აგათია ლაზების სამეფოსა და მისიმიელების შესახებ
რომაელებმა და სპარსელებმა დროებითი ზავი შეკრეს (552 წ.), იმიტომ კი არა, რომ საბოლოო ზავი ჩამოეგდოთ, არც იმიტომ, რომ ყველგან შეეწყვიტათ საომარი მოქმედება, არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ერთმანეთს დაზავებოდნენ აღმოსავლეთით და არმენიის საზღვრებზე; კოლხიდის ქვეყანაში კი ომს განაგრძობდნენ. ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის, თუ კი გაეცნობა ფასისის, კავკასიისა და მათ გარშემო ქვეყნების მოსახლეობას. ეს ლაზები გახდნენ დავის საგანი ჩვენს დროში და მეტი წილი ბრძოლებისას სწორედ მათი ქვეყნის გამო მოხდა. ხოსრო, სპარსთა მეფე, თუმცა მას მითვისებული და უკვე დამორჩილებული ჰქონდა იმ მიდამოების მრავალი და მეტად მნიშვნელოვანი ადგილები, მაგრამ იმით დაკმაყოფილებას კი არ ფიქრობდა, არამედ განზრახული ჰქონდა დანარჩენი ადგილებიც ჩაეგდო ხელში; იუსტინიანეს კი, სრულიად არ მიაჩნდა მისაღებად შელეოდა გუბაზს, რომელიც მაშინ ლაზთა მეფე იყო, და მთელ ერს, რომელიც რომაელთა ქვეშევრდომი იყო, კეთილმზრახველი და ერთმორწმუნე. მით უფრო სულით და გულით სცდილობდა, რაც შეიძლება მალე ყოფილიყო მტერი მოგერიებული. მას აფიქრებდა და აშინებდა ის რომ, თუ სპარსელები ომში გაიმარჯვებდნენ და მთელს ქვეყანას აიღებდნენ, აღარაფერი დააბრკოლებდა მათ უშიშრად შემოეცურათ ევქსინის პონტოთი და ძალიან ღრმად გაეკვალათ გზა რომაელთა სამეფოში. ამიტომ მან მამაცი ჯარი გაგზავნა იქ და საუკეთესო სტრატეგოსებიც დაუყენა სათავეში. წინამძღოლობდნენ ბესა, მარტინე და ბუზე, მართლაც რომ ვაჟკაცნი და ხშირ ომებში გამობრძმედილნი. გაგზავნილ იქნა აგრეთვე იუსტე გერმანეს ძე (იუსტინიანეს ძმის შვილიშვილი), მართალია სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ომებში უკვე გამოწვრთნილი.
მერმეროე 553 წლის გაზაფხულზე კვლავ მოვიდა მუხურისში და კოტაისის ციხეში, მოინდომა გაევლო ტელეფისის ძნელსავალი ადგილები და მდინარე ფასისამდე მიეღწია, მოულოდნელად დაეწიოკებინა რომაელები და ესინჯა, შეძლებდა თუ არა ზოგიერთი იქ მდებარე პატარა ქალაქების დამორჩილებას. ამის მიღწევა კი მისთვის შეუძლებელი იქნებოდა, თუ ის აშკარა გზით წამოვიდოდა. სარდალი მარტინე მის ხელქვეით ჯარითურთ ტელეფისში დაბინავებულიყო – ეს ციხე მტკიცე და ძალიან მაგარია და დიდი გუმლოდგინეობით იცავდა შესავლებს. ეს ადგილი, სხვათა შორის ძნელსავალია და მიუდგომელი. ერთი მხრით ნაპრალები, ხოლო მეორე მხრით ციცაბო და ერთი-მეორეზე მიწოლილი კლდეები ქმნიან ერთს მეტად ვიწრო, ბუნებრივად დაგებულ ბილიკს: არც ერთი სხვა გზიდან არ არსებობს სხვა მისასვლელი გზა, ვინაიდან ირგვლივ მდებარე დაბლობები მეტისმეტად ჭაობიანი და შლამიანია და მათ გარს აკრავს იმდენად ხშირი ბუჩქნარები და ტყეები, რომ არა თუ შეიარაღებულ რაზმებს, არამედ ერთ კაცსაც კი – ისიც მსუბუქად ჩაცმულს გაუჭირდება იქ გავლა. გარდა ამისა რომაელებს არავითარი შრომა არ დაუზოგავთ და, თუ სადმე არასაიმედო და ადვილად მისასვლელი ადგილი უპოვიათ, მაშინვე ხეებითა და ქვებით მოუყორავთ და დაუღალავადაც უმუშავათ ამ მხრით. ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში რომ იყო მერმეროე და ბევრს ფიქრობდა, აზრი დაებადა, რომ თუ რამენაირად შეასუსტებდა რომაელების ყურადღებას, შანსი მიეცემდა ციხის ასაღებად. მას იმედი ჰქონდა, რომ მუშების საშუალებით გაჭრიდა და გაწმენდდა ტყეს და კლდეებსაც მოამტვრევდა ხელსშემშლელ ნაწილებს და ამრიგად გავლა აღარ იქნებოდა ძნელი. იმ მიზნით, რომ ეს განეხორციელებინა, მან შემდეგი ხერხი იხმარა: მან მოიგონა, თითქოს რაღაც მძიმე და უკურნებელი სენით ყოფილიყოს შეპყრობილი და კიდევაც ჩაწვა ლოგინში, დასევდიანებული და თავისი ბედის მომჩივანი. მაშინვე მთელს ჯარში გავარდა ხმა – სარდალი მძიმედ ავად არის და სადაცაა მოკვდებაო. გეგმა იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ბიზანტიის მოსყიდულმა აგენტებმაც ვერაფერი იყნოსეს და სასწრაფოდ აცნობეს მარტინეს მერმეროეს ავადმყოფობის ამბავი. მაშინ რომაელებმა სრულიად მოადუნეს ყურადღება. რამდენიმე დღეში გავრცელდა ხმები მერმეროეს გარდაცვალების შესახებ, რასაც ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ სარდალი ისე მაგრად იყო ჩაკეტილი ოთახში, რომ ახლობლებსაც კი არ ენახვებოდა. მაშინ რომაელებმა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სარდლის სიკვდილის შემდეგ სპარსელები უკან წავიდოდნენ, საერთოდ მიატოვეს ზღუდეები და იქ სამუშაოების შესრულების მაგიერ უდარდელ ცხოვრებას ეწეოდნენ. მთელი ღამეები ეძინათ და სოფლის კარმიდამოებში ატარებდნენ დროს; არც მზვერავებს გზავნიდნენ და არც სხვა საჭირო ზომებს ღებულობდნენ. ეს რომ გაიგო მერმეროემ გამოეცხადა ჯარს, დიდი სისწრაფით გადალახა გზის სიძნელე შემუშავებული გეგმით და გაჩნდა ციხის მახლობლად; მარტინე პანიკაში ჩავარდა, ჩათვალა რომ მის ირგვლივ მყოფი მცირერიცხოვანი ჯარით წინააღდეგობას ვერ გასწევდა და სასწრაფოდ დატოვა ტელეფისი და 7 სტადიონის მოშორებით, ერთ დაბლობში მდგარ ბესასა და იუსტეს შეუერთდა. ეს იყო ქოთნების (თიხის ჭურჭლეულის) სავაჭრო ადგილი, რომელსაც რომაელები ოლლარიას, ხოლო ბერძნები ქიტროპოლიას ეძახდნენ. გაქცევის წინ მარტინემ ტელეფისის ახლოს დატოვა ბიზანტიაში აღზრდილი ჭანი თეოდორე 500 ჭანით და დაავალა ტელეფისში შესული სპარსელთა ლაშქარი დაეზვერა და ინფორმაცია ბიზანტიელთა მთავარ ბანაკში წაეღო. თევდორემ დაზვერა მოწინააღმდეგე და დაადგინა, რომ იგი ტელეფისში გაჩერებას არ აპირებდა და ბრძოლის გაგრძელება სურდა, ამიტომ სასწრაფოდ წავიდა მთავარი ბანაკისკენ ინფორმაციის გადასაცემად. გზაზე ბევრი რომაელი შეხვდა, რომლებიც ქიტროპოლიაში კი არ მიდიოდნენ პირდაპირ, როგორც ეს ნაბრძანები ჰქონდათ, არამედ ლაზთა სახლებში იჭრებოდნენ და ართმევდნენ ყოველგვარ საკვებს; მან სცადა ისინი დაებრუნებინა და მიუთითებდა უგუნურებაზე: არ გესმით, როგორ თქვენს თავსო, ვინც იყო მათ შორის არც თუ ძალიან წუწკი და თავაშვებული, იმათ მალე დაუჯერეს, ნელ-ნელა გამობრუნდნენ და გაჰყვნენ მას. თევდორემ ნელა მიდიოდა, რის გამოც ვერ მოახერხა დროზე შეეტყობინებინა სტრატეგოსებისათვის მერმეროეს მოსვლა. ზოგიერთ ჯარისკაცს, რომლებსაც ძარცვისთვის თავი არ დაენებებინათ თავს წამოადგნენ სპარსელები: ზოგიერთი მათგანი მოკლეს, ხოლო სხვებმა გაქცევით უშველეს თავს, მოულოდნელად შევარდნენ ბანაკში ყვირილითა და ხმაურით, ისე რომ ბანაკში უცბად ყველანი აფორიაქდნენ და უზომოდ შეშინებულებმა უკან დახევა დაიწყეს. სტრატეგოსებიც, რომელთაც ჯარი არ ჰყავდათ დარაზმული, შეშინდნენ ვაი თუ მოუმზადებლებს ზედ წამოგვადგნენ ბარბაროსებიო, დაბნეულები აიყარნენ დაბლობიდან, თან წაასხეს მთელი ჯარი და ლაჩრულად და უმწყობროდ გაემართნენ და მანამ არ შეუწყვეტიათ სირბილი, სანამ ნესოსს არ მიაღწიეს. ნესოსი სულ დიდი 5 ფარსანგით (19 ან 27 კმ) არის დაშორებული ტელეფისს. ისინი ძალიან მარდად მირბოდნენ და ეს გზა სწრაფად გაიარეს. ეს სოფელი საკმაოდ მაგარია და არც ადვილი მისადგომი, გარშემორტყმულია მდინარეთა მორევებით. ფასისი და დოკონისი (დღევ. ტეხურა) ცალცალკე ჩამომდინარეობენ კავკასიის მთებიდან და თავში ძალიან არან ერთმანეთს დაშორებული; აქ კი ადგილის მდებარეობით იძულებულნი ცოტ-ცოტა უახლოვდებიან ერთმანეთს და უკვე აღარ მოედინებიან დაშორებით; რომაელებსაც ერთი თხრილი გაუკეთებიათ და ფასისის ნაკადი დოკონოსში გადაუშვიათ, ასე რომ ორივე ერთდება ნესოსის იმ ნაწილში, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიქცეული და ისინი გარს ერტყმიან ამ ადგილს, აქიდან კი ისინი კვლავ უხვევენ და დაბლობის მცირეოდენ ნაწილს იმწყვდევენ შუაში. შემდეგ, დასავლეთისკენ რომ მიდიან წინ თავისთავად ერთვიან და ბოლოს ერთმანეთს შეერევიან, ასე რომ მათ შუა მართლაც კუნძული იქმნება. აი, აქ მოიყარეს თავი რომაელებმა.
ასეთი წარუმატებლობების შემდეგ 553–554 წლებს შორის, პეტრას დანგრევიდან 2–3 წლის შემდეგ ბიზანტიელებმა აფსაროსიც დაანგრიეს. ყველაფერი აღნიშნული კი უსპობდა საშუალებას სპარსელებს გამაგრებულიყვნენ შავიზღვისპირა ზოლში. არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ პიტიუნტში, ისევე როგორც პეტრაში, ასევე აფსაროსში VI ს-ის მეორე ნახევარსა და VII ს-ის დასაწყისშიც საქალაქო ცხოვრება აღარ განახლებულა.
„ქიტროპოლიაში რომ მივიდა მერმეროე, სასაცილოდ აიგდო იმათი სილაჩრე ვინც ურჩობა გამოიჩინა და ძალიანაც გაკიცხა ისინი; მან გადაწყვიტა არ განეგრძო წინსვლა და არც ნესოსზე მიეტანა იერიში, ვინაიდან არც სურსათს შოვნა იყო შესაძლებელი მტრის შუაგულ ქვეყანაში ასეთი მრავალრიცხოვანი ჯარისთვის და არც სხვა მხრივ ალყის შემორტყმისათვის მომზადება. ამიტომ მან კვლავ ტელეფისისა და იქაური ძნელსავალი ადგილისაკენ გაბრუნება კი არ მიიჩნია მიზანშეწონილად, არამედ ფიცრებისა და საგანგებოდ ამისათვის დამზადებული ტივების საშუალებით შეაერთა ფასისის ნაპირები, ხიდივით გააკეთა და თავისუფლად გადაიყვანა მთელი ჯარი, ისე რომ არავის აღმოუჩენია დაბრკოლება. ონოგურისის ციხეში, რომელიც მას წინათ გაეხადა არქეოპოლისის მიდამოებში რომაელთა წინააღმდეგ საჭირო სასიმაგრო საფარად, ჩაყენებული იყვნენ სპარსელები და, აი, ეს სპარსელები გაამხნევა, სხვა რაზმიც დაუტოვა, იქაურობა რამდენადაც შესაძლებელი იყო გაამაგრა და კვლავ კოტაისისა და მუხირისისაკენ გაბრუნდა. უცბად ის რაღაც სენმა შეიპყრო და მაგრად მოჰკიდა ხელი; ამიტომ მეტი წილი ჯარისა, უმამაცესნი, დატოვა იქ ქონების დასაცავად, თვითონ კი გადავიდა იბერიაში. და აი, აქ, ე.წ. მესხითაში (მცხეთა) ის ძალიან ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
მერმორეს სიკვდილმა ძალიან დაამწუხრა ხოსრო, მაგრამ ლაზიკეში მდგარი მოკლებული რომ არ ყოფილიყო წინამძღოლს, მაშინვე დანიშნა სარდლად ნახორაგანი, კაცი ფრიად წარჩინებული და სახელოვანი.
გუბაზის მკვლელობა
ბიზანტიის სარდლების სამარცხვინო საქციელებმა აღაშფოთა გუბაზ მეფე, რომელსაც ასეთი სასირცხო საქმე შეუფერებლად მიაჩნდა და ეშინოდა ვაი თუ ამის მეტი კიდევ რამე შეუფერებელი მოხდესო, მაშინვე აცნობა იუსტინიანეს ყველაფერი, ბრალს სდებდა სტრატეგოსებს და ყველაფერს რაც მოხდა მათ უგუნურებას მიაწერდა, განსაკუთრებით ამტყუნებდა ბესას, მის შემდეგ მარტინესა და რუსტიკეს. ეს რუსტიკე წარმოშობით იყო ელინოგალი და იქ მსახურებდა არა სტრატეგოსის ან რაზმის უფროსის ან სხვა რამის თანამდებობაზე სამწყობრო ნაწილში, არამედ მხოლოდ მეფის თანხების საგანძურის მმართველად იყო, იმ თანხების კი არა, რომლებიც გადსახადთა აკრეფით გროვდებოდა – ეს სხვა პირს ქევემდებარებოდა – არამედ იმ თანხების, რომლებიც სამეფო საგანძურიდან იყო გამოგზავნილი იმ მიზნით, რომ მამაცად მებრძოლებს ჯეროვანი საჩუქრები მიეღოთ. ამიტომ არც ისე უმნიშვნელო იყო ეს კაცი, პირიქით ფრიად შემძლებელიც და საიდუმლო საქმეებში ჩახედული; მხოლოდ მაშინ ჰქონდა ძალა არქონტთა განკარგულებებს, როდესაც იგი ეთანხმებოდა. ბესას მიმართ კი უკვე წინათაც სწყრებოდა იუსტინიანე, რადგან პეტრას აღების შემდეგ ლაზიკის ვიწრობების შეკვრისა და სპარსელთა არგადმოშვების ნაცვლად ხარკის ასაკრეფად წავიდა. ამიტომ როდესაც გუბაზის ახალი საჩივრები მოვიდა ბესა გადააყენა თანამდებობიდან, ჩამოართვა მთელი ქონება და აბაზგიაში გაგზავნა, რათა იქ დარჩენლიყო, სანამ მისთვის სხვა რამეს მოიფიქრებდა. რაც შეეხება მარტინეს, მას ყველაფერი შეუნდეს და უპირველეს სტრატეგოსად აქციეს, მეორე იყო იუსტინე, მესამე ბუზე. გუბაზს მარტინესთან და რუსტიკესთან მტრული ურთიერთობა თავიდანვე ჩამოუყალიბდა, თუმცა დიდხანს ფარულად მიმდინარეობდა. შური და ცილისწამება დროთა განმავლობაში სულ უფრო ძლიერდებოდა. გუბაზის ჩადენილ თითოეულ საქმეს ისინი უყურებდნენ ეჭვით და მტრულად და მისდამი ბოღმას აღვივებდნენ. გუბაზმაც შენიშნა მისდამი სიძულვილი და სამაგიეროს მიზღვევის საფუძველი მიეცა, და ის მათ ხშირად აძაგებდა როგორც ლაჩრებსა და გაიძვერებს, რომ მათ ხელიდან არაფერი საქმე არ გამოდის; ნადიმებეზე და კრებებზე მუდამ ზიზღით ეპყრობოდა და როდესაც შემთხვევით მეზობელი ტომების ელჩები მოვიდოდნენ, მაშინაც კი არ ცხრებოდა და არ ეშვებოდა. ისინიც კი ამას ვერ ითმენთდნენ. განსაკუთრებით აბრაზებდათ მათ იუსტინიანესთან დაბეზღება გუბაზის მიერ და, რადგან იცოდნენ, რომ ის კვლავაც გააგზავნიდა საჩივარს, თუ ისინი კიდევ რამეში შესცდებოდნენ, ამიტომ განიზრახეს თავიდან მოეშორებინათ გუბაზი, რათა ერთის მხრივ მისთვის სამაგიერო გადაეხადათ მიყენებული უსიამოვნებისათვის, ხოლო მეორე მხრივ აღარ ჰქონოდათ ამიერიდან შიში.
ბევრი ითათბირეს იმათ ერთმანეთში და ბოლოს იმ აზრს დაადგენ, რომ სანამ არ ცდიდნენ მეფესთან ამ საქმის მოგვარებას, ხელი არ ეხლოთ მისთვის. ამიტომ ბიზანტიონში გაგზავნეს იოანე – რუსტიკეს ძმა, რათა მას მიეტანა ამბავი, თითქოს გუბაზი სპარსელების მომხრეობას იჩენდეს, და აი, როდესაც იოანე ფარულად მივიდა მეფესთან საპალარაკოდ, დააბეზღა გუბაზი: გადაგვიდგა და სპარსელებს მოუძღვება და საცაა მთელს ქვეყანას მათ გადასცემს, თუ სასწრაფოდ რაიმე ზომას არ მივიღებთ მის შესაკავებლადო. მეფე გაშტერებული დარჩა ამ დაუჯერებელი ამბით, საბოლოოდ არ დაიჯერა, მაგრამ რაღაც საშუალო აზრს დაადგა და უთხრა:
– მაშ მიიღეთ ზომები, რომ ის აქ მოვიდეს.
იოანეს შეეშინდა, ვაი თუ, ის აქ რომ მოვიდეს, ჩვენი სივერაგე გამომჟღავნდესო და მოახსენა:
– როგორ მოვიქცეთ, ბატონო, რომ თავისი ნებით არ ისურვოს გამოცხადება?
– ძალას დაატანთ, ქვეშევრდომია, ყოველი ღონე იხმარეთ და გამომიგზავნეთ უპასუხა იუსტინიანემ.
– ძალას დავატანთ, მაგრამ წინააღმდეგობა რომ გაგვიწიოს, რა ვუყოთ? – იკითხა იოანემ.
– სხვა რა უნდა უყოთ, ტირანული საქციელი უნდა დაისაჯოს, სასტიკად უნდა მოისრას!
– მაშ, თქვა იოანემ, არავითარი შიში არ უნდა ჰქონდეს იმას ვინც მას მოკლავს?
– რასაკვირველია არა, უთხრა იუსტინიანემ; თუ ის წინააღმდეგობას გასწევს და ურჩობას დაიწყებს, უნდა მოისპოს, როგორც მტერი.
იგივე აზრი მისწერა ავგუსტმა სტრატეგოსებსაც. იოანე მეტს აღარაფერს შეეკითხა. მისი აზრით მან დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო იმაზე, რასაც ეძიებდა და უკან გასწია კოლხეთისაკენ, თან ეს წერილი წაიღო. მარტინემ და რუსტიკემ რომ წაკითხეს ეს წერილი, დაასკვნეს, რომ საქმე საუცხოოდ იყო მოგვარებული და მაშინვე ამოქმედნენ. მათ მოიხმეს იუსტინე და ბუზე, განზრახული დაუმალეს და უთხრეს: საჭიროა სასწრაფოდ გუბაზთან წასვლა და მასთან მოთათბირება იმის შესახებ, ონოგურისში მყოფ სპარსელებს როგორ დავესხათ თავს ერთადო. ამათაც დაუჯერეს და გაემართნენ: თან წაიყვანეს მცირეოდენი რაზმი. გუბაზმა რომ შეიტყო, რომ მასთან მალე მოვიდოდნენ სტრატეგოსები, და სამტროს მათგან არაფერს ელოდა, წავიდა ხობის წყალთან. აქ შეეგება ის მათ უმცველებოდ და გაბედულად, მხოლოდ მცირეოდენნი ახლდნენ მისი ამალიდან, ისიც უიარაღონი და საბრძოლველად მოუმზადებელნი.
ასე, ყველანი ცხენებზე ისხდნენ და ისე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. მაშინ რუსტიკემ გუბაზს უთხრა: „აბა, გუბაზ, სპარსელების წინააღმდეგ მივდივართ, რომლებიც ონოგურისში ჩამსხდარან; გამოგვყევი ჩვენთან ერთად და მიიღე მონაწილეობა ამ ლაშქრობაში. სირცხვილი იქნება, თუ ისინი კვლავ თავისუფალი ისხდებიან ჩვენი ქვეყნის შუა გულში, მით უმეტეს რომ ისინი მცირერიცხოვანნი არიან და ბრძოლის უნარითაც ვერ შეგვედრებიან“ – უხრა რუსტიკემ. „ეს ლაშქრობა, შე კაი კაცო, ხომ მარტო თქვენ გეხებათ – მიუგო გუბაზმა – რადგან მხოლოდ თქვენ მიგიძღვით ბრალი იმაში რაც მოხდა. თქვენ რომ ასე უგუნურად და დაუდევრად არ მოპყრობოდით საქმეს, არც ეს ციხე იქნებოდა ჩვენს წინააღმდეგ გამაგრებული, არც ასე უსირცხვილოდ და ქუდმოგლეჯილი გაიქცეოდით და არც სხვა რამე მოხდებოდა ამ შეუფერებელი ამბებიდან. ეხლა კი ძვირფასნო, თუ თქვენ ამბობთ, რომ დიდება გიყვართ და სარდლის ღირსების სიმაღლეზე დგახართ, თქვენი შეცდომა უნდა გამოასწოროთ. რაც შემეხება მე, არ გამოგყვებით და არც ომში ჩავებმები, სანამ თქვენს მიერ ჩადენილ ყველა შეცდომას არ გამოასწორებთ“. როგორც კი ეს ითქვა, მაშინვე, თითქოს გუბაზის პასუხი საკმაოდ ამტკიცებდა მის სპარსელთა მომხრეობასა და ტირანობასო, იმ იოანემ, რომელიც იმ ვერაგთა შიკრიკი იყო, იშიშვლა ჩუმად ხანჯალი და მკერდში ჩასცა გუბაზს, მაგრამ არა სასიკვდილოთ. გუბაზს ცხენის კისერზე ჰქონდა ფეხები შემოკეცილი და ის ერთბაშად დაეცა ძირს, არა იმდენად ხელს დარტყმისგან, არამედ მოულოდნელობისგან. მან ფოფხვა დაიწყო და ცდილობდა ამდგარიყო. ამ დროს ზედ წაადგა რუსტიკეს მეშუბე, რომელსაც ეს დავალებული ჰქონდა, მახვილით გაუჩეხა თავი და ბოლო მოუღო მის სიცოცხლეს. ეს ამბავი 554 წელს მოხდა.
გუბაზის მკვლელობის ამბავმა ძალიან შეაწუხა იუსტინე და იოანე ბუზე, თუმცა ისინი ხმას ვერ იღებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს იუსტინიანეს ბრძანებით მოხდა. სამაგიეროდ ლაზთა მთელი ლაშქარი აღელდა ამ ამბის გამო და ისეთმა უკმაყოფილებამ შეიპყრო ისინი, რომ გადაწყვიტეს ამიერიდან აღარ შერეოდნენ რომაელებს და არც მათთან ერთად ელაშქრად. როდესაც გუბაზის გვამი, თანახმად მათი წესისა დაკრძალეს, ბრძოლაში მონაწილეობა აღარ მიიღეს, როგორც უაღრესად შეუარაცხმყოფილებმა და სამშობლოს დიდების დამკარგველებმა.
ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არც თუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტომებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოებს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც მიწა-წყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტითა. იმ დროს, როდესაც წინანდელ მცხოვრებლებს ამ მხარისას სრულიად არ სცოდნიათ ზღვის დადებითი თვისებები, წარმოიდგინეთ – არც კი გაეგონათ ხომალდის სახელი მანამდე, სანამ მათთან ხომალდი არგო არ მოვიდოდა, ეხლანდელი მცხოვრებლები დასცურავენ კიდეც, რამდენადმე შესაძლებელია, და ვაჭრობაშიაც ნახულობენ დიდ სარგებლობას. ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან, არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწევიან, არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიანთი ცხოვრებისთვის სახელმწიფოებრივი და კანონითი სახე მიუციათ; ასე რომ; მათი ეხლანდელი ვითარება წინანდელზე ბევრად უკეთესია. აი ასეთი არიან ლაზები და ბუნებრივია, რომ მათ შეუწყნარებლად მიიჩნიეს მოეთმინათ ის, რომ ასე ვერაგულად მოუკლეს მეფე.
მარტინეს წაქეზებით რომაელებმა მთელი თავისი ჯარით მიიტანეს იერიში ონოგურისში ჩამჯდარი სპარსელების წინააღმდეგ. ეს სახელი ძველადვე შეერქვა ამ ადგილს შესაძლებელია იმის გამო, რომ ჰუნები, რომლებსაც ონოგურები ეწოდებოდათ, ამ ადგილას შებმიან კოლხებს წასულ წლებში და დამარცხებულან და ამ გამარჯვების ნიშნად და ძეგლად ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს სახელი შეურქმევიათ ამ ადგილისათვის. ამჟამად ბევრი ასე კი აღარ უწოდებს, არამედ, რადგან აქ დაფუძნებულია წმინდა სტეფანეს ტაძარი, რომელიც, როგორც ამბობენ საკუთარი ნებით შეება მტერს საუკეთესო ქრისტიანთა გულისთვის და ჩაქოლილ იქნა მოწინააღმდეგის მიერ, მისი სახელი ეწოდა ამ ადგილს. ამრიგად რომაელთა ჯარი ონოგურისის წინააღმდეგ გასალაშქრებლად ემზადებოდა. ამას მოითხოვდნენ გუბაზის მკვლელობის სულის ჩამდგმელნი, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ ამ ციხეს მალე დაიპყრობდნენ: ამის წყალობით, რომც გაიგოს იუსტინიანემ ჩვენი ვერაგობის ამბავი, მაინცადამაინც არ გაგვიწყრება, რადგან უკანასკნელი ლაშქრობა წარმატებით დავასრულეთო. და, აი, სტრატეგოსებიც და მთელი ჯარიც, რომელნიც არქეოპოლისის დაბლობში იყვნენ დაბანაკებულნი, ამზადებდნენ ე.წ. სპალიონებს, დიდი ქვების სატყორცნელებს და სხვა ამგვარ იარაღებს, რათა, თუ საჭირო იქნებოდა ზღუდისათვის დაეშინათ. სპალიონი წნელისგან არის დაწნული სახურავის მსგავსად, ისე მკვრივად, რომ ვერაფერი გაატანს ვერც ერთი ადგილიდან, ორივე გვერდი ქვევით არის ჩაჭიმული და ირგვლივ ჰფარავს იმას, ვინც მის ქვეშაა მოთავსებული. ზემოდან ყველგან ბეწვებსა და ტყავებს აფარებენ და ისე მალავენ მანქანას, რომ სიმაგრედ გამოდგეს და ისრების აშორება იქნეს შესაძლებელი; შიგ უშიშრად იმალებიან კაცები, უჩინრად ასწევენ ხოლმე მას და, სადაც სურთ, იქ გადაიტანენ. თუ ის კოშკთან ან ზღუდესთან იქნება რამენაირად მიტანილი, მაშინ ისინი, რომლებიც მის ქვეშ არიან მოთავსებული, ამოთხრიან მიწას, გაწმენდენ ამონათხარს, გააშიშვლებენ საძირკველს და, მის შემდეგ რაც მოქლონებითა და უროებით გამუდმებით სცემენ, ჩამოადგრევენ შენობას. აი, ამნაირად ემზადებოდნენ რომაელები ალყის შემოსარტყმელად.
