среда, 1 августа 2018 г.

თეირანის კონფერენცია. 1943 წლის 28 ნოემბერი - 1 დეკემბერი

$1. სამიტის მომზადება. პირველი კონტაქტები თეირანში
1943. 28 ნოემბერს დაიწყო დიდი სამეულის ლიდერების _ იოსებ სტალინისფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის პირველი შეხვედრა. თეირანის კონფერენციას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ აქ უნდა შემუშავებულიყო მოკავშირეთა შემდგომი სტრატეგია. 1943 წლის ბოლოსათვის ნათელი გახდარომ გერმანიის დამარცხება გარდაუვალი იყო და მის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს უნდა გადაეწყვიტათ თუ როგორ მიეღწიათ გამარჯვებისათვის უმოკლეს ვადებში. თეირანში უნდა გადაჭრილიყო ამასთან დაკავშირებული სამხედრო საკითხებიკერძოდ: საბოლოოდ დადგენილიყო ინგლისელებისა და ამერიკელების მიერ ევროპაში რეალური მეორე ფრონტის გახსნის დრო და ადგილი.
სამი მოკავშირე ქვეყნის ლიდერთა კონფერენციის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ 1943 წლის გაზაფხულზე გაჩნდაროდესაც (1943. მაისი) რუზველტმა შესთავაზა სტალინსპირისპირ შეხვედროდნენ ერთმანეთს ბერინგის სრუტის სანაპიროზე, მაგრამ მაშინ სტალინმა რთული სამხედრო სიტუაციის გამო უარი თქვა ივლის-აგვისტომდე აშშ- პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელებაზე. 1943. ზაფხულში საკითხი სამმხრივი კონფერენციის ჩატარების შესახებ კვლავ დადგა დღის წესრიგში. ჩერჩილს და რუზველტს სურდათ შეხვედრის მოწყობა ფერბენქსში (ალასკა).
სტალინსრომელსაც კარგად ესმოდა ასეთი ფორუმის მნიშვნელობა არც ამჯერად მისცა ფრონტებზე შექმნილმა მდგომარეობამ ასეთ შორეულ პუნქტში წასვლის საშუალებათუმცა მოლაპარაკება ამ საკითხის გარშემო კვლავ გაგრძელდა. ძირითად პრობლემას ისევ ადგილის შერჩევა წარმოადგენდა. რუზველტმა ამჯერად წამოაყენა კონფერენციის კაიროში ან ბაღდადში მოწვევის იდეა. უკიდურეს შემთხვევაში ის თანახმა იყო ასმერაზე ან ბასრაზე. სტალინი წინააღმდეგი იყო ყველა ამ დასახელებული ქალაქისა. მას მხოლოდ თეირანი აწყობდა.1 ჩერჩილმა კი კოლეგებს თავდაპირველად სკაპა-ფლოუკვიპროსი ან ხართუმი შესთავაზა, მაგრამ შემდეგ განაცხადარომ მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობათუ სად და როდის შედგებოდა ეს შეხვედრა, ამიტომ ის დათანხმდა თეირანზე. რაც შეეხება აშშს პრეზიდენტს მან მხოლოდ ნოემბრის დასაწყისში გადაწყვიტა თეირანში ჩასვლა. მანამდე ის უარს აცხადებდა ამ ვარიანტზე. რუზველტმა თეირანი მიიღო მხოლოდ მაშინროდესაც სტალინმა აცნობა რომ სხვა შემთხვევაში ის კონფერენციაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა და მას მოლოტოვი შეცვლიდა. ამგვარად გადაწყდა რომ სამი ქვეყნის მეთაურთა შეხვედრა შემდგარიყო თეირანში 1943 წლის ნოემბრის ბოლოს.
1. მისი ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმითრომ თეირანში იდგა საბჭოთა ჯარები და შეხვედრის მონაწილეთა უსაფრთხოებაც სწორედ მათ და საბჭოთა უშიშროების სამსახურს უნდა უზრუნველეყოთ.
როგორც აღინიშნა, თეირანის კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორის უმთავრესი როლი ეკავა მეორე ფრონტის გახსნის ადგილისა და დროის დადგენის პრობლემას. 1943 . მიწურულისთვის იოსებ სტალინს, ფრანკლინ რუზველტს და უინსტონ ჩერჩილს საერთო აზრი არ გააჩნდათ ამ საკითხის გარშემო. საბჭოთა ლიდერი დაჟინებით მოითხოვდა მეორე ფრონტის სასწრაფოდ გახსნას საფრანგეთში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უპირატესობას ანიჭებდა ბალკანურ სტრატეგიას, რომლის ავტორიც თავად ის გახლდათ. რაც შეეხება აშშ- პრეზიდენტს, მასაც, სტალინის მსგავსად, საფრანგეთის ვარიანტი ერჩივნა, რადგანაც ამერიკელ სამხედრო ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ ეს იყო გერმანიის დამარცხების ყველაზე სწრაფი გზა. ჩერჩილსა და რუზველტს შორის აღნიშნულ საკითხზე სისტემატური კონსულტაციები იმართებოდა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა 1943 . აგვისტოში გამართულ კვებეკის კონფერენციას, სადაც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და აშშ- პრეზიდენტმა იმსჯელეს ამ საკითხებზე.
ერთი შეხედვით, აღნიშნული სამიტი ტრანსლამანშური სტრატეგიის მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა, რადგანაც გადაწყდა, რომ მოკავშირეთა მთავარ ოპერაციად ეცნოთ ოვერლორდი, ანუ შეჭრა ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, მაგრამ დადგენილებაში იყო გარკვეული მომენტებიც, რომლებიც ჩერჩილს შეეძლო გამოეყენებინა საკუთარი ვარიანტის გასატანად. კერძოდ, კვებეკში გადაწყდა, რომ დესანტის გადასხმის მომენტში არ უნდა ყოფილიყო ქარი; მთვარე უნდა ყოფილიყო საჭირო ფაზაში; გერმანელთა თავდაცვა არ უნდა გაძლიერებულიყო; მოწინააღმდეგეს არ უნდა ჰყოლოდა რეზერვში 12 დივიზიაზე მეტი; მას არ უნდა შეძლებოდა პირველ 2 თვეში (დესანტის გადმოსხმის შემდეგ) აღმოსავლეთის ფრონტიდან 15 დივიზიაზე მეტის გადმოსროლა და ..
ამრიგად, ინგლისელებს სურდათ, დაეტოვებინათ უფლება, უარი ეთქვათოვერლორდზე, თუ მისი განხორციელების დროისათვის ყველა ეს პირობა შესრულებული არ იქნებოდა. ჩერჩილის სტრატეგიამ კვებეკში კიდევ ერთი დარტყმა მიიღო: კონფერენციაზე დაადგინეს, რომ ძირითად ოპერაციას დახმარებოდნენ სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ: ტულონსა და მარსელს შორის, _ დესანტის გადასხმით (კოდური სახელწოდება ამ ოპერაციისა იყოენვილი, შემდგომში ის შეიცვალადრაგუნით).1 ამ დესანტის შემადგენლობაში უნდა შესულიყო ხმელთაშუაზღვისპირეთში განლაგებული ნაწილები, რომელთა გამოყენებაც ჩერჩილს ჩრდილოეთ იტალიასა და ბალკანეთში სურდა. „ენვილისწარმატების უზრუნველსაყოფად მოკავშირეებმა საჭიროდ ჩათვალეს სარდინიისა და კორსიკის დაკავება, რითაც ისინი მიიღებდნენ ხელსაყრელ პლაცდარმს სამხრეთ საფრანგეთში შესაჭრელად. ბრიტანეთის პრემიერი ამ ოპერაციის წინააღმდეგ მისი განხორციელების დღემდე იბრძოდა, რადგანაც თვლიდა, რომ ეს გამოიწვევდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რაიონში სამხედრო მოქმედებების შესუსტებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.2
1. სახელწოდების შეცვლა ჩერჩილის ინიციატივით მოხდა. ამით ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ის აიძულეს, ჩაეტარებინა აღნიშნული ოპერაცია.
2. ჩერჩილს აქტიურად უჭერდა მხარს . მონტგომერიც, რომელიც თვლიდა, რომ ენვილი დაასუსტებდა იტალიურ ფრონტს, მაშინ, როდესაც იქ მიღწეული წარმატებები შესაძლებელს გახდიდა საბჭოთა ჯარებზე ადრე ვენის აღებას.
ერთი სიტყვით, კვებეკის კონფერენცია დასრულდა ტრანსლამანშური სტრატეგიის მომხრეთა გამარჯვებით. ერთადერთი, რასაც მიაღწია ჩერჩილმა კვებეკში, იყო ის, რომ კონფერენციის მონაწილეებმა დაადგინეს, გადაესხათ დესანტი სამხრეთ იტალიაში, უზრუნველეყოთ იტალიის გამოსვლა ომიდან, დაეკავებინათ აპენინის -- რომის ჩათვლით და მუდმივი ზეწოლა ეწარმოებინათ ჩრდილოეთ იტალიაში განლაგებულ გერმანელთა ჯარებზე. და მაინც, სწორედ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება აძლევდა იმედს ბრიტანეთის პრემიერს, რომ მოგვიანებით ის მაინც შესძლებდა თავისი სურვილის განხორციელებას და მეორე ფრონტს საფრანგეთის ნაცვლად ბალკანეთში გახსნიდა. ამის იმედი მას არ დაუკარგავს არც საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვის კონფერენციის შემდეგ (1943. 19-30 სექტემბერი), სადაც დამტკიცებულ იქნა კვებეკში მიღებული გადაწყვეტილებები.
ინგლისის პრემიერ-მინისტრი კვლავ გააქტიურდა უშუალოდ თეირანის კონფერენციის მომზადების პერიოდში. მან კიდევ ერთხელ სცადა თავს მოეხვია ამერიკელებისათვის ბალკანური პროექტი. ამ მიზნით მან შესთავაზა რუზველტს, შეხვედროდნენ ერთმანეთს და შეემუშავებინათ საერთო სტრატეგია თეირანში განსახილველი საკითხების გარშემო. აშშ- პრეზიდენტი ერთხანს უარზე იდგა, მაგრამ ჩერჩილის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დათმო და დათანხმდა თეირანში ჩასვლამდე გზად კაიროში შეჩერებულიყო და იქ შეხვედროდა ინგლისის პრემიერს.
რუზველტი კარგად ხვდებოდა ჩერჩილის განზრახვას და რადგანაც არ სურდა, მოსკოვში ჩაეთვალათ, რომ აშშ და ინგლისი სსრ კავშირის ზურგს უკან რაიმე შეთანხმებაზე წავიდოდნენ, მიიწვია კაიროში მოლოტოვი და ჩან კაიში. ჩერჩილი, რომელიც საგულდაგულოდ მოემზადა ამ შეხვედრისათვის და ჩამოიტანა საგანგებო გეგმა ხმელთაშუაზღვისპირეთში მოკავშირეთა შესაძლო მოქმედებების შესახებ, ძალიან უკმაყოფილო დარჩა აშშ- პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ის თვლიდა, რომ ინგლისელებს და ამერიკელებს ჰქონდათ უფლება, თვითონ განეხილათ საკუთარი შეიარაღებული ძალების ოპერაციები. გარდა ამისა, მას ეშინოდა, რომ ჩინეთის საკითხი დიდ დროს წაიღებდა და ხელს შეუშლიდა ევროპული სტრატეგიის განხილვას. ჩერჩილი იმედოვნებდა, რომ უშუალო მოლაპარაკებების დროს ის, ისევე როგორც ადრე, დაიყოლიებდა რუზველტს თავის გეგმაზე.
კაიროში ინგლისის პრემიერი საკმაოდ ფრთხილად აპირებდა მოქმედებას. ის „ოვერლორდის“ პირდაპირ უარყოფას კი არ მოითხოვდა, არამედ უბრალოდ მისი დაწყების ზუსტი ვადის დადგენის წინააღმდეგი იყო. ჩერჩილი და ინგლისელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო ხმელთაშუაზღვისპირეთში შექმნილი შესაძლებლობების გამოყენება. პრემიერ-მინისტრს სურდა, რომ მოკავშირეებს იტალიაში პიზა-რიმინის ხაზზე მოეხერხებინათ გასვლა; უფრო ინტენსიურად მოემარაგებინათ პარტიზანები იუგოსლავიაში, საბერძნეთში, რუმინეთსა და ალბანეთში; შეექმნათ პლაცდარმი დალმაციაში ან ალბანეთში; მიეღწიათ, რომ თურქეთი ჩაბმულიყო ომში, გაეხსნათ დარდანელის სრუტე და შეერყიათ გერმანელთა პოზიციები ბალკანეთში. ჩერჩილს იმედი ჰქონდა, რომ ყოველივე ამას მოჰყვებოდა ბალკანეთში ფრონტის გახსნა. ინგლისის პრემიერს სწამდა, რომ ის მიაღწევდა საწადელს, რადგანაც შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე, კერძოდ 1943წ. 4 ნოემბერს, რუზველტი დათანხმდა, მოეხდინა ზეწოლა თურქეთზე ამ უკანასკნელის გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაბმის მიზნით, რაც ფაქტობრივად ბალკანეთში ფრონტის გახსნას ნიშნავდა. ყოველივე ამას ჩერჩილი თავისი გეგმების განხორციელებისათვის გამოიყენებდა, მაგრამ მისი პროგნოზები და რეალობა ერთმანეთისაგან ძალიან შორს აღმოჩნდა. კაიროში ჩასვლის დღიდანვე ჩერჩილი წააწყდა ამერიკელთა მტკიცე გადაწყვეტილებას, არ გადაედოთ ლა-მანშის ფორსირება. ის დიდხანს ესაუბრა დუაიტ ეიზენჰაუერს, გაუზიარა მას თავისი გეგმები და სცადა მისი მომხრობა, მაგრამ, ამერიკელი გენერლის თქმით, არაფერი გამოუვიდა.1 ამერიკელი სამხედროები, პირველ რიგში, ჯ. მარშალი კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ, განეხორციელებინათ ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც ხელს შეუშლიდა „ოვერლორდს“.
1. უნდა აღინიშნოს, რომ ეიზენჰაუერის ეს მტკიცება ერთგვარ ეჭვს იწვევს, რამეთუ კაიროში მან მხარი დაუჭირა ინგლისელთა წინადადებას, დაეტოვებინათ იტალიაში ლა-მანშის ფორსირებისთვის გამოყოფილი 7 დივიზია, რადგანაც, მისი აზრით, მოკავშირეები ყველაზე დიდ საფრთხეს გერმანელებს სწორედ აპენინებზე (და არა საფრანგეთში) შეუქმნიდნენ.
1943 წ. 22 ნოემბერს კაიროში გაიხსნა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და ჩინეთის ლიდერი გენერალისიმუსი ჩან კაიში. ავადმყოფობის მიზეზებით კაიროში არ ჩავიდა ვ. მოლოტოვი, მაგრამ ეს უფრო „დიპლომატიური ავადმყოფობა“ იყო. როგორც ცნობილია, სტალინმა რუზველტისადმი 10 ნოემბრის წერილში თანხმობა მისცა კაიროში მოლოტოვის ჩასვლაზე, მაგრამ უკვე 12 ნოემბერს მან გადაიფიქრა და აცნობა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი, ზოგიერთი მიზეზის გამო, რომელთაც სერიოზული ხასიათი ჰქონდა, ვერ მიიღებდა მონაწილეობას კონფერენციის მუშაობაში. საბჭოთა მეთაურის პოზიციის შეცვლა განაპირობა 12 ნოემბერს მიღებულმა ჩერჩილის წერილმა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კაიროში სავარაუდო იყო ჩან კაიშის ჩამოსვლა და იაპონიის წინააღმდეგ ომის წარმობის გეგმების განხილვა.1
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინეთის დელეგაციის მიწვევა ეგვიპტის დედაქალაქში რუზველტის სურვილით მოხდა. სავარაუდოა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს უნდოდა კაიროში გადაეწყვიტა ამერიკის მხარისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, კერძოდ: მას სურდა მიეღო საბჭოთა კავშირისაგან თანხმობა იაპონიასთან ომში ჩაბმაზე. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ აცნობა მან სტალინს კონფერენციაზე ჩან კაიშის მოწვევის ამბავი, რადგანაც ეს დააფრთხობდა საბჭოთა ლიდერს, მაგრამ ჩერჩილის წერილის შემდეგ სტალინი მიხვდა რუზველტის ჩანაფიქრს და რადგანაც არ იყო დაინტერესებული იაპონიასთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებით, უარი თქვა კაიროში საბჭოთა დელეგაციის გაგზავნაზე.2
1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩერჩილს არ სურდა, რომ კაიროს კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობა მიეღო საბჭოთა დელეგაციას და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც აცნობა სტალინს ჩან კაიშის მოწვევის ამბავი.
2. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მკვლევარი ვ. ისრაელიანი ასევე თვლის, რომ მოლოტოვის არჩასვლა კაიროში მართლაც გამოწვეული იყო იაპონიასთან ურთიერთობების გაუარესების შიშით, მაგრამ ის არაფერს ამბობს კონკრეტულად რუზველტის დაინტერესებაზე, დაეყოლიებინა სტალინი იაპონიის წინააღმდეგ გამოსვლაზე.
ი. სტალინის გადაწყვეტილება სავსებით სწორი აღმოჩნდა. კაიროში მართლაც მიიღეს კომუნიკე, რომელშიც აშშ-ს, ინგლისისა და ჩინეთის მეთაურები აცხადებდნენ, რომ ისინი აწარმოებდნენ ომს იაპონიის წინააღმდეგ, რათა შეეჩერებინათ და დაესაჯათ აგრესორი და რომ მათ მიზანს ამ ომში წარმოადგენდა იაპონიისათვის 1914 წლის შემდეგ წყნარ ოკეანეში დაპყრობილი ყველა კუნძულის წართმევა და ჩინეთის რესპუბლიკისათვის იაპონელთა მიერ დაკავებული ყველა ჩინური მიწის დაბრუნება. ეს კომუნიკე გამოქვეყნდა 1943წ. 1 დეკემბერს, თეირანის კონფერენციის დასრულების შემდეგ და მან „კაიროს დეკლარაციის“ სახელწოდება მიიღო. რასაკვირველია, მოლოტოვი კაიროში რომ ჩასულიყო, მას მოუწევდა ამ კომუნიკეზე ხელის მოწერა, რაც, შესაძლოა, გახდებოდა საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის ომის დაწყების მიზეზი. სტალინისთვის კი ეს მიუღებელი იყო. მას ესმოდა, რომ ასეთ შემთხვევაში შორეულ აღმოსავლეთში ომის მთელი სიმძიმე ისევ საბჭოთა ჯარებს დააწვებოდა, გერმანიის დამარცხება კი გაცილებით უფრო ძნელი გახდებოდა. ასე რომ, მოლოტოვის კაიროში გამგზავრებაზე საბჭოთა ლიდერის მიერ უარის თქმა სავსებით გამართლებული იყო,1 რაც, სხვათა შორის, ჩერჩილმაც აღნიშნა თავის მემუარებში.
საკუთრივ კონფერენციას რაც შეეხება, მისი პირველი ნაწილი 26 ნოემბრამდე გაგრძელდა,2 მაგრამ ევროპული სტრატეგიის განხილვა მხოლოდ 24-ში დაიწყო, პირველი დღეები კი დაიკავა ჩინეთის საკითხმა. დარჩენილ სხდომებზე ჩერჩილი ძალიან ცდილობდა თავისი პროექტის გატანას, მაგრამ ამერიკელებმა თავი აარიდეს თეირანის შეხვედრის წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. ისინი საჭიროდ თვლიდნენ საბჭოთა თვალსაზრისის გაგებას აღნიშნულ საკითხებზე. ასე რომ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა და ინგლისისა და აშშ-ს დელეგაციები კაიროდან თეირანს გაემგზავრნენ.
1. აღსანიშნავია, რომ კაიროში ამ დროს იმყოფებოდა ვ. მოლოტოვის მოადგილე ა. ვიშინსკი, მაგრამ მას არ მიუღია მონაწილეობა კონფერენციის იმ ნაწილში, რომელიც იაპონიასთან ომს ეხებოდა.
2. კაიროს კონფერენცია დროებით შეწყდა 26 ნოემბერს, როდესაც რუზველტი და ჩერჩილი გაემგზავრნენ თეირანში სტალინთან შესახვედრად, და განახლდა 2 დეკემბერს, მათი ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ.
მოკავშირეთა დელეგაციები თეირანში 27 ნოემბერს ჩავიდნენ. ქალაქში ახალჩამოსულ რუზველტს და ჩერჩილს მოლოტოვმა აცნობა‚ რომ საბჭოთა დაზვერვამ გახსნა შეთქმულება‚ რომელიც მიზნად ისახავდა „კონფერენციის მონაწილე ერთი ან მეტი ლიდერის მოკვლას“. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩერჩილმა და სტალინმა შესთავაზეს რუზველტს‚ რომ დაბინავებულიყო დიდი ბრიტანეთის ან საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობაში‚ რადგანაც ეს შენობები ერთიმეორის გვერდიგვერდ იდგა თეირანის ცენტრში‚ ხოლო ამერიკის მისია კი მათგან საკმაოდ დაშორებული იყო და ქალაქის ვიწრო ქუჩებში ყოველდღე აქეთიქით სიარული მართლაც ზედმეტ და არასასურველ რისკთან იყო დაკავშირებული.1. აშშ-ს პრეზიდენტმაც გაითვალისწინა ეს და საბჭოთა წარმომადგენლობაში დაიდო ბინა.
თეირანის კონფერენციის ძირითადი საკითხი დასავლეთელი მოკავშირეები შემდგომი სამხედრო ოპერაციების დადგენა იყო. სწორედ ამიტომ თეირანში ჩასულ საბჭოთა, ამერიკულ და ბრიტანულ დელეგაციებში საკმაოდ ბევრი სამხედრო პირი იყო. რუზველტმა ირანის დედაქალაქში ჩამოიყვანა გაერთიანებული შტაბების უფროსი გენ. ჯ. მარშალი, რუზველტის შტაბის უფროსი ადმირალი უ. ლიჰი, აშშ-ს ფლოტის უმაღლესი მთავარსარდალი ადმირალი ე. კინგი, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი გენ. ჰ. არნოლდი, მრჩეველი ჰარი ჰოპკინსი, სახელმწიფო დეპარტამენტის საბჭოთა ბიუროს თანამშრომელი ჩ. ბოლენი და ა.შ.2 ბრიტანულ დელეგაციაში შედიოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი ა. იდენი, იმპერიული სამეფო შტაბის უფროსი გენ. ა. ბრუკი, დიდი ბრიტანეთის პირველი საზღვაო ლორდი ადმირალი ე. კანინგჰემი, სამეფო საჰაერო ძალების სარდალი მარშალი ჩ. პორტალი, ფელდმარშალი ჯ. დილი და ა.შ. ყველაზე ნაკლებად წარმომადგენლობითი გუნდი ახლდა სტალინს. საბჭოთა დელეგაციაში, მის გარდა პრაქტიკულად შედიოდნენ მხოლოდ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვ. მოლოტოვი და მარშალი კ. ვოროშილოვი.
1. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი შეთავაზება, როგორც საბჭოთა, ისე ბრიტანული მხარეებისაგან რუზველტმა ჯერ კიდევ კაიროში ყოფნისას მიიღო, თუმცა მაშინ აშშ-ს პრეზიდენტმა უარი თქვა „საკუთარი დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე“.
2. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს დელეგაციაში არ შედიოდა სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰალი, რაც საკუთარი საგარეო საქმეთა უწყებისადმი რუზველტის უარყოფითი დამოკიდებულების შედეგი იყო.
თეირანის კონფერენციის მსვლელობა ასახულია საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა კრებულებში.1 იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ჩანაწერები გაცილებით უფრო ვრცელია, ვიდრე რუსული. საბჭოთა გამოცემის ძირითად ნაწილში მხოლოდ მთავრობათა მეთაურების შეხვედრებისა და სამხედრო წარმომადგენლების პირველი სხდომის მასალებია მოცემული, რომლებსაც, ამავე დროს, აშკარად ეტყობა გარკვეული რედაქტირების კვალი, განსაკუთრებით გერმანიის ომისშემდგომი მოწყობის საკითხთან დაკავშირებით. ამერიკულ კრებულში, თავის მხრივ, შესულია თითოეული პლენარული სხდომის ორ-ორი ჩანაწერი.2 გარდა ამისა, აქვე მოცემულია საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების სხდომის, სამხედრო წარმომადგენლების ყველა თათბირისა და მთავრობათა მეთაურების არაოფიციალური შეხვედრებისა თუ სადილ-ვახშმების ჩანაწერებიც, რაც, რასაკვირველია, საშუალებას აძლევს მკვლევრებს, კომპლექსური შთაბეჭდილება დარჩეთ კონფერენციის მსვლელობისა და მასზე არსებული ატმოსფეროს შესახებ. კონფერენციის დაწყების წინ, 28 ნოემბერს, უშუალოდ პირველი პლენარული სხდომის დაწყებამდე, შედგა სტალინისა და რუზველტის კონფიდენციალური შეხვედრა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის საუბარი, რომლის დროსაც მხარეები შეეხნენ საკმაოდ ბევრ საკითხს, თუმცა პრაქტიკულად არ ჰქონიათ რაიმე კონსულტაციები ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის პრობლემის გარშემო.3 აშშ-ს პრეზიდენტმა და საბჭოთა ლიდერმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორი იყო მდგომარეობა გერმანია-სსრ კავშირის ფრონტსა და ჩინეთში. მათ საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმეს აგრეთვე საფრანგეთს და მის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ლიბანსა და ინდოჩინეთში4 გარდა ამისა, ისინი შეეხნენ და ინდოეთის მომავლის საკითხს. აღსანიშნავია, რომ რუზველტმა გამოთქვა სურვილი, მომავალში უფრო ვრცლად ესაუბრა სტალინთან ინდოეთში შექმნილი ვითარების გარშემო და გააფრთხილა ის, რომ ჩერჩილთან ამ თემის წამოწევა არ შეიძლებოდა. ჩვენი აზრით, ეს კარგი მინიშნება იყო საბჭოთა ლიდერისათვის იმის შესახებ, რომ აშშ-ს პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს არ გააჩნდათ საერთო აზრი მთელ რიგ საკითხებზე და რომ სტალინს და რუზველტს შეეძლოთ თავად მოეგვარებინათ ისინი კონფიდენციალურ რეჟიმში.
1. თეირანის კონფერენციის მასალები გამოქვეყნებულ იქნა ქართულ ენაზეც, თუმცა, ვინაიდან ის ისედაც ნაკლული საბჭოთა ვერსიის თარგმანს წარმოადგენს, მისი მეცნიერული ღირებულება მეტად მცირეა.
2. ოფიციალურ სტენოგრამა ეკუთვნის ჩ. ბოლენს, მეორე ჩანაწერს კი გაერთიანებული შტაბების უფროსების სამსახური აწარმოებდა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მთავრობათა მეთაურების ბოლო დღის სხდომები, რომლის ჩანაწერების მხოლოდ ბოლენისეული ვერსია არსებობს.
3. რუზველტმა მხოლოდ აღნიშნა, რომ მას სურდა 30-40 გერმანული დივიზიის მოცილება საბჭოთა ფრონტისათვის, რისი პრაქტიკული საშუალებებიც უნდა განხილულიყო კონფერენციაზე.
4. უნდა აღინიშნოს, რომ მხარეები პრაქტიკულად შეთანხმდნენ, რომ ომის შემდეგ ინდოჩინეთი საფრანგეთს არ უნდა დაბრუნებოდა.
$2. მეორე ფრონტის საკითხი თეირანის კონფერენციაზე
თეირანის კონფერენციის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა 1943წ. 28 ნოემბერს, 16 საათზე. მისასალმებელი სიტყვების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა კონფერენციის თავმჯდომარედ, პირდაპირ გადავიდა კონფერენციის ძირითად საკითხზე.1 რუზველტმა განაცხადა‚ რომ ამერიკელები და ინგლისელები დიდი ხნის განმავლობაში ადგენდნენ არხის _ ე. ი. ლა-მანშის სრუტის _ ფორსირების გეგმას. მან აღნიშნა‚ რომ ოპერაციის ჩატარების ვადა დამოკიდებული იყო სადესანტო საშუალებების რაოდენობასა და ამინდის მდგომარეობაზე‚ რის გამოც „ოვერლორდის“ განხორციელების თარიღად კვებეკში მიღებულ იქნა 1944 წ. 1 მაისი. რუზველტმა თქვა‚ რომ სადესანტო ოპერაციების ჩატარება შეიძლებოდა ხმელთაშუა ზღვაშიც‚ მაგრამ ეს გამოიწვევდა ლამანშის ფორსირების გადადებას 23 თვით‚ მაშინ როდესაც პირადად პრეზიდენტს ივნისს იქით ვადის გადაწევა არ სურდა. ამიტომ‚ რადგანაც ინგლისამერიკის ჯარების გამოყენება ბევრ ადგილას შეიძლებოდა‚ რუზველტმა რჩევა ჰკითხა სტალინს‚ თუ რომელი ვარიანტი უფრო შეამსუბუქებდა საბჭოთა კავშირის მდგომარეობას.
პრეზიდენტის სიტყვამ თვით ამერიკელი სამხედროების გაოცება გამოიწვია. ჩერჩილთან ბოლო შეხვედრების დროს რუზველტის მოქმედებიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო‚ რომ ის მტკიცედ დაიცავდა „ოვერლორდს“‚ მაგრამ მან ლა-მანშის ფორსირების პარალელურად განსახილველად წამოაყენა ხმელთაშუა ზღვის აუზში ალტერნატიული ოპერაციების ჩატარების საკითხი.2 და ეს მაშინ‚ როდესაც თეირანის კონფერენციის წინ გამართულ თათბირზე ჯორჯ მარშალმა პირდაპირ მოახსენა პრეზიდენტს‚ რომ ბალკანეთში შეჭრა გამოიწვევდა საომარი მოქმედებების გაჭიანურებას როგორც ევროპაში‚ ისე წყნარ ოკეანეში.
1. აღსანიშნავია, რომ არც ამერიკული და არც საბჭოთა ოფიციალური ჩანაწერები არ აფიქსირებს ამ ფაქტს, მაგრამ, როგორც ჩანს, სტალინმა და ჩერჩილმა ამის შესახებ წინასწარ მოილაპარაკეს.
2. სხვათა შორის‚ რუზველტმა აქ წამოაყენა ისტრიავენის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის განხორციელების იდეა ‚ რამაც ჰოპკინსის გაოცება და შეშფოთება გამოიწვია. მან ბარათიც კი გაუგზავნა ე. კინგს და ჰკითხა‚ თუ „ვინ იდგა ამ ადრიატიკული ბიზნესის უკან“. კინგის პასუხმაც არ დააყოვნა: „რამდენადაც მე ვიცი‚ ეს მისი (ე. ი. პრეზიდენტის) საკუთარი იდეაა“. საინტერესოა‚ რომ მოგვიანებით ეს გეგმა ჩერჩილმა აიტაცა და „დრაგუნს“ დაუპირისპირა‚ მაგრამ მაშინ უკვე თვითონ რუზველტმა თქვა უარი ამ ოპერაციაზე.
რამ განაპირობა რუზველტის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება? საბჭოთა მკვლევარი ი. უნდასინოვი ძირითად მიზეზად თვლის სსრკში აშშ-ს საელჩოს მიერ პრეზიდენტისათვის მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას‚ თითქოს საბჭოთა მთავრობა უფრო დაინტერესებული იყო 1943წ. ხმელთაშუაზღვისპირეთში საბრძოლო მოქმედებების გაფართოებით‚ ვიდრე 1944წ. საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნით. გარდა ამისა‚ ის მიიჩნევს‚ რომ რუზველტი თავის დროზე დიდ დაინტერესებას იჩენდა ბალკანური პროექტების მიმართ და არც ახლა იტყოდა უარს მათ გამო „ოვერლორდის“ გადადებაზე‚ თუ საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგობა არ იქნებოდა. ის აგრეთვე არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას‚ რომ პრეზიდენტს სურდა წინასწარ მიეღო საბჭოთა კავშირისაგან თანხმობა გერმანიის დამარცხების შემდეგ იაპონიასთან ომში ჩაბმაზე. საპასუხოდ ის მხარს დაუჭერდა „ოვერლორდს“. ჩვენი აზრით‚ სწორედ ეს უკანასკნელი მომენტი იყო მისი ყოყმანის მთავარი მიზეზი. რუზველტი‚ პირველ რიგში‚ თავისი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობდა. მას კარგად ესმოდა‚ რომ ომის შემდეგ სსრკ იქნებოდა ევროპაში უძლიერესი სახელმწიფო და სურდა‚ კარგი ურთიერთობა ჰქონოდა მასთან. ამასთან არც წყნარ ოკეანეში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საბჭოთა ჯარების დახმარება იქნებოდა ამერიკელთათვის ზედმეტი. პრეზიდენტი უბრალოდ ცდილობდა სტალინისაგან გარანტიის მიღებას‚ რომ საბჭოთა კავშირი იაპონიასთან ომში ჩაებმებოდა. სტალინი‚ როგორც ჩანს‚ მიხვდა რუზველტის ჩანაფიქრს და თავისი სიტყვის პირველი ნაწილი სწორედ წყნარ ოკეანეში მიმდინარე საომარ მოქმედებებს დაუთმო. მან სინანულით აღნიშნა‚ რომ სსრკ მოკავშირეებს ამ ფრონტზე ჯერჯერობით ვერ შეუერთდებოდა და აღუთქვა სამხედრო დახმარება გერმანიის დამარცხების შემდეგ. სტალინის ეს დაპირება ჩერჩილის მიერ შეფასებული იქნა‚ როგორც კონფერენციაზე გაკეთებული ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, რუზველტმა კი ამის შემდეგ სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა საბჭოთა ლიდერს „ოვერლორდის“ მოკავშირეთა ძირითად ოპერაციად დამტკიცებაში.
ამის შემდეგ სტალინმა მოკლედ მიმოიხილა მდგომარეობა აღმოსავლეთის ფრონტზე და გადავიდა მთავარ საკითხზე _ მეორე ფრონტის გახსნის ადგილზე. მან განაცხადა‚ რომ კამპანია იტალიაში საჭირო იყო მხოლოდ ხმელთაშუა ზღვაში თავისუფალი ცურვისათვის‚ რადგან აპენინებიდან უშუალოდ გერმანიაზე შეტევას ხელს შეუშლიდა ალპები. ამიტომ ის საუკეთესო ვარიანტად სთავაზობდა მოკავშირეებს ჩრდილოეთ ან ჩრდილოდასავლეთ საფრანგეთს. სტალინმა თქვა‚ რომ ეს ძნელი ოპერაცია იქნებოდა და გერმანელები გააფთრებით დაიცავდნენ თავს საფრანგეთში‚ მაგრამ მას მაინც მოცემული პროექტი მიაჩნდა პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტად.1 ამასთან‚ სტალინმა მიუთითა კიდევ ერთ მომენტზე‚ კერძოდ: მან აღნიშნა‚ რომ ბალკანეთიდან გერმანიის გული შორს იყო2 და აქ არც ალპები კეტავდა გზას და არც არხი‚ ამიტომ კარგი იქნებოდა‚ თუ თურქეთი გზას გაუხსნიდა მოკავშირეებს. მიუხედავად ამისა‚ სტალინი ტრანსლა-მანშურ სტრატეგიას ანიჭებდა უპირატესობას‚ რადგანაც საფრანგეთს თვლიდა გერმანიის ყველაზე სუსტ ადგილად.
1. აღსანიშნავია, რომ გ. ჰარისონის მტკიცებით, ამერიკელებს გაუკვირდათ სტალინის მიერ ჩრდილოეთ საფრანგეთისათვის უპირატესობის მინიჭება, რადგანაც მათ რატომღაც ეგონათ, რომ საბჭოთა ლიდერს სურდა, დასავლეთელ მოკავშირეებს სამხედრო ოპერაციები ხმელთაშუაზღვისპირეთში ეწარმოებინათ. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ სტალინს იმდენჯერ ჰქონდა დაყენებული ეს საკითხი ჩერჩილთან და რუზველტთან მიმოწერაში, რომ უბრალოდ გაუგებარია, რატომ უნდა გაკვირვებოდათ ამერიკელებს მისი მხრიდან ჩრდილოეთ საფრანგეთში შეჭრის მხარდაჭერა.
2. აქ საბჭოთა ჩანაწერში დაშვებულია აშკარა შეცდომა და აღნიშნულია, თითქოს სტალინმა თქვა: „ბალკანეთიდან გერმანიის გული მაინც უფრო ახლოს არის“. გარდა იმისა, რომ ეს აშკარად არასწორი იყო გეოგრაფიულად და სტალინის ინტერესებშიც არანაირად არ ჯდებოდა, ორივე ამერიკული ჩანაწერი ცხადყოფს, რომ სტალინის ფრაზა შემდეგნაირად ჟღერდა: „ბალკანეთი შორს არის გერმანიის გულისაგან“.
და მაინც‚ იყო თუ არა საბჭოთა ლიდერის ეს პოზიცია მხოლოდ სამხედროსტრატეგიული ინტერესებით განპირობებული? ჩვენი აზრით‚ სავარაუდოა‚ რომ სტალინის მოქმედებებს პოლიტიკური სარჩულიც ედო საფუძვლად. ფაქტობრივად უკვე დაწყებული იყო ბრძოლა გავლენის სფეროების განაწილებისათვის. ამდენად, სტალინი დაინტერესებული იყო ცენტრალური ევროპის ქვეყნებით და‚ რასაკვირველია‚ სულაც არ სურდა‚ რომ ეს სახელმწიფოები ინგლისის ან აშშს გავლენის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ. ასე რომ‚ არაა გამორიცხული‚ სტალინი უპირატესობას სწორედ პოლიტიკურ მომენტებს ანიჭებდა.
სტალინის გამოსვლის შემდეგ სიტყვა აიღო ჩერჩილმა. მან ისევ ის ტაქტიკა აირჩია‚ რომელსაც იყენებდა რუზველტთან ბოლო შეხვედრების დროს და პირდაპირ არ გაილაშქრა „ოვერლორდის“ წინააღმდეგ. უფრო მეტიც‚ ინგლისის პრემიერმა თავისი სიტყვა დაიწყო განცხადებით‚ რომ დიდ ბრიტანეთსა და აშშს დიდი ხანია მიღწეული ჰქონდათ შეთანხმება‚ გერმანიაზე შეტევა მიეტანათ ჩრდილოეთი ან ჩრდილო-დასავლეთი საფრანგეთიდან და უკვე ფართო მზადებაც მიმდინარეობდა ამისათვის. ჩერჩილმა თქვა‚ რომ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებდა 16 ბრიტანული და 19 ამერიკული დივიზია. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ინგლისის პრემიერმა ძალიან ფრთხილად გადასვლა თავის იდეებზე და არგუმენტად მოიტანა ის გარემოება‚ რომ „ოვერლორდის“ დაწყებამდე კიდევ 6 თვე იყო‚ ამ ხნის განმავლობაში კი მოკავშირეები უმოქმედოდ არ უნდა ყოფილიყვნენ. ჩერჩილს მიაჩნდა‚ რომ ინგლისსა და აშშ-ს უნდა გამოეყენებინათ თავისი ძალები ხმელთაშუა ზღვაში და ამით რაც შეიძლებოდა დახმარებოდნენ საბჭოთა კავშირს. ამ მიზნით მათ უნდა დაეწყოთ შეტევა იტალიაში‚ აეღოთ რომი და გასულიყვნენ პიზარიმინის ხაზზე. ეს‚ ინგლისის პრემიერის აზრით‚ ხელს შეუწყობდა სამხრეთ საფრანგეთში სადესანტო ოპერაციის განხორციელებას.
ჩერჩილი შემდეგ გადავიდა თურქეთის საკითხზე. მან განაცხადა‚ რომ აუცილებელი იყო თურქეთზე ზეწოლა ამ ქვეყნის გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად. ჩერჩილის თქმით‚ ეს საშუალებას მისცემდა მოკავშირეებს‚ მცირე ძალებით აეღოთ დოდეკანესის კბი. გარდა ამისა‚ გაიხსნებოდა სამხრეთის გზა‚ რაც საშუალებას მისცემდა ინგლისსა და აშშ-ს‚ რეგულარულად მიეწოდებინათ დახმარება საბჭოთა კავშირისადმი შავი ზღვის გავლით. უნდა აღინიშნოს‚ რომ ამ უკანასკნელი გარემოებისადმი სტალინს იოტისოდენა დაინტერესებაც კი არ გამოუჩენია. ვერც თურქეთის ომში ჩაბმის პერსპექტივას გამოუწვევია საბჭოთა ლიდერის აღფრთოვანება. მან სკეპტიკურად შენიშნა‚ რომ თურქეთი ომში არ ჩაებმებოდა‚ რა ზეწოლაც არ მოეხდინათ მასზე მოკავშირეებს. ამან ჩერჩილის გაოცება გამოიწვია. მან განაცხადა‚ რომ ეგონა‚ საბჭოთა მთავრობა დაინტერესებული იყო თურქეთის ომში ჩაბმით. სტალინი მიხვდა‚ რომ ერთგვარად შორს შეტოპა და დაეთანხმა ინგლისის პრემიერს თურქეთზე ზეგავლენის მოხდენის აუცილებლობაში.
რატომ მოიქცა სტალინი ასე უცნაურად? შესაძლოა‚ მას არ უნდოდა თურქეთის „ხსნა“ და ანკარის „ნეიტრალიტეტს“ თავის დროზე ისევე გამოიყენებდა მის წინააღმდეგ‚ როგორც ეს გაკეთდა იაპონიის მიმართ‚ იმ განსხვავებით‚ რომ ამჯერად ის აპირებდა თურქეთს თვითონ‚ მოკავშირეების გარეშე გამკლავებოდა. არაა გამოსარიცხი, რომ ჩერჩილმა ეს ვარიანტი გათვალა და მომავალში ბოსფორსა და დარდანელზე საბჭოთა კავშირის შესაძლო დიქტატის დამყარების თავიდან აცილების მიზნით იმთავითვე გადაწყვიტა თურქეთის ჩართვა ანტიჰიტლერულ კოალიციაში. გარდა ამისა‚ თურქეთი შეასრულებდა საბჭოთა ჯარების ერთგვარი შემაკავებლის როლს ბალკანეთში. ყოველ შემთხვევაში‚ სტალინმა თავი აარიდა ამჯერად მისთვის არასასურველ პოლემიკას ამ საკითხზე და მხოლოდ იკითხა‚ თუ რისი გაკეთება იყო განზრახული თურქეთის ომში ჩაბმის შემთხვევაში. ჩერჩილმაც უპასუხა‚ რომ თურქეთის დასახმარებლად გამოყოფილი იქნებოდა 20 ავიაესკადრილია‚ რომლებიც განლაგებული იყო ეგვიპტეში და‚ აგრეთვე‚ დოდეკანესის კბის ასაღებად 34 დივიზია იტალიური ფრონტიდან. ამიტომ ეს‚ მისი თქმით, ხელს არ შეუშლიდა „ოვერლორდის“ მომზადებას. სტალინი არ გამოსულა იტალიაში ოპერაციების პრინციპულად წინააღმდეგ‚ მაგრამ შესთავაზა ჩერჩილსა და რუზველტს‚ უარი ეთქვათ რომის აღებაზე და „ოვერლორდის“ დაწყებამდე თვით ადრე განეხორციელებინათ სადესანტო ოპერაცია სამხრეთ საფრანგეთში. ჩერჩილს არ მოეწონა იტალიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. მან განაცხადა‚ რომ რომისათვის ბრძოლა უკვე მიდიოდა და სადღაც იანვარში ქალაქის აღებით დასრულდებოდა,1 ხოლო პიზარიმინის ხაზზე გასვლის აუცილებლობა ახსნა გერმანიაზე საჰაერო შეტევების განხორციელების საჭიროებით. რუზველტმა მხარი აუბა სტალინს და თქვა‚ რომ ოპერაციების ჩატარება ხმელთაშუა ზღვაში აუცილებლად გამოიწვევდა ლამანშის ფორსირების ვადის გადაწევას‚ ხოლო მას კი „ოვერლორდის“ გადადება არ სურდა. ჩერჩილმა ამჯერად უკვე გაილაშქრა საფრანგეთში შეჭრის ზუსტი თარიღის დადგენის წინააღმდეგ. მან განაცხადა‚ რომ არ შეეძლო გაეწირა ოპერაციები ხმელთაშუა ზღვაში მხოლოდ ვადის _ 1 მაისის დაცვის გამო და შესთავაზა სტალინსა და რუზველტს‚ გადაეცათ ეს საკითხი განსახილველად სამხედრო სპეციალისტებისათვის. ისინიც დაეთანხმნენ პრემიერის წინადადებას. შეთანხმდნენ აგრეთვე თურქეთის საკითხზე. გადაწყდა‚ რომ განეხილათ ის როგორც სამხედრო წარმომადგენლების თათბირზე‚ ისე მთავრობათა მეთაურების შემდეგ სხდომაზე. ამის შემდეგ პირველი სხდომა დახურულად გამოცხადდა.
