воскресенье, 14 мая 2017 г.

აფხაზეთის სამთავროს ეკონომიკური მდგომარეობა XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. I მეოთხედში (დ. ზაქარაია)

XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. I მეოთხედში აფხაზეთი ძირითადად ფეოდალურ მხარეს წარმოადგენდა, თუმცა საკმაოდ მყარი პატრიარქალურობის შენარჩუნებით. მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა, ისევე, როგორც წინა საუკუნეებში, მიწათმოქმედება იყო1. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე მესაქონლეობასაც. სამიწათმოქმედო იარაღებიც უწინდებურად ძალზე პრიმიტიული იყო. მიწას ამუშავებდნენ ხის გუთნით, რომელიც ხნავდა, მაგრამ ვერ აბრუნებდა მიწას. მთის რაიონში, სადაც სამეურნეო ცხოვრება თავისი სპეციფიკით გამოირჩეოდა, მეცხოველეობა ჭარბობდა. მარცვლეული და საერთოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან წამყვანი ადგილი სიმინდს ეჭირა. მან XIX ს. დასაწყისიდან უკანა პლანზე გადასწია ფეტვი _ წარსულში პურის შემცვლელი მთელი დასავლეთი კავკასიის მოსახლეობისათვის.
სიმინდი, თანდათანობით, სასაქონლო პროდუქტის ძალას იძენდა2. აფხაზეთში ცნობილი იყო სიმინდის რამდენიმე სახეობა, რომელთაგანაც საუკეთესოდ ორი ჯიში ითვლებოდა _ ალტაჩაჩა და ალგაივ. სიმინდის ფქვილისაგან ღომს (აფხაზურად „აბისთას“), მჭადს ამზადებდნენ, მეცხოველეობის და მარცველული კულტურის არსებობის მაჩვენებელია აფხაზეთის მთავარ ზურაბ შარვაშიძის (1754-1786წწ.) ფიცის და პირობის წიგნი ილორის წმ. გიორგის საყდრის მამულების დაცვის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ „...წმინდა გიორგი ილორის სხვა სიყვარულით თუ რამე გვაჭამოს თუ არაფელი ერჩილოს, გარ[დ]ასახადი ლაშქრისათვის გმართებს, ერთი ხარი ფარჯიაკი, ერთი ცხენის საპანე ღვინო, ერთი კაცის საპანელი ღომი„.3 აღნიშნული მცენარეების გარდა, აფხაზები სხვა ტექნიკური (კანაფი, ბამბა, თამბაქო) და ბოსტნეული კულტურების მოყვანას მისდევდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში ოსმალებს შემოჰქონდათ: რკინა, მარილი, იარაღი, აბრეშუმის და ბამბის ქსოვილები, ტყვია-წამალი და სხვ. ეს საქონელი იცვლებოდა სიმინდზე, წიფლისა და ბზის ხეებსა და ტყვე ადამიანებზე4.
მიწათმოქმედების ძველი სისტემა არ შეცვლილა. ტექნიკა, როგორც აღვნიშნეთ, ძალზე პრიმიტიული იყო, ინვენტარი _ მცირე. ძირითადი გამწევი ძალა ხარ-კამეჩი იყო, შემდგომი სამუშაოები კი თოხის საშუალებით სრულდებოდა. იყენებდნენ ცელს, ნამგალს, ფარცხს და ა.შ. მარცვლეული მაღალ ბოძებზე შემდგარ დაწნილ ნალიებში ინახებოდა. მას ფქვავდნენ როგორც წყლის, ისე ხელის წისქვილით. ვარგისი ადგილების ათვისებას ხელს უშლიდა თავად-აზნაურობის საგრძნობი რაოდენობა, რომლებიც გლეხებისაგან მიღებული შემოსავლით არ კმაყოფილდებოდნენ და გლეხს მუშაობის ინტერესს უკარგავდნენ5.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეურნეო დარგი მეღვინეობა იყო. აფხაზეთში, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 60-მდე ჯიშის ვაზი ხარობდა6. ღვინის დაყენების ტექნიკა პრიმიტიული იყო, ღვინოს ძირითადში ჭურებში ინახავდნენ. სამოსახლოს ირგვლივ ხეხილი: ვაშლი, მსხალი, ატამი და ა.შ., _ ხარობდა. განსაკუთრებით კარგად ეგუებოდა აფხაზეთის კლიმატურ პირობებს თხილი. ის კარგ შემოსავალს იძლეოდა7.