ამ დროს იუსტინეს მეშუბეებმა დაიჭირეს ერთი სპარსელი, რომელიც ციხისაკენ მიდიოდა. როდესაც ის ბანაკში მოიყვანეს, მაგრად სცემეს და აიძულეს სიმართლე ეთქვა თავისიანების განზრახვათა შესახებ. და მან, მართლაც უამბო, რომ ნახორაგანი უკვე იბერიაში იყო მისული და რომ ის გამოაგზავნა აქაური ჯარების გასამხნევებლად, თვითონ სარდალიც აქ გაჩნდებაო. „მუხურისსა და კოტაისში დარაზმული სპარსელებიც მოვლენ მოკლე ხანში – თქვა მან, – რომ შეეშველონ ონოგურისში მყოფ თვისტომთ; მათ გაიგეს, რომ თქვენ იმათ წინააღმდეგ გალაშქრება განიზრახეს“. ეს რომ თქვა, რომაელთა სარდლები მაშინ შეუდგნენ თათბირს შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ბუზემ თქვა, საჭიროა პირველ რიგში მთელი ჩვენი ჯარით დავუხვდეთ მომავალ მტერსო. ამათ ხომ, ცხადია, დავამარცხებთ, რადგან მცირერიცხოვანნი არიან; მაშასადამე, ციხეში მყოფნიც მაშინვე დაგვნებდებიან, რადგან განმარტოებულნი აღმოჩნდებიანო: კიდევ რომ სცადონ წინააღმდეგობის გაწევა, ადვილად ვსძლევთო. ეს აზრი ულიგანგემაც მოიწონა, ერულთა ჯარის წინამძღოლმა. ის ხშირად ამბობდა ხოლმე იგავ-არაკით, მართალია ბარბაროსულად და მდაბიურად, მაგრამ ამავე დროს საქმიანად და სასარგებლოდ: ჯერ უნდა დააფრთხო ფუტკარი და შემდეგ ნელ-ნელა მოაგროვო თაფლიო. რუსტიკე კი – რომელიც უფრო თავხედი და ტირანული ხასიათისა გახდა და, ვფიქრობ, კიდევაც თავი მოჰქონდა თავისი უკანონო საქციელით და იმით, რომ მარტინეს თანამოაზრე იყო, – აშკარად დასცინოდა ბუზეს და ლანძღავდა, არასდროს მსჯელობ ისე, როგორც საჭიროაო. ყველას აჯობებს მეტისმეტი ჯაფით არ დავასუსტოთ ჯარიო – ამბობდა ის, – ყველანი მივადგეთ ციხეს, მალე ავიღოთ ის და დავასწროთ გარედან მომავალ დამხმარე ჯარსო; თუ საჭიროა, ზოგიერთები გავაგზავნოთ ამათ წინააღმდეგ, რათა დავაგვიანებიოთ იერიშის მოტანაო. ბუზეს გეგმა გაცილებით უკეთესი იყო; საქმის ვითარებასაც შეეფერებოდა, საუკეთესოდაც ეთანხმებოდა ლაშქრობის წესს და ნაკლები ხიფათით ავითარებდა მოქმედებას. მაგრამ, ვინაიდან, როგორც ჩანდა მთელი ჯარი იყო მკვლელობის მონაწილე, რადგან ის იმ სისხლისმსმელებთან იყო და მათ ფეხის ხმას მოჰყვებოდა, გაიმარჯვა უფრო ცუდმა და მიზანშეუწონელმა აზრმა, რომელსაც მაშინვე უნდა მოჰყოლოდა სათანადო სასჯელი. მუხირისიდან მომავალთა წინააღმდეგ გაგზავნეს ცხენოსნები, არა უმეტეს 600 კაცისა. მათ წინამძღოლობდნენ დაბრაგეზა და უსიგარდე, ორივე – წარმოშობით ბარბაროსები, ხოლო რომაული რაზმების მეთაურები, დანარჩენები კი სტრატეგოსებთან ერთად ციხეს ეცნენ და მაშინვე შეუდგნენ საქმეს. იმათ აამოძრავეს მანქანები და სცადეს ციხის კარების აღება, გარს შემოერტყნენ ზღუდეს და ყოველი მხრიდან დაუშინეს. სპარსელებიც გაიფანტნენ ციხის კბილანებზე და რამდენად შესაძლებელი იყო იცავდნენ თავს შექმნილ პირობებში; ხშირ-ხშირადაც უშენდნენ მტერს ისრებს და გარედანაც იცავდნენ ციხეს. ზევიდან რაღაც ტილოები და წამოსასხამები გადმოჰკიდეს და ამით ისრების ძალას ასუსტებდნენ, რომლებიც მათ წინააღმდეგ მოდიოდა. ორივე მხრით მეტად გულმოდგინეთ და მწვავედ იბრძოდნენ, და ეს უფრო ბრძოლას ჰგავდა, ვიდრე ალყას.
დანარჩენი სპარსელები კი, – დაახლოებით 3000 კაცი, მამაცი ცხენოსანი, – დაირაზმნენ და კოტაისისა და მუხირისიდან გამოსწიეს ონოგურისისაკენ. ისინი საკმაოდ უდარდელად მოდიოდნენ, სრულიადაც არ ეგონათ, თუ მტერი შეხვდებოდა, მაგრამ უცბად დაბრაგეზას და უსიგარდეს რაზმებს წააწყდნენ, რომაელებმაც ისინი მოულოდნელად დააფორიაქეს და მაშინვე გააქციეს. ეს რომ გაიგეს ონოგურისის ალყის შემომრტყმელმა რომაელებმა, მაშინვე ეძგერნენ ციხეს უფრო გაბედულად, ჩამოგლიჯეს კედლებზე საფარად გადმოკიდებული ტილოები და არეულ-დარეულად გაიფანტნენ ზღუდის სხვადასხვა ადგილას იმ ანგარიშით, რომ, რადგან ციხის გარეთ მყოფი მტერი ოტებული იყო და, მაშასადამე, ხელისშემშლელი აღარავინ ჩანდა, ისინი სულ მალე მოარბევდნენ იქაურობას. მაგრამ ციხეში მყოფი სპარსელები მალე მიხვდნენ, რომ რომაელთა მთელი ჯარი კი არ წამოსულიყო მათ წინააღმდეგ, როგორც მათ თავში ეგონათ, არამედ მხოლოდ მცირე ნაწილი, ისინიც მზვერავები უფრო ეგონებოდა ადამიანს, ვიდრე მეომრები. ამიტომ ისინი ერთბაშად მოტრიალდნენ და ყვირილითა და აურზაურით შეუტიეს რომაელებს. ამათაც საქმის ასეთ შეტრიალებას ვერ გაუძლეს, ზურგი უჩვენეს და დიდი სისწრაფით გამოიქცნენ. სპარსელები დაედევნენ მათ, ძალიან ახლოს მისდევდნენ და თითქმის ისე მოხდა, რომ, – ერთნი რომ ისწრაფვოდნენ დაჭერას, ხოლო მეორენი გაქცევას, – ორივენი, როგორც ოტებულნი ისე დამდევნებელნი, ერთმანეთში არეულნი, რომაელთა დანარჩენი ჯარების ადგილას აღმოჩნდნენ. ცხადია, ატყდა საშინელი ხმაური; ჯარს ალყაც გადავარდა ფიქრიდან და ისიც, რომ იმედი ჰქონდა – საცაა ციხეს ავიღებო, – და სტრატეგოსებთან ერთად უკუიქცა; არც იმისთვის შეჩერდა ის, რომ გაერკვია, თუ რა მოხდა, ან რამდენნი არიან თვითონ, რამდენი არის მოწინააღმდეგე. ისეთი სირბილით გარბოდნენ ისინი და ისე აფორიაქებულნი, როგორც საზარელი შიშით შეპყრობილნი. სპარსელებსაც მეტი სითამამე მიეცათ და უფრო მეტად დაედევნენ. როდესაც ციხეში დარჩენილი სპარსელები გამოვიდნენ (ესენიც ხომ ხედავდნენ, რაც ხდებოდა) და უცბად შეუერთდნენ დანარჩენებს, ისინიც დაედევნენ რასაკვირველია რომაელებს და მათი ოტება კიდევ უფრო გააცხოველეს. რომაელთა ცხენოსნები ყველანი უკუქცეულ იქნენ ისე, რომ სპარსელებს ისრების გასროლაც არ დასჭირვებიათ: იმათ მოჰკურცხლეს რაც ძალა ჰქონდათ; რაც შეეხება ქვეითთა ჯარს, მრავალნი მომწყვდეულ იქნენ ე.წ. მდინარე კათალის წყლის (დღევ. აბაშა) ხიდზე და მოკლულ იქნენ (ამ ხიდზე გავლა საერთოდ, აუცილებელი იყო). რადგან ეს ხიდი ვიწრო იყო, ერთბაშად ბევრს გადასვლა არ შეეძლო და ერთი მეორეს ეჯახებოდნენ; ამის გამო ზოგიერთი მათგანი მდინარის ტალღებში ჩავარდა, ზოგი კიდევ ხიდიდან გამოდენეს და უკან რომ გაბრუნდნენ, მტერს ჩაუვარდნენ ხელში. ამრიგად, ყოველი მხრიდან უბედურება უბედურებას ემატებოდა და, იქნება, ყველანი დაღუპულიყვნენ ამ საერთო ორომტრიალში, რომ სტრატეგოს ბუზეს – მისიანები რომ ყვიროდნენ და ვაგლახობდნენ – არ გაეთვალისწინებინა ხაფათის მთელი სიმძიმე, არ გაბრუნებულიყო თავისი რაზმით და არ შებმოდა ბარბაროსებს, რათა ცოტათი შეენელებინა დევნა, ვიდრე რომაელები ხიდზე არ გადავიდოდნენ და ერთგვარ უშიშარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ, როგორც ყველა დანარჩენები. წინანდელ ბანაკში, რომელიც არქეოპოლისის მახლობლად იყო გაშლილი, მათგან აღარავინ დაბრუნებულა: შეშინებულებმა მას გვერდი აუარეს და, რაც კი თან წამოეღოთ საჭმელი და, საერთოდ, სურსათი და ძვირფასეულობა, ყველაფერი იქ დასტოვეს, თვითონ კი შიდა სოფლებში უშველეს თავს, და მტერს მოაპოვებინეს არამარტო ბრწყინვალე და საამაყო არამედ, შემოსავლიანი გამარჯვებაც.
სპარსელებმა, აქაური დაბლობები კაცთაგან დაცარიელებული რომ იპოვეს, მოშალეს აქ სასიმაგრო თხრილი, დაიტაცეს რაც კი იქ იყო, და ასე ნასიამოვნები გაბრუნდნენ შინისაკენ და კვლავ წინანდელი მიწა-წყალს დაეპატრონნენ. განა ნათელზე ნათელი არაა, რომ ღმერთის რისხვამ გაანადგურა, უსამართლოდ დაღვრილი სისხლის გამო ჯარი რომაელებისა, რომლებმაც გემებიდან უცუდესი ამოარჩიეს, და, იმ დროს როდესაც იმათ ჰყავდათ არა ნაკლებ 50000 კარგი მებრძოლისა, აგრე ნაძრახად გაექცნენ 3000 სპარსელს და ძალიან ბევრი მეომარიც დაჰკარგეს. მაგრამ თვით ბოროტმოქმედების ჩამდენთაც სულ მალე ეწიათ უმაღლესი სასჯელი.
ეგრისელთა სახალხო კრება
554–555 წლების ზამთარი რომ დადგა, მთელი ჯარი დანაწილებულ იქნა ქალაქებსა და ციხეებში და თითოეულ ნაწილს მიეჩინა მისი საზამთრო ადგილი. ამ დროს კოლხების მდგომარეობა მეტად უნუგეშო იყო. ქვეყნის მთავარნი ყველანი დამაფიქრებელ მდგომარეობაში იყვნენ, არ იცოდნენ რა ექნათ, ვისთვის მიემართათ. და აი, კავკასიის ერთ ხეობაში შეიყარნენ ჩუმად, რომ რომაელებს არ შეეტყოთ, რასაც აქ მოაგვარებდნენ, და დასვეს საკითხი – სპარსელების მხარეს გადავიდეთ, თუ ისევ რომაელებთან დავრჩეთო. მაშინვე მრავალმა წარმოთქვა სიტყვა; ზოგი ერთ წინადადებას იძლეოდა, ზოგი კიდევ სხვას. იყო უთავბოლო და არეული ყვირილი; კაცი ნათლად ვერ გაარკვევდა ვერც იმას, თუ ვინ ლაპარაკობდა, ვერც იმას, თუ რას ამბობდა. მაშინ დიდებულებმა მოუწოდეს ხალხს სიწყნარე დაეცვათ, ყოველი მსურველი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, წყნარად გამოსულიყო და ეთქვა თავისი წინადადება როგორც შეეძლო. იყო წარჩინებულთა შორის ერთი, სახელად აიეტი; ის ყველაზე უფრო მძიმედ გრძნობდა მომხდარ ამბებს და სწუხდა; სხვათა შორის, რომაელთა მოძულე იყო და მუდამ სპარსელების მომხრე. მაშინ მან ისარგებლა ამ ხელსაყრელი მიზეზით, შეეცადა გამოეყენებინა მომხდარი ამბავი და გადააჭარბა კიდეც. აწინდელი მდგომარეობა საკამათო არ არისო – თქვა მან, – ეხლავე საბოლოოდ უნდა გადავიდეთ სპარსელების მხარეზეო. როდესაც სხვებმა უპასუხეს არ გვმართებს ეგრე უცბად ცხოვრების გეზი შევცვალოთ, სანამ ზედმიწევნით არ მოვითათბირებთ, თუ რა იქნება უფრო უმჯობესიო, აიეტი აღელვებული წამოდგა, შუაში გავიდა და ილაპარაკა ისე, როგორც სახალხო საბჭოში ლაპარაკობენ. ის მშვენივრად ლაპარაკობდა, უფრო უკეთ, ვიდრე ბარბაროსებს სჩვევიათ; მის აზრებს შველოდა მისი ბუნებრივი მოქნილობაც. მან შემდეგი თქვა:
„რომაელები რომ სიტყვებითა და გეგმებით გვეპყრობოდნენ უსამართლოდ, ჩვენც კარგს ვიზამდით, რომ მუდამ ამგვარივე საშუალებებით დაგვეცვა თავი; მაგრამ ეხლა ნუ თუ მისაღებია, რომ, იმ დროს როდესაც ისინი ყველაფერში საშინლად გვექცევიან, სამაგიეროს გადახდის შემთხვევას ვკარგავთ იმაზე, რომ ვყოყმანობთ და ვთათბირობთ? ხომ არავის შეუძლია იმის მტკიცება, თითქოს მტერი ბოროტ ქცევაში ჯერ არ იყოს შემჩნეული, და თითქოს მხოლოდ ეჭვები არსებობდეს, რომ ის ამგვარ აზრებსა და ზრახვებს ატარებს; არც საბუთების მოგონებაა საჭირო მისი, ვითომც დაფარული ვერაგობის დასამტკიცებლად: საკმარისია გაიხსენოთ სახელოვანი გუბაზი, რომელიც ასე საცოდავად იქნა მოსპობილი, თითქოს ის ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყოს. გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთ: ისიც უნდა ვიკმაროთ, თუ მივაღწევთ იმას, რომ ძალიან არ დაგვჩაგრონ იმათ, ვინც წინათ ჩვენი ქვეშევრდომი იყო. ნუ თუ უკიდურეს უგუნურებას არ წამოადგენს ის, რომ იმათ შესახებ, ვინც ეს ჩაიდინა, ჩვენ ვზივართ და ვმსჯელობთ, მტრებად ჩავთვალოთ ისინი თუ მეგობრებად? უნდა ვიცოდეთ, რომ მათი თავხედობა ამაზე არ შეჩერდება: თუ ჩვენ ამ ბოროტმოქმედებას უყურადღებოდ დავტოვებთ, ისინი არ მოგვეშვებიან და, გულხელდაკრეფილნი რომ ვისხდებით, უფრო შეუპოვრად აგვხდიან ნამუსს. იმათ, ვინც ემორჩილება, ისინი, რათქმა უნდა, უფრო თავხედურად ეპყრობიან და, ჩვეულებრივ, ქედმაღლურად უყურებენ მოსამსახურეებს. მეფეც გაიძვერა ჰყავთ, რომელსაც ყოველთვის უხარია ცხოვრების პირობების არეულობა: და ეს ბოროტმოქმედება რომ ასე ერთბაშად იქნა სისრულეში მოყვანილი, ცხადია, იმის წყალობით, რომ მეფე მხურვალედ მოუწოდებდა ამას, ხოლო სხვებმა ეს გულმოდგინედ შეასრულეს. მარტო ის კი არ არის, რომ მათ გაგვანადგურეს თუმცა ჩვენ არც უსამართლობა ჩაგვიდენია და არც რაიმე მტრობა ყოფილა ჩვენ შორის, არამედ, რა ჩვეულებაც წინათ ჰქონდათ, იმასვე მისდევენ, თითქოს ერთბაშად შეეპყრას ისინი სიმხეცეს, სიგიჟეს, სიძულვილს და ყველა სხვა ამგვარ მოვლენას. სპარსელები კი ასეთი ხასიათისანი არ არიან; ისინი შორს არიან ამისგან. თუ ვინმე გაიხადეს თავში მეგობრად, ისინი ცდილობენ უთუოდ დაიცვან სიყვარული; ხოლო მტრის მიმართ რისხვას განაგრძობენ მანამ, სანამ ის მტრად რჩება. მე ვნატრობ რომ კოლხეთის სამეფოს ჰქონდეს თავისი ძველი დიდება, რომ მას არ სჭირდებოდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში, როგორც ომიანობის ისე მშვიდობიანობის დროს, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს. მაგრამ როდესაც ჩვენ ჟამთა ტრიალის, ან ბედის უკუღმართობის, ან ორივეს წყალობით ისეთ უძლურებაში ჩავარდით, რომ სხვათა ხელქვეითნი გავხდით, მე ვფიქრობ უმჯობესია იმათ ხელში ვიყოთ, ვინც უფრო კეთილისმსურველია, ვინც ურყევად იცავს კეთილგანწყობილებას თავისიანებისა და მოკავშირეთა მიმართ. ამრიგად, ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენს ნამდვილ მტერზე, თუ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ დაუსჯელად იმ ჩადენილ ბოროტმოქმედებას და მივიღებთ საჭირო ზომებს, რომ უზრუნველი გავხადოთ ჩვენი მომავალი ცხოვრება. ზედმეტი და უშედეგო იქნება ის გაიძვერობა და ფლიდობა, რომელთაც ისინი მზაკვრული პირფერობითა და ხელოვნური მოპყრობით იყენებდნენ იმათ მიმართ, ვინც მათ დაენდო, და რომელთა საშუალებით ისინი უსამართლო საქციელს სჩადიან, და ისინი ვეღარ გამოიყენებენ იმათ ჩვენ წინააღმდეგ, თუ მტერთან საერთო აღარაფერი გვექნება და აშკარად გამოვეთიშებით მას. თუ ისინი სცდიან ჩვენთან შეომებას, მათ მოუხდებათ ბრძოლა ერთსა და იმავე დროს ლაზებთან და სპარსელებთან, ისიც მტრის მიწა-წყალზე, ე.ი. აქ, და ცხადია მათ შემოტევას ვერ გაუძლებენ. აი, ეხლახან არ იყო, რომ სპარსელთა მცირეოდენ ჯარს შეებნენ მთელი თავისი ჯარით და მაშინვე სასირცხოდ გაიქცნენ ისე, რომ დღემდისაც კი არ მოუთქვამთ სული იმ რბენისგან? ისინი, ასე ვთქვათ, ყველაფერში დამარცხდნენ; მხოლოდ სისწრაფით აჯობეს დამდევნებლებს.
ამის ცხად და აშკარა მიზეზად შეგვეძლო ჩაგვეთვალა მათი სილაჩრე და ის, რომ შეუფერებელ გეგმებს ადგენენ. ეს ცუდი თვისებები ხომ ახასიათებს მათ, როგორც ჭეშმარიტად მათი კუთვნილი და თითქოს თანდაყოლილი. გარდა ამისა ამ, ბუნებით თანდაყოლილ, ცუდ თვისებებს ემატება თავისი ნებით ჩადენილი ბოროტმოქმედება და უსამართლოდ სისხლის დაღვრის გამო უზენაეს მფარველობას მოკლებულებს უორკეცდებათ უბედურება. გამარჯვებას იარაღი კი არ განამტკიცებს ხოლმე, არამედ სათნოიანობა; მაგრამ არა მგონია ბოროტმოქმედი და სისხლში გასვრილი ადამიანები ოდესმე ეზიარონ ამ კეთილ საწყისს. ამრიგად, თუ ჩვენ გონიერად ვიმსჯელებთ, არ უნდა მივემხროთ იმათ, რომელთაც კარგად აზროვნების უნარი არ გააჩნიათ და რომელთაც ურისხდება ის, ვინც ყველაფრის განმგებელია. მაშასადამე, რომ სპარსელების მხარეზე გადასვლა ჩვენთვის ადვილი და სასარგებლოა და რომ ეს უზენაესსაც ესიამოვნება, ეს მტკიცება საქმით და არა სიტყვით. ეს არ იქნება ჩვენი მხრით არც უსამართლო საქციელი, არც იმის მაჩვენებელი, თითქოს ჩვენ ვერაგნი გამოვდექით. წინათაც ბევრჯერ მოუყენებიათ შეურაცხყოფა რომაელებს, მაგრამ ჩვენ საჭიროდ ვთვლიდით ძველ მდგომარეობაში დარჩენას: შეუფერებლად მიგვაჩნდა იოლი გადადგომა იმ სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომელნიც, თუმცა საშინელნი იყვნენ, მაგრამ მაინც მოსათმენნი და არც თუ ძალიან აუტანელნი. მაგრამ, ჩემის აზრით, არ შეეფერება გონიერ ადამიანებს, რომ ჩვენ სრული მოდრეკით ავიტანოთ უდიდესი ვნებანი და აუნაზღაურებელი ზარალი, რომელთაც ჩვენ გვაყენებენ, და არაფრით არ შევებრძოლოთ ამ უწმინდურ და შეუფერებელ საქმეებს: ეს უფრო შეეფერება მხდალ და ლაჩარ ადამიანებს, რომლებიც თავისი უქნარობით სახელმწიფო საქმეებისადმი დაუდევრობას ამტკიცებენ. რაც შეეხება ამ უკანსკნელ მკვლელობას, არა მგონია სხვაგან სადმე მომხდარიყოს მაგაზე უფრო დიდი უბედურება, ან რომ მომხდარიყო, ასე იოლად ჩაევლო. ამიტომ არ ჩვენ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ ეს საქმე: სასირცხო იქნება, თუ ჩვენ მეფეს დავივიწყებთ და მის მკვლელებს პირფერობას დავუწყებთ. ის რომ ეხლა აქ იყოს, საყვედურით აგვავსებდა და დაგვძრახავდა ჩვენი დაუდევრობის გამო, რომ ეს ბოროტმოქმედნი, იმის მაგიერ, რომ დიდი ხნის წინათ ყოფილიყვნენ გაძევებულნი, ჯერ კიდევ დაიარებიან ამ მიწა-წყალზე. მაგრამ ვინაიდან ამიერიდან ის ვეღარ გამოჩნდება ჩვენ შორის და ვერც სიტყვით მოგვმართავს, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ეს კაცი: დაე ის წარმოუდგეს თქვენს გონებას, თითქოს ის ამ კრებაზე იყოს და მიგითითებდეს თქვენ თავის ჭრილობაზე, მკერდზე და კისერზე, და თვისტომთ თხოვდეს ეხლა მაინც გადაუხადონ მტერს სამაგიერო. შემდეგ, რომელი თქვენგანი დაუჭერს მხარს იმათ, რომელნიც ყოყმანობენ და კიდევ მსჯელობენ იმის შესახებ, სამართლიანია თუ არა კოლხების მხრით გუბაზის გლოვა? თუ ჩვენ შეუფერებლად მივიჩნევთ რომაელებისაგან განდგომას და შევშინდებით, სიფრთხილე გვმართებს, რომ ამ ბოროტმოქმედების მონაწილეებად არ ჩაგვთვალონ, ვინაიდან დაუდევრობას ვიჩენთ და მიცვალებულის სისხლის აღებას ვაყოვნებთ; რომ მხოლოდ სიცოცხლეში ვეპყრობოდით მას სიყვარულით და სიკვდილის შემდეგ აღარც კი გვახსოვს, ამით უფრო მტკიცდება ჩვენი ორგულობა. თუ საქმეები კარგად მიდის, დიდი უგუნურება იქნება ძველ, ნაცად წესებს ვუღალატოთ; ხოლო როდესაც პირიქითაა, ვფიქრობ, უაზრობა იქნება, თუ ჩვენ, რაც შეიძლება მალე, არ შევეგუებით ახლად შექმნილ მდგომარეობას. სიმტკიცე გონიერების თვალსაზრისით უნდა გავსინჯოთ: არსებული მდგომარეობის მოთმენა ყოველთვის კი არ არის საქები, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას გონიერი მოსაზრებები ახლავს თან. მაგრამ, როდესაც ისე ხდება, რომ უგულებელყოფენ იმას, რაც უნდა ახსოვდეთ, ხოლო აკეთებენ იმას, რაც შეუფერებელია, მაშინ უფრო გასაკიცხავია ის, ვინც ძველ ვითარებას მისდევს, ვიდრე ის, ვინც ახალს ემხრობა. და, აი, ამას რომ შეიტყობენ ჩვენგან სპარსელები და გაიგებენ, ჯეროვანი სიყვარულით მოგვეპყრობიან და ჩვენთვის იბრძოლებენ, ვინაიდან ისინი კაცთმოყვარენი და გულკეთილნი არიან, და მეზობელთა ზრახვებსაც კარგად მიუხვდებიან ხოლმე; გარდა ამისა ჩვენი ნებაყოფლობითი მიმხრობით ისინი მოკავშირედ იძენენ უაღესად გამოსადეგ ქვეყანას და მნიშვნელოვან ჯარს, რაც მათ ფულსა და ქონებას ურჩევნიათ. მაშ, სხვა ფიქრი რაღა საჭიროა, სასწრაფოდ შეუდექით საქმეს და გამოამჟღავნეთ თქვენი გულის ნადები: რომ გავაკეთებთ იმას, რაც სწორი და სამართლიანია და რაც სარგებლობას მოგვიტანს, – ამით ჩვენ უდიდეს სახელს მოვიხვეჭთ“.
აიეტის სიტყვამ ისე აღაფრთოვანა და მაშინვე გახარებულებმა ყვირილი მორთეს და იმ დღესვე აპირებდნენ სპარსელების მხარეზე გადასვლას, თუმცა არც სპარსელები იყვნენ წინასწარ გაფრთხილებულნი და არც თვითონ მომზადებული, რომ ან საიდუმლოს შენახვა შესძლებოდათ ან თავის დაცვა იმ შემთხვევაში, თუ რომაელები წინააღმდეგობას გაუწევდნენ; სრულებით არ დაუფიქრდნენ მომავალს, არც ის ივარაუდეს, თუ რით გათავდებოდა მათი ეს ნაბიჯი, – ასე გზაკვალდაბნეულად აჩქარდნენ.
ისინი რომ ასე იყვნენ ახმაურებულნი, წამოდგა ერთი ვინმე, სახელად ფარტაზი, კაცი კოლხთა შორის გავლენიანი, გონიერი და თავისი ქცევით მეტად მდაბიური, სცადა შეეკავებინა ისინი და შეენელებინა მათი აღელვება და სთხოვა მათ არ შესდგომოდნენ განზრახვის შესრულებას, სანამ მას არ მოუსმენდნენ. როდესაც ძლივს დაარწმუნა ისინი ამაში – გაუგონეს, რადგან ამ კაცის რიდი ჰქონდათ – და ისინი თავთავიანთ ადგილას გაჩერდნენ, ფარტაზი წამოდგა შუაში და თქვა შემდეგი:
„ჩვეულებრივი ამბავი დაგემართათ, კოლხებო, რომ მეტად მოხერხებულად და წარმტაც თქმულმა სიტყვებმა გონება შეგირყიეს. უძლეველი რაღაც არის მჭერმეტყველება და ის თითქმის ყველას ამარცხებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც წინათ მისი ძალა არ გამოუცდია; მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ვერ დავუპირისპირებთ გონიერ მოსაზრებას, რომელიც საქმის ნამდვილ ვითარებას ემყარება. ნათქვამი იმიტომ კი არ უნდა მოიწონოთ თქვენ, რომ ის თავისი მოულოდნელობითა და უჩვეულობით მიგაჩნიათ დამარწმუნებლად, არამედ მხოლოდ მაშინ, თუ ის მიზანშეწონილია და სასარგებლო. კარგად უნდა შეიგნოთ, რომ რაგინდ სასიამოვნო არ იყოს ნათქვამი, უნდა ამოირჩიოთ იქედან ის, რაც უმჯობესია: იმის აშკარა საბუთად, რომ თქვენ მოტყუვდით, ის გამოდგება, რომ თქვენ ასე ადვილად დაარწმუნებინეთ თავი აიეტს, ვინც ყალბ რჩევა-დარიგებას იძლევა, მას ესაჭიროება სიტყვების მეტი მოკაზმულობა და სიჭრელე: რაც უფრო მეტ წარმტაც სიტყვებს იხმარს ის, მით უფრო სწრაფად მიიზიდავს გულუბრყვილო მსმენელს. ასე დაგემართათ თქვენც: აიეტი რომ მაცდურსა და შემპარავ სიტყვებს მოგახსენებდათ, ვერც კი შეამჩნიეთ, როგორ მოტყუვდით. სხვა თუ არაფერი, ის კი მაინც ნათლად უნდა შეგემჩნიათ, რომ მან იმთავითვე წამოაყენა სულ სხვა საკითხი, სრულიად განსხვავებული იმ საკითხთაგან, რომელთა გამო ჩვენ აქ მოვსულვართ. მისი სიტყვებით ისე გამოდის, თითქოს თქვენ ყველანი ამტკიცებდეთ, რომ მომხდარი ამბავი არ იყოს საშინელება, რომ ამ საზიზღარ მკვლელობას არ ჰკიცხავდეთ, და მხოლოდ იმის შესახებ მსჯელობდეთ დამნაშავენი არიან თუ არა გუბაზის მკვლელები: თვითონ კი მკვლელობის დანაშაულს არ ეხება და უამრავ სიტყვას ხარჯავს იმაზე, რაც ცნობილია. მე კი ვამბობ, რომ წყეული და შეჩვენებული არიან ისინი და რომ მე უდიდესი სიამოვნებით ვუყურებდი მათ საშინელ სასჯელს, ვუყურებდი არა მარტო იმათ დაღუპვას, რომელთაც განგმირეს გუბაზი და საკუთარი ხელებით ჩაიდინეს ეს მკვლელობა, არამედ ყველა იმათსაც, რომელთაც შეეძლოთ შეეფერხებინათ ეს მკვლელობა, და არ შეაფერხეს, და აგრეთვე იმათსაც, რომელთაც ეს მკვლელობა გაეხარდათ და არც თუ ისე აღშფოდნენ. თუმცა მე ამას ვფიქრობს, მაგრამ სპარსელების მხარეზე გადასვლა მაინც არ იქნება სასარგებლო: არავინ არ მიიჩნევს საჭიროდ მივიღოთ და გავიზიაროთ ის აზრი, თითქოს თუ იმათ (რომაელებმა) ჩაიდინეს უკანონობა, აუცილებელი იყოს ჩვენც გამოვეთხოვოთ მშობლიურ წესებს და იმ ვერაგებს კი არ გამოვუცხადოთ ჩვენი გულისწყრომა, არამედ თვითონ მოვიპოვოთ ამგვარივე სახელი. ეხლა აღარ არის საჭირო იმაზე ფიქრი, რაც მოხდა, დასრულდა და აღარ შეიძლება დაბრუნებულ იქნას (თითქოს არ მომხდარიყოს); ნუ ავყვებით, მსჯელობის დროს, მოწოლილ ბოღმასა და გულისტკივილს, რომ არ დავკარგოთ მოსაზრების უნარი უკეთესის არჩევისა. გამოვიჩინოთ ჩვენი მწუხარება, რამდენადაც ეს საჭიროა იმის დასამტკიცებლად, რომ დაუდევრობას არ ვიჩენთ, და მოვისაზროთ მომავლისათვის, თუ როგორ მოვაგვაროთ საქმეები უფრო უკეთ. უგუნური ადამიანები სულ მუდამ დასტირიან განვლილ უბედურებას, ხოლო გონიერნი შეიცნობენ ხოლმე ბედის უკუღმართ ტრიალს და მათ არ აშფოთებს ცვლილებები, და, როდესაც წინანდელ მდგომარეობას ჰკარგავენ, არ ისპობენ მომავლის იმედებს.
