четверг, 2 августа 2018 г.

იმერეთის მეფე სოლომონ II – სამშობლოსათვის თავდადებული (ლევან ტყეშელაშვილი)

ერზე  მზრუნველი  მონარქი
იმერეთის  მეფე  დავით  არჩილის  ძე,  იგივე  სოლომონ  II,  უკანასკნელი   მონარქი   იყო საქართველოს ისტორიაში. სოლომონი ბაგრატოვანთა ორი სამეფო სახლის  წარმომადგენელი გახლდათ. მამამისი არჩილი იმერეთის გამოჩენილი მეფის სოლომონ პირველისა და აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს)  კათალიკოს  იოსებ  ბაგრატიონის  ძმა  იყო,  დედა  ელენე  კი  ქართლ-კახეთის  სახელოვანი მეფის  ერეკლე  მეორის  (1762-1798) ქალიშვილი. დავით არჩილის ძე ბიძის სოლომონ მეფის მემკვიდრედ იყო გამოცხადებული და სახელიც ბიძის საპატივცემულოდ  ეწოდა სოლომონი. იმერეთის მომავალი მეფე აღმოსავლეთ  საქართველოში  გაიზარდა  პაპის  ერეკლე  მეორის  კარზე.  სოლომონს  მამა  ჯერ კიდევ  მცირეწლოვანს გარდაეცვალა 1775 წელს და მისი აღზრდა  დედამ იკისრა. სოლომონის გამეფებაში უმთავრესი როლი შეასრულა ერეკლე მეორემ, რომელსაც უთქვამს: „დავსვამ იმერეთისა ტახტზედ შვილიშვილსა ჩემსა და ესრეთ კავშირითა თავით-თვისით იქმნება ერთობა იმერეთს ქართლსა თანა“, ქართლ-კახეთის მეფე, სოლომონის იმერეთის ტახტზე  ასვლით  ხედავდა  გამოსავალს,  რადგან  იგი  მისი  შვილიშვილი იყო.  1789  წელს,  დასავლეთ  საქართველოდან  ერეკლე  მეფესთან ჩავიდა  დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ: ექვთიმე გაენათელი, დოსითეოს ქუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიკვაიძე, ფიცისკაცნი:  ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვები. ერეკლე  მეორეს  (რომელსაც  არ  სურდა  მეფე  დავით  მიმტაცებელი ტახტისა  ინებოს  იმერეთის  ტახტზე)  იმერეთის  მიერთება  სთხოვეს, სამწუხაროდ, არ შედგა საქართველოს გაერთიანება და ქართლ-კახეთის  მეფემ  თავისი  შვილიშვილი  დაადგინა  იმერეთის  ტახტზე. ამისთვის  ერეკლე  მეფე  შვილიშვილს  სამხედრო  ძალითაც  დაეხმარა    მასვე  წელსა  წარავლინეს  ჯარი  ქართველთა  4000  და თანა  ჰყვა  სარდლად  მუხრანის  ბატონი  იოანე ქიზიყის მოურავი, ზაქარია ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლოყაშვილი,  ანდრონიკაშვილი  რევაზ  და  მეფის  ძე  იულონ.  გარდააგდეს  მეფე  დავით  და განამეფეს  სოლომონ  მეორე  ქუთაისს  (იოსელიანი.1936:18).  ახალგაზრდა  მეფეს  ასეთ  რთულ  პირობებში  მოუწია  ტახტზე  ასვლა,  ამ საქმეში უმთავრესი როლი მისმა ბაბუამ ერეკლე მეფემ ითამაშა. ინტერესს იწვევს სოლომონ მეფის ერთ-ერთი პირველი ხელმოწერა ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე, რომელშიც ქართლკახეთის მეფემ, სოლომონ მეორემ,  ოდიშის მთავარმა გრიგოლ დადიანმა და გურიის მთავარმა სვიმეონმა ერთგულება გამოუცხადეს ერთმანეთს. ივერიელთა ტრაქტატს სოლომონ მეფის შემდეგი წარწერა  ამშვენებს:  უფლისა  იესო  ქრისტეს  მონა,  მეფე  ყოვლისა  საიმერეთოისა შვილიშვილი  თქვენი სოლომონ  ქრისტიანებრითა აღთქმითა  გარწმუნებთ უმაღლესის მეფესა  ქართლს-კახეთისა და სხვათა მეორესა ირაკლის, უგანათლებულესსა ძეთა თქვენთა,  კეთილშობილთა  და ერთა  ზემოსა  ივერიისათა  (იქვე:20).
ტრაქტატის  მეორე  პირზე  ხელს  აწერს  სოლომონ  მეფე,  დედოფალი  ყოვლისა  საიმერეთოისა და ვიცე-კანცლერი სოლომონ ლიონიძე. ამ სტრიქონებში აშკარად  იგრძნობა დიდი პატივისცემა ერეკლე  მეორისადმი, რადგან სოლომონი  მის კარზე   იყო   აღზრდილი  და სწორედ  იქ  შეისწავლა  ის  წეს-ჩვეულებები,    რაც  მომავალ  მეფეს   უნდა  სცოდნოდა*. 1790  წელს  სოლომონ  მეფე  უკვე დაქორწინებული  იყო  მარიამ  კაციას  ასულ  დადიანზე,  რომელიც იყო  სამეგრელოს  მთავრის  გრიგოლ  დადიანის  და.  მათი  ქორწინება 1789  წელს  შედგა  და  ამ  დროს  სოლომონი  17,  ხოლო  მარიამი 16  წლისა ყოფილა. ნიკო დადიანი ამ ქორწინების შესახებ გვაუწყებს: „მოიყვანეს   საქართველოდამ დავით არჩილის ძე ბაგრატიონი,  ძმისწული  პირველის  სოლომონ   მეფისა, რომელი ზემო ვახსენეთ, გარნა  ესეცა ყრმა და მოიყვანეს ლეჩხუმს, სასახლესა მურს  და  მისცეს  მეუღლედ  ასული  დადიანისა  კაციასი  და  დაი გრიგოლისი  მარიამ  და  უკურთხეს  გვირგვინი  და  ქმნეს  ქორწილი“ (დადიანი.1962:184).  ქორწილის  შემდეგ  ესე  ორნი  ყრმანი,  მიმდობელნი ღმერთისანილეჩხუმიდან   სამეგრელოში სოფელ   ხუნწს წავიდნენ,  სადაც  გაიმართა ბრძოლა  იმერეთის  მეფე  დავით  გიორგის  ძის  ჯარსა  და  გრიგოლ  დადიანს  შორის,  რომელშიც  დავითი დამარცხდა. ამის შემდეგ გაამეფეს დავით არჩილის ძე ქუთაისში და  ამ  დროიდან  ეწოდა  მას  ბიძის  პატივსაცემად  სოლომონ  მეორე. გელათის  გულანი  ზუსტ  თარიღს  გვაწვდის  სოლომონის  გამეფების შესახებ:  უოზ  (1789)  ამა  ქკსა  სრულიად  იმერთა  მეფედ  იქმნა  ძე არჩილისა  მეორე  სოლომონ,  თვესა  ივლისსა:  ია  (11)  დღესა  ოთხშაბათსა  (ჟორდანია.1967:405).  იმავეს  ადასტურებს  კარბელაშვილისა და  ანთაძის  ქრონიკები.  სოლომონ  მეორის  გამეფებით  იმერეთში, აღსრულდა  მისი  სახელოვანი  ბიძის  ანდერძი,  რადგან  1784  წელს იმერეთის  სამეფო  ტახტი  მიიმძლავრა  მისმა  ბიძაშვილმა  დავით გიორგის  ძემ,  ნამდვილი  მემკვიდრე  კი  ერეკლეს  ასულის  ელენეს შვილი  ათი  წლის  დავით  არჩილის  ძე,  იმ  ხანათ  პაპასთან  მყოფი“ (იქვე:404)   აღმოსავლეთ   საქართველოში   იმყოფებოდა,   ასე   რომ სოლომონის   გამეფება   იმერეთის   სამეფო   ტახტზე   ლეგიტიმური იყო.
*მესხურ-იმერული   დღიურები   სოლომონის   მამის   არჩილის   გარდაცვალების  შესახებ  გვაუწყებს:  არჩილ  ბატონიშვილი  იმერეთს  კაცხს მოკვდა...  არჩილი  გელათს  მიიტანეს დასაფლავად. მაგრამ არ დაფლეს, შეჩვენებულიაო (საქ. ისტ. ქრონიკები.  1980:271). სავარაუდოდ არჩილი გელათის  მონასტრის  გალავნის  გარეთ  უნდა  იყოს დაკრძალული, ისე, როგორც სოლომონ პირველის ვაჟი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ეკლესიამ  გელათში  დაკრძალვის  უფლება  არ  მისცა.
სოლომონ  მეფის  შესახებ  გამოქვეყნებულ  ნაშრომებში  არ  არის სათანადოდ  წარმოჩენილი  მეფის  პირადი  ღირსებები,  მისი  განსაკუთრებული  მზრუნველობა  რიგით  ადამიანებზე,  ქვრივ-ობლებსა და უბრალო ხალხზე. ფართო საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი  მეფის  ზუსტი  ფიზიკური  აღწერილობა  და  .  .  როგორც აღვნიშნეთ,  არაერთი  ავტორი  მიზანმიმართულად  ცდილობდა, ყველა  საშუალებით  დაემცირებინათ  სოლომონ  მეფის  პიროვნება  და იგი   წარმოეჩინათ   სუსტი   ნებისყოფის   არასტაბილურ   მონარქად, რომელმაც  არ  იცოდა  კრიტიკულ  სიტუაციებში  რა  ნაბიჯი  გადაედგა.  არსებული  წყაროებისა და  ცნობების საფუძველზე, სოლომონ მეფე  სავსებით  განსხვავებულ  პიროვნებად  წარმოგვიდგება.
განსაკუთრებით   ფასეულია   პეტრე   გნილოსაროვის   ცნობები სოლომონ   მეფის   შესახებ,   რომელიც   დაიბეჭდა,   „Кавказский календар“-ის  1859  წლის     გამოცემაში.  იგივე  სტატია  ქართულ ენაზე  დაიბეჭდა  ჟურნალ  ცისკრის  1859-1860  წლის  გამოცემებში. პეტრე  გნილოსაროვი  გადმოგვცემს,  თუ,  როგორ  იღებდა  სოლომონი  სტუმრებს  სასახლეში.  ქუთაისში  მეფეს  ორი  სასახლე  გააჩნდა:  პირველი  მდებარეობდა  ჰოსპიტალთან  ცაცხვების  სიახლოვეს, რომელიც   შედგებოდა   ოცი   ოთახისაგან.   მეორე   სასახლე   მდებარეობდა  ქალაქის  ბაღის  მიმდებარე  ტერიტორიაზე,  რომელსაც უწოდებდნენ   ოქროს   ჩარდახს.   იქვე   მდებარეობდა   მეფის   კარის ეკლესია.  სწორედ  აქ  განმარტოვდებოდა  ხოლმე  მეფე...  მჭვრეტელს  თვალწინ  წარმოუდგებოდა  მშვენიერი  შეხედულება  შორს მდებარეთა  მთათა  და  რიონის  მინდორი,  თავის  ჭალაკებითა  და ველებითა,  რისთვისაც  უყვარდა  მეფეს  აქ  სადილის  მირთმევა  და ლხინი,  სადაც  მიირთმევდა  საჯავახოს  ღვინოს  და  ემუსაიფებოდა თავის  მახლობელთა,  სასახლე  რომელშიც  მარადის  ცხოვრობდა მეფე  სიძველისაგან  დაიქცა  და  დარჩა  მარტო  საძირკველი,  რომლის  ნიშანზედ  აღშენდა  გიმნაზიისთვის  აბანო,  გარნა  დაშთენილს საძირკველზედ   ეტყობა,   რომ   ყოფილა   ფრიად   დიდი.   ბევრს   აქ მაცხოვრებელს  ახსოვთ  ეს  სასახლე  (ცისკარი:1859:351).
სასახლე   ნაშენი   ყოფილა   ორ   რიგად,   ქვემო   რიგი   ქვითკირის ყოფილა,   რომელშიც   ცხოვრობდნენ   მსახურნი   და   მეფის   კარისკაცნი.  სამწუხაროდ,  დღეს  ამ  სასახლის  არავითარი  კვალი  აღარ ჩანს  ოქროს  ჩარდახის  მიმდებარე  ტერიტორიაზე,  სასახლის  მეორე სართული  ხის  ყოფილა,  რომელშიც  იყო  მეფისა  და  დედოფლის მოსასვენებელი  ოთახები.  ამ  პერიოდში  ქალაქის  ცენტრში  .  . პატარა  ქუთაისში  ხის  სახლებთან  ერთად  ქვის  შენობებიც  ყოფილა,  მათ  შორის    ქვის  ეკლესიების  ნანგრევებიც,  რომელთაგან ერთ-ერთი  მათგანი  ქალაქის  საუფლისწულო  ბაღის  მებაღეს  თავშესაფრად  გამოუყენებია,  ხოლო  მეორე  ქალაქის  მმართველის  ბინის სამზარეულოდ გადაუკეთებიათ“ (კეზევაძე.2013:266)*. უძველესი ეკლესიები  ქუთაისის  ცენტრში  სავარაუდოდ  ოსმალთა  შემოსევის შედეგად  განადგურდა,  საუფლისწულო  ბაღი  და  სხვა  ნაგებობები რუსული  მმართველობის  პერიოდში  განადგურდა. ეს  ადგილი  1833 წელს  უნახავს  წარმოშობით  ფრანგ  მოგზაურს  დიებუა  დე  მონპერეს,   რომლის   დროსაც   ამ   შენობის   არავითარი   კვალი   აღარ იყო.  სოლომონ  მეფე  ამის  შესახებ  ჯერ  კიდევ  1810  წელს  საყვედურობდა  რუსებს,  რომლებსაც  მეფის  სასახლე  დაუნგრევიათ.  მათ ასევე  რუსულ  ეკლესიად  გადაუკეთებიათ  მეფის  კარის  ეკლესია, რომელიც  დღესდღეობით  აღარ  არსებობს.  სოლომონის  რეზიდენციას   ჩრდილოეთ   მხარეს   ჰქონია   ასევე   ალაყაფის   შესასვლელი კარები.  მეფის  ოთახში  დაუპატიჟებლად  არავის  შეეძლო  შესვლა, მისი მოწოდების შემდეგ კი თავადნი და აზნაურნი: „შევიდოდნენ სასტუმრო  ოთახში  სრულიად  შეიარაღებულნი  და  დადგებოდნენ გამოჭიმულნი, ვიდრე მეფე გამობრძანდებოდა თავის ოთახთაგან დაოქროს ჩარდახიგარშემორტყმული   ყოფილა გალავნით და მის გარშემო თხრილით, რომლის კვალი მეცხრამეტე საუკუნის  დასაწყისისათვის აღარ  ჩანდა. იქვე  ყოფილა თაღიანი აპარტამენტი, რომელსაც ზემოდან  ხის  შენობა  ედგა,  სასახლეს  ირგვლივ  ხშირი  ტყე  ერტყა. მიესალმებოდა    მცირე  თავის  მოხრით,  მაშინ  ყველანი  მის  წინაშე მყოფნი  ცალის  ხელით  დაებჯინებოდნენ  თოფზედ  და  მეორე  ხელს მიიდებდნენ  გულზედ,  მოიყრიდნენ  მუხლსა  და  რომელთანაც  ინებებდა  მიბრძანებასა  მეფე  მისასალმებლად,  ან  ვისაც  დაუძახებდა, მოიხრებოდა  იგი  კალთაზე  ან  მუხლზე  საკოცნელად.  და  რადგან სოლომონ  მეფე  იყო  ფრიად  ალერსიანი,  მოწყალე  და  კეთილმორწმუნე, ამისთვის თითქმის ყოველთვის თავისი ხელით შეაყენებდა მის  წინ  მუხლს  მოდრეკილს  (ცისკარი.1859:352).
*„სამეფო რეზიდენციის ტერიტორიაზე განთავსდა ასევე „სამხედრო ქალაქი“ ანუ „რუსული ქალაქი“ რომელიც „მდინარის პირას, ოქროს ჩარდახის“ ჩრდილოეთით იყო განლაგებული, აქვე ჰქონდათ სამხედრო ჰოსპიტალი, ხოლო მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ყაზარმები“ (კეზევაძე. 2013: 266).
ჩვენს თვალწინ ცოცხლდება 200 წლის წინანდელი სცენა, სადაც ალერსიანი და მოსიყვარულე მეფე ღებულობს თავის ქვეშევრდომებს და ქრისტიანული თავმდაბლობით პასუხობდა მის წინაშე მუხლმოდრეკილ პიროვნებას: „უხერხულია, არ არის საჭირო, მუხლმოდრეკა საჭიროა მხოლოდ ღვთის წინაშე, მე კი ცოდვილი ადამიანი ვარ“ (Кавказский календар.1858:423). ამასთანავე სოლომონ მეფე ძალზე ღვთისმოსავი ყოფილა, მეფედ კურთხევის დროს მშვიდი, თავაზიანი, სიტყვით მასიამოვნებელი, იგი ყველას უყვარდა, მან კარგად იცოდა წმინდა წერილი, უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა, საუბრობდა ჭკვიანურად, ჰქონდა მშვიდი ხასიათი, იყო მხიარული და გაწონასწორებული. იგი აღზრდილი იყო თავის გამოჩენილი ბაბუის საქართველოს მეფე ირაკლის სასახლეში, სადაც მას შეუსწავლია ქართული წეს-ჩვეულებები (იქვე:423-424).
პ. გნილოსაროვი სოლომონ მეფის შესახებ ისეთ დეტალებს გვაუწყებს, რომლებიც მას მეფესთან ახლოს მყოფ პირთაგან უნდა ჰქონოდა მონათხრობი, თხრობაში კი მას ყურადღება გამახვილე- ბული აქვს მეფის სულიერებასა და განათლებაზე. იგი საუბრობს ასევე სოლომონ მეფის ფიზიკურ აღნაგობასა და ჩაცმულობაზე: „სოლომონ მეფე ყოფილა საშუალოზე დაბალი, მრგვალი პირისახის, გაიღიმებდა საამოთ და მიმზიდველობით. თვითონ მარად ეცვა ქართული ტანსაცმელი, ახალუხის გარდა, რომლის ნაცვლად ეცუა იმერული ზუბუნი ყუთნისა. მეფეს უყვარდა მდიდრული ტანისამოსის შნოიანად ჩაცმა. ჩოხას შეიკერავდა ევროპული მაუდის სოსნისა ანუ წაბლისფერს, გარშემო ბუზმენ შემოვლებულს, განიერ ლურჯ ოსმალურ შალვარს, ქართულ სამოგვის წაღებს, მწვანე ქოშებით, წვერსა და თავს იპარსავდა და განუშორებლივ ეხურა მაღალი ქართული ქუდი. გვერდზე წელზე ერტყა ვერცხლის ქა- მარი, ზედ ხანჯალი მდიდრათ მორთული, გულზე ატარებდა ყოვ- ელთვის ოქროს ძეწკვით ძელი ჭეშმარიტის ხატს, რომელიც განსაკუთრებით პატივცემული იყო იმერეთში, ასე რომ მასზე დაფიცება დიდ პატივად ითვლებოდა იმერეთში. ზამთარში ჩოხის ნაცულად ჩაიცვამდა დაბეწვილს ხავერდის „ტოლომას“, ხოლო ოდეს გამოვი- დოდა სასახლიდან, მაშინ გადაიგდებდა მარცხენა მხარეს ნაბადს და შემოირტყამდა ლეკურს“ (ცისკარი.1860:70-71).
მეფე იღვიძებდა 7 ან 8 საათზე და მიდიოდა ეკლესიაში წირვის მოსასმენად. თუ იგრძნობდა ავადმყოფობის ნიშანს ან ცუდი ამინდი დაედრებოდა, მაშინ წავიდოდა დედოფლის ოთახში, სადაც ყოველთვის ლოცულობდა მოძღვარი კვირისა და უქმე დღის გარდა, ხოლო უქმე და კვირა დღეს დედოფალიც მიდიოდა წირვაზე თავ- ის კარის ეკლესიაში, იმ ეკლესიაში, რომელიც იყო „ბატალიონის საყდრად და ამჟამად არის გიმნაზიის კარის ეკლესიად. აქ ყოფილა პატარა ძველი სამრეკლო ნაშენი თლილი ქვით, რომელიც გიმ- ნაზიის აშენების დროს უნდოდათ დაექციათ, თუმც განსვენებულმა ვორონცოვმა უარყო დაქცევა მისი. სადილს მიირთმევდა ყოველთვის თერთმეტ საათზე, ხან დედოფალთან, ხან მათ თავადაზნაურთან, რომელთაც მოიწვევდა თავის სასახლეში. ლოცვის თქმის შემდეგ მოართმევდნენ ვერცხლის ტაშტს და პირსახოცს ხელის დასაბანად, შემდეგ კი მოართმევდნენ საჭმელსა: ღომს ვერცხლის სინით და სხვა საჭმელებს ბროლის თეფშებით (იქვე:71-72). აღდგომას, ქრისტეშობასა და ახალ წელს სოლომონი სადილზე იწვევდა მღვდელმთავარსა და სამეფო გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც იმ პერიოდში ძალიან ცოტანი იყვნენ. როგორც აღვნიშნეთ, დღეისათვის ამ ტერიტორიაზე აღარც ტაძარია და აღარც სამრეკლო, თუმცა ამ ცნობით ვიგებთ, რომ XIX საუკუნის შუახ- ანებში ჯერ კიდევ ორივე არსებობდა. პ. გნილოსაროვის ცნობით, მეფე ზაფხულს ქუთაისში ატარებდა, საიდანაც დილით ადრე სანადიროდ დადიოდა საგორისსა და რიონის მინდვრებში, სადაც მრავლად ყოფილა კურდღელი და ხოხობი. ზამთარს კი მეფე ვარციხეში ატარებდა.
XIX საუკუნის დასაწყისში სოლომონ მეფე მოუნახულებია რუს მოხელეს ა. სოკოლოვს, რომელიც ამ შეხვედრის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის. ეს შეხვედრა უნდა გამართულიყო 1802 წელს რაჭაში. „კარავი რომელშიც მეფემ მიმიღო იყო უბრალო კარავი, ერთ კოშკზე მიშენებული, გადახურული იყო სიმინდის ჩალით. ამ კარავში ორ-სამ ადგილას იყო ფიცრები მოფენილი ლოგინის, ანუ ტახტის მსგავსად. ერთზედ იყო გადაფარებული აბრეშუმის ხალიჩა, რომელიც დივნის მაგივრად იყო. მისი აღმატებულების ტანისამოსი იყო უბრალო. ქუდი ეხურა ქართული (ბოხოხი), ჩოხა ქართული მწვანე მაუდისა, გარშემო ოქრო-მკედის სირმით შემკობილი. ჩოხის სარჩული იყო აბრეშუმისა. ტანზე ეცვა კიდევ წითელი მაუდის ახალუხი, თათრული შალვარი, მაგრამ არ ძლიერ ფართე. არაბული წაღები წითელი სამუგვის. აბრეშუმის სარტყელზედ ეკიდა სატევარი, ოქროთი მოჭედილი“ (შრომა.1882.№49:3). სოკოლოვის მონათხრობი თითქმის ემთხვევა პ. გნილოსაროვის მიერ სოლომონ მეფის აღწერილობას.
სოლომონ მეფის მიერ ერზე მზრუნველობის ბრწყინვალე ნიმუშია 1808 წლის 20 მაისს გამოცემული განწესება, რომელიც გამოსცა „მეფემან სრულიად იმერეთისა და ერთობით ყოვლად სამღვდელოთა და თავადთა იმერეთისათა“. განწესების გამოქვეყნების მიზანი იყო „კეთილმზრუნველობა ერისათვის სამეფოსა ჩვენისა“, ვინაიდან იმ პერიოდში ადგილი ჰქონია ვაჭართა მიერ სხვადასხვა პროდუქტებსა და ნივთებზე განსაკუთრებულად მაღალი ფასების დაწესებას, რასაც მრავალი პრობლემა გამოუწვევია. „მუნ არს გამწარება ქვრივთა, ობოლთა და გლახაკთა, რომლისთვისაც თვინიერ სჯულთა მეფობრივთა, ითხოვს სჯულიც ბუნებითი და უმეტესად სჯულთაცა ბუნებითაცა გვიბრძანებს სჯულისდება ქრისტიანებრი, რათა შეჭირვებულთა და გლახაკთა ერთა-თანა საზოგადოთა აქვნდეს ნუგეშისცემა ნივთთა“ (დროება 1876, #132). ქვრივ-ობლებზე და გაჭირვებულებზე ზრუნვა როგორც მეფის, ასევე ქრისტიანთა უპირველესი მოვალეობა იყო. ამის გამო „განმსყიდველებს და მსყიდველებს“ მეფემ კონკრეტულად განუსაზღვრა ფასი სახვადასხვა პროდუქტებზე. მაგ. საპანე ღვინო _ სამ მარჩილად, ლობიო და ცერცვი ორი ბათმანი _ თხუთმეტ ფარად, ჭილოფი ათ ფარად, ხარი სრული და მსუქანი _ ოც მარჩილად, ძროხა მსუქანი დიდი _ თორმეტ მარჩილად, ცხვარი ორი წლის დიდი მსუქანი _ ას ფარად და ა. შ. საბუთს ჰქონია სოლომონ მეფის, მარიამ დედოფლისა და ექვთიმე გაენათელის ბეჭდები და, როგორც ჩანს, იგი გამოქვეყნდა და ყველას აუწყებდა „ამა ზემოთ წერილს ნივთებზედ განწესებულს ფასზედ, რომელიც მეტად გაჰყიდის, როგორც მეფისა და ქვეყნის ორგულს, ისე უნდა მოეკითხოს და ასი მარჩილი ჯარიმა გადახდეს“. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონი ამ დროისათვის თავად იყო მძიმე მდგომარეობაში და მას რუსების გამო ქუთაისში აღარ ედგომებოდა, მაინც ხალხზე ზრუნავდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა უბრალო ადამიანებისათვის ცხოვრება შეემსუბუქებინა, ხოლო წესის დამრღვევი საკმაოდ დიდი სოლიდური თანხით ჯარიმდებოდა და მეფისა და ქვეყნის ორგულად ცხადდებოდა. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ხალხზე ზრუნვის აშკარა გამოხატულება, რაც მეფის უმთავრეს მიზანს შეადგენდა, სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადში ხალხზე მზრუნველობისა და ყოველივე ეროვნული იდეოლოგიის ნიშნები იძულებით გაქრა საქართველოში და მთელი ორასი წლის მანძილზე ხალხზე მზრუნველობის ამგვარი შემთხვევა ხელისუფლებისათვის სრულიად უცხო იყო.
სოლომონ მეფის მიერ უბრალო ხალხზე მზრუნველობა მართლაც სამაგალითოა და თანამედროვე ეტაპზეც თითოეულ ქართველს გვახსენებს იმ მოვალეობას, რომელიც ასე უცხო იყო ჩვენთვის ორი საუკუნის მანძილზე. ეროვნული იდეოლოგიის აშკარა შიმშილს განვიცდით დღესაც და სოლომონ მეფის მოღვაწეობის შესწავლა ამ თვალსაზრისით ფრიად საინტერესოა, მრავალი საკითხი ახლებურ გააზრებასა და შესწავლას საჭიროებს. სამწუხაროდ, ქართველ მეფეთა ღვაწლი ამგვარი მიმართულებით შეუსწავლელია.
სოლომონ მეფის შესახებ არსებული შეუსწავლელი საბუთები, რომლებიც მრავლად მოიპოვება საქართველოს არქივებსა და მუზეუმებში, შესაძლებლობას გვაძლევს რეალურად დავინახოთ საქართველოს უკანასკნელი გმირი მეფის სახე, რომელმაც სამშობლოს საკეთილდღეოდ მრავალი იღვაწა, იგი ყველა საშუალებით შეეცადა გადაერჩინა და თვითმყოფადობა შეენარჩუნებინა პატარა იმერეთისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ უდიდესი და უძლიერესი რუსეთის იმპერია იბრძოდა. მისი ცხოვრება სამშობლოს სიყვარულისა და თავდადების ბრწყინვალე მაგალითია. ამ ეპოქამ უამრავ გმირთან ერთად, სამშობლოს მრავალი მოღალატეც შვა, რომლებმაც პირადი კეთილდღეობისა თუ ოქროს მოხვეჭის სურვილით სამშობლო უარყვეს და პირველივე შემთხვევისას რუსეთის სამსახურში ჩადგნენ, თუმცა ისტორიამ ყველას თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინა, მათ შორის შეიძლება გამ- ოვყოთ სოლომონის უახლოესი ადამიანი, იმერეთის მეფის სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა უღალატა მეფეს. ვფიქრობთ, აღნიშნულმა ეპოქამ ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს და თანამედროვე ეტაპზეც სწორად განვსაჯოთ მოვლენები, რომლებიც საქართველოს მომავალს უკავშირდება. გმირი მეფე სოლომონის ცხოვრება კი ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს (ტყეშელაშვილი. 2015:108).
სოლომონ მეორის მოღვაწეობის დასაწყისი
სოლომონ მეფესა და მარიამ დედოფალს მემკვიდრე არ ჰყავდათ და, ბუნებრივია, ამას განიცდიდნენ. ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული საბუთებით ირკვევა, რომ სოლომონის სამეფოში ცხოვრობდა კონსტანტინე ბატონიშვილი (დავით გიორგის ძის მემკვიდრე) და იგი, როგორც უფლისწული გასცემდა სიგელებს. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ კონსტანტინე ბატონიშვილი სოლომონის მემკვიდრედ მოიაზრებოდა. ამის დასტურია 1799 წლის 23 თებერვალს გაცემული წყალობის სიგელი: „ქ. ნებითა და წყალობითა ღვთისათა ჩვენ იესიან დავითიან სოლომონიან პანკრატოანმან, სრულიად ლიხთ-იმერთა უფლისწულმან ბატონისშვილმან კონსტანტინე წყალობის წიგნი დაგიწერეთ, ჩემს საყვარელს სიძეს ციხისთავს სარდალ ქეშიკთუხუცეს აგიაშვილს დავითს და ჩემს საყვარელს დას ბატონისშვილს ანასტასიას და თქვენთა შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, (სწირავს ფორჩხიძეებს, ნიკოლაძეებს) თავის ცოლ-შვილით, მამულით“ (ქიმ.986). სიგელის ბოლოს მოხსენებული არიან: ბატონიშვილი როსტომ, აბაშიძე ივანე და მოურავი საჩინო ბარათაშვილი. კონსტანტინე ბატონიშვილი სიგელში ბაგრატოვანთა სამეფო სახლის სრულუფლებიან წევრად მიიჩნევს თავს და სიგელს ამტკიცებს ასევე თავისი ბეჭდით. კონსტანტინე ბატონიშვილის დაზე ზრუნავდა ასევე სოლომონ მეფე და მარიამ დედოფალი, რაც მათ ღირსებაზე მეტყველებს. ცნობილია, რომ დავით მეფესა და სოლომონს შორის არ იყო კარგი დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა 1792 წელს, სოლომონ მეფე დავით მეფის ქალიშვილს წყალობისა და სამზითვო წიგნს აძლევენ: „დავითის ასულს ანასტასიას შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა... როდესაც მამაშენმან აგიაშვილს დავითს მიგათხოვა იმჟამად აღარ დასცალდა შენთვის სამზითვოთ გლეხის და მამულის მოცემა და გარდაიცვალა და მას მერმეთ ჩვენ გვევედრეთ და თქვენ მიერი ვედრება ვისმინე და წყალობა გიყავ და მამაშენის სამკვიდრო კაცები ჩხარს გიბოძე და გამზითვეთ“ (ქიმ.978).
სოლომონი მეუღლესთან ერთად იღვწოდა, რათა თავისი სახელოვანი ბიძის – სოლომონ პირველის სახელი არ ყოფილიყო დავიწყებული, რადგან სოლომონ პირველს განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდა სამშობლოს მიმართ, მან გააძევა ოსმალები დასავლეთ საქართველოდან: „უშჯულოთა მაჰმადიანთა ძირითურ- თაღმომფხვრელი და ქრისტესთვის მრავალგზის სისხლდათხეული - იმერთა მეორე აღმაშენებელი ბატონი ბიძაჩემი მეფე სოლომონ გარდაიცვალა და ვითარცა სურვილი იყო საფარველსა შენსა ეგრეთ მიემთხვა და მრავალმოღვაწე გვამი მისი დაიდვა წმინდა დიდებულსა ტაძარსა შენსა და მეცა ვინებე კნინი ოდენის მსახურებისა აღსრულება დიდ სახელოვნისა მის მეფისა რათა წმინდა ტაძარსა შინა უკუნისამდე სახელი მისი დაუვიწყებლად იხსენებოდეს და შევსწირე წმინდა შენსა ეკლესიას გელათს მთავარს საყდარს სამი მოსახლე ურია კოკასშვილები და ერთი მოსახლე სომეხი ანდრია მიქელასშვილი“ (კაკაბაძე. 1921. II:95–96). აღნიშნულ ვაჭრებს დაადეს ბეგარა, ხოლო ყოველ გიორგობა დღეს თვითონ გაენათელს, თავისი კრებულითურთ მიცვალებული მეფის სოლომონისათვის ჟამის წირვა უნდა აღესრულებინა.
სოლომონ მეფე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს საკუთარი ბიძის მიმართ 1791 წელს დაწერილ სიგელში, რომელშიც იგი ასევე საკუთარ მამას არჩილსაც მოიხსენიებს: „მეფემან დიდმან სახელოანმან სოლომონ, და ყოველსავე ჭირსა და ბრძოლასა შინა მყოფმან და თანა მბრძოლმან ძმამან მისმან სასურველმან ძლიერმან და ახოოანმან საიმერეთეს უფლისწულმან ბატონიშვილმან არჩილ ოდეს ნებითა ღვთისათა... დასდვეს სული თვისი, ვითარცა მწყემსმან კეთილმან სამწყსოთა თვისითათვის, და არა რიდა თავსა თვისსა“ (ქიმ.138). სოლომონ პირველმა განდევნა თავის ქვეყნიდან აგარიანთა ნათესავი, რომელთაც დაეპყრათ იმერეთი და მრავალი უბედურება შეამთხვიეს ხალხს-ქრისტიანებს ტყვეებად ყიდიდნენ, ამასთანავე მათ სხვა მრავალი უწესობით გარყვნეს ქვეყანა და „ქუაბ ავაზაკთა“ სამყოფელად აქციეს, თუმცა სახელოვანმა მეფე სოლომონმა და „საყუარელმან ძმამან მისმან ახოანმან ბატონიშვილმან არჩილ, აღიღეს შური ვითა ფინეზმან და განგმირეს გული მათი, მრავალგზის ურიცხუ ლაშქართა წყობითა, და სისხლთა მათთა მიერ მორწყეს ქვეყანა თვისი, და შემდგომად ციხენიცა მიუხუნეს და სრულიად იავარყვეს, და აღმოფხურეს მიზგითნი მათნი, და დაადუმეს მათ შორის ბილწისა მოჰამედისა ქადაგებანი“. მათ მიერ ასევე გამოხსნილი იქნა მრავალი ქრისტიანი და ეკლესია-მონასტრები განთავისუფლდნენ ოსმალთა ზეგავლენისაგან. ბიძის გარდაცვალების შემდეგ სოლომონ მეფემ ორი მიზეზის გამო საჭიროდ ჩათვალა სოლომონ პირველის სულის საოხად ეზრუნა, პირველი – „ღუწისათვის ამის ქუეყანისა, ვინადგან აგარიანთა მონებისაგან გამოიხსნა, და კვალად ამისთვის რომელ მამობისა ადგილი მან აღმოავსო ჩემდა, ვითა პირმშო ძე ეგრეთ მიწადა და შემიტკბო, და შრომით პოვნილი ტახტი მეფობისა თვისისა, ჩემთვის განასაკუთრა“. თავისი ბიძის მიმართ უზომოდ მადლიერი მეფე სოლომონი როგორც კი ტახტზე ავიდა, მაშინვე დაიწყო _ „ზრუნვად და მსახურებად პატიოსნისა სულისათვის მისისა“, რისთვისაც მან გამოარჩია: „მღვდელი ვინმე პატიოსანი დავით მისვე მეფისა სოლომონისგან პატივცემული“ გვარად წერეთელი, რომელიც ჯრუჭის წმიდა გიორგის ეკლესიაში იმსახურებდა სოლომონ პირველის სულის საოხად.
სიგელში სოლომონ მეფე ზედმიწევნით ჩამოთვლის სოლომონ პირველის ყველა დამსახურებას სამშობლოს მიმართ, რის გამოც თავის პასუხისმგებლობად მიიჩნევს, იზრუნოს სახელოვანი მეფის სულის საოხად, რომელმაც იგი თავის მემკვიდრედ გამოირჩია. სოლომონ მეფე ასევე ზრუნავდა სოლომონ პირველის მეუღლე გულქანისადმი, რომელსაც უბრუნებს თავის ყმას გიორგი ალფაიძეს, ხოლო გულქან დედოფალის გარდაცვალების შემდეგ 1803 წელს სოლომონმა გელათის მონასტერს შესწირა ჭითავების ოჯახი, გულქან დედოფალი კი გელათში დასავლეთის მხარეს კარიბჭეში დაუკრძალავთ, ღვთისმშობლის ვედრების ხატის პირისპირ, ხოლო გულქან დედოფლის სულის საოხად სულიწმინდის მოსვლის ყოველ შაბათს წირვა უნდა აღსრულებულიყო (კაკაბაძე. 1921. II: 140).
საკუთარი ბიძის განსაკუთრებულ დამსახურებაზე მეტყველებს ასევე 1792 წლის სიგელის მინაწერი, რომელიც უშუალოდ სოლომონ მეორის მიერ უნდა იყოს შესრულებული: „ივერთა მეორესა აღმაშენებელისა აგარიანთა სისხლთა მრღვნელისა. ტომებით დავითნისა, უმაღლესისა მეფისა და მამებრ საწყალობლისა ჩემისა ბიძისა და ბატონისა სოლომონ ივერთა მპყრობელისასა აღწერილსა სიგელსა ამას ძე არჩილისა მეორე სოლომონ... ვამტკიცებ“ (ქიმ. 706).
სოლომონ მეფე ცდილობდა, თავისი სახელოვანი ბიძის სოლომონ პირველის განკარგულებები ვინმეს არ დაერღვია, რასაც მოწმობს მისი 1794 წლის 3 მარტის ბრძანება. „სრულიად იმერთა მეფემან ძემან არჩილისამან მეორემან სოლომონ დავითიან მან ესე გიბრძანე ყოველთა მოხელეთა ჩემთა მოურავთა, ხელოსანთა, ნაცუალთა, ხელთუფალთა, მამასახლისთა, რომ გელათს წმინდის მარინის ეკვდრისათვის და დედოფლის მარიამის სასაფლაოსთვის მათს დიდებულებს მეფეს სოლომონს გლეხები, მამული და ვაჭრები შეუწირავს და მისი ბრძანების დავთარიცა ამას აცხადებს. მისის წინამძღვრის მეტს იმათს მამულზედ, გლეხებზედ და ვაჭრებზედ საქმე არ აქვს და მეც ეს მიბრძანებია ყოველს მოხელისათვის“ (ქიმ.106). მეფის ბრძანების მიხედვით სოლომონ პირველის მეუღლის მარიამის საძვალე გელათში, წმინდა მარინეს სახელობის ეკვდერში ყოფილა და ამ სასაფლაოსთვის სოლომონ პირველს მრავლად შეუწირავს გლეხები, ვაჭრები და მამულები. ღირსეული ძმისწული კი ხელახალ ბრძანებას გამოსცემს და თავის მოხელეებს აფრთხილებს, რომ მისი ბიძის ბრძანება არ დაირღვეს და წმინდა მარინეს ეკვდერის გლეხებსა და მამულებს ვინმე არ შეეხოს. განსაკუთრებულ ინტერსს იწვევს მანუჩარ დადიანის მიერ გაგზავნილი წიგნი იმერეთის მეფე სოლომონისადმი, სადაც ის იუწყება: „ჩვენს სამფლობელოში ოდიშს უკეთურის ეშმაკის საძრახი საქმით უშჯულოება და ღვთის განმარისხები ტყვის სყიდვა რამოდენისამე ადგილიდამ მოქმედებდა. აწ თქვენ ამისი ჩვენის ადგილიდამ გარდაგდება და სრულად აღმოფხვრა ინებეთ და როგორც თქვენს ღვთის მოშიშებას მუნდა ისრე საერთო ძმების სიყვარული იზრუნეთ, მისი სიმტკიცე ითხოვეთ ჩვენგან, რომ ჩუენს მამულში ეს უღთოება და ღვთის განმარისხებელი უშჯულოება მოიშალოს“ (სცსა.ფ.1448 ს.1464). ღვთისმოშიში მეფე სამეგრელოში ზოგიერთ ადგილზე შემორჩენილი საშინელი ცოდვის _ ტყვეთა სყიდვის გაუქმებას ითხოვდა და ამისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ამ უბედურებაში მონაწილეობდა.
1795 წელს სოლომონ მეფემ კრწანისის ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. 22 წლის ახალგაზრდა მეფეს საკუთარ აღმზრდელ ბაბუის მხარდამხარ მოუწია მტერთან ბრძოლა. სხვადასხვა ავტორმა კრწანისის ბრძოლის შემდეგ მიზანმიმართული ყალბი ცნობა გაავრცელა იმერთა ღალატისა და თბილისში შესაძლო ლაშქრობის შესახებ. როგორც ისტორიკოსმა მ. რეხვიაშვილმა გამოარკვია ეს ფაქტი არ დასტურდება და „ამერ-იმერის ერთიანობის მტრების მიერ მოგონილი ბრალდება იმის შესახებ, რომ იმერლებმა ერეკლე მეფეს უღალატეს კრწანისის ველზე, ქართული წყაროების შეჯერების შედეგად არ დასტურდება“ (რეხვიაშვილი.1989:324). განსაკუთრებით ცილისმწამებლური იყო რუსი ავტორის დუბროვინის შეთხზული ამბავი, თითქოს იმერლებს 10 000 კაცი გაეტაცოთ ქართლიდან და ოსმალეთში გაეყიდოთ. ერეკლესა და სოლომონის უთანასწორო ბრძოლის შესახებ ერთი ძველი მინაწერი გვაუწყებს, რომელიც თანამედროვეებს გაუკეთებია 1885 წელს გამოცემულ ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიაზე: „სექტემბრის ია (11) ყაჯარი ხოჯა მამადხან მოადგა ტფილისს. მეფე საქართველოსი ირაკლი და მეფე იმერთა სოლომონ შეებნენ სეიდაბათსა და კრწანისის ბაღებთანა და ცოდვათა ჩვენთათვის იძლივნეს! ორნი ესე მეფენი ქართველი და კახი და იმერნი. მოჰყვნენ სპარსნი და მასვე დღესა სამშაბათსა აღიღეს ტფილისი ქალაქი... ორნი ესე მეფენი განერენ მშვიდობით“ (ხელნაწერთა აღწერილობა. VI. 1969:82). უთანასწორო ბრძოლა ქართველ მეფეთა დამარცხებით დასრულდა, რასაც თბილისის აღება მოჰყვა, მაგრამ ამ საქმეში იმერეთის მეფის დადანაშაულება ყოვლად გაუმართლებელი საქმეა.
სოლომონ მეფის შესახებ არსებული გამოქვეყნებული, თუ გამოუქვეყნებელი დოკუმენტები ნათლად მოწმობს, როგორ ზრუნავდა მეფე ეკლესია-მონასტრებაზე, როგორ ეხმარებოდა ქვრივ-ობლებს. სოლომონი მრავალ შესაწირს უძღვნიდა ეკლესიებს, რომ მის სახელზე ჟამის წირვა აღესრულებინათ და მისი მოხსენიება არ შეწყვეტილიყო. იგი ასევე მამულებს სწირავდა, რათა მისი მშობლების მოხსენიება საუკუნოდ ყოფილიყო.
1792 წელს მარიამ დადიანი ერთ კომლ მოსახლეს სწირავს სხვავის უდაბნოს, რისთვისაც 29 აგვისტოს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს უდაბნოს მამას თავის კრებულით სამეფო ოჯახისათვის ჟამის წირვა უნდა აღესრულებინა (ს.ც.ს.ა.ფ.1448 ს.4437). 1796 წელს სოლომონ მეფე შესაწირს სწირავს ტაბაკინის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერს, „ყოველ წელიწადს ჩემის მოხელის... ოც-ოცი ურემი გარჩეული სიმინდი მოგერთმეოდის“ (ს.ც.ს.ა.ფ.1448.ს.4438). მომდევნო წელს სოლომონ მეფე და მარიამ დედოფალი აახლებენ გოგნის უდაბნოს შეწირულების სიგელს და ახალ მამულებს სწირავენ მას, გოგნის უდაბნო „კურთხეულს ბიძაჩემს მეფე სოლომონს და დედოფალ მარიამს როდესაც გოგნის უდაბნო ეშენებინა და მისთვის გლეხები და ადგილ-მამული და ვაჭრები შეეწირა“ (ს.ც.ს.ა.ფ.1448.ს.3161) აღნიშნულია სიგელში. 1794 წლის სიგელით სოლომონ მეფე თავის თანამეცხედრესთან ერთად მამულებს სწირავს კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესიას და ამის ეკლესიის: „მსახურთა წინამძღვართა დეკანოზთა და კრებულთა შაბათს ხორცთა აღებისასა ნეტარად ხსენებისა მამის ჩემისა მეფის ალექსანდრის ძისა არჩილისათვის, დედისა ჩემისა ქართველთა და კახთა მეფის ასულისათვის ელენედ წოდებულისთვის ჟამს სწირავდნენ და კვირიაკესა თომასასა წინამძღვარ – დეკანოზ – კრებულითურთ ჩემთვის ჟამს სწირავდეს და ეკლესიას შენსა შთამომავალნი ყმანი ტაძრისა შენისანი ჩემთვის ლოცვას ყოფდეთ“ (ქიმ.№104). როგორც ჩანს, დედოფალ მარიამს განსაკუთრებული სასოება გააჩნდა კაცხის მაცხოვრისადმი, რადგან 1797 წელს ტაძარს შეწირულობა განუახლა და ორი ებრაელი კომლი შესწირა ეკლესიას: „ქალწულისა მარიამისაგან ხორცითა შობილო და გამოჩინებულო მაცხოვარ კაცხისაო და მხსნელო ბუნებისა ჩვენისაო, ყოველთა სიტყვიერთა ბუნებათა მიერ სატრფიალოვო და დუმილით თაყვანისმცემელი, ტკბილო იესო მრჩობლთა ბუნებათა შინა ცნობილო... შენისა უსაზღვროსა მოწყალებასა მონდობილი ყოვლისა საიმერეთოსა დედოფალი მარიამ დადიანის ასული, რომელმან ვინებე ცათა მობაძავისა ეკლესიასა შენისა შეწირულობისა განახლება და კვალად დამტკიცება რათა შეურყეველად ეგოს ვიდრე უკუნისამდე... რომელ დიდ მარხვის ორმეოცში საუკუნოდ მაცხოვრის ეკლესიაზედ სოლომონის და ჩვენი მწირველნი უნდა იყვნენ და მარადის ჩვენი წარმართებისათვის ილოცვიდნენ“ (ქიმ.132). აღსანიშნავია, რომ სიგელის მოწმეთა შორის იხსენიება ყოვლად სამღვდელო დოსითეოსი, წულუკიძე გიორგი, რომელსაც მარიამ დედოფალი ბიძას უწოდებს და „ჩვენი მოძღვარი იშხნელი სვიმონ“, ეს სვიმონი უნდა იყოს მარიამ დედოფლის მოძღვარი. საარქივო მასალებით დასტურდება, რომ სოლომონ მეფემ თავის მეუღლე მარიამთან ერთად მრავალ ეკლესია-მონასტერს შესწირა მამულები, განუახლა სიგელები. მათ შორის ილორის წმინდა გიორგის, ნიკორწმინდის ტაძარს, გელათის მაცხოვრის ეკვდერს, ჩხარის წმინდა გიორგის და ღირსი მამა საბას ეკლესიას, ქუთაისის სობოროს, გელათის წმინდა გიორგის, სვირის წმინდა გიორგის და წმინდა მარინეს ეკლესიას. სოლომონ მეფის ბრძანებით აიკრძალა მოწამეთის მონასტრის მამულების ხელყოფა: „როგორც ძველად ყოფილა ძველს საფიცარშიდ, მონასტრის ადგილში ქუთათურმა ვაჭარმა სომეხი იყოს თუ ურია ან სხვა სჯული ვინმე ვაჭარი უკითხავათ არ დაეცილოს მონასტრის მიწა-წყალს, არ შემოიჭრას, არც თევზაობა იქმნას და არც ყანის ღობე მოიპაროს და არც ცხენის შეშვება იქმნეს, თორემ ჩვენი მეფისა და დედოფლისაგან წიგნით ბრძანება გვაქვს“ (სცსა.ფ1448ს.2246). საქართველოს საისტორიო არქივში ინახება სოლომონ მეფის ბებიის დარეჯან დედოფლის წერილი სოლომონისადმი: „სოლომონს მის სიმაღლეს ჩვენს შვილიშვილს სრულიად იმერთა მეფეს. საქართველოს დედოფალ დარეჯან მრავალ თქვენ საკადრის მოკითხვას და უვნებლად სუფევის წადილით ჩემს სასურველს პირს კოცნას მოგახსენებ. მერე ქრისტეს საფლავის ყმამ ზაქარიამ ჩვენ არზი მოგვართვა და მოგვახსენა, რადგან ქრისტეს საფლავის ყმა არის ამას ბაჟი არსად არ ეთხოვება და ვერავინ გამოართმევს. მანდ იმერეთს ბევრს ალაგას ბაჟს იღებენ და ამასაცა თურმე რჯიან, ვითხოვთ თქვენის სიმაღლ- ისაგან რადგან ქრისტეს საფლავის ყმა არის და არას დროს არ გამორთმევია არც ახლა გამოერთოს... თქვენი სადღეგრძელოც იქნება“ (სცა.ფ1450ს.38). სოლომონ მეფე წინაპართა მიერ დადგენილი წესების აღდგენა-განახლებაზეც ზრუნავდა, რასაც ადასტურებს 1802 წლის სიგელი, რომლის მიხედვითაც გელათის მონასტერს ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროიდან მრავალი ადგილ-მამული და ყმა ჰყავდა შეწირული ასევე „საწინამძღვროთ განეწესა და მათთვის საძვალოთ განეწესათ და აგრეთვე შთამომავლობით ჩვენთა ძველთა პაპათა და მამათა ეს ეკლესია ედიდებიათ, მაგრამ უდროობისაგან და ჟამთა ვითარებისაგან თავადებს უსამართლობით შენი ეკლესიის მამულები და ადგილები მიეტაცათ, განერყვნათ, დაეყიდნათ“ (კაკა- ბაძე.1921. II:121). სოლომონმა „ხატის მამულში“ წინამძღვრები დაად- გინა, ძველი დავთარი აღადგინა და გელათის მამულებში არგვეთში, ოკრიბასა და ყველგან მოურავის დადგენა აკრძალა.
სოლომონ მეფეს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი ჰქონდა, რაც რუსი მოხელეებისათვის განსაკუთრებით ინტერესის სფერო გამხდარა. მეფის შემოსავლის ძირითად წყაროს შეადგენდა ბაჟები და სავაჭრო გადასახადები. მეფე იჯარით სცემდა საბაჟო შემოსავალს ადგილობრივი ბაზრებისაგან, სამღებროებისაგან, ქუთაისის დუქნებისაგან და სხვა. მას ყოველწლიურად 97 ქესა ფულს აძლევდა. ქესა _ 500 მარჩილს, (თითო მარჩილში 52 ფარას ანგარიშობდნენ) ანუ 120 ვერცხლის მანეთი. იმერეთის სხვადასხვა სოფლებსა და ქუთაისში მეფე დაახლოებით 1500-მდე ყმას ფლობდა და მისი წლიური შემოსავალი, ნატურით და ფულით ერთად დაახლოებით 30-40 ათას მანეთამდე აღწევდა. საბეგრო შემოსავალი ფულზე გადაყვანით უდრიდა 20 896 მანეთს, ამას ემატებოდა სავაჭრო-საიჯარო შემოსავალი 14 080 მანეთი (გონიკიშვილი.1979:25). სოლომონ მეფე ამ შემოსავალს ქვეყნის განვითარებას, ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს ახმარდა.
ელაზნაურის ხელშეკრულება და ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან
სოლომონ მეფის მოღვაწეობის პირველ პერიოდში (1789–1802), მას მოუწია სამთავროების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდნენ იმერეთის მეფის გაძლიერებას და ამისათვის არაფერს არ ერიდებოდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში კი ისინი რუსეთის ერთგულების გზას დაადგნენ, რათა სოლომონი კიდევ უფრო დაესუსტებინათ. ამ პერიოდში სოლომონ მეფის სურვილი იყო გაეერთიანებინა დასავლეთ საქართველო, საბოლოოდ დაემორჩილებინა გურია–სამეგრელო და აფხაზეთი, რათა მას შეძლებოდა დასავლეთ საქართველოდან ოსმალები გაეძევებინა, თუმცა სოლომონის აღნიშნული გეგმები არ შედიოდა არც რუსეთის და არც ოსმალეთის ინტერესებში, ორივე ეს იმპერია იმხანად ერთმანეთის მოკავშირე გახდა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. „იმერეთის მეფის პოლიტიკურ გეგმების წარმატებას რუსეთის მთავრობა იმ მხრითაც ხელს უშლიდა, რომ მან მოშალა ქართლ–კახეთის სამეფო და ახლა ის იმერეთის საშინაო საქმეებშიაც ჩაერია“ (ბერძენიშვილი.1965:284). სოლომონს მოღვაწეობის მეორე პერიოდში მოუწია უთანასწორო ბრძოლა რუსეთის უძლიერეს იმპერიასთან, რომლის დროსაც მთავრებმა კვლავ არასწორი გზა აირჩიეს და რუსებთან კავშირით, შეეცადნენ სოლომონის განადგურებას, მათმა ამგვარმა პოზიციამ ბუნებრივია დააჩქარა იმერეთის და საერთოდ დასავლეთ საქართველოს დაპყრობა რუსების მიერ. ბაგრატიონთა დინასტიის ყოფნა-არყოფნის საკითხი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ მოღვაწეებს. შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად იმერეთის სამეფო კარის მესვეურებმა შემდეგი ღონისძიებები დასახეს: „დასავლეთ საქართველოში მთავრების დამორჩილებით უნდა დამყარებულიყო მეფის ძლიერი ხელისუფლება, აღმოსავლეთ საქართველოში იულონ ბატონიშვილისათვის უნდა შეენარჩუნებინათ ტახტის მემკვიდრეობა, რაც სოლომონის ფიქრით, იმერეთის სამეფოს დამოუკიდებელი არსებობის გარანტია იქნებოდა“ (რეხვიაშვილი.1989:328). სოლომონ მეფის შორსგამიზნული სახელმწიფოებრივი ნაბიჯები მიუღებელი იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის, რადგან სოლომონი იბრძოდა, როგორც საკუთარი ტახტის, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისათვის, თუკი სოლომონი მოახერხებდა და აღმოსავლეთ საქართველოში მისი მკვიდრი ბიძა იულონი ტახტს დაეუფლებოდა, ამ შემთხვევაში იგიც განიმტკიცებდა ტახტს იმერეთში, ამასთანავე აუცილებელი იყო იმერეთის მეფეს დაქვემდებარებოდა დასავლეთ საქართველოს სამთავროები. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა სოლომონის გეგმები არ განხორციელებულიყო.
მთავრების დადიანის და გურიელის უპასუხისმგებლო, ანტიეროვნულმა მოქმედებამ მძიმე შედეგები მოიტანა, მათ საკუთარი მეფის ერთგულებას არჩიეს უფრო ძლიერ და უცხო იმპერიასთან მოკავშირეობა, რომელმაც შემდეგ სამთავროების მიმართაც მისთვის ჩვეული პოლიტიკა გაატარა. რუსეთმა კარგად გამოიყენა სოლომონისა და გრიგოლ დადიანის დაპირისპირება, რადგან გრიგოლ დადიანმა რუსეთის ხელისუფლებას 1802 წელს დახმარებისათვის მიმართა და 1803 წლის 4 დეკემბერს მან რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. ამ ფაქტმა სოლომონ მეფის პოზიციები კიდევ უფრო შეასუსტა. მარცხით დასრულდა ასევე სოლომონ ლიონიძის ელჩობა პეტერბურგში, რადგან იმერეთის მეფის პირობები რუსეთისთვის მიუღებელი იყო. ამას ახალი უბედურებაც დაემატა და სამწუხაროდ მთავრების გზას იმერეთის ბევრი თავადიც დაადგა, რომლებიც პავლე ციციანოვის მიერ იქნენ მოსყიდულნი: „საჭიროდ ჩავთვალე იმერეთში შესვლის წინ იქ გამეგზავნა ოქრო-ვერცხლის ავანგარდი... ოქროს „ავანგარდმა“ მართლაც გასჭრა – მეფის „ერთგული“ თავადები სწრაფად გადადიოდნენ ციციანოვის მხარეზე. გიორგი აბაშიძემ ერთდროულად ათი ათასი მანეთი მიიღო მოღალატეებზე გასანაწილებლად“ (იქვე:340). ციციანოვს მართალია იმერეთში მეფის ხელისუფლების გაუქმება ჰქონდა დავალებული, მაგრამ მან ძალების სიმცირის გამო, ნებაყოფლობითი ხელშეკრულების დადება ჩათვალა საჭიროდ.
ციციანოვმა სოლომონ მეფის გასატეხად მრავალგვარ საშუალებას მიმართა. ჯერ იმპერატორის მოკითხვის წიგნი გაუგზავნა, სადაც ხელმწიფე „სიყვარულს“ და „მშვიდობას“ აუწყებდა გაეჭვიანებულ მეფეს, შემდეგ კი ქრთამი აამოქმედა. ბოლოს მან საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნა და მეფეს კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლება კატეგორულად მოსთხოვა. და სოლომონ მეფე, ოთხი თვის მოლაპარაკების შემდეგ, დაყვა ციციანოვის ნებას, კონსტანტინე ბატონიშვილი გაათავისუფლა და თვითონ ხელმწიფის საფარველში შესვლაც ითხოვა (ბერძენიშვლი.1965:288). ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებამდე რუსეთის ჯარი გენერალ ტუჩკოვისა და პოლკოვნიკ ერისთავის წინამძღოლობით იმერეთში შეიჭრა და ხალხს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ფიცის მიღება დააწყებინა. სოლომონ მეფე და პავლე ციციანოვი ერთმანეთს იმერეთის საზღვარზე სოფელ ელაზნაურში შეხვდნენ და 1804 წლის 25 აპრილს სოლომონ მეფემ ხელი მოაწერა თხოვნას რუსეთის ქვეშევრდომად შესვლის შესახებ. ამ ხელშეკრულებით ძალზე იზღუდებოდა სოლომონ მეფის არაერთი უფლება, მათ შორის იგი ხელს იღებდა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის შესაძლებლობაზე, ხოლო საშინაო საქმეებიდან _ სისხლის სამართლის საქმეთა წარმოებაზე. სადავოდ დარჩა ლეჩხუმის საკითხი, რადგან იგი დადიანს ჰქონდა მიტაცებული, გურია კი სოლომონის ქვეშევრდომობაში დარჩა. რაც ყველაზე მთავარი იყო სოლომონს მეფობა საუკუნოდ უმტკიცდებოდა, ხოლო შვილის არყოლის შემთხვევაში მის მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი (დავით მეფის შვილი) ცხადდებოდა. სოლომონს ევალებოდა ასევე რუსული ჯარის სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა. სოლომონ მეფისა და ციციანოვის შეხვედრის შესახებ ჟურნალ „დროების“ 1910 წლის ფურცლებზე ვკითხულობთ: „ელაზნაურის ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ, როცა მეფე და ციციანოვი ერთად დარჩნენ – სოლომონი შეეხვეწა შეეფიცნა ჯვარზე და სახარებაზე, რომ აღნიშნულს პირობებს პირნათლათ შეასრულებდა რუსეთის მთავრობა და სიკვდილამდის მეფედ დარჩებოდა. ციციანოვმა პირობა მისცა, რომ ყველაფერს პირნათლად შეასრულებდა“ (დროება.1910:3). თუმცა პავლე ციციანოვს, თუ ნებისმიერ რუს მოხელეს მხოლოდ იმპერიის გაფართოება ამოძრავებდა და ნაკლებად სწუხდნენ ფიცის დარღვევაზე, რომელთაც ისინი წმინდა სახარებასა თუ ჯვარზე დებდნენ, შემდგომშიც არაერთხელ დაარღვიეს რუსმა მოხელეებმა ამგვარი ფიცი, რაც მათთვის მხოლოდ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა იყო.
„რუსის მმართველი წრეები ტფილისში და მათი წარმომადგენლები ქუთაისში იმდენად აგრესიულ გზას ადგნენ, რომ არავითარ ნდობას იმერთ შორის არ იწვევდნენ. ოდიშზე უარის თქმა და მეფის ფაქტიურად დადიანთან გათანასწორება დიდი შეურაცხყოფა იყო იმ საუკუნეებით შემუშავებულ უფლებრივ შეგნებისა, რომელიც ახასიათებდა იმერეთის მეფეთა სახელმწიფოებრივ შემეცნებას“ (კაკაბაძე.1920:172). ელაზნაურის ხელშეკრულებით, ბუნებრივია, ირღვეოდა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული წესები და ბაგრატოვანთა სახელმწიფოს მართვის ტრადიციები და ამჯერად ეს ქრისტიანული იმპერიის უშუალო ჩარევით და ძალდატანებით განხორციელდა. „სოლომონ მეორე თავიდანვე ხვდებოდა, რომ ეს გარანტიები მყარი არ იყო, ამიტომ უარს ამბობდა იმერეთის „გაბედნიერებისათვის“ მადლობის მოსახსენებლად იმპერატორის კარზე დელეგაციის გაგზავნაზე, რასაც მისგან დაჟინებით მოითხოვდნენ. რუსეთს ეს მსოფლიოს თვალში თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და კიდევ იმისათვის სჭირდებოდა, რომ თუნდაც საუკუნეების გასვლის შემდეგ, ყველაფერი ქართველ მეფეებს დაბრალებოდათ... საკუთარ სამეფოში ლტოლვილად ქცეული ქართველი მეფე წლობით ტყეს აფარებდა თავს“ (ხომერიკი.2010:3). სოლომონ მეფის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა რუსულ მხარესთან იმერეთში რუსეთის საგანგებო მოხელის პეტრე ლიტვინოვის ჩასვლის შემდეგ. თუმცა აღსანიშნავია, რომ სოლომონისადმი ძლიერ კრიტიკულად განწყობილი სამეფო ჩინოვნიკი ლიტვინოვი და პოლკოვნიკი სიმონოვიჩიც აღიარებდნენ, რომ „ხელისუფლების ერთიანობა და გარკვეული წესრიგი არსებობს იმერეთში“, რომ მეფე აქ უფრო ახლოს დგას ხალხთან, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში (Пирцхалаишвили. 1942:35). რუსმა მოხელემ თავისი ქმედებებით, სწორედ ამ წესრიგისა და ურთიერთობების დასარღვევად ყველაფერი გააკეთა. მისი აზრით „იმერეთში იგივე მმართველობა უნდა დამყარებულიყო, როგორიც იყო ქართლ-კახეთში, მეფე კი რაღაც მიზეზით გაწვეული ყოფილიყო რუსეთში, რათა იმერეთში სიმშვიდე დამყარებილიყო“ (Акты,IV:4). ლიტვინოვი შეეცადა იმ- ერეთის მეფე და სამეგრელოს მთავარი მოერიგებინა, იმ მიზნით, რომ რუსეთს უფრო იოლად განეხორციელებინა თავისი მიზნები დასავლეთ საქართველოში და დაეკავებინა ფოთის ციხე, რომელიც ოსმალებს ეკავა. სინამდვილეში რუსები არც ერთს არ ენდობოდნენ და ხელშეკრულებები რომლებიც იმერეთის მეფესა და სამეგრელოს მთავართან დადეს მათი მიზნების ნაწილი იყო, რათა მომავალში მათი პოლიტიკა უფრო იოლად გაეტერებინათ. სიტუაცია დაიძაბა დადიანის მიერ ლეჩხუმში ჭყვიშის ციხის აღებისა და დეხვირის ციხის ალყაში მოქცევის შემდეგ. რუსმა მოხელეებმა სოლომონის წინააღმდეგ განაწყვეს ასევე გურიის მთავრის სახლის წევრები და თვით კონსტანტინე ბატონიშვილიც, რომელმაც სწორად შეაფასა მოვლენები და 1804 წლის 12 ივნისს იგი თბილისიდან გაიქცა და სოლომონ მეფესთან მივიდა. ბუნებრივია ამ ყველაფრის შემდეგ სოლომონი დარწმუნდა, რომ რუსების ნდობა არ შეიძლებოდა და იმერეთში რუსული ჯარების შემოსვლის შემდეგ მან ქუთაისი დატოვა.
ხედავდა რა აღმოსავლეთ საქართველოს მაგალითს, სოლომონ მეორეს იმედი არ ჰქონდა მეფის ხელისუფლების დიდი ხნით შენარჩუნებისა და ის საიდუმლოდ გაიპარა ქუთაისიდან თავის ვარციხის სასახლეში, რომელიც უღრან ტყეებსა და ჭაობებს შორის მდებარეობდა (ხაჭაპურიძე.1958:51). ელაზნაურის ხელშეკრულებით სოლომონი იმერეთში 500 ჯარისკაცზე მეტს არ ელოდა, თუმცა რუსებმა ამჯერადაც მასთან შეუთანხმებელი ნაბიჯი გადადგეს. სოლომონ მეფემ უკანასკნელი ქართული სამეფოს გადასარჩენად დაიწყო მოქმედებები, მას ურთიერთობა დაუმყარებია სპარსეთის შაჰთან, ბაბა-ხანთან, ახალციხის ფაშა სელიმთან და იგი რამდენჯერმე შეხვედრია ალექსანდრე ბატონიშვილს. სოლომონ მეფემ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილთა რუსეთში გადასახლების შემდეგ, კავშირი დაამყარა სპარსეთში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან, რომელიც უკანასკნელი იმედი იყო, რათა აღმოსავლეთ საქართველოში აღდგენილიყო ბაგრატიონთა ლეგიტიმური უფლება ტახტის მართვისა. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთი და ოსმალეთი ისტორიულად ქართული სამეფო-სამთავროების დაუძინებელი მტრები იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებული საფრთხის გამო სოლომონ მეფემ და ალექსანდრე ბატონიშვილმა საჭიროდ ჩათვალეს მათი დახმარებით, გადაერჩინათ თავიანთი მრავალტანჯული სამშობლო, რომელსაც ისეთი განსაცდელის დღეები დაუდგა, რომლის მსგავსიც წინად არასოდეს დამდგარა, თუმცა საქართველოს წარსულში არაერთი უბედურება უნახავს.
ფაქტია, რომ სოლომონ მეფეს გააჩნდა „დიპლომატიური ნიჭი, მას შეეძლო საქმის ვითარების მიხედვით სწრაფი ორიენტაცია... ჯერ კიდევ 1794 წლიდან იყო მჭიდრო კავშირში სოლომონი ერეკლე მეორის გამორჩეულ შვილთან ალექსანდრე ბატონიშვილთან, როცა იგი დაეხმარა სოლომონს ტახტის შენარჩუნებაში. ძნელია დღეს იმის დადგენა როგორ იყო განაწილებული როლები სოლომონსა და ალექსანდრეს შორის, მათ მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომში და საბოლოო დირექტივას რომელი იძლეოდა“ (Пирцхалаишвили.1942:36). სოლომონ მეფე და ალექსანდრე ბატონიშვილი იყვნენ იმ თავდადებულ ბაგრატიონთა შორის უკანასკნელნი, რომლებმაც ქედი არ მოუდრიკეს უძლიერეს იმპერიას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოში გააუქმა ქართული სამეფოები. სოლომონ მეფე კი ამ შემთხვევაში გვევლინება, როგორც ინიციატორი, ქართული სახელმწიფოებრიობის უკანასკნელი დამცველი მონარქი, რომელსაც ჯერ კიდევ ლტოლვილს, მაგრამ მაინც დაედგომებოდა თავის პატარა სამეფოში, რომელსაც გაუქმება ელოდებოდა. სოლომონ მეფემ რამდენიმე წელი ვარციხეში დაჰყო, თავის საზაფხულო რეზიდენციაში, საიდანაც მან ვერაფერი გააწყო იმპერიის მოხელეებთან, რომლებიც ძალადობით, მოტყუებით, მოსყიდვით, დაშინებით და ათასი ცბიერებით ცდილობდნენ სოლომონის შევიწროებას და შეპყრობას.
ყოველივე ამის გამო სოლომონ მეფის უნდობლობა რუსეთის ხელისუფლების მიმართ სრულიად ბუნებრივი იყო. 1807 წელს სოლომონ მეფემ დახმარება არ გაუწია რუსის ჯარს, რომლებიც გენერალ რიკჰოფის მეთაურობით ფოთის ციხის ასაღებად გაემართა. როცა რუსმა გენერალმა მეფეს დახმარებისათვის მიმართა, მისგან უარი მიიღო, რადგან მათ მეფესთან დადებული ყველა ხელშეკრულება დაარღვიეს და ამასთანავე მას ლეჩხუმი არ გადასცეს. ამან რუსების უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა და რუსული ნაწილების რაოდენობა იმერეთში გაიზარდა. სოლომონ მეფის ქუთაისში მიტყუება ვერც გენერალმა დიმიტრი ორბელიანმა შეძლო, რომელიც რიკჰოფის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა დასავლეთ საქართველოში რუსული ჯარების უფროსად. 1808 წელს მთავარმართებელ გუდოვიჩს რუსეთის იმპერატორისაგან საიდუმლოდ უკვე დავალებული ჰქონდა სოლომონის რუსეთში გაყვანა. ამ დავალების შესრულება ახალმა მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა იკისრა, რომელიც სოლომონისგან ითხოვდა რომ: 1) სასწრაფოდ ქუთაისში დაბრუნებულიყო, 2) დიდგვაროვანი თავადიშვილები მძევლად გაეგზავნა თბილისში და პეტერბურგში მადლობის დეპუტაციაც უნდა გაეგზავნა, რომლის შემადგენლობაში ზურაბ წერეთელი უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნაზე სოლომონ მეფემ უარი განაცხადა, რადგან „იმისთვის ხომარ უნდა გავგზავნო დეპუტაცია, რომ მოვახსენო ხელმწიფეს „გმადლობთ უმდაბლესად, დიდო იმპერატორო, ვინაითგან დამამდაბლე მეფე ერთმორწმუნე და დამაკლე სამფლობელოთა ჩემთა“ (ბერძენიშვილი.1965:372). სოლომონ მეფის ყველა ნაბიჯი ლოგიკური იყო არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, მან რამდენი დათმობაც გააკეთა, კიდევ უფრო მეტ დათმობებს ითხოვდნენ და რუსული ხელისუფლება მაინც არ დაკმაყოფილდებოდა, მისი უმთავრესი მიზანი სოლომონის რუსეთში გაყვანა იყო.
და ამ უსამართლობების გამო სოლომონ მეფე თავის ცნობილ წერილში აყალიბებს აზრს, სადაც ის მუხლობრივად ჩამოთვლის აღნიშნულ დარღვევებზე: „ბევრ გზის განვაცხადე წერილი თქვენდა მომართ, რომ უწინარეს თქვენსა მყოფთა დახსნეს ფიცი, პირობა და შეკრულება, არა დაიცვეს წმინდად და უკეთუ დაიცვეს წმინდად, მუხლი 6. „ქუთაისს სამეფოსა სასახლესა და თვით საწოლსა შინა ჩემსა დაბალთა მოხელეთა უსხდათ ხასები, წართმეულნი თავადთა ჩემთა მოახლენი“. 7. „წაგვართვეს ქალაქიცა ჩვენი ქუთაისი, სადაც არღარა არს მეფობა ჩვენი ესოდენთა წელიწადთა“. 8. „დააქციეს სამეფო სასახლე ჩემი ქუთაისს ვიდრე საფუძვლამდე“. 9. „და უკეთუ დაიცვეს წმინდად პირველი თავადი იმერეთისა წულუკიძე თვით სიძე ჩემი დავით, სალდათებმა ქუთაისს, ათრიეს, გალახეს, თავი გაუტეხეს და სისხლითა შეღებილი წარმოდგა ჩვენთან. ვთხოეთ მას ზედა სამართალი, რომელსა ზედა გვიპასუხეს: თავადს წულუკიძეს თუმცა დანაშაული არა ჰქონია, მაგრამ სალდათებს ვერ ეცნათ, თორემ არ გალახავდნენო“. 10. „ესოდენთა წელიწადთა სადგანან მხედრობანი რუსეთისანი სამეფოსა შინა ჩემსა, ვითარცა სახლსა შინა თვისსა და იზრდებიან შეშითა, სახლითა ჩვენ მიერ მიცემულით, პროვანტით, ფურაჟითა, ხარითა, ცხენითა ურმითა, სასმელითა და საზრდელითა, გარნა ნაცვლად მადლობისა გვაგინებენ და შეურაცხჰყოფენ თავადთა და კეთილშობილთა ჩვენთა“. „მოწყალეო ხალმწიფევ ჩემო! მიჰხედე ზემო აღწერილთა და მიბრძანეთ, სად არს დაცვა წმინდათ და უცვალებლად პირობისა და შეკრულობისა უწინარე თქვენსა მყოფთაგან! განა, მე ერთმორწმუნებისათვის და შიშისათვის ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩემისა აღვწერე კვალად იგივე პუნქტნი, ციციანოვისგან აღწერილნი...“ (ხახანაშვილი.1911:40).
სოლომონ მეფე რუსებს შეახსენებს იმ უმსგავსობებს, რომლებიც მათ ჩაიდინეს მასთან მიმართებაში. მათ დაუქცევიათ მეფის სასახლე, ხოლო მისი მოახლეები კი ხასებად დაუსვამთ. სოლომონ მეფე იმპერატორთან გაგზავნილ წერილში საერთოდ უარყოფს თავის ბრალეულობას „არა გვაქვს შეცოდება არცა ერთი, გარნა ვიმყოფებით დაუთმენელსა მას მწუხარებასა შინა რუსეთის უსარგებლოდ...“ (ისტ. დოკ. და არქ. II. 1953:65). სოლომონ მეფის უფლებები თითქმის ყველა მიმართულებით დაირღვა: მას წაართვეს საკუთარი სამეფო რეზიდენცია ქუთაისში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ბაგრატიონი მეფეები ცხოვრობდნენ და საერთოდ აიძულეს სამუდამოდ დაეტოვებინა ქუთაისი. რუსებმა მიზანმიმართულად საფუძვლამდე დაანგრიეს სოლომონის სასახ- ლე სადაც შემდგომ ჰოსპიტალი და კაზარმები განათავსეს, რათა სოლომონს აღარასოდეს შეძლებოდა ქუთაისში დაბრუნება. რუსის ჯარისკაცებმა გალახეს და შეურაცხყოფა მიაყენეს სოლომონის ოჯახის წევრს დავით წერეთელს რაზეც არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. ამასთანავე რუსული სამხედრო ნაწილები თავხედურად იქცეოდნენ სოლომონის სამეფოში და განუკითხავად მოიხმარდნენ სურსათ-სანოვაგესა და ყველაფერს რაც ჯარის შესანახად იყო საჭირო. ამას განგებ სჩადიოდნენ რუსი ჯარისკაცები, რათა სოლ- ომონი რაიმე მახეზე წამოეგოთ და იოლად გაეყვანათ იმერეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა ბოლო რამდენიმე წელი დატოვა საერთოდ ქუთაისი და ვარციხეში გადავიდა საცხოვრებლად, რუსეთისთვის მეფე მაინც საშიში იყო და ამიტომ ყველაფერი გაკეთდა რათა სოლომონი როგორმე ქუთაისში მიეტყუებინათ და შეეპყროთ. „სოლომონ მეფე 1807 წლიდან მოყოლებული ძლიერ ფრთხილად იქცეოდა, მისი მეფობის ისტორია არის მხოლოდ უკანონობასთან ბრძოლა, ბრძოლა სუსტისა მძლავრ მოწინააღმდეგესთან“ (ჭეიშვილი. 1919: 17) წერდა 1919 წელს ნ. ჭეიშვილი. სოლომონ მეფე მაქსიმალურად შეეცადა გაეხანგრძლივებინა თავისი მეფობა და ყველა საშუალება სცადა პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ძალთა თანაფარდობა საერთოდ შეუსაბამო იყო. სოლომონ მეფე დაუპირისპირდა იმპერიის უზარმაზარ მანქანას, რომელსაც გააჩნდა უდიდესი რესურსი და პატარა თუ დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება. სოლომონ მეფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას არ მოუდრეკია ქედი მასზე ძლიერი იმპერიის თავაშვებულ მოხელეებთან და მან ღირსეულად დაიცვა თავისი წარმომავლობა და მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი სამეფო დინასტიის ავტორიტეტი.
სოლომონ მეფის დამოკიდებულება საეკლესიო მოღვაწეებთან და მისი სულიერი მოძღვარი ილარიონ ყანჩაველი
წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სოლომონ მეფეს მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა, იმ პერიოდის გამორჩეულ სასულიერო პირებთან. სოლომონ მეფისა და მისი სულიერი მოძღვრის იესე დეკანოზის ბერობაში ილარიონ ყანჩაველის ურთიერთობაზე ქვემოთ გვექნება საუბარი. იმერეთის მეფის კარზე არსებულ საბჭოში კი ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე იყვნენ წარმოდგენილი. ძალზე საინტერესო ცნობას გვაწვდის ბაგრატ ბატონიშვილი თავის თხზულებაში, თუ როგორ მივიდა სოლომონ მეფე დაყუდებულ ბერ ზაქარია ჯაფარიძესთან 1802 წელს: „ამის სათაყვანოდ მივიდა მეფე სოლომონ, არჩილის ძე და მიუთხრა რა ბერმან მან მას: მეფეო ვიხილე ჩვენაბა ესე: მოვიდა ვეშაპი დიდი, წითელი, რომელმანცა შთანგთქა შენ, და გიჩნდა ოდენ ფერხნი“. და განუმარტა მანვე: „ესე არს ხილვა ესე, რომელ აღდგების მეფობა შენი და მიეცემი მწუხარებასა დიდსა და განსაცდელსა და გმართებს მისვლაი სინანულად და ვედრებად ღვთისა, რათა განერო ამ განსაცდელისაგან და მოერიდეცა ჟამ რაოდენიმე. ხოლო ხალხნი სამეფოსა შენისანი იქმნებიან დიდსა ჭირსა და ვაებასა შინა, მით რომელ აღდგების მომსვრელი სენი და ფრიად სიყმილი“ (ბატონიშვილი.1941:101).
უკანასკნელ ბაგრატიონ მეფეს ბერის ეს წინასწარმეტყველება სიტყვა-სიტყვით აუხდა, ხოლო მეფის დამარცხების შემდეგ დასავლეთ საქართველოში მართლაც გაჩნდა საშინელი ჭირი, რომელიც რუს ჯარისკაცებს შემოჰყვათ ახალციხეში ლაშქრობის შემდეგ, ამ სენმა უამრავი ადამიანი შეიწირა. ბაგრატ ბატონიშვილი ზაქარია ბერზე იქვე შენიშნავს, რომ იგი კათალიკოს მაქსიმეს ახლდა კიევში, და კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა საქართველოში, კერძოდ რაჭაში, და იქ დაუწყია მოღვაწეობა. „ესე იყო ფრიად წმიდა და მლოცავ, რომელ კვირასა მიიღოს საზრდო“. არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია (შემდგომში კათალიკოს-პატრიარქი) თავის ნაშრომში „მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გვაუწყებს, რომ ზაქარია ბერი ცხოვრობდა ჭელიშის მონასტრიდან ორი-სამი ვერსის მოშორებით, სადაც მდინარე შაორი სამი ვერსის მიწის ქვეშ დინების შემდეგ ხელახლა გამოდის შარაულის სახელით, მაღალი ქვის ნაპრალზე გაკეთებულ გამოქვაბულში, მოღვაწეობდა ეს საოცარი მოღვაწე.
„მოგვითხრობენ, რომ აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავისი სიწმინდით განთქმული ბერი ზაქარია ჯაფარიძე. ის დღისით და ღამითაც ყოველ ლოცვას ესწრებოდა. ამისთვის თავის თითქმის მიუვალ სადგომ ადგილიდან ჩამოდიოდა მონასტრის ეკლესიაში და წირვა-ლოცვის შემდეგ ბრუნდებოდა თავის დასაყუდებელში. ძმებთან და სხვებთანაც ბაასს ერიდებოდა და მუდამ მდუმარე იყო. ამბობენ, რომ ბერი ზაქარია აკეთებდა სხვა და სხვა ოჯახში საჭირო ხის იარაღებს, დადებდა გზის პირად, ვისაც ესაჭიროებოდა წაიღებდა, სამაგიეროდ მიჰქონდა პური დაყუდებულთათვის, და მხოლოდ ამით ირჩენდა თავს.“ (ამბროსი ხელაია.2011:171).
წმიდა გაბრიელ ბერის _ ათონელის მსგავსად ბერ ზაქარიას მკაცრი ასკეტური ღვაწლი უტვირთავს, მან სოლომონ მეფეს უწინასწარმეტყველა იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც შემდგომში მას ელოდა, რაც მთავარია, ზაქარია იყო უძველესი ქართული, ბერმონაზვნური სკოლის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, რაც ქართული ბერ-მონაზვნებისთვის იყო დამახასიათებელი.
სოლომონ მეფესთან მოღვაწეობდა მღვდელი იოანე ქართველიშვილი ბატონიშვილ იულონის მოძღვარი. იგი იმერეთში იმყოფებოდა გარკვეული პერიოდი, როცა 1801 წელს დევნილ ბატონიშვილს გამოჰყვა ქუთაისში. მღვდელი იოანე თავის მემუარებში აღნიშნავდა: „ვიმყოფები აწ ქუთაისს, სამეფოს კარისა საყდრის ბჭეში“. ქუთაისში მყოფი განათლებული სასულიერო პირი ხშირად თან ახლდა მეფეს: „იმის უმაღლესობას მეფის სოლომონს წიგნების დასაწერათ დავებარებინე ცხრაწყაროს, ქუთაისიდამ წაველ ოქტომბრის 7, ერთი კვირა ვახლდი, კვალადვე ქუთაისს მოველ მეფის ძე იულონთან ამა თვის 14“ (იოანე ქართველიშვილი. 1952:89). მეფე სოლომონს იოანე მღვდელი კულაშსა და იმერეთის სხვადასახვა სოფელში ახლდა. 1802 წლის 10 მარტს იგი თბილისში ბრუნდება, შემდეგ კი იმერეთში დაბრუნების უფლება აღარ მისცეს. რუსული ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო ერეკლე II-ის მემკვიდრეების იმერეთში ყოფნა და, შესაბამისად, იოანე ქართველიშვილს აუკრძალეს თავის სულიერ შვილთან იულონ ბატონიშვილთან წასვლა.
სოლომონ მეფეს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია იმ დროისათვის საქვეყნოდ ცნობილ წმიდა მღვდელმთავარ ანტონ ჭყონდიდელთან (დადიანი), მართალია, ჩვენთვის მეფისა და მღვდელმთავრის ურთიერთობის დეტალები უცნობია, მაგრამ არსებობს 1809 წლის 14 მარტის გენერალ-მაიორ თავად დიმიტრი ორბელიანის წერილი მთავარმართებელ გუდოვიჩისადმი, რომელიც მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის: „აქ გამორჩეულია სამი მღვდელმთავარი: გაენათელი, ქუთათელი და განსაკუთრებულად მეფესთან მცხოვრები მღვდელმთავარი, რომელიც არის დადიანთა სახლის წარმომადგენელი, იგი მთელი იმერეთის მოსახლეობას წმინდანად მიაჩნია და მის მიმართ უდიდესი პატივისცემა გააჩნიათ, მით უფრო, რაც მან მიაღწია უმაღლეს საეპისკოპოსო რანგს, მაგრამ მან დატოვა თავისი ეპარქია და დაიწყო მონაზვნური ცხოვრება, ის ყოველთვის იმყოფება მეფესთან და მისგან აღსარებებს იბარებს“ (კაკაბაძე.1956:386). მართალია, დიმიტრი ორბელიანი მღვდელმთავრის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ გარკვევით აღნიშნავს, რომ იგი დადიანთა სახლის წარმომადგენელი და მღვდელმთავარია, რომელმაც შემდეგ დაუტევა ეპისკოპოსობა და მონაზვნური ცხოვრება დაიწყო, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს პიროვნება ანტონ ჭყონდიდელი იყო, მღვდელმთავარი, რომელიც „ვერ შეეგუა სამთავროს კარის ინტრიგებს და უწესრიგობას, უარი თქვა მღვდელმთავრობის პატივზე, დატოვა ჭყონდიდის კათედრა და უბრალო მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგა მის მიერვე აშენებულ ნახარებაოს მონასტერში“ (სირია. 2013:10). როგორც ჩანს, ანტონ ჭყონდიდელმა 1809 წელს გარკვეული დროით დატოვა თავისი მონასტერი, რომელშიც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და განსაცდელში მყოფ იმერეთის მეფესთან გადავიდა. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რა დრო დაჰყო წმინდა მღვდელმთავარმა მეფესთან, მაგრამ ფაქტია, რომ სოლომონ მეფეს ურთიერთობა ჰქონდა არაერთ გამორჩეულ მოღვაწესთან, რომლებიც ჯერ კიდევ თანამედროვეებს თავიანთი წმიდა ცხოვრებით წმინდანად მიაჩნდათ, ხოლო შემდგომში მრავალი მათგანი წმინდანთა დასში შეირაცხა, მათ შორის (წმინდა ანტონ ჭყონდიდელი, ილარიონ ყანჩაველი, წმიდა მღვდელმთავარი დოსითეოსი და წმიდა მღვდელმთავარი ექვთიმე გაენათელი). ორივე ეს ღირსეული ადამიანი – იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონი და ანტონ ჭყონდიდელი 1815 წელს აღესრულნენ. საოცარია, რომ ამ ეპოქამ ამდენი გამორჩეული ადამიანი შვა მარტო დასავლეთ საქართველოში, ბევრი მოღვაწის ცხოვრება ჩვენთვის არ არის ცნობილი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ქართველი ერის ცხოვრებაში და სამშობლოსადმი თავდადებისა და სიყვარულის გასაოცარი მაგალითები გვიჩვენეს.
სოლომონ მეფესთან დაახლოებულ საეკლესიო მოღვაწეებზე გვაწვდის ცნობებს ფიცის ტექსტი, რომელზეც რუსმა მოხელეებმა იძულებით დააფიცეს მეფის ამალის წევრნი 1810 წლის აპრილში, რომელთა შორის მოხსენიებულნი არიან შემდეგი სასულიერო პირები: გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე, ნიკოლაოსწმინდელი სოფრონი, ჭელიშის წინამძღვარი დანიელი, მეფის დეკანოზი იასე გრიგოლაშვილი, მეფის მოძღვარი სვიმონ, მეფის კარის დიაკვანი იესე მესხი, იესე მღვდელი ყანჩაშვილი (კაკაბაძე.1956:488). იმ დროისათვის იესე მღვდელი ჯერ კიდევ არ იყო მეფის მოძღვრად. იასე გრიგოლაშვილი კი მეფესთან ძლიერ დაახლოებული სასულიერო პირი იყო, რომელიც მრავალ სიგელსა თუ საბუთში იხსენიება.
სოლომონ მეფის ერთგულ სასულიერო პირთა რიცხვში შედიოდა ასევე გელათის მონასტრის წინამძღვარიც. 1810 წლის თებერვალში განსაცდელში მყოფმა სოლომონ მეფემ ვარციხიდან არქიმანდრიტი დავით იოსელიანი გააგზავნა რუს პოლკოვნიკ სიმონოვიჩთან მოსალაპარაკებლად. არქიმანდრიტი დავითი სოლომონ მეფის დავალებით შეწყალებას ითხოვდა რუსი მმართველებისაგან, რომ სოლომონი მზად იყო, შეესრულებინა ყველა მოთხოვნა, რასაც მას დაავალებდნენ, რაზეც რუს პოლკოვნიკს უპასუხია, რომ „სინანული უკვე დაგვიანებული იყო და სოლომონ მეფე უკვე ჩამოგდებული იყო ტახტიდან, ხოლო მისი ხელისუფლება სამუდამოდ დასრულებული იყო იმერეთში“ (Акти IV: 232). რთული იქნებოდა ქართველი სასულიერო პირისათვის ამ სიტყვების მოსმენა, სწორედ ამიტომ არქიმანდრიტი დავითი ქრისტეს სახელით სთხოვდა სიმონოვიჩს, ეჩვენებინა გზა, რომლითაც სოლომონ მეფე თავს გადაირჩენდა, ამაზე კი რუს პოლკოვნიკს უპასუხია, რომ სოლომონი ბედნიერი იქნება, თუკი თავის ბედს მიანდობს რუსეთის ხელისუფლებას და სუფთა სინდისით გაემგზავრება თბილისში (იქვე:232).
თავიანთი შოვინისტური მიზნების შესასრულებლად რუსი მოხელეები არაფერს ერიდებოდნენ და მათთვის ქრისტიანული შე- გონებები მიუღებელი იყო. ქართველი სასულიერო მოღვაწეები კი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებდნენ, რათა უკანასკნელ ბაგრატიონ ხელმწიფეს ტახტი შეენარჩუნებინა.
სოლომონ მეფეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა თავის სულიერ მოძღვარ ილარიონ ყანჩაველთან. მრავალტანჯულ, დევნილ და ყველასაგან მიტოვებულ სოლომონს არ მოჰკლებია რჩევა-დარიგებები და ქრისტიანული მზრუნველობა მოძღვრისაგან. მან ბოლომდე უერთგულა მეფეს, და გარდაცვალებამდე მის გვერდით იყო. იესე დეკანოზი ბერობაში ილარიონ ყანჩაველი, რომელსაც ასევე რთული და მძიმე მისია არგუნა ღმერთმა. მეფის და მოძღვრის ურთიერთობა უნიკალური შემთხვევაა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
იესე ყანჩაველი 1776 წელს დაიბადა ლოსიათხევის შემადგენლობაში შემავალ სოფელ ალავერდში, ღვთისმოსავი აზნაურის ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში (ბუბულაშვილი. 2014:55). პატარა იესე ექვსი წლიდან ტაბაკინის მონასტერში იზრდებოდა, ამის შემდეგ 12 წლის მანძილზე ბიძასთან ბერდიაკონ სტეფანესთან იზრდებოდა უდაბურ მთაზე. ასეთ სულიერ გარემოში აღიზარდა იესე, რამაც განაპირობა მისი შემდგომი ნაყოფიერი მოღვაწეობა. ორი წლის შემდეგ თავად წერეთელმა იესე მონასტრიდან მეფის სასახლეში წაიყვანა, სადაც მეფის ბრძანებით იგი საგანგიოს მოხელედ (ბრძანებათა მწერლად) განაწესა. აქ მან ორნახევარი წელი გაატარა, რომლის შედეგადაც სოლომონ მეფეს მისთვის ცოლის შერთვა და მღვდლობის ხარისხი შეუთავაზებია (წმ. ილარიონ ქართველი.2013:16). ამ დროისათვის, იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების გამო დიდი მღელვარება იყო ჩამოვარდნილი მეფესთან დაახლოებულ პირთა და ქვეყნის დიდგვაროვნებს შორის. ჩვენთვის ზუსტად არ არის ცნობილი, იესეს როდის დაასხეს ხელი მღვდლად, თუმცა თუ ვივარაუდებთ, რომ იგი მონასტრიდან დაახლოებით 20 წლის ასაკში წამოიყვანეს, მეფესთან კი 4-5 წელი იმსახურა, მისი მღვდლად ხელდასხმა დაახლოებით 1796-1801 წლებში უნდა მომხდარიყო, ხოლო მისი მაკურთხებელი მღვდელმთავარი, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელი უნდა ყოფილიყო, რადგან 1796-1801 წლებში სწორედ მას ეკავა ქუთათელი ეპისკოპოსის კათედრა.
ქუთაისის მუზეუმში დაცული ერთ-ერთი სიგელის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 1801 წელს იესე უკვე მღვდლის ხარისხში იყო, ამავე სიგელით ვგებულობთ: „ქ. ნებითა და წყალობითა ღვთისათა ჩვენ იესიან დავითიან, სოლომონიან პანკრატოანმან სრულიად იმერეთის მპყრობელმან მეფემან მეფეთამან მეორემან სოლომონ და თანა ერთხორცმან ჩემმან დედუფალთ დედუფალმან დადიანის ასულმან მარიამ ესე ამიერიდგან უკუნისამდე... უცვლელად და არასოდეს არ მოსაშალი წყალობის წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ შენ ჩვენს ერთგულს... მღვდელს ყანჩაველს იესეს, მამაშენს ხახუტას და ბიძაშენს დათიკას და თქვენთა შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ესრეთ და ესე ვითარად თქვენ წინაპართა ჩამოსულნი ქართლით. თქვენ გვევედრეთ და მოგვახსენე და ჩვენც ვისმინეთ ვედრება და მოხ- სენება თქვენი. წყალობა გიყავით და თქვენი წინაპარნი განვათავისუფლეთ. თუ თქვენ ჩვენი ერთგული და ბრძანების ჩვენის მორჩილი იქმნეთ არც თქვენ და არც თქვენ შვილს და მომავალს...“ (ქიმ.№1451).
სიგელი საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა მასში მაინც არაერთი მნიშვნელოვანი ცნობაა დაცული. იესე ყანჩაველის ოჯახს, რომელიც წარმოშობით ქართლიდან ყოფილა, სოლომონ მეფისათვის განთავისუფლება უთხოვიათ, როგორც წინათ იყვნენ განთავისუფლებულნი მისი წინაპარნი. სიგელში სოლომონ მეფე იესე დეკანოზს „ჩვენს ერთგულს უწოდებს“, თუმცა ამ დროს იგი ჯერ კიდევ არ იყო მისი სულიერი მოძღვარი. ამ ბრძანების მოწმედ დასახელებულნი არიან სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, გრიგოლ ერისთავიშვილი, სვიმეონ წერეთელი და როსტომ ნიჟარაძე. სიგელი დაწერილია სოლომონის კარის მღვდლის იასე გრიგოლაშვილის მიერ 1801 წლის 11 იანვარს. წყალობის სიგელი დამოწმებულია სამი ბეჭდით: 1. სოლომონ მეფის ბეჭედი, წარწერით „მეფე იმერთა სოლომონ“, 2. „დედოფალი მარიამი“. 3. სიგელის გვერდზე შემდეგი წარწერაა „ჩვენ ბატონმა ბატონიშვილმან მეფის დავითის ძემან კონსტანტინე ვამტკიცებ.“ ბეჭედი „მეფის ძე კონსტანტინე.“
იესე დეკანოზს ცოლად ჰყავდა თავადის ასული მარიამი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ქუთაისში. ცნობილია, რომ მათ შვილი არ ჰყავდათ და არც მათი თანაცხოვრება გაგრძელებულა დიდხანს, რადგან მარიამი გარდაიცვალა. ერთი ცნობით მათი ცოლ-ქმრობა მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა (წმ. ილარიონ ქართველი.2013:16).
უფრო სარწმუნოა გაბრიელ ბერის ცნობები, რადგან ილარიონ ყანჩაველმა გარდაცვალების წინ უამბო სოლომონ მეფეზე, სადაც საუბარია, როგორ ამხილა იესემ მეფის წინააღმდეგ განწყობილი ზურაბ წერეთელი, სწორედ ამ დროს გარდაცვლია იესეს ცოლი. ზურაბ წერეთელმა „რამდენიმე ცდის შემდეგ ქართლს მთავარმართებელი დააჯერა, ზურაბის ამ ქმედებას წინ აღუდგა იესე დეკანოზი, მიხვდა ცხებულზე და მის ხალხზე ცუდის განზრახვა, წინ აღუდგა ზურაბს სრულის შურისძიებით, ამხილა იმას, რომ შენ ხარ მტერი და ორგული ქვეშევრდომი შენის მეფისა, შემთხვევისა მძებნელ და ყველა ამ დაუწყობლობაში, უთანხმოებაში და შინაურს ბრძოლაში დამნაშავე. შენ ადიდებ სახელმწიფოში უთანხმოებას, ჩვენი ქვეყანა შენ საკუთრებად, შენად და არა საზოგადო საკუთრებად მიგაჩნიაო.“ ამგვარი მხილებით დეკანოზმა იესემ ისე შეუკრა პირი კარის კაცს, რომ სახლიდან შერცხვენილი გამოვიდა, მოიკითხა ცხენი და დამუქრებული წავიდა თავის სასახლეში დაბა საჩხერეში. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში იესეს ცოლი გარდაიცვალა (კრებული.1872:9).
ეს ამბები 1808-1810 წლის მოვლენებს უფრო ჰგავს და, თუკი ამ დრომდე იცოცხლა იესეს მეუღლემ, გამოდის, რომ მათი თანაცხოვრება 10-12 წლის მანძილზე გაგრძელებულა, რაც, სავარაუდოდ, სიმართლე უნდა იყოს. ახალგაზრდა სასულიერო პირზე ეს ტრაგედია ცუდად იმოქმედებდა, თუმცა მას ჯერ კიდევ წინ მრავალი განსაცდელი და გაჭირვება ელოდა. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი იესე სოლომონ მეფეს ყველგან თან ახლდა და თავის სულიერ შვილს ტრაპიზონში ღირსეული დაკრძალვა მოუწყო, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.
1815 წლის მაისში, სოლომონ მეფის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ, მამა იესე სხვებთან ერთად იმერეთში დაბრუნდა და თავის მშობლების სახლში დასახლდა. შვიდი თვის შემდეგ კი დე- კანოზი იესე მარიამ დედოფალმა მოსკოვში იხმო. იესეს დედოფლისთვის სოლომონ მეფის კუთვნილი მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი ჩაუტანია, რომელიც დედოფალს თავის კარის ეკლესიაში დაუსვენებია. (წმ. ილარიონ ქართველი,2013:41). მოსკოვში გამეფებულმა გარყვნილებამ უარყოფითად იმოქმედა მამა იესეზე, იმ დროისათვის მაღალი წოდების წარმომადგენლებისთვის ეს ფაქტო ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საბოლოოდ დეკანოზმა იესემ მაინც დატოვა სასახლე, რადგან „ქალებისგან“ თავის დაღწევის სხვა საშუალებას ვერ ნახულობდა (მამა იესე გამოირჩეოდა გარეგნული სილამაზით: მაღალი, მხარბეჭიანი, ტანადი, კარგი კაცი იყო). მან დატოვა რუსეთი, იგი ჯერ ოდესაში წავიდა, იქედან კონსტანტინეპოლში, ბოლოს კი 1819 წელს ათონის მთაზე გაემგზავრა (იქვე:43). აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ, თუკი დეკანოზი იესე რუსეთში 1817 წლის ბოლოს გაემგზავრა, მას რუსეთში დაახლოებით წელიწადნახევარი გაუტარებია და 1819 წლისათვის დაუტოვებია რუსეთი მაშინ, როცა თავის ტანჯულ ქვეყანაში სამშობლოს დამცველები ახალ ბრძოლას იწყებდნენ ჩრდილოელი დამპყრობლების წინააღმდეგ.
1819 წლიდან დეკანოზ იესეს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ამ დროიდან მან 55 წლის მანძილზე მკაცრი ბერ-მონაზვნური ღვაწლი იტვირთა, რომლის დროსაც იგი ისევე გამორჩეული იყო, როგორც საერო ცხოვრებაში. ღრმად მოხუცებული ღვაწლმოსილი სასულიერო მოღვაწე დეკანოზი იესე (ბერობაში ილარიონ ყანჩაველი) 1864 წლის 12 თებერვალს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ათონის მთაზე. მამა ილარიონი მისი სახელოვანი, სულიერი შვილის მსგავსად თებერვლის თვეში აღესრულა. სოლომონის გარდაცვალებიდან თითქმის 50 წლის შემდეგ, 1867 წლის 25 მაისს, მაცხოვრის ამაღლების წინა საღამოს, მონაზვნებმა მამა ილარიონის ნაწილები ამოასვენეს, საფლავის გათხრისას მათ საკვირველი კეთილსურნელება იგრძნეს, რომელიც მთელი გზა გაჰყვათ წმიდა ანას მცირე სკიტამდე. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა, საქართველოს უკანასკნელი მონარქის სულიერი მოძღვარი ილარიონ ყანჩაველი 2002 წლის 17 ოქტომბერს წმინ- დანთა დასში შერაცხა.
* მწყემსის 1884 წლის №12 გამოცემა საინტერესო ცნობას გვაწვდის სოლომონ მეფის შესახებ, რომელიც 1791 წელს წირვის მოსასმენად ჩასულა ზარათის წმინდა კვირიკეს და ივლიტეს სახელობის ეკლესიაში, სადაც მოღვაწეობდნენ: „დეკანოზი იოანე ძოწენიძე, მისი ძენი მღვდელი სვიმონ და მთავარ-დიაკვანი მათე, მღვდელ-მონაზონი დანიელი და სხვა. მეფე დასწრებია მწუხრს და მას ძლიერ მოსწონებია მთავარ-დიაკვან მათეს მიერ წაკითხული წიგნები, მეორე დღეს მეფეს წირვის დასრულების შემდეგ შეუქია ახალგაზრდა სასულიერო პირი. რაზეც დიაკვანს უთქვამს, რომ ვიდრე მუშები, რომლებიც ყანაში მუშაობდნენ სვერს თავამდე აიტანდნენ „მე შემიძლია დავითნი ზეპირად თავით ბოლომდის ჩავიკითხო... სვერის ატანას ცოტა უკლდა, რომ მათემ უკანასკნელი ფსალმუნი ჩააკარაბაკა. ყველანი გაჰკვირდნენ და აქეს ზეპირი“. მეფე ძლიერ კმაყოფილი დარჩენილა და მისი დასაჩუქრება და სასახლეში წაყვანა გადაუწყვეტია, შემდეგ კი დეკანოზ იოანესთვის აზატობის წიგნი უბოძებია მეფეს და „ჩემისა კარისაგან გამოსული არა საური, არა გაწვევა და მუშაობა და არცა სხვა“. ღვთისმოშიშ მეფეს კარგად დაუსაჩუქრებია გამორჩეული სასულიერო პირის ოჯახი, რომლის შვილსაც მთავარ-დიაკვან მათეს ფსალმუნის წიგნი ზეპირად სცოდნია, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ავტოკეფალიის გაუქმებამდე საქართველოს ეკლესიაში განათლებული და განსწავლული სასულიერო პირები მრავლად იყვნენ. ეს შემთხვევა კი ნათელი დასტურია იმისა, რომ იმერთა უკანასკნელი მეფე ღვთისმსახურთა განსაკუთრებულად პატივისმცემელი იყო.
სოლომონ მეფის შეპყრობა 1810 წ.
ქუთაისიდან განდევნილი სოლომონ მეფე, რომელიც ვარციხეში იმყოფებოდა 1810 წლის თებერვალში რუსეთის ჯარებმა ალყაში მოაქციეს. მეფის შესაპყრობად რუსეთის სამხედროები დიდი ხანია ემზადებოდნენ, მათ კარგად შეისწავლეს ვარციხე და მისი შემოგარენი. ამას მოწმობს 1810 წლის 12 თებერვლის წერილი, პოლკოვნიკი მოგილევსკი მთავარმართებელ გენერალ ტორმასოვს ატყობინებს, რომ: „იმერეთი ეს არის ერთი დიდი ტყე, რომელსაც ფარავს მთებისა და ხეობების რიგი, ასე რომ მთელს იმერეთში მხოლოდ ერთი ადგილია ქუთაისიდან ვარციხემდე 18 ვერსიანი ფართობი და ისიც დაფარულია ტყით. ტყეებში გაბნეულია ერთმანეთს დაშორებული მაცხოვრებელთა სახლები, რის გამოც მაცხოვრებლებს შეუძლიათ იოლად გაიქცნენ ტყეში და შიშის გამო დაიმალონ. ჯარების მცირე გადაადგილების შემთხვევაშიც კი სოლომონი მიიმალება, რადგან მას ყველგან დარაჯები უყენია. თუკი შემთხვევითობის წყალობით მოხერხდება მისი შეპყრობა, ესეც შეუძლებელია, რადგან უბრალო ხალხს და თავადაზნაურებს უყვართ ახლანდელი ყოფა და მმართველობა, და ისინი უფრთხიან რუსეთის წესრიგს, რაც არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღემდე არ გამოჩნდა ჩვენს მხარდამჭერებში არავინ ვინც დაიჭერდა მეფეს“ (Акты.IV:229).
სოლომონ მეფე, რომელიც თავის სამშობლოში კანონიერი უფლებების დაცვისათვის იბრძოდა, მოგილევსკი მას, როგორც დამნაშავეს ისე უყურებს, ხოლო ქართველი ხალხის მიერ მეფისადმი ერთგულებას და თვითმყოფადობისადმი მიდრეკილებას „უწესრიგო მმართველობას“, პატარა იმერეთის იძულებით ანექსიას „რუსულ წესრიგს“ უწოდებს. მთავარი უკანონობა რაც მათ მოიმოქმედეს, ეს იყო სოლომონ მეფის მმართველობიდან გადაყენება, რომელიც სპეციალური პროკლამაციით გაავრცელეს 1810 წლის 20 თებერვალს და ქუთაისის ეკლესიებში ხალხი იძულებით დააფიცეს იმპერატორის ერთგულებაზე. ამასთან ერთად რუსულმა სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს მეფის გარშემო რკალის შეკვრა, მეფეს, რომელიც ვარციხეში იყო გამაგრებული 4000 მეომრით. რუსულმა ნაწილებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჯარების შემოსვლის დროს სოლომონ მეფეს დახმარება არ მიეღო არცერ- თი მხრიდან. დასანანია, რომ მტერს განსაკუთრებული დახმარება გაუწიეს, სამეგრელოდან, გურიიდან და ლეჩხუმიდან ჩამოსულმა ნაწილებმა, რამაც მეფის ერთგულთა რიგების შეთხელება განაპირობა, რის გამოც ის იძულებული გახდა ვარციხიდან ხანის ხეობაში გადასულიყო, თუმცა მტერმა იქაც შეუკრა გზა და არ მისცა საშუალება ახალციხეში გადასულიყო, სადაც მანამდე მან ახალციხის ფაშასთან მოსალაპარაკებლად გააგზავნა თავისი ერთგული თანამებრძოლები: სოლომონ ლიონიძე და მალხაზ ან- დრონიკაშვილი, მაგრამ ესეც აღარ მოხერხდა. ალყაში მოქცეული მეფე იძულებული შეიქნა რუსების მიერ შეთავაზებული პირობები მიეღო. რუსებმა მიაღწიეს მიზანს, მათ მეფის წინააღმდეგ განაწყვეს მთავრები: გურიელი და დადიანი, რომლებიც მეფეს უნდა ამოდგომოდნენ მხარში, თუმცა პირიქით, მის წინააღმდეგ ამხედრდნენ, იქვე მოვიდა გელოვანიც, რომელმაც ლეჩხუმის ჯარი სოლომონ მეფის წინააღმდეგ გამოიყენა. „დადიანი და გურიელი ერთხელ კიდევ, და ეხლა უკვე უკანასკნელად გამოვიდნენ მოღ- ალატეებად და საქართველოს პოლიტიკური თვითმყოფადობის დასასამარებლად“ ბრძანებდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი.
მეფეზე განსაკუთრებულად უმოქმედია მამია გურიელის ღალატს, რაზეც 1810 წლის 13 აპრილს გენერალი ტორმასოვი რუმიანცევს ატყობინებდა, რომ ამ ფაქტმა ძალზე მძიმედ იმოქმედა მეფეზე და იმერეთის მაცხოვრებელთა დიდ ნაწილს რუსეთის ერთგულება მიუღიათ. „მეფემ კი ჩემთან გაენათელი მიტროპოლიტი და თავადი სეხნია წულუკიძე გამომიგზავნა და მას წერილებით დაუდასტურებია ჩემს მიერ ადრე შეთავაზებული წინადადებები“ (Акты,IV:248). ამით გახარებული გენერალი ტორმასოვი რუსეთის სამხედრო მინისტრ ბარკლაი დეტოლს იმავე დღეს ატყობინებდა: „მაქვს პატივი შეგატყობინო, სამხედრო მანევრები იმდენად წარმატებული იყო, რომ იმერეთის სამეფო, რომელშიც 40000 ოჯახი ცხოვრობს, ერთი თვის განმავლობაში მცირედი დანაკარგის შემდეგ მთელმა საზოგადოებამ, თავადებმა და სამღვდელოებამ ფიცი მიიღეს რუსეთის იმპერიის ერთგულებაზე“ (იქვე:250).
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ რუსმა სამხედროებმა: პოლკოვნიკმა სიმონოვიჩმა და მოგილევსკიმ რუსული ჯარების თანდასწრებით 1810 წლის 12 მარტს ბაღდათის ზემოთ სალხინოს საყდარში სოლომონ მეფეს შეჰფიცეს ჯვარსა და სახარებაზე, რომ მას არ დაატყვევებდნენ. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იყო რუსთა მხრიდან მორიგი ტყუილი და თვალთმაქცობა, რომ მათთვის ქრისტიანულ სიწმინდეებზე მაღლა იმპერიალისტური ზრახვები იყო. ჯერ კიდევ იმავე წლის 24 თებერვალს სიმონოვიჩი სწერდა გენერალ ტორმასოვს, რომ მასთან მისულა გელათელი არქიმანდრიტი დავითი, იმერეთის ყოფილი მეფის სოლომონის დავალებით, „რომელიც ითხოვს: შეწყალებას, რომ ის შეასრულებს ყველა მოთხოვნას, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ... რაზეც არქიმანდრიტმა მეფის სახელით დამიწყო თხოვნა ღვთის სახელით და ქრისტიანული სარწმუნოებით, ძალითაც სოლომონი თავს გადაირჩენს“ (Акты,IV:232). ამის შემდეგ სიმონოვიჩთან მოსალაპარაკებლად რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი მიტროპოლიტი გაენათელი და თავადი სეხნია წულუკიძე მისულა, ამჯერად მათი მიზანი არა სოლომონის მეფედ დარჩენაზე, არამედ იმაზე, რომ ის „უარს იტყვის მეფობაზე და ამას ფორმალურად წერილობით დააფიქსირებს, თუკი მას დატოვებდნენ თავისი სიცოცხლის ბოლომდე იმერეთში და მისცემდნენ მას გარკვეულ სახსრებს“ (იქვე:235). აღნიშნულ თხოვნაზეც უარი მიიღეს რუსი სამხედროსაგან, რუსეთის ერდათერთი მიზანი სოლომონის იმერეთიდან გაშვება იყო. სოლომონ მეფის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საეკლესიო და საერო მოღვაწეები ყოველნაირად ცდილობდნენ ტახტი შეენარჩუნებინათ სოლომონისათვის.
სოლომონ მეფის სულიერი მოძღვარი გადმოგვცემს, რომ მეფე ზურაბ წერეთლის რჩევით მიენდო რუსებს, როცა მან გადაწყვიტა სურამს წასვლა და „მხედართმთავრის ნახვა, რომ ამით ხალხის უბედურება და თვით უსიამოვნება აეცილებინა“ (კრებული,1872:10). მეფე 400 კაციანი ამალით ქართლს გამგზავრებულა, მას თან ახლდა ერთგული თავადები: ქაიხოსრო, გიორგი და სოლომონ წერეთლები, როსტომ ნიჟარაძე, დავით და გრიგოლ ერისთავნი, დავით აბაშიძე და ბერი ლორთქიფანიძე (ხუსკივაძე.1902:55). გენერალმა ტორმასოვმა სურამის ნაცვლად მეფეს გორში შეხვედრა სთხოვა, ამასთანავე რუსულმა სამხედრო ნაწილებმა მეფეს გაქცევის ყოველგვარი საშუალება მოუსპეს. ტორმასოვის საქციელით გაკვირვებულ მეფეს უთქვამს: „ნუთუ რუსეთის ხელმწიფისაგან მოსალოდნელია იმისთანა კაცების უფროსად დანიშვნა, რომელნიც თავისი წოდების და მინდობის ღირსნი არ არიან და დაიწყო გოდება, როგორც მამამ თავის დაკარგულ შვილებზედ...“ ამის შემდეგ ილარიონ ყანჩაველი გადმოგვცემს, რომ „მეფემ თავისი ბედი მიანდო ღვთის განგებას“. საბოლოოდ მეფე სოფელ ვარიანში შეხვდა ტორმასოვს 1810 წლის 28 მარტს, მეფის მხლებლებიდან 400 კაცს რუსეთის ერთგულებაზე ფიცი მიაღებინეს და იმერეთში დააბრუნეს. მეფე 100 კაცის თანხლებით თბილისში წაიყვანეს, ქალაქში შესვლისთანავე ეს 100 კაციც ჩამოაშორეს და მარტოდ დარჩენილი მეფე თავად სუმბათაშვილის სახლში დააბინავეს (რეხვიაშვილი.1989:372). არსებობს დოკუმენტი, რომელიც 1810 წლის აპრილში არის შედგენილი, რომლის მიხედვითაც სოლომონ მეფის ამალის წევრებმა, (რომლებიც თბილისში წაჰყვნენ) შემდეგ ტექსტზე დაიფიცეს: „მე ქვემო სახელდებული აღვსთქვავ და ვფიცავ ყოვლისა შემძლებელთა ღმრთისა წინაშე წმიდისა სახარებისა მისისა მას შინა, ვითარმედ მნებავს და თანამიძს მათის იმპერატორის დიდებულებისა ალექსანდრე პავლოვიჩისა თვითმპყრობელსა ყოვლისა რუსეთისა... დასამტკიცებლად ფიცსა ამის ჩემისასა, ამბორს უყოფ სიტყვასა და ჯვარსა მაცხოვრისა ჩემისასა ამინ“ (კაკაბაძე.1956:488).
სოლომონ მეფის ამალის წევრთა: სიის სათავეში მოხსენიე- ბულია, გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე, ნიკოლაოსწმინდელი არხიერი სოფრონ, თავადები სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, დავით ერისთავი, დავით აბაშიძე, სვიმონ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, გიორგი წერეთელი, როსტომ ნიჟარაძე, ლევან წულუკიძე, მერაბ წულუკიძე და მრავალი სხვა. სასულიერო პირები: ჭელიშის წინამძღვარი დანიელი, მეფის დეკანოზი იასე გრიგოლაშვილი, მეფის მოძღვარი სვიმონ, მეფის კარის დიაკვანი იესე მესხი, იესე მღვდელი ყანჩაშვილი, სულ 120 კაცი. უნდა შევნიშნოთ, რომ ამ დროისთვის მეფის მოძღვრად სვიმონია დასახელებული, თუმცა ამალის წევრებს შორის იესე მღვდელი იხსენიება, რომელიც სავარაუდოდ მეფის გაქცევის შემდეგ ხდება სოლომონის სულიერი მოძღვარი. სოლომონ მეფისა და მთავარმართებელ ტორმასოვის შეხვედრის შესახებ საუბრობს ილარიონ ყანჩაველი: „მეფემ არ მისცა ნება იმას, რომ ლაპარაკი დაეწყო, როგორც უღირს კაცს, მიიღო ფეხზე მდგარმა და ჰკითხა თავის მხრით ვინ არის ან ვისი ჩამომავლობის არის, ან როგორ მიიღო ამისთანა სამხედრო თანაბდებობა“? მთავარმართებელმა აუხსნა მეფეს თავისი წარმომავლობა, რომ ძველი აზნაურის შვილია, რაზეც მეფემ უპასუხა - „შენ რომ მიგეღო ეს ხარისხი პატიოსნებით, ანუ შენი ჩამომავალი ძველებური აზნაურობის შთამომავალი ყოფილიყო, მაშინ შენი მოქმედება არ იქნებოდა ეგრე უპატიოსნო და შენ არ შემაწუხებდი მაგისთანა უპატიოსნო მოქცევით“ (კრებული.1872:14). სუმბთაშვილის სახლში მისულა მეფესთან შენდობის სათხოვნელად ზურაბ წერეთლის შვილი სიმონი და მეფისაგან შენდობა უთხოვია, თავისი მამისა და ოჯახის წევრების ღალატის გამო, რასაც ქვემოთ შევეხებით. სუმბათაშვილის სახლი თბილისში მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ავლაბრის ხიდის ახლოს მდებარეობდა და მაღალი გალავანი ერტყა. რვა ოთახიდან მეფეს ოთხი ოთახი ეკავა და ძლიერ დაცვა დარაჯობდა (რეხვიაშვილი.1989:374). მეფესთან მუდმივად იმყოფებოდა ერთი ოფიცერი, ხოლო მზის ჩასვლის შემდეგ ჭიშკართან უნდა მდგარიყო სამი პოლიციელი, რომლებიც მიუთითებდნენ ყარაულს ვინ შეეშვა და ვინ არა. ზედამხედველობა იყო დაწესებული მეფისა და მისი ამალის ცხენებზეც, რომლებიც ქალაქის რემასთან ერთად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჰყავდათ მოთავსებული და პოლიცმაისტერის მიწერილობის გარეშე მათი წამოყვანა არ შეიძლებოდა (ორჯონიკიძე.1992:71).
ტორმასოვს საკმაოდ კარგად ჰქონდა ორგანიზებული მეფის დაცვა, თუმცა სოლომონ მეფემ როდესაც შეიტყო, რომ მას სამშობლო სამუდამოდ უნდა დაეტოვებინა და პეტერბურგში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად, როგორც ჩანს დაიწყო ფიქრი სასახლიდან გაქცევაზე. მეფეს ტორმასოვის პირით შეატყობინეს, რომ იმპერატორის ბრძანებით პეტერბურგში მეფისა და მის მხლებელთათვის გამზადებულია სასახლე და ყველანაირი პირობა საცხოვრებლად. სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ მეფეს ტორმასოვისთვის შეუთვლია: „იმერეთი არის ღვთის სამოთხე და ერთი დიდი სასახლე მეფისათვის. მეფეს არაფრად გაჰკვირს ს. პეტერბურგის სასახლეები. ყოველდღე ზომიერი სადილ-ვახშამი, შემკობილი იმერეთის ქვეშევრდომების ძღვენითა... იმისთანა დიდი ხარჯი, რომელიც ხელმწიფეს იმისათვის დაუნიშნავს, ნამეტანია და ხელმწიფე ნუ დაამძიმებს მისთვის დაარსებული ხარჯით სახელმწიფო ხაზინას, რაც შეეხება ჩემს მომზადებას ღვთის განგებისათვის მიმინდვია. ღენერალმა ეს იცოდეს და წინ და წინ არ შეწუხდეს იმის მომზადებისათვის. ამ ორთავეს მე ვსწირავ ლოცვას, ღვთისადმი, რადგან მივდივარ უცხო ქვეყანასო“ (კრებული.1872:16).
ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მეფეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა და ამ საქმეს ღვთის განგებას მიანდობდა, სწორედ ამიტომ დაიწყო გულმოდგინე ლოცვა, რომლის დასრულების შემდეგ მან ყველას დაუძახა და მათ საოცრად თბილი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ყველანი ჩემი ძმები ხართ, ზოგნი ჩემნი გაზრდილნი, ზოგნი თან შეზრდილნი, რომელნი ეხლაც არიან ჩემს სამეფოში... ახლანდელი დრო სცვლის ჩვენ უწინდელ ცხოვრებას და ჩვენ ამიერითგან სიკვდილამდე უნდა გავშორდეთ ჩვენს საყვარელ მამულს და ვიცხოვროთ უცხო ქვეყანაში. და ამასთანავე მსურს გკითხოთ, ვინ არის ჩემი განსაკუთრებული ამ უკანასკნელს მდგომარეობაში? ახლანდელი საქმე არ არის უბრალო და ადვილი. ვის სურს ჩემ თანა მოზიარობა?“ ნათელია, რომ მეფემ ბევრი ლოცვისა და ფიქრის შემდეგ მიმართა იმ უახლოეს ადამიანებს, რომლებსაც ბოლომდე ენდობოდა, თუმცა ყველას მისცა არჩევანის თავისუფლება და მათ საყვარელ სამშობლოს სამუდამოდ განშორების საფრთხეზე მიუთითა. ეს შთამბეჭდავი სცენა დასრულდა იმით, რომ ყველამ ერთგულებით შეჰფიცა მეფეს _ „მის მწუხარებასა და სიხარულში ისურვეს ყოფნა იმას- თან განუშორებლათ უკანასკნელ წამამდის“. ამის დასამტკიცებლად სოლომონ მეფეს მოსთხოვეს ჯვარი, რომლის წინაშეც მას შეჰ- ფიცეს ერთგულება. ეს იყო მეფის გულსაკიდი ჯვარი, რომელშიც უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ სოლომონ მეფეს საუბარი ჰქონია სარდალ ქაიხოსრო წერეთელთან, ამ საუბარში იკვეთება, რომ მეფეს უკვე მყარად ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული რუსეთში წასვლასთან დაკავშირებით, რადგან; „შენ თითონ იფიქრე, რა იქნება ჩემი იქ მისვლა იმ დროს, როცა იქ ხელმწიფეები თავს იყრიან? ეს იქნება დაუვიწყარი სასირცხო საქმე და სასიკვდილო და უკანასკნელობა ჩემთვის. უმჯობესია მოვკვდე, ვიდრე ამნაირათ გავაუპატიურო ჩემი გვარტომობა, რომელიც არის ჩამომავალი დავით წინასწარმეტყველისა...“ (იქვე:18). მეფისთვის რუსეთში წასვლა უდიდესი სირცხვილი იქნებოდა, რადგან ამით შეურაცხყოფა მიადგებოდა თავისი გვარის ბიბლიურ წარმომავლობას, ვინაიდან ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, რუსეთის სამეფო დინასტიაზე ბევრად უფრო ძველი წარმომავლობის იყო, დინასტია 1810 წლისათვის თავისი მმართველობის ათას წელს ითვლიდა, ამ პერიოდში ბაგრატიონები უწყვეტად მართავდნენ საქართველოს და ბუნებრივია ამ დინასტიის უკანასკნელი მონარქისათვის რუსეთში გადასახლება და საპატიო ტყვეობა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ბოლოს მეფემ ქაიხოსრო წერეთელს გაანდო თავისი სურვილი ოსმალეთში გადასვლის შესახებ _ „და თუ რამე შემთხვევა მექნა, შევდგე ბერათ და იქ გადავიტანო ყოველი უბედურება, ვინემ რუსთ ხელმწიფეს მივცე მიზეზი რომ თავის თავს უწოდდეს მეფეთ-მეფეს“. სოლომონ მეფის სურვილი სავსებით ცხადი იყო, თუკი გაქცევისას, რაიმე ინციდენტი მოხდებოდა, იგი მონაზვნო- ბის ღვაწლს იტვირთავდა, ამ შემთხვევაშიც მეფის სურვილი მისი ღრმა სარწმუნოებრივი ნორმებიდანაა ნაკარნახევი. მეორე დღეს ქაიხოსრო წერეთელმა ერთ-ერთ ახალგაზრდა აზნაურს, რომელიც მეფის თვალწინ ყოფილა გაზრდილი დახმარება სთხოვა, რათა გამოეჩინა ერთგულება და თავი გაეწირა მეფისათვის, რაზეც ახალ- გაზრდა აზნაურს უპასუხია _ „გმადლობ, შენ უფალო, რომ ღირს მყავ მე მეფისათვის თავის გაწირვად. ჩემს სულს ეს დიდი ხანია ჰსურდა და სანატრელი ბოლო ახლა მოიპოვა“ (იქვე:22). სამწუხაროდ, არც ბაგრატ ბატონიშვილი და არც ილარიონ ყანჩაველი ამ თავდადებული მამულიშვილის ვინაობას არ ასახე- ლებენ. მხოლოდ რუსი სამხედრო მოხელე პოტო და ალექსანდრე ხახანაშვილი გვაუწყებს მის ვინაობას. 10 მაისის ღამეს აზნაურმა თაბუკაშვილმა თავისი კაბა გაიხადა და სოლომონ მეფეს გადასცა, თვითონ კი ფარდებ ჩამოშვებულ მეფის საწოლში დაწვა. როცა დაღამდა მეფემ სახე ნაცრით მოისვარა, ხელში თუნგი დაიჭირა, თან რამდენიმე თავადი იახლა და თითქოს აბანოში გაემართა. და- ვით ბატონიშვილის მიხედვით კი სოლომონმა დარაჯს უპასუხა, რომ იგი მეფის დარაჯია და მტკვარზე მიდის წყლის მოსატანად. გალავნის გარეთ მეფეს ელოდა მისი ერთგული ამალის წევრები ქაიხოსრო წერეთლის მეთაურობით. სოლომონ მეფე ახალციხეში იმყოფებოდა უკვე 19 მაისს, ხოლო 20 ივნისს იგი უკვე იმერე- თისაკენ გაემგზავრა ჯარით (საქ. ისტ. ქრონიკები.1980:324). მეფის გაქცევის დროს თბილისში არ იმყოფებოდა მთავარმართებელი ტორმასოვი, რომელმაც თბილისში დაბრუნების შემდეგ სასტიკი ზომები მიიღო. ბაგრატ ბატონიშვილის ცნობით _ „შეიპყრეს პოლიცმაისტერი დავით გოსტაშაბიშვილი და ეგრეთვე უბრალო სულნი დესეტნიკნი პენტელასშვილი მაქსიმე იოვანეს ძე, გოგია იმერელი და გორელი სომეხი იოვანე. ესე ოთხნი დესეტნიკნი, ერთი იყო ამათგანი იმერთა აზნაური გოგია ფალავანდისშვილი თოფითა დახვრიტა განუნახველად ტფილისს, ავლაბრის რიყესა ზედა, ხოლო დაფლულ არიან ავლაბარშივე მელიქის საყდრის გარდასწვრივ მინდორზე, რომელთაცა საფლავსა ზედა მათსა დაედგათ ნათელი ზეგარდამო, და შეირაცხნენ წმინდანთა შორის“ (ბაგრატ ბატონიშვილი.1941:106). ბაგრატ ბატონიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის, მეფისათვის თავდადებული მამულიშვილები უსამართლოდ დაისაჯნენ სასტიკი მთავარმართე- ბლის მიერ, თუმცა ღმერთმა მათი ღვაწლი განადიდა და მათ საფლავებს ზეგარდამო ნათელი დაადგათ, ხოლო თანამედროვეებს ისინი წმინდანთა დასში შეურაცხავთ. მათ დასჯას ადასტურებს ასევე დავით ბატონიშვილიც _ „სცნა რა ლტოლვაი მეფისა ტორმაზოვმან, განძვინდა ფრიად, ვინათგან კაცი იყო მძვინვარე, ამპარტავანი და უწყალო. ამან დაახვრეტინა თოფითა ოთხნი კერკეტონნი, კაცნი უბრალონი, ამად რომელ ქუჩათა შინა, რომელიცა დაედვა მათ ბრალად, რომელ თანამდებობაი იყო მათი ჭვრეტაცა მეფისა. კვალად მოაშთო რაოდენნიმე უბრალონი ოვსნი...თათარნი კაცნი უბრალონი, რომელთა შესწამეს არამართლად ქურდობაი. კვალად შეიპყრა ჯავახისშვილები და თარხნისშვილები და წარგზავნა პყრობილად როსიასა შინა (დავით ბატონიშვილი.1941:34). პოტოს მიხედვით რუსეთში გადაასახლეს მეფის მოახლე თაბუკაშვილი და დალაქი სალარიძე (Потто.II.1902:108). იგივეს ადასტურებს ალექსანდრე ხახანაშვილიც, რომლის მიხედვითაც მეფის მსახურ თაბუკაშვილსა და დალაქ სალარიძეს ჩამოხრჩობა ტორმასოვმა ციმბირში გაგზავნაზედ შეუცვალა (ხახანაშვილი.1911:62). ტორმასოვთან დასაჯელად წარდგენილ სალარიძეს უღიარებია თავისი ბრალი და მთავარმართებლისთვის უთქვამს: „მე თქვენი ყმობა ჯერ არ მიმიღია, ხოლო როდესაც მივიღებ თქვენი ერთგულებაც ისეთივე მექნება, როგორიც დღეს ჩემს ბუნებითის მეფისა მაქვს“ (ჟორდანია.1899:7).
საქართველოს საისტორიო არქივში შემორჩენილია, სოლომონ მეფის დის მარიამის თხოვნის წერილი, რომელშიც იგი მთავარმართებელს სთხოვს ბეჟან მურასოვის შეწყალებას, „ოდეს განსვენებული ძმა ჩემი მეფე იმერეთისა სოლომონ ნებითა თვისითა გაიქცა ტფილისიდგან, ზოგნი ვიეთნიმე გვამნი ქართველთანი დასჯილ იქმნენ, მაშინ მთავარმართებელ ტორმასოვის მიერ, რომელნიც იყვნენ უბრალონი და აწ არს ციმბირსა მხარესა დაკარგულ ტამბოვსა ქალაქსა შინა მოქალაქე ბეჟან მურასოვი... რათა განაცხადოთ იქ თქვენ სიმართლე და უბრალოება მისი“ (ს.ც.ს.ა. ფ.1448. 9595). ჩვენთვის უცნობია გენერალმა ტორმასოვმა რამდენი კაცი დახვრიტა მეფის გაქცევის გამო და რამდენი გადაასახლა რუსეთში, თუმცა ცნობილია, რომ აზნაური რომელიც მეფის მაგივრად ჩაწვა საწოლში, გადასახლებაში ქალაქ პერმში დაიღუპა. როგორც ოდესღაც იოთამ ზედგენიძემ, ახალგაზრდა აზნაურმა თაბუკაშვილმაც თავი გასწირა საკუთარი მეფისა და სამშობლოსათვის.
ილარიონ ყანჩაველის ცნობით, სოლომონ მეფის გაქცევის ხელშეწყობისათვის თბილისის ბოქაულს თავად ბარათაშვილს გადაუცია სოლომონ მეფისათვის ცხენი, რისთვისაც მისთვის თავადის წოდება ჩამოურთმევიათ და ჯარისკაცად გაუწესებიათ. ფალავანდიშვილს, რომელსაც ბრალდებოდა იმერთა ჯოგიდან ცხენის გადმოყვანა მტკვრის გამოღმა, გამოძიებამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული და „ღმერთს მიანდო მისი საქმე“, ხოლო გენერალმა ტორმასოვმა სასამართლოს რეზოლუციას თავისი ხელით მოაწერა: „დახვრიტეთ“ (ხახანაშვილი.1911:62). ასე სასტიკად მოეპყრო ხელმოცარული გენერალი სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს, რომელთა დამსახურებითაც სოლომონ მეფემ თავის თანხმლებ პირებთან ერთად მშვიდობიანად მიაღწია ახალციხემდე. სოლომონ მეფემ თბილისიდან გაქცევისას თავის ოთახში დასტოვა ალექსანდრე ნეველის ორდენი, რომელიც მას 1804 წელს გადასცა რუსეთის მთავრობამ. „მეფის საქციელი ამტკიცებდა, მის, მიერ ორკეც შეურაცხყოფას მონარქის წყალობისას. მეფეს ორდენები არ ხიბლავდა. მას ღრმად ჰქონდა გამჯდარი გულში თავის სამშობლოსადმი სიყვარული, მზად იყო თავიც კი შეეწირა მის საკეთილდღეოდ“ (ჭეიშვილი. 1919:58). ტორმასოვის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო, სამაგიეროდ მათ შური იძიეს მეფის ერთგული თავადების ოჯახის წევრებზე.
მიტროპოლიტობიდან გადაყენებულმა მღვდელმთავარმა არსენმა სოლომონ მეფის გაქცევაში ხელშეწყობა დააბრალა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორეს, არსენმა მოისყიდა კათალიკოსის მნათე, ბერი სერაპიონი, რათა ამ უკანასკნელს საქართველოს მმართველ თ. ახვრედოვისათვის მოეხსენებინა, რომ თითქოს ანტონ მეორემ ხელი შეუწყო თბილისში პატიმრობაში მყოფ იმერეთის მეფის სოლომონ მეორის გაპარვას. ახვრედოვმა ყალბი ბრალდება მთავარმართებელ ტორმასოვს, მან კი იმპერატორ ალექსანდრე I-ს აცნობა. საბოლოოდ სოლომონ მეორის გაპარვაში ანტონ მეორის მონაწილეობა არ დადასტურდა (ბუბულაშვილი.2011:61). რუსული ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო, როგორც ქართველ ბაგრატიონთა ტახტზე ყოფნა, ასევე ავტოკეფალური ეკლესიის სათავეში ბაგრატიონი კათალიკოსის არსებობა, ამიტომ მათ ყველაფერი გააკეთეს რათა საქართველოში უმაღლესი საერო და საეკლესიო ხელისუფლება გაენადგურებინათ და საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად გადაექციათ. რაც საბოლოოდ განახორციელეს, სოლომონ მეფის საქართველოდან განდევნის შემდეგ, სამშობლოდან იძულებით გაიყვანეს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, შემდეგ კი ივერიის უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს. ახალციხეში გადასულმა იმერეთის მეფემ, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, სოლომონმა დაიწყო მზადება იმერეთში გადასვლისათვის. მისი მიზანი იყო თავისი ლეგიტიმური უფლებები აღედგინა და რადაც არ უნდა დასჯდომოდა იმერეთის სამეფო ტახტი დაებრუნებინა.
სოლომონ მეფე და სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი
XIX საუკუნის დასაწყისში ბევრი ისეთი მოვლენა მოხდა, რომელიც დღესაც კი მოითხოვს მართებულ განსჯასა და ფიქრს. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ სოლომონ მეფისა და მისი ერთ-ერთი უახლოესი პიროვნების სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის ურთიერთობა. ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი (1747-1823) თავისი დროის ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნება იყო მეფის შემდეგ იმერეთსა და დასავლეთ საქართველოში, ადამიანი რომელსაც განსაკუთრებულად ენდობოდა სოლომონ მეფე, მაგრამ სწორედ მან უღალატა. ზურაბ წერეთელმა დაიწყო ორმაგი თამაში, საიდანაც მეტ გამოსავალს მიიღებდა იქეთ იხრებოდა, მან ვერ განსაზღვრა სწორად თავისი ქმედებები, რომელმაც პირადად მას და ქვეყანასაც უარყოფითი შედეგები მოუტანა. ამაზე მეტყველებს თანამედროვეთა თუ საკუთარი შვილების შეფასებები ზურაბ წერეთლის პიროვნების მიმართ. სამწუხაროდ, ზურაბ წერეთელი არ იყო ერთადერთი ვინაც, სამშობლოს სამსახურს პირადი კეთილდღეობა ანაცვალა, ზურაბ წერეთელი მცდარი გზით სიარულს სოლომონ მეფის იმერეთიდან განდევნის შემდეგაც აგრძელებდა და მისი დამსახურებით რუსეთის იმპერიას გაცილებით გაუიოლდა იმერეთის დამორჩილება. ზურაბ წერეთელმა სოლომონ მეორეს ხელი შეუწყო გამეფებაში, რისთვისაც თვით ერეკლე მეორემაც კი დაასაჩუქრა და ქართლში სოფელი არადეთი უბოძა. ამის გარდა ზურაბს ბევრი ყმა-გლეხი ჰყავდა და მამული ჰქონდა იმერეთში, იგი ასევე ყმა-გლეხებსა და მამულებს იტაცებდა ეკლესიისა და აზნაურებისაგან. გაძლიერებულმა თავადმა იმერეთის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა 1792 წლიდან დაიწყო, როცა სოლომონ მეორემ ოდიშის მთავარს შეუტია იმერეთის სამეფოსთვის ლეჩხუმის შესაერთებლად. მან ლეჩხუმიდან მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში ბააკა ჩიქოვანიც ჩააბა. სოლომონმა საიდუმლოდ გამოარკვია წერეთლის დანაშაულებრივი მონაწილეობა ლეჩხუმის საქმეში. 1800-იანი წლებიდან კი, როცა სოლომონი რუსეთთან შეერთების წინააღმდეგი გამოვიდა, მეფისადმი მტრობამ თავადი წერეთელი შეერთების მომხრე გახადა და ამიტომაც იყო, რომ მან მხარი დაუჭირა 1804 წლის ისტორიულ აქტს (რისთვისაც მან რუსეთის იმპერატორისაგან ძვირფასი საჩუქარი მიიღო) (ბურჯანაძე. 1959:183). ამ ერთგულების სანაცვლოდ ზურაბ წერეთელს რუსეთის იმპერატორისაგან ბრილიანტებით შემკული ოქროს სათუთუნე მიუღია, შემდეგ კი პოლკოვნიკის ჩინი, მომავალში კი იმერეთის მმართველობაში პირველ ადგილს, გენერალ-მაიორის ხარისხს და სხვა უხვ წყალობას პირდებოდნენ (სოსელია.1981:123).
ზურაბ წერეთელს ჰყოლია მოძღვარი, რომელსაც 1805 წელს წყალობის წიგნი გადასცა: „წყალობის წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ ბატონმა სახლთუხუცესმა წერეთელმან, ძმამან ჩემმან სარდალმან წერეთელმან ქაიხოსრომ, ძმამან ჩემმან მოურავმა წერეთელმა ბერმა და ძემან ჩემთა სვიმონმა, გრიგოლმა და ძმისწულმა როსტომისამან და სხვამან, შენ ჩვენს ერთგულსა და ერთგულობით ნამსახურს ჩვენს მოძღვარს მღვდელს წერეთელს დავითს“ (ქიმ.140). მიუხედავად მისი უარყოფითი საქმიანობისა, ზურაბ წერეთელი სულზეც ფიქრობდა.
ზურაბ წერეთელი ჯერ კიდევ 1802 წლიდან თანამშრომლობდა რუსებთან, რასაც მოწმობს მისი საიდუმლო შეხვედრები რუსეთის წარმომადგენელ ა. სოკოლოვთან, რაზეც თვითონ რუსი მოხელე საუბრობს: „31 ივლისს ჩემთან მოვიდა თავადი ზურაბ წერეთელი, სახლთუხუცესი და დიდხანს ვილაპარაკეთ. მან მიამბო, რომ მეფეს არ სურს, რომ ხელმწიფე იმპერატორის აზრი და სურვილი აღასრულოს. ეს, რასაკვირველია მას უგნურებით მოდის სთქვა წერეთელმა და არ ესმის, თუ რა ბოლო მოელის და რა რისხვა იმპერატორისაგან ამ თხოვნის აღუსრულებლობით. მან მითხრა, რომ მე გადმომცემს რამდენიმე მეფის საიდუმლო მოქმედებას და ამბებს თუ დავპირდები, რომ ყველა მისი ნაამბობი დაშთება ჩემგან საიდუმლოდ და დავპირდი ერთგულებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას“ (შრომა.1883:2). ზურაბ წერეთელი სამშობლოს გადარჩენისათვის მეფის ქმედებას უგუნურებას უწოდებს, თავად კი რუს მოხელეს თავის მამულში პატიჟებს, სადაც სოკოლოვი გაკვირვებული დარჩენილა, რადგან მას უნახავს ზურაბის ორი სასახლე - ერთი ევროპულად და მეორე აზიურად მორთული, იგი 12 აგვისტოს დარჩენილა სახლთუხუცესთან, რომელსაც მისთვის ბევრი საჭირო და სასიამოვნო ცნობა გადაუცია რუსი მოხელისათვის.
დაახლოებით 1802 წელს დიაკონი იონა ხელაშვილი იმერეთში ყოფნისას შეხვედრია სოლომონ მეფეს, რომელსაც დაუსაჩუქრებია ბერი, ხოლო შემდეგ იგი შეხვედრია სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელს. კალმასობის ავტორი გვაუწყებს ზურაბ წერეთლის აზრს სამშობლოსა და ერთგულებაზე. ზურაბ წერეთლის აზრით თუ ვინმე იქნება გაძევებული საკუთარი მეფისაგან მამულის ორგულობისათვის და ცუდკაცობისათვის და ვინმე ამ პიროვნებას შეიფარებს სანდო კარის-კაცად გაუმართლებელია, იგი საუბრობს, რომ „ესევითართა მრჩეველთაგან ჩვენთვის საკიცხევარი საქმე და ესეგვარმან უწესობამან და ფიცის მტეხლობამან შობა განხეთქილება ურთიერთ შორის. და მე რაოდენ ვეცადე განმართვად ამა უწესობათა საქმეებთა, ესოდენ აღიძრნენ სასიკვდილოდ ჩემდა“ (იოანე ბატონიშვილი. 1948: 71). ცოტა გასაკვირია, რომ ზურაბ წერეთელი საუბრობს სამშობლოს ერთგულებაზე, მაგრამ ამ დიალოგიდან ჩანს, რომ ამ დროისათვის უკვე არსებობდა განხეთქილება იმერეთის სამეფოში, რომელშიც ზურაბ წერეთელიც იყო გარეული.
1809 წლის 31 მარტით დათარიღებული წერილით ირკვევა, რომ სახლთუხუცესი სოლომონ მეფის წარმომადგენელი იყო რუსებთან მოლაპარაკებისას და მას სოლომონ მეფე ჯერ კიდევ ენდობოდა: „წარმოვავლინე თავადი ჩვენი სახლთუხუცესი წერეთელი ზურაბ, კაცი ჩემ მიერ სარწმუნო, ერთგული ქრისტიანობისა, ხელმწიფისა და მეფობისა ჩემისაცა და მასთანა მეცნიერი საქმეთა ჩემთა, რომელიცა განაცხადებს ყოველთა სიმართლეთა და მას თანა უმიზეზოთა მწუხარებათა ჩემთა წინაშე თქვენსა...“ (კაკაბაძე.1956:387). სოლომონი წერილში საუბრობს საკუთარ უდანაშაულობაზე რუსებთან მიმართებაში და უსჯულო კაცებს უწოდებს მის ცილისმწამებლებს, რომ არ არის სარწმუნო მისთვის ბრალის დადება, „ვინაიდგან ვარ მეფე ქრისტეანი და მაქვს თავი ჩემი განკუთვნილი ქრისტეანედ“. სოლომონის ეს გულწრფელი აღიარება რუსი მოხელეებისათვის ცარიელი სიტყვები იყო, რადგან თვით ზურაბ წერეთელი არ ენდობოდა მეფეს და იგი ორმაგ თამაშს ეწეოდა. ამას მოწმობს იმავე წლის 30 ივლისს დათარიღებული წერილი, რომელშიც ზურაბ წერეთელი გენერალ ტორმასოვს ერთულებას ეფიცება _ „სიხარულით გიტყდებით, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით ერთგული ვრჩები სახელოვანი ხელმწიფისა, რომლისთვისაც მზად ვარ ჩემი და ჩემი შვილების სხეულის თვითეული ნაწილის სისხლი დავღვარო... როცა თქვენი ძალები ჩემს ხელში იქნება, მაშინ ვიმოქმედებ ყველა მიმართულებით, მათ შორის ახალციხის მიმართულებითაც, როგორც საქმე მოითხოვს, ასევე გამომიგზავნეთ ერთი პოლკი ჯარი, რომელიც იმოქმედებს ისე, როგორც მე ვუბრძანებ, ამასთანავე, გამომიგზავნეთ ფული საქმის დადებითად გადასაწყვეტად, რაზმი მოიყვანეთ სურამში და მე თვითონ გადავიყვან იმერეთში“ (Акти. IV:206). ვფიქრობთ კომენტარი, ზედმეტია, რუსული ოქრო თავის საქმეს ასრულებდა, გადაგვარებული სახლთუხუცესი სისხლის დასაღვრელადაც კი მზად იყო რუსი ხელმწიფისათვის და ამისათვის რუსის ჯარსა და ფულს ითხოვდა, რათა საკუთარი მეფე ტახტიდან ჩამოეგდო.
რუსი მოხელეები ბოლომდე მაინც არ ენდობოდნენ წერეთელს და საიდუმლო მიწერ-მოწერაში მას „ორპირ პიროვნებას“, „ძველ მზაკვარს“, „ყველაზე საშიშ ადამიანს“ ეძახდნენ. გარეგნულად კი იმერეთის ამ „პირველ კაცს“ დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ და მისგან ბევრ სასარგებლო ცნობებს ღებულობდნენ (სოსელია.1981:124). ზურაბის პიროვნებაც ზუსტად შეუფასებიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რათა იმერეთის თავად-აზნაურობა გადაებირებინათ და კანონიერი მეფე კი სამეფოდან გაეძევებინათ.
როგორც კი იმერეთში რუსული სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ, ზურაბ წერეთელი აშკარა მოქმედებაზე გადავიდა. იგი გვერდით ამოუდგა რუსის სარდლებს და თავისი ყმები იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცა. 1810 წლის 22 თებერვალს იგი გენერალ ტორმასოვს ატყობინებდა _ „თუმცა არა ისმინეთ ამა ჩემსა მოხსენებულსა, ვხედამ დრომ გაიარა და ვერ დაიჭერთ მეფეს და უფრო გაძნელდების. მე ვამბობ თქვენის ერთგულებისთვის, თორემ რაისათვის მენდომების მე ბედნიერება მისი, რადგან ჩამომართო ყოველი ძალი და ძლიერება, როდესაც მოვიდა საქართველოსა შინა მხედრობა რუსეთისა და ნებავთ კიდეც სიკვდილი ჩემი, კვალად მომეცით ნება მე მალიად, რომ მეფე სოლომონს თავის სიცოცხლეშიდ არ მიეღოს მეფობა თქვენის აღთქმით და მოვაწერინო ხელი შემდეგ მისა“ (კაკაბაძე.1956:455-456). მოღალატე თავადს ამ დროისათვის დაკარგული ჰქონდა სახლთუხუცესობა, მეფეზე განაწყენებული წერეთელი ყველაფერს აკეთებს, რათა სოლომონმა თავისი კანონიერი ტახტი დაკარგოს.
სოლომონ მეფემ ზურაბ წერეთელს ჯერ 300 კომლი კაცი ჩამოართვა და კონსტანტინე ბატონიშვილს უბოძა, შემდეგ მეფემ იგი სახლთუხუცესობიდან გადააყენა, რაც მას წლიურად 4000 მანეთამდე შემოსავალს აძლევდა. მან დაკარგა აგრეთვე სოფელი წირქვალი, მოდინახეს ციხე და რაჭის მოურაობა, რომლებიც მეფემ ქაიხოსრო წერეთელს გადასცა (ბურჯანაძე.1959:187). თავისი ღალატის გამო ზურაბ წერეთელს საკმაოდ დიდი შემოსავალი და მამულები დაუკარგავს, რაც სავსებით ლოგიკური იყო. ზურაბ წერეთელი თავად აღიარებდა მეფის ღალატს და ამასთანავე, დიდი მონდომებით ცდილობდა, სოლომონის ერთგული თავადებიც გადაებირებინა _ „უწინარეს ამის გამოვართვი კნიაზ დიმიტრის სამას ორმოცი ოქრო და სამის წილის ჩემის საკუთარის ზედა დართვისა მოკლესა დროსა შინა წარვაგე მოსყიდვისათვის რომელთამე მეფისა ვეზირთასა, რომელნიცა არიან დღეს ერთგულ ვითარცა მე“. „ჩამომართვეს ყოველი გამოსავალი ჩემი და სახლთუხუცესობა, რომელიც მარტო სახლთუხუცესობის კერძო ოთხას თუმნამდის შემომივიდოდის და საზოგადო შემოსავალნი სხვანი და ყოველთაგან კიდეგან მყვეს“ (კაკაბაძე.1956:419).
მამის ამგვარ ღალატს ძლიერ განიცდიდა ზურაბ წერეთლის ვაჟი სვიმონ წერეთელი, 1810 წლის გაზაფხულზე, იგი სოლომონ მეფეს ნახულობს თბილისში, სადაც იგი „დავარდა მუხლმოდრეკილი იმის წინ და ქედმოხრილმა სამჯერ დაუკრა მეფეს ფერხთქუეშე და იხრჩობდა ცრემლებით, სთქვა _ მეფეო აგვაღე ეგ წყევა ჩემგან და ჩემის ძმის დავით მიტროპოლიტისაგან, რადგან ჩვენ არა ვართ ამ საქმეში თანამგრძნობელნი ჩვენის მამის და ძმის გრიგოლისა. მაშინ მეფემ უთხრა იმას - ნუ გეშინიან ამ წყევის, რადგან ღვთის სამართალი სტანჯავს იმას, ვინც დამნაშავეა, და ვინც არ, იმას არ შეეხება“ (კრებული.1872:15). სოლომონ მეფის წინაშე სვიმონ წერეთელს უღიარებია მამისა და ძმის დანაშაული და მისგან შენდობა და წყევლის ახსნა უთხოვია. სვიმონი მეფის ერთგული და ღირსეული პიროვნება რომ იყო, ჩანს იმ წერილიდან, რომელიც მან მამას, ზურაბ წერეთელს მისწერა ახალციხიდან: „აბა რაღათ მინდა სიცოცხლე, ყოველი კაცი, ქართველი თუ კახელი, თათარი თუ სომეხი, ბერი, თუ ერი, ყმაწვილი თუ მოხუცებული ვინც ვნახე ყველა მეუბნება, რა ქნა ეს მამაშენმაო, მეფე რომ გასცაო და ეს ხმა რა საძაგელია, ხომ იცით და მომიხსენებია ნეტამც ოცი წლით ადრე ამოვწყვეტილიყავით სუყველა ქალებიან-კაცებიანათ და ეს ხმა ჩვენში არ შემოსულიყო. სჯობდა ჭეშმარიტად. რას შეჩერებიხართ, რას უყურებთ, შენც აქ ჩამოდი... ეცადე რამე ღვთის გულისათვის თორემ ან ცოდვა ამოგვაგდებს ან სირცხვილი. თქვენი შვილი. იქნება გეწყინათ ეს წიგნი, მაგრამ თუნდ მომკალი უნდა მოგახსენო“ (ხელ.ეროვ. ცენტრი.ფ.Hდ.№3159). მამის საქციელით შერცხვენილი სვიმონი, მამას აყვედრის ჩადენილ საქციელს და საკუთარი ოჯახის გადაშენებაზეც კი საუბრობს, რადგან ასეთი სირცხვილი არ ენახათ. უნდა შევნიშნოთ, რომ მეფის ღალატში ადანაშაულებდა ზურაბ წერეთელს იესე დეკანოზიც (ილარიონ ყანჩაველი) _ იგი „წინა აღუდგა ზურაბს სრულის შურისძიებით, ამხილა იმას, რომ შენ ხარ მტერი და ორგული ქვეშევრდომი შენის მეფისა“ (კრებული.1872:8). ქვეყნის და მეფის ერთგული მამულიშვილი საკუთარ მამას იმ უდიდეს სირცხვილს ახსენებს, რომელიც მან სოლომონ მეფის გაცემის დროს ჩაიდინა. ახალციხეში გადასულ სიმონ წერეთელს ძმასთან გრიგოლ წერეთელთანაც ჰქონია მიწერ-მოწერა. გრიგოლისგან გაგზავნილ კაცს სვიმონისთვის მეტად მძიმე ამბავი უცნობებია, რაზეც მან ძმას უმკაცრესი წერილი მისწერა: „მითხრა, რომ დედოფალი იმან უნდა ჩაგვაროს რუსებსო. თუ დასტურია ეს გითხრეს და მაშინვე თავი არ მოიკალ, ფუ შენს კაცობას! დედოფალი! ჯერეთ ბატონი, მერე შენი მშობლიურათ-მამლელი, გამზრდელი, შენი მაცოცხლებელი და მაცოლშვილიანებელი – მიათრემ და რუსებს აძლემ! რისთვის, რა გაჭირვებისთვის, ასე ვთქვათ? მოგკლან მოკვდი მაგისთვის, არაფერი იქნება. ვალი გაქ, ჭეშმარიტად. ხუთჯერ, რომ მოკვდე, მაინც ვერ გადაიხდი, ნურც შენს კაცობას უზამ და ნურც მე მომკლამ ჯავრით, ესეც მითხრა, რომ შენი ცოლიც მიყავსთო. მაგრამ არა მგონია დაანებო. ამან კი დამაფიქრა, რომ თუ დედოფალი დაანებე ვისმე, ჩემ ცოლს რაღას დაეძებ, ჩემი კი მიეცი არ დავეძებ, ოღონ დედოფალს ნურავის დაანებებ“ (ისტ. დოკ. და არქ. II. 1953:101). სვიმონ წერეთელი მძიმედ განიცდის ძმის საქციელს, რომელმაც უღალატა საკუთარ მეფეს და შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა მარიამ დედოფლისათვის ეღალატა. ზურაბ წერეთელს ჰყავდა ასევე მესამე შვილი მიტროპოლიტი დავით წერეთელი, რომელიც 1804 წელს აკურთხეს ხინოს ეპისკოპოსად, თუმცა მამა ამ კურთხევის წინააღმდეგი ყოფილა. დავით მიტროპოლიტის ქობულეთის მხარეში ხინოში მოღვაწეობას მისიონერული დანიშნულება ჰქონდა, თუმცა მან თავისი მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი ჯრუჭის მონასტერში გაატარა (Кавкаский Календар.1854:505). უცნობია თანაუგრძნობდა თუ არა მღვდელმთავარი მამას, მაგრამ საგულისხმოა ერთი წერილი, რომელიც 1811 წლის 13 აგვისტოს გენერალ-მაიორი სიმონოვიჩი მთავარმართებელ ტორმასოვს ატყობინებს, რომ იმერეთში ჯილდოების დარიგების დროს შეცდომით დაჯილდოვდა მიტროპოლიტი სოფრონ წულუკიძე ხინოწმინდელ მიტროპოლიტ დავითის ნაცვლად (კაკაბაძე.1956:494). უცნობია, რატომ დააჯილდოვეს დავით მიტროპოლიტი, იმიტომ, რომ ის ზურაბ წერეთლის შვილი იყო თუ სხვა დამსახურების გამო გაუგებარია.
სახეზე გვაქვს ორი ურთიერთსაპირისპირო ადამიანი, ერთი მზად არის პატივისა და პირადი კეთილდღეობის გამო გაჰყიდოს სამშობლო, უარყოს საკუთარი მეფე, დედოფალი, რომელსაც გრიგოლის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება ჰქონია და მასზე არავითარმა შეგონებებმა არ იმოქმედა და უარყო ყველაფერი რისი უარყოფაც შეიძლებოდა.
მეფისა და ქვეყნის ორგული თავადის მდგომარეობა რუსული მმართველობის პერიოდში ძლიერ შეიცვალა. მისი მოლოდინი არ გამართლდა. რუსეთის სარდლობის ტოტალურმა ღონისძიებებმა სული შეუხუთეს თავაშვებულ თავადს. ზურაბ წერეთელი ახალი რეჟიმის უკმაყოფილო გახდა. მისი პირადი მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო მეფობის დროს, როცა იგი დამოუკიდებლად ცხოვრობდა, მრავალ ყმა-მამულს ფლობდა და უმაღლესი თანამდებობა ეჭირა სახელმწიფოში. მან მთავარსარდალ რტიშჩევთან იჩივლა და ნაღვლიანად წერდა: „რუსეთის მთავრობას მისთვის წაურთმევია ქუთაისელი ვაჭრები, სოფელი წირქვალი, სოფელი ჩხერი და მისი შემოსავალი, ასევე სტამბა და სტამბის ადგილი ქუთაისს და მრავალი სხვა“ (ბურჯანაძე.1959:189). ასეთი გზა გაუვლია სოლომონ მეფის უახლოეს ადამიანს, თავად ზურაბ წერეთელს. სოლომონ მეფის დროს მრავალი მამულისა და შემოსავლის პატრონმა, ჯერ კიდევ სოლომონის სიცოცხლეში დაკარგა მრავალი წყალობა და თანამდებობა, რუსულმა ხელისუფლებამ იგი გამოიყენა, შემდეგ კი მისი უფლებები შეზღუდა. ზურაბმა თითქოს „მეფეზე გაიმარჯვა, მაგრამ მეფესთან ერთად თვითონაც დამარცხდა“, ასეთია, სამშობლოს მოღალატის ხვედრი, იგი შეიძულეს თავისმა თანამედროვეებმა და შემდგომმა თაობებმა, მისი ცხოვრება კიდევ ერთი მაგალითია ყველასათვის, ვინც სამშობლოს წინააღმდეგ წავა. დამცირებული და უკვე ასაკში შესული თავადი წერეთელი 1823 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა. საინტერესოა განიცდიდა თუ არა ყოფილი სახლთუხუცესი სინდისის ქენჯნას სიცოცხლის ბოლოს, რომელსაც ამდენი სირცხვილის შემდეგ თავის საგვარეულო ჯრუჭის მონასტრის საძვალეში ეღირსა დაკრძალვა, მაშინ როცა მისგან უარყოფილი მრავალტანჯული ჯერ კიდევ ახალგაზრდა სოლომონ მეფე ტრაპიზონის მიწაზე განისვენებდა.
1810 წლის უთანასწორო ბრძოლები
თბილისიდან გაქცევის შემდეგ სოლომონ მეფე შეეცადა გამოეყენებინა ყველა რესურსი და რუსეთთან ბრძოლაში განიზრახა ირან-ოსმალეთის და ლეკთა რაზმების ჩართვა. იგი ამასთანავე დაუკავშირდა თავის სახელოვან ბიძას ალექსანდრე ბატონიშვილს და მასთან ერთად ახალციხეში სოფელ ქოთელში შეადგინა მოქმედების გეგმა. ალექსანდრე ბატონიშვილმა კი იმერეთის მოსახლეობას სოლომონ მეფის გაქცევა შეატყობინა (რეხვიაშვილი.1989:376). ძალზე საგულისხმოა ალექსანდრე ბატონიშვილის წერილი, რომელშიც იგი ბაგრატოვანთა სახლის ბედნიერებაზე საუბრობს: „ღმერთმა მოგვხედა და ჩვენი სახლის ბედნიერება დაიწყო. დღეს 13 მაისს, მეფე სოლომონი გაექცა რუსებს თავისი თავადებით, რომელიც მასთან იყვნენ და მობრძანდა ქოთელში. ვიცით, რომ თქვენც ისურვებთ, დარჩეთ ბაგრატიონების სახლის ერთგულნი. ახლა დადგა ჟამი, გამოიჩინოთ თქვენი გმირობა, იმოქმედოთ, რითაც სამუდამოდ დავალებულს გახდით ჩვენს სახლს“. მოწოდებაში ალექსანდრე ბატონიშვილი იმერეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რათა ბრძოლით დაიცვან ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღირსება, ბატონიშვილის მოწოდებამ მართლაც მიაღწია მიზანს, თუმცა „თავის მხრივ არც მთავარმართებელი ტორმასოვი იყო უსაქმოდ, მან რამდენიმე პროკლამაცია გაავრცელა რომლებშიც იგი ხალხს აფრთხილებდა, რომ სოლომონ მეფესთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქონების კონფისკაციითა და ციმბირში გადასახლებით ემუქრებოდა. მთავარმართებელი კარგად ხედავდა იმ საფრთხეს, რომელიც შიძლება სოლომონ მეფისა და ალექსანდრე ბატონიშვილის შეერთებით წარმოქმნილიყო, რადგან იმერეთში მეფობის შესაძლო აღდგენის შემდეგ ბუნებრივია ქართლ-კახეთში მეფობის აღდგენის საკითხიც დადგებოდა, რაც განსაკუთრებით აშფოთებდა ტორმასოვს, თუკი სოლომონი სავარაუდოდ დახმარებას ოსმალეთიდან და სპარსეთიდან მიიღებდა საქართველოში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებს საფრთხე შეექმნებოდათ, თუმცა სოლომონ მეფე ხედავდა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხს ქართველი ხალხი უფრო შინაურ საქმედ უყურებდა და საქართველო-ოსმალეთის ან საქართველო-სპარსეთის ურთიერთობისაგან მას არსებითად ანსხვავებდა. თავის პროკლამაციაში იმერლებს აუწყებდა, რომ ის უცხო ჯარებს არ შემოიყვანდა და მარტო შემოვიდოდა, როცა იმერეთის ერთსულოვანი აჯანყების შესახებ გაიგებდა“ (ბერძენიშ- ვილი.1965.II:386). 1810 წლის 17 მაისს სოლომონ მეფემ დიდი გრძნობით აღსავსე წერილი მისწერა დოსითეოს ქუთათელ მიტროპოლიტს, წერილი ასევე იმერეთის მაცხოვრებლებისთვისაც იყო განკუთვნილი: „მეფე სრულიად იმერთა სოლომონ უსაღმრთოესს მარჯვენეს სასოებით ამბორის ყოფას მოგახსენებთ, მერმე როდესაც გადაწყვეტით გული დავაჯერე, რომ რუსეთს მისტუმრებდნენ, თქვენის მოშორებისა და იმერეთის საუკუნოდ დატოვების ცეცხლი ჩემს გულს მოეგზნა; ცას ქვეშეთს დიდებას – თქვენთან ყოფნა, თქვენთან სიხარული, თქვენთან სიცოცხლე და სიკვდილი ვარჩიე, აწ თქვენგან და მთელად იმერეთისაგან ჩემი საწადწლი ეს არის, მე თუ სხვა სამსახური რამ დამიკლია იმერეთისათვის, ეს კი ყველამ იცით, რომ თქვენის პატივისცემისა და სიყვარულისაგან არაოდეს ჩემი გული არ გამძღარა, არ კიდევ სიკვდილისა და განსაცდელისათვის თავი გადავსდევ თქვენთან სიცოცხლისათვის“ (ხუსკივაძე. 1902:22). წერილში ნათლად ჩანს სოლომონის განსაკუთრებული პატივისცემა ქუთათელი მღვდელმთავრისადმი და ის დიდი გულისტკივილი რაც მეფეს იმერეთის დატოვებით მოელოდა. „ამაზედაც ფიცით გერწმუნებით, თუ იმერეთს ჩემის დაკარგვით ბედნიერება და თავისუფლება მიეცემოდეს, როგორც თქვენის მოუშორებლობისათვის თავი გამოვიმეტე, ისე თქვენთვის დაკარგვას სასიხარულოდ მივიღებდი, საქართველო, ფიცითა და ოქროთი მოატყუეს და დღეს აღარც სიმდიდრე უხარია კაცსა, აღარც თავისი სახლი. ნუ დაიღუპებით ქართლსავით, რომელნიც სულიერად დიდ პარასკევს ხორცს სჭამენ და ხორციელად გატანჯულნი სიკვდილს ნატრულობენ“. თუკი იმერეთი სოლომონ მეფის სიკვდილით ბედნიერი იქნება, იგი მზადაა სამშობლოს გულისთვის სიცოცხლეც გასწიროს, ქართლის სულიერ მდგომარეობას კი იგი მეტად მძიმედ აფასებს.
მაისის თვე სოლომონ მეფემ ახალციხეში გაატარა, სადაც აჯანყებისათვის ემზადებოდა. „აჯანყებამ ორგანიზებული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ახალციხიდან 1810 წლის ივნისის დასაწყისში დაბრუნდა სოლომონ II-სთან ერთად იქ გაქცეული ზემო იმერეთის სარდალი ქაიხოსრო წერეთელი“ (მჭედლიძე.2013:284). უთანასწორო ბრძოლები თითქმის ოთხი თვის მანძილზე მომდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულებმა მოიპოვეს და მტერს დიდი ზიანი მიაყენეს ლომსიათხევზე მდინარე ჭიშურის ვიწრო ხეობაში, აჯანყებულთა მეორე დაჯგუფება, რომელიც სოფელ მარელისში (ხარაგაულის რაიონი) იყო დაბანაკებული რუსულ ნაწილებს ბრძოლა გაუმართეს სოფელ კორტოხთან და ისინი დროებით შეაჩერეს. ამის გამო 22 ივლისს რუსეთის მთავრობამ გადააყენა რუსული ჯარების ხელმძღვანელი დიმიტრი ორბელიანი და მის მაგივრად დაინიშნა ბარონი როზენი, რომელმაც პირველი გამარჯვება მდინარე ჩხერიმელას გადასასვლელთან მოიპოვა, სადაც რუსულმა რეგულარულმა არმიამ არტილერიის დახმარებით წარმატებას მიაღწია, შემდეგ კი სოფელ სიმონეთს მიადგა სადაც მეფე სოლომონი იყო გამაგრებული. „ქუთაისის მისასვლელებს მისი მომხრეების 7000-იანი ლაშქარი იცავდა ქაიხოსრო წერეთლისა და სხვა თავ- ადების ხელმძღვანელობით. მათ მდინარე ჭიშურასთან გაუმართეს ბრძოლა მომხდურებს. ოთხი საათი გაუძლეს მათ გააფთრებულ შემოტევას, შედეგ კი იძულებულნი გახდნენ პოზიციები მიეტოვებინათ“ (გონიკიშვილი.1979:189). იმერეთის მოსახლეობას არ ჰქონდა ბრძოლის გამოცდილება, ამიტომ მათ უჭირდათ რუსეთის ბრძოლისუნარიან და კარგად შეიარაღებულ ნაწილებთან ბრძოლა. მიუხედავად აჯანყებულთა სიმრავლისა, ისინი რუსულ სამხედრო ნაწილებთან მაინც მარცხდებოდნენ. 22 ივლისს გენერალმა ორბელიანმა აჯანყებულები დაამარცხა ჩხერის ციხესთან, ხოლო 25 ივლისის შეტაკების დროს დაიღუპა ქაიხოსრო აბაშიძე, დარეჯან ბატონიშვილის მეუღლე. გადარჩენილმა აჯანყებულებმა ქაიხოსრო წერეთლის წინამძღოლობით თავი შეაფარეს მაღლაკს, სადაც სოლომონ მეფეც მისულა. პოლკოვნიკ სიმონოვიჩის ჯარების მიახლოებისას კი სოლომონს მაღლაკი დაუტოვებია და სოფელ რიონთან გადასულა (ხახანაშვილი. 1911:72). 29 ივლისს რუსულმა ნაწილებმა ქუთაისი დაიკავეს. 4 აგვისტოს ბრძოლა გაიმართა სოფელ რიონთან, რომელსაც თვით სოლომონ მეფე ხელმძღვანელობდა, გააფთრებული შეტაკება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მებრძოლი მხარეები მხოლოდ სიბნელემ გააჩერა. 10 აგვისტოს გელათის ახლოს, ნაგარევში სიმონოვიჩმა ვერ შეძლო მეფის შეპყრობა (რეხვიაშვილი.1989:382). უკანასკნელი მირონცხებული მონარქი საბოლოოდ ეთხოვებოდა მშობლიურ ადგილებს, ეთხოვებოდა გელათის წმინდა მონასტერს, სადაც თავისი სახელოვანი წინაპრები განისვენებდნენ, იგი როგორც დევნილი ისე გადადიოდა სოფელ-სოფელ, ტყე-ტყე და ასე ტოვებდა თავის სამშობლოს. 26 აგვისტოს მეფის მომხრეები სოფელ საქარაში ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ დამარცხდნენ. ამ დღეს დაიღუპა ქაიხოსრო აბაშიძის „უფროსი შვილი ხახულა, ცოტა უფრო ადრე 20 ივნისს საქარასთან ახლოს კაპიტან ტიტოვის რაზმთან ბრძოლას შეეწირნენ ქაიხოსროს ვაჟები, რომელთა სახელები ჩვენთვის უცნობია“ (სოსელია.1973:206). ქაიხოსრო აბაშიძე იყო სოლომონ პირველის ქალიშვილის დარეჯან ბატონიშვილის მეუღლე. ქაიხოსროს ოჯახი მთლიანად ამოწყდა რუსებთან ბრძოლაში, მისი ერთი ცოცხლად დარჩენილი ვაჟი ივანე 1819-1820 წლის აჯანყების ერთ- ერთი მეთაური იყო და იგი რუსებმა ახალციხეში მოაკვლევინეს. დარეჯან ბატონიშვილი კი რუსეთში გადაასახლეს.
ერთი ცნობით სოლომონ მეფემ 25 სექტემბერს სიმონოვიჩთან შეტაკების შემდეგ დატოვა საქართველო და ახალციხეში გადავიდა, მეორე ცნობით, რაც უფრო ნაკლებსარწმუნოა: „მეფე 1810 წლის 24 ოქტომბერს ოსმალთა ჯარის დახმარებით გადავიდა ახალციხეში. ადგილობრივ გარემოსა და ხშირ ტყეებს საშუალება არ მიუცია სიმონოვიჩისათვის რათა კვალდაკვალ გაჰყოლოდა მეფეს, რომელსაც გაჰყოლია 17 თავადი, თავიანთი ოჯახებით, 8 აზნაური და მღვდელი ნიკოლოზი, ერთ-ერთი მთავარი ბუნტოვშიკი და 150 გლეხი“ (Чудинов. 1895:273). რუსის ჯარს მძიმე დღე რომ დასდგომია კარგად ჩანს სიმონოვიჩის გაგზავნილი შეტყობინებიდან ტორმასოვისადმი: „სოლომონ მეფის ვერც მოკვლა მოვახერხეთ და ვერც დატყვევებაო. ცდა არ დაგვიკლია, განუწყვეტელი ბრძოლებითა და შიმშილით განაწამები ჯარისკაცები ჩონჩხებს დაემსგავსნენ, მაგრამ მთავარი ამოცანა ვერ შევასრულეთ“ (საქართველოს ისტორია. IV.2012:20). ეს ის სიმონოვიჩია, რომელმაც ჯვარზე და სახარებაზე დაფიცებით აღუთქვა სოლომონ მეფეს უვნებლობა და სამეფოს დაბრუნება, თუმცა მათთვის ფიცის დარღვევა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა, პირიქით იგი დამწუხრებულია, მეფის მკვლელს რომ ვერ მიაკვლია და სამშობლოს გადარჩენისათვის მებრძოლი მეფე, რომ ვერ შეიპყრო. ალ. ხახანაშვილის ცნობით ოთხთვიანი ბრძოლების დროს რუსებს იმერეთში 20 ოფიცერი და 392 ჯარისკაცი დაუკარგავთ, უცნობია აჯანყებულთა მხარეს რა რაოდენობის ადამიანი დაიღუპა, ჩვენი აზრით სამშობლოს დამცველთა რიგებში მსხვერპლი ბევრად უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, რადგან მდინარე ყვირილასთან ქაიხოსრო წერეთლის რაზმსა და გენერალ როზენის სამხედრო ნაწილების შეტაკების დროს იმერლებს 200 კაცი დაუკარგავთ. ამის მიხედვით შესაძლოა, ქართველთა მხარეს დაღუპულთა რაოდენობა 1000 კაცს აღემატებოდეს*. აღნიშნული ბრძოლების დროს დაიღუპა ასევე ოსმალთა ჯარის ნაწილი და მათი ხელმძღვანელი სულეიმან–ბეი, რომლებიც იმერთა მხარეს იბრძოდნენ.
*აჯანყებულ ქართველთა შეიარაღებაზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ერთი ძველი ნაამბობი, რომელიც მღვდელ დავით ღამბაშიძეს ჩაუწერია 1883 წელს: „მეფე სოლომონ ღვთის მოყვარე კაცი იყო და ღმერთმან იმდენი მოეხერხებინა, რომ გამოიპარა და ახალციხეში ამოყო თავი. იმერეთის სახლთუხუცესის მიმდგმურმა კაცებმა დაყარეს ხმა სოლომონ მეფეს თათრის სარწმუნოება მიუღიაო, დაუცვეთია და ახლა იმერეთში მიდის თათრის სარწმუნოება უნდა მიაღებინოს ყველას, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა იმერეთის მეფე ამას არ იზამსო. იმერელ ხალხს რა ჰქონდა? ჩვენი საომარი იარაღი წალდი და ცული იყო და თოფი ნაკლებად გვქონდა, სადაც აღმართი იქნებოდა იქ ქვებს დავაგორებდით და იმითაც ბევრი წყდებოდა“ (დროება.1883.№62). ალბათ ძნელი წარმოსადგენია, ამგვარად შეიარაღებულმა იმერლებმა როგორ შეძლეს და ძლიერ მტერს რამდენიმეთვიანი ბრძოლა გაუმართეს. ბუნებრივია, რომ სამშობლოს დამცველებს შორისაც მრავლად იყო მსხვერპლი, თუმცა დღემდე არ ვიცით დაახლოებით რა რაოდენობის ვაჟკაცი შეეწირა ანტირუსულ გამოსვლებსა და აჯანყებებს აღნიშნულ პერიოდში. ზეპირი გადმოცემები ჩაუწერია გიორგი წერეთელსაც, რომლებიც ძალზე საინტერესოა. ამ გადმოცემებში საუბარია იმ პერიოდის როგორც თავდადებულ ასევე სამშობლოს გამცემ ადამიანებზე, ისტორიამ ყველა მათგანს სათანადო ადგილი მიუჩინა. ერთ-ერთ გადაგვარებულ ქართველს მამისთვალა ყიფიანს მტრის მეგზურობა უკისრია და სიმონოვიჩის ჯარს ხლებია. „იგი გამოცხადებია ბერ წერეთელს და თითქოს ქაიხოსრო წერეთელის დანაბარები გადაუცია - ქაიხოსრო წერეთელმა გიბრძანათ მე მეფესთან მივდივარ და თქვენ ღორეშასკენ დაიწიეთ, თქვენი კაცებით, რომ ულევზე ჯარი არ გამოგვეპაროს. ბერ წერეთელს მართლაც აუყრია ჯარი ამ ცრუ შეტყობინებაზე. მამისთვალა ყიფიანს კი ამ ხერხიანობისათვის ორასი ოქრო მიუღია“ (კვალი. 1896.№26). დასანანია, რომ ორგული ქართველები პირადი გამორჩენის მიზნით არაფერს თაკილობდნენ, მტერი კი თანხებს არ იშურებდა, რადგან ორასი ოქრო იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. განსაკუთრებით საინტერესოა გარსია ღონღაძის ნაამბობი ქაიხოსრო წერეთლის მეუღლე ქეთევან აბაშიძეზე. „ქეთევან აბაშიძე მოდინახეს ციხეს იცავდა, როდესაც ზურაბ წერეთლის ვაჟი გრიგოლი, რომელიც რუსების რაზმს ხელმძღვანელობდა გადასულა თოდაძის ციხეში და იქედან დაუშენია მოდინახეს ციხისთვის ზარბაზნები. ქაიხოსროს მეუღლეს კი გალავანში წყალი გაუშვია ნახევარ არშინზე და ნაბდები დაუსველებია, რათა გალავანში გადმოგდებულ ყუმბარის ჩლა წყალს გაექრო. ამ დროს თოდაძის ციხიდან გადმოეგდოთ ერთი ყუმბარა, რომელიც სარდლის მეუღლის მახლობლად დაცემულა და ჯერ არ იყო გამსკდარი. ქეთევანს უცებ თვითონ აუღია სველი ნაბადი და გადმოგდებული ყუმბარისათვის დაუფარებია. ამის შემდეგ ქეთევანს მისვლია გრიგოლ წერეთლის ბარათი, რომელშიც ის ეფიცებოდა წმინდა სამებას და სავანის წმინდა გიორგის, რომ მე შენი ერთგული და მოყვარული მაზლისწული ვარო. ნება მიბოძე მოვიდე და დედათ აღგიარო და ძუძუზე კბილი დამადგმევინე, რომ უფრო დამერწმუნოვო. („ძუძუზე კბილის დადგმა“ ნიშნავდა შვილობილად მიღებას და შემდეგ ვინც ამ ჩვეულებას გატეხდა ის შეიქმნებოდა მკვიდრი დედის მკვლელი). მეორე დღეს გრიგოლ წერეთელს აღუსრულებია წმინდა ხალხური ჩვეულება და გამხდარა მისი შვილობილი, რომლის შემდეგაც მას ნება მიუცია პოლკოვნიკი სიმონოვიჩი, გრიგოლ წერეთელი და ჯარის გარკვეული ნაწილი ციხეში შეეშვა. ციხეში შესული გრიგოლი მივარდნილა ქეთევანთან, დაუხვევია ხელში მისი ნაწნავები და თრევით გამოუყვანია ციხის გარეთ და დაუტყვევებია. ქეთევანის თანამებრძოლი კაცები ზოგი მოუკლავთ, ზოგი დაუჭრიათ“ (იქვე.№26). ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაუდენია ზურაბ წერეთლის ვაჟს გრიგოლს.
სოლომონ მეფეს ახალციხეში გაჰყვა შემდეგი პირები: სოლომონ ლიონიძე, გრიგოლ, დავით და გიორგი ერისთავები, დავით აბაშიძე, ქაიხოსრო და დავით აგიაშვილები, ქაიხოსრო და სვიმონ ზურაბის ძე წერეთელი და სხვები, მათი უმრავლესობა მეფის გარდაცვალებამდე იმყოფებოდა ოსმალეთში. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდნენ. გიორგი ავალიშვილი 1820 წელს კონსტანტინეპოლში შეხვედრია გიორგი ევგენის ძე აბაშიძეს, რომელიც ჯერ კიდევ ყრმა წაჰყოლია სოლომონ მეფეს ტრაპიზონში და „შემდგომად დაობლებისა ჩვენისა (სოლომონ მეფის სიკვდილის შემდეგ) რაოდენნიცა ვახლდით მას, ვერ ვიქონიეთ ერთხმობით, ვიეთნიმე ზრახვიდნენ მამულისავე თვისისად მიქცევას, ვიეთნიმე ვერ ჰბედავდნენ შემდგომად რჩევათა მათთა შიშის გამო რუსთასა“ (ავალიშვილი.1967:1967: 95). სოლომონ მეფის გარდაცვალების შემდეგ მის თანხმლებ პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა ყოფილა და მათგან ზოგი საქართველოში დაბრუნდა, ნაწილი კი ოსმალეთში დარჩა. ტორმასოვმა ახალციხეშიც მოაწყო ლაშქრობა, თუმცა იძულებული გახდა შავი ჭირის გამო ლაშქრობა შეეწყვიტა. ამ დროისთვის საერთაშორისო ვითარებაც ისეთი იყო, რომ სოლომონმა დახმარება ვერც ოსმალეთიდან მიიღო, რადგან 1812 წელს დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის ომი და ბუქარესტის ზავის მიხედვით რუსეთს დარჩა იმერეთი, სამეგრელო, გურია და აფხაზეთი. მეფემ დახმარება ირანის შაჰსაც სთხოვა, მაგრამ მისგანაც უარი მიიღო. სოლომონმა დახმარებისთვის 1810 წლის 20 ოქტომბერს დახმარება ნაპოლეონ ბონაპარტესაც სთხოვა, რომელსაც იგი „უნივერსალურ არბიტრს“ უწოდებს, 1811 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში სოლომონ მეფე პირდაპირ მფარველობას სთხოვს ნაპოლეონს; „მაგრამ, დე, მან ინებოს განმათავისუფლოს მილიონ ქრისტიან სულთან ერთად მოსკოვის იმპერატორის შეუბრალებელი უღლისაგან; ან მისი მაღალი მფარველობით, ან მისი ყოვლისშემძლე მარჯვენის ძალით და მან მომათავსოს მფარველობაში მისი მეთაურობით არსებულ ჩრდილქვეშ“ (რეხვიაშვილი. 1992:315). თუმცა არც ამ საქმიდან გამოვიდა არაფერი. დევნილი მეფე ახალციხიდან არზრუმში, ხოლო იქედან ტრაპიზონში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა დახმარება ვერავისგან ვერ მიიღო იგი სიცოცხლის ბოლომდე არ კარგავდა იმედს სამშობლოში დაბრუნებისა. ახალგაზრდა ტანჯული მეფეს ყოველგვარ უბედურებასთან ერთად ჯანმრთელობაც ნაადრევად შეერყა. შესაძლოა ახალგაზრდა მეფემ 1810 წლის ბრძოლების დროს მიიღო დაზიანება, ან რამდენიმეწლიანმა არაადამიანურმა ცხოვრებამ, მუდმივმა დევნამ დაავადა მეფე, რასაც ემატებოდა საკუთარ ხალხსა და საყვარელ მეუღლესთან სამუდამო განშორება და მისგან გამოწვეული უდიდესი მწუხარება. მუდმივი ფიქრი იმაზე, რომ მას მემკვიდრე არ დარჩენია და მის შემდეგ იმერეთის სამეფოს გაუქმება ემუქრებოდა. იქნებ იმაზეც წუხდა ახალგაზრდა 37 წლის მეფე*, რომ მას ერგო ხვედრად ათასწლოვანი სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ყოფილიყო. მეფე, რომელსაც არ ეღირსა მშობლიურ მიწაზე დაკრძალვა და თავისი ხალხის მიერ დატირება. იგი 1810 წლის სექტემბერში სამუდამოდ გამოეთხოვა მისგან ასე შეყვარებულ იმერეთს, რომელიც მან „სამოთხეს“ შეადარა. დანაღვლიანებული, განაწამები, ნაბრძოლი მეფე ტოვებდა სამშობლოს იმ იმედით, რომ კვლავ მოიკრებდა ძლებს და ახალი ენერგიით იბრძოლებდა საკუთარი ტახტის დასაბრუნებლად, თუმცა ახალგაზრდა გმირი მეფის ოცნებებს აღსრულება არ ეწერა.
* შევნიშნავთ, რომ ვერ გავიზიარებთ ისტორიკოს ნ. ჯავახიშვილის მოსაზრებას, თითქოს საქართველოს უკანასკნელი ბაგრატოვანი მეფე სოლომონ მეორე კი არა, არამედ ერეკლე მეფის შვილიშვილი გრიგოლ ბაგრატიონი იყო, რომელიც ქართლ-კახეთის 1812 წლის აჯანყებას მეთაურობდა და 20 თებერვლიდან 6 მარტამდე მეფობდა - „ამ ხანმოკლე პერიოდში იგი მეფედაც უკურთხებიათ. ეს სრულიად საკმარისია, რომ იგი უკანასკნელ ქართველ მონარქად მივიჩნიოთ“ (ჯავახიშვილი. 2008:72). ჩვენი აზრით, გრიგოლი იყო ტახტის პრეტენდენტი, ისეთივე, როგორიც იყვნენ ალექსანდრე ბატონიშვილი, ლევან ბატონიშვილი, ივანე აბაშიძე და სხვა. რაც შეეხება მის მეფედ კურთხევას, ეს სრული წესით ვერ მოხდებოდა, რადგან ეს უნდა აღესრულებინა ყოვლისა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ანტონ მეორეს, რომელიც ამ დროისათვის რუსეთში იყო გადასახლებული. გრიგოლს არ ჰქონდა ასევე სამეფო რეგალიები და ა. შ.
სოლომონ მეფის გარდაცვალება 1815 წ.
იმერეთის სამეფოს ბოლო მონარქმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ოსმალეთში, ქალაქ ტრაპიზონში გაატარა. იგი ცდილობდა დახმარება მიეღო ოსმალეთიდან, საფრანგეთიდან ან ირანიდან, თუმცა იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ წარიმართა. ცნობილია, რომ ტრაპიზონში მეფემ მიიღო ოსმალეთის სულთან მაჰმუდის ბარათი, რომელშიც მას ატყობინებდა, რომ „რუსეთის მეფე გარდაეკიდა იმისთანა მოწინააღმდეგეს ნაპალეონ ბონაპარტეს, რომლისგანაც საეჭვოა, რომ თავი იხსნასო და მას (სოლომონს), შავიზღვისპირეთში ფოთის ციხეში წასვლას ურჩევდა, სადაც მივიდოდა ტრაპიზონის და არზუმის ფაშები ჯარებით“ (მწყემსი.1890. N15-16).
საგონებელში ჩავარდნილი მეფისთვის, სამწუხარო იყო ასეთი მოკითხვა, რადგან სავარაუდოდ იგი გულის სიღრმეში მაინც ეჭვობდა საქმის დადებითად გადაწყვეტას, რის გამოც იგი სასოწარკვეთილებამდე ყოფილა მისული: „რისთვის ჩავესახე მუცელში ჩემს დედას, თუ კი რომ ჩემთვის უნდა მოხდეს ამგვარი უბედურებანი და შემთხვევანი საქრისტიანო ქვეყანაზედაო“. მეფეს ოსმალეთის სულთნისათვის მადლობა შეუთვლია და ამ საქმის სამი თვით გადადება უთხოვია ავადმყოფობის გამო. როგორც ცნობილია სოლომონ მეფე ფოთში ჩასულა 1813 წლის 29 ოქტომბერს, ე.ი. გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე იგი უკვე ავადმყოფობდა. მეფის ავადმყოფობისა და მისი გარდაცვალების შესახებ ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის მისი სულიერი მოძღვრის იესე ყანჩაველის წერილი მარიამ დედოფლისადმი, რომელიც მას 1817 წელს გაუგზავნია რუსეთში. გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას, რომელიც ძალზე საინტერესოა. „მათს უმაღლესობას სრულიად იმერთა დედოფალს დადიანის ასულს მარიამს, მოწყალე ხელმწიფეს. ქრისტეს მიერ ლოცვას და კურთხევას და თქვენის უმაღლესობის ტახტს კოცნას მოვახსენებ. შ-დ ვინადგან ბატონი ჩემი მეფე სოლომონ გარდაიცვალა და ჩემის აურაცხელის ცოდვისაგან დაბნელებული შევიქენი და უნუგეშო ყოვლითურთ: მერმეთ თქვენ წიგნი მოგართვით და ყოველივე ამბავი გამოვაცხადე და მოგართვი ერთი ტრაპიზონიდამ. მოგართვით წიგნი და ერთი იმერეთიდამ არ- ოდეს პასუხი არ მებოძა თქუენ მიერ არც ვიცი მოგერთუართ და ახლა მოვახსენებ ამბავს ჩვენი ცოდვის კითხვისას. მათის უმაღლესობის, კურთხეულის და ნეტარხსენებულის მეფე სოლომონის მიცუალებას, ოდეს თქუენი წერილი მოერთვა ბატონს ფოთს ბრძანდებოდა და ავად იმყოფებოდა ოდეს თქვენი წერილი მოერთვა აპრილის იბ, რომ ყოვლად მოწყალეს ხელმწიფეს გაურიგდიო, აქ გირჩევნია ისევ თათარში ყოფნასაო ბევრთაო, მაგრამ მაშინ ავათ ბრძანდებოდა და ტრაპიზონს წაბრძანდა. იქ აქიმი გახლდათ, მაგრამ ვერ ქნა რა იმ წყეულის ჭირისაგან რაც ერთი ბზუკვა იყო მარჯვენა ძუძუს ქუეით“ (კაკაბაძე. 1914:99).
მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალზე ინტერესს იწვევს სოლომონ მეფის უკანასკნელი წერილი იმპერატორ ალექსანდრე პირველისადმი: „რომ გენერალ-მაიორმა სიმონოვიჩმა და მოგილევსკიმ მას წმინდა სახარებასა და ჯვარზე შეფიცეს ქუთაისში დაბრუნება და სამეფოს დაბრუნება“, თუმცა იგი გამოაცხადეს სარწმუნოების მტრად და მრავალ ადამიანს დაჰპირდნენ უამრავი ჯილდოსა და წყალობას თუკი მეფეს მოკლავდა ვინმე და სწორედ ამ დროს, 1811 წელს სოლომონს სასიკვდილო საწამლავი დაალევინეს, „რომლისგანაც დამიფარა უფალმა, წერილი ესე და სასიკვდილო შხამი, რისი თვითმხილველებიც იყვნენ და დამოწმებაც შეუძლიათ ჯვრის მამის ტაძრის არქიმანდრიტ ბენედიქტეს და ვიცე-პოლკოვნიკ ათანასე იურის ძე ბოლეცოვს“ (კაკაბაძე.1956:507). წერილი თარიღდება 1811 წლის 20 ოქტომბრით, სოლომონ მეფესთან სწორედ ეს ორი პიროვნება არქიმანდრიტი ბენედიქტე და ვიცე-პოლკოვნიკი ბოლეცოვი იმყოფებოდნენ ახალციხეში 1811 წლის აგვისტოში, რათა მოლაპარაკებოდნენ სოლომონ მეფეს. აღნიშნული წერილით ვგებულობთ, რომ დაგეგმილი იყო სოლომონ მეფის მოწამვლა და როგორც ჩანს სოლომონ მეფემ საწამლავი დალია, თუმცა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გამოიწვია თუ არა საწამლავის მიღებამ სოლომონ მეფის ჯანმრთელობის შერყევა და შემდგომი დაავადება ჩვენთვის უცნობია, თუმცა ამ ფაქტით დასტურდება, რომ რუსეთის ადრე დასახული გეგმა სოლომონის მოკვლის შესახებ ჯერ კიდევ დღის წესრიგში იდგა და რუსეთისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენდა სამშობლოდან გადახვეწილი მეფე.
იესე ყანჩაველის წერილიდან ვგებულობთ, რომ იგი ფრიად უნუგეშო მდგომარეობაში იყო სოლომონ მეფის გარდაცვალების გამო. მას მარიამ დედოფლისათვის ორი წერილი გაუგზავნია, ერთი ტრაპიზონიდან და ერთიც იმერეთიდან, თუმცა დედოფლისაგან არანაირი პასუხი არ მიუღია. იესე ყანჩაველი საუბრობს მარიამ დედოფლის წერილზე, რომელიც ფოთში მყოფ სოლომონ მეფისათვის მიურთმევიათ. 1813 წლის 12 აპრილს, რა დროსაც სოლომონი ავად იყო მარიამ დედოფალი მეუღლეს სთხოვდა, რომ რუსეთის ხელმწიფეს გარიგებოდა და რუსეთში ჩასულიყო, თუმცა ავადმყოფობის გამო მეფე ტრაპიზონს წაბრძანებულიყო, სადაც მას იქაური ექიმი მკურნალობდა, თუმცა მკურნალობას შედეგი ვერ გამოუღია, მეფეს მარჯვენა მხარეს მკერდის ქვემოთ წამონაზარდი ჰქონია, რომელსაც მამა იესე „წყეულ ჭირს“ უწოდებს. სავარაუდოდ მას სიმსივნე ჰქონდა, რამაც იგი ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. სოლომონ მეფე ბრძანებდა „არ მომარჩენსო და მოახსენებდნენ თავადნი _ ნუ ბრძანებო, კარგათ ბრძანდები, ცხენზე ჯდომა შეგიძლია და აგრე რათ ბრძანებო, მომაკვდავმა რაღა უნდა სთქუასო, მაგრამ მე ასე ვგონებ, რომ საღმთო მადლით იცოდა, ნახევარი წლით მიხუდა თავის განსაცდელს, მიბრძანებდა ნიადაგ, რომ მე არ მოვრჩებიო და შენ იციო, შენს მეტი მომხსენებელი არ მეყოლება. საკუთარი დაანაწერი მიბოძა, თუ რამ იქანა ქონდა, ათი ქესა თეთრი იყო და ათი ქესიც თუ რამ საქონელიც იყო, ოცი ქესა ყურუშის ქესა, რაც შეიძლებოდა ღვ- თის მადლი და მეფის მადლი შემეწია და გავარიგე. ის ოცი ქესა ასე გარიგდა, რომ ასი ქესა თეთრი ვერ იქმოდა, ღვთის მადლით ისე ვიცოდვილე ასორმოცდაათ მონასტერზე. მეორეთ მოსულამდი მოსახსენებელი დავსდევი. ბერძნულად ქარუსია ქვია იმ დასდებ- ელს თავის საფლავზე, ერთი სახარება მოვაჭედინე, სინათელი ოსტატი მოვიყვანე, რომ იქ იმისთანა ოსტატი არ იპოვება არსად, თერთმეტი ას მარჩილად ისეთი გაკეთდა, რომ ზ ქესად აფასებენ. ერთი ხელი შესამოსელი დავსდევი ბატონის საფლავზე და სამასი მარჩილი სამთავნო იმ წმინდის გრიგოლის ეკლესიაზედ, რომელზედაც ბატონი მარხია, ასე რომ მისმა სარგებელმა წირვა არ უნდა გაუსხლიტოს იმ საფლავზედ იმ ეკლესიაში, ქუაზე მიწერილი არის. მღვდელმთავარი დგას იმ ეკლესიაზედ და დიახ სასოებით მიღებული აქუსთ ბატონი ასე, რომ ხატის მსგავსად ემთხვევიან ბატონის საფლავს. ქრისტიანები ოცდაათი ათასი ქრისტიანი არის იმ ეკლესიის შთამომავალი მიტროპოლიტის სამწყსო სულერთობით ბატონის მომხსენებელნი და მლოცველნი“ (კაკაბაძე.1914:99).
მამა იესეს სიტყვით სოლომონ მეფემ საღვთო მადლით წინასწარვე იცოდა ამ ქვეყნიდან წასვლის შესახებ, ამიტომ იგი სასოებას მხოლოდ საკუთარ მოძღვარზე ამყარებდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მამა იესე მას მოიხსენიებდა. მეფე სოლომონს რაც გააჩნდა, ყოველივე მოძღვარს გადასცა, რომელმაც ღვთისა და მეფის მადლით ოცი ქესა ფულით ასორმოცდაათ მონასტერში მეორედ მოსვლამდე მოსახსენიებელი დაუწესა. ტრაპიზონის წმიდა გრიგოლის სახელობის ეკლესიაში მღვდელმთავარი სწირავდა და მეფეს ყოველდღე მოიხსენებდნენ, ამასთანავე აღნიშნული ეკლესიის მრევლი, ხატის მსგავსად ემთხ- ვეოდნენ სოლომონის საფლავს, რაც სოლომონ მეფის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემაზე მეტყველებს. იმ პერიოდში ტრაპიზონის ქრისტიანი მოსახლეობა სულ 30 ათასი სული მეფის მომხსენებელი და მლოცველი ყოფილა. „რაც გხუდა იმ ოცი ქესიდან იმ საკვირველ ღარიბებს მივართვი ყე სხვა ვერ შევიძელი. და იმ ბერძნებისაგან საწირავათ მიცემული და თუ ან ულუფას გამოვრჩი რასმე ორას სამოცი ყურუში მქონდა და ისიც ღარიბებს მივეცი რომ მწუხარება მომაყენეს ღარიბებმა ღუთის მოწყალებით ასე დაიმარხა, რომ როგორც ეკადრებოდა. სხვა მეფე ისე არ დამარხულა მე ასე მგონია იმ კაი ქრისტიანებისაგან. ქუეყანის განწესება არის თუარამ გაცემა, რაღათ ეჭირვებოდა ნეტაი თქუენ მლოცველი შეიქმნა რომ საკვირველი არ დაცხრებოდა ლოცვისაგან. ხატი უდაბნოს შესაწირვათ მინდოდა, ბატონმა ანაწერში ჩამიწერა გასაცემად, მაგრამ მერე შევიტყუე დედოფლის არის, მე არ ვიცოდი და ვთქვი რომ დედოფალს მივართმევ და რაღაც ინებოს მეთქი. ახლა სხვა იმიტომ არ ვაძლევ, რომ ეგებ მატყუებდნენ და დედოფალს არ მიართუან-თქუა, თორემ ბევრმა მითხრა იმერეთს მე გაუგზავნი დედოფალსაო, მაგრამ მე არავის თუ თქუენი წერილი არ მომივიდა და ნიშნულობა არ მენიშნა არავის მივსცემ როდესაც თქუენი წერილი და ნიშნულობა მომივა მაშინ მივსცემ და მომიტანს იმას მივსცემ და მოგართმევს თუ არა ის კი აღარ ვიცი, იმერეთში სიცრუე გამრავლებულა დიაღ ძალიანს და ვეღარავის ვენდვე თუ არა მაქამდის წერილი გამომიცხადებს (ისე) ვიქ. აქნამდის მინდოდა უდაბნოში შესულა, მაგრამ მეგონა მიხმობდით და თქუენს ამბავს უყურე, ახლა ნათლისმცემ- ლის უდაბნოში უნდა გიახლო მეფის სულის სალოცავად. რადგანაც კურთხეული ბატონი ჩემი მეფე სოლომონ გარდაიცვალა იმ სოფ- ლიერად არასფერი კეთილი და არასფერი დიდება არ მინდა და ღმერთმა ნურც მომცეს, ბატონო. ქრისტეს წინ მხურვალის გულით თქვენი მლოცველი და მომხსენებელი მეფის მოძღუარი, ყანჩაშვილი მღვდელი იესე წელთა ჩყიზ აპრილს კვ.“ (იქვე-100-101).
წერილიდან ვგებულობთ, რომ სოლომონ მეფე სიცოცხლის ბოლო დღეებში განსაკუთრებულად მლოცველი და მმარხველი გახდა, ამასთან ერთად მისი სულიერი მოძღვარი მეფის სიწმინდესა და კეთილ გონებაზე საუბრობს, რაც სოლომონ მეფეს წარმოგვიჩენს, როგორც ღვთისმოშიშ და კეთილ-ზნეობრივ მონარქს, რომელიც სიკვდილის წინ განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებდა. ამასთანავე, მისი გარდაცვალების შემდეგ, მის სულიერ მოძღვარს აღარაფერი დარჩენოდა ამ წუთისოფელში და მას გადაწყვეტილი ჰქონდა იოანე ნათლისმცემლის (დავით გარეჯის) უდაბნოში დამკვიდრებულიყო და სოლომონ მეფის სულისათვის ელოცა. ე.ი. 1817 წლის 26 აპრილს იესე დეკანოზი უკვე იმ- ერეთშია და ნათლისმცემლის უდაბნოში აპირებდა დამკვიდრებას, თუმცა დედოფალ მარიამის თხოვნის საფუძველზე მისი გეგმები შეიცვალა.
ღირსეულ დაკრძალვასთან ერთად იესე დეკანოზს მეფის სულის საოხად, ტრაპიზონის წმიდა გრიგოლ ნოსელის ტაძრისათვის ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება შეუწირავს, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონია: „შეიწირე წმიდაო გრიგოლ, აქა მდებარე სრულიად იმერთა მეფე ძე არჩილისა მეორე სოლომონისა მიერ წმინდა ესე სახარება“, მეორე გვერდზე: „მოიხსენე უფალო სრულიად იმერთა არჩილის ძე მეფე სოლომონ, რომელ არს მდებარე წმიდა გრიგორის საყდარზედ ტრაპიზონდს. მიიცუალა წელს ჩყიე თებერვალს ზ და შესწირა ესე წმინდა სახარება წმინდისა გრიგოლის ეკლესიას სულის საოხად, რათა შენდობა უბრძანოთ ქრისტეს მოყვარემან მხილველმან სახარებისა ამისმან. მოიხსენე უფალო, მშრომელი სახარებისა ამისა მეფის მოძღვარი მღვდელი ყანჩაველი იესე. ვითარც მეცა ყოველთა ქრისტეს მოყუარეთაგან შენდობას. მონა და მოსამსახურე მეფისა ამის მადლითა ღვთი- სათა მოექმენ შეძლებისამებრ ჩემისა“.
მეფის დაკრძალვა მისი გარდაცვალებიდან მე-3 ან მე-4 დღეს უნდა შემდგარიყო და მას ადგილობრივ ბერძენ მართლმადიდებლებთან და თურქეთის ქართველობასთან ერთად მეფის ამალის წევრები 60 კაცის ოდენობით დაესწრებიან. სოლომონ მეფისაგან ამალის თითო წევრს, 500 ყურუში (115 მანეთი) ეძლეოდათ. მეფის გარდაცვალების შემდეგ, მათი უმრავლესობა სამშობლოში დაბრუნდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეფის საფლავს, რომელიც ტრაპიზონის წმინდა გრიგოლის სახელობის ტაძრის ეზოში თვალ- საჩინო ადგილზე მდებარეობდა, შემდეგი წარწერა ამშვენებდა: „საფლავსა ამას შინა მდებარე არს იმერთა მეფე სოლომონ, წელი ჩყიე (1815)“. ქვემოთ კი მისი სახელოვანი წინაპრის დავით აღმაშენებლის მსგავსად ფსალმუნის სიტყვები ეწერა: „ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა“ „მომიხსენეთ, მე, ძმანო საფლავსა ამას მდებარე მეფე სოლომონ“. მეორე მხარეს შემდეგი წარწერა იყო: „განმეძარცვა მე პირველ-ქმნილი სიკეთე და მშვენება და მდებარე ვარ შიშველ და კდემული საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაც ვითხოვ შენდობას“.
ღვთისმოშიში მონარქი უფალს მიანდობს მის წინააღმდეგ მებრ- ძოლთა და მავნებელთა განსჯა-გასამართლებას, რომელთა შორის მეფე ალბათ რუსებსა და იმ ვაი ქართველებს გულისხმობდა, რომლებმაც უღალატეს მას და სამშობლოს დაცვის საქმეს. განსაჯე უფალო ჩემი მავნებლები და ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ! წინასწარმეტყველი სწორად მისადაგებული მართლის ლოცვით მიანდობს და შესთხოვს უფალს, რომ მან სწორად განსაჯოს, განბრჭოს და ასე გამოიტანოს სწორი გადაწყვეტილება. და უპირველეს ყოვლისა ამას ითხოვს მისი მოწინააღმდეგეების სასიკეთოდ, რათა მათ თავი დაანებონ ბრძოლასა და მტრობას. (ფსალმუნთა განმარტება. 1996:177). 1912 წელს, ტრაპიზონში სოლომონ მეფის საფლავი მოინახულა და აღწერა პ. შუბინსკიმ, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია დაწვრილებითი წარმოდგენა შეგვექმნას მეფის საფლავზე. მან საგანგებოდ დაათვალიერა და დაწვრილებით აღწერა საფლავზე დადგმული ეკვდერი. საფლავი მდებარეობს ტრაპიზონში, ქალაქის ბაღთან ახლოს მთავარი ქუჩიდან მარჯვნივ 200 საჟენის გავლის შემდეგ კვლავ მარჯვნივ, ბერძნული ტაძრის მთავარი კარის მოპირდაპირე მხარეს, საკმაოდ დიდი ოთხკუთხა ფორმის ეკვდერი ჩანდა. ძეგლის მონახულების დროს მასთან (შუბინსკისთან) მისულა ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი პონარეტორი, არქიდიაკონი და ტაძრის აღმასრულებელი ევანგელოს ანტონიადი, ორივე მათგანი ახალგაზრდები და სიმპატიურები ყოფილან. მათ მოკრძალებით დაათვალიერებინეს სტუმარს ტაძარი და აჩვენეს ბრწყინვალე ხის ლუსკუმა, რომელშიც ყოფილა ჩაბრძანებული პატარა ვერცხლის ლუსკუმა, მასში ჩაბრძანებული წმინდა სამების ხატით, რომელიც ტაძრისათვის მეფე სოლომონს შეუწირავს (Шубинский,1913,275-278).
ეკვდერის გუმბათს შიგნით და გარეთ შერჩენილი ჰქონდა ლამაზი ფრესკული მხატვრობა, შიგნით თეთრი მარმარილოს ფილა; „ერთი შეხედვით სადა ბიზანტიური ნაგებობათა ტიპიური ნიმუშის შთაბეჭდილებას ქმნიდა. საკმაოდ ამაღლებულ გრანიტის კვარცხლბეკზე ოთხი ლამაზი სვეტია, რომელიც იმავე ქვის გუმბათითაა გადახურული, ნახევარწრიული ამონაკვეთებით, მორთული ორმაგი კარნიზით, რომელთა შუალედები ბიზანტიურ სტილშია მოხატული. გადახურულია კრამიტის სახურავით, რომლის ზემოთაც მოთავსებულია პატარა თლილი ქვის კოშკურა, ლამაზი კარნიზით და დაგვირგვინებულია ლითონის რვაკუთხა ჯვრით. ამ კოშკურის შიგნით, სოლომონ მეფის საფლავის თავზე მარად მანათობელი კანდელი ეკიდა (ამჟამად კანდელი არ არის). ძეგლის სიმაღლე ჯვრით დაახლოებით 10, სიგანე კი 5 არშინია, ძეგლი, როგორც ჩანს ახლახანს გაუახლებია გაუწაფავ ხელს, რის შედეგადაც დიდი ნაწილი წარწერებისა და მხატვრობისა წაშლილია, რომლითაც ძეგლი იყო დაფარული“ (გონიკიშვილი.1974:68).
სოლომონ მეფის გარდაცვალებიდან, თითქმის ასი წლის შემდეგ მის საფლავზე კანდელი აღარ ენთო, თუმცა საფლავს, როგორც ჩანს მზრუნველობა მაინც არ აკლდა. საფლავის აღწერილობიდან ვრწმუნდებით, რომ იესე დეკანოზმა იმ დროისათვის მართლაც გამორჩეული უკანასკნელი განსასვენებელი მოუწყო მეფეს. 1912 წლისათვის მხატვრობა მხოლოდ გუმბათის შიდა მხარეს ყოფილა კარგად შემორჩენილი. „აქ ჯერ კიდევ ჩანს ბაგრატიონთა ღერძი, რომელშიც გამოხატულია დავით მეფის შურდული, მისი ქნარი, უფლის კვართი, სამეფო სფერა და სასწორი-მეფური სიბრძნის ემბლემა. ეს ღერძი ეყრდნობა ორ ლომს, მის ზემოთ კი გამოხატულია სამეფო გვირგვინი, სამეფოს ქვეშ, ღერძს ზემოთ გამოსახულია გადაჯვარედინებული მახვილი და სკიპტრა, გვერდებზე ორი ფრთოსანი სერაფიმით... სოლომონ მეფის საფლავის მარმარილოს ფილაზე, ძველი ქართული ხუცურით გაკეთებულია, დღეისათვის ნახევრად წაშლილი შემდეგი წარწერები „განმეძარძვა მე პირველქმნილი სიკეთე...“ (იქვე:69-70). საქართველოს უკანასკნელი მონარქის საფლავზე ბაგრატიონთა გერბი და თავისი სიმბოლოები იყო გამოხატული, რითაც ხაზგასმული იყო, რომ ბიბლიური დავით მეფის შთამომავალი ქართველი მეფე უცხოეთის მიწაზე აღესრულა. ბიბლიური დავითის სიმბოლიკასთან ერთად საფლავის წარწერაც დავით მეფსალმუნის 34 ფსალმუნის სიტყვები იყო. საფლავის ფილის ქვედა ნაწილებზე სავსე დიდი ლარნაკი ყოფილა, რომლის გვერდებზეც ორი კვიპაროსი იყო გამოსახული. ქართულ და ბერძნულ ენებზე შესრულებული წარწერები და მხატვრობა, რომლითაც დაფარული იყო ძეგლის გარე ნაწილები, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩამოცვენილა, სამწუხაროდ ჩვენ ბერძნული წარწერების შინაარსზე წარმოდგენა არ გვაქვს. პ. შუბინსკი ტაძრის დათვალიერების შემდეგ ყავაზე დაუპატიჟებიათ, სადაც მასთან მისულა ამავე ტაძრის მრევლი ბერძენი ეროვნების, სანდომიანი გარეგნობის მამაკაცი და მისთვის სოლომონ მეფის შესახებ მოუყოლია. „სოლომონს აქ ჩამოჰყვა რამდენიმე ქართული ოჯახი, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ ტრაპიზონში საცხოვრებლად, ივერპულოს გვარით, მე ვკითხე მას თუ, რატომ დაკრძალეს ტრაპიზონელმა ბერძნებმა სოლომონი ასეთ საპატიო ადგილზე? რაზეც მან მიპასუხა: სოლომონი იყო ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე, ამასთანავე ის იყო ბიბლიური მეფე დავითის შთამომავალი, რომელსაც მთელი ქრისტიანული სამყარო განადიდებს, ამის გამო მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაზე არცერთი ქრის- ტიანული ტაძარი არ აღმოჩნდებოდა, რომ არ მიეცათ ადგილი სოლომონ მეფის დასაკრძალად“ (Шубинский. 1913:278).
ვფიქრობთ, ბერძენი ეროვნების მამაკაცის მსოფლმხედველობა სუფთა ქრისტიანული იყო, მისთვის სოლომონ მეფის ტრაპიზონის ქრისტიანულ ტაძარში დაკრძალვა სასიამოვნო ფაქტია. რუსი პ. შუბინსკი კი სოლომონ მეფეს უარყოფითად ახასიათებდა და შეურაცხმყოფელი ტონით იხსენიებდა, როცა მას „მეფე ავანტიურისტად იხსენიებდა, რადგან მან არ შეაფასა საქმის გარემოება და სასტიკად შეეწინააღმდეგა დამორჩილებოდა ბედს, რის გამოც მან დაკარგა ტახტი, ოჯახი, სამშობლო და აღესრულა დევნილებაში, ის შეეცადა თავისი სუსტი ხელებით შეეჩერებინა მსოფლიო ისტორიის ბორბალი და მკაცრად გადაიხადა ამის გამო“ (იქვე:285). მართალია სოლომონ მეფემ ვერ შეაჩერა ისტორიის ბორბალი, მაგრამ მან თავისი ვალი აღასრულა სამშობლოსა და ღვთის წინაშე და ამისათვის მან უდიდესი პატივისგება და სიყვარული მიიღო თავისი (და არამარტო) ერისაგან. ამის დასტურია ერმილ ეფენდის სტატია, რომელიც გამოქვეყნდა 1909 წელს გაზეთ დროებაში. იმერეთის მეფე სოლომონ II-ის საფლავის ადგილი იცის ყველა ბერძენმა, დიდიან-პატარამდე, იკითხავ თუ არა მაშინვე მოგცემენ: „ო ბაზილევს სოლომონ“ (მეფე სოლომონიო). ეს ადგილი ასვე იცის ყველა მაჰმადიანმა ქართველმა, საფლავი არის წმ. გრიგოლის სამიტროპოლიტო ეკლესიის გალავანში (დღეისათვის ეს ეკლესია აქ პირველია). სამხრეთს მხარეს, გამოჩენილ ადგილზე. დიდ პატივშია თურმე, როგორც დამარწმუნეს და კიდევაც ეტყობა, ყოველ საუფლო დღესასწაულზე სანთელს უნთებენ. გალავანში მეტი არავინ მარხია (დროება.1909,5თებ.). აღნიშნული ცნობით ვგებულობთ, რომ XX საუკუნის დამდეგს ბერძნები კვლავ პატივს მიაგებენ სოლომონ მეფის საფლავს, მაჰმადიანმა ქართველებმა კი საფლავის არსებობა იციან.
1910 წელს სოლომონ მეფის საფლავი ინახულა დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა, იგი წერდა: „საფლავი არ არის კარგად შენახული და ზედ-წარწერაც ისე ცხოველია, თითქოს გუშინ გაუწერიათო. ფიქრებმა გამიტაცეს. გამახსენდა იმერეთის ამ უკანასკნელი მეფის შავი დღეები. მისი დაპატიმრება, მისი გაქცევა და სათათრეთში თავის შეფარება. აბა ამაზეა ნათქვამი „სადაური სად მოკვდება, სად უთხრიან სამარესაო“, კიდევ კარგი, რომ ასე დაუმარხავთ მაინც. მაშინ ამ გადავარდნილ მეფეს თან გაჰყვა ორი სვიმონ წერეთელი და ალბათ იმათი მეოხებითაა ეს. დაუმარხავთ და როცა დაბრუნებულან სამშობლოში, ისე მიუტოვებიათ, ასე სხვე- ბის ამარად. საფლავის ქვაზე წარწერაც ალბათ მისი მოძღვრის, ყანჩაველის ხელითაა, იმ წმინდა მამის ხელით, რომელიც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, შევიდა ათონის მონასტერში და იქ იხსენიებდა წირვა-ლოცვის დროს“ (განათლება.1910.N7). ასეთი იყო დიდი ქართველის გულისტკივილი სოლომონ მეფის საფლავის ხილვის შემდეგ, ხაზგასმით უნდა შევნიშნოთ, რომ აკაკის, მამა იესე წმინდანად მიაჩნდა, ჯერ კიდევ ასი წლის წინ, ვიდრე იგი წმინდანთა დასში შეირაცხებოდა.
ტრაპიზონის XIII საუკუნის წმიდა გრიგოლ ნოსელის სახელობის საკათედრო ტაძარი 1875 წელს გადაკეთებულა, ხოლო 1922 წელს თურქმა ფანატიკოსებმა ტაძარი და სოლომონ II-ის საფლავის ძეგლი ერთად დაანგრიეს. უცნობია თუ რა ბედი ეწია ტრაპიზონის ეკლესიის სიწმინდეებს და მათ შორის მოოქროვილ სახარებასა და წმინდა სამების ხატს, რომელიც სოლომონ მეფემ შესწირა ტაძარს. ამ შემთხვევიდან 68 წლის შემდეგ, სამშობლოსათვის თავდადებული მეფის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.
იმერეთის უკანასკნელი დედოფალი მარიამ დადიანი
მარიამ კაციას ასული დადიანი იყო იმერეთის სამეფოს უკანასკნელი დედოფალი. იგი თავის მეუღლე სოლომონ მეორესთან ერთად ღირსეულად ასრულებდა თავის მისიას, ვიდრე იძულებით არ დაატოვებინეს საქართველო. თუკი თვალს გადავავლებთ სოლომონ მეორის შესახებ არსებულ გამოქვეყნებულ თუ გამოუქვეყნებელ დოკუმენტებს, სიგელებს, წყალობის წიგნებსა და ა. შ. დავრწმუნდებით, რომ მარიამ დადიანი მთელი თავისი არსებით გვერდით უდგას თავის მეუღლეს საერო თუ საეკლესიო საქმეების გადაწყვეტისას, მან უამრავი შესაწირი გაიღო ეკლესია-მონასტრების სასარგებლოდ. მარიამ დედოფლის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა რუსეთში გადასახლების შემდეგ, სადაც მან სამ ათეულ წელზე მეტი დაყო და მისი ყოფა განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც მან თავისი მეუღლის ტრაპიზონში გარდაცვალების ამბავი შეიტყო, ამის შემდეგ მისი ერთადერთი საზრუნავი ტრაპიზონში ჩასვლა და სოლომონ მეფის გელათში გადასვენება იყო. გამწარებულმა დედოფალმა არაერთგზის ითხოვა ნებართვა რუსეთის ხელისუფლებისაგან, თუმცა ყოველთვის უარით უპასუხეს, რუსეთის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა „მოღალატედ“ შერაცხილი, იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი უკანასკნელი მეფის გადასვენება მეფეთა საძვალეში. საკუთარ მეუღლესა და სამშობლოზე ფიქრში დალია სული 1841 წელს უცხო მიწაზე იმერეთის უკანასკნელმა დედოფალმა. არსებობს მამა ალექსანდრეს ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს მარიამ დედოფალს რუსეთში ყოფნის დროს გაუჩენია საყვარელი, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული მასალები და თვით დედოფლის ქრისტიანული ცხოვრება და თავმდაბლობა აღნიშნულ ცნობას ერთობ საეჭვოდ ხდის. იმერეთის მომავალი დედოფალი აღიზარდა სამეგრელოში, იგი იყო სამეგრელოს მთავრის - კაცია დადიანის ასული. მარიამი იყო იმერეთის სახელოვანი მეფის _ სოლომონ პირველის ნათლული, იგი სოლომონს 1780 წლის ახლო ხანებში მოუნათლავს სამეგრელოში, სალხინოს მონასტერში, და „შემდგომად მრავლის ლხინისა და მრავლის საჩუქრისა მოვიდა მეფე კვალად ქუთაისს“ (დადიანი.1962:180). მარიამი ისედაც ენათესავებოდა სოლომონ პირველს, რადგან სოლომონის I-ის მეუღლე მარიამ დადიანი იყო მისი მამიდა. მოსე ჯანაშვილის ცნობით, მარიამი თავის მეუღლეზე ერთი წლით უმცროსი ყოფილა, აქედან გამომდინარე, მარიამი, სავარაუდოდ, 1773 წელს უნდა დაბადებულიყო, ხოლო დავით არჩილის ძესთან ქორწინების შემდეგ მან სამეგრელო დატოვა დაახლოებით 1789 წელს.
1795 წელს სოლომონ მეფე ძლიერ დასნეულებულა, როგორც ამას გვაუწყებს მარიამ დედოფალი: „ჩემი მეფე იმერეთის ახალი სოლომონ სიცხისა მიერ სნეულებისა შეწუხებული სიკვდიდმიწევნული გახდილა... მივმართე ჩვენსა ღვთისმშობელსა მარიამს და ცრემლით შევთხოვე სავედრებელი სიტყვა და აღუთქვ მსახურება ღვთისმშობელსა გელათისასა და ისმინა მწუხარებით ვედრება ჩემი და მომცა რაცა ვთხოვე და განთავისუფლდა ხელმწიფე ჩემი მეფე“ (კაკაბაძე.1921:106). როგორც ამ სიგელიდან ვგებულობთ, სოლომონ მეფე სიცხის გამო კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილა, რის გამოც მარიამ დედოფალს დახმარება გელათის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისათვის უთხოვია და მისი თხოვნა აღსრულებულა და სოლომონ მეფე გადარჩენილა. ჩვენთვის უცნობია, რამ გამოიწვია ავადმყოფობა და რამდენ ხანს იავადმყოფა მეფემ, თუმცა ფაქტია, რომ მისმა ღრმადმორწმუნე მეუღლემ, მარიამ დედოფალმა მსახურება აღუთქვა გელათის ღვთისმშობელს და ერთი კომლი შესწირა. არსებობს არაერთი შეწირულობის სიგელი, რომლებშიც დედოფალი მარიამი თავის მეუღლესთან ერთად შესაწირს არ იშურებს ეკლესია მონასტრებისადმი. 1795 წელსვე მარიამ დადიანი გოგნის მონასტერს სწირავს სახნავ-სათეს მიწებს, ღელესა და შავ წყალს შორის, ტყიბულის წყალს ზევით (სცსა.ფ1451ს.162.ფ.233). შემდეგ მარიამ დედოფალი გელათის მონასტერს სწირავს სოფელ შუამთას სახასო სამეფო მიწას, შუამთას დაბლა შაშვის ქედსა და ა. შ. (იქვე.ფ.171). მარიამ დადიანმა მეფის ნებართვით ყოველგვარი გადასახადებისაგან გაათავისუფლა ობოლი ხოსია ღოღობერიძე, რადგან ისინი ძალიან ღარიბები ყოფილან (Пурцеладзе. 1881:55). 1792 წელს მარიამ დედოფალი ქუთაისის სობოროს სწირავს ზაქარია თევდორაძეს ცოლშვილითა და ქონებით, ხოლო 1796 წელს ქუთაისში მცხოვრებ ებრაელ მარდახა შინიაშვილს ცოლ-შვილითა და ქონებით (სცსა.ფ1451ს.16ფ.8-9). 1803 წელს დედოფალი მოწამეთის მონასტერს სწირავს ებრაელ შამიელაშვილს თავისი ოჯახით, ზემოთჩამოთვლილი ფაქტები ალბათ დედოფლის რეალურ სახეს გვიჩვენებს, ღრმადმორწმუნე დედოფალი ეკლესია-მონასტრების გაძლიერებისათვის, ქვრივ-ობოლთა დახმარებისათვის და სამეფოს გადარჩენა-სიძლიერისათვის ყველაფერს აკეთებდა. ვიდრე იგი იძულებით არ გადაასახლეს საკუთარი სამშობლოდან. 1810 წელს სოლომონ მეფის მეუღლე მარიამ დადიანი, სოლომონის და მარია (მაია), მეუღლე მალხაზ ანდრონიკაშვილისა რუსეთში გადაასახლეს. ამ დროიდან დედოფლის ღირსებიან, მუდამ გულკეთილ და მშვიდ სახეზე კაცი იშვიათად დაინახავდა ღიმილს, იგი ყოველთვის მწუხარებით იგონებდა თავის წარსულს და ოსმალეთში გადახვეწილ ბედშავ მეუღლეს (ჯეჯილი.1900:77).
მარიამ დედოფლის მდგომარეობა განსაკუთრებით გაუსაძლისი გახდა 1815 წლის შემდეგ, როცა მან შეიტყო სოლომონ მეფის გარდაცვალება. დედოფალი თავდაპირველად ქალაქ ვორონეჟში გადაუსახლებიათ, შემდეგ კი პეტერბურგში, იქ დედოფლის მოღვაწეობის შესახებ ცნობებს გვაწვდის კორნელი ბოროზდინის მოთხრობა „იმერეთის დედოფალი მარიამი“, რომელიც უთარგმ- ნია ს. დავითიანს (ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე). პეტერბურგში, განმარტოებულ ხის სახლში, ცხოვრობდა მოხუცი ქალი _ იმერეთის დედოფალი მარიამი. თავის ცხოვრებას ის მშვიდად, სადად ატარებდა, სხვაგან ძვირად დადიოდა, ტანთ იცვამდა თავის ეროვნულ ტანისამოსს და უკვე მოხუცის სახეზე, კარგად ჩანდა უწინდელი მისი გასაოცარი სილამაზის კვალი. დედოფლის შტატს შეადგენდა რამდენიმე მასთან დაახლოებული ქალ-ვაჟი, მოხუცი და ახალგაზრდა. ყოველ კვირას დედოფალი სასახლის კარის კარეტით მიდიოდა მახლობელ ეკლესიაში ნეველის ლავრაში ხოლო საუფლო დღესასწაულებსა და უქმე დღეებში ესწრებოდა სამეფო გამოსვლას და მეჯლისებს. სადღესასწაულო ტანისამოსი მისი ყოველთვის ერთნაირი იყო: თეთრი ატლასის კაბა, ასეთივე ოქრომკედით ნაკერი ქათიბი, რომლის ქვეშ მოჩანდა წმ. ეკატერინეს ორდენის ლენტი და ვარსკვლავი. ხოლო თავზე გაკეთებული ჰქონდა თავსაკრავი ძვირფასი ქვებით შემკული და გრძელი ლეჩაქით დაფარული. მოხუც დედოფალს ძლიერ ეალერსებოდა ორივე იმპერატრიცა. ხელმწიფეც განსაკუთრებული მოწყალებით ეპყრობოდა, მაგრამ მის ღირსებით, სიკეთითა და სიმშვიდით სავსე სახეზე ძვირად თუ გაირბენდა ღიმილი (ივერია.1903.№189). აღნიშნულ შეხვედრებზე დედოფლის გონება შორეულ სამშობლოსა და საკუთარ ტანჯულ მეუღლეს დასტრიალებდა და შესაბამისად მას იმპერიის დედაქალაქ პეტერბურგში არაფერი ახარებდა, რასაც მოწმობს მისი პირადი მოკრძალებული ცხოვრება. მარიამ დადიანს ქმრის-სოლომონის გარდაცვალების ამბავი იმავე 1815 წლის 16 მაისს შეუტყვია მთავარმართებელ რტიშჩევისაგან, რომელიც აუწყებდა, რომ მისი დიდი ხნის თხოვნა პეტერბურგში გადასახლების შესახებ დაკმაყოფილებული იქნებოდა, ვინაიდან მან ამ ხუთი წლის განმარტოებული ცხოვრებით, თავმდაბლობითა და სამაგალითო მოთმინებით დიდი ნდობა დაიმსახურა. ამ საშინელმა ამბავმა ისეთი თავზარი დასცა დედოფალს, რომ რამდენიმე ხანს ექიმებს კიდეც ეშინოდათ, ვაი თუ, ჭკუაზე შეიშალოსო. მაგრამ, როცა მარიამი გონს მოვიდა და დამშვიდდა, საკვირველი სიცხოველით წარმოუდგა თვალწინ თავისი ბედნიერი წარსული, მოაგონდა ცოლ-ქმრობის პირველი უშფოთველნი წელნი. ქმარი, რომელიც გაშმაგებით უყვარდა და შეუძლებელიც კი იყო ისეთი გულითადი, უვერაგო, უკიდურესობამდე მიმნდობი და თუმცა ფიცხი, მაგრამ განუსაზღვრელად კეთილი კაცი არ ჰყვარებოდა, როგორიც იყო სოლომონი, მათდა სამწუხაროდ, ორი შვილი სიყრმეშივე მოუკვდათ, ხოლო შემდეგ კი დედოფალი უნაყოფოდ დარჩა (ივერია.1903:190). დედოფალმა მარიამმა ამის შემდეგ წერილი მისწერა ქუთაისში გენერალ სვიმონოვიჩს: „ო, რა თავზარდამცემი ამბავი მეუწყა: რისხვის ანგელოსი დაუცხრომელის შურის ძიებით ჩემი მდევნელი და ბასრი მახვილით ჩემი გულის მჭრელიასე მოულოდნელად მისპობს ყოველ ბედნიერებას და უბედურს სულს ჩემსას აღავსებს განუწყვეტლივ ოხვრითა და გოდებითა, როცა მე თვითონ უნდა აღვიარო დაკარგვა ჩემის მეფისა და ბატონისა. ახ, რა გაუგონარსა და უცნობ რამეს წარმოსთქვამს ჩემი ბაგე დღეს, რა გვარად იცვალა გონება ჩემი, რომელიც ამაყობდა თვისის ბედით, რადგან იხარებდა სოცოცხლით ჩემის ბატონის მეფისა და მოელოდა მის ხელში სულის დალევასა. ეხლა კი ყოველს სიხარულს მოკლებული, სასოწარკვეთილობის მორევს მიცემული, და სასიკვდილო უკუნით მოცული, ასე დამსაჯა შეუბრალებელის მრისხანებით შემოქმედმა, რომელმაც მიმიღო სინათლე ჩემის ყოფისა და მომაკლო უძვირფასესი განძი ისე, რომ არ დამიტოვა ქვეყნად სიხალისე, რადგან დაშთენილი ვარ უმემკვიდროდ... გონება დაკარგული და უმწეო მივცემივარ ცრემლთა ტალღებს, რომელნიც სწვავენ ჩემს არსებას... პორფირისა და გვირგვინის ნაცვლად, შემოსილ ვარ ძონძებით და მწუხარების ბასრი ისრები ჩხვლეტენ ჩემს გულს და ულმობელი მახვილი ჰკოდავს ჩემს არსებას ... ამ მრავალ გვარ ჩემს მწუხარებას უფრო აღემატება და ყველაზე უფრო შეაძრწუნებს სულს ის, რომ არ ვუწყი სად და რა გვარად განისვენებს მისი უმაღლესი მეფური კეთილშობილებით შემკული ცხედარი, უპატრონოდ უცხო ტომის სახლში, შეუფერებლად მისი მაღალი ღირსებისა და მე ვეღარ მოვესწარ იმ ბედნიერებას, რომ ვემსახურო მას: რის გამო ძრწოლა შემიპყრობს და გააფთრებულ- მა მინდა სული ჩემი ხორცთა გავყარო, რათა ვეღირსო მასთან შეერთებასა“...
ამის შემდეგ დედოფალი მიმართავს სვიმონოვიჩს თხოვნით იშუადგომლოს მთავარმართებლის წინაშე, რათა აღუსრულონ მას ერთი და უკანასკნელი სათხოვარი: მას სწადია „დასაფლავებისათ- ვის საყვარელ ქმრის და ბატონის ცხედრისა, იმ მეფისა, რომელსაც არავითარი დანაშაული არ მიუძღვის, რომელიც მხოლოდ თავისი ქვეყნის სიყვარულისათვის აღესრულა და დაშთენილ იქმნა აგრე უპატრონოდ, აი, ამ ძვირფასის ნეშთის, ჩემის საკუთარის ხარჯით გადმოსვენებისათვის გელათში დასაკრძალავად, დამრთონ ნება, ჩავიდე ჩემს სამშობლოში, ამის გარეშე მე დღეს არაფერი მწადიან, არც თუ სახელი, არც დიდება და არც პატივი, და იქამდე თვით სიცოცხლეც კი არა. დამერწმუნეთ, რომ არა სამშობლოს ნახვისათვის და მისი სიყვარულისათვის დაარც სხვა რაიმე მოსაზრებით ვთხოვ მე ამას, რადგან მთელი ჩემი სიცოცხლე მიმაჩნია უკვე მარტოოდენ უქმად და აჩრდილად...... გთხოვთ შემიწყნაროთ და დამეხმაროთ ამ ჩემის ვედრების აღსრულებისთვის. გარეშე ამისა არ არსებობს ჩემთვის რაიმე ნუგეში და არ ძალუძს ადამიანის მანუგეშოს მე რითიმე; გარეშე ამ წადილის აღსრულებისა _ ამ ერთადერთ წადილისა, რათა გავხდე ღირსი შევეხო მის ძვირფას ცხედარს და ვემსახურო მას ბოლომდე, რაიც ჩემი უმაღლესი მოვალეობა არის. შეიწყალეთ სისხლის ცრემლების დამთხვევი და მუხლმოყრით მავედრებელი, რომელიც აქამდე მოითხოვდა პატივს, ვითარცა გვირგვინოსანი დედოფალი, ეხლა კი დამკარგველი საყ- ვარელი ბატონისა თვისისა, რომლის გულისთვისცა სიხარულად მივიღებდი ყოველსა სასჯელსა, ხოლო ეხლა ეს ყოველივე ჩემთვის ფუჭი გამხდარა.... ეხლა თქვენის წერილიდან ვტყობილობ, რომ ნება მომეცემა გადავსახლდე საცხოვრებლად პეტერბურგში; თქვენ ეს გსურთ სთხოვოთ მრავალმართებელს, მაგრამ ეს დღეს ჩემთვის არარაა, თუ წინასწარ არ მომეცემა ნებართვა ჩემის სათხოვარის შესრულებისა. შემდეგ ჩემთვის სულ ერთია, სადაც ენობის ხელმწიფეს, იქ მიბრძანოს ცხოვრება... ამავე თხოვნით მივმართე, მაშინ ჩემის საცოდავობით აღვავსებ მთელი რუსეთის საზოგადოებას, მოვისპობ რა საკუთარი ხელით ჩემს სიცოცხლეს“ (პაპავა1990:311). უდიდეს მწუხარებაში ჩავარდნილი დედოფალი სასოწარკვეთილებამდე იყო მისული, მისი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და მას არ მიეცა შესაძლებლლობა საქართველოში დაბრუნებისა, რათა თავისი მეუღლე გადმოესვენებინა ტრაპიზონიდან და ღირსეულად დაეტირებინა. არსებობს ცნობა, თითქოს დედოფალს ხელმწიფისთვის უთხოვია ივანე სალარიძის შეწყალება, რომელიც სოლომონს დაეხმარა გაქცევაში და ათი წელი იყო გასული მისი ციმბირში გადასახლებიდან. საბოლოოდ ივანეს თავი დაუღწევია ციმბირის ტყვეობისათვის და მარიამ დედოფალს შეხვედრია, რომ- ლისთვისაც მთელი მისი გასაჭირი მოუყოლია. სამწუხაროდ რამდენიმე ხნის შემდეგ, ივანე ავად გამხდარა და გარდაცვლილა, რის გამოც დედოფალი ძლიერ დამწუხრებულა (ჯეჯილი.1900:77).
რუსეთში მყოფ დედოფალს ურთიერთობა ჰქონია, სოლომონ მეფის მოძღვარ ილარიონ ყანჩაველთან, რომელმაც 1817 წლის 23 აპრილს მარიამ დედოფალს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი სოლომონ მეფის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბავს ატყობინებდა. ამავე წერილში მეფის მოძღვარი დედოფალს თავის კუთვნილი ხატის პირადად რუსეთში ჩატანის შესახებ აუწყებდა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია მარიამ დედოფლის გრიგოლ წერეთლისადმი გამოგზავნილი წერილები, რომლებიც 1810–1815 წლებშია გამოგზავნილი რუსეთიდან, ყველა წერილი ძალზე შთამბეჭდავია. „ქ. სახლთხუცესის ძე გრიგოლ! რატომ არ გიკვირს ჩემი სიცოცხლე, რომ მეფე გადავარდნილი მეგულებოდეს და მე ვცოცხლობდე... მერწმუნე გრიგოლ. რომ ალექსანდრე მაკედონელსავით ცასქვეშეთი დაიპყრას, მაშინაც ზურაბ სახუცისა და მისი ცოლისა და შვილისათვის ფუჭი არის უმეფოდ... მეფე რომ წახდეს, სიკვდილი გერჩივნოთ, თორემ დიდება რაღათ გინდათ... მრავალი სიტყვა მაქვს, მაგრამ წიგნათ არ შემოითვლება და პირათ ვერ გნახე და რა ვქნა. შენსხელა კაცს ჭკუა უმართებს. მეფის ორგულობაში ნუ შეხვალთ, გამობრუნებას ეცადეთ მეფისას და თორემ საუკუნოდ წახდებით“ (ისტ. დოკ. და არქ. II. 1953:120). როგორც ჩანს ეს წერილი დედოფალს ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას აქვს გაგზავნილი და გრიგოლ წერეთელს მეფის ერთგულებისაკენ მოუწოდებს, როცა სოლომონი ჯერ კიდევ არ იყო განდევნილი იმერეთიდან. ერთ-ერთი წერილი რუსეთიდან არის გამოგზავნილი, რომელშიც დედოფალი თითქოს შეგუებულია თავის ბედს, ამ დროს სოლომონ მეფე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო: „ის კი ვიცი იმერეთს ჩემი მიყვანა არავის შეუძლია და არც არავის შევაწყენ თავს. ვილოცავ და ვეგდები, სულით მაინც ვცხონდები და ვმადლობ ღმერთს ლოცვა და წირვა თუ რა ყოველივე კეთილი რუსეთშიდ ყოფილა. ღმერთს თურმე ვებრალებოდი და აქ ამისთვის მომაგდო. მე აღარავის შევაწყენ ჩემის შველისთვის თავს. ქმრისგანაც მოძაგებული ვარ და ყოველს კეთილისმყოფელისგან. დედისჩემის თუ ჩემის ძმების და დების წიგნს გიბოძებდე“ (იქვე:119). მართლაც რთული იყო მარიამ დედოფლის ყოფა, იგი იძულებით წაიყვანეს სამშობლოდან და წაერთვა მას დედასთან, დებთან და ძმებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. თუმცა ფაქტია, რომ თავის ახლობლებთან ურთიერთობაში დედოფალს გრიგოლ წერეთელი ეხმარებოდა. დედოფალი განსაკუთრებით მკაცრია ერთ-ერთ წერილში გრიგოლ წერეთლის მიმართ: „თუკი ნამუსი გაქვს და ან კაცი ხარ, თავიც უნდა მოიკლა. სხვა ბჭორათ თქვეს რომ სახუცესმა... მეფე გასაჭირშიდ არის და შენ სად ხარ, არ იცი, თუ დასტურ მამაშენმა რუსს შეფიცა. შენ ახლავ ბატონს წიგნი ახელი და იახელი, მასთან მოიკალი თავი, როგორც მან გიბრძანოს, თორემ მერწმუნე სიკვდილი გირჩევნია სიცოცხლეს. ეს წიგნი არავის აჩვენო დასწვი თუ გიყვარდე“ (იქვე:117–118). მიუხედავად დედოფლის ასეთი შეგონებისა, გრიგოლ წერეთელმა ვერ უერთგულა საკუთარ მეფეს და სამშობლოს სამსახურს პირადი კეთილდღეობა არჩია, გრიგოლმა იმერეთის უკანასკნელ დედოფალს არც ის ბოლო თხოვნა შეუსრულა, როცა იგი წერილის დაწვას სთხოვდა.
ჩვენამდე მოაღწია ასევე მარიამ დედოფლის უთარიღო წერილმა, რომელიც მას გაუგზავნია ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსისადმი. წერილი სოლომონ მეფის გარდაცვალების შემდეგაა გაგზავნილი და მეტად საინტერესოა. იმერეთის უკანასკნელი დედოფალი საკუთარ მძიმე ხვედრსა და ღრმა ტკივილზე საუბრობს: „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ ქუთათელ მიტროპოლიტო დოსითეოს! მამაო საყვარელო ძმაო და მაზლო ჩემო, ოდეს განეხვნეს რისხვით საქანელნი ცისანი წარღვნად და აღსაწ- ყვეტელად ყოვლისა ქვეყნისა, და ეჰა ვაი მყის მსგავსი მოიწია ჩემდამო და შთავარდი მე უქვეითურსა ფსკერსა უფსკრულისასა და დაშთომილ ვიქმენ მძაფრსა მრავალ ღელვასა ზღვისა მიერ, რომლისა არავინ მაქვს მოხვაინაშნე და არცა მოველი კბოდესა მის ღელვისასა და ვიმყოფები საუკუნოდ დაუსრულებელსა ბნელსა უკუნსა და დაიფარა ქუფრითა და შავითა ბრწყინვალებაი ჩემი“ (ივერია.1879:139)*.
* როგორც ჩანს რუსეთში გადასახლებული ქართველი დედოფლები ფინანსურად უზრუნველყოფილნი იყვნენ. საქართველოს ოთხ დედო- ფალს: ერეკლე II–ის მეუღლეს დარიას, გიორგი XII-ის მეუღლეს მარი- ამს, იმერეთის დედოფლებს – დავითის მეუღლეს – ანას, სოლომონ II–ის მეუღლეს მარიამს და ბოლოს, სამეგრელოს მმართველს ნინას საკმაოდ კარგი პირობები ჰქონდათ შექმნილი რუსეთის მთავრობის მიერ (გონიკიშვილი.1986: 262).
წერილი ზუსტად გადმოგვცემს დედოფლის განწყობას და იმ უმძიმეს განცდებს, რომელსაც იგი გრძნობდა რუსეთში ყოფნისას, იგი დასტირის ტახტის დაკარგვასა და თავისი საყვარელი მეუღლის უცხო მიწაზე გარდაცვალებას: „შეიმუსრა ამაღლებული ტახ- ტი ჩემი, დაეცნეს განბრწყინვებული პალატი ჩემი, და ბინდოვან იქმნეს შარავანდედნი გვირგვინისა ჩემისანი, განიპო პორფირი მეფობისა ჩემისა და დაშრიტეს ორნივე სახედველნი ჩემნი, და დაირღვეს ყოველნი ალაგნი ჩემნი, და იავარ იქმნეს ჩემთვის სამეფონი ჩემნი და ნაცვლად სიხარულისა ჩემისა მწუხარებაი, ნაცვლად განცხრომისა ჩემისა და შვებისა ჩემისა ტირილი საუკუნო, ნაცვლად დიდებისა სიმდაბლე, ნაცვლად თავისუფლებისა ტყვეობა, ნაცლად სიმდიდრისა სიგლახაკე და ყოველი ძვირი ხილულება, რომლისა ენა კაცობრივი ვერ შემძლებელ არს აღწერად“...
მაგრამ დედოფლისთვის ყველაზე რთული მისი მეუღლის უძეოდ გარდაცვალება იყო. ამასთანავე მარიამი დოსითეოს მიტროპოლიტისა და სოლომონ მეფის განსაკუთრებულ სიყვარულზეც საუბრობს, რასაც ადასტურებს სოლომონ მეფის წერილი, რომელიც მან მიტროპოლიტ დოსითეოსს მისწერა ახალციხიდან 1810 წელს. შემდგომ მარიამ დედოფალი კვლავ აგრძელებს საკუთარი გულისტკივილის გამოხატვას: „ესევითარი და უძვირესნი და უსასტიკესნი და უწინარესნი ნაღვლისა და უმკვეთლესი მახვილისა ორპირისა მოიწია ჩემდამო ზეწოლით ჩემის ხელმწიფის მეფე სოლომონის უჟამოდ უცხოებასა შინა გარდაცვალება... ვაი ყოვლადუსამღვდელოესო, სად არს შენ მიერ შეყვარებული მეფე სოლომონ? ვეღარ შეამკობ დღესასწაულსა ბრწყინვალესა მის აღ- დგომისასა, აღარ ინებებ სასახლესა მისსა წირვასა ქალაქსა შინა ქუთაისს, არღარა მიეგებები მეფე სოლომონს ჯვარითა და ლამპრითა და ჩვეულებისამებრ არა ამბორს გიყოფს და არა მიულოცავთ დღესასწაულსა. შემოგჩივი და შემოგტირი ჩემის ხელმწიფის მეფე სოლომონის გამიწებასა და მის უძეოთ აღმოფხვრასა. ვაი რადგან გელაპარაკები, ვითარ იტირის ქვეყანა ესე უნდოსა და მწუხარებისა ჩემისა, რომელ მეფე იგი მშვიდი და მდაბალი და მართალი და ესრეთ განქარდა და არავინ დაშთა თვინიერ ჩემსა და უბედურისა დისა მისისა მაიასასა, რომელიცა ვართ ერთი-არს სისხლის ცრემლით შემტირალნი და მწარის გოდებითა მყოფნი“ (იქვე:140). დედოფალი სიყვარულით იგონებდა იმ დროს, როცა მღვდელმთავარი ლიტურგიას აღასრულებდა ქუთაისის სასახლის ეკლესიაში და სოლომონ მეფეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდა. მარიამი ახასიათებს საკუთარ მეუღლეს და მას „მშვიდს, მდაბალსა და მართალს“ უწოდებს. დედოფალი გამხნევებას ითხოვდა მღვდელმთავრისაგან, რომელიც რამდენიმე წელიწადში სოლომონ მეფისა და მარიამის ბედს გაიზიარებდა და პატარა იმერეთს იძულებით დატოვებდა. მარიამ დადიანი აწ გარდაცვლილ მეუღლეს უკვე წმინდანთა დასში მოიაზრებდა, ხოლო საკუთარ თავს მკვდართა თანა შერაცხილად თვლიდა: „ვაი ყოვლადუსამღვდელოესო, მშვენიერი მეფე სოლომონის თავი შავი მიწითა იფარვის ყოველი შვება და სიხარული! მიგლოვდით ცანი და ქვეყანა და ყოველნი ნათესავნი და მხილველნი ჩემნი და მეფე სოლომონისა. მე და მეფე სოლომონს, ვინაითგან ვიქმნენით ორნივე უცხოებასა შინ მდებარე, მაგრამ იგი განისვენებს ზეცისა სამყოფსა და წიაღთა შინა აბრაამისათა დავით მამისა თავისისთანა მსგავსად აბელისა და მოიღებს მრჩობლისა მოსვლასა ქრისტესა, რომელიცა დაკლებულ იქმნა მისადმი სოფელსა ამას შინა და მე საუკუნოდ ვიწვები ალითა და მაქვს მე საუკუნოდ სიკვდილი და გოდება დაუცხრომლად უსამღვდელოესობისა. მწუხარების მოწადე უბედური, მკვდართა თანა შერაცხილი იმერეთის დედოფალი, დადიანის კაციას ასული მარიამ“.
ასეთია საქართველოს უკანასკნელი დედოფლის მარიამ დადიანის წერილი, მისთვის ერთ-ერთი უახლოესი მღვდელმთავრისადმი. წერილი, რომელშიც დედოფალი თავის დიდ ტკივილს - სამშობლოსა და საყვარელი მეუღლის დაკარგვას ასე მისტირის, სავსეა სულიერი განცდებით, სახეზე გვაქვს მისი ღრმა სარწმუნოებრივი თვალთახედვა იმ პერიოდის მოვლენებზე. წერილი კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, მართებული აზრი შეგვექმნას სამშობლოზე ასე უზომოდ შეყვარებულ პიროვნებაზე, რომელიც საკუთარ ყოფას ტყვეობას ადარებს და მასზე გლოვას ცასა და ქვეყანას სთხოვს. არავინ იცის, რა როლი ითამაშა აღნიშნულმა წერილმა 1819-1820 წლის აჯანყების საქმეში, თუმცა ფაქტია, რომ დღესაც კი სულით-ხორცამდე შეძრავს ნებისმიერ ქართველს უკანასკნელი დედოფლის ტკივილიანი წერილი. ღვაწლმოსილი დედოფალი 1841 წლის 19 მარტს აღესრულა რუსეთში (Думин, Гревелски.1996:91). დასაფლავებულია რუსეთშივე, მარი ბროსეს ცნობით დედოფალი მარიამი დაკრძალეს პეტერბურგში, ნევის საკრებულო ტაძარში. სამწუხაროდ, დედოფლის სანუკვარი ოცნება სამშობლოში დაბრუნებისა ოცნებად დარჩა. გრ. პეროვსკის 1850 წლის ცნობით, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ქართლ-კახეთის დედოფალი უნდა დასაფლავებულიყო ისევე, როგორც დასაფლავდა იმერეთის დედოფალი მარიამი 1841 წელს. დედოფალი ვეღარ მოესწრო ვერც სამშობლოს ხილვასა და ვერც საყვარელი ქმრის გადმოსვენებას, ისე დალია შორეულ პეტერბურგში სული. მისი ცხედარი პეტერბურგში დაიკრძალა და მას არც ის წადილი ასრულებია, რომ სამშობლოში წაესვენებინათ, როგორც ეს ქართლ-კახეთის დედოფალს ხვდა წილად (პაპავა1990:321). სოლომონ მეფის ერთგულ მეუღლეს მარიამ დედოფალსა და სოლომონის დას მარიამს, სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტიათ ფიქრი საკუთარ სამშობლოსა და პატარა იმერეთის სახელოვან მეფე სოლომონზე, ასეთი მძიმე ცხოვრება განვლო სამმა ღირსეულმა ადამიანმა: სოლომონ მეფემ, მისმა დამ მარიამმა და სოლომონის მეუღლე მარიამ დადიანმა.
ბრძოლა იმერეთის სამეფოს აღდგენისათვის, 1819-1820 წლის აჯანყება
ქართველი ხალხის გმირული ბრძოლა თვითმყოფადობის აღსადგენად არ შეწყვეტილა სოლომონ მეორის გარდაცვალების შემდეგაც. იმერეთის განთავისუფლებაზე ფიქრი სოლომონის ერთგულ მამულიშვილებს არასოდეს შეუწყვეტიათ, ამაზე ზრუნვა გააქტიურდა მას შემდეგ, რაც იმერეთში დაიწყეს დაბრუნება მეფის ერთგულმა თანამებრძოლებმა და რუსულ მთავრობასთან შერიგება გადაწყვიტეს. ამ საქმის ერთ-ერთი ინიციატორი სოლომონ მეფის სიძე მალხაზ ანდრონიკაშვილი ყოფილა, რომელიც ერევნის გავლით დაბრუნებულა სამშობლოში 1815 წელს, მასვე შეუდგენია განთავისუფლების ფარული გეგმა. ამ დროისათვის მალხაზ ანდრონიკაშვილის მეუღლე მაია რუსეთში ქალაქ ვორონეჟში იმყოფებოდა. მართალია 1819 წელს აჯანყება საეკლესიო საკითხის გამწვავების გამო დაიწყო, თუმცა იგი სოლომონ მეფის მიერ დაწყებული ბრძოლის გაგრძელება იყო, რადგან აჯანყების გამარჯვების შემთხვევაში იმერეთში მეფობა უნდა აღდგენილიყო. მთავრების დადიანისა და გურიელის, ასევე იმერეთის უძლიერესი თავადის სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის არასწორმა პოლიტიკამ, რომელიც საკუთარი კანონიერი მეფის წინააღმდეგ იყო მიმართული და პირად კეთილდღეობასა და თვითგანდიდებაზე იყო დაფუძნებული, შედეგი არ გამოიღო, რად- გან მათ ძლევამოსილი იმპერიის დაკრულზე ითამაშეს და ხარბად დაეწაფნენ რუსულ ოქროსა და ჩინ-მედლებს. მათი დახმარებით რუსეთმა აისრულა თავისი მიზანი, რომლის შემდეგაც დამორჩილების პოლიტიკა მის მოკავშირეებთანაც ბუნებრივად განახორციელა. ამას ადასტურებს 1819-1820 წლის აჯანყების მსვლელობა, როგორც სამეგრელოს, ასევე გურიის დედოფლები დიდებულებთან ერთად დარწმუნდნენ იმ არასწორ პოლიტიკაში, რომელიც 1809-1810 წლებში აწარმოეს სამეგრელოსა და გურიის მმართველებმა, რომლებმაც გაუიოლეს რუსებს იმერეთის დაპყრობა.
აჯანყება დაიწყო 1819 წელს, როდესაც იმერეთში საქართველოს ეგზარქოსი თეოფილაქტე ჩავიდა და ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა დაიწყეს იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში. რეფორმის დროს მღვდლების ნაწილი ხელფასზე გადაიყვანეს, ხოლო დიდი ნაწილი კი შეამცირეს. ქუთაისის ეპარქიაში 72 ტაძრიდან და 105 ღვთისმსახურისგან 37 ტაძარი და 39 ღვთისმსახური დატოვეს, ხონში 42 ტაძრიდან და 59 ღვთისმსახურიდან 25 ტაძარი და 23 ღვთისმსახური დარჩა (Махарадзе. 1942:57). ღვთისმსახურთა უმრავლესობა სახლში გაუშვეს, ასევე გაიზარდა გადასახადები, რამაც მოსახლეობა კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდო და რუსული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება უფრო გაზარდა. ამას მოწმობს ერთ-ერთი წერილი, რომელიც გაუგზავნეს ხელისუფლებას ქუთაისისა და შოროპნის მაცხოვრებლებმა: „მოსვლითა იმერეთსა შინა მაღალყოვლადუსამღვდეოლესობის თეოფილაქტესი მივეცენით დიდიდან მცირემდის შოროპნისა და ქუთაისის მაზრისანი თავადნი, აზნაურნი, გლეხნი, საშინელ მწუხარებასა ვიდრე ნათლისღებისგან და ქრისტეს ჯვარცმითგან მტკიცედ მპყრობელსა სარწმუნოებასა ჩვენსა შემპატიჟებულ გვექმნენ, რომელიც უძვირესნი საქმენი ამათგანი დაწყობილნი ქართლსა შინა გვინახავს ცხადათ; პირველ ესე, რომ მრავალნი წმიდანი ეკლესიანი დაირღვევიან, და პატიოსანი და ქებულნი ხატნი და ჯვარნი მიღებულ გვექმნებიან, ჩვენგან აღზრდილნი საკუთარი მლოცველი მღვდლები მიგვიყვებიან და ჩვენ მოკლებული ვიქმნებით პირველ ქრისტეს დიდებისაგან და მეორე ხორციელი სამსახურისაგან, მაკურთხეველისა ჩვენისა მღვდელმთავრებისა კურთხევისაგან სრულიად მოშორებული ვიქმნებით... თუკი არ ეხებიან ებრაელთა სარწმუნოებას, ასევე კათოლიკებსა და სომხებს, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ გამონაკლისი მათ შორის მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით აგარიანების ხელში, არ ეხებოდნენ ჩვენს მტკიცე სარწმუნოებას, არ ჩავარდნილვართ ასეთ განსაცდელში“ (ტყეშელაშვილი.2005:24-25). საეკლესიო პოლიტიკა, რომელიც გაატარა რუსულმა ხელისუფლებამ ძლიერ აღაშფოთა ხალხი, ქართველ ხალხს უსპობდნენ ყველაზე მთავარს ღვთისმსახურებასა და ლოცვას ქართულ ენაზე, რაც ბუნებრივია, ყველაზე მთავარი ფასეულობაა ქართველი კაცისთვის. წერილი 1819 წლის 24 ივნისითაა დათარიღებული, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აჯანყება იმერეთში. აჯანყებულები მდინარე რიონთან შეკრებილან და ამ შეკრებაზე გადაწყვიტეს აერჩიათ თავიანთი მეფე. ეს ყველაფერი დაწერეს ქაღალდზე, დაადასტურეს ხელმოწერითა და ჯვარსა და სახარებაზე დაფიცებით. შემდეგ კი აირჩიეს ხელმძღვანელები (Джавахишвили.1906:23). აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ სოლომონ მეფის უახლოესი მღვდელმთავარი, აფხაზეთის საკათალიკოსოს გამგებელი ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი) და გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე (შარვაშიძე). აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო ასევე სოლომონ პირველის შვილიშვილი, დარეჯან ბატონიშვილის ვაჟი ივანე აბაშიძე, რომელიც ცოცხალი გადარჩა 1810 წელს, მისი მამა და ორი ძმა კი გმირულად შეეწირნენ მტერთან ბრძოლას, როგორც თამარ პაპავა ბრძანებდა „მოხუცმა დედამ იგი იმერეთს მომავალი ბრძოლებისათვის შემოუნახა“ (პაპავა.1990:216). და ეს დროც დადგა, მას უნდა ეძია შური მისი მამისა და ძმების გამო. ივანე აბაშიძე სამეფო კანდიდატად მოიაზრებოდა, რადგან იგი ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალი იყო დედის ხაზით, ამასთანავე სოლომონ მეფეს მემკვიდრე არ დარჩენია და ივანეს გამორჩევა ლოგიკური იყო.
მეფობის კანდიდატად მოიაზრებოდა ასევე სპარსეთში მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილი, რომლის კარზეც აჯანყებულთა დესპანებმა ერთმანეთის მიყოლებით იწყეს დენა. ისინი ბატონიშვილს იმერეთში იწვევდნენ და გამარჯვების შემთხვევაში იმერეთის ტახტს სთავაზობდნენ. მან საბოლოოდ გადაწყვიტა საქმეში ჩართვა თუმცა აჯანყებაში უშუალო მონაწილეობის მიღება ვეღარ მოასწრო (ორჯონიკიძე.2013:83-84). საბოლოოდ გადაწყდა აჯანყებულ მეთაურთა შეპყრობა და რუსეთში გადასახლება, რისთვისაც რუსეთის მთავრობამ ჯარების საკმაო რაოდენობას მოუყარა თავი იმერეთში და შედგა მიტროპოლიტების შეპყრობის გეგმა. 1820 წლის 4 მარტს მღვდელმთავრები შეიპყრეს დიდმარხვის პერიოდში _ „შეიპყრნა ესე ტიტველნი ღამე, ქუთათელს, გაენათელს და არქიმანდრიტ გრიგოლს თავს ჩამოაცვეს წელამდინ ტომრები და შეუკრეს ზევიდამ ხელები და ჰგვემეს ფრიად ქუთათელს და თავისის სახლიდამ თრევით ძირს ჩამოიტანეს, დასტანჯეს ესე ბერები უწყ- ალოდ თვინიერ ყოვლისა მიზეზისა“. ფიზიკურად ძლიერი აღნაგობის მღვდელმთავარმა წინააღმდეგობა გაუწია სამხედროებს, რისთვისაც მოხუცი მიტროპოლიტი საშინლად უცემიათ, შემდეგ კი ხიშტებით დაუჩხვლეტიათ. ნაწამები მღვდელმთავარი არქიმანდრიტ გრიგოლ ცქიტიშვილს უზიარებია, თუმცა სისხლისგან დაცლილი სურამიდან გორს შორის გზაზე გარდაცვლილა (ტყეშელაშვილი. 2005:32). ნაცემი და შეურაცხყოფილი მიტროპოლიტი ექვთიმე კი რუსეთში გადაასახლეს. რუსმა ჯარისკაცებმა ივანე აბაშიძის შეპყრობა ვერ მოახერხეს, მან გურიაში მოასწრო გაქცევა. სადაც მას დაედევნა პოლკოვნიკი პუზირევსკი, რომელიც აჯანყებულებმა შემოქმედის ციხესთან შეიპყრეს და „პოლკოვნიკი იგი პუზირევსკი, ქაიხოს- რომ და აბაშიძემ ივანემ და ფინეზაშვილმა ნიკოლოზ წარკვეთეს თავი, რომელსაც ღმერთმან მართლმსაჯულმან აგო შური იმ სახედ მოპყრობისათვის და ტანჯვისათვის მღვდელმთავართა“ _ გვაუწყებს დავით ბატონიშვილი. მუდმივი დაზვერვის ქვეშ ჰყო- ლიათ ივანე აბაშიძის დედა დარეჯან ბატონიშილი, რომელიც საბოლოოდ შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს. ივანე აბაშიძე საბოლოოდ იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. ეს ამბავი ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნზე მიუწერიათ: „ჩყკ (1820) ამაში გადავარდა ახალციხეს ივანე და ნიკოლოზ აბაშიძე“ (ხელნაწერთა აღწერილობა. II.1964:26). ივანე აბაშიძის გაქცევასთან ერთად დასრულდა ის მოძრაობა, რომელიც სოლომონ მეფემ დაიწყო ათიოდე წლის წინ და საბოლოოდ დასამარდა სოლომონ პირველის შვილიშვილის ივანე აბაშიძის მკვლელობით. მეცხრამ- ეტე საუკუნის ბოლოს დეკანოზ დავით ღამბაშიძეს, ივანე აბაშიძის შესახებ შემდეგი მოგონება ჩაუწერია იმერეთში: „ღმერთმა დალოცოს ამისთანა დიდებული თავადი, იყო შროშელი აბაშიძე ივანე, კაი შეძლებული კაცი იყო და ძლიერ გულადიც. ბოლო დროს ისე მოუხდინეს საქმე, რომ მოკლეს და მისი ქონება სულ ააოხრეს. პირველ ხანებში სოფელში ავიდა, შემდეგ ხანში. რამდენი მოციქული მიუგზავნეს ხანელებს, რამდენი საჩუქარიც აძლიეს, მაგრამ ერთი სიტყვით ყველა სოფლელი საჩხუბრად იყო გამზადებული. ბოლოს ახალციხეში გადავიდა. მას თან გაჰყვა ორი თავადიშვილი და სხვა მხლებელი კაცები. ერთი ფინეიშვილი იყო ვგონებ და მეორე ბატონიშვილი. ივანე აბაშიძე ხონთქარს თხოვდა დახმარებას, რომ უკანვე დაბრუნებულიყო*. მაგრამ ღმერთმა უღალატოს იმ ორ კაცს, რომელიც მათ გაჰყვა იმათ რაღაც მიწერ-მოწერა ქონდათ სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელთან. ამ ორმა კაცმა უღალატა საწყალს და თავის ყმას ჭუმბურიძეს მოაკვლევინეს. საწყალი როდესაც სეირანზე მოადგა, ამ ჭუმბურიძემ ესროლა ფიშტიო და წააქცია კაცი. ეს ბიჭი ჭუმბურიძე და სხვებიც თურმე მოსყიდულები იყვნენ კიდევ სხვისგანაც და ნამეტურ სახლთუხუცესისაგან. ივანე აბაშიძე ახალციხეში არის დასაფლავებული“ (დროება.1883:3).
ეს ნაამბობი სარწმუნო უნდა იყოს, რადგან ერთ-ერთი მთხრობელი სწორედ ხანიდან იყო. რაოდენ დასანანია, რომ ამ ცუდ საქმეშიც ზურაბ წერეთლის ხელი ურევია, მან კიდევ ერთხელ უღალატა ქართულ საქმეს და დარეჯან ბატონიშვილის ერთადერთი იმედი, სიცოცხლეს გამოასალმა, რუსულმა ოქრომ კიდევ ერთი ღირსეული ქართველი გამოასალმა სიცოცხლეს და რაც ყველაზე სამწუხაროა ივანე აბაშიძე მასთან დაახლოებულმა ადამიანმა გაწირა. 1821 წლის 5 ოქტომბრის ცნობით თავად ივანე აბაშიძის ქონება სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა, ეკლესიისთვის შეწირული მისი ნივთები კი სასულიერო ხელისუფლებას უნდა გადასცემოდა (ქცა.ფ.21 ს.9). ივანე აბაშიძის მკვლელობით, რუსეთის იმპერიამ ჩვეული ხერხით მორიგი პრობლემა მოაგვარა, სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი კიდევ ერთი გმირი გამოასალმა წუთისოფელს, ამ საქმეში იმპერიის მოხელეებმა თავისი ძველი მოკავშირე ზურაბ წერეთელი გამოიყენა, ვისთვისაც ღალატი უცხო არ იყო. როგორც აღვნიშნეთ, ივანე აბაშიძის ქონება სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო მისი ოჯახი რუსეთში გადაასახლეს, რომ არა მამია გურიელის ჩარევა, რომელიც გამოესარჩლა საკუთარ დას და დისწულებს და მისი თხოვნა გაითვალისწინა მთავრობამ და ივანე აბაშიძის უფროსი ვაჟის გიორგის და დედის დარეჯანის ბატონიშვილის გარდა გადასახლებულები გზიდან დააბრუნეს. ამ ფაქტს იხსენებს დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი, რადგან ივანე აბაშიძე მისი ბაბუა, ხოლო ივანეს ასული ეკატერინე მისი დედა იყო, რომელიც მაშინ 12 წლისა ყოფილა. საზარელი ხვედრი ერგო ივანე აბაშიძის დედას დარეჯან ბატონიშვილს, რომელიც რუსეთში გადაასახლეს და სწორედ იქ გაიგო გამწარებულმა დედამ თავისი უკანასკნელი იმედის ივანე აბაშიძის გარდაცვალების ამ- ბავი და რომელზეც თამარ პაპავა თავის შესანიშნავ წიგნში ძალზე მაღალფარდოვნად გადმოგვცემს. ასეთი ბედი ერგოთ წილად იმერეთის ყველაზე სახელოვანი მეფის სოლომონ პირველის ოჯახის წევრებს.
* ივანე აბაშიძესთან ერთად ახალციხეში გადავიდნენ არაერთი მამულიშვილი, რომლებიც იმერეთის მმართველმა გორჩაკოვმა პროკლამაციით განდევნა რუსეთის იმპერიიდან: თავადნი; მამუკა ბაგრატისშვილი, ბეჟან მხეიძე, გოგია მხეიძე, ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე, ნიკოლოზ როსტომის ძე პინეზი, ქაიხოსრო ამაღლობლიშვილი, ზურაბ ამაღლობლიშვილი, ალმასხან და ჯავახ იაშვილნი, ხოსია მერაბის ძე იაშვილი, ივანე წულუკიძე ოტიას შვილი, სვიმონა გიორგის შვილი წულუკიძე, მეფის დავითის ყმანი: ვახტანგ ბაგრატოვი, ძმა მისი ტარიელი. სახელმწიფო აზნაური სესიკა იაშვილი, გლეხნი: გლახუნა ბაკურაძე, ვახტანგელა სვანიძე, გრიგოლ ჯაფარიშვილი, ზურაბ ჯაფარიშვილი, ეგნატე კაკროშვილი, შოშიტა ტყეშელაშვილი, დავით მღვდელი ბუაძე. 1821 წლის 12 მარტი (მოამბე 1904 #10). როგორც 1810 წელს სამშობლოდან გადახვეწილი მამულიშვილები, ასევე 1819–1820 წლის აჯანყების გმირთა ნაწილიც დაბრუნდა საქართველოში.
ასეთივე ბედი გაიზიარეს აჯანყების სხვა მოთავეებმა, ქუთათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოს წერეთელმა და გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმე შარვაშიძემ*. მათგან ერთი დოსითეოს წერეთელი საშინლად ნაცემი და ხიშტებისაგან მიყენებული ჭრილობებისა-ან სურამსა და გორს შორის გზაზე გარდაიცვალა, წამებული მღვდელმთავარი ანანურის ეკლესიაში დაკრძალეს ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, ხოლო გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე, რომელმაც რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე პირველი (1801-1825) ამხილა პეტერბურგის სასახლეში და მას „ახალი ნერონი“ უწოდა იმ საქციელისთვის, როგორიც მან გამოიჩინა ქართველ ბაგრატიონთა და მამულიშვილთა მიმართ. იგი ამის გამო გადაასახლეს ალექსანდრე სვირელის სახელობის მონასტერში და იქვე გარდაიცვალა 1822 წლის 21 აპრილს. მისი დაკრძალვის დღეს კი სასწაული განცხადდა. ამის შესახებ იხილეთ (ლ. ტყეშელაშვილი _ დასახელებული ნაშრომი). ღირსეული მღვდელმთავრის ნეშტი 2005 წლის აპრილში საქართველოში ჩამოასვენეს და გელათის მთავარ ტაძარში დაკრძალეს, იქ სადაც თხუთმეტიოდე წლის წინ დევნილი მეფე სოლომონის ნეშტი დაკრძალეს. სამშობლოსათვის წამებულმა გმირებმა უწმინდეს ნავთსაყუდელში დაიდეს ბინა, სამომავლოდ თუკი საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქები გადაწყვეტენ, მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელის ნაწილებიც უნდა დაბრუნდეს ახლადაღდგენილ ბაგრატის ტაძარში, იქ სადაც მიტროპოლიტ დოსითეოსის რეზიდენცია იყო. ვინაიდან იგი იძულებით, შეურაცხყოფილი, ნაცემ-ნაგვემი წაიყვანეს თავისი სამწყსოდან და სისხლისგან დაცლილი მღვდელმთავარი მალულად დაკრძალეს ანანურის ტაძარში. მისი გადმოსვენება კი იქნება ერთგვარი კანონზომიერების აღდგენა და პატივის მიგება წამებული მღვდელმთავრის მიმართ. ამ ღირსეული ადამიანების პატივისგება ვფიქრობთ, ყველას ვალდებულებაა, ვინც საკუთარი სამშობლოს ღირსეულ მომავალზე ფიქრობს. ერმა და ბერმა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა, იმ ფასეულობებისათვის, რომლისთვისაც ბრძოლა ყველა დროში მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სოლომონ მეფემ თავის თანამებრძოლებთან ერთად კი კარგი მაგალითი გვიჩვენეს სამშობლოს დაცვისა, სიყვარულისა და თავგანწირვისა, მათ ამ გმირობის ერთი დიდი ეპოქა შექმნეს და ამ ეპოქის მიმართ ყურადღება და ინტერესი დღესაც არ განელებულა.
* თ. ეფრემიძის ცნობით მიტროპოლიტ დოსითეოზ ქუთათელთან და ექვთიმე გაენათელთან ერთად აჯანყებაში მონაწილეობას ღებულობდა ხონის მთავარეპისკოპოსი ანტონი, რომელიც 1822 წელს გარდაიცვა. იმდენად მოხუცი ყოფილა, რომ ხელისუფლებას მისთვის გადასახლება არ მიუსჯია. (ეფრემიძე.2014:8).
 

Комментариев нет:

Отправить комментарий