მიწათმოქმედების შემდეგ ძირითადი მნიშვნელობა მესაქონლეობას ჰქონდა. აფხაზეთში უძველესი დროიდან ცხენების, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მოშენებას მისდევდნენ8. მეღორეობა ძირითადად სამხრეთ ნაწილში იყო განვითარებული. აფხაზეთში მისდევდნენ მეფრინველეობასაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა მეფუტკრეობას ჰქონდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ფუტკრის ჯიშები მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ9.
ფეოდალურ მეურნეობაში გარკვეული ადგილი ნადირობასაც ეკავა. აფხაზეთის ტყეები ამ დარგის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ზღვის პირობებში მოსახლეობა მეთევზეობასაც მისდევდა. აღსანიშნავია დელფინების ჭერა შავ ზღვაზე10.
ფეოდალური აფხაზეთის ძირითად საწარმოო ფორმას საოჯახო მრეწველობა წარმოდგენდა, რასაც ნატურალური სამომხმარებლო ხასიათი ჰქონდა. აფხაზები თურქეთიდან მოტანილი რკინით სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას ამზადებდნენ. ამათგან გამორჩეული ბრინჯაოთი მორთული ხანჯლები იყო11. ასევე აფხაზი ქალები ძაფის რთვაში ყოფილან დახელოვნებულნი. ისინი შიდამოხმარებისათვის ნაცრისფერ და ყვითელ მაუდის ნაჭრებს ამზადებდნენ, ხოლო თურქეთიდან მოტანილი მასალით _ აბრეშუმის მშვენიერ ნაჭრებს12.
საყოფაცხოვრებო მომსახურების ყველა საგანი ძალზე პრიმიტიული იყო. აფხაზეთში კუსტარული წარმოება ჯერ კიდევ ფეოდალური მიწათმოქმედების დანამატს შეადგენდა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვაჭრობის სფეროს. აფხაზეთის დასახლებული პუნქტების უმეტესობას თავისი ეკონომიკური ფუნქცია თითქმის დაკარგული ჰქონდა. ბიჭვინთა განადგურებული და დაჩაჩანაკებული იყო. აქ მხოლოდ თხუთმეტიოდე ოჯახი ცხოვრობდა. მათი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება იყო13.
ლიხნში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო. აქ 400-მდე სახლი იდგა. სოფლები მთავრის სასახლისაგან 5 კმ-ით იყო დაშორებული. ზღვის სანაპირო უბიხებისა და ჯიქების თავდასხმის გამო დაცარიელებული იყო. 1818-20წწ. აფხაზეთის მთავარმა გიორგი შარვაშიძემ აქ ხის რამდენიმე ბარაკი ააშენა და მათში 7-8 შეიარაღებული კაცი მოათავსა. მათი მიზანი ჯიქების და უბიხების თავდასხმების მოგერიება იყო. ლიხნში, ამ დროისათვის, სავაჭრო პუნქტები არ იხსენიება. ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებული იყო ხის ჭრით, აგრეთვე გემთმშენებლობაში. კერძოდ, 1819წ. ბერძენმა ვაჭარმა ანატოლიიდან გემის აშენებისას 50 აფხაზი გლეხი დაიქირავა, ხოლო როცა თავის გემს ზღვაში უშვებდა, რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან ხუთასამდე კაცი მუშაობდა14.
სოხუმში XVIII ს. ბოლოს სხვადასხვა მონაცემებით, 3000 კაცი ცხოვრობდა. სოხუმის ციხე-სიმაგრესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000-მდე სახლი იდგა, რომელთა უმრავლესობა ხის იყო. ციხესიმაგრის შიგნით ორი მეჩეთი და ერთი შადრევანი იყო. იქვე, სომხებისა და თურქების კუთვნილ დუქნებში ვაჭრობა იმართებოდა15. სოხუმის ციხესიმაგრის ხელმარჯვნივ ჯერ კიდევ მოსჩანდა ძველი არხის ნანგრევები, რომელიც ზამთრობით აქაურ სომეხ და თურქ ვაჭართა ხომალდებს საფრთხისაგან იცავდა16.
სოხუმში ხშირად მოდიოდნენ თურქები აფხაზებთან სავაჭროდ. ქალაქის შემოგარენი ტყით იყო დაფარული. სოხუმის მოსახლეობა მიწათმოქმედებით იყო დაკავებული. ჰყავდათ მრავალი საქონელი. აქ ასევე ტყვეებით ვაჭრობა იმართებოდა. სოხუმში ნაყიდი ტყვეები თურქებს ეგვიპტეში მიჰყავდათ.
სოხუმის ციხესიმაგრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღწერას (ეკონომიკური თვალსაზრისით) ფ. სკირნევსკი გვაძლევს, რომელიც იქ 1807წ. იმყოფებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი კომერცია სოხუმში არ იყო. აქ უფრო თურქების სიჭარბე შეინიშნებოდა. თურქების მიერ მოტანილი ფუფუნების საგნები (ყავა, ძვირფასეულობა, ოქროს ნივთები და სხვა) აფხაზეთის უმაღლესი წარჩინებული საზოგადოებისათვის იყო განკუთვნილი17. თურქეთ-აფხაზეთის ვაჭრობაში აქტიურ მონაწილეობას თურქების გარდა სომეხი და ბერძენი ვაჭრები იღებდნენ. მათ აფხაზეთიდან ტყვეები, პალმის ხე, სხვადასხვა ტყავეულობა გაჰქონდათ. ხის მასალები მიჰქონდათ სტამბოლში. ყირიმსა და ოსმალეთში აფხაზური თაფლი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აფხაზები თურქებისაგან განსაკუთრებით იარაღს ყიდულობდნენ18.
რუსების მიერ 1810წ. სოხუმის ციხესიმაგრის დაკავების შემდეგ, მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. მაჰმადიანი აფხაზების ერთი ნაწილი (5000 კაცი) ოსმალეთში გადასახლდა19, ხოლო დანარჩენებმა სოხუმის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და მთაში გადავიდნენ საცხოვრებლად, რითაც აფხაზები ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდეს. თურქების რაოდენობაც შემცირდა. ამ დროისათვის თურქების მხოლოდ 150-მდე ოჯახი იხსენიება, ხოლო სომეხ ვაჭართა რიცხვი სამოცამდე შემცირდა20. ფ. ტორნაუს შეფასებით: „...Видя, что мы положительно утвердились в крепости, турки оставили немедленно предместье; ...русское население не могло существовать в соседстве их (აფხაზები – დ.ზ.). Окрестности Сухума опустошели...“.21
1816წ. რუსული სამხედრო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დაანგრიეს სოხუმის შემოგარენში დარჩენილი 150-მდე ბარაკი, სადაც ბაზრობა იმართებოდა. აფხაზები ამ ბარაკებიდან საღამოობით თავს ესხმოდნენ რუსებს22. შედეგად, სოხუმის შემოგარენი განადგურდა, ჭაობიან და გაუვალ ადგილებად იქცა23. სამაგიეროდ, სოხუმის ციხესიმაგრეში იმართებოდა ბაზრობა. ყოველწლიურად, რუსული ადმინისტრაციის ნებართვით, ანატოლიიდან და ტრაპეზუნტიდან 70-მდე თურქული სავაჭრო გემი მოდიოდა აფხაზებთან სავაჭროდ24. 1820წ. ციხესიმაგრის შიგნით 400-მდე სახლი იყო, რომელთა ნაწილი სავაჭრო დუქნის ფუნქციას ასრულებდა25.
შედარებით უკეთესი მდგომარეობა კელასურის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე იყო. მას შემდეგ, რაც აფხაზეთის მთავარ ქელეშ-ბეი შარვაშიძის (1786-1808წწ.) შვილი _ ჰასან-ბეი საცხოვრებლად აქ გადმოვიდა, სამეურნეო ცხოვრება გამოცოცხლდა. მან მაჭარასა და მდ. კელასურს შორის ტერიტორია გაწმინდა ტყის საფარისაგან და გლეხები დაასახლა. აქ ხეხილის ბაღი გაშენდა. აქვე სათესი და საძოვარი ადგილები იყო. ზღვის სანაპიროზე კი ბაზრობა იმართებოდა, სადაც მისი ქვეშევრდომი თურქები და სომხები ვაჭრობდნენ. თურქები კონტრაბანდული საქონლით აფხაზებს პირველადი მოხმარების საგნებით (მარილი, რკინა და სხვ.) ამარაგებდნენ, ხოლო აფხაზებს მათთან ჩამოჰქონდათ ხის მასალა, თაფლი, გარეული ცხოველების დაუმუშავებელი ტყავები და სხვ.26 კელასურის ბაზრობაში ტყვე ადამიანებითაც ვაჭრობდნენ27.
ანალოგიური მდგომარეობა იყო აბჟუის აფაზეთშიც (ოჩამჩირეს რ-ნი). ამ ოლქის მმართველ ალი-ბეი შარვაშიძეს სოფ. ტამიშში სასახლე და გამართული მეურნეობა ჰქონდა. ის მდ. ტამიშით თურქებთან ვაჭრობას აწარმოებდა. მას მრავალი ნავი ჰყავდა. აბჟუის ოლქში ამ დროისათვის მუდმივი სავაჭრო ბაზრობების არსებობა არ ფიქსირდება28.
მას შემდეგ, რაც ოსმალეთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან განიდევნა, საჭირო გახდა მისი შეცვლა ეკონომიკურადაც. ცნობილია, რომ ეს ვაჭრობა დიდი ხანია ოსმალეთიდან ქვეშევრდომთა მონოპოლიად იყო ქცეული. მთელი ვაჭრობის სომხების და თურქების ხელში ყოფნის გამო 1811 წლისთვის თითქმის არ არსებობდა მონაცემები, თუ რამდენი საქონელი გადიოდა აფხაზეთიდან და რამდენი შემოდიოდა. ამას ზედ კონტრაბანდული ვაჭრობაც ერთვოდა. საგრძნობი იყო მარილის, რკინეულობისა და დამარილებული თევზის საჭიროება, რუსი ვაჭრები კი ყირიმიდან არ მოდიოდნენ. 1811წ. რუსულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, დაეარსებინა სავაჭრო კომპანია, რომლის ცენტრი ყირიმში იქნებოდა, ხოლო მისი ფილიალები _ სოხუმში, ქუთაისში, ფოთსა და თბილისში. ყირიმ-დასავლეთ საქართველოს შორის ვაჭრობაში აქტიური მონაწილეობა ადგილობრივ ვაჭრებსაც უნდა მიეღოთ. სამეგრელოში და აფხაზეთში ისინი აპირებდნენ საწყობების აშენებას და ა.შ.29 მიუხედავად ამისა, ყველაფერი ეს უშედეგოდ დამთავრდა. საქართველოს რუსული მმართველობა ჩიოდა ამ გარემოებას და რუსეთის მთავრობას სთხოვდა, რათა აეძულებინათ ყირიმელი ვაჭრები, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ვაჭრობა ეწარმოებინათ. თანაც, ყველაფერ ამას ემატებოდა ისიც, რომ აფხაზებს არ ჰქონდათ ფული. აფხაზეთის სამთავროში სავაჭრო ბრუნვაში ოსმალური მონეტა იყო30. რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგაც რუსულმა ბრინჯაოს მონეტამ და ასიგნაციამ, აფხაზეთში მასზე ნაკლები მოთხოვნილების გამო, ვერ ჩაანაცვლა ოსმალური ფულის ერთეული. სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს ფრანგი მოგზაური და კომერსანტი ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელიც თავის შენიშვნებში წერს: „სოხუმ-კალეში, ისევე როგორც სამეგრელოში ხმარებაშია ფარა (მეგრ. ფული _ დ.ზ.) ან სხვა თურქული მონეტა; მათი ანგარიშები მე გადავიყვანე მანეთებში ასიგნაციით“.31 თურქებთან ვაჭრობაში აფხაზები შემოტანილი საქონლის სამაგიეროდ მათ აძლევდნენ თაფლს, ტყვეებს, ხეს, ტყავს და ა.შ. ეს ფაქტი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ჩამორჩებოდა რუსეთის ეკონომიკა მის საგარეო პოლიტიკას32.
1811 წელს რუსეთის ფინანსთა მინისტრი ნ. მორდვინოვი იმპერატორ ალექსანდრე I-ისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა სოხუმის დიდ მნიშვნელობას სოხუმ-ტაგანროგისა და სოხუმოდესის სავაჭრო-საზღვაო კავშირის დასამყარებლად და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრებს ითხოვდა33.
მას შემდეგ, რაც რუსებმა სოხუმი დაიკავეს და სოხუმის პორტიდან ტყვეების გაყვანა შეწყდა, დაიწყო კონტრაბანდული ვაჭრობის ზრდა მის გვერდის ავლით. კონტრაბანდულ ვაჭრობას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ რუსები მთლიანად ვერ აკონტროლებდნენ აფხაზეთის ზღვის სანაპიროს ენგურიდან დაწყებული და გაგრით დამთავრებული. კონტრაბანდული საქონელი აფხაზეთის და სამურზაყანოს ზღვის სანაპიროდან შემოდიოდა და შემდგომში ჩრდ. კავკასიაში მიდიოდა34.
ამასთან, იმატა ტყვე ადამიანებით ვაჭრობამ. ამ მხრივ კელასურის ბაზარი გამოირჩეოდა, სადაც ჰასან-ბეი შარვაშიძე ღიად ვაჭრობდა თურქებთან ტყვეებით35. გენ. პ. ერმოლოვი 1818 წ. 23 მარტს იმპერატორის სახელზე დაწერილ რაპორტში აყენებდა საკითხს ადამიანებით ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. 1820წ. კი მისი ბრძანებით გამოყოფილი იქნა გემები აფხაზეთის ნაპირებთან მკაცრი კონტროლის დასამყარებლად. ფრანგი მოგზაურისა და კომერსანტის პოლ გიბალის ცნობით, ადრე ადამიანებით ვაჭრობა ფართოდ იყო გავრცელებული, ავტორის თანადროულ პერიოდში კი (1818წ.), მნიშვნელოვნად შემცირებული იყო. ტყვე ადამიანებით ვაჭრობას, გარკვეულწილად, აგენტი მოლები უწყობდნენ ხელს36.
აფხაზების თურქებთან ვაჭრობა მომგებიანი არ იყო აფხაზებისათვის. აქედან გამომდინარე, ფართო ვაჭრობა დაიწყო სამეგრელოსთან და რუსეთთან. XIX საუკუნის 10-იან წლებში ცნობილი ბაზრები კელასურში და ილორში იყო, სადაც გამოფენილი იყო ადგილობრივი წარმოების საქონელი37. აფხაზური საქონელი 1820 წელს ასევე გამოჩნდა სამეგრელოსა და იმერეთის ბაზრობებზე38.
რუსულმა ადმინისტრაციამ 1818წ. დაიწყო აფხაზეთში ხის მასალის დამუშავება და დამზადება გემებისათვის და საზღვარგარეთ გასატანად. ბიჭვინთაში, სოხუმში და სხვაგან მოხერხდა საკუთარ მრეწველობასა და ვაჭრობას მოკლებული გაღატაკებული აფხაზების გემთსაშენში დასაქმება. კერძოდ, ბიჭვინთის ყურეში 1816წ. ბერძნებმა სამტონიანი გემი ააშენეს. ყველა საჭირო მასალა ტაგანროგიდან ჩამოზიდეს, მუხისა და საანძე ხე-ტყის გარდა, რომელიც ამ მხარეში იშოვეს39. ტყეების დამუშავებას კი ხელს ადგილობრივი თავადები უწყობდნენ40. 1823წ. ნოემბერში აფხაზეთის სანაპიროს რუსული სავაჭრო გემები მოადგა. ქერჩიდან და ფეოდოსიიდან 10 სავაჭრო გემი ჩამოვიდა და ჩამოიტანა მარილი, რკინა, ბრინჯაო. აფხაზეთიდან რუსებს სხვადასხვა მარცვლეულობა, თაფლი, ყველი, ხის მასალები და სხვა საქონელი გაჰქონდათ41. აფხაზეთის სამთავროში პოპულარული იყო ასევე მეაბრე- შუმეობა. სოფ. ილორი და სოფ. ანუხვა ამ მხრივ გამორჩეულები იყვნენ42.
ამგვარად, XIX საუკუნის I მეოთხედში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, მეტ-ნაკლებად შეუწყვეს ხელი აფხაზეთში ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებას. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს ნაკლები ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ რუსებთან, ოსმალეთთან არათანაბარი ვაჭრობის ფონზე, XIX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დაიწყო აფხაზური საქონლის ექსპორტი სამეგრელოსა და რუსეთში. ამას ხელი შეუწყო, მეტ-ნაკლებად, ვითარების სტაბილიზაციამ დასავლეთ საქართველოში. რუსეთის მიერ გატარებული ღონისძიებები ითვალისწინებდა აფხაზეთში თურქებისათვის ვაჭრობაში ხელის არშეშლას მანამ, სანამ რუსეთი თვითონ შეძლებდა აფხაზების მომარაგებას. ასეთი იყო, ზოგადად, აფხაზეთის ეკონომიკური იერსახე XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. I მეოთხედში.
შენიშვნები
1. ი. რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთო გია გელაშვილმა. თბ., 2002, გვ. 112-113; Г. А. Дзидзария. Народное хозяйство и социальный строй дореформенной Абхазии. _ წგნ.: Г. А. Дзидзария. Труды. I. Сухуми, 1988, გვ. 92.
2. Ш. Д. Инал-ипа. Абхазы (Историко-этнографические очерки). Сухуми, 1965, გვ. 241.
3. ხელნაწერთა ინსტიტუტი. რ. ერისთავის ფონდი, ს. 1080, ფურც. 1.
4. Статистический взгляд на Абхазию. – „Тифлиские ведомости“, 1831, №27, 28, 29, გვ. 221-225; Г. А. Дзидзария. Социально-экономический строй Абхазского княжества в XIX веке. – „Очерки истории Абхазской АССР“. Сухуми, 1960, გვ. 147; მ. დუმბაძე. დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში. თბ., 1957, გვ. 68.
5. Утверждение наше в Абхазии. – „Кавказский сборник“, изд. под ред. ген. Л. Черняевского, т. XII. Тифлис, 1889, გვ. 132; С. Авалиани. Крестьянский вопрос в Закавказье. Т. II. Одесса, 1913, გვ. 70; И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII столетия. Сухуми, 1951, გვ. 148- 149; მ. დუმბაძე. დასავლეთ საქართველო.., გვ. 60.
6. Статистический взгляд на Абхазию, გვ. 223; Г. А. Дзидзария. Народное хозяйство.., გვ. 101.
7. С. Броневский. Новейшие географические и исторические известия о Кавказе. Ч. 1. М., 1823, გვ. 328; Статистический взгляд на Абхазию, გვ. 223.
8. Статистический взгляд на Абхазию, გვ. 222; Г. А. Дзидзария. Народное хозяйство.., გვ. 106; Ш. Д. Инал-ипа. Абхазы, გვ. 207.
9. С. Броневский. Новейшие географические.., ч. 1, გვ. 329; Статистический взгляд на Абхазию, გვ. 223; Г. А. Дзидзария. Народное хозяйство.., გვ. 102-103, 112.
10. Ф. Ф. Торнау. Воспоминания Кавказского офицера. М., 2000, გვ. 85; О. П. Дзидзария (Дзариа). Морская лексика в Абхазском языке. Сухуми, 1989, გვ. 24; Г. А. Дзидзария. Народное хозяйство.., გვ. 118.
11. Статистический взгляд на Абхазию, გვ. 224.
12. ი. რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში.., გვ. 112-113; Г. А. Дзидзария. Социально-экономический строй.., გვ. 149; Г. А. Дзидзария. Народное хозяйство.., გვ. 135.
13. ჟ. ფ. გამბა. მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, კერძოდ ამიერკავკასიაში. ტ. I. ფრანგულიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა. თბ., 1987, გვ. 80.
14. Г. А. Дзидзария. Лихны. Сухуми, 1986, გვ. 21-23.
15. ჟ. ფ. გამბა. მოგზაურობა.., გვ. 82; С. Броневский. Новейшие географические.., ч. 1, გვ. 295.
16. А. Н. Дьячков-Тарасов. Абхазия и Сухум в XIX столетии. – Известия Кавказского отдела Императорского Русского географического общества, т. XX, 1909-1910, №2, გვ. 163.
17. Внешняя политика России XIX и нач. XX вв. Серия I, т. 4. М., 1965, გვ. 49-51; С. Броневский. Новейшие географические.., ч. 1, გვ. 310-311, 345, 346; И. Г. Антелава. Очерки по истории.., გვ. 131.
18. Внешняя политика России.., გვ. 49-51.
19. ზ. ჭიჭინაძე. ქართგელ მაჰმადიანთა დიდი გადასახლება ოსმალეთში. მუჰაჯირთა ემიგრაცია. თბ., 1962, გვ. 109.
20. ჟ. ფ. გამბა. მოგზაურობა.., გვ. 82; А. Н. Дьячков-Тарасов. Абхазия.., გვ. 166.
21. Ф. Ф. Торнау. Воспоминания.., გვ. 56.
22. ჟ. ფ. გამბა. მოგზაურობა.., გვ. 82.
23 А. Н. Дьячков-Тарасов. Абхазия.., გვ. 163.
24. А. Н. Дьячков-Тарасов. Абхазия.., გვ. 166.
25. А. Олонецкий. Сухуми в первой половине XIX столетия. – Труды Абхазского государственного музея, вып. I. Сухуми, 1947, გვ. 150-159.
26. А. Пахомов. Записка об имениях князя Георгия Шарвашидзе. _ ირ. ანთელავა, გ. ძიძარია. მასალები აფხაზეთის სამთავროს ისტორიისათვის. _ „საისტორიო მოამბე“, ტ. 7. თბ., 1953, გვ. 268.
27. Г. А. Дзидзария. Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия. Сухуми, 1982, გვ. 264-265.
28. Ш. Д. Инал-ипа. Абхазы, გვ. 285-286.
29. Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею (შემდგომში АКАК). Под. ред. А. Берже. Т. 2. Тифлис, 1868, გვ. 403-404.
30. АКАК, т. 2, გვ. 408-410.
31. ჟ. ფ. გამბა. მოგზაურობა.., გვ. 89.
32. ნ. ბერძენიშვილი. საქართველო XIX ს. I მეოთხედში. _ წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. 2. თბ., 1965, გვ. 410; С. Эсадзе. Историческая записка об управлении Кавказом. Т. I. Тифлис, 1907, გვ. 120.
33. А. Н. Дьячков-Тарасов. Гагры и его окрестности. – Записки Кавказского отдела Императорского Русского географического общества, вып. 2, т. 24, 1903, გვ. 79.
34. Н. Шавров. Восточный берег Черного моря и его значение для развития Русского мореплавания. – „Морской сборник“, №101. Тифлис, 1862, გვ. 69.
35. Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 264-265.
36. Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 263.
37. მ. დუმბაძე. დასავლეთ საქართველო.., გვ. 64; И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии.., გვ. 131.
38. АКАК, т. 6, ч. 1. Тифлис, 1870, გვ. 597.
39. ჟ. ფ. გამბა. მოგზაურობა.., გვ. 81; Статистический взгляд на Абхазию, გვ. 223.
40. АКАК, т. 6, ч. 1, გვ. 548, 597; ჟ. ფ. გამბა. მოგზაურობა.., გვ. 79.
41. Внешняя политика России XIX и нач. XX века. Серия II, т. 2. М., 1982, გვ. 729.
42. Н. Дубровин. История войны и владычества Русских на Кавказе. т. I.СПб, 1887, გვ. 14

Комментариев нет:

Отправить комментарий