მაგრამ ეს მრჩეველი (აიეტი), რომელიც დიდი ხანია სპარსელების მომხრეობას იჩენს და მოწადინებულია ჩვენც გადაგვიყვანოს მათ მხარეზე, ცდილობს შეგვაშინოს – თითქოს ბავშვები ვიყოთ – და გვიმტკიცებს რომაელები არ იკმარებენ იმას, რაც გაბედეს, კიდევ მეტი უბედურება მოგველისო. ამბობს იმასაც, რომ მათ დიდი გაიძვერა მეფე ჰყავთ, რომელიც თვითონ არის ამ მკვლელობის სულის ჩამდგმელი; დიდი ხანია ეს მკვლელობა მომზადებული და მოფიქრებული იყოო. ამას ამბობს ის და აქებს და ადიდებს სპარსელებს; ის ფიქრობს, რომ ამ გზით დაგვარწმუნებს ჩვენ და ჩვენც ეხლავე საკუთარი ფეხით ვეახლებით აშკარა მტრებს და ხვეწნას დავუწყებთ. ამ მიზნისთვის ხმარობს ის ყოველგვარ საშუალებას; იმთავითვე იღწვის და ცდილობს იმისათვის, რომ განახორციელოს ის, რაც მას განზრახული აქვს; მოუფიქრებლად გვიდგენს გეგმებს, არღვევს და ანგრევს კრების წესრიგს და ამ კრებას მიზანს უკარგავს. კრება ხომ, ჩვეულებრივ, წინასწარ იხილავს მუდამ და მსჯელობს, რომ კარგად გასინჯოს ის, რაც არ არის ნათელი; ხოლო, როგორც კი მიაგნებს იმას, რისი გაკეთებაც არის საჭირო, მაშინ გვმართებს გამოვიჩინოთ სურვილი და შევასრულოთ დადგენილება. ამან კი ბოლო თავში გადაიტანა და, ვიდრე ჩვენ საბოლოოდ რამეს გადავწყვეტდეთ, ის უკვე შეუდგა შესრულებას. რაღა აზრი აქვს კრებას, თუ ჯერ დადგენილება იქნება და მერე კრება? თქვენ კი კოლხებო, არასდროს არ უნდა დაუკავშიროთ თქვენი აზრები გარეშე მოსაზრებებს, უნდა უყუროთ ერთ რომელსამე წინდასახულ მიზანს და ისე წარმართოთ თქვენი მსჯელობა. განა შესაძლებელია ვითარების შეტრიალება ძალით და მისი ისე მოქცევა, როგორც გესიამოვნება? თქვენ პირიქით, სხვა წესს უნდა მისდიოთ: წმინდა და დამოუკიდებელი მსჯელობა იხმაროთ ისე, რომ ზედმიწევნით გაარჩიოთ საქმე და დაადგეთ იმ გზას, რომელიც სასარგებლო იქნება. თუ ჩვენ ასე ვიმსჯელებთ, მაშინვე ცხადი გახდება, რომ არც რომაულ რაზმებს, არც სტრატეგოსებს, საერთოდ აღებულს, მით უმეტეს არც მეფეს არ მოუწყვიათ შეთქმულება გუბაზის წინააღმდეგ. ხომ თვით მათ შორისავეა გავრცელებული ხმები და ერთხმად აღიარებული, რომ რუსტიკე და მარტინე, რომელთაც შურდათ მისი წარმატება, აჰყვნენ თავიანთ ბოროტ ზრახვებს და დანარჩენი სარდლები არა თუ მათ არ ეხმარებოდნენ, არამედ აშკარად სწუხდნენ. უმართებულო იქნებოდა, ჩემი აზრით, და ამასთანავე ერთად მიზანშეუწონელიც ერთი ან ორი კაცის დანაშაულის გამო გავწყრომოდით საზოგადოებრივ კანონებს, რომელთა დაცვა აგვიღია ჩვენს თავზე, და ასე იოლად შეგვეცვალა მთელი სახელმწიფო წყობილება და ცხოვრება რომელსაც მშვენივრად შევეგუეთ, იმათ მიმართ კი, რომლებიც ამ ქვეყანას სდარაჯობენ და მრავალნაირ ხიფათში ვარდებიან იმის გულისთვის, რომ უდარდელი ცხოვრება მოგვანიჭონ, გამცემლები გამოვსულიყავით; ყველაზე უფრო უწმინდური საქმე ის იქნება, რომ ასეთი საქციელით ჩვენ შევბღალავთ მართლმორწმუნეობას და წმინდა საიდუმლოთა უმწიკვლობას. აბა, სხვა რას დაემსგავსება ჩვენი საქციელი, თუ მივემხრობით უზენაესი არსების სასტიკ მტრებს? თუ ისინი აგვიკრძალავენ ჩვენი საღმრთო წესების შესრულებას და თავიანთ წესებზე გადაგვიყვანენ, ამაზე უფრო სამძიმო რა უნდა განვიცადოთ ჩვენ, რომლებიც ცოცხლები ვიქნებით და ამავე დროს მკვდრებიც? რას მოვიგებთ იმით, რომ, ვთქვათ, მთელი სპარსეთი შევიერთოთ და სულები კი წავიწყმიდოთ? რომ კიდევაც ნება დაგვრთონ და ჩვენს ნებაზე მიგვიშვან, სულ ერთია – მაინც არ ექნებათ ჩვენს მიმართ კეთილი განწყობილება და ნდობა: მათი მოპყრობა ჩვენდამი ვერაგული და არასაიმედო იქნება მარტოოდენ სარგებლიანობის თვალსაზრისით გამოანგარიშებული. ადამიანები ვერ იწყნარებენ ხოლმე აზრთა სხვადასხვაობას და მაშინაც კი, როდესაც გაჭირვება ან რაიმე, მოპირდაპირის მიერ ჩადენილი, კეთილი საქმე აიძულებს მათ კავშირში ყოფნას, მათ შორის ნდობა არასდროს არ არის მტკიცე; ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ შორის აზრთა ერთიანობაა. თუ ვინიცობაა ეს ერთიანობა არ არსებობს, მათი დაახლოვება და მეგობრობა ცარიელი სიტყვაა: საქმით ისინი ერთმანეთისთვის უცხონი რჩებიან. ჰო და, აბა, რისი გულისათვის უნდა გადავიდეთ კოლხებო სპარსელების მხარეზე, თუ კი ისინი მაინც მტრებად დარჩებიან და ასეთ ვითარებაში მხოლოდ ისღა გვექნება, რომ ისინი უფრო ადვილად მოგვაყენებენ ვნებას, ვინაიდან ფარული მტრისაგან უფრო ძნელია თავის დაცვა, ვიდრე აშკარასგან? მაგრამ ვთქვათ, თუ გნებავთ, რომ ეს საქციელი არც უსამართლო იქნება და არც არასაკადრისი, და დავუშვათ, რომ სპარსელები თავისი ხასიათით მტკიცენი და სანდონი არიან და ჩვენთან დადებულ პირობებს ყოველთვის შეასრულებენ. ესეც რომ მივიღოთ და, მაშასადამე, აღარავითარი დაბრკოლება აღარ გვეღობებოდეს, მაინც ჩვენი ძალები საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ ჩვენი გაზრახვა სისრულეში მოვიყვანოთ და სპარსელების მხარეს გადავიდეთ. როგორ შევძლებთ ჩვენ სხვის მხარეზე გადასვლას, როდესაც თავზე გვადგანან რომაელები, რომელთაც ამდენი ვაჟკაცი ჰყავთ დარაზმული საუკეთესო სტრატეგოსების ხელმძღვანელობით? როგორღა შევძლებთ საშინელი სასჯელის თავიდან აცდენას, როდესაც ისინი, რომლებმაც უნდა აღმოგვიჩინოს დახმარება, ჯერ კიდევ შორს, იბერიაში აყოვნებენ და ზლაზნვით მოიწევენ წინ, ხოლო ისინი კი, რომელთაგანაც სასჯელს უნდა ველოდეთ, მთელ ამ ქვეყანას ფლობენ და ჩვენს ქალაქებში ცხოვრობენ?
მართალია ეს სახელოვანი კაცი გვიმტკიცებს, რომაელები ჩვენს იერიშს ვერ გაუძლებენო, და საბუთად მოჰყავს ამას წინათ მომდარი შემთხვევა. მაგრამ ვინ არ იცის, რომ ბრძოლის შედეგები უთუოდ განსაზღვრულ პირობებს არ ექვემდებარება და რომ, ვინც ეხლა შემთხვევით დამარცხება განიცადა, მუდამ იმნაირივე უბედურების ლუკმა არ იქნება? პირიქით ხშირად გამარჯვება ბედის უკუღმართობას გამოასწორებს ხოლმე და დამარცხებულებს ხვდება წილად. ამიტომ ჩვენ იმ იმედით, რომ რომაელები ამიერიდანაც ყოველთვის დამარცხებულნი აღმოჩნდებიან ბრძოლებშიო, არ გვმართებს ზომაზე მეტად ვიყოთ დამშვიდებულნი. რომ ისინი დამარცხდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად არ მოიფიქრეს ის, რაც საჭირო იყო, ჩვენ ეს უნდა გამოგვადგეს კარგ მაგალითად და წინასწარი ზომები მივიღოთ, რათა მოუფიქრებლობის გამო ხიფათი არ შეგვემთხვეს; და, რასაკვირველია, აქედან ჩვენ ის დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ ადვილად ვაჯობებთ მათ. ხომ საფიქრებელია, რომ რახან წინათ შეცდომები დაუშვეს, გამოცდილებით ისწავლიდნენ, თუ რას უნდა ერიდონ, და ამიერიდან იზრუნებენ, რომ შეცდომა გამოასწორონ. ხოლო თუ მათ ღვთაება უწყრება ამ საზიზღარი მკვლელობის ჩადენისათვის და ამით აიხსნება მათი უბედურება, რაღა საჭიროა ჩვენც არ მივეშველოთ ღვთაებას, თითქოს მსჯავრის დადებად მას თავისი ძალა არ ჰყოფნიდეს და ჩვენს დახმარებას საჭიროებდეს? რა საქციელის ჩადენის შესაძლებლობა და დარჩება სხვებს, თუ ჩვენ განდგომით ვუპასუხებთ რომაელთა იმ წყალობას, რომელიც გვიცავს ჩვენ, როგორც საჭიროა, და რომლის მეოხებით ჩვენ მშვიდად ვცხოვრობთ? ამიტომ, ნურავინ ნუ ცდილობს წარმოგვიდგინოს აქ მიცვალებული გუბაზი, სრულიად არა ვაჟკაცურად მოტირალი, რომელიც თითქოს თავის ჭრილობას უჩვენებს თვისტომთ და ევედრება მათ შეიბრალონ იგი. იქნებ ეს შეეფერებოდეს საცოდავ და სუსტ არსებათ, მაგრამ ეს არ შეეფერება მეფეს, ისიც ლაზთა მეფეს, მით უმეტეს გუბაზს. ის რომ აქ იყოს, უეჭველია ის, როგორც ღვთისნიერი და გონიერი ადამიანი, გაგვკიცხავდა ჩვენ ამდაგვარი ზრახვებისათვის; მოგვიწოდებდა არ მივცემოდით სასოწარკვეთილებასა და გულაჩუყებას, და მონების მსგავსად კი არ გავქცეულიყავით, არამედ აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით, ვაჟკაცურად აგვეტანა უბედურება და არაფერი სასირცხო და მამა-პაპური წესების შემბილწველი არ ჩაგვედინა, არსებულ მდგომარეობაში დავრჩენილიყავით და იმედი გვქონოდა, რომ უზენაესის თვალი არ მოაკლდება ერს. ნუ თუ რამენაირად დასაჯერებელია, რომ გუბაზი, რომელსაც ძალადობამ მოუსპო სიცოცხლე, ყველაფერ ამას შესაწყნარებლად ჩათვლიდა, ხოლო ჩვენ, რომლებიც მას სიყვარულით ვეპყრობით, საწინააღმდეგოს ვფიქრობთ? მაგრამ მე მეშინია, ვაი თუ მხოლოდ იმის გამოც, რომ ასეთი რამ გავიფიქრეთ და განვიზრახეთ, უდიდესი სასჯელი მოგვეზღოს. თუ ჩვენ შევუდგებით განდგომას ისეთი იმედებით, რომლებიც ბუნდოვანია და გულისხმობენ საქმის წარმართვისას სასწორის აქეთ ან იქით გადახრას, მაშინ ხომ საშინელება იქნებოდა ასეთ გადამწყვეტ წუთებში მხოლოდ ბედზე ვყოფილიყავით დამოკიდებული; ან და, იქნებ, იმათ, ვინც ეს გზა აირჩია, უფრო გაბედულათ შესძლონ ამ სამარცხვინო საქმის შესრულება. ხოლო, თუ ეს ბოროტება წინასწარ უკვე ყოველმხრით ნათელია, ნუ თუ ზიზღის ღირსნი არ არიან ისინი, ვინც ეს გაფიქრებინათ? თუ როგორ განვთავისუფლდეთ ამათგან, მე უკვე საკმაოდ ვილაპარაკე. მე იმ ზარისა ვარ, რომ საჭიროა რომაელთა მეფეს ვაცნობოთ მომხდარი ამბავი, რათა იგი სათანადოთ მოეპყრას იმათ, ვისაც ამ მკვლელობაში მთავარი დანაშაული მიუძღვის, და თუ ის ამას იზამს, ამიერიდან მოისპობა ჩვენი უთანხმოება რომაელებთან: კვლავ ერთად ვილაშრებთ, ძველებურად ერთად გავწევთ ცხოვრების ჭაპანს. თუ კი ის უარყოფს ჩვენს თხოვნას, მაშინ უნდა მოვითათბიროთ, მიზანშეწონილი იქნება თუ არა მეორე გზას დავადგეთ. თუ ასე მოვიქცევით, იმასაც დავამტკიცებთ, რომ ცხონებული გუბაზი არ დაგვივიწყნია, და იმასაც, რომ საქმეებს მოფიქრებით ვაგვარებთ და არა წინდაუხედავად“.
ეს რომ თქვა ფარტაზმა, კოლხებმაც აზრი შეიცვალეს. მათ შიში აღეძრათ, ვაი თუ, რომ განუდგეთ, უზენაესის წყალობას მოვწყდეთო. რადგან ფარტაზის აზრმა გაიმარჯვა, ერის წარჩინებულმა და კეთილშობილმა კაცებმა აცნობეს იუსტინიანეს ის, რაც გუბაზის გარშემო მოხდა, გაუმჟღავნეს მას მთელი იმ მოტყუების ამბავი, – სახელდობრ, რომ გუბაზი არასდროს არ ყოფილა სპარსელების მომხრე, არც სხვა რამ, რომაელების სამტრო განუზრახავს და რომ მარტინეს და რუსტიკეს მომხრეებმა, რადგან გუბაზი მათ ხშირად მიუთითებდა დაუდევრობით ჩადენილ შეცდომებზე და სრულიად სამართლიანად უჯავრდებოდა მათ, შეთხზეს მის წინააღმდეგ ბრალდებები და დააბეზღეს ის და კიდევაც მოკლეს სრულიად უდანაშაულო კაცი. ლაზთა წარმომადგენლები სთხოვდნენ იუსტინიანეს მიცვალებულის სულისათვის შემდეგი წყალობა ებოძებინა: სხვა არაფერი გვინდაო – უთხრეს მათ, – მხოლოდ დაუსჯელს ნუ დასტოვებ ამ ბოროტმოქმედებას და მეფედ ვინმე უცხოელს, არათვისტომს, კი ნუ დაგვიყენებ, არამედ წათე გამოგვიგზავნე, გუბაზის უმცროსი ძმა, რომელიც ამჟამად ბიზანტიონში ცხოვრობს, რათა დაცულ იქნეს მამა-პაპური წესი და ძველი სამეფო გვარი შეურევნელი დარჩესო. იუსტინიანემაც სასწრაფოდ შეასრულა ეს თხოვნა (ვინაიდან სრულიად სამართლიანად თვლიდა მას) და გაგზავნა ლაზეთში ათანასი, ერთი პირველ კაცთაგანი დარბაზის შესაკრებელისა (ე.ი. სენატორი), რომელსაც დაავალა ზედმიწევნით გამოეკვლია მომხდარი ამბავი და რომაული კანონების მიხედვით გაერჩია საქმე. ათანასიმაც, როგორც კი ჩავიდა ლაზეთში, მაშინვე ქალაქ აფსარუნტში გააგზავნა რუსტიკე და იქაურ სატუსაღოში დაამწყვდევინა; იოანე კი, რომელმაც მეფე მოატყუა და რომელმაც საკუთარი ხელით ის მკვლელობა, ჩუმად გაქცეულიყო მაშინ და ცდილობდა გაქცევით გადაერჩინა თავი; და აი, ამ იოანეს, რომელიც ამ მიზნით სადღაც მიდიოდა, მოხდა ისე რომ მეტრიანე წააწყდა გზაში (ეს მეტრიანე ერთი იმ სამეფო მეშუბეთაგანი იყო, რომელთაც სკრიბონებს ეძახიან; ის იმ მიზნით იყო გაგზავნილი, რომ მომსახურეობა შეესრულებინა ყველაფერი, რასაც ის უბრძანებდა). მეტრიანემ შეიპყრო იოანე და მსაჯულს მიჰგვარა. მსაჯულმა ისიც აფსარუნტში გააგზავნა, რომ ბორკილებგაყრილი დაემწყვდიათ სატუსაღოში, ვიდრე დაწყებული გამოძიება დამთავრდებოდა.
555 წლის გაზაფხულზე ნახორაგანი მოხირისში მოვიდა, მაშინვე შეკრიბა ჯარები და რაც შეიძლებოდა, მეტი გულმოდგინებით შეუდგა მათ მომზადებას ომისათვის. ამიტომ, რომაელებიც, რომლებიც ნესოსის გარშემო იყვნენ მოგროვილნი, სამზადისს შეუდგნენ და ცხადია სასამართლო საქმე გადაიდო.
ამასობაში წათე III დაბრუნდა ბიზანტიონიდან სტრატეგოს სოტერიქესთან ერთად. რომაელთა მეფისგან საჩუქრად მას მიეღო სამეფო ნიშნები: თვალმარგალიტით შემკული ოქროს გვირგვინი, ოქრომკერდით მოქარგული კოჭებამდე გრძელი ქიტონი, ოქროთი და თვალებით შემკული მიტრა, წითელი წაღები. ძოწეული ქლამიდის (ძველი ბერძნებისა და რომაელების მამაკაცის სამოსი – ერთგვარი ლაბადა, რომელსაც შესაკრავი ჰქონდა მარჯვენა მხარზე ან გულზე) ტარების ნება არ ჰქონდათ ლაზთა მეფეებს, მხოლოდ თეთრისა შეეძლოთ; არც სრულიად საყოველთაოა ის და ჩვეულებრივი, შუაშია ორივე მხრით ოქროს ქსოვილით არის ალაპლაპებული. მეფურია ქლამიდის აბზინდიც, თავისი აკინძული თვლებითა და სხვა მორთულობით. და როდესაც წათემ, სამეფო სამოსელში გამოწყობილმა, ფეხი შემოდგა თავის ქვეყანაში, მას მიესალმნენ სტრატეგოსები და რომაელთა მთელი ჯარი და სათანადო პატივით წინ წამოუძღვნენ, საუკეთესოდ შეიარაღებულნი და მეტწილად ცხენებზე მჯდომარენი, ლაზები კი გახარებულნი იმით რომ როგორც იქნა გადარჩენ უბედურებას, მიაცილებდნენ მას ჩამწკრივებულნი: ყოველი მხრიდან საყვირების ხმა ისმოდა და დროშები იყო მაღლა აფრიალებული. ზეიმი იყო მეტად ბრწყინვალე, აღზევებული და უფრო მეტად გაზვიადებული, ვიდრე ეს ლაზთა სამეფოს შეეფერებოდა. ამრიგად წათე ჩაუდგა სამეფოს სათავეში, შეუდგა ამიერიდან საქმეთა მოწესრიგებას და უვლიდა თვისტომთ, როგორც მას სურდა და როგორც მას მამა-პაპური წესი უკარნახებდა.
მისიმიელთა აჯანყება
სტრატეგოსი სოტერიქე მოსვლისთანავე შეუდგა დავალების შესრულებას. მას იუსტინიანესგან ფული ჰქონდა წამოღებული, რომელიც მოკავშირე ბარბაროსთათვის უნდა დაერიგებინა: ასე იყო იმთავითვე დაწესებული და ყოველწლიურად ურიგდებოდათ ფული. მას თან წამოეყვანა ორი უფროსი ვაჟი, ფილაგრი და რომულე, რათა ისინი აქედანვე შეჩვეოდნენ შრომას: ორივენი უკვე დაჭაობებულიყვნენ და შეეძლოთ შრომის ატანა. მესამე ვაჟი ევსტატი ბიზანტიონში დარჩენილიყო: ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაც იყო და სხეულიც მომაგრებული არ ჰქონდა. სოტერიქე ჩავიდა ე.წ. მისიმიანთა ქვეყანაში, რომლებიც კოლხთა მეფის ქვეშევრდომნი არიან მსგავსად აფსილებისა, ხოლო განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ და სხვა კანონებსაც მისდევენ; ისინი ამ აფსილთა ტომზე უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობენ, ოდნავ აღმოსავლეთისაკენ. და აი, როდესაც სოტერიქე მათ ქვეყანაში მივიდა, იმათ რატომღაც იფიქრეს, თითქოს ერთი მათი ციხე, ზედ ლაზეთის საზღვარზე აღმართული, რომელსაც ბუქლოოსი ერქვა, ალანებისათვის სურდა გადაეცა სოტერიქეს, რათა გადაღმა მცხოვრებ ტომთა ელჩები იქ შეკრებილიყვნენ ხოლმე და საფასური მიეღოთ; ფულის მომტანისათვის უკვე აღარ იქნებოდა აუცილებელი კავკასიის კალთების შემოვლა და ამ ტომებთან მისვლა“.
მისიმიანეთი მდებარეობდა მდ. კოდორისა და მდ. კელასურის ზემო წელზე, აფშილეთის ჩრდ-აღმოსავლეთით. მათი საზღვარი ციხე-ქალაქ წებელდასთან ახლოს გადიოდა. ჩრდილოეთით მას ესაზღვრებოდა ალანია, რომელთა საზღვართა აგებული იყო სობღისის ციხე (მარუხის უღელტეხილთან). სამხრეთ-აღმოსავლეთით ეგრისის საზღვართან მდებარეობდა ბუქლონის ციხე. ჩრდილო აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა სვანეთი, რომელთანაც საზღვარი კოდორის ქედზე გადიოდა. ჩრდ-დას-თით მდ კელასურის ზემო წელის გაყოლებით ესაზღვრებოდა მთიანი აბაზგია.
მისიმიელებს ეკავათ ქლუხორისა და მარუხის უღელტეხილები, რომელთა გავლით ალანიაში მნიშვნელოვანი სავაჭო გზები მიდიოდა. ამიტომ მისიმიანეთზე და აფშილეთზე კონტროლით მთელს ჩრდ-დას საზღვარი დაცული იყო ჩრდილო კავკასიელთა შემოსევებისგან. მისიმიანეთის მთავარი ციხე იყო ჩახარი. მნიშნვნელოვანი ციხეები იყო აგრეთვე კოდორის შუა წელზე, მარცხენა ნაპირზე, ფსკალის მთაზე მდებარე ფსკალის ციხე და ლათას ციხე, რომელიც ჩახართან ახლოს, მის ქვემოთ მდებარეობდა (სოფელ ლათაში, გულრიფშის რაიონში, კოდორს მარჯვენა მხარეს.
აგათია განაგრძობს: მისიმიანებმა რომ ეს გაიგეს თუ გაიფიქრეს, მიუგზავნეს 2 წარჩინებული ხადე და თიანე, რომლებმაც ნახეს ის სიმაგრის მახლობლად დაბანაკებული, რამაც უფრო გაუძლიერა მათ ეჭვები და უთხრეს მას: „უსამართლობის მიყენება განგიზრახავს ჩვენთვის, სტრატეგოსო. არც სხვას უნდა მისცე ნება ჩვენი ქონება წაგვართვას, არც თვითონ უნდა მოინდომო ამის ჩადენა. თუ ეს შენ მართლა არ გიდევს გულში, საჩქაროდ გადაბარგდი აქედან, სხვა ადგილას მოთავსდი და შენ იქ სურსათი არ მოგაკლდება: ჩვენ მოგიტანთ ყველაფერს. აქ კი შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩე; ჩვენ ვერ შევიწყნარებთ, რომ აქ შენ შეაყოვნო და დაიცადო“. იმათ რომ ასეთი უკმეხი სიტყვები წარმოთქვეს, სოტერიქემ შეუწყნარებლად მიიჩნია, რომ კოლხების ქვეშევრდომთ უფლება ჰქონოდათ ასე თავხედურათ მოპყრობოდნენ რომაელებს, რომელთაც კოლხები ემორჩილებიან, და თავის მხლებლებს უბრძანა ეცემათ ისინი ჯოხებით, რომლებსაც ეს მხლებლები თან ატარებდნენ. იმათაც უწყალოდ სცემეს მისიმიანებს და ცოცხალ-მკვდარნი გაისტუმრეს შინისაკენ. ეს რომ მოხდა, სოტერიქე არ ფიქრობდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა რამე სამტრო დატრიალებულიყო; ის ფიქრობდა, რომ თუ თავის მონებს მათ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო დასჯიდა, ამას მისთვის საშიში არაფერი მოჰყვებოდა, და ამიტომ დარჩა ამ ქვეყანაში და, რომ დაღამდა, სრულიად უდარდელად, ისე რომ მცველებიც არ დაუყენებია, დაიძინა. ასევე დაიძინეს მისმა შვილებმა, მეშუბეებმა და რაც კი მოსამსახურეები და მონები ახლდნენ, ამათაც ყველამ მოისვენეს უფრო უდარდელად, ვიდრე ეს მტრის ქვეყანაში დაბანაკებულთ შეეფერებოდა. ამ დროს მისიმიანები, რომლებიც მიყენებულ შეურაცხყოფას ვერ ითმენდნენ, ძალზე მეტად შეიარაღდნენ და თავს დაესხნენ მათ: უმალვე შეიჭრნენ იმ ბინაში, სადაც სტრატეგოსი იწვა და ამოჟლიტეს ის მსახურნი, რომელნიც ყველაზე უფრო ახლოს იწვნენ სტრატეგოსთან. დიდი ხმაურობა და აურზაური რომ ატყდა, სოტერიქემაც და მასთან მყოფებმა იგრძნეს მოსალოდნელი უბედურება: შეშინებულნი წამოდგნენ საწოლებიდან და რადგან ძილისგან გაბრუებულნი და მოთენთილნი იყვნენ, ვერ შეძლეს რასაკვირველია თავის დაცვა. ერთნი რომელთაც ფეხებზე სქელი ბეწვი ჰქონდათ შემოხვეული, გზაში ბრკოლდებოდნენ; სხვები კიდევ, მართალია თავიანთ მახვილებს ეცნენ და ცდილობდნენ შეენელებინათ მტრის მოქმედება, მაგრამ საცოდავად დააბოტებდნენ, თითქოს უკუნეთივით ბნელში ყოფილიყვნენ და გამოსავალი ვერ ეპოვათ, კედლებს ეხეთქებოდნენ და არ ახსოვდათ თუ სად ჰქონდათ იარაღი დაწყობილი. ზოგიერთები კიდევ, სასომიხდილნი იმის შეგნების გამო, რომ უკვე შეპყრობილნი იყვნენ, აღარაფერს სცდილობდნენ, მხოლოდ ერთი-მეორეს უყვიროდნენ, მოთქვამდნენ და არ იცოდნენ თუ რა ექნათ. ისინი რომ ასე თავზარდაცემულნი იყვნენ, ბარბაროსები შეიჭრნენ მათთან, მოკლეს თვითონ სოტერიქე, მისი შვილები და ყველა დანარჩენებიც, იმათ გარდა, რომელნიც შემთხვევით უკანა კარებიდან გადახტნენ ან რომელთაც სხვა გზით მოახერხეს ფარულად გადარჩენა. ეს რომ ჩაიდინეს ამ ბოროტმოქმედებმა, მოკლულებს საჭურველი ჩამოხსნენ, გაიტაცეს, თუ რამ ქონება ჰქონდათ მათ და აგრეთვე მეფისაგან გამოტანებული ფულიც და ისე გამოდიოდა, თითქოს იმათ დახოცეს ჭეშმარიტი მტრები და არა მეგობრები და წინამძღოლები.
მისიმიანეთი მდებარეობდა მდ. კოდორისა და მდ. კელასურის ზემო წელზე, აფშილეთის ჩრდ-აღმოსავლეთით. მათი საზღვარი ციხე-ქალაქ წებელდასთან ახლოს გადიოდა. ჩრდილოეთით მას ესაზღვრებოდა ალანია, რომელთა საზღვართა აგებული იყო სობღისის ციხე (მარუხის უღელტეხილთან). სამხრეთ-აღმოსავლეთით ეგრისის საზღვართან მდებარეობდა ბუქლონის ციხე. ჩრდილო აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა სვანეთი, რომელთანაც საზღვარი კოდორის ქედზე გადიოდა. ჩრდ-დას-თით მდ კელასურის ზემო წელის გაყოლებით ესაზღვრებოდა მთიანი აბაზგია.
მისიმიელებს ეკავათ ქლუხორისა და მარუხის უღელტეხილები, რომელთა გავლით ალანიაში მნიშვნელოვანი სავაჭო გზები მიდიოდა. ამიტომ მისიმიანეთზე და აფშილეთზე კონტროლით მთელს ჩრდ-დას საზღვარი დაცული იყო ჩრდილო კავკასიელთა შემოსევებისგან. მისიმიანეთის მთავარი ციხე იყო ჩახარი. მნიშნვნელოვანი ციხეები იყო აგრეთვე კოდორის შუა წელზე, მარცხენა ნაპირზე, ფსკალის მთაზე მდებარე ფსკალის ციხე და ლათას ციხე, რომელიც ჩახართან ახლოს, მის ქვემოთ მდებარეობდა (სოფელ ლათაში, გულრიფშის რაიონში, კოდორს მარჯვენა მხარეს.
აგათია განაგრძობს: მისიმიანებმა რომ ეს გაიგეს თუ გაიფიქრეს, მიუგზავნეს 2 წარჩინებული ხადე და თიანე, რომლებმაც ნახეს ის სიმაგრის მახლობლად დაბანაკებული, რამაც უფრო გაუძლიერა მათ ეჭვები და უთხრეს მას: „უსამართლობის მიყენება განგიზრახავს ჩვენთვის, სტრატეგოსო. არც სხვას უნდა მისცე ნება ჩვენი ქონება წაგვართვას, არც თვითონ უნდა მოინდომო ამის ჩადენა. თუ ეს შენ მართლა არ გიდევს გულში, საჩქაროდ გადაბარგდი აქედან, სხვა ადგილას მოთავსდი და შენ იქ სურსათი არ მოგაკლდება: ჩვენ მოგიტანთ ყველაფერს. აქ კი შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩე; ჩვენ ვერ შევიწყნარებთ, რომ აქ შენ შეაყოვნო და დაიცადო“. იმათ რომ ასეთი უკმეხი სიტყვები წარმოთქვეს, სოტერიქემ შეუწყნარებლად მიიჩნია, რომ კოლხების ქვეშევრდომთ უფლება ჰქონოდათ ასე თავხედურათ მოპყრობოდნენ რომაელებს, რომელთაც კოლხები ემორჩილებიან, და თავის მხლებლებს უბრძანა ეცემათ ისინი ჯოხებით, რომლებსაც ეს მხლებლები თან ატარებდნენ. იმათაც უწყალოდ სცემეს მისიმიანებს და ცოცხალ-მკვდარნი გაისტუმრეს შინისაკენ. ეს რომ მოხდა, სოტერიქე არ ფიქრობდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა რამე სამტრო დატრიალებულიყო; ის ფიქრობდა, რომ თუ თავის მონებს მათ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო დასჯიდა, ამას მისთვის საშიში არაფერი მოჰყვებოდა, და ამიტომ დარჩა ამ ქვეყანაში და, რომ დაღამდა, სრულიად უდარდელად, ისე რომ მცველებიც არ დაუყენებია, დაიძინა. ასევე დაიძინეს მისმა შვილებმა, მეშუბეებმა და რაც კი მოსამსახურეები და მონები ახლდნენ, ამათაც ყველამ მოისვენეს უფრო უდარდელად, ვიდრე ეს მტრის ქვეყანაში დაბანაკებულთ შეეფერებოდა. ამ დროს მისიმიანები, რომლებიც მიყენებულ შეურაცხყოფას ვერ ითმენდნენ, ძალზე მეტად შეიარაღდნენ და თავს დაესხნენ მათ: უმალვე შეიჭრნენ იმ ბინაში, სადაც სტრატეგოსი იწვა და ამოჟლიტეს ის მსახურნი, რომელნიც ყველაზე უფრო ახლოს იწვნენ სტრატეგოსთან. დიდი ხმაურობა და აურზაური რომ ატყდა, სოტერიქემაც და მასთან მყოფებმა იგრძნეს მოსალოდნელი უბედურება: შეშინებულნი წამოდგნენ საწოლებიდან და რადგან ძილისგან გაბრუებულნი და მოთენთილნი იყვნენ, ვერ შეძლეს რასაკვირველია თავის დაცვა. ერთნი რომელთაც ფეხებზე სქელი ბეწვი ჰქონდათ შემოხვეული, გზაში ბრკოლდებოდნენ; სხვები კიდევ, მართალია თავიანთ მახვილებს ეცნენ და ცდილობდნენ შეენელებინათ მტრის მოქმედება, მაგრამ საცოდავად დააბოტებდნენ, თითქოს უკუნეთივით ბნელში ყოფილიყვნენ და გამოსავალი ვერ ეპოვათ, კედლებს ეხეთქებოდნენ და არ ახსოვდათ თუ სად ჰქონდათ იარაღი დაწყობილი. ზოგიერთები კიდევ, სასომიხდილნი იმის შეგნების გამო, რომ უკვე შეპყრობილნი იყვნენ, აღარაფერს სცდილობდნენ, მხოლოდ ერთი-მეორეს უყვიროდნენ, მოთქვამდნენ და არ იცოდნენ თუ რა ექნათ. ისინი რომ ასე თავზარდაცემულნი იყვნენ, ბარბაროსები შეიჭრნენ მათთან, მოკლეს თვითონ სოტერიქე, მისი შვილები და ყველა დანარჩენებიც, იმათ გარდა, რომელნიც შემთხვევით უკანა კარებიდან გადახტნენ ან რომელთაც სხვა გზით მოახერხეს ფარულად გადარჩენა. ეს რომ ჩაიდინეს ამ ბოროტმოქმედებმა, მოკლულებს საჭურველი ჩამოხსნენ, გაიტაცეს, თუ რამ ქონება ჰქონდათ მათ და აგრეთვე მეფისაგან გამოტანებული ფულიც და ისე გამოდიოდა, თითქოს იმათ დახოცეს ჭეშმარიტი მტრები და არა მეგობრები და წინამძღოლები.
როდესაც ამ ბოროტმოქმედების ამბავი მილაგდა და მისიმიანებს შეუნელდათ შეურაცხყოფის გრძნობა და გულმოსულობა და გულს მოეშვათ, მაშინ მხოლოდ ჩაუკვირდნენ თავიანთ ნამოქმედარს, კარგად დაუფიქრდნენ და მიხვდნენ, ჩვენი ბედი უკვე გადაწყვეტილია, სულ მოკლე ხანში რომაელები მოვლენ სამაგიეროს გადასახდელად და ჩვენ ვერ გავუმკლავდებითო. ამიტომ ისინი აშკარად განუდგნენ რომაელებს, სპარსელების მხარეზე გადავიდნენ და ელჩები გაუგზავნეს თხოვნით, მიგვიღეთ და დაგვეხმარეთ ამიერიდან, როგორც თქვენს ქვეშევრდომებსო. როდესაც ეს ყველაფერი რომაელთა სტრატეგოსებმა შეიტყვეს, გაჯავრდნენ და ძალიან დამწუხრდნენ, მაგრამ მაშინვე მისიმიანებისთვის სამაგიეროს გადახდა არ შეეძლოთ, ვინაიდან უფრო რთულსა და მძიმე საქმიანობაში იყვნენ გართულნი.
ბრძოლა ფასისთან
ნახორაგანს 60000 მეომარი წამოესხა და მოდიოდა ნესოსის წინააღმდეგ, სადაც თავმოყრილი იყვნენ მარტინე და იუსტინე გერმანეს ძე და მათი ჯარები – საბირებად წოდებულ ჰუნებში დაქირავებული ჯარისკაცები (რომაელებს ჰყავდათ 2000 კაცამდე ჰოპლიტი, რომელთაც წინამძღოლობდნენ ბალმახი, კუტილზისი და ილიგერი). ეს საბირები დაბანაკებულნი იყვნენ არქეოპოლისისა და იქაური დაბლობების მახლობლად, როგორც ეს მათ მარტინესგან ჰქონდათ ნაბრძანები, იმ მიზნით, რომ რამდენადაც შესძლებდნენ ვნება მიეყენებინათ მტრისთვის, რომელიც აქ აპირებდა გავლას და სამძიმო და არასაიმედო გაეხადათ მტრისათვის მისი აქ გავლა. როდესაც ნახორაგანმა გაიგო, რომ საბირები ამ ადგილას იყვნენ დარაზმულნი გამოარჩია თავის თანამოლაშქრე დილიმნიტთაგან 3000 კაცამდე, მაშინვე გაგზავნა ისინი საბირების წინააღმდეგ და მოუწოდა მათ სრულიად გაენადგურებინათ ისინი, რათა ზურგში ჩასაფრებულნი არ დარჩენილიყვნენ, როდესაც საომრად წავიდოდა.
დილიმნიტები წარმოადგენენ იმათ შორის, ვინც მდინარე ტიგროსის იქით მოსახლეობენ სპარსეთის საზღვრებთან, უდიდეს ტომს და ძალიან მამაცი მებრძოლნი არიან და არა მხოლოდ მემშვილდეები და მტყორცნელები, როგორც თითქმის ყველა მიდიელები, ისინი ხომ შუბებსა და სარისებს ატარებენ და მხარზე მახვილი აქვთ ჩამოკიდებული; მარცხენა ხელზე პატარა ხანჯალს იბამენ და წინ ფარებსა და პელტებს იფარებენ. ისე რომ ვერც იმას იტყვი, რომ ისინი სრულიად მსუბუქად არიან შეიარაღებულნი, და ვერც იმას, რომ ისინი ჰოპლიტები არიან და ახლო საბრძოლველად გამზადებულნი. შორიდანაც თუ შემთხვევა მოიტანს – ისვრიან ისრებს და ხელჩართულ ბრძოლაშიაც მიდიან, მტრის ფალანგსაც მარჯვედ ეძგერებიან ხოლმე და ამ ძგერებით მტკიცედ შეკრულ ფალანგს არღვევენ, მოხერხებულადაც შეცვლიან ხოლმე რაზმთა განწყობას და შექმნილ მდგომარეობას ეგუებიან. ისინი უცბად აირბენენ ხოლმე დაქანებულ ბორცვებზე, წინასწარ იკავებენ შემაღლებულ ადგილებს და მარდად გამოძვრებიან უკან. კვლავ მიბრუნდებიან და მოხერხებულად აწვებიან სხვებს დადევნების დროს; ერთი სიტყვით, ყოველგვარ საომარ საქმეში გაჩვეული და გაწვრთნილნი არიან და დიდ ზიანს აყენებენ ხოლმე მოწინააღმდეგეს. მეტწილად ისინი სპარსელებთან ერთად ლაშქრობენ ხოლმე, მაგრამ იძულებით კი არა, როგორც ქვეშევრდომნი: ისინი თვითთავადნი არიან და თავისუფალნი და ძალადობას არავისგან არ მოითმენენ.
აი, ამ დილიმნიტების ერთი ნაწილი გაემართა საბირების წინააღმდეგ; იმათ ამჯობინეს მძინარეებს წასდგომოდნენ ზედ და ამნაირად უფრო ადვილად ამოეჟლიტათ ისინი; ვფიქრობ, არც გაუცრუვდებოდათ ეს იმედი, რომ ერთ შემთხვევას არ შეეყვანა ისინი შეცდომაში. ისინი რომ განზრახული საქმის შესასრულელბლად მიდიოდნენ, მათ რაღაც შემთხვევით ერთი კოლხი შეხვდათ ბნელსა და უდაბურ ადგილას, მაშინვე სიხარულით ეცნენ მას და აიძულეს გზის მაჩვენებლად გაჰყოლოდა მათ საბირების წინააღმდეგ. იმანაც სიამოვნებით იკისრა ეს დავალება და წარუძღვა, მაგრამ როგორც კი მიაღწია ხშირტყიან ადგილს, ნელნელა ჩამოშორდა და მიიმალა. ასე გაუსხლტა ის თავის თანამგზავრებს, დაწინაურდა და სირბილით მივიდა ჰუნებთან. რომ დაინახა, რომ ისინი ყველანი უდარდელად განისვენებდნენ და ხვრინავდნენ, შესძახა გულის მომწყვლელი და შემზარავი ხმით: „საცოდავები, საცაა ამოწყდებით!“ ძლივს რომ გამოაღვიძა ისინი ამ ხმით, აცნობა მათ მტერი საცაა მოვაო. ისინიც აურზაურით წამოდგნენ, იარაღი აისხეს, გავიდნენ სასიმაგრო თხრილს იქით და ჩასაფრდნენ ორ ნაწილად გაყოფილნი. უმცველებოდ დატოვეს ბანაკში შესასვლელი გზა და აგრეთვე სოფლად არსებული ქოხები, შეშებისა და ქურქებისგან გაკეთებული. დილიმნიტებმა ბევრი იხეტიალეს, რადგან ამ ადგილებს არ იცნობდნენ, მაგრამ გათენებისას მაინც მიაღწიეს ჰუნების ბანაკს და გაბედულად შეიჭრნენ შიგ თავისდა საუბედუროდ; ყველანი შიგნით შევიდნენ; არავითარი ხმაური, კრინტი ხმა, რათა საბირებს არ შეეტყოთ და არ გაღვიძებოდათ და რათა მათი საწოლებისა და კარავებისთვის ჩუმად დაეშინათ შუბები და მძინარენი ამოეჟლიტათ. იმათ კიდევაც ეგონათ, რომ საქმე დააბოლოვეს, მაგრამ საბირები ორივე მხრით გამოემართნენ ჩასაფრებული ადგილებიდან, მოულოდნელად შეეჭრნენ მათ და თავს დაესხნენ. ისინი ამ მოულოდნელმა ამბავმა ერთდროულად დააფრთხო, და იმედები რომ გაუცრუვდათ, აღარ იცოდნენ რა ექნათ, შეშფოთდნენ. არც გაქცევა შეეძლოთ სწრაფად, რადგან პატარა სოფელში იყვნენ მომწყვდეულნი, და ვერც ზედმიწევნით გაერკვიათ მტრის ძალა, რადგან ღამით სწარმოებდა ეს ბრძოლა და ისიც ასეთი შიშით. ამიტომ მოხდა, რომ საბირებმა ისინი მრავლად დახოცეს ისე, რომ მათ არც კი უცდიათ თავდაცვა: შიგ ბანაკშივე რვაასი კაცი იქნა გაჟლეტილი, სხვებმა ძლივს მოახერხეს გასხლტომა და დაქსაქსულად დაეხეტებოდნენ, არ იცოდნენ სად წასულიყვნენ. იმათ რომ ეგონათ შორს გავიქეცითო, ბოლოს და ბოლოს კვლავ ერთსა და იმავე ადგილს უტრიალებდნენ გარშემო და მოწინააღმდეგეს წააწყდებოდნენ ხოლმე. ასე გრძელდებოდა მთელი ღამე. გამთენიისას ცოცხლად დარჩენილმა დილიმნიტებმა გააგნეს გზა და სპარსელთა მთავარი ჯარებისკენ გაიქცნენ. საბირებიც დაედევნენ.
სტრატეგოსი ბაბა, რომელიც კარგა ხანია მეთაურობდა კოლხების ქვეყანაში ჩამდგარ რომაელებს, იმ ღამით არქეოპოლისში ყოფილა და მას ყოველი მხრიდან ესმოდა ყვირილი და ხმაური. სანამ ბნელოდა და ძნელიც იყო იმის გარკვევა თუ რა ხდებოდა, ისიც უხმოდ იჯდა შიგ მშვიდად, ხოლო მზემ რომ მიანათა მთის მწვერვალებს, მან უტყუარად დაინახა, რაც ხდებოდა, სახელდობრ, დილიმნიტები საბირებისგან გარბოდნენ, და მაშინვე თვითონაც გაექანა ქალაქიდან მთელი თანმხლები ჯარით და კარგა ბლომადაც ამოჟლიტა დილიმნიტები, ისე რომ მათგან 1000-მა კაცმა ძლივს მიარწია ნახორაგანამდე.
მაშინ ნახორაგანი სწრაფად დაიძრა რომაელების წინააღმდეგ, მახლობლად დაბანაკდა და მარტინე გამოიძახა მოსალაპარაკებლად. მარტინე რომ მოვიდა, ნახორაგანმა უთხრა: სარდალო, ასე ჭკვიანი და გონიერი კაცი ხარ და რომაელთა შორის ერთ-ერთი უძლიერესთაგანი, ნუ თუ არ ისურვებ რომ ჩვენმა მეფეებმა შეწყვიტონ დავა და მტრობა, და შევიწყნარებ იმას, რომ მათ ამდენი ხნის განმავლობაში ერთმანეთს ვნება აყენონ? და თუ შენ მოწადინებული ხარ ზავი ჩამოვარდეს და ხელშეკრულება დაიდვას, დასტოვე ეს ადგილები და გადადი შენი ჯარითურთ ტრაპეზუნტში, პონტოს ქალაქში; ჩვენ კი, სპარსელები, აქ დავრჩებით: ასე ერთმანეთთან სანდო შიკრიკების მიგზავნით, უფრო დინჯად მოვილაპარაკებთ ზავის შესახებ. თუ კი შენ შენი ნებით არ გაიყვან აქედან ჯარს, იცოდე, ჩემო კარგო, რომ ძალით გაგაგდებთ. მე უეჭველად გავიმარჯვებ: გამარჯვების მოპოვება არ იქნება ჩემთვის იმაზე უფრო ძნელი, ვიდრე ამ ნივთისა“. ეს რომ უთხრა, თან ბეჭედზეც მიუთითა, რომელსაც ატარებდა. ამაზე მარტინემ უპასუხა: „მეც ჩემის მხრით, სასურველად მიმაჩნია ზავი, ძალიანაც ვაფასებ ამას და დაგეხმარები ამის მიღწევაში. მაგრამ, ჩემის აზრით, ამას ჩვენ უკეთ შევასრულებთ იმ შემთხვევაში, თუ რაც შეიძლება მალე გადახვალთ იბერიაში, მე კი მუხირისში წავალ: ამნაირად მოვაგვაროთ ჩვენი საქმეები. რაც შეეხება გამარჯვებას, შეგიძლია იტრაბახო და ჩათვალო გამარჯვება ნაყიდ და საკუთარი ნებით მითვისებულ ნივთად. მე კი ვფიქრობ, რომ ის უზენაესის ნებაზეა დამოკიდებული და რომ ის წილად ხვდება ხოლმე არა იმათ, რომლებიც ყოყლოჩინობენ, არამედ იმათ, რომელთაც ყოველთა წინამძღოლი სწყალობს“. მარტინემ რომ ასე ვაჟკაცურად და ღირსეულად უპასუხა, ისინი გაშორდნენ ერთმანეთს ისე, რომ ზავს ვერ მიაღწიეს. ნახორაგანმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ბანაკში დარჩენა, გადაწყვიტა ქალაქ ფასისისაკენ წასულიყო და იქ გამოეწვია რომაელები. მისი აზრით იქაური სიმაგრის აღება ადვილი იყო, რადგან მთლიანად ხისგან იყო აგებული; თანაც იქაური დაბლობები კარგად გაშლილი და დასაბანაკებლად მოხერხებული იყო. ქალაქი ფასისი ზედ ზღვის ნაპირთან და მდინარის შესართავთან არის გაშენებული. ნესოსს, სულ დიდი, ექვსი ფარსანგით არის დაშორებული დასავლეთით.
ნახორაგანმა მაშინვე გვიან ღამით ჩაუშვა მდინარეში ნავები, რომლებიც თან მოჰქონდა ურმებით, ერთმანეთს გადააბა და უცბად, ისე რომ რომაელებმა ვერაფერი გაიგეს, რაღაც ხიდის მაგვარი გასდო და გადაღმა გადაიყვანა მთელი ჯარი: მას უნდოდა ქალაქს სამხრეთის მხრით მისდგომოდა, სადაც წყალი მას ვერავითარ დაბრკოლებას ვერ შეუქმნიდა, და ამგვარად დაუბრკოლებლივ მიუხლოვდებოდა ზღუდეს, ვინაიდან მდინარე ჩრდილოეთის მხრით ჩამოუდის ქალაქს.
განთიადისას ნახორაგანი დაიძრა ნაპირიდან და გაუდგა გზას; ნესოსი კარგა შორს დასტოვა და წინ გასწია. დიდი ხნის შემდეგ, ბაზრობის ჟამს, რომაელებმა შეიტყვეს, რომ სპარსელები მდინარეზე გადასულიყვნენ, ძალიან შეშფოთდნენ და აუცილებელ საჭიროებად მიიჩნიეს მტრისათვის დაესწროთ ქალაქში შესვლა. ამიტომ ჯარით აავსეს ტრიერები რაც კი ოცდაათნიჩბიანი ნავები იდგა მზად და სასწრაფოდ გაჰყვნენ წყლის მდინარებას. მაგრამ, როდესაც ნახორაგანმა მიაღწია შუა გზას, ნესოსსა და ქალაქს შუა, შეშებითა და ნავებით გადაღობა მდინარე მთელ სიგანეზე და უკან დააყენა სპილოების მთელი ხროვა, რომლებიც შეუშვა წყალში იმ მანძილზე რამდენზეაც მათ შეეძლოთ შესვლა. ეს რომ დაინახა შორიდან რომაელთა ჯარმა, მაშინვე მოაბრუნა საჭე, რაც ძალა და ღონე ჰქონდა მოუსვა ნიჩბებს და გაბრუნდა უკან, თუმცა ძალიან გაუძნელდა ფასისზე უკან გაცურვა და პირისპირ შებრძოლება მაგარ ტალღებთან. სპარსელებმა მაინც ორი ნავი ჩაიგდეს ხელში, მაგრამ უმეზღვაურებოდ; მეზღვაურებმა რომ დაინახეს მტერს ჩავუვარდებით ხელშიო, გაბედულად გადაეშვნენ ტალღებში, მეტი წილი წყალქვეშ გასცურეს და ასე სიმწრით მიაღწიეს თავისიანებს. მაშინ რომაელებმა სტრატეგოსი ბუზე დასტოვეს ნესოსთან, რათა მას თავის ჯართან ერთად ყური ეგდო იქაურობისათვის და დახმარება აღმოეჩინა, სადაც ეს საჭირო იქნებოდა. ყველა დანარჩენებმა კი გადაჭრეს მდინარე ირიბად და ხმელეთით გასწიეს მეორე გზით, რათა მტერს არ შეჩეხებოდნენ და ჩავიდნენ ფასისში; ქალაქის კარებში რომ შევიდნენ სტრატეგოსები, რიგ-რიგად ჩაამწკრივეს ზღუდის მცველები, ვინაიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ ბრძოლას ვერ აიტანდნენ, თუ შემჭიდროვებულნი განეწყობოდნენ საბრძოლველად. პირველი ჩადგა იუსტინე თავისი რაზმით, ყველაზე უფრო მაღალ ადგილას, რომელიც ზღვას დაჰყურებდა; ცოტა მოშორებით მარტინე მისი ჯარით, ხოლო შუაში – ანგილა, რომელსაც მავრუსიები ჰყავდა ფარებითა და შუბებით შეიარაღებული, თეოდორე თავისი მძიმედ შეიარაღებული ჭანებით და ფილომათი თავისი ისავრიელებით, რომლებიც შურდულებითა და ხელშუბებით იყვნენ შეიარაღებულნი. ამათგან ცოტა მოშორებით სადარაჯოზე იდგნენ ლანგობარდთა და ერულთა რაზმები გიბრეს მეთაურობით. კედლის მთელი დანარჩენი ნაწილი, აღმოსავლეთით, ჩაბარებული ჰქონდათ აღმოსავლეთის რაზმებს, რომელთაც ვალერიანე სარდლობდა. ამნაირად ჩამწკრივდა რომაელთა ჯარი სიმაგრის დასაცავად.
გარდა ამისა ციხის წინ რომაელებს ტაგრუცი აღემართათ, საკმაოდ მტკიცე, რომლის შემწეობით მათ მტრის პირველი იერიშები აქვე უნდა შეეჩერებინათ და რომელიც საფარივით უნდა ყოფილიყო კედლისთვის: მათ ამ კედლისა ძალიან ეშინოდათ, და სრულიად მართებულადაც, ვინაიდან ის ხისაგან იყო გაკეთებული და გარდა ამისა დროთა ვითარებაში ბევრგან ჩამონგრეულიყო კიდეც. ამ ტაგრუცის ირგვლივ მათ საკმაოდ განიერი თხრილიც გაეყვანათ, რომელიც წყლით ამოვსებულიყო პირამდე ისე, რომ მთლად დაეფარა პალოები, რომლებიც იქ მიჯრით იყო ჩარჭობილი: იქ ხომ ტბა არის (დღევ. პალიასტომი), რომელსაც პატარა ზღვას ეძახიან და რომელიც ევქსინის პონტოს უერთდება; აი, ეს ტბა არხის საშუალებით გადმოუშვეს აქ და სწრაფად აავსეს წყლით აქაურობა. დიდი სატვირთო ხომალდები ზღვის ნაპირას და ფასისის შესართავთან მიაცურეს ქალაქის მახლობლად; ამ ხომალდებს ზემოთ ნავები ჰქონდათ, თვით ანძების თოკებით მაგრად ჩამოკიდებული, რომლებიც ციხის კოშკებზე უფრო დიდი იყვნენ და უფრო მაღლაც. ზედ კი მეომრები იდგნენ და ყველაზე გაბედული და მამაცად მებრძოლი მეზღვაურები, მშვილდისრებითა და შურდულებით შეიარაღებულნი და სათანადო შორსმტყორცნელი მანქანებითაც მომარაგებულნი. გარდა ამისა სხვა ხომალდებიც შემოაცურეს მდინარეზე და მეორე ნაპირას დააყენეს ვალერიანეს მეთაურობით; ეს ხომალდებიც იმნაირადვე იყო მომარაგებული, ისე რომ თუ მტერი მაღლობი ადგილებიდან შემოიჭრებოდა და ქალაქს მიუახლოვდებოდა ალყის შემოსარტყმელად, ორივე მხრიდან შეიძლებოდა მისი მოგერიება. ხოლო რომ ვინმეს ზიანი არ მიეყენებინა ამ მდინარეში მდგომ, ხომალდებისათვის სარდლებმა განკარგულება მისცეს რაზმის უფროსს დაბრაგეზას, ეროვნებით ანტს (ანტებს ეძახდნენ ბიზანტიელები სლავებს VI–VII ს-ში), და ერთ ჰუნს ელმინგირეს, მწყობრის უფროსს, ათი ორსაჭიანი ნავი აევსოთ ჯარით, რომელიც მათ ხელქვეით იყო, მდინარეში შეეცურათ და ფხიზლად ედარაჯათ; მათ ყური უნდა ეგდოთ მდინარის გადასასვლელი ადგილებისათვის და ამ მიზნით ხან მდინარეში ეცურათ, ხან კი ნაპირებზე. და აი, აქ მოხდა ერთი ამბავი, ფრიად სასიამოვნო და სასიხარულო ომისა და ბრძოლის დროს. ამას წინათ ხომ, როგორც ზემოთ ვთქვი, რომაელთა ორი ოცდაათნიჩბიანი ნავი, ცარიელი, სპარსელებმა იგდეს ხელთ; ეს ოცდაათნიჩბიანი ნავები მიდიელი ჰოპლიტებით იყო სავსე და მდინარეში იდგა ღუზაჩაშვებული და წვრილი თოკებით ნაპირას მიბმული. რომ დაღამდა, მეომრებმა ნავებში დაიძინეს; მაგრამ ძლიერი ტალღები წამოსულა და თოკები დაუჭიმია ტვირთის სიმძიმის გამო; და ერთ ამ ნავთაგანს მოულოდნელად თოკი გასწყვეტია; მოწყვეტილი და განთავისუფლებული ნავი ტალღას მოუტაცია. და რადგან ტალღას არც ნიჩბების საშუალებით უწევდა ვინმე წინააღმდეგობას და არც საჭე იყო მიმართული სხვა მხრივ, ნავი სწრაფად გაექანა წინ და ხელში ჩაუვარდათ რომაელებს, დაბრაგეზას მეთაურობით რომ იყვნენ გამოსულნი. რომაელებმა ეს რომ დაინახეს, სიხარულით მიითრიეს ნადავლი და სასიამოვნოდ დაურჩად ეს შემთხვევა, სახელდობრ – რომ ეს ნავი, რომელიც წინათ ცარიელი წაუვიდათ ხელიდან, ეხლა მეომრებით სავსე დაუბრუნდათ.
ამ დროს ნახორაგანი მთელი თავისი ჯარით აიყარა და ქალაქს უახლოვდებოდა; მას უნდოდა შორიდან დაეშინა რომაელებისათვის და ამით გამოეცადა ისინი, გამოვიდოდნენ თუ არა ქალაქიდან; ამ გზით ის უფრო ნათლად გამოარკვევდა, თუ როგორ უნდა მომზადებულიყო ის საომრად მეორე დღეს. და აი, როდესაც სპარსელები ისრის ტყორცნის მანძილზე მიუახლოვდნენ ქალაქს, მაშინვე როგორც ეს მათ ჩვევიათ, ისრები დაუშინეს რომაელებს: რომელთაგან ბევრი დაიჭრა, ზოგმა კიდევ შესძლო თავდაცვის მიზნით წინააღმდეგობის გაწევა, ზოგი კი ბრძოლას ჩამოშორდა. ანგილა და ფილომათი 200 კაცით, მიუხედავად მარტინეს ბრძანებისა ყველა თავის ადგილას დარჩენილიყო და უშიშარი ადგილიდან ეწარმოებინა მტრის მოგერიება, – მაინც გამოვარდნენ თავიანთი კარებიდან და მტრის წინააღმდეგ გაემართნენ. თეოდორე ჭანებით, პირველ ხანებში თავს იკავებდა და საყვედურობდა თანამებრძოლებს აჩქარებას. მაგრამ, როდესაც იმათ არ დაუჯერეს და შეტევაზე გადავიდნენ, სილაჩრე არავინ დამწამოსო და ბრძოლაში გადაეშვა. ასეთი მცირე რაზმებით შეტევას წარმატება არ მოუტანია და ყველა დაღუპვას მხოლოდ ერთმა შემთხვევამ გადაარჩინა. იმ ადგილას დილიმნიტები იდგნენ დარაზმულნი და რადგან ისინი მოიერიშეთა მცირერიცხოვნობას ქედმაღლურად უყურებდნენ, დახვდნენ მათ მშვიდად და ადგილიდან არ დაძრულან. ხოლო როდესაც ისინი მიუახლოვდნენ, მაშინვე შეუმჩნევლად შემოატრიალეს ფრთები, გარს შემოეხვივნენ თავდამსხმელებს და რკალივით შემოერტყნენ მათ რომაელები, ყოველ მხრით გარშემორტყმულნი, უკვე კი აღარ ფიქრობდნენ მტრის წინააღმდეგ მოქმედებაზე; სანუკვარად და ამავე დროს დაუჯერებლად მიაჩნდათ, რომ რამენაირად გასხლტომოდნენ მტერს. და აი, ისინი ერთი მეორეს მიეკვრნენ, შუბები წინ გაჭიმეს და ერთბაშად ეცნენ მტრის იმ რაზმებს, რომლებიც ქალაქთან ახლოს იდგნენ. ამათ რომ დაინახეს დიდი ხეთქებით მოზღვავებული და თითქოს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მტერი, მაშინვე გამოეყვნენ ერთმანეთს და დაიშალნენ, რადგან ვერ გაუძლეს თავგანწირულად მომავალ მეომრებს, რომლებიც არც კი უწევდნენ ანგარიშს იმას, თუ რას მოუტანდა მას ეს გამბედაობდა. ამრიგად, სპარსელები რომ ჩამოეცალნენ, რომაელები, რამდენადაც შესაძლებელი იყო, გაძვრნენ და მაშინვე სიხარულით შევიდნენ ზღუდის შიგნით და კარები ჩაკეტეს. ასეთ ხიფათში ჩავარდნენ ისინი და სხვა არაფრით უსახელებიათ თავი გარდა იმისა, რომ შეძლეს გაქცევა და თავის გადარჩენა.
სპარსელი მუშები კარგა ხანია თხრილის ამოსავსებად მუშაობდნენ და მათ უკვე მთლიანად ამოევსოთ ის, ყველგან შეესწორებინათ ჩამონგრეული და დახეთქილი ადგილები, ისე რომ ალყის შემოსარტყმელად გაგზავნილი ჯარი ამ ადგილს ადვილად გაივლიდა. ქალაქის ასაღებად საჭირო მანქანების იქ მიტანაც არ გაუძნელდებოდა. ამ საქმეს მათ საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს, თუმცა მუშახელი ბევრი იყო. მართალია, ბევრი ქვა და მიწა ჩაყარეს თხრილში, მაგრამ ამოსავსებად მაინც არ იკმარა; ხე-ტყის მასალაც სრულებით არ ჰქონდათ იქვე, თუ შორეულ ტყეში არ მოსჭრიდნენ და დიდი წვალებით არ მიიტანდნენ. რომაელებს გადაეწვათ ქალაქის გარშემო მდებარე ყველა სოფლები, აგრეთვე მგზავრების გასაჩერებელი სადგომები და რაც მახლობლად სხვა რამ ბინები მოიპოვებოდა. ეს იმ მოსაზრებით უქნიათ მათ, რომ მტერს ხელში არ ჩავარდნოდა ხე-ტყის მასალა და ადვილად არ მოეხერხებინა თავისი საქმის შესრულება: ამ დღეს სხვა არაფერი მომხდარა ისეთი, რომ მოხსენება ღირდეს, ხოლო, ღამე რომ ჩამოწვა, ნახორაგანი თავის ბანაკში დაბრუნდა.
მეორე დღეს მარტინემ თავისი მებრძოლების გასამხნევებლად ფანდი მოაწყო. დილით შეკრიბა მთელი ჯარი ვითომც მოსათათბირებლად. მის მიერვე წინასწარ შემუშავებული გეგმით, შუა კრებაზე უცებ გამოცხადდა ერთი კაცი, მთლად გამტვერიანებული, თითქოს შორი გზიდან მოსულიყო და თქვა, ეს წამია ბიზანტიონიდან მოვედი, მეფის წერილი მოვიტანეო. სარდალმა სიხარულით გამოართვა ეს წერილი, გახსნა, და ისე რომ წინასწარ არც გადაუხედავს მჭექარე ხმით ხმამაღლა წაიკითხა, რომ ყველას გაეგონა: „გიგზავნი ახალ ჯარს, რომელიც იმაზე მცირერიცხოვანი არ არის, ვიდრე ის, რომელიც გყავს; მოწინააღმდეგე რომ თქვენზე უფრო ბევრად მრავალრიცხოვანიც აღმოჩნდეს, მაინც იმდენად ვერ გაჯობებს თქვენ რაოდენობით, რამდენადაც თქვენ აჯობებთ მას ვაჟკაცობით, ასე რომ მცირერიცხოვნობასა და მრავალრიცხოვნობას შორის მუდამ იქნება წონასწორობა. მაგრამ რომ იმათ თავი არ გამოიდონ ამით, მიიღე ეს ჯარიც, რომელსაც გიგზავნი აქ უფრო ჩემი კეთილგანწყობილების დასამტკიცებლად, ვიდრე აუცილებელი საჭიროების გამო. მაშ, ყოჩაღად იყავით და გულმოდგინეთ მოეკიდეთ საქმეს და ჩვენც არაფერს დაგაკლებთ ისეთს რაც თქვენთვის საჭიროა“. მაშინვე შეეკითხნენ იმ კაცს, სად არის ჯარიო. იმანაც უპასუხა: „აგერ დგას, ახლოს, ოთხი ლაზური ფარსანგის (ე.ი. 84 სტადიონი) მანძილზე, მდინარე ნეოკნესთან (დღევ. მდ. მალთაყვა ქ. ფოთთან) დავტოვე ისინი, იქ შესასვენებლად გაჩერდნენ“. მარტინემ კი მრისხანე სახე მიიღო და თქვა: „ეხლავე წავიდნენ უკან და შინ გაბრუნდნენ, მე აქ იმათ არ მოვუშვებ არასდროს. საკვირველია! ეს ხალხი იმთავითვე ჩვენთან ერთად ლაშქრობს, რამდენი ხანია შრომას ეწევა და მტერსაც ხშირად შებრძოლებია, სადაც არის მტერს კისერს მოსტეხენ და საბოლოოდ გაიმარჯვებენ! და აი, ისინი მოვლენ, როდესაც განსაცდელი გაივლის და იმ დროს როდესაც არც კი უგემიათ ხიფათი, თანაბარ სახელს მოიხვეჭენ და ომის დასრულებასაც მათ მიაწერენ; და ყველაზე უფო უსამართლო ამბავი ის იქნება, რომ საჩუქრებსაც ამათთან თანაბრად მიიღებენ. ჩემი აზრით, ისინი იქვე უნდა დარჩნენ და მოემზადონ უკან გასაბრუნებლად, ჩვენ კი ესენიც გვეყოფიან იმისათვის, რომ ომი კარგად დავაბოლოვოთ“. ეს რომ თქვა, მიუბრუნდა ჯარს და ჰკითხა: „განა თქვენც ამ აზრისა არ ხართ, ჯარისკაცნო?“ იმათაც შესძახეს თანხმობით, სარდალი მართალს ამბობსო, და უფრო გაბედულნი გახდნენ, თითქოს სხვისი დახმარება არ ესაჭიროებოდათ. უფრო მეტად ნადავლის მოპოვების იმედი აქეზებდა მათ საბრძოლველად და მამაცობის გამოსაჩენად, – რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ სულ მალე ჩაიგდებდნენ ხელში ყველაფერს, ვინაიდან მტერს დაამარცხებდნენ და მხოლოდ ისღა აწუხებდათ თუ ნადავლს როგორ გაიყოფდნენ.
მარტინეს მეორე ნატვრაც აუხდა: ეს ამბავი ხალხში გავიდა და მთელ არემარეს მოედო და თვით სპარსელებამდეც მიაღწია. მათ შიშისგან თავზარი დაეცათ, ამდენი ჯაფით წელში გაწყვეტილებს მტრის ახალ და დასვენებულ ჯართან მოგვიხდება ბრძოლაო. ამიტომ ნახორაგანმა აღარ დააყოვნა, სპარსული რაზმებიდან გამოყო საკმაო რაოდენობა ცხენოსნებისა და გაგზავნა იმ მიმართულებით, რომლითაც მისი აზრით გამოივლიდნენ „ახალმოსული რომაელები“. სპარსელთა ეს რაზმი დაბანაკდა საჭირო ადგილას და ყურადღებით ელოდებოდა მოწინააღმდეგეს. ამასობაში ნახორაგანმა გადაწყვიტა დარჩენილი ძალებით აეღო ქალაქი და გამარჯვებაში დარწმუნებულმა ტყეში შეშისა და მანქანებისათვის ხეების საჭრელად გაფანტულ თავის მუშებსა და მსახურებს უბრძანა როგორც კი დაინახავდნენ ჰაერში ამოსულ კვამლს, ეს იმის ნიშნად მიეღოთ, რომ რომაელთა ზღუდეს ცეცხლი აქვს წაკიდებული, თავი დაენებებინათ საქმისათვის და სირბილით მოსულიყვნენ მასთან, რათა მათაც შეენთოთ ცეცხლი და ამრიგად სწრაფად გადაებუგად ყველაფერი.
ამ ამბიდან ცოტა ხნით ადრე იუსტინემ მარტინესა და თავისი ჯარებიდან გამოარჩია ყოჩაღი და უმამაცესი მეომრები და 5000 ცხენოსანი, თავი მოუყარა მათ, საუკეთესოდ შეაიარაღა და მათთან ერთად წავიდა დროშებით და სხვა ყოველგვარი სამხედრო მორთულობით ფაზისის სამხრეთით მდებარე ტაძარში, რათა უფლისთვის გადაწმყვეტი ბრძოლის წინ დახმარება ეთხოვა. ისე მოხდა, რომ ვერც სპარსელებმა დაინახეს ისინი მიმავალნი, რადგან სხვა მხრიდან მიადგნენ ქალაქს და უცბად ეცნენ ზღუდეს: იმათ უფრო მეტი სიმძლავრით დაუშინეს ისრები, რომ ამით თავზარი დაეცათ რომაელებისათვის და უფრო სწრაფად აეღოთ ქალაქი.
ორივე მხრიდან ისრები წვიმასავით მოდიოდა. ერთნი მანქანებს ეზიდებოდნენ და ე.წ. სპალიონების ქვეშ შემძვრალნი, ცეცხლიან ისრებს სტყორცნიდნენ, ცულებით მიჰქონდათ იერიში კედელზე – ხომ ხისა იყო და ასე ადვილად შეიძლებოდა მისი დაცეხა; სხვები კიდევ ცდილობდნენ საძირკველი გამოეთხარათ და პირველ საფუძვლამდე მიეღწიათ და ამნაირად გადაენგრიათ და დაესალათ ის, რაც მჭიდროდ იყო შეკრული და შეერთებული. თავის მხრივ რომაელებიც შემდგარიყვნენ კოშკებსა და კბილანებზე და სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ სპარსელებს. მოწინააღმდეგეებს ჭრილობებს აყენებდნენ ზემოდან ნატყორცნი შუბებით, რომლებიც უსაფარველო, გატიტვლებულ ჯარს ეცემოდა, იმ დროს როდესაც ამ ჯარს არავითარი საშუალება არ ჰქონდა სხვამხრით წასულიყო; გარდა ამისა სპალიონებს ესროდნენ უზარმაზარ ქვებს, რომლებიც ყუთებს ანადგურებდნენ. სხვა უფრო მცირე ქვებიც, შურდულით გასროლილი, მიდიელთა მუზარადებსა და ფარებს სტეხდნენ და საშუალებას არ აძლევდნენ მათ კედელს მიახლოებოდნენ. ჩამოკიდებულ ნავებში მსხდომთაგან ერთნი ისრებს სტყორცნიდნენ მტერს და ბევრს აყენებდნენ ვნებას, ხოლო სხვები ოსტატურად ესროდნენ მანქანებს სპეციალურად ამისათვის დამზადებულ ხელშუბებს, რომელმაც ბევრი ბარბაროსი განგმირა. ატყდა საშინელი ხმაური და ორივე მხრით საყვირებმა საომარი ხმები ააჟღერეს. სპარსელებმა ბობღანს დაჰკრეს და საზარლად ახმაურდნენ მტრის დასაშინებლად; ცხენების ჭიხვინი, ფარების ერთმანეთზე ცემა და აბჯრების ჟღარუნი რაღაც საშინელი ხმით ირეოდა ჰაერში.
ამასობაში იუსტინე გერმანეს ძე უკვე ბრუნდებოდა ტაძრიდან და მან აურზაურზე და ხმაურობაზე შეატყო, თუ რა ხდებოდა. მან მაშინვე შეამჭიდროვა თავისი ცხენოსნები და საბრძოლველად დარაზმა, განკარგულება გასცა დროშები აღემართათ მაღლა და ყველანი საქმეს შესდგომოდნენ იმ აზრით განსჭვალულნი, რომ ღვთის ნების გარეშე არ მომხდარა, რომ ისინი ქალაქიდან გამოვიდნენ, რათა მოულოდნელად შიშის ზარი დაეცათ მტრისათვის და ხელი აეღებინებინათ ალყის შემორტყმაზე. როდესაც ისინი წინ წავიდნენ და დაინახეს, რომ სპარსელები ზღუდეზე იერიშით იყვნენ მისული, ყიჟინით ეცნენ მტრის იმ ნაწილს, რომელიც ზღვის მახლობლად იყო დარაზმული (თვითონაც ხომ იქიდან იყო მოსული) და მაშინვე დაუწყეს ბრძოლა სარისებით, სხვებმა კიდევ მახვილებით და სპობდნენ ყველაფერს, რასაც წააწყდებოდნენ; მერე ძლიერი იერიშიც მიიტანეს მტრის მწყობს რიგებზე, ფარების საშუალებით შეავიწროვეს ისინი და გაარღვიეს ამრიგად, მჭიდროდ ჩამწკრივებული რიგები.
სპარსელებმა იფიქრეს რომ ეს ის ჯარი იყო, რომლის მოსვლის შესახებ ამას წინათ ხმები მოუვიდათ, და რომ ეს ჯარი გამოეპარათ იმათ, რომლებიც მის შესაჩერებლად იყვნენ ცალკე გაგზავნილი ნახორაგანის მიერ და აივსნენ შიშითა და მღელვარებით. არეულ-დარეულად დაიფანტნენ და ნელ-ნელა უკან გაბრუნება დაიწყეს და უკუიქცნენ. როდესაც ეს დილიმნიტებმა დაინახეს შორიდან (ისინი ხომ შუა კედელთან იბრძოდნენ), დატოვეს იქ მცირეოდენნი და დანარჩენებმა მიაშურეს იმ ადგილს, სადაც სპარსელებს გაჭირვებული მდგომარეობა ჰქონდათ. როდესაც ანგილამ და თეოდორემ შეამჩნიეს რომ კედელთან მცირეოდენი ნაწილი დარჩა, ისინი ერთბაშად გამოვიდნენ ქალაქიდან საკმაო ჯარით, მოწინააღდეგეთა ერთი ნაწილი გაჟლიტეს, ზოგიერთებმა კი მოახერხეს გაქცევა; რომაელებიც არ მოეშვნენ მათ და დაედევნენ. ეს რომ დაინახეს დანარჩენმა დილიმნიტებმა, მაშინვე გაბრუნდნენ უკან, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ რომაელებისათვის, რადგან, მათი აზრით, უმჯობესი იყო რაც შეიძლებოდა მალე მიშველებოდნენ თვისტომთ; მაგრამ ისინი უმწყობროთ და დიდი სირბილით მიექანებოდნენ და სასირცხოდ ოტებულთ უფრო ჰგავდნენ, ვიდრე სხვების წინააღმდეგ მიმავალთ. ისინი თითქოს თავისიანების დასახმარებლად მირბოდნენ, მაგრამ შეშფოთება უფრო ეტყობოდა მათ, ვიდრე განრისხება. სპარსელების ჯარმა, რომელიც ძალიან ახლოს იდგა დარაზმული, დაინახა დილიმნიტები რომ ასე შეშფოთებულნი მირბოდნენ უწესრიგოდ და იფიქრა ალბათ გარბიანო, მაგრამ ვინაიდან სპარსელები იმ აზრისა იყვნენ, რომ დილიმნიტები არასოდეს არ ჩავარდებოდნენ ასეთ სირცხვილში, თუ მათ რაიმე დიდი და წარმოუდგენელი ხიფათი არ შეემთხვეოდათ, ამიტომ ისინიც მაშინვე სამარცხვინოდ გამობრუნდნენ და გაიფანტნენ. აქამდე მხოლოდ აზრად გატარებული და იდუმალად განზრახული გაქცევა ეხლა უკვე აშკარად გამომჟღავნდა. მაგრამ დილიმნიტებმაც იგივე გაიფიქრეს სპარსელების შესახებ, მიჰყვნენ მათ და ამრიგად ერთად გაიქცნენ მომტყუებელნიც და მოტყუებულნიც. ეს რომ მოხდა, რომაელთა უმეტესი ნაწილი ზღუდიდან გამოვიდა და მტრის ოტება უფრო ნათელი გახადა: დაედევნა მას და ჩამორჩენილებს ანადგურებდა. სხვები კიდევ სხვა მხრიდან ეცნენ მტერს და ბრძოლა გაუმართეს გაუმართეს მჭიდროდ დარაზმულსა და წინააღმდეგობის გასაწევად გამზადებულ სპარსელებს. ბარბაროსთა მარცხენა ფრთა უკვე აშკარად ქანცგაცლილი იყო და დაიშალა. ხოლო, რომელიც მეორე ფრთაზე იყვნენ, მწყობრად იდგნენ და სასტიკად იბრძოდნენ. საფარად მას სპილოები დაეყენებინათ წინ, რომლებიც მირბოდნენ და მაშინვე აფორიაქებდნენ იქაურობას, თუ კი სადმე რომაელთა რაზმები იდგა; ხოლო მათ ზურგზე მოთავსებული მშვილდოსნები ძალიან დიდ ზიანს აყენებდნენ მოიერიშე რომაელებს, რადგან მაღლა იყვნენ და ზევიდან საუკეთესოდ უმიზნებდნენ ისრებს; ცხენოსანთა რაზმებიც, ჭენებით მიმავალნი, ადვილად ეკვეთებოდნენ ხოლმე ქვეითად მომავალ და მძიმედ შეიარაღებულ რომაელებს და მძიმე მდგომარეობაში აყენედბდნენ მათ; ამიტომ იყო, რომ ამ ფრთაზე მყოფი რომაელები უკვე გაქცევას აპირებდნენ.
მაგრამ ერთმა რომაელმა მარტინეს მეშუბეთა რიცხვიდან, სახელად ოგნარიმ, რომელიც ისეთ ვიწრო ადგილას მომწყვდეულიყო, რომ აღარავითარი გასაქანი აღარ ჰქონდა თავისუფლად გაქცეულიყო და ამის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყო. მან მისკენ გაშმაგებით მომავალ სპილოს წამწამებს ზემოთ მთელი ძალით ჩაარჭო შუბი, რომელიც ჰაერში ირხეოდა და ცხოველს აცოფებდა. სპილომ ერთბაშად უკან დაიხია, ხტოდა, გარშემო ტრიალებდა, ხან ხორთუმს თოკივით აქნევდა ირგვლივ და მრავალ სპარსელს აყენებდა ჭრილობასა და გადაისროდა ხოლმე, ხან კი სიგრძეზე გასჭიმავდა მას და საშინლად იღრიალებდა. მალე მის ზურგზე მყოფი სპარსელები ჩამოყარა და გასრისა. შემდეგ მთელი სპარსული ჯარი დააფრთხო: რომელ ცხენსაც მიუახლოვდა, ყალყზე დააყენა და რასაც ეშვებით მიეკარა დათხლიშა და დაგლიჯა. ყველგან ვაი და უბედურება გამეფდა. შეშინებული ცხენები უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ლაგამ-აბჯარს, წინა ჩლიქებს ზევით ისროდნენ და თავიანთ მხედრებს ძირს ანარცხებდნენ და ასე უწესრიგოდ შუა ხალხში იჭრებოდნენ საშინელი ქშინვითა და რხევით. როდესაც ჯარისკაცები გონს მოდიოდნენ, ერთმანეთს ეძგერებოდნენ და მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ, ყოველი მათგანი ცდილობდა გაესწრო გვერდით მდგომისთვის და ამიტომ მოხდა, რომ ბევრი მათგანი საკუთარი ამხანაგების ხელით იქნა მოკლული: მეგობრებისა და თვისტომთა მახვილებს ეჩეხებოდნენ ისინი.
ასეთი დიდი აურზაური რომ ატყდა, ზღუდიდან გამოსული რომაელები და ისინიც, რომლებიც შიგნით დარჩნენ რაღაც მიზეზის გამო, ყველანი ერთ ფალანგად შემჭიდროვდნენ, რაც შეიძლებოდა მტკიცედ გაამაგრეს ფარებით წინა რიგი და ეცნენ უკვე თავგზააბნეულ სპარსელებს. ესენი კი უკვე მოქანცულნი იყვნენ, ვერარ გაუძლეს ამ შემოტევას და სასწრაფოდ მოკურცხლეს: არც სიმწყობრე შეინარჩუნეს, არც თავს იცავდნენ დამდევნელთაგან, არამედ გაიფანტნენ ზოგი სად და ზოგი სად, სადაც თითოეულს მოეხერხებოდა. ხოლო ნახორაგანი, რომელიც თვითონაც თავზარდაცემული იყო ამ მოულოდნელი ამბით და უკან გარბოდა, მათრახით ანიშნებდა ყველას და მოუწოდებდა რაც შეიძლებოდა სწრაფად გაქცეულიყვნენ, თუმცა ისინი ამას უიმისოდაც ასრულებდნენ. ამრიგად მის ქედმაღლობას საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა. რომაელებს მანამ არ შეუწყვეტიათ ბარბაროსების დევნა და ჟლეტა, სანამ მარტინემ საკმარისად არ მიიჩნია და საყვირით არ ანიშნა მათ, უკან გამობრუნებულიყვნენ და არ მოათვინიერა გაშმაგებულნი. ასე, სპარსელებმა ძლივს მიაღწიეს თავიანთ ბანაკს: ამ ბრძოლაში მათ დაკარგეს 10000 მეომარზე მეტი.
რომაელებმა დევნა რომ შეწყვიტეს და გამობრუნდნენ, დაწვეს სპალიონები და რაც კი სპარსელებს მანქანები დარჩენოდათ კედელთან. ამის გამო დიდი ალი ავარდა და სპარსელთა მსახურებმა და მუშებმა, რომლებიც ხეებს ჭრიდნენ ტყეში, შორიდან რომ დაინახეს ჰაერში ასული კვამლი ქალაქისკენ გამოქანდნენ სირბილით. რომაელებმა ყველანი დაიჭირეს და დახოცეს. ასე მოკვდა თითქმის 2000 კაცი. ამ გამარჯვებამ რომაელებს ფრთები შეასხა. მათ დაკრძალეს თავიანთი დაღუპულები, რომელთა რიცხვი 200-მდე იყო. მოწინააღმდეგეთა გვამებს კი საჭურველი აჰყარეს და ხელთ იგდეს ურიცხვი იარაღი და სხვა ქონებაც.
ნახორაგანს სურსათი ელეოდა და თან ზამთარიც ახლოვდებოდა, ამიტომ უკან, გამაგრებულ ბანაკში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მტრისთვის რომ არ ეჩვენებინა დამარცხდა და გარბისო დილიმნიტთა რაზმი გამოჰყო და რომაელთა ახლოს დააბანაკა, თვითონ კი მუხირისისა და კოტაისისკენ წავიდა. ის რომ უკვე კარგა შორს იყო წასული, დილიმნიტებმაც დაშალეს თავისი მწყობრი და მათაც ადვილად დაიხიეს, ვინაიდან ისინი ყოველთვის მსუბუქად არიან შეიარაღებულნი და გარდა ამისა, მამაცნი და ფეხმარდნი. მუხირისში მივიდა სპარსელთა ის რაზმიც, რომელიც მდ. ნეოკნეზე მოტყუებით იქნა გაგზავნილი. ამის შემდეგ ნახორაგანმა მეტი წილი ცხენოსნებისა იქ დატოვა და მის უფროსად ვაფრიზი დაყენა, კაცი სპარსელთა შორის წარჩინებული, თვითონ კი ზოგიერთების თანხლებით იბერიაში დაბრუნდა იქ დასაზამთრებლად.
სასამართლო
ნახორაგანის წასვლისთანავე საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, ათანასი თავისი ღირსებით და შეგნებით დაჯდა ერთ მაღალ სავარძელზე ქლამიდში გამოწყობილი, როგორც ეს ჩვევიათ ბრწყინვალე მთავრებს. მასთანვე იყვნენ კაცნი, რომელთაც იცოდნენ სწრაფი წერა და დაწერილის წაკითხვა სხაპა-სხუპით; იყვნენ აგრეთვე სხვა მოსამსახურეებიც, მკაცრნი და ამაყნი და სასამართლოს ხლართების საუკეთესო მცოდნენი, ბოხხმიანი მაუწყებელნი და გამმათრახებელნი. ესენი ყველანი ბიზანტიონიდან იყვნენ მთავრობის მიერ გამოგზავნილნი. იმათ, ვისაც ეს დავალება ჰქონდათ, მოიტანეს რკინის ჯაჭვები, კისერზე დასადები, აგრეთვე ბადესაკრავები და ბორკილები და სხვა იარაღები საწამებლად – რომაული – უკეთ რომ ვთქვათ ატიკური სამართლის სრული დაცვით.
რუსტიკე და იოანე მოიყვანეს სატუსაღოდან და დააყენეს მარცხნივ, როგორც ბრალდებულნი. მეორე მხარეზე დადგნენ ბრალმდებელნი, დარბაისელი კოლხები, რომელთაც უკვე კარგა ხანია შეესწავლათ ელინთა ენა. პირველ ყოვლისა მათ მოითხოვეს საჯაროდ ყოფილიყო წაკითხული მეფის წერილი, რომელიც ამ საქმეს ეხებოდა და რომელიც იოანეს მოეტანა სტრატეგოსებისათვის. მსაჯულმა შეიწყნარა ეს მოთხოვნა და ერთმა საგანგებო მოხელემ ხმამაღლა წაიკითხა ის წერილი, რომელშიაც შემდეგი ეწერა:
„დაუჯერებელი და უცნაურია ის, რაც თქვენ მაცნობეთ, სახელდობრ, თითქოს გუბაზს სურდეს განუდგეს მამა-პაპის ადათს და თავის ძველ, ყველაფერში ერთაზროვნე წინამძღოლებს, ე.ი. რომაელებს და გადავიდეს მისდამი მტრულად განწყობილ, სრულიად უცხო და სხვა სარწმუნოების მიმდევარ სპარსელთა მხარეზე, და ეს ჩაიდინოს იმ დროს, როდესაც მას ჩვენგან უსიამოვნო არაფერი შეხვედრია. მიუხედავად ამისა, რადგან ვიცით, რომ ადამიანს სჩვევია ცვალებადობა და მერყეობა და გარემოებათა ნაირნაირობასთან ერთად თვითონაც სხვადასხვანაირად იქცევა ხოლმე, ამიტომ ჩვენ საჭიროდ არ ვსცანით სრული უნდობლობით მოვპყრობოდით ამ ამბავს და არ გვეზრუნა თავის დაცვაზე მის მიერ განზრახულ თუ უკვე მიღებულ გადაწყვეტილების წინააღმდეგ; ხოლო ჩვენ თვითონ მეტად გვაწუხებს და ყოველმხრივ გვაფიქრებს ეს საქმე, ვინაიდან არ არის ნათელი, თუ რით გათავდება ის. თუმცა შემაძრწუნებელი და ამაღელვებელია ის, რომ მტკიცედ ვერავის დაეყრდნობი და მუდამ ეჭვითა და შიშით უნდა იყო აღვსილი თვით ძალიან კარგი მახლობლების მიმართაც კი, მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მივყვებით ბუნების კანონს (და ეს არის რომ ყველაფერში იმარჯვებს) და უნდობლობას ვიჩენთ. მაგრამ, რათა გუბაზის მიმართ აჩქარებულად არ გადავდგათ მკაცრი და სასტიკი ნაბიჯი და არც სირბილე გამოვიჩინოთ რაიმე შეუფერებელ გარემოებათა გავლენით. ამიტომ, ორივე ამ შემთხვევაში სინანულის თავიდან ასაცდენად, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ შუა გზა აგვერჩია და ის კაცი (გუბაზი) აქ დაგვებარებინა. ამიტომ გავალებთ გამოგზავნოთ ის რაც შეიძლება მალე ნებით ან ძალით. მაგრამ თუ კი ის განზრახვას მიგიხვდებათ, წინააღმდეგობას გაგიწევთ და წამოწვლაზე უარს განაცხადებს, შეიპყარით და წამოათრიეთ (ამის ნებასაც გაძლევთ მე თქვენ ამ შემთხვევაში), ხოლო თუ ის გაგისხლტებათ და თქვენზე იერიშს მოიტანს და მაშასადამე ამა თუ იმ სახით ხელს აღმართავს თქვენს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ აშკარა საბუთები გვექნება მის განზრახვათა შესახებ და ამიერიდან შეგვიძლია ჩავთვალოთ მტრად, ისე რომ, თუ მას, ასე გათავხედებულს ვინმე კიდევაც მოკლავს, ამას უკანონო საქციელად არ ჩავუთვლით; ამ საქმისათვის არა თუ დასჯილი არ იქნება ის, როგორც მკვლელობის ჩამდენი, არამედ ქების ღირსიც იქნება, როგორც ტირანის მომსპობი“.
კოლხთა კაცები რომელნიც ბრალმდებლებად იყვნენ დანიშნულნი, წამოდგნენ მაშინვე, როდესაც მსაჯულმა გამოუცხადა – თქვენი ბრალდებები წამოაყენეთ თუ გსურთო – და, რადგან საბრალდებო ბევრი ჰქონდათ სათქმელი, თქვეს შემდეგი: „ჩვენ რომ კიდევაც არაფერი ვთქვათ, მსაჯულო, თვით ჩადენილი ბოროტმოქმედება საკმარისია იმისათვის, რომ მის ჩამდენთ უდიდესი სასჯელი მიეზღოს. მაგრამ თქვენი კანონების მიხედვით თით აშკარა და უდიდეს უკანონო მოქმედებათა შესახებაც კი მიღებულია, რომ განაჩენი არ იქნება გამოტანილი, სანამ საქმე არ იქნება გარჩეული სიტყვიერი პაექრობის საშუალებით, და ამიტომ ჩვენ შევუდგებით საქმის ვითარების განმარტებას. ამრიგად, ჩვენ მიერ შესრულებული იქნება კანონით დაწესებული, თუმცა ჩვენი სიტყვა მარტივი და გაუმართავი იქნება და შესაძლებელია, ჩადენილი ბოროტმქმედების მნიშვნელობა ვერც კი გადმოგცეთ. რა გამართლება შეიძლება ვუპოვოთ იმათ, რომელთაც ისე შეუპოვრად მოკლეს ასეთი დიდებული კაცი, თქვენი მეგობარი და მოკეთე, მოკავშირე ომიანობის დროს და მშვიდობიანი ცხოვრებისა და ზავის დროს, უზენაესის შესახებაც თქვენნაირად მოაზროვნე და თქვენი წესების მიმდევარი და რომელთაც უდიდესი მტრობა გამოაჩინეს თქვენ მიმართ, თქვენს მტრებს კი სამსახური გაუწიეს? მოკლული ხომ მეფე იყო, მსაჯულო, არა დაბალი გვარისა და ვაჟკაცობით განთქმული და რომაელთა საქმეებისათვის მუდამ იყო მკვლელებზე უფრო ერთგული.
უკუღმა დატრიალდა კოლხთა საქმეები და დაინგრა, განსაკუთრებით სახელმწიფო საქმეები, თუმცა ჩვენ რომაელთა ქვეშევრდომი სახელმწიფოს ერთ, არა უმნიშვნელო ნაწილს შევადგენთ. თქვენ აღარა გაქვთ თავისუფალი და ურყევი მდგომარეობა და საგრძნობლად დაგისუსტდათ საკუთარი ძალ-ღონე. თუ სახელმწიფო ყოველმხრით არ არის გამაგრებული და ერთ რომელიმე ნაწილში მოდუნებულია, ვეღარ იარსებებს წესიერად; პირიქით, ის თავის სახელწოდებასაც ტყუილად ატარებს, ვინაიდან ის მოკლებულია თავისუფალი არსებობის საშუალებას.
რადგან ყველაფერ ამის ჩამდენნი ისინი არიან, ამიტომ მეუბნებიან: ამ – თუმცა საშინელ – საქმეს კი ნუ უყურებთ, არამედ მხოლოდ ის განზრახვა უნდა გამოიკვლიოთ და მხედველობაში მიიღოთ, რომლითაც ვხელმძღვანელობდითო; და უფრო ამჯობინებენ ზოგიერთი ბუნდოვანი – თითქოს სინამდვილის შესაფერისი საბუთების საშუალებით დაგისახონ თავისი მოქმედება, როგორც თქვენ საკეთილდღეოდ ჩადენილი, ვიდრე აღიარონ აშკარა ზარალი, საქმისთვის მიყენებული. ასეთ ტყუილებს ყბედობდნენ ისინი ხშირად სასამართლოს დანიშვნამდე და ფიქრობდნენ, რომ ბევრს შეაცდენდნენ. თუ კი ისინი საქმის გარჩევის დროსაც ასეთსავე მოსაზრებებს წამოაყენებენ, დაე იცოდნენ მათ, მსაჯულო, რომ არც რომაელს და არც სამართლიანობას სჩვევია ასეთი ცხადი და აშკარად ჩადენილი უსამართლობა უყურადყებოდ დატოვოს და თავი მოატყუებინოს ბუნდოვან მიზეზებს, რომლებიც უსაფუძვლოდაა მკვლელების მიერ შეთხზული. შეუწყნარებელია ამის ატანა: თვითონვე აშკარად ამბობენ, რომ მოკლეს ის კაცი, და თანაც ტყუიან რომ ამით უდიდესი სარგებლობა მოუტანეს სახელმწიფო საქმეებს. როგორ თავსდება მათ თავში ეს წინააღმდეგობა, ან როგორ შეგვიძლია ჩვენ, რომლებიც ამ საქციელს საზიზღარს ვუწოდებთ, შევაქოთ მისი ჩამდენი და ვთქვათ, რომ მისი მიზანი იყო სახელმწიფოსთვის სარგებლობის მოტანა? იმთავითვე ხომ სარგებლობა და უკანონობა ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებს წარმოადგენენ, სიმხეცე და სამართლიანობა ერთი-მეორეს დაშორებულნი იყვნენ და შეურეველნი, მათი ერთად არსებობა არასდროს არ ყოფილა შესაძლებელი.