1. ჩერჩილის პროგნოზების საწინააღმდეგოდ‚ მოკავშირეებმა რომი მხოლოდ 1944 წლის 4 ივნისს აიღეს.
სამხედრო წარმომადგენელთა თათბირზე‚ რომელიც გაიმართა 29 ნოემბერს დილით‚ ბრიტანეთის იმპერიული შტაბის უფროსმა გენერალმა ა. ბრუკმა ყველა საშუალება იხმარა‚ რომ ძირითადი ყურადღება ხმელთაშუაზღვისპირეთში ჩასატარებელ სამხედრო ოპერაციებზე გადაეტანა. მან ძალიან მიმზიდველად დახატა პერსპექტივები‚ რომლებიც შეიქმნებოდა თურქეთის ომში ჩაბმის შედეგად და განავითარა ის იდეები‚ რომლებშიც ჩერჩილმა მოკლედ ჩამოაყალიბა მთავრობათა მეთაურების სხდომაზე. კერძოდ‚ ბრუკის მტკიცებით‚ თურქეთის ომში ჩაბმას მოჰყვებოდა დარდანელისა და შავი ზღვის გახსნა‚ რადგანაც მაშინ დოდეკანესის კ-ბის აღება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. ამ ოპერაციების განხორციელებისათვის ის აპირებდა ხმელთაშუა ზღვაში მყოფი სადესანტო კარჭაპების გამოყენებას. მართალია‚ ეს გამოიწვევდა „ოვერლორდის“ გადადებას იმ ვადით‚ რომელიც საჭირო იქნებოდა ამ გემების ხმელთაშუა ზღვაში გამოსაყენებლად‚ მაგრამ ეს ბრუკს სულაც არ აღელვებდა. პირიქით‚ ყოველივე ეს‚ მისი აზრით‚ გამოიწვევდა გერმანიის ძალების დაფანტვას‚ რაც ხელს შეუწყობდა „ოვერლორდის“ წარმატებით ჩატარებას. გარდა ამისა‚ ბრუკმა მოითხოვა აპენინის ნკზე შეტევის დაწყება‚ რადგანაც‚ მისი თქმით‚ მოცემულ პოზიციებზე თავდაცვაზე გადასვლა აიძულებდა მოკავშირეებს აქ დიდი ძალები ჰყოლოდათ, რაც შეზღუდავდა სამხრეთ საფრანგეთში გადასასხმელი ნაწილების რაოდენობას. ამ უკანასკნელი ოპერაციის ჩატარება ბრუკმა აუცილებლად ჩათვალა‚ თუმცა აღნიშნა‚ რომ სტალინის წინადადება მისი „ოვერლორდამდე“ 23 თვით ადრე დაწყების შესახებ მცდარი იყო. მან თქვა‚ რომ ორივე ოპერაცია ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლო დროში უნდა განხორციელებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში სამხრეთ საფრანგეთში გადასხმულ დესანტს მარცხი ელოდა.
ა. ბრუკის შემდეგ სიტყვა აიღო აშშ-ს არმიის შტაბის უფროსმა გენერალმა ჯ. მარშალმა‚ რომელმაც განაცხადა‚ რომ ამერიკელებს მოკავშირეთა ძირითად ოპერაციად მიაჩნდათ „ოვერლორდი“ და რომ ერთადერთი დამაბრკოლებელი მიზეზი მისი დროზე განხორციელებისათვის შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სადესანტო საშუალებების არასაკმარისი რაოდენობა. რაც შეეხებოდა ოპერაცია „ენვილს“‚ აქ ის დაეთანხმა ბრუკს და თქვა‚ რომ საუკეთესო ეფექტს მოიტანდა დესანტის გადასხმა სამხრეთ საფრანგეთში „ოვერლორდის“ დაწყებამდე 23 კვირით ადრე.
საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი მარშალი კ. ვოროშილოვი შედარებით კმაყოფილი დარჩა ჯ. მარშალის მოხსენებით‚ ბრუკს კი დაუსვა კითხვა‚ თვლიდა თუ არა ის „ოვერლორდს“ მოკავშირეთა მთავარ ოპერაციად და ხომ არ მიაჩნდა‚ რომ საჭირო იყო მისი შეცვლა რომელიმე სხვა ოპერაციით. ბრიტანეთის იმპერიული შტაბების უფროსმა პირდაპირი პასუხი არ გასცა ამ კითხვას. ბრუკმა აღნიშნა‚ რომ ინგლისელები „ოვერლორდს“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა‚ მაგრამ‚ მისი აზრით‚ ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციები როგორც ჩრდილოეთ‚ ისე სამხრეთ საფრანგეთში განწირული იქნებოდა წარუმატებლობისათვის. მართალია‚ ბრუკმა აღიარა‚ რომ ოპერაციებს ხმელთაშუა ზღვაში მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა‚ მაგრამ მათი ჩატარება მაინც მიზანშეწონილად მიაჩნდა თუნდაც ძირითადი ოპერაციისთვის დახმარების მიზნით.
უნდა აღვნიშნოთ‚ რომ ბრუკის მტკიცება‚ თითქოს ყველა ეს ოპერაცია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩრდილოეთ საფრანგეთში შეჭრის წარმატებით განხორციელებასთან‚ რამდენადმე საეჭვოდ გვეჩვენება. „ოვერლორდს“ ეგეოსის ზღვის კ-ბის დაპყრობა ხელის შეშლის მეტს არაფერს მოუტანდა. ეს თვითონ ბრუკსაც კარგად ესმოდა‚ მაგრამ ბალკანური სტრატეგიის გასატანად ყველანაირ ხერხს ხმარობდა. რაც შეეხება აპენინების ცენტრალურ ნაწილში შეტევის დაწყებას, აქ ინგლისელები მართალნი იყვნენ. რომის აღებისა და პიზარიმინის ხაზზე დროულად გასვლის შემდეგ მოკავშირეთა მდგომარეობა იტალიაში გაცილებით უკეთესი იქნებოდა. გარდა ამისა‚ ეს მართლაც უფრო გააიოლებდა სამხრეთ საფრანგეთში დესანტის გადასხმას. სხვა საქმეა‚ თუ რა მიზნებისთვის სურდა ამის გამოყენება ჩერჩილს და როგორ ახდა მისი და იტალიურ ფრონტზე მოკავშირეთა მთავარსარდლის გენერალი ჰ. ალექსანდერის პროგნოზები. რაც შეეხება თათბირს‚ მისმა მონაწილეებმა გადაწყვიტეს‚ მეორე დღეს განეგრძოთ სამხედრო საკითხების განხილვა‚ მაგრამ მეტი სხდომა მათ არ გაუმართავთ. სტალინმა‚ რუზველტმა და ჩერჩილმა სამხედრო წარმომადგენლების კიდევ ერთი თათბირის მოწყობა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს და თავის თავზე აიღეს გადაწყვეტილებების მიღება.
29 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში შედგა მთავრობის მეთაურთა მეორე სხდომა. თავდაპირველად მათ მოისმინეს სამხედრო წარმომადგენლების ანგარიში ჩატარებული თათბირის შესახებ‚ შემდეგ კი ისევ დაიწყო ლამანშის ფორსირების საკითხის განხილვა. სტალინმა იკითხა‚ თუ ვის ნიშნავდნენ „ოვერლორდის“ სარდლად. რუზველტმა უპასუხა‚ რომ ეს საკითხი გადაჭრილი არ იყო,1 რამაც საბჭოთა ლიდერის გაოცება გამოიწვია. სტალინი არც იმან დაამშვიდა‚ რომ დანიშნული იყო ოპერაციის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირი _ გენერალი მორგანი. მან გამოთქვა შიში‚ რომ გენერალ მორგანს კი შეიძლებოდა ჩაეთვალა ოპერაცია მომზადებულად‚ მაგრამ შემდეგ ახალ სარდალს არ გაეზიარებინა ეს აზრი. მან მოითხოვა‚ რომ ინგლისელებსა და ამერიკელებს რაც შეიძლებოდა მალე დაენიშნათ მთავარსარდალი‚ რომელსაც დაეკისრებოდა „ოვერლორდის“ როგორც მომზადება‚ ისე განხორციელება. ჩერჩილიც დაჰპირდა სტალინს‚ რომ ის და პრეზიდენტი ორი კვირის განმავლობაში დანიშნავდნენ ამ პოსტზე ამერიკელ გენერალს.
1. უნდა აღინიშნოს‚ რომ დისკუსია ამ საკითხის გარშემო დიდი ხნის დაწყებული იყო. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ამ თანამდებობაზე ინგლისელი სამხედრო პირის დანიშვნა და ჩერჩილიც დაჰპირდა ალან ბრუკს მოკავშირეთა მთავარსარდლის პოსტს. მაგრამ კვებეკის კონფერენციაზე გაირკვა‚ რომ ევროპაში მოკავშირეთა ძალების უდიდესი ნაწილი ამერიკული იქნებოდა და ბრიტანეთის პრემიერიც დათანხმდა‚ რომ „ოვერლორდის“ სარდალი ამერიკელი ყოფილიყო. მას არც ეეჭვებოდა‚ რომ ამ პოსტს დაიკავებდა ჯორჯ მარშალი. რუზველტის თავდაპირველი გადაწყვეტილებაც სწორედ ასეთი იყო‚ მაგრამ ის წააწყდა წამყვანი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგობას. უ. ლიჰი‚ ე. კინგი და ჰ. არნოლდი თვლიდნენ‚ რომ ჯ. მარშალს უბრალოდ ვერავინ შეცვლიდა აშშს არმიის შტაბისა და მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტებზე. ისინი იმაზეც კი თანახმანი იყვნენ‚ რომ „ოვერლორდის“ სარდალი ყოფილიყო ინგლისელი‚ ოღონდ იმ პირობით‚ თუ ამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა ფელდმარშალი ჯონ დილი. ყოველივე ამან გადააფიქრებინა რუზველტს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და მანაც მხოლოდ თეირანის კონფერენციის შემდეგ ჩათვალა საჭიროდ „ოვერლორდის“ სარდლის დანიშვნა. ეს პოსტი ერგო დუაიტ ეიზენჰაუერს.
„ოვერლორდის“ მთავარსარდლის დანიშვნის გარშემო გამართული დისკუსიის დასრულების შემდეგ ჩერჩილმა დაიწყო საუბარი‚ თუ როგორ შეიძლებოდა ხმელთაშუაზღვისპირეთში განლაგებული მოკავშირეთა ჯარების გამოყენება. მისი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა სამხრეთ საფრანგეთში „ოვერლორდის“ მხარდამჭერი შემოვლითი ოპერაციის განხორციელებას. ჩერჩილს მხოლოდ ვადის ამბავი აფიქრებდა‚ რადგანაც თუ „ენვილი“ ლამანშის ფორსირებამდე დაიწყებოდა‚ ის განწირული იქნებოდა მარცხისათვის. ამიტომ ეს ოპერაციები ერთდროულად ან თითქმის ერთდროულად უნდა ჩატარებულიყო. ჩერჩილმა, ხელზე დაიხვია რა ის ფაქტი‚ რომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განლაგებული ჯარების უმოქმედოდ ყოფნა სასურველი არ იყო‚ შესთავაზა სტალინს და რუზველტს დაეტოვებინათ ხმელთაშუა ზღვაში ორი დივიზიის გადასაყვანად საკმარისი სადესანტო საშუალებები და თუ საჭირო ძალები გამოთავისუფლდებოდა‚ გამოეყენებინათ ისინი ან აპენინის ნკის გაყოლებით დესანტის განსახორციელებლად და გერმანელების ძალების გასანადგურებლად‚ ან‚ თურქეთის ომში ჩაბმის შემთხვევაში‚ როდოსის ასაღებად.
ჩერჩილმა მიუთითა აგრეთვე‚ რომ მოგვიანებით შესაძლებელი იქნებოდა ამ ძალების (რასაკვირველია‚ დანაკლისის გამოკლებით) გამოიყენება „ენვილის“ ჩასატარებლად. ინგლისის პრემიერმინისტრის მიერ წამოყენებულ წინადადებებს ჰქონდა ერთი ნაკლი‚ რომლის აღიარებაც მას მოუხდა: ყველა ზემოჩამოთვლილი ოპერაცია გამოიწვევდა „ოვერლორდის“ განხორციელების გადავადებას. ამის შემდეგ ჩერჩილი შეეხო ბალკანეთის საკითხს. მან საგანგებოდ აღნიშნა‚ რომ აქ მხოლოდ უმნიშვნელო ძალების გამოყოფას ითხოვდა, თუმცა ის‚ რაც შემდეგ მოახსენა რუზველტს და სტალინს‚ წინააღმდეგობაში მოდიოდა მისივე ადრინდელ განცხადებასთან. ჩერჩილმა თქვა‚ რომ ბალკანეთში განლაგებული იყო მოწინააღმდეგის 42 დივიზია‚ აქედან 21 გერმანული და 12 ბულგარული. პრემიერს იმედი ჰქონდა‚ რომ თურქეთი ჩაებმებოდა ომში და ამის საპასუხოდ ბულგარეთი თავის ჯარებს გადაისროდა თრაკიაში, რასაც მოჰყვებოდა გერმანელების მდგომარეობის გაუარესება ბალკანეთში. ამით მოკავშირეებს მიეცემოდათ საშუალება მცირე ძალებით შეებოჭათ მოწინააღმდეგე და გაენადგურებინათ ის. სწორედ ეს იყო ბუნდოვანი და გაუგებარი პრემიერის სიტყვაში. საინტერესოა‚ როგორ აპირებდა ის 23 დივიზიის ძალებით შეებოჭა და მოესპო 21 დივიზია?! აშკარაა‚ რომ ჩერჩილი უბრალოდ ცდილობდა‚ მიეღო ბალკანეთში საომარი მოქმედებების დაწყების ნებართვა‚ მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა‚ თუ თურქეთი არ ჩაებმებოდა ომში. სწორედ ამიტომ მოითხოვდა ჩერჩილი‚ მოეხდინათ ზეწოლა თურქეთზე‚ რომ მას შობამდე გამოეცხადებინა ომი გერმანიისათვის. ეს‚ მისი თქმით‚ გაანეიტრალებდა ბულგარეთს‚ ხელს შეუწყობდა რუმინეთისა და უნგრეთის კაპიტულაციას და‚ გარდა ამისა‚ უზრუნველყოფდა ოვერლორდის წარმატებას.
და მაინც‚ ჩვენი აზრით‚ მთელი ამ გეგმის უკან იდგა მხოლოდ ერთი რამ: ჩერჩილის სწრაფვა დაემყარებინა თავისი კონტროლი ბალკანეთზე. ამას ადასტურებს ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი დოკუმენტი‚ რომლის თანახმადაც თურქეთის ომში ჩაბმა იყო საუკეთესო საშუალება‚ თუ ერთადერთი არა‚ თავიდან აეცილებინათ ამ რეგიონის საბჭოთა გავლენის სფეროში მოხვედრა. ამ საბუთის შემდგენელთა აზრით‚ თუ თურქეთი განაგრძობდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას‚ მაშინ ბრიტანელები ვერ მოახერხებდნენ ბალკანეთში შეღწევას‚ სანამ იქიდან არ წავიდოდნენ გერმანელები‚ ან იქ არ დამკვიდრდებოდნენ რუსები.
ჩერჩილის ეს წინადადებები სტალინისათვის‚ რასაკვირველია, მიუღებელი იყო. მან ფაქტობრივად უპასუხოდ დატოვა ისინი. მართალია‚ სტალინს უარი არ უთქვამს ორი დივიზიის გამოყოფაზე‚ ოღონდ არა იმდენად თურქეთის‚ რამდენადაც იუგოსლაველი პარტიზანების დასახმარებლად. სამაგიეროდ‚ მან ხაზი გაუსვა‚ რომ ძირითად და გადამწყვეტ სამხედრო საკითხს წარმოადგენდა „ოვერლორდის“ განხილვა. საბჭოთა ლიდერმა შესთავაზა ჩერჩილს და რუზველტს‚ მიეცათ სამხედრო კომისიისათვის სამი დირექტივა. პირველში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო‚ რომ „ოვერლორდის“ ვადა არ გადადებულიყო და ის 1944 წ. მაისში განხორციელებულიყო. მეორე დირექტივაში სტალინმა მოითხოვა‚ რომ ჩაეწერათ მისი სურვილი „ოვერლორდისათვის“ მხარდაჭერის მიზნით სამხრეთ საფრანგეთში დესანტის გადასხმის შესახებ. აქ საბჭოთა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე‚ რომ თუკი „ოვერლორდამდე“ 23 თვით ადრე „ენვილის“ განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა‚ მაშინ დაეწყოთ იგი ლა-მანშის ფორსირებასთან ერთად ან უფრო გვიან. ამავე დროს‚ ის კვლავ თვლიდა‚ რომ რომის აღება მაცთუნებელი ოპერაცია იყო და მასზე უარის თქმა სჯობდა. მესამე დირექტივით კი სტალინი ითხოვდა სამხედრო კომისიისაგან „ოვერლორდის“ მთავარსარდლის დანიშვნის დაჩქარებას. რუზველტმა‚ მიიჩნია რა ჩერჩილისა და სტალინის წინადადებები უაღრესად საინტერესოდ‚ თავის მხრივ‚ გამოთქვა მოსაზრება‚ შტაბებს „ოვერლორდისათვის“ ზიანის მიუყენებლად შეემუშავებინათ ბალკანეთში გერმანიის დივიზიების შებოჭვის გეგმები. სტალინი დაეთანხმა ამ აზრს‚ ოღონდ სასურველად ჩათვალა ლამანშის ფორსირების განხორციელება 10-20 მაისის ფარგლებში, მაგრამ ამის წინააღმდეგ გამოვიდა ბრიტანეთის პრემიერი‚ რომელმაც განაცხადა‚ რომ ასეთ ვალდებულებას ვერ იკისრებდა. ორივე მხარემ დაიწყო არგუმენტების მოყვანა თავისი პოზიციების სტალინმა აღნიშნა‚ რომ „ოვერლორდისათვის“ ყველაზე შესაფერისი თვეები იყო აპრილი და მაისი‚ ხოლო აგვისტოში არახელსაყრელი ამინდის გამო არაფერი გამოვიდოდა. ჩერჩილი კი მოითხოვდა ხმელთაშუა ზღვაში არსებული შესაძლებლობების გამოყენებას‚ მიუხედავად იმისა‚ რომ ეს ლა-მანშის ფორსირებას თვით გადადებდა. პასუხად სტალინმა ხმელთაშუა ზღვაში დაგეგმილ ოპერაციებს დივერსიები უწოდა. მაშინ ჩერჩილმა განაცხადა‚ რომ ბრიტანული არმიები უმოქმედოდ არ უნდა დარჩენილიყვნენ‚ რადგანაც ეს არც საბჭოთა კავშირს დაეხმარებოდა და იტალიაშიც მთელ კამპანიას გააფუჭებდა. გარდა ამისა‚ აპენინის ნკ-ზე პასიურობა‚ მისი აზრით‚ გამოიწვევდა იმას‚ რომ გერმანელები კვლავ გადაიყვანდნენ თავის დივიზიებს საფრანგეთში‚ რაც „ოვერლორდისათვის“ საზიანო იქნებოდა. ამიტომ ის მომხრე იყო იტალიაში აქტიური საომარი მოქმედებების წარმოებისა.
ჩერჩილი ამის შემდეგ კვლავ მიუბრუნდა თურქეთის ომში ჩაბმის საკითხს. მისი თქმით‚ თურქეთის უარი დიდად საზიანო იქნებოდა‚ რადგანაც გერმანია შეინარჩუნებდა გაბატონებულ მდგომარეობას ბალკანეთში. ის აცხადებდა‚ რომ ასეთ შემთხვევაში არ მოითხოვდა ჯარების გამოყოფას როდოსისა და ეგეოსის ზღვის სხვა კუნძულების ასაღებად. თურქეთის ომში ჩაბმა კი‚ მისი მტკიცებით‚ ძალიან დიდ პლიუსებს მოუტანდა მოკავშირეებს‚ რადგან მათ ხელში აღმოჩნდებოდა თურქული ავიაბაზები ანატოლიაში‚ როდოსის დასაკავებლად კი მაშინ ერთი მოიერიშე დივიზიაც იქნებოდა საკმარისი‚ დარდანელის სრუტეც გაიხსნებოდა და გერმანიის ბატონობასაც ამ რეგიონში ბოლო მოეღებოდა. გარდა ამისა‚ ეს გამოათავისუფლებდა ეგვიპტეში განლაგებულ ნაწილებსაც. ყველაფერი ეს ალბათ სტალინისთვისაც მისაღები იქნებოდა‚ რომ არა ერთი გარემოება‚ რომლის აღიარება თვით ჩერჩილსაც მოუხდა: ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა სადესანტო საშუალებების დატოვება ხმელთაშუა ზღვაში‚ რაც ეჭვს ქვეშ დააყენებდა როგორც „ოვერლორდის“‚ ისე „ენვილის“ წარმატებით განხორციელებას.1 ყოველ შემთხვევაში‚ როგორც ჩანს‚ ჩერჩილს იმედი ჰქონდა‚ რომ თურქეთის ომში ჩაბმის შემთხვევაში ის მოახერხებდა რუზველტისაგან თანხმობის მიღებას ბალკანეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალების გადასროლაზე. შესაძლოა‚ ბრიტანეთის პრემიერს ამით „ოვერლორდის“ გადადებისათვის ვერ მიეღწია‚ მაგრამ სამხრეთ საფრანგეთში დაგეგმილი ოპერაციის ჩატარება ნამდვილად საეჭვო გახდებოდა.
1. საინტერესოა‚ რატომ არ აქცევდა ყურადღებას ამ გარემოებას სტალინი 1942-1943 წლების შემოდგომაზე‚ როდესაც მოითხოვდა მეორე ფრონტის სასწრაფოდ გახსნას?!
ბოლოს ჩერჩილი დათანხმდა სამხედრო კომისიისათვის დირექტივების მიცემაზე, ოღონდ ახლა უკვე სტალინი არ იყო დარწმუნებული ამის საჭიროებაში. მან განაცხადა‚ რომ არავითარი სამხედრო კომისია არ იყო საჭირო და მთავრობათა მეთაურებს თვითონ შეეძლოთ ყველა გადაწყვეტილების მიღება „ოვერლორდთან“ დაკავშირებით: განესაზღვრათ ლამანშის ფორსირების ვადა‚ ოპერაციის მთავარსარდლის ვინაობა და‚ აგრეთვე‚ „ენვილის“ საჭიროების საკითხი. როგორც ჩანს‚ სტალინს შეეშინდა‚ რომ სამხედრო კომისიაში ამ პრობლემის განხილვა გაჭიანურდებოდა და კონფერენციაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. რუზველტი კი პრინციპში არ იყო წინააღმდეგი‚ გაეცათ ეს საკითხები სამხედროებისათვის‚ რომელთაც‚ მისი აზრით‚ საფუძვლად უნდა მიეღოთ „ოვერლორდი“ და წარმოედგინათ თავიანთი წინადადებები ხმელთაშუა ზღვის რაიონში დამხმარე ოპერაციების შესახებ‚ თუმცა აქვე გამოთქვამდა ერთგვარ შიშს‚ რომ ამ ოპერაციებს შეეძლოთ ლამანშის ფორსირებისათვის ხელის შეშლა.
ჩერჩილის წინააღმდეგობით გაღიზიანებულმა სტალინმა მოითხოვა „ოვერლორდის“ განხორციელების ზუსტი ვადა.1 რუზველტმა აღნიშნა‚ რომ თარიღი განსაზღვრული იყო კვებეკში და მხოლოდ ვითარების უაღრესად სერიოზულ ცვლილებას შეეძლო მისი შეცვლა. ჩერჩილმა კი რამდენადმე ორჭოფული პოზიცია დაიკავა და წინადადება შემოიტანა‚ სამხედრო კომისიას ამ საკითხზე სპეციალური მოკვლევა მოეწყო. რუზველტიც დაეთანხმა მას‚ მაგრამ სტალინმა კატეგორიულად გაილაშქრა ამ წინადადების წინააღმდეგ. მან აღნიშნა‚ რომ სამხედრო კომისიაზე მეტი უფლებები მთავრობათა მეთაურებს ჰქონდათ‚ ამიტომ მათ თვითონ უნდა გადაეჭრათ ეს საკითხები. უფრო მეტიც‚ სტალინმა პირდაპირ ჰკითხა ჩერჩილს‚ სჯეროდა თუ არა მას „ოვერლორდისა“‚ თუ მხოლოდ საბჭოთა მხარის დასამშვიდებლად ლაპარაკობდა ამ თემაზე. პრემიერმა არც ამ კითხვას გასცა პირდაპირი პასუხი. მან განაცხადა‚ რომ ინგლისელები ვალდებულნი იქნებოდნენ გადაესროლათ მთელი თავისი ძალები გერმანელების წინააღმდეგ‚ როგორც კი დაიწყებოდა „ოვერლორდი“‚ მაგრამ აქვე აღნიშნა‚ რომ საკუთრივ ოპერაციის ჩატარება დამოკიდებული იყო პირობებზე‚ რომლებიც ჩამოყალიბებულ იქნა მოსკოვის კონფერენციაზე.2
1. მეორე პლენარული სხდომის დასკვნითი ნაწილი ბოლენის ჩანაწერებში პრაქტიკულად არ არის ასახული.
2. აღნიშნული პირობების შესახებ საბჭოთა მხარეს მოხსენდა საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვის კონფერენციის მსვლელობისას გენ. ჯ. დინის მიერ.
რუზველტმა‚ იგრძნო რა‚ რომ ჩერჩილის ასეთ პასუხს შესაძლებელი იყო‚ მოჰყოლოდა სიტუაციის დაძაბვა‚ წინადადება შემოიტანა‚ სხდომა მეორე დღისათვის გადაედოთ‚ რასაც დანარჩენებიც დაეთანხმნენ. გადაწყდა აგრეთვე‚ რომ სამხედრო კომისიის შექმნა არ იყო საჭირო. სამაგიეროდ‚ მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ‚ რომ მეორე დღეს შემდგარიყო მოლოტოვის‚ იდენისა და ჰოპკინსის თათბირი. ასევე მიიღეს ჩერჩილის წინადადება‚ რომ მას და რუზველტს შეეთანხმებინათ თავიანთი თვალსაზრისები და საერთო პოზიცია შეემუშავებინათ შემდეგი სხდომისათვის. ეს‚ სტალინის აზრით‚ მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს კონფერენციის მუშაობის დაჩქარებას. ამით მთავრობათა მეთაურების მეორე სხდომა დასრულდა და‚ როგორც შემდგომში გაირკვა‚ ეს ფაქტობრივად აღმოჩნდა ჩერჩილის ბოლო გაბრძოლება „ოვერლორდის“ წინააღმდეგ.
მეორე დღეს, 30 ნოემბერს, სტალინთან პირისპირ შეხვედრისას ბრიტანეთის პრემიერმა ფაქტობრივად თავი იმართლა საბჭოთა ლიდერის წინაშე და განაცხადა, რომ მას გარკვეულწილად ხელს უშლიდნენ ამერიკელები. ჩერჩილის თქმით, ხმელთაშუაზღვისპირეთში განლაგებული მოკავშირეთა ძალების თითქმის ¾-ს შეადგენდნენ ინგლისელები და მას სურდა ამ შენაერთების ეფექტურად გამოყენება გერმანელების წინააღმდეგ, მაგრამ სადესანტო საშუალებების ნაკლებობა მთელ რიგ პრობლემებს ქმნიდა. ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელისუფლებას სურდა ინგლისელებს ჩაეტარებინათ ოპერაცია ბენგალიის ყურეში,1 მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელები მაინცდამაინც არ იყვნენ აქ აქტიური ქმედებებით დაინტერესებულნი. ამავე დროს, ჩერჩილმა გამოხატა თავისი უკმაყოფილება იმ ფაქტით, რომ უკვე 1944წ. შემოდგომაზე ამერიკელებმა, „ოვერლორდისათვის“ მზადების მომიზეზებით, ხმელთაშუაზღვისპირეთიდან გაიყვანეს 7 გამოცდილი დივიზია, რამაც სერიოზულად შეაფერხა წინსვლა იტალიაში. აქვე მან წარმოუდგინა სტალინს ანციოში დესანტის გადასხმის გეგმა, რომელზეც ის დიდ იმედებს ამყარებდა და რომელსაც ის უწოდებდა „სტალინგრადს მინიატურაში“.2 ჩერჩილის თქმით, ამ ოპერაციის შემდეგ გერმანელთა ძირითადი ძალები იტალიაში განადგურებული იქნებოდა და გაცილებით იოლი იქნებოდა „დრაგუნის“ განხორციელება.
1. ოპერაცია „ბუკანიერი“ გულისხმობდა დესანტის გადასხმას ანდამანის კუნძულებზე და რომლის განხორციელებასაც გეგმავდნენ მოკავშირეები 1944წ. ოპერაცია ჩაიშალა, რადგანაც მისთვის განკუთვნილი ხომალდები „ოვერლორდის“ მზადების პერიოდში ევროპაში იქნა გადასროლილი.
2. საუბარი ეხება ოპერაცია „შინგლს“, რომლის განხორციელება დაიწყო 1944წ. 22 იანვარს. გეგმის თანახმად, მოკავშირეთა ორ დივიზიას უნდა დაეკავებინა პლაცდარმი ანციოს მიდამოებში და შეეტია რომისთვის ჩრდილოეთიდან. იმ შემთხვევაში, თუ გერმანელთა მთავარსარდალი ფელდმარშალი ალბერტ კესელრინგი გადაისროდა ძალებს ამ მიმართულებით, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა რომის აღება სამხრეთიდან. ჩერჩილისდა სამწუხაროდ, ოპერაცია ფაქტობრივად ჩაიშალა, რისი მთავარი მიზეზიც იყო სადესანტო ძალების სარდლის, ამერიკელი გენერლის ჯონ ლუკასის გაუბედავი მოქმედება. შედეგად, კესელრინგმა, რომელმაც თავიდან სიტუაცია განწირულად ჩათვალა, მოახერხა დამატებითი ძალების გადასროლა და მოწინააღმდეგის მომწყვდევა ვიწრო პლაცდარმზე. ლუკასის შეცდომამ რომის აღება მთელი ოთხი თვით გადაავადა და სერიოზულად იმოქმედა ომის შემდგომ მსვლელობაზე როგორც იტალიაში, ისე საერთოდ დასავლეთის ფრონტზე.
სტალინს პრაქტიკულად არაფერი უთქვამს ჩერჩილის იტალიური გეგმების შესახებ, მაგრამ მან აღნიშნა, რომ დიდი იმედი ჰქონდა საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნის. საბჭოთა ლიდერის თქმით, თუ დასავლეთელი მოკავშირეები არ მოახდენდნენ ლა-მანშის სრუტის ფორსირებას, ეს გამოიწვევდა სერიოზულ უკმაყოფილებას ქვეყანაში. ამიტომ მან ხაზი გაუსვა, რომ უნდა სცოდნოდა, თუ ოპერაცია არ შედგებოდა, რათა აღეკვეთა არასაჭირო ექსცესები. როგორც ჩანს, სტალინის ამ უკანასკნელმა არგუმენტმა, რომელიც მართლაც შეესაბამებოდა სინამდვილეს ამ შემთხვევაში, იმოქმედა ჩერჩილზე, რომელმაც დადო „ოვერლორდის“ განხორციელების პირობა, თუ იქნებოდა გარანტია, რომ გერმანელები საფრანგეთში რეზერვების გადასროლას ვერ შეძლებდნენ. მისი თქმით, თუ საბჭოთა მხარე განაგრძობდა მოწინააღმდეგის შებოჭვას აღმოსავლეთის ფრონტზე და მოხერხდებოდა გერმანელთა წინააღმდეგ ოპერაციების წარმართვა იტალიასა და იუგოსლავიაში, ამასთან, თურქეთიც ჩაებმებოდა ომში, მაშინ „ოვერლორდი“ უდავოდ წარმატებული იქნებოდა. პასუხად სტალინმა აღუთქვა ბრიტანეთის პრემიერს, რომ საბჭოთა მხარე, თუ მას ეცოდინებოდა ლა-მანშის ფორსირების თარიღი, არა ერთ, არამედ რამდენიმე შეტევით ოპერაციას მოამზადებდა იმ პერიოდისათვის და ამით გამორიცხავდა აღმოსავლეთის ფრონტიდან დასავლეთში გერმანული შენაერთების გადასროლას.1 ჩერჩილმა ვერ შეძლო ზუსტი ვადების დასახელება, თუმცა აღუთქვა საბჭოთა ლიდერს, რომ ამას ის და პრეზიდენტი რუზველტი გააკეთებდნენ სადილის დროს, მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა სამხედროთა თათბირი. ჩერჩილისა და სტალინის შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის სხდომა, რომელიც ადრე დილით დაიწყო.
1. სტალინმა პირობა მართლაც შეასრულა და 1944 წ. ზაფხულში ორი მძლავრი შეტევა მოაწყო გერმანელების წინააღმდეგ: ერთი კარელიაში, მეორე კი ბელორუსიაში (ოპერაცია „ბაგრატიონი“).
რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მისმა მონაწილეებმა დაადგინეს, რომ „ოვერლორდის“ დაწყება მოხდებოდა 1944წ. მაისის განმავლობაში და ამის პარალელურად განხორციელდებოდა ოპერაცია სამხრეთ საფრანგეთში‚ რომლის მასშტაბი დამოკიდებული იქნებოდა იმ დროისათვის მოკავშირეთა ხელთ არსებულ სადესანტო გემების რაოდენობაზე. ეს გადაწყვეტილება ჯერ პრეზიდენტმა გააცნო სტალინს სადილის დროს‚ ხოლო საღამოს‚ მთავრობათა მეთაურების მესამე სხდომაზე ა. ბრუკმა განავრცო იგი თავის გამოსვლაში. სტალინი‚ რასაკვირველია‚ კმაყოფილი დარჩა მიღებული გადაწყვეტილებით და‚ თავის მხრივ‚ დაჰპირდა მოკავშირეებს‚ რომ მაისისათვის საბჭოთა ჯარები რამდენიმე ადგილას დიდ შეტევას წამოიწყებდნენ გერმანელთა წინააღმდეგ‚ რათა მათი დივიზიები მიჯაჭვული ყოფილიყო აღმოსავლეთის ფრონტზე და „ოვერლორდისათვის“ რაიმე სიძნელეების შექმნის საშუალება არ მისცემოდათ. საბჭოთა მეთაურის ამ განცხადებით თავისი კმაყოფილება გამოთქვა რუზველტმა. გარდა ამისა‚ მან აღნიშნა‚ რომ 34 დღეში‚ კაიროში დაბრუნებისთანავე‚ დანიშნავდა „ოვერლორდის“ მთავარსარდალს.
მეორე ფრონტის საკითხის განხილვა თეირანის კონფერენციაზე პრაქტიკულად ამით დასრულდა. დიპლომატიური ბრძოლა‚ რომელიც ფაქტობრივად ჯერ კიდევ 1941 წელს დაიწყო‚ დამთავრდა ლა-მანშის ფორსირების მომხრეთა სრული გამარჯვებით. გადამწყვეტ მომენტში ჩერჩილმა ვერ შეძლო რუზველტის მომხრობა. არადა‚ სწორედ აშშ-ს პრეზიდენტის პოზიციას ჰქონდა ამ დიპლომატიური ბრძოლის მსვლელობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა. რუზველტის მხარდაჭერამ სტალინისადმი განაპირობა კიდეც კონფერენციაზე საფრანგეთში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. „ოვერლორდის“ დამტკიცებას მოკავშირეთა ძირითად ოპერაციად ევროპაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გენერალი ჯ. მარშალის განცხადებით‚ ეს იყო საუკეთესო გეგმა გერმანიის უმოკლეს დროში დასამარცხებლად, მაგრამ აქ არა მარტო სამხედრო ასპექტები იყო გასათვალისწინებელი. სტალინისათვის ეს დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო‚ რადგანაც ახლა უკვე ვერავითარი ძალა ვერ შეუშლიდა მას ხელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების დაკავებასა და იქ მისთვის სასურველი რეჟიმის დამყარებაში. ჩერჩილი გრძნობდა‚ თუ რა მოჰყვებოდა რუმინეთის‚ ბულგარეთის‚ უნგრეთისა და იუგოსლავიის საბჭოთა ჯარების მიერ განთავისუფლებას‚ მაგრამ რუზველტს ეს იმდენად არ აწუხებდა. ერთი მხრივ‚ აშშ-ს პრეზიდენტს არ სურდა ამ ქვეყნების ომისშემდგომი პოლიტიკური ორიენტაციის გამო სტალინთან ურთიერთობების გაფუჭება‚ მით უმეტეს‚ როცა ის დაინტერესებული იყო იაპონიასთან ომში სსრ კავშირის ჩაბმით‚ ხოლო‚ მეორე მხრივ‚ მას ეშინოდა‚ რომ საბჭოთა ჯარები დასავლეთელ მოკავშირეებზე ადრე აიღებდნენ გერმანიის სამრეწველო ცენტრებს _ რურისა და საარის ოლქებს‚ რომელთა დაკავებაც ამერიკელთა სტრატეგიულ მიზნებში შედიოდა‚ მაშინ როდესაც ბალკანეთის რეგიონი ბრიტანული პოლიტიკის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. შესაბამისად რუზველტს არც ისე აშფოთებდა ცენტრალური ევროპის ქვეყნების მოსალოდნელი „გაწითლება“ და ამიტომ არ ამოუდგა მხარში ჩერჩილს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ბრიტანეთის პრემიერის შიში ომის შემდგომ გამართლდა კიდეც და მნიშვნელოვანი როლი ამაში სწორედ თეირანის კონფერენციაზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ითამაშეს‚ თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს‚ რომ მათი დამტკიცების დროს _ 1943 წლის მიწურულს‚ უმთავრესი მაინც გერმანიის სწრაფად დამარცხება იყო. საუკეთესო საშუალებას ამისათვის კი წარმოადგენდა „ოვერლორდი“‚ რომელიც წარმატებით იქნა განხორციელებული 1944 წ. 6 ივნისს.
$3. მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის საკითხების განხილვა თეირანის კონფერენციაზე
მეორე ფრონტის გახსნის საკითხის გარდა კონფერენციაზე „დიდი სამეულის“ წევრებმა საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმეს მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის საკითხებსაც. როგორც ზემოთ აღინიშნა, გარკვეულ კონსულტაციებს ამ მიმართულებით ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ სტალინისა და რუზველტის პირველ კონფიდენციალურ შეხვედრაზე. უკვე პირველი პლენარულის სხდომის შემდეგ კი, ვახშმის დროს, ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდა. ინიციატორი ამჯერად სტალინი იყო, რომელმაც საფრანგეთზე ჩამოაგდო საუბარი და აღნიშნა, რომ ომის შემდგომ არ უნდა მომხდარიყო საფრანგეთის იმპერიის აღდგენა.
ჩერჩილმა სცადა შეპასუხებოდა საბჭოთა ლიდერს და აღნიშნა, რომ საფრანგეთმა მარცხი განიცადა და, შედეგად, ამჟამად ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. სტალინმა არ მიიღო ბრიტანეთის პრემიერის ეს არგუმენტი და განაცხადა, რომ საფრანგეთის მმართველმა წრეებმა თავად ჩააბარეს ქვეყანა გერმანიას და ფრანგები ახლაც აქტიურად ეხმარებოდნენ მტერს. ასე რომ, საბჭოთა ლიდერის აზრით, საფრანგეთს ომის დასრულების შემდეგ არ უნდა ეთამაშა სერიოზული როლი მსოფლიო პოლიტიკაში. რუზველტი გარკვეულწილად დაეთანხმა სტალინს და განაცხადა, რომ საფრანგეთის მომავალი მთავრობის წევრობის უფლება არ უნდა მისცემოდა არცერთ 40 წელზე უფროს პიროვნებას და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ კოლონიების ნაწილი, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნოდა ომამდე, კერძოდ ახალი კალედონია და დაქარი, უნდა გადასცემოდა გაერთიანებულ ერებს სამანდატო ტერიტორიების სახით.1 ეს აზრი გაიზიარა ჩერჩილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ომის შემდგომ მთელ რიგ სტრატეგიულ პუნქტებზე კონტროლი უნდა დაემყარებინა ოთხ გამარჯვებულ სახელმწიფოს _ აშშ-ს, სსრ კავშირს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთს. საფრანგეთის საკითხის განხილვის შემდგომ მხარეები შეეხნენ გერმანიის ომისშემდგომი მოწყობის პრობლემას. სტალინმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ მოკავშირეებს უნდა შეენარჩუნებინათ სტრატეგიული პოზიციები გერმანიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეუშლიდნენ ხელს გერმანული მილიტარიზმის აღორძინებას. მისი თქმით, მხოლოდ გერმანიის კონტროლი და მისი განიარაღება საქმეს ვერ უშველიდა და სასურველი იყო გერმანიის დანაწევრება. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ლიდერმა ერთგვარად ეჭვსქვეშ დააყენა უპირობო კაპიტულაციის პრინციპის გამოყენება გერმანიასთან მიმართებაში. მისი თქმით, გაურკვევლობა აძლიერებდა გერმანელების წინააღმდეგობას, მაშინ როდესაც ზუსტი, თუნდაც უმძიმესი, პირობების წაყენება დააჩქარებდა გერმანიის კაპიტულაციას. გარდა ამისა, სტალინმა აღნიშნა პოლონეთის საზღვრის ოდერზე გადატანის აუცილებლობაც. აქ საუბარში ჩაერთო რუზველტი, რომელმაც სასურველად ჩათვალა კილის არხზე საერთაშორისო კონტროლის დამყარება, რათა უზრუნველყოფილიყო თავისუფალი მიმოსვლა ბალტიის ზღვაში. როგორც ჩანს, რუსმა თარჯიმანმა, ვ. პავლოვმა სწორად ვერ გაიგო აშშ-ს პრეზიდენტის ნათქვამი, ან შეიძლება სტალინმა, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა ამ სიტყვების არასწორად გაგება და მკაცრად განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნების (იგულისხმება ლიტვა, ლატვია და ესტონეთი _ თ.პ.) მოსახლეობამ ხმა მისცა საბჭოთა კავშირში გაწევრიანებას და ეს საკითხი არანაირ განხილვას არ ექვემდებარებოდა. რასაკვირველია, რუზველტმა და ჩერჩილმა აუხსნეს მას, რომ საუბარი სულ სხვა საკითხს ეხებოდა, რის შემდეგაც საბჭოთა ლიდერი დაეთანხმა რუზველტის იდეას.
1. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა დამოკიდებულება გააჩნდა რუზველტს გენ. შარლ დე გოლისადმი. 1943 წ. მიწურულისათვის დე გოლის ხელისუფლება აკონტროლებდა პრაქტიკულად ყველა აფრიკულ კოლონიას, მათ შორის დაქარს და, ბუნებრივია, აშშ-ს პრეზიდენტის ასეთი პოზიცია უბრალოდ შეურაცხმყოფელი იქნებოდა როგორც საერთოდ ფრანგებისათვის, ისე მათი ლიდერის, გენ. დე გოლისადმი.
გერმანიისა და პოლონეთის საკითხის განხილვა გაგრძელდა ვახშმის შემდეგაც, ოღონდ უკვე რუზველტის გარეშე. ჩერჩილმა წამოაყენა რამდენიმე წინადადება, რომელთა თანახმადაც გერმანელებისთვის უნდა აეკრძალათ ყველა სახის (მათ შორის, სამოქალაქო) ავიაციის ყოლის უფლება, უნდა მომხდარიყო სრული კონტროლის დამყარება მათთვის დატოვებულ სამრეწველო სფეროებზე და ა.შ. სტალინს არც ერთი ეს იდეა არ მოეწონა. საბჭოთა ლიდერის თქმით, გერმანელები იმდენად ნიჭიერი ხალხი იყო, რომ 15-20 წელიწადში ისევ იქცეოდნენ საფრთხედ დანარჩენი მსოფლიოსთვის.1
პოლონეთის საზღვრების საკითხის განხილვისას კი ჩერჩილმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის, რომელიც ომში გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის გამო ჩაერთო, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დამოუკიდებელი და ძლიერი პოლონეთის აღდგენას, მაგრამ მის საზღვრებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული დაინტერესება არ გააჩნდა.
უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად სტალინს არ გამოუთქვამს დაინტერესება ამ საკითხით, მაგრამ შემდეგ, როდესაც იდენმა ჰკითხა, მართლა სურდა თუ არა მას პოლონეთ-გერმანიის საზღვრის ოდერზე გავლება, საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ სსრ კავშირი ყველანაირად დაეხმარებოდა პოლონელებს, ასეთი მიჯნის მიღწევაში. უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის დელეგაცია მეტად გაახარა სტალინის ამ სიტყვებმა, რადგანაც, როგორც ირკვევა, თურმე მათ ეგონათ, საბჭოთა კავშირი მთლიანად აპირებდა პოლონეთის მიერთებას. შედეგად, ჩერჩილმა ასანთის სამი ღერი აიღო და მათი დახმარებით აჩვენა, თუ როგორ უნდა გადაწეულიყო პოლონეთის როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საზღვარი, თუმცა საბჭოთა ლიდერმა შენიშნა, რომ ამ საკითხზე შემდგომი მოლაპარაკებები აუცილებელი იქნებოდა.
1. ჩვენი აზრით, ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თეირანში სტალინს გერმანიის დანაწევრება სურდა.
29 ნოემბერს, პლენარულ სხდომამდე რუზველტი და სტალინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. აშშ-ს პრეზიდენტმა წარმოადგინა თავისი წინადადება გაერთიანებული ერების წევრების ბაზაზე საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბების შესახებ. მისი თქმით, მთლიანად მასში უნდა გაწევრიანებულიყო დაახლოებით 35 ქვეყანა, მაგრამ აღმასრულებელი კომიტეტი უფრო მცირე უნდა ყოფილიყო. რუზველტის იდეით, მასში სსრ კავშირთან, აშშ-სთან, დიდი ბრიტანეთსა და ჩინეთთან ერთად უნდა შესულიყო ორი ევროპული და თითო-თითო სამხრეთამერიკული, ახლო აღმოსავლეთის, შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო ერთ ბრიტანულ დომინიონთან ერთად. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მან გაანდო აღნიშნული წინადადება ჩერჩილს, რომელსაც მაინცდამაინც არ მოეწონა ის, რადგანაც ბრიტანეთს მხოლოდ ორი ხმა ექნებოდა აღმასრულებელ კომიტეტში, რომლის ფუნქციებშიც შევიდოდა ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის საკითხების გადაწყვეტა. აქვე რუზველტმა დაამატა, რომ უსაფრთხოების ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარება იქნებოდა მესამე ორგანიზაციის პრეროგატივა, რომელსაც მან პირობითად „ოთხი პოლიციელი“ უწოდა.
სტალინი ერთგვარად სკეპტიკურად შეხვდა რუზველტის იდეას. მისი თქმით, ევროპის მცირე სახელმწიფოებს არ მოეწონებოდათ „ოთხი პოლიციელის“ იდეა, მითუმეტეს, რომ იქ მოიაზრებოდა ჩინეთიც, რომლის მონაწილეობაც ასეთი ტიპის ორგანიზაციაში საბჭოთა ლიდერმა საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა.1 სტალინმა უპრიანად ჩათვალა ევროპული კომისიის შექმნა, რომელშიც სსრ კავშირს, დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს კიდევ ერთი ევროპული წევრი დაემატებოდა. რუზველტმა პასუხად შენიშნა, რომ ჩერჩილსაც დაახლოებით იგივე აზრი ჰქონდა, მაგრამ, მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უბრალოდ არ დაუშვებდა ქვეყნის მონაწილეობას ისეთ ევროპულ კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებითაც შესაძლო იყო ამერიკულ საჯარისო ნაწილების გადასროლა ევროპაში.
1. უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ჩანაწერში არ გვხვდება მინიშნება ჩინეთის სისუსტეზე საბჭოთა ლიდერის მხრიდან, რაც, ჩვენი აზრით, სულაც არ არის შემთხვევითი. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში საბჭოთა ჩანაწერმა განიცადა მიზანმიმართული რედაქტირება. ამასთან, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა ამ საუბრისას. შეხვედრის მიწურულს იგივე ვითარება მეორდება, როდესაც სტალინი კვლავ გამოთქვამს თავის ეჭვებს ჩინეთის სისუსტესთან მიმართებაში, რასაც რუზველტიც ეთანხმება და აღიარებს, რომ ჩინეთი იმ პერიოდში სუსტ სახელმწიფოს წარმოადგენდა, მაგრამ ამართლებს მის შეყვანას „პოლიციელთა“ რიცხვში 400-მილიონიანი მოსახლეობით. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უმჯობესი იყო ჩინეთი ყოფილიყო მეგობარი და არა პოტენციური პრობლემების საბუდარი. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ საკუთრივ ჩინეთის ხელისუფლება თავის მდგომარეობას იმდენად კრიტიკულად აფასებდა 1943 წ. მიწურულს, რომ არ გამორიცხავდა სრულ მარცხსაც 6 თვის განმავლობაში აშშ-ს მხრიდან სესხის სახით მილიარდი დოლარის არმიღების შემთხვევაში.
უნდა აღინიშნოს, რომ რუზველტის ეს არგუმენტი ნამდვილად არ იყო დამაჯერებელი, რაც სტალინმაც შეამჩნია. საბჭოთა ლიდერმა უმალ მიუთითა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ „ოთხ პოლიციელს“ ასევე შეეძლო მოეთხოვა მისი ქვეყნისაგან სამხედრო შენაერთების ევროპაში გამწესება. რუზველტმა პასუხად შენიშნა, რომ ის აპირებდა მხოლოდ სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ნაწილებით შემოფარგვლას ამ შემთხვევაში,1 ხოლო სახმელეთო ჯარების გამოყოფა კი დიდი ბრიტანეთისა და სსრ კავშირის ვალდებულება იქნებოდა. მიუხედავად ამისა, სტალინმა არასაკმარისად ჩათვალა რუზველტის წინადადება და განაცხადა, რომ წარმოდგენილი ორგანიზაციები გერმანიის მხრიდან შესაძლო აგრესიას ვერ შეაჩერებდნენ. მისი თქმით, ამისთვის საჭირო იყო მთელი რიგი პუნქტების გაკონტროლება როგორც საკუთრივ გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აქვე სტალინმა აღნიშნა, რომ ასეთივე პოლიტიკა უნდა გატარებულიყო იაპონიის მიმართ და მის გარშემო არსებული კუნძულები საერთაშორისო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო, რასაც რუზველტი სრულად დაეთანხმა კიდეც.
1. ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რა პრინციპულ განსხვავებას ხედავდა რუზველტი ამ შემთხვევაში. არა გვგონია, რომ კონგრესისათვის რაიმე მნიშვნელობა ექნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციის შემადგენლობაში ჩინეთის ყოფნა-არყოფნის ფაქტს. საერთოდ, აშშ-ს 32-ე პრეზიდენტს ნამდვილად ჰქონდა სიმპათიები ჩინეთის მიმართ, რაც, როგორც ჩანს, ბაბუამისის გავლენა იყო.
ჩვენი აზრით, სტალინი აქ ერთგვარად ნიღბავდა თავის ნამდვილ მიზნებს. მაგალითად, გერმანიის მხრიდან შესაძლო აგრესიის თავიდან ასაცილებლად მან საჭიროდ ჩათვალა დაქარზე საერთაშორისო კონტროლის დამყარება. ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარია, რა კავშირში უნდა ყოფილიყო ეს ფრანგული ფორპოსტი დასავლეთ აფრიკაში გერმანიის მხრიდან შესაძლო აგრესიასთან, ასე რომ, სავარაუდოდ, კონკრეტულად მისი დასახელება განპირობებული იყო მხოლოდ რუზველტის მიერ წინა დღეს დაქარის ხსენებით. ჩვენი აზრით, საბჭოთა ლიდერი ამით ერთგვარად აშშ-ს პრეზიდენტის გადაბირებას ცდილობდა და, გარკვეულწილად, ეს გამოუვიდა კიდეც. იგივე შეიძლება ითქვას იაპონიის კუნძულებთან დაკავშირებით. სტალინი უკვე 1943წ. ფიქრობდა სახალინსა და კურილის კუნძულებზე სრული კონტროლის დამყარებას და სწორედ ამიტომ გაამახვილა მან ყურადღება ამ საკითხზე. გერმანიისა და იაპონიის საკითხების განხილვა გაგრძელდა 29 ნოემბერს, მთავრობათა მეთაურების ვახშმობისას. მართალია, ამ შემთხვევაში საუბარი უფრო კურიოზულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, ის საკმაოდ მნიშვნელოვანია „დიდი სამეულის“ ლიდერების ურთიერთობების სრულყოფილად შეფასებისათვის. სტალინი აშკარად ვერ მალავდა თავის უკმაყოფილებას კონფერენციის მიმდინარეობით და, განსაკუთრებით, ჩერჩილის პოზიციით. ამიტომ ის მთელი ვახშმის განმავლობაში ცდილობდა ბრიტანეთის პრემიერის პროვოცირებას, რაც, პრინციპში გამოუვიდა კიდეც. სტალინმა შენიშნა, რომ გერმანიის ხელახალი აღორძინების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო მის ტერიტორიაზე სტრატეგიული პუნქტების დაკავება და გენერალური შტაბის ლიკვიდაცია, კერძოდ, 50 ათასიდან 100 ათასამდე გერმანელი ოფიცრის დახვრეტა. სავარაუდოდ, საბჭოთა ლიდერი ხუმრობდა,1 მაგრამ ჩერჩილმა მაინც იფეთქა და განაცხადა, რომ არ დაუშვებდა პოლიტიკური მოტივებით ვინმეს სიკვდილით დასჯას. უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ მზად იყო თავი გაეწირა და იქვე ეზოში დახვრეტილიყო, ვიდრე დათანხმებულიყო ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილების მიღებას.2
1. საუბრის მიზეზისა და თავად სტალინის აღიარებიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლოა, რომ ის ხუმრობდა, თუმცა მის მიერ საბჭოთა კავშირში გატარებულ რეპრესიებს თუ გავიხსენებთ, შესაძლოა, ამ სიტყვებში გარკვეულწილად სიმართლის მარცვალიც იყო. ყოველ შემთხვევაში, თავად ჩერჩილმა ბოლომდე მაინც არ დაუჯერა სტალინს, რომ ეს ხუმრობა იყო.
2. არ არის გამორიცხული, რომ ჩერჩილის ასეთი მძაფრი რეაქცია გარკვეულწილად გათამაშებულიც იყო, რადგანაც ის ხვდებოდა, რომ მოუწევდა „ოვერლორდის“ საკითხში დათმობა. უფრო მეტიც, შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილება მას უკვე მიღებულიც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მეორე დილას ამ საკითხზე პრაქტიკულად არანაირი მსჯელობა არ გამართულა.
რუზველტმა სცადა საკითხის საბოლოოდ გადაყვანა ხუმრობის ტალღაზე და აღნიშნა, რომ 50 ათასი ზედმეტად მაღალი რიცხვი იყო და პირადად ის მხოლოდ 49 ათასი ოფიცრის სიკვდილით დასჯით შემოიფარგლებოდა, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტის ეს მცდელობა გააფუჭა მისივე ვაჟმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ვახშამს. ელიოტ რუზველტმა სრულიად სერიოზულად გამოხატა თავისი მხარდაჭერა სტალინის წინადადებისადმი. ჩერჩილმა საბოლოოდ დაკარგა მოთმინება და სხვა, ნახევრადჩაბნელებულ ოთახში გავიდა.1 როგორც ჩანს, სტალინმა მთლიანად დაიკმაყოფილა თავისი სურვილი, რადგანაც ის თავადაც მიჰყვა ბრიტანეთის პრემიერს და ღიმილით აუხსნა, რომ იხუმრა და არაფერი მსგავსი არ უფიქრია. ჩერჩილიც დაბრუნდა დარბაზში, თუმცა მემუარებში მაინც აღნიშნა, რომ მან ბოლომდე არ დაუჯერა სტალინს.
სულ სხვა ატმოსფერო სუფევდა მეორე დღეს გამართული სადილისას. მას შემდეგ, რაც რუზველტმა და ჩერჩილმა სტალინს ამცნეს „ოვერლორდის“ ჩატარების თარიღად 1944 წ. მაისის დამტკიცება, საბჭოთა ლიდერს აშკარად დაეტყო კმაყოფილება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტალინი იშვიათად იყო ხოლმე „დიდი სამეულის“ შეხვედრების დროს ისეთ კარგ ხასიათზე, როგორც ამ სადილის დროს. მას არ გამოუჩენია დიდი წინააღმდეგობა თურქეთის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ჩერჩილმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იყო გადაედოთ სრუტეების საკითხის განხილვა მომავლისათვის, რადგანაც ახლა მთავარ დაინტერესებას წარმოადგენდა გერმანიასთან ომში თურქეთის ჩაბმა. საბჭოთა ლიდერმა უბრალოდ შენიშნა, რომ მას ამ პრობლემის გარშემო მხოლოდ ზოგადად მსჯელობა სურდა. შედეგად, სტალინმა სავსებით საკმარისად მიიჩნია ბრიტანეთის პრემიერის დაპირება, რომ სრუტეების რეჟიმის გადახედვასთან დაკავშირებით ინგლისი არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა მომავალში სსრ კავშირს.
სადილისას განხილული იქნა შორეული აღმოსავლეთის საკითხებიც. სტალინმა აღნიშნა, რომ მისთვის სავსებით მისაღები იყო კაიროს კომუნიკეს დებულებები. საბჭოთა ლიდერის თქმით, კორეა ნამდვილად უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი, ხოლო მანჯურია, ტაივანი და პესკადორის კუნძულები უნდა დაბრუნებოდა ჩინეთს. მიუხედავად ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ის ვალდებულებებს ვერ აიღებდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამავე დროს სტალინმა იკითხა, თუ რა შეთავაზებები იყო გათვალისწინებული სსრ კავშირისათვის შორეულ აღმოსავლეთში. მან აღნიშნა, რომ ამ რეგიონში საბჭოთა მხარეს გააჩნდა მხოლოდ ერთი პორტი, კერძოდ, ვლადივოსტოკი, რომელიც ნაწილობრივ არ იყინებოდა ზამთარში და ისიც იაპონელების მიერ კონტროლირებადი სრუტეებით იყო ჩაკეტილი. აქვე მან ისიც დაამატა, რომ სრული სახით საბჭოთა შეხედულებები წარმოდგენილი იქნებოდა მაშინ, როდესაც შორეული აღმოსავლეთის საკითხებში უფრო აქტიური ჩარევის საშუალება ექნებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ რუზველტმა უმალ აიტაცა სტალინის მიერ გამოთქმული სურვილი და შესაძლებლად ჩათვალა დაირენის დათმობა სსრ კავშირისათვის თუნდაც თავისუფალი პორტის სახით. საბჭოთა ლიდერი დაეჭვდა, რომ ეს ჩინელებს არ მოეწონებოდათ, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტმა ეს შესაძლებლად ჩათვალა, თუ დაირენი საერთაშორისო გარანტიების ქვეშ გამოცხადდებოდა თავისუფალ პორტად.2
1. ვახშამი საბჭოთა საელჩოს შენობაში გაიმართა და მასპინძელი სტალინი იყო. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი ჩერჩილმა ოთახის ცუდ განათებას.
2. ძნელი სათქმელია, თუ რატომ იყო რუზველტი ასე დარწმუნებული ჩინელების თანხმობაში. მართალია, კაიროში მან ერთხელ ჩამოაგდო ამის შესახებ საუბარი, მაგრამ მაშინ ჩან კაიშიმ თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან და პირდაპირ განაცხადა, რომ ჩინეთის სუვერენიტეტი არ უნდა შებღალულიყო. მიუხედავად ამისა, აშშ-ს პრეზიდენტი აშკარად დარწმუნებული იყო, რომ საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რაც აშკარად ჩანს მის მიერ წყნარი ოკეანის სამხედრო საბჭოს წინაშე 1944 წ. 12 იანვარს გაკეთებული მოხსენებიდან. ჩვენი აზრით, ამ მხრივ საყურადღებოა მეორე საუბარი, როდესაც ჩან კაიში დათანხმდა რუზველტს, ლუშუნის (პორტ-არტური) ერთობლივ, ჩინურ-ამერიკულ (ხაზგასმა ჩვენია _ თ.პ.) ექსპლუატაციაზე. გომინდანის მთავრობის მეთაურს არც უყოყმანია ამ საკითხზე, როდესაც ის წამოაყენა აშშ-ს პრეზიდენტმა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩან კაიშიმ უბრალოდ დიპლომატიურად შეიკავა თავი დაირენთან დაკავშირებით, თორემ ის ნამდვილად წინააღმდეგი იყო საკითხის ასეთი გადაწყვეტის.
თურქეთისა და შორეული აღმოსავლეთის საკითხების გარდა მთავრობათა მეთაურები გაკვრით შეეხნენ გერმანიის მომავალსაც. რუზველტმა აღნიშნა, რომ მას ძალიან მოსწონდა თავისუფალი ზონის შექმნა ბრემენის, ლიუბეკისა და ჰამბურგის გარშემო, რომელიც, კილის არხთან ერთად, საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა აღმოჩენილიყო. სტალინი ამ შემთხვევაში დაეთანხმა აშშ-ს პრეზიდენტს, თუმცა რაიმე გაგრძელება საუბარს ამ მიმართულებით არ მოჰყოლია. სადილის მიწურულს კი გადაწყდა, რომ დღის მეორე ნახევარში შედგებოდა კონფერენციის უკანასკნელი, მესამე პლენარული სხდომა, ხოლო მეორე დღეს მოეწყობოდა პოლიტიკური თათბირი, რომელზეც განხილული იქნებოდა პოლონეთის, ფინეთისა და შვედეთის საკითხები.
დიდი ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის საკითხებს 30 ნოემბერს გამართულ საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების1 თათბირის დროს.2 საბჭოთა მხარის ინიციატივით მოეწყო საფრანგეთთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა, რომელიც გადაიზარდა გერმანიისა და იაპონიის წინააღმდეგ ფორპოსტების შექმნის აუცილებლობის განხილვაშიც. საბჭოთა მხარემ დააყენა ბიზერტასა და დაკარის კუთვნილების საკითხი. გარდა ამისა, მოლოტოვმა გაიმეორა სტალინის მიერ წინა დღეებში გაცხადებული თეზა, რომ საფრანგეთი არ იყო სუსტი და მან ნებაყოფლობით დაუჭირა მხარი გერმანიას. იდენმა სცადა საბჭოთა ბრალდებების შემსუბუქება და აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა თავის დროზე ვერ გაუწია სათანადო დახმარება ფრანგებს, ხოლო პეტენის და ლავალის მსგავსი პოლიტიკოსებისთვის არ არსებობდა შესაბამისი სასჯელი. ჰოპკინსიც გამოექომაგა ფრანგებს, რადგანაც, მისი თქმით, მაშინ ჰოლანდიისა და ბელგიის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგებოდა.
1. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციიდან ამ სხდომას ესწრებოდა ჰარი ჰოპკინსი, ვინაიდან კორდელ ჰალი, როგორც უკვე აღინიშნა, რუზველტმა თეირანში საერთოდ არ იახლა.
2. საბჭოთა დოკუმენტების კრებულში ამ შეხვედრის ამსახველი მასალა არ არის შესული.
მოლოტოვმა არ გაიზიარა ამერიკელებისა და ბრიტანელების არგუმენტები. მან განაცხადა, რომ საფრანგეთმა, ბელგიისა და ჰოლანდიისაგან განსხვავებით, უბრალოდ არ მოინდომა თავის დაცვა და ალიანსიც გააფორმა გერმანიასთან. ამიტომ, მისი აზრით, ბიზერტა და დაქარი აშშ-ს ან ინგლისის კონტროლქვეშ უნდა გადასულიყო. იდენმა ამ შემთხვევაშიც პროტესტი გამოთქვა. მან განაცხადა, რომ ნებისმიერ სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტზე, რომელსაც წაართმევდნენ იაპონიას ან გერმანიას, უნდა დამყარებულიყო ან ერთობლივი ბრიტანულ-ამერიკული კონტროლი, ანაც გაერთიანებული ერების იურისდიქცია. საფრანგეთის საკითხი კი იდენმა გაცილებით უფრო რთულად მიიჩნია და მისი გადაწყვეტა მხოლოდ საკუთრივ ფრანგების თანხმობის შემთხვევაში ჩათვალა შესაძლებლად. თავის მხრივ, ჰოპკინსმაც აღნიშნა, რომ მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტები უნდა წაერთმიათ მხოლოდ პოტენციური მტრებისათვის, ასეთებად კი მან იაპონია და გერმანია მიიჩნია. სამაგიეროდ, მან საჭიროდ ჩათვალა ამერიკული ბაზების მოწყობა ფილიპინებში და არ გამორიცხა ფორპოსტის მოწყობის აუცილებლობა ტაივანში მისი ჩინეთისათვის დაბრუნების შემთხვევაში. ამავე დროს, გერმანიის წინააღმდეგ გამოსაყენებელი სტრატეგიული პუნქტების კონტროლი, ჰოპკინსის აზრით, სსრ კავშირისა და დიდი ბრიტანეთის პრეროგატივა უნდა ყოფილიყო. მთლიანობაში კი მან ეს საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ჩათვალა მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის საქმეში. ამით აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულდა. თუმცა მოლოტოვმა კიდევ ერთხელ სცადა მისკენ მიბრუნება, მაგრამ ვერ მოახერხა ეს, რადგანაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთზე გადაიტანა საუბარი.
იდენმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თურქეთის საკითხის გარშემო და აღნიშნა, რომ საჭირო იყო ფრთხილად მოქმედება, რათა მიეღოთ სასურველი შედეგი. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელი იქნებოდა სამივე სახელმწიფოს მიერ თურქეთისათვის ერთობლივი თხოვნის გაგზავნა გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაბმის შესახებ. ამასთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, თურქეთი უნდა გაეფრთხილებინათ, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ამ წინადადების უარყოფას. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ თუ მოლოტოვი თანახმა იქნებოდა, სასურველი იყო თურქეთის პრეზიდენტის ისმეთ ინონიუს მიწვევა კაიროში ჩერჩილსა და რუზველტთან შესახვედრად და იქ საბჭოთა წარმომადგენლის ყოფნაც. უნდა აღინიშნოს, რომ იდენმა არ გამორიცხა ინონიუს უარიც კაიროში ჩასვლაზე, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებლად ჩათვალა ვინმეს გაგზავნა თურქეთში მოკავშირეთა მოთხოვნების გადასაცემად.
მოლოტოვი საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტალინს სულაც არ სურდა გერმანიის წინააღმდეგ ომში თურქეთის ჩაბმა. ამიტომ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გადაწყვიტა, დემაგოგიისათვის მიემართა და განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი დაინტერესებული იყო თურქების საომარ მოქმედებებში ჩართვით არა შორეულ მომავალში, არამედ წლის ბოლომდე. რასაკვირველია, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო და მოლოტოვმა მშვენივრად იცოდა ამის შესახებ, მაგრამ, სავარაუდოდ, მისი ეს პოზიცია მიზნად ისახავდა პირველ სხდომაზე დაშვებული შეცდომის აღმოფხვრას. მიუხედავად ამისა, იდენი არ წამოეგო საბჭოურ დემაგოგიას და შენიშნა, რომ სტალინს არ სჯეროდა თურქეთში ომის ჩაბმის პერსპექტივისა.
ერთი შეხედვით, საბჭოთა დიპლომატი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მოლოტოვმა მაინც მოახერხა თავის დაძვრენა. მან განაცხადა, რომ სტალინის სკეპტიციზმი გამომდინარეობდა იდენისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნუმან მენემენჯიოღლუს მოლაპარაკებების შედეგებიდან.1 მოლოტოვმა აღნიშნა, რომ პასუხი, რომელიც თურქმა დიპლომატმა გასცა მოკავშირეების თხოვნას, ძალიან ცუდი სიმპტომი იყო და ამან განაპირობა საბჭოთა პოზიციის შეცვლა. აქვე მან დაამატა, რომ სსრ კავშირის ხელმძღვანელობა გაწყვეტდა ურთიერთობებს ბულგარეთთან და ომს გამოუცხადებდა მას, თუ ის, თურქეთის ომში ჩაბმის შემთხვევაში, განაგრძობდა მტრულ დამოკიდებულებას მოკავშირეებისადმი.2 გარდა ამისა, მოლოტოვმა იკითხა, თუ შეეძლო იდენს განევრცო წინა დღეს ჩერჩილის მიერ ნახსენები ფრაზა, რომ თურქეთის უარის შემთხვევაში მისი უფლებები ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე ომის შემდგომ გადახედვას დაექვემდებარებოდა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხისაგან და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უმჯობესი იყო, საბჭოთა დელეგაციას თავად პრემიერ მინისტრისათვის ეთხოვა განმარტებები. აქვე მან ჰკითხა მოლოტოვს, თუ იყო ის თანახმა ინონიუს კაიროში მიწვევაზე. ამჯერად უკვე მოლოტოვმა შეიკავა თავი პასუხისაგან და შენიშნა, მრომ იდეა კარგი იყო, მაგრამ საბოლოო თანხმობა მაინც სტალინს უნდა მიეცა.
1. 1943 წ. შემოდგომაზე იდენი მართლაც შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და სთხოვა მას მოკავშირეთა ბაზების განთავსება თურქეთში, თუმცა უარი მიიღო ამაზე.
2. უნდა აღინიშნოს, რომ იდენმა გაოცება ვერ დამალა საბჭოთა დიპლომატის ამ განცხადების გამო.
აქ საუბარში ჩაერთო ჰოპკინსიც, რომელიც მანამდე შედარებით პასიურობდა. მან აღნიშნა, რომ თურქეთის ომში ჩაბმა მოკავშირეებს აიძულებდა როდოსისა და დოდეკანესის კუნძულების დაკავებას, რასაც, თავის მხრივ, შეეძლო გამოეწვია „ოვერლორდის“ გადავადება. მოლოტოვმა უმალ გამოიყენა ჰოპკინსის ეს სიტყვები და განაცხადა, რომ თუ თურქეთის მიერ გერმანიისათვის ომის გამოცხადება გადაწევდა ლა-მანშის ფორსირების ვადებს, სტალინი მხარს არ დაუჭერდა თურქების საომარ მოქმედებაში ჩართვას. ამერიკელი დიპლომატი მიხვდა, რომ მან შეცდომა დაუშვა და აღნიშნა, რომ მისი მონაცემები მცდარი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. საბჭოთა დელეგაციამ დამატებითი და საკმაოდ კარგი არგუმენტი მიიღო თავისი პოზიციის განსამტკიცებლად.
თურქეთის საკითხის განხილვის შემდეგ მხარეები შეეხნენ იუგოსლავიაში მიმდინარე მოვლენებს. იდენმა აღნიშნა, რომ ბრიტანელები ტიტოს კაიროდან ეხმარებოდნენ და ჰკითხა მოლოტოვს, თუ სურდა საბჭოთა მხარეს, მისიის გაგზავნა მასთან და საჰაერო ბაზის ქონა ჩრდილოეთ აფრიკაში. საბჭოთა დიპლომატმა უპასუხა, რომ მართლაც იყო განზრახული იუგოსლავიაში ემისრების მივლინება და არც ინგლისელების მიერ შეთავაზებულ ბაზაზე უთქვამს უარი. ამავე დროს, მოლოტოვმა იკითხა, ხომ არ იყო მიზანშეწონილი მისიის გაგზავნა მიჰაილოვიჩთან, მაგრამ იდენმა შენიშნა, რომ ეს უკანასკნელი აშკარად არ იყო სანდო პიროვნება. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესთავაზა საბჭოთა მხარეს, თავად გაეგზავნა ემისართა ნაწილი მიჰაილოვიჩთან, თუმცა პასუხი მან ამჯერად ვერ მიიღო. ამის შემდეგ მხარეები გადავიდნენ პოლონეთის საკითხზე, მაგრამ თავი შეიკავეს მისი დეტალური განხილვისაგან, ვინაიდან ეს პრობლემა უკვე შესული იყო 1 დეკემბრის მთავრობათა მეთაურების შეხვედრის დღის წესრიგში.
კონფერენციის დასკვნითი დღე მხარეების მიერ მთლიანად პოლიტიკური საკითხების განხილვას დაეთმო. სადილისას მხარეებმა ისაუბრეს თურქეთისა და ფინეთის საკითხები. თავდაპირველად ამერიკულმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა კონკრეტული წინადადებები, თუ რა სახის სამხედრო დახმარებას შესთავაზებდნენ მოკავშირეები თურქეთს გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაბმის სანაცვლოდ. ჩერჩილმა აღნიშნა, რომ პირადად ის აპირებდა მხოლოდ 20 საავიაციო ესკადრონისა და სამი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პოლკის გამოყოფას თურქეთისათვის სახმელეთო ძალების გამოყოფის გარეშე. ჰოპკინსმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ შექმნილ ვითარებაში არ არსებობდა სადესანტო საშუალებები კ. როდოსის ასაღებად და, შესაბამისად, პრეზიდენტ ინონიუსთვის არ უნდა ეცნობებინათ ასეთი შესაძლებლობის არსებობის შესახებ. აქვე იდენმა მოახსენა დამსწრეებს, რომ მენემენჯიოღლუსთან საუბრისას მან მხოლოდ საჰაერო ბაზები მოითხოვა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ასეთ შემთხვევაში გერმანია თავს შეიკავებდა თურქეთზე თავდასხმისაგან, თუმცა მისმა თურქმა კოლეგამ არ გაიზიარა ბრიტანელი საგარეო საქმეთა მინისტრის ოპტიმიზმი.
ამის შემდეგ მხარეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა სარგებლობას მოიტანდა თურქეთის საომარ მოქმედებებში ჩაბმა, ხოლო სტალინმა განაცხადა, რომ თურქეთზე ბულგარეთის მხრიდან შეტევის შემთხვევაში საბჭოთა კავშირი ომს გამოუცხადებდა ამ უკანასკნელს. ამავე დროს, მან არ გამორიცხა, რომ ბულგარეთსა და გერმანიას თავი შეეკავებინათ თურქეთზე თავდასხმისაგან, თუ ის მხოლოდ ბაზებს დაუთმობდა მოკავშირეებს. რუზველტი დაეთანხმა საბჭოთა ლიდერს და მაგალითად მოიყვანა პორტუგალია, რომელიც გერმანიის წინააღმდეგ ომში არ ებმებოდა, მაგრამ ბაზები ჰქონდა დათმობილი დასავლეთელი მოკავშირეებისათვის.1 აქვე იდენმა შენიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მასთან საუბარში გამოთქვა მისი ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილი, პირდაპირ ჩაბმულიყო ომში და არა აღმომჩნდარიყო ჩათრეული საომარ მოქმედებებში მოკავშირეთათვის ბაზების დათმობის გამო, მაგრამ, ბუნებრივია, დამსწრეებმა ეს არ დაიჯერეს. თავად ჩერჩილმა განაცხადა, რომ თურქები ყოველთვის უარს ამბობდნენ მცირე დათმობაზე ვითომ უფრო სერიოზული ქმედებების განხორციელების სურვილის მომიზეზებით, მაგრამ თუ მათ შესთავაზებდნენ დიდი ნაბიჯის გადადგმას, ისინი უარს ამბობდნენ მოუმზადებლობის გამო. ამიტომ, ბრიტანეთის პრემიერი თვლიდა, რომ თურქეთის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შეიძლებოდა მათი იგნორირება სამშვიდობო კონფერენციის დროს.1
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ინონიუ მიეწვიათ კაიროში და იქ ეწარმოებინათ მასთან მოლაპარაკებები. თურქეთის პრეზიდენტის ეგვიპტის დედაქალაქში ჩასვლის შემთხვევაში მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ს. ვინოგრადოვს (სსრკ-ს ელჩი თურქეთში) და ა. ვიშინსკის. მართალია, სტალინი გარკვეულ დათმობაზე წავიდა ამ საკითხში, როდესაც წინ არ აღუდგა პრეზიდენტ ისმეთ ინონიუს კაიროში მიწვევას‚ მაგრამ, როგორც ჩანს, ის არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ფაქტს. მას კარგად ესმოდა‚ რომ მოკავშირეთა ძირითად ოპერაციებად „ოვერლორდისა“ და „ენვილის“ დამტკიცების შემდეგ ინგლისელები უკვე ვერ გამოყოფდნენ მნიშვნელოვან ძალებს ბალკანეთში თავისი მიზნების განსახორციელებლად‚ ხოლო საკუთრივ თურქეთის არმია‚ რომელსაც არ ჰქონდა ავიაცია‚ ტანკები და ტანკსაწინააღმდეგო არტილერია‚ ამ რეგიონში საბჭოთა კავშირის გავლენის დამყარებას ხელს ვერ შეუშლიდა. გარდა ამისა‚ მან იცოდა‚ რომ თურქეთს‚ რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა გერმანიასთან‚ სულაც არ სურდა ომში ჩაბმა. სტალინის პროგნოზი ამ მხრივ გამართლდა. ინონიუ კაიროში ჩავიდა, მაგრამ თავი შეიკავა კონკრეტული დაპირებებისაგან.
1. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედარება მთლად კორექტული არ იყო, რადგანაც პორტუგალიას არ გააჩნდა საზღვარი ომში ჩაბმულ სახელმწიფოებთან (ესპანეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა) და, შესაბამისად, ვერც თვითონ დაესხმებოდა ვინმეს თავს და არც სხვისი შეტევების მოგერიება დასჭირდებოდა.
თურქეთის საკითხზე საუბრის დასრულების შემდეგ მხარეები ფინეთთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხნენ. რუზველტმა აღნიშნა, რომ მას სურდა ფინეთი გამოსულიყო ომიდან და ჰკითხა სტალინს, თუ როგორი იყო მისი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით. პასუხად საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ ფინელებმა, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, უკვე სცადეს კონტაქტების დამყარება სსრ კავშირის მიზნების გასაგებად. სტალინის თქმით, ფინეთის ხელმძღვანელობას ეშინოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის და დასძინა, რომ საბჭოთა მთავრობას არ გააჩნდა ასეთი გეგმა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ფინელების სურვილი, გაეფორმებინათ საზავო ხელშეკრულება, რომლითაც აღდგებოდა 1939 წლამდე არსებული საზღვარი, უბრალოდ არარეალური იყო. სტალინის თქმით, სსრკ-ს შეეძლო უარი ეთქვა ჰანკოს იჯარაზე, მაგრამ მაშინ უნდა მიეღო პეტსამო. გარდა ამისა, მან გამოთქვა სურვილი, ფინეთს დაკისრებოდა რეპარაციები გარკვეული ვადით. მართალია, ამ უკანასკნელმა პუნქტმა ჩერჩილის პროტესტი გამოიწვია, მაგრამ საბჭოთა ლიდერი მყარად დარჩა თავის პოზიციაზე. შედეგად, რაიმე გადაწყვეტილება ამ თემაზე მიღებული არ იქნა და მხარეებმა უბრალოდ საჭიროდ ჩათვალეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ფინეთი გაწყვეტდა ყველანაირ კავშირს გერმანიასთან და გააძევებდა ქვეყნიდან გერმანულ სამხედრო ნაწილებს.
სადილის შემდეგ შედგა რუზველტისა და სტალინის შეხვედრა პირისპირ, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თეირანში ორ ლიდერს შორის გამართულ კონსულტაციებს შორის. ამის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრა მიეძღვნა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკითხს. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივა ამ საკითხების განხილვისა რუზველტისაგან მოდიოდა და არანაირი საფუძველი 1943 წ. მიწურულს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მომავალზე საუბრისა არ არსებობდა. უფრო მეტიც, კონფერენციაზე არც პლენარული სხდომებისას და არც არაოფიციალური შეხვედრებისა თუ სადილებისას ბალტიისპირეთის ქვეყნების საკითხზე არანაირი საუბარი არ ყოფილა.1 ასე რომ, რუზველტს შეეძლო სულაც არ შეხებოდა ამ თემას, მაგრამ მან მაინც საჭიროდ ჩათვალა განემარტა თავისი პოზიცია, როგორც მან თვითონ განაცხადა, „იმ საკითხების შესახებ, რომლებიც აშშ-ს საშინაო საქმეებთან იყო კავშირში“.
1. თუ არ ჩავთვლით სტალინის მიერ ამ საკითხზე ყურადღების შეცდომით გამახვილებას, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.
როგორც ამ შეხვედრისას გაირკვა, აშშ-ს პრეზიდენტს საერთოდ არ აწუხებდა არც პოლონეთის და არც ბალტიისპირეთის ქვეყნების საკითხი. უფრო სწორად, მას ეს საკითხები აინტერესებდა მხოლოდ უშუალოდ აშშ-ს საშინაო პოლიტიკის კუთხით. რუზველტმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარი უნდა გადმოწეულიყო დასავლეთით, ხოლო დასავლეთში პოლონეთს უნდა მიეღო კომპენსაცია საბჭოთა კავშირისათვის დათმობილი ტერიტორიების სანაცვლოდ გერმანიისაგან (რუზველტი თვლიდა, რომ შესაძლებელი იყო დასავლეთ საზღვრის გადაწევა მდ. ოდერამდე).
ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტი ხაზს უსვამდა, რომ ის ჯერჯერობით ვერ მიიღებდა მონაწილეობას ვერც ამ საკითხის გადაწყვეტაში და ვერც საჯაროდ ვერ იტყოდა ამას, რადგანაც აშშ-ში ცხოვრობდა 6-7 პოლონური წარმოშობის ამომრჩეველი, რომლებიც უბრალოდ არ აპატიებდნენ მას ასეთ პოზიციას, რაც აისახებოდა 1944წ. ნოემბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ზუსტად იგივე მიზეზებით, რუზველტი ვერაფერს იტყოდა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის შესახებ (ოფიციალურად აშშ-ს ხელისუფლება არ სცნობდა საბჭოთა კავშირის მიერ როგორც აღნიშნული სახელმწიფოების ანექსიას, ისე აღმოსავლეთ პოლონეთის მიტაცებას), ვინაიდან ამერიკელ ამომრჩეველთა ნაწილს ძირი სწორედ ამ სახელმწიფოებიდან ჰქონდა, მაგრამ აქაც მან ხაზი გაუსვა, რომ „ის არ აპირებდა ომს საბჭოთა კავშირთან ამ საკითხის გამო, როდესაც აღნიშნული რესპუბლიკები კვლავ ოკუპირებული იქნებოდნენ საბჭოთა ჯარების მიერ“. ერთადერთი, რასაც რუზველტი სთხოვდა სტალინს, იყო ის, რომ ამ რესპუბლიკებში ჩატარებულიყო რეფერენდუმი, რომელიც დაადასტურებდა მათ სურვილს, ყოფილიყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ყოველივე ეს, მისი თქმით, საჭირო იქნებოდა მსოფლიო საზოგადოების დასარწმუნებლად. აქვე რუზველტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული რესპუბლიკების მოსახლეობა ცალსახად დაუჭერდა მხარს სსრ კავშირთან შეერთებას.
როგორც ვხედავთ, რუზველტმა სტალინთან ამ საუბარში პრაქტიკულად უარი თქვა „ატლანტიკური ქარტიის„ მე-3 მუხლზე, რომელიც მან და ჩერჩილმა შეათანხმეს პლასენტიის ყურეში შეხვედრისას 1941წ. აგვისტოში (აღნიშნული მუხლის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ განხორციელებული ყველა ტერიტორიული ცვლილება უკანონოდ ცხადდებოდა). ეს აგრეთვე ნიშნავდა ფაქტობრივად სსრკ-ს 1941წ. საზღვრების ცნობას, რასაც მანამდე აშშ-ს ხელისუფლება არ ახდენდა, ვინაიდან სსრკ-მ მიიღო ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი 1939 წ. საიდუმლო შეთანხმებით გერმანიასთან. ეს იყო სერიოზული შეცდომა, რადგანაც რუზველტმა ფაქტობრივად მიანიშნა სტალინს, რომ საერთოდ არ აინტერესებდა არც პოლონეთი და არც ბალტიისპირეთი. მისთვის მთავარი იყო მხოლოდ, რომ სტალინს შეენარჩუნებინა მისთვის სახე და მსოფლიო საზოგადოების თვალში გარკვეულწილად გაემართლებინა ეს ქმედებები.
მიუხედავად ამისა, სტალინს სულაც არ გამოუხატავს აღფრთოვანება რუზველტის პოზიციის გამო. ის დაინტერესდა, თუ რატომ აწუხებდა მსოფლიო საზოგადოებრიობას ეს პრობლემა ახლა და რატომ არ აწუხებდა მას ბალტიისპირეთის საკითხი იმ პერიოდში, როდესაც რუსეთში მონარქია იყო და ამ რეგიონს არანაირი ავტონომია არ გააჩნდა. როდესაც რუზველტმა მას განუცხადა, რომ საზოგადოებრიობამ არც არაფერი იცოდა ამ საკითხის შესახებ და არც ესმოდა ის, სტალინმა პირდაპირ მიახალა მას, რომ საჭირო იყო პროპაგანდისტული მუშაობის გაძლიერება და რომ საბჭოთა კონსტიტუცია უამრავ საშუალებას აძლევდა ხალხის მისი ნების გამოსახატავად. სსრ კავშირის ლიდერის თქმით, ის არ დაუშვებდა არანაირ საერთაშორისო კონტროლს ამ საკითხთან მიმართებაში.
სწორედ ამის შემდეგ გაირკვა, თუ რა სურდა რუზველტს და საერთოდ რატომ ჩამოაგდო მან საუბარი აღნიშნულ საკითხზე. აშშ-ს პრეზიდენტმა უთხრა სტალინს, რომ პირადად მას ძალიან დაეხმარებოდა სტალინის საჯარო განცხადება ბალტიისპირეთში შესაძლო არჩევნების ჩატარების შესახებ. ჩვენი აზრით, ეს განცხადება აბსოლუტურად ნათელს ხდის, რომ რუზველტს აინტერესებდა მხოლოდ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშშში, რომლის დროსაც ის აპირებდა ბალტიისპირეთის კარტის გათამაშებას ლიტველი, ლატვიელი და ესტონელი წარმოშობის მქონე ამერიკელი მოქალაქეების გულის მოსაგებად და ფაქტობრივად მათ მოსატყუებლად. მიუხედავად ამისა, რუზველტს ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგანაც სტალინი სულაც არ აპირებდა რაიმე საჯარო განცხადების გაკეთებას ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის სსრ კავშირის ნაწილად მიიჩნევდა. შედეგად, მან უბრალოდ გაიმეორა, რომ ხალხს ექნებოდა მრავალი შესაძლებლობა თავისი ნების გამოსახატავად.
ამის შემდეგ სტალინი და რუზველტი რამდენიმე სიტყვით შეეხნენ მსოფლიო ორგანიზაციის ჩამოყალიბების საკითხს და შეხვედრაც დასრულდა. მართალია, ამ შეხვედრას, ერთი შეხედვით, შეიძლება უშედეგოც ეწოდოს, ვინაიდან რაიმე შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა, მაგრამ, ჩვენი აზრით, მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ შეხვედრამ სტალინი პრაქტიკულად დაარწმუნა, რომ საჭირო მომენტში რუზველტი უპრობლემოდ დაიკავებდა მის მხარეს როგორც პოლონეთის, ისე ბალტიისპირეთის რესპუბლიკების საკითხის განხილვისას თუ მას რენომეს შენარჩუნების საშუალებას მისცემდნენ.1 ყოველივე ეს, ჩვენი აზრით, ნათელს ხდის, თუ რამდენად მიამიტური იყო რუზველტის პოზიცია, როდესაც ის თვლიდა, რომ სტალინთან კარგი ურთიერთობების დამყარებით ის შეძლებდა მის მართვას.
1 დეკემბერს, დღის მიწურულს, შედგა მთავრობათა მეთაურების ბოლო შეხვედრა თეირანში. სხდომის დასაწყისში მოლოტოვმა იკითხა, თუ დაკმაყოფილდებოდა საბჭოთა მხარის მოთხოვნა იტალიური სამხედრო ხომალდების გადაცემის თაობაზე. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის თქმით, ეს გემები გამოყენებული იქნებოდა საერთო მიზნისათვის. როგორც გაირკვა, თურქეთის ომში ჩაბმის შემთხვევაში, საბჭოთა მხარეს ხომალდების შავ ზღვაში გამოყენება ჰქონდა განზრახული, თუ არადა, ჩრდილოეთის პორტებში განალაგებდა მათ. ბუნებრივია, ჩერჩილმა და რუზველტმა დააკმაყოფილეს ეს თხოვნა და აღუთქვეს სტალინს და მოლოტოვს იტალიური ფლოტის ნაწილის გადაცემა 1944 წ. იანვრისათვის, რის შემდეგაც დაიწყო პოლონეთის საკითხის განხილვა. რუზველტმა უმალ განაცხადა, რომ მისი მთავარი სურვილი იყო, აღმდგარიყო დიპლომატიური ურთიერთობები პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობასა და საბჭოთა ხელისუფლებას შორის.2 სტალინმა პასუხად შენიშნა, რომ ლონდონის პოლონური მთავრობა გერმანელებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა და რომ მისი აგენტები კლავდნენ პარტიზანებს პოლონეთში. მისი თქმით, პოლონეთის ემიგრანტულ ხელისუფლებასთან ურთიერთობები გაწყვეტილ იქნა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი, ნაცისტებთან ერთად, ანტისაბჭოურ პროპაგანდას ეწეოდა.
სტალინის ეს სიტყვა წარმოადგენს საბჭოური დიპლომატიისათვის დამახასიათებელი დემაგოგიისა და ურცხვი პოლიტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. მასში სიმართლის იოტისოდენა მარცვალიც კი არ ერია. ბუნებრივია, საბჭოთა ლიდერმა მშვენივრად იცოდა, რომ კატინის ტყეში დამარხული იყო სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლების მიერ 1940 წ. დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების გვამები და რომ პოლონეთის მთავრობა ამ საქმეში აბსოლუტურად მართალი იყო. გარდა ამისა, გაუგებარია, თუ რომელ პარტიზანებს ხოცავდნენ ემიგრანტული ხელისუფლების აგენტები. მიუხედავად ამისა, სტალინი სულაც არ ერიდებოდა ტყუილს და ყველა ღონეს ხმარობდა პოლონეთის ემიგრანტული ხელისუფლების გასაშავებლად. სამწუხაროდ, ჩერჩილმაც და რუზველტმაც ჩათვალეს, რომ არ ღირდა საბჭოთა კავშირის გადაკიდება უკვე დახვრეტილი პოლონელების გამო და „ჩაყლაპეს“ სტალინის ტყუილები.3 რუზველტი საერთოდ მეტად პასიური იყო პოლონეთის საკითხის განხილვისას და პრაქტიკულად არ გამოუთქვამს თავისი აზრი. ჩერჩილმა კი აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ომში პოლონეთის გამო ჩაება და ხაზი გაუსვა ინგლისის მთავრობის სურვილს, უზრუნველეყო სსრ კავშირის დასავლეთის საზღვრების სრული უსაფრთხოება მომავალში გერმანიის მხრიდან ნებისმიერი მოულოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.
1. ეს მართლაც ასე მოხდა იალტის კონფერენციის დროს, როდესაც პოლონეთის პრობლემაზე მსჯელობისას (ბალტიისპირეთის საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა, რადგანაც მისი განხილვა აშკარად არარეალისტური იქნებოდა და მხოლოდ სტალინის გაგულისებას გამოიწვევდა) რუზველტი დაეთანხმა პოლონეთის დროებითი მთავრობის შექმნას ლუბლინის მთავრობის ბაზაზე თავისუფალი არჩევნების ჩატარების დაპირების სანაცვლოდ (ეს დაპირება, ბუნებრივია, სტალინს არ შეუსრულებია). ამ საკითხს უფრო დაწვრილებით ჩვენ ქვემოთ შევეხებით.
2. საბჭოთა მხარემ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობასთან 1943წ. 26 აპრილს, მას შემდეგ, რაც ვ. სიკორსკიმ მოსთხოვა წითელ ჯვარს, გამოეძია კატინის ტყეში გერმანელების მიერ აღმოჩენილი ათასობით პოლონელი ოფიცრის სიკვდილის მიზეზები.
3. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მხარემ სცადა ნიურნბერგის პროცესის დროს დაებრალებინა პოლონელების დახვრეტა გერმანელებისთვის, მაგრამ საქმის განხილვისას იძულებული გახდა, მოეხსნა ეს მოთხოვნა, რადგანაც ნათელი გახდა, რომ ამის დამტკიცება უბრალოდ შეუძლებელი იყო.
სტალინისათვის ყველაფერი ეს მისაღები იყო და ამიტომ უმალ აღნიშნა, რომ საბჭოთა სახელმწიფო ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული პოლონეთთან მეგობრული ურთიერთობების ქონით. ამავე დროს მან ხაზგასმით მოითხოვა პოლონეთის ემიგრანტული მთავრობისაგან, შეეწყვიტა პარტიზანების მკვლელობები და ნაცისტების მხარდაჭერა. აქვე საბჭოთა ლიდერმა გააკეთა კიდევ ერთი განცხადება, რომელიც, ჩვენი აზრით, მეტად საყურადღებო იყო. მან აღნიშნა, რომ სსრ კავშირი დაინტერესებული იყო პოლონეთის ისეთ მთავრობასთან ურთიერთობებით, რომელიც წინ წაუძღვებოდა თავის ხალხს საერთო ბრძოლაში, თუმცა ეჭვქვეშ დააყენა ლონდონის ემიგრანტული ხელისუფლების უნარი, გაეკეთებინა ეს. სტალინის ეს ფრაზა ფაქტობრივად იმის მიმანიშნებელია, რომ, შესაძლოა, უკვე 1943 წ. მიწურულს მას ჰქონდა სურვილი, შეექმნა პროსაბჭოთა პოლონური მთავრობა, რაც მან განახორციელა 1944 წ. ზაფხულში.
როგორც ჩანს, ჩერჩილს არ მოეწონა, თუ როგორ ვითარდებოდა საუბარი და სცადა დაბრუნებოდა პოლონეთის საზღვრების საკითხს. მან აღნიშნა, რომ თუ მოხერხდებოდა კომპრომისის მოძებნა ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ის წარუდგენდა მიღებულ გადაწყვეტილებას პოლონელებს, როგორც საუკეთესო გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან. ჩერჩილის თქმით, უარის შემთხვევაში, ინგლისის ხელისუფლება შეწყვეტდა ლონდონის ემიგრანტული მთავრობის მხარდაჭერას და არ დაუპირისპირდებოდა სსრ კავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით. პასუხად სტალინმა შენიშნა, რომ 1939 წ. საზღვრები სამართლიანი იყო და უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორია პოლონეთს არ დაუბრუნდებოდა. იდენმა სცადა შეპასუხებოდა მას და აღნიშნა, რომ 1939 წ. საზღვარი გადიოდა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის ხაზზე. ეს არ ესიამოვნა მოლოტოვს, რომელმაც განაცხადა, რომ 1939 წ. საზღვარი გადიოდა კერზონის ხაზზე.1
ამ საკითხის გარშემო შედგა მცირე დებატები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 1939 წ. საზღვარი კერზონის ხაზის თითქმის იდენტური იყო. საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ პოლონეთს, საბჭოთა კავშირისათვის დათმობილი ტერიტორიების სანაცვლოდ, უნდა მიეღო შესაბამისი კომპენსაცია დასავლეთში, აღმოსავლეთ პრუსიის ჩათვლით. ამავე დროს, სტალინმა განაცხადა, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა კერზონის ხაზის დაფიქსირება სსრკპოლონეთის საზღვრად, თუ სსრ კავშირს გადაეცემოდა აღმოსავლეთ პრუსიის ჩრდილოეთ ნაწილი ტილზიტისა და კენიგსბერგის ჩათვლით. მისი თქმით, ასე სსრკ მიიღებდა არა მარტო მთელი წლის განმავლობაში მოქმედ პორტს, არამედ გერმანიის ნაწილსაც, რასაც ის, სტალინის აზრით, ნამდვილად იმსახურებდა. პოლონეთის საკითხის გარდა მხარეებმა ბოლო სხდომაზე განიხილეს გერმანიის ომისშემდგომი მოწყობის პრობლემაც. ინიციატორი ამ შემთხვევაში რუზველტი იყო, რომელმაც დასვა კითხვა, იყო თუ არა საჭირო გერმანიის დანაწევრება. სტალინმა უმალ აღნიშნა, რომ ის ამის მომხრე იყო.2 საბჭოთა ლიდერს მხარი დაუჭირა ჩერჩილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო პრუსიის ჩამოცილება გერმანიის დანარჩენი ნაწილისაგან.3
1. რუსულ ჩანაწერში არ არის დაფიქსირებული არც იდენის რეპლიკა და არც მოლოტოვის პასუხი. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც მიზანმიმართული რედაქტირება მოხდა და ამის მიზეზი გახდა იდენის მიერ „მოლოტოვ-რიბენტროპის ხაზის“ ხსენება.
2. რუსულ ჩანაწერში სტალინის ეს ფრაზა გამოტოვებულია, რაც, უდავოდ, მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს. საბჭოთა პროპაგანდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ სისტემატურად აცხადებდა, რომ სტალინს არ სურდა გერმანიის დანაწევრება, თუმცა ამერიკული ჩანაწერი ცხადყოფს ამ თეზისის სიმცდარეს.
3. საბჭოთა ჩანაწერში აქ მითითებულია ბავარიაც, რომლის ცალკე ხსენებაც, ამ შემთხვევაში ჩერჩილის მიერ, ამერიკულ წყაროში დაფიქსირებული არ არის.
გაიგო რა თავისი კოლეგების აზრი, აშშ-ს პრეზიდენტმა წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც გერმანია ხუთ ნაწილად უნდა გაყოფილიყო: 1. პრუსია; 2. ჰანოვერი და ჩრდილო-დასავლეთ გერმანია; 3. საქსონია და ლაიფციგი; 4. ჰესენ-დარმშტადტი, ჰესენ-კასელი და რაინის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები; 5. ბავარია, ბადენი და ვიურტემბერგი. გარდა ამისა, კიდევ ორი რეგიონი _ კილის არხი ჰამბურგითურთ და რურისა და საარის ოლქები _ გაერთიანებული ერების კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა ალტერნატიული ვარიანტი, რომლითაც პრუსია ცალკე სახელმწიფო უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, გერმანიისთვის უნდა ჩამოეცილებინათ ბავარია, ბადენი, ვიურტემბერგი და პალატინატი, რომელთაც უნდა შეექმნათ დუნაის კონფედერაცია.
მოუსმინა რა რუზველტს და ჩერჩილს, სტალინმაც გამოთქვა თავისი აზრი. მან განაცხადა, რომ უფრო მოეწონა აშშ-ს პრეზიდენტის წინადადება, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუ გერმანელებს ახალი გაერთიანებების შექმნის ნებას დართავდნენ, ისინი დიდი სახელმწიფოს შექმნასაც მოისურვებდნენ, მითუმეტეს, რომ ასეთი კონფედერაციები ხელოვნური იქნებოდა. აქვე საბჭოთა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის სხვადასხვა რეგიონების მაცხოვრებელთა შორის უკვე არ არსებობდა დიდი განსხვავება და ყველა გერმანელი ჯარისკაცი, ავსტრიელების გამოკლებით, გააფთრებით იბრძოდა.1 ამიტომ, მისი აზრით, ავსტრია დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.2 უნდა აღინიშნოს, რომ რუზველტი პრაქტიკულად ყველა ასპექტში დაეთანხმა სტალინს. მისი თქმით, 50 წლით ადრე სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ გერმანელებს შორის ნამდვილად იყო დიდი განსხვავება, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეს, ავსტრიის გამოკლებით, უკვე ნამდვილად არ შეესაბამებოდა ჭეშმარიტებას. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბავარია და სამხრეთ გერმანია პრუსიისაგან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ იქ არ იყო ოფიცერთა კასტა. თავის მხრივ, ჩერჩილმა საჭიროდ ჩათვალა იმის დაფიქსირება, რომ ის არ იყო გერმანიის დანაწევრების წინააღმდეგი და რომ მას უბრალოდ მიაჩნდა ეს დროებით მოვლენად, რომელიც დაახლოებით 50 წელს გასტანდა.3 ბრიტანეთის პრემიერის პასუხად სტალინმა აღნიშნა, რომ გერმანიის გაერთიანების საფრთხე მუდამ იარსებებდა და რომ უბრალოდ საჭირო იყო მისი ნეიტრალიზება ეკონომიკური და, აუცილებლობის შემთხვევაში, სამხედრო ზომების გატარებით.4
1. საბჭოთა ჩანაწერი ოდნავ განსხვავდება ამერიკულისაგან ამ შემთხვევაში, თუმცა ეს განსხვავება შინაარსს არ ცვლის. კერძოდ, რუსული სტენოგრამის თანახმად, მხოლოდ ავსტრიელები იძახდნენ ტყვედ ჩაბარებისას, რომ ისინი ავსტრიელები იყვნენ, გერმანიის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებნი კი ერთნაირი გააფთრებით იბრძოდნენ და პრუსიელები არაფრით არ გამოირჩეოდნენ მათგან.
2. საბჭოთა ჩანაწერში არ არის მოხსენიებული რუმინეთი და ბულგარეთი, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ამერიკული დოკუმენტი უფრო ზუსტია, მიუხედავად იმისა, რომ ის ასევე არასრულია. როგორც ჩერჩილის მემუარებიდან ჩანს, აქ სტალინი საუბრობდა დუნაის კონფედერაციის იდეაზე და ამიტომ ახსენა რუმინეთი და ბულგარეთი.
3. ჩერჩილის პროგნოზი პრაქტიკულად ზუსტად გამართლდა, ვინაიდან გერმანიის გაერთიანებას 45 წელი დასჭირდა.
4. საბჭოთა ჩანაწერში მხოლოდ გერმანიის საფრთხის არსებობაზე არის საუბარი და არაფერია ნათქვამი ნეიტრალიზაციის შესახებ.
ამავე დროს, მისი თქმით, შეცდომა იქნებოდა ავსტრიისა და უნგრეთის გაერთიანება.1 აქ ჩერჩილი დაინტერესდა, ხომ არ სურდა სტალინს, რომ ევროპა მხოლოდ მცირე სახელმწიფოებისაგან შემდგარიყო, რაზეც საბჭოთა ლიდერისაგან პასუხად მიიღო, რომ საუბარი ეხებოდა არა ევროპას, არამედ გერმანიას. მისი თქმით, ევროპაში იქნებოდა დიდი სახელმწიფოებიც, მაგალითად, პოლონეთი და საფრანგეთი, და რუმინეთისა და ბულგარეთის მსგავსი მცირე ქვეყნებიც.2 თავის მხრივ, რუზველტმა აქ შენიშნა, რომ გერმანია გაცილებით ნაკლებად სახიფათო იყო, როდესაც ის 107 პროვინციად იყო დანაწევრებული, რაზეც ჩერჩილმა შენიშნა, რომ მას უფრო დიდი გაერთიანებების იმედი ჰქონდა.3 საბოლოოდ მხარეებმა გადაწყვიტეს, საკითხი შემდგომ განეხილათ ლონდონის კომისიაში, რომელშიც შედიოდნენ სამივე ქვეყნის წარმომადგენელები.4
1. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ჩანაწერში რატომღაც საუბარი მიდის უნგრეთის გერმანელებთან გაერთიანებაზე, რაც, ბუნებრივია, არასწორია, რის გამოც უპირატესობა ამ შემთხვევაში რუსულ ჩანაწერს მივანიჭეთ.
2. საბჭოთა ჩანაწერში აქ სერიოზული განსხვავება არსებობს ამერიკულისაგან. კერძოდ, რუსული სტენოგრამის თანახმად, სტალინმა შესაძლებლად ჩათვალა გერმანიის დანაწევრების საკითხის განხილვა და მიუღებლად მიიჩნია ახალი გაერთიანებების შექმნა. როგორც ჩანს, აქ ადგილი ჰქონდა გამიზნულ რედაქტირებას, რადგანაც ჩერჩილის მემუარებშიც პრაქტიკულად იგივე სიტყვებით არის მოყვანილი ეს დიალოგი, როგორც ამერიკულ ჩანაწერში.
3. საბჭოთა ჩანაწერში გამოტოვებულია როგორც რუზველტის რეპლიკა, ისე ჩერჩილის პასუხი.
4. ეს გადაწყვეტილება არ გვხვდება არც ამერიკულ ჩანაწერში და არც ჩერჩილის მემუარებში.
ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მხარეებმა 1 დეკემბერს, ვახშმის დროს გამართეს, შეთანხმებულ იქნა დეკლარაცია ირანის შესახებ და საბოლოო ფორმა მიეცა კონფერენციის შედეგების ამსახველ კომუნიკეს. პირველ საკითხთან დაკავშირებით მხარეებმა გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ ეკონომიკური დახმარება ირანის მთავრობისათვის როგორც ომის პერიოდში, ისე მის შემდეგ და პირობა დადეს, რომ ხელს შეუწყობდნენ ირანის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება კომუნიკეს, ის გამოქვეყნდა კონფერენციის მუშაობის დასრულების შემდეგ, თუმცა მასში არ შესულა დეტალური ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და „დიდი სამეულის“ ლიდერები შემოიფარგლნენ მხოლოდ ზოგადი ფრაზებით.1 მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათ სრულად შეათანხმეს, თუ რა ოპერაციებს ჩაატარებდნენ აღმოსავლეთში, დასავლეთში და სამხრეთში. გარდა ამისა, კომუნიკეში ნათქვამი იყო, რომ სსრკს, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ერთობა, გაერთიანებულ ერებში შემავალ ყველა სახელმწიფოსთან ერთად, უზრუნველყოფდა მშვიდობას მსოფლიოში. აქვე მხარეები აცხადებდნენ, რომ მათ განიხილეს მომავლის პრობლემები და გამოხატეს მზადყოფნა, ეთანამშრომლათ ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ტირანიის წინააღმდეგ იბრძოლებდა დემოკრატიული ერების მსოფლიო ოჯახის შესაქმნელად.
1. ბუნებრივია, ეს გამოწვეული იყო სურვილით, რომ შეენიღბათ თეირანში სამხედრო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა ამ მიმართულებით მოკავშირეებმა საწადელს ვერ მიაღწიეს. თეირანის კონფერენციაზე მოკავშირეთა მიერ მიღწეული შეთანხმებები‚ მათ შორის „ოვერლორდის“ განხორციელების ვადებიც‚ ხელში ჩაუვარდათ გერმანელებს‚ თუმცა‚ როგორც ჩანს‚ მათ ყოველივე ეს ინგლისელთა დეზინფორმაციად ჩათვალეს.
$4. თეირანის კონფერენციის შედეგების შეფასება
თეირანის კონფერენციამ მუშაობა დაასრულა 1943 წლის 1 დეკემბერს. სამიტის დასრულების შემდეგ სამივე ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა მისი შედეგებით. რუზველტი კონფერენციას უაღრესად წარმატებულად თვლიდა და ისტორიულ მოვლენად მიიჩნევდა მას. სტალინი კმაყოფილი დარჩა თეირანში მიღებული გადაწყვეტილებებით და განაცხადა‚ რომ დიდი სამეულის ლიდერთა ამ შეხვედრამ განამტკიცა ანტიჰიტლერული კოალიცია. ჩერჩილმაც კმაყოფილება გამოთქვა კონფერენციის შედეგებით‚ განსაკუთრებით სამხედრო სფეროში,1 თუმცა პოლიტიკურ ასპექტებთან დაკავშირებით ის გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამდა. მისი აზრით‚ ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული ჯერ კიდევ მოსაგები დიდი ბრძოლების შედეგებზე და ყოველი მოკავშირის გუნებაგანწყობილებაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. მკვლევართა უმრავლესობაც მაღალ შეფასებას აძლევს თეირანის კონფერენციის მუშაობას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას‚ რომ ის დასრულდა გულითად ატმოსფეროში‚ თუმცა მისი შედეგების შესახებ სხვადასხვა აზრები არის გამოთქმული. მაგალითად: აშშს ისტორიოგრაფიაში პრაქტიკულად გაბატონებული იყო შეხედულება‚ რომ თეირანის კონფერენცია იყო პირადად რუზველტის და საერთოდ ამერიკული დელეგაციის ტრიუმფი, თუმცა აშშს პრეზიდენტის თარჯიმანი თეირანში ჩ. ბოლენი აშკარად უკმაყოფილო იყო თავისი ქვეყნის მეთაურის მოქმედებით. მისი თქმით‚ რუზველტი ვერ ჩაწვდა საბჭოთა მხარის ჭეშმარიტ მიზნებს და შეცდომა დაუშვა‚ როდესაც მხარი არ დაუჭირა ჩერჩილს. ამავე დროს ხშირია რუზველტის კრიტიკაც‚ რომ მან თეირანში ფაქტობრივად ყველაფერი დაუთმო სტალინს.
1. ჩვენი აზრით‚ ბრიტანეთის პრემიერი არცთუ გულწრფელი იყო ამ შემთხვევაში. ამის დასტურად ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩერჩილის ერთი გამონათქვამი თეირანის კონფერენციის შესახებ: „მე ერთ მხარეს მეჯდა დიდი რუსი დათვი გაშლილი თათებით და მეორე მხარეს დიდი ამერიკელი ბიზონი‚ ხოლო შუაში კი იყო საწყალი ინგლისელი ვირი, ერთადერთი..‚ რომელმაც იცოდა სწორი გზა შინისაკენ“.
ბრიტანელი ისტორიკოსები ასევე გამოთქვამენ ეჭვს‚ რომ ზედმეტი ფასი იქნა გადახდილი იმ გულითად ატმოსფეროში‚ რომელიც შეიქმნა კონფერენციის ბოლო დღეებში. კერძოდ‚ ლ. ვუდუორდი აცხადებს‚ რომ აშშს პრეზიდენტი უფრო უსმენდა თავის სამხედრო მრჩევლებს და უგულებელყოფდა პოლიტიკურ მრჩევლებს‚ რომლებიც ისედაც ხშირად ვერ იდგნენ თავის დონეზე და ვერ საზღვრავდნენ‚ თუ რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა ამერიკელი სამხედროების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. თავის მხრივ‚ საბჭოური ისტორიოგრაფია სავსებით სამართლიანად თვლიდა‚ რომ კონფერენცია დასრულდა კრემლის დიპლომატიური გამარჯვებით, თუმცა საბჭოთა მკვლევრები იფარგლებოდნენ მხოლოდ მეორე ფრონტის საფრანგეთში გახსნის საკითხით და სავსებით უგულებელყოფდნენ სტალინის დაინტერესებას ცენტრალური ევროპის ქვეყნებით.
და მაინც‚ როგორ შეიძლება შეფასდეს თეირანის კონფერენციის შედეგები? პირველ რიგში‚ უნდა აღინიშნოს‚ რომ მასზე საბოლოოდ გაირკვა მოკავშირეთა შემდგომი მოქმედების სტრატეგია და გადაწყდა თუ სად და როდის გაიხსნებოდა მეორე ფრონტი. ბუნებრივია, აქ დაისმის კითხვა: იყო თუ არა შესაძლებელი მოკავშირეთა შეჭრა საფრანგეთში 1944 წლის გაზაფხულამდე? უნდა აღინიშნოს‚ რომ ეს არის მეორე მსოფლიო ომის ყველაზე საკამათო პოლიტიკური თუ სამხედრო პრობლემა. ისტორიკოსთა სულ ახალი და ახალი თაობები უბრუნდება ამ საკითხს‚ რომელიც‚ ინგლისელი მეცნიერის ჯ. ბრიუსის მოსწრებული თქმით‚ „უსასრულო თემას“ წარმოადგენს.
მოცემული პრობლემის ირგვლივ იმთავითვე გაჩნდა რამდენიმე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული თვალსაზრისი. განსაკუთრებით მწვავე ხასიათი აღნიშნული საკითხის განხილვამ მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც თავის დროზე შენიშნა მ. სტოლერმა‚ აშშს დიპლომატია მეორე მსოფლიო ომში ამერიკული ისტორიოგრაფიის ერთერთ ძირითად საბრძოლო ველად იქცა. დღეისათვის მეორე ფრონტის გახსნის პრობლემასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი თვალსაზრისი ჩამოყალიბდა: 1) ე.წ. „ტრადიციული“‚ რომელიც მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურებას ხსნის ობიექტური მიზეზებით (სადესანტო საშუალებების ნაკლებობა‚ მოკავშირეთა ძალების დაფანტვა სხვადასხვა საბრძოლო თეატრებზე და ა. შ) და რომელსაც ჰყავს თავისი მიმდევრები როგორც აშშ-ში‚ ისე დიდ ბრიტანეთში (უ. ჩერჩილი; დ. ეიზენჰაუერი; ჰ. არნოლდი; უ. ლიჰი; მ. კლარკი; ბ. ლიდელ ჰარტი; ა. ნორმანი; რ. შერვუდი; უ. მაკნეილი; მ. მეტლოფი; ჰ. ფეისი; კ. გრინფილდი; მ. ჰოუარდი; ჯ. ბომონი; კ. რობინსი; ა. ბრაიანტი; ს. მორისონი და ა. შ); 2) ე.წ. „ოპტიმალური“ _ მკვლევართა ეს ნაწილი (ძირითადად ამერიკელები) თვლის‚ რომ მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურება‚ რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა ამას საფუძვლად‚ იყო გამართლებული როგორც სამხედრო‚ ისე პოლიტიკური თვალსაზრისით (მ. სტოლერი; ჯ. ფინდლინგი; რ. დალეკი; ჯ. გედისი და ა.შ.); 3) ე.წ. „ინგლისური ოპოზიციის“ _ საკმაოდ მრავალრიცხოვანი დაჯგუფება‚ რომელიც ყველაფერს ბრიტანელებს აბრალებს (რასაკვირველია‚ ამ მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკელია); 4) ე.წ. „რევიზიონისტები“ _ დაჯგუფება‚ რომლის ძირითად კრედოს წარმოადგენს რუზველტის კრიტიკა‚ მისი დადანაშაულება სტრატეგიული აზროვნების არქონაში (ჰ. ბოლდუინი; ჰ. ბარნსი; რ. ჰობსი; ფ. მარქსი; ჯ. ფლინი და ა. შ.); 5) ე.წ. „ნეგატივისტები“ _ ანუ ისტორიკოსები‚ რომლებიც უკმაყოფილონი არიან მეორე მსოფლიო ომის შედეგებით‚ რადგანაც ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები აღმოჩნდნენ საბჭოთა გავლენის ქვეშ. მკვლევართა ამ ჯგუფში შედიან როგორც ამერიკელები, ისე ბრიტანელები. მათი აზრით‚ ეს იყო „წახდენილი გამარჯვება“; 6) „კრიტიკული“ _ მკვლევარნი‚ რომლებიც ადანაშაულებენ აშშ-ს და ინგლისის ლიდერებს მეორე ფრონტის შეგნებულ გაჭიანურებაში და მოკავშირული ვალის დარღვევაში (ძირითადად საბჭოური ისტორიოგრაფია).
ამ დისკუსიას სათავე დაუდო ომის პერიოდში ევროპაში მოკავშირეთა ჯარების შტაბის ოფიცერმა ამერიკელმა რალფ ინგერსოლმა‚ რომელმაც ომის დამთავრებისთანავე გამოცემულ წიგნში „სრულიად საიდუმლოდ“ ბრალი დასდო ინგლისელებს მეორე ფრონტის საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებაში. აღნიშნულმა თეზისმა მოკლე ხანში აღიარება ჰპოვა მორის მეტლოფისა და ედვინ სნელის ნაშრომში „სტრატეგიული დაგეგმვა კოალიციურ ომში“‚ რომელიც წარმოადგენს ოფიციალური ამერიკული გამოცემის ერთერთ ტომს. რ. კოუკლიმ და რ. ლეიტონმა თავის წიგნში „გლობალური ზურგი და სტრატეგია. 1943-1945“ (პირველი ნაწილი ამ შრომისა მოიცავს 1940-1943 წლებს) ასევე ჩერჩილი დაადანაშაულეს მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურებაში და განაცხადეს‚ რომ რუზველტი მხოლოდ პაიკი იყო ბრიტანეთის პრემიერის ხელში.
რასაკვირველია‚ ბრიტანელები ვალში არ დარჩნენ და მაიკლ ჰოუარდმა ოფიციალური ინგლისური გამოცემის „დიდი სტრატეგია“1 მის მიერ დაწერილ ტომში გაამართლა ინგლისელი პოლიტიკოსების მოქმედება და სცადა პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილება ორივე მოკავშირეს შორის. აქვე უნდა აღინიშნოს‚ რომ ინგლისელებს გაუჭირდათ ამერიკელებისათვის მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურების დაბრალება და ისინი იძულებულნი შეიქნენ‚ ტაქტიკა შეეცვალათ. მათ დაიწყეს ამერიკული სტრატეგიული აზროვნების კრიტიკა. ყველაზე ადრე ეს გააკეთა ბერნარდ მონტგომერიმ თავისი ომისშემდგომი გამონათქვამებითა და წიგნით „არმიათა 21-ე ჯგუფი. ნორმანდიიდან ბალტიისპირა გერმანიამდე“. შემდეგ ეს გაკეთდა ჯორჯ ფულერის წიგნში „მეორე მსოფლიო ომი 1939-1945“4 და ბოლოს თავის აპოგეას ამ პროცესმა მიაღწია ავსტრალიელი ავტორის ჩესტერ უილმოტის წიგნში „ბრძოლა ევროპისათვის“. ამ უკანასკნელმა პირდაპირ დასდო ბრალი ამერიკელებს‚ რომ ომის მოგების მიუხედავად‚ „დასავლეთმა... წააგო მშვიდობა“.
1. ეს გამოცემა (შედგება 6 ტომისაგან‚ რედაქტორი ჯ. ბატლერი) საგანგებო აღნიშვნის ღირსია. ეს არის პრაქტიკულად საუკეთესო გამოკვლევა‚ რომელიც კი შექმნილია მეორე მსოფლიო ომზე. ის ეყრდნობა უამრავ დოკუმენტურ მასალას და მასში ძალზე დაწვრილებით არის აღწერილი დიპლომატიური ისტორია თუ საომარი მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის დროს‚ თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ავტორები ძალღონეს არ იშურებენ‚ რათა რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინონ ბრიტანული სტრატეგიის სისწორე ამერიკულთან შედარებით.
ბრიტანელთა ამ შემოტევის მოგერიება ითავა მორის მეტლოფმა‚ რომელმაც მათი კრიტიკის გამომწვევ მიზეზად მიიჩნია ჩერჩილის პერიფერიული სტრატეგიის სისწორის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამართლების სურვილი. მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურება კი მან ახსნა მოკავშირეთა ძალების სხვადასხვა ფრონტებზე დაფანტვითა და სადესანტო საშუალებების არქონით.
უნდა აღინიშნოს‚ რომ ამ საკითხს მეტლოფამდეც აქცევდნენ ყურადღებას. კერძოდ‚ ეს გააკეთა ჩერჩილმა თავის მემუარებში. იგივე განაცხადა ბ. ლიდელ ჰარტმაც წიგნში „მაღლობის იქითა მხარეს“.
საბოლოო ჯამში ამ თეზისმა მცირე ხნით გაბატონებული მდგომარეობაც კი მოიპოვა‚ თუმცა რუზველტის პოზიციას საკუთრივ ამერიკელთა შორისაც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. აშშს პრეზიდენტს სტრატეგიული აზროვნების დეფიციტში პირველმა ბრალი დასდო ჰ. ბოლდუინმა. მას მხარი აუბეს ე.წ. „რევიზიონისტული“ სკოლის1 წარმომადგენლებმა: ჰ. ბარნსმა‚ ჩ. ტენზილმა‚ ფ. სენბორნმა და სხვ., რომლებმაც რუზველტს ბრალი დასდეს პროკომუნისტური პოლიტიკის გატარებაში. მოგვიანებით‚ XXს. 70-იან წლებში რუზველტი პირდაპირ ჯვარს აცვეს „ნეორევიზიონისტებმა“ _ კ. ჰოუვმა‚ ჩ. შელდონმა და რ. ჰობსმა‚ რადგანაც‚ მათი აზრით‚ მისი პოლიტიკის შედეგად შეიქმნა კიდევ ერთი ზესახელმწიფო _ საბჭოთა კავშირი. უკანასკნელ ხანებში მათ შეუერთდნენ ფ. მარქსი და ჯ. ფლინი‚ რომლებმაც რუზველტი დიპლომატიურ უნარს საერთოდ მოკლებულად გამოაცხადეს.
1. უნდა აღინიშნოს‚ რომ ზოგჯერ „რევიზიონისტებს“ რატომღაც ათვლიან „ნეგატივისტებს“‚ რაც ჩვენ გაუმართლებლად მიგვაჩნია. მიუხედავად იმისა‚ რომ ორივე ამ დაჯგუფებას ერთნაირი ინტერესები ამოძრავებთ‚ კერძოდ: ისინი თვლიან‚ რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი წინ უნდა აღსდგომოდნენ საბჭოთა ექსპანსიას ევროპაში‚ მათ ამის მიღწევა სრულიად სხვადასხვანაირი მეთოდებით მიაჩნიათ შესაძლებლად. მაგალითად: „რევიზიონისტები“ აკრიტიკებენ რუზველტს‚ რომ მან მხარი არ დაუჭირა ჩერჩილის ბალკანურ სტრატეგიას‚ მაშინ როდესაც „ნეგატივისტები“ ბრალს სდებენ მოკავშირეთა ორივე ლიდერს მეორე ფრონტის საფრანგეთში გახსნის გაჭიანურებაში.
XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დასავლურ ისტორიოგრაფიაში კიდევ ერთი ტენდენცია გაჩნდა‚ კერძოდ: მკვლევართა ერთმა ნაწილმა ტექნიკურად შესაძლოდ ჩათვალა მეორე ფრონტის 1943 წელს გახსნა იმ შემთხვევაში‚ თუ იქნებოდა მიღებული სათანადო გადაწყვეტილება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. მაგალითად‚ რ. ბეიტცელმა წიგნში: „უჩვეულო ალიანსი: ამერიკა‚ ბრიტანეთი და რუსეთი. 19411943“ _ აღნიშნა‚ რომ ლა-მანშის ფორსირების გადადება განაპირობა პოლიტიკაში ინგლისურ-ამერიკული წინააღმდეგობების არსებობამ. ლ. როუზმა კი განაცხადა‚ რომ გაჭიანურება მოხდა‚ რადგანაც ჯეროვნად არ იქნა დაცული თავდაპირველად გერმანიის‚ ხოლო შემდეგ იაპონიის დამარცხების პრინციპი. ჯ. გრიგმა საერთოდ დასდო ბრალი რუზველტს‚ ჩერჩილს და ბრუკს იმაში‚ რომ მეორე ფრონტი 1943 წელს არ იქნა გახსნილი. ამაზე ნათლად მეტყველებს თვით წიგნის სათაური: „1943. გამარჯვება‚ რომელიც არასოდეს არ ყოფილა“. ჯ. გრიგის აზრით‚ ხელიდან იქნა გაშვებული შესაძლებლობა‚ შეეჩერებინათ რუსები არა ელბაზე‚ არამედ ვისლაზე ან კიდევ უფრო აღმოსავლეთით. არც მ. სტოლერი თვლის შეუძლებლად ევროპაში 1943 წელს შეჭრას‚ მაგრამ ისიც იმ აზრზე დგას‚ რომ ინგლისამერიკის ხელმძღვანელობა მეორე ფრონტს იხილავდა‚ როგორც ომისშემდგომ ევროპაში სსრკს გავლენის ასარიდებელ საშუალებას და ამართლებს მათ პოზიციას.
საინტერესოა‚ რომ მ. სტოლერისა და ჯ. გრიგის განცხადებები საბჭოურმა ისტორიოგრაფიამ ძალზე კარგად გამოიყენა. მაგალითად, ო. რჟეშევსკიმ კატეგორიულად განაცხადა‚ რომ მათ მთლიანად გააბათილეს ძალებისა და ტექნიკური საშუალებების ნაკლებობის გამო მეორე ფრონტის 1944 წლამდე გახსნის შეუძლებლობის თეორია. უნდა აღინიშნოს‚ რომ საბჭოთა ისტორიკოსებმა ამ მტკიცებების დასასაბუთებლად კარგად გამოიყენეს ინგლისელი ისტორიკოსების მონაცემებიც ომის პერიოდში გამოშვებული სადესანტო გემების რაოდენობის შესახებ, რომლებიც თითქოს ცხადყოფენ‚ რომ მოკავშირეებს ამ მხრივ არავითარი სირთულე არ უნდა ჰქონოდათ. და მაინც‚ როგორც ჩანს‚ მოკავშირეებს ჰქონდათ გარკვეული პრობლემები ამ თვალსაზრისით‚ ვინაიდან 1944 წლის ივნისში მოკავშირეებმა ვერ შეძლეს „ოვერლორდისა“ და „დრაგუნის“ ერთდროულად განხორციელება მხოლოდ იმის გამო‚ რომ მათ არ გააჩნდათ ხმელთაშუა ზღვაში სადესანტო ხომალდების საკმარისი რაოდენობა. ისმის კითხვა: თუ ინგლისელებს და ამერიკელებს 1944 წელს ასე უჭირდათ სადესანტო გემები‚ როგორ უნდა განეხორციელებინათ მათ ლა-მანშის ფორსირება 1943 წელს? ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: ამისათვის მოკავშირეებს უარი უნდა ეთქვათ მთელი ამ წლის განმავლობაში წყნარ ოკეანეში რაიმე შეტევითი ოპერაციის წარმოებაზე‚ რაც‚ რასაკვირველია‚ აშშ-ს ინტერესებში სულაც არ შედიოდა.
რაც შეეხება საბჭოურ ისტორიოგრაფიას‚ აქ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა გადაწყვეტილი. ფაქტობრივად ყველა საბჭოთა მკვლევარს აქვს ერთი გამოკვეთილი აზრი‚ რომ მეორე ფრონტის გახსნა თავისუფლად შეიძლებოდა ჯერ კიდევ 1942-1943 წლებში. უფრო მეტიც‚ ზოგიერთი ავტორი შენიღბულად იმ აზრის გატარებასაც კი ცდილობს‚ რომ ლა-მანშის ფორსირება ინგლისელებს 1941 წელსაც კი შეეძლოთ. მართალია‚ ეს მკვლევარები ძირითადად პირდაპირი განცხადებების გაკეთებას ამის თაობაზე თავს არიდებენ‚ მაგრამ მათ მოჰყავთ დამახინჯებული ციფრები დაპირისპირებულ ძალთა (ე. ი. ინგლისისა და გერმანიის) რაოდენობის შესახებ და სათანადო დასკვნების გაკეთებას მკითხველს ანდობენ. დიდი ხნის განმავლობაში გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ვ. კულიში‚ რომელიც ამტკიცებდა‚ რომ ინგლისს შეეძლო 1941წ. შემოდგომაზე საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნა და რომ ძირითადი მიზეზი ამ იდეის უარყოფისა იყო დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა და სტრატეგია.1
1. XX ს. 80-იან წლებში ეს თვალსაზრისი გაიზიარეს ი. ზემსკოვმა და ა. სამსონოვმა. დღეისათვის რუსულ ისტორიოგრაფიაში მდგომარეობა ამ მიმართულებით შედარებით გაუმჯობესდა. ყოველ შემთხვევაში, ა. ორლოვი მეორე ფრონტის გახსნას, იმ სახით მაინც, როგორითაც ის 1944წ. განხორციელდა, შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ 1943 წლიდან
საერთოდ საბჭოური ისტორიოგრაფია მეორე ფრონტის საკითხში‚ დაწყებული პირველი გამოკვლევიდან და დამთავრებული XXს. 80-იანი წლების ნაშრომებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ‚ არ გამოირჩევა დიდი ორიგინალურობით. ერთადერთი ევოლუცია‚ რომელიც განიცადა საბჭოურმა ისტორიოგრაფიამ 40 წლის განმავლობაში‚ იყო ის‚ რომ თუ თავდაპირველად მეორე ფრონტის გაჭიანურებაში ბრალი ედებოდა მხოლოდ ჩერჩილს, შემდგომში უკვე საბჭოთა მკვლევარები არც აშშ-ს მთავრობას ინდობდნენ, თუმცა ამ პრობლემის განხილვისას ისინი მაინც ხაზს უსვამენ‚ რომ ამერიკელები პრინციპში ტრანლამანშური სტრატეგიის მომხრენი იყვნენ‚ ხოლო ინგლისელები კი _ ბალკანურისა‚ რითაც უხსნიან რუზველტს პასუხისმგებლობის ნაწილს.
ამრიგად‚ როგორც ვხედავთ‚ ისტორიოგრაფიაში დღემდე არ არსებობს ერთი აზრი იმის შესახებ‚ ჰქონდა თუ არა ადგილი მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურებას და თუ ჰქონდა‚ ვინ იყო ამაში დამნაშავე. ჩვენი აზრით‚ ყველაზე ადრეული ვადა ასეთი ოპერაციისათვის იყო 1943 წლის პირველი ნახევარი‚ მაგრამ აფრიკაში საომარი მოქმედებების გაჭიანურების შემდეგ ნათელი გახდა‚ რომ მისი განხორციელება შეუძლებელი ხდებოდა 1943 წლის მიწურულამდე‚ ეს კი ძალზე არახელსაყრელი დრო იყო ლა-მანშის ფორსირებისათვის მეტეოროლოგიური პირობების გამო. ასე რომ‚ მეორე ფრონტის გახსნის გადავადებას მართლაც ჰქონდა ობიექტური მიზეზები და ეს იყო არა მხოლოდ სადესანტო საშუალებების ნაკლებობა‚ რასაც ასე ხაზს უსვამენ დასავლეთელი ისტორიკოსები. ჩვენი აზრით‚ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას‚ რომ 1941-1943 წლებში დიდი ბრიტანეთისა და განსაკუთრებით აშშ-ს არმიები თავისი მომზადების დონით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ ვერმახტის ძალებს. ამის გამო იყო სწორედ‚ რომ მოკავშირეებმა ბევრად მეტი დრო მოანდომეს ჩრდილოეთ აფრიკისა და იტალიის გერმანელებისაგან გაწმენდას. ერთი სიტყვით‚ ჩვენ უფრო იქითკენ ვიხრებით‚ რომ სრულფასოვანი მეორე ფრონტის გახსნა დასავლეთ ევროპაში უფრო აშშინგლისის შეიარაღებულ ძალებში არსებულმა პრობლემებმა დააგვიანეს და არა ვაშინგტონისა და ლონდონის წინასწარგამიზნული შეგნებული ლოდინის ტაქტიკამ.
პოლიტიკური საკითხების შეფასებისას, ჩვენი აზრით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კონფერენცია სტალინის გამარჯვებით დასრულდა. პირველ რიგში, ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს აშშ-ს პრეზიდენტისა და საბჭოთა ლიდერის 1 დეკემბრის შეხვედრის შედეგები, რადგანაც ნათელი გახდა, რომ რუზველტი მხოლოდ იმდენად იყო დაინტერესებული პოლონეთისა და თუ ბალტიისპირეთის საკითხებით, რამდენადაც აშშ-ში ცხოვრობდა ამ ქვეყნებიდან მიგრირებული მილიონობით ამომრჩეველი. გარდა ამისა, კონფერენციის მსვლელობისას დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ პრაქტიკულად სცნო საბჭოთა კავშირის საზღვრები. ამავე დროს, სტალინის მოთხოვნას კენიგსბერგის სსრ კავშირისათვის გადაცემის შესახებ არ მოჰყოლია არანაირი წინააღმდეგობა მისი კოლეგებისაგან. გარდა ამისა, ჩერჩილმა და რუზველტმა არც კი სცადეს წინააღმდეგობის გაწევა სტალინისათვის, როდესაც ამ უკანასკნელმა პოლონეთის ემიგრანტული მთავრობა დაადანაშაულა ნაცისტებთან თანამშრომლობაში. მოკლედ რომ ვთქვათ, კონფერენცია ფაქტობრივად საბჭოთა ლიდერის სრული დიპლომატიური ტრიუმფით დასრულდა და ეს გამოიხატა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ ასპექტებში.
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий