вторник, 30 мая 2017 г.

26 მაისი – I რესპუბლიკის დაბადება

   რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის 1801 წლის 12 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა საბოლოოდ ქართლ-კახეთის სამეფო და მის ნაცვლად დაარსდა საქართველოს გუბერნია ცენტრით თბილისი. 1810–11 წლებში გაუქმდა იმერეთის სამეფო, თუმცა აფხაზეთის, გურიის, სვანეთისა და სამეგრელოს სამთავროებმა მინიმალური ავტონომია კიდევ კარგა ხანს შეინარჩუნეს. 1840 წლამდე დას. საქართველოში მიმდინარეობდა ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოგდებისა და რუსული მმრთველობის შემოღების პროცესი, რის შემდეგაც 1841 წლის 10 მაისს დაარსდა საქართველო-იმერეთის გუბერნია. ამ დროს ავტონომიურ მთავრობებს კვლავ ინარჩუნებდნენ სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროები. 1847 წლის 28 თებერვალს საქართველო-იმერეთის გუბერნია გაიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად. უკანასკნელს მოგვიანებით შემოუერთდა სამეგრელო, სვანეთი და სოხუმის ოლქი (აფხაზეთი).
ემელიან პუგაჩოვის აჯანყებით (1773–1775) შეშინებულმა ეკატერინე II-ის მთავრობამ, ცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით, 1775 წელს დააწესა მეფისნაცვლის თანამდებობა. თავდაპირველად (1785 წლის 5 მაისი–1796 წლის 31 დეკემბერი) იგი განაგებდა ასტრახანის და კავკასიის გუბერნიებს. მეფისნაცვლის რეზიდენცია განლაგებული იყო ეკატერინოგრადში, ხოლო 1790 წლის 30 აპრილიდან ასტრახანში. იგი მოიცავდა ვოლგის ქვემო დინებისა და დონს შორის სტეპებს, ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილს ყუბანამდე და თერგამდე.
1796 წელს პავლე I-მა გააუქმა მეფისნაცვლის თანამდებობა. 1801 წელს მის ნაცვლად დაწესდა კაკასიის მთავარმართებლის თანამდებობა, რომელიც მოქმედებდა 1844 წლამდე.
1844 წელს დაწესდა კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა, რომელიც მოქმედებდა 1883 წლამდე. რეზიდენცია თბილისში იყო. 1844 წლის 27 დეკემბრიდან იგი მოიცავდა ერთ გუბერნიას და ორ მხარეს: საქართველო-იმერეთის გუბერნია (ტფილისი) – 1847 წლის 28 თებერვალს გადაკეთდა ტფილისის გუბერნიად. სასომხეთის მხარე (ერევანი) – 1849 წლის 9 ივნისს გადაკეთდა ერევნის გუბერნიად. კასპიის მხარე (შემახა) – 1846 წლიდან დერბენტის და შემახის გუბერნიები. 1860 წლის 30 მაისს დერბენტის გუბერნია გაუქმდა და წარმოიქმნა დაღესტნის მხარე (დერბენტი) და ჯვარ-ბელაქანის (ზაქათალის) მხარე.
1859 წლის 2 დეკემბერს შემახის გუბერნია გადაკეთდა ბაქოს გუბერნიად (ბაქო); 1866 წლის 17 აგვისტოს წარმოიქმნა სოხუმის მხარე (სოხუმი); 1867 წელს წარმოიქმნა შავი ზღვის მხარე. 1868 წელს შეიქმნა ელიზავეტპოლის გუბერნია (ელიზავეტპოლი). 1878 წელს შეიქმნა ბათუმის ოლქი (ბათუმი) და ყარსის გუბერნია (ყარსი). 1881 წლის 22 ნოემბერს კაკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა გაუქმდა და შეიქმნა კავკასიის ადმინისტრაცია, რომელსაც განაგებდა კავკასიის მთავარმართებელი.
1905 წლის 26 თებერვალს გაუქმდა მთავარმართებლის და აღდგა კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა. მეფისნაცვლად დაინიშნა გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი (1905–1915), რომელიც დიდი მთავარმა ნიკოლოზმა შეცვალა (1915–1917).
კავკასიის მეფისნაცვალთან არსებობდა საბჭო, რომელშიც ხელისუფლების უმაღლესი პირების გარდა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. გუბერნატორები ინიშნებოდნენ მეფისნაცვლის მიერ, მაზრის უფროსები კი – გუბერნატორების მიერ მეფისნაცვალთან შეთანხმებით.
მეფისნაცვალი აღჭურვილი იყო საგანგებო უფლებებით და მხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდა. მეფისნაცვალი განაგებდა აგრეთვე დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებულ ჯარს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და სასამართლოს. XIX საუკუნეში მეფისნაცვლის ინსტიტუტი არსებობდა პოლონეთის სამეფოში (1815–1874).
მეფისნაცვალი კავკასიაში განსაკუთრებული უფლებით სარგებლობდა – უშუალოდ ემორჩილებოდა ყველა უწყება. მასზე იყო დამოკიდებული მოსამსახურე პირების დანიშვნა, განთავისუფლება, დაჯილდოება. იგი ამავე დროს კავკასიაში მდგომი ჯარების მთავარსარდალიც იყო. სადავო საკითხები, რომელიც მეფისნაცვლის ფუნქციებს სცილდებოდა, განსახილველად იგზავნებოდა პეტერბურგში „კავკასიის საქმეების კომიტეტში“, კომიტეტის დასკვნას მოახსენებდნენ მეფეს საკითხის საბოლოო გადაწყევიტისათვის.
კავკასიის სამეფისნაცვლო მოიცავდა ექვს გუბერნიას, ხუთ მხარეს და ორ დამოუკიდებელ ოლქს:
გუბერნიები:
ბაქოს გუბერნია; ელიზავეტპოლის გუბერნია (ელიზავეტპოლი, ახლ. განჯა, აზერბაიჯანი); ქუთაისის გუბერნია; ტფილისის გუბერნია; შავი ზღვის გუბერნია (ნოვოროსიისკი); ერევნის გუბერნია (ერევანი).
მხარეები:
ბათუმის მხარე; დაღესტნის მხარე (ტემირ-ხან-შურა, ახლ. ბუინაკსკი); ყარსის მხარე; ყუბანის მხარე (ეკატერინოდარი, ახლ. კრასნოდარი); თერგის მხარე (ვლადიკავკაზი).
ოლქები: ზაქათალის ოლქი; სოხუმის ოლქი.
თბილისის გუბერნია, რომლის ტერიტორია შეადგენდა 44607კმ2-ს, ხოლო მოსახლეობა – 1052000 კაცს (1914 წლის მონაცემებით), შედგებოდა ცხრა მაზრისა (თბილისის, გორის, დუშეთის, თიანეთის, სიღნაღის, თელავის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს) და ერთი ოკრუგისაგან (ზაქათალის). აქედან ზაქათალის ოკრუგის (საინგილოს) ტერიტორია შეადგენდა 4033 კმ2-ს, ხოლო მოსახლეობა 83000 კაცს (1914 წლის მონაცემებით).
ქუთაისის გუბერნია, რომლის ტერიტორია შეადგენდა 27678 კმ2-ს, ხოლო მოსახლეობა – 914000 კაცს (1914 წლის მონაცემებით), შედგებოდა შვიდი მაზრისა (ქუთაისის, ლეჩხუმის, რაჭის, შორაპნის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის) და სამი ოკრუგისაგან (სოხუმის, ბათუმის, ართვინის). ეს სამი ოკრუგი 1903 წლამდე უშუალოდ შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში. 1903 წელს შეიქმნა ბათუმის ოლქი (6952 კმ2, 143000 კაცი), რომელიც შედგებოდა ბათუმისა და ართვინის ოკრუგებისაგან. მართალია, ბათუმის ოლქი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული იყო, მაგრამ იგი ქუთაისის გუბერნიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ასე რომ ქუთაისის გუბერნიაში შვიდი მაზრის გარდა, შედიოდა ბათუმის ოლქი და სოხუმის ოკრუგი (8621 კმ2, 101000 კაცი). ოლქს სათავეში ედგა ოლქის უფროსი, ოკრუგს – ოკრუგის უფროსი.
1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ სოხუმის ოკრუგის საზღვარი მდ. მზიმთადან უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოსწია და სოხუმის ოკრუგს ჩამოაცილეს გაგრის რაიონი და ეს ტერიტორია შავი ზღვის გუბერნიას შეუერთეს.
საქართველო ამ სახით იყო წარმოდგენილი რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სისტემაში იმპერიის აღსასრულამდე, 1917 წლამდე.
* * *
XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო სახელმწიფოების გაერთიანება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში. 1879 წელს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაიდო გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის. 1882 წელს ამ ხელშეკრულებას შეუერთდა იტალია. ასე შეიქმნა ევროპაში პირველი სამხედრო-პოლიტიკური კავშირი – სამხედრო ბლოკი (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, იტალია), რომელსაც „სამთა კავშირს“ უწოდებდნენ. იმავდროულად მიმდინარეობდა საფრანგეთ-რუსეთის დაახლოება. 1891–1892 წლებში დადებული ხელშეკრულებებით გაფორმდა საფრანგეთ-რუსეთის კავშირი. ეს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1904–1907 წლებში დაიდო ინგლის-საფრანგეთისა და ინგლის-რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულებები. ასე შეიქმნა ევროპაში მეორე სამხედრო-პოლიტიკური კავშირი – სამხედრო ბლოკი (საფრანგეთი, ინგლისი, რუსეთი), რომელსაც „ანტანტას“ (გულითად კავშირს) უწოდებდნენ. მოგვიანებით სამთა კავშირს შეუერთდა თურქეთი. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს – 1915 წელს – იტალია სამთა კავშირიდან გამოვიდა და ანტანტას შეუერთდა, ხოლო 1917 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიც ანტანტის მხარეზე ჩაება ომში. სამთა კავშირის ქვეყნების ინტერესები უპირისპირდებოდა ანტანტის ქვეყნების ინტერესებს და, პირიქით.
საკმაოდ ხანგრძლივმა პერიოდმა პირველი მსოფლიო ომის წინ ცხადი გახადა, რომ დიდ სახელმწიფოებს ერთმანეთს შორის არსებული წინააღმდეგობების მოგვარება მშვიდობიანი გზით არ სურდათ. ომი გარდუვალი გახდა. ომისათვის ყველაზე უკეთ გერმანია მოემზადა. გერმანიის საიმპერატორო კარი თვლიდა, რომ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში სამთა კავშირი შეძლებდა ანტანტის დამარცხებას.
პირველი მსოფლიო ომის საბაბი გახდა ქ. სარაევოში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა, რასაც შედეგად მოჰყვა ე. წ. „ბოსნიის კრიზისი“ და ავსტრია-უნგრეთის მიერ სერბიისათვის ომის გამოცხადება. ავსტრია-უნგრეთის მხარეზე ომში ჩაება გერმანია, ხოლო სერბიის მხარეზე – რუსეთი. რუსეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში 1914 წლის 1 აგვისტოს ჩაება.
ევროპაში სამთა კავშირსა და ანტანტას შორის გაჩაღებული ომის პარალელურად საომარი ოპერაციები დაიწყო ამიერკავკასიაში. 1914 წლის აგვისტოში თურქეთმა ომში ნეიტრალიტეტის შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნა, მაგრამ ეს მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯი იყო. სინამდვილეში თურქეთი გამალებით ემზადებოდა რუსეთთან ომისათვის. 1914 წლის ოქტომბერში თურქეთის სამხედრო ფლოტმა სევასტოპოლი და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რუსეთის სხვა ქალაქები დაბომბა. 2 ნოემბერს რუსეთმა ომი გამოუცხადა თურქეთს. საქართველო ფრონტისპირა ქვეყნად იქცა.
ომის დაწყებისთანავე ამიერკავკასიიდან დასავლეთ ფრონტზე გადაყვანილ იქნა ორი საარმიო კორპუსი და კაზაკთა ხუთი დივიზია. მათი ადგილი სათადარიგო ნაწილებმა დაიკავეს. ამ ნაწილების საბრძოლო მომზადების დონე დაბალი იყო. ეს გარემოება ძალზე ასუსტებდა კავკასიის არმიას. არადა, კავკასიის არმიას უმნიშვნელოვანესი საბრძოლო ამოცანა უნდა შეესრულებინა – მას უნდა დაეცვა ბაქო-ვლადიკავკაზის რკინიგზა და თბილისი-ვლადიკავკაზის სამხედრო გზა. თურქეთის არმიის შეტევა სწორედ ამ მიმართულებით იყო მოსალოდნელი.