თუ კი მათ ზრახვებს გავაშიშვლებთ და გამოვიკვლევთ, აქაც ისინი გამოჩნდებიან უბოროტეს მტრებად, სპარსელთა სასარგებლო განზრახვების მქონეებად; ასე რომ საკადრისიც არ არის იმ სისხლისმსმელებს რომაელების სახელით ვიხსენიებდეთ და კეთილგანწყობილი ურთიერთობა ვიქონიოთ მათთან, როგორც თვისტომებთან; ისინი უნდა ჩავთვალოთ უკიდურს მტრებად, რომლებიც ჩვენგან გამოთიშა ბუნების კანონმა, თუმცა ეს კანონი თქვენგან ხელმოწერილი არაა: მოწინააღდეგესა და მტერს ხომ საქმის მიხედვით გამოიცნობს ადამიანი და არა სიშორის მიხედვით. ცხადია, მტრად უნდა ჩათვალო ის, ვინც იმას აკეთებს ხალისით, რაც მოწინააღმდეგეებს ესიამოვნებათ, თუნდაც ის შენთან იყოს და შენთან ერთად ლაშქრობდეს და ახლო ნათესაურ კავშირში იყოს შენთან. ეხლა: ისინი ამბობენ, რომ მოკლეს არა მეგობარი, არა მეფე, არამედ მტერი, ტირანი და სპარსელების მომხრე. კიდევ მეტი: ისინი უსამართლობამდე მივიდნენ რომ განსვენებულს აბრალებენ მედიზმსაც (ე.ი. სპარსელთა მხარეს გადასვლას): საბრალო! სიკვდილის შემდეგაც ვერ განთავისუფლდა უბეუდრებისაგან და ეხლაც, როდესაც მას აღარ შეუძლია თავი იმართლოს, მოღალატეობაში ედება ბრალი. რომელი კანონი – თქვენი ან ბარბაროსებისა – მოიწონებს ასეთ მდგომარეობას, რომ ჯერ განაჩენი გამოუტანო ადამიანს და მერე წაუყენო ბრალდება? ისინი თვითონ არიან მსაჯულებიც, მტრებიც და ბრალმდებლებიც, ყველაფერი ერთად შეასრულეს და საქმის გაურჩევლად სრულიად უდანაშაულო კაცს ისეთი სასჯელი არგუნეს, როგორიც შეეფერებოდა მართლაც ტირანობაში გამტყუნებულს. ეხლა კი, როდესაც თავის გამართლება სჭირდებათ, მოდიან და ბრალს სდებენ უსამართლოდ დასჯილ კაცს; სანამ მას მოჰკლავდნენ, საჭირო იყო, თუ კი ისინი დარწმუნებული იყვნენ ბრალდებათა სისწორეში, საქვეყნოდ მიეცათ ისინი სამართალში და თვით პირველნი გამოსულიყვნენ ბრალმდებლებად და არა ისე, როგორც ეხლა მოხდა: როდესაც ისინი თვით არიან ბრალდებულნი, საპასუხო ბრალდებას აყენებენ. თუ ეს ყველასთვის ნებადართულია, რა გვიშლიდა ხელს ჩვენც, სამართალში მიცემულნი, მათ, უკვე მიცვალებულთ, ბრალდებად წავუყენებდით მათ მიერ წინათ ჩადენილ შეცოდებებს და ამით შევეცდებოდით სრულიად სამართლიანად სამაგიერო შეგვეცოდა: ჩვენ ხომ ძალიან აღელვეულნი ვართ წინათ მათ მერ აშკარად ჩადენილი საქციელით და სამართლიანად ვიძიებდით შურს! დავაც წესიერად წარიმართებოდა. მაგრამ არც ჩვენ, არც სხვებმა ამგვარი რამ არ უნდა გავბედოთ, თუ სახელმწიფოს კანონების საფუძველზე ვაპირებთ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, ყოველ მსურველს ასე ერთბაშად შეეძლება საკუთარი მტრების მოკვლა, ამგვარი საქციელის ხშირად ჩადენა მიგვიყვანდა უსაზღვრო თავხედობამდე. და როგორღა შეგრჩებოდათ თქვენ შესაძლებლობა თავისუფალი და დაუბრკოლებელი განსჯისა? ყველა რომ ჟლეტას დაიწყებს და გაჟლეტილი იქნება და თამამად მიმართავს ერთმანეთის წინააღმდეგ მახის დაგებას, თქვენ ვეღარ შეძლებთ სასჯელის დადებას; უაზროდ დაიხოცება მთელი მოდგმა და გამოძიების საშუალებას წინასწარ მოსპობს იმათი უკანონო საქციელი, რომლებიც ყოველთვის სამაგიეროს გადახდას მიმართავენ.
თუმცა – ამბობენ ისინი – განა უბედურებაა ის, რომ ერთი კაცის, ისიც მოღალატის მოკვლით ყველა მოკავშირე უკეთ მოიქცევა? მოღალატეთა მართლაც რომ დიდი რაოდენობა იქნეს მოსპობილი, თუმცა ამით არავითარი სარგებლობა არა აქვთ მკვლელებს, მაგრამ თვით მოვლენა ამგვარი ხალხის მოკვლისა საკმაოდ სასარგებლოა. მაგრამ, თუ კი, მიუხედავად იმისა რომ მოღალატეობა დამტკიცებული არაა, ერთბაშად აქრობენ და ჰკლავენ ერთ-ერთ უაღრესად წარჩინებულ კაცს, თითქოს ის აშკარა ბოროტმოქმედებაში დაეჭიროთ, რანაირად შეუწყობს ეს ხელს იმას, რომ მოკავშირეები თქვენ უფრო გონიერად მოგექცნენ? იქნებ მით უფრო ხელშეკრულებათა დარღვევა დაიწყონ, რახან იფიქრებენ, რომ თქვენ ამ ბოროტმოქმედების მონაწილენი ხართ? ისინი დაასკვნიან, რომ თუ თქვენიანებისა და მახლობლებისადმი არ იჩენთ ლმობიერებასა და სამართლიანობას, ძნელი საფიქრებელია, რომ ერთგულნი დარჩებით უცხოელთა და გარეშეთა მიმართ, რომლებთანაც მხოლოდ აუცილებლობის გამო გაქვთ ურთიერთობა. მაგრამ თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა მკვლელთა გეგმაში, არც მთელ რომაელ ერს მიეწერება ეს ბოროტმოქმედება, კერძოდ ჩადენილი ამათ მიერ; ამათი ვერაგული საქციელი ვერც თქვენ შესახებ წინათ არსებულ აზრს მოსპობს, სახელდობრ, რომ თქვენ ერთგულნი ხართ თქვენი ქცევით და ურყევი და სამართლიანი კანონებითაც ხელმძღვანელობთ. პირიქით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეხლანდელი სამსჯავროც ხალხის საერთო დიდებისათვის მოაწყვეთ, რათა ყველას გაეგოთ, რომ თქვენ არასდროს გდომიათ კოლხებს ისეთი საშინელი ძალადობა განეცადათ. შესაძლებელია ბევრის აზრი ხან აქეთ იხრებოდეს, ხან იქით, გაურკვეველი და მერყევი იყოს, მაგრამ მსაჯულო, როდესაც შენი მსჯავრის მიხედვით ისინი მალე მოკლული იქნებიან, უფრო გასაგები შეიქნება, რომ თქვენ რომაელები თავისიანების მოღალატეები კი არ ხართ, არამედ, უსამართლოდ მომქმედთა მომთვინიერებელნი. თუმცა ისინი, როგორც ჩანს, სიტყვით თავს იცავენ, მაგრამ საქმით საკუთარი თავის გამმტყუნებლებად გამოდიან და აღიარებენ ამ მკვლელობის სისაძაგლეს. მეფის წერილი ხომ უბრძანებს სტრატეგოსებს ბიზანტიონში მიჰგვარონ გუბაზი, ჯერ დაიყოლონ ის ბიზანტიონში წასვლაზე, ხოლო, თუ არ დაემორჩილება მათ განგებ და წინააღდეგობას გაუწევს, ძალით გააგზავნონ; მისი მოკვლა კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, სანამ ის საბოლოოდ არ განუდგებოდა რომაელებს და მტრულ მოქმედებას არ დაიწყებდა. ესენი კი არც სტრატეგოსები ყოფილან, არც ნება მიუცია მათთვის ვინმეს ჩაედინათ ის, რაც მოესურვებოდათ, უცბად მოეკლათ საცოდავი გუბაზი ისე, რომ არც წინასწარ ეთხოვათ მისთვის ბიზანტიონში წასულიყო და არც ეცადათ იმის გასინჯვა, უდიერად შეხვდებოდა ის მეფის განკარგულებას თუ არა. თუმცა ისინი ამაყობენ და ტრაბახობენ იმით, თითქოს შეასრულეს მეფის დავალება, მაგრამ, პირიქით, როგორც ჩანს მათ გვერდი აუარეს მის სურვილს, წინასწარ თავხედურად შეთხზეს გუბაზის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებები და საკუთარი სურვილის მიხედვით დაღუპეს კაცი; და რაც ყველაზე უფრო უკანონოდ უნდა ჩაითვალოს, არც კი აჩვენეს მეფის წერილი, რომ ის გაცნობოდა მის შინაარსს და მოქცეულიყო საჭიროებისამებრ.
ნუ თუ ამის შემდეგ, რაც მათ გაბედეს, არ უნდა ჩაგვეთვალა ნამდვილ უბედურებად და უსაზიზღრეს მკვლელობად? ვინმეს მიმართ უსამართლობის ჩადენა ხომ აკრძალულია და ჩვენც უნდა ვერიდებოდეთ ამას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უსამართლობა ეხება მეგობარსა და კეთილისმსურველს, იმ ადამიანს რომელიც ხშირად გაბმულა საფრთხეში მახლობელთა გულისათვის. ვინ იყო სპარსელთაგან დანაპირებ სიმდიდრესა და ყოველგვარ სიკეთეს ამჯობინა თქვენდამი კეთილი განწყობილება? ვინ იყო რომ ხოსროს მეგობრობა უკუაგდო, იმ დროს როდესაც ეს მეგობრობა უდიდეს სიმდიდრეს უმზადებდა მას, თქვენგან მცირედსაც დასჯერდა? ვინ იყო რომ წინათ, როდესაც ეს ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში სპარსელების სათარეშოდ იყო გამხდარი და თქვენი დამხმარე ჯარები იგვიანებდნენ, მაშინვე გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი და თვით კავკასიონის მწვერვალებზე გადასახლდა, სადაც თითქმის ველურ ცხოვრებას ეწეოდა, და მან ეს უფრო ამჯობინა, ვიდრე მტრის მეგობრობა გამოეყენებინა, შინ ჩასულიყო და განცხრომით ეცხოვრა? ვინ იყო ეს? ეს იყო გუბაზი, რომელიც არ უშინდებოდა არავთარ გაჭირვებას, თუ კი თქვენი გულისთვის ეს იყო აუცილებელი. სად ხართ კანონებო, სად არის სამართალი! მას აბრალებენ მედიზმს, ტირანობას, რომაელთა მოღალატეობას! ის მოკლეს რუსტიკემ და იოანემ, ამ საძაგელმა და საზიზღარმა კაცებმა მოკლეს მეფე! ის რომ მართლაც დამნაშავე ყოფილიყო, ამათ მიერ კი არ უნდა ყოფილიყო მოსპობილი, არამედ მისი საქმე დინჯად უნდა გაერჩია რომაელთა და კოლხთა საერთო მეფეს, როგორც უდიდესსა და ყოველთა უძლიერესს და სათანადო სასჯელი დაენიშნა. მაგრამ ვინაიდან ამათ არ ჰქონდათ არავითარი კანონიერი საბუთი მისი მოკვლისთვის, უფრო კი შურიანობით გამოწვეული უზომო მტრობა აღიზიანებდა მათ ბოროტება ჩაედინათ, სათანადოთ არ მოიფიქრეს, გონიერი მოსაზრება არ მოიხმარეს და არც გაითვალისწინეს, თუ რა იქნებოდა სასარგებლო, და ამაყურ ქცევასა და შურისძიებას დაემორჩილნენ, ჩაიდინეს დიდი თვითნებობა. ის, რაც დიდი ხანია განზრახული და ზედმიწევნით დაგეგმილი ჰქნდათ, სისრულეში მოიყვანეს პირველ შესაძლებლობისთანავე ისე, რომ არც დროის ვითარებას მიაქციეს ყურადღება და არც კარგად მოიფიქრეს. რადგან ისეთ მძიმე ომში ვიყავით გახვეული, გონიერ კაცს მოეთხოვებოდა ეზრუნა იმაზე, რომ კარგი მოპყრობის საშუალებით თავისკენ მიეზიდა უცხო და ჯერ კიდევ უცნობი ერები. ამათ კი ისინიც რომაელების მტრებად გადააქციეს, რომლებიც წინათ მათი მახლობელი მეგობრები იყვნენ. მათი ბრალია რომ ეს ქვეყანა სპარსელების ხელშია და მშობლიური წესები მივიწყებულია, – ერთი სიტყვით, ყველაფერი უწესრიგოდ მიმდინარეობს; აი რამდენი ზარდამცემი ნიშანია აჯანყებისა და შინაური არეულობისა. ამიტომ, რადგან ყველაფერი ეს ნამდვილად ასეა და ჩვენი საქმეები ყოველმხრივ ანგრეულია, უნდა მივუყენოთ ამათ ისეთი ღირსეული სასჯელი, რომლის გამოძებნასაც შევძლებთ. თუ ჩვენ რომაელთა ერთგულნი ვართ ურყევად, არ იქნება სამართლიანი, მსაჯულო, რომ ამათ ჩვენი ჩვილი ხასიათით ისარგებლონ და უფრო ნაკლები სასჯელი მიიღონ, ვიდრე მათ მიერ ჩადენილ საქციელს შეეფერება“.
ბრალმდებლები რომ ასეთ ბრალდებებს აყენებდნენ, კოლხთა ლაშქარს, რომელიც იქვე იყო თავმოყრილი, არც ნათქვამი სიტყვები ესმოდა კარგად და არც აზრების მნიშვნელობის გაგება შეეძლო; მაგრამ იმას კი ხვდებოდნენ თუ რის შესახებ იყო თითოეული მათგანი გამოთქმული და მათი კამათის დროს თავიანთ გულისნადებსაც ურთავდნენ და მათთან ერთად მიხვრა-მოხვრასაც იცვლიდნენ: ისინი იცვლიდნენ გუნებას იმისდა მიხედვით, იმედს ამჩნევდნენ ბრალმდებლებს თუ სასოწარკვეთას. შემდეგ, როდესაც მათ ლაპარაკი დაამთავრეს და მსაჯული ცოტა ხნით შეჩერდა დაფიქრებული, იმათ ჩუმად დაიწყეს ბუზღუნი და უკმაყოფილების გამოცხადება, რატომ ეხლავე არ მიჰყავთ მკვლელები დასასჯელადო. ხოლო, როდესაც მსაჯულმა მოუწოდა ბრალდებულებს ეთქვათ, რისი თქმა სურდათ, მაშინ ხალხმა აშკარად იწყო ყვირილი და ბუზღუნი და ეს ხმები უკვე უფრო ნათლად ისმოდა. მაგრამ იმათ, რომლებიც ბრალმდებლებად იყვნენ მოსული, ხელების დაქნევით გააჩუმეს და შეაწყვეტინეს ხმაურობა.
სიჩუმე რომ ჩამოვარდა, შუაში წარსდგა რუსტიკე თავის ძმასთან, იოანესთან ერთად და თქვა: „ბედმა ერთბაშად შეცვალა და უკუღმა შეატრიალა ჩვენი ზრახვები; უნდა დავმტკბარიყავით უდიდესი საჩუქრებით და ამის ნაცვლად სიკვდილით დასჯა მოგველის. თუმცა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ეს სამსჯავრო და უდიდესი სიამაყის მომგვრელი: ამით ყველა კარგად გაგებს, რომ მხოლოდ ჩვენი წყალობით მოხერხდა მოღალატისა და ტირანის მოსპობა და მეფის საქმეების ნაწილობრივ უზრუნველყოფა, ასე რომ, კიდევაც რომ სიკვდილი შეგვხვდეს, სიამოვნებით მივეგებებით მას, როგორც რაღაც საყვარელსა და სანუკვარ მძიმე ხვედრს: ჩვენ წავალთ ამ ქვეყნიდან საუკეთესო ნუგეშის მქონენი, ვინაიდან გზაზე წაგვყვება იმის შეგნება, რომ კოლხების ბატონებად რომაელები დავტოვეთ და სხვებს არ ჩავაგდებინეთ ის ხელში. ეს სამსჯავრო რომ სპარსელებისა იყოს და ისინი არჩევდნენ ჩვენ საქმეს, ჩვენ მთლიანად გვიხდებოდეს იმის უარყოფა, რაც ჩაგვიდენია, გვეშინოდეს აქ მოტანილი საბუთებისა, მაშინ ჩვენ – სააშკარაოზე გამოყვანილთ – გაგვიჭირდებოდა სიტყვების მოძებნა იმ მოსამართლეების საპასუხოდ, რომლებიც მტრულად და მკაცრად იქნებოდნენ განწყობილი მომხდარი ამბის მიმართ და ყოველგვარ იმედმოკლებული ვიქნებოდით. მაგრამ ვინაიდან მოსამართლე რომაელი კაცია, რის გულისთვის უნდა უარვყოფდეთ ჩვენ მიერ ჩადენილ საქციელს? რაში გვჭირდება თავის მართლება თქვენს წინაშე იმისათვის, რომ ვალი დაგადეთ და ტირანი მოგაშორეთ? მას ხომ ჩვენ ვერ მივაკუთვნებთ მეფის საპატიო სახელს, ვინაიდან მან საქმით გვიჩვენა თავისი მტრობა, თუმცა ბრალმდებლები ბევრს ყვირიან და გაიძახიან საშინელი ბოროტმოქმედება ჩაიდინეთ, რომ მეფე მოჰკალითო. ცხადია, რომ მეფის სახელწოდება აბზინდსა და ქლამიდს, და საერთოდ გარეგან სამკაულებს კი არ განეკუთვნება, არამედ მიეკუთვნება იმას, ვინც სამართლიანობას მისდევს, ზომას არ აჭარბებს თავის ქცევაში და მხოლოდ დადგენილ წესებს უფარდებს თავის გულის ნადებს. თუ ჩვენ ეს კაცი მოვკალით, უკანონოთ მოვიქეცით, მაშინ ბრალდება სამართლიანი იქნება და კოლხებიც მართალი იქნებიან, რომ ჩვენ გვიწოდებენ მოძალადეებს, ნაძირლებს და სისხლისმსმელებს. მაგრამ თუ ის ასეთ ღირსებებს შორს ჩამორჩა თავისი ქცევით და მის განზრახვებში ზომიერი არაფერი იყო, პირიქით, ფარულად გვისისინებდა სპარსელებს და მათთვის უნდოდა ეს ქვეყანა გადაეცა, განა უმჯობესი არ იქნებოდა დაგვესწრო უბედურების მოახლოებისათვის და გაგვემარჯვებინა, ვიდრე ის, რომ მის მეფურ გარეგნობას შევღაღადებოდით და მტერს ჩავარდნოდით ხელში? როდესაც წინასწარ შეიტყობ ვინმეს მიერ განზრახულ სახიფათო გეგმას და შესაძლებელია მაშინვე აიცილო ეს ვერაგობა, რამენაირად უშველო შექმნილ მდგომარეობას და შემდეგ ნელ-ნელა გამოასწორო მომხდარი ამბავი, დიდი სისასტიკე იქნებოდა შური გეძია წინდაწინ და არ დაკმაყოფილებულიყავი შესაძლებლობით, რომ შემთხვევა მოგეცემოდა სამაგიერო ხიფათში ჩაგეგდო მოწინააღმდეგე. მაგრამ, როდესაც გეგმა სისრულეში მოჰყავთ და აღარაფერი გრჩება დასაცავად, ყველაფერი სწრაფად იღუპება, ისპობა სახელმწიფოს კეთილდღეობა და მასთან ერთად ისპობა ყოველგვარი იმედი გადარჩენისა, მაშინ გონიერმა კაცმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და ზომები მიიღოს, რათა არაფერი დაგემართოს ისეთი, რასაც ვეღარ უწამლებ.
თუმცა ბრალმდებლები ძალიან იჭაჭებიან, გაჰკივიან უნამუსობაზე, უწმინდურობაზე, სისხლისმსმელობაზე და სხვა ამგვარი ტრაგიკული სახელებით ამკობენ ჩვენს საქციელს და გაიძულებენ თქვენ მხოლოდ ამ მომხდარ ამბავს მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ მსაჯულო, იმედია უყურადღებოდ არ დასტოვებ იმ ამბებს, რომლებიც ჩვენს საქციელს წინ უძღოდა, ასწონ-დასწონი იმ მიზეზებს, რომლებმაც გაგვაბედინეს ეს საქმე და სწორად გაიგებ ჩვენი საქციელის აზრს. ქალაქებში ხშირად ვპოულობთ ხოლმე მაწანწალებსა და ქურდ-ბაცაცებს ან სხვა ამგვარი უკეთური საქმის ჩამდენთ, რომლებისთვისაც ან თავი წაუგდებინებიათ ან ფეხები მოუჭრიათ, მაგრამ ამ საქციელისათვის არავის ვდებთ ბრალს, თუმცა ესეც ძალიან უწყალო საქციელად ჩანს; არც იმ მართველ მოხელეებზე ვიყრით ჯავრს, რომლებმაც დაუშვეს ასეთი შურისძიება და არც უწმინდურ, საზიზღარ და ბოროტ საქციელად ვნათლავთ ამას: ჩვენ მხედველობაში ვღებულობთ ამ ბოროტმოქმედთა მიერ წინათ ჩადენილ უკეთურ საქმეებს, ვიგონებთ იმას, რომ მათ სასჯელი მიიღეს მათ მიერ ჩადენილი უსამართლო ქცევისათვის და მათდამი გამოჩენილი სისასტიკე სიამოვნებას გვგვრის. სანამ ბოროტმოქმედებები არ შეწყვეტილა, არც სასჯელის დადება უნდა იქნეს მიჩნეული შეუფერებლად.
ამრიგად, გუბაზი ჩვენ მოვკალით. მერე რა მოხდა აქ საშინელი, თუ ჩვენ მოვკალით მოღალატე ადამიანი და ჩვენი მტერი? ბრალმდებლები სამართლიანად ამბობენ, რომ მტრის სახელწოდება შეეფერება არა იმას, ვინც მოშორებით, უცხოეთში ცხოვრობს, არამედ იმას, ვინც თუმცა თვისტომია, მაგრამ მტრისთვის სასიამოვნო საქმეს აკეთებს; ჩვენი აზრითაც ასეთი გასაზღვრა საუკეთესოა და უჭეშმარიტესი და სინამდვილეს შეეფერება. და რახან ორივენი თანახმა ვართ ამაში, ვისარგებლებთ ამ საბუთით და დავამტკიცებთ, რომ გუბაზი ჩვენი მტერი იყო. ხოლო თუ ეს დამტკიცებული იქნება ამ გზით, ნათელყოფილი იქნება ისიც, რომ ის მოკლულ იქნა სრულიად მართებულად. მთელი ეს ბარბაროსული მოდგმა, თუმცა ის რომაელთა ქვეშევრდომია, მაგრამ თავისი შეხედულებით ძალიან დაშორებულია მათ; რომაელთა კანონების სიმწყობრე ამძიმებს მას და ის ისწრაფვის გადატრიალებისა და აჯანყებისაკენ; სანამ სხვის ხელქვევით არის, მას არ შეუძლია მშვიდად ცხოვრება ისე, რომ უსამართლო საქმეებში არ გაერიოს. თუ ამას მარტონი ვერ ახერხებენ, ცდილობენ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ ის ტომები, რომლებიც მათნაირივენი არიან და რომელთა ჩვეულებებიც მათ საკუთარ ჩვეულებებს უახლოვდება. გუბაზი ყველა ამ თვისებით იყო აღჭურვილი: ის ხომ წარმოშობით ბარბაროსი იყო და ამ მოდგმისათვის დამახასიათებელი მზაკვრობით იყო დასნეულებული; გარდა ამისა ჩვენ მიმართ ისეთი ბოროტებით იყო გამსჭვალული, რომ არც კი თვლიდა საჭიროდ ამის დაფარვას, – პირიქით, ისწრაფვოდა განეხორციელებინა თავისი მტრული ზრახვები, რომლებიც მანამდე გულში ჰქონდა ჩამარხული და დაფარული. ჩვენ რომ წვალებაში ვიყავით და ყოველგვარ ხიფათში ვებმოდით, რათა მტერს მისი გულისნადები არ აესრულებოდა, გუბაზი ამ დროს ამჯობინებდა შინ მჯდარიყო თვისტომებთან ერთად და საწვალებელ საქმეს მოშორებული ყოფილიყო. გარდა ამისა ის ზედმიწევნით ადევნებდა თვალყურს ბრძოლის მიმდინარეობას და უთვალთვალებდა, თუ რით დამთავრდებოდა ეს ბრძოლა. თუ ვინიცობაა რომაელები ბრძოლაში წარმატებას მიაღწევდნენ და მართლაც რომ გამარჯვებულის ჭეშმარიტ სახელს მოიპოვებდნენ, ის მაშინვე თავის მტრობასა და შურს ამჟღავნებდა და ცდილობდა სასაცილოდ აეგდო ეს გამარჯვება, გაებათილებინა მიღწევის მნიშვნელობა; თვით საქმეს უმნიშვნელოდ ნათლავდა, შედეგსაც უმნიშვნელოდ თვლიდა და ამასაც ჩვენ კი არ მოგვაწერდა, არამედ ბრმა ბედს. თუ კი მოხდებოდა ისე, რომ ფეხი დაგვიცდებოდა, ის ვითარცა მომხდარი ამბის უეჭველი მსაჯული, მაშინვე პირწმინდად გაათავისუფლებდა ხოლმე ბედისწერას ყოველგვარი ბრალდებისაგან, თითქოს მისი მონაწილეობით არ ხდებოდეს ყველაფერი: მისთვის უკვე წინასწარვე იყო გადაწყვეტილი, რომ ჩვენი საქმის ცუდად წარმართვაში ბრალი მიუძღოდა მხოლოდ ჩვენს სულიერ სილაჩრეს, მარჯვენის სისუსტეს და გეგმის უვარგისობას. ბედის ცვალებადობას, უწესრიგობასა და მოუფიქრებულობას ის არასდროს არ მიაწერდა მტერს (ჩვენ კი ყოველთვის ამას გვაბრალებდა), თითქოს ამ მიზეზით არ ყოფილიყოს, რომ მტერი გვაჯობებდა ხოლმე ჩვენ.
და ამას ის გაჰკიოდა ხმამაღლა და აშკარად, და აცნობებდა ხოლმე არა მარტო სპარსელთა ჯარებს, რომელთაც ის ყოველგვარ საქმეში შველოდა, არამედ ის მაშინვე შიკრიკებს აფრენდა ხოლმე, რომ ცნობები მიეტანათ იბერიაში, სვანთა ტომისათვის, კავკასიის გადაღმა მცხოვრებ ბარბაროსთათვის, უფრო შორს იმათ იქითაც, თუ კი შესაძლებელი იქნებოდა დედამიწის კიდეზედაც. ცნობა კი ასეთი იგზავნებოდა: „რომაელები ცუდი მეომრები არიან, ბარბაროსები მათ ამარცხებენ“. და მისი ცდა მარტო ის კი არ იყო, რომ რომაელთა მოდგმისათვის ჩირქი მოეცხო (თუმცა ესეც საშინელი რამ არის და მტრულად განწყობილი ადამიანის სულისკვეთებას ამჟღანებს), არამედ უფრო მეტს იღწვოდა, რაღაც სხვას, უფრო დიდს, იზრახავდა და ამზადებდა. ის საჭიროდ თვლიდა შეერყია ბარბაროსთა შორის გაბატონებული აზრი ჩვენი დიდი მეფის შესახებ, რომელიც განთქმული იყო, როგორც უძლიერესი და გამარჯვებათა შარავანდედით მოსილი მეფე; ამით მან გაათამამა ის, ვინც წინათ შიშით და გაკვირვებით შეგვყურებდა. განა უფრო სამართლიანი არ იქნება ასეთი რამეების ჩამდენს მტერი ვუწოდოთ, ვიდრე მეგობარი, კეთილისმსურველი, მეფე, მოკავშირე ან სხვა ამგვარი სახელები, რომლებსაც ბრალმდებლები თხზავენ ამ ტირანის შესახებ? თუმცა ორივეს – მტერსაც და მოყვარესაც – ერთნაირად ანიჭებენ ამ სახელს, მაგრამ მოყვარის გარჩევა მტრისაგან მხოლოდ იმის მიხედვით შეიძლება კეთილად არის განწყობილი მომხდარი ამბების შედეგების მიმართ, თუ მტრულად. მაშასადამე, ვინაიდან უკვე დამტკიცებულია, რომ გუბაზი ჭმუნვას ეძლეოდა, როდესაც ჩვენ ვიმარჯვებდით, და ხარობდა, როდესაც მარცხი მოგვივიდოდა, რაღას გაჰკივიან ბარბაროსები რომაული კანონების წინააღმდეგ, რომელთა მიხედვით ვსჯით ხოლმე, ან კიდევაც სრულიად სრულიად ვანადგურებათ იმათ, ვინც არსებულ წყობილებას ერთგვარად არყევს და ზიანს აყენებს? თუ ეს ასეა, თავი დავანებოთ საბუთებს, მითითებებს და საეჭვო მტკიცებებს; ყურადღება მივაქციოთ მხოლოდ საქმეთა ვითარებას და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ის.
