსნება მისი სწრაფვით, არ დაუშვას ბაგრატ IV-ის შემდგომი გაძლიერება, რომელიც უკვე საქართველოს არ სჯერდება და სომხეთის დაპატრონებას ცდილობს.1 ასე შეუშალა ხელი ლიპარიტ ბაღვაშთან ატეხილმა კონფლიქტმა ბაგრატ მეფეს, წარმატებით გადაეჭრა მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური ამოცანა. ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ გავლენას ახდენდა საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე ქვეყნის შიგნით მიმდინარე შინაკლასობრივი ბრძოლები, რაზედაც საგანგებოდ მიუთითა აკად. ნ. ბერძენიშვილმა.2
სომხეთისათვის საქართველო-ბიზანტიას შორის მიმდინარე ბრძოლის შესახებ მსჯელობისას არ შეიძლება არ შევეხოთ იმ საკითხს, თუ რა ძალები იყვნენ დაინტერესებული საქართველოს სამეფოსთან კავშირით. „მატიანე ქართლისაის“ ზემოთ მოტანილ ცნობაში ნათქვამია, რომ ანისისა და მისი შემოგარენის ბაგრატ IV-ისათვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა ვინმე „ვესტი“. ისტორიოგრაფიში გამოითქვა სავსებით დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს „ვესტი“ სხვა არავინ შეიძლება იყოს, გარდა ჩვენ მიერ ზემოთ არაერთგზის ნახსენები სარგის ჰაიკაზნისა.3 ამ დასკვნას თითქოს ხელს უშლის სარგის ჰაიკაზნის ბიზანტოფილობა. სწორედ ამან აიძულა ვ. სტეპანენკო რამდენადმე გადაესინჯა ისტორიოგრაფიში გაბატონებული შეხედულება სომეხ ფეოდალთა ორ - ბიზანტიურ და ანტიბიზანტიურ - ბანაკებად დაყოფის შესახებ XI ს. I ნახევარში. მისი აზრით, როგორც უკვე ზემოთაც ითქვა, სარგის ვესტი არ იყო აშკარად გამოკვეთილი ბიზანტოფილი (ისევე როგორც პაჰლავუნები ანტიბიზანტისტები) და რომ სარგისი ბრძოლა მხოლოდ ატარებდა „Характер борьбы за власть... и ни в кой мере не была связана с интересами Византии: Саргис боролся за свои интересы, отстаивал свою власть в Анийском уделе“.4
ვ. სტეპანენკოს ეს დასკვნა, მიუხედავად მის მიერ მოტანილი საკმაოდ სერიოზული არგუმენტებისა, ძნელი გასაზიარებელია. ჩვენი აზრით, ერთი მხრივ, ანტიბიზანტიური დაჯგუფების ლიდერების პაჰლავუნების მიერ ცალკეული ბიზანტიური ტიტულების, ხოლო მეორე მხრივ, „მტკიცე ბიზანტოფილის“ სარგის ჰაიკაზნის 1045 წელს იმპერიის მოწინააღმდეგის ბაგრატ „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფის მხარეს გადასვლა, ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ იმ დროს სომხეთში, საერთოდ ადგილი არ ჰქონდა ადგილობრივ ფეოდალთა ანტიბიზანტიურ და პრობიზანტიურ დაჯგუფებებად დაყოფას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინოპოლის ხელისუფლება სომხეთსა თუ საქართველოში, უმეტეს შემთხვევაში, დიდი წარმატებით ახერხებდა ცალკეულ ქართველ და სომეხ ფეოდალთა გადმობირებას და მათ გამოყენებას იმპერიის ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება სარგის ჰაიკაზნის, ვფიქრობთ, ჩვენ განკარგულებაში არსებული მასალები გვაძლევს იმის საშუალებას, ავხსნათ, თუ რატომ განუდგა სარგის ვესტი ბიზნატიის იმპერატორს და რატომ გადაწყვიტა ანისის ბაგრატ IV-ისათვის გადაცემა. როგორც უკვე ვიცით, იოანე-სუმბატის გარდაცვალების შემდეგ სარგის ჰაიკაზნმა ყველაფერი გააკეთა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ჯერ იყო და მან რეგენტის თანამდებობა მიისაკუთრა, ხოლო შემდეგ თავისი თავი მეფედაც კი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ პაჰლავუნების შემწეობით გამეფებულმა გაგიკმა შეძლო აღზევებული იშხანის დამარცხება, სარგისს თავისი გავლენა სამეფოში მაინც არ დაუკარგავს და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლავ ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბოლოს მან ისიც კი მოახერხა, რომ მოტყუებით აიძულა მეფე გაგიკი ანისი დაეტოვებინა და ბიზანტიას წასულიყო. ეტყობა, სარგისს დიდი იმედი ჰქონდა იმისა, რომ იმპერატორი, გაგიკის სომხეთიდან წასვლის შემდეგ, ქვეყნის მართვა-გამგეობას სწორედ მას ჩააბარებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ გაგიკმა წასვლის წინ რეგენტად პეტროს კათალიკოსი დანიშნა და „ქვეყნის მთელი საზრუნავი მას ჩააბარა პირობითა და აღთქმით“.5 გამორიცხული არაა, რომ ეს გაგიკმა ბიზანტიელთა კარნახით გააკეთა.
1. ნ. ბერძენიშვილი. კლასობრივი და შინაკლასობრივი.., გვ. 27.
2. ნ. ბერძენიშვილი. კლასობრივი და შინაკლასობრივი.., გვ. 25-27.
3. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 82; К. Н. Юзбашян. Грузинские послы в Ани 1045 г.., გვ. 158; В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 163, 171-172. ა. აბდალაძე. „ქართლის ცხოვრება“ და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა.., გვ. 214-215. ვ. კოპალიანი ყურადღებას აქცევდა რა „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანის შესაბამის ადგილს ასკვნიდა, რომ „მატიანე ქართლისაის“ ვესტს სახელად ვასილი უნდა რქმეოდა. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 200.
4. В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 169.
5. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია.., გვ. 70.
შეუძლებელია, კონსტანტინოპოლს (ისევე როგორც გაგიკსაც) ერთგვარად არ შინებოდა სარგისის პიროვნების, მან ხომ „შაჰანშაჰობაც“ კი მოინდომა. იქნებ ბიზანტიელთათვის ცნობილი იყო სარგისის კონტაქტები „აფხაზებთანაც“, რომელზედაც მიუთითებს მათეოს ურჰაეცი.1 ერთი სიტყვით, გაგიკის ბიზანტიაში წასვლით სარგისმა ვერ მიაღწია დასახულ მიზანს და ვერ მოიპოვა პირველობა ქვეყანაში.2 ასეთ ვითარებაში, სრულიად ბუნებრივია, სარგისს გადაესინჯა თავისი დამოკიდებულება ბიზანტიის იმპერიასთან და დაეწყო ახალი მოკავშირის ძებნა, თანაც ისეთი მოკავშირისა, რომელიც არ მოერიდებოდა ბიზანტიელთა მეტოქეობას და საჭიროების ჟამს წინ აღუდგებოდა მათ მოძალებას სომხეთში. ასეთ მოკავშირედ სარგის ჰაიკაზნს თამამად შეიძლებოდა მიეჩნია ბაგრატ IV, რადგან ეს უკანასკნელი, ამ დროს, ეტყობა სრულებითაც არ მალავდა თავის ანტიბიზანტიურ განწყობილებებს და ფაქტობრივად ერთადერთ ძალას წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო რეალურად დაპირისპირებოდა იმპერიას.3
ამას გარდა, ბაგრატ IV-ის კანდიდატურა „ანისის თავკაცებისათვის“ იმითაც უნდა ყოფილიყო პოპულარული, რომ დედამისი - მარიამ დედოფალი სომეხი იყო და „მამულად ეყვოდნენ სომეხნი“.4 მართალია, მარიამი უშუალოდ ბაგრატუნიანთა ნაშიერი არ იყო (მას მხოლოდ დედა ჰყავდა ბაგრატუნი),5 მაგრამ ამას, ეტყობა, არ უნდა ჰქონოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ისევე როგორც იმას, რომ საქართველოს დედოფალს ჰქონდა დიდი ავტორიტეტი საქართველოსა და ამიერკავკასიაში.6
1. „После смерти Иовханеса, - წერს მათეოს ურჰაეცი, - один из ишханов по имени Саргис Хаиказн дал знак ремеам – и отдал им страну Армянскую, сокровищницу древних царей армянских захватил и увез к абхазам“ (იხ.: В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 168 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.). ამის შესახებ იხ. აგრეთვე: К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 82; К. Н. Юзбашян. Грузинские послы в Ани.., გვ. 158.
2. В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 171.
3. მათეოს ურჰაეცის ცნობის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სარგის ჰაიკაზნს ადრეც ჰქონდა გარკვეული კონტაქტები ბაგრატ მეფესთან, რაც მის ერთგვარ „ორმაგ თამაშზეც“ მიუთითებს. შდრ. В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 169. ა. აბდალაძე. ქართლის ცხოვრება და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა.., გვ. 215.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 299.
5. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ.., გვ. 122.
6. ა. აბდალაძე. ქართლის ცხოვრება და.., გვ. 176.
ამ მოვლენებზე მსჯელობისას აუცილებლად დგება საკითხი, თუ რა პოლიტიკური მიზანი ამოძრავებდათ საბოლოო ჯამში სარგის ჰაიკაზნსა და მის თანამოაზრეებს, როცა ბაგრატ IV-ს სომხეთში იწვევდნენ: ცხადია, რომ „ანისის თავკაცებს“ სურდათ ანისის უშუალოდ საქართველოს მეფისათვის დაქვემდებარება და ამ გზით თავისი ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ არ არის ნათელი, თუ როგორ ესახებოდათ ეს მათ და რა როლი უნდა შეესრულებინა ყოველივე ამაში მარიამ დედოფალს. ისტორიოგრაფიაში ამ საკითხის ირგლივ ერთგვარ აზრთა სხადასხვაობას აქვს ადგილი.
ივ. ჯავახიშვილს, მოჰყავს რა „მატიანისეული“ ცნობა ანისელთა მიერ ქალაქის ბაგრატის დედისთვის გადაცემაზე, მიაჩნია, რომ დედოფალს (და არა ბაგრატ IV - ზ.პ.) ანისში ერისთავი აბუსერი დაუდგენია გამგედ.1 ვ. კოპალიანი კი ფიქრობს, რომ ბაგრატ IV-ემ დანიშნა თავისი წარმომადგენლები ანისის მმართველებად.2 ა. აბდალაძე ხაზს უსვამს მარიამ დედოფლის ავტორიტეტს საქართველოსა და ამიერკავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თვლის, რომ სწორედ ის განაგებდა ანისს ქართველ დიდებულებთან ერთად.3 სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ქართველ ისტორიკოსთა მსჯელობებში ადგილი არა აქვს არავითარ დაპირისპირებას. მათთვის არცა აქვს პრინციპული მნიშვნელობა ბაგრატ IV-ს თუ მის დედას - მარიამ დედოფალს ჩააბარეს უშუალოდ ქალაქი ანელებმა. ამიტომ ჩვენ არც გავამახვილებდით მასზე ყურადღებას, რომ არა რამდენადმე უცნაური პოზიცია, რომელიც დაიკავა ამ პრობლემასთან დაკავშირებით კ. იუზბაშიანმა. შეეხო რა „მატიანე ქართლისაის“ ზემოთ მოყვანილ ცნობას ანისის მარიამ დეოფლისათვის გადაცემის შესახებ, მკვლევარმა რატომღაც „მოულოდნელ მტკიცებად“ („неожиданное утверждение“) მიიჩნია აზრი იმის შესახებ, რომ „жители Ани передали город не царствующему Баграту IV, а его матери“. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ „ქართლის ცხოვრების“ უძველეს (ანასეულ) ნუსხაში4 დაფიქსირებულია ანისის არა მარიამის, არამედ ბაგრატ IV-ისათვის გადაცემის ფაქტი.5
1. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 143.
2. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის..., გვ. 209.
3. ა. აბდალაძე. „ქართლის ცხოვრება“ და.., გვ. 176. {174}
4. „ქართლის ცხოვრების“ ამ ნუსხაში სათანადო ადგილას ვკითხულობთ: „კუალად განძლიერდა და მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა, და დააგდო სუემან ბაგრატისმან ჟამი ვისტი ცხრითა ციხითა ანისისათა, თუინიერ ამბერდისათა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატს, რამეთუ მამულად ეყ˜ოდეს სომეხნი, სენექერიმ სომეხთ მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედა“ (ქართლის ცხოვრება. ანა დედოფლისეული ნუსხა. ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით. თბ., 1942, გვ. 186, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
5. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 86. К. Н. Юзбашян. Грузинские послы в Ани.., გვ. 159.
ვფიქრობთ, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა გაუმართლებელია. ჩვენი აზრით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვის გადასცეს უშუალოდ ანისი მისმა თავკაცებმა - საქართველოს გვირგვინოსან მონარქს, თუ მის დედას. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ მათ სჭირდებოდათ ისეთი ძალა, რომელიც იხსნიდა სომხეთს ბიზანტიის დაპყრობისაგან. ასეთ ძალას კი რასაკვირველია, თავისთავად მარიამ არწრუნი, როგორც მხოლოდ სომეხთა სახლიშვილი, არ წარმოადგენდა.1 გამორიცხული არაა, რომ ანისის თავკაცები, პერსპექტივაში, როდესაც ბაგრატ IV-ის მეშვეობით შეძლებდნენ ბიზანტიელთაგან თავის დაცვას, მარიამ დედოფალზე გარკვეულ ლეგიტიმისტურ იმედებსაც ამყარებდნენ და ფიქრობდნენ არწრუნთა საგვარეულოს წარმომადგენლის ეგიდით (რასაკვირველია, საქართველოს სამეფოს უშუალო მხარდაჭერითა და მფარველობით) ეროვნული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. მაგრამ იმჟამად ამაზე ფიქრი ნაადრევი იყო და, ორივე მხარეს, ანისელებსა და ბაგრატ IV-ს ბიზანტიის ანექსიისაგან ქვეყნის დაცვისთვის უნდა ეზრუნათ.
ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფო აქტიურად ჩაერია სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და მოინდომა წინაღდგომოდა ბიზანტიის ექსპანსიას. მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატ IV-ის ეს აქცია უშედეგოდ დამთავრდა, მას მაინც ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობა. მან დაადასტურა საქართველოს მეფის პრეტენზიები, გამოსულიყო იმპერიის მეტოქედ ამიერკავკასიაში და არ დაეშვა აქ მისი გაბატონება.2
ანისის ამბებში ბაგრატ IV-ის აქტიურმა ჩარევამ, ეტყობა, კიდევ უფრო გაამწვავა საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა. იმპერიის ხელისუფლება, რასაკვირველია, ვერაფრით ვერ შეეგუებოდა საქართველოს მეფის ამგვარ ანტიბიზანტიურ აქციებს და დაუყოვნებლივ შეეცდებოდა მის სამაგალითო დასჯას. კონსტანტინოპოლმა, ეტყობა, ამ დროს რეალურად დაისახა მიზნად ბაგრატ IV-ის დამხობა და მის ადგილზე თავისი ერთგული ყმის - დემეტრე მაგისტროსის გამეფება. მთავარ იარაღად იმპერატორმა ამჯერადაც ლიპარიტ ბაღვაში გამოიყენა. ბიზანტიელთა მხარდაჭერით დაიმედებულმა კლდეკარის ერისთავმა შეძლო ბაგრატის მოწინააღმდეგე ძალების (კახნი, სომხითარნი) კონსოლიდაცია) და მის წინააღმდეგ ფართო ფრონტის შექმნა. მოგვითხრობს რა ბაგრატ-ლიპარიტის კონფლიქტის ამ ეტაპზე, „მატიანე ქართლისაის“ ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი (ლიპარიტის - ზ.პ.) შემწე იყო... და იყვნეს თანამდგომ ლიპარიტისსა კახნი ძალითა მათითა და დავით სომეხთა მეფე ძალითა მისითა“.3
1. მარიამის სომხური წარმომავლობა რომ ყოფილიყო გადამწყვეტი, მაშინ უფრო უპრიანი იქნებოდა სომეხ ნახახარებს მიემართათ ვანანდისა და ტაშირ-ძორაგერტის სამეფო სახლების წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც მარიამთან შედარებით თავიანთი გვარიშვილობაც (ისინი ბაგრატუნები იყვნენ, მარიამი კი - არწრუნი) უწყობდა ხელს. ა. აბდალაძე. „ქართლის ცხოვრება“ და საქართველო-სომხეთის.., გვ. 126. {175}
2. ჩვენ არ ვიცით თუ რა ბედი ეწვიათ ბიზანტიელთა მიერ ანისის ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ სარგის ჰაიკაზნსა და პროქართული ორიენტაციის სხვა მესვეურებს. ვ. სტეპანენკო ფიქრობს, რომ სარგის ჰაიკანზნმა, შესაძლებელია, თავის კარიერა საქართველოს მეფის კარზე დაამთავრა (В. П. Степаненко. К идентификации личности веста.., გვ. 172.) ეს აზრი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. როგორც ირკვევა, ამ პერიოდში სომეხთა ნაწილი საქართველოში გახიზნულა (არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. გვ. 68-69). ამასთან ცნობილია, რომ ბაგრატ IV დიდი სიმპატიებით იყო განწყობილი სომხების მიმართ და ხშირად მათ მაღალ თანამდებობებსაც კი ურიგებდა. ამის შესახებ იხ. ა. აბდალაძე. „ქართლის ცხოვრება“ და საქართველო-სომხეთის.., გვ. 177-179; ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 121-122.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 300-301.
აქ განსაკუთრებით საყურადღებოა ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში ტაშირ-ძორაგერტის მეფე დავითის ყოფნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავის დროზე - 1040 წელს ბაგრატ „აფხაზთა“ მეფემ გარკვეული სამსახური გაუწია დავით „უმიწაწყლოს“, როდესაც დაეხმარა მას დვინის ემირის აბულ-სუარის შემოსევის მოგერიებაში.1 საქართველოსა და ტაშირ-ძორაგერტის სამეფოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საერთო მტრის წინააღმდეეგ სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთ ფაქტზე მიუთითებს „მატიანე ქართლისაის“ ავტორი, რომელიც აღნიშნავს ქართველთა და სომეხთა ერთობლივ გამოსვლას განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ XI ს. 20-30-იანი წლების მიჯნაზე.2 „დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, - წერს მემატიანე, - და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა“,3 და ვიდრე ყრმაღა იყო ბაგრატ, შეკრბეს ლაშქარნი ამის სამეფოსანი, იბირნეს ლიპარიტ და ივანე აბაზას ძე; მოვიდა დიდი კვირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით სომეხთა მეფე, და ჯაფარ ამირა ტფილელი, რამეთუ ესე ყოველნი პირობითა კვირიკესითა შეკრებილ იყვნეს ეკლეცს ფადლონს ზედა; გააქციეს ფადლონ და აუწყვიდეს ლაშქარი, აიღეს ავარი და განძი ურიცხვი ამიერთაგან ვიდრე სიკუდილამდე შეჰავდა ფადლონ“.4
1. Р. М. Бартикян. «Хронография» Матфея Эдесского о Грузии и грузинах.., გვ. 143; Р. И. Матевосян. Восточный Гугарк в IX-XIII вв. Автореферат диссертации на соискан. уч. степени кандидата исторических наук. Ереван, 1969, გვ. 11.
2. აკად. ნ. ბერძენიშვილი ამ ბრძოლას 1027-1030 წლებით ათარიღებდა (იხ. ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა, გვ. 239, შენ. 36). პ. თოფურიამ, არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის შესაბამის ცნობაზე დაყრდნობით, დააზუსტა, რომ ფადლონის წინააღმდეგ ლაშქრობას ადგილი ჰქონდა 1030 წელს (პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური.., გვ. 192- 193).
3. მკვლევართა ყურადღება მიიპყრო ფრაზამ „დიდი ფადლონ... სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის (ბაგრატის) სამეფოსათა“. პ. თოფურიამ გაითვალისწინა რა, რომ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით „მოთაული თავად მყოფია“ სავსებით ლოგიკურად დასვა კითხვა, თუ ვინ იყვნენ ეს „მოთაულები“, რაიმე ძალაუფლება ჰქონდათ მათ ფადლონის ქვეყანაზე და ამიტომ „სწუნობდა“ მათ განძის ამირა? ან „ხომ არ უკავშირდება ეს მომენტი ბაგრატ III-ისა და ფადლონის ზავის პირობებს?“ (პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 193).
4. მატიანე ქართლისა, გვ. 296 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
მართალია, ამ შემთხვევაში ფადლონის საწინააღმდეგო კოალიციის ინიციატორად კვირიკე კახთა მეფე გვევლინება, მაგრამ, ვფიქრობთ, ამას არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა.1 მთავარია, რომ აქ საქართველოს სახელმწიფო და ტაშირ-ძორაგერტის სამეფო ერთად გამოდიოდნენ განძის ამირას წინააღმდეგ. აღნიშნული ფაქტები იმის დამადასტურებელია, რომ ბაგრატ IV-ს ტაშირ-ძორაგერტის მეფესთან ერთი ხანობა კარგი დამოკიდებულება ჰქონია, მაგრამ მოგვიანებით, ეტყობა, მათ შორის ურთიერთობა რამდენადმე გაუარესდა. ამაში გარკვეული როლი შეასრულა, ალბათ, იმან, რომ ანისისათვის ბრძოლაში საქართველოს მეფე და დავით „უმიწაწყლო“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილია, ტაშირ-ძორაგერტის მეფეებს გააჩნდათ საკმაოდ საფუძვლიანი ლეგიტიმისტური პრეტენზიები ანისის სამეფოზე. ამიტომაც იყო, რომ 1041-1042 წლებში. დავით „უმიწაწყლომ“ ორჯერ მოინდომა ანისის დაკავება, მაგრამ ვერ შეძლო ეს.2 1045 წელს კი, როგორც ვნახეთ, ანისში შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომლის დროსაც ბაგრატ IV და დავით „უმიწაწყლო“ ერთმანეთის მეტოქეებად მოგვევლინნენ. საბოლოოდ, პროქართულმა ორიენტაციამ გადასძალა და იქ, დავით სომეხთა მეფის წარმომადგენლების ნაცვლად, მარიამ დედოფალი და ქართველი დიდებულები ჩავიდნენ. ამას, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა უარყოფითი რეაქცია არ მოჰყოლოდა ტაშირ-ძორაგერტის მმართველი წრეების მხრიდან და არ გამოეწვია ურთიერთობის ერთგვარი დაძაბვა ბაგრატ IV-სა და დავით „უმიწაწყლოს“ შორის. ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ „გაერთიანებული საქართველოსა და ტაშირ-ძორაგერტის კვირიკიან მეფეებს შორის, საზოგადოდ, აშკარა დაპირისპირება შეიმჩნევა“, რისი მიზეზიც, ძირითადად, ქვემო ქართლიდან კვირიკიანთა განდევნისათვის ქართველი მეფეების ზრუნვა იყო.1 ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ცალკეულ შემთხვევებში, რომლებზედაც ზემოთ გავამახვილეთ ყურადღება, მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის მხარდამხარ გამოსვლა, მაგრამ ეს უფრო დროებით ხასიათს ატარებდა და განპირობებული იყო საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობით.2 ყველა შემთხვევაში XI ს. შუა ხანებისათვის ტაშირ-ძორაგერტის მეფეს სავსებით ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი ის საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა მის ხელისუფლებას გაძლიერებული ბაგრატ IV-ის მხრიდან. ამიტომ იყო, რომ ის კახთა მეფესთან ერთად, რომელიც ასევე შიშით ძრწოდა „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფის წინაშე, მხარში ამოუდგა ლიპარიტ ბაღვაშს.
როგორც ვხედავთ, კლდეკარის ერისთავმა საკმაოდ მძლავრი ფრონტი შექმნა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ. ამას გარდა, მან ისიც კი მოახერხა, რომ გადმოიბირა მეფის ზოგიერთი მომხრეც: „გამოექცა მაწყუერელი მეფესა ბაგრატს და შეეზრახა ლიპარიტს“,3 - წერს მემატიანე. ასეთ ვითარებაში ბაგრატ მეფეს მთელი ძალების მობილიზება დასჭირდა, რათა გაეძლო უძლეველი ფეოდალის შემოტევისათვის. ქვეყნის შიგნით არსებული ძალების გარდა, მან ეტყობა, გარეშე ძალაც მოიშველია. ეს გარეშე ძალა უნდა იყოს „ვარანგთა“ სამათასიანი რაზმი, რომლის ყოფნაც დაფიქსირებულია ამ დროს საქართველოში „მატიანე ქართლისაის“ მიერ.
1. ალ. აბდალაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ „მატიანე ქართლისაის“ ავტორს დავით „უმიწაწყლოს“ ბრძოლაში ჩაბმა - მონაწილეობა უფრო კახეთ-ჰერეთის მეფის ღვაწლად მიაჩნია, ბაგრატ IV-ისა... მოკავშირეთა დამრაზველი ძალა მაინც გაერთიანებული საქართველოს სამეფოს კარი უნდა ყოფილიყო“. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 69.
2. К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства.., გვ. 81; თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო.., გვ. 238.
3. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 69.
4. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 69.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 300.
საკითხი იმის შესახებ, თუ ვის მხარეზე გამოდიოდნენ „მატიანისეული“ „ვარანგები“ ბაგრატ-ლიპარიტის კონფლიქტში, დიდი ხანია იწვევს მკვლევართა ცხოველ ინტერესს. ისიც უნდა ითქვას, რომ ისტორიოგრაფიაში არსებობს აშკარად გამოკვეთილი აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ „მატიანე ქართლისაის“ ცნობა საქართველოში „ვარანგთა“ მოსვლის შესახებ ტექსტოლოგიურად უაღრესად რთულია და, ერთი შეხედვით თითქოს არ იძლევა იმის გამორკვევის საშუალებას, თუ ვისი მხარე ეკავათ „ვარანგებს“ საქართველოს მეფისა და ლიპარიტ ბაღვაშის კონფლიქტში. იმდენად, რამდენადაც „ვარანგთა“ რაზმის ყოფნას საქართველოში უშუალო კავშირი აქვს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ურთიეთობებთან, საჭიროდ მივიჩნევთ ამ საკითხზე სპეციალურად შეჩერებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „მატიანე ქართლისაის“ ტექსტის ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთის წაკითხვა დაკავშირებულია გარკვეულ ტექსტოლოგიურ სიძნელეებთან, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ცნობის დასაწყისი და დასკვნითი ნაწილები ამჟღავნებენ ერთგვარ შინაარსობრივ წინააღმდეგობას ერთმანეთთან. ასე მაგალითად „მატიანის“ ანა დედოფლისეულ ნუსხაში ცნობა „ვარანგთა“ მოსვლის შესახებ შემდეგნაირად გამოიყურება: „და მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი (და დააყენა შუას გარე და მოიტანა თანა შვიდასი კაცი. მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა და ამით ვარანგითა, მესხნი ვეღარა მოილოდინნეს. მივიდეს და შეიბნეს თავსა სასირეთის ჭალისასა, გაიქცა შიდას ლაშქარი. და ომსა ამასვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანიცა დიდებულნი მის თანა; და ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა (ბრძოლად); მისცნა ლიპარიტ პაშტნი, და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს, და ეგრეთ ლიხი გარდავლეს“.1
მოტანილ ცნობაში სპეციალურად გამოვყავით ის ადგილები, რომლებიც რამდენადმე გაუგებარს ხდის ტექსტის საერთო შინაარსს. კერძოდ, დასაწყის ნაწილში ნათლად ჩანს, რომ ვარანგები მოვიდნენ ბაგრატ მეფესთან და მის მხარეზე იბრძოდნენ სასირეთის ჭალასთან გამართულ ბრძოლაში; დასკვნით ნაწილში კი რატომღაც მათი მასპინძლის როლში ლიპარიტი გვევლინება, რომლის მსახურნიც („პაშტნი“) სუფრას უშლიან ლიხს იქით მიმავალ „ვარანგებს“. აღნიშნული წინააღმდეგობა ვერ შენიშნა „მატიანე ქართლისაის“ პირველმა კომენტატორმა ვახუშტი ბატონიშვილმა, რომელმაც პირდაპირ მიუთითა, რომ „ვარანგები“ მოვიდნენ ბაგრატის დასახმარებლად და მის მხარეზეც იბრძოლეს სასირეთის ჭალასთან: „ხოლო ბაგრატს მოერთნეს სამი ათასი ვარანგნი; მოიტანა მეფემან შვიდასი მათგანი და შიდა-ქართველნი, გარნა მესხნი ვერღარა მოიცადა და ლიპარიტიცა მოვიდა კახით და სომეხთა მეფით დავითით; შეიბნეს სასირეთის ჭალასა შინა; არამედ იძლივნეს ბაგრატისანნი და შეიპყრეს კუალად აბუსერ და სხვანი დიდებულნიცა და „ვარანგთა ვერღარა უყვეს ბრძოლა. მისცა ლიპარიტ პაშტანი. მათ გარდავლეს ლიხნი“,2 როგორც ვხედავთ, ვახუშტი არ განმარტავს, თუ რატომ მასპინძლობს დამარცხებულ „ვარანგებს“ გამარჯვებული ლიპარიტი. ასევე შეუმჩნეველი დარჩა აღნიშნული წინააღმდეგობა მ. ბროსესაც.3
1. ქართლის ცხოვრება. ანა დედოფლის ნუსხა, დასაბეჭდად მოამზადა ფილოლოგიის განყოფილებამ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით. თბ., 1942, გვ. 187 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
2. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 147 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
3. მ. ბროსე. საქართველოს ისტორია. ნიკ. ღოღობერიძის გამოცემა. ტფ., 1895, გვ. 140.
პირველი მეცნიერი, რომელიც დაეჭვდა „მატიანე ქართლისაის“ ცნობის სისწორეში, იყო გამოჩენილი რუსი ბიზანტოლოგი აკად. ვ. ვასილევსკი. კონსტანტინოპოლში მყოფი რუსულ-ვარიაგული რაზმის საქმიანობის შესახებ მასალების მოძიებისას მეცნიერი წააწყდა „მატიანე ქართლისაის“ ზემოთ მოტანილ ცნობას (ის სარგებლობდა მ. ბროსეს ფრანგული თარგმანით) და შეეცადა მის გამოყენებას რუს-ვარიაგთა რაზმის ბედ-იღბლის გასარკვევად. ვ. ვასილევსკიმ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ცნობაში მოხსენიებული „ვარანგები“ სწორედ კონსტანტინოპოლში მყოფ რუს-ვარიაგთა რაზმიდან უნდა ყოფილიყვნენ და, რომ ისინი საქართველოში ბიზანტიიდან უნდა მოხვედრილიყვნენ.1 ამასთან, გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ ბაგრატ-ლიპარიტის კონფლიქტში ბიზანტიის ხელისუფლება კლდეკარის ერისთავს უჭერდა მხარს, ვ. ვასილევსკიმ საეჭვოდ მიიჩნია „ვარანგების“ იმთავითვე ბაგრატის დასახმარებლად მოსვლა. მეცნიერის აზრით, თავდაპირველად „ვარანგთა“ რაზმი ლიპარიტს უნდა მოსვლოდა, დემეტრე უფლისწულის გარდაცვალების შემდეგ, რომლის გასამეფებლადაც იღწვოდა ლიპარიტი და ბიზანტიის ხელისუფლება, „ვარანგებს“ შეეძლოთ ბაგრატის მხარეზე გადასვლა.2
1. ვ. ვასილევსკი ფიქრობდა, რომ 1043 წელს კიევის რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების გამო კონსტანტინოპოლის ხელისუფლებამ მოაშორა დედაქალაქს რუს-ვარიაგთა კორპუსი. მისი აზრით, ჯარის ერთი ნაწილი იბრძოდა სამხრეთ იტალიაში გიორგი მანიაკის წინააღმდეგ. ხოლო მეორე ნაწილი გაიგზავნა „ივერიის სიღრმეში“. В. Г. Васильевский. Варяжско-русская и варяго-английская в Константинополе. – Труды В. Г. Васильевского. Т. I. СПБ., 1908, გვ. 309-315.
2. В. Г. Васильевский. Варяжско-русская.., გვ. 309-315.
მოგვიანებით, აკად. ვასილევსკის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც შეუდგნენ მზადებას განსვენებული მეცნიერის შრომების I ტომის გამოსაცემად, საჭიროდ ჩათვალეს ვ. ვასილევსკის ამ მოსაზრების დაზუსტება, რისთვისაც გამომცემლებმა მიმართეს აკად. ნ. მარს. მან სპეციალურად შეისწავლა „მატიანე ქართლისაის“ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი და მოგვცა მისი სრულიად ახალი გაგება: „Пришли Варанги, три тысячи человек, и он (Липарит) поставил их в Баше; с собою взял (Липарит) семь сот человек. Баграт явился с войском внутренним (с востока, из внутренней Карталинии). Варанги (бывшие с Липаритом) не смогли дождаться Месхов, пришли и завязали бой (с Багратом) на рубеже Сасиретской долины: внутреннее (приведенное Багратом из внутренней Карталинии) войско бежало. В этой битве (войска Липарита) опять захватили Абусера и с ним также других знатных, которые не оказались в силах бороться с Варангами. Им (захваченным в плен князьям) Липарит дал сита, и те просевали муку в присутствии их (Липарита с Варангами): так потешились (победители)“.1
როგორც ვხედავთ, აკად. ნ. მარმა მოხსნა ყოველგვარი წინააღმდეგობა „მატიანე ქართლისაის“ ცნობის დასაწყის და დასკვნით ნაწილებს შორის, გამოაცხადა რა „ვარანგები“ იმთავითვე ლიპარიტის დასახმარებლად მოსულებად. ამით მან რამდენადმე დაადასტურა ვ. ვასილევსკის მოსაზრების საფუძვლიანობა. ჩვენი საუკუნის 40-იან წლებში „ვარანგებზე“ ცნობის მარისეული ახსნის დასაბუთებით გამოვიდა აკად. ნ. ბერძენიშვილი, რომელმაც თავის რეცენზიაში ი. ცინცაძის სადოქტორო დისერტაციაზე, გააკრიტიკა დისერტანტის აზრი2 იმის შესახებ, რომ „ვარანგები“ იმთავითვე მოვიდნენ ბაგრატ IV-სთან და მის მხარეზე იბრძოლეს სასირეთის ჭალასთან.3 აკად. ნ. ბერძენიშვილმა აღიარა, რომ „ქართლის ცხოვრების“ სამივე უძველეს ნუსხაში აღნიშნულია „ვარანგების“ ყოფნა ბაგრატის ლაშქარში. მიუხედავად ამისა, მეცნიერს მიაჩნია, რომ ტექსტზე დაკვირვებები და ისტორიული მონაცემები იძლევიან „მატიანის“ ტექსტში შესწორების შეტანის საფუძველს.4 ნ. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „მატიანის“ მასალები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დავაფიქსიროთ „კახთა“ და „სომხითართა“ მონაწილეობა (როგორც ამას აკეთებდა ვახუშტი ბატონიშვილი) სასირეთის ბრძოლაში. მართალია, ისინი მხარს უჭერდნენ ლიპარიტს, მაგრამ სასირეთის ბრძოლაში, უშუალო მონაწილეობას არ იღებდნენ - ასკვნის ნ. ბერძენიშვილი.5
სასირეთის ბრძოლის ერთადერთ მონაწილეებად მეცნიერი თვლის „ვარანგებსა“ და „შიდა ლაშქარს“.6 ნ. ბერძენიშვილი ამტკიცებს, რომ „მესხნი“, რომლებიც მოხსენიებულნი არიან „ვარანგების“ შესახებ ცნობაში, გამოდიოდნენ ლიპარიტის მხარეს. სწორედ მათ ვერ დაელოდნენ „ვარანგები“ და დაიწყეს ბრძოლა.7 მისი აზრით გამოთქმა: „ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა“ - ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგებმა ვერ გაუძლეს ვარანგებს და არა ვარანგებმა ვერ გაუძლეს (მოწინააღმდეგეს). წინააღმდეგ შემთხვევაში, შენიშნავს მეცნიერი, გაუგებარია, რატომ უმასპინძლდება საზეიმოდ გამარჯვებული ლიპარიტი დამარცხებულ ვარანგებს.8 ნ. ბერძენიშვილის შეხედულებით „მატიანის“ თავდაპირველ ტექსტში იქნებოდა არა „ამით ვარანგითა“, არამედ „ამათ ვარანგთა“.
1. В. Г. Васильевский. Варяжско-русская.., გვ. 316. ფრჩხილებში მოცემულია ნ. მარის განმარტებები.
2. ი. ცინცაძემ თავის ნაშრომში სრული დამაჯერებლობით აჩვენა - „მატიანის“ ტექსტის აკად. ნ. მარისეული გაგების მცდარობა. იხ. ი. ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.). თბ., 1956, გვ. 22-37.
3. ნ. ბერძენიშვილი. იასე ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (რეცენზია). - საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. V. თბ., 1971, გვ. 196-202.
4. ნ. ბერძენიშვილი. იასე ცინცაძე. ძიებანი.., გვ. 196-197.
5. ნ. ბერძენიშვილი. იასე ცინცაძე. ძიებანი.., გვ. 197.
6. ნ. ბერძენიშვილი. იასე ცინცაძე. ძიებანი.., გვ. 197.
7. ნ. ბერძენიშვილი. იასე ცინცაძე. ძიებანი.., გვ. 197.
8. ნ. ბერძენიშვილი. იასე ცინცაძე. ძიებანი.., გვ. 198-199.
ყოველივე ამის შემდეგ ნ. ბერძენიშვილმა შემდეგნაირად აღადგინა „მატიანის“ ტექსტი „მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შვიდასი კაცი, და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა: და ამათ ვარანგთა მესხნი ვერღარა მოილოდინნეს, მივიდეს, და შეიბნეს თავსა სასირეთის ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი და ომსა ამასვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანიცა დიდებულნი მის თანა, ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს; და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს“.1
ამგვარი შესწორების შეტანის წინააღმდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კატეგორიულად გამოვიდა ი. ცინცაძე, რომელმაც მოიტანა არანაკლებ საყურადღებო არგუმენტები ვახუშტისეული წაკითხვის სასარგებლოდ.2 მიუხედავად ამისა, მთელმა რიგმა მეცნიერებმა, მათ შორის „მატიანე ქართლისაის“ გამომცემლებმა და მთარგმნელებმა (ს. ყაუხჩიშვილმა,3 ვ. დონდუამ,4 მ. ლორთქიფანიძემ,5 გ. წულაიამ,6 კ. კ. გრიგოლიამ,7 ქ. ჩხატარაიშვილმა,8 ვ. კოპალიანმა,9 გ. პაიჭიჭაძემ, 10 ვ. გოილაძემ,11) გაიზიარეს აკად. ნ. ბერძენიშვილის კონიექტურა. თავის დროზე, ჩვენ საგანგებოდ შევეხეთ „ვარანგების“ საკითხს და მივედით დასკვნამდე, რომ აკად. ნ. ბერძენიშვილის მიერ მოტანილი არგუმენტები არაა საკმარისი „მატიანე ქართლისაის“ ტექსტში კონიექტურული ჩარევის დასასაბუთებლად და მხარი დავუჭირეთ „ვარანგებზე“ ცნობის ვახუშტი-ცინცაძისეულ გაგებას.12 ანალოგიურ თვალსაზრისს ავითარებენ რ. მეტრეველი13 და გ. ანჩაბაძეც.14
ვიდრე შევუდგებოდეთ აკად. ნ. ბერძენიშვილის მოსაზრების კრიტიკულ ანალიზს, წინასწარვე უნდა შევნიშნოთ, რომ არც ერთ იმ მკვლევარს, რომელმაც გაიზიარა მისი თვალსაზრისი „ვარანგების“ საკითხთან დაკავშირებით, პრაქტიკულად არ მოუცია რაიმე ახალი არგუმენტი „მატიანის“ ტექსტში შესწორების შეტანის აუცილებლობის გასამართლებლად. ეს ითქმის ვ. კოპალიანზეც, რომელმაც თავის ნაშრომში საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას და შეეცადა დაემტკიცებინა ნ. ბერძენიშვილის კონიექტურის საფუძვლიანობა მხოლოდ იმით, რომ „ვარანგთა“ რაზმი ვ. ვასილევსკის მსგავსად, ბიზანტიიდან მოსულად მიიჩნია.15
1. ნ. ბერძენიშვილი. იასე ცინცაძე. ძიებანი.., გვ. 201.
2. ი. ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს.., გვ. 22-37.
3. ქართლის ცხოვრება. ტ. I, გვ. 300.
4. Хрестоматия истории СССР. т. I. М., 1960, გვ. 352.
5. Матиане Картлиса. Перевод, введение и примечания М. Д. Лордкипанидзе. Тб., 1976, გვ. 50-51.
6. Летопись Картли.., გვ. 69.
7. კ. გრიგოლია. „დავითის ცხოვრებაში“ დამოწმებული ერთი ტერმინის განმარტებისათვის. - ქართული წყაროთმცოდნეობა. III. თბ., 1971, გვ. 118; კ. გრიგოლია. ნიკო ბერძენიშვილი - „ქართლის ცხოვრების“ მკვლევარი. - ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან. თბ., 1976, გვ. 25-26.
8. ქ. ჩხატარაიშვილი. უცხოელები XII ს-ის საქართველოს ლაშქარში. - საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ., 1966, გვ. 178.
9. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 224-239.
10. გ. პაიჭაძე. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკითხები ნ. ბერძენიშვილის შრომებში. - წგნ.: გ. პაიჭაძე. ისტორიოგრაფიული ეტიუდები. თბ., 1981, გვ. 35.
11. ვ. გოილაძე. ვიკინგები საქართველოში. - მნათობი, 4, 1984, გვ. 165-171.
12. З. В. Папаскири. „варанги“ грузинской „Летописи Картли“ и некоторие вопросы русско-грузинских контактов в XI веке – История СССР. №3, 1981, გვ. 164-169; З. В. Папаскири. У истоков русско-грузинских политических взаимоотношений. Тбилиси,1982, გვ. 34-43. იხ. აგრეთვე:. В. Папаскири. К толкованию одного сообшения „Летописи Картли“. ̶ Актуальные проблемы изучения и издания письменных исторических источников. Всесоюзная научная сесия, посвященная 60-летию образования СССР (26-28 октября 1982 г. Сухуми). Тезисы докладов.Тб., 1982, გვ. 67-68.
13. რ. მეტრეველი. და მოვიდეს ვარანგნი.., - ლიტერატურული საქართველო. 41, 1981, 9 ოქტომბერი, გვ. 12; რ. მეტრეველი. „და მოვიდეს ვარანგნი...“ (ისტორიულ-ფილოლოგიური ნარკვევები). თბ., 1988, გვ. 76.
14. გ. ანჩაბაძე. „შიდა ლაშქრის“ („შიდა სპას“) მნიშვნელობის გარკვევისათვის, - მაცნე, ისტორიის... სერია. 1, 1987, გვ. 85-86.
15. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 224-239.
დაახლოებით ამავე აზრს ავითარებს ვ. გოილაძეც ამ უკანასკნელ ხანს გამოქვეყნებულ, თავისთავად უაღრესად საინტერესო წერილში ვიკინგ-ვარიაგების ყოფნაზე საქართველოში, რომელშიც ისლანდიური საგების მონაცემების მოშველიებით ცდილობს დაამტკიცოს „ვარანგების“ მოსვლა ბიზანტიიდან და ამით დაადასტუროს „მატიანის“ ტექსტის ნ. ბერძენიშვილისეული წაკითხვის მართებულობა.1 აქვე უნდა ითქვას, რომ ვ. გოილაძეს არც კი უცდია აკად. ნ. ბერძენიშვილის მოსაზრების საწინააღმდეგოდ ი. ციცნაძისა და ჩვენ მიერ წამოყენებული კონტრარგუმენტების კრიტიკული განხილვა2 და მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციით დაკმაყოფილდა.3 ჩვენ, რასაკვირველია, არ გამოვრიცხავთ საისტორიო წყაროების ტექსტებში გარკვეული შესწორებების შეტანის აუცილებლობას, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ ეს უნდა ხდებოდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებული სახით ტექსტის შინაარსი სრულიად გაუგებარია და ამიტომ მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ამ კუთხით შევხედავთ „მატიანე ქართლისაის“ ცნობას „ვარანგების“ შესახებ, ჩვენამდე მოღწეულ ნუსხებში, მიუხედავად მასში არსებული ერთგვარი წინააღმდეგობებისა, ის მაინც არ შეიძლება ჩავთვალოთ ტექსტოლოგიური თვალსაზრისით გაუმართავ და შიინაარსობრივად გაუგებარ მასალად. განვიხილოთ ნ. ბერძენიშვილის მიერ მოტანილი არგუმენტები და ვნახოთ, არის თუ არა მიზანშეწონილი მათზე დაყრდნობით „მატიანის“ ტექსტში შესწორების შეტანა.
1. ვ. გოილაძე. ვიკინგები საქართველოში.., გვ. 165-171.
2. თავის დროზე ვ. კოპალიანმაც მხოლოდ დააფიქსირა ი. ცინცაძის ცალკეული დებულებები და არ მოუცია მათი კრიტიკული ანალიზი.
3. ვ. გოილაძე. ვიკინგები საქართველოში.., გვ. 166.
პირველი, რაშიც ვერ დავეთანხმებით ნ. ბერძენიშვილს, არის აზრი, თითქოს სასირეთის ბრძოლაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ვარანგები (ლიპარიტისა) და „შიდა-ლაშქარი“ (ბაგრატ IV-ისა) და, რომ „კახნი“ და „სომხითარნი“, მართალია, მხარს უჭერდნენ კლდეკარის ერისთავს, მაგრამ ამ ბრძოლაში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ. „მატიანე ქართლისაის“ მონაცემები არათუ არ ადასტურებენ ამ დასკვნას, არამედ, პრაქტიკულად გამორიცხავენ მას. მემატიანის მთელი სასირეთის ბრძოლამდელი მონათხრობი, ფაქტობრივად, არის გადმოცემა იმ მზადებისა, რომელსაც ეწეოდა ორივე მხარე გადამწყვეტ შეტაკებამდე. „ლიპარიტ გამოიყვანა ახლად საბერძნეთით დემეტრე ძმა ბაგრატ მეფისა, ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო. და განხეთქნა ამის სამეფოსა კაცნი: რომელნიმე წარუდგინნა დემეტრეს, და რომელნიმე დარჩეს ბაგრატის ერთგულობასა შინა... და იყვნეს თანამდგომ ლიპარიტისა კახნი ძალითა მათითა ამას კერძოსა ქართლისასა. და იყო მი-და-მო საურავი ხელოვნებისა“.1 მას უშუალოდ მოსდევს ცნობა „ვარანგთა“ მოსვლისა და სასირეთში გამართული ბრძოლის შესახებ, რომელშიც, როგორც ვიცით, ბაგრატის ჯარი დამარცხდა, შემდეგ კი საუბარია დემეტრე უფლისწულის გარდაცვალებაზე და ბაგრატის მიერ ლიპარიტის შემოსარიგებლად გადადგმულ ცდებზე, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა.2
ამით მთავრდება მემატიანის ნაამბობი ლიპარიტ ბაღვაშის ამ გამოსვლის შესახებ და ის იწყებს თხრობას ბაგრატ-ლიპარიტის ახალი შეტაკების მომზადების შესახებ: „და შემდგომად მცირედისა ჟამისა სულა ერისთავმან კალმახისამან, გრიგოლ ერისთავმან არტანუჯისამან შეაერთეს სიტყუა და შეიწვივნეს მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მესხნი, და უხმეს მეფეს... ცნა ესე ლიპარიტ და შეკრიბა თავისი ლაშქარი და მოირთნა კახნი და სომეხნი, ბერძენნიცა თანავე ჰყვეს. და მიუხდა უგრძნეულად არყისციხეს, და შეიბნეს. და სძლია ლიპარიტვე, და გააქცია მეფე“.3
1. მატიანე ქართლისა, გვ. 300-301.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 301.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 301.
როგორც ვხედავთ, დროის მცირე მონაკვეთში ბაგრატსა და ლიპარიტს ორი შეტაკება ჰქონიათ. ორივე შეტაკების წინ დაფიქსირებულია „კახთა“ და „სომეხთა“, აგრეთვე „ბერძენთა“ ყოფნა ლიპარიტის ბანაკში. ვერ გაგვიგია, რის საფუძველზე უნდა უარვყოთ მათი მონაწილეობა ერთ (ამ შემთხვევაში სასირეთის) ბრძოლაში და ვილაპარაკოთ მათ მონაწილეობაზე მხოლოდმეორე (არყისციხესთან) შეტაკებაში. რაიმე დამატებითი მასალა, რომელიც ამგვარ დაშვებას განგვიმარტავდეს, არც „მატიანე ქართლისაის“ და არც სხვა რომელიმე წყაროში არ გვხდება. თუ „კახნი“ და „სომეხნი“ სასირეთის ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ, მაშინ რა საჭირო იყო მათი ხსენება საერთოდ. საკითხავია ასევე, თუ „ვარანგები„ ლიპარიტის მხარეს გამოდიოდნენ (ამ შემთხვევაში ისინი უსათუოდ უნდა ჩაითვალონ ბიზანტიიდან მოსულებად), მაშინ მემატიანემ რატომ გამოყო ისინი ცალკედ და რატომ დაუკავშირა მათი მოსვლა „კახთა“ და „სომეხთა“ და რაც მთავარია „ბერძენთა ლაშქრის“ მოსვლას?
არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ მემატიანის მონათხრობი „ლიპარიტ გამოიყვანნა ახლად საბერძნეთით დემეტრე...“ ვიდრე „შეიქცა მეფეცა და წარვიდა აფხაზეთს“,1 არის გადმოცემა ერთი მოვლენისა - ლიპარიტ ბაღვაშისა და დემეტრე უფლისწულის გამოსვლისა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ. ბაგრატ-ლიპარიტის მრავალწლიანი ჭიდილის ამ ეპიზოდის კულმინაციური მომენტია სასირეთის ბრძოლა, რომელმაც გამარჯვება აჯანყებულ ფეოდალს მოუტანა. განა რეალურია, რომ ამისთანა მნიშვნელოვან, თითქმის გენერალურ შეატკებაში (სხვანაირად მემატიანე ასე დაწვრილებით არ აღწერდა მას) ლიპარიტს ეჯობნა მეფისთვის მხოლოდ 700 „ვარანგის“ წყალობით.2
1. მატიანე ქართლისა, გვ. 300-301.
2. საინტერესოა, რომ ვ. კოპალიანი არ ეთანხმება ამ საკითხში ნ. ბერძენიშვილს და საეჭვოდ არ მიიჩნევს „კახთა“ და „სომეხთა“ მონაწილეობას სასირეთის ბრძოლაში. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 225.
დასაზუსტებელია ნ. ბერძენიშვილის დასკვნა იმის შესახებაც, რომ „მესხნი“ გამოდიოდნენ ლიპარიტის მხარეზე და სწორედ მათ ვერ დაელოდნენ „ვარანგნი“. მეცნიერის აზრით ეს გარემოება ერთ-ერთი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ „ვარანგები“ იმთავითვე მოვიდნენ ლიპარიტთან. სავსებით ვიზიარებთ აკად. ნ. ბერძენიშვილის აზრს იმის შესახებ, რომ მესხთა პოზიციის გარკვევას სასირეთის ბრძოლის დროს, მართლაც, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის საინტერესო საკითხის გადაჭრისას, მაგრამ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ მას იმაში, რომ ამ დროს მესხები საერთოდ გამოდიოდნენ ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ. ამაში ვერ დაგვაჯერებს თუნდაც ის, რომ მაწყუერელი, რომელიც ადრე მესხებთან ერთად ბაგრატ მეფეს მოუვიდა მაშველად, მოგვიანებით „გამოექცა მეფესა და შეეზრახა ლიპარიტს“.1 დავუშვათ, მაწყვერელს, ყველა ის მესხი, რომელიც ადრე ბაგრატ IV-ს აახლა, ამჯერად ლიპარიტის სამსახურშიც ჩაეყენებინა (თუმცა წყარო მხოლოდ მაწყუერელი გაქცევაზე ლაპარაკობს), ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სასირეთის ბრძოლის წინ უკლებლივ ყველა მესხი ლიპარიტს ედგა მხარში. პირიქით, მესხ აზნაურთა უმეტესობა ამ დროს უეჭველად ბაგრატ IV-ის მომხრე იყო და მის ლაშქარში იბრძოდა სასაირეთის ომში. „აბუსერი, ერისთავი არტანუჯისა, და ხიხათა და ციხის-ჯუარისა და აწყუერის ციხის პატრონი“ და მისი ხელქვეითნი, როგორც ეს აჩვენა ი. ცინცაძემ, უდავოდ მესხები იყვნენ.2
ასევე საყურადღებოა, რომ უშუალოდ სასირეთის ბრძოლის შემდეგ მეფეს ენერგიულად ამოუდგნენ მხარში სულა კალმახის ერისთავი, გრიგოლ არტანუჯის ერისთავი და „მათ თანა სხუანი აზნაურნი მესხნი“.3 ლიპარიტმა მხოლოდ არყისციხესთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შეძლო თავისი პოზიციების განმტკიცება მესხეთში: „მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა ქუეყანასა“.4 ეს მონაცემები, ჩვენი აზრით, აშკარად მეტყველებენ იმაზე, რომ სასირეთის ომის წინ მესხი აზნაურები ძირითადად მეფის ბანაკში იყვნენ.5 ასე რომ მესხთა ლიპარიტის მოკავშირეებად გამოცხადებას, რომელსაც მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ვარანგთა“ საკითხის გასარკვევად, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი წინააღმდეგობა ხვდება და ის უფრო ადვილად უარსაყოფია, ვიდრე მისაღები.
ძნელი გასაზიარებელია აგრეთვე „მატიანის“ „ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა“-ს ნ. ბერძენიშვილისეული გაგება - „ვერ გაუძლო მოპირდაპირე მხარემ „ვარანგთა“ შემოტევას. დაეყრდნო რა ძველი ქართული ენის აღიარებულ სპეციალისტთა - ა. შანიძისა და ი. აბულაძის აზრს - ი. ცინცაძემ სავსებით მართებულად მიუთითა, რომ „ვერღარა უძლეს ბრძოლად (ბრძოლა- მარიამისეულ ნუსხაში) ვარანგთა“ უნდა გავიგოთ „ვარანგებმა“ ვერ გაუძლეს ბრძოლას.6 ი. ცინცაძის ამ დასკვნის სისწორეზე ისიც მეტყველებს, რომ მემატიანე ყოველივე ამაზე ლაპარაკობს იმის შემდეგ, რაც უკვე აღნიშნა შიდალაშქრის გაქცევის ფაქტი. „გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამასვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანიც დიდებულნი მის თანა, ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა“.7
მართლაც, უფრო ლოგიკური არ არის ის, რომ „ვარანგებმა“ ვერ გაუძლეს მოწინააღმდეგის შემოტევას მას მერე, რაც გაიქცა „შიდა ლაშქარი“ და ტყვედ შეიპყრეს აბუსერი და სხვა დიდებულები. რატომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ შიდა ლაშქრის გაქცევისა და დიდებულთა შეპყრობის შემდეგ „მტრის“ წინაშე მარტოდ-მარტო დარჩენილმა „ვარანგებმა“ (სულ 700 მეომარი) ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა ლიპარიტის ჯარს და დანებება არჩიეს. ასეთი ფინალით კმაყოფილმა ქართველმა ფეოდალმა კი ისინი პურ-მარილით გაისტუმრა.8
1. მატიანე ქართლისა, გვ. 300.
2. ი. ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს.., გვ. 32-33.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 301.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 302. მ. ლორთქიფანიძის განმარტებით „ზემო ქუეყანა“ - ისტორიული მესხეთის მიწა-წყალია, იხ. Матиане Картлиса.., გვ. 86. შენ. 231.
5. გ. ანჩაბაძის აზრითაც, „ქართლსა და მესხეთში მეფეს მრავალი მომხრე ჰყავდა.“ გ. ანჩაბაძე. „შიდა ლაშქრის“.., გვ. 86.
6. ი. ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს.., გვ. 41-42.
7. მატიანე ქართლისა, გვ. 301. ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
8. ი. ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს.., გვ. 42.
აღსანიშნავია ისიც, რომ სასირეთის ბრძოლის შემდეგ „ვარანგები“ გაქრნენ და შემდგომ არ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე ფეოდალურ შინაომში. უნდა ვიფიქროთ ისიც, რომ ეს ლიპარიტ-„ვარანგთა“ „შეთანხმების“ შედეგი იყო, რომელიც მიღწეულ იქნა სასირეთის ბრძოლის შემდეგ გამართულ სერობაზე. დაუშვათ, „ვარანგები“ იმთავითვე მოვიდნენ კლდეკარის ერისთავთან და მის მხარეზე იბრძოდნენ სასირეთის ჭალასთან (ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი ბიზანტიიდან მოსულებად უნდა მივიჩნიოთ), მაშინ, გაუგებარია, რატომ გაუშვა ლიპარიტმა ისინი? მას ხომ ჯერ კიდევ სჭირდებოდა იმპერიის სამხედრო ძალები, როგორც ზემოთ დავინახეთ, „ბერძენთა მეფისა... ლაშქარი“, რომელიც ლიპარიტს სასირეთის ბრძოლამდე მოუვიდა, არყის ციხესთან ბრძოლაშიც თან ახლდა მას („ბერძენნიცა თანავე ჰყვეს“).1
საკითხავია, რატომ დარჩნენ „ბერძენნი“ და რატომ წავიდნენ „ვარანგები“? რატომაა, რომ მემატიანე აბსოლუტურად არ უკავშირებს ერთმანეთს „ვარანგებსა“ და „ბერძნებს“? განა „ბერძნებსა“ და „ვარანგებს“ ერთი საერთო დამხმარე ძალა არ უნდა შეედგინათ, რომელიც იმპერატორმა გამოუგზავნა ლიპარიტ ბაღვაშს?2 ანალოგიურ სიტუაციაში, როდესაც იმპერიიდან საქართველოში იგზავნებოდა სამხედრო ნაწილები, მემატიანეები ცდილობდნენ დაეზუსტებინათ, თუ რა ძალები იყო ეს. ასე მაგალითად, XI ს. ქართველი ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე (1021-1022 წწ.), საქართველო-ბიზანტიის ომის პერიპეტიებზე თხრობისას, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „გამოვიდეს... ტაღმანი მეფისანი (ბასილი II-ისა - ზ.პ.) რუსნი“.3
1. მატიანე ქართლისა, გვ. 301.
2. აკად. ვ. ვასილევსკი საერთოდ დარწმუნებული იყო, რომ „ბერძენთა მეფისა... ლაშქარი“ და „ვარანგები“ ერთი და იგივე იყო. В. Г. Васильевский. Варяжско-русская и варяго-английская.., გვ. 214.
3. ქართლის ცხოვრება. ტ. I, გვ. 384. (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.). ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით იხ.: З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических.., გვ. 29-30.
სომეხი ისტორიკოსები სტეფანოს ტარონეცი და არისტაკეს ლასტივერტეცი ასევე აფიქსირებენ რუს მეომართა ყოფნას 1001 წელს ტაოს მოსული ბასილი II-ის ლაშქარში. ამას გარდა მათ შესანიშნავად იცოდნენ (განსაკუთრებით ასოღიკმა), თუ რატომ იყვნენ ბიზანტიის იმპერატორის ჯარში რუსი მეომრები და რა გააკეთეს მათ ტაოში.1 ერთი სიტყვით, ბიზანტიის იმპერატორთა „არაბერძნული“ სამხედრო ძალების რაიმე აქტიურობა კავკასიის ამბებთან დაკავშირებით, ქართველ და სომეხ ისტორიკოსებს შეუმჩნეველი არ რჩებოდათ. თუ „ვარანგები“ ასევე „არაბერძნული“ ძალაა, რომელიც გამოგზავნილი იყო კონსტანტინოპოლიდან ბიზანტიელთა დამქაშის - ლიპარიტ ბაღვაშის დასახმარებლად, მაშინ მემატიანემ რაღაცით მაინც რატომ არ მიგვანიშნა, რომ „ბერძენთა მეფისა... ლაშქარი“ და „ვარანგნი“ ერთი და იგივე იყო? ეს მხოლოდ იმიტომ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ სინამდვილეში „ვარანგებს“ არავითარი კავშირი არ ჰქონდათ „ბერძენთა მეფის ლაშქართან“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი არც შეიძლებოდა მოსულიყვნენ ბიზანტიიდან.2
უდავოდ მართებულია ი. ცინცაძის მოსაზრება3 (რომელსაც მხარს უჭერს ვ. კოპალიანიც)4 იმის შესახებ, რომ „ვარანგები“ საქართველოში შავი ზღვით მოვიდნენ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათი განლაგების ადგილად იქცა ბაში, რომელიც როგორც ი. ცინცაძემ დაადგინა, წარმოადგენდა მნიშვნელოვან პუნქტს რიონის სამდინარო მაგისტრალზე.5
1. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 201; არისტაკეს ლასტივერტელი. ისტორია, გვ. 41. იხ აგრეთვე: З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических.., გვ. 28-29.
2. ვ. კოპალიანი სავსებით სამართლიანად გამორიცხავს „ვარანგთა“ ბიზანტიიდან მოსვლას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბაგრატ IV-სთან მოდიოდნენ. იხ.: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 226-227.
3. ი. ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს.., გვ. 34.
4. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 230.
5. ი. ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს.., გვ. 34-35.
მცდარად გვეჩვენება აკად. ნ. ბერძენიშვილის აზრი იმის შესახებ, რომ ლიპარიტ ბაღვაშს გარკვეული წონა გააჩნდა დასავლეთ საქართველოში და ამიტომ მას შეეძლო „ვარანგთა“ მიღება ბაშში.1 ამ დასკვნის დასასაბუთებლად ძნელად თუ გამოდგება ის ფაქტი, რომ თავის დროზე აზნაურთა გარკვეულ წრეებს სურდა („იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი“) ბაგრატ IVის დამხობა და მისი ნახევარძმის - დემეტრე უფლისწულის გამეფება.2 აღნიშნული ფაქტი ნ. ბერძენიშვილს დასავლეთ საქართველოში ბაგრატის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციიის არსებობის დადასტურებად მიაჩნია.3
ვფიქრობთ, აკად. ნ. ბერძენიშვილის ეს არგუმენტი და არც რომელიმე სხვა მასალა არაფერს გვეუბნება ლიპარიტის ავტორიტეტზე დასავლეთ საქართველოში XI ს. 40-იანი წლების შუა ხანებში. ჯერ ერთი, „მატიანე ქართლისაის“ ცნობაში, აზნაურთა სურვილზე, გაემეფებინათ დემეტრე უფლისწული, არაა ნათქვამი, რომ ამისათვის ზრუნავდნენ მაინცდამაინც ლიხს იქითა აზნაურები, და მეორეც, როდესაც ეს ამბები ხდებოდა (XI ს. 30-იანი წლების დასაწყისი) ლიპარიტი ჯერ კიდევ რჩებოდა ბაგრატ IV-ის უერთგულეს ქვეშევრდომად. ასევე ცნობილია, რომ დემეტრე უფლისწულის კონსტანტინოპოლში გაქცევის შემდეგ ბაგრატ მეფემ შეძლო თავისი ხელისუფლების განმტკიცება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. „და შემდგომად ამისა მოირჭუნა და ეუფლა ზემოსა და ქუემოსა თავის მამულსა ზედა ბაგრატ“,4 - წერს მემატიანე. ასე რომ, არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია ვამტკიცოთ ლიპარიტის პრიორიტეტი დასავლეთ საქართველოში XI ს. 40-იანი წლების შუა ხანებში, სასირეთის ბრძოლის წინა პერიოდში.5 ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ნ. ბერძენიშვილის მიერ მოტანილი არგუმენტები არ არის საკმარისი „მატიანე ქართლისაის“ ტექსტში შესწორების შეტანის აუცილებლობის გასამართლებლად. წინააღმდეგობრიობა „ვარანგებზე“ მატიანისეული ცნობის დასაწყის და დასკვნით ნაწილებს შორის მხოლოდ მოჩვენებითია. სინამდვილეში არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ ბაგრატ IV-სთან მოსული „ვარანგები“ იბრძოდნენ მის მხარეზე სასირეთის ჭალასთან, მაგრამ მას მერე, რაც გაიქცა „შიდა ლაშქარი“, მათ ვერ გაუძლეს ლიპარიტის ჯარების შემოტევას და ნებაყოფილობით დანებება არჩიეს. ამ უკანასკნელმა კი არ გაამწვავა „ვარანგებთან“ ურთიერთობა (ბაშში ხომ კიდევ 2300 კაცი იმყოფებოდა) და საზეიმო პურობის შემდეგ გაუშვა ისინი.
1. ნ. ბერძენიშვილი. ი. ცინცაძე. ძიებანი.., გვ. 200-201.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 295.
3. ნ. ბერძენიშვილი. ი. ცინცაძე. ძიებანი.., გვ. 200-201.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 296 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
5. გ. ანჩაბაძე, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, „ვარანგებს“ ასევე ბაგრატ IV-სთან მოსულებად თვლის, სავსებით სწორად შენიშნავს, რომ „1047 წლისათვის შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და მოვლენების მთელი შემდგომი განვითარება საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ დასავლეთ საქართველო ძირითადად ბაგრატის მხარეზე და მისი ხელისუფლების ქვეშ იყო. იხ.: გ. ანჩაბაძე. „შიდა ლაშქრის“ („შიდა-სპას“) მნიშვნელობის.., გვ. 85.
ამრიგად, „ვარანგები“ არ მოსულან ლიპარიტთან. ისინი იმთავითვე ბაგრატ IV-ს ეახლნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ვარანგთა“ რაზმი ბიზანტიიდან არ მოსულა, ამდენად, გაჭირდება მათი გაიგივება კონსტანტინოპოლში მყოფ რუს-ვარიაგთა რაზმთან, როგორც ამას ფიქრობდა აკად. ვ. ვასილევსკი.1 სავსებით დასაშვებია, რომ იმპერიის ხელისუფლება 1043 წ. ბიზანტია-კიევის რუსეთის კონფლიქტის დროს, ყოველგვარი ხიფათის თავიდან ასაცილებლად, უთუოდ ეცდებოდა კონსტანტინოპოლიდან რუსი ვაჭრებისა და მეომრების გაყვანას2 და გიორგი კედრენეს ცნობაც, დედაქალაქში მოკავშირეების როლში მყოფი სკვითების პროვინციებში გაფანტვის შესახებ, თითქოს ადასტურებს კიდეც ამას.3 მაგრამ, ჩვენი აზრით, სრულებითაც არ არის აუცილებელი სწორედ ეს „სკვითები“ ვეძიოთ 4 წლის შემდეგ აღმოსავლეთში.
ამ შემთხვევაში XI ს. ცნობილი ბიზანტიელი ფილოსოფოსის მიქელ ფსელოსის ცნობის უტყუარ არგუმენტად გამოყენება არ შეიძლება თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მასში არაფერია ნათქვამი რუს-ვარიაგთა კორპუსის შესახებ. ჩვენი მტკიცება რომ უფრო სარწმუნო გახდეს, მოვიტანთ მიქელ ფსელოსის აღნიშნულ ცნობას თვით ვ. ვასილევსკის რუსული თარგმანის მიხედვით. 1047 წელს ლეონ-თორნიკეს აჯანყების შედეგად კონსტანტინოპოლში შექმნილ სიტუაციაზე თხრობისას ფსელოსი წერს: «Не было собрано ни собственного войска, ни союзного, исключая небольшой части наемников, которая обыкновенно следует (позади) при императорских (церемониальных) выходах. А что касается войска, находившегося на востоке, то отдельные части его даже не были собраны в какомнибудь одном лагере, так чтобы могли по данному сигналу скоро собраться и подать помощь императору, находящемуся в опасности, но они отправились в поход в самую глубину Иверии, отражая нашествие одного варвара».4
როგორც ვხედავთ, მიქელ ფსელოსის თხზულებიდან მოტანილ ციტატაში არსად არაა ლაპარაკი რუსებზე ან ვარიაგებზე. მიუხედავად ამისა, აკად. ვ. ვასილევსკი თვლის, რომ აღმოსავლეთში მყოფი ჯარი, რომელიც „იბერიის სიღრმეში„ იგერიებდა ვიღაც ბარბაროსის შემოტევას, იგივე კონსტანტინოპოლში დისლოცირებული რუს-ვარიაგთა რაზმია, იმიტომ, რომ თავის დროზე (1043 წელს) დედაქალაქში მყოფი რუსი მეომრები გაფანტეს პროვინციებში, ხოლო მოგვიანებით (დაახლოებით 1047 წ.), ქართული ქრონიკის მიხედვით, ვიღაც „ვარანგები“ ომობდნენ საქართველოში.5
1. В. Г. Васильевский. Варяжско-русская и варяго-английская.., გვ. 314.
2. იქვე, გვ. 308.
3. იქვე, გვ. 308.
4. იქვე, გვ. 309 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
5. იქვე, გვ. 309; ვ. კოპალიანი ასევე თვლის, რომ მიქელ ფსელოსის „ცნობას საქართველოში ვარიაგების მოსვლის საკითხთან კავშირი უნდა ჰქონდეს“ - ვ. კოპალიანი. საქართველოსა და.., გვ. 237.
სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გავაიგივოთ გიორგი კედრენეს „სკვითთა მოკავშირეთა ჯარი“ 4 წლის შემდეგ აღმოსავლეთში მიქელ ფსელოსის მიერ დაფიქსირებულ მოქმედ შეიარაღებულ ნაწილებთან, უმჯობესი არ იქნება, აღმოსავლეთში მყოფ ჯარში გვეგულისხმა არა „მოკავშირეთა ჯარი“ („союзное войско“), არამედ ის „ბერძენნი“, ლიპარიტს რომ ახლდნენ სასირეთთან და არყის ციხესთან ბრძოლებში და აგრეთვე ისინიც, რომლებიც «Под командой Константинэ... начальника великой этерии осаждали одну армянскую крепость, и осажденные уже находились в большой крайности, когда пришли с Запада известия о Льве Торнике».1 ერთი სიტყვით, აკად. ვ. ვასილევსკის აზრი იმის შესახებ, რომ „მატიანე ქართლისაიში“ მოხსენებული „ვარანგები„ კონსტანტინოპლში მომსახურე რუს-ვარიაგთა კორპუსიდან იყვნენ, მისაღები არ არის.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, მაშ ვინ იყვნენ „მატიანისეული“ „ვარანგები“ და რა საგარეო-პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა მათი ჩამოსვლა საქართველოში. ი. ცინცაძემ, გაითვალისწინა რა „ვარანგების“ ბაშში დაბინავების ფაქტი, სავსებით სამართლიანად დაუშვა, რომ ისინი საქართველოში შავი ზღვით უნდა მოსულიყვნენ.2 ამასთან, მკვლევარმა ისინი შავ ზღვაზე მოხეტიალე მეკობრეებად მიიჩნია, რომლებიც დაიქირავა ბაგრატ IV-მ.3 შესაძლებელია, ეს აზრი გამოსარიცხი არ იყოს, მაგრამ უფრო მართებულად მიგვაჩნია, „ვარანგთა“ საქართველოში გამოჩენის მიზეზები ვეძიოთ საერთაშორისო არენაზე, კერძოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში იმ დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. და „ვარანგების“ მონაწილეობა ბაგრატ-ლიპარიტის კონფლიქტში განვიხილოთ საქართველო-ბიზანტია-კიევის რუსეთის ურთიერთობების ფართო ასპექტში. როგორც უკვე აღინიშნა, 1043 წელს გამწვავდა ბიზანტია-კიევის რუსეთის ურთიერთობა, რომელიც სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა.4 რუსთა ფლოტის დამარცხების შემდეგ კიევი და კონსტანტინოპოლი კიდევ სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საომარ მდგომარეობაში და მხოლოდ 1046-1047 წლებში გახდა შესაძლებელი რუსეთ-ბიზანტიის ურთიერთობის ნორმალიზაცია.5
1. В. Г. Васильевский. Варяжско-русская и варяго-английская.., გვ. 312.
2. ი. ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან.., გვ. 43-44. ამ ბოლო დროს, ყურადღება მიექცა რა ვარიაგული მასალის კვალს ადიღეელთა ლინგვო-ეთნოგრაფიულ ტრადიციებში (Л. И. Лавров. Вазможный след варягов на Северо-Западном Кавказе. – Краткое содержание докладов среднеазиатско-закавказских чтении, Май, 1978 г. Л., 1978, გვ. 17-78) გამოითქვა მოსაზრება „ვარანგთა“ გადაადგილების ტრანზიტულ ტერიტორიად ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მიჩნევის შესაძლებლობის შესახებ (В. Б. Виноградов. О реальности грузинского влиания на Северо-Западном Кавказе в X-XIII вв. – მაცნე, ისტორიის... სერია. №2, 1988, გვ. 164-165).
3. ი. ცინცაძე. ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან.., გვ. 43-44. გ. ანჩაბაძე „ვარანგებს“ ასევე ბაგრატის მოქირავნეებად თვლის (გ. ანჩაბაძე. „შიდა ლაშქრის“.., გვ. 85).
4. В. Г. Васильевский. Варяжско-русская и.., გვ. 303-315; М. В. Левченко. Очерки по истории русско-византийских взаимоотношении. М.,1956, გვ. 386-399; Г. Г. Литаврин. Русско-византийские отношения в XI-XII вв. გვ. 350-351; Г. Г. Литаврин. Пселл о причинах похода русских на Константинополь в 1043 г., გვ. 71-86; В. Т. Пашуто. Внешняя политика Древней Руси, გვ. 79-80.
5. სწორედ ამ დროს დაიდო შეთანხმება კიევის რუსეთსა და ბიზანტიას შორის, რომელიც განმტკიცებულ იქნა დინასტიური ქორწინებით (ვსევოლოდ იაროსლავის ძე დაქორწინებულ იქნა კონსტანტინე IX მონომახის ასულზე), რის შემდეგაც კონსტანტინოპოლში კვლავ გამოჩნდა რუსთა კორპუსი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ლეონ-თორნიკეს აჯანყების ჩახშობაში. ამის შესახებ დაწვრილებით. იხ. В. Г. Васильевский. Варяжско-русская.., გვ. 309-318; М. В. Левченко. Очерки по истории.., გვ. 398; Г. Г. Литаврин. Русско-византийские.., გვ. 351; В. Т. Пашуто. Внешняя политика.., გვ. 89.
დაახლოებით ამავე ხანებშია სავარაუდებელი სასირეთის ბრძოლაც, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „ვარანგთა“ რაზმმა. ხომ არ უნდა მივიჩნიოთ „ვარანგები“ კიევიდან გამოგზავნილად; ხომ არ არის დასაშვები, რომ ბიზანტიის იმპერიასთან მტრულ დამოკიდებულებაში მყოფ კიევის დიდ მთავარს იაროსლავ ბრძენს დამხმარე რაზმი გამოეგზავნა ასევე იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ბაგრატ IV-ისთვის. თუ ასეა, მაშინ, საფიქრებელია, რომ „ვარანგები“ საქართველოში ცოტა უფრო ადრე - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კიევი და კონსტანტინოპოლი მტრულ ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთან, ჩამოვიდნენ.
გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს იმას, იყვნენ თუ არა „ვარანგები“ ნამდვილად ვარიაგ-ნორმანები, თუ რუსები. (ცნობილია, რომ იაროსლავ ბრძენი ძალზე ხშირად და მარჯვედ იყენებდა ვარიაგთა დაქირავებულ რაზმებს თავის სამხედრო-პოლიტიკურ აქციებში),1 ამ შემთხვევაში მთავარია, რომ „ვარანგები“ მოვიდნენ კიევიდან და მოვიდნენ ბაგრატ IV-სთან, ბიზანტიის იმპერიის პოტენციურ მოწინააღმდეგესთან. ეს იაროსლავ ბრძენის ანტიბიზანტიური კურსის ერთგვარი გამოვლინება უნდა ყოფილიყო. მაგრამ სასირეთის ჭალასთან გამართულ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ „ვარანგებს“ შეეძლოთ მიეღოთ ლიპარიტის წინადადება ნებაყოფილობით დანებების შესახებ და საერთოდ გასცლოდნენ საქართველოს. გამორიცხული არ არის, რომ ამ დროისათვის ლიპარიტს უკვე ჰქონდა (კიევთან შერიგებული) კონსტანტინოპოლიდან, ხელი არ ეხლო „ვარანგებისთვის“, პატივით მიეღო ისინი და გაებრუნებინა უკან. ეს ჰიპოთეზა უფრო მყარად მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ ბიზანტია-კიევის რუსეთის პოლიტიკურ ურთიერთობებს IX-XI საუკუნეებში.
1. В. Г. Васильевский. Варяжско-русская и варяго-английская.., გვ. 307; М. В. Левченко. Очерки по истории.., გვ. 389.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ IX ს. შუა ხანებიდან, როდესაც ადრეფეოდალურმა სახელმწიფომ კიევის ირგვლივ იწყო ჩამოყალიბება, რუსეთი მოექცა აღმოსავლეთ ევროპასა და მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ორბიტაში. ბიზანტიის იმპერია, რომელიც შეშფოთებით ადევნებდა თვალს პოლიტიკური ვითარების შეცვლას ჩრდილოეთში, აქტიურად იბრძოდა იმისათვის, რომ არ დაეშვა ახალი სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ არაბთა შემოსევების შედეგად შევიწროებული იმპერია სულ უფრო იჩენდა ცხოველ ინტერესს შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების მიმართ.1 თავის მხრივ, ახლადაღმოცენებული კიევის რუსეთის სახელმწიფო ცდილობდა აღმოსავლეთით მიმავალი ძირითადი სანაოსნო გზების ხელში ჩაგდებას, რომელთაც ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.2 ყოველივე ამას არ შეიძლებოდა იმთავითვე არ დაეძაბა ბიზანტია-რუსეთის ურთიერთობა.
მართლაც, უკვე 860 წელს წყაროები აფიქსირებენ ასკოლდისა და დირის მიერ განხორციელებულ რუსთა პირველ ლაშქრობას კონსტანტინოპოლში.3 ამავე ხანებშივე (864-884 წწ.)4 უნდა ჰქონოდა ადგილი რუსთა მიერ აბესგუნის (კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე) დალაშქვრას, რომელიც ქრონოლოგიურად დაემთხვა არაბების გამოსვლას იმპერიის წინააღმდეგ.5 909-910 და 912-913 წლებში რუსებმა კვლავ დალაშქრეს კასპიისპირეთი და დაარბიეს გილიანის, დეილემისა და ტაბარისტანის ქალაქები.6 უფრო მძლავრი იყო 945 წლის კამპანია, რომლის დროსაც რუსებმა დაიკავეს ამიერკავკასიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი - ბარდა.7 ჯერ კიდევ XIX ს. მიწურულს მ. ტებენკოვი შეეცადა რუსთა ლაშქრობები (912-913 და 943-944 წლებში) კავკასიაში განეხილა რუსეთ-ბიზანტიის ურთიერთობათა შუქზე. ის ფიქრობდა, რომ ლაშქრობები მოეწყო რუსეთ-ბიზანტიის შეთანხმების ზოგიერთი საიდუმლო პუნქტის თანახმად, რომელიც ითვალისწინებდა რუსთა გამოსვლას მუსლიმანური აღმოსავლეთის წინააღმდეგ კასპიისპირეთის მხრიდან.8
1. В. Т. Пашуто. Внешняя политика Древней Руси, გვ. 57.
2. ძველ რუსთა სავაჭრო-ეკონომიკურ აქტიურობაზე აღმოსავლეთში მოგვითხრობენ მთელი რიგი არაბი ავტორები: იბნ-ხორდადბეხი, იბნ ალ-ფაკიხი, იბნ-ფადლანი, ალ-ასტაჰრი, იბნ-ჰაუკალი და სხვ. ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: В. В. Бартольд. Арабские известия о русских. – Советское востоковедение, т. I. М., 1940. გვ. 15-51; В. В. Бартольд. Сочинения, т. II, ч, I. М.,1963, გვ. 810-858; А. П. Новосельцев. Восточные источники о восточных славянах и Руси VI-IX вв. – წგნ.: А. П. Новосельцев и др. Древнорусское государство и его международное значение. М., 1965, გვ. 355-419; Б. Н. Заходер. Каспийский свод сведений о Восточной Европе. т. II. М., 1967, გვ. 77-106.
3. В. Т. Пашуто. Внешняя политика Древней Руси, გვ. 58-59; ამ ლაშქრობის შესახებ დაწვრილ. იხ.: А. Н. Сахаров. «Дипломатическое признание» Древней Руси (860 г.). – Вопросы истории. №6, 1976, გვ. 33-64.
4. А. Н. Сахаров. «Восточный фактор» и зарождение древнерусской дипломатии (IX – первая половина X в.). – История СССР, № 1, 1980, გვ. 25, 31.
5. В. Т. Пашуто. Внешняя политика Древней Руси, გვ. 59. განსხვავებულ აზრს ავითარებს ა. სახაროვი, რომელიც უარყოფს აბესგუნზე ლაშქრობების ანტიბიზანტიურ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ეს ლაშქრობა იყო: «определенным политическим действием Руси обязавшейся по договору 860-х годов нанести удар по владениям вассалов халифата ̶противника Византии в Прикаспии». – А. Н. Сахаров. «Восточный фактор» и зарождение.., გვ. 35.
6. ა. სახაროვი, ჩვენი აზრით, სავსებით დასაბუთებულად ფიქრობს, რომ ადგილი ჰქონდა ორ ლაშქრობას - 909-910 და 912-913 წლებში. А. Н. Сахаров. «Восточный фактор» и зарождение.., გვ. 35; ამის შესახებ დაწვრილებით იხ. აგრეთვე: В. В. Бартолд. Арабские известия о русских. – Советское востоковедение, გვ. 25; В. В. Минорский. История Ширвана и Дербента в XI в. М., 1963, გვ. 119; А. Ю. Якубовский. О русско-хазарских и русско-кавкаских отношениях в IX-X вв. – Известия АН СССР, т. 3, №5. М., 1946, გვ. 456. {198}
7. ამის შესახებ დაწვრილ. იხ. А. Ю. Якубовский. Ибн-Мискавеих о походе руссов в Бардаа в 932 г., 943-944 гг. ̶ Византиский временик, XXIV, 1926, გვ. 63-92; Т. М. Калинина. Древняя Русь и страны Востока в X в. (Средневековые арабо-персидские источники о Руси). Автореферат канд. Дисс. М., 1976, გვ. 22-26; А. Н. Сахаров. «Восточный фактор» и зарождение.., გვ. 40-44.
8. М. М. Тебенков. Дрвнейшие отношения Руси с прикаспийскими ст- ранами и поэма «Искандер-Наме» Низами как источник для характеристики этих отношений. Тифлис, 1896, გვ. 23-38.
ბარდაში (943-944 წწ.) რუსთა და ბიზანტიაში იგორის ლაშქრობას შორის გარკვეულ კავშირს ხედავდა ა. კუნიკიც. ის თვლიდა, რომ კავკასიაში მოქმედებდა იგორის ვარიაგული „დრუჟინა“, რომელიც „უსაქმოდ“ დარჩა 944 წელს ბიზანტიაში დაგეგმილი ლაშქრობის ჩაშლის შედეგად.1 აკად. ვ. ბარტოლდი ასევე ხედავდა «Некоторую связь между русско-греческим договором 911 г. и набегом руссов на прикаспийские страны» და აღნიშნავდა საკვირველ დამთხვევას ბიზანტიასა და აღმოსავლეთში რუსთა ლაშქრობებს შორის.2 ა. იაკუბოვსკის აზრითაც: «...поход на Бардаа был определенно связан со вторым походом Игоря на Константинополь»3 ამ საკითხს შეეხო ა. ნოვოსელცევიც, რომელმაც რუსთა ლაშქრობები კავკასიაში განიხილა «...в широком аспекте русско-византийско-арабских взаимоотношений» და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 909-910 წლების ლაშქრობა აღმოსავლეთში მიმართული იყო ხალიფას ვასალთა წინააღმდეგ და შეესაბამებოდა ოლეგის პოლიტიკურ კურსს, დაახლოებოდა ბიზანტიას, ხოლო 944 წლის ლაშქრობა, პირიქით, ატარებდა ანტიბიზანტიურ ხასიათს და მიმართული იყო იმპერიის აღმოსავლური სამფლობელოების წინააღმდეგ.4 ამ ბოლო დროს საკითხი აღმოსავლეთში რუსთა ლაშქრობების შესახებ IX-X ს. I ნახევარში სპეციალურად დაამუშავა ა. სახაროვმა, რომელმაც იგი შეაფასა, როგორც კიევის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური აქციები, მიმართული ბიზანტიასთან დადებული სამოკავშირეო ვალდებულებათა შესასრულებლად.5
1. Б. Дорн. Каспии. О походах древних русских в Табаристан с дополнительными сведениями о других набегах их на прибрежья Каспийского моря. СПБ, 1875, გვ. 421.
2. В. В. Бартольд. Арабские известия о русских. – Советское востоковедение, გვ. 24; В. В. Бартольд. Место прикаспийских областей в мусульманском мире. – Сочинения, т. II, ч. I. М., 1963, გვ. 684.
3. А. Ю. Якубовский. О русско-хазарских и .., გვ. 469. {199}
4. В. Т. Пашуто. Внешняя политика Древней Руси, გვ. 99-104.
5. А. Н. Сахаров. «Восточный фактор» и зарождение.., გვ. 44. კასპიისპირეთში რუსთა ლაშქრობების საკითხი სპეციალურად შესწავლილია აგრეთვე ტ. კალინინას საკანდიდატო დისერტაციაში (იხ. Т. М. Калинина. Древняя Русь и страны Востока.., გვ. 21-31.
როგორც ვხედავთ, ისტორიოგრაფიაში არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრება რუსთა მიერ ბიზანტიასა და აღმოსავლეთში მოწყობილ ლაშქრობებს შორის გარკვეული ურთიერთკავშირის შესახებ, ბიზანტია-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვას, როგორც ჩანს, არცთუ იშვიათად მოჰყვებოდა კიევის ხელისუფალთა აღმოსავლური პოლიტიკის გააქტიურება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, არ უნდა იყოს გამორიცხული, რომ 1043-1046 წლებში ბიზანტია-რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავებას ასევე მოჰყვა კიევის მხრიდან ცალკეული ანტიბიზანტიური აქციების გატარება აღმოსავლეთში და რომ ამის კონკრეტული გამოვლინება იყო იმპერიის დაუძინებელი მტრის ბაგრატ IV-ისათვის 3-ათასიანი „ვარანგთა“ დამხმარე რაზმის გამოგზავნა. გავიხსენოთ, აგრეთვე ქართველ მეფეთა მიერ გადადგმული ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური დიპლომატიური ნაბიჯები, როგორც უკვე აღინიშნა, ჯერ კიდევ გიორგი I-მა მოინდომა შორეული ეგვიპტის ფატიმიდ ხალიფა ალ-ჰაქიმთან ერთად ძლიერი ანტიბიზანტიური ფრონტის შექმნა, რომელშიც ჩააბა მეზობელი სომხეთის პოლიტიკური მოღვაწეებიც. მოგვიანებით, გიორგი I-მა და ბაგრატ IV-მ მოინდომეს ბიზანტიის წინააღმდეგ ოვსთა გამოყენება. ასე, რომ არაფერი არ უნდა იყოს დაუჯერებელი იმაში, რომ ბიზანტიის წინააღმდეგ მებრძოლ ბაგრატ IV-ს XI ს. 40-იანი წლების შუა ხანებში დაემყარებინა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის კონტაქტები კიევის რუსეთთან და გამოეყენებინა იქიდან მოსული „ვარანგთა“ რაზმი კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ ომში.
სასირეთის ჭალასთან და არყის ციხესთან მოპოვებულმა გამარჯვებებმა კიდევ უფრო განამტკიცა ლიპარიტ ბაღვაშის პოზიციები და საგრძნობლად აამაღლა მისი ავტორიტეტი კონსტანტინოპოლის თვალში. შემთხვევითი არ იყო, რომ ამ დროიდან იმპერიის ხელისუფლება უფრო ფართოდ იყენებდა კლდეკარის ერისთავს თავის სამხედრო-პოლიტიკურ აქციებში. ასე მაგალითად, 1047 წლის ახლო ხანებში მან წარმატებით „ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელთა ზედა“,1 ხოლო მოგვიანებით, 1048 წელს2 „წარვიდა ლიპარიტ შუელად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა“3 და მონაწილეობა მიიღო იბრაჰიმ იინალის სარდლობით ბასიანის მხარეში მოსულ სელჩუკთა უზარმაზარი მარბიელი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში.4 ეს შეტაკება ლიპარიტისთვის საბედისწერო გამოდგა. თურქებმა ის შეიპყრეს და დაახლოებით სამი წლის განმავლობაში სულთნის ტყვეობაში იმყოფებოდა.
ამან ბაგრატ IV-ს ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება მისცა და მანაც არ დააყოვნა. ჯერ „დიდებულთა ამის სამეფოსათა და შვილთა ლიპარიტისითა, ივანე და ნიანია, იძებნეს უშიშოება და გამოიყვანეს მეფე მეფედ და კუალად მოირჭუნა და შეპყრნა შვილნი ლიპარიტისნი; აიღო უფლისციხე და გამოუშვა ივანე“,5 შემდეგ კი „უხმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი ბაგრატს, და შეიყვანეს შინა. და იყო სიხარული და მშვიდობა დიდი“.6 რამდენადმე გაუმჯობესდა ურთიერთობა ბიზანტიასთან.
1. მატიანე ქართლისა, გვ. 302. იხ. აგრეთვე: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 240-241.
2. ამ ბრძოლის დათარიღებისთვის დაწვრილ. იხ. ნ. შენგელია. სელჩუკები და საქართველო XII საუკუნეში. თბ., 1968, 190-191; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 255-256.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 302.
4. ამ ბრძოლის შესახებ დაწვრილებით იხ. ნ. შენგელია. სელჩუკები და საქართველო.., გვ. 181-191; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 243-256.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 302.
6. იქვე, გვ. 302.
იმპერიის მესვეურებმა გაითვალისწინეს რა სელჩუკთა მოწოლის შედეგად აღმოსავლეთში შექმნილი მძიმე ვითარება და ისიც, რომ მათი ერთგული მოკავშირის, ლიპარიტ ბაღვაშის განთავისუფლების საკითხი გაჭინაურდა, მოინდომეს ბაგრატის შემორიგება. ხანგრძლივი შინაომით მოქანცული საქართველოს მეფეც არ გაჯიუტებულა და გადადგა შესაბამისი ნაბიჯები იმპერიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დასამყარებლად, გაჰყვა რა თურქთა წინააღმდეგ სალაშქროდ განძას მოსულ კონსტანტინე IX-ის სარდალ ლიხტურს.1 ბერძენ-ქართველთა ეს ლაშქრობა უდავოდ „შექმნილი პოლიტიკური ვითარების საღი შეაფასების ნაყოფს წარმოადგენდა“.2 მაგრამ აღნიშნული აქტი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ბიზანტია-საქართველოს ლაშქრის წარმატებით დასრულდა: „მირიდეს თურქთა და დაარჩიეს განძის ქუეყანა“,3 მაინც ვერ გადაიქცა მოსაბრუნად ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობაში. 1051 წელს ბიზანტიის იმპერატორმა როგორც იქნა, მოახერხა თავისი ერთგული მოკავშირის ლიპარიტ ბაღვაშის თურქთა სულთან თორღულ-ბეგის ტყვეობიდან დახსნა,4 რის შემდეგ კლდეკარის ერისთავმა კვლავ განაახლა ბრძოლა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ. ბაგრატ IV ვერ აღუდგა წინ მას და იძულებული შეიქმნა თბილისი დაეტოვებინა. ლიპარიტ ბაღვაში ამასაც არ დასჯერდა: „წარვიდა საბერძნეთს..., ნახა ბერძენთა მეფე, და მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი, და ვერღარა დაუდგა ბაგრატ“.5
1. მატიანე ქართლისა, გვ. 302.
2. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 195.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 302.
4. ლიპარიტ ბაღვაშის თურქთა ტყვეობიდან დახსნის დროისა და პირობების შესახებ წყაროებში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ვხვდებით. ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ნ. შენგელია. სელჩუკები და საქართველო.., გვ. 192-194; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 154-256.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 303.
ძლიერ შევიწროებულმა საქართველოს მეფემ გადაწყვიტა ხლებოდა ბიზანტიის იმპერატორს და მისი დახმარებით მოეხდინა გავლენა ამბოხებულ ფეოდალზე: „ამისსა პირველ სუმოდა ძე მისი გიორგი ბაგრატს, დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა და წარვიდა საბერძნეთს“.1 ბაგრატ IV-ის ეს ვიზიტი კონსტანტინოპოლში კრახი იყო ანტიბიზანტიური პოლიტიკური კურსისა, რომელსაც მართალია, დროგამოშვებით, მაგრამ საკმაოდ თანმიმდევრულად ახორციელებდა საქრთველოს სამეფო ხელისუფლება XI ს. 20-იანი წლების დამდეგიდან. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბიზანტიის „მფარველობიდან“ გამოსვლისა და საერთაშორისო არენაზე ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვებისთვის ბრძოლაში გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფომ მორიგი კრახი განიცადა.
ეს მარცხი კი უშუალო შედეგი იყო იმ მწვავე შინაკლასობრივი ბრძოლებისა, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოში სამეფო ხელისუფლებისა და ფეოდალურ ოპოზიციას შორის, და რომელმაც ბაგრატ IV-ს უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანების გადაჭრის საშუალება არ მისცა. მაგრამ, როგორც მოვლენების შემდგომმა მსვლელობამ დაგვანახა, კონსტანტინოპოლში ბაგრატ IV-ის ჩასვლა მაინც არ აღმოჩნდა ბიზანტიის ხელისუფალთა იმპერიული პოლიტიკის სრული გამარჯვების მომასწავებელი. ბაგრატ IV-მ და მისმა ამალამ მარჯვე დიპლომატიური სვლებით შეძლო მდგომარეობის გამოსწორება. საქართველოს მეფეს ამაში ხელი შეუწყო, ერთის მხრივ, ბიზანტიის იმპერიის შინაპოლიტიკურ ცხოვრებაში შექმნილმა გამწვავებულმა ვითარებამ, მეორეს მხრივ კი - აღმოსავლეთში სელჩუკთა აგრესიის შემდგომი გაძლიერებით გამოწვეულმა საგარეო-პოლიტიკურმა გართულებებმაც.2
1. მატიანე ქართლისა, გვ. 303.
2. ამის შესახებ დაწვრ. იხ. Н. Скабаланович. Византийское государство и церковь.., გვ. 65-86; М. В. Левченко. История Византии. М.-Л., 1940, გვ. 195; Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии в 1025-1057 гг. – История Византии, т. II, გვ. 272-277; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 261-266.
ეტყობა, სწორედ ამ მოვლენებმა მისცა საშუალება ბაგრატ IV-ს ერთგვარი ულტიმატუმის ფორმით გამოეხატა თავისი წყენა ბიზანტიის იმპერატორისთვის და ფაქტობრივად მოეთხოვა მისგან მხარდაჭერა ლიპარიტ ბაღვაშთან კონფლიქტში: „როდესაც ბაგრატი კეისარმა მიიღო, - წერს გიორგი კედრენე, - მან კეისარს უსაყვედურა, მე მეფე ვარ და არა მცირედის ქვეყნის - აფხაზეთის მფლობელი და მაინც ლიპარიტს, ჩემს ყმასა და ქვეშევრდომს, უპირატესობას აძლევთო“.1
კეისარმა ისინი შეარიგა „იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნებოდა ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი - ერთი ნაწილის, მესხეთის მთავარი იქნებოდა სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს ცნობს ბატონად და მეფედ“.2
როგორც ვხედავთ, ბიზანტიის ხელისუფლებამ ბაგრატ IV ცნო საქართველოს მეფედ და ლიპარიტ ბაღვაში აღიარა მის ვასალად. ბიზანტიის იმპერატორის ეს გადაწყვეტილება რამდენადმე გაკვირვებას იწვევს. აზრი იმის შესახებ, რომ ბაგრატ IV-ის შემორიგება განაპირობა ბიზანტიის ხელისუფალთა სურვილმა, საქართველოს მეფის სახით ჰყოლოდა ძლიერი (ვიდრე ლიპარიტი იყო) მოკავშირე სელჩუკთა წინააღმდეგ, დამაჯერებელი არ არის. გასათვალისწინებელია, რომ ლიპარიტი, ბაგრატ IV-ის ბიზანტიაში წასვლის შემდეგ, ფაქტობრივად მთელი საქართველოს ბატონ-პატრონი შეიქმნა, როგორც „მატიანე ქართლისაის“ ქრონიკიდან ჩანს, მან „ითხოვა... ძე ბაგრატისი გიორგი, მეფედ, რათა მისცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქუეყანისათა. მოიყვანეს საყდარსა რუისისა და აკურთხეს მეფედ და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად და ბაგრატისი გუარანდუხტ დედოფალი, კაცი სრული და უნაცვალო სახითა, სიბრძნითა, სიუხვითა, ღმრთისმსახურებითა და ყოვლითა სიკეთითა“.3
1. გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. - გეორგიკა. ტ. V, გვ. 68.
2. იქვე, გვ. 68.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 304 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
ე.ი. ბაგრატის მიერ „ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა“ დატოვებული გიორგი უფლისწული ლიპარიტმა ამჯერად აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანა და რუისს მეფედ აკურთხა, თვითონ კი გურანდუხტ დედოფალთან ერთად მას რეგენტად დაუდგა. ამით ლიპარიტმა მიაღწია დასახულ მიზანს - ქვეყნიდან გააძევა მისთვის არასასურველი მეფე - ბაგრატ IV1 და სახელმწიფოს სათავეში მისი ნება-სურვილის აღმსრულებელი მცირეწლოვანი გიორგი II დააყენა.
ამით აღსრულდა ბიზანტიის საიმპერატორო კარის დიდი ხნის ოცნებაც - კონსტანტინოპოლში საპატიო ტყვეობაში მყოფი ურჩი ბაგრატ IV-ის ნაცვლად, საქართველოში იმპერიისათვის სრულიად მისაღები პოლიტიკური რეჟიმი დამყარდა, რომლის სათავეში, ფაქტობრივად, ბიზანტიის უერთგულესი ვასალი ლიპარიტ ბაღვაში დადგა.
ყოველივე ამის შემდეგ გაუგებარი ხდება ბიზანტიის მმართველი წრეების ზრუნვა ბაგრატ IV-ის ხელისუფლების აღდგენისთვის საქართველოში. ეს გამოწვეული იყო ან იმით, რომ ბიზანტიის საიმპერატორო კარს საქართველოს მიმართ საერთოდ არ ჰქონდა შორს მიმავალი მიზნები და მისგან მხოლოდ თავისი უზენაესობის აღიარებას სჯერდებოდა, ან კიდევ, ამ დროისათვის ბიზანტია-ლიპარიტის ურთიერთობაში მოხდა ისეთი რამ, რამაც აიძულა იმპერიის ხელისუფლება, გადაესინჯა თავისი დამოკიდებულება კლდეკარის ერისთავისადმი. ამ თვალსაზრისით უთუოდ საყურადღებოა ზოგიერთი წყაროს მიერ საგანგებოდ შენიშნული ის კეთილგანწყობა, რომელსაც იჩენდა ბიზანტიელთა მთავარი მტერი, სელჩუკთა სულტანი, ლიპარიტ ბაღვაშის მიმართ: „და იყო მოყუარედ მისა (ე. ი. ლიპარიტის - ზ.პ.) ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი“.2 ასევე ინტერესს იწვევს წყაროთა მონაცემები ივანე ლიპარიტის ძის სელჩუკთა მხარეზე გამოსვლის შესახებ 1057-1058 წლებში არზრუმისა და ტრაპიზონის მხარეში თურქთა ლაშქრობის დროს.3
1. საინტერესოა, რომ სომეხი ისტორიკოსის ვარდანის ცნობით, ლიპარიტმა „შეიპყრო ბაგრატ მეფე, გაგზავნა იმპერატორთან და თვითონ დაეუფლა მხარეს“. Всеобщая история Вардана Великого.., გვ. 125; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 258. ვარდანის ეს ცნობა, რასაკვირველია, სიმართლეს არ შეეფერება, მაგრამ, ფაქტია, რომ ბაგრატ IV ლიპარიტის მოძალების შედეგად გახდა იძულებული დაეტოვებინა საქართველო და კონსტანტინოპოლს სწვეოდა.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 304 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
3. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: Ф. Жордания. К материалам по истории Грузии XI-XII вв. М., 1895, გვ. 7-10; ნ. შენგელია. სელჩუკები და საქართველო.., გვ. 206-211; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 271-273.
აღნიშნულმა ფაქტებმა, შესაძლებელია, რამდენადმე ეჭვის ქვეშ დააყენა ბაღვაშთა სახლის საიმედოობა და ბიზანტიის მმართველ წრეებს აფიქრებინა ბაგრატ IV-ისადმი თავისი დამოკიდებულების შეცვლა. კონსტანტინოპოლში მიღწეული შეთანხმება ბაგრატ IV-ის გარკვეულ დიპლომატიურ გამარჯვებად უნდა მივიჩნიოთ და ის, ჩვენი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს „მზაკვრულ ღონისძიებად“, რომლიდანაც თითქოს „კარგად ჩანდა, რომ კეისარი საქართველოსაც იმას უმზადებდა, რასაც სომხეთის სამეფოს შეამთხვია“.1 თუ საიმპერატორო კარს საქართველოს მიმართ („მზაკვრულად“) იგივე ჰქონდა განზრახული, რაც სომხურ სამეფო-სამთავროებს უყო, მაშინ როგორ გავიგოთ ბაგრატის სამშობლოში გამობრუნება და მისი უფლებების სამეფო ტახტზე აღდგენა? განა უფრო ადვილი არ იყო საქართველოს მეფის დატოვება ბიზანტიაში (გაგიკ II-სავით) და ლიპარიტ ბაღვაშის მეშვეობით მთელი ქვეყნის დაპატრონება? ასევე ძნელი დასაჯერებელია, რომ ბიზანტიის კეისარს ბაგრატი გამოსტუმრებინოს ლიპარიტის თანხმობით, როგორც ამას ფიქრობდა ნ. ბერძენიშვილი.2
საქართველოში ბაგრატის გამობრუნება ლიპარიტის ნება-სურვილზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ის ალბათ ყოველმხრივ შეეცდებოდა წინ აღდგომოდა ამას. ძნელი წარმოსადგენია, რომ ყოვლისშემძლე ფეოდალს არ განეჭვრიტა ის შესაძლო გართულებები, რომელიც მოჰყვებოდა სამშობლოში ბაგრატ მეფის დაბრუნებას. შემთხვევით არ უნდა იყოს ისიც, რომ „მატიანე ქართლისაი“ ბაგრატის უკან გამოწვევის ინიციატორად ასახელებს მის დას - გუარანდუხტს: „მოითხოვა გუარანდუხტ ბაგრატ ბერძენთა მეფისაგან, და გამოგზავნა ბერძენთა მეფემან დიდითა დიდებითა, ნიჭითა და განძითა მიუწდომელითა“.3 გურანდუხტი, როგორც ვიცით, ლიპარიტთან ერთად მეურვეობდა მცირეწლოვან გიორგი უფლისწულს: „და მოიყვანეს მზრდელად მისა (გიორგის - ზ.პ.) ლიპარიტ და პატრონად და გუარანდუხტ დედოფალი კაცი სრული და უნაცვალო სახითა, სიბრძნითა, სიუხვითა, ღმრთისმსახურებითა და ყოვლითა სიკეთითა“.4
1. საქართველოს ისტორია.., 1958, გვ. 147. ნ. ბერძენიშვილის ამ აზრს ავითარებს მ. ლორთქიფანიძე, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ასევე ასკვნის, რომ „ბიზანტიას საქართველოს მიმართ უფრო შორს მიმავალი გეგმებიც ჰქონდა“. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და.., გვ. 190.
2. ნ. ბერძენიშვილი. XI-XIII საუკუნეების ისტორიიდან. - საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. VII. თბ., 1974, გვ. 21.
3. მატიანე ქართლისა, ტ. I, გვ. 304.
4. მატიანე ქართლისა, ტ. I, გვ. 304. გუარანდუხტ დედოფლის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობას აქვს ადგილი. მკვლევრების ერთი ნაწილი თვლის, რომ ის იყო ვანანდის (ყარსის) სომხური სამეფოს დედოფალი (იხ.: С. Т. Еремян. Присоединение северо-западних областей Армении к Византии.., {206} გვ. 12; Г. Г. Мкртумян. Грузинское феодальное княжество Кахети в VIII-XI вв. И его взаимоотношения с Арменией. Ереван, 1983, გვ. 123; ა. აბდალაძე. მიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა.., გვ. 272-273). შ. დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ გუარანდუხტი ტაშირ-ძორაგეტის მეფის სმბატის (XI ს. 50-60-იანი წლები) მეუღლე იყო. იხ. შ. დარჩიაშვილი. სომხური ლაპიდარული წარწერები და „მატიანე ქართლისას“ ერთი ცნობა. - თსუ შრომები, ტ. 227 (ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია), თბ., 1982, გვ. 62-70.
ლიპარიტს რამე კავშირი რომ ჰქონოდა ბაგრატის სამშობლოში დაბრუნების საკითხთან, ვფიქრობთ, წყაროები ამასს დააფიქსირებდნენ კიდევაც. გუარანდუხტი ამ შემთხვევაში ლიპარიტისაგან დამოუკიდებლად და შესაძლოა, მის საწინააღმდეგოდაც მოქმედებდა. გუარანდუხტის პიროვნებასთან და საქართველოში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს ერთმა საინტერესო და ამასთან რამდენადმე უცნაურმა ფაქტმა - მცირეწლოვანი გიორგის რეგენტად („პატრონად“) არა მისი დედის - ბორენა დედოფლის, არამედ მამიდის დანიშვნამ რომელიც, როგორც ფიქრობენ, სპეციალურად იყო ამისთვის ჩამოყვანილი საქართველოში ვანანდიდან.1 ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გუარანდუხტი, თავდაპირველად, ბორენას დასაპირისპირებლად იყო გამოყენებული და მისი საქართველოში ჩამოსვლა ბიზანტია-ლიპარიტის ინტერესებს შეესაბამებოდა, მაგრამ შემდგომ, ეტყობა, ვითარება შეიცვალა. ბაგრატ IV-ის მომხრეებმა შეძლეს გუარანდუხტის გადმობირება, გამოიყენეს მისი ავტორიტეტი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე და ფაქტობრივად დაიხსნეს თავიანთი მეფე „ტყვეობიდან“.2
ყოველივე ეს, ჩვენი აზრით, ხდებოდა ლიპარიტისაგან ფარულად და მის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ლიპარიტ ბაღვაშმა არაფრად ჩააგდო კეისრის გადაწყვეტილება და არ დაემორჩილა ბაგრატ მეფეს. „მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებლად, და ... ზრდიდა ბაგრატის ძესა გიორგის მცირესა სახელითა მეფობისათა. ხოლო ბაგრატს აქუნდა ქუემოთ კერძი დაწყობით“.3 მაგრამ ასეთი ვითარება დიდ ხანს არ გაგრძელებულა. მალე „მცირედისა ჟამისა შემდგომად ამის სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობა ლიპარიტისი. სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს, და შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე“.4 სულა კალმახელმა დატყვევებულნი მეფეს მიჰგვარა და მან „აღიხუნა ლიპარიტეთაგან ციხენი არტანუჯი და ყუელი, უფლისციხე და ბირთვისი“.5
აღსანიშნავია, რომ შეთქმულების მონაწილედ მოჩანს გუარანდუხტ დედოფალი, რომელიც გიორგი უფლისწულთან ერთად „დგეს ღრტილას, და რა ცნეს შეპყრობა ლიპარიტისი, შეიყვანეს ახალქალაქსა და მუნ მოილოდინეს ბაგრატ სულთა ზედა“.6 გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიეს მეფეს კლდეკარში გამაგრებულებმა, რომელთაც მეთაურობდა „ანამორი მწიგნობართუხუცესი ლიპარიტისი“, მაგრამ, როცა ლიპარიტსა და მის ძეს - ივანეს სიკვდილით დასჯით დაემუქრნენ „მოიმტკიცეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოსანი ციხოვანთა ლიპარიტისთა მშვიდობით გაშუქებისათვის ლიპარიტისა და ივანესა. მოსცნეს კლდე-კარნი“,7 ამით ბაგრატმა ფაქტობრივად შემოიერთა კლდეკარის საერისთავო. ლიპარიტი გაძევებულ იქნა საქართველოდან, ხოლო ივანეს არგვეთის მამულიღა აკმარა.8
მართალია, მოგვიანებით ივანე ბაღვაშმა, რომელსაც „უურვა თავის მამამან ბაგრატს თანა“, დაიბრუნა თავისი სამფლობელოები არგუეთსა და ქართლში და სპასალარადაც იქნა დანიშნული,9 მაგრამ ამას ბაგრატ IV-ის ხელისუფლების შემდგომ განმტკიცებაზე გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, „მოირჭუნა ბაგრატ და განძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის ქუეყანისათა. და ამან წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თვინიერ კუეტარისა და ნახჭევანისა. და შემდგომად ამისსა იქმნნეს დიდნი და აღძვრანი დიდთა მეფეთანი“.10
1. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ.., გვ. 273.
2. ა. აბდალაძე თვლის, რომ გუარანდუხტის რეგენტად დანიშვნა ბიზანტიის კეისრის თანხმობით მოხდა, თუმცა მკვლევარს ეს აქტი, ამავე დროს, „საქართველოს სამეფო ხელისუფლების მომხრე ძალების წარმატებადაც“ მიაჩნია. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 273-274.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 304.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 304.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 305.
6. მატიანე ქართლისა, გვ. 304-305.
7. მატიანე ქართლისა, გვ. 305.
8. მატიანე ქართლისა, გვ. 305.
9. მატიანე ქართლისა, გვ. 305.
10. მატიანე ქართლისა, გვ. 306.
როგორც ვხედავთ, ლიპარიტ ბაღვაშის ხანგრძლივი ბრძოლა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა. ეს იყო სამეფო ხელისუფლების გამარჯვება ფეოდალურ ოპოზიციაზე. კლასობრივმა და შინაკლასობრივმა მომენტებმა უთუოდ იქონია გავლენა გაჭიანურებული კონფლიქტის საბოლოო შედეგზე, მაგრამ ვფიქრობთ ლიპარიტ ბაღვაშის მარცხი უმთავრესად საგარეო-პოლიტიკური ხასიათის ფაქტორებმა განაპირობა. კერძოდ, XI ს. შუა ხანებში მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილმა საერთაშორისო სიტუაციამ, რომელმაც გამოიწვია კონსტანტინოპოლის კურსის შეცვლა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ბიზანტიის იმპერიის მმართველმა წრეებმა, თურქ-სელჩუკთა მხრიდან სულ უფრო მზარდი საშიშროების ვითარებაში, აშკარად დაინახეს საქართველოს სამეფოსთან, აღმოსავლეთში ერთადერთ ქრისტიანულ სამეფოსთან, შემდგომი კონფრონტაციის სრული უპერსპექტივობა და მასთან კეთილმეზობლური, სამოკავშირეო ურთიერთობის დამყარება ამჯობინეს, რომელიც მოგვიანებით დინასტიური ქორწინებითაც (ბაგრატ IV-ის ასულის მართა-მარიამის მითხოვება მიხეილ დუკასთვის) იქნა განმტკიცებული.
ამრიგად, XI ს. 30 - 50-იან წლებში საქართველოში მიმდინარე შინაფეოდალურმა ომმა ხელი შეუშალა ბაგრატ IV-ს გადაეჭრა უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანა - თავი დაეღწია ბიზანტიის იმპერიის ქვეშევრდომობისაგან და მოეპოვებინა ეროვნული სუვერენიტეტი საერთაშორისო არენაზე. მიუხედავად ამისა, XI ს. 50-იანი წლების მიწურულისათვის ამ მიმართულებით მაინც გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ფეოდალურ ოპოზიციაზე გამარჯვების შემდეგ ბაგრატ IV-მ მნიშვნელოვნად განამტკიცა თავისი მდგომარეობა და თანდათანობით ბიზანტიის იმპერატორის თანასწორუფლებიან პარტნიორად იქცა, რისი დადასტურებაც იყო საქართველოს მეფისთვის ჯერ ნოველისიმოსისა და შემდეგ კი სევასტოსის წოდებების მინიჭება.1 მაგრამ XI ს. 60-იან წლებში კვლავ გართულდა საქართველოს სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა. ეს გამოწვეული იყო თურქ-სელჩუკთა აგრესიის გაძლიერებით, რომლებიც სულ უფრო უახლოვდებოდნენ საქართველოს სამეფოს საზღვრებს. ამიერიდან ბიზანტიასთან ურთიერთობის მოგვარების პრობლემამ უკანა პლანზე გადაიწია და სამეფო კარის მთელი ყურადღება სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებამ მიიპყრო.
1. მატიანე ქართლისა, გვ. 315. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია ტ. II, გვ. 151. იხ. აგრეთვე: И. А. Джавахишвили. К вопросу о времени пастроения грузинского храма в Атени, – Христианский Восток, т. I. вып. III, 1908, გვ. 251.
წყარო: ზურაბ პაპასქირის წიგნი: „ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი“.

Комментариев нет:

Отправить комментарий