საომარი ოპერაციები კავკასიაში თურქეთის მიერ ომის გამოცხადებისთანავე დაიწყო. 1914 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარებმა შეუტიეს ერზრუმის, ოლთისისა და ერევნის მიმართულებით. სამივე ფრონტზე რუსებმა დიდი წარმატებები მოიპოვეს, თუმცა მალე გაირკვა, რომ რუსეთის არმიის შეტევა ჯეროვნად არ იყო მომზადებული. ზურგის ნაწილები მოწყდნენ შეტევაზე გადასულ ჯარებს, რითაც ისარგებლა თურქეთის სარდლობამ და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ძლიერი შეტევა განავითარა. თურქთა მოწინავე რაზმები ბათუმის სანაპირო რაიონებშიც კი შეიჭრნენ. რუსეთის კავკასიის არმიის სარდლობამ ბათუმის მიმართულებით შეტევაზე გადმოსული თურქეთის ჯარების შეჩერება შეძლო. თურქეთის სარდლობამ ერზრუმში დიდ ძალებს მოუყარა თავი. აქ დისლოცირებული თურქეთის მესამე არმიის სარდლობა თვით სამხედრო მინისტრმა ენვერ-ფაშამ იკისრა. ენვერ-ფაშა ვარაუდობდა ძლიერი შეტევის დაწყებას სარიყამიშის რაიონში და ბათუმის მიმართულებით. სარიყამიშის ბრძოლები 1914 წლის დეკემბერში მიმდინარეობდა. თურქეთის ჯარებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. უფრო მეტიც, თავდაცვითი ბრძოლების შემდეგ რუსეთის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და თურქეთის მესამე არმია მთლიანად გაანადგურეს. სარიყამიშის ბრძოლებში თავი ისახელა კორპუსის სარდალმა გენერალმა ვასილ გაბაშვილმა.
რუსეთის კავკასიის არმიის წინააღმდეგობა თურქეთმა ვერც 1915–1916 წლებში გატეხა. 1916 წლის დასასრულისათვის შექმნილი ვითარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურმა გეგმებმა საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიაში მარცხი განიცადა.
თავდაპირველი წარმატებების მიუხედავად, რუსეთმა რამდენიმე სერიოზული მარცხი იწვნია გერმანიისაგან. 1916 წლის ბოლოს ომის შედეგები მძიმედ აისახა რუსეთზე: გაუარესდა სოციალური ვითარება, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იყო.
1915 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ არმიის ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო და ფრონტის ხაზზე გაეშურა პოლონეთში. ამით იმპერატორი არმიის რიგებში საბრძოლო განწყობის ამაღლებას ცდილობდა, თუმცა სამხედრო დამარცხებებს მაინც ვერ აცდა. გაუარესებული იყო ორგანიზება, გაჩნდა საბრძოლო და სამედიცინო მასალის დეფიციტი არმიაში. რუსეთის მოსახლეობა პასუხისმგებლობას იმპერატორს აკისრებდა.
ნიკოლოზ II-ის რუსეთიდან გამგზავრების შემდეგ, ხელისუფლებაში გავლენა მისმა მეუღლემ, – ალექსანდრამ მოიპოვა. ის ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა საიმპერიო ხელისუფლების წევრების ინდივიდუალური პოლიტიკური გაძლიერება, რათა არ შემცირებულიყო მისი ქმრის ავტორიტეტი. მთავრობა, რომელიც მანამდე ეფექტური იყო, ჯეროვნად ვეღარ ასრულებდა თავის მოვალეობას.
1917 წლის დასაწყისისათვის რუსეთი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე იდგა. მილიონობით გლეხი და ფერმერი არმიაში იყო გაწვეული, რამაც სამუშაო ძალის დეფიციტი გააჩინა. შემცირდა წარმოება, გაიზარდა ფასები პროდუქტზე. ქალაქების საკვებით მომარაგებას კიდევ უფრო ართულებდა ქვეყნის განუვითარებელი სარკინიგზო სისტემა, რომელიც სამხედრო საჭიროებებზე იყო მორგებული და ძირითადად ჯარის გადაყვანასათვის გამოიყენებოდა.
საყოველთაო გაფიცვა დაიწყო რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტროგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს (ძველი სტილით 23 თებერვალს). მან 5 დღეს გასტანა და მასობრივ დემონტრაციებსა და პოლიციასა და ჟანდარმერიასთან შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. უკანასკნელ დღეებში რუსეთის არმია რევოლუციონერებს მიემხრო. მომხდარი მოვლენების შედეგად 1917 წლის 15 მარტს გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ II მისი ძმის მიხაილის სასარგებლოდ, თუმცა შემდეგ დღეს ისიც გადაყენებულ იქნა და ამით მონარქიულ სისტემას რუსეთის იმპერიაში ბოლო მოეღო. იმპერატორი ჩაანაცვლა რუსეთის დროებითმა მთავრობამ თავად გიორგი ლვოვის (15 მარტი–20 ივლისი) თავმჯდომარეობით. დროებითი მთავრობა იყო ლიბერალური და სოციალისტური ძალების ალიანსი, რომელთაც ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმა სურდათ. მათ დააარსეს დემოკრატიულად არჩეული კონსტიტუციური ასამბლეა. ამასთანავე სოციალისტებმა ჩამოაყალიბეს პეტროგრადის საბჭოები, რომელიც დროებითი მთავრობის პარალელურად ფუნქციონირებდა.
გერმანელებმა კარგად იცოდნენ რუსეთში არსებული სიტუაციის შესახებ და როგორც კი შეეძლოთ ხელი შეუწყეს ბოლშევიკებს. დააბრუნეს რუსეთში მათი ლიდერი ლენინი (თებერვლის რევოლუციის დროს ციურიხში იმყოფებოდა), რომელმაც დააჩქარა ოქტომბრის რევოლუცია.
დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრი ალექსანდრე კერინსკი კი დემორალიზებულ არმიაში სიტუაციის მოგვარებას ცდილობდა. მან გალიციაში დიდი შეტევის გეგმა დაამუშავა, ბრუსილოვი კი მთავარსარდლად დანიშნა. შეტევა 1 ივლისს დაიწყო, რომელსაც ორდღიანი საარტილერიო მომზადება უძღვოდა წინ. რუსებმა მოახერხეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ ისევ და ისევ ცუდი მომარაგების გამო ვერ შეძლეს შეტევის გაგრძელება, ავსტრიელებმა კი მოკლე ხანში მოაგროვეს რეზერვები. 16 ივლისს რუსები ფრონტის მთელ ხაზზე შეაჩერეს, ხოლო 3 დღეში გერმანელებმა და ავსტრიელებმა კონტრშეტევა დაიწყეს. რუსულ არმიაში დაიწყო მასიური დეზერტირობა. რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, გერმანელებმა ამით ისარგებლეს და სექტემბერში აიღეს რიგა.
ასეთ ვითარებაში 20 ივლისიდან (ძვ.სტ. 7 ივლისი) მთავრობის მეთაურობა შეითავსა კერენსკიმ, რომელმაც ვითარების გამოსასწორებლად სასტიკი ღონისძიებების გატარება დაიწყო, მაგრამ ვიტარების კონტროლი ვეღარ მოახერხა.
ლენინი, ბოლშევიკებს სთავაზობდა რევოლუციის მეორე ფაზაში გადასვლას, კერძოდ არანაირი მხარდაჭერა დროებით მთავრობას და მის სასწრაფო დამხობას. მიუხედავად იმისა რომ ლენინი თავის გეგმებს არასდროს ამხელდა წინასაწარ და იყო იდუმალი, ის თავის სიძულვილს არასდროს მალავდა. პირველივე მცდელობიდან ლენინი აპირებდა დროებითი მთავრობის ჩამოგდებას. ლენინის მთავარი პოლიტიკური ტაქტიკა გულისხმობდა მასის მობილიზებას და მართვას. მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა რუსეთს დროებითი მთავრობა ხელმძღვანელობდა, ლენინი არსებულ სიტუაციას ვერ ეგუებოდა. პირველი მცდელობა ბოლშვიკებისა ჩამოეგდოთ დროებითი მთავრობა განხორციელდა 21 აპრილს. ამ დროს მათ იხელმძღვანელეს სამხედრო კრიზისის არსებობით, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. რევოლუვიის შემდეგი ტალღაც რომელიც იყო ივლისში, არ გამოდგა შედეგიანი, ის კი არა ლენინს მოუხდა პატიმრობისაგან თავი რომ დაეღწია, შეეფარებულიყო პროვინციას.
სექტემბერში 1917 წელს როცა ლენინი იმალებოდა პოლიციისაგან, ბოლშევიკების ლიდერობა გადაეცა ლევ ტროცკის (ბრონშტეინი. გარუსებული ებრაელი). ლენინი მოითხოვდა ტროცკისაგან სწრაფ შეპყრობას დროებითი მთავრობის, მაგრამ ტროცკი თითქოს არც იმჩნევდა ლენინის ამ მოთხოვნას. ტროცკიმ აირჩია უფრო ეფექტური გამოსავალი და მასკირებას ახდენდა ბოლშევიკების რეალურ განზრახვის და აჩვენებდა თითქოს ძალაუფლების გადაცემას აპირებდა „სოვეტებისათვის“. ტროცკი იდეალურად ანაცვლებდა ლენინს. ის როგორც პიროვნება ლენინზე უფრო განათლებული იყო, ლენინზე უკეთ შეეძლო ლაპარაკი და წერა, შეეძლო მასას გაძღოლოდა. თუმცა ტროცკი მაინც არ იყო პოპულარული ბოლშევიკებში, შეიძლება იმიტომ, რომ ტროცკი დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა ბოლშვიკებს. ნებისმიერ შემთხვევაში ტროცკი ნაკლებად შეიძლებოდა ყოფილიყო ნაციონალური გმირი, შეიძლება იმიტომ რომ ის მაინც იყო ებრაელი და რუსეთში ებრაელები არ უყვარდათ.
16 ოქტომბერს ბოლშევიკების ხელში უკვე იყო ორი ორგანიზაცია, სამხედრო რევოლუციური კომიტეტი, რომ განეხორციელებინათ გადატრიალება და მეორე სოვეტების ყრილობა („სიეზდ სოვეტოვ“), რომ მიეცათ ამ გადატრიალებას კანონიერი სახე. მაშინ როდესაც ხორციელდებოდა გადატრიალება, მის ორგანიზატორებს შორის შეხედულებები გაიყო სამ ნაწილად: 1. ლენინი, რომელიც მიიჩნევდა, რომ გადატრიალება უცებ უნდა მომხდარიყო. 2. გრიგორი ზინოვიევი (რადომისლისკი, გარუსებული ებრაელი) და ლევ კამენევი (როზენფელდი, გარუსებული ებრაელი, ტროცკის სიძე), ფიქრობდნენ რომ ამ მომენტში გადატრიალება საერთოდ ურიგო იყო. 3. დანარჩენები მომხრენი იყვნენ გადატრიალების, მაგრამ ემხრობოდნენ ტროცკის, რომ ის უნდა დამთხვეოდა სოვეტების ყრილობას და უნდა მომხდარიყო ორი კვირით გვიან.
საბოლოო და გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 24 ოქტომბრის დილას. ბოლშევიკებმა პრაქტიკულად მოახდინეს მთელი პეტროგრადის ბლოკირება. დაიხურა მაღაზიები და ფაბრიკები. ამავე ღამეს ბოლშევიკები იკავებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს. დაიკავეს ცენტრალური სატელეფონო ხაზი. ამ დროის განმავლობაში ზამთრის სასხლე რჩებოდა ჯერ კიდევ ის ადგილი რომელიც არ ქონდათ შპყრობილი. თუმცა 25 ოქტომბრის (ახ.სტ. 7 ნოემბერი) დილას უკვე ყოველივე დასრულებული იყო და ხალხისადმი მიმართვაც გაავრცელეს, რომ დროებითი მთავრობა იქნა ჩამოგდებული. 26 ოქტომბრის (8 ნოემბერი) ღამეს განხორციელებული შტურმის შედეგად აღებულ იქნა „ზამთრის სასახლეც“ და დროებითი მთავრობა დააპატიმრეს, თუმცა კერენსკიმ შეძლო გასხლტომა.
დილით ჩამოყალიბდა ახალი სოციალისტური მთავრობა ვ. ი. ლენინის მეთაურობით, რომლის თანამდებობას სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ეწოდებოდა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ და რუსეთი პრაქტიკულად გამოეთიშა ომს. მეტიც:18 (31) დეკემბერს მან ცნო ფინეთის დამოუკიდებლობა, ხოლო 1918 წლის 3 მარტს გერმანიასთან დადებული ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით დაკარგეს ბალტიისპირეთი, ამიერკავკასიის სამხრეთი და უკრაინა-ბელორუსიის დიდი ნაწილი. შედეგად გერმანიამ მთელი ძალები დასავლეთ ფრონტზე გადაისროლა და ვითარება შედარებით გამოისწორა.
* * *
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია და მიმდინარეობა ცდილობდა შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში გარკვევას და, შესაბამისად, სამოქმედო გეგმის დასახვას.
ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობის აქტიურობა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შეინიშნებოდა. პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წასულმა ეროვნულ-დემოკრატებმა ჟენევაში გააგრძელეს მოღვაწეობა. პეტრე სურგულაძემ, ლეო კერესელიძემ, გიორგი კერესელიძემ, ნესტორ მაღალაშვილმა და სხვებმა 1913 წელს ჩამოაყალიბეს ჯგუფი „თავისუფალი საქართველო“ და გამოსცეს ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“. ამავე ჯგუფის აქტიური წევრები იყვნენ გიორგი მაჩაბელი და მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. ჟენევაშივე ჩაეყარა საფუძველი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ 1914 წელს „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ ჟენევიდან ბერლინში გადავიდა და იქ გააგრძელა მოღვაწეობა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ თავისი მოღვაწეობის მიზნად თვლიდა: ა) საქართველოსთან დაკავშირებას, ქართული პოლიტიკური ძალების მისწრაფების გაცნობას; ბ) დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდას სამშობლოში; გ) იარაღის შემოტანას საქართველოში; დ) გერმანიაზე ორიენტირებული პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ევროპაში; ე) ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებას თურქეთში შემდგომში მისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამოყენების მიზნით.
„საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა“ 1915 წელს საქართველოში მოავლინა თავისი წარმომადგენელი გიორგი მაჩაბელი და ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს გერმანიის დახმარებით რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა შესთავაზა. სპეციალურად გამართულ თათბირზე გიორგი მაჩაბელი შეხვდა წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს: ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორს (სოციალ-დემოკრატები), გრიგოლ რცხილაძეს, სამსონ ფირცხალავას (სოციალისტ-ფედერალისტები), რევაზ გაბაშვილსა და შალვა ამირეჯიბს (ეროვნულ-დემოკრატები). გიორგი მაჩაბელმა თათბირის მონაწილეებს გააცნო „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ მიერ გერმანიასთან, ავსტრია-უნგრეთსა და თურქეთთან დადებული ხელშეკრულებები. ეს სახელმწიფოები ქართველების აჯანყებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას კისრულობდნენ. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა გერმანიის დახმარებით საქართველოდან რუსეთის განდევნა არარეალურად მიიჩნიეს. ნოე ჟორდანია აჯანყების დაწყების წინააღმდეგ შემდეგ მოსაზრებათა გამო გამოვიდა. ჯერ ერთი, არ არსებობდა არავითარი გარანტია იმისა, რომ მსოფლიო ომის ფრონტზე შექმნილი ვითარება გერმანიას საქართველოსათვის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემდა; მეორეც არ არსებობდა არავითარი გარანტია იმისა, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარების განდევნის შემთხვევაში თურქეთი არ მოახდენდა საქართველოს ოკუპაციას. „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ გეგმა გერმანიის დახმარებით რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისა ვერ განხორციელდა.
ეროვნული მოძრაობის საყურადღებო მოვლენას წარმოადგენდა მიხაკო წერეთლის მოხსენება მცირერიცხოვან ერთა მესამე კონგრესზე ქ. ლოზანაში (შვეიცარია), 1916 წლის ივლისში. მოხსენების თემა იყო ქართველი ერის უფლებანი. მიხაკო წერეთელმა განათლებულ კაცობრიობას მოუწოდა, დახმარებოდა ქართველ ერს რუსეთის მიერ დარღვეული 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების აღდგენაში.
სოციალ-დემოკრატების მსოფლმხედველობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ომის წლებში ძალზე პოპულარული გახდა ლოზუნგი ერთა თვითგამორკვევის (თვითგანსაზღვრის) შესახებ. მრავალეროვანი სახელმწიფოების პირობებში ერთა თვითგამორკვევა პრაქტიკულად ნიშნავდა შემდეგს: ა) ყველა ერის სრულ თანასწორუფლებიანობას; ბ) ცალკეული ერებისათვის ავტონომიის შექმნის უფლებას; გ) მრავალეროვანი სახელმწიფოებიდან ერების ცალკე გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის უფლებას. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატების აზრით, საქართველო ვერ იქცეოდა უშუალოდ რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ ერთეულად. საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უნდა შეექმნათ ამიერკავკასიის ავტონომია, რომელიც შევიდოდა რუსეთის სახელმწიფოში ცალკე ავტონომიურ ერთეულად. ამავე დროს, 1917 წელს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს საიდუმლო გადაწყვეტილება: ხელსაყრელი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შექმნის შემთხვევაში, მხარი დაეჭირათ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის. ამ გადაწყვეტილების საიდუმლოდ დაცვა მოტივირებული იყო იმით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის საჯარო პროპაგანდა რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევდა – რუსეთი საქართველოს დასჯას არ დააყოვნებდა.
სოციალისტ-ფედერალისტები პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგაც ერთგულნი დარჩნენ თავიანთი საპროგრამო მოთხოვნებისა. რუსეთთან დამოკიდებულებაში ისინი წინააღმდეგნი იყვნენ რადიკალური პოლიტიკური კურსისა. რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების დაწყება მათაც ავანტურად მიაჩნდათ და არჩევდნენ პარტიის სამოქმედო გეგმა შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შეემუშავებინათ.
პირველმა მსოფლიო ომმა საქართველოს დიდი სამეურნეო ნგრევა მოუტანა. სოფლად შემცირდა ნათესების საერთო რაოდენობა, დიდად დაზარალდა მესაქონლეობა. ნედლეულის უქონლობის გამო გაჩერდა ზოგიერთი საწარმო, მოიშალა სარკინიგზო ტრანსპორტი. სურსათის ნაკლებობის გამო ძალზე გაძვირდა ცხოვრება ქალაქებში. მიუხედავად ამისა, მუშათა და გლეხთა მღელვარებები და ჯარისკაცთა გამოსვლები დიდ სოციალურ აფეთქებაში არ გადაზრდილა.
* * *
ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადადგომისთანავე რუსეთის მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, რუსეთში პოპულარულმა და ავტორიტეტულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ქართველმა სოციალ-დემოკრატმა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძემ თავისთან იხმო გიორგი (გოგიტა) ფაღავა და ტელეგრაფში თბილისში გადასაცემად გაატანა დეპეშის ტექსტი. კონსპირაციის მიზნით დეპეშის ტექსტში ქართული სიტყვები რუსული ასოებით იყო დაწერილი: „მთავრობაძე გარდაიცვალა. შეატყობინეთ ნათესავებსა და ახლობლებს“. სწორედ ამ ტელეგრამით გაიგეს თბილისში რომანოვების იმპერიის აღსასრული.
როგორც კი ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადადგომის ამბავი შეიტყო, მეფისნაცვალმა ნიკოლოზმა თავისთან მიიწვია თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი, ასევე პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების წარმომადგენლები და განუცხადა, რომ იგი ტოვებდა თბილისს და სთხოვდა მასთან შეკრებილთ, ეზრუნათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე.
ამრიგად არსებობა დაასრულა კავკასიის სამეფისნაცვლომაც. რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ – რუსეთის დროებითმა მთავრობამ (თავმჯდომარე გიორგი ლვოვი) ამიერკავკასიის მართვა-გამგეობა ჩააბარა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს – ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს (ოზაკომი), რომელიც დაკომპლექტდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კავკასიელი დეპუტატებით (იგი ეროვნული და პარტიული პრინციპით იყო შექმნილი). ოზაკომის თავმჯდომარედ დაინიშნა კადეტი ვ. ხარლამოვი. ოზაკომის ქართველი წევრები იყვნენ სოციალისტ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე და სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი. ოზაკომი თბილისში პრაქტიკულად მოღვაწეობას 1917 წლის 18 მარტს შეუდგა.
1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ თბილისში ფუნქციონირებდა რევოლუციური ხელისუფლების ორგანოები: თბილისის მუშათა (ცოტა მოგვიანებით მუშათა და ჯარისკაცთა) დეპუტატების საბჭო (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია), ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სამხარეო ცენტრი (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია) და რუსეთის კავკასიის არმიის ჯარისკაცთა დეპუტატების სამხარეო საბჭო (თავმჯდომარე დიმიტრი დონსკოი).
რუსეთში კანონიერ (დროებით მთავრობას) და რევოლუციურ ხელისუფლებას (სხვადასხვა დონის დეპუტატთა საბჭოებს) შორის მუდმივი დაპირისპირება და კონფლიქტი არსებობდა, რაც დამთავრდა 1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკების მიერ განხორციელებული კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალებით. ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, ოფიციალური და რევოლუციური ხელისუფლების (ოზაკომისა და დეპუტატთა საბჭოების) დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, უთანხმოებები, როგორც წესი, მშვიდობიანი გზით გვარდებოდა. კონფრონტაციის თავიდან აცილებაში დიდი როლი შეასრულეს ნოე ჟორდანიამ, აკაკი ჩხენკელმა, ევგენი გეგეჭკორმა და სხვა ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა.
თბილისში 1917 წლის აპრილის დამდეგიდან ფუნქციონირებას იწყებს ეროვნული ხელისუფლების ორგანოს ჩანასახი – „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო“ (თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი). თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის სათავეებთან სწორედ საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო იდგა.
1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ საქართველოში აშკარად შეიმჩნეოდა ანტირუსულ განწყობილებათა შესუსტება, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯერ ერთი, რუსეთის იმპერიის აღსასრული გარკვეული შვება იყო იმპერიაში მცხოვრები დაპყრობილი ერებისათვის; მეორეც, რუსეთის დროებითი მთავრობა – თავის ხასიათით დემოკრატიული მთავრობა – სულაც არ აპირებდა კოლონიური მხარეების ძველი პრინციპებით მართვას. ამის მაგალითს საქართველოში ცხადად იძლეოდა ოზაკომი, რომლის შედარება კავკასიის სამეფისნაცვლოს ადმინისტრაციასთან მართლაც არ შეიძლებოდა. წარსულს ჩაბარდა ჟანდარმერიისა და ოხრანკის თარეში, საგანგებო მდგომარეობებისა და დამსჯელი ექსპედიციების ხანა. წარსულს ჩაბარდა რუსიფიკაციაც მრავალნაირი გამოვლინებით. გაუქმდა ცენზურა. საქართველოში ანტირუსულ განწყობილებას გარკვეულწილად ისიც ასუსტებდა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალზე დიდ როლს ასრულებდნენ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი. კარლო ჩხეიძე არჩეულ იქნა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო ცოტა მოგვიანებით სრულიად რუსეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ (1917 წლის ივნისი) იგი აირჩია სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. რაც შეეხება ირაკლი წერეთელს, იგი რუსეთის კოალიციური დროებითი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი იყო. ყველაფერი ეს ქმნიდა იმის ილუზიას, რომ დემოკრატიული რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის სახით დარჩენა შესაძლებელი იყო. დაახლოებით იგივე მდგომარეობა და განწყობილება იყო თითქმის ყველა ყოფილ კოლონიურ ქვეყანაში. სწორედ ასეთ სიტუაციაში იწყებდა მოღვაწეობას საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობითი გაერთიანება საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. ინტერპარტიული საბჭო იყო პირველი პოლიტიკური გაერთიანება (ორგანიზაცია), სადაც ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები, ყველა პოლიტიკური პარტიისა და მიმდინარეობის წარმომადგენლები, შეიკრიბნენ და საჯაროდ, არა ჟანდარმერიისა და ოხრანკისაგან მალულად, არამედ საქვეყნოდ დაიწყეს მსჯელობა საქართველოს ბედზე.
საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველი კრება 1917 წლის აპრილის დამდეგს გაიმართა. კრებას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. დამსწრეთა პერსონალური შემადგენლობა ცნობილი არ არის, ცნობილია მხოლოდ, რომ პირველ კრებას დაესწრნენ სოციალ-დემოკრატთა, სოციალისტ-ფედერალისტთა და ეროვნულ-დემოკრატთა წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველმა კრებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა შორის შეთანხმებას. კრებაზე განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო „ეროვნულ საკითხში შეთანხმება“. ეროვნული საკითხი ორად იქნა გაყოფილი: ა) საქართველოს ტერიტორია, ბ) ეროვნული სეიმის კომპეტენცია. პირველ საკითხზე – საქართველოს ტერიტორია – მსჯელობა პირველსავე კრებაზე დასრულდა. მეორე საკითხი – ეროვნული სეიმის კომპეტენცია – მეორე კრებისათვის გადაიდო.
საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველ კრებაზე საქართველოს ტერიტორიის შესახებ სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატები ძირითადად შეთანხმდნენ – ზოგადად მოიხაზა საქართველოს საზღვრები, თუმცა მისი ყველა ნაწილი ჩამოთვლილი და განსაზღვრული არ ყოფილა. საქართველოს ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო: უდავო და სადავო ტერიტორია. უდავო ტერიტორიად მიჩნეულ იქნა ის ტერიტორია, სადაც ქართველობა უმრავლესობას შეადგენდა. სადავო ტერიტორიად აღიარებულ იქნა ის ტერიტორია, სადაც ქართველობა უმრავლესობას არ შეადგენდა. კრებამ აზრი გამოთქვა საქართველოს სადავო ტერიტორიის საკითხის გადაჭრის თაობაზე. სადავო ტერიტორიის საქართველოში შესვლის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო. ქალაქ თბილისის შესახებ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეთანხმდა: ქალაქი თბილისი უდავო ტერიტორიის საზღვრებში იქნა შეტანილი.
საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველი კრების მიერ საქართველოს ტერიტორიის საკითხის დასმა, ანუ საქართველოს საზღვრების მოხაზვის ცდა, შემთხვევითი არ ყოფილა. საქართველოს საზღვრების დადგენა ყველა შემთხვევაში აუცილებელი იყო. თუ საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დააპირებდა, წინასწარ უნდა ყოფილიყო დადგენილი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრები, უნდა განსაზღვრულიყო ის ტერიტორია, რომლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებასაც აპირებდნენ. საქართველოს საზღვრების დადგენა აუცილებელი იყო იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო რუსეთში ფედერაციული ან ავტონომიური ერთეულის სახით დარჩებოდა. მაგრამ რა პრინციპები უნდა დასდებოდა საფუძვლად საქართველოს ისტორიული ტერიტორიის განსაზღვრას? საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველმა კრებამ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს ე. წ. სადავო ტერიტორიის საქართველოს შემადგენლობაში შესვლა-არშესვლის საკითხის გადასაწყვეტად რეფერენდუმის გზა აირჩია. საერთოდ, შეცდომა იყო საქართველოს ტერიტორიის ორ ნაწილად – უდავო და სადავო ტერიტორიად გაყოფა. საქართველოს, ანუ ქვეყნის, რომელსაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა, საზღვრების დადგენისას, ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველ კრებას ისტორიული პრინციპით უნდა ეხელმძღვანელა, სხვა სიტყვებით – საქართველოს საზღვრებად მიეჩნია ის საზღვრები, რომლებიც არსებობდა სამეფო-სამთავროებად დაშლამდე – მეთხუტმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე. რა თქმა უნდა, ამ პრინციპის დაცვას თავისი სირთულეები ჰქონდა, მაგრამ იგი ყველა შემთხვევაში ასამოქმედებელი იყო. არსებობდა საქართველოს საზღვრების დადგენის მეორე პრინციპიც – საფუძვლად რუსული ადმინისტრაციული დაყოფის მიღება: საქართველოს ტერიტორიად უნდა ჩათვლილიყო ის ტერიტორია, რომელიც რუსეთის იმპერიაში შედიოდა თბილისის გუბერნიისა და მისდამი დაქვემდებარებული ზაქათალის ოკრუგის, ქუთაისის გუბერნიისა და მისდამი დაქვემდებარებული სოხუმის ოკრუგისა და ბათუმის ოლქის, ყარსისა და არტაანის ოლქების სახით, აგრეთვე შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი. ორივე შემთხვევაში საქართველო არც ერთი სხვა ხალხის ინტერესებს არ შელახავდა – ქართველ ერს პრეტენზია მხოლოდ თავის ისტორიულ ტერიტორიაზე ექნებოდა. საწინააღმდეგოდ ამისა, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველმა კრებამ საქართველოს ტერიტორია, როგორც ითქვა, უდავო და სადავო ნაწილებად გაყო, რითაც არაქართველ მოსახლეობას ფაქტობრივად სეპარატიზმისაკენ უბიძგა.
საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს მეორე კრება გაიმართა 1917 წლის 16 აპრილს. კრებას დაესწრნენ: ეროვნულ-დემოკრატები: გიორგი გვაზავა, გიორგი ჟურული, დავით (დათა) ვაჩნაძე, გრიგოლ ვეშაპიძე (ვეშაპელი), სპირიდონ კედია, ბ. ასათიანი; სოციალისტ-ფედერალისტები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, იოსებ ბარათაშვილი, სიმონ მდივანი, სამსონ ფირცხალავა, სამსონ დადიანი, შალვა მესხიშვილი; სოციალ-დემოკრატები: აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი, გიორგი (გოგიტა) ფაღავა, გრიგოლ გიორგაძე, პავლე საყვარელიძე. კრებაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ მ. მაჩაბელი და ვ. თუმანიშვილი. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს მეორე კრებას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, მდივნობდა პავლე საყვარელიძე.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს მეორე კრებას უნდა განეხილა საკითხი – ეროვნული სეიმის კომპეტენცია. კრების გახსნისას აკაკი ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ეროვნული სეიმის კომპეტენციის საკითხი, კამათის ნაყოფიერების მიზნით, შეიძლებოდა სამ ქვესაკითხად გაყოფილიყო: ა) საქართველოს ტერიტორიული ერთეულის კომპეტენცია; ბ) საქართველოს ტერიტორიული ერთეულის დამოკიდებულება ამიერკავკასიის ტერიტორიულ ერთეულებთან; გ) საქართველოსა და ამიერკავკასიის ტერიტორიული ერთეულების დამოკიდებულება სრულიად რუსეთის ცენტრთან. ეროვნულ-დემოკრატების (გიორგი გვაზავა) აზრით, საქართველოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულებას განსაზღვრავდა თვით რუსეთის სახელმწიფოს შინაარსი: 1) თუ რუსეთში ფედერაციული წყობილება დამყარდებოდა, მაშინ საქართველოს უნდა მოეთხოვა ფართო ეროვნული ავტონომია; 2) თუ რუსეთი უნიტარულ რესპუბლიკად გამოცხადდებოდა, მაშინ საქართველოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულებას საფუძვლად უნდა დასდებოდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები. რუსეთის სახელმწიფოს, ასევე საქართველოსაც ეყოლებოდა თავისი პრეზიდენტი. უფლებები მათ შორის მკაცრად გაიმიჯნებოდა. სოციალ-დემოკრატები (ნოე რამიშვილი) არ დაეთანხმნენ ეროვნულ-დემოკრატებს. მათ მხარი დაუჭირეს რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველოს ფართო ეროვნული თვითმმართველობის შექმნას. ამასთან, ამიერკავკასიის ერები უნდა გაერთიანებულიყვნენ ერთ ფედერაციულ ერთეულად საკუთარი სეიმით, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა სამეურნეო საკითხებში გარკვეული ავტონომიური უფლებებით. რაც შეეხება კულტურის საკითხებს, იგი ამიერკავკასიის სეიმის კომპეტენციაში არ შევიდოდა. კულტურის საკითხები ცალკეული ერების (ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები) თვითმმართველობებს უნდა გადაეწყვიტათ.
ამრიგად, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს არც პირველ და არც მეორე კრებაზე (1917 წლის აპრილი) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი არ დასმულა.
* * *
საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო პოლიტიკურ პარტიათა ნებაყოფლობითი გაერთიანება იყო. იგი ქართველი ერის მიერ არ ყოფილა არჩეული და, ამდენად, იურიდიულად უფლება არ ჰქონდა ერის სახელით გამოსულიყო. სიტუაციიის თავისებურებას კარგად გრძნობდნენ თვით ინტერპარტიული საბჭო და მისი თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო, საერთოდ, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, რომელიც უაღრესად რთული იყო. ყველაფერი ეს აუცილებელს ხდიდა ისეთი უფლებამოსილი ორგანოს შექმნას, რომელიც ქართველი ერის სახელით იმოქმედებდა. ასე ჩაისახა საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევის იდეა.
საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოში იყო აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ყრილობის დელეგატები აერჩიათ ინტერპარტიული საბჭოს მიერ დამტკიცებული საარჩევნო კანონის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ეროვნული ყრილობა სავსებით უფლებამოსილი იქნებოდა ყოფილიყო ქართველი ერის ბედის გამგებელი, როგორც დემოკრატიულ საფუძველზე არჩეული ორგანო. მაგრამ, სხვადასხვა მოსაზრების გამო, ინტერპარტიულ საბჭოს საარჩევნო კანონი აღარ მიუღია და საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევა თავს იდო უშუალოდ ინტერპარტიულმა საბჭომ.
1917 წლის ზაფხულის ბოლოდან ეროვნული ყრილობის მოწვევისათვის მზადება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა. ნოე ჟორდანია, რომელიც ინტერპარტიული საბჭოს მუშაობაში აქტიურად არ მონაწილეობდა, პოლიტიკურ პარტიათა თხოვნით სათავეში ჩაუდგა ყრილობის მოწვევის საქმეს. მანვე შეიმუშავა ყრილობის დელეგატთა არჩევის წესი, განსაზღვრა საარჩევნო კვოტები და ა. შ. ინტერპარტიულ საბჭოში შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ყრილობა აირჩევდა ეროვნულ საბჭოს, რომელიც შეიმუშავებდა საარჩევნო კანონს საქართველოს დამფუძნებელი კრებისათვის. ქართველი ერის წინაშე მდგარი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დამფუძნებელ კრებას უნდა გადაეწყვიტა. დამფუძნებელი კრების მოწვევის იდეას თავგამოდებით იცავდა აკაკი ჩხენკელი, რაც შეეხება ნოე ჟორდანიას, იგი დამფუძნებელი კრების მოწვევის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ თვლიდა, რომ ამ იდეას რეკლამირება ჯერჯერობით არ იყო მიზანშეწონილი.
საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის გახსნის წინა ხანებში პოლიტიკური სიტუაცია რუსეთში კარდინალურად შეიცვალა, რამაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ქართველი პოლიტიკოსები. 1917 წელს 25 ოქტომბერს რუსეთში ბოლშევიკებმა განახორციელეს კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება და დაამხეს კანონიერი დროებითი მთავრობა (თავმჯდომარე ალექსანდრე კერენსკი). საქართველოს სამმა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალამ (სოციალ-დემოკრატებმა, სოციალისტ-ფედერალისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა) არ ცნო საბჭოთა რუსეთის მთავრობა. ბოლშევიკური რეჟიმი ასევე არ ცნეს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭომ და ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს სამხარეო ცენტრმა. განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო ის ფაქტი, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა არ ცნო არც რუსეთის კავკასიის არმიის ჯარისკაცთა დეპუტატების სამხარეო საბჭომ და არც კავკასიის არმიის სარდლობამ.
რუსეთის დროებითი მთავრობის დამხობასთან ერთად უფლებამოსილება დაკარგა მის მიერ დანიშნულმა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანომ – ოზაკომმა.
ყველასათვის ცხადი იყო, რომ საბჭოთა მთავრობა შეეცდებოდა თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა ამიერკავკასიაზეც. ამ პირობებში, ქართველი სოციალ-დემოკრატების ინიციატივით, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა დაასწრეს საბჭოთა რუსეთს – 1917 წლის 15 ნოემბრიდან თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხარეო ხელისუფლების ორგანომ – ამიერკავკასიის კომისარიატმა (მთავრობამ).
ამიერკავკასიის კომისარიატი შემდეგი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას: ე. გეგეჭკორი – ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, შრომისა და საგარეო ურთიერთობათა სამინისტროების კომისარი; ა. ჩხენკელი – შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარი; დ. დონსკოი – სამხედრო და საზღვაო სამინისტროების კომისარი; ხ. კარჩიკიანი – ფინანსთა სამინისტროს კომისარი; შ. ალექსი-მესხიშვილი – სახალხო განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების კომისარი; მ. ჯაფაროვი – ვაჭრობისა და მრეწველობის კომისარი; ხ. მელიქ-ასლანოვი – გზათა სამინისტროს კომისარი; ა. ნერუჩევი – მიწათმოქმედების სამინისტროს კომისარი; გ. ტერ-გაზარიანი – სურსათის საქმეთა სამინისტროს კომისარი; ა. ოგანჯანიანი – მზრუნველობის სამინისტროს კომისარი; ხ.-ბ. ხას-მამედოვი – სახელმწიფო კონტროლის კომისარი.
ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნა პოლიტიკურად სავსებით სწორი გადაწყვეტილება იყო – ხელისუფლების ახალი სამხარეო ორგანოს შექმნით ამიერკავკასია ოფიციალურად გაემიჯნა საბჭოთა რუსეთს. ამავე დროს გამოცხადდა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი ხელისუფლების სამხარეო ორგანოს როლში გამოვიდოდა რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე, ე. ი. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა. შექმნილ სიტუაციაში ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში რუსეთის კავკასიის არმია ფრონტის ხაზიდან მოიხსნებოდა. უკეთეს შემთხვევაში რუსეთის არმია ამიერკავკასიას დატოვებდა, რაც ხელ-ფეხს გაუხსნიდა თურქეთის აგრესიულ მისწრაფებებს; უარეს შემთხვევაში კი იგი თავად მოახდენდა ამიერკავკასიის ოკუპაციას. მოვლენათა განვითარების ორივე მოსალოდნელი ვარიანტი ხელს აძლევდა საბჭოთა რუსეთს – ამიერკავკასიის ერების (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები) ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის დიდი ხნით შეფერხდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ასეთ რთულ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში ორიენტირება საკმაოდ ძნელი იყო. ქართველი პოლიტიკოსები, ისევე როგორც ბევრი ცნობილი მოღვაწე მთელს მსოფლიოში, ვარაუდობდნენ, რომ საბჭოთა წყობილება რუსეთში მალე დაემხობოდა. თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრება, როგორც რუსი ხალხის ნების გამომხატველი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, თავის ხელში აიღებდა ძალაუფლებას და რუსეთიც დემოკრატიზაციის გზით განვითარდებოდა. სწორედ ამიტომ არ გადაზრდილა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ანტიბოლშევიკური და ანტისაბჭოთა განწყობილება ანტირუსულ განწყობილებაში. ამ ნიშნით ჩაიარა საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ (1917 წლის 19–24 ნოემბერი).
საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა გაიხსნა 1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში. ყრილობას ესწრებოდა 324 დელეგატი გადამწყვეტი ხმით, 19 დელეგატი სათათბირო ხმით. 324 დელეგატიდან პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენელი იყო 67 დელეგატი, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოსი – 15, ქალაქების თვითმმართველობების – 33, საგუბერნიო, სამაზრო და სასოფლო აღმასრულებელი კომიტეტების – 89, ქართული ჯარის – 20, კოოპერატივების – 8, მასწავლებელთა კავშირის – 9, ქართული პრესის – 9, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების – 35, ვაჭარ-მრეწველთა და ბანკების – 26, თავადაზნაურობის – 20, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართული საზოგადოებების – 6, საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოსი – 1, სხვადასხვა დაწესებულებათა – 8, ქართველ მაჰმადიანთა და ქართველ კათოლიკეთა – 7, საქართველოში მცხოვრები ებრაელების – 3, აფხაზებისა – 2. ყრილობას დაესწრო საქართველოს კათოლიკოსი კირიონ მეორე, უცხო სახელმწიფოთა და მეზობელი ერების წარმომადგენლები, ამიერკავკასიის კომისარიატი სრული შემადგენლობით, რუსეთის კავკასიის არმიის მთავარსარდალი გენერალი პრჟევალსკი და სხვები.
საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა ინტერპარტიული საბჭოს სახელით გახსნა აკაკი ჩხენკელმა. ყრილობის თავმჯდომარედ არჩეული იყო ნოე ჟორდანია. 20 ნოემბერს ყრილობაზე ინტერპარტიული საბჭოს დავალებით მოხსენება გააკეთა ნოე ჟორდანიამ. მოხსენების თემა იყო – „დღევანდელი მომენტი და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობა“. მოხსენების შემდეგ ყრილობას უნდა მიეღო რეზოლუცია. საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის რეზოლუცია დიდმნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნებოდა, ამიტომაც რეზოლუციის პროექტის შემუშავების მიზნით ყრილობამ შექმნა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია. ეროვნულ-პოლიტიკურ სექციაში შევიდნენ: სოციალ-დემოკრატები: ნოე ჟორდანია, გრიგოლ გიორგაძე, ვლადიმერ (ვალიკო) ჯუღელი, გრიგოლ ურატაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი (გოგიტა) ფაღავა, დავით ონიაშვილი; სოციალისტ-ფედერალისტები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ გველესიანი, იასონ ბაქრაძე, იაკობ ფანცხავა, სამსონ ფირცხალავა, დიმიტრი უზნაძე, აკაკი ფაღავა; სოციალ-დემოკრატი ალიონელები: პავლე საყვარელიძე, დავით სულიაშვილი, ლეო შენგელაია, ნიკოლოზ ქარცივაძე; სოციალისტ-რევოლუციონერები: ივანე გობეჩია, იოსებ გობეჩია, პარმენ საბაშვილი; ეროვნულ-დემოკრატები: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ვასილ წერეთელი, ირაკლი ამირეჯიბი, ტიციან ტაბიძე, ლევან ჯაფარიძე, დავით გურამიშვილი, შალვა ამირეჯიბი. სექციის თავმჯდომარედ ყრილობის მიერ არჩეულ იქნა ივანე გობეჩია, მდივნად სექციამ აირჩია აკაკი ფაღავა.
ეროვნულ-პოლიტიკური სექციის სხდომა დაიწყო იმით, რომ ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი:
ქართული ეროვნული ყრილობა, მოისმინა რა მოხსენება ნ. ჟორდანიასი შესახებ დღევანდელი მომენტისა და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობისა, ადგენს:
1. ქართველი ერი, როგორც ამ ასი წლის განმავლობაში, სდგას რუსეთის ორიენტაციის ნიადაგზე.
2. ქართველ დემოკრატიამ დღიდან თავისი პოლიტიკური არსებობისა, თავისი სვებედი მჭიდროდ დაუკავშირა რუსეთის დემოკრატიას და მასთან ერთად მოქმედებით ფიქრობს თავისი პოლიტიკური, ეკონომიური და ნაციონალური მისწრაფებანი განახორციელოს.
3. რუსეთის შუაგულში გაჩაღებული სამოქალაქო ომის მეოხებით დღეს არ არსებობს ერთი ცენტრალური რევოლუციური მთავრობა, ცნობილი მთელი რევოლუციური რუსეთის მიერ. ამ გარემოებამ აიძულა ყველა განაპირა ქვეყნები და მათ შორის ამიერ-კავკასიაც თავისი შინაური საქმეები თავისივე ძალ-ღონით მოაგვარონ და შესაფერი დაწესებულებანი შექმნან.
4. ყრილობა მხარს უჭერს ამიერკავკასიის ახლად შემდგარ მმართველობის დროებით ორგანოს „ამიერკავკასიის კომისარიატს“.
5. ადგილობრივი მიმდინარე კითხვების სათანადო გადაწყვეტა და ცხოვრებაში გატარება აუცილებლად ხდის ამიერ-კავკასიის წარმომადგენელთა კრების მოწვევას იმ დეპუტატებისაგან, რომელნიც ახლად ირჩევიან რუსეთის დამფუძნებელ კრებისათვის. რიცხვი დეპუტატებისა უნდა იქმნას გამრავლებული თანახმად პროპორციულად მიღებული ხმებისა სხვადასხვა პარტიების მიერ.
6. ყრილობა საჭიროდ სცნობს ამიერ-კავკასიის სეიმში შესდგეს ქართველ დეპუტატებისაგან ქართული ეროვნული საბჭო ნაციონალურ კითხვათა და საჭიროებათა გასარკვევათ, გასაძღოლათ და ცხოვრებაში გასატარებლად.
7. ყველა ამ ადგილობრივ ძალთა თავის მოყრა არა კმარა ყველა მიმდინარე საჭიროებათა დასაკმაყოფილებლათ. განსაკუთრებით საჭიროებანი კავკასიის ფრონტის შენახვისა, კითხვა ომისა და ზავისა, სასურსათო, ფინანსებისა და სხვ. ჩვენი ძირითადი ინტერესები მოითხოვენ დაუყოვნებლივ აღდგენილ იქმნას რუსეთის რევოლუციური მთავრობა (დროებითი მთავრობა – ავტ.) და მოწვეული დამფუძნებელი კრება.
8. რუსეთის დამფუძნებელ კრებას ჩვენ მოვთხოვთ შექმნას ისეთი ნაციონალური ნორმებისას ქართველი ერისათვის, რომელიც მას მისცემს საშვალებას თავისუფალ კულტურული განვითარებისას. ასეთ ნორმად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის სრული თვითმმართველობა საკუთარი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ კითხვებზე. ტერიტორიის საზღვრები გაიმიჯნებიან დაინტერესებულ მოსაზღვრე ერების თანხმობით. საქართველოში მომწყვდეული ნაციონალური უმცირესობანი მიიღებენ სრულ უფლებრივ გარანტიას კულტურული განვითარებისას. ყრილობა საჭიროთ აღიარებს ამ მთავარ კითხვაში მოხდეს შეთანხმება ამიერ-კავკასიის ერთა შორის საერთო ნაციონალური პლატფორმით დამფუძნებელ კრების წინაშე წარსადგომათ.
9. თუ რუსეთის სამოქალაქო ომი გაგრძელდება და დამფუძნებელი კრების მოწვევა ახლო მომავალში ვერ მოხერხდება, უნდა იქმნას მოწვეული ადგილობრივი კრებები, რომელიც ურთიერთის თანხმობით დაამყარებენ შესაფერ დემოკრატიულ და ნაციონალურ წესწყობილებას, როგორც თვითოეულ ეროვნულ ტერიტორიულ ერთეულში, ისე მთელ ამიერკავკასიაში.
10. საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე ზრუნვა და მისი მოწვევა ევალება ეროვნულ საბჭოს.
რეზოლუციის პროექტი, შემუშავებული ნოე ჟორდანიას მიერ, პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის აშკარა გამოხატულებას წარმოადგენდა. ამავე დროს, იგი ცხადად მიანიშნებდა იმაზე, რომ საბჭოთა რუსეთთან საქართველოს არანაირი კავშირის დაჭერა არ სურდა, სხვა სიტყვებით – პოლიტიკური ორიენტაცია აღებული იყო დემოკრატიულ რუსეთზე. რეზოლუციის პროექტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთში დემოკრატიული წყობილების დამყარების შემთხვევაში საქართველო რჩებოდა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემდეგი პირობით – „საქართველოს ტერიტორიის სრული თვითმმართველობა საკუთარი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ კითხვებზე“, ე.ი. ავტონომიური ერთეულის სახით. მართალია, ნოე ჟორდანიას პროექტში არაფერი ყოფილა ნათქვამი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე, მაგრამ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენის დაგვიანების შემთხვევაში საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევის მოთხოვნა მაინც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ მისწრაფებად უნდა მივიჩნიოთ.
ნოე ჟორდანიას მიერ შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტის მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ ეროვნულ-დემოკრატები: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ირაკლი ამირეჯიბი და შალვა ქარუმიძე. მათ მიუღებლად მიიჩნიეს პრორუსული ორიენტაცია და მოითხოვეს დასავლეთევროპული პოლიტიკური ორიენტაციის აღიარება.
საბოლოოდ ეროვნულ-პოლიტიკურმა სექციამ ხმების უმრავლესობით მაინც მიიღო ნოე ჟორდანიას მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის პირველი მუხლი. ამასთან, გადაწყდა პირველი და მეორე მუხლის გაერთიანება.
ამრიგად, ეროვნულ-პოლიტიკურმა სექციამ, ეროვნულ-დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, პრორუსული პოლიტიკური ორიენტაცია მართებულად მიიჩნია. იგივე დაადასტურა საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამაც.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მიერ წაკითხული მოხსენების – „დღევანდელი მომენტი და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობა“, – შემდეგ მისაღები რეზოლუციის პროექტის განხილვამ ეროვნულ-პოლიტიკურ სექციაში ცხადად გვიჩვენა ქართული პოლიტიკური ელიტის სიმწიფე, რთულ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში ორიენტაციის უნარი.
რა თქმა უნდა, არც ეროვნულ-პოლიტიკურ სექციასა და არც საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობას არ შეეძლო აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა. ობიექტურად არ შეიძლებოდა ყველაფრის ზუსტად გათვლა, ყველა პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა. აშკარაა, რომ ამას ქართველი პოლიტიკოსები კარგად გრძნობდნენ, ამიტომაც ძალზე ფრთხილობდნენ, იტოვებდნენ საშუალებას, სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური კურსის შესამუშავებლად.
საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ 1917 წლის 22 ნოემბერს აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო. ეროვნული საბჭოს პერსონალური შემადგენლობის (წევრები და კანდიდატები) პროექტი ნოე ჟორდანიამ შეადგინა, თუმცა პროექტმა შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა. საბოლოოდ, საქართველოს ეროვნულ საბჭოში არჩეულ იქნა 66 წევრი და 61 კანდიდატი. 6 კაცი ეროვნულ საბჭოში არჩეულ იქნა სათათბირო ხმით. ეროვნული საბჭოს წევრთა პარტიული კუთვნილება ასეთი იყო: სოციალისტ-ფედერალისტები – 10 კაცი (გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, შალვა მესხიშვილი, სამსონ ფირცხალავა, დიმიტრი უზნაძე და სხვა.), რადიკალ-დემოკრატები – 1 კაცი (დავით ჩიქოვანი), სოციალისტ-რევოლუციონერები – 7 კაცი (კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ ნათაძე, იოსებ გობეჩია, ივანე გობეჩია და სხვა.), ეროვნულ-დემოკრატები – 9 კაცი (ნიკო ნიკოლაძე, გიორგი გვაზავა, სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი და სხვ.), უპარტიონი – 2 კაცი (კონსტანტინე აფხაზი, კონსტანტინე მაყაშვილი), ალიონელები – 4 კაცი (პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და სხვ.), სოციალ-დემოკრატები – 28 კაცი (ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი და სხვ.), გარდა ამისა, ეროვნულ საბჭოში არჩეულ იქნენ: სამაჰმადიანო საქართველოს (აჭარის) წარმომადგენლები – 3 კაცი (მემედ-ბეგ აბაშიძე, ჯემალ-ბეგ ხიმშიაშვილი, რეჯებ-ბეგ ნიჟარაძე), ზაქათალის ოლქის (საინგილოს) წარმომადგენელი – 1 კაცი (რაფიელ ივანიცკი) და სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი – 1 კაცი (გიორგი გაგლოევი).
საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია, რომელიც ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედაც აირჩიეს.
საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე ეროვნულ-დემოკრატების ბრძოლა რუსული პოლიტიკური ორიენტაციის წინააღმდეგ პროდასავლური ორიენტაციისათვის ბრძოლას ნიშნავდა. ამ პოლიტიკური კურსის მომხრეებს პირდაპირ ცივი წყალი გადაასხა ანტანტის (ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) დიპლომატების ვიზიტმა საქართველოში. 1917 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში მიიღეს ანტანტის ქვეყნების დიპლომატები, აგრეთვე გენერალი შორი. ქართველთა მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ ვეშაპელი, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ფარნიაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, ევგენი გეგეჭკორი, დავით ნახუცრიშვილი. ანტანტის ელჩებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი ცნობდნენ ერთ, მთლიან და განუყოფელ რუსეთს და მის დროებით მთავრობას, ხოლო ცალკეულ ერებს განიხილავდნენ რუსეთის ნაწილებად. გარდა ამისა, ანტანტის დიპლომატები ქართველებისა და სომხებისაგან მოითხოვდნენ მობილიზაციის გამოცხადებას, არმიის შექმნასა და თურქეთის მოსალოდნელი შეტევის შეჩერებას. ამასთან, ისინი იმიზეზებდნენ მიმდინარე მსოფლიო ომით შექმნილ სირთულეებს და შეიარაღებითა და ჯარით დახმარებაზე უარს ამბობდნენ.
სულ მალე მოვლენათა განვითარებამ არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო რუსული ორიენტაციის დამცველები. 1918 წლის იანვრის დამდეგსა და შუა ხანებში საბჭოთა რუსეთმა საქართველოსა და მთელი ამიერკავკასიის ოკუპაცია სცადა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო შენაერთების გამოყენებით. კავკასიის ფრონტიდან დაძრულ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც ვითომდა სამშობლოში (რუსეთში) ბრუნდებოდნენ, უნდა ეთხოვათ თბილისის გავლით, რკინიგზით, შავი ზღვის ნავსადგურებისაკენ გატარება. შემდეგ, როდესაც სამხედრო ეშელონები სარკინიგზო მაგისტრალებზე გავიდოდნენ, დაიწყებოდა შეიარაღებული გამოსვლა და რუსეთის ჯარის ხელში ერთბაშად აღმოჩნდებოდა თბილისი, ბათუმი, აგრეთვე სხვა ქალაქები და მთელი სარკინიგზო ხაზი თბილისიდან ბათუმამდე. 1918 წლის იანვრის დამდეგს ბოლშევიკთა გავლენის ქვეშ მოქცეულმა, დემორალიზებულმა სამხედრო შენაერთებმა ფრონტის ხაზი დატოვეს და თბილისისაკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მანევრი ამოიცნო და სამხედრო ეშელონები თბილისში არ შეუშვა, ბაქოსაკენ გაატარა. ზოგიერთმა სამხედრო შენაერთმა ძალით სცადა თბილისისკენ გაჭრა, მაგრამ ახლად შექმნილმა ქართულმა კორპუსმა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა მძიმე ბრძოლებში სადგურ შამქორთან და სხვა ადგილებში სასტიკი მარცხი აგემა რუსეთის არმიას და იძულებული გახადა ბაქოს მიმართულებით დაეხია. საბჭოთა რუსეთის გეგმები საქართველოს მიმართ სავსებით ცხადი გახდა. ქართულ პოლიტიკურ ელიტას ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი ბოლშევიკთა აგრესიულ, დიდმპყრობელურ მისწრაფებებში, მაგრამ 1918 წლის იანვრის ამბები მაინც ძალზე დამაფიქრებელი იყო.
1918 წლის იანვარში რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის, დემოკრატიული წყობილების მომლოდინე ქართველ პოლიტიკოსებს იმედი საბოლოოდ გაუცრუვდათ: 6 იანვარს ბოლშევიკებმა ახლადარჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკეს. რუსეთის დემოკრატიულმა ძალებმა დიდი დარტყმა განიცადეს. ყველამ დაინახა, რომ ბოლშევიკები ძალაუფლების დათმობას არ აპირებდნენ, დიქტატურა რუსეთში ძალას იკრებდა, ტოტალიტარული რეჟიმი გადაჭრით დაუპირისპირდა განვითარების დემოკრატიულ ხაზს.
ახალი რეალიების, უკანასკნელი მოვლენების ანალიზის საფუძველზე ამიერკავკასიის კომისარიატმა ახალი პოლიტიკური კურსი შეიმუშავა. 1918 წლის 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. სეიმი რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩეული ამიერკავკასიელი დეპუტატებისაგან შედგებოდა. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.
ამიერკავკასიის კომისარიატმა სეიმის მოწვევით ხაზი გაუსვა ამიერკავკასიის გამოყოფას საბჭოთა რუსეთისაგან, თუმცა იურიდიულად ეს ცოტა მოგვიანებით გაფორმდა.
მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის, გახრწნილი, დემორალიზებული არმიის უძლურების პირობებში ვლადიმერ ლენინმა გერმანიასა და მის მოკავშირეებთან სეპარატიული ზავი დადო, რაც საბჭოთა წყობილებას გადარჩენის უკანასკნელ შანსს აძლევდა. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასა და მის მოკავშირეებთან დადებული სეპარატიული ზავის პირობებით გერმანიის მოკავშირემ – თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის (არტაანის) ოლქები.
ამიერკავკასიის კომისარიატისათვის ბათუმის, ყარსისა და არდაგანის (არტაანის) ოლქების თურქეთისათვის გადაცემა არავის შეუთანხმებია, რადგან ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას არც რუსეთი, არც გერმანია და არც თურქეთი არ სცნობდა, მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლის 3 მარტისათვის ამიერკავკასია ფაქტობრივად გამოყოფილი იყო რუსეთისაგან. ამიერკავკასიის კომისარიატმა ეს შეთანხმება არ სცნო და პროტესტი განაცხადა, მაგრამ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს პროტესტი სათანადოდ არგუმენტირებული არ იყო. ამიერკავკასიის კომისარიატის არგუმენტებიდან მთავარი ის იყო, რომ ქართული და სომხური მიწები თურქეთს გადასცეს ქართველ და სომეხ ხალხთა დაუკითხავად, მათი სურვილისა და დასტურის გარეშე.
თურქეთი მაშინვე შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მინიჭებული უფლებების რეალიზებას – მოითხოვა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების დაცლა. 1918 წლის 10 მარტს თურქეთმა მოთხოვნა კვლავ გაიმეორა. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო. ამიერკავკასიის კომისარიატსა და სეიმს კარგად ესმოდა, რომ ომი თურქეთთან ადვილი არ იყო, ამიტომ დიპლომატიური გზით სცადეს კონფლიქტის მოგვარება. 14 მარტს ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის საზავო მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობდა. აკაკი ჩხენკელის ცდებს ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები მთლიანად ან ნაწილობრივ შეენარჩუნებინათ, შედეგი არ მოჰყოლია – თურქეთის დელეგაცია კატეგორიულად მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას. თურქეთის არმიამ საომარი მოქმედებები დაიწყო: 1918 წლის 8–9 აპრილს მტერი ამიერკავკასიის საზღვრებში შემოიჭრა. შეიქმნა კრიზისული სიტუაცია. 12 აპრილს აკაკი ჩხენკელმა ევგენი გეგეჭკორს სთხოვა თურქეთის წინააღმდეგ საომარი ოპერაციების შეჩერება. 13 აპრილს ამიერკავკასიის კომისარიატისა და ამიერკავკასიის სეიმის ფრაქციათა გაერთიანებულმა კრებამ ერთხმად მიიღო ირაკლი წერეთლის რეზოლუცია ტრაპიზონიდან ამიერკავკასიის დელეგაციის გამოწვევის შესახებ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ომი გრძელდებოდა. 9 აპრილს არაოფიციალურად დაწყებული ომი 13 აპრილს ოფიციალური ხდება. თურქეთის არმიის შემაჩერებელი ძალა საქართველოს არ ჰყავდა. 15–21 აპრილს თურქეთის ჯარებმა დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი, მთელი მესხეთი თითქმის ბორჯომამდე. თურქეთის შეჩერება ქართულმა ჯარმა მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე შეძლო.
ასეთ მძიმე სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში 1918 წლის 22 აპრილს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. სხდომა გახსნა მისმა თავმჯდომარემ კარლო ჩხეიძემ. ამიერკავკასიის კომისარიატსა და სეიმში უკვე მომწიფებული იყო აზრი ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. დღის წესრიგიც ამით განისაზღვრა: 1) ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის შესახებ; 2) თურქეთ-ამიერკავკასიის საზავო მოლაპარაკებაზე წარგზავნილი დელეგაციის მოხსენება; 3) ამიერკავკასიის მთავრობის განცხადება ახალი ხელისუფლების ორგანიზების შესახებ.
ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატი დავით ონიაშვილი. ხანგრძლივი კამათის შემდეგ ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო დადგენილება: „გამოცხადდეს ამიერკავკასია დამოუკიდებელ დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად“.
ამიერკავკასიის სეიმმა იმავე სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება საზავო მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ.~
სეიმის დადგენილებით, ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შექმნა დაევალა აკაკი ჩხენკელს. 1918 წლის 26 აპრილს აკაკი ჩხენკელმა სეიმს დასამტკიცებლად წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა. სეიმმა უცვლელად დაამტკიცა აკაკი ჩხენკელის მიერ წარდგენილი პროექტი. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ასეთი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას: აკ. ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი; ნ. რამიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი; ა. ხატისოვი – ფინანსთა მინისტრი; ხ-ბ. მელიქ-ასლანოვი – გზათა მინისტრი; ფ-ხ. ხოისკი – იუსტიციის მინისტრი; გრ. გიორგაძე – სამხედრო მინისტრი; ნ. ხომერიკი – მიწათმოქმედების მინისტრი; ნ-ბ. უსუბეკოვი – სახალხო განათლების მინისტრი; მ. გაჯინსკი – ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ა. სააკიანი – სასურსათო საქმეთა მინისტრი; რ. კაჩაზნუნი – სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი; ა. ერზინკიანი – შრომის მინისტრი; ი-ბ. ჰაიდაროვი – სახელმწიფო კონტროლიორი.
ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შექმნის დღიდან გადაუჭრელ პრობლემად ექცა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია. გერმანოფილური საქართველოს, ანგლოფილური სომხეთისა და თურქოფილური აზერბაიჯანის ერთ სამოკავშირეო სახელმწიფოში არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რაც ცხადი გახდა იმთავითვე. გარდა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს სიმტკიცეს დიდად ვნებდა ტერიტორიის გამიჯვნის საკითხი – ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს მწვავე სასაზღვრო დავა ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები თვლიდნენ, რომ შექმნილ უმძიმეს სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა ერთადერთ სწორ ნაბიჯს წარმოადგენდა.
ამიერკავკასიის ახლად შექმნილი სამოკავშირეო სახელმწიფოს მესვეურები ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად თვლიდნენ კონსტიტუციის შემუშავებას. გადაწყდა, უნდა შემუშავებულიყო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონსტიტუციები და ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუცია. 1918 წლის 2 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისიის ქართველი წევრები. სულ ამიერკავკასიის საკონსტიტუციო კომისიაში უნდა აერჩიათ 24 კაცი, აქედან ხუთ-ხუთ წევრს ირჩევდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოები, ხოლო დანარჩენ ცხრას ნიშნავდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა. ამიერკავკასიის საკონსტიტუციო კომისიის ქართულ წევრებად არჩეულ იქნენ: გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, შალვა მესხიშვილი, რაჟდენ არსენიძე, ვლადიმერ გობეჩია.
1918 წლის 9 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს მეთოთხმეტე კრება. დღის წესრიგში იდგა ორი საკითხი: 1) საქართველოს კონსტიტუციის შედგენა; 2) ამიერკავკასიის ერების გადამიჯვნა. კრების გახსნისას მისმა თავმჯდომარემ გიორგი ლასხიშვილმა აღნიშნა, რომ შესადგენია ორი კონსტიტუცია – ამიერკავკასიისა და საქართველოსი. ამ საკითხზე კრების წინაშე მოხსენებით წარდგა სოციალისტ-ფედერალისტი გრიგოლ რცხილაძე. მოხსენების შემდეგ გამართული კამათიდან, რომელშიც მონაწილეობდნენ რევაზ გაბაშვილი, სერგო ჯაფარიძე, პავლე საყვარელიძე, შალვა მესხიშვილი, შალვა ქარუმიძე, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვები, აშკარა გახდა, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფო ძალზე რთული პრობლემების წინაშე იდგა – ძნელი იყო ცალკეული ერების ინტერესების შეთანხმება.
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ ოსმალეთს ვეღარ უნდა წამოეყენებინა ის არგუმენტი, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, რომელიც იმხანად უკვე ოსმალეთის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. ბათუმში დელეგაციათა დონეზე პრაქტიკულად ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა.
ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრღნიდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა გამოეცხადებინათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსოვი ქართველებს პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.
1918 წლის 12 მაისს შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს მეთხუტმეტე კრება. კრებაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა სერგო ჯაფარიძე. მოხსენების განხილვისას ცხადი გახდა, რომ ეროვნულ-დემოკრატებსა და მათ თანამოაზრეებს (გიორგი გვაზავა, კონსტანტინე აფხაზი, მიხეილ მაჩაბელი, შალვა ქარუმიძე, გრიგოლ ვეშაპელი და სხვ.) არ სურდათ საქართველოს დარჩენა ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოში, ისინი პირდაპირ აყენებდნენ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს. პოლემიკა გაგრძელდა ეროვნული საბჭოს მეთექვსმეტე კრებაზე 1918 წლის 14 მაისს.
სოციალ-დემოკრატებმა და მათმა თანამოაზრეებმა ფაქტობრივად ვერაფერი დაუპირისპირეს ეროვნულ-დემოკრატების მოსაზრებებს. კამათი ვერც საქართველოს ეროვნული საბჭოს მეთექვსმეტე კრებაზე დასრულდა.
* * *
საქართველოს ეროვნული საბჭო, ვიდრე ამიერკავკასიისა და საქართველოს კონსტიტუციების შესახებ მსჯელობდა, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სულ უფრო კატასტროფული ხდებოდა. 1918 წლის 11 მაისს ბათუმში განახლდა ამიერკავკასია-თურქეთის საზავო კონფერენცია. ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობდა. პირველსავე შეხვედრაზე გაირკვა, რომ თურქეთი პოზიციას არ ცვლიდა, პირიქით – უფრო მეტს მოითხოვდა. 1918 წლის 12 მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ საიდუმლო წერილში აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს აცნობებდა: 1) თურქეთი ითხოვს ახალციხეს, ახალქალაქსა და ერევნის გუბერნიის თითქმის ყველა მაზრას; 2) თურქეთი თავის თავზე იღებს წესრიგის დაცვას ამიერკავკასიაში; 3) თურქეთი ითხოვს ომის შემთხვევაში ამიერკავკასიის რკინიგზით სარგებლობის უფლებას. ამავე წერილში აკაკი ჩხენკელი იმედს გამოთქვამდა, რომ გერმანია მხარს დაუჭერდა ამიერკავკასიის დელეგაციას, თუმცა გამორიცხული არ იყო საწინააღმდეგოც. იმავე დღეს, 1918 წლის 12 მაისს, აკაკი ჩხენკელი მეორე საიდუმლო წერილს აგზავნის ბათუმიდან. აკაკი ჩხენკელი მთელი კატეგორიულობით აფრთხილებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს: საქართველოსათვის თურქეთთან ომის წარმოება დამღუპველი იყო.
აკაკი ჩხენკელის ორი წერილი ბათუმიდან შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის უაღრესად ზუსტ ანალიზს იძლეოდა. ამ წერილებში აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ფაქტობრივად სთავაზობდა გერმანოფილურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, როგორც ერთადერთ რეალურ გამოსავალს შექმნილი კატასტროფული სიტუაციიდან. ამავე დროს, ისიც ცნობილი იყო, რომ თურქოფილური აზერბაიჯანი და ანგლოფილური სომხეთი გერმანიაზე ორიენტირებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე უარს იტყოდნენ.
ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის ორი წერილის მიღების შემდეგ, 1918 წლის 14 მაისს, საღამოს შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: გიორგი ლასხიშვილი, გიორგი გვაზავა, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ ვეშაპელი, ნოე ხომერიკი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე. აღმასკომის წევრების გარდა, სხდომას ესწრებოდნენ: შალვა მესხიშვილი, გერონტი ქიქოძე და აკაკი პაპავა. თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 14 მაისის სხდომამ ოფიციალურად დაადასტურა გერმანიის ფაქტორზე დაფუძნებული საგარეო-პოლიტიკური კურსი. აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ბათუმში აკაკი ჩხენკელს სახელმძღვანელოდ გაგზავნოდა შემდეგი მითითებები:
1. ეცნობოს გერმანიის საზავო დელეგაციის თავმჯდომარეს გენერალ ფონ ლოსოვს, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს სურვილი და თხოვნაა, ყოველნაირად ხელი შეუწყოს გერმანიამ საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ საკითხების რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადაწყვეტას.
2. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს მიიღოს სათანადო ღონისძიება, რომ გერმანიის ჯარმა განაგრძოს სვლა ჩრდილო-კავკასიაში, რათა იმდენად დაუახლოვდეს საქართველოს საზღვრებს, რომ შესაძლებელი იყოს მასთან კონტაქტის დაჭერა და საქართველო უზრუნველყოფილ იქნეს გარედან მოსალოდნელი რაიმე საფრთხისაგან.
3. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, ხელი შეუწყოს გერმანიაში მყოფ ქართველ სამხედრო ტყვეების, რაც შეიძლება მალე სამშობლოში სამხედრო წესით დარაზმულად დაბრუნებას.
4. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, ვიდრე ეს საქმე მოხერხდებოდეს, დასტოვოს საქართველოში მყოფი გერმანელი ტყვეები და მიანდოს გერმანიის ოფიცერთ მათი სამხედრო ორგანიზაცია, რათა საქართველოს მთავრობას შეეძლოს საჭირო შემთხვევაში გამოიყენოს ეს ჯარი შინაურ წესრიგის დასაცავად და ანარქიასთან საბრძოლველად.
აკაკი ჩხენკელს ხელ-ფეხი გაეხსნა და ენერგიულად შეუდგა გერმანიის დახმარებით საქართველოს ხსნის გეგმის რეალიზებას. 1918 წლის 15 მაისს ბათუმიდან გამოგზავნილ საიდუმლო წერილში იგი არწმუნებდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლებელია. აკაკი ჩხენკელი იმასაც იტყობინებოდა, რომ ინგლისის დახმარებით თურქეთის შეჩერება არარეალურია. 15 მაისის წერილში აკაკი ჩხენკელმა კატასტროფიდან თავის დაღწევის ერთადერთ გზად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება დასახა.
მომდევნო დღეებში აკაკი ჩხენკელისა და გენერალ ფონ ლოსოვის თანამშრომლობა უფრო მჭიდრო ხდება. ფონ ლოსოვმა აკაკი ჩხენკელს ბევრი ძვირფასი ინფორმაცია მიაწოდა, ბევრ რთულ პრობლემაში გაარკვია. როგორც ჩანს, სწორედ ფონ ლოსოვმა აცნობა აკაკი ჩხენკელს თურქეთისა და რუსეთის მოსალოდნელი საიდუმლო ალიანსის შესახებ, რაც დაღუპვით ემუქრებოდა საქართველოს.
საქართველო-გერმანიის დაახლოებას რეალური საფუძველი ჰქონდა. საქართველოს გერმანია სჭირდებოდა თურქეთის აგრესიისაგან თავდაცვისათვის, ხოლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ – დამოუკიდებლობის გარანტად. გერმანიას საქართველო სჭირდებოდა თავისი აღმოსავლური პოლიტიკის ფორპოსტად. საქართველოს მნიშვნელობას გერმანიისათვის ისიც ზრდიდა, რომ ინგლისზე ორიენტირებული სომხეთი და თურქეთზე ორიენტირებული აზერბაიჯანი ეწინააღმდეგებოდნენ გერმანიის დამკვიდრებას ამიერკავკასიაში. გერმანიას სუსტი პოზიციები ჰქონდა აღმოსავლეთში და ამ რეგიონში წარმატების მოპოვება გარკვეულწილად გაუადვილდებოდა საქართველოში მტკიცე პოზიციების შექმნით.
აკაკი ჩხენკელის დაჟინებულმა მტკიცებამ, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შენარჩუნება შეუძლებელია, ხოლო საქართველოს ხსნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებაშია, ეროვნულ-დემოკრატების პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა. სოციალ-დემოკრატებს არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწიათ აკაკი ჩხენკელის მოსაზრებებისათვის. ასეთ ვითარებაში 1918 წლის 16 მაისს, საღამოს შვიდ საათზე, შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე, პავლე საყვარელიძე, ვლადიმერ გობეჩია, კონსტანტინე მესხი; მოწვეულები – იასონ ლორთქიფანიძე და შალვა მესხიშვილი. თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხი ასე იყო ფორმულირებული: „წინადადება პ. საყვარელიძისა, რომ მიენდოს აღმასრულებელ კომიტეტს ან ცალკე კომისიას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის მოამზადოს ყოველნაირი ნიადაგი“.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე აზრთა გაზიარების შემდეგ გადაწყდა: აღმასკომის პრეზიდიუმის წევრებს ნოე ჟორდანიას, გიორგი ლასხიშვილსა და გრიგოლ ვეშაპელს დაევალოთ, დაასახელონ დამოუკიდებლობის მოსამზადებელი კომისიის სამი წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსამზადებელი კომისია დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით: ნოე რამიშვილი, დავით (დათა) ვაჩნაძე და შალვა მესხიშვილი. აღმასრულებელმა კომიტეტმა ახლად შექმნილ კომისიას დაავალა: 1) ზომების მიღება საქართველოში ლტოლვილთა, მათ შორის შეიარაღებულ ლტოლვილთა, შემოსვლის შესაჩერებლად; 2) ქართულ ჯართან და საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სამხედრო სექციასთან კონტაქტის დამყარება; 3) აცნობოს სომხეთის ეროვნულ საბჭოს თუ რა სირთულეებს ქმნის სომეხი ლტოლვილების შემოსვლა საქართველოში და გაარკვიოს რა ზომების მიღებას აპირებს სომხეთის ეროვნული საბჭო გართულების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოსამზადებელი კომისია ენერგიულად შეუდგა მუშაობას. მოსაგვარებელი იყო უამრავი საკითხი. 1918 წლის 17 მაისს შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი. სხდომას დაესწრნენ: გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, ასევე მოწვეულები – დავით (დათა) ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი, გენერალი ვასილ გაბაშვილი, პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი და პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე. პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველი იყო საკითხი: „მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სამთა კომისიის მოქმედების შესახებ“. სამთა კომისიამ პრეზიდიუმის სხდომას გადასაწყვეტად წარუდგინა შემდეგი საკითხები: 1) ვის ჩააბარონ თბილისის დაცვა, 2) რომელი ორგანო უხელმძღვანელებს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა დაადგინა:
1. ქალაქ თბილისში გამოცხადდეს სამხედრო (ან საალყო) წესები.
2. თბილისის კომენდანტად და გარნიზონის უფროსად დაინიშნოს გენერალი ახმეტელი, მის თანაშემწედ – პოლკოვნიკი ნაქერელიძე. გენერალმა ახმეტელმა და პოლკოვნიკმა ნაქერელიძემ იმოქმედონ ქართული კორპუსის მეთაურის გენერალ ვასილ გაბაშვილის ხელმძღვანელობით.
3. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ხელმძღვანელ ორგანოდ ითვლება იგივე სამთა კომისია, რომელმაც უნდა იმოქმედოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით.
ვიდრე თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის ემზადებოდნენ, თურქი დიპლომატები და სამხედროები დროს არ კარგავდნენ. 1918 წლის 18 მაისს თურქებმა დაიკავეს ალექსანდრეპოლი. 18 მაისს ბათუმში თურქეთის დელეგაციის მეთაურმა აკაკი ჩხენკელს გადასცა მემორანდუმი, რომელშიც აღნიშნული იყო:
1. თურქეთი არავითარ შემთხვევაში არ ცნობს ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ;
2. თურქეთმა კიდეც რომ ცნოს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თურქეთი უარს ამბობს ტერიტორიულ პრეტენზიებზე;
3. ამიერკავკასია არ წარმოადგენს ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე ხელის მომწერ მხარეს, უფრო მეტიც, ამ ზავის დადებისას ის არც წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ამიტომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციულ რესპუბლიკას უფლება არა აქვს გამოთქვას შენიშვნები ზავის პირობებზე, ან ამ პირობების სისრულეში მოყვანის წესზე.
თურქეთის დელეგაციის მემორანდუმი მძიმე მდგომარეობაში აგდებდა ამიერკავკასიის დელეგაციას. მოლაპარაკება აზრს კარგავდა. 1918 წლის 19 მაისს აკაკი ჩხენკელმა მიიღო გენერალ ფონ ლოსოვის წერილი. ფონ ლოსოვი აკაკი ჩხენკელს აცნობებდა თავის მზადყოფნას, ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკებაში შუამავლის როლი შეესრულებინა. იგი, ამავე დროს, სთხოვდა აკაკი ჩხენკელს გაერკვია, თანახმა იყო თუ არა ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაცია გერმანიის შუამავლობაზე. აკაკი ჩხენკელმა ფონ ლოსოვის წერილის მიღებისთანავე, 19 მაისს საღამოს, შეკრიბა ამიერკავკასიის დელეგაცია და გარკვეული დებატების შემდეგ დაითანხმა იგი ეცნოთ გერმანიის შუამავლობა. ამიერკავკასიის დელეგაციის დადებითი პასუხი 19 მაისსვე ეცნობა გენერალ ფონ ლოსოვს. გერმანია თურქეთის მოკავშირე და ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე ხელის მომწერი მხარე იყო, ამიტომ გენერალ ფონ ლოსოვის შუამავლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ამიერკავკასიის დელეგაციისათვის.
1918 წლის 22 მაისს ბათუმიდან საქართველოს ეროვნული საბჭოსადმი გამოგზავნილ საიდუმლო წერილში აკაკი ჩხენკელი დაბეჯითებით სთხოვდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს დაუყოვნებლივ გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა. წერილი ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: „ურისკოდ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოდ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა!“
თურქეთის დიპლომატია კარგად ხედავდა, რომ გერმანიის შუამავლობა ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკებაში მისი მოქმედების თავისუფლებას ზღუდავდა, მაგრამ ერიდებოდა გერმანიასთან ურთიერთობის გამწვავებას: მსოფლიო ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა და არავინ იცოდა სად და როდის დასჭირდებოდა თურქეთს გერმანიის პოლიტიკური თუ სამხედრო მხარდაჭერა.
1918 წლის 23 მაისს აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნულ საბჭოს კიდევ ერთ საიდუმლო წერილს უგზავნის. წერილში მოცემული იყო გერმანიის მფარველობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გეგმა.
საქართველოს ეროვნული საბჭო, მისი აღმასრულებელი კომიტეტი და პრეზიდიუმი მთელი დატვირთვით მუშაობდნენ. თბილისში ფრეილინის (დღევანდელი სულხან-საბას) ქუჩაზე საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში დიდი გამოცოცხლება შეიმჩნეოდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მზადების პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პოზიციას. 1918 წლის 24 მაისს შედგა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ბათუმის საზავო მოლაპარაკების შესახებ“ გამოვიდა ნოე ჟორდანია. მომხსენებელმა დაახასიათა შექმნილი სიტუაცია და აღნიშნა, რომ თურქეთში ამიერკავკასიასთან ზავზე სამი შეხედულება არსებობს: 1) ზავის დადება ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საფუძველზე; 2) თურქეთისათვის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით მინიჭებული ტერიტორიის გაფართოება; 3) მთელი ამიერკავკასიის დაპყრობა. ნოე ჟორდანიას მოხსენებიდან აშკარად ჩანდა, რომ იგი მთლიანად ეთანხმებოდა აკაკი ჩხენკელის შეხედულებებს და, თავის მხრივ, ცდილობდა დაერწმუნებინა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი იმაში, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს არავითარი პერსპექტივა აღარ ჰქონდა. „ამიერკავკასია ამჯერად უკანასკნელ დღეებს ითვლის“ – ნოე ჟორდანიას ამ დასკვნას კამათი არ გამოუწვევია.
ბათუმის მოლაპარაკებაზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თურქეთი სულ უფრო მეტად ეურჩებოდა თავის მოკავშირეს – გერმანიას. 1918 წლის 25 მაისს გენერალმა ფონ ლოსოვმა აცნობა აკაკი ჩხენკელს, რომ იგი უარს ამბობდა თურქეთ-ამიერკავკასიის მოლაპარაკებაში შუამავლის როლის შესრულებაზე.
1918 წლის 23 მაისს აკაკი ჩხენკელის მიერ ბათუმიდან გამოგზავნილი წერილი საქართველოს ეროვნულ საბჭოში 24 მაისს მიიღეს. 25 მაისისათვის დაინიშნა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. სხვადასხვა მიზეზის გამო სხდომის დაწყება დაგვიანდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დაიწყო 1918 წლის 25 მაისს, ღამის 11 საათზე, თბილისში, ფრეილინის ქუჩაზე მდებარე ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას, მისი წევრების გარდა, გამოჩენილი მოღვაწეებიც ესწრებოდნენ. კერძოდ, სხდომას დაესწრნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, ნოე ხომერიკი, ალექსანდრე ლომთათიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, შალვა მესხიშვილი, კონსტანტინე მესხი, ნოე რამიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი ჟურული, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, დავით (დათა) ვაჩნაძე, გიორგი გვაზავა, ირაკლი წერეთელი, ევგენი გეგეჭკორი, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ვლადიმერ გობეჩია. თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა იმით დაიწყო, რომ ნოე ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო 23 მაისს ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელშიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, აკაკი ჩხენკელი მთელი კატეგორიულობით ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას. ნოე ჟორდანიამ აღნიშნა, რომ 25 მაისს, ღამის 10 საათზე, უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც, როგორც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს გამოაცხადებდა დაშლილად, ხოლო თვითონ მოიხსნიდა უფლებამოსილებას. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულ საბჭოს უნდა გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა. როგორც ნოე ჟორდანიამ აღნიშნა, სეიმის სხდომა არ შედგა იმიტომ, რომ მუსავატელთა და დაშნაკთა ფრაქციებმა უარი განაცხადეს სეიმის სხდომაში მონაწილეობაზე. აზერბაიჯანელებმა განაცხადეს, რომ მათ საკითხი ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს დაშლის შესახებ ჯერ არ განუხილავთ და აზრი არ შეუმუშავებიათ, თუმცა წინააღმდეგნი არ არიან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. სომხებმა სეიმის სხდომის მეორე დღისათვის გადადების მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ შესამუშავებელი ჰქონდათ განცხადება. ნოე ჟორდანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართველებს სურვილი ჰქონდათ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან თანხმობით ემოქმედათ, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ეს არ მოხერხდა: ამიერკავკასიის სეიმის სხდომა 25 მაისს აღარ შედგება, ამიტომ ქართველებმა ცალკე უნდა განიხილონ საკითხი. ნოე ჟორდანიამ აღმასკომის წევრებს აცნობა, რომ 26 მაისს 12 საათზე შედგებოდა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, სხდომის შემდეგ საქართველოს ეროვნული საბჭო გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
ნოე ჟორდანიას გამოსვლის შემდეგ გაიმართა მსჯელობა იმის შესახებ, თუ როდის გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. აღმასრულებელი კომიტეტის ზოგიერთი წევრი თვლიდა, რომ, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადება სასწრაფოა, დაუყოვნებლივ, იმავე დღეს – 25 მაისს გამოეცხადებინათ აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. ნოე ჟორდანიამ განმარტა: ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლამდე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გაურკვევლობას შექმნიდა, რადგან იარსებებდა ორი მთავრობა – ამიერკავკასიისა და საქართველოსი. აქედან გამომდინარე, ნოე ჟორდანია ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადებას მეორე დღისათვის – 26 მაისისათვის. შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამიტომ კენჭისყრაზე დადგა საკითხი: «საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდეს დღეს თუ ხვალ». 25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 6 კაცმა, 26 მაისს გამოცხადებას – 4 კაცმა. გადაწყდა: აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ გამოცხადებულიყო 25 მაისს. კენჭისყრის შემდეგ განცხადება გააკეთა ნოე ჟორდანიამ. საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იხსნიდა მოსალოდნელ შედეგებზე.
1918 წლის 25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა. კენჭისყრიდან სულ მცირე ხანში გაირკვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ჯერ შემუშავებული არ იყო, რამაც თავისთავად გამოიწვია დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადება 26 მაისისათვის. ნოე რამიშვილის წინადადებით გადაწყდა: 26 მაისს დილით 10 საათზე შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, ხოლო 12 საათზე – საქართველოს ეროვნული საბჭო.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ბოლოს წაიკითხეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პროექტი, რომელიც კომისიამ შეიმუშავა. აქტის ტექსტის მიმართ გამოითქვა შენიშვნები. ამ შენიშვნების მიხედვით დამოუკიდებლობის აქტის ტექსტის შესწორება დაევალა ნოე ჟორდანიას.
1918 წლის 25 მაისს თბილისის საქალაქო თვითმმართველობამ მოწოდებით მიმართა თბილისის მოქალაქეებს. მიმართვაში მოკლედ იყო დახასიათებული შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია, მინიშნებული იყო იმ დიდ საფრთხეზე, რომელიც საქართველოსა და თბილისს ემუქრებოდა თურქეთის მხრიდან. საქალაქო თვითმმართველობა მოუწოდებდა თბილისელებს მზად ყოფილიყვნენ მტრისათვის საკადრისი პასუხის გასაცემად.
ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა 1918 წლის 26 მაისს რუსთაველის (გოლოვინის) პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში. მათ წევრებს კარგად ესმოდათ, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს აღსასრული გარდუვალი იყო. მიუხედავად ამისა, ფუჭი პოლემიკა კარგა ხანს გაგრძელდა. ნაშუადღევის 3 საათზე სეიმმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა, ხოლო თვითონ უფლებამოსილება მოიხსნა. ამიერკავკასიის სეიმის ეს გადაწყვეტილება თითქმის ერთხმად იქნა მიღებული, წინააღმდეგი იყო სეიმის მხოლოდ ორი წევრი. სეიმის სხდომის შემდეგ კარლო ჩხეიძემ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს ტელეგრამით ამცნო მომხდარის შესახებ.
საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე გაიხსნა იმავე დარბაზში, სადაც თავისი უკანასკნელი სხდომა გამართა ამიერკავკასიის სეიმმა. სხდომას ესწრებოდა 42 წევრი და 36 კანდიდატი.
საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. პრეზიდიუმში იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივნის მოვალეობას ასრულებდა ეროვნული საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი.
ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა ნოე ჟორდანიამ. სიტყვის დამთავრების შემდეგ ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. აქტის პირველი მუხლი გვაუწყებდა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.
დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს პოლიტიკურ სისტემად აღიარებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა (მუხლი მეორე). დამოუკიდებელმა საქართველომ საერთაშორისო ომიანობაში მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა (მუხლი მესამე). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ესწრაფოდა კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონოდა ყველა სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით მოაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან (მუხლი მეოთხე). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა (მუხლი მეხუთე). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნიდა მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს (მუხლი მეექვსე). დამფუძნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს მართვა-გამგეობას განახორციელებდა ეროვნული საბჭო. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელი იქნებოდა ეროვნული საბჭოს წინაშე (მუხლი მეშვიდე).
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად, ყოველგვარი შესწორების გარეშე, მიიღო და დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.
დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ ნოე ჟორდანიამ ეროვნულ საბჭოს წარუდგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობა:
1. ნოე რამიშვილი – მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. აკაკი ჩხენკელი – საგარეო საქმეთა მინისტრი.
3. გრიგოლ გიორგაძე – სამხედრო მინისტრი.
4. გიორგი ჟურული – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი.
5. გიორგი ლასხიშვილი – სახალხო განათლების მინისტრი.
6. ნოე ხომერიკი – მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი.
7. შალვა მესხიშვილი – იუსტიციის მინისტრი.
8. ივანე ლორთქიფანიძე – გზათა მინისტრი.
ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა.
საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომა დამთავრდა ნაშუადღევს 5 საათსა და 55 წუთზე, რის შემდეგაც მთავრობის თავმჯდომარემ ნოე რამიშვილმა მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს ტელეგრამით ამცნო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით წარმატებით დასრულდა ქართველი ერის ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისათვის. ქართველმა ერმა, რომელმაც საკაცობრიო კულტურა და ცივილიზაცია გაამდიდრა მრავალი მიღწევით, კვლავ მოიპოვა უფლება, დამდგარიყო მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოთა გვერდით და თვითონ განეგო თავისი სვე-ბედი.










Комментариев нет:

Отправить комментарий