XVI საუკუნის დამდეგისთვის ერთიანი საქართველოს დაშლა უკვე იურიდიულად იყო გაფორმებული და ახლად წარმოქმნილი სამეფოებიც ერთმანეთის საზღვრებს აღიარებდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, საზღვრების კორექტირების სურვილი მაინც არსებობდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე II (1484-1510) ქართლის სამეფოს ნაწილის დაკავებას ბრძოლით ცდილობდა. ვითარება დარეგულირდა მისი მემკვიდრის ბაგრატ III-ის (1510-1565) ზეობისას. იგი დაეხმარა ლუარსაბ I (1527-1556) ქართლის ტახტის დაკავებაში, რის სანაცვლოდაც „მისცეს ბაგრატს ქართლი... არადეთის წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა“1 (ქართლის დასავლეთი ნაწილი მდ. ფრონემდე). ბაგრატისა და ლუარსაბის კავშირი დინასტიური ქორწინებითაც განმტკიცდა. ლუარსაბ I-მა ცოლად შეირთო ბაგრატის ასული თამარი. იმერეთისა და ქართლის მეფეები მთელ რიგ საკითხებში ერთობლივად მოქმედებდნენ და შეთანხმებულ პოლიტიკას ახორციელებდნენ.
1. „ქართლის ცხოვრება“, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბ., 1959. გვ. 493; „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ, II, ტფ., 1897, გვ. 369; თეიმურაზ ბაგრატიონი, „ცხოვრება საქართველოისა“ (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980,გვ. 7.
ბაგრატ III-მ მნიშვნელოვანი საეკლესიო პოლიტიკა გაატარა. ამ პოლიტიკის ნაწილია ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოების ურთიერთმიმართების საკითხი. ამ დროს აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოები გარკვეულ შემთხვევებში თანხვდებოდა ერთმანეთს: 1. დასავლეთ საქართველოში მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომლის კანონებიც აისახა ძეგლში „სამართალი კათალიკოზთა“, ესწრებოდა ქართლის კათოლიკოსი მალაქია. 2. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში გამარჯვებისა და სამცხის შემოერთების შემდეგ მეფე ბაგრატმა სამცხის საეპიკოპოსო კათედრებზე, რომელიც ქართლის საკათალიკოსოს იურისდიქციაში შედიოდა, დასვა თავისთვის სასურველი კანდიდატები. 3. საისტორიო აქტების ბრძანებულებით ნაწილში აფხაზეთის კათოლიკოსი ყოველთვის ქართლის კათოლიკოსთან ერთად იყო დამოწმებული. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
I
XV-XVI სს. დასავლეთ საქართველოში, ზნეობრივი თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მრავალგვარი დანაშაულობანია გავრცელებული, რომელთა შესახებაც საუბარია - „მცნებაი სასჯულო“-ში (XV ს.), „სამართალი კათალიკოზთა“ და „ბიჭვინტის დიდ იადგარი“-ში (XVI ს. შუა ხანებში). ცხადია, ეკლესია ვალდებული იყო სამწყსოს სულიერ მდგომარეობაზე ეზრუნა. ამ მიზნით მოიწვიეს საეკლესიო კრება. აფხაზეთის საკათალიკოსოს სინოდმა მიიღო კანონები, რომელიც ჩვენთვის „სამართალი კათალიკოზთა“-ს სახელითაა ცნობილი. ძეგლი ეკლესიისა და სამეფო ხელისუფლების თანამშრომლობის ამსახველია. მასში საეკლესიო დანაშაულთა გვერდით განხილულია სისხლის სამართლის დანაშაულობანი.
ძეგლი სპეციფიკურია საერო და საეკლესიო დანაშაულების ერთად განხილვის თვალსაზრისით. ჩანს, მეფის ძალაუფლება არ იყო საკმარისი დანაშაულთა აღმოსაფხვრელად და საჭირო გამხდარა ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენება.1
კრების მოწვევის ინიციატორი და ორგანიზატორი აფხაზეთის კათოლიკოს ევდემონ I ჩხეტიძესთან ერთად იყო ქართლის კათოლიკოსი მალაქია. ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ როდის გაიმართა კრება და შესაბამისად როდინდელია „სამართალი კათალიკოზთა“.2 კრების მონაწილე აფხაზეთის კათოლიკოსი ევდემონ I ჩხეტიძე 1557-1578 წლებში განაგებდა საკათალიკოსოს, ქართლის კათოლიკოსი მალაქია კი - 1532-1534 წლებში. კრების დამამტკიცებელი ეპისკოპოსების ქრონოლოგიის შეჯერებისას შეგვიძლია კრების მოწვევის თარიღის ქვედა ზღვრად ავიღოთ ევდემონ ჩხეტიძის ზეობის საწყისი - 1557 წელი, ხოლო ზედა ზღვრად - 1559 წელი, როდესაც კრების მონაწილე იოვაკიმე ნიკორწმინდის კათედრაზე შეცვლა დავით საყვარელიძემ1 (თუმცა ცალმხრივად ამ თარიღის გაზიარება არ შეგვიძლია, რადგან დავით საყვარელიძეს XVII საუკუნის (1659 წ.) მოღვაწედ მიიჩნევს ს. კაკაბაძე, მისი აზრი გაიმეორა მ. მურუსიძემ).
1. ბ. ლომინაძე, აფხაზეთის საკათალიკოსოს სინოდის მიერ მიღებული კანონები (XVI ს.), ჟურნ. გელათის მეცნიერებათა აკადემიის უწყებანი, ქუთაისი, 1996, #2, გვ. 61.
2. საკითხის ისტორიოგრაფია მოცემულია გ. არახამიას ნაშრომში _ კვლავ „კათალიკოზთა სამართლის“ დათარიღებისათვის. იხ. წელიწდეული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი, საქართველოს მეცნიერებათა აცადემია, სამხარეო სამეცნიერო ცენტრი, I თბ., 2005, გვ. 64-68.
ყურადღებას იქცევს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში დაცული ხელნაწერი (გრაგნილი) #657 „გელათური ილიტარიონი“ კონდაკი, რომლის X კეფის მარცხენა აშიაზე, ცოცხალთა მოსახსენებელი დიპტიქას გასწვრივ არის მინაწერი. მასში სხვა უცხოელ სასულიერო იერარქებთან ერთად იხსენიებიან ქართლის მეფე ლუარსაბ I, ქართლის კათოლიკოსი მალაქია და აფხაზეთის კათოლიკოსი ევდემონ ჩხეტიძე: „დიაკონმან დიპტიქაჲ ცოცხალთა. დიაკონმან დიპტიქა: მალაქიასათჳს, წმიდისა პატრიარქისა ჩუენისა და ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზისა, დიდისა მამათმთავრისა; ... ევდემოს წმიდისა პატრიარქისა და ყოვლისა აფხაზეთისა კათალიკოზისა, ... ღმრთივდაცულისა მეფისა ჩუენისა ლუარსაბ აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა და შარვანელთა მეფისა“.2 ხელნაწერი საგანგებოდ შეისწავლა ნ. ქაჯაიამ. მან ცოცხალთა დიპტიქაში ამ პირთა ერთობლივად მოხსენიება დაუკავშირა დასავლეთ საქართველოში მოწვეულ საეკლესიო კრებას და კრების მიერ მიღებულ დადგენილებებს, ე.წ. „კათალიკოზთა სამართალს“. მკვლევარმა „კათალიკოზთა სამართლის“ შედგენის დრო 1557-1558 წლებით განსაზღვრა, მიიჩნია რა ქვედა ზღვრად აფხაზეთის კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის აღსაყდრება, ხოლო ზედა ზღვრად ქართლის მეფე ლუარსაბ I გარდაცვალება (იგი იზიარებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ლუარსაბ I გარდაიცვალა არა 1556 წელს, არამედ 1558 წელს).3 მალაქია ამ დროისთვის უკვე აღარ არის ქართლის კათოლიკოსი. იგი, როგორც გადამდგარი კათოლიკოსი მხოლოდდამხოლოდ ინარჩუნებს თავის ტიტულს. მართალია, მალაქია, როგორც უკვე ვთქვით, კრების მოწვევის ინიციატორი და ორგანიზატორია, მაგრამ მას ხელი არ მოუწერია კრების მიერ მიღებული დადგენილებებისთვის. „კათალიკოზთა სამართალს“ მხოლოდ აფხაზთა კათოლიკოსი და დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები ურთავენ ხელს. საფიქრებელია, რომ მალაქია, როგორც კათოლიკოსყოფილი არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს და ამდენად უფლება არ ჰქონდა ხელი მოეწერა ამ კანონებისთვის4.
1. ბ. გაფრინდაშვილი, „რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები“ (გელათი, ხონი, ნიკორწმინდა), ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად შესრულებული სადოქტორო ნაშრომი, თბ., 2014, გვ. 80.
2. ნ. ქაჯაია, „გელათური ილიტარიონისა“ და „კათალიკოზთა სამართლის“ დათარიღებისათვის“, ჟურნ. „მრავალთავი“, XVIII, თბ., 1999, გვ. 337.
3. ნ. ქაჯაია, „გელათური ილიტარიონისა“ და ,,კათალიკოზთა სამართლის“ დათარიღებისათვის“, ჟურნ. „მრავალთავი“, XVIII, თბ., 1999, გვ. 342.
4. იქვე გვ. 341
მალაქია იმდენად მცირე ხნის განმავლობაში ჩანს ქართლის კათოლიკოსად, რომ სავარაუდოა, იგი უფრო დიდხანს კათოლიკოსყოფილის ამპლუაში აგრძელებდა მოღვაწეობას. მალაქიასა და ევდემონ ჩხეტიძის თანამშრომლობა, განპირობებული იყო ბაგრატ III-ისა და ლუარსაბ I-ის პოლიტიკური მოკავშირეობით.
საინტერესოა დიპტიქში დაცული იერარქიულობაც. პირველ ადგილზე მალაქია იხსენიება და იგი „ყოვლისა საქართველოს“ კათოლიკოს-პატრიარქია, ხოლო მას შემდეგ არის აფხაზთა კათოლიკოს-პატრიარქ ევდემონის მოსახსენებელი. ჩანს, ქართული საზოგადოების ცნობიერება ინარჩუნებდა და ინერციით განაგრძობდა საქართველოს ეკლესიის ერთიანობის პერიოდში მიღებული წესების დაცვას1. (ეს დასკვნა მისაღებია, თუკი ხელნაწერი აღმოსავლეთ საქართველოში არ არის შექმნილი).
ჩვენთვის უცნობია, რატომ მოუწია კათოლიკოს მალაქიას სამღვდელმთავრო ტახტის დატოვება, ან რა მიზეზით მოხვდა იმერეთში. ფაქტია, მას მცხეთის საყდარზე ვითარება გაურთულდა და შესაძლოა, სწორედ ამის გამო, გადაიხვეწა დასავლეთ საქართველოში ან ლუარსაბ I-ს გადაჰყვა შაჰ თამაზის მეოთხე შემოსევის დროს (1554 წ.), როდესაც მეფემ იმერეთს შეაფარა თავი. შაჰ თამაზმა კი ვეღარ გაბედა დასავლეთ საქართველოში გადასვლა, რადგანაც იგი ოსმალეთთან ზავის დადებით იყო დაინტერესებული2.
II
იმერეთის მეფე ბაგრატ III და ქართლის მეფე ლუარსაბ I სათანადოდ აფასებდნენ სამცხის ათაბაგების პოლიტიკას, რომლებიც საკუთარი სამფლობელოს გადარჩენის ხარჯზე ოსმალებს სხვა ქართულ სამეფოებს არბევინებდნენ და შემოჭრილი მტრის წინამძღვრობასაც არ თაკილობდნენ. ოსმალთა შემოტევისაგან თავდაცვის მიზნით ბაგრატმა დადიანთან და გურიელთან ერთად 1535 წელს სამცხე დალაშქრა. მურჯახეთის ბრძოლაში მეფემ წარმატება მოიპოვა და სამცხის ათაბაგი ყვარყვარე III დაატყვევა, ათაბაგობა გააუქმა და სამცხის ძირითადი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა.
1. თვით „მცნებაი სასჯულოც“ კი ვერ ასცდა მიღებული იერარქიულობის დაცვას. (იხ. „მცნებაი სასჯულოც“, როგორც ბაგრატ VI-ის პოლიტიკის ინდიკატორი. (მოხსენებათა თეზისები). II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართული ხელნაწერი“. თბ., 2013).
2. მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII, თბ., 1971, გვ.74. მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში, თბ., 1976, გვ. 42.
ამავე დროს, ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა.1 ჩანს, ბაგრატი და ლუარსაბი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ „ლუარსაბ ქართლის მეფე ამ საქმეში ბაგრატის წინააღმდეგ არ გამოსულა. დაპყრობილი სამთავროდან ლიხთიმერეთის მეფემ მას ნაწილი დაუთმო _ მტკვრის აღმოსავლეთი მხარე“.2 აღსანიშნავია, რომ ჯავახეთი, თავის დროზე, ქართლის სამეფოსგან ჰქონდა მიტაცებული სამცხე-საათაბაგოს, ისევე, როგორც აჭარა-ჭანეთი გურიისგან. ეს ტერიტორიები მურჯახეთის ბრძოლის შემდეგ თავის ისტორიულ მფლობელებს: ქართლის სამეფოსა და გურიის საერისთავოს დაუბრუნდათ. მესხეთის შემომტკიცება ბაგრატმა სათანადო საეკლესიო პოლიტიკის გატარებითაც სცადა. მიუხედავად იმისა, რომ სამცხის ეკლესია ქართლის საკათალიკოსოს სამწყსოს წარმოადგენდა, სამცხის უპირველესი საეპისკოპოსო _ აწყურის კათედრა დაიკავეს მეფე ბაგრატის სასურველმა კანდიდატებმა. ჩანს, იგი სასულიერო ფენებში შეეცადა საკუთარი დასაყრდენის გაჩენას. ცხადია, ბაგრატი ქართლის კათოლიკოსთან შეთანხმების გარეშე ამას ვერ განახორციელებდა. მით უფრო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სულ რაღაც ათეული წლით ადრე ქართლის კათოლიკოსს შეურიგებელი ბრძოლა მოუხდა სამცხის ეკლესიის შესანარჩუნებლად. დაახლოებით 1538 წელს აწყურის საეპისკოპოსო ტახტზე ადის მანოელ ჩხეტიძე. მანოელი ბაგრატის დიდი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“, „ქართლის ცხოვრება“, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 402.
2. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 173, 179.
1529 წელს მეფე ბაგრატმა მას ხონის ახლადდაარსებული საეპისკოპოსო კათედრა ჩააბარა, ხოლო 1544 წელს, ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს დაარსების შემდეგ, რაჭის მწყემსთავრად დაადგინა1. არსებობს მოსაზრება, რომ მანოელი ჯერ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი იყო (1534 წლიდან) და ამის შემდეგ მიიღო მაწყვერლობა 2, რასაც ვერ გავიზიარებთ, რადგან ის ერთადერთი წყარო, სადაც მანოელი მაწყვერელად იხსენიება, გახლავთ ნიკორწმინდის ხელნაწერის მეფეთა და კათალიკოსთა სულთა მატიანე.3 ცხადია, ნიკორწმინდაში მან მოღვაწეობა მაწყვერლად ყოფნის შემდეგ გააგრძელა4. ვფიქრობთ, მანოელი გამორჩეულად ნიჭიერი და კარგი ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო და მისი დადგინება ახლადდაარსებულ თუ ახლადშემოერთებულ კათედრებზე შემთხვევით არ უნდა მომხდარიყო.
საფიქრებელია, რომ მანოელის შემდეგ აწყურის ეპისკოპოსი ანტონი გახდა5, რომელმაც მოგვიანებით გენათლობა მიიღო6. ჩვენ არ ვიცით ანტონი რომელ სასულიერო წრეს ეკუთვნოდა – სამცხისას თუ იმერეთისას, მაგრამ ფაქტია, ბაგრატის პოლიტიკის გამტარებელი და მეფისთვის სასურველი პირი იყო. სხვა შემთხვევაში, იგი იმერეთის მთავარ საეპისკოპოსო ტახტს _ გენათს ვერ დაეუფლებოდა. სავარაუდოა, რომ 1545 წელს, სოხოისტას ბრძოლაში დამარცხებისა და სამცხე-საათაბაგოს დაკარგვის შემდეგ ანტონმა დატოვა (ან დაკარგა) მაწყვერლობა და ბაგრატთან III-თან ერთად იმერეთში გადაინაცვლა. სამცხეში გამარჯვებული ქაიხოსრო ათაბაგი7 მაინც არ დაუშვებდა მისი შეურიგებელი მტრის _ მეფე ბაგრატის მიერ აწყურის კათედრაზე აღზევებული მღვდელმთავრის დატოვებას.
1. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“ შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ, II, ტფ., 1897, გვ. 379, 29; ს. კაკაბაძე, სჯულმდებელი ბაგრატ კურაპალატი, ტფ., 1912, გვ. 5.
2. ბ. გაფრინდაშვილი, „რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები“ (გელახონი, ნიკორწმინდა), ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად შესრულებული სადოქტორო ნაშრომი, თბ., 2014, გვ. 153,186.
3. ე. თაყაიშვილი, „მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში“, პარიზი, 1939, გვ. 5
4. ილ. ანთელავა, XI-XV საუკუნეების საქართველოს სოციალურპოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბ., 1980, გვ. 58, სქ. 186.
5. ნ. გურგენიძე, „მაწყვერელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი“, კრ. რელიგიის ისტორიის საკითხები, II, თბ., 2013, გვ. 84-85
6. ბ. გაფრინდაშვილი, იქვე, გვ. 78-81.
7. მ. სვანიძე ნაშრომში „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII“ მსჯელობს ვახუშტი ბატონიშვილისა და „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებების ცნობაზე, თითქოს სოხოისტას ბრძოლაში მეფეების ბაგრატისა და ლუარსაბის გვერდით, ოსმალთა წინააღმდეგ ქაიხოსრო ათაბაგიც იბრძოდა, თუმცა ოსმალები სწორედ ქაიხოსროს მოწვევით იყვნენ შემოსული სამცხეში და წყაროს შეუსაბამობას ასაბუთებს. (იხ. მ. სვანიძე, დასახ. ნაშრ. თბ., 1971. გვ. 59) „ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი მოგვითხრობს: „შეიბნეს სოხოისტას ზედა იმერელი მეფე ბაგრატ, და ქართლის მეფე ლუარსაბ, და ათაბაგი პატრონი ქაიხოსრო, და სრულიად საქართველო იყო, და ორი ფაშა იყო, და მეფენი მეოტ იქმნეს“ (ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბ., 1959, გვ. 359). ვფიქრობთ, ტექსტი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვამტკიცოთ ქაიხოსროს მომხრეობა ბაგრატისა და ლუარსაბისადმი. წყაროში ჩამოთვლილია ომში მონაწილე ყველა პირი, ხოლო მისი ცნობა. რომ „მეფენი მეოტ იქმნეს“, სწორედ, ამ ორი მეფის მოკავშირეობაზე მეტყველებს.
უკანასკნელ ხანს გამოითქვა მოსაზრება, რომ ბაგრატ III იშხნის კათედრაზეც თავისი კანდიდატი ჰყავდა დასმული. ძმუსის წმ. გიორგის ხატის წარწერაში (ხატი მთის წმ. გიორგის ტაძრიდან იყო ძმუისში გადასვენებული) იხსენიება მელქისედეკ იშხნელი. თუკი იშხნელი გვარი არ არის (რაც ამ დროისთვის ნაკლებ სავარაუდოა) და წოდებაა, იგი XVI საუკუნეში მოღვაწე გენათელ ეპისკოპოსს მელქისედეკ საყვარელიძეს უნდა დავუკავშიროთ, რომელიც 1529 წლიდან განაგებდა გელათს, 1565 წლიდან კი ნიკორწმინდის კათედრას. ჩანს, ბაგრატის მიერ სამცხის შემოერთების შემდეგ მას იშხნის კათედრა ჩააბარეს, ხოლო სოხოისტას ბრძოლაში დამარცხების შემდეგ სხვა ეპისკოპოსებთან ერთად იმერეთში გადმოინაცვლა, სადაც ნიკორწმინდის საყდარი უბოძეს. სამცხიდან წამობრძანებული წმინდა გიორგის ხატი სწორედ ამ დროს უნდა მოხვედრილიყო მთის წმინდა გიორგის ეკლესიაში1.
შემთხვევითი არ არის, რომ ბაგრატ III სამცხის საეპისკოპოსო კათედრებზე სწორედ ჩხეტიძეთა და საყვარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლებს ნიშნავდა. სწორედ ბაგრატს უკავშირდება ამ საგვარეულოთა წინ წამოწევა და დაწინაურება მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე. მათ წარმომადგენლებს მთელი XVI საუკუნის მანძილზე ეჭირათ სხვადასხვა საეპისკოპოსო კათედრები და უმაღლეს საეკლესიო იერარქებს წარმოადგენდნენ2.
1. ნ. ჟღენტი, ძმუისის ხატის წარწერაში მოხსენიებული მელქისედეკ იშხნელის იდენტიფიკაციისათვის: მელქისედეკ საყვარელიძე _ უცნობი იშხნელი ეპისკოპოსი? კრ: III საერთაშორისო კონფერენცია ტაოკლარჯეთი, მოხსენებათა თეზისები, თბ., 2014, გვ. 44-46.
2. 1529 წლიდან ქუთათელი ეპისკოპოსია გერმანე ჩხეტიძე, შემმისი ძმისწული სვიმონ ჩხეტიძე, იგი ბასილ ჩხეტიძემ შეცვალა, ხოლო ბასილი _ სვიმონ ჩხეტიძემ; ბედიის საეპისკოპოსო უკავია გერმანე ჩხეტიძეს, 1529 წლიდან ხონის ეპისკოპოსი არის მანოელ ჩხეტიძე, ხოლო შემდეგ ზაქარია ჩხეტიძე და ბასილი ჩხეიძე 1534 წლიდან ნიკორწმინდელი ეპისკოპოსია მანოელ ჩხეტიძე; XVI ს-ის 80-90-იან წლებში გენათელი ეპისკოპოსია დომენტი ჩხეტიძე. 1529 წლიდან გენათელი ეპისკოპოსია მელქისედეკ საყვარელიძე, 1559 წელს ნიკორწმინდის საეპისკოპოსო დაიკავა დავით საყვარელიძემ, ხოლო 1565 წლიდან _ მელქისედეკ საყვარელიძემ, XVI ს-ის 50-იანი წლებიდან მოქვის მღვდელმთავრად ჯდება ექვთიმე საყვარელიძე, ხოლო 1578 წლიდან იგი აფხაზეთის კათოლიკოსია. (იხ. ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I, თბ., 1966, გვ.206-207; მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში, თბ., 1976, გვ. 46; ბ. გაფრინდაშვილი რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები, სადისერტაციო მაცნე, თბ., 2014; გ. კალანდია, ოდიშის საეპისკოპოსოები, თბ., 2004).
III
„მცნებაჲ სასჯულოს“ შემდეგ შედგენილ საისტორიო დოკუმენტებში, უკლებლივ ყველგან, აფხაზეთის კათოლიკოსის გვერდით იხსენიება ქართლის კათოლიკოსიც. ისინი საბუთის ბრძანებულებით ნაწილში იხსენიებიან. მათი რანჟირება _ პირველ ადგილზე აფხაზეთის, ხოლო შემდგომ ქართლის კათოლიკოსის დასახელება განსაზღვრავს, როგორც დოკუმენტის შედგენის გეოგრაფიულ არეალს, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს, ასევე გამოხატავს მისი შემდგენელის პოზიციას.1 ქართლის კათოლიკოსი აფხაზეთის კათოლიკოსის წინ იხსენიება მხოლოდ ორ საბუთში და ორივე საბუთი აღმოსავლეთ საქართველოში უნდა იყოს შედგენილი. პირველი ეკუთვნის კახთა მეფე ალექსანდრეს2 და თავისთავად უკვე გარკვეულია მისი შედგენის არეალი, ხოლო მეორე საბუთში _ „სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა თოფურიძეებისადმი“, [1484-1510]3 _ მტკიცებით ნაწილში ქართლის კათოლიკოსის შემდეგ დასახელებულია, არა აფხაზეთის, არამედ „ლიხთიმერისა ქათალიკოზი“. დასავლეთ საქართველოს ლიხთიმერად აღქმა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მყოფი ადამიანისთვის იყო შესაძლებელი (საპირისპისრო ვითარებაა „მცნებაჲ სასჯულოში“ _ დასავლეთ საქართველოს „ლიხთამერი“ ეწოდება და პოლიტიკურ-საეკლესიო ცენტრიც იქ მოიაზრება).
1. სასისხლო განჩინება ალექსანდრე მეფისა ფალავანდისშვილებისადმი, 1488 წ. (ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი III, შეადგინეს თ. ენუქიძემ, დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, თბ., 2014. გვ. 277); ალექსანდრე მეფის სასისხლო სიგელი მაჭავარიანებისადმი, 1496 წ. (იქვე, გვ. 311); სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა ადამ ფონჯოვაძისადმი, 1497 წ. (იქვე, გვ. 318); სასისხლო სიგელი კონსტანტინე მეფისა ავჟანდაძეებისადმი, XV ს. მიწურული (იქვე, გვ. 325); სასისხლო სიგელი უცნობი მეფისა ქაიმაროზ გუფავასადმი XV ს. II ნახევარი (იქვე, გვ. 329); სასისხლო სიგელი, მიცემული ალექსანდრე მეფის მიერ ვახტანგ და დავით ბაქრაძეებისათვის 1501.VI.7. (Hდ-10150, საქართველოს სიძველენი, ტ. II, ტფ., 1909, გვ. 22); სასისხლო სიგელი მიცემული ალექსანდრე მეფის მიერ ხელხელიძე სარმანიშვილ ავთანდილისათვის, 1503 წ. (ქდ-6935);
2. მამულის წყალობის წიგნი ალექსანდრე მეფისა იოანე ჭარმაულისადმი, 1481 წ. (ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, III, გვ. 250-251).
3. სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა თოფურიძეებისადმი, [1484-1510], ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი III, შეადგინეს თ. ენუქიძემ, დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, თბ., 2014. გვ. 264)
ბაგრატ III დროინდელ საბუთებში კვლავაც გრძელდება ორივე კათოლიკოსის მოხსენიება1, (გამონაკლისი ერთი სათია „წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა ცირღილაძეებისადმი“, სადაც ბრძანებულებით ნაწილში მხოლოდ აფხაზეთის კათოლიკოსია დასახელებული),2 თუმცა, რანჟირება დაცული აღარ არის, გარკვეულ დოკუმენტებში პირველ ადგილზე „ქართლის“, „საქართველოს“ კათოლიკოსია დასახელებული3, საბუთში, „ეკლესიის ნაოხარის მიბარების წიგნი, მიცემული ბაგრატ იმერთა მეფის მიერ გელათის საყდრიშვილ, ჯვრისმტვირთველ იოსებ ფანჩულიძისადმი,“ სახელდებით იხსენიებიან აფხაზეთის კათოლიკოსი მალაქია და ქართლის კათოლიკოსი ბასილიოსი4. მალაქია კათოლიკოსის მიერ მელქისედეკ გენათელისათვის ეპისკოპოსად დადგენის სიგელში [1529-1532წწ.]5 აფხაზეთისა და ქართლის კათოლიკოსებს პატრიარქის ტიტულიც ემატებათ. ამავე ამპლუაში, ანუ საბუთის ბრძანებულებით ნაწილში, აფხაზეთისა და ქართლის კათოლიკოსებს ვხვდებით აფხაზეთის საკათალიკოსოსთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს ძეგლში, როგორიცაა „ბიჭვინტის იადგარი“6. რადგანაც იადგარში შესულია XVI საუკუნის დოკუმენტების ძირითადი მონაცემები7, ცხადია დიპლომატიკური ფორმულები მექანიკურადაა გადმოტანილი ამ აქტებიდან.
1. ბაგრატ მეფის სასისხლო სიგელი გაბელაძეებისადმი, 1512.IV.13, ქსიმ 1633, (საბუთის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ქ-ნ დარეჯან კლდიაშვილს)
2. ქსიმ 745. 1545.VII.19 (საბუთის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ქ-ნ დარეჯან კლდიაშვილს)
3. ქდ-6937 სასისხლო სიგელი მიცემული ბაგრატ იმერთა მეფის მიერ ბიძისთვალ გირგალაძისათვის, 1510-1565.VIII.10; ქდ-1317 სასისხლო სიგელი მიცემული ბაგრატ იმერთა მეფის მიერ ჯაკვა შერგილაძისათვის, 1554.III.29.
4. შდ-2894 (პირი) ეკლესიის ნაოხარის მიბარების წიგნი, მიცემული ბაგრატ იმერთა მეფის მიერ გელათის საყდრიშვილ, ჯვრისმტვირთველ იოსებ ფანჩულიძისადმი (1527.IV.27) ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, ტფ., 1921, გვ.9.
5. ხეც შდ-2895 (კაკაბაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 10 (შემოკლებით), ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III. ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. III, თბ., 1970, გვ. 247.
6. ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. II, თბ., 1965, გვ. 182.
7. გ. არახამია, „ბიჭვინთის იადგარი“, თბ., 2009, გვ. 53-54.
ყურადღებას იქცევს „შეწირულების სიგელი ბაგრატ მეფისა გელათისადმი“ (1545.VI.12), ბრძანებულებით ნაწილში გამეორებულია იმ პერიოდის დიპლომატიკაში მიღებული ფორმულა აფხაზეთისა და ქართლის კათოლიკოსთა დამოწმებით, თუმცა, საბუთის ბოლო ნაწილში მითითებულია: „ჩვენ, ქრისტეს მიერ ქართლისა პატრიარქი კანონითა [ვა]მტკიცებთ“1. საინტერესოა, რატომ იხსენიება საბუთში მხოლოდ ქართლის პატრიარქი, ისიც, როგორც კანონმდებელი, ვისი იურიდიული სანქციითაც დოკუმენტი ძალაში შედის, მით უფრო, რომ საბუთი გელათის წმინდა გიორგის მონასტერს ეხება, რომელიც, მართალია, ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა აფხაზეთის საკათალიკოსოს ცენტრს, მაგრამ აფხაზეთის კათოლიკოსის იურისდიქციაში შედიოდა და ამავე დროს, როგორც თავად სიგელში აღნიშნავს მეფე ბაგრატი, ის იმერეთის მეფეთა საძვალედ აქცია.
საისტორიო აქტებში ქართლისა და აფხაზეთის კათოლიკოსების ერთად მოხსენიება შეიძლება განპირობებული ყოფილიყო რამდენიმე მიზეზით: 1. ქართლის კათოლიკოსი ვერ ურიგდებოდა მისი იურისდიქციიდან დასავლეთ საქართველოს გასვლას. მან შეძლო და მოახერხა თავისი უფლებების აღდგენა აღნიშნულ რეგიონზე, გარკვეული პერიოდით მაინც. 2. პირიქით, ქართლის კათოლიკოსმა აღიარა „მცნებაჲ სასჯულოს“ შემდგომდროინდელი აფხაზეთის კათოლიკოსის ლეგიტიმურობა და მასთან თანამშრომლობის გზას დაადგა. 3. საისტორიო აქტებში ინერციით გრძელდება ერთიანობის ხანის დიპლომატიკური ფორმულების გადმოტანა.
პირველი მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ XVI საუკუნეში აფხაზეთის კათოლიკოსი დამოუკიდებელი სასულიერო იერარქია, იგი ქართლის კათოლიკოსის გავლენის ქვეშ არსად ჩანს. მით უფრო, ბაგრატ III არ დაუშვებდა ამ გავლენების დამყარებას დასავლეთ საქართველოს მღვდელმთავარზე.
1. ჰდ-11201 (ს. კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი, ტფ. 1914; საქართველოს სიძველენი, ტ. I, ტფ., 1920, გვ. 16-23; ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ ტ. II, თბ., 1965, გვ.189-190).
ჩვენ არ ვიცით, ქართლის კათოლიკოსმა ოფიციალურად რამდენად აღიარა აფხაზეთის კათოლიკოსის ლეგიტიმურობა. შესაძლოა, არც დამდგარა ეს საკითხი დღის წესრიგში. ფაქტია, ისინი XVI საუკუნეშიც და შემდგომ პერიოდშიც აქტიურად თანამშრომლობენ, თუმცა უშუალოდ, „მცნებაჲ სასჯულოს“ შემდეგდროინდელ დოკუმენტებში ქართლისა და აფხაზეთის კათოლიკოსების ერთად მოხსენიება რეალურ შინაარსს მოკლებულია. საბუთებში, ინერციით გრძელდება საქართველოს ერთიანობის ხანაში დამკვიდრებული დიპლომატიკური წესები, როდესაც, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში გაცემულ აქტებში ჯერ აფხაზეთის, ხოლო შემდგომ ქართლის მღვდელმთავრები სახელდება.1 ეს წესი მთელი XVI საუკუნის განმავლობაში, ბაგრატ III-ის მემკვიდრეების დროსაც არის დაცული.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მენტალობაში ჯერ კიდევ ძლიერია ერთიანი სახელმწიფოს ხსოვნა. მკვეთრი მიჯნების დადებას ხელს უშლიდა მეფეების ბაგრატ III-ისა და ლუარასბ I-ის მიერ წარმოებული შეთანმხებული პოლიტიკა.
როგორც ჩანს, ამ პერიოდში ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოების ურთიერთობა მთლიანად პოლიტიკურ ვითარებაზეა აგებული. ქართლისა და იმერეთის მონარქების ერთობლივი მოღვაწეობა განსაზღვრავდა საკათალიკოსოების ურთიერთობას და რაც შეიძლება, სხვა შემთხვევაში, სხვადასხვა საკათალიკოსოს იურისდიქციაში ჩარევად ჩათვლილიყო, ამჯერად ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე უმტკივნეულოდ გვარდებოდა.
1. თ. ქორიძე, დამოკიდებულება „ყოვლისა საქართველოისა“ კათოლიკოს-პატრიარქსა და აფხაზეთის კათოლიკოსს შორის (XI-XVIII სს.), რელიგიის ისტორიის საკითხები, II, თბ., 2013. გვ.171
დიპლომატიკურ ფორმულებთან დაკავშირებით, საგულისხმოა, რომ ალექსანდრე I-ისა და ბაგრატ III-ის პერიოდის გარკვეული საბუთების ბრძანებულებით ნაწილში აფხაზეთის კათოლიკოსთან ერთად იხსნიება „სამცხეს მაწყვერელი და ათორმეტ უდაბნოთა მღვდელმთავარი“. აქვე, საერო მოხელეთა ჩამონათვალში ათაბაგ-ამირსპასალარები იხსენიებიან. ფორმულირების ამ ფორმამ გ. არახამიას აფიქრებინა, რომ ეს საბუთები ეკუთვნის იმ ათწლიან პერიოდს, როდესაც იმერეთის სამეფოს შემოერთებული ჰქონდა სამცხე1, თუმცა ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ შემდეგი მიზეზების გამო:
1. სამცხის სასულიერო პირები და საერო მოხელეები იხსენიებიან ალექსანდრე I-ის დროს გაცემულ საბუთებშიც2.
2. მსგავსი საბუთები, რომლებიც ბაგრატის დროსაა გაცემული თარიღიანია და 1535-1545 წწ. ვერ დავუკავშირებთ3.
3. სამცხის შემოერთების შემდეგ საბუთებში ათაბაგის მოხსენიება ალოგიკურია, რადგან ბაგრატმა ეს ტერიტორია უშუალოდ შეუერთა იმერეთის სამეფოს და ათაბაგის სახელო სულაც გააუქმა4. ცხადია, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ერთიანი სამეფოს ხანაში მიღებული ფორმულირებების გამეორებასთან.
ზოგადად, ეს ტენდენცია დამახასიათებელი იყო დაშლილი საქართველოს საერო თუ სასულიერო იერარქთა ტიტულატურისთვისაც. ბაგრატ III-ის ეპოქაში ქართლისა და აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქები აქტიურად, თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვით თანამშრომლობდნენ. მათ ასეთ ურთიერთობას ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური კავშირი განსაზღვრავდა. ორ ნაწილად გაყოფილი საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მმართველები არიან, რის გამოც აღნიშნული ხანის საისტორიო საბუთებში მათი ერთად მოხსენიება ძველი ტრადიციის ფორმალური ასახვაა და რეალურ ვითარებას არ შეესაბამება.
1. გ. არახამია, „ბიჭვინტის იადგარი“, თბ., 2009, გვ. 59.
2. სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა თოფურიძეებისადმი [1484-1510], ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, III, შეადგინეს თ. ენუქიძემ, დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, თბ., 2014. გვ. 264; სასისხლო სიგელი უცნობი მეფისა ქაიმაროზ გუფავასადმი XV ს. II ნახევარი (იქვე, გვ. 329); სასისხლო სიგელი, მიცემული ალექსანდრე მეფის მიერ ვახტანგ და დავით ბაქრაძეებისათვის 1501.VI.7. (Hდ-10150, ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. II, ტფ., 1909); სასისხლო სიგელი მიცემული ალექსანდრე მეფის მიერ ხელხელიძე სარმანიშვილ ავთანდილისათვის, 1503 წ. (ქდ-6935);
3. ბაგრატ მეფის სასისხლო სიგელი გაბელაძეებისადმი. 1512.IV.13, ქსიმ 1633;
4. ამ გარემოებაზე ყურადღება გაგვამახვილებინა პროფ. თ. ჯოჯუამ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
დამოწმებანი:
1. ილ. ანთელავა, XI-XV საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბ., 1980.
2. გ. არახამია, კვლავ „კათალიკოზთა სამართლის“ დათარიღებისათვის. იხ. ჭელიწდეული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია სამხარეო სამეცნიერო ცენტრი, I, თბ., 2005. გვ. 64-68.
3. გ. არახამია, „ბიჭვინტის იადგარი“, თბ., 2009.
4. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV, თბ., 1973.
5. ბ. გაფრინდაშვილი, რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები (გელათი, ხონი, ნიკორწმინდა), ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად შესრულებული სადოქტორო ნაშრომი, თბ., 2014.
6. გაფრინდაშვილი რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები, (გელათი, ხონი, ნიკორწმინდა), სადისერტაციო მაცნე, თბ., 2014
7. ნ. გურგენიძე, მაწყვერელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი, კრ. რელიგიის ისტორიის საკითხები, II, თბ., 2013.
8. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973.
9. ე. თაყაიშვილი, მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში, პარიზი, 1939.
10. ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, ტფ., 1920.
11. ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. II, ტფ., 1909.
12. თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980.
13. ს. კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი, ტფ., 1914.
14. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, თბ., 1921.
15. ს. კაკაბაძე, სჯულმდებელი ბაგრატ კურაპალატი, ტფ., 1912.
16. გ. კალანდია, ოდიშის საეპისკოპოსოები, თბ., 2004.
17. ბ. ლომინაძე, აფხაზეთის საკათალიკოსოს სინოდის მიერ მიღებული კანონები (XVI ს.), ჟურნ. გელათის მეცნიერებათა აკადემიის უწყებანი, ქუთაისი, 1996, #2.
18. მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში, თბ., 1976.
19. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.) ტექსტების პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებლები ქრ. შარაშიძისა, თბ., 1961.
20. მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII, თბ., 1971.
21. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბ., 1959.
22. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, III, შეადგინეს თ. ენუქიძემ, დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, თბ., 2014.
23. ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. II, თბ., 1965.
24. ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. III. თბ., 1970.
25. თ. ქართველიშვილი, „მცნება სასჯულო“, როგორც ბაგრატ VI-ის პოლიტიკის ინდიკატორი (მოხსენებათა თეზისები), II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართული ხელნაწერი“, თბ., 2013).
26. ნ. ქაჯაია, გელათური ილიტარიონისა და „კათალიკოზთა სამართლის“ დათარიღებისათვის, ჟურნ. „მრავალთავი“ XVIII, თბ., 1999.
27. თ. ქორიძე, რელიგიის ისტორიის საკითხები, II, თბ., 2013.
28. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ, II, ტფ., 1897.
29. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ-11201.
30. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Qდ-6935.
31. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Qდ-6937.
32. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Qდ-1317.
33. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, შდ-2894.
34. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, შდ-2895.
35. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, 1633.
36. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, 745.
Комментариев нет:
Отправить комментарий