სპარსელებს ჰქონდათ დაპყრობილი ონოგურისის ციხე, რომელიც მათ ჩამოეგლიჯათ არქეოპოლისის მიდამოებიდან, და ჩვენთვის აუტანელ სირცხვილს წარმოადგენდა ის, რომ მტრის ჯარი მტკიცედ ჩამჯდარიყო ზღუდის შიგნით ჩვენს მიწა-წყალზე. სტრატეგოსთა თათბირზე გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ მთელი ჯარით გამგზავრებულიყავით იმათ წინააღმდეგ, გაგვენადგურებინა ისინი და ამგვარად განვთავისუფლებულიყავით მეტად სახიფათო ჩასაფრებისაგან. ჩვენ რასაკვირველია, გვჭირდებოდა კოლხთა ჯარიც, არა მარტო იმიტომ რომ კოლხები, როგორც იმ ადგილების მცოდნენი უფრო მეტად, ვიდრე ამ ადგილთა არმცოდნენი, სასარგებლო რჩევა-დარიგებას მოგვცემდენ, არამედ იმიტომაც, რომ, რადგან ბრძოლა მოგვიხდებოდა გამაგრებულ ადგილას ჩამჯდარ და კარგად შეიარაღებულ მებრძოლებთან და აგრეთვე იმათთანაც, რომლებიც ალბათ მუხირისიდან მოვიდოდნენ მათ საშველად, კოლხებსაც გაეწიათ ჩვენთვის დახმარება, ჩვენთან ერთად ებრძოლათ. ასეთ პირობებში რა უნდა ექნათ სტრატეგოსებს? რასაკვირველია, უნდა მიემართა ერის მთავრისათვის და მოეთხოვათ ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო, მის შემდეგ რაც დაუმტკიცებდნენ ამ მოთხოვნის საბუთიანობას. და მართლაც, მიმართეს კიდეც და დამტკიცეს. იმან კი ისე წარმოიდგინა თავი, თითქოს მართლაც მეფე ყოფილიყოს და თითქოს მის ხელთ ყოფილიყოს თავისი ნებისამებრ ემართა, უარი თქვა ჩვენთან ერთად ელაშქრა ციხის წინააღმდეგ და არც კი მოვიდა ჩვენთან. არავითარი მიზეზებიც კი არ დაასახელა, რომლებიც, თუმცა შეუფერებელი იქნებოდნენ, მაგრამ გარეგნულად მაინც გაამართლებენ მის უარს. მან გაცილებით უფრო ამაყად და უხეშად მოგვიგო უარი, ვიდრე ეს დაქირავებულ ქვეშევრდომს შეეფერებოდა. კიდევ მეტი; ის მუდამ სიძულვილით უცქეროდა სტრატეგოსებს და გაშმაგებით მტრობდა მათ და ვაჟკაცობად და სამეფო ღირსების შესაფერისად მიაჩნდა ის, რომ ახდილად არცხვენდა სტრატეგოსებს მათ მიერ შესრულებული საქმეების გამო. და ყველაფერ ამის შემდეგ განა საჭირო იყო მეტის დაყოვნება ჩვენის მხრივ? განა უნდა გვეცადა უფრო მეტი საბუთებისათვის და გვეჩვენებინა მეფის წერილი, რათა ბიზანტიონში წასულიყო, იმ დროს როდესაც საკუთარი მიწა-წყლის ფარგლებში რაღაც მოკლე მანძილის გამოვლასაც კი არ ნებულობდა? მერე და განა შესაძლებელი იქნებოდა მოგვეხერხებინა აგრე რიგად ჩვენ წინააღმდეგ განწყობილი გუბაზის გაგზავნა ბიზანტიონში ისე, რომ ამას არ გამოეწვია ათასნაირი შინაური აჯანყება, მრავალი ხოცვა-ჟლეტა, აშკარა განდგომა, სპარსელთა მოულოდნელი შემოჭრა? მოწინააღმდეგე ხომ არ გვემორჩილებოდა და გვებრძოდა? ხოლო მთელი ერი აჯანყების მოყვარულია, მას, ბარბაროსული წესის მიხედვით, ახასიათებს მისწრაფება არსებული წყობილების შერყევისადმი, მით უმეტეს რომ ახლოს ცხოვრობენ ისინი, ვინც მათ მხარს დაუჭერს. ამიტომ ვერაგული ზრახვების მეთაური რომ მოვკალით, ამით ძალიან ადვილად მოუღეთ ბოლო მთელ რიგ ასეთ უბედურებას, არსებულსა და მოსალოდნელს, ისე რომ სრულიად დაუჯერებელია, რომ ასეთი რამ მომავალში განმეორდეს.
ამიტომ მსაჯულო, ნუ გვსაყვედურობენ იმ წერილის გამო, ნურც გვაგინებენ, რომ არ შევასრულეთ წერილში მოხსენებული დავალება. განა ცხადი არ არის, რომ ის მოწერილობა – სამეფო ქალაქში გამგზავრების შესახებ – მხოლოდ მის გამოსაცდელად იყო გამოგზავნილი, რათა გამოგვეცადა, შეასრულებდა თუ არა ის თავისი ნებით ბრძანებას და კანონიერად მოიქცეოდა? რადგან ჩვენ მალე შევიტყეთ მისი შეუპოვრობა და ჯიუტობა და რადგან ის მცირე მოთხოვნასაც კი არ ასრულებდა, განა შევძლებდით მის დაყოლიებას უფრო დიდ მოთხოვნაზე და განა სასწრაფოდ არ უნდა მიგვემართა იმ უკიდურეს საშუალებისათვის, რომელსაც აუცილებლობის გამო მივმართეთ, რადგან ამასობაში ბევრი რამ საშინელი მოხდა? თუ ხელიდან გაუშვებ მოხერხებულ დროს და არ გამოიყენებ იმას საქმის მოსაგვარებლად, შემდეგში ვეღარ დაიბრუნებ იმას, რაც გამოგეპარა! იქნებ, როგორც ბრალმდებლები ამბობენ, ისღა დაგვრჩენოდა, რომ სამართალში მიგვეცა გუბაზი, ფუჭი სიტყვიერი ბრძოლა გაგვეჩაღებინა და სახელმწიფო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მაგიერ სიტყვების რახა-რუხი გაგვემართა? მაგრამ ბედშავნო, ამის ნებას არ იძლეოდნენ სპარსელები, რომლებიც აქვე სამტროდ იყვნენ დარაზმულნი და გაზადებულნი იმისათვის, რომ მთელი კოლხეთი ეგდოთ ხელთ იმის (გუბაზის) დახმარებით. ვინაიდან ყოველმრივ დამტკიცებულია, რომ გუბაზი მტერი და მოღალატე იყო და ტირანის ზრახვების მატარებელი, სულ ერთი არ იყო კოლხებისათვის, ჩვენ მოვკლავდით მას თუ სხვები? გონიერი მოსაზრება მარტო სტრატეგოსებსა და საერთოდ ძალაუფლების მქონეთ კი არ ებადებათ და მოუდით ხოლმე, არამედ ყოველ მსურველს, ჩემი აზრით, უფლება აქვს და შეუძლია გამოექომაგოს სახელმწიფოს, რომელშიაც ის მოღვაწეობს და შეძლებისამებრს იზრუნოს საზოგადო კეთილდღეობისათვის. თუმცა ჩვენ მათი აზრით საზიზღარნი და საძაგელნი ვართ, მაგრამ სინამდვილეში მეფისა და რომაელთა ერთგულნი ვართ და თავზე არ დავასვამთ იმათ, ვინც ცდილობს მახე დაგვიგოს. თუ კიდევ მეტის თქმაა საჭირო, კარგად იცოდე, მსაჯულო, რომ ჩვენ ამ ჭეშმარიტად კარგი და სამართლიანი საქმის ჩადენა გავბედეთ სწორედ დროზე და მარტინეს თანხმობაც გვქონდა ამაზე“.
ეს რომ ითქვა, ათანასი ჯერ კარგად შეხვდა რუსტიკეს სიტყვებს, მაგრამ იმის წყალობით, რომ პაექრობა ორჯერ მოხდა და ათანასიმაც ყველაფერი გამოიკვლია და ასწონ-დასწონა, მას უკვე გუბაზის მიერ ჩადენილ საქციელში აღარაფერი მიაჩნდა მისი მოღალატეობისა და ტირანობის დამამტკიცებლად; პირიქით, მისი აზრით, მკვლელობა ჩადენილი იყო უსამართლოდ და კანონის წინააღმდეგ და ონოგურისზე ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებაზე მედიზმის გამო კი არ ამბობდა უარს გუბაზი, არამედ იმიტომ, რომ ის გაჯავრებული იყო სტრატეგოსებზე იმის გამო, რომ მათ დაკარგეს ონოგურისი თავისი უგუნურებისა და დაუდევრობის წყალობით. ყველაფერი ეს რომ გაიგო, მაშინ გადაწყვიტა ავგუსტისათვის ეცნობებინა მარტინეს შესახებ თქმული, სახელდობრ, რომ ისიც მონაწილე იყო იმ გეგმისა. დანარჩენების შესახებ კი, რომლებმაც აშკარად აღიარეს, რომ მოკლეს გუბაზი, მან გამოიყენა ავგუსტის წერილობითი განაჩენი, რომელშიაც იგი ბრძანებდა რაც შეიძლებოდა მალე დაესაჯათ ისინი და სასამართლოს მახვილით თავები მოეკვეთათ. ისინი შესხეს ჯორებზე და ისე ჩაატარეს ქუჩებში, რაც, როგორც ჩანს, უდიდეს და ამავე დროს შიშის მომგვრელ სანახაობას წარმოადგენდა კოლხებისათვის. განცვიფრებაში მოიყვანა ისინი გზირმაც, რომელიც შემზარავი ხმით გაჰკიოდა და რჩევას იძლეოდა: გეშინოდეთ კანონებისა და თავი შეიკავეთ უსამართლო მკვლელობათაგანო. როდესაც მათ ყელები გადასჭრეს, მაშინ ყველანი სიბრალულით აღივსნენ და ბრაზობას თავი დაანებს. ამით დამთავრდა სასამართლო: კოლხები კვლავ ერთგულნი გახდნენ რომაელებისა და დაუბრუნდნენ ძველ გზას.
ამის შემდეგ რომაელთა ჯარები საზამთროდ დაბინავდნენ ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებში, ისე როგორც თითოეულს ჰქონდა დაწესებული.
მისიმიელთა დასჯა
ამასობაში იბერიაში მოვიდნენ ნახორაგანთან მისიმიელთა დიდებულნი და უამბეს ყველაფერი, რაც მათ სოტერიქეს მიმართ ჩაიდინეს; ნამდვილი მიზეზი დაუმალეს, ხოლო უთხრეს, რადგან დიდი ხანია სპარსელების მომხრეები ვართ, ამიტომ კოლხები და რომაელები გვჩაგრავენ და უპატიოდ გვეპყრობიანო; ბოლოს, სოტერიქე ჩაგვიყენეს, თითქოს იმისათვის, რომ მოკავშირეებისათვის ფული დაერიგებინა, ნამდვილად კი მთელი ჩვენი მოდგმის ასაწიოკებლად და გასანადგურებლადო. „ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა – თქვეს მოციქულებმა, რომ ან სრულიად მოვსპობილიყავით, ან დაგვესწრო მტრისთვის და ამით ზოგიერთთა თვალში დაგვემსახურებინა, იქნებ, თავზე ხელაღებულთა სახელი და ასეთი დაღი გვეტარებინა, მაგრამ ამავე დროს შეგვენარჩუნებინა არსებობის თავისუფლება და მოგვეწესრიგებინა ჩვენი საქმეები ისე, როგორც ეს უფრო სასარგებლო იქნებოდა; აგვერჩია ის, რაც უკეთესი იქნებოდა და ადამიანურ წესებს უფრო შეეფერებოდა, არ გვეტეხა თავი საზიზღარ ვერაგობათა გამო და უმეტესად ჩვენს კეთილდღეობაზე გვეზრუნა. ჩვენ მოვკალით სოტერიქე და ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ მოსული, რათა შური გვეძია მათ მიერ მიყენებული უსამართლობისათვის, ამით უტყუვრად დაგვემტკიცებინა ჩვენი ერთგულება სპარსელებისადმი და სასახელოდ მივმხრობოდით მათ. რადგან ყველაფერ ამას, განსაკუთრებით კი მედიზმს, არ შეგვარჩენენ გაჯავრებული რომაელები, მალე თავს დაგვესხმიან და გაგვინადგურებენ ყველაფერს, რამდენადაც კი შესძლებენ, ამიტომ შენ მოგეთხოვება, სარდალო, მოწყალებით მიგვიღო და დაგვიცვა, და სათანადოდ იზრუნო ამ ქვეყანაზე, როგორც შენს საკუთარზე და შენს ქვეშევრდომზე; ნუ დაგავიწყდება, რომ საფრთხეშია ჩავარდნილი და იღუპება ტომი არა მცირედი და არა უმნიშვნელო, არამედ ისეთი, რომელსაც შეუძლია უდიდესი სარგებლობა მოუტანოს სპარსელთა სახელმწიფოს. ომში საკმაოდ გამოცდილებს, რომლებიც ძალიან მამაცად იბრძოლებენ თქვენთან ერთად; ჩვენი ქვეყანა მდებარეობს კოლხეთის ზემოთ, ის თქვენ სანდო საყრდენ ადგილად გამოგადგებათ და მტრის წინააღმდეგ სასიმაგრო საფარად“. ეს რომ მოისმინა ნახორაგანმა, სიხარულით შეხვდა მათ თხოვნას, შეაქო რომაელთაგან განდგომისათვის და მოუწოდა მათ დამშვიდებულნი წასულიყვნენ იმ იმედით, რომ სპარსეთის დახმარებას მოკლებულნი არ იქნებოდნენ. ასე მოციქულები დაბრუნდნენ შინ, უამბეს ყველაფერი თავისიანებს და უდიდესი იმედებით აავსეს ისინი.
გაზაფხული (556 წლის) რომ დადგა რომაელთა სტრატეგოსები მაშინვე შეიკრიბნენ და დაადგინეს მისიმიელთა წინააღმდეგ გალაშქრება. ბუზეს და იუსტინეს ებრძანათ დარჩენილიყვნენ ნესოსთან, დაეცვათ იგი და ყური ეგდოთ ყველაფრისათვის. ომში გაიგზავნა ოთხიათასამდე კაცი, ქვეითთა ჯარი და ცხენოსანი, მათ შორის იყვნენ ფრიად წარჩინებულნი, როგორც მაგალითად მაქსენტი და თეოდორე ჭანური ჯარის უფროსი, ორივე კარგი მეომარი და მეთაური. ისინი ჯერ არ გადიოდნენ სალაშქროდ: მოკლე ხანში უნდა მოსულიყო მარტინე და მათ წინამძღოლად დამდგარიყო. რათა ისინი დიდხანს არ ყოფილიყვნენ უსარდლოდ, ყველაფრის მართვა-განმგებლობა ჩააბარეს, სანამ ჯერ კიდევ ქვეშევრდომთა ქვეყანაზე მოდიოდნენ, ვარაზ არმენიელსა და ფარსანტ კოლხს, რომელნიც დანარჩენ თანამოლაშქრეთ არც ბრძოლაში სივაჟკაცითა და არც სხვა ღირსებით აღემატებოდნენ, პირიქით ზოგიერთზე დაბლაც კი იდგნენ. ერთი, ვარაზი, ლოხაგოსად ითვლებოდა, მეორე კი ლაზთა მეფის კარის რაზმებს უფროსობდა; მაგისტროსი იყო თანამდებობით; ამ ბარბაროსებშიც ასე ეწოდება ამ თანამდებობას; მაგრამ მას გონების იმდენი გამჭრიახობა არ მოეპოვებოდა, რომ რომაული ჯარისათვის გაბედულად გაეწია ხელმძღვანელობა. ზაფხული რომ დადგა, ეს ჯარი უკვე აფსილიელთა ქვეყანაში იყო მისული. რომაელებმა მოინდომეს განეგრძოთ გზა, მაგრამ მათ დაბრკოლება შეუქმნა სპარსულმა ლაშქარმა, რომელიც აქ შეკრებილიყო. სპარსელებს შეეტყოთ რომაელთა მზადების შესახებ და რომ ისინი მისიმიელთა წინააღმდეგ გაემართნენ და ამიტომ ისინი დაძრულიყვნენ იბერიიდან და მუხირისის მახლობლად მდებარე ქალაქებიდან; ისინი გამოემართნენ რომაელების წინააღმდეგ, რათა მათზე ადრე დაეჭირათ მისიმიელთა ქვეყანა და შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ მისიმიელებს. ამიტომ რომაელები აფსილიელთა სიმაგრეებთან ტრიალებდნენ და ცდილობდნენ გაეჭიანურებინათ ასეთი ვითარება, სანამ ზაფხული გავიდოდა. მათ მიზანშეუწონლად და საშიშადაც მიაჩნდათ ბრძოლა გაემართათ სპარსელებისა და მისიმიელებისათვის. ამრიგად, ორივე ჯარი მშვიდად იდგა, არც ერთი არ ფიქრობდა წინ წაედგა ფეხი: ისინი ერთი-მეორეს უცდიდნენ და ელოდებოდნენ, თუ ვინ დაიძვრებოდა პირველი. სპარსელებს შველოდნენ საბირის ჰუნები, რომლებიც მათ დაქირავებულნი ჰყავდათ.
ამასობაში იუსტინე გერმანეს ძემ ნესოსიდან როდოპოლისში გაგზავნა ერთი თავისი რაზმის უფროსი, წარმოშობით ჰუნი, სახელად ელმინზური და თან გააყოლა 2000 ცხენოსანი. ეს როდოპოლისი კოლხეთის ქალაქია; იმ დროს სპარსელების ხელში იყო: კარგა ხნის წინათ მერმეროემ აიღო ის და სპარსელი მეციხოვნენი ჩაეყენებინა. იქ რომ მივიდა ელმინზური, ბედმა ძალიან შეუწყო ხელი. მეციხოვნენი რაღაც შემთხვევით ქალაქის გარეთ დაეხეტებოდნენ სადღაც და მცხოვრებთა უმრავლესობაც გასულიყო, ზოგი სად ზოგი სად. ამიტომ ელმინზური დაუბრკოლებლად შევიდა ქალაქში, დაიპყრო ის და სანახებშიც გაითარეშა: ვინც კი სპარსული რაზმებიდან შეხვდა, ყველანი გაჟლიტა, ხოლო ადგილობრივ მცხოვრებლებს ყველას ნება მისცა საკუთარ სამშობლოში ეცხოვრათ, რადგან იცოდა, რომ ისინი სპარსელებს მიემხრნენ არა თავისი მოღალატეობით, არამედ უფრო საგარეო საფრთხით გამო; ყველაფერი მოაწესრიგა, როგორც საჭირო იყო და მეტი სიმტკიცისათვის მძევლები წამოასხა. ასე დაუბრუნდა როდოპოლისი კვლავ თავის წინანდელ მდგომარეობას; დაექვემდებარა მშობლიურ კანონებს და დაემორჩილა რომაელთა მეფეს.
შემოდგომა რომ დადგა, სპარსელები მაშინვე დაიძრნენ მისიმიანეთიდან და გაბრუნდნენ კოტაისსა და იბერიაში, რადგან იქ უნდოდათ ზამთარი გაეტარებინათ და ამრიგად კარგა ხნით აიღეს ხელი მისიმიელებისათვის დახმარებაზე. მათი მშობლიური წესების მიხედვით არ არის მიღებული ზამთარში შორეული ლაშქრობა აწარმოონ. სპარსელთა ჩასაფრებისაგან განთავისუფლებულმა რომაელებმა კვლავ განაგრძეს თავისი წინსვლა მისიმიელთა ქვეყანაში. როდესაც ისინი მივიდნენ წიბელეს ციხესთან, რომელიც მისიმიელთა და აფსილიელთა ქვეყნების საზღვარზეა და მათ ჰყოფს, ჩავიდა მარტინე, რომ შემდგომში ლაშქრობისათვის ეხელმძღვანელა და მთელი ჯარის სარდლობა აეღო ხელთ. მაგრამ ის რაღაც მძიმე სენმა შეიპყრო და ხელი ააღებინა ამ განზრახვაზე. ამიტომ ის იქ დარჩა, რომ ცოტა ხნის შემდეგ კოლხიდაში და იქაურ ქალაქებში დაბრუნებულიყო. ჯარმა კი განაგრძო წინსვლა ძველი სარდლების მეთაურობით. პირველ რიგში რომაელები საჭიროდ თვლიდნენ ესინჯათ, მოისურვებდნენ თუ არა მისიმიელები გონიერ გზას დაბრუნებოდნენ: იქნებ მოენანიებინათ შეცოდებანი, ეცნოთ თავიანთი მმართველები, დამორჩილებოდნენ რომაელებს და აენაზღაურებინათ მთელი ის ფული, რომელიც მათ სოტერიქეს წაართვეს. ამ მიზნით მათ გამოარჩიეს, რამდენადაც შესაძლებელი იყო, წარჩინებული კაცები აფსილიელთა ტომიდან და მოციქულებად გააგზავნეს მისიმიელებთან, მაგრამ იმდენად მოკლებული იყვნენ უნარს ველურობის გადაგდებისა და შეუფერებელი საქციელის გამოსყიდვისა ახალი საქმის საშუალებით, რომ ამ უღმერთოებმა, უწმინდურებმა, ეშმაკის ფეხებმა და ერთი სიტყვით ყოველგვარი ისეთი სახელწოდების ღირსმა ადამიანებმა, როგორც კი შეუძლია რისხვამ დაატეხოს მათ, სრულიად უკუაგდეს საერთაშორისო კანონები და მაშინვე მოკლეს ეს მოციქულები, თუმცა ისინი მათ მონათესავე და მეზობელ აფსილიელთა ტომს ეკუთვნოდნენ და არავითარი წილი არ მიუძღოდათ იმაში, რასაც მისიმიელები აბრალებდნენ რომაელებსა და სოტერიქეს; პირიქით, ისინი აშკარად უმტკიცებდნენ მათ თავიანთ მეგობრობას იმ რჩევა-დარიგებით, რომელიც მუდამ მათ სასარგებლოდ იყო მიმართული.
ამრიგად, პირველადაც უგუნურებით და უწმინდური საქმეებით დაიწყეს მისიმიელებმა და მუდამ ასეთ ბოროტმოქმედებას ჩადიოდნენ ისინი და უფრო უწმინდურსაც. თუმცა გაიგეს, რომ სპარსელები უკან გაბრუნდნენ და მიუხედავად დაპირებისა, აღარ აღმოუჩენდნენ მათ დახმარებას, მაგრამ იმის იმედი ჰქონდათ, რომ მათი ადგილები ძნელი გასავლელი იყო და რომ რომაელები ვერ შეძლებდნენ ამ სიძნელის გადალახვას და უფრო შმაგად იწყეს მოქმედება. ერთი მთა დაჰყურებს ამ ქვეყანას, არც თუ ძალიან მაღალი, არც ძალიან დაკიდებული, მაგრამ ძალიან დაქანებული და ყოველ მხრით ციცაბო კლდეებით მოხშირებული; შუაში ვიწრო და უვალი გზა მოჩანს, რომელიც ერთი, გაბედულად მომავალი, კაცისთვისაც კი ადვილი სავალი და დასაძლევი არ არის, ისე რომ, თუ თხემზე ვინმე დგას და წინააღმდეგობას უწევს იქ ამავალთ, ვერასდროს მტერი ვერ გადალახავს მას, მაშინაც კი ვერა, ურიცხვი რომ იყოს მტერი, ან ყველანიც რომ მჩატენი და მსუბუქად შეიარაღებულნი იყვნენ, როგორნიც არიან მაგალითათ ისავრიელები. სწორედ ასეთი ადგილმდებარეობის იმედით მოჰკიდეს ხელი მისიმიელებმა უკიდურესად უგუნურ საქმეს. მაგრამ რომაელები საშინლად განრისხდნენ, როდესაც მისიმიელთა ვერაგობა შეიტყვეს. ბარბაროსები რომ აყოვნებდნენ და მათ არც მოდარაჯენი დაეყენებინათ ბორცვზე, რომაელებმა დაასწრეს და მთის მწვერვალი დაიჭირეს და რადგან წინააღმდეგობა არავის გაუწევია, გადალახეს ის და ყველანი გავიდნენ ცხენსავალ გზებზე და დაეშვნენ გაშლილ დაბლობებში იმედი რომ გაუცრუვდათ მისიმიელებს, სწრაფად დასწვეს ბევრი თავისი, უკვე ზედმეტად მიჩნეული ციხე-სიმაგრე, რადგან შეუძლებელი იყო ყველას დაცვა და ყველანი მოგროვდნენ ერთ ციხეში, რომელიც ყველაზე უფრო გამაგრებულად მიაჩნდათ. ამ ციხეს ძველითგანვე ეწოდებოდა „ტსახარი“ (ჩახარი), მეტსახელად კი „რკინისას“ ეძახიან მისი სიმტკიცისა და დაუძლევლობის გამო“.
ციხე მის ირგვლივ მდებარე მიუვალ კლდესთან ერთად ქმნიდა აუღებლად გამოიყურებოდა. აქ (როგორც ჩანს ციხისაგან აღმოსავლეთითა და სამხრეთით) იყო რამდენიმე ხის ქოხიც, სადაც მეომრებთან ერთად, დროებით, მათი ოჯახებიც ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, აღნიშნული ცნობა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ხეობის მთელი მოსახლეობა აქ, დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე, იყო თავმოყრილი. რასაკვირველია, ძირითადი ძალები, საუკეთესო მეომრებით, იცავდნენ სიმაგრეს, მისგან აღმოსავლეთით კი დარჩნენ მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები. მათ, როგორც ჩანს, იმდენად სჯეროდათ ამ ადგილის მიუვალობის, რომ ცოლ-შვილიც აქ დაიტოვეს. დანარჩენი სოფლების მოსახლეობა კი, ალბათ, ტყეებში იმალებოდა და მტერს ხშირი თავდასხმებით აწუხებდა. ის, რომ ციხის ალყა ამ საომარი კომპანიის მთელ შინაარსს არ წარმოადგენდა, ჩანს თუნდაც აგათიას იმ სიტყვებიდან, რომ რომაელთა ახალმა სარდალმა იოანე დაკიკმა ჯარში წესრიგის დამყარების შემდეგ ძალები ციხის ირგვლივ განალაგა და თავდასხმებს მის გარეთ დარჩენილ მისიმიანელებზეც ახორციელებდა „რათა ჩაშალოს ყველა მათი საქმეები“. აღნიშნული სიტყვების მიუხედავად, ნამდვილი, გაუვალი ალყა, როგორც ჩანს, მაშინაც არ არსებობდა. ბიზანტიელთა ძალები, უთუოდ მჭიდროდ ლაგდებოდნენ მხოლოდ ციხისგან დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით, მდინარეების კოდორისა და ჩხალთას შორის, თანაც კლდისაგან მოშორებით, იმ გათვლით, რომ კლდიდან ნასროლი ისრების რადიუსში არ მოხვედრილიყვნენ. ორივე მდინარის საპირისპირო ნაპირებზე კი, საიდანაც იერიშის მიტანა შეუძლებელი იყო, სავარაუდოდ მათი გამაგრებული ბლოკ-პოსტები და მხედართა მობილური ჯგუფები უნდა ყოფილიყო. თუმცა ამის დარწმუნებით მტკიცება შეუძლებელია, რადგანაც ორივე მდინარე ამ ადგილებშიც საკმაოდ სწრაფი დინებით გამოირჩევა. შესაბამისად, არ არსებობდა იმის გარანტია, რომ აბორიგენთა თავდასხმისას ძირითადი ჯარი მათ მიშველიებას ოპერატიულად მოახერხებდა.
„რამდენიმე რომაელ ცხენოსანს, არა უმეტეს 40 კაცისა, ერთად მოეყარა თავი, დანარჩენ ჯარს გამოყოფოდნენ და ისე მიდიოდნენ: ისინი ჩვეულებრივი ჯარისკაცები კი არ იყვნენ, არამედ უმეტესად რჩეულნი და რაზმების უფროსები; აი ამათ ზედ წააწყდნენ მისიმიელთა კაცები, დაახლ. 600 კაცი, ქვეითი და ცხენოსანი: ისინი ფიქრობდნენ, რომ რადგან სიმრავლით სჭარბობდნენ მათ, ყველას ამოჟლეტდნენ. მაგრამ რომაელები, როგორც საომარ საქმეებში გამოცდილები, აცვივდნენ ერთ ბორცვზე და ვაჟკაცობა გამოაჩინეს. ატყდა ფიცხელი და დაუნდობელი ბრძოლა და კარგა ხანს გაგრძელდა: მისიმიელები ცდილობდნენ ერთგვარად ალყა შემოერტყათ რომაელებისათვის, ესენი კი ერთბაშად შეუტევდნენ, რომ გაეფანტად და აერიათ მტრის მთელი ფალანგი, ხან კი ისევ გამობრუნდებოდნენ და საფარში მოთავსდებოდნენ. ამ დროს, ზემოთ, ერთი მთის თხემზე, გამოჩნდა რომაელების დანარჩენი ჯარი; ბარბაროსებმა იფიქრეს, აქ რაღაც მახეს გვიგებენ და ვერაგობას გვიმზადებენო და უკანმოუხედავად მოკურცხლეს. რომაელთა ჯარი კი (უკვე ყველანი ერთი-მეორეში არეულნი იყვნენ) მიაწვნენ მტერს და სდიეს სანამ არ ამოჟლიტეს უმეტესი ნაწილი, ისე რომ იმ „რკინის“ ციხეს მხოლოდ 80-მა კაცმაღა მიაღწია მშვიდობით. რომ გამბედაობა გამოეჩინათ რომაელებს და მაშინვე ჰკვეთოთდნენ ციხეს, ბარბაროსები იმდენად იყვნენ თავდგზააბნეულნი მომხდარი ამბებით, რომ, ვფიქრობს პირველივე შეტევაზე ყველას შეიპყრობდნენ და ომიც იმ დღესვე დამთავრდებოდა. მაგრამ მათ არ ახლდათ მაშინ რომელიმე სახელოვანი სარდალი, ძლიერებით და გონიერებით რომ ყოფილიყო გამორჩეული და ყველანი თითქმის თანაბარი უფლების მქონენი იყვნენ, ისე რომ ერთმანეთს აძლევდნენ რჩევა-დარიგებას და ერთმანეთს უყენებდნენ ბრალდებებს და რასაც ერთი იტყოდა, მასვე პასუხად ღებულობდა; ამიტომ მათი საქმიანობა დაუბოლოვებელი რჩებოდა და არც თუ მაინცდამაინც საქებარი. ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრებს ადგებოდნენ, ერთს ეს მოსწონდა, სხვას კიდევ სხვა და ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ გამოჰქონდათ; თითოეულ მათგანს სწყინდა, თუ მისი აზრი არ იმარჯვებდა და უზრუნველად და უდიერად ეკიდებოდა საქმეს და თუ საქმე უხეიროდ წავიდოდა, ესიამოვნებოდა ხოლმე, რათა შეძლებოდა შემდეგ ეტრაბახა და ელაპარაკა თავისიანებთან, დამარცხების მიზეზი მხოლოდ ის გახდა, რომ ჩემი შეხედულებები არ იქნა გაზიარებულიო.
ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ისინი და დაბანაკდნენ მტრისგან უფრო მოშორებით, ვიდრე ეს საალყო პირობებს შეეფერებოდა; გარდა ამისა, განთიადზე კი არ გადიოდნენ, როგორც ამას საჭიროება მოითხოვდა, შესატევად, არამედ, ვინაიდან, სიზანტესა და მცონარებას მიცემულნი, მეორეხარისხოვან საქმედ თვლიდნენ მას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი და საშური იყო, მტერზე შესატევად იმაზე უფრო გვიან გადიოდნენ, ვიდრე საჭირო იყო და უფრო ადრე ბრუნდებოდნენ უკან. ეს რომ შეიტყო მარტინემ, სასწრაფოდ გაგზავნა მათთან ერთი კაცი, რომელიც ყველაფერს სათავეში ჩაუდგებოდა და სარდლობას გასწევდა; ეს კაცი იყო ტომით კაპადოკიელი, უკვე კარგა ხანია სტრატეგოსის პატივი ჰქონდა მას; სახელად ერქვა იოანე, ხოლო მეტსახელად დაკნასი. ცოტა ხნის წინათ გამოეგზავნა იგი იუსტინიანე მეფეს კოლხეთში რუსტიკეს ნაცვლად და მას დავალებული ჰქონდა, რომ ყველაფერი რაც მოხდებოდა კოლხეთში ზედმიწევნით ეცნობებინა და საუკეთესო მამაცი ჯარისკაცები სამეფო საჩუქრებით დაეჯილდოვებინა. აი ეს იოანე მისიმიელთა ქვეყანაში რომ მივიდა და სათავეში ჩაუდგა რომაელთა ჯარს, უმალვე ციხის გარშემო დარაზმა ყველანი და სცადა ალყის შემოტყმა და ამავე დროს იმათ წინააღმდეგ იერიშის მიტანა, რომელნიც ციხის გარეთ იმყოფებოდნენ; ერთი სიტყვით უნდოდა მთლიანად დაეფორიაქებინა მტერი. მეტი წილი საცხოვრებელი სახლებისა თვით ზღუდის შიგნით კი არ იყო, არამედ ერთს, იქვე ახლოს აღმართულ კლდეზე; აქაური ნაპრალებისა და დიდ მანძილზე გადაჭიმული ციცაბო ლოდების გამო შეუძლებელი იყო უცხოელთა და შეუჩვეველთათვის ამ ადგილებზე გავლა. ადგილობრივი მცხოვრებლები კი, რომლებიც ამ ადგილებში გამოცდილნი იყვნენ, თუმცა დიდი წვალებით მაგრამ მაინც ახერხებდნენ, როდესაც დასჭირდებოდათ, ვიწრო და მიმალული გზიდან ჩამოსვლას და ისევ უკან აძრომას. ამ კლდის ძირში, დაბლობ და გაშლილ ადგილას, ამოჩუხჩუხებდა წყაროები მშვენიერი სასმელი წყლით, საიდანაც წყალი მიჰქონდათ ამ მთის მცხოვრებლებს. ამ დროს (რადგან რომაელები უთვალთვალებდნენ) ბარბაროსები ღამით ჩამოდიოდნენ ხოლმე წყლის ასაღებად. სადარაჯოზე იდგა ერთი ისავრიელი, სახელად ილლუსი; როდესაც მან ზევიდან დაინახა, რომ მრავალი მისიმიელი გვიან ღამით იმ ადგილას ჩადიოდა, ის მიიმალა და ჩუმად უცქერდა; როდესაც იმათ კოკები აავსეს და უკან ბრუნდებოდნენ, ისავრიელმა მისდია ჩუმად ზევით მანამ, სანამ თხემს მიაღწევდა და კარგად გაარკვევდა იმ ადგილის მდებარეობას, რამდენადაც ეს იმ სიბნელეში შესაძლებელი იყო; აქ შეამჩნია მან ისიც, რომ მხოლოდ 8 კაცი იყო დაყენებული ასასვლელი გზის თვალყურის სადევნებლად და დასაცავად. ილლუსმა ყველაფერი სტრატეგოსს უამბო. მას ძალიან ესიამოვნა ეს ცნობა, მეორე ღამესვე გამოარჩია 100 მამაცი მეომარი და გაგზავნა იმ ასასვლელ გზისკენ, რომ მათ დაეზვერათ ის ადგილი და როგორც კი ეს შესაძლებელი იქნებოდა იერიში მიეტანათ, ასვლის შემდეგ კი საყვირით ენიშნებინათ, რათა დანარჩენი ჯარიც კვეთოდა ზღუდეს და ამრიგად მტერი ორივე მხრით შეევიწროვებინათ.
ილლუსი დაწინაურდა და წინ წარუძღვა კაცებს იმ აღმართზე. მას მიჰყვებოდა ზიპერი, მარკელინეს მეშუბე, ლეონტი დაბრაგეზას ძე და თეოდორე ჭანების სარდალი და სხვები. დაახლოვებით შუა გზა რომ გაიარეს, იმათ, ვინც წინა რიგებში მიდიოდა, ნათლად დაინახეს ცეცხლი, რომელიც დარაჯებს დაენთოთ და თვითონ დარაჯებიც, რომელნიც იქვე, ძალიან ახლოს მიწოლილიყვნენ. 7 მათგანს აშკარად ეძინათ, უკვე ოდნავ ხვრინვასაც უშვებდნენ. ერთიღა დარჩენილიყო, რომელიც იდაყვზე დაყრდნობილი თითქოს ფხიზლობდა; მაგრამ მასაც ძილი ერეოდა და თავს მძიმედ გრძნობდა; ხშირად წასთვლემდა და კვლავ თვალებს გაახელდა ხოლმე. ამასობაში ლეონტი როგორღაც ტალახში ჩაეფლო, ერთბაშად წაიქცა და ისევ წამოდგა, მაგრამ ამ დროს ფარი გაუტყდა. ცხადია, ამან დიდი ხმა გამოსცა, დარაჯები ყველანი შეშინებულნი წამოხტნენ ზეზე, იძრეს მახვილები და აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს: მაგრამ ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ რა მოხდა; რადგან ცეცხლის შუქი სჭრიდა მათ თვალებს, სიბნელეში ვერაფერს არჩევდნენ და ვინაიდან მათ მძინარეებს მოესმათ ხმაური, ვერ გაერკვიათ თუ რისი ხმა იყო ეს, ან იყო თუ არა ეს იარაღის ჟღარუნი. რომაელები კი ყველაფერს ზედმიწევნით ხედავდნენ. მათ შეაჩერეს სვლა, გაუძრევლად იდგნენ, თითქოს ისინი მიწამ ჩაყლაპაო და კრინტსაც არ ძრავდნენ, ფეხებს ოდნავაც არ ამოძრავებდნენ; გაქვავდნენ ვინც სად იყო: ან წვეტიან კლდეზე მიკრული, ან რომელიმე ბუჩქში შემძვრალნი. რომ ისინი ასე არ მოქცეულიყვნენ და დარაჯთა ყურამდე მისულიყო რაიმე ნიშანი იმისა, რაც ხდებოდა, ისინი ყოველ შემთხვევაში ერთ დიდ ლოდს დააგორებდნენ ფერდობზე და გასრესდნენ ყველას, ვინც ზევით ადიოდა. ამიტომ რომაელები გაუნძრევლად იდგნენ და ხმას არ იღებდნენ, თვით სუნთქვასაც კი უშვებდნენ ოდნავ და გამოზომილად. შედეგად ბარბაროსები მალე დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი მოეჩვენათ, რომ მათთვის სახიფათო არაფერი ხდებოდა და განცხრომით ჩაიძინეს.
მაშინ, რომაელები თავს დაესხნენ მათ, მოკლეს ყველანი – უდარდელად მძინარენიც და ნახევარ-მღვიძარეც, რის შემდეგაც დაუბრკოლებლად განაგრძეს სვლა და მიიფანტ-მოიფანტნენ საცხოვრებელ ადგილებში; ამავე დროს საყვირის ნიშანი გაისმა. ეს რომ მისიმიელებმა გაიგონეს, შეშფოდნენ ამ ანაზდეული ამბით: ვერ გაეგოთ, თუ რა ხდებოდა, მაგრამ გამოღვიძებულნი ერთი-მეორეს ასკდებოდნენ, იკრიბებოდნენ, ზოგი საიდან გამორბოდა, ზოგი საიდან. მაგრამ რომაელები ზედ კარებთან ხვდებოდნენ მათ, მახვილით უმასპინძლდებოდნენ და დიდძალ სისხლს ღვრიდნენ. თუ ვინმე სახლიდან გამოსვლას მოასწრებდა, მაშინვე ჰკლავდნენ; ასეთივე ბედი ეწია სხვებსაც და ბოლო აღარ უჩანდა ამ ბოროტებას, ყველანი აწვებოდნენ მისიმიელებს. დედაკაცებიც მრავალი ამდგარიყვნენ და ტირილ-ჟივილით ირეოდნენ კარებში. მაგრამ განრისხებულმა რომაელებმა ესენიც არ შეიბრალეს და უმოწყალოდ გაჟლეტილებმა იმათაც ზღვეს მამაკაცთა მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებისათვის. ერთი ქალი, რომელიც სხვებზე უფრო მოხდენილი იყო, გამოჩნდა ანთებული ჩირაღდნით ხელში; მას მუცელი გაუხვრიტეს შუბით და ასე საცოდავად მოკვდა; ერთმა რომაელმა აიღო ის ლამპარი და ცეცხლს მისცა კარმიდამოები. სახლები ხისა იყო და ბზით დახურული და ცეცხლი უცბად მოედო (ვიწრო პლატოზე, როგორც ჩანს, ქოხები ერთმანეთთან ისე მჭიდროდ იდგა, რომ ერთი ჩირაღდნით გაჩენილი ხანძარი უცბად მოდებია მთელ დასახლებას); ალი ისე მაღლა ავარდა, რომ აფსილიელთა ტომმა და სხვებმაც, უფრო შორს მცხოვრებლებმა, გაიგეს მომხდარი ამბები. ამ ცეცხლის დროს უფრო მრავლად დაიხოცნენ ბარბაროსები: ზოგიერთები სახლებში იყვნენ დარჩენილნი და იქ გადაიწვნენ ან ნანგრევებში მოჰყვნენ; ზოგიერთებს კიდევ, რომლებიც გარეთ გამოვარდნენ, მახვილებისაგან ჰქონდათ გამზადებული სიკვდილი. მრავალი ბავშვი, რომლებიც მწარე ტირილით ეძახოდნენ მშობელ დედებს, დატყვევებულ იქნა: ამათგან ზოგიერთები კლდეზე დაუშვეს შეუბრალებლად და ასე იქნენ დაგლეჯილი, ხოლო ზოგიერთები, თითქოს თამაშის მიზნით, ჰაერში იქნენ ასროლილი და როდესაც სიმძიმისაგან უკან დაეშვნენ, პირდაპირ აშვერილი შუბები დაახვედრეს და ზედ ააგეს ჰაერშივე.
ასეთ ბოროტებაში ჩატარდა მთელი ღამე და როდესაც რომაელებს ეგონათ, რომ ის ადგილი საბოლოოდ იყო მოოხრებული, ამ დროს ციხიდან გამოვიდნენ აბჯარასხმული მისიმიელები, დაახლ. 500 კაცი და ალიონზე ზედ წაადგნენ რომაელებს, რომლებსაც დარაჯებიც კი არ დაეყენებინათ, რადგან ეგონათ, უკვე საბოლოოთ გავიმარჯვეთო. მისიმიელებმა ბევრი რომაელი მოკლეს, დანარჩენები ყველანი აოტეს და ძალზე შეავიწროვეს. ისინიც არეულ-დარეულნი თავქვე დაეშვნენ და ხშირი და ნაირნაირი ჭრილობებით დასერილნი ბანაკში დაბრუნდნენ, მტრის შუბების ნაკრავნი და იმის გამო რომ ხშირად ეხეთქებოდნენ კლდეებს, წვივებდახეთქილნი. ამის შემდეგ კვლავ კლდეზე აძრომა აღარ გაუვლიათ გუნებაში; იმათ განიზრახეს ზღუდეზე მიეტანათ იერიში იმ ადგილას, სადაც მათ უფრო მოსახერხებლად მიაჩნდათ ბრძოლა და ამავე დროს თხრილი ამოევსოთ. ამიტომ მათ იქვე მახლობლად ააშენეს პატარა ქოხები და კარავები (რომლებშიც იმალებოდნენ მისიმიელთა ისრებისაგან, თვითონ კი ციხის მიმართულებით) დიდი სიფრთხილით უშენდნენ ზღუდეს, მანქანებისა და მშვილდების საშუალებით და სხვანაირი საშუალებების შემწეობითაც მეტად ძნელი და აუტანელი გაუხადეს ეს ალყა იმათ, ვინც ზღუდის შიგნით იმყოფებოდა. ბარბაროსები ამის გამო მძიმედ იტანჯებოდნენ და ძალიან შევიწროებულნი იყვნენ, მაგრამ წინააღმდეგობას არ წყვეტდნენ. ზოგიერთებმა მოიტანეს სპალიონი და ისე გაემართნენ რომაელთა საფარისაკენ იმ განზრახვით, რომ გაენადგურებინათ მათთვის ყველაფერი. მაგრამ, ვიდრე ისინი ახლოს მივიდოდნენ და მთლიანად დაიმალებოდნენ სპალიონში, ერთმა სლავმა, სახელად სურუნამ, შუბი ესროლა იმას, ვინც უკეთ ჩანდა და სასიკვდილოდ დაჭრა. ის რომ დაეცა, სპალიონი მაშინვე შეირყა, გადაყირავდა და როგორც კი შეზნექილი ნაწილი უკუღმა შემოტრიალდა, სპალიონში დამალული მეომრები მთლად გაშიშვლდნენ. რომაელებმა დაუშინეს სწრაფად ისრები და ყველანი ამოხოცეს; მხოლოდ ერთმა მოასწრო გაქცევა. ის უკვე ახლოს იყო მისული თავის სიმაგრესთან და ის იყო ჭიშკარში შეაბიჯა ფეხი, რომ მას რომაელებმა ისრები დაუშინეს და მოკლეს. ის დაეცა ზედ კარის ზღურბლზე: მცირეოდენი ნაწილი სხეულისა გარეთ დარჩენილიყო, მეტი წილი კი შიგნით გაშხლართულიყო. ეს რომ მისიმიელებმა დაინახეს საბოლოოდ გატყდნენ და ბჭობის შემდეგ მოციქულები გაგზავნეს იოანესთან და სთხოვეს, საბოლოოდ ნუ გაგვანადგურებ და ძირფესვიანად ნუ აღმოფხვრი ჩვენს მოდგმასო; ძველითგანვე ხომ რომაელთა ქვეშევრდომნი ვართ და ერთმორწმუნენი: ისედაც ბევრი უბედურება გადავიტანეთ იმის გულისთვის, რომ ჩვენი ბარბაროსული უგუნურების წყალობით თქვენ წინააღმდეგ ვიმოქმედეთო. იმათ თქვეს, მაინცადამაინც სრულიად უღირსნი არ ვართ შეცოდებისა და პატიებისაო: ამდენი უბედურება გამოვცადეთ, უდიდესი სასჯელები მოვიხადეთ იმით, რომ ციხის გარშემო მდებარე მიდამო მთლად გადაგვებუგა და მოწიფული ვაჟკაცებიც დაგვეღუპა არანაკლებ ხუთი ათასისა, ქალები უფრო მეტი, ბავშვები კიდევ უფრო მეტი, ისე რომ ლამის მთელი ჩვენი მოდგმა აღიგავოსო. იოანემ სიამოვნებით შეიწყნარა მათი თხოვნა, რადგან, ჯერ ერთი, უდაბურსა და მეტისმეტად ცივ ქვეყანაში აღარ სურდა უფრო ხანგრძლივად დაეყოვნა და თავისი თავი და ჯარი საფრთხეში ჩაეგდო (ცოტა ხანში თოვლი მოვიდოდა, გასასვლელ ხეობებს ჩაკეტავდა); მეორე მხრით, მართლაც რომ საკმარისად დაისაჯნენ ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ამრიგად, მან წამოასხა მძევლები, წამოიღო ფულიც, რამდენიც სოტერიქეს ჰქონდა მიტანილი, ბევრი სხვა რამეც და გარდა ამისა მეფის ოქრო: ხალასი და ნამდვილი ნუმიზმები იყო ოცდარვა ატასი და რვაასი. ყველაფერი ეს წამოიღო, დიდძალი ნადავლიც შეძინა და ნება მისცა მისიმიელებს კვლავ თავიათ ნებაზე ეცხოვრათ საკუთარ ქვეყანაში და ძველებური ცხოვრება განეახლებინათ. თვითონ კი დაბრუნდა კოლხიდაში თავისი სახელმოხვეჭილი და მამაცი ჯარით, რომელსაც მხოლოდ 30 კაცი აღმოაჩნდა ბრძოლაში დაღუპული.
ამის შემდეგ იუსტინიანე მეფემ საერთოდ გადააყენა მარტინე თანამდებობიდან და მის ნაცვლად იუსტინე გერმანეს ძე დანიშნა სრულუფლებიან სტრატეგოსად როგორც კოლხიდის, ისე არმენიის ჯარებისა. არც წინათ ესიამოვნებოდა მას, რომ მარტინე, რომელსაც მცირეოდენი წილი მიუძღოდა გუბაზის წინააღმდეგ მოყწობილ ვერაგობაში, ყველაფერს განაგებდა და მართავდა. მაგრამ ის ჯერ თავს იკავებდა და არ ამჟღავნებდა თავის განზრახვას; ის ფიქრობდა რომ საჭირო არ იყო აეღელვებინა მმართველი და გამოეცვალა ხელმძღვანელობა, სანამ ჯერ კიდევ არეულ-დარეული იყო იქ საქმეეები, მით უმეტეს რომ ჯარისკაცებს უყვარდათ მარტინე როგორც მისი გამოცდილების გამო სამხედრო საქმეებში, ისე იმის გამო, რომ ყველაფერს ჯეროვნად განაგებდა. ახლა იუსტინიანემ მხედველობაში მიიღო მის მიერ მოპოვებული გამარჯვებანი და მისი გონიერება, რომლის წყალობით ის ხიფათს იცდენდა ხოლმე და ამიტომ ოდნავ შეასუსტა კანონის სიზუზტე და ურყევობა და აპატია დანაშაული, ხოლო ნება კი არ მისცა მმართველად დარჩენილიყო, არამედ უბრძანა კერძო ცხოვრებას შესდგომოდა: მეფე ფიქრობდა, რომ ასეთი პატივაყრით ის საკმარისად დაისაჯა, თუნდაც იმ საზიზღარ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობა ჰქონოდა მიღებული. და აი როდესაც სპარსელები მიწყნარდნენ და დაზავების სუნი ტრიალებდა, მაშინ მეფემ გადააყენა მარტინე, ბიზანტიონში გამოიწვია თავისი ახლო ნათესავი იუსტინე, რომელიც მაშინ სახელგანთქმული იყო, გადასცა მას მთელი ძალაუფლება და ისევ კოლხეთში გაისტუმრა საქმეების მოსაგვარებლად.
იუსტინეს ამალაში იყო ერთი ლიბიელი, სახელად იოანე, წინათ სრულიად უცნობი და მეტად ღარიბი, რომელიც თავს იმით ირჩენდა, რომ მოჯამაგირედ უდგებოდა სხვებს, მეშუბეებს თან ახლდა და მოსამსახურეთა ჭაპანს ეწეოდა; მაგრამ სულ მოკლე ხანში მან უზომო სიმდიდრეს მიაღწია და თავშიც აუვარდა. საამისოდ კი მუდმივად მაქინაციებს ეწეოდა. იუსტინე მალე მიხვდა, რომ ის უსაზიზღრესი და უბოროტესი კაცი იყო და არავითარ უმართებულო და უწმინდურ საქმეს არ მოერიდებოდა, ოღონდ კი გამორჩენა ჰქონოდა. ერთხელ ამ იოანემ გამოსთხოვა სტრატეგოსს გარკვეული რაოდენობის ოქრო, რომლის საპასუხოდ მასაც უზრუნველყოფდა სურსათით, რამდენი ხნითაც უნდოდა და გარდა ამისა საჭირო საკვებითაც აავსებდა მასთან მყოფ მოჯამაგირესა და მონას და ყველა მის თანამგზავრს, მოსამსახურესა და მეშუბეს. ამასთანავე ის პირდებოდა, რომ არა თუ უკან დაუბრუნებდა მთელ იმ ფულს, რომელსაც მიიღებდა, სრულად და უკლებლივ, როგორც სესხად აღებულს, არამედ სხვასაც დაუმატებდა ზედ. მიუხედავად იოანეს რეპუტაციისა იუსტინემ მაინც მისცა ფული და აღნიშნული პირობებით ნება მისცა გაეკეთებინა, რაც სურდა.
აი მაშინ მოიარა იოანემ რომაული სოფლები, რომლებიც გზაზე მდებარეობენ და შეკრიბა მცხოვრებლები იმ ადგილებიდან, სადაც ხარები ცოტა მოიპოვებოდა. იოანემ განუცხადა მათ, ბანაკს ხარები ესაჭიროებაო, გაუწოდა მათ 20 ტალანტი და უთხრა: „ამ ფულის ღირებული ხარები უნდა მომცეთ, ნაკლები არ შეიძლება, მაგრამ საფასური წინასწარ აიღეთ და რაც შეიძლება მალე მომგვარეთო“. იმათ დაუწყეს ხვეწნა გაგვათავისუფლე ამ დავალებისაგანო, თანაც ეფიცებოდნენ მოსახვნელად საქონელი არ მოგვეპოვება საკმაოდო, მაგრამ იმ შეჩვენებულმა ამაყად უარყო მათი თხოვნა და მძიმედ დაემუქრა, თუ ისინი შესაძლებლობას არ მისცემდნენ სტრატეგოსს სურსათი შეესყიდა. და მანამ არ მოეშვა მათ, სანამ მათ არ გაყიდეს რაც კი ძვირფასი ებადათ, შეაგროვეს ფული, რამდენიც კი შეძლეს და გადასცეს იმ წყეულს; ასე დაიხსნეს თავი მისი მოთხოვნისაგან. აქედან ის გადავიდა სხვა ადგილას, სადაც აქლემისა და ჯორის სახელი არც კი გაეგონათ და განუცხადა იქაურთ: აქლემებისა და ჯორების საყიდლად მოვედიო; იმავე ხერხებს მიმართა, უჩვენა ფული და გამობრუნდა მას შემდეგ, რაც ფული მიიღო. ასე მოიარა მან ყველა ადგილები და მოითხოვდა ასეთ საგნებს, რომლებიც იქ არ მოიპოვებოდა; არც არაფერი გაუყიდია არასოდეს, არც არაფერი უყიდია, არც სხვა რამე საქმეზე ჰქონია იქ ლაპარაკი, მხოლოდ ფულს ახდევინებდა იმათ, ვისაც არაფერი ემართა და სულ მალე ერთი-ორად აქცია პირველადი თანხა. როდესაც ის კოლხეთში მივიდა, იგივე მოიმოქმედა; მას რაღაცნაირად შეეძინა სატვირთო ხომალდები და ადგილობრივ ნაყოფებს იძენდა, ბევრი რამე ეყიდა მეტად დაბალ ფასებში, გაჰქონდა უცხოეთში და ჰყიდდა, ამიტომ, რასაკვირველია, პირველ საჭიროების საგანთა ნაკლებობა შეექმნათ ჯარებს, ისე რომ ბალახიც კი საყიდელი იყო.
557 წლის გაზაფხულიდან სამხედრო ოპერაციები აღარ განახლებულა. არც სპარსელები ემზადებოდნენ ომის განსაახლებლად, არც რომაელები მოდიოდნენ იერიშით მათ წინააღმდეგ; მაგრამ ორივენი სიფხიზლეს იჩენდნენ და რამდენადაც შესაძლებელი იყო, თვალ-ყურს ადევნებდნენ ერთმანეთს და ერთი-მეორის განზრახვებს ტყობილობდნენ; ბრძოლას კი არც ერთი მხარე არ იწყებდა, ორივენი წყნარად იდგნენ. როდესაც ხოსრომ ფასისთან მარცხის ამბავი შეიტყო ნახორაგანი გაიწვია და მშობლიური კანონების მიხედვით კისრიდან ფეხებამდე გაატყავებინა. სპარსეთის მეფე დარწმუნდა, რომ იმ პირობებში, როდესაც რომაელებს კოლხიდის ზღვისპირა ადგილები მყარად ეპყრათ, საიდანაც უწყვეტად და დაუბრკოლებლად შეეძლოთ ჯარების გადმოსხმა და მათი ყველაფრით მომარაგება, ხოლო სპარსელებს იგივეს გაკეთება დიდი გაჭირვებით უხდებოდათ, კოლხიდაში ფეხის მოკიდება შეუძლებლად ჩანდა, ამიტომ ზავზე დაიწყო ფიქრი. ამიტომ მან გაგზავნა ბიზანტიონში ელჩობა უწარჩინებულესი სპარსელის ზიქის მეთაურობით. ეს ზიქი რომ ჩამოვიდა ბიზანტიონში და გამოცხადდა იუსტინიანე ავგუსტთან, ბევრი ილაპარაკა მიმდინარე ამბების შესახებ და თვითონაც ბევრი მოისმინა. ბოლოს ისინი შეთანხმდნენ იმაში, რომ როგორც რომაელებს ისე სპარსელებს სჭეროდათ ყველა ის ადგილები, რომლებიც ლაზთა ქვეყანაში წარმოებული ომის დროს დაიპყრეს, – იქნებოდა ეს გამაგრებული ქალაქები თუ ციხე-სიმაგრეები – დაეცვათ მშვიდობიანობა და აღარ ეომათ ერთმანეთის წინააღმდეგ, სანამ სხვა უფრო დიდსა და საბოლოო ხელშეკრულებას დადებდა ორივე სახელმწიფო. ასე რომ მოაგვარა ზიქმა თავისი ელჩობის საქმე, გაბრუნდა თავის ქვეყანაში. სტარტეგოსებს ეუწყათ ყველაფერი ეს და ჯარებიც კარგა ხნით უმოქმედოდ იდგნენ და ის, რაცას ისინი წინათ თავისი ნების ჩადიოდნენ, ეხლა ხელშეკრულებით იქნა დადასტურებული.
ასე, თანახმად ხელშეკრულებისა დაჰყარა იარაღი ორმა დიდმა და ერთმანეთში მოდავე ერმა და ისინი დიდი ხნით მიეცნენ სიმშვიდეს, რათა არც ერთ მათგანს მეორისათვის არავითარი შეურაცხყოფა არ მიეყენებინა.
აგათია – ჭანების დამორჩილება 557 წელს
ჭანები ცხოვრობენ ევქსინის პონტოს სამხრეთით ქალაქ ტრაპეზუნტის ქვემოთ; თუმცა ეს ჭანები ძველითგანვე რომაელებთან დაზავებულნი და მათი ქვეშევრდომნი იყვნენ, მაგრამ მაშინ მათი ერთი ნაწილი წინანდელ მშვიდობიან წესებს იცავდა და სრულიადაც არ ფიქრობდა ურჩობას, უმეტესი მათგანი კი შექმნილი მდგომარეობით სარგებლობდა და ყაჩაღობას მისდევდა, დათარეშობდა პონტოს გასწვრივ მდებარე სოფლებში, ანადგურებდა ყანებსა და ძარცვადა მგზავრებს; ისინი თავს ესხმოდნენ არმენიასაც, სადაც კი ახერხებდნენ, ძარცვა-გლეჯას ეწეოდნენ და ერთი სიტყვით, სრულიად არაფრით განირჩეოდნენ აშკარა მტრისაგან. ამიტომ მათ წინააღმდეგ გაიგზავნა თეოდორე ჭანი, რომელსაც რომაელ სამხედრო მეთაურებს შორის პირველი ადგილი ეკავა. მან, როგორც ქვეყნის კარგმა მცოდნემ, იცოდა თუ საიდან დასხმოდა მათ თავს, სად დაბანაკებულიყო; ზედმიწევნით იცოდა აგრეთვე, თუ როგორ მიეგნო მტრის კვალისათვის, – ასე რომ სრულიად მიზანშეწონილი იყო, რომ მეფემ მას დაავალა ეს საქმე. ის დაიძრა კოლხიდიდან დიდძალი ჯარით, ფასისი გადაღმა მოუარა დასავლეთით ჭანების საზღვრებს და უცბად შევიდა მტრის მაშინდელი მიწა-წყლის შუა გულში. მან დაიბანაკა ქალაქ თეოდორიადისა და ე.წ. რიზეს გარშემო, იქ ჯარისათვის შემოავლო თხრილი და თავისთან მოიხმო ჭანების ის ნაწილი, რომელიც წყნარად და მეგობრულად იყო განწყობილი და ჯერ არ გამდგარიყო; ესენი მან საჩუქრების საშუალებით თავისკენ მიიმხრო და ძალიან უქო კეთილგონიერება; ისინი კი, ვინც უტიფრად განდგა და პირობები დაარღვია, გადაწყვიტა დაესაჯა, რაც შეიძლებოდა მალე და შეუდგა ომის სამზადისს. მაგრამ იმათ აღარ დააყოვნეს და გაჩნდნენ იმ თხრილის წინ; იქვე მახლობლად ერთ გადმოშვერილ ბორცვზე თავი მოუყარეს ლაშქარს და შუბები და ისრები დაუშინეს რომაელებს ზემოდან, ისე რომ რომაელების მთელი ჯარი შეიძრა ჭანთა ამ მოულოდნელი სითამამისგან. ბევრი რომაელი მაინც ამოვიდა თხრილიდან და გაშმაგებით ეცა მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ისინი უმწყობროდ მოდიოდნენ, არც უცდიდნენ, რომ ისინი ქვემოთ, გაშლილ ადგილას, გაეწვიათ საბრძოლველად; ისინი რისხვას მისცემოდნენ და უმწყობროდ მორბოდნენ; თავ-ზევით გაეშვირათ მრუდე ფარები, თვითონ თავები ჩაექინდრათ და ასე ცდილობდნენ ბორცვზე აცოცებულიყვნენ. ჭანები კი ხშირ-ხშირად უშენდნენ ზემოდან შუბებს, აგორებდნენ ქვებს და სწრაფად განდევნეს მოწინააღმდეგენი: გამოძრვნენ საფარიდან და ორმოცამდე კაცი მოკლეს, დანარჩენები კი სამარცხვინოდ აოტეს. ამ მოულოდნელი გამარჯვებით გათამამებული ბარბაროსები სასწრაფოდ მიუახლოვდნენ ბანაკს; აქ ატყდა ფიცხელი ბრძოლა: ჭანები ცდილობდნენ შიგნით შეჭრილიყვნენ და ყველანი დაეწიოკებინათ, რომაელებს კი სამარცხვინოდ მიაჩნდათ არა მარტო ის, რომ მტერს სწრაფლ ვერ გააგდებდნენ, არამედ ის – თუ საბოლოოდ ვერ მოსპობდნენ მას. ორივენი ეცნენ ერთმანეთს, შეეპირისპირნენ, ხელდახელაც შეებნენ და ოდნავაც არ შეუსუსტებიათ გულადობა. ასე მიმდინარეობდა ბრძოლა მეტწილად თანაბარი წარმატებით ორივე მხარისათვის: იქაურობა შეძრა აურზაურმა და შერეულმა ყვირილმა; ბრძოლა გადაუწყვეტელი დარჩა.თეოდორემ დაინახა მოწინააღდეგენი უსარდლოდ იყვნენ და მაინცადამაინც არც უშიშარ პირობებში უხდებოდათ ბრძოლა; დაინახა ისიც რომ თხრილის ყველა ადგილას კი არ იყვნენ ჩამდგარნი, არამედ ყველანი ერთ ადგილს ჩაჰკირკიტებდნენ, უბრძანა ზოგიერთ ჯარისკაცებს თავიანთ ადგილას მდგარიყვნენ და ასე გაეწიათ წინააღმდეგობა მტრისათვის; მეტი წილი ჯარისა კი ფარულად გააგზავნა და დაავალა ზურგიდან დასცემოდა ბარბაროსებს. ისინიც ჩუმად წავიდნენ და ზურგით რომ მოექცნენ მტერს, მორთეს საზარელი და სმენის წამღები ყვირილი, ისე რომ დაფორიაქებულმა ჭანებმა, ცხადია, სხვა ვერაფერი მოისაზრეს და ალყაში მოქცევის შიშით თავზარდაცემულები ლაჩრულად გაიქცნენ. ასე ოტებული და თავგზააბნეული ჭანები რომაელებმა ადვილად მოსპეს: 2000 კაცი მოკლეს, დანარჩენები კი სხვადასხვა მიმართულებით გაფანტეს. ასე მთელი ტომი რომ დაიმორჩილა თეოდორემ, მეფეს შეატყობინა ყველაფერი და თანვე შეეკითხა, როგორ მოვიქცე მათ მიმართო. მეფემ უბრძანა განსაზღვრული ყოველწლიური ხარკი დაადე, რათა იმათ შეიგნონ, რომ ისინი ქვეშევრდომნი, მოხარკენი და საბოლოოდ დამორჩილებულნი არიანო. მაშინვე ყველანი აღწერეს და დაავალეს ხარკის გადახდა; მას აქეთ ისინი მუდამ ბეგარას იხდიან. ასე დამთავრდა ჭანების თავგასულობის საქმე და თეოდორეც მაშინვე გაბრუნდა ლაზეთში სტრატეგოსებთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий