среда, 15 августа 2018 г.

ერეკლე II-ის ურთიერთობების რამდენიმე საკითხი იმერეთთან და ახალციხის საფაშოსთან

(ხოჯავანთ იოვანეს „მისიონარული დღიური-წერილების’’ მიხედვით) ლ. ქიტიაშვილი
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული წარსულის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი წყარო არსებობს. ესენია: ბექა-აღბუღას „სამართლის წიგნი“ (XIV ს); „მესხური დავითნის ქრონიკები“ (XVI ს); „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (XVI ს); ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (XVIII ს); ივ. გვარამაძის მიერ 1892 წელს ახალციხეში გადაწერილი „საისტორიო მისიონარული დღიური წერილები ხოჯავანთ მღვდლის მამა იოვანესი“ (XVIII-XIX სს) და სხვ.
ეს უკანასკნელი საქართველოს გვიანი ფეოდალური ხანის ეპოქალური მოვლენების ამსახველი ნარატიული თხზულებაა. მისი ავტორი იოვანე, ქრონიკების დამწერი ხოჯავათი ანუ ხოჯაშვილი ახალციხელი ქართველი კათოლიკე ყოფილა (იდგა სომხურ-კათოლიკურ რიტზე). იგი თავის თავს ხუცესობით იხსენიებს. ხოჯევანი ანუ ხოჯასშვილი საქმიანობის აღმნიშვნელი ტერმინია. ხოჯა ქართულად მწერალს, მასწავლებელს ნიშნავს. იოვანე დაბადებულა ქალაქ ახალციხეში, რაბათში. სავარაუდოა, რომ 1763 წლისთვის 30-ოდე წლის უნდა ყოფილიყო. ... რომიდან დაბრუნებული, მღვდლად ნაკურთხი სოფელ უდეს ეკლესიის წინამძღვრად მუშაობდა“.1

1. ლომსაძე შ. სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე, 2011, 850.

გარკვეული დროით იოვანეს ქუთაისში უხდება მღვდელმსახურება. ხუცესი ქუთაისში 1777 წლამდე ცხოვრობდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ იოვანე იმერეთში შესაძლოა უფლისწულთა და საერთოდ, სამეფო ოჯახის შვილთა აღმზრდელადაც ყოფილიყო მიწვეული. ასეთი საქმიანობით, იგი დაახლოებული ჩანს ახალციხის საფაშო სახლთან.1
იოვანეს დასავლეთ საქართველოშიც მოღვაწეობის გამო მისი „დღიურ-წერილების“ გეოგრაფიული არეალი ფართოვდება, ქრონიკის ავტორის თვალთახედვის ორბიტაში იმერეთიც მოექცა. რაც მთავარია, სოლომონ I-ის კარზე განვითარებულ ამბებს ხუცესი თვითმხილველის სიზუსტით აღწერს, ეს გარემოება კი თავის მხრივ წყაროს სანდოობის ხარისხს ამაღლებს და მას მეტ დამაჯერებლობას სძენს.
1783 წლიდან ხოჯავანა ახალციხეს დაუბრუნდა. იოვანე მრავალმხრივ საინტერესო ადამიანია და შინაარსიანი ცხოვრება აქვს. ცალკე განხილვის თემაა მისი პედაგოგიური საქმიანობა ახალციხის კათოლიკეთა ქვემო ეკლესიის სკოლაში. სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია მის მიერ მომზადებული გაკვეთილების გეგმა-კონსპექტები, ნახაზები, მოსწავლეთა გვარები. „იოანე ხუცესის მემკვიდრეობას ამდიდრებს: თეოლოგიური ხასიათის ვარჯიშობანი, კათოლიკური ლექციონარის თარგმანები, სოლომონ I-ის კარზე გამოცემული წყალობის სიგელები, მისი ქცევითი ხასიათის ჩანაწერები, გაკვეთილის შედგენილობა, ტექსტოლოგიური საწყისების შესწავლის ცდა“.2
1. ლომსაძე შ. სამცხე-ჯავახეთი, 498-499.
2. ლომსაძე შ. სამცხე-ჯავახეთი, 493-499.

მამა იოვანეს ქრონიკებში ვეცნობით მესხეთში 1763-1809-1842 წლებში არსებულ რთულ და მრავალფეროვან ცხოვრებას; დროთა განმავლობაში ტრანსფორმირებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას; ზემო ქართლში არსებულ კონფესიურ დაპირისიპირებებს; ახალციხის საფაშოს, როგორც საქართველოს ერთიანი პოლიტიკური სხეულისაგან ცალკე მყოფი ადმინისტრაციული ერთეულის ტრაგიკულ ბედს; საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებულ ოსმალეთისა და ირანის ბატონობას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში; მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე საერთაშორისო ასპარეზზე შეცვლილ პოლიტიკურ ველს, რომელიც კავკასიაში გამორჩეულად ძლიერმა მოთამაშემ - მეფის რუსეთმა დაიკავა; ერეკლე მეორისა და სოლომონ პირველის ურთიერთთანამშრომლობას, პოლიტიკურ დაპირისპირებებს, რუსეთთან მათ მკვეთრ დაახლოებას, დაკარგული მესხეთის მიწა-წყლის დაბრუნების უშედეგო მცდელობას; იმერეთის მეფის სოლომონ პირველისა და დასავლეთი საქართველოს სამთავროების დაძაბულ, სისხლიან ურთიერთობებს, კათალიკოსების პასუხისმგებლობას შექმნილ რთულ ვითარებაში; ლეკების აგრესიული თავდასხმების ქრონიკას; ხუცესის ჩანაწერები ბუნებრივად ასახავენ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მენტალური მახასიათებლების სიჭრელეს, მესხეთის მკვიდრი მოსახლეობისა და ჩასახლებულთა დემოგრაფიულ სურათს; „საისტორიო მისიონარული დღიური წერილები“, იგივე „ხოჯა ჰავანას დღიური“ მესხეთის კვლევისათვის, ვფიქრობთ, ერთ-ერთი საინტერესო მატიანეა.
ამჯერად, ხუცესის ქრონიკების მიხედვით, განვიხილავთ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის კავშირს იმერეთის სამეფოსთან და ახალციხის საფაშოსთან. ცნობილია, რომ 1758 წელს სოლომონ I-მა, ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ გორში მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გააფორმეს. აქედან მოყოლებული ერეკლე მეორის ურთიერთობა იმერეთის სამეფოსთან უფრო აქტიური ხდება.
ერეკლე II-ის და ელისაბედი ცოლად ჰყავდა კაცია დადიანს, ქალიშვილი ელენე კი ქართლ-კახეთის მეფემ სოლომონ პირველის ძმას, არჩილს მიათხოვა: „20. არჩილმან ცოლი - მეფე ერეკლეს ქალი მოიყვანა თავის ალაგსა,“ წერს იოვანე.1 მოხერხებული მეფე ყველა მეთოდს მიმართავდა დასავლეთ საქართველოსთან დაახლოებისა და მის შიდა საქმეებში მშვიდობიანი ჩარევისთვის. ოჯახური ქორწინებებითაც ამზადებდა ნიადაგს: „ქვეყნის გამთლიანების საკითხში პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ფაქტორების გარდა, თავისი როლი უნდა შეესრულებინა პოლიტიკური შინაარსით გაჯერებულ ქორწინებებს“.2
ხსენებული ქორწინებების შემდეგ ხოჯავანთ იოვანეს „მისიონარული დღიური-წერილები’’ 1769 წლის ქრონიკაში გვამცნობს: „4. აპრილს დადიანის დედოფალი ერეკლის და ელისაბედი მიიცვალა“.3

1. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიურ წერილები ხოჯავანთ მღვდლის მამა იოვანესი“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი H 2782, 36.
2. ჯანელიძე ო. ქართველთა ერთობის საკითხი ქართულ-რუსული ურთიერთობის კონტექსტში, წიგნში - ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიიდან, თბ., 2014, 10.
3. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური, 5.

ხუცესის „მისიონარული დღიური-წერილების“ 1773 წლის ჩანაწერები არაერთ ცნობას გვაწვდის ერეკლე II-ისა და სოლომონ პირველის ურთიერთთანამშრომლობაზე. მაგალითად: „1773. 18. გვარდიის კაპიტნის და დავით ერსითავიშვილის მოსვლა თქვეს ერეკლე მეფისგან კვახშირის მეფე სოლომონთან. 1773. 14. ერეკლე მეფის კაცები და წიგნი მოვიდა მეფესთან, რუსის მოსვლა თქვეს. 1773. 22. ირაკლი მეფისგან ლეკის და თათრის დახოცვა თქვეს. 1773 წ. 7. ერეკლე მეფის ჯარის დახოცვა თქვეს. ერეკლე მეფის გამარჯვების ამბავი მოვიდა. 1773. 30. მეფე ქართლითგან მობრძანდა. 1773. 4. ერეკლე მეფის კაცმან გამოიარა დადიანითგან. მეფე ქართლს, სურამს გადავიდა. მეფის შეყრა თქვეს სურამს. 1773. 10. ირაკლი მეფე და სოლომონ მეფე ჯავახეთს მოვიდნენ, ჯავახეთს გარიგება თქვეს“.1
ქართლ-კახეთისა და იმერეთის კავშირი ხელს უწყობდა სოლომონ პირველის წარმატებულ ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ. „ერეკლე, ოსმალნი რომ იმერეთში მოვიდნენ, (სოლომონს) საიდუმლოდ მიეხმარა ორჯელ“.2 ცნობილია ისიც, რომ ერეკლე მეორე მომრიგებლის როლში გამოვიდა ოსმალეთ-იმერეთს შორის და მიღწეული საზავო ხელშეკრულება იმერეთს არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ სახელმწიფოდ აღიარებდა (3, 645). 1773 წელს ერეკლემ და სოლომონმა გაერთიანებული ჯარით ჯავახეთს გაილაშქრეს და არტაანამდეც კი მიაღწიეს, მაგრამ სოლომონის ავად გახდომის გამო, ლაშქრობა შეწყდა: ხუცესის სიტყვით: „10.1773 ირაკლი ნეფე და სოლომონ მეფე ჯავახეთს შეიყარნენ; 18. ჯავახეთს გარიგება თქვეს“.3

1. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური. 23.
2. ჩხატარაიშვილი ქ., დასავლეთ საქართველოს განთავისუფლება ოსმალეთის ბატონობისაგან, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, 643.
3. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური. 11.

ხოჯავანას ქრონიკის 1774 წლის ამბებში აღნიშნულია: „1774. 1. მეფე სოლომონმა თათრის და ლეკის ჯარი დახოცა და გააფუჭა სრულად. 1774. 7. რაჯაბ ლეკი მეფემ ერეკლე მეფეს გაუგზვნა. 1774. 24. ერეკლის გოგია ბინბაში ქუთაისს მოვიდა მეფესთან.“ ქრონიკის ამ ძუნწი ჩანაწერის ისტორია ასეთია: „ჯავახეთის ლაშქრობის საპასუხოდ ახალციხის ფაშამ სოლომონ მეფის წინააღმდეგ 1774 წლის იანვარში 4 000-იანი ლეკ-ოსმალთა ჯარი გამოაგზავნა იმერეთში. იგი წინასწარ შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარს. ვახანის ციხის მფლობელებმა, აბაშიძეებმა მეფეს უღალატეს და მტერს გზა გაუხსნეს. სოლომონმა შველა ერეკლეს სთხოვა. ერეკლემ სწრაფად გააგზავნა ქართლ-კახეთიდან 2000-იანი ლაშქარი. სოლომონმა გაიმარჯვა, ხოლო დატყვევებული ლეკთა ბელადი - რაჯაბა, ქართლ-კახეთის მრავალგზის დამრბევი, ერეკლეს გაუგზავნა საჩუქრად“.1
როგორც აღინიშნა, ერეკლემ და სოლომონმა 1758-1773 წლებში ორჯერ დადეს ურთირთდახმარების ხელშეკრულება, რომელთაც გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც ასრულებდნენ. ფეოდალური ეპოქისათვის დამახასიათებელ შიდადაპირისპირებების ფონზე, ეს კავშირი მრავლისმთქმელი და შინაარსიანია. ივანე გვარამაძის მიერ გადაწერილი ხუცესის ქრონიკების მომდევნო ერთ-ერთ ჩანაწერში ვხვდებით (როგორც გვარამაძე ამბობს) „სამესხეთოში შეკრებილ ლექსს“:
„რაჯაბ ბელადი ჩიოდა, ნახეთ რა ვუყავ თავსაო
არ მამკლა სოლომონ მეფემ, მიმცა ერეკლე ხანსაო,
ერეკლეს ხელზედ ვაკოცე, ნუ მამკლავ შენსა მზესაო,
რაჯაბავ! როგორ არ მოგკლა, შენ ხომ მითხრიდი თემსაო!“2
მართლაც, ერეკლეს დიდი ძალისხმევის ფასად უხდებოდა მოძალებული მტრის შეკავება და ქვეყნის მართვა: „მისი ენერგია, რაღაც არაადამიანურ ზომას აღწევდა. ძილისთვის ოთხი-ხუთი საათი ყოფნიდა. დანარჩენ დროს სახელმწიფო საქმეებს ანდომებდა. მას ხშირად საუზმის შეწყვეტა უხდებოდა, რათა, მაგ. მარტყოფსა ან ავჭალიდან გაერეკა ლეკების მოთარეშე რაზმები, რომელნიც სადილობის დროს დიღომში ჩნდებოდნენ, ხოლო ვახშმის დროს ტაბახმელაში“.3

1. რეხვიაშვილი მ., იმერეთი XVIII საუკუნეში, თბ, 1982, 138.
2. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური. 65.
3. ქიქოძე გ., ერკლე მეორე, თბ., 1958, 90.; იოსელიანი პ., ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, ა. გაწერელიას რედაქციით, თბ., 1936, 17.

XVIII საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იმერეთის თავადაზნაურებისა და მღვდელმთავრებისაგან შემდგარი დელეგაცია ერეკლე მეორეს ეახლა და იმერეთის ქართლ-კახეთთან შეერთება ითხოვა. დესპანები არწმუნებდნენ მეფეს, რომ „ყოველი სამეფო იმერეთისა მოელის სიქადულით და მხიარულებით საქმისა ამის დასასრულსა; თვით მთავართა გურიისას და ოდიშისას სურთ და სწყურიანთ ესე. მცხოვრებთა გლეხთაცა იციან ესე და უხარისთ ბატონობა თქვენი იმერეთსა, მტერთაგან ჯარისა გაოხრებულსა“.
ერეკლე II-მ დარბაზის რჩევა არ გაითვალისწინა და იმერეთის წარმომადგენლებს ასეთი პასუხი გასცა: „დავსვამ იმერეთისა ტახტზედ შვილისშვილისა ჩემსა და ესრეთისა კავშირითა თვით თვისით იქმნება ერთობა იმერეთისა ქართლისა თანა“.1 ერეკლემ თავის შვილიშვილი დავით არჩილის ძე მართლაც გაამეფა იმერეთში სოლომონ მეორის სახელით. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხუცესის „მისიონარულ დღიურწერილებში“ აღნიშნულია: „14.1789. დავით მეფის გაქცევის და არჩილ მეფის შვილის გამეფების ამბავი ითქვა“.2 აქვე შევნიშნავთ, რომ ხუცესის ჩანაწერების გაგრძელებულ, ნავროზაშვილისეულ ქრონიკებში დაცულია დავით არჩილის ძის, იგივე სოლომინ მეორის მეფობის ბოლო პერიოდის ტრაგიკული ისტორიები.

1. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური. 148.
2. იქვე

იოვანეს ქრონიკაში ვერ ვხვდებით ინფორმაციას 1790 წელს დადებული ქართველი მეფე-მთავრების ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ისტორიაში ცნობილია, როგორც „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თბილისს“.
სამაგიეროდ, განსახილველ საისტორიო წყაროში საგულისხმო მასალაა დაცული ქართლ-კახეთისა და იმერეთის ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც იყო სამცხის სამთავროს საკითხი. ერეკლე II-ესაც და სოლომონ I-საც ეს კუთხე თავისთვის უნდოდა. პრობლემას ოსმალეთის, ირანისა და მეფის რუსეთის ფაქტორიც ამწვავებდა. ეს ის დროა, როდესაც „ოსმალეთის ხელში მყოფი მესხეთი საბოლოოდ ჰკარგავდა ქრისტიანობას და ამასთანავე შორდებოდა დანარჩენ საქართველოს კულტურულად. ამიტომ სამცხე-საათაბაგოს შემოერთების საკითხი გადაიქცა ერეკლე II-ის პოლიტიკის მთავარი მნიშვნელობის საკითხად“.1

1. კაკაბაძე ს., საქართველოს მოკლე ისტორია, თბ., 1920, 108.

სამცხე, ჯაყელების დინასტიით სათავეში, XVI-XVIII საუკუნეებში ცილობის საგნად იყო ქცეული უცხო ძალებსა და ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის. 1535 წელს იმერეთის მეფემ, ბაგრატ III-ემ დადიან-გურიელთან ერთად მოაწყო ლაშქრობა საათაბაგოს დასაპყრობად. ბრძოლა მოხდა ახალქალაქის ახლოს, მურჯახეთთან. ბაგრატმა გაიმარჯვა. როსტომ გურიელის რაზმმა ათაბაგი ყვარყვარე III მეფეს მიჰგვარა. მადლიერმა ბაგრატ III-ემ კი გურიელს უბოძა ჭანეთი და აჭარა. ამავე დროს ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. როგორც ჩანს, ლუარსაბი და ბაგრატ III შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მათ კარგად ესმოდათ, რომ ოსმალეთის მხრივ მთავარი საფრთხე მთელ საქართველოს სამცხე-საათაბაგოს გზით ემუქრებოდა. ეს ისტორიული მონაკვეთი მრავლისმთქმელია: 1. ახლადდაშლილმა „საქართველოებმა“, იმერეთისა და ქართლის თაოსნობით, სამცხე გაინაწილეს. ჯავახეთი, როგორც ქვემო ქართლთან მოსაზღვრე კუთხე, ლუარსაბს (ქართლს) დაემორჩილა, ჭანეთი და აჭარა, როგორც უახლესი მომიჯნავე მხარე - გურიელს მიეკუთვნა, თუმცა იმერეთის მეფის გადაწყვეტილებით და იმერეთისვე გავლენის ქვეშ. 2. აღნიშნული გარემოება იმერეთის მომდევნო მეფეებისა და გურიელ-დადიანის ურთიერთობაში უწყვეტ ბრძოლას განაპირობებს. 3. იგივე ფაქტორი ამოქმედდება ამასიის დაზავებისას (1555 წ.) ირანსა და ოსმალეთს შორის. 4. XVIII საუკუნეში ერეკლე II და სოლომონ I პრეტენზიებს სამცხე-საათაბაგოსთან მიმართებაში კვლავაც XVI საუკუნის სიბრტყიდან განიხილავდნენ და როგორც ითქვა, სამცხეს ორივე თავისად მიიჩნევდა. ბაგრატ III-ისა და ლურსაბ I-ის დაუღალავი ხმლის ქნევანი წყალში ჩაიყარა, თუმცა ამ მეფეთა ტანდემი მნიშვნელოვანი ხიდია მომავალში სოლომონ I-ისა და ერეკლე IIის მეგობრობის გზაზე.
ქართველი მეფეები გარკვეულ იმედს ამყარებდნენ რუსეთის ერთმორწმუნე სახელმწიფოზე. მათ, საიმპერატორო კართან ალიანსით, ოსმალეთისა და ირანის დამარცხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად ესახებოდათ. მაგრამ, ისტორიული რეალობა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში სხვა იყო: „მებრძოლი ქართველი ხალხი ირანს ფოცხვერს უწოდებდა, ხოლო თურქეთს ბაბრს (ბაბრ-ჯიქი), ამ ორი სიტყვით გამოსთქვამდა ერეკლე მეორე ქართველი ხალხის მიზანს უცხო დამპყრობელის წინააღმდეგ საუკუნოებრივ ბრძოლაში. მაგრამ საქართველოს გამოხსნა და აღდგომა ცარიზმის მიზნებში არ შედიოდა. ცარიზმის მოხელეები და ოსმალური ბნელეთის აგენტები, ქართველი ერის გამთლიანების წინააღმდეგ შეთანხმებულნი იყვნენ“.1
1. ნ. ბერძენიშვილის აღწერილობა, #-1227. „სამცხის მივლინების დღიური“, ახალციხე, 1942. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 5-6.

„ერეკლე II ერთ-ერთი ის უკანასკნელი ქართველი მეფე იყო, რომელიც ამ ფაქტს არ აღიარებდა და მთელი შეგნებით იბრძოდა სამცხის გამოსახსნელად. მას 1768 წლის რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებიდანვე, ჰქონდა გეგმები სამცხე-საათაბაგოს გათავისუფლებისა. რეალურად მესხეთის კულტურის, ენის, საწმუნოების ნამდვილ დამცველად და ერთადერთ მემკვიდრედ ქართლ-კახეთის სამეფო, ამ შემთხვევაში, ერეკლე გამოდიოდა და ამ თვალსაზრისით ქვეყანა, მისი იყო“.1
სამცხის „გამოხსნის“ შემდეგ დღის წესრიგში ჭარ-ბელაქნის გათავისუფლება და ლეკთა საკითხის გადაჭრა უნდა დამდგარიყო. „ერეკლეს რუსეთ-თურქეთის (1768-1774 წწ.) ომში, ტერიტორიული თვალსაზრისით ორნაირი პროექტი უნდა ჰქონოდა შედგენილი - მცირე და დიდი. მცირე თემას, რომელიც ისტორიული საქართველოს (ფართო გაგებით) შემადგენლობაში შედიოდა. „საქართველოსა შინა არის და ქართული ენა აქუსთ“-ო და რომელიც ამჟამად ირანს და ოსმალეთს ჰქონდა დაპყრობილი. ასეთ ისტორიულ ქართულ ტერიტორიებად ერეკლე თვლიდა სამცხე-საათაბაგოს (ქართლის ნაწილს, ზემო საქართველოს) და ჭარბელაქანს, რომელიც კახეთის მამული იყო. 1769 წელს ერეკლეს დავალებით შედგენილ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების მოკლე აღწერაში ნათქვამია: ახალციხის ქვეყანა არის ქართლის ქვეყნისა ნაწილი ერთი, რომელიც უჭირავს ახლა ხონთქარსა ძალით, რომელიც სინამდვილეში „საქართველოს მიწა არის’’ და „ჩვენი სამეფოს ნაწილს“ წარმოადგენსო - უხსნიდა რუსეთის სახელმწიფო კარს მეფე“.2
კავკასიის რეგიონში რუსეთის სახით მესამე ძალის აქტიურმა გამოჩენამ ქართველი ერის გაერთიანების გზაზე ახალი იმედები წარმოშვა. საქართველოს ერთიანობის იდეის გაცხოველება ამ დროისათვის ქვეყნის ცალკეული ნაწილების მეტნაკლები თავისუფლებითა და დამპყრობლებზე დამოკიდებულების შესუსტებით იყო განპირობებული.3
1.  ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი, 78.
2. ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი, 66.
3. ჯანელიძე ო., ქართველთა ერთობის საკითხი ქართულ-რუსული ურთიერთობის კონტექსტში, 7.

ერეკლე მეფეც თავის პოლიტიკურ აქტივობას ამ მხრივ ახალ რეალობას უკავშირებს, რასაც ხოჯავანთ იოვანეს „მისიონარული დღიური-წერილებიც“ ადასტურებს: „1771 წელს: -2-ერეკლე II-ეს თავადი ციციშვილი მოვიდა. იაკობი მივუყვანე. გივი ციციშვილი წავიდა. 1772. 5. მარტს მეფე ერეკლესგან ცხენი მოუვიდა ჯენერალს ქუთაისში. 1772. 4-მკათათვე. რუსის და ერეკლე მეფის ჯარის შეყრის ამბავი ითქვა“.1
ერეკლე მეორემ გაიმარჯვა ბრძოლებში შაქი-შარვანის მფლობელ აჯი-ჩალაბთან, თავრიზის გამგებელ აზატ ხანთან, ავარების ბელად ნურსალ ბეგთან. ქართლ-კახეთის მეფე სამხრეთ კავკასიაში ძლიერი, პატივდებული, ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო. „ერეკლე II-ის სამხედრო წარმატებებს იმდენად დიდი რეზონანსი ჰქონდა ამ წლებში, რომ მან აღმოსავლეთის ხალხებს (სომხები, ასირილები, იეზიდები, ბერძნები და ა.შ) საქართველოსთან დაახლოების სურვილი გაუჩინა. ქართველი მეფე კავკასიასა და წინა აზიის ქრისტიანი მოსახლეობის განმათავისუფლებელის როლში გამოდიოდა“.2
ხუცესის ქრონიკების მიხედვით, იკვეთება ჩვენს ისტორიაში ცნობილი, ქართლ-კახეთის მეფის მიზანდასახული ჩართულობა სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკაში, რომელიც რუსეთ-თურქეთის პირველ ომთანაა კავშირში და მოიცავს 1769-1774 წლებს. 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომში სოლომონ I და ერეკლე II ეკატერინე II-ის წინადადებით რუსეთის მოკავშირედ გამოვიდნენ, მაგრამ საკუთარ მიზნებსაც ისახავდნენ. ქართლ-კახეთის მეფე ახალციხის საფაშოდ ქცეული ისტორიული მესხეთის შემოერთებას ესწრაფვოდა.
1. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური. 5.
2. ტუხაშვილი ლ., რუსეთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1983, 80.

1774-1778 წლების ხოჯავანას ქრონიკები ერეკლე მეორეზე ინფორმაციას აღარ გვაწვდის, თუმცა 1779 წლიდან ცნობები ისევ ჩნდება. ეს გარემოება იმით უნდა აიხსნას, რომ ამ დროიდან ქართლ-კახეთის მეფე კვლავ თანამშრომლობს ახალციხის ფაშასთან: „1779. 2. მარიობ. მეფე ერეკლის ელჩი თარხნისშვილი მოვიდა ფაშასთან. ბუჭუა მდივანიც თან ახლდა. 1784. 18-19. რუსის ელჩი მოვიდა თბილისითგან, რუსის ელჩი წავიდა“.1
1779 წელს ახალციხის საფაშოში ელჩ თარხნისშვილის გაგზვნა, ემთხვევა იაკობ რაინეგსის ჩამოსვლას ერეკლეს სამეფო კარზე და გარკვეულ იმედებს აღძრავს. ერეკლემ ორჯერ სთხოვა ავსტრიის იმპერატორ იოსებ მეორეს ფულადი სესხი ლაშქრის გასადიდებლად, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ იგი იძულებული იყო ისევ ოსმალეთისათვის მიემართა. „ერეკლეს ელჩის გამოჩენის შესახებ ხონთქრის კარზე რუსეთის სტამბოლელმა ელჩმა პეტერბურგს აცნობა და თან შეატყობინა, რომ სულთანმა მას წყალობის თვალით შეხედა და რომ ერეკლესა და მას შორის სამეგობრო და სამოკავშირეო ტრაქტატი დაიდო“.2

1. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური. 30.
2. რეხვიაშვილი მ., იმერეთი XVIII საუკუნეში, თბ, 1982, 158.

თვალნათლივ ჩანს, რომ რუსეთი შეშფოთებულია ერეკლე მეფის მრავალწახნაგოვანი, აშკარა თუ ფარული, ხან სრულიად დამოუკიდებელი, ზოგჯერ კი რუსეთის საიმპერატორო კართან შეთანხმებული საგარეო პოლიტიკით. საბოლოოდ ერეკლემ 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში დადო ტრაქტატი ეკატერინე II-ის რუსეთთან, თუმცა ამით ხელი არ ეშლება, რომ იმავე 1784 წელს, როგორც „მისიონარული დღიური-წერილებიდან“ ვგებულობთ, სულეიმან ფაშასაც აახლოს ელჩი: „1784. 22. თბილი ქალაქიდან რუსის ელჩი მოვიდა სულეიმან ფაშასთან. ფაშა ჯარით მიეგება, ციხეში დააყენეს“.1
ხოჯავანთ იოვანეს „მისიონარული დღიური-წერილებში“ ნათქვამია: „1784 წ. 27. ენკენისა. მეფე ერეკლე და ფაშა გარიგდნენ. 1789. 5. გიორგობ. მეფე ერეკლეს მოსვლა ითქვა. 1792 წ. 7. მეფე ერეკლეს თარაქამის ჯარი მოვიდა მოსახმარებლად ისახ ფაშისა. 1792.10. ლეკები მოშლილან ქართლში. 1793. 16. თბილისითგან ელჩი მდივანი მოვიდა, რომ სტამბოლსაც აპირებს წასვლას. 1794. 1. მარტს. მეფე ერეკლეს ელჩი გაბრიელთან, პოღოსთან და ჩილაშვილთან სტამბოლს წავიდა. კორხის არაჩნორდი მოვიდა“.2
ომარ ხანის ლაშქრობისაგან იმედგადაწურული მეფე ახალციხის საფაშოსთან სამშვიდობო ხელშეკრულებას აფორმებს. მოკავშირეები ამიერიდან ხელს იღებდნენ ერთიმეორის მტრობაზე. ახალციხის ფაშასთან ასეთი დაზავებით ერეკლემ ერთმანეთთან შეათავსა რუსთა ჯარის ყოფნა თავის სამეფოში და სამშვიდობო ურთიერთობის დამყარება ოსმალეთის საფაშოსთან.3 მიუხედავად აღნიშნულისა, ერეკლე მეორე 1793-1794 წლებში ელჩს სტამბულში აგზავნის და ისახ ფაშასაც გაურიგდება: „16. თბილისიდგან ელჩი მდივანი მოვიდა, რომ სტამბოლსაც აპირებს წასვლას“.4 ამ დროს, ოსმალეთი თვითონ აქეზებდა აღა-მაჰმად-ხანს ქართლ-კახეთში ირანის ძველი ბატონობის აღდგენისათვის. ოსმალეთს აღმოსავლეთ საქართველოში სუსტი ირანის გავლენა ერჩია, ვიდრე ძლიერი რუსეთის გაბატონება.5
1. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური. 30.
2. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური. 38-
3. დუმბაძე მ., პოლიტიკურ წინააღმდეგობათა სახიფათო კვანძი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973, 709.
4. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური. 78.
5. დუმბაძე მ., პოლიტიკურ წინააღმდეგობათა სახიფათო კვანძი,755.

ჩვენი წყაროს მიხედვით, ერეკლე ახალციხესთან ურთიერთობას არც კრწანისის ტრაგედიის შემდეგ წყვეტს: „1795.12 ენკენისთვ. მეფე ერეკლეს მოშლა თქვეს და შვილების დახოცვა. 1795. 3. ღვინობის. მეფე ერეკლეს გამოჩენა და გორს მოსვლა თქვეს. 1795. 23. ერეკლეს ელჩი მოვიდა ფაშასთან. 1796. 18. რუსის და ერეკლე მეფის ელჩები მოვიდნენ. რუსმან ფაშა ნახა. 31. რუსის ელჩი წავიდა. 6. თებ. ქართლის ელჩი არზრუმს წავიდა. 31. ქართველი ელჩის დახვდომა თქვეს. 1797.15. რუს ხელმწიფის ეკატერინეს სიკვდილი ითქვა. 1797. 8 ელჩი მოვიდა ქართლითგან. გურიელი, ერისთავიც მოვიდა. გადმოვარდნილი“.1
1795 წლის მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქართლ-კახეთის სამეფოს ნამდვილი მდგომარეობა. ახალციხის სულეიმან ფაშამ, რომელიც საქართველოზე ლაშქრობის დროს სურსათით ესხმარებოდა აღა-მაჰმად ხანს, გამარჯვებული მაჰმად ყაჯარისაგან საჩუქრად ქართველი ტყვეები მიიღო. რუსეთის გულგრილი ქცევით შეფიქრიანებული ერეკლე II, როგორც ხუცესის „მისიონარული დღიური-წერილებიც“ ადასტურებს, საჭიროდ მიიჩნევს, სერასკირთან გამართოს მიწერ-მოწერა. „ერთხნას იგი იძულებულიც გამხდარა დათანხმებოდა ოსმალეთს მის მფარველობაში შესვლასა და მისგან სესხის მიღებაზე“.2
1. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური, 65.
2. ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი, 101.
ხოჯავანთ იოვანეს „მისიონარულ დღიურ-წერილებში“ ერეკლე II-ის შესახებ დაცული ქრონიკები 1771-1795 წლებშია მოქცეული. პირველწყაროებიდან ცნობილია და ნაწილობრივ „მისიონარული დღიურ-წერილებიდანაც“ ჩანს, რომ 1780-1783 წლებში მეფე ერეკლე მეორე, ერთდროულად, აშკარა თუ ფარული დიპლომატიის გზით თანამშრომლობს: ავსტრია-უნგრეთთან, ყაბარდოსთან, ახალციხის ფაშასთან, მეფის რუსეთთან. ვერაფრით ვიტყვით, რომ ქართლ-კახეთის მეფე სწორხაზოვნად მოქმედებდა, მხოლოდ რუსეთზე იყო ორიენტირებული ან მის ცბიერ პოლიტიკას ვერ ამჩნევდა. მაგრამ შედეგი ერთია: 1783 წლიდან, მრავალნაცადმა პოლიტიკოსმა, ერეკლე მეორემ, საბოლოო არჩევანი მეფის რუსეთზე შეაჩერა.
„საქართველო მიენდო რუსეთს, როგორც სულიერად მონათესავე ქვეყანას, თორემ იგი არასოდეს შემოუშვებდა რუსებს ამიერკავკასიის მთებში, რუსებისთვის არ დაღვრიდა თავისი შვილების სისხლს“.1 მართლმადიდებლობის ნიშნით, ქართველ მეფეთაგან დაფასებული რუსეთი, ისეთივე დამპყრობლური პოლიტიკის გამტარებელი აღმოჩნდა, როგორც ყველა ჩვენი ისტორიული მეტოქე წარსულში.
საქართველომ XVIII საუკუნეში, რაზედაც გვიამბობს „საისტორიო მისიონარული დღიური-წერილები ხოჯავანთ მღვდლის მამა იოვნესი“, სოლომონ პირველისა და ერეკლე მეორის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საკუთარი ძალებით ვერ შეძლო სანუკვარი მიზნის მიღწევა - მესხეთის ისტორიული ტერიტორიების შემოერთება.

1. დურნოვო ნ., ქართული ეკლესიის ბედი, გაზ. „ჩვენი ქვეყანა,’’ 1917 წ # 54, გამოქვეყნებული ტ. ჯაფარიძის მიერ, 2.
ერეკლეს სიკვდილის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს „გამოხსნის“ საკითხი ისე აქტიურად ვეღარ იდგა. გიორგი XII-ს საამისოდ რეალურ ძალა აღარ გააჩნდა.
XIX საუკუნის დამდეგიდან ვითარება კარდინალურად იცვლება, რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და თავის გუბერნიად გარდაქმნა. ხოჯავანთ იოვანეს „მისიონარულ დღიური წერილებიდან’’ კარგად ჩანს, როგორ გააქტიურდნენ თბილისიდან ჩასული რუსეთის ელჩები ახალციხის საფაშოს კარზე ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ „1801. 25. რუსის ელჩი მოვიდა ფაშასთან. ეფრიკაშვილთან დადგა. 1800. 1. რუსის ელჩი წავიდა და ქეჰა თან გაჰყვა. 1803. 1. რუსის ჯარი გადმოვიდა კოთელიას. 1803. 4. რუსის ჯარის მოსვლა თქვეს ასპინძას. თათრის ელჩები წავიდნენ რუსთან ასპინძას. 1807. 9. სულეიმან ფაშა უქეიფოდ შეიქმნა. რუსის ელჩი და ხეჩინაშვილი გაბრუნდნენ. 1807. მარტი. ჩვენი სტეფანე ქუთაისს წავიდა. რუსის ელჩი მოვიდა. რუსის ელჩი წავიდა. რუსის გამარჯვების ამბავი მოვიდა თათრებზედ განძას“.1

1. გვარამაძე გ., 1892, საისტორიო მისიონარული დღიური, 97.
ხოჯავანას ქრონიკების 1800-1809 წლის ჩანაწერების მიღმა ქართლ-კახეთისა და დასავლეთ საქართველოს უფერული პოლიტიკური ისტორია იწერებოდა. მფარველად შერჩეული ერთმორწმუნე რუსეთის ძალადობით ქართულ სახელმწიფოებრიობას ბოლო ეღებოდა, ახალციხის საფაშოზე ზეგავლენას ოსმალეთიც ყოველდღიურად კარგავდა, ხოლო მეფის რუსეთი თავს იმკვიდრებდა.
დასასრულს, გვინდა დავიმოწმოთ გიორგი ლეონიძის განსაზღვრება ქართველთა ხასიათის შესახებ, რომელიც მან 1922 წელს გამოაქვეყნა თავის მიერვე დაარსებულ გაზეთში, შთამბეჭდავი დასახელებით - „ბახტრიონი“: „კავკასიაში ჩვენ უკვე მოვედით საფლავში ჩასაწოლად... არტახებში დავიწყეთ რწევა, რადგან ჩვენ კიდევ მოვიგონეთ ჩვენი დემონური ორბის სიჭაბუკე; აქედან იწყება ჩვენი მეტაფიზიკური გენეალოგია... მაგრამ ამ ქვეყანაში სამუდამოთ დაშინდა რასის ხერხემალი და შეიქმნა ფსიქოლოგია გადარჩენის. შემდეგში საქართველოს ერთი პოლიტიკა ჰქონდა - პოლიტიკა გადარჩენისა... მაგრამ უკანასკნელი მესსიანისტური ხმალი იყო ირაკლი მეორე, რომლის მეფური სახელიც იმპერატორმა ფრიდირიხ თავის ფულზე მოაჭრევინა. ეს იყო უკანასკნელი ლომი, სადავითო სისხლიდან მყვირალი. მისი აზატხანის დამმარცხებელი ბაირახი, იყო დროშა ქართული მესსიანიზმისა“.1

1. ლეონიძე გ., ქართული მესსიანიზმი, გაზ. „ბახტრიონი“, 1922წ., #18.

ალბათ, ჩვენი მეფეების მთავარი მისია, ფსიქოლოგიურად დაშინებული რასის პოლიტიკური ხერხემლის გადარჩენა იყო, მართლაც, როგორც გიორგი ლეონიძე შენიშნავს. მიგვაჩნია, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის, ესეც წარმატებაა. ზესახელმწიფოთა შორის დაპირისპირებათა კატაკლიზმებში საქართველო გამუდმებით ბეწვის ხიდზე გადიოდა. ყოველი ახალი პოლიტიკური არჩევანი, ასევე ახალ სირთულეებს ახვედრებდა ქართველ მეფეებს. ცალსახად გამართლებული გზა და პოლიტიკური ორიენტაცია არსად ჩანდა! ეს იყო ჩვენი სამშობლოს ბედისწერა - არჩევანი ცუდსა და არჩევანი უარესს შორის.
ქვეყნის სახელმწიფოებრივი მომავალი მეფის რუსეთს დაუკავშირდა და არა მარტო სამცხის, საქართველოს ბედიც XIX საუკუნემ გადაწყვიტა.
დამოწმებანი:
1. გვარამაძე გ., 1892, „საისტორიო მისიონარული დღიურ წერილები ხოჯავანთ მღვდლის მამა იოვანესი“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი H 2782.
2. ჯანელიძე ო., ქართველთა ერთობის საკითხი ქართულრუსული ურთიერთობის კონტექსტში, წიგნში - ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიიდან, თბ., 2014.
3. ჩხატარაიშვილი ქ., დასავლეთ საქართველოს განთავისუფლება ოსმალეთის ბატონობისაგან, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973.
4. რეხვიაშვილი მ., იმერეთი XVIII საუკუნეში, თბ, 1982.
5. ქიქოძე გ., ერეკლე მეორე, თბ., 1958.
6. იოსელიანი პ., ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, ა. გაწერელიას რედაქციით, თბ., 1936.
7. კაკაბაძე ს., საქართველოს მოკლე ისტორია, თბ, 1920.
8. ნ. ბერძენიშვილის აღწერილობა, #-1227. „სამცხის მივლინების დღიური“, ახალციხე, 1942. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
9. ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე, 2011.
10. ტუხაშვილი ლ., რუსეთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1983.
11. დუმბაძე მ., პოლიტიკურ წინააღმდეგობათა სახიფათო კვანძი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
12. დურნოვო ნ., ქართული ეკლესიის ბედი, გაზ. „ჩვენი ქვეყანა“, 1917 წ. #54, გამოქვეყნებული ტ. ჯაფარიძის მიერ.
13. ლეონიძე გ., ქართული მესსიანიზმი, გაზ. „ბახტრიონი“, 1922 წ., #18.

Комментариев нет:

Отправить комментарий